The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ცხელი შოკოლადი მაისი №5


ცხელი შოკოლადი მაისი №5


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: შავერდაშვილი შორენა, სუხიშვილი თამარ, კორძაია-სამადაშვილი ანა, ნუცუბიძე ლევან, მაჩაიძე ნიკა, ტურაშვილი დათო, კიკალეიშვილი სალომე, სოროკინი ვლადიმირ, კვინიკაძე ნესტან, კონტრიძე თეონა, ბაბუაძე თამარ, მორჩილაძე აკა, თოლორდავა კახა, ზავინული ჯო
თემატური კატალოგი ცხელი შოკოლადი
თარიღი: 2005
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: რედაქტორი: შორენა შავერდაშვილი რედაქტორის თანაშემწე: ნატა ფედოსეევა არტ რედაქტორი: ლევან ნუცუბიძე ფოტო: დავით მესხი, ლევან ხერხეულიძე, ნიკო ტარიელაშვილი სტილისტი: გაგა ლომიძე ილუსტრაცია: სოფიო რეხვიაშვილი, გიო სუმბაძე დიზაინი: დავით თეთრაძე, მიხეილ დგებუაძე დისტრიბუცია: დათო ნარიმანიძე ნომერზე მუშაობდნენ: ნესტან კვინიკაძე ანა კორძაია-სამადაშვილი თამარ ბაბუაძე თამარ სუხიშვილი სალომე კიკალეიშვილი დათო ტურაშვილი აკა მორჩილაძე ლევან ნუცუბიძე ზაზა ბურჭულაძე Publishing გამომცემელი შპს „ემ ფაბლიშინგი“ მისამართი: თბილისი 0105, ფალიაშვილის ქ. 108 ტელ./ფაქსი: 23 37 31 ელ-ფოსტა: mpublishing@caucasus.net © „M Publishing“ საავტორო უფლებები დაცულია რეკლამის განთავსება შპს „მსა თბილისი“ მისამართი: ფალიაშვილის ქ. 108 ტელ./ფაქსი: 23 37 31 ელ-ფოსტა: msa@msa.ge სტამბა შპს „სეზანი“ მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზ. 140 ტელ.: 35 70 02 ელ-ფოსტა: lika@cezanne-web.com CEZANNE PRINTING HOUSE



1 ინგა გრიგოლია - ისეთი, როგორიც არის

▲ზევით დაბრუნება


ავტორი: შავერდაშვილი
ფოტო: დავით მესხი, ლევან ნუცუბიძე

0x01 graphic

ინგა გრიგოლია არ ცდილობს იყოს ისეთი, როგორიც არ არის. შესაბამისად, ის არის ისეთი, როგორიც არის.

ინგა გრიგოლია იწვევს მხოლოდ მძაფრ შეგრძნებებს.

ინგა გრიგოლია ცხოვრობს მიზანმიმართულად და სრულად იხარჯება იმ საქმისთვის, რომელიც უყვარს.

ინგა გრიგოლია არ ცდილობს, ყველას მოეწონოს და ისეთ გადაცემებს აკეთებს, რომლებსაც ყველა უყურებს.

ინგა გრიგოლია არის ჟურნალისტი, რომელსაც არც ერთი ხელისუფლება არ სწყალობს და მაინც ახერხებს, იყოს ეთერში.

ინგა გრიგოლია გულწრფელია და პირდაპირი. საკუთარი თავის შეფასებისას, შეუძლია იყოს ძალიან მკაცრი.

ინგა გრიგოლია რომანტიკოსია და მაჩო მამაკაცები მოსწონს.

ინგა გრიგოლია ცოტას ოცნებობს, ცოტას წუწუნებს და საკუთარ თავს თვითონვე ქმნის.

აი, ასეთია ჩვენი რესპონდენტი ინგა გრიგოლია.

აღარ მომწონს, ყველგან საკუთარ თავს რომ ვხედავო, მაგრამ ჩვენ მაინც დაგვთანხმდა ინტერვიუზე. პირველი შთაბეჭდილება ინტერვიუმდე მივიღე. მზიანი და თბილი დღე იყო. საბურთალოზე მშვიდად მომყავდა მანქანა, სანამ თეთრი „კრაისლერი“ არ ჩამიშხუილებდა. გამოუცდელი მძღოლი ვარ და როგორც წესი, მსგავს პროვოკაციებზე არ ვეგები ხოლმე, მაგრამ ამჯერად იმდენად გამომწვევი იყო ეს ფანჯრებჩაწეული, მაგნიტოფონის ბოლო ხმაზე აგუგუნებული მანქანა, რომ ჩემდა უნებურად, გამოვეკიდე. მძღოლი ქალი იყო და თითქოს მეცნო კიდეც. კარგა ხნის მერე მივხვდი, რომ საჭესთან ინგა გრიგოლია იჯდა. გზა მანქანებით იყო გადატვირთული, მაგრამ სიჩქარეს მაინც არ უკლებდა. არა მგონია, ინგას ჩემი თავგამოდება შეენიშნოს, ლაპარაკში იყო გართული. მაგრამ ვაკის პარკთან მეხუთეთი რომ ავედი და თეთრი „კრაისლერიც“ რომ უკან ჩამოვიტოვე, გული მოვიოხე და ჩემს დაფეთებულ გვერდზე მჯდომთან თავი მოვიწონე:

„ესეც ჩემი პირველი „გონკაობა“ ... რა მაგარიაააა!“ მაგარი იყო.

დანარჩენზე ინგამ და მე უფრო მშვიდ გარემოში ვისაუბრეთ. აქ უკვე სიჩქარის აკრეფა აღარ დაგვჭირვებია.

„ჩემი ცხოვრების ეტაპები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება. ამიტომ ვამბობ, რომ რამდენიმე ცხოვრებით ვიცხოვრე. ჩემს დღევანდელ მდგომარეობას საერთო არაფერი აქვს წარსულთან. უნივერსიტეტში სწავლის დროს, ჩემთვის ვინმეს რომ ეთქვა, ისე იცხოვრებ, როგორც დღეს ვცხოვრობ, ვეტყოდი: „კარგი ერთი რა, რა სისულელეა!“ ანუ ამაზე არც კი მიოცნებია (არ ვიცი, რამდენად საოცნებოა...).“

- როგორ წარმოგედგინა?

„ვსწავლობდი უნივერსიტეტში, ფილოლოგიის ფაკულტეტზე და მეგონა, მეცნიერებას უნდა გავყოლოდი, დისერტაცია უნდა დამეცვა და ა.შ. ასეთი აქტიური ცხოვრებისთვის განწყობილი არ ვყოფილვარ. ამბობენ, რომ ცხოვრება უნდა დაგეგმო. მე კი პირიქით ვამბობ - ცხოვრება არ უნდა დაგეგმო იმიტომ, რომ დაგეგმილ ცხოვრებას ისეთი ხიბლი აღარ აქვს. უკეთესი არ არის, როცა ცხოვრება სიურპრიზებს გთავაზობს?“

- აბა სიურპრიზები?

ეტაპი I: ბავშვობა

„ვიყავი მსუქანი, ძალიან მსუქანი და ამ სიმსუქნის გამო, კომპლექსებით დატანჯული ბავშვი. თავიდან ბოლომდე წიგნებში ვიყავი ჩაფლული. დედაჩემს მეშვიდე კლასამდე ვაბარებდი გაკვეთილებს. სახლში ყოფნა მიყვარდა, თუმცა უამრავი მეგობარი მყავდა. მოკლედ, კომპლექსებიანი, ბეჯითი ბავშვი ვიყავი.

უცბად, მეცხრე კლასში შემიყვარდა. თუმცა, ცოლად გავყევი არა ჩემს შეყვარებულს. ერთი დიდი სისულელე იყო. ჩემი ეს გადაწყვეტილება ჩემთვისაც სიურპრიზი იყო.”

- ნანობ?

„არ ვნანობ იმიტომ, რომ ალბათ ასე უნდა მომხდარიყო. მყავს ძალიან დიდი შვილი და ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მთავარი ესაა. ასე რომ არ იყოს, გავგიჟდებოდი.

დედა მთელი ცხოვრება წიგნებზე თავს მარტყმევინებდა. თავისუფლების გემო კი სულ სხვაა. ჩემს შვილს ვეუბნები, ყველაფერს გავაკეთებ, ოღონდ იცხოვრე. ხანდახან მგონია, რომ ისე ვიყავი აღზრდილი - ტრადიციულად და ოჯახური დისციპლინით, რომ ჩემი ცხოვრება საათებსა და წუთებში იყო გაწერილი. მუსიკაზეც დავდიოდი და ესეც მეზიზღებოდა, ვერ ვიტანდი. ამიტომ ხანდახან მეჩვენება, რომ როგორიც 15 წლის ასაკში ვიყავი, იგივე ვარ ახლაც. იმ დროსაც ასევე ვაზროვნებდი, ბებერი ბავშვივით.

ჩემი და სულ სხვა შემთხვევა იყო. მის მაგალითზე, ცხოვრებაში პირველად აღმოვაჩინე, თუ რა არის დაუმორჩილებლობა. ის არასდროს ემორჩილებოდა მშობლებს და მიმაჩნია, რომ უფრო შეირგო ცხოვრება, ვიდრე მე. ამიტომ მაქსიმალური თავისუფლების მომხრე ვარ. შვილს არ უნდა ეშინოდეს მშობლების, პასუხისმგებლობებით დატვირთული არ უნდა იყოს. იცი, რა ტრაგიკულად მახსენდება? - სადღაც ვიყავი, წუთებს ვითვლიდი და სულ საათზე ვიყურებოდი - ვაიმე მამაჩემი, ვაიმე მამაჩემი.

ახლა 34 წლის ვარ და დედაჩემი დღემდე მოითხოვს, რომ ყოველთვის იცოდეს სად ვარ. მან აბსოლუტურად ყველაფერი იცის, რაც ჩემს ცხოვრებაში ხდება - ცუდიც და კარგიც. როცა მირეკავს და მეკითხება - სად ხარ? - ყოველთვის პროტესტის გრძნობა მიჩდება ხოლმე, მაგრამ ვემორჩილები. მუშაობა თავისუფლების მოპოვების სერიოზული საშუალებაა. მამაჩემის შიშისგან მას მერე გავთავისუფლდი, რაც ხელფასის აღება დავიწყე. უნივერსიტეტი დამთავრებული მქონდა, შვილი მყავდა, მაგრამ მაინც მამაჩემის რიდი მქონდა. შეიძლება შიშიც. როცა მუშაობა დავიწყე, როცა ხელფასი ავიღე, მის თვალში მხოლოდ მაშინ გავხდი ტიპი, პიროვნება და გარკვეული თავისუფლებაც მოვიპოვე.“

ეტაპი II: გათხოვება - გამოთხოვება

„გავთხოვდი და ღამის სკოლაში გადავედი. მალევე დავფეხმძიმდი. ძალიან ბევრს ვმეცადინეობდი და მაშინვე უნივერსიტეტში ჩავაბარე. ფეხმიძედ რომ ვიყავი, ერთადერთი, რაც მახსენდება - თავაუღებელი მეცადინეობაა. კოშმარულად მახსოვს საბჭოთა კავშირის ისტორია. თავს ვაიძულებდი, რომ მესწავლა.

მისაღებ გამოცდებზე ოთხი ხუთიანი მივიღე და შემიძლია ვთქვა, რომ უნივერსიტეტში ჩაბარება ჩემს ცხოვრებაში პირველი დიდი გამარჯვება იყო. დღეს, როცა ამბობენ, რომ თუ არ გყავს პატრონი, ისე ვერაფერს მიაღწევ, - ყოველთვის ვაპროტესტებ. შეიძლება ოდესღაც მეც მეგონა, რომ რაღაცის მისაღწევად ზურგი იყო საჭირო. მაგრამ ჩემმა ცხოვრებამ მაჩვენა, რომ ეს ასე არ არის. ოთხი ხუთიანი მივიღე ისე, რომ დამხმარე არავინ მყოლია. პირველად მაშინ ვიგრძენი, რომ ცხოვრებაში ყველაფრის მიღწევა შეიძლება.“

0x01 graphic

ეტაპი III: უნივერსიტეტი

„არ იყო ტრანსპორტი, ოჯახში არავინ მუშაობდა, ტაქსის ფულიც არ მქონდა და გოთუადან უნივერსიტეტამდე ფეხით დავდიოდი. საქორწინო ბეჭედიც კი გავყიდე, რომ რაღაც ფული გამჩენოდა. აღარც უნივერსიტეტს ჰქონდა ის ხიბლი. რომ ჩავაბარე, აღტყინებული ვიყავი, მაგრამ უცებ განვიხიბლე. მერე გაყინულ აუდიტორიაში ჯდომა კატასტროფა იყო. გაზაფხული არ მახსოვს, უნივერსიტეტში ქრონიკული ზამთარი იდგა. მაშინ მივხვდი, რომ ტრაგედიაა, როცა არ გაქვს კომფორტი. სახლში ხარ - ცივა, უნივერსიტეტში მიდიხარ - ცივა. საჯარო ბიბლიოთეკაში ყველაზე დიდი კოშმარი იყო: დიდი დარბაზები და სიცივე. თან, ეს ამდენი ძველი წიგნი საერთოდ მთრგუნავდა.

პირველად სინათლე სტუდენტობის დროს გამოირთო, კატასტროფაში ვცხოვრობდით. მქონია პერიოდი, როცა სამი თვე არ გავსულვარ სახლიდან, აივანზეც კი. არაფერი არ იყო. ის დღეები სულ შავ ფერებში მახსენდება, სულ მოწყენილია და ნაცრისფერი. ბოლოს, დედაჩემმა ძალით გამათრია სახლიდან. იქამდე კი მოდიოდნენ დაქალები და ჯოკერს ვთამაშობდით.”

შვილი

„შვილი რომ გავაჩინე, იმ წუთიდანვე არ მქონია აღქმა, რომ მე გავაჩინე. როდესაც პირველად ჩემს შვილთან ერთად ოთახში მარტო ავღმოვჩნდი და ატირდა, აი, ასე ავიყვანე, დედაჩემს შევუყვანე და ვუთხარი: „...და თუ არ გაზრდი-მე- თქი...“ 10-11 წლამდე მარიამი დედაჩემის შვილი იყო. ძალიან მრცხვენია, ამას რომ ვამბობ, მაგრამ დედობრივი დამოკიდებულება არ მქონია... მის არსებობას ჩემს ცხოვრებაში ახლა უფრო ხიბლი აქვს იმიტომ, რომ არანორმალურად მიყვარს. ახლა უფრო ვაცნობიერებ, რომ ჩემი შვილია, ვიდრე წინათ. ძალიან ვგავართ ერთმანეთს, გაჭრილი ვაშლივით. მე და ის აბსოლუტურად ერთნაირი ორი ადამიანი ვართ. ისიც ძალიან კარგი გოგოა, ძალიან აზრიანი. რომ ჰკითხო, ამბობს, ძალიან ვამაყობ, ინგა გრიგოლიას შვილი რომ ვარო. როცა გვარს ეკითხებიან, ამბობს, რომ გრიგოლიაა. ახლა, 16 წლის რომ გახდება, ჩემს გვარზე უნდა გადმოსვლა. ვეუბნები, რომ მისი გადასაწყვეტია. ამას პატარაობიდანვე ამბობდა იმიტომ, რომ ეკითხებოდნენ, ინგას შვილი ხომ არ ხარო. ხშირ შემთხვევაში, ამით სარგებლობდა ხოლმე. ის, რისი გადალახვაც ცხოვრებაში მე თვითონ მიწევდა, მისთვის უფრო ადვილია, იმიტომ, რომ ინგას შვილია.

14 წელია, მამასთან საერთოდ არ ჰქონია ურთიერთობა. არა ჩემს გამო. უბრალოდ, მამას არ გამოუთქვამს ამის სურვილი. არც თვითონ უთქვამს ოდესმე. შეიძლება უფიქრია, მაგრამ იცის, რომ მე არ მიყვარს ამ თემაზე ლაპარაკი და ამიტომ ამაზე არ ვლაპარაკობთ ხოლმე.

ძალიან მინდა, მეორე შვილი გავაჩინო და აუცილებლად გავაჩენ. იმიტომ, რომ... ნუ, მინდა... აი, თუნდაც იმიტომ, რომ ჩემი შვილი მე არ გამიზრდია. ქალს ოდესღაც ბავშვის გაჩენის და გაზრდის სურვილი უჩნდება. მე ეს პერიოდი ახლა დამიდგა. ვფიქრობ, 1-2 წლის მერე აუცილებლად გავაჩენ. ახალ სახლში გადავალ, დავლაგდები და ამას აუცილებლად გავაკეთებ.“

ეტაპი IV: ინგა ხდება ჟურნალისტი

- დაამთავრე უნივერსიტეტი, მერე რა ხდება?

„მერე იყო ყველაზე დიდი დაბნეულობა, როდესაც არ იცი, რა აკეთო. აცნობიერებ, რომ საქმე უნდა გააკეთო, ფული გჭირდება. არადა, ჩემი პროფესია არაფრის საშუალებას არ იძლევა.

ამ დროს, ჩემი მეგობრის წყალობით, რომელიც „მოქალაქეთა კავშირის“ პრეს-ცენტრში მუშაობდა, „მოქალაქეთა კავშირის“ პრეს-ცენტრის თანამშრომელი გავხდი. პირველი ხელფასი, თუ არ ვცდები, 30 ლარი იყო. მერე, დაახლოებით ორი წელი ვმუშაობდი იქ. დღეს, როცა ვფიქრობ, თუ საიდან გამიჩნდა, ვთქვათ მუღამი, თუ რაღაც ინტერესი პოლიტიკის მიმართ, ალბათ ეგ იყო. იმდენი რაღაც მესმოდა, რომ როდესაც ჟურნალისტობა დავიწყე, ძალიან მალე მოვერგე ამ საქმეს.

მერე საინფორმაციო სააგენტო „გეაში“ ვმუშაობდი. მგონი, 1997 წელი იყო. ჩემს პირველ სერიოზულ სამსახურში ამ განწყობით მივედი: თუ გავქაჩავ, გავქაჩავ, თუ არა და, რას ვიზამ... აღმოჩნდა, რომ გავქაჩე იმიტომ, რომ 10 დღეში ძალიან სერიოზული ინფორმაციები მოვიპოვე. პირველივე დღეს პარლამენტში გამიშვეს - ძალიან სასაცილო მდგომარეობაში აღმოვჩნდი. ვიცოდი, რომ პრეზიდენტი შევარდნაძეა და ჟვანიაც ვიღაცაა. საერთოდ, პარლამენტში პირველად მოვხვდი და ისეთი ჩაცმული ვიყავი, როგორც პარლამენტში არ დადიან ხოლმე. ეს იყო კურიოზი იმიტომ, რომ ერთმა ჩემმა მეგობარმა მკითხა, სად მიდიხარო. რომ ვუთხარი პარლამენტში-მეთქი, ჩემი გახსნილი კაბა სტეპლერით მიმიწება. პირველივე დღეს მივხვდი, რომ ძალიან არა-ადეკვატური არსება ვიყავი.

მერე ყველაფერი ჩვეულებრივად მოხდა. დაახლოებით 10 დღეში მივხვდი, რომ უკვე მოვერგე სიტუაციას. ხელფასი პირველივე თვეს ავიღე. ეს იყო გამომუშავება, ანუ არასტაბილური ხელფასი, 280 ლარი. იმ დროს ეს ძალიან დიდი ფული იყო.

მრცხვენია, როცა ამას ვამბობ და, საერთოდ, ვფიქრობ, უნდა ვთქვა თუ არა... რის გამოც ჟურნალისტობა დავიწყე, ეს არ იყო საქმის მიმართ ინტერესი... მე ფული მჭირდებოდა. მყავდა შვილი, ოჯახში არავინ მუშაობდა და სრულიად შემთხვევით აღმოვჩნდი ისეთ სამსახურში, სადაც სერიოზული ხელფასის აღება შემეძლო. მერე გაჩნდა ინტერესი, ძალიან დიდი აზარტი, რომლითაც დღემდე მოვდივარ. სხვა თუ არაფერი, სამსახური რომ არ მეშოვა, ალბათ, ამ ქვეყნიდან უკვე ძალიან დიდი ხნის წასული ვიქნებოდი ისევე, როგორც ბევრი რიგითი ქართველი. ამის პერსპექტივა ნამდვილად მქონდა. ამიტომ მიმაჩნია, რომ გამიმართლა.

დღეს მადლიერი ვარ იმიტომ, რომ ვფიქრობ, არაფერი სხვა მე არ შემიძლია. ვინმემ ჟურნალისტიკიდან რომ გამაგდოს, რომ ამიკრძალონ და მითხრან, რომ შენ არ უნდა იმუშაოო, ალბათ დაბნეული, არაფრის მაქნისი ადამიანი ვიქნებოდი. ასე მგონია იმიტომ, რომ ეს ერთადერთი საქმე აღმოჩნდა, რომელმაც გამიტაცა“.

0x01 graphic

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია

„ჩემი გადაცემები გადის ეთერში, მერე იხურება, მერე ხელახლა ვიწყებ და სულ ვამბობ ხოლმე, რომ სულ ისეთ ეტაპებს გავდივარ, როდესაც აშენებული თავზე გენგრევა. მერე ისევ ნულიდან იწყებ, მაგრამ ეს უკვე რაღაც აზარტია, როცა გბლოკავენ და გიხურავენ გადაცემებს. მე არ ვარ ის ადამიანი, რომელიც დაჯდება და სევდას მიეცემა, ტრაგედიას შექმნის ან ტანჯულის იმიჯს მოიხდენს - მე მინდა ცხოვრება და ყოველთვის აუცილებლად ხელახლა დავიწყებ. ასი ათასჯერ შევიცვლი სამსახურს, თუკი ასი ათასჯერ გამიჩნდება პრობლემა.”

- შენდამი არის ან ცალსახად უარყოფითი, ან ცალსახად დადებითი დამოკიდებულება...

„თავიდან ძალიან ვღელავდი ამის გამო, მერე მივხვდი, რომ ძალიან დიდი ბედნიერებაა, როცა ყველას უყვარხარ. თუმცა, ვერ წარმომიდგენია, თან იცხოვრო, თან ყველას უყვარდე, თან ის საქმე აკეთო, რაც საკეთებელია. ვიცი, რომ ძალიან ბევრს არ ვუყვარვარ, ძალიან ბევრს აღიზიანებს ჩემი ტონი, გამომეტყველება, აგრესიულობა და ა.შ. მაგრამ ისიც ვიცი, რომ ამ გადაცემას უყურებენ და ჩემთვის ეს არის მთავარი.

ვამბობ, ამ გადაცემების კეთებით და მომზადებით, რეალურად, დავბერდი-მეთქი. ამას წინათ, გადაცემისთვის რაღაც მასალას ვეძებდი და ხუთი წლის წინანდელი ჩანაწერი აღმოვაჩინე. ისეთი პატარა, გაცილებით ცუდი გარეგნობის, მოუვლელი, მაგრამ ძალიან პატარა და ახალგაზრდა ვიყავი. უცებ სარკეს გავხედე და აღმოჩნდა, რომ გარეგნულად ძალიან შევიცვალე; ანუ ასაკი დამეტყო იმიტომ, რომ, როგორც ჩანს, ძალიან ვიხარჯები. დედაჩემი ხშირად მეუბნება ხოლმე, რომ ამდენ ენერგიად და ნერვიულობად არ ღირს. მაგრამ მე რომ ეთერში გავუშვა გადაცემა, რომელსაც არავინ უყურებს და ფული ისე ავიღო, ჩემი თავის პატივისცემას დავკარგავ. ამიტომ, მუდმივად ამ დღეში ვარ: ერთი გადაცემა შევარდნაძის დროს დაიხურა, მეორე სააკაშვილის დროს, რევოლუციიდან რამდენიმე თვეში.“

პირადი ცხოვრება

„არ ვიცი, რამდენად შეიძლება ამის წარმოდგენა, მაგრამ ჩემი თავი უკვე მაგიჟებს... პირადი ცხოვრება, - ვგულისხმობ მამაკაცის არსებობას ჩემს ცხოვრებაში - არ მაქვს. ამ დროს, ძალიან რომანტიკოსი ვარ. არადა, არ მახსენდება პერიოდი, როცა ჩემს ცხოვრებაში საყვარელი მამაკაცი არ ყოფილიყო. რაღაც ბოლო პერიოდში მოხდა ასე, იქნებ იმიტომ, რომ ჩემი სამსახური, სამწუხაროდ, ჩემთვის ყოველთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე პირადი ცხოვრება და როდესაც სამსახურში რაღაც პრობლემები შემექმნა, თითქოს ვეღარ მოვიცალე.

თან მამაკაცებთან მიმართებაში, არაერთი ტკივილი გადავიტანე. უცბად აღმოჩნდა, რომ ამით არ ვცხოვრობ, მე მარიამით, ჩემი შვილით ვცხოვრობ.

მეგობრები მეუბნებიან, რომ ძალიან შევიცვალე მას შემდეგ, რაც პირადი ცხოვრება აღარ მაქვს. უინტერესო და აუტანელი გავხდი, აღარ ვიპრანჭები, მარტო პოლიტიკაზე ვლაპარაკობ. ჩემმა დამ მითხრა, ვინმესთან გააბი რომანი ან საერთოდ აღარ დამეკონტაქტო, მოსაწყენი ადამიანი გახდიო. მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს ეტაპია.

ძალიან დიდი სიყვარულიც მქონია. ძალიან-ძალიან შეყვარებული ვყოფილვარ და ეს ამბავი ჩემთვის ტრაგიკული ფინალით დასრულებულა. უფრო ფრთხილი გავხდი იმიტომ, რომ ტკივილი, რომელსაც იღებ, განგრევს. ამ ტკივილის ისე მეშინია, რომ სიყვარულს ასე ადვილად ვეღარ დავუშვებ.“

- ეს ბევრჯერ იყო?

„სულ ორჯერ: ერთი ადრეულ ბავშვობაში. მეორე - დაახლოებით ორი წლის წინ დამთავრდა. სრული შვიდი წელი გაგრძელდა, სერიოზული, დიდი რომანი იყო, რომელიც დამთავრდა იმიტომ, რომ დამთავრდა... ყოველთვის ან ერთი მხარე ტოვებს, ან მეორე. ამ შემთხვევაში მე აღმოვჩნდი ისეთ როლში, როცა დამტოვეს და ეს იყო კატასტროფა ჩემთვის. დავჯექი და მივხვდი, რომ თუ რაიმეს არ შევცვლიდი, გავაფრენდი. ეს იმ პერიოდს დაემთხვა, როდესაც გადაცემა პირველად დამიხურეს. უსამსახუროდ დავრჩი და ამ დროს დამტოვეს... ვიფიქრე, რომ ახლა ან უნდა მოვკვდე, ან რაღაც უნდა გავაკეთო და გავაკეთე კიდეც. ოცი კილო დავიკელი, ოპერაცია გავიკეთე - მოვიშორე ხალი, გავიკეთე ტუჩები, რომელიც არ მომწონდა. აქტიურად დავკავდი ფიგურის კორექციით. დავიგრძელე თმები, ჩემს გარეგნობაზე გადავერთე იმიტომ, რომ... ალბათ იმიტომ, რომ ფიქრობ, როცა დაგინახავს, ინანებს. ეს ახლის ძიებას არ უკავშირდებოდა. ალბათ უფრო ძველის დაბრუნების სურვილით იყო გამოწვეული. მაგრამ არაფერი გამომივიდა და ცხოვრება თავისით წავიდა.

ამან რაღაც დადებითიც მოიტანა. გარეგნულად გაცილებით უკეთესი გავხდი. სხვა თუ არაფერი, ქალისთვის ოცი კილოს დაკლება ძალიან ძნელია. ამასობაში იმდენად ფიზიკურზე გადავიტანე ეს ყველაფერი, რომ ერთ მშვენიერ დღეს ის ტკივილიც გაქრა. ახლა ყველაფერი დამთავრდა. ისე, ქალს სულ აქვს წვრილ-წვრილი ფლირტები და მეც მაქვს, მაგრამ დაახლოებით ორი წელია და ცოტა მეტი, რაც მამაკაცით არ აღვფრთოვანებულვარ, ვინმეს შეყვარების სურვილი არ გამჩენია.

კაცები

„როგორც ჩემი და ამბობს, ინგას შავგვრემანი და მსუქანი კაცები მოსწონსო. ვინც კი მომწონდა, მართლა ყველა ასეთია. კარგი, ჯანმრთელი აღნაგობით, კარგი „ნაკაჩავები“ და აუცილებლად შავი. როგორც ჩანს, მამაკაცის რაღაც სტერეოტიპი მაქვს. პროფესიას არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ აღმოვაჩინე, რომ ჩვენი ინტერესების თანხვედრა თუ არ არის, შენ თუ სხვა პლანეტაზე ცხოვრობ და ის სხვა პლანეტაზე - ერთმანეთს ვერ გაუგებთ. იმ მამაკაცებთან უფრო საინტერესოა, რომლებთანაც საერთო ცხოვრებისეული ინტერესები მაკავშირებს. ალბათ მაინც იმ საქმესთან ახლოს უნდა იყოს, რასაც მე ვაკეთებ.

ისე, ერთი სასაცილო ამბავი მჭირს: ყველა მამაკაცი, რომელთანაც ურთიერთობა მაქვს, ვთქვათ, თუ ვინმეთი ვიხიბლები, - როგორც კი მეგობრები ვხდებით, ან უფრო ახლო ურთიერთობა იწყება, ყველა რატომღაც ჩემზე სუსტი გამოდის. შეიძლება პრობლემა ჩემშია იმიტომ, რომ ეტყობა, გარეგნულად ძალიან ძლიერი ადამიანის იმიჯი მაქვს და ისეთ ადამიანებს ვიზიდავ, რომლებსაც პრობლემა აწუხებს და ჩემთან რაღაც, დედის მომენტი აქვთ, - არ ვიცი. თითქმის სულ ასეთ მდგომარეობაში ვვარდები და ის ერთადერთი ადამიანი, რომელიც ძალიან შემიყვარდა, არ იყო ეგეთი...

საერთოდ, ძალიან ცუდი გოგო ვარ, მაგრამ ვერ ვიტან, კაცი რომ თავის პრობლემაზე იწყებს ლაპარაკს. მე დაუსრულებლად შემიძლია სხვადასხვა თემებზე ლაპარაკი, მაგრამ პრობლემებით რომ გხუნძლავენ მამაკაცები, ამაზე ვგიჟდები და მომენტალურად გავრბივარ. იყო დრო, როცა ძალიან მომწონდა ვიღაც, მაგრამ თავის ფიზიკურ ავადმყოფობაზე იმდენი მელაპარაკა, დაახლოებით ერთ კვირაში ინტერესი დავკარგე, მისი ნომერი ერთხელაც აღარ ამიკრეფია და მასთან ურთიერთობა საერთოდ დავამთავრე.“

მნიშვნელოვანი ადამიანები

„დედაჩემი არის ის ადამიანი, რომელიც ჩემს შვილზე უფრო მეტად მიყვარს. აბსოლუტურად გულწრფელად გეუბნები. დედაჩემზე რომ ვიწყებ ლაპარაკს, ძალიან სენტიმენტალური ვხდები. ადამიანია, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მე რაღაცისთვის მიმეღწია. ძალიან უხეშად ჟღერს, მაგრამ მისი იდეაფიქსი იყო, რომ მესწავლა და წარმატებული ვყოფილიყავი. სხვათა შორის, ჩემს საახლობლოში დედაჩემი ერთადერთი ადამიანია, რომელიც იშვიათად უყურებს ხოლმე ჩემს გადაცემებს და როცა ვეკითხები, რატომ არ მიყურებ-მეთქი, მპასუხობს - ხო, რაღაც სერიალს ვუყურებდიო. ეს არის ადამიანი, რომელსაც ესეც შეუძლია.

დედაჩემი ძალიან ლამაზი იყო. სულ ეჭვიანობით ვიხრჩობოდი ხოლმე. ქუჩაში რომ დავყავდი, ან დასასვენებლად, ათიდან ცხრა კაცი ყოველთვის თვალს აყოლებდა. ეს იყო ჩემი ტანჯვა იმიტომ, რომ რაღაც მაწვებოდა ყელში. ასეთი ეჭვიანი არავის მიმართ არ ვარ. სულ მეშინოდა, მთელი ცხოვრება, რომ ვიღაც დედას წამართმევდა.

დედაჩემმა ჩემს გამო სამსახურს თავი დაანება. ყველგან დავყავდი და თავიდანვე მაიძულებდა, რომ მემეცადინა. რეალურად, მისი დამსახურებაა ეს ყველაფერი. დღეს კი დედაჩემი ამბობს, რომ წარმატებული ვარ. მაგრამ თვლის, რომ ძალიან უხეში, ცუდი შვილი ვარ, მშობლებთან მშვიდად საუბარი არ შემიძლია და საერთოდ... დედაჩემმა პირველი დარტყმა მიიღო, როდესაც გამოვაცხადე, რომ საცხოვრებლად ცალკე გადავდიოდი. ეს იყო სამი წლის წინ. მაგრამ დედაჩემმა ყოველთვის იცოდა ის, რასაც ყველაზე ახლო მეგობარს ვეუბნები. ის არის ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება მიგებდა და მიგებს.“

რცხვენია და ამაყობს

„რისიც ძალიან მრცხვენია, ეს არის ერთ-ერთი თოქ-შოუ პირველ არხზე, რომელშიც მეც მივიღე მონაწილეობა. ჩანაწერი რომ ვნახე, ძალიან შემრცხვა. პოლიტიკურად ძალიან ეგზალტირებულები ვიყავით. იქ ელდარ შენგელაიასთან რაღაც შეხლა-შემოხლა მოხდა. მაშინ ვფიქრობდი, რომ ასე უნდა ყოფილიყო, მაგრამ 2-3 თვის შემდეგ ძალიან შემრცხვა. მახსოვს, ერთხელ უნივერმაღში ფარდებს ვყიდულობდი და გამყიდველმა ქალმა მითხრა, მე თქვენ არ მიყვარხართო. რომ ვკითხე, რატომ-მეთქი, მითხრა, ვერასოდეს ვერ გაპატიებ იმ დღესო. იქ რა პოზიციაც დაფიქსირდა, დღემდე მიმაჩნია, რომ სწორია, მაგრამ ფორმა იყო ძალიან მიუღებელი - შემიძლია ბაზრის ქალს შევადარო თავი. ძალიან ცუდი ფორმა იყო ეს... ეს არ იყო არც ჟურნალისტის, არც ადამიანის დამოკიდებულება, ეს იყო რაღაც წიწინა ქალი და ძალიან მრცხვენოდა. ელდარ შენგელაიასთან ალბათ არ უნდა გამეკეთებინა ეს. შეიძლება გაგაღიზიანოს ადამიანის ტონმა, ან პოზიციამ, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებსაც ეს არ უნდა შეჰკადრო, როცა შენ ვიღაც ინგა გრიგოლია ხარ. ძალიან დიდხანს, როცა ელდარ შენგელაიას შორიდან ვხედავდი, გვერდს ვუვლიდი ხოლმე. ის დღე შავი ლაქაა, რომელსაც ჩემი ცხოვრებიდან ამოვშლიდი.

სხვათა შორის, ცოტა ხნის წინათ გულზე მომეშვა, როდესაც ჩემს გადაცემაში ელდარ შენგელაია მოვიდა და კიდევ უფრო მეტად შემრცხვა, რომ ამდენი ხნის მანძილზე, ბოდიში ვერ მოვუხადე. მთელი გადაცემის განმავლობაში მრცხვენოდა მისი.

იცი რითი ვამაყობ? გამბედაობით. ვამაყობ იმით, რომ არ ვეცემი.“

ადამიანები, ვისთანაც ვერ არის გამბედავი

„სტუდენტობიდან მაქვს გამოყოლილი... ყველაზე თავხედურ კითხვებს, რომელიც შემიძლია ყველას დავუსვა, ლევან ბერძენიშვილს ვერ ვუსვამ. ჩემი ლექტორი იყო, ერთადერთი კაცი, ვინც უნივერსიტეტიდან მახსენდება და კიდევ ზურაბ კიკნაძესაც ძალიან დიდ პატივს ვცემ. უბრალოდ, არასოდეს მყოლია გადაცემაში. ლევან ბერძენიშვილი რომ მოდის, იცი რა მემართება? იმდენად პატივს ვცემ, იმდენად სხვა რაღაც მაქვს მის მიმართ, შეიძლება სიტუაცია ითხოვდეს კიდეც რაიმე კითხვის დასმას, მაგრამ ვერ ვუსვამ. რაც არ უნდა თქვას და რომელ არხზეც არ უნდა იჯდეს - ვუსმენ... ძალიან მაგარი და პრინციპული ადამიანია.

0x01 graphic

როგორც ჟურნალისტს, არანორმალურად დამაკლდა ვახტანგ ბოჭორიშვილი. ის იყო ერთადერთი ადამიანი, ჩემი რესპონდენტი, რომელსაც ძალიან დიდ პატივს ვცემდი... როდესაც გარდაიცვალა, მართლა ცხარე ცრემლებით ვიტირე და როდესაც საავადმყოფოში იწვა, მივედი და ვნახე. თან, სულ მტუქსავდა. არ მახსოვს ისეთი ეთერი, სადაც მას არ დავუტუქსივარ და რაღაც განსაკუთრებული შენიშვნები კი არა, თავდასხმები ჰქონია ჩემზე. ერთხელ მკითხა - „სად დაიბადე შვილო, ასეთი კომკავშირელი, სად გაიზარდე?” „ეს ედუარდ სურმანიძე და ინგა გრიგოლია საშინელი კომკავშირლები არიან...” აი, ეგეთი ფრაზები უთქვამს, მაგრამ ვგიჟდებოდი.

კარტოზიასთან დაკავშირებით ძალიან სასაცილო ამბავი გადამხდა. სკოლაში სექსუალურ განათლებაზე გადაცემა გავაკეთე. გადაცემაში რუსუდან გორგილაძე მყავს, რომელსაც ჩავაცივდი და ვეკითხები, რომ პირველი სექსი როდის გქონდა-მეთქი. ჩვეულებრივი, თავხედური კითხვა იყო. რუსიკომ შეიცხადა, რატომ მისვამთ ამ კითხვას ასეთი ირონიით, პირველი სექსი ძალიან ტრაგიკულად მახსენდებაო. გვერდით გურამ შარაძე და შალვა რამიშვილი ისხდნენ. გურამ შარაძემ ჩაიხვია, - ნუ, ქალბატონო, ნუ, რა საშინელი პირველი სექსი გქონიათ... და პირდაპირ ეთერში ამაზე მიდის ლაპარაკი. უცებ პროდიუსერი მეკითხება, ალეკო კარტოზია რეკავს და შემოვუშვა ეთერშიო. და კი-მეთქი იმიტომ, რომ მე შოუ მაქვს, ჭკუაზე არ ვარ. ჰოდა, აღმოჩნდა, რომ თემისთვის, რომელიც გავაკეთე და რომელზეც სხვებს ასე თავხეურად ვეკითხები, მე თვითონ არ აღმოვჩნდი მზად. ალეკო კარტოზია შემოუშვეს ეთერში და ეუბნება, - ქალბატონო ინგა, მე თქვენთან მაქვს შეკითხვაო. გისმენთ-მეთქი. თქვენ როდის გქონდათ პირველი სექსიო. ჰოდა, ნამდვილი გოიმი ქალივით ვუპასუხე: 16 წლის ასაკში, როცა გავთხოვდი, ჩემს ქმართან... აი, ეს იყო კატასტროფა. და გადაცემა რომ დამთავრდა, შალვა რამიშვილმა მითხრა, - მარტო იმიტომ დაგინდე, რომ ჩემი მეგობარი ხარო. აი, ეს იყო ყველაზე დიდი სირცხვილი იმიტომ, რომ ამასობაში მე ვაწვები იმას, რომ სექსის თავისუფლება და რაღაც... გადაცემის მერე იმდენმა ადამიანმა დამირეკა და მითხრა, სამარცხვინო იყავი, პირდაპირ გეთქვა, 16 წელი, რა საჭირო იყო ეს „ჩემს ქმართან“ და „როცა გავთხოვდი“... კინაღამ დეტალები მოვყევი. აღმოჩნდა, რომ სრულიადაც არ ვიყავი მზად ამ გადაცემისათვის.

- ენერგიის აღდგენას ახერხებ?

კი, ვახერხებ, მაგრამ, როგორ - არ ვიცი. ძილით, ძირითადად. როდესაც გადავიღლები ხოლმე, ტელეფონს ვთიშავ და ერთ დიდ, ძალიან გემრიელ გამოძინებას ვაწყობ. ისედაც ძალიან მიყვარს სახლში ყოფნა. ძირითადად მიკოტრიალებული ვარ და ტელევიზორს ვუყურებ. დიდი და კარგი სახლი რომ მქონდეს, მაგალითად, გემრიელ ბლინებს შევჭამდი, ვიშოვიდი კაცს, რომელსაც მსუქანი ქალები უყვარს და ვიქნებოდით სულ სახლში, ასე მშვიდად და ბედნიერად.“

- თუ არა ჟურნალისტიკა, მაშინ?...

„მზერა” რომ დაიხურა, მაშინ ერთ-ერთი პარტიიდან სიაში შეყვანა შემომთავაზეს და უარი ვთქვი იმიტომ, რომ არ ვაპირებდი, მართლა არ ვაპირებდი. ბოლო პერიოდში, რომ არ მოგატყუოთ, უფრო სერიოზულად ვფიქრობ ამაზე. არ გამოვრიცხავ, რომ შემდეგი არჩევნების დროს რაღაცეები გადავწყვიტო. ძალიან დიდი გამოცდილებაა ჟურნალისტიკა, თან ამდენწლიანი. ხანდახან პოლიტიკოსებს რომ ვუყურებ, სულ ვფიქრობ, მათ ადგილას რას ვიტყოდი და სულ მინდა, რომ, სხვა თუ არაფერი, რჩევა-დარიგებები მივცე. თუ რაიმეს გადავწყვეტ, ეს არ იქნება არც ერთი პარტია. ალბათ დამოუკიდებელ მაჟორიტარულ პრიციპს ავირჩევ. ერთადერთი, რასაც ვერ შევძლებ, ალბათ არის ის, რომ ასეთი აქტიური ცხოვრების შემდეგ, მოშვებას ვერ შევძლებ.“

განცდები

„შეიძლება ძალიან ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ ყველაფერს ისე განვიცდი ხოლმე, იგივე პოლიტიკურ სიტუაციას ქვეყანაში, გეგონება, ეს ჩემი ოჯახია და ამის იქით არაფერი აღარ არის. მქონია შემთხვევა, როდესაც სხვა ეთერში, არა ჩემთან, ან ჩემივე ეთერში, ვიღაც რაღაცას ამბობს და აი, ამას განვიცდი, რომ რატომ ამბობს... მსგავსი დამოკიდებულება ჩემი ქვეყნის მიმართ ადრე ნამდვილად არ მქონდა იმიტომ, რომ ეს ჩემთვის იყო ქვეყანა, სადაც გაზი არ გვქონდა, შუქი არ გვქონდა, ფული არ იყო, არაფერი არ იყო და ვფიქრობდი, ღმერთო ჩემო, რა მეშველება? ანუ სტუდენტობის პერიოდში არ მქონია ასეთი რამ. ახლა რაღაც არანორმალურად განვიცდი ყველაფერს.

თუმცა ჩემს ქვეყანაში ყოველთვის მაქვს რაღაც არასტაბილურობის განცდა. ეს დიდი ხანია გრძელდება. შეიძლება ეს განცდა ჩემმა მუდმივმა სამსახურეობრივმა პრობლემებმა, ცვლილებებმა მოიტანა, ანუ სულ ქაოტურად მიდის ეს ყველაფერი“.

სურვილები

„ძალიან მარტივი სურვილები მაქვს. აუსრულებელი ოცნება მქონდა, მაგალითად, მინდოდა ჩემი სახლი მქონოდა, რომელიც წელიწადნახევრის წინ შევისრულე იმიტომ, რომ ჩემმა ფინანსებმა, ჩემმა ხელფასმა ამის საშუალება მომცა. დღეს მაქვს ჩემი სახლი, ვერაზე, რომელიც ახლა რემონტდება. და ერთი სული მაქვს, როდის გადავალ. ეს იყო ჩემი სურვილი.

ასევე ძაან მარტივი სურვილია, რომ ჩემმა შვილმა დროულად ჩააბაროს... ჯერ არაფერი არ აურჩევია, მეცხრე კლასშია და აბსოლუტურად გაურკვეველია თავის მომავალთან დაკავშირებით.

მინდა, დიდხანს ვაკეთო ის საქმე, რომელსაც ვაკეთებ. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ძალიან ხშირად მაქვს ხოლმე იმის შიში, რომ ერთ მშვენიერ დღეს კვლავ არ აღმოვჩნდე უსამსახუროდ“...

10 წლის მერე

„დაახლოებით 10 წლის მერე აუცილებლად მოვაგროვებ ფულს და ყველაფრის პლასტიკურ ოპერაციას გავიკეთებ. როგორც კი ჩემი შვილი სტუდენტი გახდება და მუშაობას დაიწყებს, აუცილებლად მოვაგროვებ. არ მინდა, რომ დავბერდე, გავგიჟდები. ვიქნები ისეთივე, როგორიც ახლა ვარ, ანუ არ დავბერდები. ადრე არ მქონდა ასეთი ისტერიკა, მაგრამ ზოგიერთს ხანდახან იმხელა ვგონივარ, რომ ვგიჟდები. ამიტომ ყველაფრის ოპერაციას გავიკეთებ, რისი გაკეთებაც შეიძლება. შესაბამისად, ვიქნები ისევ იგივე ამპლუაში, როგორშიც ახლა. უსამსახუროდ თავი ვერ წარმომიდგენია.

ყველაზე ძალიან ცხოვრებაში იმის მეშინია, რომ ერთ მშვენიერ დღეს უფუნქციოდ არ დავრჩე.”

P.S. „გამიგია სხვადასხვა ადამიანების ნათქვამი, რომ პოპულარობა დამღლელია. მე ეს განცხადებები პოზა მგონია. პოპულარულობა საერთოდ არ არის დამღლელი. ძალიან მრცხვენია ამას რომ ვამბობ, მაგრამ ჩემთვის ეს ძალიან სასიამოვნოა.“

2 „არ ვიკეტები, პირიქით, კარს ვხსნი“

▲ზევით დაბრუნება


ავტორი: თამარ სუხიშვილი

0x01 graphic

ადამიანი თავის სახლშიც კი იკითხავს ხოლმე ხანდახან, - საიდან ვარ და აქ რად ვარო? ნუთუ ასე შორი მგზავრია!“

ბესიკ ხარანაული, „რა წერია სუფთა ქაღალდზე

ლეგენდა

სოლომონ მეორის მეფობის დროს ქართლში ვინმე გიორგის უცხოვრია. ვაჟკაცი კაცი ყოფილა, უბადლო მეომარი, უჩვეულო ნიჭით დაჯილდოებული - ფრინველთა და ცხოველთა ენა სცოდნია. ერთხელ, დიდთოვლობისა და ზვავის დროს, მთაში ჩარჩენილა. ბედად თავი გამოქვაბულისათვის შეუფარებია. იქ მგლის ლეკვს წაწყდომია. ის ლეკვი მიუხუტებია, გამთბარა და ასე გადარჩენილა. მერე, თოვლი რომ გადაყრილა, ის ლეკვი ბარში ჩამოუყვანია და „ბედია“ დაურქმევია. ამის მერე ლეკვი გიორგის აღარ მოშორებია. ისე შეეზარდა, რომ ბრძოლებშიც კი თან დაჰყვებოდა. ერთ-ერთ ბრძოლაში გიორგი მოუკლავთ. როგორც ლეგენდა გვიამბობს, ქვეშევრდომი მეფეს გადაჰფარებია და თავისი სიცოცხლის ფასად გადაურჩენია. სამწუხაროდ, ქართველები დამარცხებულან. ბრძოლა რომ დამთავრებულა, გასულა ბედია ბრძოლის ველზე და პატრონი შეუჭამია. ლეგენდას ორგვარი ახსნა აქვს. მგელი ასე იმიტომ მოიქცა, მოკლულის ცხედარი მტერს რომ არ დარჩენოდა, ან იქნებ რაღაც ინიციაციის რიტუალი განხორციელდა… ამ ერთგულების სანაცვლოდ, მეფეს გიორგის ვაჟისთვის, დავითისთვის ტახტის აზნაურის წოდება მიუნიჭებია. გიორგის შთამომავლებს კი გოგიბედაშვილის გვარი მიუღიათ.

