The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

წიგნები, როგორც რეცეპტები, პანდემიისას...


წიგნები, როგორც რეცეპტები, პანდემიისას...


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: ჩიხლაძე დათო
თარიღი: 2020



ჩ|ჩიხლაძე დათო

1 * * *

▲ზევით დაბრუნება


პანდემიის დროს ვეძებთ პასუხებს. შეუძლებელია, სამყაროს საერთო განსაცდელმა, როგორიც ეპიდემიური აფეთქებაა, არ დაგვაფიქროს იმაზე, თუ როგორი იყო მსოფლიო, სანამ ყველაფერი გაჩერდებოდა. ზედმეტად პრივილეგირებულია პოზიცია, რომელიც თვლის, რომ მსოფლიოს ისედაც არა უშავდა, რომ არ იყო სიღარიბე, უსახლკარობა, შიმშილი და უთანასწორობა. რომ ერთნი, ვისაც აქვს ძალა და ფული, ყველაფერს შეძლებდნენ და მეორენი, ვისაც არ აქვთ არცერთი - ვერაფერს. მე ასეთ პოზიციაზე არ ვარ, ამიტომ ყოველთვის ვეძებ პასუხებს, თუმცა პანდემიისას ამ ძიებაშიც აღარ ვარ მარტო. ახლა ყველა ერთად ვსვამთ შეკითხვას - როგორ მოვედით აქამდე?!

საპანდემიო საკითხავის შედგენისას ვფიქრობდი, დამეწერა ისე, თითქოს შორეულ მეგობარს რეცეპტს ვწერდე რაიმე კერძის, სასურველია - დესერტის. ანაც ისე, როგორც უილიამ პაუელმა შეადგინა „ანარქისტის რეცეპტების წიგნი“, რომელიც მკითხველს ასწავლიდა, თუ როგორ ესროლა მოლოტოვის კოქტეილი ან დაემზადებინა ელ-ეს-დი. საერთოდაც, მოდი პაუელის ეს წიგნი იყოს პირველი ჩემი რეცეპტების სიაში. მითუმეტეს ახლა, საქართველოში, სადაც კულტურა ექსკლუზიურად კონვენციურია, ან, სულაც, მხოლოდ რომელიმე ბანკის სარეკლამო კამპანიის ნაწილი. საქართველოს კი სჭირდება რაღაც სხვა, რაღაც უფრო რადიკალური, რაღაც უფრო კონტრა.

მე გავიზარდე მაიაკოვსკის ძეგლის წინ, რომლის პედესტალსაც ბავშვები ვიყენებდით, როგორც სასრიალოს იმიტომ, რომ არ არის ადგილი ინფრასტრუქტურისთვის მოგონებებში ოთცხმოცდაათიანი წლების შესახებ. თუ ათი წლისა მაიაკოვკის ფეხსაცმელზე შემომჯდარი გასცქერი დაცარიელებულ პროსპექტს, თექვსმეტის წლისას მისი პოეზია აღგაგზნებს განსაკუთრებით.

ორი გზა არსებობს, წაიკითხო მაიაკოვსკის „ღრუბელი შარვლით“ ქართულად - ორი თარგმანი. არცერთია საუკეთესო და არცერთი უარესი, ამიტომ არ ვამბობ განსხვავების შესახებ, უბრალოდ, ვასახელებ ფაქტს. ჩემი საყვარელი სტროფი ასე ჟღერს:

„სულში არა მაქვს ერთი ჭაღარაც
და არც ბებრული სინაზის ნიჭი!
მე ხმით - მსოფლიო მეხად მოვდივარ,
ოცდაორი წლის ლამაზი ბიჭი.“

როგორი ხმა აქვს ნეტავ მსოფლიო მეხს? არასდროს მტოვებს ამაზე ფიქრი. როცა ავტობუსში ვზივარ და ქუჩებს ვუყურებ სრულიად უაზროდ, ზოგჯერ წარმოვიდგენ, როგორ ვარდება მსოფლიო მეხი. წამიერი გრუხუნი საკმარისია, რომ ყველა გავჩერდეთ და შეშინებულებმა ავხედოთ ცას. მეორე წამი ელვის ნაპერწკალს აჩენს თვალის გუგაში, ეს მომენტია, როცა მივხვდებით, რომ დედამიწა, როგორსაც ვიცნობდით, უკვე დამთავრდა, ახლა იწყება ახალი - ცხოვრება მსოფლიო მეხის შემდეგ. პანდემიის პერიოდში მაიაკოვსკიზე სასაუბროდ ზურა რთველიაშვილს ვესტუმრე, ჩემი პოდკასტისთვის ვამზადებდი ეპიზოდს. როცა ჩანაწერი მოვისმინეთ, დავამონტაჟეთ და საჯაროდ ვაქვეყნებდით, სახელის შერჩევაზე ბევრი არ გვიფიქრია, ასე დავარქვით - მსოფლიო მეხი.

