![]() |
ტაბულა №20 |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: ნოდია გია, მეგრელიშვილი ვახტანგ, სმიტი დევიდ ჯ, მიზესი ლუდვიგ ფონ, ჯაფარიძე ზურა, ლადარია ნოდარ, ბარათაშვილი ბიძინა, ბურჭულაძე ზაზა, კეკელიძე გიორგი, ბაქრაძე ქეთი |
თემატური კატალოგი ტაბულა |
საავტორო უფლებები: © თამარ ჩერგოლეიშვილი |
თარიღი: 2010 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: 2010 | 26 ივლისი - 1 აგვისტო მთავარი რედაქტორი: თამარ ჩერგოლეიშვილი/აღმასრულებელი რედაქტორები: ნინი გოგიბერიძე, სალომე კიკალეიშვილი/რედაქტორები: ქეთი მსხილაძე, ელენე კვანჭილაშვილი, ლევან რამიშვილი, სანდრო თარხან-მოურავი, დავით კოვზირიძე, მაიკლ ჩეჩირე/ჟურნალისტები: გიორგი კეკელიძე, თეონა ჯაფარიძე, სალომე უგულავა, მაკა გამცემლიძე, ავთო ქორიძე, თამარ ხორბალაძე, მიხეილ ბასილაია, გიორგი მელაძე, თეონა ტურაშვილი, ალექსანდრე მესხი, ირაკლი კიკნაველიძე, ლევან სუთიძე, შოთა დიღმელაშვილი, მირიან ტორონჯაძე, თეონა კოკიჩაიშვილი, სანდრო ლომინაშვილი, სანდრო ჯანდიერი, სიმონ მაჩაბელი, ლაშა გოდუაძე, ზურაბ თალაკვაძე, ლევან მეტრეველი, ნიკა ესებუა, ანანო სხირტლაძე/არტ-რედაქტორი: ბაჩა მალაზონია/დიზაინი & პრეპრესი: კახა დოლიძე, ნიკა კუპრაშვილი/ფოტო რედაქტორი: დიმა ჩიკვაიძე/ფოტო: ბესო დარჩია, ალექსანდრე ბაგრატიონი/გამომცემელი: სამოქალაქო განათლების ფონდი/მენეჯერი: ნათია სოფრომაძე/ყოველკვირეული ჟურნალი ტაბულა, ტელ.:+995 32 420 300, e-mail: info@tabula.ge/სტამბა: აუთდორ ტიპოგრაფი, მის. ვაჟა ფშაველას 45, ტელ.: +995 32 916 121/c 2010 საავტორო უფლებები დაცულია, ჟურნალში გამოქვეყნებული მასალების ნაწილობრივი ან მთლიანი გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია.│რეკლამა და მარკეტინგი: მედია მენეჯმენტ სერვისი, ტელ: 99532 92 33 47/48/49; ფაქსი: 99532 92 08 82, E-mail:info@mmservice.ge ილუსტრაცია გარეკანზე: ტაბულა |
![]() |
1 საფოსტო ყუთი |
▲ზევით დაბრუნება |
გთხოვთ, თქვენი შენიშვნები და მოსაზრებები გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: info@tabula.ge
რადიოთავა
„ტაბულას” წინა ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში „ვინ გადაცურავს ზღვას?” ბატონი ლექსო მაჭავარიანი „მე-2 არხის” ისტორიის მოკლე დისკურსის, თანამედროვე ქართული ოცნებისა და „შუა ქალაქით” ზომბირებული მოსახლეობის იოლად მართვის ფორმულის გაცნობის შემდეგ, ერთ-ერთ აბზაცს მოულოდნელად შემდეგი სიტყვებით იწყებს: „რედიოჰედის” მიმართ სიმპათიის მიუხედავად, არავითარი სურვილი არ მაქვს, თავისუფლების მოედანზე გამართულ საახალწლო კონცერტზე, ტოტო კუტუნიოს ნაცვლად, ტომ იორკი ვნახო, თუ ეს ღირსშესანიშნავი და ქვეყნის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩასაწერი მოვლენა სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით დაფინანსდება”.
ამ ვრცელი წინანადების პირველ ნაწილში ავტორი თავის სიმპათიას „რედიოჰედის” მიმართ შეუფარავად გამოხატავს და ამბობს, რომ ამ ჯგუფის თბილისში სტუმრობა ოქროს ასოებით იქნებოდა ჩასაწერი. ამაზე არავინ დავობს - ნამდვილად იქნებოდა. „რედიოჰედი” ის უკანასკნელი დიადი როკჯგუფია, რომლის ჩამომყვანიც მხოლოდ პატივისცემას დაიმსახურებს, მაგრამ ბატონი ავტორი იქვე შენიშნავს, რომ სურვილი არ აქვს, ტომ იორკი თბილისში ნახოს, თუკი მისი ჯგუფის კონცერტს სახელმწიფო დააფინანსებს. მეგონა, ამის განმარტებასა და პასუხს სტატიის მეორე ნახევარში ვნახავდი, მაგრამ ამაოდ. ის კი არა, ბატონი მაჭავარიანი სტატიის ბოლოს შენიშნავს, რომ სახელმწიფო ქართული კინოს განვითარებასაც კი არ უნდა უწყობდეს ხელს.
ამ ლოგიკით ხომ არც ლიტერატურის განვითარებას უნდა უწყობდეს ხელს სახელმწიფო? არადა, იმას რა ვუყოთ, რომ სწორედ მსგავსი ფონდის ხელშეწყობით გაიცნო მსოფლიომ ორჰან ფამუქი, რომელიც არა მარტო ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა, არამედ, შეიძლება ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ მსოფლიოს ხელახლა აღმოაჩენინა თურქეთი. ძალიან მაგარი რეჟისორია თურქი ნური ბილგე ჯეილანი, მაგრამ, დღესდღეობით, მსოფლიო თურქეთს იცნობს როგორც ფამუქის ქვეყანას. ასევე, მსოფლიოში ძალიან ცოტა ვინმემ თუ იცის, ვინაა იგივე ტოტო კუტუნიო, მაგრამ ძალიან ბევრმა იცის, რომ იტალიის შვილია უმბერტო ეკო... და ა.შ. და ა.შ.
„რედიოჰედის” თბილისური კონცერტი კი, ჯერჯერობით, მხოლოდ ოცნებაა აუხდენელი.
თავზე ნაცრის დაყრით,
ზაზა ბურჭულაძე
![]() |
2 სიტყვასიტყვით |
▲ზევით დაბრუნება |
„დღევანდელი ბათუმის სამი წლის წინანდელ ბათუმთან შედარებისას, შემიძლია ვთქვა მხოლოდ WOW”.
The Trumph Organization-ის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, მაიკლ კოენი, რომელიც მილიონერი დონალდ ტრამპის პროექტის მოსამზადებლად იყო საქართველოში ჩამოსული. 18 ივლისი.
ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ ყარზაი. 20 ივლისი
„დარწმუნებული ვარ, ავღანელი სამართალდამცავები 2014 წლისთვის სრულად იქნებიან პასუხისმგებელნი ყველა სახის ოპერაციაზე, მთელი ავღანეთის მასშტაბით“.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კემერონი აშშ - ბრიტანეთის ურთიერთობების შესახებ. 22 ივლისი.
„აღნიშნული პროექტი დასაწყისია პროცესისა, რომელიც ბულგარეთსა და ევროკავშირის ქვეყნებს, კასპიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონების გაზის რესურებით უზრუნველყოფს“.
ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრის, ტრაიჩო ტრაიკოვის თქმით, ბულგარეთმა ნაბუკოს სასარგებლოდ უარი თქვა ორ ალტერნატიულ პროექტზე, რომლებშიც რუსეთი მონაწილეობს. 21 ივლისი
მოსკოვის მერი იური ლუჟკოვი. 19 ივლისი
„ჩემი პოზიცია სევასტოპოლის სტატუსთან დაკავშირებით არ შეცვლილა და არც შეიცვლება. ის რუსეთს უნდა დაუბრუნდეს“.
„მართალია მსოფლიო ჩემპიონატზე ჩვენმა გუნდებმა ფრე ითამაშეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჩვენი ურთიერთობა ორივე მხარისთვის მომგებიანი იქნება“.
17 ივლისი
ყაზახეთში ეუთოს მინისტერიალზე ვერ დაამტკიცეს ყირგიზეთში ეუთოს პოლიციის მისიის გაგზავნის გეგმა - ეთნიკური დაპირისპირების შემდეგ სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. ეუთოს წევრი 56 სახელმწიფოს წარმომადგენლები ვერ შთანხმდნენ. ქალაქ ალმა-ატას მახლობლად გამართული შეხვედრის მეორე დღემ გადაწყვეტილების გარეშე ჩაიარა.
18 ივლისი
აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი, პაკისტანს ეწვია. კლინტონმა ყურადღება გაამახვილა ავღანეთისა და პაკისტანის თანამშრომლობის აუცილებლობაზე. ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მდივანი შეხვდა პაკისტანის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს, ასევე სამხედრო და ბიზნესლიდერებს.
გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის თანაგუნდელი, ჰამბურგის მერი ოლე ვონ ბუსტი თანამდებობიდან გადადგა. გერმანული მედიის შეფასებით, ეს კიდევ უფრო დაასუსტებს მერკელის ქრისტიან-დემოკრატიულ გაერთიანებას.
19 ივლისი
სერბეთისა და ხორვატიის პრეზიდენტები ერთმანეთს ბელგრადში შეხვდნენ. ეს ხორვატიის პრეზიდენტის პირველი ვიზიტია სერბეთში. პრეზიდენტების თქმით, მათი ქვეყნების ურთიერთობა ბალკანეთში თანამშრომლობის ნიმუშია.
ჩინეთის ხელისუფლება ცდილობს, შეაკავოს ოკეანეში ნავთობის ჩაღვრა ორი მილსადენიდან, რომლებიც პორტ დალიანში აფეთქდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, პარასკევს ასობით მეხანძრე 15 საათზე მეტხანს ცდილობდა, ნავთობსადენზე გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას.
ეუთო საბერძნეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, დროულად და სრულად გამოიძიოს 37 წლის ჟურნალისტის მკვლელობა. სოკრატის გუიოლიასი, რომელიც კერძო რადიოს მენეჯერი იყო, მისივე სახლის წინ, ათენში, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა სამმა თავდამსხმელმა.
20 ივლისი
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, დევიდ კამერონი, აშშ-ს ეწვია. ერთობლივ პრესკონფერენციაზე ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი აშშ-ს ყველაზე ახლო მოკავშირეა. მხარეებმა ავღანეთის ომის საკითხები და ბრითიშ პეტროლეუმის მიერ მექსიკის ყურეში ჩაღვრილი ნავთობის თემა განიხილეს.
ჰოლანდიაში სამთავრობო კოალიციის შექმნის გეგმა ჩაიშალა. გასული თვის საპარლამენტო არჩევნებში ვერც ერთმა პარტიამ ვერ მოიპოვა აშკარა უპირატესობა. ხუთი პარტია რამდენიმე კვირის განმავლობაში ამაოდ ცდილობდა კოალიციაზე შეთანხმებას.
რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქი, კირილე, უკრაინაში ჩავიდა. კირილემ უკრაინული ტურნე ოდესიდან დაიწყო. იგი არ ეწვევა დასავლეთ უკრაინას, სადაც მის მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა. ოპონენტების შეფასებით, ვიზიტის მიზანია, უწინარეს ყოვლისა, რუსეთის რელიგიური და პოლიტიკური ზეგავლენის გაძლიერება.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ და ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებმა გამოავლინა დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელსაც, თითქოსდა ავტოსადგომების მომსახურების მოწესრიგების მიზნით, შექმნილი ჰქონდა შ.პ.ს „ავტოპარკინგი”. დაკავებულნი ემუქრებოდნენ და ფულს სძალავდნენ ავტოსადგომების მორიგეებს. ამ საკითხთან დაკავშირებით, 2010 წლის ივნისში დედაქალაქის სხვადასხვა ავტოსადგომის მორიგეებმა განცხადებით მიმართეს თბილისის საპატრულო პოლიციას.
21 ივლისი
გაეროს ტრიბუნალმა კოსოვოს ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და კოსოვოს გათავისუფლების არმიის ყოფილი ხელმძღვანელის რამუშ ჰარადინაის გამამართლებელი გადაწყვეტილება გააუქმა და მისი ხელახალი გასამართლება მოითხოვა. ჰააგას ტრიბუნალის განცხადებით, პირველ სასამართლო პროცესზე მოწმეები დააშინეს.
აშშ-ს თავდაცვის მინისტრი, რობერტ გეიტსი, სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონთან ერთად, სამხრეთ კორეას ეწვია. კლინტონისა და გეიტსის ვიზიტი წინ უძღვის კვირას დანიშნულ აშშ-სამხრეთ კორეის საზღვაო წვრთნას. 25-28 ივლისს იაპონიის ზღვაში დაგეგმილ წვრთნაში მონაწილეობას მიიღებს 200 სამხედრო თვითმფრინავი და 20 გემი, მათ შორის, აშშ-ს 97-ათასტონიანი სამხედრო თვითმფრინავმზიდი „ჯორჯ ვაშინგტონი”.
20 ივლისი
სოციალურ ქსელ ფეისბუქს 500 მილიონი მომხმარებელი ჰყავს, რაც იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოში ყოველი მე-14 ადამიანი აღნიშნული ქსელის მომხმარებელია. ინფორმაცია ფეისბუქის დამფუძნებელმა, მარკ ზუბერკერბმა გაავრცელა. მისივე თქმით, ფეისბუქის დანიშნულებაა, დაეხმაროს სამყაროს, გახდეს უფრო ღია და ურთიერთობებისაკენ მიდრეკილი.
ყაბარდო - ბალყარეთში ბაკსანის ჰიდროელექტროსადგურში შეიჭრნენ დაუდგენელი პირები. მათ ორი მცველი მოკლეს, ცემეს ცვლის უფროსი და მისი თანაშემწე და დაამონტაჟეს ასაფეთქებელი მოწყობილობა. გამოძიება ტერაქტის ვერსიაზე მუშაობს. გავრცელებული ინფორმაციით, უკვე დადგენილია ეჭვმიტანილების წრე.
საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო ცვლილებები კანონში სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ. კანონის თანახმად, სამხედრო სარეზერვო სამსახურში სავალდებულო გაწვევას 40 წლამდე პირები დაექვემდებარებიან წელიწადში რამდენიმეჯერ, თუმცა წლიურად მათი შეკრების ვადა 45 დღეს არ უნდა აღემატებოდეს.
23 ივლისი
სუფსაში დაიწყო აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში ყველაზე დიდი საზღვაო პორტის მშენებლობა. კიდევ ერთი პორტი მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც კასპიის ზღვის რეგიონიდან ნავთობით დატვირთული ტანკერების რაოდენობამ იმატა. თუმცა, სუფსის პორტი ფოთისა და ბათუმის პორტების კონკურენტი არ იქნება, რადგან ის განსხვავებული ტიპის ტანკერებს მიიღებს. პირველი მათგანი პორტში 2012 წელს შევა.
![]() |
3 რუსეთის ფარული ომი |
▲ზევით დაბრუნება |
არენა
ჩრდილოეთ კავკასია
ფოტო: REUTERS ©
გროზნო, ჩეჩნეთი.
ჩრდილოეთ კავკასია ნელი მოქმედების ნაღმია, რომლის განეიტრალებას რუსეთი უკვე რამდენიმე საუკუნეა ვერ ახერხებს. ეთნიკური და ლინგვისტური მრავალფეროვნება, კავკასიელ ხალხთა კულტურული თავისებურებანი გადაულახავი დაბრკოლებაა რუსეთის იმპერიული მმართველობის სისტემისათვის.
ჩრდილოკავკასიელთა სახელი უკანასკნელ წლებში ტერორიზმთან ასოცირდება. მათი ბრძოლის მეთოდის შეცვლას დაერთო რუსული მედიის მიზანმიმართული მუშაობაც ტერორიზმისა და, ზოგადად, კრიმინალის დასაკავშირებლად „კავკასიური გარეგნობის ადამიანებთან”.
2009 წელს კრემლმა ჩეჩნეთის მეორე ომი, უფრო სწორად, კონტრტერორისტული ოპერაციები დასრულებულად გამოაცხადა. რუსეთის ფედერალური საჯარისო ნაწილების გასვლის შემდეგ ჩეჩნეთში გაიზარდა მკვლელობებისა და აფეთქებების რაოდენობა. თუმცა, თვითმკვლელი ტერორისტების სამიზნეები არიან არა რუსი სამხედროები ან თანამდებობის პირები, არამედ რუსეთის ფედერაციის სამსახურში ჩამდგარი ჩეჩნები.
რუსეთის ხელისუფლება ვერ პოულობს ახალ გზებს ვითარების განსამუხტავად. დაძაბულობა გადაედო მეზობელ რეგიონებს: დაღესტანს, ინგუშეთსა და ყაბარდო-ბალყარეთს. ჩეჩენ ტერორისტებს აპატიმრებენ, კლავენ, მაგრამ მდგომარეობა არ იცვლება. ჩეჩნეთის სრულად გაკონტროლების საქმეში კრემლი უძლურია, რასაც რუსი ოფიციალური პირებიც არ მალავენ. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ჩრდილოეთ კავკასიაში „ტერორისტულ დანაშაულებათა” რიცხვი 2008-დან 2009 წლამდე 60%25-ით გაიზარდა. რუსეთის ტერიტორიის ამ პატარა ნაწილზე ტერორისტული ინციდენტების 80%25 მოდის. პუტინს სჯერა, რომ პრობლემას უშიშროების სამსახურებისა და საზღვრების გაძლიერებით მოაგვარებს. უცხოელი ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ ჩრდილოეთ კავკასიის ერთი რესპუბლიკიდან მეორეში მოგზაურობის დროს, სასაზღვრო კონტროლის გავლისას გგონია, სხვა ქვეყანაში გადადიხარ. რუსეთი ცდილობს, ძალადობა ჩრდილოეთ კავკასიაში ჩარაზოს.
ჩეჩნეთის პრეზიდენტი რამზან კადიროვი უხუცესებთან ერთად
კრემლის არსენალში ანგარიშსწორების ახალი მეთოდი გაჩნდა - ე.წ. „ჩეჩენიზაცია”. მიდგომა ძველია, ცარისტული პერიოდიდან იღებს სათავეს და დამყარებულია ადგილობრივ ელიტებზე.
გეოგრაფიული და კულტურული ფაქტორების გამო ჩრდილოეთ კავკასიაში ვერაფრით დაინერგა მდგრადი პოლიტიკური ინსტიტუტები. ჩრდილოკავკასიელი ლიდერების გავლენა ვერ სცდებოდა რამდენიმე ხევს; არასოდეს არსებობდა ერთი ლეგიტიმური ხელისუფალი. იმ დროიდან მოყოლებული, რუსეთი ადგილობრივი მარიონეტული ხელისუფლების გაძლიერებას ცდილობს, არ იშურებს ცოცხალ ძალასა თუ სხვა რესურსებს, სანაცვლოდ კი სტაბილურობას მოელის. თუმცა, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ადგილობრივი ლიდერები ყოველთვის ორ ცეცხლს შორის ექცეოდნენ. ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის პროფესორი ჩარლზ კინგი აღნიშნავს, რომ შამილის უპირველესი მეტოქე იყო არა რუსეთი, არამედ ადგილობრივი კორუმპირებული და მოღალატე ფეოდალები. დღევანდელი ვითარებაც იგივეა. რუსეთი მხარს უჭერს და უხვად ამარაგებს ჩეჩნეთის პრეზიდენტ რამზან კადიროვს, თუმცა „წყალობის” დიდი ნაწილი გზაში იკარგება. სტაბილურობისთვის კი კადიროვი რადიკალურ ზომებს მიმართავს. ჩეჩნეთში ჩვეულებრივ მოვლენად იქცა ადამიანების გატაცება, უგზო - უკვლოდ გაქრობა და ქონების ჩამორთმევა. ჭუჭყიან საქმეს რუსეთის ფედერალური სტრუქტურების ამუნიციაში გამოწყობილი ჩეჩნები აკეთებენ. ამგვარი ქმედებანი პრეზიდენტ კადიროვს ერთ ჩვეულებრივ მაფიოზად წარმოაჩენს. საერთაშორისო ასპარეზზე თავნება პროტეჟეების გამო პასუხისგება კი კრემლს უწევს.
ადგილობრივი კორუმპირებული მოხელეების ჩანაცვლება ადვილი როდია. ჩრდილოეთ კავკასიაში კლანურ ურთიერთობებს მყარად აქვს ფესვი გადგმული. თითოეული კლანი ძალაუფლების მოპოვებას ცდილობს და სისხლისღვრასაც არად დაგიდევს. ხელისუფლებაც ამ კლანურ პრინციპს ემყარება. კადრების გადარჩევისა თუ ძალაუფლების მონოპოლიზაციის ნებისმიერი მცდელობა ყოველთვის ძალადობით სრულდება. ასე მოხდა ყაბარდო-ბალყარეთში, სადაც რუსეთის ცენტრალურმა ხელისუფლებამ არაპოპულარული ვალერი კოკოვი უფრო ზომიერი არსენ კანოკოვით შეცვალა. მალევე, რესპუბლიკას ამბოხებულთა ტალღამ გადაუარა. შეტაკებანი ფართომასშტაბიანი იყო. ინგუშეთშიც იგივე განმეორდა. კორუფციითა და მმართველობის სასტიკი მეთოდებით ცნობილი მურატ ზიაზიკოვი მოსახლეობაში უფრო პოპულარული იუნუს - ბეკ იევკუროვით შეცვალეს, რასაც ავტომანქანების აფეთქებებისა და მკვლელობების სერია მოჰყვა.
რუსეთის პოლიტიკა აწყდება დილემას, რომელთანაც ყველა იმპერიას ჰქონია საქმე: როდესაც ცენტრალური ხელისუფლება ცდილობს ადგილობრივი ელიტის ხელით ტერიტორიული ერთეულის გაკონტროლებას, ავიწყდება, რომ ელიტებს საკუთარი ინტერესები აქვთ. ნაჩუქარ ძალაუფლებასა და ფინანსებს ისინი პიროვნული მიზნებისათვის იყენებენ. ჩრდილოკავკასიური ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტის 60-80%25 დამოკიდებულია ცენტრალურ საბიუჯეტო სუბსიდიებზე, თუმცა უკვე წლებია, ვერ გვარდება უმუშევრობისა და სიღარიბის პრობლემა. 2010 წელს რუსეთმა შექმნა ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოლქი. ამ წარმონაქმნის მიზანია ადგილობრივი ხელისუფლების კონტროლი და მათი ლოიალურობის შენარჩუნება. ამგვარად, გაცოცხლდა მეფის რუსეთის დროს არსებული კავკასიის მეფისნაცვლის თანამდებობა.
ჩეჩენიზაციის შედარება შეიძლება ვიეტნამიზაციასთან. ნიქსონის ადმინისტრაციამ ვიეტნამის ომის დროს (1955-1975) შეიმუშავა მიდგომა, რომელიც ითვალისწინებდა სამხრეთ ვიეტნამის ძალების გაწვრთნასა და შეიარაღებას. სამხრეთ ვიეტნამის მთავრობასთან სამხედრო და პოლიტიკურ პასუხისმგებლობათა განაწილება ამერიკას საშუალებას მისცემდა, შეემცირებინა საკუთარი სამხედრო პერსონალი ვიეტნამში. ჩეჩენიზაციისა და ვიეტნამიზაციის სტრატეგიათა მთავარი მიზანი საერთოა - საკუთარი ძალების გამოყვანა კონფლიქტიდან. რუსეთის ფედერალური ძალების ადგილობრივი შენაერთებით ჩანაცვლება მოსახლეობაში დაპირისპირებას მხოლოდ აღრმავებს. რუსეთს სურს პრობლემის იზოლირებაც, რათა მღელვარება სხვა რეგიონებსაც არ მოედოს.
თუმცა, ჩეჩენიზაცია გარკვეულ საფრთხეებსაც შეიცავს რუსეთის ცენტრალური ხელისუფლებისათვის. მარტში კადიროვმა მოსკოვს მოუწოდა, შეწყვიტოს ფედერალური ძალების გაგზავნა ჩეჩნეთში და უსაფრთხოების საკითხების გადაწყვეტა მთლიანად ადგილობრივ ძალებს მიანდოს. კადიროვის ჩეჩნეთი შეიძლება ავტონომიის მოდელად გამოდგეს ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებისათვის. ადგილობრივი ელიტისათვის ძალაუფლების დელეგირებით, შესაძლოა, რუსეთმა მიიღოს სახელმწიფო სახელმწიფოში.
ჩრდილოკავკასიელ ხალხთა მისწრაფებანი განსხვავებულია. ჯოჰარ დუდაევი, რომლის მშობლებიც სტალინმა გადაასახლა შუა აზიაში, ჩეჩნეთის დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა. 1994 წელს, დაძაბული მდგომარეობის განსამუხტავად, რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა, ბორის ელცინმა, ჩეჩნეთში ფედერალური ძალები შეიყვანა. კონფლიქტი გაღრმავდა და, საბოლოოდ, ომში გადაიზარდა. ომის შემდეგ კი ჩეჩნების ნაციონალიზმი ისლამიზმით ჩანაცვლდა. მომდევნო ლიდერები - მაგალითად, შამილ ბასაევი - რელიგიურ ნიადაგზე ცდილობდნენ კონფლიქტის გადატანას და მეზობელი ხალხების მიმხრობას. კონფლიქტის ისლამიზაციას მძიმე შედეგი შეიძლება მოჰყვეს რუსეთისათვის, სადაც 15 მილიონამდე მუსლიმი ცხოვრობს, აქედან 2 მილიონი - მხოლოდ მოსკოვში. ისლამიზაციას დაქსაქსული ჩრდილოკავკასიელი ხალხების გაერთიანება შეუძლია. მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს არაბული სამყარო. ჩეჩნეთის მეორე ომში მონაწილეობდნენ ისლამისტი მეომრები სხვადასხვა ქვეყნიდან. რელიგიური ომიდან ტერორიზმამდე მანძილი შორი არ არის. მძიმე სოციალური და ეკონომიკური პირობები ტერორიზმისთვის სათბურის როლს შეასრულებს. მსგავსმა პრობლემებმა გამოიწვია საბჭოთა კავშირის მარცხი ავღანეთში. მოვლენების ნეგატიური სცენარით განვითარების შემთხვევაში, შესაძლოა, ჩეჩნეთი რუსეთისთვის ახალ ავღანეთად იქცეს.
კრემლის თავისტკივილი ჩეჩნეთით არ შემოიფარგლება. ჩერქეზები მოითხოვენ რუსეთის მიერ მე-19 საუკუნეში განხორციელებული გენოციდის აღიარებას. ჩერქეზთა კონგრესის ერთ-ერთი დამფუძნებელი, მურატ ბერგეზოვი, რუსეთს ორმაგ სტანდარტებში ადანაშაულებს. ერთი მხრივ, სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება, ხოლო მეორე მხრივ, ჩრდილოკავკასიელი ხალხების უფლებათა შეზღუდვა, არ ჯდება საერთაშორისო სამართლის ფარგლებში. ბერგეზოვის თქმით, ჩერქეზები არ ითხოვენ პრივილეგიებს. მათი მიზანია სხვადასხვა ავტონომიურ რესპუბლიკაში ხელოვნურად გაფანტული ჩერქეზების ერთ ტერიტორიულ ერთეულში გაერთიანება და გადასახლებულთა რეპატრიაცია. ბერგეზოვი მიიჩნევს, რომ მათი უფლებების უგულებელყოფა ნოყიერ ნიადაგს ქმნის ტერორიზმისათვის, რადგანაც მრავალი ახალგაზრდა ბრძოლის რადიკალურ ფორმას არჩევს.
ზოგადად, ჩრდილოეთ კავკასიის როლი რუსეთის ფედერაციაში ისევე ვირტუალურია, როგორც ჩერქეზების სამშობლო. რუსეთის ჯერ კიდევ ჩამოყალიბების სტადიაში მყოფ პოლიტიკურ გარემოში ამ რეგიონის ადგილი არ ჩანს. კრემლის პოლიტიკა შეუძლებელს ხდის ჩრდილოკავკასიელთა ინტეგრაციას. რუსეთის ეს ნაწილი იზოლირებულია დანარჩენი ქვეყნისგან. როგორც რუსი ექსპერტი ალექსეი მალაშენკო აღნიშნავს, ჩრდილოკავკასია რუსეთისთვის არის „საზღვარგარეთი ქვეყნის ფარგლებში”.
იმამი შამილი
ეს რეგიონი რუსეთისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საშინაო პრობლემაა. თუმცა, რუსეთის ცენტრალური ხელისუფლება ახერხებს მისგან სარგებლის მიღებას. ტერორიზმთან ბრძოლის ეგიდით, მკაცრდება კონტროლი მთელ რუსეთზე: რაც უფრო მეტია ძალადობა, მით მეტი პრივილეგია ენიჭება ცენტრალურ ხელისუფლებას და მით მეტად იზღუდება ადამიანის უფლებები.
![]() |
4 კონფედერაციული ურთიერთობების პერსპექტივა კავკასიაში |
▲ზევით დაბრუნება |
პოლიტიკა
18 ივლისს ბათუმში პრეზიდენტმა სააკაშვილმა, აზერბაიჯანელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ, პრესკონფერენციაზე ორ ქვეყანას შორის კონფედერაციული ურთიერთობების დამყარებაზე ისაუბრა.
„რამდენიმე წლის წინ მე ვსაუბრობდი, რომ კონფედერაციული ურთიერთობა უნდა ჩამოვაყალიბოთ; რეალურად, ქვეყნებს შორის არის ისეთი ურთიერთობები, რომლებიც აღემატება ჩვეულებრივ ქვეყნებს შორის ურთიერთობებს; ჩვენ ვართ ერთმანეთის გაგრძელება... ჩვენ ვართ ერთი ორგანიზმის ნაწილები”, - განაცხადა სააკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა ეს გასული წლის მაისშიც თქვა, ილჰამ ალიევთან შეხვედრისას. „ჩვენ, ფაქტობრივად, არაფორმალური კონფედერაცია გვაქვს”, თქვა მან პრესკონფერენციაზე ბაქოში.
მსგავსი წინადადებით სააკაშვილმა სომხეთის პრეზიდენტსაც მიმართა მიმდინარე წლის თებერვალში, სერჟ სარგსიანის საქართველოში ვიზიტის დროს. მაშინ პრეზიდენტები სომხეთსა და საქართველოს შორის არსებული მჭიდრო ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.
აზერბაიჯანელი მკვლევარები ამ იდეას „საინტერესოს” და „პოზიტიურს” უწოდებენ. მათი აზრით, დღეისათვის ამ იდეის ხორცშესასხმელად ბევრი წინააღმდეგობა არსებობს, თუმცა პროცესის დაწყება შესაძლებელია. სომეხი პოლიტოლოგების რეაქცია უფრო ცივი იყო. ისინი ამ იდეას სერიოზულად არ აღიქვამენ.
მიხეილ სააკაშვილი და ილჰამ ალიევი
ეს სამი ქვეყანა ორჯერ იყო ფედერაციაში გაერთიანებული. პირველი, ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა, 1918 წელს, შექმნიდან ორიოდე თვეში დაიშალა. ამ ფედერაციის დაშლის შემდეგ მასში შემავალი ქვეყნები ბოლშევიკურმა რუსეთმა ერთიმეორის მიყოლებით დაიპყრო. მეორე ფედერაციამ - ამიერკავკასიის სოციალისტურმა ფედერაციულმა საბჭოთა რესპუბლიკამ, რომელიც ბოლშევიკებმა 1922 წელს შექმნეს, 1937 წლამდე იარსება. მისი შექმნის ერთ-ერთი მიზეზი ამ ქვეყნებში „კონტრრევოლუციური ძალების ნარჩენების განადგურება” იყო.
კონფედერაციული ურთიერთობები სამივე ქვეყნის ინტერესებშია. საქართველოს სწრაფი განვითარებისათვის ძალზე მნიშვნელოვანია რეგიონის სტაბილურობა და უსაფრთხოება. აზერბაიჯანისა და სომხეთისთვის საქართველო მნიშვნელოვანია ენერგომატარებლებისა და ტვირთების ტრანზიტისთვის. კონფედერაციული ურთიერთობები ხელს შეუწყობს ამ ქვეყნების უფრო მჭიდრო ინტეგრირებას, სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას, და გაუადვილებს მათ საერთო პოლიტიკურ და ეკონომიკურ გამოწვევებთან ერთობლივად გამკლავებას.
![]() |
5 ევროკავშირთან დაახლოება ასოცირების გზით |
▲ზევით დაბრუნება |
პოლიტიკა
საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე მოლაპარაკება ოფიციალურად 15 ივლისს ბათუმში დაიწყო. ამისთვის ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კეტრინეშტონი ჩამოვიდა. ბათუმშივე შედგა პირველი პლენარული სხდომა. მოლაპარაკების მონაწილეები ოთხ ჯგუფში განაწილდნენ. ერთი ჯგუფი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების საკითხებზე იმუშავებს, მეორე - სექტორულ ეკონომიკაზე, დანარჩენი ორი კი - პოლიტიკურ, უსაფრთხოებისა და სამართლებრივ საკითხებზე. როგორც თავად ეშტონმა განაცხადა, მოლაპარაკების პროცესი 1-3 წლამდე გაგრძელდება.
