![]() |
შინ ვართ! |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: წიკლაური მარიამ |
თარიღი: 2020 |
წ|წიკლაური მარიამ
![]() |
1 * * * |
▲ზევით დაბრუნება |
„ლონდრე“ და მღვდლის ფრაზა ფილმიდან გახსოვთ ? „თუ შინა ვარ დავიღუპე!“, არადა, „შინა ვართ“! და იმიტომ, რომ არ დავიღუპოთ! შემოვზიდეთ შინ ჩვენ-ჩვენი სამსახურები, საქმეები, ბავშვების ბაგა-ბაღები, სკოლები, ტაიკვანდოები, საბალეტო სტუდიები, ეზოები, ბურთები, ველოსიპედები... ყველანი და ყველაფერი შინ... გაზაფხულიც! კარანტინია, საგანგებო მდგომარეობა, სოციალური დისტანცირებით. კოცნა და ჩახუტება არაო! მეტრნახევრიანი გახდა ჩვენი „გარშემოწერილობა“ თვითიზოლაციაში. უჩვეულოა ყოველდღიურობაზე მოჭიდებული ადამიანებისთვის ასეთი რეჟიმი. ყელაფერი აიკრძალა, გარდა კარგად ყოფნისა! ექიმებიც, ჩვენც, სახელმწიფოც ამ სიცოცხლისთვის იბრძვის! ავად არ უნდა გავხდეთ, და მით უფრო ბევრნი არ უნდა გავხდეთ ავად ერთდროულად! საქართველო ყოჩაღობს. აი, რაში გამოგვადგა ჩვენი სიმცირე! ადვილად ვითვლებით, ვკონტროლდებით! მით უფრო, თუ შინ ვართ!
ეს დიდი შეკუმშვის პერიოდია. სივრცეები, მანძილები, დრო, ყველაფერი შეიკუმშა და დედამიწაზე დიდი „გადატვირთვა“ ჩაირთო. ვინ იფიქრებდა რაც ფილმებში ხდებოდა, ის გადმოაბიჯებდა ცხადის რეალურ ზღვრებს?! ახლა ჩვენ ვართ ფილმში! წინასწარმეტყველებაშიც ვართ! ყველა გზა ჩაიკეტა და ერთადრთს - გამოსავალ გზასღა ვეძებთ. ერთ უხილავ ხვრელს, რომელშიც სამყარო, კაცობრიობა და.. ნემსი გაეტევა ! ნემსის ერთი ჩხვლეტა და ისევ გაიღება დედამიწაზე ყველა კარი და გზა... მაგრამ ეს როდის მოხდება არავინ იცის. თუმცა, უთუოდ მოხდება! მილიონზე მეტი ადამიანი დავირუსდა ამიტომაც შინ ვართ!
დედამიწაც ხომ ჩვენი სახლია... ხილულ-უხილავი მხრით, ხილულ-უხილავი სამყაროებით, ხილულ-უხილავი არსებებითა და კანონ-სამართლით. სულერთია, ერთ სახლზე ილაპარაკებ, ერთი ოჯახის ამბავზე თუ მთლიან დედამიწაზე და მილიარდობით ადამიანზე. თარგი ერთია, არა მხოლოდ 2020 წლის პანდემიის ფონზე! უკიდეგანო კოსმოსშიც ხომ ასე ვართ - იზოლაციაში დედამიწაზე! თენდება, ღამდება, თენდება... იგივე... უძილობის პიკი - ახალი საერთო დაავადება! ან რა დაგაძინებს, როცა გამუდმებით გესმის:
მსოფლიოში ასიათასობით გარდაცვლილი, საძმო კრემატორიუმები, წინასწარ გათხრილი საფლავების N რაოდენობა... ეს არა მოდელირებულ, არამედ რეალურ საინფორმაციო გადაცემებშია...მორგებად გადაკეთებული საკვები პროდუქტების შესანახი დიდი მაცივრები, საველე ჰოსპიტალებად გადაკეთებული სპორტული დარბაზები და სტადიონები მთლიანად ჩაკეტილი ქალაქები, დაღუპული ექიმები, სასულიერ პირები და მწყობრიდან გამოსული საავადმყოფოები... განადგურებული მოხუცთა თავესაფრები... პაპი მარტო დგას და ლოცულობს წმ პეტრეს მოედანზე, მაშ კინო არააა? საკმარისია, რომ ადამიანი გაგიჟდე, მაგრამ სახლში სიმშვიდეა... თუ ყოველდღიურობის მყისიერ წუთს მოჭრი, ვერც მიხვდები, რა ხდება დედამიწაზე.
