The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ჩემი ბავშვობის წიგნები


ჩემი ბავშვობის წიგნები


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: ჭაბაშვილი ანა
თარიღი: 2020



ჭაბაშვილი ანა

ჭაბაშვილი ანა

1 * * *

▲ზევით დაბრუნება


წიგნებთან დღეს პროფესია მაკავშირებს - რედაქტორი ვარ. აი, სადაცაა, ოცი წელი შესრულდება, რაც ჩემს ხელში გადის ქართული წიგნები, ზოგი ქართველი მწერლების დაწერილი, ზოგი ნათარგმნი. ვკითხულობ გაუჩერებლად, დღისით, ღამით - გამუდმებით. ადრე კითხვა ჩემთვის უსაყვარლესი საქმე იყო, ახლა მოვალეობაა. დიდი სხვაობაა მაშინდელსა და დღევანდელ კითხვას შორის. დღეს კითხვას იმ გემოს ვეღარ ვატან, რადგან ტექსტს დანაწევრებულად ვხედავ: თითოეულ წინადადებას (თანწყობილია, ქვეწყობილია...), სიტყვას (კვეცადია, კუმშვადია...), ასოს, სასვენ ნიშანს (აქ ტირე აკლია...), ეს პერსონაჟი ძალიან პატარაა იმისათვის, რომ ასე მოქცეულიყო, ანდა: ეს ქალი სულ სხვა სოციალურ წრეს ეკუთვნის და ამ სიტყვებს არ იტყოდა... ყოველივე ეს კი ხელს მიშლის, რომ კითხვას გემო ჩავატანო. არა, ტექსტს, რა თქმა უნდა, მთლიანობაში აღვიქვამ, მაგრამ ეს ის არ არის, ბავშვობაში რასაც განვიცდიდი კითხვის დროს.

0x01 graphic

მე მინდა, წიგნისგან ყველანაირი სიამოვნება მივიღო, აი, როგორც მაშინ, მერვე კლასში რომ გადავედი: ბოლო გამოცდა ჩავაბარე და ზაფხულის გრძელი არდადეგები დაიწყო. დეიდაჩემთან გავიქეცი, „ჯეინ ეარი“ გამოვართვი (ოღონდ მაშინ ქართულად ჯერ არ იყო ნათარგმნი. მერე მალევე გამოვიდა), სახლში მოვედი, დაბალ ტახტზე გავწექი, გვერდით ფაიფურის ჯამით გარეცხილი ცივი ალუბალი მივიდგი - ზედ წყლის წვეთები ჰქონდა და წიგნი გადავშალე... მრავალი წლის მერე აკა მორჩილაძესთან წავიკითხე, როგორ იწვა წყნეთში, აგარაკის ეზოში, რკინის ზამბარებიან ულეიბო საწოლზე, მწიფე გარგარს ჭამდა და „სამ მუშკეტერს” კითხულობდა. კიი, ვიცანი.

ჰოდა ბავშვობის წიგნებზე მინდა დავწერო.

ჩემი ბავშვობა მე-20 საუკუნის 50-60-იან წლებში იყო. ახლა რომ ვფიქრობ, მეორე მსოფლიო ომი სულ ახალი დამთავრებული იყო, მაგრამ ქვეყანას იმის თავი ჰქონდა, რომ წიგნები გამოეცა, მათ შორის - საბავშვოც. პოლიგრაფიულად დიდი ვერაფერიშვილი წიგნები იყო, მაგრამ ეს ხელს არ მიშლიდა, რომ ისინი მყვარებოდა. მაგალითად, იოსებ გრიშაშვილის საბავშვო ლექსების კრებული „თქვენთვის, ჩემო პატარებო“, რომელიც ავტორის მიძღვნით გვქონდა მე და ჩემს დას, მარიკოს. აფსუს, არ გავუფრთხილდით, სადღაც გაგვიქრა! სამაგიეროდ, ფოტო გვაქვს შემორჩენილი: მე და მარიკო რომელიღაც აგარაკზე ვკითხულობთ ამ წიგნს.

მშობლები მუდმივად ზრუნავდნენ, რომ წიგნები არ მოგვკლებოდა. როგორც ჩანს, მამა ყიდულობდა ყველაფერს, რაც კი გამოდიოდა, საბჭოთა იდეოლოგიური ლიტერატურის გამოკლებით. მაგ „დანაკლისს“ საბავშვო ბაღში ვივსებდი. მახსოვს, ერთხელ სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენაზე (ახლა რომ ექსპოჯორჯია ჰქვია) ვიყავით, მგონი, თბილისის 1500 წლისთავის ზეიმების რაღაც ნაწილი იყო. იქ, დახლზე, წიგნები იყო გაშლილი დ მამას ჩავაცივდი, ეს ორი წიგნი, „ლენინი და მეღუმელე“ და „ლენინი სოკოლნიკში“ მიყიდე, ბაღში გვაქვს-მეთქი. არ მიყიდა და სურათად მაქვს თავში ჩაბეჭდილი: მამა გარბის და მე მივდევ უმსგავსო ღნავილით: მიყიდეე! მიყიდეე!

