The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

„ჩემი ვაჟა“ - ჩემი მეგზური სამყაროებს შორის


„ჩემი ვაჟა“ - ჩემი მეგზური სამყაროებს შორის


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: რაზიკაშვილი ლელა
თარიღი: 2020



რ|რაზიკაშვილი ლელა

1 * * *

▲ზევით დაბრუნება


დიაგნოზის ფურცლიდან თავი რომ ავწიე, ჩემ წინ ვეღარაფერს ვხედავდი... ვერც იმ თეთრხალათიანს, ვინც დასკვნა გადმომცა. აღარ იყო საავადმყოფო, არც შენობები, ქალაქი, არაფერი აღარ იყო... ვიდექი სიბნელეში, დიდი, ბნელი მდინარის ნაპირას და გაღმა ვხედავდი სინათლეს, განათებულ ნაპირს. ეს სინათლე არ იყო დაყოფილი ქალაქებად, სოფლებად, ჩემს ან სხვის სახლად, წყენად ან გულისტკენად, მტრობად ან სიყვარულად, შინაურად, ნაცნობად და უცნობად... ცალკე ვერ ვხედავდი საკუთარ შვილებსაც კი...

ის სინათლე მთლიანად, ერთიანად იყო ჩემი სახლი, ეს სინათლე იყო ჩემი სიცოცხლე, ჩემი წილი სამყაროდან და მე ის არ უნდა დამეთმო, უნდა დავბრუნებულიყავი...

ამ სინათლისთვის ღირდა იმ მდინარეში შესვლა და შევედი...

მე დავბრუნდი...

მას მერე უკან, მდინარისკენ არ მიმიხედავს, დავივიწყე, მაგრამ მან თვითონ ჩამოიარა მთელ დედამიწაზე და ახლა მილიონობით ადამიანი, ჩვენი კუთვნილი სინათლიდან, ერთად გავყურებთ მის ბნელ ნაპირს...

კაცობრიობის დიდი ეპიდემიების დროს, სნეულება ვერ წვდება ყველას, მაგრამ სიკვდილის შიშის სიცივეს ვერ გაურბის ვერავინ. ეს უკანასკნელი შეიძლება ბევრისთვის სნეულებაზე მეტიც იყოს, ბევრისთვის კი ბიძგი იმისა, რომ შეეცადოს და გონებით შეიხედოს სხვა სამყაროში, რომელიც უცებ ძალიან რეალური ხდება...

ეპიდემიური წესრიგისა და შიშის ტყვეობაში პოეტური ტალღა ყველაზე კარგი მეგობარია საიმისოდ, რომ შეუცნობელს ინტერესით, შემდეგ გონებით და ბოლოს რწმენითაც შეხედო და სიბნელის ნაცვლად სხვა სამყარო დაინახო.

ჩვენთვის, ქართველებისთვის, იმ განზომილებებში შეხედვა რთული არ არის. გენეტიკური პოეტური დამოკიდებულება გარემოსადმი და პოეტური სიტყვის ქურუმებით განებივრებული ამქვეყნიური და იმქვეყნიური საქართველო გვაძლევს იმის საშუალებას, დაბურული სამყარო, გონებითა და გრძნობით, გოლიათი ლანდების მეგზურობით მოვიაროთ.

ვაჟა-ფშაველა ერთი-ერთი ყველაზე გამოკვეთილი ლანდია მათ შორის, პოეტური აზრის კეთილი სხეული, რომელიც სიტყვისა და სტროფების დაუვიწყარი მელოდიითა და ხიბლით, გაუწევს მეგზურობას ყველას, ვისაც სხვა განზომილების ახლოდან ხილვა მოუნდება...

ალბათ არავის გაუკვირდება, რომ მეგზურის არჩევისას მე ის მოვძებნე და კიდევ ერთხელ შემოვუარე მის ლანდს, ხელახლა მოვიხილე ამ დროისგვარად, და შევეცადე, მეჩვენებინა თქვენთვისაც...

- „მოიცა, ცეცხლო. ნუ მედები, ვერ დაგიწვივარ და ვერც დამწვავ,

- მოიცა, გულო, ნურც შენ მებრძვი, ვერ მოგიკლივარ და ვერც მამკლავ...

