![]() |
ზოგი ჭირი მარგებელიაო |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: ჯავახაძე ვახტანგ |
თარიღი: 2020 |
ჯ|ჯავახაძე ვახტანგ
![]() |
1 * * * |
▲ზევით დაბრუნება |
კორონავირუსმა სახლებში გამოკეტა და მძევლად აიყვანა კაცობრიობა. სამწუხაროდ, არავინ უწყის, როდის განაიარაღებს მედიცინა ამ საერთაშორისო ტერორისტს.
ქართველები თითქოს ველოდით ამ უხილავ მტერს და ღირსეული ანდაზა შევაგებეთ: ზოგი ჭირი მარგებელიაო.
ვირუსმა გაწმინდა ატმოსფერო, გამორიცხა ავარიები, გაამრავლა მეოცნებეთა რაოდენობა, მეუღლეებმა უფრო მოიცალეს ერთმანეთისთვის, ბავშვებმა უკეთ გაიცნეს მშობლები და გეომეტრიული პროგრესიით გაიზარდა მკითხველთა რიცხვი.
დიახ, კორონამ წიგნებისაკენ მიახედა არა მარტო ქართველები და ვიდრე ინფექციონისტები ვაქცინას აღმოაჩენენ და შემოგვაშველებენ, საიმედო იმუნიტეტს გუტენბერგის აღმოჩენა მოგვანიჭებს. მითუმეტეს, ხელთ გვაქვს უმაღლეს პოლიგრაფიულ დონეზე დაბეჭდილი ქართული და უცხოური კლასიკა, პოპულარული თანამედროვე ავტორები.
ვირუსის ერთი სარგებელიც აღმოვაჩინე: რა ლამაზი თვალები ჰქონიათ ქართველ ქალებს - განსაკუთრებით ექიმებსა და ექთნებს?! სად ვიყავით აქამდის? ხშირად არც კი გინდა, პირბადე მოიხსნან.
ვირუსმა ძველი შაყირიც გამახსენა: ქუთაისელი ქუთაისელს შორიდან ხელის აწევით ესალმება და ჩაილაპარაკებს: დაგინახე! ახლა სწორედ დაგინახეს დრო დადგა.
წიგნში ამოვიკითხე: როცა ნავში ზიხარ, მენავეს არ უნდა აწყენინო. ამჯერად ჩვენი მენავე ბატონი ამირან გამყრელიძე ბრძანდება და ძალიან გთხოვთ, მენავეს ნუ გაგვიბრაზებთ, ოპოზიციონერებო!
მე პირადად არ ვიცნობ ბატონ ამირანს, მაგრამ ძალიან მადლიერი ვარ მისი: 2002 წლის ზაფხულში ინფექციურ საავადმყოფოში იწვა ჩემი მეგობარი მურმან ლებანიძე. მაშინ ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი ბატონი ამირანი ბრძანდებოდა და დასავლეთ საქართველოში იმყოფებოდა. დღეში რამდენიმეჯერ რეკავდა და მურმანის ამბავს კითხულობდა. დაგვიანებული მადლობა მინისტრს, რომელსაც პოეტი უყვარს.
რაკი პოეტი ვახსენე, პოეზიის მოყვარულებს ვურჩევ, გალაკტიონის „ლურჯა ცხენები“ წაიკითხონ, ბავშვებმა კი - ეკატერინე გაბაშვილის „მაგდანას ლურჯა“.
გალაკტიონ ტაბიძე მარტოობისაკენ მიდრეკილი გახლდათ და კორონავირუსი ძალიან ვერ დააზარალებდა. მან თავის სამოთახიან ბინაში საკუთარ კაბინეტს გასაღები დაადო და ხშირად ჩაიკეტებოდა ხოლმე. წერდა და კითხულობდა. ასე დაწერა თორმეტი წლის განმავლობაში თავისი ყველაზე ხანგრძლივი პოემა, რომელსაც „მშვიდობის წიგნი“ დაარქვა და რომელიც, თქვენ წარმოიდგინეთ, არ დაუბეჭდეს.
მე მალე 88 წლის გავხდები და ისედაც ნებაყოფლობით კარანტინში ვცხოვრობ. მაგრამ ვინაიდან კორონავირუსის უაღრესად სახიფათო რისკის ზონაში აღმოვჩნდი, ექვსი შეშინებული სტრიქონი გავრითმე - „კორონავირუსი, ანუ დაეტიე სახლში“:
„მინდა, მუდამ ვიქართველო და არასდროს ვირუსო,
რას გვერჩოდი, ჩინეთიდან მოგზავნილო ვირუსო.
ვინ ვოლტერი გაიხსენა, ვინ დიდრო და ვინ რუსო:
ვინც სახლში არ დაეტიოს, წიხლი მოხვდეს ვირისო!
მე თუ მკითხავთ, არ მაქვს ალტერნატივა,
ვინაიდან ნაღდი კანდიდატი ვარ! “