The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ზოგი რამ მიხა ხელაშვილზე


ზოგი რამ მიხა ხელაშვილზე


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: ჭინჭარაული გაგა



1 * * *

▲ზევით დაბრუნება


წინასიტყვაობა

სიკვდილის წინ სახალხო მთქმელმა, ხევსურმა გაგა ჭინჭარაულმა ხელნაწერები დატოვა, რომელთა შორის არის აქამდე უცნობი ამბები მიხა ხელაშვილზე. რაც მთავარია, ამავე რვეულში შეტანილია მიხა ხელაშვილის დღემდე გამოუქვეყნებელი ლექსი, რომელსაც ჩვენს რუბრიკაში პირველად ვაქვეყნებთ და მადლობას ვუხდით ეთერ თათარაიძესა და ამირან არაბულს მასალების გადმოცემისთვის. ყველა ამბავი გაგა ჭინჭარაულს თავისი მშობლების გადმოცემით შეუგროვებია. მხოლოდ ერთი - ამ ჩანაწერის ბოლო მოგონება ეკუთვნის პირადად მას - მეხსიერებაში ბავშვობიდან ჩარჩენილი - არაგვის ნაპირიდან, სადაც ახლა დიდი წყალსაცავია და მაშინ უძველესი სოფელ-ქალაქი ჟინვანი იყო გაშენებული. მოგონება ფსკერზე დარჩენილ იმ დროს, ქალაქსა და ადამიანებს ეხება. „მამა ერთბეწო ეზოში შევიდა... მალევე გამოჩნდა. უკან ტანმაღალი შავოსანი მანდილოსანი მოჰყვებოდა, რომელსაც შავ ტანსაცმელთან ერთად თავზეც შავი მოსახვევი ეხურა... ხელში რაღაც პარკი ეჭირა, რომლის გამორთმევაც მამაჩემს სთხოვა; მოასწრო და ეს სიტყვებიც გამოაყოლა:

- ძმის ძმაო, წეღან ვეღარ მოვასწარ თქმა, ჩემით ბეჩავობით ნელ-ნელა ვამზადებ რაღაცეებს, ეხლა ხო ოცი, წელი ხდება ჩემ დედა-ძმათ დახოცვიდან და იმათ სულის სადიდებლად მინდა, რომ ავღნიშნო პურ-სუფრით, ეს იმ ნამზად-სამზადის ნაწილია და ამ შენს თანამგზავრებსაც შანდობა ათქმევინე, იქნებ ვინმე ჩემი მიხას ნაცნობებიც არიან. მე ის ჩვენმა და ჩემის სისხლის ხალხმა მიღალატა, დედაც ამათ მამიკლეს და ძმაც, თქვენი კაცი, კინწათ ტუჩა კი რომ არ ყოფილიყო, ჩემი ძმის ძვლებს მიწაც კი არ ეღირსებოდა, და ძაღლ-ღორის სათრევ-საჯიჯგნი გახდებოდა - მე მადლობელი ვარ თქვენი, ხევსურებო!“

გაგა ჭიჭარაული

ზოგი რამ მიხა ხელაშვილზე

0x01 graphic

რასაც დავწერ, ჩემი საკუთარი მშობლების, დედისა და მამის მონაყოლია ჩემთვის, რომლის ჩანაწერებიც, ჯერ ერთი, ჩემი მცირე ასაკის გამო არ გამიკეთებია, უფრო კი იმის გამო, რომ იმ ავბედით წლებში (კომუნისტური მთავრობის ხანაში) წერა ისეთ ადამიანებზე, როგორებიც იყვნენ - ჟორდანიები, ჩოლოყაშვილები, ხელაშვილები და მათი სხვა თანამებრძოლი და თანამოაზრეები, სასტიკად იყო აკრძალული, - ისინი ხომ სამშობლოს მტრებად და მოღალატეებად ჩასვეს ჩვენს ტვინში სკოლისა და ანა-ბანას დასაწყისიდანვე პრესამ, წიგნებმა და აღმზრდელ-მასწავლებლებმა.

არც ყველა დაინტერესებულს უამბობდნენ მცნობ-ახლობელნი მათთან სიახლოვესა და ურთიერთობებზე; ამიტომ იყო ალბათ, რომ მამა ლაპარაკს ბოლოს ყოველთვის ამ სიტყვებით მიმთავრებდა: - „რაც გითხარით, არავისთან ილაპარაკო ბალღო“.

II დიაკონი მიხა

მიხა დიაკვნად მოსულა ჩემს სოფელში (ბარისახოში), იმ ერთადერთ ეკლესიაში მთელს პირაქეთ და პირიქით ხევსურეთში, რომელიც მღვდელ-დიაკვნების ამოხოცვის მერე ჯერ, რა თქმა უნდა, გაუძარცვიათ და ბოლოს კი მიწასთან გაუსწორებიათ ბოლშევიკ-კომუნისტებს, რის საძირკველზეც ეკლესიიდან მონგრეული ქვებით აუშენებიათ „მუშა-მოსამსახურეთა, ხმალა“ (ადგილის სახელია), საერთო საცხოვრებელი, რომლის კედლები დღესაცაა აღნიშნულ ადგილზე.

III ღაბაჴი (ყაბახი) - გაცნობა მიხასთან

(მამის მონაყოლი)

ღაბახი იყო მიცვალებულის სახელზე იქვე, ჩვენი სოფლის მახლობლად, წყალს (არაგვს) გაღმა, ლიქოკელების თემში.

ხალხშიც გამოცხადებული ყოფილა ღაბახის გატანისა და თოფვის დღე-დრო.

ნელ-ნელა ვქუჩდებოდით „მეთოფეები“.

„ფშაველი დიაკონიც“ (როგორც თურმე ხევსურები ეძახდნენ მიხას) რომ გამოჩნდა იქ თოფიანი, ყველას უცხოდ და უჩვეულოდ მოგვეჩვენა, რადგან ხევსურებთან ერთად ესეთ შეჯიბრებაში არავინ და არასდროს არავის უნახავს; ისე კი, წეს-ტრადიციის თანახმად, ღაბახის სათოფავად თუკი მოვიდოდა, ურჯულოსაც (არა ქრისტიანს) ვერავინ ეტყოდა უარს, ეს მიცვალებულის სულისათვის ცოდვად ჩაითვლებოდა.

„ღაბახის თოფვის“ წესი შემდეგნაირია:

აღნიშნული დროისათვი (მაშინ მზის მიხედვით) რამდენი მეთოფეც შეიკრიბებოდა, წილს (კენჭს) ჩაყრიდნენ, ვინ ვის შემდეგ ესროდა ღაბახს. თითო მეთოფე თითო ტყვიას ისვრის თავის რიგში, რაც შეიძლება, თურმე ღამემდისაც გაგრძელებულიყო (ხან შეიძლება, სხვა დღისთვისაც გადადებულიყო), სანამ ვიღაცის ტყვია არ ჩაჯდებოდა მავთულით შემოვლებულ პატარა წრეხაზში - „კოკობზინაში“.

ათამდის მეთოფე შევქუჩდით და წილიც ჩავყარეთ. პირველი არ იყო ჩემთვის ღაბახის თოფვა, მაგრამ პირველობა რომ მერგო, ეს კი იყო პირველი.

მიხას მესამე წილი ერგო.

თითქმის სუყველამ ვისროლეთ, ისე მომთავრდა პირველი მოყოლება, რომ ღაბახი კვლავ საღი იყო.

ღაბახს თავისი „გამკონტროლებელი“ ჰყავს გაპიროვნებული, მას „მეღაბახე“ ჰქვია, იქვე ახლომახლოა ჩასაფრებული, ყველა სროლის შემდეგ მიდის (მირბის) ღაბახთან, სინჯავს და იმასაც იძახის, საით მხარესაა ტყვია აცდენილი („მეღაბახე“ მსროლელებს ვერ ხედავს და არ იცის, ვის ნასროლს ამოწმებს).

ამის მიხედვით კი მსროლელები შემდეგი დამიზნების სწორ ვარაუდს იჭერენ.

