![]() |
ცხელი შოკოლადი №33 |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: შავერდაშვილი შორენა, გაფრინდაშვილი ლელა, თოლორდავა კახა, ტურაშვილი დათო, კალანდაძე მაგდა, ცეცაძე მაია, ჯაფიაშვილი ნინო, აღდგომელაშვილი ეკა, კორძაია-სამადაშვილი ანა, კიკალეიშვილი სალომე, მაკბრაიდი ნათანიელ, კაჭკაჭიშვილი იაგო, მაკარიძე დავით, გვახარია გიორგი, მორჩილაძე აკა |
თემატური კატალოგი ცხელი შოკოლადი |
თარიღი: 2007 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: დეკემბერი, 2007, გარეკანზე: მანანა მენაბდე ფოტო: დავით მესხი მთავარი რედაქტორი შორენა შავერდაშვილი აღმასრულებელი რედაქტორი ნინო ლომაძე არტ-რედაქტორი გიორგი ნადირაძე რედაქტორ-სტილისტი ნინო ბექიშვილი ნომერზე მუშაობდნენ: ანა კორძაია-სამადაშვილი, თამარ ბაბუაძე, სალომე კიკალეიშვილი, გიორგი გვახარია, დათო ტურაშვილი, აკა მორჩილაძე, კახა თოლორდავა, ნინო ლომაძე, მაია ცეცაძე, ლელა გაფრინდაშვილი, მალხაზ ხარბედია, ნინო ბექიშვილი, ეკა აღდგომელაშვილი, ნათანიელ მაკბრაიდი, დავით მაკარიძე, ინგრიდ დეხრავე ფოტო დავით მესხი, ლევან ხერხეულიძე, ქეთო ცაავა, დათო როსტომაშვილი, გიორგი აბდალაძე ილუსტრაცია მაია სუმბაძე, გიორგი მარი დიზაინი თორნიკე ლორთქიფანიძე, კახა დოლიძე, მიშა კვიციანი მარკეტინგი ლელა შუბითიძე გაყიდვების დირექტორი ნესტან ავალიანი სარეკლამო განყოფილება ანა ნადირაშვილი რეკლამის განთავსება შპს „მსა თბილისი“, ფალიაშვილის ქ. 108 ტელ./ფაქსი: 23 37 31 ელ-ფოსტა: msa@msa.ge დისტრიბუცია ზვიად შენგელია გამომცემელი „ცხელი შოკოლადი“, „კინო-ცხელი შოკოლადი“, „ოზონი“, „ბიზნესი-ადამიანები, მეთოდები, სტრატეგიები“, „დიალოგი“. შპს „ემ ფაბლიშინგი“, თბილისი 0105, ფალიაშვილის ქ. 108, ტელ./ფაქსი: 23 37 31 ელ-ფოსტა: mpublishing@caucasus.net სტამბა შპს „სეზანი“, თბილისი, წერეთლის გამზ. 140 ტელ.: 35 70 02 ელ-ფოსტა: lika@cezanne-web.com ჟურნალი გამოდის 2004 წლის 25 დეკემბრიდან © „M Publishing“ საავტორო უფლებები დაცულია. ჟურნალში გამოქვეყნებული მასალების ნაწილობრივი ან მთლიანი გამოყენება აკრძალულია. www.shokoladi.com |
![]() |
1 რედაქტორის წერილი |
▲ზევით დაბრუნება |
„ცხელი შოკოლადის“ ამ ნომრის თითქმის ყველა სტატია, პირდაპირ თუ ირიბად, ნოემბრის მოვლენებს ეხმიანება. გზავნილი, რომელიც შემიძლია გაგიზიაროთ, შემდეგია: ვიყოთ თვითკრიტიკულები და თითოულმა ჩვენგანმა გავიაზროთ ჩვენი პასუხისმგებლობაში იმაში, რაც ჩვენს გარშემო ხდება.
სწორედ ამას აკეთებს ჩვენთან ინტერვიუში, გადაცემა „პოსტსკრიპტუმის“ რედაქტორი ნინო ჯაფიაშვილი. ნინო საუბრობს ჟურნალისტების პასუხიმგებლობაზე და მათ მიერ ვერ მიღებულ გამოწვევაზე, ესაუბრათ არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ საზოგადოების პრობლემებზე. ხშირად ჟურნალისტები, არაკომპეტენტურობის გამო, ინსტრუმენტი ხდებიან მედია მფლობელების ხელში და კარგავენ ყველაზე მთავარს - მათ ხელთ არსებული რესურსების მართვას არა მფლობელის, არამედ საზოგადოებრივი ინტერესების სასარგებლოდ.
ეკა აღდგომელაშვილიც, თავის კომენტარში, საუბრობს მედიის სტანდარტებზე, კონკურენციაზე, როგორც მედიის განვითარების აუცილებელ პირობაზე, მის დანიშნულებაზე, შეცვალოს საზოგადოებრივი ცნობიერება.
ფილოსოფოსი ლელა გაფრინდაშვილი წერს სამოქალაქო პასუხისმგებლობაზე და ისტორიის ჩაკეტილ წრეზე, როცა ვერ ვახერხებთ კრიტიკულად და ადეკვატურად შევაფასოთ მოვლენები და აღარ ვეძებოთ „ბელადები“ და „მეფეები“. მოსაზრება, რომ ხვალ უკეთესი ხელისუფლება გვეყოლება და ჩვენც უკეთ ვიქნებით, კიდევ ერთი ილუზიაა. ჩვენვე უნდა გავხდეთ უკეთესნი და ვისწავლოთ საკუთარი ქვეყნის მართვა.
ინტერვიუ მეთიუ ბრაიზასთან და ზეინო ბარანთან ოქტომბერში, ვაშინგტონშია ჩაწერილი, მაგრამ ის ნოემბერში თბილისში განვითარებულ მოვლენებსაც ეხმიანება. მეთიუ და ზეინო აფასებენ საქართველოს ბოლო 15 წლის ისტორიას, ამერიკის საგარეო პოლიტიკას და გვიზიარებენ უამრავ დეტალს თავისი ცხოვრებიდან.
შეერთებული შტატების პასუხისმგებლობის თემას ეხება ჟურნალ „ნიუ-იორკერის“ ფესტივალის დიდი ნაწილიც. ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გამომძიებელი ჟურნალისტი, სეიმორ ჰერში კრიტიკულად აფასებს ბუშის ადმინისტრაციას, საუბრობს ირანში მოსალოდნელ ომზე და, ისევ და ისევ, ჟურნალისტების მოვალეობაზე რეალობის აღქმაში დაეხმარონ საზოგადოებას.
სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი თავის დღიურებს ნოემბრის მოვლენების ფონზე წერდა და მისი ინტროსპექცია ყველას დაგვეხმარება საკუთარ თავში ჩაღრმავებაში.
ამ ნომერშივე იხილავთ პოლონელი ფოტოგრაფის ფოტორეპორტაჟს ნოემბრის სოხუმიდან. ეს ფოტოები რომ ქართველ ფოტოგრაფს გადაეღო, ვიტყოდი, ნაციონალიზმმა დაუბინდა მზერა და ამიტომ მოდის ამ ფოტოებიდან მხოლოდ სიცარიელის, უსიცოცხლო სილამაზის და ტრაგიზმის შეგრძნება-მეთქი. ახლა კი, არ ვიცი, რა ვიფიქრო. იქნებ, თავად ეველინას წინასიტყვაობა დაგვეხმაროს.
შორენა შავერდაშვილი
![]() |
2 ჩვენი ავტორები |
▲ზევით დაბრუნება |
ლელა გაფრინდაშვილი
არ ვიცი, სხვისთვის როგორ, მაგრამ 2007 წლის 7 ნოემბერი ჩემთვის რაღაც უმნიშვნელოვანესი გარდატეხის დღეა: ზღვარი, როცა აღარ მინდა ვიყო „მოსახლეობა“ და პოლიტიკოსების კეთილდღეობის სამშენებლო მასალა, მათი ვნებების ასპარეზი.
მინდა მოქალაქე ვიყო, ანუ საკუთარ არჩევანზე პასუხისმგებელი პიროვნება, რომელიც გაბრაზებული და აღტაცებული კი არა, დაფიქრებული ირჩევს!
ვიცი, როგორ საარაკოდ ძნელია ქართული პოლიტიკური და სამოქალაქო პროცესების შეფასება, მათში საკუთარი ადგილის და მნიშვნელობის დადგენა. მაგრამ დღეს, ჩემთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა შეიძინა პასუხების ძიებამ, 1990 წელს, მერაბ მამარდაშვილის მიერ დასმულ კითხვებზე: „ვინ ვიყავი მე მთელი ეს წლები? რას ვაკეთებდი? ვისი მჯეროდა? ვის მივყვებოდი?..“
ამ გონებივი სამუშაოს ჩატარების გარეშე, დარწმუნებული ვარ, კვლავ გავიმეორებ შეცდომებს. ვინც ამ გზაზე უკვე დაწინაურდით, ნუ დაიზარებთ და კიდევ ერთხელ შეუდექით სიზიფეს აღმართს, რადგან „განმეორება ცოდნის დედაა“.
კახა თოლორდავა
კობა წაქაძე ჩემი ბავშვობის მეგობრის მამაა, თუმცა, მას პირველად მხოლოდ ამ რამოდენიმე წლის წინ შევხვდი. ვიცი, რომ უცნაურად შეიძლება მოგეჩვენოთ, მაგრამ ისე მოხდა, როგორც ამბობენ, განგებამ ასე ინება, ეს არც ჩემი ბრალია და არც მით უმეტეს, ჩემი მეგობრის ან თუნდაც ბატონი კობასი. ეს სტატიაც ჩვენი პირველი შეხვედრის შედეგია. სწორედ მაშინ გადავწყვიტე, ადრე თუ გვიან, როდესაც ამის შესაძლებლობა მომეცემოდა, აუცილებლად დავწერდი რამეს მასზე.
არ მეგონა, თუ როდესმე სპორტზე ან სპორტსმენებზე დავწერდი, მაგრამ იმ დღეს, როდესაც კობა წაქაძე გავიცანი, ჯერ როგორც სტუმარმა მის საკუთარ სახლში, მერე კი ბაკურიანი-ტაბაწყურის გზაზე ახლობლებით გაჭედილ „ჯიპში“, მე უკვე ვიცოდი, რომ თუ კობა წაქაძეზე სტატიის დაწერა მომიწევდა სპორტის იმ სახეობაზე, რომელსაც ტრამპლინიდან თხილამურებით ხტომა ეწოდება, ბევრს ვერაფერს ვიტყოდი. სულ რაღაც თოთხმეტი წლის ვიყავი, მან კარიერა რომ დაასრულა და თოთხმეტი წლის თბილისელ ბიჭებს ნამდვილად ვერ მოსთხოვ, იმაზე მეტი ინტერესი გამოიჩინოს სპორტის ამ სახეობის მიმართ, ვიდრე ეს საჭიროა. ბუნდოვნად მახსოვს, ერთხელ, სამოცდაათიანი წლების დასაწყისში, ბაკურიანის „ტურბაზაში“ რომ ვისვენებდი, რომლის დირექტორიც იმ დროს ბატონი კობა იყო, დილით, საუზმის დროს საშინელი მიწისძვრა მოხდა. ეს შიში დღემდე ჩემშია მიმალული, სადღაც სიღრმეში. მახსოვს ადამიანები, რომლებიც ერთმანეთზე გადარბოდნენ ფაფით სავსე თეფშებით და კომპოტებით ხელში, მახსოვს დედაჩემი, რომელიც მთელ ხმაზე გაყვიროდა ჩემს სახელს, მახსოვს საშინელი, ყურისწამღები გრუხუნის ხმა, მახსოვს ბიძგების შედეგად ჩემს თვალწინ ჩამოშლილი ვიტრინების ლაწა-ლუწის ხმაც, და მახსოვს სპორტულ ტანსაცმელში გამოწყობილი კაცი, რომელიც კარებში იდგა და ყვირილით უხმობდა ბავშვებს თავისკენ. მერე, როცა ყველაფერი დამთავრდა, ჩვენ ყველანი „ტურბაზის“ ეზოში ვიდექით ის კაცი კი თითოეულ ჩვენთაგანთან მოდიოდა და გვეკითხებოდა, როგორ ხართო. ეს კაცი კობა იყო. იმ დღის შემდეგ თითქმის ოცდაცამეტი წელი გავიდა და ჩვენი მეორე შეხვედრაც ისევ სტიქიასთანაა დაკავშირებული. იმ დღეს, მეგობრებით გადაჭედილ „ჯიპში“ მყოფებს ისეთი სეტყვა და ჭექა-ქუხილი დაგვატყდა თავს, რომ იძულებულები გავხდით მანქანა გაგვეჩერებინა და ამინდის გამოსვლას დავლოდებოდით. მანქანაში ჯდომა აუტანელი იქნებოდა, რომ არა კობა წაქაძე და მისი ისტორიები. ის ყვებოდა თავის ბავშვობაზე, სიყმაწვილეზე, კარიერაზე, წარმატებებზე, წარუმეტებლობებზე და სპორტსმენის ბედზე საბჭოთა სინამდვილეში. რაღაც მომენტში, სანამ ის თხრობას აგრძელებდა, მე უკვე ვიცოდი, რომ ის იმ იშვიათი ადამიანების რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც არა მარტო გადარჩა, არამედ ამ პროცესში უამრავ ცდუნებას მხოლოდ იმის გამო გაუძლო, რომ დარჩენილიყო იმად, ვინც იყო და როგორიც უნდოდა, რომ ყოფილიყო. ვიცი, ჩემი ეს სტატია ამ „ხათაბალა“ ადამიანზე იმ ჭექა-ქუხილიან დღეს „დაიწერა“. ფურცელზე ის მხოლოდ ოთხი წლის შემდეგ გადავიტანე.
დათო ტურაშვილი
თავიდან მინდოდა, გამომეგზავნა ცარიელი სვეტი ტექსტის გარეშე - სუფთა და თეთრი, როგორც ეს კლინიკა, მაგრამ გადავიფიქრე და მაინც ვწერ, რადგან სვეტების წერა ძალიან მიყვარს და, თანაც, 7 ნოემბრის შემდეგ, იქნებ აუცილებელიც კი არის აზრის გამოთქმა და ექიმების გაფრთხილებასაც დროებით ვივიწყებ.
უპირველესად კი, იმას მოგახსენებთ, რომ თუ რომელიმე ქართულ ტელეარხზე შემთხვევით მაინც აჩვენეს რუსეთის რომელიმე სპეცსამსახურის აგენტთან ჩემი საუბარი, არ დაიჯეროთ, რომ ეს მე ვარ, რადგან მე რუსული არ ვიცი და ორასმილიონიან რუსეთში კი ორასი წლის მანძილზე, ქართული ენის შესწავლის მსურველი საერთოდ არ მოიძებნა. (სხვათა შორის ამერიკელები (და საერთოდ, საქართველოში მოღვაწე უცხოელები) სწორედ ამ მხრივ, ძალიან განსხვავდებიან რუსი დამპყრობლებისაგან და სხვები, ჩამოსვლისთანავე, ქართულის ათვისებას იწყებენ).
გარდა ამისა (ამერიკელებისაგან განსხვავებით), რუსებს პირადად ჩემი გადაბირება (ეგრეთ წოდებული ვერბოვკა) არც უცდიათ (ალბათ ძველი ანეგდოტი გაახსენდათ მოუხელთებელი ჯოს შესახებ) და ჩემზე ხელი იმთავითვე ჩაიქნიეს. ამიტომაც ჩემი ტელეფონის მოსმენასაც აზრი არა აქვს და ცრემლის მოსადენადაც ცრემლსადენი გაზი სულ არ მჭირდება, რადგან გულის ოპერაციის შემდეგ თვალები ისედაც სულ სველი მაქვს და ისედაც სულ მეტირება. ეს იმიტომ ხდება, რომ, როგორც ექიმებმა ამიხსნეს, თურმე, ამ ოპერაციის შემდეგ, ადამიანები ძალიან გულჩვილები ხდებიან და საკუთარი თავი ძალიან ეცოდებათ, მაგრამ გულწრფელად შემიძლია ვაღიარო, რომ როცა შვიდი ნოემბრის კადრები ვნახე ესპანური ტელევიზიით, არა საკუთარი თავი, არამედ, ჩემი ქვეყანა შემეცოდა ყოველგვარი პათეტიკის გარეშე.
ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ისიც შემიძლია ვთქვა, რომ ბიძინა ბარათაშვილივით მენტალურად ჯანმრთელი ადამიანი იშვიათად შემხვედრია და როცა მის შუბლს გახვრეტით ემუქრება რომელიმე ხელისუფლება, მხოლოდ იმ ხელისუფლების საქმე კი არ არის ცუდად, არამედ ოპოზიციისაც, იმ საზოგადოებისა და საერთოდ იმ ქვეყნისაც. შეიძლება, ჩემს პესიმიზმს ისიც განაპირობებს, რომ საქართველოდან შორს ვარ და შორეულ ომში კი ყველა ჩვენთაგანი ბრძენია, მაგრამ მაინც გულწრფელად მიკვირს როგორ ვერ მიხვდნენ თბილისში რომ იმის გაკეთება, რაც 7 ნოემბერს მოხდა, მართლა არ შეიძლებოდა.
საქართველოს მოვლენებს ესპანეთსა და მთელს ევროპაში, ისეთი რეაქცია მოჰყვა, თითქოს მიტინგის დარბევა სხვაგან არასოდეს უნახავთ და ჩვენი ქვეყნის (წლებით ნალოლიავები) იმიჯიც, ერთ დღეში გაქრა. ზემოთქმულის მიზეზი ბევრია და ყველას ჩამოთვლა ძალიან შორს (ესპანეთის იქითაც) წაგვიყვანს, მაგრამ ძაღლის თავი სწორედ იქით, ოკეანის გადაღმაა დამარხული და ევროპელები საქართველოს ხელისუფლებას (სწორედ, პროამერიკული ორიენტაციის გამო), ერთ შეცდომასაც არ აპატიებენ. ევროპელები სწორედ ახლა ყველაზე მეტად დაეჭვდნენ იმაში, გვსურს თუ არა ქართველებს დემოკრატიული და თავისუფალი ქვეყნის შექმნა და თუ მართლა გვსურს, მაშინ რატომ არ გამოვდივართ დესეთედან, რატომ არ ვიღებთ ლუსტრაციის კანონს და რატომ ვესვრით თუნდაც რეზინის ტყვიებს ჩვენგან განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანებს.
ალექსანდრე სარაჯიშვილი ამბობდა - ქართველები მონობას უკვე ისე არიან შეჩვეულები, ერთ ბატონს მეორეთი რომ უცვლიან, თავისუფლება ჰგონიათო, და ესპანეთში რენე ჰიპენმა (ჩვენმა საამაყო სიძემ), საქართველოზე საუბრისას, ძველი მექსიკური დარდი გამახსენა.
მექსიკელები ხუმრობენ, რომ მათ უბედურებას მათი გეოგრაფია განაპირობებს - ღმერთი ცაშია, მათგან შორს და მათთან ახლოს კი, შეერთებული შტატებია. ჩვენთან კი პირიქითაა - რუსეთი ძალიან ახლოსაა და ქართული ბედნიერება კი, ჯერჯერობით, ძალიან შორს და თუ ახალი პატრონის ძებნას დავიწყებთ (ძველის სანაცვლოდ), ვერასოდეს დავბრუნდებით ევროპულ სახლში, მიუხედავად იმისა რომ ის მართლა ჩვენი სახლიც არის და ჩვენ კი მართლა უძველესი ევროპელები ვართ.
ამიტომაც მქონდა იმედი, საბჭოთა წარსულს ძალიან მალე დავივიწყებდით და ჩვენი მეხსიერებიდან ნებისმიერი საბჭოური თარიღიც კი, უკვალოდ გაქრებოდა, მაგრამ იმდენი ვქენით, რომ 7 ნოემბერი ისევ აღვადგინეთ ჩვენს ტვინებსა და ცნობიერებაში და კიდევ ერთხელ გავახსენეთ ხალხს 9 აპრილის დილა და თბილისის ყველაზე საშინელი დუმილი.
უცნაურია, რომ ქართული ნიჭი მაინც ყოველთვის ახერხებს თუნდაც იუმორით ბრძოლას ღირსებისა და თავისუფლების გადასარჩენად და რაც იმ დღეებში მოიგონეს ქართველებმა თავდაცვის მიზნით, რასაკვირველია, ყველაფერი არც მომისმენია, მაგრამ ერთმა შედევრმა ესპანეთამდეც ჩამოაღწია და უფროსი თაობის ფეხბურთის მოყვარულები, ალბათ, უკეთ გაიგებენ ამ ხუმრობის ძალასაც:
ნიკა ბერიძემ უცხოეთიდან დაურეკა თბილისში აგო ელიავას 7 ნოემბრის შემდეგ და თბილისის ამბები დაწვრილებით მოაყოლა.
პოლიტიკისაგან ძალიან შორს მდგომმა აგო ელიავამ, პოლიტიკისაგან დაახლოებით იმავე მანძილით დაშორებულ ნიკა ბერიძეს, რაც იცოდა თბილისის მოვლენების შესახებ, ყველაფერი უამბო და ბოლოს, იმავე, უსერიოზულესი ინტონაციით კიდევ ერთი ფრაზა დააყოლა - ხალხი იმედის საყურებლად პანტიანში დადისო...
P.S. საქართველოში, თურმე, თავს იმით იმშვიდებდნენ, რომ მიტინგის დარბევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
არადა, სწორედ იმ დღეებში გარდაიცვალა გოდერძი ჩოხელი და მერე რა, რომ გოდერძი მიტინგის დარბევისას არ მოუკლავთ და გულის უკმარისობით გარდაიცვალა.
გოდერძი ჩოხელი მაინც მსხვერპლია, რადგან გულის უკმარისობას სიყვარულის უკმარისობა იწვევს...
![]() |
3 კულტ-მიმოხილვა |
▲ზევით დაბრუნება |
ეტგარ კერეტი თბილისში
ავტოგრაფში გამხელილი საიდუმლო
წესი გვქონდა ასეთი - წვრილმანი იყო თუ მსხვილმანი, დღეში ერთი კარგი საქმე უნდა ჩაგვედინა და ამით მე და ჩემი მეგობარი კარმას ვისუფთავებდითო, - წერს ერთ-ერთ მოთხრობაში ეტგარ კერეტი. რამდენად დაეხმარა საქართველოში სტუმრობა მწერლის კარმას, არ ვიცი, მაგრამ ვინც 8 ნოემბერს კინოთეატრ „ამირანში“ მასთან შესახვედრად მოვიდა, ალბათ, ყველა დამეთანხმება, რომ კერეტმა იმ დღისთვის განკუთვნილი „კარგი საქმეების“ ნორმა ფრიადზე შეასრულა. მწერალთან შეხვედრა ორ დღეს იყო დაგეგმილი - 7 ნოემბერს მისი მოთხრობების კრებულის, „ნებროთმა გარეკას“, ქართული თარგმანის პრეზენტაცია და, 8 ნოემბერს მისივე რეჟისურით გადაღებული ფილმის, „მედუზას“ ჩვენება უნდა გამართულიყო, თუმცა, კერეტის სტუმრობა ჩვენს ქალაქში პოლიტიკურ გაწევ-გამოწევებს დაემთხვა და ისე მოხდა, რომ წიგნიც, ფილმიცა და მათი ავტორიც ერთსა და იმავე დღეს გავიცანით. როცა შეხვედრის დასაწყისში მასპინძელმა, შორენა შავერდაშვილმა, ჩვენი, პოლიტიკურად დაზაფრული და, ცოტა არ იყოს, შერცხვენილი აუდიტორიის შეკითხვა გაახმოვანა, რას ფიქრობთ იმ ყველაფერზე, რაც დღეს თბილისის ქუჩებში ხდებაო, კერეტმა ღიმილით დაგვამშვიდა - აბა გაიხსენეთ, მე სად ვცხოვრობ და უნდა მიკვირდეს თუ არა მსგავსი შეხლა-შემოხლებიო. მერე, რა თქმა უნდა, ერთად გავიხსენეთ და უხერხულობის დოზაც შემცირდა. ვერაფერს იტყვი - კარმა მართლაც უცნაურად სუფთა და ძლიერი აქვს.
ეტგარ კერეტი ქართველმა კითხველმა პირველად 2006 წლის ოქტომბერში გაიცნო, როცა „ცხელ შოკოლადში“ მისი პირველი მითხრობა „მილები“ და მწერლის ისტორია დაიბეჭდა. ერთი მოთხრობა და რამდენიმე ბიოგრაფიული გვერდი სრულიად საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ ეტგარისა და მისი შემოქმედების მიმართ მეტი ინტერესი გაგვჩენოდა - ეტგარი თავის ოჯახზე, სწავლისა და მუშაობის პერიოდებზე, თითქოს ყოველდღიურ და არაფრით განსაკუთრებულ მოგონებებზე ჰყვებოდა, მაგრამ სწორედ უმნიშვნელო დეტალებისადმი თავისებური დამოკიდებულება, გულწრფელი და განსაკუთრებულობის მცდელობას მოკლებული დაკვირვებები ის იშვიათი ხილია, რასაც დღევანდელი მკითხველი დანატრებულია და თუ სადმე გემო მაინც გაუსინჯა, ხელიდან ვეღარ გაუშვებს.
ეტგარ კერეტი მოთხრობების 4 კრებულის ავტორია და მისი წიგნები 17 ენაზეა თარგმნილი. „ნებროთმა გარეკა“ კი პირველი კრებულია, რომელიც ქართულ ენაზე ითარგმნა. პრეზენტაციის დასაწყისში, სანამ ჩვენ წიგნის ფურცვლის ცდუნებას ვებრძოდით, შორენამ დრო იხელთა და ცნობისმოყვარეობა დაგვიკმაყოფილა - ერთ-ერთი მოთხრობა „სქელო“ ავტორის თანდასწრებით წაგვიკითხა. მოთხრობის შესახებ კი ეტგარმა ასეთი ისტორია გვიამბო - „სქელო“ ჩემს ცოლს მივუძღვენი, როცა მან ერთ მშვენიერ დღეს შემახსენა, რომ მის შესახებ არაფერი მქონდა დაწერილი, არადა, ძალიან უნდოდა, თვითონაც ყოფილიყო ჩემი მოთხრობის გმირიო. მოთხრობისგან შექმნილი საერთო შთაბეჭდილება წიგნზე დღესაც არ გამქრობია - მხოლოდ განსაკუთრებული ნიჭითა და თვითირონიის დიდი უნარით დაჯილდოებულ ადამიანს შეუძლია წეროს ასე სადად, იუმორითა და ემოციური სპეკულაციის გარეშე „მშვენიერ და დიდსულოვან ქალზე, რომელიც მას ტკივილამდე უყვარს“. თავიდან ცოტა უცნაურად მომეჩვენა, როცა გავიგე, რომ დარბაზში, ჩვენთან ერთად არც მეტი, არც ნაკლები - წიგნის პერსონაჟები ისხდნენ - ეტგარს უფროსი ძმა და მეგობარი ახლდნენ თან. სწორედ ძმა, მამა და მეგობრები არიან კერეტის მოთხრობების მთავარი გმირებიც.
როცა ისრაელში ცნობილი მწერალი ხარ, შეგუებული უნდა იყო იმ ფაქტს, რომ შენი გვარის გასწვრივ (უფრო ხშირად კი - მაღლა) ამოს ოზის მოიხსენიებენ და, უფრო მეტიც, პარალელების გავლებასა და შემფასებლური ხასიათის დასკვნებს მოგთხოვენ. კერეტმაც მშვიდად აგვიხსნა, რომ ოზი კარგი მწერალია, თუმცა, იგი მორალისტია და ცდილობს, მკითხველს თავს მოახვიოს, რა არის კარგი და რა - ცუდი. ამავე კონტექსტში მწერალმა ისიც გვითხრა, რომ, ცოტა არ იყოს, უკვირს, როცა მას ეუბნებიან, რომ იგი აპოლიტიკური მწერალია. ჩემი პოლიტიკა, უბრალოდ, განსხვავებული პოლიტიკაა, მხოლოდ ფაქტებს ვყვები, მოვლენებს აღვწერ და დასკვნების გამოტანა უკვე მკითხველისთვის მიმინდიაო, - აგვიხსნა კერეტმა. ჩვენ კი დასკვნების გამოტანამდე წიგნების პირველ გვერდებზე ავტოგრაფები ჩამოვირიგეთ და პატარა პაუზის შემდეგ ისევ დარბაზში მოვკალათდით -წიგნამდე კიდევ ერთი სიამოვნება - „მედუზას“ ნახვა გველოდა.
ფილმის რეჟისორი თავად ეტგარ კერეტია, სცენარის ავტორი კი მისივე მეუღლე - შირა გეფენი. თურმე, მეუღლეს რამდენიმე კინორეჟისორთან მიუტანია სცენარი, და ყველამ, არც მეტი, არც ნაკლები, უარით გაისტუმრა. მიზეზად კი ჟანრობრივ უზუსტობას ასახელებდნენ - დრამისთვის ზედმეტად სასაცილოა, კომედიისთვის კი პირიქით - სევდიანიო. კერეტს კი სცენარი მოეწონა და, მეუღლის არგუმენტაციის მიუხედავად, შენ ხომ რეჟისორი არ ხარო, გადაწყვიტა, ფილმი თვითონ გადაეღო. საბოლოოდ კი, კერეტის პროფესიულ დილეტანტობას, რეჟისორულ გამოუცდელობას და ჟანრულ ეკლექტიკას სულაც არ შეუშლია ხელი იმისათვის, რომ „მედუზას“ კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე „ოქროს კამერა“ აეღო. ჩვენც ბევრი ვიცინეთ, უფრო მეტიც ვიტირეთ და ბოლოს ფილმის რეჟისორი ხანგრძლივი აპლოდისმენტით დავაჯილდოეთ. ხელწერა, რომელიც უკვე ეტგარ კერეტის შემოქმედების სავიზიტო ბარათია, ფილმსაც გასდევდა - მახვილი იუმორისა და ცხოვრებისეული დრამის შეზავებისას ზომიერების შენარჩუნება, სიყალბის ნულოვანი დოზა და ფორმა-შინაარსის მარტივი ჰარმონია.
ასეთივეა თვითონ ეტგარიც - მხიარული, სადა და უშუალო; თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ, სადღაც, ჩემს წიგნზე დატოვებული ავტოგრაფის გმირს ჰგავდეს - უცნაური, მშვიდი გამომეტყველების ნახატს, რომელსაც თავზე მეფის გვირგვინი ადგას. სიმართლე თუ გინდათ, სულაც არ გამკვირვებია იმის აღმოჩენა, რომ ამ მოკრძალებულ ადამიანს სამეფო გვირგვინებისკენ გაურბის ხელი და აზრი - ეტგარ კერეტი ხომ მწერალია.
P.S. „ცხელი შოკოლადი“ მადლობას უხდის ფარმაცევტულ კომპანია „ჯი-პი-სი“-ს ეტგარ კერეტის საქართველოში სტუმრობის მხარდაჭერისთვის.
ავტორი: მაგდა კალანდაძე
ფოტო: ლევან ხერხეულიძე
ფოლკსვაგენის საიუბილეო სიურპრიზები
გერმანული ფოლკსვაგენი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმომადგენლობითი საავტომობილო ბრენდია, რომლის საფასო სეგმენტი ქართველი მომხმარებლისთვისაც ხელმისაწვდომია. ოთხი წელია, რაც ფოლკსვაგენს საქართველოში უკვე „იბერია ბიზნეს ჯგუფი“ წარადგენს და ამ ბრენდის ახალი მოდელები შემოაქვს. 2007 წლის 18 ოქტომბერს კომპანია IBG-მა, ქართულ ბაზარზე ფოლკსვაგენის მოღვაწეობის 10 წლის იუბილე აღნიშნა, მონაცემთა ბაზაში საკუთარი კლიენტების ნუსხა მოიძია და ისინი საიუბილეო საღამოზე პოტენციურ კლიენტებთან ერთად მიიწვია.
დარბაზში საგანგებოდ წარმოდგენილ ფოლკსვაგენის სამოდელო რიგში კი, განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში ახალი სპორტული კუპე-კაბრიოლეტი _EOS აღმოჩნდა.
ბრენდის გერმანული სტილი იმ საღამოს ყველა დეტალში აისახა - ფურშეტისა თუ ლატარეაში გათამაშებული საჩუქრების თანხლებით. IBG-ის პარტნიორი კომპანიების მიერ დაწესებული პრიზების გარდა, გათამაშდა მთავარი პრიზი: მოგზაურობა ქალაქ ვოლფსბურგში, ფოლკსვაგენის ავტოქარხანაში ღია ცის ქვეშ განთავსებული მუზეუმის დასათვალიერებლად.
სამომავლოდ კი, კომპანია IBG თავის კლიენტებს ფოლკსვაგენის კიდევ ერთი ახალი მოდელის (პატარა ჯიპის) წარდგენას და მარტში მორიგი საავტომობილო ქსელის გახსნასაც დაპირდა. ახალი შოუ-რუმი აღმაშენებლის ხეივანზე დაიდებს ბინას, სხვა საავტომობილო ცენტრებისგან განსხვავებით, მომხმარებლებს შაბათ-კვირასაც უმასპინძლებს და დამატებითი მომსახურებითაც უზრუნველყოფს.
Hennessy - ალკოსგან
ფოტო: ქეთო ცაავა
Hennessy მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში სიახლეების დაფუძნებაზე მუშაობს. ახლახან კი ქართულ კომპანია „GD ალკოს“ ალკოჰოლური სასმელების ოჯახსაც შემოუერთდა. მეეჭვება Moest & Hennessy-ს რომელიმე ქვეყანაში მორიგი ბრენდის წარდგენისას ეტიკეტის ნორმები რომ დაერღვიოს, მაგრამ „ქართული ორგანიზებულობა“ ხომ მსოფლიოში ცნობილი ბრენდების საპრეზენტაციო საღამოებსაც კი „ქართულად“ მასპინძლობს. მართალია, საგანგებოდ ჩამორიგებულ ლამაზ მოსაწვევებზე გარკვევით მიუთითეს, რომ კომპანია „GD ალკოს“ პატივი აქვს 31 ოქტომბერს, 20:30 სთ-ზე night office-ში, კონიაკ Hennessy-ს წარდგენაზე მოგიწვიოთო, მაგრამ საღამო, არც მეტი არც ნაკლები, ერთი საათის დაგვიანებით დაიწყო.
კომპანია Moest & Hennessy-ს წარმომადგენლის - სტეფან კრესპელის მისალმების სიტყვას, რიგრიგობით, სამი ქართველი თარჯიმანი უმკლავდებოდა. არადა, კომპანიის წარმომადგენელი ძალიან მარტივად შეეცადა დამსწრეთათვის Hennessy-ს მოკლე ისტორია გაეცნო, პარტნიორობის გამო GD ალკოსთვის მადლობა გადაეხადა და შეგვპირებოდა, რომ საქართველოში სამომავლოდ კიდევ არაერთ ახალ ბრენდს წარადგენდნენ. იქიდან გამომდინარე, რომ Hennessy-ს ფუფუნების სამყარო, ალკოჰოლური სასმელების გარდა, მოდის სფეროს დიდ ბრენდებსაც აერთიანებს, საღამოს ორგანიზაციული მინუსები, მოდის ცნობილი ბრენდების: BALLY, CACHAREL და TRUSSARDI-ს კოლექციის ჩვენებამ გადაფარა. ისე კი, იმ საღამოს ბევრმა სიმოვნება Hennessy-ს დაგემოვნებისას უფრო მიიღო.
ავტორი: მაია ცეცაძე
![]() |
4 კომენტარი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
4.1 რატომ ვერ მივიღეთ გამოწვევა |
▲ზევით დაბრუნება |
ინტერვიუ ნინო ჯაფიაშვილთან
სამაუწყებლო კომპანია „რუსთავის 2“-ის გადაცემა „პოსტსკრიპტუმის“ რედაქტორი
ესაუბრა შორენა შავერდაშვილი
ფოტო: ლევან ხერხეულიძე
რა იყო, შენი აზრით, ჟურნალისტებისთვის ამ დროის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა?
ადვილია აკრიტიკო ხელისუფლება; ძალიან რთულია აკრიტიკო საზოგადოება, აკრიტიკო სტერეოტიპები და ტრადიციული ფასეულობები. ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა მედიისთვის საზოგადოების შეცვლაა.
ჩემი აზრით, გარდამავალ პერიოდში მნიშვნელოვანი იყო, ჟურნალისტებს დაენახათ ყველაფერი პროგრესული, აეხსნათ, რატომ არის ეს პროგრესული. ამავე დროს, ეჩვენებინათ ყველაფერი ატავისტურიც, ძალიან გამჯდარი, მაგრამ გაუცნობიერებელი და არაფრის მომცემი. არც კი დავფიქრებულვართ, ესა თუ ის ფასეულობა რატომაა ჩვენთვის მნიშვნელოვანი და არც კი გვიკითხავს, ხომ არ მიგვათრევენ ისინი უკან, წარსულში. ჩემი აზრით, ეს იყო გამოწვევა და ამ გამოწვევას ვერ ვუპასუხეთ.
რატომ? და ეხება თუ არა ეს ყველა მედია საშუალებას?
მე ძირითადად ტელემედიაზე ვლაპარაკობ.
კონფორმისტული აღმოჩნდა მედია. ფეხი აუწყო უმრავლესობას და უმრავლესობის შეხედულებებს. მედიამ არ ჩათვალა თავის მოვალეობად, ესაუბრა, მაგალითად, იმაზე, რომ ნარკომანობა ავადმყოფობაა და არა დანაშაული, რომ რელიგიური ექსტრემიზმი არ არის კარგი. ისევ პოლიტიკურ თემებზე გადაიტანა ყურადღება. საზოგადოების უმრავლესობას მოსწონს ხელისუფლების კრიტიკა და როცა ამას აკეთებს მედია, ეს მისაღებია, თუმცა, ძალიან ცოტაა ისეთი ჟურნალისტი, რომელიც დაწერდა იმაზე, რაც თავად საზოგადოების უმრავლესობას არ მოეწონებოდა. მედია ფეხს უწყობს საზოგადოების მოთხოვნებს. მაგალითად, არ არის პოპულარული თქვა, რომ კახეთში ვენახი უნდა გაიჩეხოს, თუ კომერციულად არ არის მომგებიანი და არც არავინ დაწერს ამაზე. იმიტომ რომ, კრიტიკულად აღიქმება საზოგადოების მიერ. ანუ, ჟურნალისტები თამამად გამოდიან კრიტიკოსების როლში მაშინ, როცა იციან, რომ საზოგადოების მხარდაჭერა ექნებათ. ამიტომ არის პოპულარული ხელისუფლების კრიტიკაც.
მაგალითად, საზოგადოების დიდ ნაწილს ჰგონია, რომ ჰომოსექსუალობა გადამდები დაავადებაა. ერთხელ, მახსოვს, გამოკითხვა ჩავატარეთ, რას ფიქრობთ ჰომო საპიენსებზე და, იცი, როგორი პასუხები იყო? გვეზიზღებიან, საშინელებაა, ჩემს შვილს არ გაეკარონ, ეს არის სენი... როცა საზოგადოებაში ასეთი განწყობაა, მაშინ გულუბრყვილობა არ არის, იფიქრო, რომ შენი მთავარი ამოცანაა ხელისუფლების ოპონენტი იყო? თუმცა, შეიძლება, ეს შეცდომა და გულუბრყვილობა კი არა, საკუთარი თავის შეზღუდვაა. არ მომწონს, როცა ჟურნალისტები საკუთარ თავს იზღუდავენ ამ განცხადებით. ვფიქრობ, რომ ეს ხელისუფლებაც, ეს მედიაც, ეს ოპოზიციაც ამ საზოგადოების პროდუქტია და, შესაბამისად, სწორედ საზოგადოებას სჭირდება კრიტიკა. დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, დარტყმა საკუთარ ცნობიერებას მიაყენო. ჩემს როლს, ჩემს ფუნქციას ასე განვსაზღვრავ: საზოგადოების სუსტი მხარეები, არასწორი ფასეულობები იყოს სამიზნე და არა მარტო ხელისუფლება. ასე გახდება საზოგადოება უფრო პროგრესული, ასე გადახედავს თავის სტერეოტიპულ შეხედულებებს...
ნინო ჯაფიაშვილი
საკუთარ თავზე და გამოცდილებაზე რომ ილაპარაკო, იზღუდებოდა თუ არა შენი თავისუფლება, შენი გადაცემის თავისუფლება? რამდენად გქონდა საშუალება შენ, როგორც ჟურნალისტს, გეკეთებინა ის, რასაც თავად თვლიდი საჭიროდ?
ხანდახან, როცა უთქვამთ ჟურნალისტებს, სიტყვის თავისუფლებას გვიზღუდავენო, მიფიქრია, შეზღუდული რომ არ იყოს ეს ადამიანი, ნეტა რას იტყოდა-მეთქი?! ვერაფერსაც, ან სისულელეს. მედიის პრობლემა იმდენად ის კი არ არის, რომ მასზე ზეწოლას ახდენენ, არამედ ის, რომ თავად არის შეზღუდული და ამ პირობებში ის ყოველთვის იქნება მანიპულირების საგანი.
არ აღმოჩნდა ქართული მედია ძლიერი, პროფესიონალური და კვალიფიციური. საზოგადოებას საინტერესო და მნიშვნელოვანი ვერაფერი შევთავაზეთ, ამიტომაც, ვიღაცის ხელში იარაღად ვიქეცით. ვეღარ ვმართეთ, ვეღარ გავხდით იმ სფეროს ბატონ-პატრონები, სადაც ვიყავით. აღმოჩნდა, რომ მედიას საქართველოში ყოველთვის ვიღაც მართავდა.
„რუსთავი2“ კი იყო პროგრესული ტელევიზია, მომავალზე ორიენტირებული, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ეს იყო მფლობელების დამსახურება და არა ჟურნალისტებისა. იმ ხალხისა, ვინც აძლევდა ჟურნალისტებს მიმართულებებს. თუმცა, „რუსთავი2“ ძალიან კარგ პირობებში იყო მაშინ, იმიტომ, რომ შედარებით გულუბრყვილო, სულელი, კორუმპირებული ხელისუფლების ოპონენტი იყო და, შესაბამისად, გარკვეულწილად ადვილიც იყო მაშინ ოპონირება. მაგრამ როგორც კი ხელისუფლებაში უფრო ჭკვიანი ხალხი მოვიდა, წააგო მედიამ ის ბრძოლა, რომელიც თავად აირჩია, ბრძოლა ხელისუფლებასთან. აღმოჩნდა, რომ მასზე უფრო კომპეტენტური ადამიანები ხელისუფლებაში არიან. პრეტენზიები ხელისუფლების მხრიდან, როგორც წესი, საკმაოდ არგუმენტირებული, ფაქტებზე დაყრდნობით იყო. ანუ, პირდაპირ იმას კი არ გეუბნებოდნენ, ეს არ გაუშვა ან ეს დამალეო, უბრალოდ, გეუბნებოდნენ, ფაქტობრივი შეცდომა დაუშვიო. ჩვენ კი არ გქონდა საპირისპირო არგუმენტი.
მართლა იმის შეგრძნება მქონდა, რომ შევარდნაძის მთავრობის შემდეგ გაცილებით უფრო ჭკვიანი, მომზადებული, პროფესული ხალხი მოვიდა ხელისუფლებაში, რომელთან ბრძოლაც მედიამ წააგო. ყველანაირად უფრო მომზადებულები იყვნენ, თანაც, მედიაშიც უფრო გარკვეულები, ვიდრე ჩვენ.
„რუსთავი2-ს“ აკრიტიკებენ მას შემდეგ, რაც ის „გამარჯვებული ხალხის“ ტელევიზია გახდა, არადა, „რუსთავი2“ რასაც მანამდე აკეთებდა, ისიც ძალიან შორს იყო ჟურნალისტური ეთიკისგან. რას ვგულისხმობ: იგივე „რუსთაველი მანიაკის“ საქმე, რომელიც არაერთხელ მიხსენებია. უდანაშაულო ადამიანი, რომელსაც ციხეში ყური მოაჭრეს. ფაქტობრივად, ის „მანიაკად“ ჟურნალისტების დახმარებით იქცა. ანდა, „60 წუთის“ ისტორია გაიხსენეთ, ასათიანზე. მაშინ საზოგადოება არ წუხდა ამაზე, რომ მედია ამახინჯებდა, ანგრევდა ჩვეულებრივი ადამიანების ცხოვრებას იმის გამო, რომ გადაუმოწმებელ ფაქტებს აქვეყნებდა, სენსაციაზე იყო ორიენტირებული. არც დღეს აკრიტიკებენ ტელევიზიებს ამისთვის, „რუსთავი-2-ს“, როგორც წესი, აკრიტიკებენ იმისთვის, რომ მან პრო-ხელისუფლების პოზიცია დაიჭირა.
სიმართლე რომ გითხრათ, მე, როგორც ჟურნალისტს, პრობლემები ყოველთვის საკუთარ თავთან მქონდა, როდესაც რაღაც სიტუაციაში ვერ შემიფასებია სწორად, რა უნდა გამეკეთებინა და როგორ. ყოველთვის და ყველგან, კერძო მედიაშიც, ვიღაც - მფლობელი ან რედაქტორი გეუბნება რა უნდა, რომ ეთერში ჰქონდეს. შეიძლება ამას არ დაეთანხმო, წინააღმდეგობა გაუწიო ან გაითვალისწინო. ეს არ არის პრობლემა. ყველგან შეიძლება ვიღაცას არ დაეთანხმო, მაგრამ სანამ საქმე იქამდე მივა, ვიდრე თვითონ შემოგთავაზებენ, რა უნდა გააკეთო, შენ უნდა გქონდეს უნარი, რაღაცა შესთავაზო და თან დაუმტკიცო ამის მნიშვნელობა.
კიდევ, იცით, რა იყო და ალბათ, არის ქართველი ჟურნალისტების პრობლება და შეცდომა, იმედის და რუსთავი2-საც? ძალიან ახლო ურთიერთობები პოლიტიკოსებთან.
რამდენად ჯანსაღი კონკურენცია იყო „რუსთავის 2“-სა და „იმედს“ შორის? გარდა იმისა, რომ ორივე ტელეკომპანია სხვადასხვა პოლიტიკურ მხარეს წარმოადგენდა, ისინი სხვადასხვა იდეოლოგიის მატარებლებიც იყვნენ. რამდენად იდეოლოგიზირებული იყავით თითოეული ჟურნალისტი?
მედია აღმოჩნდა ჩათრეული პოლიტიკურ თამაშში. „რუსთავი2“ იყო ცალსახად ერთი მხარე და იმედი - მეორე. ანუ სხვადასხვა ფასეულობების და იდეოლოგიის ნაწილები. „რუსთავი2-მა“, ვფიქრობ, კარგად იმუშავა „იმედის“ დახურვის საათებში. მართლაც, იყო კოლეგების მიმართ სოლიდარობის შეგრძნება, მაგრამ, მეორე მხრივ, ეს ძალიან უცნაური იყო, რადგან იდეოლოგიურად ეს ჟურნალისტები არანაირად არ შეიძლებოდა სოლიდარულები ყოფილიყვნენ. ეს იყო სოლიდარობა კოლეგების მიმართ, ვისი ეთერიც სპეცრაზმის ხელით დახურეს. მაგრამ იდეოლოგიური თვალსაზრისით, ეს ორი მედია-საშუალება, დიდი ხანია, სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდა. ერთის იდეოლოგია, თავის დროზე, პრინციპში, ეროსი კიწმარიშვილმა ჩამოაყალიბა, მეორის - ბადრი პატარკაციშვილმა, და ესეც იყო განსხვავება. მე თუ მკითხავთ, რ-2, მიუხედავად ბევრი პრობლემისა, მაინც პროგრესზე ორიენტირებული ტელევიზია იყო, „იმედი“ კი - ცოტა არ იყოს, ფსევდოპატრიოტული, რეაქციული, ქსენოფობიური. პირადად მახსოვს ის სიუჟეტები, რომელებიც, ჩემი აზრით, საზოგადოებაში ეთნიკურ და რელიგიურ შუღლს აღვივებდა. თუმცა, ეს რეიტინგული მასალები იყო, რაც ადასტურებს ჩემს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ, პირველ რიგში, საზოგადოებას აქვს პრობლემები. ყველა ხელისუფლებას აკრიტიკებს ზეწოლისთვის, ვინმე აცნობიერებს ან საუბრობს იმაზე, რომ საზოგადოებაც ახდენს ზეწოლას? ეს არავის აწუხებს, ამას არ თვლიან მნიშვნელოვნად.
ნინო ჯაფიაშვილი
ფაქტობრივად, ბოლო თვეებში „იმედსა“ და ოპოზიციურ პოლიტიკოსებს შორის გარიგება მოხდა. „იმედის“ თითქმის შეუზღუდავი ეთერი „რუსთავი-2“-ისთვის ბოიკოტის სანაცვლოდ. მანამდე კი იყო ხელისუფლების გამოუცხადებელი ბოიკოტი იმედისთვის. შეიძლება ხელისუფლება გულწრფელად თვლიდა, რომ სატელევიზიო დისკუსია ოპოზიციასთან, ნებისმიერ არხზე წყლის ნაყვა იყო და, ნაწილობრივ, ეს ასეც იყო, იცით რატომ? ჟურნალისტები არაპროფესიონალურად წარმართავდნენ ამ დიალოგს პირდაპირ ეთერში. მათ პოლიტიკური დაპირისპირება სანახაობად აქციეს. ეს არ იყო არგუმენტირებული დავა პრობლემებზე. ჟურნალისტებმა ძალიან დიდი როლი ითამაშეს იმაში, რომ ეს დიალოგი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის არაფრის მომტანი გამხდარიყო. ასეთი საუბრების შემდეგ საკითხი კი არ ირკვევოდა, პირიქით - ბურუსში იძირებოდა.
ასევე პოლიტიკურ სანახაობად, პოლიტიკურ ტრიბუნად იქცა გირგვლიანის სასამართლო პროცესი. ჟურნალისტები არიან ნაწილობრივ პასუხისმგებლები იმაზეც, რომ ხელისუფლებას მისცეს საშუალება, არგუმენტირებულად აეკრძალათ კამერები სასამართლო პროცესებზე. ხელისუფლებამ თქვა, აი, ხომ ხედავთ, ჟურნალისტები იმაზე კი არ საუბრობდნენ რა არგუმენტები ჰქონდა დაცვას, რა - ბრალდებას, რა რეაქცია - მოსამართლეს, მათ ეს თემაც კი პოლიტიკოსებს ჩაუგდეს ხელში და სასამართლო პროცესი ცირკად აქციეს.
რამდენად ადეკვატურები იყავით რუსთავი 2-ის ჟურნალისტები იმ ახალი რეალობისა, რაც რევოლუციის მერე იყო?
„რუსთავი2-ში“ მფლობელის შეცვლა ისე მოხდა, რომ ჟურნალისტებმა აზრზე მოსვლაც ვერ მოვახერხეთ. ვფიქრობ, რომ ტელევიზიიდან ჟურნალისტების წასვლა უკვე ძალიან დაგვიანებული პროტესტი იყო. ეს აღარ იყო ბრძოლა სიტყვის თავისუფლებისთვის. ნიკა ტაბატაძე ძალიან სერიოზული ბუფერი იყო ხელისუფლებასა და მედიას შორის, ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ხელისუფლება არ მისულიყო მის თითოეულ ჟურნალისტთან, რედაქტორთან და ჭკუა ესწავლებინა, რა გაეშვა და რა არა. ამ ფუნქციას, ამ დარტყმას, ამ პასუხისმგებლობას თავის თავზე იღებდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ნიკას მოსვლით შეიქმნა ილუზია, რომ ის ისევ ძველებურად თავისუფალია. დღეს ჩემი ყოფილი კოლეგები, ერთი მხრივ, ხელისუფლებას აკრიტიკებენ იმისათვის, რომ მათ პროფესია წაართვეს, მეორე მხრივ კი, ირაკლი ოქრუაშვილის პარტიაში ჩაეწერენ. ტელეკომპანიის გაყიდვის შემდეგ, ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ალბათ, პირველი თანამდებობის პირი იყო, რომლის გავლენის ქვეშაც მოექცა რუსთვი-2. და თუ ვინმემ მართლაც წაართვა ჩემს კოლეგებს პროფესია, ეს, პირველ რიგში, ირაკლი ოქრუაშვილი იყო.
წააგო თუ არა ხელისუფლებამ „იმედთან“ საინფორმაციო ომი? და როგორ ფიქრობ, რა წააგო „იმედის“ დახურვით ხელისუფლებამ, მედიამ, საზოგადოებამ? ჩვენ ყველამ ერთად?
იმედის დახურვით თუ წავაგეთ? კი, რეალობა დავამახინჯეთ. არ ვსაუბრობ იმაზე, როგორ გააკეთა ეს ხელისუფლებამ. ეს შეცდომა იყო, ეს მიუღებელია. ეს აზრი სადღაც წავიკითხე და ვეთანხმები. იმედზე სისტემატიურად გადიოდა ისეთი მასალები, რომლის გამოც, წესიერი არასამთავრობო ორგანიზაციები რომ ყოფილიყო ჩვენს ქვეყანაში და სარჩელი შეეტანათ სასამართლოში, ამ ტელეკომპანიას მოუწევდა პასუხის გაცემა იმაზე, თუ რატომ აღვივებდა ეთნიკურ და რელიგიურ შუღლს, რატომ ქადაგებდა ქსენოფობიას. მაგრამ ეს არავის გაუკეთებია და ისეთი მეთოდებით დახურეს, რომ ეს ყველას დაავიწყდა და ის ხალხი, ვისაც შეიძლებოდა პასუხი ეგო სასამართლოს წინაშე, ახლა უმრავლესობის თვალში გმირებად იქცნენ. ამას ვგულისხმობ, როცა ვამბობ, რომ რეალობა დამახინჯდა. ეს ქართული პრობლემაა, ისევ არ მოხდა ლუსტრაცია, შეცდომიდან გაკვეთილი ვერ გამოვიტანეთ, რეალობა არასწორად შევაფასეთ. ამიტომ, დიდი ალბათობაა, ეს შეცდომა ისევ განმეორდეს. ამაზე ამბობდა მამარდაშვილი, რომ ეს არის ჯოჯოხეთი, სხვა კი არაფერი.
ხელისუფლებამ მაშინაც წააგო, როდესაც „რუსთავი2“ გამოიყენა. ახალმა მფლობელებმა, ამ ტელევიზიის და მისი ჟურნალისტების შესაძლებლობები ხელისუფლების რეკლამირებისთვის გამოიყენეს და არა საზოგადოების კრიტიკისთვის. შესაძლებელია, „რუსთავი2“-სთვის ეს ძალიან რთული და არაპოპულარული ამოცანა ყოფილიყო, მაგრამ - არაკონფორმისტული.
შენ კი ამბობ, რომ ეს უფრო ძლიერი ხელისუფლებაა ვიდრე მისი წინამორბედი, მაგრამ სუსტია იმ თვალსაზრისით, რომ ეშინია ძლიერი მედიის. ასე რომ არ ყოფილიყო, გააძლიერებდა თავის მფლობელობაში მყოფ ტელევიზიებს, მაგრამ ეს მან არ გააკეთა.
არ მჯერა, რომ რომელიმე ხელისუფლებას უნდა, რომ თავისუფალი მედია ჰყავდეს, იმიტომ, რომ ეს არის პრომოუშენის წყარო. ნებისმიერი ხელისუფლების პრობლემაა თავისუფალი მედია. გამონაკლისი ვერც საქართველოს ხელისუფლება იქნებოდა.
„იმედი“ უნდა გავიდეს ეთერში. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის კონკურენცია, საზოგადოებისთვის - არჩევანი.
რა დასკვნებს აკეთებ საშენოდ? როგორ უნდა იმუშაონ ჟურნალისტებმა იმისათვის, რომ უფრო ძლიერი საზოგადოება ვიყოთ?
პირველი: უნდა გააცნობიერო და აღიარო ის სისუსტეები, რაზეც ვისაუბრე. მეორე: ალბათ, არ უნდა შეგეშინდეს, არ დანებდე და არ გაეცალო ამ სფეროს. ყველას აწყობს, საზოგადოების გარდა, რომ ახლა ჟურნალისტები, რაც შეიძლება, უსუსურები იყვნენ. ამ პირობებში მართვა ადვილია. მეორე მხრივ, ახლა ის ეტაპი მოვიდა, როცა ჟურნალისტები აუცილებლად უნდა აკრიტიკონ, ოღონდ, არა ზოგადად, უჰ, ეს დებილები, არამედ კონკრეტულად. არასამთავრობო ორგანიზაციები, საზოგადოება, ნებისმიერი ადამიანი თოთოეულ შეცდომას ბოლომდე უნდა მიყვეს, ახსნას, დაასაბუთოს, იჩივლოს. ეს მედიის პასუხისმგებლობისა და პროფესიონალიზმის დონეს აამაღლებს.
გახსოვთ ის ისტორია, „კურიერის“ სიუჟეტი ბავშვების სექსთან დაკავშირებით? ასევე შერჩა „რუსთავი2“-ს „ჯეობარიდან“ ჰომოსექსუალის გაგდების სკანდალი და ის განცხადებები, რაც „რუსთავი 2“ -ის ადმინისტრაციამ გააკეთა? მახსოვს, ვამბობდი, რომ თუ აქამდე მოსახლეობის 10 პროცენტი მაინც იყო ჩვენს მიმართ კეთილგანწყობილი, ახლა ამ 10 პროცენტის მხარდაჭერაც დავკარგეთ-მეთქი.
მე რუსთავი 2-ზე ვლაპარაკობ, მაგრამ ათასი ასეთი რაღაც შერჩა იმედს. პირველ რიგში, თუ რაღაც პროტესტის გრძნობა მიჩნდებოდა, შიგნიდან მიჩნდებოდა, ხანდახან მინდოდა საკუთარი კომპანიის თანამშრომლებისთვის თავად მეჩივლა. არ შეიძლება, საზოგადოებამ ეს რეაგირების გარეშე დატოვოს. რაც უფრო მეტად გააკრიტიკებენ ჟურნალისტებს, რაც უფრო მეტად მოსთხოვენ ფაქტებს, აწონილს, ათასჯერ გადამოწმებულს, გაზომილს, დადასტურებულს, მით უფრო კარგია ეს მედიისთვის.
საბოლოო ჯამში, ვერავიზე ვერ ვიტყვი, რომ ეს არაკომპეტენტურია და მე - კომპეტენტური, მეც მაქვს ეს პასუხისმგებლობა. ეს არის კოლექტიური პასუხისმგებლობა. ოპოზიციასთან და ხელისუფლებასთან ერთად მედიაც დიდ როლს თამაშობს იმ ყველაფერში, რაც საქართველოში ხდება.. შეიძლება, მედია ყველაზე მეტად არის დამნაშავე ამ ამბებშიც. ოპოზიციაზე და ხელისუფლებაზე მეტადაც. იმით რომ, ერთი მხრივ, პოლიტიკოსებს, საზოგადოების ერთ-ერთ ყველაზე დისკრედიტებულ ნაწილს, ასეთი დიდი მნიშვნელობა და წონა მიანიჭეს, მეორე მხრივ კი - თავი შეიზღუდეს.
P.S. ინტერვიუში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ნინო ჯაფიაშვილს და არ გამოხატავს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის პოზიციას.
![]() |
4.2 სიტყვის თავისუფლება და სამოქალაქო პასუხისმგებლობა |
▲ზევით დაბრუნება |
ავტორი: ეკა აღდგომელაშვილი
ფოტო: გიორგი აბდალაძე
რევოლუციებს და სახელმწიფო გადატრიალებებს შეუძლიათ შეცვალონ ხელისუფლება, ფორმაცია, მაგრამ არ შეუძლიათ შეცვალონ საზოგადოებრივი ცნობიერება, ეს ხანგრძლივი და რთული პროცესია. ამ პროცესში კი დამოუკიდებელი მედიის არსებობას უზარმაზარი როლი ენიჭება.
ვარდების რევოლუციამდელ საქართველოში, შევარდნაძისდროინდელი ფასადური დემოკრატიის ფონზე, სიტყვის თავისუფლება ლამის ერთადერთი რამ გახლდათ, რაც პოსტსაბჭოთა პერიოდის ყველაზე დიდ მონაპოვრად შეიძლება ჩაითვალოს. სხვა საკითხია ჟურნალისტური ეთიკისა და პროფესიონალიზმის პრობლემა ქართულ მედიაში, რომელიც დღესაც აქტუალურია. დასავლურ ქვეყნებში, სადაც სიტყვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ ფუნდამენტურ ღირებულებადაა აღიარებული და გარანტირებულია კანონით, საკმაოდ აპრობირებული მეთოდია მედიის თვითრეგულირების მექანიზმების შემუშავება. ეთიკური და პროფესიული სტანდარტების შემუშავება და მათი დაცვა თავად მედიის მიერ შექმნილი ინსტიტუტის მეშვეობით ხდება, რასაც მინიმუმამდე დაჰყავს საფრთხე, რომელსაც ცენზურის არსებობა უქმნის სიტყვის თავისუფლებას.
„მედიის პროფესიული სტანდარტი“ 5 წლის წინ შემუშავდა საქართველოში. შეიქმნა მედია-საბჭოც, რომელსაც, ერთი მხრივ, უნდა დაერეგულირებინა ჟურნალისტურ ეთიკასთან დაკავშირებული პრობლემები, მეორე მხრივ კი - ჟურნალისტები უნდა დაეცვა ზეწოლისაგან. სამწუხაროდ, მედია საბჭოს მუშაობა არაეფექტური აღმოჩნდა. მედია საშუალების ზოგიერთი წამომადგენლისათვის ცენზურის ნებისმიერი ფორმა, მათ შორის, თვითცენზურა აღმოჩნდა მიუღებელი, ზოგმა მედია-საბჭოს კონკრეტულ შემადგენლობას გამოუცხადა უნდობლობა, ზოგს კი, არასაკმარისად ეფექტურად მიაჩნია შემუშავებული მექანიზმები. თუმცა, მედიის თვითრეგულირების ეფექტური მექანიზმის არარსებობა არც ერთადერთი პრობლემაა, და შესაბამისად, არც მთელი პასუხისმგებლობის მედიაზე გადატანაა გამოსავალი შექმნილი სიტუაციიდან.
სამწუხაროდ, ვარდების რევოლუციის შემდგომმა პერიოდმა დაგვანახა, რომ ხელისუფლებისათვის ლიბერალური ფასეულობები და ღირებულებები მეორეხარისხოვანი აღმოჩნდა. სამოქალაქო საზოგადოებისა და სხვა დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების სანაცვლოდ, ხელისუფლებამ სხვა პრიორიტეტები აირჩია და რესურსების ძირითადი ნაწილი სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებისაკენ მიმართა. დემოკრატიულ რიტორიკას მილიტარისტული ჩაენაცვლა და ძირითადი აქცენტი ფსევდოპატრიოტულ-პათეტიკურ პროპაგანდაზე გადავიდა.
ცხადია, აქცენტების ამგვარი წანაცვლება დეკლარირებული ღირებულებების გაუფასურება მედიაზეც აისახა. ვარდების რევოლუციის შემდეგ, ჩვენს მედია სივრცეში მკვეთრად შეიცვალა სიტუაცია (ამ შემთხვევაში მხედველობაში მაქვს სატელევიზიო მედია საშუალებები, რომელთაც ზემოქმედების ძალითა და აუდიტორიის სიმრავლით, ცხადია, ვერც ერთი სხვა მედია საშუალება ვერ გაუწევს კონკურენციას საქართველოში. სავარაუდოდ, სწორედ ეს განაპირობებს ხელისუფლების ამგვარ აქტიურობას მათზე გავლენის მოპოვების თვალსაზრისით). დაიხურა რამდენიმე ტელეკომპანია, ეთერიდან გაქრა პოლიტიკური თოქ-შოუები, რამაც, თავის მხრივ, მკვეთრად შეამცირა სივრცე დიალოგისა და დებატებისათვის საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან თემებზე. ხელისუფლების წარმომადგენლები ალოგიკურს უწოდებენ საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებს და ტელეკომპანიებისა და თოქ-შოუების დახურვა/გაქრობას მედია მფლობელის პირად ინიციატივას მიაწერენ. (ამგვარ „პირად ინიციატივებზე“ მარკ ტვენის ერთი გამონათქვამი მახსენდება: „ამ ქვეყანაში ჩვენ სამი მნიშვნელოვანი რამ გვაქვს: სიტყვის თავისუფლება, აზრის თავისუფლება და საკმარისი სიბრძნე, რომ არასოდეს გამოვიყენოთ არც ერთი და არც მეორე“).
პირდაპირი თუ არაპირდაპირი ზეწოლის გზით, ხელისუფლებამ შეძლო საკუთარი გავლენის გავრცელება თითქმის ყველა ელექტრონულ მედიაზე. ცვლილებები ბაზარზე დარჩენილ მედია მესაკუთრეებსაც შეეხო. ტელეკომპანია „რუსთავი 2“ და „მზე“ ხელისუფლებასთან დაახლოებულმა პირებმა იყიდეს (ყოველ შემთხვევაში, ყიდვის დროს ხელისუფლების სიმპათიები სხვაგვარად იყო გადანაწილებული), რაც აისახა კიდევაც ამ მედია საშუალებების საინფორმაციო პოლიტიკასა და ხარისხზე, შესაბამისად მათ რეიტინგზეც. რაც შეეხება საზოგადოებრივ ტელევიზიას, სამეურვეო საბჭოს შემადგენლობა ეჭვს არ ტოვებს, რომ ხელმძღვანელობის დანიშვნისას აქაც მაქსიმალურად იქნებოდა გათვალისწინებული ხელისუფლების მოთხოვნები. თუმცა, ვარაუდებს რომ თავი დავანებოთ, შედეგი სახეზეა და ამით ყველაფერია ნათქვამი (ყოველ შემთხვევაში, საზოგადოების დიდი ნაწილისათვის ხელისუფალთა ერთი ჯგუფი დღემდე ასოცირდება „თავისუფლების ინსტიტუტთან“).
ამგვარად, ჯანსაღი კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნის ხელშეწყობის ნაცვლად, ხელისუფლებამ მეტ-ნაკლებად საკუთარი კონტროლის ქვეშ მოაქცია თითქმის ყველა ტელეკომპანია. სამწუხაროდ, ერთადერთი ოპოზიციური ნიშა, რომელიც ხელისუფლების კრიტიკის უფლებას მისცემდა თავს, ტელეკომპანია „იმედმა“ დაიკავა. სამწუხაროდ-მეთქი, ვამბობ, რადგან ლიბერალური ფასეულობები ტელეკომპანიის მესვეურთათვის მხოლოდ ხელისუფლებასთან ვაჭრობის საგანი და პოზა გახლდათ, რაც კიდევ უფრო კონტრასტულად ჩანდა მათი მკვეთრად ქსენოფობიური საინფორმაციო პოლიტიკის ფონზე. საპასუხოდ, ხელისუფლებამ ჯერ ბუტიობანას თამაში დაიწყო მედიასთან, რაშიც ოპოზიციამაც აუბა მხარი. ხელისუფლებამ „იმედს“ გამოუცხადა ბოიკოტი, განაწყენებულმა ოპოზიციამ კი „რუსთავი2-ს“. ყოველივე ამან, ცხადია, კიდევ უფრო გააძლიერა ორივე ტელეკომპანიის ტენდენციურობა. დიალოგსა და საჯარო დებატებში მონაწილეობის უუნარობამ თუ სურვილის უქონლობამ ხელისუფლებისა და ოპოზიციის მხრიდან, გარკვეულწილად, წინასწარ განსაზღვრა დაგროვილი მუხტის გამოხატვის ფორმებიც. მიტინგები, დარბევა და ბოლოს ტელეკომპანია „იმედის“ შენობაში შეჭრა ამ პროცესების ლოგიკურ გაგრძელებად შეიძლება მოვიაზროთ.
ყველასათვის ცხადია, რომ მიზეზი, რის გამოც ტელეკომპანია „იმედი“ ახლადგამომცხვარი ცენზორების გავლენის მიღმა დარჩა, მისი ფინანსური მდგრადობა გახლდათ, რაც, თავის მხრივ, დამოუკიდებელი მედიის არსებობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პირობაა. ქვეყანაში არსებული საერთო ეკონომიური მდგომარეობა და საშუალო ფენის არარსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს არათუ მედია საშუალების დამოუკიდებლობის, არამედ მისი არსებობის საკითხსაც კი. მიუხედავად ამისა, 90-იანი წლების დასაწყისში, ერთი მხრივ, საზოგადოებაში არსებულმა მოთხოვნამ, მეორე მხრივ კი, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედია საშუალებების მჭიდრო თანამშრომლობამ, გარკვეულწილად შეძლო ამინდის შეცვლა ქვეყანაში, თუმცა, დიდი ხნით არა. თავისი როლი ითამაშა ფონდებიდან მიღებულმა სუბსიდიებმაც და დახმარებებმაც, რომელიც ქვეყანაში დამოუკიდებელი მედია საშუალებების ჩამოყალიბებას ისახავდა მიზნად. დღესდღეობით, სუსტად განვითარებული რეკლამის ბაზარი და ქვეყანაში არსებული ეკონომიკური პრობლემები მედია საშუალებებს აიძულებს გადარჩენისათვის სხვა გზები ეძებონ.
სხვა საკითხია, როცა საქმე საზოგადოებრივ მაუწყებლობას ეხება. თუკი, სხვა მედია საშუალებების შემთხვევაში თავს მხოლოდ კრიტიკის უფლება შეიძლება მივცეთ, ამ შემთხვევაში საქმე სხვაგვარადაა. საზოგადოებრივი მაუწყებლობა ჩვენი გადასახადების ხარჯზე არსებობს და მისი ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფა ამგვარი ფორმით, ერთი მხრივ, ათავისუფლებს მას ხელისუფლების ზეწოლისაგან, მეორე მხრივ, ავალდებულებს მას საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით იმოქმედოს. ვფიქრობ, დღესდღეობით, აუცილებელია საზოგადოების ყურადღება და ინტელექტუალური რესურსები სწორედ საზოგადოებრივი ტელევიზიისაკენ იქნას მიმართული.
![]() |
4.3 დამოურჩილებლობიდან დამოუკიდებლობამდე |
▲ზევით დაბრუნება |
ვუძღვნი ზურაბ ჟვანიას ხსოვნას
ავტორი: ლელა გაფრინდაშვილი
ფოტო: დათო როსტომაშვილი
7 ნოემბერი, 2007
დღეს 7 ნოემბერია. მთელი ღამე მილოშ ფორმანის ფილმის კადრები მიტრიალებს თვალწინ: სადამსჯელო ოპერაციის შემდეგ ექთანი რეჩედი მშვიდად, ჩვეული მლიქვნელური ღიმილით ესალმება პაციენტებს, მუსიკას ურთავს და წამლის მისაღებად ეპატიჟება.
ყველა ბედნიერია, მხოლოდ კრისტოფერ ლოიდის გმირია (თეიბისი, მაიაკოვსკის რომ ჰგავს) უცნაურად ჩაფიქრებული: კარგად იცის, რა მოხდა და ამიტომ ვერ ღებულობს ამ წესრიგს, ძალადობის შეუმჩნევლობას და შეუფასებლობას, საგანგებოდ გამოცხადებულ სიჩუმეს და გაჩუმებას. მთელი ღამე რაღაც საშინელის მოლოდინშია და აი, მეამბოხე პატრიკ მაკმარფი საგანგებოდ დასაჯეს და გათიშული აგდია თავის საწოლზე. გუგულის ბუდე სასაკლაოდ იქცა - ყველა დაისჯება, ვინც წესებს დაარღვევს ან მათ სამართლიანობაში დაეჭვდება.
რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმის გამოჩენა ჩემთვისაც შოკისმომგვრელი იყო. სხვების მსგავსად, ძალადობის თავიდან ასაცილებლად, წინააღმდეგობის გაწევაც ვცადე, მაგრამ ხელკეტით მიპასუხეს. ხელისუფლებამ დასაჯა ხალხი, რომელიც მისგან დალაპარაკებას ითხოვდა და თვალი აღარ დახუჭა ძალადობაზე.
მგონი, დადგა დრო გულდასმით წავიკითხოთ ჩვენი უახლესი ისტორია, კარგად დავაკვირდეთ მის ლაბირინთებს, შევაფასოთ ჩვენი ადგილი მასში, რადგან მხოლოდ ამ სამუშაოს შესრულება აგვიხელს თვალებს და მოგვცემს საშუალებას შემდეგი არჩევანი მაინც გავაკეთოთ დაფიქრებულებმა და არა - გაბრაზებულებმა ან აღტაცებულებმა, რათა ამიერიდან აღარ ვიყოთ „მოსახლეობა“ (ამ ნოემბრის დღეებში პოლიტიკოსთა უმრავლესობა სწორედ ასე მოგვიხსენიებდა) და, ყველამ ერთად და, თითოეულმა ცალ-ცალკე დავიჯეროთ: „მე ვარ ქართველი“ ნიშნავს „მე ვარ საქართველოს მოქალაქე“, პასუხისმგებელი და მონაწილე ამომრჩეველი.
არ ვიცი, ეს წერილი სხვებისთვის კრიტიკული რეფლექსიის გასაღების როლს რამდენად შეასრულებს, მაგრამ ჩემთვის, საქართველოს სამოქალაქო ისტორიაში და დღევანდელ პროცესებში საკუთარი ადგილის დანახვა, დღეს უკვე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
ONLY BLOOD
მე კი მეგონა, - იმ ღამის შემდეგ
მსოფლიო წესრიგს საღერღელი აეშლებოდა,
და ხის საათში დამწყვდეული რკინის გუგული
ვეღარასოდეს აუწყებდა ქალაქს განთიადს,
ხვალინდელ აისს დაასწრებდა ჩემი დაისი,
მაგრამ...
აქ, ჩემს ქალაქში ყველაფერი საათივით აწყობილია
და ვით ამ წესრიგს, უგერგილო წესრიგს - ქაოსი,
ისე მჭირდება დილიდანვე წასული დედა!
