![]() |
რუბრიკის წინასიტყვაობა |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: ტოკლიკიშვილი ლია |
თარიღი: 2020 |
ტ|ტოკლიკიშვილი ლია
![]() |
1 * * * |
▲ზევით დაბრუნება |
ყველამ ერთნაირად მოვიწყინეთ. დედამიწაზე ცხოვრება, ალბათ, ასეთი მოსაწყენი არც ყოფილა. ომებიც კი სხვა არის, მე თუ მკითხავთ, საშინელებაა, მაგრამ უფრო დედამიწურია, ვიდრე ეს ერთნაირი სიჩუმე მსოფლიოს ყველა წერტილში. ისიც მოსაწყენია, როცა ზუსტად იცი, რას ფიქრობს ნებისმიერი სხვა ადამიანი შენ გვერდითაც და შენგან 6000 კილომეტრით დაშორებულ უცხო ქალაქებშიც, სადაც ერთ კაცსაც კი არ იცნობ. ვირუსმა გრავიტაციული ძალითა და უცხო შიშით გადაგვაბა ერთმანეთზე და. მეორე თვეა (სხვები კი მესამე თვეს გადიან), მთელი მსოფლიო ერთნაირად ვცხოვრობთ - ერთი ბატალიონის ჯარისკაცებივით საერთო წესებითა და ლამის სამხედრო რეჟიმით. ვრჩებით ტელევიზორებთან, მაცივრებთან, კომპიუტერებთან; ვიბანთ ხელებს, ვასუფთავებთ ყველაფერს, რაც გარედან შემოგვაქვს და რასაც შესაძლოა სხვა ადამიანი შეეხო, თვალებით ვზომავთ მანძილს ქუჩაში შემხვედრ მეორე ადამიანთან და, თუ მანძილი დასაშვებზე მცირე მოგვეჩვენა, მოვითხოვთ, რომ ადამიანი მეტად დაგვშორდეს. ეს მხოლოდ რამდენიმეა ჩვენი მრავალრიცხოვანი რუტინული ქცევებიდან, რომლებიც ყველამ გავიზეპირეთ, რადგან სიცოცხლის გადარჩენის ერთადერთი რეკომენდაცია საქართველოშიც და დანიაშიც ახლა ეს არის.
შეიძლება ჩემსავით ბევრმა იფიქრა კიდეც, რომ მთელი მსოფლიოს ტელევიზორებიდან ნასწავლ ამ სამედიცინო-ჰიგიენურ რეკომენდაციებს (რომლებიც, რაღა თქმა უნდა, საჭიროა) რაღაც აკლია. არ ვიცი, მაგრამ მე ნამდვილად ვიფიქრე. შეიძლება იმიტომ, რომ ამ ყოფას, ახლა რომ ვართ, ძალიან ვამსგავსებ იმ ომების ყოფას, რომლებიც საქართველოში 20-25 წლის წინ იყო და სხვებთან ერთად მეც გამოვიარე. ომიც ზუსტად ასე ექცევა ადამიანებს - გაჩვევს აზრს, რომ მთავარი ფიზიკურად გადარჩენაა და ადამიანების დიდი უმრავლესობაც, სწორედ, ამას აკეთებს. ისე კი, ომში ასე არც იფუთება საკუთარი სიცოცხლის ჩვეულებრივი სიყვარული ისეთი მაღალზნეობრივი გამონათქვამებით, როგორც დღეს: გავუფრთხილდეთ იმას, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი აქვს ადამიანს - საკუთარ სიცოცხლეს!.. (თითქოს უკვე შევთანხმდით, რომ საკუთარ ტყავზე და სიცოცხლეზე ძვირფასი აღარაფერი აქვს ადამიანს)... ომს უფრო შთამბეჭდავი ლოზუნგები აქვს, რომლებშიც „სახელოვანი სიკვდილი“, „ღირსება“ და მსგავსი სიტყვები წერია, რა თქმა უნდა, იქაც - მხოლოდ ფორმალურად, რადგან ასეთი ლოზუნგები კაცობრიობის ისტორიაში ერთი-ორ ადამიანს თუ შეუსრულებია. უმეტესობისთვის კი ომის პრაქტიკა იგივეა, რაც დღეს, რაც წეღან ვთქვი და რაც პირადად მინახავს ქალაქებზე შეტევის დროს თუ ოჩამჩირიდან სენაკამდე დევნილებთან ერთად გამოვლილ გზაზე. სადაც რომ გადარჩე, სხვას, ყველაზე უძლურსაც, გვერდი უნდა აუარო.
