The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ისინი საქართველოს ბედ-იღბალზე ფიქრობდნენ


ისინი საქართველოს ბედ-იღბალზე ფიქრობდნენ


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: ნოზაძე ვიქტორ
თემატური კატალოგი სტატიები სხვადასხვა ჟურნალებიდან
საავტორო უფლებები: © შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება



1 * * *

▲ზევით დაბრუნება


ვიქტორ ნოზაძე

ეს ქართველები, რომელთა მიმოწერასაც მკითხველს ვთავაზობ, - პირველი დამოუკიდებელი მთავრობის მიერ ევროპაში სასწავლებლად გაგზავნილი შალვა ქიქოძე და ვიქტორ ნოზაძე იყვნენ. ბუნება თუ კულტურა, რა გზით უნდა იაროს საქართველომ - აი კითხვები, რომლითაც ეხმაურებიან ისინი დღევანდელობას.

შალვა ჩემო საყვარელო,
სანახავათ სანატრელო!

საქართველოდან წამოსვლის შემდეგ რაღაც მოსწყდა გულს, მოსწყდა და ისე მძიმეთ დაეცა, რომ შემაძრწუნა. მოვშორდი საქართველოს, ვნახე ევროპა და ამან უფრო დამიწყლულა სული. განა ლონდონის ცა რომ სტირის, ესაა სავალალო ჩემთვის! სავალალო და სამწუხარო ისაა, რომ ევროპით ვიგრძენი ჩვენი სამშობლოს უბედურება. თავსაცემი ისაა, რომ ევროპის უბრალო გადათვალიერებით მე ნათლად წარმოვიდგინე ჩვენი ქვეყნის სიბედკრულე. ევროპაში არ არის საქართველოსთანა რაიმე. მართალია, მართლა საქართველოა წილხვდომილი დედა მარიამისა, ქვეყანა, სადაც ქრისტე ღმერთს თავისი უხვი კალთა დაუბერტყია. ბუნებას არ დაუნანებია ჩვენთვის არც მზე, არც მთვარე, არც მოჭედილი ლურჯი ცა, არც ჰაერი - ნაზი და სუფთა, არც გოლიათი მთები და გავარდნილი მინდვრები, არც მიწის გული თავისი აურაცხელი სიმდიდრით. როგორ გავბედო, ავსწერო! მაგრამ... აქ იწყება მრავალი წერტილი, რომელიც მძიმე გრძნობებს მიშლის და მატირებს სულით. ბუნებით დიადი საქართველო - ოხ! რა ღარიბია! უხვათ დაჯილდოებული, სილამაზით აღსავსე ქვეყანა - რა ბედკრული და პარტახია! სულით მდიდარი და ნიჭიერი ხალხი - როგორ უცოდინარობის ჭაობში იხრჩობა! სწავლა! სწავლა! განათლება! გზა განათლებას! - უნდა იერიქონის მილით ყვიროდეს ყველა. უშველეთ ლამაზს, ნაზს, მომხიბლავ, კეკლუც საქართველოს! მიეცით გზა! უშველეთ კოხტა-კოპწია, მთვარისა და მზის შვილს - საქართველოს - მიეცით გზა! მიეცით გზა მის ნიჭს, მის ენერგიას! განა ამ ანდაზის მთქმელ ხალხს: „სწავლა კაცს სიბერემდე არ მოსწყინდებაო“, სურვილი არ ექნება - ისწავლოს: ისწავლოს და, სწავლით აღჭურვილმა, ცხოვრების ნარეკლიან გზაზე გმირულათ, შეუპოვრათ გასწიოს შარავანდედმოსილმა... ვინ მოგვცემს ამის საშუალებას: ვინ გვიწყობს ხელს: ვინ გაგვიმართავს წელს: ევროპა: ევროპა ხომ იმიტომ მოდის, რომ ამოსწოვოს საუკეთესო, რაც შეიძლება, ვინ გვიშველის, როდესაც ყველა გარშემო მხოლოდ თავის უმაძღარ კუჭს მისჩერებია! იმედი და ხსნა მხოლოდ ისევ ერთ სიტყვაშია: „ჩვენ თავს ვეყუდნეთო“. ისევ საკუთარი - ძალღონით, ისევ ჭაპანწყვეტითი მუშაობით უნდა გავიტანოთ ლელო! მეტი ენერგია, მეტი თავდავიწყება და დაუდგომელი მუშაობა საქართველოსთვის და ის იქნება შუქურვარსკვლავი აღმოსავლეთში. დღეს ეს ვარსკვლავი მხოლოდ ამოდის, მხოლოდ რამოდენიმე