![]() |
წამება და არაადამიანური, ღირსების შემლახველი მოპყრობა საქართველოში |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
თემატური კატალოგი სტატიები სხვადასხვა ჟურნალებიდან |
საავტორო უფლებები: © „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
![]() |
1 თეორია და პრაქტიკა |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქვეყანაში დაიწყო მოძრაობა დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრებისათვის. ამ მისწრაფებებში საზოგადოება და ხელისუფლება ერთსულოვნად აფიქსირებდა იმის მზადყოფნას, რომ მაქსიმალურად მომხდარიყო საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია საერთაშორისო სტანდარტებთან, თუმცა დამოუკიდებელი საქართველოს თორმეტწლიანი ისტორიის მანძილზე ამ გზაზე მრავალი ობიექტური და სუბიექტური წინააღმდეგობის გადალახვა უხდებოდა ქვეყანას, რის გამოც ხშირად ხელისუფალთა მიერ დეკლარირებული დემოკრატიული მისწრაფებები მხოლოდ დეკლარაციებად რჩებოდა. ამიტომაც ადამიანის უფლებათა დარღვევების დონე და მასსტაბები დამოუკიდებელ საქართველოში გაცილებით უფრო მაღალი იყო (და არის), ვიდრე ეს დასაშვებია სამართლებრივი სახელმწიფოსათვის. ბოლო წლებში სხვა ფუნდამენტური უფლებების დარღვევებთან ერთად ქვეყანაში სისტემატურად ხდებოდა მოქალაქეთა წამება და მათ მიმართ არაადამიანური, ღირსების შემლახველი მოპყრობა. საქართველოში დღესაც არ არსებობს შესაფერისი პოლიტიკური, საზოგადოებრივი და ფსიქოლოგიური გარემო იმისათვის, რომ დაცული იყოს ადამიანის ფუნდამენტური უფლებები. ამას თავისი მიზეზები გააჩნია, რომელთა შორის აღსანიშნავია შემდეგი:
1. დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის არარსებობა. მართალია, 90-იან წლების მეორე ნახევარში დაიწყო სასამართლო რეფორმა, მაგრამ მიუხედავად ამისა, საბჭოური მართლმსაჯულების მრავალი ნაკლი დღემდე მემკვიდრეობით გადმოყვა ახალ სასამართლო სისტემას. ჯერ კიდევ მოძველებულია სამართლებრივი ბაზა და არაეფექტურია ინკვიზიციური ტიპის სასამართლო, რომელიც მოქალაქეს უზღუდავს საკუთარი უფლებების რეალიზაციის საშუალებას. რეფორმირებულმა სასამართლომ, შევარდნაძის მმართველობის პერიოდში, სხვადასხვა მიზეზთა გამო ვერ შეძლო მიეღწია დამოუკიდებლობის სასურველი ხარისხისათვის. რაც შეეხება რევოლუციის შემდეგ საქართველოს ხელისუფლების სათავეში მოსულ ახალ ხელისუფლებას, მან არათუ არ სცადა სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლება, არამედ პირიქით, მმართველობის რევოლუციური წესებისა და მეთოდების დანერგვით მოახდინა ამ სისტემის სრული დამორჩილება, რის შედეგადაც მოსამართლეები უსიტყვოდ ასრულებენ აღმასრულებელი ხელისუფლების ნებისმიერ შეკვეთას. ამისათვის ხელსაყრელ ნიადაგს ქმნის ტოტალიტარული რეჟიმის დროიდან შემორჩენილი სამართლებრივი ინსტიტუტების წარმომადგენელთა მენტალიტეტი, რომელთა საბრალდებო გადახრა კარგადაა ცნობილი და რომელთა შინაგანი ბუნება გათვლილია არა ზოგადად მოქალაქის, არამედ არსებული ნებისმიერი რეჟიმის დაცვაზე.
2. მიუკერძოებელი და ნეიტრალური არასამთავრობო ორგანიზაციების სისუსტე. ბოლო წლებში საქართველოს არასამთავრობო სექტორი ითვლებოდა ერთ-ერთ ყველაზე ძლიერად და წარმატებულად პოსტ-საბჭოთა სივრცეში. გარკვეულწილად, ამაში იყო სიმართლის ნაწილი, რადგანაც ყოფილი ხელისუფლება იყო ძალიან სუსტი, არ სარგებლობდა მოსახლეობის მხარდაჭერით და ამიტომ ადვილად ექვემდებარებოდა სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ზეწოლას. რევოლუციის გზით მოსული ხელისუფლება, როგორც საძულველი მთავრობის მოშორების წამყვანი ძალა, სარგებლობდა მოქალაქეთა დიდი ნაწილის, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერით. უფრო მეტიც, ბევრი უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია ზოგ შემთხვევაში პოლიტიკოსებზე მეტადაც კი იყო ჩართული რევოლუციის დროს ხელისუფლებისათვის ბრძოლაში. ხელისუფლებაში რევოლუციური ძალების მოსვლის შემდეგ კი ზოგიერთი არასამთავრობო ლიდერი უშუალოდ გამარჯვებული პოლიტიკური პარტიის საარჩევნო სიაში მოხვდა, ხოლო მესამე სექტორში დარჩენილი რევოლუციონერი არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილი უბრალოდ, ხელისუფლების დანამატად და მისი პოზიციების გაძლიერებისათვის მებრძოლად გადაიქცა. ასეთ სიტუაციაში არასამთავრობო სექტორი მნიშვნელოვნად დასუსტდა, რადგანაც რეალურად ადამიანის უფლებებისათვის მებრძოლი ყველა მოქალაქე (მათ შორის მესამე სექტორის მიუკერძოებელი წარმომადგენლები) კონტრრევოლუციონერებად მონათლა სახელისუფლებო პროპაგანდამ, რადგანაც ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს ნეიტრალურობის, ობიექტურობისა და პროფესონალების იმიჯი შეუნარჩუნოს საკუთარ სატელიტ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რათა ეს ნიშაც სწორედ მათი მომხრეების მიერ იყოს დაკავებული. სწორედ ეს არის ხელისუფალთა მხრიდან ადამიანის უფლებების, კანონისა და სამართლიანობის ნორმების თავხედური დარღვევების გახშირების მიზეზი. სწორედ იმის გამო ხდება ხელისუფლებისათვის მიუღებელ პირთა მიმართ პროცედურების უხეში დარღვევებით მოქმედება, რომ სრულადაა მოშლილი ხელისუფლების კონტროლისა და ბალანსირების მექანიზმები. ამას ემატება ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საზოგადოების განათლების არასაკმარისობა, გავრცელებული არადემოკრატიული სტერეოტიპების ტრადიციის არსებობა. მაგალითად, საზოგადოებაშო გაბატონდა ასეთი ლოგიკა: “რა მნიშვნელობა აქვს პროცედურლი ნორმების დაცვას და მტკიცებულებების კანონის ფარგლებში მოძიებას იმ ადამიანთა მიმართ, რომლებსაც შელახული საზოგადოებრივი რეპუტაცია და დამნაშავის (კორუმპირებულის, ბანდიტის და ა. შ.) იმიჯი გააჩნიათ?” ასეთი სტერეოტიპების განმტკიცებას ხელისუფლება ყველანაირად უწყობს ხელს კანონსაწინააღმდეგო ფორმებისა და მეთოდების გამოყენებით.
