The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ტაბულა №32


ტაბულა №32


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: თარგამაძე გიორგი, ჯაფარიძე ზურა, ბენდუქიძე კახა, თოდუა მაია, ოდილავაძე ზურაბ, ბარათაშვილი ბიძინა, ბურჭულაძე ზაზა, ფალავანდიშვილი გეგა, კეკელიძე გიორგი, გიორგობიანი ქეთო, ცანგარი ათინა, თომასი სომერ
თემატური კატალოგი ტაბულა
საავტორო უფლებები: © თამარ ჩერგოლეიშვილი
თარიღი: 2010
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: 2010|15 - 21 ნოემბერი მთავარი რედაქტორი: თამარ ჩერგოლეიშვილი/აღმასრულებელი რედაქტორები: ნინი გოგიბერიძე, სალომე კიკალეიშვილი/რედაქტორები: ქეთი მსხილაძე, ელენე კვანჭილაშვილი, ლევან რამიშვილი, სანდრო თარხან-მოურავი, დავით კოვზირიძე/ჟურნალისტები: გიორგი კეკელიძე, თეონა ჯაფარიძე, სალომე უგულავა, მაკა გამცემლიძე, ავთო ქორიძე, თამარ ხორბალაძე, თეონა ტურაშვილი, ირაკლი კიკნაველიძე, ლევან სუთიძე, მირიან ტორონჯაძე, თეონა კოკიჩაიშვილი, სანდრო ჯანდიერი, სიმონ მაჩაბელი, ლაშა გოდუაძე, ზურაბ თალაკვაძე, ლევან მეტრეველი, ნიკა ესებუა, ანანო სხირტლაძე, მაკა კევლიშვილი/კორექტორი: ნინო საითიძე/არტრედაქტორი: ბაჩა მალაზონია/დიზაინი & პრეპრესი: კახა დოლიძე, ნიკა კუპრაშვილი/მხატვარი: დავით მაჭავარიანი/ფოტორედაქტორი: დიმა ჩიკვაიძე/ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი, ალექსანდრე ბაგრატიონი/გამომცემელი: სამოქალაქო განათლების ფონდი/მენეჯერი: ნათია სოფრომაძე/მარკეტინგის მენეჯერი: გიორგი ფრუიძე/ყოველკვირეული ჟურნალი ტაბულა, ტელ.:+995 32 420 300, e-mail: info@tabula.ge/სტამბა: აუთდორ ტიპოგრაფი, მის.: ვაჟა-ფშაველას 45, ტელ.: +995 32 916 121/c 2010 საავტორო უფლებები დაცულია, ჟურნალში გამოქვეყნებული მასალების გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია. │ პარტნიორი: მედია მენეჯმენტ სერვისი, ტელ.: 99532 92 33 47/48/49; ფაქსი: 99532 92 08 82, e-mail: info@mmservice.ge



1 საფოსტო ყუთი

▲back to top


0x01 graphic

გთხოვთ, თქვენი შენიშვნები და მოსაზრებები გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: info@tabula.ge

ონლაინ გამოხმაურებები

www.tabula.ge

„შეკაზმეთ საწებელი გემოვნებით”. - ბატონებო, თქვენ შეგიძლიათ, „შეკაზმოთ” ცხენი, მაგრამ საწებელი აუცილებლად უნდა „შეკმაზოთ”. არის განსხვავება. არა მხოლოდ ორთოგრაფიულში, სულხან - საბასაც „შეკაზმვა” აქვს. მაგრამ „ლექსიკონი ქართულის” შედგენის მერე დიდი დრო გავიდა. სალიტერატურო ქართულში კერძის (!) „შეკმაზვა” კარგა ხანია დამკვიდრებულია. როდესაც ენათმეცნიერების ინსტიტუტში ამ ნორმაზე მუშაობდნენ და ორთოგრაფიულს გამოსცემდნენ, არ ვიცი, საჭმელსაც ითვალისწინებდნენ, თუ მხოლოდ ცხენსა და აბჯარს, მაგრამ ფაქტია, რომ ფხალი ენათმეცნიერებისთვისაც „შეკმაზულია”. ეს შეგიძლიათ ახლავე გადაამოწმოთ ინსტიტუტის საიტზე ერთ-ერთ გამოცემაში:

http://www.ice.ge/new/pages/inst/sesiebi/Respublikuri_Dialeqtologiuri/ XVII.pdf

არ დაგზარდებით პატარა ციტატის ამოღებასაც: „... წარმოდგენილია აფხაზური (ა)ჩაფა, რომლის ამოსავალია (ა)ჩაფარა „საჭმლის შეკმაზვა”... შესაბამისად აფხაზური ტერმინების ზედმიწევნითი მნიშვნელობაა „შეკმაზული ეკალა”, „შეკმაზული კეჟერა” „შეკმაზული კამა”...” (გვ. 31). რაც შეეხება ორთოგრაფიულ ლექსიკონს, ის კარგა ხანია, თავიდანაა შესადგენი (ქედს ვიხრი ყველა ადამიანის წინაშე, ვისაც მასზე უმუშავია). მოძველებულობას რომ თავი დავანებოთ, მხოლოდ შეკაზმვა/ შეკმაზვის გადამოწმებისას სამ მცდარ ნორმას გადავაწყდი. :-)))))))

გამოხმაურება ვახო ელერდაშვილის სვეტზე:

borjgali 06 ნოემბერი 2010 23:20

ბატონო ვახტანგ, გეთანხმებით ყველაფერში! გარდა ამისა, ფეისბუქი რეალურად საფრთხედ იქცა რეალურ ცხოვრებაში. მხედველობაში მაქვს ის, რომ მომხმარებლების მიერ კედელზე გამოქვეყნებული სტატუსით (მაგ. მთელი ოჯახით წასულები ვართ ანტალიაზე) სარგებლობენ ბოროტმოქმედები. უკვე რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა სხვადასხვა ქვეყანაში, სადაც ასეთი მომხმარებლების სახლები გაიქურდა...

P.S. თუმცა გამონაკლისი არც მე ვარ: მეც მიდევს იმ ადგილების სურათები, სადაც ვარ ნამყოფი, ქორწილის სურათებიც მიდევს და ჩემი შვილის სურათებიც:) ტიპიური ფეისბუქელი ვარ :)

2 სიტყვასიტყვით

▲back to top


თურქეთის გაწევრიანების შედეგად, ევროკავშირი კი არ დასუსტდება, არამედ პირიქით, პოლიტიკურად და ეკონომიკურად გაძლიერდება”.

0x01 graphic

  • განაცხადა აბდულა გიულიმ ჩათამ ჰაუსისსა ზოგადოების წევრების წინაშე გამოსვლისას. თურქეთის პრეზიდენტს ამ ორგანიზაციის პრესტიჟული ჯილდო გადაეცა. ლონდონი, 9 ნოემბერი

პირადად მე მიმაჩნია, რომ ზაფხულში გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ ირანის წინააღმდეგ სანქციების მიღება ალბათ რუსეთ -ამერიკული ურთიერთობების მწვერვალს წარმოადგენდა და ამიერიდან ურთიერთობა უფრო გართულდება”.

0x01 graphic

  • რობერტ კაგანმა შეაფასა კონგრესის შუალედური არ ჩევნების გავლენა აშშ-ის საგარეო პოლიტიკაზე ტელეკომპანია NBC-სა და ბრუკინგსის ინსტიტუტის საგარეო პოლიტიკის პროგრამის ერთობლივ ბრიფინგზე. 10 ნოემბერი

პრობლემა ის არის, რომ თუ ეკონომიკაში დამატებით 600 მილიარდ დოლარს ჩავუშვებთ, ეს ფული არ წავა წარმოებაში, არ შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს და არ გამოიწვევს შიდა მოთხოვნის ზრდას”.

0x01 graphic

  • დიდი ოცეულის შეხვედრის წინ გამართულ პრეს-კონფერენციაზე, ბრაზილიის ფინანსთა მინისტრმა გვიდო მანტეგამ მკაცრად გააკრიტიკა ამერიკის ფედერალური სარეზერვო სისტემის გადაწყვეტილება ფულის ემისიასთან დაკავშირებით. 11 ნოემბერი

„თქვენ და თქვენი კაბინეტი ძალიან ახალგაზრდები ხართ”.

0x01 graphic

  • ჩინეთის პრეზიდენტმა კომპლიმენტით შეამკო ბრიტანეთის პრემიერ - მინისტრი დევიდ კამერონი. 10 ნოემბერი

3 კვირა

▲back to top


7 ნოემბერი

0x01 graphic

  • აზერბაიჯანის საპარლამენტო არჩევნებში პრეზიდენტ ილჰამ ალიევის პარტიამ „ახალი აზერბაიჯანი” ხმათა 90%25 აიღო. რითაც 125-ადგილიან პარლამენტში 70 მანდატი მოიპოვა. საარჩევნო კომისიამ, მმართველმა პარტიამ და დსთ-ს სადამკვირვებლო მისიამ არჩევნები „სამართლიანად” შეაფასა. თუმცა დასავლეთის დამკვირვებლები სერიოზულ დარღვევებზე საუბრობდნენ. ეუთოს მონიტორების განცხადებით, მართალია მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, თუმცა ნამდვილი პლურალისტული დემოკრატიის დასამკვიდრებლად კვლავაც ბევრი რამეა გასაკეთებელი.

  • პეტერბურგში მოსწავლეები ამოცანებს ხსნიან, რომელთა მიხედვითაც, არასწორი პასუხის გამო რუსეთის პრეზიდენტს დმიტრი მედვედევს პუტინი დათხოვნით ემუქრება. მასწავლებლები ამას უბრალო ფაქტად მიიჩნევენ. მათი თქმით, საინტერესოა ნაცნობი სახელებით როგორ ამოხსნიან გამოცანებს. ამოცანის პირობებში არაა დაკონკრეტებული პრეზიდენტის დათხოვნის პროცედურები. მასწავლებლები უარყოფენ ამ ყველაფერთან პოლიტიკის კავშირს. ეს ამოცანები პეტერბურგის მერვე სამხატვრო სკოლის საიტზე იყო განთავსებული. დისკუსიის დაწყების შემდეგ კი იგი ვებგვერდიდან აიღეს.

8 ნოემბერი

0x01 graphic

ყველა ფოტო: REUTERS ©

  • ევროკომისიის პრეზიდენტმა ხოსე მანუელ ბაროზომ და ევროპარლამენტარმა ჰერმან ვან რომპუიმ საერთო წერილი მისწერეს მსოფლიოს 20 წამყვანი ეკონომიკის (G20) ლიდერებს, რომლებიც 11 ნოემბერს დღის წესრიგის შესადგენად და ეკონომიკური საკითხების განსახილველად ხვდებიან. მათ ყურადღება გაამახვილეს ეკონომიკური დისბალანსის აღმოფხვრაზე. მათი მტკიცებით, შეხვედრაზე უნდა განიხილონ სავალუტო ბაზარზე დღეს არსებული უთანხმოებები და თავიდან აიცილონ ვალუტის გაუფასურება.

9 ნოემბერი

  • ოპოზიციამ და ხელისუფლებამ საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით დიალოგი დაიწყო. მიმდინარე კვირიდან საარჩევნო რეფორმის სამუშაო ჯგუფი რეგულარულ, ყოველკვირეულ შეხვედრებს გამართავს. ამ შეხვედრების დაწყებამდე კი, უკვე ცნობილი ხდება, რომ ერთადერთი, რაზეც ხელისუფლება კომპრომისზე წასვლას არ აპირებს - პარლამენტში რაიონების წარმომადგენლობის გაუქმება, ანუმაჟორიტარების არჩევის წესის ცვლილებაა. ამის შესახებ განცხადება თავად საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა. იგი ამბობს, რომ ყველა რაიონს საკუთარი წარმომადგენელი უნდა ჰყავდეს საკანონმდებლო ორგანოში. ოპოზიციის მხრიდან ხელისუფლებასთან დიალოგში ჩაერთვებიან მხოლოდ კვალიფიციური პოლიტიკური სუბიექტები. სამუშაო ჯგუფს ტექნიკურ უზრუნველყოფას ცესკო გაუწევს. მოდერატორები რიგრიგობით იქნებიან მონაწილე პარტიები. საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს დამკვირვებლების სტატუსი ექნებათ.

0x01 graphic

  • 20 წლის მანძილზე პირველად, მიანმაში (ბირმა) უკანასკნელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. კენჭისყრა თავისუფალი და სამართლიანი არ ყოფილა, - აცხადებენ დასავლეთის ქვეყნები. მოსალოდნელია, რომ გამარჯვებას მიანმას მმართველ სამხედრო ხუნტასთან დაკავშირებული ორი პარტია მოიპოვებს. ქვეყნის ყველაზე მსხვილმა ოპოზიციურმა პარტიამ კი არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა.

10 ნოემბერი

  • ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმაბირთვულ იარაღთან დაკავშირებით ამ წლის ბოლოსთვის დაგეგმილ საერთაშორისო მოლაპარაკებებზე უარი განაცხადა. თუმცა რეგიონულ საკითხებზე გამართულ დისკუსიაში მონაწილეობაზე მზადყოფნა გამოთქვა. წინა თვეში ირანელი ოფიციალური პირები დათანხმდნენ ევროკავშირის მიწვევას ექვს დიდ სახელმწიფოსთან ერთად დიალოგის დაწყებაზე.

0x01 graphic

  • ბრიტანეთის დედაქალაქის ცენტრში სწავლის საფასურის გაძვირების წინააღმდეგ სტუდენტური გამოსვლები მასობრივ არეულობასა და შეტაკებებში გადაიზარდა. სამედიცინო დახმარებისთვის საავადმყოფოებს, სულ მცირე, 14-მა ადამიანმა მიმართა, მათ შორის 7 პოლიციელია. როგორც საპროტესტო გამოსვლების ორგანიზატორები აცხადებენ, სტუდენტებისა და პედაგოგთა მსვლელობაში 30 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა.

  • უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კონსტანტინ გრიშჩენკომ ხარკოვის ხელშეკრულებას „მტკივნეული დათმობა” უწოდა. შეთანხმების მიხედვით, უკრაინამ შავი ზღვის ფლოტში ყოფნის ვადა რუსეთს გაზის ფასების შემცირების სანაცვლოდ გაუგრძელა. თუმცმინისტრი ამ ფაქტს უკრაინის დამოუკიდებლობისთვის საფრთხედ არ მიიჩნევს. მისი განცხადებით, ეს ქმედება ერთგვარი სიგნალი იყო, რომ მისი ქვეყნის პატრიოტიზმი პოლიტიკური პასუხისმგებლობით იზომება და არა უმიზნო რუსოფობიით. მისივე თქმით, ფასების დაწევამ უკრაინას ახალი სასიცოცხლო სივრცე შეუქმნა. ახლა კი ევროკავშირის დახმარებით შეეცდება დემოკრატიული რეფორმების განხორციელებას. მან დაადასტურა, რომ ოფიციალური უკრაინა კვლავაც ინარჩუნებს პროდასავლურ კურსს.

11 ნოემბერი

0x01 graphic

  • 11 ნოემბერს სამხრეთ კორეაში უმსხვილესი ინდუსტრიული ქვეყნების, „დიდი ოცეულის” სამიტი გაიხსნა. მსოფლიო ლიდერები განსაკუთრებულ ყურადღებას, სავარაუდოდ, სავალუტო რეგულირებისა და მსოფლიო ეკონომიკის მდგომარეობის საკითხებს დაუთმობენ.

0x01 graphic

  • Open Europe-მა გამოაქვეყნა ევროკავშირის უსარგებლო დანახარჯების ყოველწლიური სია. პირველ ადგილზე უნგრული ძაღლების ფიტნესცენტრი აღმოჩნდა. მას ევროკავშირმა „ძაღლების ცხოვრების სტილისა და პირობების გასაუმჯობესებლად” 411 ათასი ევრო გამოუყო. ასევე, 5,25 მილიონი დაიხარჯა სტრასბურგში ევროპარლამენტარების ლიმუზინებით უზრუნველყოფისთვის და ავსტრიელ ფერმერებში „მიწასთან ემოციური კავშირების გასაზრდელად”.

12 ნოემბერი

  • ცნობილი გახდა ხელისუფლების მიერ მედიაგამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით მომზადებული კანონპროექტის დეტალები. შესაბამისი ცვლილებები პარლამენტის ბიუროს წარედგინა. პარლამენტის იურიდიული კომიტეტის მოადგილის, ჩიორა თაქთაქიშვილის ინფორმაციით, მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებების თანახმად, ოფშორულ ზონებში დარეგისტრირებულ იურიდიულ ფირმებს მედიასაშუალების ფლობა აეკრძალებათ. ამასთან, დამატებითი ვალდებულებები შედის სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელებთან დაკავშირებით. ისინი ვალდებული იქნებიან საკუთრებაში განხორციელებულ ნებისმიერ ცვლილებასთან დაკავშირებით საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდონ და შესაბამისი ინფორმაცია ყოველწლიურად გამოაქვეყნონ. საფინანსო საქმიანობის გამჭვირვალობის კუთხით დამატებითი ცვლილებების შეტანა კანონპროექტში გათვალისწინებული არ არის.

4 დამნაშავეა, რადგან მართალია

▲back to top


არენა

0x01 graphic

მიხაილ ხოდორკოვსკი და პლატონ ლებედევი

ანდრე გლუქსმანი 30 ოქტომბერი 2010წ.

პროკურორის ბოლო საბრალდებო სიტყვისა და დაცვის მხარის საბოლოო სიტყვების შემდეგ „კრიმინალ” ხოდორკოვსკისა და მისი „თანამზრახველის” პლატონ ლებედევის სასამართლო პროცესი დასასრულს უახლოვდება. განაჩენი ცნობილი გახდება ერთ ან ორ თვეში. შესაძლოა 15 დეკემბრისთვისაც? ეს არის ის დრო, რომელიც სჭირდებათ კრემლის მაღალჩინოსნებს შესათანხმებლად და გადაწყვეტილების მისაღებად. რუსების მოტყუება არცთუ ისე იოლია. მოსახლეობის 40%25-სათვის (19%25-ის საპირისპიროდ) ისედაც ცნობილია „კრემლის კულუარებში” გამოტანილი განაჩენის შესახებ. რუსული ნავთობგიგანტის ყოფილ მეპატრონეს ბრალი 1998-2003 წლებში რუსული პროდუქციის 20%25-ის მითვისებაში ედება, რაც თავისთავად უსაფუძვლო ბრალდებაა (გამომდინარე იქიდან, რომ ტანკერებით თუკი განვსაზღვრავთ მითვისებულ თანხის ოდენობას, ეს ტანკერები ეკვატორს ორჯერ შემოარტყამდნენ წრეს). მაგრამ ხოდორკოვსკი დამნაშავეა. თავაზიანმა პროკურორმა ყოველგვარი განმარტების გარეშე, მითვისებული თანხის მაჩვენებელი 349 მილიონიდან 218 მილიონ ტონა ნავთობამდე შეამცირა, ალბათ ეს ციფრი მას უფრო სარწმუნოდ მიაჩნია.

ამასთან კასიანოვი (იმდროინდელი პრემიერ-მინისტრი,) ვიცე-პრემიერი კრისტენკო და განვითარების ყოფილი მინისტრი გრეფი სასამართლოს წინაშე აცხადებენ, რომ ამ მასშტაბის თანხის მითვისება წმინდა წყლის სიცრუეა, რადგან ეს მათ შეუმჩნეველი ვერ დარჩებოდათ. პროკურორი იმდენად მოხერხებით ვარირებს და ცვლის მოპარული ნავთობის ბარელის მაჩვენებლებს, როგორც წმინდა სახარებაში პურის გამრავლების ფაქტია მოთხრობილი. „მადლობას ვუხდი პროკურორს, რომელიც ადასტურებს ჩემს უდანაშაულობას”, - ირონიულად აცხადებს ხოდორკოვსკი, „ნორმალური ადამიანისათვის ამდენი სისულელის დაჯერება შეუძლებელია”. რუსეთის მთავრობამ დაშლილი კომპანია სიხარულით გადაუნაწილა კრემლთან დაახლოებულ პირებს. როგორ ხდება, რომ უსამართლოდ დასჯილი ყოფილი ოლიგარქი, რომელმაც ციმბირის კატორღაში 7 წელი უკვე დაჰყო, კვლავ პატიმრობაში რჩება? რატომ არ ხდება თუნდაც მისი გადასახლება? რატომ არ ცდილობს რუსეთის ხელისუფლება უცხოელი ინვესტორების დამშვიდებას, რომლებიც თავს იკავებენ, საკუთარი კაპიტალის თუ კადრების უსაფრთხოება რისკის ქვეშ დააყენონ იმ ქვეყანაში, სადაც მასიური კორუფცია და კლეპტოკიქრატი ხელისუფლების მესვეურების უსამართლობა მძვინვარებს?

თუკი არ ჩავთვლით იმას, რომ ხოდორკოვსკის რეალური ბრალეულობა საკმაოდ მძიმეა: ის მართალია ვლადიმერ პუტინთან.

0x01 graphic

ვლადიმირ პუტინი
ფოტო: REUTERS ©

რუსეთი, რომელიც განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყანათა რიგს განეკუთვნება, საკმაოდ რთულ მდგომარეობაშია. უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში რუსეთში განხორციელებული უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი ბრაზილიის მაჩვენებელს 5-ჯერ ჩამოუვარდება. 2010 წლის Transparency International-ის მონაცემებით, რუსეთმა ყველაზე ნაკლებად კორუმპირებული ქვეყნების ნუსხაში 154-ე ადგილზე გადაინაცვლა და ისეთი ქვეყნების გვერდით აღმოჩნდა, როგორიცაა ტაჯიკეთი, პაპუა ახალი გვინეა და იემენი. მომდევნო პოზიციას იკავებს სომალი. არსებული მაჩვენებლით რუსეთი მნიშვნელოვანწილად ჩამორჩება ზიმბაბვეს. მოდი და ანდეთ თქვენი კაპიტალი რუსეთს! მექრთამეობა და მკვლელობები, უკიდურესი კორუფცია „ბირთვულ საფრთხეზე დიდი საფრთხის შემცველია”, აღნიშნავს ხოდორკოვსკი, ადამიანი, რომელმაც ათი წლის წინ წარმოადგინა პროექტი, რომლის თანახმადაც რუსეთს უნდა მოეხდინა მოდერნიზაციისა და დემოკრატიზაციის შერწყმა და პოლიტიკური და ეკონომიკური სფეროების მაფიური კლანებისაგან გაწმენდა. მართვისა და ბიზნესის ადგილობრივი ტრადიციების სწორედ ამ ზედმეტად გულახდილი ზიზღის საფასურს იხდის ამჟამად ყოფილი ოლიგარქი. „იმისათვის, რომ აღარავის გაუჩნდეს ისეთი უგუნური განზრახვა, როგორიცაა თავისუფლად ქმედება და პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის მიღების სურვილი, ყველასათვის საჩვენებელი მაგალითია ხოდორკოვსკი, რომელსაც -40 გრადუს ყინვაში რამდენიმე ფიცარზე სძინავს. ყოფილ ოლიგარქს ისღა დარჩენია, ჩაუღრმავდეს კომუნისტური თუ კაპიტალისტური რუსეთის ჯოჯოხეთურ რეალობას, რომელიც ასე გვაგონებს დოსტოევსკის კოშმარებს”. (მარიო ვარგას ლიოსა, 2010 წლის ნობელის ლაურეატი).

ჯერ კიდევ ახლო წარსულში მიხეილ ხოდორკოვსკის სურვილი მთელი მოსკოვის მასშტაბით შესაძლოა ნაადრევად ან თუნდაც უტოპიურად წარმოჩენილიყო. თუმცაღა დღეს სიტუაცია შეიცვალა და გამოცდილების დახმარებით საგრძნობი ხდება, რომ რისკი სწორედ პუტინი და მისი მმართველობის შედეგებია. უპირველეს ყოვლისა აღსანიშნავია ეკონომიკური ფიასკო: ნავთობისა და გაზის რეალიზაციიდან შემოსულმა უზარმაზარმა თანხებმა კრიზისის დაწყებამდე მხოლოდ ზოგიერთი მსხვილი ოლიგარქის ქონება გაზარდა. ეს თანხა არ იქნა მიმართული მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის მოდერნიზებისაკენ. მსოფლიო კრიზისი რუსეთის დასუსტებულმა საზოგადოებამ მტკივნეულად განიცადა ჩინეთისაგან განსხვავებით, რომელიც მიუხედავად ენერგორესურსების არარსებობისა, აღმავლობის გზას ადგას. შედარება იმდენად სავალალოა, რომ მედვედევმა მწუხარებაც კი გამოთქვა იმის გამო, რომ გიგანტური, მაგრამ პარალიზებული “ნავთობის ემირატის” მეთაურია. და ვინ არის ამაში დამნაშავე? ამას ემატება სტრატეგიული მარცხიც: სისხლიანი ომი, რომელიც პუტინმა 2000 წელს წამოიწყო ჩრდილოეთ კავკასიაში, ჯერაც არ დასრულებულა, არასტაბილურობამ მეზობელი რესპუბლიკებიც მოიცვა და ეს 200 ათასი დაღუპულის, დიქტატურული რეჟიმის დამყარების და მის მიერ განხორციელებული დაუნდობელი რეპრესიების, წამების ფაქტების, სიკვდილით დასჯის, კორუფციის, ისლამიზაციის, ჩადრის ტარების იძულების მიუხედავად. ამას დაერთო გაუთვალისწინებელი დიპლომატიური წარუმატებლობა: მიუხედავად იმისა, რომ დიდი რუსეთის ტანკებმა გაარღვიეს პატარა საქართველოს დაცვის რიგები, რასაც შედეგად მოჰყვა საქართველოს ტერიტორიის 20%25-ის ანექსია (აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის), რუსეთის ამ ნაბიჯის ლეგიტიმაცია მსოფლიოს და თვით რუსეთის მეზობელ ვასალ სახელმწიფოებსაც კი არ მოუხდენიათ. სააკაშვილი, შავი აჩრდილი არც მკვდარია და არც ხელისუფლებიდან ჩამოგდებული. წარუმატებლობა ერთმანეთზე აეწყო, დემოკრატიით ნაკლებად გამორჩეულმა ბელარუსმა დასავლეთისაკენ აიღო გეზი. ნავთობ - მეფეებს ისღა დარჩენიათ, მავნებლობას და ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის შანტაჟს მიმართონ.

ახლა ორიოდე სიტყვით დემოგრაფიულ, ალკოჰოლიზმის, ტუბერკულოზისა და შიდსის მწვავე პრობლემებს, ასევე ქვეყანაში არსებული უმუშევრობის, პროსტიტუციის, ნარკომანიის საკითხებს და იმ საყოველთაო უიმედობას შევეხოთ, რომელიც დიდი ქალაქების დატოვებისთანავე გვეუფლება. ზაფხულის პერიოდში მძვინვარე ხანძრები, რომელთანაც გამკლავება დროში საკმაოდ გაჭიანურდა, ნათელი დადასტურებაა იმ ქაოსისა და არაკომპეტენტურობისა, რომელიც ხელისუფლების ზედა ეშელონებიდან იწყება და ქვედა ფენებზე ვრცელდება. რაც არ უნდა იმეორონ და საქვეყნოდ აცხადონ გულუბრყვილო და მოსყიდულმა ადამიანებმა, პუტინმა ვერ შეძლო რუსეთის პრესტიჟის აღდგენა. ქვეყანა ბრეჟნევის ეპოქის სტაგნაციისა და „იურიდიული ნიჰილიზმის” პირობებში აღმოჩნდა (მედვედევი). პუტინის მუდმივი ხელქვეითი, ამჟამინდელი პრეზიდენტი, გაზპრომის ყოფილი ხელმძღვანელი, თანხების გაფლანგვა - დანიავების თანამონაწილე, სახელმწიფოს მეორე პირი ძალაუფლების გარეშე, მხოლოდ და მხოლოდ კეთილი სურვილების გაჟღერებით შემოიფარგლება, რომელსაც ხანდახან აუდიტორიის მოსახიბლად მხიარული კრიტიკაც ახლავს თან. Good cop, bad cop, ბებერი გაიძვერა. მოსკოვის მერიიდან თაღლითი ლუჟკოვის გაძევებითა (ეს ნაბიჯი გარეგნულად საზოგადოებრივი კეთილდღეარენა ობისათვის იქნა გადადგმული) და მის ადგილას პუტინის პირწავარდნილი მომხრის დანიშვნით მედვედევმა დაადასტურა თუ რამხელა ცვლილებები ხდება იმ დროს, როდესაც რეალურად არაფერი იცვლება.

რუსეთი ღრმა სტაგნაციის პირობებშია, თუმცაღა მაინც რჩება ქვეყნად, რომლის მაღალმა კულტურამ 1914 წლამდე ცარიზმის პირობებშიც კი მთელი ევროპა გაასხივოსნა. ეს „მეორე” რუსეთი, დოსტოევსკისა და ჩეხოვის, სოლჟენიცინისა და სახაროვის, ანას და ნატაშას რუსეთი ჯერაც არ მომკვდარა და ხოდორკოვსკის მტკიცე წინააღმდეგობაც ამის დადასტურებაა. მას შეეძლო გაქცეულიყო, მაგრამ მან დარჩენა და წინააღმდეგობის გაწევა არჩია. სწორედ ამის გამოა იგი დამნაშავედ მიჩნეული. ერთ - ერთი მოსკოველი პოლიტოლოგი აღნიშნავს, რომ „თავისუფლებაზე მყოფი ხოდორკოვსკი იქნებოდა განსახიერება მონტე კრისტოსა და ნელსონ მანდელას ნაზავისა”. მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე კი ანა პოლიტკოვსკაია ჩემთან საუბარში ხოდორკოვსკის „რობინ ჰუდს” უწოდებდა.

0x01 graphic

მიხაილ ხოდორკოვსკი

5 რამდენიმე მოსაზრება საგამოცდო აურზაურის შესახებ

▲back to top


პოლიტიკა

რამდენიმე დღეა თბილისის სკოლების უფროსკლასელები გამოსაშვები გამოცდების წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს მართავენ. ამ მიტინგებს პრეზიდენტმა სააკაშვილმა „ოროსანთა რევოლუციის” მცდელობა უწოდა, ოპოზიციამ კი საგანმანათლებლო გენოციდის პოლიტიკის გამტარებელი პირსისხლიანი რეჟიმის კრულვის მორიგი რიტუალი აღასრულა.

გამოცდების წინააღმდეგ გამოსვლები, ისევე როგორც ამ საკითხზე პოლიტიკოსთა მჭახე შეფასებები, საქართველოს ისტორიაში ახალი ფენომენი არ არის. 80-იანი წლების ბოლოდან მოყოლებული მოსწავლეები და სტუდენტები ხან უმაღლეს სასწავლებლებში უგამოცდოდ ჩარიცხვას, ხანაც სემესტრული გამოცდების გაუქმებას ითხოვდნენ და ამ მიზნით პროტესტის სხვადასხვა ექსტრავაგანტულ ფორმებს მიმართავდნენ.

წინა შემთხვევებისგან განსხვავებით, ამჯერად მოსწავლეთა ანტისაგამოცდო აქციებს თან სდევდა მნიშვნელოვანი სიახლე - მომიტინგეთა სკოლების დირექტორებმა, საფეთქელში ცხელი ტყვია კი არ მიიხალეს - განათლების სამინისტროში „ნებაყოფლობით” გადადგომის განცხადებები აფრინეს. იმ სკოლებში, რომელთა ხელმძღვანელებმა თანამდებობიდან წასვლაზე უარი განაცხადეს, განათლების სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ შემოწმება დაიწყო. ცხადია, ამ შემოწმებას არანაირი კავშირი არა აქვს მოსწავლეთა პოლიტიკურ აქტივობასთან. მან მხოლოდ აკაკის „გამზრდელის” ცოდნა უნდა შეამოწმოს ოროსან მოსწავლეთა იდეურ პოლიტიკურ დონეზე პასუხისმგებელ პირებს შორის.

განათლების მინისტრ შაშკინის განცხადებით, მისი უწყება თბილისის რამდენიმე საჯარო სკოლის დირექტორის გადაყენების საქმეში არ ჩარეულა - მათ გადადგომის თხოვნით სკოლების სამეურვეო საბჭოებს თვითონ მიმართეს.

თავად დირექტორებს მოვლენების განსხვავებული ვერსია აქვთ. კერძოდ, 149-ე საჯარო სკოლის ხელმძღვანელმა მაია გიორგაძემ განაცხადა, რომ იგი სხვა სკოლების დირექტორებთან ერთად განათლების სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში დაიბარეს და გადადგომის შესახებ განცხადებაზე ხელის მოწერა მოსთხოვეს. უარის მიღების შემდეგ სკოლაში გენერალურმა ინსპექციამ შემოწმება დაიწყო, მოგვიანებით კი გიორგაძემ თავი შეუძლოდ იგრძნო და იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს. გენერალური ინსპექცია 148-ე სკოლაშიც შევიდა, რომლის დირექტორი გიორგაძის მეუღლეა. ვალერიან გიორგაძის განცხადებით, შემოწმება მინისტრის ბრძანებით დაიწყო, ინსპექციის წარმომადგენელი კი - თუ მეუღლე ნებაყოფლობით არ გადადგებოდა - მასაც თანამდებობიდან გათავისუფლებით დაემუქრა.

ზეწოლის შესახებ სკოლის მოსწავლეებიც საუბრობენ. მათი მტკიცებით, სკოლის დირექტორები მათ კარებს უკეტავდნენ, შენობიდან რომ არ გასულიყვნენ. გაცდენებისთვის მოსწავლეებს ახსნა- განმარტებებს აწერინებენ. სწორედ ამიტომ, გასული კვირის ბოლოს გამართულ აქციებზე მონაწილეებს უკვე პირბადეები ჰქონდათ აკრული.

განათლების სამინისტრო დირექტორებზე ან მოსწავლეებზე რაიმე ზეწოლას კატეგორიულად უარყოფს. შვილის გამო მამის პასუხისმგებლობის დაუშვებლობას, მართალია მხოლოდ სიტყვიერად, მაგრამ თვით იოსებ სტალინიც კი აღიარებდა. ცხადია, რომ 21-ე საუკუნის კანონმდებლობის მიხედვით, პროტესტის გამო მოსწავლეების და მით უმეტეს დირექტორების დასჯის უფლებამოსილება სახელმწიფოს ვერ ექნება.

პირიქით, ზოგადი განათლების შესახებ კანონის მე-14 და მე-15 მუხლები მოსწავლეებს გამოხატვის თავისუფლებას და შეკრებების გამართვის უფლებას აძლევს. სკოლის ადმინისტრაციას მასში ნებისმიერი სახით ჩარევა ეკრძალება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა სასწავლო პროცესის მსვლელობისათვის ხელის შეშლის საფრთხე არსებობს.

არასრულწლოვანთა აქციებში მონაწილეობას არც შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონი ზღუდავს, გარდა იმ პირობისა, რომ მე-5 მუხლის მიხედვით, აქციის ორგანიზატორი სრულწლოვანი უნდა იყოს.

ამასთან, შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მიხედვით, გაფრთხილება არ არის სავალდებულო ცალკეული მოქალაქეებისათვის, რომელთაც საკუთარი შეხედულებების საჯაროდ გამოხატვა სურთ. ამგვარი აქციის დროს მის მონაწილეებს უფლება არ აქვთ, შეკრებისა და მანიფესტაციისათვის გამოიყენონ შენობების შესასვლელები და კიბეები, გადაკეტონ გზის სავალი ნაწილი ან შეაფერხონ ტრანსპორტისა და ხალხის მოძრაობა.

პირბადიანი მოსწავლეების აქციებთან დაკავშირებული ემოციების და მასზე რეაქციის შედეგად წამოჭრილი უფლებრივი საკითხების ფონზე გარკვეულწილად ჩაიკარგა თავად საკითხის არსი - გამოსაშვები გამოცდების მომხრე და საწინააღმდეგო არგუმენტები. განათლების სამინისტრო მიიჩნევს, რომ მოსწავლეებს საკმარისი დრო ჰქონდათ მოსამზადებლად. 8 ძირითად დისციპლინაში გამოსაშვები გამოცდების შემოღების შესახებ გადაწყვეტილება მარტში მიიღეს.