ეს გვარი 1612 წლის ისტორიულ საბუთებშია მოხსენიებული, ლუარსაბ მეორის დროს. გოგიბედაშვილების ოჯახში დღესაც ინახება საგვარეულო გერბი, რომელზეც მგელია გამოსახული. მგელს ხელთ უპყრია გასაღები. ამის ფონზე ამოტვიფრულია ოთხფეროვანი სიმბოლო, ოთხი ძვირფასი თვალი: ალმასი, საფირონი, ზურმუხტი და იაგუნდი - გამჭვირვალე, ლურჯი, მწვანე და წითელი, ოთხი სტიქიის - ჰაერის, წყლის, მიწისა და ცეცხლის ნიშანი. მგელი ამ ოთხი საიდუმლოს მპყრობელად გვევლინება. მგლის თავზე გამოსახულია ხანდაკი ანუ საფორტიფიკაციო თხრილი, ეს არის კასპის რაიონის სოფელი ხანდაკი, საიდანაც, ერთ-ერთი გადმოცემის თანახმად, გოგიბედაშვილების გვარი იღებს სათავეს.

დავით-დეფი გოგიბედაშვილი.
მწერალი, მულტიმედიაარტისტი.

პროფესიული გამოცდილება: სამი ტელეგადაცემა. სამი რომანი („დეკემბრის ილისმა“, „დილა სასწაულების წინ“, „ჩემმა ტყუპისცალმა მიპოვნოს“). ესეების ორი კრებული („P.S.“, „მკვდარი დრო“). რომანი „ჩემმა ტყუპისცალმა მიპოვნოს“ უახლოეს ხანებში ავსტრიაში გამოიცემა, გერმანულ ენაზე - „Finde Mich Mein Zwillingsbruder“.

ოჯახური მდგომარეობა: სამი ექს-მეუღლე. ორი შვილი.

ატრიბუტები: ესპანური ულვაში, ჩიბუხი, შლაპა ან ბერეტი. უყვარს ბეთჰოვენი. დღეში რამდენჯერმე უსმენს Pink Floyds და სვამს შაკიკის წამალს. კითხულობს ძალიან ბევრს. №1 რომანი - ჰერმან მელვილის „მობი დიკი“.

საყვარელი ლიტერატურული პერსონაჟები: დონ კიხოტი, დ'არტანიანი, ფოლკნერის, დიკენსის გმირები, დონ დიეგო გურამ დოჩანაშვილის „სამოსელი პირველიდან“, და კიდევ ბლომად.

გარეგნული ნიშნები: მაღალი. ექსცენტრული.

უყვარს საკუთარი თავის ხმამაღალი შეფასებები: „როგორ სლოგანებს ვისვრი? Да, я чертовски хороший оратор!..“

დავითი პაპის სახელია. სახელი დეფი საიდან მოვიდა, არავის ახსოვს. ჯერ კიდევ პატარაობაში ეძახდნენ, შინაც და გარეთაც. მაშინ ორი სახელის დარქმევა არ შეიძლებოდა. მერე, როცა დრო შეიცვალა, პასპორტშიც ორი სახელი ჩაიწერა: დავით-დეფი. „ეს სახელი, გინდათ ფსევდონიმი დაარქვით, ჩემი ნიშანია. ამ სახელის ენერგიას ვგრძნობ. კეთილშობილური ჟღერადობა აქვს. შუმერულ ძირს უკავშირდება - „დეფსერ“, „დუფსერ“, დამწერლობას ნიშნავს. თანაც, ადვილი დასამახსოვრებელია. ბოლოს და ბოლოს, მარტო მე მქვია მთელ საქართველოში და, მგონი, მთელს დედამიწაზეც.“

ამ ადვილად დასამახსოვრებელი სახელით გამოჩნდა ტელევიზიაშიც.

ტელევიზია

ტელევიზიაში მუშაობა სამხატვრო აკადემიის დამთავრებისთანავე დაიწყო, თავიდან სცენარისტად. მერე მეორე არხი გაიხსნა, რომლის გახსნაც იმ დროისათვის ერთგვარი რევოლუცია იყო ქართულ მედიაში. მეორე არხზე 1992 წელს საავტორო პროგრამა „მზერა“ გაჩნდა. გადაცემის წამყვანმა მაშინვე მიიქცია ყურადღება, გარეგნობითაც და საუბრის მანერითაც. და როგორც ჩვენში ხდება ხოლმე, მაშინვე გაჩნდა ჭორები, ვინ არის დავით-დეფი გოგიბედაშვილი? რა საჭიროა ეს ორი სათაური? რა არის ეს, პოზა თუ… მოკლედ, აღარ გავაგრძელებ. ასე გაიცნეს დეფი. „მაშინ მედია არ იყო ჩამოყალიბებული, ქაოტური იყო, მაგრამ უფრო ნამდვილი და გულწრფელი. დღეს ყალბია. რატომღაც ასე მოხდა, მედიაში ფული ჩაიდო და ის გულწრფელობაც დაიკარგა…“

„მზერამ“ სამ წელიწადს იარსება. ეთერში კვირაში ერთხელ გადიოდა. 700-ზე მეტი გადაცემა გააკეთეს სხვადასხვა თემაზე. სამონტაჟოებში გამოკეტვები და უკვე ჩვევადქცეული სტუდიაში გამოძინებები წესად ექცა. ამით არ დამთავრებულა. რადიო - პირველი არხი და „აუდიენცია“. გადაცემა „მარწყვის მინდვრები“.

1998 წელს პირველი არხის ეთერში, ყველასათვის მოულოდნელად, კიდევ ერთი ახალი გადაცემა გამოჩნდა, სახელმწიფო სატელევიზიო ფორმატისათვის სრულიად შეუფერებელი შინაარსითა და ფორმით: სახელმწიფო ტელევიზია და მისტიკის ელემენტები. რეალური წამყვანი და ირეალური, მაგრამ, იმავდროულად, რეალური რესპონდენტი. ნახევრად ჩაბნელებული სტუდია. ფარდის მიღმა - ადამიანის კომპლექსები. „ღია კარის ღამე“.

მერე იყო გადაცემა „გმირი“. ორკაციანი თოქშოუ. მსახიობი და წამყვანი. მსახიობი წიგნის გმირს განასახიერებს. ამ პროექტით მოსკოვშიც დაინტერესდნენ. არხმა „კულტურამ“ გამოთქვა სურვილი, რომ ასეთი გადაცემა რუსი წამყვანებით და რუსული ლიტერატურის გმირებით მოემზადებინა. გადაცემის ავტორი მოსკოვში მიიწვიეს. დეფიმ მათთვის რამდენიმე სცენარი დაწერა. პროექტი არ განხორციელდა. სწორედ იმ დროს ნორდ-ოსტის ტერაქტი მოხდა.

საქართველოს ტელევიზიაში სულ ექვსი გადაცემა გააკეთა. ეს იყო 1999-2000 წლებში. ტექსტები წიგნადაც გამოიცა. წიგნს „პოსტსკრიპტუმი“ ჰქვია.

დეფის სამი სიყვარული

ჰყავდა ბევრი მიჯნური, სამი მეუღლე.… არა, უკაცრავად, თავიდან დავიწყებ, „ღია კარის ღამის“ მეთოდის გამოყენებით. ჟურნალისტი უსმენს. რესპონდენტი ჰყვება.

„მყავდა ბევრი მიჯნური, სამი მეუღლე, სამივეზე უზომოდ შეყვარებული ვიყავი და ვარ. მყავს ორი შვილი ყოფილი ორი მეუღლისგან - 10 წლის გეგა და 7 წლის ანდრია. თავს ვერ ვაიძულებ, ისეთი რამ ვთქვა, რასაც არ განვიცდი. ვფიქრობ, თუკი ვიღაცა გყვარებია, ის ყოველთვის გეყვარება. სიყვარული ჰაერივითაა; ის ყოველთვის გჭირდება.

პირველი მეუღლე - ნათია აკადემიაში სწავლის დროს გაიცნო. ნათია მოდელირების ფაკულტეტზე სწავლობდა. „მაგარი ურთიერთობა იყო. ისე, საკმაოდ გვიან შევამჩნიე, რომ ჩემს გარშემო ქალებიც არსებობენ… ვცხოვრობდი საკმაოდ უცნაურად, სადღაც გავარდნილი, ხან სოფლად, ხან მონასტერში, მთებში, ზღვებზე, უცხო ქალაქებში დავეხეტებოდი, ვხატავდი… ქალების ყურადღების მისაქცევად, დრო არ მრჩებოდა. 21 წლის ასაკში, ჩემი პირველი ქალი ჩემი ცოლი იყო, ჩვენ ერთმანეთისთვის პირველები ვიყავით. დიდხანს დავდიოდით ერთად, ბევრი რაღაც ვნახეთ, ბევრი რამ ავწონ-დავწონეთ და გადავწყვიტეთ, რომ ერთად უნდა ვიცხოვროთ, რათა ეს პირველადობა არ დავკარგოთ. გაგვიჩნდა ბიჭი - გეგა…“

0x01 graphic

ოთარ იოსელიანის ფილმის ყაჩაღების გადაღებებზე. 1996 წელი. ფოტო: უილიამ ლიუბჩანსკი

მერე მათ ცხოვრებაში უცნაური რამ მოხდა, ცოლისა და ქმრის ინტერესები ერთმანეთს არ დაემთხვა. როცა მიხვდნენ, რომ სულ ტყუილად ტანჯავდნენ ერთმანეთსაც და საკუთარ თავსაც, საბოლოო გადაწყვეტილებაც მიიღეს: „გაშორება ვარჩიეთ იმიტომ, რომ ის გულწრფელობა არ დაგვეკარგა, რის გამოც შევერთდით. ჩვენ ერთმანეთი შევიცანით; დაუვიწყარი გამოცდილება იყო. ეს იყო უდიდესი სიყვარული, რომელიც დღესაც ჩემთან არის და, რა თქმა უნდა, ნათიასთანაც.“

ნათია საქართველოში აღარ ცხოვრობს. ტელეფონით ეხმიანებიან ხოლმე ერთმანეთს. გეგა თბილისშია.

ქეთისთან ურთიერთობაც დიდი სიყვარულით დაიწყო. „ყველაფერი თავიდან დავიწყე. მე ცხოვრება მინდოდა. თან ისიც მინდოდა გამეგო, სწორია, რასაც ვაკეთებ, თუ ახირებაა, ატეხილობაა? წავედი ამ რისკზე. უბრალოდ, ვენდე ჩემს არჩევანს და ქეთიც ენდო ჩემს არჩევანს.“

დაქორწინდნენ. ანდრია შეეძინათ. მაგრამ…

„მაგრამ“ და „უნდა“ - ეს ორი სიტყვა ებრძვის სიყვარულს. ძალიან დიდი დრო დასჭირდება იმას, რომ სიყვარული უზენაეს კანონად იქნეს მიჩნეული. ეს სიტყვები მაჰათმა განდის ეკუთვნის.“

ისევ იგივე განმეორდა. მაგრამ გამეორება ცოდნის დედად ვერ იქცა. დეფი ისევ დეფივით იქცეოდა. „ისევ საათობით გამოკეტილი ვიჯექი ოთახში, ვკითხულობდი, ვწერდი, ან უბრალოდ, ოთახში გავდი-გამოვდიოდი, ეგება და რამე ახალ იდეას გამოვდო-მეთქი ტვინი.“ ოჯახისთვის ეს უკვე აუტანელი ხდებოდა - აღარც გართობა, აღარც არაფერი…

„მესმის, რომ აუტანელია. როცა ჯერ ოთახში და მერე თავის თავში ჩაკეტილი კაცი ავსებს თაბახის ფურცლებს, ზოგს ხევს, ზოგს - არა. მერე გადის ღამის სამ საათზე ქუჩაში და იკარგება, მერე დილას მშვიდად ბრუნდება შინ. ყველას ჰგონია, რომ ღამის ბარში ან სადმე ეგეთ ადგილას იყო გადაკარგული ახალი შეგრძნების საძიებლად. ეს უკვე ოჯახისთვის მეტისმეტია, ეს უკვე სიგიჟის ერთ-ერთი ფორმაა… ამ შემთხვევაშიც მშვიდად და ადამიანურად გამიგეს.“

პრინციპში, უკვე დაშორებულებიც იყვნენ. „იცით, როგორ არის? ორი ნაპირია. მე ერთი კუნძული ვარ, ის - მეორე. ჩვენ კი ვცდილობთ, რომ კუნძულები მაინცდამაინც ერთმანეთს დავაჯახოთ. არ არის ასე. გემი უნდა გქონდეს, შეცურდე, მერე შენ შენს ნაპირზე გახვალ, ის - თავის ნაპირზე… არ გამოდის, ეტყობა, ურთიერთობები ისე, როგორც ჩვენ გვინდა რომ იყოს, ან გააჩნია, რისი გჯერა, რას ირჩევ.“

დღესაც არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვთ. „ისიც ნორმალური მგონია, როცა თავს აიძულებ, რათა ხელახლა არ დაიწყო რომანი ერთსა და იმავე ქალთან, როდესაც იცი, რომ ისევ იმ შეცდომით დამთავრდება, რაც თავის დროზე ვერ გამოასწორე.“

0x01 graphic

დეფი. 1995 წელი

შეცდომა ყველას მოსდის. მერე, როდესაც შეცდომას უშვებ, ხშირად იმასაც ფიქრობ, იყო კი ეს შეცდომა?

„რას ვიზამ. მინდა, რომ მუდამ შეყვარებული ვიყო, რომ ცხოვრებაში ყველაზე დიდი სიურპრიზი იყოს სიყვარული, თავისი სექსით და თავისი კექსით.“

მესამე მეუღლესაც ქეთი ჰქვია. ისევ იგივე განმეორდა.

მის სახლში ყოფილი მეუღლეები დროდადრო ერთმანეთს ხვდებიან ხოლმე. პრობლემა არ არის. „მთავარი ის არის, რომ ამ ქალებმა იციან, მე ისინი მართლა მიყვარდა და მათ ზურგსუკან რაიმე ცუდი არ ჩამიდენია. სიყვარული გამოცდილებაა და გამოცდილება კი ცოდვა არ არის.“

და ოჯახი რაღაა?

ისე, მიზეზთა და მიზეზთა გამო, ჩვენი რესპონდენტი ამ საკითხში ძალიანაც კომპეტენტური ვერ იქნება.

„ოჯახი რა არის? შეიძლება დავფიქრდე?

პირველ რიგში, ეს არის ახდენილი ნატვრა, შეიძლება მიჩვევაც, იქნებ, სულაც, ეს არის შენი დანიშნულება. არა, ოჯახი დიდი პასუხისმგებლობაა. კაცს ოჯახის რჩენა უნდა შეეძლოს. მატერიალური სირთულეების და ამ სირთულეებით გამოწვეული კომპლექსების მიღმა, ოჯახის ჭეშმარიტება თითქოს სადღაც არის მიკარგული. ოჯახში ერთმანეთს არავინ არ უნდა უყურებდეს, ყველა ერთი მიმართულებით უნდა იყურებოდეს. მაშინ იქნება ეს ოჯახი.

შვილი - ეს წარმოუდგენელი სასწაულია. თითქოს ყველაფერი შენში მიუღწეველი არის ამ შვილში, შვილებს თავისი ცხოვრება აქვთ, თითქოს შენ არც გეკუთვნიან, მაგრამ მაინც ხედავ, რომ შენ ხარ, ოღონდ ოდნავ უკეთესი, ან ისეთი, როგორიც ადრე გინდოდა, რომ ყოფილიყავი. შვილი ალბათ შენი საქციელია, შენი მისწრაფება, ნატვრა, შენი ხორცშესხმული ბედნიერება, რომელიც შენზე დიდხანს უნდა არსებობდეს.

ალბათ ცუდი მამა ვარ, იმიტომ, რომ იმდენ დროს არ ვუთმობ ჩემს შვილებს, რამდენიც საჭიროა. თუმცა ეს არავინ იცის. შეიძლება რაც ხდება, ეს ყველაფერი კანონზომიერია. მე ცალკე ვცხოვრობ, ბავშვები თავიანთი დედების ოჯახებში არიან.

მშობლები

შვილი: ახლა სწორედ თქვენზე ვსაუბრობდი.

დედა: ჰო, კარგი, ბევრს ნუ ისაუბრებ, დათო.

დედა როენა ზაქარეიშვილი გერმანისტია. „დედამ შემაყვარა გერმანული ლიტერატურა, თომას მანი, ჰესე, გოეთე... ერთი წლის წინ, ქმარი დაკარგა, მამაჩემი. ახლა ძალიან ძნელია მისთვის, თან ჩემნაირ შვილთან ერთად...“

მამა გოგი გოგიბედაშვილი ფიზიკოსი იყო. შარშან გარდაიცვალა. დიდი ხნის წინ, მამის ნათქვამი ერთი ფრაზა განსაკუთრებით ჩარჩა მეხსიერებაში: ადამიანს ზემოდან მაშინ უნდა დახედო, როცა მისი ფეხზე წამოყენება გინდაო. „გარდაცვალების წინა დღესაც იგივე გამიმეორა. ყალბი პათეტიკით ან ჭკუის სწავლებისთვის არ უთქვამს. უბრალოდ, რაღაცას მოაყოლა. მერე მივხვდი, რომ მისი ნათქვამი თურმე ძალიან ძვირფასი ყოფილა ჩემთვის და იმ ადამიანებისთვის, რომლებიც გოგის გარშემო ცხოვრობდნენ.“

ოჯახში ხშირად იყრიდნენ ხოლმე თავს მამის მეგობრები: გურამ დოჩანაშვილი, ბესიკ ხარანაული, ზურაბ კალანდაძე, გურამ ხომერიკი… მამასთან თვითონაც ძმაკაცური ურთიერთობა ჰქონდა. „გოგი მაგარი კაცი იყო. რბილი ადამიანი არ ყოფილა. ყველაზე მეტად ახლა მჭირდებოდა მამაჩემი. დიდ სიმარტოვეს ვგრძნობ. ამ ბეჭედზე, რომელსაც არ ვიშორებ ხელიდან, ერთადერთი სიტყვაა ამოტვიფრული, მამა. სხვათა შორის, პირველი სიტყვაც მამა მითქვამს.“

„მახსოვს, დიდი ხნის წინათ იყო, შეყვარებული ვიყავი. მამას ვუთხარი, ასე და ასეა და რა ვქნა-მეთქი. რა უნდა ქნაო, - ხარ მზად, რომ გმირობა ჩაიდინოო. კი-მეთქი. მზად ხარ მერე, პასუხი აგო შენს გმირობაზეო? მეთქი - კი. მერე მიდი, რაღას უყურებო. და გამიშვა სახლიდან. ოღონდ იცოდე, როდესაც საჭიროდ ჩათვლი, რომ შინ უნდა დაბრუნდე, მოხვალ შინ და მოხვალ ჩემთანო. ეგრეც იყო, ბევრი წოწიალის მერე, დავბრუნდი და რომ შემოვედი, ჩავეხუტე. თავზე დამადო ხელი. მაშინ ვიგრძენი, რომ აი, ეს სითბო თურმე ამდენი ხნის განმავლობაში არ გამშორებია. მივხვდი, რომ რაღაც აბსოლუტური მფარველობა არსებობს მთელ დედამიწაზე და ამ მფარველობას მამა ჰქვია.“

რაკი ერთხელ გაუშვა მამამ სახლიდან, წავიდა და წავიდა… სად არ იყო, სად არა.

შეხვედრა ოთარ იოსელიანთან

ოთარ იოსელიანთან პირველი შეხვედრა ორი რეჟისორის, ჟანა სარდლიშვილისა და მარინე კულუმბეგაშვილის წყალობით მოხდა. მათ ოთარ იოსელიანს დეფის ორი მოთხრობა და ერთი გადაცემის ჩანაწერი გადასცეს. ამის მერე რეჟისორმა დავით-დეფი გოგიბედაშვილი როლზე აიყვანა.

„თავი სიზმარში მეგონა. ვერც კი წარმომედგინა, რომ ოთარ იოსელიანის მსოფლიო კინემატოგრაფში აღმოვჩნდებოდი, იმ დროს, როდესაც მასზე პარიზში ისე ლოცულობენ, როგორც ფრანგული და ევროპული კინოს გადამრჩენზე.“

ოთარ იოსელიანი თბილისში ჩამოვიდა. მაშინ დეფი ჯერ კიდევ მეორე არხზე მუშაობდა. საუბარი საათნახევარს გაგრძელდა. რეჟისორს გარეთ უამრავი ხალხი ელოდებოდა - ქართველები, უცხოელები, ჟურნალისტთა მთელი არმია… „ბოლომდე არ მჯეროდა, რომ ჩემს გვერდით ოთარ იოსელიანი იჯდა. ვზივარ გაკვირვებული, რატომ ხარჯავს ჩემზე ამდენ დროს. კი, გაგებული მაქვს, რომ რაღაც როლი უნდა ვითამაშო, მაგრამ არ მგონია, რომ ეს ყველაფერი ასე სერიოზულად არის, მგონია, რომ უბრალოდ რიგითი გასინჯვაა და სხვა არაფერი. ხანგრძლივი საუბრის შემდეგ მითხრა: Да, золотце мое, ну ты у нас взлетел…“

პეტერბურგი. პარიზი. გადაღებები დაიწყო.

ყაჩაღები. თავი მეშვიდე“. შილერის „ყაჩაღებში“ არ აგერიოთ. რეჟისორი ოთარ იოსელიანი. ისტორია ადამიანებზე, რომლებმაც დაანგრიეს ქვეყანა, ასეთები ყოველთვის ანგრევდნენ. ისტორიული პრიზმა: შუა საუკუნეები, „ენკავედე“, რევოლუცია, საბჭოეთი, საქართველოში მომხდარი სამხედრო გადატრიალება... გმირები სამ ეპოქაში ცხოვრობენ. მსახიობი სამ გმირს განასახიერებს. „თავიდან კომედიად იყო ჩაფიქრებული. სიცილს უნდა დაეფიქრებინა ადამიანი. მაგრამ თემა იმდენად მტკივნეული აღმოჩნდა მაყურებლისთვის, რომ მას გაცინების სურვილი არ დაუფლებია. მაყურებელმა საკუთარი თავი იცნო, იგრძნო და შეაფასა რეჟისორის ოსტატობის ფილიგრანული მანერა, სათქმელის აღწერის უზუსტესი ხერხები, რაც ლიტერატურაში ფოლკნერთან შეიმჩნევა. დაინახა, როგორ არის გადაბმული ერთი ადამიანის ბედი მეორის ბედზე, მეორის - მესამეზე, სანამ არ მივხვდებით, რომ დედამიწაზე მხოლოდ ერთი ადამიანი ცხოვრობს, სახელად კაცობრიობა.“

როლი? - „ძირითადად ნაძირლებს განვასახიერებ.“

№1. „ენკავედეს“ ოფიცერი, რომელიც თავის შვილს ასწავლის კაცისკვლას სადისტური მეთოდებით.

„ამან ისე შემარყია, რომ კარგა ხანს გონზე ვერ მოვედი, სანამ ოთარმა თვითონ არ შემიყვანა გმირის სამყაროში და მითხრა: აი, თუ გინდა, რომ ჭეშმარიტება დაინახო, ასე უნდა გარდაისახო შენს გმირში. აი, მაშინ კი დავინახე, თუ როგორ დრაკონთან მაქვს საქმე, რომელმაც ჩემზე ექსპერიმენტი ჩაატარა, ანუ რადიკალურად სხვა პიროვნებად გარდამქმნა და ეს როლი განმასახიერებინა იმ უტყუარობით, რა უტყუარობასაც თვითონ ითხოვდა ჩემგან. წამიყვანა პეტერბურგში, შემიყვანა ოთახში, დამიდგა ერთი ბოთლი არაყი, იქით ცოტა თევზი, ცოტა სიგარეტი და მითხრა: „Никаких женщин, никаких мечтании, никаких ночных прогулок и никакого Достоевского“ (მაშინ დოსტოევსკიზე „ვიჯექი“; პრინციპში, ახლაც „ვზივარ“ და სხვასაც ამას ვურჩევდი); უნდა იგრძნო სიმწარე, უნდა გაბოროტდე ადამიანებზე, დაიწყე შურისგება, გახდი ანგარებიანი, გახდი ამპარტავანი, მრისხანე, უნამუსო, მდაბიო, დაეცი, რაც შეიძლება ძირს, ჩადი საკუთარ ჯოჯოხეთში, შენი სულის ყველაზე ბნელ, მყრალ სიღრმეში, ჩადი, არ შეგეშინდეს, მე გვერდით გყავარ.“

„ოთარი არის „სტალკერი“ ამ შემთხვევაში, ის გვერდით მოგყვება და ზუსტად იცის, როგორ გაგატაროს იმ ბილიკებზე, სადაც ერთი ფეხი რომ დაგიცდეს, შეიძლება საკუთარი თავიდან ვეღარც გამოხვიდე.“

როდესაც საკუთარ თავში აღმოაჩინა, რომ ის შეიძლება ყველაზე ბინძური ადამიანიც კი იყოს და თანაც საკუთარი უხამსობა საქვეყნოდ უნდა ითამაშოს, სერიოზულად შეშფოთდა.

„ვუთხარი: „Дядя Отар, დოსტოევსკი კი, но в меру. ამდენს ვეღარ გავქაჩავ, გამიშვით ერმიტაჟში.“

როდესაც გადაღებები დამთავრდა, ოთარ იოსელიანმა თვითონ წაიყვანა ერმიტაჟში, იქ ერთი ნაცნობი ჰყავდა და იმას ჩააბარა: „Помогите этому молодому человеку, выкарабкаться из моей картины.“

როლი №2: მათხოვარი.

„ეს როლი პრინციპში ნაკლებად ემოციური იყო. შეგუება არც დამჭირვებია. ვთვლი კიდეც თავს მთხოვრად, რადგანაც ყოველთვის ვითხოვ ზეცისგან, მომცეს დაუნებებლობის ნიჭი. ამით უკვე ძალიან ბევრს ვითხოვ.“

როლი №3: მეფის რაინდი, ვეზირი (მე-14 საუკუნე).

რეჟისორი: იცოდე, შენი საუკეთესო თვისებები უნდა გამოამჟღავნო.

მსახიობი: როგორ? ამის წინ ნაძირალა ვითამაშე და… რეჟისორი: მიდი, გამოგდის. თუ გინდა, რომ გახდე მწერალი, უნდა შეძლო გმირიდან გმირში გადახტომა, როგორც… ფილმმა ვენეციის კინოფესტივალზე გრანპრი აიღო.

2000 წელი. „27 დაკარგული კოცნა“.

რეჟისორი ნანა ჯორჯაძე. გადაღებები საბერძნეთში. „გადასარევია - ფულს გიხდიან, სასტუმროში ცხოვრობ, რასაც გინდა აკეთებ, ყველაფერი გეპატიება, გიჟი ხარ, გადარეული. ამ ფილმშიც გადარეული და „ფსიხი“ სამხედრო ლეიტენანტი ვითამაშე.“

ექვსი თვე საბერძნეთში - ეს იყო დაუვიწყარი შთაბეჭდილებები. გარემო, რომელსაც მხოლოდ წიგნებით იცნობდა. „სადაც მტვერშიც კი იგრძნობა წარსულის აჩრდილთა და ექოს ვიბრაცია.“ ამის შემდეგ შესძულდა ფილმებში დაფიქ სირებული ძველი ელინური სამყაროს ბუტაფორია.

ორი თვე კუნძულ კორფუზე ცხოვრობდა. დღემდე ლამაზი სიზმარივით ახსოვს. სასტუმროს ბაღი, ბაღში ფარშევანგები, თოლიები. მტრედები, რომლებიც ადამიანებს არ უფრთხიან. „მარკესის გმირივით ხარ, ერთ-ერთი ბუენდია.“

ბერძნული შთაბეჭდილებები გროვდებოდა. და როდესაც იონიის ზღვის სანაპიროზე დაეხეტებოდა ან გზააბნეული სადმე ნანგრევებში ათევდა ღამეს, სულ რაღაცას ხატავდა ან ინიშნავდა.

ნახატებზე ვერაფერს გეტყვით, ნაწერი კი რომანად იქცა - „დილა სასწაულების წინ“.

ზმანება?!

„ამ ქვეყანას ერთი უცნაურობა სჭირს. თითქოს ყველა საუკუნე ერთ საუკუნეში მოექცა. თუ შეყვარებული ხარ, თითქოს გრძნობ, რომ ვისაც შენამდე უყვარდა, ყველა და ყველას ენერგია შენშია. შეყვარებული ალბათ ვიყავი, რადგანაც ასეთი ემოცია მაქვს საბერძნეთთან დაკავშირებით. როგორ არა, შეყვარებული ვიქნებოდი, სხვა გამოსავალი არ მექნებოდა, იყო საბერძნეთში და არ იყო შეყვარებული? ეს დროის ფუჭად ხარჯვას ემგვანებოდა. მით უმეტეს, ეს ქვეყანა თვითონ გიწყობს ხელს. სიყვარულს რომც არ ელოდებოდე, ის მაინც გეწვევა. იქ ყველა თვალებში გიყურებს. უცნაურია, მაგრამ ასეა.“

„ის ბერძენი ქალი ელინური ფრესკიდან გადმოსულს ჰგავდა. გრძელი ოქროს თმებით, თეთრი დაშვებული კაბით თუ ქიტონით, ფეხშიშველი, სანდლებით. მოდიოდა ცხელ ქვაფენილზე და მიყურებდა, თან თითქოს ვერც მხედავდა, თითქოს არც ვარსებობდი. ახლა თუ არ გავიწიე, დამეჯახება, - ვიფიქრე, - მაგრამ იქნებ გაიაროს ჩემში, იქნებ ეს ყველაფერი მეჩვენება? ეს ულამაზეს ქალწულად დანახული არსი მომიახლოვდა და ჩემში გაიარა… მაშინ ვიფიქრე, რომ ან ძალიან მაღალი სიცხე მაქვს ან რეალურად არსებობს რაღაც ისეთი, რომლის შინაარსსაც ბოლომდე ვერ ჩაწვდები, მაგრამ ხდება, ნამდვილად ხდება. ეს ყველაფერი ჩემთვის დღემდე საიდუმლოდ დარჩა. მოდი, ნუ ჩავეძიებით… განა რეალურ ისტორიას არ ჯობია?“

„პო-პო-პო“… ასე იტყვიან ასეთ დროს ბერძნები და თან ხელის მოძრაობასაც ააყოლებენ. ე.ი. აუუუუუუ…

ტყუილად კი არ ეძახიან საბერძნეთს მისტიკისა და მირაჟების ქვეყანას.

გადაღებიდან გადაღლილი დაბრუნდა. ნომერში ერთი ბოთლი ვისკი აიტანა. აივანზე იჯდა, წრუპავდა და ზღვას გაჰყურებდა. განწყობა, ჩვეულებისამებრ, რომანტიკული იყო. მზის ჩასვლა, სანაპირო, სიყვარული… მერე ეს ოხერი ვისკიც ხომ თავისას შვრება. მოთხრობის წერა დაიწყო. ქაღალდზე ერთი წინადადება გამოიყვანა და ოთახში ბოლთის ცემას მოჰყვა. რა ქნას. ვერც წერს, ვერც იძინებს, თუმცა დილის 6 საათზე გადაღება აქვს. „რაღაც არ მაძინებდა. რა უნდა ყოფილიყო ეს რაღაც, ალბათ დიდი სურვილი იმ წამის დაჭერის, რა წამსაც თავი ბედნიერ ადამიანად ვიგრძენი. და დავიწყე წერა იმის შესახებ, თუ რატომ არ შემიძლია ამ დროს წერა.“

ერთ აბზაცს მეორე მოჰყვა, მეორეს მესამე… წერტილი დასვა და ძილიც მოერია. რაც მთავარია, მოთხრობა ძალიან მოეწონა. „დილას გავიღვიძე და ვხედავ, მაგიდაზე არაფერიც არ დევს, ჯერ მეგონა ქარმა მიაფრიალა სადმე, დამლაგებელსაც კი ვკითხე და ბოლოს მივხვდი: თურმე დამესიზმრა. ის მოთხრობა სიზმარში ჩარჩა. ძალიან დამწყდა გული. ახლა ვწერ და მინდა ის აღვწერო, და ალბათ მოსაწყენი გამოვა. ის სრულყოფილება საბერძნეთის სიზმარში ჩარჩა… დიდი სიცხეა საბერძნეთში. გეჩვენება რაღაცეები.“

მართლაც რომ დიდი სიცხეა. 2000 წლის ზაფხულში ტემპერატურამ 42 გრადუსს მიაღწია.

კარგი, გვეყოფა. ჩამოვედით საბერძნეთიდან.

სად გავჩერდით? ასეთ სიცხეში ტვინი ამერია. ჰო, ნიუიორკში.

0x01 graphic

დევიდ ბოუი

33-ე ქუჩა, სასტუმრო „პენსილვანია“, მანჰეტენზე, „მედისონ სქუეარ გარდენის“ პირდაპირ. „ენტევეს“ გადაღებები. დეფი მკვლელის როლს თამაშობს ფილმში, ზურა ყიფშიძესთან ერთად. ფილმს ჰქვია „დრონგო“. ქვედა სართულზე, არც მეტი არც ნაკლები, დევიდ ბოუი ცხოვრობს, რომელიც შიდსით და სხვა უკურნებელი სენით დაავადებულებს ეხმარება. რაღაც სემინარზეა ჩამოსული. „ენტევეს“ ჯგუფი საგანგებოდ გააფრთხილეს: ქვემოთ დევიდ ბოუია, ნუ იხმაურებთო.

„ეს რომ გავიგეთ, ჩავედით მე და ჩემი ამხანაგები, ივარ კალნიში - ბალტიისპირელი მსახიობი, და კიდევ ჩემი ორი კლასელი, რომლებიც ამერიკაში ცხოვრობენ, და დავიწყეთ გიტარაზე ბოუის სიმღერების მღერა. გამოვიდა იქიდან ერთი უშველებელი, ორმეტრიანი, ძალიან ძვირფას კოსტიუმში გამოწყობილი ზანგი, რომელსაც ყურში ჰქონდა ზამბარა შერჭობილი, ალბათ - გადამცემი, როგორც ჩანს, დაცვის წევრი იყო. თითი ტუჩებზე მიიდო და გაგვაფრთხილა: შშშ… ჩვენ ვიფიქრეთ, რომ ეს „შშშ...“ ბოლოს დამთავრდება. მან კი გამოსცრა: „შეთ“. ჩვენ ამ „შეთზე“ რეაქცია აღარ გვქონია და გემრიელჯიგრიანი „მრავალჟამიერი“ დავცხეთ. ვიფიქრეთ, რომ მოიხიბლება ბოუი ამ მრავალჟამიერით და გამოვა, და მე ვეტყვი, რომ - მე შენზე ვაფრენ, დევიდ! მეც დევიდი მქვია და ეგება და რაღაცა… და მერე რა? აი, ვთქვათ გამოვიდა ბოუი და რა უნდა ქნა, უთხრა, რომ ჰაი, დევიდ! და ჩვენ საქართველოდან ვართ და ახლა ნიუ-იორკში რომ ხარ, მაგრა გამიხარდა? არც ვიცი... ერთი კი დავინახეთ, რომ რაღაც მოუხელთებელი ლანდი გასრიალდა ჩვენს წინ, - ოთახიდან ოთახში და ეს იყო დევიდ ბოუი. მერე დავინახე, რომ კიდევ 500-მა ეგეთმა ლანდმა გაირბინა და ყველა შიშველი იყო. მივხვდი, რომ აქ რაღაც წვეულებაა ბოუისთვის დამახასიათებელი „ექსტრავაგანცათი“ და „მრავალჟამიერმაც“ არ გაჭრა.“

ბოუი ამ სასტუმროში ცოტა ხნით იყო გაჩერებული. ამის შემდეგ რამდენიმე დღე გავიდა. „სასტუმროს კარისკაცი, რუსი ემიგრანტი მეუბნება: ბოუი რომ მიდიოდა, თქვენზე მკითხა, ის რა ჯგუფი იყო, რომ მღეროდნენო, და ვუთხარი, რომ ჯგუფი კი არა, მწერლები და მსახიობები არიან მოსკოვიდან ჩამოსულებიო. და თქვაო, განა რუსებმა ასეთი სიმღერა იციანო, ეს ხომ მხოლოდ ქართველებს შეუძლიათო. გავაფრინე რა, მართლა გეუბნები, გავაფრინე. კინაღამ დავახრჩე; მეთქი, - Ты что, тупой что-ли, ხომ იცი, რომ ქართველები ვართ, რატომ არ უთხარი-მეთქი. პირიქითო, - ისე მღეროდით, ჩვენზე მივიწერეო. ჩავეძიე: მართლა ეგრე თქვამეთქი? კიო, ასე თქვაო. გაოგნებული დავრჩი. თურმე დევიდ ბოუი „მაგრა აზრზეა“, რა არის საქართველო. აი, ასე. ერთი გზავნილი ხომ მაინც გავუშვით საქართველოზე დევიდ ბოუისთან, პირადად! ალბათ დაიტანჯა მაგის სიმღერებს რომ ვმღეროდით…

IMAGINE

ისევ ნიუ-იორკი. მეხუთე ავენიუ. ადგილი, სადაც ლენონი მოკლეს. კლუბი „შექსპირ ენიგმა“. აქ შექსპირის საჯარო კითხვა იმართება. ნებისმიერ ადამიანს სამსახურის შემდეგ შეუძლია იქ მივიდეს და თუნდაც ნახევარი საათით განიტვირთოს რუტინული ყოფისგან, - იკითხოს შექსპირი. არაფერი განსაკუთრებული თითქოს არ ხდება, მაგრამ მაგიური გარემო იქმნება.

„მეც შევედი და წავიკითხე ორი თუ სამი სტროფი. იქიდან საოცრად დატვირთული გამოვედი ემოციებით. მერე მეგობრებთან ერთად იქვე, „ცენტრალ პარკში“ წავედით. და უცებ… რას ვხედავ! ჩემს წინ შექსპირი არ დგას?! გადავირიე, ვეძახი ჩემ მეგობრებს: დათო, ლადო, ეს ვინ არისმეთქი. შექსპირია, რა, ვერ იცანიო, - და გააგრძელეს გზა. ავაფრინე; მეთქი, რას ქვია!.. თურმე ძეგლი არ არის? და ისეთი ბუნებრივია, ადამიანივითაა. კვარცხლბეკზე შექსპირის ფრაზაა ამოტვიფრული. „მაკბეტის“ მე-5 თავის მე-5 ნაწილი: ”… It is a tale, Told by an idiot, full of sound and fury, Signifying nothing.” გავგიჟდი. როგორი დამთხვევაა. ზუსტად ეს ფრაზა ამოვიკითხე ამ ცოტა ხნის წინ „შექსპირ ენიგმას“ კლუბში... ნიუ-იორკში რაღაც მისტიკური ყოველთვის ხდება. ნებისმიერ ადგილს თავისი მისტიკა აქვს, უბრალოდ, ზოგი ვერ ხედავს, ზოგი ხედავს, ზოგს არ სჯერა...

JUST IMAGINE

ბატონებო, თვითმფრინავი ეშვება თბილისის აეროპორტში. ჰაერის ტემპერატურა…

თუმცა ფრენა ჯერ არ დასრულებულა. როგორ არის პანჩოს ერთ სიმღერაში? „რომ მქონდეს ფრთები და ბუმბულები…“ მოკლედ, რაღაც ამდაგვარი, მეტი აღარ მახსოვს.

სადარბაზოს კედლებზე ჩიტებია. ოთახშიც ჩიტები ხატია, ჭერზეც, კედლებზეც: ლურჯი ფრინველები, წეროები, ფარშევანგები… ძილშიც ეს ჩიტები ესიზმრება. თავის ოთახში საკუთარი მისტიკური გარემო შეიქმნა: ნახატები, მინაწერები კედელზე, მამის გაკეთებული ხის ფიგურები თუ ქანდაკებები და ტბის ყვითელი ლოკოკინა, ბრაზილიური. ფირსაკრავი სულ ჩართულია. კლასიკურ მუსიკას მძიმე როკი ენაცვლება. სრული ნირვანაა. ზის და წერს და წერს. „აქ ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს. და, მგონი, ჩემ სტუმრებსაც სიამოვნებთ აქ ყოფნა. არ ვიკეტები, პირიქით, კარს ვხსნი.“

ხანდახან ლოკოკინაც გამოიხედავს ხოლმე ნიჟარიდან.

ცდუნების მაგია

ჩვენ გვიყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა. ჩვენ გვხიბლავს ირგვლივ მყოფთა აღტაცებული მზერა. ჩვენ მოგვწონს, როდესაც მამაკაცის ძლიერი ხელი ჩვენს ფუფუნებაში იძირება. ჩვენთვის ჩვეულია აღფრთოვანებისა და შურის გრძნობა.

ჩვენ ვაფასებთ ჩვენდამი გამოხატულ ყურადღებას. ფრაზა: „თქვენ დღეს შესანიშნავად გამოიყურებით!“ - ჩვეულია, მაგრამ მაინც უსაზღვროდ სასიამოვნო! ჩვენს მეგობრებსა და ნაცნობებს შორის არ არიან საუკეთესონი, მაგრამ არიან ღირსეულნი! ქალაქში უბრალო გასეირნებაც კი უსათუოდ იქცევა მსუბუქ ფლირტად და სინატიფის დემონსტრირებად.

ჩვენი გარემოცვა ჩვენს განწყობას უნდა შეესაბამებოდეს! არავითარი სტრესი და არასასურველი გარემო, მხოლოდ ყველაზე საუკეთესო! ჩვენ შეგვიძლია მივეცეთ მსუბუქ მღელვარებას, მაგრამ არა განცდას. ეს ხომ უარყოფითად მოქმედებს ჩვენს ჯანმრთელობაზე. მოვლილი, განუმეორებელი, ბრწყინვალე - აი რის გაგონებას ვართ მიჩვეული.

ჩვენ უნდა გვამჩნევდნენ ყველგან და ყოველთვის. სამსახურში, სუპერმარკეტში, სალონში, ყველგან, სადაც ჩვენ ვართ, არ არსებობს უმეტყველო მზერა. ჩვენ კომფორტულად ვგრძნობთ თავს ნებისმიერ ამინდში! ჩვენ გვახარებენ მზის სხივები, წვიმა და ქარიც კი. მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც დარწმუნებული ვართ ჩვენს დაცულობაში. დღისით ჩვენ მსუბუქი და ბუნებრივნი ვართ, საღამოს კი, მთვარის შუქზე ბრწყინვალე და მეტყველნი.

ჩვენ არ ვიცით სიტყვა „არა“, ჩვენთვის უცხოა რაიმე უხარისხოს შემოთავაზება, ჩვენ ხომ ყოველივე საუკეთესოს ვართ შეჩვეულნი. ჩვენ არ მოგვწონს ზედაპირული ყურადღება. ჩვენით უნდა დაკავდნენ ხანგრძლივად და კეთილსინდისიერად, ჩვენ ხომ გვიმზერენ და იხიბლებიან.

როცა ჩვენზე ზრუნავენ, ჩვენ ზომიერად თამამი და ლაღები ვხდებით, მაგრამ ვერ ვიტანთ სირთულესა და შეზღუდვას! მხოლოდ სიმსუბუქე და თავისუფლება! ის ადამიანები, ვისზედაც დამოკიდებულია ჩვენი სილამაზე, უნდა ითვალისწინებდნენ ჩვენს ინდივიდუალურობას და განუმეორებლობას! ჩვენ ძნელად ვიტანთ ქიმიურ დახვევას, ფენის, აგრესიული ქაფების, ლაქისა და საღებავების გამოყენებას! ამის გამო, ჩვენ მკრთალი და უსიცოცხლონი ვხდებით. ჩვენთვის კი ეს ყველაზე დიდი საშინელებაა!

ჩვენ გვსიამოვნებს მსუბუქი მასაჟი, თბილი წყალი, რბილი პირსახოცი და, რაც მთავარია, ამინო პროვი კოპლექსით გამდიდრებული თმის მოვლის საშუალებები. ჩვენ თვითონ ხომ ამინომჟავებისაგან შევდგებით. და როდესაც ჩვენ მათ მზის, დაბინძურებული ჰაერის, ცხელი ინსტრუმენტებისა და საღებავების ზემოქმედების გამო ვკარგავთ, არსებობს მხოლოდ ერთი საშუალება ჯანსაღი იერისა და სილამაზის დასაბრუნებლად. ამისათვის საჭიროა დავიბრუნოთ დაკარგული ამინომჟავები - მაცოცხლებელი კომპონენტები. ისინი სწრაფად აღადგენენ ჩვენს სტრუქტურას, დაგვიბრუნებენ ბუნებრივ ძალას და მოქნილობას. და ყოველივე ის, რაც ასე მოგვწონს ჩვენ და ენით გამოუთქმელ აღფრთოვანებაში მოჰყავს გარშემომყოფნი, შესაძლებელი და რეალური გახდება. ჩვენი ღირსებები იცის ყველამ, ნაკლოვანებები კი მხოლოდ მან, ჩვენმა „მფლობელმა“.

ჩვენ ისეთივე განსხვავებულები ვართ, როგორც

ყველა ქალი

მთელს სამყაროში.

და როგორც ყველა ქალი,

ჩვენც სილამაზისთვის შექმნილი ვართ.

თქვენი მადლიერი თმები

3 თაობები

▲ზევით დაბრუნება


ავტორი: ანა კორძაია-სამადაშვილი
ფოტო: დავით მესხი

ალბათ უცნაური შეგრძნებაა, როცა სხვაგან საპატიოდ გამოფენილი სახელგანთქმული ადამიანების ფოტოსურათები შენს საოჯახო ფოტოალბომშია ჩაკრული. ერთი მხრივ - საამაყო რამაა, მეორე მხრივ - მეტისმეტად დიდი პასუხისმგებლობა. ცნობილ მოღვაწეთა შვილიშვილებისა თუ შვილთაშვილებისთვის ბებიები და ბაბუები საუკეთესო სარეკომენდაციო ბარათი არიან, მაგრამ ამავე დროს, მათ უფრო გულმოდგინედ აკრიტიკებენ ხოლმე, აქაოდა, ასეთ დიდ მოღვაწეს ასეთი მემკვიდრე არ ეკადრებოდაო. ამ უკანასკნელი აზრის მქონეთა გულის გასახეთქად, რამდენიმე სახელგანთქმული ქართველის შთამომავლებს გაგაცნობთ. ისინი ლამაზებიც არიან, გონიერებიც და ნიჭიერებიც. ხოლო ის ფაქტი, რომ თინანოს დიდი ივანესთანა ჯერ არაფერი შეუქმნია და ტატოს დიდ ვახუშტიმდე ბევრი უკლია, არაფერს ნიშნავს - მაშინაც მრავალი გამოჩნდებოდა ახალგაზრდებით უკმაყოფილო.

0x01 graphic

ივანე ჯავახიშვილი

0x01 graphic

თინათინ ჯავახიშვილი

ივანე ჯავახიშვილი ბაბუასავით ნამდვილად არ მიყვარს - ან როგორ მეყვარება, არ ვიცნობდი… ძალიან კი მიხარია, რომ ასეთი ადამიანის შთამომავალი ვარ.

0x01 graphic

ვაჟა ფშაველა

ვაჟა გიორგობიანი

მე, საერთოდ, მიყვარს პოეზია, ყველაზე მეტად - ვაჟა-ფშაველასი. ის ჩემთვის მხოლოდ გენიოსი კი არა, ბაბუაცაა. ასეთი კაცის შთამომავალი როცა ხარ, ეს დიდი მოვალეობაა.

0x01 graphic

0x01 graphic

ნატო ვაჩნაძე

ნატალია შენგელაია

ნატო ვაჩნაძეს, ცხადია, პირადად არ ვიცნობდი - ეკრანზე მყავს ნანახი, ფოტოსურათებზე. მაგრამ ჩემთვის ის მაინც არაა მხოლოდ ლამაზი ქალი და ვარსკვლავი, არამედ ბებიაცაა, და რადგან დღესაც მისთანა ადამიანებთან მიწევს ყოფნა, ის ჩემთვის ძალიან ახლობელი და გასაგებია.

ზოგჯერ, როცა მეტყვიან ხოლმე, ნატაშა, ნატოს გავხარო, გული სიხარულით მევსება. ნატო ვაჩნაძის შვილთაშვილობა ძალიან მეამაყება, მე ის ძალიან მიყვარს.

0x01 graphic

0x01 graphic

ვახტანგ კოტეტიშვილი

ტატო კოტეტიშვილი

ერთი მხრივ, უსიამოვნოა, რომ გაცნობის დროს ადამიანებს ჩემი წინაპრები უფრო მეტად აინტერესებთ და უყვართ, ვიდრე მე. მაგრამ, მეორე მხრივ, ვახტანგ კოტეტიშვილის შვილთაშვილობით ძალიან კმაყოფილი ვარ.

0x01 graphic

0x01 graphic

მიშა მესხი

მიშა მესხი

პირველ რიგში, ბაბუაა, ძალიან საყვარელი. ცხადია, ვამაყობ კიდეც.

