The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ხედვის კუთხის შემობრუნება სპირალურად, სამას სამოცი გრადუსით


ხედვის კუთხის შემობრუნება სპირალურად, სამას სამოცი გრადუსით


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: მოსულიშვილი მიხო
თარიღი: 2020



1 * * *

▲ზევით დაბრუნება


ვაჟას საქართველო ის საქართველოა, როცა ის თავის თავს ეყუდნოდა. მხოლოდ რამდენიმე ლირიკული ლექსი არღვევს მთლიან ილუზიას, მისთვის ბაგრატიონები არ არის ისტორიული ანაქრონიზმი, - ვაჟა თითქოს ერეკლეს ბანაკში სწერს თავის ლექსებს.

ტიციან ტაბიძე - „ომის თემა ქართულ მწერლობაში, 1915

აი, ეგრე დაინახავს ტიციან ტაბიძე ვაჟა-ფშაველას სიცოცხლის მიმწუხრისას, როცა ვაჟას ბოლო ლექსზე „ფშაველი ჯარისკაცის წერილზე“ დაწერს.

დაინახავს ბაგრატიონების ბანაკში მჯდომს, ანუ თავისუფალ საქართველოში და, შესაბამისადაც, დამწერ-ამომთქმელს, თავისუფალი საქართველოდან მოლაპარაკეს.

ამით ერთგვარ პარადოქსს შექმნის ტიციან ტაბიძე: თუმცა ვაჟა რუსეთის იმპერიის განაპირა პროვინციის მცხოვრებია ფიზიკურად, ის სულიერად თავისუფალ საქართველოში ცხოვრობს...

და ამ ნათქვამით შენთვისაც იქმნება ალეგორია: რუსეთის იმპერიის ბატონობა მაშინ, როგორც კოვიდ-ვირუსის შემოტევა დღეს და იმდროინდელი საქართველოს შინ გამოკეტვა, როგორც ადამიანები გამოკეტა სახლებში დღევანდელმა ვირუსმა... გამოკეტა და, ჩემი არ იყოს, ბევრი ჩააგდო წვეთოვან სტრესში, უცბად მოვარდნილში კი არა, ნელ-ნელა და გამოზოგვით მოსულთან, დაბმული რომ ხარ და თითო წვეთი გეცემა, აი, ეგეთ შუასაკუნეობრივ წამებაში...

ეს შუა საუკუნეები გაგახსენებს გალენისა და ჰიპოკრატეს უძველეს სიბრძნესაც: „სწრაფად გაიქეცი, რაც შეიძლება შორს და გვიან დაბრუნდი“, ანუ ლათინურად: Cito, longe fugeas et tarde redas, - ეს იყო სწორედ ის დევიზი, რომელიც გამოიყენებოდა შუა საუკუნეების ევროპაში ეპიდემიების მძვინვარებისას, როცა მილიონობით ადამიანი იხოცებოდა და მკურნალობის სხვა საშუალება არ გააჩნდათ...

ნეტავ, რანაირად იყო, რომ ჟამი თითქოსდა თავის ნებაზე მოდიოდა და მიდიოდა. რაო, რა, მასე უნდა ევლო? ეს კოვიდიც საიდანღაც მოვიდა და ესეც წავა ერთხელაც. და სულაც არა ადამიანის ნებით.

ადამიანი ვერ სწვდება, რა არის ეს ჟამი, კოვიდ-19 გინდა თუ სხვები, ჩვენი ფიზიკა-ბიოქიმია იქამდე ვერ მივიდა, რომ გაიგოს ეს ჟამი და რა ვიცი, მაინც უნდა იეჭვო, რომ ადამიანის სურვილისამებრ - ვერა და ვიღაცის ნებით აქტიურდება და მერე პასიურდება; რომ ჩვენ ფიგურები ვართ ჭადრაკის დაფაზე და არა მოჭადრაკეები. ჰო, ესე გამოდის, რომ ჭადრაკის დაფაზე ვართ და არა დაფასთან მეთქი...

აი, აქამდე მივედი და ჩემი სტრესის მოგერიებას, რომ - ვეღარ ვწერ და რა დროს წერაა, როცა ამდენი ხალხი იხოცება ჟამიანობის ამ შემოტევით და რომ ვაქცინა ჯერ ვერ აღმოუჩენიათ და არც არაფერს ამბობენ საიმედოს და რა ვქნა, რა ვქნა, - ვაჟა-ფშაველას პოემებში ჩახედვითა და იმათში ჩაღრმავებით შევეცადე...

