![]() |
ტაბულა №51 |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: გლუქსმანი ანდრე, ნოდია გია, უგულავა სალომე, ავალიანი დიმიტრი, კოკიჩაიშვილი თეონა, სუთიძე ლევან, მაჭარაშვილი ნინო, კვანჭილაშვილი ელენე, შაშკინი დიმიტრი, ბაძაღუა ივანე, ბასილაია მიხეილ, ტურაშვილი თეონა, ომარაშვილი თეონა, ქავთარაძე ლაშა, ელერდაშვილი ვახო, ყიფიანი ქეთი, გოდუაძე ლაშა, თალაკვაძე ზურაბ, მაჩაბელი გიორგი, ლორთქიფანიძე მერაბ, ესებუა ნიკა, კევლიშვილი მაკა, კიკნაველიძე თამარ, სარიშვილი მაია, კეკელიძე გიორგი, ბაქრაძე ქეთი |
თემატური კატალოგი ტაბულა |
საავტორო უფლებები: © თამარ ჩერგოლეიშვილი |
თარიღი: 2011 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: 2011|11 - 17 აპრილი მთავარი რედაქტორი: თამარ ჩერგოლეიშვილი/აღმასრულებელი რედაქტორები: ნინი გოგიბერიძე, სალომე კიკალეიშვილი/რედაქტორები: ქეთი მსხილაძე, ელენე კვანჭილაშვილი, ლევან რამიშვილი, დავით კოვზირიძე, ნინო მაჭარაშვილი/უცხოელი მრჩეველი: ბარბარა სვანი/ჟურნალისტები: დიმიტრი ავალიანი, გიორგი კეკელიძე, სალომე უგულავა, მაკა გამცემლიძე, ავთო ქორიძე, თეონა ტურაშვილი, ირაკლი კიკნაველიძე, ლევან სუთიძე, მირიან ტორონჯაძე, თეონა კოკიჩაიშვილი, სანდრო ჯანდიერი, სიმონ მაჩაბელი, ლაშა გოდუაძე, ზურაბ თალაკვაძე, ნიკა ესებუა, ანანო სხირტლაძე, მიშა ბასილაია/ვები: სანდრო თარხან-მოურავი, ვანო გეგია, ლევან მეტრეველი, დათო გოგოხია, ნათია სოფრომაძე/ახალი ამბები: მზია ყუფუნია, ეკა ჯანაშია/კორექტორი: ნინო საითიძე/არტრედაქტორი: ბაჩა მალაზონია/დიზაინი & პრეპრესი: კახა დოლიძე, ნიკა კუპრაშვილი/ფოტორედაქტორი: დიმა ჩიკვაიძე/ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი/გამომცემელი: სამოქალაქო განათლების ფონდი/ოფის მენეჯერი: სოფო დვალიშვილი/გაყიდვები და მარკეტინგი: გიორგი ფრუიძე, მენეჯერი: გიორგი ჭეიშვილი/ყოველკვირეული ჟურნალი ტაბულა, ტელ: + 995 32 420 300, e-mail: info@tabula.ge/სტამბა: სეზანი, მის: წერეთლის 140, ტელ: + 995 32 357002/357005, ფაქსი: + 995 32 357004/ ©2010 საავტორო უფლებები დაცულია, ჟურნალში გამოქვეყნებული მასალების გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია. | პარტნიორი: მედია მენეჯმენტ სერვისი,ტელ: + 995 32 92 33 47/48/49; ფაქსი: 995 32 92 08 82, e-mail:info@mmservice.ge ფოტო გარეკანზე: ხათუნა ხუციშვილი |
![]() |
1 სიტყვასიტყვით |
▲ზევით დაბრუნება |
„მიუხედავად იმისა, რომ მე ფოკუსირებული ვარ იმ საქმეზე, რისთვისაც ამირჩიეთ და მიუხედავად იმისა, რომ კამპანია სრული ძალით არ დაიწყება კიდევ ერთი წლის ან მეტის მანძილზე, ჩვენი კამპანიის საფუძვლის ჩაყრა დღეიდან უნდა დაიწყოს“.
აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ მეორე ვადით აპირებს კენჭისყრას. 4 აპრილი
„მე ყოველთვის ვამბობდი, რომ უცხოური დახმარების თხოვნა იქნებოდა უკანასკნელი გზა, მაგრამ ახლა უკვე ამის დროა“.
ხოსე სოკრატესმა, პორტუგალიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, საჯარო მიმართვაში აღნიშნა, რომ ქვეყანამ ფინანსური დახმარება უნდა მიიღოს. პორტუგალია ევროზონაში მესამე ქვეყანა იქნება, რომელიც საერთაშორისო ინსტიტუტებიდან ფინანსურ დახმარებას მიიღებს. 7 აპრილი
„დმიტრი მედვედევმა და ვლადიმირ პუტინმა 2012 წელს საპრეზიდენტო არჩევნებზე ერთმანეთისგან დამოუკიდებლად უნდა მიიღონ მონაწილეობა. თავიანთი კანდიდატურები მათ იმ პოლიტიკური ძალების სახელით უნდა წამოაყენონ, რომელთანაც თავიანთ თავს აკავშირებენ. სწორედ ეს იქნებოდა, ჩემი აზრით, დემოკრატიული“.
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ს საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის ყოფილმა მოადგილემ, კონსტანტინ ზატულინმა თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. ზატულინი ლიბიის საკითხთან დაკავშირებით დმიტრი მედვედევთან უთანხმოების გამო გაათავისუფლეს. 5 აპრილი
„ყველას არა აქვს საშუალება თვითმფრინავში ჩაჯდეს და სახლში წავიდეს და თქვენ უნდა მიხედოთ იმ ადამიანებს, რომლებიც უკან რჩებიან“.
ჰოლივუდის ვარსკვლავმა, გაეროს კეთილი ნების ელჩმა, ანჯელინა ჯოლიმ ლიბიისა და ტუნისის საზღვარზე ლტოლვილთა ბანაკი მოინახულა და საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა ძალები არ დაიშურონ, რათა ლტოლვილების მდგომარეობა შეამსუბუქონ. 5 აპრილი
![]() |
2 კვირა |
▲ზევით დაბრუნება |
2 აპრილი
ქაბულში NATO-ს ბაზას ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარებით შეიარაღებული ორი პირი დაესხა თავს. ორივე თავდამსხმელი ბაზაზე მოკლეს. შემთხვევის დროს NATO-ს სამი სამხედრო დაიჭრა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება თალიბანმა აიღო.
3 აპრილი
ძლიერმა ქარმა ფოთში 15 მრავალსართულიანი და 10 კერძო სახლი დააზიანა. სახურავის გარეშე დარჩა სახელმწიფო ობიექტებიც. ქარმა მაღალი ძაბვის ელექტრო გადამცემი ხაზებიც დააზიანა, რის გამოც მთელი ქალაქი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ფოთის მერიაში განაცხადეს, რომ შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც ზარალის ზუსტ ოდენობას დაადგენს. ამის შემდეგ კი, ოფიციალური პირების თქმით, ძლიერი ქარისგან დაზარალებულ მოსახლეობას მერიის სარეზერვო ფონდიდან დახმარება გამოეყოფა.
4 აპრილი
ყაზახეთში 3 აპრილს გამართულ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში, წინასწარი მონაცემებით, ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, ნურსულთან ნაზარბაევმა გაიმარჯვა. მას ამომრჩეველთა 95.5%25-მა დაუჭირა მხარი. ეს იმას ნიშნავს, რომ ნაზარბაევი ყაზახეთის პრეზიდენტი უკვე მეოთხედ გახდა. ნაზარბაევის ოპონენტმა სამმა კანდიდატმა ხმათა 1.4%25, 1.2%25 და 1.9%25 მიიღო. ყაზახეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამომრჩეველთა აქტივობამ თითქმის 90%25 შეადგინა. ნურსულთან ნაზარბაევი ყაზახეთს უკვე 20 წელია მართავს.
ყველა ფოტო: REUTERS ©
ავღანეთში ასობით დემონსტრანტმა ამერიკელი პასტორის მიერ ყურანის დაწვის ფაქტი გააპროტესტა. შაბათ-კვირას პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირებას 22 ადამიანი, მათ შორის გაეროს მისიის შვიდი თანამშრომელი ემსხვერპლა. ყურანის დაწვამ ავღანეთში განლაგებულ ამერიკელ ჯარისკაცებს „დამატებითი საფრთხეები“ შეუქმნა, განაცხადა ავღანეთში საერთაშორისო ძალების მთავარსარდალმა, ამერიკელმა გენერალმა დევიდ პეტრეუსმა.
რუსული მედიის ცნობით, სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადისთვის ქალაქ გაგრაში კაზინოების, გასართობი ცენტრებისა და სასტუმროების მშენებლობა იგეგმება. ქართული მხარე აცხადებს, რომ საერთაშორისო საზოგადოების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად აღიარებული ტერიტორიების ოლიმპიადის ჩასატარებლად გამოყენება არ შეიძლება. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი ასანიძემ განაცხადა, რომ ეს ოლიმპიადის ქარტიას ეწინააღმდეგება. „იმედი მაქვს, რომ ოლიმპიური კომიტეტი არ დაუშვებს ისეთ ქმედებას, რაც ქარტიას ეწინააღმდეგება“, აღნიშნა მან.
კონგოში მომხდარ ავიაკატასტროფას საქართველოს ოთხი მოქალაქე ემსხვერპლა. ავიაკომპანია აირზენა - საქართველოს ავიახაზების კუთვნილმა ლაინერმა, რომელსაც ოთხკაციანი ქართული ეკიპაჟი მართავდა, კატასტროფა კინსაშას საერთაშორისო აეროპორტში დაშვებისას განიცადა. თვითმფრინავს გაეროს მისიის 20 თანამშრომელი გადაჰყავდა. ბორტზე სულ 33 ადამიანი იმყოფებოდა. მათგან ერთი გადარჩა. აირზენას საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ნინო გიორგობიანის თქმით, თვითმფრინავი კინსაშას აეროპორტში დაჯდომისას ტროპიკულ წვიმასა და ქარიშხალში მოყვა, საფრენ ბილიკს დაენარცხა, ორ ნაწილად დაიშალა და ცეცხლი წაეკიდა.
5 აპრილი
„თუ ისრაელი ღაზას თავს დაესხმება, ჩვენ სიონისტურ რეჟიმს ომს გამოვუცხადებთ“, თქვა ეგვიპტის ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნობელის პრემიის ლაურეატმა მშვიდობის დარგში, მოჰამედ ალ-ბარადეიმ. ეგვიპტის პრეზიდენტის, ჰოსნი მუბარაქის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, ალ-ბარადეიმ ამ პოსტის დაკავების სურვილი გამოთქვა. „ისრაელი პალესტინურ მიწას აკონტროლებს“, განაცხადა საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს ყოფილმა ხელმძღვანელმა. „რეგიონში ძალთა ბალანსის არარსებობის გამო, შერიგების პროცესში მნიშვნელოვანი გარღვევები არ ყოფილა - ეს სიტუაცია კი ცალმხრივ მშვიდობას ქმნის“, დასძინა ალ-ბარადეიმ.
ჰაიტის საპრეზიდენტო არჩევნებში პოპულარულმა მომღერალმა, მიშელ მარტინელიმ, იგივე „ტკბილმა მიკიმ“ გაიმარჯვა. წინასწარი მონაცემებით, მომღერალსმხარი ამომრჩეველთა 67,57%25-მა დაუჭირა. მის კონკურენტს, ჰაიტის ყოფილი პრეზიდენტის მეუღლეს, მირლანდ მანიგას კი ამომრჩეველთა 31,74%25-მა მისცა ხმა. არჩევნების ოფიციალური შედეგები 16 აპრილს გამოცხადდება
6 აპრილი
ლიბიელი ოპოზიციური ძალების გენერალმა, აბდულ ფატაჰ იუნისმა NATO უმოქმედობაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ალიანსმა არაფერი მოიმოქმედა მაშინ, როცა კადაფის ჯარისკაცები საპორტო ქალაქ მისრატაში მშვიდობიან მოსახლეობას ხოცავდნენ. ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ NATO-ს შესწევს ძალა, მოიგერიოს კადაფის ძალები ალყაშემორტყმული მისრატიდან, რომელიც ერთადერთი ქალაქია ლიბიის დასავლეთ ნაწილში, რომელსაც ოპოზიციური ძალები აკონტროლებენ. „თუ NATO კიდევ ერთ კვირას დააყოვნებს, მისრატა აღარ იარსებებს“, აღნიშნა ფატაჰმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
კოტ-დ' ივუარის საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებული პრეზიდენტის, ალასან უტარას ძალებმა აბიჯანში პრეზიდენტ ლორან გბაგბოს რეზიდენციაზე მიიტანეს იერიში. გბაგბომ, რომელმაც ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხება არ აღიარა და პოსტის დათმობაზე უარი განაცხადა, გუშინ უარყო ცნობები იმის შესახებ, თითქოს ის დანებებას აპირებდა. „მე გავიმარჯვე არჩევნებში და ჩემს წასვლას არ განვიხილავ. სრულიად დაუჯერებელია, რომ მთელი მსოფლიო თამაშობს ამ პოკერს“, აღნიშნა გბაგბომ ერთ-ერთ ფრანგულ სატელევიზიო არხთან საუბარში.
7 აპრილი
იაპონიაში მომხდარ კიდევ ერთ ძლიერ მიწისძვრას 3 ადამიანი ემსხვერპლა. 7.1 მაგნიტუდის მიწისძვრა ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მოხდა. მიწისქვეშა ბიძგების შედეგად რამდენიმე შენობა დაინგრა და 3.6 მილიონი სახლი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. მიწისძვრიდან რამდენიმე წუთში იაპონიის სანაპიროებზე ცუნამის განგაში გამოცხადდა, თუმცა საათ-ნახევრის შემდეგ გაფრთხილება გაუქმდა.
8 აპრილი
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, სერგეი ბაღაფშის თურქეთში ვიზიტი არაოფიციალური ხასიათისაა. „თურქეთი აღიარებს და მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, ნათქვამია თურქეთის საგარეო უწყების სპეციალურ განცხადებაში, „ანკარა საქართველოსა და თურქეთს შორის სტრატეგიული ურთიერთობების გაღრმავების ერთგული რჩება“. სერგეი ბაღაფში ანკარაში 7 აპრილს ჩავიდა. აფხაზური საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, იგი თურქეთში 4 დღე დარჩება და „რამდენიმე საქმიან შეხვედრას გამართავს ორმხრივი ბიზნესთანამშრომლობის შესახებ“.
გამოქვეყნდა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის 2010 წლის ანგარიში ადამიანის უფლებების შესახებ. დოკუმენტი 190-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში არსებულ მდგომარეობასაც მიმოიხილავს.
![]() |
3 რისთვის ვიბრძვით |
▲ზევით დაბრუნება |
არენა
ანდრე გლუქსმანი, ფრანგი ფილოსოფოსი და პუბლიცისტი
პაბლო პიკასო/გერნიკა
ხალხის გამოღვიძებას, როგორც წესი, იარაღის ძალა ეღობება. ასე მოხდა 1848 წელს, როცა ევროპელი აჯანყებულები იძულებულნი გახდნენ იმპერიული ჯარების წინაშე დაეჩოქათ. ასე მოხდა - ბუდაპეშტში 1956 წელს, პრაღაში 1968 წელს, ტიანანმენში კი 1989 წელს. იარაღს ვერც არაბული გაზაფხული გადაურჩა - კადაფიმ გადაწყვიტა, რადაც არ უნდა დაჯდომოდა, სამაგალითო წესრიგი დაემყარებინა.
ლიბიელი მანიფესტანტების ხვედრზე დამოკიდებულია თავისუფლებისათვის ამბოხებულთა მომავალი ხმელთაშუა ზღვის სამხრეთით. მეტიც, ამან შეიძლება ადამიანის უფლებების ბედი განსაზღვროს მთელ პლანეტაზე.
ვიცით, რომ ჩინეთის კომუნისტ ლიდერებს აშფოთებს ყველაფერი, რაც კაიროს და ტუნისის აჯანყებას უკავშირდება და ძალას არ იშურებენ ამ მოვლენებთან დაკავშირებული ინფორმაციის შესაზღუდად. რუსები კი იმაზე მსჯელობენ, თუ რამდენად გადამდებია რევოლუციური ვირუსი. ამ ვირუსით ინფიცირებას რუსული ოპოზიცია ნატრობს; მიხაილ გორბაჩოვი; სავსებით შესაძლებლად მიიჩნევს, კრემლი კი შავი ჭირივით უფრთხის. ლიბიაში საერთაშორისო ინტერვენცია საბედისწეროა. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი მომავალიც აქ წყდება.
თავისი ბუნებით, ყველა ომი დაუნდობელია. მსხვერპლი მსხვერპლია. მისთვის, ვისაც მკვდრეთით აღდგომა არ ძალუძს, სამართლიანი ომი არ არსებობს. აბა აუხსენით შემთხვევით მსხვერპლს, რომ ის სამართლიანად მოკვდა. თუ ღვთაებრივ სიბრძნეს და ყოვლისშემძლეობას არ დაიჩემებ, შეუძლებელია რომელიმე ომს სამართლიანი უწოდო - ის შეიძლება მხოლოდ აუცილებელი იყოს. ან არ იყოს. უარესის თავიდან ასაცილებლად კი ცუდს უნდა დავჯერდეთ.
სწორედ ბენღაზიში მოსალოდნელი ხოცვა-ჟლეტისა და 700 ათასი აჯანყებული ადამიანის სისხლის მდინარეების შესაჩერებლად დათანხმდა გაერო, მისთვის უჩვეულოდ, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის, ნიკოლა სარკოზის და დევიდ კამერონის მოთხოვნას. ბენღაზის ბლოკადა პირველად ფრანგმა პილოტებმა გაარღვიეს. ძნელია რომელიმე თავდასხმას სამართლიანი უწოდო, მაგრამ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, არსებობს აუცილებელობა, რომლის მიზანი საფრთხეში მყოფი ხალხის დაცვაა.
ზოგიერთი, ჩემი ჩათვლით, ვფიქრობთ „როგორც იქნა!“ რამდენ ხოცვა-ჟლეტას უნდა მოვესწროთ, ბოლოს მისთვის ხელის არშეშლა რომ აღარ ვინანოთ? რამდენი გერნიკა გადავიტანეთ პიკასოს მიერ ილუსტრირებული ფრანკისტების და ფაშისტების დანაშაულების შემდეგ?
ჩაურევლობისა და ჩარევის გამოცდილება ყველა თაობას აქვს - ამ შემთხვევების სრულად ჩამოთვლა შეუძლებელია.
ბერლინის კედლის შემდეგ, ევროპელებისთვის, ასეთი შემთხვევა იყო სრებრენიცა, ხოლო მთელი საერთაშორისო თანამეგობრობისთვის რუანდა - სამი თვის მანძილზე, დღეში 10 ათასი განადგურებული ტუტსი. 1973-ე რეზოლუცია სრულებითაც ვერ უზრუნველყოფს, რომ განუკითხავი ხოცვა-ჟლეტა აღარ განმეორდება - სამაგიეროდ, ამასთან შეგუება უფრო რთული იქნება. „მე ვარ და ჩემი ნაბადი“-ს ტიპის პოლიტიკას მწვანე შუქი აღარ ექნება.
აბსოლუტური სუვერენიტეტის იდეა ტირანებს საშუალებას აძლევდა, საკუთარ ტერიტორიაზე საკუთარი მოქალაქეები გაენადგურებინათ. დღეს სუვერენიტეტის ასეთი გაგება დისკრედიტირებულია. ჩვენ დიდი გეოპოლიტიკური პრემიერის მომსწრენი გავხდით - სიცოცხლის საყოველთაო უფლება, მკვლელობის სუვერენულ უფლებას აღემატება.
რუსეთმა და ჩინეთმა უჩვეულოდ შეიკავეს თავი. მათ უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილება არ დაბლოკეს და საერთაშორისო მაშველების მარცხის იმედად არიან.
როგორც ყოველთვის, ყველაზე მეტად ვლადიმირ პუტინი ღელავს. ის სიტყვასიტყვით იმეორებს კადაფის ბრალდებებს, გმობს „შუა საუკუნეების დროინდელ ჯვაროსნულ ლაშქრობას“ და დასავლეთის ბომბებით განადგურებულ უდანაშაულო მსხვერპლზე ნიანგის ცრემლებს ღვრის.
„ტანდემოკრატიის“ მეორე ბურჯმა, პრეზიდენტმა მედვედევმა ჩათვალა, რომ პუტინის სიტყვები მოსკოვის საერთაშორისო ინტერესებს ვნებს. ის მიზანშეუწონლად მიიჩნევს იმ ლექსიკის გამოყენებას, რაც რუსეთის vox populi-ს 70%25-ის მოწონებით სარგებლობს.
მაშინ როცა КГБ-ФСБ-ს კეთილი მოციქული დასავლეთს „სულების გადარჩენაზე“ ლოცვისკენ მოუწოდებს, არასამთავრობო ორგანიზაცია მემორიალი წარსულს იხსენებს და ბედავს კრემლის მესვეურს ურჩიოს, რომ საკუთარ სულს მიხედოს.
„როგორც ჩანს, პუტინს სრულიად დავიწყებია, რაც საკუთარ ქვეყანაში ჩაიდინა და არც ამ ტრაგიკულ მოვლენებზე თავისი პასუხისმგებლობა ახსოვს. პირველ რიგში, პრემიერ-მინისტრმა საკუთარი სულის ცხონებისთვის უნდა ილოცოს“.
ვლადიმირ პუტინს მშვენივრად ესმის ჯვაროსნული ლაშქრობების თემა - რუსი მღვდლები ხომ მუსლიმი ჩეჩნების გასანადგურებლად მიმავალ ტანკებს აკურთხებდნენ. მას დაბომბვის ბრწყინვალე გამოცდილებაც აქვს (ამ შემთხვევაში, მასიური დაბომბვის - გროზნომ ლიბიისგან განსხვავებით იგივე ბედი გაიზიარა, რაც ვარშავამ 1944 წელს). პუტინმა ზუსტად გაშიფრა, რომ კადაფის დაგმობა, დღის წესრიგში მის კავკასიურ გმირობებს დააყენებდა.
ზოგიერთი წუხილით და შეშფოთებით შემოიფარგლება. ვიღაცები საერთოდ არ იმჩნევენ, რომ რაღაც ხდება, საერთაშორისო ოპერაციაში ჩაბმას თავს არიდებენ - ურჩევნიათ თვითმფრინავებს თვალი შორიდან ადევნონ.
ასეთთა რიცხვს, პირველ რიგში, გერმანია განეკუთვნება, რომელიც ძველი ბონის ფედერაციული რესპუბლიკის - ეკონომიკური გიგანტის და პოლიტიკური ცეროდენას რეპუტაციის მემკვიდრეა. მხოლოდ გაღიმებას ან ქილიკს დავჯერდებოდით, ევროკავშირის ყველაზე აყვავებული, უკვე გაერთიანებული გერმანია, ჩაურევლობის პოლიტიკას სხვებსაც რომ არ ახვევდეს თავს: ძალის ყოველი გამოყენება თავის თავში გადაცდომის რისკს მოიცავს, მაშინ მივუშვათ მკვლელები, რომ ირგვლივ ყველაფერს მუსრი გაავლონ.
ამ ლოგიკით, გამოდის, რომ ევროპა დესპოტებს იარაღს მიჰყიდის, თავად კი ამ იარაღს მათ წინააღმდეგ არ გამოიყენებს. სინდისი სუფთაა და კომერციული ინტერესიც გადარჩენილია! ვიღას ახსოვს კლაუზევიცის ირონიული სიბრძნე, რომელიც გვახსენებს, თუ როგორ შეიძლება მოგვევლინოს მოძალადე „მშვიდობის მტრედად“, ტირანიის მოწინააღმდეგე და თავისუფლების დამცველი კი - „ცოდვილ მეომრად“.
1973-ე რეზოლუციის უპირატესობა ისაა, რომ იგი მოქმედების არეალს მკაცრად საზღვრავს. შეიარაღებული ინტერვენციის მიზანი მხოლოდ დაცვაა, და არავითარ შემთხვევაში თავდასხმა, დაპყრობა, დემოკრატიის დამყარება და სახელმწიფოს შექმნა. ის მოსახლეობის მაგივრად მოქმედებას კი არ გულისხმობს, არამედ იმას, რომ მოქალაქეებმა, ავად თუ კარგად, საკუთარი ბედი თავად გადაწყვიტონ.
რთულია იმ გამანადგურებელი ენერგიის გაუვნებელყოფა, რომელსაც შეიარაღებული ტექნიკა აძლევს აღვირახსნილ დიქტატორებს შიშველხელებიანი მანიფესტანტების წინააღმდეგ. ლიბიის მაგალითი განსაკუთრებული შემთხვევაა, მისი წარმატება არც გარანტირებულია და არც ადვილად განსაზოგადებელი. ბენ ალი-მუბარაქის ყაიდის კორუმპირებული პოლიციური რეჟიმი, კადაფისეული აბსურდული, ტერორისტული და ტოტალიტარული ძალაუფლებისგან აშკარად განსხვავდება. ჯერ კიდევ ადრეა ვამტკიცოთ, რომ ამით ხელსისხლიანი დიქტატორების ეპოქა დასრულდა. მაგრამ დაე ყველამ იცოდეს, რომ შეუიარაღებელი ხალხის დაცვის აუცილებლობა, მათ თავზე დამოკლეს მახვილივით კიდია.
![]() |
4 როგორ ავირჩიოთ პარლამენტი? |
▲ზევით დაბრუნება |
გია ნოდია|სვეტი
საქართველოს პოლიტიკური ელიტა (რადიკალი რევოლუციონერების გამოკლებით) იმაზე კამათობს, თუ რომელი საარჩევნო სისტემა უნდა გვქონდეს. ორივე მხარე თავისი პარტიული ინტერესით ხელმძღვანელობს: რა შემთხვევაში ექნება მეტი საპარლამენტო მანდატის მოპოვების შანსი. ეს სრულიად ბუნებრივია - განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა დანარჩენი საზოგადოება დუმს და, უკეთეს შემთხვევაში, მხარეებს მოუწოდებს, რამეზე მაინც შეთანხმდნენ.
შესაძლოა, არაპოლიტიკოსთა ასეთი პასიურობა გამართლებულიც იყოს: არც ერთი მხარის წინადადებები არ ეწინააღმდეგება დემოკრატიის მოთხოვნებს, ამიტომ, თუ პარტიები რომელიმე ვარიანტზე შეთანხმდნენ, ეს უკვე კარგია. მაგრამ შევეცდები გულუბრყვილო შეკითხვა დავსვა: მაინც რომელი სისტემაა უკეთესი საქართველოსთვის?
დღევანდელი პირობების გათვალისწინებით, შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენთვის ორივე ძირითადი სისტემა ცუდია: მაჟორიტარულიც და პროპორციულიც. მაგრამ ის, რაც ახლა გვაქვს - მათი კომბინაცია - ამ ორივეზე უარესია. მოლაპარაკების ორივე მხარე, ისევ რაიმე სახის კომბინირებულ ვარიანტს უჭერს მხარს, ასე რომ, გაუმჯობესებას არც ერთ შემთხვევაში არ ველი.
რა უჭირს მაჟორიტარულ სისტემას? ზოგადად, არც არაფერი. ყველაზე ძველი და ხარისხიანი (ჩემი აზრით) დემოკრატიები: ბრიტანული, ამერიკული, სწორედ მას იყენებენ. ის ყველაზე უფრო გასაგებია ამომრჩევლისთვის, საფუძველს აძლევს უფრო ბუნებრივ, შინაგანად დემოკრატიულ და მყარ პარტიებს, უზრუნველყოფს ქვეყნის ყველა ნაწილის წარმომადგენლობას და აადვილებს მყარი საპარლამენტო უმრავლესობების შექმნას. ყოველმა კანდიდატმა ზუსტად იცის, ვინ არის ის „ხალხი“, ვის წინაშეც პასუხს აგებს. ჩვენს ვითარებაში, ანუ დემოკრატიული კულტურის უთანაბრო განვითარების ფონზე, მნიშვნელობა აქვს იმასაც, რომ, თუ ღმერთი გაგვიწყრა და ერთ რომელიმე ოლქში სერიოზული გაყალბებები მოხდა, ეს არჩევნების საერთო შედეგზე ნაკლებად იმოქმედებს. არ მესმის, რატომ არ უნდა იმუშაოს ამ სისტემამ საქართველოში. მაგრამ დღეს მის შემოღებას სერიოზული პოლიტიკური პრობლემები შეიძლება მოჰყვეს - ცოტა ხანში ვიტყვი, რატომ.
პროპორციული სისტემა, ჩვენს პირობებში მაინც, გაცილებით უარესია. მან ხელი შეუწყო საქართველოში ავტორიტარული, კორუმპირებული და პერსონალისტური პარტიული სისტემის ჩამოყალიბებას. ის საშუალებას აძლევს თბილისში მცხოვრებ ლიდერთა მცირე ჯგუფს, აკონტროლოს პარტიული სიები, მაშასადამე, ქვეყნის მასშტაბით, მთლიანად პოლიტიკური კლასი. ნებისმიერი ავანტიურისტი, რომელსაც, „ცნობადი სახის“ თუ ფულის ტომრის წყალობით, ამომრჩევლის ხუთი პროცენტის მიმხრობის იმედი ექნება, ვისაც უნდა, იმას ჩაწერს თავის სიაში: ნათესავს, მეგობარს, საყვარელს, ან იმას, ვინც მეტ ფულს მისცემს.