3. სახელმწიფო მოხელეთა კორუმპირებულობის მაღალი დონე. მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი ხელისუფლება აქტიურად და ყველას დასანახად ებრძვის კორუფციას, სახელმწიფო სტრუქტურებში მომუშავე ჩინოვნიკებისათვის კორუფცია კვლავ ცხოვრების წესს წარმოადგენს. ამის მიზეზია ბიუროკრატიული აპარატის გადამეტებული უფლებები და ამ აპარატის მიმართ მოქალაქეთა ფაქტობრივი უუფლებობა. სახელმწიფო აპარატის სტრუქტურა მთლიანად ეფუძნება მოქალაქისა და ადმინისტრაციის უთანასწორობას. ახალმა, დემოკრატიულმა ზოგადმა ადმინისტრაციულმა კოდექსმა ჯერჯერობით პრაქტიკაში ვერ შეცვალა ათწლეულების მანძილზე დამკვიდრებული და ხალხის ძვალსა და რბილში გამჯდარი მოქალაქისა და ადმინისტრაციის უთანასწორობის ტრადიცია. რაც მთავარია, კვლავ ძალაში რჩება კორუფციის განმაპირობებელი ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი - ჩინოვნიკთა დაბალი ხელფასი და მათი სოციალური დაუცველობა. მანამ, სანამ მნიშვნელოვან ჩინოვნიკთა საშუალო ხელფასები ორჯერ მაინც არ გადააჭარბებს საარსებო მინიმუმს, კორუფციასთან ბრძოლა მხოლოდ ლოზუნგად და შოუების მოწყობის საშუალებად დარჩება. ფაქტობრივად უხელფასო ბიუროკრატიის არსებობის პირობებში სახელმწიფო მოხელე იძულებულია იკვებოს მოქალაქეთა ხარჯზე. ეს მოხელე ისეთ ეკონომიკურ პირობებშია ჩაყენებული, რომ ხშირად იძულებულია თავი ირჩინოს ხელისუფლების ბოროტად გამოყენებით.
4. კორუფციული წესრიგის „რევოლუციური წესრიგით” შეცვლისაკენ მისწრაფება. მნიშვნელოვან სახელმწიფო თანამდებობებზე ახალი, „რევოლუციური” კადრების დანიშვნა ძალზე ართულებს სამართლებრივი გარემოს შექმნას, რადგან მათი „რევოლუციური” (ანუ კანონის ნორმებიდან ამოვარდნილი) მენტალიტეტი მხოლოდ საკუთარი სურვილებისა და მისწრაფებების ძალისმიერი მეთოდებით დანერგვას ითვალისწინებს. ამას ემატება მათი არაპროფესიონალიზმი, რაც ყველაზე სავალალო შედეგებს იძლევა სამართლებრივ და მართლმსაჯულების სისტემებში, სადაც ასეთ მოხელეებს უშუალო შეხება აქვთ ადამიანის ღირსებასთან, თავისუფლებასთან და სიცოცხლესთან. ამის შედეგია მოქალაქეთა წამების ფაქტების გახშირება პოლიციის წინასწარი დაკავების საკნებში (აღნიშნული კონკრეტული ფაქტების შესახებ ქვემოთ გვექნება საუბარი). ასეთ პირობებში შეუძლებელია ისეთი წესრიგის დამყარებაზე საუბარი, რომელიც ეყრდნობა კანონის უზენაესობას და არა ავტორიტარულ რევოლუციურ გადაწყვეტილებებს.
5. ზეწოლა თავისუფალ მედიაზე, რომელიც ხორციელდება გაზეთების გამომცემლების, რედაქტორებისა თუ ტელეკომპანიების ხელმძღვანელების დაშინების გზით. ხელისუფლების მხრიდან ასეთი ზეწოლის ფორმებში და მეთოდებში ძირითადად შედის მედიის ამა თუ იმ საშუალების მფლობელთა თუ ხელმძღვანელთა მიმართ ფინანსური შემოწმების მუქარა ან ამ მუქარის რეალური განხორციელება. საქართველოს არსებული საგადასახადო კოდექსი შეუძლებელს ხდის დიდი ან მცირე ფინანსური დარღვევების გარეშე ნებისმიერი სამეწარმეო სუბიექტის (მათ შორის მედიის წარმომადგენლების) მუშაობას, რის გამოც ხელისუფლებას აქვს მათი „გამოჭერის” შესაძლებლობა, რასაც ისინი იყენებენ ამორჩევით იმის მიხედვით, თუ ვინ არის შესამოწმებელი სუბიექტი -ხელისუფლების მხარდამჭერი თუ მისი ოპონენტი. ბევრი ტელეკომპანია დაექვემდებარა ასეთ ზეწოლას, ხოლო ვინც ამას წინააღმდეგობა გაუწია, მას გაკოტრების რეალური საფრთხე ემუქრება.
6. საქართველოს მოსახლეობისა და სამართალდამცავების ცხოვრების უკიდურესად დაბალი დონე და პოლიციელთა ძალზე უარყოფითი რეპუტეცია.