შინ ხარ.
მერე რა თუ გახშირებული ხელის ბანვა, ლაგება და მოჭარბებული სპირტისა და ქლორის სუნია ირგვლივ. მეგობრის ხმა გაძვირფასდა! გაიგებ და გკმარა. ხმა და აივანი. ხმა აივანი და ინტერნეტი. ადამიანი მარტო არა ხარ... ტექნოლოგიურ იზოლიაციაშიც ხარ სამუდამოდ დარჩენილი!
სახლის ოთახებში დარბის უზარამაზარი, წარმოსახვითი, ჭრელი ხმაურის ბურთი, დარბის სრულიად განუსაზღვრელ ტრაექტორიაზე. ამ ბურთს ყველა შვილიშვილის ყვირილი, სიცილი, სირბილი, ბრახუნი და ათასნაირი სხვა ხმა ავსებს. 9 საათისთვის კი ბურთი ნელნელა ერთი ოთახისკენ მიგორავს და თან მაქვს დამაგრებული ძაფივით ყველანაირი ფუსფუსის, ხმაურის, მოძრაობის, ზრუნვის სხივები და ბოლოს, როგორც იქნა სულ რაღაც ნახევარ საათში იმ ერთ ოთახში ჩაფრინდება, როგორც ჩიტი ბუდეში, ჩაყუჩდება, ცოტას იწრიალებს და ბოლოს მშვიდი ფშვინვის კალაპოტს გაუყვება. ბავშვებიც აღარ არიან ისეტები დასვა და წიგნები უკითხო, ისინიც ტექნოლოგიების პატარა ტყვეებად ქცეულან.
იწყება დღის მეორე ნაწილი ანუ „საღამოის დღე“, მეორე დღე დღეში, ე.წ. ზრდასრულთა და ხანდაზმულთა დღე! დღე როცა უფროსები, მშობლები თავის წილ სიმყუდროვეს, რუტინაში ვერცხლისწყალივით გაფანტულს, ნელა უყრიან თავს და მისხლობით აგროვებენ. მე ყურებში სიჩუმის ბჟუილი მიდგას. ყოველდღიურობიდან ჩემი ნანატრი მარტოობის ყველი ამომყავს. ბევრნი ვართ, ყველანი ერთმანეთს ვჭირდებით, მაგრამ ყველასთვის ძვირფასია თავისი საკუთარი დრო და არსებობა, მეორადი იზოლაცია იზოლაციაში. ამის მერე იწყება დაზუსტება, რომელ ქვეყანაში რამდენი დარჩა, რამდენი მოკვდა, რა ხდება დედამიწაზე, ჩვენთან. აი, მიზანი! ყველაზე დიადი სამოქალაქო და ადამიანური ვალი - არ შეგეყაროს კოვიდი! რაგბის არ იყოს, აქაც წარმატება გვაქვს ქართველებს, ვამაყობთ, ვეიმედებით ექიმებსაც და ხელსუფალთა დროული თავის მოქაჩლებაც მოგვწონს. კარგია, რომ ყური ადრევე გამოიფხიკეს. შინ ჩაგვაკონსერვეს! რაც ევალებათ, კარგად აღასრულებენ და თავალდათხრილი ზაფხულის მერე, გვაგრძნობინეს,რომ საქართველო სახელმწიფოა!