ასოცირების ხელშეკრულება საქართველოს ურთიერთობას ევროკავშირთან უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანს და ჩაანაცვლებს თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო შეთანხმებას, რომელიც 1999 წლი-დან არ სე ბობს.
ასოცირება თავისუფალ ვაჭრობასაც ანუ საქონლისა და მომსახურების თავისუფალი გადაადგილების საკითხებსაც მოიცავს. სწორედ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაა ყველაზე რთული და კომპლექსური. იგი მხოლოდ საბაჟო ტარიფების შემცირებით ან გაუქმებით არ შემოიფარგლება. ის მოიცავს რეგულაციებს სურსათის უვნებლობის, ინტელექტუალური საკუთრების, წარმოების, კონკურენციისა და სხვა სფეროებში. ამ მიდგომის არსი ისაა, რომ მხოლოდ ტარიფების განულებით პროდუქცია ევროპულ ბაზარზე ვერ მოხვდება. მან ევროპული სტანდარტებიც უნდა დააკმაყოფილოს. სწორედ ამიტომ უწოდებენ სავაჭრო დოკუმენტს ღრმასა და ყოვლის მომცველს. ჯერ კიდევ 2005 წელს ევრო კავშირმა საქართველოს პრეფერენციების განზოგადებული სისტემით, GSP+-ით სარგებლობის უფლება მიანიჭა. ამ სქემით ევროკავშირი ცალმხრივად ამცირებს საბაჟო ტარიფებს გარკვეული კატეგორიის ქართული პროდუქციის ექსპორტზე.
თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკების პროცესი ქართულ მხარეს ერთგვარი გამოწვევის წინაშე აყენებს. ერთი მხრივ, ევროკავშირი მისგან საკანონმდებლო ბაზის ევროპულთან დაახლოებას ითხოვს, მეორე მხრივ კი, ამ ცვლილებებმა ხელი არ უნდა შეუშალოს ქვეყნის სწრაფ ეკონომიკურ განვითარებას. მაისის შუა რიცხვებში ევროკავშირის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის კომისარმა, შტეფან ფიულემ, ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საქართველოს ხელისუფლების ულტრალიბერალური იდეები მთლიანად არ შეესაბამება ევროკავშირის თავისუფალი ვაჭრობის პრინციპებსო.
ულტრა ლიბერალური კურსის ევროპულ რეგულირებასთან შეთავსება პრემიერ - მინისტრის მრჩეველს, თამარ კოვზირიძეს, შესაძლებლად მიაჩნია. ამაზე უკვე მუშაობენ კიდეც - სწავლობენ ევროკავშირის ისეთი წევრი ქვეყნების (მაგალითად, ბალტიის ქვეყნების) შიდა კანონმდებლობას, რომელთაც თავის დროზე სწრაფი განვითარება სჭირდებოდათ. ამის მიხედვით აირჩევა, რა სჯობს ქვეყნისთვის და ამ საფუძველზე წარიმართება მოლაპარაკებები ევროკავშირთან.
ევროკავშირმა თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკების დაწყებისთვის საჭირო მოთხოვნები 2009 წელს გამოაგზავნა. მათი ნაწილი, კოვზირიძის თქმით, შესრულებულია, ნაწილს მოლაპარაკების პროცესში შეასრულებენ. მოლაპარაკება შესაძლებელია პრობლემური რეგულაციების დანერგვის ვადებზეც. ასეთია, მაგალითად, სურსათის ხარისხის კონტროლი, რომელმაც გლეხებსა თუ მეწარმეებს, შესაძლოა, საქმიანობა გაურთულოს. თუმცა, გარკვეულ გამონაკლისებს თვითონ ევროკავშირის კანონმდებლობაც უშვებს. შესაძლებელია მოლაპარაკება ვადებზე - როდიდან დაინერგება იგი - და ასევე იმაზე, რომელ პროდუქციას შეეხება.
ასოცირებული ურთიერთობის შესახებ მოლაპარაკება ევროკავშირმა აზერბაიჯანთან და სომხეთთანაც დაიწყო. ეს ქვეყნებიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ურთიერთობენ ევროკავშირთან. ამ ერთობის ნაწილია უკრაინა და მოლდოვაც, რომელთაც მანამდე დაიწყეს მოლაპარაკებები. ასოცირებული შეთანხმებანი თითოეულ ქვეყანასთან ინდივიდუ ალურ ბაზისზე აიგება.
მსგავსი ტიპის შეთანხმებანი ევროკავშირს გაფორმებული აქვს, მაგალითად, ჩრდილოეთ აფრიკის სამ ქვეყანასთან - ალჟირთან, მაროკოსთან, ტუნისთან, ასევე ბალკანეთის ქვეყნებთანაც, რომელთა ნაწილიც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ან პოტენციური კანდიდატია.
![]() |
6 დამსახურებული ჯილდო |
▲ზევით დაბრუნება |
პოლიტიკა
ფოტო: ბესო დარჩია
„ეს ჩემი სამწლიანი მუშაობის დაფასებაა, რისთვისაც მადლობელი ვარ”, - უთხრა ტაბულას ელინა ლანგემ, ლატვიის თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელმა, იმ ღირსების ორდენის შესახებ, რომელიც მას 20 ივლისს მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დაცვისა და მხარდაჭერისთვის.
2007 წელს, როცა საქართველოში სამუშაოდ ჩამოვიდა, ძალიან ზოგადი ინფორმაცია ჰქონდა ჩვენს ქვეყანაზე. როგორც ამბობს, ჩამოსვლისთანავე, საქართველომ და ქართველმა ხალხმა სასიამოვნოდ გააკვირვეს.
ახლა ელინა ლანგე ნატო - საქართველოს პროფესიონალური განვითარების პროგრამის მენეჯერია. სამი წლის განმავლობაში მან საქართველოს დემოკრატიული განვითარების ხელშესაწყობად ბევრი პროექტი და ინიციატივა განახორციელა. ქალბატონი ლანგე საქართველო-რუსეთის ომის შესახებ პირველი ქართული დოკუმენტური ფილმის - „საქართველო ცეცხლში” - პროდიუსერიც არის.
აგვისტოს ომი მისთვის დიდი ემოციური სტრესი იყო. „ომმა ბალტიის ქვეყნების წარსული გამახსენა, მძიმე მოგონებები გამიცოცხლა. ეს, შესაძლოა, ჩვენთანაც მომხდარიყო,” - ამბობს იგი. მაშინ ელინა ლანგე აქტიურად აშუქებდა საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, აწყობდა ომის საწინააღმდეგო აქციებს რიგაში.
ქალბატონი ლანგეს თქმით, ლატვიისა და საქართველოს საერთო მძიმე წარსული, საბჭოთა ოკუპაცია, მის მოტივაციას - დახმარებოდა ქვეყანას „რეფორმების გატარებაში, მისწრაფებათა რეალიზებაში, განვითარებაში” - კიდევ უფრო ამძაფრებდა.
მას მიაჩნია, რომ საქართველოსთვის ლატვია და ბალტიისპირეთის სხვა ქვეყნები განვითარების კარგი მოდელებია. ისინი ერთმანეთს ჰგვანან, საერთო ღირებულებები და მისწრაფებები აქვთ, ამიტომ ბალტიისპირეთის ქვეყნები საკუთარ მოვალეობად მიიჩნევენ, საქართველოს დაეხმარონ. „გარდა ამისა, ჩვენ საბჭოური წარსული გვაკავშირებს”, - თქვა მან და მთელი გულით მოგვილოცა სტალინის ძეგლის ჩამოხსნა. „დიდხანს ველოდი ამ მომენტს. 2008 წელს გორში რომ ჩავედი, ემოციური შოკი მივიღე. ჩახვიდე ამ ქალაქში და ნახო ძეგლი იმ ადამიანისა, რომელმაც ლატვიელთა დიდი ნაწილი გააციმბირა, ნამდვილად შოკისმომგვრელი იყო”, - აღნიშნა ქალბატონმა ლანგემ.
![]() |
7 აფხაზეთში მუსლიმი სასულიერო პირი მოკლეს |
▲ზევით დაბრუნება |
პოლიტიკა
17 ივლისს გაგრაში მუსლიმი სასულიერო პირი, ემიკ ჩაჩმან-ოღლი მოკლეს. ერთი კვირით ადრე კი სალიხ კვარაცხელიას - სოხუმის მეჩეთის იმამის მოკვლა სცადეს. ჯერჯერობით პოლიცია ვერც დანაშაულის მოტივებზე საუბრობს და ვერც ეჭვმიტანილთა ვინაობას ასახელებს. არც ის არის ცნობილი, აქვს თუ არა საერთო ამ შემთხვევებს 2007 წლის აგვისტოს მსგავსი ტიპის მკვლელობებთან. 2007 წელს გუდაუთაში ჩაჩმან-ოღლის წინამორბედი იმამი, ხამზატ გიცბა მოკლეს, მანამდე კი - მუსლიმური სათვისტომოს წარმომადგენლები.
49 წლის ჩაჩმან-ოღლი, აფხაზეთის მუსლიმთა სასულიერო საბჭოს წევრი და ყოფილი პარლამენტარი, ქართულ - აფხაზურ ომშიც იბრძოდა. რადიო თავისუფლების ცნობით, საბჭოს წევრები მკვლელობას მის რელიგიურ საქმიანობას უკავშირებენ და პირად მოტივებს გამორიცხავენ. მათ ეს მკვლელობები დაგმეს, როგორც ტერორის მცდელობანი. გიცბაც, მსგავსად ჩაჩმან-ოღლისა, აფხაზეთის ომში იბრძოდა, მაგრამ როგორც ჩეჩენთა ამბოხებული საველე მეთაურის, შამილ ბასაევის რაზმის წევრი.
აფხაზური მედიის თანახმად, აფხაზეთის მოსახლეობის 30%25 მუსლიმია. აქ სულ 2 მეჩეთია - სოხუმსა და გუდაუთაში - მესამე მეჩეთის მშენებლობის დაფინანსების ინიციატივით კი ჩეჩნეთის მმართველი, რამზან კადიროვი გამოვიდა.
მუსლიმები საკუთარი უსაფრთხოების პრობლემებზე 2007 წლის მკვლელობების შემდეგაც საუბრობდნენ. მაშინ მუსლიმთა სასულიერო საბჭოს თავმჯდომარე ტიმურ ძიბამ თქვა, რომ მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ უშიშროების სამსახურს აცნობა ამ მოვლენამდე თვეებით ადრე, მაგრამ მათ არაფერი გააკეთეს. 2008 წელს ძიბამ ისიც განაცხადა, რომ აფხაზეთში მუსლიმების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ.
ბაღაფშის დაარსებული საზოგადოებრივი პალატა ამ სროლებს იმ ძალებს აბრალებს, რომელთაც აფხაზეთის შიგნით სიტუაციის დესტაბილიზაცია და საზოგადოების გახლეჩა სურთ. სავარაუდოდ, ისინი გულისხმობენ საქართველოს, რომელიც აქტიურად ლობირებს თავის სტრატეგიას ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ - ჩართულობა თანამშრომლობის გზით.
![]() |
8 ნაბიჯი დემოკრატიისკენ |
▲ზევით დაბრუნება |
გია ნოდია|სვეტი
საქართველო დღეს არ არის სრულყოფილი დემოკრატია: მას ხშირად უწოდებენ „ჰიბრიდულ რეჟიმს” ანუ ნახევრად დემოკრატიას თუ ნახევრად ავტოკრატიას (ტერმინის არჩევა თითოეულის განწყობასა და გემოვნებაზეა დამოკიდებული). ამის მიზეზი ორია: ერთია კონსტიტუციური წყობა, მეორე - პოლიტიკური კულტურა ან საზოგადოებრივი ინსტიტუტების განვითარების არსებული დონე. თუ საქართველოს პარლამენტი არსებითად დაეთანხმა საკონსტიტუციო კომისიის მიერ 19 ივლისს მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს, ამ ორიდან პირველი მიზეზი აღარ იარსებებს.
რა გვაკლია?
რატომ უჭირს დღევანდელ საკონსტიტუციო მოდელს დემოკრატიის თვალსაზრისით? განა ის ხალხის მმართველობას არ ითვალისწინებს? რა თქმა უნდა. მართალია, საქართველოში არჩევნები სრულყოფილად არ ტარდება, თუმცა, როგორც წესი, ხალხს შეუძლია აირჩიოს ის მთავრობა, რომელიც მისთვის უფრო მისაღებია (როცა არ მისცეს ამის საშუალება, რევოლუციაც მოხდა). მაგრამ ლიბერალური დემოკრატია გულისხმობს არა მხოლოდ იმას, რომ ხალხი ირჩევდეს ხელისუფლებას - მთავარია, ის არჩეული ხელისუფლება შეზღუდული, შებოჭილი იყოს. არ უნდა არსებობდეს თანამდებობის პირი ან სახელისუფლებო ორგანო, რომელიც ხალხის სახელით გააკეთებს ყველაფერს, რაც მოესურვება.
ამის მიღწევის ერთადერთი საშუალებაა ძალაუფლების დანაწილება ხელისუფლების სხვადასხვა შტოს შორის და მათი ურთიერთგაწონასწორების მექანიზმების შექმნა. თითოეული ინსტიტუტი უნდა იყოს საკმარისად ძლიერი, რათა თავისი ფუნქცია შეასრულოს, მაგრამ საკმარისად შებოჭილი, რომ თავისი უფლებამოსილება უკონტროლოდ არ გამოიყენოს და მოქალაქეთა თავისუფლებას საფრთხე არ შეუქმნას. ჯერჯერობით, მსოფლიოში თვისუფლების უკეთესი გარანტია ვერ მოიფიქრეს. ჩვენი დემოკრატიული დეფიციტის საკონსტიტუციო გამოხატულება არის ძალაუფლების კონცენტრაცია პრეზიდენტის, უფრო ზოგადად კი, აღმასრულებელი ხელისუფლების ხელში. სწორედ ეს აქცევს ჩვენს პოლიტიკურ სისტემას ნახევრად ავტორიტარულად.
ამ მოდელს აქვს თავისი პლუსი: ძალაუფლების კონცენტრაცია აადვილებს გადაწყვეტილების მიღებასა და განხორციელებას. არა მგონია, ამ პირობის გარეშე მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებას ასე მოკლე ხანში ასეთი წარმატებით ჩაეტარებინა საკმაოდ რადიკალური რეფორმები: დაემარცხებინა მასობრივი კორუფცია, მკვეთრად აემაღლებინა გადასახადების ამოღების დონე, კუთხეში მოემწყვდია ორგანიზებული დანაშაული, არსებითი ცვლილებები შეეტანა განათლების სისტემაში და ა. შ. ყველა ეს ცვლილება მტკივნეულად ურტყამდა კონკრეტული ადამიანების ინტერესებს; უფრო დაბალანსებულ დემოკრატიულ სისტემაში ეს ჯგუფები შეძლებდნენ ისეთი ბერკეტების ამოქმედებას, რომლებიც რეფორმების განხორციელებას, სულ მცირე, შეანელებდა და შეაფერხებდა.
რად გვინდა დემოკრატია?
მაშ, რატომ უნდა შევცვალოთ ეს სისტემა? იმიტომ, რომ ევროპელები გვაკრიტიკებენ და მათი გვრცხვენია? არა. საერთაშორისო პრესტიჟიც მნიშვნელოვანია, მაგრამ ის ვერ იქნება გადამწყვეტი არგუმენტი. მთავარია, მმართველობის როგორი მოდელი დაეხმარება უკეთ ქვეყნის განვითარებას. ნახევრად ავტორიტარულ საკონსტიტუციო გარემოში მოქმედ ხელისუფლებას შეუძლია, გაფართოებული უფლებამოსილება მოახმაროს ქვეყნისთვის საჭირო რეფორმების დაჩქარებას ან საკუთარი ჯგუფური ინტერესის მომსახურებას, შეიწყნაროს ოპოზიცია და განსხვავებული აზრი ან მისი სისტემური რეპრესია არჩიოს. ჩემი სუბიექტური შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის მთავრობა პირველ ტიპთან გაცილებით უფრო ახლოსაა, ვიდრე მეორესთან. მაგრამ თუ შევადარებთ ბევრ პოსტსაბჭოთა ქვეყანას, სადაც მართვის კონსტიტუციური სქემა ჩვენი მსგავსია, დავინახავთ, რომ ნახევრად ავტორიტარული მოდელის პირობებში უფრო დიდია იმის ალბათობა, გაცილებით ნაკლებ ლიბერალური და უფრო კორუმპირებული რეჟიმი გქონდეს.
არსებული სისტემის მეორე პრობლემა არამდგრადობაა. 2007-09 წლებში განვითარებულმა მოვლენებმა, რომლებსაც ხან პოლიტიკური კრიზისი ერქვა, ხან კრიზისის ზღვარზე ყოფნა, ძალაუფლების კონცენტრაციის რისკები თვალნათლივ აჩვენა. სადაც ძალაუფლება ერთ ადგილასაა კონცენტრირებული, ყველა აქტიური ადამიანი, ვისაც ძალაუფლების ცენტრთან მისადგომი არ აქვს და სიტუაციით უკმაყოფილოა, მთავრობის წინააღმდეგ ერთიანდება. თუ პოლიტიკურ თამაშში არსებობს ერთადერთი რეალურად ღირებული პრიზი - პრეზიდენტის თანამდებობა, ფსონი მეტისმეტად მაღალია და მოთამაშეები მოქმედებენ პრინციპით - „ყველაფერი ან არაფერი”. ეს ზრდის პოლიტიკური ცხოვრების პოლარიზაციისა და, შესაბამისად, პერიოდული კრიზისების საფრთხეს.
ზოგადად, ჰიბრიდული სისტემები შინაგანად არამყარია. ან რადიკალური და უპასუხისმგებლო ოპოზიცია (ასეთ რეჟიმებში ოპოზიცია ჩვეულებრივ ასეთია) გამოიყენებს არსებულ დემოკრატიულ თავისუფლებებს ახალ - ახალი კრიზისების პროვოცირებისთვის (რომლებიც ხან დამთავრდება ძალაუფლების შეცვლით, ხან არა), ან არასტაბილურობით გაბეზრებული მთავრობა იმ თავისუფლებებსაც შეკვეცავს და „ძლიერი ხელით” ნამდვილ ავტორიტარიზმს დაამყარებს. ბევრი ასეთი ქვეყანა (მაგალითად, ლათინურ ამერიკაში) ციკლურად ვითარდებოდა: ხან ანარქიული თავისუფლება, ხან წესრიგის აღდგენით ნაკარნახევი დიქტატურა.
ბოლო წლების საქართველოში სააკაშვილმა ძირითადად იმიტომ შეძლო სტაბილურობის შენარჩუნება, რომ ის და მისი პარტია პოლიტიკური უნარებით ოპოზიციაზე ერთი თავით მაღლა დგანან. უფრო სუსტი ხელისუფლებისა და უნარიანი ოპოზიციის პირობებში შედეგი შეიძლება საპირისპირო ყოფილიყო. მაგრამ ამ ოპოზიციის შეტევამაც აიძულა მთავრობა, თავდაცვით პოზიციაში გადასულიყო და ზოგი ჩაფიქრებული რეფორმა შეენელებინა ან გადაედო. ძალაუფლების კონცენტრაციის ძირითადი გამართლება - საჭირო, მაგრამ არაპოპულარული რეფორმების გატარების უნარი - ბოლო წლებში, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, რაც ხელისუფლების გულშემატკივართა წუხილსაც იწვევს. ესე იგი, სწრაფი და მტკივნეული რეფომებისთვის ძალაუფლების კონცენტრაციის პოლიტიკამ თავი ამოწურა.
ახალი ბალანსი
ახალ სისტემას ორი კითხვა უკავშირდება: რითაა ის უფრო დემოკრატიული და რა საფრთხეები უკავშირდება მას?
არსებულ სისტემაში პრეზიდენტს, ფაქტობრივად, შეუძლია შეუზღუდავად დანიშნოს ან გაათავისუფლოს ყველა მნიშვნელოვანი თანამდებობის პირი: ზოგი პირდაპირ (პრემიერ-მინისტრი, გუბერნატორები), ზოგი - მმართველ პარტიაზე კონტროლის მეშვეობით (პარლამენტის თავმჯდომარე, რაიონის გამგებლები). თავის მხრივ, მმართველ პარტიაზე პრეზიდენტის კონტროლი განსაზღვრულია იმით, რომ ის (ისევე, როგორც თითქმის ყველა ქართული პარტია) იმთავითვე შეიქმნა კონკრეტული პოლიტიკური ლიდერის გარშემო და (სავარაუდოდ) ერთიანობასაც არსებულ მმართველობით სტრუქტურაზე მიბმულობით ინარჩუნებს. სხვათა შორის, პირველი სერიოზული ცვლილება ამ სისტემაში 30 მაისს მოხდა: თბილისის მერი გიგი უგულავა პირველი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურაა, ვისი გადაყენების საშუალებაც პრეზიდენტს არა აქვს. მაგრამ ეს ამინდს ვერ ცვლის.
ახალი სისტემა შერეულია, ანუ აღმასრულებელ ძალაუფლებას ყოფს პირდაპირ არჩეულ პრეზიდენტსა და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელ პრემიერ - მინისტრს შორის. წარმოდგენილი მოდელით აშკარაა, რომ ქვეყნის ყველაზე ძლიერი პოლიტიკური ფიგურა პრემიერ - მინისტრია. ოღონდ ამ უკანასკნელს არა აქვს პირდაპირი მანდატი ამომრჩევლისგან, ის დამოკიდებულია საპარლამენტო უმრავლესობაზე. მმართველმა პარტიამ ან კოალიციამ ის შეიძლება არჩევნების გარეშეც შეცვალოს. ამდენად, უმაღლესი თანამდებობის პირი არ არის მთლად თავისუფალი არჩევნებს შორის პერიოდში - ის შეიძლება პარტიული პოლიტიკის მსხვერპლი გახდეს.
მეორე მხრივ, პრეზიდენტი, იმის გამო, რომ უშუალოდ ხალხისგან აქვს მიღებული მანდატი, ხელშეუხებელია შემდეგ არჩევნებამდე პერიოდში (იმპიჩმენტის ერთობ რთულ პროცედურას თუ არ ჩავთვლით). მისი უფლებამოსილება შეზღუდულია, მაგრამ მდგომარეობა - მყარი და ლეგიტიმაციის ხარისხი - მაღალი.
მოკლედ, სისტემა აღარ გულისხმობს, რომ არსებობს ერთი ფიგურა, ვის გარშემოც ყველაფერი ტრიალებს. ჩნდება, სულ მცირე, ორი პოლიტიკური ლიდერი და ეს გაორება ხსნის პოლიტიკური მანევრის სივრცეს, თუნდაც ერთი პარტიის შიგნით. მეტიც, ამ ორი ლიდერისგან უფრო ძლიერი კოლექტიურ ორგანოზე - პარლამენტზეა დამოკიდებული.
საფრთხეები
რა თქმა უნდა, ვერც ეს (ვერც რომელიმე სხვა) კონსტიტუცია, თავისთავად, ვერ მოგვცემს ქმედითუნარიანი და სტაბილური დემოკრატიის გარანტიებს. მეტიც, ის ახალ საფრთხეებს შექმნის. როგორც ვთქვი, დემოკრატიის დეფიციტის მეორე (შესაძლოა, უფრო ძირეული) მიზეზი საქართველოში პოლიტიკური პლურალიზმის უზრუნველმყოფი ინსტიტუტების, ყველაზე თვალსაჩინოდ - პოლიტიკური პარტიების სისუსტეა. მმართველი პარტიებიც კი მხოლოდ მოჩვენებითადაა ძლიერი და ძალაუფლების დაკარგვისთანავე იშლება. სავსებით შესაძლებელია, ნაციონალურმა მოძრაობამ წინამორბედებს აჯობოს - სულ მცირე, ლიდერის შეცვლას და, მეტიც, ძალაუფლების დაკარგვასაც კი გაუძლოს. მაგრამ სანამ ამას ვერ დავინახავთ, გადაჭრით ვერაფერს ვიტყვით. ოპოზიციური პარტიები ქრონიკულად უპასუხისმგებლო, არამდგრადი და მოკლევადიან წარმატებაზე ორიენტირებულია.
საპარლამენტო სისტემა (რომელსაც ამ ცვლილებებით ვუახლოვდებით), ფაქტობრივად, ნიშნავს იმას, რომ მთავრობა დამოკიდებულია პოლიტიკურ პარტიებზე. როდესაც გვაქვს ისეთი პარტიები, როგორიც გვაქვს, ეს საკმაოდ სარისკოა. მაგრამ, ერთი მხრივ, შეიძლება გვქონდეს იმედი, რომ როცა პარტიებს მეტი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ, რამდენადმე მაინც დაღვინდებიან და დაბრძენდებიან. მაგრამ რაკი ეს იმედი მთლად ბოლომდეც ვერ გვაქვს, საკონსტიტუციო მოდელში კომისიამ ჩადო მექანიზმები („უნდობლობის კონსტრუქციული ვოტუმი” და პრეზიდენტის ვეტო), რაც გაუძნელებს უპასუხისმგებლო და დესტრუქციულ პარტიებს, ადვილად ჩამოაგდონ მთავრობა, თუ მყარი ალტერნატივა არ ექნებათ მზად.
კარგად იმუშავებს ახალი სისტემა? დარწმუნებით ვერაფერს ვიტყვი. მგონია, რომ ჯამში ის მეტ პოლიტიკურ მდგრადობას მოგვიტანს, თუმცა შეიძლება ვცდებოდე. ამას მხოლოდ მომავალი გვიჩვენებს. ერთია: როცა საქართველოში ამის შემდეგ დემოკრატიის დეფიციტზე ილაპარაკებენ, ვეღარავინ იტყვის, რომ პრობლემის ძირი კონსტიტუციაა. ევროპელები მაინც ვერ გვეტყვიან, რადგან კონსტიტუცია ნამდვილად მათი სტანდარტისა იქნება.
ნებისმიერ შემთხვევაში სასურველია გვახსოვდეს უინსტონ ჩერჩილის ცნობილი გამოთქმა: დემოკრატია ყოვლად უვარგისი პოლიტიკური სისტემაა და მხოლოდ ერთი გამართლება აქვს - ყველა ალტერნატივა კიდევ უფრო უარესია. ახალ საკონსტიტუციო მოდელსაც ასე უნდა შევხედოთ.
![]() |
9 მშობლები, შვილები და პოლიტიკოსები |
▲ზევით დაბრუნება |
ვახტანგ მეგრელიშვილი|სვეტი
ადამიანი დახმარებას ითხოვს, თუ საკუთარი შრომით არშეუძლია სარჩოს მოპოვება. ასეთ მდგომა რეობაში ბევრი მიზეზის გამო შეიძლება მოხვედრა. დამხმარემ საკუთარ ნაშრომზე ნებაყოფლობით უნდა თქვას უარი. ამიტომ მისთვის მნიშვნელოვანია მიზეზი - თუ რატომ ითხოვენ მისგან, ერთი შეხედვით, არა რაციონალური გადაწყვეტილების მიღებას.
საკუთარი თავის მოვლის უუნარობის ყველაზე გავრცელებული მიზეზებია:
ბავშვის დაობლება;
დაბადებიდან ან შემდგომში წარმოქმნილი ჯანმრთელობის პრობლემა, რომელიც, ასაკის მიუხედავად, შრომას შეუძლებელს ხდის;
შრომის უუნარობა სიბერის გამო;
პიროვნული და გარემოფაქტორების ისეთი ერთობლიობა, როდესაც შრომის უუნარობის მიზეზების გამოვლენა რთულია, მაგრამ სიღარიბე, როგორც შედეგი, სახეზეა.
იგივე მიზეზები გამოიყენა სახელმწიფომ საკუთრების გადანაწილებაში ჩარევის არგუმენტად. შრომის უუნარობის ამ მიზეზებით დაჯგუფებულ ადამიანებს, რატომღაც, სოციალური კატეგორიები ეწოდა. სოციალურ კატეგორიებში ყველაზე დიდია ე.წ. პენსიონერებისა და ღარიბების ჯგუფები. პენსიონერთა ჯგუფში ხვდებიან ზემოთ ჩამოთვლილი საერთო მახასიათებლის მქონე ადამიანები. ობოლ ბავშვებს, მარჩენალის გარდაცვალების გამო, პენსიონერები ჰქვიათ (34 000 ბავშვი), ჯანმრთელობის პრობლემის გამო შრომის უუნაროებს - შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები (141 000 შშმპ), მოხუცებულებს - ასაკის გამო პენსიონერები (660 000 მოხუცი), ხოლო ღარიბებს - სოციალური დახმარების ბენეფიციარები (470 000 ღარიბი).
ამ ჯგუფებს გადასახადის გადამხდელები 1.161 მილიარდ ლარს უზიარებენ. ამ თანხის განაწილებით დაინტერესებულთათვის საყვარელი სადისკუსიო თემაა იმის გარკვევა, თუ რომელი სოციალური ჯგუფი როგორ „სახელმწიფო თანადგომას” იმსახურებს. ხშირად ისინი კონსენსუსსაც აღწევენ. კონსენსუსის შინაარსიის არის, რომ თითოეული ჯგუფი უფრო მეტ დახმარებას იმსახურებსდა 1.161 მილიარდი ლარი ძალი ან ცოტაა. თუ ვინმემ, მორიდებულად, გადასახადების გაზრდის უარყოფით მხარეს მიაქცია ყურადღება, მის წინააღმდეგ გამანადგურებელი იარაღი ამოქმედდება. ეს იარაღი გულის ამაჩუყებელი სიტყვებია - „მარჩენალდაკარგული”, „ინვალიდი”, „პენსიონერი”. თითქოს ყველასთვის ცხადი უნდა იყოს, რომ ამ სტატუსის ადამიანის წინაშე, სტატუსის არ მქონე ვალშია. კითხვა, თუ ვისზე ვსაუბრობთ ან რატომ არის ვინმე მათთან ვალში, უხერხულია.
ვისარგებლებ შემთხვევით და მაინც ვიკითხავ: შესაძლებელია, დაობლებული ბავშვი განსაკუთრებული მზრუნველობით სარგებლობდეს შეძლებული ოჯახის მრავალ რიცხოვანი მოსიყვარულე წევრების მხრიდან? ან თუ შესაძლებელია, რომ გულის სტიმულატორი - რაც ინვალიდობის სტატუსის მინიჭების საფუძველია - ადამიანს პროფესიულ საქმიანობაში ხელს საერთოდ არ უშლიდეს? რატომაა შეუძლებელი 65 წლის პენსიონერი წარმატებული ბიზნესის მფლობელი იყოს? რა უფრო სამართლიანია, ფული მიიღოს ახლობლების თანადგომის ან საკუთარი ძალისხმევის შედეგად კეთილდღეობაში მცხოვრებმა სოციალური კატეგორიის წარმომადგენელმა თუ უსტატუსო, მშიერმა უსახლკარომ?
მასშტაბიდან გამომდინარე, ყველაზე საინტერესო მაინც ასაკის გამო პენსიონერთა ისტორიაა.
„მუხლი 1218. შვილების მოვალეობა მშობლების მიმართ:
1. შვილები მოვალენი არიან, იზრუნონ მშობლებისათვის და დაეხმარონ მათ.
2. სრულწლოვანი შრომის უნარიანი შვილები მოვალენი არიან, არჩინონ შრომის უუნარო მშობლები, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ”.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი სამოქალაქო კოდექსის ამ მუხლის შესახებ შეიძლება ასი ქართველიდან ერთმა იცის, ათიდან ცხრისთვის ეს მორალური ნორმაა და კანონში ეწერება თუ არა, მნიშვნელობა არ აქვს; ერთისათვის კი გაუგებრი ან მიუღებელია. უკანასკნელს შეიძლება მშობლებმა აწყენინეს, სწორად ვერ აღზარდეს, ან „თუ ბუნებამც არ უშველას” ამბავია.
ვინ არიან ასაკით პენსიონერები? ისინი ან თავად არიან გადასახადის გადამხდელები ან გადასახადის გადამხდელების მშობლები არიან. მაშინ რატომ არ შეიძლება ფული მათ დილით, საუზმის შემდეგ მივცეთ? ალბათ, სახელმწიფო მიიჩნევს, რომ ჩვენ ამას ნებაყოფლობით არ ვიზამთ და საჭიროა, ფული ჯერ ციხეში დაჭერის მუქარით გამოგვართვან, შემდეგ ადმინისტრაციული ხარჯი გაწიონ და მერე ჩვენს მშობლებს გადასცენ. რატომ არ ენდობა სახელმწიფო შვილებს? თითქოს სულ რაღაც 15-16 წლის წინ, როდესაც სახელმწიფო ბიუჯეტი პრაქტიკულად არ არსებობდა, უმძიმესი კრიზისის წლებში დავამტკიცეთ საწინააღმდეგო. მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ფიზიკურად სწორედ ურთიერთდახმარების შედეგად გადარჩა.
იქნებ იმიტომ, რომ მოხუცებისათვის გაუგებარია, საიდან მოდის ის ფული, რომელსაც კეთილი სახელმწიფო არიგებს, რატომღაც ყოველ არჩევნებამდე გაზრდილი ოდენობით?