საზოგადოებისათვის განსაკუთრებულ საშიშროებას წარმოადგენს ქვეყნის მმართველთა მიერ დასაყრდენად „უკანონო პოლიციელთა” გადაქცევა, რომლებსაც ისინი იყენებენ პოლიტიკურად ან კრიმინალურად არასასურველი პირებისა თუ ჯგუფების დასაშინებლად და გასანეიტრალებლად (კანონიერი თუ უკანონო საშუალებებით). გარდა ამისა, ასეთ პოლიციელთა მეშვეობით სრულიად რეალური ხდება არჩევნებში ნებისმიერი დაგეგმილი წარმატების მოპოვება, რადგან აქამდე ჩატარებულ ყველა არჩევნებში სწორედ პოლიციელთა მიერ ხელისუფლებისათვის წინასაარჩევნოდ (და არჩევნების დღეს) გაწეული მუშაობა იქცეოდა ხოლმე სახელისუფლებო პარტიის წარმატების უმთავრესი გარანტად (განსაკუთრებით ეს ეხება სოფლებს და პატარა ქალაქებს). ზემოაღნიშნულის გამო დღევანდელ საქართველოში პოლიციელის სტატუსი პატივისცემას არ იმსახურებს, პოლიციელის რეიტინგი ძალზე დაბალია და მას საზოგადოებრივი აზრი ნეგატიურ ფუნქციას უფრო მიაწერს, ვიდრე პოზიტიურს. საზოგადოება პოლიციელში დღემდე მძარცველს უფრო ხედავს, ვიდრე დამცველს და უსაფრთხოების გარანტს. ასეთი იმიჯი პოლიციამ თავად შექმნა, რამდენადაც მათ მოქმედებას, უმრავლეს შემთხვევაში, არა საზოგადოების, არამედ საკუთარი (ან ხელიფლების) კეთილდღეობა განსაზღვრავს, რომელიც ნებისმიერ ფასად მიიღწევა - მოქალაქის ღირსების შელახვით დაწყებული და წამების საშინელი მეთოდებით დამთავრებული. ყველაზე ცუდი ის არის, რომ არსებული სოციალური გარემო თავად უქმნის საფუძველს ასეთი ტიპის პოლიციელის არსებობას. ახალი ხელისუფლების მისწრაფება პოლიციის საზოგადოებრივი რეპუტაციისა და რეიტინგის ამაღლებისაკენ, სამწუხაროდ, ჯერჯერობით მხოლოდ საუბრის დონეს არ გასცდენია. ასეთი მონდომებები ხშირად უკუეფექტსაც კი იწვევს. არის შემთხვევები, როდესაც სრულიად უდანაშაულო ადამიანები ეწირებიან პოლიციელთა მონდომებას და გაუფრთხილებლობას. მაგალითად, ქუთაისში 5 მარტს დამნაშავეთა დევნისას ატეხილი სროლების შედეგად დაიღუპა 2 უდანაშაულო მოქალაქე, 3 პოლიციელი და მხოლოდ ერთი ბოროტმოქმედი, ხოლი 9 მარტს თბილისში პოლიციელებმა საეჭვო ვითარებაში მოკლეს 25 წლის ახალგაზრდა (ანტონ კუკულავა), რომლის შესახებაც განაცხადეს, რომ იგი მათ შეიარაღებულ წინააღმდეგობას უწევდა (რასაც კატეგორიულად უარყოფენ მოწმეები). საერთოდ, რევოლუციური ხელისუფლების მიერ დამკვიდრებული ახალი ტრადიციის მიხედვით ყველა ნაწამებ დაკავებულს თურმე სხეულის დაზიანებები მიღებული აქვს დაკავებისას გაწეული წინააღმდეგობის შედეგად, ხოლო პოლიციელთა მიერ მოკლული ყველა პირი აუცილებლად უწევდა მათ შეიარაღებულ წინააღმდეგობას და პოლიციეს მისი მოკვლის გარდა სხვა გზა არ რჩებოდა.
საბჭოთა ეპოქიდან ჩვენამდე თითქმის უცვლელად გადმოსული მენტალიტეტის მიხედვით, კანონი კი არ არის კანონი, არამედ უფროსის ბრძანებაა კანონი. ამიტომ კანონის შესწავლის აუცილებლობა არც არსებობს. ამავე მენტალიტეტის მიხედვით, „ჩვენ“ ვართ ხალხი, ხოლო ხელისუფლება და მისი დამცველი სამართალდამცავი სტრუქტურები არიან „ისინი“. ამიტომაც საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობა ასე მსჯელობს პოლიციელთა შესახებ:
პოლიციელები რიგით მოქალაქეებზე უფრო ხშირად არღვევენ კანონს, რისი უმთავრესი მიზანიც ანგარებაა. ყველაზე ადვილია „ფულის შეწერა“ რეპუტაციაშელახული (ნასამართლევი) მოქალაქეებისათვის. მათთვის უპრობლემოდ შეიძლება ნარკოტიკის ან იარაღის „ჩადება“ ან გაუხსნელი საქმეების „აკიდება“, რადგან ამას ყველა დაიჯერებს. ეს არის საქმის ხელოვნურსდ შექმნის გზით ფულის კეთების ადვილი გზა. ფულის გაკეთების ასევე კარგი საშუალებაა უმნიშვნელო დანაშაულები - ავარია, მეზობლური დავები, ქუჩის ჩხუბი (ხულიგნობა) და ა.შ. ასეთი საქმეების აღძვრისათვის პოლიციელთა თანხმობაა აუცილებელი, რაც უანგაროდ თითქმის არასოდეს არ ხდება.პოლიციელთა მუშაობაში არსებობს „გალევებისა“ და „გაპრავების“ კარგად დამუშავებული სისტემა. პოლიციელთა ენაზე მათი მნიშვნელობა ასეთია: გალევება - ეჭვმიტანილისაგან ფულის აღება და დანაშაულის გაუფორმებლობა; გაპრავება - საქმისათვის მსვლელობის მიცემა, ანუ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა. დანაშაულის არგაფორმება („გალევება“) ხდება არა მხოლოდ ფულის აღების მიზნით, არამედ „ზემოდან“ დარეკილი ზარების მიზეზითაც, რაც ანგარების ერთ-ერთი ფორმაა.
