The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო” (კვარტალური ბიულეტენი, გამოცემა მეორე, აპრილი-ივნისი, 2007)


ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო” (კვარტალური ბიულეტენი, გამოცემა მეორე, აპრილი-ივნისი, 2007)


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
თემატური კატალოგი ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო” (კვარტალური ბიულეტენი)
საავტორო უფლებები: © ფონდი ,,ღია საზოგადოება - საქართველო"
თარიღი: 2007
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: კვარტალური ბიულეტენი გამოცემა მეორე ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს” საკონტაქტო ინფორმაცია მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი 0108, თამარ ჭოველიძის (ყოფილი ბელინსკის) ქუჩა № 10 ტელეფონი: (995 32) 250 463, 250 592 ფაქსი: (995 32) 291 052 ელ-ფოსტა: contact@osgf.ge ვებგვერდი: www.osgf.ge ბიულეტენის მომზადება: საინფორმაციო სააგენტო „სარკე” www.sarke.com დიზაინი და ბეჭდვა: Calamus Graphic Studio აპრილი - ივნისი



1 * * *

▲ზევით დაბრუნება


ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“ დამოუკიდებელი არასამთავრობო და არაკომერციული ორგანიზაციაა. ფონდი დაარსდა 1994 წელს საქართველოში ღია საზოგადოებისა და დემოკრატიის ფასეულობათა მხარდაჭერისა და განვითარების მიზნით. ორგანიზაციის საქმიანობის სპექტრი ძალზე ფართოა - ფონდი ხელს უწყობს დემოკრატიის განვითარებას, ადამიანთა უფლებების დაცვას, განათლებისა და ჯანმრთელობის სისტემების სრულყოფას, ეკონომიკური, სამართლებრივი და სოციალური რეფორმების გატარებას, კორუფციის დაძლევას. „ღია საზოგადოება - საქართველო“ ცნობილი ფინანსისტის და მეცენატის, ჯორჯ სოროსის მიერ დაფუძნებული ფონდთა ქსელის წევრი ორგანიზაციაა.

2 კინოფესტივალი „მე - ადამიანი“ - ორი ფონდის ხორცშესხმული იდეა

▲ზევით დაბრუნება


მშვიდობისა და ადამიანის უფლებების სამხრეთკავკასიური კინოფესტივალის იდეა, რომელიც ჯერ კიდევ 2005 წელს დაიბადა ფონდში ”ღია საზოგადოება - საქართველო” და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდში, 2007 წელს განხორციელდა. კინოფესტივალის, სახელწოდებით - „მე - ადამიანი“, საზეიმო გახსნა 25 მაისს თბილისში მოეწყო. ინტეგრაციისა და სამოქალაქო განათლების პროგრამის მენეჯერი, მიხეილ მირზიაშვილი, აღნიშნავს: „მსგავსი ფესტივალი პირველად ტარდება სამხრეთ კავკასიაში - მისი იდეაა დოკუმენტური ფილმების ჩვენებით, სადაც ასახულია სხვა ქვეყნების კონფლიქტების გამოცდილება, ქართულ საზოგადოებაში კონფლიქტის გადაწყვეტის გზებზე დისკუსიის ინიცირება“. ფესტივალის ფარგლებში ნაჩვენები იქნება ადამიანის უფლებებისა და მშვიდობის თემაზე სხვადასხვა ქვეყნის ექვსი დოკუმენტური ფილმი (მათ შორის, ისრაელი, დიდი ბრიტანეთი). ფესტივალის მსვლელობა დაიწყო აპრილში აზერბაიჯანიდან და ოქტომბრამდე ის 25 ქალაქსა და სოფელს მოიცავს.