დასავლურ სახელმწიფოთა უმეტესობა თვლის, რომ ახალგაზრდები არარაციონალურად მოიქცევიან და არ იზრუნებენ საკუთარი სიბერის უზრუნველსაყოფად. ამ მოტივით ადამიანებს აიძულებენ, ახალგაზრდობიდან დააგროვონ თანხა საპენსიო სქემაში ან საპენსიო ანგარიშებზე, რათა გარკვეული ასაკის მიღწევის შემდეგ დაგროვილი თანხა ეტაპობრივად უკან დაუბრუნონ. საქართველოში ასეთი სისტემა საბედნიეროდ არ გვაქვს - გადარჩენილები ვართ ამ ფულის სახელმწიფოსათვის მიბარებით მსოფლიოში ყველაზე სარისკო ფინანსური ოპერაციის იძულებით ჩატარებას. სიბერის უზრუნველყოფას ქონების დაგროვებით, შვილების განათლებაში ჩადებული ინვესტიციითა და სხვა უფრო ეფექტური არაფორმალური გზებით ვცდილობთ.
საინტერესოა, რომ 660 000 ასაკით პენსიონერიდან 260 000 თავს ღარიბად არ თვლის. დანარჩენი 400 000 პენსიონერიდან, რომლებიც თავს ღარიბად მიიჩნევენ, მხოლოდ მესამედია ამ სტატუსის არმქონე მოქალაქეების მდგომარეობაში. ბუნებრივია, ყველა ასაკოვანი ადამიანის უპირობო დახმარების საჭიროება მხოლოდ გავრცელებული სტერეოტიპია.
აქვთ კი ე.წ. სოციალური ჯგუფების წარმომადგენლებს ან გულშემატკივარ პოლიტიკოსებს პენსიისა თუ დახმარების მოთხოვნის უპირობო უფლება? დახმარება უნდა ვითხოვოთ თუ მოვითხოვოთ? იქნებ უფრო სამართლიანია, გაჭირვებული ადამიანების დახმარებისათვის გავიღოთ იძულებითი, მაგრამ მაინც ქველმოქმედება, ვიდრე საკუთარი მშობლების დასაფინანსებლად (განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მათ ეს ფული ჩვენივე შვილებისათვის სნიკერსის საყიდლად უნდა დახარჯონ)?
თუ სახელმწიფო განურჩევლად ყველა მოხუცზე აპირებს ზრუნვას, ორმაგი ვალდებულების თავიდან აცილების მიზნით, იქნებ სამოქალაქო კოდექსის 1218-ე მუხლი გაგვეუქმებინა?
![]() |
10 ბუნებრივი გაზის პერსპექტივები |
▲ზევით დაბრუნება |
ეკონომიკა
მეოცე საუკუნე ნავთობის საუკუნედ ითვლება. გასული საუკუნის პირველ ნახევარში ნავთობის პოლიტიკა სამხედრო გამარჯვებათა კატალიზატორი გახდა: პირველ მსოფლიო ომში ჩერჩილის მიერ ბრიტანული ფლოტის ნავთობზე გადაყვანამ ბრიტანულ გემებს, გერმანულთან შედარებით, დიდი უპირატესობა შესძინა, მეორე ნახევარში კი კაცობრიობა უძრაობის ტირანიისგან იხსნა: მეორე მსოფლიო ომში პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა უილიამ ქეისიმ და ამერიკის შუა აღმოსავლელმა პარტნიორებმა ნავთობის ფასი საბჭოთა კავშირის გასაკოტრებლად და ცივი ომის მოსაგებად გამოიყენეს. ოცდამეერთე საუკუნეს ნავთობი აღარ განსაზღვრავს. ასპარეზზე ახალი მოთამაშე - ბუნებრივი გაზი გამოჩნდა.
ასეთი მასშტაბური ცვლილებების გამოწვევა დღეს ორ რამეს შეუძლია: ბუნებრივი გაზის რეზერვებსა და ბიპი - ს ავარიას, როცა ოკეანეში დიდი რაოდენობით ნავთობი ჩაიღვარა.
სულ რაღაც ორი წლის წინათ მსოფლიოს წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რომ ამერიკაში და მსოფლიოს სხვა ნაწილებშიც ბუნებრივი გაზის მოპოვება შესაძლებელი გახდებოდა არატრადიციული რეზერვუარების, მაგალითად, ფიქლის ან ნახშირის პლასტების ათვისების გზით.
ბოლო სამი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური სიახლე აღმოაჩინეს: ბუნებრივი გაზის მისაღებად, ინჟინრები დღეს ორ მნიშვნელოვან ინოვაციას იყენებენ. პირველი, იმის ნაცვლად, რომ გაზის წყარო პირდაპირ სიღრმეში გაიბურღოს, ჭები ჰორიზონტალურად იბურღება: სიღრმის გარკვეული დონის მიღწევის შემდეგ ჭების კედლები გვერდებში ფართოვდება და უფრო დიდ არეალს ქმნის მეტი გაზის დაგროვებისთვის. მეორე ტექნოლოგიით, დიდი რაოდენობით წყლისა და ქვიშის ნაზავი მაღალი წნევის ჭავლი ფიქალს მრავალ ნაწილად ყოფს: ფიქალში მომწყვდეული გაზი თავისუფლდება და ჰორიზონტალურ ჭებში გროვდება.
ამ ორი პროცესის დახვეწისა და შეჯვარების შედეგად, ინჟინერიამ პრაქტიკულად არაფრისგან მიიღო ბუნებრივი გაზის ახალი რესურსები, რომლებიც მანამდე გამოუსადეგარ და სრულიად შეუღწევად ფიქლის დეპოზიტებად ითვლებოდა. უეცრად აღმოჩნდა, რომ ტეხასის, პენსილვანიის, ოჰაიოს, ნიუ იორკის, ჩრდილო დაკოტასა და სხვა ბევრ შტატში თუ მის გარეთ - მაგალითად, გერმანიაში, ჩრდილოეთ პოლონეთში, ავსტრიაში, შვედეთში, უნგრეთში, უკრაინასა და კიდევ ბევრ ქვეყანაში - არსებობს ათწლეულების განმავლობაში ბუნებრივი გაზით მომარაგების რეალური პოტენციალი.
რამდენად მნიშვნელოვანია ეს გარღვევა? დეკემბერში Exxon Mobil-მა განაცხადა, რომ მზად არის 41 მილიარდ დოლარად შეიძინოს XTO Energy და გაზის არატრადიციული რესურსების ათვისების მისეული გამოცდილება. ფრანგულმა ენერგოკომპანიამ - Total SA - უკვე გადაიხადა 2.2 მილიარდი დოლარი ტეხასური კომპანიის - Chesapeake Energy Barnett Shale - 25%25-იანი წილისთვის. რუსული კომპანია - Gazprom - საკუთარი მონოპოლიური პოზიციის ერთადერთ საფრთხედ უკვე ღიად მიიჩნევს მხოლოდ ფიქლის გაზის მზარდ რესურსებს.
ბოლო ათწლეულის განმავლობაში შეერთებულ შტატებში ბუნებრივი გაზის დადასტურებული რეზერვები 50%25-ით გაიზარდა. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ეს დინამიკა გაგრძელდება. ალბათ, გასაოცარი არცა არის, რომ სხვა ქვეყნები გეოლოგებს შეერთებულ შტატებში გზავნიან, რათა მათ კარგად შეისწავლონ არატრადიციული წყაროებიდან გაზის მიღების ტექნიკა. ჩინეთს, ინდოეთსა და ავსტრალიას - სამივე ამ ქვეყანას - ფიქლის გაზით მდიდარი უზარმაზარი რეზერვები აქვთ. მანჰეტენის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარის, მაქს შულცის შეფასებით, კიდევ რამდენიმე ათწლეულის შემდეგ ფიქლის ციებ - ცხელება მხოლოდ ამერიკული ფენომენი არ იქნება და ის მთელ მსოფლიოს მოედება.
ციფრები ამ ვარაუდს ადასტურებს. 2010 წლის საერთაშორისო ენერგეტიკული პერსპექტივების კვლევის თანახმად, მოსალოდნელია ბუნებრივი გაზის მოცულობის ზრდა, განსაკუთრებით, ლათინურ ამერიკაში, ავსტრალიაში, ჩრდილოეთ აფრიკასა და ყოფილ საბჭოთა კავშირში არსებული ფიქლის მარაგების გამო. ერთ-ერთი ანალიზით, პოლონეთის პრეზიდენტისა და თითქმის მთელი მთავრობის საეჭვო ავიაკატასტროფაში დაღუპვის მიზეზი, შესაძლოა, სწორედ ფიქლის გაზის პოლონეთში არსებული მდიდარი რეზერვებიც ყოფილიყო.
საერთაშორისო ენერგეტიკული პერსპექტივების კვლევამ აჩვენა, რომ მსოფლიო მასშტაბით, არატრადიციული წყაროებიდან მიღებული გაზის მოცულობა 2008-2035 წლებში ყოველწლიურად 5.2%25-ით გაიზრდება. ამავე წლებში გაზის მთლიანი მოცულობა მხოლოდ 1.4%25-ით გაიზრდება.
რას ნიშნავს ეს? უახლოეს პერსპექტივაში, ბუნებრივი გაზი ჩაანაცვლებს ნახშირს ელექტროენერგიის სექტორში. ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს ნახშირბადის ემისიას. ბუნებრივ გაზს გავლენა ექნება განახლებად ენერგიაზეც: იაფი ბუნებრივი გაზი შეავსებს ჰიბრიდულ მზის სადგურებს, რომლებიც ელექტროენერგიის ეკონომიკური მიმზიდველობის გასაზრდელად, გამოიყენებენ როგორც მზის სინათლეს, ისე ბუნებრივ გაზს.
უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში, რაც უფრო ძვირდება ნავთობი და იაფდება ბუნებრივი გაზი, დიდი სტიმულიც გაჩნდება, რომ ტრანსპორტის სექტორში მეტი ბუნებრივი გაზი გამოიყენონ. კომპრესირებულ ბუნებრივ გაზზე მუშაობას შეძლებენ ავტობუსები, საშუალო ზომის სატვირთო და მსუბუქი ავტომანქანები.
პარადოქსია, მაგრამ დღეს შეერთებული შტატები, კომპრესირებული ბუნებრივი გაზის ტრასნპორტირების მიზნით გამოყენების მხრივ, დანარჩენ მსოფლიოს მნიშვნელოვნად ჩამორჩება. შარშანდელი მონაცემებით, მსოფლიო ლიდერი პაკისტანი იყო, კომპრესირებულ ბუნებრივ გაზზე მომუშავე 2.4 მილიონი ავტომანქანითა და 3 ათასი გაზგასამართი სადგურით. შედარებისთვის, შეერთებულ შტატებს 100 ათასამდე ასეთი ავტომობილი და 1 300 სადგური ჰქონდა. ამის მიზეზი სახელმწიფო რეგულირებაა.
ტექნოლოგიური გარღვევაც მხოლოდ თავისუფალი ბაზრის მუშაობის სპეციფიკამ მოიტანა და არა მთავრობის ნებამ. ამ გარღვევის მზარდი ფინანსური პოტენციალი კი ბუნებრივი გაზის ალტერნატიული წყაროების ძიების პროცესს თვითმდგრადობით უზრუნველყოფს - ისევ და ისევ თავისუფალი ბაზრის პრინციპებიდან გამომდინარე: ბუნებრივ გაზზე მოთხოვნის ზრდასთან ერთად, ფიქლის გაზის გლობალური ბაზარიც თანმიმდევრულად ფორმირდება. ეს პოზიტიური სიახლეა.
ნეგატიური მხარე ის არის, რომ მექსიკის ყურეში ჩაღვრილი ნავთობის მასშტაბმა შეიძლება საზოგადოებრივი აზრი ნავთობისა და ბუნებრივი გაზის მოპოვების წინააღმდეგ მიმართოს.
წარსულშიც მოიძებნება ისეთი მაგალითები, როცა ენერგეტიკის სექტორში მომხდარ ავარიას ქვეყნების ენერგეტიკულ პერსპექტივაზე სერიოზული გავლენა ჰქონია. მაგალითად, 1986 წელს უკრაინის ქალაქ ჩერნობილში ატომური ენერგიის სადგურზე მომხდარმა ავარიამ ევროპაში ორი ათწლეულით გადაავადა მსგავსი სადგურის მშენებლობა. იგივე მოხდა უფრო ადრე, 1979 წელს, ამერიკაშიც.
დღეს ფიქლის გაზის წინააღმდეგ ერთადერთი გარემოსდაცვითი ბარიერი არსებობს - წყალი. აქტივისტები ამბობენ, რომ ფიქლის დაშლის პროცესში ჰიდროკარბონატები ან სხვა ქიმიური შენაერთები შეიძლება სასმელ წყალს შეერიოს. თუმცა, კვლევებით ეს საფრთხე არ დასტურდება, რადგან გაზის შემცველი და წყლის შემცველი ფენები ერთმანეთისგან დაცილებულია და მათ შორის ქანებისა და ქვების ბევრი შრეა.
ამ ფონზე მოსალოდნელია, რომ ბიპი-ს ავარია კიდევ უფრო მეტ კითხვასა და ეჭვს გააჩენს ბურღვის ტექნოლოგიებთან დაკავშირებით. მუშაობის პრაქტიკისა და რეგულაციების გადახედვას, ალბათ, ერთ წელზე მეტი დრო დასჭირდება. აქ მთავარი საფრთხე ის არის, რომ უარყოფითმა საზოგადოებრივმა აზრმა და მთავრობის პოლიტიკამ, შესაძლოა, დიდი ხნით შეამციროს ინვესტიციები ამ სფეროში. კარგია, თუ სასწორის მეორე პინა სათანადოდ შეფასდება.
![]() |
11 ოზბორნის, ბიუჯეტისა და ფეისბუქის შესახებ |
▲ზევით დაბრუნება |
ეკონომიკა
ფოტო: REUTERS ©
ევროპის ქვეყნების უმრავლესობას უკვე დიდი ხანია აწუხებს ეკონომიკური პრობლემა. გადამეტებული სოციალური პროგრამები მათ ბიუჯეტებს ძირს უთხრის. ეკონომიკური პრობლემა აქვს გაერთიანებულ სამეფოსაც. მთავრობა ყოველ ოთხ დახარჯულ ფუნტზე ერთ ფუნტს სესხულობს. დავალიანება ისეთ კატასტროფულ ნიშნულს აღწევს, რომ ვალების დამატებით გადასახადზე უფრო მეტი იხარჯება, ვიდრე განათლების სისტემაზე. ბრიტანეთის ახალი ფინანსთა მინისტრი ჯორჯ ოზბორნი ცდილობს, ახალი ბიუჯეტის შემუშავებაში მოსახლეობა ჩართოს, ამისათვის კი ქვეყნის მთავრობა სოციალურ ქსელებს იყენებს.
მოსახლეობის მხარდაჭერა კი ბიუჯეტის შეკვეცის მტკივნეულ პროცესში ხელისუფლებას ჟანგბადივით სჭირდება. ბრიტანეთის მთავრობამ შექმნა ვებგვერდი (http://spendingchallenge.hmtreasury. gov.uk/), სადაც ხალხს საშუალება აქვს, ჩაერთოს ხარჯვის შესახებ გადაწყვეტილებების მიღებაში. მომხმარებელს შეუძლია საიტზე აირჩიოს, თუ რომელ დარგში (მაგალითად, თავდაცვა, განათლება) მიაჩნია ხარჯების შემცირება აუცილებლად, შემდეგ კი თავისი იდეა წერილობითი ფორმით მიაწოდოს ხელისუფლებას. მთავრობაში აცხადებენ, რომ რაც შეიძლება მეტ იდეას გაითვალისწინებენ, მათ შორის საუკეთესოს კი ოქტომბერში, ხარჯვის გადახედვისას, რეფორმის სახით გაატარებენ. ოზბორნის განცხადებით, მათ უკვე 56 ათასი საჯარო სექტორში დასაქმებული პირი გამოეხმაურა ახალი იდეებით. გარდა ამისა, უკვე 2 თვეა, რაც ქვეყნის მთავრობას სოციალურ ქსელ ფეისბუქზე საკუთარი გვერდი აქვს (Democracy in UK). მოქალაქეებს შეუძლიათ, ხმა მიაწვდინონ პოლიტიკურ მმართველებს. პირდაპირი დემოკრატიის ეს თანამედროვე ფორმა ძალიან მოსწონს სოციალური ქსელის 26 მილიონ ბრიტანელ მომხმარებელს. საბიუჯეტო ინიციატივის ვებგვერდთან ერთად, ბრიტანეთის ხელისუფლებამ შექმნა საიტი (http://yourfreedom.hmg.gov.uk/), რომელიც მიმართულია არასაჭირო კანონების გაუქმებისკენ. ქვეყნის მოსახლეობას საშუალება ექნება, თავისით დაადგინოს საკუთარი თავისუფლების საზღვრები და თავიდან მოიშოროს უაზრო კანონები. სოციალურ ქსელებს ბიუჯეტის შეკვეცისათვის იყენებენ ამერიკელი რესპუბლიკელებიც. მათ უკვე რამდენიმე თვეა აქვთ ვებგვერდი (republicanwhip.house.gov/You-Cut), სადაც ბრიტანული საიტის ანალოგიურად, მოსახლეობას საშუალება აქვს ხმა მიაწვდინოს კონგრესის წევრებს, თუ რომელი ხარჯების შემცირებაა საჭირო და რა სახის რეფორმებია გასატარებელი.
რამდენიმე დღის წინ გაერთიანებული სამეფოს ფინანსთა მინისტრმა, ჯორჯ ოზბორნმა, ახალი ბიუჯეტი გამოაქვეყნა. ოზბორნმა გადაწყვიტა, დამატებითი ღირებულების გადასახადი 17,5%25-დან 20%25-მდე გაეზარდა და სოციალური დახმარებები შეემცირებინა. გაზრდილი საგადასახადო განაკვეთები წელიწადში დამატებით 13 მილიარდ ფუნტს მოუტანს ბიუჯეტს. კანონი ძალაში შევა მომდევნო წლის იანვრიდან. ორი წლით გაიყინება ბავშვთა დახმარება და საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასები. მოხელეთა ანაზღაურება, რომელიც 21 ათას ფუნტს აღემატება, შემდეგი 2 წლის განმავლობაში არ გაიზრდება, ხოლო უფრო პატარა ხელფასები მოიმატებს მხოლოდ 250 ფუნტით. საჯარო ხარჯები შემცირდება 25%25-ით. გადასახადების ზრდა არ შეეხება ალკოჰოლს, თამბაქოსა და საწვავს. ამასთანავე, ოზბორნი გეგმავს, პენსიები ინდივიდუალურად დაუკავშიროს ადამიანის შემოსავლებს. 2011 წლიდან კი დაიბეგრება ბანკები, მათ შორის უცხოურიც, რაც წელიწადში 2 მილიარდ ფუნტს შემატებს ხაზინას.
![]() |
12 კოსოვოს დამოუკიდებლობა კანონიერია |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო
მსოფლიო სასამართლო
გაეროს მართლმსაჯულების სასამართლო, ჰააგა.
გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ 22 ივლისს განმარტა, რომ კოსოვოს არ დაურღვევია საერთაშორისო სამართალი 2008 წელს სერბეთისგან დამოუკიდებლობის გამოცხადებით. საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება სასამართლოს პრეზიდენტმა, ჰისაში ოვადამ წაიკითხა: „სასამართლოს დასკვნით, დამოუკიდებლობის ცალმხრივად გამოცხადებას - 2008 წლის 17 თებერვალს - არ დაურღვევია საერთო საერთაშორისო სამართალი, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია №1244 ან კონსტიტუციის სტრუქტურა. შესაბამისად, დამოუკიდებლობის გამოცხადებას არ დაურღვევია საერთაშორისო სამართლის რომელიმე შესაბამისი ნორმა”.
სასამართლომ განმარტა, რომ საერთაშორისო სამართალში არ არსებობს „შესაფერისი კანონი დამოუკიდებლობის გამოცხადების” შესახებ. სასამართლოს არ დაუდგენია, აძლევს თუ არა საერთაშორისო სამართალი „სხვა სახელმწიფოში არსებულ ერთეულებს უფლებას, ცალმხრივად გამოეყონ ამ სახელმწიფოს”. აქედან გამომდინარე, არც განუხილავთ, იყო თუ არა კოსოვოს გამოყოფა ლეგიტიმური. აგრეთვე, განხილვის მიღმა დარჩა დამოუკიდებლობის ცალმხრივად გამოცხადების შედეგები - შედგა თუ არა კოსოვო როგორც სახელმწიფო ან სხვა ქვეყნების მიერ კოსოვოს დამოუკიდებლობის ცნობის მართებულობა. საერთაშორისო სასამართლომ გვერდი აუარა პოლიტიკურ კითხვებს და განაცხადა, რომ „კოსოვოს ლეგიტიმურობა დადგენილი იქნება არა სასამართლოს, არამედ იმ ქვეყნების მიერ, რომლებიც აღიარებენ მას”. დიდი მნიშვნელობის მიუხედავად, სასამართლოს განაჩენს არანაირი იურიდიული ძალა არ გააჩნია.
ჰააგაში მიღებულ გადაწყვეტილებას მხოლოდ რეკომენდაციის ხასიათი აქვს. 2009 წელს სერბეთის დაჟინებული მოთხოვნით გენერალურმა ასამბლეამ მიმართა საერთაშორისო სასამართლოს საკონსულტაციო დასკვნის თხოვნით. სერბეთის შეფასებით, კოსოვოს ეთნიკური ალბანელების მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადება სერბეთის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა იყო. სერბეთის მტკიცებით, გაეროს რეზოლუცია №1244, რომელმაც დაასრულა ომი კოსოვოში, აღიარებდა სერბეთის საზღვრების ურღვეობას, რაც თავისთავად მოიცავდა კოსოვოს სამხრეთ რეგიონსაც. საპირისპიროდ, კოსოვო აცხადებდა, რომ რეზოლუცია არ ისახავდა მიზნად გამოყოფის აკრძალვას. გარდა ამისა, კოსოვოს ტერიტორიაზე 1990-იან წლებში დაწყებულმა ძალადობამ, ეთნიკურმა წმენდამ, გენოციდმა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილმა დანაშაულებებმა, ბელგრადს სადავო ტერიტორიის მართვის ყოველგვარი უფლება ჩამოართვა.
საქმის განხილვაში, მონაწილე მხარეების გარდა, ჩართული იყო 29 სახელმწიფო, მათ შორის, გაეროს უშიშროების საბჭოს 5 მუდმივი წევრი. თითოეულმა მათგანმა წარმოადგინა კომენტარი იმის თაობაზე, თუ რამდენად შეესაბამება საერთაშორისო სამართლის ნორმებს კოსოვოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადება.
გაეროს მიერ კოსოვოს მართვის მეცხრე წელს, 2008 წლის თებერვალში, ყოფილი სერბული პროვინციის ალბანური მოსახლეობის დიდმა ნაწილმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა. კოსოვოს მომენტალურად დაუჭირა მხარი აშშ-მ და ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობამ. დღეისათვის კოსოვოს დამოუკიდებლობას 69 სახელმწიფო ცნობს. აღიარებას ეწინააღმდეგებიან ქვეყნები, რომლებიც თავად უფრთხიან სეპარატისტებს, მაგალითად, ესპანეთი, ბრაზილია, ჩინეთი და ინდოეთი.
რუსეთმა ამერიკის მიერ კოსოვოს ცნობა პრეცედენტად განიხილა და სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა. ამ უკანასკნელთ კი, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილების ფონზე, ფართო საერთაშორისო აღიარების იმედი მიეცათ. ოკუპირებული აფხაზეთის მმართველის, სერგეი ბაღაფშის თქმით, „იურიდიული და ისტორიული თვალსაზრისით, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს მეტი უფლება აქვთ დამოუკიდებლობაზე, ვიდრე კოსოვოს ... დასავლეთის ორმაგი სტანდარტების გათვალისწინებით, იგივე სასამართლოზე აფხაზეთის საკითხი რომ განხილულიყო, შედეგი სულ სხვა იქნებოდა”.
კოსოვოს შესახებ გადაწყვეტილების მიღებით სასამართლომ ერთმანეთისგან გამიჯნა თვითგამორკვევის უფლება და სუვერენულობა. მიუხედავად ამისა, დაუშვებელია კოსოვოს სხვა ავტონომიებთან, განსაკუთრებით კი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან შედარება. კოსოვოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადება საერთაშორისო ჩარევის შედეგი იყო, რათა შეეჩერებინათ კოსოვარი ალბანელების ეთნიკური წმენდა. სრულიად საპირისპირო რამ მოხდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან რუსეთის ჯარმა გამოაძევა ეთნიკური ქართველები, რომლებიც ადგილობრივი მოსახლეობის უმრავლესობას წარმოადგენდნენ. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება გამოიწვევდა ეთნიკური წმენდის ლეგალიზებას საზღვრების შეცვლის ერთ-ერთ ინსტრუმენტად, რადგან სწორედ ამგვარად შეიქმნა იქ ხელოვნური უმრავლესობა. როდესაც იურისტები თვითგამორკვევის უფლებაზე საუბრობენ, ისინი გულისხმობენ მოსახლეობის მიერ საკუთარი მომავლის არჩევის უფლებას. კოსოვოს მოსახლეობის უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება დამოუკიდებლობის შესახებ. აფხაზეთისა და ოსეთის მოსახლეობის 80%25 კი იძულებით გადაადგილებული პირია.
![]() |
13 არჩევნები ავსტრალიაში |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო
ჯულია ჯილარდი
19 ივლისს ავსტრალიის ახალმა პრემიერმა, ჯულია ჯილარდმა, წარმომადგენელთა პალატის არჩევნების თარიღი გამოაცხადა - 21 აგვისტო. არჩევნები, ჩანს, საკმაოდ დაძაბული იქნება. ორივე მთავარ პარტიას თითქმის თანაბარი რაოდენობის ამომრჩეველი ჰყავს. სავარაუდოდ, არჩევნების ბედს გადაწყვეტს სიმპათიები პარტიათა თავკაცების მიმართ.
ჯულია ჯილარდი ლეიბორისტული პარტიის ლიდერი და ავსტრალიის პირველი ქალი პრემიერია. მან პოსტი ერთი თვის წინ გადაიბარა, პარტიის ყოფილი ლიდერის, კევინ რუდის მოულოდნელი გადადგომის შემდეგ. კევინ რუდის პრემიერობაზე წარმატებული არ ითქმის, თუმცა საგარეო პოლიტიკურ დონეზე მას ბევრი გავლენიანი მეგობარი ჰყავდა, მათ შორის, ბარაკ ობამა. რუდი პოპულარული იყო ხალხში, გაცილებით პოპულარული, ვიდრე მისი პარტიის სხვა წევრები, მაგრამ ქედმაღლური და, ამავდროულად, მერყევი ბუნების გამო ხშირად უფუჭდებოდა ურთიერთობა პარტიის წევრებთან, თანაც, ვერ ახერხებდა პოლიტიკური ნების გამოვლენას, ბოლომდე ვერ მიჰყავდა წამოწყებანი. უკანასკნელი ასეთი შემთხვევა იყო, როცა შეიმუშავა გეგმა გარემოს დაბინძურების კვოტებით ვაჭრობაზე და ცოტა ხნის შემდეგხელი აიღო განზრახვის განხორციელებაზე. საბოლოოდ, მის პოლიტიკურ კარიერას საძირკველი გამოუთხარა მაღაროების შესახებ კანონების გამკაცრებისა და მაღაროებზე გადასახადების გაზრდის სურვილმა. პარტიაში არაპოპულარულობის გამო რუდიმ არც კი ისურვა შიდა არჩევნებში მონაწილეობა ჯულია ჯილარდის წინააღმდეგ და პირდაპირ გადადგა. პრესკონფერენციაზე კი აცრემლებულმა განაცხა და, რომ ამაყობდა იმით, რაც ავსტრალიისთვის გააკეთა. ჯულია ჯილარდი ბრძოლის გარეშემო - ექცა პარტიის სათავეში.
ახალი ლიდერი წარმოშობით უელსიდან არის. მშობლები 4 წლის ჯულიას ავადმყოფობის გამო გადმოვიდნენ ავსტრალიაში საცხოვრებლად. კევინ რუდის მოადგილედ ჯილარდი 2006 წელს დაინიშნა. ამჟამად, მემარცხენე ჯილარდს საკუთარი პარტიის კონსერვატული ნაწილის მხარდაჭერა სჭირდება. ამიტომ მოსალოდნელია, რომ უფრო დაბალანსებულ პოლიტიკოსად წარმოაჩინოს თავი. პრემიერ - მინისტრ რუდის განსხვავებით, ჯილარდს კომპრომისებზე წასვლა შეუძლია, რაც მას პარტიასთან ურთიერთობას გაუადვილებს. მისი ქორწინება არაოფიციალურია. ამასთანავე, ცნობილია, რომ პრემიერობის პირველი პრეტენდენტი უარს ამბობს შვილების ყოლაზე, რაც პოლიტიკური ოპონენტებისთვის ხშირად გამხდარა ხელმოსაჭიდი ბრალდება. წინამორბედისგან განსხვავებით, ახალი ლიდერი ათეისტია. იგი არ გამოდის აბორტის წინააღმდეგ და დიდი როლი მიუძღვის არჩევანის მომხრე ავსტრალიელ ქალთა კლუბის მოღვაწეობაში.
ჯილარდის კონკურენტი არის ტონი აბოტი - ლიბერალური პარტიის ლიდერი, ყოფილი ჟურნალისტი, რომელიც ახალგაზრდობაში სულიერი მოღვაწეობით იყო დაინტერესებული. ოპონენტები მას „ცოფიან ბერად” მოიხსენიებენ. აბოტი სკეპტიკურად უყურებს ეკოლოგიის თემას; ემხრობა მკაცრ კანონებს იმიგრაციის შესახებ; კონსერვატიული კათოლიკე იბრძვის აბორტზე კანონის შერბილებისა და ერთ სქესიანი ქორწინების წინააღმდეგ; ლეიბორისტული პარტიის ლიდერის შეცვლას იგი უაზრობად მიიჩნევს; მისი თქმით, ამ გადათამაშების შედეგად, არანაირ ცვლილებას არ უნდა ველოდეთ. ავსტრალიის პოლიტიკურ წრეებში „ცოფიანი ბერი” გამოჩნდა 1994 წელს, როდესაც სიდნეის რეგიონის ერთ-ერთი ნაწილის წარმომადგენლად აირჩიეს. მოსახლეობაში აბოტი შედარებით დაბალი მხარდაჭერით სარგებლობს.
არჩევნებამდე მთავარი თემებია იმიგრაციის პრობლემის მოგვარება და ეკონომიკური კრიზისის დაძლევა. მსოფლიო ეკონომიკურმა კატაკლიზმებმა ავსტრალიამდე ვერ მიაღწია, თუმცა ორივე კანდიდატი აპელირებს ეკონომიკაზე და ორ წელიწადში ეკონომიკურ ზრდას ჰპირდებიან ამომრჩეველს. ორივე კანდიდატისთვის ცხადია, რომ იმიგრაციის პრობლემა ავსტრალიაში მოსაგვარებელია, რადგან ქვეყანამ მეტისმეტად ბევრი ადამიანი შეიფარა. ჯილარდიცა და აბოტიც ამომრჩეველს იმიგრაციის კანონების გამკაცრებას ჰპირდებიან, თუმცა მცირე განსხვავება მაინც არსებობს: ჯილარდი აღმოსავლეთ ტიმორის იმიგრანტებისთვის ტრანზიტული ცენტრის აგებას აპირებს, აბოტი კი - გემების უკან გაბრუნებას.
გაზეთ ავსტრალიენის წინასწარი გამოკითხვების მიხედვით, ლიდერობს ჯილარდი და ლეიბორისტული პარტია, მაგრამ განსხვავება მცირეა - 50%25 32%25-ის წინააღმდეგ. წარმომადგენელთა პალატაში, საიდანაც მთავრობა კომპლექტდება, ლეიბორისტული პარტია 16 ადგილით უსწრებს ლიბერალურ პარტიას. ამ არჩევნებზე ლიბერალებს 17-ით მეტი ადგილის მოპოვება სჭირდებათ, რათა მთავრობაში მოხვდნენ. ანუ, ოპოზიციას ლეიბორისტების ამომრჩეველთა 2.3%25-ის გადმობირება მოუწევს. ეს რთული ამოცანაა. ლიდერის შეცვლის შემდეგ ლეიბორისტული პარტიის რეიტინგმა საგრძნობლად აიწია. არჩევნების ასე მოულოდნელად დანიშვნა ჯულია ჯილარდის პარტიას აძლევს ხელს. ოპოზიციას უახლოეს 20 დღეში მოუწევს მიმზიდველი საარჩევნო პროგრამის შემუშავება.
არჩევნებზე ავსტრალიელები სენატის 76 წევრიდან 40-ის ვინაობასაც დაადგენენ. მოსახლეობის მიერ არჩეულ მთავრობას დაამტკიცებს ელისაბედ მეორის წარმომადგენელი ავსტრალიაში.
![]() |
14 ბებერი მონარქია ცვლილებათა მოლოდინში |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო
საუდის არაბეთი
მეფე აბდულა
ყველა ფოტო: REUTERS ©
საუდის არაბეთი აბსოლუტური მონარქიისთვის დამახასიათებელ განსაცდელშია. მომრავლდა ხმები 86 წლის მეფე აბდულას ავადმყოფობის შესახებ. მემკვიდრის ვინაობა გაურკვეველია. სავარაუდოდ, ტახტს დაეპატრონება აბდულას ძმა - სულთანი, რომელიც აგრეთვე ავადმყოფობს. ბოლო დროს სამეფო ოჯახში განხეთქილებისა და დაპირისპირების ნიშნებს ხედავენ, რაც კარგს არაფერს უქადის რეგიონს და ხელს არ აძლევს ახლო აღმოსავლეთით დაინტერესებულ ქვეყნებს.