ასეთი მძიმე მელანქოლიით შევუდექი სწავლას 1988 წელს. დედის დაღუპვით დანაწევრებულს, რაღაც მძაფრი და უფრო დამანგრეველი მჭირდებოდა, რომ უკიდურეს სასოწარკვეთას ჩემთვის გონების თვალი აეხილა და ფიზიკური და სულიერი სხეული აღმედგინა. მოკლედ, ეროვნულ-განმათავისუფლებელმა მოძრაობამ სულზე მომისწრო. სასწრაფოდ დავიწყე პირველი რესპუბლიკის შესახებ მასალის ძებნა და ერთი წერილი გამოვჩხრიკე. იგი 1919 წლის მარტში დამფუძნებელი კრების ანუ პარლამენტის არჩევნებს აღწერდა. აქვე იყო ნოე ჟორდანიას აზრიც - ამ ჩვენ თავყრილობას სიტყვა „პარლამენტი“ ისე უხდებოდა, როგორც ძროხას უნაგირიო.
სახალხო გამოსვლებმა თავის აპოთეოზს მიაღწია. წერა-კითხვის სურვილი გამიქრა. ცოდნაზე, ინფორმაციაზე, ჭეშმარიტებაზე მონოპოლია მიტინგმა და ეროვნული მოძრაობის ლიდერებმა მოიპოვეს. საზოგადოებრივი სივრცე იმპერიის სიძულვილის რიტორიკით გაჯერდა. თითქოს, კრემლის ლანძღვა და დაუმორჩილებლობა საკმარისი იყო დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად. ამიტომაც კამერის წინ მდგომმა ერთ-ერთმა მომიტინგემ დროშა მაღლა ასწია, წარბები შეიჭმუხნა და განაცხადა: „ჩვენი მთავარი ამოცანაა დამოურჩილებლობა!“.
რადიკალური ნაციონალიზმის სულისკვეთებამ ზომიერი და ლიბერალური ხედვები აშკარად დაჯაბნა. დღესაც მახსოვს ფილოსოფოს ოთარ ჯიოევის წინააღმდეგ წამოწყებული კამპანია: ოსები უნდა დაგმო, შენ ეს გევალება, რადგან საქართველოს წინაშე ვალში ხარ - აკადემიკოსობა მოგეცითო. ზურაბ ჭავჭავაძეს კი, აფხაზების მიმართ აგრესიის კრიტიკა ვერ აპატიეს: ტელევიზიით მრავალჯერ გადაიცა ვიდეო ჩანაწერი იმ შეხვედრისა, სადაც გიორგი ჭანტურია ზვიად გამსახურდიას შუბლის გახვრეტით ემუქრებოდა, ის კი ეუბნებოდა, შენი პოზიციის გამო კაცად აღარ მიმაჩნიხარო.
მარტის ბოლოდან უკვე ხმები დადიოდა, მიტინგს დაარბევენო და 9 აპრილს ასეც მოხდა - გამორჩეული სისასტიკით დავისაჯეთ. შინდაბრუნებულმა პირველად გავაცნობიერე საბჭოთა რეჟიმის ძალადობრივი ბუნება.
მალე თბილისში უცხოელების მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმი გავრცელდა, სადაც ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი დამოუკიდებლობის მოპოვების გზაზე „სისხლს“ ერთადერთ, აუცილებელ პირობად მივიჩნევდა (Only Blood!).
უნივერსიტეტის წინ შეკრებილ ჩემს მეგობრებს აღშფოთებული ვუმტკიცებდი ამ პოზიციის არაჰუმანურობას. დღემდე მახსოვს, როგორ მწვდა ყელში ერთი ფილოლოგი გოგო და ასეთი აზრების გამოთქმა ამიკრძალა. მისი გადმოკარკლული თვალები და არაბუნებრივად გრძელი ფრჩხილები მთელი წელი მესიზმრებოდა.
სახალხო პროტესტის ახალი ტალღა ისე დაიწყო, რომ მომხდარის შეფასებას და, მით უფრო, კრიტიკას, ვერავინ ბედავდა. ადამიანებს არ მიეცათ ამ პროცესებში მათი ადგილის, პასუხისმგებლობის გააზრების საშუალება. ისინი ძალადობას კი აპროტესტებდნენ, მაგრამ მომავლის პერსპექტივას ძალიან ბუნდოვნად ხედავდნენ.
სულ მალე დაიწყო „მტრების“ ძიება ხან განსხვავებულად მოაზროვნეებში, ხან - პოლიტიკურ ოპონენტებში, ხან - საქართველოსკენ დაძრულ 300 000 მესხეთელ თურქში. ისეთი განცდა მქონდა, რომ მტერი თუ არ გყავდა, - ადამიანი არ იყავი!
არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, მერაბ მამარდაშვილთან ინტერვიუ დაიბეჭდა გაზეთ „თბილისში“ -„ხომ არ დადგა ჟამი, ვერტიკალური მდგომარეობა მივიღოთ და თვალი გავუსწოროთ წარსულს, აწმყოსა და მომავალს? ხომ არ დადგა ჟამი, დავძლიოთ მიტინგის ისტერია, ავირჩიოთ ერთი ღვეთაება - აზრი, ღირსება და სულგრძელობა ადამიანისა, რომელიც დარწმუნებულია თავის შინაგან სიმყარესა და ძალაში?
მაგრამ ამისათვის საჭიროა არა დატუქსვა, არა ზევიდან ბრძანება, არამედ - მოთმინება. ადამიანებს უნდა მიეცეთ საშუალება, თავად გაირბინონ აზრის დასაწყისსა და დასასრულს შორის არსებული შინაგანი მანძილი. გრძნობები უნდა დაკრისტალდეს ზოგადკაცობრიულამდე.. არ შეიძლება ადამიანს გარედან მიენიჭოს ღირსების, სინდისისა და პატიოსნების გრძნობა“.
1990 წლის არც საპარლამენტო და არც საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა არ მიმიღია, რადგან უკვე ვიცოდი ვის აირჩევდნენ. რეფერენდუმში კი, ხმა საქართველოს დამოუკიდებლობას მივეცი.
ერთ წელიწადში, ხელისუფლებასა და ოპზიციას შორის დიალოგის, კრიტიკული აზრის შეუძლებლობამ საზოგადოება ნელ-ნელა ორად გაყო, რუსთაველის გამზირზე მიიყვანა და ერთმანეთს დაუპირისპირა. პრეზიდენტის მხარდამჭერთა პათოსი ერთ-ერთმა მათგანმა ასე ჩამოაყალიბა „Ему не нужны интелигенты, он сам интелигент...“
ბარიკადის მეორე მხარეს კი, პირველი ტყვიის გავარდნამდე, გია აბესაძემ ბენზინი გადაისხა და თავი დაიწვა. როგორც ჩანს, იმედი ჰქონდა, რომ ეს ზვარაკი მხარეებს დიალოგის დაწყებას აიძულებდა, მაგრამ სიძულვილით დაბრმავებულებს ვეღარაფერი შეაჩერებდა და 1992 წლის 10 იანვარს ზვიად გამსახურდია და მისი მთავრობის წევრები ქვეყვიდან გაიქცნენ...
დაიწყო „გამარჯვებულების“ მიერ „დამარცხებულთა“ მხილება და დევნა. პროპაგანდა ისეთი ძლიერი იყო, რომ მიტინგების უმოწყალოდ დახვრეტის წინააღმდეგაც კი ხმას არავინ იღებდა. ქვეყანას კრიმინალები მართავდნენ და ბევრს ანგარიშსწორების ეშინოდა. ზოგი დუმილს ირჩევდა, მტყუან-მართალის გარკვევისათვის თავს არ იწუხებდა, რადგან გულის სიღრმეში ეთანხმებოდა მოძალადეებს. ზოგს კი - ასეთი სისასტიკე, უბრალოდ, ვერ წარმოგვედგინა. გაჩუმებულებს, ამ ზნეობრივი დაუდევრობის გამო, ჩვენმა მეგობარმა ნინო ცირამუამ გვითხრა: „დრო მოვა და შეგრცხვებათ ამ დუმილის გამოო“.
ეს დრო მოვიდა და ნამდვილად მრცხვენია, რომ ამ გაუგონარ სისასტიკეს არაფერი დავუპირისპირე.
რუსეთიდან დაბრუნებული ედუარდ შევარდნაძის ხელმძღვანელობით, 1994 წელს, არჩევნები ჩატარდა. სამხედრო საბჭოს მემკვიდრე პარლამენტმა ახალი კონსტიტუცია მიიღო და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვან კონვენციასა და დოკუმენტს შეუერთდა. მაგრამ კანონისა და სამართლიანობისათვის ბრძოლა ხელისუფლებაში მოკალათებულ „ავტორიტეტებთან“ დაპირისპირებას ნიშნავდა. ამიტომაც ერთ-ერთ სხდომაზე ჯაბა იოსელიანმა ქვეყნის მმართველს შიდა, საკადრო პოლიტიკის წარმოების რუსული მანერა დაუწუნა და მას ასეთი ფორმულირება მოუძებნა: „Бей своих, чтобы другие пугались“ ანუ ჩვენ ნუ გვებრძვი, ჩვენ შენიანები ვართო.
1995 წელს, დავით ზეიკიძის პარლამენტში შევარდნის შემდეგ, ყოფილი მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის შენობის ფანჯარასთან მდგომ, წასასვლელად გამზადებულ პრეზიდენტს ხალხმა დაუჩოქა - არ წახვიდეო და მანაც დაუჯერა ხალხს. თუმცა, მის მოსაკლავად ჯერ თავისიანებმა, მოგვიანებით კი - რევანშისტებმა ტერაქტები მოაწყვეს, მაგრამ გადავრჩით!
7 ნოემბერი, 2007
მე თვითონ ანუ თანამშრომლობა თანასწორობისათვის
რომ არა ქალიშვილის, ნატოს, დაბადება, ის წლები უკვე წონასწორობას მაკარგვინებდა. შუქი და გაზი გამოირთო, პროდუქტებზე დეფიციტი გამძაფრდა. ჩემი პირმშოს წყალობით, ოჯახს ნათესავები კარაქით, შაქრით და რძის პროდუქტებით უშურველად ამარაგებდნენ.
დაუსრულებელი ენერგოკრიზისით გაგიჟებული, სწორედ მომიტინგესავით ვიქცეოდი. ამ დროს ჩემმა გერმანელმა მეგობარმა, ნატალი კუხინკამ, დამირეკა. ცოტა ხანს მისმინა, როგორ ვილანძღებოდი და მერე მკითხა:
- შენ თვითონ რას აკეთებ იმისთვის, რომ ეს სიტუაცია შეცვალო? მიდი, საზოგადოებრივი ორგანიზაცია დააფუძნე, იპოვე თანამოაზრეები და იმოქმედე უკეთესი საქართველოსთვის. ტირილით და ლანძღვით ვერაფერს შეცვლი. პოლიტიკოსები ყველგან ერთნაირები არიან, საზოგადოებები განსხვავდებიან ერთმანეთისგან.
- როგორ, შენ გინდა თქვა, რომ გერმანიის მთავრობა ქართულს ჰგავს?
- აბა, რა გგონია? გენშერი ხომ შევარდნაძის მეგობარია? გააკეთე დასკვნები!
ეს საუბარი გველის ნაკბენივით მახსენდება, მაგრამ არასამთავრობო სექტორში საქმიანობისკენ სწორედ მან მიბიძგა. 1997 წელს ქალთა უფლებების დამცველი ასოციაცია დავაფუძნე, დარწმუნებულმა, რომ ქალების სოციალურ-პოლიტიკური სტატუსის გაზრდას ბევრი, ქვეყნისთვის სასიკეთო ცვლილების გამოწვევა შეუძლია.
ორგანიზაციის რეგისტრაცია კი ძალიან მარტივი იყო, მაგრამ თანამოაზრეთა პოვნა - საარაკოდ ძნელი, ამიტომ სოციალური აქტიურობის მორევში მარტო გადავეშვი. ამავე წელს გახსნილი ომბუცმენის ოფისი მოქმედების სტიმულს მაძლევდა. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ოფისს ომბუცმენის მოვალეობის შემსრულებლები უფრო დიდხანს ხელმძღვანელობდნენ, ვიდრე თავად სახალხო დამცველები. მათგან პირველსაც, ყოფილ პოლიციელ დავით სარალიძეს, თავისი სამსახურის გამო, აშკარად გული უწუხდა და ამიტომ 1999 წელს მაჟორიტარობა გადაწყვიტა.
ამ არჩევნებზე დამოუკიდებელი დამკვირვებელი ვიყავი. მარათონში 33 პარტია და ბლოკი მონაწილეობდა(!) მთელი საარჩევნო კამპანიის სიმძიმე სწორედ ქალებზე გადადიოდა: ამომრჩეველთან შეხვედრების ორგანიზება, პარტიის საინფორმაციო ბუკლეტების დარიგება. პარტიათა ნდობით აღჭურვილი პირები საარჩევნო უბნებზე ძირითადად ქალები იყვნენ, მაგრამ მათ თვითონ პოლიტიკაში მონაწილეობის ამბიცია არ ჰქონდათ - პარტიის წევრი მამაკაცებისთვის იბრძოდნენ.
ვაკის რაიონში, ჩემს უბანზე პროპორციული არჩევნები „ლეიბორისტებმა“ მოიგეს, ხოლო მაჟორიტარულში - დავით სარალიძემ მიხეილ სააკაშვილი დაამარცხა. სახლში წამოსასვლელად გამზადებულმა დავინახე, როგორ ტიროდა კომისიის თავმჯდომარე ქალი, რომელსაც, თურმე, სულ სხვა შედეგზე მოაწერინეს ხელი. შევთავაზე გავაპროტესტოთმეთქი, მაგრამ ჩემს წინადადებაზე კომისიის დანარჩენი წევრები კინაღამ სიცილით გაიგუდნენ. მარტო მე რას გავხდებოდი?! რამეს რომ მიაღწიო თანამოაზრეთა თანამშრომლობა გჭირდება, მაგრამ ეს მაშინ ძალიან დიდი დეფიციტი, თითქმის წარმოუდგენელი იყო, რადგან მოქალაქეებს ვერც კი წარმოედგინათ სოციალურ და პოლიტიკურ პროცესებში მათი მონაწილეობის მნიშვნელობა, იდეის გარშემო გაერთიანება და არა -კერპების ძებნა და პოლიტიკური ლიდერის გაქაჩვა.
მე მაინც ვმოძრაობდი. სამი-ოთხი წელი ბევრი ქართველი, საქმიანი პარტნიორი ჩემი ორგანიზაციის სახელწოდებაში („ქალების ინიციატივა თანასწორობისათვის“) სიტყვა „თანასწორობას“ რატომღაც „თანამშრომლობით“ ცვლიდა. თავიდან ვიფიქრე, რომ ამას ცნებათა მსგავსი ჟღერადობა და ანატომია იწვევდა. ერთხელაც, ჟურნალისტთაგან ერთმა ჩემს ნაწერში იგი „მშვიდობით“ შეცვალა, ხოლო მეორემ - „წონასწორობით“. ცხადია, ეს უკვე არც სმენის პრობლემა იყო და არც მხედველობის, არამედ ეს მენტალური დეფექტი გახლდათ, თანასწორობის იდეის ფარული მიუღებლობა. ამ გაუცნობიერებელ მიკერძოებაში როლს ისიც თამაშობდა, რომ იმ ეპოქის ადამიანისთვის მშვიდობა და წონასწორობა (სტაბილურობა!) განუზომლად მნიშვნელოვანი იყო.
იანვარში საქართველო ევროსაბჭოს წევრი გახდა. „მე ვარ ქართველი და მაშასადამე ვარ ევროპელი“ - ზურაბ ჟვანიას ეს გამონათქვამი დასავლეთისკენ სწრაფვის ქართულ ფორმულად იქცა.
მაგრამ ევროპის მოქალაქე რომ იყო, ჯერ შენი ქვეყნის მოქალაქე უნდა გახდე, უნდა ჩაერიო, მონაწილეობა მიიღო საზოგადოებრივ პროცესში. უნდა დაიჯერო, რომ შენი მონაწილეობის გარეშე არაფერი შეიცვლება. მე ეს უკვე მტკიცედ მჯეროდა.
ხალხის სახელით, ხალხის გარეშე
უკვე 2001 წელს ქვეყანაში სიტუაცია დაიძაბა: ძალოვანების „რუსთავი 2“-ში შესვლა და სახელმწიფო ტელევიზიის ისტორიულ-ისტერიული გადაცემა - ეკა ბერიძის, ინგა გრიგოლიას, ნინო დარასელის ხელებაკაპიწებული შეტევა ელდარ შენგელაიას წინააღმდეგ.
პარლამენტის წინ შეკრებილი ხალხის მოთხოვნის გამო ზურაბ ჟვანია, 2 ნოემბერს, შემდეგი სიტყვებით გადადგა:
„1995 წლის შემდეგ პარლამენტს პირველად უხდება ექსტრემალურ პირობებში მუშაობა...
პრეზიდენტის გუშინდელი სატელევიზიო გამოსვლის შემდეგ შემექმნა შთაბეჭდილება, რომ იგი დღესაც კი არ აფასებს რეალურად იმ საზოგადოებაში შექმნილ ვითარებას, რომლის მეთაურიც ის გახლავთ. ის საკმაოდ დისტანცირებულია ამომრჩევლისგან, რომელმაც იგი ამ საზოგადოების ლიდერად აირჩია.
სპიკერის სავარძელს ზურაბ ჟვანიასთვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. მე გადავდგები ჩემი თანამდებობიდან, ოღონდ, ეს განცხადება ავტომატურად შევა ძალაში მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც თავის თანამდებობას დატოვებს შინაგან საქმეთა მინისტრი... საჭიროა ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე ვიფიქროთ...“
დღესაც მახსოვს პოზიცია-ოპოზიციის საკვირველი შეხმატკბილება და საუბრები ზურაბ ჟვანიას ღირსებებზე, ვაჟკაცობაზე და გაბედულებაზე. ამ სურათით შთაგონებულმა კახა თარგამაძემაც კი დაუყოვნებლივ შესძახა: „თხა თხაზე ნაკლები მგელმა შეჭამაო“. პროკურორ გია მეფარიშვილს ძალიან კი გაუჭირდა, მაგრამ სკამი მანაც დათმო.
ედუარდ შევარდნაძემ ყველა ხერხს მიმართა, ბოლომდე აჩვენა თავისი ჭეშმარიტი სახე - საქართველოს მტრად მონათლული ასლანისადმი ფარული სიყვარული, ძალაუფლების ფლობის დაუოკებელი ვნება, მაგრამ უსამართლობის წინააღმდეგ და თავიანთი ხმების დასაცავად გამოსულ უამრავ მოქალაქეს ვეღარაფერი დაუპირისპირა და გადადგა.
2004 წლის იანვარში, რევოლუციის ტალღის ქიმზე ამხედრებული მიხეილ სააკაშვილი, პრეზიდენტობის უალტერნატივო კანდიდატი იყო და ხალხმა აირჩია კიდეც. მარტის განმეორებითი საპარლამენტო არჩევნების კანდიდატთა სიები ბევრი ვეძებე და ვერსად ვიპოვე. „ნაციონალური მოძრაობა“ უმრავლესობით მოვიდა და რამდენიმე მაჟორიტარი, რესპუბლიკელი და მემარჯვენე, ბუნებრივია, გადაწყვეტილების მიღებაზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენდა. ამიტომ უმრავლესობის წევრები მალე ბოლშევიკებს დაემსგავსნენ: კონსტიტუცია შეცვალეს, ხელფასები გაიზარდეს და ყველა, ვინც მათ არ ეთანხმებოდა, ცემეს ან ქვეყნის მტრად გამოაცხადეს.
2004 წლის 15 ივნისს, პარლამენტართა მიერ საკუთარი ხელფასების 1300 ლარამდე გაზრდის ინიციატივას მხოლოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი რუსუდან ენუქიძე გამოეხმაურა და პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს ღია წერილი გაუგზავნა.
მან გააკრიტიკა პარლამენტართა უზომოდ გაბერილი რაოდენობა და არაპროფესიონალიზმი: „ხომ არ გეჩვენებათ (ჩვენ კი ნამდვილად ასე ვფიქრობთ), რომ ჩვენი პარლამენტი, მისი არაპროფესიონალობის გამო, საბჭოთა კავშირის უმაღლეს საბჭოს ემსგავსება, რომლის დეპუტატები ძირითადად სოფლის მეურნეობის მშრომელები იყვნენ. ისინი მშრომელები მაინც იყვნენ, ზოგიერთი მათგანი შრომის გმირიც და გარკვეული დამსახურება ჰქონდათ ერისა და ქვეყნის წინაშე. ახლა კი ბოროტი ენები იმასაც ამბობენ, რომ ზოგიერთი დეპუტატის შრომის წიგნაკი პარლამენტში გაიხსნაო...“
ქალბატონი რუსუდანმა სწორად დაინახა, პენსიების 3 ლარით გაზრდის ფონზე, ამ გადაწყვეტილების განსაკუთრებული ამორალურობა: „მეტყვით, არ გვაქვს საშუალებაო. მჯერა, მაგრამ რატომ ქმნით ხელოვნურად ასეთ დაპირისპირებას პარლამენტსა და ხალხს შორის? სახელმწიფოს სიღარიბე პარლამენტართა და მთავრობის წევრთა ხელფასებზეც უნდა აირეკლოს!“...
ავტორის აღშფოთება მედიის მხრიდან ამ საკითხის იგნორირებამაც გამოიწვია და ამის მიზეზზეც მიუთითა: „ალბათ, იმიტომ, რომ თვითონაც ძალიან მაღალი ხელფასები აქვთ, მცირეხელფასიანები კი მათი ყურადღების მიღმა რჩებიან, უთუოდ, როგორც დაბალი რანგის და არასაინტერესო ადამიანები“.
7 ნოემბერი, 2007
წერილის დასასრულს, პროფესორმა ხელისუფალთ ამ ცვლილების მხარდამჭერ პარლამენტართა სიის გამოქვეყნება სთხოვა და დასძინა:
„დაბოლოს, ჩემი (და არა მარტო ჩემი) შენიშვნა, რომელიც შეიძლება რჩევად ან გაფრთხილებად მიიღოთ: საქართველოში მცხოვრები ხალხი დაცინვას და აბუჩად აგდებას არავის არ აპატიებს - ამის დასტური ვარდების რევოლუციაც იყო.“ („24 საათი“, 22 ივნისი).
თავისი სამართლიანი სამოქალაქო პოზიციის გამო, ქალბატონ რუსუდანს მაშინვე დავურეკე და მადლობა გადავუხადე და გავიხსენე 1999 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ სართაშორისო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ მიერ გამოქვეყნებული მასალა. იგი 1994 წლის მოწვევის პარლამენტართა მიერ სხდომებზე დასწრების მაჩვენებლებს ასახავდა. ყველაზე მეტი, 652 გაცდენა, ბუნებრივია, ასლან აბაშიძეს აღმოაჩნდა, ხოლო მასთან მიახლოებულ პირველ სამეულს თორნიკე ფიფია, ნესტან კირთაძე და ირინა სარიშვილი-ჭანტურია შეადგენდნენ. ზოგადი სურათი კანონშემოქმედთა დიდი ნაწილის სწორედ ხელფასით და არა - საკანონმდებლო რეფორმებით დაინტერესებას ცხადყოფდა.
პოსტრევოლუციური გარდაქმნების მარათონში სოციალური პოლიტიკა „რეფორმების“ იდეას შეეწირა. ტელესივრცეში პოლიტიკური, მრავალპარტიული დისკუსიები შეწყდა. ეს სივრცე გაივსო სკანდალური მოვლენებით, იუმორისტული მასხარაობითა და ჟონგლიორობით, შოუებით, ფეშენ ფართების და ცნობადი სახეების დემონსტრირებით. ჟურნალისტთა ნაწილი დიქტორად იქცა, ნაწილმა ჩათვალა, რომ თუ ხმამაღლა და შეუპოვარი გამომეტყველებით ილაპარაკებს, - უფრო დაუჯერებენ. ზოგიერთის რიტორიკა სასულიერო პირის ქადაგებას დაემსგავსა და რომ არა ჰალსტუხი და კოსტიუმი, - შეიძლება მღვდელიც კი გგონებოდათ.
მოკლედ, ხალხი ყველამ დაივიწყა. მედიამ და პოლიტიკოსებმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ადამიანისთვის აქტუალური ყოფილიყო კითხვა: „ვინ ამბობს“ და არა - „რას ამბობს“ ანუ, არა აზრი, არამედ - კერპი, ბელადი, ავტორიტეტი ან ავტორიტარი.
ტელე-მედია სივრცის აბსოლუტური მოხიბლულობის და პარადულობის ფონზე, სოციო-კულტურულ დისკურსს, კრიტიკულ აზრს გადაცემა „ფსიქო“ ინარჩუნებდა, მაგრამ გოგი გვახარიას საავტორო თოქ-შოუები ჯერ „გამარჯვებული ხალხის ტელევიზიამ“ დახურა (2005 წლის ივნისი), ხოლო შემდეგ - „სახელმწიფო შეთქმულების ორგანიზატორმა არხმა“ (2007 წლის თებერვალი).
დებატების უარმყოფელი ხელისუფლების წევრები მხოლოდ თანამოაზრეებს ელაპარაკებოდნენ ან კიდევ, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ორგანიზებულ დისკუსიებს სტუმრობდნენ. სწორედ ერთ-ერთ ასეთ შეხვედრაზე მოსულმა მოხელემ პირდაპირ ჩამოაყალიბა ხელისუფლების საქმიანობის დევიზი: „ხალხის სახელით და ხალხის გარეშე“. მეგონა მომესმა-მეთქი, მაგრამ როცა ორატორი არგუმენტირებას შეუდგა, მივხვდი, რომ არ ხუმრობდა.
კმარა შევარდნა ანუ ავტორიტარი ავტორიტეტები
„კმარა შევარდნა“ - განათლების ყოფილი მინისტრის, ალექსანდრე კარტოზიას, ეს რეპლიკა პოსტრევოლუციური ძალადობისა და აგრესიის ეპოპეის მიმართ ზედგამოჭრილი ფრაზა აღმოჩნდა - ტელევიზიების დარბევა, დამნაშავეთა საჩვენებელი აყვანა ტელე-კამერების წინ.
პარლამენტი მდუმარედ შეხვდა ვანო მერაბიშვილის მოხსენებას, სადაც მინისტრი პატრულს პირდაპირ მოუწოდებდა მკვლელობისაკენ - ხელი არ აგიკანკალდეთ, თუ თქვენს სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრაო.
ამავე პარლამენტმა არაფერი მოიმოქმედა მისი მოამაგის, ზურაბ ჟვანიას, უცნაური გაუჩინარების ამოსაცნობად და გამოსაძიებლად!
გახმაურებული მკვლელობების შემდეგ წაიშალა ზღვარი დამნაშავის დასჯა/გასამართლებასა და დამნაშავის მოკვლას შორის. არასრულწლოვანთა სისასტიკის მიზეზებთან ბრძოლის ნაცვლად, სახელმწიფომ ომი თვით მცირეწლოვან, გზააბნეულ ბავშვებს გამოუცხადა და განსასჯელთა ასაკი 12 წლამდე შეამცირა.
მართალია, ხელისუფლების წარმომადგენლებს არ უყვართ მათი რეფორმების სტალინურთან შედარება, მაგრამ საბჭოეთში რეპრესირებულთა ნაწერებში მათი უმეტესობა, სწორედ 1934 წელს გამოცემულ კანონზე ლაპარაკობს. მისი ძალით 12 წელს გადაცილებულ მაწანწალებს, პროდუქტების ქურდებს, „ხალხის მტრების“ შვილებს, მეძავებს და ჯიბის ქურდებს კანონი ისევე უსწორდებოდა, როგორც ზრდასრულ დამნაშავეებს.
დიქტატურა და ბელადის მეხოტბეები გამახსენა ნოდარ ლადარიას ერთმა საქციელმა: მან, როგორც უნივერსიტეტის აკადემიურ კონკურსში მოწვეულმა ექსპერტმა, ჯერ კიდევ კონკურსის მიმდინარეობის პროცესში, გაზეთ „24 საათში“ გამოაქვეყნა რეცენზია, სადაც ორ პროფესორს სალექციო კურსი დაუწუნა, ხოლო მესამეს - ხოტბა შეასხა. ეს წერილი სხვების დაცინვა და თვითტკბობა უფრო იყო, ვიდრე - არგუმენტირებული კრიტიკა.
მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რაც შემდეგ მოხდა!
ექსპერტის საქციელით აღშფოთებული პროფესორის, ლელა ალექსიძის წერილი გაზეთმა არ დაბეჭდა, მაგრამ, სამაგიეროდ, პროფესორის არგუმენტებზე სარკასტულად მოქილიკე ნოდარს ასპარეზი დაუთმო.
თუ ვინმეს გინდათ კარგად დაინახოთ ხელისუფლების და მისი მეხოტბეების სახე, არ დაიზაროთ და წაიკითხეთ ეს ყველაფერი: გამოქვეყნებული რეცენზია, გამოუქვეყნებელი პასუხი და გამოქვეყნებული პასუხის პასუხი. (ლელას სტატიას მე გპირდებით!)
რეფორმისტების პათოსი, კულუარებში დაგეგმილი რეფორმები და ქვეყნის განვითარების გრძელვადიანი ხედვები საზოგადოების დიდი ნაწილისთვის გაუგებარი, დაფარული ან მათთან შეუთანხმებელი აღმოჩნდა.
რადგან ჯანსაღი პოლიტიკური პროცესის წარმოება პარლამენტში შეუძლებელი შეიქნა, პოლიტიკოსებმა ქუჩას მიმართეს. მათ ბევრი არავინ გამოყვებოდა, რომ არა ხელისუფლების ამპარტავნობა და მანამდე მრავალგზის ორგანიზებული პროტესტის ქედმაღლური მიყრუება.
ოპოზიციურმა ძალებმა შეძლეს მოთხოვნების ჩამოყალიბება, სადაც ცენტრალური არჩევნების სამართლიან ვადაში, ანუ 2008 წლის მარტში ჩატარება იყო. რადგან ხელისუფლება დიალოგზე არ წამოვიდა, მალე პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნაც აქტუალური გახადა. როცა ამანაც არ გაჭრა, პროტესტს უკვე შიმშილობის კომპონენტიც დაემატა. აქ კი - „მეამბოხე ხალხის“ ხელისუფლებამ ხმალი იშიშვლა: საკუთარ მოქალაქეთა გამოხატვის თავისუფლებას ტრანსპორტის მოძრაობის თავისუფლება ანაცვალა და ძალადობრივი მეთოდებით დაშალა პროტესტანტები. აქ კი, უნდა გავიმეორო პროფესორ რუსუდან ენუქიძის სიტყვები:
„დაბოლოს, ჩემი (და არა მარტო ჩემი) შენიშვნა, რომელიც შეიძლება რჩევად ან გაფრთხილებად მიიღოთ: „საქართველოში მცხოვრები ხალხი დაცინვას და აბუჩად აგდებას არავის არ აპატიებს - ამის დასტური ვარდების რევოლუციაც იყო.“
მე კი ჩემი ქვეყნის მოქალაქეებს (და არა მოსახლეობას!), ძველი ავტორიტარი ავტორიტეტებისგან ახალი გმირების გამოძერწვა-გამოგონების წინააღმდეგ, ისევ მერაბ მამარდაშვილის სიტყვები მინდა გავახსენო. ძალიან მწყდება გული, რომ 17 წლის წინ დაწერილი მისი ეს შეგონება დღეს უფრო მეტად აქტუალურია, ვიდრე ოდესმე:
7 ნოემბერი, 2007
„ქართველმა ერმა ჯერ უნდა ყურადღებით შეხედოს საკუთარ თავს სარკეში, შერცხვეს ტრაბახის და უსაქმურობის, თავის მონური რეაქციებისა და სტერეოტიპების, შერცხვეს საკუთარი მკვდრების და დაფიქრდეს: ვინ ვიყავი მე მთელი ეს წლები? რას ვაკეთებდი? ვისი მჯეროდა? ვის მივყვებოდი? - შეიძრას სირცხვილისა და ზიზღისაგან და მაშინ მისთვის გაიხსნება გზა თავისუფლებისაკენ, ასაშენებელი თავისუფლებისაკენ, რადგან მხოლოდ განცდილი სირცხვილიდან დაიბადება ენერგია ფერისცვალებისა... სწორედ ამიტომაა აუცილებელი, ვიღაც ყოველდღე ეუბნებოდეს თავის ხალხს: „მოისურვე ბელადი? ფრთხილად, იცოდე, ესაა მონობა“.
![]() |
4.4 როგორც ოდესღაც, ლილი მარლენ |
▲ზევით დაბრუნება |
ავტორი: ანა კორძაია-სამადაშვილი
ეს სისხლიც, ეს ცრემლიც
ეს ძაძაც დროს უნდა,
დროს უნდა დროებით
ძმათა გზის არევა.
ვით დაჭრილ ირმის გულს
გულს ისე მოსწყურდა
მამულის საზღვარზე
ფსოუს წყლის დალევა.
CRESCHENDO
ვუმღეროთ სამშობლოს
ძლიერს და ერთიანს!
გვიყვარდეს ერთურთი!
ეს ყველას ვალია!
დალიეთ, შვილები
მადლობას გეტყვიან,
დალიეთ, გმირებო
ეს ფსოუს წყალია.
მშვიდობის მაცნეთა
სახლებით გახაზეს*,
დარდის და ცრემლისთვის
დროს აღარ სცალია**.
დალიეთ, მშვიდობა
ვუსურვოთ აფხაზეთს.
დალიეთ, გმირებო,
ეს ფსოუს წყალია!
წავიდა, დამთავრდა
დღეები საზარი,
დრო იტყვის, რაც მოხდა,
ვისი რა ბრალია***.
დალიეთ! სიხარულს
არა აქვს საზღვარი.
დალიეთ, გმირებო,
ეს ჩვენი წყალია!
ვუმღეროთ სამშობლოს
ძლიერს და ერთიანს!
გვიყვარდეს ერთურთი!
ეს ყველას ვალია!****
დალიეთ, შვილები (ოოოუ)
მადლობას გეტყვიან,
დალიეთ, გმირებო
ეს ფსოუს წყალია.
* ასჯერ მოვისმინე, მგონი, მართლა ასეა! თუ არა, მაგას რა სჯობს...
** დრო აშკარად ექსტრემალური ნაძირალაა.
*** ახლა მკაცრია, მაგრამ სამართლიანი.
**** YES!
ამერიკული ტრადიციაა ერთგვარი: ვარსკვლავები თავიანთი ჯარისკაცებისთვის კონცერტებს მართავენ.
1944-1945 წლებში მარლენ დიტრიხი, United Service Organization-ის წევრი, ჩრდილოეთ აფრიკაში, იტალიაში, საფრანგეთსა და გერმანიაში ამერიკელ ჯარისკაცებთან ჩადიოდა და კონცერტებს მართავდა ხოლმე. ცნობისთვის: მარლენ დიტრიხი ძალიან ლამაზი ქალი იყო, შესანიშნავი მომღერალი და ცნობილი მსახიობი. ის ოდესღაც გერმანული კინოს ვარსკვლავი იყო, იმ ქვეყნის შვილი, რომელსაც მოკავშირეები ებრძოდნენ, მაგრამ ამერიკელ ჯარისკაცებს ედგა მხარში, ნიშნად იმისა, რომ ეს ჯარისკაცები გერმანელი ხალხის წინააღმდეგ კი არა, ნაცისტური რეჟიმის დასამხობად და კაცობრიობის გადასარჩენად ომობდნენ. მარლენ დირტიხი მღეროდა არა მარშებს, არამედ „ლილი მარლენს“, სიმღერას იმის შესახებ, რომ შეყვარებული ბიჭი ყაზარის წინ, ლამპიონის ქვეშ შეხვდება თავის სატრფოს. ამ სიმღერას ომის დროს ყველა მღეროდა, გერმანელი ჯარისკაცებიც, სანამ მათმა ხელისუფლებამ არ გადაწყვიტა, არაა „ლილი მარლენი“ კარგი სიმღერა, საბრძოლო სულის დამღუპველიაო. აბა, ვის გაუგია, მოწინააღმდეგეები ერთსადაიმავეს მღეროდნენო? განა შეიძლება, გერმანელსაც და ამერიკელსაც საყვარელი გოგო ენატრებოდესო?
ასე თუ ისე, მარლენ დიტრიხი მღეროდა, ცეკვავდა, ჯარისკაცები ტაშს უკრავდნენ, ეხვეოდნენ, სიმღერით ჰყვებოდნენ და დარწმუნებული იყვნენ, რომ გამარჯვებულები დაბრუნდებოდნენ შინ, სადაც ყაზარმის წინ, ლამპიონთან, ლილი მარლენის ჟრუანტელისმომგვრელ სილუეტს დაინახავდნენ, გოგონას, რომელიც მათ, მხოლოდ მათ ელოდა.
მარლენ დიტრიხი იყო პირველი ქალი, რომელსაც გენერალმაიორმა მაქსველ დ. ტეილორმა სამოქალაქო პირთათვის ყველაზე საპატიო თავისუფლების ორდენი გადასცა. ის საფრანგეთის საპატიო ლეგიონის კავალერი იყო, ჟორჟ პომპიდუმ მას ოფიცრის წოდება უბოძა, ფრანსუა მიტერანმა კი ბრძანა, რომ მარლენ დიტრიხი Commandeur-იაო.
გამოხდა ხანი და დიტრიხის კვლადაკვალ არმიისთვის ცხოვრების ზეიმად გადაქცევა მერლინ მონრომაც სცადა - და გაბრიყვდა. არადა, ამისთვის საქორწინო მოგზაურობაზეც კი თქვა უარი: 1954 წლის თებერვალში ის თავის მეუღლესთან, ჯო დი მაჯიოსთან ერთად იაპონიაში იყო და უცებ გადაწყვიტა - ვინ, მერლინმა თუ ვინმე უფრო გონიერმა, ვერ გეტყვით, - რომ კორეაში ამერიკელ ჯარისკაცებთან უნდა ჩასულიყო. დი მაჯიო მთელ ბატალიონს ნამდვილად ვერ გაუწევდა კონკურენციას, თავად განსაჯეთ: ასი ათასი ჯარისკაცი, ოთხი დღე, ათი წარმოდგენა და პუპუპიდუ, დიდი ძუძუკები და სექსი ღიმილი! მერე მერლინმა ბრძანა: „ეს საუკეთესო რამ იყო, რაც კი შემმთხვევია. აქამდე არასოდეს მიგრძვნია თავი ნამდვილ ვარსკვლავად“.
დედა, რა უქნეს! ყველაზე კარგი სიტყვა, რაც მისთვის მედიამ გაიმეტა, დებილი იყო. საწყალი პატარა მერლინი.
სამარცხვინო ამბავი შეემთხვათ ჯეინ მენსფილდსა და რეჩელ ველჩსაც - მაინცდამაინც ვიეტნამის კონფლიქტის დროს შემოუტიათ პატრიოტიზმმა. ახლა ამის გახსენება აღარავის უხარია და არცაა გასახსენებელი. მაგრამ ეს სულ პოლიტიკური წიაღსვლებია, პოლიტიკისა კი, მიუხედავად იმისა, რომ ჩემს სამშობლოში თავი ყველას, სულ მცირე, ჩერჩილი ჰგონია, არც არა გაგვეგება რა. მთავარი ისაა, რომ ლამაზ ქალს სისულელეც უხდება.
ჩვენ ის გავიხსენოთ, რომ ჩვენმა ნინი ბადურაშვილმა მარლენ დიტრიხობანა ითამაშა. მერე რა, რომ ვირტუალური ომი და დადგმული ამბავია? როგორც ჩანს, გასულ საუკუნეში გარდაცვლილი ვარსკვლავის სულმა ჯგუფურ-ოჯახური რეინკარნაცია განიცადა, თორემ რას დავაბრალოთ ის ფაქტი, რომ მაინცდამაინც მარლენ დირტიხი?
ეს რა ვნახე, რა ვნახე! და რა მოვისმინე!
ამბავს გიამბობთ - მტერს და ავს!
ვერტმფრენი მწვანე მდელოზე ჯდება. გალანტური ჯარისკაცი გადმოსვლაში ეხმარება ქალს, რომელსაც - ან თავად ჰგონია ასე, ან ვიღაცამ მოატყუა - სამხედრო ფორმა აცვია: პილოტურა ანუ „პილოტკა“ ახურავს, კოხტა ქუსლიანი ფეხსაცმელი აცვია და ქვედაბოლო ისე აქვს შეჭრილი, რომ ჯარისკაცი თვალს გულმოდგინედ არიდებს - სამხერდო აეროპორტის კვალობაზე ცოტა სირცხვილია. კაი. გადმოვიდა ქალი, მოხდენილად დაიძრა მანქანისკენ, თან გზად ტანსაცმელი გაისწორა - ხომ მოგახსენეთ, სამხედრო აეროპორტია და აჩაჩული ხომ არ გაივლის - ხელი ჩამოართვა მეორე ჯარისკაცს (იხ. მარლენ დირტიხი ჩრდილოეთ აფრიკაში; ოღონდ ის კდემამოსილი გურჯი ქალი არ იყო და ამიტომ... აი, როგორ გითხრათ... უფრო ვულგარულად იქცეოდა) და მანქანაში ჩაჯდა, ცხადია, სამხედროში. დაიძრნენ.
ჯარიკაცები ისვენებენ - ალბათ. ყოველ შემთხვევაში, იარაღს წმენდენ. ირგვლივ სიმწვანეა, ისეთი სილამაზე, თავი იეღოვას მოწმეთა წიგნის ილუსტრაციაში გეგონება.
ქალბატონი მანქანით, ჩანს, ბაზაზე მიაბრძანეს.
არ მოდუნდეთ! ჯარისკაცები ტყეში დაიძრნენ.
ბაზაზეც მოძრაობაა, ქალბატონი სიყვარულით სავსე მზერას აყოლებს მორბენალ მამაკაცებს, რომელთაც მკერდს წარწერა ARMY უმშვენებთ (ეპიზოდის განმარტებისთვის შედით ინტერნეტში და მიეცით საძიებელში ცნება „ფეტიშიზმი - ყველაზე სექსუალური რელიგია“).
ჯარიკაცები ხეობაში განაგრძობენ სვლას და მერე ამაღლებულ ადგილას დგებიან სადარაჯოზე.
ფიცარნაგზე ფორმიანი მამაკაცები აპარატურას ალაგებენ.
უცებ ჯარისკაცი შედგება (უნდა ითქვას, რომ უაღრესად სასიამოვნო ბიჭია და, ცოტა არ იყოს, გულს შემომეყარა) და აღმოჩნდება, რომ ნაღმზე დგას! მართალია, თანამებრძოლები ნაღმის გაუვნებელყოფას ცდილობენ, მაგრამ - აი, აქ კი გავიჭედე. ვერ მივხვდი: არ გამოუვიდათ თუ წესია ასეთი - ის მაინც ფეთქდება და ჰაერში რაღაცა აფრინდება. ბიჭი არა, იმან გააასწრო. ცეცხლის ალი, ძირს დავარდნილი მებრძოლი... მეგობრები მიცვივდნენ, ფეხი გადაუხვიეს (!!!) და აი, თამარის ხიდზე გადაჰყავთ - საკაცით, უფრთხილდებიან, იმიტომ რომ ფუა აქვს და ცოტა ვავა. ცხადია, ბანაკამდე რომ მიჰყავთ, სხვა ჯარისკაცები ეგებებიან და საკაცეზე მწოლს ხალისით ესაუბრებიან.
ამ დროს ბაზაზე დიდი ამბავი ხდება: ორ რიგად დამწკრივებული ჯარისკაცები ტაშით ეგებებიან მანქანას, რომელშიც ლამაზი ქალი ზის, პილოტურიან-ფორმიანი. და ეს მაცდურად შეხსნილი თეთრი პერანგი! კიბეზე რომ ადის, წინ მდგომი იღბლიანი მამაკაცი მაჯას უშვერს და დივაც ზედ ხელს უწერს. დედიკო, დედა!
საკაცეზე მწოლის ირგვლივ ისეთი მოძრაობაა, ისეთი სახით დასცქერიან, რომ გულს შემომეყარა, მოკვდა-მეთქი. არა. ნუ გეშინიათ. იღიმება.
დაბინდდა. სცენის თავზე ვერტმფრენები ტრიალებს, ვითარცა „აპოკალიფსში“, მომღერალმა კურტაკი გაიხადა, ჯარისკაცები კმაყოფილები შესცქერიან (მეც).
დაჭრილი მდინარეზე გადაჰყავთ. მგონი, ფსოუა.
მომღერალი გონს აღარაა, მიმიქარავს მერილინ მენსონი. დავლევთ, ნინი, დავლევთ, ნუ ღელავ, პატარა გოგო!
ფსოუა. გადავიდნენ და დროშა ააფრიალეს.
ფინალური მინამღერი ა ლა ვიტნი ჰიუსტონი. უჰ. მორჩა.
დროშა ფრიალებს, ჩანს ზღვა, და მიუხედავად იმისა, რომ მთელი კლიპის განმავლობაში ვნანობდი, რომ მშობლების და ეროვნების შეცვლა შეუძლებელია, „მოდის ქართული ფოლადის“ პრინციპით, ისევ ტირილი დავიწყე.
ესეც ფეტიშიზმია.
სხვა დანარჩენი რა იყო - ვერ გეტყვით.
ფაქტია, რომ კარგი არაფერი.
როგორც გასული საუკუნის ოცდაათიან წლებში მაქს ლიბერმანმა ბრძანა, იმდენს ვერ შევჭამ, რამდენიც გული მერევა. არადა, როგორ მიყვარდა „ლილი მარლენი“...
![]() |
5 „ნიუ-იორკერის“ ფესტივალი |
▲ზევით დაბრუნება |
წერილი ნიუ-იორკიდან
ავტორი: შორენა შავერდაშვილი
ფოტო: დავით მესხი
რეპორტაჟები შეერთებული შტატებიდან მომზადდა „თი ბი სი“ ბანკის მხარდაჭერით
„ნიუ-იორკერი“: 87 წლის ჟურნალი სნობი ინტელექტუალებისათვის
მესამე კურსზე ფოტოლაბორატორიაში ვმუშაობდი, დამკვირვებლად. თუ ჩემი ფოტოები არ იყო გასამჟღავნებელი, მაშინ საქმე ბევრი არაფერი მქონდა - ქიმიური ხსნარების გამოცვლას 10 წუთი მიჰქონდა, სტუდენტებმაც ძირითადად იცოდნენ აპარატურის გამოყენება და ლაბორატორიაში მუშაობის წესები და იშვიათად თუ მომმართავდა ვინმე დახმარებისთვის. მოკლედ, ეს ის დრო იყო, რაც საშინაო დავალების კეთებისთვის შეგეძლო გამოგეყენებინა. მეც, დიდის ამბით, ყველა წიგნს მივათრევდი ჩემს ცვლაში წასაკითხად, მაგრამ ვიდრე ალაგ-ალაგ ჩამოძონძილ, ნარინჯისფერ სავარძელში მოვკალათდებოდი და წიგნებს ამოვალაგებდი, მუყაოს ჭიქიდან ყავის ხრუპვის პარალელურად, თვალი, მაინც, ჩანთის წინა ჯიბეში სასხვათაშორისოდ ჩაგდებული ჟურნალისკენ გამირბოდა. ამას ისე გადავფურცლავ და საქმეს მერე შევუდგებიმეთქი, ვფიქრობდი ყოველ ჯერზე.
4 საათიანი ცვლა ისე ილეოდა, ჯერ ისევ ჟურნალის ფურცვლაში, უფრო სწორედ, კითხვაში ვიყავი. მაგრამ ეს ის ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა პოლიტოლოგიის თუ ეკონომიკის სახელმძღვანელოების წაუკითხაობის გამო სინდისის ქენჯნა არ მაწუხებდა - იმ ჟურნალში, რომელსაც ვკითხულობდი, ყველაფერი გაცილებით უფრო საინტერესო იყო, ვიდრე რომელიმე სახელმძღვანელოში.
„ნიუ-იორკერში“ ფანტასტიკური მწერლები და ჟურნალისტები წერენ და გაკითხებენ იმასაც კი, რაც, პრინციპში, არ გაინტერესებს. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ლოსანჟელესის ქუჩების დაგეგმარებაზე ოდესმე 15 გვერდიან სტატიას წავიკითხავდი. ასევე გასაკვირი იყო, რომ შემომეკითხა ვრცელი წერილი მტრედების შეჯიბრზე, რომელიც, თურმე, ბოსტონის გარეუბანში ტარდება და რომლისთვისაც მათ საგანგებოდ წვრთნიან. ბოსტონში კი ვსწავლობდი, მაგრამ ქალაქის სუბ-კულტურების შესახებ არაფერი ვიცოდი.
ასე იყო თუ ისე, ყოველი ახალი ნომრის წაკითხვით მიმძაფრდებოდა შეგრძნება, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი თემებისა თუ კულტურული ტენდენციების ეპიცენტრში ვიდექი. ნელ-ნელა რეალობასაც „ნიუიორკერის“ თვალით აღვიქვამდი და ეს რეალობა გაცილებით უფრო არსებითი და საინტერესო ხდებოდა, ვიდრე არაკრიტიკული, არაცნობისმოყვარე თვალით დანახული სამყარო. მოკლედ, სრული განცხრომა იყო ფოტოლაბორატორიის ეს ნარინჯისფერი სავარძელი!
„ნიუ-იორკერთან“ ჩემი რომანი დაახლოებით 8 წლის წინ დაიწყო და მას მერე ჟურნალის ბევრ „ფანთან“ მილაპარაკია იმ სიამოვნებაზე, რაც ამ ჟურნალის კითხვას მოაქვს. „ნიუ-იორკერის“ ნებისმიერ რიგით ნომერში შეიძლება დაგხვდეს ჯონ აპდაიკის ახალი მოთხრობა ან ლექსი; ბილ ქლინტონის ან გარი კასპაროვის პროფაილი; მარკესის ან უილიამ ტრევორის მოგონებები; ზადი სმიტის კომენტარი შვებულებაზე კუალალუმპურში; ჟურნალისტური გამოძიება აბუ გრეიბის ციხის სკანდალზე; რეპორტაჟი რუანდიდან, კოსოვოდან ან საქართველოდან; ისტორია იმაზე, თუ როგორ ცდილობდა ერთი ქალი მთელი ცხოვრება შიზოფრენიის დამარცხებას; წერილი სუშის ნიუ-იორკულ ინდუსტრიაზე; „კოლიკის სინდრომის“ კვლევა ბავშვებში და ასე შემდეგ. მოკლედ, სრული თემატური ეკლექტიკაა. „ნიუ-იორკერი“ კვირიდან კვირამდე წერს ყველაფერზე, რაც განათლებულ, ცნობისმოყვარე, ექსცენტრულ და, სავარაუდოდ, ნევროტულ ნიუ-იორკელს აინტერესებს - ოღონდ, „ნიუ-იორკერი“ წერს ისე, როგორც არავინ სხვა და ამიტომაც, თითქმის ყველა ჟანრში, თავისი 87 წლიანი ისტორიის მანძილზე, „საუკეთესო ჟურნალისტიკისათვის“ ათეულობით ჯილდო აქვს მიღებული. თემატურ მრავალფეროვნებასთან და სანიმუშო ჟურნალისტიკასთან ერთად, არსებობს „ნიუ-იორკერის ხმა“ - ორიგინალური სტილისტიკა, რომელიც ჯერ კიდევ 1925 წელს ჩამოყალიბდა და მას მერე, პრინციპულად არაფერი შეცვლილა: ბევრი იუმორი, ფანტასტიკური პუბლიცისტიკა, ყველაზე კარგი ლიტერატურა, კომიქსები და ილუსტრაციები ჟურნალის ხელწერად იქცა.
„ნიუ-იორკერის“ ავტორების უმრავლესობას, მწერლების გამოკლებით, ყოველდღიურ გაზეთებში - „ნიუ იორკ თაიმსში“, „ვაშინგტონ პოსტში“, „ბოსტონ გლოუბში, „დალას მორნინგ ნიუსში“ და სხვა ავტორიტეტულ გაზეთებში უმუშავიათ. ისინი კარგი რეპორტიორები არიან, მაგრამ „ნიუ-იორკერში“ მიდიან იმიტომ, რომ ყველაზე კომპლექსურ თემებზე იმუშაონ, ჰქონდეთ ბევრი დრო და საკმარისი რესურსი იმისათვის, რომ გამადიდებელი ლუპით დააკვირდნენ რეალობას. დაახლოებით ისე, როგორც ჟურნალის პირველი ნომრის გარეკანის დენდი აკვირდება პეპელას (ეს სწორედ ის დენდია, ჟურნალის ვიზუალური სიმბოლო, რომლითაც 1925 წლის შემდეგ, ჟურნალის ყველა საიუბილეო გარეკანი ამაყობს). რაც შეეხება მწერლებს, თუ ერთხელ მოახერხე და ჟურნალის ლიტერატურულ რედაქტორს შენი მოთხრობა მოაწონე, ჩათვალე, რომ წარმატებული მწერლის კარიერა გარანტირებული გაქვს. „ნიუ-იორკერი“ საუკეთესო თანამედროვე მწერლების მექაა.
აღარაფერს ვამბობ ჟურნალის მემარცხენე გემოვნებაზე, რომელიც ზოგადად ამერიკელი (და დიდი ეჭვი მაქვს, არა მხოლოდ ამერიკელი) იტელექტუალების მარად მოდური მსოფლმხედველობრივი „გადახრაა“. რაც ყველაზე საინტერესოა, „ნიუ-იორკერი“ წერს სუბკულტურებზე, მარგინალებზე, ჯადოქრებზე, უცნაური ნივთების კოლექციონერებზე იმისათვის, რომ, არც მეტი, არც ნაკლები, სამყაროს მრავალფეროვნება და მეამბოხე სული შემოუნახოს. როგორც თავად „ნიუიორკერის“ ერთ-ერთმა ავტორმა, სუზან ორლინმა თქვა, ჩვენ ჟურნალისტები კი არა, კულტურის ანთროპოლოგები ვართო.
„ნიუ-იორკერთან“ სხვადასხვა დროს თანამშრომლობდნენ ერნსტ ჰემინგუეი, ჯერომ სელინჯერი, ჯონ აპდაიკი, სილვია პლატი, როჯერ ენჯელი, ტრუმენ კაპოტე, ხორხე ლუის ბორხესი, უილიამ ტრევორი, ჰარუკი მურაკამი, ვლადიმერ ნაბოკოვი, ედვარდ სორელი, დერეკ უოლკოტი, ვუდი ალენი, რიჩარდ ავედონი, ჯოზეფ მიტჩელი, ნორმან მეილერი, მარტინ ამისი, სალმან რაშდი, ჯონათან საფრან ფოიერი … 1936 წელს, ნიუ იორკერში დაიბეჭდა ადოლფ ჰიტლერის პროფაილი, რომელიც ასე იწყებოდა: „იმ ერის დიქტატორი, რომელიც ბრწყინვალე სოსისებით, სიგარებით, ლუდით და ბავშვებით არის სახელგანთქმული, თავად ვეგეტარიანელი, არამწეველი, არამსმელი და სტერილურია. ის წვრილძვლიანი ბავშვი და ტუბერკულოზით დაავადებული ყმაწვილი იყო. როგორც თავად ამბობს, უკვე ახალგაზრდობაში ავლენდა ექსცენტრიზმს…“
1946 წელს აქვე დაიბეჭდა „ჰიროსიმა - უხმო აფეთქება“, რომლის ავტორმა, ჯონ ჰერშმა, „მეოცე საუკუნის საუკეთესო ამერიკული ჟურნალისტის“ ჯილდო მიიღო. პულიცერის პრემია მიიღო „ვიეტნამის ქრონიკების“ ავტორმაც, რომელმაც, ვიეტნამის ისედაც არაპოპულარული ომის წინააღმდეგ მთელი ამერიკა დარაზმა. მოკლედ, დაუსრულებლად შეიძლება გავაგრძელო ეს ჩამონათვალი. „ნიუ-იორკერის“ თითოეული ნომერი, 1925 წლიდან დღემდე, სავსეა ამ მარგალიტებით.
სნობების ჟურნალიაო, ამბობენ, მაგრამ, როდის იყო, იარლიყს რაიმე სიკეთე მოეტანოს კაცობრიობისათვის?!
ფესტივალი
უკვე 8 წელია, „ნიუ-იორკერი“ ყოველწლიურად მართავს ფესტივალს, რომელიც სამი დღე გრძელდება და სადაც ლიტერატურული საღამოები, სადისკუსიო პანელები, კონცერტები, ფილმის ჩვენებები, თეატრალური პერფორმანსები და მასტერ-კლასები იმართება. უცნაური ის არის, რომ, მგონი, ეს ერთადერთი ფესტივალია დედამიწის ზურგზე, რომელიც ტელევიზიებისთვის საერთოდ დახურულია და არც ბეჭდური მედიისთვისაც გასცემს აკრედიტაციებს. ასე რომ, ყველა დამსწრე ბილეთს ყიდულობს და თანაბარი უფლებით სარგებლობს, რაც, ვერაფერს ვიტყვი, დემოკრატიული ამბავია. ფესტივალისთვის თბილისიდანვე დავიწყე მზადება. ყველაზე რთული ამოცანა საფესტივალო პროგრამის შედგენა იყო. ერთდროულად, ქალაქის სხვადასხვა დარბაზებსა და სცენაზე სხვადასხვა შეხვედრები იმართებოდა. მაგალითად, პარასკევს, საღამოს 7 საათზე იყო ჩემთვის საინტერესო ოთხი ღონისძიება (ისე კი, მგონი, 10-ზე მეტი რაღაც ხდებოდა ერთდროულად): სალმან რაშდის და ნობელის პრემიის ლაურეატი მწერლის, ორჰან ფამუკის საუბარი თემაზე „სამშობლო“, ზადი სმიტის ლიტერატურული საღამო, ოსკაროსანი დოკუმენტური ფილმის რეჟისორის, ეროლ მორისის აბუ გრეიბის სკანდალზე გადაღებული ახალი ფილმის „სტანდარტული სამხედრო პროცედურა“ ჩვენება და საჯარო დისკუსია ერაყზე, სადაც ახლო აღმოსავლეთის ისტორიკოსები, პოლიტიკის ანთროპოლოგები, ჟურნალისტები და მაღალჩინოსანი სამხედროები საუბრობდნენ. საშინელი დილემის წინაშე ვიყავი - ბევრი ვიწუწუნე, მაგრამ არჩევანი მაინც ფამუქისა და რაშდის სასარგებლოდ გავაკეთე. სხვა დღეებშიც უამრავი ასეთი გულდასაწყვეტი დამთხვევა იყო და ფესტივალის ადმინისტრაციასაც შევჩივლე, იქნებ დროში გაშალოთ ეს მოვლენები-მეთქი. თავიდან დირექტორი ალმაცერად მიყურებდა, მაგრამ რომ გაიგო, წინა დღეს, ატლანტიკის ოკეანე სწორედ ამ ფესტივალისთვის გადმოვლახე, მოლბა და მითხრა, საყვარელო, გვესმის, ვეცდები, თქვენი წუხილი სამომავლოდ გავითვალისწინოთო. არადა, ძალიანაც რომ მოინდომონ, ვერ გაითვალისწინებენ - ერთთვიანი ფესტივალი ბუნებაში არ არსებობს.
დეივიდ რემნიკი და სეიმორ ჰერში
სიგურ როსი
„თავისუფლების ამარა“ - ორჰან ფამუქი და სალმან რაშდი
ჰარლემიდან რამდენიმე ავენიუსა და ქუჩის გადაკვეთის შემდეგ, მანჰეტენის მეორე ბოლოში, ფამუქისა და რაშდის საღამოზე გაფრთხილებისამებრ ერთი საათით ადრე გამოვცხადდი. შესასვლელში გრძელი რიგი იყო ყველასთვის, ვისაც ამ პატარა, 300 კაციან დარბაზში შესვლა უნდოდა. ბილეთიანებს სადარდებელი არაფერი გვქონდა და, ამიტომ, რიგებში ყველა ყველას არხეინად ეჭორავებოდა. მეც ერთი ქალი გამომელაპარაკა. უკვე 30 წელზე მეტია „ნიუ-იორკერის“ მკითხველი ვარ, აქვე ვცხოვრობ, 56 და 57 ქუჩების კუთხეში. რადგან გავიგე, რომ ასე ახლოს იყო ეს „ივენთი“, მოსვლა გადავწყვიტეო. გამეცინა, რა კარგია, რომ იმ ქალაქში ცხოვრობთ, სადაც ნობელიანტი მწერლები თქვენს სამეზობლოში მოდიან სასაუბროდ-მეთქი. რომ გაიგო, საქართველოდან ვიყავი, აღფრთოვანდა, დაუჯერებელია, ამ ფესტივალისთვის საგანგებოდ ჩამოხვედითო? დავამშვიდე, საქართველოდან სულ ასე, „საგანგებოდ“, გვიწევს სადმე გამგზავრება, აბა, ჩემს სამეზობლოში მსგავს ვერაფერს გადაეყრები-მეთქი. სუზანი მაინც გაკვირვებული მიყურებდა, საკუთარი ბედის შურდა, ალბათ.
საღამო რომ დასრულდა, ვიდრე ცოტაოდენი ტრანსიდან გამოვერკვეოდი და ფამუქთან საუბრის ციტატებს ვინიშნავდი, მომძებნა, თავის დაქალს, ნანსის გამაცნო და იქვე, ქუჩის კუთხეში, ყავაზე დამპატიჟა. უკვე ფრანგულ ყავახანაშივე აღვნიშნეთ, როგორი რაფინირებული და არაემოციური მოსაუბრეა რაშდი, როგორ თამაშობს აუდიტორიის განწყობაზე, როგორ ცდილობს, თავი მოგაწონოს, საჭირო დროს გაგაცინოს. ამ დროს, ფამუქი ხელებით, ემოციურად და სპონტანურად საუბრობს. კითხვებზე პასუხის გაცემას შორიდან იწყებს, ხშირად ერთსა და იმავეს იმეორებს, მაგრამ, თითქოს, ხმამაღლა აზროვნებს და შენც ამ აზროვნების პროცესში გრთავს. ამიტომ, ვთქვი - ჩემთვის ფამუქი უფრო საინტერესო მოსაუბრე იყო-მეთქი. საბოლოოდ, იმაზე შევთანხმდით, რომ ეს განსხვავებები ტემპერამენტის ბრალია - კონტრასტი დასავლელ (ინდოეთში დაბადებული რაშდი, უკვე დიდი ხანია, ლონდონსა და ნიუ-იორკში ცხოვრობს) და აღმოსავლელ მწერალს შორის. თუმცა, ბოლოს ისიც ვაღიარეთ, რომ შეიძლება დასავლეთი და აღმოსავლეთი არაფერ შუაშია და საკუთარი ქვეყნებიდან დევნილი მწერლები, უბრალოდ, ასეთი ტიპები არიან.
ორივე მწერალი საუბრობდა „მშობლიურის“ შეგრძნებაზე, თურქეთსა და ინდოეთზე, საკუთარი ქვეყნებიდან დევნილობაზე, მშობლიურ ენაზე, რომელიც ყოველთვის მათთან არის და „უსამშობლობას“ უქარვებთ, მწერლობაზე და კოსმოპოლიტიზმზე. ფამუქი გვიხსნიდა, რით განსხვავდება მისთვის სახლში, სტამბოლში ცხოვრება ნიუ-იორკში ყოფნისგან. ჩემს სახლში ყველაფერზე ვგრძნობ პასუხიმგებლობას, რაც ჩემს გარშემო ხდება, აქ კი პასუხისმგებლობის გრძნობა საერთოდ არ მაწუხებს, აქ მხოლოდ საკუთარი თავისუფლების ამარა ვარო. ამის გახსენებაზე, სამივეს ერთად აგვიჩუყდა გული.
ჩემს ახალ ნაცნობებთან ერთად, საქართველოზეც ვილაპარაკეთ და ამერიკის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზეც. ისე, თითქოს, მათ უკვე კარგა ხანია, იციან პოსტ-რევოლუციური საქართველოს პრობლემები, და მე უკვე დარწმუნებით ვაცხადებ, იმდენად დისკრედიტებულები არიან რესპუბლიკელები, რომ ამერიკის მომავალი პრეზიდენტი ჰილარი კლინტონი იქნება-მეთქი. რას გვიშვება ეს „ნიუ-იორკერი“!
(სალმან რაშდის და ორჰან ფამუქის საუბრის თითქმის სტენოგრაფიულ ჩანაწერს „ცხელი შოკოლადის“ შემდეგ ნომერში შემოგთავაზებთ.)
სალმან რაშდი და ორჰან პამუკი
დეივიდ რემნიკი და სეიმორ ჰერში
საუკუნის გამომძიებელი ჟურნალისტი, ირანი, ერაყი და „ნიუ-იორკერის“ რედაქტორი, დევიდ რემნიკი
6 ოქტომბერს, შაბათ დილით, „ამერიკის რეჟისორების გილდიის“ დარბაზის გარეთ, მხოლოდ სერიოზული და ზედმიწევნით წარმოსადეგი პუბლიკა იყო შეკრებელი. აქ ბილეთების მაძებარებიც კი არ გამოჩენილან. წინა ღამის ლიტერატურული საღამოებისაგან განსხვავებით, სადაც მულტიკულტურალიზმის ზეიმი იყო და „ნიუ-იორკერის“ ტიპური მკითხველის პორტრეტს ვერანაირად ვერ მოხაზავდი, გამომძიებელი ჟურნალისტის,
სეიმორ ჰერშის და „ნიუ-იორკერის“ რედაქტორის, დევიდ რემნიკის შეხვედრაზე, მხოლოდ 40 წელს გადაცილებული, რალფ ლორენის მაისურებიანი და პრადას ჩანთიანი თეთრკანიანი ამერიკელები იყვნენ. სეიმორ ჰერში „ნიუ-იორკერთან“ 1971 წლის მერე თანამშრომლობს. ის ცხრა წიგნის ავტორია, მათ შორისაა „კამელოტის ბნელი მხარე“, და „ძალაუფლების ფასი“, რომელმაც ამერიკის კრიტიკოსების ჯილდო მიიღო. 1970 წელს, ჰერში საერთაშორისო რეპორტაჟებისათვის პულიცერის პრემიის ლაურეატიც გახდა. 2004 წელს გამოვიდა მისი ბოლო წიგნი, „მოქმედების ჯაჭვი: გზა 11 სექტემბრიდან აბუ გრეიბამდე“. ამ წიგნში შესული მასალები „ნიუ-იორკერში“ იბეჭდებოდა, რისთვისაც ავტორმა არაერთი ჟურნალისტური პრემია მოიპოვა.
წინასწარ ვიცოდით, რომ „საუკუნის გა მომძიებელ“ სეიმორ ჰერშს ირანზე, ერაყზე და ამერიკის ადმინისტრაციის სამომავლო გეგმებზე უნდა ესაუბრა. რადგან ვთვლი, რომ ეს ინტერვიუ აქტუალურ და ჩვენი მკითხველისთვისაც საინტერესო თემებს ეხება, ამ საუბრის ჩანაწერს ვრცლად გთავაზობთ.
რემნიკი: რამდენიმე კვირის წინ, ჟურნალში დაიბეჭდა თქვენი სტატია, სადაც გვაუწყებდით, წყაროებზე დაყრდნობით მაქვს ინფორმაცია, რომ ამერიკის გეგმები, ირანთან მიმართებაში, შეიცვალა. თუ აქამდე ამერიკა ირანის რეალური თუ პოტენციური ატომური სადგურების „შერჩევით დაბომბვას“ გეგმავდა, ახლა უკვე საუბარია ირანთან ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებებების დაწყებაზე, ტერორიზმთან ბრძოლის ეგიდით. თქვენ უკვე, 2 წელზე მეტია, მუშაობთ ირანზე და ამერიკის შეერთებული შტატების ცვალებად სტრატეგიასა და აგრესიის ესკალაციაზე. როგორ ფიქრობთ, რა მოხდება, რა არ მოხდება, თუ წარმოდგენაც არ გაქვთ მოვლენების განვითარების შესაძლო სცენარზე?
ჰერში: არა აქვს მნიშვნელობა, მე რას ვფიქრობ. მნიშვნელოვანია, რას ვიგებ და რა ვიცი. და იმაზე დაყრდნობით, რაც ვიცი, ძალიან ვნერვიულობ. ვინერვიულე გუშინაც, როცა „ნიუ-იორკ თაიმს“ ვკითხულობდი, სადაც ჩრდილოეთ კორეაზე იყო ძალიან საინტერესო სტატია. როგორც ჩემი წყარო მეუბნება, ირანში შესვლამდე, ამერიკის ადმინისტრაცია ჩრდილოეთ კორეის პრობლემის მოშორებას ცდილობს. მათ ირანის დაბომბვისთვის, მოკავშირეები სჭირდებათ - ბრიტანელები, ფრანგები, გერმანელებს, ალბათ, ვერასოდეს დაითანხმებენ. მოკლედ, ამ სტატიის ქვესათაური იყო: „შეთანხმება ჩრდილოეთ კორეასთან, როგორც მოდელი ირანის პრობლემის გადასაჭრდელად“. შეთანხმება კი ეს იყო: ძალიან ბევრი საწვავი, 50-100 მილიონ დოლარამდე ნაღდი ფული ან ამ თანხის ეკვივალენტი საწვავში, უსაფრთხოების გარანტიები და, უფრო მოგვიანებით, ჩრდილოეთ კორეის დამოუკიდებლობის აღიარება.
პარკური ნიუ-იორკში
მოტანილი იყო ბუშიც ციტატაც: ირანთან მოლაპარაკების დაწყებამდე, ამერიკის მოთხოვნაა, რომ ირანმა შეაჩეროს ატომური ენერგიის გამდიდრების პროცესი. მოკლედ, სტატიამ ამანერვიულა. როგორც ჩანს, უკვე მოიშორეს ჩრდილოეთ კორეა, ახლა ირანისთვის ემზადებიან და ამ მოდელის გამოყენება უნდათ. მაგრამ, ჩვენ რას ვაძლევთ ირანელებს სანაცვლოდ?
რემნიკი: მაგრამ ის, რაც ირანს უნდა, ძალიან განსხვავდება იმისაგან, რაც სტალინისტურ, ჩაკეტილ, ეკონომიკურად გაღატაკებულ ჩრდილოეთ კორეას სჭირდება. ირანს ახლო აღმოსავლეთში ტრიუმფატორის სტატუსი აქვს. თუ ვინმემ მოიგო ერაყის ომი, ეს ირანი იყო. რა უნდა ირანს ამერიკისგან?
ჰერში: ირანს უნდა, რომ ჩვენ ის ვაღიაროთ, დავაფასოთ, ვცნოთ როგორც მნიშვნელოვანი მოთამაშე და სერიოზულად ველაპარაკოთ. აჰმადინეჯადი არც ისე პოპულარულია ირანში, კარგი იქნებოდა მისი შეცვლა რაფსანჯანით, ოპოზიციის ერთერთი ლიდერით. თუმცა, გაეროს უსაფრთხოების სამიტზე აჰმადინეჯადმაც საკმაოდ შემრიგებლური განცხადებები გააკეთა, მაგრამ მისი გამოსვლა არავის წაუკითხავს, ასე რომ, ამ გამოსვლას არანაირი წონა არა აქვს.
რემნიკი: ცნობილი სიმღერის პერიფრაზი რომ მოვიშველიოთ, „და რა შუაშია აქ სიყვარული“ (what's love got to do with it?), ის ქვეყნის პრეზიდენტია და, მსუბუქად რომ ვთქვათ, მისი რიტორიკა, რაც არ უნდა გაზვიადებული იყოს ის, მაინც მიუღებელია. მესმის, რომ ირანში ყველა მასავით არ ფიქრობს, რომ იქ სხვა პოლიტიკური დინებებიც არსებობს, მაგრამ ის მაინც ირანის პრეზიდენტია. როგორ უნდა გამოხატო ტაქტიკური თუ სტატეგიული „სიყვარული“ იმ ქვეყნის მიმართ, რომლის სათავეშიც აჰმადინეჯადია? რა შეიძლება შესთავაზო ლიდერს, რომელიც, მაგალითად, უარყოფს ჰოლოკოსტს?
ჰერში: და სხვა რა ალტერნატივა არსებობს?
რემნიკი: თქვენი დიპლომატიური წყაროები რას ამბობენ? არსებობს დიპლომატიური ალტერნატივა?
ჰერში: ამ თეთრ სახლში ალტერნატიული სამოქმედო გეგმა არ არსებობს. აქ მხოლოდ ერთი მიმართულებაა. ბუშს უნდა ომი. ეს მისი პირადი ახირებაა. მაგრამ, იცი, კიდევ რა არის საინტერესო? ერთ-ერთი ინდიკატორი იმისა, რომ ამერიკა ომს იწყებს, ერაყის სამხრეთიდან ბრიტანული ქვეითი შენაერთების გამოყვანა იქნება. თუ ირანი დაიბომბება, ბრიტანელები ტყვედ აყვანის ადვილი სამიზნე გახდებიან. ანუ, თუ ბრიტანელებს გამოიყვანენ, ეს ჩემთვის ომისთვის მზადების კიდევ ერთი ნიშანი იქნება. ისრაელის არჩევნებიც საინტერესოა ამ თვალსაზრისით. თუ ისრაელში ვადამდელი არჩევნები დაინიშნა, მაშინ, ირანის თემაც წინა პლანზე წამოიწევს. იმედია, არაფერი ამის მსგავსი არ მოხდება, მაგრამ თუ მოხდა, ჩვენი საქმე ცუდადაა.
რემნიკი: უნდა დავუშვათ თუ არა შეიარაღებული ირანი? იმის მიუხედავად, 5 წელი დასჭირდება ამას თუ 6.