- სიკვდილო, ტყუილად მოგაქვს თავი, სირცხვილზე მეტი არც შენა ხარ...“

ეს სტრიქონები უმაღლესი პოეტური ნიჭის მიერ ქაღალდზე კალმით დაწერილი შედევრი არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ამ სტრიქონებს ჰყავთ კონკრეტული ავტორი, ისინი ლექსად არ დაბადებულან, ტრადიციული გაგებით. ისინი, ვაჟა-ფშაველას ძმის, ნიკო რაზიკაშვილის, პატარა ქალიშვილის გარდაცვალებისას სამძიმარზე მყოფმა ერთ-ერთმა მოკეთემ მოისმინა, სწორედ მაშინ, როცა მარიამ გურასპაული გარდაცვლილ შვილს თავით უჯდა და მის წინ ატუზულ სიკვდილს სააქაო და საიქაო ცხოვრების ავ-კარგზე ესაუბრებოდა...

- მსოფლიოში ბევრი არ არის ლიტერატურული შედევრი, რომელიც ამ სტრიქონებს პოეტური აზრის სიმაღლით, უსაშველო განცდის უბადლო ესთეტიკური ტექნიკით გადმოცემის უნარით და გრძნობების სიმძაფრით გაუწევდა კონკურენციას!

როგორც მსოფლიო, ასევე ქართულ ლიტერატურაში უამრავი შედევრია, სადაც სიკვდილის, სიცოცხლის, ღირსების, სიყვარულის და სხვა ღირებულებების რანგირებისას სიცოცხლე ან სიკვდილი პირველ ნიშნულზე არ დგას. მარტო „ლექსი ვეფხისა და მოყმისა“ რად ღირს, როცა ერთადერთ შვილზე მოტირალი დედა, სტრიქონებს შორის, თვალსა და ხელს შუა იმართება მხრებში, თითქოს ბრწყინდება და სიამაყის შვებით ამბობს:

„მათ დაუხოცავთ ერთურთი, არ დარჩნეს სირცხვილიანი...“

მარიამის ლექსად ნატირალის თემაც თითქმის იგივეა, მაგრამ, მოყმის დედისგან განსხვავებით, მარიამ გურასპაული პოეტური სახე არ არის. ის ერთი ჩვეულებრივი ფშაველი ქალია, რომელიც შვილის ცხედართან ზის და გამაოგნებელი სიცხადით საუბრობს სიკვდილთან, როგორც ჭირის საწყენად მოსულ მეზობელთან, რომელსაც იქვე, სამძიმარზე ჩამომჯდარი სამყარო, სინანულისა და დანაშაულის გრძნობით უგდებს ყურს...

ეს მოცემულობა არის ხორციელი ადამიანის შეხვედრა სხვა განზომილებასთან, ეს არის დიალოგი სამყაროებს შორის, იმდენად გულწრფელი და იმდენად ცხადი, რომ ვერც კი ხვდები, ამ სტრიქონებთან ერთად როგორ აღმოჩნდი შენც, მკითხველი, იქ, მოსაუბრეებს შორის, თითქოს კედელში გახვედი...

მარიამ გურასპაული არ იყო გამონაკლისი ნიჭის ან ერთეული შემთხვევა. ამ სტრიქონებს და აწ უკვე მის მფლობელ ლიტერატურის საკაცობრიო საგანძურს, ძალიან გაუმართლათ, რომ მათი ავტორი დიდი რაზიკაშვილების რძალი იყო და მის ნათქვამს გადარჩენა ეწერა. არავინ იცის, ადამიანისა და სამყაროს რამდენი ასეთი შეხვედრა უკვალოდ ჩაიკარგა მიგდებულ სოფლებში და წასულ წლებში.

ეს იყო გარემო, დრო, ადგილი და სოციუმი, სადაც ადამიანი გამუდმებით ახლო იდგა სიკვდილთან. ამ სიახლოვის გადასახედიდან კი ადამიანი ისეთი სიცხადით ხედავდა სამყაროს, ცის სიმაღლეს, მიწის სიღრმეს, ჩვეულებრივთათვის უცნაურ სინათლესა და მასში ასვეტილ ლანდებს, როგორც მხოლოდ სიკვდილის წინაშე მდგომები ხედავენ ხოლმე!

შეუცნობელთან მუდმივ შეხებაში ყოფნა ბუნებრივად აყალიბებდა ჩვეულებრივ ურთიერთობას ადამიანსა და არყოფნის სხეულს, როგორც კონკრეტულ პერსონას, შორის და ამ ურთიერთობას თან ახლდა არა მხოლოდ ტრაგიზმი, არამედ ესთეტიკა, ღირებულებითი მოთხოვნები და, რაც მთავარია, არტისტიზმი...