მაიაკოვსკის ძალიან კარგი მთარგმნელია ნინო ქოქოსაძე. გარდა პოემისა „ღრუბელი შარვლით“, უამრავი ლექსი აქვს ნათარგმნი და გამოქვეყნებული. გამორჩეულია ჩემთვის „ასე გავძაღლდი“:

„ეს უკვე სავსებით გაუსაძლისია!
მთლიანად, ასე ვთქვათ, დახრული დარდებით,
თქვენსავით კი არა,
მელოტი მთოვარის სახეს რომ ეხვევა,
მე იმ ქოფაკივით ვბრაზდები.“

ბრაზი ყველაზე ემოციურია ემოციებს შორის. იმპულსური გაბრაზება არაცნობიერისგან გამოგზავნილი მენტალური სიგნალია, რომელიც განიშნებს გარდაქმნის დროის შესახებ. ასე ემართება პოეტს ამ ლექსში, მოულოდნელი მეტამორფოზა თავს დაატყდება ქუჩაში მოსეირნეს: ეშვები, კუდი, ულვაში... კუთხეში იმწყვდევენ აზრები პოეტს. ხალხი ბრბოდ იკვრება და აედევნება. ითხოვენ პასუხებს, ითხოვენ სწრაფად, მაგრამ პოეტი არ მორჩილდება, არც გაძაღლება აყოვნებს დიდად, დროს ეთანხმება (ახლა ძაღლია), ოთხზე შედგება და ადევნებულ ბრბოს დაუყეფს: ავ, ავ!

პანდემიისას, გასულ აპრილში, „ახალმა საუნჯემ“ გამოაქვეყნა ზურაბ რთველიშვილის ახალი ლექსები. „განჩინების სუტრას“ წაკითხვისას წამიერად ვიფიქრე, რომ ეს იყო სიუჟეტური გაგრძელება მაიკოვსკის ლექსისა „ასე გავძაღლდი“. ასე ვთქვათ, ამბავი იმაზე, თუ როგორ უპასუხა აყეფებულ პოეტს ბრბომ:

„ხუთ პოლიციელს ბოთჰისატვას ღიმილი ჰქონდა
და ათი სილა მოხვდა პოეტს მწარედ სახეში,
არ იყო ძალა, სიძულვილი, არ იყო ბოღმა,
არ იყო ვნება, სინანული, სიტყვა ნუგეშის,
და ოქროს ფული მიფრინავდა დიდი სიჩქარით,
მილიარდობით დანთებული ვარსკვლავის მტვერში,
და არქიმანდრიტს ხელში ეპყრა ფართე ნიჩაბი
და სცემდა, სცემდა ამაყ პოეტს გაბღენძილ მკერდში...
პირველი სილა ღაღადებდა: არა ხარ ფორმა!
მეორე სილა კისკისებდა: არა ხარ ფერი!
მესამე სილამ: არ არსებობს არცერთი დოგმა!
მეოთხემ წამში გაუფანტა სურვილი წერის.
აჰა, შენ მუშტი! - მეხუთემ თქვა, - ყბაში რომ მოგხვდა,
ესაა სივრცე, რასაც ეძებ სტროფების მერე,
უმალ გაგივლის უძილობა და ყალბი შფოთვა,
დაჯექი ისევ, როგორც გინდა, ბეჭდე და წერე!

რადიკალურთან ერთად, პანდემიის საკითხავი უნდა იყოს პრაგმატულიც. ამიტომ, პასუხების ძიებისას, პოეზიის მიღმა, ძირითადად, არამხატვრულ ლიტერატურას მივადექი. პანდემიამ შეაჩერა აჩქარებული მსოფლიო და დრო მოგვცა, უკან მოგვეხედა, დავფიქრებულიყავით. ამიტომ ვფიქრობ, რომ სამყარო ისეთი არასდროს იქნება, როგორიც მანამდე იყო. ჩვენ დიდი გარდაქმნის გზაგასაყარზე ვდგავართ, ეს უეჭველია.