როდესაც გადაწყვეტილია, რომ სხვადასხვა მიზეზთა გამო აუცილებელია საქმის „გაპრავება“ და ეჭვმიტანილის „სროკზე გაშვება“, საქმეში ერთვება წამების კარგად დამუშავებული მეთოდები, რათა მხვერპლმა რაც შეიძლება მეტი სამხილი მისცეს გამოძიებას საკუთარი თავის წინააღმდეგ. კერძოდ, მსხვერპლს ურტყამენ ხელებზე, ტანზე, ფეხის გულებზე, რისთვისაც იყენებენ რეზინის ხელკეტს, სკამის საზურგეს, სპეციალურ დრეკად რკინას, რომელთა სხეულზე დარტყმების შედეგად სილურჯე თითქმის არ რჩება. წამების მეთოდები მრავალფეროვანია: ხელების შემორტყმა ყურებში, მსხვერპლის ჩაკეტვა სეიფში და გარედან ხელკეტების დარტყმები, მსხვერპლის გაშლილი ხელებით ჩამოკიდება და მისი ცემა (ე.წ. „ლასტოჩკა“). ცალკე უნდა აღინიშნოს დენის შეერთების აპრობირებული მეთოდი - როდესაც საველე ტელეფონს შეერთებული აქვს 250 კილოვატიანი კვების წყარო, საიდანაც გამოდის ორი შემაერთებელი მავთული და რაც უფრო მეტად ატრიალებენ ტელეფონოს სახელურს, მით უფრო იმატებს დენი. ასეთ წამებას პრაქტიკულად ვერავინ უძლებს და მსხვერპლი მზად არის ნებისმიერ დოკუმენტზე მოაწეროს ხელი.
ქვემოთ მოგვყავს ბოლო თვეებში პოლიციელთა მხრიდან მოქლაქეთა მიმართ საქართველოში მომხდარი წამებისა და სხვა უკანონო ქმედებების ტიპიური მაგალითები, რომლებიც იწვევენ უფლებადამცველი ორგანიზაციების შეშფოთებას:
1. 2003 წლის 20 დეკემბერს დილით შსს-ს შენობაში განთავსებულ წინასწარი დაკავების საკანში ჩამომხვრჩალი იპოვეს წინა საღამოს დაკავებული გიორგი ინასარიძე (ასეთი შემთხვევა 2003 განმავლობაში პირველად მოხდა),
2. 2003 წლის დეკემბერში შს მინისტრის მოწოდებას სახელმწიფო გადატრიალების მზადების შესახებ მეორე დღესვე შედეგად მოჰყვა სპეცდანიშნულების რაზმ ”ალფას” ყოფილი ხელმძღვანელის კოტე შავიშვილისა და სხვა 4 პირის დაკავება ტრადიციული ბრალდებით - „იარაღისა უკანანო შენახვა” და „პოლიციელებისათვის წინასწარგანზრახული (?!) წინააღმდეგობის გაწევა”. ეს იყო აშკარად პოლიტიკური ხასიათის ღონისძიება, ვინაიდან ხელისუფლების მაღალჩინოსანთა ზეპირი განცხადებების მიხედვით მათ ადანაშაულებდნენ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში, ხოლო რეალურად წაყენებული აქვთ ბრალდება მხოლოდ იარაღის უკანონოდ ტარებაში.
3. ჩვეულებრივ მოვლენად იქცა შემთხვევები, როდესაც ხელისუფლების მაღალი რანგის წრმომადგენლები (საქართველოს ახლადარჩეული პრეზიდენტის ჩათვლით) უაპელაციოდ, უდანაშაულობის პრზუმფციის უხეში იგნორირებით დამნაშავეებად აცხადებენ დაკავებულ თუ დასაკავებელ პირებს, რითაც პირდაპირ ზეწოლას ახდენენ გამოძიებაზე და სასამართლოზე. პრაქტიკულად შეუძლებელია, რომ ნებისმიერმა მოსამართლემ გაბედოს იმ განსასჯელის გამართლება, რომელზეც მოსახლეობის 97%-ის მიერ არჩეული პრეზიდენტის მიერ უკვე საჯაროდ მიკერებულია დამნაშავის იარლიყი. უფრო მეტიც, დამნაშავეობასთან ბრძოლის საბაბით ნებისმიერი პატიმრის დასაცავად გამოსულ ადვოკატს თუ უფლებადამცველს საქართველოს პრეზიდენტი „კბილებში მოხვედრით”, ხოლო შს მინისტრი - სისხლის სამართლის საქმის აღძვრით ემუქრება. 2004 წლის 10 იანვარს თამაზ მაღლაკელიძის გატაცების ბრალდებით დაკავებული 3 პირის მიმართ არაერთი დარღვევა იქნა დაფიქსირებული (ადვოკატთა უფლების შელახვიდან დაწყებული და დაკავებულებზე სადისტური ფიზიკური ძალმომრეობით დამთავრებული), რომელსაც დაკავებულთა განცხადებით პერიოდულად ესწრებოდა შს მინისტრი გიორგი ბარამიძეც.
4. 2004 წლის 11 იანვარს თერჯოლის რაიონის სოფ. ჭიშურაში მოქალაქეთა მიერ ცენტრალური ავტომაგისტრალის გადაკეტვის გამო დაკავებულ იქნა რამდენიმე პიროვნება. ამ პირთა დაკავების ამსახველი ვიდეომასალის ჩვენებისას მილიონობით ტელემაყურებელმა იხილა, თუ როგორ სასტიკად ურტყამდნენ პოლიციელები ხელკეტებსა და წიხლებს უკვე დაშლილი პიკეტის მონაწილეებს, ხოლო მათ მიმართ წაყენებულ ოფიციალურ ბრალდებაში ნათქვამია, რომ მათ „ჩაიდინეს ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი აშკარა დაუმორჩილებლობასთან დაკავშირებული ჯგუფური მოქმედების ორგანიზება და მასში აქტიური მონაწილეობა, რომელმაც უხეშად დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი და გამოიწვია ტრანსპორტის შეფერხება” (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლი). ასევე სასტიკად გაუსწორდნენ რუსთაველი სამართალდამცველები დაკავებული პირებისათვის სოლიდარობის გამოხატვის მიზნით გამართულ აქციაში მონაწილეობის საბაბით სხვადასხვა პირებს მაშინ, როდესაც ეს აქცია უკვე დიდი ხნის დაშლილი იყო. კერძოდ, 2004 წლის 11 იანვარს სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა პოლიციელებმა მაღაზიიდან გამოათრიეს და სასტიკად სცემეს ზურაბ ბიბიაშვილი, რომეო სულთანიშვილი და ვახტანგ ზედგინიძე. ამავე დღეს რუსთავში, ბერიტაშვილის ქ. №6-ში მცხოვრებ ბერდია ფილაურს შეუვაედნენ საცხოვრებელ ბინაში ხელკეტებით შეიარაღებული პოლიციელები, სცემეს მას და უგონო მდგომარეობაში წაიყვანეს მე-2 განყოფილებაში, სადაც მას განსაკუთრებული სისასტიკით სცემა სამძებრო განყოფილების უფროსმა ზაალ ადამიამ. იმავე დღეს იმავე ზაალ ადამიამ რუსთავში, ტოლსტოის ქ. №21-ში მცხოვრები 53 წლის ჭიოკაძე არაადამიანურად სცემა მე-2 განყოფილების უფროსის ბეგაშვილის კაბინეტში. იმავე დღეს პოლიციის თანამშრომელმა გია ქათამაძემ სცემა მეზობლის ქელეხში მყოფი ძმები ლევან და გიორგი აბაიძეები, ხოლო იმავე დღეს პოლიციელებმა ტოტალიზატორში სცემეს იქ მყოფი რუსთაველები ლაშა ალადაშვილი (მცხ. გურამიშვილის 11) და პაატა წიკლაური (მცხ. მე-17 მკრ-ნი, 1-29).