მანამდე სხვა წიგნები მქონდა გადმოღებული, თითქოს საყვარელი წიგნები, მაგრამ კოვიდ-19-ის პანდემიისას სრულიად უსარგებლონი, კითხვას რომ დაიწყებ და ვეღარ აგრძელებ, მერე დახურავ და შეცბუნებული იფიქრებ, ეს წიგნი როგორ, რანაირად და რატომ გიყვარდა...

ასე მივაღწიე ვაჟას პოემებამდე და წავიდა და წავიდა, ოცდაჩვიდმეტივე პოემა გადავიკითხე 1990 წელს „ნაკადულის“ მიერ გმოცემული წიგნიდან, ედვარდ ამბოკაძისა და გოგი თოთიბაძის ილუსტრაციებით რომ არის დამშვენებული. ვკითხულობდი ნელ-ნელა და დაგემოვნებით, თავისი შეჩერებებითა და ჩაფიქრებებით, რომ აბა, ეს საიდან და ის ასე რატომ იქცევა და იმ მეორესთან მიმართებით სწორი თუა და აბა, აქ რომ მონიშნა, სულ დაეკარგა, თუ იქით უფრო გააძლიერა ესა თუ ის აქცენტი... ხედვის კუთხის სიახლით და მითოლოგიური სიღრმით ნეტავი საით არის, უფრო ვის უახლოვდება...

ვინ აღარ წერდა პოემებს მაშინდელ საქართველოში, მაგრამ 27 წლის ვაჟამ დაგიდო „ალუდა ქეთელაური“ - მითოლოგიური სიღრმით შუმერული და სივრცით - სრულიად საკაცობრიო, პლანეტარული გაქანების ნაწარმოები, პიროვნებისა და საზოგადოების უმთავრეს პარაბოლაზე. მაშინვე მოიხაზა კონტურები, მერე და მერე კი, მომდევნო ნაწარმოებების გამოჩენის კვალობაზე, უკვე იმის ფიქრიც თამამად შეიძლებოდა, რომ ვაჟამ პოემა აიყვანა ძველბერძნულ ტრაგედიამდე (ესქილე, ევრიპიდე, სოფოკლე), ზოგჯერ გააცდინა კიდევაც (თუნდაც „გველისმჭამელის“ და ლექსის „დევების ქორწილის“ შემთხვევაში) და ჩავიდა შუმერებამდე, იმათ მითოლოგიურ ხედვამდე; აქეთ, წინ კიდევ, გადაასწრო თავისი დროის მწერლებს, უკან ჩამოგვიტოვა ჩვენც და კიდევ რამდენიმე თაობა, გაგვცდა გვარიანად და მომავალში გვიცდის, რომ აბა, თუ მივალთ და როდის მივალთ იქამდე.

ხედვის ძალიან საინტერესო და შენთვის დამაიმედებელი კუთხეა ამ შემთხვევაში ტიციან ტაბიძის დანახული ვაჟა, რომ იგი ისე წერს და იქცევა, თითქოს თავისუფალ გარემოში იყოს და არა იმპერიის ბაცილებით დავირუსებულში.

მე არც იმ დანარჩენ ოცდათორმეტ პოემას ვწუნობ, მაგრამ პირადად ჩემთვის ამ ხუთ პოემას - განსაკუთრებით: „ალუდა ქეთელაურს“ (1888), „ბახტრიონს“ (1892), „სტუმარ-მასპინძელს“ (1893), „სისხლის ძიებას“ (1897), „გველის-მჭამელს“ (1901) - რაღაც განუსაზღვრელი შინაგანი ძალა აქვს, ერთგვარი მარგი ქმედების კოეფიციენტი - კითხულობ და შენც გამოჰყავხარ იმ ვირუსების ბატონობიდან, რასაც ბოროტება ჰქვია, შიში და დაუნდობლობა ჰქვია და თითქოს ისეთ ვირუსებად სდევს კაცობრიობას, რომ მასთან „კოვიდ-19“-იც მონაგონია, ჯერჯერობით ნახევარ მილიონამდე ადამიანის მსხვერპლით; 2009-2010 წლების „ღორის გრიპიც“, ისიც ნახევარი მილიონი ადამიანის სიკვდილითა და წინა საუკუნის „ესპანური გრიპიც“, რომელიც 1918-1920 წლებს მოიცავდა და ამ დროში ორმოცი მილიონი ადამიანი შეიწირა...