საუდის არაბეთში მეფეს განუსაზღვრელი ძალაუფლება აქვს. ქვეყნის წყობილება მოძველებულია. მონარქი თავად არის პრემიერ-მინისტრის ვალდებულების შემსრულებელი. იგი ერთპიროვნულად ნიშნავს პარლამენტის წევრებს და განსაზღვრავს ტახტის მემკვიდრის ვინაობას.
სამეფო ოჯახი 5 ათასამდე ტიტულოვანი წევრისგან და ათობით პოტენციური მემკვიდრისგან შედგება. მნიშვნელოვანია აღიარება ვაჰაბისტი სასულიერო პირებისგან, რასაც მეფე მათთვის გაცემული სხვადასხვა ჯილდოსა თუ პრივილეგიის სანაცვლოდ იღებს. მშფოთვარე რეგიონში მდებარე საუდის არაბეთისთვის, 30 მილიონი მკვიდრითა და ისლამური წმინდა ადგილებით, ამგვარი პოლიტიკური სისტემა სტაბილურობის წინაპირობა ვერ იქნება.
საუდის არაბეთში წყლის ამღვრევის შემთხვევაში, მღელვარება მთელ რეგიონს მოედება. ქვეყანა მიმზიდველია ამერიკისთვის, ავღანეთისა და ერაყის გამო. გარდა ამისა, ეს ქვეყანა მსოფლიო ენერგორესურსების 20%25-ს ფლობს. 420-მილიარდდოლარიანი ეკონომიკით საუდის არაბეთი წამყვანია ახლო აღმოსავლეთში. ქვეყნის საგარეო რეზერვების შემოსავლები მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელს უტოლდება. წინასწარი მონაცემებით, 2010 წლისთვის მთლიანი ეკონომიკა 4%25-ით გაიზრდება.
ახალგაზრდა ისლამისტთა დაჯგუფებებმა სამეფო ექს ტრემიზმის ბუდედ აქციეს. სწორედ ამ ჯგუფების პირმშოა ოსამა ბინ ლადენი და თვითმფრინავების გამტაცებელთა სამი - მეოთხედი 2001 წლის 11 სექტემბერს. მიუხედავად ამისა, ქვეყანამ შეძლო ძალადობრივ რადიკალიზმთან გამკლავება, პოლიციის ძალისხმევითა თუ ეკონომიკურად გამართული საზოგადოების გულგრილობით რადიკალური ისლამისადმი.
საუდის არაბეთი მწყრალად არის განწყობილი სიახლეებისადმი. მკაცრ პატრიარქალურ საზოგადოებაში განსაკუთრებით იზღუდებიან ქალები. თუმცა, თანამედროვე სამყაროს უნივერსალური პრინციპები ნაბიჯ - ნაბიჯ იქაც იკიდებს ფეხს. ახალმა მთავრობამ უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში 200 ათასი სტუდენტი გაუშვა საზღვარგარეთ სასწავლებლად. ეს რაოდენობა მანამდე დასავლეთში განათლებამიღებული ახალგაზრდების 20 წლის ჯამურ მაჩვენებელს აღემატება.
1992 წლის კანონის მიხედვით, საუდის არაბეთის სამეფო ტახტი და ქვეყნის სადავეები პირველი მეფის, აბდელ აზიზ იბნ საუდის შთამომავლებისგან „ყველაზე კვალიფიციურს” უნდა ერგოს. მუსლიმური ტრადიციით, სამეფო ხაზი ძმიდან ძმაზე გადადის, მაგრამ მონარქს შეუძლია, თავადვე აირჩიოს შემცვლელი.
საუდის არაბეთის პირველი მონარქი 1953 წელს გარდაიცვალა. მისი 45 მემკვიდრისგან დღეს 35-ია ცოცხალი. აქედან 16 შვილია, დანარჩენი - შვილიშვილები. მეფის ნახევარძმა, 74 წლის სულთანი, გვირგვინოსანი უფლისწულია. ეს ტიტული იმის მაუწყებელია, რომ მეფის სიკვდილის შემდეგ ტახტი მას დარჩება. სულთანი 1962 წლიდან თავდაცვის მინისტრის პოსტს იკავებს. აქამდე მაროკოში ცხოვრობდა, მაგრამ დეკემბერში სასახლეს დაუბრუნდა და ვალდებულების შესრულება განაგრძო. მემკვიდრეთა ხაზით, სულთანს მისი ძმა, 77 წლის ნაიეკი მოსდევს. 35 წლის განმავლობაში იგი შინაგან საქმეთა მინისტრი გახლდათ, თუმცა კონსერვატიულ შეხედულებათა გამო საუდის არაბეთის რეფორმისტულ ნაწილს ნაიეკი გულზე არ ეხატება.
სასახლეში შესაძლო დაპირისპირება ქვეყნის მოსახლეობასაც აშფოთებს. საგვარეულო ქიშპმა ორჯერ შეიწირა საუდის არაბეთის ემირატი XIX საუკუნეში. აბდელ საუდის გარდაცვალებასაც მოჰყვა ომი ძალაუფლებისთვის. მისი ორი შვილი ერთმანეთს დაუპირისპირდა. საბოლოოდ, 1964 წელს ფაიზალმა გაიმარჯვა, სუდაირების - აბდელ აზიზის ერთ-ერთი შვილის ძლიერი ჯგუფის დახმარებით. გამარჯვებულმა ფაიზალმა შვიდ სუდაირს მნიშვნელოვანი პოსტები ჩამოურიგა. მათგან უფროსი, შინაგან საქმეთა მინისტრი ფადი, 1982 წელს ქვეყნის მმართველი გახდა. მისი შვილი, პრინცი მუჰამედი, ნავთობით მდიდარი აღმოსავლეთ პროვინციის გუბერნატორად დაინიშნა. სულთანს კი თავდაცვის მინისტრის პოსტი ერგო. რამდენიმე წელია სამეფო კარს მთლიანად სუდაირების კლანი უძღვება. ამან განაპირობა საუდის არაბეთის შიდაპოლიტიკური სტაბილურობა და სისტემის დღეგრძელობა. მაგრამ, მონარქის შეცვლის ჟამს, სხვა მემკვიდრეებმა გაერთიანებების შექმნა დაიწყეს გვირგვინის ხელში ჩასაგდებად.
ჰაჯი მექაში
სასახლეში განვითარებული ინტრიგები მეფე აბდულასაც არ გამოჰპარვია. ვითარების განსამუხტავად ოთხი წლის წინ მან ტახტის 35 კანდიდატისგან შემდგარი ორგანო „ერთგულების კომისია” დააარსა. მონარქის თქმით, ყველასთვის სასურველი კანდიდატის დამტკიცებასთან ერთად, „ერთგულების კომისია” ქვეყნის მოდერნიზაციასაც განაპირობებდა. კრიტიკოსების აზრით კი ინიციატივა მხოლოდ მონარქიის განმტკიცებას ისახავდა მიზნად. ეს პოზიცია გაამყარა შარშანდელმა მოვლენამაც, როცა მეფე აბდულამ პრინცი ნაიფი სულთნის მემკვიდრედ საბჭოს წევრებთან მოლაპარაკების გარეშე დაასახელა.
დღეისათვის საუდის არაბეთის მაღალჩინოსნებს - მათ შორის, საგარეო საქმეთა მინისტრსაც - ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ. გვირგვინის მოსაპოვებლად, უფროსი თაობიდან სწორედ სულთანი და ნაიფი იბრძვიან. მრავალრიცხოვანი შვილიშვილებიდან კი გამოარჩევენ ნაიფისა და ფადის ვაჟებს.
სამეფო ოჯახი უარყოფს სასახლეში რამენაირი დაპირისპირების არსებობას, თუმცა მოსახლეობა ცვლილებებს ითხოვს. ისინი, მმართველი ოჯახის ჩამოგდების ნაცვლად, წყობის ტრანსფორმაციას უჭერენ მხარს. უკიდურესი ფუნდამენტალისტებიცა და დასავლეთში განათლებამიღებული ლიბერალებიც კონსტიტუციურ მონარქიას ემხრობიან.
![]() |
15 მსოფლიო ჩემპიონატი ტერორიზმში |
▲ზევით დაბრუნება |
დევიდ ჯ. სმიტი|სვეტი
მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩის პირველი ტაიმი იწურებოდა, როდესაც იმედგაცრუებისა და შვების ნაზავის ხმა გაისმა რესტორნებიდან და ბარებიდან მთელ მსოფლიოში. ესპანელმა მეკარემ, იკერ კასილასმა, არაჩვეულებრივად დაიცვა კარი. ზუსტად ამ დროს ხმა გაისმა კამპალის ეთიოპიური სოფლის რესტორნიდან - თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა ფეხბურთის გულშემატკივართა თავშეყრის ადგილას. ორიოდ წუთში კიდევ ერთი აფეთქება მოხდა ხალხით სავსე კუადონდოს რაგბის კლუბში. გეგონებოდა, ავღანეთი აღმოსავლეთ აფრიკაში გადმოიტანესო.
სომალის ტერორისტულმა ჯგუფმა, ალ შაბაბმა, რომელსაც ალ ქაიდასთან აქვს კავშირები, მალევე აიღო პასუხისმგებლობა მსოფლიო ჩემპიონატის დროს მომხდარ აფეთქებებზე, რომელთა შედეგად 76 ადამიანი დაიღუპა და 85 დაშავდა. „უგანდა ჩვენი ერთ-ერთი მტერია, - თქვა ალ შაბაბის მეთაურმა, - ის, რაც მათ ცრემლებს ადენს, ჩვენთვის სიხარულის მომტანია. დაე, ალაჰის რისხვა დაატყდეთ ჩვენს მოწინააღმდეგეებს”.
სომალი, მსოფლიოს პირველი არშემდგარი სახელმწიფო, რომელიც 1991 წლიდან, პრაქტიკულად, მთავრობის გარეშეა, აღმოსავლეთ აფრიკაში მზარდი პრობლემის მაჩვენებელია. არშემდგარი სახელმწიფოები ძალზე ნოყიერი ნიადაგია სიღარიბის, დაავადებების, დანაშაულის, ძალადობის, რადიკალიზმისა და ტერორიზმის გავრცელებისთვის. მეზობელი ქვეყნები შიშობენ, რომ ეს პრობლემები მათ საზღვრებსაც გადალახავს. დასავლეთის ქვეყნები კი შიშობენ, რომ არშემდგარი სახელმწიფოები - ავღანეთის მსგავსად - უსაფრთხო თავშესაფარი და მოსამზადებელი პოლიგონია ტერორისტებისთვის, რომლებსაც ერთი სული აქვთ, ევროპას ან ამერიკას შეუტიონ. სწორედ ამიტომ იბრძვის ნატო ავღანეთში.
1991 წელს დიქტატორ სიად ბარეს განდევნის შემდეგ ამერიკელებმა, ევროპელებმა და სომალის მეზობელმა სახელმწიფოებმა რამდენიმე მიდგომა მოსინჯეს: პირდაპირი, თუმცა შეზღუდული ამერიკული ინტერვენცია შეიარაღებულ ფორმირებათა კოალიციისა და ეთიოპიის სომალიში შეჭრისა; და 2006 წლიდან 2009 წლის დასაწყისის ჩათვლით ოკუპაციის მხარდაჭერა.
იმ პერიოდში ისლამური სასამართლოების კავშირი, რომელიც ცოტა ხნით აკონტროლებდა ქვეყანას, დაიშალა და შვა ალ შაბაბის რადიკალური ჯგუფი. ეთიოპელების ქვეყნიდან გასვლამ სომალის ის მცირედი უსაფრთხოებაც დაუკარგა, რაც ჰქონდა და ნოყიერი ნიადაგი შეუქმნა ალ შაბაბსა და სხვა რადიკალურ მოძრაობებს.
დღეს მეზობელი სახელმწიფოები, საერთაშორისო საზოგადოებრიობის მხარდაჭერით, ამყარებენ შეიხ შარიფ აჰმედის ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას. აფრიკის კავშირის ეგიდით, უგანდასა და ბურუნდის 6000-კაციანი სამშვიდობო ძალები ჰყავს ჩაყენებული მოგადიშუში. მაგრამ ალ შაბაბმა აჰმედს დედაქალაქის მხოლოდ მცირე ნაწილი დაუთმო და ქვეყნის ტერიტორიის დიდ ნაწილებსაც აკონტროლებს. მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე სულ რამდენიმე დღით ადრე აფრიკის კავშირი დათანხმდა, 8000-მდე გაეზარდა თავისი ჯარები.
კამპალას აფეთქებები, შესაძლოა, დაწყებითი გამბიტი იყოს ალ შაბაბის მცდელობისა, აიძულოს უგანდა, გავიდეს მოგადიშუდან. „ჩვენ გავაფრთხილეთ უგანდა, არ ჩაეყენებინა ჯარები სომალიში; მათ ეს ყურად არ იღეს”, - თქვა შეიხმა, მოჰამუდ რეიჯმა, ალ შაბაბის სპიკერმა. „კამპალაში აფეთქებები მხოლოდ უმნიშვნელო შეტყობინება იყო მათ საყურადღებოდ... მათ მიზანში ყველგან ამოვიღებთ, თუ უგანდა ჩვენი მიწა-წყლიდან არ გავა”.
გარდა ამისა, ზოგი დამკვირვებელი შიშობს, რომ ეს საფრთხე შეიძლება ბურუნდის, ჯიბუტის, ეთიოპიასა და კენიასაც დაემუქროს. დასავლელებს კი ის აშფოთებთ, რომ ალ შაბაბი, მიუხედავად მისი სომალური ფესვებისა, შეიძლება ალ ქაიდას სახიფათო ფილიალად იქცეს.
ჯერ კიდევ 2006 წელს აიმან ალ ზავაჰირი, ალ ქაიდას მეორე ნომერი ლიდერი, დაუკავშირდა რადიკალურ ელემენტებს სომალიში: „სომალელო ძმებო ისლამურ ჯიჰადში: იცოდეთ, რომ თქვენ ისლამის სამხრეთ ფრონტს იცავთ, არ დაუშვათ თქვენი ფრონტის ხაზიდან ისლამზე თავდასხმა და იცოდეთ, რომ ჩვენ თქვენთან ვართ”.
მას შემდეგ ალ შაბაბს შეუერთდა რამდენიმე უცხოელი და სომალის დიასპორის წევრი დასავლეთში. რამდენიმე უცხოელი უკვე დაკავებულია მსოფლიო ჩემპიონატის აფეთქებებთან დაკავშირებით, ხოლო გასულ თვეში აშშ-ს დაზვერვის ფედერალური ბიუროს აგენტებმა დააკავეს ნიუ ჯერსიში მცხოვრები ორი სომალური წარმოშობის პიროვნება, რომლებიც, სავარაუდოდ, ალ შაბაბში გაწევრიანებას აპირებდნენ.
ეს ორმაგი საფრთხის მაჩვენებელია რადიკალური და დაუნდობელი ალშაბაბის გაძლიერება აღმოსავლეთ აფრიკაში და დასავლეთში მცხოვრები რეკრუტების მომზადება თავიანთ „მშობლიურ” ქვეყნებზე თავდასხმებისათვის. რაღაც თვალსაზრისით, აღმოსავლეთ აფრიკაში ავღანეთი გადმოიტანეს.
თუმცა, ავღანეთის გაკვეთილები, ადგილობრივი ვითარების თავისებურებასთან ერთად, ძალზე განსხვავებულ რეაგირებას მოითხოვს. ერთი დიდი განსხვავება ის არის, რომ სომალის მეზობლები აცნობიერებენ საფრთხეს და ცდილობენ, თავიდან აიცილონ. აფრიკის კავშირი ჯარის 20.000-მდე გაზრდას ფიქრობს. უეჭველია, იგი აშშ-სა და ევროპას მოსთხოვს დახმარებას მსუბუქი შეიარაღებით, ფულითა და მატერიალურ - ტექნიკური უზრუნველყოფით. აშშ-ც, უეჭველია, დაიტოვებს უფლებას, პირდაპირ იმოქმედოს გარკვეულ ვითარებებში. თუმცა, ერთი რამ უნდა გვახსოვდეს - როგორც ძალზე მცირე, ისე ძალზე დიდმა დახმარებამ, შესაძლოა, არსებული ვითარება კიდევ უფრო დაამძიმოს.
![]() |
16 ისტორიის ორი ტრაგიკული თარიღი |
▲ზევით დაბრუნება |
ტაბულა|ფოკუსი
„...ვინაიდან ტოტალიტარული რეჟიმების მიერ ჩადენილ დანაშაულებებს უნდა მიეცეს როგორც სამართლებრივი და ისტორიული, ასევე პოლიტიკური შეფასება, რათა საბოლოოდ აღმოიფხვრას ზემოხსენებული დანაშაულებების ყოველგვარი გამართლება;
ვინაიდან წარსულის მიუკერძოებელი შეფასება მნიშვნელოვანია მომავალში მსგავსი დანაშაულის თავიდან ასაცილებლად და ვინაიდან ტოტალიტარიზმის ასეულ მილიონობით მსხვერპლთა ხსოვნა არ უნდა მიეცეს დავიწყებას;
ვინაიდან 23 აგვისტო ევროპის პარლამენტის და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ 2009 წელს გამოცხადდა ტოტალიტარული რეჟიმების მსხვერპლთა ხსოვნის დღედ...”.
ეს არის ამონარიდი საქართველოს პარლამენტის 21 ივლისის დადგენილებიდან, რომლითაც 23 აგვისტო ტოტალიტარული რეჟიმების მსხვერპლთა ხსოვნის დღედ გამოცხადდა. ამ დოკუმენტით საქართველო შეუერთდა ევროპარლამენტისა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 2009 წლის გადაწყვეტილებებს, რომლებითაც ფაშიზმისა და კომუნიზმის ტოტალიტარული რეჟიმები გათანაბრდა.
1939 წლის 23 აგვისტოს ორმა ტოტალიტარულმა რეჟიმმა - საბჭოთა კავშირმა და ნაცისტურმა გერმანიამ - მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი გააფორმეს. ამ პაქტს საიდუმლო პროტოკოლი ერთვოდა, რაც ევროპის გავლენის სფეროებად დაყოფას ითვალისწინებდა. სწორედ ამ შეთანხმების საფუძველზე დაიწყო მეორე მსოფლიო ომი. სტალინის რუსეთსა და ჰიტლერის გერმანიას შორის კი ომი მხოლოდ მაშინ გაჩაღდა, როდესაც ორი ტოტალიტარული ლიდერი მსოფლიოს გაყოფაზე ვერ შეთანხმდა.
მეორე მსოფლიო ომში ანტიფაშისტური კოალიციის გამარჯვებამ ნახევარი ევროპა ტოტალიტარიზმისგან იხსნა. მეორე ნახევრისთვის, რომელიც კომუნისტური რეჟიმის გავლენის ქვეშ მოექცა, მეორე მსოფლიო ომი მხოლოდ 1991 წელს, საბჭოთა იმპერიის ნგრევის შემდეგ დასრულდა. „გვამების წარმოებაში სტალინი უფრო წარმატებული იყო, ვიდრე ჰიტლერი, - წერდა პოლონელი ფილოსოფოსი, ლეშეკ კოლაკოვსკი, - ნაცისტურმა სახელმწიფომ მხოლოდ 12 წელი იარსება...”. კომუნისტური ტერორი კი მეტხანს გაგრძელდა და მეტი ხალხი გაანადგურა. ფაშისტური რეჟიმის მსგავსად, რომელსაც განაჩენი ნიურნბერგის ტრიბუნალმა გამოუტანა, კომუნიზმი ჯერჯერობით არ გაუსამართლებიათ.
ბრიტანელი ისტორიკოსი, ნორმან დევისი, თავის წიგნში - No Simple Victory - გვირჩევს, არ დაგვავიწყდეს, რომ „ომის დროს ევროპაში ორი ღვარძლიანი ურჩხული ბატონობდა და არა ერთი. ორივე ურჩხული საუკეთესო ადამიანებს სანსლავდა თავ-თავის ტერიტორიაზე, მერე კი მათ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა დაიწყეს მსოფლიოში ბატონობისთვის. მესამე ძალა - დასავლური ქვეყნები - ამ ბრძოლის დასაწყისში კინაღამ განადგურდა და მას ამ ომში თავისი გავლენის აღსადგენად დიდი დრო დასჭირდა”.
საქართველოს პარლამენტმა 21 ივლისს მეორე დადგენილებაც მიიღო და 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ გამოაცხადა... „ვინაიდან 25 თებერვალი არის საქართველოს ანექსიისა და ოკუპაციის დღე და ვინაიდან დღემდე რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი”.
ამ დადგენილებით პარლამენტი მიმართავს მთავრობას, რომ ყოველ 25 თებერვალს გაუწიოს ორგანიზება 1921 წლის საბჭოთა ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის აღსანიშნავ ღონისძიებებს. ამ დღეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო დაწესებულებაზე უნდა დაეშვას სახელმწიფო დროშები და გამოცხადდეს წუთიერი დუმილი.
1921 წლის 25 თებერვალს საქართველო საბჭოთა რუსეთმა დაიპყრო, დღეს კი მის სამართალმემკვიდრეს - რუსეთის ფედერაციას - საქართველოს ტერიტორიების ნაწილი აქვს ოკუპირებული. რუსეთი კვლავინდებურად მიუღებლად მიიჩნევს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას და ყველანაირი ხერხით ცდილობს ჰიტლერ-სტალინური ტრადიციის შენარჩუნებას.
დეკომუნიზაციის პროცესი საქართველოში, მართალია, დაგვიანებით, მაგრამ დაწყებულია: 2006 წელს თბილისში გაიხსნა საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი; გასულ თვეს გორში ჩამოხსნეს სტალინის ძეგლი და მის ადგილას სტალინური რეპრესიებისა და რუსეთის ოკუპაციის მსხვერპლთა მონუმენტის აღმართვა იგეგმება; ახალი სასწავლო წლიდან უფროსკლასელებისთვის გამოიცემა ისტორიის ახალი სახელმძღვანელო - „რუსული ოკუპაციის 200 წელი”, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში არის საბჭოთა და პოსტსაბჭოთა სისტემების კვლევების პროგრამა და ის იწყებს საინტერესო სასწავლო - კვლევითი პროექტის - „საქართველო სსრკ-ის წინააღმდეგ: თბილისის პროცესი” - განხორციელებას.
თუმცა, როგორც 23 აგვისტოს ტოტალიტარიზმის მსხვერპლთა დღედ გამოცხადების შესახებ დადგენილებაში წერია, უნდა „გაგრძელდეს ტოტალიტარული მემკვიდრეობის შესწავლა და გაიზარდოს საზოგადოების ინფორმირებულობა ამ საკითხის შესახებ”.
![]() |
17 რუსეთის აგრესიული ხასიათი |
▲ზევით დაბრუნება |
ტაბულა|ფოკუსი
ლუდვიგ ფონ მიზესი
პირველად გამოქვეყნდა 1947 წელს, ეკონომიკური განათლების ფონდის მიერ.
გადამუწინამდებარე სტატია, რომელიც პირველად გამოქვეყნდა 1947 წელს ერთ-ერთ კრებულში სახელწოდებით „დაგეგმილი ქაოსი”, შემდეგ კი ეპილოგის სახით დაერთო ლუდვიგ ფონ მიზესის წიგნს „სოციალიზმი”, გვთავაზობს ავტორის ხედვას იმის თაობაზე, თუ რა ისტორიული, სოციალური თუ ეკონომიკური წანამძღვრები განაპირობებდა რუსეთის აგრესიულ ხასიათს მე-20 საუკუნეში. გადავწყვიტე, მეთარგმნა, რადგან ვთვლი, რომ მიზესის მიერ მეორე მსოფლიო ომის დამთავრებიდან ორი წლის თავზე მოწოდებული ეს ხედვა რადიკალურად განსხვავდება ჩვენში ჯერ კიდევ შემორჩენილი საბჭოთა მითებისგან და საინტერესო პარალელების გავლების საშუალებას მისცემს იმ ქვეყნის მოქალაქეებს, რომლის ტერიტორიის დიდი ნაწილიც დღემდე ოკუპირებულია რუსეთის მიერ.
ზურა ჯაფარიძე
ლუდვიგ ჰეინრიხ ედლერ ფონ მიზესი იყო ავსტრიელი ეკონომისტი და ფილოსოფოსი, კლასიკური ლიბერალი, რომელმაც დიდი გავლენა იქონია თანამედროვე ლიბერტარიანულ მოძრაობაზე. დაიბადა 1881 წელს, ქალაქ ლემბერგში (ლვოვი). 1900 წლიდან სწავლობდა ვენის უნივერსიტეტში. 1913-34 წლებში იგი თავად კითხულობდა ლექციებს ამავე უნივერსიტეტში და, ამავდროულად, გახლდათ ავსტრიის მთავრობის ეკონომიკური მრჩეველი. 1934 წელს, ებრაული წარმოშობის გამო, ავსტრიიდან შვეიცარიაში გაქცევა მოუწია, 1940 წელს კი ნიუ იორკში გადავიდა. 1965 წლამდე იგი ნიუ იორკის უნივერსიტეტში ასწავლიდა. გარდაიცვალა 1975 წელს. მიზესი მიიჩნევა ავსტრიული ეკონომიკური სკოლის ერთ-ერთ ლიდერად. მისი არგუმენტები შემდგომში ფრიდრიხ ფონ ჰაიეკმა განავრცო.
გერმანელი, იტალიელი და იაპონელი ნაციონალისტები საკუთარ აგრესიულ პოლიტიკას ამართლებდნენ „სასიცოცხლო სივრცის“ (Lebensraum) ნაკლებობით. მათი ქვეყნების მოსახლეობა შედარებით დიდია. ისინი ბუნებამ ნაკლებად დააჯილდოვა და დამოკიდებულნი არიან საკვები პროდუქტებისა და ნედლეულის იმპორტზე. მათ უწევთ წარმოებული პროდუქციის ექსპორტი, რათა შეძლონ ამ უაღრესად საჭირო იმპორტირებული პროდუქციის საფასურის გადახდა. მაგრამ ქვეყნები, რომლებიც აწარმოებენ საკვებ პროდუქტებსა და ნედლეულს, ატარებენ პროტექციონისტურ პოლიტიკას და კეტავენ საზღვრებს წარმოებული პროდუქციის იმპორტისთვის. სამყარო ცალსახად მიექანება სახელმწიფოების სრული ეკონომიკური ავტარქიისკენ. რა ელით ასეთი ტიპის სამყაროში იმ სახელმწიფოებს, რომელთაც არ ძალუძთ, საკუთარი მოქალაქეები საკვებითა და სამოსით უზრუნველყონ მხოლოდ შიდა რესურსების გამოყენებით?
„არმქონე“ ხალხების „სასიცოცხლო სივრცის“ დოქტრინა ხაზს უსვამს, რომ ამერიკასა და ავსტრალიაში არსებობს მილიონობით აკრი დაუმუშავებელი მიწა, რომელიც ბევრად უფრო ნაყოფიერია, ვიდრე „არმქონე” სახელმწიფოებში გლეხების მიერ დახნული უვარგისი მიწა. აგრეთვე, ნედლეულის მოპოვებისა და გადამუშავებისთვის უფრო ხელსაყრელი პირობებია, ვიდრე „არმქონე” სახელმწიფოებში. მაგრამ გერმანელ, იტალიელ და იაპონელ გლეხებსა და მუშებს ხელი არ მიუწვდებათ ბუნებრივად მდიდარ ტერიტორიებზე. შედარებით ნაკლები მოსახლეობის ქვეყნების საიმიგრაციო კანონმდებლობა უკრძალავს მათ ამ ქვეყნებში მიგრირებას. ასეთი კანონების შედეგად, ნაკლები მოსახლეობის ქვეყნებში იზრდება შრომის ზღვრული პროდუქტიულობა და, შესაბამისად, სახელფასო განაკვეთები, ხოლო შედარებით დიდი მოსახლეობის ქვეყნებში ვიღებთ საპირისპირო ეფექტს. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ბრიტანეთის სამფლობელოებში ცხოვრების მაღალი დონე უზრუნველყოფილია ევროპისა და აზიის მჭიდროდ დასახლებული მოსახლეობის ცხოვრების დონის შემცირებით.
გერმანელი, იტალიელი და იაპონელი ნაციონალისტების განცხადებით, ნამდვილ აგრესორებს წარმოადგენენ ის სახელმწიფოები, რომლებმაც სავაჭრო და საიმიგრაციო აკრძალვებით მიითვისეს დედამიწის სიმდიდრის ლომის წილი. თვით რომის პაპმაც კი განაცხადა, რომ მსოფლიო ომების ძირითადი გამომწვევი მიზეზია „ცივი და გათვლილი ეგოიზმი, გამოხატული ყველასთვის განკუთვნილი ეკონომიკური რესურსებისა და ნედლეულის ისეთი მასშტაბის დაგროვებით, რომ ბუნებით ნაკლებად დაჯილდოებულ სახელმწიფოებს ხელი არ მიუწვდებათ მათზე“. ომი, რომელიც ჰიტლერმა, მუსოლინიმ და ჰიროჰიტომ გააღვივეს, ამ გადმოსახედიდან სამართლიანი იყო იმდენად, რამდენადაც მისი მიზანი გახლდათ „არმქონეთათვის” იმ დოვლათის მიცემა, რომელიც მათ ბუნებრივი და ღვთისგან ბოძებული უფლებით ეკუთვნოდათ.
რუსები საკუთარ აგრესიულ პოლიტიკას მსგავსი არგუმენტებით ვერ გაამართლებენ. რუსეთში მოსახლეობის სიმჭიდროვე შედარებით ნაკლებია. მისი მიწა ბევრად უფრო ნაყოფიერია, ვიდრე ნებისმიერი სხვა სახელმწიფოსი. იქ საუკეთესო ბუნებრივი პირობებია სხვადასხვა სახის მარცვლეულის, ხილის, თესლისა თუ მცენარის მოსაყვანად. რუსეთი ფლობს უზარმაზარი მასშტაბის საძოვრებსა და თითქმის ამოუწურავ, ტყით დაფარულ ტერიტორიებს. მას აქვს ოქროს, ვერცხლის, პლატინის, რკინის, სპილენძის, ნიკელის, მანგანუმისა და სხვა ლითონების, აგრეთვე, ნავთობის მდიდარი რესურსები. რომ არა მეფეთა დესპოტიზმი და კომუნისტური სისტემის სამწუხარო არაადეკვატურობა, რუსეთის მოსახლეობის ცხოვრების დონე უკვე დიდი ხანია მაღალი უნდა იყოს. რესურსების ნაკლებობა ნამდვილად არ არის ის, რაც რუსეთს დაპყრობითი ომებისაკენ უბიძგებს.
ლენინის აგრესიულ ხასიათს განაპირობებდა მისი რწმენა, რომ ის იყო უკანასკნელი მსოფლიო რევოლუციის ლიდერი. ლენინი საკუთარ თავს მიიჩნევდა პირველი ინტერნაციონალის ლეგიტიმურ მემკვიდრედ, რომელსაც ბედისწერამ არგუნა მარქსისა და ენგელსის მიერ შეუსრულებელი ამოცანის შესრულება. კაპიტალიზმის ბოლო ზარმა ჩამოჰკრა და ვეღარანაირი კაპიტალისტური მაქინაციები ვეღარ შეაჩერებდა ექსპროპრიატორთა ექსპროპრიაციას. საჭირო იყო მხოლოდ ახალი სოციალური წყობის დიქტატორი. ლენინი მზად იყო, ეს ტვირთი საკუთარი მხრებით ეტარებინა.
მონღოლთა შემოჭრების შემდეგ კაცობრიობას არ უნახავს ასეთი უდრეკი ლტოლვა მსოფლიოს შეუზღუდავი ბატონობისკენ. ყველა ქვეყანაში რუსეთის ემისრები და კომუნისტური მეხუთე კოლონის წარმომადგენლები ფანატიკურად მუშაობდნენ „ანშლუსზე” რუსეთის სასარგებლოდ. მაგრამ ლენინს აკლდა პირველი ოთხი კოლონა. რუსეთის სამხედრო ძალები უბადრუკ მდგომარეობაში იყვნენ. როდესაც რუსეთის საზღვარი გადაკვეთეს, ისინი შეაჩერეს პოლონელებმა. მათ ვერ გააგრძელეს მარშირება ღრმად დასავლეთისკენ. მსოფლიოს დაპყრობის დიდი კამპანია ჩაიშალა.
უაზრობა იქნებოდა იმაზე საუბარი, თუ რამდენად შესაძლებელია ან სასურველია კომუნისტური წყობის დამყარება ერთ ქვეყანაში. კომუნისტები სრულად დამარცხდნენ რუსეთის საზღვრებს მიღმა. ისინი იძულებულნი გახდნენ, დარჩენილიყვნენ სახლში.
სტალინმა მთელი თავისი ენერგია დაუთმო ისეთი მასშტაბის არმიის ფორმირებას, რომლის მსგავსიც სამყაროს მანამდე არასოდეს ენახა. მაგრამ მან ვერ შეძლო ლენინსა და ტროცკიზე მეტი წარმატების მიღწევა. ნაცისტებმა იოლად დაამარცხეს ეს არმია და დაიკავეს რუსეთის ტერიტორიის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი. რუსეთი გადაარჩინეს ბრიტანეთისა და, მეტწილად, ამერიკის სამხედრო ძალებმა. ამერიკამ საშუალება მისცა რუსებს, კვალში გაჰყოლოდნენ გერმანელებს, როდესაც შეიარაღების სიმცირემ და ამერიკის შემოჭრის შიშმა ისინი აიძულა, უკან დაეხიათ რუსეთიდან. რუსებმა რამდენჯერმე უკანდახეული ნაცისტების ზურგის ძალების დამარცხებაც კი მოახერხეს. მათ შეძლეს ბერლინისა და ვენის დაპყრობა მას შემდეგ, რაც ამერიკულმა ავიაციამ გაანადგურა გერმანელთა თავდაცვა. როდესაც ამერიკელებმა დაამარცხეს იაპონელები, რუსებმა შეძლეს მათთვის ჩუმად ზურგში დანის ჩარტყმა.