ახალი ხელისუფლების მიერ „საყოველთაო წესრიგის დამყარებისაკენ” აღებული კურსის გულწრფელობაში და სამართლიანობაში ეჭვი არ შეგვეპარებოდა, რომ არა ორმაგ სტანდარტებთან დაკავშირებული რამდენიმე გარემოება: ა. სულ ორიოდე თვის წინ თვითონ დღევანდელი ხელისულების მაღალჩინოსნები სჩადიოდნენ „ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი აშკარა დაუმორჩილებლობასთან დაკავშირებულ ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას და მასში აქტიურ მონაწილეობას, რომელიც უხეშად არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს და იწვევდა ტრანსპორტის შეფერხებას”, თუმცა მაშინ ეს დანაშაულად კი არა, „ცუდი ხელისუფლების” წინააღმდეგ მიმართულ „კარგ საქციელად” ითვლებოდა; ბ. აღნიშნულ ინციდენტამდეც და ინციდენტის შემდეგაც სხვადასხვა საყოფაცხოვრებო მოთხოვნებით (შუქი, პენსიები, ხელფასები და ა. შ.) მოქალაქეთა მიერ რამდენჯერმე იქნა გადაკეტილი საგზაო მაგისტრალები, რამაც „უხეშად დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი და გამოიწვია ტრანსპორტის შეფერხება”, თუმცა ამ შემთხვევებში არავინ დაუკავებიათ და არ აღუძრავთ სისხლის სამართლის საქმე. ეს ახალი ხელისუფლების არათანმიმდევრულობაზე მიუთითებს, რადგან სსკ-ის 226-ე მუხლის მიხედვით ისჯება კონკრეტულად „საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა და ტრანსპორტის შეფერხება”, განურჩევლად იმისა, თუ რა მიზნით ხდება ეს დანაშაული („ცუდი ხელისუფლების წინააღმდეგ”, „კანონიერი ქურდის” დაკავების საპროტესტოდ თუ პენსიის მოთხოვნით); გ. საბჭოთა პერიოდში არაერთი დისიდენტი იქნა გასამართლებული ზუსტად ანალოგიური ბრალდებით (”საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა და ტრანსპორტის შეფერხება”). ჩვენ შორსა ვართ იმ აზრისაგან, რომ 11 იანვარს სოფ. ჭიშურაში დაპატიმრებული მოქალაქეები საბჭოთა დისიდენტებთან გავაიგივოთ, მაგრამ ეს პრეცედენტი ქმნის იმის საფრთხეს, რომ მომავალში ხელისუფლებამ შეიძლება მსგავსი ბრალდებები პოლიტიკური ოპონენტების თუ სხვა მიუღებელი პირების სიტყვის გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ გამოიყენოს. დ. ყველაზე კურიოზული ის არის, რომ დაპატიმრებულთა შორის აღმოჩნდნენ ისეთებიც, ვისაც საერთოდ არ ჰქონია შეხება აღნიშნულ პიკეტთან და დარბევის დროს იმ ადგილას მხოლოდ იმიტომ აღმოჩნდნენ, რომ მოძრაობდნენ ტრანსპორტით და პიკეტის გამო უბრალოდ, ვეღარ შეძლეს გზის გაგრძელება. დღეისათვის კი კვლავ პატიმრობაში იმყოფება აღნიშნული ინციდენტის დროს დაკავებული 7 პიროვნება.
5. პოლიტიკურ ბრძოლაში ცენტრსა და რეგიონს (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკას) შორის ხშირად ხდება რიგითი მოქალაქეების უფლებების შელახვა პოლიტიკური ნიშნით. აჭარის ხელმძღვანელობის მმართველობის ფორმები და მეთოდები ბოლო ათწლეულის განმავლობაში ატარებს არადემოკრატიულ და ავტორიტარულ ხასიათს, რის გამოც ხდება ანგარიშსწორებები პოლიტიკურ ოპონენტთა მიმართ. უკანასკნელ ხანებში გახშირდა ფიზიკური ანგარიშსწორებები პოლიტიკურად არასაიმედო პირთა მიმართ, ხოლო ბოლო ასეთი ანგარიშსწორება მოხდა 2004 წლის 6 მარტს რუსთავი-2-ის გადაცემა „60 წუთის” ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძის მიმართ, როდესაც ის აჭარაში ამზადებდა რეპორტაჟს და ნიღბიანმა რამდენიმე პირმა იგი სადისტურად სცემა. ასევე სადისტურად იქნა ნაცემ-ნაწამები „უცნობი პირების” მიერ 3 დღის მანძილზე (8-10 მარტს) აჭარის ოპოზიციური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი თენგიზ აფხაზავა. ასევე პოლიტიკური დაპირისპირების მსხვერპლად იქცნენ თბილისში ჩამოსული აჭარელი სტუდენტები (ლაშა ჩახვაძე და მერაბ მიქელაძე), რომლებიც დააკავეს იარაღის უკანონო ტარებისათვის. არსებობს ყველა ნიშანი იმისა, რომ მათ იარაღები პოლიციამ ”ჩაუდო”, რის შემდეგაც საქმეში ჩაერია აჭარის ლიდერი ასლან აბაშიძე, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და გერმანიის ელჩი საქართველოში, რომლებიც შეუთანხმდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ზურაბ ჟვანიას, რათა აღნიშნული სტუდენტების მიმართ აღმკვეთი ღონისძიების სახით არ ყოფილიყო გამოყენებული პატიმრობა, რაც სასამართლომ შეასრულა (კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ სასამართლო აღმასრულებელი ხელისუფლების ნებისმიერ დავალებას ასრულებს). სამაგიეროდ აჭარის ლიდერმა მეორე დღეს გაანთავისუფლა 2 დაკავებული ოპოზიციონერი (ასევე იარაღის ტარებისათვის დაპატიმრებულები). ამის შემდეგ გამომძიებლებმა მამუკა მდინარაძემ, გიორგი ძიძიგურმა და ზაზა მესხმა მისცეს უფლება ბათუმელ სტუდენტებს, რათა მაეთ დაეტოვათ თბილისი და გამგზავრებულიყვნენ ბათუმში. გამომძიებლებს ამის უფლებას აძლევდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მაგრამ ამის მიუხედავად, მათ მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და სასამართლომ გამომძიებლებს შეუფარდა 3-თვიანი წინასწარი პატიმრობა. ამრიგად, კანონის სრული დაცვით განხორციელებული პროცედურების მიუხედავად, აღნიშნული გამომძიებლები პატიმრობაში აღმოჩნდნენ, რადგან ასე მოითხოვა პოლიტიკურმა კონიუნქტურამ.