სამინისტრო ამტკიცებს, რომ ახალი ტესტები საკმაოდ მარტივია. ამავე დროს, საატესტაციო პროგრამის მაისში ჩატარებული პილოტირების შედეგები, რომელიც ეროვნული საგამოცდო ცენტრის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული, საწინააღმდეგო სურათს იძლევა - ზოგიერთ საგანში მოსწავლეთა უმრავლესობამ დაბალი ქულები მიიღო.

საატესტაციო გამოცდების აუცილებლობას სამინისტრო სკოლებში აკადემიური მოსწრების დაბალი დონით ხსნის. მისი მტკიცებით, მოსწავლეები მხოლოდ იმ საგნებში ემზადებიან, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდისათვის სჭირდებათ. მთავრობა თვლის, რომ გამოსაშვები გამოცდების შემოღება დანარჩენ დისციპლინებში სწავლების დონეს გამოასწორებს.

გამოცდების და ტესტების მეშვეობით განათლების ხარისხის ამაღლებასთან დაკავშირებული მოლოდინები შესაძლოა გადამეტებულად ოპტიმისტური აღმოჩნდეს.

გამოცდების მოწინააღმდეგე განათლების მკვლევრები მიუთითებენ ერთ კანონზომიერებაზე - დაკვირვება გავლენას ახდენს დაკვირვების ობიექტზე. რაც უფრო მნიშვნელოვანი ხდება შემოწმების სისტემა, მით უფრო უარყოფითი ზეგავლენა აქვს იმ პროცესზე, რომლის შემოწმებისათვისაცაა ის მოწოდებული.

სასწავლო პროცესში გამოცდების მნიშვნელობის ზრდასთან ერთად, მოსწავლისათვის მთავარი არა ზოგადად ცოდნის დაუფლება და უნარების განვითარება, არამედ გამოცდის ან ტესტის კარგად ჩაბარება ხდება.

აკადემიური წარმატების მთავარ საზომად ტესტების გამოყენება განათლების ხარისხის მატებას ავტომატურად ვერ უზრუნველყოფს. მიზეზი მარტივია: ტესტით ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების ძალიან მცირე ნაწილის შემოწმებაა შესაძლებელი.

შესაბამისად, ადამიანის წარმატებისთვის მნიშვნელოვანი კომუნიკაციური, სოციალური, ანალიტიკური და შემოქმედებითი უნარების განვითარების და ღირებულებების ჩამოყალიბების ნაცვლად, განათლების პროცესში აქცენტი სწორი პასუხების დაზეპირებასა და გამოცნობის ტექნიკის განვითარებაზე გადადის.

მთელი სასწავლო პროცესის ფარგლებში ლოგიკური აზროვნების განვითარების ნაცვლად მოსწავლეები ე.წ. „უნარების საგანში” მომზადებას არჩევენ. სტანდარტიზებული გამოცდების როლის ზრდა განსაკუთრებით აზარალებს ე.წ. საავტორო და კერძო სკოლებს და ინოვაციის სტიმულს უკლავს.

გამოსაშვები გამოცდების სასარგებლო ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი ისაა, რომ მან საშუალო განათლებას ღირებულება უნდა დაუბრუნოს. სკოლაში სწავლის მთავარი მიზანი არ შეიძლება იყოს უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებისთვის მომზადება. თუმცა, ძნელი სათქმელია, რამდენად შეძლებს ეს რეფორმა მოსწავლეთა მოტივაციის შეცვლას.

მისაღები გამოცდები აბიტურიენტის ფარდობით და არა აბსოლუტურ ცოდნას და უნარებს ამოწმებს. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტის წარმატებას, არა მხოლოდ პირადი მომზადების დონე განაპირობებს - მნიშვნელოვანია, თუ რამდენად არის მომზადებული მისი თაობა. აქედან გამომდინარე, ახალგაზრდას მისთვის უცნობი სირთულის შეჯიბრისათვის მომზადება უწევს. ამ შეჯიბრში მას წინასწარ არასდროს ეცოდინება, თუ რა მინიმალურ დონეს უნდა მიაღწიოს, ვინაიდან ყოველთვის შესაძლებელია, რომ კონკურენტი უფრო მომზადებული აღმოჩნდეს. შესაბამისად, ის იძულებულია გამოცდაზე მაქსიმალური ქულების მისაღებად იმეცადინოს.

სწორედ ამის გამოა, რომ აბიტურიენტების უმეტესობას არასოდეს აკმაყოფილებს ცოდნის ის მოცულობა, რაც მას თუნდაც ყველაზე კარგმა სკოლამ შეიძლება შესთავაზოს. სასკოლო განათლების უგულებელყოფა და გამოცდებისათვის მზადება უმაღლესი განათლების მოსურნე ახალგაზრდისათვის აბსოლუტურად რაციონალური სტრატეგიაა.

საატესტაციო გამოცდების მოწინააღმდეგეები სხვა უარყოფით შედეგებზეც მიუთითებენ. მაგალითად, კერძო მასწავლებელთან მომზადების სურვილით ხშირია სკოლის ნაადრევად მიტოვების შემთხვევები. ეს ტენდენცია უფრო დიდია ე.წ. რისკის ჯგუფის წარმომადგენელთა შორის - სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების, უმცირესობებისა და სოციალურად დაუცველი ადამიანების ფენებში.

უკვე კარგა ხანია, გამოცდების შესახებ დებატები სპეციალისტთა შორის მთელს მსოფლიოში მიმდინარეობს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს განათლების სისტემის მესვეურებმა ან მათმა ოპონენტებმა ამ დისკუსიაში საბოლოო წერტილის დასმა შეძლონ. ცხადია, არც ერთი სისტემა უნაკლო არ არის და ყველაზე წინააღმდეგობრივ მიდგომასაც საკუთარი პლუსები აქვს. ცდისა და შეცდომის გზით ყველა უკეთეს მოდელს ესწრაფვის, მაგრამ ხშირად ეს უკეთესი, კარგის მტერი აღმოჩნდება ხოლმე.

6 ქართულმა სპეცსამსახურებმა ბირთვული კონტრაბანდის მორიგი შემთხვევა აღკვეთეს

▲back to top


პოლიტიკა

0x01 graphic

გასულ კვირას ცნობილი გახდა დეტალები 2010 წლის გაზაფხულზე საქართველოში გამდიდრებული ურანის დაკავების შესახებ. ინფორმაცია 7 ნოემბერს Guardian-მა და Associated Press-მა გამოაქვეყნეს. ჯაშუშური სკანდალის შემდეგ კი საქართველო სწორედ ურანის თემით მოექცა საერთაშორისო მედიის განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში.

2010 წლის მარტში საქართველოს სპეცსამსახურებმა, ბოლო ათი წლის მანძილზე, რიგით მერვე სპეცოპერაცია განახორციელეს - დააკავეს გამდიდრებული ურანი. სულ, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველოში გამდიდრებული ურანის 21 კონფისკაცია განხორციელდა.

უცხოური მედია წერს, რომ კავკასიის რეგიონში ურანის სრული ინვენტარიზაცია არ ჩატარებულა.

მართლაც, მუდმივად ჩნდებოდა და ჩნდება კითხვები აფხაზეთში არსებულ ურანის მარაგთან დაკავშირებით. სსრკ-ს პერიოდში სოხუმში 2 კილოგრამამდე მაღალგამდიდრებული ურანი იყო. სოხუმის ფიზიკა-ტექნიკურ ინსტიტუტში, რომელშიც ფიზიკოსები, ძირითადად, მოსკოვის სამხედრო დაკვეთებს ასრულებდნენ, 1993 წლის 21 ივნისის მდგომარეობით, 44 დასახელების სხვადასხვა ბირთვული და რადიაქტიური ნივთიერება ინახებოდა. 2002 წელს კი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს, რომელიც სოხუმში ინსპექტირებისთვის ჩავიდა, ოფიციალურად აღწერილი ურანი ინსტიტუტში აღარ დახვდა. იგი გაურკვეველი მიმართულებით გამქრალიყო.

სწორედ ამიტომ, საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის ხაზს უსვამს იმას, რომ ოკუპირებული ტერიტორიები ბირთვული კონტრაბანდისთვის ხელსაყრელი შავი ხვრელებია.

ამაზე საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2010 წლის აპრილში, ვაშინგტონში ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე გამოსვლისას ისაუბრა. ამ სამიტზევე გაკეთდა პირველი საჯარო განცხადება 11 მარტის ფაქტზე - თუმცა, დეტალები არ დაკონკრეტებულა.

დეტალები ნოემბრის დასაწყისში გახდა ცნობილი. Guardian-ის ინფორმაციით, გამდიდრებული 18 გრამი ურანი საქართველოში სომხეთის მოქალაქეებმა, ბიზნესმენმა სამბეტ ტონოიანმა და ფიზიკოსმა, ერევნის ფიზიკის ინსტიტუტის თანამშრომელმა ხრენტ ოჰანიანმა რკინიგზით შემოიტანეს. თბილისში კონტრაბანდისტებს მყიდველის სახით საქართველოს შსს-ს აგენტი ელოდა. ვაჭრობა 120 გრამ ურანზე მიდიოდა. თავდაპირველად დასახელებული ფასი ამ ვაჭრობის შედეგად 8 მილიონი აშშ დოლარიდან 1,5 მილიონ აშშ დოლარამდე შემცირდა. საბოლოოდ აგენტს, რომელიც კონტრაბანდისტებს ისლამური ჯგუფის წარმომადგენლად წარუდგა, ისინი ერთ-ერთ სასტუმროში 2010 წლის 11 მარტს შეხვდნენ. დაკავების ოპერაციაც სწორედ აქ განხორციელდა.

აშშ-ში ჩატარებულმა ტესტებმა დაადასტურა, რომ ამოღებული ნივთიერება 89,4%25-ით გამდიდრებული გახლდათ. ურანი ბომბის დასამზადებლად ვარგისი იყო.

დაკავებულების სასამართლო პროცესი თბილისში დასასრულს უახლოვდება. მათ ბრალი აღიარეს, ურანის მომწოდებელიც დაასახელეს და 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ქართველი და სომეხი სამართალდამცავების თანამშრომლობის შედეგად სომხეთში დაკავებულია ჯგუფის კიდევ ერთი წევრი - გარიკ დადაიანი. იგი 2003 წელს ქართველმა მესაზღვრეებმა 170 გრამი ურანის კონტრაბანდის ფაქტზე საქართველო-სომხეთის საზღვარზე დააკავეს. მაშინ დადაიანის სომხეთში ექსტრადირება გადაწყდა, სადაც მას ორ წელიწად-ნახევარი მიუსაჯეს. 2005 წელს ვადაზე ადრე გაათავისუფლეს. დაკავებულის მაშინდელი ჩვენების თანახმად, ურანი მან  რუსეთში, ქალაქ ნოვოსიბირსკში მოიპოვა. სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ, შესაძლოა, ნივთიერება ამჯერადაც ნოვოსიბირსკიდან იყოს. მაშინ ამოღებული ურანის ნაწილი ექსპერტიზის ჩასატარებლად რუსეთში გაიგზავნა. როსატომის წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ ნივთიერება გამდიდრებული ურანი იყო, თუმცა ქართველ და რუს სამართალდამცველებს შორის თანამშრომლობა ამაზე შორს არ წასულა.

ურანის კონტრაბანდის კიდევ ერთი გახმაურებული ფაქტი საქართველოში 2006 წელს მოხდა. მაშინ ქართველმა სამართალდამცველებმა საქართველოს სამი და რუსეთის ერთი მოქალაქე - ოლეგ ხინცაგოვი დააკავეს. მათ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის გავლით საქართველოში 100 გრამი 90%25-ით გამდიდრებული ურანი შემოიტანეს. თბილისი ამჯერადაც შეეცადა რუსეთთან თანამშრომლობას -ამოღებული ნივთიერების ნიმუშები გააგზავნა. მოსკოვში დაადასტურეს, რომ ნივთიერება მაღალგამდიდრებული ურანი იყო, თუმცა სხვა ინფორმაცია ქართველ სამართალდამცავებს აღარ მიუღიათ.

რუსეთთან თანამშრომლობა ამ თვალსაზრისით ვერ შედგა. სამაგიეროდ, საქართველო ამ თვალსაზრისით აქტიურად თანამშრომლობს აშშ-სთან. ბოლო წლებში ამერიკის ბირთვული უსაფრთხოების დაცვის სამსახურმა საქართველო-აზერბაიჯანისა და საქართველო-სომხეთის საზღვარზე, ასევე საქართველოს 20 სასაზღვრო პუნქტზე, თანამედროვე ელექტრონული მოწყობილობა დაამონტაჟა. მას შეუძლია რადიაქტიური ნივთიერება აღმოაჩინოს.

0x01 graphic

მარტში განხორციელებული ოპერაციის დეტალებმა საქართველოს, როგორც ბირთვული უსაფრთხოებისთვის ბრძოლაში დასავლეთის პარტნიორის როლი, კიდევ უფრო გაამყარა. მაგალითად, ანალიტიკური სააგენტო Eurasia.net-ი წერს, რომ ჯაშუშების და ურანის თემის გახმაურება ლისაბონის ნატოს სამიტის წინ, შესაძლოა, მნიშვნელოვანი იყოს. მით უმეტეს იმ ფონზე, როცა ალიანსის ახალი სტრატეგიული კონცეფციის პროექტის რეკომენდაციებში აღნიშნულია, რომ ნატომ მკაფიოდ უნდა გამოუცხადოს სრული მხარდაჭერა ბირთვული იარაღის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლას.

7 ვოდევილი დასრულდა

▲back to top


პოლიტიკა

0x01 graphic

ისევ მიდიხარ, ისევ მშორდები, ისევ ეშვება ღამე. აღარასოდეს განმეორდები, ხედავ, მითვლიან წამებს

მთელმა მსოფლიომ დაინახოს, ქაჯები კი არ მოდიან, ქაჯები მიდიან - ამ სიტყვებით და იწყო რამდენიმე წლის წინ სალომე ზურაბიშვილის ოპოზიციური კარიერა. დღეს ის ქართულ პოლიტიკას ტოვებს და დიპლომატიურ სამსახურს უბრუნდება.

მისი განცხადებით, იგი გაეროს უშიშროების საბჭოს ახლად- შექმნილ ჯგუფს უხელმძღვანელებს, რომელიც ირანზე დაწესებულ პოლიტიკურ - ეკონომიკურ სანქციებზე იმუშავებს.

წასვლის მიზეზად ქვეყანაში მინიმალური დემოკრატიის არ არსებობას ასახელებს, რათა ოპოზიციამ იარსებოს. ზურაბიშვილი პოლიტიკურ ასპარეზს სამუდამოდ არ ტოვებს. შესაბამის დროს უკან გაძლიერებული აპირებს დაბრუნებას.

ზურაბიშვილი ქართულ პოლიტიკაში ვარდებისრევოლუციის შემდეგ გამოჩნდა. 2004 წელს ის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გახდა. ერთი წლით ადრე ის საფრანგეთის ელჩად მოავლინეს ქვეყანაში.

მინისტრის თანამდებობაზე ზურაბიშვილი 2005 წლის ოქტომბრამდე მუშაობდა. ის მაშინდელმა პრემიერმა ნოღაიდელმა პარლამენტის ასევე მაშინდელ თავმჯ დომარე ნინო ბურჯანაძესთან დაპირისპირების გამო გაათავისუფლა.

ზურაბიშვილი და ადანაშაულეს სამინისტროს არასწორ მართვაში, ფავორიტიზმსა და ელჩებთან კოორდინაციის ნაკლებობაში. ის ამ ყველაფერს უარყოფდა და მის წინააღმდეგ კარგად დაგეგმილ კამპანიას უწოდებ და.

2005 წლის ნოემბერში მან „სალომე ზურაბიშვილის მოძრაობა”, 2006 წელს კი პარტია „საქართველოს გზა” ჩამოაყალიბა. ამავე წლის ადგილობრივი არჩევნები პარტიისთვის წარუმატებელი გამოდგა (2,77%25).

სალომე ზურაბიშვილი იყო, როგორც 2007 წლის ნოემბრის, ასევე 2009 წლის გაზაფხულის აქციების ორგანიზატორი და მონაწილე. 2008 წლის არჩევნებში ის გაერთიანებული ოპოზიციის სახელით გამოდიოდა. საპრეზიდენტო არჩევნებში ლევან გაჩეჩილაძის გამარჯვების შემთხვევაში, ზურაბიშვილი პრემიერ - მინისტრი უნდა გამხდარიყო.

2009 წლის აქციებისას ზურაბიშვილმა საზოგადოებას თავი ვოკალური მონაცემებითაც დაამახსოვრა. მაშინ ის დიალოგის, როგორც ეშმაკის ენის, შესახებ ამღერდა. საინტერესოა, რამდენად გამოადგება მას დიალოგის შესახებ ეს შეხედულება დიპლომატიურ სამსახურში.

8 სწავლა რეცეპტით

▲back to top


ზურა ჯაფარიძე|სვეტი

0x01 graphic

2 ნოემბერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, დიმიტრი შაშკინმა, განაცხადა, რომ სახელმწიფო სასკოლო სახელმძღვანელოების არსებულ ბაზარზე ინტერვენციას იწყებს. სახელმწიფოს ჩარევა რამდენიმე მიმართულებით იგეგმება და მიზნად ისახავს სწავლების შინაარსისა და სახელმძღვანელოების ფასების დარეგულირებას. შესაბამისად იგეგმება გარკვეული შეზღუდვების დაწესება, რომლებსაც, მიუხედავად „კეთილშობილი” მიზნებისა, სავარაუდოდ, ნეგატიური თანმხლები შედეგებიც მოჰყვება.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გეგმავს საგნობრივ სტანდარტებში სავალდებულო შინაარსის შემოღებას, რაც გამოიხატება ჰუმანიტარულ საგნებში 60%25, ხოლო საბუნებისმეტყველო საგნებში 80%25 სავალდებულო ნაწილის დაწესებაში. მხოლოდ ამ სტანდარტების მოთხოვნების სრული დაკმაყოფილების შემთხვევაში მიენიჭება შესაბამის სახელმძღვანელოს სამინისტროს გრიფი, რაც მისი ბაზარზე გასაყიდად დაშვების ლიცენზია იქნება. ამ გზით სამინისტრო აპირებს, უახლოესი ორი წლის განმავლობაში პრაქტიკულად უნიფიცირებული გახადოს სწავლების შინაარსი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე.

სწავლების შინაარსის კონტროლი მეტწილად დამახასიათებელია ტოტალიტარული სისტემის სახელმწიფოებისთვის, სადაც ცენტრალიზებული დაგეგმვა ეკონომიკის ყველა სფეროს წვდება ხოლმე, მათ შორის განათლების სისტემასაც. მსგავსი მიდგომა განათლების სფეროსადმი არახალია მათთვის, ვისაც ახსოვს საბჭოთა კავშირი, სადაც ყველა მოსწავლე თითქმის ერთი და იგივე შინაარსის წიგნებით სწავლობდა, მიუხედავად იმისა - ქუთაისში ცხოვრობდა თუ სახალინზე.

როგორც წესი, ასეთი ტიპის განათლების სისტემა არაეფექტიანია და წარმატება შეიძლება მოიტანოს მხოლოდ რომელიმე კონკრეტულ სფეროში, რომელსაც სახელმწიფო აირჩევს პრიორიტეტულად, ისიც მოკლევადიან პერსპექტივაში. მაგალითად, საბჭოთა კავშირის მიზანი იყო უძლეველი სამხედრო- ინდუსტრიული კომპლექსის შექმნა, რომელიც საბოლოო ჯამში საშუალებას მისცემდა საბჭოებს დაეპყროთ მთელი მსოფლიო. შესაბამისად, ცენტრალიზებულად დაგეგმილმა განათლების სისტემამ ხელი შეუწყო გარკვეულ წარმატებებს ტექნიკურ მეცნიერებებში, რაც გახდა სამხედრო ინდუსტრიის განვითარების წინაპირობა. თუმცა სახელმწიფოს მხრიდან ხელოვნურმა ფოკუსირებამ რამდენიმე „მნიშვნელოვან” სფეროზე, საბოლოო ჯამში, უარყოფითი გავლენა იქონია მთლიანად ეკონომიკაზე, რამაც შესაბამის ფინალამდე მიიყვანა საბჭოთა კავშირი.

კითხვა, რომელიც ასეთ შემთხვევაში პასუხგაუცემელი რჩება, არის ის, თუ რა არის ე.წ. საშუალო განათლების მიზანი და ვინ შეიძლება გადაწყვიტოს (დაგეგმოს) რა უნდა ისწავლონ სკოლაში? იდეალურ შემთხვევაში სწავლის, როგორც რიგითი საბაზრო პროდუქტის, მიმწოდებლები არიან კერძო სკოლები და მშობლები თავად წყვეტენ რომელ სკოლაში მიიყვანონ შვილი და შესაბამისად, რა უნდა ისწავლონ მათ. მაგრამ როდესაც საქმე ეხება საჯარო სკოლებს, რომლებსაც სახელმწიფო აფინანსებს - რეალობა არსებითად იცვლება. ასეთ შემთხვევაში სახელმწიფო თავად წყვეტს რა მოლოდინები გააჩნია სწავლების პროცესისგან და შესაბამისად, რა შინაარსი უნდა ჩაიდოს სასწავლო პროგრამებში. ხოლო თუ კიდევ უფრო დავკონკრეტდებით და სახელმწიფოს აბსტრაქტულ ცნებაში მეტ კონკრეტიკას შევიტანთ - რამდენიმე ბიუროკრატი, საუკეთესო შემთხვევაში დამატებით რამდენიმე „ექსპერტის” დახმარებით, იღებს გადაწყვეტილებას რა უნდა ისწავლონ მოზარდებმა ყველა საჯარო სკოლაში, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე. შეიძლება მსგავსი სისტემა ეფექტიანი იყოს? სავარაუდოდ - არა. ეროვნული სასწავლო გეგმის არსებული ფორმა (რომელიც თავის მხრივ რამდენიმე წლის წინ დაწყებული რეფორმის შედეგია) გაცილებით მეტ თავისუფლებას აძლევს სკოლებსა და მასწავლებლებს განსაზღვრონ სწავლების შინაარსი. დაგეგმილი ცვლილებები უპირველეს ყოვლისა სწორედ ამ თავისუფლების შეზღუდვას ისახავს მიზნად. როგორც ჩანს, რამდენიმე სახელმწიფო მოხელე თვლის, რომ მათ უკეთ იციან რა უნდა ისწავლებოდეს სკოლებში, ვიდრე სკოლებმა, მასწავლებლებმა და მშობლებმა ერთად.

გარდა ეფექტიანობის შემცირებისა, აღნიშნული ცვლილებით იზღუდება მშობლების არჩევანის თავისუფლება, რადგან ისინი იძულებულნი იქნებიან შესთავაზონ შვილებს საშუალო განათლების ის პაკეტი, რომელსაც სახელმწიფო შექმნის. სკოლის გამოცვლა ამ შემთხვევაში აზრს კარგავს.

მეორე ტიპის პოტენციური პრობლემა, რომელიც სავარაუდოდ მოჰყვება სამინისტროს ახალ ინიციატივებს, დაკავშირებულია სახელმძღვანელოების ფასების გაკონტროლების მცდელობასთან. მინისტრის განცხადებით, საქართველოში არსებობს 60-მილიონიანი სასკოლო სახელმძღვანელოების ბაზარი, სადაც გარკვეული გამომცემლები ხელოვნურად ქმნიან დეფიციტს და ხშირად იღებენ 300%25-იან, ხანდახან კი 800%25-იან მოგებას. ამ კონტექსტში გამომცემლებსა და ე.წ. გადამყიდველებს ხშირად ანიჭებენ ხოლმე „არაკეთილსინდისიერის” იარლიყს. შესაბამისად, სამინისტროს გადაწყვეტილებით, გარდა იმისა, რომ ყველა სკოლაში გამოიყენებენ უნიფიცირებულ სახელმძღვანელოებს, ამ სახელმძღვანელოების ფასი ყველგან იქნება იდენტური (დაახლოებით ისე, როგორც საბჭოთა კავშირში, სადაც მნიშვნელობა არ ჰქონდა სად შეიძენდი პურს ან ე.წ. ერევნის სითხეს, თბილისში თუ ტაშკენტში - შეფუთვაც, წონაც და ფასიც ყველგან ერთი იყო).

ერთი შეხედვით უცნაურია, რატომ უნდა ებრძოლო მოგების მაღალ მარჟას ბაზრის რეგულირებით. თუ პროდუქტი დეფიციტურია და მწარმოებლები (ამ შემთხვევაში გამომცემლობები) მაღალპროცენტიან მოგებაზე მუშაობენ, ეს შეიძლება მიანიშნებდეს მხოლოდ იმაზე, რომ არსებობს შეზღუდვები, რომლებიც ხელს უშლის სხვა მწარმოებლებს ბაზარზე თავისუფლად შემოსვლაში და შესაბამისად, აყენებს არსებულ მწარმოებლებს ერთგვარი მონოპოლისტის პოზიციაში. სხვა შემთხვევაში ალტერნატიული მწარმოებლები ბუნებრივად გადაწყვეტდნენ მომგებიანი ბაზრის სეგმენტის ათვისებას, რაც გაზრდიდა კონკურენციას და გამოიწვევდა ფასების კლებას.

გადამყიდველები თავის მხრივ მხოლოდ პოზიტიურ როლს თამაშობენ და მათი არაკეთილსინდისიერად მოხსენიება უბრალოდ სასაცილოა. ისინი შეიძენენ პროდუქტს იქ, სადაც ის ჭარბადაა და ყიდიან იქ, სადაც ის დეფიციტურია. შესაბამისად, ე.წ. გადამყიდველები საზოგადოებისთვის მხოლოდ სასიკეთო საქმეს აკეთებენ და არავის აიძულებენ შეიძინონ მათგან სახელმძღვანელოები.

თუმცა ყველაზე საინტერესო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ახალ ინიციატივაში დაგეგმილი ფასების რეგულირების მექანიზმია. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში ბაზარი მნიშვნელოვნად დერეგულირებულია, სამინისტრომ როგორც ჩანს ჩათვალა, რომ გაუჭირდებოდა უნიფიცირებულ სახელმძღვანელოებზე ფასების გაკონტროლება. სავარაუდოდ, სწორედ ამიტომ გადაწყდა, სახელმძღვანელოსთვის გრიფის (იგივე ლიცენზიის) მინიჭების შემდეგ სახელმწიფო „ავტომატურად” გამხდარიყო მისი თანამესაკუთრე, ხოლო სურვილის შემთხვევაში მთლიანად შეესყიდა საავტორო უფლებები. სხვა შემთხვევაში უბრალოდ გაუგებარია, რაში სჭირდება სამინისტროს სახელმძღვანელოებზე საავტორო უფლებების ფლობა.

ზოგადად საავტორო უფლებების არსებობა საკამათო თემაა ინტელექტუალურ წრეებში. მსგავსი უფლებების მომხრეები თვლიან, რომ ინტელექტუალური შრომის ნაყოფი, თუნდაც ეს იყოს რაიმე ახალი იდეა, ისეთივე პროდუქტია, როგორც ნებისმიერი ხელშესახები ნივთი და შესაბამისად, მის ავტორს უნდა გააჩნდეს ამ პროდუქტზე ექსკლუზიური და აბსოლუტური უფლებები. თუმცა არსებობენ მოწინააღმდეგენიც, რომლებიც მიიჩნევენ, რომ საავტორო უფლებების არსებობა მხოლოდ აფერხებს პროგრესს, რადგან არ აძლევს საშუალებას უამრავ ადამიანს მიიღოს რაიმე სახის ინფორმაცია ან გამოიყენოს უკვე აღმოჩენილი სიახლეები.

თუ სამინისტროს მიერ დაგეგმილ ცვლილებებს, რომლებიც გრიფირების პროცედურის გავლას მხოლოდ 5 წელიწადში ერთხელ ითვალისწინებს, ამ ჭრილში შევხედავთ, შეგვიძლია დავსვათ კითხვა - თუ რომელიმე ავტორი ან გამომცემელი გააუმჯობესებს სახელმძღვანელოს, რატომ არ უნდა ჰქონდეთ მშობლებსა და მოსწავლეებს უფლება გამოიყენონ უკეთესი სახელმძღვანელო დღეს და ამ სკოლაში? რა უფრო მნიშვნელოვანია - სამინისტროს მონოპოლისტური საავტორო უფლება სახელმძღვანელოებზე თუ პროგრესი?

0x01 graphic

ფოტო: ბესო დარჩია

9 რატომ დაგვღუპავს ინგლისურის სწავლა პირველი კლასიდან

▲back to top


კახა ბენდუქიძე|სვეტი

0x01 graphic

დიდხანს გული ვერ დავუდე ამ თემაზე სვეტის დაწერას. რამდენჯერმე დავიწყე, მაგრამ ვიფიქრე - ამაზე სერიოზულად ლაპარაკი როგორ შეიძლება- მეთქი და გავანებე თავი. მაგრამ რამდენიმე ისეთი აზრი გავიგე, რომ გადავწყვიტე, დამეწერა.

მოდით, ჯერ იმაზე ვიფიქროთ, ემუქრება თუ არა ქართულს საფრთხე და საჭიროა თუ არა მისი დაცვა. ჩემი აზრით, საფრთხე ემუქრება, და დაცვასაც საჭიროებს.

მაგრამ...

საფრთხე იმიტომ კი არ ემუქრება, რომ ჩვენ სხვა ენებს ვისწავლით (სპიჩკა, პრისკი და ტორმუზი რუსულის კარგი ცოდნის შედეგია?), არამედ იმიტომ, რომ ქართული არ ვიცით. მას ჩვენ დავიცავთ სწორი გამართული გამოყენებით, და არა რაიმე სახელმწიფო აკრძალვებით. ეს სამოქალაქო საქმეა, და არა სამთავრობო.

ჩვენი საქმე არ არის, რომ ქართული ანბანი გამოვიყენოთ ჩვენს კომპიუტერებში, და ლათინური ასოებით არ ვწეროთ ელექტრონული წერილები? ჩვენი საქმე არ არის, რომ გამარჯობა - და კარ - ებ - ებ - ი აღარ ვთქვათ? - ამას არც ავსტრალიელი მასწავლებელი გვაძალებს და ვერც მთავრობა აგვიკრძალავს.

ჩვენი საქმე არ არის, რომ ლაზურის შენარჩუნებაზე ვიზრუნოთ? თუ თურქეთის მთავრობის იმედი გვაქვს?

თურმე პრობლემის თავი და თავი ინგლისურის სწავლა ყოფილა პირველი კლასიდან.

გავიგე რამდენიმე საინტერესო აზრი:

  • ორი ენის ცოდნა გამოაშტერებს ბავშვს

  • ბავშვი ქართულს ვეღარ ისწავლის

  • მასწავლებლები გაგვრყვნიან ან/და გადაგვაიეღოველებენ.

მივხვდი მნიშვნელოვან რამეს - ზოგიერთისთვის ეს იდეები არ არის ფიქრის და მსჯელობის შედეგი. მათთვის ეს ფანატიკური რწმენის საგანია. ამიტომ მე მათ არ მივმართავ. ჩემი არგუმენტები იმათთვისაა განკუთვნილი, ვინც ამ საკითხებზე ფიქრობს.

გამოაშტერებს თუ არა ორი ენის სწავლა სკოლებში ბავშვებს და შეუშლის თუ არა ორი ენის სწავლა ქართულის ათვისებას? ჯერ ერთი, ბავშვი სკოლაში უკვე ქართულად მოლაპარაკე მიდის, და ამიტომ ერთდროულად ის ორ ენას არ სწავლობს - ის სწავლობს ინგლისურს ქართულის მეშვეობით. მსოფლიოში არის ბევრი მაგალითი, როდესაც სხვა ენის სწავლა იმდენად ინტენსიურია, რომ ფაქტობრივად ადამიანი ორენოვანი ხდება - ანუ შეუძლია ორ ენაზე არა მარტო ლაპარაკი, არამედ ფიქრიც კი. თუ მეორე ენის შესწავლა საფრთხეს მოიცავს, მაშინ ორ ენაზე თანაბრად მოლაპარაკე ადამიანი ამ საფრთხემ ყველაზე მეტად უნდა დაზაფროს.

რა ხდება სინამდვილეში?

ეს საკითხი საკმაოდ ბევრი მსჯელობის და შესწავლის საგანი იყო - დაწყებული ჰუმბოლდტის ჰიპოთეზიდან, რომ ორენოვნობა ცუდია, და დამთავრებული დღევანდელი კვლევებით. აქ მე არ მოგაცდენთ იმის აღწერით, რანაირად ზომავდა ორენოვნობის ეფექტს ოციან წლებში საერი უელსში ან ბიალისტოკი დღეს კანადაში. ვისაც უნდა, თვითონ მოძებნოს და წაიკითხოს. მოკლედ რომ ვთქვათ, შედეგი ასეთია - ორენოვნობას არ მოაქვს სიშტერე და დაბნეულობა. პირიქით - როგორც წესი, ორენოვანი ბავშვებიც და დიდებიც უფრო სხარტები არიან, და მოხუცებულობის ჟამსაც კი ცოტათი უფრო დიდხანს ინარჩუნებენ სისხარტეს. როგორც ჩანს, ეს ტვინისთვის დამატებითი სასარგებლო სავარჯიშოა, ისეთივე, როგორც კუნთების ვარჯიში ფიზიკური ჯანმრთელობისთვის.

მაშ თუ ორი ენის თანაბარ ცოდნას (მათ შორის ერთი წლის ასაკიდან) არ მოაქვს ცუდი არაფერი, სკოლაში ქართულად უკვე მოლაპარაკე ბავშვის მიერ ინგლისურის კანტიკუნტად შესწავლას რატომ უნდა მოჰყვეს? ასობით მილიონი ადამიანი ფაქტობრივად ორენოვანია: ბელგიელები, სინგაპურელები, ჰონგკონგელები, კანადელების და ინდოელების დიდი ნაწილი, და ა.შ. რა შორს მივდივართ - სამეგრელოში თითქმის ყველა, მეგრულ ენასაც და ქართულსაც თანაბრად ფლობს (არ დაიჯეროთ, რომ მეგრული ქართულის დიალექტია - იგი ჩამოყალიბებული ქართველური ენაა). დაბნეულობა და სიშტერე არსად არ არის.

რაც შეეხება გადაგვარებას, რელიგიური მრწამსის შეცვლას, გადაჯიშებას, გამოიეღოველობას - საქართველოში ყოველთვის იყვნენ გადამთიელები, რომლებიც ჩვენ შორის ცხოვრობდნენ. მე ვლაპარაკობ არა მარტო დამპყრობლებზე, არამედ მოსახლე მშვიდობიან ხალხზეც - ბერძნები, გერმანელები, ესტონელები, ასირიელები, სომხები, პოლონელები, და ასევე რუსები, თურქები, სპარსელები, არაბები და სხვები. მათ ბევრი სიტყვა დატოვეს ჩვენთან, და დღევანდელი ქართული მაგ სიტყვებით არის სავსე. მაგრამ მაინც ქართულია, მაინც ჩვენი ენაა, და მას მოვუაროთ. როგორ? ვწეროთ ქართულად, ვილაპარაკოთ ქართულად, ვიცოდეთ მისი გამორჩეულობა, ისტორია, გვიყვარდეს ქართული, ვისწავლოთ ქართულად.

P.S. მინდა გამოვტყდე, რომ მეც ინგლისურის სწავლა ადრე დავიწყე - საბავშვო ბაღში. იყო თბილისში, კავსაძის ქუჩაზე, ინგლისური საბავშვო ბაღი. ამიტომ თუ რამე გაუგებარია ამ ტექსტში, ჩემს ამ უბედურებას უნდა დააბრალოთ - მე არაფერ შუაში ვარ.