0x01 graphic

0x01 graphic

კოტე მახარაძე

დათა თავაძე

ძალიან ცოტა ხნის განმავლობაში მომიწია ბაბუასთან ურთიერთობა. ნამდვილად არ იყო საკმარისი. ის ცამეტი წელი ჩემს ცხოვრებაში „კოტეს დროდ“ იქცა.

0x01 graphic

0x01 graphic

მიშა კალატოზოვი

ტიტო კალატოზიშვილი

კალატოზოვს პირადად არ ვიცნობდი.

ისე, მთელი ბავშვობა მისი სახელი მესმოდა. „კინო“, „კალატოზოვი“, „მიფრინავდნენ წეროები“ - ჩემთვის ეს ყველაფერი ერთი დიდი ჰალუცინაცია იყო. „მიფრინავდნენ წეროები“ რომ ვნახე, რეჟისორობა უკვე გადაწყვეტილი მქონდა. მის დიდ ოსტატობას ვაფასებ, მაგრამ მე განსხვავებული კინო მომწონს.

0x01 graphic

4 ნიკა მაჩაიძე / NIKAKOI / ERAST

▲ზევით დაბრუნება


ავტორი: ლევან ნუცუბიძე / ფოტო: DUKE; მაია სუმბაძე.

ამრიგად, ნუ იზრუნებთ ხვალინდელ დღეზე,
ვინაიდან ხვალინდელი დღე თვითონ
იზრუნებს თავის თავზე. ყოველ დღეს
საკმარისად აქვს თავისი საზრუნავი.

მათე 6,34;

0x01 graphic

ფაქტები

განათლება:

1990-92
თბილისის კინოსა და თეატრის უნივერსიტეტი, მულტიპლიკაციური რეჟისურის ფაკულტეტი.

1990-93 თბილისის კინოსა და თეატრის უნივერსიტეტი, მხატვრული კინოს რეჟისურის ფაკულტეტი.

ძირითადი წარმოდგენები:

1994
თბილისის ხელოვნების სახელმწიფო აკადემია. ჯგუფური გამოფენა „4 stuk“.

1999
თბილისი. კლუბი „ათი-ნათი“.
sweet evening of electronic music“, დიმა დადიანთან ერთად.

პარიზი. ელექტრონული მუსიკის კვირეული.

ლაივი. კლუბი L'enfer.

ლაივი სოფიაში.

Radio France International. პრეზენტაცია.

2001
ბერლინი.
ლაივი. კლუბი WMF.

2002
ლაივი. Transmediale. Ewerk, ბერლინი.

ლაივი. კლუბი Batofar. პარიზი.

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია.

საფორტეპიანო მუსიკის კონცერტი თამარ კორძაიასთან ერთად. ელექტროაკუსტიკური მუსიკა.

ლაივი ფესტივალზე SONAR. ბარსელონა.

Behrenmarken. ბერლინი.

ლაივი თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, დიუსელდორფი.

ლაივი ფესტივალზე Exit. პარიზი.

2003

თბილისის ისტორიის მუზეუმი ჯგუფური გამოფენა „არტერია“.

ლაივი თეატრში musson-Turm. მაინის ფრანკფურტი

2004
ლაივი ფესტივალზე Fusion. გერმანია.

ლაივი ფესტივალზე Synch. ათენი, საბერძნეთი.

თამრიკო კორძაიასა და დომენიკ ბლუმის მიერ შესრულებული ორი პიესა ორი ფორტეპიანოსთვის. ციურიხის სახელმწიფო რადიო.

„ბავშვები თამაშის დროს“, თამრიკო კორძაიას მიერ შესრულებული საფორტეპიანო კონცერტი. Theter am gleis. ვინტერტური, შვეიცარია.

ჯილდოები:

1999
გრანპრი. ელექტრონული მუსიკის ფესტივალი.

Radio France International.

2002
პრიზი ვიდეო ფესტივალზე CIFA. თბილისი, საქართველო.
ნომინაცია: ექსპერიმენტი.

მუსიკა:

მუსიკა მაკა ასათიანის, ნინო ჩუბინიშვილის და ზალიკო ბერგერის მოდელების ჩვენებებისთვის. ქართული მოდის ფესტივალი.

მუსიკა პიესისთვის „Der Park “. სამეფო უბნის თეატრი.

მუსიკა კოკა რამიშვილის ვიდეოსთვის „მირზაანი“.

მუსიკა თამუნა ქარუმიძის დოკუმენტური ფილმისთვის „ზაჰესი 708”.

მუსიკა სალომე მაჩაიძის ექსპერიმენტული ფილმებისთვის „Boაrds of Monte-Carlo“, „Boards of Monte-Carlo 2“ და Soldiers cry

მუსიკა პოლ ლეიტონის მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის „Fucked“.

2002
CD NikakoiSestrichka“, WMFREC, berlini.
LP „
City lights“, WMFREC, ბერლინი.

2002
საუნდტრეკი ზაზა რუსაძის დოკუმენტური ფილმისთვის „ბანდიტები“.

ტრეკი „mtavari“ კომპილაციაზე Further Electronics
ტრეკი „mtavari“ კომპილაციაზე SONAR Offi cial compilation
ტრეკი „mtavari“ კომპილაციაზე a punkt Music

2004
LP Erast „Goodair“ LaboratoryInstinct, ბერლინი-ტოკიო.
LP Erast „Minimissing“ LaboratoryInstinct, ბერლინი-ტოკიო.
CD Erast „Goodair+Minimissing“ LaboratoryInstinct, ბერლინი-ტოკიო.
ტრეკი „Climb“ კომპილაციაზე PlasticFantastic, ტოკიო.
ტრეკი „Q4“ კომპილაციაზე advanced Public Listening, LaboratoryInstinct, ბერლინი-ტოკიო.

2005

LP Rock with me ტომას ბრიკმანთან და მარკუს შმიკლერთან ერთად, lable Max-E /ჩაწერის პროცესშია/CD ErastCyberpunk“ LaboratoryInstinct, ბერლინი-ტოკიო /ჩაწერის პროცესშია /

რეჟისურა:

1994
ვიდეო „Kindergeometrie“. ბერლინი.

1996
მოკლემეტრაჟიანი ფილმი „Fly alone

2000
მიკროფილმები
Bird shit გიო სუმბაძესთან ერთად.
We all are the crows თამუნა ქარუმიძესთან ერთად.
Rabbits“ („We all are the crows-2“) თამუნა ქარუმიძესთან ერთად.
Karadeniz თამუნა ქარუმიძესთან ერთად.
მუსიკალური ვიდეო Tuuta2“ / Nikakoi /
მუსიკალური ვიდეო „Kingdom“ / Nikakoi /
მუსიკალური ვიდეო „მე გამოვალ ხაზზე” გოგი ძოძუაშვილისთვის.

2002
მუსიკალური ვიდეო „საქართველოს მომავალი” ედუარდ შევარდნაძის რეჩიტატივით.

2004
ვიდეოკლიპი „Undine
მუსიკალური ვიდეოკლიპი „Poema“ / Erast /

ინტერვიუ

სად და რამ გაგაღვიძა?

სხვადასხვა ადგილას, სხვადასხვა დროში, სხვადასხვა მიზეზებმა. თუ გინდა შევაერთებ და უცნაური მურაბა გამოვა... 10 წლის ვარ ალბათ... ლეპტოპთან ჩამეძინა... რუსთაველზე ომია და ზამთარი... გუშინ, 10 ნოემბერს ბრეჟნევი მოკვდა... ახალ ტრეკს ვაკეთებდი და ღამე გვიან დავიძინე... ჯერ „ეს ესტრადაას“ ვუყურე, ჟენია მაჭავარიანმა We are the robots გვაჩვენა, მერე ილუზიონში იყო „Lady karate“, ყოველთვის ასეა აღდგომის ღამეს... დღეს კიდე 11 ნოემბერია, ჩემი დაბადების დღეა და სკოლაში არ მივდივარ! ბრეჟნევს ვგლოვობთ... სხვადასხვა ხმები მაღვიძებს... ტელევიზორში ბუდილნიკია, ჩემი ძმა ELO-ს უსმენს... გვერდზე ოთახიდან aphex-ის „Bucefalus bouncing balls ისმის და გიოს ბებიის ხმა: „გიორგი, გაფუჭდა, მგონი, მაგნიტოფონი“... კინოსტუდიაში ფარშევანგი კივის, მთელი გაზაფხული ასე კივის და ვერაფრით ვერ აჩუმებენ... გპი-ს ეზოში სტუდენტები ჭყივიან... შლიმანშტრასეზე უფრო სიწყნარე იყო დილაობთ, ამ კროიცბერგში მაგარი ყაყანია... მაქსიმე დახტის ლოგინზე და მაია ცდილობს, რომ შარვალი ჩააცვას... მტკვრის მხრიდან მატარებლის ხმა ისმის... ბიჭვინთა გავიარეთ... მალე მახინჯაურში ჩავალთ და პრავადნიკი გვიკაკუნებს, შევდივართო... თვალს ვახელ. ილუმინატორში ხმელთაშუა ზღვა ჩანს, რომელიც შეიძლება სპარსეთის ყურეა... პატარ-პატარა გემები ზემოდან სათამაშოებს ჰგავს... როდის ჩამეძინა, აღარ მახსოვს, მაგრამ მახსოვს, რომ ყოველი გაღვიძება ძვირფასია, სადაც არ უნდა გაიღვიძო... მაიამ გამაღვიძა და ყავა მომიტანა ლოგინში.

რის გაცნობიერებამ მოახდინა პირველი ყველაზე ძლიერი ეფექტი?

ეფექტს გააჩნია და ასაკს... მაგალითად, როდესაც 6 წლის ნიკამ, პირველად აღმოაჩინა, რომ დირექტორის კაბინეტის გვერდზე კარები, საპირფარეშოა და იქ მასწავლებლები „აა”-ს აკეთებენ. ნამდვილი შოკი იყო!!!

როდესაც პირველად დავინახე ჩემი თავი გვერდიდან... ეს ყველას ემართება

მგონი... სარკეში რომ ჩაიხედავ და ვიღაც უცხო დგას... მერე ხვდები, რომ შენ ხარ და შენი გონისგან დამოუკიდებლად, ფიზიკურადაც არსებობ. სულ წამის მეასედია, მაგრამ ეფექტური!

როდესაც პირველად ვნახე ეკრანზე ჩემი ფილმის მასალა.

პირველად რომ გავაკეთე ტრეკი, რომელიც ხარისხით warp-ის პროდუქციის იდენტური იყო და მივხვდი, რომ ამაში არაფერი განსაკუთრებული არ არის.

(იცი როგორ მივხვდი, რომ გამომივიდა? როდესაც ტრეკის კეთებას მოვრჩი და ჩავრთე, ვიღაცა იყო ჩემთან, ახლა არ მახსოვს ვინ, და მითხრა „ვააა! ამოაყრევინე არა კომპიუტერს პრუჟინებიო”)

მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ პირველი გაცნობიერება, რისიც არ უნდა იყოს, ყოველთვის ძლიერი ეფექტია. მეორე წუთში კი ჩვეულებრივ, ყოველდღიურ მოვლენად იქცევა.

რა იყო მთავარი გავლენა?

ბავშვობა და ყველაფერი, რაც ბავშვობასთან არის დაკავშირებული. საბჭოთა საბავშვო ფილმები (თავისი მუსიკით)... საერთოდ, კინო, რომელსაც იმ დროს ვუყურებდი... რამ გამაღვიძა, რომ გიყვებოდი, იქაც ბევრი გავლენებია... თუნდაც ფარშევანგის კივილი ყოველ დილას ან შორიდან მატარებლის ხმა. მერე ადამიანები... მამაჩემი, ღვინო „გარეჯი“ რომ ედგა ლოგინთან და პატარა პრინცზე მიყვებოდა ისტორიებს... სალომე მაჩაიძე, რომელიც დღემდე ჩემი ყველაზე ახლო ადამიანია („ბიძაშვილს“ არ ვეძახით ხოლმე ერთმანეთს, სასაცილოდ ჟღერს). სალომე იყო თორმეტის და მე ცამეტის, პირველად სიგარეტი რომ მომაწევინა... ჩემი ძმა, რომელიც, ახლა რომ ვფიქრდები, მთელი ჩემი ბავშვობის მუსიკალურ ფონს ქმნიდა. სულ სხვადასხვა სტილის მუსიკას უსმენდა, Led Zeppelin-იდან Earth Wind and Fire-ზე ხტებოდა, მერე უცებ „მაშინა ვრემენი“-ზე და ამის შემდეგ ჯექსონს რთავდა... მოკლედ, კიდევ ბევრ სხვა რამეს უსმენდა და მეც მასმენინებდა... ყველაფერს ვერ ჩამოვთვლი... მერე, ძილის წინ მე და სალომეს „მწვანე მანქანაზე” გვიყვებოდა, გიბსონი მონაგონია, ისეთი კიბერპანკი იყო.

ახლა სალომე რომ ფილმს იღებს, 50%25 ჩემი ძმის ისტორიების გავლენაა...

ცოტა რომ გავიზარდე, გავლენების შემდეგი ეტაპი დაიწყო (ურთიერთგავლენები)... მაია და გიო, ჩუბიკა და ტუსია... ახალი მუსიკა და ახალი კინო. ღამეების თენება ერთად და თბილისში აღმა-დაღმა სიარული.

ელექტრონული მუსიკა გავლენა კი იყო, მაგრამ ისეთი ძლიერი არა, როგორიც ბავშვობა. უფრო ბიძგი იყო იმისათვის, რომ თავში რაც მქონდა, იმის რეალიზება გამეკეთებინა. კინოს კეთებისთვის ძალიან ზარმაცი ვარ... თან ათას კაცს უნდა ეურთიერთო და აუხსნა, რა გინდა... მუსიკის კეთებისას კი, შენს თავთან ხარ ან (ჩემს შემთხვევაში) კომპთან, ერთი ერთზე. ამიტომ შედეგი მთლიანად შენზეა დამოკიდებული... მგონი, კითხვას ავცდი.

მთავარი გადაკვეთა?

1972 წლის 11 ნოემბერს გადავეკვეთე ამ რეალობას. მთავარი გადაკვეთა ეგ იყო, დანარჩენები მაგ ერთი გადაკვეთის შედეგია.

როგორ ფიქრობ, რა უნდა აკეთოს კაცმა პირველი 30 წელი, რომ 30 წლისას მაგრა არ დაენძრეს?

ყველას თავის გზა აქვს და ისე უნდა მოიქცნენ, როგორც საჭიროდ თვლიან.

ეს კი, რასაც ქვემოთ ვიტყვი, პირადად ჩემი აზრია... უბრალოდ, კითხვაზე გცემ პასუხს.

კომპრომისებზე არ უნდა წახვიდე. ყოველთვის ის უნდა აკეთო, რაც გინდა. არასოდეს არ უნდა ინანო, რაც გააკეთე... სისულელეა სინანულში გაატარო მთელი ცხოვრება იმის გამო, რასაც ვეღარ შეცვლი. შეცდომები უნდა აპატიო ყველას ყოველთვის, მაგრამ პირველ რიგში შენს თავს. რაც მთავარია, მომავლის გეგმები არ უნდა დააწყო. lifeplanning-ი არის ამერიკული კრეტინობა! მთელ ცხოვრებას გეგმების დაწყობაში რომ ატარებენ და ცხოვრების ბოლოს მოგზაურობას იწყებენ... იდიოტიზმია. ჯობია, სამურაივით, ყოველი დღე იცხოვრო ისე, თითქოს ბოლო დღეა და მაშინ ყველა გაღვიძება მართლა ძვირფასი იქნება.

სენტიმენტი -

...მივხვდი, რომ მაიაა ჩემი მთავარი სენტიმენტი... იცი, როგორ მივხვდი...

გახსოვს, სანამ მელია შეხვდება, პატარა უფლისწული ბაღს რომ ნახავს, რომელშიც ბევრი ვარდებია და მოიწყენს, იმიტომ, რომ თავისი ვარდი ეგონა ერთადერთი მთელს სამყაროში. დაწვება ბალახში და ტირილს დაიწყებს. აი, ამ დროს შეხვდება მელია... თხოვს მომიშინაურე და ბევრ რამეს აზრი გაუჩნდება ჩემს ცხოვრებაშიო... ბედნიერებას ვიგრძნობ, თუ მეცოდინება, რომ შენ არსებობ. აი, იმ პურის ყანას რომ შევხედავ, შენ გამახსენდები იმიტომ, რომ ოქროსფერი თმა გაქვსო... და მოიშინაურებს პატარა უფლისწული... მერე კი, განშორებისას, ეტყვის, არ მინდოდა, შენ რომ ტკივილი გეგრძნოო. მელია კი ოქროსფერ თავთავებს გაახსენებს... და ასეთ რამეს ეუბნება:

„წადი, კიდევ ერთხელ შეხედე ვარდებს და მიხვდები, რომ შენი ვარდი ერთადერთია მთელს სამყაროში. და როდესაც დასამშვიდობებლად დაბრუნდები, მე ერთ საიდუმლოს გაგიმხელ. ეს იქნება ჩემი საჩუქარი შენთვის”...

მეც მივიჩვიე ერთი მელია. ძალიან მაგარი მელიაა... სულ მთლად ისე არა, როგორც ეგზიუპერისთან, მაგრამ დაახლოებით ეგრე იყო... და მიმახვედრა, რომ ჩემი ვარდი ერთადერთია მთელს სამყაროში. სხვა ვარდები ლამაზები არიან, მაგრამ მათთვის სიკვდილი არ მომინდება. მაია კი ჩემია! ჩემი მთავარი სენტიმენტია! ერთადერთი ვარდია მთელს სამყაროში, რომელიც ყველაზე ძვირფასია ჩემთვის იმიტომ, რომ მთელი ჩემი სულის ნახევარი ეკუთვნის.

მეორე ნახევარი მაქსიმესია, ახლადგაღვიძებულს ცხვირი რომ უბზინავს და ატმის ფაქტურა რომ აქვს, აი, ეგ არის ჩემი სენტიმენტი. ყველაზე ტკბილი სენტიმენტია... უბრალოდ, ძალიან იშვიათად ვამჟღავნებ. არ გამომდის... ალბათ ენერგიები ვერ ემთხვევა ერთმანეთს და სულ ვჩხუბობთ... მაგრამ მართლა ყველაზე ტკბილი მაქსიმეა, რამდენიც არ უნდა ვიჩხუბოთ.

მოკლედ, პირიდან თაფლი გადმომდის და ყურებიდან მურაბა.

0x01 graphic

კრიზისი -

თუ შემოქმედებით კრიზისზე მეკითხები, ეგ ყოველდღე მაქვს და ყოველდღე დედას --------!!! სხვა კრიზისი არ არსებობს.

სისტემა თუ ქაოსი და ნაკლები პასუხისმგებლობა?

ქაოსი და ანარქია. სისტემა კომპშიც მეყოფა. პასუხისმგებლობა მღლის და ვცდილობ, რაც შეიძლება ნაკლებად დავიტვირთო პასუხისმგებლობით... ამიტომაც, არსად ვმუშაობ და freelancer-ი ვარ... მაგრამ სხვა პასუხისმგებლობაც არსებობს და თუ აიღე შენს თავზე... ისევ პატარა პრინცთან წავალ (მოკლედ, ამ ინტერვიუს თუ ვინმე წაიკითხავს, ჯობია ჯერ პატარა პრინცი გადაიკითხოს): ხო გახსოვს, მელია რა საიდუმლოს გაუმხელს „...ყოველთვის პასუხისმგებელი ხარ იმათზე, ვინც მიიჩვიე“! ეს პასუხისმგებლობაა მთავარი! თუ აიღე შენს თავზე, ბოლომდე უნდა ატარო.

რაზე ოცნებობ?

აღარ ვოცნებობ. ახლა უკვე ვისრულებ ოცნებებს. საერთოდ, დავაკვირდი, როგორც კი დაგავიწყდება რაზე ოცნებობდი, იმწუთას გისრულდება და ფიქრობ, ესეთ სისულელეზე როგორ ვოცნებობდიო.

მთელ ცხოვრებას ოცნებაში თუ ატარებ, უბრალოდ დრო აღარ რჩება იმისათვის, რომ აგისრულდეს.

რაში თვლი, რომ ძირითადი რეალიზაცია იპოვე?

ალბათ, გარედან ჩანს, რომ მუსიკაში... სიმართლე რომ გითხრა, არ ვიცი რაში... არც მინდა, რომ ვიცოდე. თუ ვიგრძენი, რომ რაღაცაში ბოლომდე რეალიზებული ვარ, მაშინ რაღა დამრჩება იმის გარდა, რომ ფეხი ფეხზე გადავიდო და ღრუბლებს ვუყურო აივნიდან... მირჩევნია, ამას დიდი ხნის მერე მივხვდე. ჩემთვის გზა უფრო საინტერესოა ვიდრე დანიშნულების წერტილი.

როგორ ფიქრობ, რა არის საჭირო იმისთვის, რომ დროსთან მიმართებაში დარჩე ადეკვატური?

(მაგ. 2005 წელს მარტო ჯაზს არ უსმენდე, ზაპასნაირი ულვაშები არ გქონდეს, მეტალისტი არ იყო ან ფოლკით ფანატურად გატაცებული)

ელემენტარულია. ისევ სამურაის გზის პრინციპია. როდესაც ამ დღით ცხოვრობ, რომელშიც ამ კონკრეტულ მომენტში არსებობ, დროსთან მიმართებაში რჩები ადეკვატური. წარსული ტკბილი და წებოვანია. თუ შეტოპე, გამოსვლა ძნელი იქნება. მეც ყველაზე მეტად ჩემი ბავშვობა მენატრება, მაგრამ უკან დაბრუნების მაგივრად, ვცდილობ, რომ ის ემოცია და ენერგია, რაც ბავშვობას ჰქონდა, დღევანდელ დღეში ჩავდო, თუნდაც ჩემს მუსიკაში.

რაღაც ერთ, კონკრეტულზე დაციკლვა, სულ ჯაზის ან ფოლკის სმენა, დროსთან არაადეკვატურობა, ჩემი აზრით, არ არის. ზუსტად იგივეა, როდესაც ვიღაც, დღეს მარტო pan sonyc-ს ან autechre-ს უსმენს. ეს უფრო, საკუთარი თავის ჩარჩოებში ჩასმაა. ალბათ ეგრე ურჩევნიათ, უფრო წყნარად არიან.

ყველაზე ხშირად რა იწვევს შენში გაღიზიანებას?

საარბრიუკენის გაპრიალებული ზედაპირით შთაგონებულებს, იგივე რომ უნდათ საქართველოში გააკეთონ და თავისი გზის მოძებნა რომ ეზარებათ! ევროპის პრიალის ქვეშ როგორი ჭუჭყია, მაგაზე რომ არ ფიქრდებიან. ნაწილს კი, რუსეთთან

ყოფნა რომ უნდა და ისევ რუსული ქუსლის ქვეშ რომ ეკვეხებიან გამწარებულები. სახელმწიფოს თავისი გზა თუ არა აქვს, სად მიდის - გაუგებარია. დუბაიში LUXUS, ფრანგული რესტორანია ერთი, მთელი პერსონალი ინგლისურად ლაპარაკობს ფრანგული აქცენტით. ერთი ფრანგი შევიდა და შეკვეთა ფრანგულად გააკეთა... ბოდიში მოუხადეს და უთხრეს, ფრანგულად არ ვლაპარაკობთო. თურმე ტრენინგები ჰქონდათ, რომლებზეც მხოლოდ ფრანგულ აქცენტს ასწავლიდნენ. იგივე ხდება აქ. უბრალოდ, განსხვავება ის არის, რომ საქართველო რესტორანი არ არის. ამ ეტაპზე ეს მაღიზიანებს ყველაზე ხშირად.

რა არის „კაი ჰაერი“ შენთვის?

ჩემი ბავშვობის უტოპიაა. რატომღაც ბუენოს აირესი ჯადოსნურ ქალაქად წარმომედგინა, ტყის შუაგულში აშენებული, დიდი ფუტურისტული კოშკებით და გამჭვირვალე ჰაერით... (შეიძლება ჩემი ტვინი ახლა ამატებს ამ დეტალს, მაგრამ ამწუთას ეგრე მახსოვს). ალბათ, ბოლოს მანდ მოვხვდები... სულ ცოტა ხნის წინ, გავაცნობიერე, რომ ბუენოს აირესი კარგ ჰაერს ნიშნავს და ჩემს EP-ს goodair დავარქვი.

როგორ წარმოგიდგენია, მთელი ცხოვრების რეზულტატებს სად და რა კონდიციაში შეაფასებდი?

... კუნძული! პალმები! ნაშები! მე შეზლონგში ვზივარ, ლაპატნიკში შავი ამერიკან ექსპრესი!... ეს ასე ვხუმრობ... სასაცილოა, ხო???

ყოველდღე ვცდილობ, რომ რეზულტატები შევაფასო (ალბათ, მაგიტომ მჭირს ინსომნია) და ყოველდღე ვხვდები, რომ არანაირი მნიშვნელობა არა აქვს... ახლა ვმეორდები, მაგრამ პასუხი ეგ არის და რა ვქნა: მთავარი პროცესია და არა რეზულტატი! ამიტომ, საკუთარი რეზულტატების შეფასება საერთოდ არ არის საჭირო. თუ რამე მაგარს აკეთებ, შთამომავლები აფასებენ რეზულტატს,

თუ რამე ჩვეულებრივს აკეთებ, უფრო ნაკლები ხალხი და თუ საერთოდ არაფერს არ აკეთებ, მაინც გამოიძებნება ერთი-ორი ადამიანი იმისთვის, რომ შენი ცხოვრების რეზულტატი შეაფასოს... მაგრამ როდესაც შეფასების დრო დგება, შენ სამივე ვარიანტი ფეხებზე გკიდია.

ვსო, ნიკ, სულ ეს არი. თუ შეძლებ, შეეცადე მაქსიმალურად ვრცელი პასუხები გასცე. ხო იცი, რაც არ მოგწონს ან თვლი, რო ზედმეტად ინტიმურია--delete it naxui:))

thanks a lot
respect
L

5 ეკატერინე ჯაფარიძის ამბები და ადამიანები

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ავტორი: ანა კორძაია-სამადაშვილი
ფოტო: დავით მესხი

ერთი დიდი პოეტი (რომლის ციტირებაც ჩვენს სამშობლოში რატომღაც იქედნურ ღიმილს იწვევს, აქაოდა, სნობი ხარ და მატრაკვეცაო), ამბობდა, რომ ლიტერატორი ზედსართავ სახელებს უნდა ერიდოს - თუ ნამდვილი პოეტია, სათქმელს ისედაც იტყვის, მკითხველისთვის საკუთარი შეფასებების თავს მოხვევის გარეშეც. ისიც ვიცი, რომ ერთ დიდ მწერალს სასამართლოში უჩივლია, უტიფარმა გამომცემელმა ჩემი წიგნის ილუსტრირება როგორ გაბედა, მე ხომ ის მინდოდა, გმირი ქალი ყველას თავისებურად წარმოედგიანაო. და მეც, - რამხელა ამბიციაა! - გადავწყვიტე, რომ ეკა ჯაფარიძის შესახებ სწორედ ასე გიამბოთ - ობიექტურად. ვნახოთ, რა გამომივა.

დიდი იმედი მაქვს, რომ მიხვდებით, როგორი ქალია.

ვიღაცამ დარეკა და ეკამ აუხსნა, რომ ხალიჩა ძალიან მარტივად, სარეცხი საპნით უნდა გარეცხოს. მერე განგვიმარტა: „ფხვნილს თუ მოაყრის, ფერები გადაუვა და დარჩება თეთრი…“

იმ დღემდე ჩემთვის ეკა ჯაფარიძე „სალვეს ეკა“ იყო. გახსოვთ? ფოტოალბომი იყო ასეთი, თბილისის სადარბაზოების, 1997 წელს გამოიცა და თუმცა არ მიყიდია, მაინც ზეპირად ვიცი - სადაც კი ვნახე, ყველგან ჩავუჯექი. მერე ერთ საკმაოდ უსუსურ შეკრებაზე ამოვყავი თავი, რომლის მიზანიც ძველი თბილისის გადარჩენა იყო - იქ ბატონმა ვახუშტი კოტეტიშვილმა ეპოქალური სიტყვები წარმოთქვა: „ხალხო, რით ვერ გაიგეთ, ჩვენ გოიმი ერი ვართ და იმიტომ ვექცევით ამ ქალაქს გოიმურად!“ იმ შეკრებაზე მითხრეს, აი, ისაა სადარბაზოების ეკა ჯაფარიძეო, და მერე უბრალოდ ვესალმებოდი ხოლმე. ახლა კი, მრავალი წლის შემდეგ, მასთან სტუმრად აღმოვჩნდი.

არადა, თავიდან სულ არ მიმიხაროდა - სახლის გამო. როცა საშუალო სტატისტიკური მჩხიბავი მომავლის წინასწარმეტყველებას ლამობს, ამ სიტყვათშეთანხმებას, ეროვნების მიუხედავად, ყოველთვის რუსულად წარმოთქვამს ხოლმე: „კაზიონნი დომი“. დიასახლისის გემოვნებაში, „სალვედან“ გამომდინარე, ეჭვი არ შემპარვია, უბრალოდ, ვერ წარმომედგინა, რა უნდა მოუხერხოს ადამიანმა სტანდარტულ, ე.წ. სამთავრობო აგარაკს, სადაც მცხოვრებლები სულ იცვლებიან, ქართული წესის თანახმად (გაჯავრდით!), სანუკვარი, მტკიცედ გარანტირებული საკუთრების გარდა, არაფერს დაგიდევენ და, შესაბამისად, ამ „დროებით“ სამყოფელზე მოსაწყენი რამ, ძნელი წარმოსადგენია ხოლმე.

ეს სახლი კი სხვანაირია. სულ სხვანაირი.

ეკამ ბრძანა, რომ შეუმდგარი არქიტექტორია, თუმცა დაუსრულებლად შეუძლია არქიტექტურაზე ლაპარაკი.

ეკა ჯაფარიძემ ისიც თქვა, რომ ოდესღაც ეგონა, ფერმწერი ვიქნებიო, და ამ სიამოვნებაზეც უარი თქვა - იმიტომ, რომ გაიანე ხაჩატრიანი გაიცნო, რომლის ცხოვრებაც ფერწერაა, ეკას კი თავისი ცხოვრების მთლიანად ფერწერისთვის დათმობა სულაც არ მიაჩნია სავალდებულოდ - დიდება ღმერთს. სამაგიეროდ, ქალბატონ გაიანეს შესახებ მიამბო, და აუცილებლად ვეცდები, ოდესმე ეს დიდებული ქალი მეც გავიცნო და თქვენც გიამბოთ მის შესახებ. მართალია, დარწმუნებული არ ვარ, რომ ეს საქმე ეკასავით გამომივა.

ძველი და ახალი წიგნის ამბავი

იქნებ თბილისურ სადარბაზოებზე გვესაუბრა? ეკამ თქვა, რომ ეს წიგნი, 1997 წელს გამოცემული, აქტუალური თემა ნამდვილად აღარაა.

კარგი. მაშინ ახალ წიგნზე ვილაპარაკოთ და ყაჯარულ ფერწერაზე, რას იტყვი? არა, ის ჯერ არ გამოსულა. მხოლოდ გარეკანი ვნახე, ქაშმირისა და ერთი-ორი რეპროდუქცია, ეს იყო და ეს. „ჩემი გოგოები!“ - ეკა ხალებიან, მორთულ-მოკაზმულ გამოსახულებებს ეფერებოდა.

ისიც, რაც პირველივე ოთახში კედლებს ამშვენებს, ყაჯარული ფარდები ყოფილა, ხელით მოხატული, ქალებით, კაცებით და, რაც მთავარია, ლომით და მზით დამშვენებული. ეკამ მომახსენა, რომ ეს ლომი და მზე ძალიან მნიშვნელოვანი ვინმეები არიან: სხივოსანი მზე გურჯი-ხათუნია, ხოლო ლომი - სულთან ქაიხუსრევის სიმბოლო.

ყაჯარების ამბავი

ყაჯარებმა მრავალსაუკუნოვანი ბრძოლის გზა განვლეს, ხან ბრწყინვალე გამარჯვებები ხვდათ წილად, ხან - სასტიკი დამარცხება.

ყაჯართა ჟამთაღმწერი ჰყვება, რომ „მათი წინაპრები ბედნიერად ცხოვრობდნენ თურქესტანში, ზაფხულის თვეებს მთის საძოვრებზე ატარებდნენ და ზამთარში მშვენიერი ქვეყნის უხვ ჭალებში ჩადიოდნენ. ტომის აყვავება ხუთმა ძმამ დაიწყო, ხუთივეს დიდება ეწადა, ხუთივე უშიშარი მებრძოლი იყო:

„ჩვენ, ხუთი ძმა, ერთი ფესვიდან მოვდივართ,
ჩვენ ბედისერის ხელის ხუთი თითი ვართ,
ფეხზე წამომდგარებს გამარჯვების დროშა გვაქვს აღმართული,
გაერთიანებულნი მტერს სახეში ვცემთ ლახვარს…”

აი, ასეთი ხუთი ძმის ჩამომავალთა ხელოვნების შესახებ იქნება ეკატერინე ჯაფარიძის ახალი წიგნი.

კარგი, ყაჯარებსაც შევეშვათ. გინდა, ქალებზე ვილაპარაკოთ? ვიფიქრე, ამის შესახებ სწორედ ასე ძალიან ქალურს უნდა ვესაუბრო-მეთქი. სიამოვნებით ამყვა, ოღონდ სულ სხვა მისამართით - დიდი მამაკაცების ქალებზე მიამბო.

დიდი კაცის ქალის ამბავი

„შენ ქალი არ ხარ, შენ გამონაკლისი ხარ,“ უთქვამს ერთხელ ვლადიმირ მაიაკოვსკის ლილია ბრიკისთვის. ქალი რომ არ იყო, ეს მჯერა. როგორც ჩანს, გამონაკლისიც იყო, თორემ რამ გაამწარა ამხელა კაცი? ლილია ბრიკის შესახებ ერთმა ჭკვიანმა ქალმა, ლიდია გინზბურგმა ბრძანა, რომ „ის მნიშვნელოვანია არა ბრწყინვალე გონების ან სილამაზის წყალობით, არამედ მისთვის დახარჯული ვნებების, პოეტური შთაგონებისა და სასოწარკვეთილების გამო“. ამ შეფასებას კიდევ რა უშავს - ანა ახმატოვამ მთლად მიწაში ჩადო: „შეღებილი თმა და თავხედი თვალები ნათრევ სახეზე“. კარგია?

ეკა ჯაფარიძემ კი ის მიამბო, რაც მისთვის ოდესღაც სერგო ფარაჯანოვს მოუყოლია. მის მიერ გადაღებულ ფოტოსურათზე აღბეჭდილი ლეგენდარული ქალბატონი ბრიკი დაუნდობლად აღწერა: ჩიტივით სახე, დახატული წარბები, პომადით მოხაზული უსისხლო პირი, წვეტიანი მუხლები… ამ სასწაულმა ქმნილებამ ერთ წინადადებაში მოახერხა დიდი მაიაკოვსკის ქება-დიდებაც და მიწასთან გასწორებაც. ეკამ მომიწოდა, ციტირებისგან თავი შეიკავე, ასეთი რამის სათანადოდ მოყოლა მხოლოდ ფარაჯანოვს შეეძლოო (უნდა ითქვას, რომ ეს უკანასკნელი, როცა საქმე ოფიციალურ განცხადებებს შეეხებოდა, ფრიად კორექტული იყო: „ლილია იურის ასული ყველაზე შესანიშნავი ქალია, რომელიც ბედმა შემახვედრა“).

ლილია ბრიკი, ქალი, რომელმაც გენიალური მამაკაცის მეშვეობით შეძლო ისტორიაში შესვლა. ეკას მსგავსი არსებების ფენომენი ძალიან აინტერესებს, ალბათ ისევე, როგორც ყველა სხვას: რა პრინციპია? ერთგან თავად ლილიასეულ ახსნა-განმარტებას გადავაწყდი, დიდად სარწმუნოდ არ ჟღერს, მაგრამ მაინც:

„მამაკაცი უნდა დაარწმუნო, რომ ის შესანიშნავია, ან სულაც გენიალური, მაგრამ სხვებს ეს არ ესმით. და იმის ნება უნდა დართო, რასაც სახლში უშლიან - ვთქვათ, მოწევის ან სადმე გამგზავრებისა. დანარჩენს კი კარგი ფეხსაცმელი და აბრეშუმის თეთრეული მიხედავს“.

ისე, ამდენ წვალებას, არ ჯობია, სულ არ გჭირდებოდეს არაფრის მტკიცება? არ ჯობია, თავად შენ გხატავდნენ, თან ისე, რომ პორტრეტი აშკარად შენით აღტაცების შედეგი იყოს? ერთი ასეთი პორტრეტი ეკა ჯაფარიძის სახლში მისაღებ ოთახს ამშვენებს. მისი ავტორი რუსი მხატვარი ივან ლუბენნიკოვია, მოდელი - თავადაც მიხვდებოდით - ეკატერინე ჯაფარიძე. ეკამ თქვა, რომ ბევრი ნახატი ერთად - ეს არ უყვარს, მხოლოდ ისინი აქვს ჩამოკიდებული თუ გამოდებული, რომლებიც მისთვის ძალიან ძვირფასია: ალბერტ დილბარიანის, იური კუპერის ნამუშევრები, პეტრე ოცხელისა თუ ეთერ ჭკადუას ნამუშევრების ფოტოასლები, გუგა კოტეტიშვილის ფოტოები ციკლიდან „ინდოეთი“... მაგრამ ის პორტრეტი, რომლის შესახებაც ზემოთ მოგახსენეთ, სრულიად განსაკუთრებულია, და აი, რატომ:

პორტრეტის ამბავი

მოსკოვში ყოფნისას მამამ, ალიკა ჯაფარიძემ, ქალიშვილი იქაურ ცნობილ მხატვართან, ივან ლუბენნიკოვთან წაიყვანა სახელოსნოში. ივან ლუბენნიკოვი ფრიად უცნაური კაცია (ფართოდ გავრცელებული აზრის თანახმად, ხელოვანი საერთოდ ასეთი უნდა იყოს - აუტანელი; მე მათი ატანა მართლა არ შემიძლია), სტუმრები დიდად არ უყვარს და სახელოსნოში ყველას არ უშვებს.

ტაგანკის თეატრის, მოსკოვის მაიაკოვსკის თეატრის, ოსვენციმის მუზეუმის რუსული განყოფილების გამფორმებელი და განუმეორებელი ფერწერული სტილის შემქმნელი ივან ლუბენნიკოვი იმხანად იმდენად ცნობილი არ იყო, რამდენადაც დღესაა - თუ უკანასკნელი რამდენიმე წლის პრესას გადახედავთ, აღმოაჩენთ, რომ მასზე ყველა წერს, და ნარკვევების სათაურებიც მრავლისმეტყველია: „როგორ გაცვალეს ახალმა რუსებმა „მერსედესი“ ტილოზე“, „ღამის კლუბი ახალ მეტროს სადგურში“, „უფრო ფანტასტიკური არ არსებობს“… ის ძალიან გაბედული მხატვარია, ბოლო დროს ტილოს მოოქროვილ და მოვერცხლილ ზედაპირსაც არ ერიდება. მის ტილოებზე ვერც პერსპექტივასთან თამაშს და ვერც რთულ დეტალებს შეხვდებით, მხოლოდ „მოვლენის“ არსთან გვაქვს საქმე: მაგიდაზე ვაშლი დევს - ან სავარძელში მჯდომი ქალი, კერძოდ, ეკატერინე ჯაფარიძე ეწევა.

მის სახელოსნოში სტუმრად მისული ეკა მართლა სავარძელში იჯდა და მართლა ეწეოდა, ოღონდ არავის დაუხატავს - ლუბენნიკოვი მხოლოდ მასპინძელი იყო, ძირითადად, ეკას მამას ესაუბრებოდა. ეკა კი, როგორც მოგახსენეთ, სავარძელში იჯდა და ეწეოდა. ეს იყო და ეს. მხოლოდ კარგა ხნის შემდეგ, როცა ერთ ქალბატონთან, იმხანად აზერბაიჯანის მხატვართა კავშირის თავმჯდომარის ასულთან ერთად, ეკამ კვლავ მის სახელოსნოში ამოჰყო თავი. მხატვარმა კითხვა დაუსვა: „გინდათ, თქვენი პორტრეტი განახოთ?“ რასაკვირველია! და გასვლისას: „არ გინდათ, თქვენი პორტრეტი თან წაიღოთ?“ რა თქმა უნდა! ასე აღმოჩნდა ივან ლუბენნიკოვისეული ეკატერინე ჯაფარიძე წყნეთში, ყოფილი უსახური აგარაკის მისაღებ ოთახში.

ეკას მოსმენისას ერთი ტკბილი ქალი გამახსენდა - ოდესღაც სეფექალი, ძალიან მოხუცი, ლამაზი-ლამაზი, გამჭვირვალე თვალებით; იმან იცოდა ასე თხრობა: „მშვიდობიან დროს, როცა გირვანქა კარაქი ნახევარი კაპიკი ღირდა…“ ეკაც ასე ჰყვება, ან მე დამრჩა ასეთი შთაბეჭდილება - ვერ გეტყვით, რადგან დიქტოფონის ჩართვაზე იმთავითვე ავიღეთ ხელი: სტუმრად ვიყავით, ისე ვლაპარაკობდით, რა, ამ მთისას, იმ ბარისას, ვიღაცეებს მივწვდით კიდეც, და ეკას თქმისა არ იყოს, „რა გინდათ, რუსთაველზე გალიით ჩამომატარონ?“ არა, ნამდვილად არ მინდა, ისევ ეკას მიერ მოყოლილ ამბებს მოგიყვებით, ვთქვათ, სახლისას.

სახლის ამბავი

იმ ცუდ წლებში, როცა ციოდა, ბნელოდა, ძაღლები ყმუოდნენ და დაბნელების შემდეგ, ქუჩაში შეიარაღებულ მამრს ან თავშალმოხვეულ ეკლესიურ გოგონას თუ გადააწყდებოდა კაცი, ქალაქ თბილისის ერთ-ერთ ულამაზეს უბანში, მეიდანთან, სახლი იდგა. „სამსართულიანი სახლი“ - ძალიან შთამბეჭდავად ჟღერს, მაგრამ ბელვედერის სასახლეს ნუ წარმოიდგენთ - პატარა, მოკრძალებული სახლი იყო, რომლის ფანჯრებიდანაც დიდებული ხედი იშლებოდა, და რომელიც იმ ცუდ წლებში (სულ მგონია ხოლმე, რომ მაშინ გაზაფხული საერთოდ არ დამდგარა, ვერა მაქვს ტკბილი მოგონებები), სულ რაღაც სამ ათას ამერიკულ დოლარად იყიდებოდა.

ისევე, როგორც ნებისმიერ ჭკუათმყოფელ ადამიანს, ეკატერინე ჯაფარიძესაც ძალიან მოუნდა მისი შეძენა, და სახლის მდგომარეობის შესაფასებლად, მეგობარ არქიტექ ტორებს უხმო. მათ ერთხმად ბრძანეს, ხუთ წელიწადში დაინგრევა, თავის გაფუჭებად არ ღირსო.

მაგრამ ეკამ სახლი იყიდა და არასოდეს უნანია. ამ სახლში უამრავმა ადამიანმა იცხოვრა და ყველა ძალიან ბედნიერად გრძნობდა თავს, მიუხედავად იმისა, რომ ხშირმა სტუმარმა, ერთმა ჩინებულმა მხატვარმა მოახერხა, სადღაც მუნი აიკიდა და მრავალს გადასდო. ამ სახლში მშვენიერი ხელოვანები მუშაობდნენ და დიდებულ მამაკაცებსა და ქალებს უყვარდათ ერთმანეთი. და როცა ზუსტად ხუთი წლის შემდეგ, ეკას მეიდანის ლეგენდარულმა მკვიდრმა, ედუარდ მემედ-ზადემ დაურეკა, სახლი დაინგრაო, გული დიდად აღარ დასწყვეტია - სამი ათასი დოლარი და ერთი საბრალო სახლი მრავალი ადამიანის ხუთწლიან ბედნიერებასთან რა მოსატანია?!

…ეკა ჯაფარიძისგან მომავალმა გადავწყვიტე, რომ თავსაც უნდა მივხედო და სახლსაც. ხალიჩასაც გავრეცხავ და ხელოვნების მუზეუმშიც წავალ, ყაჯართა ლამაზმანების კვლავ სანახავად.

ვაღიარებ, ენთუზიაზმი დიდხანს არ გამყოლია. ვზარმაცობ. თავის გამართლება მაინც შემიძლია: თქვენთვისაც ხომ უნდა მეამბო ეკატერინე ჯაფარიძის ამბები? ხალიჩა კი არსად გაიქცევა - ამდენი წელია, არსად გაქცეულა და რაღა ახლა დაემართება არდასამართი…

6 ფოტომოთხრობა

▲ზევით დაბრუნება


დათო ტურაშვილი

ამ სოლიდური ასაკისა და გარეგნობის კაცმა, სერბმა მწერალმა მილეტა პროდანოვიჩმა, რამდენიმე წლის წინ ბავშვურად, არაბოროტი განზრახვით იხულიგნა, მაგრამ ამერიკელებმა მაინც არასწორად გაიგეს მისი კეთილი განზრახვა და მილეტა პროდანოვიჩის წინააღმდეგ, საქმე აღძრეს. საქმე კი (რუსულად რომ ვთქვათ), იყო შემდეგში: ამერიკელები, მოგეხსენებათ სერბეთის დედაქალაქ ბელგრადს სამოცდათვრამეტი დღის განმავლობაში ბომბავდნენ და რა გასაკვირია, რომ სერბმა მწერალმა სამაგიეროს გადახდა გადაწყვიტა, თუმცა სრულიად მშვიდობიანი და უჩვეულო გზით. უჩვეულო იყო შურისძიების ფორმაც და იმაში მდგომარეობდა, რომ მილეტა პროდანოვიჩის საყვარელ ძაღლს უნდა მოეგო ამერიკული Greencard, რომლის მიღებასაც მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მოქალაქეები, ასეთი მონდომებით ესწრაფვიან. მთელი მსოფლიოდან ამერიკაში ჩასული ემიგრანტები, წლების მანძილზე ელოდებიან ამ სანატრელ Greencard-ს, რაც გაწვალებულ ემიგრანტს, ამერიკის გაერთიანებულ (და არა შეერთებულ) შტატებში ცხოვრებისა და მუშაობის უფლებას აძლევს. შტატების ხელისუფლება კი მრავალი წლის განმავლობაში გულმოდგინედ შეისწავლის Greencard-ის მიღების მსურველთა სიებს, სანამ არალეგალური ემიგრანტები ჩუმად, დაპატიმრების შიშით, მიზერული ხელფასების პირობებში მუშაობენ. თუმცა ზოგჯერ ამერიკის ხელისუფლება ლატარეას გაათამაშებს ხოლმე და ყოველგვარი შესწავლისა და გამოკვლევის გარეშე, განაცხადის შემვსებ რომელიმე მსურველს, Greencard-ს აძლევს საჩუქრად და მარტივად რომ ვთქვათ - ხალისობს...

სწორედ ზემოთქმულით ისარგებლა მილეტა პროდანოვიჩმაც და განაცხადი, თავისი საყვარელი ძაღლის სახელზე შეავსო და გაგზავნა. განაცხადში ტყუილი არ ეწერა - ეწერა ყველაფერი, რისი გაკეთებაც ამ ძაღლს შეეძლო, მაგრამ უჩვეულო ის იყო, რომ განაცხადს, მილეტა პროდანოვიჩის ძვირფასი ძაღლის ოთხი ფოტო ახლდა თან, როგორც ამას ამერიკის საემიგრაციო სამსახური მოითხოვდა მსურველებისგან და მცდელობა წარმატებული გამოდგა - ძაღლმა Greencard-ი ყოველგვარი ყეფისა და კბენის გარეშე, შვიდ თვეში მიიღო. როგორც ჩანს, ამერიკული ბიუროკრატიის გულმოდგინება ასეთ პარადოქსსაც არ გამორიცხავს და მილეტა პროდანოვიჩი თავის ძაღლთან ერთად, ამერიკაში გაემგზავრა. სერბი მწერალი, ბოროტი ხულიგნობის ბრალდებით, აეროპორტშივე დააკავეს, მაგრამ მთელს სერბეთში მილეტა პროდანოვიჩის დაპატიმრებას, ისეთი პროტესტი მოჰყვა, რომ ამერიკელებმა იგი მალევე გაათავისუფლეს. ყველაზე აქტიური, მისი გათავისუფლებისთვის ბრძოლაში, ყველაზე ცნობილი სერბი მწერალი მილორად პავიჩი იყო, მაგრამ ამერიკელებმა ალბათ ყველაზე მეტად იუგოსლავიასთან ისედაც გამწვავებულ ურთიერთობას გაუწიეს ანგარიში და მილეტა პროდანოვიჩი მშობლიურ ბელგრადში სამ თვეში დაბრუნდა. პირველივე ინტერვიუში, როცა მას ჰკითხეს, თუ როგორ გაუჭირდა ამერიკულ პატიმრობაში ყოფნა და როგორ შეინარჩუნა მხნეობა და იმედი ციხის საკანში, მან თქვა, რომ თან ჰქონდა წიგნი, რომელმაც გააძლებინა და რომლის წაკითხვასაც ყველას ურჩევდა, მითუმეტეს - პატიმრებს. ამ პირველივე ინტერვიუში მილეტა პროდანოვიჩმა ის წიგნიც დაასახელა მთელი მსოფლიოს გასაგონად - სერბულად თარგმნილი შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“...