6. მიმდინარე წლის 7 იანვარს საგარეჯოს პოლიციის რაიგანყოფილების დროებითი დაკავების იზოლატორში სცემეს დაკავებულ ბადრი მირზაშვილს.
7. 10 იანვარს თბილისის ისანი-სამგორის პოლიციის სამმართველოში სასტიკად სცემეს დაკავებულ გიორგი შუბითიძეს.
8. 24 იანვარს სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს დროებითი დაკავების საკანში სცემეს დაკავებულ ირაკლი გოგიას.
9. 25 იანვარს წალკის შს განყოფილების დროებითი დაკავების იზოლატორში სცემეს დაკავებულ გოჩა წიკლაურს.
10. 2004 წლის 28 იანვარს ვაკე-საბურთალოს რაიონული პოლიციის ვაჟა-ფშაველას №2 ქვეგანყოფილებაში დააკავეს და 5 დღის მანძილზე სასტიკად აწამებდნენ ქურდობის ბრალდებით დაკავებულ შალვა ორველაშვილს. №5 იზოლატორში გადაყვანისას ერთ-ერთი მისი მწამებელი ემუქრებოდა, რომ თუ სხეულის დაზიანებების მიზეზად წამებას დაასახელებდა, უკან გადაიყვანდნენ პოლიციის განყოფილებაში და რაც იქ მოუვიდოდა, საკუთარი თავისთვის დაებრალებინა. ამის დასამტკიცებლად მის თვალწინ საბუთებიდან ამოიღო ერთ-ერთი დოკუმენტი, რომლის გარეშეც, მისივე მტკიცებით, საპყრობილე მას არ მიიღებდა და პოლიციას მიეცემოდა მისი უკან (პოლიციის განყოფილებაში) დაბრუნების შესაძლებლობა.
11. 31 იანვარს ჯერ ქუჩაში, ხოლო შემდეგ გლდანის რაიონის პოლიციის განყოფილებაში პოლიციელებმა (ქავთარაძემ, ცარციძემ, მოსიამ და მიგინეიშვილმა) სასტიკად სცემეს 46 წლის ავთანდილ ლორთქიფანიძეს, რის შედეგადაც სხვა დაზიანებებთან ერთად მან მიიღო ფეხის მოტეხილობა. მისი უმძიმესი მდგომარეობის დანახვაზე შეშინებულმა პოლიციელებმა თვითონვე წაიყვანეს ქალაქის მე-8 საავადმყოფოში, თვითონვე გადაიხადეს მკურნალობის ფული და ხელზეც მისცეს 300 ლარი (დაპირდნენ კიდევ 900 ლარს), თუმცა, შემდეგ მიცემული თანხაც მოტყუებით უკან გამოართვეს და არც დაპირებული გადაუხდიათ. მოტყუებული დაზარალებულის ოჯახმა მხოლოდ 2 თვის შემდეგ გაბედა აღნიშნული ფაქტის გახმაურება.
12. 30 იანვარს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის პოლიციის განყოფილების თანამშრომელთა მიერ დაკავებული 3 ახალგაზრდიდან (ილია ჩუბინიძე, ზურაბ გაბადაძე და რომან გვენეტაძე) 2 სასტიკად სცემეს პოლიციელებმა.
13. 3 თებერვალს - თბილისის პოლიციის სამმართველოში ირმა ტყეშელაშვილს მიყენებული აქვს სხეულის დაზიანებები (ორივე ფეხზე მუხლის არეში და წელზე).
14. 2004 წლის 4 თებერვალს - ჩხოროწყუს შს რაიონულ განყოფილებაში სხეულის დაზიანებები მიაყენეს დაკავებულ კობა ნადარაიას.
15. 2004 წლის 4 თებერვალს - ჩხოროწყუს შს რაიონულ განყოფილებაში სხეულის დაზიანებები მიაყენეს დაკავებულ რამაზ ქარდავას.
16. 2004 წლის 4 თებერვალს - ჩხოროწყუს შს რაიონულ განყოფილებაში სხეულის დაზიანებები მიაყენეს დაკავებულ დავით ბერიშვილს.
17. 09.02.04 - 07.02.04 - გლდანი-ნაძალადევის პოლიციის რაიონულ განყოფილებაში სხეულის დაზიანებები მიაყენეს დაკავებულ ივანე მარიდაშვილს.
18. 17.02.04 - 07.02.04 - რუსთავის შს რაიონულ განყოფილების დროებითი დაკავების იზოლატორში სხეულის დაზიანებები მიაყენეს დაკავებულ დიმიტრი ჭიჭიბოშვილს.
19.17.02.04 - 07.02.04 - თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ განყოფილების დროებითი დაკავების იზოლატორში სხეულის დაზიანებები მიაყენეს დაკავებულ რომან ხოფერიას.
20. 2004 წლის 21 თებერვალს თემქის №6 პოლიციის ქვეგანყოფილებაში დააკავეს და აღიარებითი ჩვენების მიღების მიზნით სასტიკად აწამეს იოსებ ჭიკაიძე.
21. 2004 წლის 27 თებერვალს ბაღდათის პოლიციაში სასტიკად აწამეს ყაჩაღობის ბრალდებულით დაკავებულები - ზაზა ჭრელაშვილი და პაატა ცხადაძე.