ჰერში: ჰო, ესეც არავინ იცის, მაგრამ რეალური საფრთხეა. ისრაელში ამბობენ, იმდენად ატომურ ბომბში კი არ არის საქმე, პრობლემა სიონიზმის დასრულებაშიაო. ისრაელისთვის ეს სერიოზული საკითხია. თუ დადასტურდა, რომ ისრაელს მართლაც აქვს ბომბი, მაშინ ძალიან ბევრი საშუალო ფენის ისრაელელი იტყვის, არა, მორჩა, მეტის მოთმენა აღარ შეიძლება, არგენტინაში მივდივარო. ბევრი ეცდება გაქცევას. ასე რომ, ეს საკმაოდ ლეგიტიმური შიშია, შიში იმისა, რომ ბომბის არსებობა სიონიზმის იდეის საბოლოოდ დასამარების ტოლფასი იქნება. თორემ, ერთი ბომბი ბევრს არაფერს ნიშნავს. ისრაელს უამრავი აქვს ასეთი. უცნაურია, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ვერ დაუშვებენ ატომურ ირანს. ირანელები კი, ამის გარეშე ვერ იცხოვრებენ. ასე რომ, სერიოზული დილემის წინაშე ვდგავართ. სრული ჩიხია და არავინ იცის, რა მოხდება.
რემნიკი: ახლო აღმოსავლეთში ამბობენ, თუ შეიძლება, რომ ირანს ჰქონდეს ბომბი, მაშინ ჩვენთვისაც შეიძლებაო. ანუ, სრულად შეიარაღებულ ახლო აღმოსავლეთს მივიღებთ.
ჰერში: უკვე გვაქვს შეიარაღებული პაკისტანი და ეს ძალიან საშიშია. პაკისტანელებმა გააკეთეს ის, რაც ირანელებმა ვერ შეძლეს. პაკისტანმა ატომური ენერგია ტექნოლოგიური განვითარებისთვის გამოიყენა. როგორც რეპორტები ამბობს, ირანელებმა გამდიდრების 3,7 პროცენტს მიაღწიეს. ბომბის მისაღებად დაახლოებით 90 პროცენტიანი გამდიდრება და მშვიდობიანი ბირთვული რეაქტორის ასამუშავებლად, 5 პროცენტი სჭირდებათ. ასე რომ, ოფიციალური მონაცემებით, ირანი პაკისტანს მნიშვნელოვნად ჩამორჩება. ამიტომაც არის, რომ ამერიკაში ბევრი ფიქრობს, რომ ირანში პარალელური საიდუმლო პროგრამა არსებობს, ვუდი ალენის ფილმის არ იყოს, მიწისქვეშეთში რობოტები რომ არიან. ჩვენ კი ვეძებეთ ბევრი, მაგრამ ვერ ვიპოვეთ. ასე რომ, რასაც ვხედავთ, იმას უნდა დავჯერდეთ.
ასე რომ, მოდი, ასე ვთქვათ: ჯორჯ ბუშმა ნამდვილად არ ითამაშა პოზიტიური როლი ამ ქვეყნის და დანარჩენი მსოფლიოს უსაფრთხოების კონტექსტში, მაგრამ ბუში არ არის ერთადერთი პრობლემა. სხვა სერიოზული პრობლემებიც გვაქვს, მაგალითად ის, რომ ამერიკამ დაკარგა მორალური ძალა საერთაშორისო ასპარეზზე. ამერიკა რაღაცას ნიშნავდა, თუნდაც, განიარაღების, ადამიანის უფლებათა დაცვის, ჟენევის კონვენციების დაცვის საკითხებში. ჩვენ ვკარგავთ წონას მსოფლიოს თვალში და ძალიან შეგვრცხვება, როცა გამოაშკარავდება ის ყველაფერი, რასაც ახლა ამერიკის სახელით ჩავდივართ.
რემნიკი: 3 წლის წინ, თქვენ, როგორც რეპორტიორი, პასუხისმგებელი იყავით იმაზე, რომ ჩვენამდე მოიტანეთ ყველაზე საშინელი „მორალური ამბავი“ ერაყიდან და ეს იყო აბუ გრეიბის ციხის სკანდალი. კმაყოფილით ხართ იმით, რომ ამან ქვეყნის ადმინისტრაციაზე სეროიზული ზეწოლა მოახდინა?
ჰერში: ზუსტად 2 დღის წინ დაბეჭდა „თაიმსმა“ კიდევ 2 ახალი დოკუმენტი წამების ფაქტებზე და ბუშის პასუხი იგივე იყო, „არა ჩვენ არ ვაწამებთ.“ ჩვენ სიტყვების ბიზნესში ვართ და სიტყვა ჩვენთვის რაღაცას ნიშნავს. საოცარია, მაგრამ ამ პრეზიდენტისთვის, სიტყვებს არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. ისინი მხოლოდ ინსტრუმენტად, იარაღად იხმარება. ეს სიტყვებია: „ჩვენ არ ვაწამებთ“. ისე, აბუ გრეიბში წამების ფაქტებზე ინფორმაცია იმაზე 4-5 თვით ადრე მქონდა, ვიდრე ამის დაწერას შევძლებდი. ერაყში მომსახურე ერთ-ერთმა გენერალმა მითხრა, რომ ქალი პატიმრები თავიანთ მამებსა და ძმებს წერილებს წერდნენ და ეუბნებოდნენ, სიკვდილის ღირსი ვარ, პატივი ამყარესო. არავინ იცის, ზუსტად რა იგულისხმებოდა ამაში - ეს შეიძლება იმას ნიშნავდა, რომ სამხედროები ქალებს საშხაპეებში სურათებს უღებდნენ. ან სხვა, გაცილებით უფრო საშიშ რამეს. ეს კულტურული განსხვავებები საშინლად მირთულებდა საქმეს. ამ ციხეში არავის უხსენებია წესები. გააკეთე, რაც გინდა, ოღონდ, არავინ მოკლა.
რემნიკი: ვიეტნამის მერე ამერიკელების ბევრი საშინელი ქცევა გინახავთ. ბევრი სამხედრო დამნაშავის წამების ისტორიას უკავშირდება ჩვენი სახელი, მაგრამ, მაინც, როგორ მოხდა ეს? რას გეუბნებიან თქვენი წყაროები? რა მორალურ დილემას ხედავენ ამ ყველაფერში?
ჰერში: 11 სექტემბერი - ბევრი ბრაზი, შიში. ახლახან წავიკითხე გუანტანამოს თურქი-გერმანელი პატიმრის მემუარი. ეს კაცი ძალიან საინტერესოდ ხსნის იმას, რაც იქ ხდებოდა. გახსოვთ, პირველი ფოტოები ავღანეთიდან - ჯაჭვებიანი და ნიღბიანი მეთვალყურეების? მოკლედ, ეს ბიჭი ამბობს, ამ მეთვალყურეებს ჩვენი ეშინოდათო. ნიღბებიც იმიტომ უკეთიათ, რომ ეშინიათ, არ შევჭამოთო. 11 სექტემბრის მერე, მართლაც, ყველანი გაბრაზებული და შეშინებული ვიყავით და მზად ვიყავით ჯავრი ყველაფერზე გვეყარა. სწორედ ამ წუთებში სჭირდება ქვეყანას ფანტასტიკური მორალური ლიდერი. გახსოვთ ჯონ როკერლინდი? 17 წლის ამერიკელი ბიჭი, რომელიც თალიბანის წევრებთან ერთად დაიჭირეს. ბევრი 17 წლის თინეიჯერი ბიჭი უბერავს ასე. ზოგი პლანის მოწევას იწყებს, ზოგი სმას, ზოგიც ხულიგნობას… მისი მშობლები დაშორებულები იყვნენ, მძიმე გარემოში გაიზარდა. ამ ბიჭმაც ისწავლა არაბული და შეუერთდა თალიბანს. მოკლედ, „ნიუიორკერის“ არ იყოს, ამანაც სერიოზულად გაუბერა. როგორც დაკითხვებიდან გამოჩნდა, მან ბევრი არც არაფერი იცოდა. მაგრამ ერთი „ცერეუშნიკი“ ამერიკელი დაკითხვისას მიხვდა, რომ ეს ბავშვი ამერიკელი იყო და ინგლისურად დაუწყო ლაპარაკი. მაგრამ ჯონს რომ ინგლისურად ეპასუხა, მისი თალიბანელი მეგობრები ჩათვლიდნენ, რომ ამერიკელების „შპიონი“ იყო. მოკლედ, ეს ბიჭი ვერ გატეხეს და 20 წელი მიუსაჯეს. ვიდრე დააპატიმრებდნენ, ის ჩვენს თვალწინ დაიჭრა, ქაბულთან ახლოს მომხდარ ერთ-ერთ პირველ შეტაკებაში. დაჭრილი გვერდზე გაათრიეს, გააშიშვლეს, რაღაც უხეშ ნაჭერში გაახვიეს, რომელსაც ხვრელები გაუკეთეს იმისათვის, რომ ჯარისკაცები მისულიყვნენ და ზედ დაეფსათ. თან სურათები გადაეღოთ. 5 დღე ისე გავიდა, დაჭრილს არც უმკურნალეს. ჩვენამდე ყოველდღე მოდიოდა ფოტოები, ახალ-ახალი ამბები ამ ბიჭზე, ჟენევის კონვენციის სერიოზული დარღვევები სახეზე იყო, მაგრამ, გავაკეთეთ რამე? გამოვეხმაურეთ პრესა, ან რომელიმე ჩვენგანი? ყველას ერთი რამე გვინდოდა, „მიდით, დედა უტირეთ“. ასე რომ, ეს შიში რეალურია. ჩვენ მართლა გვეშინოდა, ვბრაზობდით და კოლექტიური შურისძიების განცდით ვიყავით გამსჭვალული. ამიტომაც, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ჩვენს მთავრობას მორალური ლიდერის როლი აეღო საკუთარ თავზე.
რემნიკი: ბევრს საუბრობენ ჯორჯ ბუშის ღირებულებების „უნიკალურობაზე“. მაგრამ, თქვენი ცხოვრების მანძილზე, ოდესმე გინახავთ 180 გრადუსით უკეთესი ლიდერი?
ჰერში: პრინციპში არა. თუ ვიეტნამზე დაწერილ ლიტერატურას წაიკითხავთ, ნახავთ, რომ იქაც საშინლად ვაწამებდით ხალხს, გენიტალიებზე დენის მიერთებით და მთელი ამ საშინელებებით. ალბათ, ამ შემთხვევაში, პასუხი ის არ არის, რომ ომი იმდენად არაჩვეულებრივი მდგომარეობაა, რომ იქ, ჩვენ არავისზე უკეთ არ ვიქცევით. ეს მთლად კარგი ამბავი არ არის, მაგრამ ასეა.
აბუ გრეიბის ზედამხედველები რომ გენახათ, უფრო მეტად დარწმუნდებოდით ამაში. ბევრ მათგანთან მისაუბრია. სასიამოვნო, ნათელი გონების, ჭკვიანი ადამიანები არიან. საშუალო ფენის ამერიკელები და რეზერვში იმისთვის მიდიან, რომ ნორმალური ხელფასი ჰქონდეთ, რომ მერე, რა ვიცი, სილამაზის სკოლაში გააგრძელონ სწავლა, ან შაბათ საღამოს ლუდი დალიონ. ისინი ჩვეულებრივი ადამიანები არიან და მონსტრებს არანაირად არ გვანან, მაგრამ, ომი ისეთი საშინელი რამეა, არავინ იცის, იქ ვინ როგორ მოიქცევა. და ყველაზე ცუდი ის არის, რომ ომში ვერაფერს სწავლობ. ჩვენ სხვადასხვა ომებში გვიომია, სხვადასხვა დროს, მაგრამ ჩვენი ქცევა არ შეცვლილა. ყოველთვის საშინელ ძალადობას ვავლენთ ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ, ვიეტნამშიც ასე იყო და ახლაც ასეა. ჩემი მთავარი კითხვაა, როდის დავიწყებთ ამ ქვეყანაში საუბარს ომზე მორალური კატეგორიებით? და რა სამწუხაროა, რომ ეს თემა არც ერთი დემოკრატი საპრეზიდენტო კანდიდატის მოხსენებებში არ ისმის. არ ვგულისხმობ თვითგვემას, მაინტერესებს ჩვენი საქციელის კრიტიკული შეფასება. ხომ არსებობს ანალოგიები წარსულსა და აწმყოს შორის? ჩვენ მხოლოდ ჩვენს გამარჯვებაზე ვსაუბრობთ. ასე რომ, არ ვიცი, მგონი, ეს ქვეყანა, ამ ეტაპზე ძალიან დაბნეულია. აღარ ვიცით, ვინ ვართ და რა გვინდა.
რემნიკი: რა ანალოგიებს ხედავთ ვიეტნამსა და ერაყს შორის?
ჰერში: როცა ვიეტნამის ომში ნამყოფ ჯარისკაცებს ელაპარაკები, ისინი ამბობენ, რომ ვიეტნამში ყველაზე დიდი პრობლემა მტრის უხილავობა იყო. დადიხარ თვეობით და ძირითადად ნაღმებზე ფეთქდები. იქ არასოდეს უნახავთ ფორმიანი მტერი. ერაყში კი - ერთხელ, მახსოვს, მეც იქ ვიყავი, მორიგი პატრულირების დროს, ბრონირებულ, სამხედროებით სავსე მანქანებში ვიჯექი. ერთ-ერთ სოფელში ბავშვები შემოგვესივნენ, ჯარისკაცების მეშვეობით საღეჭი რეზინები დავურიგეთ და გზა განვაგრძეთ. ზუსტად რამდენიმე მეტრში, ბომბი აფეთქდა და 6 ჯარისკაცი იმსხვერპლა. როცა ასეთი რამ ხდება, გადარჩენილი ჯარისკაცები მანქანებიდან ხტებიან და ესვრიან ყველას, ვინც მოძრაობს. და ერთ-ერთმა ბავშვმა მობილურით გადაიღო, როგორ გარბიან ჯარისკაცები და როგორ ესვრიან ყველას, ვინც იქვე დარბის. როგორც მერე გაირკვა, თურმე, ახალგაზრდები ფეხბურთს თამაშობენ. გადაღებულ ვიდეოზე ეს ჯარისკაცები მხოლოდ წელს ქვევით ჩანან და ხედავ, როგორ მიათრევენ ცხედრებს, ყრიან იარაღს, აფეთქებენ ყუმბარებს და აცხადებენ, რომ ამერიკელ ჯარისკაცებს 30 მეამბოხე დაესხა თავს. და, მე რა უნდა ვქნა ამ დროს? რა უნდა დავწერო? თუ იმას დავწერ, რაც იყო, იქ მყოფი ყველა ჯარისკაცი განზრახ მკვლელობისთვის გასამართლდება. კი, რაღაც თვალსაზრისით ეს ასეა, მაგრამ … არის ასე? მოკლედ, აი, ეს არის ჩემი საქმის სირთულე. ხვდებით, რას ვგულისხმობ? ეს არის ის ანალოგია, რაზეც მეკითხებოდით. ომი ყოველთვის ხალხის წინააღმდეგ არის. როცა უცხო ქვეყანაში ომობ, იქ, სადაც არ არსებობს კონკრეტული მტერი, ძალიან ძნელია. ამიტომ, ომის ხელაღებით დაწყება, ღმერთი ჩემო, არ შეიძლება. თუ ირანში შევედით, იქ უარესი მოხდება.
რემნიკი: როგორ ფიქრობთ, ამ ადმინისტრაციამ მიიღო პოლიტიკური, სტრატეგიული ან, თუნდაც, მორალური გაკვეთილი ერაყის ომიდან?
ჰერში: მოდი, ასე ვთქვათ: მე დღეებს ვითვლი. ამერიკის შემდეგი პრეზიდეტის ინაუგურაციამდე 738 დღე და 22 საათია დარჩენილი. სულ ამაზე ვფიქრობ. ხვალ ერთით ნაკლები დღე იქნება და ეს მაიმედებს. თუმცა, თუ დემოკრატები არ გამოფხიზლდებიან და გონს არ მოეგებიან, ძალიან ცუდად იქნება საქმე.
მეორე მხრივ, მჯერა, რასაც პრეზიდენტი ამბობს. ერთხელ, მახსოვს, ვიღაცას შევხვდი საუზმეზე პენტაგონიდან და მან მითხრა, ბუშთან მიმართებაში უკვე სიტყვა „მესიანისტურს“ ვხმარობთო.
რემნიკი: ჰო, ბუშიც ხმარობს ხოლმე სიტყვა „მესიანისტურს“.
ჰერში: მას სწამს ღმერთის. მას უნდა, ის გააკეთოს, რაც მამამისმა ვერ გააკეთა. 12 საფეხურიანი ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის მეცამეტე საფეხურია. ისევ ფროიდთან გვაქვს საქმე, თუ რაღაც, რას გაიგებ. ბუშის გამოსვლებში, ყოველთვის ვხვდები ხოლმე, სად ჩეინია და სად ბუში. ჩეინის კარგად ვიცნობ, მისი მუსიკაც კარგად მესმის. მაგრამ ბუში, ბუში ირაციონალური შემთხვევაა.
რემნიკი: რატომ გელაპარაკებიან თქვენი წყაროები?
ჰერში: იმიტომ, რომ ამერიკაში ფანტასტიკური ადამიანები ცხოვრობენ და როცა ასეთი პრეზიდენტი გყავს, ვინც მთელ სისტემას წიხლქვეშ იგდებს, რა აქვთ დასაკარგი, საკუთარი ქვეყნის გარდა? ამიტომ მელაპარაკებიან. ამ პრეზიდენტის მმართველობის პერიოდში დავრწმუნდით, როგორი მყიფე ყოფილა დემოკრატია. გაზეთების მიმართ ჩემი პატივისცემის მიუხედავად, „ვაშინგტონ პოსტის“ და „თაიმსის“ ჩათვლით, სადაც 8 წელი ვიმუშავე, არავინ, არავინ გააკეთა კარგად თავის საქმე, არავინ დაგვეხმარა რეალობის სწორად აღქმაში. არც ერთი გაზეთი არ იყო მოწოდების სიმაღლეზე. ჯეფერსონი, ალბათ, საფლავში ტრიალებს. ბუშმა მოისყიდა პრესა, მოისყიდა კონგრესი, მოისყიდა მთელი ბიუროკრატია და სამხედროები.
რემნიკი: „მოისყიდა“ სერიოზული სიტყვაა და შეიძლება გულისხმობდეს იმას, რომ მან ყველაფერი ცენზურის ქვეშ მოაქცია.
ჰერში: სწორი შენიშვნაა. არ ვგულისხმობ იმას, რომ ის დაჯდა და ეს ყველაფერი განზრახ დაგეგმა. ის ყველაზე რევოლუციური პრეზიდენტია, ვინც კი ოდესმე გვყოლია. ცოტა უცნაურია, ბუშის რევოლუციონერად მოხსენიება, მაგრამ ასეა. მას გულწრფელად სწამს, რომ შეუძლია ახლო აღმოსავლეთის გადარჩენა და იქ დემოკრატიის აყვავება. მართლა ასე სჯერა და სხვებსაც არ უსმენს, როცა საწინააღმდეგოს ეუბნებიან. ამიტომ არის ის რევოლუციონერი და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ამ მიზანს მიაღწიოს.
რემნიკი: ერაყში კიდევ დიდხანს ვიქნებით?
ჰერში: ო, ღმერთო! სამწუხაროდ, ალბათ, კი.
იან მაკიუენი და სტივ მარტინი
ჩვენს ლიტერატურულ რედაქტორს, მალხაზ ხარბედიას ვკითხე, იან მაკიუენი თუ იციან ჩვენში-მეთქი. მითხრა, კი, კი, როგორ არა, იმ 10 კაცმა, ვინც ლიტერატურის გურმანია, იცისო. დიდი იმედი მაქვს, ჩვენს მკითხველებს შორის 10 კაცზე მეტია, ვისაც ეს სახელი და გვარი გაუგია და მისი ერთი-ორი მოთხრობაც წაუკითხავს. მაკიუენი მართლაც მაგარი მწერალია, „ნიუ-იორკერის“ რედაქტორის საყვარელი მწერალიც ყოფილა და რემნიკისა და ამ ინგლისელი მწერლის საუბრის წაკითხვა „ლიტერატურა - ცხელი შოკოლადის“ შემდეგ ნომერში შეგეძლებათ.
მე კი ამბის მოყოლას განვაგრძობ და გეტყვით, რომ ფესტივალის შაბათ საღამოს სტივ მარტინის პერფორმანსს დავესწარი. გახსოვთ, სტივ მარტინი, 60 და 70 წლების ამერიკის სატირიკოსი? მსახიობობასა და სატირიკოსობასთან ერთად, ის მწერალიც არის და 1996 წლის მერე თანამშრომლობს „ნიუ-იორკერთან“. მისი ორი რომანი ეკრანიზებულიც ყოფილა. მარტინმა რამდენიმე თვის წინ დაასრულა მემუარების წერაც.
ყოველთვის მიკვირს ხოლმე, სინამდვილეში, როგორი სერიოზულები არიან ეს სატირიკოსები. თუ არ მსახიობობენ, დანა კბილს არ უხსნით. არც სტივ მარტინი ყოფილა გამონაკლისი. აუდიტორიაც წარბშეკრული ვუსმენდით იქამდე, ვიდრე მისი პერფორმანსების ჩანაწერები არ გვაჩვენეს და მერე, თავადაც არ წარმოგვიდგინა ახალი სკეტჩი. მოკლედ, ეს შეხვედრა დიდი ვერაფერი „ხოხმა“ იყო. მაგრამ, აუდიტორიაში მჯდომი 70-იანელები, მაინც ნოსტალგიით იხსენებდნენ სტივ მარტინის ადრეულ გამოსვლებსა და თმებაწეწილ, დაბოლილ, ჰიპურ, იდეალისტურ და ლაღ ამერიკას, რომელიც აღარასოდეს განმეორდება.
სიგურ როსი, ერთი მსახიობის თეატრი და სხვა
ისევ იმ ავადსახსენებელ დროში დამთხვევების გამო, ბევრ ღონისძიებას ჩემდაუნებურად ავცდი. ფესტივალის „ვარსკვლავი“, სიგურ როსი (ისლანდიური ბენდია) ჩვენმა ფოტოგრაფმა, მესხმა მოისმინა. რომ ვკითხე, როგორი იყო-მეთქი, მითხრა „მაგრა გაასწორაო“. სამწუხაროდ, მესხისგან ამაზე უხვსიტყვიანი აღწერილობა ვერ მოვისმინე და ამიტომ „მაგრა გაასწორას“ უნდა დავჯერდეთ.
ასევე ავცდი ექსკურსიას ბლუმბერგის ახალ ნიუსრუმებში, პანელს ამერიკული „ტელევიზიის მამების“ მონაწილეობით, დისკუსიას თემაზე „როგორ ქმნის ჰოლივუდი ისტორიას“, „პარკურის“ ილეთების დემონსტრირებას და ნიუ-იორკის ქუჩებში ველოსიპედებით კოლექტიურ სეირნობას. ველოსიპედი ხომ ნიუ-იორკის ქრონიკულ საცობებში მისწრებაა, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, ყველაზე „ეკოლოგიურად სუფთა“ ტრანსპორტი რომაა. მოკლედ, ამ უკანასკნელის საკომპენსაციოდ, ფესტივალის ადმინისტრაციის ჯიბრზე, ჩემს მეგობართან ერთად, მაინც ვიქირავე ველოსიპედი და ვისეირნე „ცენტრალ პარკში“! მოკლედ, ავცდი ყველაფერს სახალისოს - რა დროს ხალისია, სამყაროა გადასარჩენი-მეთქი, თავს ვანუგეშებდი.
ჰო, რას ვამბობდი?
არის ასეთი მწერალი და მსახიობი, ანა დივიერ სმიტი, რომელიც თავის მიერ აღებულ ინტერვიუებზე აწყობს ერთი მსახიობის თეატრს, სადაც ინტერვიუს გმირებს აცოცხლებს. ანას სხვადასხვა თემაზე და კონექსტში ჩაწერილი აქვს ათასობით ინტერვიუ, სხვადასხვა ფენის, რასის, სოციალური სტატუსისა და პოლიტიკური ორიენტაციის ამერიკელებთან. მათ შორის არიან ცნობილი ადამიანებიც.
იმ საღამოს ანამ სამი დადგმა შეასრულა, ერთი ბილ ქლინტონი იყო და ჩემს გვერდზე მჯდომი წყვილი, წარმოდგენის შემდეგ, სინანულით იხსენებდა, ბევრი ნაკლის მიუხედავად, ბილ ქლინტონი მაინც ერთერთი საუკეთესო პრეზიდენტი იყოო. აუცილებლად უნდა დაბრუნდნენ კლინტონები თეთრ სახლში, სხვა გამოსავალი არ არის, გვისურვე წარმატებაო. მეც არ დავზარდი, რაღა თქმა უნდა.
ბოლო სკეტჩის გმირი შიდსით დაავადებულ ბავშვთა ცენტრის ფსიქოლოგი იყო. ამ ცენტრში უკვე მომაკვდავი, მზრუნველობამოკლებული ბავშვები არიან და მისი ფუნქციაც ამ პატარა ადამიანების სიკვდილამდე მიცილება ყოფილა. „არ დატოვოთ ისინი სიბნელეში“, „არ დატოვოთ ისინი სიბნელეში მარტო“. მთელი დარბაზი ხმამაღლა ტიროდა.
ჩემთვის ფესტივალი ამ ნოტაზე დამთავრდა, თუმცა, ამ სამი დღის განმავლობაში, ისევ ხელახლა აღვიქვი სამყაროს სიგრძე-სიგანე, ისეთი, როგორიც ის სინამდვილეში არის.
![]() |
6 უცნობი არტისტი... |
▲ზევით დაბრუნება |
ისტორია
ავტორი: სალომე კიკალეიშვილი
ფოტო: დავით მესხი, პირადი არქივი
MP3 გამომიწოდა - ჩემი ჩანაწერებია, თუ გინდა მოუსმინე. ყურსასმენები გავიკეთე. აპარატის ეკრანზე თანმიმდევრულად გამოჩნდა
უცნობი არტისტი...
უცნობი სათაური...
სკამის საზურგეს მივეყუდე, თვალები დავხუჭე.
უცნობი სათაური
პლეხანოვი. ძველი სახლები. ერთ-ერთ ასეთ სახლში ცხოვრობს. 4 წლის იქნება, შავზე შავი და ძალიან ხუჭუჭა თმა აქვს. მამიდასთან და ბებიასთან ერთად ოროთახიან ბინაში სულ ქვემოთ, პირველ სართულზე ცხოვრობს. ზემოთ, მაჩაიძეების ბინაა, უცნაური კაცია ეს მთავარი მაჩაიძე, ადრე ფილოსოფოსი იყო, ახლა ლოთობს. ხან ვინ აძლევს ფულს და, ხან ვინ. ერთი რამ აქვს ამოჩემებული. ყოველ დილით აივანზე დგება და მთელი ეზოს გასაგონად, ფილოსოფიური ტრაქტატების კითხვას იწყებს - ცხოვრებაზე, ფასეულობებზე, იმაზე, რომ არასწორად ვცხოვრობთ... მერე საქმეში სოკრატეს და ჰეგელს გარევს ხოლმე... კოლორიტული ტიპაჟია! თან ძალიან! ესეც დგას და უსმენს, ბევრი არაფერი ესმის, მაგრამ მთავარი მაჩაიძის მოსმენა მაინც საინტერესო ამბავია. ამ დროს კარი იღება და - ეე, ლენა გამოვიდა... ლენა წვერავას დედ-მამა ოპერის მევიოლინეები არიან. მთელს ამ სახლში ეს ორი კინკილა ბავშვია და ამიტომ, ლენა მისი უახლოესი მეგობარია.
- აუუ, წამო გემზე...
- წამო... ეე, ნახე ბაბუშკა გამოვიდა...
ბაბუშკა 90-ს გადაცილებული რუსის ქალია. არავინ იცის, რა ჰქვია და, უბრალოდ, ბაბუშკას ეძახიან. ბაბუშკა სულ მარტოა. არავინ ჰყავს. ზოგჯერ შვილთაშვილი მოდის და დახედავს ხოლმე. მაგრამ... ბაბუშკას დედამიწაზე ყველაზე მაგარი ხის ჯამი და ხის კოვზი აქვს. იცი, რა გემრიელად ჭამს იქიდან სუფს... მმმ... ბაბუშკას პარკინსონი ჭირს და ხელი უკანკალებს, მაგრამ, მაინც, ძალიან გემრიელად ჭამს. პირამდე აავსებს ხოლმე ჯამს, დაიჭერს აკანკალებულ ხელში ხის კოვზს და... ესეც დაჭყეტილი თვალებით უყურებს, უთვალთვალებს. ისე, თვითონაც ასეთ ხის კოვზზე ოცნებობს... აი, ზოგჯერ, როცა არავინ უყურებს და ბებია სუფს დაუსხამს თეფზე, ხელს ააკანკალებს და ბაბუშკასავით ჭამს, მასავით გემრიელად ჭამს. მაგარია!
- მოდიხარ გემზე?
ზედა სართულის აივანი ცოტა უცნაური ფორმისაა, თან რაღაც გალიასავით არის და... გემია, ნამდვილი გემი. ხან ეს არის გემის კაპიტანი, ხან ლენა. მაგრამ მგზავრებად უცვლელად რჩებიან: ფილოსოფოსი მაჩაიძე, ბაბუშკა, ქურთი ნინა, ძია ილუშა და დეიდა სარა. ძია ილუშა და დეიდა სარა ებრაელი ცოლ-ქმარი არიან. იქვე, ეზოში ქუდების პატარა მაღაზია აქვთ.
- კაი, ხო, მოვრჩით გემობანას... დაიცა, ქვემოთ ჩავალ. კიბეზე სწრაფად ჩარბის და ქუდების მაღაზიის ფანჯარაში ჩუმად იჭყიტება. უყვარს თვალთვალი, დაკვირვება. აი, ახლა ყველაზე საინტერესო მომენტია, ძია ილუშა ქუდს ყალიბს აკრავს და... ისე, ამ ქუდს აეროდრომს ეძახიან, მოდაშია. მამამისსაც აქვს ზუსტად ასეთი. დეიდა სარა კი... აუ, ძალიან ბევრს ლაპარაკობს ხოლმე ეს ქალი, რაღაცნაირია... ექსპრესიული თუ რაღაც... დეიდა სარას ყველა სარა მატვეევნას ეძახის, მაგრამ მამამისმა უკეთესი სახელი მოუგონა - სარა მარტო ენა! ჰმ... დეიდა სარამ კი ეს არ იცის.
ქურთი ნინა? ნინას სკოლაში დაჰყავს. მშობლები სულ სადღაც არიან წასულები, გასტროლებზე, დედის მხრიდან ბებიებიც სულ დაკავებულები არიან... აბა, დებ იშხნელებს ვინ არ იცნობს?! ამიტომ მამიდასთან და ბებიასთან ცხოვრობს და კვირის ბოლოს, სამი დღით მიდის ხოლმე დედასთან... ჰო, ნინაზე გავჩერდი. ნინა ქურთის შავი ქალია, შავი და კეთილი. ესეც შავტუხაა. ვიღაცები ცუდად ეხუმრებიან - კი, აბა, ვიცით, შენ ნინას შვილი ხარო... ჰოდა, როცა ნინას სკოლაში მიჰყავს - ნინაა, იცი რაა.. შენ გზის იქითა მხარეს იარე რა! მე აქეთ, კარგი? ისე, უბრალოდ.
როდის დაიწყო სიმღერა? რა უაზრო კითხვაა, აბა, საიდან უნდა ახსოვდეს?! დედის თუ მამის მხრიდან ყველა ყოველთვის უკრავდა და მღეროდა. საიდან დაიწყოო... ამაზე არც კი დაფიქრებულა. თვითონაც მღერის ხოლმე, უბრალოდ, ისე არა, როგორც სხვა ბავშვები, სკამზე დგომა არ უყვარს. მაგიდის ქვეშ ძვრება, პატარა, ხუჭუჭა, შავტუხა და იქიდან მღერის დაბალ ხმაზე.
იმ დღეს ცუდად გახდა, ძალიან ცუდად. ბებიას გაეხუმრა და ზურგზე შეახტა. ბებოს ფისოს ეძახდნენ ისეთი სუსტი და ფარფატა იყო, ზუსტად იმ დროს ხელში, ადუღებული წყლით სავსე ჩაიდანი ეჭირა და... პატარა სახეზე გადაესხა. ტკიოდა, ეწვოდა. ძალიან ეწვოდა და დედამ თავისთან წაიყვანა, მე მივხედავო. ოთახში, საწოლთან მამის სურათი უკიდია. უყურებს ფორმაში გამოწყობილ მამის შავ-თეთრ გამოსახულებას და - აი, მამა რომ ჩამოვა, მერე გავხდები კარგად, მანამდე არა. არადა, ეს იარებიც არ უშუშდება, არ ცხრება. მამა? მამა ომის დროს იბრძოდა, მფრინავი იყო. ეხლა დროებით რუსეთშია წასული, ინჟინერია. - ჩამოვა, ვნახავ და რომ მაკოცებს, მერე გავხდები კარგად - იმეორებდა ყოველ წუთას. ისევ ამაზე ფიქრობდა, როცა კარი გაიღო, მამა შემოვიდა, ხელში აიყვანა და მთელი დამწვარი სახე მაგრად დაუკოცნა. იცი, უცნაურია, მაგრამ, ნელ-ნელა სახემ მოშუშება დაიწყო, იარებიც სადღაც გაქრა.
- უკვე დიდი ხარ, 8 წლის ხარ, გინდა, დედასთან გადადი. არ წავიდა, ვერ წავიდა... მამიდამ ხომ ცხოვრებაში ყველაფერი დათმო მის გამო, არც გათხოვილა. არა, დედა კი ენატრებოდა ხოლმე... იმ დღეს არ იყო, როცა ბებიამ, „საპოვნელა“ დაუკრა, ეს მივარდა, ძალიან, ძალიან მაგრად ჩაეხუტა და ხმამაღლა იყვირა - დედა, დედაა! რატომ? „საპოვნელას“ დები იშხნელები მღეროდნენ, ერთ-ერთი და, თამარი კი, მისი ბებია იყო, დედის დედა, ჰოდა, ამ სიმღერაზე დედა გაახსენდა და...
- ჩაის მიირთმევთ?
ყურსასმენებს ვიშორებ და თავს ვუქნევ. მაგრამ გონებით ისევ იმ სახლში ვარ, პლეხანოვზე, პატარა და ძველი სახლის ოროთახიანში. -„ძალიან ჩუმი და დამჯერი ბავშვი ვიყავი. რასაც მეტყოდნენ, იმას ვაკეთებდი. სულ დამკვირვებელი ვიყავი, მივდიოდი და ვუყურებდი როგორ თამაშობდნენ სხვები, ეს მომწონდა. დღეს შეიძლება ვიღაცებს გაეცინოთ, მაგრამ ბუნებით უკომფლიქტო ადამიანი ვარ. ერთადერთი, რაშიც მე და ჩემი და ვერ ვთანხმდებოდით, სახლში წესრიგი იყო. თინა 7 წლით არის ჩემზე პატარა და...
თინა: მანანა ფანტასტიური ბავშვი იყო;
მანანა: ფანტასტიური რა არის? ჩუმი თქვი რა...
თინა: არა, ფანტასტიური; მეე? ცელქი;
მანანა: ცელქი კი არა, გიჟი იყო, გიჟი... მაპატიეთ, ცოტა ხნით უნდა დაგტოვოთ... თინა, შენ ხომ აქ ხარ?
თინა მენაბდე:
ბავშვობაში ყველას ჰყავს თავის კერპი. მე მანანა მყავდა გაიდეალებული. იმდენად რომ... საერთოდ, საშინელი ბარონ მიუნჰაუზენი ვიყავი, მანანაზე ვიგონებდი, რომ ის ისეთი მაგარია... აი, იმ დღეს მატარებელს გადააფრინდა ან გუშინ გადმოხტა მეჩვიდმეტე სართულიდან... როცა მოუნდება, დაფრინავს კიდეც....
რასაც აკეთებდა - წერდა ლექსს, მუსიკას, ხატავდა, ყველაფერი მომწონდა. სკოლაშიც ყველაფერი გამოსდიოდა, ეს კი ჩემში აღფრთოვანებას იწვევდა. ისე, ერთი პერიოდი ხელბურთელი იყო, საქართველოს ნაკრებშიც თამაშობდა.
იცი, რა მახსენდება... პირველად ვიყავი შეყვარებული, აი, უბედურად, არანორმალურად შეყვარებული და ჩემი განცდები მქონდა, ცუდად ვიყავი, ძალიან ცუდად. მანანა კი წასული იყო, კონცერტები ჰქონდა კიევში. დავურეკე, ძალიან ცუდად ვარ და აუცილებლად ჩამოდი-თქო. მიატოვა ყველაფერი, გასტროლი ჩაშალა და ჩამოვიდა. ყოველთვის ყველაზე ახლო ადამიანი იყო ჩემთვის, მაგრამ ის რაღაც უხილავი ზღვარი, მის მიმართ პატივისცემისა თუ კრძალვისა, ყოველთვის არსებობდა. მე ამას სიყვარულს ვარქმევ.
ომის დროს, როცა დიდი გაჭირვება იყო, ჩვენს ოჯახში 6 ბავშვი იზრდებოდა, ჩემი და კახას, კახას დის შვილები. იმ პერიოდში მანანას სახლი ჰქონდა, ჩვენი სახლი ფალიაშვილზე, სადაც გავიზარდეთ. გავუყიდე. მანანა ღია ცის ქვეშ დავტოვე, და, იცი... არასდროს, არასდროს, არც ჩემთან, არც არავისთან არაფერი უთქვამს. ერთი თვისება აქვს, რასაც აკეთებს, ბოლომდე სჯერა... სჯერა ადამიანების, თქვენიც სჯერა... რომ უთხრა, გადავხტეთ და არაფერი არ დაგვემართებაო, გადახტება. მდინარეზე რომ ჩაიყვანო, წყალი დამშრალი იყოს და უკანა გზაზე უთხრა - რას ამბობ, იქ ხომ იმდენი წყალი იყოო, დაგიჯერებს, იმიტომ კი არა, რომ სულელია, იმიტომ რომ ადამიანების სჯერა, ასეთია.“
83-ი წელია, გაგანია საბჭოთა კავშირი, წითელი დროშები, მწყობრში ჩაწიკწიკებული პიონერები და დიდი, დიდი დედა მოსკოვი. მანანას კონცერტი მოსკოვში, კინოს სახლში უნდა გაიმართოს. თინა და მანანა ერთად წავიდნენ. კონცერტამდე ერთი დღით ადრე, მეგობრებს, რაიკინებს ესტუმრნენ, რაღაც წვეულება იმართებოდა. - ისა და, მანანა... ვაი? სად არის მანანა? თინა ცოტა დაიბნა და როგორც თვითონ თქვა, უგზოუკვლოდ დაუწყო „მენაბდეს“ ძებნა. მგონი, აქ არის შესულიო, უთხრა ვიღაცამ და თინაც სწრაფი ნაბიჯებით შევარდა ოთახში. ცოტა დაიბნა. ხედავს, ზის ვიღაც ტიპი, გრძელი, ჭუჭყიანი თმებით, აჯაჯულ-დაჯაჯული, სრულიად ამოვარდნილი აქ შეკრებილი საზოგადოებისგან და თვალებგაფართოვებული, ბედნიერი მანანა - მართლა? მართალს მეუბნებით, ვაიმეე, რა კარგია... თინიკო, იცი, მას 12 სიმიანი გიტარა აქვს და ხვალ, თუ სცენაზე გამოვიყვან, მეც მათხოვებს 12 სიმიანს. არა, ამ ყველაფერს ისეთი აღფრთოვანებით ამბობდა, რომ... მოკლედ, მეორე დღეა, კონცერტია. დარბაზი ზოლებად არის დაყოფილი: იქით მთელი ელიტა, აქეთ კინოს და თეატრის მსახიობები, წინ ერთი ფერის პიჯაკებში გამოწყობილი მთელი პოლიტბიურო... იწყება. დარბაზი გაისუსა. მოულოდნელად, სცენაზე ეს გაურკვეველი ჯიშის ბიჭი გამოდის. დადგა, გიტარა მოიმარჯვა, ჩამოჰკრა ერთ სიმს, ჩამოკრა მეორეს და ხმამაღლა დააყოლა: მე, თქვენი, ყველას... მე თქვენი დედებს... ვაი... ჯერ იყო და, დაბნეულობისგან ყველა გაისუსა, მერე აქა-იქ აღშფოთებული ჩურჩული გაისმა, ბოლოს ჩოჩქოლი ატყდა - მოაშორეთო... ერთმა იქაურმა მეგობარმა უბედური თვალებით გადახედა თინას - იცი, მგონი, დავიღუპეთო. მართალია, როგორც იქნა ბიჭი სცენას მოაშორეს, მაგრამ, ასეთი ტკბილი გამოსვლის შემდეგ ვის აინტერესებდა ან მანანა მენაბდე ან მისი ყოვლად საამაყო 12 სიმიანი გიტარა, რომელსაც მაგრად ჩაბღაუჭებოდა. რაღაც იმღერა, მაგრამ მიხვდა, რომ ცუდად იყო საქმე. - „ახლა, სცენაზე ჩემს დას ვიწვევ, ეს მისი პირველი ნაბიჯებია - გამოაცხადა მოულოდნელად. - „მახსოვს ისეთი დაძაბული გავედი, მეგონა, პირველად ვადგამდი ნაბიჯებს. ვიმღერეთ ისე, რომ კონცერტი სამსაათნახევარს გაგრძელდა. დიდი წარმატებით ჩაირა ყველაფერმა, მაგრამ ის ბიჭი რომ მახსენდება...“
მანანა: დავბრუნდი... კარგი, აბა, რა მოგატყუა?
თინა: მანანა, მე ტყუილები არ ვიცი...“
მეშვიდე კლასამდე საშინლად მოწესრიგებული იყო, მისი სურათი საპატიო დაფაზეც კი იყო გაკრული. -„აი, მერე რომ გავაფრინე... ქიმიურზე მინდოდა ჩამებარებინა, თუმცა, ბოლოს გადავიფიქრე. არ ვიცი, რატომ. ადამიანმა ხომ ის უნდა აკეთოს, რაც უნდა?!“
გიტარა მე-7 კლასში აიღო ხელში, თუკი რაიმე ხდებოდა სკოლაში, ყველგან გამოდიოდა და მღეროდა. იცი, მთელი ცხოვრება უნდოდა „ბარელინა“ გამოსულიყო, კარგად ვცეკვავ, ოღონდ მართლაო. მერე აიტეხა ვიოლინო მიყიდეთ, ვიოლინოო... არ ვიცი, ლენა წვერავას მევიოლინე მშობლების გავლენა იყო თუ მისი „მაძებარი“ ხასიათის, მაგრამ, არ უყიდეს, არაო და, მორჩა. ტექნიკუმში დაიწყო სიარული... თუმცა, მეოთხე კლასიდან გამოაგდეს, როგორც არაფრისმკეთებელი. ჰო, ეს ჩუმი მანანა რაღაც უცებ გავგიჟდიო - ამოიოხრა.
სკოლის დამთავრების შემდეგ, თეატრალურ ინსტიტუტში, სარეჟისოროზე ჩააბარა. მიშა თუმანიშვილის ჯგუფში. „მიშამ ძალიან ბევრი რამ მომცა, საოცარი პედაგოგი იყო. მაგრამ, ისე მოხდა, რომ ვერ შემეწყო და მესამე კურსიდან წავედი. „რეროს“ სოლისტი გავხდი. ახალგაზრდობაში ცოტა კონფლიქტური, ექსპანსიურიც კი ვიყავი და ეტყობა, ბატონმა მიშამ ეს ვერ აიტანა. მაგრამ იმდენი რამ მომცა მთელმა იმ ორმა წელმა. ამას მოგვიანებით მივხვდი, როდესაც ჩემი ცხოვრება გადავაფასე. მივხვდი, რომ მასთან გატარებულმა წლებმა მომცა ის, რასაც ვიყენებ სიმღერაში, ლექსთან, მოთხრობასთან მიმართებაში, ცხოვრებაში... დღესაც მისი მოსწავლე ვარ...“
- მოდი, ფული შევაგროვოთ და დევიდსონები ვიყიდოთ, კარგი? ერთად ისხდნენ და ჰარლეი დევიდსონზე ოცნებოდნენ მანანა და მზია ბაგრატიონი. - ჰო, მოდი რა, რა მაგარი იქნება...; - მზია იცი, მე მოსკოვში, „ГИТИС“-ში (თეატრალური ხელოვნების აკადემია) ვაპირებ ჩაბარებას; - გაგიჟდი? თუ ვინმე არ გყავს, იქ ვერ ჩააბარებ; - ჩავაბარებ - დაამატა დარწმუნებით. ჩააბარა.
მერიკო გაბუნია
მაკა ალექსიშვილი
მერიკო: „40 წელია, რაც მე და მაკა მანანას ვიცნობთ. მაშინ, როცა მოსკოვში, „ГИТИС“-ში სწავლობდა, რაღაც პერიოდი ერთად ვცხოვრობდით. ძალიან რთული ცხოვრების გზა განვლო, ბევრი ნახა - კარგიც და ძალიან ცუდიც. მიუხედავად ამისა, არ არის გაბოროტებული და თუ გაახსენდა, რომ ოდესმე ვიღაცისთვის რაიმე უწყენინებია, თუნდაც, სულ პატარა რამ, ახლა ყველას უხდის ბოდიშს, აბსოლუტურად არა აქვს იმის შეგრძნება, რომ ეს უხერხულია ან არ ღირს. ძალიან შეიცვალა, დინამიური, იმპულსური და აფექტური იყო, სადმე რომ წავიდოდა და არანაირი გარანტია არ იყო, რომ ისევ ისევე დაბრუნდებოდა, მაგალითად, ისევე ჩაცმული. რა ვიცი, შეიძლება გზაში სადღაც გაეჩუქებინა რაიმე. უცებ კი... საოცრად დინჯი გახდა.
მაკა: უმწეოა ძალიან, დაუცველია შიგნიდან, ყველაში კარგს ხედავს... მე სხვანაირი ვარ, ვიღაცას რაიმეს რომ შევატყობდი, ვაფრთხილებდი, ასე ნუ გაიხსნები, ნუ გჯერა, თორემ მერე გული გეტკინება. არა, თავიდანვე ადამიანს ეჭვით თვალით ვერ შევხედავ, თუ მატკენს, როგორმე გადავიტანო. რომ ვუყურებდი, ბემბის მაგონებდა, დამფრთხალ ბემბის.“
ამბები გავაგრძელოთ.
ისევ მოსკოვში ვართ, ისევ გაგანია საბჭოთა კავშირია, ბრეჟნევით და ამბებით. მთავრობაში რაღაც მნიშვნელოვან თარიღს აღნიშნავდნენ და „ГИТИС“-ის ერთ-ერთ პერსპექტიულ სტუდენტს ლიოშა ჩორნის კონცერტის რეჟისორობა დაავალეს. - მანანა, ხომ გამოხვალ? უნდა გამოხვიდე კონცერტზე, ეს, იცი, რას ნიშნავს... ზამთარი იყო. გარეთ საშინლად ყინავდა. ჩაიცვა, გიტარა პლედში გაახვია, ამ ყინვაში სიმები არ გაუწყდესო და წავიდა. მაკას და მერიკოსაც ძალიან უნდოდათ წასვლა, მაგრამ აბა... მთავრობაო, პოლიტ ბიუროო, გამოჩენილი ხალხიო... მოკლედ, სახლში დარჩნენ. ჩამოღამდა. დაღამდა. გათენდა. მანანა არ ჩანს. - „სად იქნება? რა ვიცი აბა, იქნებ გაგიჟდნენ, ისე მოეწონათ და კონცერტის მერე სადმე გადაინაცვლეს, ეს თან წაიყვანეს და ეხლა სადმე რომანსებს მღერის...“ ფიქრობდნენ გოგოები. დილით კარი გაიღო, გაბრწყინებული მანანა შემოვიდა
- აუუ, იცით რა კარგი იყო, იცით, რა დრო გავატარეე!
- ესე იგი, კარგად ჩაიარა ხომ კონცერტმა?
- რა კონცერტმა?
ვაიმე...
- არა, კონცერტზე აღარ წავედი, გადავიფიქრე, გზაში ჩვენი სტუდენტები შემხვდნენ და და მათთან წავედი, უფრო გავერთე!“
მაკა: ჰო, და რაც მთავარია, პლედი კი მოიტანა უკან, მაგრამ გიტარა... სადღაც დაუკარგავს.
მერიკო: არადა, ჩვენ გვეგონა, ეს დგას და რომანსებს მღერისო...
მაკა: ძალიან პრინციპულია, გახსოვს, ერთხელ ვერაფრით რომ ვერ ამღერეს „თბილისო“? იმ მომენტში გაცვეთილად თვლიდა, არა და მორჩა. სულ რომ მილიონები დაულაგო, თუ არ უნდა, არ უნდა. ან რაღაცაზე უთქვამს - არ ვიმღერებ, მაგის დრო წავიდაო. ზოგჯერ გოგოები მეუბნებიან, შენ უთხარი, შენ უთხარი რა, მაგრამ თუ არ უნდა, არ იმღერებს, მიდი და, მოიკალი თავი... ისე, მე და მანანა ძალიან ვგავდით ადრე ერთმანეთს. კონცერტზე რომ წავიდოდით, მე იქ რა უნდა მეკეთებინა? ვიჯექი საგრიმიოროში, ეგ კიდევ აქეთ-იქით დაქროდა. ხშირად კონცერტის მერე ხალხი შემოდიოდა საგრიმიოროში და ხელს მართმევდნენ - მანანაა, აი, პირდაპირ გეუბნებით, რაა... ვიჯექი და ბოლომდე ვიფერებდი სიტუაციას.
მერიკო: ვინ ყვებოდა... გაღეღილი შავი პალტოთი და გაჩეჩილი თმებით „სამაკატკით“ რომ დაქროდა მანანა წინ და უკან...; სულ შარვლით იყო, მაშინ ყველას არ ეცვა შარვალი, ბიჭივით შეჭრილი თმები, დაბალი ხმა. ერთხელ ვსეირნობდით და პატარა ბავშვი დავინახეთ, თავისთვის თამაშობდა. გარშემო არავინ იყო და მანანა მივიდა, თამაში დაუწყო, ცოტა ხანში საიდანღაც ქალი გამოჩნდა და ბავშვს გამოსძახა - მანდ რას აკეთებო... - Мамааа - დაუძახა ბავშვმა, - Я паапу нашёёл!
ძალიან ბევრს მუშაობს, სულ ფიქრობს, ეძებს... რაც უფრო გადის დრო და ვუკვირდები, ახალ წახნაგებს ვპოულობ მასში. ხან რაში ვლინდება ეს ნიჭი და ხან რაში, თან, არ დაგავიწყდეთ, რომ არაფერში არა აქვს მიღებული პროფესიული განათლება: მუსიკა, ხატვა, კერამიკა, წერა, თარგმანები... და რაც მთავარია, თავისი ხელწერა აქვს ყველაფერში, გამორჩეული. ლექსს დაწერდა, თავისთვის, ერთი სტროფს ან სულაც ორ ხაზს, ან გაჩვენებდა ან არა;
მაკა: - არა, რატომ, იცოდა ჩვენება;
მერიკო: - კარგი ახლა, რამდენჯერ იყო ასანთის კოლოფზე დაუწერია და ისე მინახია მერე...
მაკა: სიგიჟეები? კი აკეთებდა, ქოლგით ხტომა? არა, ეგ ჩვენთან არ იყო;
მერიკო: - არა, ქოლგით ნანა ჯორჯაძე გადმოხტა... არ ვიცი, ალბათ, ეგეც გადმომხტარა...;
მაკა: ვიღვიძებ ერთ დღეს და რას ვხედავ? დამტვრეული პობედის კარი გდია ჩემს საწოლთან, ზედ თაიგულით და ტოტებით... ირაკლი ავალიანმა და მანანამ მომართვეს, თურმე! მანქანა უნახავთ სადღაც, არ ვიცი, ეს კარი მომძვრალი ჰქონდა თუ ამათ მოაგლიჯეს...;
მერიკო: გახსოვს დედაჩემს კინაღამ გული რომ გაუსკდა? კარები რომ ჩაგვეკეტა და ეგ და ირაკლი ფანჯრიდან რომ ამოძვრნენ...
მაკა: ერთხელ ლაიკის და გერმანული ავჩარკის ნარევი ლეკვი მოიყვანა, ჯეკა... გახსოვს, მერიკო, ჯეკა? მე, ჩემი ქმარი, მისი მეგობარი და მანანა ვართ. ცუდი სიმთვრალე ჰქონდა, ერთი რომ დაელია, გავარდებოდა სადმე და უნდა გეძებნა. თან, მე შენ გეტყვი და, დაეწეოდი... მოსკოვში ვართ, ეგ გავარდა; შევატყეთ, ძაღლი იწევდა - გამიშვითო, გავუშვით და ჩვენი მეგობარიც გაჰყვა. ცოტა ხანში დაბრუნდა, ხელში მანანა უჭირავს. ჩვენს სახლს ბევრი სადარბაზო ჰქონდა და ძაღლი ბოლო სადარბაზოში, ბოლო სართულზე ასულა, მანანა იქ იჯდა და, მგონი, ტიროდა, არ ვიცი... ისე, იმ დღის მერე აღარ გაქცეულა.
მერიკო: ყველაფერი გამოსცადა ცხოვრებაში, ფიზიკური და სულიერი ტკივილიც. ადამიანები უყვარს, მაგრამ მისთვის მარტოობაა აუცილებელი. ისე, გეხვეწები, გაქცევებზე ჰკითხე რა, დავწერო-თქო?“
- „გაქცევები? ხომ გეუბნები, ისე აღმიქვამენ, როგორიც 30 წლის წინ ვიყავი. გავიქცეოდი, წავიდოდი, მოვიდოდი, ენერგია მქონდა, იმპულსური ვიყავი. ვერ ვიტანდი, როცა ვიღაცა ვიღაცას ჩაგრავდა, თავისზე სუსტს, ქალს, მოხუცს... ამიტომ, ერთი-ორი ადამიანი შემომლახვია კიდეც. სასტიკი ხელი მქონდა ყოველთვის, ჩემი დის კიდევ უფრო უარესია, მტერს მოხვდა მაგის ხელი...
ჩერნობილის კატასტროფა რომ მოხდა, იქიდან მეგობარი ჩამოვიდა ჩვენთან, თავისი ოჯახით. ოთხი წელი ცხოვრობდნენ ჩვენთან და ერთ დღეს მკითხეს - А почему тебя парни боятся? ჩემი ვის უნდა შეეშინდეს? შეიძლება გარეგნულად უხეში ვარ, მაგრამ შინაგანად სულ სხვა ადამიანი ვარ. უბრალოდ, ადამიანებს სიმართლის ეშინიათ, აბა, მეტი რისი?
შევიცვალე? რა თქმა უნდა. დღეს აღარ ვარ ისეთი კონფლიქტური. რაც უფრო მართალია კაცი, მით უფრო ჩუმია. ბევრ რაღაცაში მართალი ვიყავი, უბრალოდ, პირდაპირ ვამბობდი ყველაფერს... ვერ ვიტყუებოდი... ჩემი ცხოვრების პირველი გადაფასება მოსკოვში მოხდა, მერე უკვე ბერლინში. მიჭირდა, მე იქ ვიყავი, ჩემები აქ, მაგრამ... როცა ფეხი გადაგიტრიალდება, იცი, მამა, დედა, მამიდა დაგეხმარება... აღარ მინდოდა ასე გაგრძელება, ჩემი თავი უნდა მეპოვა. თუმცა, არიან ადამიანები, რომლებიც ისევ ისევე მიყურებენ, როგორც 30 წლის წინანდელ მანანას, მაგრამ ცდებიან... ვერავის შევხედავ 30 წლის მერე ისე, როგორ ადრე. ყოველთვის მარიამ ეგვიპტელის მაგალითი მომყავს, მეძავი იყო და ბოლოს წმინდანი გახდა. არა, ჩემი ცხოვრებიდან არაფერს არ ამოვჭრიდი, იცით, რატომ? მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ ჩემს საქციელს არ ვეთანხმები, მაინც არ ვახლებდი ხელს, ეგ რომ არა, ვერც ვერაფერს მივხვდებოდი; უნდა გაიარო, დაეცე, ადგე... უნდა დაბრმავდე, დამუნჯდე და დაყრუვდე... როცა დამუნჯდები, მაშინ გახდები დიდი მქადაგებელი, როცა დაბრმავდები - თვალხილული, როცა დაყრუვდები - მაშინ გაიგებ ბუნების ხმას. ქვას ვერავინ მესვრის და ვერც მე ვესვრი ვინმეს, არავიზე ვარ მეტი ან ნაკლები, ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, როგორც ყველა, ცოდვილი და შეცდომებით სავსე.
ბევრ რამეზე ვთქვი უარი... თუ გინდათ ძალიან მარტივი - სიგარეტი. 12 წელია აღარ ვეწევი... არადა, ბევრს ვეწეოდი, უფილტროს ძირითადად. უბრალოდ, მარხვაზე ვიყავი და თუ მარხულობ, ბოლომდე უნდა იმარხულო. მერე აღარ მომინდა. ადამიანს მუდმივად აქვს რაღაც სურვილები, ეს ყველაფერი კი ვნებაა... მარტო ის ხომ არ არის ვნება, რომ ვიღაცას მამაკაცი წაართვა... იცი, რას მივხვდი, როგორც კი რაიმეს აიკრძალავ, ეგრევე თავისუფლდები, აღარ ხარ რაიმეს მონა. აკრძალვაშია თავისუფლება და არა პირიქით. რაც ავიკრძალე, აი, სწორედ იმაში ვარ თავისუფალი. ჩვენ რომ უფრო ღრმად გვწამდეს ღმერთი, ბევრ რამეს ასე აღარ განვიცდიდით, ღმერთი ხომ იმდენად არის შენთან, რამდენადაც შენ ხარ მასთან. ისე არაფერი არ ხდება. თუ კეთილი ხარ, ყოველდღიურად უნდა იყო კეთილი და თუ მეორე დღეს, ვიღაცას აგური ჩაარტყი, წინა დღეს გაკეთებული სიკეთე არაფერს მოგიტანს. ეს ყოველ დღე უნდა შეძლო, ძალიან ძნელია. ამას ვამბობ, მაგრამ არ ნიშნავს, რომ ვახერხებ...
ვიღაცამ შეძლება იყბედოს სიყვარულზე, მაგრამ სიყვარული ზმნაა, მოქმედებაა. ეს ამბავი 27 წლის წინ მოხდა. ვიცოდი, რომ არსებობს ძალიან კარგი მხატვარი ირაკლი ფარჯიანი, არ ვიცნობდი. ერთ დღეს კარზე ზარი დაირეკა, გავაღე და ვხედავ, დგას ლამაზი კაცი დიდი ფუთით ხელში. - გამარჯობა მანანა, მე ირაკლი ვარ; - გაგიმარჯოს; - იცი, გავიგე, რომ ფილტვები გაწუხებს, მეც, ჰოდა... უცებ, ეს ფუთა ამოაპირქვავა, საიდანაც ხელით დაკრეფილი ბალახი გადმოიყარა. მისთვის ხომ არავის არ უთხოვია... არც მიცნობდა, უბრალოდ, საერთო ნაცნობები გვყავდა და როგორც მომღერალს, შორიდან მიცნობდა. აი, ეს არის სიყვარული, როცა შენ ატარებ სიყვარულს და კარს გაუღებ არა მარტო შენს ქალს, იმიტომ რომ ის შენია, სხვასაც... ამის მერე მეგობრები გავხდით. სიყვარულს უნდა ატარებდე... ყოველთვის დროის კარგვად მიმაჩნდა რაღაც-რაღაცების ან ვიღაცეების გარჩევა, ვინ ვისთან, რატომ... ეს დროს და ენერგიას მართმევს. რაში მაინტერესებს ვიღაცა? თუ მოვა და დახმარებას მთხოვს, დიდი სიამოვნებით დავეხმარები, თუ არადა... ჩემი თავი გამჭირვებია, მე თვითონ მაქვს იმდენი მინუსი, იმდენი გამოსასწრებელი და გასაკეთებელი, რომ სხვისთვის დრო არ მრჩება.
არ ვარ მეგავარსკვლავი, სიმართლე რომ გითხრა, ეს არც არასდროს მინდოდა. მიზანი არ ყოფილა, ვმღეროდი და ჩემს საქმეს ვაკეთებდი, ეს იყო და ეს. არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა ჩემთვის, დაიწერებოდა ჩემზე რამე თუ არა. არ მაინტერსებს და არ მებადება შეკითხვა, რატომ აქვს იმას ღირსების ორდენი და მე არა... ყველაზე დიდი ღირსების ორდენი, რაც ბუნებამ მომანიჭა, ჩემი ოჯახია, სადაც დავიბადე, ჩემი მეგობრები... როდესაც ძალიან მიჭირდა, რაც კი სიყვარული ჰქონდათ, ყველაფერს მიყოფდნენ და დღემდე ასე ვართ. საერთოდ, მეგობარი მწუხარებაში კი არა, სიხარულში ამოიცნობა. ჭირში შეგიძლია თავი დახარო და ყველას ეგონოს, რომ წუხარ, სიხარულში კი უნდა გაგიხადეს, თვალები უნდა გამოაჩინო, კბილები, სახე... ძალიან ბევრს კი სიხარული უჭირს... ხანდახან შეიძლება შეგეშალოს და ამ დროს მეგობარმა ხელი კი არ უნდა გკრას, უნდა გითხრას. ამით ფასობს ჩემთვის მეგობარი... თორემ ისე, ყველას გვეშლება. მეგობრები ხომ თეთრი ქვები არიან, რომელიც გზაზე გხვდება, ქვები, რომელიც სიბნელეში გინათებს გზას. ბევრი? არა, სხვასაც ხომ უნდა შეხვდეს ეს ქვები...
ვერ დავიკვეხნი, რომ ისეთი ნიჭიერი ვარ, ჩემნაირი არავინაა დედამიწაზე, მაგრამ ნიჭიერებას და გამორჩეულობას არსად არ გპატიობენ, ყველგან ებრძვიან. ასეა მოწყობილი ადამიანის ბუნება. თუ რაიმით გამორჩეული ხარ, მაშინ არასდროს არაფერს გაპატიებენ, სხვას კი, მაგრამ შენ - არა. სინამდვილეში, არც შენ უნდა აპატიო საკუთარ თავს ბევრი რამე, ამას მერე მივხვდი, როცა მარტო დავრჩი, სრულიად მარტო.
ბერლინში 91-ში წავედი. მთელი გერმანია მოვიარე, იქ დავიწყე კერამიკის კეთება. დიდი მადლობელი ვარ დანიელა შულცის, რომელიც დამხმარა... და საერთოდ, მან ჩემი პირველი სამი დისკი გამოსცა. ახლა კი, ერთ-ერთი ჩემი კონცერტის დროს უცნობი ადამიანი მოვიდა, ნაზიმ ეფენდიევი, რომელმაც თავად შემომთავაზა CD-ს გამოსაცემად თანხა. ამჟამად ორ პროექტზე ვმუშაობ, ქართულ და რუსულ ენაზე ვწერ დისკებს. უცნაურია არა? სრულიად უცხო ადამიანია... ვერ დავიჯერებ, რომ აქ სპონსორი გაწყდა და არავის შეეძლო სპონსორობა გაეწია მანანა მენაბდისათვის.
მანანა კორძაია
ჩემზე ბევრად უმცროსია, თუმცა, ასაკობრივი ბარიერი მასთან ურთიერთობაში არ არსებობს, ყველასთან ერთნაირად მხიარულობს და ერთნაირად ჩხუბობს. ძალიან მარტივად დაიწყო ეს ურთიერთობა. მაშინჯერ ვერ გადაეწყვიტა, საით წასულიყო: ჯაზი, ტრადიციული სიმღერა... როგორც მუსიკათმცოდნეს, რაღაცნაირად მომეკედლა, თუმცა, არც მე ვიყავი სერიოზული მრჩევევლი მაგ საკითხებში და თვითონაც, დიდად არ იცოდა დაჯერება. უცნაური თვისება ჰქონდა, თითქოს ძალიან კანონმორჩილია და, ამ დროს, არავითარ კანონებს არ ემორჩილება, მხოლოდ თავის შინაგან ხმას მიჰყვება. ხშირად ამბობდნენ, რომ ის იშხნელების ტრადიციას აგრძელებდა, მაგრამ ასე არ არის. ამ ტრადიციის შემდგომი სიცოცხლე უფროა, ვიდრე გაგრძელება.
გატაცებების ადამიანია. ერთი პერიოდი ტამტამებზე დაიწყო დაკვრა, მერე ჯაზით გატაცებულმა გამოაცხადა, ფორტეპიანოზე უნდა ვისწავლოო დაკვრა და ისწავლა კიდეც. თითქოს „ტუსოვკების“ მოყვარულია, არადა, აბსოლუტურად მარტოსულია. ყველაზე კარგად თავს მარტო გრძნობს... ხშირად ამდენ ხალხშიც კი, შეატყობ - აბსოლუტურად მარტოა. ურთიერთობაში რთული ადამიანია, მოულოდნელად შეიძლება ისეთი რაღაც ეწყინოს, რაც წარმოუდგენელია, იმიტომ რომ მანამდე ათი იმდენი არ წყენია. უცებ შეიძლება აფეთქდეს. თუ ზერელე წყენაა, ცოტა ხანს გაჰყვება. კუთხეში დაჯდება და დაიწყებს ხატვას, სანამ არ გადაუვლის. აქ შენ უნდა გამოეთიშო; ვითომ არ გესმის, ვერაფერს ხედავ... როცა ის იძაბება, მას ჭირდება მორჩილება, ასე პირდაპირ არაფერს მოითხოვს, მაგრამ შენ ამას გრძნობ.
მთელი მისი ტრაგედია ის იყო, რომ მაშინაც კი, როცა ახალგაზრდა, გიტარით ხელში დადიოდა და სულ დაქეიფობდა, მღეროდა, რაღაც სევდა დაჰყვებოდა. მაშინ მივხვდი, რომ ამ სევდისგან ვერასდროს თავისუფლდება. უცნაურია თბილისი, რაღაც იარლიყების მოკერება იციან, მასაც მიაკერეს რამდენიმე. ერთ-ერთი იყო ის, რომ მანანა ლოთია. ამ დროს, ერთ ჭიქას თუ დალევდა, ეს უკვე დიდი ამბავი იყო. იცი, რატომ იყო ასე? ფხიზელს შეეძლო ისეთი მხიარულება, გეგონებოდა მთვრალიაო. მახსოვს, ერთხელ ჩემმა დეიდაშვილმა დამირეკა - მიხედე მაგ შენ მანანას, უნივერსიტეტის წინ იდგა და მაგარი მთვრალი იყოო, - შენ სულელი ხომ არ ხარ, აგერ მიზის მანანამეთქი. ეს ჭორი სულ არ იყო მომაკვდინებელი, უბრალოდ, სულ ასე იყო, რაღაც მთვრალი ადამიანის სევდა იყო მის მხიარულებაში. მაძებარი ადამიანია, ვერ ჩერდებოდა ერთ ადგილას. შეზღუდვები კი არა, უფრო მიუღებლობა ჰქონდა. არ უღიარებიათ, რომ ქართული ვოკალური სამყაროს ღირსეული ნაწილი იყო. მაგრამ არც მანანა აგებდა რაიმე ორიენტირს კარიერაზე. ის, რასაც ის აკეთებდა და როგორც აკეთებდა, არც შავი იყო არც თეთრი, იმ დროში კი, ყველაფერს თავისი სახელი უნდა რქმეოდა. მანანა არასდროს მიდიოდა დათმობაზე და გამოდიოდა, რომ კონფლიქტურია. ერთხელ, დიდი საკონცერტო ტურნე გამართა მთელ რუსეთში. მაგრამ გასტროლების სისტემა მის ცხოვრებაში დიდ ხანს არ გაგრძელებულა, სხვა რომ არაფერი, ფიზიკურადაც სუსტი იყო და ვგრძნობდი, რომ ვერ გაუძლებდა. ამის მერე ავად გახდა, მძიმედ იყო და ისევ დაეწყო სახლში ჩაკეტვის პერიოდი. ერთ მშვენიერ დღეს კი, გამოაცხადა, გერმანიაში მივდივარო. დიდხანს ვცდილობდი გადარწმუნებას, უბრალოდ, ისიც ვიცოდი, რომ თუ ეტყოდი - რა სისულელეა, რას ჰქვია მიდიხარ, მაინც არ გაჭრიდა და რაღაც სხვა ფორმებს ვეძებდი, მაგრამ მივხვდი, რომ ტყუილად. გერმანიამ ბევრი განცდა და ამავე დროს, ბევრი დადებითიც მოუტანა. მოწესრიგებული ადამიანი? ყველაფერი რაღაც სისტემაში, საკუთარ სისტემაში აქვს მოქცეული. თუ თვითონ არ მიგიშვა, ამ სისტემაში შესვლა შეუძლებელია. ის არ ექვემდებარება იმ ცხოვრების წესს, რომელსაც კეთილდღეობა მოაქვს, შინაგან სამყაროს ეყრდნობა. მისი ნაწერები ყოველთვის ჩაწიკწიკებული დევს, არაფერი საძებარი არა აქვს, მაგრამ, რა უნდა უყოს ამ ნაწერს? რაციონალურად გამოიყენებს თუ არა, ანუ ნახავს თუ არა ამაში რაიმე მატერიალურ სარგებელს, ეს არავინ იცის. იყო ძალიან პოპულარული და ამ დროს თითქოს მიუღებელი, ძალიან აღიარებული, რაღაც წრეში... მანანასთან ყოველ დღე მარტო იმიტომ დავდიოდით, რომ ბარათაშვილის „ცისა ფერის“ პასტერნაკისეულ თარგმანზე დაწერილი სიმღერა მოგვესმინა, კი, არსებობდა რაღაც ჩანაწერები, მაგრამ ეს ენანებოდა იმისათვის რომ არაპროფესიონალურად ჩაწერილიყო. მკვეთრი ინდივიდუალობით ძალიან ამოვარდნილი იყო საერთო კონსტექტიდან, არ ჰგავდა არავის. მიუხედავად იმისა, რომ თავის დროზე ანსამბლში იყო, მისი სადმე ჩასმა, როგორც ვოკალისტის, შეუძლებელია. ზედმეტად ინდივიდუალურია თავისი ხასიათით, შემოქმედებით, სიმღერის მანერით. უზარმაზარი ნებისყოფა აქვს, და მხოლოდ ამან გადაარჩინა, იხსნა გერმანიაში, მოსკოვში, გერმანიაში გაუჭირდა, თავის გაკეთებულ კერამიკულ ჭურჭელსაც ყიდდა და სახლიც დაულაგებია... მაგრამ აქ ხომ არავის სჭირდებოდა, არა, არავინ არ ედგა ჯიბრში, უბრალოდ, მისი შემოქმედება, ზედმეტად ღრმა იყო იმ სივრცეში, სადაც მუსიკა მხოლოდ გართობაა. მისთვის ლექსი მასალა კი არ იყო მუსიკალური ინტონაციისათვის, არამედ მუსიკალური აზრის დაბადების საშუალება. გაცილებით დიდი წარმატება ჰქონდა ყოველთვის მოსკოვში, სადაც მის კონცერტებზე საკმაოდ ძნელი იყო ბილეთის შოვნა, აქ ასე არ იყო...“
ერთხელ მისულა მანანასთან - შარვალს აღარ ვიცმევ, მორჩა, გათავდა, დღეიდან ასე უნდა ვიარო. რაღაც ბოლოკაბა და გაპრანჭული ზედა სცმია. მანანა ორი საათი ხარხარებდა, ეს კი არ იმჩნევდა. ბოლომდე ასე იჯდა. თუმცა, ამ ექსპერიმენტმა მხოლოდ ორ დღეს გასტანა.
-„მანანა, იცი, როგორია? ან იღებ მას, ან არა! შუალედური ურთიერთობა შეუძლებელია. და კიდევ ერთი, ვერასდროს იტყვი, შევივლი მანანასთანო, გამორიცხულია! იქ ან მიდიხარ, ან არა!
სულ ბედსა და უბედობას შორის მიდის, სულ რაღაც სიმძიმეები აწვება, ვუყურებ და ვხედავ ადამიანს, რომელიც უზარმაზარი ტვირთით მოდის და, ამ დროს, მაინც თავისუფალია. ეს არის ადამიანი, რომელიც დაიბადა თავისი იმიჯით, მიაღწია ამ ასაკს და ამ ქვეყნიდან თავისი იმიჯით წავა.“
უცნობი ისტორიის დასასრული
ჩაი ბოლომდე დალია. ჩანთა აიღო და გავიდა. MP3 ჩავრთე, რაღაც ძალიან ძლიერი შემოიჭრა თავში „გადმოოოფრინდი ჩეემს საფლავზეე... ცრემლიიი დაღვაარეე...“ იგავები გამახსენდა, სევდიანი, ღრმა, მტკივნეული... ადამიანებზე, ცხოვრებაზე, ამაოებაზე, სიყვარულზე... და მისი ის ნახატიც, უდიერად დაყრილი მამაკაცის ფეხსაცმელები, ძირს დაგდებული გასაღები. მიტოვებით, მარტოობით...
თითქოს ბევრჯერ შევხვდი, ბევრჯერ ვესაუბრე, მაგრამ... ბევრი კითხვა ისევ ჰაერში დარჩა, პასუხები ვერ ვიპოვე... უცნობი არტისტი, უცნობი სათაური, უცნობი ისტორია... ჩანთაში ისევ ის სპილო უდევს, რომელიც 14 წლის დისშვილის გარდაცვალების შემდეგ, თინამ მისცა - თეონას სულ თან ჰქონდა და ახლა მინდა, შენთან იყოსო. სპილო ჩანთაშია. ეს სპილო ხომ დღეს მისი რომანის ერთ-ერთი გმირია, ისევე, როგორც დღეს ჩემი გმირია - უცნობი არტისტი...