0x01 graphic

10 ქამრების შემოჭერა სიტყვა, რომელიც ვერ იქცა საქმედ

▲back to top


ეკონომიკა

პარლამენტში სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის ჩასწორებული ვარიანტი დაბრუნდა. პირველი მოსმენის შემდეგ, მთავრობის მიერ დოკუმენტში შეტანილი ცვლილებების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტი 6.960 მილიარდი ლარიდან - 7.088 მილიარდ ლარამდე გაიზარდა. 2011 წლის პროგნოზით ბიუჯეტის შემოსავლები მშპ-ს 27.8%25, ხოლო ხარჯები - მშპ-ს 24.9%25 იქნება. საბიუჯეტო დეფიციტი 4.3%25- მდე შემცირდება.

სახელმწიფო ბიუჯეტი, 2010 წელთან შედარებით, 97 მილიონი ლარით იზრდება. აქედან შემოსავლები - 534 მილიონი, ხარჯები კი - 110 მილიონი ლარით. ბიუჯეტის ნამეტი თანხის დიდი ნაწილი სოფლის მეურნეობის, განათლების, ინფრასტრუქტურის, სპორტის, ეკონომიკის სამინისტროებს, საერთო სასამართლოებსა და ტურიზმის ეროვნულ სააგენტოს ემატება. დეკლარირებული ქამრების მოჭერის პოლიტიკა ბიუჯეტში ისევ ნაწილობრივ აისახა.

საჯარო სექტორში დასაქმებულთა რიცხვი (100 ათასი მოხელე) კიდევ 437 კაცით გაიზარდა, მათი შრომის ანაზღაურება კი - 4 მილიონი ლარით. სულ ხელფასებზე 1.1 მილიარდი ლარია გამოყოფილი. 2010 წელთან შედარებით ეს რიცხვი 46 მილიონით მეტია.

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ფუნქციონალური კლასიფიკაციის თანახმად, საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურებაზე სულ 1.8 მილიარდი ლარი დაიხარჯება. აქ შედის აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობის უზრუნველყოფა, ფინანსური და ფისკალური საქმიანობა, საგარეო ურთიერთობები, საკადრო მომსახურება. მიმდინარე წელთან შედარებით, 2011 წელს ამ მიმართულებით მთლიანობაში 21 მილიონით ნაკლები დაიხარჯება.

პრიორიტეტული სფეროებიდან ორს შეუმცირდა დაფინანსება. თავდაცვაზე 653 მილიონი ლარი, საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებაზე კი - 791 მილიონი ლარი გამოიყოფა. მიმდინარე წელთან შედარებით, თავდაცვაზე 86 მილიონით, ხოლო საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებაზე - 1.9მილიონით ნაკლები დაიხარჯება. ბიუჯეტის ჩასწორებულ ვარიანტში სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ასიგნებები პირველად ვარიანტთან შედარებით, 6 მლნ 900 ათასი ლარით იზრდება და საბოლოოდ 105.5 მლნ ლარს აღწევს.

2010 წელთან შედარებით, ყველაზე მეტად - 112 მილიონი ლარით იმატებს საბინაო კომუნალური მეურნეობის დაფინანსება (სულ 132 მილიონი ლარი). აქედან უმეტესი ნაწილი - 129 მილიონი ლარი წყალმომარაგებას მოხმარდება.

44.7 მილიონი ლარით გაიზრდება სოციალური უზრუნველყოფის ხარჯები. 2011 წელს სოციალურ უზრუნველყოფაზე 1.4 მილიარდი ლარი დაიხარჯება. აქედან, მიმდინარე წელთან შედარებით, 20 მილიონით ნაკლები მოხმარდება მიზნობრივი ჯგუფების (ღარიბები, ავადმყოფები და შეზღუდული შესაძლებლობების პირები, ხანდაზმულები) დაფინანსებას. ამავე წელთან შედარებით, სხვა არაკლასიფიცირებული საქმიანობა სოციალური უზრუნველყოფის სფეროში 190 მილიონი ლარით გაიზრდება. მისი უმეტესი ნაწილი - 154 მილიონი სოციალური გაუცხოების საკითხებზეა გამიზნული, რომლებიც კლასიფიკაციას არ ექვემდებარება.

ჯანდაცვის დაფინანსება 15.4 მილიონი ლარით იზრდება. 2011 წელს ჯანდაცვაზე 385 მილიონი ლარი გამოიყოფა. აქედან, 332 მილიონი ლარი არაკლასიფიცირებული საქმიანობის მუხლშია გაწერილი. განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ პაპუნა პეტრიაშვილმა განმარტა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტზე მუშაობა ჯერ კიდევ გრძელდება. ბიუჯეტის ამ ნაწილს დასრულებული სახით მესამე განხილვისათვის წარმოადგენენ. პეტრიაშვილი ამბობს, რომ ყველაფერზე, რაც მიმდინარე წელს ფინანსდება, ბიუჯეტიდან 2011 წელსაც გამოიყოფა სახსრები.

3.9 მილიონი ლარით იზრდება კულტურის, დასვენებისა და რელიგიის დაფინანსება. 2011 წელს ამ სამ სფეროზე 103 მილიონილარი გამოიყოფა. აქედან ყველაზე მეტი - 41 მილიონი კულტურის სფეროში მომსახურებას მოხმარდება. ბიუჯეტი მომსახურების სფეროებს არ აკონკრეტებს.

3.6 მილიონი ლარით იზრდება გარემოს დაცვის დაფინანსება - 2011 წლის ბიუჯეტი 23 მილიონ ლარს დახარჯავს. აქაც უდიდესი ნაწილი - 11.5 მილიონი ლარი არაკლასიფიცირებულია.

1.4 მილიონი ლარით მოიმატებს განათლების სფეროს დაფინანსება. 2011 წელს ამ კუთხით 550 მილიონი ლარი დაიხარჯება. მისი უდიდესი ნაწილი - 389 მილიონი ლარი საშუალო ზოგად განათლებას მოხმარდება. 2010 წელთან შედარებით, ამ კუთხით 33 მილიონით მეტი დაიხარჯება. ეს თანხა ძირითადად პირველკლასელთათვის კომპიუტერების შეძენას და საჯარო სკოლების დაფინანსებას მოხმარდება .

2011 წელს ბიუჯეტიდან სასჯელაღსრულებაზე, პრობაციასა და იურიდიულ დახმარებაზე 105.5 მილიონი ლარია გამოყოფილი. ბიუჯეტის კანონპროექტის ბოლო ვერსიაში, ამ რიცხვმა კიდევ 6.9 მილიონი ლარით მოიმატა. ამ თანხის ძირითადი ნაწილი ციხეების მშენებლობა - რეაბილიტაციას მოხმარდება.

მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე წელთან შედარებით, ბიუჯეტი 97 მილიონი ლარით გაიზარდა, ეს კანონპროექტის ჩასწორებულ ვერსიაში საშინაო და საგარეო ვალდებულებების მომსახურებასა და დაფარვაზე საერთოდ არ აისახა. ბიუჯეტის კანონპროექტის ბოლო ვერსიაშიც ვალების მომსახურებაზე იგივე - 315 მილიონი ლარი დაიხარჯება. მიმდინარე წელთან შედარებით, ეს 86 მილიონით მეტია.

დღეს საქართველოს თითოეული მოქალაქე, სახელმწიფო ვალში 2 ათას დოლარს იხდის. ვალების მომსახურებას ბიუჯეტის 4%25 ხმარდება. 2013 წელს ეს მაჩვენებელი 3.5- ჯერ გაიზრდება და 14%25-ს მიაღწევს. სახელმწიფოს ამ წელს თავისი ვალების უდიდესი ნაწილის - 800 მილიონ დოლარზე მეტის დაფარვა ელის.

ქამრების მოჭერის შედეგად დაზოგილი თანხები, წესით, დეფიციტის შემცირებასა და ვალის დაფარვას უნდა მოხმარდეს. მოკლევადიანმა შოკმა გრძელვადიან პერსპექტივაში ეკონომიკის გაჯანსაღება უნდა გამოიწვიოს. დღეს სახელმწიფო წინასწარ ხარჯავს ფულს, რომელიც ჯერ არ აქვს და დანამდვილებით არც იცის, რამდენი ექნება ან ექნება თუ არა საერთოდ. თუ 2011 წლისთვის პროგნოზირებული 4.5%25-იანი ეკონომიკური ზრდა ვერ მიიღწევა, მომეტებული საბიუჯეტო ხარჯები, პირველ რიგში, სწორედ რიგით მოქალაქეს დააწვება ტვირთად. ამას გადასახადების, ინფლაციის ან ვალის მოცულობის კიდევ უფრო გაზრდა გამოიწვევს.

0x01 graphic

11 მორიგი არჩევნები მოლდოვაში

▲back to top


მსოფლიო

მოლდოვაში კვლავ პოლიტიკური კრიზისია. ქვეყანა ახალი არჩევნების მოლოდინშია. პარლამენტის მიერ პრეზიდენტის არჩევნების რამდენიმე წარუმატებელი ცდის შემდეგ, 2010 წლის 29 სექტემბრის ბრძანებულებით, პარლამენტის თავმჯდომარემ და სახელმწიფოს მოქმედმა მეთაურმა, მიჰაი გიმპუმ პარლამენტი დაითხოვა. მორიგი საპარლამენტო არჩევნების თარიღად მიმდინარე წლის 28 ნოემბერი, ხოლო სახელმწიფო მეთაურის არჩევის ვადად - დეკემბერი გამოცხადდა.

უკანასკნელი 20 თვის განმავლობაში ეს მოლდოვისთვის საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების მე-3 რაუნდია. არსებული სისტემის თანახმად, სახელმწიფოს პრეზიდენტს პარლამენტი ხმათა 2/3-ით ირჩევს, მაგრამ ამდენ ხმას ვერც მმართველი კოალიცია აგროვებს და ვერც ოპოზიცია. შექმნილი პოლიტიკური ჩიხიდან გამოსავალი პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა შეიძლება ყოფილიყო. ამ მიზნით გამართული 5 სექტემბრის ეროვნული რეფერენდუმი ამომრჩეველთა დაბალი აქტივობის გამო (29%25) ვერ შედგა.

ამჟამად ქვეყნის წამყვანი პარტიები კვლავ წინასაარჩევნო ციებ- ცხელებაში არიან. ამ მომენტისათვის, სხვადასხვა გამოკითხვის თანახმად, ყველაზე რეიტინგული კვლავაც პრორუსული კომუნისტური პარტიაა. ნოემბრის არჩევნებზე კომუნისტური რევანშის მცდელობას მმართველ დემოკრატიულ კოალიციაში შემავალი ძალები ცალ- ცალკე დაუპირისპირდებიან.

2009 წლის სექტემბრიდან მოლდოვას, მცირე უმრავლესობით, პროდასავლური ორიენტაციის ევროპული ინტეგრაციისათვის ალიანსი (AEI) მართავდა. ამ კოალიციაში ოთხი პარტია შედიოდა - ლიბერალური (პარლამენტის თავმჯდომარე და მოქმედი პრეზიდენტი - მიჰაი გიმპუ), დემოკრატიული (ყოფილი სპიკერი - მარიან ლუპუ), ლიბერალურ- დემოკრატიული (პრემიერი - ვლად ფილატი) და ჩვენი მოლდოვა (კიშინიოვის ყოფილი მერი - სერაფიმ ურეკიანი).

ევროპული ინტეგრაციისათვის ალიანსის დაშლის ძირითადი მიზეზი მასში შემავალ პარტიებს შორის პირველობისთვის ბრძოლა იყო, ფორმულით, ყველა ერთის - პრემიერ ფილატის წინააღმდეგ.

ლიბერალურიდა დემოკრატიული პარტიები არჩევნებში ერთიან ბლოკად მონაწილეობის ვარიანტს განიხილავენ. სახელმწიფოს მოქმედი მეთაურის მიჰაი გიმპუს ლიბერალური პარტია უკიდურესად პრორუმინული ორიენტაციისაა. დემოკრატიული პარტიის ლიდერი, ყოფილი კომუნისტი, მარიან ლუპუ კი, როგორც რუსეთთან, ისე დასავლეთთან თანამშრომლობის მომხრეა. ოპოზიციაში ის მხოლოდ მას შემდეგ გადავიდა, როცა კომუნისტებმა პრეზიდენტად არ დაასახელეს.

გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლიბერალური და დემოკრატიული პარტიების ალიანსში შესაძლოა სერაფიმ ურეკიანის პარტია - ჩვენი მოლდოვაც - შევიდეს. მისი პარტია დღეს რეიტინგის სერიოზულ კლებას განიცდის და ეს ძირითადადპრემიერ ფილატის პარტიის პოპულარობის ზრდის ხარჯზე ხდება.

თუ ამ 3 პარტიას შორის ალიანსი შედგა, მისი მთავარი მიზანი პრემიერ- მინისტრ ვლად ფილატის ლიბერალურ - დემოკრატიული პარტიისთვის კონკურენციის გაწევა იქნება.

ფილატი თანამდებობრივი პრივილეგიებით სარგებლობს და პოლიტიკური პოპულარობის მოსახვეჭად ძვირადღირებულ სოციალურ პროგრამებს ახორციელებს. მისი გაძლიერება კოალიციური პარტნიორების უკმაყოფილებას იწვევს.

არჩევნებზე დიდ გავლენას მოახდენს დნესტრისპირეთის პრობლემაც. ეს რეგიონი სულ უფრო მეტად ექცევა ევროპული პოლიტიკის ინტერესის სფეროშიც. ის ერთადერთი საკითხია, რომელიც ფრანგულ- გერმანულ- რუსული ერთობლივი მოლაპარაკების ობიექტი გახდა.

თანამშრომლობის თაობაზე გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის მიერ წამოყენებული წინადადება, მერებერგის ციხესიმაგრეში (ბერლინთან ახლოს) მედვედევთან მისი შეხვედრის დროს განიხილეს და 4-5 ივნისს მერებერგის მემორანდუმი მიიღეს. აღნიშნული მემორანდუმი ითვალისწინებს ევროკავშირისა და რუსეთის ერთობლივი პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის შექმნას. კომიტეტს ევროკავშირის მხრიდან ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკის საკითხებში ქეთრინ ეშტონი და რუსეთის მხრიდან ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი უხელმძღვანელებენ.

0x01 graphic

მარიან ლუპუ

0x01 graphic

ვლადიმირ ვორონინი

ამ კომიტეტის უფლებამოსილებაში შევა ევროკავშირისა და NATO-ს ერთობლივი სამოქალაქო და სამხედრო კრიზისის მართვის ოპერაციები. ჯგუფი შეიმუშავებს რეკომენდაციებს სხვადასხვა კონფლიქტებისა და კრიზისული სიტუაციებისათვის, რომლებიც ევროკავშირს შესაბამის მრავალმხრივ ფორუმებზე დაეხმარება. ამ ქმედებით გერმანიის მთავრობას იმის დემონსტრირება უნდოდა, რომ ევროკავშირს შესწევს უნარი, ერთი- ერთზე მოაგვაროს ევროკავშირის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები. აღნიშნულ მემორანდუმს მოკლე დროში შეუერთდა საფრანგეთიც - სარკოზი ცდილობს, გერმანულ- რუსულ ურთიერთობებს არ ჩამორჩეს. ევროკავშირისა და რუსეთის ახალი საერთო უშიშროების კომიტეტის ასამოქმედებლად მერებერგის მემორანდუმის ფარგლებში 2010 წლის დეკემბრისათვის მოწვეულია სამიტი.

ევროკავშირსა და რუსეთს შორის უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის შესაძლებლობის შესამოწმებლად, მემორანდუმი ითვალისწინებს მათ ერთობლივ ნაბიჯებს 5+2 ფორმატის პირობებში. მოქმედება დნესტრისპირეთის კონფლიქტის გადაწყვეტას ითვალისწინებს. 5+2 ფორმატი გულისხმობს ერთი მხრივ მხარეების - მოლდოვისა და დნესტრისპირეთის, მეორე მხრივ მედიატორების - რუსეთის ფედერაციის, უკრაინისა და ეუთოს და მესამე მხრივ - დამკვირვებელთა სტატუსით აშშ- სა და ევროკავშირის შეთანხმებულ მოქმედებებს დნესტრისპირეთის საკითხთან დაკავშირებით.

რუსეთის მთავარი ამოცანა ევროპის უსაფრთხოების საკითხებში ინსტიტუციონალური როლის მიღებაა. ამ მიზნის მისაღწევად მოლდოვიდან მისი გასვლა და ტირასპოლის ხელისუფლების მხარდაჭერაზე უარის თქმა უმნიშვნელო მსხვერპლად მიაჩნია.

0x01 graphic

მიჰაი გიმპუ

მედვედევის დამოკიდებულება აღნიშნულ მოლაპარაკებასთან დაკავშირებით შეიძლება გამოიხატოს ფრაზით - დაველოდებით და ვნახავთ. დოვილის სამიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტმა კონფლიქტის მოგვარებაში შესაძლო ხელშეწყობაზე ბუნდოვნად ისაუბრა. მიუხედავად იმისა, რომ დნესტრისპირეთს რუსეთი აკონტროლებს როგორც სამხედრო, ასევე პოლიტიკური კუთხით, მედვედევმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება დამოკიდებულია მოლდოვის, დნესტრისპირეთის, რუმინეთისა და ევროკავშირის პოზიციებზე. უფრო მეტიც, მან დაიმოწმა მოლდოვაში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი და მოლაპარაკებების წარმოება იმ დრომდე გამორიცხა, სანამ ქვეყანა არჩევნებზე ახალ მთავრობას არ აირჩევს.

12 არჩევნებში მარცხის შემდეგ ობამა ინდოეთს ესტუმრა

▲back to top


მსოფლიო

ამერიკა-ინდოეთი

0x01 graphic

ინდოეთის პრემიერ-მინისტრი მანმოჰან სინგჰი და პრეზიდენტი ობამა

პრეზიდენტი ბარაკ ობამა 5 ნოემბერს აზიურ ტურნეში გაემგზავრა. ვიზიტი ინდოეთში დაიწყო. ამ ქვეყნის გარდა, იგი ინდონეზიაში, სამხრეთ კორეასა და იაპონიაშიც ჩავა. აშშ - ის შუალედურ არჩევნებში დემოკრატების მარცხის შემდეგ, პრეზიდენტისთვის ეს ტურნე საკუთარ ამომრჩევლებთან რეაბილიტაციის შანსსაც წარმოადგენს.

მსოფლიოს ორი უდიდესი დემოკრატიული სახელმწიფოს თანამშრომლობა XXI საუკუნის გლობალური პოლიტიკის ერთ - ერთი საკვანძო საკითხია. დემოკრატიის გარდა, ამერიკასა და ინდოეთს მრავალი საერთო აქვთ, მათ შორის ფედერალური ტერიტორიული მოწყობა და ჩინეთის შეკავების სურვილი.

ინდოეთთან დაახლოება ჯერ კიდევ ბილ კლინტონის პრეზიდენტობისას დაიწყო, თუმცა აპოგეას ჯორჯ ბუშის დროს მიაღწია. ობამას გაპრეზიდენტების შემდეგ, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები თითქოს გაიყინა.

ობამამ ინდოეთში 250 ამერიკელი ბიზნესმენი გაიყოლა. ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების დროს 10 მილიარდი დოლარის ღირებულების ახალ კონტრაქტებს მოეწერა ხელი. ობამას განცხადებით, ამით ამერიკაში 50 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. ამერიკულ კომპანიებს უფრო სარფიანი კონტრაქტების იმედი ჰქონდათ, მათ შორის ბირთვული ენერგეტიკის სფეროში. 90-იანი წლებიდან მოყოლებული ინდოეთის ეკონომიკა, საშუალოდ, 8 პროცენტით იზრდება. ინდურმა კორპორაციებმა მსოფლიო ბაზარზე მეტალურგიასა და საავტომობილო ინდუსტრიაში წამყვანი პოზიციები დაიკავეს. პროგრამული უზრუნველყოფის მხრივ ინდოეთის დაწინაურებისა და მუშახელის სიიაფის გამო კომპიუტერული სერვისების ნაწილმა ინდოსტანის ნახევარკუნძულზე გადაინაცვლა. ტექნოლოგიების კვლევასა და განვითარებაში განხორციელებულმა ინვესტიციებმა პოზიტიური გავლენა იქონიეს როგორც ეკონომიკის ტექნიკურ მხარეზე, ასევე მენეჯმენტზე. ვიზიტის ბოლოს, დელიში გამოსვლისას ობამამ თავისუფალი ბაზრის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მან ინდოეთს ეკონომიკის კიდევ უფრო ლიბერალიზაციისკენ და უცხოური ინვესტიციებისთვის ბარიერების შემცირებისკენ მოუწოდა.

გასულ წელს, ობამას მიერ ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გამოყვანის თარიღის დათქმამ (2011 წლის ზაფხული) ინდოეთში უკმაყოფილება გამოიწვია. ამერიკელების გასვლა გაზრდის სხვა ექსტრემისტული დაჯგუფებების მომძლავრების რისკს. თუმცა დელიში ობამამ განაცხადა, რომ ამერიკის ჯარების გაყვანა არ ნიშნავს ავღანეთისა და რეგიონის უყურადღებოდ დატოვებას. ინდოეთი ავღანეთში ამერიკის პარტნიორ პაკისტანს ტერორისტებთან თანამშრომლობაში ადანაშაულებს. მეორე მხრივ, ბირთვული იარაღით აღჭურვილი არასტაბილური პაკისტანი თავად წარმოადგენს საფრთხეს რეგიონული სტაბილურობისთვის. ამერიკის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა პაკისტანის პასუხისმგებლობას და აღნიშნა, რომ ამ ქვეყანამ უნდა გაანადგუროს ტერორისტთა თავშესაფრები საკუთარ ტერიტორიაზე. ინდოეთ-პაკისტანის ურთიერთობებზე საუბრისას კი მან კიდევ ერთხელ მოუწოდა მხარეებს მოლაპარაკებებისკენ.

ჩინეთის გაძლიერების საპასუხოდ, ინდოეთმა უკვე დაიწყო სამხრეთ კორეასა და იაპონიასთან როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური კავშირების გაღრმავებაზე ზრუნვა. თუმცა ჩინეთის დაბალანსება, ამერიკის გარეშე, მარტო აზიურ სახელმწიფოებს გაუჭირდებათ. თავდაცვის მდივანმა რობერტ გეიტსმა, რამდენიმე ხნის წინ განაცხადა, რომ ამერიკა გააფართოებს საკუთარი სამხედრო ძალების წარმომადგენლობას ინდოეთის ოკეანეში, თუმცა აღნიშნა, რომ ამას ჩინეთთან არანაირი კავშირი არ აქვს. ამერიკა ინდოეთთან ერთად მრავალ სამხედრო წვრთნას ატარებს. ამერიკული კომპანიებისთვის ინდოეთი მიმზიდველი ადგილია, რადგანაც ქვეყნის მთავრობა უახლოეს წლებში რამდენიმე ათეული მილიარდი დოლარის დახარჯვას აპირებს სამხედრო მოდერნიზაციისთვის. ვიზიტის ფარგლებში დადებული კონტრაქტების ნაწილი სამხედრო სფეროზე მოდის.

დელიში ობამამ განაცხადა, რომ ამერიკა მხარს დაუჭერს ინდოეთის სურვილს გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივ წევრად მიღების თაობაზე. გაეროს ძირითადი ორგანოები დაარსებიდან დღემდე პრაქტიკულად შეუცვლელი სახით მოვიდნენ. მიიჩნევა, რომ ახლანდელი გლობალური პოლიტიკური წესრიგი მოითხოვს უშიშროების საბჭოს გარდაქმნას და მასში ისეთი სახელმწიფოების ჩართვას, როგორებიც არიან ინდოეთი და ბრაზილია. ობამას განცხადებას უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა პაკისტანში. თუმცა მოკლევადიან პერსპექტივაში, ობამას განცხადება, სავარაუდოდ, სოციალური მეცნიერებების აკადემიურ წრეებზე უფრო მოახდენს გავლენას, ვიდრე გლობალური უსაფრთხოების სისტემის შეცვლაზე.

ინდოეთს ამერიკისგან პოლიტიკური მხარდაჭერის გარდა, განათლებისა და ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობაც სჭირდება განვითარების ტემპების შესანარჩუნებლად. თავის მხრივ, ობამას აზიური ტურნეს მთავარი მიზანი ამერიკის პოზიციების უცვლელობაში მოკავშირეების დარწმუნება და პარტნიორობის გაღრმავება იყო. ამvერიკასა და ინდოეთს უჭირთ ურთიერთობების განვითარება, რისი ერთ-ერთი მიზეზი ინდოეთის მოუქნელი ბიუროკრატიაცაა. საბოლოო ჯამში ტურნეს პოზიტიურად დაწყების მიუხედავად, ნაკლებ სავარაუდოა, შეხვედრებმა ნაყოფი მოკლე დროში გამოიღოს. ობამას კი წინ იაპონიაში არანაკლებ მნიშვნელოვანი ვიზიტი ელის.

0x01 graphic

ილუსტრაცია: დავით მაჭავარიანი

13 ტკბილი ნოემბერი

▲back to top


0x01 graphic

ყველა ფოტო: REUTERS ©

3 ნოემბერს გადაცემა „60 წუთისთვის” მიცემულ ინტერვიუში პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ აღიარა, რომ შუალედურ არჩევნებში მარცხი განიცადა. 5 ნოემბერს კი აშშ - ის პრეზიდენტი მეუღლესთან ერთად 10-დღიან აზიურ ტურნეში გაემგზავრა.

შეერთებული შტატების წინასაარჩევნო პოლიტიკურ ატმოსფეროში საგარეო პოლიტიკა ჟანგბადივით უჩინარი იყო. არჩევნების შემდეგ ის ისევ ჟანგბადივითაა, ოღონდ ამჯერად საგარეო პოლიტიკური გააქტიურება პრეზიდენტის პოლიტიკური გადარჩენისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი გახდება.

ვაშინგტონის ტრადიციის თანახმად, როდესაც პრეზიდენტი შიდაპოლიტიკურ ჩიხში შედის, გამოსავალს საგარეო პოლიტიკაში პოულობს. 2011 წლიდან კონგრესს შეუძლია, ადმინისტრაციის ნებისმიერი საშინაო პოლიტიკური გადაწყვეტილების გადაულახავი ბარიერი გახდეს. პრეზიდენტს დამოუკიდებელი მოქმედების გაცილებით მეტი შესაძლებლობა ქვეყნის გარეთ აქვს.

შეერთებული შტატების კონსტიტუცია საგარეო საქმეთა წარმოების უფლებას კონგრესსა და პრეზიდენტს შორის ანაწილებს და ამ უკანასკნელს გარკვეულ უპირატესობას ანიჭებს: იგი პასუხობს საგარეო პოლიტიკურ მოვლენებს, წარადგენს კანონმდებლობას, აწარმოებს საერთაშორისო მოლაპარაკებებს. ქვეყნის პირველი პირი პოლიტიკის განმსაზღვრელ განცხადებებს აკეთებს და პოლიტიკის იმპლემენტაციას ახდენს. პრეზიდენტის საგარეო ძალაუფლების შესაზღუდად კონგრესს შეუძლია მიიღოს: რეზოლუციები და პოლიტიკური განცხადებები, გამოსცეს საკანონმდებლო დირექტივები, განახორციელოს საკანონმდებლო ზეწოლა, გამოიყენოს საკანონმდებლო ბერკეტები (მაგალითად, უარი უთხრას დაფინანსებაზე), მისცეს პრეზიდენტს და აღმასრულებელ ხელისუფლებას არაფორმალური რჩევა და განახორციელოს ზედამხედველობა.

ამიტომ შეერთებული შტატების 2 ნოემბრის შემდგომი საგარეო პოლიტიკის შესახებ ორი მთავარი კითხვა ჩნდება:

1. შეიცვლება თუ არა პრეზიდენტ ობამას ახალი, პოსტ-2010 და პრე-2012, საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები და ტაქტიკა?

2. როგორი იქნება 112-ე კონგრესის, სადაც ბევრი ახალი კონგრესმენი ჩაის წვეულების ფავორიტია, საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები და ტაქტიკა?

პირველ კითხვაზე საპასუხოდ საჭიროა გაირკვეს რა უნდა შეიცვალოს, ანუ როგორი იყო ობამას ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკა 2008 წლის ტრიუმფიდან 2010 წლის ისტორიულ არჩევნებამდე. პასუხი თან რთულია, თანაც მარტივი: არც ცივსისხლიანი რეალიზმი, არც გულმხურვალე იდეალიზმი. 44-ე პრეზიდენტი იზოლაციონიზმსა და ინტერნაციონალიზმის ტრადიციებს შორის წარუმატებელ მანევრირებას ცდილობდა, შედეგად კი ხშირ შემთხვევაში გაორებულ გადაწყვეტილებებს იღებდა. ეს მომენტი ყველაზე ცხადად ავღანეთში გამოჩნდა. 94-დღიანი დებატების შემდეგ, პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც თავიდანვე შესთავაზეს სამხედროებმა: ჯარები გაზარდა. მან დაამატა პირობა, რომელსაც ლიბერალები იმთავითვე ურჩევდნენ: ავღანეთიდან ჯარების გამოყვანის გამოსვლის ვადა დაასახელა. შედეგად უკმაყოფილო დარჩნენ როგორც გენერლები, ასევე პრეზიდენტის ლიბერალური გარემოცვა და ავღანეთის ხელისუფლება.

საგარეო პოლიტიკური ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ობამას ადმინისტრაციამ ქრესტომათიული მაგალითები შექმნა სახელმძღვანელოსთვის „როგორ გადავიმტეროთ მეგობრები და დავუყვავოთ მტრებს”. ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის ისტორია, ურთიერთობები აღმოსავლეთ ევროპასთან, გადატვირთვა რუსეთთან და ყოყმანი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, სხვა მრავალ მაგალითთან ერთად, ასეთი სახელმძღვანელოს სამაგალითო ილუსტრაციებია.

გაორებული პოლიტიკის გამო ობამას სულ უფრო ხშირად უწოდებენ ჯიმი კარტერის სიქველს. სიქველი ძველი სიუჟეტების ახალ გარემოებებში განმეორებაა, ჯიმი კარტერი კი - ბოლო დემოკრატი პრეზიდენტი, რომელმაც საშინაო - საგარეო პოლიტიკაში კასკადური შეცდომების გამო მეორე ვადით არჩევნები წააგო.

კარტერის აჩრდილს რომ თავი დააღწიოს, ობამამ 2012 წლამდე უნდა გამოასწოროს ძველი და არ დაუშვას ახალი შეცდომები.

ავღანეთის ომი, ანუ ობამას ომი, როგორც მას ხშირად უწოდებენ, ძველი შეცდომების გამოსწორების საშუალებას იძლევა: პრეზიდენტს, როგორც ჩანს, ავღანეთში ჯარების ყოფნის გახანგრძლივება მოუწევს და მხარდაჭერას კონგრესის რესპუბლიკური უმრავლესობიდან უნდა ელოდოს.

ავღანეთთან ერთად ირანი, ისრაელი - პალესტინა და რუსეთი მთავარ საგარეო პოლიტიკურ გამოწვევებად დარჩება.

დღეს ვაშინგტონში ცდილობენ იწინასწარმეტყველონ, თუ როგორი იქნება ამ გამოწვევების მიმართ ახალი კონგრესის დამოკიდებულება.

წარმომადგენელთა პალატაში იანვრიდან უპრეცედენტო რაოდენობის ახალი კონგრესმენი შევა. ასეთი რამ 1994 წლის რესპუბლიკური რევოლუციის დროსაც არ მომხდარა: კაპიტოლიუმის ბორცვზე რესპუბლიკელებს 80-ზე მეტი ახალი კონსერვატორი შეემატა. უმეტესობა ჩაის წვეულების ფავორიტი გახლავთ, ადამიანები, რომელთაც წინასაარჩევნო პერიოდში საკუთარი საგარეო პოლიტიკური შეხედულებების შესახებ ბევრი არ უსაუბრიათ.

0x01 graphic

ფოტო: REUTERS ©

მათი პოზიციების არტიკულაცია მომავალი წლიდან წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ახალ თავმჯდომარეს, კუბური წარმოშობის რესპუბლიკელს ფლორიდიდან, ილეანა როს ლეჰტინენს მოუწევს. გამოცდილი კონგრესმენი ცნობილია მკვეთრად კრიტიკული დამოკიდებულებით რუსეთის, ირანის, ჩინეთის, ჩრდილო კორეის, ვენესუელის და, ცხადია, კუბის რეჟიმების მიმართ. გასულ კვირას როს ლეჰტინენმა განაცხადა, რომ მიემხრობა ირანთან პრეზიდენტ ობამას პოლიტიკის გამკაცრებას. მან იმედი გამოთქვა, რომ ადმინისტრაცია რუსეთთან პოლიტიკასაც შეცვლის. „დროა პრეზიდენტმა გამოიღვიძოს და აღიაროს მოსკოვის რეჟიმის ბრუტალური ბუნება და გადახედოს გადატვირთვის პოლიტიკას”, - უთხრა როს ლეჰტინენმა ჟურნალისტებს 10 ნოემბერს. „მე ვფიქრობ, საგარეო პოლიტიკის მთავარი განმსაზღვრელი ამერიკის ინტერესებისა და ეროვნული უსაფრთხოების დაცვაა. არ უნდა ვიხდიდეთ ბოდიშს იმის გამო, რომ სუპერსახელმწიფო ვართ და ვამაყობდეთ, რომ შეგვიძლია ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუმჯობესება მსოფლიოში”, - განაცხადა წარმომადგენელთა პალატის საგარეო პოლიტიკის განმსაზღვრელი კომიტეტის მომავალმა თავმჯდომარემ.

სენატში ვითარება რადიკალურად არ იცვლება, თუმცა დამატებითი 6 სენატორი რესპუბლიკელებს დემოკრატების გადაწყვეტილების წარმატებით კორექტირების ან დაბლოკვის საშუალებას მისცემს.

ადმინისტრაციას საგარეო პოლიტიკის გამკაცრებას მოსთხოვს ჩაის წვეულების ერთ - ერთი ფავორიტი, ახალგაზრდა ფლორიდელი სენატორი მარკო რუბიო. მას მხარდამჭერები რესპუბლიკელების კუბელ ბარაკ ობამასაც უწოდებენ. ობამასგან განსხვავებით, რუბიო სენატის კიდევ ერთი ქორი იქნება. წინასაარჩევნო კამპანიის დროს ის აცხადებდა, რომ ობამას საგარეო პოლიტიკა „მეგობრების მიტოვებისა და მტრების დამეგობრების, პასუხისმგებლობებისგან თავის აცილების მცდელობებზეა დაფუძნებული”.

პასუხისმგებლობის თავიდან აცილება, ვალდებულებებისა და რისკების შემცირება აშშ-ის საგარეო პოლიტიკის თეორიაში ჯეფერსონს უკავშირდება. ჯეფერსონიანელი ობამა მაშინ იყო, როდესაც ამერიკული დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ნაკლოვანებებზე საუბრობდა, მსოფლიოს ბოდიშს უხდიდა და მოთმინებით, თავშეკავებითა და კონფლიქტების მიტოვებით ცდილობდა სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობას. ესეც ერთგვარი იზოლაციონიზმია. იზოლაციონიზმი, როგორც პოლიტიკური ფილოსოფია, ამბობს, რომ აშშ საკუთარ ინტერესებს უკეთ დაიცავს, თუ დემოკრატიას ქვეყნის შიგნით გააუმჯობესებს და მსოფლიოსთვის სამაგალითო გახდება.

ობამას მმართველობის პირველი ორი წლის განმავლობაში აშშ-ის საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგიდან დემოკრატიის გავრცელება გაქრა.

აშშ-ის ისტორიაში იზოლაციონისტები, როგორც მემარცხენე, ასევე მემარჯვენე ბანაკში მრავლად მოიძებნება.