ამ წლებში საუკეთესო იარაღი იყო ხევსურეთში; შემოტანილი გვქონდა თბილისის არსენალიდან ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და ქარუმიძისაგან მოცემული ასამდე ახალთახალი რუსული თოფი, რაც ჩაბარებული იყო თითოეულ პატრონზე. თოფ-იარაღთან ახლოს მყოფი კაცისთვის არ იყო ძნელი დასავარაუდებელი გამჭვარტლულ-გაშავებულ ფიცარზე მიკრული თეთრი „კოკობზინა“, მითუმეტეს როცა ვიცოდით, საითაც ასცდა წინა ტყვია.

მოვემზადეთ შემდეგი სროლისათვის; უმარილო ცხვრის დუმაში გაჟღენთილი საწმენდები ამოვატარეთ თოფის ლულებში.

გული მიგრძნობდა გამარჯვებას.

პრიცელში ოდნავ ამოჩნდა თოფის ნიშანი, თეთრი „კოკობზინა“ კი პრიცელის ჭრილზე ზედ იჯდა თოვლისფერი ჩიტივით, უფრო დავაწმიდე ნიშანი და თოფიც გავარდა.

მივიდა „მეღაბახეო“, გასინჯა, აიღო ფიცარი, გადმოაგდო ჩვენს მხარეს რამდენიმე ნაბიჯზე და დაიძახა: „შაუნდნას“ (ეს მოქმედება ღაბახის მოგებას ნიშნავს, საერთო წესით).

„მეღაბახემ“ ფიცარი ხელში აიღო და წამოვიდა ჩვენსკენ.

შეჯიბრი ხომ იმისაა, რომ ყველას სწადია პირველობა; როცა გადავხედე, ეს იკითხებოდა უმეტესი მეთოფეების სახეებზეც.

ზოგმა ღაბახის მოტანასა და ნახვასაც აღარ დაუცადა, თავთავის წასასვლელი მხრისაკენ ისე გაემართნენ სახლის ეზოდან.

მიცვალებულის მეუღლემ მზექალამ კი ყველას გასაგონად გამოაცხადა:

„ტაბლა გამზადებულია, ეხლავ გამოვიტანთ, შანდობის უთქმელად ნურავინ წახოლთო“.

ნაწილი ხალხი წავიდნენ, ზოგები დავრჩით; ჩვენთან დარჩა ხელაშვილიც.

ტაბლა დაილოცა.

სასმელითაც ვუთხარით შენდობა მიცვალებულის სულს.

სანამ ოჯახს დავემშვიდობებოდით, ის ვერცხლიანი ხანჯარი, რომელიც ღაბახზე იყო გათვალისწინებული საჩუქრად, მიცვალებულის „ლოგინ-ტალავარიდან“ ამოიღო მზექალამ და ჩემთან მოიტანა ამ სიტყვებით:

- „ნანაისშვილო, ეხლავ წაიღე ეს ხანჯარი, მაინც შენია, ამის წესს მემრაც დავაყენებთ, (გამარჯვებულმა ტაბლა და სასმელი უნდა მიიტანოს მიცვალებულისთვის დასალოცად), ჩვენ კი მარტო დიაც-ყმაწვილები ვართ დამრჩლები, ჩვენი არავის შაეშინდებ-მაერიდება, ხალხი კი, ხო ხედავ, რაც დროა, ქურდად და მამაძაღლადაა მაქცეული, არამც ვინმე შამაძვრას სახლში და მაიპარანო“.

მე ხანჯარი გამოვართვი მასპინძელს; დავემშვიდობეთ და დავუყევით ტყიან ბილიკს არაგვისაკენ. ოთხნი ვიყავით: მე, მიხა და ორიც ჩემი მეზობელი.

ხანჯარი გარედან, ტარიც და ქარქაშიც მთლიანად ვერცხლში იყო ჩამჯდარი (ის დღესაც ინახება ჩვენს ოჯახში), ვერცხლი კი ოქროსფრად იყო შეღებილი რაღაცა წამლით.

ხანჯრის „ჯიშით“, თუ სადაური ნახელავ-ნაჭედი იყო, მეც ვიყავო დაინტერესებული და ამხანაგებმაც მითხრეს გაგვესინჯა; - ხანჯლის პირზე ან წარწერა რამე იქნებოდა, ან სხვა რაიმე ნიშანი ამობეჭდილი, რითაც ვიცნობდოთ იარაღის სადაურობას.

იარაღი „ლეკური“ ნახელავი იყო. რაზეც სამი თანაბარი ღარი და ვადიდან წვერამდის ლამაზად მოხატული რკინა მიგვანიშნებდა; ჩვენც შევთანხმდით უდავოდ.

ცოტაც ჩამოვიარეთ და მიხამ მითხრა:

„ნანაისშვილო“ (მამას ასე ეძახდნენ ხევსურები, ვინაიდან ძალიან პატარა დაობლებულა და გამზრდელ დედას კი ნანა ერქვა), მართალია, მე და შენ კარგად ვერ ვიცნობთ ერთი-მეორეს, მაგრამ გეტყობა, ყისმათით მჯობიხარ, თორემ ეგ „ლეკური“ შენ არ გერტყმებოდა წელზე“.

ჯერ ჩამაფიქრა მიხას სიტყვებმა, მერე კი ესე უპასუხია: - რას ამბობ, „დიაკონო“, რა ყისმათი და ბედი, მაღლა ხომ არ აგწია სამი-ოთხმა ჟიპიტაურმა?

- მე არაფერმაც არ ამწიაო მაღლა, უთქვია მიხას, მაგრამ თუ შენზე წინ მამერგებოდა სროლა, მაშინ კარგად გაიგებდი, რასაც ვამბობო.

ემოციებითა და თავმოწონებით თოფივით დატენილ თვრამეტ-ცხრამეტი წლის მთიელ ახალგაზრდებში მჯობნობაზე ლაპარაკი ყოველთვის რთულია (მითუმეტეს, მაშინდელ დროში), ამის გამო იქამდის მისულან საუბარ-საუბარში, რომ როცა ჭალაზე ჩამოვიდოდნენ, არაგვზე უნდა გაჯიბრებულიყვნენ სროლაში და დამარცხებულს კი თოფზეც უნდა აეღო ხელი.

დავაში თანამგზავრებიც ჩარეულან და საშარო შეჯიბრება გადაუთქმევინებიათ; გაუხსენებიათ ამდაგვარი დავის არაერთი არასასიამოვნო დასასრული.

არაგვის ხიდზე როცა გადმოსულან ბარისახოს მხარეს, ისევ მიხას გაუახლებია შეწყვეტილი ლაპარაკი:

- მაშინ, რახანც თოფის ნიშნები ვერ გავსინჯეთ, მე გუშინ მოვედი ფშავიდან, ცოტა რამ საგძალი მოვიყოლე შინიდან, დედამ კი თავის გამოხდილი პანტის ჟიპიტაურიც გამამატანა, წავიდეთ ჩემთან და ჟიპიტაურს მაინც გავუსინჯოთ გემო.

ყოფილა საერთო თანხმობა; მისულან იქვე „ხმალაის ციხე-ეკლესიაში“ (იქ ცხოვრობდა მიხა), სადაც მღვდელი ბესარიონ წიკლაური დახვედრიათ, რომელსაც თავისი დიაკვნისა და სამი იმის მოყვანილი სტუმრის სურვილისათვის წესიერად მოუბია თავიც და ბოლოც თავისი სამღვდლო და საერო წინამძღოლობის წესით. (მღვდელი ბესარიონი არ ყოფილა ადგილობრივი ხევსური წიკლაური, ის მთიული ან გუდამაყრელია, მიხას მოკვლის სამი თუ ოთხი წლის მერე ისაც მოუკლავთ ბოლშევიკ-კომუნისტებს).

აი, აქ გაფიცულან ძმად მამა და მიხა (ბესარიონის ლოცვა-კურთხევით), რის შემდეგაც დაუწყიათ მართლა ძმობაცა და სიახლოვეც.

