The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ტაბულა №10


ტაბულა №10


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: ყველაშვილი გიორგი, ბენდუქიძე კახა, სალინი პასკალ, მინდიაშვილი ბექა, ნოდია გია, ლადარია ნოდარ, ჯაფარიძე ზურა, ბარათაშვილი ბიძინა, კიკალეიშვილი სალომე, გაჩეჩილაძე თეკუნა
თემატური კატალოგი ტაბულა
საავტორო უფლებები: © თამარ ჩერგოლეიშვილი
თარიღი: 2010
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: 2010|17 - 23 მაისი მთავარი რედაქტორი: თამარ ჩერგოლეიშვილი/აღმასრულებელი რედაქტორები: ნინი გოგიბერიძე, სალომე კიკალეიშვილი/რედაქტორები: ქეთი მსხილაძე, ელენე კვანჭილაშვილი, ლევან რამიშვილი, სანდრო თარხან-მოურავი, დავით კოვზირიძე, მაიკლ ჩეჩირე/საპატიო რედაქტორი: დავით პაიჭაძე/ჟურნალისტები: სალომე უგულავა, მაკა გამცემლიძე, ავთო ქორიძე, თორნიკე მეტრეველი, მიხეილ ბასილაია, გიორგი მელაძე, გიორგი კიკონიშვილი, თეონა ტურაშვილი, გიგა ლეკვეიშვილი, ალექსანდრე მესხი, ირაკლი კიკნაველიძე, ლევან სუთიძე, ნინო ჯანჯღავა, ნინო მაჭარაშვილი, შოთა დიღმელაშვილი, მირიან ტორონჯაძე, თეონა კოკიჩაიშვილი, სანდრო ლომინაშვილი, სანდრო ჯანდიერი, სიმონ მაჩაბელი, ლაშა გოდუაძე, ზურაბ თალაკვაძე, ლევან მეტრეველი, ნიკა ესებუა, ანანო სხირტლაძე, ანა სიხარულიძე, სოფო ებრალიძე/კორექტურა: ეკატერინე ბუჯიაშვილი, ნანა ჯოხარიძე/არტ-რედაქტორი: ბაჩა მალაზონია/დიზაინი & პრეპრესი: კახა დოლიძე, ნიკა კუპრაშვილი / ფოტო რედაქტორი: დიმა ჩიკვაიძე/ფოტო: ბესო დარჩია, ალექსანდრე ბაგრატიონი/გამომცემელი: სამოქალაქო განათლების ფონდი/მენეჯერი: ნათია სოფრომაძე/ყოველკვირეული ჟურნალი ტაბულა, ტელ.:+995 32 420 300, e-mail: info@tabula.ge/სტამბა: აუთდორ ტიპოგრაფი, მის.: ვაჟა ფშაველას 45, ტელ.: +995 32 916 121 / © 2010 საავტორო უფლებები დაცულია, ჟურნალში გამოქვეყნებული მასალების ნაწილობრივი ან მთლიანი გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია.│რეკლამა და მარკეტინგი: მედია მენეჯმენტ სერვისი, ტელ: 99532 92 33 47/48/49; ფაქსი: 99532 92 08 82, E-mail: info@mmservice.ge ილუსტრაცია გარეკანზე: ტაბულა ©



1 საფოსტო ყუთი

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

გთხოვთ, თქვენი შენიშვნები და მოსაზრებები გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე:
info@tabula.ge

ტაბულას წინა ნომერში დაიბეჭდა სტატია „რელიგიურმა ექსტრემისტებმა „კავკასია“ დაარბიეს“. მინდა აღვნიშნო, რომ სათაურში გამოტანილი ფორმულირება არასწორია. დამრბევები ექსტრემისტები კი არიან, მაგრამ არარელიგიური. რელიგიურ ექსტრემიზმს სულ სხვა საფუძვლები და მოტივაცია აქვს. რელიგიურ ექსტრემისტებს ველურად, მაგრამ მაინც რაღაცის სჯერათ. ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს. ესენი არიან რუსული აგენტურის მიერ მობილიზებული ზონდერები, რომლებსაც რელიგიური ამოცანები არ აქვთ. მათ ჰყავთ დამქირავებელი (გრუ) და ორგანიზატორი (გულაშვილი). ისინი რწმენის (ნებისმიერის) მტრები არიან.

პარმენ მიქაშავიძე, პენსიონერი.

ჟურნალის გამოსვლის პირველივე დღიდან სრულიად „ტაბულიზებული“ ვარ და პირველი ასოდან ბოლო წერტილამდე ვკითხულობ. ასევე ძალიან ვენდობი თქვენ მიერ რეკომენდებულ კაფეებსა და რესტორნებს. ამასთან დაკავშირებით, პატარა შენიშვნა მაქვს ბოლო ნომრის სტატიის შესახებ. მისამართში „გეგეშიძის ბაღთან“ ჩაწერა ნამდვილად არასწორია, როდესაც არსებობს ოფიციალური მისამართი - აბაშიძის 22. რა გარანტიაა, რომ მკითხველმა იცის, სად არის გეგეშიძის ბაღი? ასევე, ერთი თხოვნა - როდესაც განიხილავთ კაფეებს, იქნებ მიუთითოთ ხოლმე, აქვთ თუ არა უკაბელო ინტერნეტი, რაც კაფეში მუშაობის მოყვარულთათვის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია.

დიდი მადლობა.

ელენე ნოდია
Via Facebook.com, May 11, 2010, 18:27

ტაბულამ წინა ნომერში ორი პუბლიკაცია დაუთმო ტელეკომპანია „კავკასიის“ დარბევას და პირველი პუბლიკაციის ბოლო აბზაცში გააკეთა დასკვნა, რომელიც ყველაზე აქტუალურია მთელ ამ ამბავში. მართლაც, ვინმეს გაუკვირდა გულაშვილის სიტყვა და საქმე? ვინმემ არ იცოდა მმკ-ს ქმედებების შესახებ? ყველამ ყველაფერი ვიცით და ვხედავთ. ახალი იყო ის, რაზეც „ტაბულამ“ პირველ პუბლიკაციაში გაამახვილა ყურადღება. კერძოდ, ავტორი წერს - „დარბევის შემდეგ ტელეკომპანია „კავკასიის“ აღდგენილ ეთერში ძველი ფირფიტა თავიდან დატრიალდა. იმის მაგივრად, რომ ყველას ერთმნიშვნელოვნად დაეგმო მოძალადეები, ოპოზიციის ზოგიერთმა წარმომადგენელმა ხელიდან არ გაუშვა შესაძლებლობა, რომ ვითარება ვიწრო პარტიული ინტერესების სასარგებლოდ გამოეყენებინა“. პირადად მე ყურადღებით ვადევნებდი ამ გადაცემას თვალყურს და უფრო მკაფიო დასკვნა გავაკეთე - არც ერთმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა კლასმა (ე.წ.ექსპერტების ჩათვლით) ეს ქმედება არ დაგმო. როგორი იყო რიტორიკა? ცუდია, რომ „კავკასია“ დაარბიეს. ცუდია, რომ აქუბარდია ცემეს. ცუდია, რომ გულაშვილ-მმკ ცუდია, მაგრამ დამრბევებს ამის მორალური უფლება ჰქონდათო. აბსურდია, მაგრამ ფაქტია. ვფიქრობ, ეს უტრირება არ არის.

საოცრად უაზრო და ალოგიკურია თეზა - ეს ვანოს მოწყობილია. თუ ეს “ვანოს” მოწყობილია, მაშინ „კავკასია“ ამ პროექტის ნაწილია, როგორც ამას გულაშვილი ამტკიცებს (და უფრო ლოგიკური გამოდის), ხოლო თუ კავკასიამ ეს გადაცემა თავად დაგეგმა და განახორციელა, რასაც გადაცემის წამყვანი ადასტურებს, მაშინ ვანო წინასწარმხილველი გამოდის. ვიმეორებ, ეს მათთვის, ვინც შეთქმულების თეორიას “აწვება”.

ნიკა დობორჯგინიძე,
სტუდენტი.

წავიკითხე გია ნოდიას სტატია „სახელდობრ რას ვზეიმობთ 9 მაისს“ და პირველად დავფიქრდი ამ ,თითქოსდა ჩვეული თარიღის არსზე. არ ვიცოდი, რომ მთელი მსოფლიო ჰიტლერზე გამარჯვებას 8 მაისს აღნიშნავს (სკოლაში ასე არ გვასწავლიდნენ) და, მართლაც, ჩვენ რატომ უნდა ვიზეიმოთ საბჭოთა თარგზე?! თქვენი ჟურნალიდან შევიტყვე, რომ თარიღის შეცვლას ნინო ბურჯანაძე ეწინააღმდეგებოდა და, აგაშენათ ღმერთმა, მან 9 მაისობით იაროს კრემლში, ჩვენ კი ევროპულად ვიზეიმოთ.

ლუკა სორდია,
მე-12 კლასი.

2 სიტყვასიტყვით

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

„როცა საქართველოს პრეზიდენტი სააკაშვილი აღარ იქნება, ქართული ჯარი მოსკოვში გამართულ აღლუმში მონაწილეობას მიიღებს”.

  • ზურაბ ნოღაიდელი. 11 მაისი.

0x01 graphic

„ჩვენ მწარედ დავმარცხდით“

  • განაცხადა გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა, არჩევნების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ. მისი პარტია ქვეყნის ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ რეგიონში დამარცხდა. 10 მაისი.

0x01 graphic

„გასულ კვირას არიზონას შტატში სიტყვით გამოსვლას ვგეგმავდი, მაგრამ შემეშინდა, აქცენტის გამო ჩემი დეპორტაცია არ მოეხდინათ“.

  • კალიფორნიის გუბერნატორი არნოლდ შვარცნეგერი არიზონას შტატის ახალი საემიგრაციო კანონის შესახებ. 11 მაისი.

ეკლესიას უდიდესი ზიანი გარეშე მტრებისგან კი არ ადგება, არამედ ეკლესიის შიგნით არსებული ცოდვისგან“.

  • რომის პაპი ბენედიქტე XVI პედოფილიის სკანდალის შესახებ. 11 მაისი.

0x01 graphic

„ინფორმაცია - მიღებული აიპოდებისგან, აიფედებისგან, იქსბოქსებისა და ფლეისთეიშენებისგან, რომელთა მოხმარებაც მე არ ვიცი, გართობის ფორმა უფროა, ვიდრე განვითარების საშუალება“.

  • ბარაკ ობამა. 10 მაისი

3 კვირა

▲ზევით დაბრუნება


8 მაისი

  • კავკასიის კვლევითმა ინსტიტუტმა, ევროკავშირისა და UNDP-ის დაკვეთით, სამი ნაციონალური არხის, თბილისში მაუწყებელი სამი ტელეკომპანიის მთავარი საინფორმაციო გამოშვებებისა და რამდენიმე თოქშოუს მონიტორინგი ჩაატარა. სატელევიზიო მონიტორინგის შედეგების თანახმად, თბილისის მერობის კანდიდატებს შორის, მოქმედ მერს, გიგი უგულავას, ექვსივე ტელეკომპანიამ უმეტესი დრო დაუთმო.

  • ევროპის თითქმის ყველა სადაზღვევო კომპანიამ განაცხადა, რომ ვულკანური ფერფლის გავრცელების შედეგად ფრენების გადადებით მიყენებულ ზარალს არ აანაზღაურებენ. აღსანიშნავია, რომ ერთი თვის წინ ევროპის მასშტაბის ავიამიმოსვლის შეფერხებისას, სადაზღვევო კომპანიების მხოლოდ ნაწილმა აუნაზღაურა ზარალი საკუთარ კლიენტებს.

9 მაისი

0x01 graphic

  • ფაშისტურ გერმანიაზე საბჭოთა კავშირის გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მსვლელობაში ნატოს ჯარებიც მონაწილეობდნენ. ნატოს ამ ჟესტმა რუსეთის კომუნისტური პარტიის წევრების უკმაყოფილება გამოიწვია, პრეზიდენტ ობამასგან კი შექება დაიმსახურა.

0x01 graphic

  • 2008 წელს მუმბაიში განხორციელებული ტერაქტის გადარჩენილ შემსრულებელს სასამართლომ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. აჯმალ ყასაბი 160 ადამიანის მკვლელობაში ცნეს ბრალდებულად. ინდოეთში სიკვდილით დასჯა საკმაოდ იშვიათია და ბოლო ათი წლის განმავლობაში ქვეყანაში მხოლოდ ერთი ადამიანი დასაჯეს ასე.

10 მაისი

  • თეთრი სახლის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, რომ ბარაკ ობამამ კონგრესს რატიფიკაციისთვის გაუგზავნა ხელშეკრულება რუსეთთან ბირთვული ენერგიის მშვიდობიანი მიზნებისთვის გამოყენების შესახებ. აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ხელშეკრულება ორი წლის წინ, რუსეთ-საქართველოს ომის დროს შეაჩერა.

  • საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადებით, 30 მაისის თბილისის მერის და საკრებულოს არჩევნებზე ეგზიტპოლის ჩატარება ნიურბერგულ GFK Group-ს შეუკვეთეს.

  • სერბეთის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ სოფელ რუდნიცაში აღმოჩენილი 250 ადამიანის ცხედარი, სლობოდან მილოშევიჩის რეჟიმის მიერ განადგურებული ალბანელები არიან.

11 მაისი

  • კანადაში დაკარგული მარიამ მახნიაშვილის მამა ტორონტოს სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. კანადელმა სამართალდამცველებმა ვახტანგ მახნიაშვილი, მეზობელზე თავდასხმის ბრალდებით, 9 მაისს დააკავეს.

0x01 graphic

  • ელენა კეიგანი შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ უზენაესი სასამართლოს ახალ წევრად დანიშნა. კეიგანმა ამ პოსტზე 90 წლის მოსამართლე ჯონ პოლ სტივენსი შეცვალა.

  • რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ინფორმაციით, მათ მამისონის უღელტეხილზე არსებული მეტეოსადგური დაიკავეს და იქ საგუშაგო გახსნეს. გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს ქართული მხარე. თემურ იაკობაშვილის განცხადებით, მამისონის უღელტეხილი დათოვლილია და ნაკლებად სავარაუდოა, რომ იქ ასასვლელად რუსეთს სპეცტექნიკა გამოეყენებინა.

12 მაისი

0x01 graphic

  • სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის ლიდერი მალხაზ გულაშვილი ცხინვალში იმყოფება. გულაშვილის თქმით, მას აცნობეს, რომ პოლიცია დაპატიმრებას უპირებდა „კავკასიაში“ მომხდარი ინციდენტის გამო. მალხაზ გულაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრული არ არის.

  • ევროკომისიამ მხარი დაუჭირა ესტონეთის გეგმას - 2011 წელს ევროს შემოღების შესახებ. ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან ესტონეთი პირველი ქვეყანაა, რომელიც ევროზონას შეუერთდება.

  • საბერძნეთში დაუდგენელმა პირებმა კრიმინალური სამყაროს ერთ-ერთი გავლენიანი ლიდერი მალხაზ კიტია მოკლეს. სავარაუდოდ, მკვლელობა ტარიელ ონიანისა და ასლან უსოიანის კლანებს შორის დაპირისპირებამ გამოიწვია.

13 მაისი

  • ბრიტანული ნავთობკომპანია BP-ის განცხადებით, 13 მაისის მონაცემებით, მექსიკის ყურეში მომხდარი აფეთქება კორპორაციას უკვე 450 მილიონი დოლარი დაუჯდა.

  • ცხინვალში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარ თომას ჰამერბერგთან 2 მაისს გამართული მოლაპარაკების შემდეგ სამხრეთ ოსურმა მხარემ სამი დაკავებული ქართველი გაათავისუფლა და კიდევ სამის გათავისუფლების პირობა დადო.

0x01 graphic

  • უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა ეხო მოსკვის ეთერში განაცხადა, რომ მხარს უჭერს რუსეთის გაზპრომისა და უკრაინის ნაფტოგაზის გაერთიანებას, მხოლოდ პარიტეტულ საწყისებზე. მოგვინებით კი, BBC-სთან ინტერვიუში თქვა, რომ „იხუმრა“, რადგან გაზპრომი ამ წინადადებას არასდროს დათანხმდება. ორი გიგანტის გაერთიანების შემთხვევაში, უკრაინის წილი 2-დან 8.5%25-მდე იქნება.

  • „დარწმუნებული ვარ, პროცესები სწორი მიმართულებით ვითარდება. ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი და შევეცდებით დაგეხმაროთ რითიც შეგვიძლია“, - განაცხადა თბილისში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ევროპულ და ევრაზიულ საკითხებში, ტინა ქეიდენაუმ. თბილისში ვიზიტის დროს ქეიდენაუ შეხვდა ხელისუფლების წარმომადგენლებს და რამდენიმე ოპოზიციონერს.

  • ყაზახეთის პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები გაატარა. პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების გადაწყვეტა პრეზიდენტის პოსტის დატოვების შემდეგაც შეეძლება. ასევე, ნაზარბაევი მთელი ცხოვრების განმავლობაში ისარგებლებს ხელშეუხებლობის იმუნიტეტით.

14 მაისი

  • ყირგიზეთში დროებითი მთავრობის მომხრეებმა სცადეს კონტროლის აღდგენა რეგიონზე, რომელიც დამხობილი პრეზიდენტის მომხრეებს ეკავათ. დაშავდა 30, დაიღუპა ერთი ადამიანი.

0x01 graphic

ყველა ფოტო: REUTERS ©

  • თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯეფ ერდოღანი საბერძნეთს ეწვია. ორ ქვეყანას შორის დაძაბული ურთიერთობის ფონზე ერდოღანმა და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯ პაპანდრეუმ სამხედრო სფეროსთვის დაფინანსების შემცირების შესახებ იმსჯელეს.

4 ახალი კოალიციური მთავრობა გამოწევევების წინაშე დგას

▲ზევით დაბრუნება


არენა|ბრიტანეთი

გზაგასაყარზე

0x01 graphic

ახლადარჩეული პრემიერი დევიდ კამერონი
ფოტო: REUTERS ©

1945 წლის შემდეგ პირველად ბრიტანეთს კოალიციური მთავრობა უხელმძღვანელებს და ლიბერალ-დემოკრატები დიდ პოლიტიკაში დაბრუნდებიან. კოალიციურ პარტნიორებს შორის იდეოლოგიურ განსხვავებათა მიუხედავად, ტორები და ლიბდემები უკვე შეთანხმდნენ 5-წლიან კოალიციაზე, რომელიც შემდეგ პრინციპებს დაეფუძნება:

  • წელსვე შემცირდება სამთავრობო ხარჯები 6 მილიარდი გირვანქით, ახალი ბიუჯეტის პროექტი კი 50 დღეში გახდება ცნობილი;

  • ლეიბორისტების მიერ დაგეგმილი ეროვნული დაზღვევის გადასახადის გაზრდა გაუქმდება;

  • ყველა კანონპროექტზე, რომელიც შეეხება ძალაუფლების გარკვეული ნაწილის გადაცემას ევროკავშირის ინსტიტუტებისათვის, გაიმართება რეფერენდუმი;

  • ლიბდემები აღარ მოითხოვენ ევროზონასთან შეერთებას პარლამენტის მომავალ არჩევნებამდე;

  • ლიბდემები აღარ შეეწინააღმდეგებიან ტრაიდენტის ბირთვული შეიარაღების განახლების პროგრამას, მაგრამ ხარჯები მკაცრად გაკონტროლდება.

კონსერვატორების მიერ ლიბდემების კოალიციაში მოწვევამ შესაძლოა მნიშვნელოვნად შეცვალოს ბრიტანეთის პოლიტიკური ლანდშაფტი. მაშინ, როცა ტორების მხარდაჭერა 40%25-საც კი ვერ აღწევს, გაერთიანებული მემარცხენე პროგრესისტული ბლოკის ჩამოყალიბება კონსერვატორთა შემდგომი მარგინალიზაციის საფრთხეს შეიცავს.

2 წამყვანი პარტიისადმი წარმოშობილ ნდობის ვაკუუმში, ერთი საუკუნიანი ტაიმ-აუტის შემდეგ, ლიბდემებს დიდ პოლიტიკაში დაბრუნების შანსი მიეცათ, მაგრამ საბოლოო ჯამში ლიბდემების ცაში ატყორცნილი რეიტინგი ეფემერული აღმოჩნდა.

თუკი გერმანელი თავისუფალი დემოკრატები ლიბერალიზმის ორივე - სოციალურ და ეკონომიკურ - ვერსიას აღიარებენ და ადამიანის უფლებების დაცვას თავისუფალი ბაზრის რწმენას უხამებენ, ბრიტანელ ლიბდემებს რადიკალურ ცენტრამდე ჯერ კიდევ გრძელი გზა აქვთ გასავლელი. ოდესღაც დიდი ლიბერალური პარტიისა და სოციალ-დემოკრატების გაერთიანების საფუძველზე ჩამოყალიბებულ მესამე მთავარ პარტიას ჯერაც ვერ გაურკვევია პოლიტიკურ სპექტრში მათი ადგილი ლეიბორისტების მარჯვნივაა თუ მარცხნივ

თავად ქლეგი ლიბერალური (და არა სოციალ-დემოკრატიული) ფრთის წარმომადგენელია, მაგრამ მთლიანობაში მის პარტიაზე ძნელია იმის თქმა, რომ მან მემარცხენეობის ახალგაზრდული სენისაგან ბოლომდე განკურნება შეძლო.

სხვა საკითხებში მხარდაჭერის სანაცვლოდ ლიბდემები საარჩევნო რეფორმას და პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითხოვდნენ. არსებული მაჟორიტარული სისტემის მთავარ უპირატესობად მისი მომხრეები მიიჩნევდნენ მკაფიო მანდატის მქონე სტაბილური საპარლამენტო უმრავლესობის წარმოშობის უნარს. თუმცა, ამ არჩევნებზე ასე არ მოხდა და მაჟორიტარული სისტემის მთავარ დამცველებს - კონსერვატორებს - ნაკლები საფუძველი აქვთ არსებული სისტემით კმაყოფილნი იყვნენ.

არჩევნების შედეგად - სადაც მათი მხარდაჭერა, გაზრდის ნაცვლად, უფრო შემცირდა - ლიბდემებს ნაკლებად შესწევთ ძალა თანამშრომლობის პირობები უკარნახონ შესაძლო კოალიციურ პარტნიორებს. ამრიგად, მიიღეს კომპრომისული გადაწყვეტილება - კონსერვატორები თმობენ მათ ფავორიტ მაჟორიტარულ სისტემას, ხოლო ლიბდემები - პროპორციულ სისტემას, ალტერნატიული სისტემის სასარგებლოდ, რომლის შემოღებაზეც რეფერენდუმი გაიმართება.

კოალიციის შედეგად ტორები და ლიბდემები იძულებულნი ხდებიან მარჯვნიდან და მარცხნიდან უფრო ცენტრისკენ გადაიხარონ. ეს კი, თავის მხრივ, ლეიბორისტებს უფრო მარცხნივ უბიძგებს და ზომიერი ამომრჩევლის მხარდაჭერას ბევრად გაურთულებს.

0x01 graphic

გორდონ ბრაუნი

30 წლის წინ ატლანტიკის ორივე ნაპირზე, კონსერვატიული რევოლუციონერების - მარგარეტ თეტჩერისა და რონალდ რეიგანის - არჩევის შემდეგ, საერთო ენით გაყოფილ ორ ქვეყნაში ბევრი რამ შეიცვალა. ერთ დროს უახლოეს მოკავშირეებში თუკი ვინმე განასახიერებდა ანგლო-საქსონური დემოკრატიების პოლიტიკურ ერთობას, ეს პირველ რიგში, მემარჯვენე პარტიები იყვნენ

ახლა მათი გზებიც გაიყარა. მაშინ, როცა ბოლო წლების განმავლობაში ამერიკელი რესპუბლიკელები სულ უფრო მარჯვნივ იხრებიან, მათმა ბრიტანელმა იდეოლოგიურმა ნათესავებმა ცენტრისკენ შემობრუნებით სცადეს საარჩევნო შანსების გაუმჯობესება.

რეიგანი- თეტჩერის შემდეგ ორივეგან ნაკლებად იდეოლოგიური, უსახური ლიდერები, რომლებმაც მხოლოდ ერთხელ შეძლეს არჩევნების მოგება. ამერიკის უახლეს ისტორიაში ცენტრისტი რესპუბლიკელი - ბუში 41, დოული, მაკეინი - არჩევნებს აგებენ. გამარჯვება მხოლოდ მტკიცე კონსერვატორებს შეუძლიათ - რეიგანი, ბუში 43. ბრიტანეთში ჩათვალეს რომ პირიქით იქნება. სცადეს და მხოლოდ სანახევროდ გამოუვიდათ.

მიუხედავად იმისა, რომ იდეოლოგიურად ბრაუნი უფრო ახლოა, ქამერონი და ქლეგი საკუთარ თავს ბრიტანელ ობამად წარმოაჩენენ. ძნელი სათქმელია, რამდენად შეძლებენ ბრიტანეთის ახალი ლიდერები ამერიკის პრეზიდენტთან ისეთივე თანამშრომლობას, როგორიც რეიგანისა და თეტჩერის შემთხვევაში იყო. ერთი რამ ცხადია, მათ მძიმე მემკვიდრეობა ერგოთ წილად - ობამასა და ბრაუნის მმართველობისას ამერიკა- ბრიტანეთის ურთიერთობები 1956 წელს, სუეცის კრიზისის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონეზე დაეშვა.

ურთიერთობათა გაუარესებას ბევრი მიზეზი ჰქონდა, დაწყებული პიროვნული ფაქტორებიდან - ამერიკისა და ბრიტანეთის ლიდერები, უბრალოდ, ვერ შეეწყვნენ ერთმანეთს - დასრულებული შეერთებული შტატების ადმინისტრაციის იზოლაციონისტური პოლიტიკით, რომელიც შიგნით სოციალიზმს აშენებს და საგარეო საქმეებისათვის დიდად ვერ იცლის.

ბრიტანეთის მიმართ ობამას, ძირითადად, ინდიფერენტულმა, ზოგჯერ კი აშკარად არამეგობრულმა დამოკიდებულებამ თავისი შედეგები უკვე გამოიღო ატლანტიკის მეორე მხარეს - გაიზარდა იმ პოლიტიკური ძალების წონა, რომლებიც ბრიტანეთის საგარეო პოლიტიკის ამერიკიდან ევროპაზე გადაორიენტირებას უჭერენ მხარს. ევროფილი ლიბდემები სწორედ ამ ბანაკს წარმოადგენენ. საპარლამენტო უმრავლესობის უქონლობის პირობებში შესაძლო კოალიციური პარტნიორების ასეთი განწყობილებები კონსერვატორებისთვის დამატებითი თავსატეხი იქნება ამერიკასთან ურთიერთობათა გაუმჯობესების გზაზე.

პესიმისტები ამერიკა-ბრიტანეთის განსაკუთრებული ურთიერთობების დასასრულზე ალაპარაკდნენ. თუკი ბოლო დრომდე ევროპა შეერთებულ შტატებში ლამის სალანძღავი მნიშვნელობით გამოიყენებოდა, დღეს ობამა ამერიკის გამალებული ევროპეიზაციით არის დაკავებული. წარსულს ჩაბარდა დრო, როცა ამერიკას ძველ კონტინეტთან ურთიერთობაში ერთგვარი შუამავალი სჭირდებოდა და ბრიტანელი პრემიერი ამერიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, ევროპაში ამერიკის ელჩის როლს ასრულებდა.

მეორე მხრივ, ვაშინგტონის ყურადღებამ სხვა მიმართულებით - ისლამური სამყაროსა და წყნარი ოკეანის რეგიონისკენ გადაინაცვლა. საგარეო პრიორიტეტები იქაა, სადაც პრობლემებია. ევროპა ამ პრობლემების მოგვარებაში ამერიკას ვერაფრით ეხმარება.

ამერიკასთან ურთიერთობებში ამდენი გაურკვევლობის ფონზე, ნებისმიერი სხვა ქვეყნისა და პარტიის შემთხვევაში, ალტერნატივების ძიება ბუნებრივი და ლოგიკური გამოსავალი იქნებოდა, მაგრამ არა ბრიტანეთისა და არა ტორების შემთხვევაში და არა ახლა. თავის დროზე ბრიტანეთი ევროპის ეკონომიკურ თანამეგობრობაში საკმაოდ გვიან შევიდა. არც ევროკონსტიტუციის რატიფიკაციას ჩაუვლია იოლად.

ევროსკეპტიციზმი გაერთიანებული სამეფოს ლამის მეორე სახელმწიფო რელიგიაა და კონსერვატორები ამ რელიგიის ყველაზე თავგამოდებული მიმდევრები არიან. იმდენად დიდია ძველი კონტინენტის მიმართ ტორების იდიოსინკრაზია, რომ ევროპარლამენტსა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მემარჯვენეების საერთო ფრაქციაში ყოფნა მათთვის გაუსაძლისი აღმოჩნდა და შარშან ევროპელ კონსერვატორთა და რეფორმატორთა ფრაქცია ჩამოაყალიბეს - აღმოსავლეთ ევროპელ თანამოაზრეებთან ერთად.

ევროკავშირის ამჟამინდელი ეკონომიკური მდგომარეობა, რომლის თვალსაჩინო ილუსტრაცია საბერძნეთის კრიზისია, ბრიტანელ ევროსკეპტიკოსებს საკუთარი პოზიციების მართებულობაში მხოლოდ რწმენას ჰმატებს. როგორც, ერთ დროს ამბობდნენ, სრუტე ნისლმა მოიცვა, კონტინენტი იზოლირებულია. ამ ვითარებაში ნაკლებად სავარაუდოა, რომ ევროპულ პოლიტიკაში რამე მკვეთრად შეიცვალოს.

სამაგიეროდ, ცვლილებები არაა გამორიცხული რუსეთის მიმართ. საგარეო და თავდაცვის მინისტრები უილიამ ჰეიგი და ლიამ ფოქსი ალტერნატიული მილსადენების პროექტების ენერგიული მხარდამჭერები არიან და - როგორც თავად უწოდებენ - განგსტერული სახელმწიფოს მკაცრი კრიტიკით გამოსვლის შანსს ხელიდან არ უშვებენ ხოლმე.

საერთაშორისო განვითარების მინისტრი ენდრიუ მიტჩელი შარშან ყოველწლიურ პარტიულ კონფერენციაზე რუსეთისათვის დახმარების შეწყვეტის დაპირებით გამოვიდა. იმავე კონფერენციაზე გამოსულმა იმჟამად ჩრდილოვანი ენერგეტიკის მინისტრმა, ახლა კი დეცენტრალიზაციის მინისტრმა, გრეგ ქლარქმა, რუსულ გაზზე დამოკიდებულების პრობლემას გაუსვა ხაზი და ვითარების შესაცვლელად სასწრაფო ზომების მიღება მოითხოვა, რათა ბრიტანეთი კრემლის ენერგოშანტაჟის მსხვერპლი არ გამხდარიყო, მიუხედავად იმისა, რომ გაერთიანებულ სამეფოში მოხმარებული გაზის მხოლოდ 2%25-ია რუსული წარმოშობის.

აგვისტოს ომის დროს დევიდ ქამერონი პირველი ბრიტანელი პოლიტიკოსი იყო, რომელიც საქართველოს სოლიდარობის ნიშნად ეწვია. და მის დაუყოვნებლივ ნატოში მიღებას მოითხოვდა. 2007 წელს ვაშინგტონში, ბრუქინგსის ინსტიტუტში გამოსვლისას, კონსერვატორთა ლიდერმა რუსული საფრთხის გასანეიტრალებლად ბრიტანული არმიის გაძლიერების აუცილებლობაზე ილაპარაკა და მოსკოვის პროვოკაციების აღსაკვეთად ბალკანეთში დამატებითი ჯარის გაგზავნა მოითხოვა.