თანამედროვე პოპულისტი იზოლაციონისტების ორი წარმომადგენელი, ჩაის წვეულების ფავორიტი, მამა- შვილი რონ და რანდ პოლები არიან. პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა, რონმა კონგრესში ადგილი შეინარჩუნა, რანდი კი, ჩაის წვეულების მხარდაჭერით, სენატორი გახდა.

მათი ამომრჩევლების განწყობის საილუსტრაციოდ ერთი ცნობილი ისტორია გამოდგება: წინასაარჩევნო კამპანიის დროს რონ პოლი ჩაის წვეულების თავყრილობას მიმართავდა. ყველაფერი კარგად იყო, როდესაც მისი განცხადებები ეკონომიკურ პოპულიზმს ეხებოდა, მაგრამ როგორც კი აშშ-ის სამხედრო ძალების იაპონიიდან და სამხრეთ კორეიდან გამოყვანაზე დაიწყო საუბარი, ხალხში უკმაყოფილო შეძახილები გაისმა. კონგრესმენი პოლი სამხედროების ქებაზე გადაერთო და მსმენელებიც დამშვიდდნენ.

ჩაის წვეულების ის ნაწილი, ვისაც საგარეო პოლიტიკა აღელვებს, ამერიკული ინტერესების ძალის გამოყენებით დაცვის მომხრეები არიან და ნაკლებად მოსწონთ უმოქმედო იდეალიზმი. ჩაის წვეულების მთავარი ფავორიტის, პეილინის იდეალიზმი კი რეიგანისეულ „ძალით მშვიდობას” უკავშირდება.

საბოლოო ჯამში, ამერიკული საგარეო პოლიტიკა ეფექტიანი მაშინაა, როდესაც იდეალიზმი, ინტერნაციონალიზმი, ინტერვენციონიზმის ძალა და მუდმივი მცდელობები ქვეყნის შიგნით დემოკრატიის სრულყოფისთვის, თანამედროვე გამოწვევებს ადეკვატურად პასუხობს. რეიგანის, კლინტონის, მამა - შვილი ბუშების წარმატებები და მარცხები ამის ნათელი მაგალითია.

რამდენად ადეკვატური იქნება ობამას პასუხი, მალე გაირკვევა: პირველი, რეალური საშემოდგომო გამოცდები საგარეო პოლიტიკაში მას ახლა ეწყება.

14 გიორგი თარგამაძე: მარტივი გზით არ მივლია

▲back to top


ფოკუსი

0x01 graphic

გიორგი თარგამაძე ახალი თაობის ქართველი პოლიტიკოსია. მისი ბიოგრაფია სავსეა წინააღმდეგობრივი მოვლენებით. ის ძირითადად ჟურნალისტიკასა და პოლიტიკაში მოღვაწეობდა.

ქრისტიან-დემოკრატების ლიდერის ჟურნალისტური კარიერა პირველ დამოუკიდებელ ტელეკომპანია იბერვიზიაში დაიწყო. შემდეგ იგი ბათუმში, ასლან აბაშიძის სამსახურში გადავიდა და წლების განმავლობაში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. იყო პარტია აღორძინების ერთ-ერთი ლიდერი და აბაშიძის რეჟიმის ინტერესებს პარლამენტშიც იცავდა. აჭარის მმართველის პოლიტიკური კარიერის დაღმასვლის დაწყებისთანავე, თარგამაძემ ჟურნალისტიკაში გადაინაცვლა და ოლიგარქ ბადრი პატარკაციშვილის მიერ დაარსებულ ტელერადიოკომპანია იმედში განაგრძო მოღვაწეობა. ის რეიტინგული გადაცემის (დროება) ავტორი და წამყვანი გახლდათ. 2007-08 წლების მოვლენებისა და პატარკაციშვილის გეგმების გამჟღავნების შემდეგ, ისევ პოლიტიკას დაუბრუნდა და ქრისტიან - დემოკრატიული მოძრაობის ლიდერად მოგვევლინა. კრიტიკოსები მას ოპორტუნიზმში, სოციალურ პოპულიზმსა და რელიგიური თემებით მანიპულირებაში ადანაშაულებენ, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევების მიხედვით, მისი პარტია ქვეყნის მასშტაბით მეორე ადგილს იკავებს (IRI-ის მიხედვით - 11%25)

  • თქვენი წინასაარჩევნო ლოზუნგი „დენი 10 თეთრად, გაზი - 5 თეთრად, წყალი - უფასოდ” - პოპულიზმად და უტოპიად არ გეჩვენებათ?

თითოეული რიცხვი დათვლილი იყო. უფასოდ ჩვენ არავის არაფერს ვპირდებოდით. უფასო წყალში ვგულისხმობდით თბილისის მოსახლეობისთვის გარკვეული ლიმიტის ფარგლებში წყლის მიწოდებას. დღევანდელი გათვლებით, თითოეული თბილისელი 800 ლიტრ წყალს ხარჯავს და ამ მონაცემის საფუძველზე ანგარიშდება ტარიფი. ეს ყურით მოთრეული რიცხვია. ტარიფი უნდა გადაანგარიშდეს.

ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველოში, რომელსაც აქვს ჰიდროელექტროენერგიის წარმოების ძალიან დიდი რესურსი და  გამოიმუშავებს ერთ-ერთ ყველაზე იაფ ელექტროენერგიას, არ შეიძლება ელექტროენერგია 10-20-30%25-ით უფრო ძვირი ღირდეს, ვიდრე სამეზობლოში. ამასვე მოწმობს ისიც, რომ საქართველოდან თურქეთში ექსპორტირებული ენერგიის ფასი უფრო იაფია, ვიდრე საქართველოს მოსახლეობა იხდის მიწოდებულ ენერგიაში. ანუ, ჩვენ ტარიფების სახელმწიფო სუბსიდირებაზე კი არა, ტარიფების ობიექტურ ნიშნულამდე დაყვანაზე ვსაუბრობთ.

მიგვაჩნია, რომ სოციალურად ყველაზე დაუცველ ნაწილს უნდა ჰქონდეს საშუალება მიიღოს ისეთი სასიცოცხლო მნიშვნელობის პროდუქტი, როგორიც დენი და წყალია. ამის რესურსი არსებობს, და სახელმწიფო არ იყენებს.

0x01 graphic

ქრისტიან-დემოკრატები
ფოტო: გიორგი თარგამაძის არქივიდან

ქრისტიან-დემოკრატები თავისუფალი ფასწარმოქმნის მომხრენი ვართ. მაგრამ ასეთი რამ საქართველოში არ არსებობს. ამაზე ჩვენ გვეკამათება ის მთავრობა, რომელიც ახლა, როცა მე თქვენ გესაუბრებით, სოფლის მეურნეობის მინისტრის პირით ამბობს, რომ საკუთარ თავზე იღებს ხორცის ფასების რეგულირებას თბილისის სუპერმარკეტებში და ბაზრებში. სადაც მათ მკაცრი რეგულირება სჭირდებათ, აქტიურად ერევიან.

ქრისტიან-დემოკრატები მხარს ვუჭერთ თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს. ქრისტიან-დემოკრატიული ეკონომიკური მოდელი, ეს არის სოციალური პასუხისმგებლობის საბაზრო ეკონომიკა, სადაც ხელისუფლება მინიმალურად ერევა ეკონომიკურ პროცესებში. სახელმწიფო ჩარევა უნდა შემოიფარგლოს ანტიმონოპოლიური რეგულირებით, იმისთვის, რომ არ გაჩნდეს ოლიგოპოლიები გნებავთ ფარმაცევტულ, გნებავთ საწვავის ბაზარზე, რომლებიც კორპორატიული გარიგებების მეშვეობით ახდენენ ფასების ხელოვნურ წარმოქმნას.

  • საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ ახლახან ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, ოპოზიციურ პარტიებს შორის ქრისტიან-დემოკრატები ლიდერობენ. რა არის ამის მიზეზი - თქვენი საარჩევნო ლოზუნგები თუ რამე სხვა გარემოება?

ჩვენი რეიტინგის მოკრძალებული, მაგრამ სტაბილური ზრდა, მიღწევების გარდა, გამოწვეულია იმითაც, რომ მნიშვნელოვანი შეცდომები არ დაგვიშვია. თუმცა, მთავარი განმაპირობებელი მაინც ჩვენი სწორი სტრატეგიული კურსია. ჩვენ ზომიერი პოლიტიკური ძალა ვართ - კარგად ვიცნობთ იმ თამაშის წესებს, რომელიც ზოგადად პოლიტიკაში და კონკრეტულად ქართულ პოლიტიკაში დამკვიდრდა და ამ წესებით ვთამაშობთ.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ ვართ ჯერ კიდევ მეორე ადგილზე. სამწუხაროდ, საქართველოში ვერ მოხერხდა ზღვრის გავლება ხელისუფლებასა და მმართველ პარტიას შორის. სახელისუფლებო სტრუქტურებიდან მმართველი პარტია დისტანცირებული არ არის. მე ამას სააკაშვილის და მისი გუნდის მთავარ შეცდომად მივიჩნევ. სწორედ ამით აიხსნება ის, რომ ხელისუფლებას აქვს საზოგადოებრივი მხარდაჭერის ამხელა წილი და რომ ოპოზიციური ძალებისთვის ძალიან ვიწრო ნიშაა დარჩენილი.

რატომ ვლიდერობთ ოპოზიციურ პარტიებს შორის? - ყოველთვის უარს ვამბობდით მოკლევადიანი ეფექტის მიღწევაზე, ჩვენ გრძელვადიანი ამოცანები გვაქვს. ქართული ოპოზიციური სპექტრი ხშირად ხდება ხოლმე საკუთარი ოცნებების მსხვერპლი. კონსტანტინე გამსახურდიამ კარგად თქვა -  როცა ოცნება ზღვარს გადადის, ქიმერა ხდებაო. სწორედ ამ ქიმერების ტყვეობაშია ხშირად ჩვენი ოპოზიცია და საზოგადოების გარკვეული ნაწილი. ქრისტიან-დემოკრატები ქიმერების ტყვეობაში არასდროს აღმოვჩენილვართ, ჩვენ გვქონდა არა მხოლოდ სურვილები, არამედ მიზნები და მიზნის მისაღწევი გზისთვის არ გადაგვიხვევია.

ჩვენი პოლიტიკური გადაწყვეტილებები ემყარება ევროპულ ქრისტიან-დემოკრატიულ პოლიტიკურ ფილოსოფიას. ჩვენ ცენტრისტები ვართ. ყოველთვის ისეთი პოზიცია გვიჭირავს, საიდანაც რადიკალური უკან დახევა არ გვიწევს. კონსტრუქტივიზმი არ არის ჩვენი პოზა. ეს არის გზა, რომლის საშუალებითაც ვცდილობთ კონკრეტულ შედეგებს მივაღწიოთ.

ამ კვლევამ კიდევ ერთი ნიშანდობლივი ტენდენცია აჩვენა, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილი არ გამხდარა. ქრისტიან-დემოკრატების მხარდამჭერთა დიდი წილი 25-45 წლის ადამიანებზე მოდის - ეს ის ასაკობრივი ჯგუფია, რომელიც მეტი პასუხისმგებლობით ეკიდება საკუთარ მომავალს. ესენი ის ადამიანები არიან, რომლებიც თავად ქმნიან თავიანთ მომავალს და მხოლოდ ხელისუფლებას არ შეჰყურებენ ხელებში, შესაბამისად, ისინი განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ეკიდებიან მომავალს. ჩვენი პარტია ცდილობს საფუძველი ჩაუყაროს ახალ - მწარმოებელ საზოგადოებას და ჩაანაცვლოს პოსტსაბჭოური მომხმარებელი საზოგადოება.

  • რას მიიჩნევთ თქვენს მთავარ პოლიტიკურ მიღწევად?

პირველ რიგში იმას, რომ ქართული ოპოზიცია დღეს უფრო წინ წავიდა, ვიდრე თუნდაც ერთი წლის წინ. ამის კარგი მაგალითია, თუნდაც საარჩევნო რეფორმის საკითხებზე 8 პოლიტიკური ძალის თემატური თანამშრომლობა.

სწორედ ეს არის მთავარი მიღწევა - სტრატეგიის ერთგულება. ჩვენ არ დავუკარგეთ საზოგადოებას შანსი იმისა, რომ ამ ხელისუფლების ძლიერი ალტერნტივა შექმნილიყო.

ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენის ვიზიტისას ითქვა მნიშვნელოვანი ფრაზა - სტრატეგიული მოთმინება. ალბათ ის, რაც ყველაზე მეტად ესიმპათიურება დასავლეთს და განსაკუთრებით აშშ-ს, როდესაც აკვირდება პოლიტიკურ პროცესებს საქართველოში, არის სწორედ მოთმინების უნარი.

მოთმინება ჩვენთვის არ არის მეორეხარისხოვანი - მოთმინება ნიშნავს ბრძოლას, მოთმინება ნიშნავს პრინციპულობას, მაგრამ ეს არ ნიშნავს მოვლენებისათვის წინ გასწრებას. ჩვენ ვცდილობთ მოვლენები მოვამწიფოთ და მკვახე ნაყოფის მოწყვეტა არ ვცადოთ - რათა კბილები არ მოვკვეთოთ არა მხოლოდ ჩვენს თაობას, არამედ შემდეგ თაობებსაც.

0x01 graphic

ჰილარი კლინტონთან ერთად
ფოტო: გიორგი თარგამაძის არქივიდან

2009 წლის თებერვალში მთელი ოპოზიციური სპექტრი, ჩვენ გარდა, შემდეგს ითხოვდა: გადადგეს მიხეილ სააკაშვილი, დაინიშნოს საპარლამენტო არჩევნები და გაუმჯობესდეს საარჩევნო გარემო. ჩვენ შევთავაზეთ ოპოზიციას, რომ ჩავერთვებოდით ამ პროცესში, თუ საკითხთა რიგითობას შემდეგნაირად შეაბრუნებდნენ: საარჩევნო გარემო, არჩევნები, რომელიც ავტომატურად ასახავდა იმ განწყობას, რაც ინფორმირებულ საზოგადოებას ექნებოდა. მაშინ ჩვენ ამის გამო მოღალატეები გვეძახეს და ხელისუფლების მოკავშირეობაში დაგვადანაშაულეს.

იგივე მოხდა მანამდეც, როდესაც პარლამენტში შესვლაზე უარი არ ვთქვით - მთელი მსოფლიოს მასშტაბით პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკოსები იბრძვიან იმისთვის, რომ პარლამენტში მოხვდნენ და თავიანთი მანდატი განახორციელონ. არ მინახავს ისეთი პოლიტიკური პარტია, რომელიც პარლამენტიდან ქუჩაში გადის. ქუჩა მართლაც არის ხელისუფლებაზე გავლენის მოხდენის ერთ-ერთი გზა, მაგრამ როცა გაქვს საპარლამენტო მანდატი, მონიჭებული შენივე ამომრჩევლისგან, მისი მიტოვება უპასუხისმგებლობა მგონია.

0x01 graphic

ქართველ ჯარისკაცებთან ერთად. ავღანეთი
ფოტო: გიორგი თარგამაძის არქივიდან

მეც და ბევრმა ჩემმა თანამემამულემ კარგად იცის, რა ხდება ხოლმე მაშინ, როდესაც პოლიტიკური პროცესი მხოლოდ ქუჩიდან იმართება - პოლიტიკური დაპირისპირება გადადის სამოქალაქო დაპირისპირებაში და მასში რუსეთის სახით გარე ძალა ერევა.

ჩვენ ის თაობა ვართ, რომელიც სამოქალაქო ომების პერიოდში გაიზარდა. მე ამ პროცესების გაშუქება მიწევდა. ზუსტად ვიცი, რომ არაფერი ღირს ქვეყანაში სამოქალაქო არეულობად და სისხლისღვრად. მეტსაც გეტყვით, მე იმ ადამიანებში იმ გზის ბოლომდე მიყვანის პოტენციალიც ვერ დავინახე.

  • საარჩევნო რეფორმა ახსენეთ. რა ეტაპზეა ეს პროცესი?

ადრე ხელისუფლებაც და ზოგიერთი საერთაშორისო ორგანიზაციაც გვსაყვედურობდა - რა გინდათ ვერ აყალიბებთო. ახლა ხელისუფლებამ გამოგვიცხადა - გამზადებული მოსაზრებებით რატომ მოდიხართო. ეს არასერიოზულობაა.

ჩვენ მზად ვართ კომპრომისისთვის. კომპრომისის გარეშე შედეგის მიღწევა შეუძლებლად მიგვაჩნია - შედეგი კი უნდა იყოს კონკურენტუნარიანი საარჩევნო გარემო.

პირადად ჩემთვის კი ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმირებული ამომრჩეველია, შესაბამისად ერთ-ერთ მთავარ პრინციპად მიმაჩნია მედიასივრცის გაჯანსაღება. ამიტომ მედიაგამჭვირვალობის გაზრდის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს პოზიტიურად ვაფასებთ.

  • თქვენი მთავარი პრეტენზია ხელისუფლებასთან?

ვარდების რევოლუციის შემდეგ მივიღეთ ეფექტიანი მთავრობა, რომელმაც მოაგვარა მთელი რიგი პრობლემებისა - მოქალაქეთა უსაფრთხოება გაუმჯობესებულია, აღარ არიან კანონიერი ქურდები და მათი ჩარევა ეკონომიკურ პროცესებში მინიმიზირებულია, გაუმჯობესდა ისეთი სერვისები, როგორიცაა სამოქალაქო რეესტრი და ა. შ. აღმოიფხვრა მასობრივი კორუფცია.

თუმცა ყველა ამ წარმატებასთან ჩვენ გვაქვს გარკვეული პრეტენზიები. როდესაც პოლიციის ეფექტურობაზე ვსაუბრობთ, ამავე დროს უნდა ვთქვათ, რომ სამართალდამცველი სისტემა კვლავ რჩება ყველაზე ცენტრალიზებულ სტრუქტურებად, რომელთა ფუნქციონირებამ კრიტიკულ სიტუაციებში შეიძლება საფრთხე შეუქმნას იგივე საზოგადოებას, რომლის უფლებების დასაცავადაც უნდა იყოს პოლიცია მოწოდებული.

საჭიროა დეცენტრალიზაცია - აქედან გამომდინარეობს ჩვენი აქტიურობა როგორც კონსტიტუციის, ისე თვითმმართველობის რეფორმის კუთხით.

კორუფციის აღმოფხვრაზე საუბრისასაც გვაქვს შენიშვნები - საბიუჯეტო ხარჯების განკარგვაზე კონტროლი მოშლილია - ამის მაგალითია წლევანდელი ბიუჯეტი და 2011 წლის ბიუჯეტის პროექტი. გაზრდილია პრეზიდენტის და მთავრობის სარეზერვო ფონდები, ხოლო მათზე რეალური საპარლამენტო კონტროლის ინსტრუმენტები არ არსებობს.

ხელისუფლების მთავარი პრობლემა, ის, რამაც ხელისუფლება თავად შეიძლება დაღუპოს, არის ძალაუფლების, ფინანსების, მედიარესურსის კონცენტრაცია ერთ ცენტრში. ამ დროს ცენტრი ისე მძიმდება, რომ თავს ვეღარ იკავებს. ამიტომ, მათ ადგილას მე ამ სადავეების ხელიდან გაშვებაზე ვიფიქრებდი და გადავანაწილებდი იმ საზოგადოებრივ ჯგუფებზე, რომლებიც ხელისუფლებასთან ერთად მოწოდებულნი არიან ზიდონ ეს სიმძიმე.

თუმცა ოპტიმისტურად განმაწყობს ის ფაქტი, რომ საქართველოს ხელისუფლებას ერთი თავისებურება ახასიათებს - მისი ქმედუნარიანობა არ არის დამოკიდებული მხოლოდ შიდა ლეგიტიმაციაზე, მისი ლეგიტიმაციის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს დასავლეთი.

ამიტომ, როდესაც მეკითხებიან შესწევს თუ არა ოპოზიციას უნარი აიძულოს ხელისუფლება წავიდეს დათმობებზე, მე ყოველთვის ვითვალისწინებ იმას, რომ დასავლეთის სახით ქართულ ოპოზიციას ჰყავს პარტნიორი ამ მოლაპარაკებებში - აშშ და ევროკავშირი. ეს არის ის ლოგიკური გათვლა, რაც მე, გიორგი თარგამაძეს, ოპტიმიზმით აღმავსებს.

თუმცა არ ვიტყოდი, რომ დასავლეთი მხოლოდ ოპოზიციის მოკავშირეა, ის ყველას პარტნიორია, ხელისუფლების შიგნით თუ მის გარეთ, ვინც ქვეყნის დემოკრატიზაციაზე ფიქრობს.

შესაბამისად, მე მოკავშირეებს ვეძებ და ვხედავ არა მხოლოდ ოპოზიციაში, სამოქალაქო საზოგადოებასა და საერთაშორისო საზოგადოებაში, არამედ ხელისუფლებაშიც - ეს არის ქვეყნის მდგრადი განვითარებით დაინტერესებული ქართული ბიუროკრატია, რომელიც კარგად და პატიოსნად აკეთებს თავის საქმეს და სახელმწიფო სამსახურში საკუთარი თავის რეალიზაციის საშუალებას ხედავს.

  • შიდაპოლიტიკურ პროცესებზე საერთაშორისო ფაქტორების გავლენაზე ისაუბრეთ. კონკრეტულად რაში გამოიხატება საშინაო და საგარეო პოლიტიკას შორის კავშირი?

საქართველო დგას გზაჯვარედინზე. უნდა ავირჩიოთ საით წავიდეთ, დასავლური ყაიდის ლიბერალური დემოკრატიული სისტემის ჩამოყალიბებისკენ თუ აზიური დემოკრატიისკენ.

აზიური დემოკრატიის მაგალითია სინგაპური, რომელსაც პრეზიდენტი ძალიან ხშირად ახსენებს. ეჭვი მიჩნდება, რომ ის პარალელს მხოლოდ სინგაპურის ეკონომიკურ წარმატებასთან კი არ ავლებს, არამედ პოლიტიკურ მოწყობას და არადემოკრატიულ ტრადიციებსაც გულისხმობს.

სინგაპური არის ფორმალური დემოკრატიის მაგალითი, რომელთანაც დასავლეთი მშვენივრად ახერხებს ურთიერთობას, სადაც არის ეფექტიანი მთავრობა, რომელსაც შეუძლია მოაგვაროს სინგაპურის საზოგადოების ყველა პრობლემა, დაწყებული უსაფრთხოებით დამთავრებული მაღალი ეკონომიკური მაჩვენებლებით. მაგრამ ამ ქვეყანაში არ არის თავისუფალი საზოგადოება, არ არიან ძლიერი ოპოზიციური პარტიები, სამოქალაქო საზოგადოება ფაქტობრივად ვერ ფუნქციონირებს და 53 წელი ერთი პოლიტიკური პარტია არის ხელისუფლებაში.

ჩვენ, ქრისტიან-დემოკრატები დასავლურ ლიბერალურ დემოკრატიას ვემხრობით, დარწმუნებული ვარ ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილიც ამავე აზრზეა. როცა ამაზე ვსაუბრობთ, ეს ჩვენს საგარეო არჩევანსაც უკავშირდება.

ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიების დასავლურ სივრცეში ძიება სწორი არჩევანია და ამ კუთხით ჩვენი შეხედულებები აბსოლუტურ შესაბამისობაშია საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ინტერესებთან. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკური მიზნების განხორციელება, პირდაპირ კავშირშია შიდა პოლიტიკურ მდგომარეობასთან.

ჩვენი პოზიცია მთლიანად ემთხვევა ხელისუფლების პოზიციას ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციასთან დაკავშირებით, მაგრამ მიგვაჩნია, რომ ამ გზაზე სიარულს თვითონ ხელისუფლება უშლის ხანდახან ხელს.

ის, რომ აშშ ასეთი აქტიური იყო და ახლა სტრატეგიული პაუზა აქვს აღებული საქართველოსთან დაკავშირებით, ხომ არ არის განპირობებული იმით, რომ ის მარტო ვერაფერს გახდება რუსეთთან, თუ ერთიანი ევროპის მხარდაჭერა არ ექნა.

ე.წ. ძველი ევროპა და ახალი ევროპა ერთობ განსხვავებულ მიდგომებს გამოხატავს რუსეთის მიმართ. ძველი ევროპის სახელმწიფოები არასოდეს იტყვიან იმას, რომ საქართველოს მიმართ მათ დამოკიდებულებას განსაზღვრავს მათი რუსეთზე ენერგოდამოკიდებულება, ან მათი რომელიმე ლიდერის პირადი ინტერესები. ისინი ყოველთვის შეეცდებიან ობიექტური არგუმენტი მოძებნონ და ეს ყოველთვის შეიძლება იყოს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების დონე - რომ ჩვენ ვერ ვაკმაყოფილებთ ევროპულ დემოკრატიულ სტანდარტებს.

ასე რომ, ჩვენ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და ამ კუთხით, როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციური პარტიების მხრიდან პასუხისმგებლობის გამოვლენას ვაიგივებთ ქვეყნის უსაფრთხოებასთან.

ჩვენი წარმატება დემოკრატიზაციის კუთხით, არგუმენტს გამოაცლის იმ სახელმწიფოებს, რომლებიც დღეს სწორედ ამ არგუმენტზე დაყრდნობით ახერხებენ სახის შენარჩუნებას რუსეთთან ლოიალური დამოკიდებულების გამართლებისას.

  • როგორც თქვით, სახელმწიფო მოწყობის დასავლურ მოდელს უჭერთ მხარს. ეს მოდელი ეკლესიისა და სახელმწიფოს გამიჯვნას გულისხმობს. მიგაჩნიათ თუ არა, რომ საქართველო უნდა იყოს სეკულარული სახელმწიფო?

ვთვლი, რომ ამ თვალსაზრისზე საქართველოს კონსტიტუცია ნათლად მეტყველებს. მე მხარს ვუჭერ კონკორდატს, მაგრამ უკმაყოფილო ვარ კონკორდატით  ნაკისრი ვალდებულებების განხორციელების ტემპით.

მიმაჩნია, რომ საქართველო მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდება ძლიერი სახელმწიფო, თუ ის აღიდგენს ეკონომიკური, კულტურული, პოლიტიკური ცენტრის ფუნქციას. ეს კი რელიგიური შემწყნარებლობის გარეშე ვერ მიიღწევა. ამიტომ, შავრაზმული განწყობების წახალისება არის ქართული სახელმწიფოს მტრობა.

თუმცა, ჩვენთვის მიუღებელია ეკლესიისადმი ისეთი მიდგომა, როგორსაც საზოგადოების ზოგიერთი წევრები ავლენდნენ, საუბრობდნენ რა ეკლესიის შიგნით რეფორმის აუცილებლობაზე.

ეკლესია არ არის ის, რაც შეიძლება მიიღო ან არ მიიღო. ეკლესიაში ჩვეულებრივი ადამიანები მოღვაწეობენ. ჩვენს ეკლესიაში არავინ მიიჩნევა უცოდველად, მაგრამ საეკლესიო იერარქიის ჩამოყალიბებაში მხოლოდ ადამიანის ხელი არ ურევია, ეს უფლის მონაწილეობით შექმნილი ინსტიტუტია. შესაბამისად, მისდამი დამოკიდებულებაც უნდა იყოს ადეკვატური, განსაკუთრებით იმ ადამიანების მხრიდან, რომლებსაც არანაირი სარწმუნოებრივი ბმა არ აქვთ ეკლესიასთან.

0x01 graphic

ოჯახთან ერთად

მე ეკლესიაში ვხედავ რესურსს, რომელმაც ქართული საზოგადოება მონური მენტალიტეტისგან უნდა გაათავისუფლოს. ამიტომ ნუ გაგვაღიზიანებს რომელიმე საეკლესიო პირის ნეგატიური საქციელი, ისინიც ჩვენი საზოგადოების წევრები არიან. თუმცა ამასაც სიკეთით მითითება სჭირდება.

  • კვლავ საგარეო პოლიტიკას დავუბრუნდეთ. ოპოზიციური სპექტრის მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოს თუ საკუთარ პოლიტიკურ მომავალს არა დასავლეთს, არამედ რუსეთს უკავშირებს. ერთმორწმუნე მეზობელთან თქვენ როგორი პოლიტიკის მომხრე ხართ?

მე კატეგორიულად ვემიჯნები იმ ჯგუფებს, რომლებიც საქართველოს პრორუსულ არჩევანს ემხრობიან. რის გამო უნდა შეიცვალო პარტნიორი და მეგობარი, რას მიაღწევ ამით?

ჩვენ გვაქვს დაკარგული ტერიტორიული მთლიანობა, გვაქვს არამდგრადი ეკონომიკური სიტუაცია, ჩვენ არ გვაქვს თავისუფალი საზოგადოება და კეთილდღეობა. დამისახელოს პროსურულმა ძალამ, რომლის გადამჭრელია ამ ამოცანებიდან რუსეთი, სულ რომ მუხლებით მიხოხდე მასთან. რუსეთს სტაბილურობის გარანტიები საკუთარი მოსახლეობისთვის ვერ შეუქმნია, ამ ქვეყანას თავისუფალი საზოგადოების შექმნის გზაზე მცირე ნაბიჯებიც კი არ გადაუდგამს, რუსეთი ვერ ახერხებს მოსახლეობის 90%25-თვის მინიმალური სოციალური სტანდარტების შექმნას.

მე ამ ეტაპზე ვერ ვხედავ ვერც ერთ მიზეზს, რის გამოც რუსეთი შეიძლება იყოს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე რუსეთს, როგორც მტერს, ისე ვუმზერდე. ჩვენ უნდა დავამყაროთ კონტაქტი რუსულ პოლიტიკურ ელიტასთან, რაც ამ ეტაპზე მკვეთრად შეზღუდულია - ან საერთოდ არ ველაპარაკებით, ან თუ ვინმე ესაუბრება - როგორც ვასალი ხელმწიფეს.

ჩვენ უნდა შევეცადოთ და გამოვნახოთ რუსეთთან საერთო ინტერესები და ეს შეიძლება იყოს ჩრდილოეთ კავკასია, სადაც ისლამმა ფუნდამენტალისტური სახე მიიღო და თანაბარ საფრთხეს უქმნის იმ სახელმწიფოს, რომლის ორგანიზმშიც ეს სიმსივნე იზრდება და ასევე ჩვენს ქვეყანას.

მნიშვნელოვანია, ახალმა რუსულმა ელიტამ შეიგნოს, რომ საქართველოსთან მტრობა კი არ არის მისი ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების გარანტი, არამედ - პარტნიორობა.

ამიტომ მიმაჩნია, რომ როგორც NATO-ს, ისე აშშ-ს ურთიერთობა რუსეთთან არის არა საფრთხე, არამედ შესაძლებლობა - ჩვენი გზავნილი დავიყვანოთ რუსეთის პოლიტიკურ ელიტამდე.

  • ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით თუ გაქვთ თქვენეული გეგმა?

ეს ჩვენი პარტიის მთავარი თემაა, მე მჯერა, რომ საქართველო გაერთიანდება. მაგრამ საზოგადოება არ უნდა ვამყოფოთ ილუზიაში, თითქოს რომელიმე პოლიტიკურ ლიდერს გვეპყრას ჯადოსნური ჯოხი, რომლის საშუალებითაც გარკვეულ კონკრეტულ ვადაში შევძლებთ დასახულ მიზნამდე მისვლას. თავად სააკაშვილმაც ეს შეცდომა დაუშვა, ის თავისი დაპირების მძევალი გახდა.

ვფიქრობ, ქვეყნის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმა უნდა დავისახოთ და ქრისტიან-დემოკრატებისთვის ეს არის ქვეყნის გაერთიანება, და ასევე მოკლევადიანი ამოცანა, რომელიც გულისხმობს უსაფრთხოებისა და მშვიდობის შენარჩუნებას. ამ მხრივ მიმაჩნია, რომ გაცილებით მშვიდად შეიძლება ვიყოთ, ვიდრე წინა წლების განმავლობაში. ამ ეტაპზე მე ვერ ვხედავ ღია მასშტაბური სამხედრო აგრესიის წინაპირობას ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ.

  • აშშ-ში მიემგზავრებით, რა შეხვედრებს გეგმავთ?

იმ სასიკეთო ტენდენციის გამო, რომელიც გამოიხატება როგორც ევროპაში, ისე ამერიკის კონტინენტზე მემარჯვენე ძალების ხელისუფლებაში მოსვლით,  გვეძლევა საშუალება ეროვნული ინტერესების ლობირება მოვახდინოთ ჩვენი პარტიული ძალებით მათ მთავრობებში.

აშშ სტრატეგიული პარტნიორია, მას ვერავინ შეცვლის საქართველოსთვის უახლოესი ათწლეულების განმავლობაში - ეს კარგად უნდა გავიაზროთ. რუსეთი ჩვენი მეზობელია და მეზობელთან სასაუბრო ენა უნდა გამოვნახოთ, მაგრამ არა პარტნიორების ხარჯზე.

მიმაჩნია, რომ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების განსახორციელებლად საუკეთესო პარტნიორი არის აშშ და ევროპა და ვფიქრობთ იმაზე, თუ ჩვენ რა შეიძლება შევთავაზოთ ჩვენს პარტნიორებს.

სწორედ ამიტომ, ჩვენ გვჭირდება ხშირი კომუნიკაცია აშშ-ის პოლიტიკურ ელიტასთან, არასამთავრობო სექტორთან. შესაბამისად, პერიოდულად ვმართავთ შეხვედრებს კონგრესში, სახელმწიფო დეპარტამენტში, პენტაგონში, ვხვდებით მკვლევრებს და ვცვლით ჩვენს ხედვებს.

ჩვენი მიზანია, რომ აშშ-ის პოლიტიკურ ისტებლიშმენტს დავანახოთ - საქართველო არ დგას ერთი ადამიანის პროდასავლურ კურსზე, საქართველოში ყალიბდება ძლიერი პოლიტიკური ძალა, რომელსაც ღირებულებითი ერთობა აკავშირებს დასავლეთთან და რომელსაც შეუძლია ამ ღირებულებებისთვის ბრძოლა.

  • კრიტიკოსები ხშირად უპრინციპობაში გადანაშაულებენ. თანამშრომლობდით ასლან აბაშიძესთან, შემდეგ ბადრი პატარკაციშვილთან. რა გაკავშირებდათ ამ ადამიანებთან?

მე მარტივი გზით არ მივლია, შეიძლება ვიღაცას ეს გზა წინააღმდეგობრივადაც მოეჩვენოს. ჩემი საქმიანობის დაწყება იბერვიზიას უკავშირდება, სწორედ აქედან წავედი მე ასლან აბაშიძესთან. ჩვენ მისი მართვის მეთოდების შეფასება რომ დავიწყოთ დღევანდელი გადმოსახედიდან - არასერიოზული იქნება.

იმ ვითარებაში, როდესაც ასლან აბაშიძე პოლიტიკურ ასპარეზზე გამოვიდა და იმ პერიოდში, როდესაც მე მას ჩემი პოლიტიკური საქმიანობა დავუკავშირე - ის პროგრესული, პოზიტიური მოვლენა იყო ქართულ პოლიტიკურ სივრცეში. მან მოახერხა რეგიონის იმდაგვარი დაცვა, რომელმაც უზრუნველყო მისი მოქალაქეების უსაფრთხოება, გარკვეული ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება.

გავიხსენოთ ის დრო, როდესაც მთელი ჩვენი აკადემიური, კულტურული და სამეცნიერო ელიტა ბათუმის მეშვეობით ითქვამდა სულს. რომ აღარაფერი ვთქვათ ადამიანებზე, რომლებიც თბილისსა და სხვა რეგიონებში განხორციელებულ ფიზიკურ რეპრესიებს გაექცნენ და აჭარას შეაფარეს თავი. შეიმჩნეოდა გარკვეული ეკონომიკური წინსვლა.

შემდეგ სტაგნაცია დაიწყო და ჩვენი გზებიც გაიყო, რადგან ასლან აბაშიძემ და მისმა გარემოცვამ სტრატეგიულად არასწორი არჩევანი გააკეთეს. ქვეყანაში დგებოდა პერიოდი, როდესაც უფრო მეტი დემოკრატია უნდა შემოსულიყო მართვის სისტემაში და გახსნილი საზოგადოებისკენ უნდა გადაგვედგა ნაბიჯები, მაგრამ მან მოახდინა თვითიზოლაცია. ამან გამოუთხარა ასლან აბაშიძეს ძირი. აქედან დაიწყო მისი მარცხიც.