თავის წერილში „იგოეთის (გრაკლიანი გორა) შუამდინარული საბეჭდავების შესახებ“ ასირიოლოგი პროფესორი ნინო სამსონია წერს:

„იგოეთში, გრაკლიანი გორის არქეოლოგიურ გათხრებზე, აღმოჩნდა შუამდინარული ცილინდრული საბეჭდავი, რომლის იკონოგრაფია გლიპტიკის ხელოვნების ყველაზე ადრეული ეტაპის - ურუქ-ჯემდეთ-ნასრის, ცილინდრული საბეჭდავების იკონოგრაფიის იდენტურია. ურუქისა და ჯემდეთ-ნასრის სტილი ძვ. წ. IV-III ათასწლეულის მიჯნაზე ჩამოყალიბდა სამხრეთ შუამდინარეთში და მოიცვა სრულიად წინა აზიის ტერიტორია. ჯემდეთ-ნასრის პერიოდის (ძვ.წ XXX-XXVIII ს.ს.) საბეჭდავები გარდა სამხრეთ მესოპოტამიისა, აღმოჩენილია დიალას მხარეში, სირიაში, ირანის სხვადასხვა ოლქებსა და ანატოლიაში, ყველგან ვისაც კი ურთიერთობა ჰქონდა ქ. ურუქთან. უნდა აღინიშნოს, რომ საბეჭდავები, ძირითადად, აღმოჩენილია ტაძრების ტერიტორიის გათხრების დროს და, შესაბამისად, რადგანაც ტაძრების რეკონსტრუქცია ხშირად ხდებოდა, არ შეესაბამება თავის პირვანდელ სახეს. ურუქის საბეჭდავების სტილი შესაძლოა, მომდინარეობდეს მესოპოტამიის გარე რაიონებიდან, მაგალითად, ჰაბუბა ქაბირადან (ძვ.წ. 3200 წ.) ურუქის პერიოდის კულტურა ვრცელდებოდა მესოპოტამიის საზღვრებს გარეთაც. ამის დამადასტურებელი მასალა აღმოჩნდა 1969-1975 წწ. სირიაში გათხრებისას, რაც უფრო ადრინდელი უნდა იყოს, ვიდრე ურუქის კულტურა გადავიდოდა ჯემდეთ-ნასრის პერიოდში. იგოეთის ცილინდრული საბეჭდავიც ტაძრის ტერიტორიაზეა აღმოჩენილი. სავარაუდოდ, ტაძრისათვის უნდა ყოფილიყო შეწირული, როგორც საკულტო საგანი და არა - როგორც მოხმარებისთვის გამიზნული საბეჭდავი. აღნიშნული საბეჭდავის იკონოგრაფია სრულიად შეესაბამება გლიპტიკის ხელოვნების I პერიოდის (ძვ.წ. 3000-2800 წწ.) ორნამენტიანი ჯგუფის ნიმუშებს“.

ეს კი უკვე მეცნიერულად დადასტურებული ფაქტია, რომ შუმერული ცოდნა საქართველოში ძველთაგან არსებობდა.

ამიტომაც მგონია, რომ ის მითოლოგიური სივრცე, რომელიც შემოინახა მთამ და შუმერებიდან მოდიოდა, ანუ პირველი ადამიანებიდან, სრულად აითვისა ვაჟამ და გინდა იმათი პოემები არა სცოდნოდა მაშინ, მაინც იქ იყო, იმათ სიმაღლეზე, რადგან მთის საზოგადოების ცხოვრება თავისი ხევისბერ-ქადაგ-დასტურებით თუ ხატის ყმებით და იმათი მითები ესეთი იყო, შუმერულცოდნაგამოვლილი...

მერე იმისი ნაწარმოებების სივრცემ შეიერთა სხვა სივრცეები, რადგან მითები ხომ მთელი მსოფლიოს სიზმრებია და რა გამოვიდა საბოლოოდ, - ძალიან მაღლაა ვაჟა, იქ ახლომახლოში ორიოდე მწერალი თუღა გამოჩნდება, მეტი ვერა...

ამ კოვიდ-სტრესისას მე ვაჟას ნაწერები მშველის და თქვენი არ ვიცი, აბა, თქვენც სცადეთ...