0x01 graphic

კინოფესტივალი მარნეულში

კერსტინ ნიკიგი, პროექტის კოორდინატორი: „ეს არის ფესტივალი „ბორბლებზე“, რომელიც ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობს და ყოველ ადგილას სხვადასხვაგვარად

აღიქმება. აფხაზეთში, მაგალითად, ძალიან ემოციურად მიიღეს, რადგან თითქმის ყველას ჰყავს ახლობელი, ვინც მონაწილეობდა საომარ მოქმედებებში. ვფიქრობ, უმეტესობამ გააჟღერა შერიგების სურვილი - იქ, სადაც ხალხს ომი უნახავს, ყველაზე მეტად სურთ მშვიდობა“, - ხაზს უსვამს ის. საიდ მადაევი, არასამთავრობო ორგანიზაცია „ბარტის“ (ერთობა) ხელმძღვანელი, რომელიც ჩეჩენ ლტოლვილებს წარმოადგენს, დაპატიჟებულია ფესტივალზე, როგორც ექსპერტი: „ვფიქრობ, ეს ფესტივალი ძალიან აქტუალურია, რათა წარმოჩინდეს, რომ უბრალო ხალხს შეუძლია მონახოს საერთო ენა და ომი არაფრის კარგის მომტანი არ არის, - ამბობს იგი და დასძენს, - საჭიროა უფრო მეტი ურთიერთგაგება, მოლაპარაკება და მაშინ ყველა პრობლემა მოიხსნება“. ფილმების ჩვენება პანკისის ხეობაშიც მოეწყობა (კახეთის რეგიონი), სადაც ჩეჩენი ლტოლვილები ცხოვრობენ. რაც მთავარია, „მე - ადამიანი“ არა მარტო კინოფესტივალია, ის სამშვიდობო აქციაცაა, რადგან, გარდა ფილმების ჩვენებისა, გაიმართება დისკუსიები, სემინარები და სხვადასხვა სახის აქციები. მაგალითად, ბათუმში მშვიდობის თემაზე ბავშვთა ნახატების გამოფენა ჩატარდება.

3 ფონდი ხელს უწყობს დევნილების გადამზადებასა და თვითდასაქმებას

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

დავით დარჩიაშვილი პროექტში მონაწილე დევნილ ქალბატონს სერტიფიკატს გადასცემს

„დიდი ხანია მინდოდა ჩემი საქმის დაწყება, იდეები მქონდა, ტრენინგზე კი ბიზნეს- გეგმის მომზადება და მარკეტინგული ანალიზი შევისწავლე. ოპტიმისტი ვარ და იმედი მქონდა, რომ გავიმარჯვებდი. დარწმუნებული ვარ, ჩემი ბიზნესპროექტი წარმატებული იქნება“, - ასე განაცხადა ცხინვალიდან დევნილმა, სპეციალობით ეკონომისტმა, ლალი ვახტანგაშვილმა, რომელიც ფუტკრების ოჯახების მოშენებას აპირებს და თავის გეგმებს ფონდის „ღია საზოგადოება - საქართველო“ ხელშეწყობით განახორციელებს. კომპაქტურად დასახლებული დევნილების გადამზადებისა და თვითდასაქმების ხელშეწყობის პროექტი“ ფონდის ეკონომიკური განვითარების პროგრამის ფარგლებში პირველად განხორციელდა. პროექტის მიზანია დევნილთა სოციალიზაცია მაქსიმალურად ეფექტური მექანიზმების გამოყენებით და მათი გადამზადება მომავალი თვითდასაქმების პერსპექტივით. პროექტის ფარგლებში განხორციელებულმა საქმიანობამ ხელი უნდა შეუწყოს დევნილთა ინტეგრაციას საზოგადოებაში როგორც ფონდის „ღია საზოგადოება - საქართველო“ აღმასრულებელი დირექტორი - დავით დარჩიაშვილი აღნიშნავს, პროექტი ძალზედ მნიშვნელოვანი და საინტერესოა, რადგან შეიქმნა როგორც დევნილებისათვის ბიზნეს-ჩვევების სწავლების, ასევე ფონდისა და კერძო სექტორის (სააქციო საზოგადოება „პალადი ინვესტი“) თანამშრომლობის წარმატებული პრეცედენტი. ფონდი იმედოვნებს, რომ ეს მაგალითი ქართული ბიზნესის სხვა წარმომადგენლებს მისცემს სტიმულს მათი სოციალური პასუხისმგებლობის გააქტიურებისათვის. „პალადი პალასის“ გენერალური დირექტორის, თორნიკე კიზირიას, თქმით, ეს პროექტი პირველი იყო კომპანიისათვის, ხოლო სამომავლო გეგმებში გათვალისწინებულია ამ მიმართულებით საქმიანობის გაგრძელება. „ჩვენ გვჯერა, რომ პროექტის მასშტაბები გაიზრდება და მოსახლეობაც უფრო აქტიურად მიიღებს მასში მონაწილეობას“, - აღნიშნავს იგი. მომავალი საქმიანობის ამ კუთხით გაფართოებაზე საუბრობენ პროექტის პარტნიორი „საქართველოს ბანკის“ წარმომადგენლებიც. ისინი აღნიშნავენ, რომ ბანკი ყოველთვის მზადაა მცირე ბიზნესის დასაფინანსებლად, მით უმეტეს, ისეთ საიმედო პარტნიორთან ერთად, როგორიცაა ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“.