ვფიქრობ, რომ ასლან აბაშიძე წინააღმდეგობრივი ფიგურაა ქართულ პოლიტიკაში და ობიექტური ანალიზი მისი აქტივობებისა არ გაკეთებულა. ჩვენთან პოლიტიკური ლიდერების ან დემონიზაცია ხდება, ან გაკერპება.

ჩვენი მიდგომა იმით განსხვავდება, რომ ადამიანში არც ანგელოზს ვეძებთ და არც ეშმაკისეულს. ჩვენთვის ადამიანი ადამიანია, მისი დადებითი და უარყოფითი თვისებებით. და იმ შემთხვევაში, თუ შეცდომები გადაწონის მის დადებით პოტენციალს, ჩვენ შორის რჩება საუკეთესო ადამიანური ურთიერთობები, მაგრამ პოლიტიკური გზები იყოფა. ასე მოხდა ასლან აბაშიძის შემთხვევაშიც - მე აღორძინების მანდატი დავტოვე და გადავედი ტელეკომპანია იმედში.

იგივენაირად ვაანალიზებ ბადრი პატარკაციშვილსაც - მისმა ინვესტიციამ ტელერადიოკომპანია იმედში, პოზიტიური როლი შეასრულა, რადგან ის იქცა ფანჯარად დახურული საზოგადოებისთვის, მაშინ როდესაც მიმდინარეობდა ხელისუფლების კონცენტრაცია ერთი ადამიანის ხელში.

პოლიტიკაში ხელმეორედ ისევ ჟურნალისტიკიდან მოვედი და როგორც ჟურნალისტს, ძალიან მაღალი რეიტინგი მქონდა, ვიყავი ყველაზე პოპულარული გადაცემის ყველაზე პოპულარული ავტორი და წამყვანი. თუმცა ვიცოდი, რომ ამ რეიტინგს პოლიტიკაში ვერ შევინარჩუნებდი. ერთია, როდესაც გვერდიდან აფასებ მოვლენებს, როგორც ჟურნალისტი, მეორეა, როდესაც გადაწყვეტილებებს იღებ როგორც პოლიტიკოსი, რომელიც უშუალო გავლენას ახდენს საზოგადოებაზე.

15 მსოფლიოს 10 ყველაზე გავლენიანი ადამიანი

▲back to top


საზოგადოება

3 ნოემბერს, ჟურნალმა Forbes-მა 2010 წლის მსოფლიოს 68 გავლენიანი ადამიანის სია გამოაქვეყნა. მასში სხვადასხვა სფეროში მოღვაწე პირები მოხვდნენ. სია სახელმწიფოს მეთაურებს, რელიგიურ ფიგურებს, ბიზნესმენებს, მედიისა და სხვა არაერთი სფეროს წარმომადგენელს მოიცავს. ნომინანტები სხვადასხვა კატეგორიის მიხედვით შეირჩნენ. პირველ რიგში, გაითვალისწინეს რამდენ ადამიანზე ვრცელდება ამა თუ იმ პიროვნების გავლენა. თუ ქვეყნების ლიდერებისთვის მოსახლეობის მაჩვენებელი გამოიყენეს, რელიგიური ფიგურებისთვის მრევლის რაოდენობა გაზომეს. მედიის წარმომადგენლების შემთხვევაში კი მათი აუდიტორიის ზომა იყო მნიშვნელოვანი.

პოლიტიკურ ლიდერთა შემთხვევაში ქვეყნების მთლიანი შიდა პროდუქტის მონაცემებიც გაითვალისწინეს.

ერთ - ერთი ძირითადი კრიტერიუმი ნომინანტების სხვადასხვა სფეროში ჩართულობაც გახლდათ. ყურადღება გაამახვილეს იმაზე, თუ რამდენად განსხვავებულ სექტორებზე მიუწვდება გავლენა ამა თუ იმ პიროვნებას. ამ მხრივ აღსანიშნავია იტალიის პრემიერ-მინისტრ სილვიო ბერლუსკონის ფიგურა. იგი ხსენებულ პოსტთან ერთად სახელგანთქმული მედიამაგნატი და საფეხბურთო გუნდ მილანის მფლობელია. იტალიელმა სიაში მეთოთხმეტე ადგილი დაიკავა, რაც მნიშვნელოვანწილად სწორედ ძალაუფლების მრავალფეროვანმა ხასიათმა განაპირობა.

საბოლოოდ, ჟურნალმა საკმაოდ საინტერესო, ბევრისთვის საკვირველი შედეგი მიიღო. რედაქტორებმა პირველი ადგილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ლიდერ ჰუ ძინტაოს მიაკუთვნეს. მას მოჰყვება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა. უკანასკნელი, 68-ე ადგილი კი მედიის წარმომადგენელ WikiLeaks-ის მთავარ რედაქტორ ჯილიან ესენჯის ერგო. ჩამონათვალში ტრადიციული მედიის სხვადასხვა სახის წარმომადგენელს შეხვდებით. აღსანიშნავია ასევე, რომ Facebook-ის დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა (მე-40 ადგილი) The New York Times-ის აღმასრულებელ რედაქტორზე (50-ე ადგილი) ათი საფეხურით მაღალი პოზიცია დაიკავა.

ამ წლის გავლენიან ადამიანთა სიაში კრიმინალებიც მოხვდნენ. როგორც ცნობილია, ძალაუფლებას ზოგი ავი განზრახვებისთვისაც იყენებს. ამ კატეგორიის ადამიანებიდან სიას „ამშვენებენ”: ალ-ყაიდას ლიდერი ოსამა ბინ ლადენი (57-ე ადგილი), მექსიკელი ნარკოდილერი, მილიარდერი ხოაკინ გუცმანი (მე-60 ადგილი) და ინდოეთში არსებული უზარმაზარი კრიმინალური გაერთიანების ხელმძღვანელი იბრაჰიმ კასკარი. 2008 წელს ამ დაჯგუფების მიერ მოწყობილი თავდასხმების შედეგად მუმბაიში 174 ადამიანი დაიღუპა.

წლის 10 ყველაზე გავლენიანი ადამიანის სია კი შემდეგნაირად გამოიყურება:

0x01 graphic

1. ჰუ ძინტაო ყველაზე მრავალრიცხოვანი მოსახლეობის მქონე ქვეყნის, ჩინეთის ლიდერია. 1,3 მილიარდ ადამიანს, რაც მსოფლიო ხალხების მეხუთედს შეადგენს, ძინტაო მკაცრი კონტროლის მეშვეობით მართავს. პირველ ადგილზე ყოფნა სწორედ ამ ფაქტორით გახლავთ განპირობებული. დემოკრატიასთან დაკავშირებული პრობლემების მიუხედავად, ჩინეთმა ახლახან იაპონია ჩამოიტოვა და მსოფლიოს მეორე უდიდესი ეკონომიკა გახდა. ძინტაოს ქვეყანა მსოფლიო რეზერვებიდან 2,65 ტრილიონ დოლარს ფლობს. სხვადასხვა გამოთვლებით, 25 წელიწადში ჩინეთმა შესაძლოა ამერიკის შეერთებული შტატებიც ჩამოიტოვოს და პლანეტის უდიდესი ეკონომიკა გახდეს. მოსახლეობის მრავალრიცხოვნებიდან გამომდინარე მისი არმია ზომით ყველაზე დიდია.

0x01 graphic

2. ბარაკ ობამა - ის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტია და არაოფიციალურად „თავისუფალი მსოფლიოს ლიდერის” სტატუსს ფლობს. ობამას ძალაუფლებისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო 2 ნოემბრის შუალედური არჩევნების შედეგები. დემოკრატებმა წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა დაკარგეს. ამან შესაძლოა პრობლემები შეუქმნას ობამას გეგმების განხორციელებას. პრეზიდენტი ობამა მსოფლიოში უზარმაზარი სამხედრო ძალის მთავარსარდალია. მისი ქვეყანა უდიდესია სამხედრო დანახარჯების მიხედვით (2009 წელს - 663 მილიარდი აშშ დოლარი) და ყველაზე დინამიკური ეკონომიკაა. ამერიკის პირველი პირი 1996-2004 წლებში ილინოისის შტატის სენატში მსახურობდა, რის შემდეგაც, 2004 წელს ქვეყნის სენატში აირჩიეს.

0x01 graphic

3. აბდულა ბინ აბდულ აზიზ ალ სეიდი საუდის არაბეთის აბსოლუტური მონარქია. მისი ქვეყანა მსოფლიოს ნავთობის უზარმაზარ რესურსებს ფლობს. სახელმწიფოს კუთვნილი ნავთობმწარმოებელი Saudi Aramco, 266 მილიარდ ბარელ (დღევანდელი ნავთობის ფასების მიხედვით - 22 მილიარდი დოლარის ღირებულების) მარაგებს ფლობს. ასევე, საუდის არაბეთში მდებარეობს ორი ისლამური წმინდა ქალაქი - მექა და მედინა. მეფის ტიტული მან 2005 წელს მიიღო. მანამდე კი, 1982 წლიდან, ქვეყნის კრონ პრინცი იყო. ბოლო წლებში იგი დე ფაქტო რეგენტი გახლდათ. აბდულა სათავეში ედგა ეროვნულ გვარდიას და გარკვეული პერიოდის განმავლობაში მექას მერის თანამდებობაც ეკავა. მმართველობის პერიოდში მან თანმიმდევრული და ზომიერი სოციალური თუ საკანონმდებლო რეფორმები გაატარა. ამავე დროს კარგ ურთიერთობებს ინარჩუნებდა კონსერვატიულ რელიგიურ ისტებლიშმენტთან. აბდულამ მრავალრიცხოვან სამეფო ოჯახში რამდენიმე წევრისგან შემდგარი ალიანსი შექმნა. ეს ნაბიჯი შვიდი ნახევარძმის გავლენის დასაბალანსებლად გადადგა. ხელისუფლების მშვიდობიანად შესაცვლელად აბდულამ ჩამოაყალიბა უფროსი პრინცების კომიტეტი. მის მემკვიდრედ, ოფიციალურად, 86 წლის ნახევარძმა სულთან ბინ აბდულ აზიზ ალ საუდი ითვლება.

0x01 graphic

4. ვლადიმირ პუტინი - იგი 2008 წლიდან რუსეთის პრემიერ-მინისტრია. თუმცა, ქვეყნის პირველ პირ დმიტრი მედვედევთან შედარებით გაცილებით დიდ ძალაუფლებას ფლობს. სავარაუდოდ, პუტინი 2012 წელს კვლავაც დაიკავებს საპრეზიდენტო პოსტს. მისი ქვეყანა გეოგრაფიულად მსოფლიოს მეცხრედ ნაწილს იკავებს. რუსეთი გაეროს უსაფრთხოების საბჭოს წევრი და ვეტოს უფლების მქონე ბირთვული ქვეყანაა. გააჩნია მნიშვნელოვანი ენერგო და მინერალური რესურსები. სწორედ მათი მეშვეობით, რუსეთი მეზობლებზე გავლენის მოხდენას ცდილობს. 1990-იანი წლების ბოლოს ქვეყანაში გამეფებულ ეკონომიკურ კრიზისსაც რუსეთმა სწორედ მაღალი ენერგოფასებიდან მიღებული შემოსავლებით დააღწია თავი. პუტინმა საბჭოთა კავშირის დაშლას „მეოცე საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა” უწოდა.

0x01 graphic

5. პაპი ბენედიქტ მეთექვსმეტე ევროპის უკანასკნელი აბსოლუტური მონარქია, მისი გავლენა პლანეტის მილიარდზე მეტ კათოლიკეზე ვრცელდება. ხელმძღვანელობს მსოფლიოში ყველაზე დიდ რელიგიურ ორგანიზაციას. პაპობამდე მეთაურობდა ვატიკანის სარწმუნოების კონგრეგაციას, რომელიც წმინდა ინკვიზიციის მემკვიდრედ ითვლება. „დიდი ინკვიზიტორის” მოვალეობის შესრულების დროს, მან შეძლო ბოლო მოეღო ეკლესიის წიაღში წარმოქმნილი განთავისუფლების თეოლოგიისთვის, როგორც „მარქსისტული შხამისთვის”. მტკიცე ხასიათის გამო დასავლურმა პრესამ მას კარდინალი ტანკი შეარქვა. პონტიფექსის გამოსვლებში ხშირად ჩნდება აგრესიული სეკულარიზმისა და მორალური რელატივიზმის კრიტიკა.

0x01 graphic

6. ანგელა მერკელი გავლენიან ადამიანთა სიაში პირველი ქალია. გერმანიის კანცლერი ევროპის უდიდეს, მსოფლიო მასშტაბით კი მეოთხე ადგილას მყოფ ეკონომიკას უძღვება. WTO-ს მონაცემებით, გერმანია, ჩინეთის შემდეგ, 1,7 ტრილიონი ღირებულების საქონლის ექსპორტით მეორე ადგილზეა მსოფლიოში. ანგელა მერკელი პირველი კანცლერია ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილიდან. ქრისტიან დემოკრატებს იგი ბერლინის კედლის დანგრევის შემდეგ, ქვეყნის საბოლოო გაერთიანებამდე, შეუერთდა. მუშაობდა კანცლერ ჰელმუტ კოლის კაბინეტში. კანცლერს ხშირად აკრიტიკებენ მემარცხენე პოლიტიკის გატარების გამო - მაგალითად, მინიმალური ხელფასების შემოღება რამდენიმე სექტორში. თუმცა, ბევრი მერკელს პრაგმატულ პოლიტიკოსადაც მიიჩნევს.

0x01 graphic

7. დევიდ კამერონი დიდი ბრიტანეთის ისტორიაში, ბოლო 198 წლის განმავლობაში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრია. სწავლობდა ელიტარულ იტონის სკოლასა და ოქსფორდის უნივერსიტეტში. ბევრი მას, იდეოლოგიური მსგავსების გამო, მეორე მარგარეტ თეტჩერს უწოდებს. კამერონი „რკინის ქალბატონის” მსგავსად ემხრობა სამთავრობო დანახარჯების შემცირებას. თუმცა მისი მთავრობა კოალიციურია, რის გამოც რადიკალური ცვლილებების განხორციელება გაუჭირდება. კამერონი საკუთარ თავს „ბლერის მემკვიდრედ” ხატავს, რადგან ამ უკანასკნელის პრაგმატულ მიდგომებს იზიარებს. იგი მეფე უილიამ IV-ის (უკანონო) შთამომავალია.

0x01 graphic

8. ბენ ბერნანკე ამერიკის ცენტრალური ბანკის - ფედერალური სარეზერვო სისტემის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარეა. მანამდე იგი აშშ-ის პრეზიდენტის ეკონომიკის მრჩეველთა საბჭოს ედგა სათავეში. გამოცდილი ეკონომისტი წლების განმავლობაში პრესტიჟული პრინსტონის უნივერსიტეტის ეკონომიკის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. Forbes-ის გავლენიანი ადამიანების ათეულში ბენ ბერნანკე ფედერალური სარეზერვო სისტემის, როგორც ყველა დროის ყველაზე გავლენიანი სტრუქტურის, წყალობით მოხვდა. სისტემის საწყისი ბალანსი 2,4 ტრილიონი დოლარია. სისტემა შედგება თორმეტი ფედერალური სარეზერვო ბანკისგან, რომელიც ქვეყნის უდიდეს ქალაქებში მდებარეობს და მრავალრიცხოვანი წევრი ბანკებისა და ფინანსური დაწესებულებებისგან.

0x01 graphic

9. სონია განდი ინდოეთის მმართველი კონგრესის პარტიის ლიდერია. ქვეყანაში, რომლის მოსახლეობა 1,2 მილიარდს შეადგენს, ქალბატონ განდის ძალიან დიდი გავლენა აქვს. სონია განდი წარმოშობით იტალიიდანაა და კათოლიკეა. ინდოეთის მოქალაქე იგი მხოლოდ 1983 წელს გახდა. პოლიტიკისგან იგი ყოველთვის შორს იდგა. თუმცა, მას შემდეგ, რაც 1991 წელს მისი მეუღლე - რაჯივ განდი - მოკლეს, იგი კონგრესის პარტიის აღორძინებას ჩაუდგა სათავეში. 2004 წელს სონიამ უარი თქვა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე და მხოლოდ პარტიის ლიდერობით დაკმაყოფილდა. მიუხედავად ამისა, ინდოელების თქმით, იგი დღესაც ქვეყნის დე ფაქტო ლიდერია. განდი მეოთხე ვადითაა არჩეული პარტიის პირველ პირად, რითაც ნერუ-განდის პოლიტიკური დინასტიის მემკვიდრის სტატუსი გაიმყარა. ეს საგვარეულო მმართველ პარტიაში 1947 წელს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დომინირებს. ინდოეთში ვარაუდობენ, რომ განდი პრემიერ-მინისტრობისთვის საკუთარ 40 წლის ვაჟს ამზადებს.

0x01 graphic

10. ბილ გეიტსი Microsoft-ის შემქმნელი, მისი მფლობელი და გლობალური კომპიუტერული ინდუსტრიის ბაზარზე ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერია. გეიტსი ამერიკის ყველაზე მდიდარი ადამიანია. იგი მსოფლიოს იმ 40 ადამიანს შორისაა, ვინც „საქველმოქმედო აღქმას” მოაწერა ხელი. ამის შედეგად, გეიტსმა პირობა დადო, რომ სიცოცხლის განმავლობაში მისი სიმდიდრის უმეტესობა ქველმოქმედებას მოხმარდებოდა. მან დააარსა ბილ და მელინდა გეიტსების საქველმოქმედო ფონდი, რომლის ფარგლებშიც ცოლ-ქმარმა 30 მილიარდზე მეტი გულუხვად გასცა ფილანთროპიული ინიციატივებისთვის - მსოფლიო სწავლებისა და ჯანდაცვის პროგრამებისთვის.

16 ელექტრონული პირადობა

▲back to top


საზოგადოება

0x01 graphic

2011 წლიდან საქართველოს მოსახლეობა ახალი სახის, ელექტრონული პირადობის მოწმობებით სარგებლობას შეძლებს. საკრედიტო ბარათის ზომის საბუთზე ძირითადი, პირადი მონაცემების გარდა უამრავი სხვა ინფორმაციაც იქნება დატანილი. ეს დიდი რაოდენობით განსხვავებული ბარათების მუდამ ტარების საჭიროებას მოხსნის და ამავდროულად, სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებს მოქალაქეებთან ურთიერთობას გაუმარტივებს. ელექტრონული პირადობის მოწმობის ერთ-ერთი უპირატესობა მასზე დატანილი ელექტრონული ხელმოწერაა. ეს სისტემა ახალი არ არის. ის მსოფლიოს 30 განვითარებულ ქვეყანაში გამოიყენება. ამ ტიპის ხელმოწერით შესაძლებელია დოკუმენტების ონლაინ-დამოწმება. მაგალითად, თუკი დღეს რომელიმე სახელმწიფო უწყებაში განაცხადის შეტანაა საჭირო, როგორც წესი, მოქალაქე უნდა მივიდეს შესაბამის ორგანიზაციაში, ქაღალდზე შევსებულ განაცხადს ხელი მოაწეროს და კანცელარიაში ჩააბაროს. ახალი პირადობის მოწმობის შემოღების შემდეგ კი მოქალაქე ამ განაცხადის სახლიდან გაუსვლელად შევსებას და ელექტრონული ხელმოწერით დამოწმებას შეძლებს. ელექტრონულ ხელმოწერას აქვს იურიდიული ძალა და მისი მეშვეობით დოკუმენტის დამოწმების შემდეგ, რაიმე სახის ცვლილების შეტანა შეუძლებელია. თუმცა, აქ თავს იჩენს პატარა პრობლემა - ინტერნეტი ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის. გარდა ამისა, ხსენებული ოპერაციის ჩასატარებლად, მომხმარებელი იძულებული იქნება შეიძინოს დამატებითი მოწყობილობა - ელექტრონული ბარათის წამკითხველი, რომელიც კომპიუტერს უერთდება. აპარატის ფასი 5 ლარიდან იწყება.

ბარათს ელექტრონული ინფორმაციის ორი საცავი (მატარებელი) ექნება - ერთი კონტაქტური, მეორე უკონტაქტო. ერთ-ერთ მატარებელზე შესაძლებელია განთავსდეს: სადაზღვევო პოლისი, დაგროვების, ავტობუსით და მეტროთი მგზავრობის ბარათები და სხვა. მომავალში მის მფლობელს შეეძლება ბარათზე შეინახოს სამედიცინო ისტორია. მოქალაქე თავისუფლად გაეცნობა საჯარო და კერძო სექტორში მის შესახებ არსებულ ინფორმაციას. მაგალითად, თუკი თქვენ გადაწყვეტთ გუდაურში სათხილამუროდ წასვლას - ბილეთების წინასწარ შეძენას შეძლებთ. ოპერაციის შესახებ ინფორმაცია კი პირადობის ელექტრონულ მოწმობებზე ჩაიწერება.

პირველ ეტაპზე მოქალაქე ინტერნეტით მოახერხებს: მისამართის შეცვლას, ქონების რეგისტრაციას, ელექტრონულ დეკლარირებას, გვარის შეცვლას, დაბადებისა და გარდაცვალების რეგისტრაციას. მოქალაქეებს ამ სერვისების მისაღებად შესაბამის უწყებებში მისვლა აღარ მოუწევთ.

შეუძლებელი იქნება მომხმარებლის მიერ შეყვანილი მონაცემების პირდაპირი შემოწმება, თუმცა, როგორც სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე ამბობს, არასწორი მონაცემებისგან დაცვის მექანიზმი არსებობს.

მთელი ინფორმაციის ერთ ბარათზე ჩაწერა გარკვეულ საფრთხესთან არის დაკავშირებული. მისი დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, თქვენ კარგავთ ყველა სერვისთან წვდომას. საბანკო ანგარიშების ერთ ბარათზე გადატანასთან ერთად, რის შესაძლებლობასაც ელექტროპირადობები იძლევა, იზრდება შანსი, რომ ყველა ერთად დაიკარგოს. მართალია, ბარათის დაბლოკვა და აღდგენა მალევე მოხერხდება, მაგრამ კრიტიკულ შემთხვევაში ეს ალბათ დიდი ვერაფერი შეღავათია.

და კიდევ ერთი. ყველა ციფრულ სისტემას, რომელიც პაროლითაა დაცული, აქვს ნაკლი - ადრე თუ გვიან შესაძლებელია მისი „გატეხვა” ანუ დაცულ მონაცემებში უცხო პირის შეღწევა. ვაშაძის თქმით, პიროვნების ელექტრონული ბაზა 24-თანრიგიანი შიფრაციით იქნება დაცული, რაც მის გატეხვას თითქმის შეუძლებელს ხდის. ასეთ სისტემაში შეღწევას საკმაოდ მძლავრი კომპიუტერული სისტემა და დაახლოებით 7-წლიანი მუშაობა დასჭირდება. ელექტრონული ხელმოწერის განახლება კი სავალდებულოდ  ყოველ ორნახევარ წელიწადში ერთხელ მოხდება. უკანონო საბანკო მაქინაციებისგან დასაცავად მაქსიმალური გადარიცხვების ოდენობა 10 ათას ევრომდე იზღუდება.

მართალია, ელექტრონული ხელმოწერის სისტემა ახალი არ არის, მაგრამ ასეთი ტიპის ბარათი, რომელზეც ყველაფერი ერთად იქნება, ნოვაციას წარმოადგენს. 2011 წლის ზაფხულიდან შეწყდება ძველი ტიპის პირადობის მოწმობების გაცემა და  მხოლოდ ახალი, ელექტრონული ბარათები დარიგდება. მათთვის კი, ვის პირადობასაც ჯერ ვადა არ გასვლია, ელექტრონული პირადობის აღება ნებაყოფლობითი იქნება. პროექტი სახელმწიფოს 17 მილიონი დოლარი დაუჯდება, ხოლო მოქალაქეს, პირადობის აღება 10-წლიანი ვადით - 30 ლარი. ვაშაძის ვარაუდით, უახლოეს ხუთ წელიწადში სამ მილიონამდე ასეთი ბარათის გაცემა მოხერხდება. ტექნოლოგიის დანერგვასთან ერთად იგეგმება სპეციალური საგანმანათლებლო კამპანიების ჩატარება. ყველა სერვისს მიეძღვნება ცალკეული ვიდეოგაკვეთილები, ასევე დარიგდება ინსტრუქციები, რომელსაც პირადობის მოწმობასთან ერთად გასცემენ.

ელექტრონული მონაცემთა ბაზები სახელმწიფოს შესაძლებლობას აძლევს სოციალური ხარჯები უფრო ეფექტიანი გახადოს. მაგალითად, თუ პირი სიღარიბის შემწეობას იღებს და იმავდროულად მანქანას ყიდულობს, ელექტრონული სისტემის პირობებში ეს მონაცემი მყისიერად გახდება ცნობილი შესაბამისი უწყებისათვის.

17 დიდი აფეთქების ციალი

▲back to top


მაია თოდუა|სვეტი

0x01 graphic

ორიოდ კვირის წინ ნასას ვებგვერდზე გაჩნდა ცნობა იმის შესახებ, რომ საკუთარი მისია დაასრულა ხელოვნურმა კოსმოსურმა თანამგზავრმა სახელწოდებით WMAP (Wilkinson Microwave Anisotropy Probe) - მიკროტალღური ანიზოტროპიის ზონდი, რომელსაც ამერიკელი კოსმოლოგის, დევიდ უილკინსონის პატივსაცემად მისი სახელი დაარქვეს. გამახსენდა, რომ 2003 წელს აშშ-ში, პრინსტონის უნივერსიტეტში დავესწარი ამ პროექტის პირველი შედეგების პრეზენტაციას. რამდენიმეათასიანი აუდიტორია მსმენელს ვეღარ იტევდა, ხალხი კიბეებზე იჯდა და გასასვლელში იდგა. ჩამოსულები იყვნენ მეზობელი შტატების უნივერსიტეტებიდან. ლექციას მასმედიის უამრავი წარმომადგენელი ესწრებოდა. პირველად მეცნიერების ისტორიაში მიიღეს იმ დროისათვის ჩვენი სამყაროს ყველაზე დეტალური მონაცემები, როცა ის „ჩვილ” ასაკში იყო. აღმოაჩინეს ფაქიზი სტრუქტურები, გაზომეს ტემპერატურა მემილიონამდე სიზუსტით, გამყარდა მოსაზრებები სამყაროს სწრაფი გაფართოებისა და ფარული ენერგიის არსებობის შესახებ, დადგინდა მისი ასაკი - 13 მილიარდ 750 მილიონი წელი. ეს მოვლენა დამსწრეებმა შეაფასეს როგორც ისტორიული, პრეზენტაციის ატმოსფერო იყო საოცრად ამაღელვებელი. ჩვეულებრივ თავშეკავებული მეცნიერები ემოციებს ვერ მალავდნენ. ლექციის ბოლოს მომხსენებელი - WMAP- ის გუნდის ერთ-ერთი მონაწილე ლაიმან პეიჯი - მხურვალე ტაშით დააჯილდოვეს და ფეხზე ადგომით აღნიშნეს პროექტის პირველი წარმატება.

ცხრა წელი - 2001- დან 2010-მდე - WMAP-მა კოსმოსში დედამიწასთან ერთად იმოგზაურა, ჩვენგან 1.5 მილიონი კმ- ით დაშორებულ ორბიტაზე (შედარებისათვის, მთვარემდე მანძილია 384 ათასი კმ). ცხრა წელი აგროვა მონაცემები - რომელთა დამუშავებას და ინტერპრეტაციას კიდევ დიდხანს მოუნდებიან მეცნიერები - სანამ ბოლომდე არ ამოწურა თავისი შესაძლებლობები, რომლის შემდგომ სამუდამოდ დატოვა სამუშაო ორბიტა და გადავიდა მზის გარშემო მოძრავ მისიადასრულებულ თანამგზავრთა „სადგომში”.

0x01 graphic

WMAP-ის ჭკვიანი ხელსაწყოები იჭერდნენ მიკროტალღურ ფონურ გამოსხივებას. ეს გახლავთ ჩვენი სამყაროს დაბადების - დიდი აფეთქების - ნარჩენი რადიაცია, ელექტრომაგნიტური ტალღა რადიოდიაპაზონში. ამიტომაც ჰქვია მას მიკროტალღური. მისი არსებობა, დიდი აფეთქების თეორიიდან და ფიზიკის კანონებიდან გამომდინარე, იწინასწარმეტყველეს ამერიკელმა მეცნიერებმა ჯორჯ გამოვმა, რალფ ალფერმა და რობერტ ჰერმანმა 1948 წელს. 1964 წელს ამერიკელები არნო პენზიასი და რობერტ უილსონი იკვლევდნენ რადიოასტრონომიულ წყაროებს და როგორც ეს ხშირად ხდება მეცნიერებაში, უნებლიეთ „წააწყდნენ” სულ სხვა რამეს - რადიოგამოსხივებას, რომელიც ცის ყველა მხრიდან ერთნაირად მოდიოდა. მონაცემების ანალიზმა აჩვენა, რომ ეს იყო სწორედ დიდი აფეთქების ნარჩენი რადიაცია, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა დიდი აფეთქების თეორიის სისწორე და სკეპტიკოსთა რიცხვი მნიშვნელოვნად შეამცირა. ამ აღმოჩენისთვის პენზიასი და უილსონი ნობელის პრემიით დაჯილდოვდნენ.

მიკროტალღური გამოსხივება მთლიანად ავსებს სამყაროს, ის ყველგანაა, ყველა მიმართულებიდან მოდის და თითქმის ერთგვა როვა ნია ამიტომაც ეძახიან მას ფონურ გამოსხივებას. ყოველდღიურად ჩვენს სხეულს ჭოლავს ურიცხვი პირველადი ფოტონი, რომელთაც 13 მილიარდი წელი იმოგზაურეს სივრცეში. ჩვენ, შეიძლება ითქვას, კოსმოსური ფონის ოკეანეში ვცურავთ.

13 მილიარდ 750 მილიონი წლის წინ დაიბადა ჩვენი სამყარო. სულ რაღაც 20 წლის წინ მისი ასაკის შეფასება მერყეობდა 13-20 მილიარდის ფარგლებში - ცდომილება ძალიან დიდი იყო. WMAP-ის საშუალებით კი ის დადგინდა 1%25-ის სიზუსტით. ამის გამო WMAP-ი გინესის რეკორდების წიგნშიც შევიდა.

სამყაროს მთელი ნივთიერება, მათ შორის ის ნაწილაკები, რომლისგანაც ჩვენ შევდგებით, 13 მილიარდი წლის წინ ერთ წერტილში იყო მოთავსებული, წარმოუდგენლად დიდი სიმკვრივისა და ტემპერატურის ქვეშ. ხატოვნად რომ ვთქვათ, მთელი სამყარო ნემსის წვერზე ეტეოდა. უეცარი ბიძგის შედეგად სამყარომ გიგანტური სისწრაფით დაიწყო გაფართოება. ეს სიჩქარე განსაკუთრებით დიდი იყო პირველი წამის მეტრილიონედის განმავლობაში - ამ მომენტს ინფლაციას უწოდებენ. ნაწილაკები და ფოტონები ერთმანეთში ირეოდნენ. იმდროინდელი სამყარო მთლიანად „ნისლში” იყო გახვეული - ნივთიერების და გამოსხივების ერთმანეთისგან გარჩევა შეუძლებელი იყო.

და აი, დაბადებიდან 380 ათასი წლის შემდეგ, გაფართოების შედეგად სიმკვრივე ისე დაეცა, რომ „ნისლი” გაიფანტა - რადიაცია გამოეყო ნივთიერებას და თავისუფლად გავრცელდა სივრცეში. თავდაპირველად ძალიან ცხელი და მაღალენერგიული, ის ნელ-ნელა გაცივდა, დაკარგა ენერგია და დღეს მისი ტემპერატურაა 2.725 კელვინი (-274.875°C). სწორედ ეს ნარჩენი რადიაცია წარმოადგენს მიკროტალღურ ფონს. ეს არის ყველაზე ძველი გამოსხივება. ფონი უაღრესად ერთგვაროვანია, თუმცა მასში აღიბეჭდა ახალდაბადებული სამყაროს მდგომარეობა პირველი წამების განმავლობაში - აი ეს ფაქიზი სტრუქტურა „დაიჭირა” პირველად თანამგზავრმა. ტემპერატურა გაზომეს მემილიონამდე სიზუსტით. ადრეულ სამყაროში, რომელიც იყო ძალზე მკვრივი და ცხელი, ვრცელდებოდა ბგერითი ტალღები - ბუნება, ასე ვთქვათ, მუსიკას ქმნიდა და ეს მუსიკა თავისებური „ნოტების” სახით ამოიტვიფრა მიკროტალღურ ფონში. WMAP-ი სწორედ ამ „მუსიკას”, სამყაროს ბგერების ტონებსა და ობერტონებს კითხულობდა.

WMAP-ის დაკვირვებებმა აჩვენა, რომ სამყაროს მხოლოდ 4.6%25 შედგება ჩვეულებრივი ნივთიერებისგან - ანუ, ისეთი ნაწილაკებისგან, როგორებიცაა პროტონი, ნეიტრონი, ელექტრონი - რისგანაც შედგება ვარსკვლავები, პლანეტები, ჩვენ. დანარჩენი 95.4%25- ის ბუნება ჯერაც ამოუცნობია. სამყაროს 23%25 წარმოადგენს ფარულ მასას, რომელიც განსხვავდება ჩვეულებრივი ნივთიერებისგან. არსებობს სხვადასხვა მოსაზრებები მის შესახებ, თუმცა არც ერთი ვერსია არ არის დღესდღეობით დადასტურებული. 72%25 კი შეადგენს ფარულ ენერგიას. მისი ბუნებაც ჯერ საიდუმლოებითაა მოცული. შესაძლოა ის ვაკუუმის თვისება იყოს. ჯერჯერობით რაც ჩვენ ვიცით, ეს არის მათი რაოდენობრივი წილი სამყაროს ენერგეტიკაში.

0x01 graphic

WMAP-მა აგრეთვე მოგვითხრო პირველ ვარსკვლავებზე, რომლებიც გაჩნდა დიდი აფეთქებიდან 400 მილიონი წლის შემდეგ. ამ პირველი ვარსკვლავების ნათებამ წარმოშვა ელექტრონების „ნისლი”, რომელიც განაბნევდა მიკროტალღებს, ზუსტად ისევე, როგორც ნისლში განიბნევა ნათურის სინათლე.

0x01 graphic

თანამგზავრის მონაცემებმა შესწორებები შეიტანა ინფლაციის თეორიაში: ზოგი მოსაზრება გამყარდა, ზოგიც უკუგდებულ იქნა. ის, რაც ცოტა ხნის წინ მხოლოდ თეორიული სპეკულაციები იყო, დღეს უკვე გაზომვადი გახდა. WMAP-მა მოგვცა საშუალება უკეთ დაგვედგინა სამყაროს ფუნდამენტური პარამეტრები: ასაკი, შემადგენლობა, უკეთ შეგვესწავლა მისი წარმოშობისა და ევოლუციის ისტორია. არასდროს მომწყინდება გაოცება იმით, რომ ადამიანს შესწევს უნარი შეიცნოს მის გარშემო არსებული უკიდეგანო სამყარო, გაიგოს ის, თუ რა ხდებოდა მრავალი მილიარდი წლის წინ და შექმნას თეორიები, რომლებიც გარკვეულწილად სწორად წინასწარმეტყველებს მოვლენებს.