თუმცა, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხშირად წინასაარჩევნო რიტორიკა და გამარჯვების შემთხვევაში გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები ერთი და იგივე არაა. ამის კარგ ილუსტრაციას წარმოადგენენ თუნდაც სხვა ევროპელი კონსერვატორი ლიდერები - ანგელა მერკელი და ნიკოლა სარკოზი, რომელთა მიერ გატარებული პოლიტიკის ფონზე რუსული დათვის მიმართ ევროპის პოლიტიკის გამკაცრების თავდაპირველი მოლოდინი ახლა კომიკურად გულუბრყვილოდ გამოიყურება.

ამ მიმართულებით როგორ განვითარდება მოვლენები, ამას დრო გვიჩვენებს, მაგრამ ერთი რამ დღესავით ცხადია - ახალი მთავრობის მთავარი საზრუნავი იქნება არა საგარეო პოლიტიკა, არამედ ბრიტანული ეკონომიკა. სახელმწიფო ხარჯების გაზრდით ნებისმიერ პრობლემასთან ბრძოლის მემარცხენე ჩვეულება ბრიტანეთს ძალიან ძვირი დაუჯდა.

გაერთიანებული სამეფოს 2010 წლის ბიუჯეტის დეფიციტმა 170 მილიარდ ფუნტს გადააჭარბა, გაუტოლდა მთლიანი შიდა პროდუქტის 11,6 პროცენტს და უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფ საბერძნეთის დეფიციტს მხოლოდ 2 პროცენტით ჩამოუვარდება. სახელმწიფო ვალი 2014-2015 წლებისთვის, სავარაუდოდ, 1,4 ტრილიონამდე გაიზრდება და მთლიანი შიდა პროდუქტის 75 პროცენტს მიაღწევს. უპრეცედენტოდ - 48 პროცენტამდე - გაზრდილია ეკონომიკაში სახელმწიფოს მონაწილეობის წილიც.

0x01 graphic

დევიდ კამერონი და ნიკ ქლეგი
ყველა ფოტო: REUTERS ©

ლეიბორისტული მთავრობა 13 წლის განმავლობაში გაცილებით მეტს ხარჯავდა, ვიდრე ამის საშუალებას ეკონომიკის განვითარება აძლევდა. განსაკუთრებით კი ბოლო წლებში, როდესაც ბევრი ფული კრიზისით დაზარალებული ბანკების გადარჩენასა და ეკონომიკის სტიმულირებაში გადაიხადა.

ბრიტანეთის ეკონომიკის გაჯანსაღებისთვის და საერთაშორისო ავტორიტეტის აღდგენისთვის დაუნინგ სთრით 10-ის ახალ ბინადარს ისეთი მტკივნეული და არაპოპულარული ზომების გატარება მოუწევს, რომ მისი პოლიტიკური მომავალი შესაშური ნამდვილად არ იქნება.

დღეს მასზეა დამოკიდებული პირველი კლასის მეორეხარისხოვანი სახელმწიფოს სტატუსამდე ჩამოქვეითებული ოდესღაც მსოფლიოს უძლიერესი ზესახელმწიფო - რომლის იმპერიაში ერთ დროს მზე არასდროს ჩადიოდა - განაგრძობს დაკნინებას, თუ, ისევე როგორც სამი ათეული წლის წინ, თეტჩერის არჩევის შემთხვევაში მოხდა, გამონახავს შინაგან ძალებს ამ დაღმავალი ტენდენციის შესაჩერებლად და აღორძინების ახალ ერას დაუდებს სათავეს.

5 პოლიტიკური პასეანსი

▲ზევით დაბრუნება


პოლიტიკა

რა სარგებელს ელიან პოლიტიკური პარტიები არჩევნებიდან

არჩევნებამდე თითქმის ორი კვირა დარჩა. შესაბამისად, თანდათან იზრდება პარტიების აქტივობა. რეგისტრირებულ სუბიექტებს ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ამოცანები აქვთ, თუმცა, მათი უმეტესობა, ნებსით თუ უნებლიეთ, ერთ ოლიმპიურ პრინციპს იზიარებს - მთავარია მონაწილეობა.

მეტ-ნაკლებად სერიოზული ამოცანები დაისახეს შემდეგმა პარტიებმა და ბლოკებმა:

  • ნაციონალური მოძრაობა;

  • გიორგი თარგამაძე, ინგა გრიგოლია - ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება;

  • ალიანსი საქართველოსთვის (ალასანია, სუბარი, უსუფაშვილი, გამყრელიძე, ზურაბიშვილი);

  • ბლოკი ეროვნული საბჭო;

  • თოფაძე-მრეწველები;

  • თორთლაძე-დემოკრატები;

  • პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლება“;

  • ეროვნულ-დემოკრატიული პარტია.

ამ პარტიათაგან უმრავლესობამ საკუთარი კანდიდატი წარადგინა თბილისის მერის პოსტზე, მაგრამ მას შემდეგ, რაც ოპოზიცია ერთი კანდიდატის გარშემო ვერ გაერთიანდა, ძნელი დასაჯერებელია, ოპოზიციური კანდიდატები გამარჯვებას ვარაუდობდნენ. ამ მოსაზრებას კვლევების შედეგებიც ამყარებს, რომლის თანახმადაც გიგი უგულავას უპირატესობა ცალსახაა. მაშ, რა ინტერესი ამოძრავებთ სხვა კანდიდატებს?

პოლიტიკაში ახალ ან მივიწყებულ სახეებს, როგორებიც არიან - ირაკლი ალასანია, გიორგი ჭანტურია, ნიკოლოზ ივანიშვილი, დათო იაკობიძე და ა.შ. - შანსი გაუჩნდათ ამომრჩეველს თავი შეახსენონ და პოლიტიკურ არენაზე გაიბრწყინონ; ორ წელიწადში საპარლამენტო, ხოლო შემდეგ - საპრეზიდენტო არჩევნები გველის და დღეს დაგროვილი დივიდენდები მომავალში იქნება მათთვის გამოსადეგი. აღსანიშნავია, რომ მერობის საკუთარი კანდიდატის ყოლა პოლიტიკურ პარტიას უფრო აქტიური და ფოკუსირებული კამპანიის წარმოებაში ეხმარება.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მთელი საქართველოს მასშტაბით გამარჯვებისთვის იბრძვის. ამით ის არა მარტო ლოკალურად შეინარჩუნებს კონტროლს, არამედ ნაციონალურ დონეზე გაზრდის თავისი ლეგიტიმაციის ხარისხს და მყარ პლაცდარმს მოიმზადებს 2012-2013 წლების არჩევნებისთვის.

მერის არჩევნები რომ ქრისტიან-დემოკრატებისთვის პრიორიტეტული არ არის, თავად ბლოკის სახელწოდებიდან და სააგიტაციო მასალებიდანაც ჩანს. წინა პლანზე გიორგი თარგამაძე და ინგა გრიგოლია არიან, ხოლო გიორგი ჭანტურია მათ ჩრდილქვეშ მოქცეულა. ამ არჩევნებში ჭანტურიას ამოცანაა ბლოკი ფინანსური და ადამიანური რესურსებით უზრუნველყოს.

0x01 graphic

ფოტო: ბესო დარჩია

ქრისტიან-დემოკრატებმა ვერ გამოიყენეს ორი წელიწადი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ და ისევ ჟურნალისტების ერთგვარ კლუბად დარჩნენ. მათ ვერ შეიძინეს ახალი ლიდერები და მომხრეები. ამგვარ ვითარებაში, ახალი სისხლი - განსხვავებული წარსულისა და საკუთარი ელექტორატის მფლობელი გიორგი ჭანტურია - ქრისტიან-დემოკრატებისთვის ნამდვილი მისწრება იყო. არც ჭანტურიას უზარალია. მას ქართულ პოლიტიკურ და საქმიან სცენაზე დაბრუნების შესაძლებლობა მიეცა. ქრისტიან-დემოკრატები თბილისში მეორე ადგილზე აცხადებენ პრეტენზიას და არც თუ უსაფუძვლოდ.

არ უნდა დაგვავიწყდეს ქრისტიან-დემოკრატების ბლოკში შემავალი პოლიტიკური ორგანიზაცია „ჩვენ თვითონ“. „ჩვენ თვითონს“ შეუძლია ჰყავდეს წარმომადგენელი ცესკოსა და საარჩევნო ადმინისტრაციის ქვედა რგოლებში. საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებაში მონაწილეობის უფლებას სახელმწიფოსგან მიღებული დაფინანსების ოდენობა განსაზღვრავს, ეს კი, თავის მხრივ, ბოლო საპარლამენტო ან ადგილობრივი არჩევნების შედეგებიდან გამომდინარეობს. დღევანდელი ვითარებით, სწორედ „ჩვენ თვითონ” არის უკანასკნელი იმ პარტიათა შორის, რომლებსაც ცესკოს წევრის ყოლის ფუფუნება აქვთ. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მასშტაბით ქრისტიან-დემოკრატების ბლოკი ხმათა 6%25-ს ვერ დააგროვებს და ამას შეძლებს ალიანსი საქართველოსთვის ან ეროვნული საბჭო, მაშინ სწორედ ამ ბლოკში შემავალ პარტიათაგან რომელიმე ჩაანაცვლებს „ჩვენ თვითონს” შვიდეულის სიაში. იგივე მოხდება, თუკი რომელიმე პოლიტიკური პარტია საქართველოს მასშტაბით 3%25-ის დაგროვებას შეძლებს, მაგალითად, ედპ ან „თორთლაძე-დემოკრატები“, მაგრამ ეს ნაკლებად სავარაუდოა.

დაახლოებით იგივე მიზანი ამოძრავებს ალასანიასა და მის ბლოკს. თუმცა, ამ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია ბლოკის ლიდერის ამბიციები და თვითდამკვიდრების სურვილი. მისი მომხრეების წარმოდგენით, მერობისა და თვითმართველობის არჩევნებმა მომავალი წარმატების წინაპირობა უნდა შექმნას. ამისთვის კი, პირველ რიგში, საჭიროა თბილისში რამდენიმე მაჟორიტარული ოლქის მოგება და მეორე ადგილი. დღევანდელი გადასახედიდან მეტი პრეტენზია წარმოუდგენელია. ოპოზიციურ პარტიებს და კანდიდატებს თბილისის გარეთ უფრო ფრაგმენტული წარმატების იმედი შეიძლება ჰქონდეთ, რადგან რეგიონებზე გავლენით არასოდეს გამოირჩეოდნენ.

0x01 graphic

ფოტო: ბესო დარჩია

0x01 graphic

ფოტო: დიმა ჩიკვაიძე

მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ ალასანიას პარტიას სახელმწიფო დაფინანსება არ გააჩნია, ხოლო რესპუბლიკური პარტია დაფინანსებას დაკარგავს არჩევნებში წარუმატებლობის შემთხვევაში.

მრეწველები და თორთლაძე-დემოკრატები ორი ამოცანის წინაშე დგანან: მიიღონ (მრეწველების შემთხვევაში - შეინარჩუნონ) დაფინანსება, რასაც ხმების 3%25 სჭირდება და გარკვეულ წარმატებას მიაღწიონ თბილისში ან სხვა დიდ ქალაქში, რაც პარტიებს აქტუალურობას შეუნარჩუნებდა. განსაკუთრებით ეს მრეწველებზე ითქმის, რადგან ედპ და დემოკრატები დღესდღეობით საპარლამენტო პარტიებია და ამ ტრიბუნას 2012 წლამდე შეინარჩუნებენ. ორივე ამოცანის შესრულებასთან ყველაზე ახლოს მრეწველები არიან, თუმცა მათი პოზიციები, განსაკუთრებით თბილისს გარეთ, არამყარია.

რაც შეეხება ეროვნულ საბჭოს, მისი რეიტინგი, უკანასკნელი გამოკითხვების თანახმად, საკმაოდ დაბალია. ამის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი არის შეუთავსებლობა მოსახლეობის მოლოდინსა და ოპოზიციური ლიდერების განცხადებებს შორის. მოსახლეობას ადგილობრივ თვითმართველობის არჩევნებთან კონკრეტული განწყობა და მოლოდინი აკავშირებს. ამ ფონზე, საბჭოს ლიდერების რიტორიკა და ადგილობრივი არჩევნებისთვის გლობალური მნიშვნელობის მინიჭების მცდელობა ბევრს აღიზიანებს, ისევე როგორც საბჭოს წარმომადგენლების მხრიდან მომავალი აგრესია. იქმნება შთაბეჭდილება, რომ საბჭოს და მის ლიდერებს არჩევნების მომდევნო დღე და ქუჩის აქციების აგორების პერსპექტივა უფრო ანაღვლებთ, ვიდრე თავად არჩევნები. მათდა სამწუხაროდ, არც ამის წინაპირობაა თვალსაჩინო.

6 ირაკლი ალასანიას საარჩევნო დებიუტი

▲ზევით დაბრუნება


პოლიტიკა

არჩევნები

ხვალ არასდროს კვდება

0x01 graphic

სალომე ზურაბიშვილზე, ირაკლი ოქრუაშვილსა და ლევან გაჩეჩილაძეზე გულაცრუებული ხელისუფლების მოწინააღმდეგენი ირაკლი ალასანიას სახით ახალ, კონსტრუქციულ პოლიტიკურ ძალას ელოდნენ. მაგრამ მან პოლიტიკური კარიერის დასაწყისშივე, ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით, გაცვეთილ პოლიტიკურ სახეებთან ერთად ქუჩაში დადგომა არჩია. კრიტიკოსების აზრით, ალასანიამ შეცდომა დაუშვა. საზოგადოებრივი აზრის კვლევები მოწმობს, რომ ხალხს ძირითადად მოსწონს ხელისუფლების მიერ არჩეული გზა, მაგრამ ის უკმაყოფილოა ამ გზაზე დაშვებული შეცდომებით. შესაბამისად მათ „ანტი-მიშა“ კი არა, უფრო „მაღალი ხარისხის მიშა“ სურთ. მისი გარემოცვა კი ამბობს, რომ ალასანიამ ამ ნაბიჯით ქრისტიან- დემოკრატების ბედი არ გაიზიარა და ხელისუფლების სატელიტად აღქმის საფრთხე აიცილა თავიდან. ალასანიას მომხრეთა არგუმენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს დამკვიდრებულ ტენდენციას: ოპოზიციაში გადასული თანამდებობის პირები საზოგადოებას კი არ უმტკიცებენ, რომ სახელმწიფო ინტერესების უკეთესი დამცველები იქნებიან, ოპოზიციას უმტკიცებენ, რომ ჭეშმარიტი ოპოზიციონერები არიან და მათ რიგებში ჩაწერის მორალური უფლების მოსაპოვებლად რადიკალურ ნაბიჯებს დგამენ.

ალასანიას დამსახურებად უნდა ჩაითვალოს, რომ მის რიტორიკაში, 2009 წლის აპრილის აქციების დროსაც კი, ვერ შეამჩნევდით ხელისუფლების დამხობის ღია მოწოდებებს. თანაგუნდელებისგან განსხვავებით, ალასანიას არც ქსენოფობიური გამოხდომებით უცდია პოლიტიკური კაპიტალის დაგროვება. ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის უცხო კონსტრუქციული ტონი ალიანსის ლიდერს დაუფასდა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ: უკანასკნელი კვლევების თანახმად, მართალია, ალასანია ბევრად ჩამორჩება ხელისუფლების კანდიდატს, მაგრამ მეორე ადგილს ინარჩუნებს. ის მოსწონს დასავლეთსაც.

ამ დროისთვის ალასანიას ყველაზე აშკარა და მძიმე შეცდომა პოლიტიკურ ბანკროტთან - ნოღაიდელთან ხანმოკლე ფლირტი აღმოჩნდა. ამ მანევრმა გადამდგარი დიპლომატის მიმართ საზოგადოების მხარდაჭერა შეარყია, მომხრეები დააბნია და კიდევ უფრო გაამყარა მისი, როგორც უმწიფარი პოლიტიკოსისა და სუსტი ლიდერის იმიჯი.

საინტერესოა ალასანიას გეგმა რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებასთან დაკავშირებით. ძნელია წარმოიდგინო საქართველოს მოქალაქე, რომელსაც ჩრდილოელ მეზობელთან მტრული ურთიერთობა ახარებს. მაგრამ გაუგებარია, რის ფასად ან როგორ აპირებს მერობის კანდიდატი რუსეთთან ურთიერთობის აწყობას, მაშინ როდესაც ის, ბევრი ქართველი პოლიტიკოსისგან განსხვავებით, ღია მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ინტეგრაციას ნატოში. დღეს რუსეთის ხელმძღვანელობას არათუ საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა, მისი აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში მონაწილეობაც კი აღიზიანებს. საქართველო რომ დასავლეთსა და რუსეთს შორის, განხეთქილების ნაცვლად, სინერგიას უნდა მოემსახუროს, სასიამოვნოდ იკითხება გაზეთ „რეზონანსის“ ფურცლებიდან; მაგრამ საეჭვოა, როგორ შეძლებს ამას ალიანსის ლიდერი თავად რუსეთისა და ჩვენი დასავლური კურსის შეცვლის გარეშე?

მერობის კანდიდატი რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭებას პრეზიდენტ სააკაშვილის რიტორიკას აბრალებს. ეს მაშინ, როდესაც რუსეთმა მთელი მსოფლიოს თვალწინ მოშალა ფერადი რევოლუციებით მოსული მთავრობები უკრაინასა და ყირგიზეთში: ვიქტორ იუშჩენკოს ხისტი რიტორიკა ზოგადად არ ახასიათებს; დევნილი პრეზიდენტი ბაკიევი კი რუსეთის მეგობრად მოიაზრებოდა და მხოლოდ იმის გამო დაისაჯა, რომ ის ჩინეთთანაც მეგობრობდა და არც აშშ-ს სამხედრო ბაზაზე თქვა უარი.

არანაკლებ საინტერესოა მითი იმის შესახებ, რომ ალასანიას შუამდგომლობით, სოხუმის მარიონეტულ რეჟიმთან ურთიერთობის მოგვარების შანსი ხელისუფლებამ ხელიდან გაუშვა. რადიო თავისუფლებასთან 2009 წლის იანვრის ინტერვიუში ალასანიამ განაცხადა, რომ 2005 წელს მოამზადა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც აფხაზური მხარე აღიარებდა 1992-93 წლებში დევნილი მოსახლეობის დაბრუნების უფლებას. სანაცვლოდ ქართული მხარე ძალის გამოუყენებლობის პირობას დადებდა. საგულისხმოა, რომ ალასანიასვე აღიარებით, ამ დოკუმენტზე ხელმოსაწერად სოხუმის დე ფაქტო ხელისუფლებას მზადყოფნა არ გამოუთქვამს. უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ დევნილების დაბრუნების უფლებაც და ძალის გამოუყენებლობაც უკვე იყო მანამდე ხელმოწერილ შეთანხმებებში, რომლებსაც მოსკოვის მიერ მართული სოხუმი არად დაგიდევდათ.

რაც შეეხება ალასანიას წინასაარჩევნო პროგრამას, ის პოპულიზმის ხარისხით შალვა ნათელაშვილისას არ ჩამოუვარდება. მისი წინასაარჩევნო დაპირებები სოციალურ პროგრამებს, დასაქმებას და ჯანდაცვას შეეხება და გადასახადების გადამხდელთა მიმართ ალიანსის ლიდერის უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას ავლენს.

ალიანსის ლიდერი განურჩევლად ყველა პენსიონერს ჰპირდება დახმარებას. ალასანიას მერად არჩევის შემთხვევაში, მდიდარი ბიზნესმენის მატერიალურად უზრუნველყოფილი ბებია და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოხუცებული სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთნაირ დახმარებას მიიღებენ.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს ალასანია თვეში ათლარიან დანამატს სთავაზობს. ის, რომ არსებობენ შეზღუდული შესაძლებლობების მდიდარი პირებიც, რომლებსაც რიგითი მოქალაქის ჯიბიდან ამოღებული 10 ლარი არ სჭირდებათ, ალასანიამ განსაკუთრებით კარგად უნდა იცოდეს. აქაც ბიუჯეტის უყაირათო, არამიზნობრივ ხარჯვასთან გვაქვს საქმე.

იგივე შეიძლება ითქვას მრავალშვილიანი ოჯახების ფულადი დახმარების პროგრამაზეც. მრავალშვილიანობა არ ნიშნავს გაჭირვებას, ბევრი შვილი მდიდარ ადამიანებსაც ჰყავთ. ალასანია კი საბიუჯეტო სახსრების დახარჯვას აპირებს ყველა მრავალშვილიან თბილისელზე.

არარეალისტური დაპირების კიდევ ერთი მაგალითია ალასანიას ინიციატივა ყველა მშობიარისთვის 600-ლარიანი ვაუჩერის დარიგების შესახებ, მიუხედავად მშობიარის ფინანსური მდგომარეობისა.

იმისათვის, რომ სოციალური პროგრამების ფოკუსში ის ადამიანები მოექცნენ, ვისაც გადასახადის გადამხდელთა დახმარება სასიცოცხლოდ ესაჭიროებათ, საჭიროა დაიხვეწოს სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრები მოქალაქეების მონაცემთა ბაზა, რომელიც ჯერ კიდევ 2006 წელს შეიქმნა. მართალია, ბაზაში მოხვედრის კრიტერიუმები უთანხმოების საგანი გახდა, მაგრამ გადასახადის გადამხდელთა ფულის განიავებას სჯობს ძალისხმევა გაჭირვებულ ადამიანთა იდენტიფიკაციას მოხმარდეს.

არანაკლებ სახიფათოა ალასანიას მუნიციპალური ჯანდაცვის პროგრამა. კანდიდატი თავისუფალი ბაზრის შეზღუდვას, წამლებზე ფიქსირებული ფასების შემოღებას, 3 წლამდე და 65 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის უფასო წამლებს გვპირდება. საბჭოთა გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ფიქსირებული ფასები დეფიციტის, შავი ბაზრის გაჩენის საშიშროებას ქმნის, კონკურენციას კლავს და ხარისხს აგდებს. პრაქტიკამ ისიც აჩვენა, რომ ფასების დაწევის საუკეთესო მეთოდი ბაზრის მაქსიმალური თავისუფლებაა.

წინასაარჩევნო პოპულიზმი ქართული პოლიტიკისთვის უცხო არ არის და, ამ მხრივ, ულტრალიბერალური ეკონომიკური რეფორმების გამტარებელი ხელისუფლებაც სცოდავს ცვალებადი სიხშირით, რომ არაფერი ვთქვათ სხვა პოლიტიკურ ძალებზე. სიახლე ისაა, რომ წელს პირველად, პოლიტიკური ძალების მნიშვნელოვანი ნაწილი წინასაარჩევნო პროგრამებს განიხილავს და პოლიტიკურ კაპიტალს მხოლოდ ხელისუფლების ლანძღვით არ აგროვებს. ბოლო კვლევებით თუ ვიმსჯელებთ, ნაკლებად სავარაუდოა, ალასანიამ თვითმმართველობაში მოსვლა და დაპირებული ცვლილებების განხორციელება შეძლოს, თუმცა მეტ-ნაკლებად კონსტრუქციული პოლიტიკური ლანდშაფტის ფორმირებას რომ ხელი შეუწყო, ფაქტია. ეს, დემოკრატიის შენების კუთხით, წინ გადადგმული ნაბიჯია.

ახალბედა პოლიტიკოსს წინ მრავალი გამოცდა ელის. მისი ერთ- ერთი მთავარი ტესტი არჩევნების შედეგების ღირსეულად მიღება და დაშვებული პოლიტიკური შეცდომების სწორი ანალიზი იქნება.

7 თავისუფლება და წესრიგი

▲ზევით დაბრუნება


გიორგი ყველაშვილი|სვეტი

0x01 graphic

ქურდული სამყაროს ორგანიზების ფორმა საბჭოთა კავშირში თითქმის ზუსტად იმეორებდა საკავშირო კომუნისტრური პარტიის იერარქიულ სტრუქტურას. დღეს კი სახეზე გვაქვს სინდიკატი, რომელიც აერთიანებს ინტელიგენციას, შავ სამყაროს და კორუფციულ რუსულ „ბაზართან დაკავშირებულ სხვა პროიმპერიულ და ატავისტურ ელემენტებს.

დღეს ყველა სოციოლოგიური კვლევა ადასტურებს იმას, რომ ქართული პოლიცია შესაშური ნდობით სარგებლობს. 80%25-იანი მხარდაჭერის მოპოვება იოლი არ იყო და მას წინ უძღვოდა უაღრესად მასშტაბური საპოლიციო რეფორმა, რომლის განხორციელებაც ხელისუფლების მხრიდან დიდ გამბედაობასა და ვაჟკაცობას მოითხოვდა. რეფორმის მომავალს ეჭვქვეშ აყენებდა ის გარემოება, რომ დემოკრატიული წესრიგის არანაირი გამოცდილება არ გვქონდა და ბევრს ვერ წარმოედგინა თავისუფლებისა და წესრიგის ურთიერთშერწყმა.

ჩვენში წესრიგი, ტრადიციულად, თავისუფლების შეზღუდვას უკავშირდებოდა. ბევრი რამ გვსმენია იმ ეპოქებზე, როცა ბერიას, ინაურსა და შევარდნაძეს ებარათ საპოლიციო და უშიშროების საკითხები. ქართველთა დაშოშმინება ულმობელი რეპრესიული ზომების გატარებითა და უდანაშაულო ადამიანთა მსხვერპლშეწირვის ხარჯზე ხდებოდა, თანაც ისე, რომ საბოლოო ჯამში არც ნამდვილი წესრიგი იყო და არც, მით უმეტეს, ადამიანის თავისუფლება.

ბერია, ინაური და შევარდნაძე იქით იყოს და ბოლო 200 წლის განმავლობაში საქართველოში წესრიგს რუსეთის იმპერია ამყარებდა. გარდა იმისა, რომ იგი არღვევდა ქართველთა ცხოვრების ტრადიციულ წესს და სისასტიკით ახშობდა ჩვენს ბუნებრივ ლტოლვას თავისუფლებისაკენ, ნებსით თუ უნებლიეთ, ქართველ კაცს სახელმწიფოს - როგორც ერის ორგანიზაციის ფორმის - წინააღმდეგაც განაწყობდა.

ამავდროულად, ქართველ ადამიანს გამუდმებით უნერგავდნენ იმის რწმენას, რომ რუსული ჩექმის გარეშე საქართველოში წესრიგი ვერ დამყარდება, რადგანაც ჩვენ დამოუკიდებლად ვერ შევიმუშავებთ ისეთ საზოგადოებრივ კონტრაქტს და ორგანიზების ფორმებს, რომლებიც სამოქალაქო მშვიდობასა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ასე შეიქმნა ლეგენდა ქართველთა ანარქიულ ბუნებაზე.

შავი სამყარო

შავი სამყარო ბუნებრივად იშვა ამგვარი პროპაგანდის წიაღში. სოციალურ მეამბოხეთა მიმართ სიმპათია უხვად გვხვდება მე-19 საუკუნის ქართველ მწერალთა ნაწარმოებებშიც და მე-20 საუკუნის ქართულ საბჭოთა ლიტერატურაშიც. ალექსანდრე ყაზბეგის ლიტერატურული გმირის სახელი - კობა - იოსებ ჯუღაშვილმა თავის პარტიულ ფსევდონიმადაც კი აქცია, ხოლო ქართულმა ქურდულმა სამყარომ კი „შავი“ შესაძლოა სულაც თავად ყაზბეგისაგან ისესხა.

დროთა განმავლობაში ქართველ კანონიერ ქურდებსა და პარტიულ ბოსებს მხოლოდ სახელიღა აკავშირებდათ მისაბაძ ლიტერატურულ პერსონაჟებთან. ისინი ერთნაირი გაშმაგებით ებრძოდნენ ადამიანის თავისუფლებასაც და ქართული ნაციონალური სახელმწიფოს იდეასაც. გასაკვირი არ არის, რომ ქურდული სამყაროს ორგანიზების ფორმა საბჭოთა კავშირში თითქმის ზუსტად იმეორებდა საკავშირო კომუნისტური პარტიის იერარქიულ სტრუქტურას, რაც, სხვათა შორის, იმპერიის ძლიერებასაც უწყობდა ხელს. დღეს კი სახეზე გვაქვს სინდიკატი, რომელიც აერთიანებს „ინტელიგენციას“, შავ სამყაროს და კორუფციულ რუსულ „ბაზართან“ დაკავშირებულ სხვა პროიმპერიულ და ატავისტურ ელემენტებს.

6 მაისს, გიორგობას, პოლიციის დღისადმი მიძღვნილ აღლუმს სწორედ ამ ძალებმა გამოუცხადეს პროტესტი. ეტყობა, მათ სჯერათ, რომ საქართველოში წესრიგს მხოლოდ რუსეთის იმპერია უნდა ამყარებდეს პირდაპირი (საოკუპაციო რეჟიმის) და არაპირდაპირი (შავი სამყაროსა და ერთგული ფეოდალების) საშუალებით.

ახალი ელემენტი

შავი სამყაროს, „ინტელიგენციისა“ და ნაკომუნისტარი ელიტის „ტრფიალი“ ქართული ეკლესიისადმი ძველი ამბავია, მაგრამ ეკლესიის ბოროტად გამოყენება ნაციონალური სახელმწიფოსა და თავისუფლების წინააღმდეგ შედარებით ახალი მოვლენაა.

ბოლო დროს მოწმენი გავხდით რამდენიმე გამოხტომისა - ქართული სახელმწიფოსა და ადამიანის თავისუფლების წინააღმდეგ. 6 მაისს „ქართველობის სიწმინდეზე“ მზრუნველმა არამკითხეებმა პოლიციის დღის შემოღების წინააღმდეგ ძალადობა გამოიყენეს, მერე კი „რელიგიური მილიცია“ მიუსიეს განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს ტელეკომპანია „კავკასიაში“.

ინტერნეტში ბევრი ვიდეომასალაა იმის დასადასტურებლად, რომ ეკლესიის ცალკეული მღვდელმსახურები აგრესიულად გამოდიან განსხვავებული აზრისა და საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ: კონსტანტინე გამსახურდიას „დიდოსტატის მარჯვენა“ მწვალებლური ნაწარმოებიაო, დასავლეთი უზნეო და ქართველობის მტერიაო, რუსეთის გარეშე საქართველო გადაგვარდებაო და ა.შ. კაცს ისეთი შთაბეჭდილება დაგრჩება, თითქოს ამ ადამიანებს არაფერი სმენიათ რუსული იმპერიის მიერ ჩვენ წინააღმდეგ განხორციელებულ 200-წლოვან რეპრესიებზე; არ გაუგონიათ იმ ქართველ მღვდელ-მონაზონთა შესახებ, მუსლიმან აფხაზებს ქრისტიანულად რომ ნათლავდნენ, რათა ისინი ცარიზმის მსახვრალი ხელისაგან დაეცვათ; და არ წაუკითხავთ ყაზბეგი, რომელმაც რუს კოლონიზატორთა ბარბაროსობის მხილებას თითქმის მთელი თავისი შემოქმედება მიუძღვნა.

ამ მღვდელმსახურებს, ალბათ, არც იმის შესახებ სმენიათ, თუ როგორ ემუქრება რუსეთის დღევანდელი პატრიარქი საქართველოს თავისუფლებას, როცა „სამხრეთ ოსეთის ელჩს“ საგანგებო აუდიენციას უმართავს მოსკოვში და არც უფრო ადრინდელი წარსული ახსენდებათ, როცა რუსულმა იმპერიალიზმმა ქართული ეკლესიის ავტოკეფალია ისევე იმსხვერპლა, როგორც ქართული სახელმწიფოებრიობა.