სუსტი სხივი ისროლა მან. იგი მთლად უნდა გამოჩნდეს, ამზეურდეს და მის გამოჩენაში ვინ უნდა მიიღოს მონაწილეობა, იცი: უმთავრესი ტვირთი ამ მოძრაობისა ვინ უნდა გადაიტანოს თავის მაგარ, თუ სუსტ ბეჭებზე, იცი: აქ მხოლოდ ერთი შეიძლება, იყოს პასუხი: - ჩვენ უნდა ჩვენი ვშვათ მყოობადი, ჩვენ უნდა მივსცეთ მომავალი ხალხს. ჩვენ პირველნი ვართ ევროპაში გამოგზავნილნი, ჩვენ პირველნი ვართ „აღმდაგრ საქართველოს“ შვილები, მისი ღარიბი ჯიბით წამოსულნი, პირველნი ვართ, რომელნიც პირველნივე უნდა დავბრუნდეთ საქართველოში. ამბორი ვყოთ მის ლამაზ შუბლს და გადავუშალოთ მას ჩვენი გრძნობით სავსე გული, ცოდნით აღჭურვილი გონება. ჩვენ არ ვეკუთვნით ჩვენს თავს. ჩვენ ვეკუთვნით საქართველოს და ვაი იმას, ვისაც ეს არ ესმის; ვაი იმას, ვისაც ეს ვერ წარმოუდგენია; ვაი იმას, ვინც უკან ცარიელი დაბრუნდება და ვერაფერს მოუტანს მას. რა უნდა მივუტანოთ ჩვენ საქართველოს: რა უნდა მივსცეთ მას: პასუხი ერთია: ევროპული კულტურა. ჩვენ ჩვენი მომავალი მუშაობით ისეთი ძლიერი მუჯლუგუნი უნდა ვკრათ ქართულ ცხოვრებას, რომ მით უნდა გავაათასკეცოთ დღეს გაშლილი მისი ენერგია. დიდია ეს ჩვენი მოვალეობა, ისე დიდი, რომ მეტი არ შეიძლება. მძიმე იქნება ეს სამუშაო; შეიძლება ამ სიმძიმემ გაგვჭყლიტოს კიდეც, მაგრამ, დეე, ესეც მოხდეს, უკეთესი იქნება საქართველოსთვის. ჩვენ უნდა გავხდეთ ზვარაკი მისი“. და კულტურული უნდა იქნეს იგი. კულტურა უნდა გაიშალოს; უნდა განმტკიცდეს იგი საქართველოში და ეს კულტურა უნდა წავიღოთ აქედან. ამ კულტურას მოგვცემს ევროპა. ჩვენ უნდა წავიღოთ აქედან ის, რაც ჩვენთვის მეტათ საჭიროა. ჩვენ უნდა წავიღოთ ის, რაც ჩვენთვის აუცილებელია. ჩვენთვის არაა აუცილებელი ფუტბოლი, ტენისი, ჩვენ თავიდან ვიწყებთ ცხოვრებას და ბევრი რამ აუცილებელი გვაკლია. გვაკლია ანბანი, არ მოგვეპოვება წიგნები, ჩვენი ინტელიგენცია რუსულით იზრდება. აწი ეს გზა გამოცვლილია. მას ახალი საზრდო უნდა მიეცეს და ისიც ევროპიდან. რაც შეიძლება, მეტი საჭირო და აუცილებელი უნდა წავიღოთ აქედან და დავასადგუროთ საქართველოში. შენ ამბობ, რომ სულის კულტურას, ფაქიზ აზრებს და გრძნობებთ ევროპაში დაესვა წერტილი: დიახ! სამაგიეროთ არსებობდა და არსებობს ტექნიკის კულტურა, და ამაში უარს ვერ ვეტყვით ევროპას. თუ ხელოვნებაში დაეცა გრძნობა, თუ ხელოვნებაში გამეფდა დეკადანსი, სამაგიეროთ მანქანა შეიქმნა ქვაკუთხედი ყოველივესი, და ამაში ევროპა მეტათ შინ წავიდა. დღეს იგი ღმერთია მანქანის და მას ვერავინ შეედრება. აქ მან თავის უმაღლეს წერტილს გადააბიჯა და შეუძლია, კიდეთ იამაყოს. და საქართველოს უნდა იჩქაროს, აქილევსის ფეხები უნდა გამოიბას, რომ დაეწიოს ამ დიდ ბრძოლას, მიიღოს შესაფერისი მონაწილეობა, ჩაებას იმ დიდ ფერხულში, რომელიც უნდა გაიბას ძველი ევროპის საფლავზე. და ამის შეძლება ექნება საქართველოს მხოლოდ მაშინ, თუ იგი სავსებით კულტურული იქნება. კულტურის გაშლა, მანქანის დადგმა ააყვავებს საქართველოს. ყველამ ჩვენ უნდა მივიღოთ მონაწილეობა ამ დიდ საქმეში. შევსძლებთ: ამას რაღა აჯობებს. შევსძლებთ და ამისათვის წინდაწინვე დიდი მუშაობა მოგვიხდება.