ეს სისტემა გამართლებულია, თუ მთავარი პარტიები მეტ-ნაკლებად მყარად არიან დაკავშირებული კონკრეტულ სოციალურ ჯგუფებთან, რომელთაც გამოკვეთილი იდენტობა ან ღირებულებები აერთიანებს - ამ უკანასკნელთა პროპორციული წარმომადგენლობა პარლამენტში, შეიძლება, დემოკრატიისთვის არსებითი იყოს. მაგრამ იქ, სადაც ასეთი კავშირები პარტიებსა და სოციალურ ჯგუფებს შორის, როგორც წესი, არ არსებობს, ხოლო შიდაპარტიული დემოკრატიის დონე ნულს უახლოვდება, პროპორციულ სისტემას გამართლება არა აქვს.
ჩვენთან პოპულარული არგუმენტი ისაა, რომ პარტიული სიებით მეტი „კარგი ტიპი“ გადის პარლამენტში. პოპულარული „ლოკომოტივები“ ერთ-ორ კომპეტენტურ ადამიანს მაინც გაათრევენ თავიანთი სიებით. როცა ქვეყნის პოლიტიკურ პრობლემებში გარკვეული ადამიანი პარლამენტში სანთლით საძებარი ხდება (ამ მხრივ ხელისუფლებას და ოპოზიციას არ ვყოფ), ეს არგუმენტი იოლად უგულებელსაყოფი არ არის. მაგრამ ამას თუ ვამბობთ, ვგულისხმობთ, რომ ხალხი ბნელია და ჭკვიან ადამიანებს არ აირჩევს. შეიძლება, არც მთლად უმაგისობა იყოს. მაგრამ მაშინ თემა გვაქვს შესაცვლელი: საერთოდ გვინდა კი, დემოკრატია? ეგებ ევროსაბჭოს დავანიშნინოთ კარგი ტიპებისგან შემდგარი და პოლიტიკურად დაბალანსებული საკანონმდებლო ორგანო?
ორი სისტემის კომბინაცია (ანუ ის, რაც დღეს გვაქვს) თითოეული მათგანის ნეგატიურ მხარეებს აძლიერებს. მცირე გამონაკლისის გარდა, პოლიტიკურად კომპეტენტური კანდიდატები მთელ ყურადღებას პროპორციულ არჩევნებს უთმობენ, მაჟორიტარებად კი უმეტესად მხოლოდ ინდივიდუალური სტატუსით დაინტერესებული ადამიანები გადიან, ვისაც ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს ეროვნული პოლიტიკის პრიორიტეტებზე და ორგანიზებული უმრავლესობის მიერ იოლად მართვადი ხდებიან.
ესე იგი, რა ვქნათ? ჩემი პირადი პრეფერენცია „სუფთა“ მაჟორიტარული (ანუ ერთმანდატიანი) სისტემის მიმართ საკმაოდ ნათლად გამოვხატე. თუ მთელი პარლამენტი ამ სისტემაზე გადავა, შესაძლებლობა გვექნება ერთმანეთთან დავაახლოოთ საარჩევნო ოლქების ზომებიც, რაც დღევანდელი სისტემის ერთ-ერთი პრობლემაა. მაგრამ დღეს ეს, როგორც ჩანს, სრულიად არარეალისტური წინადადებაა, რადგან არც ერთ პარტიას (სახელისუფლებოს ჩათვლით) ეს იდეა არ მოსწონს: ლიდერებს საკუთარ პარტიებზე კონტროლი არ ეთმობათ. თუ რატომღაც ხელისუფლებამ მას მხარი დაუჭირა, ეს კიდევ უფრო გააუარესებს მის ურთიერთობას ოპოზიციასთან, რაც პოლიტიკურ ვითარებას გაამწვავებს. მეორე მხრივ, უახლოეს საპარლამენტო არჩევნებში სუფთა მაჟორიტარული სისტემა სავარაუდოდ კიდევ უფრო გაზრდის ერთი პარტიის დომინირებას, რაც ასევე არასასურველი იქნებოდა (არა მგონია, საჭირო იყოს დასაბუთება, თუ რატომ).
შედარებით ნაკლებად ცუდი კომპრომისი, ჩემი აზრით, შეიძლება მთელი პარლამენტის რეგიონული პარტიული სიების პრინციპით არჩევა იყოს. რაღაც ზომით, პროპორციული სისტემის ზემოხსენებული ნაკლოვანებები ნარჩუნდება, მაგრამ თბილისის პარტიული ოლიგარქია იძულებული იქნება, ქვეყნის რეგიონებსაც გაუწიოს ანგარიში და, სულ მცირე, მთელი ქვეყნის მასშტაბით განავითაროს თავისი პარტიების ორგანიზაციები. ვინც ამას ვერ შეძლებს, თამაშიდან გავა - რაც აგრეთვე კარგია. მკვეთრად შემცირდება იმის ალბათობა, რომ რომელიმე რაიონი წარმომადგენლის გარეშე დარჩება, რაც მმართველ პარტიას დღეს მოაქვს არგუმენტად (თუ ერთ ან ორ პატარა რაიონს რომელიმე არჩევნებზე ეს მართლაც მოუვა, ამით ქვეყანა არ დაიქცევა). ოპოზიციასაც არ უნდა ჰქონდეს რეალური არგუმენტი ასეთი სისტემის წინააღმდეგ: გაცილებით ძნელი დასაცავია მათი დღევანდელი წინადადება, რაც ორნაირი პარტიული სიების კომბინირებას გულისხმობს.
![]() |
5 სიახლეები ქართულ სარეკლამო ბაზარზე |
▲ზევით დაბრუნება |
პოლიტიკა
სალომე უგულავა
სატელევიზიო რეკლამისთვის განკუთვნილი დრო იზრდება, ხოლო, საზოგადოებრივი მაუწყებელი ბაზრის დატოვებას აპირებს. პირველს მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებების კანონპროექტი ითვალისწინებს, რომლის განხილვაც უკვე დაწყებულია. საზოგადოებრივ მაუწყებელზე კომერციული რეკლამის აკრძალვა კი (ჯერჯერობით, გარდა სპორტული და სხვა მასობრივი ღონისძიებების მიმდინარეობისას) თავად მაუწყებლის ინიციატივაა და ამ საკითხზე პარლამენტთან მუშაობენ.
როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, ლევან გახელაძე განმარტავს, კომერციულ რეკლამაზე უარის თქმით, მაუწყებელს აღარ ექნება კომერციულ პროექტებზე მუშაობის მოტივაცია და საზოგადოებრივ საჭიროებებზე მეტად კონცენტრირდება. მისივე თქმით, რეკლამა, გარანტირებული საბიუჯეტო დაფინანსების პირობებში, მაუწყებლისთვის ისედაც მცირე შემოსავლის წყარო იყო.
მსგავსი ცვლილების ინიცირება გასაკვირია მსოფლიო ტენდენციის ფონზე, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლებისთვის საბიუჯეტო დაფინანსების შემცირებას გულისხმობს. ეს შემცირებები კი, ცხადია, სარეკლამო შემოსავლებით კომპენსირდება.
რაც შეეხება სარეკლამო დროის ზრდას, რუსთავი 2-ისა და იმედის მხრიდან კანონით დაწესებული სარეკლამო ლიმიტების დარღვევა მუდმივად საუბრის საგანი იყო. კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში საჩივარიც შეიტანეს და გასული წლის ბოლოს, ამ მაუწყებლებს კომისიამ გაფრთხილება მისცა. ამჟამად ანალოგიურ დარღვევებზე მეორე საჩივარიცაა წარდგენილი და უკვე საქმის წარმოებაც დაწყებულია. გადაწყვეტილებას მიმდინარე თვეში მიიღებენ.
სარეკლამო დროის ზრდის მოწინააღმდეგეები თვლიან, რომ ეს ცვლილებები კანონს მაუწყებლებს არგებს და მომხმარებელთა უფლებებს უხეშად არღვევს.
როგორც კომისიაში აცხადებენ, 2008 წლის ომის შემდგომ და მსოფლიო ფინანსური კრიზისის შედეგად, სარეკლამო ბაზარიც დაზარალდა. თავის მხრივ კი, სარეკლამო ბაზარზე შემოსავლების კლება, მედიის ეკონომიკურ დამოუკიდებლობასა და ძლიერებასთანაა პირდაპირ კავშირში. ეს ცვლილებები, ტელევიზიებს მეტი ფინანსების მიზიდვის საშუალებას მისცემს - თან ისე, რომ მაყურებლებისა და მედიის ინტერესებს შორის ბალანსი დაიცვან. ისინი აღნიშნავენ, რომ ცვლილებები ევროდირექტივების შესაბამისია.
საკითხავია, საერთოდ რატომ უნდა რეგულირდებოდეს რეკლამის ხანგრძლივობა კერძო მაუწყებლებში. რეგულირებას მომხმარებელთა ინტერესების დაცვის არგუმენტით ამართლებენ - რადგან სამაუწყებლო სიხშირეები შეზღუდული სიკეთეა, სარეკლამო დროის ლიმიტირებით მაყურებლებს იცავენ. თუმცა, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან ერთად, რაც 2015 წლისთვის ივარაუდება, ეს არგუმენტი აზრს დაკარგავს. რეკლამის არყურებისა და არხიდან არხზე გადართვის უფლება კი, აქამდეც არავისთვის შეუზღუდავთ.
ამ ეტაპზე ერთი რამაა ცხადი: საკანონმდებლო ცვლილებები კერძო ტელევიზიებს შემოსავლების ზრდისა და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების საშუალებას მისცემს.
ტელევიზიას მედიის სარეკლამო ბაზრის უდიდესი წილი უჭირავს. ამას კვლევითი ორგანიზაცია IPM-ის 2010 წლის ბოლო სამი თვის მონიტორინგის მონაცემებიც ადასტურებს. სარეკლამო დანახარჯები ტელევიზიას, რადიოსა და პრესას შორის შემდეგნაირად გადანაწილდა - 93%25 ტელევიზიებს ერგოთ, 6%25 რადიოსა და მხოლოდ 1%25 პრესას.
სწორედ ამიტომ, სატელევიზიო რეკლამა მედიით დაინტერესებულთა ყურადღების ცენტრში ექცევა. ბოლო დროს, მკვლევართა ნაწილი ელექტრონულ მედიაში სარეკლამო ბაზრის მონოპოლიაზე საუბრობს. მონოპოლისტად შპს ჯენერალ მედიას ასახელებენ, რომელიც რამდენიმე თვის წინ გამოჩნდა ბაზარზე. ეს კომპანია რუსთავი 2-ის, იმედის, პირველი არხის, მზის, რეალტივის, საქართველოსა და პირველი სტერეოს სარეკლამო დროს ყიდის.
სარეკლამო დროის გაყიდვის სხვაზე მინდობა ანუ აუთსორსინგი ახალი პრაქტიკა არ არის. ზოგადად, აუთსორსინგი ამა თუ იმ ორგანიზაციის მხრიდან, გარკვეული საქმიანობების გარე პროფესიონალებისთვის მიბარებას გულისხმობს. ჩვეულებრივ, ეს სამუშაოები, ორგანიზაციის ძირითადი დანიშნულება არ არის. დამკვეთი ორგანიზაცია ამით საკუთარ პროფილზე კონცენტრირდება - შიდა რესურსებსაც ზოგავს და ხშირად სასურველ შედეგს ნაკლები დანახარჯებით იღებს.
საქართველოში ჯენერალ მედიას ბაზარზე შემოსვლამდე ორი კომპანია არსებობდა, რომლებიც მაუწყებლების დროს ყიდდა - მედია ჰაუსი და თაჩ მედია. მედია ჰაუსი რუსთავი 2-ს, პირველ არხს და კიდევ რამდენიმე მაუწყებელს ემსახურებოდა. თაჩ მედია კი - იმედს. ორივე კომპანია დაიხურა. ჯენერალ მედიასთან თანამშრომლობა, სხვებთან ერთად, იმედმაც დაიწყო.
როგორც რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი, გოგი გეგეშიძე ამბობს, მათთვის ბევრად უფრო მარტივია სარეკლამო დროის გაყიდვის სხვა კომპანიაზე მიბარება, რადგან ერთდროულად „200 კლიენტთან“ არ უწევთ ურთიერთობა. რაც შეეხება იმას, რომ ჯენერალ მედიასთან რუსთავი და იმედი ერთობლივად თანამშრომლობენ, გეგეშიძის თქმით, გადაწყვეტილება ორივე არხის წარმომადგენლებმა ფინანსური მოტივებით მიიღეს. მანამდე კონკურენტისთვის რეკლამის წართმევის მიზნით ფასების დაგდება უხდებოდათ, რაც ორივე ტელევიზიას აზარალებდა. ახლა კი, ფასების რეგულირება რეიტინგების მიხედვით ხდება. „ჯენერალ მედია ყიდის დროს. დანარჩენი უკვე არხებზეა დამოკიდებული - რა ხარისხის პროდუქცია ექნება, რომ მიიზიდოს კლიენტი“, - აცხადებს გეგეშიძე.
ამგვარი გარიგებით ეს ტელევიზიები კლიენტებს საკუთარ პირობებს კარნახობენ. სხვა შემთხვევაში, კლიენტებს განსხვავებულ ფასებსა და პირობებს შესთავაზებდნენ. ამით, საბოლოო ჯამში, რეკლამის დამკვეთი იხეირებდა, რადგან რეკლამის განთავსებას უფრო იაფად შეძლებდა.
ჯენერალ მედიაში ამბობენ, რომ რეკლამის ღირებულება, კონკრეტული სარეკლამო ბლოკის რეიტინგზე პირდაპირაა დამოკიდებული. მაგალითად, რუსთავი 2-სა და იმედის შემთხვევაში, სხვადასხვა ბლოკში რეკლამის ფასი სამასიდან სამ ათას დოლარამდე მერყეობს. თუმცა, ისინი კლიენტებს ფასდაკლების პაკეტებსაც სთავაზობენ.
მედიამკვლევარი ნინო დანელია ჯენერალ მედიას მონოპოლისტად მიიჩნევს. მისი თქმით, ბაზარი მონოპოლიზებულია, რადგან ტელევიზიების სარეკლამო დროს ერთი კომპანია ყიდის. „ფაქტობრივად, ამით ის სარეკლამო პოლიტიკას განსაზღვრავს. ის სთავაზობს კლიენტს, რომელ მედიაში რამდენი და რა ტიპის რეკლამა განათავსოს“, - აცხადებს ნინო დანელია.
საკონსულტაციო ცენტრ ჯეპრას დირექტორი, სოსო გალუმაშვილი ამ მოსაზრებას არ იზიარებს. „მონოპოლია ნიშნავს იმას, რომ შეიქმნა სტრუქტურა, რომელიც აკონტროლებს კონკრეტულ სფეროს და ბაზარზე სხვას არ უშვებს“, - განმარტავს ის. მისივე თქმით, ორივე ძირითადი ნაციონალური მაუწყებელი, რომლებიც ჯენერალ მედიას მომსახურებით სარგებლობენ - იმედი და რუსთავი 2 - ბაზრის დაახლოებით 90%25-ს ინაწილებენ. თუმცა, ამას საკუთარი მარკეტინგული აქტივობებით მიაღწიეს.
აღსანიშნავია, რომ სატელევიზიო რეკლამის ბაზრის განვითარებაში დიდი როლი აქვს ტელეაუდიტორიის გაზომვას, რაც სპეციალური მოწყობილობების ე.წ. ფიფლ მეტრების საშუალებით ხორციელდება. ფიფლ მეტრები საქართველოს რამდენიმე ასეულ ოჯახშია დამონტაჟებული. მისით მიღებული მონაცემები დამკვეთს წარმოდგენას აძლევს, თუ რას უყურებს აუდიტორია. საქართველოში ამ საქმიანობას AGB Nielsen-ის ლიცენზირებული წარმომადგენლობა - TV MR საქართველო ეწევა, რომელიც 2005 წლიდან ზომავს აუდიტორიას. ანალოგიურ საქმიანობას ეწევა BCG-იც, რომელსაც კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ გადასცა დროებით აპარატურის გამოყენების უფლება - იმ პირობით, რომ კომისიას, ორ წელიწადში ერთხელ, კვლევას უსასყიდლოდ გაუკეთებენ.
ფიფლ მეტრების გავლენა სატელევიზიო სარეკლამო ბაზრის განვითარებაზე, მოკლე ხანში გამოჩნდა. თუ 2005 წელს სატელევიზიო რეკლამის ბაზარი დაახლოებით 9 მილიონი იყო, უკვე 2007 წელს 20 მილიონ დოლარს მიაღწია, რაც 200%25-ზე მეტით ზრდაა. ამაში დიდი როლი აქვს ეკონომიკურ განვითარებასაც - ამ პერიოდში მშპ 59%25-ით გაიზარდა.
ბეჭდვითი მედიის შემთხვევაში, მსგავსი კვლევები არ არსებობს. შესაბამისად, რეკლამის დამკვეთს ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს ტირაჟსა და მკითხველებზე. ასეთი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, გაზეთის ან ჟურნალის რეკლამაში, სავარაუდოდ, უფრო მეტი ფული ჩაიდებოდა.
რაც შეეხება კიდევ ერთ ალტერნატივას - ონლაინ მედიას - სამწუხაროდ, ხელმისაწვდომი მონაცემების არარსებობის გამო, რთულია იმის თქმა, საქართველოში მასზე სარეკლამო ხარჯების რა წილი მოდის. არადა, განვითარებულ ქვეყნებში, ტრადიციულ მედიას, ის სულ უფრო მეტ კონკურენციას უწევს. მაგალითად, Emarketer-ის მონაცემებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში 2010 წელს სარეკლამო ხარჯვის 16,9%25 ონლაინ მედიაზე მოდიოდა. ამ მაჩვენებლით ის მეორე ადგილზეა ტელევიზიის (38,6%25) შემდეგ.
საქართველოშიც, ინტერნეტზე მისაწვდომობის ზრდამ, სარეკლამო ბაზარზე დიდი როლი შეიძლება ითამაშოს. გაეროს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სააგენტოს (ITU) 2010 წლის მონაცემებით, საქართველოში 1,3 მილიონი ინტერნეტმომხმარებელია - ქვეყნის მოსახლეობის 28,3 პროცენტი. ეს მაშინ, როდესაც 2000 წელს ინტერნეტს ქვეყანაში 20 000 მომხმარებელი ჰყავდა, 2006 წელს კი - 332,000. ეს მონაცემები ცხადყოფს, რომ ონლაინ მედიას აქვს პოტენციალი, ტრადიციულ მედიას - პირველ რიგში, სწორედ ტელევიზიას - სერიოზული კონკურენცია გაუწიოს.
![]() |
6 საქართველოს მოსახლეობის პრიორიტეტები |
▲ზევით დაბრუნება |
პოლიტიკა
ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის შედეგები
სალომე უგულავა
საქართველოს მოსახლეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები სამუშაო ადგილები, ფასების ზრდა და ტერიტორიული მთლიანობაა. პირველ 2 საკითხთან დაკავშირებით, მათ პოლიტიკოსებისგან მეტის მოსმენა სურთ. მათი აზრით, უახლოეს თვეებში ყველაზე მნიშვნელოვანი, განათლების, საგადასახადო და საარჩევნო რეფორმების გატარება იქნებოდა. 60%25 თვლის, რომ ხელისუფლება მათთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს ახორციელებს. 44%25-ის აზრით, საქართველოში დემოკრატია არ არის.
ამ და მსგავს საკითხებზე კვლევის შედეგები ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) 6 აპრილს წარმოადგინა. კვლევა მიმდინარე წლის მარტის პირველ ნახევარში საქართველოს მასშტაბით ჩატარდა. თუ უმუშევრობა, გასული წლის ბოლოდან, სტაბილურად ინარჩუნებს აქტუალურობას, თვალშისაცემადაა მომატებული ინფლაციის საკითხის მნიშვნელობა. მაგალითად, გასული წლის აპრილში ეს პრობლემა 16%25-სთვის იყო არსებითი, ახლა კი მაჩვენებელი 39%25-ია. ტერიტორიული მთლიანობის საკითხი კი 47%25-დან (2010 წლის აპრილი) 38%25-მდე ჩამოვიდა. აღსანიშნავია რუსეთთან ურთიერთობის საკითხის მნიშვნელობის კლებაც. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ის 23-დან 10%25-მდე დავიდა.
საინტერესო ვითარებაა სამუშაო ადგილების თვალსაზრისით. გამოკითხულთა 73%25 მიიჩნევს, რომ დაუსაქმებელია. კვლევის მიხედვით, 27%25 დასაქმებულია, 31%25 უმუშევარია და სამსახურს ეძებს (მათ შორის მუშაობის მოსურნე პენსიონერები). 5%25 უმუშევარია, სურს სამსახური, მაგრამ არ ეძებს მას (მათ შორის პენსიონერები). 36%25 კი პასიური შრომითი რესურსია - ადამიანები, რომლებიც არ არიან დაინტერესებული სამსახურით - დიასახლისების, პენსიონერებისა და სტუდენტების ჩათვლით.
სხვებთან შედარებით ნაკლებად მნიშვნელოვანი საკითხები, გამოკითხულთათვის ამჯერად კორუფცია, სიტყვის თავისუფლება, ევროკავშირში გაწევრიანება და მედიის დამოუკიდებლობა გამოდგა. ამავდროულად, 46%25 თვლის, რომ კორუფციის თვალსაზრისით ვითარება 2008 წლის შემდგომ გაუმჯობესებულია, 8%25-ის აზრით კი - გაუარესებული. საკითხისადმი ნაკლები მნიშვნელობის მინიჭება, სწორედ ამით შეიძლება აიხსნას.
მეორე მხრივ, საინტერესოა, რომ მედიის დამოუკიდებლობა, მხოლოდ ერთი პროცენტისთვისაა ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, სიტყვის თავისუფლება კი სამისთვის. ეს მაშინ, როდესაც სიტყვისა და მედიის თავისუფლება, გამოკითხულთა 48%25-სთვის დემოკრატიას ნიშნავს. შეკითხვაზე, რას ნიშნავს თქვენთვის დემოკრატია - სიტყვისა და მედიის თავისუფლების შემდეგ ყველაზე პოპულარული პასუხებია „თავისუფლება“ და „კანონის წინაშე თანასწორობა/ სამართლიანობა“.
39%25 თვლის, რომ ქვეყანა დემოკრატიულია. საპირისპირო მოსაზრება 44%25-ს აქვს. ამ თვალსაზრისით ვითარება შეცვლილია. 2010 წლის ივლისში საქართველოს, 33%25 დემოკრატიულ, 46%25 კი არადემოკრატიულ ქვეყნად მიიჩნევდა.
რაც შეეხება იმას, თუ როგორი მიმართულებით ვითარდება ქვეყანა - საერთო ჯამში, 35%25 თვლის, რომ საქართველო „ნამდვილად“ ან „ძირითადად“ სწორი მიმართულებით მიდის. 37%25-სთვის არაფერი იცვლება, 19%25-სთვის ეს გზა არასწორია. დანარჩენს კითხვაზე პასუხი არ აქვს.
აღსანიშნავია, რომ 2010 წლის ივლისში 42%25 თვლიდა, რომ ქვეყანა ძირითადად სწორი მიმართულებით მიდიოდა, რისი მაჩვენებელიც ახლა 18%25-მდეა ჩამოსული. 17%25 კი (შედარებით 2010 წლის 9%25-იან მაჩვენებელთან) მიიჩნევს, რომ მიმართულება „ნამდვილად“ სწორია. სამაგიეროდ, 2010 წლის ივლისთან შედარებით, 15-დან 37%25-მდეა გაზრდილი იმ ადამიანების პროცენტული მაჩვენებელი, ვინც თვლის, რომ საქმე სტაგნაციასთან გვაქვს.
კვლევა საზოგადოებრივ აზრს სხვა მიმდინარე საკითხებზეც გვაცნობს - მაგალითად - ელექტროენერგიის და სასურსათო ვაუჩერებზე. მათი დარიგება უმრავლესობისთვის მოსაწონი ნაბიჯია. ინგლისურენოვანი პედაგოგების პროგრამას 37%25 პროცენტი არ უჭერს მხარს (მხარდამჭერი 43%25-ია), მათი უმრავლესობა მიზეზად პროგრამაზე გაწეულ დანახარჯებს ასახელებს.
კვლევაში მოსაზრებები საგარეო პოლიტიკურ საკითხებზეცაა მოცემული. მოიმატა NATO-ში გაწევრიანების სრულმა მხარდაჭერამ (56%25). ბოლო გამოკითხვებთან შედარებით ეს საუკეთესო მაჩვენებელია, მათ შორის 2008 წელთან, როდესაც სრული მხარდაჭერა 51%25 იყო. მთლიანობაში, გაწევრიანებას 71%25 უჭერს მხარს. თუმცა, უმეტესობას არ აქვს პასუხი, თუ როდის შეიძლება ელოდოს ამას. უმრავლესობა მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის თხოვნას დასავლეთისადმი - გაზარდოს ქვეყნის სამხედრო თავდაცვისუნარიანობა.
რაც შეეხება ხელისუფლების ამჟამინდელ პოლიტიკას რუსეთისადმი - მისაღებად 38%25 აფასებს. 49%25 კი მიუღებლად მიიჩნევს. ამავდროულად, გამოკითხულთა 71%25 თვლის, რომ კრემლის ამჟამინდელი პოლიტიკა საქართველოს სუვერენიტეტს საფრთხეს უქმნის.
პრეზიდენტ სააკაშვილის მოწოდებას, რუსეთთან არსობრივი დიალოგის გამართვაზე, 74%25 უჭერს მხარს. 56%25 რუსულენოვანი პირველი კავკასიურის მაუწყებლობის დაწყებას იწონებს.
კიდევ ერთი საკითხი მედიას შეეხება. კითხვაზე, თუ საიდან იღებენ ინფორმაციას პოლიტიკისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ - 89%25-სთვის პირველი არჩევანი ტელევიზიაა, მას 4%25-ით ინტერნეტი მოსდევს, შემდეგ მეზობლები, მეგობრები, ოჯახის წევრები და მხოლოდ ამის შემდეგ - პრესა და რადიო.
![]() |
7 გადავადებული მართლმსაჯულება |
▲ზევით დაბრუნება |
პოლიტიკა
დიმიტრი ავალიანი
მართლმსაჯულების საერთაშორისო
სასამართლოს მოსამართლეები. ჰააგა
მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სარჩელის არსებით განხილვაზე უარი განაცხადა. ჰააგაში გაეროს სასამართლოს წევრებმა, ეს ვერდიქტი, ათი ხმით ექვსის წინააღმდეგ, 1 აპრილს გამოიტანეს.
საერთაშორისო სასამართლოში სარჩელი, საქართველომ 2008 წლის 12 აგვისტოს შეიტანა. თბილისი მოსკოვს რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კონვენციის დარღვევაში ადანაშაულებს. ქართულმა მხარემ ჰააგის სასამართლოს ის მტკიცებულებები წარუდგინა, რომლებიც 90-იანი წლების კონფლიქტებისა და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ქართული მოსახლეობის ეთნიკური ნიშნით წმენდისა და დისკრიმინაციის ფაქტებს ადასტურებს.
საქართველოს მთავრობა საერთაშორისო სასამართლოში, რუსეთის ქმედებების გასაჩივრების გზებზე წლების განმავლობაში მუშაობდა. მთავარი სირთულე ის იყო, რომ მრავალი საერთაშორისო შეთანხმების ფარგლებში, რუსეთი საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას არ ცნობს. თუმცა, რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ კონვენცია გამონაკლისია. დოკუმენტის მიხედვით, „რასობრივი დისკრიმინაცია“ ეთნიკურ დისკრიმინაციასაც მოიცავს. შედეგად, საქართველოს მთავრობამ, ამ კონვენციის საფუძველზე, ეთნიკური წმენდისთვის რუსეთის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება გადაწყვიტა. თბილისმა ICJ-ს სარჩელით 2008 წლის აგვისტოში მიმართა. მაშინ, საქართველოს ტერიტორიაზე, რუსეთის სამხედრო ძალები და სეპარატისტული ფორმირებები ქართულ მოსახლეობას ეთნიკური ნიშნით მასობრივად დევნიდნენ.
მოსკოვი სასამართლოსგან სარჩელის განუხილველად დატოვებას მოითხოვდა. მოტივი ის იყო, რომ ქვეყანას დავა სინამდვილეში არა მოსკოვთან, არამედ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ჰქონდა. სასამართლო განსხვავებულ დასკვნამდე მივიდა და გადაწყვიტა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად, საქართველოს შეეძლო ეთნიკურ წმენდასთან დაკავშირებით პრეტენზიები, უშუალოდ რუსეთისათვის წაეყენებინა.
სამაგიეროდ, სასამართლო რუსული მხარის მეორე არგუმენტს დაეთანხმა, რომ საქართველოს სათანადოდ არ უცდია, კონვენციის დარღვევის საკითხები რუსეთთან განეხილა. სასამართლოს წევრები, რომლებმაც ამ ვერდიქტს მხარი დაუჭირეს, კონვენციის 22-ე მუხლს დაეყრდნენ. ამ მუხლის თანახმად, სახელმწიფოებს შორის დავას საერთაშორისო სასამართლო მხოლოდ მაშინ განიხილავს, თუ მხარეებმა მისი გადაჭრა მოლაპარაკებების ან კონვენციით გათვალისწინებული პროცედურების გზით ვერ შეძლეს.
ქართული მხარე აღიარებდა, რომ რუსეთთან დავის განსახილველად კონვენციით განსაზღვრული პროცედურები არ გამოუყენებია. კერძოდ, მას არ მიუმართავს გაეროს რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტისათვის, რომელიც უფლებამოსილია სახელმწიფოთაშორისი დავები განიხილოს. აღნიშნული კომიტეტის წინაშე დავა შეიძლება წლები გაგრძელდეს და ბოლოს, ჩვეულებრივ, ქვეყნების მიმართ რეკომენდაციების მიღებით სრულდება.