როგორ დავიცვათ თავი

ძალის გამოყენებაზე მონოპოლია სუვერენული სახელმწიფოს ერთ-ერთი პრეროგატივაა, რაც მას სხვა საზოგადოებრივი ინსტიტუტებისაგან გამოარჩევს. ამასთან, სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, რომ ძალა მხოლოდ კანონის შესაბამისად და საშიშროებისადმი პროპორციულად გამოიყენოს. ამ პრინციპს მხოლოდ ლიბერალური დემოკრატიის ქვეყნები ერთგულებენ, რადგანაც ისინი ახერხებენ ადამიანის თავისუფლებისა და საზოგადოებრივი წესრიგის შეთავსებას.

0x01 graphic

ილუსტრაცია: ზურა მჭედლიშვილი

საქართველო ახალგაზრდა დემოკრატიაა და თავისუფლებასა და წესრიგს შორის ოპტიმალური თანაფარდობის მიღწევას გარკვეული დრო კიდევ დასჭირდება, მით უმეტეს, რომ ფეოდალიზმის საფუძვლები ჩვენში ჯერ კიდევ ძლიერია, კუთხურობა და ეთნოცენტრიზმი სამწუხარო რეალობაა და ქართული სახელმწიფო ჯერაც არ არის მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობის ლოიალობის ზედა ზღვარი.

საქართველოს, როგორც სუვერენული სახელმწიფოს, გადარჩენის გზა ჩვენი ლიბერალური განვითარებაა, რაც პირდაპირ უკავშირდება წესრიგისა და კანონიერების განმტკიცებას. ადამიანის თავისუფლება დაცული უნდა იყოს არა მარტო სახელმწიფოს მხრივ ძალადობისაგან, არამედ სხვა ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის თვითნებობისა და ძალმომრეობისგანაც.

8 და ამიტომ

▲ზევით დაბრუნება


კახა ბენდუქიძე|სვეტი

0x01 graphic

2004 წლის მაისი, მოსკოვი. მირეკავს ერთი ჩემი ნაცნობი და მეუბნება - მოსკოველი ბიზნესმენები საქართველოში მივდივართ და შენც უნდა წამოხვიდეო. დიდხანს ვიუარე, მაგრამ დამითანხმა. ჩამოვედი. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ჟვანიასთან ოთხ საათიანი საუბრის შემდეგ მან შემომთავაზა გავმხდარიყავი ეკონომიკის მინისტრი. სადღაც 10 წამი ფიქრის მერე დავთანხმდი. ასე დაიწყო ჩემი ცხოვრების ახალი ეტაპი.

რაზე ვფიქრობდი ის 10 წამი? რუსეთში აქტიურ ბიზნეს-საქმიანობას მორჩენილი ვიყავი, ასე რომ, ამაზე არ მიფიქრია. ვფიქრობდი თბილისზე, რომელიც მაშინ უსიამოვნოდ გამოიყურებოდა - მტვრიანი ქალაქი ოღროჩოღრო ქუჩებით, ლურჯკარტონაფარებული ლტოლვილებიანი ივერიის შენობით; ვფიქრობდი მინისტრებზე, რომლებიც ვნახე და რომლებმაც განმაცვიფრეს არა საბჭოთა აზროვნებით; ვფიქრობდი, როგორი კარგი და ლამაზი შეიძლება იყოს საქართველო, ვფიქრობდი რა უნდა გააკეთოს ეკონომიკის მინისტრმა. ვფიქრობდი, რომ ამაზე მნიშვნელოვან საქმეს ვერ გავაკეთებ ვეღარასოდეს, თუ ახლა არ დავთანხმდი ამ შემოთავაზებას.

მას შემდეგ გავიდა 6 წელი. რაღაცის გაკეთება მოვახერხე, რაღაცის - ვერა. რაღაც შემეშალა, რაღაც სხვებს შეეშალათ. რაც გაკეთდა ქვეყანაში, ზოგი რამ მომწონს, ზოგი რამ - არა.

მე მომწონს

სინათლე
გზები
პოლიცია
პასპორტი სწრაფად რომ ავიღე
ეკონომიკა რომ გაიზარდა 40%25ით
განათლების რეფორმა
საკონტრაქტო ჯარზე გადასვლა რომ დავიწყეთ
ახალი აეროპორტი

მე არ მომწონს

ბიუროკრატია
ფულის უაზრო ხარჯვა
წმინდა გიორგი თავისუფლების მოედანზე
პოლიეთილენის პარკები ხეებზე
სკოლებში განათლების დონე
სულსწრაფობა და მოუთმენლობა
ზოგიერთი მინისტრი
შადრევნები
განათლების რეფორმის ზოგი ნაწილი
საავადმყოფოები
ქართული გაზეთები
ტელევიზიების ახალი ამბები
სადაზღვევო კომპანიები
გზისპირა ტუალეტების არარსებობა
მაღალი უმუშევრობა
ჯერ კიდევ რომ გვაქვს გაწვევა ჯარში
ახალი აეროპორტის სახურავი
დეზერტირების ბაზარი რომ აღარ არის
ლარიზაცია
ბიუჯეტის დეფიციტი

მომწონს არ მომწონზე ცოტაა. ამის გამო ოპოზიციაში უნდა წავიდე, ექვს მაისს პოლიციას ქვები დავუშინო? ჩვენი მტრები გავახარო? ებრალიძეს დავუძმაკაცდე? ხუბუტიასთან ვიქეიფო? გულაშვილს შევუერთდე?

9 ეკონომიკური სირტაკი: ბერძნული კრიზისის გავლენა საქართველოსა და ევროპაზე

▲ზევით დაბრუნება


ეკონომიკა

0x01 graphic

ევროკავშირის ფინანსური კომისარი ოლი რენი
ესპანეთის ეკონომიკის მინისტრი ელენა სალგადო

გლობალურ ფინანსურ ბაზრებს ახალი კრიზისი ემუქრებათ: საბერძნეთის საბიუჯეტო დეფიციტის დაფინანსების პრობლემები და საფრთხე, რომ ისინი შეიძლება ევროპაზე - და უფრო შორსაც - გავრცელდეს, ყველა წამყვანი გამოცემის მთავარი თემაა.

საბერძნეთის მთავრობა, როგორც ბევრი სხვა ქვეყანა, წლების განმავლობაში ვალით აბალანსებდა სახელმწიფო ხარჯს. გლობალური ფინანსური კრიზისის დროს, როცა საგადასახადო შემოსავლები შემცირდა, ხოლო ბიუჯეტის სოციალური ნაწილი გაიზარდა, მთავრობამ საბიუჯეტო დეფიციტი ვეღარ გააკონტროლა. სიტუაცია გაამძაფრა იმანაც, რომ საბერძნეთში გადასახადებისგან თავის არიდება ჩვეულებრივი პრაქტიკაა.

სამწუხაროდ, ინვესტორებიც დარწმუნდნენ იმაში, რომ მთავრობა ვალის დასაფარავად, სახელმწიფო ხარჯის შეკვეცას ვერ მოახერხებდა. ამ რისკის კომპენსირება ინვესტორებმა ვალზე საპროცენტო განაკვეთების ზრდით დაიწყეს. საბერძნეთი მოჯადოებულ წრეში აღმოჩნდა: რაც უფრო იზრდებოდა ვალის მომსახურების ხარჯი, მით უფრო უჭირდა ქვეყანას საბიუჯეტო დეფიციტის დაფინანსება.

საერთაშორისო სააგენტო Moody's-მა აპრილში საბერძნეთის სუვერენული რეიტინგი ერთი საფეხურით, A3-მდე შეამცირა. Standard & Poor's-მა კი ქვეყნის რეიტინგი სამი პუნქტით დასწია და ის „საინვესტიციო” კატეგორიიდან გაიყვანა. საერთაშორისო ბაზრები საბერძნეთისთვის დაიკეტა და ქვეყანა დეფოლტის რეალური საფრთხის წინაშე დადგა.

კრიზისს გავლენა ქართველ შრომით მიგრანტებზეც აქვს, რომლებიც ძირითადად, ფაბრიკებში მუშებად და ოჯახებში მომვლელებად და დამლაგებლებად მუშაობენ. სხვადასხვა გამოცემასთან საუბრისას, თავად მიგრანტები აღნიშნავენ, რომ კრიზისის გამო, საბერძნეთში საწარმოები იხურება. შემოსავალი ადგილობრივ მოსახლეობასაც შეუმცირდა და ამიტომ დამლაგებლის ან დამხმარის აყვანაზე უარს ამბობენ. შედეგად, საბერძნეთში სამუშაოდ წასული ქართველების ნაწილი უკან ბრუნდება, ნაწილი კი მუშაობას განახევრებული ხელფასით აგრძელებს.

ოფიციალური მონაცემებით, 2008 წლის მიგრაციის გამოკვლევის თანახმად, ქართველი ემიგრანტების საერთო რიცხოვნობის 16,8%25 საბერძნეთში ემიგრირებულებზე მოდის. სამწუხაროდ, იმის გამოთვლა, თუ რამდენი მიგრანტი დაბრუნდა საბერძნეთიდან კრიზისის შემდეგ, შეუძლებელია, რადგან სახელმწიფო საზღვარზე, მონაცემთა ბაზაში, აღრიცხული არ არის ქვეყანაში შემოსული საქართველოს მოქალაქეები საიდან ბრუნდებიან და რა მიზეზით.

ჯერჯერობით, საბერძნეთის კრიზისი საქართველოს ეკონომიკაზე გავლენას ვერ ახდენს. კრიზისამდელ 2007 წელთან შედარებით, უკვე კრიზისულ 2009 წელს, საქართველოს ექსპორტმა საბერძნეთში ზრდის ტენდენცია შეინარჩუნა. იმავე წლებში ბრუნვა 14 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა. ზრდის ტენდენციას აჩვენებს საბერძნეთიდან შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობაც: 2007 წელს 25 მილინო აშშ დოლარიდან, 2009 წელს 59 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა. 2010 წლის პირველ კვარტალში საბერძნეთიდან გადმორიცხულია 14 მილიონი აშშ დოლარი. თუმცა, ეკონომისტები არ გამორიცხავენ, რომ საბერძნეთში კრიზისის გაღრმავების შემთხვევაში, ქართულ ეკონომიკაზე მისი გავლენაც გაიზარდოს.

შარშან საბერძნეთის საბიუჯეტო დეფიციტი მშპ-ს (მთლიანი შიდა პროდუქტის) 13.6%25 იყო. ვალი, ანუ ძველი დეფიციტების აკუმულირება, მშპ-ს 115%25-ს შეადგენდა. ვალის გაღრმავების ტენდენცია 2010 წელსაც გაგრძელდა.

ევროპას საბერძნეთის დახმარების გადაწყვეტილება მარტივად არ მიუღია. მთავარი მოწინააღმდეგე გერმანია იყო. საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი დაიმუქრა, რომ თუ საბერძნეთის დახმარების საკითხზე კომპრომისსვერ მიაღწევდნენ, საფრანგეთი ევროზონას დატოვებდა.

ფიქრის, კამათისა და დილამდე გაგრძელებული შეხვედრების შემდეგ ევროკავშირის ლიდერებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საერთაშორისო ბაზარზე ევროზონის ერთ წევრს გარანტად 16-ვე დაუდგება. ევროკავშირის გადაწყვეტილებით, პრობლემური ქვეყნების გადასარჩენად გამოყოფილი 950 მილიარდი აშშ დოლარის ნაწილი - სესხის სახით, ნაწილი კი ევროკავშირის, ევროზონის წევრებისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის გარანტიით, 3 ძირითადი მექანიზმის საფუძველზე, საერთო ფონდებში გადანაწილდება.

0x01 graphic

დემონსტრაცია ათენში. წარწერა ბანერზე: აჯანყება
ყველა ფოტო: REUTERS ©

ევროკავშირის გადაწყვეტილებამ ანალიტიკოსებში NATO-სთან ასოციაცია გამოიწვია: ხელშეკრულების მეხუთე მუხლის თანახმად, შეიარაღებული თავდასხმა ალიანსის ერთ წევრზე მიჩნეულია, როგორც შეტევა ყველაზე. ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ ერთიანი NATO-ს ჯარი არ არსებობს. ქვეყნები, რომლებიც მეხუთე მუხლს ხელს აწერენ, საკუთარ თავზე გარკვეულ ვალდებულებებს იღებენ.

ამ პრინციპის მსგავსად, საბერძნეთმა - თუ სურს, რომ ევროკავშირისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოყოფილი თანხა აითვისოს - არა მხოლოდ დეფიციტი უნდა შეამციროს, არამედ, ივნისამდე 17 სპეციფიკური საკანონმდებლო და საბიუჯეტო ცვლილება გაატაროს. მათ შორის, შეამციროს საჯარო მოხელეებისა და პენსიონრების სააღდგომო, საზაფხულო და საშობაო ბონუსები; გაზარდოს გადასახადები საწვავზე, თამბაქოსა და ალკოჰოლზე; შეკვეცოს ადგილობრივი მთავრობის ხარჯები და მიიღოს კანონი, რომელიც ბიზნესის დაწყებას გაამარტივებს. ამის შემდეგ, საბერძნეთს სექტემბრამდე 9 ვალდებულების შესრულება მოუწევს, მათ შორის, საპენსიო რეფორმის გატარება, რომელიც საპენსიო ასაკს 61-დან 65 წლამდე გაზრდის. დეკემბრამდე, საბერძნეთმა კიდევ 12 დამატებითი ზომა უნდა მიიღოს, მათ შორის, სახელმწიფო ჯანდაცვის სისტემაში უნდა შეიტანოს ცვლილება, რომ დაუპატენტებელი წამლის გამოყენება დაუშვას. 2011 წლის მარტი, ივნისი და სექტემბერი ისევ საკვანძო თვეებია.

ათენი დამშვიდდა. დაგეგმილ ცვლილებებს რეგულარულად მხოლოდ რამდენიმე ასეული ადამიანი აპროტესტებს, რაც საგრძნობლად მცირეა იმ ასეულობით ათას ამბოხებულთან შედარებით, რომელთა თავდასხმას ბანკზე გასულ კვირას სამი ადამიანი ემსხვერპლა.

ანალიტიკოსების აზრით, ევროკავშირმა ამაში ძვირი გადაიხადა და არა მხოლოდ თანხით: ე.წ. ბეილაუთი ნორმად იქცა.

ყველა ანალიტიკოსი არ იზიარებს ამ აზრს: ექსპერტთა ნაწილი ამტკიცებს, რომ ევროზონის პრობლემური ქვეყნების შემთხვევაში, ეს არ იქნება კლასიკური ბეილაუთი, რადგან ისინი თანხას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებენ, თუ რეფორმებს გაატარებენ.

ევროკავშირის გადაწყვეტილებას ანალიტიკოსების მხრიდან უკვე მოჰყვა კრიტიკა: ევროპამ კრიზისის მიზეზის არასწორი ინტერპრეტაცია მოახდინა. ამ თანხის გამოყოფით, ევროპამ კრიზისს ლიკვიდურობის სტატუსი მიანიჭა ანუ თქვა, რომ ამ ქვეყნებს აქვთ ვალთან დაკავშირებული პრობლემები, თუმცა ამის მიზეზი ბაზარია, რომელიც მოულოდნელად ზრდის საპროცენტო განაკვეთს და ქვეყნის ბიუჯეტი ამ დარტყმას ვერ უძლებს.

სინამდვილეში, ანალიტიკოსების უმეტესობა ამ კრიზისს სულ სხვა კვალიფიკაციას ანიჭებს: პრობლემური ქვეყნების მთავრობებმა საკუთარი უპასუხისმგებლობის გამო, ვერ გააკონტროლეს ვალის ოდენობა, ხოლო გაზრდილი საპროცენტო განაკვეთები მხოლოდ იმის გაცნობიერება იყო, რომ რამდენიმე ქვეყანას მსგავსი სინდრომი შეეყარა.

კრიზისის გავრცელების ყველაზე მაღალი რისკის მატარებელია ევროზონის კიდევ ორი ქვეყანა - ესპანეთი და პორტუგალია. ესპანეთის დეფიციტი მშპ-ს 11.2%25 იყო, ვალი - 56.2%25, პროტუგალიისთვის იგივე მაჩვენებლები, შესაბამისად, 9.4%25 და 76.8%25 იყო.

საერთაშორისო სააგენტომ, Standard and Poor's, ესპანეთის გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი პროგნოზით - „ნეგატიური“ - შეამცირა. ამავე რეიტინგში პორტუგალიამ ორი საფეხური დათმო.

ევროს კურსი წლიურ მინიმუმამდე დაეცა. ევროპის წამყვან ბირჟებზე ვარდნამ 2.5-დან 6%25-მდე შეადგინა. საბერძნეთში ბაზარი 6.75%25-ით დაეცა, პორტუგალიაში - 5.4%25-ით. აზიის ვაჭრობებზე ევროს კურსი 16 ვალუტას შორის 12-ის მიმართ გაუფასურდა.

ანალიტიკოსების აზრით, პრობლემურ ქვეყნებს ეკონომიკური ზრდის პოლიტიკა მხოლოდ მომხმარებლის მოთხოვნაზე რომ არ დაეფუძნებინათ და ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტორების იგნორირება არ მოეხდინათ, როგორებიცაა, ბაზარზე კონკურენტუნარიანობა, ინვესტიციებისთვის ღიაობა, შრომითი ხელშეკრულებების მოქნილობა, სოციალური დაცვის სისტემისა და გადასახადების საბაზრო სისტემასთან თანხვედრა და ცხოვრების დონის არსებულ რესურსებთან შესაბამისად განსაზღვრა, კრიზისი საერთოდ არ მოხდებოდა.

10 ინტერვიუ პასკალ სალინთან

▲ზევით დაბრუნება


ეკონომიკა

პასკალ სალინი ლიბერტარიანელი ფრანგი ეკონომისტია. 1994-96 წლებში ფრიდრიხ ჰაიეკის მიერ დაფუძნებული საზოგადოების - Mont Pelerin Society - პრეზიდენტი იყო. სალინი მიიჩნევს, რომ ერთადერთი სოციალური სისტემა, რომელიც ეთიკაზეა დაფუძნებული, კაპიტალიზმია. ამ სისტემაში ინდივიდის საკუთრების უფლებას განსაზღვრავს არა სახელმწიფო, არამედ ინდივიდის დამოუკიდებელი ძალისხმევა: მუშაობა, დაზოგვა, ინვესტიცია, ინოვაცია... სალინი 11 წიგნის, ათეულობით სამეცნიერო ნაშრომისა და ასეულობით სტატიის ავტორია. მისი ნაშრომები მიჰყვება ფრედერიკ ბასტიას, ლუდვიგ ფონ მაისეს და ფრიდრიხ ჰაიეკის კვალს და გაჯერებულია ინდივიდუალური თავისუფლების იდეის ერთგულებით.

0x01 graphic

ბეილაუთი - სახელმწიფოს მიერ კერძო კომპანიის მხარდაჭერა კაპიტალში ინვესტიციით, სესხით ან სხვა მეთოდით, რომლის მიზანია კერძო კომპანია გაკოტრებისგან იხსნას.

  • როგორია ევროკავშირისა და ევროს ეკონომიკური პერსპექტივა?

ევროპაში, თითქმის ყველგან, მთავრობებმა გაზარდეს სახელმწიფო ხარჯები და რეგულირების ხარისხიც. ეს არღვევს და აფერხებს ბაზრის მუშაობას. ამდენად, ეკონომიკური ზრდის შესუსტების რისკი მაღალია. დღეს არსებული მონეტარული პოლიტიკა შეიძლება კიდევ ერთი ფინანსური კრიზისის მიზეზი გახდეს. ევროს მომავალი, ძირითადად, დამოკიდებული იქნება დოლარსა და ევროზე არსებულ მოთხოვნაზე.

  • რა იყო ფინანსური კრიზისის ნამდვილი მიზეზი?

ამ (და სხვა) ფინანსური კრიზისის მთავარი მიზეზი ცენტრალური ბანკების მონეტარული პოლიტიკაა - შეერთებულ შტატებში, ევროპაში და ყველგან... საქმე ის არის, რომ ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში, კრედიტებზე დაბალი საპროცენტო განაკვეთები დაწესდა. ამან ინვესტორებს, საკუთარი ინვესტიციების დასაფინანსებლად, დაბალი მოგებისა და მაღალი რისკის მქონე ვალის აღებისკენ უბიძგა.

  • კრიზისის წინააღმდეგ ე.წ. ბეილაუთი და სამუშაო ადგილების ხელოვნური შექმნა ეფექტურია?

რა თქმა უნდა, არა, რადგან ბეილაუთი არ ნიშნავს პრობლემის მოგვარებას. ეს, უბრალოდ, პრობლემის გადავადებაა. არც სახელმწიფო ხარჯის ზრდაა გამოსავალი, რადგან ამით ეკონომიკური გაჯანსაღება ფერხდება. გაზრდილი ხარჯის დასაფინანსებლად სახელმწიფომ ან უნდა გაზარდოს გადასახადები, ან მეტი ისესხოს. ორივე შემთხვევაში სახელმწიფო ამ გზით ინდივიდებს მეტი დოვლათის შექმნის მოტივაციას უკლავს; ორივე შემთხვევაში მათ სახელმწიფოსთვის მეტის გადახდა მოუწევთ.

  • რას ნიშნავს, ზოგადად, გადასახადი და სახელმწიფო?

გადასახადი არის ის ფასი, რასაც მოსახლეობა იხდის სახელმწიფოს მიერ მოწოდებული ყველა ტიპის პროდუქტისა თუ მომსახურების სანაცვლოდ. სახელმწიფო ამ ფასის დადგენისას გადასახადის გადამხდელს არ უთანხმდება. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია გაიღოს ის ფასი, რომელსაც სახელმწიფო უწესებს. ამასთან, სახელმწიფო მოცემულ ტერიტორიაზე საკუთარ მომსახურებასა და პროდუქტებზე მონოპოლიას ფლობს ანუ იგივე პროდუქტებს ან სერვისებს მომხმარებელს სხვა ვერავინ სთავაზობს. ამით ჩნდება რისკი, რომ სახელმწიფომ შეზღუდოს როგორც ინდივიდუალური თავისუფლება, ისე ეკონომიკური ეფექტურობაც.

  • არის თუ არა დემოკრატიული მმართველობა საკუთრების უფლებისა და ეკონომიკური ზრდის გარანტი?

რა თქმა უნდა, არა, რადგან ყოველთვის იარსებებს ადამიანთა ჯგუფი, რომელიც, გადასახადებისა და სახელმწიფო ხარჯის გაზრდით, სხვა ადამიანების საკუთრებას დაბეგრავს. როგორც ფრანგმა ეკონომისტმა ფრედერიკ ბასტიამ თქვა: „სახელმწიფო უდიდესი ფიქციაა, სადაც ყოველი ადამიანი ცდილობს სხვის ხარჯზე იცხოვროს”.

  • რატომ ხართ ეკონომიკის ავსტრიული სკოლის წარმომადგენელი?

მე „ავსტრიელი ეკონომისტი“ ვარ, რადგან ეს არის აზროვნების ერთადერთი სკოლა, რომელიც ასახავს ადამიანთა რეალურ ბუნებას და მათ ქცევას, კერძოდ, რაციონალურ ქცევას.

11 არიას შემდეგ ახალი პრეზიდენტი წინამორბედის პოლიტიკას აგრძელებს

▲ზევით დაბრუნება


მსოფლიო

0x01 graphic

ამერიკული შვეიცარია

0x01 graphic

ყველა ფოტო: REUTERS ©

8 მაისს სან-ხოსეში გაიმართა თებერვალში არჩეული კოსტა-რიკის პრეზიდენტის, ლაურა ჩინჩილია მირანდას, ინაუგურაცია. პირველად ქვეყნის ისტორიაში პრეზიდენტი გახდა ქალი, რაც რეგიონისთვის დამახასიათებელი ტენდენციის გაგრძელებაა. კოსტა რიკამდე სუსტი სქესის ლიდერი აირჩია ნიკარაგუამ, პანამამ, არგენტინამ და ჩილემ.

ცერემონიალს დაესწრნენ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები. მათ შორის იყო საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც. სააკაშვილი პირადად შეხვდა კოსტა-რიკელ კოლეგას, და, ასევე, გაესაუბრა ყოფილ პრეზიდენტს.

პრესსპიკერ მანანა მანჯგალაძის განცხადებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციამ ისაუბრა ლათინური ამერიკის ქვეყნების - ბრაზილია, არგენტინა, ეკვადორი, კუბა, ბოლივია - წარმომადგენლებთან. განსახილველ საკითხთაგან ძირითადი იყო ეკონომიკური თანამშრომლობა. სამხრეთ და ცენტრალური ამერიკის ქვეყნებთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების მნიშვნელობას წარმოაჩენს ის ფაქტი, რომ რუსეთის გარდა ქართული სეპარატისტული რეჟიმების დამოუკიდებლობა სწორედ ამ რეგიონის ორმა ქვეყანამ - ვენესუელამ და ნიკარაგუამ - ცნო.

კოსტა-რიკას დიდი ხანია ცენტრალური ამერიკის შვეიცარიად მოიხსენიებენ, რაც განაპირობა სტაბილურმა განვითარებამ, სანდო დემოკრატიამ და ეკონომიკურმა კეთილდღეობამ. ეს ქვეყანა შედის მსოფლიოს 22 უძველესი, უწყვეტი დემოკრატიის სიაში და განვითარების დონით აშკარად აღემატება მეზობელ ქვეყნებს. კოსტა- რიკას არ ჰყავს რეგულარული ჯარი, რაც მის მშვიდობიან ხასიათზე მეტყველებს. თუმცა, არც „შვეიცარიაა“ საზრუნავს მოკლებული: გაზრდილი დანაშაულებრიობის, უთანასწორობისა და ნარკოტრეფიკინგის აღმოფხვრა - აი, ახალი პრეზიდენტის ძირითადი მიზნები. კოსტა-რიკის მთავრობა გადასახადის სახით კრეფს ეროვნული შემოსავლის 14%25-ს და მისი დეფიციტი მშპ-ს 4%25- ია. ამ დეფიციტის მცირედით შევსებას ახალი ლიდერი კაზინოებისა და ონლაინ აზარტული თამაშებისგან მიღებული შემოსავლებით აპირებს.

ახალი პრეზიდენტისთვის პრიორიტეტულია განათლების სფერო და ფინანსური რეფორმების მეშვეობით ეკონომიკის განვითარება. ეკონომიკური კეთილდღეობისთვის ჩინჩილია აუცილებლად მიიჩნევს ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობას - ცენტრალური ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების (CAFTA) ფარგლებში. ხელშეკრულება მიუღებელი გამოდგა რიგი პოლიტიკური პარტიებისთვის, რადგან იგი მოითხოვს ტელეკომუნიკაციებისა და ელექტროენერგიის სექტორის ლიბერალიზაციას, რასაც ოპონენტები სახელმწიფო ინტერესების ღალატად აფასებენ. თუმცა, 2007 წელს მცირედი - მაგრამ მაინც - უპირატესობით, რეფერენდუმის შესახებ შეთანხმება მიიღეს.

0x01 graphic

ყოფილი პრეზიდენტი ოსკარ ალიასი და ახლად
არჩეული პრეზიდენტი ლაურა ჩინჩილია მირანდას

ჩინჩილიამ არჩევნებში ხმათა 47%25 დააგროვა. მისი მთავარი ოპონენტი, მემარჯვენე ფრთის წარმომადგენელი ოტტო გევარა, 21%25-იანი მხარდაჭერით სარგებლობდა. რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნებს - ჩინჩილიას ეროვნულ-განმათავისუფლებელმა პარტიამ 57 ადგილიდან მხოლოდ 24 მიიღო. ექსპერტების თქმით, მოსალოდნელია მან კოალიცია შექმნას მთავარ ოპონენტთან, ოტტო გევარასთან, რომელიც ბოლო დროს მზარდი მხარდაჭერით სარგებლობს. გევარამ 2001 წელს ხმების 2%25 მიიღო და ამ წლის არჩევნებში ეს მაჩვენებელი 19%25-ით გაზარდა. აღსანიშნავია, რომ იგი ემხრობა უფრო მკაცრი ზომების გატარებას კრიმინალების მიმართ. თანამშრომლობისთვის მზადყოფნა ორივე მხარემ გამოთქვა.

ჩინჩილია იყო ოსკარ არიასის მთავრობის წევრი: ეკავა იუსტიციის მინისტრისა და ვიცე- პრეზიდენტის თანამდებობები. ასევე, მუშაობდა ყოფილი პრეზიდენტის სოციალ- დემოკრატიულ ეროვნულ-განმათავისუფლებელ პარტიაში. აღსანიშნავია, რომ არიასს 1987 წელს ნობელის პრემია გადასცეს, ცენტრალურ ამერიკაში სამოქალაქო ომებთან გამკლავებისა და მშვიდობის უზრუნველყოფაში შეტანილი წვლილის გამო.

ჩინჩილია აგრძელებს არიასის პოლიტიკურ ხაზს. კერძოდ, სურს შეინარჩუნოს კომერციული თანამშრომლობა ჩინეთთან, პარტნიორული ურთიერთობები ევროპასთან, ამასთანავე, აქტიურად ჩაერთოს ამერიკის კონტინენტის საკითხებში და გააუმჯობესოს ურთიერთობა მეზობლებთან.

კოსტა-რიკის ახალი ლიდერი მიზნად ისახავს ქვეყნისთვის მორალური ავტორიტეტის დაბრუნებას, რაც ნარკოვაჭრობისა და კორუფციისადმი გამოცხადებული ომით გამოიხატება. ამისთვის მას სჭირდება ძლიერი პოლიცია. „უსაფრთხოება, უსაფრთხოება და უფრო მეტი უსაფრთხოება“ - ეს იყო მისი ძირითადი ლოზუნგი. გამარჯვების შემდეგ მთავარი დაპირება ასე ჟღერს: „კოსტა-რიკისთვის მსოფლიო მორალური ლიდერის როლის შენარჩუნება - მშვიდობის, თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების დაცვის წყალობით”. ჩინჩილიასთვის აგრეთვე მნიშვნელოვანია ქვეყნის ჩართულობა მსოფლიო ვაჭრობაში.

ჩანს, კოსტა-რიკა გააგრძელებს სხვადასხვა ქვეყანასთან ეკონომიკურ თანამშრომლობას. მაიამის უნივერსიტეტის Center for Hemispheric Policy-ის დირექტორი, სიუზან კაუფმან პურისელი აცხადებს, რომ „კოსტა-რიკამ დაკარგა თავისი ფუნქცია, მაგრამ თუ ჩინჩილია აღასრულებს თავის დაპირებებს, იგი მის დაბრუნებას შეძლებს“.

12 მერკელის მარცხი

▲ზევით დაბრუნება


მსოფლიო

0x01 graphic

ანგელა მერკელი

9 მაისს რეგიონალური არჩევნები ჩატარდა გერმანიის ყველაზე ხალხმრავალ რეგიონში, ჩრდილოეთ რაინ- ვესტფალიაში. არჩევნებში ვინ გაიმარჯვა, ძნელი სათქმელია, თუმცა უკვე გამოიკვეთნენ დამარცხებულები: ანგელა მერკელის პარტია, ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირი (CDU) და მისი მოკავშირე თავისუფალი დემოკრატიული პარტია (FDP). როგორც ჩანს, ევროპელი ამომრჩეველი უკმაყოფილოა მთავრობის მუშაობით, მაგრამ უჭირს ალტერნატივის პოვნა. ამის ნათელი მაგალითია ბრიტანეთის არჩევნებიც.

ანგელა მერკელის პარტიამ ხმათა 34.6%25 დააგროვა, თავისუფალმა დემოკრატიულმა პარტიამ 6.7%25, მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ - სოციალ- დემოკრატებმა - 34.5%25, მწვანეთა პარტიამ - 12.1%25, მემარცხენე პარტიამ კი - 5.6%25. თუ მოვლენები იგივენაირად განვითარდება ყველა რეგიონში, მაშინ პარლამენტის უმაღლეს პალატაში, ბუნდესრატში, ქრისტიან- დემოკრატებს 67 ადგილი ერგებათ, თავისუფალ დემოკრატებს - 13, სოციალ- დემოკრატებს - 67, მწვანეთა პარტიას - 23, მემარცხენე პარტიას კი -11.

ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში 18 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და გერმანიის ამ ნაწილის შედეგები არჩევნების ბედს გადაწყვეტს. 2005 წელს, ამ რეგიონში დამარცხების შემდეგ, გერჰარდ შროდერმა კანცლერის პოსტი დაკარგა. ანგელა მერკელის შემთხვევაში საქმე ასე ცუდად არ არის, თუმცა, უმრავლესობის გარეშე დარჩენა მერკელს რეფორმების გატარებას გაურთულებს. ორივე მთავარი პარტიის მხარდაჭერა კლებულობს. ქრისტიან-დემოკრატებმა 2005 წლის არჩევნებში 44.5%25 დააგროვეს, ამჯერად კი მხოლოდ 36.5%25. თუკი არ ჩავთვლით 2005 წლის მონაცემებს, ჩრდილოეთ რაინ- ვესტფალიაში ყოველთვის სოციალ-დემოკრატები ლიდერობდნენ. წელს მათ ამ რეგიონში, 1954 წლის შემდეგ, ყველაზე ცოტა ხმა ერგოთ. არჩევნები წარმატებული გამოდგა მწვანეთა პარტიისათვის. პარტიის მხარდამჭერთა რიცხვი გაორმაგდა. სოციალ- დემოკრატებს უმრავლესობის მოსაპოვებლად კოალიციის შექმნა მოუწევთ. თუმცა, მხოლოდ მწვანეთა პარტიასთან კავშირი მათ საპარლამენტო უმრავლესობას ვერ მოუტანს, მემარცხენეთა პარტიასთან კოალიციის შექმნა კი გაუძნელდებათ. მწვანეთა პარტიას კიდევ ერთი ვარიანტი აქვს - შეუერთდნენ ქრისტიან- დემოკრატების და ლიბერალებისკოალიციას. ნებისმიერ შემთხვევაში, როგორც უნდა მოხდეს უმრავლესობის ფორმირება, მერკელისთვის სასურველი რეფორმები რთული გასატარებელი იქნება.

0x01 graphic

ჰანელორე კაფტი

ამომრჩევლის იმედგაცრუება განაპირობა საბერძნეთისთვის 22 მილიარდი ევროს გამოყოფამ. ევროკავშირის ინიცირებული ფინანსური დახმარების უდიდესი ნაწილის გაღება გერმანიის მოქალაქეებს მოუწევთ.

ევროკავშირის ქვეყნებს შორის უძლიერესი ეკონომიკის მქონე გერმანიის საშინაო პრობლემებმა შეიძლება უარყოფითი გავლენა იქონიოს მთლიანად ევროკავშირზე. მერკელის ლიდერობა ეჭვქვეშ დადგა.

13 ამერიკული ბაზა ოკინავაზე რჩება

▲ზევით დაბრუნება


მსოფლიო

იაპონია

ამერიკული სამხედრო ბაზა კუნძულ ოკინავაზე დარჩება. ეს არასასიამოვნო ამბავი კუნძულის მოსახლეობას თავად პრემიერ-მინისტრმა იუკიო ჰატოიამამ შეატყობინა. ჰატოიამა პირველად იმყოფებოდა ოკინავაზე როგორც პრემიერი. ვიზიტს ფონად საპროტესტო აქციები გასდევდა. ასი ათასი ადამიანი აპროტესტებდა კუნძულზე ამერიკული ბაზის არსებობას.

ჰატოიამას განცხადებით, შეუძლებელია ბაზის მთლიანად გადატანა, რადგან იგი ქვეყნის თავდაცვას ემსახურება. იაპონიას საკუთარი პაციფისტური კონსტიტუცია უკრძალავს სამხედრო ძალების ყოლას, შესაბამისად, მისი უსაფრთხოება დამოკიდებულია ქვეყანაში დისლოცირებულ 50 ათას ამერიკელ სამხედროზე.

ოკინავაზე რამდენიმე ბაზა მდებარეობს, სადაც ჯამში 20 ათასი ამერიკელი სამხედრო მსახურობს. მოსახლეობას განსაკუთრებული პრეტენზიები აქვს ფუტენმას სამხედრო- საჰაერო ბაზის მიმართ - ჰაერის დაბინძურებისა და ხმაურის გამო.

0x01 graphic

საპროტესტო აქცია ამერიკული ბაზის წინააღმდეგ. ოკინავა
ყველა ფოტო: REUTERS ©

2006 წელს ამერიკასა და იაპონიას შორის დაიდო შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ფუტენმას ბაზა ოკინავას ხალვათად დასახლებულ ტერიტორიაზე უნდა გადაეტანათ. გარდა ამისა, ამერიკა დათანხმდა 2014 წლისათვის 8.000 სამხედროს გადაყვანას გუამზე, მაგრამ ხარჯები იაპონიის მთავრობას უნდა აენაზღაურებინა. ამჯერად ამერიკელებს აღარ სურთ შეთანხმების გადახედვა და ბაზის სტატუსის შესახებ ახალი მოლაპარაკების წამოწყება. იაპონიის მთავრობა კი ვერ პოულობს ადგილს მათ გადასატანად. იყო საუბარი ბაზის გადატანის შესახებ ახლომდებარე კუნძულ ტოკუნოშიმაზე, რასაც ადგილობრივი ხელისუფლებისა და მოსახლეობის მძაფრი პროტესტი მოჰყვა.

2009 წლის სექტემბერში ჰატოიამა ამომრჩევლებს სწორედ ბაზის საკითხის მოგვარებას დაჰპირდა. აღმოჩნდა, რომ იგი მთავარ საარჩევნო დაპირებას ვერ ასრულებს. დემოკრატიული პარტიის რეიტინგი 20%25-ის ნიშნულთან მერყეობს. გამოკითხვების თანახმად, მოსახლეობის 60%25 მიიჩნევს, რომ თუ მაისის ბოლომდე ბაზის საკითხი არ მოგვარდა, ჰატოიამა უნდა გადადგეს. მეორე მხრივ, საეჭვოა სხვა პრემიერ-მინისტრმა მოაგვაროს ეს პრობლემა.

ივლისში იაპონიის საკანონმდებლო ორგანოს ზემო პალატის არჩევნებია. ოკინავას სამხედრო ბაზა დემოკრატიულ პარტიას გამარჯვების ბოლო შანსს ართმევს.

0x01 graphic

ამერიკული ბაზა ოკინავაში

14 უგუირანი, ყურანი და ურანი: ობამას პოლიტიკა ჩიხში ექცევა

▲ზევით დაბრუნება


მსოფლიო

0x01 graphic

ბარაკ ობამა

ამერიკის ახლად არჩეული პრეზიდენტი, ბარაკ ობამა, ერთი წლის წინ ქაიროში მუსლიმურ სამყაროს ბოდიშს უხდიდა ბუშის ადმინისტრაციის ქმედებებისთვის და საუდის არაბეთის დიქტატორ ლიდერთან შეხვედრისას მეტანიასაც არ თაკილობდა. ბევრს ეგონა, რომ ობამა სტრატეგიული გამარჯვების მოსაპოვებლად აუცილებელ, სიმბოლურ დათმობებზე მიდიოდა. სტრატეგიის ნაწილი იყო ირანის დაყოლიება ბირთვული პროგრამების შეჩერებაზე და მუსლიმური სამყაროს კეთილგანწყობის მოპოვება. არც ერთი გამოვიდა და არც - მეორე. ირანის პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჟადს ბირთვული ამბიციები არ დაუოკებია; პირიქით, ირანი სწრაფი ტემპებით ყალიბდება ბირთვულ სახელმწიფოდ. გაეროს ბირთვული სააგენტო ადასტურებს, რომ ირანის პროგრამებზე ინფორმაცია კვლავაც ხელმიუწვდომელია. ირანიდან მოწოდებული მონაცემების მიხედვით, თებერვალში ქვეყანამ ურანი 20%25-ით გაამდიდრა. გაეროს ექსპერტების პროგნოზი ასეთია: თუ თეირანი იგივე ტემპით გააგრძელებს ბირთვულ პროგრამაზე მუშაობას, ირანი ობამას პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე იქცევა ბირთვულ სახელმწიფოდ.

შემხვედრი ნაბიჯების მაგივრად ობამა ირანის პრეზიდენტისგან პასუხად ცინიკურ რიტორიკას იღებს. ირანულ ტელეარხთან უკანასკნელ ინტერვიუში აჰმადინეჟადმა ობამას „გამოუცდელი პოლიტიკოსი“ უწოდა. აშშ-ს პრეზიდენტის წინადადება - ურთიერთობის „სუფთა ფურცლიდან“ დაწყების შესახებ - აჰმადინეჟადმა ირონიულად იუარა, ირანის სანქცირების პროგრამას კი ცეცხლთან თამაში დაარქვა. მანამდე ობამას ღია წერილი მისწერა და ურთიერთობის ნორმალიზების შანსის გამოყენება ურჩია. ამას მოჰყვა აპრილში ვაშინგტონში გამართული ბირთვული სამიტი, სადაც ირანის დელეგაცია არ დაპატიჟეს. საპასუხოდ, ირანმა ბირთვული განიარაღების კონფერენციას თეირანში უმასპინძლა, სადაც ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ჰამენეიმ, აშშ-ს „ბირთვული დამნაშავე“ უწოდა.

თვის დასაწყისში ნიუ-იორკში ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობისადმი მიძღვნილ გაეროს მიმოხილვით კონფერენციაში აჰმადინეჟადიც მონაწილეობდა. იგი კვლავაც ამერიკის და ისრაელის წინააღმდეგ იყო მომართული. კონფერენციის შემდეგ ირანის დელეგაციამ უშიშროების საბჭოს წევრებისთვის საპატიო ვახშამი გამართა. ვახშამზე ამერიკის წარმომადგენელიც დაპატიჟეს. იმის მიუხედავად, რომ ირანი წლების მანძილზე უგულებელყოფს ამერიკისა და ევროპის მოთხოვნებს ბირთვული პროგრამების შეჩერებასთან დაკავშირებით, ობამას ადმინისტრაციის წარმომადგენელი ირანის მანჰეტენურ ვახშამზე მაინც მივიდა. როგორც თეთრ სახლში განმარტეს, ამერიკულმა დიპლომატიურმა მისიამ ბანკეტზე დასწრება მიიჩნია აშშ-ს კიდევ ერთ შესაძლებლობად ისლამური სახელმწიფოს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაზე დასაყოლიებლად.

0x01 graphic

მაჰმუდ აჰმადინეჯადი
ყველა ფოტო: REUTERS ©

ობამას ადმინისტრაციის მიმართ კრიტიკულად განწყობილი პოლიტიკური მკვლევარი რობერტ კაგანი მიიჩნევს, რომ ირანის მიმართ საუკეთესო პოლიტიკა ისლამო-ფაშისტური რეჟიმის შეცვლაზე მუშაობაა. ეს შანსი ობამამ შარშან ივნისში გაუშვა ხელიდან. მაშინ მან გაყალბებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე მკვეთრ რეაგირებას ზედაპირული განცხადებები არჩია, მომიტინგე ოპოზიციური ძალების მხარდაჭერას - მშვიდობისმყოფელის როლის თამაში. ვაშინგტონ პოსტის კომენტატორი ჩარლზ ქრაუთ ჰამერი იზიარებს კაგანის ხედვას რეჟიმის შეცვლის აუცილებლობასთან დაკავშირებით. ექსპერტის შეფასებით, ირანში რეჟიმის დაცემით ისლამურ რადიკალიზმს იგივე დაემართებოდა, რაც საბჭოთა კავშირის დანგრევით - კომუნიზმს; ჰეზბოლა და ჰამასი მთავარ დამფინანსებელს დაკარგავდნენ, ერაყში აგორებული დემოკრატიული ტალღა კი მთელ რეგიონზე გავრცელდებოდა.

ობამა ცდილობს, თეოკრატიულ - ტოტალიტარული რეჟიმის ბირთვული ამბიციები გაეროს უშიშროების საბჭოს წევრების ირანის მიმართ სანქციებზე დათანხმებით მოთოკოს. თუმცა, ამერიკის მცდელობათა მიუხედავად, რუსეთისა და ჩინეთის დაყოლიება მაინც არ ხერხდება, რაც ირანს მეტ დროს აძლევს. არც რუსეთს და არც ჩინეთს არ სურს ირანში საკუთარი ბაზრების დახურვა და ბუნებრივი რესურსების იმპორტზე უარის თქმა. ცხადი ხდება, რომ ობამას სტრატეგია განწირულია კრახისთვის. გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებს შორის მოლაპარაკების გზით ირანის ბირთვული პრობლემა არ გადაწყდება.

ობამას ადმინისტრაცია არჩევანის წინაშე დგება: ან ირანი ბირთვული სახელმწიფო გახდება და ამერიკა ამას შეეგუება, ან ირანის პროგრამების პარალიზებისთვის საჭიროა პრევენციული დარტყმა ბირთვულ რეაქტორებზე. ექსპერტები გამორიცხავენ, რომ ამ უკანასკნელისთვის ობამას ადმინისტრაციას გამბედაობა ეყოფა.

ისტორიულად, ამერიკის გაუბედავ პრეზიდენტებზე ირანი აგრესიული პოლიტიკით რეაგირებდა. ქრაუთ ჰამერი და კაგანი პარალელს ავლებენ ბარაკ ობამასა და ჯიმი კარტერს შორის. 30 წლის წინ კარტერის უსუსურობას აიათოლების რეჟიმის დამყარება და თეირანში ამერიკის საელჩოს 52 თანამშრომლის 444-დღიანი დატყვევება მოჰყვა. ირანელი ექსტრემისტების მიერ ამერიკელი ტყვეების გათავისუფლება რონალდ რეიგანის ინაუგურაციის დღესვე მოხდა. რეჟიმი ჯეროვნად აფასებდა რეიგანის მყარ მორალურ კომპასს და ამერიკის სამხედრო შესაძლებლობებს.

დღეს ობამას გაუბედაობამ თითქმის გარდაუვალი გახადა ბირთვული იარაღის მფლობელი ტერორისტული სახელმწიფოს ჩამოყალიბება. აშშ-სა და ისრაელის საწინააღმდეგო რიტორიკის გარდა, ირანი ტერორიზმის მთავარი მხარდამჭერია ერაყში, პაკისტანში, ავღანეთსა და ახლო აღმოსავლეთში. ისლამო- ფაშისტური რეჟიმი საკუთარ ძალაუფლებას ამყარებს და ახანგრძლვებს, ხოლო მისი ბირთვული პროგრამა თავისუფალი სამყაროს ყველაზე დიდ საფრთხედ რჩება.

15 გამარჯვების ფორმულა - ალუდას გზა

▲ზევით დაბრუნება


ტაბულა|ფოკუსი

ბექა მინდიაშვილი

0x01 graphic

საქართველოში, საჯარო სივრცის მოსაპოვებლად გლობალიზმისა და რელიგიური ნაციონალიზმის ჭიდილს ერთი კანონზომიერება ახასიათებს: მაშინ, როცა მოვლენა უნივერსალური არგუმენტებით არის აღწერილი, რელიგიური ნაციონალიზმი მასთან წინააღმდეგობისას მარცხდება. თუ არგუმენტაციას ლოკალური ან მარგინალური კონტექსტი განსაზღვრავს, რელიგიური ნაციონალიზმი იოლად ახერხებს გამარჯვებას. თუმცა, თოქ-შოუ ბარიერის შემდეგ ეს ბალანსი დაირღვა.

გამარჯვებული კოკა- კოლა

რელიგიურმა ნაციონალიზმმა პირველი მასშტაბური შეტევა 1990-იანი წლების მეორე ნახევარში მაკდონალდსისა და კოკა-კოლას წინააღმდეგ წამოიწყო. ამის მიუხედავად, მაკდონალდსის სასადილოებში დღეს რიგები დგას, კოკა-კოლა კი ქართული სუფრის განუყრელი ნაწილია.

ამავე პერიოდში ქართველი ფუნდამენტალისტების დიდი წინააღმდეგობის შემდეგ თბილისს რომის პაპი ესტუმრა. საპატრიარქოს ცივი დახვედრის მიუხედავად, სპორტის სასახლეში პონტიფექსმა კათოლიკური ლიტურგია შეასრულა, რომელსაც პოლიტიკოსები და ინტელიგენციის წარმომადგენლებიც კი დაესწრნენ.

იბრძოდნენ პირადობის დამადასტურებელ მოწმობებში ეთნიკური კუთვნილების ჩანაწერის გამოც. მათი მარცხი კი იმის მანიშნებელი იყო, რომ „ქართველი“ სამართლებრივად, ეთნიკურობას კი არა, მოქალაქეობას აღნიშნავს.

მოითხოვდნენ ჰარი პოტერის ქართული გამოცემის აკრძალვასაც. ფაქტია, რომ დღეს მას სხვადასხვა თაობის ადამიანები სიამოვნებით ყიდულობენ და კითხულობენ.

ვერ მოხერხდა დენ ბრაუნის რომანის დავინჩის კოდის მიხედვით გადაღებული ფილმის კინოგაქირავებიდან ამოღებაც. მმკ-ს აქციების ფონზე, რუსთაველის კინო-თეატრში ერთდროულად ორ დარბაზში მიმდინარეობდა ჩვენება.

საპატრიარქოს პოზიციის მიუხედავად, დიდი ათეულის პროექტის გადარჩენა მართალია ბოლო მომენტში, მაგრამ მაინც გახდა შესაძლებელი. მასში შეტანილ მცირე ცვლილებას თუ არ ჩავთვლით, წმინდა ნების „განსჯა“ კიდევ რამდენიმე გადაცემის განმავლობაში გაგრძელდა.

რევოლუციის შემდეგ რელიგიური უმცირესობების ღია და ორგანიზებული დევნაც შეწყდა. ამავდროულად, დემოკრატიასთან, ლიბერალიზმთან, ადამიანის უფლებებთან ერთად, რელიგიის თავისუფლების ფასეულობისა და მნიშვნელობის აღიარებაც მეტ- ნაკლებად მოხდა

მაკდონალდსი თუ რომის პაპი, სათვალიანი კეთილი ჯადოქარი ბიჭუნა თუ დიდი ათეულის სატელევიზიო პროექტი, იეჰოვას მოწმეები თუ დავინჩის კოდი ცივილიზებული მსოფლიოს მიერ დომინოს პრინციპით გაზიარებული გლობალური პროდუქტებია. როდესაც საჯარო სივრცეში ეს არგუმენტი რელიგიურ ნაციონალიზმს უპირისპირდებოდა, ეს უკანასკნელი მარცხს განიცდიდა. ასეთ შემთხვევებში არც საპატრიარქოს ოფიციალური პოზიცია ჭრიდა და არც გეენის ცეცხლით დამუქრება.

სამეფო ვნება

ამ ორთაბრძოლაში რელიგიური ნაციონალიზმის არსენალიც გამოიკვეთა, მაგრამ, ჯერჯერობით, მისი ყველა იარაღი ჰაერში ისვრის. მარცხი იწვნია სამეფო ოჯახის შექმნის იდეამ. იგი ისეთმა უნივერსალურმა ფენომენმა გააფერმკრთალა, როგორიცაა ოჯახური ღალატი და სექსუალური ლტოლვა („კაცის გული ისეთია, ვით მორევი შავი ზღვისა: რაგინდ კარგი ცოლი ჰყავდეს, მაინც ენატრება სხვისა!“)

ამას წინათ საპატრიარქოში „მოდერნიზებული“ ქართული ტრადიციული მოდის ჩვენება გაიმართა, ხოლო მანამდე პატრიარქმა ჩოხებით სიარულის იდეოლოგიური მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა. იგი მიიჩნევს, რომ ქართველმა მართლმადიდებლებმა ტრადიციული სამოსი სწორედ გლობალიზმის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად უნდა ატარონ. მაგრამ ჯინსი, ჯერჯერობით, უშეღავათოდ ამარცხებს ჩოხა-ახალუხებსა და ჩიხტიკოპებს. თვით მართლმადიდებელი მშობლები და სახალხო მართლმადიდებლებიც კი უპირატესობას კოსმოპოლიტურ მოდას ანიჭებენ.

ამ ეტაპზე რელიგიური ნაციონალიზმის ენა ლიბერალიზმისა და დემოკრატიის უნივერსალურ ენას ღიად ვერ ეწინააღმდეგება და მას მხოლოდ ფსევდოლიბერალიზმად და ფსევდოდემოკრატიად მოიხსენიებს. ხოლო უშუალოდ დემოკრატიისა და ლიბერალიზმის საპირწონედ საპატრიარქო „მართლმადიდებლურ იდეოლოგიას“ და მონარქიის იდეას ახმოვანებს, მაგრამ იგი აქტიური პოლიტიკური მხარდაჭერის მოპოვებას ვერ ახერხებს, რა თქმა უნდა, თუ არ ჩავთვლით რუსეთს, ზვიად ძიძიგურსა და მალხაზ გულაშვილს.

0x01 graphic

პატრიარქი, პაპი, პრეზიდენტი
ფოტო: REUTERS ©

დამარცხებული წმინდა გიორგი

მაშინ, როცა ლოკალურ ანდა მარგინალურ ანუ საყოველთაო გაზიარებას მოკლებულ მოვლენებთან გვაქვს საქმე, რელიგიური ნაციონალიზმი, როგორც წესი, იმარჯვებს. ლაშა ბუღაძეს საპატრიარქოში პირველი რუსის გამო ახსნა-განმარტებების მიცემა და ბოდიშის მოხდა მოუწია.

საქართველოდან აშშ-ში მადლის გადინების დაუშვებლობის მოტივით ჩაიშალა ქართული კულტურული მემკვიდრეობის პირველი მასშტაბური ექსპოზიცია. ჩაიშალა ინგლისური ვოლკანოს თეატრის დადგმებიც. დაიხურა ზიჩის ეროტიკული ნამუშევრების გამოფენა. მარჯანიშვილის თეატრმა, საპატრიარქოს პოზიციის შემდეგ, აღარ დაუთმო სცენა შალიკაშვილის პანტომიმის თეატრს. საპატრიარქომ წმინდა გიორგის ცხოვრების პანტომიმის ენაზე ასახვა მკრეხელობად მიიჩნია. მმკ-ს აქტიური პროტესტის შედეგად, დაიხურა რამდენიმე მხატვრის გამოფენა და პერფორმანსი. რობერტ სტურუას დღემდე განუხორციელებელ ოცნებად რჩება ვეფხისტყაოსნის ინსცენირება.

ყველა ამ შემთხვევისას მარცხის მიზეზი, უპირველეს ყოვლისა, ის იყო, რომ ამ „უცხო“ ან „მკრეხელური„კულტურული მოვლენების „დაცვის“ არგუმენტაცია გლობალური კონტექსტით არ იყო მხარდაჭერილი და რელიგიურ-ნაციონალისტური რიგორიზმის წინაშე „მარტო“ დარჩა.

დარღვეული ბალანსი

მიუხედავად იმისა, რომ საიდუმლო სირობის მსგავსი ლიტერატურული პროდუქტი მეტისმეტად მარგინალური გამოხატვის ფორმაა, ზემოთ აღწერილი კანონზომიერება ამ წიგნის გამო დაწყებული ბატალიების პროცესში დაირღვა.

„ლიბერალი მამათმავლები“ - ეს იყო სტიგმა, რომლითაც დანიშნეს წიგნის ავტორი, უნივერსიტეტის რექტორი და ჩვენ, ვინც გამოხატვისა და შემოქმედების თავისუფლებას ვიცავდით. ლოგიკის მიხედვით, ჩვენ მარცხისთვის უნდა ვყოფილიყავით განწირულნი, რადგან არც დეისაძეა დენ ბრაუნი და არც უნივერსიტეტი, ვთქვათ, მაკდონალდსის სასადილოების ყოვლისმომცველი ქსელი.

ერთადერთი, რასაც ამ შემთხვევაში შეეძლო გაეჩერებინა რელიგიური ძალადობის ესკალაცია, სახელმწიფო იყო, რომელსაც ამის გაკეთება ბოლო წელიწადნახევარია აღარ სურდა - პოლიტიკურმა კონიუნქტურამ, იმან, რომ საპატრიარქო სამოქალაქო ძალაუფლების ლეგიტიმაციის არაფორმალური წყაროა, საარჩევნო ციკლის დროს ხელისუფლება რელიგიური ნაციონალიზმის მძევლად აქცია.

თუმცა, მოვლენები სხვაგვარად წარიმართა. ლოკალურმა „თავისუფლებამ“ პირველად დაძლია რელიგიური ნაციონალიზმი და რამდენად უცნაურიც უნდა იყოს, სწორედ იმიტომ, რომ გამოხატვის თავისუფლების დამცველად და მსხვერპლად იქცა ის ტელევიზია, რომელიც წლების განმავლობაში „ნაციონალიზმის“ ინსტრუმენტად მოიაზრებოდა.

0x01 graphic

ფოტო: ბესო დარჩია
მალხაზ გულაშვილი

ალუდას გზა

მალხაზ გულაშვილმა ექვს მაისს ოპოზიციის საპროტესტო აქციაზე ასეთი წყევლა წარმოთქვა: ძველად ხევსურეთში პურს, წყალსა და შაქარს თავისუფლების ინსტიტუტზე არ გასცემდნენ და ჩვენც ასე უნდა მოვიქცეთო. ამით მან ფაქტობრივად იმ ჩაკეტილი და შეუწყნარებელი თემის მხარეს დგომისკენ მოუწოდა ქართველებს, რომელმაც ალუდა ქეთელაური შეაჩვენა და სახლიდან განდევნა.

გულაშვილმა, უნებლიეთ, მორალური და პიროვნული გამარჯვების ფორმულა შემოგვთავაზა, ოღონდ სრულიად საპირისპირო ნიშნით: იმისათვის, რომ ჩვენსავე კულტურაში, ჩვენსავე გარემოში თავისუფლად დავიწყოთ არსებობა და სუნთქვა, სწორედ ეს არის საჭირო - დავძლიოთ კოლექტივის, უმრავლესობის წნეხი, პიროვნული გამოცდილების მეშვეობით მიგნებული ჭეშმარიტებით შევძლოთ სიარული და თავისუფალი მოქალაქეების ერთობად ვიქცეთ. მაგრამ ამაში არა მხოლოდ თავისუფალი, ლიბერალურ-დემოკრატიული მსოფლიო, არამედ ჩვენი, ნაციონალური კულტურული მემკვიდრეობა უნდა დავიხმაროთ.

მმკ-ს და სმმ-ს თავდასხმის შემდეგ ბარიერის წამყვანი ნინო ჯანგირაშვილი და ალეკო ელისაშვილი აცხადებდნენ, რომ სტუმრების დაცვა მათი ვალი იყო, მიუხედავად იმისა, რომ არ იზიარებდნენ მათ პოზიციას.

პირადად მე კავკასიის დარბევამ ერთი რამ დამანახა: რელიგიური ნაციონალიზმის გამოწვევა ე.წ. ლოკალურ მოედანზე იმ შემთხვევაში შეიძლება დაიძლიოს, თუ, ერთი მხრივ, შეუვალი იქნები ლიბერალურ-დემოკრატიული პრინციპების დაცვისას, განავითარებ თავისუფალ მედიასა და ეკონომიკას, ხოლო, მეორე მხრივ, ნაციონალურ კულტურაში, ტრადიციაში შეძლებ თავისუფლების უნივერსალური იდეალის ამოკითხვას და მის ხორცშესხმას. გადაცემა ბარიერმა იმ დღეს ჩემთვის სტუმარ- მასპინძლის ტექსტი რეალურ გამოცდილებად აქცია და გაიმარჯვა — მორალური უპირატესობა მოიპოვა.

ჩემი აზრით, თავისუფლებისმოყვარე ადამიანებმა, ე.წ. ლიბერალებმა ახლიდან უნდა შევძლოთ ქართული საერო, სეკულარული, ნაციონალური, კულტურული სივრცის გაცოცხლება, რომელიც თავისუფალი იქნება რელიგიური ფანატიზმისგან და მჭიდროდ დაუკავშირდება ზოგადსაკაცობრიო, უნივერსალურ, გლობალურ კონტექსტს.

ამ გზაზე რელიგიურ ნაციონალიზმს მისივე სიმბოლური ენა კი არ უნდა წავართვათ, ვთქვათ, ჩოხებითა და ჯვრიანი ქუდებით კი არ უნდა დავიწყოთ სიარული ან ხატები გამოვფინოთ საჯარო დაწესებულებებში, არამედ მას ის უნდა დავუპირისპიროთ, რაზეც საქართველოში საყოველთაო კონსესუსი და აღიარება არსებობს: სახარება, გიორგი მთაწმინდელი, ვეფხისტყაოსანი, გურამიშვილი, ვაჟა-ფშაველა, ილია, გრიგოლ ფერაძე, მერაბ მამარდაშვილი, ქალაქური მრავალფეროვნების კულტურა - თავისუფლების, უნივერსალიზმისა და ტოლერანტობის ქართული ენა და მისი სიმბოლოები.

უნდა გავიაზროთ, რომ ჩვენი კულტურული ტრადიცია, ჩვენი წარსული მკაფიოდ ამბობს ალუდა ქეთელაურისა და ჯოყოლას უარს ფანატიზმზე, შეუწყნარებლობაზე, კოლექტიურ აზროვნებაზე, სუსტის ჩაგვრაზე, ხოლო ის გზა, რომელსაც ჭეშმარიტებისთვის დევნილები ადგებიან, ერთადერთი წინაპირობაა თავისუფლებისა და ბედნიერების მოსაპოვებლად.

16 როგორ დავამარცხოთ ფაშიზმი

▲ზევით დაბრუნება


ტაბულა|ფოკუსი

გია ნოდია

0x01 graphic

აქცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან

რამდენიმე დღის განმავლობაში ჩვენი პროდასავლელი ლიბერალების განწყობა რადიკალურად შეიცვალა. ჯერ იყო და, 5 მაისს „სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობისა“ და „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის“ ბოევიკები (ამ ორი ორგანიზაციის იდეოლოგია და ქცევის წესი თამამად შეიძლება განვსაზღვროთ როგორც „მართლმადიდებლური ფაშიზმი“) შეიკრიბნენ ილიას უნივერსიტეტის წინ და პასიური პატრულის თანდასწრებით სცემეს გამოხატვის თავისუფლების ლოზუნგით შეკრებილ ადამიანებს. ამ უკანასკნელთა რეაქცია იყო უკიდურესი პესიმიზმი: „ხალხის 90 პროცენტი თავდამსხმელთა ღირებულებებს იზიარებს, ხელისუფლება არ გვიცავს, ოპოზიციაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია, ქვეყანა ნელ- ნელა ირანიზაციის გზას ადგება“.

ორი დღის შემდეგ იგივე ბოევიკები უკვე ტელეკომპანია „კავკასიას“ დაესხნენ თავს იმისთვის, რომ მან ფაშისტების კრიტიკოსებსაც მისცა სიტყვა. ამის შემდეგ რვა ექსტრემისტი დააკავეს (შემდეგ მხოლოდ ერთი გამოუშვეს). 10 მაისს კი მოძრაობის ლიდერი მალხაზ გულაშვილი საქართველოდან გაიქცა. ამან განწყობა მკვეთრად შეცვალა ოპტიმიზმის მიმართულებით: მემარჯვენე ექსტრემიზმმა ეს რაუნდი აშკარად წააგო.