ფოტომოთხრობა

დათო ტურაშვილი

0x01 graphic

კურკა

მისი ნამდვილი სახელი არ ვიცოდი, მიუხედავად იმისა, რომ ანა-მარიამი ხშირად ახსენებდა ხოლმე კურკას და ვიცოდი მხოლოდ ის, რომ ანას ჯგუფელი იყო საბავშვო ბაღში. პირველად ვნახე ბაღის დამამთავრებელ ზეიმზე, სადაც ანაკომ მრავალმნიშვნელოვნად დამპატიჟა და კურკას გაგაცნობო, - დამპირდა. კურკა მართლა ლამაზი ბიჭი აღმოჩნდა, როგორც ანასაგან ვიცოდი და ზეიმზე ეცვა თეთრი ჩოხა. ერთად დააყენეს ზეიმის ბოლოს და სურათი გადაუღეს. მერე ის სურათი ანა-მარიამმა თავის ოთახში გააკრა კედელზე და მერე ზაფხულიც მოვიდა.

ზაფხულში კურკა არ უნახავს, მაგრამ რამდენჯერმე სევდიანად, ძალიან სევდიანად ახსენა და სექტემბერში პირდაპირ მითხრა - კურკა მომენატრაო. კურკა სხვა სკოლაში შეიყვანეს და ოქტომბერში ანა-მარიამმა ისევ შემახსენა - კურკასთან წაყვანას რომ დამპირდი, როდის შემისრულებო. უკვე ნოემბერი იყო, როცა სხვა გზა აღარ მქონდა, დაპირება უნდა შემესრულებინა და კურკას სანახავად, ტაქსით წავედით. ანაკოს ისეთი ბედნიერი სახე ჰქონდა, კინაღამ საკუთარი შვილის შემშურდა თეთრი, გულწრფელი შურით და კურკას მშობლებს, ჩვენი სტუმრობა, მართლა ძალიან გაეხარდათ. მშვენივრადაც გვიმასპინძლეს, სანამ ბავშვები თამაშობდნენ და უკვე წამოსვლისას, კარგა ტკბილად რომ დამღალა გემრიელმა ღვინომ, წიგნების თაროზე ის ფოტო შევნიშნე, ჩვენც რომ გვქონდა სახლში და ანაკოს და კურკას ბაღის დამამთავრებელ ზეიმზე რომ გადაუღეს. უფრო სწორად, ჩავთვალე, რომ ის ფოტო იყო და წიგნების თაროსთან, კმაყოფილი სახით, ახლოს მივედი. მაგრამ სურათს დავაკვირდი თუ არა, მოულოდნელობისაგან გამოვფხიზლდი კიდეც, რადგან ამ ფოტოზე თეთრჩოხიან კურკასთან ერთად, სულ სხვა გოგო იყო გადაღებული. ალბათ ინსტინქტურად, ანაკოს რომ არ შეემჩნია, სურათი წიგნებს შორის შევაცურე და მერე დიდხანს აღარც დავრჩენილვართ - მასპინძლებს დავემშვიდობეთ და ფეხით გავუყევით ყვითელი ფოთლებით სავსე ქუჩას. გზაში ბევრი ვიფიქრე და სწორედ მაშინ, როცა გადავწყვიტე, რომ ანაკომ ის ფოტო ვერ შეამჩნია, უცებ გამაჩერა, ხელი მომკიდა ძალიან ფრთხილად და ძალიან ფრთხილად მითხრა:

- არა უშავს, მა...

იყო გვიანი შემოდგომა და ციოდა, მაგრამ ჩვენ მაინც ფეხით მივუყვებოდით ქუჩას და არაფერი, არაფერი მინდოდა სიკვდილის გარდა.

ფოტომოთხრობა

დათო ტურაშვილი

0x01 graphic

ოლე

ეს მშვენიერი თურქი გოგონა ისტანბულში ცხოვრობს, მაგრამ ყოველ ზაფხულს, ივნისის ბოლოს, მშობლებთან ერთად, ართვინის მთებისაკენ მიემგზავრება, სადაც წელიწადში ერთხელ, თურქეთის ქართველები იკრიბებიან და ეს მშვენიერი თურქი გოგონაც, წარმოშობით ქართველია.

ისტანბულიდან ართვინამდე, ისევე შორია, როგორც საერთოდ გურჯისტანამდე, მაგრამ ართვინი ერთადერთი ადგილია, სადაც დღემდე იმართება ქართული კორიდა, რომელიც დანარჩენ საქართველოში, უბრალოდ დაიკარგა. საქართველოში, სამწუხაროდ, ბევრი რამ გაქრა, რაც იმ უძველეს იბერიულ ცივილიზაციასთან გვაკავშირებდა, რომელსაც ჩვენც ვეკუთვნით და აღარც კი გვახსოვს. ამიტომაც არ არის გასაკვირი რომ დანარჩენ მსოფლიოს (ჩვენსავით), კორიდა მხოლოდ ესპანური წარმოშობის ჰგონია და არ იცის რომ ოდესღაც, ესპანელთა მონათესავე, ესპანეთივით იბერიული წარმოშობის საქართველოში, ყველგან იმართებოდა კორიდა, როგორც ხარის კულტის სარიტუალო ფენომენი და სულაც არ არის შემთხვევითი რომ მეგრულად, მამაკაცის სასქესო ორგანოს, ოლე ჰქვია. პროტოქართული და პროტოესპანური, საერთო წინაპარი იბერიული ენისაგან, უამრავი საერთო სიტყვა დაგვრჩა ესპანელებსაც და ქართველებსაც და მეგრულის მცოდნე ქართველებს ალბათ ეღიმებათ ხოლმე, როცა ესპანელები ხმისჩახლეჩამდე ჰყვირიან კორიდაზე ამ ჯადოსნურ სიტყვას, რომელიც კორიდის გავლენით, ფეხბურთის ქომაგებმაც აიტაცეს და სწორედ ამ სიტყვით ამხნევებენ ისინი საყვარელ გუნდებს.

ხარის კულტი, ესპანეთშიც და საქართველოშიც, ნაყოფიერებისა და სიძლიერის ღვთაებას უკავშირდებოდა (როგორც სხვა იბერიული ცივილიზაციის ქვეყნებში) და ამიტომაც შემორჩა დღევანდელ მეგრულსა და თანამედროვე ესპანურში, ძველი იბერიული სიტყვა - ოლე...

თუმცა საქართველოში გაქრა თვითონ კორიდა, აგერ ახლახანს, თითქმის მეოცე საუკუნის დასაწყისში და ერთადერთი ადგილი, სადაც კორიდა, თავისი პირვანდელი სახით არსებობს, ართვინის მთებია. ართვინში, ორი ათასი მეტრის სიმაღლეზე, ყოველი წლის ივნისის ბოლოს, მთელს თურქეთში მიმოფანტული ქართული წარმოშობის ადამიანები იკრიბებიან, რადგან ეს ერთადერთი ფესტივალია, რომლის დამთავრებისას, ლაზები და გურჯები - უძველესი იბერიელები, უძველეს იბერიულ ფერხულს ცეკვავენ. მათ შორის ბევრმა აღარც იცის ძველი მშობლიური ენა და აღარც ის ახსოვთ, რომ არცთუ შორს ართვინიდან, დღემდე ამაყად შემორჩენილი არტანუჯის ციხე, ოდესღაც მათი ძველი სამშობლოს დედაქალაქი იყო...

7 სპეც-პროექტი მოსკოვი

▲ზევით დაბრუნება


ავტორი: სალომე კიკალეიშვილი
ფოტო: ნიკო ტარიელაშვილი

დილით ადრე, ტელეფონის ზარმა გამაღვიძა - „იცი, საათმა ერთი საათით წინ რომ გადაიწიაო?“ ვაიმე, ტროიცკი? ჩქარაა... და დაიწყო ის, რაც არასდროს დამავიწყდება. ახლა კი შემიძლია მეც ვთქვა - ცხოვრებაში მაგარი ექსტრემი მიმიღია-თქო, და ნამდვილად არ მოვიტყუები. რისიც მეშინოდა, ზუსტად ის მოხდა - ვაგვიანებთ, წაღმა-უკუღმა ვატრიალებთ რუკას და ჩემი ისტერიკაშერეული ხმა მოსკოვის ცირკთან ისმის - „აი, ვიცოდი რა! ვიცოდი, რომ ასე მოხდებოდა. დავაგვიანებთ და მერე?“. ღმერთო, და ეს ყინულზე სირბილი რაღა ყოფილა?! აბა, როცა აგვიანებ, რას იზამ? ფეხის წვერებზე, ნარნარად გაივლი? ერთადერთი, რაც უცებ მახსენდება საბრალო ლაიზაა „ბიძია თომას ქოხიდან“. ჩემო ძვირფასო ლაიზა, როგორ მესმის შენი...

„ახლა მთავარია, არ დავარდე“. „თუ დავვარდი, თავი უნდა შევიკავო, არ დავეხეთქო მოსკოვურ ყინულს“, „ხელები, ხელები? ხელები აქაა, თუ რამეა, მივაშველებ“. „ვაიმე, ეს სად ვართ? სწორად მივდივართ?“. თუნდაც, ქუჩაში გამვლელს ზედმეტად ზრდილობიანადაც ჰკითხე - გეთაყვა, ხომ ვერ მიმასწავლიდით, სად შეიძლება ესა და ეს ქუჩა, ან ესა და ეს

სახლი იყოს? არა, არც იფიქროთ, რომ პასუხად Туда-ზე და იმ მიმართულებით თავის გაქნევაზე მეტს ეღირსოთ, რასაც ეს Туда ნიშნავს. ჰა, ჰა, დაფიქრდნენ და... მაინც იგივეს გეტყვიან.

P.S. მივაგენით. დანიშნულ დროს უკვე კარზე ზარს ვრეკდით.

28. 03. 2005.

ძალიან დავიღალე და წერაც მეზარება. გავაკეთეთ „პრაპისკა“. ვიყავით „ფლეიბოის“ კაცთან; და კიდევ რა? მეტი დიდი არაფერი. ტაქსისტმა „დაგვაგოიმა“ და თან როგორ...

29. 03. 2005.

თითქმის დავყრუვდი. არა, ცოტა კიდევ რომ დავრჩე, მართლა დავყრუვდები - ეს რაც შეეხება ყურებს. სრულიად შემთხვევით გავიგე, რომ მოსკოვის მაღალი მოდის კვირეული იმართებოდა. ეტყობა „ფლეი ბოის“ კაცთან ისეთი ღრმა მწუხარების გამომხატველი სახით ვთქვი ეს, რომ... მოკლედ, ერთი დარეკა და ახლა მე, ჩემი ფოტოს კაცით, აქ ვარ. მაგარია! პირველად ავღმოჩნდი ასეთ hi fashion სიტუა ციაში, მაგარი მოდელებით, გიჟურად ხმამაღალი მუსიკით და მე რომ მიყვარს - ბევრ-ბევრი ლამაზი სამოსის, სამკაულების და თქვენ წარმოიდგინეთ, მანქანების გარემოცვაში. მოკლედ, ერთხელ მაინც უნდა ნახოთ. არნგოლდტის კოლექციაც საკმაოდ სადა, ელეგანტური და დახვეწილი აღმოჩნდა. მართლა კარგი იყო. არადა, აქამდე გაგებულიც კი არ მქონდა ეს სახელი. დარბაზიდან გამოსვლისას, პატარა, მაგრამ მაინც ერთი Толкучка მოვაწყვეთ. ისე, რა მართალი ყოფილა ჩემი ფოტოს კაცი, რომ ამბობდა, სიტყვა Толкучка რუსების გამოგონილიაო!

0x01 graphic

ისე კი, მერე უფრო „მაგარი“ იყო, როცა ამ Hi სიტუაციიდან ისეთში ავღმოჩნდით, რომ... ანუ მეტროში, რა. ვდგავართ მე და ფოტოს კაცი ბაქანთან. მოდის აბსოლუტურად გადაძეძგილი მატარებელი, კარებზე პლაკატებივით აკრული ხალხით. ჩვენ: „აუ, შემდეგს დაველოდოთ, რა!“ ეს ფრაზა დამთავრებული არ გვქონდა, რომ... რაღაც უხილავმა ძალამ, თითქოს ჰაერში აგვიტაცა და პირდაპირ გაღებულ კარებში ვიღაც ბიძიას დიდ ზურგს მიმახეთქა - მეც, ფოტოს კაციც და ჩვენს უკან ასე, 3-4 რიგად მდგარი ხალხიც. ფეხებს ვერ გრძნობ, ხელებს ვერ გრძნობ, თავს ვერ ატრიალებ... აქტუალური მარტო ყურებია და ხმა - სად ხარ?

- აქ.
- აქ, სად?
- აქ.
- როგორ გავალთ?

ამ კითხვას მეორე მხრიდან ვიღაცის სწრაფი რეაგირება მოსდევს:

- Вынесут!

Вынесли. ისევ ისე - თავს ვერ გრძნობ, ფეხს ვერ გრძნობ, თავს ვერ ატრიალებ. ასე „გავიფრინეთ“ (ფეხს რომ მიწას ვერ ახებ, მაგ სიარულს, აბა რა ჰქვია?) გრძელი დერეფანი და ესკალატორის დახმარებით მიწისქვეშეთსაც დავაღწიეთ თავი.

ღმერთო, რა კარგი ყოფილა ფეხები!

30. 03. 2005.

დღეს ფოტოს კაცი გაუთავებლად გუგუნებს: მეორედ არ ჩამოვალ ამ ქალაქში... როგორ ცივა... ეს რა არის... ის რა არის... ხედავ, ხედავ იმ ქალს?! ნახე, როგორ მოიმარჯვა იდაყვები, რიგში უნდა შევარდეს!

მეტეორივით ჩაგვიქროლა ელდარ რიაზანოვმა. მოსფილმში ვიყავით და - „არა, ბავშვებო, არ მცალია. ფილმის გადაღებას ვიწყებ და ერთადერთი აი, იქ თუ ვასწრებ შერბენასო“. იქ ვიხედები - საპირფარეშოა. „სხვა დროს, ძვირფასებო, სხვა დროს“...

სხვა დროს, სხვა დროს. როდის სხვა დროს?

მერე... მერე ფრანგებს აქვთ ასეთი გამოთქმა: Boulot, Metro, Dodo, ანუ სამუშაო, მეტრო, ძილი. მეც მახსენდება რა, კრასნოსელსკაიას გაჩერებაზე საფრანგეთი და French გამოთქმები! ყველგან ხომ ნამგალი და უროა. გაჩერებებს ისეთი სახელები ჰქვია, გგონია, ნებისმიერ მომენტში შეიძლება საყვირმა დაჰყვიროს და მოკლე, ლურჯ შორტებში გამოწყობილმა გაჯგიმულმა პიონერებმა ჩაგიარონ, თავისი პიონერ-ხელმძღვანლით. არა, არ ვაჭარბებ, თვითონ იმსჯელეთ: კრასნომოლსკაია, პიონერსკაია, ახალგაზრდული, ენთუზიასტების შოსე... ისე კი, ყველას - დიდსა თუ პატარას - მუდამ წიგნი უჭირავს. ძირითადად, „იპოვე თავი შენი“, „მე და იოგა“. მაგრამ პირველ ადგილზე მაინც ბორის აკუნინია.

31. 03. 2005.

ხომ ვიცოდი, ისევ ვაგვიანებთ ინტერვიუზე. უკვე ძაანაც დავიღალე ამ გადარბენებით და ვიცი, რომ აღარასოდეს, საქმისთვის აღარასოდეს არ ჩამოვალ მოსკოვში. ამ ქალაქში რიტმია ისეთი აჩქარებული, კინოკომედიებში რომ გინახავს: დილით დგები, გარბიხარ, მორბიხარ, შერბიხარ, გამორბიხარ, მირბიხარ სახლში და წვები.

ოო, ახლა რა კარგი იყო დღეს ტაქსში! ეტყობა მე და ჩემმა ფოტოს კაცმა ავაშენეთ ნახევარი მოსკოველი ტაქსისტები - „აქა და აქ მიმიყვანთ, ძალიან მეჩქარება, 20 წუთში მაინც, უკვე იქ უნდა ვიყო. რამდენი?“ - „ნუ, 300 რუბლი.“ კარგი. ჯდები. და მინუს 20-ით სიარულის მიუხედავად, იქ ზუსტად ხუთ წუთში ხარ. გზაში კი რუსულ „შლაგერებს“ უსმენ. რაღაც სიმღერა იყო, როგორ მიცურავდნენ ის და გოგო ნავით, მერე დაკარგეს ნიჩაბი, და აფრაც სადღაც გაქრა. ბიჭმა კი შარვალი გაიხადა და ჩამოჰკიდა ნავში და... და. არა, გენიალური სიმღერები არც ჩვენ გვაკლია. ამაში კარგად ვუგებთ ერთმანეთს.

ბედნიერება იყო, საღამოს ტიტოს რომ შევხვდით და კაფე „გოგოლში“ წავედით. ცოტა დავლიეთ. აბსოლუტური ყინვიდან ითბოში შესულს, კარგა ხანი მტკიოდა ცხვირი. მაგრამ „მოხიტომ“ დამავიწყა ცხვირიც, სოროკინიც (რომელიც ვერა და ვერ დავიჭირე) და ისიც, რომ სახლში შეიძლება რედაქციიდან დაერეკათ. ერთხელ მაინც ხომ უნდა აიშვა? თუნდაც სამსახურეობრივ მივლინებაში იყო!

1. 04. 2005

რაღაც სიმპათიურ კლუბში ვიყავით. „ჩინელი მფრინავი“ - ასე ითარგმნება ქართულად. მომღერალი ნილდო ფერნანდესი ედიტ პიაფის რეპერტუარს ასრულებდა და მთელი დარბაზი, ჩემი ჩათვლით, მელანქოლიურად ვაქნევდით თავებს აქეთ-იქით.

2. 04. 2005

დღეს ცოტა დრო რომ მოვიხელთე, ექიმთან გავვარდი, თვალების გასასინჯად. იქ რაღაც მირტყეს ზურგში - Женщина, отойдите. გეგონება, მარტო სიტყვით რომ შემოფარგლულიყო, ვერ გავიგებდი!

მერე ექიმმა მითხრა, პრინციპში შეიძლება ერთ დღესაც დაბრმავდეო, და ოპერაციას თუ გაიკეთებ, კარგი იქნებაო. წამში ამიხსნა, რომ უნდა ვიპოვო სპონსორი; რომ ფულს ორად გავიყოფთ და ფურცელზე რაიმე სხვას გააფორმებს. ერთბაშად იმდენი ინფორმაცია მივიღე, რომ გარეთ გამოსულმა, ფოტოს კაცის კითხვას - რაო? - რა ვიცი, ფული უნდა გავიყოთ-მეთქი, ვუპასუხე. ისე, ეს კაცი ცალკე მაგიჟებს. იცი, როგორ ვხვდები როდის სად არის? რაღაც იდიოტური თამაში აქვს ტელეფონში ჩაწერილი - კაცი წინ და უკან დარბის და ბომბებს დებს, აფეთქებს, ისევ დებს, ისევ აფეთქებს... ამ დროს მასთან ერთად იგივე ტემპში „ბოროტებიც“ დარბიან და ისინიც ასევე დებენ ბომბებს და აფეთქებენ, დებენ და აფეთქებენ! თან, ბოლო ხმაზე თამაშობს! რატომ?

- სალომე, თამაშია ასეთი!

ჰოდა, საიდანაც მესმის ხოლმე აფეთქების ხმა, იქ არის.

P.S. დღეს ლარისა გუზეევას შევხვდით.

3. 04. 2005.

ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ასე მესიამოვნებოდა ლელა წურწუმიას ხმა! თვითმფრინავში ფეხს დადგამ თუ არა, მაშინვე ბოლო ხმაზე რომ გესმის. მერე რა, რომ წინ ბავშვი ტირის, უკანაც ბავშვი ტირის, ვიღაც შეწუხებული კაცი კი გაჰკივის - სხვა ადგილი მინდა, ფანჯარასთან არაოოოო!

მერე რა?!

- სახლში მივდივარ-მეთქი და რაღაც კარგად ვიგრძენი თავი. იქ ხომ მე და ჩემს ფოტოს კაცს პატარა ანა გველოდება. დიდი ასაწყობი სახლი ვუყიდეთ. ერთი სული მაქვს, როდის ჩავუტან.

8 ვლადიმირ სოროკინი

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

დავიბადე შეგრძნებით, რომ ჩემსა და სამყაროს შორის დიდი სიცარიელეა. ბავშვობაში მქონდა პერიოდი, როცა საშინლად მებმოდა ენა და თითქმის არ შემეძლო ლაპარაკი. სრულ იზოლაციაში აღმოვჩნდი. ეს დისტანცია ჩემსა და სამყაროს შორის სამუდამო იქნებოდა. ამ სიცარიელის ამოვსებაში ლიტერატურა მეხმარება. წერა - ეს ხომ თერაპიაა, რომლის გარეშე ვერ წარმომიდგენია, რა უნდა მექნა“.

ვლადიმირ სოროკინი

მოსკოვი ხმაურიანი, არაადამიანური ცხოვრების ტემპით „დამძიმებული“ დიდი ქალაქია. ვიცი, რომ ამით ფრიად საინტერესო არც არაფერი მითქვამს, მაგრამ მაინც. ეს მოსკოვის ჩემეული აღქმაა და მეტი არაფერი.

პირველი შთაბეჭდილება არც ისე სასიამოვნო იყო. არა, მოსკოვის კი არა, მისი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და სკანდალური მწერლის, ვლადიმირ სოროკინის. შეიძლება ჩემი ბრალიცაა, მისი პროზის გასაცნობად ხომ მაინცდამაინც რომანი „ოთხთა გულები“ ავირჩიე; თუმცა მერე თვითონვე მითხრა: „ეგ ხომ მთელ ჩემს ქმნილებებში ყველაზე უფრო სასტიკი და დაუნდობელი რომანიაო“. ეს ის შემთხვევაა, როცა წაიკითხავ ერთ ფურცელს და დაბნეული სახით დახურვა გინდება. ხურავ კიდეც. აკეთებ პაუზას. მერე ისევ შლი წიგნს და აგრძელებ. ისევ ხურავ. აღარ იცი, გინდა თუ არა გაგრძელება. მსგავსი სისასტიკე და ძალადობა, მგონი, ეკრანზეც კი არ მინახავს; ან, უბრალოდ, ეკრანისას შევეჩვიე. წიგნში კი...

სადღაც იმასაც კი მოვკარი ყური, ვიღაცა მარკიზ დე სადს რომ ადარებდა; რუსული პორნოგრაფიის „მამა“ რომ უწოდეს; მის წინააღმდეგ უამრავი სასამართლო პროცესი რომ დაიწყო; მერე კი, დიდი თეატრის წინ, მთელი მისი ლიტერატურა ერთ დიდ მთასავით რომ დაყარეს და ხმამაღალი, აგრესიული შეძახილებით, დაუნდობლად მისცეს ცეცხლს. ხოლო როცა მოსკოვის დიდი თეატრისთვის ლიბრეტოს დაწერა შესთავაზეს, განრისხებულმა ოპოზიციურმა დაჯგუფებამ Идущие Вместе არაერთხელ ატეხა განგაში. „ჩვენ ისეთი მაგრები ვართ, რომ თეატრში ბომბი შევიტანეთ და აბა თუ ვაჟკაცები ხართ, მიდით, გაბედეთ შესვლაო!“; პარალელურად კი, დიდი რუსეთის „დუმა“ თეატრში სოროკინის შეშვება-არშეშვებაზე, ლიბრეტოს ავტორობის უფლების ჩამორთმევა-მიცემაზე მსჯელობდა. თუმცა... შევიდნენ, დადგეს ოპერა „როზენტალის შვილები“ და პრემიერა ისეთი წარმატებული აღმოჩნდა, რომ ის საუკუნის ყველაზე გახმაურებულ და ტრიუმფალურ წარმოდგენად შერაცხეს. მაგრამ ამაზე მოგვიანებით, მანამდე კი:

ალო? გამარჯობა, ეს ისევ მე ვარ

„მე არ ვარ მწერალი, რადგან, რუსული ტრადიციით, მწერალი - მასწავლებელი, წინასწარმეტყველი და დისიდენტია. ვიმეორებ - არ ვარ მწერალი, რადგან არ ვარ მასწავლებელი. ვინაიდან და რადგანაც ვთვლი, რომ ლიტერატურა არაფერს ასწავლის.“

ვ.ს.

ვლადიმირ სოროკინი

- დაიბადა 1955 წლის 7 აგვისტოს;

- სწავლობდა მოსკოვის ნავთობისა და გაზის ინსტიტუტში, ინჟინერია-მექანიკის ფაკულტეტზე;

- 1985 წელს პარიზში, გამომცემლობა „სინტაქსისში“ აქვეყნებს თავის პირველ რომანს „რიგი“; ამას მოჰყვება რომანები „ნორმა“, „ოთხთა გულები“, „რომანი“, „ცისფერი სალო“, „ყინული“...

- არის მრავალი მოთხრობის ავტორი;

- დაწერილი აქვს 10-მდე პიესა;

- კინოსცენარები ფილმებისთვის:

„მოსკოვი“ (რეჟ: ა. ზელდოვიჩი);
Cashfi re (რეჟ: ა. ზელდოვიჩი);
Копейка (რეჟ: ი. დიხოვიჩნი);
„ნივთი“ (რეჟ: ი. დიხოვიჩნი);
„4“ (რეჟ: ი. ხრჟანოვსკი);

- დიდი თეატრისთვის, ლ. დესიატნიკოვის მუსიკაზე დაწერა ლიბრეტო „როზენტალის შვილები“;

მისი წიგნები თარგმნილია: ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ, ჰოლანდიურ, ფინურ, შვედურ, იტალიურ, პოლონურ, იაპონურ და კორეულ ენებზე;

ჰყავს მეუღლე, ტყუპი ქალიშვილები და ძაღლი - სავა.

მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი საქმიანობისთვის აბსოლუტურად შეუფერებელ ფაკულტეტზე სწავლობდა, ამას სრულებითაც არ თვლის დიდ დანაკლისად. შეეძლო ესწავლა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ლიტერატურის, ანდა ფილოლოგიის ფაკულტეტზე; სინამდვილეში კი, ნავთობის და გაზის ინსტიტუტში ინჟინერ-მექანიკოსის ხელო(ვნე)ბას ეუფლებოდა:

„არცერთი წელი არ მიმუშავია ჩემი სპეციალობით. ხომ იცით, მაშინ რა დრო იყო? შენს მაგივრად ყველაფერს სახელმწიფო წყვეტდა. მართალი გითხრათ, იმ ფაკულტეტზე ჩემი ჩაბარების ძირითადი მიზეზი ის იყო, რომ მთავრობას ჯარში არ გავეწვიე. მაგრამ, გულახდილად გეუბნები, ვთვლი, რომ იქ მიღებული გამოცდილება იმაზე მეტად დამეხმარა, ვიდრე ამის წარმოდგენას შეძლებ: გეომეტრია, მანქანის კონსტრუქცია - ძალინ დამეხმარა. მწერალი, თავისი არსით, ხომ სწორედ კონსტრუქტორი, მშენებელია“.

მშენებლობის პროცესი ყველასთან სხვადასხვაა. ვლადიმირთან კი:

„მე, პირველ რიგში, ჩემთვის ვწერ! და მერე უკვე მკითხველისთვის. ამ პროცესის რაიმესთან შედარება შეუძლებელია. ეს შემოქმედების თავისებური მეთოდია, გადაძახილია ღმერთთან! აბა, შენც ხომ ახალ, საკუთარ სამყაროს ჰქმნი!

იმ მომენტში უკაცრიელ კუნძულზე ხარ, ოღონდ არა როგორც მწერალი, არამედ როგორც არქიტექტორი და რაღაცას აშენებ: მღვიმეებს, ხომალდებს... ნოეს კიდობანს. მერე კი უშვებ შენს ქმნილებას წყალში და ის ნელ-ნელა გშორდება. ახლა უკვე სხვა სიცოცხლით, შენგან დამოუკიდებლად უნდა იცხოვროს. მეც ვემშვიდობები. მალე მიაღწევს ნაპირს - მკითხველს. აქ ჩემთვის მთავარია, რომ ის მიცურდეს და გზად არ ჩაიძიროს. როგორ მიიღებს მას ნაპირი... ეს მეორეხარისხოვანია.“

მისი ნაწარმოებები ყოველთვის აღწევენ ნაპირს, თუმცა ახალი ხომალდის, ახალი სამყაროს აღქმა და შეცნობა საკმაოდ განსხვავებული, ზოგჯერ კი ზედმეტად რადიკალურია:

„ამ რეაქციას დიდი მნიშვნელობა არა აქვს; ანუ მე მასზე არ ვარ დამოკიდებული. მნიშვნელოვანია ჭკვიანი, გულახდილი ადამიანის აზრი და არა კრიტიკოსის, ცნობილი ფილოლოგისა, რომელსაც ბევრი წიგნი აქვს წაკითხული და ჩემს შემეცნებას იმ წაკითხულის მიღმა ცდილობს. უფრო ძვირფასია ფართოდ თვალებგახელილი, აღქმის უნარის მქონე ხალხის აზრი, ვიდრე იმათი.... და ის, თუ რა პროფესიის და განათლების იქნება ეს ადამიანი, ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს“.

მაგრამ მაინც, არსებობს ისეთი მკითხველი რომლის აზრს, რომლის დასმულ ერთ შეკითხვასაც კი, მისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს შვილებია. მათ ხომ თითქმის ყველაფერი წაკითხული აქვთ, თუმცა... - „ყველაფერს ისე უყურებენ, როგორც „მამიკოს სამუშაოს“.

„დღეს მას-კულტურით ვარ დაინტერესებული, რადგან სწორედ ამაშია დღევანდელი ცხოვრების გასაღები. არ მაინტერესებს და ამიტომ არ დავდივარ ლიტერატურულ კაფეებში. პირიქით, მომწონს ადგილები, სადაც მეძავები, ბანდიტები, ნარკოტიკებით მოვაჭრეები და კინოს ხალხი იკრიბებიან.“

ვ.ს.

კინო. ყველაზე დიდი გავლენა სწორედ კინომ, სახვითმა ხელოვნებამ და მუსიკამ იქონია. გაგიკვირდათ, რომელიმე რუსი ან ევროპელი მწერალი რომ არ დაასახელა? არა? ესე იგი, იცნობთ.

„მუსიკა - ეს ისეთი რამაა, რასაც შუამავალი არ სჭირდება. მართალია, ის რაღაც ინსტრუმენტზე სრულდება, მაგრამ მას, სრულიად დამოუკიდებლად, თავშიც შეუძლია იარსებოს. ბავშვობიდან ვიცოდი, რომ მხატვარი უნდა გამოვსულიყავი. ბევრს ვხატავდი, ინსტიტუტშიც კი. შემდეგ რაღაც პერიოდი მხატვარ-გრაფიკოსი, წიგნების გამფორმებელიც ვიყავი.

70-იანი წლების შუა პერიოდში შემთხვევით მოსკოვურ „ანდერგრაუნდში“ აღმოვჩნდი. აქ იყვნენ მხატვრები - კაბაკოვი, ბულტოვი და სხვა უამრავი საინტერესო ადამიანი. იქ, გარეთ არსებობდა საბჭოთა კავშირი, საბჭოთა ლიტერატურა, საბჭოთა მხატვრობა. მაგრამ იყო რაღაც პარალელურიც, რაც არ იბეჭდებოდა, არ ქვეყნდებოდა... ეს პარალელური სამყარო იყო, რომელიც თავისთვის ფეთქავდა. ეს იყო თავისუფლების ერთადერთი კუნძული, რომლის შინაგანად ემიგრირებულ ხალხთან ვისწავლე - თავისუფლება. აქ დავწერე პირველი მოთხრობა, რომელიც, ჩემდა გასაკვირად, ყველას მოეწონა. 1979 წელს, ამ ხალხისგან მივიღე დალოცვა.“

„მივხვდი, რომ ადამიანი - ეს ახაგაზრდა, კოსმიური არსებაა, აბსოლუტური გონების ძალისხმევით შექმნილი. ის მუდმივად ვითარდება და იცვლება. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ინტელექტუალებთან სულ სხვა შეხედულებაა მოდაში: თურმე, ნუ იტყვი, და ადამიანი, ჯერ კიდევ ეგვიპტური ხანიდან მოყოლებული, უცვლელი რჩება, მთელი თავისი ისტორიის მანძილზე.“

ვ.ს.

ოჯახში ძალიან უყვარდათ კითხვა. ამიტომ ბევრი წიგნი და საკმაოდ სოლიდური ბიბლიოთეკა ჰქონდათ. მამა - რუსული, ხოლო დედა - დასავლეთ ევროპული კლასიკური ლიტერატურის მოტრფიალე იყო. ვლადიმირის პირველი შეხება მხატვრულ ლიტერატურასთან კი ტურგენევის „მონადირის მოთხრობებს“ უკავშირდება.

„საერთოდ, ბაბუაჩემი, ისევე როგორც ჩვენი გვარის მამაკაცები, მეტყევე იყო. ალბათ ამიტომაც, საყვარელი წიგნი სწორედ ეს იყო. სკოლაში კი... - არა, შეიძლება თქვენც გაგიკეთებიათ ასეთი რამ, ან შეიძლება არა, არ ვიცი, - მაგრამ ერთი დიდი გასართობი გვქონდა: ერთმანეთთან ეროტიული მოთხრობების მიმოწერა. ეს მაშინ ძალიან პოპულარული იყო და, 14 წლის ასაკში, ეს კარგად მახსოვს - დავწერე ჩემი პირველი ეროტიული ისტორია. მოთხრობა ისეთი კარგი გამომივიდა, და, რაც მთავარია, ისე სწრაფად დავწერე, რომ შემრცხვა მეთქვა, ჩემი გამოგონილია-მეთქი და მოვიტყუე, სადღაც ამოვქექე და ინგლისურიდან ვთარგმნე-მეთქი.

მერე კი, როცა გავიზარდე და წერამ სერიოზულად გამიტაცა, მივხვდი, იმ პატარა ნამუშევარში უკვე იგრძნობოდა ჩემი ლიტერატურული ტექნიკა. მერე კი, მისი აღორძინების ხანა დაიწყო.

ჰო, სხვათა შორის, ჩემი დიდი ბაბუის ცოლი ქართველი იყო, იცოდით? ძარღვებში ყოველთვის ვგრძობდი ქართული სისხლის წვეთს. სულ მცირეს, მაგრამ მაინც. ქართული გულთბილობით, სტუმართმოყვარეობით... და რაც მთავარია, ქართულ საჭმელსაც ხშირად ვაკეთებ: საცივს, ლობიოს, მწვადს!

„ერთხელ, მართლაც დავფიქრდი იმაზე, რომ თითქმის ყველა ჩემი ნაწარმოები ძალადობაზეა. რა არის ეს, და როგორ უნდა ვიცხოვროთ ამასთან ერთად? ბავშვობაში, ყოველგვარი ძალადობის გამოვლენას რაღაც აუტანლად, ძალზედ მგრძნობიარედ განვიცდიდი; ეს იყო რაღაც, ამოუცნობი ენერგია, რომლისაც არ მესმოდა, ისევე როგორც ხალხის, რომელთაც ეს ახასიათებდა“.

ვ.ს.

ის არასდროს მეორდება; არცერთი წიგნი არ ჰგავს ერთმანეთს; ვერც ვერსად იპოვით კითხვაზე პასუხს; უბრალოდ, პასუხი არც არსებობს!

„თუნდაც, მაგალითისთვის რომ ავიღოთ, „ოთხთა გულები“; აქ შევეცადე გამეგო, რა არის ძალადობა?! და რატომ არ ძალუძთ ადამიანებს, გვერდი აუარონ მას?! ეს ჩემთვის საკმაოდ მტანჯველი კითხვაა. ვცდილობ, დავსვა ეს კითხვა და პასუხი... მე მას არ ვიძლევი;

ყოველი წიგნი - ეს ახალი მოგზაურობაა ახალ, უცხო ქვეყანაში, უცხო ადამიანებთან. არიან მწერლები, რომლებიც სულ ერთ ლიტერატურულ სამყაროში ცხოვრობენ და ამით კმაყოფილებიც არიან. ასე არ შემიძლია...“.

„ყველაზე მაგარი სოროკინთან არის ის, რომ მისთვის არ არსებობს „არა. არ შეიძლება. ეს მიუღებელია“.

ერთგული მკითხველის ჩანაწერიდან

„ერთადერთი, რაზეც ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ არასდროს დავწერ, უფრო სწორად, რისთვისაც არასდროს დავწერ - ფულია. შეიძლება ის არ მქონდეს, რაც ხშირად ხდება, მაგრამ არასდროს დავწერ დაკვეთით. სხვა საქმეს მოვძებნი და იმით გავაკეთებ ფულს, მაგრამ არა ლიტერატურით. ეს ჩემთან ტაბუა.“

ამბავი დაობლებული გენიოსებისა ანუ „როზენტალის შვილები“

- მთავარი მოქმედი პირნი:
- პროფესორი როზენტალი.
- მოცარტი.
- ჩაიკოვსკი.
- ვაგნერი.
- ვერდი.
- მუსორგსკი.
- მეძავი ტანია.
- მეძავი ტანიას სუტენიორი და ა.შ.

დამეთანხმებით, საკმაოდ სკანდალური რეპუტაციის მქონე ლიტერატორისთვის, ვლადიმირ სოროკინისთვის და მისი ფრიად საინტერესო მოქმედ პირთა სიის ამოკითხვის შემდეგ, რუსეთის მთავრობა არა თუ დაფიქრდა, არამედ ერთი კარგად შეაჟრჟოლა, სიცხემაც აუწია და მაშინ, როცა ტანში მტვრევაც იგრძნო, ისევ და ისევ ზემოხსენებული დაჯგუფება Идущие вместе მიუსია (ალბათ რამდენი იფიქრეს ამ გენიალურ სახელზე?!).

არადა, ეს არის ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ შექმნის პროფესორი როზენტალი მოცარტის, ჩაიკოვსკის, ვაგნერის, ვერდის და მუსორგსკის კლონებს. მაგრამ „მამის“ გარდაცვალების შემდეგ, დაობლებული გენიოსები იძულებული ხდებიან, გარეთ გამოვიდნენ (რადგან ელცინი - ერთ-ერთი მოქმედი პერსონაჟი - დაფინანსებას შეუწყვეტს) და მეტროს სადგურებში დაუკრან - აი, ასე დამპლურად თავდება რუსეთში ყველაფერი. თუ გინდა, ვიღაც ვანია და თუ გინდა, მთლად მოცარტი იყავიო. (სხვათა შორის, ამ უკანასკნელის შეყვარებულს, მეძავ ტანიას ბოროტი სუტენიორი საწამლავით გამოასალმებს სიცოცხლეს; მოცარტი კი მარტო იმიტომ გადარჩება, რომ მის ორგანიზმს სალიერის დროს იმუნიტეტი გამოუმუშავებია). ესეც ასე. ცხოვრება ისეთი, როგორიც ის არის.

„სულელმა ადამიანებმა მიიღონ ისე, როგორც უნდათ. არავინაა წინააღმდეგი.

საოცრად დახვეწილი და ნატიფი საქმეა ოპერა. მასზე მუშაობა ძალიან დელიკატური, რთული და სასიამოვნო საქმეა. ოპერის დადგმა, მშვენიერ კომპოზიტორ დესიატნიკოვთან ერთად მუშაობა - ეს უკვე დიდი წარმატებაა. როზენტალის შვილები კი იცოცხლებენ, გაიზრდებიან და ნამდვილ საოპერო გმირებად იქცევიან!

ჩვენ შევძელით იმის დამტკიცება, რომ თანამედროვე ოპერა - ცოცხალია!“

* * * *

- თბილისში როგორი ამინდია?

- არის რა, დათბა. +20გრადუსი იქნება.

- ჰო, აქაც თბება. გუშინ ისრაელიდან ჩამოვედი. იქ ხომ პაპანაქებაა, +30?!

პაუზა.

- გმადლობთ საინტერესო საუბრისთვის; სამწუხაროა, რომ დროში შეზღუდულები ვიყავით.

- აპირებთ კიდევ მოსკოვში ჩამოსვლას? აქ როგორ ვერ შეგხვდით...

- რა ვიცი, ვნახოთ.

- თუ ჩამოხვალთ, დამირეკეთ, გავისეირნოთ, ყავა დავლიოთ.

- აუცილებლად. გმადლობთ კიდევ ერთხელ.

- არაფრის.

- ნახვამდის.

- ნახვამდის.

9 უკაცრავად, თქვენ ფლეიბოი ხართ?

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

იცით თუ არა რომ:

1. პირველი „ფლეიბოი“ ჰიუ ჰეფნერმა 1953 გამოსცა ამერიკაში;

2. 50 წლის შემდეგ, ის ისევ მამაკაცთა ჟურნალების ერთ-ერთ საუკეთესო გამოცემლად ითვლება;

3. დღეს, ბევრი „ფლეიბოი“-ს საოჯახო ჟურნალსაც ეძახის;

4. რუსეთში, მისი მკითხველის 30%25 მანდილოსნებია;

5. გამოდის 18 ქვეყანაში;

6. თუ აქტიური მკითხველი არ ხართ, იცოდეთ, რომ შიშველი ქალების გარდა, აქ ბევრ საინტერესოსაც აღმოაჩენს კაცი.

ქალიც. საჭირბოროტო საკითხებზე გამართულ ფორუმებს, კულინარიულ რეცეპტებს, მაფიოზურ ამბებს, ათას ჭორს და ექსკლუზიურ, სერიოზულ ინტერვიუებს.

რა დამავიწყებს იმას, როცა 8-9 წლის ასაკში ბაბუის ძმამ უცხოეთიდან ყველაზე მაგარი საყურეები ჩამომიტანა?! მართალია ყურები ჯერ გახვრეტილი არ მქონდა, მაგრამ ერთგულად ვინახავდი ძვირფასეულობების ზარდახშაში (როგორც მე ვეძახდი, და სადაც ძვირფასეულობად სპილენძის მონჯღრეული და უფრო ხშირად გაწყვეტილი სამკაული ეყარა). მანამ, სანამ არ დადგა ის განსაკუთრებული დღე, როცა დიდი ხნის ხვეწნა-მუდარის და - „აი, ქეთის დედამ ხომ გაახვრეტინა ყურებიიიიიი“; „იმ ახალ სკოლაში ყველას საყურეები ეკეთაააა“-ს მერე, ჩემი ყურების ჯერიც დადგა. დეტალებზე აღარ დავწვრილმანდები და მთავარიდან - თხრობას ამ ჩემი ყველაზე მაგარი საყურიდან გავაგრძელებ. მოკლედ, ჩამოვიკიდე ეს „მაგრობები“ და მეგობრებთან, ეზოში ამაყად გავედი. აღარც მახსოვს, ალბათ წრეში ბურთის სათამაშოდ. ჩემი კონწიალა ვირისთავიანი გამოსახულების საყურე, ყველას მაშინვე მოხვდა თვალში.

- ეს რა გიკეთია? - მეკითხება ჩემზე ოთხი წლით უფროსი ეზოელი.

- რა და ჩემი ვირები - ვპასუხობ ჩემივე სიტყვების სიმართლეში და იმაში ღრმად დარწმუნებული, რომ ბაბუა ზურაბმა მართლა „მაგრობები“ მიყიდა.

- ეგ ვირი კი არა, კურდღლის თავია!

- ნუ, იყოს კურდღლის თავი, რა მნიშვნელობა აქვს?

- რა და, არ იცი, რომ ეგ უზრდელობაა?

შეურაცხყოფილი მაშინვე ავვარდი სახლში და დედას უბედური თვალებით მივაშტერდი:

- დე! რა არის ეს?

დედას პასუხი აღარ მახსოვს. ეტყობა იმიტომ რომ არც ისე დამაკმაყოფილა. უბრალოდ მახსოვს რომ მოვიშორე და ისევ იქ, სადაც „განისვენებდნენ სალომეს ძვირფასეულობები“ უკან ჩავყარე. მერე გავიგე: ეს „ფლეი ბოის“ სიმბოლო -კურდღლის თავებიანი საყურეები ყოფილა. ნუ, უზრდელობა იყო აბა რა!

ახლა კი, ალბათ ცოტა დაიბენით, რადგან ვერ გაიგეთ, თუ რა შუაშია სალომეს ბავშვობის ერთ-ერთი სევდიანი ფურცელი და რაღაც საყურეები „ცხელი შოკოლადის“ სტატიასთან. კავშირშია და თანაც როგორ პირდაპირში, რომ ვერ წარმოიდგენთ. ეს ჩემი ისტორია მაშინვე გამახსენდა და მივხვდი, რომ აუცილებლად უნდა მომეთხრო, როგორც კი გაირკვა, რომ მაქსიმ მასლაკოვთან შეხვედრა გამოდიოდა. მაქსიმი უკვე 6 წელია, რაც (ისევე ერთგულად, როგორც მე ჩემს საყურეებს ვინახავდი) რუსული „ფლეიბოის“ მთავარი რედაქტორია.

დავიწყებ იმით, რომ თქვენ ცდებით! დიახ, ცდებით! თუ ჩემნაირად წარმოგიდგენიათ „ფლეიბოი“-ს რედაქცია. როცა შედიხარ, არც მაღალ ქუსლებზე შემდგარი კურდღლის ყურებიანი და არც ვარდისფერ, ფუმფულა კოსტიუმში გამოწყობილი „უზრდელი“ სექსი-ქალები გხვდებიან. არა. რედაქცია, როგორც ნებისმიერი სხვა ჟურნალ-გაზეთის რედაქცია, ბევრი მაგიდით და კომპიუტერით, ბევრი თანამშრომლით... და შუშის კედელზე მიმაგრებული პატარა აბრით - „ფლეიბოი“.

ისე, არც მისი რედაქტორია - „არა, არა თქვენ ცდებით“- ისგან გამონაკლისი. მაქსიმი 36 წლის, სიმპათიური, ცისფერთვალება, საკმაოდ მორიდებული მამაკაცია, არანაკლებ სიმპათიური პატარა, ოქროს რგოლის საყურით. ყველაფერზე თავმდაბლად და გულახდილად საუბრობს, სადაც არც ქალებთან ჩადენილი გიჟური ისტორიებია და არც არანაირი იმიჯ P.R-ი. თავისუფალი დროის არქონას უჩივის (ისიც ძაან თუ ჩააცივდები, თორემ ეტყობა, წუწუნი არ უყვარს); მაგრამ აი, თუ დრო იხელთა, ბევრს მოგზაურობს, რაც რეალობისგან სრული მოწყვეტის და განტვირთვის №1 საშუალებაა; ახლახანს ლონდონიდან დაბრუნდა, სადაც 1 (ხაზი მინდა გავუსვა) მეგობარ გოგონასთან ერთად იყო, და... და დანარჩენს თვითონ გიამბობთ:

ა) პირველი კონტაქტი „ფლეიბოისთან“.

- ეს დიდი ხნის წინ მოხდა. 30 წლის წინ, როცა ექვსი წლის ვიყავი და მშობლებთან ერთად რამდენიმე წელი ნიგერიაში ვცხოვრობდი. მამაჩემი იქ მუშაობდა. ის ამ ჟურნალის აქტიური მკითხველი იყო და ერთხელაც მე ჩამივარდა ხელში.

- ადრე არ იყო?

- არა, რას ამბობთ, ზუსტად რომ შესაფერისი ასაკია. ბუნდოვნად მახსოვს, მაგრამ არ დამავიწყდება პირველი შთაბეჭდილება... ბევრი მანქანა და ბევრი შიშველი, ლამაზი გოგონა...

0x01 graphic

- წარმოიდგენდით, რომ ოდესმე სწორედ ამ ჟურნალის მთავარი რედაქტორი გახდებოდით?