ჩემმა ცოლმა შარშან, იტალიაში მოგზაურობისას, ერთი წიგნი მიყიდა, ავტორი ჯოზეფ სტიგლიცია, ნობელიანტი ეკონომისტი. წიგნს ასე ჰქვია: „ხალხი, ძალაუფლება და სარგებელი“. სტიგლიცი ერთ მონაკვეთში ამბობს, რომ ეკონომიკურმა დღის წესრიგმა, რომელიც კაპიტალიზმისგანაა მოტივირებული და აქტუალურია დღევანდელობაში, მიზნის მისაღწევად სხვების გამოყენება, ტყუილი და არაკეთილსინდისიერება ნორმად აქცია. საბოლოოდ კი ისე გამოვიდა, რომ ეკონომიკური ურთიერთობების კულტურა პერსონალურზეც გავრცელდა და შედეგად მივიღეთ უფრო გათიშული და დაეჭვებული ადამიანი, ანტი-სოციალური ცხოველი, რომელსაც უჭირს სხვა ადამიანებთან თანაარსებობა.“

როცა ამ წერილზე დავიწყე მუშაობა და გიორგი ცინცაძეს გავუზიარე, რომ ვცდილობდი, შემედგინა ერთგვარი საპანდემიო საკითხავი, მირჩია, არავითარ შემთხვევაში არ გამომეტოვებინა დეივიდ გრებერი. გრებერი ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა და ამ ფაქტმა მისი წიგნების ისევ გადაშლისკენ ბევრს უბიძგა. გრებერი დიდი ავტორი იყო, რომელსაც ბევრი დარჩა დასაწერი, მაგრამ ალბათ მაინც სამართლიანია, ვთქვა, რომ ეს იყო ავტორი რომელმაც უდიდესი გავლენა მოახდინა ჩვენი თაობის მოაზროვნეებზე და რომელიც ახლა ისეთი აქტუალურია, როგორც არასდროს. გრებერის ნაშრომებს შორის ყველაზე დიდ ყურადღებას „ვალი: პირველი ხუთი ათასი წელი“ იმსახურებს და სამართლიანადაც. ეს ფასდაუდებელი ანთროპლოგიური ნაშრომია, რომელიც ვალის ისტორიას მის პირველ ჩანაწერამდე, ჩვენს წელთაღრიცხვამდე 3500 წლამდე, მიჰყვება და ცდილობს მის საზოგადოებრივ, კულტურულ, ეკონომიკურ და ძალაუფრებრივ დეკონსტრუქციას. ვფიქრობ, ეს წიგნი განსაკუთრებით საინტერესო უნდა იყოს ქართველი მკითხველისთვის, ვინაიდან ჭარბი ვალი არის და რჩება ჩვენი ხალხის ერთ-ერთ უდიდეს და უმთავრეს პრობლემად. ჩვენ უნდა ვიცნობდეთ პრობლემას კარგად, იმისთვის რომ მისი გადაჭრის გზები ვიპოვოთ.

იანის ვარუფაკისი თავის წიგნში „ქამრების შემოჭერა“ წერს, რომ ვალი ცენტრალურია კაპიტალიზმის სისტემაში, ვინაიდან ეს არის, ასე ვთქვათ, მომავლის ეკონომიკა. ანუ, თუ ბაზრისგან პროდუქტზე დაწესებული ფასის გადახდის უნარი ახლა არ გაქვს, მაგალითად, გინდა საათი, რომელიც ღირს ათასი ლარი, შეგიძლია მიხვიდე ბანკში და დადო პირობა, რომ შენ კიდევ სამი წელი იმუშავებ სამსახურში, რომელიც გიხდის ხუთას ლარს თვეში და ამ გზით გადაიხდი საათის საფასურს და კიდევ ერთ ამდენს გადაუხდი ბანკს, ვინაიდან უფლებას გაძლევს, გქონდეს ეს საათი.

პანდემიის დროს გამოწვეული შფოთვის მიზეზიც ზუსტად ეს ეკონომიკური ურთიერთობების მოდელია - ჩვენ არ ვიცით, რა იქნება მომავალში, მაგრამ ვალდებულებები ამ მომავალის შესახებ უკვე გვაქვს აღებული. ცენტრალური დისკუსია ხომ დიდწილად იმას აღარ შეეხება, თუ რამდენ ადამიანს შეიწირავს ვირუსი, არამედ იმას, თუ როგორ გადარჩება ეკონომიკა. სამწუხაროა, რომ ასე სწრაფად მოხდა პანდემიის დეჰუმანიზაცია და ეკონომიკურმა კონტექსტმა დაჩაგრა ჰუმანიტარული.

ვარუფაკისი უჩვეულოდ კარგი ავტორია, მისი წიგნები თეორიასა და დოკუმენტურ პროზას შორის შეიძლება მოვათავსოთ. წიგნი, რომელსაც ზემოთ ვახსენებ, პანდემიის დასაწყისში შევიძინე „პროსპეროში“, ზამთრის ბოლო იყო ალბათ, მაშინ ვიწყებდით ჩაკეტვას და შეშინებას - მხოლოდ. მაშინ ნაკლებად ვფიქრობდი, რომ ავტორს, რომლის წიგნსაც ვყიდულობდი, ამდენი პასუხი ექნებოდა შეკითხვაზე, რომლის დასმასაც მხოლოდ ახლა ვიწყებთ.