მოძალადე მემარჯვენე-ექსტრემისტული ორგანიზაციების არსებობა ნორმაა დემოკრატიისთვის. ყველგან არიან გაბრაზებული ახალგაზრდები, ვინც რაღაც მიზეზით გარიყულად თვლის თავს, წარმატებულ განათლებულ „პიდარასტებზე“ იბოღმება და თავის უბედობას უცხოტომელებს, ურჯულოებს და მათ ხელშემწყობ გამყიდველ პოლიტიკოსებს აბრალებს. ყოველთვის ჩნდებიან გულაშვილისნაირი დიდი ბიძიებიც, ვისაც უნდა, ამ ახალგაზრდების ბოღმაზე კარიერა გაიკეთოს. კონკრეტული გულაშვილის გაქცევით პრობლემა არ გადაიჭრება: ავადმყოფობა ქრონიკულია. ამაში პოზიტიური მხარეც კი შეიძლება დავინახოთ. რაკი ასეთი ჯგუფები ჩვენთანაც გაჩნდა, ესე იგი, საფრთხე, რომელსაც ისინი ებრძვიან, ანუ ლიბერალური იდეების გაძლიერება, საქართველოშიც რეალურია.

როგორც ყველა ქრონიკული სენის შემთხვევაში, მთავარია, გვაქვს თუ არა ადეკვატური მეთოდები და რესურსები მის გასანეიტრალებლად. ნორმალური სტრატეგიაა დაგმობა, გარიყვა და - როგორც კი ისინი კანონის საზღვრებიდან გავლენ - ადეკვატური დასჯა.

აი, აქ გვაქვს სერიოზული პრობლემები. მთავარი მოთამაშე ხელისუფლებაა: სწორედ მას ევალება, მშვიდობიანი მოქალაქეები მოძალადეთაგან დაიცვას. ამ დღეებში ბევრმა აღნიშნა აშკარა ფაქტი: ექსტრემისტების გაჯეჯილება სწორედ ხელისუფლების წაყრუებამ გამოიწვია. ის, შეიძლება ითქვას, ჩაკომპლექსებულია „სოროსელობის“ და „ანტიეროვნულობის“ ბრალდებებით და ცეცხლივით ეშინია, ოპონენტებს ამ მიმართულებით მეტი კრიტიკის საბაბი მისცეს; თუ ვინმემ რელიგიის დაცვის ნიღაბი მოიმარჯვა, გარანტირებული აქვს, თუ სრული ხელშეუხებლობა არა, უკიდურესად ფრთხილი მოპყრობა მაინც. მეორე მხრივ, მმართველი ძალა საკმაოდ ცინიკურ გათვლას აკეთებს, რომ პიდარასტებისა და იეღოველების დამცველი ლიბერალებისგან საფრთხე არ ემუქრება: ვის დაჰკარგვიან? თუმცა, ხელისუფლებას, მისი ეგოისტური ინტერესებიდან გამომდინარე, მეტი მოსდის, რადგან ასეთი ქცევით თავის სისუსტეს ავლენს და გულაშვილისნაირ აშკარა მტრებს წაახალისებს. როცა ის ჭავჭავაძის პროსპექტზე, პატრულის თანდასწრებით, სტუდენტებს და პროფესორებს დაუსჯელად აცემინებს, ეჭვქვეშ აყენებს თავის მთავარ მიღწევას: „არშემდგარი სახელმწიფოს” სინდრომის გადალახვას.

მეორე რთული პრობლემა საზოგადოებრივი აზრია. ექსტრემისტების დაგმობას და გარიყვას ვინ ჩივის - ლიბერალებს აქეთ ეშინიათ, რომ თავად არიან დაგმობილი და გარიყული უმცირესობა. მართლა ასეა?

უნდა ვაღიაროთ, რომ ნამდვილად შორსა ვართ ცივილიზებული საზოგადოების ნორმიდან, სადაც მოძალადეს აბსოლუტური უმრავლესობა ემიჯნება. როდესაც ჩვენი ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუტი - ეკლესია, ექსტრემისტ მღვდელ ისაკაძეს აჯილდოებს სწორედ იმ დროს, როცა მან და მისმა მეგობრებმა ძალადობით გამოიჩინეს თავი, შეშფოთების საფუძველი ნამდვილად არსებობს. სამართლიანობა მოითხოვს, არ დავივიწყოთ ისიც, რომ ეკლესია გულაშვილის ექსტრემიზმს ოფიციალურად გაემიჯნა; თუმცა, ისაკაძის დაჯილდოებამ ამ გამიჯვნის გულწრფელობა ეჭვქვეშ დააყენა.

მაგრამ ისეთ ძნელად მისაღებ ღირებულებებს, როგორიცაა განსხვავებული აზრისა და ქცევის წესის შეწყნარება, არც ერთი საზოგადოება იოლად არ ითვისებს. ყველა ქვეყანაში ისინი ძნელად, თანდათანობით და მტკივნეულად მკვიდრდება. საქართველო ამ მხრივ არაფრით არაა გამორჩეული. ამ შემთხვევაში გადამწყვეტია საზოგადოების შედარებით მცირე ნაწილის ქცევა, რომელსაც უმრავლესობა უყურებს და ანგარიშს უწევს. ამ მცირე ნაწილის - მედიის, პოლიტიკოსების, ე. წ. „ცნობადი სახეების“ რეაქცია ბოლო მოვლენებზე ცალსახა შეფასების საფუძველს არ იძლევა. იმედის მომცემია, რომ მოძალადეთა აშკარა გამართლებას თითქმის არავინ ცდილობს. მაგრამ ექსტრემიზმის მკაფიო და ცალსახა დაგმობამდე კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი.

ბოლოს, რამდენიმე მოკლე დაკვირვება. „ტაბულამ“ წინა ნომერში ძალიან კარგად შენიშნა, რომ, თუმცა ძირითადი პასუხისმგებლობა ხელისუფლებაზეა, ექსტრემიზმის ახალი ტალღის აზვირთებას ზოგიერთი დაბნეული ლიბერალის არათანმიმდევრულობამაც შეუწყო ხელი. გამარჯვების ფორმულა ძალადობრივ ექსტრემიზმთან ბრძოლაში მარტივია: პოლიციამ მკაცრად უნდა აღკვეთოს კანონის ყველანაირი გადაცდომა, ხოლო მისი ამგვარი ქცევის ლეგიტიმურობას საზოგადოებრივი აზრი უნდა ამაგრებდეს. ეს ნიშნავს, მათ შორის, იმასაც, რომ, როცა პოლიცია მოძალადეთა წინააღმდეგ აუცილებელ მოქმედებებს ატარებს, ლიბერალი ინტელექტუალები მის მიმართ ქილიკით არ უნდა იწონებდნენ თავს (კონკრეტულ და დასაბუთებულ შენიშვნებს ადამიანის უფლებათა დაცვის პოზიციებიდან აქ არ ვგულისხმობ). თუ მერე ამ ინტელექტუალს ხელკეტად გადაკეთებულ ჯვარს ჩაარტყამენ თავში, რა სინდისით უნდა დაუძახოს პოლიციას, დამიცავიო?

0x01 graphic

სიმონ ჯანაშია და შოთა აფხაიძე
ყველაფოტო: ალექსანდრე ბაგრატიონ - დავითაშვილი

ამ ეპიზოდმა აჩვენა კიდევ ერთი ლიბერალური ღირებულების მნიშვნელობა, როგორიცაა თავისუფალი და პლურალისტური მედია. ძნელია, ტელეკომპანია „კავკასიას“ ლიბერალური ღირებულების დამცველი დაარქვა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში სწორედ ის აღმოჩნდა დაპირისპირებული ექსტრემისტებთან, მაშინ როცა პროსახელისუფლებო არხების პოზიცია, რბილად რომ ვთქვათ, ორჭოფული იყო. რაც უფრო მრავალნაირი და თავისუფალია მედია ქვეყანაში, მით უფრო მეტი შანსია, რომ ლიბერალები ფაშისტ ექსტრემისტებს აჯობებენ. მოკლედ, ამ, ისევე როგორც მრავალ სხვა შემთხვევაში, ლიბერალთა და ფაშისტთა შორის ძალთა ბალანსი იმაზეა დამოკიდებულია, ვინაა უფრო აქტიური, თანმიმდევრული და გონიერი. დაპირისპირების ამ რაუნდმა აჩვენა, რომ ლიბერალებს აქვთ სტრატეგიული უპირატესობა ქართულ საზოგადოებაში, ოღონდ ისინი ზედმეტი კომპლექსებისა და შიშისგან უნდა გათავისუფლდნენ.

17 თბილისის მოდის კვირეული, ნინო ჩუბინიშვილის კოლექცია

▲ზევით დაბრუნება


ფოტო ესე

0x01 graphic

0x01 graphic

ფოტო: ალექსანდრე ბაგრატიონ - დავითაშვილი

18 ნაცრისფერი ბავშვობა: გარდაქმნის პროცესში სისტემას ძველი პრობლემები მოჰყვება

▲ზევით დაბრუნება


საზოგადოება

0x01 graphic

ფოტო: ბესო დარჩია

მრავალი წელია, მზრუნველობას მოკლებული ბავშვების აღზრდისთვის ბავშვთა სახლები აღარ ითვლება საუკეთესო გარემოდ. განვითარებულ ქვეყნებში აღსაზრდელები მეტწილად მცირე ზომის საოჯახო დაწესებულებებში ან მიმღებ ოჯახებში ცხოვრობენ, სადაც მშობლიური ოჯახის მსგავსი გარემო ექმნებათ. გაეროს ბავშვთა ფონდ იუნისეფის (UNICEF) წარმომადგენლის, აარონ გრინბერგის აზრით, ბავშვთა სახლებში აღსაზრდელთა რაოდენობის შემცირება საქართველოსთვისაც პრიორიტეტი უნდა იყოს. დიდი დაწესებულებები „მოზარდებს ვერ მისცემენ იმ სიყვარულს, რომელსაც ოჯახისგან მიიღებენ,“ - მიაჩნია ამერიკელ სპეციალისტს.

ხუთი წელია, რაც საქართველოში ბავშვთა სახლების თანამედროვე ალტერნატივები ინერგება. დეინსტიტუციონალიზაციის შედეგად ბავშვთა სახლების აღსაზრდელთა რაოდენობა უკვე 3-4- ჯერ შემცირდა. 28 დაწესებულებაში ამჟამად 1300-მდე მოზარდი იმყოფება. რაოდენობის მკვეთრი კლების მიუხედავად, აღსაზრდელების დიდი ნაწილი ჯერაც მძიმე პირობებშია. საქართველოს სახალხო დამცველის 2009 წლის მეორე ნახევრის ანგარიშის მიხედვით, ბავშვებს ისეთ გარემოში უწევთ ცხოვრება, სადაც გათბობის სისტემა მოუწესრიგებელია, ირღვევა სანიტარიულჰიგიენური ნორმები, უხარისხოა კვება და არ აქვთ საკმარისი ტანსაცმელი.

ქართულ ბავშვთა სახლებში მწვავე პრობლემებია იმის მიუხედავად, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი მათი დაფინანსებისა და მომარაგების ერთადერთი წყარო არ არის. ადგილობრივი კომპანიებისა და ენთუზიასტთა ჯგუფების გარდა, მოზარდებს იუნესეფისა და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, იუესეიდის (USAID) მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმარებიან. მხარდაჭერას ბავშვთა სახლები უშუალოდ საერთაშორისო ორგანიზაციებისგანაც იღებენ, ტრენინგებისა და ჰუმანიტარული დახმარების სახით.

მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა მომსახურების სააგენტოს დონორებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ნათია ფირაშვილის თქმით, სახელმწიფო ბიუჯეტი მხოლოდ „პირველადი საჭიროებებისა და მოთხოვნილებების“ დაკმაყოფილებისთვის არის საკმარისი. თუმცა, სახალხო დამცველის ანგარიშით თუ ვიმსჯელებთ, ისიც ძნელი სათქმელია, რა შეიძლება ვიგულისხმოთ „პირველად საჭიროებებში“, ან სიტყვა „საკმარისი“ როგორ უნდა გავიგოთ. კიდევ უფრო ზოგადია სააგენტოს დირექტორის, თამარ მახარაშვილის კომენტარი. „ვიდრე ამ სფეროში ჩავიხედავდი, მეგონა, რომ სახელმწიფო მცირე თანხას გამოყოფდა, მაგრამ ნამდვილად სოლიდური თანხა იხარჯება,“ - აცხადებს მახარაშვილი. „სოლიდური თანხა“, მისი ინფორმაციით, ათ მილიონ ლარს შეადგენს. შესაძლოა, ასეთი დაფინანსება მართლაც საკმარისია ბავშვთა სახლების სრულფასოვანი მომარაგებისთვის, მაგრამ ფული არასწორად იხარჯება. სხვა შემთხვევაში, უნდა ვიკითხოთ, რაში გვარგია თანხის აბსტრაქტული „სოლიდურობა“, თუ არც ხარისხიან კვებას ყოფნის და არც ტანსაცმელს.

ფირაშვილი უარს ამბობს იმ თანხის დასახელებაზე, რომელსაც სააგენტო არასაბიუჯეტო წყაროებიდან - დონორებისა და ქველმოქმედებისგან იღებს. მისი თქმით, ეს მონაცემები არასაჯაროა. იურისტი ნუგზარ კუპრეიშვილი განმარტავს, რომ სააგენტოს აქვს უფლება, დამალოს სპონსორების ვინაობა, თუ ამას თავად სპონსორები ითხოვენ, მაგრამ შემოსული თანხების ოდენობა საჯარო ინფორმაციაა. თუ საქმე არამიზნობრივ ხარჯვაში არ არის, უნდა ვივარაუდოთ, რომ სააგენტოს თანამშრომლებს უხერხულობას უქმნის სახელმწიფო და გარე დაფინანსებების თანაფარდობა, ან, უბრალოდ, კანონებს არ იცნობენ.

სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, ბავშვთა სახლების მენიუებში ჭარბობს ნახშირწყლები, ხოლო ხილი, ბოსტნეული და რძის პროდუქტები არასაკმარისია. სწორი რაციონის შესადგენად აუცილებელია ექიმის თანამონაწილეობა, თუმცა, ზოგიერთ დაწესებულებაში, მათ შორის, სურამსა და ტაშისკარში, მენიუს შედგენაში მხოლოდ ადმინისტრაცია და მზარეული მონაწილეობენ. სურამში სახალხო დამცველის წარმომადგენლებს ხუთი დღის განმავლობაში ერთი და იგივე კერძები ხვდებოდათ.

სახელმწიფო ბიუჯეტიდან თითოეული აღსაზრდელის კვებაზე დღეში 3-4 ლარი იხარჯება. თანხა რეგიონისა და სეზონის მიხედვით ვარირებს. მახარაშვილი ამბობს, რომ მათ ფილიალებში მენიუ მრავალფეროვანია - „ყოველდღიურად იღებენ ხორცს, თევზს ან ბოსტნეულისგან მომზადებულ სადილს“. მისივე თქმით, ყოველ საღამოს პირადად ამტკიცებს მეორე დღის მენიუს. გამოდის, რომ ან სახალხო დამცველი იძლევა არასწორ ინფორმაციას, ან სააგენტოს დირექტორს ფილიალების ხელმძღვანელები ატყუებენ. მახარაშვილი კონტროლის „კიდევ უფრო გამკაცრებას“ გვპირდება.

ბავშვზე ზრუნვისა და სოციალური პროგრამების სამმართველოს უფროსის, გიორგი კაკაჩიას თქმით, მენიუ ყველა სახლში ინდივიდუალურია, თუმცა, სტანდარტები საბჭოთა დროიდან არ შეცვლილა. ახალი კალორაჟი სამ თვეში შემუშავდება. ის დიფერენცირებული იქნება ასაკობრივი ჯგუფებისა და დაავადების მქონე აღსაზრდელებისთვის. მახარაშვილის აზრით, კალორაჟის განსაზღვრულობა თანხის განაწილებასაც გააადვილებს.

ომბუდსმენის ანგარიშში აღნიშნულია, რომ რეგიონებში გასათბობად ძირითადად შეშის ღუმელებს იყენებენ. როგორც წესი, არ თბება ბიბლიოთეკა, რაც „ეჭვქვეშ აყენებს მისი ფუნქციონირების საკითხს“. ხშირად ჩაკეტილი და გაუთბობელია გასართობი და წრეობრივი მუშაობის ოთახები. ხელმძღვანელების განმარტებით, ეს ოთახები კვირაში მხოლოდ 2-3-ჯერ სჭირდებათ და გათბობასაც მაშინ რთავენ. სურამის, დუშეთის, ლაგოდეხის, წალენჯიხისა და ტაშისკარის დაწესებულებების ხელმძღვანელები ელექტროენერგიის ეკონომიის მიზნით იყენებენ დაბალი სიმძლავრის ნათურებს, რომელიც ვერ იძლევა სრულფასოვან განათებას. ზოგიერთ დაწესებულებაში ელექტროგაყვანილობა არ არის იზოლირებული, რაც ბავშვებს დამატებით საფრთხეს უქმნის.

სააგენტოს დირექტორის, თამარ მახარაშვილის თქმით, თითოეული დაწესებულების კომუნალური გადასახადი 2,500-3,000 ლარს აღწევს. მისივე თქმით, დაწესებულებებში გაზის ცენტრალურ გამათბობლებს იყენებენ, ზოგიერთი სახლის გასათბობად კი „დენსაც ახმარენ“. მახარაშვილი ამბობს, რომ თანხის დაზოგვის თაობაზე ბრძანება მისგან არც ერთი ფილიალის ხელმძღვანელს არ მიუღია.

„პირადი მოხმარების პირსახოცები ყველგან საკმარისი რაოდენობითაა, თუმცა საცვლები და ტანსაცმელი საერთოა ბავშვთა მთელი ასაკობრივი ჯგუფისთვის (წყნეთი, „სათნოება“), - ვკითხულობთ ომბუდსმენის ანგარიშში. ამას სააგენტოს ხელმძღვანელი ირონიული კომენტარით პასუხობს: „მაინტერესებს, ომბუდსმენი სად ჩაუსაფრდა და სად ნახა, რომ საცვალი ერთმა ბავშვმა გაიხადა და მეორემ ჩაიცვა“.

ანგარიშის მიხედვით, ტაშისკარის სააღმზრდელო დაწესებულებაში ბავშვებს არ აქვთ ფეხსაცმელი, რის გამოც ისინი ვერ დადიან სკოლებში. მახარაშვილის თქმით კი, შესაძლოა, ზოგიერთ დაწესებულებაში, ქველმოქმედთა წყალობით, ტანისამოსი ან სხვა ნივთი ბავშვებს მეტი ჰქონდეთ, მაგრამ გამორიცხულია საერთოდ არ ჰქონდეთ. „ჩვენი ბენეფიციარები სახელმწიფოსგან იღებენ ყველაფერს, რაც მათ სჭირდებათ,“ - დასძენს იგი.

შეფასებები არც სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის კუთხით არის პოზიტიური. მრავალი დაწესებულების კვების ბლოკში არ არის დაცული სისუფთავე. ლაგოდეხის ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულების სამზარეულოში პრევენციულმა ჯგუფმა მღრღნელების არსებობის კვალი აღმოაჩინა. „თბილისის სააღმზრდელო დაწესებულებაში არ იდო საპონი იმ მოტივით, რომ „მაინც მოიპარავენო,“ - ნათქვამია ანგარიშში. თამარ მახარაშვილი ამ ფაქტსაც ხალისიან კომენტარს უკეთებს და საპნის კარგი ხარისხით ხსნის - „ეტყობა, სურნელოვანი საპონი დევს და ამიტომაც იპარავენ“.

სანიტარიული ნორმების არადამაკმაყოფილებელ მდგომარეობას მახარაშვილი წლების განმავლობაში დაგროვილ პრობლემებსაც უკავშირებს. მისი თქმით, სულ რამდენიმე თვის შექმნილი სააგენტო პრობლემების ძირეულად აღმოფხვრას ვერ მოასწრებდა. მისივე თქმით, განსაკუთრებით რთული ვითარებაა ძველ შენობებში - „თუ დაწესებულება წლების მანძილზე სარემონტოა, როგორც არ უნდა შეეცადო, ის სუფთად შეინახო, ბუნებრივია, პრობლემები მაინც იქნება.“

უკვე რამდენიმე წელია, მესტიის ბავშვთა სახლს არც ერთი არასამთავრობო ან საერთაშორისო ორგანიზაციისგან დახმარება არ მიუღია. მახარაშვილის თქმით, ბავშვთა სახლების დამხმარეთათვის ობიექტის არჩევისას მნიშვნელოვანი ფაქტორია არა ბავშვთა სახლების მდგომარეობა, არამედ ობიექტის დედაქალაქთან სიახლოვე. ამის გამო რესურსები ბავშვთა სახლებში არათანაბრად ნაწილდება. „როდესაც ვინმე გადაწყვეტს ქველმოქმედებას, სასურველია სააგენტოს მიმართოს და მათგან მიიღოს ინფორმაცია,“ - ამბობს სააგენტოს დირექტორი.

სააგენტოს ხელმძღვანელობისა და სახალხო დამცველის შეფასებები პერსონალის კვალიფიკაციის საკითხში ერთმანეთს ემთხვევა. ორივე უწყებაში კადრების ნაკლებობასა და არაკვალიფიციურობაზე ამახვილებენ ყურადღებას. კადრების მოუმზადებლობაზე აღსაზრდელებთან მოპყრობის არაჰუმანური ფორმები მეტყველებს. საქართველოში ბავშვების მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევის მიხედვით, აღსაზრდელების 71%25 ფიზიკური, 62%25 კი მორალური შეურაცხყოფის ფაქტებზე მიუთითებს. დასჯის მეთოდებად გამოიყენება იზოლაცია, იძულებითი შრომა, საკვებზე უარის თქმა და საპირფარეშოთი სარგებლობის აკრძალვა. სააგენტოს დაკვეთით, იანვარში ექვსმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ჩაატარა კადრების მონიტორინგი, რომელმაც, მახარაშვილის თქმით, „სავალალო შედეგი“ აჩვენა. მისივე თქმით, 1084 კადრიდან ასი დისკვალიფიკაციას დაექვემდებარება, დანარჩენები კი ერთწლიან ტრენინგს გაივლიან. გადამზადებიდან ერთი წლის შემდეგ მათ კვლავ შეაფასებენ და გაკეთდება დასკვნა, არის თუ არა მზად კონკრეტული თანამდებობის დასაკავებლად ესა თუ ის თანამშრომელი.

0x01 graphic

იუნისეფში კონტროლის გაძლიერების მნიშვნელობაზე საუბრობენ. „მონიტორინგი ძალიან მკაცრად და ინტენსიურად უნდა ჩატარდეს. ამ ბავშვებს სწორედ დღეს სჭირდებათ ყველაფერი. უნდა გაუმჯობესდეს საკვები და მათი საცხოვრებელი გარემო,“ - ამბობს გრინბერგი. კონტროლს მიმღები ოჯახებიც უნდა დაექვემდებაროს. ამისთვის იუნისეფის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელის, მაია ქურციკიძის აზრით, აუცილებელია სოციალური მუშაკის ინსტიტუტის დანერგვა. სოციალური მუშაკი არის ადამიანი, რომელსაც აქვს მჭიდრო კავშირი პრობლემის მქონე ადამიანსა და მის საცხოვრებელ გარემოსთან. მას ევალება შეაფასოს მიმღები ოჯახისა და ბავშვის საჭიროებები, რესურსები და ხელი შეუწყოს პრობლემების მოგვარებას. სულ რამდენიმე წელია, რაც საქართველოში სოციალური მუშაკების აღზრდა დაიწყო, სისტემაში მათი დამკვიდრება კი ახლა მიმდინარეობს.

0x01 graphic

მომავლის სახლი
ყველა ფოტო: ბესო დარჩია

მიმღები ოჯახის როლი უცხოეთში განიხილება, როგორც სამუშაო სტაჟი, რადგან ეს ადამიანები სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვან სამუშაოს ასრულებენ. საქართველოში თითოეულ ოჯახს, რომელიც ბავშვთა სახლის აღსაზრდელს შვილობილად აიყვანს, სახელმწიფო ყოველთვიურად 200 ლარით ეხმარება, ხოლო იმ ოჯახს, რომლის შვილობილი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვია - 300 ლარით.

მახარაშვილი დარწმუნებულია, რომ სახალხო დამცველის ანგარიშში ასახული პრობლემები 2011 წლისთვის სრულად აღმოიფხვრება. ოპტიმიზმის საფუძველს მას აძლევს შვიდი დიდი დაწესებულება, რომელიც იუესეიდის დაფინანსებით გარდაიქმნება. ეს ბავშვთა სახლები დეინსტიტუციონალიზაციას არ დაექვემდებარება. თითოეული შენობის გარემონტებისა და შესაბამისი ინვენტარით აღჭურვისთვის 500,000 აშშ დოლარია გათვალისწინებული.

19 ფირებში გაცოცხლებულ ისტორიას მტვერი ჭამს

▲ზევით დაბრუნება


საზოგადოება

0x01 graphic

საზოგადოებრივი მაუწყებლის არქივი
ყველა ფოტო: ბესო დარჩია

0x01 graphic

აკაკი წერეთელი, კნუტ ჰამსუნი, ანტუან დე სენტ-ეკზიუპერი, გალაკტიონ ტაბიძე, ივანე ჯავახიშვილი, ვანო სარაჯიშვილი და კიდევ მრავალი - სახეები, რომლებმაც მე-20 საუკუნეს კვალი დაატყვეს: ეს არ არის პრეზენტაცია წიგნისა სერიიდან „დიდი ადამიანები“. ეს არის პიროვნებათა ნუსხა, რომელთა ხმები და ფირზე გადატანილი ჩანაწერები საზოგადოებრივი მაუწყებლის არქივშია დაცული; შეუცვლელი მასალა, რომელსაც დრო ფასს მატებს. თუმცა, არასათანადო ყურადღების გამო, იგივე დრო მის პირველ მტრად იქცა.

ამიერკავკასიის ქვეყნებიდან პირველად საქართველოში დაიწყო მაუწყებლობა: რადიო 1925 წელს, სატელევიზიო კი - 1956 წელს. მასალების დაარქივებას 1947 წლიდან შეუდგნენ. დღეს რადიოს ფონდში დაცული მასალების ქრონომეტრაჟი 30 000 საათია, ფილმოთეკაში - 1600 საათი და ვიდეოთეკაში - 4000 საათი. ზედმეტია თქმა, რომ ფონდებში დაცული უნიკალური ჩანაწერები არა მხოლოდ ესთეტიკური, არამედ ისტორიული, საგანმანათლებლო და ზოგადად კულტურული მნიშვნელობითაც ფასდაუდებელია.

90-იანი წლების განუკითხაობამ არქივს მძიმე კვალი დააჩნია. განიავდა და უკანონოდ გასხვისდა უნიკალური მემკვიდრეობის დიდი ნაწილი. საცავები განადგურების პირას მივიდა. ამორტიზებულ შენობებში ხშირად ისევე წვიმდა, როგორც გარეთ - ზედმეტია საუბარი ტემპერატურული და ტენიანობის რეჟიმების დაცვაზე.

2005 წლიდან, როგორც იქნა, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მასალების ხელახლა შესწავლისთვის მოიცალა. აღმოჩნდა, რომ უბრალოდ აღარავინ იცოდა, რას წარმოადგენდა ესა თუ ის ჩანაწერი. მათ უდიდეს ნაწილს აღარ ჰქონდა მითითებული დასახელება, ქრონომეტრაჟი და სხვა მონაცემები. აუცილებელი გახდა მათი ხელახლა მოწესრიგება. თავი იჩინა საავტორო უფლებების დარღვევის პრობლემამაც. არქივიდან უკანონოდ გასულ მასალას წლების მანძილზე სხვადასხვა კერძო ტელევიზიები უნებართვოდ იყენებდნენ.

იმის გამო, რომ მასალები მოძველებულ მატარებლებზე იყო ჩაწერილი, წარმოიშვა მათი ციფრულ მატარებლებზე გადატანის აუცილებლობა. უცხოური დაფინანსებით შეიქმნა პროექტი, რომელიც სპეციალური ტექნიკის შესყიდვას ითვალისწინებდა. რადიოფონდში გადაწერა დღესაც მიმდინარეობს. რაც შეეხება ფილმოთეკას, აქ საქმე გაცილებით რთულადაა: საჭიროა სპეცტექნიკა, რომელიც დღეს აღარ იწარმოება, ხოლო თუ სადმე შემორჩა - ძვირად ფასობს. არქივის შენობა კვლავაც ავარიულია. წვიმების დროს შენობაში წყალმა შეაღწია და დროული ჩარევა რომ არა, ფირები განადგურდებოდა.

პრობლემად რჩება დაფინანსების საკითხიც. უცხოური დახმარება ტექნიკის შესყიდვაზე იყო გათვლილი, გადაწერის პროცესი კი თავად მაუწყებელმა უნდა დააფინანსოს. თუმცა, საზოგადოებრივი მაუწყებელი რესურსების ნაკლებობას უჩივის და მუშაობის რიტმიც, შესაბამისად, ნელია. 25-მილიონიანი ბიუჯეტის გააზრებული ხარჯვის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, არქივის გადასარჩენად მეტის გაკეთება შეიძლება. მაგრამ, როგორც ჩანს, არქივი სულაც არაა მაუწყებლის პრიორიტეტთა სიაში. გადარჩენის პროცესი იწელება და იმედია, ერთ დღეს მოულოდნელად არ აღმოვაჩენთ, რომ დამტვერილი არქივი თავადაც მტვრად ქცეულა.

20 მგზავრობა თბილისურად

▲ზევით დაბრუნება


საზოგადოება

0x01 graphic

ყველა ფოტო: ბესო დარჩია

როგორ უნდა დაამყარო წესრიგი, თუ არა კონტროლით, მაგრამ საქართველოში კონტროლიც უწესრიგოა. ამის თვალსაჩინო მაგალითია კონტროლიორების ქცევა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ავტობუსებში. მოქმედების სტანდარტებში ბოლომდე ვერც თავად გარკვეულან, ვერც მათი ხელმძღვანელები და ვერც იურისტები. მგზავრების ნაწილს უსამართლობის შეგრძნება აწუხებს, ნაწილი კი მშვიდად იყენებს სისტემის გაუმართაობას და უფასოდ გადაადგილდება.

სატრანსპორტო კომპანიის საინფორმაციო ტექნოლოგიების დირექტორის, ზაზა ზაალიშვილის ცნობით, თბილისის ავტობუსებში დღეში საშუალოდ 400 ჯარიმა იწერება. დაჯარიმების პროცესი ბევრს უნახავს, მაგრამ ეს სისტემის მოწესრიგებულობის ნიშანი როდია. სცენა: მცირე ზომის ნახევრად ცარიელ ავტობუსში ორი კონტროლიორი მამაკაცი ამოდის. სამი გოგონა ბილეთების გამცემ აპარატთან ზის და ჭორაობს. აპარატი ხელის გაწვდენაზეა. ერთ-ერთს სამგზავრო ბარათი მოუმარჯვებია კიდეც. კონტროლიორი უახლოვდება და ბილეთებს სთხოვს. „ახლახან ამოვედით, ვლაპარაკობდით და აღება ვერ მოვასწარით,“ - პასუხობს ბარათიანი. სხვა მგზავრებმა იციან, რომ ორი გაჩერების წინ ამოვიდნენ, მაგრამ ხომ არ „ჩაუშვებენ“. კონტროლიორები გოგონას მორცხვად ეკითხებიან, როგორ ვერ მოასწარი, აქვე ზიხარო, მაგრამ, ეტყობა, ესიმპათიურებათ და დაჯარიმება ერიდებათ... გოგონების დაუჯარიმებლობა შეიძლებოდა ზოგადი ლმობიერებისთვისაც მიგვეწერა, იმავე ავტობუსიდან ორი ქალი და ერთი კაცი რომ არ ჩაეყვანათ დასაჯარიმებლად.