![]() |
7 მედიატორები |
▲ზევით დაბრუნება |
ინტერვიუ
ინტერვიუ მეთიუ ბრაიზასთან და ზეინო ბარანთან
ავტორი: შორენა შავერდაშვილი
ფოტო: დავით მესხი
რეპორტაჟები შეერთებული შტატებიდან მომზადდა „თი ბი სი“ ბანკის მხარდაჭერით
ეს ინტერვიუ ზეინო ბარანთან და მეთიუ ბრაიზასთან ვაშინგტონში, კოლუმბიის სკვერთან ახლოს, მათივე სახლში, თვენახევრის წინ არის ჩაწერილი. საქართველოში ოქტომბერ-ნოემბერში განვითარებული მოვლენების დროს, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის, მეთიუ ბრაიზას კომენტარებსა და ინტერვიუებს ყველა ყურადღებით ვისმენდით - ბრაიზამ თქვა, ესე იგი, ამერიკამ თქვა. საქართველოში მიმდინარე მოვლენებსაც შეერთებული შტატები მისი მეშვეობით აკვირდება. მეთიუს მთავარი არაოფიციალური მრჩეველი კი მისი მეუღლე, ზეინო ბარანია.
იმ დღეს მეთიუ ბრაიზა ნიუ-იორკში, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე იყო და ამიტომ შინ დაბრუნება შეაგვიანდა. ზეინოც გვიანობამდე მუშაობს და საღამოს 8 საათზე დათქმულ ინტერვიუზეც ერთდროულად მივედით. სახლის დათვალიერებისთვის დრო არ დაგვიკარგავს - პირდაპირ საქმეზე გადავედით. თუმცა, მისაღებ ოთახში შესვლისთანავე ხვდები, ამ სახლის პატრონები მსოფლიოს რომელ რეგიონზე მუშაობენ. პოლონეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, სომხეთი, ცენტრალური აზია - მეთიუს და ზეინოს სახლში „ღირშესანიშნავი ნივთები“ ყველა ამ ქვეყნიდან მოიპოვება.
მათთვის, ვისთვისაც ეს წყვილი დღემდე უცნობია, მოგახსენებთ, რომ მეთიუ ბრაიზა ამერიკის სახელმწიფო მდივნის, კონდოლიზა რაისის მეორე მოადგილის თანაშემწეა. ზეინო ბარანი 2006 წლიდან ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კვლევითი ცენტრის, ჰადსონის ინსტიტუტის ევრაზიის ცენტრის დირექტორია. მათ ამ ზაფხულს, თურქეთში იქორწინეს და დღემდე, ცალ-ცალკე და ერთად, ათ წელიწადზე მეტია, რაც საქართველოზე მუშაობენ. როგორც თვითონ ამბობენ, ამ ათი წლის განმავლობაში, ვაშინგტონში საქართველოსთან ერთად გაიზარდნენ.
მეთიუ ამერიკის მთავრობის წარმომადგენელია და მისი კომენტარებიც მოზომილია. ზეინო უფრო ღიად საუბრობს და შეფასებებშიც ნაკლებ დიპლომატიურია. ვისაუბრეთ საქართველოზე, საერთაშორისო ურთიერთობებზე, მათ ცხოვრებაზე, ირანსა და ამერიკის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე.
ზეინო: სამწუხაროა, ჰადსონში რომ არ ვხვდებით ერთმანეთს. იქ, ჩემს ოფისში, ორი ადამიანის ფოტო მაქვს. მამაჩემის და ზურაბ ჟვანიასი. არც ერთი აღარ არის ცოცხალი, მაგრამ ისინი ჩემს ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი ადამიანები იყვნენ და არ მინდა, რომ ეს ოდესმე დამავიწყდეს.
დღესაც ისევე აქტიურად მუშაობთ საქართველოზე, როგორც ამ 10 წლის განმავლობაში? თუ გარკვეულწილად განელდა ინტერესი ჩვენი ქვეყნის მიმართ და ახლა უფრო მეტ ყურადღებას ისეთ დიდ მოთამაშეებს აქცევთ, როგორიც რუსეთია?
ზეინო: რუსეთი ყველას სჭირდება, იმიტომ, რომ დიდი მოთამაშეა. საერთოდ, იმდენი მნიშვნელოვანი გლობალური საკითხია, რომ საქართველო არავის ახსენდება, თუ იქ რამე ძალიან სერიოზული პრობლემა არ არის. ერთი, რაც საქართველოს კოზირია, „რეფორმატორული ხელისუფლებაა“. თუ საქართველო დაკარგავს ამას, ბევრად რთული იქნება მისთვის დასავლეთის მხარდაჭერის მოპოვება. მაგალითად, ვარდების და ნარინჯისფერი რევოლუციების მერე, სასიხარულო აჟიოტაჟი იყო საქართველოსთან და უკრაინასთან დაკავშირებით. ახლა კი, უკრაინა და მისი ბოლო არჩევნები აღარავის ახსოვს. გაზეთებმა თუ ახსენეს, ისიც გაკვრით. ისე მოგვბეზრდა ნარინჯისფერ კოალიციაში ხელისუფლების გადანაწილებისთვის ბრძოლა, ჩათვალე, რომ უკრაინაზე დასავლეთს უკვე ხელი აქვს ჩაქნეული. მაგრამ საქართველოს ჯერ არ მიუღია „დაკარგულის“ სტატუსი. საქართველოს ჯერ კიდევ დიდი პოტენციალი აქვს დასავლეთისთვის.
მახსოვს, შევარდნაძის მმართველობის ბოლო წლებში, უკვე არსებობდა „საქართველოთი დაღლილობის“ სინდრომი, ახალი აღარაფერი ხდებოდა. ახლა კი, საქართველოსადმი ინტერესი ისევ დიდია - ნატოსთან დაახლოების და დემოკრატიზაციის პროცესების განახლების გამო. ასე რომ, ყველა აკვირდება საქართველოს - როგორც მტრები, ისე მოყვარეები. ვნახეთ, მაგალითად, როგორ გამოიყენეს ოქრუაშვილის ინციდენტი საქართველოს ტრადიციულმა არაკეთილმოსურნეებმა - რუსეთმა და სხვებმა. ძალიან ძნელია საქართველოსადმი ინტერესის შენარჩუნება, იმიტომ, რომ საქართველოს მხარდამჭერი ქვეყნები თავიდან ბოლომდე ირან-ერაყთან დაკავშირებული პრობლემებით არიან დაკავებულები. არ მანაღვლებს ამაზე რას იტყვიან, მაგრამ თუ ამერიკამ არ წამოსწია საქართველოსადმი ინტერესი, ევროპას საქართველო ნაკლებად ადარდებს.
რას ფიქრობთ საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებაზე, რომ საქართველო ნატოში არ უნდა შეუშვან, იმიტომ, რომ ამის გამო რუსეთი განაწყენდება?
ზეინო: ცხადია, მნიშვნელოვანია რას ფიქრობენ ნატოს წევრი სხვა ქვეყნები. თუმცა, საფრანგეთიც არ არის ნატოს წევრი, ახლა ცდილობს იქ შესვლას. სარკოზის მოსვლამდე, საფრანგეთი მართლაც ძალიან ლოიალური იყო რუსეთისადმი. მაგრამ სარკოზის და საგარეო საქმეთა მინისტრის კუშნერის მოსვლის მერე, ეს დამოკიდებულება იცვლება. ისინი ამბობენ, რომ საფრანგეთი აღარ დაუჭერს რუსეთს მხარს, მაგალითად ,თავისუფლების მოყვარულ საქართველოსთან ურთიერთობაში. ჩვენ ვიცით, რომ პრეზიდენტ სარკოზის ძალიან მოსწონს პრეზიდენტი სააკაშვილი და სჯერა საქართველოსი. საფრანგეთი, ამერიკა, გერმანია და დიდი ბრიტანეთი ყველაფერს ცდილობენ იმისათვის, რომ რუსეთი ირანთან მიმართებაში, მათ მხარეზე იყოს. მათ არ უნდათ საქართველოს გამო პრობლემების შექმნა რუსეთთან. ასე რომ, ჩემი აზრით, მთავარი პრობლემა ის არის, რუსეთს ყოველთვის უყვარს ვაჭრობა. ერაყის ომამდე, გაეროს რეზოლუციის მიღებამდე, რუსეთმა კარგად გამოიყენა საქართველოს კარტი. მოგვეცით აფხაზეთი და ჩვენ ხმას მოგცემთ ერაყზეო. მაგრამ ამერიკამ თქვა, არა, ჩვენ არ ვვაჭრობთო. ახლა იგივე ხდება ირანთან მიმართებაში, ერთი განსხვავებით, რომ ახლა საქართველოსთან ერთად, სხვა სავაჭრო საკითხებიც არსებობს. არა მგონია, ამერიკამ ამჯერადაც დათმოს თავისი პოზიცია. არა მგონია, სარკოზის მმართველობის დროს რამე შეიცვალოს, თუმცა საფრანგეთის და გერმანიის ზოგადად ლოიალური ურთიერთობა რუსეთთან, არახალია.
მეტიც, ფრანგები იმასაც ამბობენ, რომ პოლონეთი არ უნდა შევიდეს ევროკავშირსა და ნატოში, იმიტომ, რომ ეს არასასურველ დაძაბულობას ქმნის რუსეთთან. მთავარი პოლონეთის პრობლემა კი არა, რუსეთის პრობლემაა. პოლონეთს უნდა, რომ იყოს დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა. ამიტომ არ გამიკვირდებოდა, რომ ის განცხადება, რაც შენ ახსენე, სარკოზის მთავრობას გაეკეთებინოს.
2003 წლიდან 2006 წლამდე, ნიქსონის ცენტრში, საერთაშორისო უსაფრთხოებისა და ენერგეტიკის პროგრამებზე მუშაობდით. რატომ გადახვედით ნიქსონიდან ჰადსონის ინსტიტუტში?
რამდენიმე მიზეზი მქონდა. ნიქსონში 3 წელი გავატარე. ჩემი ინტერესთა სფერო იგივეა - ტრანსატლანტიკური ენერგეტიკული უსაფრთხოების კოოპერაცია, საქართველო, უკრაინა, თურქეთი და სხვა ქვეყნები. 2003 წლიდან დღემდე, პოლიტიკური სიტუაცია შეიცვალა - რუსეთი უფრო გააგრესიულდა. ნიქსონის ცენტრის მთავარი ამოცანა, მთავარი პროექტები რუსეთთან კარგი ურთიერთობების შენარჩუნებას ეხებოდა. ჩავთვალე, რომ უკვე ზედმეტი ვიყავი, რადგან სხვა მიმართულებით ვმუშაობდი, ცენტრის პრეზიდენტისთვის, და ზოგადად, ცენტრისთვის კი მთავარი რუსეთთან კარგი ურთიერთობების შენარჩუნება იყო. მათ ნაკლებად ანაღვლებდათ პატარა ქვეყნების პრობლემატიკა. ამიტომ, ჩავთვალე, რომ მე და ჩემი ცენტრი სხვადასხვა მიმართულებებით მივდიოდით. თუმცა, არანაირი ცენზურა არ მიგრძვნია. უბრალოდ, მნიშვნელოვანია რა გარემოში მუშაობ და რამდენად ახერხებ იყო მოტივირებული.
წამოსვლის გადაწყვეტილებაზე რომ ვფიქრობდი, დამიკავშირდა ჰადსონის დირექტო რი და მითხრა, რომ ცენტრი ფართოვდებოდა და ჩემი მიწვევა და ევრაზიის ცენტრის შექმნა უნდოდათ. საკმაოდ კარგი წინადადება გამიკეთეს. თან, სამი წელი ერთ სამსახურში ამერიკაში საკმარის დროდ ითვლება. ის კი არა, ძალიან ბევრი ვაშინგტონში 3-4 წელზე მეტს არ რჩება - მე კი 1996 წლის მერე აქ ვარ. ეს ჩემი მესამე კვლევითი ცენტრია. ნიქსონამდე, სტრატეგიულ და საერთაშორისო კვლევით ცენტრში ვმუშაობდი. სხვათა შორის, იქ პირველად დავაფუძნე პროგრამა საქართველოზე.
ჰო, თქვენ ძალიან დიდი ხანია, რაც საქართველოზე მუშაობთ.
ზეინო: შემიყვარდა ეს საქართველო და რა ვქნა. ყველაფერი მიყვარს საქართველოში - ქართული სისულელეების და კომპლექსურობის ჩათვლით. 1996-ში არავის ადარდებდა საქართველო და ვიფიქრე, ძალიანაც კარგი, ქართული პროგრამის გაკეთება შემიძლია-მეთქი. ამისათვის ბევრი ფულიც არ იყო საჭირო. დავიწყე სემინარების ჩატარება, სადაც ვპატიჟებდით სააკაშვილს, ბეჟუაშვილს და უამრავ სხვა ადამიანს, ვინც ახლა ხელისუფლებასა თუ ოპოზიციაშია. მაშინ მათ არავინ იცნობდა. ისეთი განცდა მაქვს, რომ ვაშინგტონში ჩვენ ერთად გავიზარდეთ: 1996-1997 წლებიდან ვარდების რევოლუციამდე ბევრი წელი გავიდა და ბევრი ადამიანის კარგად გაცნობა მოვახერხე. ამიტომ, როცა რევოლუციის მერე, ვაშინგტონის „ძველი სკოლის“ წარმომადგენლებმა შეიცხადეს, ვაიმე, შევარდნაძე აღარ არის, ახლა ვისთან უნდა ვითანამშრომლოთო, ვთქვი - აი, რამდენი ახალი თაობის პოლიტიკოსია, ისინი პრო-დასავლელები არიან, იმიტომ, რომ პრო-დასავლურობა, პრო-ქართულობას ნიშნავს-მეთქი. ძალიან საინტერესო იყო საქართველოზე მუშაობა მთელი ამ ხნის განმავლობაში. გამოვიარეთ კლინტონის ადმინისტრაცია, მერე ბუშის ადმინისტრაცია - მაგრამ საქართველოს მიმართ ინტერესი და ლოიალობა არ შეცვლილა, მიუხედავად იმისა, რომ ბუშის ადმინისტრაციის დროს, საგარეო პრიორიტეტები შეიცვალა.
როგორი პოლიტიკური ორიენტაცია აქვს ჰადსონის ცენტრს? მას ხშირად აკრიტიკებენ, როგორც კონსერვატულს.
გარედან ის მემარჯვენედ აღიქმება - ამიტომ, ჰო, კონსერვატორულია. მეც ამიტომ ვყოყმანობდი აქ გადმოსვლაზე. თუმცა, უპარტიო ვარ და ამიტომ, მჭიდროდ ვთანამშრომლობ როგორც დემოკრატებთან, ისე რესპუბლიკელებთან. მაგალითად, საქართველოზე, ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე, თურქეთზე. ამიტომაც, ჩემთვის არა აქვს მნიშვნელობა პარტიულ კუთვნილებას. ჰადსონში გადასვლისას, ამ ცენტრის რეპუტაცია მეც მაფიქრებდა - რომ ნეო-კონსერვატორები არიან, რომ ზედმეტად პრო-ებრაული ორიენტაცია აქვთ და ასე შემდეგ. სხვებსაც ველაპარაკე და მითხრეს, რომ თვითონ ჰადსონსაც არ მოსწონს ეს იმიჯი. ცდილობენ, ისეთი ხალხი აიყვანონ, ვინც მკვეთრად ეწინააღმდეგება ერაყის ომს, არიან ნეო-კონსერვატორები და არიან ლიბერალებიც. ერთ-ერთი მიზეზი ჩემით დაინტერესებისა, ეს იყო - დივერსიფიკაცია უნდოდათ. ჯერჯერობით ყველაფერი კარგად არის. საინტერესო გამოცდილებაა. როგორც ყველა ოჯახში, აქაც არის პრობლემები, დისფუნქციურობა რაღაც-რაღაც საკითხების მიმართ, მაგრამ მე აქ თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ. აქამდე პროგრამების ხელმძღვანელი ვიყავი, ახლა ცენტრი მაბარია. ამიტომ, უფრო მეტი ავტონომია მაქვს.
მეთიუ როდის დაინტერესდა კავკასიით?
ზეინო: როცა ჩვენ შევხვდით, კონფერენციაზე, სადაც განიხილებოდა კასპიის რეგიონის ენერგეტიკასთან დაკავშირებული საკითხები. ეს ვაშინგტონში იყო, 1997-1998 წელს (ბებერი მგონია თავი)! იმ დროს აქტიურად ვმუშაობდი დასავლეთ-აღმოსავლეთის ენერგეტიკული კორიდორის იდეასა და სტრატეგიებზე. მეთიუ სახელმწიფო დეპარტამენტში მუშაობდა, ელჩ მორნინგსტარის თანაშემწედ. ახალი დაწყებული ჰქონდა ეს სამსახური და საქართველოთი ჯერ არ იყო დაინტერესებული, იმიტომ, რომ მაშინ საკვანძო თემა აზერბაიჯანი და თურქეთი იყო. არსებობდა ბაქო ჯეიჰანის მილსადენის პროექტი. სატრანზიტო საქართველოზე ჯერ არ იყო ლაპარაკი.
თუმცა, მეთიუს უკვე საკმარისი ინფორმაცია ჰქონდა მთელ ამ რეგიონზე. ის სახელმწიფო დეპარტამენტის დახმარების პროგრამებზე მუშაობდა. თუმცა, კონკრეტულად საქართველოთი ის სწორედ ამ მილსადენების და ენერგეტიკის უსაფრთხოების კონტექსტში დაინტერესედა. იმის გამო, რომ მე ზოგადად ქართველები ძალიან მიყვარს, ვინც კი საქართველოდან ჩამოდიოდა, ყველას მეთიუსაც ვაცნობდი. ასე დაინტერესდა ისიც.
თქვენი მეგობრობაც ამ კონფერენციიდან დაიწყო?
ზეინო: ჩვენი შეხვედრის ამბავი ცოტა სასაცილო იყო. ორი უცნობი გვერდიგვერდ ვისხედით კონფერენციაზე. დღის მთავარი მომხსენებელი ელჩი მორნინგსტარი იყო და მისი გამოსვლა ისეთ საკითხებს ეხებოდა, რაც მე ძალიან კარგად ვიცოდი. ღმერთო ჩემო, რა საშინელი მოხსენებაა-მეთქი, ჩემთვის ჩავილაპარაკე. მეთიუ მომიტრიალდა და მითხრა, ეს მოხსენება მე დავწერეო. ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ მართლა ძალიან ცუდი მოხსენებაა-მეთქი, ვუპასუხე. კი მაგრამ, შენ ვინ ხარო, ჩამეკითხა. მე ჩემი სავიზიტო ბარათი გავუწოდე. მსმენია შენს შესახებო. მერე ვკითხე, შენ ვინღა ხარ მეთქი და, მოკლედ, ასე გავცვალეთ სავიზიტო ბარათები.
ამ გამოსვლის მერე, მეთიუმ მორნინგსტარი გამაცნო და დააყოლა, ეს ფიქრობს, რომ შენი გამოსვლა საშინელი იყოო. ვეცადე უკან დამეხია, მაგრამ მორნინგსტარი ძალიან სასიამოვნო და თავაზიანი ადამიანი აღმოჩდა და შემომთავაზა, იქნებ ჩვენთან ოფისში მობრძანდეთ და გვითხრათ, ზუსტად რა არ მოგეწონათო. მართლაც მივედი და ვისაუბრეთ. ამის მერე, ხშირად ვხვდებოდით ხოლმე სადისკუსიოდ. ნელ-ნელა დავმეგობრდით და აღმოვაჩინეთ, რომ ძალიან ბევრი გვქონია საერთო - ერთი უნივერსიტეტი დაგვიმთავრებია (სტენფორდი), ლექტორები და თანაკურსელებიც საერთო გვყოლია. ერთნაირი ინტერესები, ერთნაირი ჰობი, ცხოვრების ერთნაირი ხედვა აღმოგვაჩნდა. ამიტომ იოლი იყო ურთიერთობის დაწყება. მიუხედავად იმისა, რომ მეთიუ ჩიკაგოში გაზრდილი პოლონელი-ამერიკელია და მე თურქი ვარ წარმოშობით, ჩვენ თითქმის ერთნაირი ადამიანები ვართ. ასე რომ, ჩვენი კავშირი გარდაუვალი იყო.
ხშირად მიჩნდება ხოლმე კითხვა: მას რომ საქართველო ასე არ უყვარდეს, ან თურქეთი, ალბათ, რაღაც მნიშვნელოვანი არ იქნებოდა ჩვენს ურთიერთობებში. მეთიუ ამაზე მპასუხობს, რომ სულელური კითხვაა, იმიტომ, რომ ის, რაც ჩვენ ერთმანეთთან გვაახლოებს, ზუსტად ის არის, რის გამოც ჩვენ საქართველო და თურქეთი გვიყვარს. მეთიუ რომ რეალ-პოლიტიკის გამტარებელი იყოს და ამბობდეს, რა დროს საქართველოა, რუსეთი და რუსეთთან ურთიერთობის გამყარებაა მნიშვნელოვანი, დაივიწყე საქართველოო, მეც ვიტყოდი, ვინ ხარ, რა გინდა-მეთქი. ასე რომ, ერთსულოვნები ვართ შეხედულებებში და ამიტომაც ვართ ერთად.
ისე, უცნაურია, მაგრამ საქართველო უფრო მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ვიდრე თურქეთი.
რატომ?
ვიდრე ზეინო მიპასუხებს, ხმაურით შემოდის მეთიუ, გულღიად გვესალმება და ისე, რომ პიჯაკსაც არ იხდის, სასმელებს გვთავაზობს.
მეთიუ: სხვადასხვა კუთხის სასმელები მაქვს, მითხარით, რომელი გირჩევნიათ. მაქვს სომხური, აზერბაიჯანული, ფრანგული... თუმცა, ალბათ ფრანგული კონიაკიც სომხურია, უბრალოდ, საფრანგეთშია ჩამოსხმული. ისე, მე ცოტა სომხური კონიაკი უკვე დალეული მაქვს, დღეს შეხვედრა მქონდა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ვოსკანიანთან.
როგორ ჩაიარა დღემ?
მეთიუ: ჩემი ფრენა გადაიდო და შეხვედრაზე რომ არ დამეგვიანა, მატარებელს მივუსწარი.
ზეინო: მოისმინე, რა თქვა დღეს საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა საქართველოს შესახებ?
მეთიუ: ეგ არ გამიგია, მაგრამ საფრანგეთის პრეზიდენტი სარკოზი, იმაზე დაყრდნობით, რაც მიშა სააკაშვილმა თქვა, მხარს უჭერს საქართველოს შესვლას ნატოში.
თქვენს მოსვლამდე ვსაუბრობდით, თუ როგორ შეხვდით ერთმანეთს.
მეთიუ: გითხრათ ზეინომ, ეგზოტიკური მოცეკვავე რომ იყო?
ზეინო: ხუმრობა იქით იყოს და ვფიქრობ, რომ ყველა სხვა ქვეყანას შორის, რომელზეც ორივეს გვიმუშავია, საქართველო ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყანაა. თურქეთზე მნიშვნელოვანიც კი.
მეთიუ: აბსოლუტურად გეთანხმები.
ზეინო: ყველაზე ბევრი საქართველოსთვის გაგვიკეთებია, საქართველოსთან ერთად, საქართველოს ინტერესებისთვის.
შორენა: სწორედ ამიტომაც ხართ ასეთი პოპულარულები საქართველოში.
მეთიუ: ეს ძალიან სასიამოვნოა. ისე, ნახეთ კედლები? დაათვალიერეთ სახლი? ძალიან ბევრი რამეა საქართველოდან. ეს ნინო ბურჯანაძის საჩუქარია.
როცა თეთრ სახლში ვმუშაობდი, ჩემი დროის 60 პროცენტს საქართველოზე ვხარჯავდი. 2001-2005 წლები ძალიან ინტენსიური პერიოდი იყო. პანკისის ხეობა, ვარდების რევოლუცია, ზურას მთავრობა, მერე მისი სიკვდილი. ამ უკანასკნელზე საუბარიც კი მიჭირს. ახლანდელი მთავრობა კი უფრო მოწიფულია. მათ უკვე მთელს ჩვენს მთავრობასთან აქვთ კონტაქტები. მაშინ ამ სამთავრობო ურთიერთობებში შუამავალი მხოლოდ მე ვიყავი და ეს არ იყო სწორი. გულწრფელად რომ გითხრათ, დამღლელიც იყო. პრეზიდენტ სააკაშვილს, როცა უნდა, მაშინ უნდა შეეძლოს ყურმილის აღება და პრეზიდენტ ბუშთან დაკავშირება. ახლა დაახლოებით ეს სიტუაციაა.
ამჟამად რაზე მუშაობთ?
მეთიუ: იმ დროს, რასაც საქართველოს ვუთმობდი, ახლა ენერგომიმწოდებლებზე მუშაობას ვანდომებ: პოლონეთი, ნორვეგია, ავსტრია, ლატვია, ლიტვა, ბულგარეთი, გერმანია, ბრიუსელი…
იცით, რომ თქვენ პირველი ოფიციალური პირი იყავით, ვინც ოქრუაშვილის დაჭერაზე კომენტარი გააკეთა?
მეთიუ: მართლა? ის-ის იყო, იმეილით შემატყობინეს, რომ ოქრუაშვილი დაიჭირეს, რომ ჟურნალისტებიც გამოჩნდნენ და კომენტარი მთხოვეს.
სხვათა შორის, როგორც გავიგე, ჩემი კომენტარის თარგმანი აბსოლუტურად არაზუსტი და მანიპულირებული იყო და მე ძალიან ვბრაზობ ამის გამო. მე ვთქვი, რომ ეს-ეს არის გავიგე ეს ამბავი, რომ არ ვიცოდი დეტალები, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი კანონთან შესაბამისობაში მოხდეს და კარგად იქნას გამოძიებული. შემდეგი კითხვა იყო, ხომ არ აყენებდა ეს საფრთხის ქვეშ ქართულ დემოკრატიას? ვუპასუხე, რომ დიახ, ცხადია, ეს მნიშვნელოვანი თემაა, ბევრ ადამიანს უკვე აღელვებს ეს კითხვა და ამიტომ, მით უფრო მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი კანონთან შესაბამისობაში მოხდეს და ზედმიწევნით კარგად იქნას გამოძიებული-მეთქი. ნაცვლად ამისა, ითქვა, რომ თითქოს მივესალმე ოქრუაშვილის დაჭერას, რომ ის იმსახურებდა ამას, რაც სრული სიცრუეა. მეორე დღეს უკვე ჩემი კომენტარის სხვა თარგმანი გაუშვეს და ის თქვეს, რაც მე ვთქვი.
ამერიკაში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიებზე რას იტყოდით? ბევრისთვის ბარაკ ობამას მომხიბვლელი, ეგზოტიკური იმიჯი აქვს. თქვენ რას ფიქრობთ? ვის გულშემატკივრობთ?
ზეინო: მეთიუ, გასაგები მიზეზების გამო, ამ კითხვაზე ვერ გიპასუხებთ. მე კი გეტყვით, რომ ობამა საინტერესო ფიგურაა, მაგრამ ამ ეტაპზე, ისეთი პირი უჩანს, რომ დემოკრატებიდან საბოლოო ნომინირებას ჰილარი კლინტონი მიიღებს. ის რეიტინგებში უსწრებს ობამას, მას აქვს გამოცდილება, თავდაჯერე ბა. მხარდამჭერიც ბევრი ჰყავს. ამიტომ, ის საკმაოდ ძლიერი კანდიდატი იქნება. რესპუბლიკელებში ჯერ-ჯერობით რთულია რაიმეს განსაზღვრა. თითქოს რუდი ჯულიანი ლიდერობს. ისე, გამოკვეთილი ფავორიტი არ მყავს. როგორც აღვნიშნე, უპარტიო ვარ. მაგრამ ვინც არ უნდა იყოს ამერიკის შემდეგი პრეზიდენტი, ჩვენ უნდა გამოვასწოროთ ამერიკის იმიჯი მსოფლიოში. ალბათ, არ შეიცვლება უმთავრესი საკითხებისადმი ჩვენი დამოკიდებულება. ერთი მხრივ, საინტერესოა, ალბათ, პრეზიდენტი ქალი, მაგრამ მხოლოდ იმის გამო, რომ ის ქალია, ხმა მივცე, არა მგონია, მართებული იყოს.
ფიქრობთ, რომ დემოკრატებს უფრო მეტი შანსი აქვთ, ვიდრე რესპუბლიკელებს, რადგან ბუშის ადმინისტრაციის იმიჯი სერიოზულად შერყეულია?
ზეინო: თითქოს ეგრე კი ჩანს, მაგრამ ჯერ მაინც ადრეა ამაზე საუბარი. ბუშის ადმინისტრაცია რომ იყრიდეს კენჭს, მაშინ მეტი ალბათობით იქნებოდა შესაძლებელი იმის თქმა, რომ მათ არ აირჩევენ, მაგრამ ვინც არ უნდა იყოს რესპუბლიკელების კანდიდატი, რასაკვირველია, ის გააგრძელებს რესპუბლიკელების პოლიტიკას, მაგრამ მაინც მოუწევს ბევრის შეცვლა. ამიტომ, არც ისე იოლად არის საქმე, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს.
მეთიუ: ფანტასტიურია როგორ მუშაობს საარჩევნო პროცესი ამერიკაში. როგორი ინტენსიური და ღიაა დებატები. შეგიძლია ის თქვა, რაც გინდა. იმოქმედო ისე, როგორც გინდა. არავინ გიჩივლებს ცილისწამებისათვის - ეს დიდი პრობლემაა ბევრ ქვეყანაში, რომელთანაც მე ვმუშაობ. ამ ქვეყნებში ცილისწამება კრიმინალია, ამიტომ ხალხს ეშინია ღიად საუბრის. აქ კი ფანტასტიკურია, ყველა იმას ამბობს, რაც უნდა. თუმცა, პოლიტიკური კულტურა კანდიდატებს აიძულებს იყვნენ ზნეობრივი და ერთმანეთს პირადი შეურაცხყოფა არ მიაყენონ. ამიტომ, მიყვარს ეს ყველაფერი და მიადვილებს დემოკრატიის პროპაგანდას სხვა ქვეყნებში. ცხადია, ჩვენთანაც არის ხოლმე პრობლემები, რაც საფრთხეს უქმნის არჩევნების პროცესს, მაგრამ, ძირითადად, ძალიან საინტერესოა არჩევნების პერიოდი.
ზეინო: რადგან არჩევნების ირგვლივ ვტრიალებთ, თურქეთზე ვიტყვი ორ სიტყვას. თურქეთს ახლახან ძალიან პრობლემური საპრეზიდენტო არჩევნები ჰქონდა. არავინ იცოდა, ვინ იქნებოდა საპრეზიდენტო კანდიდატი, გასაიდუმლოებული იყო ეს ყველაფერი. მაშინ როცა ამერიკაში ღია დებატებით ჩართული ხარ ამ პროცესში. მერე, როცა პრეზიდენტს ირჩევენ, ზოგი კმაყოფილია, ზოგი უკმაყოფილო, მაგრამ ამ კანდიდატმა იმდენი რამ გააკეთა, იმდენი რამ გადაიტანა არჩევნებამდე, რომ შენ მას კარგად იცნობ. პირადი ცხოვრება, დეტალები, სასკოლო რომანებიც კი, მთელი მათი ცხოვრება საჯარო ხდება.
შეგიძლიათ თქვენს წარმომავლობაზე მიამბოთ რამე? წარმოშობით პოლონელი ხართ?
მეთიუ: კი, პოლონელ-ამერიკელი ვარ. ჩიკაგოში დავიბადე, ძალიან წყნარ გარეუბანში. დედაჩემისთვის მშობლიური ენა პოლონური იყო, მიუხედავად იმისა, რომ ისიც ჩიკაგოში გაიზარდა. სახლში მხოლოდ პოლონურად საუბრობდნენ, სამეზობლოშიც. ამიტომ ინგლისური იქამდე არ ვიცოდი, ვიდრე საბავშვო ბაღში არ წავედი. მამაჩემიც პოლონელია, მაგრამ დედაჩემზე ერთი თაობით მეტი ხანია, რაც ჩიკაგოშია. საინტერესო ისაა, რომ ჩემი ორივე ბაბუა, ერთმანეთს იცნობდნენ, ერთად მუშაობდნენ ქარხანაში, მაგრამ ჩემს მშობლებს ერთმანეთი ამ გზით არ გაუცვნიათ. ჩემთვის მართლაც ძალიან ბევრს ნიშნავს პოლონური მემკვიდრეობა და ამ ფაქტმა დიდი წვლილი ითამაშა დიპლომატად ჩემს ჩამოყალიბებაში.
რას გულისხმობთ?
მეთიუ: ბებიაჩემი მიყვებოდა ხოლმე ისტორიებს სიღარიბეზე, გაჭირვებაზე, თუ რა ხდებოდა პოლონეთში ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ომის შემდეგ: არასტაბილურობა, გამუდმებული ომის საშიშროება. ჩემზე ამ ყველაფერმა უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა და ვიფიქრე, ჩემი მომავალი საქმიანობა მიმეძღვნა იმისთვის, რომ თავიდან აგვეცილებინა ასეთი საშინელებები. პატარა რომ ვიყავი, ჩემს ოჯახთან ერთად რამდენჯერმე პოლონეთშიც ვიყავი. ასე რომ, რამაც საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობამდე მიმიყვანა, ჩემი პოლონური წარმოშობა და თავად პოლონეთის ისტორიაა.
მთელი თავისი ისტორიის მანძილზე, პოლონეთი საშინლად ნატანჯია. 40-იანი წლების პოლონეთის ისტორია საქართველოს ამბებს მაგონებს. ამაზე ჩემს კოლეგებთანაც ხშირად ვსაუბრობ. გახსოვთ 1939 წელი, 1 სექტემბერი? დასავლეთიდან ჰიტლერმა შეუტია პოლონეთს, 17 სექტემბერს კი - სტალინმა, აღმოსავლეთიდან. და არავინ, არავინ დედამიწის ზურგზე, არ დაეხმარა პოლონეთს, მიუხედავად იმისა, რომ მათ საერთაშორისო შეთანხმება ავალებდათ ამას. მხოლოდ მაშინ ამოიღეს ხმა, როცა ჰიტლერი ისე შორს წავიდა, რომ ინგლისის არხებსაც გადაწვდა. მანამდე თითიც არავის გაუნძრევია. არასოდეს, არასოდეს დამავიწყდება ეს ამბები და სწორედ ეს არის ჩემი მამოძრავებელი ძალაც, განსაკუთრებით, საქართველოსთან მიმართებაში. ეს იწვევს ჩემს ძლიერ სურვილსაც, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდეს, რომ არასოდეს დაიჩაგროს. ასე რომ, ჩემმა წარმომავლობამ დიდი როლი ითამაშა იმაში, რასაც დღეს ვაკეთებ.
სკოლაც ჩიკაგოში დაამთავრეთ?
მეთიუ: დიახ, ჩიკაგოს გარეუბანში ვსწავლობდი. თუ არ ყოფილხარ ჩიკაგოში, აუცილებლად უნდა წახვიდე. ფანტასტიკური ქალაქია. ეს არის გიგანტური ქალაქი, არც ისეთი დიდი, როგორიც ნიუ-იორკი, მაგრამ ერთ-ერთი უდიდესი თავისი სივრცით. აქ ყველაზე უკეთ გრძნობ დიდი ქალაქის სულისკვეთებას. 20 მილი პლაჟს უჭირავს, მთელი აღმოსავლეთი მხარე ტბა და პლაჟია. ნაოსნობა, ცურვა, სუფთა წყალი... ისეთი შეგრძნებაა, თითქოს ოკეანის სანაპიროა. არქიტექტურული თვალსაზრისით, ჩიკაგო თანამედროვე არქიტექტურის აკვანია. ჩიკაგოში აიგო პირველი ცათამბჯენი. რკინისა და მინის კონსტრუქციებმა, რასაც მთელ მსოფლიოში ვხედავთ, ჩიკაგოდან აიღო დასაბამი. ეთნიკურადაც ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანია. აქ ნახავთ ეთნიკურ სამეზობლოებს - პოლონელებს, იტალიელებს, ირლანდიელს, ებრაელებს, გერმანელებს, ინდოელებს, კორეელებს, ლათინო-ამერიკელებს და ბევრ სხვასაც.
სკოლაში ფეხბურთს ვთამაშობდი. როგორც მერე აღმოვაჩინე, გერმანული გუნდი იყო და სინდისი მქეჯნიდა, პოლონელი გერმანელების გუნდში რომ ვთამაშობდი. მაგრამ ეს ჩვენი გერმანული გუნდი ვეთამაშებოდით პოლონელებს, ირლანდიელებს, იტალიელებს, რუსებს, სლოვაკებს, ჩეხებს - ფანტასტიკური იყო. ასევე ვთამაშობდი კალათბურთს, ბეისბოლს, ფეხბურთს; სტუდენტურ თვითმმართველობაშიც ვმონაწილეობდი, აკადემიურ ჯგუფებშიც ვიყავი გაერთიანებული. ქიმიის და მათემატიკის ოლიმპიადებში ვიღებდი მონაწილეობას. მაგრამ უნდა გამოვტყდე, რომ სპორტი ყველაზე მეტად მიყვარდა.
კონფლიქტების მედიატორობის დროსაც ყველაზე მეტად ჩემი სპორტული გამოცდილება მეხმარება. განსაკუთრებით, როცა საქმე რუსებს ეხება. ისინი ნამდვილი მებრძოლები არიან. ძალიან სერიოზულად მიმდინარეობს ხოლმე მათთან დიპლომატიური პაექრობა, ზუსტად ისევე, როგორც სპორტში. ისინი ყოველთვის ცდილობენ, შეარჩიონ კუთხე, იმისათვის, რომ უფრო მეტი ქულა დაიწერონ. მხედველობის არეალის მონიშვნა, საჭირო მომენტის ლოდინი და „დარტყმის“ გახორციელება. დიპლომატიაში, ყველა ერთმანეთს ეჯიბრება, მაგრამ არავინაა ისეთი კონკურენტული, როგორც რუსები. აზერბაიჯანელებიც მაგრები არიან როცა საქმე სომხეთს ეხება. მაგრამ რუსები მაინც განსაკუთრებულები არიან და ჩემთვის ძალიან საინტერესოა მათთან მოლაპარაკებები.
ზოგჯერ მათთან ურთიერთობის საუკეთესო გზაა მოლაპარაკებების მერე გვერდზე გაიყვანო, ხელი გადახვიო, მათთან ერთად გაიცინო და უთხრა, რა იყო მართლაც კარგი სვლა, რა - იაფფასიანი გამოხდომა და რა - უსამართლობა და არამართებული საქციელი. ისინიც იციან, და იციან ხმამაღლა და დაუფარავად და შეუძლიათ ძალიან გახსნილები იყვნენ ამ ყველაფრის მიმართ. მე უკვე ვიცი რუსების ტაქტიკა, როდის ქულებს იწერენ და როდის მართლა გულისხმობენ იმას, რასაც ამბობენ. ამიტომ, მათი თამაშის წესებს იოლად ვყვები ხოლმე.
სკოლის მერე, სტანფორდში ჩააბარეთ. იცოდით რა გინდოდათ, რომ გესწავლათ?
მეთიუ: არა, ზუსტად ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რა უნდა მესწავლა. უკვე მაინტერესებდა საერთაშორისო ურთიერთობები და პოლიტიკური მეცნიერებები, მაგრამ ფიზიკითაც ვიყავი გატაცებული. ფიზიკა დიდი დოზით ვისწავლე, თუმცა, იმდენით არა, რამდენითაც თქვენმა პრემიერ-მინისტრმა, რომელიც გენიოსია ფიზიკაში. „ემგეუ“ აქვს დამთავრებული. მოკლედ, ვსწავლობდი ფიზიკას, მათემატიკას, ხელოვნების ისტორიას. ჩემი ამოცანა იყო დამებალანსებინა ჰუმანიტარული საგნები და ფუნდამენტური მეცნიერებები და მათემატიკა, რომ ლოგიკურად აზროვნება მესწავლა. თქვენი გადასაწყვეტია, რამდენად წარმატებულად მოვახერხე ეს.
ზეინო, აზროვნებს მეთიუ ლოგიკურად?
ზეინო: კი, ზედმიწევნით ლოგიკურად აზროვნებს. ძალიან სისტემატურია.
თქვენ?
ზეინო: მე? არა. მე ქალი ვარ. ყოველთვის ვამბობ ხოლმე, რომ ის მონადირეა, ის მიდის მიზნისკენ. მე კი შემგროვებელი ვარ. მაგრამ თანდათან მეც უფრო თანამიმდევრული ვხდები ჩემს აზროვნებაში.
მეთიუ: კი, მაგარი ხარ. ამის პასუხადაც რუსეთის თემას დავუბრუნდები, თქვენის ნებართვით. რუსები ფრანგებივით არიან. ისინი არასწორხაზოვნად აზროვნებენ, ჩვენგან გასნხვავებით. ჩვენ, ამერიკელები სწორხაზოვნად, ნაბიჯ-ნაბიჯ, ლოგიკურად ვაზროვნებთ. ჩვენი აზროვნების ფორმა უფრო პრაგმატულია. სხვათაშორის, უმეტეს შემთხვევაში, ქართველებიც ასე აზროვნებთ, მაგრამ ფრანგები და რუსები უფრო ცირკულარულად, იმპრესიონისტულად აზროვნებენ. თითქოს, სხვადასხვა არგუმენტების ფრაგმენტებს კრებენ და ამას ინდექტიურად გაწოდებენ. ჩვენ უფრო დიდაქტიკურები ვართ. არცერთი არ არის ერთმანეთზე უმჯობესი. უბრალოდ, სხვდასხვაგვარი აზროვნების ფორმებია.
ქართველების აზროვნების სტილიც ასეთია?
მეთიუ: არ ვიცი, ზუსტად ვერ გეტყვით. ქართველებს ორივე ტიპის აზროვნება ახასიათებთ. ქართველები პოეტები არიან!
თქვენს კარიერაში შემდეგი საფეხური რა იქნება?
მეთიუ: არ ვიცი, ეს დამოკიდებულია სახელმწიფო მდივანზე და პრეზიდენტზე. ბედნიერი ვიქნებოდი, აქ დავრჩენილიყავი და მეკეთებინა ის, რასაც ვაკეთებ, იქამდე, ვიდრე სახელმწიფო მდივანი რაისი ჩათვლის ამას საჭიროდ. ძალიან ლოიალური ვარ მისი და ჩემი უშუალო შეფის, რიჩარდ ფრიდის მიმართ. საოცრად იღბლიანი ვარ იმაში, რომ ავცდი მთელ იმ ბიუროკრატიულ გზას, რასაც ჩვეულებრივ თეთრი სახლის ჩინოვნიკები გადიან ხოლმე. ეს იმიტომ, რომ მდივან ფრიდს სჯერა ჩემი. და მდივან რაისს, რომელსაც უკვე 23 წელია ვიცნობ, იცის როგორ ვმუშაობ, გვენდო და დათანხმდა ჩემს კანდიდატურას.
თუმცა, უკვე 10 წელია, რაც აქ ვარ და ეს დიდი დროა. ჩვეულებრივ, საგარეო საქმეთა სამსახურში, ვაშინგტონში 6 წელზე მეტ ხანს არ ჩერდებიან ხოლმე. ასე რომ, მეც უნდა წავიდე. დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი ელჩი თქვენს მშვენიერ ქვეყანაში, ან თქვენს მეზობელ ქვეყნებში, ევროპის ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. ან, დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი ისევ ენერგეტიკის საკითხებზე, ან აქ ან საზღვარგარეთ, ან კერძო სექტორში. მაგრამ ამ ეტაპზე, ვრჩები დიპლომატიაში.
თქვენ, ზეინო? თქვენც წაყვებით მეთიუს, სადაც არ უნდა წავიდეს?
ზეინო: ცხადია, თუ მან არ გადაიფიქრა ჩემთან ერთად ყოფნა. (ამას არასოდეს გადავიფიქრებ, საყვარელო! - მეთიუ) უნდა ვთქვა, რომ მართლაც უჩვეულია ამდენი ხნით ვაშინგტონში მუშაობა. მეც 10 წელია აქ ვარ. აქამდე, ჩემი საქმიანობის გამოც, მე ვერ დავტოვებდი ვაშინგტონს. მაგრამ ახლა, ჩემს ხელმძღვანელსაც დავეკითხე და მანაც მითხრა, რომ უკვე არ არის აუცილებელი სულ აქ ვიყო.
ამერიკაში 19 წლის ჩამოხვედით. იქამდე თურქეთში ცხოვრობდით?
ზეინო: ნაწილობრივ ათენში, ნაწილობრივ კი სტამბოლში გავიზარდე. მამაჩემი ათენში ცხოვრობდა, დედაჩემი სტამბოლში. ამიტომ საბერძნეთი ჩემთვის მამასთან ასოცირდება, თურქეთი - დედასთან. ბევრს ვმეცადინეობდი. სკოლაში გადავწყვიტე, რომ ამერიკაში მინდოდა ჩამოსვლა. ეს ჩემი პირადი გადაწყვეტილება იყო, არავის არაფერი უთქვამს. ჩავაბარე გამოცდები, ჩავირიცხე იმ უნივესრიტეტში, რომელსშიც მინდოდა და ჩამოვედი.
დედაჩემიც და მამაჩემიც ჟურალისტები იყვნენ. ასე რომ, ძალიან მაღელვებს ჟურნალისტიკა და თავისუფალი მედია. დედაჩემი ძალიან დამოუკიდებელი, ძლიერი ქალია. თურქულ პოპულარულ გაზეთ „საბაჰში“ მუშაობდა. მუშაობას ახლახან დაანება თავი, იმიტომ, რომ გაზეთის პოლიტიკასთან ჰქონდა პრობლემა. ასე რომ, გავიზარდე იმ გარემოში, სადაც დედა და მამა საერთაშორისო პოლიტიკაზე წერდნენ. ამიტომ, ბავშვობიდან მაინტერესებდა ეს ყველაფერი.
როცა სტანფორდში დავიწყე სწავლა, ვფიქრობდი, რომ გენეტიკურ ინჟინერიას ვისწავლიდი. მაგარი ვიყავი მათემატიკაში, მეცნიერებებში, ქიმია-ფიზიკაში, მაგრამ მერე სისხლმა მიყივლა და საერთაშორისო ურთიერთობების თემებმა დამაინტერესა. პირველივე სემესტრში ლექციებს კონდოლიზა რაისი მიკითხავდა. მერე ინტერნატურაც მასთან გავიარე. ის, უდავოდ, მსოფლიო დონის მოაზროვნეა, თუმცა არასოდეს ყოფილა ტკბილი და თბილი, პირიქით, ძალიან პირდაპირი, და საქმიანი დამოკიდებულება გვქონდა ყოველთვის, საქმიანად დისტანციური და მომწონდა მასთან მუშაობა.
ისე, მის კლასში მყავდა პირველი და უკანასკნელი სამიანი. განადგურებული ვიყავი ამის გამო. ავსტრიული განათლების სისტემიდან მოვდიოდი და ზუსტად არ ვიცოდი, როგორ უნდა მესწავლა ამერიკულ უნივერსიტეტში. მერე ვილაპარაკეთ კიდეც ამაზე, ვუთხარი, რომ ძალიან ბევრი ვიმეცადინე და რომ არ მესმოდა, რატომ მივიღე ასეთი დაბალი ნიშანი. მერე მანაც გააცნობიერა, რაში იყო საქმე. უკვე ძალიან გვიანი იყო ნიშნის შეცვლა, მაგრამ ამის მერე ბევრი ვილაპარაკეთ და გაიგო, რომ ვიცოდი გერმანული. როდესაც სახელმწიფო მდივანი გახდა, მას გერმანულის მცოდნე მკვლევარი ჭირდებოდა და ასე დავიწყე მასთან მუშაობა.
რას ფიქრობთ ოქრუაშვილი-პატარკაციშვილის ალიანსზე?
მეთიუ: არასოდეს შეხვედრივარ პატარკაციშვილს, მაგრამ ვიცი, რომ ზურაბ ჟვანიას კარგი ურთიერთობა ჰქონდა მასთან. (მე ძალიან მიყვარდა ზურა). ვიცი ყველა ბრალდება მის მიმართ, ვიცი რაზეც არის ლაპარაკი, მაგრამ არ ვიცი, რამდენად მართალია ეს ყველაფერი. არაფერი ვიცი ოქრუაშვილ-პატარკაციშვილის კავშირზე. ვიცი ის, რაც ოქრუაშვილმა განაცხადა. იმდენად, რამდენადაც მე ვიცნობ პრეზიდენტ სააკშვილს და მე მას უკვე ძალიან დიდი ხანია ვიცნობ, ვერცერთი წუთით, ვერასოდეს, ვერანაირად ვერ წარმოვიდგენ, რომ ის შეუკვეთავდა ბადრი პატარკაციშვილის ლიკვიდაციას. მიუხედავად იმ პატივისცემისა, რაც მაქვს, ყოველ შემთხვევაში მქონდა, ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ, ამას ვერ დავიჯერებ. ასევე ვერ დავიჯერებ, ვერ წარმოვიდგენ ზურას სიკვდილთან მიმართებაში პრეზიდენტ სააკაშვილის კავშირს. ვნახე, როგორი მტკივნეული იყო ეს მისთვის. მე იქ ვიყავი, მასთან ერთად, ზურას სიკვდილიდან ძალიან ცოტა ხანში. ერთად ვიყავით დაკრძალვაზეც, ძალიან ბევრი დრო გავატარეთ ერთად იმ საშინელ დღეებში. და ვნახე, რამდენად მტკივნეული იყო ეს მისთვის. ის სრულიად განადგურებული იყო. ასე რომ, ვერ დავიჯერებ, რომ ის, რაც ოქრუაშვილმა თქვა, მართალია. ალბათ, კარგი იქნებოდა, პრეზიდენტ სააკაშვილს თავად გაეკეთებინა ამაზე კომენტარი. ამიტომ, მეტს აღარაფერს ვიტყვი.
რა მოხდება ირანში?
მეთიუ: მე ამერიკის არსებულ საგარეო პოლიტიკას ჩამოგიყალიბებთ. სჯობს, ზეინომ გიპასუხოთ.
ზეინო: რა არის ეს პოლიტიკა?
მეთიუ: ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ შეინარჩუნოს ერთიანობა იმის განსახორციელებლად, რასაც საერთაშორისო სამართალი ჰქვია. საერთაშორისო სამართლის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციებია და ასეთი რამდენიმეა.
კი, მაგრამ ამერიკა ხშირად თავად არღვევს ხოლმე ამ რეზოლუციებს.
მეთიუ: ვითომ, როდის ვარღვევთ ხოლმე? ერაყთან მიმართებაში არ დაგვირღვევია. ჩვენ გვქონდა უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუცია, რომელიც ჩვენი ინტერპრეტაციით გვაძლევდა უფლებამოსილებას შევსულიყავით ერაყში. სხვა ქვეყნები სხვაგვარად ფიქრობდნენ. მაგრამ, გულწრფელად რომ ვთქვა, სწორი შენიშვნაა.
ირანთან მიმართებაში, საერთაშორისო საზოგადოება გარკვევით აფიქსირებს თავის პოზიციას და უკვე ორჯერ გასცა კიდეც სანქცია ირანის წინააღმდეგ. ახლა მესამე სანქციას ვამზადებთ, რადგან ირანი ისევ უარს ამბობს ატომური ენერგიის გამდიდრების პროგრამის შეწყვეტაზე. ირანს ყველა უფლება აქვს ჰქონდეს მშვიდობიანი ბირთვული პროგრამა და მისი განზრახვა რომ მხოლოდ ეს იყოს, მაშინ არ იტყოდა უარს საერთაშორისო საზოგადოების, მათ შორის, რუსეთის მოთხოვნაზე, შეეწყვიტა ატომური ენერგიის განვითარების ციკლი. მაგრამ ირანი კვლავს უარს ამბობს თანამშრომლობაზე. ამიტომ, როგორც ჩანს, მოგვიწევს კონფრონტაციაზე წასვლა, მიუხედავად იმისა, რომ პრეზედენტმა ბუშმა ბევრჯერ განაცხადა, რომ ირანთან მიმართებაში დახლქვეშ არსებული ოფციები არ არსებობს. კონდოლიზა რაისიც იგივეს ამბობს, და ამატებს, რომ ჩვენ ახლა ვიმყოფებით დიპლომატიის ჩარჩოებში და გვინდა ამ ჩარჩოებში დარჩენა. საომარი მოქმედებები არავის უნდა.
არსებობს მოსაზრება, რომ ირანის შერჩევითი დაბომბვა უკვე იგეგმება.
ზეინო: იმდენად, რამდენადაც, არ წარმოვადგენ ამერიკის მთავრობას, შემიძლია ამ საკითხისადმი ჩემი დამოკიდებულება გითხრათ. მე მგონია, რომ ირანი დროზე თამაშობს. რუსეთის ტაქტიკაც დროის მოგებაა. თითქოს, ყველა პოსტ-ბუშის პერიოდის დადგომას ელოდება. დრო ამ ადმინისტრაციისთვისაც მნიშვნელოვანია, რადგან მათ წასვლამდე სურთ ირანის პრობლემის მოგვარება. ჩვენ ასევე არ ვიცით, როდის ასრულებს ირანი ბირთვული გამდიდრების ეტაპს. ამასთან დაკავშირებით სხვადასხვა პროგნოზები არსებობს. პრობლემა, ჩემი აზრით, არის ის, რომ ირანი მოქმედებს, ევროპა და ამერიკა კი რეაგირებენ. და ირანი გაცილებით უფრო ჭკვიანურად თამაშობს თავისი კარტით, ვიდრე ჩვენ. ცხადია, რომ საომარი მოქმედებები უკიდურესი ზომაა, ის არავის უნდა, მაგრამ სხვა არჩევანი ჯერ-ჯერობით არ ჩანს. საქმეს ისიც ართულებს, რომ რთულია სანქციებზე რუსეთისა და ჩინეთის, ირანის მეზობელი ქვეყნების დათანხმება. ვშიშობ, აჰმადინეჯადის გარემოცვას მართლა სჯერა, რომ ისრაელის განადგურება მათი რელიგიური მისიაა. ასე რომ, ჩვენ არცთუ ისე რაციონალურ მოაზროვნეებთან გვიწევს საუბარი და, ამიტომ, პროგნოზების გაკეთება რთულია.
მეთიუ: დავამატებდი, რომ ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკა და ის, რომ აშშ გაბრაზებულია ირანზე. მოდი, ერთი წამით დავფიქრდეთ, რას ნიშნავს ეს ყველაფერი: ირანი არის ქვეყანა, რომელიც უარყოფს ჰოლოკოსტს და მას აშკარად სურს ისრაელის და ებრალების განადგურება; აშკარად მხარს უჭერს ტერორისტებს და ამარაგებს იარაღით ერაყს, რომლის მსხვეპლიც არაერთი ამერიკელი ჯარისკაცი გახდა. ჩვენ ასევე გვჯერა, რომ ისინი ანვითარებენ ატომურ იარაღს. და თუ ირანი უკვე მხარს უჭერს ტერორიზმს, როგორ წარმოგიდგენიათ, რა იქნება, როცა ის ატომური იარაღით მოამარაგებს ალქაიდას, ჰეზბოლას თუ შიიტურ ტერორისტულ ჯგუფებს? ეს უკვე ეგზისტენციალური საფრთხეა. ეს უკვე ისეთი საფრთხეა, რამაც შეიძლება ბოლო მოუღოს ამ ქვეყნის არსებობას. ვერავინ გადავრჩებით.
არა მარტო ამ ქვეყანას შეექმნება ეს საფრთხე.
მეთიუ: ჰო, რასაკვირველია, უბრალოდ, ახლა ცოტა ეგოისტურად ვთქვი, იმისთვის, რომ ავხსნა, რატომ არიან ამერიკელები ასე გაბრაზებულები ირანზე.
ამიტომ, ეს ჩვენთვის, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეგზისტენციალური საკითხია.
როცა ამბობთ, რომ ირანი მხარს უჭერს და ამარაგებს ტერორისტებს, ამ განცხადებებს, ალბათ, ამერიკის დაზვერვის სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით აკეთებთ. თუმცა, „სი-აი-ეი“ 11 სექტემბრის მერე მნიშვნელოვნად დისკრედიტირებულია. როგორ ფიქრობთ, ამერიკელების უმეტესობა იზიარებს თქვენს განცხადებას?
მეთიუ: უდაოდ, ამერიკელთა უმრავლესობა ასე ფიქრობს. მაგრამ ასევე ვფიქრობ, რომ გლობალური ლიდერების უმეტესობაც იზიარებს ამ დამოკიდებულებას. ამას უშიშროების საბჭოს რეზოლუციებიც ადასტურებს. რა თქმა უნდა, ამერიკის უშიშროების სამსახურთან დაკავშირებით ჩნდება კითხვები და უნდა გაჩნდეს კიდეც, მაგრამ ამერიკელებს კარგად ესმით, რა ზრახვები აქვს ირანს. საკითხავიც კი არ არის, მხარს უჭერს თუ არა ირანი ჰეზბოლას. არც ირანი უარყოფს ამას. ასე რომ, მტკიცებულებები არსებობს.
ზეინო: პრობლემა იცი რაშია? არავის უნდა ბირთვული ირანი, მაგრამ რადგან ამერიკაა „ცუდი პოლიციელის“ როლში, ყველამ იცის, რომ არც ამერიკა და არც ისრაელი ბირთვულ ირანს არ დაუშვებს. ამიტომ, სხვა ქვეყნები ფიქრობენ, რომ მათ შეუძლიათ „კარგი ბიჭები“ ითამაშონ. მოდი, მუსლიმებს და დანარჩენ მსოფლიოს ამერიკელები სძულდეთო, ფიქრობენ. ზოგადად კი ყველამ იცის, რა ზრახვები აქვს ირანს.
არაერთ თურქ დიპლომატს და ხელისუფლების წარმომადგენელს შევხვედრივარ. ისინი შეშფოთებული არიან ბირთვული ირანის არსებობის საშიშრების გამო, მაგრამ ირანი მათი მეზობელი ქვეყანაა, რომელთანაც სავაჭრო ურთიერთობები აქვთ გაბმული. ამიტომ, ირანთან კონფრონტაცია მათთვის არასახარბიელოა და თვლიან, რომ ეს ამერიკის და ისრაელის საქმეა.
ამიტომ, თურქეთი „კარგ პოლიციელს“ თამაშობს და ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ ირანელები მთლად გიჟები არ არიან, რომ გამოვნახოთ მათთან სალაპარაკო ენა და ასე შემდეგ.
და ირანს რა უნდა, თქვენი აზრით, ძალის დემონსტრირება?
ზეინო: ეს ურთიერთობები ძალიან ჰგავს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს. არ ვარ ირანის ექპერტი, მაგრამ ამ თემისადმი მიძღვნილ უამრავ დისკუსიაში ვმონაწილეობდი და ისევე როგორც ბევრი სხვა, მეც ვცდილობ ავხსნა რაღაცები. როგორც ჩანს, აჰმადინეჯადი არ არის ერთადერთი ან მთავარი გადაწყვეტილების მიმღები ირანში. ის უბრალოდ ყველაზე პოპულარული ირანელი პოლიტიკოსია საერთაშორისო მედიისთვის. რა თქმა უნდა, რასაც ის ამბობს, მნიშვნელოვანია. თუმცა, თავად ირანშიც შეწუხებული არიან იმით, რომ იმ გზით, რა გზითაც მას ქვეყანა მიჰყავს, შეიძლება დაბომბვამდე მივიდეს. ბევრი წუხს ამის გამო. ყველასათვის საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა, რომ აჰმადინეჯადის და მისი გუნდის ნაცვლად, ირანს სხვა გუნდი მართავდეს, გუნდი, რომელსაც სხვა ხედვა ექნებოდა და უფრო ღია იქნებოდა დასავლეთთან ურთიერთობაში. ეს ყველას უნდა. მაგრამ, საუბედუროდ, ირანში რესპუბლიკის დამცველები და არმაგედონის-მოსურნე ადამიანები მართავენ სიტუაციას.
მეთიუს შეიძლება ხელი მიუწვდება უშიშროების დახურულ ინფორმაციაზე, მაგრამ კვლევით ცენტრებში, ჩემთვის და ჩემი კოლეგებისთვის, ვინც უშუალოდ მუშაობს ირანზე, ძალიან რთულია სანდო ინფორმაციის მიღება, და იმის გაგება, თუ მართლა რა ხდება ირანში. რეალურად აჰმადინეჯადის რამდენი თანამოაზრეა ირანში, რამდენი ეთანხმება იმ აზრს, რომ ირანი უნდა დაუპირისპირდეს დანარჩენ მსოფლიოს.
სახლში ლაპარაკობთ ხოლმე დღის მოვლენებზე?
მეთიუ: ვცდილობ, რომ არ ვილაპარაკოთ. იმდენს ვმუშაობ დღის მანძილზე, რომ სახლში რომ ვბრუნდები, დასვენება მინდა. ზოგჯერ ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, ჩვენს საერთო ინტერესებზე. ცხადია, გვაქვს ხოლმე ინტელექტუალური დისკუსიები, ეს მნიშვნელოვანია. მაგრამ არასოდეს ვამხელ ოფიციალურ ინფორმაციას, აღარაფერს ვამბობ, დახურულ ინფორმაციაზე ან ოფიციალურ გადაწყვეტილებებზე. ხშირად ზეინოს რჩევისთვის მივმართავ ხოლმე, მაგრამ არასოდეს ვაკონკრეტებ, რისთვის მჭირდება ეს რჩევა.
ზეინო: ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მეთიუ ძალიან მიყვარს და პატივს ვცემ, ის არის, რომ… ამას ხშირად ვიხსენებ, ხომ იცი, არის რაღაცები, რაც არასოდეს გავიწყდება?! მოკლედ, ეს ხდებოდა ვარდების რევოლუციამდე, არჩევნების პერიოდში. საქართველოში ვიყავი, როგორც არჩევნების დამკვირვებელი ქუთაისში. არჩევნების მერე, ნინო ბურჯანაძეს შევხვდი და ბევრი ვილაპარაკეთ არჩევნების გაყალბების ფაქტებზე და ყველაფერზე, რაც ირგვლივ ხდებოდა. რადგან სქართველოს კარგად ვიცნობდი და ბევრი მეგობარი მყავდა, მივხვდი, რომ სიტუაცია მართლაც ძალიან კრიტიკული იყო. რუსთავი 2-ის და მისი ეგზიტ-პოლების წყალობით, ბურჯანაძე-ჟვანია-სააკაშვილთან შეხვედრებით, მივხვდი, რომ შევარდნაძის ხანა დამთავრებული იყო და ძალიან მინდოდა, ამერიკა ისტორიის ადეკვატური ყოფილიყო. მაგრამ დასავლეთის განწყობა მაშინ სხვაგვარი იყო - შევარდნაძემ ბევრ ასეთ ვნებათაღელვას გაუძლო და ამ მოვლენებსაც მოინელებსო. მახსოვს, პანიკაში ვიყავი, და მეთიუს დავურეკე. მაშინ თეთრ სახლში იყო.
მეთიუ: თეთრ სახლში კი არა, ლოგინში ვიწექი. შუაღამე იყო.
ზეინო: მოკლედ, დავურეკე და ვუხსნიდი შექმნილ სიტუაციას, ვეუბნებოდი, მეთ, გეხვეწები, არ იყოთ ისტორიის მცდარ მხარეს, ცვლილებები რეალურია, ეს ყველაფერი მართლა ხდება-მეთქი.
წარმოიდგინე, რამხელა პასუხისმგებლობა იყო მეთისთვის ჩემი მოსმენა და თეთრი სახლის დარწმუნება იმაში, რომ მხარი დაეჭირათ მოსალოდნელი ცვლილებებისათვის მაშინ, როცა თეთრ სახლში გიჟდებოდნენ შევარდნაძეზე. შევარდნაძე ბუშების პირადი მეგობარი იყო, მას თეთრ სახლში ყველა იცნობდა და ასე შემდეგ. ამიტომ, იმის თქმა, რომ შევარდნაძე დამთავრდა, ძალიან რთული იყო. ამის მიუხედავად, მეთმა მომისმინა. და ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის.
მეთიუ: რა თქმა უნდა, ყოველთვის გისმენ.
ზეინო: შეგეძლო არ მოგესმინა.
მეთიუ: ჩვენ მართლა არ გვინდოდა, რომ შევარდნაძე წასულიყო. ის ჩვენი განსაკუთრებული მეგობარი იყო. ყველას ძალიან გვიყვარდა. უდიდესი პატივისცემით ვიყავით გამსჭვალული მის მიმართ. აღშფოთებული ვიყავით იმით, რომ მას ასლან აბაშიძე შანტაჟს უწყობდა. ძალიან არ მინდოდა ამის მოსმენა. მაგრამ ბოლოს ვიფიქრე, რომ თუ ზეინო მეუბნება, ესე იგი, მართლა ასეა, მის მოსაზრებებს ყოველთვის ვენდობი. მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან მტკივნეული იყო ჩემთვის. და ერთი მხრივ, გულდასაწყვეტია, რომ მოვლენები ასე განვითარდა - შევარდნაძე მართლაც ისტორიული ფიგურაა.
შევარდნაძეს ძალიან ესიამოვნება ამის მოსმენა.
მეთიუ: მართლა უსაზღვრო პატივისცემა მქონდა მის მიმართ. ჩემს ზემდგომებსაც ამას ვეუბნები ხოლმე, რომ შევარდნაძე ისტორიაში შევა, როგორც მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის გლობალური პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურა. მას ძალიან რთულ პერიოდში მოუწია ქვეყნის მართვა. სისტემა ინგრეოდა, შეიძლება თვითონაც გადაღლილი იყო, არასწორი ხალხი ჰყავდა გარშემო რომელთაც მახეში გააბეს… ბოდიში, გამიგრძელდა სიტყვა.
ზეინო: შეიძლება, მეც დავამატო შევარდნაძეზე? მეც უდიდეს პატივს ვცემდი მას, როგორც პიროვნებას, ლიდერს. არასოდეს დამავიწყდება ჩემი ერთ-ერთი ბოლო შეხვედრა მასთან. მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით, თარჯიმანთან ერთად. ეს უკვე ის პერიოდია, როცა კატასტროფულად დაეცა მისი რეიტინგი, ხალხი უკვე ვეღარ იტანდა. მე ვკითხე, რატომ ვერ თავისუფლდებოდა თავისი გარემოცვისგან. მახსოვს მისი ღრმა ამოსუნთქვა, მერე ხანგრძლივი პაუზა და ფიქრი, მტკივნეული ფიქრი. ამან ჩემზე ადამიანურად იმოქმედა. მართლაც არ არის იოლი მოკავშირეებისგან გათავისუფლება. მან ასეც მიპასუხა. მოკავშირეები გახვევია გარს ადამიანს მუდამ, პრეზიდენტობამდე, პრეზიდენტობის დროს და პრეზიდენტობის შემდეგ და ძნელია მათთვის ხელის კვრა. ეს რაღაც გრძელი, გრძელი გზაა. ის საკმაოდ ჭკვიანი კაცი იყო და ყველაფერი მშვენივრად ესმოდა. ამას ემატებოდა ლოიალურობის საკითხი, მოძველებული ღირებულებები. მეც ღრმად განვიცადე ეს ყველაფერი.
მახსოვს, მასთან ბოლო შეხვედრის მერე, ყველას სინანული ჰქონდა სახეზე. ჟვანიას, სააკაშვილს, ბურჯანაძეს. ადამიანურად, ალბათ, მათაც განიცადეს ეს ყველაფერი.
მეთიუ: კი, მართლაც ასე იყო. მახსოვს როგორ წასცდა ცრემლები ზურას. მიშა და ზურა შევარდნაძესთან ბოლო შეხვედრიდან რომ გამოვიდნენ და უკვე საბოლოოდ რომ გადაწყდა ყველაფერი, ზურა ატირდა. ზურა მეუბნებოდა, როგორ უყვარდა შევარდნაძე. მიშამაც თავის შვილს ედუარდი დაარქვა.
ჩვენი პრეზიდენტი ამბობს, რომ მან ეს სახელი შვილს მეუღლის, სანდრას მამის პატივსაცემად დაარქვა.
მეთიუ: ჰოოოო...
რას ფიქრობთ საქართველოში მედიის თავისუფლების ხარისხზე? რამდენად მნიშვნელოვანია თავისუფალი მედია, თუ ეს მხოლოდ ფორმალური აუცილებლობაა?
ზეინო: ბევრი მეგობარი მყავს ქართულ მედიაში, სხვადასხვა პოზიციებზე მდგომი ადამიანები, და ისინიც ამბობენ, რომ მედია ისეთი თავისუფალი აღარ არის, როგორც რევოლუციამდე. ეს არ არის კარგი, იმიტომ, რომ, საქართველო სწორედ ამით იყო სამაგალითო.
მეთიუ: შენ ფიქრობ, რომ ადრე უფრო მეტად თავისუფალი იყო ქართული მედია?
ზეინო: დიახ, ვფიქრობ, რომ ადრე უფრო მეტი ღიაობა იყო. მაგრამ არ ვიცი, ეს იმიტომ მოხდა, რომ მედიამ მფლობელები შეიცვალა თუ… ადრე დიდი ინტერესეით ვკითხულობდი ხოლმე ქართულ პრესას. ახლა კი აღარ არის ისეთი საინტერესო. ადრე, ბევრ საინტერესოსთან ერთად, ბევრ სისულელესაც ვკითხულობდი, მაგრამ საკმაოდ კარგი წარმოდგენა მექმნებოდა პრესის კითხვით, ვეღარ ვიგებ რეალურად რა ხდება. ეს არ არის კარგი, იმიტომ, რომ აღარ ვიცი ვის ვენდო, იმისათვის, რომ რეალურად გავიაზრო საქართველო.
მეთიუ: საქართველო ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, უკვე არა მხოლოდ ნავთობსადენების გამო. ეს იყო, რის გამოც თავიდან აღიძრა ინტერესი საქართველოს მიმართ. ვარდების რევოლუციის მერე, ამ ქვეყანამ ძალიან განსაკუთრებული სტატუსი მიიღო ჩვენთვის. ის ახლა თავისი დემოკრატიულობით არის ყველაზე ღირებული. და თუ ქვეყანაში არ არის თავისუფალი მედია, ამ ქვეყანაში არ არის ძლიერი დემოკრატია. ასე რომ, ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია.
რას აკეთებთ ხოლმე ერთად, სამსახურიდან თავისუფალ დროს?
ზეინო: მე ვგიჟდები ფილმებზე. ერთად ვვარჯიშობთ.
მეთიუ: ერთად ვწევართ. (იცინის).
ზეინო: ახლა ვცდილობ დავწერო წიგნი „მუსლიმები ევროპაში“. ამასთან დაკავშირებითაც ბევრი რამის კითხვა მიწევს ისლამურ დიასპორაზე. კვლვევითი ეტაპი უკვე გავლილია, არადა, ყველაზე სახალისო ეს იყო. ახლა იმდენი მასალა დამიგროვდა, თავის მობმა მიჭირს. სულ მინდა, კვლევა გავაგრძელო და ფეხს ვითრევ, რომ წიგნის წერა დავიწყო. ეს წერის პროცესი საშინელებაა. წერის პროცესი სავარჯიშოდ წასვლას გავს. სულ მეზარება დილით ადგომა, მეტი ძილი მინდა ხოლმე და ვარჯიშის დაწყებიდან პირველი 10 წუთი ვიტანჯები, მაგრამ ვარჯიშის მერე, ფანტასტიკურ ხასიათზე ვდგები. ასე რომ, წიგნი რომ დასრულდება, ვიცი, ძალიან ბედნიერი ვიქნები. მაგრამ ახლა ხშირად მესიზმრება ხოლმე, რომ ვითომ ვდბოდა იმაზე, რაც ქვეყანაში ხდებოდა. ახლა კი სულ ასეთი მხიარული და ენერგიულია მეთიუ?
ზეინო: როცა გავიცანი, პირველი სამი თვე ვფიქრობდი, რომ დღეს თუ არა, აი, ხვალ ვნახავ სხვანაირ მეთიუს-მეთქი. მერე ვკითხე კიდეც, სად არის შენი ბნელი მხარე-მეთქი? ვერც კი გაიგო რას ვეკითხებოდი. უკვე 9 წელია ვიცნობ და ის გულწრფელად, ბუნებრივად მსუბუქი და ბედნიერი ადამიანია. უცნაურია, მაგრამ ასეა. როცა პირველად ჩამოვედი აქ, 1989 წელს, 19 წლის ვიყავი, სულ ცუდზე ვიყავი მომართული. ჩვენთან, თურქეთში ასეთი ანდაზაა: დღეს თუ ბევრს იცინებ, ხვალ ბევრ იტირებ. ამიტომ, სულ მეშინოდა, არ შეიძლება ბედნიერი და მხიარული იყო, ცუდი რამეები შეგემთხვევა-მეთქი. ამ დროს, ამერიკელები ზოგადად ოპტიმისტები არიან. მეთიუც ასეთია და ეს ძალიან მომხიბვლელია. მასთან ერთად, მეც ნაკლებად პესიმისტური და დეპრესიული ვარ. მისი თვალით, მეც სხვანაირად აღვიქვამ ამ სამყაროს.
![]() |
8 ისტორია |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
8.1 ყველაზე სიმპათიური ქართველი ხათაბალა |
▲ზევით დაბრუნება |
ავტორი: კახა თოლორდავა
ფოტო: ლევან ხერხეულიძე, პირადი არქივი
„წაქაძემ თხილამურებით ტრამპლინიდან ხტომის ახალი სტილი გამოიგონა, - ალბათ, თავისდაუნებურად. ჰაერში ის საერთოდ არ იხრება წელში. მისი სხეული გამართული და მოშვებულია. ის ისე იხრება წინ, რომ მისი სახე თითქმის თხილამურების წვერებს ეხება, ხელები სხეულის გასწვრივ უწყვია, თავი მაღლა აქვს აწეული. თხილამურის სამაგრები ისე აქვს მოჭერილი, რომ მხოლოდ ფეხის წვერებით ეხება თხილამურების ზედაპირს. ის ძალიან შორს ხტება და მისი ფრენა საოცრად ლამაზია“
ჟურნალი „თაიმზი“. 1958წ.