ვაჟა-ფშაველას პოეტური და აზრობრივი სხეულის სრულყოფილად დანახვა მხოლოდ მის გამომზრდელ გარემოში გამოჭრილი სარკმელიდან შეიძლება, სარკმელიდან, რომელსაც მარგალიტებივით სტროფების სახე აქვს!

მარიამ გურასპაულის სიტყვისა და აზრის გარემოში დაიბადა ის ლუკა რაზიკაშვილად, აქ დაუმეგობრდა ის სამყაროს და იქცა ვაჟა-ფშაველად, ადამიანად, ვისთვისაც სხვა სამყარო არ არის ვარსკვლავს იქითა მცნება, ადამიანი, ვისთვისაც სხვა განზომილება აქვეა და თუ მას მისწვდები გონებით და გრძნობით, მისწვდები ხელითაც!

მისი ამქვეყნად მომავლინებელი დედა, გულქან-ბაბალე, მარიამ გურასპაულისგან მხოლოდ იმით განსხვავდება, რომ ის გამჩენმა გაანებივრა და არასოდეს დასჭირვებია, შვილთან განშორების სიმწარე ესაყვედურებინა განგებისთვის. თუმცა ისიც ამბის გადმოცემის უბადლო ნიჭით დაატარებდა თავის შვილებს ლანდების სამყაროში. თან ისე დამაჯერებლად უყვებოდა პატარებს მათი არყოფნიდან ყოფნის სივრცეში შემობრძანების ამბებს, რომ ვაჟას მთელი სიცოცხლის მანძილზე სჯეროდა და ხედავდა, თუ როგორ გადმოვიდა ის მთებზე გადაჭიმული, ანგელოზებით დახუნძლული ოქროს ჯაჭვიდან, რომელიც დედამისმა ქალიშვილობაში ნახა, და როგორ იქცა დროებით, მხოლოდ დროებით ჩვეულებრივ ადამიანად.

სხვისი არ ვიცი და პირადად მე ქართული ლიტერატურიდან, განზომილებებში ასე მოსეირნე, სიკვდილ-სიცოცხლესთან საჭორაოდ ჩამომჯდარი, კიდევ ერთი მწერალი - გოდერძი ჩოხელი მახსენდება, უცხოურიდან კი მარკესი.

ვაჟას ჯიბიდან გადმოვუვარდიო - ამბობდა გოდერძი, ამ მსგავსებით ამაყობდა და მართალიცაა. ის ნამდვილად ჰგავს რაზიკაშვილების რძლების, მარიამისა და გულქან-ბაბალეს, კალთაში გამოზრდილ ბარტყს. ის სისხლხორცეულად იმავე გარემოს შვილი იყო და მიტომაც გრძნობდა თავს ამ ლანდებს შორის, როგორც თევზი წყალში...

რაც ეხება მარკესს, მისი ფანტაზიებიც შეიძლება გარემოს გავლენით იყოს გაძლიერებული, არც მის გარშემო იყო სიცოცხლე მყარი და უსაფრთხო, სიკვდილი კი შორეული...

თუმცა ჩემთვის ვაჟას გამოჩენა კაცობრიობაში ძალიან ჰგავს ერთ ხმაურიან მოვლენას, რომელთან დაკავშირებითაც მსოფლიო ჯერ ვერ გარკვეულა: ლიტერატურის სფეროა ეს თუ, ზოგადად, მეტაფიზიკის...

მეოცე საუკუნის შუა წლებში მსოფლიო შოკში ჩააგდო ლოს-ანჯელესის უნივერსიტეტის პროფესორის - კარლოს სესარ სალვადორ არანია კასტანედას ეთნოგრაფიულმა დღიურებმა მექსიკის ერთ-ერთი სოფლიდან.

კასტანედას ეფექტი იყო გამაოგნებელი! მკითხველი თითქოს იქვე, გვერდიდან, ადევნებს თვალს დიალოგს ორ სამყაროს შორის, ხედავს, თუ როგორ ესაუბრებიან ერთმანეთს ადამიანი და კოიოტი და, რაც მთავარია, საუბრის შინაარსი გასაგებია მისთვისაც, რადგან დიალოგია იმდენად ცხადი და ნატურალური, რომ რთულია ეჭვის შეტანა მის ნამდვილობაში.

