![]() |
პანდემიის დროის ფრაგმენტები |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: ჭაბაშვილი ანა |
თარიღი: 2020 |
ხ|ხარნაული ბესიკ
![]() |
1 ძახილი ბორბალოს მთიდან |
▲ზევით დაბრუნება |
ბესიკ ხარანაული:
„მე მგონია, რომ ეს ახალი მსოფლიო პანდემია უხილავ ვირუსისა, კაცისთვის ფანჯარაა ახალი დროისა,
რომელსაც, ხამს, პირველი მიეგებოს პოეტი.“
კორონა ვირუსის შიშით კავკასიონს შეფარებულ კაცისა
ვიყურებოდი ბორბალოს მთის საძახებლიდან,
ვხედავდი,
დედამიწის კონტინენტები
ტაშტებივით ერთმანეთში რომ იღვრებოდნენ,
ვგრძნობდი, უთუოდ რაღაც მოხდებოდა.
წინათ ჩემს ხალხში ერთი ცრემლით მეტი ვიყავი,
მაგრამ დამიშრა ცრემლის ლოპო -
ახლა ერთი სიცილით მეტი ვარ.
ესეც ნიშანია დიდი ცვლილებისა,
სახრჩობელაზეც კი მღერიან ჩემნაირები.
კორონა ვირუსის შიშის ძალით გამოკეტილებს
მინდა ვუთხრა ორიოდე სიტყვა ქართული -
თან გასართობად
და თან კიდევ შესამეცნებლად.
მე ეს შემიძლია, რადგან ისედაც გამოკეტილი ვარ
კავკასიონის მთების ძირას ამართულ სახლში,
მარტო ვცხოვრობ, გარიყულივით,
ძაღლსაც არ ვყოლიობ,
მარტო ყორანი დასტრიალებს ჩემს ქვიტკირს თავზე
და ვგრძნობ, რომ ესეც ძალაა.
მე ვიცავ ჩემს სახლს და ჩემს გორას,
საიდანაც, გრძნობები რომ მომეძალება,
გავძახებ ჩემს მეგობარ რაინდებს შორეულ დროებში,
მე ეს შემიძლია - ირონიულად რომ ვთქვა ჩემზე,
რადგან კიდევ ბევრი დამრჩება.
მე შემიძლია მადლიერება გამოვუხატო მეფე დემეტრეს,
რომელმაც ათი საუკუნის იქიდან მომნახა მე,
ამ ჩემს ქვიტკირში
და ასე დამცინა:
„ორბობს მოხუცი, მღვიმე ფართობს სამყაროდ“.
ერთი მკრეხელობა კაცს ვერ დააამებს, სხვაც უნდა მისწიოს:
ჩემზე ამბობენ, რომ საძახებლად ბორბალო არა მყოფნის
და საწერად კოლხეთის დაბლობი!
ერთი ღამე მაინც გაათენონ,
როგორც მე ვათენებ სამას სამოცდახუთ ღამეს წელიწადში,
ვნახავ, ვისი თმა იქნება გადარჩენილი...
- ღმერთო, ესღა დამაწერინე! - რომ შესთხოვენ
კალმის მჭერლები,
აბა, მივიდნენ ღვთის კარზე და იკითხონ, მე თუ მითხოვია.
თუ ძალა არაა შენში, არ მიიღებს ღმერთი შენს თხოვნას!
- ღმერთო, ჩემი ძალის რწმენა მომეცი! - აი, ჩემი სავედრებელი.
![]() |
2 ტკბილი ანალოგია |
▲ზევით დაბრუნება |
თვალს ახარებს, თავის იდუმალებით,
ძველი ნაწერების ფრაგმენტები,
მით უფრო, თუ უცხო ენაზეა,
მით უფრო, თუ იცი ავტორები,
და, რომ გითარგმნონ, ის იქნება, რაც გეგონა,
და, არ გაიკვირვებ.
რა გრძნობაა, რა ილუზია, სრულიად საღ გონებაზე?
ძველი პოეზიის ფრაგმენტები ისეა,
თითქოს წინ გედგას საკერებლებიანი სამოსით მოხუცი.
ეტყობა, რომ დრომ იმუშავა - ოთხივ სტიქიამ, ხუთივე გრძნობამ
ბევრზე ბევრმა საუკუნემ ფურცლა, შეაკლო და შეაცალა,
ფრინველებივით დაიტაცა ხელმა და თვალმა
კაცისამ,
რომელიც ოდითგან ეძებს მშვენიერს და უჭირს, რომ შეიშნოვოს,
კარგავს და მარცვლავს...
მაგრამ, საუკუნეების შემდეგაც, იმავ კაცისთვის,
სრულყოფილი და ძვირფასია ეს ფრაგმენტები,
სულ ერთია, შენს ენაზე შეიქმნა, თუ
მილიარდობით ტალღების იქით მცხოვრები პოეტისგან,
რომელიც სამყაროს შექმნასთან უფრო ახლოს იყო,
ვიდრე შენს დროსთან.
მე მგონია, რომ ეს ახალი მსოფლიო პანდემია უხილავ ვირუსისა,
კაცისთვის ფანჯარაა ახალი დროისა,
რომელსაც, ხამს, პირველი მიეგებოს პოეტი.
ვეღარ ამოიდებთ იღლიაში ლექსს შოთი პურივით,
და ჭამა-კითხვით გზაზე ვერ ივლით,
უნდა ქვებზე იხტუნოთ და ცაში იყუროთ,
არც შორს მიწისგან, არც ახლოს ცასთან,
თქვენი გზა მათ გასაყარზეა,
პოეტისთვის - ცის აივანი.
![]() |
3 დამწვარი ლანდები |
▲ზევით დაბრუნება |
ერთ ფანჯარაში მარტო ცა იყო,
დანარჩენში კი იყვნენ ლანდები,
რადგან ქალაქში სივრცის მაგივრად
იყო ფანჯრები.
თითქოს სიხარბემ მოინანია
წინასწარულად,
თითქოს იხილა შემდგომი ამბები
და თქვა გარკვევით:
დაე, სივრცე იყოს - ფანჯარა!
მზეში სიმშვიდეს არავინ ეძებს,
იქ ტრიალებს ცეცხლის არმური,
არც ფიჩხისა და არც ფურცლების,
არამედ ნერვებით დაწნული გორგალი.
ამ ფანჯარაში მზე იყო სტუმრად,
სამყაროდან წამოსულიყო და
ოთახში ვერ ეტეოდა,
რადგან იყო ის საერთკაცო.
ალბათ, პატრონში სიმარტოვე ისე გაბევრდა,
როგორც მზეში ცეცხლის არმური,
ისე გასცდა კაცის საზღვრებს,
რომ დაიხვა მზესავით გორგლად
და აბრიალდა.
რადგან სასწაული იმას ჰქვია,
ნამდვილი რომ განელტვის ნამდვილს.
ერთ ფანჯარაში კაცი იწვოდა,
სხვა ფანჯრებში კი მხოლოდ ლანდები.