მე ეს შემიძლია წარმოვიდგინო - როდესაც ტრამპლინი ჰაერში აგისვრის, უკან დასაბრუნებელი გზა მოჭრილია; არც უკან მოხედვის დრო გეძლევა. რა თქმა უნდა, იცი, რომ გრავიტაცია შენზე ძლიერია. სულ რამდენიმე წამში ის უკან, მიწაზე დაგაბრუნებს, მაგრამ სანამ ჰაერში კიდიხარ, წინ გადახრილი, ფეხის წვერებზე მიკრული თხილამურებით, მხოლოდ არსებითი სახელის „საკუთრება“ ვერ იქნები. ფრენისას შენ ზმნა ხარ, - ადამიანი - ფრენა. ჩინელებს და იაპონელებს ეს ჩვენზე უფრო კარგად ესმით... ამ დროს ასი-ათასობით ადამიანის მზერა შენკენაა მომართული; წამის განმავლობაში, სანამ შენ ჰაერში ხარ, სამყაროს ის ნაწილი, რომელიც შენ გიყურებს სტოპ-კადრის რეჟიმშია.
არ ვიცი, ზუსტად ასე მოხდა თუ არა, მაგრამ მოდი, ამასაც წარმოვიდგენ: მაშ ასე, გასული საუკუნის ორმოცდაათიანი წლების ბოლო ან ყველაზე გვიან, სამოციანების დასაწყისია. ერთი ამერიკელი მწერალი და პოეტი, რომელიც სულ ცოტა ხანში დიდი ამერიკელი მწერალი გახდება პირველად ნახულობს მისთვის აქამდის სრულიად უცნობი ტრამპლინიდან თხილამურებით ახალგაზრდა მხტომელს საბჭოთა კავშირიდან. ნამდვილად არ ვიცი, სად მოხდა ეს; შეიძლება ამერიკაში ან სულაც, ევროპაში, რომელიმე ტურნირზე. ერთადერთი რაც მწერალმა იმ ახალგაზრდა სპორტსმენის შესახებ იცის, მხოლოდ მისი სახელი და გვარია, წაქაძე თუ წოქაძე, იმასაც ხალხის ხმაურში კარგად ვერ მოკრა ყური, თუმცა, მას შემდეგ, რაც მან მისი ნახტომი ნახა, ეს უკვე მეორეხარისხოვანია. მწერალმა იცის, რომ ის ახალგაზრდა მისთვის შორეულ, უცხო და მტრულად განწყობილ ქვეყანაში ცხოვრობს, მაგრამ მას ესეც ნაკლებად აინტერესებს. ის პოეტია, პოეტები კი გულგრილები ვერ რჩებიან ფრენის მიმართ. სახლში დაბრუნებისთანავე ის სასწრაფოდ ჩრის ფურცელს საბეჭდ მანქანაში, სიგარეტს უკიდებს, სულ რაღაც ერთი წამით ხუჭავს თვალებს კიდევ ერთხელ რომ დაინახოს ჰაერში დაკიდებული მფრინავი მოთხილამურე და შემდეგ კი, სწრაფად იწყებს ბეჭდვას. სიტყვები თითქოს თავისით მოდიან. ის ბეჭდვას აგრძელებს და სულ მოკლე ხანში ლექსი დასრულებულია. ის ფურცელს აცლის მანქანას, კიდევ ერთხელ ჩაიკითხავს დაწერილს, ეღიმება და ფურცელს საბეჭდი მანქანის გვერდზე, ფურცლების დასტის ქვეშ ათავსებს. ეს მისი ბოლო ლექსია ახალი კრებულისათვის. დასტის თავში მოქცეულ სატიტულო ფურცელს აწერია: „ჯონ აპდაიკი. ლექსები.“ ახლადდაწერილი ლექსის სათაურია, - Tsokadze O Altitudo, - ან წაქაძე, ან სიმაღლე. ლექსი შემდეგი სიტყვებით მთავრდება: Ah, c'est beau, when Tsokadze skies, ოჰ, რა ლამაზია, როდესაც წაქაძე ჰაერშია!
კობა წაქაძე და გეორგ ტომა
როდესაც კობა წაქაძე თავის განვლილ ცხოვრებაზე იწყებს ლაპარაკს, სულ რამოდენიმე წამში ყველაზე ხმაურიან ოთახშიც კი სიჩუმე ისადგურებს. ამ დროს მისი გაჩერება თითქმის შეუძლებელია, თუმცა, ამაზე ფიქრსაც კი ვერ ბედავ. პირიქით, ცდილობ რაც შეიძლება ჩუმად იყო - შემთხვევით, აზრი რომ არ გაუწყდეს. როდესაც ის ლაპარაკობს, ოთახში ზუსტად იგივე ხდება, რაც წლების განმავლობაში ტრიბუნებზე ხდებოდა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, როდესაც ის ტრამპლინიდან ეშვებოდა და ჰაერში ეკიდებოდა. როდესაც ის ლაპარაკობს, მსმენელი სტოპ-კადრის რეჟიმში ექცევა და მის ისტორიებში მთელი გარდასული ეპოქა ცოცხლდება. ეს ისტორიები გადარჩენილი, ტრიუმფატორი ადამიანის ისტორიებია; მკაცრ და დაუნდობელ სისტემაზე გამარჯვებული ადამიანის ისტორიები. ერთადერთი, რასაც ამ დროს გაიფიქრებ ,ისაა, თუ რატომ არავის მოუვიდა ან მოსდის თავში ამ ადამიანზე ფილმის გადაღე ბა. ჰოლივუდი ამ შანსს ხელიდან არასდროს გაუშვებდა. „მეორესაც გეტყვი, გენაცვალე, - იწყებს ის ახალ ისტორიას თავისი საყვარელი ფრაზით, - პირველად იტალიაში რომ გაგვიყვანეს 1954 წელს და მასპინძლებმა სადილად დაგვპატიჟეს, მაშინ პირველად გავსინჯე მაგათი სპაგეტი. აბა, მითხარი, გენაცვალე ბაკურიანელ ცხვირმოუხოცავ ახალგაზრდა გლეხ კაცს, საიდან უნდა მცოდნოდა რა ჯანდაბა იყო ეს სპაგეტი?! ჩვენთან იმ დროს მაკარონი ისეთი შავი და მაგარი იყო, ვინმესთვის თავში რომ ჩაგერტყა გაუტეხავდი! ჰოდა, მოგვიტანეს ეს სპაგეტი ხის ჯამებით, მაგრამ გამოუცდელი ვიყავი და არ დავაკვირდი, მაკარონს ჩანგალზე რომ წამოაგებდნენ მერე ჩანგლის ტრიალს იწყებდნენ თურმე. მე კი გავურჭე ჩანგალი ერთ მაკარონს, ჩავიდე პირში, დავიწყე ყლაპვა და ვაი, შენ კობას! ეგ სპაგეტი იყო თუ რაღაც შიგ სახეში არ მომხვდა ტკაცა-ტკუცით! როგორც იყო გავწყვიტე, მაგრამ ამ დროს რესტორანში ვიღაც ფოტოგრაფები აღმოჩნდნენ და მეორე დღეს ყველა იტალიურ გაზეთში იყო ჩემი ფოტო სპაგეტით პირში და მწარე სათაურით. ჰოდა, ურეკავს საბჭოთა კავშირის იმდროინდელი ელჩი იტალიაში ჩემს მწვრთნელებს და ეუბნება: თქვენი დედა ასე და ისე, ეს რა ხათაბალას გადამკიდეთ, ვერ ასწავლეთ მაგ კაცს სპაგეტის ჭამა როგორ უნდაო... მეორე დღეს სან-მორიცში უნდა წავსულიყავი შეჯიბრზე, მაგრამ მითხრეს, შეფუთე თხილამურები, მოსკოვში ბრუნდებიო. ვეხვეწე, ნუ დამაბრუნებთ უკან, გენაცვალე, საიდან უნდა მცოდნოდა ეგ ოხერი სპაგეტი როგორ უნდა მეჭამა-მეთქი, მაგრამ იმ დროს ასე იყო, რასაც გიბრძანებდნენ, ის უნდა გაგეკეთებინა. ჰოდა, ჩავედი მოსკოვში და პირდაპირ აეროპორტიდან სასტუმრო „მეტროპოლში“ მიმიყვანეს. ვიღაც ორი კაცი დამხვდა იქ. იმავე წამს მივხვდი, ვინც იყვნენ. სასტუმროს მთელი პერსონალი მათ დანახვაზე ელდანაკრავივით იჯგიმებოდა. ოთახი მომცეს და მითხრეს, დაისვენე, დაიბანე და ფოიეში დაბრუნდიო. ასეც მოვიქეცი. ფოიეში რომ დავბრუნდი, რესტორანში მიმიყვანეს და ერთ-ერთ „კუპეში“ შემიყვანეს. დღესაც მახსოვს იმ „კუპეს“ ნომერი, ცხრა. გაწყობილი მაგიდა დამხვდა იქ. ყველაფერი აკურატულად იყო დაწყობილი, ჩანგლები, დანები, თეფშები. მერე კი ვიღაც რესტორნის თანამშრომელი შემოვიდა და იმ ორმა ჩემი თავი იმ კაცს ჩააბარა. უთხრეს, აჰა, აღსაზრდელად გიტოვებთო და წავიდნენ. იმ კაცმა კი შემომხედა, გაეცინა და კეთილად მითხრა: აბა, გლეხუჭავ, საქმეს შევუდგეთო. და დაიწყო: აი, ეს თევზისთვისაა, ეს სალათის, ეს დესერტის... მოკლედ, რამდენიმე დღე რეპეტიციებს გავდიოდი და იმ დღიდან მოყოლებული ყოველ ახალ ქვეყანაში წასვლის წინ, მივდიოდი იმ კაცთან და მასინჯებდნენ ხოლმე ხან ბაყაყებს, ხან ლოკოკინებს, ხანაც, რა ვიცი რას. ისეთი მაგარი გავხდი, ჩვენი დელეგაცია რომ უცხოეთში მიდიოდა, ეუბნებოდნენ, ჭამის წინ კობა წაქაძეს შეხედეთ და რომელ ჩანგალსაც ის აიღებს, თქვენც ის ჩანგალი აიღეთო. მერე კი, უცხოეთში ყოფნისას უკვე სპეციალურად ჩვენთვის, მენიუებსაც აკეთებინებდნენ რუსულ ენაზე რაიმე „იაღლიში“ რომ არ მოგვსვლოდა. აი, ასეთი ამბებიც ხდებოდა, გენაცვალე“! ის ღიმილით გვიყურებს. ამ კაცს ძალიან უხდება ღიმილი. რაღაც მომენტში ვხვდები, რომ კობა წაქაძე ძალიან ჰგავს პირქუშ სამურაის იაპონური ფილმიდან, მაგრამ როდესაც იღიმება, ის ერთადერთი და განუმეორებელი, ლეგენდარული კობა წაქაძე ხდება, ყველაზე სიმპათიური ქართველი ხათაბალა საბჭოთა სპორტის ისტორიაში.
ნოემბრის ბაკურიანში გარშემო ყველაფერი წითელ-ყვითელია. ამინდიც წამდაუწუმ იცვლება. ჩვენ, მე, ლევან ხერხეულიძე, კობას უფროსი ვაჟიშვილი და შვილიშვილი, პატარა ნიკუშა, ბაკურიანის ნახევრად დაშლილი სამოცდაათმეტრიანი ტრამპლინის დაჟანგებულ კიბეებს მივუყვებით. უკვე საკმაოდ მაღლა ვართ ასულები, როდესაც ვტრიალდები და უკან ვიყურები. ჩვენს უკან მთელი ბაკურიანია გადაშლილი. აქ ამოსვლა ჩემი ხუშტური იყო. მინდოდა, ერთხელ მაინც მენახა ჩემი თვალით ლეგენდარული „ტორპედო“ ტრამპლინის თავში. კობას მხარი გაუცივდა და ძალიან სტკივა, მაგრამ ხათრს მიწევს და დაუღალავად მიაბიჯებს კიბეებზე. მის შემხედვარეს გავიწყდება, რომ ის სამოცდაცამეტი წლისაა. ის ისევე მუშტივითაა შეკრული, როგორც ახალგაზრდობაში. კვლავ მიჩნდება სურვილი, რომ წინა საღამოს გაჩენილი შეკითხვა დავუსვა: რას გრძნობდა, როდესაც ტრამპლინის თავში იდგა და გადმოსახტომად ემზადებოდა. გუშინ ამ შეკითხვაზე არ მიპასუხა. სამაგიეროდ, მომიყვა ის, რაც ჯონ აპდაიკმა არ იცოდა, როდესაც კობაზე ლექსს წერდა. წაქაძის სპორტულ ასპარეზზე გამოსვლის შემდეგ სპორტის ის სახეობა, რომელსაც თხილამურებით ტრამპლინიდან ხტომას უწოდებენ, უკვე აღარ იყო ის, რაც ადრე. მან ძირფესვიანად შეცვალა ტრამპლინიდან ხტომის ტექნიკა. ის პირველი იყო, ვინც ხტომის დროს ხელებს სხეულის გასწვრივ იწყობდა და ისე იხრებოდა წინ, რომ ლამის სახით ეხებოდა თხილამურების წვერებს. ადრეულ მხტომელებს ხელები წინ ჰქონდათ გაშვერილი. ექსპერტები წამდაუწუმ იმეორებდნენ ხტომის ეს ტექნიკა თავისდაუნებურად აღმოაჩინაო, მაგრამ ეს ასე არაა; კობამ ხტომისას ხელების სხეულის გასწვრივ დაწყობა ჯერ კიდევ ბავშვობიდან დაიწყო, როდესაც ბაკურიანში მწყემსად დაეხეტებოდა მთასა და ბარში. მაშინ პირველად ნახა, თუ როგორ ნადირობდნენ არწივები მელიებზე და კურდღლებზე. „გამოჩნდებოდა ცაში წერტილი, - მიყვებოდა ის, - მერე გაიზრდებოდა და არწივად იქცეოდა, დაინახავდა მსხვერპლს, გაჭიმავდა კისერს, ფრთებს იკეცავდა და ტყვიასავით იწყებდა დაშვებას. ისე მოსდევდა მელიას, თითქოს მათემატიკურად ჰქონდა გათვლილი ყოველი მოძრაობა. ერთხელ, ვარჯიშის დროს სწორედ ეს გამახსენდა და მექანიკურად დავიდე ხელები სხეულის გასწვრივ.“ ასე გამოიგონა მან ტრამპლინიდან ხტომის სრულიად ახალი სტილი. დღეს მსოფლიოს წამყვანი მხტომელები სწორედ კობა წაქაძის ამ „უნებურ“ აღმოჩენას უნდა უმადლოდენ. სანამ ამას ვიხსენებ და ხვნეშახვნეშით ვუზიარებ რაღაც-რაღაცეებს ჩემს დიქტოფონს, ჩვენ უკვე ტრამპლინის თავში ვართ. აქედან გამოუცდელ ადამიანს უკან მოხედვაც კი შეგაშინებს. „ამ ტრამპლინზე დღეში თვრამეტჯერ ამოვდიოდი ხოლმე, - ამბობს კობა და ბაკურიანს გადაყურებს. ისევ ვბედავ: ჰო, მაგრამ, ბატონო კობა, რაზე ფიქრობდით, აი, აქ რომ იდექით ხოლმე, ან სადმე სხვა, ნებისმიერი ტრამპლინის თავში?“ კობა დუმს. „ჰა, მამა, გამოტყდი, რომ გეშინოდა!“ - მეხმარება უმცროსი კობა, მისი უფროსი ვაჟიშვილი მამის „დაქოქვაში“. კობა ისევ დუმს, მერე კი ნელა იწყებს: „სტარტის წინ, ჩემს სახელს რომ აცხადებდნენ და ათასობით ადამიანი ტაშს დასცხებდა, ტანში გამაჟრჟოლებდა ხოლმე და თავს ვეუბნებოდი, კობა, თავითაც რომ დაერჭო მაინც შორს და ლამაზად უნდა გადახტე-მეთქი. აი, სულ ეს იყო და ეს. ჩემი ცხოვრება ისე აეწყო, რომ წავქცეულიყავი, მაინც ხელში აყვანილი გავყავდი ხოლმე არენიდან“. მერე კი, ქვემოთ იყურება და თითით გვიჩვენებს ტყის მიმართულებით. „აი, იქ ხის პატარა სახლი იდგა ომის დროს. სულ რაღაც რვა წლის ვიქნებოდი იმ დროს. აქ ყოფნისას ბერიას, კაგანოვიჩის, მოლოტოვის და სხვა მაღალჩინოსნების მეუღლეები ცხენებით დასეირნობდნენ ხოლმე ამ მიდამოებში. იმ ხის სახლში ისვენებდნენ და სადილობდნენ. სადილს რომ მორჩებოდნენ, ნარჩენებს სპეციალურად არ ყრიდნენ, იმიტომ, რომ იცოდნენ, მე და ჩემი მეგობრები, პატარა ბაკურიანელი ბიჭები, სადღაც იქვე ახლო-მახლო ვიყავით ჩაცუცქულები და ველოდებოდით როდის წავიდოდონენ. მერე კი, დაცვა გვანიშნებდა და გიჟებივით გავრბოდით საჭმლის ნარჩენების დასათრევად. რა ვიცოდი, მაშინ, გენაცვალე, რომ გავიდოდა დრო და მე ტოკიოში იმპერატორ ხიროხიტოს აპარტამენტებში მომიწევდა გაჩერება?“
იმ დროს, როდესაც ბორჯომის რაიონის უშიშროების წარმომადგენლებმა კობას მამის წიგნები მისივე სახლის ეზოში დაწვეს, კობა ძალიან პატარა იყო, მაგრამ ამბობს, რომ კარგად ახსოვს როგორ იწვოდა იმ კოცონში შეგდებული ცეცხლწაკიდებული წიგნები. წაქაძეები „გაკულაკებული“ ოჯახი იყო. სწორედ ამის გამო არ გაუშვეს მამამისი ვარდენი, განათლებით ქიმიკოსი და საერთოდ, ძალიან ნაკითხი და განათლებული კაცი, ფრონტზე. პირიქით ჯერ გადაასახლეს, მერე კი, რომ დაბრუნდა, ისევ დააპატიმრეს წელიწად-ნახევრით. 1942-ში გამოვიდა ციხიდან; ამ დროს უკვე სერიოზულად ავად იყო ტუბერკულიოზით. თავისი პირველი თხილამური კობას სწორედ მამამ უყიდა, დედის მიერ მოქსოვილი და ბაზარზე გაყიდული შალის ფასად; შეამჩნია, რომ მისი ცოლისძმის მეშვეობით, რომელიც ძალიან კარგად იდგა თხილამურებზე, მისი ბიჭიც გაიტაცა თხილამურმა. უყიდა და ორი დღის შემდეგ, 36 წლის ასაკში გარდაიცვალა. მამის გარდაცვალების შემდეგ კობა, მისი ძმა და დედამისი თავშესაფარის ძიებაში სახლიდან-სახლში და ოთახიდან-ოთახში გადადიოდნენ; ხან ერთი ნათესავი იფარებდა, ხან მეორე. მიუხედავად იმდროინდელი გაჭირვებისა, მაინც ამბობს, რომ საოცარი ბავშვობა ჰქონდა. იმ დროს, ომამდე და მერეც, გერმანელების თურქეთიდან შემოჭრის შიშით, კარგა მოზრდილი სამხედრო ნაწილები იდგა არა მარტო ბაკურიანში, არამედ მთელ რაიონში, - ახალქალაქში, ახალციხეში, ნინოწმინდაში, და სხვაგანაც. ბაკურიანელი ბავშვების მთავარი გასართობი სამხედროები იყვენენ; სადაც ისინი წავიდოდნენ, ბავშვებიც ფეხდაფეხ მიჰყვებოდნენ ხოლმე. თავლებში ცხენების დასაპურებლად? ისინიც იქ იყვნენ. ბაკურიანის ტრამპლინებზე? (პირველი ტრამპლინი ბაკურიანში 1934 წელს აშენდა კ.თ.) ბავშვებიც მათთან ერთად დახტუნავდნენ. „სამხედროები ძალიან კარგად გვექცეოდნენ, - მიყვებოდა კობა, - თავლების დალაგებაში რომ ვეხმარებოდით, წინასწარ გვაფრთხილებდნენ ამ ცხენმა კბენა იცის, ამან კი წიხლიო. მერე კი „კასკაში“ შვრიას ჩაგვიყრიდნენ და ისე გვისტუმრებდნენ სახლებში. ერთი ძროხა გვყავდა იმ დროს. ბებია შვრიას დაალბობდა და ჭიქა რძესთან ერთად, ეს ყველაფერი ჩემთვის ნამდვილი დელიკატესი იყო. მერე კი ერთმა სამხედრომ პატარა თავსახურიანი „კატიოლოკი“ მაჩუქა. ბულიონი თუ მორჩებოდათ იმ „კატიოლოკს“ მივსებდნენ და სახლში მიშვებდნენ.“ კობას დედა და ბებია, თავის მხრივ პატივისცემას არ აკლებდნენ სამხედროებს და შეძლებისდაგვარად, ხან ხილის არაყს უგზავნიდნენ, ხან საჭმელს. თავისი მეორე, „ტრაფეინი“ თხილამური კობამ ერთ რუს სამხედროს პანტის არაყში გაუცვალა.
ამ ფეხსაცმელით დაასრულა სპორტული კარიერა კობა წაქაძემ 1974 წელს.
შვილების შენახვის და მოვლა-პატრონობის მთელი სიმძიმე ქალებს, დედას, კოზანაშვილის ქალს და ბებიას დააწვა მხრებზე. „მსოფლიოში ნაწანწალები კაცი ვარ, მაგრამ დედაჩემის ჭკუა და საზრიანობა დღემდე მაკვირვებს, - ამბობს კობა წაქაძე, - სულ ვეუბნებოდი, ოქსფორდი ან კემბრიჯი ხომ არ გაქვს დამთავრებული-მეთქი. გარდა იმისა, რომ ჭკვიანი ქალი იყო, გაფრთხილება იცოდა, პატივისცემა იცოდა, მოთხოვნა იცოდა და ორივე ძმაზე გადაყოლილი იყო.“ გაჭირვებაში გაატარეს ომის წლები, მაგრამ ამ წლებმა პატარა ბიჭს შრომის ყადრი ასწავლა. ის ხან მწყემსებთან იყო, ხან დედას და მის მეგობარ ქალებს ეხმარებოდა, ხან სამხედროებს. სკოლაში ბეჯითად ნამდვილად არ სწავლობდა და თანაც ძალიან მოუსვენარი ბავშვი იყო, მაგრამ ერთხელ, გარიცხვა რომ დაუპირეს სკოლის შენობის სახურავიდან გადმოხტომის გამო, ერთ-ერთ მასწავლებელს უთქვამს, ეს ბავშვი ისეთი ცოცხალია, სკოლის სახურავიდან ხტება და გაკვეთილებზე სხვასავით მაინც არ ძინავსო. დატოვეს. ამასობაში, ნელ-ნელა სასკოლო სპორტულ შეჯიბრებებშიც დაიწყო მონაწილეობა. მერე კი, ერთ მშვენიერ დღეს, ყველაფერი შეიცვალა. თხილამურებით ტრამპლინიდან ხტომაში განსაკუთრებული ნიჭის და წარმატებების გამო კობა წაქაძე რუსეთში, იახრამაში გააგზავნეს სოფლის ახალგაზრდობის ჩემპიონატზე სადაც მან თავისივე ბაკურიანელ მწვრთნელს, ვინმე არამ ადამიანცს მოუგო. ადამიანმა თავისი თხილამურები აჩუქა კობას და უთხრა, ალალი იყოს შენზე, შვილო, საკუთარი მოწაფე რომ მოგიგებს, წასვლის დროაო და დაანება თავი სპორტს. ასე გაუჩნდა კობა წაქაძეს თავისის რიგით მესამე თხილამური და სწორედ ადამიანცის ნაჩუქარი თხილამურით გამოვიდა ის თავის პირველ შეჯიბრზე საბჭოთა კავშირის დედაქალაქში. მოსკოვში თავიდან ის არ მიიღეს, ვის დაკარგვია სოფლის შეჯიბრზე გამარჯვებული ქართველიო, მაგრამ იქ მეოთხე ადგილი რომ აიღო, არმიის სპორტული კლუბის ბაზაზე დატოვეს „სბორებზე“. ამ დროს მან ჯერ კიდევ არ იცის, რომ სულ წელიწადში ის უკვე აღარ იქნება ყველასთვის უცნობი ბაკურიანელი ახალგაზრდა კაცი ნათესავების მიერ გამოგზავნილ „ბეზრუკავკაში“. არც ის შეშინებული, ჯიბეში ფულჩაკერებული ბიჭი იქნება, თბილისში პირველად რომ ჩამოვიდა და პირველად ცხოვრებაში ხუთი ცალი ნაყინი იყიდა, აქედან ოთხი კი, სანამ მეხუთეს შეექცეოდა, ჯიბეში ჩაიდო. როდესაც შარვალში სისველე იგრძნო და ქალამნებზე გამდნარი ნაყინის წვეთებმა დაიწყეს წვეთა, ეგონა, რომ მოატყუეს და ნაყინის გამყიდველის საცემრად დაბრუნდა. სულ რაღაც ორიოდე წელიწადში ის უკვე „мужественный и страстный“ კობა წაქაძე გახდება, საბჭოთა კავშირიდან უცხოეთში გასული პირველი სენსაციური სპორტული ბრენდი, რომელსაც ამერიკელები ერთ მილიონ დოლარს შესთავაზებენ იმ დროს, როდესაც პელესთვის მხოლოდ რვაასი ათასი დოლარს „გაიმეტებენ“. და რაც ყველაზე მთავარია, ის გახდება ადამიანი, რომელსაც სისტემა თითქმის უპრეცედენტო უფლებებით შემოსავს, მხოლოდ და მხოლოდ მისი საოცარი ნიჭის გამო და ერთადერთი, რასაც პერიოდულად წამოაძახებს, როდესაც ეს „ქართველი სენსაცია“ ზედმეტად აღაგზნებს ხოლმე უცხოელ მაყურებელს, აი, ეს ფრაზაა: Ну и везучий сукин ты сын, Коба Варденович!
როდესაც კობა წაქაძე ფეხის წვერებზე მიკრული თხილამურებით უცხოეთის რომელიმე ქალაქში ტრამპლინიდან ჰაერში იწეოდა, წინ გადახრილი, ხელები სხეულის გასწვრივ, თხილმურებში ლამის გაყოფილი სახით, დარწმუნებული ვარ, რომ უშიშროების მუშაკთა თითქმის ასი პროცენტი, ვინც იმ დროს შეჯიბრზე დაყვებოდა საბჭოთა კავშირის ნაკრებს ტრამპლინიდან თხილამურით ხტომაში და ისინიც, ვინც თავთავიანთი კაბინეტებიდან უყურებდნენ მის ფრენას, გონებაში უკან, მიწისკენ ეწეოდნენ მას. სისტემას არ უყვარდა და ეშინოდა ჰაერში თუნდაც წამით აფრენილი ადამიანების, მაგრამ იმდროინდელი ისტორიული ვითარების გამო, ცივი ომის პირობებში, სისტემას სხვა გზა არ ქონდა, - თავის წარმოსაჩენად იმ მოუხეშავ მექანიზმს, რასაც საბჭოთა სპორტი ერქვა, სწორედ ისეთი ადამიანები სჭირდებოდა, როგორიც კობა წაქაძე იყო; უფრო სწორედ, იმ სისტემას თავისი წარმოდგენა ჰქონდა, თუ როგორი უნდა ყოფილიყო საბჭოთა სპორტსმენის სახე და ყველანაირად ცდილობდა თითოეული მათგანი მის მიერ დასახულ ჩარჩოებს მიღმა არ გასულიყო. მაგრამ როდესაც წაქაძისნაირი ადამიანები იმის კეთებას იწყებდნენ, რაც მათ ყველაზე კარგად ეხერხებოდათ, სისტემა აქ უძლური იყო. როდესაც კობა ჰაერში აიჭრებოდა, ის წამით თავისუფლდებოდა ყველაფერი იმისგან, რასაც საბჭოთა კავშირი ეწოდებოდა. ამ დროს ის ერთადერთი და განუმეორებელი კობა წაქაძე ხდებოდა, მეტსახელად „ტორპედო“ ან ზოგჯერ „რაკეტა“ და „ქართველი ხათაბალა“. მე იმაშიც თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ უშიშროების ვიღაც-ვიღაც ძალიან უჭკუო ტიპებს ღამ-ღამობით ისიც კი დასიზმრებიათ, თუ როგორ სერავს საბჭოთა კავშირის საზღვარს ტრამპლინიდან ჰაერში აჭრილი წაქაძე. მათ ისე ეშინოდათ მისი ჰაერში ყოფნის, რომ მიწაზე დაბრუნებულს ყველაფერს პატიობდნენ, თუმცა საპატიებელი კობას არც არაფერი ჰქონდა საკუთარი ნიჭის, საოცარი დისციპლინის და შრომისმოყვარეობის გარდა. სისტემას ისე „უხაროდა“ მისი მიწაზე „დაბრუნება“, რომ ზოგჯერ დუნდებოდა და რაღაც-რაღაცები ეპარებოდა კიდეც. სხვა, აბა, რითი უნდა ავხსნათ ის შემთხვევა, როდესაც გფრ-ში შეჯიბრზე ყოფნისას ჯემპრისამარა დარჩენილმა კობამ, რომელმაც თავისი ქურთუკი ვერ იპოვა იქ მიყრილ-მოყრილ ტანსაცმელს შორის, იმისათვის, რომ არ გაციებულიყო, თავისი გერმანელი კოლეგის ქურთუკი ჩაიცვა. თითქოს არც არაფერი მომხდარა თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ქურთუკზე, რომლითაც გერმანიის ნაკრები გამოდიოდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, საბჭოთა კავშირის „დაუძინებელი მტრის“ კარგა მოზრდილი დროშა იყო დაკრული. ასეთ „იაღლიშებზე“ იმ დროს ადამიანებს ციხეში უშვებდნენ. აქაც „ვეზუჩი“ აღმოჩნდა. „იახრამაში გამარჯვების შემდეგ, დაწყებული 1953 წლიდან, საქართველოში ფული არ დამიხარჯავს, - მიყვება კობა. - საბჭოთა კავშირის სპორტის კომიტეტის ხარჯებით ვცხოვრობდი და ვმოგზაურობდი. მერე კი, როდესაც, „დიდი კობა წაქაძე“ გავხდი ჩემთვის სპეციალური ბიუჯეტი დგებოდა ხოლმე.“ მოკლედ, ყოვლად უაზრო და აბსურდულ შეზღუდვებთან ერთად, სისტემა ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ „ერთადერთ და განუმეორებელ“ კობა წაქაძეს, რომელსაც მთელი თავისი კარიერის განმავლობაში უცხოეთში უწევდა გამოსვლები, სადმე დარჩენის სურვილი არ გასჩენოდა. სისტემას კარგად ესმოდა, რომ ამ ქართველი სოფლელი ბიჭისაგან ვერც დახვეწილ „კაკებეშნიკს“ გამოიყვანდა და ვერც თავის ორიგინალობაზე ააღებინებდა ხელს. „ჩემი უკუღმართი კუდაბზიკობა ხომ მქონდა, რომ ქართველი ვიყავი, გენაცვალე, - ამბობს ხოლმე კობა. ის კი არა, როდერსაც გერმანულის შესწავლა გადაწყვიტა და ეს ფაქტი შესაბამის ორგანოებს შეატყობინეს, მის დოსიეში ასეთი წარწერა გაჩნდა: Изучает инострнные языки. რა თქმა უნდა დაიბარეს და დოსიე წინ დაუდეს. წაიკითხა და იკითხა, ეხლა რაო? აი იმ ტექსტის სრული ვარიანტი, რაც მას უკარნახეს: Я, Коба Варденович Цакадзе, гражданин ჩჩჩР, член сборной команды основного состава по прыжкам на лыжах с трамплина часто выезжающий в кап-страны, объязуюсь без переводчика не отвечать на вопросы и не изучать язык врага нашего народа. რა თქმა უნდა, ხელი მოაწერა და მერე როგორც თვითონ ამბობს, მადლობასაც კი ვერ უხდიდა ტურნირის ორგანიზატორებს თარჯიმნის გარეშე. უფრო მეტიც, ბრეჟნევის ეპოქამდე მას ავტოგრაფის მიცემის უფლებაც კი არ ჰქონდა. როდესაც უცხოეთში ყოფნის დროს თაყვანისმცემლები (ასი ათასობით!!!!) ავტოგრაფს თხოვდნენ, მისივე წარმომადგენელი სანაცვლოდ კობას ფოტოს აძლევდა ავტოგრაფით, რომელიც ათასობით იბეჭდებოდა ყოველწლიურად სპორტის კომიტიტის მიერ სპეციალურად ამ მიზნებისათვის. ან კიდევ: უცხოეთში გასვლის წინ ნაკრების მონაწილეებს ასე ეუბნებოდნენ ხოლმე: უფლება გეძლევათ იყიდოთ ორი პერანგი... იქ ყოფნისას ორი ხელი ტანსაცმელი უნდა ჰქონოდა წაღებული, - ერთი ყოველდღიური, ერთიც გამოსასვლელი. ან კიდევ: უცხოეთში ყოფნისას საპრიზო ფულს რომ უხდიდნენ ხოლმე, იმ ქვეყანაში მოქმედი საბჭოთა კავშირის საელჩოში მიდიოდა, სადაც საბუთს აძლევდნენ, რომელშიც საპრიზო თანხა იყო მინიშნებული. უკან დაბრუნებული, ამ თანხას საჭირო ადგილას აბარებდა. მედლების და თასების დატოვების უფლებას აძლევდნენ. საზღვარგარეთ სულ სამი მანქანა აქვს მოგებული, მაგრამ, რა თქმა უნდა, არც ერთი არ გამოატანეს. სისტემის აზრით ეს საქციელი საბჭოთა სპორტსმენის იმიჯს ლახავდა. წაქაძე ამერიკაში ხრუშჩოვზე ადრე მოხვდა. თანაც მარტო გაუშვეს. იქ გამგზავრებამდე ბუნებრივია, სპეციალურ განყოფილებაშიც დაიბარეს, სადაც მისი მთელი საგვარეულოს ისეთი სრული სია წააკითხეს, რომ გაბედა და ვიღაც გენერალ-ლეიტენანტს სთხოვა, ამ დოკუმენტის ერთ ასლს მეც ხომ ვერ მომცემთო. უკან რომ დაბრუნდები მაშინ დავილაპარაკოთო, იყო პასუხი. შემდეგ გასვლაზე ამერიკაში, თავის ბაზაზე მყოფი კობა უკვე ტელევიზორში უყურებდა ნიკიტა ხრუშჩოვს, რომელიც ფეხსაცმელს ურტყამდა კათედრას გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში. ამავე დროს, ისიც უნდა ითქვას, რომ სისტემა მაქსიმალურად ელოლიავებოდა თავის რჩეულ სპორტსმენებს და ზოგჯერ იმის უფლებასაც კი აძლევდა, რაც უბრალო მოკვდავს არასდროს ეღირსებოდა. „მჟავანაძეზე ადრე მე მყავდა გენაცვალე „კოლხოზნიკი“, - სიცილით ამბობს კობა წაქაძე. ცდილობს არ შეიმჩნიოს, მაგრამ მაინც ვერ მალავს სიამაყეს. - ერთხელ დამიძახეს და მითხრეს: აი „ზიმი“, „გაზ“-21 და „პაბედა“, აირჩიე რომელიც გინდაო. მე „კოლხოზნიკი“ მოვითხოვე. ეგ მანქანა არ იყიდება, სამხედრო დანიშნულებისაა, მაგრამ მაინც მოვახსენებთ უფროსობასო, მითხრეს.“ მერე კი მოხდა ის, რაც არაერთხელ მომხდარა მის ცხოვრებაში. განმეორებით დაიბარეს და უთხრეს: Надо же, везучий грузин, государство в пользу тебя решил вопрос! და მანქანაც აყიდინეს. 1962 წლამდე კობა წაქაძეს მთელი წლის განმავლობაში გადახდილი ნომერი ქონდა მოსკოვის სასტუმრო „მეტროპოლში“, მაგრამ ეს კაცი მაინც სულ ბაკურიანისკენ იწევდა. ხან თხოვდა თივა მაქვს მოსათიბი ზამთრისთვის, ხანაც კი, შეშა მაქვს დასაჩეხიო. არ უშვებდნენ („იცოდნენ, რომ არ ვსვამდი, მაგრამ, მაინც ეშინოდათ, საქართველოში ბევრი ღვინოა და დალევას დაიწყებსო,“ - სიცილით მიხსნის კობა. - ბაკურიანში მხოლოდ პირველიდან ოცდახუთ მაისამდე მიშვებდნენ ხოლმე“), მაგრამ, სამაგიეროდ, რაიონის ხელმძღვანელობას ურეკავდნენ და იმათ ავალებდნენ წაქაძეებისთვის თივა და შეშა მოიმარაგეთო. ის კი არა, ბაკურიანის სახლში ტელეფონიც კი დაუდგეს, დედასთან რომ უფრო ხშირად ელაპარაკა. „ტელეფონი, რა თქმა უნდა, ისმინებოდა, - ამბობს კობა, - ამიტომაც მე და დედაჩემი ძირითადად იმაზე ვსაუბრობდით, თუ რას ვჭამდი და რას ვსვამდი.“ ერთხელ, ბაკურიანში დაგეგმილი წასვლისას მაისის თვეში მოსკოვის აეროპორტში იდგა და ჩასხდომას ელოდებოდა. ამ დროს აეროპორტში საქართველოს კომუნისტური პარტიის პირველი მდივანი ვასილ მჟავანაძე გამოჩნდა თანმხლებ პირებთან ერთად. მჟავანაძემ შეამჩნია კობა, მიესალმა და გზა განაგრძო. რამდენიმე წუთში კი მასთან მივიდნენ, ზრდილობიანად ჩამოართვეს ჩემოდანი და თხილამურები და სასწრაფოდ შეიყვანეს თვითმფრინავში. მჟავანაძესთან ერთად იფრინა. თბილისში რომ ჩაფრინდნენ კობა ასევე მოწიწებით მიაცილეს ვასილ პავლოვიჩის „ჩაიკასთან“, ჩასვეს და სახლში გაისტუმრეს. მან ახლაც არ იცის, თუ როგორ დაბრუნდა იმ დღეს სახლში საქართველოს კომპარტიის პირველი მდივანი.
„ასეთ დონეზე როგორ მოვხვდი, კაცო, ან ასე რატომ ვჭირდებოდით, დღემდე ვერ გამიგია“ - ამბობს უკვე თითქმის უვარგისი 70 მეტრიანი ტრამპლინის თავში მდგარი კობა წაქაძე და ბაკურიანს გადაცქერის. თავის ბაკურიანს. ძალიან ღიზიანდება, როდესაც ეკითხებიან ხოლმე, უცხოეთში რატომ არ დარჩიო. ეს შეცდომა მეც დავუშვი. რა თქმა უნდა, მის გაღიზიანებას სრულიადაც არ ვაპირებდი. უბრალოდ, საბჭოთა კავშირიდან გაქცევის მანიით შეპყრობილი სპორტსმენების, მწერლების, პოეტების და მეცნიერების ფონზე მართლა საინტერესოა იმ ადამიანის აზრის მოსმენა, რომელსაც ერთ მილიონ დოლარს სთავაზობდნენ ჯერ კიდევ ორმოცდაათიანი წლების ბოლოს. ერთი მილიონი დოლარი და შენ უკვე არავინ გეუბნება რომ გამარჯვების შემთხვევაში გამოგიწერენ 1 500 მანეთს და გაჩუქებენ სავარჯიშო კოსტუმს და ჩინურ კეტებს. აღარასდროს მოისმენ უშიშროების ჩინოვნიკის მერ ნათქვამ ფარული აგრესიით გაჟღენთილ „დიპლომატიურ წინადადებას“, - კობა ვარდენოვიჩ, თქვენი საქმეა აიღებთ იმ ფულს თუ არა, მაგრამ... და რაც მთავარია, ყოველ წამს არ შეგახსენებენ იმას, რომ იმ ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელი ხარ, რომელიც წესით ან მწვანილს ან ვაშლს უნდა ყიდდეს რუსეთის დიდ თუ პატარა ბაზრებში. რატომღაც სრულიად არ გამკვირვებია მისი პასუხი. „რას აბმობთ, ბატონო კახა, - მიბრაზდება ის, - მიყვარს ჩემი ბაკურიანი. აქ კოპტონიც მიჭამია და ფხალიც. აქაურ მდინარეებში კალმახები დამიჭერია ხელით. აქ იმდენი მაქვს დათესილი, რომ სადმე ქუჩაში რომ წავიქცე, ყველამ იცის ჩემი სახლი სადაა და იქ მიმიყვანენ. რა ჯანდაბა მინდა უცხო ქვეყანაში?“ მეუბნება და თავის ქნევით მიმანიშნებს თავისი სახლის მიმართულებით, რომელიც ბაკურიანის ნებისმიერი წერტილიდან მოჩანს და რომელშიც მე და ლევანმა წინა ღამე გავათენეთ. აბსოლუტურად მესმის და მთლიანად ვიღებ მის ამ პასუხს. ბოლოს და ბოლოს, თვით საბჭოთა კავშირის პირობებშიც კი კობა წაქაძე ვიღაც უბრალო სპორტსმენი არ იყო, ის ლეგენდარული კობა წაქაძე იყო, რომელსაც ყოველი ახალი ტრამპლინის გახსნის წინ პირველი გადმოხტომის და შეფასების უფლებას აძლევდნენ. მის მაშინდელ სტატუსს, თუნდაც, მისი სახლის აშენების ისტორიაც მოწმობს. ქვემოთ სხვა ამბებსაც მოვყვები, მაგრამ ჯერ სახლის ამბავს მოუსმინეთ, - კობას დაჟინებული მოთხოვნით, იმისთვის, რომ საერთაშორისო შეჯიბრებები ბაკურიანშიც ჩატარებულიყო, იქაური პირობების სანახავად უცხოელი ექსპერტები და ერთი-ორი მაღალჩინოსანი ქართველი ჩინოვნიკი ჩამოვიდნენ. რა თქმა უნდა, სტუმრად კობასთან მოხვდნენ იმ სახლში, სადაც ის მაშინ ცხოვრობდა. სადილის დროს ერთ ამერიკელ სტუმარს ტუალეტში გასვლა მოუნდა. რა უნდა ექნათ, ეზოში გაიყვანეს და „ჩეჩმისკენ“ მიუთითეს, სადაც ტუალეტის ქაღალდის მაგივრად „პრავდის“ და „იზვესტიეს“ ნაგლეჯები იყო ჩამოცმული ლურსმანზე. დაბრუნდა ის კაცი სუფრაზე და იცინის. რა გაცინებსო, შეეკითხნენ. ამის დედა ვატირე 1958-ში ოქროს გორებს ვთავაზობდით და უარი გვითხრა და, თურმე, ასეთი ტუალეტის პატრონი ყოფილაო. უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. „ერთი ქართველი მაღალჩინოსანი ისე დაიძაბა, რომ ვიფიქრე ოფლის წვეთი ჯამში არ ჩაუვარდეს მეთქი, - ჰყვება კობა. - გავიდა 18-20 დღე და ჩამოვიდნენ თბილისიდან ვიღაც უცნობები ისე, რომ ჩემთვის არავის არაფერი უთქვამს. დაიარეს მთელი ბაკურიანი, დაადეს ხელი ამ ადგილს და თქვეს: აი, აქ დადგება წაქაძის ახალი სახლი და ყველაფერს გავაკეთებთ მეორედ ასეთი ამბავი რომ არ დაგვემართოსო.“ პროექტის მიხედვით სახლში ორი ტუალეტი უნდა ყოფილიყო. საბუთებში კი ასე ეწერა, - არასტანდარტული პროექტი.“ ეს სამოციანი წლების დასაწყისში მოხდა. „ჩემი ბრალი ხომ არ იყო, გენაცვალე. მე არასდროს არავისთვის არაფერი მითხოვია, მთელი იმათი ყურადღება თავისით მოდიოდა ჩემთან - იმეორებს კობა, როდესაც თავის, ამჯერად უკვე უცხოურ შეხვედრებზე და იქ მიღებულ პატივისცემაზე იხსენებს. „კობა წაქაძე უდიდესი სპორტსმენია. ის ყოველთვის იღიმება, ყოველთვის ყველაფრით კმაყოფილი ჩანს და საოცრად თამამია“ - წერდა მის შესახებ „ნიუ იორკ თაიმსი“. ეს სიტყვები აშკარად შორს დგას საბჭოთა სპორტსმენის პირქუშ იმიჯთან, რომლის დანერგვასაც მაქსიმალურად ცდილობდნენ იმ დროს. მარტო ის ფაქტი რად ღირს, რომ ტურნირის მოგების ან, თუნდაც, გოლის გატანის შემთხვევაში რეკომენდირებული არ იყო სიხარულის ზედმეტი გამოხატვა. კობა წაქაძე კი უბრალო, მომღიმარი ბაკურიანელი ბიჭი იყო, რომელიც თავისი განსაკუთრებული ნიჭის წყალობით იმკიდა ყველაფერს. ის უყვარდათ მოწინააღმდეგეებს, მაყურებელს, თანაგუნდელებს, ქალებს და თვით საბჭოთა სპორტის ჩინოვნიკებსაც კი. განსაკუთრებული ურთიერთობა თავის მწვრთნელებთან ქონდა. პაველ დემენტიევს, მის მწვრთნელს ისე უყვარდა თავისი „ქართველი ხათაბალა“, კობას თითქმის მთელი კარიერის განმავლობაში მალულად სთხოვდა, ენერგიის აღმდგენი ნემსები არ გაეკეთებინა და არ ეჭამა და შეესვა საწვრთნელ ბაზაზე დამზადებული ორცხობილები და ხილის წვენი, რომელშიც, როგორც კობა ღიმილით ამბობს, ისეთი ნივთიერებები ერია, უცხოეთში ყოფნისას თვალებს ლამაზი ქალების მიმართულებით რომ არ დაეწყო მოგზაურობა. „ერთი ნემსიც რომ გამეკეთებინა, ოლიმპიური ჩემპიონი გავხდებოდი,“ - მიხსნის კობა, როდესაც ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ვეკითხები. იმ დროს ზამთრის ოლიმპიური თამაშები ისეთი პოპულარული და პრესტიჟული არ იყო, როგორც დღეს. ოლიმპიადებზე კობას, როგორც წესი, ერთადერთი დარიგებით ისტუმრებდნენ:: კობა ვარდენოვიჩ, შენ უბრალოდ უჩვენე, რომ საბჭოთა კავშირს წარმოადგენ და რაც შეიძლება შორს გადახტი. თუ წაიქეცი ეგ უკვე ჩვენი პრობლემაა, შენ ამისთვის არავინ არაფერს გეტყვის“. და ისიც ხტებოდა, ძალიან შორს, საოცრად ლამაზად, ხშირად ეცემოდა კიდეც, მაგრამ მისი ნახტომი მაინც ყველაზე ეფექტური იყო. უცხოეთში მას ბოლომდე მაინც ვერ აღიქვამდნენ საბჭოთა სპორტსმენად. იქაური გულშემატკივრებისათვის ის უბრალოდ კობა წაქაძე იყო და სწორედ ამიტომ იყო ის სიტემისათვის „ქართველი ხათაბალა“. თუმცა, მათ ისიც იცოდნენ, რომ ამ ადამიანს დისციპლინის საოცარი გრძნობა ჰქონდა; ის არ სვამდა, არ ეწეოდა და ტურნირებში ყოფნის დროს ქალებში არ დარბოდა. მას ყოველთვის ჰქონდა რაღაც შინაგანი ღირსება, რომელიც არასდროს აძლევდა იმის უფლებას, რომ დაევიწყებინა თუ საიდან იყო და ვინ იყო. სტოკჰოლმში ყოფნის დროს ის ერთადერთი საბჭოთა სპორტსმენი აღმოჩნდა, რომელიც რომელიღაც მიღებაზე მაგიდის ქვეშ არ შეძვრა შამპანურის ბოთლით ხელში „კუტიოჟის“ გასაგრძელებლად. „ჩემი ბრალი ხომ არ იყო გენაცვალე, - მიმეორებს კობა, - რომ, მაგალითად, ოსლოში ყოფნისას საბჭოთა დელეგაციიდან მხოლოდ მე მაძლევდნენ ისეთ საშვს, რომლითაც ყველგან შემეძლო ურიგოდ შესვლა, მაშინ როდესაც დანარჩენებს რიგში უწევდათ დგომა“? როდესაც უცხოეთში გამართულ ტურნირებზე მის გვარს აცხადებდნენ, ადამიანები ფეხზე დგებოდნენ იმიტომ, რომ იცოდნენ რაღაც განსაკუთრებულის მომსწრე გახდებოდნენ. ერთხელ, კარიერა რომ დაასრულა იმის შემდეგ, პოლონეთში ყოფნის დროს მასთან ვიღაც კაცი მივიდა და ძალიან უბრალოდ უთხრა, - პან წაქაძე, მე კრაკოვის უნივერსიტეტში ლექციებს ვაცდენდი ხოლმე იმისათვის, რომ თქვენი ნახტომები მენახაო. შემდეგ კი მოეხვია და გადაკოცნა. მხოლოდ მისი წასვლის შემდეგ გაიგო კობამ, რომ ეს კაცი პოლონეთის იმდროინდელი პრეზიდენტი კვასნევსკი იყო. უფრო ადრე კი, ის მიიღეს ნორვეგიის მეფემ, ფინეთის პრეზიდენტმა ურჰო კეკონენმა, გომულკამ, დუბჩეკმა, კანადის პრემიერ-მინისტრმა, იოსებ ბროს ტიტომ, კანცლერმა ადენაუერმა, რიჩარდ ნიქსონმა, რომ აღარაფერი ვთქვათ იმდროინდელ საბჭოთა ლიდერებზე. კანცლერ ადენაუერთან შეხვედრაზე უზარმაზარი „მერსედესით“ მიიყვანეს. კობას ამ შემთხვევისათვის სპეციალურად მისთვის ნაყიდი კოსტუმი ეცვა და როგორც თვითონ მიყვება, მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი კოსტუმს დამიტოვებენ თუ არაო. „ადენაუერმა მარტომ მიმიღო, - ყვება კობა. - ბუხართან იჯდა და წითელი „პლედი“ ეფარა მუხლებზე. იმ დღეს პირველად გავსინჯე ანანასი. მერე კი, გენაცვალე უკან რომ დავბრუნდი მთელი ერთი თვე მატარებდნენ დაკითხვებზე - რა გითხრა და შენ რა უპასუხეო. კოსტუმი კი დამიტოვეს, სხვათა შორის“. შინაგან საქმეთა სამინისტროს კაბინეტებში კი ამ დროს, როგორც წესი, ცოფებს ყრიდნენ: „Не хуя этих грузин в печати и радио восхволять! - ბუზღუნებდნენ პირგამეხებული ჩინოვნიკები, მერე კი როგორც წესი ყველაფერს „პატიობდნენ“ ხოლმე. ბროს ტიტოსთან შეხვედრის დროს კობამ გაბედა და ტიტოს ის ჭიქა თხოვა, რომლითაც ლიდერი „სლივოვიცას“ მიირთმევდა. ტიტომ მეუღლეს უთხრა ამ კაცს მიმიხედეთო. შეხვედრის ბოლოს ტიტოს მეუღლემ პირადად გადასცა მას ის ჭიქა და სხვა საჩუქრებთან ერთად ერთი ბოთლი „სლივოვიცაც“ აჩუქა, - დღევანდელ შეხვედრას გაგახსენებსო. 2007 წელს, მისი კარიერის დასასრულიდან თითქმის 34 წლის შემდეგ, როდესაც ის თავისი გერმანელი კოლეგის რეკნაგელის 70 წლისთავზე ჩავიდა როგორც საპატიო სტუმარი, ობერჰოფის მუზეუმში სპეციალურად მის საპატივცემულოდ მოწყობილი სტენდის და კუთხის დასათვალიერებლად წაიყვანეს. „აი, მაშინ კი თავი ვერ შევიკავე და ვიტირე, გენაცვალე“ - მიყვება კობა, ოღონდ ამჯერად უკვე აღარ იღიმის. ის ისევ ემსგავსება პირქუშ სამურაის აკირა კუროსავას რომელიღაც ფილმიდან. ვუყურებ ამ კაცს, რომლის გარშემოც ეხლა ლევან ხერხეულიძე ტრიალებს ფოტოკამერით ხელში („აი ეხლა აქეთ შემოტრიალდით და ბაკურიანს გადახედეთ, ბატონო კობა“) და კიდევ ერთხელ მიკვირს, რატომ არავინ წერს ამ კაცზე წიგნს და იღებს კინოს („კარგია, ეგ კატა მუხლებზე დარჩეს“!). პირადად მას არც ერთი სჭირდება და არც მეორე. ის თვითონაა წიგნიც და ფილმიც („ახლა, ეგ ალბომი გადაშალეთ და გადაათვალიერეთ!“). მთავარია ხასიათზე იყოს და უბრალოდ საკმარისად მოცლილი იყოს იმისთვის, რომ რაღაც მოგიყვეს. ბოლოს და ბოლოს, ის ხომ ისევ იმ გლეხ კაცად დარჩა, როგორიც მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში იყო გულის სიღრმეში („მოდით, ახლა აი, ამ დაჩეხილი შეშის ფონზე დადექით“!), გლეხ კაცს კი თავის მიწაზე უამრავი საქმე აქვს გასაკეთებელი. ნებისმიერს შეშურდება ის წესრიგი და სილამაზე, რაც მის კარმიდამოშია („არა, მე ამომხედეთ, აი ასე, კდევ ერთხელ!“). ჩვენ უკვე წასასვლელად ვემზადებით. ლევანი ისევ კობას გარშემო ტრიალებს. კობა ისეთივე სიდინჯით და ღირსებით ეხმარება ლევანს, როგორც ეს მას საერთოდ ჩვევია. მე მათ ვუყურებ და უეცრად ირჟი რაშკას, კობას ყოფილი კოლეგის და მოწინააღმდეგის მიერ კობას მისამართით ნათქვამი სიტყვები მახსენდება. დარწმუნებულ ვარ, რომ ეს ერთი ფრაზა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი ქვეყნის ლიდერის ღიმილი, რამდენადაც თბილი და გამსჭვალული არ უნდა იყოს ის. იმას, რაც რაშკამ კობაზე დაწერა თავის წიგნში მხოლოდ რჩეულებს ეუბნებიან. მოწინააღმდეგეები მხოლოდ ძალიან ღირსეულ მოწინააღმდეგეებს უტყდებიან ხოლმე: „როდესაც წაქაძე ტრამპლინიდან ჰაერში აიჭრებოდა, მავიწყდებოდა, რომ მეც იმავე ტურნირის მონაწილე ვიყავი“. („გაიღიმეთ, ბატონო კობა, გაიღიმეთ“! - უყვირის ამასობაში ლევანი ისედაც მომღიმარ კობა წაქაძეს).
მთელი თავისი კარიერის განმავლობაში კობა წაქაძემ ექვსჯერ მოიგო საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი, სამჯერ გახდა საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი, ოთხჯერ მონაწილეობდა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში, ექვსჯერ მსოფლიო ჩემპიონატების თამაშებში. სულ უცხოეთში 327 ტურნირში აქვს მონაწილეობა მიღებული, აქედან მას 54 ტურნირი მოგებული აქვს. ყველაზე შორი ნახტომი ობერსდორფში შეასრულა, - 167 მეტრი. ის 21 წლის განმავლობაში იყო საბჭოთა კავშირის ძირითადი ნაკრების წევრი და ლიდერი თხილამურებით ტრამპლინიდან ხტომაში. თავისი უკანასკნელი ნახტომი წაქაძემ 1974 წელს კიროვსკში, მურმანსკის ოლქში შეასრულა 40 წლის ასაკში. წაქაძეს ორი ვაჟიშვილი, ორი ქალიშვილი და ხუთი შვილიშვილი ჰყავს. დღეს კობა წაქაძე ბაკურიანში კობა წაქაძის სახელობის ქუჩაზე ცხოვრობს თავის მეუღლესთან, ქალბატონ მერისთან ერთად. ისინი თითქმის ორმოცი წელია, ერთად არიან...
![]() |
8.2 პოსტ-საბჭოთა მონუმენტური კიჩი: ზურაბ წერეთელის შემოქმედება |
▲ზევით დაბრუნება |
ავტორი: ნათანიელ მაკბრაიდი
თარგმნა თამარ ბაბუაძემ
გასულ ზაფხულს თბილისში ჩამოსული ბრიტანელი ჟურნალისტი, ნათანიელ მაკბრაიდი გავიცანი. ნათანიელი უკვე რამდენჯერმე ყოფილა საქართველოში, რათა ინგლისური ხელოვნების ჟურნალ „Flash Art“-ისთვის ადგილობრივ თანამედროვე ხელოვნებაში მიმდინარე მოვლენებზე ეწერა.
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, სწორედ თანამედროვე ხოლოვნებამ მიიყვანა ის ზურაბ წერეთლის შემოქმედებამდე. ქართველი ხელოვანი-მეგობრებისგან გაგონილი ჰქონდა, რომ ზურაბ წერეთლის „ნაჩუქარი“ წმინდა გიორგის ძეგლის დადგმის საწინააღმდეგოდ უამრავი საპროტესტო აქცია და საჯარო მრგვალი მაგიდა ჩატარდა.
ნათანიელი დაინტერესდა, რას წარმოადგენდა ზურაბ წერეთელი, როგორც პიროვნება და ხელოვანი. ჩვენი შეხვედრისას მან ოხვრით აღიარა, რომ ზურაბ წერეთლის კრიტიკა რთულია, ვინაიდან საშიშროება არსებობს, რომ კრიტიკოსი ხაფანგში მოხვდეს და მკითხველმა წერეთლის კრიტიკა ქებად აღიქვას.
მზად როცა მექნება, გამოგიზავნიო, დამპირდა ნათანიელი. გამომიგზავნა კიდეც. ერთი ამოსუნთქვით წაკითხულმა წერილმა დამარწმუნა, რომ ამჟამად კრიტიკოსი ხაფანგს ასცდა. „ცხელი შოკოლადის“ ამ ნომერში თქვენ წაიკითხავთ მაღალი ხარისხის კრიტიკული წერილის თარგმანს, სადაც ზურაბ წერეთლის სრული ფსიქოლოგიური, საზოგადოებრივი და მხატვრული პორტრეტი იქმნება.
ინგრიდ დეხრავე
შესავალი
არ ვარ დარწმუნებული, ჩემი წერილი საჭირო სიღრმეს და კომპლექსურობას გთავაზობდეთ, მაგრამ მაინც ვცადე. ერთ-ერთი ყველაზე დიდი სირთულე, რაც წერეთელზე წერისას იჩენს ხოლმე თავს, მისგან სენსაციის შექმნის სურვილია. ეს ერთგვარი მახეა, რომელიც გაიძულებს წერეთელს ისე მოექცე, როგორც კარიკატურას. ამიტომ შევეცადე, მკითხველისთვის დამენახვებინა, რომ, რაც არ უნდა უცნაური იყოს, წერეთელსაც შენგან ზუსტად ეს უნდა: ის შენ წინაშე ჩნდება დახვეწილი, ძვირადღირებული მასალისგან დამზადებული ფასადით და მისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ეს ფასადი დაინახო, ვიდრე რეალურად მოგეწონოს ის. ამიტომაა, რომ ბევრი ავტორი, რომლებიც თავიანთ წერილებში წერეთლის კრიტიკას ისახავენ მიზნად, სათანადო ეფექტს ვერ ახდენენ: ერთადერთი, რასაც ეს ავტორები აღწევენ, წერეთლის მიერ შემოთავაზებულ თამაშში ჩართვაა. ვფიქრობ, ასე იმიტომაც ხდება, რომ წერეთელი ურყევი, მოუღალავი ხასიათით გამოირჩევა (ასევე საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ის აურაცხელი სიმდიდრის მფლობელია და კარგი კავშირები აქვს). ამიტომაც არის ასე უცნაურად რთული, წერეთელი წარმატებულად გააკრიტიკო.
როცა ადამიანებს ვეუბნებოდი, სტატიას წერეთელზე ვწერ-მეთქი - და ვგულისხმობ არა მხოლოდ ჩემს ქართველ მეგობრებს - შევნიშნე, ყველა ერთნაირად ასკვნიდა, რომ თუ მე რამეს ვწერ წერეთელზე, ესე იგი, მისი ნამუშევრები მომწონს. გაკვირვებულები გადმომხედავდნენ, ვითომ ხომ არ გაგიჟებულხარო და არაფერს ამბობდნენ, სანამ არ ავუხსნიდი, რომ წერილს მასზე ვწერდი იმიტომ, რომ მისი ნამუშევრები არ მომწონდა.
მსგავსი დასკვნები, რაც ჩემს მეგობრებს შევნიშნე, საკმაოდ ხშირად მომისმენია და ვფიქრობ, დროა, მსგავს დამოკიდებულებას ბოლო მოვუღოთ. თუნდაც იმიტომ, რომ წერეთლის საკითხის იგნორირებას ერთი პრაქტიკული შედეგი მოაქვს მხოლოდ - მისი გავლენა საშიში აჩრდილივით არ შორდება ქართულ ხელოვნებას და ეს იმ ფონზე, როცა კონკრეტულად მასზე თითქმის არავინ ლაპარაკობს.
არა მგონია, ეს ჯანსაღი სიტუაცია იყოს, იმ გაგებით მაინც, რომ ეს სიტუაცია თითქმის მარადიულ აქტუალობას ანიჭებს იმგვარ საეჭვო, და, რომ აღარაფერი ვთქვათ, დისკრედიტებულ მოსაზრებებს, როგორიცაა განსხვავება მაღალ და დაბალ ხელოვნებას, პროპაგანდასა და „ნამდვილ ხელოვნებას“ და ჭეშმარიტად შემოქმედებით და კომერციულ საქმიანობებს შორის. აქვე უნდა დავძინოთ, რომ თითოეულ ამ შტრიხს წერეთელი თვითონ ფლობს. საფრთხე კი, იმაში მდგომარეობს, რომ წერეთელი და თანამედროვე ხელოვანები ერთი მონეტის ორ სხვადასხვა მხარეს ნაწილდებიან. მიუხედავად იმისა, რომ პირადად მშვენივრად ვიცი, მონეტის რომელი მხარეც მომწონს, მაინც უმჯობესი იქნება, წერეთლის საკითხს სხვანაირად მივუდგეთ.
ასე რომ, ვფიქრობ - და, ცხადია, ეს მხოლოდ ჩემი პირადი აზრია - სარგებლის მეტს არაფერს მოიტანდა, თუ ქართველი ხელოვანები უფრო ნათლად გაიაზრებდნენ, რომ ისინიც და წერეთელიც ერთი და იმავე კულტურის პროდუქტი არიან, მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთი მათგანი ბოლო ოცი წლის განმავლობაში ძალიან შეიცვალა. ეს არ არის უმნიშვნელო, რადგან წერეთელი წარმოგვიდგენს ავტორიტარიზმის ტრადიციებს, რომლებიც - ჩემგან მტკიცება არ გჭირდებათ - საქართველოში დღემდე ცოცხლობს. და მხოლოდ ქედმაღლური მტკიცება იქნებოდა ქართული ლიბერალური ინტელიგენციის წარმომადგენელთაგან (სწორედ ამ ინტელიგენციას წარმოადგენს უმეტესი მათგანი), რომ გამოეცხადებინათ - ავტორიტარიზმის ტრადიციების ეფექტებისგან ჩვენ აბსოლუტურად დაცულნი ვართო; ისევე, როგორც ქედმაღლობა იქნებოდა ჩემგან იმის მტკიცება, რომ მეც ასპროცენტიანი იმუნიტეტი მაქვს გამომუშავებული რასიზმის, კლასობრივი სნობიზმის და გამორჩეული ერის იმპერიალისტური იდეებისგან, რაც დღემდე არსებობს ბრიტანულ საზოგადოებაში. უკვე საკმაო ხანია ვცდილობ, ჩემი ქართველი მეგობრები ერთი შოუს იდეით დავაინტერესო. შოუს ერქმევა - „ცოტა წერეთელი ყოველ ჩვენგანშია“ (კრისტიან ბოლტანსკის კომენტარის „ცოტა ნაცისტი ყოველ ჩვენგანშია“ მიხედვით). ჯერჯერობით, ამაოდ ვცდილობ, მათი დაინტერესება ვერ მოვახერხე. მაგრამ მაინც მგონია, რომ ოდესმე, რომელიმე ეტაპზე, ვიღაცას მაინც დასჭირდება მსგავსი აქციის გამართვა, რადგან წერეთელი მხოლოდ გარეშე კი არა, შინაური მტერიც გახლავთ.
ავტორისგან
წარმოშობით ქართველი სკულპტორი ზურაბ წერეთელი ჟურნალისტების ერთ საყვარელი ფენომენს გვთავაზობს - როცა რეალობა წარმატებულად ერგება კლიშეს. მეტიც, რეალობა კლიშეს ისე მოხერხებულად ერგება და თვითონ კლიშე კი იმდენად გაცვეთილია, რომ წერეთელზე წერისას შეიძლება, უცებ აღმოაჩინო, რომ სტატია შენგან დამოუკიდებლად, თავისით იწერება. თითქოს, არჩევანი არც გაქვს - ან უკვე გამზადებულ სტატიას უნდა მოაწერო ხელი, ან ისე წახვიდე, რომ წერილს ერთი სიტყვაც ვერ დაამატო.
ერთფეროვნების განცდა გეუფლება, როცა წერეთლის შემოქმედებას ეცნობი; ისეთი ნამუშევრები, როგორიცაა „იური ლუჟკოვი, როგორც სპორტსმენი“ - წერეთლის ახლო მეგობრისა და მოსკოვის მერის ქანდაკება, ანდა ვლადიმირ პუტინის სკულპტურა, სათაურით „ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია“, საკუთარ თავზე თვითონ მეტყველებს და დამატებით კომენტარს აღარ საჭიროებს. რაღაც მაინც რომ დაამატო, ამით მათ ბევრს დააკლებ. ამიტომ სჯობს, უსიტყვოდ ჩაუარო.
მიუღწევლობის განცდა წერეთელთან პირადი შეხვედრის დროსაც არ გასვენებს. ისევ მზამზარეული გხვდება სტატია: თუნდაც, წერეთლის პრეტენზია აიღეთ, რომ 50-იანი წლების ბოლოს ის პირველი ქართველი პოპ-არტისტი გახდა; ანდა, ის მომენტი გაიხსენეთ, როცა შუა საუბრის დროს, წერეთელი იღებს სიგარის ზომის მოოქროვილ ფანქარს და შენს დასანახად იწყებს ხატვას. ამ ყველაფერს რომ გადახედავ, მიხვდები, რომ სტატია არაფრად ვარგა. ძალიან მალე მოსაბეზრებელიც ხდება: მშვენივრად ამჩნევ, რომ საუბრისას წერეთელი იმდენად შენ კი არ მოგმართავს, რამდენადაც საკუთარ თავს. ამიტომ გეჩვენება, რომ შენი კითხვები კონტექსტიდან ამოვარდნილი და უადგილოა; რომ შენი ჩართვებით თითქოს ხელოვანის შინაგან დიალოგს არღვევ. წერეთელი ხომ კითხვებს ოსტატურად იშორებს თავიდან, ან მხოლოდ მორიგი ანეკდოტის გასახსენებლად იყენებს და თითქმის არც ერთ შემთხვევაში, სერიოზულად არ იღებს. ბოლო-ბოლო, იძულებული ხდები, დანებდე სინამდვილეს - რას იზამ, ვერასდროს გაიგებ, შეუძლია თუ არა ხელოვანს საკუთარი ნამუშევრები ანალიტიკურად შეაფასოს და თუკი შეუძლია, ამ შეფასებებს შენ ვერასდროს მოისმენ.
წმინდა ნინო, თბილისი. 1988-94
ხელოვნება შიდსის წინააღმდეგ, მოსკოვი, 2005
ამ ეტაპზე უკვე საკმაოდ ძლიერია ცდუნება, უბრალოდ ხელი ჩაიქნიო; მაგრამ შემდეგ, ამ ცდუნებას ეჭვი ცვლის, რომ თითქოს, მხატვარს შენგან გაუთვითცნობიერებლად, სწორედ დანებება სურს. წერეთლის აბსურდული ჩანაფიქრი შეიძლება აღვიქვათ, როგორც ქვეცნობიერი თავდაცვა, რომლის წყალობითაც ის იოლად უმკლავდება კრიტიკას - ამ კრიტიკაზე დაბლა დადგომით. წერეთლის სერიოზულად აღქმა კიდევ უფრო რთულია: ეს ნიშნავს, შეძლო და დაძლიო სირცხვილის გრძნობა, რაც მისი ნამუშევრების პირისპირ დგომისას გეუფლება; გაუმკლავდე იმ ზიზღსა და უპატივცემულობას, ეს ნამუშევრები რომ იწვევენ. თუმცა, ეს მხოლოდ წინაპირობაა მისი ნამუშევრების უფრო ღრმა აღქმისათვის და, რეალურად, უფრო მნიშვნელოვან კონტექსტამდე მივყავართ - რეჟიმამდე, რომელსაც ის ემსახურება. რუსული ხელოვნების ფართოდ გავრცელებული დეპოლიტიზაცია ბოლო წლებში გულისხმობდა იმას, რომ ხელოვნება დადუმდა და აღარც მთავრობის დემოკრატიული რეფორმების კურსიდან გადახვევას ასახავდა და აღარც ჩეჩნეთში სისხლისმღვრელ საომარ კამპანიას. ეს დუმილი ნიშნავს იმასაც, რომ დღეს რეჟიმის ნამდვილი სახე ჩანს არა მისი ოპონენტების ხელოვნებაში, არამედ მისი მხარდამჭერების შემოქმედებაში.
თუ წერეთელი ამ კატეგორიაში შედის, მაშინ ეს - სხვა სუპერწარმატებული მხატვრების მსგავსად - მისი გამორჩეულობის დამსახურებაა. მაშინ, როცა მისი თაობის ოფიციალური მხატვრების უმეტესობა საბჭოთა სკოლებში შეძენილი აკადემიზმის ტყვეობაში დარჩნენ, წერეთელი პირიქით, თითქმის თავიდანვე, მხატვრული სტილისა და გავლენის უპრეცედენტო სიმრავლეს ეზიარა, რამაც, თავისი პროდუქტიულობის ფონზე, წერეთელი თანამედროვეთა შორის მაშინვე გამორჩეულ ფიგურად აქცია. მისი შემოქმედებითი არეალი იოლად მოერგო ოფიციალური ხელოვნების ვიწრო საზღვრებს; მაგრამ ეს სასარგებლოც აღმოჩნდა, განსაკუთრებით იმ პერიოდში, როცა, ცვალებად პოლიტიკურ გარემოში, საბჭოთა პოლიტიკოსებმა დაიწყეს იმ მხატვრების აქტიური ძებნა, რომლებიც, გარეგნულად არსებული რეჟიმის ერთგულები იყვნენ და თან, რეჟიმის ოფიციალური იდეოლოგიისგან თავი შორსაც ეჭირათ. წერეთელს უყვარს იმის მტკიცება - რაც თავის მართლებას უფრო ჰგავს - რომ ის „არასდროს ემსახურებოდა სოციალისტურ რეალიზმს“ და სწორედ ეს „ნონკონფორმიზმი“ იყო თვისება, რის გამოც საბჭოთა ხელისუფლების აპარატში მას რეკომენდაცია გაუწიეს. ამ მოსაზრებას კი სხვა ირონიულ მიგნებამდე მივყავართ: საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, მან სრულიად მარტომ აღადგინა და გააცოცხლა მონუმენტური ხელოვნება იმ მასშტაბით, როგორიც ის სტალინის მერე აღარ არსებობდა.
წერეთელი საქართველოში, თბილისთან ახლოს, 1934 წელს დაიბადა. მისი ოჯახი ყოფილი არისტოკრატების ფენას ეკუთვნოდა. ამიტომ მხატვარიც ქალაქის შემოქმედებითი ინტელიგენციის წრეში იზრდებოდა. მათგან წერეთელმა მემკვიდრეობად მიიღო ღრმად ორაზროვანი დამოკიდებულება საბჭოთა ხელისუფლების მიმართ, რაც ღირსება, ქონება და ხელისუფლება ჩამორთმეულ დიდგვაროვნებს ახასიათებდათ. ერთი მხრივ, მთავრობა, რომელმაც მათ ქონება და პრივილეგიები ჩამოართვა, აშკარა საფრთხედ ესახებოდათ; მეორე მხრივ კი, მას აღიარებდნენ, როგორც სოციალური წინსვლის ერთადერთ ეფექტურ გზას. როგორც წერეთელი თავად ამბობს, სწორედ ამან წარმოშვა „საბჭოთა ხელისუფლების მიმართ ცინიკური დამოკიდებულება“. ეს იმას ნიშნავდა, რომ რადგან ისინი სისტემას ვერ უპირისპირდებოდნენ, ამიტომ მისი ნაწილი ხდებოდნენ და სახელმწიფოს კერძო სარგებლობისთვის იყენებდნენ. ეს მეთოდი საკმაოდ პოპულარული იყო საბჭოთა კავშირის არა რუსულ რესპუბლიკებში; მაგრამ ქართველები ყველას ჯობნიდნენ, რადგან მტკიცედ სჯეროდათ, რომ მთავრობისა არაფერი მართებდათ, ისინი უფრო უტიფრად იღებდნენ სახელმწიფოსგან სარგებელს, უფრო ეფექტურად ფლანგავდნენ სახელმწიფო ფონდებს. შესაბამისად, საბჭოთა ეპოქის ბოლო ხანებში საქართველომ სახელი გაითქვა, როგორც ცხოვრების მაღალი სტანდარტებით, ისე ღრმად ფესვგადგმული კორუფციით.