ბოდიშს ვიხდი, წერილი გამიგრძელდა, ხელიც დამეღალა. ნახვამდის.

ძველო, საყვარელო ვიქტორ!

არის ადამიანის ბუნებაში ორი დასაწყისი - სრულიად სხვადასხვანაირი. არაფრით ჰგვანან ისინი ერთმანეთს. პირიქით, ერთი მეორის წინააღმდეგია, ერთი მეორეს სპობს. ხშირად მოქმედებენ ისინი ერთად, მაგრამ მხოლოდ ერთის მიზნით: რომ ერთმა მეორის სისუსტე გამოააშკარავოს. არასოდეს არიან შედუღებულნი, რომელიმე ყოველთვის სჭარბობს. სჯობნის. ერთს ჰქვია სული, გაქანება, ლტოლვა იმ პატარა, ლამაზი არსების, რომელიც ძველ ხალხს ღმერთათ ჰყავდათ მიჩნეული. მეორის სახელია გონიერება, უფრო კარგია -კეთილგონიერება. მას მსხვილი წარბები აქვს და თხელი ბაგე, მისი ყბები წისქვილის ქვებს ჰგვანან და მის თვალებში სიცივე და გულგრილობა მეფობს. ერთი მიყვარს, ერთს ვეზიარები, თაყვანს ვცემ იმ ერთს; მეორე მომწონს, პატივის საცემია და პატივს ვცემ იმდენათ, რომ ზოგჯერ მეზიზღება. ძალიან ხშირად არიან ისინი ერთად: პატივისცემა და ზიზღი.