IV რკინის ჯარათტარი

(დედის ნაამბობიდან)

მაშინდელ ხევსურეთში ქმარ-შვილის ჩაცმა-დახურვა მხოლოდ ოჯახის დიასახლისზე - (დიაცზე) იყო დამოკიდებული, რადგან ძალიან ცოტა კავშირი ჰქონდათ სავაჭროებთანა და ბაზართან.

მატყლის დაჩეჩვასა თუ დართვაში და საბოლოოდ ამ ნასაქმარის ტანსაცმლად და ფეხსაცმლად ქცევაში, ზამთრის გრძელ ღამეებს „ყვერფ-კერაში“ ცეცხლის სიახლოვეს, თვალმოუხუჭავად ათენებდნენ თურმე დიაცები და მათს სიავ-კარგესაც სწორედ ქმარ-შვილსა და საკუთარი თავის ჩაცმა-დახურვაში ხედავდა მტერიც და მოყვარეც.

ყველა ამ „საქმისათვის“ (როგორც ხევსურეთში ეძახიან) სახლის ერთი კუთხე ჰქონდა მიჩენილი ახალდაწყებულსაც და დამთავრებასთან მიახლოვებულსაც.

აქვე იყო მილაგებული ყველა ამ სამუშაოებისათვის საჭირო ნივთ-ხელსაწყოებიც, რომლებიც ძირითადად ხისგან იყო დამზადებული. დედაჩემის კუთვნილ ამ ნივთებში თვალისათვის ადვილი შესამჩნევი იყო მხოლოდ ერთადერთი ბრჭყვრიალა რკინის ღერო, რომელზეც ორ ადგილზე ხის ორი რგოლიც იყო უძრავად წამოცმული.

ეს „ჯარათ-ტარი“ იყო. ხის ნივთებისაგან გამორჩევით, ის ყოველთვის საქმეში იყო ჩართული, ეტყობა უფრო მოხერხებული იყო მუშაობისათვის.

ჩემმა (ბალღის) თვალმაც შეამჩნია ეს და ერთხელაც ვკითხე დედას: -დედი, რატო სხვა „ჯართტარებიც“ რკინისა არა გაქვსო?

- აბა, საიდან მოვიტანო, შვილო, ესეთები არც იყიდება და არც არავინ აკეთებს. მამაშენს ერთი ფშაველი ძმობილი ჰყვანდა, მიხა ექვივნა, და იმან მაჩუქაო.

- იმან საიდან მოიტანა ? - გამიჩნდა კითხვა.

- თავის თოფს მოხსნა „ზუმბა“, ეს ხის რგოლებიც თვითონ დათალა და დაუკეთა, არავინ ვიცოდით, რასრა აკეთებდა, ბოლოს მე მომიტანა და ესე მითხრა:

- აი, ჩემო რძალო, ეს „ჯარათტარია“, გქონდეს ჩემ სახსოვრად, მე ისეთ გზას ვადგავარ, რომ შეიძლება დიდხანს არ ვიარო ამ სამზეოზე და ეს ყოველთვის გაგახსენებს ჩემ თავს.

ამის შემდეგ შეკითხვები უპასუხოდ დამიტოვა, მხოლოდ ესე სთქვა:

- მამაშენს შეეკითხე და ის უკეთესად გიამბობს ყველაფერს.

ამის შემდეგ გაჩნდა ჩემს ცნობიერებაში „მამას ძმად-ნაფიცი ფშაველი მიხა“ და აქამდის დაწერილიცა თუ ჯერ კიდევ დასაწერიც ამ ლაპარაკის შემდეგ გამჟღავნდა ჩემთვის.

V მამის ნაამბობიდან

ასაკით სწორები არც ხასიათით გამოვდეგით შორი-შორს (მიხაზეა ლაპარაკი).

საეკლესიო საქმეებისგან არც ის იყო დიდად მოუცლელი. ისეთი არეული დრო იყო, რო იტყვიან, „ძაღლი ვეღარ სცნობდა პატრონს“.

ქვეყანა უპატრონოდ იყო დამრჩალი.

აღარც ხევსურებს გვეცალა ხატ-ეკლესიებისთვის.

ჟორდანიას მთავრობა უკვე გაქცეული იყო საზღვარგარეთ; გამარჯვებული ბოლშევიკ-კომუნისტები კი ჯერ როდის მორჩებოდნენ იმათ მომხრეების დაჭერა-დახოცვას.

მთაშიც ამოაღწიეს.

დადიოდნენ სოფლებში, აგროვებდნენ და ეძებდნენ თავიანთ მომხრეებს, აძლევდნენ წითელ რაღაც ბილეთებს და იარაღს, უსაქმო და უკაცობო ხალხსაც მეტი რაღა უნდოდა, დადიოდნენ თოფაკიდებულები, ვისაც მოერეოდნენ, ჩაგრავდნენ, ვისაც ვერა - აბეზღებდნენ ტყუილ-მართლის ერთმანეთში ათქვეფით და აჭერინებდნენ.

უკრძალავდნენ ხალხს სალოცავებში სიარულს, თუ წინააღმდეგობა არ ხვდებოდათ, ანგრევდნენ კიდეც ნიშებს და ხატებს.

გზები ქურდებითა და მამაძაღლებით იყო სავსე. ჩვენი ხალხი (ხევსურები) თუ ძალიან აუცილებელი რაღაც არ იყო, ვერიდებოდით მგზავრობას ბარში.

ფშავიდან ამბავი ამოიტანეს: ჩეკისტ-ჩინოვნიკებმა მაღაროსკარის ეკლესია ჯერ დაარბიეს და გაცარცვეს, მერე შიგ თავის მომხრე შეიარაღებული რაზმები ჩააყენეს და სამხედრო ყაზარმად გაიხადესო.

მიხას ამაზე უთქვამს, ეგენი მალე აქამდე, ჩემამდისაც ამოვლენ და რაღაც ცოდვას ჩამადენინებენო.

რამდენიმე ხნის მერე მართლაც ამოსულა სამი სახეახვეული შეიარაღებული კაცი და უთქვიათ, ჩვენი მთავრობის გამოგზავნილი ხალხი ვართ, ჩამოხსენ ეგ ხატები, დაანგრიე სამლოცველო, თორემ ცეცხლს წავუკიდებთ და მთლიანად გადავბუგავთო.

მიხას წყნარად უპასუხია:

- რატომ უნდა გადაბუგოთ, ეხლავე გავაღებო კარს და ერთად შავიდეთ სამლოცველოში.

სხვა კარიდან შესულა, მართლა გაღებულა ის კარიც, სადაც „მთავრობის ხალხი“ ელოდებოდა; კარებში მიხა გამოვარდნილა ხელში თოფით და დაუყვირია მოსულებისთვის:

- აგე, კარები ღიაა, რომელსაც სიცოცხლე გაქვთ მოძულებული, შედით და ხატებიც თქვენ ჩამოხსენითო.

უკან გამობრუნებულა „მთავრობის ხალხი“ და ეს კი დაუძახიათ:

- ამას ყველაფერს უფროსს ვეტყვით და შენ დაინახავ, როგორც ჩამოგახსნევინებსო.

- აქ თქვენი დედა ... და იქ კიდე თქვენი უფროსისაო, - გაუყოლებია ტყვიის მაგივრად მიხას.

„ნიღბოსნები“ უცვნია ხელაშვილს.

უფროსთან მისული მშიშარები, რა თქმა უნდა, თუ არაფერს დაამატებდნენ მოხდარს, არაფერს დააკლებდნენ.

ამაზე თავმომწონე და „ყველაფრის შემძლე“ უფროსს სახალხოდ გაუცხადებია მაღაროსკარში შეიარაღებული რაზმისათვის:

- მაგ თქვენს ხელაშვილს ყელზე თხასავით წავაბამ თოკს და აქ ჩამოგითრევთო.

ამბის მიმტან-მომტანები ხომ მოძრაობენ ორივე მხარეზე, მიხასაც გაუგია უფროსის ეს მუქარა.