რა თქმა უნდა, კომუნისტები, როგორც რუსეთის შიგნით, ისე მის გარეთ, მათი მიმდევრების მსგავსად, აღტკინებით ამტკიცებენ, რომ სწორედ რუსეთმა დაამარცხა ნაცისტები და გაათავისუფლა ევროპა. ისინი კვლავ დუმან იმ ფაქტზე, რომ ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ნაცისტებმა ვერ შეძლეს მოსკოვის, ლენინგრადისა და სტალინგრადის აღება, იყო ამუნიციის, თვითმფრინავებისა და საწვავის ნაკლებობა. ბლოკადამ ნაცისტებისთვის შეუძლებელი გახადა არმიების სათანდო შეიარაღებით მომარაგება და ოკუპირებულ რუსულ ტერიტორიებზე სატრანსპორტო სისტემის აგება, რომელიც უზრუნველყოფდა ამ შეიარაღების შორეულ ფრონტის ხაზამდე მიწოდებას. გადამწყვეტი იყო ატლანტიკის ბრძოლა. აფრიკისა და სიცილიის ჩამორთმევა, ისევე როგორც ნორმანდიის გამარჯვება, გერმანიის წინააღმდეგ განხორციელებული უდიდესი სტრატეგიული დარტყმა იყო. ამ ომის გიგანტურ სტანდარტებთან მიმართებით, სტალინგრადის ბრძოლა მხოლოდ ტაქტიკური გამარჯვება იყო. იტალიელებისა და იაპონელების წინააღმდეგ ბრძოლაში კი რუსეთის წვლილი ნულს უტოლდებოდა.
მაგრამ გამარჯვებით მხოლოდ რუსეთმა იხეირა. სანამ გაერთიანებული ერების სხვა სახელმწიფოები არად დაგიდევდნენ ტერიტორიულ გაფართოებას, რუსეთმა ბოლომდე მოითბო ხელი. მან მოახერხა ბალტიისპირეთის სამი რესპუბლიკის, ბესარაბიის, ჩეხოსლოვაკიის პროვინცია კარპატო-რუსეთის, ფინეთის ნაწილის, პოლონეთის უდიდესი ნაწილისა და შორეული აღმოსავლეთის უზარმაზარი ტერიტორიების ანექსია. რუსები პრეტენზიას აცხადებენ პოლონეთის დანარჩენ ტერიტორიაზე, რუმინეთზე, უნგრეთზე, იუგოსლავიაზე, ბულგარეთზე, კორეასა და ჩინეთზე, როგორც მათი ექსკლუზიური გავლენის სფეროებზე. ისინი დიდი მონდომებით ცდილობენ ამ ქვეყნების ხელისუფლებაში „მეგობრული” ანუ მარიონეტული მთავრობების მოყვანას. რომ არა შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგობა, ისინი დღეს სრულად განაგებდნენ კონტინენტურ ევროპას, ასევე, კონტინენტურ აზიასა და ჩრდილოეთ აფრიკას. მხოლოდ გერმანიაში დისლოცირებული ამერიკელებისა და ბრიტანელების გარნიზონები უკეტავენ გზას რუსებს ატლანტიკის სანაპიროებისკენ.
დღესაც, ისევე როგორც პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, დასავლეთისთვის რეალური საფრთხე არ მომდინარეობს რუსეთის სამხედრო ძლიერებიდან. დიდ ბრიტანეთს იოლად შეუძლია რუსეთის შეტევის მოგერიება, ხოლო ამერიკის წინააღმდეგ ომის წამოწყება რუსეთის მხრიდან იქნება აბსოლუტური სიგიჟე. დასავლეთს საფრთხეს რუსეთის არმიები კი არა, კომუნისტურიიდეოლოგიები უქმნის. რუსებმა ეს კარგად იციან და ამიტომ ფსონს დებენ არა არმიაზე, არამედ საკუთარი პარტიის წევრებზე უცხოეთში. მათ სურთ, დემოკრატიები დაამხონ შიგნიდან და არა გარედან. მათი მთავარი იარაღია მეხუთე კოლონების პრორუსული მაქინაციები. ისინი წარმოადგენენ ბოლშევიზმის დამრტყმელ დივიზიებს.
კომუნისტი მწერლები და პოლიტიკოსები, როგორც რუსეთის შიგნით, ისე მის გარეთ, რუსეთის აგრესიულ ხასიათს ხსნიან თავდაცვის პრინციპით. მათი განცხადებით, აგრესიას გეგმავს არა რუსეთი, არამედ პირიქით, ლპობის პროცესში მყოფი კაპიტალისტური დემოკრატიები. რუსეთს, უბრალოდ, საკუთარი დამოუკიდებლობის დაცვა სურს. ეს არის აგრესიის გამართლების ძველი და მრავალნაცადი მეთოდი. ლუი XIV და ნაპოლეონ I, ვილჰელმ II და ჰიტლერი იყვნენ ყველაზე მშვიდობისმოყვარე ადამიანები. ისინი სხვა ქვეყნებს მხოლოდ თავდაცვის მიზნით იპყრობდნენ. რუსეთს ისევე ემუქრებოდა საფრთხე ესტონეთისგან და ლატვიისგან, როგორც გერმანიას ლუქსემბურგისა და დანიისგან.
ამ ზღაპრის გაგრძელებაა თეორია ე.წ. სანიტარიული კორდონის შესახებ. ამ თეორიის მიხედვით, მეზობელი პატარა სახელმწიფოების პოლიტიკური დამოუკიდებლობა კაპიტალისტების მიერ ხელოვნურად შექმნილი სტატუსია, რათა მეზობელი ევროპული დემოკრატიები არ დაინფიცირდნენ კომუნიზმის ვირუსით. შესაბამისად, ამ პატარა სახელმწიფოებს არ გააჩნიათ დამოუკიდებლობის უფლება. რუსეთს აქვს ხელშეუვალი უფლება მოითხოვოს, რომ მეზობელი სახელმწიფოები, შემდგომ კი მეზობლების მეზობლებიც, იმართებოდნენ „მეგობრული” ანუ მხოლოდ კომუნისტური მთავრობების მიერ. რა დაემართებოდა სამყაროს, ყველა ძლიერმა სახელმწიფომ იგივე ტიპის პრეტენზია რომ წამოაყენოს?
სიმართლე კი ის არის, რომ დემოკრატიული სახელმწიფოების მთავრობები არ ცდილობენ რუსეთში დღეს არსებული სისტემის დამხობას. ისინი არ აყალიბებენ პროდემოკრატიულ მეხუთე კოლონებს რუსეთში და არ ცდილობენ, რუსეთის მასები საკუთარი მთავრობის წინააღმდეგ განაწყონ. რუსები კი დღედაღამ ყველა ქვეყანაში აჯანყების მოწყობით არიან დაკავებულნი.
მოკავშირეთა ფრთხილი და თავშეკავებული ჩართვა რუსეთის სამოქალაქო ომში არ იყო პროკაპიტალისტური და ანტიკომუნისტური წამოწყება. გერმანელებთან სასიცოცხლო ბრძოლაში ჩართული მოკავშირეებისთვის, ლენინი უბრალო სათამაშო იყო მოწინააღმდეგის ხელში. ლუდენდორფმა ის გაგზავნა კერენსკის ჩამოსაგდებად, რათა დაემარცხებინა რუსეთი. ბოლშევიკები ებრძოდნენ ყველა რუსს, ვისაც სურდა საფრანგეთთან, დიდ ბრიტანეთთან და შეერთებულ შტატებთან ალიანსის გაგრძელება. სამხედრო თვალსაზრისით, დასავლეთის სახელმწიფოებისთვის წარმოუდგენელი იყო ნეიტრალური პოზიციის დაკავება მანამ, სანამ მათი რუსი მოკავშირეები თავგანწირულად იცავდნენ თავს ბოლშევიკებისგან. მოკავშირეებისთვის სასწორის პინაზე იდო დასავლეთის ფრონტი. „თეთრი” გენერლების ბრძოლა იყო მათი ბრძოლა.
როგორც კი გერმანიის წინააღმდეგ ომი დასრულდა 1918 წელს, მოკავშირეებმა დაკარგეს ინტერესი რუსეთის საქმეების მიმართ. აღმოსავლეთის ფრონტის საჭიროება აღარ არსებობდა. მათ ოდნავადაც არ აინტერესებდათ რუსეთის შიდა პრობლემები. ენატრებოდათ რა მშვიდობა, ისინი ცდილობდნენ ბრძოლიდან გასვლას. მოკავშირეები უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ, რადგან არ იცოდნენ, სწორად როგორ შეეწყვიტათ საკუთარი წამოწყება. მათ გენერლებს რცხვენოდათ იმ თანამებრძოლთა მიტოვება, რომლებთან ერთადაც იბრძოდნენ საერთო მიზნისთვის. ამ ხალხის ბედის ანაბარა მიტოვება, გენერალთა აზრით, სხვა არაფერი იყო, თუ არა სიმხდალე და დეზერტირობა. მსგავსმა მოსაზრებებმა სამხედრო ღირსების შესახებ გარკვეული დროით გააჭიანურა მოკავშირეთა დივიზიების გამოყვანა და თეთრებისთვის დახმარების მიწოდების შეწყვეტა. როდესაც ეს პროცესი დასრულდა, მოკავშირეთა ლიდერებმა შვებით ამოისუნთქეს. ამის შემდეგ რუსეთის მიმართ ისინი ახორციელებდნენ მკაცრად ნეიტრალურ პოლიტიკას.
ნამდვილად სამწუხაროა, რომ მოკავშირე სახელმწიფოებს, ნებსით თუ უნებლიეთ, მოუხდათ რუსეთის სამოქალაქო ომში ჩართვა. უკეთესი იქნებოდა, თუ 1917 და 1918 წლების სიტუაცია არ აიძულებდა მათ ჩარევას სამხედრო თვალსაზრისით. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთში ინტერვენციის შეწყვეტა თანაზომადი იყო პრეზიდენტ ვილსონის პოლიტიკის საბოლოო ჩავარდნისა. აშშ ჩაერთო ომში, რათა შეექმნა „დემოკრატიისთვის უსაფრთხო მსოფლიო”. გამარჯვების შედეგად განადგურდა კაიზერი და გერმანიაში შედარებით რბილი და შეზღუდული იმპერიული ავტოკრატია ჩაანაცვლა რესპუბლიკურმა მთავრობამ. მეორე მხრივ, ომი დასრულდა რუსეთში ისეთი მასშტაბის დიქტატორული რეჟიმის დამყარებით, რომელთან შედარებითაც მეფეთა დესპოტიზმს თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ ლიბერალური. მაგრამ მოკავშირეებს არ სურდათ, რუსეთი უსაფრთხო გაეხადათ დემოკრატიისთვის, ისე როგორც ეს გერმანიაში სცადეს. ბოლოს და ბოლოს, კაიზერის გერმანიაშიარსებობდა პარლამენტი, პარლამენტის წინაშე პასუხისმგებელი მინისტრები, სასამართლოები, აზროვნების, რელიგიისა და პრესის თავისუფლება, ისევე როგორც სხვა დემოკრატიული ინსტიტუტები. ხოლო საბჭოთა რუსეთი წარმოადგენდა შეუზღუდავ დესპოტიზმს.
ამერიკელებმა, ფრანგებმა და ინგლისელებმა ვერ შეძლეს საკითხის ამ კუთხიდან დანახვა. მაგრამ გერმანიის, იტალიის, პოლონეთის, უნგრეთისა და ბალკანეთის ანტიდემოკრატიული ძალები სხვაგვარად ფიქრობდნენ. ამ ქვეყნების ნაციონალისტების აზრით, მოკავშირეების მიერ რუსეთის მიმართ გაცხადებული ნეიტრალიტეტი ადასტურებდა, რომ ზრუნვა დემოკრატიაზე, უბრალოდ, შირმა იყო. ისინი თვლიდნენ, რომ მოკავშირეებმა გერმანია დაამარცხეს მისი ეკონომიკური განვითარების შიშით, ხოლო რუსეთის ახალი ავტოკრატია დაინდეს, რადგან არ აფრთხობდათ რუსეთის ეკონომიკური ძლიერება. იგივე სახელმწიფოების აზრით, დემოკრატია მოხერხებული სიტყვა იყო მიამიტი ადამიანების შესაცდენად. შედეგად, ისინი შეშინდნენ, რომ ერთ დღეს ამ სლოგანისადმი ემოციური დამოკიდებულება, შესაძლოა, გამოყენებულიყო ფარული შიდა დარტყმებისთვის მათი დამოუკიდებლობის წინააღმდეგ.
ინტერვენციის შეწყვეტის შემდეგ რუსეთს არ ჰქონდა საფუძველი, დასავლეთის სახელმწიფოების შეშინებოდა. საბჭოთა სახელმწიფოს არც ნაცისტების აგრესიისა ეშინოდა. საპირისპირო მტკიცებანი, გავრცელებული დასავლეთ ევროპასა და ამერიკაში, გერმანიის საქმეების სრული უცოდინარობის შედეგი გახლდათ. მაგრამ რუსები იცნობდნენ გერმანიასა და ნაცისტებს. მათ წაკითხული ჰქონდათ Mein Kampf. ამ წიგნიდან რუსებმა ისწავლეს, რომ, მიუხედავად ჰიტლერის ძლიერი სურვილისა, დაეპყრო უკრაინა, მის მთავარ სტრატეგიულ იდეას წარმოადგენდა რუსეთზე თავდასხმა მხოლოდ საფრანგეთის სრული და საბოლოო განადგურების შემდეგ. რუსები სრულიად დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ჰიტლერის მოლოდინი - გადმოცემული Mein Kampf-ში - თითქოს დიდი ბრიტანეთი და აშშ ომში არ ჩაერთვებოდნენ და დაელოდებოდნენ საფრანგეთის განადგურებას, ფუჭი იყო. მათ სჯეროდათ, რომ ასეთი ახალი ომი, რომელშიც თავად გეგმავდნენ ნეიტრალიტეტის შენარჩუნებას, დამთავრდებოდა გერმანიის ხელახალი მარცხით. ხოლო ეს დამარცხება გერმანიას, თუ მთელ ევროპას არა, უსაფრთხოდ აქცევდა ბოლშევიზმისთვის. სწორედ ამ მოსაზრებით ხელმძღვანელობდა სტალინი, როდესაც ჯერ კიდევ ვაიმარის რესპუბლიკის დროს, ფარულად ეხმარებოდა გერმანიას შეიარაღებაში. გერმანელი კომუნისტები, როგორც შეეძლოთ, მხარს უჭერდნენ ნაცისტებს ვაიმარის რეჟიმის ძირის გამოთხრაში. ბოლოს კი, 1939 წლის აგვისტოში, სტალინმა ღია ალიანსი გააფორმა ჰიტლერთან, რათა ხელ-ფეხი გაეხსნა მისთვის დასავლეთის წინააღმდეგ.
სტალინმა, ისევე როგორც სხვებმა, ვერ იწინასწარმეტყველა გერმანიის არმიების გამანადგურებელი გამარჯვებები 1940 წელს. ჰიტლერი იმიტომ დაესხა თავს რუსეთს 1941 წელს, რომ დარწმუნებული იყო არა მარტო საფრანგეთის, არამედ დიდი ბრიტანეთის დამარცხებაშიც. ხოლო აშშ, მისი აზრით, დამფრთხალი იაპონიის ზურგიდან შეტევის გამო, ვერ იქნებოდა იმდენად ძლიერი, რომ წარმატებით ჩართულიყო ევროპულ საკითხებში.
ჰაფსბურგების იმპერიის დაშლამ 1918 წელს და ნაცისტების დამარცხებამ 1945 წელს ევროპის კარი გაუღო რუსეთს. რუსეთი დღეს ერთადერთი სამხედრო ძალაა ევროპულ კონტინენტზე. მაგრამ რატომ არიან რუსები ასეთი მონდომებულნი, დაიპყრონ და ანექსია განახორციელონ? მათ ნამდვილად არ სჭირდებათ ამ ქვეყნების რესურსები. არც სტალინი ფიქრობს, რომ მსგავსმა დაპყრობითმა ომებმა შეიძლება გაზადროს მისი პოპულარობა რუსულ მასებში. მისი ქვეშევრდომნი ინდიფერენტულნი არიან სამხედრო დიდების მიმართ.
აგრესიული პოლიტიკით სტალინი ცდილობს არა მასების, არამედ ინტელექტუალების დაწყნარებას, რადგან კითხვის ნიშნის ქვეშ დგას მარქსისტული ორთოდოქსია - საბჭოეთის საძირკველი.
ეს რუსი ინტელექტუალები იმდენად გონებასუსტები იყვნენ, რომ დათანხმდნენ მარქსისტული მსოფლმხედველობის მოდიფიცირებებს, რომლებიც სინამდვილეში დიალექტიკური მატერიალიზმის პრინციპების სრული უგულებელყოფა იყო, იმდენად, რამდენადაც ეს მოდიფიცირებანი მალამოდ ედებოდა რუსულ შოვინიზმს. მათ ჩაყლაპეს დოქტრინა, რომლის თანახმადაც რუსეთს შეეძლო მარქსის მიერ აღწერილი ეკონომიკური ევოლუციის ერთ-ერთ განუყოფელ საფეხურზე (კაპიტალიზმი) გადახტომა. ისინი ამაყობდნენ, რომ წარმოადგენდნენ პროლეტარიატისა და მსოფლიო რევოლუციის ავანგარდს, რომელიც ერთ ქვეყანაში რეალიზებული სოციალიზმით ქმნიდა დიდებულ მაგალითს ყველა სხვა ერისთვის. მაგრამ შეუძლებელია მათ აუხსნა, რატომ ვერ ეწევიან რუსეთს სხვა ქვეყნები. მარქსისა და ენგელსის ნაწერებში, რომელთა უგულებელყოფა შეუძლებელია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანიაც კი, კაპიტალიზმის განვითარების კუთხით, მიჩნეულიაყველაზე ცივილიზებულ სახელმწიფოებად. მარქსისტული უნივერსიტეტების ეს სტუდენტები, შესაძლოა, იმდენად უჭკუონი არიან, რომ სრულად ვერ გაერკვნენ მარქსისტული სახარების ფილოსოფიურ და ეკონომიკურ დოქტრინებში. მაგრამ ისინი არ არიან იმდენად გონებასუსტები, ვერ შენიშნონ, რომ დასავლეთის ამ ქვეყნებს მარქსი მიიჩნევდა რუსეთზე ბევრად უფრო განვითარებულად.
შემდეგ ამ სტუდენტების ნაწილი, რომელიც ეკონომიკურ პოლიტიკასა და სტატისტიკას სწავლობს, დაეჭვდება, რომ მასების ცხოვრების დონე კაპიტალისტურ ქვეყნებში ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე მათ სამშობლოში. როგორ შეიძლება ეს ხდებოდეს? როგორ შეიძლება ცხოვრების პირობები უკეთესი იყოს აშშ-ში, წამყვან კაპიტალისტურ ქვეყანაში, რომელიც ყველაზე ჩამორჩენილია პროლეტარიატის კლასობრივი ცნობიერების გაღვიძების კუთხით?
ამ ფაქტებიდან დასკვნის გამოტანა გარდაუვალია. თუ ყველაზე განვითარებული ქვეყნები არ იღებენ კომუნიზმს და კაპიტალიზმის პირობებში ცხოვრობენ უკეთესად, თუ კომუნიზმი ლიმიტირებულია მხოლოდ ერთი ქვეყნისთვის, რომელსაც მარქსი თვლიდა ჩამორჩენილად, და ის არ შობს სიმდიდრეს ყველასთვის, ხომ არ იქნება სწორი ინტერპრეტაცია, რომ კომუნიზმი ჩამორჩენილი ქვეყნების მახასიათებელია და მას შედეგად სიღარიბე მოაქვს? რუს პატრიოტს არ უნდა რცხვენოდეს იმ ფაქტის, რომ მისმა ქვეყანამ აირჩია ასეთი სისტემა?
მსგავსი აზრები ძალზე საშიშია დესპოტურ სახელმწიფოში. ვინც გაბედავს მათ ხმამაღლა გამოთქმას, დაუნდობლად განადგურდება ჩეკა-ს მიერ. მაგრამ გამოუთქმელადაც, ისინი ყველა განათლებულ ადამიანს ენის წვერზე ადგას. ეს აზრები უფრთხობენ ძილს უმაღლესი თანამდებობის პირებს და, შესაძლოა, თვით დიდ დიქტატორსაც. მას ნამდვილად აქვს ძალა, მოსპოს ყველა ოპონენტი, მაგრამ, რაციონალური მოსაზრებებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილი არ არის ყველა მეტ-ნაკლებად განათლებული ადამიანის განადგურება და ქვეყნის მართვა მხოლოდ უვიცებითა და სულელებით.
ეს არის რუსული მარქსიზმის ნამდვილი კრიზისი. ყოველი დღე, რომელიც გადის მსოფლიო რევოლუციის გარეშე, ამძიმებს მას. საბჭოებმა უნდა დაიპყრონ მსოფლიო, ან საფრთხე შეექმნებათ საკუთარ ქვეყანაში განმდგარი ინტელიგენციის მხრიდან. სწორედ რუსეთის გონიერი ადამიანების იდეოლოგიურ მდგომარეობაზე წუხილი აიძულებს სტალინს, მიმართოს მკვეთრ აგრესიას.
![]() |
18 ფოტო ესსე |
▲ზევით დაბრუნება |
ჰიუ მასაკელა
შავი ზღვის ჯაზფესტივალი 2010
ფოტო: ალექსანდრე ბაგრატიონ-დავითაშვილი
![]() |
19 სტალინი ჩვენს რიგებში |
▲ზევით დაბრუნება |
ზურა ჯაფარიძე|სვეტი
დემოკრატიული სოციალიზმი, ბოლო თაობების უდიდესი უტოპია, არა მარტო მიუღწევადია, არამედ მისკენ სწრაფვა წარმოშობს ისეთ შედეგებს, რომლებიც მიუღებელია მისი მომხრეების უმეტესობისთვის.
ფრიდრიხ ოგუსტ ჰაიეკი
რამდენიმე კვირის წინ სტალინის ძეგლი მოაშორეს გორის ცენტრალური მოედნიდან. უდავოდ სასიხარულო ფაქტია. აღარ შემრცხვება გორში უცხოელ მეგობრებთან ერთად ჩასვლა.
კიდევ უფრო მეტად სასიხარულოა, რომ ძეგლის სათაყვანებელი ობიექტიდან სამუზეუმო ექსპონატად ქცევა მხოლოდ რამდენიმე ათეულმა ადამიანმა გააპროტესტა (ხმამაღლა). ერთი შეხედვით თითქოს ვისწავლეთ კეთილისა და ბოროტის გარჩევა.
სხვადასხვა კომენტარი და შეფასება მოვისმინე თუ წავიკითხე ამ ღამის ოპერაციის შესახებ. ნაწილი თვლის, რომ სტალინი იყო ბოროტების სიმბოლო, როგორიც არ ახსოვს კაცობრიობას. ნაწილს კი მიაჩნია, რომ ძეგლის, როგორც საბჭოთა მემკვიდრეობის, არსებობა თავისთავად არ წარმოადგენს რაიმე პრობლემას, ხოლო ძეგლებთან ბრძოლა ბოლშევიკური ტრადიციაა.
წარსულის გადაფასება აუცილებელია, რათა მომავალში იგივე შეცდომები არ დავუშვათ. მაგრამ გვესმის კი, რას ვაფასებთ და რა შეცდომები არ უნდა გავიმეოროთ? რატომღაც მგონია, რომ სტალინის გაღმერთებიდან მისი დემონიზაციის გზაზე ვკარგავთ იმ დისკურსს, რომელშიც უნდა განიხილებოდეს სტალინი და მასთან ასოცირებული ბოროტებანი.
მთავარი პრობლემა ზედმეტი ყურადღების გადატანაა სტალინის პიროვნებაზე, თითქოს ის იყო ბოროტი და საბჭოთა ჯოჯოხეთი სწორედ ამ ბოროტი ბუნების შედეგად მივიღეთ.
შეცდომა, რომელსაც ვუშვებთ, მიზეზისა და შედეგის აღრევაა.
სტალინი, პირველ ყოვლისა, იყო სოციალისტური იდეოლოგიისა და სისტემის პროდუქტი და მხოლოდ შემდეგ - მისი გარკვეული ნაწილების შემოქმედი. სტალინებს (ჰიტლერებს, მაო ძე დუნებსა და ა.შ.) შობს სისტემა, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს ჩვენს გარშემო და რომელიც უხილავია გაუვარჯიშებელი თვალისთვის. უხილავი კი იმიტომ არის, რომ ადამიანებს უჭირთ კავშირის დანახვა საზოგადოებრივი თანაცხოვრების ორგანიზების წესსა (ანუ ეკონომიკური მოწყობის ფორმასა) და კეთილდღეობას შორის. შედეგად ვიღებთ ზედაპირულ დამოკიდებულებას ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ, რაც ეფექტურ იარაღად იქცევა ხელისუფლებაში მყოფი თუ ხელისუფლების მსურველი პოლიტიკური ჯგუფების ხელში.
და მაინც, რატომ ხდება, რომ სოციალისტურ სისტემაში ნაგავი ექცევა ზედაპირზე?
თუ ავსტრიელ მოაზროვნეს, ფრიდრიხ ჰაიეკს დავუჯერებთ, ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს, რომ ლებიც გარკვეულწილად ერთმანეთთან არის დაკავშირებული. სოციალისტური სისტემა გულისხმობს ეკონომიკის ცენტრალურ დაგეგმარებას ანუ გარკვეული მიზნ( ებ) ის დასახვას, რომლისკენაც მთელმა საზოგადოებამ უნდა იმოძრაოს უნისონში. იმის გამო, რომ ადამიანთა შეხედულებები, მისწრაფებები და ფასეულობები განსხვავდება, თავიდანვე რთული ხდება საზოგადოების ინტელექტუალური ნაწილის ჩართვა ამ კოორდინირებულ პროცესში, რადგან, რაც უფრო განათლებულია ადამიანთა ჯგუფი, მით უფრო რთულია ამ ჯგუფში რაიმე საკითხზე (მიზანზე) კონსენსუსის მიღწევა. შესაბამისად, ცენტრალური დაგეგმარების მომხრეები უმრავლესობის მობილიზაციის მიზნით იძულებული არიან, აქცენტი გააკეთონ მოსახლეობის შედარებით გაუნათლებელ ნაწილზე. შედეგად ვიღებთ სისტემას, რომელშიც წარმატების მისაღწევად მოსახლეობის განათლებულ ნაწილს უწევს საკუთარ ღირებულებებზე უარის თქმა (სხვა შემთხვევაში სისტემის გარეთ დარჩება), ხოლო შედარებით გაუნათლებელ ნაწილს უწევს იმ ღირებულებების მიღება, რომელსაც მმართველი ელიტა შესთავაზებს (რადგან საკუთარი ჩამოყალიბებული ღირებულებები არ გააჩნდა). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ასეთ სისტემაში „წინსვლისთვის” აუცილებელი მთავარი თვისება ხდება მყარი მორალური პრინციპების არქონა.
სწორედ ამიტომ იბადებიან სოციალისტურ სისტემაში სტალინები. და რაოდენ დაუჯერებელიც არ უნდა იყოს, ეს არის უტოპიური ეკონომიკური პოლიტიკის - ცენტრალური დაგეგმარების - შედეგი.
და რას ვაკეთებთ
ჩვენ? ჩვენ გვაქვს ცენტრალური (ეროვნული) ბანკი და გადახდის ერთადერთ საშუალებად ვაღიარებთ მხოლოდ ლარს. ანუ ვთვლით, რომ უნდა ვაკონტროლოთ ფულის მასა და არ მივცეთ მოქალაქეებს საშუალება, თვითონ აირჩიონ სასურველი ვალუტა სავაჭრო ოპერაციების განხორციელების დროს.
ჩვენ გვაქვს ეკონომიკის სამინისტრო, რომელიც „ებრძვის” უმუშევრობას და დოვლათის გადანაწილების გზით ცდილობს განავითაროს „პრიორიტეტული” ეკონომიკის დარგები.
ჩვენ გვაქვს ფინანსთა სამინისტრო, რომელიც წყვეტს, ეკონომიკის რომელი სფეროები უნდა დაიბეგროს მეტად, ხოლო რომელი - ნაკლებად.
ჩვენ გვაქვს კულტურის სამინისტრო, ანუ ვიღაცები ფიქრობენ, რომ ზუსტად იციან, რომელი „კულტურული ძეგლები” და „ხელოვნების ნიმუშები” უნდა დაფინანდეს, ხოლო რომელი - არა.
ჩვენ გვაქვს განათლების სამინისტრო, სადაც ადამიანთა ჯგუფი განსაზღვრავს, რა უნდა ისწავლოს მომავალმა თაობამ, ვინ უნდა ასწავლოს და რა მეთოდებით.
ჩვენ გვაქვს ჯანდაცვის სამინისტრო, რომელიც აიძულებს მოქალაქეებს, დაეზღვიონ და იმკურნალონ მხოლოდ სახელმწიფოს მიერ მითითებულ კომპანიებსა და დაწესებულებებში.
ჩვენ გვაქვს ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისია, რომელიც ადგენს, რამდენი უნდა ღირდეს ბუნებრივი აირი თუ ელექტროენერგია.
ჩვენ ბევრი რამ გვაქვს. მაგრამ ეს ყველაფერი სხვა არაფერია, თუ არა სოციალისტური ტიპის ცენტრალური დაგეგმარება; ეს არის სისტემა, რომელიც, ერთხელ თუ დაიძრა, მისი შეკავება ურთულესი ამოცანა ხდება; სისტემა, რომელშიც ადამიანების ჯგუფი ფიქრობს, რომ ისინი უფრო გონიერები და კეთილები არიან, ვიდრე საბჭოთა კავშირის შემქმნელები; სისტემა, რომელიც მიდის ჯოჯოხეთისკენ; სისტემა, რომელიც რყვნის; სისტემა, რომელიც კლავს თავისუფლებას და ბადებს სტალინებს.
ძეგლის მუზეუმში გადატანა კარგია. სოციალისტური სისტემის მუზეუმის ექსპონატად ქცევა კი საშვილიშვილო საქმეა.
![]() |
20 წარსულით მოხიბლულნი |
▲ზევით დაბრუნება |
ნოდარ ლადარია|სვეტი
ვის არ წაუკითხავს სერ ვალტერ სკოტის „აივენჰო”? სამწუხაროდ, დღეს ეს შეკითხვა უკვე რიტორიკული არ უნდა იყოს. ისიც კი გაუგებარია, როგორ უნდა ვწეროთ: ძველი ტრადიციით „ვალტერი” იყო, ახლა კი, მგონი, უკვე „უოლტერად” იქცა.
დრო იცვლება და ეს ცვლილება გრძნობებსა და სიტყვებსაც ეხება. პირველ ყოვლისა, გრძნობებსა და სიტყვებს. მაგრამ მივხედოთ „აივენჰოს”.
რომანის მოქმედება 1194 წელს ვითარდება. მესამე ჯვაროსნული ლაშქრობა უკვე დასრულდა, მაგრამ მეომრების დიდი ნაწილი ჯერ კიდევ არ დაბრუნებულა. ავტორმა ერთ-ერთმა პირველმა გაუღვიძა ევროპელებსა და ამერიკელებს შუა საუკუნეებისადმი ინტერესი. ეს ნამდვილად დიდი დამსახურებაა. მაგრამ, დამსახურებასთან ერთად, ფხიზელ კრიტიკას ნაკლიც არ გამოეპარება. ახლა სწორედ ყველაზე დიდ ნაკლოვანებაზე უნდა ვისაუბროთ.
ილუსტრაცია: თემურ მაჭავარიანი
კრიტიკა რომანს საყვედურობს, რომ 1194 წელს სრულიად შეუძლებელია, რომ ანგლოსაქსებს ჯერ კიდევ შერჩენოდათ ნორმანებისადმი მტრული განწყობა. მართლაც, ვილჰელმ (თუ უკვე უილიამ?) დამპყრობლის სარდლობით ნორმანებმა ძველი კეთილი ინგლისი 1066 წელს დაიპყრეს. 128 წელი კი იმ ეპოქისთვის დროის ძალიან დიდი მონაკვეთია: ვერანაირი წყენა ვერ გაძლებდა ამდენ ხანს. ანდა რა წყენა? - გლეხები საერთოდ ვერაფერს გრძნობდნენ: მათთვის სულ ერთი იყო, მშვიდობიანად მონადირე ანგლოსაქსი მემამულე გაუთელავდა ნათესებს თუ ომით მოსული ნორმანი დამპყრობელი. ადგილობრივი ფეოდალები, რა თქმა უნდა, გრძნობდნენ ერთგვარ დისკომფორტს, მაგრამ XII საუკუნის ბოლოს ყველას ფრანგულიც ნასწავლი ჰქონდა და ახალი მანერებიც ათვისებული. უფრო მეტიც, არისტოკრატთა ჩვეული წამხედურობის წყალობით, იმ დროისთვის პირწმინდად დაავიწყდებოდათ ძველი.