22. 2004 წლის 24 თებერვალს თბილისში დააკავეს და აწამეს გურჯაანის რ-ნის სოფ. კაჭრეთში მცხოვრები 31 წლის შალვა ორველაშვილი.
23. მიმდინარე წლის 1 მარტს ზესტაფონის პოლიციაში სასტიკად სცემეს დაკავებულ დავით ძაბირაძეს.
24. 5 მარტს ჩუღურეთის რაიონის პოლიციაში სცემეს ირაკლი ასათიანი (მცხოვრები ჯავახიშვილის 16-ში).
25. 2004 წლის 12 მარტს ოზურგეთში დააკავეს მარტვილელი დავით ძაგანია, რომელიც სასტიკად იქნა ნაცემი ოზურგეთის პოლიციის რაიონულ განყოფილებაში.
26. 2004 წლის 19 მარტს ყვარლის რაიონის პოლიციაში სასტიკად სცემეს და ქურდობაში მონაწილეობაზე ხელი მოაწერინეს ხვიჩა ხახანაშვილს და ფარნაოზ ბიწკინაშვილს.
27. 2004 წლის 21 მარტს ვანის რაიონის სოფ. ქვედაგორაში საკუთარი ბალიშის ქვეშ ”ლიმონკა” ”აღმოუჩინეს” შალვა შარაშენიძეს.
28. 2004 წლის 24 მარტს, დილის 7 საათზე ახმეტის რაიონის სოფელ ბირკიანში ნიღბიანი სამართალდამცველები შეიჭრნენ სუბიდარ ბათირაშვილის საცხოვრებელ სახლში და მას და მის სამივე ვაჟს კონდახების ცემით მიაყენეს სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები. სამართალდამცველთა განცხადებით ისინი ეძებდნენ ვინმე ჩეჩენ ალიხანს. როდესაც გაირკვა, რომ არავითარი ჩეჩენი იქ არ იყო და ალიხანი ზემოდასახელებული ქ-ნის ერთ-ერთ ვაჟს ერქვა, მათ სამივე ნაცემი ვაჟი ახმეტაში წაიყვანეს, ნაცემი დედა (სუბიდარ ბათირაშვილი, რომელსაც მე-3 სტადიის სიმსივნე აქვს) უგონო მდგომარეობაში სახლში დატოვეს და სისხლით მოსვრილი იატაკი და კედლები წყლით მორეცხეს. ამას უყურებდა კივილზე შეკრებილი რამდენიმე ათეული მეზობელი, რასაც ისინი საკუთარი ხელმოწერით ადასტურებენ. არსებობს დაზიანებულ პირთა სამედიცინო შემოწმების დასკვნების ასლებიც. შემდგომში თავგატეხილი 2 ძმა ახმეტის პოლიციიდან გაანთავისუფლეს, ხოლო მესამე (ალიხანი), რომელსაც თურმე ნარკოტიკებით ვაჭრობაში სდებდნენ ბრალს, პოლიციის განყოფილებაში დატოვეს. ყველაფრიდან ირკვევა, რომ სამართალდამცველთა მხრიდან ასეთი სისასტიკისა და არაადამიანური, ღირსების შემლახველი მოპყრობისათვის არავითარი საფუძველი არ არსებობდა.
29. 2004 წლის 10 მარტს მარტვილის რაიონის პოლიციის მიერ დაკავებისას სასტიკად იქნა ნაცემი მამუკა ძაგანია.
30. 2004 წლის 20 მარტს ბინის ქურდობის ბრალდებით გლდანი-ნაძალადევის რაიონში დააკავეს ბადრი წოწორია, რომელსაც აღიარების მოთხოვნით 12 საათის განმავლობაში აწამებდნენ თემქის პოლიციის განყოფილებაში.
31. 2004 წლის 26 მარტს მარნეულში პოლიციის 9 თანამშრომელი შეიჭრა ალეკპეროვების ბინაში, მრავალი მოწმის განცხადების თანახმად, ისინი ცდილობდნენ ნარკოტიკული ნივთიერების ჩადენას, რომლის დაფიქსირებისა და ხელის შეშლის შემდეგ ერთ-ერთმა გამწარებულმა პოლიციელმა ოჯახის დიასახლისს კიფაიატ ალეკპეროვს მთელი ძალით ყურში დაარტყა, რამაც მისი ცალი ყურიდან სისხლდენა და დაყრუება გამოიწვია, ამის შემხედვარე 4 წლის ბავშვი კი შიშისაგან დამუნჯდა.
32. 2004 წლის 31 მარტს პოლიციის მთავარ სამმართველოში, მე-11 სართულზე სასტიკად აწამეს 28 წლის გიორგი ჟორჟოლიანი და მისი არასრულწლოვანი (16 წლის) და ია ჟორჟოლიანი.
33. 2004 წლის 9-10 აპრილს წყალტუბოს პოლიციაში სცემეს ავთანდილ მგალობლიშვილს, რომელსაც ჩამტვრეული აქვს 3 ნეკნი.
34. 14 აპრილს გარდაბნის რაიონის პოლიციამ დააკავა სოფ. ახალსოფელში მცხოვრები, 24 წლის იაკობ მარტიაშვილი, რომელსაც აიძულებდნენ საკუთარ თავზე აეღო იარაღის ტარების ბრალდება. იგი ჯერ ტყეში წაიყვანეს, აწამეს, გააშიშვლეს და გაუპატიურებით ემუქრებოდნენ, შემდეგ გარდაბნის პოლიციის განყოფილებაში გააგრძელეს წამება, თუმცა, მან დანაშაული თავის თავზე არ აიღო. არაოფიციალურ საუბრებში პოლიციელები აცხადებდნენ, რომ იარაღის „ჩადების” მიზეზი იყო მარტიაშვილის მიმართ გავრცელებული ის ეჭვი, რომლის მიხედვითაც მას შეიძლებოდა კავშირი ჰქონოდა 1 თვით ადრე სოფელში მომხდარ მკვლელობასთან. ამ საქმეში არსებული მრავალი დარღვევის გამო გარდაბნის სასამართლომ ბრალდებულს აღმკვეთ ღონისძიებად არ შეუფარდა წინასწარი პატიმრობა.
35. 15 აპრილს არჩილ ფულარიანს გორის საფინანსო პოლიციამ იარღის მუქარით ჯერ ჩამოართვა ტვირთი, ხოლო შემდეგ იგი სასტიკად სცემეს (ფულარიანის სხეულის დაზიანების ფაქტი დაფიქსირებულია გორის საავადმყოფოს მიერ).