სწორედ, ამის მეშინია ყოველდღე, სახლიდან გასვლის წინ. იცი, რომ ცუდია, მაგრამ (დროებით!) აუცილებელია იმის გაკეთება, რასაც შენგან მოიხოვენ - თუ კაცი შეგხვდა ჯოხით და წაბორძიკდა, არაფერი უნდა გაგახსენდეს იმაზე ადრე, რომ ეს ადამიანი შეიძლება, ვირუსის უსიმპტომო ან სიმპტომიანი გადამტანია, რომელსაც რამდენიმე ექიმმა მკვლელი უწოდა. კარგად უნდა დააკვირდე, მკვლელის ნიშნები ხომ არ აქვს, ანუ ასაკით რისკჯგუფიდან ხომ არ არის; ამ ჯგუფთან - მოხუცებთან კონტაქტი ახლა ძალიან საშიშია; თუ მაინც გადაწყვეტ დახმარებას, ახლა იმას უნდა დააკვირდე, ნიღაბი უკეთია თუ არა. ახველებს თუ არა, ან ძალიან სუსტად ხომ არ არის. მოკლედ, ბევრ რამეს უნდა დააკვირდე, რომ გადარჩე. ამიტომ სახლიდან ყოველთვის ან ისე ადრე გავდივარ, რომ არავინ შემხვდეს, ან ისე გვიან, რომ ისევ არავინ შემხვდეს. ან საერთოდ არ გავდივარ, რომ გარანტირებულად არავინ შემხვდეს.
მაგარამ ერთ დღეს ძალიან გამომაცოცხლა სადღაც, სულ სხვა ქვეყანაში, სულ სხვა ხალხის ლიდერის მიერ წარმოთქმულმა სიტყვებმა, რომელიც ტელევიზიით მოვისმინე და იმ დღეს ლამის ვინატრე, რომ ჩვენც დედოფალი გვყოლოდა, რომ იქნებ ჩვეთვის სათქმელ მთავარ მიმართვებშიც რაღაც უფრო მეტი თქმულიყო, ვიდრე მხოლოდ ხელების ბევრჯერ დაბანაა ან სახლში დარჩენისა და ადამიანებისგან სოციალური დისტანციის ათასჯერ მოთოვნილი მოთხოვნა. „ვინც ჩვენ შემდეგ მოვლენ, ჩვენზე უნდა თქვან: ასეთ დროს ისინი იყვნენ მამაცები და ძლიერები!“ როცა ბრიტანელებისადმი დედოფალ ელისაბედის ეს მიმართვა მოვისმინე, მივხვდი, რომ დედოფალსაც ჰყვარებია ჰომეროსი, რადგან მან ინგლისს ზუსტად ის უთხრა, რასაც ტროაზე ლაშქრობის დროს აქაველებსა და ტროელებს ღმერთები აფიქრებინებდნენ. „ზევსთან ჩამომსხდარ ღმერთებს კრება ჰქონდათ ოქროს მიწაზე, დედოფალი ჰებე მათ ნექტარს უსხამდა; ისინი კი ოქროს თასებით ესაუბრებოდნენ ერთმანეთს და ტროელთა ქალაქს ზემოდან დაჰყურებდნენ.“
სულაც არ მიფიქრია, რომ მსოფლიოს ლიდერებს შორის მხოლოდ დედოფალმა ელისაბედმა იცის ჰომეროსი და შექსპირი, მაგრამ ეს გზა მან აირჩია და ანატომიურ კვლევებზე მიჯაჭვულ მსოფლიოს იმ ნაწილს, რომლისთვისაც სიტყვა ეთქმოდა, სხვა დროებზე, სხვა ადამიანებზე და სხვა ენაზე - სინერგიის კანონების ენაზე დაელაპარაკა. სამედიცინო რეკომენდაციების ენა - ამ ლიდერის ენა ვერ იქნებოდა, რადგან ბრიტანეთში ამ ენაზე სხვა ლიდერებს ევალებათ საუბარი. მან კი, როგორც ნამდვილმა დედოფალმა, თავის ხალხს ის გაახსენა, რასაც პანდემიით შეშინებული ყველა მოკვდავი ახლა თავისდაუნებურად ერთხმად უარვყოფთ, ან რაზე ფიქრსაც გავურბივართ: რომ მხოლოდ სამყაროთა ენერგიების თანამშრომლობით შეიძლება დიდი კრიზისების დაძლევა, რომ ადამინის ყველა ქცევას სხვა დროის ადამიანებიც უყურებენ, რომლებიც ჩვენი ქცევის ყველა ნიუანსს კარგად გაჩხრეკენ და ლუპით დააკვირდებიან. ვერ ვიტყვით, რომ დედოფლის ამ სიტყვებიდან რამდენიმე დღეში ბრიტანეთმა იგრძნო ღვთიური და ადამიანური ნების შერწყმის აუცილებლობა და ევროპის ყველაზე მძიმე