ამ ყველაფრის გააზრება აუცილებელია იმ მხატვრის პოზიციის გასაგებად, რომელიც ვერ ხედავს წინააღმდეგობას თავის ფრაზას - „ხელოვნებას ყოველთვის ხელოვნებისთვის ვქმნიდი“ და თავის კარიერას შორის. კარიერას, რომელიც მან საჯარო შენობების გაფორმებას და მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა მთავრობისთვის მონუმენტების აღმართვას შეალია. მეტიც, ეს ის მხატვარია, რომელიც დღემდე გულწრფელად ამაყობს მთავრობებისგან მიღებული ჯილდოებით.
წერეთელს, ისევე როგორც მისი თაობის მხატვრებს, კარიერის აწყობა სახელმწიფოს გარეშე ვერაფრით წამოედგინათ. თუმცა, ზოგიერთებსგან განსხვავებით, რომლებიც ოფიციალური კარიერის პარალელურად, არაოფციალურადაც საქმიანობდნენ, წერეთელმა სხვა ტაქტიკა აირჩია. მან ირწმუნა, რომ შეეძლო ოფიციალური კარიერა საკუთარი არაოფიციალური მიზნებისთვის გამოეყენებინა. ანუ ხელისუფლებას რომ არ ესარგებლა წერეთლით, თვითონ წერეთელს უნდა ესარგებლა მათით. ეს სტრატეგია სრულიად გასაგები იყო, მაგრამ, რაღაც გაგებით, წერეთლის არჩევანი პოტენციურად მაინც, კორუფციული გახლდათ, რადგან ის მეტყველებდა მის ღრმა, გაუაზრებელ და, შეიძლება, ქვეცნობიერ ცინიზმზე.
წარმატებული კარიერით თუ გავზომავთ, წერეთლის სტრატეგია, შესაძლოა, ძალზე ეფექტურიც გვეჩვენოს. თბილისის სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებულმა წერეთელმა იმედისმომცემი საბჭოთა ხელოვანის სტანდარტული კარიერა დაიწყო. 1963 წელს, 29 წლის ასაკში, საიდუმლოდ მონათლული წერეთელი, რომლის ბაბუა და სიმამრი რეპრესიებს ემსხვერპლნენ, კომუნისტური პარტიის წევრი გახდა. პარტიაში შესვლა - ეს იყო ხერხი, რომლის საშუალებითაც, მან მომდევნო წელს პარიზში სწავლის იშვიათი უფლება მოიპოვა. პარიზში ჩასვლისთანავე, წერეთელი მოდერნიზმს გაეცნო, პიკასოსა და შაგალის სახელოსნოებს ესტუმრა (უნდა აღინიშნოს, რომ მხატვრის შემოქმედებითი გავლენა არასდროს გასცდენია მეოცე საუკუნის ადრეულ პერიოდს). ამ პირველმა შთაბეჭდილებებმა წერეთლის მომავალი ხედვა ჩამოაყალიბა. წერეთელმა ახლოს გაიცნო არა მხოლოდ მოდერნიზმის ფორმალური შესაძლებლობები, არამედ, როგორც თავად ამბობს, პარიზშივე გაიაზრა, რომ მხოლოდ ხატვით შემოფარგვლა აუცილებელი არ იყო. წერეთელმა დაიწყო ქანდაკების, რკინის ნაკეთობების და მოზაიკის შესწავლა, ანუ დაეუფლა დეკორატიულ ხელოვნებას და ძერწვას, რაც, როგორც შემდეგ გაირკვა, მისი ნამდვილი მოწოდება იყო.
მსოფლიო ტერორიზმის წინააღმდეგ, ნიუ-იორკი, 2006
საბჭოთა კავშირში დაბრუნებისთანავე, წერეთელმა პირველი მნიშვნელოვანი შეკვეთა მიიღო - შავი ზღვის სანაპიროზე, სასტუმრო კომპლექსის დიზაინი. ამ პროექტზე მუშაობისას წერეთელმა ნიჭი ეფექტურად გამოიყენა, ახლებური მიგნებები, ცოდნა და ენერგიულობა გამოამჟღავნა. ეს მისი პირველი სერიოზული გარღვევა იყო და, როგორც დღეს ვხედავთ, მას შემდეგ უკან აღარც მიუხედავს.
თუ წერეთლის შემოქმედებას გადავხედავთ, სამოციანების ბოლოს და სამოცდაათიანების დასაწყისში შექმნილი მისი ნამუშევრები ყველაზე წარმატებული ჩანს. ნათელი, უდარდელი და მსუბუქი, მოდერნისტული სტილის რელიეფი და მოზაიკა - ანუ ის, რაც წერეთელმა ბიჭვინთასა და ადლერში დასასვენებელ კომპლექსებზე მუშაობისას გამოიყენა - მომხიბვლელ ბავშვურობას ავლენს და მნახველსაც იზიდავს. ეს სასტუმროები მაშინდელი იდეოლოგიის თვალსაზრისითაც მოდურია: მნახველს მოდერნისტული შტრიხები არ აშინებს, პირიქით, თითოეული დეტალი რბილი და მსუბუქი გახლავთ, ეს კი მაშინ მშვენივრად ესადაგებოდა ლიბერალური ჰუმანიზმის ატმოსფეროს, რაც ხრუშჩოვის პერიოდმა მოიტანა. გამოდის, წერეთელმა წინდაწინვე გამოიცნო, თუ რას ითხოვდა მისგან მთავრობა და ეს ყველაფერი შემდეგ ოსტატურად გადაიტანა თავის ნამუშევრებში - საბჭოთა ხელოვანისთვის საჭირო ფასდაუდებელი ტალანტი გამოავლინა. თუ გავითვალისწინებთ წერეთლის ამბიციურობას, ეს ყველაფერი იმას ნიშნავდა, რომ ხელოვანი დიდხანს აღარ აპირებდა პროვინციული სასტუმროების და საბავშვო საცურაო აუზების გაფორმებას. თუმცა კი, მისი ადგილი იქ იყო.
უკვე სამოცდაათიანი წლების შუახანებში, წერეთელი საზღვარგარეთ მუშაობს - აკეთებს საბჭოთა საელჩოების დიზაინს, ჯერ ბრაზილიაში, შემდეგ შტატებში. ამერიკაში, საბჭოთა მთავრობისგან მიღებული ნდობის მანდატით, ის რეჟიმის კულტურული ელჩიც გახდა. უკვე სამოცდაათიანების ბოლოს, წერეთელმა პირველი დამოუკიდებელი სკულპტურის შეკვეთა მიიღო. მას უნდა შეექმნა სპეციალური ოლიმპიური თამაშებისადმი მიძღვნილი მონუმენტი, რომელიც ბროკპორტში, ნიუ-ჯერსიში დაიდგმებოდა. სწორედ აქედან, ხელოვანი დეკორატიულიდან მონუმენტურ ხელოვნებაზე გადაერთო, ხოლო ცალსახად საზოგადოებრივი დანიშნულების მქონე პროექტებიდან - გამოკვეთილად პოლიტიკურ ნამუშევრებზე. შემდგომ წლებში, წერეთელმა მოდერნიზმი თანდათან ტრადიციულ რეალიზმზე გაცვალა, რაც, მის შემოქმედებას თუ გადავხედავთ, ადრეული სტილის უარყოფას ჰგავს.
ამ უარყოფით წერეთლის შემოქმედებაში ჩნდება დადინჯების ახალი ტალღა, დადინჯების, მაგრამ არა სიღრმის. ადრეულ ნამუშევრებში გაჩენილი ნაივობა ამ ეტაპზე კვლავაც რჩება, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ გადართვა ერთიდან მეორე ტალღაზე ძალიან იოლად მოხდა. ეს მეტყველებს იმაზე, რომ არის რაღაც უცნაური მსგავსება საზოგადოებრივ სენტიმენტებსა და ბავშვურ სამყაროს შორის. შეღწევა ორივე სამყაროში რთულია, ორივე ვერ ეგუება ეჭვს, გაურკვევლობას და ორაზროვნებას და ორივე მნიშვნელოვანწილად ნაივურია.
თუ წერეთელმა თავი შინაურულად და კომფორტულად იგრძნო თავისი მონუმენტების - „მსოფლიოს ბავშვთა ბედნიერება“ (ნიუჯერსი, 1979 წ.) და „კეთილმა სძლია ბოროტს“ (ნიუ-იორკი, 1990 წ.) - ბავშვურ სამყაროში, ეს მოხდა იმიტომ, რომ საკუთარი გამოცდილებით მან მშვენივრად იცოდა, ამ იდეალებს ზურგს ძალადობრივი პოლიტიკის სასტიკი სამყარო უმაგრებდა. ამ სამყაროში ხელისუფალნი ძირეულად კორუმპირებულნი არიან, ისინი სხვებს ავიწროვებენ, სუსტები კი იქ მხოლოდ ძლიერთაგან გამომეტებული მოწყალებით არსებობენ. როგორც უფროსმა უნდა დაიცვას უსუსური ბავშვი, ისე ამ კორუმპირებულმა სამყარომ უნდა დაიცვას იდეალური სამყარო, რადგან მის გარეშე არსებობა გაუჭირდება. სულაც არაა გასაკვირი, რომ ამგვარმა აზროვნებამ მაღალჩინოსანი ბიუროკრატები და „მსოფლიო ლიდერები“ წერეთლის მიმართ სიყვარულით განაწყო და ისინი მის კლიენტებად აქცია: წერეთელში ისინი ხედავდნენ ხელოვანს, რომელიც სამყაროს ზუსტად მათებურად აღიქვამდა.
ცხადია, განსხვავება უფროსებისა და ბავშვების სამყაროებს შორის, რეალურია. ნაივურ ხელოვნებას ბავშვებისთვის მარტივი და პირდაპირი ხიბლი აქვს - ის ბავშვებს ბავშვურ ენაზე ელაპარაკება. ზრდასრულთათვის კი ის უფრო რთული აღსაქმელია - უფროსმა ჯერ უნდა შეძლოს და თავისი ცოდნისა და გამოცდილებების მარაგისგან გათავისუფლდეს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის ხელოვნების თანამონაწილე უნდა გახდეს. ვიდრე ხელოვანი ამ ნაივურ სამყაროს გადაჭარბებული დოზებით არ სთავაზობს ადამიანებს და ამით არ ეწინააღმდეგება მათ ყოველდღიურ რეალობას, მაშინ ადამიანების თანამონაწილეობა ხელოვნებაში თავისუფლადაა შესაძლებელი. მაგრამ მაშინვე, როცა ეს ორი რეალობა ერთმანეთს დრამატულად სცილდება - როგორც ეს საბჭოთა კავშირში 80-იან წლებში მოხდა - ამგვარმა ხელოვნებამ შეიძლება ეფექტი საზოგადოებაზე მხოლოდ ძალდატანებით შეინარჩუნოს. ანუ მომხიბვლელობა და უდარდელობა დაივიწყოს და პუბლიკის დაშინება დაიწყოს; მნახველის გულის მოგების ნაცვლად, მისი მორჩილება ძალით მოიპოვოს.
სწორედ ამ მიზეზის გამო წერეთელი, თანდათან ტოტალიტარულ მონუმენტალიზმზე გადაერთო და თანაც ზუსტად იმ დროს, როცა საბჭოთა კავშირი იშლებოდა, ხოლო რუსული საზოგადოება ლიბერალური დემოკრატიისკენ მიდიოდა.
რომის პაპი, ჟან-პოლ II
პეტრე დიდი, მოსკოვი, 1997
ნიუ ჯერსიში „სპეციალური ოლიმპიური თამაშების“ დადგმიდან (1979 წ.) მოსკოვში აღმართულ მონუმენტამდე, რომელიც დიდ პატრიოტულ ომში გამარჯვებას მიეძღვნა (1995 წ.), სულ თექვსმეტი წელი გავიდა, მაგრამ განსხვავება მათ შორის უზარმაზარია. სასიამოვნო, საზეიმო სიმახინჯე, რომელიც პირველის შემთხვევაში დაფიქსირდა, მეორე მონუმენტის შემთხვევაში უკვე უხეშ საფრთხობელად იქცა; თან, აგრესიული ვულგარულობითაც ხასიათდებოდა. წმინდა გიორგის ადრეული სკულპტურის აღდგენის შემდეგ გაჩნდა მახინჯი ფრიზები, რომლებიც უაზროდ მაღალ ობელისკს ფარავს და გაჩნდა ჰაერით დაბერილი ბრინჯაოს ნიკეს მანეკენი მის წვერზეც. აშკარა სიზარმაცე და ქედმაღლობა, რითაც ეს მონუმენტი გაკეთდა, კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ის, რაც ოფიციალურად ომში დაღუპული საბჭოთა ჯარისკაცებისადმი მიძღვნილი მემორიალი უნდა ყოფილიყო, მათ შეურაცხყოფად იქცა.
ამ ახალი მონუმენტური ქანდაკების მიღმა, მნახველის ძალით მოპოვების სურვილი იმალება. ნამუშევარი, რომელიც გადმოგვცემს წარსულიდან გაცოცხლებულ, სავარაუდოდ, პრე-საბჭოთა ფასეულობებს - რუსულ პატრიოტიზმსა და მართლმადიდებლობას - კიდევ უფრო დიდ წინააღმდეგობაში მოდის პოსტ-საბჭოთა რეალობასთან, რომელიც სავსეა ეკონომიკური კრიზისით, ფესვგადგმული კრიმინალით და სოციალური მანკიერებებით. ამ ფონზე წერეთლის ნამუშევარი კიდევ უფრო მოჩვენებითი და ილუზიური ხდება. ეს ილუზიურობა წერეთლისთვის დამახასიათებელი არაა; ის უფრო სხვა ოფიციალური მხატვრების ნამუშევრებში შეინიშნება, როგორიც, მაგალითად, პორტრეტისტი ალექსანდერ შილოვია. თუმცა, ვიდრე შილოვი ილუზიურობას თანამედროვე რეალობის მაქსიმალური უარყოფით აღწევს - თავის პერსონაჟებს ცარისტული ნეო-რომანტიზმის ნოსტალგიური, დამტკბარი სიზმრის ნაწილად აქცევს, წერეთელი სხვა ტაქტიკას ირჩევს. ის თანამედროვე რეალობას ახლებურ ყალიბში სვამს ისე, რომ რეალობა წარმოსახულ ილუზიას ბოლომდე ერგება.
ეს ცნობილი სტალინისტური ამბიციაა და არაა გასაკვირი, რომ წერეთელი სტალინის პერიოდის ხელოვნების თაყვანისმცემელი რჩება, უფრო კონკრეტულად კი, მისი იდეალი ტოტალური ხელოვნებაა. ეს არის იდეალი, რომელიც იმალება პეტრეს აშკარად ფსიქოტურ ქანდაკებაში (1997 წ.). წერეთლის ეს ქანდაკება მოსკოვის ცენტრში დგას.
მიუხედავად იმისა, რომ 96 მეტრი სიგრძის იმპერატორი თავისუფლების ქანდაკებაზე მაღალია, წერეთლის შემოქმედებაში უფრო დიდებიც არსებობს და უფრო ცნობილებიც (ასეთად ახლა ითვლება მისი 11 სექტემბრის ტერაქტისადმი მიძღვნილი მონუმენტი, რომელიც ნიუ-ჯერსიში დგას და „გლოვის ცრემლი“ ჰქვია). მაგრამ პეტრეს ქანდაკება წერეთლის სკულპტურებს შორის მაინც ერთგვარი კულმინაციაა, რომლისკენაც წერეთელი მთელი თავისი ადრეული შემოქმედებით მიდიოდა და შემდეგ კი - თანდათან შორდებოდა.
მისი უახლესი ნამუშევრები „ცრემლის“ ჩათვლით, წერეთლის დასუსტებაზე მეტყველებს. მახვილი თვალი ამჩნევს, რომ სკულპტურებს ხასიათი აკლია და ერთფეროვნება ეტყობა; ეს თვალშისაცემია განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც წერეთელი საკუთარ ნამუშევრებს სულ უფრო შორდება (მისი სკულპტურები უზარმაზარ სახელოსნოში მზადდება მრავალრიცხოვანი ასისტენტების დახმარებით). შეიძლება ითქვას, რომ თუ საერთოდ არსებობს ნამუშევარი რითაც წერეთლის სახელს საზოგადოება მოიგონებს, ნამუშევარი, რომელიც ელცინის რუსეთის ან ლუჟკოვის მოსკოვის მარადიულ მემორიალად დარჩება - ეს პეტრე დიდია.
ამ ქანდაკებაში ყველაზე მეტად შთაბეჭდილებას ახდენს არა მისი ზომები, არამედ მიმართება ამ ზომებთან. საკუთარ მონუმენტურობასთან მიმართებაში ქანდაკება ყველანაირ პროპორციას სცდება. პეტრეს ტანი მანეკენს, უმოძრაო სათამაშო კაცუნას მიუგავს. ამ განცდას კიდევ უფრო გამოკვეთს მისი მტკიცედ აღმართული ხელი. ეს შეუსაბამობა სათამაშოს მსგავს პროპორციებსა და გრანდიოზულ ზომებს შორის, პეტრეს კიდევ უფრო ირეალურს ხდის. თითქოს ის კონკრეტული ქანდაკება კი არა, მონსტრების სიზმრის ფრაგმენტია, სრულიად შემთხვევით რომ შემოცურდა მოსკოვის ცენტრში. იმპერატორის ქანდაკება აკადემიური რეალიზმის საზღვრებსაც სცდება. ის საკუთარ გემზე უფრო დიდია, და კიდევ უფრო დიდია ვიდრე მთელი მისი საზღვაო ფლოტი. ანუ, პეტრე განდიდებული და ამაღლებულია, როგორც წმინდანი, და რაღაც გაუგებარი გზით, კიდევ უფრო დიდია, ვიდრე თვით ცხოვრება. მსგავსი პრეცენდენტები რომ ვიპოვოთ, რუსეთის იმპერიული წარსულის ხელოვნების გახსენება არ კმარა. უფრო შორეულ წარსულში მოგზაურობაა საჭირო, კერძოდ კი, გვიანდელ რომის იმპერიაში, სადაც კლასიკური რეალიზმი მისტიკურ იკონოგრაფიაში გადაიზარდა. ამის შემდეგ კი, ხელოვნებაში გიგანტური ზომის იმპერატორებისა და წმინდანების გამოკვეთა დაიწყეს, რომელთაც გარს გნომები ეხვიათ. ამიტომ, ცხადია, შემთხვევითი არაა, რომ პეტრეს თავი - გაყინული, უსიცოცხლო მზერით, რაღაცით წააგავს კიდეც კონსტანტინე დიდის კოლოსალური ქანდაკების თავს რომში.
ეს უკვე იმპერიული დეკადანსის ხელოვნებაა, რომელშიც უცხოური, ბარბარიზმებით სავსე გავლენებმა - ადრეული მოდერნისტული სტილი ევროპიდან და დისნეი ამერიკიდან - კლასიკურ ფორმებშიც შეაღწია და გროტესკულად დაამახინჯა ისინი. მაგრამ თუ ეს ყველაფერი ისეა, როგორც ახლა ვთქვით, მაშინ აქვს პეტრეს რაღაც ძალიან თანამედროვეც. მრისხანე აურითა და აბსურდულობით პეტრეს ქანდაკება ძმები ჩაპმანების ნამუშევრებს გვაგონებს, ან შეიძლება სულაც - პოლ მაკარტისას. იმპერატორის ქანდაკება ასევე გამოკვეთილად არასტალინისტურია, რადგან სტალინისტურ ხელოვნებაში მრისხანებას იშვიათად გადმოსცემდნენ ღიად - ამის საჭიროება მაშინ არ იდგა.
პეტრე არ იყენებს რეპრესიების ძველ მანქანას და შიშს მხოლოდ თავისი გარეგნობით თესავს. და მერე, მისი ქედმაღლური გამომეტყველება გაიხსენეთ: მან იცის, რომ არავის მოსწონს და ამიტომ სურს დაგვანახოს, რომ ჩვენი აზრი ფეხებზე ჰკიდია. ის არსებობს, ის ფაქტია და სწორედ მისი მასიურობა და ზომები აღძრავს სურვილს ზოგიერთში, რომ პეტრე პედესტალიდან ჩამოხსნან (ეს რეალურად ვიღაცეებმა მართლა სცადეს: პეტრეს ქანდაკების აღმართვის შემდეგ, მისი აფეთქების მუქარა რამდენჯერმე გაისმა).
მისი მზერის მსგავსად, პეტრეს არსებობაც მარადიულობისკენ არის მიმართული. ის მოწოდებულია მოიცვას და გადაფაროს არა მხოლოდ მომავალი, არამედ წარსულიც და მათგან ბოროტი სულები განდევნოს. ეს ყველაფერი მის პოზაში იკითხება: პეტრე დგას მაღალ პედესტალზე, ერთი ხელი მაღლა აღუმართავს და ამით გვაგონებს უზარმაზარ ლენინს, რომელიც ბორის იოფანის საბჭოელთა სასახლის გამარჯვებულ მაკეტს ამშვენებდა. ეს გრანდიოზული შენობა, რომელიც მოსკოვის რეკონსტრუქციის სტალინისეული გეგმის ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენდა, მდინარის მეორე ნაპირას, პეტრესგან რამდენიმე მეტრის მოშორებით უნდა აღემართათ. თუმცა, ომისა და ცვალებადი პოლიტიკური გარემოებების გამო, ეს გეგმა ვეღარ განხორციელდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კი იმ ადგილას ძველი ცარისტული ტაძარი აღადგინეს, რომელიც თავის დროზე მხოლოდ იმიტომ დაანგრიეს, რომ იქ საბჭოელების სასახლე აეშენებინათ.
ასე რომ, გამოდის, პეტრე გვაგონებს ქანდაკებას, რომელიც სინამდვილეში არ შექმნილა. ის აცოცხლებს სკულპტურის მოჩვენებას, რომელიც კონკრეტულ მასალაში არასდროს განსხეულებულა. ის ამტკიცებს - არა ლენინი, არამედ პეტრე აღიმართა მოსკოვის თავზე ისევე, როგორც პეტრეს სახელი დაუბრუნდა მის მიერვე აშენებულ ქალაქს. ამ ფონზე არ გვტოვებს განცდა, რომ ამის მტკიცება გადაჭარბებულია. ლენინის ამ ხერხით განდევნის აუცილებლობა არის ნიშანი იმისა, რომ ბელადის ფანტომი მოსკოვს სინამდვილეში კვლავაც თან სდევს. მისი ამოძირკვის სურვილით პეტრე ლენინის მარადიულობას გვახსენებს.
იოფანის ქანდაკებაში ლენინს ხელი ცარიელი ჰქონდა, ბელადი ცისკენ მიგვითითებდა და კომუნიზმის ნათელ მომავალზე მიგვანიშნებდა. პეტრეს კი ხელში გრაგნილი უჭირავს. შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ ეს მისი დეკრეტია რუსული ფლოტის დაარსების შესახებ, რომლის მესამასე იუბილესაც მიეძღვნა პეტრეს ქანდაკება. მაგრამ, იქნებ, ეს გრაგნილი არც დეკრეტია და არც რომელიმე სხვა სამთავრობო განცხადება?
ოთხმოცდაათიან წლებში სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის დროს ქვეყნის ახლად გამდიდრებული კლასი, რომელსაც თავისი ახალი შენაძენის დაცვა სურდა, მიხვდა რომ, საჭირო იყო მთავრობა თავისივე კანონებითვე შეეზღუდა. ამავე პერიოდში საზოგადოებაში გაჩნდა უზარმაზარი უკმაყოფილება, რაც ქვეყნის სიმდიდრის მცირერიცხოვან საზოგადოებაზე განაწილებამ გამოიწვია და მათ აიძულა მფარველობა ავტოკრატიული მმართველისგან ეთხოვათ. ამ შემთხვევაში პეტრე შეიძლება რუსეთის ბურჟუაზიის იდეალურ მმართველადაც წარმოვიდგინოთ. ავტოკრატი მმართველი, რომლის ძალაუფლებასაც კანონი არეგულირებს, ანდა პირიქით, კანონი, რომელსაც ზურგს ავტოკრატი მმართველი უმაგრებს. თუ ამ იდეალის წინააღმდეგობრივი ბუნება აშკარად ჩანს, მაშინ წერეთელსაც მადლობა უნდა გადავუხადოთ ამ წინააღმდეგობების ქანდაკებაში გადმოცემისთვის.
სათამაშო იმპერატორი თავის სათამაშო გემის საჭესთან დგას და თავისი მისიის უაზრობას გულუბრყვილოდ ვერ აცნობიერებს. თუ ეს ასეა, მაშინ კარგია, რომ ეს ქანდაკება არსებობს. მას შემდეგ რაც აღარ იქნებიან ჩინოვნიკები, რომელთაც პეტრეს ქანდაკება შეუკვეთეს და აღარც ავტორი იქნება, რომელმაც ის შექმნა, დარჩება პეტრე, რომელიც გაგვახსენებს - ვინ იყვნენ ისინი და რას საქმიანობდნენ.
![]() |
9 ოსტატები |
▲ზევით დაბრუნება |
სპეც-პროექტი
ავტორი: მაია ცეცაძე
ფოტო: ლევან ხერხეულიძე
ჩემმა ბავშვობამ გასული საუკუნის 80-იან წლებში ჩაიარა და კარგად მახსოვს, თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში, ერთ ძველ ატელიეს ისე არ ჩავუვლიდი, რამდენიმე წამით რომ არ შევჩერებულიყავი და შუშის მიღმა მოფუსფუსე მკერავებისთვის თვალი არ მიმედევნებინა. განსაკუთრებით, ძველ დაზგაზე ძაფის მორთვის პროცესის ყურება და შენობიდან გამომავალი დამუშავებული ტყავის სურნელი მიყვარდა...
როდესაც ჟურნალის მორიგი სპეც-პროექტისთვის, მამა-პაპური პროფესიის ხალხის მოძიება დამევალა, პირველად ჩემს ნაცნობ ატელიეს მივაშურე, მაგრამ მის ნაცვლად იქ „ახლადგამომცხვარი“ საცხობი დამხვდა... ამ სპეც-პროექტში იშვიათად შემორჩენილი პროფესიების არც სტატისტიკას განვიხილავთ და არც მათი მივიწყების პრობლემებს. უბრალოდ, მომდევნო გვერდებზე, სხვადასხვა ხელობაში დაოსტატებულ იმ ადამიანებს წარმოგიდგენთ, რომლებიც დღეს მხოლოდ რამდენიმეღა შემორჩნენ ქალაქს და რომელთა პროფესიული კვალიფიკაცია ვერც კაპიტალისტურმა წყობამ შეცვალა.
იაკობ და ვანიკო ქიტესოვები
არღნის ოსტატები
იმის გამო, რომ ყველაზე კოლორიტული საკრავის ერთადერთი ოსტატები არიან, მათ „უკანასკნელ მოჰიკანებსაც“ კი უწოდებენ. არღნის დამზადების მექანიზმს, სირთულით ადამიანის გულსისხლძარღვთა სისტემასაც ადარებენ, ამიტომაც, მათ „ხის ნეირიქირურგებიც“ კი შეარქვეს. კლასიკური სტილის არღნის სრულყოფილ შედეგამდე მიყვანას, ყოველდღე სამუშაოდ 8 საათი რომ დაუთმო, 2 წელი მაინც სჭირდება. მამა-შვილ იაკობ და ვანიკო ქიტესოვებს ეს საქმიანობა მემკვიდრეობით ერგოთ.
ვანიკო ქიტესოვი: - „ამას ჯერ პაპაჩემი ამზადებდა. მამა 16 წლიდან დამოუკიდებლად მუშაობს. მე სულ ვაკვირდებოდი და დამოუკიდებლად მუშაობა 13 წლიდან დავიწყე... დიდ ენერგიასთან ერთად, ეს საქმე მუსიკის ცოდნას, ხის ექსპერტიზას, დამუშავებას მოითხოვს. მარჯვენა ხელის ნახევარი მაკლია და ბავშვობიდან გადავწყვიტე, ეს მძიმე ჯვარი მსუბუქად მეტარებინა, სხვებისთვის მაგალითი ვყოფილიყავი. შეგნებულად ვცდილობდი, ყველაფერში წინ წავსულიყავი. ორივე ხელი რომ მქონოდა, ამაზე მეტად კიდევ როგორ უნდა გამომეყენებინა? სულ საკუთარი სახსრებით ვმუშაობთ და სახლის გაყიდვაც რომ დამჭირდეს, ამ საქმეს არ შევეშვები. იმიტომ, რომ ეს მარტო ჩვენი ოჯახის კი არა, ხალხის საკუთრებაა.“
ერეკლე ჩინჩალაძე
ქვის მკვეთავი
ქვების „შემოსვა“ ბოლო ხუთი წელია დაიწყო და მას მერე ინტენსიურად მუშაობს. ქვაზე კვეთის ნიჭის აღმოჩენას, საკუთარ მოძღვარს უმადლის და ქვის თლასაც, ძირითადად, „ჯვრის მამის“ სახელობის ტაძრის ეზოში შეუდგა. მასალად ნიჩბისის ქვიშა ქვას იყენებს და ქართული ხუროთმოძღვრების ორნამენტები, პირდაპირ ქვაზე (პერგამენტების გარეშე) მხოლოდ ფანქრის, რამდენიმე საჭრეთლისა და ჩაქუჩის მეშვეობით გადააქვს. ამჟამად კი, ისევ ძველი აღთქმის ფრაგმენტებით ხელმძღვანელობს და მარტვილის VII საუკუნის რელიეფის ასლს კვეთს.
- „ეს საქმე ჩემთვის არავის უსწავლებია. თავდაპირველად ხეზე დავიწყე კვეთა, მაგრამ ეკლესიის ეზოში მუდმივად სამშენებლო პროცესები რომ მიმდინარეობდა და ქვებს სულ სხვადასხვა დანიშნულებისთვის იყენებდნენ, მამა ტარიელს ვუთხარი - ამდენ ქვას რომ ვხედავ, სულ ჩუქურთმები მიდგას თვალწინ-მეთქი და მანაც მითხრა - მიდი, კვეთეო! ასე დავიწყე ქვაზე მუშაობა. ჩემი ნაკეთობები ძირითადად „ჯვრის მამის“ ტაძრის ეზოშია განთავსებული. რასაც ვაკეთებ, შემდეგ ყველაფერს მამა ტარიელი ანაწილებს. ხან ეკლესიის, ხან კი საკუთარი სახლის ეზოში ვმუშაობ, რადგან ეს ისეთი საქმეა, რომ ღია ცის ქვეშ მუშაობას მოითხოვს.“
ზაქრო ნუნიკაშვილი
მჭედელი
გახურებულ ღუმელში რკინას ადნობს, მერე რამდენიმე ასეულ შედუღებულ ფენას გადაკეცავს და უძველესი სამჭედლო ტექნოლოგიების გამოყენებით ცივ იარაღებს ამზადებს. თუმცა, მჭედელზე მეტად საკუთარ თავს ძველი ტექნოლოგიების მკვლევარს უფრო უწოდებს. სამჭედლოში მიმოფანტული რკინა-ფოლადის ნაჭრებით - დანას (ქართულად „ბაწარაულს“, საერთაშორისო ტერმინოლოგიით კი „დამასკოს ფოლადს“) ამზადებს.
- „მჭედლად უნდა დაიბადო, ამ ხელობას ისე ვერ ისწავლი. ძირითადად რამდენიმე ათეული საუკუნის წინანდელი ტექნოლოგიით ვმუშაობ. 10 წელია, რაც ამ საქმეს ვაკეთებ და შედეგი სადღაც 2-3 წლის წინ მოვიდა, ისიც ნაწილობრივ. მაგალითად „ბაწარაული“, ძმები ელიზარაშვილების „რეცეპტი“ ბოლომდე ავითვისე. „ინდური ბულატის“ ტექნოლოგიაში კი ჯერ სრული შედეგი არ მიმიღია. ეს საქმე ძალიან დიდ გამოცდილებას საჭიროებს, რადგან, ერთი პატარა შეცდომის გამოც კი, შეიძლება ბოლო სტადიამდე მიყვანილი ნაკეთობა გადასაგდები გახდეს. „დამასკოს ფოლადმა“ სტომატოლოგის პროფესიაზე ხელი ამაღებინა და ურო დამაჭერინა. დღეს ხომ მჭედლობის ტრადიცია თითქმის დაკარგულია და გადაშენების ზღვარზეა.“
ჯონი ჩახუნაშვილი
ქართული ზარის ოსტატი
შენობაში ბრინჯაოსა და კალის შენადნობის სპეციფიური სურნელია. ჰაერში თაბაშირის მტვერი ტრიალებს. ზედა სარკმლიდან შემომავალი მზის სხივები კი სახელოსნოს კიდევ უფრო მისტიკურ გარემოს სძენს. ირგვლივ შეგირდები ფუსფუსებენ და ოსტატის დარიგებასაც საგულდაგულოდ ისმენენ... ჯერ ესკიზს ამზადებენ, ზარის ჟღერადობას მისი ჭრილის მოქნილი ფორმით განსაზღვრავენ. შემდეგ (შიდა და გარე ფორმებისთვის) ორ თარგს ჭრიან, ნელ-ნელა თაბაშირსაც უმატებენ და დაზგაზე ათავსებენ. ზარის მხატვრულად დამუშავების შემდეგ, საგანგებოდ დამზადებულ ცეცხლგამძლე ყალიბში სპილენძი და კალა (ან ვერცხლი და რკინა) დნება და სხვადასხვა ზომის ქართული ზარებიც ამოყავთ, რომელიც საბოლოო ბინას უკვე რომელიმე ტაძრის სამრეკლოზე დაიდებს.
- „ორი წელია, რაც ამ სახელოსნოში ვარ და მას მერე ბევრ რამეს ვსწავლობ. ქართულ გენში დევს მელითონეობა და ჩემშიც გაიღვიძა ამ ნიჭმა. უძველესი ქართული ტრადიციების შენარჩუნების სურვილმა გადამაწყვეტინა ამ საქმისთვის ხელი მომეკიდა. თან მადლიანი და ღვთისნიერი საქმეა.“
მიხეილ მაისურაძე
მეწაღე
ქუჩაში უქმად დგომას ხელობის სწავლა არჩია და გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან ფეხსაცმლის კერვა, მოგვიანებით კი, შეკეთება დაიწყო. ფეხსაცმლის სხვადასხვა ატელიეებში მუშაობის შედეგად აღმოაჩინა, რომ მის მომხმარებლებს შორის სტატისტიკურად ქალები უფრო ჭარბობენ.
- „ახლა ან ძალიან იშვიათად ყიდულობენ ფეხსაცმელს, ან ის, ვინც ხშირად ყიდულობს, ხარისხიანი ფეხსაცმლის ყიდვას ამჯობინებს და ჩემი კლიენტურაც შემცირდა... სკოლაში სიარული არ მიყვარდა, ხშირად ვაცდენდი და უსაქმოდ ყოფნას ვარჩიე ხელობა მესწავლა. მთავარია მუშაობა გიყვარდეს, რადგან უსაქმურობას ნამდვილად ჯობია. ახლა ხელობის სწავლას თითქმის აღარავინ ცდილობს, დღეს ყველას, ნიჭიერსაც და უნიჭოსაც, მინისტრობა უნდა.“
სერგო შლიმანოვი
ფეხსაცმლის მწმენდავი
20 წელია, მთელ დღეს რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ატარებს და გამვლელებს ფეხსაცმელებს საგულდაგულოდ უპრიალებს. თუ საჭირო მასალას ხელში ჩაიგდებს, ფეხსაცმლის საწმენდ ჯაგრისებს და საცხებსაც თავად ამზადებს. ადრე კლიენტურაც მეტი ჰყავდა და კონკურენტებიც, მაგრამ ახლა უკვე მთელ სადგურზე მხოლოდ ცხრანიღა შემორჩნენ.
- „ადრე მეტი მსურველი თუ მოდიოდა, ალბათ, ფულიც მეტი ჰქონდა ხალხს. ახლა კი დღეში სავარაუდოდ 6-7 კაცის მომსახურება მიწევს. ძირითადად ენთუზიაზმის ხარჯზე და მეგობრებზე ვმუშაობ. თავიდან დიდად არ მომწონდა ეს საქმე, მაგრამ მერე უკვე ძალიან შევეჩვიე. ეს საქმეც მამაპაპურია და სპეციალური ცოდნა და გამოცდილებაც სჭირდება. ვწმენდ ყველანაირი ხარისხის ფეხსაცმელს, ტილოს გარდა. რადგან ზაფხულში ხალხი ძირითადად, ღია ფეხსაცმელებით დადის, ჩვენი სამუშაო სეზონიც ძირითადად ახლაა, ზამთარში.“
ვასიკო აკოპოვი
მესაათე
40 წელია, ფოტოგრაფობას მესაათეობა არჩია და მას მერე ნებისმიერი მექანიზმისა და ხარისხის საათებს „აცოცხლებს“. 35 წელია მერიის საათის შემკეთებლად მუშაობს და დედაქალაქის ხანდაზმულ სიმბოლოს არც დროის გაჩერების საშუალებას აძლევს.
- „ძალიან მომწონს ეს საქმე. წარმოიდგინეთ, ავადმყოფი რომ ფეხზე წამოაყენო, დაახლოებით ასეთი შეგრძნება მაქვს, როცა გაფუჭებული საათი ამუშავდება ხოლმე. 1 ლარიანი საათიც შემიკეთებია და 20 ათას დოლარიანიც... მერიის საათი ძალიან ძველია, 120 წლისაა, ჩარხებიც მოშვებული აქვს და, ბუნებრივია, ხშირი შეკეთებაც სჭირდება. სულ თვალყურს ვადევნებ და როგორც კი პატარა დეტალი მწყობრიდან გამოდის, მაშინვე ვარემონტებ. ცოტა ხანში ვაპირებ ერთი კვირით მაინც დავასვენო და საფუძვლიანად შევარემონტო, იმისთვის, რომ კიდევ დიდხანს ემსახუროს ქალაქს.“
ელდარ აბდულაევი
მექისე
გოგირდის მეხუთე აბანოში სამი წელია მექისედ მუშაობს. კმაყოფილი კლიენტების გასტუმრებისას კი თავადაც კმაყოფილია.
- „თავიდან ამ პროფესიისკენ გაჭირვებამ მიბიძგა. უკვე ძალიან შევეჩვიე აქაურობას, გოგირდის მძაფრ სუნს, თანამშრომლებს, ჩემს კლიენტებს... ამ ხელობაში რთული არაფერია, 1 კვირა დამჭირდა დასაუფლებლად, მაგრამ ყველაფერს მაინც გამოცდილება სჭირდება. იმპროვიზებულად უნდა იმოქმედო და მუშაობის პროცესშივე გრძნობ, როგორ მაღლდება კვალიფიკაციაც. თითო ცვლაში 6 მექისე ვმუშაობთ. დღეში 5-6 კლიენტს ვემსახურები. ძირითადად, მაინც მუდმივ კლიენტურაზე ვმუშაობთ. მართალია, მომხმარებლების რაოდენობა შემცირდა აბანოში, მაგრამ, ჩემი ვარაუდით, ეს პროფესია, ცოტა ხანს კიდევ იარსებებს.“
მაყვალა კობახიძე
ასოთამწყობი
გამომცემლობა „სამშობლოს სტამბის“ საამწყობო საამქროში 31 წელია ყველაზე „ხმაურიან“ საქმეს აკეთებს, მთელი დღე სტრიქონჩამომსხმელ მანქანას უზის და ხელნაწერი ტექსტები ლითონის ფირფიტებზე გადააქვს.
ლინოტიპის ხმას იმდენად შეეჩვია, რომ მისი მონოტონური ხმაური მუსიკასავით ჩაესმის და ვერც მოშლილ მანქანას ელევა. XIX საუკუნიდან ამ სტამბაში ყველაზე ცნობილი პერიოდული ბეჭდური გამოცემები, თავის დროზე კი, პროკლამაციებიც იბეჭდებოდა.
- „სამი თვეა არ ვმჯდარვარ მანქანასთან, მეც ცოტათი გადავეჩვიე მასთან მუშაობას და ვგრძნობ, რომ ნელ-ნელა იშლება. ძალიან შემცირდა დაკვეთების რაოდენობაც, რადგან ახლა უკვე თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი სტამბები გაიხსნა და ამ საამქროს თითქმის აღარავინ მომართავს. ცოტა ხანში შენობის დაცლაც მოგვიწევს და ჩათვალეთ, რომ ეს საქმე უკვე მოკვდა, რაც ჩემთვის ძალიან მტკივნეულია... მთელი ცხოვრება ამ საქმეს მივუძღვენი. ამ სტამბამ გასათხოვარიც კი დამტოვა.“
ოთარ ოთარაშვილი
მკერავი
ძველი საყოფაცხოვრებო მომსახურების შენობაში პატარა ატელიე გამოუყვეს და აქ კერვას იქამდე განაგრძობს, სანამ შენობას ახალი მეპატრონე გამოუჩნდება. ახლა 73 წლის არის და თითქმის მთელი ცხოვრება ამ საქმეს შეალია.
- „ადრე საქმეს ვერ ავუდიოდით, ახლა კი იმდენი მომხმარებელი აღარ გვყავს. ბევრი შეკერვას უკვე მზა ტანსაცმლის ყიდვას ამჯობინებს და ამიტომ ახლა, ძირითადად, ტანსაცმლის გადაკეთებისთვის უფრო მომმართავენ. ისევ ძველებურ საკერავ მანქანას ვიყენებ, იმიტომ, რომ ძველი ყველაფერი პრაქტიკულია და დიდხანს ძლებს. აი, ეს უთო, მაგალითად, 1952 წლიდან მიჭირავს ხელში, 25 წელია მისთვის სპირალი არ გამომიცვლია. როგორ გგონიათ, ახლანდელი უთო ამდენ ხანს გაძლებს?“
ვანო გოგშელიძე
ფანდურის ოსტატი
პირველი ინსტრუმენტი 13 წლისამ გააკეთა. რბილი, მაგარი და ყველაზე გავრცელებული კურკოვანი ხეებისგან ფანდურის გამოთლა დაიწყო და მას მერე უამრავი სიმიც გააბა. ახლა ოთხმოცდაოთხის არის, ისევ ექვს დანაყოფიან ფანდურს აკეთებს და საკრავის დამზადების ტექნოლოგიას შეგირდებსაც უზიარებს. პირველი იყო, ვინც ქართულ ფანდურში ჩუქურთმა გამოიყენა. მისი ნამუშევრები უცხოეთშიც მოხვდა.
- „პირველ კლასში ვიყავი, პირველად რადიოს ხაზი რომ გამოიყვანეს და მახსოვს, დილაობით ფანდურზე შესრულებულ ქართულ ხალხურ სიმღერებს რომ უშვებდნენ, ძალიან მომეწონა ამ საკრავის ხმა. მამაჩემი დურგალი იყო, მეც ბავშვობიდან ხელმარჯვე ვიყავი და, ალბათ, ეს საქმეც ამიტომ გამომივიდა. ადრე სიმებს თხის ნაწლავისგან ვაკეთებდით, თუ გაცვდებოდა ნიორს ვუსვამდით ხოლმე და ტკბილ ხმასაც გამოსცემდა. ახლანდელ ფანდურს კი სიმი შეუცვალეს და უწინდებური ჟღერადობა აღარ აქვს... მერე დაკვრაც ვისწავლე და სხვებსაც ვასწავლი. საკრავების მუზეუმთან ვთანამშრომლობდი, მაგრამ შემამცირეს და უმუშევარი დავრჩი, ახლა სულ სახლში ვმუშაობ ჩემს პატარა სახელოსნოში.“
![]() |
10 სხვების ოცნებებში |
▲ზევით დაბრუნება |
ფოტო-პროექტი
ავტორი, ფოტო: CANDYCACTUS
WWW.CANDYCACTUS.NET
შესავალი
CandyCactus სინამდვილეში არის ერთი კარგი ლიტველი გოგო, ეველინა, რომელიც გასული წლის ნოემბერში ველოსიპედით ჩამოვიდა თავისი შორეული სამშობლოდან (დაახლოებით ხუთი ათასი კილომეტრი) და დამირეკა და მითხრა - ჩემი გულის გასახეთქად, ქართულად, - რომ ჩემი სახლის ქვეშ დგას, რაც თეორიულადაც კი სრულიად შეუძლებელია, მაგრამ ჰა... მას აქეთია, მიდის-მოდის და საქართველოში, სახლში ბრუნდება, და რომ წარმომიდგენია, რომ ერთ დღეს შეიძლება სულ წავიდეს, ცოტა ცუდად ვხდები.
წელს, ოქტომბრის ბოლოს, მე კი ცოტა ვიღელვე, მაგრამ ეველინა აფხაზეთში იყო და ეს ფოტოსურათები ჩამოიტანა. მას ამ მხარის შესახებ უსასრულოდ შეუძლია მოყოლა, და არა ისე, როგორც ტურისტს, ცნობისმოყვარე უცხოელს ან ანაზღაურების იმედად მყოფ ჟურნალისტს - სულ სხვანაირად. რა ბევრი გავაგრძელო - თავად ნახეთ.
ანა კორძაია-სამადაშვილი
სანაპიროზე ქვიშა
არაფერს მეუბნება -
პლასტიკის პარკებს ვხედავ.
ზღვაში ნაფოტს დავწვდი და
ვცდილობ ის ოცნებები ვიოცნებო
რომლებიც ხშირად მოუყოლიათ.
მაგრამ
სხვების ოცნებები ვერ მოვიხელთე
გარეული ცხენებია, ასე ადვილად
ვერ მიწვდები.
ვდგავარ მწვანეში
პატარა ხეებთან
სასტუმრო აფხაზეთის ფანჯრებში
რომ მოჩანს. ნეტა უწინ
ვინ გადმომხედავდა?
მხოლოდ მწვანეს ვხედავ
და მერე ლურჯს. რა იოლია.
ისიც ოცნებებზე სანადიროდ გამოსულა
სანაპიროზე მარტო კაცი
გასცქერის ხაზს, იქ, სადაც ზღვა
ცად გადაიქცევა - ეს ხაზი არ შეცვლილა
იმ დროიდან, როცა ამბობდნენ
„დიოსკურია“
აი, აქაა, ბებერი, დაღლილი მხეცივით
ისეთია, რომ მიხვდები - დიოსკურული
თავს წყალში ჩინებულად გრძნობს
როგორც საკუთარ სახლში.
გეგონება, დიდი თამაში იყო,
ბანქო აირია,
და ხალხს და სახლებს ვეღარ დაამთხვევ,
და ასე გადადის ხელიდან ხელში
ბანქო, დიდ მოთამაშეთა ხელიდან ხელში.
ხან გაუვარდებათ,
ხან გაიჭრება,
ხანაც ჯიბეში ჩაიდებს ვინმე
ბანქო მსუბუქია და მაცდური
ერთ ადგილას ვერასდროს დატოვებენ.
„პიტომნიკის“ მაიმუნები სახეზე ვერ ვნახე.
- შესვლა ფასიანია, მითხრა მრგვალმა,
მკაცრმა რუსის ქალმა
იმდროინდელი სიმკაცრით,
სულ ერთია, ვილნიუსში იქნებოდა,
პეტერბურგში თუ ბაქოში.
ვფიქრობ, მხოლოდ ესენი არიან
ვისაც წლებია
სახლი არ შეუცვლიათ
კარგია, ნეტა, გალიაში ცხოვრება
ომამდე, ომის დროს, ომის შემდეგ -
ამ კითხვას არ ვსვამ.
საჭმელი კი ჰქონიათ, აბრაზე წერია.
ჯობს ხალხი ვნახო სახეზე.
ქუჩაში. შესვლა აქაც ფასიანია:
ამ ქუჩას ვერასდროს დავივიწყებ,
ქუჩას და სიჩუმეს. როცა ჟურნალისტურ,
ბანალურ კითხვას ვსვამ -
ქართველებზე რას ფიქრობთ?
დუმან. უკომენტაროდ.
ნაზად და დაღლილები იღიმებიან.
თამაში დამღლელია. როგორც ფეხბურთელისთვის
რომელსაც ფრენბურთს ათამაშებენ.
ყველას ის, რაც ეკუთვნის.
ისტორია ქვების გროვაა.
ყველა თითო ქვას იღებს გროვიდან
და ზევიდან დებს,
ამბობს - ასეა.
მარტო ის ჩანს, რაც ზევით დევს
თუმცაკი დიდი გროვაა.
მოგონებები კლავს,
მოგონებები კურნავს.
რა დევს გროვაზე?
წყალში რა გადავაგდოთ?
![]() |
11 თავისუფლების დღიურები |
▲ზევით დაბრუნება |
ავტორი: იაგო კაჭკაჭიშვილი
ფოტო: ლევან ხერხეულიძე
28 ოქტომბერი, კვირა
კვირა დღე წინა დღეებში მიღებული გადაწყვეტილების შესრულებით იწყება: საუზმის შემდეგ მთელი ოჯახი (მე, ჩემი ცოლი და ბავშვი) რუსთავში მივემგზავრებით დედაჩემის სანახავად, რომელიც, უკვე რამდენიმე წელია, იქ მარტო ცხოვრობს. რუსთავი ჩემი ბავშვობის ქალაქია, აქ დავიბადე და საშუალო სკოლაც აქ დავასრულე. მიუხედავად ამისა, ვერაფრით ვუწოდებ ამ ქალაქს მშობლიურს, არასოდეს მქონია მის მიმართ ნოსტალგიის განცდა მას შემდეგ, რაც თბილისში დავსახლდი. ბევრი რამით შემიძლია ეს ავხსნა, უბრალოდ, ახლა ამის დრო არ არის…
დედასთან გამგზავრება, გარდა იმისა, რომ ერთმანეთის მონატრებას უკავშირდება, მისი არსებობისთვის საჭირო სურსათ-სანოვაგის ჩაზიდვასაც ემსახურება. დედა, კარგა ხანია, პენსიონერია და ისიც კარგა ხანია, ცხადზე ცხადია, რომ მხოლოდ პენსიის ამარა მისი დატოვება, უბრალოდ, მის გაწირვას ნიშნავს. მისი „გაპენსიონერება“ დაახლოებით სსრკის ნგრევის პერიოდს დაემთხვა, ჰოდა, 40-წლიანი თავდაუზოგავი შრომის საფასურად, უბადრუკი პენსია შერჩა (უმადურობაც ამას ჰქვია). მისთვისაც (და ჩვენთვისაც) კარგა ხანია, გაცვდა და გახუნდა ნაციონალური იდეოლოგიით ნაკვები, ერთ დროს ძალზე პოპულარული, კულტურული სტანდარტი: ყველა სიდუხჭირესთან შეგუება საქართველოს დამოუკიდებლობის სანაცვლოდ. მას (ისევე, როგორც ჩვენ) ისეთი დამოუკიდებელი საქართველო უნდა, სადაც პენსიაში გასულ ადამიანებს საკუთარი შემოსავლით შეეძლებათ ღირსეულად ცხოვრება. უკვე ბევრი წელია, უფროსი თაობის ჩვეულებრივი ადამიანების უმრავლესობის არსებობა მთლიანად დამოკიდებული გახდა სხვაზე (მეტწილად, უმცროს თაობებზე). ასეთი ეკონომიკური მიჯაჭვულობა და სუბორდინაცია უთუოდ აჩენს რაღაც ფსიქიკურ ან სოციალურ დევიაციებს: არაა ნორმალური, როდესაც ბებია საკუთარი შვილიშვილისთვის სათამაშოს შვილის მიერ მიცემული ფულით ყიდულობს. კიდევ კარგი, ჯერ კიდევ ტრადიციულ საზოგადოებაში ვცხოვრობთ, სადაც სამ თაობას შორის კავშირი (ე.წ. „გენარაციულობა“) ისევ იტანს ზღვარგადასულ ფამილარობას და - როგორც ერთი სოციოლოგი იტყოდა - „არაკალკულირებად“ ურთიერთობებს...
რუსთავში შესვლისთანავე თვალში გეცემა სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებით გამოწვეული აურზაური. ზოგიერთი ცვლილება ფუნდამენტურია (მაგალითად, გზებს აგებენ), ზოგიც, წმინდა კოსმეტიკური (ფასადებს ღებავენ). ცდილობენ, საბჭოთა არქიტექტურის მახინჯ სახლებს შორის განსხვავება ჭრელა-ჭრულა ფერებით შექმნან, მაგრამ, რად გინდა?! როგორც იტყვიან, ეს ყველაფერი მკვდრისთვის გაკეთებულ ფერუმარილს ჰგავს.
სახლში გვიან საღამოს ვბრუნდებით. გადავწყვიტე, „დროებას“ ვუყურო. პირველივე სიუჟეტი მძაფრი და სკანდალურია: ოპოზიციურმა პარტიებმა კოლექტიური მსვლელობა და მიტინგები მოაწყვეს სამეგრელოში. ზუგდიდში ამ შეკრებებს მშვიდობიანად არ ჩაუვლია: რამდენიმე სრულიად ეგზალტირებული ადამიანისაგან შემდგარი ბრბო უკვე დაშლილ მომიტინგეებს (მათ შორის, ოპოზიციურად განწყობილ დეპუტატებს) თავს ესხმის და სასტიკად სცემს. პოლიცია იქვეა და, ძირითადად, იმითაა დაკავებული, რომ - ჯიბეებში ხელებჩაწყობილი - სეირს უყურებს. ისმის უშვერი გინება, ყვირილი, ხავილი... ღმერთო ჩემო! თითქოს დრო გაიყინა, არაფერი შეცვლილა, ეს ყველაფერი ხომ უკვე იყო. იყო ერთხელ, ათჯერ, ასჯერ, ათასჯერ... ასეთი ცემა-ტყეპისა და ისტერიის ფონზე, ვფიქრობ, ისეთი ცნებები, როგორიცაა „პოლიტიკური კულტურა“, „სამოქალაქო საზოგადოება“, „სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება“ და ა.შ. მხოლოდ იარლიყებია, რომლებიც შინაარსით აბსოლუტურად პრემოდერნულ ურთიერთობებს მხოლოდ ფასადურად ეკვრის (მახსენდება ჰობსისეული „ომი ყველასი ყველას წინააღმდეგ“).
კიდევ ერთი ეფექტური განცხადება, რომელიც „დროებაში“ გაისმა და პატარკაციშვილს უკავშირდება: პატარკაციშვილი იღებს გადაწყვეტილებას, ოპოზიციური საპროტესტო ქმედებები ფინანსურად უზრუნველყოს. უნებურად ჩნდება, შესაძლოა, ზედაპირული, მაგრამ ადეკვატური პარალელი: „ვარდების რევოლუციის“ ფინანსური (და, გარკვეულწილად, იდეური) გარანტი ჯორჯ სოროსი იყო, ახლა იმავე ტვირთს პატარკაციშვილი იკიდებს - იმავე იდეოლოგიური დატვირთვით: საქართველოში დემოკრატიას შველა სჭირდება. ახალი (თუმცა, ცუდად დავიწყებული ძველი) ექსპერიმენტი იწყება?
მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი ჯადოსნურ წრეში ტრიალს ჰგავს, მაინც ვცდილობ, უახლოეს წარსულსა და აწმყოს შორის რაიმე იმედისმომცემი განსხვავება ვიპოვო. მგონი მივაგენი: არ ხდება მიტინგებზე მოზღვავებული ენერგიის კონცენტრირება ერთი, ქარიზმატული ლიდერის (თუ, ბელადის?) მიმართულებით, არ ისმის ხმაშეწყობილი „ზვი-ა-დი, ზვი-ა-დი“ ან „მი-შა, მი-შა“... ახლა თითქოს „ჩვეულებრივი“ (და არა „ზეკაცებად“ მონათლული) პოლიტიკოსების სიმრავლეშია გაბნეული მხარდაჭერის აქცენტები, თითქოს „ერთი ცენტრი“ დაშლილია ღარიბულ, თუმცა, მაინც მოზაიკურ სურათად, რომელშიც სხვადასხვა ფერი ერთმანეთის დაბალანსებას ცდილობს. ეს „აღმოჩენა“ ცოტა მართობს, მამშვიდებს და მომწონს კიდეც.
29 ოქტომბერი, ორშაბათი
დღეს ორშაბათია, „მძიმე დღე“. თუმცა, ჩემთვის მაინც ნაკლებად მძიმე, რადგან უნივერსიტეტში („ჯავახიშვილში“) ლექციები არ მაქვს. მაინც დილიდან მივდივარ, რადგან სხვა უამრავი მოსაწყენი და ზოგიც საინტერესო საქმე მელოდება. ამ უკანასკნელთა შორის, სოციოლოგიური კვლევის შედეგების ანალიზიც იკავებს ადგილს. ეს კვლევა საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლების უფროსკლასელებში ჩატარდა და AIV/ შიდსის, ნარკომანიისა და უსაფრთხო სექსის პრობლემებს მიეძღვნა. ჩემს წინ უამრავი მონაცემია, რომელთა ინტერპრეტაცია ძალიან დამღლელია, მაგრამ, უაღრესად საინტერესო. მასობრივ სოციოლოგიურ კვლევებს (თუკი, რასაკვირველია, ისინი ყველა წესის დაცვით ჩატარდა) ერთი უდავო უპირატესობა და ხიბლი აქვს: უფლება გაქვს, მონაცემებს შეხედო, როგორც ობიექტურს, ანუ კოლექტიური ცნობიერების გამოხატულება განიხილო როგორც „სოციალური ფაქტი“ (ე. დიურკემი) და მას დაეყრდნო საკუთარ მსჯელობებში. სტატისტიკა მართლაც ერთგვარი საყრდენია, აღვირია, რომელსაც ძალუძს შენი ფანტაზიები და ვარაუდები მოთოკოს და რეალობას არ დაგაშოროს. ეს ის შემთხვევაა, როდესაც რიცხვები ქმნიან წესრიგს.
ერთი ძალზე შემაშფოთებელი ფაქტი კვლევის მონაცემებიდან: ანონიმურად გამოკითხულ მოსწავლეთა თითქმის 3%25 აღიარებს, რომ ერთხელ მაინც გამოუყენებია ნარკოტიკი შპრიცით (ანუ, ინტრავენურად). სხვა პრობლემასთან მიმართებაში, ასეთი პროცენტული წილი მხედველობაში მისაღები არ იქნებოდა, მაგრამ ამ შემთხვევაში - უთუოდ ყურადღებამისაქცევია. რა თქმა უნდა, თვითაღიარებით მიღებული მონაცემი ვერ იქნება ბოლომდე სანდო - რესპონდენტი შეიძლება ნარკოტიკებთან თავის კავშირს მალავდეს, ან, პირიქით, „იბრალებდეს“, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ნარკოტიკებთან ზიარების ასაკი საქართველოში დაბლა იწევს.
საღამოს მეგობრები კოლექტიურ ხინკლის ჭამას ვაწყობთ მორესტორნო „ტიფლისში“ (საარბრიუკენის მოედანზე). ამ გადაწყვეტილების კატალიზატორი წინა დღით ბარბარას მიერ გამოთქმული წუხილია ხინკლის მონატრებასთან დაკავშირებით. მქონი, ეს ერთია იმ იშვიათ რიტუალთაგან, რომელიც ჩემს ძვირფას გერმანელ მეუღლეს ჯერ კიდევ არ მოსწყენია საქართველოში. როგორც ხშირად ხდება, სუფრასთან (ჩემი მოუგვარებელი საქმეების გადამკიდე), ვაგვიანებ. ხინკლის ერთი პარტია ჩავლილია და ჩემი მეგობრები, ლუდისა და არყის შეზავების გამო, სახეწამოწითლებულნი და აჟიტირებულნი გამხდარან. რესტორნის ზურზუტს კიდევ უფრო აბსურდულ სანახაობად აქცევს ჩართული ტელევიზორიდან საინფორმაციო გადაცემის წამყვანის გაბმული ხმა და პოლიტიკოსთა ჩართვები. დიახ, ბატონებო, ყველაფერი კვლავ რედუცირდება „ცხელ“ ინფორმაციაზე, ყველაფერს ისევ დაკრავს პოლიტიკის გემო, ხინკალსაც კი!
30 ოქტომბერი, სამშაბათი
სამშაბათი ჩემთვის ლექციების დღეა. „სეანსი“ 8:30-ზე იწყება. მომდევნო - 16:30-ზე. შუალედში დიდი „ფანჯარა“ მაქვს, რომელსაც სხვადასხვა მიმდინარე საქმით ვავსებ. თუმცა, მანამდე სახლში ავრბივარ (ჯანაშიას ქუჩაზე) და ვცდილობ, დილით გაცდენილი საუზმე ავინაზღაურო. ჩემი ცოლი არაჩვეულებრივ რძიან ყავას ხარშავს (ე.წ. „ლატეს“) და ჩემთვის დილა ამ ყავის და ნოყიერი საუზმის გარეშე უკვე წარმოუდგენელია. სისხამ დილით საუზმის რიტუალი (რომელიც გერმანელებისთვის წმიდათაწმიდაა), ქართულ და გერმანულ (შესაბამისად, ჩემი და ბარბარას) კულტურათა შორის განსხვავების ერთ-ერთი ის გამოხატულებაა, რომელიც მე უმტკივნეულოდ გავითავისე. თუმცა, ვფიქრობ, სანაცვლოდ ათჯერ უფრო მეტი კომპენსაციაც მივიღე: ბარბარას შეუძლია, ქართულად მესაუბროს, ხოლო მე წინადადებასაც ვერ ვმართავ გერმანულად. ჩემი მეუღლის სასახელოდ უნდა აღვნიშნო, რომ ქართულის სწავლა მას ქართველი მეუღლის პატივსაცემად არ დაუწყია. ის უკვე ექვს წელზე მეტია, საქართველოში ცხოვრობს (აქედან 5 წელი DAAD-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელად მუშაობდა) და თავიდანვე შეუდგა ქართული ზმნის ლაბირინთებში გარკვევას. ასე რომ, როდესაც ოთხიოდე წლის წინ ერთმანეთს შევხვდით, მისით მოხიბვლის არცთუ უმნიშვნელო საფუძველი ბარბარას მიერ ქართული ენის შესწავლისკენ ლტოლვა აღმოჩნდა. და მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ სიტყვებსაც ამახინჯებს (მაგ. „გძინავდი“ „გეძინას“ ნაცვლად; ან „გეპატიჟებული ხარ“ „დაპატიჟებული ხარ“-ს ნაცვლად და მისთ.), ასეთი „გადაცდომები“ არა მხოლოდ მართობს, არამედ მეუღლისადმი სიყვარულს კიდევ უფრო მიმძაფრებს. ჩვენი ქალიშვილი კრისტინა (რომელსაც ჯერ 2 წელიც არ შესრულებია), ჯერჯერობით მხოლოდ ლინგვისტური ნიჭიერების თვალსაზრისით, აშკარად ამართლებს ცნობილ გამოთქმას: „ის ურჩევნია მამულსა...“, რადგან თანაბარი წარმატებით ეუფლება ერთდროულად სამ ენას: ქართულს, გერმანულს და რუსულს (რუსულენოვანი ძიძის წყალობით). საინფორმაციო საშუალებები შემაშფოთებელ ცნობას ავრცელებენ: სამეგრელოში, სოფელ განმუხურთან მდებარე პატრიოტთა ბანაკში რუსი სამხედროები შეიჭრნენ და ქართველ პოლიციელებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს... იმით, რაც შემდეგ მოხდა და, განსაკუთრებით, ქართველი პრეზიდენტისა და მისი ამალის გამბედაობით (ისინი ცხელი მოვლენების ეპიცენტრში აღმოჩნდნენ) ნამდვილად მოვიხიბლებოდი, რომ არა აბეზარი ჟურნალისტები, რომლებმაც პრეზიდენტის ამალაში მოგვიანებით დათა ახალაიას ფიგურა დალანდეს: ეს საშიში კაცი პოლიტიკურ ასპარეზს კარგა ხნის ჩამოშორებული მეგონა...
რამდენიმე სიტყვა - ტელეკომპანია „იმედზე“. უკვე რამდენიმე წელია, ეს ტელეკომპანია მედიის რეიტინგულ კვლევებში აშკარა ლიდერია. დარწმუნებული ვარ, ასეთ შედეგებს „იმედმა“ ობიექტური საინფორმაციო პოლიტიკის გამო მიაღწია. უნდა დავაზუსტო: ობიექტურობა, მედიასთან მიმართებაში, ჭეშმარიტი პოზიციების ძიებაში კი არ გამოიხატება, არამედ, უპირველესად, სხვადასხვა (თუნდაც, დაპირისპირებული) თვალსაზრისის პრეზენტაციაში, ანუ არატენდენციურობაში (მეტ-ნაკლებად, რასაკვირველია). ჩემი ღრმა რწმენით, „რუსთავი 2“-ის (რომელიც მედიასივრცეში 2003 წლამდე ყოველთვის ლიდერობდა) რეიტინგმა მას შემდეგ იწყო ვარდნა, რაც ის ერთმნიშვნელოვნად ჩადგა ერთი პოლიტიკური ჯგუფის სამსახურში და გახდა უკიდურესად ტენდენციური (ასეთ პოლიტიკას, სამწუხაროდ, „რუსთავი 2“ დღემდე ატარებს, მოჩვენებითი ობიექტურობის პრეტენზიით). ახლა ამ რისკის ზღვარზე „იმედი“ დგას. ჩემი აზრით, მას უკვე შეუჩნდა ტენდენციურობის ჭია...
თბილისში (და მთელ საქართველოში) სულ უფრო მძაფრდება 2 ნოემბრის მოლოდინი...
31 ოქტომბერი, ოთხშაბათი
ვერაფერს ვერ ვასწრებ. მუდმივად მაწუხებს ცაიტნოტის განცდა. მართალია, დღეს ლექციები არ მაქვს, მაგრამ სამსახურში (უნივერსიტეტს ვგულისხმობ) იმდენი წვრილმანი, რუტინული საქმის შესრულება მიწევს, რომ დღე თვალსა და ხელს შუა მეცლება. მიუხედავად იმისა, რომ იყო საინტერესო შეხვედრებიც (მაგალითად, საყვარელი ნინო დანელია სამსახურში მესტუმრა და ქართული მედიის წარმომადგენლების ღირებულებითი ორიენტაციების კვლევის დეტალებზე ვისაუბრეთ), საბოლოო ჯამში მაინც ისეთი განცდა მაქვს, თითქოს ძალიან მშიერი ვიყავი და უგემური საჭმლით დავნაყრდი.
საღამოს რვა საათისთვის სახლში ვბრუნდები და იმწამსვე ტელევიზორს ვრთავ, იმ იმედით, რომ საინტერესო ამბებს მოვისმენ. უკვე კარგა ხანია, ერთი გასართობი მაქვს: სხვადასხვა არხზე საინფორმაციო გადაცემების ერთმანეთთან შედარება. ეს მეთოდი ჩემთვის საუკეთესო საშუალებაა, რომ პოსტმოდერნული პარადიგმის ლეგიტიმურობაში დავრწმუნდე: არ არსებობს რეალობა თავისთავად, იგი ისეთია, როგორადაც მისი ინტერპრეტაცია ხდება. ხოლო რამდენადაც ინტერპრეტაცია ბევრია, რეალობაც სხვადასხვანაირია. საბოლოო ჯამში, რეალობა სხვა არაფერია, თუ არა ტექსტი (ტექსტები), როგორც განსაზღვრული ლინგვისტური თამაშის პროდუქტი. განა ასე არაა? „იმედი“ ერთი და იმავე ფაქტის ერთ ინტერპრეტაციას გვთავაზობს, „რუსთავი 2“ - მეორეს, საზოგადოებრივი მაუწყებელი - მესამეს... რა ხდება სინამდვილეში? ასეთი შეკითხვის დასმა უსაზრისოა, სინამდვილე გაწოვილია ინტერპრეტაციაში, შეუძლებელია დისკურსისგან მისი გამოცალკევება და წარმოდგენა ობიექტურად, „თავისთავად“. მეორე მხრივ, მშვენივრად მესმის, რომ თუ ამ თვალსაზრისს ბოლომდე გავიზიარებ, მაშინ მომიწევს, უარი ვთქვა საკუთარი პროფესიის ლეგიტიმურობაზე. სოციოლოგობა შესაძლებელია მხოლოდ იმ პრინციპული დაშვების საფუძველზე, რომ ობიექტურობა (თუნდაც, ემპირიული, ანუ დრო-სივრცული) არსებობს, ე.ი. შესაძლებელია, ვისაუბროთ რეალობის ადეკვატურ და არაადეკვატურ ინტერპრეტაციაზე. სხვა საკითხია, რა არის ამ ადეკვატურობის კრიტერიუმი. ამაზე საუბარი ახლა შორს წაგვიყვანს. სოციოლოგებისთვის, მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი კრიტერიუმი საზოგადოებრივი აზრია (ანუ, როგორც ცნობილი სოციოლოგი იტყვის, „კოლექტიური ცნობიერება“). როდესაც, ვთქვათ, ერთ-ერთი არხის საინფორმაციო გამოშვება ბადრი პატარკაციშვილის კომპრომეტირებისათვის (იმის პასუხად, რომ „იმედის“ მართვის უფლებას იგი „ნიუსკორპს“ გადასცემს) არქივიდან იმ კადრებს უშვებს, სადაც პატარკაციშვილი წლების წინ ბათუმში ასლან აბაშიძეს ხვდება და მეგობრულად ხელს ართმევს; ხვდები, რომ ეს ცრუ ილეთია, არადამაჯერებელია და მიზანში ვერ ხვდება. მეორე მხრივ, როდესაც საჯარო (ანუ, საერო) სკოლის დირექტორის მიმართ გამოთქმული იმ შენიშვნის საპასუხოდ, რომ ასეთი სტატუსის მატარებელ სკოლაში მან საეკლესიო კაბით შემოსილმა არ უნდა იაროს, ტელეკომპანია შენიშვნის გამომთქმელს ანტიეროვნულობაში სდებს ბრალს, ესეც არაადეკვატური და არაობიექტურია. ბევრი ასეთი მაგალითის მოყვანა შეიძლება. ქართული ტელესივრციდან მოყვანილი ორივე ზემოაღნიშნული მაგალითი მე მეხსიერების არქივიდან არ ამომიქექია - დღეს საღამოს მოვისმინე ტელეეთერში, როდესაც სხვადასხვა ტელეარხით მოწოდებული ამბების შედარებით ვიყავი დაკავებული.
შუაღამის შემდეგ მივაშურე ლოგინს. მანამდე, ზვიად გამსახურდიას სიკვდილის შესახებ ჟურნალისტური გამოძიების მასალებზე აგებული ფილმის ყურება მინდოდა, მაგრამ ტახტზე მიმეძინა. ცოლი წუწუნებს და თან ინტერესით მეკითხება, თუ რა ჩავწერე დღევანდელ დღიურში. მოკლედ ვუყვები. „კი მაგრამ, ეს ხომ ძალიან ბანალურია!“ - ნამძინარევი ხმით მეუბნება. ცოტა ვბრაზდები, თუმცა, იქნებ მართალი შენიშვნაა? რას იზამ, ფაქტია, რომ დღეს ჩემს (ჩვენს) ცხოვრებაში არაბანალური არაფერი ხდება.
1 ნოემბერი, ხუთშაბათი
დღის პირველი ნახევარი სრულიად პროზაულ საქმეებზე დავხარჯე: ვეწვიე სხვადასხვა ოფისს მოსალოდნელ კვლევით პროექტებზე მოსალაპარაკებლად; მივეცი ინტერვიუ ქუთაისის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტებს, რომლებიც სასწავლო პროექტს ახორციელებენ, მოვაგვარე ადმინისტრაციული საქმეები დეპარტამენტში და ა.შ.
უკვე დღის მეორე ნახევარში უნივერსიტეტის კედლებშიც შემოაღწია მოძრავი მანქანებიდან გაკეთებულმა მოწოდებებმა 2 ნოემბრისთვის დაგეგმილ საპროტესტო აქციაში მონაწილეობის შესახებ. კიდევ ერთხელ ახმაურდა თსუ I კორპუსის ეზო, სადაც აბუნტებული სტუდენტები სხვების გადმობირებას ცდილობენ და - მშვიდობიანი ბრძოლის ნიშნად - თეთრ ლენტებს არიგებენ. ასეთ მოჯანყე ახალგაზრდებს შორის ჩემი სტუდენტებიც ურევია, რომელთაგან ერთ-ერთი, ირაკლი კახიძე, გამორჩეულად მიყვარს. ირაკლი ყოველთვის კარგად სწავლობდა და თან სოციალურად აქტიურიც იყო. ამ ბოლო ხანს აქტიურობას კიდევ უფრო უმატა. ამას წინათ ჩემთან მოვიდა და მკითხა, რას იტყვით „იმედის“ არხზე ჩემი გუშინდელი მწვავე გამოსვლის გამოო. მე ვუპასუხე, რომ ყოველთვის მომწონდა მისი გაბედულება, თუმცა, ისიც ხაზგასმით ვუთხარი, რომ არ მინდა, ეს ახალი სტუდენტური მოძრაობა „კმარას“ დაემსგავსოს, პირველ რიგში, უკიდურესი ექსტრემიზმის თვალსაზრისით. უწინდელი „კმარას“ აქტივისტებიდან ბევრი ახლა სახელისუფლო სავარძლებშია მოკალათებული და ისეთივე ირაციონალურობითა და დაუნდობლობით გამოირჩევა, როგორც მაშინ, 2003 წლის თბილისის ქუჩებში. უნივერსიტეტების აუდიტორიებიდან ისინი პირდაპირ მაღალ თანამდებობებზე დაინიშნენ სხვადასხვა სამინისტროსა თუ დეპარტამენტში. ასეთი „ნახტომი“ კარიერაში თვით მათთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა. ერთი ჩემი მეგობარი მიყვებოდა (მაშინ ის ერთ-ერთ ძალოვან სამინისტროში მუშაობდა), როგორ არბოდნენ კიბის ხუთხუთ საფეხურს აღტყინებული გუშინდელი „ქუჩის ბიჭები“ (ზოგი ისევ სტუდენტი იყო) და როგორ ჩაანაცვლეს მათით თითქმის ყველა გამოცდილი კადრი, იმის გაუთვალისწინებლად, თუ ვინ იყო ძველებს შორის კორუმპირებული და არაპროფესიონალი და ვინ - არა. ასე დაიწყო ასაკობრივი ცენზის ნიშნით ეგალიტარიზმის (სოციალური თანასწორობის) პრინციპის ხელყოფა, როდესაც უფუნქციო და უმუშევარი დარჩა ბევრი პროფესიონალი. რატომ უნდა გაუკვირდეს ვინმეს, თუ ასეთი ადამიანები ხვალ, პროტესტის ნიშნად, მომიტინგეებს შეერევიან? (თუმცა, ისიც კარგად ვიცი, რომ 2 ნოემბერს პარლამენტის წინ ისინიც დაიკავებენ ადგილებს, ვისაც სამსახური კორუმპირებულობის და არაპროფესიონალიზმის გამო დაატოვებინეს).