36. 20 აპრილს ღამით დაკავებულ ვახტანგ აბაზაშვილს და ლექსო ყაველაშვილს თბილისის ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში წამების შედეგად გადაუმტვრიეს თითები და ნეკნები. დაზარალებულთა მტკიცებით, მათ წამებაში მონაწილეობას იღებდნენ პოლიციელები: ტაბატაძე, გუნთაიშვილი, ხუციანიძე, ტყეშელაშვილი და ყველაშვილი. ადვოკატის შუამდგომლობა ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ უგულებელყოფილ იქნა.
37. 20 აპრილს, სამტრედიის პოლიციის რაიონულ განყოფილებაში აღიარებითი ჩვენების მიღების მიზნით სასტიკად აწამეს ძებნაში მყოფი დაკავებული პაატა მხეიძე, რომელიც წინა დღეებში დააკავა ქობულეთის პოლიციამ და გადასცა შსს სამტრედიის სამმმართველოს. მის მიმართ დღეს ჩატარდა სამედიცინო ექსპერტიზა, რომელმაც დააფიქსირა სხეულზე არსებული დაზიანებები.
38. 2 მაისს ჩხუბის გამო დააკავეს და დიღმის პოლიციის განყოფილებაში სასტიკად სცემეს ზურაბ კოხრეიძეს.
39. 4 მაისს უშიშროების თანამშრომლებმა დოლიძის ქუძაზე დააკავეს ერთი წლის წინ №5 იზოლატორიდან გაქცეული, ძებნილი დავით გამყრელიძე, რომელიც შუაღამისას ვაკის პოლიციის განყოფილებიდან გადაიყვანეს დიღომში მდებარე ქალაქის პოლიციის სამმართველოში, სადაც სადისტურად იქნა ნაცემი.
დასახელებულთა გარდა, ჩვენს მიერ დაფიქსირებულია სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანების მქონე მრავალი პატიმარი, რომლებიც აღნიშნული დაზიანებების მიზეზად ასახელებენ მიღებულ ტრავმებს დაკავებამდე, დაკავებისას, შემთხვევითი დაცემისას ან საერთოდ არ ასახელებენ სხეულის დაზიანების მიზეზებს. ზოგიერთი მათგანის მტკიცებით კი თვითონ მიიყენეს სხეულის დაზიანება. არის სრული საფუძველი ვიფიქროთ, რომ მათი უმრავლესობა დაშინებულია და შეგნებულად არ ამხელს პოლიციის განყოფილებებში მათზე ფიზიკური ზემოქმედების ფაქტებს. ასეთ პირთა შორის არიან სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანების მქონე შემდეგი პატიმრები:
გიორგი ჟორჟოლიანი, გიორგი მეფარიძე, ვახტანგ გოგიაშვილი, რევაზ ლალიაშვილი, კახა მაისურაძე, მამუკა ჩიმაკაძე, გიორგი მიქატაძე, გიორგი შენგელია, ზაზა კალატოზი, ირაკლი გიგინეიშვილი, პაატა ცერცვაძე, მამუკა ქართველიშვილი, ვიქტორ როყვა, დავით ასლანიშვილი, თამაზ მეტრეველი, პაატა პაპავა, გიორგი კვანტრი, შიო მიმინოშვილი, ზაზა ურთიაშვილი, დავით ასარეაშვილი, გიორგი ბერიანიძე, შალვა ფუტკარაძე, რამაზ შიუკაშვილი, ვლადიმერ ბალავინოვი, გაიოზ გელაშვილი, გოგიტა თვაური, დიმიტრი რუხაძე, მამუკა ბოკვერაშვილი, ალექსანდრე ჯინჭარაძე, ზვიად ლაფანაშვილი, ბადრი ჭაჭუა, მამუკა ხუციანიძე, ფირონ ნამაზოვი, ალექსი დოღანაძე, ლეილა გუმაშვილი. მაგალითისათვის აღვნიშნავთ, რომ ამ უკანასკნელს სამედიცინო დასკვნაში აღენიშნება შემდეგი დაზიანებები: „ცხვირის ძგიდეზე, მარცხენა თვალბუდის არეში, სისხლჩაქცევა მუქი ლურჯი ფერის, მარცხენა მხრის სახსრის წინა ზედაპირზე სისხლჩაქცევა შინდისფერი ზომით, მარცხენა ბეჭის ძვლის გარეთა კიდესთან მუქი ლურჯი ფერის სისხლჩაქცევა.” ქ-ნი ლეილა გუმაშვილის განცხადებით მას თურმე ეს დაზიანებები მიუღია დაკავებამდე. ასევე საეჭვოდ ხსნიან თავის სხეულის მსგავს ან სხვა სახის დაზიანებებს დანარჩენი ზემოხსენებული პატიმრები.
დაფიქსირებულია უშუალოდ შს სამინისტროს შენობაში ცემის რამდენიმე (გოჩა ქანთარია, ბერდია გუგავა და მისი ფეხმძიმე მეუღლე, გიორგი ონიანი) და იარაღის ან ნარკოტიკის ”ჩადების” მრავალი (მაგალითად, ზედაშიძე გიორგის 75 წლის დედის გუგულა ვირსალაძის საწოლის ქვეშ ჩადეს ავტომატი, 9 იანვარს ავტომატი ჩაუდეს ზაზა ამბროლაძეს, 12 თებერვალს ნარკოტიკი ჩაუდეს მალხაზ ჩიხლაძეს, 4 მარტს - იარაღის მთელი არსენალი ჩაუდეს სახლში ბონდო შალიკიანს და ა. შ.) შემთხვევა.
ჩვენ ხელისუფლებისაგან მოვითხოვთ ქვეყანაში წესრიგისა და კანონიერების დამყარებას მხოლოდ მხოლოდ იმ ფორმებითა და მეთოდებით, რომლებიც არ სცილდება კანონიერების ფარგლებს და არ ლახავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს. მიგვაჩნია, რომ ლამაზი ლოზუნგების საფარქვეშ განხორციელებული ანტიკონსტიტუციური, ანტიდემოკრატიული და ვოლუნტარისტული ქმედებები მხოლოდ სამართლებრივი ნიჰილიზმის დათესვას გამოიწვევს საზოგადოებაში, რასაც უახლოეს მომავალში შეიძლება გამოუსწორებელი შედეგები მოჰყვეს როგორც ხელისუფლების, ასევე მთელი ქვეყნისათვის.