თუმცა, საქართველოს მიერ კონვენციით გათვალისწინებული პროცედურების გავლის საკითხი სასამართლოს არც განუხილავს. მთავარი მიზეზი, რის გამოც ICJ-მ სარჩელის არსებით განხილვაზე უარი თქვა, ის იყო, რომ საქართველოს რუსეთთან მოლაპარაკებების შესაძლებლობა ბოლომდე არ ამოუწურავს. ამ გადაწყვეტილებას მხარი ათმა მოსამართლემ დაუჭირა. ისინი რუსეთს, სლოვაკეთს, სიერა-ლეონეს, იორდანიას, ახალ ზელანდიას, მექსიკას, მაროკოს, სომალის, დიდ ბრიტანეთსა და ჩინეთს წარმოადგენენ.
ICJ-ს პრეზიდენტმა, იაპონელმა ხისასო ოვადამ, სასამართლოს წევრებმა გერმანიიდან, საფრანგეთიდან, აშშ-დან და არგენტინიდან, ასევე ამ პროცესისათვის საგანგებოდ დანიშნულმა (ad hoc) იტალიელმა მოსამართლემ გადაწყვეტილებას ხმა არ მისცეს.
ICJ-ს პრეზიდენტი ოვადა სასამართლოს მოსაზრებას, რომ რუსეთის მიერ საქართველოს პრეტენზიების უპასუხოდ დატოვება მოლაპარაკების დამატებითი რესურსის არსებობაზე მეტყველებს - სამართლიანად არ მიიჩნევს. ოვადა ასევე არ დაეთანხმა დასკვნას, რომ 2008 წლის აგვისტომდე საქართველოსა და რუსეთს შორის რასობრივი დისკრიმინაციის ნიადაგზე დავას საფუძველი არ ჰქონია.
რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კონვენციის დარღვევაზე, ICJ-ს არსებითად არასდროს უმსჯელია. თუ სასამართლო საქართველოს სარჩელს განსახილველად მიიღებდა, ეს იქნებოდა ამ კონვენციის განმარტებისა და გამოყენების პირველი პრეცედენტი, ხოლო რუსეთის ფედერაცია საერთაშორისო სასამართლოს წინაშე პირველად გახდებოდა მოპასუხე.
როგორც ტაბულასთან საუბრისას საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე თინა ბურჯალიანმა განაცხადა, ჰააგის სასამართლოს შეუძლია საქართველო-რუსეთის დავის განხილვას იმ შემთხვევაში დაუბრუნდეს, თუ თბილისი პროცედურულ წინაპირობას დააკმაყოფილებს: „საქართველო შეეცდება მოილაპარაკოს რუსეთთან, თუმცა შედეგების მოლოდინი მინიმალისტურია“. თუ მოლაპარაკებამ შედეგი ვერ გამოიღო, ქართული მხარე საერთაშორისო სასამართლოს კიდევ ერთხელ მიმართავს. მინისტრის მოადგილის თქმით, ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილების ურყოფითი შედეგი ისაა, რომ რუსეთს საშუალება მიეცა, საქმის არსებითი განხილვა და გადაწყვეტილების გამოტანა დაახლოებით ერთი წლით გადაავადოს.
ქართულ მხარეს იმედი აქვს, რომ საერთაშორისო სასამართლო საბოლოოდ საქმეს განსახილველად მიიღებს, რუსეთს კონვენციის დარღვევაში ამხელს და მოსკოვისგან დევნილთა დაბრუნებასა და საქართველოსთვის ზარალის კომპენსირებას მოითხოვს.
![]() |
8 პრევენციის ეროვნული მექანიზმი ომბუდსმენის ანგარიშში |
▲ზევით დაბრუნება |
საზოგადოება
თეონა კოკიჩაიშვილი
სახალხო დამცველმა საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლების დაცვის მდგომარეობის შესახებ 2010 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. 519-გვერდიანი დოკუმენტის პირველივე თავში ომბუდსმენი სასჯელაღსრულების დაწესებულებებსა და დროებითი მოთავსების იზოლატორებში არსებულ ვითარებას აღწერს. მონაცემები სახალხო დამცველის პრევენციისა და მონიტორინგის სპეციალურმა ჯგუფმა, საპატიმროებში ვიზიტებისას შეკრიბა.
ანგარიშში სასჯელაღსრულების დაწესებულებებში თავისუფლებააღკვეთილ და თავისუფლებაშეზღუდულ პირთა მიმართ არასათანადო მოპყრობის და დაკავებისას პოლიციისგან ძალის გადამეტების ფაქტებია განხილული. მოტანილია კონკრეტული პიროვნებების საქმეები, რომლებმაც სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებს არასათანადო მოპყრობის შემთხვევებზე უამბეს. დაზარალებულთა ნაწილმა საკუთარი ვინაობის გამჟღავნებაზე თანხმობა განაცხადა. მათი საქმეები სახალხო დამცველმა მთავარ პროკურატურას გადასცა.
სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ფიზიკური ანგარიშსწორების ერთ-ერთ მაგალითად, N16 სასჯელაღსრულების დაწესებულების ახალ კორპუსში მსჯავრდებულების გადასვლის პროცესია მოყვანილი. პატიმართა თქმით, ისინი დაწესებულებაში ფიზიკური ძალის გამოყენებით გადაიყვანეს. ფიზიკურ ძალადობაზე მიუთითებენ დაბა ქსნის N15 დაწესებულების ახლად აშენებული ნაწილის პატიმრებიც. როგორც ანგარიშიდან ჩანს, თანამშრომლები მსჯავრდებულებს უხეშად ექცეოდნენ. სხვა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გადმოყვანილ პატიმრებს მუხლებზე აყენებდნენ. ნებისმიერი დისციპლინური გადაცდომის შემთხვევაში კი, კარცერში მოთავსებასთან ერთად, მათ ფიზიკურად და სიტყვიერად შეურაცხყოფდნენ. სახალხო დამცველის ანგარიშში მოყვანილია პიროვნებების სახელები და გვარები, რომლებიც მსჯავრდებულებმა ყველაზე სასტიკად მიიჩნიეს. კოლექტიურ განცხადებას ხელი 161-მა პატიმარმა მოაწერა.
ტაბულასთან საუბარში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის თანაშემწე, ტატო ქელბაქიანი ამბობს, რომ ანგარიშში მხოლოდ ვარაუდებია გამოთქმული, რასაც სამართლებრივი დადასტურება სჭირდება - „სანამ გამოძიების შედეგები არ გახდება ცნობილი, ვინმეს ბრალეულობაზე საუბარი ზედმეტია“.
ამჟამინდელ გამოძიებას ომბუდსმენი არასათანადოდ და არაეფექტიანად მიიჩნევს. მიზეზად გამოძიების ფორმალურ ხასიათს, დაგვიანებულ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზას, ექსპერტიზის უგულებელყოფას და მხოლოდ დაინტერესებული პირების ჩვენებების გამოყენებას ასახელებს. ომბუდსმენის აზრით, ეს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა შორის დაუსჯელობის სინდრომს აყალიბებს.
ანგარიშში დეტალურადაა განხილული ცუდი საყოფაცხოვრებო პირობები. ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებების ინფრასტრუქტურა გაუმჯობესდა. თუმცა კვლავ ფუნქციონირებს დაწესებულებები, რომლებშიც, მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების გამო, დაკავებულთა მოთავსება შეიძლება არასათანადო ან ღირსებისშემლახველ მოპყრობას გაუტოლდეს. ასეთად იგი თბილისის N1, ბათუმის N3, ზუგდიდის N4 და ხონის N9, აგრეთვე გორის, სამტრედიის, ხაშურისა და ცაგერის დროებითი მოთავსების იზოლატორებს მიიჩნევს. ანგარიშის მიხედვით, პრობლემები პირადი ჰიგიენის დაცვის თვალსაზრისით დანარჩენ დაწესებულებებშიც არის. მაგალითად, ზოგან საპონი და ტუალეტის ქაღალდი არასაკმარისია.
ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებულ პრობლემებს ტატო ქელბაქიანი მძიმე მემკვიდრეობას უკავშირებს - „2006 წლის შემდეგ ექსპლუატაციაში შევიდა ცხრა დაწესებულება. უახლოეს მომავალში დასავლეთ საქართველოში კიდევ ერთი დაწესებულების აშენებაა დაგეგმილი, რაც საშუალებას მოგვცემს დავხუროთ ბათუმის, ზუგდიდისა და ხონის ძველი დაწესებულებები“.
სახალხო დამცველი ვრცლად მიმოიხილავს სამედიცინო მომსახურების ხარვეზებსაც. ანგარიშის მიხედვით, პატიმრებისათვის სამედიცინო მომსახურება კვლავ მიუწვდომელია. შეზღუდულია მედიკამენტების სია, რაც განკურნების შანსს ამცირებს. დღემდე სიკვდილის მიზეზებს შორის პირველი ტუბერკულოზია. პრობლემად რჩება მკურნალობისა და პრევენციის საკითხი. ამ მხრივ წინგადადგმული ნაბიჯია დაავადებულ მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში ახალი, 1000-ადგილიანი კორპუსის მშენებლობა, რომელიც 2012 წელს დასრულდება. ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტთა კონცენტრირება ერთ შენობაში, დაავადების გავრცელების რისკს შეამცირებს, დაავადებული პაციენტების მკურნალობის შანსს კი გაზრდის.
კიდევ ერთ პრობლემად ომბუდსმენი სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა რაოდენობისა და გარდაცვლილების მაჩვენებლის გაზრდას მიიჩნევს. ცხრამეტივე დაწესებულების ლიმიტი 24720-ია. საქართველოს პენიტენციურ სისტემაში 2010 წლის 31 დეკემბრისთვის 23864 პატიმარი იყო. სახალხო დამცველის ინფორმაციით, 2010 წლის განმავლობაში, ციხეებში პატიმართა სიკვდილიანობა 2009 წელთან შედარებით, 36 პროცენტით გაიზარდა. ოფიციალური ინფორმაციით, 2010 წელს 142 პატიმარი გარდაიცვალა. რაც, ომბუდსმენის შეფასებით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
სახალხო დამცველი თითოეულ საკითხთან დაკავშირებით რეკომენდაციებით მიმართავს შესაბამის უწყებებს და საქართველოს პარლამენტს. საპარლამენტო კომიტეტებში ანგარიშის შესწავლა დაიწყო. დოკუმენტს ჯერ სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად საკომიტეტო მოსმენებზე, ერთი თვის შემდეგ კი პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.
![]() |
9 უცნობი აუტიზმი |
▲ზევით დაბრუნება |
საზოგადოება
ლევან სუთიძე
ქრისტეს ქანდაკება. რიო-დე-ჟანეირო.
2 აპრილი
ფოტო: REUTERS ©
2 აპრილს, გაეროს რეზოლუციის საფუძველზე, აუტიზმის მსოფლიო დღე მეხუთედ აღინიშნა. პლანეტის ცნობილი შენობები და მონუმენტები, საგანგებოდ ამ დაავადებისთვის შერჩეულ - ლურჯ ფერად გაანათეს. აქცია საზოგადოებაში აუტიზმის შესახებ ინფორმირებულობის ამაღლებას ემსახურებოდა.
სტატისტიკით დადასტურებულია, რომ მსოფლიოს მასშტაბით, ბავშვების დაახლოებით 1%25-ს აუტისტური სპექტრის აშლილობები აქვს, რაც მას ჯანმრთელობის გლობალურ პრობლემად აქცევს. საქართველოში ბავშვთა, ნევროლოგთა და ნეიროქირურგთა ასოციაციის მიერ ჩატარებული გამოკვლევებით დადგინდა, რომ ყოველი 110 ბავშვიდან ერთი აუტიზმითაა დაავადებული.
აუტიზმი ნეიროგანვითარებითი დარღვევების ჯგუფს განეკუთვნება. ძირითად ნიშნებს სოციალური ურთიერთობების დეფიციტი, სამეტყველო და არასამეტყველო კომუნიკაციების დარღვევა, განმეორებადი-სტერეოტიპული მოძრაობა და ქცევის პრობლემები წარმოადგენს.
აუტიზმის მქონე ადამიანებს სახის გამომეტყველების, ხმის ტონის, ხუმრობისა და სარკაზმის გაგება-გამოყენება უჭირთ. ისინი ხშირად ვერ აცნობიერებენ და ამიტომ არცთუ იშვიათად არღვევენ საზოგადოებაში მიღებულ ნორმებს. მათ მარტო ყოფნა ურჩევნიათ, რადგან სხვა ადამიანებთან ურთიერთობით სიამოვნებას ვერ იღებენ. აუტისტებისთვის გაუგებარია სხვისი ქცევა, ვერ აფასებენ საფრთხეს, არ ესმით სხეულის ენა და ჟესტები. ისინი რთულად ეგუებიან გარემოს ცვლილებებს, ახასიათებთ რუტინის სიყვარული, რაც ხშირად განმეორებად ქცევას გულისხმობს. აქვთ მომეტებული მგრძნობელობა და განსაკუთრებით ვიწრო ინტერესები. აუტიზმით დაავადებულმა ზოგიერთმა ადამიანმა შეიძლება საერთოდ არ ილაპარაკოს ან სიტყვაძუნწობით გამოირჩეოდეს. ჩვეულებრივ, მათ ესმით, რასაც სხვები ეუბნებიან, მაგრამ თავად სხვა საკომუნიკაციო საშუალებებს ანიჭებენ უპირატესობას, მაგალითად, როგორებიცაა - ნიშნების ენა და ხილული სიმბოლოები. ფართო საზოგადოება ამგვარ ტიპაჟს ბარი ლევინსონის ფილმიდან, „წვიმის კაცი“, შეიძლება იცნობდეს, სადაც დასტინ ჰოფმანის გმირი აუტიზმითაა დაავადებული.
მიუხედავად იმისა, რომ აუტიზმი მეცნიერებისთვის გასული საუკუნის ორმოციანი წლებიდან არის ცნობილი, ჯერ მისი გამომწვევი მიზეზების შესახებ დადასტურებული ინფორმაცია არ არსებობს. აუტიზმისგან სრულად განკურნება შეუძლებელია, თუმცა დროული აღმოჩენის, დიაგნოსტირებისა და ინტენსიური ქცევითი ტექნოლოგიების გამოყენებით, შესაძლებელია დაავადებულთა სოციალიზაციის ხარისხის მნიშვნელოვნად გაზრდა.
ქცევის გამოყენებითი ანალიზი (ABA), დღესდღეობით, აუტიზმის მქონე ბავშვების მკურნალობის, დასავლეთში ყველაზე გავრცელებულ და ვალიდურ მეთოდად ითვლება. ABA-ს სპეციალისტის მიერ, თითოეული ბავშვისთვის ინდივიდუალური, სპეციალური პროგრამა დგება. ამის მიხედვით დამხმარე სპეციალისტი ყოველდღიურად მუშაობს. ეს როლი, რიგ შემთხვევებში, შეიძლება ბავშვის მშობელმაც შეასრულოს. აუტიზმის მართვა ინტერდისციპლინარულია, ეს სხვადასხვა სპეციალისტის კოორდინირებულ მუშაობას გულისხმობს. რაც უფრო ადრე მოხდება დიაგნოზის დასმა და სწორი თერაპიის დაწყება, მით უფრო დიდი შანსია მოხდეს აუტიზმის მქონე ადამიანის ქცევის გაუმჯობესება, მისი ყოფის შემსუბუქება და სოციალიზაცია. მიჩნეულია, რომ აუტიზმის დროული აღმოჩენის, დიაგნოსტიკისა და ადრეული ჩარევის შემთხვევაში ბავშვების 50-60%25 სკოლაში სიარულს და უმაღლესი განათლების მიღებასაც კი ახერხებს. შედეგები უკეთესია თუ ბავშვს ასპერგერის, ანუ მრავალფუნქციური აუტიზმის სინდრომი აქვს, რაც შედარებით იოლ ფორმად მიიჩნევა.
აუტიზმის ნიშნების ამოცნობა სიცოცხლის პირველივე თვეებიდანაა შესაძლებელი. ხოლო დიაგნოზის დადასტურება უკვე 18-24 თვისთვის ხდება. თუ ადრეულ ასაკში ბავშვი არ მეტყველებს, არ უბრუნებს დედას ღიმილს, არ უყურებს თვალებში და თითს არ იშვერს, მშობელმა ეჭვი უნდა მიიტანოს აუტიზმზე და აუცილებლად მიმართოს ექიმს. ამავე პერიოდიდან, დიაგნოზის საბოლოო დადასტურებამდე, აუცილებელია ადრეული ჩარევის პროგრამის დაწყება. თუ 2 წლის ასაკში დიაგნოზი არ დადასტურდა, ბავშვი მკურნალობას წყვეტს, ხოლო დადასტურების შემთხვევაში თერაპია გრძელდება.
ქალბატონი ნინოს უფროს შვილს აუტიზმის დიაგნოზი 2008 წელს დაუსვეს. აქამდე მან მძიმე გზა განვლო. ექიმები ეუბნებოდნენ, რომ გიორგი გონებრივად ჩამორჩენილი იყო, თუმცა თავად ექიმ დედას ამაში ეჭვი ეპარებოდა. რომ არა კონკრეტული დაავადების დადგენა, შესაძლებელია გიორგისთვის მკურნალობა არასწორი მეთოდით გაეგრძელებინათ. ასეთივე სიტუაციაში აღმოჩნდა ქალბატონ ბაია დავითაიას ვაჟიც, რომელსაც 5 წლამდე ვერ დაუსვეს აუტიზმის დიაგნოზი. „თავდაპირველად ბავშვმა ლაპარაკი დაიწყო, ხოლო შემდეგ შეწყვიტა. ჩვენმა ფსიქიატრებმა ვერ შეძლეს სათანადო დიაგნოზის დასმა, რამაც მსხვერპლად გვაქცია და ბავშვის ჯანმრთელობას შეუფასებელი ზიანი მოუტანა“. პატარა ლუკას დიაგნოზი საბოლოოდ საზღვარგარეთ დაისვა, თუმცა ადრეული ჩარევისთვის მისი ასაკი დაგვიანებული აღმოჩნდა. დღეს ის ამერიკაში გადის თერაპიას და წარმატებებიც აქვს, თუმცა არა ისეთი, როგორიც 3 წლამდე ასაკიდან მკურნალობის შემთხვევაში ექნებოდა.
სამწუხაროდ, რეაბილიტაციის მსგავს საშუალებებს საქართველოში ბავშვები მოკლებულნი არიან. ჩვენთან არ არსებობს არც ერთი ABA-ს სერტიფიცირებული სპეციალისტი, რომელიც პროგრამებს შეადგენდა და ქცევის ტექნოლოგიებით დაავადების მართვას შეძლებდა. გარდა ამისა, კარგი მედიკოსები ბაზარზე ძალიან ცოტაა. 2007 წლამდე, საქართველოში აუტიზმის დიაგნოზის დადასტურებაც კი, პრობლემა იყო. არ არსებობდა სკრინინგისა და დიაგნოსტიკისთვის საჭირო ვალიდური ტესტები. მათი თარგმნა ნაციონალურმა სამეცნიერო ფონდმა დააფინანსა, ხოლო სადიაგნოსტიკო ტესტების გამოყენების შესასწავლად, კემბრიჯში ორი სპეციალისტის გასაგზავნად საჭირო თანხა ფონდმა ღია საზოგადოება - საქართველომ გამოყო. კვლევის ერთ-ერთი ხელმძღვანელი და ნევროლოგი ვანო ბოკერია, რომელიც აუტიზმის საზოგადოების დამფუძნებელიცაა, განმარტავს, რომ „ეს იყო უმნიშვნელოვანესი, თუმცა არასაკმარისი ნაბიჯი, რომელმაც საშუალება მოგვცა აუტიზმის მქონე ბავშვებს დავხმარებოდით“.
საქართველოში დღესდღეობით არსებობს რამდენიმე ცენტრი, სადაც აუტიზმს მკურნალობენ, მაგრამ ვანო ბოკერიას თქმით, თავი არ უნდა მოვიტყუოთ - „შედეგები აქვთ, თავდაუზოგავადაც მუშაობენ, მაგრამ საჭიროა სპეციალისტთა პროფესიონალიზმის გაზრდა, მომსახურების ხარისხის მკვეთრი გაუმჯობესება“.
დღეს, ახალდანერგილი, ვალიდური სადიაგნოსტიკო ტესტების საშუალებით ქვეყანაში დიაგნოზი 100 ბავშვს აქვს დასმული. აქედან მხოლოდ 30-მდე ბავშვი მკურნალობს სხვადასხვა სამკურნალო და სარეაბილიტაციო დაწესებულებებში. 5-წლამდე ასაკის 2500 ბავშვის ბედი კი, რომლებიც სტატისტიკის მიხედვით საქართველოში აუტიზმის მქონედ ითვლებიან, გაურკვეველი და მეტად პრობლემურია.
აუტისტი ბავშვების აბსოლუტური უმრავლესობა რომ გამოვლენილი არ არის, მშობლებისა და მედიკოსების არაინფორმირებულობაზე მეტყველებს. ხშირად ფიქრობენ, რომ ბავშვი უბრალოდ თავისებურია და გამოჯანმრთელდება, რაც ადეკვატური ღონისძიებების დაწყებას აფერხებს. სამწუხაროდ, პოლიკლინიკებში აუტიზმზე სპეციფიკური სკრინინგული შემოწმება არ ხდება. მართალია ბავშვთა ნევროლოგთა და ნეიროქირურგთა ასოციაციამ ბათუმში, ქუთაისში, გორსა და თბილისის ყველა პოლიკლინიკაში გარკვეული საბაზისო ცოდნის გადაცემა მოახერხა, მაგრამ ეს დიაგნოსტირებისთვის საკმარისი არ არის.
![]() |
10 „მხოლოდ შენ ერთს“ საავტორო და საპატენტო უფლებები |
▲ზევით დაბრუნება |
საზოგადოება
ნინო მაჭარაშვილი
ცოტა ხნის წინ, უკვე გაქირავებაში ჩაშვებული ფილმის, „ჭამა და სექსის“ შემქმნელებს, საუნდტრეკების ხელახლა ჩაწერა და ფილმის მუსიკალური გაფორმების შეცვლა მოუწიათ. ფილმს ნამდვილად უხდებოდა დები იშხნელების მუსიკალური ნაწარმოებები. თუმცა, სამწუხაროდ, თავდაპირველი ვერსიის ნახვა მხოლოდ მან შეძლო, ვინც კინოთეატრში ვიზიტი, პრემიერიდან ხუთი დღის მანძილზე მოასწრო. იშხნელების შთამომავლებმა ფილმის შემქმნელები საავტორო უფლებების დარღვევაში დაადანაშაულეს და კინოში გამოყენებული თითოეული სიმღერისთვის, ჰონორარის სახით 2 ათასი ლარი მოითხოვეს. ასეთი სიმღერა კი სულ 7-ია. საქმე სასამართლომდე არ მისულა. სოლიდური თანხის გადახდას, ფორმულა კრეატივის ჯგუფმა იშხნელებზე უარის თქმა ამჯობინა.
საავტორო უფლებებს საქართველოში „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ კანონი“ არეგულირებს. კანონმდებლობის მიხედვით, საავტორო უფლება მეცნიერების, ლიტერატურისა თუ ხელოვნების იმ ნაწარმოებებზე ვრცელდება, „რომლებიც ინტელექტუალური შემოქმედებითი საქმიანობის შედეგს წარმოადგენს“. ამ უფლების არსებობისთვის ნაწარმოების რეგისტრაცია ან სხვა სახის ფორმალობების დაცვა აუცილებელი არ არის. ის თავისთავად არსებობს იმ მომენტიდან, როდესაც იდეა რაიმე ხელშესახებ, მატერიალურ ფორმას მიიღებს. საავტორო უფლებების ქონა მთელ რიგ პრივილეგიებს გულისხმობს: ავტორს ან საავტორო უფლებების მფლობელს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება ენიჭება. ეს გულისხმობს, რომ შეუძლია, ნება დართოს ან აკრძალოს მის საკუთრებაში მყოფი ნაწარმოების რეპროდუცირება, გავრცელება-გაყიდვა, საჯაროდ ჩვენება თუ შესრულება, თარგმნა და ა.შ. გარდა ამისა, თუ არ ჩავთვლით გამონაკლისებს, უფლება აქვს, მოითხოვოს და მიიღოს საავტორო ჰონორარი.
საავტორო უფლებები, ავტორის მთელი სიცოცხლის მანძილზე მოქმედებს და მისი სიკვდილიდან 70 წლის განმავლობაშიც ძალაში რჩება. ეს წესი ევროკავშირსა და აშშ-შიც მოქმედებს, სადაც საავტორო უფლებების დაცვის დოკუმენტს ირონიულად „მიკი მაუსის დაცვის აქტსაც“ უწოდებენ. ასეა თუ ისე, იშხნელების შთამომავლები მხოლოდ იმას ითხოვდნენ, რაც მათ კანონით ეკუთვნით. თამარ იშხნელი, რომელიც ფილმის მთავარი თემის, „არ დაიჯერებ“, ავტორი გახლავთ, 1994 წელს გარდაიცვალა. ამრიგად, მის შვილთაშვილებს წინაპრების შემოქმედების კონტროლი, კიდევ რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში შეუძლიათ.
საავტორო და საპატენტო უფლებები შეგვიძლია, ერთი სახელწოდების ქვეშ გავაერთიანოთ - ინტელექტუალური საკუთრება. დებატები ამ თემის გარშემო ახალი არ არის. საკითხმა განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო მას შემდეგ, რაც 1980-იან წლებში, ბაზარზე არსებულმა დიდმა კონკურენციამ კომპიუტერების მწარმოებელ კომპანიებს გადააწყვეტინა, პროგრამულ უზრუნველყოფაზე მკაცრი კონტროლი დაეწესებინათ. მაშინ, როდესაც 80-იან წლებამდე, პროგრამისტები ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე იყენებდნენ და ავრცელებდნენ კომპიუტერულ კოდებს.
მთავარი კითხვა ასეთია: არის თუ არა ინტელექტუალური საკუთრება კერძო საკუთრების ჩვეულებრივი სახე?
ამ ორს შორის ფუნდამენტური განსხვავება არსებობს: ინტელექტუალური საკუთრება შეზღუდული რესურსი არ არის, რადგან მისი სხვების მიერ მოხმარებითა თუ გავრცელებით ზიანი არავის ადგება: უკვე გამოქვეყნებული ინფორმაციის კოპირებისას თუ განვრცობისას, თავდაპირველი ინფორმაცია არ იკარგება. ინტელექტუალური პროდუქტის ავტორი, შემდგომაც ზუსტად იმავე სახით ფლობს ინფორმაციას, როგორც თავიდან. რაც არ უნდა დაემართოს მის სახეცვლილ ვარიანტებს, ორიგინალის შინაარსსა თუ ხარისხზე ეს არ მოქმედებს.
ინტელექტუალური პროდუქტის, როგორც საკუთრების ჩვეულებრივი ტიპის, უარყოფა არ გულისხმობს, რომ ავტორებმა საკუთარი საქმიანობიდან მოგება არ უნდა მიიღონ ან ამ პროდუქტთან მათი სახელი არ უნდა ასოცირდებოდეს. თუმცა, მკაცრი საავტორო კანონები, რომელთა აღსრულება ხელისუფლების დიდი დოზით ჩარევას გულისხმობს, მნიშვნელოვანი პრობლემების წინაშე გვაყენებს. პიროვნების მიერ მონოპოლიის ფლობა ისეთ სიკეთეზე, რომელიც არაგამომრიცხველია (მისი სხვების მიერ მოხმარებით მას არაფერი აკლდება), ინფორმაციის გავრცელებისა და ხელმისაწვდომობის შეფერხებას იწვევს.
ხელოვანთა მსგავსად, უფლებებითა და პრივილეგიებით სარგებლობს გამოგონების ავტორიც. ამ შემთხვევაში ავტორს გამოგონებაზე, ოღონდ არა იდეაზე, გარკვეული ვადით მონოპოლიას საპატენტო კანონი ანიჭებს. როდესაც საქმე ეხება გამოგონებას, მასზე პატენტის ფლობა მეცნიერებისა და ტექნოლოგიის პროგრესს აფერხებს. მაგალითად, სამედიცინო პროდუქტის შემთხვევაში, ეს საშუალებას ართმევს სხვას, უკვე არსებული ფორმულა გააუმჯობესოს ისე, რომ თავიდან არ მოუხდეს გამოგონება. გაუმჯობესება კი ყველასათვის უკეთესი იქნებოდა.
მარტივად რომ ვთქვათ, ინტელექტუალურ შემოქმედებაზე ისეთივე უფლებების ქონა, როგორც კერძო საკუთრებაზე, ზღუდავს სხვების მიერ ხელშესახები რესურსების გამოყენებასა და თავისუფალ გამოხატვას. ინტელექტუალური საკუთრების მცველი კანონები შეზღუდულ რესურსად აქცევენ იმას, რისი სარგებლიანობაც რეალურად ამოუწურავია. ცხადია, რომ საავტორო უფლებების დაცვის მიღებული ბალანსი ციფრულ ხანაში ოპტიმალური აღარ არის. ციფრული ეპოქის რეალობა ინტელექტუალური საკუთრების სისტემის ადაპტირებას მოითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ინტერნეტის შეუზღუდავი რესურსი ინტელექტუალური საკუთრების დამცველებს აბსურდული ამოცანის წინაშე აყენებს - მათ კიბერსივრცის კოლონიზაცია უნდა შეძლონ.