საღამოს სახლში ვბრუნდები და ახლა უკვე ტელევიზორში ვადევნებ თვალს საქართველოს რეგიონებიდან თბილისისკენ დაძრული მანქანების კოლონას, გამაყრუებელი სიგნალების თანხლებით. უგრძესი რიგია. ვერ შევადარებ (მაშინ ნიუ იორკში ვიყავი), მაგრამ სხვებმა მითხრეს, რომ „ვარდების რევოლუციის“ დროსაც კი არ ჩამოსულა თბილისში ამდენი ადამიანი. სერიოზულად ვშფოთავ - ყველაფერ ამას კიდევ ერთი რევოლუციის (უფრო სწორად, სახელმწიფო გადატრიალების) სუნი ასდის. სავსებით ვიზიარებ იმ ცნობილი სოციოლოგების პოზიციას, რომლებიც რევოლუციას „უტოპიურ სოციალურ ტექნიკას“ უწოდებენ. თუ ისტორიას გადავხედავთ, რევოლუცია ძალზე იშვიათად ყოფილა საზოგადოების პროგრესული განვითარების წყარო. ის მიზნად ყოველთვის ისეთ რამეს ისახავს, რისი განხორციელების რესურსებიც რეალურად არ არსებობს. ამიტომ, რევოლუციების შედეგი ხშირად იმაზე უარესია, რის შეცვლასაც ის ლამობდა. გარდა ამისა, რაც ჩემთვის ყველაზე მეტად მიუღებელია, ესაა რევოლუციასთან დაკავშირებული თვითნებობის, ყოვლისშემძლეობის, უკიდურესი რადიკალიზმის, უკომპრომისობისა და განუკითხაობის განწყობა. რევოლუციური პათოსი უკუაგდებს რაციონალურ განსჯას, კომპრომისს, განსხვავებული აზრებისა და პოზიციების დაბალანსებას. რევოლუციას მოაქვს ახალი სოციალური წესრიგი, რომელიც შეურიგებელია ალტერნატივების მიმართ. ძალიან მინდა „ვარდების რევოლუციის“ შემდგომ პერიოდში დავაფიქსირო ერთი საკვანძო შემთხვევა მაინც, როდესაც ხელისუფლებას, რომელიმე სფეროში, გაუზიარებია მისი პოზიციის რომელიმე ალტერნატივა. სამწუხაროდ, ასეთი შემთხვევა არ მახსენდება.
და რა გველის ახლა - ახალი რევოლუცია? ძალიან მძიმე პერსპექტივაა...
თუმცა, ოპოზიციის ლიდერთა სატელევიზიო გამოსვლები გარკვეული დამშვიდების საფუძველს მაძლევს: ისინი ღიად აცხადებენ, რომ შორს დგანან რევოლუციური განზახვებისაგან და ხელისუფლების უპირობო გადადგომას კი არ მოითხოვენ, არამედ საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას 2008 წლის გაზაფხულზე (შემოდგომის ნაცვლად), იმ ვადებში, რასაც კონსტიტუცია თავდაპირველად ითვალისწინებდა. ეს აშკარად არარევოლუციური მოთხოვნაა, თუმცა ცოტა ალოგიკურიც იმ ფონზე, რაც თბილისში ხდება. შესაძლებელია კი ხალხის ამოდენა ნაკადის მიერ გამოხატული წინააღმდეგობის პირობებში ზემოაღნიშნული დაბალანსებული მოთხოვნის ლეგიტიმურობის შენარჩუნება? ნამდვილად მიჭირს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა.
ამგვარი მძიმე ფიქრების შემდეგ, გასართობს თავად „იმედში“ გაშვებული ოდიოზური ტელერეკლამა გვაწვდის: გვთავაზობენ, შევიძინოთ წინასწარმეტყველ ლელა კაკულიას გაზეთი, რომელიც გაგვიმხელს, რა მოხდება ახლო და შორეულ მომავალში. ნამდვილად სასაცილოა, თუმცა, ცოტა სატირალიც…
2 ნოემბერი, პარასკევი
2 ნოემბერია. დილის 8:30-ზე ლექცია მაქვს პირველკურსელებთან თსუ-ში. ვცდილობ, სტუდენტებთან არ დამაგვიანდეს. თუმცა, ვგრძნობ, რომ რაღაც შეუსაბამოს ვაკეთებ, შეუსაბამოს იმ სიტუაციასთან, რაშიც ახლა ვიმყოფებით და რაც, აგერ უკვე ოცი წელია, პერმანენტულად გვახსენებს თავს. ეს ის ცნობილი ვითარებაა, როდესაც „მუზები სდუმან მაშინ, როცა ზარბაზნები ქუხს“. მახსოვს ხალხმრავალი მიტინგების ფონზე დადუმებული თეატრები, ჩაშლილი ლექციები, პოლიტიკით გაჟღენთილი ყოველდღიურობა... ოთხმოციანი წლების ბოლოს ეს ყველაფერი რომანტიკულიც კი იყო, ყველაფერი დანარჩენი ეროვნული დამოუკიდებლობის იდეით კომპენსირდებოდა, მაგრამ ახლა?..
სტუდენტები შედარებით ხალვათად, მაგრამ მაინც მოვიდნენ ლექციაზე. თავს ძალას ვატან და სწავლების პროცესში ვებმები, ვცდილობ კონცენტრირება განსახილველ თემაზე მოვახდინო. ლექციის თემა კულტურის სოციოლოგიური ანალიზია. სხვა პრობლემებს შორის, ისეთ საკითხსაც ვეხები, როგორიცაა კონტრკულტურა, როდესაც ამა თუ იმ ჯგუფის მასშტაბით აღიარებული ღირებულებები, წარმოდგენები, ქცევითი სტანდარტები და ა.შ. უპირისპირდება საზოგადოების დომინანტურ კულტურას. თავისთავად ჩნდება ანალოგია: ვინ არის ის ხალხი, რომელიც ახლა პარლამენტის წინ იკრიბება? კონტრკულტურის ნაწილია? იქნებ, პირიქით, თავად სახელისუფლო ჯგუფი და მისი მხარდამჭერები იქცნენ მარგინალებად?
დღეს სხვა ლექციაც მაქვს 12:30-ზე. ლექციის დამთავრება მიტინგის დაწყების ოფიციალურად გამოცხადებულ დროს ემთხვევა. სამსახურში, თანამშრომლებთან ერთად, ტელევიზორს ვრთავ. უამრავი კომენტარის ფონზე, თვალს ვადევნებთ მოვლენების განვითარებას. პარალელურად სხვადასხვა ადმინისტრაციულ საქმესაც ვაგვარებ. პირდაპირ აღფრთოვანებული დავრჩი ნინელი ჭანკვეტაძის ღირსეული გამოსვლით. დაახლოებით ხუთი საათისთვის მე და ლიკა მეზვრიშვილი (ჩემი თანამშრომელი და მეგობარი) უნივერსიტეტიდან გავდივართ და პარლამენტის შენობისკენ მივემართებით, გზაში ჩემი უახლოესი მეგობრები ბესო და დევიდი გვიერთდებიან. „რუსთაველის“ მეტროსთან უკვე შეიმჩნევა ფეხით მოსიარულეთა ინტენსიური ნაკადი. ზოგი ბრუნდება მიტინგიდან, ზოგიც, პირიქით, იქით მიემართება. იოლად გამოარჩევ რეგიონებიდან ჩამოსულ ადამიანებს: დაღლილი და, ამავდროულად, აჟიტირებული, შემოდგომის მზედაკრული სახეები, რაღაცნაირად ტლანქი და გაბრაზებული გამოხედვა, მეტწილად შავი ჩაცმულობა... ჩემი საყვარელი სოფელი მახსენდება, გაჭირვებისა და შრომისაგან გატეხილი ადამიანები. უკვე თითქმის სამი წელია, არ ჩავსულვარ. გული მეკუმშება.
პარლამენტის შენობას იმ დროს ვაღწევთ, როცა სიტყვას ბადრი პატარკაციშვილი ამბობს. პატრიოტული სულისკვეთებით და კორექტულად საუბრობს. ახლა ნამდვილად არ ვარ იმ განწყობაზე, რომ ეჭვი შევიტანო პატარკაციშვილის გულწრფელობაში და მისი სიტყვების უკანა აზრი ვჩხრიკო. ამ მოვლენების მთავარი აქტორი პატარკაციშვილი არ არის, არამედ ის ათიათასობით ადამიანია, რომელთაც, რაც უნდა ბნელი უწოდო, ვერაფრით შეკრებ მოტყუებითა და მოსყიდვით. დიახ, ეს უამრავი ხალხი მათში გაჩენილმა პროტესტის მწვავე გრძნობამ შეყარა ერთად და ამ პროტესტს ხელისუფლებამ ყური უნდა დაუგდოს...
მიტინგზე კობა დავითაშვილი გამოდის და გვამცნობს, რომ ხელისუფლებამ ისურვა დიალოგის გამართვა და ეს შეხვედრა მალე გაიმართება. ოჰო, ეს უკვე იმედისმომცემი სიახლეა! მე და ჩემი მეგობრები ვიღებთ გადაწყვეტილებას, მიტინგი დავტოვოთ და ტელეარხებიდან მივიღოთ ინფორმაცია კულუარულ და კაბინეტებში განვითარებულ მოვლენებზე. უკან, სახლისკენ მიმავალ გზაზე, ტელეფონით დედაჩემს ვეხმიანები. აშკარად გაღიზიანებულია, არ მოსწონს ასეთი ექსტრემიზმი, არ მოსწონს ის, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები არაფერს ამბობენ იმ სიკეთეებზე, რაც ამ ხელისუფლებამ გააკეთა. არაფერს ამბობენ იმაზე, რომ ახლა ხალხი აღარ იტანჯება უდენობით, უწყლობით, უგაზობით, რამდენი რამ აშენდა, გზები დაიგო და ა.შ. ჰო, ეს ყველაფერი საქართველოს ბევრი რეგიონისთვის გაკეთდა. მეტიც, კიდევ სხვა კონკრეტული პოზიტივების დამატებაც შეიძლებოდა (მაგალითად, ჩემთვის აქტუალურია, რომ მისაღები გამოცდების ორგანიზება განათლების ეროვნულ ცენტრს დაექვემდებარა. ამან უდავოდ მოშალა უმაღლეს სასწავლებლებში გამეფებული კორუფციის უზარმაზარი მასშტაბები). და, მართლაც, იქნებ უმადურობაა ამ სიკეთეების არხსენება და მიფუჩეჩება? მაინც მაღიზიანებს დედაჩემის ცოტა არაადეკვატური ოპტიმიზმი და ვახსენებ, რომ: ა) მისი პენსია 48 ლარს შეადგენს და რომ არა შვილების მიერ რეგულარულად გაწეული ფულადი დახმარება, სურსათით, მედიკამენტებითა და ტანსაცმლით უზრუნველყოფა, მტანჯველ შიმშილს და ავადმყოფობას თავს ვერ დააღწევდა; ბ) ჩრდილოეთ გერმანიაში (როგორც ეს ბარბარამ მითხრა) დღესაც ხელუხლებელია ჰიტლერის ხელისუფლების მიერ დაგებული გზები; გ) მისი საკუთარი ქალიშვილი (ჩემი და) უმუშევრობას ამერიკაში გაექცა და უკვე მეოთხე წელია, შავ შრომას ეწევა და ა.შ. თუმცა, ისიც მესმის, რომ დედაჩემისთვის ათვლის წერტილი სხვაა და იმ დროს უკავშირდება, როდესაც რუსთავს დენი საერთოდ, ან დღეში ორიოდე საათით ეძლეოდა, გაზი თვეობით არ იყო და სასმელ წყალს ეზოდან ეზიდებოდნენ. ჩემი ათვლის წერტილი კი სხვაა და საზოგადოების ისეთ მოდელს უკავშირდება, სადაც, პირველ რიგში, სასამართლო ხელისუფლების ავტონომიურობაა უზრუნველყოფილი. რა თქმა უნდა, ასეთი საზოგადოება თავის წინაპირობად უთუოდ გულისხმობს საბაზისო მატერიალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას...
ტელეარხებით მოწოდებული ინფორმაციის თანახმად ირკვევა, რომ ხელისუფლება არანაირ კომპრომისზე არ მიდის. მათ წარმომადგენლებს ეკრანზე ისეთი გამომეტყველება აქვთ, თითქოს გარეთ არაფერი განსაკუთრებული არ ხდებოდეს, თითქოს ეს ხალხის რიგითი შეკრება იყოს. არავინ ფიქრობს, მიმართოს ათიათასობით ადამიანს, ანგარიში გაუწიოს მათ პროტესტს. პირიქით, ამ ფაქტს თავიანთ სასარგებლოდაც კი იყენებენ, იმის დასადასტურებლად, თუ როგორ „ყვავის“ საქართველოში დემოკრატია. ამაზე დიდი ცინიზმი წარმოუდგენელია. მე კარგად მახსოვს, როგორ მგზავრობდა მეტროს მატერებლებით მიხეილ სააკაშვილი და ხალხს სთხოვდა, პრობლემურ საკითხებზე წერილები მიეწერათ მისთვის, ხალხს კი ამ პრობლემების გადაჭრას ჰპირდებოდა. ახლა ამდენი ადამიანი მთლად პრეზიდენტის კარზეა მისული, მას კი კარები საგულდაგულოდ აქვს ჩაგმანული. როგორც ჩანს, საქართველოს პრეზიდენტი ერთგულად მისდევს იმ იდეოლოგიას, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება უკვე ოთხი წელია ახორციელებს. რა მაქვს მხედველობაში? დაახლოებით ნახევარი წლის წინ ჰაინრიხ ბიოლის ფონდში გამართულ დისკუსიაში ნიკა გვარამიამ დაუფარავად განაცხადა: „ჩვენი ხელისუფლება არსებობს ხალხისთვის, მაგრამ ხალხისაგან დამოუკიდებლად“ (მახსოვს, როგორ გააბრაზა ამ ფრაზამ ჩემი მეგობრები ლელა გაფრინდაშვილი და მემარცხენე გოგი გვახარია). რას ნიშნავდა მაშინ ეს განცხადება? ეს იყო ცალსახად გამჟღავნებული პრეტენზია იმისა, რომ „ვარდების რევოლუციამ“ ხელისუფლების სათავეში მოიყვანა პოლიტიკური ელიტა, რომელსაც შემუშავებული აქვს ქართული საზოგადოების პროგრესული განვითარების ეფექტური მოდელი ყველა სფეროში. ხელისუფლებამ ეს მოდელი დაჩქარებული ტემპებით უნდა განახორციელოს და არ იკითხოს (არ დაინტერესდეს), რამდენად მოდის თანხმობაში რეფორმების ეს კურსი საზოგადოებრივ აზრთან. სხვა სიტყვებით, ეს ნიშნავდა იმას, რომ „ჩვეულებრივ“ ადამიანებს არ გააჩნიათ მზაობა პროგრესული ცვლილებებისადმი, ჩვენი საზოგადოების უმრავლესობა ინტელექტუალურად დაბალ დონეზეა, ხელისუფლება ვერ დაელოდება საზოგადოებრივი ცნობიერების დონის ამაღლებას და მან უნდა იმოქმედოს ისე, რომ არ გაითვალისწინოს საზოგადოების რეაქცია. ჩემთვის წარმოუდგენელია პოლიტიკური სნობიზმის ამაზე უფრო დიდი გამოვლინება. დღევანდელმა მოვლენებმა დაგვანახა, რომ ახლაც ასე გრძელდება, ხელისუფლებას არ აინტერესებს, რას ფიქრობენ „ჩვეულებრივი“ ადამიანები. სხვათა შორის, ასეთი განწყობა უფრო „პოეტურად“ გაამჟღავნა „ციდან მოსულმა“ (მისივე სიტყვებია) და მთავრობის მომხრე პოეტმა დავით (დეფი) გოგიბედაშვილმა, რომელიც ერთ-ერთ ტელეარხზე დაჟინებით ამტკიცებდა, რომ საქართველოში ერთ ჭკვიანზე ათი-თხუთმეტი იდიოტი მოდის?! რომ იტყვიან, კომენტარი ზედმეტია.
დღევანდელი დაძაბული დღის ერთგვარი განმუხტვა იყო გვიან საღამოს ჩემთან შეკრებილი მეგობრები: ჭიქა ღვინით გზა დავულოცეთ ლონდონში მიმავალ ბესო უზნაძეს (რომელმაც ცოტა ხნის წინ მეორე - ბრიტანეთის მოქალაქის პასპორტი მიიღო).
3 ნოემბერი, შაბათი
შაბათი დღის პირველი ნაწილის გატარება უნივერსიტეტში მომიწია. სოციალური მუშაობის სერტიფიცირების კურსის მსმენელებს კონსულტაციები გავუწიე კვლევით პროექტებთან დაკავშირებით. მონაწილეობა მივიღე შეხვედრაში, რომელიც არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გაიმართა, ამ ორგანიზაციებში სოციალური მუშაობის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის პრაქტიკის სწავლების ორგანიზებასთან დაკავშირებით და სხვა.
რუსთაველის გამზირი კვლავ „ცხელ“ ზონად რჩება. მძაფრდება ემოციები, მოწოდებები სულ უფრო მეტად ისტერიული ხდება... ხელისუფლება კვლავ აგრძელებს პოლიტიკური სნობიზმისა და ცინიზმის გამოხატვას, ცდილობს საღამოს 8 საათზე მოაწყოს „გრანდიოზული გალა-კონცერტი“ (ასე წერია მოსაწვევში) „ლოკომოტივის“ სტადიონზე, ცნობილი ქართველი მომღერლების მონაწილეობით...
„დაპირისპირებულთა ერთიანობისა და ბრძოლის“ ქართული მარათონი გრძელდება. რას მოიტანს იგი? ამ წუთას რაიმე კონკრეტული და განსაზღვრული პროგნოზის გაკეთება უადგილოა. ეს სამწუხარო რეალობა თანაბარი ძალით შეიცავს სრულიად საპირისპირო მიმართულებებით მოვლენათა განვითარების შესაძლებლობას.
რას მოგვიტანს ხვალინდელი დღე?
![]() |
12 მაგიური თეატრი |
▲ზევით დაბრუნება |
ესსე
ავტორი: დავით მაკარიძე
შვილო ეს ტრადიციაა! თუ კი ყველა სულელური მულტიპლიკაციური პერსონაჟის საჰაერო ბუშტებს გავბერავთ, აღლუმი ფარსად გადაიქცევა.
ჰომერ სიმპსონი
ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, როდესაც ნიადაგი ფეხქვეშ გეცლება და ირყევა საფუძვლები.
რ.დ. ლენგი. გატეხილი „მე“
ოცდაათი მანა ერთ მორგვზე ბრუნავს, მაგრამ ბორბლის არსს მორგვში მოქცეული სიცარიელე ქმნის.
ლაო ძი. „დაო დე ძინი“
ახლა კვლავ მრგვალ დერეფანში ვიმყოფებოდი, უჩვეულოდ ავეღელვებინე განცდილსა და ნანახს. ყოველი მხრიდან მიხმობდა კარებზე გაკრული წარწერები: Mutabor1 ნებისმიერ ცხოველად ან მცენარედ გადაქცევა... კამასუტრა - სიყვარულის ხელოვნება; კურსი დამწყებთათვის: სიყვარულის დაუფლების 42 საშუალება... ტკბობა თვითმკვლელობით! საკუთარი სიცილი მოგიღებს ბოლოს!... გნებავთ სულად გადაქცევა? აღმოსავლური სიბრძნე... ო, ნეტა ათასი ენა მქონდეს! მხოლოდ მამაკაცებისათვის... ევროპის დაღუპვა2 ფასდაკლებით. ჯერჯერობით ბადალი არა ჰყავს... ხელოვნების იდეალი - დროის გადაქცევა სივრცედ მუსიკის მეოხებით... მცინარე ცრემლი. იუმორის ოთახი... განდეგილის თამაშობანი. გასწევს ნებისმიერი ურთიერთობის მაგივრობას...
წარწერათა რიგს დასასრული არ უჩანდა. ერთერთი მათგანი გვამცნობდა:
პიროვნების აგების გაკვეთილი. წარმატება განაღდებული გაქვთ.
ჰერმან ჰესე. „ტრამალის მგელი“
დუგლას რაშკოვი თავის ნაშრომში იმის შესახებ, თუ როგორ მოქმედებს ფარულად პოპკულტურა ჩვენს ცნობიერებაზე, საუბრობს „ინფოსფეროზე“, ახალ რეალობაზე, რომელიც აერთიანებს რა ინფორმაციის მიმოცვლის ყოველგვარ საშუალებას, ქმნის ახალ სივრცეს ადამიანის არსებობისათვის. თაობა, რომელიც შტატებში 60-70-იან წლებში მოევლინა ქვეყანას, ორგანულად ჩაერთო ამ რეალობაში. ის, რაც მამების თაობისათვის გაუგებარი და ხშირად მიუღებელიც კი გახლდათ, მამებისათვის, რომლებისთვისაც ტელევიზორი პასიური დაკვირვების ობიექტი, მედია კი მხოლოდ ინფორმაციის მიღების საშუალება იყო, ახალი თაობისათვის შემოქმედების, ძალაუფლების და თვითრეალიზაციის თავისუფალ და აუთვისებელ ტერიტორიად იქცა.
- „პონგი“3 პირველი საბავშვო თამაში იყო, რომელიც საგნების ტელევიზორის ეკრანზე გადაადგილების საშუალებას იძლეოდა. „ნინტენდოს“4 ფენომენის გამოჩენა არანაკლებ მნიშვნელოვან მოვლენად იქცა, ვიდრე გუტენბერგის მიერ საბეჭდი დაზგის გამოგონება. ბავშვების ახალმა თაობამ აღმოაჩინა, რომ შესაძლებელია იმოქმედო იმაზე, რაც ეკრანზე ხდება. დედიკო და მამიკო - „ბეიბი-ბუმის“5 ნაშიერები მეორე სართულზე სასტუმრო ოთახში დაყუდებულან და პასიურად შეჰყურებენ ახალ ამბებს ან „პრაიმ-ტაიმის“ პროგრამებს - ისევე, როგორც ბავშვობაში პასიურად უყურებდნენ დისნეის მულტფილმებს. ქვედა სართულზე კი საბავშვო ოთახში პატარები აქტიურად ცვლიან „გამოსახულებას“ ეკრანზე. „რას აკეთებენ იქ ისინი?“ - „თავის დედანატირებ „ნინტენდოში“ არიან შემძვრალები! იმის მაგივრად, რომ აქ ისხდნენ და საგანმანათლებლო ტელეპროგრამებს უცქირონ!“ ჰო მაგრამ, არ შეიძლება არსებობდეს არანაირი „საგანმანათლებლო ტელეპროგრამები“! ეს ნამდვილი ოქსუმორონია. უნარი ცვალო „გამოსახულება“ ეკრანზე - აი რეალური ძალაუფლება! - აცხადებს ტიმოთი ლირი რაშკოვთან ინტერვიუში. მართლაც, რა არის უფრო მომხიბლველი, ვიდრე ის, რომ მოახდინო რეალობის, თუნდაც ვირტუალური რეალობის ტრანსფორმაცია, პირადად მიიღო მონაწილეობა ახალი სამყაროს შექმნაში და განვითარებაში.
კიბერსივრცე „ინფოსფეროს“ ყველაზე თანამედროვე და სრულყოფილი ნაწილია. სწორედ კიბერსივრცეში ხდება ყველა მანამდე არსებული მედიასაშუალების გადადნობა და ახალი მულტიმედიური რეალობის შექმნა, რომლის ადეპტები X Generation-ის წარმომადგენლები გახდნენ. სამყაროს პოსტმოდრნისტული ხედვით, მათ გარემო ერთ დიდ საინტერესო თამაშად გარდაქმნეს. „ინფოსფერომ“ და პოპკულტურამ გააუქმა ელიტის კატეგორია. აქ ყველა მონაწილე ერთდროულად მაყურებელიცაა და მონაწილეც. ამ თამაშში, რომელმაც მაგიური თეატრის სახე მიიღო, აღმოსავლური ნიღბების თეატრის მსგავსად, აქცენტი მონაწილეზე, მის სულიერ მოგზაურობაზე გაკეთდა და საერთოდ გაუქმდა რეჟისორის, როგორც დემიურგისა და მონარქის როლი. ახალმა რეალობამ წინ წამოწია ქაოსი, როგორც ფორმის შემქმნელი კატეგორია. თეატრალურობა ყველაზე მკაფიოდ კიბერსივრცეში ადამიანების ურთიერთობაში გამოისახა. თითოეულ ჩვენგანს ძალუძს ამ კომუნიკაციურ თამაშში ის ნიღაბი მოირგოს, რომელსაც ყველაზე საინტერესოდ ჩათვლის და თავისი ქვეცნობიერიდან ის არარეალიზებული პერსონაჟები გააცოცხლოს, რომლებიც ადრე „რეალური“ კომუნიკაციების რეპრესიული ბუნებიდან გამომდინარე, უკუნეთში იყვნენ განდევნილები.
მერი შელი ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ვირტუალური პიროვნებაა, რომელსაც გლობალური ქსელის ლაბირინთებში გადავაწყდი. ის მწერალი და ფუტუროლოგი, ლიტერატურული და ქსელური პროექტების ავტორი, ჟურნალისტი, სხვადასხვა კონკურსების ლაურიატია.
შელი თავის ნაწარმოებებში ძირითადად ფუტუროლოგიურ პრობლემატიკაზე აკეთებს აქცენტს და ისეთ არაორდინალურ თემებზე საუბრობს, როგორიცაა, მაგალითად, მულტიპერსონალობის განვითარება ან ბუნებრივი და ხელოვნური ინტელექტის სიმბიოზი. მისთვის „პერსონა“ ის ნიღაბია, რომლითაც ჩვენ სოციალურ კომუნიკაციებში ვმონაწილეობთ და ამიტომ უშვებს, რომ მარაგში მრავალი ასეთი „ნიღაბი“ შეიძლება გვქონდეს.
- არ არის აუცილებელი, რომ „ნიღბების კულტურა“ და „თოჯინების კულტურა“ მხოლოდ თეატრში გამოვლინდეს. განსხვავება შინაგან პრინციპშია. თუ წარსულის ენით ვილაპარაკებთ, ერთ შემთხვევაში სული ადამიანში სახლდება, მეორე შემთხვევაში კი - მის მიერ შექმნილ საგნებში, მის იარაღებში და კერპებში. ცეკვა ნიღბების კულტურიდან მოდის, ლიტერატურა - თოჯინების კულტურიდან. ნიღბები უფრო ძველია, მაგრამ აი, უკვე რამდენიმე საუკუნეა „ცივილიზებულ დასავლური სამყაროს“ თოჯინები მართავენ... თუმცა, ამ საუკუნის დასაწყისში ნიღბების კულტურა ფარულად დაბრუნდა ზოგიერთი ახალი, განსაკუთრებით ქსელური ტექნოლოგიებით. - აცხადებს კიბერსივრცის აქტივისტი დოქტორი ობორო სუძუკი მერსი შელის რომანში „აბლაბუდა“ და ქსელურ კომუნიკაციებსა და იაპონურ თეატრ „ნო“-ს შორის ავლებს პარალელს.
ისევე როგორც იაპონურ თეატრში, ქსელშიც ნიღაბი არა მხოლოდ ინტიმური შინაგანი სივრცის დაცვით ფუნქციას ასრულებს, არამედ, უფრო მეტად კომუნიკაციური აქტის სრულფასოვანი შემადგენელი ნაწილია და ქმნის იმ კონტექსტს, რომელშიც პერსონაჟი ფუნქციონირებს. მერი შელიც ასეთივე ვირტუალური პერსონაჟია. მისი შემქმნელი ალექსეი (ლეხა) ანდრეევი ასე ყვება მისი დაბადების ისტორიას - „მე სხვებზე ადრე შევამჩნიე, რომ ინტერნეტში ურთიერთობისას ადამიანები სხვებზე საკუთარ წარმოდგენებს ქმნიან, რომლებსაც სინამდვილესთან არაფერი აქვთ საერთო... ჰოდა, ვიფიქრე, რომ საჭიროა ამ პროცესის მართვა ისწავლო. სწორედ მაშინ დავბრუნდი შტატებიდან, Usenet-იდან6, სადაც ყველა დედას იგინებოდა, და ჩანასახის მდგომარეობაში ვნახე „რუნეტი“7, სადაც ერთმანეთს ყველა ენას უჩლექდა და მეგობრობდა. თანაც მაშინ უმეტეს წილად ქსელში მამაკაცებიშემოდიოდნენ, გოგონები ძალიან ცოტანი იყვნენ. ამიტომაც, ბუნებრივად წარმოიშვა თამამი, განათლებული და უკომპლექსო გოგონას სახე.“
მიმომხილველების ბუმი რუნეტში 1997-ში დაიწყო. კომპანია „სიტილაინის“ სერვერზე „საღამოს ინტერნეტი“ - „რუსული და მსოფლიო ქსელის ყოველდღიური მიმოხილვა“ ანტონ ნოსიკის რედაქციით 1996 წლის მიწურულს გამოჩდა. მალე პირველმა მიმომხილველმა მიმდევრებიც შეიძინა: Хромой Ангел, Сетевой Странник, პარავოზოვი, კატია დეტკინა და სხვები.
მერი შელი სწორედ ამ კომპანიაში გამოჩნდა 1997 წლის ოქტომბერში და საყოველთაო აღიარებაც მალე მოიპოვა. ის წერდა მოთხრობებს, სტატიებს, პიესებს, იგონებდა ქსელურ პროექტებს, დგამდა რადიოპიესებს, მიყავდა სვეტები ქსელურ ჟურნალებში და იძლეოდა ინტერვიუებს. 1998 წელს მას აჯილდოვებენ ქსელური შემოქმედების კონკურსზე „ტენეტა“ როგორც საუკეთესო ვირტუალურ პერსონაჟს. მისი „МАНИФЕЗД АНТИГРАМАТНАСТИ“ ე.წ. „პოდონკების“ და მათი ქსელური რუპორის Fuck.ru-ს მოღვაწეობის საფუძველი გახდა. მანვე გამოაქვეყნა სტატია „ადვილია თუ არა იყო ვირტუალური“, რომელიც შემდგომ მის რომანში „აბლაბუდა“ შევიდა. ზღაპრების კონკურსი „Нетский мир“-იც მისი იდეა იყო.
МАНИФЕЗД АНТИГРАМАТНАСТИ
Мы прынцыпиально протиф так называимай „граматнасти“ в Сити.
Мы щитаем что конкурз ЗАЛАТАЯ КЛЯГЗА в сваей аснови пряма ВРИДИТ развитию русква изыка и рускай славеснасти, падвадя саздатилей уебсайтав к НАСИЛАВАНИЮ нашива раднова изыка с помащью спелчекирав и других филтрав убивающих все жывое чиво есть в магучим нашым изыке.
Мы уверины что ни саздатили уебсайтав палучивших „аттлично“ ни сами арганизатары конкурза НИ ЯВЛЯЮЦЦА ГРАМАТНЫМИ людми - проста у них харошие спилчекиры!
Па мери савиршенства кампютырных спилчекирав руский изык ишо болще патеряит сваих нипасредствиннасти и абаяния.
Паэтому все художники рускава слова далжны бросить вызав убиванию нашива живова изыка биздушными автаматами! Галавный Принцып нашева великава движения ПОСТ-КИБЕР гаварит: „Настаящие исскувство новава тысичулетия - это то что ни можыт делать кампютыр а можыт делать тока чилавек!!!“
„Биз грамотичискай ашипки я русскай речи ни люблю!“, писал наш лудший паэт Аликсандыр Сиргеич Пушкин.
Эти слава мы бирем дивизом на наш флак В БАРЬБЕ С ЗАСИЛИЕМ БИЗДУШНАЙ КАМПЬЮТЫРНОЙ ПРАВИЛНАСТИ каторую нам навязывают гацкие робаты-акуппанты!!!!
Ат имини http://www.fuck.ru/ - Мэри Шелли, уражденая Уолстанкрафт-Годвин
ლეხა ანდრეევი ყვება, რომ პოპულარობა შელიმ მიმომხილველების კულტის აყვავების ხანაში იმით მოიპოვა, რომ „მიმოხილვების მიმოხილვა“ დაიწყო, სადაც ის ქსელური ამბების განხილვებს დასცინოდა. „97 წელია - პარავოზოვი, ნოსიკი და კომპანია. ყველაფერი ისე წესიერადაა, ყველა ერთმანეთზე ბმულებს სვამს, ახალ საიტებს მიმოიხილავენ, მოკლედ იდილიაა. აქ კი, უცბად ვჩნდები მე და ვწერ „მიმომხილველების მიმოხილვას“ იმ გოგონას თვალთახედვით, რომელიც კედელზე ზის და ძირს ბოთლებს ყრის... მეორე დღეს ყველგან გამოჩნდა მრისხანე-აღფრთოვანებული გამოხმაურებები. მერი ქსელში ერთ დღეში უფრო პოპულარული გახდა, ვიდრე მე ორი წლის განმავლობაში. ქაღალდის ჟურნალ InterNet-ში სამუშაო ჯერ მას შესთავაზეს და მერე მე მივეტმასნე... ერთი პერიოდი პიტერელ მწერალ ჟიტინსკისთან ვმუშაობდი. ჰოდა, ერთხელ ის გახარებული მორბის ყვირილით - „მერი შელიმ ჩემს შესახებ დაწერა!“ თან იმას მიყვება, რას მისწერს პასუხად... ბებერი ლოველასი!“
სხვა მიმომხილველებისაგან განსხვავებით, ის თავიდანვე არ აცხადებდა პრეტენზიას თავის რეალურობაზე. მისი ბიოგრაფიაც ხაზგასმულად პაროდიული იყო. თავის ინტერვიუში მერი ასე ყვება საკუთარი სახელის წარმოშობის ისტორიას: „სინამდვილეში ეს ფსევდონიმი გრძელი ასოციაციური ჯაჭვის შედეგად წარმოიშვა. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ იაპონური ჰაიკუს ჟურნალში „ლაგუშატნიკი“ წარმოიშვა პერსონაჟი „დედოფალი ბაყაყი“… შემდეგ საჭირო გახდა მისთვის საფოსტო ყუთის გახსნა. ყველა „ბაყაყური“ ლოგინი Hotmail-ზე დაკავებული იყო და დაიწყო ფანტაზია იმაზე, თუ როგორ შეიძლება კიდევ ეწოდოს ყუთს სადაც „ბაყაყუნა“ იცხოვრებდა. შევარჩიეთ rakushka@hotmail.com. ხოდა კიდევ სახელი და გვარი იყო საჭირო. ინგლისურად „ракушка“ იქნება „shell“, და კიდევ იყო განსაკუთრებით ნათელი ასოციაცია ფრანკენშტაინთან. ასე მივიღეთ მერი შელი.“
მას აღიზიანებს, რომ ინტერნეტი ამჟამად ჩაიხუთა. თვლის, რომ ხალხი ქსელის შესაძლებლობებს სიზარმაცის გამო არ იყენებს. მერი შელის შემქმნელისთვის ქსელი სათამაშო მოედანს წააგავს, სადაც შესაძლებელია ახალი იდეების მოდელირება მოახდინო. მისი თქმით „აბლაბუდაში“ ბევრი ახალი მეცნიერული ჰიპოტეზა გაათამაშა. მაგალითად ის, რომ მეცნიერებმა უჯედოვანი ავტომატების გამოსახულებები LSD-ს „ჰალუცინატორებს“ შეადარეს. ის თვითონ იკვლევდა სახეების ამოცნობას უჯედოვანი ავტომატების საშუალებით და ბევრი იცის ამის შესახებ.
პოსტსაბჭოთა სივრცის ქსელს ის ინტერნეტის პაროდიად თვლის და ამბობს: „თუ ჩამორჩენილი ქვეყანა ხარ და სხვის კოპირებას ცდილობ, ის მაინც უნდა ამოირჩიო, რა გადმოიღო. ყველაზე მარტივი მაგალითია შოუ „За стеклом“. მის გარშემო ამტყდარი ხმაური ძალიან არასერიოზულია. შტატებში, სადაც ინდივიდუალურობა წინაა წამოწეული, სხვისი პირადი ცხოვრების თვალთვალი ახალი რამეა. აქ კი, სადაც უმრავლესობა კომუნალკაში გაიზარდა, ამით ვერავის გააკვირვებ. იგივეა ინტერნეტშიც... ვფიქრობ, ჩვენთან ინტერნეტი დაუბრუნდება თავის ძველ და კეთილშობილურ „უბრალოდ დიდი ტუსოვკის“ მოდელს. და ეს ძალიან კარგია! პრეზერვატივების ყიდვა ოფლაინშიც შეიძლება. მაგრამ აი ისეთი „კრუტოი პერცის“ გაცნობა, როგორიც მე ვარ თითქმის შეუძლებელია ინტერნეტის გარეშე“.
ნაწარმოებებში მერი შელი არა მარტო კომპიუტერულ სამყაროს ეხება. თავისი მწარე ენით ის თანამედროვე რუსულ ფანტასტიკას და გასული საუკუნეების კლასიკასაც გადასწვდა. და ამით კიდევ უფრო გაამწვავა ისედაც არაერთმნიშვნელოვანი დამოკიდებულება მასთან და მის შემოქმედებასთან.
ადვილია თუ არა იყო ვირტუალური?
13 პროფესიონალური რჩევა ვირტუალური პიროვნების შემქმნელებს
მერი შელი, პერსი შელი.
არსებობს ასეთი უცნაური ვიტრინები: ჩაიხედავ შიგნით და აღმოაჩენ, რომ იქიდან სამი შენნაირი გიყურებს. თუ დიდხანს გააგრძელებ ყურებას მოგეჩვენება, რომ შენ, ეს შენ კი არ ხარ, არამედ ვიღაც უცნობების მთელი არმია. თუმცა, მერი პოპინსმა სიამოვნებისგან ამოიოხრა კიდეც, როცა ერთის მაგივრად ერთდროულად სამი მერი პოპინსი დაინახა...
პამელა ტრევერსი, „მერი პოპინსი“
1. იქონიეთ კონცეფცია. თუკი ვირტუალური პიროვნების შექმნა გადაწყვიტეთ, დაფიქრდით, რას უზამთ მას. გაქვთ თუ არა რაიმე იდეები, შეგრძნებები, რომლებიც განსხვავებულია იმისგან, რასაც აქამდე გამოხატავდით? ცოტა არ იყოს, სულელურია შექმნა ვირტუალური პიროვნება მხოლოდ იმისთვის, რომ მისი დახმარებით ყოვედღიური აზრები გამოხატოთ - ეს ისედაც შეგიძლიათ, თქვენი ჩვეულებრივი სახელით.
2. მთავარი - სახელია. ამბობენ, მადა ჭამაში მოდისო. მადა მაშინაც მოდის, როცა რესტორნის აბრას უყურებთ. შეხედეთ ამ სახელებს: „ალექსანდრ სერგეევიჩი“, „დედოფალი მარგო“, „Луноход-2“. ხედავთ სახელი როგორ განსაზღვრავს... თითქმის ყველაფერს?! სტატიას სათაურით „ყველაზე მაგარი“ ბევრი საერთოდ არ წაიკითხავს. ამიტომ კარგად მოდუნდით და დაფიქრდით - რა სახელი უნდა ატაროს თქვენმა ვირტუალურმა პიროვნებამ. სახელის არჩევის შემდეგ, ყველაფერი სხვა (რაღაც ძალიან მწარის თქმიდან დაწყებული მძიმე ფსიქოლოგიური მოშლილობით დამთავრებული) თავად მოვა.
3. შექმენით რაიმე უნიკალური. შეეცადეთ, რომ თქვენი ვირტუალური პიროვნება არავის ჰგავდეს. სინამდვილეში, სწორედ ეს განსაზღვრავს, რამდენად გახდება თქვენი ვირტუალური ორეული - პიროვნება. ყოველი ახალი ვირტუალური პიროვნება უნდა უარყოფდეს ან ავსებდეს იმ პრინციპებს, რომლის მიხედვით შენდებოდა წინა ვირტუალური პიროვნებები (ან საერთოდაც, ვირტუალური პიროვნებების წინა თაობები). გამოიყენეთ ინვერსიის მეთოდი: გამოყავით რომელიმე საერთო პრინციპი და მისი საპირისპიროს რეალიზება დაიწყეთ. აი, უმარტივესი მაგალითი. საერთო სტერეოტიპი (ძველი პრინციპი): ვირტუალურ პიროვნებას ქმნის ერთი ადამიანი, რომელიც მთელი სიცოცხლის მანძილზე მისი ერთადერთი „პატრონია“. ინვერსია (ახალი პრინციპი) ვირტუალური პიროვნება იქმნება და იმართება ადამიანთა ჯგუფის მიერ, ან მართვა ყოველ ჯერზე ახალ და ახალ „პატრონს“ გადაეცემა.
4. ნუ გამოიგონებთ ზედმეტს. ყველა უდიდესი ვირტუალური პიროვნება თქვენამდეა შექმნილი. ნახეთ მაგალითები მე-18-19 საუკუნის ლიტერატურაში, განსაკუთრებით, ინგლისურსა და ამერიკულში. ორი ძირითადი არქეტიპი ედგარ პომ აღწერა: ეს არის წარმოუდგენელი სილამაზის მქონე ფატალური ქალი (რომლის სახეც არავის უნდახავს) და მამაკაცი - მოუხელთებელი, კეთილშობილი ყაჩაღი. სხვა მაგალითებიც არსებობს. აირჩიეთ ერთერთი ასეთი არქეტიპი და განავითრეთ ის. მიაღწიეთ იმას, რომ ეს იყოს ცოცხალი, აქტიური პიროვნება და არა უბრალოდ ლიტერატურული პერსონაჟი.
5. გახსოვდეთ სტანისლავსკი. იცხოვრეთ თქვენი ვირტუალური პიროვნების ცხოვრებით, ისაუბრეთ მის ენაზე. არასდროს იფიქროთ ასე: მე ვიტყვი ამას და ქვეშ „ბასკერვილების ძაღლის“ ხელმოწერას დავსვამ. იფიქრეთ ასე: რას იტყოდა ამაზე „ბასკერვილების ძაღლი“, ის რომ ჩემს ადგილას აღმოჩენილიყო? გაითვალისწინეთ ყველაფერი: ხელწერა, იმ საოციალური ფენის ენა რომელსაც ეკუთვნის თქვენი გმირი, და ა.შ.
6. ძალიან არ გახურდეთ. თუ კი თქვენ იოლად შედიხართ თქვენი ვირტუალური პიროვნების როლში და ასევე იოლად გამოდიხართ როლიდან, და მიუხედავად ამისა არაფერი არ გერევათ - გილოცავთ: თქვენ შიზოფრენია გჭირთ! გირჩევთ კლინიკები იქ აიჩიოთ სადაც რბილი ჰავაა - ბახჩისარაი, ბადენ-ბადენი, ბორნეო.
7. ძალა დეტალებშია. გახსოვდეთ, რომ კეჩუპი უფრო საშიში ნარკოტიკია ვიდრე ჰეროინი: თუ კი მოსკოვში მოულოდნელად მთელი ჰეროინი გაქრება მხოლოდ რამდენიმე ათასი ნარკომანი დაიტანჯება, და კეჩუპი რომ გაქრეს... წარმოგიდგენიათ რა მოხდება?! ამიტომ, ნუ გამოეკიდებით ექსტრავაგანტულს - ყველაფერი გენიალური მარტივია. ისწავლეთ როგორ შეავსოთ თქვენი ვირტუალური პიროვნება შეუმჩნეველი, შემთხვევითი დეტალებით. აღწერეთ ვითომდა შემთხვევით, გაკვრით ტარტუს უნივერსიტეტის შენობა ან იხმარეთ ლენინგრადული სიტყვა „поребрик“ და აი თქვენ უკვე მიაბით თქვენი ვირტუალური პიროვნება (და ისინი ვინც მას აკვირდება) იმ ადგილებს, სადაც თქვენ არასდროს ყოფილხართ. ასეთივე კავშირების გაბმა შეიძლება პროფესიასთან, ასაკთან, ყველაფერთან.
8. საქმენი თქვენნი გამოგაჩენენ თქვენ. ნუ შეეცდებით თქვენი ვირტუალური პიროვნების რეალურობა რაიმე „დოკუმენტალური მტკიცებულებებით“ გაამყაროთ. მაღალი ტექნოლოგიების ეპოქაში ვეღარავის გააკვირვებთ პასპორტის სკანირებით ან უნიკალური ელექტრონული მისამართით. მაგრამ თუ კი თქვენი ვირტუალური პიროვნება რაღაც ისეთს აკეთებს რასაც შთაბეჭიდების მოხდენა შეუძლია - დამკვირვებლებს აღარ შეაქვთ ეჭვები მის რეალურ არსებობაში.
9. არ ეძებოთ შარი. ამბობენ, რომ ყველა დამნაშავე დანაშაულის ჩადენის ადგილზე ბრუნდება. ვირტუალური პიროვნების შემქმნელს ხშირად უჩნება ცდუნება თავისი რეალური თავი გამოაჩინოს: დისკუსიაში შევიდეს საკუთრ ვირტუალურ ორეულთან, ან გაიზიაროს მისი წარმატებები სხვებთან ერთად. შეიკავეთ ეს სურვილი - თავი არ გამოყოთ მაშინ, როცა ეს საჭირო არ არის.
10. თავიდან აიცილეთ გამოაშკარავების საფრთხე. მცდელობა ადრე თუ გვიან მაინც დაიწყება, ამიტომ სჯობს, ეს პროცესი თავიდანვე გააკონტროლოთ. „თქვენი ვირტუალური პიროვნება თქვენვე გამოააშკარავეთ, დროულად იწინასწარმეტყველეთ სავარაუდო თავდასხმის ადგილი და სხვებზე ადრე დაესხით თავს, რითაც შეამცირებთ დარტყმას და ვირტუალური პიროვნებიდან ყურადღებას სხვა მიმართულებით გადაიტანთ. უფრო დახვეწილი მეთოდია ვირტუალურ პიროვნებასთან ერთად მისი ვირტუალური „გამომააშკარავებლის“ შექმნა. თუ კი საბოლოო ჯამში ამ ორი ვირტუალური პიროვნებიდან თუნდაც ერთი გამოაშკარავდება, მეორე თქვენთან ერთად დარჩება, გამარჯვებულის ალიბით ხელში. უკან დახევის უფრო რთული სქემების გამოყენებაც შეიძლება (მაგალითად, ვირტუალური პიროვნების სხვა „პატრონისთვის“ გადაცემა).
11. ჩავარდით? გული არ გაიტეხოთ! ჩათვალეთ, რომ ეს იყო რეპეტიცია, შავი ვარიანტი. გაანალიზეთ შეცდომები და გააგრძელეთ გზა, უფრო სრულყოფილი ვირტუალური პიროვნებისკენ. თქვენი იდეალი უნდა იყოს ვირტუალური პიროვნება, რომელიც საუკუნეები იცხოვრებს, მას შემდეგაც კი რაც თქვენი მოკვდავი სხეული, გაიღო რა მისთვის თავისი დრო და ენერგია, კუბოში ჩალპება.
12. დროულად მიიხედეთ ხოლმე უკან. სუსტი რეალური პიროვნება ვერასდროს შექმნის ძლიერ ვირტუალურს (საპირისპირო შეცდომაა!). თუ კი თქვენ მოახერხეთ ძლერი ვირტუალური პიროვნების შექმნა, ცადეთ თქვენი შესაძლებლობები ხელოვნების სხვა სფეროში: პარაშუტიდან ხტომაში, მთის ფუტკრების მოშენებაში ან საბავშვო ბაღის აღმზრდელად მუშაობაში.
13. არასდროს გამოიყენოთ ყველა ეს რჩევა ერთდროულად. შეარჩიეთ რამდენიმე: მაგალითად ყველა კენტი ან ყველა ლუწი პუნქტი, ან 5-7 შემთხვევითი რჩევა.
შელისგან განსხვავებით, პირველი ვირტუალები ქსელის გარეთ დაიბადნენ და თავისი პოპულარობით რეალურ პიროვნებებს გაუტოლდნენ. მაგალითად ისეთები, როგორიც იყო მაი ივანიჩ მუხინი, რომელზეც პირველი სტატია ასევე ვირტუალმა მირზა ბაბაევმა გამოაქვეყნა ესტონურ რუსულენოვან გაზეთ „День за Днем“-ში 1995 წლის 6 ოქტომბერს, და რომელიც ლეგენდის თანახმად, ესტონეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა ლენარტ მერიმ ქვეყნის ინტერნეტიზაციისადმი მიძღვნილ სიტყვაშიც კი ახსენა.
კატია დეტკინა იმდენად სკანდალური და რეალისტური პერსონაჟი გახდა, რომ მისი გარდაცვალების ფაქტს ქსელური საზოგადოება დიდი მწუხარებით შეხვდა, ხოლო მისი ვირტუალობის გამჟღავნებას მანამდე გაუგონარი პოლემიკა მოჰყვა მორალურ-ეთიკურ თუ ფილოსოფიურ საკითხებზე.
საკითხი, რამდენად მნიშვნელოვანია ქსელში არსებობისათვის პიროვნების რეალურობა დადგა იმიტომ, რომ ვინც კითხულობდა დეტკინას შენიშვნებს ინტერნეტის შესახებ, მის რეალურობაში ეჭვი არ ეპარებოდათ. ნასტიკ გრიზუნოვა აღნიშნავდა: „ქსელი არსებობის თითქმის ერთადერთი სფეროა, სადაც რასაც შენ აკეთებ, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია იმაზე, რაცა ხარ, ან ხარ თუ არა საერთოდ.“
კამათი გამოიწვია დეტკინას გარდაცვალების შესახებ ცნობის გამოქვეყნების მორალურმა მხარემ. თუკი დეტკინა ვირტუალური პიროვნება იყო, თავს გაცურებულად გრძნობდნენ ისინი, ვინც მას რეალურ პიროვნებად თვლიდა. ხოლო თუ დეტკინა რეალურად არსებობდა, მაშინ მას უბრალოდ უხამსად მოექცნენ. მწერალი ჟიტინსკი აცხადებდა: „თუ არსებობს ნამდვილი ეკატერინა ალბერტის ასული დეტკინა, მაშინ მას ცუდად მოექცნენ ნებისმიერ შემთხვევაში. თუ ის ნამდვილად გარდაიცვალა, იმითი, რომ მისი სიკვდილი ფარსად გადააქციეს. ხოლო თუ ის არ მომკვდარა, ტყუილით. რატომ უნდა დამარხო ცოცხლად ადამიანი?“ თუმცა ქსელური საზოგადოების ახალგაზრდა აუდიტორიისთვის დეტკინას ავტორის პოსტმოდერნისტული აქცია სავსებით მისაღები იყო. „ნოსიკი“ ირონიულად განიხილავდა დეტკინას დაღუპვაზე ასეთ სერიოზულ რეაქციას და აღნიშნავდა, რომ „თუ კი ვინმე ტიროდა (ჩემს მსგავსად საშუალო სკოლის მესამე კლასში) მუმუს ტრაგიკულ ბედზე, ეს ნამდვილად არ არის ივან სერგეის ძე ტურგენევის ექსჰუმაციის და დაკითხვის საბაბი“.
ბოლო დროს კი, რუსულენოვან ქსელში თვითგამოხატვისა და თვითშემოქმედებიდან თვითგამოკვლევაზე გადავიდნენ. ამის ნათელი მაგალითი ნამნიაზ აშურატოვაა, კონცეპტუალისტი ვებ-ხელოვანი და ახალი თაობის ვირტუალური პერსონაჟი. თავის პროექტებში, მაგალითად ისეთში, როგორიცაა „თვითიდენტიფიკაციის სისტემა“ ის აჩვენებს აზროვნების სტერეოტიპების წარმოქმნის მექანიზმებს და მკაცრად აკრიტიკებს მათ.
ვირტუალების შექმნის ერთ-ერთი გავრცელებული მიზეზი, ალბათ, გულწრფელობის შეუძლებლობაა. მწერალმა ჟიტინსკიმ ერთხელ თქვა: „იმის მესამედი რაც თავში მომდის, არ შემიძლია დავწერო „ცოცხალ ჟურნალში“ ასაკთან და მდგომარეობასთან „შეუთავსებლობის“, უადგილობის, მორცხვობის, სიბრიყვის, ტოტალური იდიოტიზმის, ადამიანების შეცოდების და საკუთარი თავის სიძულვილის გამო. რჩება ის, რაც საერთოდ არაა დასაწერი. და რანაირი პირადი лытдыбр8- ია ეს, ჩნდება კითხვა?“ პასუხად მას ვირტუალის შექმნა ურჩიეს.
თავის დროზე სრულიად არავირტუალურ რობერტ ანტონ უილსონსაც9 შეეხო ვირტუალურობის პრობლემა. 1994 წლის 22 თებერვალს მან ქსელში წაიკითხა ცნობა თავისი გარდაცვალების შესახებ, შემდეგ კი შენიშვნა: „რობერტ ანტონ უილსონი მოკლულია CIA-ს აგენტების მიერ... უილსონი არ მომკვდარა, ის მოკლეს. სიკვდილის დღეს მიკროსკოპული პლასტიკური ნემსით უილსონს მოლუსკების ტოკსინებზე დამზადებული შენელებული მოქმედების შხამი შეუყვანეს. ეს CIA-ს ბინძური ოპერაციების წარმოების სპეციალური დანიშნულების რაზმის აგენტებმა გააკეთეს... არ არის გამორიცხული, რომ მთავრობამ მის ადგილას ვირტუალური რობერტ ალან უილსონი დასვა, რათა ხალხის შეშფოთება გაექარწყლებინა. მან შეიძლება ილაპარაკოს ყველაფერი, რაც თავში მოუვა, მაგრამ ჩვენთვის ერთი რამ ცხადია - ის არ არის ნამდვილი რობერტ ალან უილსონი“10. საინტერესოა, სინამდვილეში ვინ იყო მისი ამ ნაწარმოების ავტორი? ვირტუალური თუ არავირტუალური უილსონი?
გლობალური ქსელის ინგლისურენოვან ნაწილში ვირტუალური პერსონაჟებისადმი ცოტათი განსხვავებული დამოკიდებულებაა. შეიძლება ითქვას, რომ ვირტუალური პერსონაჟების შექმნა როგორც შემოქმედებითი აქტი, მხოლოდ რუნეტისათვის იყო დამახასიათებელი. დასავლეთში მხოლოდ RPG11-ებში თუ ექცეოდნენ თავის ნიღბებს ასეთი რუდუნებით.
საკუთარი თავის არაადექვატურობის ყოველდღიური განცდისაგან მკვეთრად განსხვავებით, სხვა სამყაროებში მას ისევე შეეძლო ჩაეცვა ახალი პიროვნება, როგორც ახალი ტანსაცმელი, გამხდარიყო ვიღაც, ვისაც შეეძლო წყალზე სიარული, სხვათა მკურნალობა და ელვის ტყორცნა...“
გლენი ო. გაბბარდი მ.დ. „მეს განვითარება ინტერნეტის ეპოქაში და როლური ფანტასტიკური თამაშები.“
ქართული კიბერსივრცე რაღაცით რუნეტს წააგავს, თუმცა განსხვავებაც დიდია. რატომღაც ქსელის ქართველ კოვბოებს პოსტმოდერნისტული თამაშებისაგან თავი შორს უჭირავთ და ინტერნეტს მხოლოდ დროის გასაყვანად იყენებენ. თუმცა forum.ge-ზე გამართული პოლემიკებიდან რამდენიმე ფრიად საინტერესო აღმოჩნდა.
პატარა ისტორია „ცხელი შოკოლადის“ თემაში კინაღამ ტრაგიკულად დასრულდა. ფორუმის ერთ-ერთი პროვოკატორის chin_eli-ს იდეა ჟურნალის რედაქტორმაც აიტაცა და ფორუმელებს შესთავაზა ერთმანეთი დაეხასიათებინათ. რაც კინაღამ მორიგ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ზოგიერთმა ფორუმელმა თემის დატოვების სურვილიც კი გამოთქვა. მხოლოდ ორმა, საკუთარი გულღიობის თუ გულუბრყვილობის გამო თავისი ვირტუალური მოსაუბრის მცირე დახასიათება დაწერა.
„
ნაწყვეტი პატრიციიას პორტრეტიდან
ამ ქალმა, რომელსაც ლორა ჰქვია, კარგად იცის, რომ დინამიური და ვნებიანი ტუჩები აქვს. ოდნავ დახრილი და მოწყენილი თვალები, საუბრისას მუქმინებიან სათვალეს იკეთებს... ხოლო მქრქალი, ნაზი პომადით და ოდნავ მუქი ვარდისფერი კონტურით შექმნილი მისი ტუჩები დაუსრულებლად მეტყველებენ. ლორას ძალიან უყვარს საუბარი! საუბრობს დაბალი ხმით... ხშირად ხმარობს მჟღერ და უცხო სიტყვებს - აფილაცია, ფრუსტრაცია, სტაგნაცია. აქსელერაცია, აუსკულტაცია, აქტივაცია, აპერცეფცია; საუბრისას მუდამ ჭამს... ძირითადად, ზეთისხილს, კიტრსა და სალათის ფურცლებს შეექცევა... საოცარია ეს შერწყმა - ჭამს და საუბრობს! გემრიელი სასუსნავები მუდამ თან დაააქვს მინიატურული მოვერცხლილი ქვაბით.
ლორა ნივთებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. სხვებმა ტვინი რომ არ გადაღალონ მისი უცნაურობების ფსიქოანალიზით, საკუთარ სიმბოლოებს თვითონვე ხსნის - ეს პაწაწკინტელა ქვაბი დედაა! (ძილის წინ საგულდაგულოდ აპრიალებს და ბალიშის ქვეშ ინახავს) შავი, ძველებური როიალი კი მამაა! როიალზე არასდროს უკრავს. მხოლოდ ყოველი წლის 17 ოქტომბერს საზეიმო წვეულებას მართავს... როიალზე დაკვრის პატივი ოდესღაც ცნობილ პიანისტს, ქალბატონ მაგდალენ სტარიცკაიას აქვს, რომელიც დიდი ხანია დაავიწყდა პუბლიკას და ახლა ქუჩის უპატრონო ძაღლებს უვლის!“
ნინი პატარა
„რას ვფიქრობ, კრუხი და თუ გინდა განკითხვის დღე მოაწყო, ხალხს ერთმანეთის ხორცის გემოს გასინჯვის სურვილი გაუჩინო, სწორედ რომ საუკეთესო საშუალებაა...
თუმცა, იდეა ძალიან საინტერესოა...
მაშ, ჩემი პირველი „ობიექტი“: ნინი...
უდავოდ განათლებულია, კომუნიკაბელური, პრაგმატული, მყარად დგას მიწაზე, მაგრამ ღრუბლებში აჭრაც არ გაუჭირდება, თუმცა ამას მიზანმიმართულად გააკეთებს, ანუ თუ კი რაღაცაში სჭირდება ნინიმ იცის, რომ ადამიანები არ არიან უნაკლონი, ამ მხრივ განსაკუთრებით ქართველებს გვიჭირს... უამრავი ხინჯია ჩვენში, გაუნათლებლები ვართ, კრიზისი გვაქვს... თუმცა ამის გამო ის სულაც არ გრძნობს თავს უბედურად, რადგან ეს მასის პრობლემაა, ნინი კი სულ სხვანაირია.
ის კეთილიცაა, რადგან არავის დაამადლებს თავის რჩევას, შენიშვნას, შეუძლია ძალიან ხისტადაც მიახალოს მავანს, რომ ის იდიოტია, ბოროტია, ავადმყოფია, სამკურნალოა... მაგრამ ამას განსაკუთრებული, მისთვის დამახასიათებელი მანერით ახდენს, აი, მე ასე წარმომიდგენია: თავს უკან, ოდნავ გვერდით გადაწევს, სახეზე ლამაზი ღიმილი დასთამაშებს, თვალებში სიხარულისა და ბედნიერების შუქი უბრწყინავს... ხმა მშვიდი, მკვეთრი, მხიარულია... და ეს ხმა ამბობს: „კარგი, ძვირფასო, ნუ ღელავ, გეშველება რამე“
Middlesbrough
ნინი პატარას მიერ დახასიათებული პატრიციია ერთ-ერთი იმ პიროვნებათაგანია, რომელზეც ფორუმზე გარკვეული და არაერთმნიშვნელოვანი წარმოდგენა გააჩნიათ. ის ხშირად იქცევს ყურადღებას თავისი მწარე გამონათქვამებით და ხშირად მწვავე პოლემიკის წამომწყებიც არის.
ფორუმის ზოგიერთ თემაში patriciia ძალიან აქტიურობს და კარგად იცნობენ. თუ შეგიძლია მოკლედ აღმიწერო როგორია ის, ოღონდ არა ის, ვინც კლავიატურაზე უკაკუნებს, არამედ ის, ვისაც ფორუმზე ვკითხულობ?
რა უცნაურია, როგორ დავწერო იმ პატრიციას შესახებ, რომელსაც შენ კითხულობ ფორუმზე, იქნებ შენ ისეთ რამეებს ამჩნევ, რის შესახებაც მე თვითონ წარმოდგენა არა მაქვს, როგორ აღვწერო ის, რადაც შენ აღმიქვამ?
სიმართლე თუ გინდა, ადრე ფორუმში არასოდეს შემოვდიოდი და სწორედ საკუთარ თავზე წერისა და საკუთარ ეგზისტენციაში ქექვის სურვილმა მომიყვანა აქ. ყველაფერი იქედან დაიწყო, რომ ახლობელი გარდამეცვალა. ასეთ დროს ჩემი ქმარი ყოველთვის ცდილობს რაღაც გამომიძებნოს. ფორუმზე დამარეგისტრირა, რომ თავი გამერთო, ამ დროს სერიოზულად ავად გავხდი და ორჯერ კინაღამ მოვკვდი, თითქმის მთელი ზაფხული ვიწექი და ვპოსტავდი. მერე ბაკურიანში წავედი დასასვენებლად და მივხდი, რომ გამუდმებით ვფიქრობ ფორუმელებზე, ისინი ჩემს ცხოვრებაში შემოვიდნენ, მაღელვებს მათი ბედი, მაინტერესებს, როგორ არიან ეს ადამიანები, მათზე ისეთივე სიყვარულით ვფიქრობ, როგორც ჩემს მეგობრებზე, ეს ძალიან უცნაურია, ვგრძნობ, როგორ გაფართოვდა ჩემთვის ის არეალი, რასაც თბილისი ჰქვია და ჩემს წარმოდგენაში დასახლდა იმ ადამიანებით, რომლებიც წუხან, მსჯელობენ, ერთობიან, უყვართ, ღიზიანდებიან, აქ ბევრი კარგი გულია, რომელსაც რეალში არავინ გადაგიშლის, ახლა მივხვდი, რომ ფორუმი დიდი შვებაა ბევრისთვის, ფსიქოლოგიური განმუხტვა და კიდევ ათასი სხვა რამ, თუმცა, თავიდან მისმა სპეციფიკამ ძრწოლა მომგვარა, ვფიქრობდი, რომ ეს იყო ამაზრზენი ჭაობი, რომელიც გითრევს, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ფორუმი შენთვის ისაა, რაც შენ თვითონ ხარ. შენ აქ ნიღაბს იკეთებ და თან იმ ნიღაბს იხსნი, რომელსაც შენი სახელი და გვარი აწერია და სინამდვილეში შესაძლოა შენ სულაც არა ხარ.
შენ თქვი, რომ სიყვარულით ფიქრობ ფორუმელებზე. მაგრამ ვინ არიან და სად ცხოვრობენ შენი აზრით ,ისინი ვიზედაც შენ ფიქრობ?
პიროვნებები არასოდეს გაგეხსნებიან ისე, როგორც ნიკები, ამიტომ მნიშვნელობა არა აქვს, სად არიან, ნიკები კი აქ არიან და ყოველთვის შეგიძლია შეხვდე. ეს რაღაც სულ სხვა განზომილებაა, დანტე მაგონდება ხოლმე აქ რომ შემოვდივარ, მობოგინე სულები დაეხეტებიან, დაღლილი სულები, რომლებსაც რეალში თამაში ყელში ამოუვიდათ, მაგრამ აქაც თამაშობენ, თითქოს თამაშობენ, მართლა კი არ წერენ. ხომ გესმის, რასაც ვგულისხმობ?
ე.ი. შენ თვლი რომ ეს მაინც თამაშია, ნიღბებით თამაში. რაღაცით თეატრს ხომ არ გაგონებს ის, რაშიც შენც მონაწილეობ?
არა, თეატრი არ მიყვარს, სტანისლავსკის თეატრი, მით უმეტეს. ფორუმში ისინი ამტკიცებენ, რომ უბრალოდ თამაშობენ და მეტი არაფერი, სინამდვილეში, კი სულაც არ თამაშობენ. მათ სურთ ანონიმურად გააშიშვლონ თავიანთი სულები. ეს თამაშია და არც არის თამაში.
რას ფიქრობ ქსელში ურთიერთობების პერსპექტივაზე? რა მიმართულებით შეიძლება განვითარდეს ის?
ეს დამოკიდებულია იმ ქვეყნისა და მასში მცხოვრები ეთნოსის ცნობიერების თავისებურებებზე. საბოლოოდ, ალბათ, ქსელი ყველაზე იაფი და მასისათვის მისაწვდომი საშუალება იქნება. ეს სხვა თაობა იქნება, მათი პრეფერენციები ჩვენთვის გაუგებარი იქნება ალბათ და ჩვენი კი მათთვის. ქსელი თან უკიდურესად გაამარტივებს ცხოვრებას, თან კი ძალიან გაართულებს.
საუბრის ბოლოს მან მისი აზრით „საშინელი საიდუმლო“ გამიმხილა: „გორშოკს არასოდეს ვკითხულობ. ბოლო ორი ნომერი ვიყიდე და ნახევარი ძლივს წავიკითხე. გაზეთებსაც არასოდეს ვკითხულობ. პერიოდიკა არ მიყვარს, მხოლოდ ინასტრანკას ვკითხულობდი ადრე.“
კიდევ ერთი ფორუმელი ასე ახასიათებს თავის ნიკს: „matilda123 პროფესიით ექიმია. ახალგაზრდა, თავდაჯერებული და ქერა ქალბატონი... არის ძალიან დაკავებული და კომპთან მხოლოს საღამოობით თუ აღწევს... დიდი თავმდაბლობით ნამდვილად არ გამოირჩევა, მგონი ეგოისტია... არის გამოუსწორებელი ოპტიმისტი და ცდილობს ცოტა იოცნებოს... ურთიერთობაში მეგობრულია, თბილი, ადვილად შედის კონტაქტში და არ უჭირს ადამიანთა კეთილგანწყობის მოპოვება...
უყვარს თეატრი, ოპერა და როკი, უყვარს ცხოველები და ბავშვები და უყვარს სილამაზე ყველაში და ყველაფერში.“
ის ამბობს, რომ თავისი ვირტუალური ორეულისგან დიდად არ განვსხვავდება: „თუმცა რეალში ცოტა უფრო მხიარული ვარ, უფრო სწორად ცვალებადი ხასიათი მაქვს..“
კითხვაზე თუ რა არის მისთვის ქსელი, ის პასუხობს: „ინტერნეტი? - იცი, ალბათ ტელევიზორი რომ გამოიგონეს, მაშინაც ასეთი რეაქცია ჰქონდათ ადამიანებს... უბრალოდ ეჩვევი, შენი ცხოვრების ნაწილი ხდება, როგორც შენი მობილური, შენი მანქანა, შენი კომპი... თან ინფორმაციის უზარმაზარი წყაროა, ბევრჯერ წიგნიც კი წამიკითხავს კომპში... ძალიან მივეჩვიე, რაღაც სულიერს რომ ეჩვევი ისე. აი მაგალითად როგორც საყვარელ ძაღლს...“
ის ქართულ ფორუმზე ხშირად ჩნდება და ხშირად უმრავლესობისაგან განსხვავებული აზრიც აქვს. სწორედ ამით მიიქცია ალბათ ყურადღება. თუმცა აცხადებს, რომ ის ფორუმელი არ არის: „სიმართლე გითხრა მე თავს ფორუმელად არც ვთვლი და კარგა ხანი უბრალოდ ვათვალიერებდი თემებს და განყოფილებებს და დიდად არცერთი არ მომწონდა, გაცილებით მეტად მომწონს რუსული ფორუმები. ინგლისურენოვანზე სიმართლე ვთქვა არ შევსულვარ, რადგან არ ვიცი ენა მაგდენად, რომ რამეზე ვიმსჯელო, ასე რომ ვერ შევაფასებ. თუმცა როგორც ოპტიმისტი, იმედს ვიტოვებ, რომ აქაც უკეთესობისკენ შეიცვლება ყველაფერი...“
კიდევ ერთი პიროვნება Sephiroth Tiferet-ი, რომელიც ზოგიერთი ფორუმელის აზრით მუდმივად სხვების საწინააღმდეგო აზრებს ამტკიცებს, ამბობს, რომ ინტერნეტი მისთვის „ის სივრცეა, სადაც შეიძლება გამოთქვა ყველაზე წარმოუდგენელი და მიუღებელი მოსაზრებაც კი. ქსელი ამჟამად დროებით დამოუკიდებელი ტერიტორიაა, ადგილი სადაც თითქმის არ ვრცელდება არცერთი სახელმწიფოსა თუ საზოგადოების იურისდიქცია და ამიტომ შესაძლებელია ამ დიდ თამაშში მიიღო ის როლი, რომელიც თვითონ გსურს. ბოლო დროს კი აღმოვაჩინე, რომ ქსელში ურთიერთობა საკუთარი პიროვნების დეკონსტრუქციის მშვენიერი საშუალებაა“.
პიროვნების დეკონსტრუქციის იდეა მერი შელიმაც განავითარა თავის ნაწარმოებებში. მან ვირტუალურ პერსონაჟებთან ერთად კიდევ ერთი, გაცილებით მნიშვნელოვანი, გაცილებით ნოვატორული და გიჟური კონცეფცია შემოიტანა თავის რომანში „2048“ - თუ შეგიძლია ვირტუალური პერსონაჟები შექმნა, რომლებიც რეალობაში შენი გონის ერთ-ერთი პრეზენტაციაა, მაშინ ის „პერსონაჟი“ რომელიც შენ ჩვეულებრივ საზოგადოებასთან ურთიერთობაში წარმოგადგენს, ისეთივე პირობითი, ისეთივე ფიქტიური ხდება, როგორც ყველა დანარჩენი შენს მიერ შექმნილი პერსონაჟი. აქედან ერთი ნაბიჯია მულტიპერსონალობის, როგორც არსებობის ერთ-ერთ ფორმად გამოცხადებამდე.
„ყველაზე ცუდი მულტიპერსონალისთვის ისაა, როდესაც მისი სუბპიროვნებები არ კონტაქტობენ. ხანდახან, ასეთ შემთხვევაში მათ არც კი იციან ერთმანეთის შესახებ. ანდა ერთი ბუნდოვნად გრძნობს მეორის ყოფნას... უცნაური მოგონებების სახით“
მერი შელი, პერსი შელი. „2048“
საინტერესოა, რომ ტრადიციულად მულტიპერსონალობა ფსიქიურ დაავადებათა რიცხვს მიეკუთვნებოდა და მხოლოდ გასული საუკუნის ბოლოსაკენ, როდესაც ანტიფსიქიატრიული მოძრაობა გაცილებით ძლიერი გახდა, ხოლო საზოგადოება გაცილებით შემწყნარებელი, საჭირო გახდა ფსიქიური და მათ შორის ე.წ. პერსონალურობასთან დაკავშირებული დაავადებების გადახედვა. რ.დ. ლენგი, ფსიქიატრი, ამ მოძრაობის სულისჩამდგმელი, ამბობს, რომ მულტიპერსონალობა შეიძლება ადამიანის არსებობის ერთ-ერთ პროდუქტიულ ფორმად გადაიქცეს. თუმცა, ეს უკვე სხვა ისტორიაა...
მე ვიხილე სამოთხის ჩიტი, მან გაშალა თავისი ფრთები ჩემს თავზე, და მე არასდროს ვიქნები ისეთი, როგორც ადრე.
არ არსებობს არაფერი, რისიც უნდა გეშინოდეს. არაფერი. ზუსტად. სიცოცხლე, რომელსაც მე ვცდილობ წავეპოტინო, ეს ის „მეა“, რომელიც ცდილობს მას ჩაეჭიდოს.
სინამდვილეში, მეტი არაფერია სათქმელი, როდესაც უბრუნდები ყველა სათავის იმ საწყისს, რომელიც საერთოდ არაფერია. მხოლოდ მაშინ, როდესაც შენ დაიწყებ ამ ალფისა და ომეგის კარგვას, მოიწადინებ ილაპარაკო და წერო, ამას კი ბოლო ხომ არა აქვს, - სიტყვები, სიტყვები, სიტყვები. საუკეთესო შემთხვევაში ეს ალბათ გახსენებაა, შელოცვა, გრძნეულობა, ჯადოქრობა; გამოსხივება, გაბრწყინება, წარმტაცი ნათება ბნელ ცაზე, ჯერ კიდევ მისაღები; ტაქტი, მოურიდებლობა, სავარაუდოდ, საპატიო...