18 საზოგადოება ტექნოლოგიური სიახლეები

▲back to top


საზოგადოება

სათამაშო ინდუსტრიაში ნოემბერი ხმაურით დაიწყო. კომპანია Microsoft-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, სტივენ ბალმერმა მსოფლიოს გეიმერებს ინოვაციური მოწყობილობა Kinect-ი წარუდგინა, რომელიც უკვე მოინათლა ვიდეოკონსოლის, Xbox 360-ის ახალ ვერსიად. სინამდვილეში Kinect-ი ვიდეოსენსორებით აღჭურვილი მოწყობილობაა, რომელიც უერთდება Xbox-ის სათამაშო კონსოლს და მას პრინციპულად სხვა ტიპის სათამაშოდ აქცევს. თუკი აქამდე გეიმერის სტერეოტიპი ჯოისტიკს ჩაბღაუჭებული სათვალიანი ასოციალური მოზარდი იყო, კომპანია Microsoft-ის მესვეურებს სჯერათ, რომ Kinect-ი ამ სტერეოტიპს დაამსხვრევს და ვიდეოთამაშებს მთელი ოჯახის გასართობ საშუალებად გახდის. ამ ახალი გაჯეტის წყალობით ტექნიკასთან ურთიერთქმედება ყოველგვარი ტაქტილური ურთიერთქმედების გარეშეა შესაძლებელი. Kinect-ის ვიდეოსენსორები ადამიანს სივრცულად აღიქვამენ და სხეულის 48 განსხვავებულ მოძრაობას აფიქსირებენ, შესაბამისად, თამაშში ადამიანის მთელი სხეულია ჩართული და თუკი უწინ ვიდეო სათამაშო კონსოლი მხოლოდ თითების გადაღლას იწვევდა, ამჯერად მთელ თქვენს სხეულს მოუწევს გარჯა, რაც საბოლოოდ გადაწყვეტს უკვე ყბადაღებულ დავას იმის შესახებ, არის თუ არა კომპიუტერული თამაშები სპორტი.

0x01 graphic

Kinect - ის ფასი 150 დოლარია, ხოლო მათ, ვისაც Xbox 360-ის სათამაშო კონსოლი არ აქვთ, მთელი კომპლექტის შეძენა 300 დოლარად შეეძლებათ. დღესდღეობით Kinect-ისათვის სულ ჩვიდმეტი თამაშია შექმნილი (ამათგან ხუთი კომპლექტს უფასოდ მოყვება) და უახლოეს მომავალში კომპანია Microsoft-ის დეველოპერები განსხვავებული ტიპის აპლიკაციებს შემოგვთავაზებენ, რომელთა საშუალებითაც თქვენ შეძლებთ ცეკვის შესწავლას, მიიღებთ ფიტნესგაკვეთილებს და ა.შ. ამ უჩვეულო მოწყობილობას აუდიოსენსორებიც აქვს, რაც მისი ხმით მანიპულირების საშუალებასაც იძლევა, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ჯერჯერობით ეს მხოლოდ ინგლისურადაა შესაძლებელი. თუმცა ის ფაქტი, რომ უახლოეს მომავალში კომპიუტერი მაუსისა და კლავიატურის გარეშე შეიძლება ვიხილოთ, ტექნომანებს მოსვენებას არ აძლევს. უკვე ცნობილია, რომ ოპერაციული სისტემა Windows 8, რომლის გამოსვლასაც ბილ გეიტსის შეგირდები 2012 წლისათვის გვპირდებიან, აღჭურვილი იქნება Kinect-ის გამოყენების ინტეგრირებული ფუნქციონალობით. ვინ იცის, არც ისე შორსაა ის დღე, როდესაც ჩვენს საყვარელ კომპიუტერს ვეტყვით - „ჩაირთე“ - და ის, ღილაკებზე დაჭერის გარეშე ჩაირთვება.

0x01 graphic

სმარტფონებისა და ტაბლეტური კომპიუტერების პოპულარობის მატებასთან ერთად მოხმარებული ინფორმაციის რაოდენობა და ტრეფიკი ექსპონენციალურად იზრდება. სმარტფონების მფლობელები, ჩვეულებრივი მობილურების მფლობელებზე 30-ჯერ უფრო მეტ ინფორმაციას მოიხმარენ, ტაბლეტური კომპიუტერების მომხმარებლები კი ათჯერ მეტს - ვიდრე სმარტფონების. ამიტომაც დიდი რაოდენობით ინფორმაციის გა დაცემა უფრო და უფრო აქტუალური ხდება თანამედროვე ქსელურ ტექნოლოგიებში. Samsung-მა შეიმუშავა ტექნოლოგია, რომელიც ე.წ. 4G-ის სახელითაა ცნობილი. Samsung-ის წარმომადგენლებმა ჩიკაგოში გამართულ 4G World 2010 კონფერენციაზე ციფრულ სამყაროს Full HD ხარისხის ვიდეოს 16 ნაკადად გადაცემის ტექნოლოგია წარუდგინეს WiMAX 2-ის გამოყენებით, რომლის პიკური სიჩქარე წამში 330 მეგაბაიტს აღწევს. Samsung-ის ინჟინრები გვარწმუნებენ, რომ ამ ტექნოლოგიის საშუალებით შესაძლებელია 1.5 გიგაბაიტიანი ფილმის 35 წამში ჩამოტვირთვა, DVD ხარისხის 4 გიგაბაიტიანი ფილმისა კი - წუთ-ნახევარში. სიჩქარის მიხედვით ეს ტექნოლოგია 20-ჯერ აღემატება მის 3G ანალოგებს და 2012 წლისთვის WiMAX 2-ის მხარდაჭერით Samsung-ი უკვე გეგმავს კომერციული პროდუქტების გამოშვებას.

ტექნოლოგიური სიახლეები საზოგადოება

0x01 graphic

იაპონური მულტინაციონალური კორპორაცია Toshiba კონკურენტებს არ ჩამორჩა და საკუთარი ტაბლეტური კომპიუტერი შექმნა. Toshiba-ს პლანშეტს Folio 100 ჰქვია და ოპერაციულ სისტემა Android 2.2-ზე მუშაობს. აღჭურვილია 10.1 დუიმიანი, 1024x600 რეზოლუციის მქონე ეკრანით, NVIDIA Tegra 2-ის პროცესორით, 1.3 მეგაპიქსელიანი ვებკამერით, 16 გიგაბაიტი შიდა მეხსიერებით, ბლუთუზით და ქსელში ჩართვის შესაძლებლობით WiFi-სა და 3G-ის საშუალებით. ამასთან, ტაბლეტური კომპიუტერი მაქსიმალურად მოქნილი რომ გაეხადათ, შემქმნელებმა USB პორტი, SD და MMC კარდ- რიდერები დაამატეს. Toshiba-ს უშუალო კონკურენტები ტაბლეტური კომპიუტერების ბაზარზე Apple Computers-ის წარმოებული iPad, Samsung- ის Galaxy Tab, BlackBerry RIM-ის PlayBook და HP-ის Slate იქნება. აღსანიშნავია ისიც, რომ დღესდღეობით iPad ლიდერობს. ბოლო თვეებში გაყიდული პლანშეტების 80%25 iPad-ზე მოდის, თუმცა Folio 100-ის შემქმნელებს ოპერაციული სისტემა Android-ის ბოლოდროინდელი პოპულარობის იმედი აქვთ და საამისოდ თავადაც ძალებს არ იშურებენ. სპეციალურად Folio 100-ისთვის Toshiba-ს დეველოპერებმა ორი ათასამდე აპლიკაცია დაწერეს, რაც Folio 100-ის კონკურენტუნარიანობას ერთიორად გაზრდის.

0x01 graphic

ნოემბერი თურქეთში სიახლით დაიწყო. ქვეყნის მთავრობამ გააუქმა აკრძალვა, რომელიც მთელი თურქეთის ტერიტორიაზე Youtube-ის მოხმარებას ზღუდავდა. უკვე ორი წელია, დასავლურ მედიაში თურქეთს „No YouTube Land”-ად მოიხსენიებენ. აკრძალვა Youtube-ში მუსტაფა ქემალ ათათურქის შეურაცხმყოფელი ვიდეორგოლების გავრცელებას მოჰყვა. თურქეთის „მამის” დისკრედიტაცია კი ადგილობრივი კანონმდებლობით ისჯება.

Youtube-ის აკრძალვის გამო თურქეთი თავისუფალი სიტყვის შეზღუდვაში დაადანაშაულეს, თუმცა მეორე მხრივ, ეროვნული სიმბოლიკის შეურაცხმყოფელი მასალების გავრცელების აკრძალვას თურქ ჩინოვნიკებს კანონი ავალდებულებს. ტრანსპორტის მინისტრმა ბინალი ილდირიმმა განაცხადა, რომ Google-თან, რომელიც დღესდღეობით Youtube-ის მფლობელია, გამართულმა მოლაპარაკებებმა წარმატებით ჩაიარა და ვიდეორგოლები წაშლილია, შესაბამისად, აკრძალვის საჭიროებაც აღარ არსებობს.

0x01 graphic

Microsoft-ის ახალმა პირმშომ, სმარტფონებისათვის შექმნილმა ოპერაციულმა სისტემამ, Windows Phone 7-მა გამოსვლა ვერ მოასწრო, რომ კრიტიკოსთა ამალა მის ნაკლოვანებებზე ალაპარაკდა. არადა პრეზენტაციაზე კომპანიის წარმომადგენლები ირწმუნებოდნენ, რომ ისინი ძალებს არ დაიშურებენ Android-ისა და iOS-ის ჩასაძირად. უკვე შეადგინეს კიდეც ნუსხა Windows Phone 7-ის ნაკლოვანებებისა:

  • არ არის ფაილების სისტემური მენეჯერი.

  • შეუძლებელია ფაილების გადაცემა Bluetooth-ით.

  • არ გააჩნია რეჟიმი USB mass storage.

  • ბროუზერს არ აქვს Flash-ის მხარდაჭერა.

  • არ არის ვიდეოზარების განხორციელების ფუნქცია.

  • არ არის საკუთარი რინგტონების დამატების საშუალება.

  • მუსიკალურ პლეერში არ არის ეკვალაიზერი.

  • არ აქვს ე.წ. Multitasking (რამდენიმე აპლიკაციის ერთდროულად გაშვების საშუალება).

  • არ არის copy/paste ფუნქცია.

  • არ არის Bing Maps-ის უფასოდ გამოყენების საშუალება.

  • არ აქვს ტეტერინგის, ანუ ტელეფონის როგორც მოდემის გამოყენების ფუნქცია.

კრიტიკოსების განცხადებით Microsoft-მა იჩქარა და ბაზარზე დაუსრულებელი პროდუქტი გამოუშვა, თუმცა ამასთან დაკავშირებით ქალაქ რედმონდში, Microsoft-ის შტაბბინაში განაცხადეს, რომ 2011 წლის დასაწყისში გამოვა სისტემური განახლება, რომელიც ჩამოთვლილ ნაკლოვანებებს გამოასწორებს. მანამდე კი Windows Phone 7-იანი ტელეფონების მფლობელებს მხოლოდ ლოდინი დარჩენიათ.

19 როგორ „გადავაგდოთ წამალი”

▲back to top


ტაბულა|რაზა

ზურაბ ოდილავაძე

ნაწილი III.

წამლის გადაგდების ნაბიჯები

ინტერვიუ 30 წლის განმავლობაში ნარკოტიკების მომხმარებელთან, რომელმაც 10 წლის წინ საბოლოოდ დაანება თავი, ამჯერად სამუდამოდ!

როგორც წინა ნომრებში ითქვა, ყოველივე, რაც ნარკომანმა უნდა შეძლოს, რათა თავი დაანებოს წამალს, მისთვის ახალია და ჩვილი ბავშვის პირველ ნაბიჯებს ჰგავს. ამიტომ ჩვენი საუბრების შედეგად ჩამოწერილ ნუსხას - „წამლის გადაგდების ნაბიჯები” ვუწოდეთ.

მკეთებელს!

1. პროფილაქტიკა. არ გასინჯო წამალი! ერთხელაც კი, თორემ აუცილებლად დაიღუპები!

2. მიუხედავად გაფრთხილებისა, შენ მაინც დაჯექი წამალზე, - პერიოდულად ანებებ და კვლავ იწყებ? დაიცავი შემდეგი წესები:

ა. გქონდეს მუდმივი სინდისის ქენჯნა. სულ გახსოვდეს, თუ რას ჩადიხარ, რა ჯოჯოხეთს უწყობ, როგორც საკუთარ თავს, ისე გარშემომყოფთ! იცოდე, ერთი გაჩხერვის ხათრით, ნებისმიერ კომპრომისზე წახვალ საკუთარ სინდისთან, მით უმეტეს, თუ შენი ბინძური საქციელის შესახებ ვერავინ გაიგებს. შენ ნარკოტიკის გარეშე ვერაფერს აკეთებ, ესე იგი შენ წამლის უპირობო მონა ხარ! ნუღარ გაქვს პრეტენზია კაცობაზე, - ნაგავი ხარ და ჩვარი!

ბ. იყავი შეუპოვარი. არასოდეს შეურიგდე მარცხს, არ დანებდე ნარკოტიკს! არ თქვა, - „მე უწამლოდ არსებობა არ შემიძლია!”. რა მტკივნეულიც უნდა იყოს მორიგი დაცემა, გააგრძელე ბრძოლა, ყველაზე ცუდ დროსაც კი!

გ. არ დაკარგო იმედი. იცოდე, თუ ასე მოიქცევი, გაძლევ პირობას, შენ ოდესმე, მაგრამ აუცილებლად გაიმარჯვებ! შენ ადამიანი ხარ და ამიტომ ნებისმიერ ნარკოტიკზე ძლიერი!

3. ყველაზე მთავარი - გარემოდან ამოგლეჯა! რადაც არ უნდა დაგიჯდეს, ძველი ამხანაგებისგან შორს! საკუთარი თავის შემდეგ, ისინი არიან შენი პირველი მტრები! ყოფილ მეგობრებთან ურთიერთობებს მოჰყვება „დიადი წარსულის” გახსენება, არყის სმა, რაც აუცილებლად დამთავრდება გაჩხერვით. მიატოვე ყველა და გაიქეცი, ისე არაფერი გამოგივა, - კარგად დაიმახსოვრე ეს! შენ ყოველივე გაგონებს წამალს, ამიტომ გამოცვალე ოთახის ინტერიერიც კი!

4. საქმე, ყურადღების გადატანა. იპოვე საქმე, რომელიც მთლიანად ჩაგითრევს, ნარკოტიკივით შეგიპყრობს. შენ ამბიციური მაქსიმალისტი ხარ, სხვებზე სწრაფად მიაღწევ წარმატებას, გახდები თავდაჯერებული. გახსოვდეს, შენ ისეთი დიდი, სასტიკი, უნიკალური ცხოვრებისეული გამოცდილება გაქვს, რომ შენი შინაგანი გამოცდილება აუცილებლად დააინტერესებს ადამიანებს, მთავარია იშრომო.

5. სიყვარული და სექსი. ძირითადად ეს ექიმ-სექსოლოგების სფეროა. ზოგადად ვიტყვი, რომ არსებობს ათასგვარი თანამედროვე ეფექტიანი მედიკამენტი, რომელიც აუმჯობესებს დათრგუნულ ჰორმონალურ ფონს, არეგულირებს ერექციას. მაგრამ წამლები დამხმარე საშუალებაა, მთავარი პრობლემა მაინც შენს ფსიქიკაშია. დასაწყისისთვის შეგიძლია დაიწყო პოტენციის სტიმულატორებით, მერე დაანებებ თავს. ბოლო-ბოლო, რომელი სჯობს, იჯდე წამალზე თუ სტიმულატორებზე? ალბათ მეორე! სექსუალური ფუნქციის გაუმჯობესება ალკოჰოლზე გადასვლით - დამღუპველია! სამაგიეროდ, ფხიზელი ურთიერთობის აღდგენა საწინააღმდეგო სქესთან, დაგეხმარება წარმატებაში ცხოვრების გზაზე, რადგან სწორედ ქალის, მისი სიყვარულის ხათრით მამაკაცი ყველაფერს შეძლებს, მიაღწევს ნებისმიერ მიზანს!

ახლობლებს!

1. დანებების მოტივაცია. ნარკომანიისგან თავის დახსნის პრაქტიკულად ერთადერთი რეალური და ეფექტიანი მოტივი - სიკვდილის შიშია! მკეთებელი დანებების შესახებ საბოლოო და შეუქცევად გადაწყვეტილებამდე რომ მივიდეს, მისი გაჭირვების, ავადმყოფობის ხარისხი იმ უკანასკნელ ზღვრამდე უნდა დაეცეს, რომლის იქით აღარაფერია, გარდა სიკვდილისა. სამწუხარო რეალობაა, მაგრამ მხოლოდ ამ შემთხვევაშია დანებების რეალური იმედი. ამგვარი მდგომარეობაც მხოლოდ მაშინაა ეფექტიანი, თუ ეს დაცემა და ავადმყოფობა საკმაოდ ხანგრძლივი იქნება, დიდი ტკივილით, გარდაცვალების დიდხნიანი შიშით. იცოდეთ - „ოვერდოზისგან”, ტანჯვის გარეშე „გაპარვები” არ მოქმედებს მორფინისტზე.

2. შეგონება. მშობლებო, დებო, ცოლებო, ამხანაგებო - ნუ მოგერიდებათ, მუდამ შეაგონეთ, დაარცხვინეთ, დასაჯეთ მორფინისტი! ნარკომანის აღქმა გახევებულია, სინდისი მიძინებული. არავითარი ნაზი მოპყრობა მასთან ურთიერთობისას არ გამოიღებს შედეგს! მაგალითად, მე ასე ჩამყვიროდნენ და სამუდამოდ დამამახსოვრდა: „არ გრცხვენია ასე ცხოვრების?! მე, შენს ადგილას, თავს მოვიკლავდი, შე უსირცხვილო და ნამუსგარეცხილო!”. ნუ გგონიათ, რომ მორფინისტი თქვენი სიტყვებით ისეთი შეურაცხყოფილი დარჩება, რომ თავს მოიკლავს! ნარკომანი მშიშარაა, ეგოისტიც, ის ვერ გაბედავს საკუთარი ნებით გამოესალმოს ტკბილ სიცოცხლეს.

3. სამედიცინო დახმარება. შორეული და ძვირიანი მკურნალობა, როგორიცაა ბიშკეკი და ნაზარალიევი, სხვა ამგვარი „სენსაციური” მეთოდები, მოკლევადიან გამოჯანმრთელებას იძლევა. ოჯახი უზარმაზარ სახსრებს ხარჯავს და მალევე რწმუნდება გაღებული მსხვერპლის ამაოებაში. ჩვეულებრივი გადასხმები, მხოლოდ მცირეხნიანი, მაქსიმუმ ერთკვირიანი კიბე ანუ დოზის დაკლება ტრამალით, საძილეები და შარდმდენები, - ამგვარი პროცედურები ნებისმიერ ნარკოლოგიურში ტარდება. ასეთი მკურნალობა საკმარისია და სავსებით ხელმისაწვდომი.

P.S.

ბექა - იარე რთული გზით, მიჰყევი წამლის გადაგდების ნაბიჯებს და გჯეროდეს, რომ ის, რაც ხელს გიშლის, დაძლევადია! ეს დაიწყება პირველივე წარმატების შემდეგ, - დაბრუნდება ფხიზელი ცხოვრების ხალისი, დადებითი ემოციები და განცდები! შენი არსებობა შეიძენს აზრს! აიწევს თვითშეფასება და შენ ისეთი ამბიციური გახდები, რომ ყოველივეს მიაღწევ! იცოდე, შენ აუცილებლად გაიმარჯვებ!

მე - რამდენიმე ადამიანს გავანდე სათაურში გამოტანილ თემაზე ვმუშაობ-მეთქი. მკითხეს, - გჯერა, რომ შენი ნაწერით რაიმეს შეცვლი და ვინმე დაანებს წამალს თავსო? პასუხი გაურკვეველია - არ ვიცი... უფრო მეტიც - ალბათ არა, არ მჯერა, მაგრამ ვიცი, ბექას ისტორიის მოსმენის შემდეგ, ჩემი ვალია დავწერო, ვუთხრა მათ, რომ გვიან არასოდეს არის. დანარჩენი - პირადად ნარკომანის გადასაწყვეტია. მე მსურს თუნდაც იმედი მივცე მათ, ხოლო იმედი საკმაოდ მნიშვნელოვანია! მე ასე ვთვლი.

20 ხორცის კონტროვერსია

▲back to top


ბიზნესი

0x01 graphic

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ხორცზე ფასი ჯერ გაიზარდა, შემდეგ შემცირება დაიწყო. ამის მიზეზი ბაზარზე სახელმწიფოს უხეში ჩარევაა.

სურსათის უვნებლობის სამსახურმა ახალი რეგულაცია მიიღო: იმისათვის, რომ საქონლის ხორცი თბილისის ბაზარზე მოხვდეს, მეპატრონემ საქონელი სპეციალურ სასაკლაოზე უნდა დაკლას. თბილისის ტერიტორიაზე ხორცი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გაიყიდოს, თუკი საქონელი ოთხ - ციხისძირის, ნატახტარის, ყარაჯალასა და ასპინძის სასაკლაოზე დაიკვლება.

სასაკლაოები სხვა რაიონებშიც არსებობს, მაგალითად, გარდაბანში, თელავში, სენაკსა და ხაშურში. თუმცა სურსათის უვნებლობის სამსახურში ამბობენ, რომ სანიტარული ნორმები დაცული არ არის. შესაბამისად, იქ დაკლული საქონელი თბილისში გაყიდვის უფლებას ვერ მიიღებს.

თბილისის თითქმის მთელ ბაზარს ერთი კომპანია - ნატახტარის სასაკლაოს მფლობელი იბერმით ჯორჯია აკონტროლებს. აქ 1 კგ ხორცის დამუშავებაში გლეხი 1.20 ლარს იხდის. ამ ხარჯს ემატება საქონლის ტრანსპორტირების ხარჯიც. შესაბამისად, ხორცის ფასიც ძვირდება. რეგულაციის ამოქმედებისთანავე, ხორცის ფასი საშუალოდ 2-ჯერ გაიზარდა.

სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი მოსახლეობას დაჰპირდა, რომ ნოემბერ-დეკემბერში ხორცზე ფასი უპრეცედენტოდ დაბალი იქნება. კვეზერელის თქმით, ხორცი მომხმარებლამდე რამდენიმე შუამავლის მეშვეობით აღწევდა. ეს კი ფასს ხელოვნურად ზრდიდა. ბაზარზე ფასების დარეგულირებას კვეზერელი სახელმწიფოს ჩარევის გზით აპირებს: „სახელმწიფო არ დაუშვებს, რომ ხალხის ხარჯზე მოხდეს გარკვეული სპეკულაციური ჯგუფების გამდიდრება და ყველა ბერკეტს გამოვიყენებთ იმისათვის, რომ ფასები ძველ ნიშნულს დავუბრუნოთ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს რგოლი მოვაშოროთ”.

მისივე განმარტებით, ხორცზე ფასები იმის ხარჯზეც შემცირდება, რომ მალე ნატახტარის სასაკლაოს მფლობელი კომპანია იბერმითი თვითონ შემოვა ბაზარზე. კომპანია ახალ სასაკლაოებთან ერთად, თბილისის მასშტაბით რამდენიმე სუპერმარკეტის გახსნასაც აპირებს. ამ სუპერმარკეტებში ხორცის ღირებულება სასაკლაოდან გამოტანილის ტოლი - მაქსიმუმ 8 ლარამდე იქნება.

ისედაც გაზრდილი ხარჯების პირობებში, გლეხებს ურჩევნიათ ხორცი პირდაპირ სასაკლაოს მეპატრონეებს ჩააბარონ. აქ ცოცხალი ხორცის ფასი 2.50-3.50 ლარამდეა. დამუშავების შემდეგ კი ხორცის ღირებულება 7.40 ლარს აღწევს. როგორც ჩანს, იბერმითს ეპატიება მოგებაზე გასვლა, გლეხს და გადამყიდველს კი, რომელსაც ხორცი სულ მცირე 7.40 ლარი მაინც უჯდება, მისი 10-13 ლარად გაყიდვა - არა.

სურსათის უვნებლობის სამსახურის არგუმენტი ამ შემთხვევაში მომხმარებლის ჯანმრთელობაზე ზრუნვაა. სასაკლაოზე დაკლული ხორცი უფრო საიმედოა. თუმცა სახელმწიფო აქაც ორმაგ სტანდარტს აწესებს. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ალეკო ცინცაძემ თქვა, რომ გლეხებს არ აუკრძალავენ ხორცის იქვე, სახლთან ახლოს გაყიდვას. იკრძალება მხოლოდ შეუმოწმებელი ხორცის ქალაქის ბაზრებში გაყიდვა. როგორც ჩანს, ჯანმრთელობაზე ზრუნვის მოტივიც შერჩევითია.

ბაზარში სარეალიზაციოდ გათვალისწინებული საქონლის სპეციალურ სასაკლაოზე დაკვლას, საქართველოში 1995 წლიდან მოქმედი ვეტერინარიის შესახებ კანონი განსაზღვრავს. თუმცა, კანონის ეს ნორმა არ ვრცელდება იმ მუნიციპალიტეტებზე, სადაც არ არსებობს სასაკლაო. თბილისის ტერიტორიაზე სპეციალური სასაკლაო არ არსებობს.

იქ, სადაც სასაკლაოები არ ფუნქციონირებს, ცხოველები იკვლება წინასწარ შერჩეულ ადგილებში ვეტ-სანიტარული ზედამხედველობით: საქონელი დაკვლამდე და დაკვლის შემდეგ მოწმდება და მისი ვარგისიანობა სპეციალური დოკუმენტით დასტურდება. ფორმა 2 ხორცის ვარგისიანობის შესახებ მოწმობაა. თუმცა თბილისში ასეთი ხორცის გაყიდვაც აკრძალულია.

სურსათის უვნებლობის სამსახური ვეტერინარიის შესახებ საქართველოს კანონის 321-ე მუხლზე მიუთითებს: „ცხოველების სახორცედ დაკვლა, მათი რეალიზაციის მიზნით, დაიშვება მხოლოდ შესაბამის სასაკლაოებზე ვეტერინარულ-სანიტარული ზედამხედველობის ქვეშ, შესაბამის რაიონში არანაკლებ ერთი სასაკლაოს არსებობის შემთხვევაში”. ეს მუხლიც არაფერს ამბობს იმის შესახებ, რომ წინასწარ შერჩეულ ადგილას, ვეტერინარულ-სანიტარული ზედამხედველობით დაკლული ხორცი თბილისში არ უნდა გაიყიდოს.

სურსათის უვნებლობის სამსახურისთვის ეს არგუმენტი არ არის; თუკი თბილისში მოქმედი ნებისმიერი სავაჭრო ობიექტი ან ბაზარი ჩაიბარებს და ივაჭრებს ისეთი ხორცით, რომელიც არ არის დაკლული სამსახურის მიერ დადგენილ ოთხ სასაკლაოზე, მას 1000-1500 ლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრება.

21 ბებერი ხარის რქები

▲back to top


ბიძინა ბარათაშვილი|სვეტი

0x01 graphic

ხშირად გვიწევს საუბარი იმაზე, რომ ბოლო დროს ფეხბურთი ძალიან შეიცვალა. აქ თამაშის სტრატეგიასაც ვგულისხმობთ, მოთამაშეთა ფიზიკურ მომზადებასაც და კიდევ უამრავ სხვა ასპექტს.

ადრე, როდესაც პროფესიული ფეხბურთი ჯერ კიდევ არ იყო მთლიანად დამონებული მსხვილი კაპიტალის მიერ, ვარსკვლავები მაყურებლისთვის დგამდნენ სპექტაკლებს და ამით თვითონაც არანაკლებ სიამოვნებას იღებდნენ. მაშინ გუნდის ერთგულება დაუწერელი კანონი იყო და გულშემატკივარიც ცალკეულ ფეხბურთელებს მათ კლუბებთან აიგივებდა. ისინიც კარიერის დასრულებას არ ჩქარობდნენ და ზოგჯერ შვილებთან ერთადაც უწევდათ მინდორზე გასვლა.

ალბათ ამიტომ იყო, რომ ლეგენდარული სტენლი მეტიუზი 50 წლამდე აგრძელებდა უმაღლეს დონეზე თამაშს, მერე 5 წელი „დაისვენა” და კიდევ ერთი სეზონით დაბრუნდა! ოქროს ბურთიც 41 წლისამ მოიპოვა... ალფრედო დი სტეფანო ამავე ჯილდოს 10 წლით უმცროს ასაკში (31) დაეუფლა - რეალში 36 წლამდე ითამაშა, სპორტიდან კი 2 წლით გვიან წავიდა. მსგავსი მაგალითების მოყვანა უსასრულობამდე გრძელ სიას ჩამოგვაწერინებს - ფერენც პუშკაში 39 წლის გამოეთხოვა ფეხბურთს, ფრანც ბეკენბაუერი (38), იოჰან კრუიფი (37), ორჯერ მოკვეთილი დიეგო მარადონა (37), ზიკო (41), გარინჩა (40), ხენტო (38), ამანსიო (43), რაიმონ კოპა (36), ბობი ჩარლტონი (39), ჯორჯ ბესტი (38), ეუსებიო (38)... 42 წლის როჟე მილამ კამერუნი კინაღამ მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გაიყვანა, ერთი წლით უმცროსმა დინო ძოფმა კი სულაც ფიფას თასი ჩაიხუტა...

დღევანდელი საზომით, ამათგან ცოტა თუ გამოდგებოდა ათლეტურობის ეტალონად - მათთვის ჭარბი წონაც ჩვეულებრივი ამბავი იყო, სიგარეტის წევაც და ალკოჰოლიც. გარინჩამ კი საერთოდ ყველაფერი გააერთიანა და მაინც ლეგენდად დარჩა - თანაც, არ დაგავიწყდეთ, რომ კოჭლ კაცზე ვსაუბრობთ!!!

აქ მარტო უპირველესი რანგის ფეხბურთელები ჩამოვთვალე, თორემ, სტაჟიან გულშემატკივარს სოფიის ლოკომოტივის უკიდეგანოდ გასუქებული ლიდერი ატაბებერი ხარის რქები ნას „ბატენაჩო” მიხაილოვიც ემახსოვრება, რომელიც 70-იანების მიწურულს კიევის დინამოსთან გადამწყვეტი ჯარიმის დასარტყმელად ლამის ბორბლებზე შემდგარი გამოაგორეს! და რა გგონიათ?! დაარტყა და გაიტანა!!! წლევანდელ მუნდიალზე 37 წლის არგენტინელმა მარტინ პალერმომ საბერძნეთთან შეცვლაზე შესვლა გოლით აღნიშნა, ან ვის არ ახსოვს 39 წლის იენელი ებერჰარდ ფოგელი, ჩვენს დინამოს რომ თასების თასს ეცილებოდა...

დღეს სხვა ვითარებაა. დიდი ხანია ისტორიას ჩაბარდა ის დრო, როდესაც 40 წელს მიტანებული ფეხბურთელები თავიანთი გუნდების ლიდერებად რჩებოდნენ და გულშემატკივარი მათ იმედად მიდიოდა სტადიონზე. ასეთები თითზე ჩამოსათვლელნი დარჩნენ. წავიდა მილანის სიმბოლო პაოლო მალდინი, ბუცები ლურსმანზე ჩამოკიდა ლუიშ ფიგუმ, რეალმა მოიშორა რაული და გუტი, აგერ ედგარ დავიდსმაც გამოაცხადა კარიერის საბოლოო დასრულება... მათ გარეშე ფეხბურთი მოსაწყენ სანახაობად იქცევა - ჩემმა მტერმა უყურა ერთ ყალიბში ჩამოსხმული 22 კაცის სირბილს, რომლებსაც მინდორზე მოძრაობის მარშრუტსაც კი, მაინცელი ტომას ტუხელის ტიპის, ყველასთვის უცნობი ახალბედა სტრატეგები უწერენ. გამონაკლისს ისევ ბარსა, რეალი და თითო- ოროლა ინგლისური კლუბი წარმოადგენენ. დანარჩენებს ფორმის ფერით თუ განასხვავებ ერთმანეთისგან...

ერთადერთ იმედად ისევ ვეტერანები რჩებიან. კვლავაც მწყობრშია მარადონას მიერ დაწუნებული უბერებელი ხავიერ ძანეტი, რომელიც ნაკრებშიც დაბრუნდა და ინტერსაც ძველებური ჟინით კაპიტნობს, ჰამბურგში მეორე სუნთქვა გაეხსნა რუუდ ვან ნისტელროის, იუვენტინო ალექს დელ პიერომ კი მასსავით „ბებერ ქალბატონს” მილანში 3 ქულა ააღებინა... ნოემბრის დასაწყისშიც, ევროპის სტადიონებზე გამართულ მატჩებში, ორმა „ბებერმა“ გაიბრწყინა. რეალიდან გაშვებულმა რაულმა დუბლით შეწყვიტა შალკეს წარუმატებელი საშინაო სერია, მილანში კი ფილიპო ინძაგიმ ურაულო რეალს ორჯერ გაუტანა და მადრიდელთა ყოფილ სიმბოლოს ისტორიულ სათასო ბომბარდირობაში დაეწია. ასე რომ, ჯერ ყველაფერი როდია დაკარგული - ბებერი ხარის რქების თემა კვლავაც აქტუალურია!

22 ცუდი ბიჭი პირველია

▲back to top


სპორტი|ფეხბურთი

0x01 graphic

უეინ რუნიმ ძველებურად უნდა შეყაროს გოლები. ორ მატჩში საშუალოდ ერთი გოლი, ამდენივე საგოლე პასი, 360 წუთში ერთი ყვითელი ბარათი, მანჩესტერის პაბების და ბორდელების უფრო ხშირი სტუმრობა და მერე, მშვიდი და რომანტიკული საღამო ცოლთან ერთად - უეინი ყველაფერ ამას ახალი ხალისით, მონდომებით, მოტივაციით და ალბათ, ლტოლვითაც გააკეთებს.

მანჩესტერის ლიდერს საამისო მიზეზი გუნდის ბოსებმა მისცეს - უეინი ახალი ხელშეკრულებით კვირაში 250 ათას გირვანქას მიიღებს და მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელიც გახდა. თუ სეზონის ბოლომდე რეალის პორტუგალიელმა ონავარმაც არ იწიკვინა, რუნი პირველ ადგილზე დარჩება.

უეინს ხელფასი თითქმის გაუსამმაგეს. წინა კონტრაქტით ის კვირაში მხოლოდ 90 ათას გირვანქას იღებდა, უცბად ფეხბურთის თამაში დაავიწყდა და ყველაფერ ამას, ხელფასის მომატების მოთხოვნაც დაერთო. მანჩესტერმა ლიდერი შეინარჩუნა.

გთავაზობთ მსოფლიოს 20 ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელს:

მილიონი გირვანქა სეზონში

  1. უეინ რუნი (მანჩესტერი) 14.5

  2. კრიშტიანუ რონალდუ (რეალი) 13.5

  3. ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მილანი) 13.0

  4. ლიონელ მესი (ბარსელონა) 12.0

  5. სამუელ ეტო'ო (ინტერი) 11.0

  6. კაკა (რეალი) 10.0

  7. იაია ტურე (სიტი) 9.5

  8. ემანუელ ადებაიორი (სიტი) 8.5

  9. კარლოს ტევესი (სიტი) 8.0

  10. ჯონ ტერი (ჩელსი) 7.5

  11. ფრენკ ლამპარდი (ჩელსი) 7.5

  12. ხავი (ბარსელონა) 7.5

  13. რონალდინიო (მილანი) 7.5

  14. სტივენ ჯერარდი (ლივერპული) 7.5

  15. დანიელ ალვეში (ბარსელონა) 7.0

  16. რიო ფერდინანდი (მანჩესტერი) 5.5

  17. იკერ კასილიასი (რეალი) 6.0

  18. ვიქტორ ვალდესი (ბარსელონა) 6.0

  19. ფრედერიკ კანუტე (სევილია) 6.0

  20. დიდიე დროგბა (ჩელსი) 5.5

23 პაული პოლმა შეცვალა

▲back to top


სპორტი

0x01 graphic

პოსეიდონი მაგრად ჩაერთო საფეხბურთო და საბუქმეიკერო ბიზნესში. გერმანულ ოკეანარიუმ Sea Life-ში ყველამ (დიეგო მარადონას გარდა) დაულოცა შორი გზა რვაფეხა პაულს, თან დიეგო ფორლანის ბუცებიც გაატანეს, დიდიე დროგბას „აბადოკიც” ჩააყოლეს და რამდენიმე ტოტალიზატორის მფლობელმაც ბევრი იტირა.