- ნუ, ადამიანებს, საერთოდ, იშვიათად თუ შეუძლიათ წარმოიდგინონ, რა იქნება მომავალში. მე, ყოველ შემთხვევაში, არაფერს არ ვგეგმავდი. მოხდა ისე, რომ რედაქციაში მიმიწვიეს სამუშაოდ, სადაც საკუთარი ხედვით, საკუთარი კონცეფციით მივედი. თითქმის თვეები მსჯელობდნენ. ბოლოს სცადეს, მიმიშვეს და აი, მგონი, გაამართლა. ერთი საქმეა, რომ ამ ჟურნალს დიდი სახელი აქვს, და სულ სხვაა გაამართლო ეს მოხვეჭილი პოპულარობა. 10 წელი რუსეთის ბაზარზე, ცოტა არაა. ასეთი სტაჟით, მგონი, არც ერთი ჟურნალი... არა, „კოსმოპოლიტენია“, ჰო, ჰო, „კოსმოპოლიტენია“.

ნიგერიაში გატარებული წლები და მაშინდელ საბჭოთა სივრცეში დისიდენტურად შერაცხულ ჟურნალთან ზიარება ძალზედ შთამბეჭდავი იყო. თუმცა „მიუხედავად იმისა, რომ ძალიან პატარა ვიყავი, საბჭოთა აზროვნება ჩემში ღრმად იყო გამჯდარი. ნახატებზე, ძირითადად, პალმებს, პაპუასებს და წინა ფონზე ბევრ ტანკს და თოფებს ვხატავდი. ამ ყველაფერს კი ბებიას ვუგზავნიდი რუსეთში, რომელიც, მგონი, დღესაც ინახავს.“ მაშინ ნორმალურად არც კი იცოდა ინგლისური, და დღემდე ვერ გაუგია, რა ენაზე ესაუბრებოდა იქაურ ბავშვებს.

ბ) წარმატების ფორმულა.

„ჩვენი ჟურნალი განსხვავდება სხვა, მამაკაცთა ჟურნალებისგან თუნდაც იმით, რომ აქ ყოველივე კულტურულ ასპექტშია წარმოდგენილი: საინტერესო ინტერვიუებით, მხა ტვრული გადაღებებით... და არა „ათი რჩევა, თუ როგორ დავიპყროთ მანდილოსანი“. პირველ რიგში, „ფლეიბოი“ - ეს არის ხარისხი და აქტუალურობა! ის ყოველთვის თანამედროვე, ქალაქელი მამაკაცისთვის იყო განსაზღვრული. არამარტო ჟურნალი შიშველი ნაშებით, არამედ, პირველ რიგში, ეს არის ჟურნალი, რომელიც გკარნახობს სტილს. თუ ადრე ამ ჟურნალის ადგილი ლეიბის ქვეშ იყო და საზღვარზე მისი გადმოტანის უფლება არ გქონდა, დღეს უკვე სამაგიდო ჟურნალი გახდა და ძალიან ბევრ ოჯახში, ჩვეულებრივ, სხვა პრესასთან ერთად დევს. არადა, როცა ვიწყებდით, ბევრი გვემუქრებოდა - ეს რა უზრდელები და გათახსირებულები ხართო და... კიდევ რა მოთვლის. ეს ყველაფერი საბჭოთა სისტემის გადმონაშთი და ჩვენი გახრწნილი მორალის ბრალი იყო. აქ დიდი მნიშვნელობა აქვს ყოველივეს სწორ დაბალანსებას, რადგან არასდროს უნდა დაივიწყო სტილი და გემოვნება. არ აქვს მნიშვნელობა, ეს ფოტოა თუ ტექსტი. არსად არ უნდა გაიპაროს უხამსობა.

მიუხედავად იმისა, რომ უკვე ამდენი წელია ჟურნალს ვაკეთებთ, სულ ვცდილობ მოვიგონო რაღაც ახალი, განსხვავებული, რადგან თვით ეს შემოქმედებითი პროცესი ძალიან საინტერესოა“.

გ) რას ნიშნავს ფლეიბოი?

„ამ სიტყვის მნიშვნელობას ზოგი არასწორად იგებს. ჰგონიათ, რომ ეს აუცილებლად მექალთანეს ნიშნავს. არადა, საქმე ასე პრიმიტიულად ნამდვილად არ არის. ეს ისეთი კაცია... რომელიც ქალებს კი არ დასდევს, პირიქით, ქალები ნადირობენ მასზე. მერე ზოგი თვლის, რომ ეს დაკავშირებულია დიდ ფულთან, მაგარ მანქანებთან, დიდ იახტასთან - ასეც არ არის. მთავარია იყო თანამედროვე, აქტუალური და საინტერესო ტიპი. ყველაფერი ახლის საქმის კურსში, არამარტო მოდის, არა. ლიტერატურის, მუსიკის, კინოსი... და ფანტასტიურია, თუ კიდევ საჭმლის მომზადებაც შეგიძლია. სრულფასოვან თანამედროვე მამაკაცს ხომ კარგი ანეგდოტის მოყოლაც ეხერხება“.

ყველაფერი რაღაც ისე გემრიელად აღწერა, რომ უცებ ჩნდება კითხვა:

- უკაცრავად, თქვენ? თქვენ ფლეიბოი ხართ?

- მე ასეთ დიდ ტიტულზე ნამდვილად არ მაქვს პრეტენზია. პირველ რიგში, ჟურნალის წარმოებით ვარ დაკავებული და, ასე ვთქვათ, დაზგასთან ვდგავარ.

მოკლედ გაცემულმა პასუხმა რომ არ დამაკმაყოფილა, უფრო ღრმად ჩავეძიე და აი, რა გავიგე:

1. კულინარიაში ცოტათი ერკვევა; ყოველ შემთხვევაში, რამე რომ იყოს, ცუდ ღვინოს კარგისგან გაარჩევს;

2. ქალი რომ მოხიბლო, არ არის აუცილებელი, უმაღლესი დონის კულინარ-მზარეული იყო; მთავარი აქ, საკითხისადმი მიდგომა ყოფილა;

3. ეთანხმება იმას, რასაც ჟურნალი უკვე 10 წელია ქადაგებს: ცხოვრებისგან სიამოვნების მიღება უნდა ვისწავლოთ;

4. უყვარს სხვადასხვა სტილის მუსიკა: დაწყებული როკიდან, ელექტრო მუსიკით და ჰიპ-ჰოპით დამთავრებული (ოღონდ ისეთი კი არა - უნც, უნც. არა, სერიოზული ელექტრონული მუსიკა);

5. ფილმებზე ადრე უფრო გიპასუხებდათ, რადგან ამ ბოლო დროს თითქმის საერთოდ ვერ უყურებს. უფრო სწორად, არ უყურებს ტელევიზორს. თუმცა, ერთხანს გიჟდებოდა ბუნუელზე, 70-იანი წლების ამერიკულ კინემატოგრაფზე; დღეს კი დასვენება და განტვირთვა ენატრება, ამიტომ ჰონგ-კონგური ფილმები მოსწონს - კუნგ-ფუზე;

6. სულ მალე, მეგობრებთან ერთად მთის კურორტზე სნოუბორდით სასრიალოდ მიდის. თან, რაღაც კულტპროგრამაც აქვს დაგეგმილი;

7. გიჟდება აზიაზე. გარკვეული პერიოდი ინდოეთში ცხოვრობდა. ახალ წელს, ცდილობს, ყოველთვის განსხვავებულ, არასტანდარტულ ადგილას შეხვდეს. მაგალითად, როგორც 2005 წელს - ლიბანში;

8. მისდევს სპორტს და თვლის, რომ სპორტულ დარბაზში მარტო კუნთების ქნევა მოსაბეზრებელია;

და, საერთოდ, თვლის, რომ - მოდაშია, იყო არამოდური!

ახლა თქვენ თვითონ გადაწყვიტეთ, არის თუ არა „ფლეიბოის“ რედაქტორი ფლეიბოი!

დ) რას ცვლის ცხოვრებაში ფრაზა - „გამარჯობა, მე „ფლეიბოის“ რედაქტორი ვარ!

„ბევრს არაფერს. მაგალითად, კლუბებში მიშვებენ! - ამაზე კი თვითონ ეცინება. - არა, სინამდვილეში არ ვცდილობ, რომ საზოგადო ფიგურა ვიყო, როცა უკვე ქუჩაში გცნობენ. ამით ხომ ცხოვრებას ხელოვნურად ირთულებ... ნუ, ხომ გეუბნები, კლუბებში შესვლაში მეხმარება-მეთქი!“

- ქალებთან?

- ჰოო, არა. ამასთან დაკავშირებით, პრობლემები არასდროს მქონია. არა, მართლა, მართლა. უბრალოდ, ყველას ჰგონია, და ბევრ კაცს შურს კიდეც ჩემი, რადგან წარმოუდგენიათ, რომ მე იდეალური სამსახური მაქვს: ცხოვრება გლამურის და ლამაზმანების გარემოცვაში. რედაქცია კი - დიდი ჯაკუზი, ბევრი ქერა ქალით და სიგარებით!“

ისე, ცუდი არ იქნებოდა ასეთი სამსახური! ჰა, რას იტყვით, მამაკაცებო?

ე) ჟურნალის ყველაზე არასტანდარტული ნომერი.

ეს ჯერ კიდევ არტიომ ტროიცკის ხელმძღვანელობის დროს იყო, როდესაც ჟურნალის ფურცლებზე შიშველ, სიტყვა „ზრდილობიანად ჯდომის“ ჩარჩოში რომ არ ჯდება, ისეთ პოზებში გამოსახული ეკატერინე II, ნატალია გონჩა როვა და სხვები რომ იხილა საზოგადოებამ. „ფოტო შოფში“ კარგად დამუშავებულ ფოტოებს დიდი რეზონანსი მოჰყვა, თუმცა ამგვარი რამის გაკეთებას მაქსიმი არ აპირებს. „შეიძლება წაითამაშო, მაგრამ ჯერ არა... ისე, მთავარია ირონია! არ უნდა დაივიწყო: ჩვენი ჟურნალის სათაურიც ხომ იგივეს გეუბნებათ - ითამაშე, გაერთე!“

არასტანდარტული მაინც იყო, როცა რამდენიმე წლის წინ, რედაქცია შეიკრიბა და ოქტომბრის რევოლუციის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად, გადაწყდა - ამ თვის ნომერი რაღაცით განსხვავებული უნდა გამოვიდეს! „ჩვენ შევეცადეთ წარმოგვედგინა, თუ როგორი იქნებოდა ეს ჟურნალი ბრეჟნევის დროს. მოვაწყვეთ გადაღებები საბჭოთა სტილში, „საბჭოელი ფლეიბოებით“ და სპეცგადაღებით - „საბჭოთა დიპლომატის ქალიშვილი“! წარმოიდგინეთ, რა გამოვიდოდა. „თან, ეს მაშინ, როცა თემა - საბჭოეთი არც ისე პოპულარულ-ნოსტალგიური იყო. თორემ ახლა ყველა ამ თემას უწევს ექსპლუატაციას და აღარც ისე აქტუალურია.

ვ) საბჭოეთი? ფლეიბოი? „ჩვენთან, საბჭოთა კავშირში ხომ სექსი არ არის?“

„ეს საწყალი ქალი, ნუ იტყვი და, ისტორიაში შევიდა. დღეს სექსთან კი ყველაფერი ნორმალურად არის, მაგრამ თვითონ საზოგადოება ორმაგი სტანდარტებით თამაშობს და ეს საზიზღრობაა. ფარისევლობა, პურიტანობა. არადა, ისეთ სახეებს იღებენ, თითქოს ყველაფერი მშვენივრად არის. საწყალი მეძავეები კი, ქუჩაში იყინებიან. არც ლეგალიზებულია და არც აკრძალული. ამას კი ყველაზე კარგად ისევ თვითონ იყენებენ: კორუფცია, სპეკულაცია. ხალხი კი ამაზე საუბარს გაურბის.“ ალბათ ამიტომ არის, რომ ჟურნალის ყოველ ნიმერში საკმაოდ მწვავე საკითხებზე იმართება ფორუმები და ხალხი ცდილობს, რომ ამა თუ იმ საკითხზე პრესის საშუალებით იმსჯელოს: მარიხუანას ლეგალიზაცია, სექს-ტურიზმი, სმა თუ გამოტყვრომა - „რუსულად სმას ვაგრძელებთ თუ ხალხი, ელემენტარულად, ღვინოებში მაინც გაერკვა?!“...

ვ) სამომავლო გეგმები.

გეგმები ბევრია. მით უმეტეს, ამა წლის ივლისში ჟურნალის რუსულ გამოცემას 10 წელი უსრულდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ნახევარი რუსეთი აქტიურადაა ჩაბმული წამახალისებელ ვიქტორინებში, რომლის გამარჯვებული, ჟურნალის მირ გამართულ გრანდიოზულ წვეულებაზე, არც მეტი და არც ნაკლები, ლიმუნიზით და მაგარ-მაგარი ქალებით მისრიალდება. გარდა ამისა, შეიქმნება საინტერესო მხატვართა ნამუშევრები, თემაზე - „ფლეიბოი“; 10 წლის მანძილზე გა მოქვეყნებულ საუკეთესო პროზაულ ნაწარმოებთა კრებული გამოვა (სხვათა შორის, სწორედ აქ აქვეყნებდნენ თავიანთ პირველ ნამუშევრებს მწერლები: სოროკინი და პელევინი); მოეწყობა გამოფენა - „ფლეიბოის“ საუკეთესო გოგონები, რომლის ხილვაც არამარტო მოსკოველებს, არამედ მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებთაც შეეძლებათ - „ეს ყველაფერი ძალიან მასშტაბური იქნება. ამ პროგრამით რამდენიმე ქალაქს ვეწვევით“.

ვერაფერს იტყვი, სერიოზული ამბებია.

ჰო, კიდევ, ბაკარდის მიწვევით, პუერტო რიკოში მიდის, - მაგარი რეპორტაჟი უნდა გავაკეთო, თან ძალიან საინტერესო გადაღებები მექნებაო.

დაბოლოს:

„თბილისში არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ განვითარებისა და პროგრესისკენ რომ მიდიხართ, ფაქტია. მაგარია!

ისე კი არა, როგორც ჩვენთან, სადაც ყველაფერი სრული იზოლაციისკენ მიექანება. ეს ძალიან გამაღიზიანებელია.

შეხედეთ ცხოვრებას უფრო მარტივად!“

თქვენი მაქსიმ მასლაკოვი.
2005. 03. 28

10 А Р Т Е М И Й

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

დღეს განსაკუთრებული და ძალიან მნიშვნელოვანი დღეა.

უფრო სწორად, ჩემი სტუმრობა ამ ოჯახში განსაკუთრებულ და მნიშვნელოვან წუთებს დაემთხვა. შეიძლება ითქვას, პატარა დღესასწაულს, შინაურულ ზეიმს... ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოკლედ, ვარიანტები ბევრია.

ეს არტიომ ტროიცკის, მის ქალიშვილ ალექსანდრას, იგივე შუშას, და კისელის ერთ მოზრდილ ქილას შეეხება.

როდესაც ერთ ჩვეულებრივ დღეს, შუშამ თაროდან ყულაბა ჩამოიღო და გატეხა. შემდეგ კი, შეკოწიწებული ფულით, არა სათამაშოს ან თოჯინის, არამედ მამისთვის ერთი ქილა კისელის ყიდვა გადაწყვიტა. და როცა ბედნიერი მამა-შვილი ორივესთვის უძვირფასეს ქილას ხსნიდნენ... ვინ დააცადა.

შუშა: „ჩვენ ახლახანს დავბრუნდით პარკიდან. იქ ძალიან საინტერესოა. ვაგროვებთ ფოთლებს, კიდევ რაღაცეებს...“ - ეს შუშას მოკლე ჩართვაა, რომელიც საუბარში კიდევ ბევრჯერ შემოიჭრება. ხან დიდ, ფუმფულა დრაკონზე ამხედრებული; ხან საინტერესო კითხვით. ასე, მაგალითად: „მამა უთხარი, უნივერსიტეტში რომ ასწავლი, აი იქ... რა ჰქვია?“. ისე კი, ძირითადად, ფოტოს კაცი ჰყავს „დატყვევებული“ და სანამ ჩემს რესპონდენტს ვესაუბრები, ყრუდ მესმის მისი ცნობისმოყვარე კითხვები - „და, თქვენ შვილი გყაავთ?“, „და მერე რამდენი წლის არის?“, „და აბა ეს რატომ“, „და ის რატომ...“ მოკლედ, ვინ ვისთანაა ინტერვიუზე, ვერ გაიგებ.

ყველაზე მოდური, „კრუტოი“ და მაგარი

-“არა, ჭორია ეგ ყველაფერი. სულ არ ვარ ასეთი. პირიქით, საკმაოდ წყნარი ადამიანი ვარ და ნებისმიერ „ტუსოვკას“, შვილთან ერთად ციგაზე სრიალი და სეირნობა მირჩევნია. არასდროს მიზრუნია კარიერაზე და ვერც დასავლური ცხოვრების სტილს ვიტან... აი ისეთს, მთელი კვირა რომ მუშაობენ, მერე ეწყებათ week-end-ი (ამას რაღაც განსხვავებულად, გაგრძელებული ხმოვნებით გამოთქვამს). მერე კიდევ, holidays (ისევ ის მანერა. - ავტ.). ასეთი ცხოვრება არ მაინტერესებს. პირველ რიგში იმიტომ, რომ... შუშა, დახუჭე ყურები, -და ოდნავ დაბალ ხმაზე, - იმიტომ, რომ არ მიყვარს მუშაობა და ამაზე, ხომ გეუბნებით, არასდროს მიფიქრია: არც სამუშაოზე, არც კარიერაზე და არც ფულზე“.

ესეც ასე. კი მაგრამ, მაშინ როგორღაა, რომ იყო:

1. როკ კონცერტების ერთ-ერთი პირველი ორგანიზატორი და მუს. კრიტიკოსი, ჯერ კიდევ 80-იანებში. მათ შორის, 1980 წელს, საბჭოთა კავშირის ისტორიაში პირველად, თბილისში გამართული კონცერტისა.

2. „ფლეიბოის“ რუსული გამოცემის პირველი რედაქტორი.

3. არაერთი მნიშვნელოვანი ტელეგადაცემის ავტორი და წამყვანი.

4. არაერთი რუსული ტელეკომპანიის დამფუძნებელთაგანი.

5. უმსხვილესი ხმისჩამწერი კომპანიის, „General Records“-ის ხელმძღვანელი.

6. რუსებს სწორედ მან დაანახა ცოცხლად: დევიდ ბოუი, ელტონ ჯონი, დაიანა როსი, სტინგი.

დღეს არის:

7. რადიოსადგურ „მოსკოვის ექო“-სა და „არსენალ“-ზე მუსიკალური გადაცემების წამყვანი.

8. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჟურნალისტი.

9. პროდიუსერი. მოსკოვის კლუბებისთვის უცხოელი მომღერლების გასტროლებს აწყობს.

10. ასწავლის მუს. ჟურნალისტიკას მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და მართვის ინსტიტუტში.

მაგრამ დაიცადეთ. ყველაფერი თავიდან დავიწყოთ და, როგორც თავად რუსები იტყოდნენ: Женщина! всё по-порядку!

ტიპური საბჭოთა, ინტელიგენტური ოჯახი.

პატარა, მშვიდ ოჯახში დაიბადა: დედა, მამა და ის. არანაირი განსაკუთრებული ტრადიციები და დღესასწაულები. ოჯახი, როგორც ოჯახი - საბჭოთა, ინტელიგენტთა. მშობლები - ისტორიკოსები. ერთხანს, ორივე მათგანი ისტორიის მასწავლებლები იყვნენ. მერე მამა ლათინური ამერიკის და ესპანურენოვანი ქვეყნების ცნობილი სპეციალისტი გახდა. პირადად იცნობდა ჩე გევარას, ფიდელ კასტროს, გაბრიელ გარსია მარკესს. 77 წლის ასაკშიც კი, ძალზედ აქტიური ადამიანია, და ბრაზილიაში გამართული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფორუმიდან სწორედ ამ დღეებში დაბრუნდა. ლექციებს კითხულობს ვენესუელაში, კარაკასში. „ნუ, იტყვი, მაგარ ფიზიკურ და ინტელექტუალურ ფორმაშიაო“ - მეუბნება არტიომი. ჰო, ამას მეც მივხვდი, და იმასაც, რომ უფროს ტროიცკისთან არანაკლებ საინტერესო შეხვედრა შეიძლება გამოვიდეს. ეს ისე, სამომავლოდ.

მაშინ, როცა დედა და მამა ჯერ კიდევ ერთად იყვნენ, ისინი პრაღაში გადადიან საცხოვრებლად და არტიომი როკს პირველად სწორედ აქ მოისმენს, რევოლუციური 60-იანების დასაწყისში.

ახლა კი წარმოიდგინეთ, ისტორიის პედაგოგთა ინტელიგენტური ოჯახი, რომლის ერთადერთი ვაჟი ჯერ იყო და გაჰიპდა. მერე გა-როკერდა და, რბილად რომ ვთქვათ, საერთოდ წავიდა ხელიდან. „არასდროს ვყოფილვარ, ოჯახის შვილი. იმიტომ, რომ გართობა, მეგობრები, და გოგონები ყოველთვის უფრო მთავარი იყო. სულ ცდილობდნენ ჩემს შეზღუდვას და ვერ იტანდნენ ახალ გატაცებას - რაღაც როკს! თვლიდნენ, რომ ეს საზიზღობა, არაჯანსაღი ცხოვრების წესი და კარგის კი არა, მხოლოდ და მხოლოდ საშინელების მომტანი იყო“.

0x01 graphic

მიდიოდა გაუთავებელი ჩიჩინი იმის შესახებ, რომ ნორმალური ადამიანი, ეს ისეთი ადამიანია, რომელიც დაკავებულია... თუნდაც აი, მეცნიერებით! ეს კი... მოკლედ, ახალგაზრდა არტიომის მომავალი მისი მშობლებისთვის ბურუსით მოცულ დეტექტივს ჰგავდა, რომელიც აუცილებლად ლოთობასთან და კაცმა რომ არ იცის, ისეთ „მეგობრებთან“ ერთად, უაზროდ პროწიალთან იყო გადაჯაჭვული. ამიტომ სახლში მუდამ პრობლემები ჰქონდა. მისთვის კი მთავარი იყო -

absolute Freedom!

ეს მაშინ, ახლა კი... „დღეს 18 წლის რომ ვიყო, არც კი გავიხედავდი იქითკენ, ამ პოპ-როკისკენ, რაღაც „პაპსად“ რომ აქციეს. იდიოტური „ფაბრიკებით“ და ინკუბატორის უბედური არტისტებით. მაშინ კი... უცნაური ის იქნებოდა, ამით რომ არ დავინტერესებულიყავი: 60-80-იანი წლების დასაწყისში, როკი იყო ყველაზე დიდი მაგნიტი, ძალა, მუხტი. ავანგარდული, ახალგაზრდული ცხოვრების მუხტი, სადაც ძალიან საინტერესო, ნიჭიერი და ავანტიურული ხალხი იკრიბებოდა. ეს იყო, რაც იყო!“. თავს ბედნიერად თვლის, რომ იმ დროს, იქ აღმოჩნდა. მაგრამ... მაგრამ არ უნდა, რომ აღიქვან, როგორც ნოსტალგიური როკ-ფიგურა, როკ-ენ-როლის ვეტერან-ინვალიდი, რომელიც ტელე-ეთერის საშუალებით, რომელიმე სევდანარევ გადაცემაშია მიწვეული და კარგად მორთული სტუდიის რბილი სავარძლიდან გიყვება: ეეჰ, რა კარგი იყო მაშინ!!! ეს რომ არ მოხდეს, ამიტომ ყოველთვის უარით ისტუმრებს ასეთი წინადადებით მისულ ჟურნალისტებს (რაც, როგორც ჩანს, ხშირად ხდება). თან ამატებს, რომ, სამწუხაროდ, როკის ეს საინტერესო ხანა, დიდი ხანია გავიდაო.

როცა ამბობდა, სულ არ მიყვარს „ტუსოვკებზე“ სიარულიო, იქ ასეთი ფრაზაც დაამატა - „მაგრამ საზოგადოებაში ყოველთვის ვზრუნავ ჩემს რეპუტაციაზეო“, რადგან ჟურნალისტი ტროიცკისთვის არაერთხელ შეუთავაზებიათ ქრთამი. ქრთამი სტატიისთვის. რამდენი? 50 ათასი დოლარი!

- „და შენ დათანხმდი?“ - ოთახის კუთხიდან შუშას ხმა ისმის.

- „არა, ძვირფასო, რადგან მივხვდი, შემიძლია ავიღო და მშვიდად ჩავიდო ჯიბეში. მაგრამ არავინ იცის, ზნეობრივად რას დავკარგავ და შევძლებ თუ არა, ოდესმე გაწითლების გარეშე, თავს კაცი ვუწოდო.“

ამიტომ ყველამ იცის, რომ არადროს აუღია ქრთამი.

წერს იმას, რასაც ფიქრობს.

ამბობს იმას, რასაც ფიქრობს.

არ არის ინტრიგანი.

არც ვინმეს სთხოვს რამეს და ნურც მას სთხოვენ.

არავისი შურს.

არავისი ეშინია.

ზემოთ ჩამოწიკწიკებულ საქმეებს როგორ ართმევს თავს, თვითონაც არ იცის. გამოდის და მორჩა.

და კიდევ ერთხელ ქრთამზე - „ასეთ წინადადებებზე რომ ვამბობდი უარს, იმიტომ ვარ დღეს ჯანმრთელი, ცოცხალი და არც ისე ცუდად გამოვიყურები! ვცხოვრობ ჩემს გემოზეო! - ამას ტახტზე გემრიელად მოკალათებული, უბრალო მაისურში, სპორტულ შარვალსა და წინდებში გამოწყობილი მეუბნება. მჯერა.

„კარგი ცხოვრების მოყვარული“ ანუ bon vivan-ი ტროიცკი ბოლო პერიოდში ძალზე რადიკალური, პოლიტიკური სტატიების ავტორი გახდა: „ვიცი, რომ ბევრ რამეს, ჩემდა საზიანოდ ვაკეთებ. თუნდაც იმას, რომ ხმამაღლა ვლაპარაკობ ჩემს პოლიტიკურ შეხედულებებსა და პუტინის სულელურ პოლიტიკაზე, რომელიც დიდი ხანია დაშორდა სიტყვას - დემოკრატია, და თანდათან СССР-ის ხანას მაგონებს.“ - სხვათა შორის, მასვე უკავშირდება ინტერნეტ საიტის შექმნაც, სადაც ჩეჩნეთის შესახებ სასაუბროდ ყველას იწვევს. რაც მთავარია, მომხმარებელს ამ უაზროდ გაჩაღებულ ომზე სიმღერის ტექსტის დაწერას და გამოგზავნას სთავაზობს. „ამის გამო, ბევრი შეშლილად მთვლის. ცდილობენ, ხშირად არ მიმიწვიონ გადაცემებში, რადგან რა იციან, რას ვიტყვი პირდაპირ ეთერში! ტროიცკი ხომ არაკონტროლირებადი ადამიანი გახდაო! ისე, მართალია. თავს საშინლად ვიგრძნობდი, ვიღაცას ჩემი კონტროლი რომ დაეწყო.“ უცებ შუშას ანთებული თვალები და - „ნუ, აი შუშას თუ აქვს ამის უფლება, თორემ სხვას...“

კულტურული ქაოსი

ცხოვრება არასდროს დაუგეგმავს და, მით უმეტეს, არასდროს ყოფილა რაღაც კონკრეტულისკენ მიმართული. არასდროს უთქვამს - მინდა მივაღწიო ამას და ამას. „კარიერა - ეს ხომ რაღაც ფანტომს ჰგავს, და საერთოდ არ ვიცი რა არის! თუ მოვისურვებდი, დამიჯერე, დღეს ჯიბეებდაბერილი, მილიარდერი ბიძა ვიქნებოდი: „ფაბრიკებით“, სერიალებით და საკუთარი ვარსკვლავებით.“ ამბობს, ყველაფერი ძალიან ქაოტურად, სპონტანურად ხდებოდაო. თუკი რაიმე გამომდის, იმიტომ, რომ ვაკეთებ იმას, რაც მომწონსო. და რაც მომწონს, იმაში დიდ სიყვარულს ვაქსოვო.

90-იანი წლების დასაწყისში, როცა რუსეთის ტელეარხი РТР იქმნება, არტიომი ერთ-ერთი დამფუძნებელთაგანია. უნდოდა, ხარისხიანი, სერიოზული ტელევიზიის შექმნა, მაგრამ მალევე მიხვდა, რომ „აბსოლუტურად კორუმპირებულ ქვეყანაში ეს შეუძლებელია“. ერთ ახალ პროექტს მეორე მოსდევს და დღეს ყველაზე პოპულარული ტელეარხი НТВყალიბდება. ცოტა ხანი ისევ ტელესივრცე, საავტორო გადაცემა „კაფე „ობლომოვი“ და - „არ გამოვიდა ის, რაც მინდოდა“. შემდეგ... „ფლეიბოის“ რედაქტორი ხდება, იქმნება დიდი ჯგუფი, იბეჭდება ჟურნალის პირველი რუსული ვერსია...

პარალელურად, ნატალია სოლოვიოვასთან ერთად, საკონცერტო სააგენტოს აარსებს, რომელსაც რუსეთში ვიღაც-ვიღაცეები კი არა, საკმაოდ სერიოზული და მაღალი რანგის მომღერლები ჩამოჰყავს. მაგალითად: სტინგი, დაიანა როსი, ელტონ ჯონი, დევიდ ბოუი და... და იცით, ამაზე რას ამბობს - არ მაინტერესებს ასეთ „დინოზავრებთან“ ურთიერთობა. ეს ძალიან მოსაწყენია, რადგან დიდი მასშტაბები მხოლოდ დიდ ფულთან, ადვოკატებთან, დაზღვევებთანაა დაკავშირებული და მაქსიმალურად შორსაა შემოქმედებით პროცესთანო. ამიტომ ბოუის ჩამოყვანის შემდეგ, უარი თქვა და ეს საქმე მიატოვა. სამაგიეროდ, ახლა მშვენივრად გრძნობს თავს, რადგან შედარებით პატარა სააგენტო აქვს, რომელსაც კლუბებისთვის ჩამოჰყავს შემსრულებლები. უკვე ნერვიულობს იმიტომ, რომ მალე მნიშვნელოვან, გრძელვადიან გასტროლს გეგმავს და ამატებს, - ნეტავი, თავი აქ არ გამეყოო... მისთვის ახალგაზრდებთან მუშაობა ბევრად საინტერესოა. თორემ - „თუნდაც ბრაიან ადამსის ან იგივე სტინგის CD-ს ხომ აღარასდეს ვიყიდი, ეს უკვე პენსიონერთა მუსიკააო“.

დასკვნა: ქაოსი, როგორც ასეთი, არ ვარგა. მაგრამ აი, ტროიცკისეულ „კულტურულ“ ქაოსზე, ვერაფერს იტყვი.

ორიოდე კითხვა ღრმა ბავშვობაზე და გამოკვეთილ ლიდერ-პირველობაზე.

ბავშვობაში არც ფრიადოსანი და არც ვუნდერკინდი ყოფილა. იმასაც ამბობს, ლიდერული ამბიციები და მონაცემები არც არასდროს მქონიაო. „სრულიად სხვადასხვაა იყო ლიდერი და იყო პირველი, რადგან თუ ლიდერი ხარ, ესე იგი ლიდერი ხარ რაღაც კოლექტივში; და თუ ხარ პირველი, შეიძლება მარტოც იყო და თან პირველი! მე სწორედ ეს მეორე ვარიანტი ვარ. ყოველთვის ვიყავი ინდივიდუალისტი, არასდროს მომწონდა კოლექტივიზაცია, კოლექტივში მუშაობა, რადგან მთელი ცხოვრება სწორედ ამას გავურბოდი“.

- ...და მე როდის წავალ სკოლაში? - ისმის უცებ შუშას ხმა, რომელიც რაღაცას უყვება ფოტოს კაცს, და აუცილებლად სჭირდება ციფრების დადგენა.

- ხუთ თვეში.

ვაგრძელებთ:

ამის გამოა, რომ ტელევიზიის „კოლექტივიზაციას“ ვერ შეეწყო და რამდენჯერაც „ბოსობა“ სცადა, იმდენჯერვე ცუდად დამთავრდა. „არ შემიძლია, ვიღაცა რომ მემორჩილება. მაწუხებს ძალაუფლება, და ვერ ვიტან მაგიდაზე მუშტების ბრახუნს. ეტყობა, ეს ჩემი სტიქია არაა“ - ასკვნის ბოლოს.

საკმაოდ ბანალური იქნებოდა, ყველა თავისი პროექტისთვის - ჩემი შვილებიო, რომ ეწოდებინა. არც უწოდებს. მარტო იმას ამბობს - „მიხარია, როცა ისინი ჯანმრთელად და ბედნიერად გრძნობენ თავს და პირადად მე, იქ ვიქნები თუ არა, ამას არ აქვს მნიშვნელობა“.

მე კი არტიომ ტროიცკიზე და მის პროექტებზე საუბარი მთლად „სუპერმენის“ ისტორიასავით რომ არ გამომივიდეს, ერთ რაღაცასაც გიამბობთ. ის, რაც სცადა, ძაანაც მოინდომა, მაგრამ არ გამოვიდა. როცა სერიოზული ხმის ჩამწერი სტუდია General Records დააარსა, იქ ალტერნატიული მუსიკით დაწყებული, ფილიპ კირკოროვით დამთავრებული, ძა ლიან ბევრი და განსხვავებული ჟანრის მომღერლები წერდნენ მუსიკას. გამოდიოდა CD-ები. გაყიდვის მხრივ, ლიდერები იყვნენ. მაგრამ „ეს საქმე რომ არ გამოვიდა, დამნაშავე ისევ მე ვიყავი. ყველაფერს პატიოსნად ვაკეთებდით, ვიხდიდით გადასახადებს და ა.შ. მოკლედ, რუსეთში ვიყავით და ინგლისელებივით და ფრანგებივით ვიქცეოდით. ამ ყველაფერმა კი, ლოგიკურად, გაკოტრებამდე მიგვიყვანა. აქ ხომ შოუბიზნესის პატიოსნად მართვა არ გამოდის! აბსურდია! საკუთარი შავი ხაზი თუ არ გაქვს, არაფერი გამოვა!“ მოკლედ, ამ ყველაფერმა ძგერა 7 წლის წინ შეწყვიტა და ქვეყანაში ყველაზე ძლიერი ხმის ჩამწერი კომპანია ისე დაიხურა, თითქოს არც ყოფილა.

„სუპერმენის“ მიწიერი ცოდვანი

როგორც კი საუბარი ამაზე ჩამოვარდა, მაშინვე ცნობისმოყვარე შუშას გახედა, - ხომ მოშორებით არისო.

„ყოველთვის ძალიან ცნობისმოყვარე ვიყავი და ყველაფრის გასინჯვა მსურდა. რამდენიმე ასეთმა ექსპერიმენტმა ძალიან ცუდ შედეგებამდეც მიმიყვანა. და დღეს, ნარკოტიკის პირველი მოწინააღმდგე ვარ. მაგრამ...“ მაგრამ არგუმენტირებულად გამოდის ტელევიზიის, პრესის საშუალებით და ითხოვს, რომ მკაცრად გაივლოს ზღვარი მძიმე და მსუბუქ ნარკოტიკულ ნივთიერებებს შორის „იმიტომ, რომ, დამიჯერეთ, მოსაწევს არაყზე ნაკლები ზიანის მოტანა შეუძლია, როგორც კონკრეტული ადამიანის ჯანმრთელობისთვის, ისე, ზოგადად, საზოგადოებისათვის.“ მომხრეა, რომ მოსაწევი ლეგალური გახდეს. თუ არადა, მაშინ არაყიც აკრძალეთო. მიკვირს, ამას რომ ამბობს. ნახევარი რუსეთი, ნაჯახით ხელში, როგორ არ მისდევს მოსაკლავად?!

მართალია, სამზარეულოში ლამაზად ჩამწკრივებული სასმელი უდგას, მაგრამ სმა არ უყვარს. „რა არის, დალიო იმისათვის, რომ მერე ვიღაცას თავში ჩასცხო ან იმ ვიღაცამ ჩაგცხოს და დილით თავი გისკდებოდეს?! აი, საქართველოში კი ყოველთვის მომწონდა სმის პროცესი. ურთიერთობების, რიტუალის რაღაც თავისებური თეატრია. ეს საინტერესოა“.

რაც შეეხება ქალებს

„ფლეიბოის“ რედაქტორობისას, ყველა ეკითხებოდა - „თქვენ ფლეიბოი ხართ თუ ბაბნიკი?“ პასუხი - „არ ვარ ფლეიბოი, რადგან არ ვარ ბაბნიკი. ქალების მიმართ ყოველთვის რომანტიული დამოკიდებულება მქონდა და გაცილებით მაინტერესებდა ღრმა, ადამიანური ურთიერთობები, ვიდრე უბრალოდ:

ეს, ი, იქს!

მართალია, ფიროსმანივით არც მილიონი ვარდი მიჩუქებია ვინმესთვის, მაგრამ ერთხელ, როცა იტალიელ გოგოსთან რომანი მქონდა, ყოველდღე ლენინგრადში ჩავდიოდი. ის იქ იყო, მე კი მოსკოვში. ვნახულობდი და უკან ვბრუნდებოდი. ასე გრძელდებოდა ალბათ ორი თვე. ასე რომ, კაცმა არ იცის, რას ჩაგადენინებს სიყვარულიო. მაგრამ მაღალ, სპეტაკ გრძნობებემდე იყო პირველი და წარუმატებელი ქორწინება. 19 წლის ორი ჰიპი: არტიომი და მისი მეგობარი გოგონა დაქორწინდნენ. ურთიერთობები ძალიან რთული და მძაფრი იყო. ერთ წელიწადში ყველაფერი დასრულდა. „სამაგიეროდ, დიდი გაკვეთილი მივიღე - ადამიანურ გრძნობებთან ურთიერთობის, ყოფითი პრობლემების გადალახვის...“ ალბათ ერთადერთი, რაზეც ნანობს, ტელევიზიაში გატარებული ფუჭი წლებია - რუსეთის დიდ, ბიუროკრატიულ მანქანას რომ ებრძოდა, აი, მაშინ.

„ჰო, კიდევ იცი, რას ვნანობ? იმას, რომ ბევრმა გოგომ ჩემგან აბორტი გაიკეთა, და ახლა დავფიქრდი, ასე რომ არა, ახლა რამდენი...?!“

P.S.
კარზე ზარია. ოო, დედა მოვიდაა, და გახარებულ შუშას არც მამის მონაყოლისთვის ყურის დასაგდებად სცალია და არც „ტყვეობიდან“ გაქცეული ფოტოს კაცი ახსოვს. რა დროს ეს არის? ახლა ხომ თავიდან იწყება შუშას, არტიომის და ერთი ქილა კისელის ისტორია?!

11 დიდი დიაპაზონი

▲ზევით დაბრუნება


ავტორი: ნესტან კვინიკაძე
ფოტო: ლევან ნუცუბიძე

ეროვნება: ქართველი
სახელი: თეონა
გვარი: კონტრიძე
ასაკი: 28 წლის
პროფესია: მომღერალი / საესტრადო ჯაზური ვოკალი
მესიჯი: სამურაი არ იღლება!

1994 წელს, მომღერალმა თეონა კონტრიძემ თბილისი დატოვა და საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა.

2005 წელი, აპრილი, შუაღამე. თბილისში რამდენიმე დღით ჩამოსული თეონა კონტრიძე ერთ-ერთ ღამის კლუბში ვიპოვე, - იქ შეკრებელი ახლობლებისთვის ოთხი სიმღერა უნდა შეესრულებინა. ჩვენ მყუდრო ოთახში განვცალკევდით და ინტერვიუ დაიწყო.

წასვლის მოტივი?

არ ვიცი რა მამოძრავებდა, ალბათ უფრო სიამაყე. აღიარების სურვილი იმდენად დიდი იყო, იმდენად აღემატებოდა აზროვნების უნარს და ადეკვატურობას, რომ წავედი. 1994 წელს „სლავიანსკი ბაზარის” ლაურეატი გავხდი, პირველი არასლავი შემსრულებელი, რომელიც ამ ფესტივალზე მოხვდა. საქართველოში დაბრუნებულს ყურადღება არავინ მომაქცია, - არც პრესამ, არც ტელევიზიამ. კარიერის თვალსაზრისით, წინ ვერ წავედი. იმ დროს ვერ ვაანალიზებდი იმას, რომ საქართველოში წინსვლის შანსი არც არსებობდა.

სხვა სამყაროში მოხვდი. რა იყო მთავარი იარაღი, რაც სირთულეს გაძლევინებდა?

სიმართლე, პირდაპირობა. ახლა რომ ვაანალიზებ ჩემი ქმედების სტილს და მანერას, - ადამიანებთან ბარიერი არ მქონია, ანუ, ვერ ვგრძნობ გრადაციას პუტინსა და მათხოვარს შორის. მე ადამიანს ინფორმაციას ვაწვდი, პირდაპირ, იმერული მოვლის გარეშე. ეს მთავარია.

ვინ იყო ის ადამიანი, ვინც მთელი ამ ხნის მანძილზე გამხნევებდა, როგორც შემოქმედს?

ჩემი ალტერ ეგო. სამწუხაროდ, არასოდეს მყოლია ავტორიტეტი. ხანდახან მინდოდა, ვინმესთვის რჩევა გამეზიარებინა, განსაკუთრებით მაშინ, როცა კრიზისი მქონდა. მაგრამ, სამწუხაროდ, მხოლოდ ალტერ ეგო იყო ასეთი.

„მეტრო“ - რა იყო შენთვის დასაწყისში და რა არის ის დღეს?

დასაწყისში იყო ექსპერიმენტი, რომელიც შემდგომში სარკედ იქცა. ჩავიხედე და დავინახე ის რეალობა, რაც ჩემთვის ბნელი ოთახი იყო. „მეტრო” სკოლების სკოლა, მაგისტრატურა იყო... დღეს ეს განვლილი ეტაპია.

როგორ იწყება დღე?

მადლობა მზეს, იმიტომ, რომ ჩემი აკუმულატორი მზით იტენება, სხვათა შორის, სამ წელიწადნახევარი, ფაქტობრივად, ისე გავატარე, რომ ამ მზეს ვერ ვხედავდი. ერთ დილას სარკეში ჩავიხედე: თვალები ამოშავებული მქონდა. მივხვდი, რომ არასწორად ვცხოვრობ. მზესთან ურთიერთობა დაბალანსებული თუ არ მაქვს, არაფერი გამომდის. დილა ჩემთვის მზეა.

გიგანტური შთაბეჭდილება:

როდესაც მივხვდი, რომ ხმა, ანუ დიაპაზონი მხოლოდ ენაა: ანუ, რაც ქართველისთვის არის ქართული, რუსისთვის - რუსული. მნიშვნელოვანია ის, თუ რა ენერგიას გაწვდის ადამიანი, რა დამოკიდებულება აქვს და რამდენად გაიხსნა, - ქარიზმა, - ვიდრე ის, თუ როგორია, როგორ აცვია, რა სუნი აქვს. თუმცა ეს ყველაფერი შემსრულებლის შემადგენელი ნაწილებია.

მთავარი მუხტი?

ზამთარი, რომელიც გრძელდება ცხრა თვე. დიდ დროს ატარებ დისკომფორტში. თან, ეს შენთვის ბუნებრივი არ არის. ბუნებასთან კონფლიქტი იმდენად გხსნის, რომ საბოლოოდ, ეს დიდი სტიმულია. ამიტომ მე არ მაქვს თბილ ქვეყანაში ცხოვრების სურვილი. მე ყურადღებით ვარ საკუთარი თავის მიმართ, ვიცი რა მჭირდება და რა მაძლევს სტიმულს. ვარ კონცენტრირებული, და ის საშუალებები, რაც კაცობრიობამ თავის გასართობად მოიგონა. იმ დროსაც კონცენტრირებული ვიყავი, როდესაც რაღაც-რაღაცეებს ვხმარობდი.

კომპონენტები იმისთვის, რომ შეგიყვარდეს?...

პირველ რიგში, სქესი აუცილებლად მამაკაცი უნდა იყოს, რადგან სექსუალურ ორიენტაციაში ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული. მეორე კომპონენტი: უნდა ჰქონდეს ნიჭი; არსებითი მნიშვნელობა არ აქვს - რისი. მთავარია, მოწოდებას გრძნობდეს. მესამე: არ უნდა იყოს ჩემი ბექგრაუნდი. ჩემი სამყაროს წევრი კი არ უნდა იყოს, არამედ თავისი სამყარო უნდა ჰქონდეს, რომელიც ჩემთან პარალელურ ქმედებაში იქნება. სიყვარული არის სამი კომპონენტი: სექსი, მეგობრობა და ღმერთი.

იპოვე ეგეთი?

მგონი კი. მაგრამ ძალიან რთულია ორი სამყაროს გაერთიანება.

რამდენად ხშირად ვარდები უტოპიურ სიტუაციაში და როგორ პოულობ გამოსავალს?

როდესაც არ შეგიძლია შეცვალო სიტუაცია, მაშინ სიტუაციასთან მიდგომის ფორმა უნდა შეცვალო.

0x01 graphic

ყველაზე დიდი სიხარული შემოქმედებასა და პირად ცხოვრებაში, რაც ამ წუთას გახსენდება.

როდესაც ჩემს პროდუქციას იმ ფასად ვყიდი, რაც ნავარაუდევი მაქვს, ანუ ფული ჩემთვის აქტუალურობის ეკვივალენტია. პირად ცხოვრებაში სიხარული? - ერთად ყოფნა.

საყვარელი ადგილი მოსკოვში?

ჩემს თეატრთან, მოპირდაპირე მხარეს არის ბულვარი - კამერგერსკი ბულვარ, სადაც ჩეხოვის მუხტია.

თბილისში?

კონკადან „არ დაიდარდოსთან“ რომ აუხვევ... თბილისში საყვარელი ადგილი ბევრი მაქვს. ჩემთვის ამ ქალაქში სრულყოფილი არქიტექტურაა... იმდენად სევდიანია... სენტიმენტი ჩემთვის საყვარელი ემოციაა და ვერანაირ ნეგატივს ვერ ვხედავ ამაში. მხიარულებაც სევდაში მაქვს გატარებული. ვხვდები, რატომ დაიბადა მაინცდამაინც თბილისში ფარაჯანოვი, ფიროსმანი, - ვგრძნობ.

როგორ მოგიხსენიებენ მოსკოვში?

თეონა კონტრიძე - ფასჰიონ. ამ დროს, ჩემზე არამოდური ადამიანი იშვიათად შემხვედრია. არასოდეს არ მივყვები მოდას, სულ უკან ვარ. თან, გააზრებულად და კონცეპტუალურად, არა შემთხვევით. მირჩევნია ვიყო სტილი, ვიდრე მოდა. მე ინტერპრეტატორი უფრო ვარ, ვიდრე ნოვატორი. ვიღებ ძველს და ვეძებ ფორმას, თუ როგორ შეიძლება ეს თანამედროვეობას მოვარგო...

ყველაზე შთამბეჭდავი კომპლიმენტი?

აი, ცოტა ხნის წინ, გრიშა კონსტანტინოპოლსკიმ, შესანიშნავმა რეჟისორმა, მითხრა: მე აღფრთოვანებული ვარ... შენში დავინახე რაღაც - ჩარლი ჩაპლინის და მერლინ მენსონის.

ჩამოდიხარ ცოტა ხნით და ისევ მიდიხარ, აქ რას ტოვებ?

სამწუხაროდ, ვტოვებ დედას, ბავშვობას, მოგონებებს, მუდმივად არეულ ქალაქს და ყოველ ჯერზე, იმედი მაქვს, რომ რაღაც შეიცვლება, ჯერჯერობით ორსული მეგობრების გარდა, კარგი ვერაფერი ვიხილე. საბედნიეროდ, ყოველთვის მაქვს ჩამოსასვლელი.

რამდენიმე საათში მიფრინავ. მესიჯი მათთვის, ვისაც აქ ტოვებ:

სამურაი არ იღლება!

ნახევრად შევსებულ კლუბში აპლოდისმენტების თანხლებით ისმოდა ვოკალი.

თეონა: ვიცი რატომაც, სწორი გზა ავირჩიე. მსმენელს არჩევანის საშუალება არ მივეცი... მუხტია მთავარი.

12 ვუდი ალენი

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

რგმნი: ზაზა ბურჭულაზე
ილუსტრცი: გიო სუმბაძე

მითიური ცხოველები მსოფლიო ლიტერტურში

მოგიყვანთ რამდენიმე მაგალითს ჩემი ოთხტომეულიდან, განსაკუთრებით მსოფლიო ლიტერატურის იმ უცნაურ მქნილებებს წარმოგიდგენთ, რომელთა გამოქვეყნებასაც აპირებს გამომცემლობა „ნელიკვიდერ და შვილები“ და რომელიც დაიბეჭდება გაფიცულ ნორვეგიელ მეცხვარეთა შემოსავლებიდან.