31 წლის წინ თავისუფლებისა და სახელმწიფოდ გახდომის ვირუსით დაავადებულებიც ასე ჩაგვაკომენდანტსაათეს. ხვალ 9 აპრილი თენდება. ჩვენი საქართველოს ახალი და სისხლიანი დაბადების დღე! იზოლიაცია ის იყო, თუ იყო - სსრკ ვირუსის გამო რომ ვიმყოფებოდით 70 წელი. ყველაზე „დიადი“ იზოლაცია! ყველაზე ძლიერი და დიდი „კომენდანტის საათი“! მსხვერპლით, შეზღუდვებით, უპერსპექტივობით... გამოვძვერით, მაშინ დედამიწის ერთ მეექვსედზე იყო წითელი პანდემია. მაგრამ ის ვირუსი არ გამქრალა, დღესაც მძვინვარებს, გვანადგურებს და ასეთი ძლიერი პრევენცია და ბრძოლა ,მას რომ სჭირდება ჩვენ ქვეყანაში, ისე არფერს.
რამდენნაირ ომს, ოკუპაციას, სტრესს და აი, მსოფლიო პანდემიასაც მოვესწარით... ახლა კი უხილავი ვირუსები გვებრძვიან. როცა ვირუსების ბუნებას სწავლობ, მთთან ერთად ათასნაირი სხვა არსებებისაც, ხვდები, რომ მიუხედავად შენი გვირგვინობისა, ბუნებაში მაინც უმცირესობაში ხარ, ადამიანო! სულ ომში, სულ ბრძოლაში დგახარ და თავს ზეით ძალა არც გაგაჩნია. და რაშიც შენი ძალაა, მანვე გიბოძა ნება, რომ ყველა სიტუაციაში ადამიანად დარჩენა შეძლო!
მომავალი ეკონომიკურ კრიზისზე მეტად მადარდებს, როგორი იქნება ახალი სამყარო და ახალი ადამიანი? უფრო უღმერთოები? უფრო ინდიფერენტულები? უფრო გაუცხოებულები? უფრო დამოკიდებულები? უფრო უეროვნოები? უფრო მარტოსულები? უფრო ზომბები და ზედაპირულები თუ უფრო ნამდვილები და უფრო ბუნებრივები? ბებიას რომ ომი ჰქონდა გამოვლილი და სუ მარილის, შაქრის, ზეთის, ასანთის და საპნის მარაგს ავსებდა, ჩვენ რას დავიმარაგებთ? რა მაკლია ახლა მე? რა მომაკლდება, ურომლისობის შიშიც არ მომადუნებს მთელი ცხოვრების განმავლობაში?
ხომ არ ვადრამატიზირებთ ზედმეტად ამ „შინყოფნობას“? მე მთელი ცხოვრება პირადი „მკაცრი კარანტინიც“ მაქვს - ვაღიარებ, ადამიანებთან ისედაც ვდისტანცირებ. მწერლისთვის ბუნებრივიცაა ერთგვარი იზოლაცია ცხოვრებაში. იზოლაციაშია შენი შემოქმედებაც და, სიმართლე რომ ითქვას, არც ადამიანები გახევენ კალთებს. არ ხარ მათთვის საინტერესო. მიეჩვივნენ, რომ უპოეზიოდ, უმუსიკოდ, უთეატროდაც, გაუნათლებლობაშიც, მშვენიერ გემოს ინარჩუნებს ჩიხირთმაც, ბოზბაშიც და ბედნიერებაც! სუროგატული ცხოვრებაც თურმე მშვენივრად ფხანს და აძინებს ადამიანს. სიღრმეები კი დე, დარჩნენ ოკეანეთა ფსკერზე, ზედაპირულ არსებობასაც არაფერი დაეწუნება! პოეტი გიჟია და იყოს იზოლაციაში. სისხლზე, მკვლელობაზე, ათასგვარ ტრაგედიებსა და სენსაციაზე დაგეშილი ადამიანი ვერც ხვდება, რა ოფლის ღვრა სჭირდება სულსაც... ფეისები (მე რომ „სახეგანთქმულები“ დავარქვი) კმარა, დანარჩენი