მაგრამ რაში დასჭირდა ავტორს ამგვარი გამოგონება? ესეც მარტივი კითხვაა: რომანი 1819 წელს დაიწერა, როცა ჯერ კიდევ ცოცხალი იყო ნაპოლეონ ბონაპარტი. გასაგებია, რომ მისი მძლეველის, ლორდ ველინგტონის (თუ უელინგტონის?) სამშობლო, დიდი ბრიტანეთი, პატრიოტული ტალღის მწვერვალზე იმყოფებოდა და არამდგრადი წონასწორობის შესანარჩუნებლად ყველაზე ადვილი საშუალება იყო ნორმანთა შთამომავალი ფრანგების მიმართ ანტიპათიის დანერგვა. ამ მხრივ ძალიან ნიშანდობლივია ეპიზოდი, როცა პრინც ჯონის მეჯლისზე მიწვეულ ანგლოსაქს სედრიკს დასცინიან: ამ გლეხუჭამ პირსახოცით შეიმშრალა ხელები იმის მაგიერ, რომ ჰაერში ნატიფად მიმოექნია და ისე გაეშრო. თუ პირსახოცის ხმარება უზრდელობა იყო, რატომღა აღმოჩნდა ეს ნივთი ნორმანთა სუფრაზე? ალბათ ფრანგების ვერაგმა წინაპრებმა განგებ შეუგდეს გულწრფელ და მიამიტ ინგლისელებს.
სხვათა შორის, სახელი „სედრიკი” ვალტერ სკოტმა მოიგონა. საქსურად „სერდიკი” უნდა იყოს. ამიტომაც თქვა ვიღაცამ, რომ აივენგოს მამას სახელი კი არა, ორთოგრაფიული შეცდომა ჰქვიაო. მოდი და ნუ გაგახსენდება, რომ 1932 წლამდე არ არსებობდა სახელი „შორენა” - როგორც ეტყობა, კონსტანტინე გამსახურდიამ ის „ბორენას” კვალდაკვალ შექმნა.
მაგრამ ეს კი არ არის ჩვენი მსჯელობის საგანი, არამედ ევროპული კრიტიკა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ფხიზელი კრიტიკა. რატომ აქამდე ვერ შენიშნა ვერავინ, რომ ჩვენს მშობლიურ ლიტერატურაში აღწერილი ისტორიული რეალობა ასეთივე წმინდა წყლის მითოლოგიაა, ოღონდ უფრო უხეში და სწორხაზოვანი?
არა, ნამდვილად უცნაურია, რომ მეგაფონიანი მიტინგების მრავალწლიანი ტრადიციის შემდეგ ვიღაცას კიდევ სჯერა, რომ დავით აღმაშენებელმა სიტყვით მიმართა დიდგორის ველზე შეკრებილ მრავალათასიან ჯარს. ვთქვათ, ადამიანები დუმილს შეინარჩუნებდნენ, მაგრამ ცხენებს რა ვუყოთ? როგორ დავუშალოთ ფრუტუნი და თავის ქნევა? ან ქარს როგორ დავუშალოთ? - მაგ ონავარს ისე უყვარს ბალახის შრიალი და ჯაჭვის პერანგების წკარუნი.
ანდა ის როგორ უნდა დავიჯეროთ, რომ მეცამეტე საუკუნის დასაწყისში, იმ ეპოქის შესაფერი ტექნიკური საშუალებებით, ერთი დღის განმავლობაში, ერთი ხიდის მიმდებარე მცირე ტერიტორიაზე შესაძლებელია ასი ათასი ადამიანის დახოცვა? ეს ჯერ კიდევ XVIII საუკუნეში არ სჯეროდა ანტონ კათალიკოსს, ისიც აკრიტიკებდა ძველ ტექსტებს, მაგრამ მისი კრიტიკა საკმაოდ თავისებური იყო: ამბობდა, თბილისში ამდენი ვერ იცხოვრებდა, ამიტომ ახლომახლო სოფლებიდან მოაწყდებოდნენ მეტეხის ხიდს მოწამის შარავანდედის მსურველებიო.
კიდევ უფრო აშკარა მითოლოგიური სურათი იშლება ჩვენ თვალწინ XIX საუკუნის ლიტერატურაში. მაგრამ აქ სხვა, უფრო სახიფათო ტენდენცია იჩენს თავს. მართლაც, სულაც არ არის უცნაური ან მიუღებელი, თუ ვაჟა-ფშაველას „ბახტრიონის” გმირები მითოლოგიურ კონსტრუქციებს წარმოადგენენ და ავტორის თანამედროვე კატეგორიებით აზროვნებენ. სავალალო ის არის, თუ როგორ ისწავლებოდა ათწლეულების განმავლობაში ამგვარი ტექსტები სკოლებში. დღემდე ბევრს ჰგონია, თითქოს 500 წლის წინათ უკაცრიელ სოფელში დარჩენილ ხნიერ დედაკაცს შეიძლება შეგნებული ჰქონოდა საკუთარი მდგომარეობა და „საერთაშორისო პოლიტიკური სიტუაცია.
კრიტიკა იმის გაგებას ნიშნავს, როგორ იქმნება მხატვრული ნაწარმოები. ამის მაგიერ გვყავს მასწავლებლები, რომლებიც გაკვეთილზე თვალებს წკურავენ და აცხადებენ, რომ სიამოვნებით იცხოვრებდნენ თამარის დროს. მაგრამ ეს არ ნიშნავს „საქართველოს დიდებასთან ზიარებას” - პირველ ყოვლისა, ეს იმას ნიშნავს, რომ ფრთოსანი „ოლვეისის” ნაცვლად ნამჯის ან მატყლის გამოყენება მოუწევთ. ვისაც არ ეშინია, სცადოს.
![]() |
21 პოპულარული ბარათები |
▲ზევით დაბრუნება |
საზოგადოება
ხარჯავ ლარს, აგროვებ პოპულარს და ...
რეკლამა და სწორი მარკეტინგი რომ ბიზნესის ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტია, ეს ჭეშმარიტება ნელ ნელა ქართველ ბიზნესმენებშიც მკვიდრდება. სხვადასხვა სახის წამახალისებელი გათამაშება, ფასდაკლებისა და დაგროვებითი ბარათები უკვე ჩვეულებრივ ამბად იქცა. ამას მომხმარებელიც იმდენად მიეჩვია, რომ ის მაღაზია და მომსახურების ობიექტი, რომელშიც რაიმე აქცია არ მოქმედებს, ერთ წარმოსახვით ვარსკვლავს მაშინვე კარგავს მომხმარებლის თვალში.
მაღაზია თაქსელი „პოპული”, რომელიც 2001 წელს შეიქმნა, დღეს 42 მაღაზიას ფლობს. მიუხედავად იმისა, რომ ამ რაოდენობის გამო „პოპულის” თითქმის მთლიანად უჭირავს სუპერმარკეტების ნიშა, მისმა მესვეურებმა მაინც გადაწყვიტეს წამახალისებელი აქციის გამართვა. 2009 წლის 17 ნოემბრიდან „პოპულის” მაღაზიათა ქსელში მოქმედებს „პოპარტ“ დაგროვებითი ბარათები.
მათი მოქმედების პრინციპი ძალიან მარტივია. ბარათებზე ირიცხება მაღაზიაში გადახდილი თანხის მეათედი ქულა პოპულარი, რომლის დახარჯვა „პოპულის” მაღაზიათა ქსელშივე შეიძლება. „ხარჯავ ლარს, აგროვებ პოპულარს და საჩუქრების ფართო არჩევანი გაქვს, გვამცნობს „პოპარტის” ფაბულა. დახარჯული თანხის მეათედის საჩუქრად მიღება მიმზიდველი წინადადებაა, რაც „პოპულის” აღმასრულებელი დირექტორის, არჩილ მელიქაძის განცხადებით, კარგად მუშაობს. ეს გამოიხატება იმაში, რომ მომხმარებლები „პოპულის” ქსელის ერთგულნი რჩებიან და თანდათან მომრავლებულ კონკურენტ სუპერმარკეტებში არ გადადიან.
თუმცა, პრობლემების გარეშე არც ეს საქმე გამოდის. ბარათების შექმნა გავრცელებასთან ერთად გავრცელდა სასაჩუქრე კატალოგებიც, რომელშიც Villeroy & Bochის საკმაოდ ძვირად ღირებული ნივთები შედიოდა. ძირითადად ეს იყო ბროლის ხელნაკეთი ჭურჭელი და აქსესუარები. მათი ფასი საკმაოდ მაღალი იყო. მაგა ლითად, ბროლის მასიური საფერფლისთვის 70 პოპულარის შეგრო ვება იყო საჭირო, რაც დახარჯულ 700 ლარს ნიშნავს. მიუხედავად ამისა, მაინც მოიძებნა ხალხი, რომლებმაც მოახერხეს და სასურველი საჩუქრებისთვის საჭირო პოპულარები დააგროვეს ბარათებზე, თუმცა კატალოგები, საჩუქრებთან ერთად, მოულოდნელად გაქრა. ამას „პოპულიში” იმით ხსნიან, რომ კატალოგებს „ვადა გაუვიდათ” და პრიზებიც დროზე ადრე გათავდა. ახალი პარტიის შემოტანას კი საშველი არ დაადგა.
„ვანგარიშობდით, რომ აქციაში ერთი წლის განმავლობაში 100 ათასამდე მომხმარებელი ჩაერთვებოდა, თუმცა, მათმა რაოდენობამ პირველივე თვეებში ბევრად გადააჭარბა ჩვენს მიერ გათვლილს”, აცხადებს მელიქაძე. სწორედ ამის გამოა, რომ უკვე თვეზე მეტია, რაც ახალი ბარათების გაცემა შეწყვეტილია ისინი, უბრალოდ, დასაბეჭდია. ალბათ ამის გამოა, რომ მოხშირდა გამყიდველების მიერ საკუთარი ბარათის გატარების შემთხვევები, ზედ ქულების დასარიცხად. ფაქტია, რომ საჩუქ რების რაოდენობა არასწორად აღმოჩნდა გათვლილი.
გაწბილებული მომხმარებელი რომ დაემშვიდებინათ, საჭირო გახდა საჩუქრების ასორტიმენტის გაზრდა და ჩანაცვლება. იმის ნაცვლად, რომ ძვირად ღირებულ საჩუქრებს უიმედოდ ელოდო, დაგროვებული პოპულარების და ხარჯვა ახლა „პოპულის” ნებისმიერ მაღაზიაში შეიძლება. თუმცა, იმედგაცრუება უფრო მატულობს, როდესაც აღმოაჩენ, რომ იმ რაოდენობის ქულები, რომლითაც კატალოგის მიხედვით კარგი სუვენირი მოგდიოდა, ახლა მხოლოდ მაკარონის ან ერთჯერადი სუპის პაკეტის შესაძენადაა საკმარისი, რომლის რეალური ღირებულება რამდენჯერმე ნაკლებია მასზე წაწერილ პოპულარების რაოდენობაზე. შეპირებული 10%25-იანი უკუგება თვალსა და ხელს შუა დნება და მხოლოდ სამართლიანი აღშფოთება რჩება. პასუხად „პოპულის” აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ ეს საფასო პოლიტიკა განპირობებულია რთული მარკეტინგული გათვლით, რომლის მიხედვითაც ხდება მომხმარებლის დაინტერესება, დააგროვოს მეტი პოპულარი. რაც მეტია მათი რაოდენობა, მით მეტია მოგებაც.
არასწორად გათვლილ მარკეტინგს ვაწყდებით დაგროვების სხვა სისტემებშიც, რომელთაგან უმსხვილესია „უნიქარდი”. ეს სისტემა 8 აპრილს შეიქმნა და მისი მომხმარებლების რაოდენობა უკვე 300 ათასს აღწევს, რაც თითქმის 5-ჯერ აღემატება „პოპულის” ბარათების მომხმარებლის რაოდენობას. სისტემა აქაც ანალოგიურია, ერთი განსხვავებით: სასაჩუქრე ქულების დაგროვება 170 სხვადასხვა კომპანიის 1,000-მდე ობიექტზე შეიძლება. განსხვავდება დარიცხული ქულების რაოდენობაც. იგი კომპანიების მიხედვით 0.5-დან 2.5 ქულამდე მერყეობს, ყოველ დახარჯულ 10 ლარზე. კომპანიები კი გარკვეულ თანხას უხდიან „უნიქარდს”, რომელიც დამოკიდებულია მათ მიერ მიღებულ შემოსავალზე.
არასწორმა გათვლებმა მაშინ იჩინა თავი, როდესაც აღმოჩნდა, რომ კომპანიების ნაწილი მოუმზადებელი იყო ასეთი ოდენობის მომხმარებლებისთვის. ამას ისიც ცხადყოფს, რომ „უნიქარდის” სისტემა უკვე დატოვეს კომპანიებმა - „ენტური”, „კალა ჯგუფი”, პიცერიების ქსელმა „პრეგო” და „ნატალის” სილამაზის სალონთა ქსელმა. თუმცა, მისი მასშტაბებიდან გამომდინარე, „უნიქარდის” სისტემა უფრო მდგრადი აღმოჩნდა, ვიდრე „პოპ-არტისა”, რის გამოც ეს პრობლემები მომხმარებელს თითქმის არ უგრძვნია.
გათვლებში დაშვებული შეცდომების მიუხედავად, არც ერთი ეს კომპანია არ თვლის, რომ დაგროვებითი ბარათების სისტემა არ ამართლებს. ბარათების მფლობელთა რაოდენობა ნამდვილად მათი მოსაზრების სასარგებლოდ მიუთითებს. უკმაყოფილო მომხმარებელთა ხმა კი მათი რაოდენობის ან, უბრალოდ, ქართული დაუდევრობის გამო ვერ აღწევს „ზემოთ”. ქართველ მომხმარებელს ურჩევნია, ნაჩუქარ ცხენს კბილი არ გაუსინჯოს და სულაც არ ანაღვლებს, თუ დაპირებული ბედაურის ნაცვლად დაჩაჩანაკებულ ჯაგლაგს შეაჩეჩებენ.
![]() |
22 უმცირესობათა რუკა |
▲ზევით დაბრუნება |
საზოგადოება
ფოტო: REUTERS ©
რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ბრძოლის ევროპულმა კომისიამ საქართველოს შესახებ მორიგი მოხსენება გამოაქვეყნა. ხაზგასმულია ეროვნულ უმცირესობებში ქართული ენის არასაკმარისი ცოდნა, უმცირესობების მიმართ დისკრიმინაციული შეხედულებების არსებობა და სკოლებში შუღლის გაღვივების ფაქტები. საქართველო ხშირად გაუკრიტიკებიათ აქამდეც, რომ ქართულის სწავლების პროგრამები არაეფექტურია, რომ მასწავლებლები არასათანადოდ არიან მომზადებულნი და უმცირესობებით დასახლებული რეგიონების ბევრ სკოლაში საერთოდ არ ჰყავთ ქართულის მცოდნე პედაგოგები. სხვადასხვა მოხსენებით ხშირად გაუკიცხავთ ქართული მედია რასისტული და დისკრიმინაციული გამონათქვამების გამო.
სკოლების პრობლემა ჩვენთვის ახალი არ არის. რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები სკოლებში დამცირების და ფიზიკური შეურაცხყოფის მსხვერპლნი რომ ხდებიან, ომბუდსმენის მოხსენებებშიც არაერთხელ თქმულა. ფაქტია, პრობლემები არსებობს. თუმცა, ტრადიციული მიდგომა, რომ „უნდა ვისწავლოთ ჩვენი ევროპელი მეგობრებისგან”, ამ შემთხვევაში, ალბათ ხელს არ უნდა გვაძლევდეს.
ევროპაშიც ეროვნული უმცირესობების საკითხი ახალ სიმწვავეს იძენს. აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპის ქვეყნებში განსხვავებული რელიგიისა თუ ეთნიკური წარმომავლობის პირთა მიმართ დამოკიდებულება კულტურული მიუღებლობიდან სიძულვილისა და შუღლის ფაზაში გადავიდა. წლობით იატაკქვეშეთში მოქმედი რადიკალური ორგანიზაციები დღეს სააშკარაოზე გამოვიდნენ და პოლიტიკური კაპიტალიც დააგროვეს, რამაც სხვადასხვა თემს შორის დაპირისპირების საფრთხე გაზარდა.
მინარეთების მშენებლობის აკრძალვა შვეიცარიაში; ბურკას ანუ თავსაბურავის ტარების აკრძალვა საფრანგეთში; წლე/ბის მანძილზე გაუსაძლისი პირობები ბოშებისათვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში; ჩეხეთსა და სლოვაკეთში ბოშების სტერილიზაციის გავრცელებული პრაქტიკა; ეთნიკური უმცირესობების გეტოებში თავმოყრა საკმარისი ჩამონათვალია, რათა აშკარა გახდეს პრობლემის მასშტაბი. გერმანიაში აქტიურად მოქმედებენ ნეონაცისტები და ე.წ. მემარჯვენე რადიკალური დაჯგუფებები. ისინი სპეკულირებენ ეკონომიკური კრიზისით და ცდილობენ გააღვივონ შუღლი გერმანელებსა და ახალ მოსახლეებს თურქებს შორის. ნეონაცისტების თემას სპეციალური კვლევა მიუძღვნა Human Rights Watch-მა. საშიში ტენდენცია უკანასკნელი 30 წელია ძალას იკრებს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში იქაც კი, სადაც ეთნიკური უმცირესობის დაცვის საკანონმდებლო გარანტიები არსებობს: უნგრეთი, პოლონეთი, პორტუგალია, ესპანეთი.
საბჭოთა კავშირის დაშლის და ბალკანეთის ომის შემდეგ ევროპის უმცირესობათა რუკაზე სრულიად ახალი სურათი დაიხატა. მანამდე რაოდენობრივად ყველაზე დიდ უმცირესობებად უნგრელები, გერმანელები, რუმინელები ითვლებოდნენ, 90-იანების შემდეგ მათ გაუსწრეს რუსებმა, უკრაინელებმა, სერბებმა, ხორვატებმა, ბოსნიელებმა და ბელარუსებმა. ამგვარ გადანაწილებას თავისი კულტურული და სოციალ -ეკონომიკური შედეგებიც ახლდა თან. ბალტიის პირეთში დაძაბულობა შეიქმნა რუსი უმცირესობისთვის მოქალაქეობის მინიჭების საკითხზე და დღემდე ეს საკითხი ღიადაა დატოვებული. ახალი უმცირესობების მიმართ შიშის ფონზე სახელმწიფოებმა გაამკაცრეს იმიგრაციის კონტროლი და ა.შ.
მეჩეთი მადრიდში
უმცირესობების შესახებ დებატს ევროპული თემი მოუმზადებელი შეხვდა. ამის მაგალითად ევრო საბჭოში გამართული ერთი დისკუსიის გახსენებაც კმარა. უმცირესობათა ჩარჩო კონვენციის მრჩეველთა საბჭოს ფორმატში მთელი დღე იმაზე კამათობდნენ, თუ როგორ მოეხსენიებინათ ემიგრანტები აფრიკის კონტინენტიდან შავკანიანებად, ფერადკანიანებად, ხილულ უმცირესობად, აფრიკელებად და ა.შ. საბოლოოდ ყველა ტერმინი დისკრიმინაციულად მიიჩნიეს. დებატების მიწურულს პრობლემა, რის შესახებ სასაუბროდაც შეიკრიბნენ, გადაუწყვეტელი დარჩა. ეს ერთი მაგალითიც აშკარად წარმოაჩენს უუნარობას, შედგეს სრულფასოვანი საჯარო დებატი, რომელიც მონაწილე მხარეებს საკუთარი აზრის გამოთქმის საშუალებას მისცემს და არ შეზღუდავს ხელოვნური ბარიერებით.
დებატების ხარისხი არც საქართველოშია მაღალი, თუმცაღია სივრცის არსებობა ნამდვილად ხელს უწყობს ნებისმიერი სიმწვავის საკითხის ღია დებატის ფორმაში განხილვას. ერთ-ერთი ასეთი დებატი რადიკალური დაჯგუფების ლიკვიდაციით დასრულდა. სახალხო მართლმადიდებლურმა მოძრაობამ ღიაობას ვერ გაუძლო და სამ თვეში დაიშალა.
სამწუხაროა, რომ ევროპული ინსტიტუციები დებატების შენარჩუნებას, როგორც ღირებულებას, ხშირ შემთხვევაში არ აქცევენ ყურადღებას. შედეგად ხდება ყოველგვარი დებატის რადიკალიზაცია. ამგვარად, ყველაზე აგრესიული ორგანიზაციები იკეთებენ პოლიტიკურ კარიერას, რაც ისევ ეთნიკურ უმცირესობებზე აისახება სავალალოდ. ევროპული ორგანიზაციების რეკომენდაციების გაზიარებისას კარგი იქნება, თუ ღია დებატის მნიშვნელობასაც არ დავივიწყებთ; მით უმეტეს, რომ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მსურველები საქართველოში არ გვაკლია.
ულტრამემარჯვენეების ანტიისლამური დემონსტრაცია, ნიცა, საფრანგეთი
ფოტო: REUTERS ©
![]() |
23 ილიას უნივერსიტეტის ახალი ინიციატივა |
▲ზევით დაბრუნება |
იდენტობის, საბჭოთა და პოსტსაბჭოთა სისტემების, კავკასიისა და საქართველოს კვლევა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მომავალი წლიდან დაიწყება. 9 ივლისს საგურამოში უნივერსიტეტმა 4 ახალი სადოქტორო პროგრამის პრეზენტაცია მოაწყო. პროექტის პარტნიორები არიან: ფრიზბურგის (შვეიცარია), ბაზელისა (შვეიცარია) და ლიმერიკის (ირლანდია) უნივერსიტეტები, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, სახელმწიფო არქივი.
ილიას უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამა პირველია საქართველოში, რომელიც კურსდამთავრებულებს ინტერ და მულტი დისციპლინურ სწავლებას სთავაზობს. დოქტორანტურაში, სადაც სწავლა უფასო იქნება, მსურველები ინგლისურ ენაში ტესტირებისა და გასაუბრების გზით ჩაირიცხებიან. სწავლების სამი წლის მანძილზე ახალგაზრდა დოქტორანტებს პროფესორების ასისტირება, ლექციებისა და სემინარების ჩატარება დაევალებათ.
საქართველოს კვლევები
საქართველოს კვლევების სადოქტორო პროგრამის მიზანი საქართველოს საერთაშორისო სამეცნიერო დისკურსში ჩართვაა. საქართველოზე დაწერილი სამეცნიერო ლიტერატურიდან უმრავლესობა ქვეყნის ფარგლებს გარეთ, უცხოელების მიერ იწერება - „გამოდის, რომ საქართველო ლაბორატორიის როლს ასრულებს, რაც ცუდი არ არის. მაგრამ ჩვენ ბუნებრივი უპირატესობა გვაქვს, რათა საქართველოზე კვლევები თავად ვაწარმოოთ,” - განაცხადა სადოქტორო და სამაგისტრო პროგრამების ფაკულტეტის დეკანმა დავით აფრასიძემ.
საქართველოს კვლევებში იგეგმება საქართველოს კულტურისა და უახლესი ისტორიის შესწავლა. ამ პროგრამაში ერთობლივად მიიღებენ მონაწილეობას პოლიტოლოგები, ისტორიკოსები, სოციოლოგები, ფილოლოგები, დემოგრაფები და ეთნოგრაფები.
საბჭოთა კვლევები
საბჭოთა და პოსტსაბჭოთა სისტემების კვლევის მიზანია სტუდენტებმა შეისწავლონ როგორც საბჭოთა კავშირის ისტორია, ისე პოსტსაბჭოთა სივრცისთვის დამახასიათებელი პრობლემები. მკვლევართა ახალი თაობა საერთაშორისო კვლევებშიც ჩაერთვება.
- „თანამედროვე სამყარო ორი ტოტალიტარული რეჟიმის, ფაშიზმისა და კომუნიზმის ბრძოლაში გამოიჭედა. ანუ როდესაც ვიკვლევთ საბჭოთა და პოსტსაბჭოთა სისტემებს, ჩვენ არა წარსულს, არამედ დღევანდელობას ვიკვლევთ,” - ამბობს საბჭოთა კვლევების სამაგისტრო სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელი სერგო რატიანი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი თანამშრომლობს ილიას უნივერსიტეტთან. შესაბამისად, დოქტორანტებს საშუალება ექნებათ, ბევრისთვის ხელმიუწვდომელ დოკუმენტებზე იმუშაონ.
კავკასიისა და შავი ზღვის კვლევები
მსოფლიოში ბევრი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრია, რომელიც კავკასიის რეგიონითაა დაინტერესებული. მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში რეგიონის მკვლევართა ახალი ჯგუფი გაიზარდოს. აქედან გამომდინარე, ილიას უნივერსიტეტმა გადაწყვიტა, შეექმნა სადოქტორო პროგრამა, სადაც მსურველები კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებს გამოიკვლევდნენ.
- „კავკასიას, როგორც რეგიონს, არც ისე დიდი ხანია, რაც განიხილავენ. ამიტომ ამ პროგრამაში ჩართული მკვლევარების ნაშრომები ინოვაციური იქნება. ჩვენი რეგიონის კვლევა სისტემურად არც ერთ კვლევით ორგანოს არ უცდია საქართველოში. მუშაობა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების დონეზე მიმდინარეობდა. ამიტომ ახალი პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია,” - აღნიშნა ტაბულასთან საუბარში კავკასიის კვლევების ინსტიტუტის დირექტორმა გია ნოდიამ.
იდენტობის კვლევები
იდენტობის კვლევები მსოფლიოს ბევრ უნივერსიტეტში ძალიან პოპულარულია. მეცნიერები იკვლევენ მრავალი ტიპის იდენტობას, ფსიქოლოგიურით დაწყებული, ნაციონალურით დამთავრებული.
„თუ უნივერსიტეტს უნდა, მსოფლიოში ცნობილ კვლევით ცენტრებს დაემსგავსოს, პრაქტიკულად აუცილებელია იდენტობის კვლევა, რადგან ეს ერთ-ერთი წამყვანი დარგია ინტერდისციპლინარულ მეცნიერებებში. დღეს საქართველოში იდენტობის საკითხმა დიდი მნიშვნელობა შეიძინა. ყველაზე პრობლემური კი ნაციონალური იდენტობაა. სწორედ ამ თემაზე იმუშავებენ ჩვენი დოქტორანტები,” - ამბობს მოდერნის გენეალოგიის ინსტიტუტის დირექტორი გიგა ზედანია.
![]() |
24 საზოგადოება - ამბები |
▲ზევით დაბრუნება |
საზოგადოება
„მატყუარა” პალესტინელი
პალესტინელი საბარ კაშური მას შემდეგ დააპატიმრეს, რაც მას და ებრაელ ქალბატოს ურთიერთშეთანხმებული სექსი ჰქონდათ. 30 წლის მუსლიმს 18 თვით ციხეში ყოფნა სასამართლომ მიუსაჯა. ის დამნაშავედ ცნეს და მოტყუებით გაუპატიურებაში დასდეს ბრალი.
„დაზარალებული” ქალბატონი იერუსალიმის პოლიციისთვის მიცემულ ჩვენებაში აცხადებს, რომ ის და საბარ კაშური ერთ-ერთ კაფეში შეხვდნენ ერთმანეთს. საბარმა ქალბატონი დააჯერა, რომ მორწმუნე ებრაელი იყო. სწორედ ამის შემდეგ დათანხმდა დაზარალებული მასთან სექსს. ცოტა ხანში, საერთო მეგობრის მეშვეობით, ქალბატონმა აღმოაჩინა, რომ საბარი არათუ მორწმუნე, საერთოდ, ებრაელიც არ იყო და პალესტინიდან დევნილის სტატუსით ცხოვრობდა იერუსალიმში. მან გადაწყვიტა, პოლიციაში ეჩივლა და საბარს ტყუილსა და უხამსობაში დასდო ბრალი. სასამართლომ ეს ფაქტი გაუპატიურებას გაუთანაბრა და კაშური ციხეში ჩასვა.
მდიდარი მიცვალებული
სამედიცინო ინსტრუმენტებს, რომლებიც 1977 წელს ელვის პრესლის აუტოპსიისას გამოიყენეს, აუქციონზე გაიტანენ. სია მოიცავს ხელთათმანებს, ფუნჯს, სავარცხელს და ყველა იმ ინსტრუმენტს, რომელიც ექსკლუზიურად, მხოლოდ როკ-ენ-როლის მეფის გვამის გასაპატიოსნებლად გამოიყენეს.
უცნაური კოლექცია 33 წელიწადს ინახებოდა იმ ექთნის ოჯახში, რომელმაც გარდაცვლილი ელვისი გაკვეთა.
ნივთების ფასი 6000 დოლარიდან იწყება, მაგრამ მსურველთა რაოდენობა იმდენად დიდია, რომ თანხის გასამმაგებასაც ელოდებიან.
ელვისი ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი მიცვალებულია. ფორბსის მონაცემებით, 2009 წელს მან 55 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.
ვირი პარაშუტით
პარაშუტიანი ვირი ჰაერში სამხრეთ რუსეთში, აზოვის ზღვის სანაპიროზე გაუშვეს. ამ აქციის ორგანიზატორები იყვნენ ერთ-ერთი ადგილობრივი ტურისტული სააგენტოს წარმომადგნელები, რომლებიც ამ გზით სპორტის ამ სახეობის პოპულარიზებას გეგმავდნენ კრასნოდარის ოლქში. ვირი ყროყინებდა, ბავშვები ტიროდნენ, მაგრამ არავის მოსვლია აზრად, პოლიციისთვის დაერეკა. მას შემდეგ, რაც ვირმა ზღვას გადაუფრინა, პირდაპირ პოლიციის სამმართველოსთან მოუხდა კატაპულტირება. პოლიციამ საქმე აღძრა ცხოველის მიმართ გამოვლენილი სისასტიკის გამო და ტუროპერატორები დააპატიმრა. ამ ფაქტს ცხოველთა უფლებების დამცველი მსოფლიოს თითქმის ყველა ორგანიზაცია გამოეხმაურა, რადგან yuotube-ზე ამ ფაქტის ამსახველი ვიდეო მოკლე დროში ძალიან პოპულარული გახდა. კრასნოდარული ტურიზმის წარუმატებელ პატრიოტებს ორი წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
![]() |
25 ძეგლთა დაცვა დღევანდელი პოლიტიკისა და მეცენატობის ფონზე |
▲ზევით დაბრუნება |
ტაბულა|რაზა
ნესტან თათარაშვილი
არქიტექტორ-რესტავრატორი
ბიუჯეტიდან ყოველწლიურად ასეულობით მილიონი ლარით დაფინანსებულმა სარესტავრაციო სამუშაოებმა მთელი საქართველო მოიცვა, მაგრამ, ცხადია, ამ სფეროში შესაბამისი ინსტიტუციონალური, პროფესიული და მაკონტროლებელი ორგანოების ანუ გამართული სისტემის არარსებობის გამო ყოველივე ეს მხოლოდ გამოუსწორებელ შეცდომებსა და დიდ ზიანს გვიქადის. საერთაშორისო აუდიტი უმძიმესი ეკოლოგიური კატასტროფების გამოსწორებასაც დასაშვებად განიხილავს გარკვეული დროის განმავლობაში, მაგრამ რაც შეეხება კულტურულ მემკვიდრეობას, მისი დაზიანება ან განადგურება ერთმნიშვნელოვნად გამოუსწორებელ მოვლენად არის შეფასებული და, შესაბამისად, სირთულის არანაირი დონე თუ კატეგორია არ გააჩნია.
სამწუხაროდ, გამოუსწორებელი მოვლენა უკვე ძალიან ბევრი დაგვიგროვდა, მაგრამ მათ შორის უახლესი, სულ რამდენიმე დღის წინ ნანახი, ნამდვილად აღნიშვნის ღირსია, მითუმეტეს, რომ საქმე ეხება 1046 წელს არქიტექტორ ჰარაბაისა და ერისთავთ ერისთავ გიორგის მიერ აგებულ ქართული არქიტექტურის შესანიშნავ ნიმუშს საჩხერის რაიონის სოფელ სავანის წმინდა გიორგის ეკლესიას. მე-19 საუკუნეში რუსებმა ეკლესია შიგნიდან მთლიანად ზეთის საღებავით შეღებეს; თავდაპირველი სახე დაუკარგეს ძეგლის თანადროულ თაბაშირის კანკელსაც. ამჟამად ძეგლზე აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი აფინანსებს. მისი ხელგაშლილობა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის რესტავრაციის საქმეში დიდი ხანია ცნობილია, თუმცა, ასევე ცნობილია ივანიშვილის ფულით შესრულებული სამუშაოების ცუდი ხარისხი, რაც საბოლოოდ ძეგლთა სერიოზულ დაზიანებას იწვევს. სავანის ეკლესიაც ამის საუკეთესო მაგალითია.