19 ივნისი, 2019

მინაწერი:

ამ პატარა ესეს თან დავურთავ ვაჟა-ფშაველას შედევრების ჩემ მიერ შედგენილი ერთტომეულის შინაარსსაც, ვინძლო გამოადგეს ვინმეს:

პოემები:

1. „ალუდა ქეთელაური“ - 1888
2. „ბახტრიონი“ - 1892
3. „სტუმარ-მასპინძელი“ - 1893
4. „სისხლის ძიება“ - 1897
5. „გველის-მჭამელი“ - 1901

ლექსები:

1. „დევების ქორწილი“ - 1886
2. „ერთხელც იქნება, მოვკვდები“ - 1886
3. „ქეიფი“ - 1886
4. „ვარსკვლავი“ - 1886
5. „სამეფოს სიმღერა“ - 1887
6. „არწივი“ - 1887
7. „ნეტავი შენა, შავნისლო“ - 1888
8. „ღარიბის სიმღერა“ - 1889, მარტი
9. „იმედი რაზიკაული“ - 1890, ივნისი
10. „ძვალები“ - 1890
11. „ჩივილი ხმლისა“ - 1890
12. „ღამე მთაში“ - 1890
13. „მთას ვიყავ“ - 1890
14. „ლურჯას“ - 1890
15. „სიყვარული“ - 1891
16. „ნიბლიას ანდერძი“ - 1891
17. „ჩემი ვედრება“ - 1893
18. „ალექსანდრე ყაზბეგს“ - 1893
19. „გამოღმით მე ვარ, გაღმა - შენ“ - 1895, მარტი
20. „მოდი, მოხშირდი, ჭაღარავ“ - 1895
21. (ვინ სდგეხარ გულჭირიანი...) - 1895
22. „სიმღერა“(ვუძღვნი ახალგაზრდა მგოსნებს) - 1896
23. „იას უთხარით ტურფასა“ - 1903, აპრილი
24. „დამსეტყვე, ცაო“ - 1903
25. „ვიცანი, ღმერთო, სამყარო“ - 1903
26. „მხედართა ძველი სიმღერა“ - 1904
27. „კიდევაც ვნახავ გაზაფხულს“ - 1906
28. „როს ვუკვირდები თავის თავს...“ - 1907
29. „შენდამი“ (ვუძღვნი ილია ჭავჭავაძის ხსოვნას) - 1908
30. „კაი ყმა“ (ხევსურულ ჰანგზე) - 1909, ივნისი
31. „მთამ სრულიად სხვა სთქვა“ (პასუხად ბაჩანას) - 1910
32. „რამ შემქმნა ადამიანად“ - 1913
33. „დავით გურამიშვილის ხსოვნას“ - 1913
34. „დაგვიანებული პასუხი აკაკის“ - 1913
35. „ფშაველი ჯარისკაცის წერილი“ - 1914 წ. 14 დეკემბერი.

მოთხრობები:

1. „ჩემი წუთისოფელი“
2. „შვლის ნუკრის ნაამბობი“ - 1883
3. „ია“ - 1886
4. „მთის წყარო“ - 1888
5. „მოგონება“ (საშობაო მოთხრობა) - 1888
6. „ხმელი წიფელი“ - 1888-1889
7. „კლდე მტირალი“ - 1889
8. „სცენა მთაში“ - 1889
9. „ქუჩი“ - 1892
10. „ფესვები“ - 1893
11. „ჩხიკვთა ქორწილი“ - 1893
12. „მთანი მაღალნი“ - 1895
13. „ამოდის, ნათდება!“ - 1896
14. „კლდემ მხოლოდ ერთხელ სთქვა“ - 1898
15. „სათაგური“ - 1908
16. „ბერიძე გაუტეხელი“ - 1911
17. „ფშაველი და მისი წუთისოფელი“ - 1913

„მოდი, არწივო, სადა ხარ?
შორითვე გიცნობ ხმაზედა.
შენს მოსვლას როცა კი ვიგრძნობ,
გამოვიცვლები წამზედა;
მყის ვტოვებ დედამიწასა,
გადავსახლდები ცაზედა.
ხან ფანდურს შევაჟღარუნებ,
ხან დავამღერებ თარზედა.
ხან ვტირი, ხანა ვლოცულობ,
ხან ბრაზს, შხამს ვანთხევ შხამზედა.
როცა არწივი თან მახლავს,
მაზის მარჯვენა მხარზედა,
- მეფისა მადგა გვირგვინი,
ვზივარ სამეფო ტახტზედა!
შეურაცხყოფას ვინ მკადრებს?
სალამს მიძღვნიან ცდაზედა.
როცა არწივი წამივა,
ჩვარი ვარ, მცირე ჩვარზედა.
დამმალეთ, ნუ გამომაჩენთ,
არ შესცდეთ, დამსვათ ჯარზედა.“