4 ფონდის ძალისხმევა იურიდიული დახმარების სრულყოფის მიზნით

▲ზევით დაბრუნება


ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“ და ღია საზოგადოება სამართლებრივი ინიციატივა 2005 წლიდან ხელს უწყობენ იურიდიული დახმარების სისტემის სრულყოფას საქართველოში. მიმდინარე წელს, ივნისში, საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „იურიდიული დახმარების შესახებ“, რომლის მომზადებაში ფონდიც აქტიურ მონაწილეობას იღებდა. ეს კანონი, უცხოელი ექსპერტების შეფასებით, აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთ პროგრესულ კანონად შეიძლება მივიჩნიოთ იურიდიული დახმარების მიმწოდებლების მრავალფეროვნების, სისხლისა და ადმინისტრაციული სამართალწარმოების დროს სოციალურად დაუცველი ფენების რეალური სამართლებრივი დაცვის მექანიზმების შექმნისა და დაცვის ხარისხის გაუმჯობესების გამო. კანონი ითვალისწინებს ნებისმიერი პირისთვის ნებისმიერ სამართლებრივ საკითხზე უფასო იურიდიული კონსულტაციის მიღების შესაძლებლობასაც.

0x01 graphic

გამოცდილების გაზიარება პოლონეთში

„საქართველოს ძალისხმევა, უზრუნველყოს კვალიფიციური უფასო სამართლებრივი დახმარება ყველა ხელმოკლე ბრალდებულისთვის სისხლის სამართალში, შთამბეჭდავია და უნდა მივესალმოთ ასეთი პროგრესული კანონის მიღებას“, - აღნიშნავს ზაზა ნამორაძე, ღია საზოგაოება სამართლებრივი ინიციატივის ბუდაპეშტის ოფისის დირექტორი. ფონდი ხელს უწყობს მოსახლეობისათვის უფასო სამართლებრივი დახმარების სისტემის შექმნას საქართველოში. 2007 წლის ბოლომდე დაგეგმილია იურიდიული დახმარების სამსახურისა და მისი ტერიტორიული ბიუროების დაკომპლექტება, რათა 2008 წლიდან იურიდიული დახმარება მთელი ქვეყნის მასშტაბით იყოს უზრუნველყოფილი.

ევროპული იურიდიული დახმარების სისტემის გაცნობის მიზნით, 2007 წლის 24-26 ივნისს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ნატო გაგნიძე, იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ადვოკატის სამსახურის უფროსი, ნინო ცუხიშვილი, ფონდის პროგრამის მენეჯერი, თამარ ქალდანი, სამართლებრივი ინიციატივის წარმომადგენლები, ზაზა ნამორაძე და ანა ოგოროდოვა ვიზიტით იმყოფებოდნენ ნიდერლანდების სამეფოში. ვიზიტის ფარგლებში, მათ მოინახულეს ამსტერდამის იურიდიული დახმარების ოფისი და მომავალი თანამშრომლობის გეგმებიც განიხილეს.