ცხადია, ძეგლთა დაცვის საქმე სისტემურად გამართული რომ იყოს და მაკონტროლებელი ორგანოებიც კარგად მუშაობდნენ, ეს არმოხდებოდა, მაგრამ დამფინანსებელი, რა, დაინტერესებული არ უნდა იყოს საკუთარი ფულით განხორციელებული საქმის შედეგებით? გასაგებია, რომ პირადად ბოლომდე ენდობა იმ ადამიანებს, რომლებსაც ამ საქმეს ავალებს, მაგრამ ნახოს იმერეთში, საკუთარი სახლის სიახლოვეს მყოფი სავანის ეკლესია და ჩვენ თუ არ გვენდობა, უცხოელ ექსპერტებს მაინც ჰკითხოს მისი რესტავრაციის ავკარგიანობა. მაშინ მაინც დარწმუნდება, რომ მის მიერ დაფინანსებულ სარესტავრაციო პროექტებს და ასევე მიმდინარე სამუშაოებს ნამდვილად სჭირდება მუდმივი ზედამხედველობა. ჩვენი ძველი მეცენატების უახლოესი წარსული მაინც გაიხსენოს ისინი, პირველ რიგში, სწორედ ჩაფიქრებული საქმის შესრულების საორგანიზაციო სტრუქტურას და კონტროლს უზრუნველყოფდნენ და მხოლოდ შემდეგ იწყებდნენ დაფინანსებას; მცირე რისკსაც კი არტოვებდნენ იმისთვის, რომ მათი გაკეთებული საქმე უხარისხოდ განხორციელებულიყო ან უსარგებლო და ფუჭი გამხდარიყო.
არსებული კანონმდებლობით, დღეს ძეგლთა რესტავრაციაზე ნებართვები და ზედამხედველობა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს ევალება, რომელსაც დაუ ყოვნებლივ ვაცნობე სავანის ეკლესიის შესახებ, მაგრამ სათანადო რეაგირება არც მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელ ნიკა ანთიძეს, არც სააგენტოს უფროს ნიკოლოზ ვაჩეიშვილს თუ სამუშაოების დამფინანსებელს, ივნიშვილის ფონდის ხელმძღვანელ მამუკა ჩხაიძეს არ გამოუჩენია.
ქართული კულტურის ეს შესანიშნავი ძეგლი ჯერ რუსებმა დაასახიჩრეს და ახლა ჩვენი ხელით ზიანდება, რაც ლამის ტრადიციად იქცეს საქართველოში, განსაკუთრებით უკანასკნელ წლებში. სამწუხაროდ, ამ დარგის სპეციალისტებსა თუ მეცნიერებს ეს პრობლემა სრულიად არ აღელვებთ და ძეგლების რეალური მდგომარეობაც თითქმის არასდროს არ ხდება მათი ზრუნვის საგანი. ცხადია, მსხვილ მასშტაბიანმა საბიუჯეტო დაფინანსებამ ბევრი ჩვენი კოლეგის შემოსავალი ბევრად გააუმჯობესა, მაგრამ ძეგლთა დაცვასა და გადარჩენაში სასურველი შედეგი ვერ მოგვიტანა. ამ პროცესმა კარგად დაგვანახა, სადამდე წავალთ მსგავსი გაუაზრებელი და გაუანალიზებელი ქმედებით,მაგრამ ეს ისევ ჩვენ დავინახეთ და არა მათ, ვინც სახელმწიფო სამსახურშია და ჩვენი ფულით იღებს ხელფასს იმისთვის, რომ მთავრობას სწორი სტრატეგია და მეთოდოლოგია შესთავაზოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის თვალსაზრისით.
ამ სფეროს წარმომადგენელთა სრული უპრინციპობა, შესაბამისად, მთავრობის მთელ რიგ შეცდომებს იწვევს, რადგან პროფესიული მეთოდოლოგიის ცოდნა ხელისუფლების წარმომადგენლებს ნამდვილად არ ევალებათ. რესტავრაციის, როგორც სამეცნიერო დარგის სწორად წარმართვა მისმა სპეციალისტებმა უნდა ითავონ და არა პოლიტიკოსებმა. გავიხსენოთ, ცნობილმა მეცნიერმა ვახტანგ ბერიძემ როგორ გადაარჩინა კომუნისტური რეჟიმის დროს ძველი თბილისი გლდანის მსგავს განაშენიანებად გადაქცევისგან. მან თავისი პრინციპულობითა და სიმამაცით შეძლო მაშინდელი მთავრობის დაყოლიება, რომ ძველ უბნებს სახელმწიფო დაცვის ოფიციალური სტატუსი მინიჭებოდა. შედეგად, ძველი თბილისიც შეგვინარჩუნა და იმ დროინდელი ხელისუფლებაც კიდევ ერთი მძიმე ცოდვისგან იხსნა.
ჩემი აზრით, არქიტექტურისა და რესტავრაციის ტოტალური პოლიტიზების მიზეზი ჯერ კიდევ ცოცხალი საბჭოური აზროვნებაა, რაც ჩვეულებრივ ადამიანებზე მეტად ხელისუფლებაში მყოფ პოლიტიკოსებსა და მათ მორჩილ სხვადასხვა დარგის ჩინოვნიკებსა თუ „პროფესიონალებში” უფრო იგრძნობა. ნიშანდობლივია, რომ გარემოს შეცვლაში ისინი ძალიან ჩქარობენ და აქტიურობენ, საზოგადოების სწრაფი განვითარება და კრიტიკა კი ძალიან აწუხებთ და სულ ბუნტი და ღალატი ელანდებათ. პროფესიულად გამართული და დასაბუთებული, მაგრამ საწინააღმდეგო აზრი, თუნდაც ისეთ არაპოლიტიკურ საკითხში, როგორიც ძეგლთა დაცვაა, მათთვის სრულიად მიუღებელია.
ოდესმე ეს მთავრობაც და ძეგლთა დაცვის ახლანდელი სტრუქტურებიც შეიცვლება, მაგრამ მომავალში ვინ აგებს პასუხს თუნდაც სავანის ეკლესიის დაზიანებაზე? ცხადია, მასზე მომუშავე სპეციალისტები თუ თანამდებობის პირები შემდეგ ყველაფერს ახლანდელ ხელისუფლებას მიაწერენ, ისევე როგორც ადრე კომუნისტებს გადააბრალეს საკუთარი უპრინციპობა, უუნარობა და პროფესიული მოუმზადებლობა. ამიტომ, თუ მთავრობას უნდა, რომ ძეგლთა დაცვის თვალსაზრისით მართლაც ეროვნული საქმე გააკეთოს და მომავალი თაობების წინაშეც პირნათლად წარდგეს, რესტავრაციის დარგი სისტემურად სწორად უნდა გამართოს და მაქსიმალურად ეფექტური გახადოს რისკების თავიდან აცილების თვალსაზრისით. დაზიანების სერიოზული საფრთხის ქვეშ მყოფ სავანის ეკლესიას კი დღესვე აღმოუჩინოს რეალური და სათანადო დახმარება.
![]() |
26 გაზის ცივი ომი |
▲ზევით დაბრუნება |
ბიზნესი
ფოტო: REUTERS ©
უდავოა, ევროპის გაზით მოსამარაგებელი გზების დივერსიფიკაციას, რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. ნაბუკოს პროექტი ევროკავშირის საგარეო და ენერგოუსაფრთხოების სტრატეგიების განუყოფელი ნაწილია. ევროპის ბაზრების მაგისტრალური გაზსადენის მეშვეობით, იგი მიზნად ისახავს კასპიისა და შუა აზიის ქვეყნების ბუნებრივი აირის რესურსებზე პირდაპირი წვდომის უზრუნველყოფას. 2006 წლიდან ევროკავშირი დიდ ყურადღებას უთმობს ნაბუკოს პროექტის განვითარებას, რათა შეძლოს აზერბაიჯანის, ყაზახეთის, თურქმენეთის და, შესაძლოა, ირანის, ერაყისა და ეგვიპტის ბუნებრივი აირის დაუბრკოლებელი იმპორტი. 2007 წელს ევროკავშირის ენერგეტიკის კომისიის თავმჯდომარემ, ანდრის პილბეგმა განაცხადა: „ნაბუკოს პროექტი არის [ევროკავშირის] პირველი მცდელობა, გაატაროს საერთო ენერგეტიკული პოლიტიკა, რომლის მიზანია უზრუნველყოს რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირება. ნაბუკოს იდეაა, ევროპას მიაწოდოს გაზი ახალი მომწოდებლებისაგან”.
ნაბუკოს პროექტის მხარდაჭერით, ევროკავშირის მისწრაფება ენერგოუსაფრთხოებისკენ თვალსაჩინოა. ნაბუკოსა და გაზპრომის სამხრეთის ნაკადს შორის ევროპა პირველს ანიჭებს უპირატესობას, მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთის ნაკადი უფრო პერსპექტიული პროექტია, ვიდრე ნაბუკო. განსხვავებით ნაბუკოსგან, სამხრეთის ნაკადს აქვს მშენებლობისათვის აუცილებელი ფულადი რესურსები და, რაც მთავარია, არსებობს ბუნებრივი აირის გარანტირებული მოცულობა, რომლითაც დაიტვირთება გაზპრომის ახალი მაგისტრალი მშენებლობის დასრულების შემდეგ.
ბიზნესკეისი - კონკურენცია ნაბუკოსა და სამხრეთის ნაკადს შორის
პროექტების სავარაუდო ღირებულება:
ნაბუკო - 11-12 მილიარდი აშშ დოლარი
სამხრეთის ნაკადი - 25-30 მილიარდი აშშ დოლარი
კონკურენტებმა უნდა მიიღონ წინასწარი გადაწყვეტილება დიდი მოცულობის ინვესტიციის განხორციელებაზე.
არსებობს კონკურენციის ორი განსხვავებული მიმართულება: კონკურენცია „აპსტრიმზე” - ურთიერთობა ბუნებრივი აირის მომწოდებლებთან და კონკურენცია „დაუნსტრიმზე” - ურთიერთობა მყიდველებთან და ტრანზიტის ქვეყნებთან. გამარჯვების მოსაპოვებლად აუცილებელია უპირატესობა ერთდროულად „აპსტრიმზე” და „დაუნსტრიმზე”. სრული და უპირობო ტრიუმფისთვის ნაბუკომ ან სამხრეთის ნაკადმა უნდა მოიპოვოს
მყარი გარანტიები ბუნებრივი აირის მომწოდებლებისაგან და, ამავე დროს, უზრუნველყოს გრძელვადიანი შეთანხმება მყიდველებთან.
„აპსტრიმზე” სამხრეთის ნაკადის პოზიციები მყარია. გაზპრომმა დადო 15-წლიანი შეთანხმება თურქმენეთთან. კონტრაქტის პირობების მიხედვით, გაზპრომი თანხმდება შეიძინოს თურქმენეთის ბუნებრივი აირი ევროპულ ბაზრებზე დაფიქსირებულ ფასად, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს თურქმენეთსა და ნაბუკოს კონსორციუმს შორის გაზის მოცულობებთან დაკავშირებული შეთანხმების ალბათობას.
გათვლებით, შემდეგი 15 წლის განმავლობაში ბუნებრივი აირის აზერბაიჯანული რესურსის მოცულობა არ იქნება საკმარისი ნაბუკოს მილსადენის ოპერირებისთვის. აზერბაიჯანის შესაძლო წლიური მიწოდება შემოიფარგლება 5 მილიარდი კუბური მეტრით, რაც აუცილებელი წლიური ოდენობის - 20 მილიარდი კუბური მეტრის - მხოლოდ 25%25-ს შეადგენს. ნაბუკო უნდა ეცადოს თურქმენეთში ბუნებრივი აირის მოპოვების ზრდას და ახალი საბადოების განვითარებას. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ თურქმენული რესურსის წვდომისათვის აუცილებელია დამატებითი ინვესტიციები და დამატებითი ტრანსკასპიური მილსადენი. პროგრესი შესამჩნევია - 2010 წლის ივნისში თურქეთის პრემიერ-მინისტრმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ხელი მოაწერეს ბუნებრივი აირის ტრანზიტის ხელშეკრულებას. მოსალოდნელია, რომ ნაბუკოს შემდეგი პარტნიორი მოიძებნება თურქეთის აღმოსავლეთით - ერაყში. აზერბაიჯანული და ერაყული რესურსები საკმარისი იქნება ნაბუკოს პირველი ფაზის ამუშავებისთვის, იმ დაშვებით, რომ პირველი ფაზის მშენებლობა დაიწყება 2011 და დასრულდება 2015 წელს.
თურქმენული და ახალი აზერბაიჯანული რესურსი აუცილებელია ნაბუკოს პროექტის მეორე ფაზის წარმატებისთვისაც. ამ შემთხვევაში, ნაბუკოს გეგმები ეყრდნობა შაჰ დენიზის საბადოების განვითარებასა და თურქმენეთში ბუნებრივი აირის მოპოვების ზრდის პოტენციალს. შარშან თურქმენეთი დათანხმდა, არსებული მოპოვებიდან წლიური 10 მილიარდი კუბური მეტრი ნაბუკოს გამოუყოს, იმ პირობით, რომ აშენდება მაგისტრალი, რომელიც ამ მოცულობის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს. აღსანიშნავია, რომ თურქმენეთი ამჟამად აშენებს წლიური 30 მილიარდი კუბური მეტრის სიმძლავრის მილსადენს, რომელიც დააკავშირებს ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე გაზის რესურსებს და ნაბუკოს მილსადენის 2015 წლამდე ასაშენებელ ტრანსკასპიურ განშტოებას.
„დაუნსტრიმის” საქმეები კარგადაა. ნაბუკო ევროკავშირის პროექტია და, შესაბამისად, სარგებლობს მნიშვნელოვანი პოლიტიკური მხარდაჭერით. ნაბუკოს კონსორციუმის განცხადებით, „საერთაშორისო შეთანხმებით, რომელიც უკვე რატიფიცირებულია ყველა მონაწილე ტრანზიტული ქვეყნის მიერ, ნაბუკო არის [ამ რეგიონში] ერთადერთი პროექტი, რომელსაც აქვს მყარი იურიდიული საფუძველი”.
რუსული მხარე ცდილობს, „დაუნსტრიმთან” დაკავშირებული პრობლემები მოაგვაროს. საკუთარი პროექტის სტრატეგიული პოზიციის გასამყარებლად, გაზპრომის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრ მედვედევმა, ნაბუკოს კონსორციუმის ერთ-ერთ წამყვან წევრს, გერმანულ „რვი”-ს, სამხრეთის ნაკადის პროექტში მონაწილეობა შესთავაზა. „ინფორმაციული ომის ახალი ეტაპი, ნაბუკოს პროექტის შესასუსტებლად” - ასე დაახასიათა მედვედევის სვლა გერმანულმა ბიზნესპრესამ.
12 ივლისს გამოქვეყნებულ პრესრელიზში კომპანია „რვი” იუწყება, რომ „განიხილავს ამ წინადადებას, როგორც ყველა სხვას... ამავე დროს [„რვი”] აცხადებს, რომ ნაბუკოს პროექტი პრიორიტეტულია და საუკეთესოდ შეესაბამება კომპანიის მოთხოვნებს საინვესტიციო პროექტების მიმართ... ნაბუკო არის ერთადერთი კომერციულად საღი ინიციატივა, რომელიც მიმართულია გაზის მიწოდების დივერსიფიკაციისკენ და, ამავე დროს, უზრუნველყოფს ევროპული ბუნებრივი აირის ინდუსტრიის კონკურენტუნარიანობას”.
გერმანული პოლიტიკური და ბიზნეს წრეების მიერ გაზპრომის წინადადება შეფასდა, როგორც კონსორციუმის წევრებს შორის განხეთქილების დათესვის მცდელობა. გერმანიის მთავრობამ არ დააყოვნა უარყოფითი რეაქცია მოსკოვის წინადადებაზე. ანგელა მერკელის წარმომადგენლების განცხადებით, კანცლერი მკაფიოდ გამოხატავს ქვეყნის „პოლიტიკურ მხარდაჭერას ნაბუკოს პროექტის მიმართ” 14-15 ივლისისთვის დაგეგმილ რუსეთ-გერმანიის სამიტზე. აგრეთვე, გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა, რაინერ ბრუდერლემ, რომელიც ხშირად ეწინააღმდეგება სახელმწიფოს ჩარევას კერძო ბიზნესში, მხარი დაუჭირა ნაბუკოს პროექტს.
გაზპრომის წინადადებამ უკუქმედება, ჩაფიქრებულისაგან განსხვავებული შედეგი მიიღო. იმის მაგივრად, რომ შეესუსტებინა ნაბუკოს კონსორციუმი, პირიქით, ევროპული პროექტის ისტორიაში ყველაზე მკაფიო პოლიტიკური მხარდაჭერა გამოიწვია. საინტერესოა, რამდენად ძლიერი იქნება გერმანიისა და ევროკავშირის სხვა ქვეყნების პოლიტიკური ნებისყოფა რამდენიმე თვეში დაგეგმილ შეხვედრაზე, რომელზეც ნაბუკოს დაფინანსების საკითხს განიხილავენ.
![]() |
27 ღირსება გვავალდებულებს! |
▲ზევით დაბრუნება |
ბიძინა ბარათაშვილი|სვეტი
ურუგვაის აღმოსავლეთის რესპუბლიკა - ასე დაარქვეს 175 წლის წინ ბრაზილიის იმპერიისგან გათავისუფლებულ ქვეყანას ჩარუას ინდიელებისა და ბასკურ - იტალიური წარმოშობის ემიგრანტების შთამომავლებმა. დღეს იქ 3,4 მილიონი კაცი ცხოვრობს და ამ მაჩვენებლით იგი მსოფლიოს 223 ქვეყანას შორის 131-ე ადგილზეა. ამაზე მცირერიცხოვანი ერი არათუ მსოფლიო ჩემპიონი არ გამხდარა, ფინალურ ტურნირებშიც კი იშვიათად გასულა (ქუვეითი, იამაიკა, სლოვენია, ტრინიდადი და ტობაგო, ჰოლანდიის ანტილის კუნძულები). ურუგვაი კი 2-2-ჯერ გახდა მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონი, კიდევ 3-ჯერ ითამაშა მუნდიალის 1/2 ფინალი და „კოპა ამერიკაც” სარეკორდოდ (არგენტინასთან ერთად) 14-ჯერ მოუგია! აღარაფერს ვამბობთ უამრავ საკლუბო გამარჯვებასა თუ ცალკეული ურუგვაელი მოთამაშეების პერსონალურ მიღწევებზე...
რად ღირს თუნდაც 1950 წლის ჩემპიონატზე „მარაკანაზე” მოგებული გადამწყვეტი მატჩი ბრაზილიასთან, რომელიც ფეხბურთის ისტორიაში შევიდა და დღემდე უდიდეს გმირობად ითვლება. წელს ურუგვაელებმა, ამ ტრიუმფის 60 წლისთავზე, გამარჯვების გოლის ავტორის ალსედეს ხიგიას ბუცების ასლი ბრინჯაოში ჩამოასხეს და მუზეუმში გამოფინეს. იქვეა მიწერილი მისი სიტყვები: „მსოფლიოში სულ სამმა კაცმა შეძლო 200 000 მყვირალა ბრაზილიელის გაჩუმება - ფრენკ სინატრამ, რომის პაპმა და მე!”
„სელესტემ” ამ ზაფხულს სამხრეთ აფრიკაშიც გაიბრწყინა, უკან ჩამოიტოვა მეზობელი არგენტინა და ბრაზილია, ტოლ-სწორად ეომა ჰოლანდიას და გერმანიას და უდიდესი პატივისცემა დაიმსახურა. დიეგო ფორლანი კი სამართლიანად აღიარეს ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ.
რის ხარჯზე ახერხებენ ურუგვაელ ფეხბურთელთა თაობები ჩვეული დონის შენარჩუნებას? თანდაყოლილი ტექნიკის, ბრძოლისუნარიანობის, პატრიოტიზმისა და საკუთარი ღირსების გრძნობის ხარჯზე!
ნიშანდობლივია, რომ 1936 წლის აგვისტოში, სსრკ-ს თასის პირველ გათამაშებაში, მოსკოვის „სპარტაკის” სტუმრად (6:3) დამმარცხებელ თბილისის დინამოს ჟურნალისტებმა „დიდი ურუგვაელები” შეარქვეს! იმხანად 1930 წლის მსოფლიო ჩემპიონთა თამაში საბჭოელთაგან, ჯაშუშების გარდა, არავის ენახა, მაგრამ ქართველთა შემართებითა და თამაშის ლაღი სტილით აღფრთოვანებულმა სპეციალისტებმა ისინი ლეგენდად ქცეული გუნდის არათუ ტოლად, უფრო მაღლა მდგომადაც კი მიიჩნიეს. და რა ხდება დღეს?!
ურუგვაიზე ვთქვით - 150 000 კაცი მონტევიდეოში 10 დღეს ზეიმობდა წარმატებას...
...მე კი ამასობაში „ბანიკისა” და „ვიტ ჯორჯიას” თამაშს ვუყურებდი...
ზემოთ ურუგვაელთა გამარჯვების ფორმულის უმთავრეს კომპონენტად ღირსების გრძნობა ვახსენე. ჩემმა ძმაკაცმა გია ტუხაშვილმა გულმოკლულმა შეახსენა ლელოს მკითხველებს ქართული კლუბის სლოგანი: „ღირსება გვავალდებულებს!” ბოლო შედეგის ფონზე ეს განსაკუთრებით სასაცილოდ ჟღერს! რას გვავალდებულებს ღირსება?! რომ სახლში 0:6 წავაგოთ არაფრის მაქნის ოსტრაველებთან?! თუ იმას, რომ მათ კაბოვერდელ მცველ ფერნანდო ნევესს, რომელმაც მთელ შარშანდელ სეზონში სამი გოლი გაიტანა, ერთ თამაშში შევასრულებინოთ წლიური ნორმა?!
თუმცა, რა არის გასაკვირი?! როცა გუნდში მეორე მწვრთნელია შედეგზე პასუხისმგებელი, ის იძლევა ინტერვიუებს და ისვე ეწირება წაგებას, მთავარი კი ადგილზე რჩება, ამას ქაოსი ჰქვია!
წააგო ჩემპიონმაც, პრიზიორმა სან მარინოში ფრედ ითამაშა, „დინამოს” ირგვლივ ჭორების მორიგი ტალღა გორდება...
არა მგონია, დღევანდელი ქართული ფეხბურთი ვინმემ შეადაროს ურუგვაულს...
მაინც არ მინდა, ამ სიცხეში პესიმისტურად დავასრულო წერილი და ვინმეს გული მოვუკლა. მით უფრო, რომ დღეს საქართველოს ნაკრებს სათავეში ის კაცი უდგას, ვისთვისაც ღირსება ლოგოზე დაწერილი სლოგანი კი არა, ცხოვრების წესია!
2006 წლის 15 ნოემბერს, ჩემი ქორწინების 20 წლისთავზე, საქართველომ ფორლანიან ურუგვაის 2:0 მოუგო! ჰოდა, როგორც გამოუსწორებელი ოპტიმისტი, ჩემ მეგობარ თემურ ქეცბაიას გუნდის საევროპო წარმატების იმედით გემშვიდობებით!
P.S. თანაც, მომავალ წელს „ვერცხლის ქორწილი” მაქვს...
![]() |
28 უპროგრესო ლეინი, იაფი დიქსონი |
▲ზევით დაბრუნება |
სპორტი
გია ნიჟარაძე
სათამაშო სახეობებში საქართველო მსოფლიო ჩემპიონატზე მხოლოდ მორაგბეებმა წარადგინეს და, 2007-ში ნორმალური დებიუტის მერე, მომავალ წელს მეორედ ითამაშებენ ყველაზე მნიშვნელოვან ტურნირზე. უბრალოდ, ნაკრები ახალ ზელანდიაში ახალი მწვრთნელით ჩავა. საქართველოს რაგბის კავშირის გადაწყვეტილებით, ავსტრალიელი ტიმ ლეინი შოტლანდიელმა რიჩი დიქსონმა შეცვალა.
ლეინი სერიოზული სპეციალისტია. რაგბი იცის და რაგბის სამყაროში იციან. საქართველოს ნაკრებშიც საინტერესო სიახლეები შეიტანა, მაგრამ ქართული მხარე მაინც უკმაყოფილო დარჩა. ტაბულა ლეინს ავსტრალიაში დაუკავშირდა.
ტიმ ლეინი: „ელექტრონული ფოსტით მივიღე შეტყობინება, რომ ნაკრების მწვრთნელი აღარ ვარ. თანამდებობიდან ჩემი გაშვების მთავარი მიზეზი იყო ის, რომ ვერ შევძელი საქართველოში რაგბის განვითარების პროგრამის ამუშავება... ნაკრების საბოლოო შედეგი იყო კარგი, მაგრამ არ იყო ის პროგრესი, რომელსაც თურმე ჩემგან და ჩემი ასისტენტებისგან ითხოვდნენ.
მოთამაშეებთან ნორმალური ურთიერთობა მქონდა. არ არის აუცილებელი, მწვრთნელი და მოთამაშეები მოედნის მიღმა დროს ერთად ატარებდნენ, მეგობრობდნენ. საქართველოს ნაკრების წევრებს პატივს ვცემდი და ბიჭებისგანაც იგივეს ვგრძნობდი.
გული მეტკინა, რომ არ მომცეს ნაკრების მსოფლიო თასზე გაყვანის შანსი. მაქსიმალურად ვცდილობდი, ნაკრების თამაშის სტილი უფრო მრავალფეროვანი ყოფილიყო, მხოლოდ შერკინებაში უპირატესობით არ ვყოფილიყავით ფავორიტები...
ალბათ, ძნელი არ იყო, საქართველოს რაგბის კავშირიდან ვინმეს რომ დაერეკა და ყველაფერზე გვესაუბრა. დარწმუნებული ვარ, ეს გადაწყვეტილება ერთ-ორ დღეში არ მიუღიათ და საქართველოში ჩემი ყოფნის დროსაც შეგვეძლო პრობლემებზე დალაპარაკება. ყველაფრის თუ არა, პრობლემების დიდი ნაწილის მოგვარება, ალბათ, შეიძლებოდა...
ფინანსურად რაღაც ნიუანსებია გასარკვევი. იმედი მაქვს, ყველაფერი მოგვარდება...
როგორ ითამაშებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო თასზე? იმაზე უკეთ, ვიდრე წინა ტურნირზე. ნაკრების თამაში უფრო მრავალფეროვანი გახდა და ბიჭების წარმატება მესიამოვნება. შოტლანდიელზე ვერაფერს ვერ გეტყვით. რაკი დანიშნეს, ალბათ, ენდობიან.”
სამწვრთნელო ცვლილებაზე საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გია ნიჟარაძემაც ისაუბრა.
გია ნიჟარაძე: „პირველ რიგში, ტიმ ლეინს ყველაფრისთვის მადლობას ვუხდი. კარგი პიროვნებაა და მჯერა, რომ თავისი პროფილით წარმატებული იქნება.
ტიმის გაშვების გადაწყვეტილების მიღება ძალიან ძნელი იყო. ამაზე ფიქრი ერთი წლის წინ დავიწყეთ, მაგრამ ლეინს ბევრი ნიუანსის გამოსასწორებლად დრო მაინც მივეცით. სამწუხაროდ, მან პრობლემები ვერ მოაგვარა.
ტიმს, ეროვნული ნაკრების გაწვრთნის გარდა, ასაკობრივი ნაკრებებისთვისაც უნდა მიეხედა და საქართველოში რაგბის განვითარების პროექტიც უნდა აემუშავებინა. ეს მასთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში იყო შეტანილი. ლეინი ბევრ რამეს უფრო მოვალეობის მოხდის მიზნით აკეთებდა. რეგიონებშიც ჩადიოდა, ასაკობრივ ნაკრებებსაც დაჰყვებოდა, მაგრამ თითქმის არ ერთვებოდა სავარჯიშო პროცესში და თუ ერთვებოდა, ყველაფერს ქართველი მწვრთნელებისგან დამოუკიდებლად აკეთებდა.
ძალიან სუსტი ასისტენტები ჰყავდა. არადა, სამწვრთნელო შტაბის შენახვა ქვეყანას ყოველთვიურად 24 000 ევრო უჯდებოდა. პირადად ლეინი 14 000-ს იღებდა. შედარებისთვის - რიჩი დიქსონისა და მისი ხუთი ასისტენტის შენახვა უფრო ნაკლებ თანხასთან იქნება დაკავშირებული. დიქსონი თვეში 8 000 ევროს მიიღებს.
ეროვნულმა ნაკრებმა ლეინის მწვრთნელობის დროს აჩვენა კარგი შედეგი, მაგრამ თამაშში არ იყო პროგრესი, რაც ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი იყო. ნაკრებს წინა მსოფლიო თასზე ნაჩვენები შედეგიც უნდა გაეუმჯობესებინა. ეს ლეინმაც მშვენივრად იცოდა...
ტიმ ლეინი
ლეინი მიიღებს სამი თვის ფინანსურ კომპენსაციას და იმ პრემიალურებს, რაც სახელმწიფომ დააწესა. ფინანსურად ყველა დეტალი მოგვარებულია.”
![]() |
29 მთავარი პასუხის მოლოდინში |
▲ზევით დაბრუნება |
სპორტი
ევროპის საკლუბო ტურნირებში საქართველო წლეულს ოთხი კლუბით წარდგა: ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე რუსთავის ოლიმპი ჩაერთო, უეფა-ს ევროპის ლიგის პირველ შესარჩევში - თბილისის დინამო და ზესტაფონი, ეტაპით გვიან კი - თბილისის ვიტ ჯორჯია. საქართველოს ჩემპიონი ოლიმპი და ქვეყნის თასის მფლობელი ვიტ ჯორჯია პირველივე მეტოქესთან დამარცხდნენ, ზესტაფონმა და დინამომ კი ორ - ორი მოწინააღმდეგე ჩამოიშორეს და მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გააღწიეს.
ყველაფერს თანმიმდევრობით მივყვეთ.
ოლიმპი, როგორც მოსალოდნელი იყო, დამარცხდა. 2007-2008 წლების სეზონის მსგავსად, რუსთაველთათვის ყაზახური ბარიერი ამჯერადაც დაუძლეველი გამოდგა - ქართველი ფეხბურთელები სამი წლის წინ კუშტანაის ასტანასთან განადგურდნენ, ამჯერად კი აკტობესთან შერცხვნენ.
პირველ მატჩში ოლიმპი სტუმრად დამარცხდა 0:2, რუსთავში კი ფრედ - 1:1 ითამაშა. სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ დაიჩივლა ოლიმპის თავკაცმა თემურ მახარაძემ არაობიექტურ მსაჯობაზე და ამის თაობაზე ყაზახთა მწვრთნელს საჯაროდაც უსაყვედურა, რაც, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან დიდი შეცდომაა. რუსთავში ხომ ნათლად გამოჩნდა სტუმართა უპირატესობა (განსაკუთრებით მეორე ტაიმში) და, კაცმა რომ თქვას, არც რუმინელ არბიტრს მოსვლია ისეთი შეცდომები, საბოლოო შედეგზე გავლენას რომ მოახდენდა.
ჩანს, ქართული კლუბების წაგებაში მსაჯი კიდევ დიდხანს იქნება „დამნაშავე”, ჩვენი ფეხბურთელები კი სეზონიდან სეზონამდე იტყვიან, რომ მოგება შეეძლოთ, მაგრამ არ გაუმართლათ.
ჩვენი მხრივ, მხოლოდ იმას ვიტყვით, რაც დავინახეთ: ოლიმპი ევროსეზონისთვის მზად არ აღმოჩნდა. არც კლუბის მესვეურები და არც ფეხბურთელები. პირველებმა არასწორად გათვალეს ყველაფერი, მოთამაშეებს კი ოსტატობა და ფიზიკური მომზადება არ ეყოთ. სამწუხაროა, მაგრამ კვლავ უნდა ვაღიაროთ, რომ ის, რაც საქართველოს პირველობის მოგებას ყოფნის, ევროპაში არასაკმარისია.
ჩემპიონის დარად, საქართველოს თასის მფლობელმაც დაასრულა ევროსეზონი: ვიტ ჯორჯიას მარცხს ჩეხეთის ბანიკთან მხოლოდ წაგებას ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. თბილისელებმა გვიჩვენეს, როგორ არ უნდა ითამაშო ფეხბურთი - შინ ექვსი გოლის გაშვებას მოხერხება უნდა და, სამწუხაროდ, ვიტ ჯორჯიამ ეს შეძლო.
კაცმა რომ თქვას, სხვას რას უნდა ელოდე გუნდისგან, სადაც ფეხბურთელი მწვრთნელს სცემს?!
ცნობისთვის: ერთი გაშვებული გოლიც და ვიტ ჯორჯია ქართული ფეხბურთის ანტირეკორდს გაიმეორებდა - 1999 წლის 16 სექტემბერს, უეფა-ს თასის 1/64 ფინალში, თბილისის ლოკომოტივი ეროვნულზე საბერძნეთის პაოკ-თან 0:7 დამარცხდა. ისე კი, ვიტ ჯორჯიამ მეორედ წააგო შინ ექვსი ბურთის სხვაობით: 2004 წლის 27 ივლისს თბილისელები ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე პოლონეთის ვისლასთან (კრაკოვი) 2:8 შერცხვნენ...
რაც შეეხება ზესტაფონსა და დინამოს, მათ ორი ბარიერი დაძლიეს, თუმცა, სან მარინოს ფაეტანოსთან და სლოვაკეთის დუკლასთან, გნებავთ, ესტონეთის ფლორასთან და შვედეთის გეფლესთან გამარჯვება თავმოყვარე გუნდს ძნელად თუ დააკმაყოფილებს. ხსენებულ მეტოქეებთან წაგება უფრო ძნელია, ვიდრე მოგება. ასე რომ, მიღწეულით ტკბობას და სადღეგრძელოებს ისევ მომავალი პაექრობისთვის სათანადოდ მომზადება სჯობს.