აბსურდულობის შეგრძნებას აძლიერებს გახშირებული კომიკური შემთხვევებიც: მაგალითად, აშშ-ში, საავტორო უფლებების დარღვევის შიშით, რიგი საცხობები უარს ამბობენ, სადღესასწაულო ტორტებზე დისნეის გმირები გამოსახონ. დისნეის საკუთრების უფლების „შემლახავი“ ბავშვები კი გაწბილებულები რჩებიან. რთული სათქმელია, ვისი უფლება ილახება ნამცხვარზე ნემოს გამოსახვით, ან რატომ არ აქვს ბავშვს უფლება, ტორტზე სტაფილოსფერი თევზი ეხატოს.
ისიც საკითხავია, რატომ რჩება ძალაში საავტორო უფლება მაინცდამაინც 70 და არა, ვთქვათ, 50 წელი (სიკვდილის შემდგომ), როგორც ეს აშშ-ში 1998 წლამდე იყო. თუკი ნაწარმოები ავტორის შთამომავლების ჩვეულებრივი, კერძო საკუთრებაა, გაუგებარია რატომ იცავს კანონი მას შემქმნელის სიკვდილიდან მხოლოდ 70 წლის მანძილზე. ხოლო თუ ხელოვნების ნიმუში ერისათვის ასეთი ძვირფასია, რატომ არ უნდა ჰქონდეს მის ყველა წევრს ამ ნაყოფით დატკბობისა თუ იმპროვიზების თავისუფლება, თუნდაც ავტორის გარდაცვალების შემდგომ.
![]() |
11 საგარეო ვალი 900 მილიონით იზრდება |
▲ზევით დაბრუნება |
ეკონომიკა
ელენე კვანჭილაშვილი
წინა კვირას, პარლამენტის გადაწყვეტილებამ ცხადყო, რომ წელს საქართველოს მთავრობა ახალ 900-მილიონიან ვალს აიღებს. ფინანსთა სამინისტროს ცნობით, ევრობონდების გამოშვებით მოზიდული სახსრები ძველი დავალიანების დაფარვას მოხმარდება.
ახალი ვალის მოცულობა უტოლდება მარტში მედიაში დაანონსებული საპენსიო რეფორმის საწყის ღირებულებას. ზედიზედ რამდენიმე მასშტაბური ვალდებულების აღება განსაკუთრებით სარისკოდ გამოიყურება დღევანდელი ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე. ოფიციალური შეფასებებით, წლიურმა ინფლაციამ 14%25-ს მიაღწია. ეკონომიკური ზრდა კი უახლოესი 20 წლის განმავლობაში საშუალოდ 4%25 იქნება.
პარლამენტმა, სახელმწიფო ვალის შესახებ კანონში შესატანი ცვლილება, პირველი მოსმენით დაამტკიცა. მისი მიხედვით, 2011 წელს სახელმწიფო ვალის სრული მოცულობის გაზრდა დასაშვები იქნება. ცვლილება კანონის გარდამავალ დებულებებში შევა და საქართველოს მთავრობას ევრობონდებით ვაჭრობაში მონაწილეობის საშუალებას მისცემს. ევროობლიგაციებით ვაჭრობის შედეგად, სახელმწიფო 900 მილიონი ლარის ოდენობის სესხის მოზიდვას გეგმავს.
საქართველოს სახელმწიფო ვალი (საშინაო და საგარეო სახელმწიფო ვალის ჯამი) მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) დაახლოებით 47%25-ია, აქედან საგარეო ვალი - მშპ-ს 38%25. ქვეყანას საშინაო ვალიც აქვს - 912 მილიონ ლარამდე. ამ თანხის მეოთხედზე მეტი, სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოშვებით მიღებული სახსრებია.
2005 წლიდან ეროვნულ ბანკს მთავრობისთვის ფულის სესხება ეკრძალება. თუმცა კომერციულ ბანკებზე ის რეფინანსირების სესხებს გასცემს და შემდეგ კომერციული ბანკები სახაზინო ვალდებულებებს შეისყიდიან. საბიუჯეტო დეფიციტის ამგვარი დაფინანსება ინფლაციის რისკს განსაკუთრებით ზრდის. მთავრობაზე ფულის გასესხების ახალი სქემა, პრაქტიკულად, ფულის ბეჭდვის მეთოდია. ეროვნული ბანკი ხაზინაში ახალ ფულს აგროვებს, რომელიც კერძო სექტორიდან არ გამოთავისუფლებულა. გამოდის, რომ ბაზრის ყველა მოთამაშეს იმდენივე ფული აქვს, რამდენიც ადრე ჰქონდა. მხოლოდ ხაზინას აქვს მეტი. რადგან ამ ახალ ფულზე რეალურად მოთხოვნა არ არსებობს, მისი მსყიდველუნარიანობა იკლებს. წელს გაზრდილი ინფლაციის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ ეს გახდა.
ინფლაცია სახელმწიფო ვალზეც აისახება. ფულის მასისა და ინფლაციის ზრდის გამო იმატებს საშინაო ვალი. ინფლაციას იგივე ეფექტი აქვს საგარეო ვალზეც: რადგან ის ძირითადად დოლარშია დენომინირებული, ქვეყანას ვალის გასტუმრებაც ამ ვალუტაში უწევს. როცა ლარის კურსი ეცემა, დოლარის ყიდვა სახელმწიფოს უფრო ძვირი უჯდება. შესაბამისად, ქვეყანას, ვალის გასასტუმრებლად, ბიუჯეტიდან მეტი თანხის გადახდა უწევს.
2009 წელს, საგარეო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურებისა და დაფარვისთვის 228.8 მილიონი ლარია გადახდილი. აქედან თითქმის ნახევარი - 112.9 მილიონი ლარი პროცენტების დაფარვას მოხმარდა. 2010 წელს იმავე მიზნით ქვეყანამ 261.3 მილიონი ლარი გადაიხადა. აქედან 135.9 მილიონი ლარი პროცენტების მომსახურებაზე დაიხარჯა. 2011 წლის ბიუჯეტში საგარეო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურებისა და დაფარვისთვის 332.8 მილიონი ლარია გათვალისწინებული. აქედან 193.9 მილიონს პროცენტები „შეჭამს“.
სახელმწიფო ბიუჯეტს, ვალებში ყველაზე მეტის გადახდა, 2013 წელს მოუწევს. დოლარის დღევანდელი კურსით თუ ვიანგარიშებთ, ამ წელს საგარეო ვალდებულებების მომსახურებისა და დაფარვისთვის, ქვეყანას 1 მილიარდ ლარზე მეტი ექნება გადასახდელი. აქედან უდიდესი ნაწილი, 500 მილიონი აშშ დოლარი (დაახლოებით 800 მილიონი ლარი) სწორედ ევროობლიგაციების გამოშვების შედეგად მოზიდული დავალიანებაა. ევრობონდების საპროცენტო განაკვეთი 7.5%25-ია. 2009 წლიდან მოყოლებული, ქვეყანა მათში ყოველწლიურად 37.5 მილიონ დოლარს იხდის. თანაც, თუ 2009 წელს დოლარი თითქმის 1.4 ლარამდე დაეცა, დღეს ის საშუალოდ 1.75 ლარი ღირს.
ევროობლიგაციების გამოშვების გადაწყვეტილებას, წინ რუსთავი 2-ის პროგრამა P.S.-ის მიერ გაშუქებული ფინანსთა მინისტრის ახალი ინიციატივა უძღოდა. სოციალური რეფორმის სამუშაო ვერსიის თანახმად, საქართველოს მთავრობა 2013 წლიდან, პენსიების 100 დოლარამდე მომატებას გეგმავს. ეს სახელმწიფო ხარჯებს 900 მილიონი ლარით გაზრდის - ზუსტად იმდენით, რამდენის მოზიდვაც ევრობონდების გამოშვებით იგეგმება.
ეკონომიკის წელიწადში 4%25-ით ზრდის პირობებში, მთავრობის პოლიტიკური ვალდებულების - პენსიების გაზრდის დაფინანსება ბიუჯეტს გაუჭირდება. ამიტომ ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი გეგმის მიხედვით, დამატებითი რესურსის მოზიდვა, სპეციალურად შექმნილი ფონდის საპენსიო ანგარიშზე, 10%25-იანი სავალდებულო შენატანის დაწესებით მოხდება.
საგადასახადო ტვირთის მკვეთრი ზრდა მნიშვნელოვნად შეამცირებს ეკონომიკური ზრდის ტემპს. ეს მთავრობასაც კარგად ესმის. ამიტომ საპენსიო რეფორმის დაფინანსების ალტერნატიულ ვარიანტებზე ინტენსიურად მუშაობს. ერთ-ერთ გზად შესაძლოა, ვალის ზრდაც განიხილებოდეს.
თუმცა მთავრობა ამას კატეგორიულად უარყოფს. სახელმწიფო ვალის შესახებ კანონში ცვლილებების კანონპროექტის მიხედვით, საგარეო ფასიანი ქაღალდების ემისიით მიღებული დამატებითი შემოსულობები, ბიუჯეტში გაწერილი ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის დასაფინანსებლად არ იქნება გამოყენებული.
მეორე საკითხია რეალურად რამდენად შეიძლება ამის გაკონტროლება. ბიუჯეტის უნივერსალურობის პრინციპიდან გამომდინარე, მთელი თანხა, მათ შორის ვალიც, ხაზინაში გროვდება და შემდეგ კონკრეტულ ამოცანებზე ნაწილდება. შესაბამისად, რთული იქნება იმის გარკვევა, რომ პენსიების ზრდას სწორედ სესხებით მოზიდული თანხა არ მოხმარდა.
საპენსიო რეფორმის მედიით გავრცელებულ ვერსიაში, 2012-2013 წლებში საპენსიო პაკეტის ეტაპობრივი ზრდაა გაწერილი. საბოლოოდ, 2013 წლის ბოლოდან, დაპირებული 100-დოლარიანი პენსია მხოლოდ გაჭირვებულ მოსახლეობას შეხვდება. ამასთან, 2015 წლის 1 იანვრიდან, პენსია ყველა იმ ადამიანს, ვისაც იმ დროისთვის საპენსიო ასაკი მოუწევს, აღარ დაენიშნება - მას მხოლოდ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფები მიიღებენ. დანარჩენებზე თანხა სავალდებულო დანაზოგებიდან განაწილდება, რაც შესაძლოა, დაპირებულ 100 დოლარზე ბევრად ნაკლები იყოს.
ფინანსთა სამინისტროს კარგად ესმის, რომ ამ რეფორმის პოლიტიკური ფასი მაღალია - დოკუმენტში აღნიშნულია: „პენსიების გაუქმება მოსახლეობის უმეტესობის უკმაყოფილებას გამოიწვევს“. ამდენად, ხელისუფლების წინასაარჩევნო დაპირება, რომ ყველა პენსიონერი 100-დოლარიან პენსიას მიიღებს, ახალი სქემის მიხედვითაც, მთლიანად ვერ სრულდება.
„დაგროვების“ ამ მეთოდით, მთავრობა მოქალაქეს ართმევს არჩევანის საშუალებას, ფული მისთვის უფრო ხელსაყრელი ფორმით დააბანდოს - შვილის განათლებაში ჩადოს, უძრავი ქონება ან ოქრო შეიძინოს. მაღალი ინფლაციის პირობებში „დაგროვება“ თავისთავად მითია: ინფლაციის საშუალო მაჩვენებელი ბოლო 12 წლის მანძილზე წლიურ 7.3%25-ს შეადგენდა. დაბალ ეკონომიკურ ზრდასთან ერთად, „დაგროვებას“ აზრი არ აქვს.
დღეს ევრობონდის განაკვეთი 7.5%25-ია. მომავალი საპროცენტო განაკვეთის წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია. ფინანსთა მინისტრის მოადგილეს, პაპუნა დავითაშვილს თუ დავუჯერებთ, „ვაჭრობის დროს პროცენტის მაჩვენებელი ჩვენთვის არახელსაყრელ ნიშნულზე თუ გაჩერდება, წესები საქართველოს მთავრობას ბონდების გამოშვებაზე უარის თქმის უფლებას აძლევს“. ეს იმას ნიშნავს, რომ საპროცენტო განაკვეთი 7.5%25-ს არ ასცდება. ამასთან, მინისტრის მოადგილის ვარაუდით, ევრობონდების ვადა 7-დან 10 წლამდე განისაზღვრება. ამდენად, სახელმწიფოს ბევრად უფრო იაფი დაუჯდებოდა, პენსიები ევროპული საფონდო ბირჟიდან ნასესხები თანხით გაეზარდა.
სამინისტროს განმარტებით, „დაუშვებელია ფასიანი ქაღალდების გამოშვებით მიღებული სახსრების, კრედიტების ან სხვა დეფიციტური წყაროებიდან მიღებული სახსრების მიმართვა მიმდინარე ხარჯების - მათ შორის, პენსიების ან ხელფასების გასაზრდელად“. ფინანსთა სამინისტროს არგუმენტია: რადგან პენსიების ზრდა ერთჯერადი ხარჯი არაა, ამიტომ მისი დეფიციტური წყაროდან დაფინანსება მიმდინარე დეფიციტს კიდევ უფრო მეტად გაზრდის, რაც ბიუჯეტს მძიმე ტვირთად დააწვება.
არგუმენტი ერთი შეხედვით საღია, თუმცა დამაჯერებლობას და თანმიმდევრულობას კარგავს, თუ რამდენიმე გარემოებას გავითვალისწინებთ.
საქართველომ ევრობონდი პირველად 2008 წელს გამოუშვა, როცა პირდაპირი უცხოური ინვესტიცია 1.6 მილიარდი აშშ დოლარი, მთლიანი შიდა პროდუქტი 12.8 მილიარდი აშშ დოლარი იყო, მშპ-ს ზრდამ კი - 9.6%25 შეადგინა. 2006-2007 წლებში სახელმწიფოს სტრატეგია საგარეო ვალდებულებების შემცირება იყო. ფართომასშტაბურმა პრივატიზაციამ, ჩრდილოვანი ეკონომიკის შემცირებამ თუ დიდმა დაბანდებებმა, ბიუჯეტი იმ პერიოდში პროფიციტულიც კი გახადა. შესაბამისად, ქვეყანას რეალურად ჰქონდა შესაძლებლობა, ძველი ვალები დაეფარა და დამატებითი სესხი არ აეღო. საქართველომ, პირიქით, ევროობლიგაციების ბაზარზე განთავსებით, 2013 წელს გადასახდელი ვალი გააორმაგა
ილუსტრაცია: თათია ნადარეიშვილი
ფინანსთა სამინისტრო შეშფოთების საბაბს ვერ ხედავს. მინისტრმა, დეკემბერში, წლის შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა: „[ვალის] თანხა ახლავე ხელმისაწვდომი ჩანს, რადგან დღესაც კი ქვეყანას 1 მილიარდამდე ნაშთი გააჩნია. დამატებითი რესურსების მოზიდვის გარეშეც ამისთვის მზად ვართ“. გაუგებარია, მილიარდამდე ნაშთის არსებობის პირობებში, რატომ არ ხდება დეფიციტის მნიშვნელოვანი შემცირება: მოკლევადიანი შოკი გრძელვადიან ეკონომიკურ გაჯანსაღებას მოიტანდა.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მთავრობამ 2008 წელს ევრობონდების გამოშვებით მიღებული სახსრები, ძირითადად რუსეთის აგრესიის შედეგად ქვეყნისთვის მიყენებული ზიანის ლიკვიდაციას და გლობალური ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ქვეყნის ეკონომიკის სტიმულირებას მოახმარა. ამ ზოგადი განმარტების გარდა, ფინანსთა სამინისტრო ვერ აკონკრეტებს, დეტალურად რა მიზნებისთვის დაიხარჯა ეს ფული.
მსოფლიო გამოცდილებამ აჩვენა, რომ ეკონომიკური კრიზისის ფონზე ვალის აღებამ და ქვეყნის ეკონომიკაში დამატებითი თანხების „ჩასხმამ“ - არ გაამართლა. აშშ-ში ქვეყნის საგარეო ვალის მოცულობა კრიტიკის ერთ-ერთი მთავარი საგანია. ევროპის უმეტეს ქვეყნებს პრობლემები არა ეკონომიკურმა ვარდნამ, არამედ ვალის დიდმა მოცულობამ შეუქმნა. ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად ამ ქვეყნებმა ქამრების მოჭერის პოლიტიკა არჩიეს - ვალის აღების ნაცვლად, ხარჯები მკვეთრად შეკვეცეს.
ფინანსთა სამინისტროს სოციალური რეფორმის სამუშაო ვერსიის მიხედვით, პენსიებთან ერთად, სოციალური დახმარებების ზრდაც იგეგმება. სრულიად შესაძლებელია, გაზრდილი ვალდებულებების დასაფარავად, სახელმწიფოს გადასახადის მომატება კიდევ მოუწიოს. ეს კერძო ინვესტიციებს შეამცირებს და ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებლის მიღწევას გაართულებს. ზომიერი ინფლაციის პირობებშიც კი, „დაგროვება“ ვერ მოხერხდება. შესაბამისად, გაზრდილი ხარჯის დაფინანსება მთავრობას ისევ დეფიციტური წყაროებიდან მოუხდება. ამდენად, ევრობონდებით მოზიდული სახსრებით პენსიის ზრდის პოლიტიკური ვალდებულების დაფინანსება, მაინც უფრო მომგებიანი გამოვა.
პირველად, სახელმწიფო ვალის სრული მოცულობის გაზრდის გამონაკლისი, საქართველოს მთავრობამ 2008 წელს აგვისტოს ომის შემდეგ დაუშვა. უახლესი ცვლილებებით ამ გამონაკლისს 2011 წელიც დაემატება
![]() |
12 დიმიტრი შაშკინი: ჩვენ საზოგადოების ინტერესს ვიცავთ |
▲ზევით დაბრუნება |
ტაბულა|ფოკუსი
ესაუბრა თამარ ჩერგოლეიშვილი
ფოტო: ხათუნა ხუციშვილი
გასულ კვირას ამერიკის ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. როგორც ირკვევა, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ყველაზე დიდ მნიშვნელობას განათლების რეფორმას ანიჭებს და ძირითადად პოზიტიურად აფასებს. განათლების სისტემის გარდაქმნას ჰყავდა და დღესაც ჰყავს მოწინააღმდეგეები. მათი ზოგიერთი შეხედულება მოქმედი მინისტრის მოსვლასთან ერთად სახელმწიფო პოლიტიკის რანგში იქნა აყვანილი. ტაბულა დაინტერესდა დიმიტრი შაშკინის ხედვით და პოლიტიკური პრიორიტეტებით. გთავაზობთ მასთან ინტერვიუს.
განათლების სამინისტროსთან კომუნიკაციის პრობლემა გვაქვს. ინფორმაციის მოპოვება ან შეუძლებელია ან გაჭიანურებული პროცესის შედეგი. რატომ?
ვფიქრობ, განათლების სამინისტრო ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე სამინისტროა. ის, რომ ყოველდღიურ რეჟიმში მაქვს ურთიერთობა საზოგადოებასთან, ვფიქრობ, უდავოა. ამოქმედდა ცხელი ხაზი, ვიდეოზარი, რაც ნებისმიერ ადამიანს ინფორმაციის მიღების საშუალებას აძლევს. რა თქმა უნდა, არის ხარვეზები, რომელიც უნდა გამოსწორდეს. ამას გარდა, ერთია მინისტრის პასუხი, მეორე - პრესსამსახურის პასუხი. ეს უნდა გავმიჯნოთ. ბევრ ჟურნალისტს უნდა მინისტრის კომენტარი, ეს ყოველთვის ვერ ხერხდება, გასაგები მიზეზების გამო.
არ ვმალავ, არიან ადამიანები, რომლებთან ინტერვიუსაც არასოდეს დავთანხმდები, იმიტომ რომ ეს ხალხი შეურაცხყოფას მაყენებს მე, ჩემს ოჯახსა და შვილებს. ჩვენ არ გვაქვს ცილისწამების შესახებ კანონი, მე მათ ვერ ვუჩივლებ, მაგრამ მაქვს უფლება, რომ ამ ადამიანებს არ ველაპარაკო.
ცალკე საკითხია პრესსამსახურის მუშაობა. ახლა საქართველოში 600 ათასი მოსწავლე გვყავს, 100 ათასი სტუდენტი და 60 ათასი მასწავლებელი. ეს იმას ნიშნავს, რომ განათლების სისტემას შეხება აქვს თითქმის ყველა ოჯახთან. შეკითხვა ბევრია და პრესსამსახური ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ყველას გასცეს პასუხი.
არის საკითხები, რაზე პასუხიც, როგორც თქვენ ბრძანეთ, ჭიანურდება - ასეთ შემთხვევებში საქმე, როგორც წესი, ეხება ან მასწავლებლის ან მოსწავლის პირად ინფორმაციას, რასაც მათი თანხმობის გარეშე ვერ გავცემთ.
სკოლა დამოუკიდებელი იურიდიული პირია, სკოლის დირექტორი - არჩევითი თანამდებობის პირი, ნებისმიერი არჩევითი პირისთვის საზოგადოებასთან ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია. ამ დროს, სკოლის დირექტორებს, სამინისტროს ნებართვის გარეშე მედიასთან კონტაქტი ეკრძალებათ. რატომ?
აქ საუბარი იმაზეა, რომ ერთი წლის წინ, ჩვენ ყველა სკოლის დირექტორს ვთხოვეთ ჟურნალისტებთან ურთიერთობის შესახებ, პოსტფაქტუმ, საქმის კურსში ჩააყენონ პრესსამსახური. ეს ჩვენ იმისთვის გვჭირდება, რომ გავაანალიზოთ ინფორმაცია, რომელიც შესაძლოა, სხვა დირექტორსაც დასჭირდეს. სამწუხაროდ არის ფაქტები, როდესაც დირექტორებს არ სურთ ინტერვიუს მიცემა და ამ გზით იცავენ თავს - ამბობენ, რომ სამინისტროს უნდა შეუთანხმონ.
საჯაროდ ვამბობ - არ არსებობს არც ერთი დოკუმენტი, რომელიც დირექტორებს ჟურნალისტებთან საუბარს უკრძალავს სამინისტროს თანხმობის გარეშე. ჩართეთ ტელევიზორი და ნახავთ, თუ რამდენი დირექტორი საუბრობს კვირის განმავლობაში მედიასთან.
სახელმწიფოს როლი განათლების სფეროში იზრდება, მაშინ როდესაც მთავრობის დეკლარირებული კურსი ყველა სფეროში სახელმწიფოს როლის შემცირებაა, მაგალითისთვის სამედიცინო სფერო ავიღოთ. რატომ? რამდენად თანმიმდევრულია ხელისუფლების პოლიტიკა? როგორ გგონიათ, ხარისხს რეგულაციები ზრდის თუ კონკურენცია?
შედეგი მოდის კონკურენციით. სახელმწიფო, რაც შეიძლება ნაკლებად უნდა ჩაერიოს ადამიანების ცხოვრებაში. მაგრამ ერთია თავისუფლება და მეორეა ანარქია. მათ შორის დიდი ზღვარია და ზოგიერთი ამ ზღვარს ვერ ხედავს. ანარქიზმი ამბობს, რომ სახელმწიფო საერთოდ არ უნდა არსებობდეს და ადამიანებმა ჯუნგლის დონეზე აწარმოონ ურთიერთობა. ადამიანის თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც სხვისი თავისუფლება იწყება. სახელმწიფოს როლია რეგულაციებით დაიცვას თქვენი უფლება, ისე, რომ არ ჩაერიოს თქვენს ცხოვრებაში.
ვერ დაგეთანხმებით, რომ სახელმწიფოს როლი იზრდება. მოსწავლეების 10%25 კერძო სკოლებში სწავლობს. სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა, რომ ეს სექტორი განვითარებულიყო. ჩვენ ვაფინანსებთ კერძო სკოლებს. ეს სამწუხაროდ ბევრმა მოქალაქემ არც კი იცის. 21 მილიონი ლარი იხარჯება კერძო სკოლებზე.
გნებავთ დეცენტრალიზაციის პროცესი ავიღოთ. ეს კურსი არ შეცვლილა. უნდა გავარჩიოთ სტრატეგია და ტაქტიკა. ვარდების რევოლუციის შემდეგ არჩეული სტრატეგია არ შეცვლილა, თუმცა მისი იმპლემენტაციის დროს მუდმივად ვმსჯელობთ, რა ტაქტიკა ავირჩიოთ.
ჩვენს სკოლას მართავს სამეურვეო საბჭო, სკოლის დირექტორს ირჩევს სამეურვეო საბჭო. თუ შემეკითხებით, გეტყვით, რომ არ ვარ კმაყოფილი მოსახლეობის აქტიურობით სამეურვეო საბჭოებში. ბევრი რამაა გასაკეთებელი იმისთვის, რომ მშობლების ჩართულობა საგანმანათლებლო პროცესში გაიზარდოს. მაგრამ ამას წლები და ბევრი მუშაობა სჭირდება.
თქვით, რომ მოსწავლეების 10%25 კერძო სკოლებში სწავლობს. მართალია, მაგრამ ეს მაჩვენებელი ბოლო რამდენიმე წელია ადგილიდან არ იძვრის. რატომ?
კერძო სკოლა ჩვენი პრიორიტეტია. ვერც ერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანას ვერ დამისახელებთ, სადაც კერძო სკოლებში მოსწავლე ბავშვების რაოდენობა 10%25-ზე მეტია. ეს დიდი წარმატებაა და იმას ნიშნავს, რომ ხალხი მზადაა, ინვესტიცია განათლებაში ჩადოს. ამავდროულად ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ კერძო სკოლა არის ბიზნესი. ზოგიერთ შემთხვევაში მისი ბიუჯეტი 1 მილიონ დოლარზე მეტია და სწავლა 17-18 ათასი ლარი ღირს - უფრო ძვირი, ვიდრე კემბრიჯში. სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საგადასახადო წნეხი მათზე შემცირებულიყო. ამის მიუხედავად, დაფინანსებას კერძო სკოლაც იღებს. მათ სახელმწიფო 300-ლარიანი ვაუჩერით ეხმარება.
რევოლუციის შემდგომ წლებში, ძალიან ბევრი კერძო სკოლა გაიხსნა. ახლა ძლიერის გამოკვეთის პროცესი მიმდინარეობს. ეს ჩვეულებრივი ბიზნესკანონია.
კი მაგრამ, ვაუჩერული სისტემა ხომ სწორედ იმას გულისხმობს, რომ ამ დაფინანსებას სახელმწიფო არა სკოლას, არამედ მოსწავლეს აძლევს, გადასახადის გადამხდელთა ფულიდან. კერძო სკოლაში მოსწავლის ვაუჩერი უფრო მცირეა, ვიდრე საჯარო სკოლაში. რატომ ვუზღუდავთ მოსწავლეს არჩევანს, რომ თავისი ვაუჩერით კერძო სკოლაში ისწავლოს? რატომ არ უნდა აფინანსებდეს სახელმწიფო ერთნაირად ყველა მოსწავლეს, მიუხედავად იმისა, კერძო სკოლაში სწავლობს თუ საჯაროში?
იმიტომ, რომ კერძო სკოლა, გარდა საგანმანათლებლო ინსტიტუტისა, არის ბიზნესი, რომელიც მოგებაზეა ორიენტირებული და მშობელს ფულს ახდევინებს. არ იქნება სამართლიანი, კერძო სკოლას და საჯარო სკოლას ერთნაირი დაფინანსება ჰქონდეს, იმიტომ რომ გარდა ამ დაფინანსებისა, კერძო სკოლები მშობლისგანაც იღებენ ბევრ ფულს. ამასთან, ისინი არ იხდიან იმ გადასახადებს, რასაც ჩვეულებრივი ბიზნესი იხდის, ამიტომ არის სხვაობა - თუმცა, არცთუ დიდი, თუ არ ვცდები - 40-80 ლარამდე.
ვაუჩერების ახალი ფორმულით, მთავრობა დაფინანსებას უმცირებს იმ სკოლებს, ვისაც ბევრი მოსწავლე ჰყავს და უზრდის მათ, ვინც ამდენი მოსწავლის მოზიდვას ვერ ახერხებს, რათა სკოლა არ დაიხუროს. არ ვსაუბრობ სოფლის სკოლებზე, სადაც მათი დახურვა მოსახლეობის განათლების ხელმისაწვდომობის პრობლემას შექმნის. რატომ ვზღუდავთ ჯანსაღ კონკურენციას თბილისში, ბათუმში? რატომ ვსჯით წარმატებულს?
ეს რთული საკითხია და ახსნას დრო დასჭირდება. საქართველოში არის დაახლოებით 2200 სკოლა. ამ სკოლებიდან ძველი ვაუჩერული სისტემით 1600 სკოლა იყო დანაკლისიანი. ჩვენ იძულებულნი გავხდით ჩავრეულიყავით.
ვაუჩერული დაფინანსება ერთადერთ სწორ ფორმად მიმაჩნია, მაგრამ ამ მეთოდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ფორმულა. ფაქტია, რომ ძველმა ფორმულამ არ იმუშავა. ამის ნათელი მაგალითი დანაკლისიანი სკოლების რაოდენობაა. ახალ ფორმულაზე 10 თვე ვიმუშავეთ. ეს პროცესი ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ დააფინანსა.