არ აინტერესებს ცხოვრებას. ასე რომ, მაინც იზოლაციაში ხარ და შეგუებულიც, რომ ცხოვრება უშენოდაც მშვენივრად გრძნობს თავს! საყვარელი საქმის კეთება, თვითრეალიზება - ესაა ყველაზე სასურველი კარანტინიც და იზოლაციაც, დისტანციაც. „ღიმილის მტვერი“ მახსენდება. გაქვთ წაკითხული? გირჩევდით! შვეიცარიის მთის ერთ სოფელში და საკუთარ თავში გამოკეტილი დიდებული ქალბატონის ცხოვრება და მსოფლმხედველობა. ეს წიგნი ერთი დიდი სიბრძნეა. ცხოვრების და ადამიანად ყოფნის სიბრძნე! არ უნდა გაგბანგოს ცხოვრებამ მუდმივი კომფორტით! ამან ეტყობა, ადამიანის წახდენა იცის... როცა ბავშვებს ჩემს საყვარელ წიგნს „ჰაიდის“ ვუკითხავ, ყოველთვის ვფიქრობ, რომ ჰაიდი სწორედ ის ქალი გაიზრდებოდა, რომელიც მე „ღიმილის მტვერში“ გავიცანი! ასეთივე ქალი - ძლიერი, გონიერი, ჰუმანისტი გაიზრდება ჩემი მეორე უსაყვარლესი გმირი რონია. ,ე ასტრიდ ლინდგრენი ხორციელად მოსული ანგელოზი მგონია. ხევსურეთში ხომ ითვლებოდა, რომ უხორცო სულებთან, ანუ ანგელოზებთან ერთად, სამყაროს „ხორცივლებიც“ - ადამიანებად დაბადებული, სხეულის მქონე, ანგელოზებიც მართავენ. ჰოდა, ასტრიდიც ხორციელი ანგელოზია. წელს მისი სახელობის პრემიის -„ალმას“ ნომინაციაში მეც ვიყავი წარდგენილი და ჩემი გამგზავრებაც კორონამ ჩაშალა. ყველაფერი ხომ ასე გადაიდო, მათ შორის ბოლონიის საბავშვო წიგნების საერთაშორისო ფესტივალიც, სადაც ტრადიციულად ალმას პრემიის გამარჯვებული სახელდება! მთელი მსოფლიოს საბავშვო მწერლებსა და მხატვრებს შორის ერთადერთი ადამიანი! მაგრამ აი, შინ ვარ! საქმეებიც შინ მაკითხავენ. ბედნიერი დამთხვევაა, რომ სწორედ ამ დღეებში მივიღე შემოთავაზება მეთარგმნა ამერიკელი მწერალი ქალის მეი ოკოსტის საყმაწვილო რომანიდან ლექსები. უდიდესი სიამოვნება იყო ამის კეთება .. ისევ ჩემმა საყვარელმა პოეზიამ მიშველა და ეს შინყოფნა გამიდღესასწაულა. როცა ეს წიგნი გამოვა, მასთან ჩემი ემოციური დამოკიდებულება სწორედ იზოლაციაში ყოფნას შეინახავს სამუდამოდ. ყველასთვის , ყველა დროში „შინ“ - ნიშნავს მყოფობას მშვიდობიანობაში, სიკეთეში, სიყვარულში, ოჯახის წევრებზე ზრუნვასა და ღვთის რწმენაში! და კულტურაც მუდამ იქნება ადამიანთა მოდგმის იმუნიტეტი!
ჩემი ახალი, მარტში გამოცემული საბავშვო წიგნიც იცდის საწყობში... ალბათ უკვირს, რატომ არ მიჰყავთ თვალცქრიალა ბავშვებთან, მაგრამ არა უშავს. სხვა, უფრო დიდი და უფრო ჭკვიანი წიგნები აუხსნიან, რაც ხდება, წიგნებიც ხომ ადამიანებივით ბედისწერით იბადებიან. ეს წიგნი ცხოველების და ბავშვების მეგობრობაზეა, სწორედ ბუნებისა და ურბანული გარემოს წინააღმდეგობრივ ურთიერთობაზე.