- ფიცხი იყო ძალიან მიხა, - ამას განსაკუთრებით უსვამდა ხაზს მამა.

კომისრის ეს სიტყვები როცა გაუგია, თურმე მაღაროსკარში წასასვლელად დაუწყია მზადება, უნდა გავაგებინო, რომელი უფრო ვართ თხაო.

VI კომისრის მკვლელობა

„მთავრობის კაცებთან“ ამ შეხლაშემოხლის მერე თურმე ნაკლებ დროს უთმობდა ეკლესიაში ყოფნას, - ხალხთან იყო ხან ხევსურეთში და ხან ფშავში.

ხშირად ამბობდა თურმე:

- მე მაგათი კი არ მეშინიან, ძმობილო, მე ეგენი ვერ მამკვლენ, არ მინდა სისხლში და ცოდვაში გარევა, თორემ მაგეებს ბეღურებივით დავხოცავდი არაგვის ჭალებზე.

თანდათანობით საწვიმარი ღრუბლებივით გაბერილა მიხას დაპატიმრების სურვილი ჩინოვნიკებისა და რაზმელ-კომკავშირლებშიც, რასაც მეჭორეთა და ტყუილ-მართლის მთხზავთა ნალაპარაკევი უფრო ძალას მატებდა და აჩქარებდა.

დაღლილა ხელაშვილი ამდენი ჭორ-ტყუილის სმენით და გადაუწყვეტია, რომ პირადად ენახა და თავად დალაპარაკებოდა კომისარს, რომელსაც სამოცამდე რაზმელი ჰყავდა დაბანაკებული მაღაროში.

ბოლოს ეს შეხვედრა, მართალია, ტრაგიკული შედეგით - მკვლელობით მთავრდება, მაგრამ ისიც უდავოა, რომ მიხას კომისრის მოკვლა არც ერთ შემთხვევაში არ ჰქონია ჩაფიქრებული და განზრახული, თორემ მოკლავდა უხმაუროდ, ჩუმად, პირდაპირი მისვლის გარეშე.

შეხვედრის ხელსაყრელი მომენტის მოლოდინში რამდენიმე დღე უტრიალია რაზმის სადგომის სიახლოვეს.

აქ იმის აღნიშვნაც მიმაჩნია საჭიროდ, რომ კომისარი ყოფილა უზომოდ პატიმოყვარეც, თავმომწონეც და მამაციც.

ის თავის ნებით და კომუნისტურ მთავრობასთან პირობის მიცემის შემდეგ წამოსულა ფშავ-ხევსურეთში, რომ იგი მოაგვარებდა იქაურ უსაშველო და მთავრობისთვის საჭირო საქმეებს, მოარჯულებდა კერპ, თავმომწონე მთიელებს. რომლებიც მაშინდელ საქართველოში ყველა სხვა კუთხეებთან შედარებით ბევრნი და მრავალნი ყოფილან მთაში.

რაზმის წევრები უსიტყვო მორჩილებით უსრულებდნენ ყოველგვარ კანონიერ თუ უკანონო მოთხოვნას და დავალებას; ფრთხილი იყო ავაზასავით, პურის ჭამისასაც კი ყელამდე შეიარაღებულს მაინც გადატენილი იარაღი ედო სუფრაზე.

მდინარე მაღაროულაზე გამოსულა რაზმის უფროსი პირის დასაბანად; დატენილი მაუზერი აქაც ცხვირწინ შემოუდვია ქვაზე; მოულოდნელად, სად იყო და სად არა, თავზე დასდგომია ხელაშვილი და ასე უთქვამს:

- მე ვარ მიხა ხელაშვილი, მე ხომ თქვენ არაფერს გერჩით, თქვენ რატომღა მემუქრებთ დაჭერითა და მოკვლით, მე თქვენ ვერ დამიჭერთ და ვერც მამკლავთო.

კომისრის ხელი თურმე ელვის სისწრაფით დააცხრა მაუზერს, მაგრამ მჯობნის მჯობნი ხომ არ დაილევა ამ ქვეყანაზე, ვეღარ მოუსწვრია გასროლა და მკერდ-ნატყვიარი წყალში ჩაქცეულა.

მიხა შევარდნილა რაზმის ეზო-კარ-მიდამოში და დაუყვირია: „მესროლეთ, თქვე ლაჩრებო, თქვენო,“ მაგრამ არავის გასჩენია სურვილი უფროსის მკვლელზე შურისძიებისა, შიშის გრიგალად გადაუვლია ხელაშვილის ხმას მათს თავზე.

აუხსნია იქვე ღობეზე მიბმული ცხენი, შემჯდარა და გასცლია იქაურობას.

შიშით გამოწვეული უმოქმედობის დამბლა მართლა ლაჩარმა რაზმელებმა იმით ახსნეს თავიანთი ჩინოვნიკი უფროსების წინაშე, რომ მკვლელობის თანამონაწილედ და მიხასთან წინასწარ მორიგებულად ჩათვალეს ცხენის პატრონი ფშაველი, გვარად მისრიაშვილი, დაასმინეს კარგად მოფიქრებული ტყუილებით და ცხენით გაქცევა ჩათვალეს ხელაშვილის უჭირველად გადარჩენის მიზეზად.

დააპატიმრეს ალექსი მისრიაშვილი, რომლის ლამაზი და კაცური სიცოცხლე ბოლოს დახვრეტით დაასრულეს კომუნისტებმა.

ხელაშვილმა ის ლამაზად დაიტირა ლექსად:

- ფშავისკე შავნი ღრუბელნი
რადრა რა გადმოდიანო,
შემოგხვევიან წვერებზედ,
მთაწმინდავ, ვარსკვლავიანო,
დაგიჩრდილებენ, სოფელო,
მზის მოსვლას მოგიშლიანო,
ხელშეკრულს ჩამოგავლევენ,
მისრიაშვილო, ხმიანო.

*********************************

ლაშარღელეში ფშავლები
თავს ერთად მაიყრიანო,
სამი დროშით და ფერხისით
საჯარეს შემუვლიანო,
შენს შვილებს დაუძახებენ,
წინ სუფრას გაუშლიანო,
დალევენ შესანდობარსა,
თასებსა გამასცლიანო.

უდავო და ნათელია თუ როგორი ძებნა იქნებოდა გამოცხადებული ხელაშვილზე, რომელიც მაშინვე მონათლეს ყაჩაღის, მთავრობის წინააღმდეგის და სამშობლოს მოღალატის სახელით, ხოლო მისი მომკვლელი არაკაცებისათვის კი ჯილდო-საჩუქრები დააწესეს.

- „არ მინდოდა კაცის ცოდვაში გავრეულიყავ, ძალით და სიამაყით შამომაკლა თავიო“, - ხშირად იტყოდა თურმე მიხა.

მთაში იტყვიან:

„ცხრა კბილს გადმოსული სიტყვა ცხრა მთას გადავაო“.

ხელაშვილის სიტყვა-ნათქვამიც მალევე მიდიოდა ჩეკისტებისა და რაზმელების ყურამდის.

დაუწყიათ ნათესავ-ახლობლების ჩხრეკა-ყარაულობა და დაწიოკება.

უგულოთაც გული მისცემიათ, რახან გაუგიათ, მოკვლასაც ნანობს მიხაო.

ხევსურეთში უფრო ხშირად იყოო.

თიანეთის გზით კახეთის მხარესაც გადავიდა რამდენჯერმე, - „აქ ახლოს რომ ვიტრიალო, კიდე ვინმე შამამაკვდებაო.“

მიხას ასეთი ქცევით უფრო გააქტიურებულან მაძებარნი, თან იმუქრებოდნენ თურმე: - „თუ ვაჟკაციამ რად გვემალება, რატო ვერ ბედავს ჩვენთან შეხვედრას, ხომ სულ ერთია, მაინც გავაგორებთ ძაღლივითო“.

კახეთის მხარეში ჰქონია საერთოდ გადასვლა გადაწყვეტილი: - „აქ ხალხს აწუხებენ ჩემი გულისთვის, მაგრამ დედას რაღა ვუყო, მოხუცია და ვერ გაძლებს უჩემოდო“.