შეუძლებელია, ერთი და იმავე ფორმულით დავაფინანსოთ 1000-კაციანი სკოლა და 10-კაციანი სკოლა. ჩვენ გვაქვს დაახლოებით 400 სკოლა, სადაც ბავშვთა რაოდენობა 100-ს არ აღემატება. მე არ ვეთანხმები იმ აზრს, რომ სკოლა, რომელიც ვერ იზიდავს ბავშვებს, უნდა დაიხუროს. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ სოფლელი ბავშვების განათლება. ბევრი ქვეყანა ამ პრობლემას სკოლა-პანსიონებით აგვარებს, მაგრამ გავრცელებული სტერეოტიპის გამო, მსგავსი სკოლები ინტერნატთან ასოცირდება და ჯერ ვერ დავნერგავთ. ამის თქმის საფუძველს კვლევა მაძლევს, რომელიც მაღალმთიან სოფლებში ჩავატარეთ. მოსახლეობა ამისთვის მზად არ არის. ვერ ვაიძულებთ.
სოფლის სკოლებზე არ ვსაუბრობ, მე ქალაქებზე გკითხეთ. რა უშლის ხელს, რომ ქალაქის ის სკოლები, რომლებიც მოსწავლეებს ვერ იზიდავს, დაიხუროს, ეს ხომ განათლების ხელმისაწვდომობის პრობლემას არ შექმნის?
თბილისშიც არის მცირეკონტინგენტიანი სკოლები. რთულ საკითხს შეეხეთ. თბილისში 40 რუსული სექტორია. პლუს 2 რუსული სკოლა. ამას ემატება სომხური და აზერბაიჯანული სექტორები. მათ ისევე უნდა შენახვა, როგორც სხვა სკოლებს. მცირეკონტინგენტიანია, მაგრამ ვერ დავხურავთ.
ხანდახან ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს მცირეკონტინგენტიან სკოლებს იმიტომ ვინახავთ, რომ მასწავლებელი უმუშევარი არ დარჩეს. რამდენად საფუძვლიანია ეს შთაბეჭდილება? ვის ემსახურება განათლების სისტემა - მოსწავლეს თუ მასწავლებელს?
ორივეს. მე თავიდანვე ვთქვი, რომ ჩემი პრიორიტეტი არის როგორც მოსწავლე, ისე მასწავლებელი. ამას გარდა, მასწავლებლის ინტერესი არ ეწინააღმდეგება მოსწავლის ინტერესს. ჩვენ გვყავს პედაგოგები, რომლებიც 90-იან წლებში 18 ლარზე მუშაობდნენ.
არიან ვაიპოლიტიკოსები, რომლებიც საუბრობენ, რომ მასწავლებლებს თუ დიდ ფულს არ მივცემთ, არ ასწავლიან. რასაკვირველია, ფული სერიოზული მოტივატორია, მაგრამ მასწავლებელი სკოლაში, უპირველესად, იმიტომ მუშაობს, რომ თავისი ცოდნა გადასცეს ბავშვს.
ახალი წესით, ატესტატის ასაღებად დამამთავრებელ კლასში 8 გამოცდა ბარდება და ამას მოჰყვება ეროვნული გამოცდები. გამოდის ისე, რომ 12 წლის განმავლობაში, როგორც წესი, გამოცდას მოსწავლე არ აბარებს და გამოსაშვებ წელს, მინიმუმ 12 გამოცდის ჩაბარება უხდება, ეროვნული გამოცდების ჩათვლით. ამას გარდა, ბოლო კლასებში ინტერესის მიხედვით დაყოფა არ ხდება და მოსწავლეს მისთვის უინტერესო საგნების სწავლაც უწევს. რატომ?
მსოფლიოში რამდენიმე მიდგომა არსებობს. ყველა ქვეყანა, თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე წყვეტს, რა ურჩევნია. მე და იმ ექსპერტებს, რომლებიც ამ საკითხზე ვმუშაობდით, მიგვაჩნია, რომ ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია მე-11 კლასამდე უნდა ისწავლებოდეს. ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, რომელიც ძალაში 2011 წლის 15 სექტემბერს შევა, ქიმიის, ფიზიკის და ბიოლოგიის სწავლა იწყება მე-7 კლასში, ახალი დისციპლინით, რომელსაც ჰქვია მეცნიერება. შემდეგ წელს საგნები იყოფა და ისწავლება მე-11 კლასამდე. მე-12 კლასში კი სურვილის მიხედვით ხდება ამის გამეორება. რაც შეეხება გამოცდებს, ჩემი აზრით, ეს აბსოლუტურად აუცილებელი რამ არის.
თქვენ თქვით, რომ საბუნებისმეტყველო მეცნიერებები პრიორიტეტულია და ამ ფაკულტეტებზე მოხვედრის მსურველები მეტ დაფინანსებას მიიღებენ. რის საფუძველზე ასკვნით, რომ ეს მეცნიერებები პრიორიტეტულია? თანასწორობის პრინციპი ხომ არ ირღვევა იმით, რომ ეკონომისტობის მსურველი აბიტურიენტი ნაკლებ დახმარებას იღებს სახელმწიფოსგან, ვიდრე, მაგალითად, ბიოლოგობის?
მოდით, ასე ვთქვათ, ნიჭიერი ბავშვი არასოდეს დაიჩაგრება. ახალი დაფინანსების სისტემა გულისხმობს, რომ თუ თქვენ მოიპოვეთ 100%25-იანი დაფინანსება, სადაც გსურთ იქ მიდიხართ. ეს ეხება მხოლოდ 70%25-იან, 50%25-იან და 30%25-იან დაფინანსებას. გასათვალისწინებელია, რომ უკუქცევითი ძალა ამ წესს არ აქვს. იმას ეხება, ვინც ახლა აბარებს. სახელმწიფოს სხვა ბერკეტი არ გააჩნია, გარდა ფინანსური წახალისებისა. კვლევაც ჩავატარეთ, თუ ძველი დაფინანსებით 16 აბიტურიენტი აბარებდა საინჟინროზე, ახლა - 300-ზე მეტია. საჭიროა დაინგრეს ის სტერეოტიპი, რომ მხოლოდ იურისტი ან ექიმია დასაფასებელი პროფესია. ფინანსური სტიმულირების გარეშე, ამ სტერეოტიპს ვერ დავანგრევთ.
ფიქრობთ, რომ სახელმწიფომ უნდა განსაზღვროს რამდენი ინჟინერი და იურისტია საჭირო და არა დასაქმების ბაზარმა? სად უნდა დასაქმდნენ ფიზიკოსები და ქიმიკოსები?
განათლება არის ორიენტიერებული ბაზარზე. გვყავს იმაზე ათჯერ მეტი ექიმი, ვიდრე ბაზარი მოითხოვს, მაგრამ არ გვყავს ინჟინრები, ბუღალტრები. ეს ხალხი ჰაერიდან ვერ მოვა.
მანდატურების საკითხი. ბოლო კვლევის მიხედვით, რომელიც ACT-მ ტაბულას დაკვეთით ჩაატარა, საჯარო სკოლაში მანდატურის ინსტიტუტს მაღალი საზოგადოებრივი მხარდაჭერა აქვს. მაგრამ, ახალი ინიციატივით, მანდატური კერძო სკოლებშიც შევა. რატომ მოინდომეს კერძო სკოლებმა უშუალოდ მინისტრის დაქვემდებარებაში მყოფი მანდატურები თავიანთ სასწავლებლებში, მით უმეტეს, რომ ხარჯები თავად უნდა დაფარონ?
იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მანდატურები გადიან შესაბამის მომზადებას, რომელიც ორიენტირებულია ზუსტად სკოლის უსაფრთხოებაზე. ამას ჩვეულებრივი დაცვის თანამშრომლები ვერ შეძლებენ. საზოგადოებამ დაინახა რა წარმატება მოიტანა მანდატურების სამსახურმა სკოლებში - 85%25-ით შემცირდა ძალადობის ფაქტები. რა თქმა უნდა, ცალკეული პრობლემები შეიძლება იყოს. რეაგირება მათი მხრიდან უფლებამოსილების გადაჭარბების ფაქტზე, ყოველთვის მკაცრია.
მნიშვნელოვანია, განვასხვაოთ სასწავლო პროცესი და სასკოლო პროცესი. სასწავლო პროცესში მანდატური არ ერევა. სასკოლო პროცესშიც მისი როლი შეზღუდულია. მანდატური არ სჯის, მანდატური არ ახალისებს. მანდატურმა თუ დაინახა შინაგანაწესის დარღვევა, ის საქმის კურსში აყენებს სკოლის დირექტორს - გადაწყვეტილებას ეს უკანასკნელი იღებს. მანდატურმა თუ დაინახა შინაგანაწესის დარღვევა, ის მიმართავს პატრულს.
იყო შემთხვევები, როდესაც მანდატურის ოქმის საფუძველზე გათავისუფლდნენ მასწავლებლები, მათი ადგილი სკოლაში არ იყო - 12 წლის გოგოს რომ გამოიყვან და კლასის წინ დააჩოქებ, შენი ადგილი სკოლაში არ არის. ასეთ შემთხვევაზე ყოველთვის იქნება დირექტორის რეაგირება.
პრეზიდენტმა, დაახლოებით ერთი წლის წინ, სკოლების ასაკობრივი ნიშნით დაყოფაზე ისაუბრა. მსგავსი პრაქტიკა ევროპასა და ამერიკაში დიდი ხნის წინ დამკვიდრდა. ამის შესახებ აღარაფერი გვსმენია. რა ბედი ეწია პრეზიდენტის ინიციატივას, დღის წესრიგიდან ხომ არ მოიხსნა?
ეს აბსოლუტურად სწორი მიდგომაა, მაგრამ დროს მოითხოვს. ახლა პილოტურ რეჟიმში მუშაობს რამდენიმე სკოლა, სადაც ეს ინიციატივა განხორციელდა. ჩვენ ვაკვირდებით. შედეგი ძალიან კარგია, მაგრამ მასობრივად ამის განხორციელება, როგორც ვთქვი, დროს მოითხოვს, რადგან მსგავსი ცვლილებისთვის სისტემა ინფრასტრუქტურულად უნდა მოემზადოს.
ორიოდე სიტყვით ახალ ინიციატივაზე სკოლების ბრენდირებასთან დაკავშირებით - რატომ გადაწყვიტეთ, რომ სამინისტროს აეღო თავისთავზე სკოლისთვის ვარსკვლავების მინიჭების ფუნქცია?
ყველამ იცის - არის დაახლოებით 10 სკოლა, სადაც ყველას უნდა რომ ისწავლოს, ასეთებია 51-ე, 55-ე, 53-ე, პირველი გიმნაზია და ა.შ. ეს სკოლები რეზინის არ არის, მშობლებიც ჩივიან იმაზე, რომ კლასში ბევრი ბავშვია. მაშინ როდესაც ამ სკოლების გვერდით არის ძალიან კარგი სკოლები, სადაც გაცილებით ნაკლები ბავშვი სწავლობს - არაფრით სხვაზე ნაკლები არ არის, მაგრამ საზოგადოებამ ამის შესახებ არაფერი იცის. მათ მოსკოვის პროსპექტიდან უნდათ მოსვლა და პირველ გიმნაზიაში სწავლა, მაშინ როდესაც იქვე ძალიან კარგი სკოლა აქვთ საცურაო აუზით.
სკოლის რეიტინგებს სხვა ქვეყნებშიც ადგენენ, მაგრამ ამას არა სახელმწიფო, არამედ კერძო ორგანიზაციები აკეთებენ, მაგალითად ჟურნალი ეკონომისტი…
სამწუხაროდ, ასეთი ინიციატივა ქვემოდან არ წამოვიდა. ბრენდირების ჩვენი მექანიზმი არ გამორიცხავს იმას, რომ ალტერნატიული სისტემები გაკეთდეს, ვთქვათ მედიის მიერ. თუ ვინმეს ამისი სურვილი გაუჩნდება, მე მხოლოდ მივესალმები.
ეთნიკური უმცირესობებისთვის ქართული ენის სწავლების კუთხით თუ არის წინსვლა?
ბევრი რამ გაკეთდა და კეთდება ამ მიმართულებით, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. საქართველოს პრეზიდენტის დავალებით, ჩვენ ვმუშაობთ ახალ კონცეფციაზე, თუ როგორ გავაძლიეროთ ქართული ენის სწავლება ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში. თქვენ იცით, რომ მუშაობს პროგრამები, რომლის ფარგლებშიც მასწავლებლები იღებენ 1000 ლარიან დანამატს, იმისთვის რომ ასწავლონ ქართული ენა, შენდება ენის სახლები.
პრეზიდენტის ინიციატივით სომხური და აზერბაიჯანული სკოლების მოსწავლეებს აქვთ უფლება, რომ მხოლოდ ერთი ეროვნული გამოცდა - უნარები - ჩააბარონ მშობლიურ ენაზე, და შემდეგ ისწავლონ ქართული ენა. დაახლოებით 10 დღე გვჭირდება კონცეფციის ჩამოსაყალიბებლად. გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია.
ახალი საკანონმდებლო ინიციატივით, სახელმწიფო უნივერსიტეტები კერძო სამართლის პირებად გადაკეთდებიან და მათ საქმიანობას მთავრობის მიერ დანიშნული რეგენტთა საბჭო გააკონტროლებს. რა არის რეგენტთა საბჭო - კვაზისამინისტრო? ამით საუნივერსიტეტო ავტონომია ხომ არ ილახება?
უნივერსიტეტების კერძო სამართლის იურიდიულ პირად ქცევის მთავარი მოტივი იყო ის, რომ ნაკლები ჩარევა მოხდეს სახელმწიფოს მხრიდან მათ განვითარებაში. უნივერსიტეტი ახლა არის ავტონომიური ორგანო, მაგრამ მინისტრს გარკვეული ბერკეტები აქვს. ჩვენ ამ ბერკეტების დელეგირებას ვახდენთ. მაგრამ ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ, კერძო უნივერსიტეტი კონკრეტული ადამიანების მიერ, კონკრეტული ინვესტიციის შედეგადაა შექმნილი.
უნივერსიტეტი, რომელიც ახლა იქცევა კერძო სამართლის იურიდიულ პირად, იღებს სახელმწიფო ქონებას. იმისთვის, რომ საზოგადოების ინტერესები დაცული იყოს და არ მოხდეს ამ ქონების გასხვისება უაზროდ, მაგალითად იმიტომ, რომ რომელიმე უნივერსიტეტის რექტორს როდესღაც დასჭირდება მანქანა, იქმნება დაზღვევის მექანიზმი - რეგენტთა საბჭო, რომელიც გააკონტროლებს, რომ არ მოხდეს სახელმწიფო ქონების გასხვისება, მათი თანხმობის გარეშე.
როგორც წესი, დამატებითი ბიუროკრატია, კორუფციის საშიშროებას უფრო ზრდის, ვიდრე ამცირებს…
და რატომ არის ეს დამატებითი ბიუროკრატია? რეგენტთა საბჭო არეგულირებს მხოლოდ ქონების საკითხებს. უნივერსიტეტს ექმნება ყველა პირობა, გააუმჯობესოს განათლების ხარისხი, ინფრასტრუქტურა, მაგრამ რეგენტთა საბჭოს გარეშე ვერ მოახდენს ქონების გასხვისებას - ამით ჩვენ საზოგადოების ინტერესს ვიცავთ.
![]() |
13 ფოტოესე |
▲ზევით დაბრუნება |
ლიბიელი მეამბოხეები. ბენღაზი.
ფოტო: REUTERS ©
![]() |
14 რაციო და ემოცია კატალონიურ ნაციონალიზმში |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო
ესპანეთი
ივანე ბაძაღუა
2011 წლის დასაწყისში, ბასკურმა რადიკალურმა დაჯგუფება ETA-მ, შეიარაღებული ბრძოლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. გავრცელებულ განცხადებაში, ორგანიზაციამ პოლიტიკურ ასპარეზზე საკუთარი პოზიციების დაცვის მზადყოფნა გამოთქვა. ETA-ს მთავარი მიზანი ბასკეთის დამოუკიდებლობაა. 1960 წლიდან დღემდე, ETA-ს მიერ ორგანიზებულ ტერორისტულ აქტებს, 857 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ETA-ს „აღიარებული მარცხის“ შემდეგ, ანალიტიკოსთა ყურადღების ცენტრში ესპანეთის მეორე პრობლემური რეგიონი, კატალონია მოექცა.
კატალონიელებმა, ბასკებისაგან განსხვავებით, თვითგამორკვევისათვის ბრძოლაში, თავიდანვე განსხვავებული გზა აირჩიეს. თუკი ბასკების ძირითადი იარაღი ტერორი და ძალადობა იყო, კატალონიელები ეროვნული თვითშეგნების ამაღლებისა და „კატალონიური ცნობიერების“ ჩამოყალიბებაზე ზრუნავდნენ. ამის ნათელი მაგალითი ლინგვისტური პოლიტიკაა, რომელსაც კატალონიის ადგილობრივი მთავრობა ატარებდა. ყოფილი პრეზიდენტის, ხუან მარაგალის განცხადებით, „კატალონიური ენა კატალონიის დნმ-ია“. ლინგვისტურმა პოლიტიკამ კონკრეტული შედეგი გამოიღო: თუკი მეოცე საუკუნის ბოლოს კატალონიის მოსახლეობის დაახლოებით 70%25 ესპანელად თვლიდა თავს ან როგორც ესპანელად, ასევე კატალონიელად, 2007 წლის კვლევის მონაცემებით, ასეთი ადამიანების რიცხვი 50%25-მდე შემცირდა. მოსახლეობის დანარჩენი 50%25 თავს უფრო კატალონიელად, ვიდრე ესპანელად (30%25), ან მხოლოდ კატალონიელად (20%25) მიიჩნევს.
კატალონიელებმა, სხვადასხვა დროს, შეიძინეს დამოუკიდებლობის ატრიბუტები: კონსტიტუცია XV საუკუნეში, პარლამენტი - XX-ში. მას უძველესი ენა და თვითმყოფადი კულტურა გააჩნია. აღსანიშნავია, რომ ეკონომიკის მოცულობით, კატალონია, ბევრ ევროპულ სახელმწიფოს არ ჩამოუვარდება.
კატალონიურ ნაციონალიზმს ხშირად, როგორც ემოციურს, ისე ახასიათებენ. ამბობენ, რომ ის ეფუძნება იდენტურობას და თვითმყოფადობის შენარჩუნებისაკენაა მიმართული.
თუმცა არსებობს მოსაზრება მათი ნაციონალიზმის რაციონალური საწყისების შესახებ, რაც საფუძველს მოკლებული არ არის.
კატალონია ერთ-ერთია იმ 17 ავტონომიური ერთეულიდან, რომლებიც ესპანეთის სამეფოში შედის. განვითარებულ რეგიონებს, ნაკლებად განვითარებული რეგიონების „ხარჯების საკუთარ თავზე აღება“ უწევთ. შესაბამისად კატალონიას, რომელიც სხვა რეგიონებთან შედარებით, საგრძნობლად განვითარებულია, ცენტრალური ხელისუფლება გადასახადების გზით „ავალდებულებს“ სხვა რეგიონებს სუბსიდირება გაუწიოს. Esquerra Republicana de Catalunya - მემარცხენე პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ხოსე ჰუგეტი, მადრიდის მიერ დაწესებულ გადასახადებს ცუნამის ადარებს და ამბობს, რომ „ეს ყოველწლიურად კატალონიელებს იმაზე სამჯერ მეტ ზიანს აყენებს, ვიდრე მიწისძვრამ მიაყენა იაპონელებს“. სწორედ ამიტომაც, დღეს დამოუკიდებლობა პრაგმატული საკითხია და არა მხოლოდ იდენტურობის.
თუმცა აქვე, არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხი ჩნდება: რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ესპანეთისგან გამოყოფას? დღეს პოლიტიკოსებს შეუძლიათ ყველა უბედურება ცენტრს - მადრიდს დააბრალონ.
ვერაღმოფხვრილი ეკონომიკური კრიზისის შედეგად, ცენტრსა და რეგიონს შორის, ურთიერთობის კიდევ უფრო დაძაბვაა მოსალოდნელი. შესაძლებელია დაძაბულობამ ფართო მასებიც მოიცვას. ბასკეთისგან განსხვავებით, სიტუაციას ისიც ართულებს, რომ თუკი ბასკეთში ხელისუფლებაში ორი ცენტრისტული პარტიაა გაერთიანებული ნაციონალისტური ოპოზიციის წინააღმდეგ, კატალონიაში ძირითადი ძალაუფლების მპყრობელი პარტიები სწორედ ნაციონალისტები არიან.
![]() |
15 გოლდსტოუნის უნიათო აღიარება |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო
მიხეილ ბასილაია, ლევან სუთიძე
პალესტინელი მებრძოლები
რიჩარდ გოლდსტოუნი
ყველა ფოტო: REUTERS ©
„დროა ეს მოხსენება ისტორიის სანაგვეზე მოვისროლოთ!“ - ასე გამოეხმაურა ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბინიამინ ნეთანიაჰუ, სამხრეთ აფრიკელი მოსამართლის, რიჩარდ გოლდსტოუნის სტატიას Washington Post-ში. გოლდსტოუნი სამხრეთ აფრიკის კონსტიტუციური სასამართლოს მოსამართლე და იუგოსლავიისა და რუანდის საერთაშორისო კრიმინალური ტრიბუნალების მთავარი პროკურორია. ის გაეროს მანდატით იმ სპეციალურ კომისიას ხელმძღვანელობდა, რომელიც 2008 წლის ღაზის ომში, მხარეების სამხედრო ოპერაციების საერთაშორისო სამართალთან თავსებადობას იძიებდა. ათიოდე დღის წინ, გოლდსტოუნმა, მის მიერ 2009 წელს გამოქვეყნებული დასკვნის მიკერძოებულობა აღიარა.
მოხსენება ისრაელის მხარეს პალესტინელი სამოქალაქო პირებისადმი მიზანმიმართულ აგრესიასა და სხვა მრავალ სამხედრო დანაშაულში სდებდა ბრალს. ამასთან, ის არსებითად ამცრობდა ტერორისტული ორგანიზაცია ჰამასის მიერ ჩადენილ დანაშაულებს. უკვე დღეს კი, ავტორი პასუხისმგებლობას ორივე მხარეს აკისრებს: „ჩვენმა მოხსენებამ აღმოაჩინა პოტენციური ომის დანაშაულები და დანაშაულები კაცობრიობის წინაშე ორივე მხარის მიერ“, აცხადებს გოლდსტოუნი.
ისრაელსა და აშშ-ს აღნიშნული მოხსენება არასდროს უღიარებიათ, ისინი კონტრავერსიული დოკუმენტის გაუქმებას მოითხოვენ. დოკუმენტი გამოქვეყნებისთნავე იქცა ანტიისრაელურად განწყობილი პოლიტიკური ჯგუფების მთავარ იარაღად. მან მნიშვნელოვნად შელახა ისრაელის საერთაშორისო იმიჯი და ჰამასის მოქმედებების ლეგიტიმაციას შეუწყო ხელი.
საქმე ის არის, რომ 1990-იანი წლების შემდეგ, ისრაელსა და არაბულ სამყაროს შორის კონფლიქტის სახე მნიშვნელოვნად იცვლებოდა. თუ აქამდე შეტაკება სახელმწიფოებსა და რეგულარულ არმიებს შორის მიმდინარეობდა, უკანასკნელ პერიოდში ის ასიმეტრიულ ომად გადაიქცა.
2008 წელს, როცა ისრაელმა ჰამასის სარაკეტო დარტყმებს უპასუხა, ღაზაში მყოფ ტერორისტებს სამხედრო ფორმები არ ეცვათ. ისინი მოსახლეობას იყვნენ შერეულნი და მათი გარჩევა ფაქტობრივად შეუძლებელი ხდებოდა. ასეთ გარემოებებში კი, რთულია განსაზღვრა, თუ ვის წინააღმდეგ ხორციელდება სამხედრო მოქმედებები. ამასთან, ჰამასი დასახლებული პუნქტებიდან ისროდა, რაც მშვიდობიანი მოსახლეობის ფარად გამოყენებაა და სამხედრო დანაშაულს წარმოადგენს. გოლდა მეირი ამბობდა: „ჩვენ შეგვიძლია შევუნდოთ არაბებს ჩვენი შვილების მკვლელობა. მაგრამ ვერასდროს ვაპატიებთ მათი შვილების მკვლელობის იძულებას. ჩვენ გვექნება მშვიდობა არაბებთან, როცა მათ საკუთარი შვილები ისე ძლიერ ეყვარებათ, როგორც ჩვენ ვძულვართ“.
ისრაელის კრიტიკოსები აცხადებენ, რომ როცა ომი მოსახლეობას განადგურებით ემუქრება, მასში სწორი სტრატეგია არ არსებობს და ერთადერთი სწორი ნაბიჯი ბრძოლების შეწყვეტაა. თუმცა ისრაელმა წარსულში ეს ნაბიჯიც გადადგა - უნილატერულად ღაზის სექტორი და ჩრდილოეთ ტერიტორიები დატოვა, მაგრამ ამ ქმედებას მშვიდობა არ მოუტანია, პირიქით, ეს ტერიტორიები ომის ცეცხლში გახვია.
მოხსენებაში, ტერორისტების მიერ სამოქალაქო ფარის გამოყენებისა და უნიფორმების გახდის შესახებ, ბევრი არაფერია ნათქვამი. მხოლოდ აღნიშნულია, რომ მათი გამოძიება ვერ მოხერხდა. მოხსენება მხედველობაში არ იღებს ჰამასის სტრატეგიას და საკუთარი სამხედრო დანაშაულების გამოძიებას თავად ჰამასს ავალებს. გოლდსტოუნმა თავის სტატიაში აღიარა, რომ ჰამასისთვის მსგავსი დავალების მიცემა უშედეგო და არაფრის მომცემი იყო.
მისიის მუშაობის პერიოდში, გოლდსტოუნმა განაცხადა, რომ მის ჯგუფს ისრაელის მხარემ საჭირო მასალები არ გადასცა. ერთი მხრივ, გასაგებია ისრაელელების ენთუზიაზმის ნაკლებობა, საკუთარ გილიოტინაში მონაწილეობასთან დაკავშირებით. არასამთავრობო ორგანიზაცია NGO Monitor-ის ცნობით, მისიას არაბული ლიგა აფინანსებდა, რაც გოლდსტოუნის მოხსენების ობიექტურობას თავისთავად ეჭვქვეშ აყენებდა. თუმცა ავტორს ჰქონდა საკმარისი ინფორმაცია იმისთვის, რომ ისრაელი სამხედრო კრიმინალში არ დაედანაშაულებინა. ავღანეთში ბრიტანეთის ძალების ყოფილი მეთაურის, პოლკოვნიკ რიჩარდ კემპის ჩვენების მიხედვით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა სამხედრო ოპერაციების წინ, ყველა აუცილებელი ზომა მიიღეს, სამოქალაქო პირებს შორის მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად.
რიჩარდ გოლდსტოუნმა, საბოლოო დასკვნის გამოქვეყნებიდან ცოტა ხნის შემდეგ, მანდატის შეცვლა და მასში ორივე მხარის პასუხისმგებლობების აღნიშვნა მოითხოვა. „მისიაში მუშაობას მხოლოდ იმიტომ დავთანხმდი, რომ ეს მოთხოვნა დაკმაყოფილდა“, განაცხადა მან. სინამდვილეში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო საკუთარ რეზოლუციებსა და მოხსენებებში ცალმხრივი რჩებოდა.
კომისიის მუშაობა თავიდანვე არასწორი მიმართულებით წარიმართა. გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ, რომლისთვისაც ანტიისრაელური განწყობები უცხო არ არის, მისიას მიზნად დაუსახა, ისრაელის თავდაცვის ძალების დანაშაულებები გამოეკვლია. ამასთანავე Human Rights Watch-ის დამფუძნებლის, რობერტ ბერსტაინის თქმით, ადამიანის უფლებათა საბჭომ კომისიის ხელმძღვანელის თანამდებობაზე, ანტიისრაელური განწყობის ებრაელი შეარჩია, რათა ანტისემიტიზმში ბრალდებისგან თავი დაეცვა.
ჯგუფის მუშაობაც ანტიისრაელურად განწყობილი არასამთავრობო ორგანიზაციების, Human Rights Watch-ისა და Amnesty International-ის მოხსენებებს დაეყრდნო. ამ უკანასკნელმა გოლდსტოუნის ჯგუფს 36 ინციდენტის გამოძიება შესთავაზა, რომელთაგან ჰამასის სამხედრო დანაშაულებს არც ერთი ეხებოდა. გოლდსტოუნი HRW-ის მმართველ საბჭოშიც რჩებოდა, სანამ ეს ფაქტი, ინტერესთა კონფლიქტის გამო, სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებმა არ გააპროტესტეს. სამხრეთ აფრიკელი მოსამართლე სხვადასხვა დროს თანამშრომლობდა პოლიტიზირებულ და ცალმხრივი დღის წესრიგის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებთან - მათ შორის Al Haq-თან, Adalah-სა და Alternative Information Center-თან.
კრიტიკის ობიექტი გამოძიების სტანდარტებიც გახდა. NGO Monitor-ის ცნობით, გამოძიების პროცესი, გაეროს ფაქტების მოძიების მისიის სტანდარტებს, იურისტთა საერთაშორისო გაერთიანებისა და International Bar Association-ის მიერ დადგენილი ლუნდ-ლონდონის დირექტივებს არ შეესაბამებოდა.