ლეგენდარულ პაულს შემცვლელი უკვე მოუნახეს. ხანგრძლივი ტესტირების შემდეგ, საზოგადოებას წარუდგინეს ეროვნებით ფრანგი (პაულს ბრიტანელი შთამომავლები ჰყავდა) პოლი. რამდენიმე უმნიშვნელო ტესტის შემდეგ, პოლიც ჩაერთვება საბუქმეიკერო ამბებში, მანამდე კი მოლუსკს ოპტიმალური წონა უნდა შეურჩიონ, დაადგინონ, რა არ მოსწონს ახალ გენიოსს და საკვები რაციონიც შეურჩიონ.

სამხრეთ აფრიკაში პაული ჰედლაინების ხშირი სტუმარი იყო. 2008 წლის ევროფორუმზე წავარჯიშების შემდეგ, პაულმა მსოფლიო ჩემპიონატზე თითქმის ყველაფერი „დასვა”. მაშინ, ევროპის ჩემპიონატზე, რვაფეხამ ვერ გამოიცნო მთავარი, ფინალის შედეგი - პაულმა გერმანია გააჩემპიონა და ლუის არაგონესმა - ესპანეთი.

პოლს მოამზადებენ ევროპის 2012 წლის ჩემპიონატისთვის, რომელიც უკრაინაში და პოლონეთში გაიმართება. მერე კი იქნება პანაშვიდი (რვაფეხები მაქსიმუმ, 3 წელიწადს ცხოვრობენ) და ახალი გენიოსის წარდგენა.

24 გასოლის მეოთხე 3D

▲back to top


კალათბურთი|სპორტი

0x01 graphic

ფოტო: REUTERS ©

ბოლო დეკადის საუკეთესო მეოთხე ნომრები იყვნენ მშვიდი და საუკეთესო ტიმ დანკანი, გამომწვევი, ასაკში შესვლით უფრო გაბოროტებული კევინ გარნეტი, გაურკვეველი და მაინც მაგარი დირკ ნოვიცკი, ცხოვრებაში ბუნჩულა და მოედანზე მკვლელი ელტონ ბრენდი. და კიდევ ერთი ესპანელი, რომლის ამპლუაც ამერიკელებისთვის არის ცენტრი და ევროპელებისთვის - ფორვარდი. რომელიც უფრო ფორვარდია, ვიდრე ცენტრი და უფრო ცენტრობს (ენდრიუ ბაინუმის ტრავმის გამო), ვიდრე მეხუთე ამოწეულ პივოტს თამაშობს. მოკლედ, ყველაფერს აკეთებს და კალიფორნიული ბანდისთვის უკვე კობი ბრაიანტზე წონადია. NBA-ში მეორე კვირის MVP გახდა ლეიკერსის ესპანელი ჟირაფი, პო გასოლი.

პო კარიერის საუკეთესო სეზონებს ატარებს. მშვიდი შეტევაში, აკურატული და ხისტი დაცვაში, თითქმის ავტომატიზმამდე დაყვანილი საშუალო სროლა და გაუმჯობესებული პროცენტული მაჩვენებელი საჯარიმოების შესრულების დროს (პოს პირველი 23 საჯარიმოდან 21 ჰქონდა ჩაგდებული). გასოლი აღარ არის კობის შემდეგ გუნდის საუკეთესო მეორე ოფცია. ფილ ჯექსონისთვის ბარსელონელი უფრო საიმედოა, ვიდრე წინა სეზონებში და გასოლმა ეს დაიმსახურა.

ბოლო ორ მატჩში პო საშუალოდ 23 ქულას, 12 მოხსნას და 2 დაფარებას იღებდა. საუკეთესო წლებში, შაკი ამ სტატისტიკას მესამე მეოთხედისთვის აფიქსირებდა, მაგრამ დიზელი უკვე ისტორიაა და პო - ლეიკერსის მომავალი, აწმყო, თითქმის ყველაფერი. კარიერაში მეოთხე ტრიპლ დაბლიც მშვენიერი, ეფექტური იყო. პორტლენდის 121:96 გალახვაში პომ 20 ქულა, 14 მოხსნა და 10 შედეგიანი გადაცემა გადაიხადა და ხურდაც არ მოუთხოვია, სამმაგი შეირგო და მშვიდად წავიდა ჯეკ ნიკოლსონისგან რუტინული მილოცვის მისაღებად.

ამ არაჩვეულებრივ ადამიანს ერთი ნაკლი აქვს - ბარსელონელია და მადრიდის რეალზე ჭკუა ეკეტება. ეჭვი მაქვს, ეს ფილ ჯექსონს ისევე ადარდებს, როგორც - ქართველი მწვრთნელების უმრავლესობას ეტორე მესინას სამწვრთნელო სემინარი.

25 გაზვიადებული პროგრამა

▲back to top


ფეხბურთი|სპორტი

0x01 graphic

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას წელიწადზე მეტია დომენტი (ზვიად) სიჭინავა ხელმძღვანელობს. მან შეცვალა უმცროსი ნოდარ ახალკაცი, რომელიც 2005 წლის ზაფხულში გახდა სფფ-ს პრეზიდენტი, 2009 წლის სექტემბერში კი საკუთარი სურვილით დატოვა თანამდებობა.

წელიწადი საკმარისია ამა თუ იმ საჯარო პირის საქმიანობის შესაფასებლად. ამ წერილში სწორედ განვლილ პერიოდს მიმოვიხილავთ: რას დაჰპირდა ზვიად სიჭინავა ქართულ საფეხბურთო სამყაროს და რა გააკეთა.

სანამ ჩვენს პოზიციას გაგაცნობთ, ვიტყვით, რომ სფფ-ს რიგით მეოთხე პრეზიდენტის მიმართ ქართული ფეხბურთის სპეციალისტებში, ჟურნალისტებსა და გულშემატკივრებში განსხვავებული დამოკიდებულებაა: ერთნი თვლიან, რომ წელიწადსა და ერთ თვეში სიჭინავამ უამრავი კარგი საქმის გაკეთება მოასწრო, მეორენი კი ამბობენ, რომ მას არაფრით გამოუჩენია თავი.

ამ წერილში მხოლოდ და მხოლოდ სიჭინავას საქმიანობას ვაფასებთ და არავითარ შემთხვევაში არ ვადარებთ მას ფედერაციის წინა მესვეურებს. ეს ცალკე თემაა.

სიჭინავას მოღვაწეობა სათანადოდ რომ შევაფასოთ, აუცილებელია იმ პროგრამით ვიხელმძღვანელოთ, რომელიც მან 2009 წლის 1 ოქტომბერს, ბასა ღოღობერიძის სახელობის სფფ-ს ტექნიკურ ცენტრში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებზე წარადგინა. აქვე აუცილებლად უნდა გავიხსენოთ, რომ სფფ-ს მორიგ რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებზე დომენტი (ზვიად) სიჭინავა ერთადერთი კანდიდატი იყო. დელეგატები მის პროგრამას იცნობდნენ, საბოლოოდ კი მხოლოდ ერთადერთმა არ დაუჭირა მხარი მის კანდიდატურას - წინააღმდეგი არ ყოფილა, უბრალოდ, თავი შეიკავა (თუ ვინ იყო ის, ამის თქმა შეუძლებელია, რადგან პრეზიდენტი ფარული კენჭისყრით აირჩიეს). სხვებმა სიჭინავას პროგრამა მოიწონეს და კანდიდატიც პრეზიდენტი გახდა.

ვისაც დომენტი სიჭინავას წინასაარჩევნო პროგრამა ახსოვს, დაგვეთანხმება, რომ მასში რაიმე არნახული არ ეწერა: ბრტყელ-ბრტყელი და ზოგადი ფრაზების გარდა, არაერთი გაუგებარი წინადადებაც ამოვიკითხეთ, ეს კი უმალ გახდა კანდიდატის მზადყოფნაში დაეჭვების მიზეზი.

ამ გაუგებარ წინადადებებს ქვემოთ კიდევ მივუბრუნდებით, ახლა კი საარჩევნო პროგრამის ყველა საკითხი გავიხსენოთ: რა შეასრულა სიჭინავამ თანამდებობაზე არჩევის შემდეგ და რა - არა/ვერა. დაგვეთანხმებით, ადამიანის საქმიანობის შესაფასებლად, ასეთი მიდგომა სამართლიანია.

სიჭინავას პროგრამა 11 პრიორიტეტული მიმართულებისგან შედგება.

პირველ პუნქტში ვკითხულობთ: „საქართველოს ყველა რეგიონში უნდა გაშენდეს საერთაშორისო სტანდარტების დონის საფეხბურთო სტადიონები. სასწრაფოდ რეაბილიტაცია გაუკეთდეს საქართველოს რეგიონებში არსებულ საფეხბურთო სტადიონებს, გაფართოვდეს ხელოვნურსაფარიანი ფეხბურთის მოედნების ქსელი ფიფას და უეფას მოთხოვნათა შესაბამისად”.

გასაგებია, რომ ერთ წელიწადში ქვეყნის ყველა რეგიონში საერთაშორისო სტანდარტების დონის საფეხბურთო სტადიონს სფფ ვერ „გააშენებდა” - სხვა თუ არაფერი, საამისოდ დრო და ფინანსები არ ეყოფოდა, მაგრამ სამწუხარო ისაა, რომ სტადიონების „გაშენება” კი არა, პროექტის დონეზეც არ თქმულა რამე. რაც შეეხება რეგიონებში სტადიონების რემონტს, ცხადია, მსგავსი არაფერი მომხდარა, ისევე, როგორც არ გაფართოებულა ხელოვნურსაფარიანი მოედნების ქსელი.

0x01 graphic

ფოტო: ბადრი კეთილაძე©

ერთ წელიწადში რამდენიმე სტადიონის კეთილმოწყობა (ისევე, როგორც ხელოვნურსაფარიანი მოედნის გაკეთება) შეუძლებელი რომ არაა, ეს ცხადია, მაგრამ სხვა საქმეა, როცა ამის სურვილი არ არსებობს.

პროგრამის მეორე პრიორიტეტი ბავშვთა ფეხბურთია, სადაც ნათქვამია:

„საქართველოს ყველა რეგიონის საფეხბურთო კლუბების (სკოლები) მატერიალურ-ტექნიკური ბაზით უზრუნველყოფა, მარტივი ტიპის მოედნების წესრიგში მოყვანა”;

„ყველა საფეხბურთო სპორტულ დაწესებულებაში უნდა აღდგეს სამედიცინო- აღდგენითი ცენტრები. ასევე ყურადღება უნდა მიექცეს მოზარდთა კვების რაციონს”;

„შერჩეულ უნდა იქნეს მწვრთნელთა ჯგუფი, რომელიც შესაბამისი გეგმის მიხედვით განახორციელებს 12 წლიდან 17 წლამდე სამწვრთნელო სასელექციო სამუშაოს ე.ი. მოცემულ მწვრთნელთა ჯგუფმა უნდა აიყვანოს ნაკრები 12 წლიდან და გააგრძელოს მათთან მუშაობა ოფიციალური მატჩების ჩათვლით”.

არშესრულებული დაპირება რიგით მეორე პრიორიტეტულ მიმართულებაშიც შეგვიძლია დავინახოთ: სფფ-ს მიერ, განვლილი ერთი წლის მანძილზე ქვეყნის არც ერთი რეგიონის არც ერთი საფეხბურთო სკოლის უზრუნველყოფა არ მომხდარა მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, სპორტი ფეხბურთი არ მოწესრიგებულა “მარტივი ტიპის მოედნები”, აღარაფერს ვამბობთ სფფ-ს პრეზიდენტობის კანდიდატის წინასაარჩევნო პროგრამის ისეთ მნიშვნელოვან და საჭირბოროტო პუნქტზე, როგორიცაა “მოზარდთა კვების რაციონზე ყურადღების მიქცევა”. საინტერესოა, რამდენი საფეხბურთო სკოლის მოსწავლეთა კვების რაციონით დაინტერესდა სფფ-ს პრეზიდენტი?

რაც შეეხება იმ პუნქტს, რომელიც 12-17 წლამდელებთან მუშაობას ეხება, ეს, რბილად რომ ვთქვათ, ჩანასახშივე განწირული პროექტი იყო. ასეთი აბსურდის წინასაარჩევნო პროგრამაში შეტანას, მეტი დაფიქრება სჯობდა. გასაგებია, რომ ბავშვთა ფეხბურთს ძალიან დიდი ყურადღება უნდა მიექცეს, მაგრამ გაუგებარია, რატომ უნდა შეიქმნას 12-წლამდელთა ნაკრები, თუნდაც გაფართოებული შემადგენლობით და მას მწვრთნელთა კონკრეტული ჯგუფი 5 წლის მანძილზე ხელმძღვანელობდეს? და 18 წლის რომ გახდებიან ფეხბურთელები, მერე რა უნდა ქნან? ეს პროგრამაში, რატომღაც არ წერია.

ველოსიპედის გამოგონებას იმ ქვეყნების მაგალითის გათვალისწინება სჯობს, ვისი ასაკობრივი ნაკრებებიც წარმატებულნი არიან. თუნდაც, იგივე ესპანეთისა, რომლის 17 თუ 19-წლამდელთა გუნდები ხშირად იგებენ ევროპირველობას. თუ რა მაგალითზეა საუბარი, ამის შესახებ აქ აღარ გავაგრძელებთ - ამ საკითხზე ჩვენი ჟურნალი რამდენჯერმე უკვე წერდა - მხოლოდ დავძენთ, რომ მეტი დაფიქრების და მართებული ნაბიჯის გადადგმის შემთხვევაში საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში (და ასეთი სულ ექვსია!) გაცილებით უკეთესი მდგომარეობა იქნებოდა, ვიდრე ახლაა.

სიჭინავას მესამე პრიორიტეტული მიმართულებაა „ჩემპიონატი და კლუბები”, რომლის პირველივე წინადადებაში ვკითხულობთ: „ეროვნული ჩემპიონატი უშუალოდ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ უნდა ჩატარდეს”.

ამის შესახებ სიჭინავას საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” პრეზიდენტი ილია კოკაია არჩევნებზევე დაეკითხა, თუმცა სფფ-ს პრეზიდენტობის კანდიდატმა იმდენად უსუსურად უპასუხა, რომ ყველა მიხვდა - კამათი არ ღირდა.

საბედნიეროდ, წინასაარჩევნო პროგრამაში შესული ეს აბსურდი არ განხორციელდა - ეროვნულ პირველობას კვლავაც საქართველოს პროფესიული ფეხბურთის ლიგა კურირებს. სხვა საქმეა, რომ წინა წლებთან შედარებით სპფლ-ს მეტი დაეწუნება...

0x01 graphic

დომენტი სიჭინავა და უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი

სფფ-ს პრეზიდენტის მეოთხე პრიორიტეტული მიმართულებაა „პროფესიული სრულყოფა”, სადაც ვკითხულობთ: „საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მთავარ პრიორიტეტად აყენებს ქართულ ფეხბურთში მომუშავე მწვრთნელების, მსაჯების, მედპერსონალის სასწრაფოდ გადამზადებას. რჩეულთა მივლინებას საზღვარგარეთ სტაჟირების გასავლელად”.

სფფ ჯერ კიდევ სიჭინავას პრეზიდენტობამდე ატარებდა (და ატარებს) უეფას მწვრთნელთა გადამზადების კურსებს, რომელსაც ეროვნული გუნდის ყოფილი თავკაცი გაიოზ დარსაძე უძღვება (ადრეც და ახლაც). ამაში ახალი არაფერია - საქმე კეთდება ისე, როგორც საჭიროა.

რაც შეეხება მსაჯების და მედპერსონალის სასწრაფოდ გადამზადებას და რჩეულთა მივლინებას საზღვარგარეთ, სამწუხაროდ, განვლილი ერთი წლის მანძილზე არ გვსმენია, რომ სფფ-ს რომელიმე ექიმი და მსაჯი უცხოეთში კვალიფიკაციის ასამაღლებლად გაეშვას. ცხადია, უეფას მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა სემინარებზე სფფ-ს თანამშრომელთა მივლინებას არ ვგულისხმობთ - ეს სხვა საკითხია...

პროგრამის მეხუთე პრიორიტეტული მიმართულებაა „ეროვნული და სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრები გუნდები”.

სფფ-ს ოფიციალური ინტერნეტ-გვერდის მონაცემებს თუ გავითვალისწინებთ, ეროვნულის და ახალგაზრდულის გარდა, საქართველოს 6 ასაკობრივი ნაკრები ჰყავს: 13, 15, 16, 17, 18 და 19-წლამდელთა! ამ მხრივ საქართველო ევროპაში პირველია - ამდენი ეროვნული გუნდი ბებერ კონტინენტზე სხვას არ ჰყავს!

რაოდენობა რომ ხარისხის მაჩვენებელი იყოს, ყველაფერი გასაგები იქნებოდა. მეტიც, 14-წლამდელთა ნაკრების შექმნასაც მოვითხოვდით (საინტერესოა, ამ ასაკის მოზარდებმა რა დააშავეს), მაგრამ ამდენი ასაკობრივის აზრს რომ ვერ ვხვდებით? უარესი კი ისაა, რომ ვერც სფფ-ს მესვეური ასაბუთებს, რატომაა ამდენი გუნდი საჭირო: 6 ნაკრები 6 სხვადასხვა დონის განათლების, გემოვნების და გამოცდილების მქონე მწვრთნელით, რომელთა ხელშიც ჩვენი ფეხბურთის მომავალი უნდა გაიზარდოს. რბილად რომ ვთქვათ, საეჭვოა ასეთმა მიდგომამ კარგი შედეგი მოიტანოს - ჩვენ დღეს დათესილს 5-7 წელიწადში მოვიმკით და ვეჭვობთ, მერე კრიტიკა დაგვიანებული იქნება.

პროგრამის მეექვსე პრიორიტეტული მიმართულებაა „სამოყვარულო ფეხბურთის გაერთიანება“ სადაც ჩვენდა გასაკვირად, ქალთა ფეხბურთის განვითარებაზე და ფუტსალზეა საუბარი, არადა, ამ საკითხებს ფიფა და უეფა იმდენივე ყურადღებას უთმობს, რასაც ზოგადად, დიდ ფეხბურთს. სამწუხაროდ, ქალთა ფეხბურთის და ფუტსალის სამოყვარულო ფეხბურთთან გაიგივება ნამდვილად ვერ ჩაითვლება ბატონი დომენტის პლუსად.

პროგრამის მეშვიდე პრიორიტეტული მიმართულებაა „ფეხბურთის პოპულარიზაცია რეგიონებში”.

მეორე აბზაცში ნათქვამია: „რეგიონულმა ფედერაციებმა უნდა შექმნან სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფების რეგიონული ნაკრები გუნდები, ხოლო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ წელიწადში ერთხელ უნდა ჩაატაროს აღნიშნული ნაკრებების ტურნირი სპორტული კალენდრის გათვალისწინებით”.

იცით რამდენი რეგიონული ნაკრები „შეიქმნა”? მართალი ბრძანდებით - არც ერთი! და ცხადია, იმის მიხვედრაც არ გაგიჭირდებათ, მოეწყო თუ არა რეგიონული ნაკრებების ტურნირი „სპორტული კალენდრის გათვალისწინებით”. ცხადია, არა!

ესეც სფფ-ს პრეზიდენტის მორიგი არშესრულებული დაპირება, ანუ ტყუილი.

რაც შეეხება ამავე პრიორიტეტული მიმართულების მესამე აბზაცს, თუ ვინმე აგვიხსნის რას გულისხმობდა მასში სიჭინავა, მადლობელი დავრჩებით: „რეგიონალური ფედერაციების ქმედუნარიანობის გაზრდის მიზნით უნდა აღდგეს მათი რეგიონალური ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქცია და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნა”.

მოუთმენლად ველით გამოხმაურებებს. სასურველია სფფ-ს პრეზიდენტისგან...

მეცხრე პრიორიტეტული მიმართულებაა „მსაჯთა კვალიფიკაციის დონის ამაღლება”, სადაც ზოგადი დაპირებების ბოლოს (მსაჯთა კორპუსის პროფესიული ზრდა, შეკრებების მოწყობა და ა.შ.) ვკითხულობთ: „უცხოელი სპეციალისტების მოწვევა სემინარების ჩასატარებლად”.

უნდა ვთქვათ, რომ სამწუხაროდ, ეს სფფ-ს პრეზიდენტის კიდევ ერთი არშესრულებული დაპირებაა - ჯერჯერობით, საქართველოში მსაჯთათვის სემინარის ჩასატარებლად უცხოელი სპეციალისტი არ ჩამოსულა.

მეათე პრიორიტეტული მიმართულებაა „ვეტერან ფეხბურთელთა როლის ამაღლება ქართულ ფეხბურთში”.

ცხადია, არაფერია დასაწუნი ვეტერანთა დაფასებაში. ასევე მისასალმებელია მათი ფინანსური დახმარებაც, მაგრამ სათქმელია, რომ ეს დაწყებული საქმის გაგრძელებაა და არა ნოვაცია - საქართველოს ფეხბურთს ფედერაცია ყველა პრეზიდენტის დროს (სხვადასხვა სახით) ეხმარებოდა ვეტერანებს.

რაც შეეხება ამ პრიორიტეტული მიმართულების ბოლოში გაცხადებულ დაპირებას - „ვეტერანების მოწვევა ნაკრებ გუნდებში ოფიციალური შეხვედრების წინ მასტერ-კლასის ჩასატარებლად” - ეს, რბილად რომ ვთქვათ, სასაცილოა. საინტერესოა, რამდენი ვეტერანი ეგულება სფფ-ს პრეზიდენტს, რომელსაც ნაკრებ გუნდებში მასტერ-კლასის ჩატარება შეუძლია? პასუხი განვლილ ერთ წელიწადში მოვიძიეთ: ეროვნულ, ახალგაზრდულ თუ 6 ასაკობრივ ნაკრებში ჯერ ვეტერან ქართველ ფეხბურთელს მასტერ-კლასი არათუ ოფიციალური, საერთაშორისო ამხანაგური შეხვედრის წინაც არ ჩაუტარებია.

ცნობისათვის: მასტერ-კლასის ჩასატარებლად მხოლოდ ასაკი და სტატუსი „ვეტერანი” საკმარისი არაა. განათლება და ცოდნის კარგად გადმოცემის უნარიც საჭიროა.

სიჭინავას წინასაარჩევნო პროგრამის უკანასკნელი, მეთერთმეტე პრიორიტეტული მიმართულებაა „მასმედიასთან ურთიერთობა”.

პროგრამაში დაბეჭდილი ამ მიმართულების ტექსტი პატარა, მაგრამ მეტყველი მაგალითია იმისა, თუ როგორ არ უნდა გააკეთო საქმე. მეტი თვალსაჩინოებისთვის, მას გთავაზობთ კიდეც:

0x01 graphic

ახლა უფრო კონკრეტულად: მასმედიასთან ურთიერთობისთვის საყოველთაოდ მიღებული ფორმაა პრესცენტრი, გულშემატკივრებთან და პრესასთან კონტაქტის კიდევ ერთი აპრობირებული გზა კი ვებგვერდიც გახლავთ.

სამწუხაროდ, სფფ-ს ოფიციალურ ვებგვერდს არაერთი ნაკლი აქვს: მასში უამრავი განყოფილებაა, თუმცა სამწუხაროდ, უმეტესობა უმოქმედოა; გვრჩება შთაბეჭდილება, რომ ინგლისური ვერსია საერთოდ რედაქტორის გარეშეა დარჩენილი; არაა გამოქვეყნებული ეროვნული, ახალგაზრდული თუ ასაკობრივი ნაკრები გუნდების განვლილი წლების სტატისტიკური მონაცემები (ეს არა მარტო გულშემატკივრებს, ჟურნალისტებსაც გვაინტერესებს); ქვეყნდება ვიდეობმულები სხვადასხვა სოციალური ინტერნეტ-გვერდებიდან, რაც ნამდვილად არაა მისასალმებელი (რამდენჯერმე გამოქვეყნდა ბმულები კანონიერ ქურდებზე, მეძავებზე, პოლიტიკოსებზე), ასევე გაუგებარია, რატომაა ბმულები უეფას ინტერნეტ-გვერდის რუსულ ვერსიასთან, როცა რუსული უეფას ოფიციალური ენა არ არის...

მაგრამ მთავარი ნაკლი მაინც არაოპერატიულობაა: ეროვნული თუ ასაკობრივი ნაკრების თამაშის შესახებ ცნობა, ხშირად, ერთი ან ორი დღის დაგვიანებით, ან საერთოდ არ გამოქვეყნებულა.

რაც შეეხება დავით ქლიბაძის საავტორო სვეტს, ვეტერანი საფეხბურთო ტელეჟურნალისტის წერილების საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს - სხვა საქმეა, რომ ამ ჩანახატების ადგილი სფფ-ს ოფიციალურ ვებგვერდზე არაა.

ორგანიზაციის ოფიციალური ინტერნეტ-გამოცემა მომხმარებელს ამომწურავ ინფორმაციას უნდა აწვდიდეს. სხვა შემთხვევაში მის არსებობას აზრი ეკარგება...

დომენტი (ზვიად) სიჭინავა 2009 წლის 1 ოქტომბერს აირჩიეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად.

მას შემდეგ წელიწადი და თვეზე ოდნავ მეტი გავიდა.

სფფ-ს პრეზიდენტის წინასაარჩევნო პროგრამაზე დაყრდნობით, ამ წერილში მისი საქმიანობა შევაფასეთ. ჩვენი აზრით, მან გაუგებარი მიზეზების გამო უამრავი დაპირება არ შეასრულა, ამიტომაც ვფიქრობთ, რომ მისი მოღვაწეობა სფფ-ში უარყოფითია.

ცხადია, როცა ამას ვამბობთ, არ გვავიწყდება, რომ დომენტი სიჭინავას პრეზიდენტობისას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფისი კეთილმოეწყო და ფიფა-უეფა-სახელმწიფოს მეშვეობით ვალების დიდი ნაწილი დაიფარა.

მაგრამ საქმე ასე არ კეთდება. ერთხელ და საბოლოოდ უნდა დამკვიდრდეს წესი: კანდიდატი წარმოადგენს პროგრამას და შემდეგ, არჩევის შემთხვევაში, ამ პროგრამას პუნქტების მიხედვით ახორციელებს. სხვანაირად მსოფლიოს არც ერთ წარმატებაზე ორიენტირებულ ქვეყანაში არ მუშაობენ. მით უმეტეს ისეთ რთულ სფეროში, როგორიც ფეხბურთია.

P.S. ჩვენ სიჭინავას საარჩევნო პროგრამასთან დაკავშირებული კითხვებით მივმართეთ სფფ-ს პრესცენტრს, თუმცა პრეზიდენტისგან პასუხი არ მიგვიღია.

26 ეს ესტრადაა

▲back to top


ზაზა ბურჭულაძე|სვეტი

0x01 graphic

რამე გაუგებრობას რომ არ ქონდეს ადგილი, ბარემ თავიდანვე ვიტყვი, რომ შეიძლება მე ვერ ვამჩნევ, თორემ ჩვენთან ყველაფერი კარგადაა. შეიძლება, მე ჩამოვრჩი დროს. შეიძლება, ცხოვრება დღეს სხვა მოთხოვნებს აყენებს, სხვა ნორმებს აწესებს, სხვა რამეს გაძლევს და შენგანაც სხვას ითხოვს, ვიდრე მე მგონია და წარმომიდგენია.

0x01 graphic

მაგალითად, მე მგონია, რომ, ბევრ სხვა რამესთან ერთად, ჩვენ გვაკლია როკი. უბრალოდ არ გვაქვს იგი, და შესაბამისად, არ გვყავს როკერები. არადა ხშირად სწორედ როკი იყო და არის ახალგაზრდების ერთ-ერთი მთავარი რუპორი, დადგენილი ნორმების წინააღმდეგ მიმართული, პროტესტის მუსიკა. ახლა კი, თუ ქართულ ესტრადას გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ არც მთლად კარგად გვქონია საქმე. მუსიკა ხომ დროისა და საზოგადოების სულიერი მდგომარეობის ერთ-ერთი თვალსაჩინო ილუსტრაციაა.

როკერების ნაცვლად გვყავს მუსიკოსები, რომელთაც ხელისუფლება ღირსების ორდენით აჯილდოებს ხოლმე. ასევე გვყავს მუსიკოსები, რომლებიც ქართულ ჯარს და პატრულს უმღერიან. დაე, უმღერონ, მათი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. იმიტომ, რომ ისინი როკერები არ არიან, არც ახალგაზრდების რუპორები და არც ნორმების წინააღმდეგ მებრძოლნი ბრძანდებიან. ამიტომ მე არ ვითხოვ მათგან პროტესტს, რადგან ვიცი, რომ ისინი მუდამ მომხრენი არიან. ეს მათი არჩევანია - უფრო ზუსტად, იმ ჟანრისა, რომელშიც ისინი მოღვაწეობენ. ასე რომ, გაუგებარი სწორედ მათი პროტესტი იქნებოდა.

მომწონს თუ არა მე როკი, ეს სხვა საქმეა, მაგრამ ის უნდა იყოს. უთუოდ უნდა იყოს პროტესტი და ახალგაზრდული ჯანყი. სხვანაირად წინ ვერ წავალთ, ვერ განვვითარდებით. ამისთვის კი ძლიერი ჯარიც და პატრულიც ზუსტად ისევეა ქვეყნისთვის აუცილებელი, როგორც პერმანენტული ლაშქრობები დადგენილი ნორმების წინააღმდეგ. ჩემი მოკლე ჭკუით, თუ არ ექნათ ახალგაზრდებს ჟინი და შემართება, რომ რაღაც ახალს შექმნიან, თუ არ იქნებიან ისინი რეალისტები და არ მოითხოვენ შეუძლებელს, და თუ არ იტყვიან გალაკტიონივით „ავანგრევ ქვეყანას და ხელახლა შევქმნი”, დიდხანს არაფერი გვეშველება.

როცა ვუყურებ „ღამის შოუთი” თუ „პროფილით” ზომბირებულ ხალხს, კიდევ უფრო მძაფრად ვგრძნობ ჩვენთან როკის უკმარისობას. ზომბის კი ვერაფერს მოთხოვ. სხვათა შორის, არც თვითონ მოგთხოვს. მას არც ჟინი აქვს და არც შემართება. ზომბი ვერც წინ მიდის, ვერც ვითარდება. ეს ნორმაა. კურიოზი კი იცით, რა არის? - რომ არსებულ ვითარებაში საქართველოს მთავარი როკერი ქვეყნის პრეზიდენტი გამოდის. რომელ ქართველ მუსიკოსს აქვს მასზე მეტი ჟინი და შემართება, მასზე შეუძლებელს ითხოვს, ან მასზე მეტს ანგრევს და ხელახლა ქმნის?

0x01 graphic

როგორც როკი, გვჭირდება რეპიც. რამდენადაც ხშირად ამ ვულგარულ, კიჩურ, ცინიკურ, რომანტიკულ, ფსევდორომანტიკულ, ბრუტალურ თუ ღიად აგრესიულ მუსიკაშიც დიდი დოზითაა ბევრი რამის მიმართ პროტესტი, აქაც ილაშქრებენ ნორმების წინააღმდეგ. სხვათა შორის, იმ ნორმების წინააღმდეგაც, რომელთაც თვითონ რეპერები ამკვიდრებენ. თავიანთ ფასეულობებსაც თვითონვე დასცინიან. იმიტომ, რომ იქ წესია ასეთი, იქ სხვანაირად არ მოსულა. ქართველი რეპერი კი რას აკეთებს ამ დროს? ქართველ პატრიოტებთან ერთად დაკუნტრუშებს. ნუთუ წარმოგიდგენიათ სნუპი ან, თუნდაც მეოჯახე ემინემი, რომელიც ბოისკაუტებთან ერთად აქნევს კურტუმოს ან ამერიკულ პოლიციას უმღერის?

ჩვენ არც როკერები გვყავს და არც რეპერები. მათ კი, ვისაც საპირისპირო აზრი აქვს, მინდა ვთხოვო: დამისახელეთ ერთი ქართველი როკერი ან რეპერი მაინც, რომლის პოსტერსაც შინ კედელზე დაიკიდებდით, რომლის სიმღერის ტექსტები, არა მარტო ზეპირად იცით, არამედ გიყვართ კიდეც.

დაბოლოს, კიდევ ერთი კურიოზი: ამ ქვეყანაში პრეზიდენტზე უკეთაც ვერავინ რეპავს და მასზე მეტ ფოტოსაც ვერ შეხვდებით სადმე კედელზე დაკიდებულს. ჩვენთან მარტო პრეზიდენტი როკავს და რეპავს.

27 2010 წელს ქართული კინოს გარეშე მგონი არ ვკვდებით

▲back to top


კულტურა|კინო

0x01 graphic

რას უნდა ელოდეს მაყურებელი, როდესაც კინოთეატრში ახალ ქართულ ფილმზე მიდის? 1. მსახიობების ცუდ თამაშს, იმ დონისას, რომლითაც თეატრალურ ინსტიტუტში მისაღებ გამოცდასაც ვერ ჩააბარებ. 2. რეჟისურას, რომელსაც ყველაზე ნაკლები საერთო აქვს ხელოვნებასთან და მხოლოდ პროდუქციის გაყიდვაზე ზრუნავს. 3. სექსის სცენებს, თანაც იმდენად არაესთეტურს, რომ მაყურებელს თრგუნავს და დიდი ალბათობაა იმპოტენტად აქციოს. „ტრადიციული” ქართული კინოს სრული ანტიპოდია ლევან თუთბერიძის ფილმი „უშენოდ მგონი მოვკვდები”.

ეს ფილმი 2008 წელს უნდა გამოსულიყო, ეროვნული კინოცენტრის კონკურსში გაიმარჯვა და გადაღებები დაიწყო, თუმცა რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომმა კრიზისმა, ფილმის გამოსვლა გააჭიანურა და მხოლოდ 2010 წელს მოხდა ნამუშევრის დასრულება. გიორგი ზანგურის, ირაკლი სანაიას, შორენა ბეგაშვილის კინოდებიუტი სწორედ ლევან თუთბერიძის ფილმში შედგა.

„უშენოდ მგონი მოვკვდები” ზაზასა (გიორგი ზანგური) და მამუკას (ირაკლი სანაია) ერთი დღის ისტორიაა. ეს ორი ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული პიროვნებაა, ისინი ერთმანეთს არც კი იცნობენ. ზაზა წარუმატებელი მწერალია, მხიარული, ორ გოგოზე, ერთნაირად, უზომოდ შეყვარებული და კარგი მეგობარი. ის ტოტალიზატორში დიდ ფულს მოიგებს და ცდილობს ამ ფულით ყველას დაეხმაროს - თითქოს ეს მისი უკანასკნელი საათები იყოს. ეს ზაზას ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი დღეა, დღე, როდესაც მან ნინაკასთან (შორენა ბეგაშვილი) ურთიერთობას წერტილი უნდა დაუსვას და დაიწყოს ახალი სტრიქონის წერა ქეთასთან (ია სუხიტაშვილი) ერთად. მამუკა „შავი სამყაროს” წარმომადგენელია, რომელსაც უახლოეს ძმაკაცს მოუკლავენ. შურისძიება მისი ერთადერთი მიზანია.

გიორგი ზანგურსა და ირაკლი სანაიას არაფერი ეტყობათ, რომ ეს მათი სადებიუტო როლებია. ზაზაც და მამუკაც მაყურებლის თვალწინ იზრდებიან და ყალიბდებიან პერსონაჟებად და ეს ყველაფერი ძალიან ბუნებრივად ხდება. ეს კი მსახიობების კარგი თამაშის დამსახურებაა.