5 ზიანის შემცირების პირველი ეროვნული კონფერენცია

▲ზევით დაბრუნება


2007 წლის 21-22 მაისს, ფონდის „ღია საზოგადოება - საქართველო“ დაფინანსებით, თბილისში გაიმართა ზიანის შემცირების პირველი ეროვნული კონფერენცია. კონფერენციის ორგანიზატორი იყო ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი.

ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი 2006 წლის 9 სექტემბერს დაარსდა და ამჟამად 14 ორგანიზაციას აერთიანებს, რომლებიც ნარკოტიკების არასამედიცინო მოხმარებით გამოწვეული ზიანის შემცირების, აივ/შიდსისა და ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებული პრობლემების ირგვლივ მუშაობენ.

0x01 graphic

კონფერენცია ზიანის შემცირების საკითხებზე

წევრი ორგანიზაციების გარდა, კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტებიც: ღია საზოგადოების ინსტიტუტის ზიანის შემცირების განვითარების საერთაშორისო პროგრამის თანამშრომლები და ტექნიკური მრჩეველები უკრაინიდან, კანადის აივ/შიდსის სამართლებრივი ქსელის წარმომადგენლები.

კონფერენციის მსვლელობისას ყურადღება გამახვილდა შემდეგ საკითხებზე: ზიანის შემცირება საქართველოში - ბარიერები და მიღწევები; საერთაშორისო და ადგილობრივი პერსპექტივები; ჩანაცვლებითი მკურნალობა; შპრიცების გაცვლა, ნებაყოფლობითი კონსულტირება და ტესტირება; ნარკოპოლიტიკის განვითარება/ადამიანის უფლებები; ნარკოტიკებისგან თავისუფალი მკურნალობა/რეაბილიტაცია.

ორდღიანი მუშაობის ბოლოს კონფერენციის მონაწილეებმა მიიღეს მიმართვა საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის, მთავრობისა და გენერალური პროკურორის სახელზე. მიმართვაში ხაზი გაესვა წამალზე დამოკიდებული ადამიანებისთვის სამკურნალო პროგრამების გაფართოების აუცილებლობას შესაბამისი დაფინანსების გაზრდის ხარჯზე; ნარკოტიკების მოხმარებისა და სისხლით გადამდები ინფექციური დაავადებების პრობლემის გადაჭრის აუცილებლობას სასჯელაღსრულების დაწესებულებებში და ა.შ.

6 ევროპის სამეზობლო პოლიტიკა სამოქალაქო სექტორის მონიტორინგის არეალში

▲ზევით დაბრუნება


ფონდმა „ღია საზოგადოება - საქართველო“ არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია „საჯარო ფინანსების გამჭირვალობასთან“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში მოამზადა ანალიტიკური ანგარიში, სახელწოდებით - „საქართველო და ევროპის სამეზობლო პოლიტიკა - პერსპექტივები და გამოწვევები“.

ფონდის აღმასრულებელი დირექტორის, დავით დარჩიაშვილის, თქმით, პროექტი მიზნად ისახავდა რიგითი მოქალაქეთათვის გასაგები ენით ახსნას, თუ რა არის ევროპის სამეზობლო პოლიტიკა (ესპ) და როგორ ხორციელდება მისი სამოქმედო გეგმა.

„ეს პროცესი საკმაოდ რთულია, რადგან ხელისუფლებაში არსებობს განსხვავებული მოსაზრებები და ხედვა, არის პასუხგაუცემელი კითხვები და ჩვენი სურვილია ამ სფეროში დიალოგის ინტენსიფიკაცია სამოქალაქო სექტორსა და ხელისუფლებას შორის“, - ამბობს იგი.