ვთა ანცი

შავთავა ანცი პატარა ჩიტია, რომელსაც მეტყველების უნარი გააჩნია. თავისთავს ის მესამე პირში მიმართავს, ასე მაგალითად: „განა რითი არ არის ის ანცი?“ სპარსულ მითოლოგიაში შავთავა ანცის დილით ფანჯრის რაფაზე ჩამოჯდომა იმას ნიშნავს, რომ ამ რაფის პატრონის ახლო ნათესავი მალე გამდიდრდება, ანდა დაეჯახება სარეცხის ვედროს და აუცილებლად ორივე ფეხი მოტყდება.

გადმოცემის თანახმად, იმასაც ამბობენ, თითქოს დაპირებული ორმოცი ზონრის ნაცვლად, თავის დაბადების დღეზე ზარატუსტრას შავთავა ანცი აჩუქესო.

შავთავა ანცი ასევე გვხვდება ბაბილონურ მითში, ოღონდ აქ ის უფრო გესლიანად და ნაღვლიანად გამოიყურება. „რა სისულელეა, ღმერთო!“ - აღნიშნავს ხოლმე ბაბილონური ანცი.

ზოგიერთ მკითხველს, ალბათ, ეცნობა გოლდშტაინის ნაკლებად ცნობილი ოპერა Taff elsppitz, (დახვეწილი ავსტრიული კერძი, რომელიც მოხარშული ძროხის ხორცისგან მზადდება), სადაც მუნჯ გოგონას უყვარდება შავთავა ანცი, ჰკოცნის მას, და ისინიც, ხელიხელჩაკიდებულნი, სცენაზე იქამდე დაჰქრიან და ტრიალებენ, ვიდრე ფარდა არ დაეშვება.

მფრინვი სცინიკი

მფრინავი სცინიკი - პატარა ხვლიკია ოთხასი თვალით; აქედან ორასი - შორი ხედვისთვის, ხოლო დანარჩენი ორასი - კითხვისათვის. ძველი ლეგენდა ამბობს: თუ ადამიანი თვალით შეხვდა მფრინავ სცინიკს, მას მოერე დღესვე ჩამოართმევენ მართვის მოწმობას.

მნიშვნელობა სიტყვათშეთანხმებისა „გაუთხარო სცინიკს საფლავი“ გაუგებარია თვით სცინიკებისათვის, ვინაიდან მათთთან არ არის მიღებული ახლობლებისა და ნათესავების დაკრძალვა. სკანდინავიურ მითოლოგიაში ლოკი ცდილობს მიაგნოს სცინიკთა სასაფლაოს, მაგრამ რატომღაც მხოლოდ ქალთევზებს აწყდება, რომლებიც მას ტრიქინელოზით აჯილდოებენ.

0x01 graphic

* * *

ერთხელ იმპერატორი ხო სინი საკუთარ სიზმარში სასახლეს უყურებდა, რომელიც მის სასახლეზე დიდი იყო, მაგრამ ნახევრად იაფად ქირავდებოდა. იმპერატორი ავიდა პარმაღზე და მოულოდნელად აღმოაჩინა, რომ მისი სხეული უცბად გაახალგაზრდავდა, მაშინ, როცა მისი თავი სადღაც სამოცდაცდახუთსა და სამოცდაათ წელს შორის გაიჭედა. როცა ხო სინმა კარი გააღო, მან დაინახა მეორე ასეთივე კარი, რომელიც ასევე სხვა კარისკენ მიემართებოდა. ასე რომ, იმპერატორი მალე მიხვდა, რომ გაიარა ასი კარი და გავიდა სასახლის უკანა ეზოში.

ხო სინი უკვე მზად იყო სასოწარკვეთილებას მისცემოდა, მაგრამ ამ დროს მას მხარზე ბულბული დაასკუპდა, იგალობა მსოფლიოში ყველაზე მშვენიერი სიმღერა, და რომ მუსიკობა დაამთავრა, იმპერატორს ცხვირზე უკბინა.

დამშვიდებულმა ხო სინმა სარკეში ჩაიხედა, მაგრამ საკუთარი ანარეკლის ნაცვლად დაინახა ადამიანი სახელად მენდელ გოლდბლატი, ვასერმანის კომპანიის მეწყალსადენე, რომელმაც გნაცხადა, რომ იმპერატორმა მისი პალტო მიისაკუთრა.

აი ასე აღმოაჩინა ხო სინმა ცხოვრების დიდი საიდუმლო, რომელიც ამბობს: „არასოდეს იმღერო რამე“. ცივ ოფლში გაწურულმა რომ გამოიღვიძა, იმპერატორი ვერაფრით მიხვდა, მას სიზმარი ესიზმრა თუ ჯერ კიდევ სიზმარში იმყოფებოდა, რომელიც ესიზმრება მის აზატს.

სირენი

სირენი - ზღვის ურჩხულია, კიბორჩხალის ტანითა და დიპლომირებული ბუღალტრის თავით.

ლეგენდის თანახმად, სირენს აქვს მომაჯადოებელი ხმა, რომელსაც მეზღავაურები ჭკუიდან გადაჰყავს, განსაკუთრებით მაშინ, რომ ის კოლ პორტერის რეპერტუარს ასრულებს.

სირენის მოკვლა - ცუდი ნიშანია; სერ ჰერბერტ ფიგის პოემაში აღწერილია შემდეგი ამბავი: როცა მეზღვაურმა დაჭრა ერთ-ერთი სირენი, გემი უმალ მოხვდა საშინელ შტორმში, ასე რომ, გემის ეკიპაჟმა მიიღო გადაწყვეტილება, გაეთოკათ კაპიტანი და ზღვაში გადაეგდოთ მისი კბილის პროტეზი, რათა არ ჩაძირულიყვნენ.

ეშვ

ეშვა - მითიური ცხოველია ლომის თავითა და ლომის ტანით, ოღონდ უკვე სულ სხვა ლომისა. ეშვას შეუძლია ზედიზედ ათასი წელი იძინოს, შემდეგ კი გამოიღვიძოს ერთიანად ცეცხლის ალში გახვეულმა, მით უფრო თუკი მან სიგარეტით პირში დაიძინა.

ითვლება, რომ ოდისევსმა ეშვა ექვსასწლიანი ძილიდან გამოაღვიძა, მაგრამ ის აშკარად მარცხენა ფეხზე ადგა და ოდისევსს შეევედრა, მიეცა მისთვის უფლება კიდევ რამდენიმე ასწლეულით დაეძინა.

ეშვას გამოჩენა - ცუდი ნიშანია: ის ან მიწისძვრის მაუყწყებელია ანდა ვინმეს დაბადების დღეზე მიპატიჟებისა.

ერთი ინდიელი ბრძენი დაენაძლევა ჯადოქარს, რომ ეს უკანასკნელი ვერ შეძლებდა მის გაბრიყვებას და გასულელებას, რის შემდეგაც ჯადოქარმა ბრძენს წკიპურტი ჩაჰკრა თავში და მტრედად გადააქცია იგი. მტრედი ფანჯარაში გაფრთხიალდა და პირდაპირ მადაგასკარისკენ გაფრინდა, ნისკარტით პირადი ბარგიც თან წაიღო.

ბრძენის ცოლი, რომელიც მთელ ამ ამბავს თვალს ადევნებდა, დაინტერესდა, შეეძლო თუ არა ჯადოქარს ნაგავი ოქროდ ექცია, და დამაკმაყოფილებელი პასუხის შემთხვევაში სთხოვა, რომ მისი ძმა გადაექცია სამ დოლარად, ოღონდ ნაღდ ფულად.

ჯადოქარმა ამაზე მიუგო, რომ ასეთ ტრიუკს მხოლოდ იმ შემთხვევაში ისწავლის კაცი, თუკი მოივლის ქვეყნის ოთხივე მხარეს, მაგრამ ერთ-ერთში საჭიროა მკვდარი სეზონის დროს მოხვედრა, ხოლო დანარჩენ სამში სასურველია ბილეთები წინასწარ შეუკვეთო.

ქალი ერთხანს დაფიქრდა და გადაწყვიტა მექაში მომლოცველად წასულიყო, თან ამავდროულად დაავიწყდა ელექტროქურა გამოერთო. ჩვიდმეტი წლის შემდეგ ის დაბრუნდა და, დალაი-ლამასთან საუბრის შემდეგ, უმალ გამდიდრდა.

(ზემომოყვანილი წარმოადგენს ერთი ინდუისტური მითის გადმოცემას, რომელიც გვაუწყებს თუ საიდან წარმოიშვა ხორბალი. - ავტორი)

ზებრვირთხ

უზარმაზარი თეთრი თაგვი, რომელსაც მუცელზე აწერია : „რა მენაღვლება?“

სხვა მღრღნელებისგან ზებრავირთხა გამოირჩევა ერთი უნიკალური თავისებურებით: იგი შეგიძლიათ ხელში აიღოთ და დაუკრათ მასზე, როგორც აკორდეონზე. ამით მას ცოტათი ჰგავს ლუნეტა - პაწაწინა ციყვი, რომელსაც შეუძლია სტვენა და პირადად იცნობს დეტროიტის მერს.

* * *

ასტრონომები მსჯელობენ დასახლებულ პლანეტაზე სახელად კველმი, რომელიც იმდენად შორს მდებარეობს დედამიწიდან, რომ ადამიანი, თუნდაც სინათლის სისწრაფით რომ იმოძრაოს, იქ მხოლოდ ექვსი მილიონი წლის შემდეგ ჩააღწევს. სამაგიეროდ, კველმელებს გეგმაში აქვთ მოკლე დროში გამოუშვან ჩვენსკენ ექსპრესი, რომელიც მანძილს ორ საათში დაფარავს.

საშუალო ტემპერატურა კველმზე მინუს ოცდაათი გრადუსია, და ამიტომ იქ ბანაობა აკრძალულია, ხოლო კურორტები ან დახურულია, ანდა სტუმრებს სთავაზობენ გაერთონ დამოუკიდებლად.

იმის გამო, რომ მზის სისტემიდან ეს პლანეტა საკმაოდ შორს იმყოფება, კველმზე სიმძიმისა და მიზიდულობის ძალა საერთოდ არ მოქმედებს, და ამიტომ დიდი სუფრებისა და ქეიფების მოწყობა განსაკუთრებულ ძალისხმევას მოითხოვს.

ყველა ამ უბედურებასთან ერთად კველმზე არ არის ჟანგბადი, რომელიც, რამდენადაც ცნობილია, წარმოადგენს სიცოცხლის საფუძველს, და ის არსებები, რომლებიც იქ მაინც ცხოვრობენ, იძულებულნი არიან ორ სამსახურში ერთდროულად იმუშაონ.

ერთი ლეგენდა ამბობს, რომ მილიარდი წლის წინ საცხოვრებელი გარემო გაცილებით ხელსაყრელი იყო - ან, უკიდურეს შემთხვევაში, იმდენად ცუდიც არა, როგორც პიცბურგში, - და იქ, თქვენ წარმოიდგინეთ, ადამიანებიც ცხოვრობდნენ. ეს ადამიანები - ყველაფრით ჩვენ გვგავდნენ, მხოლოდ ცხვირის ნაცვლად მათ ზორბა კომბოსტოიანი ღორის ქადა ჰქონდათ - და ყველა ისინი იყვნენ ფილოსოფოსები. ისინი მთლიანად ლოგიკას ეყრდნობოდნენ და მტკიცედ სწამდათ, რომ ცხოვრების არსებობისთვის უნდა არსებობდეს მიზეზები, და ამიტომ შეუპოვრად ეძებდნენ შავთმიან და ტატუირებულ კაცს, რომელსაც საზღვაო ფლოტის ბუშლატი ეცმეოდა.

ეს ადამიანი კი არა და არ გამოჩნდა, და კველმელებმაც ფილოსოფოსოფასაც თავი ანებეს, დაიწყეს ფოსტის მეშვეობით ვაჭრობა, მაგრამ ტარიფებმა მკვეთრად აიწია, და მთელი მოსახლეობა დედაწულიანად ამოწყდა.

13 ერლომ ახვლედიანი

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ვტორი: თამარ ბაბუაძე
ფოტო: ლევან ხერხეულიძე

იდ იწყება?

მე და ნათია ლექციაზე შევდივართ.

უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსთან ნათიას ერლომ ახვლედიანი ხვდება - „დილის გაზეთიდან“ იცნობს. მე არ ვიცნობ, ამიტომ შორიახლოს ვდგავარ და ვუყურებ. მაგრამ ეტყობა, ისეთი გაბრწყინებული სახით ვუყურებ, რომ ჰგონია, მეც მიცნობს და სასწრაფო წესით მიბოდიშებს, თან ისე მიღიმის, ბაბუაჩემი რომ მიღიმოდა ხოლმე მხოლოდ და მეკითხება: „უი, ვერ შეგნიშნეთ, როგორ ხარ, გენაცვალე?“ ვიხსენებ ამ შეხვედრას და ჩემთვის ვფიქრობ: ერლომ ახვლედიანი მისალმებით იწყება?

. . .

ამ ამბიდან ხუთი წლის შემდეგ მე და ლევან ხერხეულიძე ერლომ ახვლედიანთან შინ მივდივართ. არაყიშვილის კუთხეში, კინო „ყაზბეგთან“ ტაქსს ვაჩერებთ და მისამართს ვეუბნებით. მძღოლი ქუჩას და სახლის ნომერს ცნობს: „ერლომთან ხომ არ მიდიხართ?“ და მერე: „რა კაცია!.. ჩასხედით, ლარად აგიყვანთ“.

იქვე გავიფიქრე და პარადოქსადაც მოვნათლე: რა, ერლომ ახვლედიანი უბნიდან იწყება?

. . .

ამ ამბამდე ორი კვირით ადრე ერლომ ახვლედიანს ვუ ვურეკავ.

„ბატონო ერლომ, ბაბუ ვარ, როგორ ხართ?“ - ასე გავეცანი თავიდანვე.

ვგრძნობ, ხუმრობის ხასიათზე დგება და ყოფილ ბაბუებს მიხსენებს. ჩემი ჭკუით, შეცდომას ვასწორებ:

„არა, არა, ბატონო ერლომ, მე გოგო ბაბუ ვარ“.

პასუხი:

„რას ამბობთ, მე უცხო გოგონებს ტელეფონით არ ველაპარაკები“.

სულელივით ჭიხვინს ვიწყებ და იქვე უარვყოფ აზრს:

არა, ერლომ ახვლედიანი იუმორით არ იწყება. ეს, უბრალოდ, ერთ-ერთი შტრიხია.

. . .

ტაქსი ეზოსთან ჩერდება. ღობე დაბალია და კარგად ჩანს შემაღლებულ ბორცვზე მდგარი ორსართულიანი, ცემენტით შელესილი სახლი, მეორე სართულზე ჩამორღვეული აივნით, ფანჯრების ჩაშავებული პირით; მანამდე არის კენჭებიანი და ოღრო-ჩოღრო გზა და უბალახო, ყავისფერი მიწა, ყავისფერი წიწვებით, მარტოსულობის განწყობით. ვუყურებ ჭიშკარს, რომელიც უნდა შევაღოთ; ჭიშკრის მიღმა მიწას - ძველს, ჟანგიანს, განდეგილ სახლს და მაშინ კი ვრწმუნდები, ერლომ ახვლედიანი ზუსტად ამ ჭიშკრის მიღმა იწყება.

მოხუცი ილუზიონისტი და სენაკი

„უნდა გვქონდეს რაღაც პატარა ხულა, რომელიც აბსოლუტურად ჩვენი და მუდამ ჩვენს განკარგულებაში იქნება, სადაც შეგვეძლება განმარტოება სრულ თავისუფლებაში... აქ ჩვენი სული შეიძენს საკუთარ თავთან ურთიერთობის უნარს, გაუწევს მას საზოგადოების მაგივრობას... ნუ შეგვეშინდება ამგვარი მარტოობისა, მოსაწყენი მოცალეობისთვის დრო არ გვექნება!“

მიშელ დე მონტენი, წიგნიდან „მშვენიერი ბრძნული მსჯელობები“

„მარტოობაშიც უნდა შეგწევდეს იმის უნარი, რომ საკუთარ თავს საზოგადოება შეუქმნა“.

ტიბულუსი, IV, 12-13, იმავე წიგნიდან

„71 წლის ვარ, ნოემბერში 72 წლის გავხდები. რაც დრო გადის, სულ უფრო მეტად ვემსგავსები ილუზიონისტს. აჰ, ეს უკვე გითხარით, არა? აი, ხომ ხედავთ. ასე მემართება ნივთებზეც. დავდებ ერთგან, მერე მივდივარ და აღარ მხვდება. დავდივარ და ვეძებ“.

ნივთები, რომლებიც ფეხს იდგამენ, პატრონს ემალებიან და ილუზიონისტობას აიძულებენ, ძირითადად, არიან: სათვალე, საფერფლე, სანთებელა, სიგარეტი და ძველი ხელნაწერები.

იკარგებიან ხოლმე წიგნებიც. თუმცა, რადგან ყველა ქმედებას ახასიათებს რაღაც დადებითი, ილუზიონისტობასაც მოაქვს ერთი კარგი - სრულიად შემთხვევით, თაროების სიღრმეებიდან, ოთახის მქრქალ შუქზე ამოტივტივდებიან ფიქრების შესაბამისი წიგნებიც.

ამჯერად იყო ერთი გრძელი, დაუსრულებელი და სერიებად დაყოფილი ფიქრი სიბერეზე და შემთხვევით, მის საპასუხოდ გამოჩენილი წიგნი „მშვენიერი ბრძნული მსჯელობები“. სარჩევში 97 გვერდზე იწყება კიდევ უფრო მიმზიდველი თავი - „განმარტოება“. ეს თემა ერლომ ახვლედიანს ბავშვობიდან დაბედებულივით მოჰყვება, მაგრამ სწორედ მიშელ დე მონტენმა გაუმყარა აზრი, რომ განმარტოების უფლება ადამიანს სიბერეში აქვს: „როდესაც საზოგადოებისთვის აღარაფერი გვაქვს შესათავაზებელი, მასთან განშორების დრო დგება“.

„უნდა გვქონდეს რაღაც პატარა ხულა“ - ესეც სიბერეში, როცა ერლომ ახვლედიანი თანდათან ილუზიონისტს ემსგავსება და ყავისფერ ჭიშკარს მიღმა - თავის სამყაროში, ყავისფერ მიწაზე და სენაკის ფიცრიან იატაკზე თავის სულს აგებს ხალიჩად. თან სიბერეზე უმძაფრდება ფიქრი და რეკავს:

„ბაბუ, გამოვიდა რამე ჩვენი საუბრიდან? მე კიდევ ერთი თემა მოვიფიქრე. სიბერეზე მინდა ლაპარაკი. იქნებ, დავამატოთ“.

ბაქანი № განმარტება

(მკითხველმა კითხვის გაგრძელება რომ შეძლოს)

ერლომ ახვლედიანის ძველი ჩანაწერის მიხედვით, ადამიანი ბაქნებს შორის მოძრაობს. მეშვიდე ბაქანი მოხუცებულობის ასაკია, მანამდეა ყველა დანარჩენი გაჩერება. ამ ბაქნებზე დადის ერთი პერსონაჟი სამ გმირად: ბავშვობა, წამი ესე, იგივე კონკრეტული მომენტები, და სიბერე.

თვითონ აზუსტებს:

„ვთქვათ, ბავშვობიდან მატარებელი გამოვიდა და მოხუცებულობამდე უნდა მივიდეს. იქ იმ ბაქანზე ისინი ხვდებიან ერთმანეთს და წამი ესე მათ ყოველ მოცემულ მომენტს აგონებს, ბავშვობიდან იქნება, თუ ყმაწვილკაცობიდან. ხომ გესმით, არა?

გაგრძელება მინდოდა, არ იყო ურიგო თემა, თან ყველაფრის ჩადება შეიძლებოდა მასში, რისი დაწერაც ვერ მოვასწარი... მაგრამ ვეღარ შევძელი. ჩემი არაორგანიზებულობის ბრალია. ჩანაწერებიც გავაკეთე, მაგრამ ვეღარ ვიპოვე ფურცლები... ერთი თემიდან ისე ვხტები ხოლმე მეორეზე, თან ისე მენანება ერთი მეორესთვის... წერა მეშვიდე ბაქანზე შევწყვიტე, რომელიც იყო სიბერე“.

ყველაზე ხანგრძლივი ბაქანი №7 (სიბერე)

„ეს იწერს, არა?“ - დიქტოფონი იგულისხმება.

ამჯერად იწერს. თორემ ამბები წინა ბაქნებიდან, წინა შეხვედრის დროს სულ ხელით ჩავწერე.

„აჰ, რა საკვირველია, რომ იწერს! ხომ იცი, აქ ისეთი რადიოტალღებია, ტექნიკა ითიშება“ - ისევ ხუმრობს, რათა მთავარ სათქმელზე გადასვლის პროცესი კიდევ უფრო გააჯანჯლოს. მერე კიდევ ერთ ფუჭ კითხვას სვამს, ნელა-ნელა, გაწელილი ინტონაციით, სიგარეტის თითებში სრესით და მაქსიმალური პაუზებით (გონებაში, ალბათ სათქმელს ამზადებს):

„რ-ოომ მოო-ვწი-ო ხ-ომ შე-იძ-ლე-ბაა?“ - საკუთარ სახლშია, მაგრამ მაინც მეკითხება. მოთმინებით სავსე ღიმილით ვუქნევ თავს და დიქტოფონისკენ გამირბის მზერა: 00:28, 29, 30... - „30 წამია ჩაწერილი. გასაშიფრი კი ბევრი იქნება, მაგრამ თუ ასე გავაგრძელეთ, რა გავშიფრო, სიჩუმე?..“

„ხელს ხომ არ გიშლით?“ - ცოტაოდენი პაუზის შემდეგ ახლა ლევანს ეკითხება, ფოტოგრაფს და უარის მიღების შემდეგ, ისევ ჩუმდება. მერე სანამ ახალ კითხვას მოიფიქრებდეს, ვასწრებ:

„ბატონო ერლომ, არ დავიწყოთ?“ - ვგრძნობ თავაზიანობის ეს ლამის ფელეტონური ფეიერვერკი დიდ ხანს გაგრ ძელდება და ამიტომ ვეჩრები ასე უტიფრად. მერე მეორედ თითქმის ენის მოჩლექით და თან დაჟინებით:

„ბატონო ერლომ!..“

„ხო, ხო, დავიწყოთ. იცით, ერთხელ კახი კავსაძე მიამბობდა,“ - (მგონი, მივადექით სათქმელს) - „თუ როგორ მუშაობდა ერთ როლზე, რომლის გათავისებაც ვერაფრით მოახერხა. ბევრს შრომობდა, ათას რაღაცას ცდიდა, მაგრამ სცენაზე გასვლის წინ, მაინც ყველაფერი ეფანტებოდა. ერთხელ მომხდარა ისე, რომ სპექტაკლი მოულოდნელად დაუნიშნეს. თურმე, ასე მოუმზადებლად რომ გასულა სათამაშოდ, ყველაფერი ისე კარგად გამოსვლია, რომ გაოცებული დარჩა. მეც მოუმზადებელი ვარ დღეს, მაგრამ იქნებ, ასე უკეთესად გამოგვივიდეს.

ხოო, სიბერე.

მაშ, სიბერე.

თუ სწორად შეაფასებ და მიიღებ, სიბერეზე უკეთესი არაფერია. სიბერე ირაციონალური სიტკბოა: თავს მაშინ უნდა შეურიგდე, როცა ეს ყველაზე რთულია; როცა ცუდად ხედავ, როცა ჯანმრთელობა გაწუხებს. უნდა შეურიგდე იმ აზრსაც, რომ მალე ამ ქვეყნიდან წასვლა მოგიწევს... მაგრამ კაცი იკითხავს, მაშინ რატომ არის სიბერე ტკბილი, პირიქით, ამ დროს ხომ გაცილებით უფრო ადამიანური განცდა შიში იქნება? უცნაურია, მაგრამ სიბერე ტკბილია საკუთარი ცოდვების გამო. და მარტოობის გამოც. მარტოობის სრული უფლება

სიბერეში გეძლევა, ამ დროს კი გივითარდება მეხსიერების ერთი უცნაური ფორმა - გახსენდება მხოლოდ ის, რაც სხვისთვის დაგიშავებია და გავიწყდება ყველაფერი ის, რაც სხვებს დაუშავებიათ შენთვის. დგება სინანულის დრო. ეს არის მოხუცებულობის ნამდვილი საჩუქარი.

ძალიან კარგად მახსოვს მამაჩემი ამ ასაკში. იმდენად კარგად, რომ საკუთარი თავის იდენტიფიკაციას ვახდენ მასთან. მგონია, რომ ის ვარ, ოღონდ თან მე.

ნათლად მახსოვს ის დღე, როცა ბავშვებმა 70 წლის იუბილე გადაუხადეს სკოლაში. მე 70 წელი შარშან 23 ნოემბერს შემისრულდა, რევოლუციის დღეს, და ისე მიხაროდა, არავის რომ არ ეცალა ჩემთვის, ვერ წარმოიდგენთ. ვიფიქრე, მე ხომ არ მომიძღვნეს ეს რევოლუცია-მეთქი, ცხადია, მოძღვნაში ის ვიგულისხმე, რომ მარტო დავრჩი“.

- შიში სიბერის?

„შიშიც არის. როცა გული ამტკივდება ხოლმე, ხანდახან გამკრავს, რომ შეიძლება მომკლას და დაამთავროს ყველაფერი. უბრალოდ, სიკვდილი ძალიან ადამიანური მოვლენაა, ასეც უნდა შეხედო მას - ბუნებრივად“.

- და რა არის სიბერე?

„ერთხელ სტალინთან მივიდა ახალგაზრდა კაცი და პირდაპირ ჰკითხა, რას იტყვით სიბერეზეო. ამ პირდაპირობამ სტალინი გააბრაზა, დაუყვირა: Вы невоспитанный молодой человек! და ოთახიდან გავიდა. ყმაწვილი მარტო დარჩა გაოგნებული. ვერ მიხვდა, რა უნდა ექნა. წარმოიდგინეთ, მას სტალინმა უყვირა! დიდხანს იჯდა ასე. ბოლოს თვითონ სტალინი დაწყნარდა, შემოვიდა და კითხვაზეც უპასუხა: „სიბერე ის არის, როცა ვეღარ ეკონტაქტები შენს დროს“.

…„სიბერეა შანსიც. ერთ ფსალმუნშია, დავით წინასწარმეტყველი შესთხოვს ღმერთს, უფალო, მითხარი, კიდევ რა უნდა გავაკეთო იმისთვის, რომ შენს წინაშე სრულყოფილად წარვსდგე... ამ სრულყოფილების მიღწევის საშუალებაა მოხუცებულობა. შენ გეძლევა დრო, რომ ნელ-ნელა შეეგუო სიკვდილს, რადგან როცა დგახარ სიცოცხლის და სიკვდილის ზღვარზე, არ უნდა მოხდეს ისე, რომ სიცოცხლე უფრო გიყვარდეს, ვიდრე სიკვდილი. ორივე თანაბრად უნდა იყოს შენში, ორივე თანაბრად უნდა გიყვარდეს.

მე ბავშვობიდან მქონდა რაღაც უსიამოვნო განცდა საკუთარი თავის მიმართ. არ მომწონდა საკუთარი თავი და ვნატრობდი, რომ როცა მოვკვდები და მეორედ დავიბადები, დავიბადები ისეთი, როგორიც მინდა, რომ ვიყო“.

- როგორი?

ეს გაუაზრებელი ცოდნაა. უკეთესი გინდა, რომ იყო. ნაწარმოებიც დავწერე ამაზე და როცა მწერალმა ანდრეი ბიტოვმა წაიკითხა, მითხრა, შენ შენს თავს სიბერისთვის ამზადებო.

ამ ასაკში ცხადზე ცხადი და ცხოველზე ცხოველი ხდება შენში ცოდვები, ხელმეორედ გეუფლება სინანული თითოეული ცოდვის გამო. იცით, როგორი რამ არის, თითქოს, ნაიარევი გაქვს, რომელიც მუდამ თავს გახსენებს, შენ კი სულ ეფერები და ხელს უთათუნებ და ასე იშუშებ ჭრილობას.

რა შეიძლება დავასკვნათ აქედან? ის, რომ კარგის გაკეთება კი არ არის მთავარი - რადგან შეიძლება, გეგონოს, რომ სიკეთეს აკეთებდე და ეს არ იყოს სიკეთე. მთავარია, გინდოდეს და შეგეძლოს ცუდის გაკეთება და არ გააკეთო. ამაზე დიდი ღვაწლი არ არსებობს. დანარჩენი თავისით მოდის...

მე ორი წელი მაკლია იმ დრომდე, როცა სტალინმა ის ფრაზა თქვა მოხუცებულობის შესახებ. მაგრამ იმას მაინც ვერ ვიტყვი, ამდენი და ამდენი დრო დამრჩა-მეთქი. მთავარია, სინანული გახდეს შენში ცხოველი. მე ნამდვილად ასე მირჩევნია, განმარტოება და სინანული“.

- ადამიანები, მეგობრები?

„ცხადია, მეგობრებიც მსიამოვნებს. მაგრამ ერთი ტიპის მეგობრები მხოლოდ. ისეთები, რომლებიც არ გიკირკიტებენ. ერთი მოთხრობის დაწერა მინდოდა კაცზე, რომელიც მიდის ქუჩაში, შეხვდება მეგობარი, რომელიც ეტყვის გამარჯობას, მოიკითხავს, მერე დაემშვიდობება და იქვე დაივიწყებს მას. მერე შეხვდება მეორე მეგობარი, რომელიც მიაყრის კითხვებს, დაჟინებით სთხოვს პასუხებს და დამშვიდობების შემდეგაც აგრძელებს მასზე ფიქრს. ეს ხელის ფათური კაცს საშინლად ამძიმებს.

მე ახლა მეგობრებზე ფიქრი მირჩევნია შეხვედრებს. მახსენდება ყველაფერი, რაც სხვებისთვის დამიშავებია, ერთხელ ისიც მომინდა, რომ თავი მომეყარა ყველა ახლობელი ადამიანისთვის და მათთვის ცალ-ცალკე მეთხოვა შენდობა; ისე, როგორც მიტევების დღეს“.

- კმარა მონდომება? თუ აუცილებელია ქმედებაც, სურვილის რეალურად განხორციელებაც?

„არა, ეს მთავარი აღარაა. მთავარია, მოგინდეს, მთავარია, ეს სინანულის აქტი ფიქრში მაინც გაიარო. იცით, როგორ ათავისუფლებს ეს ადამიანს? თუნდაც რომ ისურვე, ისიც ათავისუფლებს.

- რომელი უფრო მნიშვნელოვანია, აღმოჩენები საკუთარ თავში თუ ინტერესი სხვა ადამიანების მიმართ?

„იცით, რაშია საქმე, ადამიანები მიყვარს, მაგრამ მათში ჩხრეკვას არ ვიწყებ. ადამიანი მაინტერესებს კიდეც, მაგრამ არ განვიკითხავ. რადგან, როცა ვინმეს განიკითხავ, შენ მას მარტო არ ტოვებ. ადამიანი ყოველთვის უნდა დატოვო მარტო. თავის თავს ის ყველაზე კარგად მოუვლის. აი, როგორც იმ ამბავში იყო, ახლა რომ მოგიყევით. მეგობარმა თავისი კითხვებით შეაწუხა მეგობარი, რადგან განიკითხა და არ მისცა საშუალება, საკუთარ თავთან მარტო დარჩენილიყო.

ისედაც, ერთი ადამიანი მეორესგან იმდენად შორს არის, როგორც ვარსკვლავები - ერთმანეთისგან. მე არ ვცდილობ მათ ჩავუღრმავდე, მივუახლოვდე. მეტიც, ხანდახან ვფიქრობ ხოლმე, რაში სჭირდება ადამიანს ასეთი კომპლექსური, ასეთი დიდი აგრეგატი, როგორიც მისი სხეულია; რად უნდა მას ასეთი სირთულე? წარმოიდგინეთ, რა მშვენიერი რამ არის კანი; აბსოლუტურად მშვენიერი, გლუვი კანი, რომელიც ამ სირთულეს გადაეფარება და საკუთარ საფარში მალავს ყველაფერს...

გატყავებული ადამიანი საშინელებაა. საერთოდ, ყველაფერი გატყავებული საშინელებაა... გურამ რჩეულიშვილმა მითხრა ერთხელ: „ზნეობრივ საზღვრებს ვერ ვგრძნობ ჩემში. მე არ მაქვს საზღვრები, ყველაფრის მკისრებელი ვარ“ (წერილიდან „უღმერთოდ მომენატრა შენთან ლაპარაკი“) - ამის გააზრება საშინელებაა, მაგრამ როცა არ წამოეგები ამას, როცა გაჩნდება შენში ზნეობრივი ზღვარი, სწორედ ეს არის შინაგანი სირთულის კანქვეშ მოყვანა. ამისთვის არის საჭირო კანი. უკვე ხომ ვთქვით, მთავარია, შეგეძლოს და არ გააკეთო. გურამმაც შემდეგ უკვე დაწერა თავისუფლების ფლობის ინსტრუმენტზე და სწორედ ეს „თვითშეზღუდვა“ აამუშავა...

რაც შეეხება სხეულს... მე ზუსტად ამიტომ არ მიყვარს სალვადორ დალი...“

- მოკლედ, მაინც კანი. სიბერე. მარტოობა.

„კი, კი, მე ნამდვილად ასე მირჩევნია. მარტოობისკენ ლტოლვა ისედაც სულ მქონდა. თან ლტოლვა არა რომანტიკულად, არამედ სულ სხვანაირად“.

- როგორ?

„როგორ და...“

ბაქნიდან ბაქანზე: წამი ესე მარტოობა. ბავშვობა. მეგობარი. „მე“.

. . .

„როგორ და, ბავშვობაში უბრალოდ იძულებული ვიყავი, მარტო ვყოფილიყავი.

ბავშვები მეტსახელად „თეთრს“ მეძახდნენ, როგორც არა მუშის შვილს, არა მათი კლასისას. დამცინოდნენ და არ მეთამაშებოდნენ. მამა პედაგოგი იყო, ხატვას და ხაზვას ასწავლიდა სკოლაში, ამიტომ სახლში უხვად გვქონდა წებოები, ფუნჯები, ჭანჭიკები. მე ვიღებდი ამ წვრილმან ნივთებს მისი სახელოსნოდან და ბავშვებს ფანჯრიდან ვანახებდი. თუ ნივთით დაინტერესდებოდნენ, თამაშში მრთავდნენ. მერე ბეზრდებოდათ და თავიდან იწყებოდა ყველაფერი. ასე, ჭანჭიკებით - ქრთამით ვყიდულობდი საკუთარ ბავშვობას“.

შესაბამისად, პატარაობიდანვე სულ სახლში იყო ხოლმე. კარგად ახსოვს, როცა მშობლებთან ერთად სტუმრად მიდიოდა, ჩააცმევდნენ თუ არა, გარეთ შურდულივით გამოვარდებოდა და ეზოს წრეებს არტყამდა. ამ სირბილით თავისუფლების გათავისება სურდა; თავისუფლების აღნიშვნა.

დაახლოებით ექვსი წლის იყო, როცა სახლში, წიგნებს შორის დანტეს „ჯოჯოხეთი“ იპოვა. კითხვაც არ იცოდა მაშინ კარგად, მით უმეტეს, რუსულად, მაგრამ ილუსტრაციებმა დაუვიწყარი შთაბეჭდილება მოახდინა.

ახლა იხსენებს: „რამდენიმე გარსი, ცეცხლზე აგიზგიზებული სულები, ტანჯული სახეები, ატკიებული შიშველი სხეულები, კივილი... ეს გარემო თან მაშინებდა, თან მსიამოვნებდა მისი ცქერა და მიზიდავდა. მერე უკვე ამ პირველმა დიდმა შთაბეჭდილებამ საკუთარი პიროვნების შესახებ მთავარი შტრიხი აღმომაჩენინა: მე საკუთარ თავს არაფრის ღირსად არ ვთვლიდი. არ მომწონდა საკუთარი გარეგნობა, ვოცნებობდი სიკვდილზე, რომ სხვანაირი დავბადებულიყავი: უფრო ძლიერი“.

. . .

ზუსტად არ ახსოვს, როდის გააცნობიერა პირველად საკუთარი „მე“, საკუთარი სულისა და სხეულის ერთიანობა, მაგრამ ეს მომენტი კი დღემდე ცხადზე ცხად განცდად დარჩა. „სკოლაში მივდიოდი. მზიანი დილა იყო. ეზოდან მცირე გვირაბით მეორე ეზოში უნდა გავსულიყავი, იქედან - ქუჩაში. აი, სწორედ იქ, იმ გზაზე, გვირაბსა და ქუჩას შორის, მზის ჩრდილებსა და სხივებს შორის, პირველად ვიგრძენი, რომ ეს მე მივაბიჯებდი გზაზე. ეს მე ვიყავი“.

. . .

მეგობარი დიდხანს არ ჰყავდა. დაახლობით მეექვსე კლასში დაუმეგობრდა გურამ მაისაიას და ეს ურთიერთობა მეხსიერებას დღემდე ცხოველ მოგონებად შემორჩა. თან გურამი სწორედ ისეთი იყო, როგორიც მას სურდა, ყოფილიყო: ლამაზი ბიჭი, ლაღი და ძლიერი. მეზობლად ცხოვრობდნენ, სკოლაში ერთად მიდიოდნენ. ერლომი ამ დროს საოცრად ამაყი იყო ხოლმე. გურამი ეტალონივით ჰყავდა - კარგი გარეგნობის, ნიჭიერი და უდარდელი.

„მე კი სულ პირიქით ვიყავი. ერთხელ მარჯანიშვილზე, უნივერმაღთან ნაყინი მოგვინდა და ვიყიდეთ. ქუჩის მეორე მხრიდან ნაცნობმა გოგონებმა დაგვიძახეს. მაშინ ქალთა და ვაჟთა სკოლები გაყოფილი იყო, ამიტომ გოგონებთან ურთიერთობასაც შეუჩვეველი ვიყავი. გურამმა მაშინვე გადაირბინა გზა და თავისუფლად გაუბა მათ საუბარი. მე კი საშინელი უხერხულობა ვიგრძენი. როგორ უნდა მივსულიყავი გოგონებთან ნაყინის ჭამით, ვერ წარმომედგინა. ბოლოს ნაყინი გადავაგდე, არადა, როგორ მინდოდა, და მხოლოდ მერე გადავედი ქუჩაზე მათთან შესახვედრად“.

. . .

სკოლაში ცუდად სწავლობდა. გაკვეთილს ვერ ჰყვებოდა. მასწავლებლები ცუდ ნიშნებს უწერდნენ. ერთხელ ქართულის მასწავლებელმა „სულიკოს“ თქმა მოსთხოვა. „მაგრამ ეს უიოლესი ლექსიც ვერ დავასრულე. წარმოიდგინეთ, რამდენად უნიჭო შეიძლება ეგონო კაცს ამ დროს. თუმცა, შემდეგ ჩემი ეს თვისებაც ავხსენი: ცუდად ვსწავლობდი იმიტომ, რომ ჩაღრმავება არ მიყვარს, ვიღებ იმას, რასაც ბედისწერა მომიტანს. საკუთარ თავს ძალას ვერ ვატან. თუ გავიგებ, ჩემთვის ესეც საკმარისია“.

ბაქანი № ქალი

უკვე გვითხრა, რომ ადამიანი მისთვის იმდენად რთულია, რომ უყვარს და აინტერესებს, მაგრამ მასში ღრმად ჩახედვას არ ცდილობს. ასეა ქალიც. უფრო სწორად, ქალის შემთხვევაში - კიდევ უფრო კომპლექსურად არის საქმე: „ქალი ჩემთვის იმდენად სრულყოფილია, იმდენად განყენებულია, რომ თაყვანისცემის საგანი უფროა. ალბათ, ჩემი შებოჭილობაც ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რომ ქალს კერპივით ვეპყრობი. თან მე ხომ არასდროს არ ვცდილობდი, საკუთარი მყოფობა გამემყარებინა ერთ კონკრეტულ გარემოში, სიტუაციაში. მე ყოველთვის მეგონა, რომ საყვარელ ქალთან ახლოს ყოფნის ღირსი არ ვარ, ამას არ ვიმსახურებ“.

„საკუთარი თავის გამყარება ცხოვრებაში, ადამიანებთან“ - ამ დეფიციტის თუ ცხოვრების წესის ფესვებს ის ღრმა ბავშვობაში ეძებს. ახსოვს, როგორ შეუყვარდა პირველად. მაშინ ძალიან პატარა იყო, დეიდას აგარაკზე ჰყავდა წაყვანილი. იქ სხვა ბავშვებს შორის გაიცნო გოგო, რომელიც სხვათაგან უმალ გამოარჩია. თავისი გრძნობის შესახებ არც მას ეუბნებოდა არაფერს, არც დანარჩენ ბავშვებს. მაგრამ, როგორც ხდება ხოლმე, სწორედ წარბშეკრულ დუმილზე და უხერხულ დგომაზე ეტყობოდა გრძნობა. ბავშვებმაც გახუმრება გადაწყვიტეს. შეიკრიბნენ ერთ-ერთის აივანზე და გოგოს ლანძღვა დაიწყეს. ერლომი გაცეცხლდა, მაგრამ ჯიუტობდა და დუმდა, თავის გაცემას ერიდებოდა. „ვერაფერს ვამბობდი, ბრაზისგან კი ცუდად ვხდებოდი. როცა უკვე აუტანელი ხდებოდა ეს ყველაფერი, საიდანღაც გოგოც გამოვიდა და ყველამ ერთად სიცილი დამაყარეს“.

შებოჭილობა, განცდა იმისა, რომ „მე ღირსი არ ვარ“, არც შემდეგ განელდა. აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე სწავლობდა. ჯგუფში, ძირითადად, ბიჭები იყვნენ. შიგადაშიგ გაერთიანებული ლექცია ტარდებოდა ხოლმე. პირველად რომ მივიდა ასეთ ლექციაზე, გოგონების სიმრავლემ თვალი მოჭრა და დააბნია. „მაგრამ ერთი მაშინვე გამოვარჩიე. დავინახე და მორჩა“.

მას შემდეგ, სამი წლის განმავლობაში, ამ დღეს ელოდებოდა ხოლმე. შედიოდა ლექციაზე, ჯდებოდა მერხზე, ერთი თვალის გადავლებით მიხვდებოდა, სად იჯდა ის და მერე იმ მხარეს აღარც იყურებოდა. უბრალოდ, იცოდა, რომ ისიც იქ იყო. გრძნობდა მის არსებობას და მშვიდად იყო. „მთელი ამ ხნის განმავლობაში, ერთხელაც არ შემიხედავს“.

არც ერთმა, არც მე და არც ბატონმა ერლომმა არ ვიცით, ყველაზე გასაგებად როგორ გადმოვცეთ ეს მდგომარეობა სიტყვებით, მაგრამ ყველაზე ხატოვნად, ალბათ, ასე შეიძლება: ნებისმიერ სიტუაციაში მოხვედრა მგზავრობას ჰგავს, რომლის დროსაც ირჩევ თანამგზავრს, მან კი ეს არც იცის. ასე ხდება რეალურად მგზავრობის დროსაც. კულტურის სამინისტროდან აგზავნიან დმანისში. ავტობუსში ასვლისას შეუმჩნევლად, თითქოს სრულიად ბუნებრივად, თვალს მოავლებს მგზავრებს, მერე ჯდება და მგზავრებისკენ აღარც იყურება, ფანჯრიდან გასცქერის ჭუჭყიან ავტოსადგურს. ძრავა თუხთუხებს, ავტობუსი ადგილიდან იძვრის და მტვრიან გზებზე მირახრახებს. თითოეულ მგზავრს თავისი საფიქრალი აქვს. ერთი კი ზის ფანჯარასთან და იქვე მჯდომ გოგონაზე ფიქრობს, აკვირდება. დმანისში ჩასვლამდე მისი თანამგზავრი ხდება.

ამ ფიქრებს გამოდევნება, მათი დაკონკრეტება რთული და განუხორციელებელი საქმეა, რადგან სრული აბსტრაქციისა და ვერბალურად უთარგმნელი შეგრძნებების სფეროში გადადის. რაც მთავარია, ყველაფერი მგზავრობის დასრუ ლებისთანავე მთავრდება. ავტობუსი ჩერდება. მგზავრები ჩადიან, ქალიც, ერლომიც, და გრძნობა მომავალ მგზავრობამდე წყდება.

ერლომ ახვლედიანს აქვს ერთი დაუწერელი რომანი, რომლის სიუჟეტიც დაწვრილებით მიამბო და თუ ვინმე დაძალების მტანჯველ, მაგრამ თან სასაცილო მისიას იკისრებს, იქნებ, დააწერინოს კიდეც. იმ რომანშიც ასე ხდება - ერთი გოგო, ერთი იდეალი გოგო, რომელიც ბიჭმა თავის დროზე მიატოვა, ცხოვრების გზაზე სხვადასხვა ტიპის გოგონებად ევლინება მას. ანუ, ერთი სიყვარული მრავალ სხვადასხვაგვარ შეგრძნებაში იშლება...

და ასე ჩნდებიან ბაქნები და თანამგზავრი ქალები ბაქნებზე. მათი გამოჩენა კი სინამდვილეში ერთი მარადიული თანამგზავრის პოვნის ქვეცნობიერ თუ, სულაც, სრულიად ცნობიერ სურვილს ნიშნავს.

P.S. რაც შეეხება შებოჭილობას. ისტორიებს, ხშირად იუმორისტული ჟანრის ამბებსაც, ერლომის მეგობრებიც ხშირად ჰყვებიან დასტურად. თვითონ კი გამძაფრებული თვითირონიით სავსეს, ერთი ამბავი ახსენდება: „მე და ლევან მალაზონია სტუმრად მივედით. ლევანმა ზარი დარეკა, მაგრამ არავინ გაგვიღო. შიგნიდან კი აშკარად გვესმოდა ხმაური, წესით შინ უნდა ყოფილიყვნენ. ერთხანს შევიცადეთ, ჩუმად ვიდექით ზღურბლთან და ვაყურადებდით. მაგრამ ლევანს მალე აევსო მოთმინების ფიალა, ის იყო გამწარებით უნდა ჩამოეკრა გაბმული ზარი, რომ შეშინებულმა შევყვირე: რას შვრები, ლევან, ჩუმად, გაიგებენ“.

ბაქანი № წერა

„გვიან მივხვდი, რომ წერა აღარ შემიძლია“ - ამბობს და მერე სხვა საუბარში იმასაც მეუბნება, რომ წერა საერთოდ არასდროს გამოსდიოდა, ერთი „ნიკო და ვანო“ გამოუვიდა და ისიც უკვე...

კამათი უადგილოა. კამათს მისი ტექსტების კითხვა სჯობს. მაგრამ რადგან ახლა ნომერ „წერა“ ბაქანზე ვდგავართ, ჯერ თვითონ ერლომს მოვუსმინოთ.

„განსაკუთრებით არ გამომდიოდა წერილების წერა. არასდროს არ ვიცოდი, რა უნდა დამეწერა. რუსულად ხომ საერთოდ. ერთხელ ერთ ქალს მოსკოვში წერილი გავუგზავნე, მხოლოდ კონვერტზე, მისამართისა და სახელის დაწერისას იმდენი შეცდომა დამიშვია, რომ გაოგნებული იყო. ერთხელ კი ისე დამეზარა წერილის დაწერა, რომ წერას მოსკოვში გადაფრენა ვარჩიე.

რატომ იცინით ასე, თქვენ გგონიათ, ვაჭარბებ, არა? ტყუილად გგონიათ. ერთხელ დათო ჯავახიშვილმა მთხოვა, ოღონდ შენ ნუ მომწერ და მე თვითონ მოგწერ წერილებსაც და პასუხებსაც მათზეო. მერე ისიც გავარკვიე, რომ გურამ რჩეულიშვილს ჩემი ბოლო ორი წერილი არც კი გაუხსნია...“

მიუხედავად ამისა, დიდი ხანია, რაც წერს. ინსტიტუტში ისეთი სისწრაფით გავრცელდა მისი ერთი ტექსტი, რომ... სიუჟეტი ასეთია: სამი აბიტურიენტი ბიჭი სამ გოგოს გამოიჭერს, ის დღე რაღაც „საწოლის დღის” მსგავსი აღმოჩნდება - ყველა ეროტიკული თამაშებით არის დაკავებული; მაგრამ ამავე დროს - დღე უნაყოფოც არის - არც ერთი ჩასახული ბავშვი არ დაიბადება. ციდან გამოხმობილი სულები კი უსხეულოდ რჩებიან. ერთ-ერთი მათგანი ყველას სათქმელს ჰყვება, დადის და ეძებს, რაში განსხეულდეს, ხან რად მოსვლას ნატრობს, ხან - რად...

წერის და აზროვნების იგივე სტილით, მოსკოვშიც, კინოსასცენარო ფაკულტეტზეც იოლად მიიღეს.