მონტაჟი, ოპერატორული ნამუშევარი, მუსიკა - ეს ყველაფერი ფილმში კარგია და იმდენად მოულოდნელი ქართული ფილმისგან, რომ შეიძლება კითხვა გაგიჩნდეთ - „უშენოდ მგონი მოვკვდები” ქართული ნამუშევარია, თუ ევროპული ინდი ფილმი. ამ ჰიპოთეზას კიდევ უფრო გაგიმყარებთ მიშა გომიაშვილის (რომა) და ლევან ხურციას (პეტრუჩიო) მეორეხარისხოვანი პერსონაჟები. ნარკოდილერ რომას და ინვალიდის სავარძელს მიჯაჭვულ პეტრუჩიოს ფილმში ახალი სისხლი შემოაქვთ და მაღალი ტემპის შენარჩუნებას უწყობენ ხელს.

ლევან თუთბერიძემ გააკეთა ის, რაც ყველა რეჟისორმა უნდა გააკეთოს. აიღო კარგი სცენარი, რომელიც აკა მორჩილაძემ დაწერა თავისი ნაწარმოების „ფალიაშვილის ქუჩის ძაღლების” მოტივებზე, აიყვანა საინტერესო შემოქმედებითი ჯგუფი და შეუდგა ფილმის გადაღებას. ეს იმიტომ, რომ თუთბერიძე რეჟისორია და არა კლიპმეიკერი, მკლავჭიდელი, ბიზნესმენი ან რაიმე სხვა, კინოსთან არაფრით დაკავშირებული პროფესიის ადამიანი. მხატვრული ფილმი უნდა გადაიღოს რეჟისორმა (გამონაკლისები რა თქმა უნდა არსებობს), ადამიანმა, რომელიც კინოს სიყვარულით იღებს და არა კომერციული მიზნებისთვის. კინოგაქირავებაში წარმატება აუცილებელია, მაგრამ წარმატებას ხარისხით უნდა მიაღწიო და არა ქალის შიშველი სხეულით.

ფილმს ბევრი მინუსი აქვს. ეს არ არის სუპერფილმი ან საკულტო კინოდ ქცევისთვის „განწირული” ნამუშევარი. რიგი ეპიზოდები გაწელილია, განსაკუთრებით ზაზასა და ქეთას (ია სუხიტაშვილი) დიალოგები, ფინალში მონტაჟი მოიკოჭლებს. მაშინ როდესაც დაძაბულობა აპოგეას უნდა აღწევდეს და მაყურებელს სისხლი უნდა ეყინებოდეს, ამ დროს უადგილო კადრები არღვევს ჰარმონიას. მაგრამ ლევან თუთბერიძემ გადაიღო ფილმი და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. თამამად შეგვიძლია ამ ნამუშევარს მხატვრული ფილმი ვუწოდოთ, თამამად შეგვიძლია შევაქოთ მსახიობების თამაში, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართული კინოს კუბოზე ეს ფილმი ლურსმნად არ გამოდგება. მგონი ქართველ მაყურებელს ნორმალური ქართული ფილმის გარეშე 2010 წლის „მოკვლა” არ მოუწევს.

28 MTV საქართველოში

▲back to top


მუსიკა|კულტურა

0x01 graphic

ფოტო: ალექსანდრე ბაგრატიონ-დავითაშვილი

MTV 1981 წელს დაარსდა და პოპულარობა ძალიან მალე მოიპოვა. დღეს ეს მედიაგიგანტი არაერთ ტელეკომპანიას აერთიანებს. აქვს უამრავი შოუ, მუსიკალური თუ კინო დაჯილდოება. იანვრის დასაწყისში, რუსთავი 2 ახალ სიხშირეზე MTV-ის გადაცემების გაშვებას გეგმავს. ამასთან დაკავშირებით ჟურნალი ტაბულა რუსთავი 2-ის მარკეტინგისა და პროგრამების განყოფილების უფროსს, გეგა ფალავანდიშვილს გაესაუბრა.

  • რატომ MTV?

მთავარი ხიბლი, რის გამოც ის წარმოუდგენლად პოპულარულია, არის ის, რომ MTV-ის “ტონი” არასოდეს არის დიდაქტიკური. ეს მიუხედავად იმისა, რომ მისი ბევრი გადაცემა გასართობის გარდა შემეცნებით ხასიათსაც ატარებს. ის მისაღებია ყველა თინეიჯერისთვის, ვინც თავის მხრივ უყურებს ყველაზე მოდურ არხს და მხოლოდ ცოცხალი მაგალითის ხარჯზე იღებს მისთვის სასურველ ინფორმაციას. MTV არის ბრენდი, რომელმაც თავისი არსებობის 30 წლის მანძილზე მოახერხა და თავი დაიმკვიდრა, როგორც ყველაზე მოდურმა, ინოვაციურმა არხმა არა მხოლოდ აშშ-ში, არამედ ევროპის უდიდეს ნაწილშიც. გავიგეთ, რომ ფრენკ სინატრა კლასიკაა, სხვადასხვა შოუებში კი ამ დროს დამწყები მომღერლები ლეონიდ აგუტინის და ფილიპ კირკოროვის სიმღერებს მღერიან. მგონი ქართველმა მომღერლებმა დასაწყისშივე უნდა იცოდნენ, რა ხდება მსოფლიოს პოპ-სამყაროში, რათა სწორი ნაბიჯები გადადგან.

  • რა გადაცემები გავა ახალ არხზე?

არხს არ ერქმევა MTV. სახელი ჯერჯერობით უცნობია, ცნობილია ის, რომ მისი სამაუწყებლო ბადე მთლიანად MTV-ის პროდუქციით იქნება აწყობილი. 24-საათიანი მაუწყებლობა უფასო სიხშირეზე, რუსთავი 2-ის კუთვნილებაა. ეთერში, დღეში 8 საათის ხანგრძლივობით გავა საერთაშორისო მუსიკალური ჰიტები: MTV Dance & MTV Hits-ის არხებიდან. დანარჩენ დროს - MTV-ის პოპულარული სერიალები და რეალითი-შოუები, სხვადასხვა გასართობი გადაცემები - Made, Paris Hilton's My new BFF, Busted, Punk'd, My super sweet 16 და ა.შ. ყველაფერი იქნება ქართულად დუბლირებული ან ქართული სუბტიტრებით. ქართველ მაყურებელს ექნება საშუალება მოუსმინოს თანამედროვე მეინსტრიმულ მუსიკას, უყუროს სუპერვარსკვლავების ცხოვრებას, ნახოს როგორ ერთობიან მათი თანატოლები აშშ-ში...

  • იგეგმება თუ არა სამაუწყებლო ბადეში ქართული გადაცემების ჩასმა?

თუ გაამართლებს, მაშინ ქართული გადაცემებიც შეიქმნება. ყველაფერი გაკეთდება ისე, რომ ქართულ ბაზარს მოერგოს. ჩვენი და MTV-ის სურვილია ეს ბრენდი საქართველოში დამკვიდრდეს. ბალტიისპირეთში იყო MTV-ის ოფიციალური არხის გაკეთების მცდელობა, მაგრამ ამ პროექტმა ფინანსურად იზარალა. საქართველოს შემთხვევაში, ჯერჯერობით მხოლოდ MTV-ის პროდუქცია გავა ეთერში, ამიერკავკასიის რეგიონის ათვისება მათ ინტერესებში შედის. წარმატების შემთხვევაში იმედია მთავრობა მიხვდება, რომ საჭიროა მსგავსი არხის საქართველოში არსებობა და იყიდის თავად ბრენდს, რაც დაახლოებით 7-10 მილიონი დოლარი ჯდება.

  • როგორც ცნობილია, MTV impact-ის ეგიდით საქართველოში დიდი კონცერტის ჩატარება იგეგმება, სადაც პოპ-სამყაროს ვარსკვლავები მიიღებენ მონაწილეობას. აქვს თუ არა ამ პროექტს კავშირი ახალ მაუწყებლობასთან?

კონცერტი, ისევე როგორც ეს არხი, საქართველოში თანამედროვე მუსიკის პოპულარიზაციის და ახალგაზრდების დაინტერესების მცდელობაა. მისი ჩატარება გაზაფხულზე ან ზაფხულის დასაწყისშია დაგეგმილი. სავარაუდოდ, შესაძლებელია 2-3 დღიანი ფესტივალის სახე მიეცეს, სადაც არაერთი დიდი ვარსკვლავი მიიღებს მონაწილეობას. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენი იქნება ბიუჯეტი - 2 თუ 10 მილიონი დოლარი. ეს პროექტი წესით ზაფხულში უნდა განხორციელებულიყო და ახალი არხის ერთგვარი რეკლამა უნდა ყოფილიყო, თუმცა მაშინ სხვადასხვა მიზეზის გამო შოუ გადაიდო. კონცერტი MTV-ის ყველა ოფიციალურ არხზე იქნება რეკლამირებული. საქართველოსთან ერთად, მის ინტერესებშიცაა, რომ იქ რაც შეიძლება მეტი ხალხი მოვიდეს.

29 ოთხმოცდაათიანების უგრძნობი სევდა

▲back to top


გიორგი კეკელიძე|სვეტი

0x01 graphic

ჩემი თაობა ბილ ესპრისაც ეკუთვნის. გახსოვთ საღეჭი რეზინი LOVE IS და მისი „ნაკლეიკები”. მესამე კლასელი ბავშვებისთვის ეს უდიდესი რომანტიკა (კინაღამ ეროტიკა დავწერე) იყო - ამასთანვე მეგობრობის დღიურებს და მკვდარი მაცივრის ტატუირებულ კარს ნიშნავდა. კიდევ Turbo, final და ძმანი მისნი. ჟან კლოდი, არნოლდი და სილვესტერი. ცემენტის მაგიდაზე მათით თამაში, გადატყავებული ხელისგულები, გაცვლა-გამოცვლა - საბაზრო ეკონომიკის ნამდვილი ჩანასახი.

ჰო, ბილ ესპრი LOVE-ს გოგო-ბიჭის მხატვარია.

ომი კი თითქოს შორს იყო, სხვა სამყარო - ტელევიზორში. იქ აფხაზეთი და ვიეტნამი არაფრით განსხვავდებოდა. მერე რა, რომ შეცხადების ხმა ყოველკვირა მესმოდა, მაინც ასე იყო - პატარა ვიყავი.

მოქმედება გურიაში ხდება.

ერთ დღეს დიქტორმა გამოაცხადა - „ხარი დაჭრილია - სოხუმი დაეცა”, თუ რაღაც ამდაგვარი. ბაბუაჩემმა მაგიდას მუშტი დაარტყა და შეიგინა. მეც დავარტყი და სათამაშოდ გავიქეცი.

ამას მოჰყვა ლამფა სინათლისათვის და აკუმულატორი ტელევიზორისთვის. ტელევიზორი ხუანისთვის, სინათლე იმისთვის, რომ გაკვეთილი მოამზადო და ლოგინს მიაგნო. ხანდახან შუაღამისას ელ-ენერგია მოვარდებოდა, ამის შედეგად რომელიმე მდიდარ მეზობელს აუთოებდნენ, ОРТ-ზე პესნია 1995-ს იმეორებდნენ და მე გავიგე, რომ ალა პუგაჩოვას ახალგაზრდა ბიჭი უყვარდა.

ამას მოჰყვა პურის ფქვილის ტომრები, თურქული, ეკონომიური შეშის ღუმელი, რომელიც ხან იქით უნდა გაგეთბო. ეს შინ, ხოლო ქუჩაში - ლეგენდები ვინმე ქურდზე ან მის ახლობელზე. კვირაობით ზიარებები, მანამდე მორცხვი აღსარებები მოძღვართან.

ახალგაზრდა ნათესავის ვიდეო, ბრიუს ლი, გერმანული თუ პოლონური პორნო.

რუსულები, რუსულები, რუსულები, ქეთი მერკვილაძე, „წყალში ვდგევარ, ცეცხლი მიკიდია”, რაღა დროს ჩელენტანოა, 2-Pac (გერმანულის მსწავლელი ჯგუფისთვის - ორი პასი).

პასზე გამახსენდა - ჩიტის მოტანილი ამბავი და პირველი ორი თანამედროვე ფეხბურთელი (ძველები „მართვეს” არქივიდან ვიცოდი) - ბაჯო და რომარიო. ამათზე ვიღაცამ (მართლა ჩიტი იყო, მოსკოვში დაფრინავდა დეიდამისთან) თქვა - მარადონაზე მაგრები არიანო. მერე სადღაც თურქული ტელეარხი დაიჭირეს, ჩემპიონთა ლიგას აჩვენებდა და „ატალახდა ეზო-კარი”.

ცოტა მერე რაღაც ვნახეთ, წავიკითხეთ და ვტრაბახობდით. იმ დროის რა მიკვირს, ახლაც იმდენია გუგულის ბუდეს შინდლერის სიამ გადაუფრინა და დოჩანაშვილზე ვაფრენ ხალხი, მხოლოდ ამის გამო რომ გვმოძღვრავენ...

არა, ყველაფერი მაინც რაღაც უცნაურად ადვილი იყო. ისე გავიარე ის წლები, ბევრი რამე მეტკინა, მაგრამ არაფერი მიგრძვნია. სოფისტური თქმაა, მაგრამ ასეა.

ალბათ მთელი განცდილი ჭირი ახლა შეგვეტყო.

ხანდახან ვფიქრობ, რომ ჩემი თაობა 90-იანების სასკოლო სახელმძღვანელოებს ჰგავს - ეს უფროსი ბიძაშვილებისგან ნაანდერძევი წიგნებია, სადაც ლენინის ან ტელმანის ბიოგრაფიები საგანგებოდ ჩვენთვის გადაეხაზათ. თქვენ როგორც გინდა განავრცეთ ან ჩაუღრმავდით ამ მაგალითს.

მე დავიღალე.

30 ატენბერგი - მიუზიკლი მუსიკის გარეშე

▲back to top


კულტურა|კინო

0x01 graphic

ქეთო გიორგობიანი
ვიენალე - ვენის საერთაშორისო კინოფესტივალიდან

მე გადავიღე ფილმი ოთხი ადამიანის შესახებ, რომელთაც ერთსა და იმავე დროს, ერთსა და იმავე სივრცეში უწევთ ყოფნა. სამი ადამიანი ხდება ოთხი, შემდეგ - ორი. სამი, რა თქმა უნდა, ურთიერთობაში საუკეთესო რიცხვია”, ამბობს ათინა ცანგარი - ვენეციის 67-ე კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამის მონაწილე (პრიზი საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში), ფილმ „ატენბერგის” რეჟისორი.

  • ეს თქვენი პირველი ბერძნული ფილმია. მანამდე აშშ-ში მოღვაწეობდით. აშშ ძირითადად მაინც კომერციულ კინემატოგრაფს აწარმოებს. რა დადებით და უარყოფით მხარეებთანაა დაკავშირებული დამოუკიდებელი კინოს შექმნა „ჰოლივუდის იმპერიაში”?

აშშ-ში რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი ფილმი და პირველი სრულმეტრაჟიანი პროექტი განვახორციელე. „ატენბერგი” პირველი ნამუშევარია ჩემს მშობლიურ ენაზე. ამერიკის დამოუკიდებელ კინემატოგრაფს უდიდესი ტრადიცია გააჩნია. ამ ქვეყანაში კინემატოგრაფისტი არჩევანში თავისუფალია: ერთი მხრივ, მთელი ეს ძვირიანი კონვეიერის პრინციპით მომუშავე სისტემა, მეორე მხრივ კი, დამოუკიდებელი კინემატოგრაფის მოდელი, სადაც პროექტის დაფინანსება მთლიანად გრანტების მეშვეობით ხდება; ეს მოდელი სულ უფრო პოპულარული ხდება საბერძნეთშიც.

  • ბრეხტზე ვისაუბროთ. მომეჩვენა, რომ მისი დიდი გავლენა გაქვთ.

დიახ... მიყვარს პერსონაჟსა და აუდიტორიას შორის გარკვეული დისტანციის შექმნა; მაგრამ ეს ინტუიციურად ხდება. სენტიმენტალურობისგან შორს ვარ - პიროვნულადაც და ხელოვნებაშიც -კინემატოგრაფს პოლიტიკურ ხელოვნებად მივიჩნევ - მაშინაც კი, როცა შინაარსობრივად აპოლიტიკურ ფილმს აკეთებ, ნებისმიერი სახის განაცხადი მაინც პოლიტიკური ჟესტია. „ატენბერგში” არის სცენები, სადაც მამა და ქალიშვილი სექსსა და სიკვდილზე ყოველგვარი უხერხულობის გარეშე საუბრობენ. საბერძნეთისნაირ კონსერვატიულ ქვეყანაში მსგავსი ტაბუირებული თემების ოჯახის შიგნით გარჩევა სწორედაც პოლიტიკური აქტია.

მიჭირს თქმა, ვინ მოახდინა ჩემზე გავლენა. ყოველკვირეულად მეცვლება საყვარელი რეჟისორების ათეული. თუკი ფილმზე არ ვმუშაობ (რაც ჩემთვის ე.წ. კინოდიეტაა - არც ერთ ფილმს არ ვნახულობ ამ პერიოდში), მაშინ დღეში ორ-სამ ფილმს ვუყურებ. მოცემულ მომენტში სიაში მყავს გოდარი, ბუნუელი (მიყვარს მისი წინააღმდეგობრივი ფილმები; მორალს კი არ გიკითხავს, გაბნევს), ბრესონი - მისი ფილმი პატარა ვირის, ბალთაზარის შესახებ ყველა დროის საუკეთესო ფილმად მიმაჩნია. ვაღმერთებ კასავეტესს. მისი მსახიობების თამაშში რაღაც ამოუხსნელი სიმართლე, სინაღდე იგრძნობა, რაც ძალიან მშურს. მიუზიკლებიც მიყვარს. ალბათ, ოდესმე მიუზიკლსაც გადავიღებ.

  • ბოლო დროს სულ უფრო მეტს საუბრობენ აღმოსავლური კინოს აღზევებასა და დასავლურის „სიკვდილზე”. თქვენ რას ფიქრობთ?

განზოგადება არ მიზიდავს. არც სკოლებისა და მიმდინარეობების თაყვანისმცემელი ვარ - უბრალო ტენდენციებად მივიჩნევ. მოთხოვნილება გვაქვს ტაილანდური, ირანული, ბერძნული ტალღების შესახებ საუბრისა - კრიტიკოსების საყვარელი თემაა. კრიტიკოსები საჭირო ხალხია - სხვა თუ არაფერი, სწორედ ისინი ხდიან ამ „ახალ კინოს” ფართო პუბლიკისთვის საინტერესოს; მაგრამ ყველაფრის სკოლებად და მიმდინარეობებად დაყოფა უდიდეს საშიშროებას შეიცავს.

არ ვიცი, არსებობს თუ არა ქართული ტალღა... ახალგაზრდა ქართველი რეჟისორებიდან გელა ბაბლუანი ვიცი. საკუთარი ფილმის რიმეიკის ჰოლივუდში გაკეთებას გეგმავდა... დიტო ცინცაძესაც ვიცნობ, თესალონიკში შევხვდით, თავისი მეორე გერმანული ფილმით იყო ჩამოსული - „გასროლის შიში”. ორივე მათგანის ნამუშევარი ძალიან მომეწონა.

  • დიტო ცინცაძეც და გელა ბაბლუანიც - მრავალი სხვის მსგავსად - საქართველოს საზღვრებს გარეთ მუშაობენ. საბერძნეთში რა სიტუაციაა?

ბერძენი რეჟისორების უმეტესობა საბერძნეთში მოღვაწეობს. ემიგრანტი კინემატოგრაფისტების თაობა ჩვენც გვყავდა - საცხოვრებლად პარიზში, ბერლინში, ლონდონში, ვენაში მიდიოდნენ - 70-იან წლებში. მაგრამ ახლა, ჩვენი უმრავლესობა, საზღვარგარეთ სწავლის შემდეგაც კი, ვბრუნდებით და ფილმებს ჩვენსავე ქვეყანაში ვიღებთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ეროვნული კინემატოგრაფის განვითარებისთვის.

იყო დრო, როდესაც საბერძნეთში მუშაობის უბრალოდ მეშინოდა. ენაც კი დაბრკოლებად მეჩვენებოდა - ინგლისური ბერძნულზე უკეთ ვიცი. ჩემი თავი ვაიძულე, ფილმი საბერძნეთში გადამეღო.

  • მსახიობებთან როგორ მუშაობთ?

„ატენბერგის” შემთხვევაში, მსახიობებს სერ დევიდ ატენბოროს დოკუმენტური ფილმები (ინგლისელი ტელეწამყვანი და ნატურალისტი) დაურიგდათ. ვგიჟდები ატენბოროს თხრობის სტილზე, თუ როგორ ეპყრობა იგი ბუნებას. მისი ფილმების ყურებისას, საკუთარ თავზე ვგებულობ ბევრს. დოკუმენტური მელოდრამაა - დიდი სენტიმენტების გარეშე, გაუცხოების ეფექტით; მაყურებელი მხოლოდ აკვირდება და აანალიზებს - ერთგვარი სამეცნიერო დრამაა. თითოეულმა მსახიობმა ამოარჩია ესა თუ ის ცხოველი: მარინა - ალბატროსი იყო; მამა - გორილა; ბელა - ხან კატა, ხანაც ვეფხვი, ინჟინერი - ძაღლი და მათი მიმიკებით და ჟესტებით ქმნიდნენ გმირის სახეს.

ამ მეთოდმა მსახიობებთან მუშაობა გამიადვილა. არ მიწევს პერსონაჟების ისტორიის მოყოლა, უბრალოდ მოცემულ სცენაში კონკრეტული ცხოველის ქცევების შესაბამისად თამაში უწევთ. ჩვენ მიერ შემუშავებული სხეულის ენა ძალიან პირდაპირი, რიტუალური ხასიათისაც კი არის. „ატენბერგი” ჩემთვის მიუზიკლია მუსიკის გარეშე.

  • თქვენი ფილმების პროდიუსერიც თავად ხართ...

მე და კიდევ ორმა კინემატოგრაფისტმა - საბერძნეთში დაბრუნებისთანავე - საპროდიუსერო კომპანია ჩამოვაყალიბეთ; არ გვინდოდა, გვყოლოდა პროდიუსერი, რომელიც მიგვითითებდა, თუ რა უნდა გავაკეთოთ.

  • რეჟისორისთვის ეს ალბათ დიდი თავისუფლებაა...

ნამდვილად. პატარა ოფისი გვაქვს; ვიცით, როგორ უნდა გრანტების მოძიება... ეს დიდ დამოუკიდებლობას გვმატებს. შარშან ჩვენმა ერთ-ერთმა ფილმმა კანის კინოფესტივალზე Un Certain Regard-ში გაიმარჯვა - რეჟისორი „ატენბერგში” ინჟინრის როლს ასრულებს. ჩვენთვის ეს უდიდესი წარმატება იყო. ახლა კიდევ ერთ ახალ პროექტზე ვმუშაობთ - „ალპები” ჰქვია.

პროდიუსერისთვის მთავარია იდეაზე კონცენტრირება. ინტუიცია უნდა ჰქონდეს - გრძნობდეს, რომელი სცენარისგან გამოვა კარგი ფილმი; იარსებებდა სამყარო ამა თუ იმ ფილმის გარეშე, თუ ვერა. ყოველწლიურად მილიონობით ფილმს იღებენ და მათგან მაქსიმუმ ორასი თუ გამოდის ფასეული. თანაც, ეს ყველაფერი უდიდეს თანხებთან და დროსთანაა დაკავშირებული - თითო ფილმის გადაღებას, დაახლოებით, ორ წელიწადს ვანდომებთ. შესაბამისად, პროდიუსერს დიდი მოთმინება და ე.წ. „ყნოსვა” ესაჭიროება. რომ დაუფიქრდე, კინემატოგრაფი სრული სიგიჟეა - მიუძღვნა შენი ცხოვრება არარსებული სამყაროს შექმნას და არაფერი აკეთო ამის გარდა. ამ სიგიჟის მხარდასაჭერად არსებობენ პროდიუსერები.

  • ერთმა კინემატოგრაფისტმა მითხრა, რეჟისორობა ისეთივე სახიფათო პროფესიაა, როგორიც ექიმობაო: ექიმს ადამიანის ფიზიკური ჯანმრთელობა აბარია, რეჟისორს კი მაყურებლის მენტალურ ჯანმრთელობასთან აქვს საქმე...

მუსიკაზე მეტად არა. მუსიკა ყველგანაა. მაგრამ ადამიანების განათლების თვალსაზრისით, სწორ ფილმს სწორ დროს ხალხის ცხოვრების, რწმენის, მსოფლმხედველობის შეცვლა შეუძლია. კინომ ჩემი ცხოვრება შეცვალა. ყოველთვის, როცა თავს ცუდად ვგრძნობ, ფილმებს ვუყურებ, ჩემთვის რელიგიასავითაა.

  • დამისახელეთ ერთი ფილმი, რომელმაც სამყარო შეცვალა.

ჩარლი ჩაპლინის ფილმები. მან მსოფლიო გააერთიანა; თავისი დროის უდიდესი კრიტიკოსია - აკრიტიკებს ქონებას, რასიზმს, ნაციზმს, ფაშიზმს, მუშათა კლასის ექსპლუატაციას, უთანასწორობას, მაგარი ბიჭია! მის მიერ შექმნილი ერთი პერსონაჟით ჩაპლინმა მსოფლიოში მილიონობით ადამიანი გაანათლა - უმეტესობას საერთოდ არ ესმოდა ინგლისური! თანაც, ეს არ არის ის იმპერიალიზმი, რომელიც ამერიკულ კინოს ახასიათებს, სრულიად სხვა ენაა. წარმოგიდგენიათ, ბერძენ, ამერიკელ, ინდოელ და იაპონელ მაყურებელს ერთდროულად ერთი და იგივე მესიჯი მისდიოდა! დღეს ეს პრინციპი ტელევიზიამ გადაიბარა, მაგრამ ხვდებით, რა ძალა ჰქონდა იმ დროს კინოს?

  • საინტერესოა, რომ მაინცდამაინც ჩაპლინი ახსენეთ, „ატენბერგშიც” დიალოგებზე ბევრად მნიშვნელოვნად სხეულის ენა და საუბრის ინტონაცია მომეჩვენა.

მართლა? სრულიად საწინააღმდეგოს ვფიქრობ.

  • ბერძნული არ მესმის, მაგრამ სუბტიტრები რომ არ მქონოდა, ისევე გავიგებდი. დიალოგები ბუნებრივი მუსიკის ნაწილად აღვიქვი, რომელიც მთელს ფილმს თან სდევს. ცოტა ხნის წინ ერთ რეჟისორთან ვსაუბრობდი ერიკ რომერის ფილმებზე, რომერთანაც იგივეა: ამბობდა, რომ უყვარდა პერსონაჟების დაკვირვება საუბრის პროცესში, მაგრამ მაინც ზოგადად საუბრის ესთეტიკა და მანერა უფრო მნიშვნელოვნად მეჩვენება, ვიდრე შინაარსი...

ჩემთვის დიალოგები პერსონაჟების „ახსნის” საშუალებაა. განსხვავებული აზრი გაქვთ, მაგრამ თქვენმა ნათქვამმა გამახარა - საინტერესოდ აღიქვით ჩემი ფილმი. იცით, როდესაც სცენარზე მუშაობა დავიწყე, თავში სულ ორი გოგოს, ქალიშვილის და მამის საუბრები მიტრიალებდა. მაგრამ მართალი ხართ, სხეულის ენა მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. ვეცადე, ამით მეთამაშა. ზოგჯერ, როდესაც ერთი კონკრეტული იდეით იწყებ, მუშაობის პროცესში ბევრად მნიშვნელოვანი სულ სხვა რამ ხდება. ასე რომ, მე უკანასკნელი ვარ, ვისაც შეუძლია გითხრათ, რა არის ჩემს ფილმში მნიშვნელოვანი და რა - არა.

31 ქართული ყველისა და ღვინის შეხამების შესავალი

▲back to top


გურმანი

0x01 graphic

ეს საკითხი უკვე დიდი ხანია დგას დღის წესრიგში და დადგა დრო, ამაზე საუბარი დავიწყოთ.

მოგეხსენებათ, თუშური ცხვრის (გუდის) ყველი ნამდვილი მარგალიტია ქართულ ყველებს შორის, ამიტომ უპირველესად ის უნდა ვიგულისხმოთ ღვინოსთან შესახამებლად, განსაკუთრებით, თუკი გავითვალისწინებთ, რომ ცხვრის (გუდის) ყველი და ყველაზე სახელოვანი ქართული ღვინოები, ორივე აღმოსავლეთქართული მოვლენაა. გუდასნაირ დავარგებულ ყველებთან კარგია კახური თეთრი ღვინოები, ტრადიციულად დაყენებული, ქვევრში. საუკეთესო, რა თქმა უნდა, კარდენახული წარაფია, ასევე ტიბაანური, მაგრამ არც ბაკურციხის, ანაგის ან ხირსას რქაწითელები არიან ჯაბანნი. ასევე ახმეტური, მთისპირებში მოწეული რქაწითელი, მწვანე და ქისი, თელავური და ყვარლური რქაწითელი...

ამ ყველთან ზოგიერთი მხარის საფერავიც ძალიან კარგია, მაგალითად ნაფარეულის, ყვარლის საფერავი. ალაზნის მარჯვენა ნაპირის, ანუ გურჯაანის საფერავებიც წავა ყველაზე გამორჩეულ გუდებთან.

მაგრად დაობებულ დამბალ ხაჭოსთანაც კარგია საფერავი, მანავური მწვანე კი წესით ე.წ. ძროხის გუდას უნდა მოუხდეს, გარეკახეთში იციან ხოლმე ასეთი ყველი, ძალიან ცხიმიანი, გული რო უყვითლდება ისეთი. ორნაირია, ერთს ჩამქრალი გარეგნობა აქვს, კარგი ყვითელი ფერის მიუხედავად, და უფრო ფშვნადია და მეორეს კი ცრემლი სდის ნასვრეტებიდან და ბრწყინავს. თითქმის ასეთივე ყველები აქვთ ქართლში, განთქმულია ოსური ყველი და შესაბამისად მასზე ქართლური ღვინოები მიდის კარგად, თუმცა ზოგიერთი ქართლური ღვინო ისეთი არომატულია, რომ ყველსაც უფრო ნაზს და ახალს ითხოვს, ანდა კარგად დავარგებულს, მძაფრი სუნის გარეშე.

დასავლეთ საქართველოში იმერული ჭყინტი ყველის სრული ბატონობა სუფევს, მიუხედავად იმისა, რომ მეგრული კამეჩის სულგუნია იქ მეფე და ყოვლისმპყრობელი. ახალ, ჭყინტ ყველებთან ყველაზე კარგად ქართული ვარდისფერი ღვინოები წავა, საფერავიდან დაყენებული, თავკვერიდან, ალადასტურიდან. ასევე ჩხავერი. როზე კარგი იქნება თხის და ცხვრის ახალ ყველთანაც.

ცოტა შეძველებული დასავლური ყველები (რაჭული, ზემოიმერული, გურული) ძალიან უხდება მაგალითად რაჭულ თეთრას, ქვიშხურს, ძელშავს, რაჭულ ციცქა და ცოლიკაურს, ჩხავერს.

მეგრულ კამეჩის სულგუნთან ღვინის შეხამება არც ისე ადვილი საქმეა, თუმცა კარგი ცოლიკოური ან ციცქა უნდა შეეხამოს, ასევე შემაგრებული და ხერესული ტიპის ღვინოებიც. იტალიური მოცარელას ანალოგიით საქონლის სულგუნთან გვიანი მოსავლის ან ქართული აისვაინიც შეიძლება წავიდეს, აი გამოყვანილი, შებოლილი სულგუნი კი საუკეთესო ქართული წითელი ღვინოების საუკეთესო პარტნიორი იქნება (საფერავი, ოცხანური საფერე, ალექსანდროული, შავკაპიტო). იგივე შეიძლება ითქვას დაობებულ და საფერავში დავარგებულ სულგუნზე.

კარგია, რომ საქართველოში კეთილშობილი, ობიანი ყველების კულტურაც მკვიდრდება, თუმცა ამის შესაბამისად უნდა დამკვიდრდეს შესაფერისი ღვინის კულტურაც. საუბარია გვიანი მოსავლის, ე.წ. სოტერნის ტიპის ღვინოებზე და აისვაინებზე. მანამდე კი ყველაზე ხარისხიანი წითლები და თეთრებიც შეგვიძლია შევახამოთ, მაგალითად მუხაში დავარგებული წინანდალი, მუკუზანი ან ბაკურციხე - კარდენახის ზონის ან ხაშმური საფერავი.

ღვინოს შეიძლება შევუხამოთ თუშური ხმელი კალტიც, გარდა იმისა, რომ იგი თუშური ლუდისა და არყის საუკეთესო მეწყვილეა, ალაზნის მარცხენა ნაპირის თეთრ კახურ ღვინოებთან და საფერავებთანაც შეგვიძლია შევაწყვილოთ. საინტერესო ამბები ხდება მესხეთშიც, სადაც იქაურებმა პარმეზანის ტექნოლოგიითაც შექმნეს ყველი. ასეთ ყველთან საუკეთესოდ პორტვეინები და იტალიური Montepulciano d'Abruzzo- სა და Amarone-ს ტიპის ღვინოები მიდის, საქართველოში კი ისინი ნაფარეულის საფერავით, თავკვერით, შავკაპიტოთი და მშრალი რაჭული ალექსანდროულით შეგვიძლია ჩავანაცვლოთ.

32 შემწვარი ქათმის ბარკლები მაიას ტომის ცხარე შოკოლადის სოუსით

▲back to top


გურმანი|რეცეპტი

0x01 graphic

გვერდის სტუმარია შეფ-მზარეული
სომერ თომასი
სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასი

მასალა:

სოუსი
160 გრ დაჭრილი ხახვი
3 ს/კ ბოსტნეულის ზეთი
1 კბილი ნიორი
250 მლ. ქათმის ბულიონი
250 გრ. პომიდორი
1 ჩ/კ დაჭრილი წიწაკა
1/2 ჩ/კ დაფქული წიწაკა და
კაკაოს ფხვნილი
70 გრ. მიწისთხილის კარაქი
50 გრ. შავი შოკოლადი
1/4 ჩ/კ დაფქული დარიჩინი
1 ჩ/კ დაჭრილი ქინძი

ქათმის ბარკლები
8 ცალი ქათმის ნაჭერი
ძვლიანად
2 კბილი ნიორი
1 1/2 დაფქული პაპრიკა
1 ჩ/კ მარილი
1 ჩ/კ პილპილი
5 ჩ/კ ბოსტნეულის ზეთი

სოუსის მომზადების წესი

ზეთში მოშუშეთ ხახვი შერბილებამდე, დაამატეთ ნიორი და მწვანე წიწაკა, გააჩერეთ ცეცხლზე კიდევ 1 წუთი. შეურიეთ ქათმის ბულიონი, პომიდორი, დაფქული წიწაკა, მიწისთხილის კარაქი, კაკაო, შოკოლადი, დარიჩინი და წამოადუღეთ 8 წთ. დაუმატეთ მარილი, პილპილი და ქინძი გემოვნებით. სოუსი შეგიძლიათ დააბლენდეროთ.

ქათმის ბარკლების მომზადების წესი:

შეურიეთ მარილი, პილპილი, ნიორი და ზეთი და დაამარინადეთ ქათმის ნაჭრები ამ მასაში 15 წთ. ბარკლები მოათავსეთ ზეთმოსხმულ ცეცხლგამძლე ჭურჭელში და შედგით წინასწარ 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 10-15 წუთი ან დაბრაწვამდე.

თეფშზე დაალაგეთ ქათმის ნაჭრები, მოასხით შოკოლადის სოუსი და მიირთვით ბრინჯთან ერთად.

0x01 graphic

მასალა შეგიძლიათ შეიძინოთ სუპერმარკეტებში: პოპული (ვეკუას ქ. 3, ტელ. 24 46 35), ჯორჯიტა (წერეთლის ქ. 116, ტელ. 35 71 73) , გუდვილი (ჭავჭავაძის გამზირი 34, ტელ. 24 33 02 / 03).