ვაჟათი გაოცება რაღაცით წააგავს მსოფლიოს შეხვედრას კასტანედას დონ ხუანთან, თუმცა ძალიან ღრმაა და მსოფლმხედველობრივი მათ შორის განსხვავებაც, მიუხედავად მსგავსებისა განზომილებითი, ანუ სივრცითი მასშტაბის კუთხით.

ბებერი ხუანი სამყაროს ეკონტაქტება საუკუნეების მანძილზე დაგროვილი ცოდნის მეშვეობით. ამ ცოდნას ხშირ შემთხვევებში აქვს გარკვეული მიზანი - მოახდინოს გავლენა ადამიანისა და საზოგადოების ნებაზე ან მართოს პროცესები, მაგრამ დონ ხუანის სიბრძნის სივრცის და დროის რესურსი ამოწურვადია, მოძველებადი, რადგან მისი ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი არის ცოდნა, დედამიწის ნივთიერი ნაწილის ენერგიისა და ქცევის შესახებ.

დონ ხუანზე თითქმის საუკუნით ბებერი კავკასიელი მინდიას სიბრძნე კი არ არის შემოსაზღვრული საუკუნეებით. ის მოდის შემოქმედის სიტყვიერი საწყისიდან, იმ სიტყვიდან, რომელიც იყო პირველად და რომელსაც არ აქვს საზღვრები! ის ცისა და მიწის უსასრულობიდან იღებს სათავეს. ორივესაგან იწოვს მხოლოდ სიკეთეს, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ მართავს ადამიანს და მის უგუნურ ბუნებას, ვერც საზოგადოებას. ამ უკანასკნელს არასოდეს ესმის მისი და მუდმივად დევნის მას, მაგრამ, თავისი თანაარსებობით საზოგადოებასთან, მუდმივად აძლევს მას შანსს, იყოს უკეთესი!

თუ ვაჟაზე ვიტყვით, რომ ის არის პოეტი, დიდი პოეტი, ან თუნდაც გენიოსი, მის ფენომენს ამით ვერ გამოვხატავთ სრულყოფილად.

არსებობს ვაჟა ფშაველას მსოფლმხედველობა, სწავლება და ვაჟას შემოქმედების გააზრება არის ამ სწავლების მიმდევრობა ...

სწორედ, მსოფლმხედველობრივი მასშტაბი ქმნის მის მიმართ მიზიდულობის უცნაურ ძალას მისსავე მკითველში, ასაკის, სქესის, ეროვნების მიუხედავად. არ ვიცი, დაფიქრებულა თუ არა ვინმე იმაზე, რომ ვაჟას თაყვანისმცემლობა არა გემოვნების, არამედ ღირებულებების თანხვედრის თემაა, ანუ ვაჟას გამგები ადამიანები საოცრად ენათესავებიან ერთმანეთს ღირებულებითი სისტემით. ამის გამო მე მათ ერთ-ერთ იუბილეზე ვაჟათი ნათესავებიც კი ვუწოდე!

ვაჟას მსოფლმხედველობის ძირითადი ღერძი თავისებური დამოკიდებულება და გაგებაა სიცოცხლის და სიკვდილის...

სიცოცხლე მისთვის სულაც არ არის დანაწევრებული სულიერად და უსულოდ, უტყვად და მეტყველად, ადამიანად, პერსონებად, რასად და ა.შ. სიცოცხლე ერთი დიდი სინათლეა, ერთიანი, განუყოფელი, ერთმანეთში ჰარმონიულად შეწყობილი სისტემა და მისი თუნდაც ერთი სხივის, თუნდაც ერთი პატარა ნაგლეჯის ჩაქრობა აზიანებს მთელ სისტემას. სწორედ ამიტომ, სიცოცხლის ნებისმიერი ფორმის გაფრთხილება, ჩვენი თუ სხვისი - ჩვენ გარშემო, ნიშნავს სიცოცხლის ერთიანი სხეულის დაცვას. ამ ერთიან სისტემაში, სიცოცხლის ერთიანი სხეულის შენარჩუნებაში, პასუხისმგებლობის დიდი წილი ადამიანზე მოდის!