ერთხელ გადავფურცლე გამომცემლობა „ნაკადულის“ ბიბლიოგრაფია, რომელიც 1975 წლის ჩათვლითაა შედგენილი. მანამდე გამომცემლობას იდუმალი სახელი ერქვა - „საბლიტგამი“ (მერეღა გავიგე „საბავშვო ლიტერატურის გამომცემლობა“ ყოფილა. იყო კიდევ „სახელგამი“, ანუ „სახელმწიფო გამომცემლობა“, ოღონდ ის არ იყო ჩემთვის საინტერესო). მართლაც, ყველა მქონია წაკითხული და, რაც სახლში არ გვქოდა, ისინი - სკოლის ან სოფლის ბიბლიოთეკებიდან გამომქონდა ზაფხულში, სხვადასხვა აგარაკზე. დღეს ბუკინისტებთან თვალი თუ მოვკარი წიგნებს ქვემოთ წარწერით „საბლიტგამი“, ვყიდულობ, რაც გინდა ჭუჭყიანი იყოს, ვითომ შვილიშვილებისთვის, მაგრამ სინამდვილეში - ჩემთვის.

0x01 graphic

აქვე ვიტყვი: მე თუ მკითხავ, ის იდეოლოგიური ლიტერატურაც უნდა წაიკითხოს ბავშვმა - ცოდნა ყველანაირი წიგნიდან გროვდება, ოღონდ მშობელმა სწორად უნდა მართოს. მაგრამ, სამწუხაროდ, ყველას არა აქვს ამის ფუფუნება.

ეს იდეოლოგიაც სხვადასხვანაირია. დღეს ბევრი წიგნი ითარგმნება, მხატვრული და არამხატვრული, სადაც წერია, ვის უნდა მიბაძოს მოზარდმა: მაგალითად, ქალებს, რომლებმაც საკუთარი ძალებით მიაღწიეს წარმატებას ცხოვრებაში, ნაჩვენებია სხვადასხვა ნაკლიანი ან სინდრომიანი ბავშვები, რომლებიც კლასელებმა არ უნდა დაჩაგრონ, დაიცვან ბუნება და სხვ. ამათგან ზოგი კარგია, ზოგი - ისე რა. მოკლედ, ესეც იდეოლოგიაა, მაგრამ მეტისმეტი არაფერი ვარგა.

ზემოთ გრიშაშვილი ვახსენე. ერთხელ მამას სადღაც მივყავდი და ვერაზე შეგვხვდა, ახლანდელი ფილარმონიის პირდაპირ რომ სახლია, იქ ცხოვრობდა. მამამ გამაცნო, ეს არის „ზარმაცი ლილი თავართქილაძის“ და „მიყიდეს“ ავტორიო. მაშინ პირველად ვნახე „ცოცხალი“ მწერალი და პირდაღებული მივაშტერდი (რა ვიცოდი, რომ მომავალში ბევრთან მექნებოდა ურთიერთობა). და რომ დავშორდით, მერე მითხრა, ცნობილია, რომ, როცა არ უნდა შეგხვდეს ძია სოსო, ხელში ყოველთვის წიგნი უჭირავსო. მართლაც, ეჭირა. აი, სწორედ, იმ უნიკალური წიგნებისგან შედგება დღეს მისი ბიბლიოთეკა-მუზეუმი.

კიდევ ერთი სამახსოვრო ფოტო მაქვს. ზედ აღბეჭდილია 1955 წელს მეცნიერებათა აკადემიის თანამშრომელთა შვილების შეხვედრა ქართველ მწერლებთან: იოსებ ნონეშვილთან და მურმან ლებანიძესთან. წინ, მარჯვნივ, თეთრი ბერეტით და ხელში წიგნით მე ვარ.

თვით შეხვედრა არ მახსოვს, მაგრამ ეს ფოტო ძალიან ძვირფასია ჩემთვის. ვიანგარიშე მათი ასაკი და ორივე სულ ახალგაზრდაა, იმ დროის მოდაზე აცვიათ და შლაპები ახურავთ დაახლოებით 32 წლისანი არიან. ალბათ საბავშვო ლექსები წაგვიკითხეს.