VII დედის სიკვდილი

ღმერთისაგან სიყვარულისა და სიკეთის კეთებისათვის შექმნილს ყოველნაირად უსპობდნენ ამის საშუალებას და ცდილობდნენ, როგორმე გადაექციათ ბოროტმოქმედად, ადამიანთა მკვლელად, უსისხლოდ, ცოდვიანად და ტყიურად.

პროფესიონალ ჩეკისტთა აგიტაცია-შეპირებები გამოუცდელ მთიელ ახალგაზრდებს მარტო სისხლს კი არ უმღვრევდა, თურმე თვალებსაც იმდენად უბნელებდა, რომ ავის თუ კარგის გარჩევის უნარსაც აკარგვინებდა.

ალბათ არ სჭირდება მტკიცება იმას, თუ როგორ „ცაით მეხის დაცემა“ იქნებოდა მიხასნაირი შვილისთვის დედის სიკვდილის გაგება.

„სიკვდილიც არის და სიკვდილიცო“, - უთქვია ხალხს. უმიზეზოდ და უდანაშაულოდ არაკაცებისაგან ტყვიით მოკლული ჭაღარა დედის ჭირისუფალიც გამხდარა ბოლოს ხელაშვილი.

მოხუცს, საკუთარი სახლის კარებზე მცირე რამ ბარგი და საწვიმრები გადაუკიდია სახედრისათვის, - აფხუშოდან ხოდას გამგზავრებულა სამთა საძოვრებისაკენ.

გზაზე ჟიპიტაურით გალეშილი სამი რაზმელი შეხვედრია; ნაცნობები და ადგილობრივები ყოფილან სამივენი - იოსებ ჯანაშვილი, ლევან ბოძაშვილი და ბასილ ჩოხელაშვილი.

„ვაჟკაცებს“ სახედარი წაურთმევიათ მოხუცისთვის, ბარგი გაუჩხრეკიათ და ჩხუბი დაუწყიათ:

- შენ ეს სასმელ-საჭმელი შვილთან მიგაქვს, ეხლავე გვითხარი, სად იმალება შენი დედალი შვილი; და ხანჯლის წვერებით დაუწყიათ მოხუცისათვის ჩხვლეტა.

„ლამაზად შვილის გამზრდელი“ დედა არანაირი ტანჯვის საფასურად არ გასცემდა ამ შემთხვევაში შვილის ადგილ-სამყოფელს (თუნდ სცოდნოდა კიდეც); არც აქ ჰქონია შედეგი ხანჯლების ჩხვლეტით დაქცეულ სისხლს, არაკაცებსაც ჩამოუღიათ მხარზე დაკიდებული „რუსული თოფები“ და კონდახებით დაუწყიათ მოხუცისთვის ცემა, - „თქვი, თორე დაგკრავთ ტყვიასო“; მართლაც გავარდნილა ვიღაცის თოფი და ქალიც ჩაქცეულა გზისპირზე ნადგომი ეკლის ჯაგებში.

ცრემლთან ერთად ლექსითაც დაუტირია შვილს ჭაღარა დედა:

„მაშინ სად ვიყავ, დედაო,
როცა შენ გაგიჭირდაო,
თოფებით გცემდეს ბებერსა,
ჯაგებში გადაჩრილსაო,
დაგკრავდენ, - დაიკვნესებდი,
დაინატრებდი შვილსაო,
შველა გინდოდა, ვერ გშველდი,
ვაი, შენს ხელაშვილსაო.

რად მინდა იარაღები
ან თოფს რაღადა ვზიდაო,
თუ დედის მომკლავს ვერ მოვჰკლავ,
სიცოცხლე რაღად მინდაო,
თუკი მზეს ვერ დავუბნელებ
იოსებ ჯანაშვილსაო,
ბოძათ ლევანის მოკვლას კი
მოკვლაი ჯობავ თხისაო,
არც მტერი შამხვდა მტრის ფერი,
ვარ უბედურის დღისაო...“

- „დედის გახსენებაზე თხილის ოდოდენას გადმოჰყრიდა ცრემლს და უფალს იმას ემდუროდა, ღმერთო, რატომ არ დამბადე მკვლელად და ბოროტადო“.

მიცვალებულის ახლობლებისათვის დასაფლავების უფლებაც არ მიუციათ არაკაცებს, „ესეთია მთავრობის ბრძანებაო“, - ესე შეუთვლიათ მისი დებისა და სხვა მეპატრონეებისათვის.

არავის სცოდნია მიხას ადგილ-სამყოფელი, თურმე არც მის გამოჩენას ელოდა არცა მტერი და არცა მოყვარე; ყველა ფიქრობდა, რომ ეს სატყვიედ გამეტებული კაცი ვერანაირად ვერ გაბედავდა ხალხში ღიად გამოჩენას და ამდენი მტრებისთვის სათოფე ნიშნად დადგომას.

ყველასგან მოულოდნელად შემოვარდნილა სოფელში ცხენოსანი; ეს კბილებამდე შეიარაღებული მხედარი მიხა ხელაშვილი ყოფილა.

ის მისულა საკუთარ სახლ-კარში; მწარე ცრემლების ფრქვევით დაჰკონებია უღირსთა ხელით მოკლულ მოხუც დედას, მოუჯერებია გული ქვითინით და მერე დალაპარაკებია ნაწილს ხალხისა (ალბათ ვისთანაც თვითონ ჩათვლიდა საჭიროდ).

თანასოფლელი ოსა ზურაბაშვილის პირით კი ასე შეუთვლია „მთავრობის ხალხისათვის“, „თავი დამანებონ, მკვდარი დამამარხინონ, თორემ იცოდნენ, მივალ და მთელ მაგათ რაზმს ერთიანად გადავბუგავ თავიანთ სოროში ცეცხლით, გარეთ გამოვარდნილებს კი ტყვიით შავაქუჩებ ერთადო“.

VIII ქაქუცას რაზმში

წინა თავებში ნახსენებია ქაქუცა ჩოლოყაშვილისაგან ასი ერთეული „რუსული თოფის“ (ვინტოვკის) ხევსურებისათვის თბილისის არსენალიდან მიცემა.

ასი ცხენოსანი ყოველთვის ელოდა ქაქუცას მაცნეს, რომ სამშობლოს თავისუფლებისათვის საბრძოლველად უკლებლივ გამგზავრებულიყვნენ ბარში.

მაცნის მაგიერ თავად გამოჩენილა ხევსურეთში ჩოლოყაშვილი მცირე რაზმის თანხლებით, რომელსაც თურმე უკან უგზო და ტყე-კლდიან არაგვის ჭალებზე გზა-აბნეული რუსის ჯარი მოსდევდა.

ქაქუცას რაზმთან ერთად ყოფილა ხელაშვილიც.

ჩოლოყაშვილი შეხვედრია ხევსურებს, დარწმუნებულა მათი დანაპირების უტყუარობაში (რომ ასზე მეტიც იქნებოდა თოფოსანი), გაუცვნია მათთვის აჯანყებისა და ბრძოლის გეგმა, ამოურჩევია რამოდენიმე კაცი წინამძღოლის სახით, და როცა მათთან ერთად აპირებდა ბარისაკენ საბრძოლველად წასვლას, ქალაქიდან მოსულ მაცნეს რაღაც არასასიამოვნო ამბავი აუტანია ქაქუცასათვის აჯანყების ჩაშლის შესახებ, რასაც მთლიანად ჩაუშლია ხევსურთა ასეულის საბრძოლო მზადება.

- ჯერ ქისტეთში გადასვლა დაუპირებია ჩოლოყაშვილს, მერე ისევ შეუცვლია ჩანაფიქრი და არაგვის ჩავლით დაბრუნებულა ჟინვალისაკენ.

- რამდენიმე კაცმა გამოვაცილეთ ქაქუცა ხევსურეთიდანო (მეტზე თვითონ უთქვია უარი). ჩვენთან ერთად იყო მიხაც.