ქალაქის შუქები ღამეში, ზეციდან, რომლებიც გშორდება, როგორც ეს სიტყვები, ატომები, თითოეული მათგანი თავში საკუთარ სამყაროს შეიცავს და ყოველგვარ სხვა სამყაროს...
მე რომ შემეძლოს შენი ჩართვა, რომ შემეძლოს გადაგიყვანო შენი საცოდავი გონებიდან, რომ შემეძლოს შენ გამოგარჩიო, მე გაუწყებდი ამას.
რ.დ. ლენგი. გატეხილი „მე“
__________________
1 Mutabor - გარდავიქმნები (ლათ.). ჯადოსნური სიტყვა ვილჰელმ გაუფის ზღაპარში „ხალიფი-წეროს ამბავი“ რომელსაც ადამიანების ცხოველებად და ფრინველებად გადაქცევა ძალუძს.
2 „ევროპის დაღუპვა“ - გვიანბურჟუაზიული კულტურფილოსოფოსის ოსვალდ შპენგლერის (1880—1936) ნაწარმოები, რომლის რეცენზიაც ჰერმან ჰესემ დაწერა 1924 წელს.
3 პონგი - მაგიდის ტენისის ანალოგიური ვიდეო თამაში, რომელიც Atari Inc.-მა გამოუშვა 1972 წლის 29 ნოემბერს.
4 ნინტენდო კაბუსიკიგაისა - კომპიუტერული თამაშების და სატამაშო კონსოლების მწარმოებელი იაპონური კომპანია.
5 „ბეიბი-ბუმი“ - „ჩვილების ბუმი“, შობადობის მკვეთრი ზრდა შტატებში მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პირველ ათწლეულში.
6 Usenet (USEr NETwork) - გლობალური, დეცენტრალიზებული, განაწილებული ქსელი, რომელიც ფაილების გამოქვეყნებისათვისაა შექმნილი. მომხმარებლები ერთმანეთს უგზავნიან შეტყობინებებს, რომლებიც ინახება სერვერებზე, საიდანაც შესაძლებელია მათი ჩამოტვირთვა. შეიქმნა 1979 წელს და დიდი გავლენა მოახდინა თანამედროვე ვებ-კულტურის განვითარებაზე. Usenet-ში წარმოიშვა დღეისათვის ფართოდ გავრცელებული ტერმინები: ნიკი, სმაილიკი, მოდერატორი, ფლეიმი, ბანი, FAQ და სპამი.
7 რუნეტი - გლობალური ქსელის რუსულენოვანი ნაწილი.
8 Лытдыбр - „ცოცხალი ჟურნალის“ (http://www.livejournal.ru) ჟარგონი. თუკი დავწერთ სიტყვას „дневник“ ისე, რომ არ გადავრთავთ კლავიატურას ლათინურიდან რუსულზე, მივიღებთ „ლყტდყბრ“-ს; რომელიც კირილიცით დაიწერება როგორც „лытдыбр“. მაგრამ სიტყვის შინაარსი განსხვავდება „დღიურისაგან“ და უფრო ზუსტად ყოველდღიური რეალური ცხოვრების შესახებ ჩანაწერებს გულისხმობს.
9 რობერტ ანტონ უილსონი (1932 წლის 18 იანვარი - 2007 წლის 11 იანვარი) - ამერიკელი რომანისტი, ესეისტი, ფილოსოფოსი, ფსიქოლოგი, ფუტუროლოგი, ანარქისტი და შეთქმულების თეორიების მკვლევარი. მისი ჯანმრთელი იუმორით გაჟღენთილი ნაწარმოებები ავტორი ამბობდა: „ჩემი მიზანია მივიყვანო ადამიანები განვრცობილი აგნოსტიციზმის მდგომარეობაში, არა აგნოსტიციზმისა მხოლოდ ღმერთთან მიმართებაში, არამედ აგნოსტიციზმისა ყველაფრის მიმართ“
10 რობერტ ალან უილსონი. „ჩემი სიცოცხლე სიკვდილის შემდგომ“.
11 RPG (Role-playing game) - როლური თამაშები.
![]() |
13 წიგნიდან იყო და არა იყო რა |
▲ზევით დაბრუნება |
უახლესი ისტორია
ავტორი: დათო ტურაშვილი
ფოტო: გოგი ცაგარელი
(გაგრძელება)
იმ პირველ მიტინგს, რომელიც ჩვენი დროის უნივერსიტეტში საგულდაგულოდ დავგეგმეთ, მხოლოდ ერთი და კონკრეტული მოთხოვნა ჰქონდა - მერაბ კოსტავას გათავისუფლება, მაგრამ თავად მიტინგისათვის მზადება საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა (გასაგები მიზეზების გამო) და ჩემს თანაკურსელ თამუნა თითმერიასთან ერთად მანამ ვბჭობდით მომავალი მიტინგის დეტალების შესახებ, სანამ მერაბ კოსტავა არ გაათავისუფლეს.
ქართველი პოლიტპატიმრები მანამდეც არსებობდნენ და ყბადაღებული ორმოცდამეთვრამეტე მუხლით, შორეული რუსეთის შორეულ ბანაკებში მათ არაერთი ცივი ზამთარი გაატარეს, მაგრამ ჩვენი დროის საზოგადოებამ ნაკლებად იცოდა მათ შესახებ და ეს უპირველესად მათი დამსახურება იყო და არის, რადგან სამშობლოში დაბრუნებულებს არავინ შეუწუხებიათ იმის შეხსენებით, რომ თავიანთი სიცოცხლის ათეული წლები საბჭოთა ციხეებში გაატარეს და ამის გამო ვიღაცაზე მეტი ეკუთვნით. ყველაზე უპრეტენზიო და უამბიციო ქართველ პატიმართა შორის სწორედ ისინი იყვნენ, ვინც ყველაზე ღირსეულად გაუძლო საბჭოურ საპყრობილეებს და რამაც მერაბ კოსტავაში, გაცნობისთანავე გამაკვირვა, არგაბოროტება იყო. იგი ისეთივე კეთილშობილი დაბრუნდა შორეული ბანაკებიდან, როგორიც დაპატიმრებამდე იყო და პირველად 1987 წლის 12 ოქტომბერს ვნახეთ ილია ჭავჭავაძის საფლავზე. (მერაბ კოსტავა გამაცნო ძვირფასმა ქალბატონმა, ჩვენმა პროფესორმა ცირა ჩიკვაიძემ და მახსოვს წვიმდა, ხელს ვართმევდი ცოცხალ ლეგენდას და ვიყავი ძალიან ამაყი).
მერაბ კოსტავას, მის ტრაგიკულ გარდაცვალებამდე (თუ მოკვლამდე), ხშირად ვხვდებოდით ხოლმე და ძალიან ხშირად და დიდხანსაც გვისაუბრია ყველაფერზე, რაც გვაწუხებდა. რამდენჯერმე საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ერთადაც ვიმოგზაურეთ და ყველგან მიგრძვნია მის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება. იმის თვითმხილველიც არაერთხელ გავმხდარვარ, როგორ უყვარდათ იგი - მართლა გმირი და ადამიანი, რომელიც ვერ გატეხეს...
რასაკვირველია, საბჭოთა საქართველოს ხელისუფლებას არაკეთილი დამოკიდებულება ჰქონდა განსხვავებულად, არასაბჭოურად მოაზროვნეების მიმართ, მაგრამ მერაბ კოსტავა, პიროვნული თვისებების გამო, ამ მხრივაც გამორჩეული იყო და მის მიმართ პატივისცემა (ზოგჯერ) იმათაც კი ჰქონდათ, ვისაც უბრალოდ მისი სიძულვილი ევალებოდა. სიძულვილის გამო (თუმცა, სიყვარულის სახელით), უდანაშაულოდ თუ არა, უკანონოდ მაინც, ადამიანები ახლაც სხედან საქრთველოს ციხეებში, მაგრამ თავისუფლებაზე მეოცნებე ძველ და ახალ პატიმრებს შორის ძნელად თუ ვინმე შეედრება თავისუფლებისათვის ბრძოლის „შიშველ სატევარს“...
ეს ფრაზა მერაბ კოსტავას შესახებ, ჩვენი არ არის და აკაკი ბაქრაძეს ეკუთვნის - კაცს, რომელიც ჩვენი სტუდენტობის დროს (საერთო მღელვარების წინ), უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა ახალგაზრდებს შორის და გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ასეთი აუდიტორია (მითუმეტეს რიცხობრივად) არცერთ ჩვენს ლექტორს არ ჰყოლია. ბატონი აკაკის ლექციები უნივერსიტეტის ჩვეულებრივ აუდიტორიაში დაიწყო, მერე სააქტო დარბაზში გაგრძელდა და (იქაც რომ ვერ დავეტიეთ) ვერის ბაღში, საკალათბურთო დარბაზში გადავინაცვლეთ. ხუმრობდნენ კიდეც - ასე თუ გაგრძელდა, „დინამოს“ სტადიონზე მოგვიწევს სიარულიო და იმ ხუმრობაში ნამდვილად იყო სიმართლის მარცვალი, რადგან ინტერესი აკაკი ბაქრაძის ლექციების მიმართ განსაკუთრებით დიდი იყო. ამ, ერთი შეხედვით, აუღელვებელ (განათლებულსა და ჭკვიან კაცს) და მშვენიერ მთხრობელსაც, უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა და, რაც მთავარია, საუბარი (თუნდაც, ინფორმაციულად) ისეთ თემებსა და საგნებს შეეხებოდა, რაც ჩვენი თაობის დიდი ნაწილისათვის მანამდე უცნობი იყო.
თუმცა, პირადად ჩემთვის ახლა არის უცნობი და გაუგებარი რატომ ცდილობენ ხოლმე ზოგიერთები იმ ფაქტის უარყოფას, რომ ჩვენი თაობის აზროვნებისა თუ შეხედულებების ფორმირებაში სწორედ აკაკი ბაქრაძემ შეიტანა განსაკუთრებული წვლილი. თუმცა პირადად ბატონი აკაკი იმ პოპულარულ ლექციებამდე გავიცანით და ჩვენს გაცნობასაც საკმაოდ თავშესაქცევი ისტორია ჰქონდა.
საბჭოთა ხელისუფლებას (მოგეხსენებათ) არა მარტო პოლიტპატიმრებისთვის ეხერხებოდა მიწისქვეშა ბრალდებების წაყენება, თავადაც სიამოვნებით თხრიდა გვირაბებს და სწორედ ჩვენი სტუდენტობის წლებში, უდიდესი მონდომებით დაიწყეს კავკასიონის გათხრა. ტრანსკავკასიური რკინიგზის მაგისტრალს მაშინვე გამოუჩნდნენ მოწინააღმდეგეები - ჯერ იდეას და მერე კი მშენებლობას და მათ შორის ბატონი აკაკიც იყო და აწყურიდან ახლადდაბრუნებულებმა პირდაპირ მას მივაკითხეთ.
აკაკი ბაქრაძე მანამდე ნანახი არ გვყავდა. მაგრამ ვიცოდით, რომ ძველი კინოსტუდიის შენობაში მუშაობდა (ჩვენი მშობლები „გოსკიპრომს“ რომ ეძახდნენ) და ერთ დღესაც ლექციების შემდეგ, ბევრნი მივლაგდით.
გვითხრეს შემობრძანდითო - აგერ ბატონი აკაკის კაბინეტიო და უზარმაზარი დარბაზის კარი შეგვიღეს (მას შემდეგ სად აღარ დავაბოტებდით, მაგრამ ამხელა კაბინეტი აღარც შეგვხვედრია). გრძელი მაგიდის თავში კაცი იჯდა და რამდენადაც მახსოვს, ჩაის მიირთმევდა. ერთი კი გავიფიქრე, ხელისუფლებისათვის აშკარად არასაიმედო პიროვნებასა და ელემენტს (როგორც თავად ეძახდნენ) ამხელა კაბინეტი როგორ გამოუყვეს-მეთქი, მაგრამ არ შევიმჩნიე და იმ გრძელ მაგიდას შემოვუსხედით. ნახევარი საათი ჩვენ ვლაპარაკობდით, რა თქმა უნდა, სხაპასხუპითა და მონდომებით და რა თქმა უნდა, ერთმანეთს სიტყვის თქმას არ ვაცლიდით (ხუმრობა ხომ არ იყო - დღისით, მზისით, კავკასიონს ხვრეტდნენ).
იმ კაცმა კი (ჩვენ რომ აკაკი ბაქრაძე გვეგონა) გვაცალა და ნახევარი საათი გვისმინა და ყელში რომ ამოუვიდა, ჩვენს კოლექტიურ მონოლოგში კითხვა ჩააკვეხა - ბოდიში და თქვენ რომელი აკაკი გინდოდათო. ვუპასუხეთ ყველამ ერთად და ჩვენს მასპინძელს, მშვენიერი და კეთილი ღიმილით გაუბრწყინდა სახე - ბაქრაძე სხვენში ზის, მე აკაკი დვალიშვილი ვარო.
არ ხუმრობდა - ჭერზე მიდგმულ კიბეს რიგრიგობით ავყევით და აკაკი ბაქრაძის ოთახს მართლა სხვენზე მივაგენით, თუმცა, ბოლო წუთამდე ვეჭვობდით, რომ ქვემოთ, უბრალოდ, გვეხუმრნენ და ზემოთ კარლსონი დაგვხვდებოდა. ოთახი იმდენად პატარა იყო რომ თავად ბატონი აკაკი ძლივს ეტეოდა და ჩვენ სადღა განვლაგდებოდით და ფაქტიურად კიბეზე ჩამოკონწიალებულებმა მოვისმინეთ მისი მოსაზრებები.
აწყურში კი ზაფხულობით დავდიოდით ხოლმე შრომითი სემესტრის სანაცვლოდ, სადაც ქართველი სტუდენტები მრავლად მიჰყავდათ რუსეთის ქალაქებსა და სოფლებში სრულიად გაურკვეველი შენობების ასაგებად.
ჩვენ პირველივე კურსზე უარი ვთქვით ამგვარ აბსურდულ სემესტრებში მონაწილეობის მიღებაზე და საკუთარი, ალტერნატიული ვარიანტი შევთავაზეთ უნივერსიტეტის დირექციას - გვემუშავა ქართული ძეგლების აღდგენაზე და მესხეთსა და ჯავახეთში რამდენიმე დაუვიწყარი ივლისი გავატარეთ.
ძირითადად ვმუშაობდით აწყურის ღვთისმშობლის ტაძრის გაწმენდასა და რესტავრაციაზე და სოფლის მოსახლეობის დიდი ნაწილი დარწმუნებული იყო, რომ ჩვენ ოროსანი სტუდენტები ვიყავით და ზაფხულის თაკარა მზის ქვეშ მუშაობა, როგორც გამოუსწორებელ ოროსნებს, უნივერსიტეტის ხელმღვანელობისგან, უბრალოდ, მოსჯილი გვქონდა. მერე, როცა დარწმუნდნენ, რომ ადამიანი, საკუთარი სურვილის გარეშე, შეუძლებელია, ასეთი მონდომებით მუშაობდეს, ეჭვი უფრო სერიოზულ მიზნებზე მიიტანეს და სოფელში თამარ მეფის ვერსიაც გაჩნდა - მოსახლეობის ნაწილმა ნელნელა დაიჯერა, რომ ვეძებდით თამარ მეფის საფლავს და გარიგებაც (ზეპირი ურთიერთშეთანხმებით) ორივე მხარისათვის მისაღები აღმოჩნდა.
როგორც ცნობილია (ლეგენდის თანახმად), თამარ მეფის კუბო (ანუ სასახლე) ოქროსი იყო და თუ მივაგნებდით და აღმოვაჩენდით (შეთანხმების თანახმად), თამარი ჩვენ უნდა წაგვეყვანა, ოქროს კუბო კი ადგილობრივ მოსახლეობას რჩებოდა. აწყურელებისაგან (მიუხედავად ზემოთქმულისა) კარგის მეტი არაფერი გვახსოვს და თუ თავიდან, როგორც ოროსნები, აშკარად ვებრალებოდით და პურ-ღვინოს არ გვაკლებდნენ, მერე დავმეგობრდით კიდეც და ნებისმიერი ჩვენგანისათვის იქ გატარებული ივლისის დღეები ჩვენი ცხოვრების უმშვენიერეს ნაწილად იქცა. რაც შეეხება ღამეებს (რა დაგვაძინებდა), სასიამოვნოდ დაღლილებს რამდენჯერ დაგვთენებია ყველა იმ თემასა თუ საგანზე საუბარსა და კამათში, რაც უკვე გვაღელვებდა და გადაუჭარბებლად შეიძლება იმის თქმა, რომ მესხეთში ჩვენი თავშეყრა, თანდათანობით სერიოზულ ანტისაბჭოურ ბუდედ იქცა. თანდათანობით ჩვენი გაკონტროლებაც შეუძლებელი გახდა და პარტიული თუ კომკავშირული ხელმძღვანელობაც შეეგუა იმ აზრს, რომ ჩვენგან საბჭოთა მოქალაქეებს ვეღარ გამოზრდიდნენ. თუმცა, რამდენიმე კონფლიქტი ცენტრიდან ჩამობრძანებულ რევიზია-კომისიასთან მაინც გვქონდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მესხეთში მართლა არსებობდა ჩვენი სტუდენტობის დასაწყისშივე თავისუფლების პატარა კუნძული...
შესაძლოა, რომ იმ კუნძულის შექმნა თვითონ საბჭოთა ხელისუფლებამ განაპირობა იმ აბსურდული რეჟიმის გამო, რომელიც საბჭოთა საზღვრების სიახლოვეს მოქმედებდა - სოფელ აწყურის შესასვლელთან საბჭოთა ჯარი იდგა (თავისი შლაგბაუმით) და მესხეთში შესვლა (იქ მცხოვრებთა გარდა) არცერთ ქართველს არ შეეძლო სპეციალური საშვის გარეშე. სხვათა შორის, ახლა რომ კმაყოფილები წამოვიპლაკებით ხოლმე გონიოსა და კვარიათის პლაჟებზე, იქაც იგივე რეჟიმი მოქმედებდა მაშინ და ჭოროხის ხიდის იქით რუსეთის არმია არავის უშვებდა...
თავისუფლებას კი ერთი ძვირფასი თვისება აქვს - გემოს თუ გაუგებ, მერე მისი მოთხოვნილება გამუდმებით გაწუხებს და მხოლოდ ერთი პატარა კუნძულის არსებობა, ისიც მხოლოდ ზაფხულში, უკვე აღარ გვაკმაყოფილებდა. ყოველ შემთხვევაში პირადად, წვიმასა თუ თოვლში (თუნდაც, ზოგიერთი ლექციის ხარჯზე), მითუმეტეს შაბათ-კვირას, როგორც კი ამის საშუალება გამოჩნდებოდა, მივდიოდი იქ, სადაც ჩემთვის მაშინ სამშობლო დაიწყო.
გარეჯის მსგავსი, მგონი, მერეც არაფერი მინახავს, მიუხედავად იმისა, რომ საკმარისად ვიხეტიალე სხვა ქვეყნებშიც, მაგრამ დავით გარეჯის უდაბნოს მართლა ძნელად თუ რამე შეედრება, როგორც ადამიანისა და ბუნების თანაარსებობის საოცარ მაგალითს, სადაც სრულიად სხვა, ერთადერთი და განუმეორებელი გარემო და ენერგეტიკა არსებობს და მარადიულ საიდუმლოდ რჩება ჩვენი გონებისა და ჭკუისათვის...
მაშინაც გარეჯი საიდუმლო იყო, როცა პირველად ვნახე პირველ კურსზე და ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ არასოდეს მომწყინდება გარეჯში თუნდაც მისი სიჩუმის მოსმენა...
დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი რამდენიმე მონასტერს მოიცავს და კლდეში გამოკვეთილი სენაკებისა და ეკლესიების შესწავლასა და აღდგენაზე მაშინ საოცარი ადამიანები მუშაობდნენ - რესტავრატორები, რომლებსაც სიამოვნებით შევუერთდი და მერაბ ბუჩუკურის ჯგუფთან ერთად გატარებული დღეების გახსენებაც კი, უდიდესი სიამოვნებაა ჩემთვის. რესტავრატორებს შორის მხოლოდ მე ვიყავი არაპროფესიონალი, მაგრამ რიგითი მუშის ამპლუაც დიდ სიხარულსა და ბედნიერებას მანიჭებდა, რადგან საბჭოთა ჯარების მიერ განადგურებული და დანგრეული კულტურის შენარჩუნებას ვცდილობდით.
მაგრამ უნიკალურ ქართულ ფრესკებზე ზრუნვა, მათი გამაგრება თუ რესტავრაცია არც ისე იოლი იყო გასაგები მიზეზების გამო - დავით გარეჯის ტერიტორიაზე 1948 წლიდან სამხედრო პოლიგონი არსებობდა და არათუ ექსპედიციების მოწყობა, ერთი მონასტრიდან მეორემდე გადაადგილებაც კი, ზოგჯერ პრობლემა იყო. იყო ისეთი დღეებიც, როცა ლავრიდან ბერთუბანში დილით მივდიოდით ჩუმად სროლების დაწყებამდე და კლდეში გამოკვეთილ სენაკებში ისე ვმუშაობდით, ვცდილობდით სამხედროებს არ შევემჩნიეთ. იყო შემთხვევა, როცა მიხვდნენ რასაც ვაკეთებდით და პირდაპირ გვესროლეს. მაშინ მთელი დღე გამოქვაბულებში გავატარეთ და საშინელი სროლის გამო, დაღამებამდე გარეთ გამოხედვაც კი ვერ შევძელით. იყო ღამეებიც, როცა კლდის თავზე ჩამოწოლილები აფეთქების ადგილებს ვიმახსოვრებდით, რომ დილით გასროლილი ჭურვები მოგვეგროვებინა და თბილისამდე ჩამოგვეტანა, როგორც ნივთმტკიცება. საქმე ის გახლდათ, რომ მიტინგებამდე საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე ამაოდ დავდიოდით დაწესებულებიდან დაწესებულებამდე იმის იმედით, რომ უფროსების მხრიდან თანადგომას მაინც მივაღწევდით. უმრავლესობას ყველაზე მარტივი (ოფიციალური) არგუმენტი ჰქონდა იმისათვის, რომ ზედმეტ პრობლემებს მორიდებოდა - დაამტკიცეთ, რომ ისვრიანო და სამხედროებიც ერთი პერიოდი ღამის წვრთნებზე გადავიდნენ. კვალის დაფარვაც მოგვიანებით დაიწყეს (მიტინგის შემდეგ), თორემ მანამდე მოსარიდებელი რა ჰქონდათ და ბერთუბნის მთავარ ეკლესიაში, თამარ მეფის ფრესკაზე, რუსული ენის ნებისმიერ მცოდნეს შეეძლო იმ ოფიცრის გვარის წაკითხვა, რომელმაც საგულდაგულოდ დაუმიზნა თამარ მეფის უნიკალურ ფრესკას და რამდენჯერმე ესროლა...
ჩვენს პროტესტებზე საბჭოთა არმიას სრულიად სხვადასხვაგვარი რეაქციები ჰქონდა და ერთხელ, გარეჯში, არც მეტი, არც ნაკლები, ტანკით მოგვადგნენ. იქაური მუზეუმის მაშინდელი დირექტორი ილო ქვლივიძე, რომელმაც რამდენიმე წლის მანძილზე თითქმის მარტომ შეინარჩუნა გარეჯის ლავრა, მაშინ ნაჯახით გადაუდგა ტანკს და არასდროს დამავიწყდება მისი გაგიჟებული სახე, სისხლიანი თვალები და მზადყოფნა მართლა ბოლომდე, მართლა უკანასკნელ წვეთამდე ბრძოლისა...
თუმცა, იყო სხვაგვარი რეაქციაც და ერთ საღამოს მონასტერში ამიერკავკასიის ჯარების მაშინდელი სარდალი გენერალი მაკაშოვი გვესტუმრა - ამ საოცრების დანგრევას მე როგორ მაბრალებთო, თქვა და ცრემლი მოერია. ჩვენ გაოცებისაგან პირები დავაღეთ და გახარებულებმა მისთვის გადამალული ხაშმის საფერავიც გავიმეტეთ. შუაღამემდე სვამდა განსხვავებული ჯამებით საქართველოს სადღეგრძელოს და ტიროდა - საქართველო ისე მიყვარს, გარეჯს როგორ დავანგრევ, ეგ რამ გაფიქრებინათო. სვამდა და ტიროდა. ჩვენც ვტიროდით. მე თან ვსვამდი, თან ვლოცულობდი - ღმერთო, ყველაფერი მაპატიე, რაც ამ კაცზე ცუდი მიფიქრია-მეთქი...
მთავარი სინანულია და მეორე დღეს დარცხვენილი, თავჩაღუნული და მონანიე რომ ვბრუნდებოდით თბილისში, ავტომატმომარჯვებულმა სამხედროებმა დაგვაპატიმრეს - უფროსის ბრძანებაა, ვინც პოლიგონის ფუნქციონირებას ხელს უშლის, დააკავეთო. მიგვიყვანეს შტაბში და „პახმელიაზე“ თავდასიებული მაკაშოვი დაგვხვდა - უნდა დაგხვრიტოთ, მაინც ვერავინ გაიგებსო. თავიდან ვიფიქრეთ, ხუმრობდა, მაგრამ მაგიდას რომ მუშტი დაარტყა და ტუჩის ორივე კუთხეში დუჟი მოადგა, მივხვდი ჩვენი საქმე ცუდად იყო და წუხანდელი ღამე გავახსენე გაუბედავად. ღვინო კი კარგი იყო, მაგრამ თქვენ არ მახსოვხართო - დედამოტყნულმა მაკაშოვმა თვალისდაუხამხამებლად, აუღელვებლად იცრუა და მისი ბრძანებითვე მთელი დღე პატიმრობაში გავატარეთ.
რამდენიმე წლის შემდეგ (ერაყის ომი რომ დაიწყო), როცა ოფიციალური რუსეთი ოფიციალურად არ ერეოდა ერაყის კონფლიქტში, ამერიკული კოსმოსური თანამგზავრიდან სწორედ ის ფოტოკადრი დააფიქსირეს, ჩვენი ნაცნობი გენერალი მაკაშოვი, სადამ ჰუსეინის სასახლის ეზოში დიქტატორის ვაჟს ასუჯრიან შაშს რომ ეთამაშებოდა (ჭადრაკი, მოგეხსენებათ იდევნებოდა)...
სხვათა შორის, ეს ის ვაჟია, მოგვიანებით ჰუსეინმა თავად რომ დაჭრა ცეცხლსასროლი იარაღით, მაგრამ მისი მკურნალობის ხარჯები მაინც საკუთარ თავზე აიღო...
![]() |
14 შაბათი. 1997 |
▲ზევით დაბრუნება |
ცრემლიანი სათვალე
ილუსტრაცია: მაია სუმბაძე
გიორგი გვახარია
ნაწილი ოცდამეხუთე
გიფიქრიათ იმაზე, რატომ აფარებდა ხალხი თავს მექსიკას? საიდან მოხვდა, მაგალითად ტროცკი მეხიკოში, ანდა, რაღა მაინცდამაინც მექსიკაში გაეხსნა ლუის ბუნუელს „მეორე სუნთქვა“? რატომაა, რომ სწორედ მექსიკაში დაიბრუნა ეიზენშტეინმა იდენტურობა - ისე გადარია „ჯუჯა პირამიდების“ სამყარომ, რომ ცხოვრებაში პირველად, თავის დღიურებში, სიტყვა „ღმერთი“ დიდი ასოთი დაწერა, აი ასე - „Бог“...
მართლა არ ვიცი, რატომ? 96 წლის ზაფხულში ერთი თვე ვიყავი მექსიკაში, მაგრამ შავ-ყვითელა ფერის (ვერ ვიტან ამ შეჯვარებას), რაღაც ზღვარგადასული კათოლიციზმისა და სიმდიდრე-სიღატაკის კონტრასტის მეტი არაფერი დამმახსოვრებია. იყო, რა თქმა უნდა, დადებითი ემოციები. მაგალითად, საყვარელი ძმა, თავისი ოჯახით. მაგრამ მექსიკა ნამდვილად „ვერ დაიბრალებს“, რომ ამ მიწის ნაყოფები არიან გვახარიები... მექსიკას ჩემთან მხოლოდ და მხოლოდ ბებერი ლესბოსელით, ხრინწიანხმიანი ჩაველა ვარგასით შეუძლია იამაყოს, გასაოცარი ქალით, რომელიც მთელი ცხოვრება სიყვარულზე მღეროდა, ტიროდა, და, თანაც მგონი, ეცინებოდა კიდეც თავის ვნებებზე. მაგრამ ჩაველას მოსასმენად მაინცდამაინც ოკეანეს უნდა გადაუფრინო? მთელ მსოფლიოში ყრია მისი დისკები. ჰო, ჰო, „ყრია“ გაიაფებული საქონლის განყოფილებებში, რადგან ჩაველა ვარგასი არ ითვლება უმრავლესობის მომღერლად; ინტელექტუელები დარწმუნებულები არიან, რომ შესრულების მისი მანერა მხოლოდ კაცობრიობის მცირე ნაწილს უჩუყებს გულს - იმათ, ვინც თავის თავს „მიტოვებულ შეყვარებულს“ ეძახის. მისი ჩახრენწილი ხმა (ვერასდროს რომ ვერ გაიგებ, იცინის თუ ქვითინებს დედაბერი) იმას ატირებს (ან აცინებს), ვინც ცხოვრების ერთი დიდი ეტაპი უკვე გაიარა და ზმანებებში დაფარფატებს, ვინც სიტყვას „ღმერთი“ ახლა უკვე დიდი ასოთი წერს, რადგან „ღმერთმანი“ აღარავინ ჰყავს ამ ქვეყანაზე.
„გაგონილა, ღმერთი იყოს და კაცს აღარ მიეშველოს?“ - გაკვირვებული კითხულობდა სიმონ ჩიქოვანი.
ასეთი იყო „60-იანელთა“ რიტორიკა. ეს ხალხი დარწმუნებული იყო, რომ გარემომცველ სამყაროში წესრიგის, ზომიერებისა და აზრის დანახვის შემდეგ, ადამიანი აუცილებლად გააცნობიერებს, რომ მთლიანობის ნაწილია. მერე კი საიმედო საყრდენსაც იგრძნობს ფეხებქვეშ. მარლენ ხუციევის, 60-იანელთა ამ „მედროშის“ ფილმში „ილიჩის საგუშაგო“, 23 წლის ბიჭს ომში დაღუპული 21 წლის მამის აჩრდილი გამოეცხადება. „მასწავლე, როგორ ვიცხოვრო!“ - ევედრება სურათის გმირი მამამისს. „შენ ხომ ჩემზე უფროსი ხარ, თავად იფიქრე!“.
ამბობენ, რომ ამ ფრაზის გაგონებაზე ნიკიტა ხრუშჩოვმა სულ ცოფები ყარა და სასწრაფოდ მოითხოვა ხუციევის სურათის მოხსნა ეკრანებიდან. ნიკიტა სერგეევიჩი, თითქოს მიხვდა, რომ თუკი ამ ხალხს, ამ რომანტიკოსებს ცოტა არ მოუჭერდა, სტალინიზმთან და „პიროვნების კულტთან“ ბრძოლა შეიძლებოდა მისთვის და მთელი საბჭოთა სისტემისთვის ცუდად დამთავრებულიყო. ხრუშჩოვისთვის უკვე ისიც საეჭვო გახდა, რატომ აიტაცეს 60-იანი წლების ახალგაზრდებმა პარტიის მიერ გამოცხადებული ციმბირის ათვისების გეგმა, რატომ გარბოდნენ ბედნიერი სახეებით, სიმღერსიმღერით იქ, სადაც უწინ ხალხს ასახლებდნენ და კლავდნენ... რა იყო ეს? იქნებ იმ მოძრაობას ჰგავდა, რომელსაც ეიზენშტეინი „Прорыв“-ს უწოდებდა... ხო, ასე წერდა - „Прорыв“, დიდი ასოთი.
იქნებ, მაინც უფრო ამიტომ წამოვიდა მექსიკიდან? მიხვდა, რომ ჯუჯა პირამიდების შავ-ყვითელა სამყაროში ჰაერს კი ისუნთქავდა თავისუფლად, თავის გრიშკა ალექსანდროვთან ერთად კი ასწავლიდა ამ ხალხს კინოს გადაღებას, მაგრამ ეს მაინც არ იქნებოდა „Прорыв“, ეს უფრო დამფრთხალი შვილის მკაცრი „მამოჩკასგან“ გაქცევას დაემსგავსებოდა. ეიზენშტეინს ხომ იმხანად არა მარტო სტალინი უგზავნიდა დეპეშებს, დაბრუნდი, თორემ საბჭოთა ხალხი გაგასამართლებსო; მას, პირველ რიგში, დედა იხმობდა, მარტო ვარ, მომვლელი მჭირდებაო. 1996 წელს დედა-სამშობლო მეც მიხმობდა - როგორც კი მექსიკიდან ჩამოვიდოდი, თბილისში გადმობარგებულ რუსთავის ტელევიზიაში ახალი პროგრამა უნდა დამეწყო.
„რუსთავი 2“-ის დამფუძნებლები, ეროსი კიწმარიშვილი, დათო დვალი და ჯარჯი აქიმიძე ცოტათი ჰგავდნენ ამ „60-იანელებს“ - ისინი ალპინიზმმა დაამეგობრა, ანუ კიდით-კიდემდე მოძრაობის სურვილმა, სიმაღლის შეცნობის ვნებამ, იმ სიმაღლისა, რომელსაც ვერ დაიპყრობ, ეს „პრორივი“ სიამოვნებას რომ არ განიჭებდეს. 96-ში, როცა დედა-სამშობლოს ჯერ კიდევ „სარკმლით“ ვემსახურებოდი, ნოდარ ბეგიაშვილმა მითხრა, რუსთავის ტელევიზიის ბიჭები გეძებენ, იქნებ დაუთმო რამდენიმე წუთიო. ამ „დაუთმეს“ მიჩვეული ვიყავი. იცოდა ხალხმა, როგორ მეზარება ხოლმე ასეთი უპერსპექტივო შეხვედრები.
ბოლოს და ბოლოს „დავუთმე“. ნახევრადდახეული ჯინსებით და „ბოტასებით“ სახლში მესტუმრნენ. ბევრი „ბატონო გოგი“ იძახეს და თავისას მიაღწიეს - მეორე დღეს მათი სტუდიის სანახავად რუსთავისკენ გავემართე.
ქალაქი რუსთავი აქამდე მხოლოდ „კეთილ ადამიანებში“ მქონდა ნანახი. ამ ფილმში ყოველთვის მომწონდა კონტრასტი სტალინურ არქიტექტურულ ფონსა და სტალინური კულტურისთვის სრულიად უცხო პერსონაჟებს შორის, კონტრასტი 40-იანი წლების ფსევდოკლასიციზმსა და 60-იანი წლების მელოდრამატულ რომანტიკას შორის. მომწონდა, როგორ იყო გადაღებული ფილმი, 60-იანელთა საყვარელ გარემოში - ქუჩაში, მოედნებზე (ამ თაობისთვის ხომ სიცოცხლე გარეთ გამოდის).
საინტერესოა, რომ რუსთავი „ქალაქად“ გამოცხადდა 1948 წელს, სწორედ იმ დროს, როცა სტალინმა დაამტკიცა ბუნების გარდაქმნის გენერალური პროგრამა - „რეკონსტრუქციული იდეოლოგიის“ თავისებური აპოთეოზი (უდაბნოების მორწყვითა და მდინარეების „გადასროლით“). ბუნების დამორჩილების იდეამ ქვეყნის რუკაზე მოამრავლა ახალი დასახლებები მონოლითური არქიტექტურით, რომელსაც ხალხში საბოლოოდ უნდა ჩაეკლა „პრორივის“ მოთხოვნილება. ხალხს ბუტაფორულ, სიმულაციურ რეალობაში უნდა ეცხოვრა.
1996 წელს თითქმის სრულიად დაქცეულ და გაპარტახებულ რუსთავს არც სტალინის ეპოქასთან ჰქონდა რამე საერთო და არც 60-იან წლებთან. მეტალურგების ქალაქს საერთოდ არ ჰქონდა სახე. მაგრამ „ორმაგი სიმულაცია“, რომელიც შევარდნაძის საქართველოში დაბრუნების შემდეგ შეიქმნა, რუსთაველებს აჯერებდა, რომ ისინი „ქალაქში“ ცხოვრობდნენ, რომ მათ თავიანთი თეატრი ჰქონდათ, ტელევიზია... 1995 წლიდან, უკვე ორი ტელევიზია.
ამ ქალაქში, სადაც წლების მანძილზე იწამლებოდა ჰაერი, სადაც ხელოვნურად შეყარეს ადამიანები, რომელთაც არ ჰქონდათ ქართულსაბჭოთა კორუმპირებულ რეალობასთან ინტეგრაციის უნარი მაგალითად, დედაქალაქში „ჩაწერის“ საშუალება), ამ მულტიკულტურულ გარემოში გაიზარდა პროფესიით პედიატრი, მოწოდებით კი მთასვლელი ეროსი კიწმარიშვილი. ერთ მშვენიერ დღეს გაეღვიძა და „ტელევიზიის გაკეთება“ გადაწყვიტა - ანუ „ორმაგი სიმულაციის“ სამყაროსთან ბრძოლა ასევე „სიმულირებული“, ვირტუალური რეალობის საშუალებით გადაწყვიტა. მერე ეს ვიწრო და უსახო სამყარო არ ეყო და სრულიად საქართველოზე მოინდომა ფრთების გაშლა.
ასეთი კაცისთვის როგორ არ უნდა „დამეთმო“ ჩემი თავი. როგორც კი რუსთავის ყოფილ სასტუმროში (აქ, მგონი, ყველაფერი „ყოფილი“ იყო) განლაგებული სტუდია ვნახე, ეგრევე დავთანხმდი - „მექსიკაში მივდივარ. როგორც კი დავბრუნდები, თქვენი ვარ!“
ორი კვირა იყვნენ ეთერში.
„რუსთავი 2“-ის დახურვის შესახებ მეხიკოში შევიტყვე. ნებისმიერი შემოქმედება - წინააღმდეგობაა. ამ სამყაროში სამოთხე რომ იყოს, არც რომანები დაიწერებოდა და არც მუსიკაო - წერდა გოდარი... ჩვენს თავს უნდა მივულოცოთ, რომ სამოთხეში არ ვცხოვრობთო.
ჰოდა, რა მინდოდა იმ შავ-ყვითელა სამოთხეში, როცა დედა-სამშობლო ბრძოლისთვის, წინააღმდეგობის გაწევისთვის, ე.ი. შემოქმედებისთვის მიხმობდა?
1997 წლის 7 მარტს მე 40 წლის იუბილეს ვზეიმობდი, ედუარდ შევარდნაძე კი საქართველოში დაბრუნების ხუთ წლისთავს. საიუბილეოდ შევარდნაძემ დიპლომატიური იმუნიტეტი მოუხსნა შეერთებულ შტატებში, საქართველოს საელჩოს თანამშრომელს გიორგი მახარაძეს, რომელიც, ამერიკული მხარის მტკიცებით ნასვამი იჯდა საჭესთან, რამაც 16 წლის გოგონას სიცოცხლე იმსხვერპლა. პარლამენტის თავმჯდომარემ, ზურაბ ჟვანიამ აღნიშნა, რომ შევარდნაძის ეს ნაბიჯი დიპლომატიურ სკოლათა სასწავლო პროგრამებსა და სახელმძღვანელოებში შევა, რაც კიდევ უფრო აწევს საქართველოსა და მისი პრეზიდენტის საერთაშორისო პრესტიჟს.
მსხვერპლშეწირვის იდეოლოგია, რომელსაც ძველებთან ერთად, ახალი თაობის პოლიტიკოსებიც ამკვიდრებდნენ, ჰარმონიულად ეწერებოდა უსაშველოდ მითოლოგიზირებულ და სიმულაციურ რეალობაში. თუმცა წინააღმდეგობის პროცესი უკვე დაწყებული იყო; იგივე ზურაბ ჟვანიას ძალისხმევა რომ არა, „რუსთავი 2“ ვერასდროს მოიგებდა სასამართლოს და ეთერში ხელახლა ვეღარ გავიდოდა.
მარტში გაზეთ „დრონში“ გიორგი მაისურაძის წერილი ქვეყნდება სათაურით „შევარდნაძის ხუთწლედი“.
„საქართველოში მისი დაბრუნების დღე... დიდ სადღესასწაულო რიტუალს წააგავდა. თბილისის თავზე ვერტმფრენი დაფრინავს, ცენტრალური მაგისტრალები გადაკეტილია და პატრულირებულია, ეკლესიის ზარები რეკენ, კათალიკოს-პატრიარქის რეზიდენციაში საზეიმო ლიტურგია მიმდინარეობს, პირდაპირ ეთერშია თბილისის აეროდრომი, სადაც მთელი „ქართული საზოგადოების ნაღები“ შეკრებილა. ციდან ეშვება თვითმფრინავი“
გიორგი მაისურაძე თითქოს ლენი რიფენშტალის ფილმს, „ნების ტრიუმფს“ აღწერს. თუმცა არც ჰიტლერს ახსენებს და არც რიფენშტალს, რადგან მშვენივრად იცის, რომ 90-იანი წლების საქართველოს მხოლოდ ინფანტილური ისტორიკოსები თუ შეადარებდნენ 30-იანი წლების გერმანიას. ერთი იყო „ფალოსის კულტზე“ აღმოცენებული ფაშისტური გერმანია და მეორე იყო კარიკატურული სტალინიზმი 90-იანი წლების საქართველოში, რომლის მართვა უკვე კარგად დაბერებული „ფალოსით“ ხდებოდა. „ტაქტიკა, რომლის საშუალებითაც შევარდნაძე მაღალ რეიტინგს ინარჩუნებს, „კოკა-კოლას“ ცნობილ რეკლამას წააგავს, როდესაც ფილმის ყოველ 24-ე კადრზე „კოკა-კოლას“ ბოთლი ჩნდება. საკმარისია, მისი პოპულარობის აქციებმა ვარდნა იწყოს, რომ იგი საერთაშორისო ანტიკომუნისტურ ან ანტიკორუფციულ მოძრაობას იწყებს, ან მის თავს რაღაც ისეთი ხდება, რაც საზოგადოებას კვლავ მისკენ შემოაბრუნებს. ამდენად, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ იგი კვლავ მრავალი ხუთწლედის განმავლობაში იქნება ქართული სახელმწიფოებრიობის სიმბოლო და უცვლელი მეთაური“ - ასე ასრულებს გიორგი მაისურაძე თავის სტატიას.
„რუსთავი 2“-ში გიორგიც მოვიდა და ყოველკვირეული გადაცემა, „ქალი და მამაკაცი“ ჩაიბარა. იმხანად ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა ფილოსოფოსს, სანამ ყველაფერზე გული აუცრუვდებოდა და ბერლინში გადაიხვეწებოდა, იმედი ჰქონდა, რომ ახალი ტელევიზიის საშუალებით ამხელდა გენდერულად დაუბალანსებელ ქართულ სინამდვილეს, რომლის მესიანისტურ კომპლექსებს სწორედაც რომ პატრიარქალური ცნობიერება, დედა-საყრდენზე მიჯაჭვულობა და „დეანალიზაცია“ (ეს სიტყვა განსაკუთრებით უყვარდა) განსაზღვრავს. რაღაც ამის მსგავსი კიდევ მზადდებოდა - ღამის ეთერში რომელიმე ქართველ ძალიან სექსუალურ „ნაშას“ უნდა წაეკითხა „ათას ერთი ღამე“ და დრო და დრო უნდა შეეხსენებინა სრულიად საქართველოსთვის, რომ ბუნებამ ზრდასრული ადამიანი სიამოვნების მიღების, ე.ი. სიხარულის, ნეტარების, თუ გნებავთ ბედნიერების განცდითაც დააჯილდოვა. „ათას ერთ ღამეს“ ქართველი ტელემაყურებლი საკუთარი სხეულის შესაძლებლობებში უნდა გაერკვია. შაბათის ეთერში ჩასმულ „ფსიქოს“ კი - ფსიქიკის შესაძლებლობებში. მოზრდილებისთვის განკუთვნილი „იავნანა“ არ გამოვიდა. ამ გადაცემის მაგივრად ეროტიკული სერიალი, „წითელი ფეხსაცმელები“ ჩაჯდა ეთერში. „ფსიქო“ კი - ქართულ ეთერში პირველად გასული სატელეფონო ზარებითა და ქართულად გახმოვანებული ფილმებით, ახალი ტელეკომპანიის, „რუსთავი 2“-ის მაყურებელმა 17 მაისს იხილა.
„სიმულაციური რეალობა“ აბობოქრდა „ფსიქოს“ მეორე გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ - კუბურ სურათში „მარწყვი და შოკოლადი“ მითებსა და ზღაპრებში მოტივტივე ქვეყანამ საკუთარი თავი დაინახა. მიზანი მიღწეული იყო - წინააღმდეგობა! ის, რაც, გოდარს თუ დავუჯერებთ, შემოქმედებას ბადებს ამ პლანეტაზე.
„დედამიწა აქ ერთი დიდი ფსიქიატრიული საავადმყოფოა - სადომაზოხისტებით, პედერასტებით, ლესბიანკებით, მკვლელებით, პედოფილებით, მანიაკებით დასახლებული საგიჟეთი, რომელსაც ღვთის მიერ შექმნილისა არა ეტყობა რა. გვახარიას და მისთანებს დედაბოძის გამოცლა უნდათ ქართული მენტალიტეტისთვის. მერე კი დედაბოძგამოცლილი ჭერი თავისით დაგვემხობა თავზე“
„გასულ შაბათს ბეწვზე გადაურჩა უეჭველ ხიფათს ჩემი ტელევიზორი, როცა „ფსიქოს“ მორიგ სიბილწეს, „ბენის ვიდეოს“ ვუყურებდი. რომ არა მეუღლის შეკივლება, სკამით, ერთი დარტყმით ნამსხვრევებად უნდა მექცია გვახარიას „ცისფერი ეკრანი“, საიდანაც ამდენი სიბილწე და სიბინძურე იღვრება“
„ერთმა ნაცნობმა მითხრა, ჩემი თანამშრომელი ქალი დილიდან გაბრუებული დადიოდა სამსახურში, და რომ ვკითხე, რა დაგემართა მეთქი, მიპასუხა, წუხელ „ფსიქოს“ ვუყურე და ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, თავიდან არ ამომდისო. რაც მომიყვა ქალმა, უკვე ამან გამხადა ცუდად: დედა როგორ აჩვევს თავის შვილს ქალთან ურთიერთობას“
ეს „წუხელ“ ავტორის ფანტაზიის ნაყოფი იყო. რადგან ასეთი ემოციური ქალბატონი მეორე დღეს სამსახურში ვერ მივიდოდა. „ფსიქო“ ხომ შაბათობით გადიოდა ეთერში... საერთოდ, ქართული მედიის მიერ გამოცხობილი სტატიები მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა იმ გულუბყვილო ადამიანების სულისკვეთებისგან, ვინც, უბრალოდ, მსხვერპლი იყო ამ სისტემის.
ერთმა მოხუცმა ქალმა სახლში დამირეკა. ჯერ წყევლით დაიწყო, მაგრამ მას მერე, რაც დაინახა, რომ მშვიდად ვუსმენდი (ეჰ, რამდენი რამე მასწავლეს ფსიქოლოგებმა!), ჯერ „შვილო, არ გრცხვენიაო“, მითხრა, მერე კი დაუმატა, თანაც, „ჩაწყობილი ზარები“ გაქვთო. ვუთხარი, ხვალ ამ თემაზე ფილმს ვაჩვენებთ, „ლარი ფლინტი ხალხის წინააღმდეგ“, თუ გნებავთ სტუდიაში მობრძანდით და იქ თქვით თქვენი სათქმელი მეთქი. ისიც გავახსენე, რომ პირადობის მოწმობა არ უნდა დაავიწყდეს. „კურიერში“, ფილმის გამოცხადების დროს ეს ამბავი მოვყევი და კიდევ ერთხელ მოვუწოდე ქალს, მობრძანებულიყო. რა თქმა უნდა, არ მოვიდა.
ფილმი დაწყებული იყო, როცა ტელევიზიაში ახალგაზრდა კაცმა დარეკა, მე მოვალ თქვენს გადაცემაში და მე ვიტყვი, რატომ არის მავნებელი „ფსიქოო“. სხვა რა გზა მქონდა, მობრძანდით, ოღონდ პირადობის მოწმობა არ დაგავიწყდეთ მეთქი.
„ლარი ფლინტზე“ სასაუბროდ გიგა ბოკერია იყო მოწვეული. მაგრამ ყმაწვილმა დაასწრო კიდეც გიგას სტუდიაში მოსვლა - შეიძლება ითქვას, მოფრინდა სტუდიაში! ცივად მომესალმა, ვახტანგი მქვიაო, მითხრა და „რუსთავი 2“-ის დაცვასთან ახლოს, ტელევიზორს მიუჯდა.
ასე, 25 წლის ბიჭი იქნებოდა. რაღაცნაირი, დამფრთხალი და ძალიან ფერმკრთალი სახით. საგანგებოდ იყო გამოწყობილი „ფსიქოსთვის“ - ჰალსტუხით.
მაკიაჟის გაკეთება, ცხადია, არ შევთავაზე. ვიცოდი ასეთი ხალხის დამოკიდებულება მაკიაჟის მიმართ. დათო მელიქიშვილს რამდენიმე დღით ადრე ერთმა პარლამენტარმა კატეგორიული უარი უთხრა მაკიაჟზე, ერთი და იგივეს იმეორებდა: „მე კაცი ვარ, კაცი ვარ!“. იმდენჯერ თქვა, რომ დათომ ბოლოს უთხრა: „გავიგეთ, ბატონო, არავინ გართმევთ კაცობას!“
„ლარი ფლინტის“ დასრულების შემდეგ გიგამ პრესის თავისუფლებაზე დაიწყო ლაპარაკი. მაგრამ ვახტანგს, უფრო „კაცობის პრობლემა“ აღელვებდა. ბევრი ილაპარაკა იმაზე, რომ ასეთი ფილმები „კაცობას“ უკარგავს ქართველ კაცებს, რომ „ხელმრუდობას“ აჩვევს. გიგამ ეს სიტყვა, „ხელმრუდობა“ გაამეორებინა (მისთვის ჩვეული სტილით: „ბატონო, ბატონო, რა ბრძანეთ? ხელცქვიტობაო?“), მერე კი ჰკითხა: „არასდროს გიხელცქვიტიათ ბატონო ვახტანგ?“
მერე ზარების დრო მოვიდა. ეს ჩვენი პატარა, ფერმკრთალი ვახო, ცხადია, მასხარად აიგდეს. „ლარი ფლინტი“ ვისღა ახსოვდა!
რუსთავი-2-ზე „ფსიქო“ სულ რამდენიმე კვირის დაწყებული იყო, როცა ბულატ ოკუჯავას გარდაცვალების ამბავი შევიტყვე. ღრმა ახალგაზრდობაში ოკუჯავას სიმღერები, საერთოდ, ბარდები, დიდად არ მეხატებოდა გულზე, მაგრამ 94 წელს, როცა ბერლინის ფესტივალზე ბულატ ოკუჯავას მეგობარი, მარლენ ხუციევი გავიცანი (ხუციევის ფილმი „უსასრულობა“ ფესტივალის კონკურსში იყო ჩართული), პირველად დავფიქრდი, რომ თბილისში დაბადებული, მერე კი გარუსებული ხუციევი და ოკუჯავა (გარეგნობითაც კი ჰგავდნენ ერთმანეთს), საბჭოთა 60-იანელების სიმბოლოები, ერთი და იგივეს ემსახურებოდნენ - უმცირესობისა და უმრავლესობის, ლირიკოსებისა და ფიზიკოსების, ჭკვიანებისა და უჭკუების დაახლოვება უნდოდათ! 60-იანელებმა, პირველად საბჭოთა კულტურაში, გადალახეს ინტელექტუალური სნობიზმი და გურამ რჩეულიშვილის „ალავერდობისა“ არ იყოს - პირდაპირ, ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე მიმართეს ბრბოს: „გაიღვიძეთ ხალხო, დაინახეთ, თქვენს უკან ტაძარია!“
„ვინ უყურებს, მერე, მაგ შენს გადაცემას? ინტელექტუალები?“ - ძალიან მწარე ირონიით მკითხა ბერლინში ხუციევმა, როცა ვუამბე, რას ვაკეთებდი ცხოვრებაში. მერე კი დააყოლა „ქართველებს ბულატ ოკუჯავა გყავთ და არ აფასებთ... არადა, ამ კაცმა ყველაზე გადაგვარებულ რუსსაც კი შეაყვარა ლექსი!“
ჰო, იქნებ მართლა ასეა? ჩაველას დისკებიც ამიტომ ხომ არ დაყარეს გაიაფებული საქონლის განყოფილებებში? იქნებ სჯეროდათ, რომ ეს დედაბერი მღეროდა სწორედაც რომ უმრავლესობისთვის, ბრბოში დაკარგული ადამიანებისთვის, რომლებიც ზმანებებში დაფარფატებენ და მამა-ღმერთს ეკითხებიან, როგორ ვიცხოვროო. ის კი თავიდან იშორებს, ობლად ტოვებს.
„ეს გადაცემა ჩვენი ტელევიზიის პრესტიჟია, ეს არ იქნება რეიტინგზე გათვლილი პროექტი“ - თავიდანვე მითხრეს „რუსთავი 2“-ში, როცა მე და ნინო გვახარია „ფსიქოს“ ვიწყებდით. გამიხარდებოდა, აბა რა! სიტყვა „უმრავლესობა“ ხომ ყოველთვის საბჭოთა ფორმულირებას, „დიდ უმრავლესობას“ („Подавляющее большенство“) მაგონებდა!
ახლაც, „ლარი ფლინტზე“, როცა ცალკე გიგამ და ცალკე ტელემაყურებელმა („დამრეკავებმა“, როგორც ხუმრობით ამბობდნენ „რუსთავი 2“-ში) ხელმრუდობისა და ხელცქვიტობის დაუძინებელ მტერს შავი დღე აყარეს, ძალიან ამიჩუყდა გული ამ გულუბრყვილო, ფერმკრთალ ვახტანგზე! უმრავლესობის წევრი ხომ მოულოდნელად უმცირესობაში აღმოჩნდა.
ვახტანგმა, უთუოდ, იგრძნო ეს. „ფსიქოს“ დასრულებისთანავე მოვიდა ჩემთან და მოულოდნელად მკითხა: „კარგი იყო? კმაყოფილი ხართ?“ პატარა პაუზის მერე კი დააყოლა: „მე თქვენზე ძალიან ნაწყენი ვარ, ბატონო გოგი! მაკიაჟი რატომ არ გამიკეთეთ? მონიტორს რომ შევხედე, ჩემს თავზე გული გამისკდა. გინდოდათ, რომ მახინჯი გამოვჩენილიყავი, არა?“
როგორ გეკადრებათ მეთქი, ვუთხარი და მანქანით სახლში წაყვანა შევთავაზე. ჩემი მანქანით „ფსიქოს“ სტუმრების დარიგება ერთი დიდი რიტუალი იყო, რომელზეც სხვა დროს გიამბობთ. მაგრამ ეს ღამე - მე, გიგა ბოკერია და ხელმრუდობის მტერი ვახტანგი - ერთ მანქანაში, ღამის 3 საათზე - მაინც განსაკუთრებული შემთხვევა იყო. სახლამდე როცა მივიყვანეთ (მეტრო „სამას არაგველთან“), სახლშიც კი დაგვპატიჟა ჩაიზე. მაგრამ მე უარი ვუთხარი, ამ დროს უკვე გაბრაზებული ვიყავი „ფსიქოს“ მოულოდნელ სტუმარზე.
გზაში კინოზე დამიწყო ლაპარაკი და ის ფილმები ჩამომითვალა, რომლის ნახვაზეც ოცნებობს: ბერტრან ბლიეს „მოკუნტრუშეები“, პაზოლინის „სალო“, ოსიმას „გრძნობათა იმპერის“, ფასბინდერის „კერელი“... ტესტი იყო რა! გასაგები გახდა, რომ ეს ჩვენი ვახტანგი, უბრალოდ, იმ საზოგადოების ტიპური, ძალიან ტიპური წევრი იყო, რომელიც ორმაგი მორალით ცხოვრობს, ანუ, რომლისთვისაც მორალიც კი სიმულაციური კატეგორიაა.
ეს ყველაფერი ძველ ანეგდოტს ჰგავდა; სახლმართველობაში შემოდის საჩივარი იმის თაობაზე, რომ მეცამეტე ბინაში შეუძლებელია ნორმალურად ცხოვრება, რადგან სასადილო ოთახის ფანჯარა პირდაპირ მამაკაცების აბანოს ფანჯარას გაჰყურებს და ბინის მფლობელს საშინლად არ სიამოვნებს მამაკაცების შიშველი სხეულების ყურება. მოდის სპეციალური კომისია და ადგენს, რომ ორი შენობის ფანჯარა მართლაც ერთმანეთზე გადის, მაგრამ კომისიის წევრები მაინც გაკვირვებულები არიან - აბანოს ფანჯარა თითქმის მთლიანადაა ამოვსებული. აღშფოთებული მობინადრე ამბობს: „აძვერით კარადაზე და იქიდან დაინახავთ!“
უმრავლესობა სწორედ ასე უყურებდა „ფსიქოს“ - კარადაზე აძრომით! ჰოდა, როგორ არ უნდა დაგვეფასებინა ამ ხალხის ძალისხმევა? ისინი ხომ შაბათს, ღამით უზარმაზარ ენერგიას ხარჯავდნენ. კვირას კი, გაბრუებულები და გამოფიტულები, „სამსახურში“ არ მიდიოდნენ, მაგრამ მაინც მუშაობდნენ - აგრესიას აფრქვევდნენ; ზოგი სტატიებს წერდა, ზოგი „პროკლამაციებს“ მიკრავდა მანქანაზე, ზოგი სახლში რეკავდა და იწყევლებოდა, ან იგინებოდა. ისინი იფიტებოდნენ, იცლებოდნენ, მაგრამ ჰაერში აგრესიული ენერგია ასმაგდებოდა. შესაბამისად, ასმაგდებოდა ის, რასაც გოდარი სიცოცხლისა და შემოქმედების მთავარ იმპულსს - „წინააღმდეგობას“ ეძახდა.
ალექსანდრე გერმანს, კიდევ ერთ სამოციანელს, 9 აპრილის მოვლენების შემსწავლელი კომისიის წევრი რომ იყო (თუმცა ბოლომდე დარჩა „პერესტროიკის“ იდეალების ერთგული), ერთი კარგი წერილი აქვს - „უკვდავების თამაში“. გერმანი წერს, რომ ასაკში შესვლასთან ერთად, ადამიანი უფრო ყურადღებიანი ხდება გარემომცველი სინამდვილის მიმართ. „უწინ, როცა ქუჩაში ბრიყვ და უფერულ ადამიანს ვხედავდი, სასწრაფოდ გავეცლებოდი ხოლმე, ვცდილობდი, მისი არსებობა რაც შეიძლება მალე დამევიწყა. ახლა, მათი დაკვირვება, მათი შესწავლა დავიწყე. უფერულობის ფენომენს, იმ საშიშროებებს, რომლებიც უმეცრების გარემოში იბადებიან, დღეს ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ“
40 წელს როცა გადააბიჯებთ, შეიძლება თქვენც დაფიქრდეთ ამაზე - როგორია უფერულობისა და უმეცრების მიმართ კულტურის დამოკიდებულება? იმ ხალხმა, ვისთვისაც „პრორივ“ სიცოცხლის აზრი გამხდარა, კაცობრიობის გონიერმა ნაწილმა, განა არ იცის, რომ ბობოლა ბელადები, თუნდაც ჰიტლერი და სტალინი, ყოველთვის უფერულობისა, უმეცრების გარემოში ეძებდნენ მხარდაჭერას? ეს გარემო უკვდავია და აგრესიული (მაისში საქართველოს პარლამენტმა ისევ არ დაუჭირა მხარი მესხების ჩამოსახლებას საქართველოში), კულტურას კი დღემდე ვერ გაუგია, როგორ მიუდგეს მას, როგორ დაელაპარაკოს. ვიღაც ზემოდან უყურებს უფერულობას, აბუჩად იგდებს, ვიღაც კი ელოლიავება და კოჭს უგორებს. კულტურას ეშინია ამ ხალხის, გაურბის „ჭუჭყიან საქმეს“.
1997 წლის 17 მაისს „ფსიქო“ პედრო ალმოდოვარის „ჩემი საიდუმლოს ყვავილით“ დაიწყო. ფილმის გმირი, მარისსა პარადესის შესრულებით, 40 წელს მიახლოებული მწერალია, რომელიც ფსევდონიმით აქვეყნებს სტატიას - მიწასთან ასწორებს საკუთარ შემოქმედებას. თვითმკვლელობის მორიგი ცდა წარუმატებლად მთავრდება. ქმრისგან მიტოვებული, სასოწარკვეთილი და გამოფიტული ღამის ბარში მიდის. ტელევიზორში სხვადასხვა თაობის ესპანელები ყვირილში ეჯიბრებიან ერთმანეთს - ვინ უფრო დიდხანს იყვირებს, ვინ უფრო ხანგრძლივად ამოაფრქვევს აგრესიას, ერთი შესუნთქვით... ბარმენი დაინახავს, რომ კლიენტი შეწუხდა, ყურზე მიიფარა ხელი (აკი ვამბობ, „კულტურული ხალხი“ ყოველთვის გაურბის უფერულობას მეთქი) და სხვა არხზე გადაურთავს.
იმ არხზე ჩაველა ვარგასი მღერის. „ბოლო სასმელი“, „ბოლო ჭიქა“ ჰქვია ძალიან სევდიან მელოდიას, რომელიც მექსიკელმა ბარდმა ჯერ კიდევ 50-იან წლებში ჩაწერა. არ ვიცი, რის სადღეგრძელოს სვამენ მექსიკასა და ესპანეთში ბოლო სასმისით. მაგრამ ის კი მასწავლეს, რომ საქართველოში ამ ბოლო ჭიქით ჭერი უნდა დალოცო.
ჭერი, რომელიც, უფერულობისა და უგუნურობის მეხოტბეებს თუ დავუჯერებთ, თავზე დაგვემხობა, დედაბოძს თუ გამოვაცლით. თუკი ეს ჭერი ასეთი უძლურია, თუკი არ შეუძლია არსებობა მიწაში მყარად ჩამჯდარი დედაბოძის გარეშე, მაშ, რაღატომ წერენ სიტყვას „Бог“ დიდი ასოთი?.. თუმცა ჩვენ რა... ჩვენ ხომ დიდი ასოები არა გვაქვს. ჩვენ ხომ „დაბერებული ფალოსითაც“ ადვილად ვიმართებით?
![]() |
15 სტამბოლის რაღაცეები |
▲ზევით დაბრუნება |
პირადი ენციკლოპედია
ავტორი: აკა მორჩილაძე
ილუსტრაცია: გიორგი მარი
ფეხსაცმელების მწმენდავი, თბილისურად, ჩისწილშჩიკი ჩვენს ქალაქში ბევრი აღარ იქნება დარჩენილი. რუსთაველზე რომელიღაც შესახვევის კუთხეში დამინახავს და ეგაა. ბავშვობაში კი ერთ მაგარ ჩისწილშჩიკთან ვყოფილვარ, რომელსაც დიდი ულვაშები და კედლებზე ძველი მოჭიდავეების ფოტოები ჰქონდა. ეს, მგონი, სადღაც გადასასვლელ ხიდთან იყო, ნახალოვკის კიდეზე.
აი, სტამბოლში კიდევ ფეხსაცმლის მწმენდავს არაფერი გამოლევს. ჩვენთან თუ სტაციონარული იყო და კლიენტი ხის სავარძელში უნდა ჩაბრძანებულიყო, აქ ფეხზე მდგომელა უნდა გახვიდე იოლას.
სიმართლე რომ ვთქვა, საპრიალო ფეხსაცმელი, ალბათ, ბოლო ოცდახუთი წელიწადია, არ მცმია, მაგრამ სტამბოლელ მწმენდელებისთვის ეს სულერთია. ისეც გაგიწმენდენ, მაზისა და ვაქსის გარეშე.
აი, როგორ გამაბითურეს ოდესღაც, როცა პირველად ვიყავი ამ ქალაქში. მოვდიოდი ერთ თავდაღმართში, კაი ხასიათზე. ზუსტად ჩავუხვევდი აია სოფიასკენ. ისე ტკბილად მოვდიოდი, რომ მხარი გავკარი ვიღაც შავგვრემან ჯეილს, რომელიც მერეღა შევამჩნიე.
სტამბოლის ტროტუარები ძალიან ვიწრო და გემრიელია. ხალხი ერთმანეთს გზას უთმობს. ჰოდა, რო მოვიხედე ბოდიშის მოსახდელად, ეს ჯეილი ჩაკუზულა და ყუთში ჯაგირსებს და მაზებს ალაგებს. ესე იგი, მე დავეჯახე და გადმოუცვივდა. ბოდიში-მეთქი, ტკბილად გავუცინე და ეს იყო. შეხტა, აჰ მოიცაო, სასწრაფოდ მოარბენინა ის თავისი ყუთი, ზედ ჩემი ბოტასიანი ფეხი შემოდო და გაუსვა და გამოუსვა ჯაგრისები. თან ლაპარაკობდა ინგლისურად, ანკარიდან ვარო, შვილი მიკვდებაო, ქურთებს გვხოცავენო. არა, მეთქი, ჯიგარ, ბოტასია და ვიცი, ვიციო და უსვამს გამალებით. ისედაც, არ მიყვარს ეს სცენა: ერთ კაცს რომ მეორე ფეხსაცმელს უპრიალებს. წამახდენს ხოლმე ასეთი სამსახური, მაგრამ, ჰა და, წავართვი. მეორე, მეორეო. ისიც წამგლიჯა და გაუსვ-გამოუსვა ზრდილობის გულისთვის. კარგი მეთქი და მაშინ ჯერ კიდევ მილიონობა იყო, ეხლა აღარ აქვს თურქულ ფულს ექვსი ნული. ამოვიღე მილიონი ლირა და ვაძლევ. არაო, ათი მილიონიო. ანუ, დღევანდელზე რო მოვთარგმნოთ, ათი ლირაო. ერთი რვა დოლარი იქნება. ვიცინი, კი ვიცინი, მარა ათიო, და მიყურებს და იქვე კი იჭყიტებიან ვიღაც ჯეილები. აჰა, მივხვდი, გაბმული ვარ, ჩემის ზრდილობის მსხვერპლი შევქნილვარ. აჰა, მეთქი, ამოვიღე და არა მაქ ათმილიონიანი. ოციანი მაქვს. გამომტაცა და გაიქცა. ზუსტად შვიდი ნაბიჯი გავეკიდე. როგორი ფასი იყო, იცით? ანეკდოტი როა, ინდაური რა ღირსო და სამასი მანეთიო. ერთი კაი ჰალსტუკიანი კაცი მოდიოდა და იმან რაღაცა მითხრა თურქულად. ნოო, სენიორ მეთქი. და, აჰ, აჰო, გაიქნია თავი. წამოდი, ეგენი ოცნი არიან აქო. შენისთანებს ელოდებიან ზუსტადო. კარგადაც დაგბეთქავდნენ, სანამ პოლიცია გამოჩნდებოდაო.
მე იმას ვწუხდი, ეს კაცი ბოტასებს რატო მიპრიალებს-მეთქი და, თურმე, იქით ვუპრიალებ ბოტასებს. ან როგორ ვერ მივხვდი, ნამდვილ ჩისწილშციკს ინგლისური რად უნდა? მომაკვდავი ბავშვიც ტრადიციული ილეთი უნდა იყოს.
ამის შემდეგ გამოხდა მრავალი წელიწადი.
სტამბოლი კოხტად გავიცანი და დავამუღამე, მეტად შემიყვარდა კიდეც. ამდენ მილიონში თაღლითებიც უნდა იყვნენ, მითუმეტეს, ისეთ ადგიელბში, სადაც ტურისტები დაბოდიალობენ.
ჰო, მე ტურისტი აღარ ვარ სტამბოლში. ნამდვილად.
ჰოდა, ერთი შარშანაც აგვისტოა და გადაღებებზე ვართ.
ჰოდა, გადაღება არის ერთ კაი ადგილას. სტაბოლში ხო სულ პატარა ნავსადგომებია. ლიმანი. იქაურულად ეგრეა.
ჰოდა, ორთაქოი არი ესეთი უბანი და იმის ლიმანზედ არი გადაღება. აქეთ მეჩეთი, ზემოთ ძველი ბეჭდების და ამნაირი რამეების ბაზრობა, წინ კაი ბოსფორი, თავისი მეორე ნაპირით, ჩაი, ამბავი, ძველი მწვანე წყალსაქაჩი, რომლის კიდეზეც თეთრი კატა ზის. მაგარია სტამბოლი. კატები ხო, მგონი ადამიანებზე მეტნი არიან და ამ ცხოველის და ადამიანის ისეთი ახლო ურთიერთობა, აქაურ ქუჩებში რომ სუფევს, სხვაგან ძალიან ძნელი დასანახია. მოკლედ, იქით კინოს იღებენ, აქეთ მე და ჩემი ცოლი დავბოდიალობთ. სკამეიკებია იქვე, ზედ წყალთან და დაჯდები ტკბილად. ორთაქოი ლიმანი, იფ, იფ, იქეთ ის კუნძულებიცა ჩანს, მაგათ ამბავს მერე მოგახსენებთ.
იქა, სკამეიკის კიდეზე, ერთი თეთრმაიკიანი ჩასუქებული ბიჭი ჩამომჯდარა, წინ კი ფეხსაცმლის მწმენდელის ყუთი უდევს თავის ჯაგრისებიანად. ახ, მეთქი, შენი, ვიფიქრე, აჰა-მეთქი, კიდევ ერთი.…
რამდენი წელიწადია, ასე ახლოს არ დამინახავს და აგერ არ არი? ვახ-მეთქი, ეხლა გვეცმა. მარა უკვე მზად ვარ. თან ზაფხულია, რა ფეხსაცმელი, რის ფეხსაცმელი, 40 გრადუსი გახლავს. წამოდგა უცებ და დაგვითმო ადგილი. იქვე ჩაცუცქდა. ჰააა, მეთქი, ემზადები, ვერაგო? მარა ხო არ გადაყვები? დავსხედით, პირადი ენციკლოპედია გავსცქერით ლიმანიდან ბოსფორსა. იცი რა არის? ბოსფორს ერთი უცნაურობა აქვს, სრულიად უჩინარი. ხოლო, რახან უჩინარია, არც ვიცი, რა. დაჯე და შეირგე ქვია. თუ, რა თქმა უნდა, ვერაგი ჩისწილშჩიკები დაგაცლიან.
მე ბოსფორს ვუყურებ და ეს ვინმე კიდევ ჩემს კეტებს, როგორ მოვახერხო, რო გავუწმინდო და ოცი ლირა ავართვაო. მოკლედ, ვერ ვუყურებ ბოსფორს, საბრძოლველად ვემზადები.
ჩემმა ცოლმა კიდევ, რაღაცნაირი საცოდავი ბიჭიაო, შეხედე როგორი თვალები აქვსო.
თავი დამანებე-მეთქი, ახლა კიდე მაგის თვალები: ვიცნობ მაგათ ამქარს. ეხლა თავს გაცოდებს, მაგრამ შენ რა გენაღვლება, შლოპანცებს ვერ დაეტაკება, მე კიდევ წმენდას დამიწყებს-თქო. იმას ხო არ გავამხელ, ათი წლის წინათ როგორ გამაბითურეს?
არაო, რაღაცნაირი ბიჭიაო, ძალიან საცოდავიო. ავდექი, გავიარ- გამოვიარე, შევათვალიერე და ისე საცოდავად ჩაკუზულა და ისე საცოდავად უყურებს ბოსფორს, რო გული არ დაგეწვას, არ იქნება. მართლა არ მიანხავს ასეთი დარდიანი თვალები. დარდები შეიძლება მოიგონო, მაგრამ თვალებმა ხელი უნდა შეგიწყოს. თუ თვალები ხელს არ შეგიწყობს, რას იზამ? ამას კიდევ თვალებიც ხელს უწყობდა და არა მგონია, რაიმე ეთამაშა. ისიც არ მგონია, რომ რაიმე დიდი დარდი აწვა. ასეთი გარეგნობისა იყო.
ისე, რაღაც საცოდავი და მორიდებული მიხრა-მოხრა კი ჰქონდა.
ჩემი ცოლი მეუბნება, მიეცი რამეო. რა უნდა მიმეცა, მათხოვარი კი არ იყო. მუშაობდა.
მივანიშნე, თუ გინდა გამიწმინდე ფეხსაცმელი-მეთქი. შეხედა და არაო. არ ერგება მაგას გაწმენდაო. მეც ვერ ვიტან, რო მიწმენდენ, მარა ისეთი თვალები ჰქონდა.
რაღა უნდა გვექნა.
ყველა ჩისწილშჩიკი ერთნაირი კი არ არის დიდ, ჯადოსნურ, განუმეორებელ ქალაქში.
მისი ფოტოები კი გვაქვს. რაც ჩვენ სურათები გადავიღეთ.
იქეთ კიდე კინოს იღებდნენ.
ორთაქოისკენ კაი ხანია აღარ გამივლია. მით უმეტეს, ბოსფორი ყველგან მაგარია.
ისე, ის კაი დღე იყო, ორთაქოიში რო ვიყავით. ერთმა თურქმა მაიმბო, აიიიი, იმ კუნძულზე გამოკეტილი გოგოს ამბავი.
ვახ, რა კეთილი ბიჭი იყო.