სამყარო იცვლება კორონას გარეშეც. ახალ ათასწლეულში ვართ! მთავარია. ეს ცვლილებები არ იყოს ადამიანისა და ბუნების მთლიანობის დამანგრეველი! მათი ურთიერთგაუცხოების მომტანი. მთავარია, ადამიანმა არ დაკარგოს ამ სამყაროს შეგრძნება, როგორც დიდი ღვთაებრივი სასწაულისა, რომელიც ოდესღაც მარადიული სიცოცხლის სასარგებლოდ გადაწყვიტა უზენაესმა გონმა! მაგრამ ასე ლანგარზე დადებული და მორთმეული არ არის და არც იქნება ეს ყველაფერი, არც არასდროს ყოფილა! მოსაძებნია, მოსაპოვებელია, შესატკბობია, გასააზრებელია... და ასე დაუსრლებლად. ბრძოლაა სიცოცხლე, დაბადება და შობაა, მარადი შობაა დიახ მარადის(შ)ობაა და არ შეიძლება, დაუშვებელია ადამინმა საკუთარი თავი ამხელა სამყაროში სიყვარულის, ღვთისა და ადამიანების გარეშე დატოვოს . ყველაფერი ერთად ბედნიერებას ემსახურება, ბავშვების და მოხუცების სიკეთეს, როცა შრომა ჯილდოა, როცა ყველაფერს თავის შინაარსი და სახელი აქვს. ხედავ, რა იდეალურ სურათს ვხატავ, რა პათეტიკურად ჟღერს ეს ყველაფერი, როცა ადამიანებს ამ პატარა ქვეყანაში თუ პატარა დედამიწაზე იმდენიც ვერ მოგვიხერხებია, რომ შევინარჩუნოთ სუფთა ჰაერი, წყალი, გარემო, საკვები, ტყე, მიწა და ფულის მსოფლიო დიქტატურის ყურმოჭრილი მონები საკუთარი შვილების გაწირვის ხარჯზე არ გავმდიდრდეთ? მძორით არ ვკვებოთ, შხამი არ ვასუნთქოთ... ამბობენ, გაივსო სოფელი, მიუბრუნდა ქალაქს გამოქცეული ხალხიო. მაგრამ , არ მაქვს იმედი, ისინი პოსტკორონიზმის პერიოდშიც იქ დარჩნენ. ადამინი უფრო მიდრეკილი გახდა ურბანული ყოფისადმი და სოფლის და მიწის მიტოვება სულ სახვა კავშირების გაწყვეტის ჭრილშია გასაანალიზებელი.
თავაღერილობა მოეძალა ადამიანს, მიწას არაა დაჩერებული და იმიტომ. სიტყვასაც ჩამოაშორა სიმძიმე პასუხისმგებლობისა! არც ფიქრობს, რომ, თავისუფალი, სინამდვილეში, ბევრი რამის მონად ქცეულა. იმ ასაკში არ ვარ, რამემ ძალიან გამაკვირვოს, რაც მიკვირს, ესაა ადამიანური უგნურება, უტიფრობა, ფანატიზმი. არადა, ამ ღვთის სასწაულით შექმნილ სამყაროში როგორ ვერ უნდა ხვდებოდე, რაა მთავარი... ესეც გაივლის...
შინ ვარ... და რატომღაც შიში არ მაქვს, მაგრამ მაინც მთრგუნავს აკრძალვები! თავისუფლება მინდა! ჩემს ადამინებთან დაბრუნება როგორ მიყვარს და მჭირდება იმათ თვალებში ჩახედვა, რომ მივხვდე ყველაფერს! იმედია, ერთმანეთს ადამიანებად დავხვდებით !