ორ ჯგუფად განაწილებულებს ჩამოუვლიათ არაგვის ხეობა ს. ჩარგლამდის.

- გზა და გზა შეშინებულ და წინააღმდეგობის უნარდაკარგულ რუსის ჯარის სალდათებს კლდეებში და ჯაგებში დამალულებს ვიჭერდითო (არ ვკლავდით ქაქუცას ბრძანებით), მარტო იარაღს და ტანსაცმელს კი ვართმევდითო და ისე ვუშვებდით ცოცხლებსო.

ჩარგლიდან ხევსურებისათვის უკან გაბრუნება უბრძანებია ქაქუცას: - „ჩვენ ესე ტყეებით გადავალთ თიანეთში, იქიდან ახმეტაში, აქედან უკვე ნაცნობია ჩვენი სამგზავრო მიმართულება“.

ორი ხევსური გაიყოლა მარტო ქაქუცამ (აბიკა აკუშოელი და ბაბუტა ჩირდილელი), ისინიც მხოლოდ იმიტომ, რომ ჯიჯეთის ყელებიდან ხევსურებისაგან ნათხოვარი ცხენები მოებრუნებინათ უკან.

ქაქუცას მცირე რაზმს გაჰყოლია მიხაც თიანეთ-კახეთისაკენ. ჩარგლის კართ - „ბოლო ნახვა იყო ერთმანეთთან გამომშვიდობება ჩემი და მიხასი (წყენით იტყოდა მამა). რამდენიმე ხნის მერე კი ხევსურეთშიაც მოიტანეს ამბად, რომ ჩარგლელებმა ღალატით, მძინარე მოკლეს ხელაშვილი თავში დარტყმული ტყვიით“.

IX სიკვდილი ღალატით

წინა თავებში ვახსენეთ მიხასთვის ხვთით ნაბოძები ნიჭი კაცთმოყვარეობისა, რასაც ყოველთვის ასრულებდა თავისი მოქმედებით.

ხელაშვილი ნაახალწლევს გამოჩენილა სოფელში და ახალი წელიც მიულოცია ახლობელ-შინაურებისათვის.

გარსევანიშვილი და მარცვალაშვილი სწორებიც ყოფილან და მეზობლებიც მიხასი, ამიტომ არ უთქვია უარი მათთან მოლხენაზე.

ხელაშვილის სამშობლოს სიყვარულში რომ ეჭვი ვერავის შეგვეპაროს, ამის დასტურად მისი მთლიანი ცხოვრება და სიკვდილის ფორმაა საკმარისი, ხოლო მშობლიური კუთხის, სოფლის, ხალხის, ერთიანად არაგვის ხეობისა და ფშავეთის სიყვარულზე კი თავად იმისი ერთი ლექსია საკმარისი:

ალაზნის პირზე ფშაველსა
ფიქრებ დამაწვა მწარეა,
გამოვედ უღრან ტყიდანა
წყლის პირზე გავიარია.
ნეტავინ წყალო, ტიალო,
გასწავლა საუბარია,
ნეტავინა გქნა არაგვი
ფშავიდან მომავალია,
კარგად მეკითხა, გამეგო,
ჩვენ ფშავეთ როგორ არია?
როგორ იქნება ჩარგალი
ჯეილ-ჯუილის ჯარია.

*****************************

პიროვნება, რომელიც ამ საფიქრალითაა დატვირთული, ვერასოდეს გაივლებს ეჭვადაც კი იმას, რომ ადამიანს არაადამიანური საქციელის ჩადენაც შეუძლია, შეუძლია სულ-გული ბოროტების გესლით იმდენად დაიავადოს, რომ უდანაშაულო თანამოძმეს, ტოლ-სწორს ლაღი სიცოცხლე სიკვდილით შეუცვალოს.

ძილის წამალში გაზავებული „პანტის ჟიპიტაური“ მალე მორევია ხელაშვილს; უსაფრთხოებისათვის მასპინძლებს საბძელში მოსვენება შეუთავაზებიათ, საკუთარი თავი კი უშიშროებისა და დაცვის იმედად.

რამდენიმე ხანის გასვლის შემდეგ მთის სტუმარ-მასპინძლობის ტრადიციების „კარგ-მცოდნე ვაჟკაცებს“ მოუნახულებიათ სტუმარი, როცა დარწმუნებულან, რომ ნამდვილად მშვიდად და კარგად ეძინა, მარჯვენა მკლავზე თავმიდებულისათვის მარცხენა საფეთქელში მიბრჯენით დაუხლიათ ტყვია.

მერე მოუყვანიათ არაფშაველი (ბარიდან მოყვანილი რაზმის წევრები), რომლებსაც საბძელთან ატეხილი თოფების გრიალით გათენებისას გაუღვიძებიათ სოფელი, - „აი, ჩვენ მოვკალით ხელაშვილიო“.

საშეშე მარხილით ჩამოუტარებიათ (ჩამოუტანიათ) თოვლიანი გზებით მაღაროსკარამდის, იმ ადგილთან ახლოს, სადაც სურგულაძემ ძალით მოაკვლევინა საკუთარი თავი, გზის პირზე დაუგდიათ, - თურმე გამვლელ-გამომვლელს აჩერებდნენ და ახედებდნენ სისხლში შეღებილი და ყინულით დაფარული მიცვალებულის სხეულისაკენ, - „აი, ესე მოუვა ყველა ჩვენს წინააღმდეგს“.

რამდენიმე დღის შემდეგ კი იმავე მარხილით დუშეთში წაუღიათ (მილიციის ეზოში) იგივე სცენარის იქაც ჩვენებისა და განმეორებისათვის.

ახლობლებსა და ჭირისუფალს არავის აკარებდნენ თურმე ცხედართან თოფოსანი „სახელმწიფო მოხელენი“.

ერთ-ერთი და მიხასი ჩუმად შეპარულა იმ საბძელში, სადაც ხელაშვილი მოკლეს, მოუკრეფია ერთმანეთში აზელილი ტვინი და თავის ქალის ძვლები, ხელსახოცში გამოუხვევია და წამოუღია, „ესენი მაინც მივაბაროთ მიწასო“.

X ტუჩა ქეთელაური

ახალი წლის დადგომის ზეიმს ხევსურები (ახ. სტილით) ყოველთვის 14 იანვარს მასპინძლობენ, რაც ტრადიციების თანახმად თითქმის ორი კვირა გრძელდება და თვის ბოლომდის აღწევს.

ტუჩა ქეთელაურიც ნაახალწლარი მოდიოდა თავისი სოფლიდან. ახალი წელი სოფ. ბისოში გაეტარებინა თავის ძმა-ბიძაშვილებთან და ეხლა კი დუშეთში „მთავრობის სამსახურში“ უნდა გამოცხადებულიყო.

0x01 graphic

გვერდი გაგა ჭინჭარაულის დღიურიდან

ახალ ბოლშევიკურ მთავრობას ტუჩასთვის მილიციაში სამსახური შეეთავაზებინა, (დაჭერის სანაცვლოდ), ამის მიზეზი კი კარგი ვაჟკაცობა და ხევსურეთში „ჴმა-სახელიანობა“ ყოფილა, თორემ სხვა რაიმე მონაცემს, რაც ამ სამსახურის ხალხს უნდა ჰქონდეთ და მოეთხოვებოდათ ვერავინ იპოვიდა თურმე ქეთელაურში.

ტუჩას კარგად სცნობია ხელაშვილი. იმისი ჩარგლელებისაგან ღალატით მოკვლის ამბავი კი ბარისახოელი ხევსურებისაგან გაუგია; ისაც იქ უთქვიათ, რომ დუშეთის მილიციიდან მეპატრონეებს არ ატანდნენ მიხას ცხედარს და მტირალ დებს ამ სიტყვებით გამოჰყრიდნენ: - „ეს არ არის მიწი ღირსი, აი, ესე უნდა დალპეს ზეზეურადო“.