დინამო - გეფლე, თბილისელებმა შვედებს ორივე შეხვედრაში 2:1 მოუგეს
ზესტაფონს 29 ივლისს უკრაინის კარპატი ელის, თბილისის დინამოს - ავსტრიის შტურმი.
5 აგვისტოს საპასუხო თამაშების შემდეგ, იმედია, ორივე თუ არა, ერთი ქართული კლუბი მაინც იასპარეზებს პლეი-ოფში. იქ უკვე ისეთი მეტოქეები იქნებიან, პლუსსა და მინუსს ზედმიწევნით კარგად რომ დაგანახებენ.
აი, მაშინ კი იმასაც მივხვდებით, წინ წავიწიეთ თუ კვლავ ერთ ადგილს ვტკეპნით.
![]() |
30 ყველაზე მოსაწყენი ესპანეთი დაკეთილი ვან ბომელი |
▲ზევით დაბრუნება |
სამხრეთ აფრიკა 2010|სპორტი
სამხრეთ აფრიკის მსოფლიო ჩემპიონატი უკვე ისტორიაა. ესპანეთმა პლეი-ოფში ყველა „ნაკლები დასვა”, ბლატერმა მანდელას 1972 წლის ოლიმპიადის საათი თავის ფასში აყიდინა, ლიპიმ ვერ გაიხსენა, რისთვის ჩავიდა ტურნირზე და გვარდიოლას იდეებმა ესპანეთს ჩემპიონატი მოაგებინა. პრინციპში, სხვა საინტერესო ამბების გახსენებაც შეიძლება.
Fair Play: მარკ ვან ბომელი
შემთხვევით გაუხეთქა წარბი ჰონდას, შემთხვევით გაარტყა სახეში მუხლი კიაერს, შემთხვევით დალეწა ვარჯიშზე უკვე დალეწილი ჰუნტელაარი და ნახევარფინალამდე ყვითელი ბარათი არ მიუღია. ფინალში კინაღამ დაუმთავრა კარიერა ინიესტას და კინაღამ მსოფლიო ჩემპიონი გახდა. მიუნხენში კითხულობს ლექციებს თემაზე „გავუფრთხილდეთ ფეხბურთელების კარიერას”.
საუკეთესო მეკარე: რობერტ გრინი (ინგლისი)
ორ ძელს შუა დგას პერსონა, რომელსაც (ალბათ) ბურთის მოგერიება ევალება. ძალიან ძნელია, 90 წუთში გააკეთო ორი სერიოზული სეივი, სამჯერ დალიო წყალი, ორჯერ გადააფურთხო და გოლი შეაგდო. მერე რა, თუ საკუთარ კარში შეაგდებ, გოლი გოლია. ბობი გრინმა ამერიკელებთან ყველაფერი მოასწრო და სკოტი პიპენის აუზიდან გამოშვებული ბურთიც გაუშვა. კაპელომ გრინს მადლობა გადაუხადა და შემდეგ ჩემპიონატამდე ნაკრების PR მენეჯერად დანიშნა. ოღონდ კარში არ ჩადგეს და...
ჰარი კიუელის სახელობის ჯილდო საუკეთესო მეოთხეხარისხოვანი როლისთვის: დავიდ სილვა
ესპანეთი ჩილეს უგებდა და 81 წუთია გასული. დავიდ სილვა მოედანზე შესასვლელად ემზადება. ესპანეთი ჩილეს უგებს და 85 წუთია გასული. დავიდ სილვა ემზადება. ესპანეთმა ჩილეს მოუგო და 93 წუთი გავიდა. დავიდ სილვა ემზადება. დაიწყო ბრიფინგი. დავიდ სილვა მზად არის. დელ ბოსკემ სილვა ბრიფინგისთ ვის მოამზადა. გე-ნი-ო-სი!
ყველაზე მოსაწყენი გუნდი: ესპანეთი
ტურნირამდე ესპანეთი ფავორიტი იყო. ტურნირის დროს ესპანეთი ფავორიტი იყო. ტურნირის დროს ესპანეთი ბლატერის ფავორიტიც იყო. ტურნირი ესპანეთმა მოიგო. ყველამ ყველაფერი წინასწარ იცოდა და ყველამ მოიწყინა.
საუკეთესო გუნდი: ახალი ზელანდია
ესპანეთმა წააგო შვეიცარიასთან, ჰოლანდიამ წააგო ესპანეთთან, არგენტინამ წააგო მარადონასთან, ბრაზილიას მოუგო რიკარდო მელომ. ზელანდია იყო ერთადერთი გუნდი, რომელსაც ტურნირზე არ წაუგია. ბლატერმა რაღაცა ვერ გათვალა. აეროპორტში ზელანდიას ჯონა ლომუ, ოთხი კოალა და მეთიუ მერთენსის დედა დახვდნენ. ALL BLACKS!!!
ტურნირის აღმოჩენა: დიეგო
ფორლანი MVP გახდა, მილიტომ სამჯერ გაიცინა, გოდინმა ორი ტრავმა მიიღო, მარადონამ „პოსლეზე” ჰუგო ბოსის კოსტიუმი დაირტყა, ლუგანომ ინგლისურად დამშვიდობება ისწავლა, პოცომ მარადონას ნახმარი iPhone 4 აყიდინა.
ტურნირის იმედგაცრუება: რიგობერტ სონგი
კამერუნელი ორჯერ ვერ გააფრთხილეს და მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე ბარათიან პერსონად ზინედინ ზიდანი დარჩა. სამხრეთ აფრიკაში საქართველოსთან ტესტში უინიციატივო ფეხბურთის გამო თითქმის არ ათამაშეს.
ბომბარდირი: პოლი, რვა ფეხა
ფორლანი -5, მიულერი -5, ვილია -5, სნეიდერი -4+ მელო, პოლი -8. აკვარიუმის ილუზიონისტმა რვაჯერ შეაგდო, ბლატერმა ნაღდი თასი პოლს მისცა, კასილიასს დუბლიკატი აჩუქეს და ჯესი კაბილთან ერთად „ილუზიონისტ 2” - ში ედვარდ ნორტონს პოლი შეცვლის. ლას ვეგასის Water World-ში გაიხსნა ტოტალიზატორი PaulBet.
![]() |
31 სამხრეთ აფრიკა 2010: ტაბულას სიმბოლური ანტინაკრები 4-4-2 |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
32 Deus ex machina |
▲ზევით დაბრუნება |
ზაზა ბურჭულაძე|სვეტი
რაც დასაშვებია იუპიტერისთვის, დაუშვებელია ხარისთვის.
ხუთშაბათ საღამოს შატილში - მუცოს ხეობაში - საშინელი ავტოკატასტროფა მოხდა. ათიდან შვიდი მგზავრი დაიღუპა. მათ შორის, ორი ბავშვი - ორი წლის და ორი თვის! ტელეკომპანია „იმედის” ცნობით, მანქანა სოფელ ხონეს სალოცავიდან მოდიოდა. კადრშიც კი აჩვენეს, რომ დაჭეჭყილი შავი „ლენდკრუზერი” ნაკურთხი იყო. ამის ნიშნად მანქანას უკანა სანომრე ნიშნის გვერდით წრეში ჩასმული „ბრენდირებული” ჯვარი ჰქონდა მიკრული.
ასეთი რამის შემდეგ ძნელია, არ დაფიქრდე ისეთ მოვლენაზე, როგორიცაა ნაკურთხი მანქანა. უარეს შემთხვევაში დავუშვათ, რომ რამდენიმე მგზავრი მართლაც იმსახურებდა შატილში მსგავს სიკვდილს. მაგრამ, პირადად მე, მაქვს შეკითხვა, ისეთი რა დააშავა ორი წლის ბავშვმა ან, მით უფრო, ორი თვისამ, რომ ჯერ ხევში გადაიჩეხა, შემდეგ მისი გვამი მდინარემ წაიღო და მაშველები აქამდე ამაოდ ეძებენ? არ მივიღებ პასუხს, რომ მსგავსი შემთხვევები ხშირად და ყოველ ნაბიჯზე ხდება და აქ ღვთის ნება და ზეციური მართლმსაჯულება არაფერ შუაშია. მაშ, რა საჭიროა მანქანის კურთხევა? მართლა მაინტერესებს, რითი განსხვავდება ნაკურთხი მანქანა არანაკურთხისგან? იქნებ განსაკუთრებულ შემთხვევებში უკეთ მანევრირებს? უფრო საიმედოდ მუშაობს ბორტკომპიუტერი? შეიძლება კურთხევის შემდეგ დამცავი ბალიშები უმჯობესდება? რას ნიშნავს მანქანის ბორტზე მიკრული ჯვარი? ზეციურ სადაზღვევო მომსახურებას ხომ არ გულისხმობს?
ვინც ერთხელ მაინც გაცნობია ქართულ ყვითელ პრესას, უთუოდ შეამჩნევდა რუბრიკას „შეკითხვები მოძღვარს”. ჭეშმარიტად საოცარია, როცა აღმოაჩენ, სადამდე შეიძლება მივიდეს ადამიანის ცნობისმოყვარეობა. რას აღარ ეკითხებიან სულიერ მამას! მაგრამ შეკითხვები იმდენად საინტერესო არაა, რამდენადაც პასუხები. თან, მიაქციეთ ყურადღება, რომ მოძღვარსყველაფერზე აქვს პასუხი, იგი ყოვლისმცოდნეა, დამალულის მხილველი და დაფარულის ცხადმყოფი. გავანებოთ იმას თავი, რომ ხშირად მათი პასუხები, რბილად რომ ვთქვათ, ღიმილის მომგვრელია. სათანადოდ თუ ჩაუკვირდები, აღმოაჩენ, რომ ეს ბრძენი მამები მხოლოდ მედიატორები არიან, თან სულ რაღაცნაირად იცილებენ პასუხისმგებლობას და ყველაფერს ღვთის ნებას მიაწერენ. ჰოდა, იქნებ ამიხსნას რომელიმე მოძღვარმა, რით განსხვავდება ნაკურთხი მანქანა არანაკურთხისგან? იქნებ მანქანის კურთხევა ზეციური აცრასავითაა, რომელიც ბოროტისგან და ავის თვალისგან იცავს, მე კი ამის შესახებ არაფერი ვიცი და ჭურში ვზივარ? იქნებ კურთხევის შემდეგ ჩვეულებრივი მანქანა არაჩვეულებრივად იქცევა, ანუ უბრალო მანქანა (machina) ხდება ერთგვარი ღმერთი მანქანიდან (Deus ex machina)?
დღის განმავლობაში ხშირად ვხედავ ნაკურთხ მანქანებს, რომლებიც ისევე არღვევენ მოძრაობის წესებს, ისევე არ ჩერდებიან წითელ შუქნიშანზე, ისევე ქმნიან ავარიულ სიტუაციებს, ისევე აჭარბებენ დასაშვებ სიჩქარეს და, საერთოდაც, ისეთივე გამონაბოლქვი აქვთ და ისევე აბინძურებენ გარემოს, როგორც არანაკურთხები. გასაგებია, რომ მოცემულ შემთხვევაში მთავარია არა მანქანა, არამედ ის, ვინც მანქანას მართავს. მოძღვარს ესეც მინდა ვიკითხო, რა უპირატესობა აქვს ნაკურთხი მანქანის მძღოლს არანაკურთხი მანქანის მძღოლთან? შეიძლება ნაკურთხი მანქანის მძღოლები სინამდვილეში ღვთის მხედრები არიან და მათთვის დასაშვებია ის, რაც არაა დასაშვები, ვთქვათ, ჩემთვის ანუ უბრალო მოკვდავისთვის?
დაბოლოს, თუ ძნელია ზევით დასმულ შეკითხვებზე პასუხის გაცემა, ამაზე მაინც მიპასუხოს მოძღვარმა, არის თუ არა რამე კავშირში მანქანის ბორტზე დაკრული ჯვარი მესამე მცნებასთან, რომელიც ამბობს: „არა მოიღო სახელი უფლისა ღვთისა შენისა ამაოსა ზედა”?
![]() |
33 შავი ზღვის ჯაზი |
▲ზევით დაბრუნება |
კულტურა
15 - 18 ივლისს, კომპანია ისთერნ პრომოუშენის ორგანიზებით, ბათუმში შავი ზღვის მეოთხე ჯაზფესტივალი გაიმართა.
როი ჰარგროუმ ორი სხვადასხვა პროექტით მსმენელს დაუვიწყარი საღამოები აჩუქა
მაიკ სტერნი
ლენი სტელვორსი და რენე ნოიფვილი. RH Factor
როი ჰარგროუ, ჯეისონ მარშალი და ბრიუს უილიამსი. RH Factor
კრის მინ დოკი და რენდი ბრეკერი. MIKE STERN BAND
როი ჰარგროუ
ჯონათან ბატისტე და ბრიუს უილიამსი. RH Factor
მონტეზ კოულმენი. ROY HARGROVE QUINTET
გიორგი მიქაძე
ფოტო: დიმა ჩიკვაიძე, ალექსანდრე ბაგრატიონ-დავითაშვილი
![]() |
34 ევროინტეგრაცია ფოტოგრაფიაში |
▲ზევით დაბრუნება |
კულტურა
ამ დღეებში ინტერნეტსივრცის არტსაიტებზე ძალიან მხიარული სტიკერი გამოჩნდა - ვარდისფერი მარტორქა მწვანე რქით, ცისფერ ფონზე. წელს მსოფლიოში ცნობილ არლის საერთაშორისო ფოტოფესტივალის სიმბოლო სწორედ ეს მარტივი, კრეატიული და აბსურდული გრაფიკაა, ხაზგასმულად არაფრით რომ არ უკავშირდება ფოტოგრაფიას და ჩარჩოებში რომ არ აქცევს დამთვალიერებელსა თუ მონაწილეებს. ერთი სიტყვით, ეს არის სტიკერი, რომელიც თავიდანვე გეუბნება - ზაფხულის ამ ცხელ დღეებში უნდა დატკბე სამხრეთ საფრანგეთის ამ პატარა, მაგრამ მსოფლიოში ცნობილი ადგილით და თვალი შეავლო მსოფლიო ფოტოგრაფიის უახლეს შედევრებს.
არლის ფესტივალი. 2010
ფოტო: ბესო დარჩია
ფოტო: ნიკო ტარიელაშვილი
ფესტივალის რუკაზე, პირველ რიგში, ქართველ ფოტოგრაფთა დისლოკაციის ადგილს ვეძებთ. აი, ისინიც: მათი საგამოფენო სივრცე Place de la Major-ია და ტერიტორიულად საკმაოდ ახლოსაა არლის ცნობილ ცენტრთან - რომაული პერიოდის ამფითეატრთან.
თანამედროვე ქართული ფოტოგრაფია არლში ევროპის სახლის ინსტიტუციის ეგიდითაა წარდგენილი: - ბესო უზნაძის, ირინა აბჟანდაძის, მარიკა ამურველაშვილის, დათო მესხის ნამუშევრებია. ტაბულას კი ფოტოგრაფების - ნიკო ტარიელაშვილის, ალექსანდრე ბაგრატიონისა და ბესო დარჩიას ნამუშევრები წარმოადგენს.
ფესტივალის რუკაზე 60-მდე ექსპოზიციაა. ტაბულას გვერდით ნახავთ ისეთ ცნობილ გამოცემებსა თუ სააგენტოებს, როგორებიცაა Elle, World Press Photo, Styles, Arte TV, Geo Magazine, Reuters, Monde, Liberation… სხვათა შორის, ამ უკანასკნელის (Liberation) ფოტოგრაფი და სააგენტო Myor-ის დამფუძნებელი ლიონელ შარიე საქართველოს ევროპული სახლის ერთ-ერთი დამფუძნებელიცაა.
- „ლიონელი პირველად 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, როგორც ფოტოგრაფი, ისე ჩამოვიდა საქართველოში. ერთ წელში კი, მან არლის ფოტოფესტივალზე წარადგინა „თბილისის ფოტოგრაფიის სახლის” ჟურნალ Photo-ს სპეციალური ნომერი, რომელიც მთლიანად აგვისტოს ომს ეძღვნებოდა. შარშანდელ არლის ფესტივალზევე დააჯილდოეს სააგენტო Magnum-ის მიერ აღიარებული საუკეთესო სამხრეთკავკასიელი ფოტოგრაფები - რენა ეფენდი (აზერბაიჯანი), დარო სულაკაური (საქართველო) და კარენ მირზოიანი (სომხეთი). შარშანდელ პარტნიორობას არლის ფესტივალთან კი წელს, მაისში, ამ ფესტივალის ყველაზე საინტერესო და პოპულარული პროგრამის - „არლის ღამეების” თბილისში ჩამოტანა მოჰყვა,” - ამბობს თბილისში „არლის ღამეების” კოორდინატორი ირმა ინარიძე და თან არლის წლევანდელი ფესტივალისუკანასკნელ ამბებს გვაწვდის - „ფესტივალის დირექტორი განსაკუთრებით დაინტერესებულია ირინა აბჟანდაძის ფოტოსერიით „ძალადობის მსხვერპლი”, რომელიც საქართველოში 1990-იანი წლების ბოლოს მომხდარ მოვლენებს ასახავს”.
არლში, ფესტივალის მიწვევით იყვნენ ფოტოგრაფიის სახლის წარმომადგენლები, ფოტოგრაფები ნესტან ნიჟარაძე და გურამ წიბახაშვილი. ფესტივალზე ქართველი ფოტოგრაფების გამოჩენა არც ფრანგულ პრესას დარჩა შეუმჩნეველი - Liberation სპეციალურ ვრცელ მასალას ამზადებს თანამედროვე ქართულ ფოტოგრაფიაზე და ყურადღებას ამახვილებს ბესო უზნაძის ფოტოსერიაზე Don't wake me.
„ტაბულას ფოტოგრაფები აქ ქართული ფოტოგრაფიის ახალ თაობას წარმოადგენენ ახალი ხედვით, დინამიკითა თუ ახალი სიუჟეტებით. მთლიანობაში ქართული ექსპოზიცია შესანიშნავად ჩაჯდა არლში წარმოდგენილი მსოფლიო ფოტოგრაფიის ერთიან სივრცეში”, - საფრანგეთიდან გვეხმაურება ნესტან ნიჟარაძე.
ფოტო: ალექსანდრე ბაგრატიონ-დავითაშვილი
არლის ფოტოფესტივალი ჯერ მხოლოდ ძალებს იკრებს. ის 10 კვირას გრძელდება და მრავალფეროვანია თავისი პროგრამებითა და ვორკშოპებით. ელიტურობით ის კანისა და ავინიონის ფესტივალებს უტოლდება, ოღონდ, კინოსა და თეატრის ნაცვლად, აქ ფოტოგრაფია ბატონობს არტკრიტიკოსების, ფოტოგრაფების, გალერისტების, კურატორებისა და უამრავი ტურისტის თანხლებით.
![]() |
35 ლიტერატურული არდადეგები |
▲ზევით დაბრუნება |
კულტურა|ლიტერატურა
ელექტრონული რევოლუციისა და „ფენინაგის ქელეხის“ მოლოდინში
გიორგი კეკელიძე
ზაფხულში წიგნებს სცხელათ. გამომცემლებს, ავტორებსაც. ამიტომ ზაფხული აქაც „მკვდარი სეზონია”, თუ არდადეგებზე წასაკითხად წაღებულ რომანს არ ჩავთვლით, რომელიც უკან წაუკითხავი და შელახულ-გალახული ბრუნდება.
წელს კი ასეთი ამბები მოხდა:
გამოვიდა რამდენიმე საინტერესო რომანი, ერთი-ორი ლექსების კრებული და უფრო მეტი თარგმანი. ესე ყოველნი მერე კონკურს „საბაზე” დაფასდნენ ან არ დაფასდნენ, რასაც მოჰყვა კრიტიკული წერილები და ტრადიციული მითქმა-მოთქმა.
ზაზა ბურჭულაძის adibas-ს ჟურნალ „ლიტერატურის” მთელი ნომერი მიეძღვნა სამი სახელგანსმენილი კრიტიკოსის სტატიით, ზვიად რატიანის „ნეგატივი” ლამის ერთხმად შეფასდა წლის პოეტურ კრებულად, ზურაბ ლეჟავამ ახალი სული ჩაბერა ქართულ მოთხრობას, ნაირა გელაშვილმა უკან მიგვახედა, ლაშა ბუღაძემ სამწერლო ქვაბში ჩაგვახედა, დავით ქართველიშვილმა პროზისა და საკუთარი თავის შესახებ მოგვითხრო, ზურაბ ქარუმიძემ სიტყვებით დაგვიკრა ჯაზი.
კატულუსით დაწყებული და უელბეკით დამთავრებული, მართლაც საინტერესო და მნიშვნელოვანი წიგნები ითარგმნა.
სხვა რა - ერეკლე დეისაძის გახმაურებული „საიდუმლო სირობა” იყო, მმკ-ის აქციებითა და გაქცეული გულაშვილით. თუმცა, აქ, ალბათ, ტექსტის წაკითხვამდე საქმე არ მისულა, უმეტესისთვის სათაური იყო ჯერ თვალში და მერე თავშისაცემი.
წლეულს ერთი ამბავი გახლდათ შესამჩნევი - ჟურნალებს სიმბოლურ ფასად დართული კლასიკოსთა წიგნები. „გზის” ეს საინტერესო ინიციატივა ცოტა ხანში ლამის მთელმა ყვითელმა ლეგიონმა აიტაცა და ამ ბოლო დროს რამდენიმე ისეთი უცხოელი ავტორიც კი შევნიშნე, რომელთა საავტორო უფლებებზე გამომცემელთა მოლაპარაკების ამბავში ცოტა ეჭვი შემეპარა. ბერნის კონვენციის მადლმა ქნას - ვცდებოდე. ისე, ისეთი ტემპით მივდივართ, მალე ჩვენებურ გამოცემა „ოსკარს” ჯოისის „ფენიგანის ქელეხი” თუ არ მოჰყვეს, თავი მომჭერით.
მომძლავრდნენ ელექტრონული პორტალები (lib. ge./ literatura.ge. /burusi.wordpress.com/ litsakhelebi.ge/ arili2.blogspot.com/ და ა.შ.). ამ საიტებს ყოველდღე ერთობლივად 10000-ზე მეტი მომხმარებელი სტუმრობს.არის თუ არა ეს რევოლუცია, ხვალ-ზეგ მოგახსენებთ, მაგრამ ფაქტია და ხმამაღლა სათქმელი - ტრადიციულ მედიებში მიჩქმალულ შემოქმედს ამდენი მკითხველი აღარსად ჰყავს. ბუნებრივია, საავტორო უფლებების საკითხი აქაც ვერაა სასურველ ფორმაში, მაგრამ, სფეროს მეტი კომერციალიზაციის შემთხვევაში, ალბათ ეს საქმე დარეგულირდება. ყოველ შემთხვევაში, არგუმენტმა - მონიტორი თვალებს მატკივებს და მეტასტაზებს მიჩენს, უკანა პლანზე გადაინაცვლა. ამ კუთხით კიდევ ერთი საინტერესო ფენომენი მკვიდრდება. ეს სოციალური ქსელია, სადაც მკითხველთან უშუალო პოლემიკაში ავტორიც ჩაერთო.
მოკლედ, წლეულს ასეთი იყო ჩვენი, ლიტერატორების საქმე.
უფრო ვრცლად და ბარაქიანად, იმედი მაქვს, მომავალ წელს იქნება. მაშინ უფრო მეტს მოგიყვებით.
![]() |
36 L'Accent Français par excellence |
▲ზევით დაბრუნება |
რესტო|გურმანი
ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი
ფრანგული აქცენტი - ღვინის ბარი
აბანოს 11, თბილისი 0105
უბანი: აბანოთუბანი
ტელ: 72 08 88, 72 08 89
სამზარეულო: ფრანგული, ევროპული
საათები: ყოველდღე, 12-24
ბარათები: მიიღება, ამერიკან ექსპრესის გამოკლებით
ფასი: 140 ლ - 3200 ლ (სადილი ორ კაცზე, ღვინით და სერვისის ჩათვლით)
პარკინგი: აბანოს ქუჩაზე, რესტორნის წინ
www.laccent-francais.fr
ორიოდე თვის წინ აბანოს ქუჩაზე, სუვენირების მაღაზიის გვერდით მდებარე შენობის კარზე გაკრულ წარწერას მოვკარი თვალი: „გვესაჭიროება დამლაგებელი, 25-40 წლამდე”. ცოტა არ იყოს, მეუცნაურა. თბილისში, განსაკუთრებით აბანოთუბანში, დამლაგებელს ასე არ ეძებენ, მოგეხსენებათ. აქ რამე უცხო და ახალი ხომ არ ცხვება-მეთქი, ჩემთვის გავიფიქრე. თურმე ნუ იტყვი.
ჯერ სათაური მომწონს. არა იმის გამო, რომ, ლაქსან ფრანსე ანფრანსე ფრანგულად ლამაზად ჟღერს; უფრო იმიტომ, რომ ზუსტად შეესატყვისება იმ ატმოსფეროს, რაც ამ ღვინის ბარშია, ფრანგული ღვინისა და სამზარეულოს საუკეთესო გაგებით. თუმცა, სასიამოვნო გარემოს აქ მომუშავე ადამიანები ქმნიან და არა დეკორატიული ელემენტები. ამ უკანასკნელს რაც შეეხება, ბარემ აქვე ვიტყვი, რომ ერთადერთი, რაც აქ არ მომწონს, სტერილური ევრორემონტია, ღია ფერის კედლებით, მინის კარადებში გამოკეტილი ღვინის ბოთლებითა და ატრიბუტიკით. პრიალა იატაკზეც არ ვგიჟდები. სიტუაციას ვერც იასამნისფერი ბრები და არც სპილოსძვლისფერი ავეჯი ეხმარება მაინცდამაინც. იმის თქმა კი არ მინდა, კედლებზე რობერტ დუასნოს პარიზული ფოტოესკიზები ან ასე გაცვეთილი ტულუზ ლოტრეკის აფიშები რომ ეკიდოს, აქაურობა უფრო ფრანგული იქნებოდა. არა. გარემო აშკარად ვერ ეხმიანება იმ ღირსებას, რაც აქსანფრანსეს სომელიემ - სტეფან პატრიმ და შეფ-მზარეულმა გილიან ბერნარმა აქაურობას შესძინეს. მიხვდებოდით, ორივე ფრანგია.
ლაქსან ფრანსეს შეფ-მზარეული გილიან პატრი და სომელიე სტეფან პატრი
ლაქსან ფრანსეში ღვინის გარშემო ვტრიალებთ, ოღონდ მხოლოდ ფრანგულის და, ცხადია, სხვანაირად. თამამად და პირდაპირ შეიძლება ითქვას: ეს ბარი თბილისში ყველაზე მრავალფეროვანი და ძვირად ღირებულიენოლოგიური დაწესებულებაა. სამზარეულო მხოლოდ ღვინის ატრიბუტი, აკომპანემენტია და მენიუ ტაპასის მცირე ულუფებით განისაზღვრება. პროვიზია ყოველკვირეულად მოედინება საფრანგეთიდან და ფურცელზე ამობეჭდილი მენიუც მუდმივ ცვლილებებს განიცდის. ტაპასი, თქვენი არჩევანის მიხედვით, ოთხნაჭრიანი ან ექვსნაჭრიანია, მზარეულის არჩევანი - მრავალფეროვანი და თავისუფალი, ყოველი ნაჭერი რუდუნებით მომზადებული.
სხვანაირად არც შეიძლება: Foie Gras - ბატის ღვიძლის პაშტეტი (16 ლ, აქ და შემდგომ ოთხი ნაჭრის ფასით) ლეღვის პურის ნაჭერზე, ღვინოში დავარგებული მარილის წითელი, მსხვილი კრისტალებით დასრულებული. თევზეულიდან ზუთხის კარპაჩო პესტოთი (12 ლ.) ან საოცრად გემრიელი პასტისის (ანისულის მადისაღმძვრელი ნაყენი) სოუსში შემწვარი მსხვილი კრევეტები (13 ლ). თევზეულს, ძეხვეულსა და ყველეულს შორის ლოკოკინას ერთი კერძიც გახლავთ გამორეული, სპეციალური შიგთავსით (12ლ). დესერტიდან Crème Brulée (12ლ.) - ზედაპირმომწვარი კრემი ჰარმონიულად იყო ორკესტრირებული და თუ ჩემს კვალს დაადექით, აქეთ მოხვდით და იგივე მენიუ დაგხვდათ, იქნებ ლიმონისა და პიტნის ჩისქეიქიც (11ლ) დააგემოვნოთ, ერთი ჩემს მაგივრად.
ისეთ ნამუშევარზე, როგორიც ლაქსან ფრანსეს ათგვერდიანი ღვინის ბარათია, ძნელია, ორი სიტყვით რაიმე ღირებული თქვა, თუმცა, რა გაეწყობა. სტეფან პატრის მიერ მოწყობილ ღვინის სარდაფში (ხრეშნაყარი იატაკით) ნამდვილი განძი ვარგდება: აქ 200-მდე დასახელების ფრანგული ღვინო ინახება; სარდაფი ჯერ მხოლოდ ივსება.
ღვინის ბარათი Devaux-ის შამპანურების მაგნუმებით (1.5-ლიტრიანი ბოთლი) იხსნება და უმაღლესი კატეგორიისpremier cru-ს ღვინოებით გრძელდება (cru - საკლასიფიკაციო წარწერაა და მხოლოდ უმაღლესი ხარისხის აპელასიონის ღვინოებზე გვხვდება). ასე, მაგალითად, ბორდოული წითელი Château Cheval Blanc - 3,193 ლარად. ბარათს პოპულარული, ადგილობრივი ღვინოები (vins de pays) ასრულებს. მაგალითად, Vin de Pays d'Oc (37 ლ). ამათ შორის საფრანგეთის მეღვინეობის თითქმის აპელასიონია წარმოდგენილი: ბორდო თუ ბურგუნდია, რონის ნაპირები, ალზასი. ჩვენ ლუარას ხეობის თეთრი სოვინიონისგან დაწურული Pouilly Fumé, Pascal Jolivet 2006 - 89 ლ. დავაჭაშნიკეთ. მსუბუქად მინერალური ღვინოა, სასიამოვნოდ მსუსხავი დაჟანგების ტონებით და სავსე, პოლიფონიური დაბოლოებით. რეზულტატი გემრიელი და მაცოცხლებელია. ძალიან მოუხდა კრევეტებს. მოუხდება ზუთხის კარპაჩოსაც.
უდავოა, ღვინის ბარი განსაკუთრებულია, აქ მიღებული გამოცდილება - ღირსშესანიშნავი, ფინალი - ამამაღლებელი. აქ მოხვედრილმა ღვინის მოყვარულმა, შესაძლოა, ღვინის გასინჯვა ჭიქით იმიტომაც მოინდომოს, რომ, რაც შეიძლება, მეტ ჭაშნიკს გაუგოს გემო. თუმცა, არ გირჩევთ: ერთი ჭიქის ფასი 20 ლარიდან იწყება და ორი ჭიქა უკვე ხარჯია. ამიტომ, უმჯობესია, შედარებით დაბალფასიანი* (ბუნებრივია, აქაური საზომით) ჩამოსხმა დააჭაშნიკოთ და აქ ყოფნის სიამოვნება ამგვარად გაიხანგრძლივოთ. სიამოვნება კი უსასრულოა, თქვენს ხარჯსა და არჩევანზე დამოკიდებული.
ყველა ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი
* შედარებით ხელმისაწვდომი ჩამოსხმებიდან სტეფან პატრი რონის ნაპირების აპელასიონის - Muscadet, Domaine du Val Fleuri-ს ან ლუარას ხეობის აპელასიონის Cote du Rhône „les Abeilles”, Jean Luc Colombo-ს გირჩევთ. თუმცა, უმჯობესია, თავად დაეკითხოთ. ყველაფერზე ეტყობა, რომ თავის საქმეს დიდი მოწიწებითა და სიყვარულით ეკიდება და საკუთარი გამოცდილების გაზიარება სიამოვნებას ანიჭებს. ასე რომ, არ დაგზარდებათ.
![]() |
37 ორაგული ლიმონის სოუსით |
▲ზევით დაბრუნება |
გურმანი|რეცეპტი
შეფ-მზარეული
ქეთი ბაქრაძე
2 ულუფა
მასალა:
2 ნაჭერი ორაგულის ფილე
2 ლიმონი
100 გრ. თეთრი ღვინო
50 გრ. ზეითუნის ზეთი
მარილი
თეთრი პილპილი
ჯამში: 20 ლარი
მომზადების წესი:
ორაგულს მოასხით 50 გრ. ზეითუნის ზეთი, 1 ლიმონის წვენი და 100 გრ. თეთრი ღვინო. მოაყარეთ მარილი და თეთრი პილპილი. გააჩერეთ 10 წუთი.
გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსზე. აიღეთ საცხობი ქაღალდი და გამოჭერით მრგვლად, დაადეთ ორაგული და მოასხით წვენი, რომელშიც თევზი იყო მოთავსებული.
დაჭერით ლიმონი და 3 ნაჭერი დაადეთ თევზს ზემოდან. გაახვიეთ საცხობ ქაღალდში და აცხვეთ ღუმელში 15 წუთი.
ჯამში: 20 ლარი
ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი
მასალა შეგიძლიათ შეიძინოთ სუპერმარკეტში:
პოპული (ვეკუას ქ. 3 ტელ. 24 46 35),
ჯორჯიტა (წერეთლის ქ. 116 ტელ. 35 71 73) ,
გუდვილი (ჭავჭავაძის გამზირი 34 ტელ. 24 33 02 / 03).