0x01 graphic

ირინა ლაშხი მონიტორინგის შედეგებს წარმოადგენს

თვე-ნახევრიანი მუშაობის შედეგად მომზადებული ანგარიშის პრეზენტაციაზე, რომელიც 28 ივნისს ჩატარდა, წარმოიშვა საინტერესო დისკუსია პროექტის მონაწილეთა, ექსპერტებსა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელთა შორის.

პროექტის კოორდინატორმა, ირინა ლაშხმა და კოალიციაში შემავალი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, გიორგი ჩხეიძემ, ესპ-თან მიმართებაში მთავრობის მიერ შემუშავებული დოკუმენტები მიმოიხილეს. მათ დოკუმენტების შემუშავების პროცესში შეფერხებებზე ისაუბრეს და ამ დოკუმენტების საზოგადოებისათვის ძნელად ხელმისაწვდომობაზე მიუთითეს. „დოკუმენტები უნდა შეიცავდეს უფრო მეტ კონკრეტიკასა და შეფასების მომენტებს, გასარკვევია მათი სტატუსიც“, - აღნიშნავს ირინა ლაშხი. შენიშვნებს არ დაეთანხმდნენ საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლები, თუმცა მიესალმნენ დიალოგს მთავრობასა და სამოქალაქო სექტორს შორის. სახელმწიფო მინისტრის აპარატი ირწმუნება, რომ 2008-2009 წლის გეგმები ესპ-თან მიმართებაში იქნება უფრო ამბიციური, ვიდრე 2007 წელს. არასამთავრობო სექტორის მიერ ასეთი სახის ანალიზის შემუშავებას მიესალმება საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფონდის ევროპული კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი, კახა გოგოლაშვილი. „სასურველი იქნებოდა ანალიზის გარკვეული პერიოდულობით განახლება, რაც საზოგადოებას, მთავრობას, პარლამენტსა და ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორებს ღირებულ ინფორმაციას მიაწვდიდა სამოქმედო გეგმისა და ევროკავშირთან დაახლოების პროცესის რეალურ მდგომარეობასა და გაწეულ მუშაობაზე“, - აღნიშნავს იგი.

7 მედია-განათლების სრულყოფის „ოთხი ელემენტი“

▲ზევით დაბრუნება


ფონდის „ღია საზოგადოება - საქართველო“ სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მხარდაჭერის პროგრამის ერთ-ერთი ახალი მიმართულებაა მედია-განათლება. „ამ მიმართულებით საქმიანობა პრაქტიკულად მიმდინარე წელს დავიწყეთ და გვსურს, მომავალშიც ძალიან აქტიურად გავაგრძელოთ მუშაობა“, - აღნიშნავს პროგრამის მენეჯერი, გივი ორდენიძე.

კერძოდ, გათვალისწინებულია როგორც ზოგადად მედიის წარმომადგენელთა კვალიფიკაციის ამაღლება, ასევე აკადემიური სტრუქტურების ინსტიტუციონალური განვითარების ხელშეწყობა. ამ მიმართულების ფარგლებში, ფონდთან მჭიდრო კოორდინაციით, საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის დეპარტამენტთან ერთად მომზადდა ერთწლიანი პროექტი, სახელწოდებით, „ოთხი ელემენტი“. პროექტი მოიცავს დეპარტამენტის მხარდაჭერას შემდეგი ოთხი მიმართულებით:

- არსებული სასწავლო პროგრამის დახვეწას მიუკერძოებელი გარე ექსპერტიზის გამოყენებით;

- პროფესორ-მასწავლებლებისათვის ტრენინგის ჩატარებას სწავლების ახალ ფორმათა ასათვისებლად და სწავლების პროცესში ახალი მეთოდების დანერგვას;

- ინგლისურიდან ქართულ ენაზე ჟურნალისტური კვლევის მეთოდების შესახებ სახელმძღვანელოს თარგმნას;

- დეპარტამენტის ბიბლიოთეკის განახლებას.