ქეთელაურს პირობა მიუცია ხევსური თანატოლებისათვის, რომ მიცვალებულს თუ უფროსობის ნებართვით ვერა, მაშინ სხვა რაიმე ხერხით მაინც წამოაღებინებდა მკვდრის მეპატრონეებს.

თავისი სიტყვა ვაჟკაცის წესით შეუსრულებია ტუჩას; ჩუმად, მოპარვით გამოუტანებია ხელაშვილის ცხედარი და დებსაც საშუალება მისცემიათ, რომ ასევე ქურდულად, მაგრამ თავისი წესით მიებარებინათ ძმის ძვლები მრავალჯერ ნაფერები ფშავეთი მიწისათვის.

XI მიხას უცნობი ლექსი

საშინაო თუ საგარეო რაიმე ფიზიკური შრომით რომ დაიღლებოდა მამა, ძალიან ხშირად ერთსა და იგივე სიტყვებს წაიღიღინებდა თავისთვის:

„შამოვჴედ ბარისახოსა
ვიყავ ძალიან დაღლილი,
შიშიათ გიორგის შვილსა
ხალხი ჰყვანიყო შაყრილი“.

ლექსი ლაპარაკობდა იმას, რომ ის მამაჩემსა და მის ოჯახს ეხებოდა, - „შიშიათ გიორგის შვილი თავად იყო მამა.

ჩემმა დაინტერესებამ იმით, თუ ვინ იყო მთქმელ-ავტორი და ან მიზეზი რა იყო ლექსის დაწერისა, ხელაშვილის კიდევ ერთი ლექსი გადაარჩინა დაკარგვას (ალბათ მრავალთა შორის) და მისი შექმნის პატარა ისტორიასაც ახადა ფარდა:

აი, თურმე როგორ მოხდა:

მამაჩემთან სტუმრად ყოფილან ძმები გიგა და მგელიკა ჭინჭარაულები, სოფელ უკანახოდან, რომლებსაც ხევსურები „კოჭლისშვილების“ სახელით იცნობდენ მათი მამის სიკოჭლის გამო.

სხვა ახლობლებთან ერთად ქეიფ-წვეულებაზე მამას ხელაშვილიც ჰყოლია მოპატიჟებული, რომელიც ცოტა დაგვიანებით მოსულა.

სტუმარ-მასპინძლებს მიხასთვის, როგორც დაგვიანებით მოსულისათვის, საკმაოდ დიდი ჯიხვის ყანწით შეუთავაზებიათ „ჟიპიტაური“ (საერთოდ, ასეთია ხევსურების წეს-ჩვეულება სმა- ქეიფისას, - „უნდა დაგვეწიოს“ მიზნით).

მიხას სასმელი პრანჭვა-უარის გარეშე მიუღია და ცარიელი ყანწი როცა დაუბრუნებია მოთავაზეთათვის, ესე უთქვია: - „ამხელა ყანწი რომ დამაცლეინეთ, მაშინ მაიტათ, ფანდურიც მამიტანეთო“ (მიხას თურმე მთელ ფშავ-ხევსურეთში ფანდურზე სიმღერების კარგ შემსრულებლად იცნობდნენ).

სტუმარ ძმებს „კოჭლისშვილებს“ მიხასთან არ ჰქონიათ ახლო ნაცნობობა, ის კი სცოდნიათ, რომ ის დიაკვანი იყო; მიხაზე არანაკლებ თავმომწონესა და სიტყვა-მოსწრებულ გიგას ამ ნათქვამზე ესე დაუმატებია:

- „დიაკონს რაღა ფანდური უნდა, „ალილუიას უფანდუროდაც „იმღერებსო“.

მიხას არაფერი უპასუხია, მაგრამ სახესა და გამოხედვაზე შესტყობია, რომ გიგას ნათქვამი დაცინვად ჩაუთვლია და არ დასჯდომია ჭკუაში.

მოუტანიათ ფანდურიც; ლამაზად ააჟიჟინაო, - იტყოდა მამა, და აი, რა დაუმღერებია:

ხევსურების ჯარზე ვზივარ,
არ მოვსწონვარ ხოყანასა (ქვეყანა),
ნეტა ჩხუბი გააჴდია,
გაუმარჯვა კოპალასა,
ერთს კი ეგრე დავამტვრევდი,
როგორც თიხის ქოთანასა.

„კოჭლთ გიგას“ სილა შემოუკრია მიხასთვის, ეგ ჩემზე იმღერე, მე მიგულისხმეო.

ჩხუბისა და გაუგებრობის ნიშნები მაშინვე ჩაუქრიათ მასპინძელსა და თანამესუფრეებს, მოწინააღმდეგეთათვის ერთმანეთი გადაუკოცნინებიათ ტრადიციის მიხედვით და მშვიდ ურთიერთობაში გაუგრძელებიათ წვეულება.

რამდენიმე დღის შემდეგ კი მიხას აი, ეს ლექსი გადაუცია ყოფილი მასპინძლისათვის:

შემოვჴედ ბარისახოსა,
ვიყავ ძალიან დაღლილი;
შიშიათ გიორგის შვილსა
ხალხი ჰყვანიყო შაყრილი.
მასვლიყვნენ „კოჭლისშვილები,“
ქინთ (ტიკი) მაეტანათ გავსილი,
მენაც იქ დამიპატიჟეს
გამუცდელი ვარ, ყმაწვილი,
ღალატით დამკრა გიგამა
ღმერთმა დასწყიოს მაცილი (ეშმაკი ფშაურად),
თუ ეგ შაგარჩინ, გიგაო,
ნუ ვიყო დედის გაზრდილი.

(ეს ლექსი არავის არა აქვს შეტანილი ხელაშვილის შემოქმედებაში და დღემდე უცნობი და დაუსტამბავია)

XII მადლობელი ვარ, ხევსურებო

ეს ბოლო ნოველა აღარ არის არც დედ-მამის და არც სხვა ვინმეს მონაყოლი, მერე კი მეხსიერებაში აღდგენილ-განახლებული; ეს საკუთარი თვალით დანახული და ყურით მოსმენილია, რაც ეხლაღა გადამაქვს ქაღალდზე.

რუსებისა და გერმანელების ომი ახალი დამთავრებული იყო; ხევსურეთის ცაზე ისევ დაფრინავდნენ თვითმფრინავები, ზოგი აღმა და ზოგიც დაღმა.

იმ შემოდგომით სკოლა-ინტერნატში მიპირებდნენ მშობლები მიყვანას, ეს ვიცოდი და დიდ სიხარულშიაც ვიყავი (ნურავის ეგონება, რომ ეს სწავლის წყურვილით იყო გამოწვეული), არამედ იმით, რომ 400-500 „ბალღში გარევა“ ცოტას არ ნიშნავდა ჩემისთანა დაუდეგარი (მოუსვენარი) ყმაწვილისათვის, თორემ ჩემი ჭკუით სწავლა-განათლება კი არაფერი მეკლდა, კითხვაც და წერაც „გასარ“ (თავისუფლად) შემეძლო უფროსი ძმის წყალობით.

მშობლების ლაპარაკს მოვკარი ყური: - ხვალ ეს ბალღი (ე.ი. მე) დუშეთში უნდა წავიყვანო (ამბობდა მამა), თორემ აქაურ მაღაზიაში არაფერი არ არსებობს, გამოწმედილია, იქ კი ან მაღაზიებში იქნებ ვუშოვო რამე სასკოლოდ ტანსაცმელ-ფეხსაცმელი, თუ არა და ზეგ-მაზეგ და შაბათ-კვირას და ბაზრობაზე მაინც ვუყიდი რამესო.

ხევსურეთამდისაც ამოეღწია ნაომარი ქვეყნის შიმშილ-სიტიტვლეს.

რითიც ვიმგზავრეთ, იგივე მანქანით უნდა დავბრუნებულიყავით ორშაბათს (მანქანა სკოლა-ინტერნატს ეკუთვნოდა, რომლითაც სასწავლო წლის დაწყების წინ მოსწავლეებისათვის საკვებ პროდუქტებს იმარაგებდნენ რაიონიდან).