2009-2010 წლებში, ისრაელის მხარემ საკუთარ სამხედრო ძალებში გამოძიება ჩაატარა. ღაზის სექტორში, სამხედრო ოპერაციების დროს, სხვადასხვა სახის დანაშაულებებში შემჩნეული ოფიცრები და ჯარისკაცები დაისაჯნენ. შესაძლოა, ისრაელის თავდაცვის ძალების ამ ქმედებებმა გოლდსტოუნი აიძულა, საკუთარი ნაშრომი ორი წლის შემდეგ გაეკრიტიკებინა. აღსანიშნავია, რომ მოხსენება შიდა გამოძიებების ჩატარებისკენ ორივე მხარეს მოუწოდებდა. ამას ჰამასმა, ცხადია, ყურადღება არ მიაქცია
![]() |
16 დემონსტრანტები ვადამდელ არჩევნებს ითხოვენ |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო
ხორვატია
თეონა ტურაშვილი
ხორვატიაში უკმაყოფილო მოსახლეობა, უკვე ორი თვეა, ქუჩაშია გამოსული. დემონსტრანტები ცენტრისტულ-მემარჯვენე მთავრობას კორუფციასა და რეფორმების არასრულყოფილად განხორციელებაში ადანაშაულებენ. მთავრობა მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს. მათი მტკიცებით, არასტაბილურობა ევროკავშირში ქვეყნის გაწევრიანების პერსპექტივებზე უარყოფითად აისახება.
დემონსტრაციები 22 თებერვალს დაიწყო და ორი თვის განმავლობაში პერმანენტულად ტარდებოდა. გამოსვლების ორგანიზება სოციალური ქსელის, Facebook-ის საშუალებით ხერხდებოდა. მომიტინგეები კორუფციისა და ეკონომიკური პრობლემების მოუგვარებლობის გამო, მთავარი პოლიტიკური პარტიის (ხორვატიის დემოკრატიული პარტია) ლიდერის ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, იადრანკა კოსორის გადადგომასა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ. თუმცა დემონსტრაციების უკან არც ერთი პოლიტიკური ლიდერი არ დგას. ქუჩაში გამოსულები პრეტენზიას ყველა პოლიტიკური ძალის მიმართ გამოხატავენ.
ქვეყანა ეკონომიკური კრიზისის წინაშეა. უმუშევრობამ 20%25-ს მიაღწია. სიღარიბის დონე 17%25-ია. ბიუჯეტი, უზარმაზარი საჯარო სექტორის გამო, დეფიციტურია. საგარეო ვალი 59,7 მილიარდ დოლარს შეადგენს. 2011 წლის Freedom House-ის მონაცემების მიხედვით, ხორვატიის ეკონომიკის თავისუფლების ინდექსი 61,1-ია, რითაც იგი 86-ე ადგილს იკავებს. წინა წელთან შედარებით მისი მაჩვენებელი 10 ქულით გაუმჯობესდა, მაგრამ მონაცემები კვლავაც ჩამორჩება რეგიონის საშუალო მაჩვენებელს. ახალმა მთავრობამ განახორციელა სტრუქტურული რეფორმები, წაახალისა კერძო სექტორი, ქვეყანა უფრო გახსნილია მსოფლიო ვაჭრობის მიმართ. თუმცა, სახელმწიფო, ეკონომიკის უმნიშვნელოვანეს სექტორებში კვლავაც ერევა. დღემდე 30 სახის პროდუქტზე ფასების ცვლილება მხოლოდ ეკონომიკის სამინისტროს ნებართვითაა შესაძლებელი. ხორვატია რეგიონის ქვეყნებს პრივატიზაციისა და კონკურენტული გარემოს დონით ჩამორჩება.
საგანგაშოა ინსტიტუციური კორუფციის დონეც. მოსახლეობა მმართველ პარტიას კორუფციაში ადანაშაულებს. Transparancy International-ის მონაცემებით, ხორვატია 180 ქვეყანას შორის კორუფციის დონით 66-ე ადგილს იკავებს. ეს პრობლემა განსაკუთრებით შემდეგ სექტორებში შეინიშნება: სასამართლო და ჯანდაცვის სისტემა, ადგილობრივი მმართველობა, პოლიტიკური პარტიების დაფინანსება და საჯარო ადმინისტრაცია. ასეთი გარემო მოსახლეობის იმედგაცრუებასა და სკეპტიციზმს განაპირობებს. 2010 წლის Herald Agency-ის გამოკითხვებით, მოსახლეობის 15%25 კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მცდელობებს უშედეგოდ მიიჩნევს. ხორვატების 76%25-ის აზრით, პოლიტიკოსები ორგანიზაციულ დანაშაულში უშუალოდ არიან გარეულნი.
ყველა ფოტო: REUTERS ©
აღნიშნული პრობლემები მთავრობისთვის უცხო არაა. იადრანკა კოსორმა პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავების შემდეგ მთავარ ამოცანად კორუფციასთან ბრძოლა დასახა - დააკავეს ყოფილი მაღალჩინოსნები: პრემიერ-მინისტრის მოადგილე, თავდაცვის მინისტრი და რამდენიმე სახელმწიფოს კუთვნილებაში მყოფი კომპანიის ხელმძღვანელი. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას მოჰყვა ყოფილი პრემიერისა და კოსორის მენტორის ავსტრიაში დაკავებაც. მას ბრალად ფულის გათეთრება, მითვისება და თანამდებობის ბოროტად გამოყენება (გარკვეული კომპანიებისთვის ელექტროენერგიის იაფად მიყიდვა) წაუყენეს. კორუფციასთან ბრძოლა ევროკავშირში გაწევრიანების სურვილთანაცაა დაკავშირებული. ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტი სწორედ ამ გაერთიანებაში შესვლაა. ზაგრები ივნისისთვის ელოდება წევრობის შესახებ ევროკავშირთან მოლაპარაკებების დასრულებას, რაც 2013 წლისთვის უკვე გაერთიანებაში შესვლას განაპირობებს. მთავრობისთვის მომდევნო ოთხ თვეს დიდი მნიშვნელობა აქვს. ქვეყანაში მომდევნო არჩევნები წლის ბოლოსთვის ან მომდევნო წლის დასაწყისში იგეგმება. ევროკავშირთან წარმატებული მოლაპარაკებები კი ამომრჩეველთა გულის მოგების უმთავრესი მექანიზმია. ამასთანავე, ევროგაერთიანების პრეზიდენტი ივნისამდე მისი მეზობელი უნგრეთია.
პრემიერ-მინისტრი ადრეული არჩევნების დანიშვნაზე უარს აცხადებს. კენჭისყრა 2011 წლის ბოლოს ან 2012 წლის დასაწყისისთვისაა დაგეგმილი. უკმაყოფილო მოსახლეობა კი აქციების გაგრძელებას აპირებს. გამოკითხვების მიხედვით, ხორვატების 70%25 დემონსტრაციების გამართვას ემხრობა, 60%25 კი ადრეული კენჭისყრის დანიშვნას ითხოვს
![]() |
17 რუსეთში უნიტარულ სახელმწიფოდ გარდაქმნის მომხრეები გააქტიურდნენ |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო
თეონა ომარაშვილი
ახლო აღმოსავლეთის რევოლუციების მოარულმა აჩრდილმა, უკვე კრემლის ბინადრების სიმშვიდეც დაარღვია. რუსეთის მთავრობა, მასობრივი გამოსვლების თავიდან ასაცილებლად რადიკალურ გეგმებს განიხილავს. მათ შორის, რუსეთის ტერიტორიაზე არარუსული რესპუბლიკების გაუქმების იდეაც განიხილება. ამ უკანასკნელს Единая Россия-ს წარმომადგენლები სულ უფრო ხშირად ახმოვანებენ. მმართველი პარტიის ეთნიკური პოლიტიკის კოორდინატორის, აბდულ-ხაკიმ სულტიგოვის ბოლოდროინდელი ინტერვიუები და პუბლიკაციები, იდეის აქტუალურობას ცხადყოფს. სულტიგოვი ინტერვიუში აცხადებს, რომ რუსეთი რუსული რესპუბლიკაა და ამ ქვეყნის კონსტიტუცია ეთნიკური რუსების კონსტიტუციაა. მისი მოსაზრებით, ქვეყნის შიგნით არსებულმა არარუსულმა რესპუბლიკებმა, რესპუბლიკის სტატუსის შეწყვეტაზე უნდა იფიქრონ.
საკუთარი აზრის გასამყარებლად, სულტიგოვს ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის განცხადება მოჰყავს. კადიროვი თვლის, რომ სახელმწიფოს მხოლოდ ერთი პრეზიდენტი უნდა ჰყავდეს, ხოლო სახელმწიფოს შემადგენელი სუბიექტების პირველი პირები, შეიძლება, რესპუბლიკების მეთაურებად მივიჩნიოთ. უნიტარული სახელმწიფოს იდეაზე დიდი ვლადიმირ ჟირინოვსკიც საუბრობს.
სულტიგოვის და უნიტარული რესპუბლიკის მომხრეების იდეები ძალიან ჰგავს სტალინის მიერ ლენინისთვის წარდგენილ პროექტს. მისი მიხედვით, სტალინი ერთიანი სახელმწიფოს შექმნას ითხოვდა. მეტიც, ისინი უფრო შორს მიდიან და რეპუბლიკებს სთავაზობენ, ფორმალურ ავტონომიაზეც უარი თქვან. ამის შემდეგ, ისინი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიული ერთეულები გახდებიან.
Grani.ru-ს კომენტატორი, ირინა პავლოვა რესპუბლიკების გაუქმების ინიციატივას, სტალინის მიერ საბჭოთა კავშირში ეთნიკური დაქსაქსულობის შექმნას ადარებს. ჟურნალისტი ამ იდეას პოლიტიკურ ნაღმს უწოდებს. მისი აზრით, გეგმის განხორციელება საბოლოო ჯამში რუსეთის დაშლას შეუწყობს ხელს.
ამავდროულად, პავლოვას პროგნოზით, ისედაც არადემოკრატიული რუსული სისტემის ცენტრალიზება, სათავეში მყოფ უსაფრთხოების სამსახურებს (კაგებე, ეფესბე და სხვები) საშუალებას მისცემს, ქვეყანა კიდევ უფრო ავტორიტარული გახადონ. ამგვარად, არარუსულ რესპუბლიკებში სიტუაციას უფრო მკაცრად გააკონტროლებენ.
ჩეჩნეთის მაგალითი კარგად აჩვენებს, რუსეთის რეგიონებში დაძაბულობას რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს. ქვეყანამ ჩრდილოეთ კავკასიის ეთნიკური პრობლემები დღესაც ვერ მოაგვარა. როგორც ჩანს, რუსეთმა ვერ ისწავლა საბჭოთა კავშირის გაკვეთილი და ეთნიკური დაქსაქსულობის შექმნას აპირებს. ეს, ადრე თუ გვიან, პრობლემას მთლიანად სახელმწიფოს ერთიანობას შეუქმნის.
![]() |
18 დრაკონების შერკინება ჩინური ხალიჩის ქვეშ |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო
მიხეილ ბასილაია
ფოტო: REUTERS ©
ჩინეთის გაძლიერებამ ქვეყნის მიმართ ინტერესი გაზარდა. მიუხედავად ამისა, ჩინეთის დახურული პოლიტიკური სისტემის შესახებ მწირი ინფორმაცია მოიპოვება. ცნობილია, რომ სხვადასხვა პოლიტიკურ დაჯგუფებებს შორის შიდაპოლიტიკური დაპირისპირებაა. ამ პროცესში სამხედროებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ; წლების განმავლობაში, როცა ისინი ჩინეთის პოლიტიკური მმართველობის უმაღლეს თანამდებობებზე სამოქალაქო პირებით ჩაანაცვლეს, პოლიტიკურ საკითხებზე მათი გავლენა თითქოს შემცირდა. ბოლო სამხედრო პირი, რომელიც უმაღლესი პოლიტიკური ძალის მქონე ორგანოს, პოლიტბიუროს მუდმივი კომიტეტის წევრი გახლდათ, საზღვაო ძალების მეთაური ლიუ ჰუაქინი იყო. მან ეს პოსტი 1997 წელს დატოვა. ამან, შესაძლოა, სამხედროები დაასუსტა, თუმცა პოლიტიკურ და სამხედრო ელიტებს შორის დაპირისპირება არ დასრულებულა. სამხედროები ექსკლუზიურ უფლებებს ფლობენ შეიარაღების შესყიდვის, ტერიტორიული დავებისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე. ამას გარდა, სხვადასხვა საშინაო თუ საგარეო პოლიტიკურ საკითხებზე გავლენის მოხდენას არ ერიდებიან.
ჩინელი სამხედროები ნაციონალისტური სენტიმენტებით გამოირჩევიან და აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებსა და ამერიკასთან აგრესიული პოლიტიკის გატარებას ემხრობიან. სამხედრო ელიტა ცენტრალურ სამხედრო კომისიაშია თავმოყრილი, რომელსაც ქვეყნის პრეზიდენტი ხელმძღვანელობს. თუმცა პრეზიდენტი ჰუ ძინტაო, კომისიაში ერთადერთი სამოქალაქო პირია. გარდა საკუთარი ინსტიტუტებისა, სამხედროები სხვადასხვა სამინისტროების ეგიდით შექმნილ სამუშაო ჯგუფებში არიან წარმოდგენილნი. თუმცა უცნობია, რა გავლენა აქვთ მათ ამ ჯგუფებში გადაწყვეტილების მიღების პროცესზე.
არსებობს სამხედროებსა და პოლიტიკურ ელიტას შორის უთანხმოების რამდენიმე მაგალითი. 2001 წელს ამერიკული სამხედრო სადაზვერვო თვითმფრინავი ჩინურ თვითმფრინავებთან შეტაკების შემდეგ დაზიანდა და იძულებული გახდა, ჩინეთის კუთვნილ კუნძულ ჰაინანზე დაფრენილიყო. ჩინური მხარის მიერ ოფიციალური განცხადების დაგვიანება ინციდენტის კრიზისში გადაზრდის ერთ-ერთი მიზეზი გახდა. გავრცელებული მოსაზრებით, ჩინეთის სამხედრო ელიტამ პოლიტიკური ხელმძღვანელობისათვის გარკვეული ინფორმაციების გადაცემა დააყოვნა. ამით სამხედროები პეკინს ამერიკის მიმართ მკაცრი პოზიციის დაკავებას აიძულებდნენ. 2007 წლის იანვარში კი მათ ახალი ანტისატელიტური რაკეტა გამოსცადეს და მოძველებული ჩინური ხელოვნური თანამგზავრი ჩამოაგდეს. საგარეო საქმეთა სამინისტრომ მხოლოდ 12 დღის შემდეგ შეძლო ეპასუხა კითხვებისთვის და ოფიციალური კომენტარი გააკეთა. დაგვიანებული რეაქცია სამხედრო და საგარეო უწყებებს შორის ინფორმაციის გაცვლის პრობლემებზე უნდა მიუთითებდეს.
სამხედრო-საზღვაო ძალები ჩინელებისთვის მგრძნობიარე საკითხია. ამაზე ბოლო წლების განმავლობაში, ფლოტის გაძლიერებისთვის დახარჯული ათეულობით მილიარდი დოლარი მეტყველებს. 2009 წლის მარტში სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ამერიკულ სადაზვერვო ხომალდს ჩინურმა გემებმა გადაუკეტეს გზა. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ ინციდენტზეც დააგვიანა რეაგირება. შემთხვევა ჩინეთის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში მოხდა. პეკინი მიიჩნევს, რომ გაეროს 1982 წლის საზღვაო კონვენციის მიხედვით, მას ამ ზონაში ექსტენსიური უფლებები აქვს, ამერიკელები კი თვლიან, რომ ღია ზღვებში არსებული გადაადგილების თავისუფლება ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაზეც ვრცელდება. ჩინური მხარის არგუმენტებს მათივე მოქმედებები აცლის ნიადაგს. ქვეყნის წყალქვეშა ნავებმა რამდენჯერმე დაარღვიეს იაპონიის ტერიტორიული წყლები. 2010 წლის სექტემბერში იაპონელებმა სენკაკუს სადავო კუნძულებთან ჩინური სარეწაო გემი დააკავეს. ეკიპაჟის დაკავებას ჩინელთა მხრიდან ნამდვილი ისტერია მოჰყვა. აგრესიული ოფიციალური კომენტარების პარალელურად, სხვადასხვა ქალაქებში იაპონიის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციები გაიმართა.
გაუგებრობები 2011 წელსაც გაგრძელდა. იანვარში ჩინეთს აშშ-ის თავდაცვის მდივანი რობერტ გეიტსი ესტუმრა. ზუსტად მისი ვიზიტის წინ ჩინელებმა ახალი, რადარებისათვის შეუმჩნეველი თვითმფრინავი გამოსცადეს. შეხვედრაზე ჰუ ძინტაო დააბნია გეიტსის შეკითხვამ, რომელიც ამ თვითმფრინავს ეხებოდა. შეკითხვა უპასუხოდ დარჩა. ნაკლებად მოსალოდნელია, მას თვითმფრინავის ტესტირების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონოდა - მით უმეტეს, რომ ის ცენტრალური სამხედრო კომისიის თავმჯდომარეა. თუმცა ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ დააყენა ეჭვქვეშ სამხედროებსა და სამოქალაქო თანამდებობის პირებს შორის კოორდინაციის საკითხი. შესაძლოა, ყველა ეს შემთხვევა სამხედროების ცალკეულ გამოხტომებს წარმოადგენს, რომელთა მიზანი პოლიტიკური ხელმძღვანელობის იძულებაა, უფრო აგრესიული საგარეო პოლიტიკა გაატაროს. თუმცა, შესაძლოა, ეს ინციდენტები ერთიანი საგარეო პოლიტიკური კამპანიის ნაწილიც იყოს.
გეიტსმა ვიზიტისას ჩინურ მხარეს მოლაპარაკებების 2+2 ფორმატი (ერთი სამოქალაქო და ერთი სამხედრო პირი ორივე მხრიდან) შესთავაზა, რომლის ძირითადი იდეა, სამხედრო სფეროს შეხვედრებზე სამოქალაქო თანამდებობის პირების ჩართვასაც ითვალისწინებს. ეს ფორმატი წარმატებული გამოდგა იაპონიასა და სამხრეთ კორეასთან მოლაპარაკებებში. ჩინურმა მხარემ შეთავაზებას ენთუზიაზმით არ უპასუხა, რისი ძირითადი მიზეზიც სამხედროების უკმაყოფილება იყო. ისინი ყველანაირად შეეცდებიან საკუთარ სფეროზე გავლენის შენარჩუნებას. ეკონომიკურ და სავაჭრო საკითხებზე დიალოგის საპირისპიროდ, სამხედრო სფეროში თანამშრომლობა ამერიკასა და ჩინეთს შორის წინ მძიმედ მიიწევს. ეს კი, როგორც აზიაში, ისე დასავლეთში ჩინეთის გაძლიერების მშვიდობიან ხასიათში დაეჭვების წინაპირობაა.
![]() |
19 საქართველოს საბანკო ბაზრის მიმოხილვა |
▲ზევით დაბრუნება |
ბიზნესი
ლაშა ქავთარაძე
რაც უფრო კონკურენტულია საბანკო ბაზარი, ბაზარზე შესვლის და გამოსვლის პირობები შედარებით თავისუფალია, წილები მეტ-ნაკლებად თანაბრად გადანაწილებული, ხოლო ბანკების პროდუქციაზე საპროცენტო განაკვეთები - მომხმარებლისთვის უფრო მომგებიანი. საქართველოს საბანკო ბაზარზე ყველა ეს პირობა დარღვეულია. შედეგად, ევროპულ ქვეყნებთან შედარებით, ქართულ ბანკებში დეპოზიტებსა და სესხებზე პირობები გაცილებით უფრო არამიმზიდველია.
საქართველოს საბანკო ბაზარზე მოხვედრის მთავარი წინაღობა 12 მილიონი ლარის ოდენობის საწესდებო კაპიტალის მოთხოვნაა. ბოლო წლებში, ეს მოთხოვნა თითქმის 2-ჯერ გაიზარდა. ბანკმა ბაზარზე „თამაში“ ეროვნული ბანკის თანხმობის მიღებიდან 6 თვის განმავლობაში თუ არ დაიწყო, მას ლიცენზია ავტომატურად გაუუქმდება. ამდენად, „საბანკო წრეში“ ჩართვისთვის 12 მილიონ ლარზე გაცილებით მეტია საჭირო.
მდგომარეობას ართულებს წილების განაწილებაც ქართულ საბანკო სექტორში. მთელი ბაზრის 79%25-ს ფლობს მხოლოდ 4 ბანკი, დანარჩენი 21%25 კი - 15 ბანკზე ნაწილდება. 2010 წლის სამი კვარტლის მონაცემებზე დაყრდნობით, საქართველოს ბანკი 33%25-ით პირველ ადგილზეა, მეორეზე - თიბისი ბანკი, 25%25-ით, შემდეგ - ბანკი რესპუბლიკა 11%25-ით და პროკრედიტ ბანკი 10%25-იანი წილით.
თავისუფალი კონკურენციის პირობებში, როცა კლიენტის ბაზარზე აქტიურობას მოთხოვნა-მიწოდება განსაზღვრავს, ბანკების მიერ ბაზარზე გამოტანილ პროდუქციაზე საპროცენტო განაკვეთები ერთმანეთს უახლოვდება. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ერთი ბანკი მომხმარებელს პროდუქტს დაბალ საპროცენტო განაკვეთში აწვდის და მის პროდუქციაზე მოთხოვნა იზრდება, მეორე ბანკი საკუთარ პროდუქტებზე პროცენტს ასევე ამცირებს. საბოლოოდ, ორივე ბანკი მომხმარებელს იმ საპროცენტო განაკვეთს შესთავაზებს, რომლის კიდევ უფრო შემცირება უკვე არც ერთის ინტერესებში არ შედის. თუმცა ახალი განაკვეთი საწყისზე დაბალია და ამდენად, მომხმარებელსაც უფრო მეტად აძლევს ხელს.
როდესაც ბაზარი ღია არ არის ყველა შესაძლო მოთამაშისთვის და მასზე გამოკვეთილი დომინანტური მოთამაშეები არიან, ხშირ შემთხვევაში ისინი ერთმანეთთან რიგდებიან და მეტი მოგების ნახვისთვის, მომხმარებელს უფრო მაღალ საპროცენტო განაკვეთს სთავაზობენ.
საქართველოს საბანკო ბაზარზე „თამაშის“ წესებს სწორედ ოთხი დომინანტური ბანკი ადგენს. თუმცა, მათ ერთმანეთთან გარიგებას, დამოუკიდებელი თამაში ურჩევნიათ. მიუხედავად იმისა, რომ მოგება გარიგების შემთხვევაში გაცილებით მაღალი იქნება, ხშირად არც ერთ მოთამაშეს არ სურს ეს მაღალი მოგება თავის კონკურენტს გაუყოს, ამიტომ ბაზარზე გარიგება ადვილი არ არის. გაცილებით უფრო ადვილია, ახალი საპროცენტო პაკეტები მარკეტინგულად სწორად გათვლილი იყოს - მომხმარებელს გაუჩნდეს განცდა, რომ ის თანხას ზოგავს (სესხის შემთხვევაში) ან მეტს იღებს (დეპოზიტის შემთხვევაში), თუმცა კონკრეტული გათვლების შედეგად, მოგებული ისევ ბანკი დარჩეს.
2010 წელს, საქართველოში სესხებსა და დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთებს შორის განსხვავებამ (საპროცენტო სპრედი, რომლითაც კლიენტისთვის სერვისების მომგებიანობას აფასებენ) 12.4%25 შეადგინა, რაც 1.0%25-ით ნაკლებია 2009 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. მოცემული მაჩვენებელი მსოფლიო და ევროგაერთიანების საშუალო სპრედზე, შესაბამისად, 7.5%25-ით და 9.1%25-ით მეტია, ანუ მას 2-3-ჯერ აღემატება. ასეთი მაღალი სპრედი ძირითადად განვითარებად ქვეყნებს ახასიათებს. გამორჩეულად მაღალი მაჩვენებლები აქვთ, მაგალითად, ბრაზილიას, პერუს, ყირგიზეთს, ჰაიტის.
რეალური საპროცენტო განაკვეთები
უცხოურ ვალუტაში |
||||
|
2007 |
2008 |
2009 |
2010 |
დეპოზიტებზე |
-2.3%25 |
3.1%25 |
6.5%25 |
-3.0%25 |
სესხებზე |
5.8%25 |
14.6%25 |
17.8%25 |
5.7%25 |
სპრედი |
8.1%25 |
11.6%25 |
11.3%25 |
8.7%25 |
ეროვნულ ვალუტაში |
||||
|
2007 |
2008 |
2009 |
2010 |
დეპოზიტებზე |
-0.7%25 |
5.4%25 |
7.6%25 |
-1.0%25 |
სესხებზე |
9.1%25 |
16.5%25 |
20.6%25 |
10.1%25 |
სპრედი |
9.8%25 |
11.2%25 |
13.0%25 |
11.1%25 |
ცხრილიდან ჩანს, რომ თუ მაგალითად 2010 წელს თქვენ რომელიმე ბანკში გახსნიდით ანაბარს დოლარში, არათუ დამატებით შემოსავალს მიიღებდით, არამედ, პირიქით, 3%25 ბანკისთვის გექნებოდათ გადახდილი; ასე ვთქვათ, ფულის „შენახვისთვის“. ამავე მომსახურებისთვის ლარში გახსნილი ანაბრიდან ბანკს თანხის 1%25-ს გადაუხდიდით.
საბანკო ბაზრის არაკონკურენტულობაზე რეალური საპროცენტო განაკვეთების დინამიკაც მეტყველებს. 2009 წელს, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დროს, უმეტეს ქვეყნებში და მათ შორის საქართველოშიც ფასები მკვეთრად დაეცა. თუმცა, საქართველოს საბანკო სფეროში, ამას ნომინალური საპროცენტო განაკვეთების შემცირება არ მოჰყოლია. ბანკებმა, პირიქით, ნომინალური განაკვეთი გაზარდეს და შედეგად, ეროვნულ ვალუტაში რეალური საპროცენტო განაკვეთი სესხებზე, 2007 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 2-ჯერ აღემატებოდა.
აშკარაა, რომ ქართული ბანკების მენეჯერები სტრატეგიას ხშირ შემთხვევებში ნომინალურ განაკვეთებზე აგებენ. პირველი შეხედვით, სერვისი მომხმარებლისთვის უცვლელი რჩება. თუმცა, ნომინალური საპროცენტო განაკვეთი რეალურისგან განსხვავებით, ინფლაციის მაჩვენებელს არ ითვალისწინებს. იმისთვის, რომ მომხმარებლისთვის სასესხო ან სადეპოზიტო პირობები დღეს რეალურად სამი წლის წინანდელზე უარესი არ იყოს, სპრედი მნიშვნელოვნად უნდა იყოს შემცირებული.
იმ პირობებში, როცა საბანკო ბაზარს მეტწილად დომინანტური მოთამაშეები აკონტროლებენ, ზარალდება მომხმარებელი, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ბანკისთვისაც არამომგებიანი ხდება. საქართველოს საბანკო ბაზრის გააქტიურება და ჯანსაღი კონკურენციის გაძლიერება ორივე მხარის ინტერესებშია.
![]() |
20 ნუთუ, EvoMouse მოკლავს თაგუნას?! |
▲ზევით დაბრუნება |
ტექნოლოგია
ვახო ელერდაშვილი
1963 წელს, ერთ-ერთ რიგით სამეცნიერო კონფერენციაზე, სტენფორდის კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომელმა, დუგლას ენგელბარტმა კოლეგებს ორი „არსება“ წარუდგინა. პირველი „ზღარბად“ მონათლული, მრავალღილაკიანი მოწყობილობა იყო აკორდული კლავიატურით, რომელსაც შემქმნელის ჩანაფიქრით, კომპიუტერზე ბეჭდვის პროცესი საგრძნობლად უნდა დაეჩქარებინა. მეორე კი უსახური მართკუთხა პარალელეპიპედი გახლდათ, ის ჰორიზონტალურ სიბრტყეში გადაადგილდებოდა და ერთადერთი ღილაკით აღჭურვილი იყო. მისი მოქმედების პრინციპის ახსნა არავისათვის იყო საჭირო, „ზღარბის“ ღილაკების კომბინაციებისგან განსხვავებით, და ამასთან უფრო ეფექტურად და სიმპათიურად გამოიყურებოდა. ეს უკანასკნელი აშშ-ის საპატენტო ბიუროში დააპატენტეს, როგორც „X-Y კოორდინატების ინდიკატორი გამოსახულების გამოსატანი მოწყობილობისათვის“, თუმცა მთელმა მსოფლიომ ეს „არსება“ მისი მეტსახელით გაიცნო. დუგლას ენგელბარტმა მას „თაგუნა“ (Mouse) შეარქვა.
უკანასკნელი ორმოცდაათი წლის მანძილზე კომპიუტერის მაუსი, იგივე თაგუნა არა მხოლოდ ფორმას იცვლიდა და უფრო და უფრო მომხიბვლელი ხდებოდა - არამედ ფუნქციონალობასაც. მაგალითად, მას ჯერ ბურთულა ჩაუმატეს. კომპიუტერის სტაჟიან მომხმარებლებს ახსოვთ ის დრო, მაუსის ბურთულა გორვისას მტვერს და ჭუჭყს რომ იკრებდა და შემდეგ იჭედებოდა. ამის გამო საჭირო იყო მისი დაშლა, ბურთულის ამოღება და გაწმენდა. ეს უსიამოვნო პროცესი ოპტიკური მაუსის გამოგონებამ მოსპო, მას შემდეგ ყოველი თაგუნას ქვეშ წითელი შუქი აბრდღვიალდა. ამასობაში გორგოლაჭიც დაემატა, რომელიც ხანდახან მესამე ღილაკის მაგივრობასაც სწევს და აგერ უკვე ათ წელიწადზე მეტია, დაგ ენგელბარტის ქმნილებასთან დაკავშირებით ახალი არაფერი მომხდარა. უკანასკნელ წლებში ჩამოყალიბდა აზრი, რომ თაგუნამ განვითარების მაქსიმუმს, ევოლუციის ზღვარს მიაღწია. რაღაც ახალი უნდა გამოჩენილიყო ჰორიზონტზე და გამოჩნდა კიდეც...