როდესაც დაჯარიმების საფუძველი აშკარად არსებობს, კონტროლიორი კი თვალს ხუჭავს, თანაც შერჩევითად, უსამართლობის განცდა ჩნდება. ზოგჯერ ისეთი განცდაც რჩება, რომ საკუთარი საქმისა რცხვენიათ და მოვალეობის შესრულებისას სინდისი ჰქეჯნით. როგორც ჩანს, არ ესმით, რომ უბილეთოდ მგზავრობა ქურდობის ტოლფასია. ერთი კაცი რომ იხდის, მეორე კი - არა, მეორე პირველის ხარჯზე პარაზიტობს. პატიოსან მოქალაქეს ან მეტის გადახდა უწევს, ან იმაზე უარეს პირობებში მგზავრობს, ვიდრე ეკუთვნის - გადატენილ ან გაურემონტებელ ავტობუსში. ამის აღკვეთა, გნებავთ, ქრისტიანული, გნებავთ, თანამედროვე სახელმწიფოებრივი წარმოდგენით, სიკეთეა; ვის უნდა ესმოდეს ეს, თუ არა კონტროლიორებს. მაგრამ ამ პრობლემას გადამზადებით მაინც შეიძლება მოევლოს. ზაალიშვილის ცნობით, ბოლო ოთხ თვეში არასწორი მოქმედებისთვის უკვე 40- ზე მეტი კონტროლიორი დაისაჯა.

უფრო ფუნდამენტური პრობლემაა სისტემაში არსებული გაურკვევლობები, რომლებიც კონტროლიორებისგან დამოუკიდებლად არსებობს. პირველ გაურკვევლობას ის ბადებს, რომ ბილეთი მგზავრმა ავტობუსში ასვლის შემდეგ უნდა აიღოს. მგზავრები ბილეთებითა და აპარატებით გერმანიაშიც სარგებლობენ, მაგრამ იქ აპარატი ავტობუსის გარეთ დგას და თუ ავტობუსში უბილეთოდ აღმოჩნდი, შენს დანაშაულს წყალი არ გაუვა. ჩვენს ავტობუსებში კი არის გაკრული, ბილეთი ამოსვლისთანავე შეიძინეთო, მაგრამ მგზავრებს მაინც ეძლევათ საშუალება იჩივლონ - ჭყლეტის გამო აპარატამდე ვერ მივაღწიე, რიგში ვიდექი და ჩემი ჯერი არ მოსულა, ან სულაც სკლეროზმა დამავიწყაო. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ამბობენ, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ზუსტად არ არის განსაზღვრული, ბილეთი ასვლიდან რა დროში უნდა იყიდო; თუმცა, ავტობუსში გაკრული მოთხოვნაც „საკმარისია“. ზაალიშვილი განმარტავს, რომ ბილეთი მგზავრმა ტრანსპორტის დაძვრისთანავე უნდა აიღოს, თუმცა, ამას საკითხში მეტი სიცხადე არ შეაქვს.

ხშირად კონტროლიორები ბილეთებს ავტობუსიდან ჩამოსულ მგზავრებს უმოწმებენ და ჯარიმასაც უწერენ. ასეთ შემთხვევაში მგზავრს არ შეუძლია თავის მართლება იმით, რომ ბილეთის აღება ვერ მოასწრო. გარე კონტროლი აშკარად უფრო მოსახერხებელია გადატვირთული მარშრუტებისთვის. მაგრამ, როგორც ზაალიშვილთან საუბარში გავარკვიეთ, კონტროლიორს მხოლოდ ავტობუსში აქვს ბილეთის მოთხოვნის უფლება, ანუ კონტროლის ბოლო დროს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმა, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ სანქცირებული არ არის.

როგორც არ უნდა გაუმკლავდეს 120 კონტროლიორი თბილისში მოძრავ 900 ავტობუსს, აპარატები, რომლებსაც ხურდის დაბრუნება არ შეუძლია, მგზავრების თავის ტკივილად დარჩება. თუ ერთი ბილეთის აღება გინდა და ბარათი არ გაქვს ან ბარათზე ფული გათავდა, მხოლოდ 20 თეთრამდე ნომინალის მონეტები გშველის. ამ მონეტების მოსაპოვებლად უსარგებლო წვრილმანის ყიდვა ბევრისთვის უკვე ჩვეულ პროცედურად იქცა. ზაალიშვილის მტკიცებით, ხურდის დამბრუნებელი აპარატები იმდენად დიდი და ძვირია, რომ ავტობუსებში მათი დამონტაჟება არარეალურია. იანვარში კომპანიაში იმედი ჰქონდათ, რომ ბარათების მფლობელთა წილი მკვეთრად გაიზრდებოდა და გადახდის ერთადერთ საშუალებადაც ბარათებს დატოვებდნენ, მაგრამ ბოლო თვეების სტატისტიკა აჩვენებს, რომ ბარათით გადახდების რაოდენობა სტაბილურად 65-67%25-ის ფარგლებში მერყეობს.

მართალია, საქართველოში ავტობუსით მგზავრობა ნაკლებად კომფორტულია, მაგრამ ჯერ კიდევ გაცილებით იაფია, ვიდრე ევროპის ქვეყნებში. გერმანიაში ბილეთი, რომელიც ორი საათით იძლევა მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობის უფლებას, დაახლოებით შვიდი ლარი ღირს, ჯარიმა კი 90-100 ლარის ეკვივალენტია.

კონტროლის კუთხით არსებული პრობლემების ფონზე უნდა აღინიშნოს ახალი სისტემის უპირატესობაც. მგზავრს რომ მძღოლთან კონტაქტში შესვლა აღარ უწევს, მძღოლს კი - ფულის დახურდავება, ეს შეყოვნებებსაც ამცირებს და დისკომფორტსაც. უსაფრთხოებაც უფრო დაცულია, რადგან მძღოლებს ყურადღება აღარ ეფანტებათ. თანაც, ერთმანეთის გასწრება და მგზავრების მაქსიმალური რაოდენობის „აკრეფა” აღარ სჭირდებათ, რადგან საათობრივ ანაზღაურებას იღებენ და შეგროვებული მონეტების რაოდენობაზე აღარ არიან დამოკიდებული. გაქრა მძღოლების ძარცვის საშიშროებაც. ზაალიშვილი იმასაც ამბობს, რომ მძღოლებს გრაფიკის დაცვას ავტობუსებში დამონტაჟებული ჯიპიეს გადამცემები აიძულებს. თუმცა, ვინც თბილისში გაჩერებაზე მდგარა, ალბათ დაეჭვდება, რომ მოძრაობის გრაფიკის „დასავლური“ სიზუსტით დაცვას მივაღწიეთ. მით უმეტეს, რომ გაჩერებებზე გრაფიკი მოცემული არ არის და მარშრუტების სიითაც გამონაკლის შემთხვევებში გვანებივრებენ.

21 ახალი ამბები

▲ზევით დაბრუნება


საზოგადოება

მსოფლიო ჩემპიონატის წინ გაუპატიურების საწინააღმდეგო ახალ საშუალებას გამოცდიან

რეიფ- ეიქსი (გაუპატიურების ნაჯახი) სამხრეთაფრიკელმა მედიკოსმა ქალმა სონეტ ელერსმა შექმნა. ელერსს თუ დავუჯერებთ, ერთხელ აცრემლებულ გაუპატიურებულ გოგონას მისთვის უთქვამს, ნეტავი „იქ“ კბილები მქონოდაო. „კბილაკებიანი“ ვაგინალური პრეზერვატივის შექმნის იდეაც მედიკოსს მაშინ გასჩენია. რეიფ-ეიქსი თავდამსხმელის პენისს შეყვანისთანავე ეკრობა და, ელერსის მტკიცებით, ისეთ დისკომფორტს უქმნის, რომ მსხვერპლს გაქცევის საშუალება ეძლევა. კაუჭებიანი პრეზერვატივის მოშორება ექიმების ჩარევის გარეშე შეუძლებელია, რაც დამნაშავეს მართლმსაჯულებისგან გაქცევის შანსს უკარგავს.

სკეპტიკოსებს ეჭვი იმაში შეაქვთ, რომ კაუჭებიანი პრეზერვატივით თავდაცვა ყოველთვის დადებით შედეგს მოგვცემს. შესაძლოა, ტკივილით გაბრაზებულმა თავდამსხმელმა, იმის ნაცვლად, რომ გაეცალოს, შური იძიოს და მსხვერპლს სასტიკად გაუსწორდეს. თუ ქალმა რეიფ-ეიქსი „არამიზნობრივად“ გამოიყენა, შეიძლება უდანაშაულო კაცი დაზარალდეს.

0x01 graphic

კრიტიკის მიუხედავად, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყების წინ ელერსი სამხრეთ აფრიკაში 30,000 რეიფ- ეიქსის დარიგებას გეგმავს. ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანა გაუპატიურებების სიმრავლით გამოირჩევა. სამხრეთაფრიკელი კაცების მეოთხედი აღიარებს გაუპატიურებაში მონაწილეობას.

ამერიკულ სასწავლებელში ჰომოსექსუალური კრებულის აკრძალვას პროტესტი მოჰყვა

აშშ-ს შტატ ნიუ ჯერსის ერთ-ერთ სკოლაში, სადაც 14-18 წლის მოზარდები სწავლობენ, ბიბლიოთეკების თაროებიდან ახალგაზრდა ჰომოსექსუალების ნაწარმოებების კრებული მოაშორეს. წიგნი, სახელწოდებით „რევოლუციური ხმები“, ჰომოსექსუალ თინეიჯერთა ცხოვრების აღმწერ ლექსებს, მოთხრობებსა და ნახატებს აერთიანებს. მოსწავლეთა მშობლების ნაწილის აზრით, კრებული ვულგარული, გამრყვნელი და სკოლისთვის შეუფერებელია.

0x01 graphic

სკოლის მმართველი საბჭოს გადაწყვეტილება სიტყვის თავისუფლების დამცველი ორგანიზაციების კოალიციამ წერილით გააპროტესტა. წერილში აღნიშნულია, რომ ადგილობრივ მცხოვრებლებს არ აქვთ უფლება, სკოლის მოსწავლეებს თავს მოახვიონ საკუთარი მსოფლმხედველობა და ცენზურა მოითხოვონ. ბიბლიოთეკაში დაცული წიგნების კითხვა სავალდებულო არ არის და არც ერთი წიგნი არ არის ყველასთვის მოსაწონი. ბიბლიოთეკის ფუნქცია მოსწავლეებისთვის თავისუფალი არჩევანის შეთავაზებაა, კრებულის აკრძალვა კი „ჰომოსექსუალ მოსწავლეს თავს ჩაგრულად და უუფლებოდ აგრძნობინებს“.

0x01 graphic

ტვიტერზე შეტყობინების დატოვება ბრიტანელს ათას ფუნტად დაუჯდა

როდესაც 26 წლის ბუხჰალტერმა პოლ ჩემბერსმა ირლანდიაში გამგზავრება დააპირა, ახლომდებარე რობინ ჰუდის საერთაშორისო აეროპორტი დიდთოვლობის გამო დაკეტილი დახვდა. ჩემბერსმა გადაწყვიტა, ამის შესახებ მეგობრებისთვის ინტერნეტით, მიკრობლოგინგის საიტ ტვიტერის საშუალებით შეეტყობინებინა. ტვიტერის მომხმარებლებს აზრის გამოხატვა მხოლოდ 140-მდე სიმბოლოსგან შემდგარი ფრაზებით, ტვიტებით შეუძლიათ, თუმცა ახალგაზრდა ბრიტანელისთვის ეს საკმარისი აღმოჩნდა, რომ სკანდალი გამოეწვია. მისი შეტყობინება ასეთი შინაარსის იყო: „რობინ ჰუდის აეროპორტი დაკეტილია. თუ ერთ კვირაში ყველაფერს არ მოაყომარებთ, ავაფეთქებ”.

ჩემბერსი ანტიტერორისტულმა პოლიციამ მას შემდეგ დააკავა, რაც აეროპორტის ერთ- ერთმა თანამშრომელმა მისი შეტყობინება შემთხვევით აღმოაჩინა. ადგილობრივმა მოსამართლემ ბუხჰალტრის ტვიტში იუმორის ნიშნები ვერ აღმოაჩინა და დაასკვნა, რომ ფრაზა, დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით, საშიში ბუნებისა იყო“. ჩემბერსი თავს იმით იმართლებდა, რომ ფრუსტრირებული იყო. ახალგაზრდას ირლანდიაში მოხვედრა სჭირდებოდა საიტიდან გაცნობილ ქალთან შესახვედრად, რომელიც მანამდე არ ენახა. მოსამართლე ჩემბერსის ახსნა-განმარტებების მიმართ გულგრილი დარჩა და 1,000 ფუნტი სტერლინგის ოდენობით ჯარიმის გადახდა დააკისრა.

22 სახიფათო პარალელი

▲ზევით დაბრუნება


ნოდარ ლადარია | სვეტი

0x01 graphic

ფრანგ პოლიტიკოსსა და ფილოსოფოსს, ჟოზეფ დე მესტრს (1753-1821), ჩვეულებრივ, ძალიან უცნაური ეპითეტით მოიხსენიებენ - ცეცხლოვანი რეაქციონერი. ეს სახელი მას 1924 წელს შეარქვა რუსმა მოაზროვნემ ნიკოლაი ბერდიაევმა. მაშინ, ბოლშევიკური გადატრიალებიდან შვიდი წლის შემდეგ, რუსეთშიც მიხვდნენ, რომ სოციალური რევოლუციის წინააღმდეგ ამხედრებულებსაც მოეკითხებათ ჭკუა...

ჟოზეფ დე მესტრს, რა თქმა უნდა, საფრანგეთის დიდი რევოლუცია სძულდა და სატანურ მოვლენად მიიჩნევდა მას. ამის გამო მშობლიური საფრანგეთიდან გააძევეს და 1803 წლიდან მას პეტერბურგში ვხედავთ, იმპერატორ ალექსანდრე I-ის კარზე, სარდინიის მეფის ელჩად. 1819 წელს დე მესტრმა გამოაქვეყნა წიგნი „პაპის შესახებ“, რომელიც რომის კათოლიკურ ეკლესიაში ძალაუფლების განაწილებას მიუძღვნა. წიგნში დიდი ადგილი დაეთმო ეკლესიის წვლილს ევროპის ისტორიაში და მის სამომავლო მნიშვნელობას.

ძალიან ნიშანდობლივია ერთი ციტატა: „როცა ვფიქრობ, მაგალითად, ანტიკური რომის რესპუბლიკაზე, რომელმაც ხუთასი წელი გაძლო, ვიცი, რას უნდა ნიშნავდეს გამოთქმები: „რომაული რესპუბლიკის პირველი წლები“ ან „ახალგაზრდობა“; თუ ლაპარაკია ადამიანზე, რომელიც, ჩვეულებრივ, ოთხმოციოდე წელიწადს ცოცხლობს, მეც ამ ხანგრძლიობას ვითვალისწინებ; ისიც ვიცი, ადამიანი ათას წელიწადს რომ ცოცხლობდეს, ორასი წლის ასაკში ყმაწვილი იქნებოდა. დღეს ბევრს ლაპარაკობენ ქრისტიანობის პირველ საუკუნეებზე: მართალი გითხრათ, არ ვარ დარწმუნებული, რომ ამ საუკუნეებმა უკვე ჩაიარა“.

რაც არ უნდა მახვილგონივრული იყოს ეს შენიშვნა, ამჯერად ჩვენთვის დე მესტრის წიგნი სულ სხვა მიზეზით არის საინტერესო: ავტორმა ევროპის შემადგენლობიდან გამორიცხა რუსეთი. რატომ? - იქ ცხოვრების მრავალწლიანმა გამოცდილებამ უკარნახა, რომ არსებული საზოგადოებრივი და პოლიტიკური ვითარების გამო რუსეთის ერთადერთი შესაძლებელი მომავალი იყო მონობასა და რევოლუციას შორის არჩევანი. ასეთ ქვეყნებს კი, დე მესტრის აზრით, ევროპულ ოჯახში არ შეესვლებოდათ.

დე მესტრის წინასწარმეტყველება ორმაგად ახდა: რუსეთმა რევოლუციაც იგემა და არც მონობა შეწყვეტილა. სხვა ტექსტში, რომელსაც „რუსეთის შესახებ ოთხი გამოუქვეყნებელი თავი“ ჰქვია, ვკითხულობთ: „მონობა რუსეთში იმიტომ არსებობს, რომ აუცილებელია და იმიტომაც, რომ იმპერატორს არ შეუძლია მონობის გარეშე მართვა“. რა გვიხსნის მონობისგან? აქაც ცხადად გვეუბნება დე მესტრი: „თავისუფლების მიღება ადამიანს მხოლოდ იმ ზომით შეუძლია, რა ზომითაც მას ქრისტიანული რელიგია მართავს“. აზრი, რა თქმა უნდა, საკამათოა, ალბათ მცდარიც, მაგრამ ახლა სულ სხვა რამ არის მნიშვნელოვანი: რატომ არ მიიჩნევს ავტორი, რომ რუსული საზოგადოება ქრისტიანულია?

დე მესტრი წერს: „გლეხი სიცოცხლეს გაწირავს, ოღონდ მარხვაში სახსნილო არ შეჭამოს, მაგრამ როცა საქმე ეხება ვნებიანი იმპულსის შეკავებას, მას ვერ ვენდობით“. ოდნავ ქვემოთაც: „გათავისუფლებულნი... მაშინვე გადავლენ ცრურწმენიდან ათეიზმზე, უმოქმედო მორჩილებიდან შეუკავებელ მოქმედებაზე... მოხდება ისე, რომ ასეთი საყოველთაო განწყობისას გამოჩნდება საუნივერსიტეტო განათლების მქონე ახალი პუგაჩოვი (მათი წარმოება უკვე აწყობილია)... და მაშინ სახელმწიფო დაემხობა ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით“.

ერთი საუკუნით ადრე გამოთქმული ეს წინასწარმეტყველებაც ზუსტად ახდა.

მაგრამ რა იყო დე მესტრის აზრით ასეთი პერსპექტივის ძირითადი საფუძველი? სკოლაში გვასწავლიდნენ, რომ რუსული ცარიზმი გულმოდგინედ ახშობდა თავისუფალ აზრს. ნაწილობრივ ეს მართალია: არ უყვარდა ხელისუფლებას ზოგიერთი მწერალი და პოეტი. თუმცა მწერლებსა და პოეტებს, თუ რეალობის გრძნობას საბოლოოდ არ დაკარგავდნენ, ეს არ უშლიდა ხელს პირადი კეთილდღეობის მოპოვებაში. დე მესტრი სხვა მხარეს მიუთითებს ჩვეული სიცხადით: „კანონი ყველაზე სუსტი ადგილია ამხელა იმპერიაში: სასამართლოს მეტი ვალდებულება აქვს, ვიდრე ძალა. სასამართლო საზოგადოებრივ აზრს უჩივის, საზოგადოებრივი აზრი, თავის მხრივ, სასამართლოს არ სწყალობს. სწორედ ეს მდგომარეობაა, რაც ეგზომ აკვირვებს უცხოელებს“.

ერთი მხრივ მდგომარეობა პარადოქსულია: ტირანულ რუსეთში სასამართლო საზოგადოებრივი აზრის მძევალი ყოფილა. მაგრამ ეს პარადოქსი დღესაც საკმაოდ ხშირია: არ მოგისმენიათ, როგორ კიცხავენ სასამართლოს ერაყელი დიქტატორის, სადამ ჰუსეინისთვის გამოტანილი სასტიკი განაჩენის გამო? დავსვათ შეკითხვა: რა ჯობია, თუნდაც მკაცრი, მაგრამ აღსრულებული მართლმსაჯულება, თუ სასამართლოს სრული არაეფექტურობა, რომლის გამო ისტორიული შეფასება მარტოოდენ აკადემიურ თვალსაზრისად რჩება? - გავიხსენოთ, როგორ სამარადისოდ „გაექცა“ უსაშველოდ გაწელილ ევროპულ მართლმსაჯულებას ბელგრადელი დიქტატორი მილოშევიჩი...

სასამართლო შეიძლება იყოს ხელისუფლების მორჩილი. ამის გამოსწორება ძნელია, მაგრამ შესაძლებელი. მაგრამ როცა სასამართლო საზოგადოებრივი აზრის მძევალია, როცა საზოგადოებაში არ არსებობს მისი გადაწყვეტილებების მიმართ პატივისცემა, ამის გამოსწორება, ჩვეულებრივ, ვერ ხერხდება. სამართლის მიღწევა დიდი და ხანგრძლივი პროცესია - სკამებზე ახტომითა და გინებით მხოლოდ შორდები სანუკვარ მიზანს, უფრო სწორად, ამტკიცებ, რომ ეს მიზანი არ გაინტერესებს...

0x01 graphic

ერთი რამ სახიფათოდ გვამსგავსებს რუსეთს: აქაც პოეტების, მწერლების, მსახიობებისა და დამარცხებული პოლიტიკოსების ხმა კანონობს.

23 მარიხუანას ლეგალიზაცია

▲ზევით დაბრუნება


ტაბულა|რაზა

ზურა ჯაფარიძე

არა რა არს კაცისა გარეთ შემავალი მისა, რომელმანცა შეაგინა იგი;
არამედ რომელი გამოვალს მისგან, იგი არს, რომელი შეაგინებს კაცსა.
მარკოზი 7:15

გაეროს ნარკოტიკების კონტროლის ოფისის 2006 წლის ანგარიშში, რომელიც მსოფლიოს 134 ქვეყანაში ჩატარებულ კვლევის შედეგებს ემყარება, რამდენიმე საინტერესო ფაქტია მოყვანილი:

  • ყველაზე კონსერვატიული გათვლებით, დედამიწის მოსახლეობის 4%25 მოიხმარს ე.წ. მარიხუანას, იგივე კანაფს. ამ ადამიანებს ერთ ქვეყანაში რომ მოვუყაროთ თავი, ის მოსახლეობის მიხედვით მე-4 ადგილზე იქნება ჩინეთის, ინდოეთისა და აშშ-ს შემდეგ და გაასწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა ინდონეზია, ბრაზილია, პაკისტანი, რუსეთი.

  • მარტო ყაზახეთში 400,000 ჰექტარ ფართობზე კანაფი იზრდება ველურად. ეს დაახლოებით იმდენივეა, რაც კვიპროსის ან პუერტო რიკოს ტერიტორია და 4-ჯერ მეტია, ვიდრე ლუქსემბურგის.

  • კანაფის შავი ბაზარი მარტო ჩრდილოეთ ამერიკაში, სავარაუდოდ, შეადგენს 60 მილიარდ აშშ დოლარს. 2006 წლის მონაცემებით, ეს ციფრი დაახლოებით 2-ჯერ აღემატებოდა ბულგარეთის მთლიან შიდა პროდუქტს, 3-ჯერ - აზერბაიჯანის და 8-ჯერ - საქართველოს.

მარიხუანის ლეგალიზაციის მოწინააღმდეგენი ასახელებენ რამდენიმე არგუმენტს, რომელთა გამოც, მათი აზრით, სახელმწიფომ უნდა გააგრძელოს კანაფის მოყვანა-შენახვა-მოხმარება-რეალიზაციის სისხლის სამართლებრივი დევნა: მარიხუანა ახლა უფრო ძლიერია, ვიდრე ადრე; ის მავნეა ჯანმრთელობისთვის (განსაკუთრებით აზიანებს სასუნთქ სისტემას და გონებრივ ფუნქციებს); აქვეითებს შრომისუნარიანობას; შესაძლოა განვითარდეს ნარკოდამოკიდებულება; კანაფი არის ე.წ. „კარიბჭის“ ნარკოტიკი, საიდანაც მომხმარებლები გადადიან უფრო ძლიერ ნარკოტიკებზე; ლეგალიზაციის შემთხვევაში მომხმარებელთა რაოდენობა კატასტროფულად გაიზრდება; კრიმინალები, რომლებიც დიდი ოდენობით ფინანსებს აგროვებენ ნარკოვაჭრობით, შეძლებენ ამ ფულის „გათეთრებას“ და სხვა.

ცხადია, ლეგალიზაციის მომხრეებს ყველა ამ არგუმენტზე აქვთ, მათი აზრით, დასაბუთებული (მათ შორის, მეცნიერულადაც) კონტრარგუმენტები: მართალია, გასულ წლებთან შედარებით მარიხუანაში გაიზარდა ტეტრაჰიდროკანაბინოლის შემცველობა, მაგრამ THC-ის შემცველობის ზრდა არ ცვლის მოხმარების ეფექტს; მარიხუანის მოხმარება გაცილებით უფრო უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის, ვიდრე ალკოჰოლის ან ნიკოტინის (მაგ. აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრის 2003 წლის მონაცემებით, ალკოჰოლის მოხმარებისგან გამოწვეული დაავადებებით დაიღუპა 20,000- ზე მეტი ადამიანი და არც ერთი მარიხუანის მოხმარებისგან); შრომისუნარიანობის დაქვეითება შესაძლოა გამოწვეული იყოს სხვა მრავალი ფაქტორითაც; არ ვითარდება ნარკოდამოკიდებულება, რაც დასტურდება არაერთი სამეცნიერო კვლევით; „კარიბჭის“ სინდრომი სტატისტიკური მისტიფიკაციაა, რადგან კვლევებით ცალსახად დასტურდება, რომ მარიხუანის მომხმარებელთა აბსოლუტური უმრავლესობა არ მოიხმარს მძიმე ნარკოტიკებს, თუმცა, ჰეროინისა თუ კოკაინის თითქმის ყველა მომხმარებელს გასინჯული აქვს მარიხუანაც, რადგან ის რჩება ყველაზე პოპულარულ ნარკოტიკად მსოფლიოში; ლეგალიზაციის შემთხვევაში შესაძლოა მოხდეს მოკლევადიანი ზრდა მომხმარებელთა რაოდენობაში, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში მომხმარებელთა რაოდენობა დაუბრუნდება საწყის მაჩვენებელს; კრიმინალები დაინტერესებული არიან კანაფის ბიზნესით მხოლოდ მაშინ, როცა სახელმწიფო აწესებს აკრძალვას, რითაც, ერთი მხრივ, ხელს უწყობს ფასების ზრდას, ხოლო, მეორე მხრივ, მსხვილ კრიმინალურ დაჯგუფებებს აქცევს შავი ბაზრის ფაქტობრივ მონოპოლისტებად. შესაბამისად, ლეგალიზაციის შემთხვევაში, კონკურენტული ბაზარი თავისთავად განდევნის კრიმინალებს, რადგან მოგების მარჟა აღარ იქნება მათთვის საინტერესო. ლეგალიზაციის მომხრეები უფრო შორსაც მიდიან და საუბრობენ ამ საკითხის ეკონომიკურ შემადგენელზეც - კანაფის ლეგალიზაცია გაზრდის დასაქმებას და გააჩენს დამატებით საბიუჯეტო შემოსავლებს გადასახადების სახით (2008 წლის მონაცემებით, ჰოლანდიამ გადასახადების სახით 730 ე.წ. „კოფი შოპიდან“ მიიღო 400 მილიონი ევრო, მთლიანმა გაყიდვებმა კი შეადგინა დაახლოებით 2 მილიარდი ევრო. გაყიდული 265 ტონა კანაფიდან 60%25 ექსპორტზე მოდიოდა). ბოლო წლებში აქტიურად საუბრობენ მარიხუანის გამოყენებაზე სამედიცინო დანიშნულებით, მათ შორის, ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა: ალც ჰეიმერის დაავადება, ამიოტროფული ლატერალური სკლეროზი, დიაბეტი, დისტონია, ფიბრომიალგია, გასტრო ენტერალური დაავადებები, გლიომა, ჰეპატიტი C, ჰიპერტენზია, სკლეროზი, ოსტეოპოროზი, რევმატიული ართრიტი და შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომიც (შიდსი) კი. რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის, ავსტრალიაში, კანადაში, ისრაელში, ახალ ზელანდიაში, ნორვეგიაში, ესპანეთში, ბრიტანეთში, აშშ-სა და ირლანდიაში პოლიტიკური პარტიებიც კი შეიქმნა, რომელთა სახელწოდებაში ფიგურირებს სიტყვა „მარიხუანა“.

არგუმენტების ამ ჭიდილში ხშირად უპასუხოდ რჩება რამდენიმე მნიშვნელოვანი კითხვა.

შესაძლებელია თუ არა მარიხუანასთან „ბრძოლა“? ალკოჰოლთან ბრძოლის ამერიკული გამოცდილება გვიჩვენებს, რომ მსგავს ბრძოლას უარყოფითი ეფექტის მეტი არაფერი მოაქვს. თუ გავითვალისწინებთ, რომ დედამიწაზე ყოველ 25 ადამიანში, სულ მცირე, ერთი მოიხმარს მარიხუანას, კანაფის მოყვანა იმდენად დეცენტრალიზებულია, რომ მასთან ბრძოლა თითქმის შეუძლებელია, და ისეთი ქვეყნების პრეზიდენტებიც კი, როგორიც აშშა, აღიარებენ, რომ ახალგაზრდობაში გასინჯული აქვთ მარიხუანა (ზოგს ნაფაზით, ზოგს ნაფაზის გარეშე) - ცხადი ხდება, რომ ამ ნარკოტიკთან ბრძოლა სხვა არაფერია, თუ არა რესურსების ფლანგვა.

მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია კითხვა: ვინ უნდა „ებრძოლოს“ მარიხუანას მშობელი, სკოლა, ეკლესია, თემი თუ სახელმწიფო? არავინ უშლის მშობელს, მასწავლებელს, სასულიერო პირს, მეზობელს თუ ნათესავს ესაუბროს ახალგაზრდებს მარიხუანის მოხმარების მავნე შედეგებზე (მიუხედავად იმისა, რამდენად დასაბუთებულია ესა თუ ის ნეგატიური ეფექტი). მაგრამ როდესაც კანაფის მოხმარებასთან „ბრძოლაში“ ერთვება სახელმწიფო, ეს საკითხი საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრობლემიდან იქცევა მორალურ პრობლემად. ადამიანებს, რომელთა საქციელი შესაძლოა არ მოგვწონდეს, მაგრამ რომლებიც მხოლოდ საკუთარ თავს აყენებენ ზიანს, სახელმწიფო აქცევს კრიმინალებად, იჭერს მათ, სვამს ციხეში და ანგრევს მათ ცხოვრებას. კანაფის მოხმარება მათი არჩევანია. ამიტომ მორალურად გაუმართლებელია, უამრავ ადამიანს გადაახდევინო გადასახადი იმისთვის, რომ დაიცვა მარიხუანის მომხმარებლები საკუთარი არჩევანისგან (პოლიცია, სასამართლო, ციხე ხომ გადასახადებით არსებობს). და თუ დავუშვებთ სახელმწიფოს მიერ ინდივიდუალური თავისუფლების შეზღუდვას მსგავს შემთხვევებში, მაშინ სად გადის ზღვარი რა ტიპის ზიანის მიყენება შეიძლება საკუთარი თავისთვის და რა ტიპის ზიანის არა? ყავა შეიძლება? ტელევიზორი? ბევრი კითხვა? ინტერნეტი?

24 პარლამენტი, მეივეზერი და ნაცემი ბიზნესმენი

▲ზევით დაბრუნება


სპორტი

0x01 graphic

ევროპის ლიგის გადამწყვეტ მატჩში მადრიდის ატლეტიკომ 2:1 დაამარცხა ლონდონის ფულემი. ორივე გოლი ესპანელთა ურუგვაელმა თავდამსხმელმა დიეგო ფორლანმა გაიტანა. მადრიდელებმა ისტორიაში მეორე ევროჯილდო მოიგეს: 1962 წელს მათ აწ უკვე გაუქმებული თასების მფლობელთა თასი აღმართეს. უეფა-ს ინიციატივით, ევროპის ლიგა 2009-10 წლების სეზონში პირველად ჩატარდა - ამ ტურნირმა უეფა-ს თასის გათამაშება ჩაანაცვლა. უეფა-ს თასი 1972-2009 წლებში თამაშდებოდა, მის წინამორბედს კი (1958-71) ბაზრობათა თასი ერქვა.