„როცა მოსკოვში გამოცდების ჩასაბარებლად წავედი, ოთარ იოსელიანთან ერთად უკვე გაკეთებული გვქონდა „აპრილი“. კომისიას ჩვენი - ჩემი და ოთარის ახალი თემა წარვუდგინე. სიუჟეტი ასეთი იყო: ქალაქში არის ორი ჯგუფი, ორი ოპოზიციური პარტია (თან ეს ის დროა, როცა ჩვენს რეალობაში მხოლოდ ერთი პარტია არსებობს). ისინი დავობენ და საკუთარ უპირატესობას ამტკიცებენ. ერთი ჯიუტობს და ამბობს, მზე იმიტომ ამოდის, რომ უნდა ჩავიდეს. მეორე პარტია კი გაცხარებით კამათობს და ამტკიცებს, რომ პირიქით - მზე იმიტომ ჩადის, რომ ამოვიდეს... კომისიის თავმჯდომარემ, კაპლერმა მითხრა: „Всё ясно. Вы свободны”. მეგონა, ჩავიჭერი. ვიცოდი, მიღებულთა სიებს ჯერ არ გამოაკრავდნენ, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ სტუდენტთა შორის ჩემი გვარი არ იქნებოდა. თუმცა, გამოვიდა კომისიის წევრი და შედეგი მაშინვე მითხრა: Вы приняты. ყველაზე ადრე სტუდენტთა შორის მე გავიგე, რომ ჩავაბარე“.

მას შემდეგ სულ წერს. თუ ფურცელზე არა - წარმოსახვაში. ამიტომაც ჩნდება ეჭვი, რომ დაუწერელი იგავების, რომანების და წერილების რიცხვი საგრძნობლად აღემატება დაწერილს.

ერთი ამბავი დავით ჯავახიშვილისგან:

„ზის ზაფხულის ერთ მშვენიერ ღამეს ერლომი თავის სამუშაო მაგიდასთან და მოთხრობას ამთავრებს; ღია ფანჯრიდან სინათლეზე შემოსულმა ათასგვარმა მწერმა მოიყარა თავი, ზოგი დაცოცავს, ზოგი დახტის, ზოგიც ჰაერში დაფარფატებს; ერლომი მოთხრობის ფინალზე ფიქრობს, თითქოს დაამთავრასავით, თუ არა? ყოყმანობს... აი, წეტილიც დასვა წინადადების ბოლოში; და უცებ, ჰოი საოცრებავ, წერტილი დაიძრა, ამოძრავდა; თურმე, ზუსტად ბოლო წერტილის ადგილას რაღაც ერთი ციცქნა მწერი მჯდარა, მერე უცებ მობეზრებია უძრაობა და სადღაც რაღაც მწერულ საქმეზე წასვლა განუზრახავს... მას შემდეგ, ხუმრობით, ერლომს მე მწერალ მწერლომ ახვლედიანს ვეძახი“...

ბაქანი № დღეისთვის ბოლო

ამ ბაქანზე დგანან: ერლომ ახვლედიანი, მკითხველი და ლევან ხერხეულიძე. ლევანმა ფოტოების გადაღება დაასრულა და ერლომს უსმენს, ბოლოს ეკითხება: - ბატონო ერლომ, რომელი უფრო გაინტერესებთ, ადამიანები თუ აღმოჩენები საკუთარ თავში? მკითხველმა პასუხი უკვე იცის. ერლომი კი ბოლო ღერ სიგარეტს ეწევა და ერთი სული აქვს, როდის ჩამოდგება სადგურზე მატარებელი, რომ მკითხველი ბაქნიდან წაიყვანოს და თვითონ ისევ მარტო დარჩეს თავის ირაციონალურ სიტკბოში. ისედაც, ბაქნიდან ბაქანზე მთელი ამ მოგზაურობის განმავლობაში ხომ მას გულის სიღრმეში „ნიჩურიტი“ ჰქონდა გაკეთებული და ნატრობდა: ნეტავ, ამ ინტერვიუდან არაფერი გამოვიდეს...

ჩაფიქრებულ და მომავალი განმარტოების მოლოდინში გატრუნულ ერლომ ახვლედიანს სადგურის „რუპორის” ხმა აფხიზლებს. დისპეტჩერი მეგაფონის დაგუბებული ხმით აცხადებს:

„მატარებელი №ორიოდე წუთში შემოვა №პლატფორმაზე. მკითხველს ვთხოვთ, მოამზადონ ბილეთები და დროულად დაიკავონ ადგილები. თქვენ, ბატონო ერლომ, ერთი წუთით არ წახვიდეთ, რა. ამ წერილის დამწერს სურდა ეთქვა, რომ ინტერვიუ მგონი, გამოვიდა. უფრო სწორად, გამოვიდა კალეიდოსკოპი იმ ნატეხებიდან, თქვენს ბაქანზე რომ აკრიფა. მართალია, ჭრელი და ქაოტური კალეიდოსკოპი, მაგრამ მაინც.

მკითხველი მიდის, ავტორი და ფოტოგრაფი კი თქვენს მიწვევას მიიღებენ და კიდევ მოვლენ, ოღონდ, დაპირებისამებრ, დიქტოფონის და ფოტოაპარატის გარეშე. იქ, სადაც თქვენ ხართ, ხომ უცნაური რადიოტალღებია და ტექნიკა ითიშება.

კარგად ბრძანდებოდეთ, ბედნიერ მგზავრობას გი სურვებთ“.

ასეა, გადმომედო: ჩემი წერტილიც გაფრინდა და სხვანაირად ვერ დავასრულე.

14 ვთამაშობთ თბილისობანას

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

აკა მორჩილაძე
სერიალი

ილუსტრაცია: სოფიო რეხვიაშვილი

თავი მეათე, უკანასკნელი ლაპარაკები ზახოდასი

ჩემ მუხლზეა გაზდილი, შობელძაღლი ეგა.

ჭიდაობაში რო ნიჭი დავატყე, ვასწავლე ფანდები და უწინ ჩემთან მორბოდა, ვინემ მამამისთან. კაი ხალხში რო მოხვდება, ამბობს, ზაქრუას გაზდილი ვარო. ქუჩაში კიდე, როდის- როდის იტყვის სალამსა. იმ დღით ვთხოვე, თუმანი მასესხე-მეთქი, უცბათა მქონდა მისაცემი და მაკლდებოდა. არა მაქსო. მაგის სახლს შეხედე ეხლა და ჩემსას შემოხედე აქეთა. რა ველაპარაკო? დიდ კაცათ გამოყავს თავი, ხალხი მოყავს ქალაქიდან, აქეიფებს.

წყნეთელ ზაქრუას ამოოხვრათა ლექსიკონიდან

რო გამოვიდა პადიეზდიდან, იქით ვიდექი და მივედი და უთხარი, საქმე მაქ-მეთქი, ერთი წუთი გამოდი.

ზურას იქით ეყენა მანქანა. რა არისო და საქმეა-მეთქი და ერთი წუთი გამოდი. ეგრევე წამომყვა.

გვერძე მივყვებოდი, რო არ დატყდეს.

ზურა მანქანიდან არ გადმოსულა. არც მოუხედია. კარი გაუღე უკან

და მეთქი, დაჯე. ერთი შემომხედა და დაჯდა. რო შემომხედა, მეთქი გაფუჭებულია და ერთი ფიქრი მქონდა, რო არ მოკლას ზურამ. არ იყო ქუჩის ბიჭი. მე ხო თავიდან ვიცოდი. დაჯდა ესა და ზურამ ეგრევე გაზი მისცა, ძლივას შევასწარი მანქანაში.

იმას ხმა არ დაუძრავს, ემას ხმა არ დაუძრავს, მე რა ხმა უნდა დემეძრა, ჩემი სანერვიულო მაქს.

ის ფიქრობს, დამბრიდესო, ეს ფიქრობს დაბრიდაო, მე ვფიქროფ, ნეტა ტრუპი არ იყოს-თქო. გამშველებლათ უნდა გამოვიდე. ლამის არის, გასკდეს მანქანა. კიდე კაი რო, შუშა წინ მაინც არი ჩაწეული.

წამოგვიყვანა კუს ტბაზე.

ლისის ტბა ვთქვით და კუს ტბაზე. მოწევს, მერე ახალს მოწევს. არ ვიცი, იარაღი ზედა აქს, არა აქს. შარში ვარ. ძმა არი, ხო არ დაუწყეფ, ასე ქენი, ისე ქენი.

ავედით და მეოთხე, თუ მეხუთე პავაროტში გადაუხვია. ტყე არი. რა პავაროტებს დავითვლიდი. მეთქი, უნდა დაბრიდოს. ზურა მომკვლელი არ არი, მარამ რო გედეგეკეტება, იასნია, ვეღარ გაზომავ. მთვრალიც ვერა ზომავ და ფხიზელიც ვერა ზომავ. ერთია მაგ დროს.

ტყეში ვართ. გააღო კარი და გადავიდა. არ ამბობს. გადავიდა, ზურგითა დგას. მეთქი ამას, დავაი ეხლა, გადმოდი. თეთრია, მიტკალივით არი. მწვანეა, რა. მაგრამ გადმოვიდა ჩათლახი, კაცურათ. იცის, რო უნდა შეედოს, მაინც თავი უჭირამს. ზურა კიდე დგას ზურგით და ეს მხრები რო აქ დიდი და ჟილეტი მოცმული, უბიიცაა და მეთქი, ისევ მე დავიწყო და ამას ვეუნები, მეთქი, ეხლა არ იყოს, დავაი, თუ რამე გაქ ზედა, ან სასროლი, ან სხვა რამე, ტრუპი არ გვინდა, ია-სნია. ამას ზურას გასაგონათაც ვამბოფ, მარა ესმიიის? რავი. ხოდა, დავაი, მაიტა, ჩამაბარე, მანამ წამირთმევია.

არა მაქსო, ძლივას ძლივას თქვა და ესა თქვა და მოტრიალდა ზურა და გლიჯა ცხვირში და ის ეგრევე მიეყუდა მანქანას და ხელები მიიფარა და მოკუზულია და ზურამ ეგრევე მეორე მიუშ ვა იმ მიფარებულ ხელებში, ხელები ჩამოიღე, შე ბოზოო და მიაყარა ეგრევე.

ის ჩაჯდა ეგრე, პაკრიშკასთან. როგორ უნდა ჩაჯდე ეგეთ დროს? მანამ დგახარ, უნდა იდგე. თორე ჩაჯდები და წამოვიდა წიხლები. ჩხუბის გაგებაში არ არი. დავაი ზურამ წიხლები, მარამ ის წიხლები რას უზამდა. ზურას ესპადრილები როა, ისეთები ეცვა და ნასკებიც არ ეცვა და ერთი დავაი, მეც ვგლიჯე წიხლი, თამრიკოს იმდენი წვალებისთვის. სიფათში მომივიდა, მარამ თამრიკოს გაწვალებისთვის მეორე რო დემერტყა, მაინც სიფათში დავარტყავდი. ეს კიდე წაწვა ძირს, სისხლები გამოუჩდა.

ეგრე მეც მიქნია ერთხელ, რო დამიჭირეს, რო ვითომ ვკვდები. ერთიორი რო მომარტყეს ძაღლებმა, დავწექი დაკუნტული და სისხლებს პოლზე ვუსვამდი, რო ვითომ ვკვდები და მეთქი, ადე, შენი ბესპრედელი უბიიცა და ავათრიე და მივაყუდე მანქანაზე და გაამ დროს გააძრო ზურამ იარაღი და მეთქი, არ ქნა, ძმობას გაფიცეფ, არ ქნა.

მერე ვფიქრობდი, რო არ იზავდა, მარამ უნდა გეეძრო და აქეთ რო ამას დაუჭირე ხელი, იქით იმას ვამაგრეფ, რო არ წიაქცეს და ზურამ გაისწოროს, გამომიძვრა ზურა და დაუსვა ტარი თავში და ეგ არი, გადავარდა ისაც.

შეინახე-მეთქი, კვდება და ამის სისხლები სულ მე მაქ საროჩკაზე და კიდე ერთი წიხლიც მიაყოლა გვერდში და გაჩე, კვდება-მეთქი, იბრიდება.

ეს საროჩკა კიდე სულ სისხლიანი მაქ. შავი უნდა ჩემეცვა და წინაღამის გარეცხვა დამავიწყდა. თამრიკოს ხო არ ვეტყოდი, მომეხათრა, რო ზურას თუ შავი მაიკა აქს, მათხოვე.

გაჩერდა და უყურებს. გაიასნებულია, რო გაკეთებულია, ეხლა უნდა მივხედოთ, რო არ მოკვდეს.

ის კიდე, ცხვირი გატეხილი, თავი გატეხილი, ტუჩები ემხელა, ეგება კბილებიც ჩატეხილი აქ და ნეკნებიც. ამ სისხლებით რა ვქნა ეხლა. გონებაზე არ არი. წყალი რო მქონოდა, ვედრას დავასხამდი. აბა, გადავაჯექი და დავაი, ლაწალუწი ლოყებში, რო თვალი გამოახილოს.

ნაჭამი რო გაქ, აგცდება?

არ აცდება, როგორც პატარძალსა, ხე-ხე...

როდისღაცას გამოახილა თვალი და მეთქი, ადგები, რო წახვიდე?

და ზურამა თქვა, დასვი მანქანაში, რესპუბლიკურში ჩავიყვანოთო.

მეტი არც უთქვია, არც არაფერი. დავსვი ძლივასძლივათ.

ერთი თქვა ზურამ, რო ხელები ჩამოიღეო და მეორე რესპუბლიკურში წავიყვანოთო. ტვინის შერყევა შეილება ჰქონოდა. იქ დავტოვეთ. მე კიდე, საროჩკა გავიხადე და გადავაგდე. ტიტველა დავრჩი, რა.

ზურამ თავისი ჟილეტი მომცა და ეგრე ვიყავი, როგორც ზანგები ტელევიზორში. ეხლაც მაქს ის ჟილეტი. დიდი მაქს, მარა ჩავიცმევ ხოლმე.

იქიდან წამოვედით და ამიყვანა წყნეთში, ჩემ კარებთან ჩამომსვა.

მერე დიდხნობამდი აღარ მინახავს. არც ის მინახავს, თამრიკო კიდე ხო არ მინახავს.

ერთხელ იყო, რო წრუწუნას გადმოვყავდი გადაღმიდანა და რო დამიქნიეს ხელი. ეგ ხო ვთქვი უკვე და მერე აღარც დამინახია.

როგორ მოხდა, რო ესენი ერთათ არიან, ზურა კიდე ცალკე, რას მიხვდები?

მაგრათ პაზორნათ ვიყავი, რო ჩაგვიჯდენ მანქანაში და ვითომ რო ვერ ვიცანი.

ეგ ამბავი კიდე, ეგრე გამოვიდა, ძალათი ხო არ გამომიყვანია ეგრე?

დილაზე გამოვედი, პირდაპირ მხარეზე რო მაღალზე კორპუსებია, იქითკენ ავედი და დავიწყე ყურება.

თამრიკოსთან ნათქვამი მქონდა, რო, აბა, ცოტა გვიან გამოდი და შეგხედო. იცოდე, რო, თუ რამეა, გვერძე ვარ.

ისე, არ ვფიქრობდი, რო ეგრე პირდაპირ მივა ვინმე.

ერთი უთხარი, რო თუ მანქანა ვინმემ გაგიჩეროს, არ ჩაჯდე და იქა ვარ და უკვე ავწევ პონტსა.

მე კიდე უყურეფ მოფარებულიდან, მარამ ესაც ვიფიქრე, რო ეგეთ საქმეს ორი კაცი უნდა. ეგება პადიეზდში შევიდა უკანიდან ვინმე, მე რა ვიცი?

რაც არი, ეგ არი. იმაზე მეტს მე ვერ გავწვდებოდი და ისაც მართლა ხანჯლით ხო არ დეეტაკებოდა, ყვავილები მოქონდა.

თამრიკოს უთხარი, არც მარშუტკას შეხედო, არც ტაქსის დაუქნიო, ფეხით ჩადი-მეთქი ქვემოთამდე. ყველაფერი გეგმასავით გვაქ: დედამისთან მიდის, იქ სამ საათამდის გაჩერდება, გამოვა, დავხვდები.

უკან კიდე ვივლით შორიშორ და მოვალთ სახლში.

მეტი არსად. თუ მიმსვლელია, მაინც მივა, თუ არა და მეორეთაც ეგრე გა ვაკეთებ. მესამეთაც...

ერთიც არი და, უყურეფ ზურას კორპუსის კარებს. თან თამრიკო მეცოდება, როგორ ეშინია. ისე, კარქა დააგვიანა. ჭკვიანი გოგო იყო. გამოვიდა პადიეზდიდან და ვიღაცა არ მოყვება გვერძე? ბიჭია რა, და მოდიან ნელანელა, ლაპარაკ-ლაპარაკით. ვახ, მეთქი, რა არი ესა.

ნორმალურათ ჩაცმულ-დახურული ბიჭია. თან თამრიკოც არ არი, რო ან გაჩერდეს, ან გამოიქცეს.

მოდიან. ჩაუხვიეს ეგრე. არც ის გაჩერდა მარშუტკის დასალოდებლათ და მიდიან ფეხით.

რა ბედი მაქ?

ბედი არა მაქ ვაბშე.

წავედი და მივყევი.

მიდიან და მიდიან. ამ ვიღაცასაც არ ეჩქარება, თუ რა არი. მე რავი ვინ არი? ეგება მეზობელი არის.

ქვემოთამდე სულ ეგრე ჩავიდენ და ბოლოს თამრიკო გაჩერდა და ისაც გაჩერდა, ბუკიას ბაღი რო ქვია, იქა და ერთი, ათი წუთი ილაპარაკეს მეტროს ჩასასვლელთან. მერე თამრიკო ჩავიდა მეტროში, ის კიდე დაბლა წავიდა. თამრიკო ჩავიდა და მივყევი. ეგრე გვქონდა ნათქვამი.

ერთი-ორი გაჩერება გავიარეთ, დელისზე ამოვიდა. იქავე იყო დედამისის სახლი. იქ შევიდა. არკაშიც შევყევი და პადიეზდშიც შევყევი.

იქ დავილაპარაკეთ. მე რო მეზობელი მეგონა, მეზობელი იყოო, რო გამოვდიოდი შემხვდაო, პირველზე ცხოვრობსო. რაღა მექნაო. მართლა რაღა უნდა ექნა. მოგაკითხავ სამზე-თქო. მართლა მივაკითხე. იგივე ვიარეთ. არაფერი.

შორიახლო მივყვებოდი. სახლში მივედით და ცოტა ხანში თამრიკოს ამხანაგები მოვიდენ. დაჯდენ ზალაში და დარეკა იმ ნაბიჭვარმა.

მივხვდი, რო ის იყო, იმიტო რო თამრიკომ ტელეფონი აიღო და აქეთკენ გამოვიდა. ერთი, ათი წუთი ილაპარაკეს. იმან, ამან რა. ეს ხანდახან თუ ეტყოდა.

ეგრევე გამოვიყვანე და ვკითხე, რაო. დღეს უყურე ტელევიზორსაო და ამას და ამას ნახავ ჩემ გაკეთებულსაო. დაგსაჯეო, დაცვით რო დადიხარო.

თამრიკოს უთქვია, მეზობელი შემხვდაო და რა მექნაო. რაები ეცვა, სულ ჩამოეთვალა იმას.

მე არ ვყავდი დანახული და ნაცნობი, ის მეზობლი ბიჭი ჰყავდა.

ეს მითხრა და მე გოგოებთან აღარ გავსულვარ, ამ ოთახში გამოვედი, ტელევიზორი ჩავრთე და დავწექი ტახტზე.

იმდენი ვიფიქრე, ლამის გამისივდა თავი.

სწორათ ვიფიქრე.

მერე გამოჩდა, რო სწორეა.

ღამე კიდე ზურას ველაპარაკე.

ერთი დღე მაცალეო.

ბედი არა მაქს, თორე ტვინი კი მაქს.

ის ერთი დღეც და დილაზე დავხვდი პადიეზდთან.

დასკვნები და შეხედულებები პატივცემულ კიკილასი

დიახ, ამ ამბავს მე დავასრულებ.

აქ არა ვყოფილვარ, ბერლინში გახლდით, მაგრამ მაინც მშვენივრად ვიცი ყველაფერი. რა ცოდნა უნდა, მთავარი ის არის, რომ ყველაფერი წარმოიდგინო. ოღონდაც ვერ წარმოიდგენ, თუ სქემები არ იცი.

თბილისობანას თამაშის დროს სწორედ სქემებია მთავარი. თუნდაც ყველაზე იშვიათი და მოულოდნელი შემთხვევის გათამაშებისას, სქემა უტყუარი გახლავთ. ასე კია და რატომ, არ ვიცი.

არა, ალბათ ვიცი, ოღონდაც ახლა ამის ლაპარაკი არ ღირს. გეწყინებათ კიდე და რა ვიცი, რა აღარ.

მე კიდევ, წყენინებად არ მიღირს. რომ იყოს რაღაცა, რომ წყენინებად ღირდეს, კიდე ხო, მაგრამ უბრალოდ უნდა გეწყინოთ და მეტი არაფერი და რატომ უნდა გეწყინოთ ტყუილად? რამე გაგრძელება რო გამოადგეს, ჯანდაბას, გაწყენინებდით, მაგრამ არ გამოადგება და ისევ ისა სჯობს, ჰერრრრ, არ გაწყენინოთ.

ეს კიკილა რა პესიმისტი ყოფილაო, იტყვით, საერთოდ არ სჯერა ადამიანებისაო, ანუ იმისაც კი არ სჯერა, რომ ნაწყენი კაცი რაიმეს მოიმოქმედებს იმგვარს, რომ მეორედ ნაწყენი არ დარჩესო. ამის მართლა არ მჯერა და ამიტომაც, პირდაპირ უნდა მოგახსენოთ, რომ იმ ბიჭს დათო ერქვა და ცხოვრობდა იმ სახლში, პირველ სართულზე.

დიახ, ჩემი ანგარიშით, სწორედ ის ადამიანი გახლდათ, ვინც საგაზეთო ყუთის მაძიებელ თათუნას სადაბაზოში დაუხვდა, ვითომდა კაბელების შეკეთების სურვილით ანთებული.

ის იგივე ადამიანი გახლდათ, რომელმაც ჩასაფრებულ პატივცემულ ზახოდას ნერვები აუშალა, მეზობელი გამოყვაო. დაბოლოს, ის სწორედ ის ადამიანი გახლდათ, რომელიც ზურამ სიკვდილის პირას მიიყვანა.

თუმცა, ზურას რა ხეირი აქედან, ძნელი სათქმელია. ნაწყენი კაცი სხვანაირად უნდა მოიქცეს. თუ ასე მოიქცევა და კვლავაც ეწყინება.

სწორედ ამის შესახებ მოგახსენებდით ორიოდ წუთის წინათ, რომ წყენაზე მუშტის გაქნევა სინამდვილეში არაფერს შველის. მე რომ გაწყენინოთ, სულ ტყუილად უნდა მომხვდეს მუშტი, თქვენ კი, ცოტა ხანში კვლავ ნაწყენი შეიქნებით.

მაგრამ, ქალაქურად ასეა, რომ უნდა მოიქნიოთ ეგ მუშტი და იქნიეთ და იყავით, მე მაინც არაფერს გაწყენინებთ.

თუმცა, ისევ პირველსა სიტყვას მოვიდეთ და განვაგრძოთ, რომ ეს დათო პირველ სართულზე ცხოვრობდა და როგორც გამოირკვა, დაკვირვებული თვალი ჰქონდა. ასეა ხოლმე, არი ვიღაც მეზობელი და დაკვირვებული თვალი აქვს. მას არა მხოლოდ დაკვირვებული თვალი ჰქონდა, არამედ უნივერსიტეტიც დაემთავრებინა და ჩანს, ქალბატონი თამარისთვის ოდესღაც დაედგა თვალი, ოღონდაც ვითარებათა გამო, მის წრეს ვერაფრით დაახლოებოდა (ეგებ, სულაც, ფიზიკის ფაკულტეტზე სწავლობდა) და თავიდანაც ამოვარდნოდა ხსენებული გოგონა: აბა, ვინ დაიმახსოვრებს ყველას, ვინც ბიჭობაში მოსწონებია? ოღონდაც, რახანღა მეზობლად გადააწყდა, ეჰ, ვინ იცის როდის შემჩნეულ გოგოს, ის სულ სხვანაირად ჩაუვარდა გულში.

კი მაგრამ, თუკი მთლად ბიჭობაში არ იყო ისე თამამი, რომ უცნობი წრეები გაერღვია და გოგოს დაახლოებოდა, ახლა რატომღა გაემზადა ამათ გასარღვევად? აი, რას იკითხავთ და მართალიც იქნებით.

მე კი მოგიგებთ, რომ ბიჭობაში გოგოები ბევრია და სითამამეც სხვანაირი, ხოლო როცა ბიჭობა გაივლის, სამყარო მეტად ვიწროვდება და თუ ბიჭობას ფართე სითამამე სჭირდება, ბიჭობიდან გამოსულს სითამამე სულ სხვანაირი გამოსდის.

მოკლედ, თბილისობანაში შედის, რომ როცა ბიჭი აღარა ხარ, შორს ვეღარაფერს მოძებნი.

სიამრთლე ითქვას და ბიჭობაშიც არ ეძებენ ხოლმე შორს, ოღონდაც ეს მაშინ შეუმჩნეველია, ვინაიდან მაშინ საზღვრებისა არაფერი გაგეგება.

მოკლედ, მეზობელია, მაგრამ არაჯანსაღი.

აბა, რა წესია ქალთან ურთიერთობის ამგვარად გაბმა? მანიაკი ვარ, ყველას ვკლავ, ამას ვაჭრი, იმას ვაჭრი. ეს ხომ წმინდა წყლის სისულელე და ავადმყოფობაა.

მართლაც ასეა, როცა ამას ბუნებრივად აკეთებ. მანიაკი კი არა, მანიაკზე მანიაკი ხარ, მაგრამ როცა საერთოდ არ იცი, როგორ უნდა მოკლა მეძავი გლდანში და მას უბრალოდ, შოკისთვის იყენებ, მაშინ კაი ეშმაკი ხარ. ეს რისკიანი წამოწყებაა, მაგრამ ქალს გააჩნია. ბატონ დათოს ხომ არავინ მოუკლავს, მთელი მისი ოსტატობა ის გახლდათ, რომ ის ერთ-ერთ ტელეარხზე მსახურობდა და მშვენივრად იცოდა საღამოს გადაცემების სიუჟეტები. ამი ტომ, გამოგონება მახვილგონიერი იყო.

ჩვენი არ იყოს, მეზობელმა დათომ სქემები იცოდა.

მან იცოდა, რომ თათუნა სუსტია. ხოლო რახან ეს იცოდა, ირჩევდა, თათუნას მასთან ღია შეხვედრისა უფრო შეეშინდებოდა, თუ... მოკლედ, მას ერჩივნა ქალს მისი უფრო შეშინებოდა, ვიდრე თავისი ქმრისა. თავიდან, რა თქმა უნდა, მერე კიდევ ამ შიშში კოხტად შეიჩვევდა.

არ ვიცი, ამდენს და ასე ფიქრობდა თუ არა, მაგრამ ასე კი გამოუვიდა, რადგან თათუნამ დაატყო, რომ მანიაკთან ლაპარაკი შეიძლებოდა, ჩემს კარგ ზურასთან კი - არა.

უცნაურობა გამოვიდა, მანიაკს ელაპარაკები, შენზე გადაყოლილ თანამეცხედრეს კი ვერა.

და იცით რა არის? ეს, მეცნიერული ენით რომ ვთქვათ, სოციალური საკითხი გახლავს: ანუ ასე მოხდება ხოლმე, რომ მანიაკი იქნება, თუ სხვა ვიღაც ამგვარი ნაძირალა, რომელიც გაშინებს, მაინც შენიანი გამოდგება.

რატომ? იმიტომ, ძვირფასო, რომ რასაც არ უნდა ამბობდეს, ხვდები, რომ შენიანია, შენი ქმარი კი სხვისიანია. ასეთია სურათი, როცა თბილისობანას თამაშობ.

სიმართლე ითქვას და, სწორი ის იქნებოდა, თათუნა მე შემერთო და არა ზურას. ისე ვამბობ, პირობითად.

იმ ჯეილმა კიდევ, ალაბთ იმიტომაც მოიწონა, რომ ადრიდანვე იცოდა, ერთი ჯგუფისანი იყვნენ. ამას ბიჭობაში კი ვერ მიხვდები და ხდება ხოლმე, რომ ეტენები და ეტენები რაღაც ჯგუფებში, რომლებიც სხვანი არიან წარმომავლობით, გაქანებით და მისწრაფებით. მერეღა ხვდები, თუმცა, აგერ ხალხს მთლად ოჯახი შეუქმნია და ვერ მიმხვდარა.

ამაშიც სხვა ათასი რამ არის დამნაშავე, რომელთა შესახებაც, ასევე არაფერს ვიტყვი, რადგან გეწყინებათ.

საერთოდ, თათუნა ცუდად ერკვეოდა მამაკაცებში. ამ გამონათქვამზე თავს დავდებ. როცა გარკვევა დაიწყო და კიდეც შეშფოთდა, რადგან ჩემი ოქრო მეგობრის მაგალითზე არკვევდა და თან ძალიან ნელა და მძიმედ, ამისდაკვალად კი მომენტისათვის სრულიად შეუფერებელ წიგნებს კითხულობდა.

ის თანასწორობას ვერ გრძნობდა. აი, კიდევ რა:

მანიაკთან გრძნობდა თანასწორობას?

თანდათან, დიახ.

ჰო, მოკლედ, ასეთი იყო სათამშო პარტია, სადაც ყველა ისე იქცეოდა, როგორც უნდა მოქცეულიყო. ოღონდაც თავთავის სქემებში. დიახ. ეს სასაცილოა. ამიტომ გამოდის ხოლმე ასეთი ამბები.

ვითარება იმის შემდეგ შეიცვალა, როცა ზახოდა მაძებარი გამოდგა.

ასე რომ არ მომხდარიყო, საქმე სხვანაირად წარიმართებოდა. ზახოდამ ითვალა, ითვალა და გამოითვალა. აკი მოგახსენეთ, საზღვრები ვიწროვდებამეთქი. ოღონდ ზახოდამ ამის არაფერი იცოდა, მას თავის საქმეში გამოწრთობილი მგლური ინსტინქტები ჰქონდა. განა ვიცით, რას მოიმოქმედებდა ზახოდა, ფიქრი რომ შეძლებოდა?

ეტყოდა ზურას, აგერ არი მანიაკიო?

ფიქრი სახიფათოა.

თათუნამ ალბათ არც კი იცოდა, რომ ზურამ მეზობელი დაასისხლიანა. საიდან უნდა სცოდნოდა. გაქრა მანიაკი. თათუნას არ შეეძლო ასეთი შეკითხვების გამოთქმა: სად გაქრა მანიაკი?

არც არაფერი მოხდებოდა, რომ ეკითხა. ზურა ხითხითით უპასუხებდა, გაქრაო, ან სხვა იპოვნაო, მაგრამ თათუნას არ უკითხავს. მანიაკი კი, წევს პირველ სართულზე, თავის სახლში და ჭრილობებს იშუშებს.

არ ვიცი, რა მოხდა და როგორ. ის კი ვიცი, რომ მანიაკი გამორჩეული ადამიანი იყო და ყველაფერი ისე გააკეთა, რომ ბევრი ვერავინ გააკეთებდა.

როცა გამოჯანმრთელდა, ცხადია, რამდენჯერმე, ისევ შემთხვევით გადაეყარა თათუნას, სულ ბოლოს კი წერილი გამოაცხო. ალბათ, ეს წერილი რომანს ჰგავდა, სადაც მთელი ამბავი იყო გადმოცემული. მთელი ეს ამბავი.

თავად მოიფიქრეთ, როგორ მიაწვდინა წერილი. ის კი წარმომიდგენია, როგორ ჩავიდა თათუნა პირველ სართულზე და როგორ დააკაკუნა მეზობლის კარზე. ამის გამკეთებელი ნამდვილად იყო. უბრალოდ, სქემაა ასეთი. ამერიკული მელოდრამები არ გინახავთ? მაგრამ თან თბილისობანას თამაში გამოდის. გრძნობებით სავსე სცენა, სუნთქვა მღელვარე.

წიგნები არ მიხსენებია და წიგნები კი წამყვანი იყო ამ საქმეში. ემილი დიკინსონიო და რა ვიცი კიდევ, რა აღარ. კიდევ იქნებოდა სხვა რამეები.

მარტო თავისი მანიაკობით კი არ აბამდა, არამედ წიგნებითაც. შენიანი ვარო, ეუბნებოდა.

დანარჩენი იოლი მოსაყოლია, თათუნასთვის უსაშინლესი ის იქნებოდა, ზურამ რომ ეს ჯეილი დაასისხლიანა. დათო, არა? დათო.

არ ვიცი რაგვარი ოსტატობით აღწერა მანიაკმა გალახვის და წიხლქვეშ გაგდების სცენა, ან რაგვარი ოსტატობის გამოჩენა შეეძლო წერაში, მაგრამ ეს კი ნაღდია, რომ თათუნას სრულიად შეძრავდა.

ზურას რომ თავისი ამბიდან შეერთო ცოლი, იმ ცოლს კიდეც გაეხარდებოდა, ახ, რა ვაჟკაცურად მომაშორა ჩემმა მეუღლემ ვიღაც აბეზარიო. ხოლო თათუნა რომ თავისი ამბიდან წაჰყოლოდა ვინმეს, ასეთი რამ საერთოდ არ მოხდებოდა.

არ გამოვიდა ამგვარად და რას იზამ?

დათო ჩასაფრებულიყო.

ზურას არ მოუყოლია, როგორ დაცილდნენ ის და თათუნა, არც ის, დედასთან გაქცეულ ცოლს აკითხავდა და დაბრუნებას სთხოვდა თუ არა. მგონი, ასე არ იყო.

ის კი ვიცი, რომ, თათუნა უცებ წავიდოდა. თუ წავიდოდა, უცებ წავიდოდა. მანამდე კიდევ, ერთ-ორ თვეს მთლად ჩადუმდებოდა.

ეს ჩადუმება ზურას თავიდან ააყვირებდა, მაგრამ მერე და მერე, მიახვედრებდა, რომ სადღაც, რაღაც ააცილა.

მანამდეც იყო ეს ჩადუმებები, მაგრამ ზურა არ უფიქრდებოდა. ძველებურად რომ ვთქვათ, როდი უფიქრდებოდა.

მეტი მე არაფერი ვიცი, მე, მოგეხსნებათ, ქალაქ ბერლინში ვიყავი.

ჩამოვედი და დამიხვდა უცოლო და განგრეულ კაიფში.

დიახ.

მთლად კვდება-მეთქი ჩემი ქალაქი, ძმანო, ამ თბილისობანას თამაშში, ასე ვთქვი მე მაშინ და რასაც ახლა ვბოდიალობ, ყველაფერი ვუთხარი ზურას. რათ მინდოდა მისი ნაამბობი? სქემები ვიცი.

მერე შევედი მაღაზიაში, სადაც, სხვათა შორის, წიგნებიც იყოდებოდა და იქვე ვნახე წიგნი, რომელიც ქალბატონ თამარს დაეწერა. ავტორის ხარჯით გამოდისო, ასე იტყობინებოდა წარწერა და მინდა გითხრათ, რომ სრულიად არაგოიმური წიგნი იყო. ერთი მრავალწერტილიც არ იყო შიგა და ერთი ამოოხვრაც არ იყო. დუმილი კი შეიგრძნობოდა. სულ სხვა ამბავს ეხებოდა ეს წიგნი, რომელსაც ეგებ რომანიც დავარქვათ. წინადადებები ძალიან სადა იყო და ერთი ქალის ამბავი გახლდათ, რომელსაც გადაუწყვეტია, რომ წიგნი დაწეროს და ვერ წერს.

მე არ გამაკვირვა ამ ამბავმა. იმის წარმოდგენა კი გამიჭირდა, რომ ზურას ხელში თათუნას წიგნები ეწერა. ეგებ ეს წიგნიც სწორედ ამის შესახებ იყო.

ისე, გვერდიდან რომ შეხედო, საქმე ბევრი არაფერი ჰქონდა, დამჯდარიყო და ეწერა ეს თავისი წიგნები. მაგრამ, ეს ხომ ყოველგვარი სქემის დარღვევა იქნებოდა და თამაშიც ჩაიშლებოდა. თბილსიობანა ჩაიშლებოდა.

ცხადია, ზურასთვის არ მითქვამს, აგე, რა წიგნი დაუწერია-მეთქი, თუმცა, ისიც აღარ ვიცი, ხსენებულ ცრუ მანიაკს, მეზობელსა და იდუმალ მიჯნურს როგორღა დაუკავშირდა. გადაეყარა სადმე, თუ იმ ბიჭმა მოძებნა, აღარ ვიცი.

რა მნიშვნელობა აქვს?

ასე კი გამოვიდა და... მივიდეს ეხლა ზურა და კიდე ერთხელ ცემოს. რა სისულელეა. არ მივა. გულშიც არ გაივლებს. იმიტომაც გახლავთ მაგარი ბიჭი. ოღონდაც, ფიქრი კი უჭირს ასეთ რამეებზე.

ეს კი შევიტყვე, რომ ცოლ-ქმარნი არ შექნილან... არა მგონია, ქალბატონი თამარი მეორედ გათხოვდეს. ხოლო უფრო ახლო ამბებისას, ჭორაობას ვერ დავიწყებ. იმათი ცხოვრებისა მე რა ვიცი? საკუთარი ვერ მოუგვარებია ხოლმე კაცსა.

სწორედ ბერლინში რომ მივფრინავდი და მეგონა, რომ სამუდამოდ მივფრინავდი, იმავე მაღაზიაში, სადაც წიგნებიც იყიდება, მეორე წიგნი ვნახე. კვლავ თათუნას დაეწერა. ვიყიდე და ჩავიდე გულის ჯიბეში, თვითმფრინავში კი ვკითხულობდი. ეს წიგნი გათხოვილ ქალზე იყო, რომელიც ამჯერად წიგნის დაწერას კი არ ცდილობს, არამედ მთელი დღე ეძებს ქმრის პერანგს, საღამოს კი სადღაც მიდის. სად, ვეღარ გამოარკვევ. ასე მგონია, რომ გადაიკარგება და მორჩა და გათავდა.

ასე აახია მანიაკმა ცოლი ჩემს ძმაბიჭს, სწორედ მაშინ, როცა თბილისში მატყუარა წელიწადი ჩამომდგარიყო და ხალხი უკვე ბრონეჟილეტების გარეშე დამდგარიყო. მაშინ დიახაც ბევრს ეგონა, რომ მზემ საბოლოოდ გამოანათა. ოღონდაც ისე გამოვიდა, რომ თამაში მაინც ძველი იყო.

თბილისობანა.

დასასრული

15 ინტერვიუ ჯო ზავინულთან

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ავტორი: კახა თოლორდავა
ფოტო: დავით მესხი

ეს ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე უცნაური დღე იყო. წინა დღეს ევროპის ტურნე ბარტოვში დავასრულეთ, სადაც მაილზ დევისის ბენდიც უკრავდა. მეორე დღეს მაილზი რომში მიფრინავდა, მე კი - შტატებში. კონცერტის შემდეგ, ერთმანეთს შევხვდით. ძირითადად, კრივზე ვსაუბრობდით. მაილზი და მე, საერთოდ, იშვიათად ვლაპარაკობდით ხოლმე მუსიკაზე. გამთენიისას მე და მაილზი, ჩვენ-ჩვენი მუსიკოსებით, უკვე აეროპორტში ვიყავით, მაგრამ უამინდობის გამო, ყველა გაფრენა გადაიდო და დიდხანს ლოდინი დაგვჭირდა. ჩასხდომის მოლოდინში, ისევ კრივზე საუბარი დავიწყეთ. უეცრად მაილზმა მითხრა: „ჯო, გავიგე, რომ შენი მუსიკით კარგი ფულის კეთება დაგიწყია.“ „ჰო, - ვუპასუხე მე. - მე ამას ვიმსახურებ...“ მერე კი ჩასხდომა გამოცხადდა და ჩვენ ერთმანეთს დავემშვიდობეთ. მე და ჩემი ბენდი უკვე ბილეთების რეგისტრაციას გავდიოდით, როდესაც დავინახე, ჩვენგან ოდნავ მოშორებით, როგორ გამოეყო მაილზი რომში გასაფრენ მგზავრთა რიგს და ჩემსკენ გამოემართა. მომიახლოვდა, შემომხედა და მითხრა: „ჰო, შენ ამას იმსახურებ, ჯო.“ შემდეგ კი შებრუნდა და წავიდა. ეს ჩვენი უკანასკნელი შეხვედრა და ჩემთვის ნათქვამი მისი ბოლო სიტყვები იყო. რამდენიმე კვირაში მაილზი გარდაიცვალა.

ჯო ზავინული

მუსიკა, რომელსაც დღეს აკეთებთ, საკმაოდ რთულია, მაგრამ სულაც არაა მძიმე მოსასმენი. პირიქით, მრავალფეროვანი მელოდიური და რიტმული სვლებით დატვირთულ სივრცეში, ის თავისუფლად სუნთქავს და სინათლით და სილაღითაა სავსე. რამდენად ურთიერთკავშირშია ჯო ზავინული, როგორც პიროვნება, მის მუსიკასთან?

ჩემი ცხოვრება ყოველთვის მრავალფეროვანი იყო; იმ დროსაც კი, როდესაც ეს თითქმის შეუძლებლად ითვლებოდა. ომის პერიოდს ვგულისხმობ. მე ჰიტლერის ვენაში ვიზრდებოდი და იმ პერიოდში, ისევე, როგორც სტალინის რუსეთში, ჯაზი აკრძალული იყო... პირველად სიტყვა „ჯაზი“ ომის დამთავრებამდე ოთხი თვით ადრე გავიგე. რთული ადამიანი არ ვარ. მიყვარს გართობა, დროსტარება, მხიარულება და სწორედ ამიტომაც ვარ მუსიკოსი. ეს ნიჭი ბავშვობიდან მომყვება. მე მრავალშვილიან ოჯახში გავიზარდე; ჩემი პირველი ინსტრუმენტი, რომელზე დაკვრაც, სულ რაღაც წამებში ვისწავლე, აკორდეონი იყო. უბრალოდ, ხელში ავიღე და უკვე ვიცოდი, თუ რა უნდა მექნა.

მე ნიჭიერი ვიყავი, მაგრამ ამ ნიჭის გამოყენება მშობლების საშუალებით შევძელი. დიდებული ადამიანები იყვნენ! საჭმელ-სასმელი არ გვქონდა, მაგრამ მაინც ვმღეროდით და ვცეკვავდით. ყველაფერი ეს ჩვენს სახლში ძალდაუტანებლად, სპონტანურად ხდებოდა და ეს სილაღეც ალბათ იმ დროიდან მომყვება. ასე რომ, მგონი, ჩემს მუსიკაში ჩემი ხასიათის დიდი ნაწილია ასახული. მაგრამ, ამას გარდა, საშინელად ჯიუტი ვარ... ვერასოდეს ვიტანდი ნაძალადევ მხიარულებას და ამიტომაც, როდესაც დაკვრა არ მინდოდა და მაძალებდნენ. ქვეყანა რომ დაქცეულიყო, მაინც არ დავუკრავდი. ეს დღესაც ასეა. სარჩოს მუსიკის მეშვეობით ვშოულობ, მაგრამ ვუკრავ, როდესაც მსიამოვნებს და არასოდეს - ფული გამო. მენდეთ, ცხოვრებაში დიდი ფულიც შემოუთავაზებიათ, მაგრამ როცა არ მინდოდა, არ ვუკრავდი. რამდენიმე წლის წინ, იაპონიიდან დამირეკეს და ხუთ დღეში 64 000 დოლარი შემომთავაზეს. ფრედი ჰაბარდთან, რონ ქართერთან და სხვა ძალიან ცნობილ ამერიკელ ჯაზმენებთან ერთად უნდა დამეკრა. აქ ჩამოთვლილ მუსიკოსებს პატივს ვცემ, მაგრამ იმ მუსიკას, რაც მათთან ერთად უნდა დამეკრა, იმდენი წლის განმავლობაში ვუკრავდი, რომ ამის ატანა ჩემთვის უკვე შეუძლებელი იყო. ის, რაც დამთავრდა, დამთავრდა! 200 000 დოლარიც რომ შემოეძლიათ, მაინც არ დავუკრავდი. ოდნავ „გაღუნული“ პასუხი გამომივიდა, არა?

მგონი, გასაგებია... იცით, თქვენი მუსიკის, ისევე, როგორც, საერთოდ, ყველა საინტერესო მუსიკის ერთ-ერთი თვისება ისაა, რომ რამდენიც არ უნდა უსმინო, მაინც ამოწურავად მდიდარი რჩება. ყოველი მომდევნო მოსმენისას, ახალ-ახალ პატარა, შეუმჩნეველ დეტალებს, სადღაც სიღრმეში მიმალულ ფრაზებს თუ მოულოდნელ სვლებს პოულობ, რაც ერთი შეხედვით, თითქოს დეკორატიულ ფუნქციას ასრულებს. მაგრამ ყურადღებით თუ მოუსმენ, ხვდები, რომ მათი მეშვეობით კომპოზიცია სულ სხვა განზომილებას იძენს...

დიდი მადლობა ამ სიტყვებისათვის. სწორედ ამის მიღწევას ვცდილობ. ამ, ერთი შეხედვით, შეუმჩნეველი დეტალების მეშვეობით, მსურს, მსმენელში იმის სურვილი გავაღვიძო, რომ მუსიკაში უფრო ღრმად „ჩაეშვას“... მსმენელი მთლიანობაში აღიქვამს მას, მაგრამ თუ უფრო ღრმად ჩასწვდება მუსიკას, ის სხვანაირად გაიხსნება მისთვის... მაპატიეთ, რომ გაგაწყვეტინეთ. რას მეკითხებოდით?

...რატომ ხართ დარწმუნებული, რომ სწრაფი მოხმარების კულტურაში გაზრდილი ადამიანები თქვენივე მუსიკის სიღრმეებში თქვენთან ერთად „მოგზაურობას“ მოინდომებენ?

იმიტომ, რომ მთელს მსოფლიოში მსმენელებს ჩემს მუსიკაზე ერთნაირი რეაქცია აქვთ. სადაც არ უნდა წავიდეთ, იქნება ეს დაკარი თუ სენეგალი, სამხრეთ აფრიკა თუ ავსტრალია, ხალხი ჩვენს კონცერტებს აწყდება, და იცით რატომ? იმიტომ, რომ მუსიკა საოცრად მოსაწყენი გახდა, შემაშფოთებლად მოსაწყენი! ამაზე პასუხისმგებლები კი, ძირითადად, ხმის ჩამწერი კომპანიები არიან, თუმცა ეს უკვე ცალკე თე მაა... იცით, მე ჩემს თავს არტისტსაც კი არ ვუწოდებ. უბრალოდ, კონცერტების დროს, ვცდილობ შევქმნა ველი, სადაც ადამიანებს ერთად შეყრის, გართობის და, ამავე დროს, რაღაც მნიშვნელოვანის მიღების სურვილი გაუჩნდებათ. ადამიანებს კარგი მუსიკის მოსმენა სურთ.

არაერთხელ გითქვამთ, რომ მთხრობელი მუსიკოსი ხართ. რას გულისხმობთ ამაში?

ეს იმას ნიშნავს, რომ შენ შეგიძლია თხრობა ენაზე, რომლის დეფინიციაც შეუძლებელია. თუ რაიმე ისტორიის ქართულად მოყოლას მთხოვთ, მე ამას ვერ მოვახერხებ. სამაგიეროდ, ამას ჩემს მშობლიურ ენაზე ადვილად შევძლებ. მაგრამ უფრო საინტერესოდ ნებისმიერი ამბის მუსიკის ენაზე თხრობა მეხერხება. ყველაზე კარგი კი ისაა, რომ ეს ენა მთელს მსოფლიოში ესმით... ჩემთვის ეს გასაოცარია იმიტომ, რომ სადაც არ ჩავდივართ, ხალხი ჩვენს მოსასმენად სიამოვნებით მოდის. Weather Report-იც ზუსტად ასეთი ბენდი იყო...

Weather Reprot-ის ხსენება დღეს ნამდვილად არ მინდოდა, ვინაიდან ვიცოდი, რომ ეს თემა მობეზრებული გაქვთ. მაგრამ თვითონვე ახსენეთ. ამიტომ გეტყვით, ჩემი და ალბათ შემდგომი თაობებისათვის Weather Reprot-ი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ეს ბენდი ახალი მუსიკალური ღირებულებების აღმოჩენაში დაგვეხმარა. Weather Reprot-ის შემდეგ, მუსიკას უკვე სხვანაირად ვუსმენდით...

კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას. ყველგან, სადაც ჩავდივარ, ამას მეუბნებიან, მაგრამ მაინც მიკვირს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მუსიკისათვის არანაირი საზღვრები არ არსებობს. წარმოიდგინეთ, დასავლეთ აფრიკელმა მუსიკოსებმა და მსმენელებმაც იგივე მითხრეს. ისინიც მეუბნებოდნენ, რომ Weather Reprot-ზე გაიზარდნენ. იმ დროს დისკებზე ხელი არ მიუწვდებოდათ, ჩვენს მუსიკას პირატულ კასეტებზე უსმენდნენ. მათ მხოლოდ ჩემი გვარი იცოდნენ და რატომღაც ეგონათ, რომ მუსიკას, რომელსაც ისინი უსმენდნენ, აფრიკელი მუსიკოსები ასრულებდნენ. კარგი მუსიკა კარგი მსმენელის გარეშე არ არსებობს, ასე არაა? უეინ შორთერთან ამაზე ხშირად მისაუბრია... იცით, იმ დროს ჩვენ კარგად გაცნობიერებული არ გვქონდა, თუ რას ვაკეთებდით. უფრო სწორად, ჩვენს საქმეს ვაკეთებდით და ფულზე, წარმატებაზე ან მუსიკაში რევოლუციის მოხდენაზე სულ არ ვფიქრობდით. ყველაფერი, რასაც ჩვენ ვაკეთებდით, გულიდან მოდიოდა და ეს იმიტომ, რომ მეც და უეინსაც ყელში გვქონდა ამოსული ბი-ბოფი და ის მუსიკა, რასაც მანამდე ვუკრავდით.

შორთერის ხსენებაზე მისი ერთი ნათქვამი გამახსენდა: „ჯაზში მთავარი ისაა, რომ ყველაფერი ერთად აკეთო, - დაიცვა წესები და ამავე დროს, როცა საჭიროა, დაარღვიო კიდეც.“ რას ნიშნავს თქვენთვის წესების ეს ერთდროული დაცვა და დარღვევა?

პირადად ჩემთვის, ეს იმას ნიშნავს, რომ არ დავუკრა ის და ისე, რასაც და როგორაც სხვები უკრავენ. ამავე დროს, ეს სრულ დაცლას ნიშნავს იმისაგან, რაც გისწავლია და უკვე იცი. სხვანაირად რომ ვთქვათ, გარკვეულ ეტაპზე შეიძლება აივსო იმ ცოდნით, რომელიც სხვა მუსიკოსების მიბაძვის შედეგად შეიძინე და ვირტუოზი გახდი. დღეს უამრავი ახალგაზრდა ვირტუოზი უკრავს ჯაზს, მაგრამ ვირტუოზობა ადამიანში თითქმის ყოველთვის ავიწროებს რაღაც უფრო მნიშვნელოვანს. როდესაც ვირტუოზს უსმენ, ორი ან სამი კომპოზიციის შემდეგ, გიჩნდება სურვილი, რომ დარბაზი დატოვო. ხვდები, რომ მუსიკოსის ვირტუოზობის მეტს ვერაფერს ნახავ და კონცერტის დასრულების შემდეგ, არაფერი გაგყვება. მე კი მინდა, რომ ჩემი კონცერტიდან გამოსულმა მსმენელმა თქვას: „დღეს საღამოს ფული მართლაც აზრიანად დავხარჯე!“ მთელს მსოფლიოში ადამიანები ბევრს შრომობენ, საარსებო ფული რომ იშოვნონ და ეს ჯაფით ნაშოვნი ფული სისულელეში არ უნდა დაახარჯინო. არადა, დღეს, უმეტესწილად, მუსიკა ან ძალიან მოსაწყენია ან მოძველებული, ან ღმერთმა უწყის როგორი! გესმით ჩემი?! როცა ბენდისათვის მუსიკოსებს ვაგროვებ, წინასწარვე ვიცი, რომ ეს ბენდი მსოფლიოში საუკეთესო იქნება. მსმენელს ვპირდები, რომ ჩემს ამჟამინდელ ბენდში ისეთ ბასისტს მოისმენს, რომლის მსგავსიც ალბათ არასდროს მოუსმენია. დანარჩენ მუსიკოსებზეც და, რა თქმა უნდა, ჩვენს მომღერალზე, საბინ კაბონგოზეც იგივეს ვიტყოდი. ცოტა ხნის წინ, ამსტერდამში დავუკარით. დარბაზი გადაჭედილი იყო და როდესაც კონცერტი დამთავრდა, ხალხი არ დაშლილა მაშინაც კი, როდესაც სცენიდან ინსტრუმენტების და აპარატურის ალაგება დაიწყეს. აი, ასეთი წუთებისთვის ვცხოვრობთ, როდესაც ჩვენი მსმენელები იტყვიან: „ჰეი, ზავინული ჩამოდის და აუცილებლად უნდა წავიდეთ მის მოსასმენად!“

თქვენ მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოსულ მუსიკოსებთან მუშაობთ. ვვარაუდობ, რომ ყოველი ახალი პროექტის დაწყების წინ, გარკვეული თვალსაზრისით, უკვე გრძნობთ, თუნდაც ინტუიციურად, თუ რა სახით „გაგეხსნებათ“ მუსიკა ამა თუ იმ მუსიკოსთან მუშაობისას. რას ელით თქვენ მათგან და უკვე „დაგეგმილი“ მოლოდინის მიღმა რამდენად ხშირია მოულოდნელობები?

მათგან ჩემი მუსიკის ინტერპრეტაციის განსაკუთრებულ უნარს ველი. ამას და მათ ინდივიდუალურ, სპეციფიკურ საუნდს, ბგერას. ხშირად ვეუბნები: „ძალიან ბევრს ნუ ვარჯიშობთ ინსტრუმენტზე. ეს მაშინ გააკეთეთ, როდესაც ამას აზრი აქვს. დანარჩენი დრო კი ცხოვრებას დაუთმეთ. იცხოვრეთ ისე, რომ რაიმე მოსაყოლი გქონდეთ. თქვენი ინდივიდუალური ბგერა ცხოვრებისეული გამოცდილებიდან მოდის!“ დანარჩენი კი, ყოველივე მოულოდნელობაა, სტუდიაშიც და სცენაზეც. ყოველი კონცერტი, ყოველი კომპოზიცია. ჩვენ არა მარტო მსმენელს ვაკვირვებთ, არამედ ერთმანეთსაც... სხვათა შორის, იმასაც ნუ დაივიწყებთ, რომ ისინი ჩემს მუსიკაზე არიან გაზრდილები. მე დიუქ ელინგთონის, გლენ მილერის, ქაუნთ ბეისის, ართ თეითუმის, მაილზ დევისის და ჯაზის დანარჩენი შამანების მუსიკაზე ვარ გაზრდილი... ეს საოცარი სკოლა იყო!

...მე ის შავ-თეთრი ფოტოც მინახავს, რომელზეც თქვენ, შლაპაში, ელინგთონისთვის უკრავთ...

... როდესაც მისთვის ვუკრავდი, ტიროდა. იცით, მისთვის მაშინ Come Sunday შევასრულე, რომელსაც დღესაც დავუკრავთ. ძალიან გულისამაჩუყებელი ბალადაა.

თქვენ დღემდე ცდილობთ, არ დაარღვიოთ დიდი ხნის წინ გამომუშავებული წესი, რომლის მიხედვითაც სტუდიაში ჩაწერილი ალბომები არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჯაბნიდნენ ცოცხლად დაკრულ კონცერტებს?

აუცილებლად. იცით, ამა თუ იმ კომპოზიციის „შესალამაზებლად“, სტუდიაში მაინც უფრო მეტი შესაძლებლობაა. სცენაზე კი, თუ იმდენს ბედავ, რომ ერთხელ და სამუდამოდ გაზუთხულ რამეს არ უკრავ, ჩათვალე, რომ შიშველი ხარ...

ესე იგი, ყველაფერი, რაც სცენაზე ხდება, იმპროვიზაციაა?

...ყოველთვის! ჩვენი მუსიკა სცენაზევე იქმნება, თუმცა, რა თქმა უნდა, წინასწარი სქემა არსებობს. ჩვენ ჩემს მიერ დაწერილ კომპოზიციებს ვუკრავთ, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ ამ კომპოზიციებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული მუსიკოსები ასრულებენ. ისინი ჩემთან თავიანთი ქვეყნის თუ რეგიონის მუსიკალური კულტურით სავსენი მოდიან. მათგან მხოლოდ იმას ვითხოვ, რომ საკუთარ პერსონას სულიც მოაყოლონ: არა მარტო დაუკრან ჩემთან, არამედ მესაუბრონ. ჩვენ სცენაზე ვსაუბრობთ, იდეებს ვცვლით. ჩვენ ამ მოცემულ მომენტში ვარსებობთ და ამ მომენტს ვუკრავთ! სულ ცოტა ხნის წინ, ბობი მაქფერინთან ერთად დავუკარი. ბობი დიდებული მუსიკოსია, მაგრამ ვერ ხვდება, რომ სადღაც წარსულშია ჩარჩენილი. ჩიქ ქორეაც შესანიშნავი მუსიკოსია, მაგრამ როდესაც ისინი ერთად უკრავენ, ეს კომიკურია! რატომ? იმიტომ, რომ მათი ძირითადი პრინციპი ასეთია: ჯერ ვუკრავ მე, მერე - შენ! ეს ყველაფერი თითქმის იდიოტიზმამდე დადის! აი, ამის უფლებას არ ვაძლევ ჩემს მუსიკოსებს! როდესაც ვუკრავთ, არ მინდა, რომ სინი მარტო მისმენდნენ და იგივეს უკრავდნენ, რასაც მე. მინდა, რომ მისმინონ, მაგრამ დაუკრან ის, რასაც თვითონ გრძნობენ! ამ მხრივ, მე და უეინი იდეალური წყვილი ვიყავით! ჩვენ უსიტყვოდ ვუგებდით ერთმანეთს. სამწუხაროდ, ბევრი მუსიკოსი ამას ვერ ხვდება, მათ შორის ბობი მაქფერინიც. ამიტომაც დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთად აღარ დავუკრავთ. იცით, როდესაც ის ჩემს ალბომზე. „DIALECTS“ მუშაობდა, უფრო ახალგაზრდა, ნაკლებად ცნობილი და შემოქმედებითი მუხტით დაჯილდოებული იყო. ბობისთან ერთად, სამი კონცერტი დავუკარი და როდესაც მან დარბაზთან შეთამაშება დაიწყო, უბრალოდ სცენიდან გავედი და მხოლოდ მაშინ დავბრუნდი, როცა დაასრულა. იცით, ამ დროს საკუთარ თავზე უფრო გავბრაზდი იმიტომ, რომ ამაში ნებაყოფილობით გავყავი თავი. არადა, ვიცოდი, რომ ასე მოხდებოდა და კონცერტების წინ გავაფრთხილე: „ბობი, გეთაყვა, მე ჩიქ ქორეა არ ვარ და ძალიან გთხოვ, ისე ნუ დავუკრავთ, როგორც ამას შენდ და ჩიქი აკეთებთ, პატარა ბავშვებივით რომ რითმავთ ერთმანეთის ფრაზებს.“ გავაფრთხილე, მაგრამ ბოლო კონცერტზე მაინც იგივე გააკეთა. ეს არ იყო ჩემი მხრიდან მისდამი უპატივცემულობა. მას დიდ პატივს ვცემ. ბოლოს და ბოლოს, მას ხომ სიმფონიური ორკესტრის დირიჟორობა შეუძლია. ბობი დიდი მუსიკოსია, მაგრამ, სამწუხაროდ, ძალიან დაბლა დაეშვა. ყველაზე ადვილი ისაა, რომ მსმენელი ტაშისცემაში აიყოლიო. მე კი ასე არ ვაკეთებ. მირჩევნია, კონცერტის დროს მელოსის ენერგეტიკით ისე დავძაბო მსმენელი, რომ სწორედ ამ მუხტმა წამოყაროს ფეხზე.

რა არის ის რაც მუსიკის წერისაკენ გიბიძგებთ? შეუძლია თუ არა წაკითხულ წიგნს, ვინმესთან საუბარს, ნანახ ფილმს ან მსგავს რაიმეს კრეატიულობის პროვოცირება გამოიწვიოს?

ჩვენ ძალიან ბევრს ვმოგზაურობთ და ამიტომაც მუდამ ახალ ადამიანებს, ახალ სივრცეებს, უცნობ კერძებს და ვინ მოსთვლის, კიდევ რამდენ სიახლეს „ვაწყდებით.“ ეს, უდავოდ, გავლენას ახდენს ჩემზე. მე იმპროვიზატორი ვარ და ყოველი კონცერტის შემდეგ, ნომერში ავდივარ და ჩემს laptop-ზე ახალ თემებზე ვმუშაობ. და მაინც, შთაგონების ძირითადი წყარო მაინც საუნდია. მუშაობისას მხოლოდ საჭირო ბგერა მჭირდება. ახალ ალბომზე მუშაობისას, ყველა ინსტრუმენტის მონახაზს მე ვაკეთებ და ამ დროს მხოლოდ და მხოლოდ საუნდით ვსაზრდოობ...

რამდენადაც ვიცი, თქვენს ინსტრუმენტებში ყველა საუნდი თქვენივე შექმნილი და კომბინირებულია...

მართალია. ეს საუნდი შეიძლება აკუსტიკურიც იყოს. შესაძლებელია, მე თვითონ შევქმნა ის. ასეთი რამ ყველაზე ხშირად ხდება. მე არასდროს მაკმაყოფილებს ფაბრიკიდან გამოსული ბგერა. სტუდიაში მუშაობისას, ის ბგერა მჭირდება, რომელიც ენას ამომადგმევინებს და ამალაპარაკებს. ამ დროს არც სიცოცხლეზე ვფიქრობ და არც სიკვდილზე. ამ დროს, საერთოდ არ ვფიქრობ.

რამდენად სასიამოვნოა თქვენთვის ის, რომ თქვენი მუსიკა საკმაოდ ხშირად სამპლირდება ახალგაზრდა მუსიკოსების მიერ და რამდენად გულდასაწყვეტია ის, რომ ძალიან ცოტა ახალგაზრდისათვისაა ცნობილი, რომ ჰიფ-ჰოფის ორიგინალური რიტმი სწორედ თქვენი შექმნილია?

პირველ შემთხვევაში, ეს ძალიან მსიამოვნებს. ვერაფერს ცუდს ვერ ვხედავ იმაში, რომ ახალგაზრდა მუსიკოსები ჩემი ციტატებით სარგებლობენ. ეს ბი-ბოფის დაკვრას ბევრად სჯობია. დღეს პრეს-კონფერენციაზე ვთქვი, რომ ჯაზი მოკვდა, მაგრამ ამ ფრაზამ შეიძლება გაუგებრობა გამოიწვიოს. ამიტომაც ჩემს ნათქვამს ერთს დავუმატებ: როცა ვამბობ, რომ ჯაზი მოკვდა, იმას როდი ვგულისხმობ, თითქოს ის დავიწყებას უნდა მიეცეს. ჯაზი გასული საუკუნის უდიდესი მონაპოვარია და დღეს ის ღრუბელივითაა, რომელსაც ყველაფრის შესრუტვის უნარი აქვს. ის, ერთდროულად, რამდენიმე მიმართულებით ვითარდება. ეს მხოლოდ ჯაზს შეუძლია. მაგრამ, ამავე დროს, ჯაზი ცხოვრების წესია და ცხოვრების აჩქარებული ტემპის გამო, ბევრ ახალგაზრდა მუსიკოსს იმის დროც კი არ აქვს, რომ ჯერ იცხოვროს და მხოლოდ ამის შემდეგ დაუკრას, საკუთარი ცხოვრებისეული გამოცდილების შესაბამისად. ისინი მიმბაძველობის ჩარჩოებში ექცევიან და განვითარებას წყვეტენ. ამიტომაც, სიამოვნებით ვუსმენ ახალგაზრდებს, რომლებსაც არაფერი საერთო არ აქვთ ჯაზთან, უკრავენ ელექტრონულ მუსიკას, მაგრამ ამავე დროს, წინა თაობის მუსიკოსთა დამსახურებას აცნობიერებენ. სახლში 100-ზე მეტი ახალგაზრდა მუსიკოსის დისკი მაქვს, რომელზეც ჩემი მუსიკაა სამპლირებული. რაც შეეხება მეორე შეკითხვას: არა, გული არ მწყდება, რომ ბევრმა არ იცის ამის შესახებ. მაილზმა იცოდე ეს და ერთხელ მითხრა კიდეც: „ჯო, შენ მუსიკა სამჯერ შეცვალე!“ ჩემთვის მთავარი ისაა, რომ როდესაც სცენაზე გავდივარ, დარბაზში მსხდომმა ახალგაზრდებმა თქვან: Man, this is really cool!

„შენ ამას იმსახურებ!“ - ეს სიტყვები მაილზ დევისმა ბოლო შეხვედრისას გითხრათ. არიან თუ არა დღეს მუსიკოსები, ვისაც თქვენ იგივეს ეტყოდით?

ისინი ჯერ კიდევ ახალგაზრდები არიან, რაიმეს დამსახურებას კი ბევრი შრომა და დიდი დრო ესაჭიროება. ზოგიერთი ახალგაზრდა მუსიკოსი საოცრად კარგია, მაგრამ ათი წლის შემდეგ მოუსმენ რომელიმე მათგანს და აღმოჩნდება, რომ იგივეს უკრავს, რასაც წინათ. ასეთები ძალიან ბევრნი არიან. მუსიკა თავის ნამდვილ სახეს ყველას როდი უჩვენებს. მე ამის გარანტიას გაძლევთ! სულ ცოტა ხნის წინ, ვენის კონსერვატორიაში ერთ მუსიკოსს შევხვდი. ის ყოფილი საბჭოთა კავშირიდანაა. თუ არ ვცდები, მისი სახელი ანდრეი კორონკოვია... გვარი კარგად ვერ დავიმახსოვრე. ის ოდესელია.

ის საყვირზე უკრავს და ვერც კი დაიჯერებთ ისე უკრავს. არადა სულ რაღაც 19 თუ 20 წლისაა. იცით, მომავალში დიდი ჯაზმენები რომელი ქვეყნებიდან გამოჩნდებიან? ყოფილი სოციალისტური ბლოკის ქვეყნებიდან. ორი ახალგაზრდა ბულგარელი საქსაფონისტი ვიცი, რომლებმაც შოკში ჩააგდეს ნიუ-იორკელი მუსიკოსები. არადა ჯერ-ჯერობით ეს ორი ბულგარელიც წიან თაობის ჯაზმენებს ბაძავენ, თუმ ცა ამავე დროს მათი მიდგომა ინსტრუმენტისადმი სრულიად განსხვავებულია, რაც იმ რეგიონის მუსიკალური ტრადიციებითაა განპირობებული. საოცრად დიდი პოტენციაა! ისინი რაღაც თავისას ამატებენ მუსიკას და ამერიკელი ახალგაზრდა ჯაზმენებივით არ ცდილობენ მხოლოდ წინა თაობების მუსიკოსებს მიბაძონ. სწორედ გამიგეთ, ამერიკა საოცრად საინტერესო კულტურის ქვეყანაა და ალბათ უდიდესიც ჯაზის განვითარების თვალსაზრისით, მაგრამ ის დრო წავიდა. სულ რამოდენიმე დიდი ჯაზმენიღა დარჩა იქ. აი, მაგალითისათვის საქსოფონისტებს თუ ავიღებთ აღმოჩნდება, რომ ყველას ჯონ ქოლთრეინობა უნდა და ეს უბრალოდ საშინელებაა. ქოლთრეინი ჩემი კარგი მეგობარი იყო. მე მისთვის სავარჯიშო ჰარმონიულ სვლებს ვწერდი ხოლმე. მას მოსწონდა თუ როგორ ვაკეთებდი ამას და ხშირად მეუბნებოდა: „ჯო, გეთაყვა დამიწერე რამე თუ შეიძლება!” მეც სიამოვნებით ვაკეთებდი ამას. ქოლთრეინი თანამედროვე ადამიანი იყო; მას თავისი საკუთარი იდეები ქონდა და ის მათ როგორც დემონებს ისე დასდევდა. დღეს კი ჯონს შიშისაგან გული გაუსკდებოდა რომ დაენახა თუ რამდენს უნდა ქოლთრეინად გახდომა. მაგრამ ეს შეუძლებელია! ამის ნაცვლად ჩვენ საქმე ისევ ვირტუოზობასთან გვაქვს; როდესაც მუსიკოსი უბრალოდ ძალიან სწრაფად უკრავს, მაგრამ მის დაკრულში სული და გული არ დევს. სამაგიეროდ, ძალიან ცოტას შეუძლია მიბაძოს უეინ შორთერს და ეს იმიტომ, რომ ეს ძნელია; უეინი ძალიან ინდივიდუალურია. ჩოტა მუსიკოსი ცდილობს მომბაძოს მე; სიმართლე რომ გითხრათ არც არავინ მომისმენია ასეთი... შეიძლება ჩემი საუნდი გამოიყენოს ვინმენ, მაგრამ არა ფრაზირება, ვინაიდან ჩემი მუსიკა მელოდიურად და რითმულადაც სულ სხვა, განსხვავებული სამყაროა. რაც შეეხება ძველი თაობის მუსიკოსებს, ასეთები ბევრნი არიან, აი თუნდაც სესილ თეილორი და იცით რატომ? იმიტომ, რომ ის განუმეორებელია და მხოლოდ მას შეუძლია იმის დაკვრა, რასაც უკრავს. ბევრს მისი მუსიკა არ მოსწონს იმის გამო, რომ თავის იმპროვიზირებულ კომპოზიციებს ის „ლამაზ” ნოტებზე არ აწყობს, მაგრამ სესილი მუდამ სესილია; თქვენ მას პირველივე ნოტიდანვე ცნობთ და რაც მთავარია მას არ ეშინია იყოს ის, ვინც არის.

ერთი უცნაური რამ უნდა გითხრათ. პირველად თქვენს მუსიკაზე ჯერ კიდევ Night Passage-ის პირველად მოსმენისას გამეცინა, მაგრამ ეს არ იყო სიცილი, რომელიც მუსიკის გაგების ან რაღაცის აღმოჩენის სიამოვნებას მოჰყვება. ეს იყო სიცილი, რომელიც კარგი ანეგდოტის ან ხუმრობის შემდეგ ჩნდება, გულიანი სიცილი. ამიტომაც მინდა შეგეკითხოთ იმ მუსიკოსის /ფრენქ ზაპას/ სიტყვებითვე, ვინც ეს შეკითხვა დასვა:

Does humor belong to music?

რა თქმა უნდა! უდავოდ! ადამიანი იუმორის შეგრძნების გარეშე არაფერია და ეს, რა თქმა უნდა, მის მუსიკაზეც აისახება. ადამიანებს, ვისაც სხვისი გაცინება შეუძლიათ, როგორც წესი, სამყაროს ღრმად შეცნობის უნარიც აქვთ. კომიკოსები ჩემთვის ყველაზე ღრმა ადამიანები არიან. მათ კარგად ესმით ცხოვრება. ყველა დიდ მუსიკოსს, ვისთანაც ვთანამშრომლობდი, გასაოცარი იუმორის გრძნობა ჰქონდათ. ეს აუცილებელია! ასე იყო დინა უოშინგთონთან, ასე იყო ქენონბოლთან, რომელიც უფროს ძმად მიმაჩნდა, ასე იყო მაილზთან და ასე იყო ჯეიქო პასთორიუსთან, რომელიც უმცროსი ძმასავით მიყვარდა... ჩემი დღევანდელი ბენდი კი ამ მხრივ ალბათ ერთ-ერთი საუკეთესოა. უკვე თითქმის ერთი თვეა, რაც ტურნეში ვართ და ყოველი დღე ერთად ყოფნის სიხარული და სიცილ-ხარხარია. მე უკვე ხანში შევედი და იმდენს არ ვერთობი, რამდენსაც ჩემი ახალგაზრდა მუსიკოსები, რომლებიც გამთანგველი კონცერტის შემდეგ, დილის ექვს საათამდე სხვადასხვა კლუბებში დროს ატარებენ ხოლმე. ჩემს ახალგაზრდობაშიც ზუსტად ასევე იყო.

ნათქვამია, რომ გამოცდილება კი არ აყალიბებს ადამიანს, არამედ ის, თუ როგორ გამოიყენებს ამ გამოცდილებას. ეს თითქოს თქვენზეა ნათქვამი. თუ შეიძლება მითხარით, როდის დგება დრო, როდესაც მუსიკოსი ამბობს: „ეს მე ვარ!“

ეს ჩემთვის დიდი საიდუმლოა... იცით, ახალგაზრდობაში მეც დანარჩენებივით ვბაძავდი წინა თაობის მუსიკოსებს, თუმცა კარიერის დასაწყისში ეს აბსოლუტურად ნორმალურია. ბავშვმა ხომ უნდა ისწავლოს სიარული? მოკლედ, სამოციან წლებში, ნიუ-იუორკში ბი-ბოფის ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი იმიტატორი ვიყავი. ერთ მშვენიერ დღეს კი, ქუჩაში ბარი ჰარისს შევხვდი. ის ბად ფაუელის სკოლის მეორე თაობის წარმომადგენელია. აგრეთვე უდახვეწილესი იმიტატორი. ჩვენ ვმეგობრობდით და ხშირად ერთადაც ვუკრავდით ხოლმე. ჰოდა, მას ნიუ იორკის 52-ე ქუჩაზე ვხვდები და მეუბნება: „ჯო, რაღაც უნდა გითხრა. ახლა ტაქსით მოვდიოდი აქეთკენ და რადიოში ქენონბოლ ედერლის კომპოზიციას უკრავდნენ. დავიფიცებდი, რომ პიანისტი მე ვიყავი, მაგრამ კომპოზიცია რომ დამთავრდა, შენი გვარი გამოაცხადეს. გილოცავ!“ ბარი ერთ-ერთი ყველაზე უფრო პატივცემული მუსიკოსი იყო მთელს ნიუ იორკში და მე სიამაყით ავივსე. მაგრამ შემდეგ დავფიქრდი და მივხვდი თუ რას გულისხმობდა. თუ ბარი იმიტატორია, და ეს ნამდვილად ასე იყო, მაშინ მე იმიტატორის იმიტატორი ვიყავი. ამას რომ მივხვდი, ტაქსი გავაჩერე, შინ დავბრუნდი, ყველა ჩემი დისკი შევფუთე და სადღაც შევაგდე. ის დისკები დღესაც, ამდენი წლის შემდეგ, შენახული მაქვს. აი, ამ შემთხვევის შემდეგ დავიწყე მუსიკის ნამდვილად მოსმენა. მაგრამ მერე კიდევ ერთი რამ მოხდა... ამის შემდეგ, ინსტრუმენტს რომ მივუჯდებოდი, სულ მეშინოდა, ვინმეს დაკრული ფრაზა არ გამემეორებინა. ამ კრიზისმა დაახლოებით ერთ თვეს გასტანა. ერთ დღეს კი, სრულიად მოულოდნელად, რაღაც აინთო ჩემში. ეს სიეტლში მოხდა. ქენონბოლის ბენდთან ერთად, რაღაც დღესასწაულზე ვიღაცის სახლში ვუკრავდით. კონცერტამდე მთელი ჯგუფი ერთად ვისხედით. ცოტა დავლიეთ, ცოტაც მოვწიეთ და გავერთეთ. მერე კი, როიალს მივუჯექი და ჩემში რაღაც მოხდა. აუხსნელი რამ! ის მომენტი დღემდე მახსოვს. იმ დღეს ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი შეცვალა. ნიუ იორკში რომ დავბრუნდი, დღეში ათ კომპოზიციას ვწერდი...

თქვენში რაღაც მოხდა, მაგრამ ეს ხომ თქვენივე ძალისხმევის გარეშე არ ყოფილა...

ძალისხმევა ყველაფერია! ეს სრული სიმართლეა! სწორედ „ისთერნ ფრომოუშენის“ ბიჭების ძალისხმევის შედეგია, მე რომ აქ ვარ და მათ რომ ასეთი სახელი აქვთ ევროპასა და ამერიკაში. მათზე ფილმი უნდა გადაიღოს ვინმემ. დიდი სიამოვნებით გავხდებოდი ამ ფილმის მუსიკის პროდიუსერი. ფილმი კი იმაზე უნდა იყოს, თუ როგორ იზრდებოდა ექვსი მეგობარი ერთად: ერთად დადიოდნენ საბავშვო ბაღში, სკოლაში, ერთად დაიწყეს სპორტზე სიარული, ერთად იმარჯვებდნენ შეჯიბრებებში, ერთად დაიწყეს ბიზნესი, ერთად მიაღწიეს წარმატებას და მაინც მეგობრებად დარჩნენ. მათი ისტორია საოცარია! დამიჯერეთ, ეს ფილმი ნამდვილი ჰიტი იქნება! ძალისხმევა ყველაფერია... მე და თომას კლესტილი, ავსტრიის პრეზიდენტი, საუკეთესო მეგობრები ვიყავით. ის შარშან გარდაიცვალა. ჩვენ ერთმანეთს 12 წლის ასაკში შევხვდით, ომის დამთავრებიდან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ და იმავე დღეს დავმეგობრდით. ჩვენი ისტორია რაღაცით ამ ბიჭების ისტორიას ჰგავს. მახსოვს, ნოემბერში ფეხშიშველები დავრბოდით ვენაში. წინდებიც კი არ გვქონდა, ფეხსაცმელზე რომ არაფერი ვთქვათ. მოგვიანებით კი, ორივემ საკუთარი ძალისხმევით მივაღწიეთ რაღაცას. ის პრეზიდენტი გახდა მე კი მუსიკოსი. აი ეს ნამდვილი სულისკვეთებაა! რა თქმა უნდა ყველა პრეზიდენტი ვერ გახდება, მაგრამ ძალისხმევა უკვე ბევრს ნიშნავს. ეს ევოლუციისაკენ გადადგმული ნაბიჯია. ძალისხმევა ის ველია, სადაც შენ შანსი გეძლევა და შესაძლებლობები გეხსნება. არაა აუცილებელი მაინცდამაინც პრეზიდენტი ან მინისტრი გახდე, მაგრამ ძალისხმევის მეშვეობით შენ შეიძლება კარგი, წესიერი ადამიანი დადგე. მე უკვე მოწიფულ ასაკში ვარ და ამიტომაც ზოგჯერ მეკითხებიან ხოლმე თუ როგორ მინდა, რომ ხალხს დავამახსოვრდე. ამ შეკითხვაზე მე მხოლოდ ერთი პასუხი მაქვს: „ის წესიერი ადამიანი იყო!“

ჯურნალი მადლობას უხდის „ისთერნ ფრომოუშნს“
ინტერვიუს ორგანიზებისა
თვის.

16 ისი - პარი

▲ზევით დაბრუნება


გაზაფხული - ზაფხული 2005

თბილისი - დ. აღმაშენებლის გამზ.№83/ი.ჭავჭავაძის გამზ.№11/ვაჟა-ფშაველას გამზ.№20/კ.გამსახურდიას გამზ.№11/შ. რუსთაველის გამზ.№1

შ. რუსთაველის გამზ.№42/შ. რუსთაველის გამზ.№34/დ. აღმაშენებლის გამზ.№114 / ო. ხიზანიშვილის ქ.№6/ვ. ვეკუას ქ.№3 (სავაჭრო ცენტრი GTC)

ქუთაისი - თამარ მეფის გამზ. №4

www.iciparis.ge

Calvin Klein ETERNITY SUMMER 2005
ზაფხულის არომატი ETERNITY SUMMER მანდილოსნებისთვის

არომატში ჩაქსოვილია ზაფხულის თავისუფლება და უბრალოება. ეს ყვავილოვანი, ბალახეულის სურნელი ETERNITY-ს კლასიკური ელეგანტურობის კიდევ ერთი მხარეა.

ზაფხულის არომატი ETERNITY
SUMMER მამაკაცებისთვის

ზაფხულის არდადეგების თავისუფლება, ოკეანის ბრიზი, ზღვის ბალახი. წყლის ცინცხალი არომატი, ETERNITY-ს თანამედროვე ინტერპრეტაცია.

0x01 graphic

ck one SUMMER LIMITED EDITION 2005 (Unisex)

მზისა და ტროპიკის მოციმციმე არომატი. CK One SUMMER - ეს არის არომატი, რომელშიც შეზავებულია ზაფხულის გამაგრილებელი ბრიზი და ეგზოტიკური მაცოცხლებელი ძალა.

0x01 graphic

CERRUTI 1881 FRaICHEUR D'EaU (LIMITED EDITION)

2005 წლის საზაფხულო არომატი მამაკაცებისთვის CERRUTI-სგან

ზაფხულის არომატი მამაკაცებისთვის - CERRUTI 1881 FRAICHEUR D'EAU, თანამედროვე და, ამავდროულად, დახვეწილი გემოვნების მქონე მამაკაცებისთვისაა განკუთვნილი. იგი რბილი და ჭეშმარიტად მამაკაცურია.

0x01 graphic

CERRUTI 1881 FEMME EaU D'ETE Limited Edition

2005 წლის საზაფხულო არომატი მანდილოსნებისთვის CERRUTI-სგან

მანდილოსნების საზაფხულო არომატი მაცოცხლებელ ძალას შეიცავს. CERRUTI-ს სახლის ტრადიციის ნიშნად, არომატი CERRUTI 1881 FEMME eau d'ete სელის ყვავილითაა ინსპირირებული.

0x01 graphic

GUCCI ENVY ME

განკუთვნილია უშუალო, სექსუალური და საკუთარ თავში დარწმუნებული ქალებისთვის.

L'EaU D'ISSEY

L'EaU D'ISSEY

უალკოჰოლო საზაფხულო სუნამო გრილი, მანათობელი არომატი

L'EaU D'ISSEY POUR HOMME

საზაფხულო სუნამო მატონიზებელი, სურნელოვანი.

0x01 graphic

L'EaU BLUE D'ISSEY POUR HOMME

ISSEY MIYAKE გრძნობების, კონტრასტებისა და ემოციების ახალი სამყაროს აღმოჩენას გთავაზობთ.

0x01 graphic

Z ZEGNA

Z Zegna- ეს არის ახალი, ძალიან მამაკაცური არომატი ერმენეჯილდო ზენიასგან.

ხალისიან სიცილიურ ბერგამოტს როზმარინი და კაზუარის უჩვეულო ხილის არომატი ავსებს. ის ქლიავისა და წითელი მოცხარის არომატს მოგაგონებთ.

0x01 graphic

AQUA D'ESTATE

მისი არომატი ტუალეტის წყლის, ESSENZA DI ZEGNA-ს საზაფხულო ინტერპრეტაციაა - ენერგიული და ელეგანტური.

ERMENEGILDO ZEGNA- AQUA D'ESTATE იდეალურია ზაფხულისთვის.

0x01 graphic

STELLA'S SHEER SUMMER

სტელა მაკარტნის პარფიუმერიზებული წყლის საზაფხულო ინტერპრეტაცია - STELLA'S SHEER SUMMER 100ML - გაზაფხულის გრილ არომატს მოგაგონებთ.

0x01 graphic

JEAN PAUL GAULTIER

პირველი რანდევუს შემდეგ, მზის ჩასვლამდე...

CLASSIQUE და „LE MALE კვლავ შეერთდნენ.

ორივემ გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგა და შეიქმნა ფირუზისფერი ბროლივით წმინდა წყალი, სადაც ჭრელი მარჯნები და თევზები დაცურავდნენ.

...2005 წლის მცხუნვარე ზაფხულისთვის!!!

0x01 graphic

BURBERRY BRIT FOR MEN

ბარბერის ფირმის მამაკაცის ახალი სუნამო მერქნისებური არომატით ხასიათდება. მას სექსუალური და მამაკაცური სურნელი აქვს.

0x01 graphic

CAROLINA HERRERA 212 SEXY

კაროლინა ჰერერას ახალი სურნელი. თავბრუდამხვევი და მაცდური. იგი იმდენად მომხიბვლელია, რომ ადგილის და დროის შეგრძნებას კარგავთ და მხოლოდ ერთი სურვილი გიჩნდებათ - შეიცნოთ მისი ყველა საიდუმლო.

0x01 graphic

CAROLINA HERRERA CHIC FOR MEN

კაროლინა ჰერერას ეს არომატი იმ ინდივიდუალურობას გამოხატავს, რომელიც თითოეულ მამაკაცშია.

CHIC FOR MEN-ი თვენს ყურთან ჩურჩულს გაგონებთ. ეს არის თანამედროვე, გრილი, სურნელოვანი და მგრძნობიარე არომატი.

0x01 graphic

DAVIDOFF ECHO WOMAN

დავიდოვის სუნამო Echo Woman თანამედროვე ქალებისთვისაა შექმნილია. ნებისმიერ დროს, ეს სუნამო სასიამოვნო და მოსაწონია ყველა სტილის მანდილოსნისათვის. დავიდოვი გვთავაზობს, რომ ცოტა ხნით მაინც დავივიწყოთ გარემოს ხმაური, მომაბეზრებელი გუგუნი და ჩვენს მშვიდ გულისცემას მივუგდოთ ყური.

0x01 graphic

INFINIMENT BY CHOPARD

ახალი სუნამო მანდილოსნებისათვის შოპარისაგან

საოცრად მომხიბლავი, მდიდრული და სასიამოვნო სუნამო, თავისი არომატითა თუ დიზაინით, ნიჭის უმაღლესი გამოხატულებაა.

0x01 graphic

KINGDOM LIMITED EDITION EAU DE TOILETTE

KINGDOM-ის საგაზაფხულო ინტერპრეტაცია - KINGDOM LIMITED EDITION EAU DE TOILETTE 50ML - ეს არის გრილი, ყვავილოვანი, ქალური და რომანტიული არომატი.

0x01 graphic

MONT BLANK
INDIVIDUELLE FEMME

ეს არომატი ინდივიდუალი ქალისთვის შეიქმნა, რომელიც ელეგანტური და მომხიბვლელია.

0x01 graphic

MAX MARA

ეს სუნამო განკუთვნილია ნამდვილი ქალებისთვის, რომლებიც საკუთარ თავს ძალზედ ბუნებრივად გამოხატავენ; ქალებისთვის, რომლებიც თავიანთი ელეგანტურობით ხიბლავენ და თავბრუს ახვევენ...

0x01 graphic

DOLCE & GABANA
LIGHT BLUE

მისი ძირითადი განმასხვავებელი თავისებურებებია მწვანე ვაშლის ახალგაზრდული და მჩქეფარე ნოტა, ბამბუკის გამჭვირვალება.

იგი ისეთივე განსაცვიფრებელი და გამაოგნებელია, როგორც სიცოცხლის შეგრძნებით გამოწვეული სიხარული.

0x01 graphic

BVLGARI
AQVA POUR HOMME

მათთვის, ვინც ყოველდღიური მოხმარებისთვის გრილ, სასიამოვნო და, ამავე დროს, პრესტიჟულსა და ძვირფას სუნამოს ეძებს.

0x01 graphic

L'EAU DUPONT

დიუპონის სუნამო გაიგივებულია წყალთან. მასში ამ ძვირფასი ბრენდის პრესტიჟული აურა და ხარისხის უბრალოებაა გაერთიანებული.

დიუპონის არომატი ქალბატონებისთვის გრილი, მგრძნობიარე, პროვოკაციული და სექსუალური სურნელით გამოირჩევა.

მამაკაცის სუნამოს მერქნის, ციტრუსისა და ამბრის სურნელი აქვს.

0x01 graphic

ROCHAS SQUSWOMAN

ვარდის ფურცლების, თეთრი მარგალიტის, მარჯნის ყვავილის, ცოტაოდენი მუსკუსისა და ამბრის არომატი ჰარმონიისა და სიმშვიდის შეგრძნებას მოგანიჭებთ.

0x01 graphic

ESCADA ROCKIN' RIO

მანდარინის, ანანასის, პაპაიას, პინაკოლადას, შაქრის ლერწმის, ატმის და ქოქოსის წვენის მრავალფეროვანი კოკტეილი ბედნიერების ენერგიას აფრქვევს...

0x01 graphic

CINDY CRAWFORD JOYFUL

განუმეორებელი სინდი კროუფორდი კვლავაც ყვავილოვან, ახალგაზრდულ, სიცოცხლით სავსე სურნელს გვთავაზობს.

0x01 graphic

GABRIELA SABATINI ELEGANCE

ახალი სუნამო გამიზნულია თანამედროვე ქალებისთვის, რომლებიც საკუთარი ინდივიდუალობის ელეგანტურ გამოხატვაში დიდ სიამოვნებას იღებენ.

0x01 graphic

PUMA JAMAICA

პუმა იამაიკა ქალისა და მამაკაცისთვის. თავისუფლებისა და ეგზოტიკის შეგრძნება. მანდარინის, ლიმონის, ტარხუნის და ინდური სანდალოზის გრილი ტანდემი.

17 წიგნები

▲ზევით დაბრუნება


ავტორი: თამარ ბაბუაძე

0x01 graphic

მოუკრეფავნი
ქართული სკაბრეზული ფოლკლორის ნიმუშები
შემდგენელი ვახუშტი კოტეტიშვილი
გამომცემლობადიოგენე
თბილისი
2005 .

ყოვლად მიკერძოებულად მიხაროდა ის ამბავი, რომ „პარნასის“ კვირის ბესტსელერი ანა კორძაია-სამადაშვილის „მე, მარგარიტა“ გახდა, მაგრამ ახლა გული მიგრძნობს, ბესტსელერობა ახალი კვირიდან ვახუშტი კოტეტიშვილის კრებულს უწერია. თბილისი უკვე ალაპარაკდა ახალ წიგნზე. ზოგი ამბობს, რაღაც „ბილწი“ შინაარსით სავსე წიგნი დაუბეჭდავთო. და ეს „ზოგი“ ის „ზოგია“, რომელიც წიგნს თუ შეიძენს, მხოლოდ ერთი მიზეზით: მერე ისეთი უხერხული და შეფუცხუნებული აღგზნებით რომ ისიამოვნოს, როგორც პატარა ბავშვმა იცის ხოლმე აკრძალული ხილის - ცუდი სიტყვების მოსმენისას.

თუმცა, ჩვენდა საბედნიეროდ, არსებობს სხვანაირი „ზოგიც“: ამ ტიპის მკითხველი კრებულს, უთუოდ, თავისი პირვანდელი ღირსების - იუმორის მიხედვით შეაფასებს და მაშინვე გაიაზრებს წიგნის უნიკალობასაც.

ეს არის პირველი მცდელობა, ზეპირსიტყვიერებიდან ნაბეჭდ - უფრო საიმედო და გამძლე ცხოვრებაში მიეჩინოს ადგილი ქართული ფოლკლორის „მოუკრეფავ“ ნიმუშებს.

უკვე რუსთაველის ეპოქის საქართველოშიც ხომ სალაღობო პოეზიის ჟანრი სავსებით ჩამოყალიბებული იყო. შესაბამისად, როგორც ყველა დანარჩენ სრულყოფილ ჟანრს, სალაღობო პოეზიასაც ჰქონდა მთავარი კრიტერიუმები: იუმორი (ხშირად მსუბუქი და დახვეწილი, ზოგჯერ - ტლანქი, პირდაპირი და უტიფარი. კოტეტიშვილის კრებულში კი ორივე ტიპის ლექსებია შესული) და სიტყვიერი ოსტატობა. სწორედ ეს ოსტატობა ჩრდილავდა იუმორის სიტლანქესაც და პირდაპირობასაც,

„ბატარა დავწევ ქალთანა, გავხსენ ღილიან საყელო…“ - ეს კრებულის პირველივე ლექსია და სხვათა შორის, ყველაზე მოკრძალებული. მერე და მერე, მეშაირეები ეშხში შედიან და ლექსიდან ლექსამდე, სულ უფრო იზრდება ის უხერხული აღგზნებაც, დასაწყისში რომ მოგახსენებდით.

0x01 graphic

მოგვი მკურნალი
მარგარეტ იურსენარი
გამომცემლობასაარი
თბილისი
2004 .

მანამდე იყო მანანა გიგინეიშვილისა და მზია ბაქრაძის თარგმანით გამოსული „აღმოსავლური ნოველები“. ახლა ქართულად უკვე გვაქვს „მოგვი მკურნალიც“ - კარგი მთარგმენლის - თამარ აბრამიშვილის ფრანგულიდან გადმოქართულებული ტექსტითა და რუსუდან ფეტვიაშვილის ილუსტრაციებით გაფორმებული.

„მოხეტიალე ცხოვრება“, „უძრავი ცხოვრება“ და „ციხე“ - რომანი სამ ნაწილად იყოფა და თან უცხო სიტყვათა განმარტებითი ლექსიკონიც ახლავს. ეს უკანასკნელი შტრიხი კი იურსენარის ერთგულ მკითხველებს რომანის აღქმას კიდევ უფრო გაუადვილებს (ბოლოხანს დასტამბულ წიგნებს ხომ, როგორც წესი, აღარც შესავალს ურთავენ ხოლმე, აღარც ბოლოთქმას, განმარტებებზე კი ლაპარაკიც ზედმეტია).

თუმცა, კარგი იქნებოდა, გამომცემლებს ავტორის შესახებაც დაეწერათ ორიოდე სიტყვა, მაგრამ არა უშავს, დანაკლისი ორიოდე სიტყვით აქვე შევივსოთ:

ფრანგი მწერალი მარგარეტ იურსენარი პირველი ქალია, რომელიც ძალიან პრესტიჟული ფრანგული აკადემიის წევრად აირჩიეს (1980 წ.). 1939 წელს ის ამერიკაში გადასახლდა და ამერიკის მოქალაქე გახდა. წერა კი არსად შეუწყვეტია. ამას მოწმობს მისი კრიტიკული წერილები, მოთხრობები და ათობით რომანი - ხშირად ისტორიულ თემატიკაზე აგებული, ძალიან დიდ ერუდიციაზე დაფუძნებული და ყოველთვის ცრურწმენების, იდეოლოგიების და სტანდარტების წინააღმდეგ მიმართული.

როგორია „მოგვი მკურნალი“? ფრიად სქელტანიანი რომანია, თუ უკვე იცნობთ იურსენარს, ზომა არ შეგაშინებთ და კითხვასაც სიამოვნებით შეუდგებით, და თუ არა - ვფიქრობ, არც იურსენარის სამყაროში ამ გზით შესვლა იქნება ურიგო.

0x01 graphic

ნატვრის ხე
გიორგი ლეონიძე
ბონდო მაცაბერიძის გამომცემლობა
თბილისი
2004 .

„დედის ცრემლზე ია ამოდისო, ასე იტყოდნენ ჩემს ყრმობაში…“ - ეს ფრაზა, რომელიც ბავშვობიდან მოდის, ყველაში სხვადასხვაგვარ ემოციებს იწვევს, თუმცა - ცალსახად ტკბილ ემოციებს. მისი გაგება ახლა თავიდან გვიწევს; უფრო სწორად, გვიწევს ამ ფრაზის წაკითხვა, თანაც ხელნაწერი დედანიდან აღებულ ქსეროასლში. ლეონიძის ფაქსიმილე ხომ შესავლად ერთვის კრებულს, რომელიც წიგნის მაღაზიაში ახლახანს შევნიშნე. თითქოს, ახალი არაფერია - წიგნში ძველებურად თავმოყრილია გიორგი ლეონიძის იები, ნატვრის ხეები, მარიტები, ფუფალები და ციციკორეები. უბრალოდ, ამ დაუვიწყარმა პერსონაჟებმა ახლა სქელყდიან მშვენიერ წიგნში დაიდეს ბინა.

„ნატვრის ხე“ „ბონდო მაცაბერიძის გამომცემლობამ“ ახალი სერიით გამოსცა - „კლასიკა და თანამედროვეობა“. ამავე სერიით, გამომცემლობა ლეონიძის შემდეგ, სხვა ქართული და მსოფლიო ლიტერატურის ნიმუშების დასტამბვას აპირებს.

მანამდე კი, გოგლა და მისი ოცი მოთხრობა: „ნატვრის ხე“, „მშობლიურ ხეთა ჩრდილებში“, „ჩვენი ჭერამი“, „თორღია“, „ფუფალა“, „ორი შემოხედვა“, „ჩირიკი და ჩიკოტელა“, „ჩორეხი“, „მარიტა“, „მოხუცი გუთნისდედის სიკვდილი“…

ეს მეტნაკლებად სრული კრებულია, რაც 80-იან წლებში გამოსული „ნატვრის ხის“ შემდეგ ნამდვილი საჩუქარია. ლეონიძის კიდევ ერთი კრებული რამდენიმე წლის წინათაც გამოიცა, მაგრამ ამ ახალმა გამოცემამ მაინც მომჭრა თვალი - თავიდან, ახლებურად შეფუთვამ იქონია გავლენა, ალბათ, თანაც ისეთი გავლენა, რომ დარწმუნებული ვარ, თითოეულ მოთხრობასაც თავიდან, ახლებურად განვიცდი...