სამხრეთკორეულმა კომპანია Celluon-მა ყველა მარკეტინგული არხის საშუალებით გააგებინა მსოფლიოს EvoMouse-ის შექმნის შესახებ. ეს გაჯეტების მოყვარულთა მორიგი სათამაშო არ გახლავთ. შემქმნელები ირწმუნებიან, რომ მათი გამოგონება მთლიანად შეცვლის კომპიუტერთან ურთიერთობის ფორმას და ძველ თაგუნას დავიწყებაში მოისვრის. ეს მოწყობილობა გარეგნულად პატარა ძაღლს ჩამოჰგავს, ორ მბრწყინავ თვალში კი ინფორმაციის მიმღებებია ჩამონტაჟებული. მასთან საურთიერთოდ მხოლოდ თითებია საჭირო. საკმარისია EvoMouse მაგიდაზე დაასკუპოთ, მიუერთოთ ლეპტოპს, ან კომპიუტერს Wi-Fi-ის, Bluetooth-ის, ან USB-ის საშუალებით და ამ პატარა არსების აციმციმებული თვალების წინ თითები „ააცეკვოთ“ რომ თითის ყოველი მოძრაობა კურსორს ეკრანზე გადააადგილებს, მაგიდაზე დაჭერის იმიტაცია კი მაუსის „დაჭერის“ ტოლფასი იქნება. მოკლედ რომ ვთქვათ, მისი საშუალებით შესაძლებელია ყველა იმ ოპერაციის განხორციელება, რაც უბრალო თაგუნას შეეძლო: გადათრევა, გორგოლაჭის „სქროლი“, ორმაგი „კლიკი“ და ასე შემდეგ, თუმცა ეს ყველაფერი არ არის...
Celluon-ის ინჟინრებმა სპეციალური ჟესტების ენა შექმნეს EvoMouse-თან საურთიერთოდ. ასე მაგალითად, ორი თითის გასმით შემდეგ გვერდზე გადახვალთ, გამოსმით - წინა გვერდზე დაბრუნდებით. საჩვენებელი და ცერა თითების წრიული მოძრაობით სურათის მოტრიალებას მოახერხებთ, თითებს შორის მანძილის შემცირებით, ან გაზრდით კი ე.წ. Zoom-ის ფუნქციონალი ამოქმედდება. ასევე, EvoMouse-ის წინ თქვენ შეძლებთ კალმის, ან ფანქრის მომარჯვებას და იმას, რასაც დაწერთ წარმოსახვით, თუ რეალურ ფურცელზე, ჭკვიანი „არსება“ კომპიუტერის ეკრანზე გადაიტანს, რაც ხელნაწერების მოყვარულთათვის დამატებითი ხიბლი იქნება. დიზაინერთათვის კი ეს მოწყობილობა ნამდვილი საჩუქარია. მათ პირდაპირ გრაფიკულ რედაქტორებში შეეძლებათ ხატვა, წაშლა, გაფერადება და ა.შ.
EvoMouse-ის სარეკლამო რგოლი რამდენიმე დღეში ინტერნეტში განხილვის საგნად იქცა. ყველას მისი შეძენა სურს, რაც 99$ ეღირება. მომხმარებლური ვნებების მიღმა კი ყველას ერთი და იგივე შეკითხვა ებადება: ნუთუ, EvoMouse მოკლავს თაგუნას?!
![]() |
21 სპარსეთი მიწის ქვეშ |
▲ზევით დაბრუნება |
ტაბულა|რაზა
ქეთი ყიფიანი
თავიდან მინდა დავიწყო იმით, რომ არც აღმოსავლეთმცოდნე ვარ და არც ირანში ვყოფილვარ არასოდეს. ამ პატარა სტატიის დაწერა ერთმა ირანულმა ფილმმა შთამაგონა, რომელსაც „არავინ იცნობს სპარსულ კატებს“ ჰქვია. ფილმი სულ რაღაც 17 დღეშია გადაღებული და ამ დროის მანძილზე რეჟისორმა ბაჰმან ღობადმა შეძლო ეჩვენებინა აკრძალული ცხოვრება ირანულად. ფილმს 2009 წელს კანის კინო ფესტივალზე ჟიურის სპეციალური პრიზი გადასცეს და თბილისის კინოფესტივალზეც უჩვენეს გასული წლის დეკემბრის თვეში. ფილმის სიუჟეტი ახალგაზრდა ირანელი მუსიკოსების ამ ბავს მოგვითხრობს, რომლებიც მათ ქვეყანაში აკრძალულ მუსიკას უკრავენ. ეს არის ამბავი მუსიკის დიდებულ ძალაზე და ახალგაზრდულ მონდომებაზე, რომელსაც მართლაც არ აქვს საზღვრები.
მუსიკით შთაგონებული აშქანი და ნაგერი ირანიდან თავის დაღწევას ცდილობენ. ფილმი ფაქტობრივად დოკუმენტურია, მისი მთავარი გმირები ნამდვილად არსებობენ და ამჟამად ინგლისს აფარებენ თავს სწორედ აკრძალული მუსიკის მიმართ თავიანთი განსაკუთრებული სიყვარულის გამო. ფილმში კარგად ჩანს ის დაბრკოლებები, რასაც თანამედროვე ირანელი ახალგაზრდა აუცილებლად წააწყდება, თუ მას უცხოურ მუსიკაზე, კინოზე ან ლიტერატურაზე წაუცდება ხელი. ამიტომ ბუნებრივია, რომ ყველა ირანელი ახალგაზრდა ქვეყნიდან გაქცევაზე ოცნებობს.
მიუხედავად ამისა, ირანი, რომელიც ამ ფილმში დავინახე, საოცრად იდუმალი და მისტიკური მომეჩვენა. ამიტომ ჩემს ირანელ ინტერნეტმეგობარს მივწერე, იქნებ რამე მითხრა შენი თვალით დანახულ თანამედროვე ირანზე-მეთქი. მანაც არ დაიზარა და უზარმაზარი გაბრაზებული წერილი მოიწერა. დაუსრულებლად წერდა რელიგიური იდეოლოგიით შეპყრობილ მშობლებზე და აღშფოთებული იყო იმის გამო, რომ მათ ქვეყანაში ჯერ კიდევ უამრავი შემთხვევაა მშობლების და შვილების არაჯანსაღი დამოკიდებულების; აპროტესტებდა ადამიანების ზედმეტ რელიგიურობას და რელიგიის გამოყენებას საკუთარი მიზნებისათვის. წუხდა იმის გამო, რომ თუ მეგობრებთან ერთად დალევა ან გიტარაზე დაკვრა მოუნდება, ამ პროცესმა აუცილებლად ჩუმად და უხმაუროდ უნდა ჩაიაროს (არ ვიცი რამდენად შესაძლებელია რომელიმე ინსტრუმენტზე დაკვრამ ჩუმად ჩაიაროს), რადგან ირანში თუ სასწაული მოხდა და პოლიციას ჩაეძინა, არ დაიძინებს მეზობელი, რომელიც, თავის მხრივ,აუცილებლად გააღვიძებს პოლიციელს აბეზარი ახალგაზრდებისაგან დაცვის მიზნით და მერე აუცილებლად ტკბილად დაიძინებს, რადგან ჩათვლის, რომ გარყვნილებას შეუშალა ხელი.
ვერ გამიგო კამიარმა (ასე ჰქვია ჩემს ინტერნეტმე გობარს). ვიფიქრე, ეს ბიჭი ნამდვილად ვერ აფასებს იმას, რაც აქვთ-მეთქი. და რა აქვთ მათ? მებრძოლი სული და თავდადება იმისთვის, რაც უყვართ. აბა, სხვა რა შეიძლება უწოდო ახალგაზრდა ადამიანების საქციელს, რომლებიც მუსიკის სიყვარულით მზად არიან ყველაფერს დაუპირისპირდნენ, სახლიდან წავიდნენ, თუ საჭირო გახდა, ქვეყნიდანაც. მათ არ სჭირდებათ საკონცერტო დარბაზები, ისინი ყველგან უკრავენ, მეტროს სადგურიდან დაწყებული ბოსლით დამთავრებული. მიუხედავად იმისა, რომ მათი რეპეტიციების შემდეგ ძროხებმა რძის მოცემა შეწყვიტეს და სუიციდისკენ მიდრეკილები გახდნენ, ისინი მაინც უკრავენ ყველგან და ყველასთვის.
მართალია, მუსიკაც და ტექსტებიც, ცოტა არ იყოს და, სასოწარკვეთილია (და ალბათ ბუნებრივიცაა), მაგრამ ამავე დროს დიდი ძალის მქონე, რომელსაც ნამდვილად შეუძლია შეცვალოს სამყარო. ისინი უკრავენ ყველაფერს, ჯაზს, პოპს, ჰევი მეტალს, რეპს. მღერიან იმაზე, რაც უყვართ და რაც აწუხებთ. ქვეყანაში, სადაც არ არსებობს სიტყვის თავისუფლება, სადაც სიმღერის ტექსტებს კულტურის სამინისტრო ამტკიცებს, სადაც უამრავი პოლიტპატიმარია, სადაც ადამიანებს მხოლოდ იმიტომ ასამართლებენ, რომ ბედავენ და მუსიკას ქმნიან, ან ფილმს იღებენ, ასეთ ქვეყანაში არსებობს უამრავი ადგილი, სადაც ადამიანები იკრიბებიან და თავიანთ ანდერგრაუნდ სურვილებსა და ოცნებებს იკმაყოფილებენ. საოცარია, აბა რა!
ამ დროს კი ჩვენთან რეპერები დაკარგულ ტერიტორიებს უმღერიან და როკერები - პატრულს. გეგონება, ცოტა რამ იყოს გასაპროტესტებელი ქვეყანაში. როგორც ჩანს, „დემოკრატიის“ განვითარება ანდერგრაუნდ ცხოვრების განვითარების უკუპროპორციულია და იქნებ არის ამაში ლოგიკა?! მაგრამ პატრულის ჰიმნების წერაში გართულ მუსიკოსებს, ვშიშობ, დრო ისე გაეპარებათ, რომ ვერ გაიგებენ ხელოვნების ძალას და დანიშნულებას.
უყურებ ამ ყველაფერს და უბრალოდ გიკვირს, რომ ახლო აღმოსავლეთის ყველაზე ისლამურ ქვეყანას ასეთი „მიწისქვეშეთი“ აქვს და ბოლოს რწმუნდები, რომ თურმე სულაც არ აქვს მნიშვნელობა სად ცხოვრობ, თუ თავში იდეები მოგდის.
![]() |
22 თამაში ქვეყნის სახელით |
▲ზევით დაბრუნება |
სპორტი
ლაშა გოდუაძე
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ფიფას მიერ რეგისტრირებული პირველი საერთაშორისო მატჩი 1992 წლის 2 სექტემბერს, ლიტვის ქალაქ კაუნასში ჩაატარა მასპინძლებთან - გიგა ნორაკიძის გუნდი ამხანაგურ შეხვედრაში 0:1 დამარცხდა.
მას შემდეგ თითქმის 20 წელი გავიდა, საქართველოს პირველმა გუნდმა უამრავ მეტოქეს უმასპინძლა, ბევრი ქვეყანაც მოიარა და თუ ამ წლებს სტატისტიკურად დავაჯამებთ, ასეთ შედეგებს მივიღებთ:
159 ოფიციალური და ამხანაგური საერთაშორისო მატჩი, 46 გამარჯვება, 31 ფრე, 82 მარცხი. ბურთები: 180 გატანილი, 240 გაშვებული.
მონაცემები, რბილად რომ ვთქვათ, არასახარბიელოა, მაგრამ თუ ჩვენს ფეხბურთს წლებია გულშემატკივრობთ და ახლო წარსულიც გახსოვთ, უარყოფითი ბალანსი არ გაგიკვირდებათ. ეროვნული გუნდის და ფეხბურთის ფედერაციის თანმდევი არეულობები, არაერთი სკანდალი თუ გაუგებარი გადაწყვეტილება ზედმიწევნით ზუსტადაა ასახული ამ რიცხვებში.
იმ 82 წაგებიდან, რომელსაც საქართველოს ნაკრების ისტორია ითვლის, ბევრი „დასანანია“, რამდენიმე კი, გაგიკვირდებათ - „ღირსეული“.
თუ მწვრთნელების მატჩისშემდგომ ინტერვიუებს გადავავლებთ თვალს, დავასკვნით, რომ „დასანან მარცხში“ ის წაგება( ები) იგულისხმება, როცა მაგალითად, მეტოქემ ბოლო წუთებზე გაიტანა გოლი, ან მსაჯმა „დაგვწვა“ - ჩვენიანი გააძევა, მეტოქე არც გააფრთხილა და გუნდიც ფსიქოლოგიურად გატეხა. მსაჯის უსაქციელობით „დათრგუნულმა“ ბიჭებმაც თამაშის ხალისი დაკარგეს და...
რაც შეეხება „ღირსეულ წაგებას“, ეს, ვფიქრობთ, წმინდა ქართული ფენომენია: ვგულისხმობთ მარცხს, როცა გუნდმა მეტოქეს რიგ მომენტებში აჯობა, ბიჭებმაც ერთ-ორ ვარსკვლავს მაგარი „პადსებია“ გაუკეთეს, მაგრამ საბოლოოდ ჩვენმა მეკარემ გამოიტანა ბურთი კარიდან. ხანდახან ბურთები.
ყველაზე სამწუხარო კი იცით, რა არის? ეროვნული ნაკრების ისტორიაში 6 ისეთი წაგებაა, რომელსაც არც დასანანი ეთქმის და არც ღირსეული. გულახდილად რომ ვთქვათ, წესიერად ვერც კი გეტყვით, რა ეთქმის.
თავად განსაჯეთ: ეს ისეთი 6 მარცხია, რომელიც თავისუფლად შეიძლება არც შესულიყო საქართველოს პირველი გუნდის ისტორიაში. საამისოდ კი სფფ-ს მესვეურებს და ნაკრების მენეჯერებს (1996-2004 წლებს ვგულისხმობთ) მეტი ყურადღება უნდა გამოეჩინათ.
ამ 6 მატჩიდან პირველი 2 ჩვენმა გუნდმა 1996 წლის დეკემბერში, ლიბანში წააგო. ჯერ ისაა საკითხავი, ვის მოუვიდა აზრად წლის მიწურულს გუნდის ამ ქვეყანაში გაგზავნა ანუ რას ემსახურებოდა ეს ორი საერთაშორისო მატჩი, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ისაა, თუ რატომ იასპარეზა ახალგაზრდულმა გუნდმა ეროვნულის სტატუსით. ლიბანელებთან 2 წაგებულ შეხვედრაში ჩვენს გუნდს ვლადიმერ გუცაევი წვრთნიდა, იმ დროს ახალგაზრდულის მთავარი მწვრთნელი. რაც შეეხება შემადგენლობას, გადაავლეთ თვალი და მიხვდებით, რომ მას ეროვნული ნაკრები ნამდვილად არ ეთქმოდა...
უცნაური რამ მოხდა 2 წლის შემდეგაც: სფფ-მ რამდენიმე თვით ადრე განაცხადა, რომ 1998 წლის 19 აგვისტოს ვლადიმერ გუცაევის გაწვრთნილი ეროვნული ნაკრები კიევში, მასპინძლებთან ამხანაგურად იასპარეზებდა. თამაში მართლაც შედგა, საინტერესო კი ისაა, რომ უკრაინაში სტუმრობამდე ზუსტად ერთი კვირით ადრე ქართული გუნდი ეროვნულის სტატუსით აზერბაიჯანის ქალაქ განჯაში მასპინძლებთან 0:1 დამარცხდა. და ვინ ითამაშა იმ შეხვედრაში? რამდენიმე ფეხბურთელით გაძლიერებულმა 21-წლამდელთა ნაკრებმა,რომლის მთავარი მწვრთნელი გიგლა იმნაძე 1998-1999 წლებში ოფიციალურად გახლდათ ჩვენი ახალგაზრდულის თავკაცი!
ვლადიმერ გუცაევი და გოჩა ტყებუჩავა - ნაკრების ისტორიაში
ყველაზე უაზრო მარცხების ორი თანამონაწილე
2004 წელს მორიგი 3 ასეთი წაგება ჩაიწერა გუნდის ისტორიაში. კვიპროსის ტურნირზე საქართველოს ნაკრების სტატუსით თბილისის დინამომ იასპარეზა, რომელსაც რამდენიმე მოთამაშე დაემატა. მთავარი მწვრთნელი კი გოჩა ტყებუჩავა გახლდათ, 2004-2005 წლებში საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების თავკაცი. ივო შუშაკის გაწვრთნილი დინამო სწორედ კვიპროსში ემზადებოდა სეზონის მეორე ნახევრისთვის და ფედერაციამ, რომელიც 2003 წლის სამარცხვინო დასასრულის შემდეგ (ნაკრების სათავეში სფფ-ს პრეზიდენტის მერაბ ჟორდანიას გამოჩენას ვგულისხმობთ) ეროვნულის მთავარი მწვრთნელის ძიებაში იყო, ამით ჩინებულად ისარგებლა.
შეეძლოთ თუ არა ქართული ფეხბურთის მმართველ ორგანიზაციაში მომხდარის თავიდან აცილება? შეეძლოთ კი არა, ნაკრებზე ზრუნვა ფეხბურთის ფედერაციის პირდაპირი მოვალეობაა. მეტი დაფიქრება, პროფესიონალიზმი და ეს 6 წაგება უამისოდაც ხელმოცარულ ჩვენს გუნდს ზედმეტ ტვირთად არ დააწვებოდა.
ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაარქვა. როცა საერთაშორისო მატჩს გეგმავ, არ უნდა დაგეზაროს და მეტოქეს უნდა აცნობო, რომ 21-წლამდელთა გუნდი მიგყავს ან კლუბების ნაკრები.
ქვეყნის პირველ გუნდს მოფრთხილება სჭირდება. ფეხბურთი კი თამაშია, მაგრამ ეროვნული ნაკრები სათამაშო ნამდვილად არაა.
5 დეკემბერი, 1996. ამხანაგური მატჩი. ლიბანი, ბეირუთი. 2.000
ლიბანი 4:2 საქართველო
გოლები:
1:0 ა.იაშვილი (52), 2:0 გ.კიკნაძე (67), 2:1 ო.ხაზარიანი (70), 2:2 მ.ჰიჯაზი (73), 2:3 ს.ტაჰამი (78), 2:4 რ.ჰამადე (90)
საქართველო:
დ.ასლანაძე, კ.კალაძე, შ.ხუჯაძე (გ.დიდავა 78), ლ.კობიაშვილი, ლ.ცქიტიშვილი, გ.კიკნაძე (კაპ), გ.გახოკიძე, გ.დარასელია, მ.ფოცხვერია (მ.აშვეთია 38), ა.იაშვილი (გ.დემეტრაძე 70), ზ.ჯელაძე
8 დეკემბერი, 1996. ამხანაგური მატჩი. ლიბანი, ბეირუთი. 3.500
ლიბანი 3:2 საქართველო
გოლები:
1:0 გ.გახოკიძე (12, პენ), 1:1 კ.აიუბი (15, პენ), 1:2 ს.ტაჰამი (23), 2:2 ლ.ცქიტიშვილი (24), 2:3 ო.ხაზარიანი (27)
საქართველო:
ნ.ტოგონიძე, კ.კალაძე, ლ.ცქიტიშვილი (ზ.ჯელაძე 46), გ.დიდავა, შ.ხუჯაძე, ლ.კობიაშვილი, გ.კიკნაძე (კაპ), გ.გახოკიძე, გ.დარასელია, მ.ფოცხვერია (გ.დემეტრაძე 65), ა.იაშვილი (მ.აშვეთია 65)
12 აგვისტო, 1998. ამხანაგური მატჩი. აზერბაიჯანი, განჯა. 5.000
აზერბაიჯანი 1:0 საქართველო
გოლი:
0:1 მ.აგაევი (52)
საქართველო:
ს.გრიშიკაშვილი, ზ.ფოფხაძე, გ.ჭანკოტაძე, გ.დავითნიძე (ი.ვაშაკიძე 46), გ.ღუდუშაური (კ.კვეტენაძე 70), ი.გემეზაშვილი (გ.ყიფიანი 65), გ.ჯამარაული (კაპ), ლ.კობიაშვილი, გ.მეგრელაძე (ლ.მონასელიძე 46), ა.კაიდარაშვილი, კ.ჩხეტიანი
18 თებერვალი, 2004. საერთაშორისო ტურნირი. კვიპროსი, ლარნაკა. 2.000
რუმინეთი 3:0 საქართველო
გოლები:
0:1 ა.მუტუ (30), 0:2 ა.მუტუ (70), 0:3 ფ.ჩერნატი (87) მე-10 წუთზე ვ.დარასელიამ ვერ გაიტანა პენალტი (მეკარე)
საქართველო:
დ.გვარამაძე, ვ.დარასელია, რ.ქემოკლიძე, მ.წერეთელი, ა.ამისულაშვილი, ა.გოგობერიშვილი (ლ.კორღალიძე 67), გ.ნემსაძე (კაპ) (გ.გაბიდაური 83), გ.ქინქლაძე (გ.შაშიაშვილი 46), დ.კვირკველია (ლ.მელქაძე 85), ლ.ახალაია (დ.სირაძე 27), ს.იაშვილი (ლ.მაღრაძე 85)
19 თებერვალი, 2004. საერთაშორისო ტურნირი. კვიპროსი, ნიქოზია. 3.000 კვიპროსი 3:1 საქართველო
გოლები:
0:1 კ.ხარალამპიდისი (44), 0:2 კ.ხარალამპიდისი (55), 1:2 გ.გაბიდაური (56), 1:3 მ.ილია (73)
საქართველო:
დ.გვარამაძე, რ.ქემოკლიძე, გ.შაშიაშვილი, მ.წერეთელი (ლ.მაღრაძე 80), დ.კვირკველია, ვ.დარასელია, გ.ნემსაძე (კაპ) (ლ.კორღალიძე 80), ა.გოგობერიშვილი (ლ.მელქაძე 71), გ.გაბიდაური, გ.ქინქლაძე, ს.იაშვილი
21 თებერვალი, 2004. საერთაშორისო ტურნირი. კვიპროსი, ნიქოზია. 300
სომხეთი 2:0 საქართველო
გოლები:
0:1 არტ. კარამიანი (41), 0:2 არმ. კარამიანი (52)
საქართველო:
ზ.მამალაძე, რ.ქემოკლიძე (ი.კანდელაკი 60), გ.შაშიაშვილი, მ.წერეთელი, დ.კვირკველია, ვ.დარასელია, გ.ნემსაძე (კაპ), ლ.კორღალიძე, გ.გაბიდაური, გ.ქინქლაძე, ს.იაშვილი (ლ.მელქაძე 60)
![]() |
23 კაპიტანი |
▲ზევით დაბრუნება |
სპორტი|ჰოკეი
ზურაბ თალაკვაძე
46 წლის სეტ ფრიდმენი უმუშევარია. ხუთი თვის წინ ბროკპორტის ფოსტიდან გაათავისუფლეს. სეტს უყვარდა ამანათების ჩამორიგება. ეს პროფესია მამამისისგან მიიღო. ფოსტის ბოსებმა ვერ გაითვალისწინეს, რომ სეტი ოთხდოლარიან ღვინოსთანაც მეგობრობდა და როდესაც ერთ-ერთი უნდა აერჩია, თვალი ლა ბოკას ჩაუკრა. შემდეგ, ორჯერ, ამანათის დანიშნულების ადგილი შეეშალა. 78 წლის ქალბატონს ბეისბოლის ყოველწლიური ჟურნალი მიუტანა და 22 წლის რედ სოქსის ბოროტ ფანს - კულინარიის ენციკლოპედიის სამტომეული. სეტი ნიუ იორკში დაიბადა, ნიუ იორკის მეტროს არომატში გაიზარდა და ბროკპორტში ნიუ იორკის მოგონებებით იძინებდა. ბოლო თვეებში 17 წლის ბიორნს დაუმეგობრდა. ბიორნ ფრიდმენი სეტის შვილია.
სეტი ლოგინზე ჩამოჯდა. აკრიფა ბარათები. დენის ეკერსლი, ხოსე კანსეკო, ხავიერ ვასკესი, დონ მატინგლი, რეი ბურკი, ბობი პერიში, ჩარლზ ბარკლი, ვინი დელ ნეგრო, ჯიმი არიასის ავტოგრაფი ჯეი ბერგერის ფოტოზე. როჯი? როჯი, როჯი... კლემენსის ბარათი ბიორნმა ლუი ბუსენარის ნოველების კრებულში სარჩევად ჩადო. როჯი თბილად არის. იქვეა 1994 წლის ოქროს შაიბაც, შაიბა, რომელიც რეინჯერსმა იმ სეზონში ბოლოჯერ შეუგდო მეტოქეს.
ყოველ საღამოს სეტი ბიორნს ნიუ იორკის ამბებს უყვება. დღეს ბევრი მოგონების მარანი გაიხსნება. სეტი ყველაზე დიდ კაპიტნებზე გაიხსენებს საინტერესო ამბებს. არა მხოლოდ ნიუ იორკის, ამერიკული ლიგების კაპიტნების ამბებს. შვილს ცისფერი პლედი გვერდებში შეუკეცა, მიწის თხილი მწვანე თეფშზე დაყარა და დაიწყო.
„იანკისში დერეკ ჯიტერმა მოგვცა ყველაფერი. ტრადიციას მოაშორა მტვერი და ჩვენი გუნდი ისევ ყველაზე კარგი, განუმეორებელი გახდა. იანკისი ჯიტერმა დაგვიბრუნა და როჯთან, მარიანო რივერასთან ერთად გვითხრა, რომ წარუმატებლობის დრო მორჩა.
ლარი ბერდმა ჩვენი ნიქსი გალახა, ლარის ნიუ იორკში ჩამოხრჩობას უპირებდნენ და ლარის ნიუ იორკში დიდ პატივს სცემდნენ. ის დიდი კაპიტანი იყო
ბიორნ, ყველაზე დიდი კაპიტანი რეინჯერსს გვყავდა.
იცი, რას ვერ დავივიწყებ? ის კაცი 1994-ში, დევილზთან სერიის მეექვსე შეხვედრის წინ, ბრიფინგზე მთელ ნიუ იორკს მიმართავს. ყველას მიმართავს. ჰამბურგერების გამყიდველს, ქალაქის მერს, რუდი ჯულიანის, მანჰეტენის მეძავების ასოციაციის სპიკერს, სპაიკ ლის, პატრიკ იუინგს, მე, დედაშენს, დედაშენის იდიოტ მამას და შენც. ყველას. მარკმა თქვა, სერიას მოვიგებთ და სტენლის თასს თქვენ, ნიუ იორკელებს ჩამოგიტანთო. შემდეგ მარტინ ბროდოს სამი შაიბა გაუტანა, დევილზი გავაგდეთ, ფინალში კაპიტანმა იმ არანორმალური რუსის (პაველ ბურეს) ვანკუვერს მოუგო და ნიუ იორკს გაუღიმა. სახის ძვალი გაუტეხეს და კაპიტანმა მაინც ღიმილი გვაჩუქა. თბილი, ტკივილით და ბევრი ნაკერით გამთბარი ღიმილი. კაპიტანმა თქვა და შეასრულა. იცი, ბიორნ? კაპიტნები განსაკუთრებულები არიან. რეინჯერსს განსაკუთრებულებში ერთადერთი განსაკუთრებული კაპიტანი გვყავდა.
31 მარტს დედაშენი ჩემი ცოლი გახდა. არ უნდა გამხდარიყო და გახდა. და იმავე დღეს, ოღონდ 2004-ში, კაპიტანი წავიდა. არ უნდა წასულიყო და წავიდა. ნიუ იორკი მოწესრიგდა, ახალი პერანგი და კეპი მოიხდინა, გაისწორა თმა. ნიუ იორკმა კაპიტანს მადლობა გადაუხადა. სიჩუმით გადაუხადა. ნიუ იორკმა კაპიტანი გაიხსენა და გააცილა. კაპიტანი ჯერ ედმონტონში იყო. ერთმა უზრდელმა ბიჭმა, ჯეიმი მაკკოუნმა ედმონტონის ფანებს პროვინციელი უვიცები უწოდა. მეორე დღეს კაპიტანმა მაკკოუნს, რომელიც კალგარიში ძველბიჭობდა და ამაში დიდ ფულს იღებდა, ნიკაპი გაუტეხა. კაპიტანმა ედმონტონი დაიცვა. შემდეგ ჩვენთან გადმოვიდა და სტენლის თასი მოგვიტანა.
კაპიტანი, ანუ მარკი მიდის თეთრ სახლში და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტზე წონადი პერსონაა.
მარკი მიდის კლინტ ისტვუდის ფილმის პრეზენტაციაზე და მორგან ფრიმენზე მეტ ავტოგრაფს არიგებს.
მარკი მიდის ქიდ როკის ლაივზე და ცელქ, ნიჭიერ მუსიკოსს რეინჯერსის კეპს მედიატორში უცვლის. მარკი როკზე როკია.
მარკი მიდის მაკდონალდსში და ყველაზე დიდი მაკია.
მარკი ორ გუნდში გრეცკისთან ერთად აგროვებს ყინულის მტვერს და ორივე გუნდში მარკი გრეცკიზე დიდია.
მარკმა კანადის ნაკრებში კანადის თასი მოიგო. მაშინ მარკი მთელი კანადა იყო. მარკზე ბევრი შაიბა მარიო ლემიემ გაიტანა, უფრო მეტი პასი გრეცკიმ გააკეთა. უბრალოდ, ბოლო VS-ში მარკმა სერგეი მაკაროვი რომ დააგდო, საბჭოთა კავშირის ნაკრების ლიდერი ყინულზე შეშინებული გადიოდა
მარკი ორჯერ გახდა სეზონის MVP და ყველა სეზონში თავისი გუნდის MVP იყო. მარკმა კანადას ტრადიცია და კანადა დაუბრუნა. დეტროიტის და ნიუ იორკის დომინაცია მესიეს და გრეცკის ძმაკაცობამ გაახუნა. მესიე განსაკუთრებული იყო. განსაკუთრებული კაპიტანი განსაკუთრებული ფანებისთვის.