ბოლო ათწლეულის ერთ- ერთმა უდიდესმა მოკრივემ, ფილიპინელმა მენი პაკიაომ არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და ფილიპინების კონგრესის წევრი გახდა. ის წარმოადგენს პარტიას „სახალხო მოძრაობა“ და თავის უშუალო კონკურენტზე, მილიონერ როი ჩონგბიანზე ორჯერ მეტი ხმა მიიღო.

პარალელურად განახლდა მოლაპარაკება ფლოიდ მეივეზერის პრომოუტერ ლეონარდ ელერბესთან. პაკიაოს მხარე მენის უკანასკნელი ორთაბრძოლისთვის მეივეზერს იდეალურ კანდიდატურად განიხილავს, თუმცა მთავარი პრობლემა საპრიზო ფონდის გადანაწილებას ეხება. სპონსორები მზად არიან, ფლოიდის და მენის ჩხუბში 45 მილიონი დოლარი გადაიხადონ, პაკიაოს მხარე კი, სულ ცოტა, ამ თანხის ნახევარს ითხოვს. მანამდე დალას მავერიქსის მფლობელმა მარკ კიუბანმა პაკიაოს და მეივეზერს შესთავაზა, ბრძოლა ანაჰაიმის დისნეილენდში ჩაეტარებინათ, მაგრამ წინადადება მხოლოდ მეივეზერის მხარემ მოიწონა.

გარდა ამისა, პაკიაოს პრომოუტერი ბობ არუმი მოლაპარაკებას აწარმოებს შეინ მოსლის მხარესთანაც. ცოტა ხნის წინ მოსლი მეივეზერთან დამარცხდა და კიდევ ერთი სარეიტინგო ბრძოლის ჩატარება სურს.

„უკვე მივაღწიეთ მოლაპარაკებას Dallas Cowboys-ის სტადიონის მფლობელებთან. თარიღი - 13 ნოემბერი, რომელიც ჩვენთვის ოპტიმალურია, მათთვისაც მისაღებია. მენი კიდევ ერთ, უკანასკნელ ბრძოლას ჩაატარებს და შემდეგ მთლიანად პოლიტიკურ კარიერაზე გადაერთვება“ - ამბობს არუმი.

0x01 graphic

ყველა ფოტო: REUTERS ©

პაკიაოს ცხოვრებაში კიდევ ორი სიახლეა. ევანდერ ჰოლიფილდთან ერთად ის ვენეციაში მოყვარულ მოკრივეთა კლუბს გახსნის და პრეზენტაციაზე ჯორჯ ფორმენს, ლენოქს ლუისს და ვიტალი კლიჩკოს თითო რაუნდს აჩხუბებს ერთმანეთში. პაკიაო და ჰოლიფილდი იტალიაში ყოველწლიურად თითო საჩვენებელ ბრძოლას ჩაატარებენ ასევე ტიტულოვან სპარინგ-პარტნიორებთან.

და ბოლოს, არჩევნების მოგებიდან მეორე დღეს ფილიპინების ერთ-ერთ ღამის კლუბში მენიმ ამერიკელი ბიზნესმენი, 45 წლის ჯერემი დოუსონი გალახა. დოუსონის მხარე კომპენსაციის სახით 2 მილიონ დოლარს ითხოვს ან საქმეს სასამართლოში გაარჩევენ. მომხდართან დაკავშირებით მენიმ აღნიშნა, ისეთი გახარებული ვიყავი, ემოციებს ვერ ვაკონტროლებდი, თუმცა იმედი მაქვს, ყველაფერი მშვიდად მოგვარდებაო.

25 ამბები

▲ზევით დაბრუნება


სპორტი|სამხრეთ აფრიკა 2010

არის 24, დარჩება 23

პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კარლოს კეირუშმა მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე სამი კვირით ადრე 24 ფეხბურთელი დაასახელა, რომელთაგან საბოლოოდ ერთს ნაკრებს მიღმა დატოვებს.

მწვრთნელმა გუნდში უხმო მადრიდის რეალის მცველ პეპეს, რომელმაც დეკემბერში მიღებული მძიმე ტრავმის შემდეგ მხოლოდ ახლახან განაახლა ვარჯიში.

პორტუგალია სამხრეთ აფრიკაში პირველ მატჩს 15 ივნისს, კოტ დ'ივუარის წინააღმდეგ ჩაატარებს, მომდევნო შეხვედრებში კი ჩრდილოეთ კორეისა და ბრაზილიის ნაკრებებს დაუპირისპირდება.

0x01 graphic

მსოფლიო ჩემპიონატამდე კეირუშის გუნდი სამჯერ ითამაშებს: 24 მაისს კაბო ვერდეს კუნძულების ნაკრებს გაეჯიბრება, 1 ივნისს - კამერუნს, 8 ივნისს კი - მოზამბიკს.

მეკარეები:ედუარდუ (ბრაგა), ბეტუ (პორტუ), დანიელ ფერნანდეში (ირაკლისი, საბერძნეთი)

მცველები: პაულო ფერეირა, რიკარდო კარვალიუ (ორივე ჩელსი, ინგლისი), ბრუნო ალვეში, როლანდუ (ორივე პორტუ), დუდა (მალაგა, ესპანეთი), მიგელ ბრიტო (ვალენსია, ესპანეთი), ფაბიო კოენტრაო (ბენფიკა), პეპე (რეალი, ესპანეთი), ზე კასტრო (დეპორტივო, ესპანეთი), რიკარდუ კოშტა (ლილი, საფრანგეთი)

ნახევარმცველები: პედრო მენდეში, მიგელ ველოსო (ორივე სპორტინგი), დეკუ (ჩელსი, ინგლისი), ტიაგუ (ატლეტიკო, ესპანეთი), რაულ მეირელეში (პორტუ)

თავდამსხმელები: ნანი (მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი), სიმაო საბროსა (ატლეტიკო, ესპანეთი), კრიშტიანუ რონალდუ (რეალი, ესპანეთი), უგო ალმეიდა (ვერდერი, გერმანია), დანი (ზენიტი, რუსეთი), ლიედსონი (სპორტინგი)

მეკარეები: ჟულიო სეზარი (ინტერი, იტალია), დონი (რომა, იტალია), ეურელიო გომეში (ტოტენჰემი, ინგლისი)

მცველები: მაიკონი, ლუსიო (ორივე ინტერი, იტალია), ტიაგო სილვა (მილანი, იტალია), ჟუანი (რომა, იტალია), ლუიზაო (ბენფიკა, პორტუგალია), დანი ალვეში (ბარსელონა, ესპანეთი), მიშელ ბასტოსი (ლიონი, საფრანგეთი), ჟილბერტუ (კრუზეირო)

ნახევარმცველები: ჟილბერტო სილვა (პანათინაიკოსი, საბერძნეთი), ჟოსუე (ვოლფსბურგი, გერმანია), ელანო (გალათასარაი, თურქეთი), კაკა (რეალი, ესპანეთი), რამირესი (ბენფიკა, პორტუგალია), ფელიპე მელუ (იუვენტუსი, იტალია), ჟულიო ბაპტიშტა (რომა, იტალია), კლებერსონი (ფლამენგო)

თავდამსხმელები: ლუის ფაბიანო (სევილია, ესპანეთი), ნილმარი (ვილიარეალი, ესპანეთი), გრაფიტე (ვოლფსბურგი, გერმანია), რობინიო (სანტოსი)

ბრაზილია უჯადოქრებოდ

მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონმა ბრაზილიამ, პირველმა დაასახელა საბოლოო შემადგენლობა: ნაკრების თავკაცმა დუნგამ ფიფა-ს ოქროს თასის გათამაშებისთვის 23 ფეხბურთელი შეარჩია.

მთავარი მწვრთნელის სიაში სამი ვარსკვლავი ვერ მოხვდა: მილანის ლიდერი რონალდინიო, ფლამენგოს ფორვარდი ადრიანო და კორინთიანსის გოლეადორი რონალდო. დუნგას თქმით, რონალდინიო კიდევ ინარჩუნებს სამხრეთ აფრიკაში გამგზავრების შანსს - ბოლო ორისგან განსხვავებით, ის სათადარიგოთა სიაშია.

ბრაზილიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე 15 ივნისს, ჩრდილოკორეელებთან მატჩით დაიწყებს ასპარეზობას, 20 ივნისს კოტ დ'ივუარის ნაკრებს დაუპირისპირდება, 25 ივნისს კი - პორტუგალიას.

0x01 graphic

ფოტოისტორია

0x01 graphic

ფოტო: ლაშა გოდუაძის არქივიდან

1938 წელს იტალიის ნაკრებმა ზედიზედ მეორედ მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი. სამშობლოში დაბრუნებულ სკუადრა აძურას ფეხბურთელებს დაუვიწყარი დახვედრა მოუწყვეს. გაუთავებელი შეხვედრებისა და ბანკეტების დაწყებამდე კი გუნდს ქვეყნის ლიდერმა ბენიტო მუსოლინიმ უმასპინძლა. ფოტოზე სწორედ დუჩესთან მსოფლიო ჩემპიონთა სტუმრობაა აღბეჭდილი - დიქტატორი თეთრ კოსტიუმში დახვდა ფეხბურთელებს.

ახალი ამბები

... ჰოლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბერტ ვან მარვიიკმა გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა, თუმცა არ უხმო ჰამბურგის ფორვარდ რუუდ ვან ნისტელროის.

... ფრანგთა თავკაცის რაიმონ დომენეკის 30 საუკეთესო მოთამაშეს შორის ვერ მოხვდნენ მანჩესტერ სიტის ნახევარმცველი პატრიკ ვიეირა და მადრიდის რეალის ფორვარდი კარიმ ბენზემა.

... ესპანეთის ნაკრების სამედიცინო გუნდის თქმით, ფერნანდო ტორესი ოპერაციისშემდგომ სარეაბილიტაციო კურსს გადის, თუმცა ჯერ არაა გადაწყვეტილი, შეძლებს თუ არა მსოფლიო ჩემპიონატზე ნაკრების პირველ მატჩში მონაწილეობას.

... არგენტინელთა თავკაცმა დიეგო მარადონამ გაფართოებულ სიაში ერთბაშად 7 ფორვარდს უხმო, ამ დროს ნაკრებს მიღმა დატოვა მილანის ინტერში მოთამაშე ხავიერ ძანეტი და ესტებან კამბიასო. მწვრთნელის რჩეულთა შორის ვერ მოხვდა მადრიდის რეალის ნახევარმცველი ფერნანდო გაგოც.

... ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ 30 მოთამაშე შეარჩია, რომელთაგან საბოლოოდ 23-ს დატოვებს. კაპელოს თხოვნით, ქვეყნის პირველ გუნდს სამწლიანი შესვენების შემდეგ დაუბრუნდა ლივერპულის 32 წლის მცველი ჯეიმი კარაგერი.

ისტორიული ფაქტები

…1930 წლის 17 ივლისს ამერიკელებმა პარაგვაის 3:0 სძლიეს. სამივე გოლი ბერტრან პეიტნოდმა გაიტანა. ის გახდა მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში პირველი ჰეთ-თრიქის ავტორი.

...1930 წელს, პირველ მსოფლიო ჩემპიონატზე, ამერიკის ნაკრებმა ყველა შეხვედრა უცვლელი შემადგენლობით ჩაატარა. აშშ-ს ნაკრები ერთადერთია, რომელმაც ერთ ტურნირზე მხოლოდ 11 ფეხბურთელით ითამაშა.

...1934 წელს, ტურნირის ისტორიაში პირველად, პირდაპირ ეთერში გადაიცა თამაშების რადიორეპორტაჟი: იტალიიდან რადიოსიგნალი ევროპის ცამეტმა ქვეყანამ მიიღო. რეპორტაჟების სანაცვლოდ კომპანიებმა 10 ათასი იტალიური ლირა გადაუხადეს ტურნირის საორგანიზაციო კომიტეტს.

...1954 წელს, ტურნირის ისტორიაში პირველად, პირდაპირ ეთერში გადაიცა თამაშების ტელერეპორტაჟი. ცისფერ ეკრანებზე საფეხბურთო მატჩების ხილვა იმ დროს მხოლოდ ტურნირის მასპინძელ შვეიცარიაში იყო შესაძლებელი.

26 ლიოვის ჭრელი სია

▲ზევით დაბრუნება


ბიძინა ბარათაშვილი|სვეტი

0x01 graphic

გერმანიის ნაკრებზე წერა და, მით უმეტეს, მისი სამუნდიალო შანსების შეფასება რთული საქმეა.

„ფეხბურთის მატჩი 90 წუთს გრძელდება და ბოლოს გერმანელები იგებენ,“ - გარი ლინეკერის ეს ირონიული გამონათქვამი მწარე სიმართლეს შეიცავს. მეტის თქმაც შეიძლება - როდესაც გერმანელებს მუნდიალზე შედარებით სუსტი გუნდი ჩაჰყავთ, ისინი ფინალში გადიან (1982, 1986, 2002), ან, სულ ცოტა, ოთხეულში ხვდებიან (1934, 1958, 2006). ნურც იმას დავივიწყებთ, რომ მოგებული სამი ჩემპიონატიდან ორში (1954, 1974) ბუნდესგუნდმა ფინალში ფავორიტად მიჩნეული მეტოქეები (უნგრეთი, ჰოლანდია) დაამარცხა.

უკანასკნელ წლებში გერმანიამ ინტენსიურად დაიწყო ნაკრებში სხვა ეროვნების მოთამაშეთა გამოყენება. ამის ისტორიული წინაპირობა 1938 წლის მუნდიალზე, ავსტრიის ანშლუზის მერე ვუნდერტიმის ფეხბურთელთა გაგერმანელებაში უნდა ვეძებოთ. თუმცა, მაშინ სხვა სიტუაცია იყო - ფაშისტები ავსტრიელებს ბიძაშვილებად თვლიდნენ, მათ არიულ წარმოშობას აღიარებდნენ (ბიძია ადოლფიც ხომ ავსტრიაში დაიბადა), ავსტრიელ ებრაელ მატიას შინდელარს კი თავი მოაკვლევინეს! სხვათა შორის, ექსპერიმენტმა არ გაამართლა და გერმანიამ თავის სამუნდიალო ისტორიაში ყველაზე უარესი შედეგი აჩვენა.

დღეს კი, დოქტორი იოზეფ გებელსი რომ ბუნდესგუნდის შემადგენლობას გასცნობოდა, უთუოდ მეორედ ამოწყვეტდა ოჯახს და უყოყმანოდ მოიკლავდა თავს (სიმბოლურია, რომ მან ეს ლიოვის სიის გამოქვეყნებამდე ზუსტად 55 წლით ადრე, 1945 წლის 1 მაისს გააკეთა)!

0x01 graphic

თავად განსაჯეთ: ლუკაშ პოდოლსკი, მიროსლავ კლოზე და პიოტრ ტროხოვსკი პოლონეთში დაიბადნენ, მარკო მარინი - იუგოსლავიაში, კაკაუ - ბრაზილიაში, მესუთ იოზილი და სარდარ ტასკი - თურქები არიან, მარიო გომესი - ესპანელი, დენის ააგო - ნიგერიელი, ჟერომ ბოატენგი - განელი, სამი ხედირა - ტუნისელი!!! არც აარონ ჰანტის სახელი ჟღერს მთლად არიულად...

მაისის დასაწყისში იოგი ლიოვმა ნაკრების გაფართოებული სია (27 ფეხბურთელი) გამოაქვეყნა და უმალ კრიტიკის ქარ-ცეცხლში აღმოჩნდა - სპეციალისტები გააწბილა ფორვარდ კევინ კურანის (ესეც ბრაზილიაში დაიბადა უნგრულ-პანამურ ოჯახში) და ნახევარმცველ ტორსტენ ფრინგსის არყოფნამ. თუმცა, მათ ამის იმედი არც უნდა ჰქონოდათ - ლიოვმა კურანი რუსეთთან ამხანაგურის მერე მოკვეთა, როცა ძირითადში ვერმოხვედრა სტადიონიდან წასვლით გააპროტესტა, ფრინგსი კი - უფრო ადრე, პრესაში გაკეთებული კრიტიკული შენიშვნებისთვის.

არის ობიექტური მიზეზით დანაკლისიც. ლიოვს ძირითად მეკარედ რენე ადლერი უნდა დაესახელებინა, მაგრამ ის საოპერაციო გახდა და მუნდიალზე ოცნებას დაემშვიდობა (ახლა არჩევანი მანუელ ნოიერსა და ტიმ ვიზეს შორის უნდა გაკეთდეს).

დაცვაში ტომას ჰიტცლშპერგერი და კრისტოფ მეტცელდერი, შესაბამისად, ლაციოსა და რეალის თადარიგში ჩაიკარგნენ... გასაკვირი არაა, რომ ამით შანსი მიეცათ დებიუტანტებს, ააგოსა და ბადშტუბერს. მაგრამ მთავარ იმედს გერმანელები მაინც გამოცდილ ფილიპ ლამსა და პერ მერტესაკერზე ამყარებენ.

უძლიერესი ხაზი ნახევარდაცვაა. აქ ლიოვს დიდი არჩევანი აქვს - მიხაელ ბალაკი და ბასტიან შვაინშტაიგერი მსოფლიო მასშტაბის ვარსკვლავები არიან, იოზილი და ტონი კროოსი - ბუნდესგუნდის მომავალი...

ლიოვის მთავარი პრობლემა თავდასხმაა. სადღეისოდ მის მიერ შერჩეული ფორვარდების ნახევარი ან საერთოდ ვერ ხვდება თავისი კლუბის ძირითადში, ან გოლის გატანას ვერ ახერხებს. ერთმანეთში პოლონურად მოსაუბრე კლოზე და პოდოლსკი შორს არიან ოპტიმალური ფორმიდან. გომესი „ბაიერნში“ რობენისა და ოლიჩის დუბლიორია, ბრაზილიელ კაკაუს აშკარად აკლია მისი ისტორიული თანამემამულეების სიმსუბუქე, ხოლო ორად ორ ნამდვილ არიელს (კისლინგი და მიულერი) - გამოცდილება!

და მაინც, თუ ლინეკერსა და სტატისტიკას დავუჯერებთ, გერმანია ფავორიტად რჩება.

27 საერთაშორისო ტურისტული გამოფენა ბათუმში

▲ზევით დაბრუნება


ბიზნესი

სარეკლამო სტატია

0x01 graphic

7-9 მაისს ბათუმმა მესამე საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას უმასპინძლა: მსოფლიო ტურიზმის ოფიციალურ ვებგვერდზე „ბათუმი ექსპო“, ბერლინისა და შანხაის საერთაშორისო გამოფენათა გვერდით, ოფიციალურ ჩამონათვალშია

ერას მოედანზე გაშლილ საგამოფენო კონსტრუქციაში ცხრა ქვეყნის 107 კომპანიის სტენდები იყო გამოფენილი. წელს მთავარი სტუმარი ქვეყნის სტატუსით თურქეთი სარგებლობდა და, შესაბამისად, თურქული კომპანიების სტენდები გამოფენის პავილიონში 300 კვ.მ-ზე იყო განთავსებული. ართვინიდან, რიზედან და ორდუდან ჩამოსულმა ბიზნესმენებმა ბათუმის მუნიციპალიტეტში არსებულ სასტუმროს ტიპის სახლებთან საქმიანი ხელშეკრულებები გააფორმეს.

რამდენიმე თურქული კომპანია რესტორნებისა და სასტუმროების მომარაგებით დაინტერესდა. ყავის მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენლებმა ბათუმში ფილიალის გახსნა გადაწყვიტეს. ორდუს ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელის შეფასებით, ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი კონტაქტები დამყარდა

0x01 graphic

კომპანია ბარამბოს გაყიდვების სამსახურის წარმომადგენლის, გიორგი კავთიაშვილის თქმით, ბათუმი ექსპო 2010 კარგი საშუალება იყო პროდუქციის არა მარტო რეალიზაციისთვის, არამედ აჭარის რეგიონში მისი ცნობადობის გაზრდისთვისაც: „ექსპოს დახმარებით მოვაწყვეთ ორიგინალური აქცია. გამოფენის ირანელმა სტუმრებმა ბარამბოს პროდუქციის მიმართ ინტერესი გამოხატეს და მომავალ თანამშრომლობაზეც შევთანხმდით.

გამოფენა ოფიციალურად გახსნეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარემ, ლევან ვარშალომიძემ, საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა, საქართველოს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, ზაალ აბაზაძემ და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, თემურ დიასამიძემ

დიასამიძე ბათუმს უახლოეს მომავალში მრავალფუნქციურ ექსპოცენტრს დაჰპირდა

სტუმრებისთვის გამოფენილი იყო აჭარული თანამედროვე და ტრადიციული სამოსი, ხელნაკეთი ნივთები. მათ ასევე შეეძლოთ კერძებისა და ღვინის დეგუსტაცია. იქვე იდგმებოდა ტრადიციული ცეკვები - აჭარული ცეკვის ილეთებს 90 წელს გადაცილებული აჭარელი ბაბუები ასრულებდნენ, რაც განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო დამთვალიერებლისათვის

ღონისძიების ინიციატორი იყო აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, ორგანიზატორი - კომპანია calypso travel. კომპანიის დირექტორმა, ინგა მალაყმაძემ, განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა თანაორგანიზატორებს: მაგთიკომს, GTZ- ის, სადაზღვევო კომპანია აისი ჯგუფს, ბათუმისა და თბილისის მერიას, საინვესტიციო სააგენტოს - Invest in Georgia და ღონისძიების საინფორმაციო მხარდამჭერებს

სტატია დაკვეთილია calypso travel-ის მიერ.

28 მსოფლიოს 70 უმდიდრესი დედა

▲ზევით დაბრუნება


ბიზნესი

Forbes-მა მსოფლიოს უმდიდრესი დედების რეიტინგი გამოაქვეყნა. 70 დედიდან მხოლოდ რვამ შეძლო საკუთარი ქონების დამოუკიდებლად დაგროვება. დანარჩენ 62 დედას ქონება მემკვიდრეობით ერგო.

რეიტინგის სამეულს სწორედ მემკვიდრეობით გამდიდრებული დედები ხსნიან. პირველ ადგილზეა 55 წლის ქრისტი ვოლტონი, ერთი შვილის დედა, რომელიც მილიარდერი 2005 წელს გახდა, მას შემდეგ, რაც მისი მეუღლე - Wal Mart-ის დამფუძნებლის, სემ ვოლტონის შვილი - გარდაიცვალა. მეორეადგილზეა 87 წლის ლილიან ბეტანკური, ერთი შვილის დედა, რომელსაც მემკვიდრეობით ერგო მამის, კოსმეტიკური გიგანტის L'Oreal- ის დამფუძნებლის ქონება. მესამე ადგილზეა 86 წლის ბირგით როსინგი, სამი შვილის დედა, რომელიც მილიარდერი 2000 წელს გახდა, მეუღლის - შვედური კომპანია Tetra Laval-ის დამფუძნებლის - გარდაცვალების შემდეგ.

რეიტინგის ხუთეულში შედის აზიის უმდიდრესი ქალბატონი - სავიტრი ჯინდალიც, რომელიც ფოლადისა და ელექტროენერგიის კონგლომერატის - OP Jindal Group-ის - დამფუძნებლის ქვრივია და, ამასთან, ყველაზე მრავალშვილიანი - 9 შვილის მილიარდერი დედაა. ჯინდალმა ინვესტიცია საქართველოშიც განახორციელა: იგი რუსთავში არმატურის საამქროს მფლობელია.

რვა ქალბატონს შორის, რომლებმაც ქონება დამოუკიდებლად დააგროვეს, ყველაზე მეტი კაპიტალის მფლობელია 53 წლის მარგარეტ ვიტმანი, იგივე მეგი, რომელმაც მილიარდ დოლარზე მეტის დაგროვება ონლაინ აუქციონის - eBay.Inc-ის - მთავარ აღმასრულებლად მუშაობისას შეძლო.

ამავე სიაში მოხვდნენ ესპანური ტანსაცმლის ფირმა Zara-ს მფლობელი როსალია მერა; ტანსაცმლის გიგანტის, The Gap-ის, მფლობელი დორის ფიშერი; იტალიური ფირმა Benetton-ის მფლობელი, გილიანა ბენეტონი; მოსკოვის მერის მეუღლე ელენე ბატურინა და ჩინელი ჯანგ სინგი, რომელმაც მსხვილი სამშენებლო კომპანია ჩამოაყალიბა. საკუთარი ნიჭის წყალობით გამდიდრდა ინგლისელი მწერალი ჯოან როულინგიც, რომელმაც დაწერა წიგნების სერია ჰარი პოტერის შესახებ.

Forbes.com დაასკვნის, რომ მილიარდობით დოლარის დასაგროვებლად ქალისთვის შვილის ყოლა ბარიერი არ არის.

0x01 graphic

მილიარდერი დედების სამეული

29 ფოთის პორტი ახალი ინვესტიციების მოლოდინში

▲ზევით დაბრუნება


ბიზნესი

ფოთის პორტში Ras Al Khaimah United Arab Emirate 4-5 წლის განმავლობაში 500 მილიონი დოლარის ინვესტირებას აპირებს. საქართველოში მისი ოფიციალური წარმომადგენელია კომპანია რაკია, რომელიც ფოთის პორტის მფლობელია და მაისის ბოლოსთვის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მშენებლობის დასრულებას გეგმავს. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში კომპანიები გადასახადებისგან თავისუფლდებიან.

მომავალ წელს რაკია ახალი, მიმდებარე პორტის მშენებლობას და ამ მიზნით 300 ათასი დოლარის ინვესტირებასაც აპირებს. რაკია ახალი პორტის საკონტროლო პაკეტის მფლობელი იქნება. ახალი პორტის დაფინანსება კომპანიას გადაწყვეტილი აქვს, თუმცა ამ კუთხით მსხვილ საერთაშორისო ბანკებთან თანამშრომლობას მიესალმება.

თავისუფალ ზონაში თხუთმეტი კომპანია უკვე დარეგისტრირდა, წლის ბოლომდე დარეგისტრირებას გეგმავს კიდევ ორმოცდაათი კომპანია, მათ შორის, ზოგიერთი - აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, თურქეთიდან და გაერთიანებული არაბეთის საემიროებიდან.

კომპანიების პროფილი განსხვავებულია: ავეჯის დამზადება, წამლების წარმოება, ფოლადის გადამუშავება.

კიდევ ერთი თავისუფალი ინდუსტრიული ზონა უკვე მოქმედებს ქუთაისში, სადაც გაზის ღუმელებსა და წყლის გამათბობლებს აწყობენ და ექსპორტზე გააქვთ აზერბაიჯანსა და სომხეთში.

თურქეთ-საქართველოს საზღვართან - გონიოში და აღმოსავლეთ საქართველოში კიდევ ორი თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მშენებლობა იგეგმება.

30 პროტესტი და რობინ ჰუდი კანში

▲ზევით დაბრუნება


კულტურა

სალომე კიკალეიშვილი

0x01 graphic

ფესტივალის ჟიური
ყველა ფოტო: REUTERS ©

პროტესტი, პროტესტი! აქაც პროტესტი! კანის 63-ე კინო ფესტივალის გახსნას ბევრი საპროტესტო აქცია მოჰყვა. ჯერ იყო და, გამკაცრებული ექსკლუზიურობის გამო, ფესტივალის დირექციას ჟურნალისტები აუჯანყდნენ; მერე იტალიის კულტურის მინისტრმა განაცხადა უარი კანში ჩამოსვლაზე და ღრმა მწუხარება გამოთქვა საბინაგუძანტის „დრაკუილა - იტალია ცახცახებს“ ჩვენების გამო, რომელიც ბერლუსკონის მთავრობის პაროდიაა; და ბოლოს, კანის საერთაშორისო კინოფესტივალმა თავად გამოთქვა პროტესტი ვენეციისა და კანის კინო ფესტივალების გამარჯვებული, ირანელი რეჟისორის ჯაფარ პანაჰის დაპატიმრების გამო. მთავრობამ იგი რეჟიმის საწინააღმდეგო ფილმების გადაღებაში დაადანაშაულა და უკვე ორი თვეა თეირანის ციხეში ჰყავს გამომწყვდეული. ფესტივალის საზეიმო გახსნის პატივი ქრისტინ სკოტტომას ხვდა წილად. ჟიურის გვერდით კი, პანაჰის პატივსაცემად, ფრანგებმა ცარიელი სკამი დადგეს.

რომ შემეძლოს, მეც მოვაწყობდი პატარა აქციას: კანის კინო ფესტივალი რობინ ჰუდის გარეშე! ცრუმორწმუნე არ ვარ, მაგრამ ფესტივალი ისეთი ფილმით გაიხსნა, მეეჭვება, ამის მერე საინტერესოდ განვითარდეს ამბები. რა, ჯერ არ გინახავთ რიდლი სკოტის რობინ ჰუდი?!

როგორც კი ჟურნალისტმა მიკროფონი მომიშვირა და მანიშნა - მიდი, დაიწყეო, აღელვებულმა და წარბებაქაჩულმა ენერგიულად დავიწყე მშვილდისრიანი ბლოქბასტერის ლანძღვა. რიდლი სკოტიდან „რბილად“ გადავედი რა სელქროუზე და მათი აგერ უკვე მეხუთე ტანდემი „პატივისცემით“ მოვიხსენიე. რაც შეიძლება ხმამაღლა ვლაპარაკობდი, რადგან საშინლად მაცოფებ და აქეთ იქიდან აღტკინებული ფრანგების შეძახილები ფილმზე: „ოო, სე სუპეღ, სუპეღ“! ეს არის ფილმი, რომელიც სკოტის საიქიოს დაბრუნება უნდა ყოფილიყო. მაგრამ ფაქტია, რეჟისორმა, რომელმაც არა ერთხელ განიცადა დაცემა და რეაბილიტაცია, ამჯერად დიდი ხნით ჩაყვინთა.

მერწმუნეთ, რობინის ეს ვერსია ვერც თვალში ისარგარჭობილი გმირების მოყვარულთ დააინტერესებს და ვერც საბრძოლო სცენებით დაიკვეხნის. და, საერთოდ, „გლადიატორის“ (რეჟ. რიდლი სკოტი) უგვანო გაგრძელებაა: გლადიატორი 2 შერვუდის ტყეში. უფრო სწორად, რობინის ყოფა ტყეში საცხოვრებლად გადასვლამდე. რამ მიგიყვანათ რობინ ჰუდამდე? - ეს შეკითხვა ალბათ ბევრს დაებადა, თუმცა, არავის უკითხავს, რადგან პრესკონფერენციაზე გაირკვა, რომ მისტერ სკოტი მუხლზე იკეთებდა ოპერაციას და ფილმის პრემიერას ვერ დაესწრებოდა. სამწუხაროა.

სამაგიეროდ, სკოტის გარეშე რასელ ქროუმ გაიხარა... პრესკონფერენციაზე ვერა და ვერ გააჩუმეს, ხუმრობდა, ჟურნალისტებს აცინებდა. რამდენჯერმე თავისი ხუმრობით ბლანშეტიც კი დააბნია. არადა, ფილმში ისეთი მოსაწყენი და უინტერესო რობინი იყო... დამწუხრებული, მძიმე, გლადიატორული ნაბიჯებით დადიოდა და წარბშეჭმუხნილი, დარდით სავსე თვალებით შეჰყურებდა ონავარ მერი ანს. რამდენჯერაც რასელ ქრ უს წყლიდან შენელებული ამოსვლა მახსენდება ემოციური მუსიკით, სანამ ბლან შეტს გადაარჩენს და მერე დაჭრილები იკოცნავებენ, იმდენჯერ მავიწყდება მზეც, სითბოც, ხმელთაშუა ზღვაც და წითელი ხალიჩაც. და ისიც, რომ ჩემთვის კი არ ვწერ, დღიურში!