ეს ორი არსება, ეს ორი დასაწყისი, უმთავრესი დასაწყისია ადამიანის არსებისა. ცოტა რამ უნდა ითქვას მათზე. მგონი, ეს იქნება ის პასუხი, რომელიც უნდა გავცე უფრო საკუთარ კითხვებს. შენ სხვა კალაპოტში მო ამწყვდიე ის საკითხი, რომელიც მე დავსვი. უფრო მართალი იქნება, ვთქვა, რომ ჩვენ ერთს საკითხს სხვადასხვა მხრით მივუდექით. ეს ასეც უნდა მომხდარიყო, მაგრამ მე ვეცდები, რომ პასუხი ჩემს კითხვებზე შენს პასუხადაც გამოდგეს. ოგიუსტ როდენს აქვს ერთი პატარა, შესანიშნავი მარმარილო-პირტუყვი, ცხენისმაგვარი, ჩლიქებით; თავის მაგივრად აქვს ადამიანის ტანი წელს ზევით. ეს არის ადამიანი-პირუტყვი, ისეთი, როგორიც ყოველი ჩვენგანია. და ადამიანს, რომელიც გონებით და სულით მდიდარი დაბადებულა, სწადია განთავისუფლება თავისი პირუტყვულ ნახევრისაგან. ის გაწვდილია მთელი ნახევარი ადამიანური არსებით, მისი ხელები საშინელი სასოწარკვეთილი სიძლიერით არიან გაზიდულნი წინ; მისი მკერდი და ფერდები დიდ აუწერელ სწრაფვას გამოხატავენ - სწრაფვას განთავისუფლებისას. სახეზე მთელი ზღვაა გრძნობათა, ადამიანის სისუსტე საკუთარ ძლიერებაში, მაგრამ ამაოა ადამიანურ ნახევრის სწრაფვა, პირუტყვი ძლიერია, მას ოთხი ჩლიქებიანი ფეხი აქვს. მისი კუნთები მეტი სიმტკიცით არიან მომართულნი. ის ჩასობილია მიწაში თავისი ფეხებით და ადამიანური ნახევარი სუსტია, გადააჭარბოს მის უხეშ ძლიერებას.

დიდი, მარტივი და ნათელი აზრი.

იყო ეს ბრძოლა, ეს ბრძოლა გრძელდება, ეს ბრძოლა იქნება დიდხანს. თუ გინდა, რევოლუცია დაარქვი, გინდა, ბუნტი, სახელი არ არის საინტერესო.

ეს ბრძოლა სწარმოებს ეხლაც.

კულტურა, - ამბობს შენ, - კულტურა, - ვიმეორებ მეც, - გაუგებარი სახელია, ძალიან მძიმე მოსანელებელი. მართალი გითხრა, მე არ მესმის ამ სახელის შინაარსი. უფრო სწორედ რომ ვთქვათ, მე არ მესმის ისე, როგორც საზოგადოთ უნდა გვესმოდეს. სხარტულათ ვერც კი გამოვთქვამ, თუ როგორ მესმის მე კულტურა. კულტურას, ალბათ, ჩვენ ვუწოდებთ განათლებას, წინსვლას, ბუნების დამორჩილებას, მის გაგებას, გათვითცნობიერებას. თუ სიტყვებმა არ მიღალატა, მგონი, ასე უნდა იყვეს. არის თუ არა კულტურა ის, რასაც ვხედავთ: და თუ არის, რანაირი ყოფილა კულტურა: შეხედეთ ერთი კულტურას, სპილენძის ძელები ჰქონებია. ამჩნევთ თუ არა, რომ ბ-ნ კულტურას სისხლის ნაცვლათ მაზუტი უდის ძარღვებში: ნუთუ ვერ ხედავთ, რომ ბ-ნ კულტურის ნაბიჯებისთვის თუჯით არის საჭირო დედამიწის დაფენა, თუჯზე კი არც ყვავილი და არც ბალახი ამოდის. რა ძლიერი და მძლავრია - ბ-ნი კულტურა. რომელიმე თიხა ან მარმარილო გაუძლებს მის სუნთქვასაც კი:! ფერები არ არის საჭირო, რადგან ყოველივეს ფერი ეკარგება ბ-ნ კულტურის დანახვით! მე მსურს ცხოვრება. _ გაიძახოდა პირველი ადამიანი და ბუნებას იმორჩილებდა, იმ ბუნებას, რომელიც მასზედ ძლიერი იყო, იმორჩილებს ეხლაც, სადაც თვითონ არ ვარგა, მანქანასა სდგამს ბუნების წინააღმდეგ და ჩვენ ვხედავთ უჩვეულო რამეს, რომ ყოველი მანქანა თითქმის ადამიანისვე წინააღმდეგ არის ამოქმედებული მისთვის, რომ ადამიანი თვითონ ბუნებაა. დიდი, ვეება კულტურის შედეგი იყო უკანასკნელი ომი. დიდი კულტურის შედეგია ყოველი გადატრიალება. უკანასკნელი ომი ადამიანის და მანქანის შეჯიბრება იყო და ადამიანმა დაამარცხა მანქანა, მაგრამ მანქანამ მოსპო ადამიანი. სად არის ბოლო ამ დოღის: ალბათ, იქ, სადაც ადამიანი აღარ იქნება საჭირო მანქანისთვის იმისთვის, რომ ჩქარა მანქანა თვითონ მოიგონებს ადამიანს და მოისპობა ადამიანი. მხოლოდ ჩლიქებიანი მხეციღა დარჩება. ნუთუ იმ ჩლიქებიან მხეცს ეწოდება კულტურა: მაშ, ადამიანის ბოლოს მოვესწრებით. საწყალი, საბრალო ადამიანი, თავის გადარჩენას ლამობდა, იმ ტოტზე დაჯდა, რომელსაც სჭრიდა; თავისუფალი ცხოვრება სურდა, ბუნებას შეებრძოლა: „ნუ მიშლიო“, დაავიწდა, რომ თვითონ ბუნება იყო. მახვილი მოიზიდა ბუნების მოსაკვდენათ და დორეან გრეისავით საკუთარი მკერდი გაიგმირა. ბუნება კი განაგრძობს ცხოვრებას, ჭალაში დამტვრეულ ზარბაზანს ხის აყვავებული ტოტი ეკვრის და გულუბრყვილო ფრინველი უშიშრად წამოსკუპულა საშიშარ იარაღის ტუჩზე და გაიძახის: „ჭიკ-ჭიკ“. აბა, რას გაუგებ:..