ვაჟამ შექმნა სამყაროს გეოლოგიური და სულიერი არქიტექტურის მისეული მოდელი, როგორც სამყაროს ჰარმონიის ფორმულა, სადაც ადამიანი ჰარმონიის დამაგვირგვინებელია, ამ ჰარმონიის ერთგვარი სახეა, მხოლოდ თავისი ადამიანური სახით და ბუნებით!

„ხევი მთას ჰმონებს, მთა-ხევსა,
წყალნი - ტყეს, ტყენი მდინარეთ,
ყვავილნი - მიწას და მიწა -
თავის აღზრდილთა მცენარეთ.
და მე ხომ ყველას მონა ვარ....“

თუ ეს ადამიანური საწყისი დარღვეულია, მაშინ ირღვევა სამყაროს ჰარმონია, ქრება სიცოცხლის ერთიანი სხეულის სხივები და ამ ჩაშავებულ ლაქებს სიცოცხლის სხეულზე, ანუ ბოროტებით შეცვლილ სიკეთეს, აქვს სწორედ სიკვდილის სახე. დიახ, ვაჟასთან სიკვდილს არყოფნის სახე არ აქვს, არყოფნა საერთოდ არ არის, ბოროტებას აქვს სიკვდილის სახე!

მისი რჩეული ალუდაა ამის მაგალითი. ის ცხოვრობს, ცოცხლობს ჩვეულებრივი თემის წესით, ერთხელ გამოდის მტრობის სიბნელიდან, რასაც კაცის ხორცის ჭამის სახედ შეხედავს. ბოროტების ველიდან, თითქოს სიკვდილიდან სიცოცხლეში გადადის, ღვთის მიერ შექმნილ ადამიანურ სახეში!

სივრცესთან ერთად ვაჟას სწავლებას არ აქვს შემოსაზღვრული დროც, კონკრეტული პერიოდი ან თარიღი. მისი ხმა ისმის აწმყოში წარსულიდან და ყოველთვის ამბობს მომავლის სათქმელს. მის ლიტერატურულ დროს შეიძლება მარტივად ბიბლიური დრო დავარქვათ, ანუ მარად ძველი და მარად ახალი. ვაჟას ის ნაწარმოებებიც კი, რომლებსაც სიუჟეტური კუთხით განსაზღვრული პერიოდი აქვთ, მაგალითად „ბახტრიონი“, პერსონაჟების ქცევით, მისტიკური პერსონაჟებითა და თემებით, უფრო ბიბლიური დროისაა, ვიდრე მე-16 საუკუნის!

მისი ლიტერატურული ნააზრევიც ხშირად ძველი და ახალი აღთქმის იგავების ფუნქციას ატარებს. თითქოს ცდილობს, უზადო მხატვრული ფორმით, მხატვრული პერსონაჟების მეშვეობით დაანახოს თავის ლიტერატურულ მრევლს შემოქმედის სწავლების სინამდვილე მარადიული სიცოცხლის შესახებ. სიმღერ-სიმღერით, არტისტულად, პოეზიის ენით დაგვაჯეროს ყველაფერი ის, რისიც ცოცხალ ადამიანს ჯიუტად არ სჯერა. მაგალითად ისე, როგორც ალუდას მაგალითზე გვაჩვენა, როგორ შეიძლება არა მხოლოდ გიყვარდეს მტერი შენი, არამედ თავი გასწირო მისთვის!

ერთადერთი, რაც ვაჟას გარკვევით აქვს შემოსაზღვრული უდროო და უსივრცო სამყაროში, ეს ღირებულებათა ველია, ღირებულებათა ერთიანი სისტემა, რომელსაც მისი გმირები თავიანთი ქცევით აყალიბებენ, როგორც ინდივიდებსა და საზოგადოებებს შორის მშვიდობიანი თანაცხოვრების ფორმულას!

საოცარია, მაგრამ იმ ბევრჯერ დაკერებულ ჩოხასაც, „ჩოხის ძველას“, როგორც თავად ეძახდა, მისი ფენომენის ერთიან სახეში თავისი განუმეორებელი ადგილი აქვს. მის შეჭირვებულ ყოფაშიც კი არ იყო შეუძლებელი, ახალი ჩოხით ეკეკლუცა, ისე. როგორც ბევრ ფოტოში ვხედავთ, მაგრამ ჩვენს მეხსიერებაში მისი ლანდი მაინც დაკემსილი ჩოხით დაფრიალებს. გაურკვეველია, ჩვენ ავირჩიეთ ძველი ჩოხა მისი, როგორც ლიტერატურის ქურუმის, რიტუალურ სამოსად, თუ თავად. ალბათ ორივემ ერთად. ერთი კია, რომ ეს სამოსი თითქოს სიმბოლოა ნათელ და მარადიულ არსზე და გონებაზე შემოცმული სხეულისა, წუთისოფლისა, რომელიც აუცილებლად ცვდება და ზუსტად ასე საცოდავად გამოიყურება მარადისობაში...