50-იანი წლების ბოლოს დაიწყო „სათავგადასავლო ბიბლიოთეკის“ სერიის გამოსვლა. ძალიან კარგი სერია იყო მაღალხარისხოვან პოლიგრაფიულ დონეზე გამოცემული. ამ სერიის ყოველი ახალი წიგნის გამოსვლა იყო ზეიმი. მოვიდოდი სკოლიდან, გავწვებოდი დაბალ ტახტზე სულ სხვადასხვა პოზაში: ფეხები კედელზე, თავი - იატაკზე, ან პირიქით. ჰო, მანამდე ვჩხუბობდით მე და მარიკო, რომელს აგვეღო „სამი მუშკეტერი“ ან „განძის კუნძული“. მაინცდამაინც ის ერთი წიგნი გვინდოდა ორივეს და იმ ტახტზე კოტრიალი. ის კითხულობდა ამქვეყნად ყველაფერს (დღესაც ასეა): დაწყებული ერკმან-შატრიანის „გლეხკაცის ისტორიით” და დამთავრებული სამეცნიერო ფანტასტიკით (ეს ჟანრი მე არ მიყვარს). იმ დროიდან შემორჩენილი გვაქვს ჩვევა, სათანადო სიტუაციაში ერთმანეთს ვტყორცნით ხოლმე ციტატებს, მაგალითად, „მოწაფე ტოლინე, წამოდექ!“ (კაპიტან გრანტის შვილები), „და ის გარბის, რომ ქურთუკი სერთუკით შეცვალოს“ (გრაფი მონტე-კრისტო), ემელინა გრენჯეფორდი ხარ? (ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი). ამ რამდენიმე დღის წინ მოცხარი უნდა ეყიდა ჩემთვის და ვერ მიყიდა, არ იყოო და აღარც მაყვალი მიყიდა. ვეუბნები: „რამდენჯერ გითხარი, ხედავ, ჯიგარია, აიღე!“ (კავერინის „ორი კაპიტანი“) და ვინ მოთვლის კიდევ...

მერე წამოვიზარდე და სხვა წიგნები წამოვიდა. ვკითხულობდი ყველაფერს, რაც ხელში მომხვდებოდა. იყო ოჯახები, სადაც ერთი რომელიმე წიგნი მეგულებოდა. მაგალითად, ერთ ნათესავთან მუდმივად ეგდო ტახტზე „ლაზარილიო ტორმესელის ცხოვრება“, რომლის მიხედვითაც შემდეგ „ლაზარე“ გადაიღეს და კიდევ ელენე და გიორგი პაპაშვილების „ქვეყანა, სადაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს“, რომელიც დღეს ასე პოპულარულია. არ ვიცი, რატომ ჰქონდათ ოჯახში ასე გამორჩეულად და ვინ კითხულობდა. სხვა ოჯახში ასევე ტახტზე ეგდო მოპასანის „ლამაზი მეგობარი“. მეოთხე კლასში ვიყავი, იქ რომ წავიკითხე, უფრო სწორად, ხშირად ვკითხულობდი პიკანტურ სცენებს. მრავალი წლის შემდეგ რატომღაც ხელში მომყვა და მაშინ კი ნორმალურად წავიკითხე და მივხვდი, რა სერიოზული ნაწარმოები ყოფილა - გესლიანადაა აღწერილი იმდროინდელი საფრანგეთის საზოგადოება, ჟურნალისტური წრეები და სხვ.

ქართული მწერლობა ხომ მთავარი იყო ჩვენს ოჯახში. პირველად დედამ დამიდო წინ მიხეილ ჯავახიშვილის „მიწის ყივილი“. ალბათ ის მიიჩნია შესაფერისად. მერე მივყევი და მივყევი...

ჰო, გუშინდელ დღესავით მახსოვს, როგორ იბეჭდებოდა „ცისკარში“ პირველად წვრილი შრიფტით „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“. ვისხედით, მამა ხმამაღლა გვიკითხავდა და სიცილით ვგორავდით.

მოკლედ, ამოუწურავი თემაა.

თუმცა აქვე ჩავრთავ: ერთხელ ჩემს უფროს ვაჟს, მეოთხეკლასელ ნიკოს, ვეუბნები, ადექი, უნდა წავიდეთ-მეთქი, და მოიცა, ძალიან საინტერესო ადგილზე ვარო. რას კითხულობ-მეთქი და „ოთარაანთ ქვრივსო“. დღესაც მაინტერესებს, რა ადგილზე იყო. ბარემ მიხოზეც ვიტყვი, უმცროს შვილზე. 13-14 წლისას მივეცი აკა მორჩილაძის „აგვისტოს პასიანსი“. მერე ვკითხე, როგორ მოგეწონა-მეთქი და ამოიოხრა, ნეტა ჯერ არ მქონდეს წაკითხულიო.

ასე რომ, ავად თუ კარგად, ტრადიცია გრძელდება. ერთი ეგ არის, დღეს ჩემი შვილიშვილები აღარ წაიკითხავენ „სამ მუშკეტერს“, „კაპიტან გრანტის შვილებს“ და „წითელს და შავს“. ამათ სხვა საკითხავი აქვთ. თავიდან ვწუხდი, მაგრამ მერე დავიჯერე, რომ დროს თავისი მოაქვს.