კარგად მახსოვს: - დუშეთში მანქანით მგზავრობა არაფრით ჩამორჩებოდა ალბათ მსოფლიოს გარშემო მგზავრობას; ნავალი მარტო ორწყლამდის, სადაც ხევსურეთის და ფშავის არაგვი ერთდებიან, ვიყავი; ჩვენი სოფლიდან იქამდის შვიდი კილომეტრია, სათევზაოდ წამოსულ ჩემზე უფროს ბიჭებს წამოვუყვანივარ ორკაპა თხილის ჯოხზე ლაყუჩებით ჩამოცმული კალმახების მზიდავად.

დუშეთიც ვნახე, „ქვეყანაც ვნახე“, იმოდენა ხალხით გადაჭედილი ბაზარიც ვნახე და სასკოლედ „ახლებიც გავიკარ“.

ორშაბათი დილა იყო; მძღოლთან პირობის თანახმად, ჩვენც უნდა წამოვსულიყავით სახლისაკენ.

დუშეთიდან ერთ-ერთი გამოსასვლელი ქუჩის ნაპირზე ხალხი იყო შეჯგუფებული, აქ ელოდებოდნენ ჟინვალისა და, საერთოდ, არაგვების ხეობებისაკენ სამგზავრო ტრანსპორტს.

ჩვენმა „შოფერმა გივიამაც“ მოაგდო თავისი „შამილა“; კაბინიდან თავი გამოყო და ჩაბოხებული ხმით დაიყვირა: - „აბა, ბარისახო“!

ჩვენთან ერთად ათამდის მგზავრი გამოერჩია ხალხის ჯგუფიდან, ესენი სუყველანი ფშაველ-ხევსურები იყვნენ, ჩაცმა-დახურვაზე ეტყობოდათ.

დასწრებაზე ადიოდნენ „გაზიკის კუზავაში“, იქ ფიცრის სკამები იყო მგზავრებისათვის მოწყობილი და ყველა ჩქარობდა, რომ უსკამოდ არ დარჩენილიყო. „შოფერ გივიაც“ სტუპეინკაზე შემდგარი ხალხს არიგებდა: - სკამებზე დასხედით, პროდუქტებზე ან არ დაჯდეთ ან ფეხით არ შედგეთ, რამე არ გააფუჭოთო!

ჟინვალში კიდევ დაგვემატნენ მგზავრები.

ჩემო მკითხველო, ეს დღევანდელი ჟინვალი არ გეგონოს; დღეს რომ ლურჯად ლივლივებს მთიულეთისა და ფშავ-ხევსურეთის ჩამონაწური წყალი, აი, იმ წყლის ფსკერზე ვიყავით.

აქ იყო გაშლილი უძველესი სოფელ-ქალაქი ჟინვანი, თავისი ძველი სილამაზითა და სანახევროდ მოშლილ-მონგრეული, ქართველ მეფეთა მიერ ნაშენები ციხე-გალავნებით. აქ იყო ხიდი არაგვთა შეერთების ცოტა ქვევით, რომლის გადასვლითაც გამოეყოფოდი „საქართველოს სამხედრო გზას“ (როგორც მაშინ ერქვა)და წახვიდოდი ფშავ-ხევსურეთის ხეობაზე.

მაღაროსკარში რომ შემოვედით, ვიღაცამ ჩასძახა მძღოლს: - „აბა, დააყენე ძმაო გივიო“! იმანაც დაამუხრუჭა და დააყენა.

თუშურ ქუდიანი ფშაველები სათითაოდ ჩამოდიოდნენ და ერთმანეთს ეხმარებოდნენ ბარგის ჩამოწოდებაში.

მამამ მითხრა: - იყავი აქ, დაბლა არ ჩახვიდე; მე ეხლავე, მალე მოვალო, მერე მძღოლს უთხრა რაღაც, რაც მე ვერ გავიგე და თვალს არ ვაცილებდი, მაინტერესებდა, ნეტა სად მიდიოდა?

სამანქანე გზის ორივე მხარე მჭიდროდ იყო დასახლებული; დაბალი კრამიტით გადახურული სახლები ლამის ერთმანეთზე იყო მიდგმული.

მამა გზის ხელმარჯვნივ, არაგვის მხარეს, გვერდებზე ქვის ყორეებით რომ იყო გამოყოფილი, ერთ-ერთ პატარა სახლის წინ გაჩერდა, ვიღაცას შესძახა გზიდან და მერე კი იმ ერთბეწო ეზოშიც შევიდა (სახლიცა და ეზოც გამოირჩეოდა თავისი სიბეჩავითა და სიმცირით).

მალევე გამოჩნდა, უკან ტანმაღალი შავოსანი მანდილოსანი მოჰყვებოდა, რომელსაც შავ ტანსაცმელთან ერთად თავზეც შავი მოსახვევი ეხურა, მონაზონივით სანახევროდ რომ უფარავდა სახეს.

- ხვარ დაგაგვიანეო? - უთხრა მამამ მძღოლს, შავოსანს ხელი ჩამოართვა, სიტყვიერადაც დაემშვიდობა და მანქანაზე ამოვიდა.

ქალს ხელში რაღაც პარკი ეჭირა, რომლის გამორთმევაც მამაჩემს სთხოვა; მოასწრო და ეს სიტყვებიც გამოაყოლა:

- ძმის ძმაო, წეღან ვეღარ მოვასწარ თქმა, ჩემით ბეჩავობით ნელ-ნელა ვამზადებ რაღაცეებს, ეხლა ხო ოცი წელი ხდება ჩემ დედა-ძმათ დახოცვიდან და იმათ სულის სადიდებლად მინდა რომ ავღნიშნო პურ-სუფრით, ეს იმ ნამზად-სამზადის ნაწილია და ამ შენს თანამგზავრებსაც შანდობა ათქმევინე, იქნებ ვინმე ჩემი მიხას ნაცნობებიც არიან. მე იმ ჩვენმა და ჩემის სისხლის ხალხმა მიღალატა, დედაც ამათ მამიკლეს და ძმაც, თქვენი კაცი, კინწათ ტუჩა კი რომ არ ყოფილიყო, ჩემი ძმის ძვლებს მიწაც კი არ ეღირსებოდა, და ძაღლ-ღორის სათრევ-საჯიჯგნი გახდებოდა - მე მადლობელი ვარ თქვენი, ხევსურებო!

ქალს თვალებიდან ცრემლები ჩამოუგორდა, თავშლის კუთხე მოისვა თვალებზე და ჩქარი ნაბიჯებით გაემართა ქვებიანი ორღობით სახლისკენ.

P.S. მგზავრთა ნაწილი თურმე მართლაც იცნობდა ხელაშვილს, რაც აქ ლაპარაკით გახდა ნათელი; ისიც გაირკვა, რომ ეს შავოსანი ქალი მიხას და პელაგია იყო.

თითო შენდობის თქმას ხევსურებმა თავიანთი სამგზავრო საჭმელ-სასმელიც მიამატეს (საგზლის გარეშე მგზავრობა ხევსურის გაგებით სირცხვილი და სიბეჩავე იყო, მიუხედავად მანძილის სიშორ-სიახლოვისა), სანამ მანქანა 25 კილომეტრიან გზას მორჩებოდა, მგზავრები შემღერების ხასიათზეც მოვიდნენ.

ცხონებული ვაჟა ამბობს: - „ხევსურის სიმღერა ხმამაღალი ტირილის ზარს მოგაგონებს, იგი როცა იმღერის, გმინავს და მთებსაც აგმინებსო“.

გინდ სიმღერა დავარქვათ და გინდ ტირილი, მთავარია, რომ იმდღევანდელ ამბავს ისე უხდებოდა და ალამაზებდა, როგორც ერთი საათის წინ დანახული დედისა და ძმის ხსოვნისთვის ჩამოღვრილი შავოსანი ქალის ცრემლი.

არაგვის დუდუნს უერთდებოდა გმინვაშერეული ხევსურული გვრინი: - არც მტერი შამხვდა მტრის ფერი, ვყოფილვარ უკლო დღისაო.

2006 წელი