გასაკვირი სულაც არ არის ის, რომ ხმები მისი უხრწნელობის შესახებ უფრო და უფრო იკიდებს ფეხს, არა მხოლოდ მისით აღტაცებულ ლიტერატურულ მრევლში, ღვთისმსახურებშიც. მე მინახავს მაღალი იერარქიის მღვდელმთავრებიც, რომლებიც მას წმინდანად მოიხსენიებენ, მაგრამ ეს მაინც იმ დალოცვილის განსაკუთრებული უფლებაა, ვინაც მისი ჩვენს განზომილებაში შემოსეირნება დაუშვა.

ამ განზომილებებს შორის მოსეირნე პილიგრიმს დიდ ხანს არ უცხოვრია, სულ რაღაც 54 წელი. მისი ცხოვრებაც ძალიან ჰგავდა მისივე გმირებისას და უფლის რჩეულებისას. იცხოვრა ტანჯვით. მუდამ ეძებდა ლუკმას თავისი მშიერ-ტიტველა ოჯახისთვის, სამართალს თავისთვის და ყველასთვის გარშემო, ვისაც კი დასჭირდებოდა. მუდამ ეძებდა სანთლის შუქს იმ პატარა, ნესტიანი ქოხისთვის, რომელშიც ხდებოდა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი რამ კაცობრიობისთვის, ვიდრე მსოფლიოს საუნივერსიტეტო ქალაქებში!

... 1915 წლის 27 ივლისს ლაზარეთის ნათელ ოთახში ის იყო მარტო, ოჯახის გარეშე. მასთან არ იყო მისი არც ერთი დამტირებელი - ქალიშვილები, ცოლი, არც მისი და...

ძმები არ ითვლება, ისინი თავისებურად, კაცურად მიდმოდიოდნენ სარეცელთან ახლო, მისი ადამიანური სურვილების შესასრულებლად...

ნათქვამია, შექმნა ღმერთმა ხატად და მსგავსად თავისაო, მაგრამ განსხვავებაც ბევრია ხოლმე. მაგალითად, უფლისგან განსხვავებით, მას უკანასკნელი სურვილი შეუსრულეს, მთის წყარო მოურბენინეს, ბალახები და მინდვრის ყვავილებიც.

„მუხთალო წუთისოფელო,
ტანჯული შვილი გშორდები,
თუ ვინმეს ვალი მიმყვება,
იქიდან გავუსწორდები...“

ბიოგრაფები ირწმუნებიან, რომ ეს ლექსი იმ დღეს თქვა, ჩურჩულით. როგორც ჩანს, უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა წასვლა და იქიდან ხშირ-ხშირად, ჩვენს ყოველ დაძახებაზე შემორბენა, დედამიწიდან ვალად წაღებული სინათლის დასაბრუნებლად!

მისი სიკვდილი იყო მის მიერვე ჩატარებული ბოლო, ერთდროულად მხატვრული და სიმბოლური აქტი.

მხატვრული - სამყაროს პოეტის გარდაცვალებისა ველურ ყვავილებს შორის, სიმბოლური - სამყაროს ნათელი ნაწილის გასვლისა კიდევ სხვა სამყაროში, დედამიწის მთავარი სილამაზით, მინდვრის ყვავილებითა და ბალახებით შემკული კარიბჭით ლაზარეთის იატაკზე...

დედამიწამ მაინც გაუკეთა ბოლო საჩუქარი მას, ყვავილებთან ერთად, კაცადყოფნის ერთ-ერთი მთავარი ღირსება, კაცის დამტირებელი ლამაზი ქალის ცრემლიც აჩუქა...

ასე 7 საათი იქნებოდა,

ლაზარეთის ცარიელ ოთახში, იატაკზე გაშოტილ ვაჟას ცხედართან, კუთხეში მარტო მდგარი მედდა ანიკო კობიაშვილი ტიროდა...

ეპიდემიის შეფიქრიანების წელი - 2020