ქვეყნის ხსნა ადამიანის მეორე ნახევარშია: სულში, გრძნობაში, უფრო ენერგიულად ვთქვათ: სიყვარულში, სილამაზეში.

ვინ იცის, რა მოხდება...

მხოლოდ ამხანად დავიწყებულია ძველა ესენი...

შენ მანქანეთში სცხოვრობ, უფრო დიდ მანქანეთში, ვიდრე მე (დარწმუნებული ბრძანდებოდე, რომ მხოლოდ მისთვის ხარ მოწყენილი და გაბოროტებული) და ჩემზე კარგათ ხედავ, თუ რა მისცა ამ მანქანამ ახალ ქვეყანას. ის ქართველი, რომელიც ამერიკაშია, ამას უკეთესად დაინახავს.

და, თუ ვინმეს ღმერთი გაუწყრა და კიდევ ქვეყანა აღმოაჩინა უფრო ახალი, აბა, იქ ნახე შენ, რა იქნება!

შენი წერილი ძალიან კარგია. ძალიან ლამაზი, როგორც მედეა ამბობს, „პირდაპირ დასაბეჭდია“ (არა იმისთვის მარტო, რომ ზოგან შენი მოწინავეების ხასიათი დასდევს). გაქანება გწადია შენ, რევოლუცია გინდა, მაგრამ ჩაუფიქრდი, გეთაყვა, რომელ ნახევარში სწარმოებს შენი სწრაფვა: ხელგაწვდილ, მკერდგადამოვარდნილ ადამიანში, თუ ოთხჩლიქიან, ღონიერ პირუტყვში:

ნუ გეწყინება. უჩვეულო დროს ვცხოვრობთ. უჩვეულო კითხვები იბადებიან და არასოდეს ასე მახვილად არ დასმულა ეს საკითხი, როგორც ეხლა. მე მოსვენებას არ მაძლევს ის.

შენი შალვა

პუბლიკაცია მოამზადა ხელოვნების დამსახურებულმა მოღვაწემ ქეთევან ბაგრატაშვილმა

მოგვაწოდა მანანა კვაჭანტირაძემ