სტატისტიკის ქვეყანამ სხვა მსოფლიოსგან განსხვავებული ცხოვრება დაიწყო. ბრიტანეთშიც იმდენი ადამიანი დასცქერის ყოველ წუთს თავის ახლად დაბანილ ხელებს და უყურებს მომავალს უიმედოდ, რამდენიც, ალბათ, ნებისმიერ სხვა ქვეყანაში; ბრიტანეთის პრემიერმა ბორის ჯონსონმა, რომელიც თავად იყო ვირუსით ინფიცირებული, კლინიკიდან გამოსვლისთანავე ისეთივე პროგნოზი დაუსახა ბრიტანელებს - პანდემიის მეორე ტალღის მოსალოდნელობა, როგორსაც მსოფლიოს ლიდერთა უმეტესობა უსახავს თავის ქვეყანას. მაგრამ ბრიტანეთის, როგორც ერის, მეხსიერებაში დარჩება არა ჯონსონის ან რომელიმე სხვა სახელმწიფო პირის, არამედ დედოფალ ელისაბედის სიტყვა - როგორც გზა, რომელიც ინგლისმა ასეთ დროს კრიზიდან გამოსასვლელეად დაისახა - იმის მიუხედავად, რას ფიქრობდა ამ დროს რიგითი ბრიტანელი. ეს გზა მე სულაც არ მესმის, როგორც ადამიანის წილი პასუხისმგებლობისა და როლის თუნდაც ოდნავი დაკნინება, რადგან ჰომეროსი მეც მიყვარს და ვიცი, რომ მისი „რელიგიის“ მიხედვით, ნებისმიერი ომის ბოლომდე ღმერთები და ადამიანები მხოლოდ ერთად, ერთობლივი ძალებით მიდიან. დღემდე ზეპირად მახსოვს: „ავბედითო, თავისმომჭრელო არგოსელებო, არ გრცხვენიათ ახლა? რას დამდგარხართ გაოგნებულები ირმებივით, მინდორში სირბილით რომ დაიღლებიან, დადგებიან და გულში სიმამაცე რომ ვეღარ ებადებათ; თქვენც ასე დამდგარხართ გაოგნებულნი და აღარ ომობთ. იქნებ იმას ელოდებით, ტროელები მოგვადგნენ აქ, ლამაზკიჩოიან ხომალდებთან ჭაღარა ზღვის ნაპირზე, რომ დაინახოთ, კრონოსის ძის ხელი როგორ გადაგვეფარება?“ როცა ჰომეროსს მასწავლიდნენ, მიხსნიდნენ, რომ ვერც მხოლოდ კაციები და ვერც მხოლოდ ღმერთები ვერ აიღებდნენ ტროას, ამას მხოლოდ ორი სამყაროს ძალის შეერთება შეძლებდა. სწორედ, ისე, როგორც ბიბლიაშია - „გამომცადე მე და მიცან მე; შენ სცან დაჯდომაი ჩემი, და აღდგომაი ჩემი“.
სამყაროების ერთიანობის კანონები დიდი კრიზისების დასაძლევად ყველაზე დიდი უღმერთობის დროსაც კი აღიარეს ჩვენმა უახლოესმა წინაპრებმა, ჩვენი მამებისა და მათი მამების ათეისტმა თაობებმა, რომელთათვისაც აუხსნელი, მაგრამ სარწმუნო ფაქტი იყო ის, რომ მათმა ბელადმა, რომელმაც ომამდე მტვრად და ნანგრევებად აქცია ეკლესიების უმეტესობა, მოსკოვთან მომდგარი მტრის შიშით დაზაფრულ იმპერიაში მოულოდნელად ეკლესია-მონასტრების გახსნა ბრძანა, სამღვდელო პირები საპრყობილეებიდან გამოაყვანინა, ფრონტის წინა ხაზზე, პეტერბურგისა და ცარიცინის ქუჩებში ყაზანის ღვთისმშობლის ხატი გააბრძანებინა, თავად კი გაოგნებულ საბჭოთა ხალხს იმ ენითა და ლექსიკით მიმართა, რომლითაც არასდროს მიუმართავს: ძმებო და დებო!“ სტალინის მოულოდნელი ინსპირაცია, რომელიც ომში კარს მომდგარი მარცხით იყო განპირობებული, შესაძლოა, თავად ერთი პოლიტიკური ლიდერისთვის ომთან ერთად დამთავრდა, მაგრამ ომში მთავარი გარდატეხის დასაწყისად იქცა. თავად საბჭოთა ისტორიკოსებმაც ვერ გაბედეს, ერთმანეთისგან დაეშორებინათ ეს ფაქტები და ომის მოვლენების შემდგომი განვითარება, ომის ბედის რადიკალური შემობრუნება.