2010 წლის კანის საკონკურსო პროგრამაში 18 ფილმია წარმოდგენილი. აქედან თითქმის ნახევარი აზიური კინოა. ასე რომ, დაივიწყეთ, თუ ოდესმე რომელიმე კინომანმა მას მივიწყება უწინასწარმეტყველა, აზიური კინო ისევ მოდაშია! ტაკეში კი ტანოსთან ისევ იქნება ძვლების მტვრევა და ტყვია შუბლში; აბბას კიაროსტამის „ეგზოტიკური“ აზია, ბრიტანელი მაიკლ ლის ადამიანებზე დაკვირვება, ალეხანდრო გონსალეს ინარიტუსთან ძალით „დაშლილი“ ამბების ერთად აწყობა და... ეს რამ დამავიწყა! მართალია, რუსულ გაქირავებაში ფილმი უკვე ჩავარდა, მაგრამ ნიკიტა მიხალკოვის „მზით გათანგულნი 2“, როგორც გემრიელი დესერტი, ბოლო დღისთვისაა შემონახული. არა, როგორც გემრიელი ხიზილალა, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ფილმის შემდეგ გამართულ საღამოზე (თითქმის ყველა ფილმის შემდეგ იმართება დახურული საღამოები და, ღრმად მწამს, ამას არც ბატონი მიხალკოვი მოიკლებს) ოხრად ეყრება მაგიდებზე.

0x01 graphic

რასელ ქროუ და ქეით ბლანშეტი

სპეციალურ ჩვენებაში ჩართულია ოთარ იოსელიანის ახალი ნამუშევარი „შანტრაპაც“, რომელზეც, ისევე როგორც საკონკურსო ფილმებზე, მომდევნო წერილში მოგიყვებით.

„და ანა ი რუსკი ზნაეტ“, გადაულაპარაკა ერთმა მეორეს, როგორც კი წითელ ხალიჩაზე ჟიურის წევრები გამოჩნდნენ. ქეით ბეკინსეილზე ამბობდნენ. ისე ვახსენე ეს ბეკინსეილი, გეგონება, აუცილებლად უნდა იცოდეთ. სადღაც ამო ვიკითხე: „ბეკინსეილმა გადასაღებ მოედანს სცენა არჩია და კომერციულ ფილმებს - ჩეხოვის „თოლიაში“ თამაშიო.“ ამ თოლიას მერე იყო, რომ მოაყოლა როლები: „პერლ ჰარბო“ და „ვან ჰელსინგი“! არაა, რაკომერცი ა! ჟიურის წევრებს შორისაა 2008 წლის კანის გამარჯვებული და საუკეთესო მამაკაც მსახიობად აღიარებული პუერტორიკოელი ბენისიო დელ ტორო და, რაც მთავარია, ჟიურის თავმჯდომარე ტიმ ბარტონი!

საერთოდ, ფესტივალებზე პროგნოზების გაკეთება არც ისე ადვილია, რადგან საბოლოო სიტყვა მაინც მის თავმჯდომარეზეა დამოკიდებული. ამიტომ თუ გამოჩნდა რაიმე ექსპერიმენტული, ანიმაციის ეფექტებით და, რაც მთავარია, საშიში, მაშინვე გეტყვით! ვიწინასწარმეტყველებ!

P.S. ფესტივალის დროს გარეთ გამოსულს, შეიძლება სხვა ქალაქში გეგონოს თავი. უეცრად საიდანღაც ჩნდება ლამაზად ჩამწკრივებული უამრავი რენო, რომლითაც წითელ ხალიჩასთან მიჰყავთ ვარსკვლავები. ქუჩებში შეშლილი სახეებით დარბიან სხვადასხვა ზომისა და ზუმის მქონე ფოტოაპარატიანები გეგონება, რაიმე სარეკლამო რგოლს იღებენო და, როგორც ერთი, ყველა ფესტივალის ჩანთით და კისერზე ჩამოკიდებული აკრედიტაციით დარბის. მეც ამ დიდი ქაოსის წევრი ვარ. აღარ მახსოვს, უკვე გითხარით თუ არა, მაგრამ კანის აკრედიტაციის შემთხვევაში ფრანგები ივიწყებენ მათი საამაყო დევიზის საამაყო ნაწილს EGALITE ანუ თანასწორობას და აკრედიტაციებს პრესის პერიოდიკის მიხედვით არიგებენ. ასე რომ, ყველას სხვადასხვა ფერის და „სიძლიერის“ ნიშანი კიდია კისერზე. მე ყოველკვირეული „ცისფერი“ ვარ, გარკვეული შეზღუდვებით.

31 გადაფრენა ძველ ტფილისში

▲ზევით დაბრუნება


კულტურა

გამომცემლობა სიესტამ მკითხველს შესთავაზა იოსებ გრიშაშვილის ლეგენდარული „ძველი ტფილისის ლიტერატურული ბოჰემა“. წიგნი იმ მხრივაა უნიკალური, რომ ზუსტად იმეორებს 1928 წლის გამოცემას - ყველა დეტალი შენარჩუნებულია, უკანა ყდაზე ფასიც კი - 2 მანეთი და 50 კაპიკი. ასლი მომზადდა და გამოიცა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ჯერჯერობით მხოლოდ შეზღუდული ტირაჟით, თუმცა მალე მისი ხელმეორე ბეჭდვა იგეგმება.

თუ რომელიმე თქვენგანს გასული საუკუნეების თბილისში მოგზაურობა უნატრია, გადაშალოს ეს კრებული და ხან აშუღების დღეობებში ამოყოფს თავს, ხან ამქრობას შეუერთდება, ძველი ტფილისის ბიბლიოთეკის კარსაც შეაღებს, გივიშვილისა და სკანდაროვას ლექსებს გაეცნობა. თუ ვინმეს სურვილი აქვს, აბანოც იქვეა, „სადაც ტიტლიკანა დედაკაცები ისხდნენ სამოვრის გარშემო და მთელი დღე ჩაით ლოთობდნენ“.

წიგნში უნიკალური ნახატები და ფოტოებია თავმოყრილი - კინტოები, ყოჩების ჭიდაობა, კრივი, ყეენობა თანმიმდევრობით აცოცხლებს ძველი თბილისის სურათებს. გამოცემას იმდროინდელი სიმღერების ნოტებიც ერთვის.

0x01 graphic

ფოტო: ბესო დარჩია

ლიტერატურათმცოდნე მალხაზ ხარბედია აღნიშნავს: „ძველი ტფილისის ლიტერატურულ ბოჰემაში“ მთელი ქალაქია თავმოყრილი, ქალაქი, რომელიც ზოგისთვის, მაგალითად, ნიკოლოზ ბარათაშვილისთვის „უსარგებლო იყო გულისა და გონებისთვის“, სხვები კი მასზე ოდებს თხზავდნენ. შესაბამისად, ის საინტერესოა როგორც მკვლევართათვის, ისე ნებისმიერი მკითხველისთვის“.

32 ამერიკული ჯაზის კავკასიური სული

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ყველა ფოტო: ბესო დარჩია

“ყურმა შეიძლება მოგატყუოს. ხელმაც, თვალმაც, პოლიტიკოსებმაც... მაგრამ არის ერთი რამ, რაც ვერ იტყუება - გული, და ამ გულიდან წამოსული მუსიკა!“ ასე მიმართა 9 მაისს თბილისის ივენთ ჰოლში შეკრებილ საზოგადოებას ჯასტინ დიჩიოჩიომ - კარნეგი ჰოლის ჯაზის საგანმანათლებლო პროგრამის დირექტორმა. ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი ჯაზმენების გულებიც არ ტყუოდნენ. მათ ერთად, ერთ სცენაზე, სამაგალითოდ გვიჩვენეს, თუ როგორ უნდა დაივიწყო პოლიტიკა და ეძებო დიალოგის სხვა გზები, მაგალითად, მუსიკა. რა ხდებოდა თბილისის ივენთ ჰოლში? 9 მაისს საზეიმოდ დაიხურა პირველი კავკასიური ჯაზფესტივალი Kavkaz Jazz, რომელიც ელენე მეჩითოვას იდეით და ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა. თუმცა მანამდე ქართველმა, სომეხმა და აზერბაიჯანელმა ჯაზმენებმა ერთკვირიანი მუსიკალური დიალოგი გამართეს.

ფესტივალი 1 მაისს თბილისის კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიხსნა. სომხურმა ჯგუფმა Art Voices შთამბეჭდავად დაიწყო საღამო და ეთნოჯაზის შესანიშნავი ნაზავი წარმოგვიდგინა. ჯგუფის გამოსვლამდე ცოტა ვინმეს თუ ეგონებოდა, რომ ტრადიციული სომხური საკრავები ბლული და ზურნა ასე ჰარმონიულად შეერწყმებოდა აფროამერიკული წარმოშობის ჯაზს. ინტერნაციონალური პუბლიკა კონცერტის პირველივე წუთებიდან მიხვდა, რომ ეს იქნებოდა არა უბრალოდ ჯაზფესტივალი, არამედ განსხვავებულ კულტურათა გაცვლის სასიამოვნო საღამო.

Art Voice-ის შემდეგ ორმა ქართულმა ჯგუფმა წარმოადგინა თავისი კომპოზიციები. გიორგი მიქაძის ჯაზკვარტეტის შესახებ უნდა ითქვას, რომ ჯაზს, როგორც ერთ- ერთ ყველაზე თავისუფალ და მშვიდობიან ჟანრს, არ უხდება ისეთი მოძველბიჭო შოუების დადგმა, როგორიც კვარტეტის საქსოფონისტმა შემოგვთავაზა. ამ დროს უფრო ლაღი და გახსნილი უნდა იყო. აზერბაიჯანიდან კი ორი ჯგუფი გვეწვია. კონცერტი ისფარ სარაბსკის კვარტეტმა დახურა. ეს ის პიანისტი ისფარ სარაბსკია, 2009 წელს მსოფლიოს ერთ- ერთი ყველაზე პრესტიჟულ Montreux Jazz Festival-ზე ფურორი რომ მოახდინა. მან არც კონსერვატორიის დარბაზში შეკრებილ მაყურებელს გაუცრუა იმედი - 20 წლის მუსიკოსის შესრულების ტექნიკით მოხიბლულმა პუბლიკამ ის ორჯერ იხმო ბისზე.

პირველი კონცერტის შემდეგ დაიწყო ერთკვირიანი მასტერკლასების სერია ბაზალეთის ტბაზე. კავკასიელ ჯაზმენებს მასტერკლასები მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო პედაგოგმა ჯასტინ დიჩიოჩიომ ჩაუტარა. 9 მაისს მონაწილეები დიდი სიყვარულით იხსენებდნენ ამ ერთ კვირას, როდესაც პოლიტიკური მიზეზებით ერთმანეთს დაშორებული მუსიკოსები დამეგობრდნენ, ერთად უკრავდნენ და ერთად ეუფლებოდნენ ჯაზის ხელოვნებას. მუსიკის სიყვარულისა და მეგობრობის „გამოცდა“ კი, როგორც უკვე ვთქვით, 9 მაისს თბილისის ივენთ ჰოლში „ჩააბარეს“. დიჩიოჩიოს გადაწყვეტილებით, ჯგუფების შემადგენლობები აირია. აზერბაიჯანელი საქსოფონისტი და ბასისტი, სომეხი მეზურნე და კლავიში, ქართველი დრამერი და კლავიში - ყველანი ერთად იდგნენ სცენაზე და პუბლიკას ეთნოჯაზის ულამაზეს კომპოზიციებს სთავაზობდნენ. კონცერტის ბოლოს ემოციებმა პიკს მიაღწია. ოფიციალურ მონაწილეებს დარბაზიდან რამდენიმე ჯაზმენი შეუერთდა და სამსაათიანი ჯაზმარათონი ერთი დიდი კავკასიური ჯემსეიშენით დასრულდა. ფესტივალის ორგანიზატორმა ელენე მეჩითოვამ იმედი გამოთქვა, რომ Kavkaz Jazz ყოველწიურად გაიმართება. აღფრთოვანებულმა მონაწილეებმა კი თქვეს, რაც უფრო ხშირად გაიმართება ასეთი ღონისძიებები, უფრო ბედნიერები ვიქნებით, ეს ჩვენი ქვეყნების კულტურულ დაახლოებას ხელს შეუწყობსო.

აი, ასე უმასპინძლა თბილისმა ფესტივალს, რომელზეც ისმოდა ამერიკული მუსიკა, ოღონდ მხურვალე კავკასიური სულით.

33 ამბები

▲ზევით დაბრუნება


კულტურა|ამბები

ადმინისტრატორი რიანა

0x01 graphic

ამერიკელი ჰიპჰოპერი ჯეიზი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ, მუსიკალურთან ერთად, ბიზნესის ნიჭითაც არის დაჯილდოებული.

უახლოეს მომავალში ჯეიზი აპირებს გახსნას კაბარეს კლუბების ქსელი, რომლის სახე, „სხეული“ და ადმინისტრატორი 22 წლის მომღერალი რიანა იქნება.

რიანა საერთო ადმინისტრირებას გაუწევს კლუბების ქსელს, ასევე იქნება ქსელის სახე, ხოლო მისი ფოტოები გამოქვეყნდება სარეკლამო პოსტერებზე.

უცნობია, იმღერებს თუ არა ის კლუბებში, თუმცა, გამორიცხული არაფერია. თუ ჯეიზი ჩათვლის, რომ ეს შეიძლება დამატებითი შემოსავლის წყარო გახდეს, მაშინ რიანაც სიამოვნებით შეასრულებს სიმღერებს მის მიერვე ადმინისტრირებულ კლუბებში.

თაყვანისმცემლები ჯეიზის გადაწყვეტილებას დადებითად შეხვდნენ. რიანა სხვადასხვა გამოსვლაში ხშირად იყენებს კაბარეს სტილის კოსტიუმებს, სასცენო დადგმებში კი უხვად არის ელემენტები, რომლებიც კაბარეს კულტურის მძლავრ გავლენას განიცდის.

გარდაიცვალა ლენა ჰორნი

0x01 graphic

92 წლისა გარდაიცვალა მომღერალი და მსახიობი ლენა ჰორნი. 60-წლიანი კარიერის მანძილზე ჰორნმა დასამახსოვრებელი კვალი დატოვა სხვადასხვა სფეროში. ის იყო პირველი აფროამერიკელი, რომელმაც იმღერა თეთრკანიანთა ბენდთან ერთად, იმღერა ცნობილ ღამის კლუბ კოპაკაბანაში და გააფორმა ხელშეკრულება ჰოლივუდის ხმის ჩამწერ სტუდია MGM-თან.

ორმოცდაათიან წლებში მონაწილეობა მიიღო ბროდვეის დადგმაში იამაიკის ვარსკვლავი. ამ გამოსვლის შემდეგ კომპოზიტორმა, ბადი დე სილვამ ლენა ჰორნი იმ პერიოდის საუკეთესო ქალ მომღერლად შეაფასა.

მიღწეული წარმატებისა და საზოგადოებრივი მდგომარეობის მიუხედავად, სამოციანი წლების დასაწყისში ლენა ჰორნი აქტიურად ჩაერთო აფროამერიკელთა მოძრაობაში სამოქალაქო უფლებების დასაცავად: მონაწილეობდა 1963 წელს გამართულ ვაშინგტონის მარშში. სწორედ იმ დღეს წაიკითხა მარტინ ლუთერ კინგმა ცნობილი სიტყვა „მე ვოცნებობ“. მის სახელს უკავშირდება სკანდალი ბროდვეის კაფეში, სადაც მომღერალმა ერთ-ერთ სტუმარს ლამპა ჩაარტყა მისი მისამართით გაკეთებული რასისტული გამონათქვამის გამო

1981 წელს ჰორნი კიდევ ერთხელ დაბრუნდა ბროდვეიზე ერთი მომღერლის მიუზიკლით Lena Horne: The Lady and Her Music. იმავე წელს მიუზიკლმა ტონის დაჯილდოების სპეციალური პრიზი მიიღო.

გაზაფხულის განშორებები ჰოლივუდში

გასული ორი თვე ჰოლივუდის წყვილებისთვის განშორების სეზონად შეიძლება ჩაითვალოს - გაზაფხულის მოახლოებასთან ერთად დაიწყო განქორწინებების ბუმი და ის დღემდე გრძელდება.

0x01 graphic

ოსკაროსანმა წყვილმა ქეით უინსლეტმა და სემ მენდესმა განცხადება გაყრის შესახებ მარტში, შვიდწლიანი თანაცხოვრების შემდეგ გააკეთეს. სანდრა ბულოკისთვის ოსკარის მიღება დიდი ბედნიერების მომტანი არ აღმოჩნდა - დაჯილდოების ცერემონიალიდან ორ კვირაში მსახიობი ხუთწლიანი ჰარმონიული თანაცხოვრების შემდეგ გაეყარა მეუღლეს, ჯესი ჯეიმსს. მიზეზად ჯეიმსის ღალატი დასახელდა. აგრეთვე ოსკარის მფლობელი ჰოლი ბერი ორწლიანი ოჯახური იდილიის შემდეგ ათი წლით უმცროს გაბრიელ ობრის დაშორდა. კოლეგებს არც მელ გიბსონი ჩამორჩა და ოქსანა გრიგორევასთან განშორების შესახებ გააკეთა განცხადება. ჯენიფერ ლავ ჰიუიტი და ჯეიმს კენედი ერთწლიანი რომანტიკული ურთიერთობის შემდეგ დაემშვიდობნენ ერთმანეთს. რაც შეეხება პერის ჰილტონს და დაგ რეინჰარდტს, მათი რომანის სტაბილურობა იმთავითვე საეჭვო იყო. ამიტომ გაზაფხულზე გავრცელებული ინფორმაცია არავის გაჰკვირვებია.

34 მოდა თბილისშიც მოდაში შემოვიდა

▲ზევით დაბრუნება


კულტურა|FASHION

შემოდგომა/ზამთარი 2010-11

0x01 graphic

ნინო ჩუბინიშვილის კოლექცია

11 მაისს დასრულდა თბილისის მოდის კვირეული, რომელიც კომპანია ჯეოფეშენმა პარტნიორებთან ერთად სასტუმრო რადისონში მოაწყო. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი შინაარსის ღონისძიება სულ რაღაც ერთი თვის წინ ჩატარდა, ამ სფეროში კიდევ აღმოჩნდა პოტენციალი და თბილისის მოდის კვირეულმა მოლოდინს გადააჭარბა.

ორგანიზატორებმა მოჩვენებით პომპეზურობას და ზედაპირული დღესასწაულის განცდას დიზაინერთა რეალური მხარდაჭერა და მათი ნამუშევრების კრიტიკული ანალიზი ამჯობინეს, რაზეც შერჩეული კოლექციების მაღალი დონე და საზოგადოების დიდი მხარდაჭერა მეტყველებდა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მოეწყო გამოფენა-დათვალიერება, რაც რეგიონული ბაზრის შექმნას და მზა ტანსაცმლის არარსებული ინდუსტრიის ჩამოყალიბებას დაეხმარება.

დახურული მასტერკლასი მოაწყო ფრანგულმა კომპანია პრომოსტილმა, რომელიც ერთ- ერთი მთავარი მოთამაშეა გლობალური დიზაინის ბიზნესში. ის იკვლევს და აყალიბებს მომავალ ტენდენციებს მოდის და ზოგადად დიზაინის სფეროში და შესაბამის სერვისს სთავაზობს დაინტერესებულ კლიენტებს. მასტერკლასი ქართველი ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანი იყო როგორც ინფორმაციის მისაღებად, ისე მუშაობის თანამედროვე სტილის გასაგებად. 12 ახალგაზრდა დიზაინერს შესაძლებლობა მიეცა წარმოედგინა მინიკოლექციები. გამარჯვებული შაკო ნიკვა კი სრულყოფილი კოლექციით წარდგება მომავალ კვირეულზე.

თბილისის მოდის კვირეული სიმონ მაჩაბელმა გახსნა სხვადასხვა შავი ფაქტურით შექმნილი ნეოკლასიკური კოლექციით.

0x01 graphic

ბიჭოლას კოლექცია
ყველა ფოტო: ალექსანდრე ბაგრატიონ დავითაშვილი

ატელიემ 10 (იკა ბობოხიძე, თეონა თავართქილაძე) მინიმალისტური ტანისამოსი აჩვენა - მარტივი კვადრატული ფორმები პასტელური ტონების ნატურალური ქსოვილებისგან იყო შექმნილი. საინტერესო იყო ლითონისა და ტყავის ფუტურისტული ქამრები და ხელჩანთები. სტილისტურად შეკრული კოლექცია ზუსტად მოძებნილი მაკიაჟითა და თმის ვარცხნილობით იყო წარმოდგენილი.

0x01 graphic

გიორგი შაღაშვილის კოლექცია

თამუნა ინგოროყვამ რომანტიკული ტანისამოსი აჩვენა და თავისი ჩვენება მაღალი ხარისხის ჭრელი შიფონისგან შეკერილი უსახელო გრძელი კაბებით გახსნა. თხელი გამჭვირვალე მაქმანები კი კონტრასტულ პრიალა სარჩულზე გაათამაშა. აგრეთვე გამოიყენა ბეწვი და ბრჭყვიალა ფაქტურები.

კოლექციები სულ ცამეტმა დიზაინერმა წარმოადგინა, საფრანგეთში მცხოვრებმა დემნა გვასალიამ კი საინტერესო ვიდეოინსტალაცია მოაწყო - სხვადასხვა ფორმატის ეკრანებზე სხვადასხვა პერიოდის ნამუშევრების რეტროსპექტივა და სლაიდშოუ შემოგვთავაზა.

თბილისის მოდის კვირეულის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ნინო ჩუბინიშვილის დასკვნითი ჩვენება, რომელიც არა მხოლოდ მოდის სფეროში, არამედ მთლიანად ქართულ კულტურულ სივრცეში უდავოდ დიდ ადგილს დაიკავებს. მან მძაფრი ინდივიდუალიზმი და აგრესიული გრაფიკული ხაზები საოცრად ღრმა, პოეტურ სამყაროდ აქცია. მისი ნამუშევარი სცილდება მოდის უტილიტარულ ჩარჩოებს და თანამედროვე ხელოვნების ახალი ქართული ესთეტიკის ფაქიზი მაგალითია.

0x01 graphic

ნინო ჩუბინიშვილის კოლექცია

თბილისის მოდის კვირეული 2010 მწყობრად ორგანიზებული პროექტი აღმოჩნდა - კარგი დიზაინი, ბევრი ინფორმაცია და სტუმრები. თუ ორგანიზატორები მომავალი სეზონისთვისაც შეინარჩუნებენ მსგავს ენთუზიაზმს, იმედია, თბილისის მოდის კვირეული კავკასიაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოვლენად იქცევა.

35 ერთჯერადი ჭიქებით, სადღეგრძელოს გარეშე

▲ზევით დაბრუნება


გურმანი|VITA Con VINO

0x01 graphic

ახალი ღვინის ფესტივალი 2010
ორგანიზატორი: ღვინის კლუბი www.vinoge.com
თარიღი: 8 მაისი, 2010
ადგილი: საქართველოს ეთნოგრაფიული მუზეუმი
საათები: 11:00 - 18:00
სპონსორები: თბილისის მერია, Slow Food Tbilisi, ტაბულა
საინფორმაციო უზრუნველყოფა: რადიოსადგურები: უცნობი, ნაცნობი, მარანი Weekend.
ღირებულება: უფასო

8 მაისს მზე დილიდანვე აენთო. გაზაფხულს მონატრებულმა თბილისელებმა ადრიანად გაიღვიძეს და ქალაქს მიაშურეს. ალბათ ამიტომაც იყო, რომ უკვე შუადღისთვის კუს ტბის გზა - ველური იასამნებით ზღაპრულად აყვავებული სერპანტინი - როგორც მანქანების, ისე ფეხით მოსიარულეთა ჯაჭვით უჩვეულოდ გადაიტვირთა. ეთნოგრაფიულ მუზეუმში სტუმრებს დილიდანვე ღვინით სავსე ბოცებით ელოდნენ.

გასული ორი კვირის განმავლობაში ჩვენი ჟურნალის ბოლო გვერდი ღვინის ფესტივალის მოახლოებას იუწყებოდა. ტაბულას, თბილისის მერიის, კომპანია Slow Food Tbilisi-სა და ამინდის ხელშეწყობით, საქართველოს ეთნოგრაფიულმა მუზეუმმა 8 მაისს საქართველოში პირველ „ახალი ღვინის ფესტივალს“ უმასპინძლა. ღონისძიების ორგანიზატორი და მასპინძელი, მუზეუმთან ერთად, გახლდათ ღვინის კლუბი, საინფორმაციო უზრუნველყოფა განახორციელეს რადიოსადგურებმა უცნობმა და ნაცნობმა, ასევე, გაზეთ 24 საათის საკვირაო დამატებამ - მარანი Weekend.

ახალი ღვინის ფესტივალში მონაწილეობა მიიღო ჩვიდმეტმა დიდმა კომპანიამ და მცირე მარანმა და ოცდაერთმა ოჯახმა კახეთიდან, ქართლიდან, იმერეთიდან, გურიიდან და რაჭა-ლეჩხუმიდან. ღვინის კლუბი თითქმის სამი თვის განმავლობაში მუშაობდა, რომ ფესტივალისთვის ოჯახების ღვინოები შეერჩია, სტუმარი იშვიათი ჯიშების საინტერესო არჩევანით უზრუნველეყო ან დაავადებული ღვინოების მონაწილეობა აღეკვეთა. ახალი ღვინის ფესტივალის ძირითადი პირობის თანახმად, მონაწილეებს უნდა წარმოედგინათ ახალგაზრდა ღვინო ანუ 2009 წლის მოსავალი. მსგავსი ფესტივალები იმართება იტალიაში - Vino Novello და ესპანეთში - Festival Vino Nuevo, საფრანგეთში კი - Beaujolais Nouveau, რომელიც, 1970-იანი წლებიდან მოყოლებული, ფართომასშტაბიანი ეროვნული მოვლენაა.

საკუთარ ან საზიარო კარვებში განთავსებული კომპანიები და მეღვინეები სტუმრებს უფასოდ სთავაზობდნენ ღვინის დაჭაშნიკებას. კარვების უმრავლესობას, ღვინოსთან ერთად, მცირე მისაყოლებელი - შოთი პური, გუდის ყველი, ჩურჩხელა, თხილეული და ნუგბარიც ჰქონდა გამოფენილი. რესტორანმა ნაცნობმა მაყალი გააჩაღა და ღორის მწვადს ჯერ 6 ლარად, შემდეგ 12-ად და ბოლოს შამფურს, სამი ნაჭერი მწვადით, უსირცხვილოდ, 15 ლარად ყიდდა. ალბათ, ეს იყო ერთადერთი უსიამოვნო დისონანსი, სხვა მხრივ ხელგაშლილი და სტუმართმოყვარე ფესტივალის მსვლელობაში, რომლის ერთადერთი მიზანი ღვინისა და მეღვინეობის გამოცდილების გაზიარება გახლდათ.

მთელი დღის განმავლობაში არ წყდებოდა მეღვინეებისა და ღვინის მოყვარულების ნაკადი. განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა ე.წ. მესამე სექტორმა, სადაც ოჯახის ღვინოები და იშვიათი ჯიშები იყო წარმოდგენილი: ოცხანური საფერე (ამირან ვეფხვაძე, იმერეთი), თეთრა და ხვანჭკარა (კონსტანტინე რატიანი, რაჭა), ალადასტური (ლაშა ღლონტი, გურია) ბლანტი მირონისებრი ღვინო ქიშმიშისა და მსხლის მდიდარი ტონებით.

ფესტივალის წამყვანი მიკროფონით მიდიოდა თითოეულ მონაწილესთან, ღვინოს აგემოვნებდა და ესაუბრებოდა, რითაც მეღვინეს საშუალება ეძლეოდა, საკუთარი გამოცდილება ფესტივალის სტუმრებისთვის გაეზიარებინა ან თავის კარავთან ღვინის დასაჭაშნიკებლად მიეპატიჟებინა. უცხოელებს შორის რატომღაც გერმანელები ჭარბობდნენ. ღვინის სუნით დამთვრალი ბავშვები მხიარული ყიჟინით დარბოდნენ ახლად აბიბინებულ მოლზე, აყვავებული ხეების ჩრდილებში ოჯახებით ამოსული თბილისელები მცირე სუფრებს უსხდნენ. ჰაერი გაზაფხულის ყვავილობით, ღვინითა და მზით იყო გაჯერებული. ეს იყო ძალზე ცივილური, გნებავთ, დემოკრატიული მოვლენა; ახალი ღვინის ფესტივალმა მთელი საქართველოს მეღვინეობა და ღვინის მოყვარულობა, დიდი და პატარა, ერი და ბერი გააერთიანა. რაც მთავარია, ეს ყველაფერი მიმდინარეობდა მშვიდად, ხალხმრავლობა არ გადაზრდილა ხმაურიან ღრეობასა და უწესრიგო ლოთობაში.

0x01 graphic

ფოტო: ბესო დარჩია

საღამოს 6 საათისთვის კარვების დაშლა დაიწყეს. მონაწილეები ზანტად აბინავებდნენ დაცარიელებულ ბოცებსა და ბოთლებს. ბევრმა სტუმარმა იქვე მდებარე რესტორან რაჭისუბანს მიაშურა ან ქალაქის სხვა რესტორანში გააგრძელა ქეიფი. მზითა და ღვინით დაღლილმა ოჯახებმა კი ადრიანად მიაშურეს თავიანთ სადგურებს.

36 ქათმის სალათა შემწვარი ქამა სოკოთი

▲ზევით დაბრუნება


გურმანი|რეცეპტი

0x01 graphic

თეკუნა გაჩეჩილაძე,
შეფ მზარეული

0x01 graphic

ფოტო: ირაკლი ბლუიშვილის

4 ულუფა

ქათმის მკერდი ( 4 ცალი, თითო 150-200 გრ.)
3 ლიმონი (შეგიძლიათ აგრეთვე გამოიყენოთ ლაიმი)
300 გრ. სალათის მიქსი
2 კიტრი
1 სტაფილო
200 გრ. ქამა სოკო
2 სუფრის კოვზი მარცვლოვანი მდოგვი
2 სუფრის კოვზი ცხარე მდოგვი
3 სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი
100 გრ. ზეითუნის ზეთი
50 გრ. მწვანე ხახვი
20 გრ. ოხრახუში
მარილი
ფერადი წიწაკა

ჯამში 20 ლარი

მარინადისთვის - ორი ლიმონის წვენი, ერთი კოვზი ორივე სახის მდოგვი და 50 გრ. ზეითუნის ზეთი აურიეთ. მიღებულ მარინადში ჩადეთ ქათმის დაბეგვილი მკერდი და გააჩერეთ ექვსი საათი.

საკაზმი - ერთი ლიმონის წვენი, მდოგვი, ვაშლის ძმარი, მარილი და წიწაკა დააბლენდერეთ. დაამატეთ ზეითუნის ზეთი, ისე რომ მასა გასქელდეს.

სალათისთვის - გააცხელეთ ტაფა, დაასხით ზეთი და შეწვით დამარინადებული ქათამი, თითო მხარეს ხუთი წუთი. ზეთში შეწვით ოთხად დაჭრილი სოკოს თავებიც. აურიეთ სალათის მიქსი, სტაფილო და კიტრი. მოასხით საკაზმი და გაანაწილეთ

ოთხ თეფშზე. გააფორმეთ შემწვარი ქათმის ნაჭრებით, სოკოთი და წვრილად დაჭრილი ოხრახუშით.

მასალა შეგიძლიათ შეიძინოთ სუპერმარკეტებში:
პოპული ( ვეკუას ქ. 3 ტელ. 24 46 35),
ჯორჯიტა (წერეთლის ქ. 116 ტელ. 35 71 73) ,
გუდვილი (ჭავჭავაძის გამზირი 34 ტელ. 24 33 02 / 03 ).