„პროექტის სახელწოდება - „ოთხი ელემენტი“ ნაკარნახევია ცნობილი ფილმის - „მეხუთე ელემენტის“ სათაურით, - აღნიშნავს ჟურნალისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დავით პაიჭაძე და დასძენს, - მეხუთე ელემენტში იგულისხმება ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ დახმარება“.

„პროექტი უნიკალურია, აგრეთვე, იმ მხრივ, რომ ქართულ ენაზე პირველად მომზადდება სახელმძღვანელო რადიოჟურნალისტიკაში, რომელშიც შევა პრაქტიკოსი ჟურნალისტების ლექციების კურსი“, - ხაზს უსვამს დავით პაიჭაძე.

0x01 graphic

დავით პაიჭაძე (ცენტრში) მომავალ ჟურნალისტებთან ერთად

8 ნოვატორული წამოწყება - ვახუშტი კოტეტიშვილის მასტერკლასი

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

წიგნის პრეზენტაციაზე

გამოჩენილი ქართველი მთარგმნელისა და მეცნიერის - ვახუშტი კოტეტიშვილის გამოცდილება ასახულია წიგნში - „მხატვრული თარგმანის მასტერკლასი“, რომელიც ფონდის „ღია საზოგადოება - საქართველო“, გამომცემლობა „დიოგენესა“ და ლიტერატურულ ალმანახ „ახალი თარგმანების“ ხელშეწყობით გამოიცა. წიგნი მომზადდა ფონდის ინტეგრაციისა და სამოქალაქო განათლების პროგრამისგან დაფინანსებული პროექტის ფარგლებში. მას საფუძვლად დაედო ვახუშტი კოტეტიშვილის მიერ ხუთი თვის მანძილზე ახალგაზრდა მთარგმნელებისათვის ჩატარებული სემინარების ციკლი, ე.წ. „მასტერკლასი“. მსგავსი მასტერკლასი საქართველოში პირველად ჩატარდა. „ამ კრებულში შესულია ჩემი საუბრები, ჩემი მრწამსი, ჩემი შეხედულებები და პირადი გამოცდილება - მე ახალგაზრდებს ჩემი შემოქმედებითი სახელოსნოს კარი გავუხსენი“, - განაცხადა ავტორმა „მხატვრული თარგმანის მასტერკლასის“ პრეზენტაციაზე, რომელიც 24 ივნისს თბილისში, არტ-კაფეში „ქარავანი“ გაიმართა.

„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ფონდს „ღია საზოგადოება - საქართველო“, რომელიც სათავეში ედგა ამ ნოვატორულ წამოწყებას, გამომცემლობა „დიოგენეს“ და ალმანახ „ახალი თარგმანებს“, რომელთა ეგიდითაც მომზადდა ეს წიგნი“, - დასძინა ვახუშტი კოტეტიშვილმა. „დიოგენეს“ მენეჯერის, ნინო გურულის, თქმით, გამომცემლობას ფონდთან ურთიერთობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს, ძირითადად სამეცნიერო ლიტერატურის გამოცემის კუთხით. „მხატვრული თარგმანის მასტერკლასის“ გამოცემა აღმოჩნდა ძალზედ საინტერესო ერთობლივი პროექტი და იმედია, ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება“, - განაცხადა მან. როგორც ფონდის „ღია საზოგადოება - საქართველო“ აღმასრულებელი დირექტორი, დავით დარჩიაშვილი, აღნიშნავს, ფინანსური კუთხით, ფონდისათვის ეს იყო მცირემასშტაბიანი, თუმცა შედეგით ძალიან ღირებული და დიდი რეზონანსის მქონე პროექტი. თარგმნა ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტია იმისათვის, რომ ქართული საზოგადოება იყოს ღია და გახსნილი სხვა საზოგადოებებისათვის“, - ხაზს უსვამს იგი.