ვერავინ დაასახელებს დროს, როდესაც ადამიანმა პირველად გაიგო, რომ განსაცდელისგან თავის დახსნისთვის საკუთარ ძალასთან „სხვა“, უცნობი ძალების შეერთებაა აუცილებელი. რომ ისე არაფერი გამოვა. ალბათ ასეთი დრო ნებისმიერი განსაცდელის დრო იყო კაცობრიობის დაბადებიდან. ყველას გვახსოვს ბავშვობიდან ეზოპეს იგავები, რომელთაგან მე ყველაზე მეტად „ქვის წვნიანი“ მიყვარდა. რა თქმა უნდა, მაშინ იგავი ჩემთვის ჩვეულებრივი ზღაპარი იყო იმაზე, როგორ მიადგა ომიდან მომავალი სამი მშიერი ჯარისკაცი მტრებისგან გაჩანაგებულ სოფელს, რომელიც მათ ვერაფრით გაუმასპინძლდებოდა, რადგან თვითონაც შიმშილით კვდებოდა. ჯარისკაცებმა ხერხს მიმართეს - სოფლელებს უთხრეს, რომ მათ იციან ქვისგან წვნიანის გაკეთების საიდუმლო. მშიერი სოფელი შეიკრიბა ამ სასწაულის სანახავად. და როცა დიდ ცეცხლზე ქვაბი შემოდგეს და შიგ ქვები ჩაყარეს მოსახარშად, ცოტა ხანში ჯარისკაცმა წვნიანს გემო გაუსინჯა და თქვა, გემრიელია, მაგრამ ცოტა მარილი და მწვანილი აკლია, ისინიც რომ გვქონდეს, საუცხოო გამოვიდოდაო, უცებ გაახსენდა ერთს, რომ სახლში ცოტა მარილი, მწვანილი და თალგამი ჰქონდა. სანამ ქვის წვნიანი ბოლომდე მოიხარშებოდა, მეორეს გაახსენდა, რომ სახლში სტაფილო, კარაქი და ცოტა ხორციც ჰქონდა, მესამემ ღვინო მოიტანა და ქვის წვნიანის მომზადება საყოველთაო პურობად იქცა. საოფელი გამოიკვება და გაცოცხლდა. ჯარისკაცებმა გაოგნებულ სოფელს უთხრეს, რომ ქვის წვნიანის საიდუმლო მხოლოდ გაზიარებაა. ყველა არსებული შესაძლებლობის შეერთება და ერთად შეკრება, რაღა თქმა უნდა, უცნობი ჯარისკაცების მონაწილეობის ჩათვლით. რაც, ცხადია, ეზოპეს იგავში იმავეს ნიშნავს - რასაც დავით წინასწარმატყველის ფსალმუნში დავითის მაჯვენისა და „იერუშალაიმის“, როგორც ზეციური ქალაქის არქეტიპის. სიმბიოზი და განუყოფლობა.
„ბაბილონის მდინარეებთან ვისხედით და ვტიროდით, ოდეს გიხსენებდით შენ, სიონო! ძეწნათა შორის ჩამოვიკიდეთ ჩვენი ქნარები, რადგან იქ მოგვთხოვეს ჩვენმა დამტყვევებლებმა სიტყვანი სიმღერისა და ჩვენმა მჩაგვრელებმა სიმხიარულე: გვიმღერეთ ჩვენ სიონისა! როგორ ვიმღეროთ სიმღერა უფლისა უცხო მიწაზე? თუ დაგივიწყო შენ, იერუსალიმო, დამივიწყოს მარჯვენამ ჩემმა. მიეკრას ჩემი ენა ჩემს სასას, თუ არ გაგიხსენო, თუ არ დავაყენო იერუსალიმი ჩემი მხიარულების სათავეში.“
მოკლედ, ერთი რუბრიკის შესავალს ვწერდი და ძალიან გრძელი წერილი გამომივიდა. თავისი ეზოპეთი და ჰომეროსით. მაგრამ სხვანაირად ვერ მოვყევებოდი, რატომ დავურეკე იზოლაციის მერამდენიღაცა დღეს უკვე უამრავჯერ კარგად ხელებდაბანილმა, ადამიანის ცხვირ-ხახის შესახებ ინფორმაციებით გაბრუებულმა ერთმა ადამიანმა საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორს გიორგი კეკელიძეს და რატომ ვუთხარი - ანატომია უკვე ვისწავლეთ. იქნებ ახლა სხვა წიგნებისთვის მიგვეხედა. თორემ, მე თუ მკითხავთ, სახლში ჯდომაც შეიძლება, თუ სახლიდან ის დაინახე, რაც ყველაზე მთავარია გარეთ გასასვლელად. დიოგენე სახლში კი არა, კასრში იჯდა, მაგრამ მასზე კარგად ვერავინ ხედავდა საბერძნეთს სხვებისთვის უხილავ მომავალში.
დანარჩენს ამ რუბრიკაში სხვები მოყვებიან.