უეინ გრეცკი და მარკ მესიე
მარკი იყო კანადის, ჩვენი კაპიტანი“.
- მამა, კაპიტანთან, გვერდით, მეორე რომ დგას, რატომ ტირის?
- ბიორნ, ისიც დიდი მოთამაშე იყო. უბრალოდ, კაპიტანი არ ყოფილა. მხოლოდ უეინ გრეცკი იყო. უეინი და კაპიტანი ერთად გაიზარდნენ. კარგი, უკვე გვიანია, დაიძინე.
ბიორნმა რეინჯერსის კეპი მოიხსნა. საწოლთან დადო. მამამ კარი გამოიხურა. პოსტერიდან ბიორნს კაპიტანი უყურებს. ყველაზე დიდი კაპიტანი კაპიტნებში, ნიუ იორკში, ჯულიანის ცირკში. პოსტერიდან ბიორნს მარკ მესიე უყურებს. ედმონტონში მესიე ხუთჯერ გახდა ჩემპიონი, შემდეგ წავიდა რეინჯერსში და ისევ პირველი კაცი გახდა. გრეცკიმ 2004 წლის 31 მარტს მარკს მადლობა გადაუხადა. ერთგულებისთვის და სიმართლისთვის. მარკი სულ მართალი იყო. მარკმა გრეცკის გარეშე დარჩენილ, დაბნეულ ედმონტონს ტვიდის პიჯაკი მოახურა, გაათბო და 1990-ში ედმონტონი ჩემპიონი გახდა. მარკი სულ იგებდა.
ბიორნ ფრიდმენს შარშან, ლეიკემიამ მოუგო. უსამართლოდ მოუგო. ლეიქსაიდის ჰოსპიტალში მოუგო. ახალ ყინულზე ბიორნი რეინჯერსის ლურჯი მაისურით გავა. ზურგზე პოპულარული, სანდო წარწერით - MESSIER.
კაპიტანი ჰოკეიდან წავიდა. ბიორნმა სამოთხის კარზე კაპიტნის მაისურით დააკაკუნა. ვიღაცამ ურდული უნდა გადაწიოს და ჭიშკარი შეაღოს. სეტ ფრიდმენი მეორედ დაბერდა.
![]() |
24 ყველაზე მძიმე მსუბუქები |
▲ზევით დაბრუნება |
სპორტი|კალათბურთი
გიორგი მაჩაბელი
სამსერიან სიკველში NBA-ს დიდი ბიჭების პოზიციურ რეიტინგებს გავივლით. ყველაზე კარგ ფორვარდებზე და მეხუთე ნომრებზე ცნობილ იუმორისტთან, მისტერ ბრენტ ბერისთან ერთად წავიჭორავებთ. ბრენტის მამა, რიკიც სერიოზული მესამე ნომერი იყო. სერიოზული, მაგრამ არა იმდენად კარგი, რომ სამ საუკეთესო მსუბუქ ფორვარდში შესულიყო. ბრენტმა ის მეოთხე ადგილზე დააყენა. უფრო წინ, ვიდრე დომინიკ უილკინსი, ბერნარდ კინგი, ჯეიმს უორთი, ადრიან დანტლი, შონ ელიოტი, შონ მერიონი და ჯერალდ უოლასი. უფრო უკან, ვიდრე ის სამი მეგატიპი, ვინც პირველ სამეულში წამოწვა.
3. ჯულიუს ირვინგი
(ფილადელფია)
ელეგანტური დრიბლინგი, მშვიდი და ფეთქებადი კალათბურთი, გრძელი ნაბიჯი და განსაკუთრებული საკალათბურთო ინტელექტი. ყველაფერი ეს ირვინგში ეტეოდა და ის მფრინავი ტერორისტების პირველ დეკადაში საუკეთესო იყო.
სიქსერზში ჯულიუსი 11 სეზონით (1976-87) გაჩერდა და გუნდს 1983 წლის სუპერფინალი მოაგებინა. ირვინგი თერთმეტჯერ მიიწვიეს ოლ სთარში და საშუალოდ 22 ქულას, 7 მოხსნას, 2 ჩაჭრას და 1.5 დაფარებას კრავდა. დაცვაში ირვინგმა დაკეტა მეჯიქი, მოუგვარა რეგულარულში ყველაფერი სელტიქსის ერთ შეუხედავ კაცს და პატ რაილის ლეიკერსს ერთადერთი VS მოაგებინა.
ბრენტ ბერი: „ირვინგმა გაუსწრო დროს და შეცვალა კალათბურთი. მამაჩემს ვაწყენინე, მაგრამ მესამეზე მაინც დოკი უნდა გამეყვანა. ირვინგის კალათბურთი როლინგ სთოუნზის რიფინგი იყო. მარტივი, გამომწვევი და დაუვიწყარი“.
2 სკოტი პიპენი
(ჩიკაგო)
სკოტი ბულზსში ექვსჯერ გახდა ჩემპიონი, შვიდჯერ შევიდა ოლ სთარში, რვაჯერ ყველაზე კარგ დამცველებში მოხვდა. ჩიკაგოში პიპენის საშუალო სტატისტიკა იყო 17.7 ქულა, 6.7 მოხსნა, 5.3 შედეგიანი გადაცემა და 2.1 ჩაჭრა. სკოტი გუნდისთვის თამაშობდა და სუპერსერიებში, მაიკლთან ერთად ცელქობდა. სკოტის დიდი კარიერა ჰქონდა. მაიკლმა, სკოტიმ და დენის როდმანმა ლიგაში თავისი ოფისი დადგეს და თან, მაგრად ერთობოდნენ.
ბრენტ ბერი: „მაიკლი იყო კალათბურთი და მაიკლი ვერ გახდებოდა მისტერ კალათბურთი სკოტის გარეშე. შეუხედავი გენიოსი, რომელიც ცხვირით ბაობაბს გაბურღავდა. სკოტი სულ მაიკლის გვერდით იყო. ბეტმენმა რეალური რობინი მიიღო“.
1ლარი ბერდი
(ბოსტონი)
ბერდი სელტიქსის ისტორიაში ყველაზე დიდი კაპიტანი, ყველაზე სანდო კაცი და ლიდერი იყო. ბერდის და მეჯიქის საინტერესო, თბილი სერიები კალათბურთის ყველაზე სასიამოვნო მოგონებებია. ბერდი სამჯერ გახდა ჩემპიონი და ვერ გახდა ის, რაც უნდა გამხდარიყო. ლარიმ სელტიქსის გასახდელში სითბო, ნდობა, სიმშვიდე და სტაბილურობა შეიტანა.
ბერდი გახდა საუკეთესო პირველწლიანი და მეჯიქი გახდა ჩემპიონი. ბერდი შეხვდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს და მეჯიქი თეთრ სახლში მანამდე და ლარის შემდეგ შეისეირნებს. ბერდი კალათბურთის ისტორიაში ყველაზე ლეტალური მსროლელი და მესამე ნომერი იყო. ლარი თორმეტჯერ მოხვდა ვარსკვლავური ომების რიმეიქებში და ბერდი სამჯერ გახდა MVP
რედ აუერბახმა ბერდს „კალათბურთის ელჩი“ უწოდა და ელჩის საშუალო სტატისტიკა 24.3 ქულა, 10.1 მოხსნა და 6.3 პასი იყო.
ლარი იყო ლეგენდა.
ბრენტ ბერი: „თეთრმა ბიჭმა მოიგო ყველაფერი და ზურგი რომ არ ეტკინა, მეტს მოიგებდა. ლარის კალათბურთი იყო კლინიკა სთრითბოლით დაავადებული ბავშვებისთვის. შეხედავდი, დააკვირდებოდი და ისწავლიდი კალათბურთის თამაშს. ძველბიჭობის და ბრექობის გარეშე. ლარი ყველას უყვარდა“.
![]() |
25 იაგუარ B99 ბერტონესეული ოთხკარიანი კუპე |
▲ზევით დაბრუნება |
ავტო
მერაბ ლორთქიფანიძე
ჟენევის გამოფენაზე, ბერტონეს მიერ წარმოდგენილ ამ კონცეპტუალურ ავტომობილზე ბევრი ამბობდა, რომ მისი სახით, იაგუარის მომავალი X-ტაიპი ვიხილეთ. თუმცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ ინგლისური კომპანია თავისი ყველაზე პატარა ავტომობილის ამ სახით განახლებას არ აპირებს. მეტიც, მისმა ერთ-ერთმა წარმომადგენელმა განაცხადა - იქნებ ცოტა ხნით, X-ტაიპი ყველამ დაივიწყოთო.
ერთი რამ კი ფაქტია - კონცეპტუალურმა იაგუარ B99-მა, რომელიც იტალიურ სადიზაინერო სტუდია ბერტონეს მიერაა შემუშავებული, ჟურნალისტების, სპეციალისტებისა და დამთვალიერებლების დიდი ინტერესი გამოიწვია. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ბერტონემ ის საკუთარი დაარსებიდან 99 წლის იუბილეს მიუძღვნა. მეორეც, ამ ავტომობილით, იტალიური ატელიე იმ ტენდენციისთვის შეწინააღმდეგებას ცდილობს, რომელიც ბაზრის შედარებით ახალ, ოთხკარიანი კუპეების სეგმენტში ჩამოყალიბდა. ეს ტენდენცია კი ამ ტიპის ავტომობილების უკან დახრილ სახურავში აისახება.
იაგუარ B99-ს ტიპური სედანისთვის დამახასიათებელი, ჰორიზონტალური სახურავი აქვს. კუპეს იერს კი მას ორივე უკანა კარის მომცრო (წინას ნახევარი სიგრძის) ზომები ანიჭებს. ამის მიუხედავად, უკანა სავარძლებზე მოხვედრა მაინც ადვილია, რადგან ავტომობილს არ აქვს შუა საყრდენი და ამასთან, წინა და უკანა კარი ერთმანეთის საპირისპიროდ იღება. კართა ასეთი კონსტრუქცია სერიულ წარმოებაში მხოლოდ როლს როისს აქვს დანერგილი, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ იგივეს იაგუარიც არ გააკეთებს.
მოკლედ, იაგუარ B99-ის სახით, ჟენევაში ოთხკარიანი კუპეს საინტერესო ვერსია ვიხილეთ. ალბათ საინტერესოა მისი გაბარიტებიც: სიგრძე 4.5 მეტრი, სიგანე 1.95 მეტრი და სიმაღლე 1.35 მეტრი. ამ ზომებით, ის D სეგმენტს შეესაბამება. სწორედ ამიტომ წარმოიშვა ვარაუდი, რომ ეს კონცეპტქარი მომავალი X-ტაიპია.
კონცეპტუალური ავტომობილი გაზრდილი სვლის სიშორის ჰიბრიდული სისტემითაა აღჭურვილი, რომელიც ბერტონე ენერჯის მიერაა შემუშავებული. ამ სისტემაში შედის ორი ელექტროძრავი, რომელთაგან თითოეულის სიმძლავრე 201 ცხენის ძალაა. ორივე ძრავა უკანაა მოთავსებული. სვლის სიშორეს კი ბენზინზე მომუშავე 1.4-ლიტრიანი ძრავა უზრუნველყოფს, რომლის სიმძლავრეც 168 ცხენის ძალაა. ამ აგრეგატის დახმარებით, ავტომობილის სვლის სიშორე 700 კილომეტრს აღწევს (მხოლოდ ელექტროძრავებით, მანძილი 100 კილომეტრამდე მცირდება), რაც ამჟამად ბაზარზე არსებული მსგავსი ტიპის შევროლე ვოლტის სვლის სიშორეზე გაცილებით მეტია. თანაც, ყოველი კილომეტრის გავლისას, ის გარემოს მხოლოდ 30 გრამი ნახშირორჟანგით აბინძურებს.
![]() |
26 სპაიდერი ვისმანის კონცეპტუალური ექსპერიმენტი |
▲ზევით დაბრუნება |
ავტო
გერმანული კომპანია ვისმანი ცნობილია თავისი სპორტული ავტომობილებით, რომლებიც დამახასიათებელი გარეგნობით, ტემპერამენტით და მდიდრული ინტერიერებით გამოირჩევა. თუმცა ჟენევის გამოფენის დამთვალიერებელს, ამ კომპანიის სტენდზე სრულიად განსხვავებული სტილის ავტომობილი - ღია სპაიდერი დახვდათ.
კომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით, ეს კონცეპტუალური ავტომობილი, ბრენდის თაყვანისმცემელთა თხოვნების და რჩევების გათვალისწინებით შეიქმნა. მთავარი თხოვნა კი მძლავრი და მსუბუქი, თითქმის სარბოლი ავტომობილის შექმნა იყო.
ვისმან სპაიდერი ბეემვეს წარმოების ბენზინის 4.0-ლიტრიანი V8 ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 420 ცხენის ძალას და 400 ნიუტონმეტრს ავითარებს. ძრავა ბაზაშია განლაგებული. უცნობია ტრანსმისიის ტიპი და საფეხურების რაოდენობა. სამაგიეროდ, კომპანიის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში აღნიშნულია, რომ ამ აგრეგატის დახმარებით, ორადგილიან ღია ავტომობილს, რომელსაც არც კარი გააჩნია და არც საქარე შუშა და 1000 კილოგრამს იწონის, სტანდარტული აჩქარებისთვის (0-100 კმ/სთ) 4 წამზე ნაკლები ჰყოფნის, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 290 კმ/სთ-ია.
ვისმანი აცხადებს, რომ კონცეპტუალური სპაიდერი, კომპანიის ისტორიაში ყველაზე ექსტრემალური ავტომობილია. ძრავის და თავად ავტომობილის ტექნიკურ-დინამიკური მახასიათებლების გარდა, მის ტემპერამენტზე ის ფაქტიც მიგვანიშნებს, რომ მას არ აქვს საქარე შუშა და კარი. ამიტომ, აუცილებელია, რომ პილოტმა (ადამიანს, რომელიც ამ მანქანის საჭეს მიუჯდება, უბრალოდ მძღოლს ვერც უწოდებ) თავი შლემით დაიცვას. ამასთან, ავტომობილის გადაბრუნების შემთხვევაში, მასში მსხდომებს უსაფრთხოების რკალებიც დაიცავს.
ჯერჯერობით ვისმანი ამ ავტომობილის სერიულ წარმოებას არ აპირებს. სამაგიეროდ აცხადებს, რომ სპაიდერი იმისთვის გამოიფინა, რომ პოტენციური მყიდველის აზრი შეისწავლოს და განსაზღვროს, რამდენად წარმატებული შეიძლება იყოს ასეთი ავტომობილი ბაზარზე, რომელიც მწარმოებლებს მცირე შეცდომასაც არ პატიობს.
მართალია, ვისმანი კონცეპტუალურ სპაიდერს სტუდიურ ავტომობილს უწოდებს, მაგრამ ჟენევაშივე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გერმანული კომპანია უკვე მის სერიულ ვერსიასაც ამზადებს, რომელსაც ჟენევაშივე, გაისად წარადგენს.
![]() |
27 ორგაზმი ქართულად |
▲ზევით დაბრუნება |
კულტურა
ნიკა ესებუა
რას შეიძლება შევადაროთ გიორგი ლიფონავას ახალი ფილმი „ჭამა და სექსი“? რა თქმა უნდა, ჩვენთან აქამდე გადაღებული სურათები ამისთვის არ გამოგვადგება. ეს არის დამოუკიდებელი ქართული ფილმი, ორიგინალური სცენარით. ფორმულა კრეატივის მორიგ პროდუქტს პრეტენზია აქვს დაანახოს მაყურებელს ის, რასაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე ხედავს, აკეთებს და თვალს არიდებს.
„ჭამა და სექსი“ ტრაგიკომედიაა, რომლის მონაწილე ფილმის პერსონაჟები ქართული საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილს წარმოადგენენ. ის ხალხი, ვინც სურათის პროტაგონისტების ცხოვრებით ყოველდღიურად ცხოვრობს და ისინი, ვინც მათ ყოფას დასცინიან. ფილმი 5 ნოველისგან შედგება. ხუთ რეალურ ფაქტზე დაფუძნებული ისტორია, რომელიც სევდანარევი იუმორით გვიყვება ერთმანეთისაგან განსხვავებულ, თუმცა ჭამითა და სექსით დაკავშირებულ ისტორიებს.
ნოდიკოს და სალომეს პირველი, სამადლობელის დალევით დაწყებული „განსხვავებული“ ღამე სასტუმროს ნომერში. ლევანის და მაკას სახალისო, მაგრამ სევდიანი ისტორია, რომელიც მაკას მშობლების სახლში ვითარდება. მუდამ უხერხული სიტუაციები, დაუსრულებელი ჭამა და ორგაზმის გარეშე ყოფნა. გიგა, ნათია, მარხვა და კატლეტი. სამი ძმაკაცი და მეძავები აგარაკზე - სოკოს წვნიანით და გარდაცვლილი ბიძის შესანდობარით „შეზავებული“ ამბავი. ლიკას და ზაზას ურთიერთობა, რომელიც სამი სიტყვით: ხინკალი, სექსი, ეჭვი - შეიძლება დახასიათდეს.
ფორმულა კრეატივმა მშვენიერ ფორმულას მიაგნო, თუ როგორ უნდა გააცინოს (თან მწარედ) მაყურებელი. გამოგონილი ისტორიების ნაცვლად, მათ ჩვეულებრივი ამბები აიღეს, კარგი სცენარი და დიალოგები დაწერეს და მაყურებელს წარუდგინეს. შესაბამისად, ფილმი რეალისტურია, ადვილად შეგიძლიათ ნებისმიერ პერსონაჟში საკუთარი თავი ამოიცნოთ, ან თქვენი მეზობელი, მეგობარი და ნაცნობი დაინახოთ. თითოეული ისტორია ძალიან ნაცნობია. ძალიან სასაცილო და… სამწუხაროდ, სევდიანი. ფილმი ხომ თანამედროვე ქართულ ყოფას ასახავს, ცოლ-ქმრების ურთიერთობას, მათ გააზრებულ თუ გაუაზრებელ დამოკიდებულებას სექსის, ოჯახის, მშობლების, რელიგიისადმი. „ჭამა და სექსი“ - ეს მხოლოდ ადამიანის ორ მნიშვნელოვან ინსტინქტზე კი არა, მათი ქართული შერწყმით მიღებულ მუტანტზე გადაღებული ფილმია.
ტრადიციულად, ქართული ფილმების უდიდესი მინუსი მსახიობების იმპოტენტური თამაშია. გიორგი ლიფონავას ნამუშევარმა კი აქაც „უღალატა“ ტრადიციებს. მთავარი როლის შემსრულებელ მსახიობებს, იშვიათი გამონაკლისების გარდა, დამაჯერებლობა არ აკლიათ და რეალიზმის შეგრძნებას კიდევ უფრო ამძაფრებენ.
ტექნიკურად ფილმი საკმაოდ დაბალი დონისაა. პირველი ეპიზოდი ძალიან გაწელილია, ბევრი აშკარად ზედმეტი კადრია. სხვა ისტორიებს მონტაჟის ხელი საერთოდ არ ეტყობა, ოპერატორის ნამუშევარი ძმაკაცებისა და მეძავების ეპიზოდებში ამაო წვალებას უფრო ჰგავს, ვიდრე რაიმე ღირებულის გადაღების მცდელობას. გიორგი ლიფონავა („ჩვენი ოფისი“, „კლინიკა“, „ნაფიცი მსაჯული“) კინოში სერიალების გავლით მოხვდა და მისთვის სატელევიზიო შოუების ესთეტიკა უცხო არ არის, „ჭამა და სექსი“ კი თავისი პრიმიტიული რეჟისურით ხშირად მოგაგონებთ სერიალს. თუმცა ეს ყველაფერი შეიძლება „ეპატიოს“ ფილმს, სცენარისტების (ქეთი დევდარიანი, მიშა მშვილდაძე, ირაკლი საღინაძე) კარგი ნამუშევრის და მსახიობების თამაშის წყალობით, რომლებიც ოსტატურად ქმნიან დადებით მუხტს.
„დიდი ნადიმი“ მარკო ფერერის მშვენიერი შავი, ბოროტი, კომედიაა 4 მამაკაცზე, რომლებიც ზედმეტი ჭამით სიკვდილს აპირებენ, უკანასკნელ გზაზე კი გადაწყვეტენ, რომ სექსი სჭირდებათ და მეძავებს დაიქირავებენ. სწორედ ეს ფილმი გამახსენა გიორგი ლიფონავას ნამუშევარმა, რომელიც იმავე იარაღით (საჭმელი და სექსი) და უფრო მსუბუქი ფორმებით ცდილობს, ხალხს მათ ირგვლივ არსებული პრობლემები დაანახოს.
„მებრძოლთა კლუბში“ ტაილერ დერდნერი ამბობს - „საკუთარი თავის განვითარება მასტურბაციას ჰგავს“. ქართული კინო გლობალური ონანიზმის მორევშია და იშვიათად კავდება სექსით. გიორგი ლიფონავას ფილმი კი პირველი ნაბიჯია ჯანსაღი კვებისა და სექსუალური აქტისაკენ; ნამუშევარი, რომელსაც აქვს უნარი კინოთეატრში მისული მაყურებელი კმაყოფილი დატოვოს.
![]() |
28 ქართველი „პერეგონშიკების“ კინო |
▲ზევით დაბრუნება |
კულტურა|კინო
მაკა კევლიშვილი
კადრი ფილმიდან
უკვე გიკვირს კიდეც, როდესაც ქართული ფილმის პრემიერაზე მოხვედრილს, იმ თემებისა და პასაჟების ნაკადი არ გხვდება, რაც დღეს ქართულ კინომოდად არის ქცეული: დაკარგული თაობა, 90-იანების რომანტიზაცია, ტელესერიალების ესთეტიკაზე აწყობილი, კარგად „გაშპაკლულ“-გაპრიალებული ფილმები. მოკლედ, ყველაფერი ის, რაც დღეს ქართული კინოს მამოძრავებელია.
„თეთრი არა - შავი“ კონსტანტინე მინდია ესაძის 58-წუთიანი დოკუმენტური ფილმია, რომელიც მანქანებით მოვაჭრეთა („პერეგონშიკები“) რთულ გზას ასახავს. რეჟისორი საკუთარ გამოცდილებას ეყრდნობა და ხიფათით სავსე იმ მოგზაურობას იხსენებს, რაც გერმანიიდან მანქანის ჩამოყვანის დროს გამოიარა. ეს მისი პირველი ნამუშევარია, სადაც ერთდროულად იდეის ავტორიც, რეჟისორიც და ოპერატორიცაა.
„პერეგონშიკების“ ცხოვრება გზაზე და მათი პროფესიის ფარული მხარეების ჩვენება, ფილმის მთავარი ხაზია. მას ავტორი ყოველგვარი კომპრომისისა და შეფარვის გარეშე მიჰყვება. მცდელობა იმისა, რომ, სულ მცირე, გზებზე მოხეტიალე გმირების მიმართ თანაგრძნობა გაგიჩნდეს, წარმატებული აღმოჩნდა.
დოკუმენტური ფილმისთვის დამახასიათებელი ავთენტურობის განცდით მაყურებელი რეისს საქართველო-გერმანია-საბერძნეთი-იტალია-თურქეთი-საქართველო, ორ პერსონაჟთან ერთად გადის. ორი სხვადასხვა ფსიქოტიპის, განსხვავებული გამოცდილებისა და სხვადასხვა ინტერესების მქონე პერსონაჟი, რამდენიმე ათასკილომეტრიანმა გზამ გააერთიანა. დათოსგან, პროფესიონალი „პერეგონშიკისგან“ განსხვავებით, რომლისთვისაც ნაცრისფერი ავტობანების მიღმა არაფერია საინტერესო, ახალბედა, განათლებით მხატვარი, მამუკა უკან ევროპის - ვენეციის, გემების, უცხო ადამიანების, მუზეუმებისა და სექსშოპების - შთაბეჭდილებით დახუნძლული ბრუნდება.
კონსტანტინე მინდია ესაძე
მიუხედავად იმისა, რომ აქ ბევრი ურჩიეს - საქართველო შავი ბეემვეების ქვეყანააო, მამუკას გადაწყვეტილება, ეყიდა თეთრი ან ვერცხლისფერი ალფა რომეო, ვერაფერმა შეაცვლევინა. შავი ბეემვე შემოსულა მოდაში და კაცმა არ იცის, როდის გადავა. უკვე რამდენიმე ათწლეულია, ასეა, - გეუბნება რეჟისორი და ამ სტერეოტიპზე იუმორით და თანაგრძნობით გესაუბრება. ამ სტერეოტიპის მსხვერპლი ხდება მამუკა, რადგან ვერცხლისფერი ალფა რომეო ქართული ავტობაზრისთვის უვარგისი აღმოჩნდება და მისი ნაწილებად დაშლისა და ჩაბარების გარდა, ჩვენს გმირსაც სხვა აღარაფერი დარჩენია. სატრანსპორტო ხარჯებიდან ამოსვლას კი, (როგორც თავიდან ურჩიეს) შემდეგი რეისით ჩამოყვანილი შავი, რაც მთავარია ქალის ნახმარი ბეემვეს გაყიდვით შეძლებს.
მთელი ეს ისტორია, ისევე როგორც უკანასკნელ წლებში გადაღებული ქართული ფილმები, ქუჩური დიალოგებისა და ტერმინოლოგიის ტრადიციას არ ღალატობს. აქაც იჩენს თავს ნაცნობი თემები: „შხვართი“ იტალიელი გოგონები თუ უცხოეთში პირველად წასული ქართველის „აღმოჩენები“ სექსშოპში.
მინდია ესაძის დოკუმენტური ფილმი „თეთრი არა - შავი“ თემის აქტუალობის, დრამატურგიული ხაზის, დინამიკისა და ოპერატორული ნამუშევრის ხარჯზე, თამამად შეიძლება, შემდგარ დოკუმენტურ ფილმთა სიაში მოინიშნოს. ფილმი, რომელიც საქართველოს ეროვნული კინოცენტრის სუბსიდიის ნაწილობრივი დაფინანსებით შეიქმნა, შესაძლოა, კოპენჰაგენის დოკუმენტური ფილმების ფესტივალზეც აღმოჩნდეს.
![]() |
29 ცვლილებების მოლოდინში დაკარგულები |
▲ზევით დაბრუნება |
კინო|კულტურა
ყველა ფოტო: ანკა გუჯაბიძე ©
6 აპრილს, კინოთეატრ რუსთაველში, დახურული ჩვენება გაიმართა. დიდ დარბაზში სალომე ჯაშის სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი „ბახმარო“ გავიდა. თუ გავითვალისწინებთ რეჟისორის ძველ ფილმებს („ერთ-ერთი მინისტრი“, „ლიდერი ყოველთვის მართალია“), რომელთაც საზოგადოებაში პოლემიკა მოჰყვა, ცხადი იყო, რომ სურათის მიმართ ინტერესი არსებობდა. 3-წლიანი სამუშაო პროცესი ამ ყველაფერს ინტრიგასაც კი მატებდა.
სამსართულიანი აგურის სახლია. ზოგან ჩამტვრეული ფანჯრებით და ხავსმოკიდებული რაფებით. კამერა გულდასმით და დიდხანს გიჩვენებს შენობას საერთო თუ ახლო ხედებით, ზედ გაკრულ ჭრელ აბრებს: „სტომატოლოგიური“, „კონსერვატორები“, „ციფრული ფოტო“... ვიღაც აზიური გარეგნობის მამაკაცი კედელზე წითელ ბურთსაც ჰკიდებს - ალბათ ჩინური მაღაზია იხსნება. აგერ სლოტკლუბიც და ქრიტიან-დემოკრატთა პარტიის ადგილობრივი ოფისიც. იქვე კუთხეში ძაღლიც ყეფს. ეს ერთგვარი შენობა-ჰიბრიდია, მიკროსამყარო, რომელიც საკუთარი ბეჩავი მობინადრეებით, ერთი ქვეყნის შესახებ მოგიყვება. ქვეყნის, რომელიც ცვლილებების მოლოდინშია.
ბახმარო - შენობა-ჰიბრიდის ერთ ნაწილში განთავსებული რესტორანია. ძველი ხის მაგიდებით, პლასტმასის ჭიქებში ჩადებული ხელსახოცებით და კუნთიანი მიმტანი ქალით. ის მუშტარის არყოფნისას, თანამშრომელს მაგიდებს შორის, სასადილოს ცენტრში ქერად უღებავს წამოზრდილ თმას. დირექტორი თავისი კაბინეტიდან პერიოდულად იძლევა დირექტივებს და რატომღაც, უჯრაში ინახავს კერძს. ვიღაც ავტომატზე თამაშობს, ვიღაც პურს ყიდის და საკუთარ „გამათხოვრებულ ცხოვრებაზე“ წუწუნებს, ვიღაც კი ამ დროს იქვე, საპასპორტო ფოტოს იღებს. უგემოვნო, მწვანე და წითელი პლასტიკატის კედლები, ზედ სრულიად უადგილოდ მიკრული მოდილიანი და ამის ფონზე ქალი, იატაკის საწმენდი ჯოხით ხელში - ასეთია „ბახმარო“.
თავისთავად, რესტორან ბახმაროს გმირები, დროში ჩარჩენილი ერთფეროვნებით, აუცილებლად აღძრავენ მაყურებელში სევდიან გრძნობებს. მათი შემყურე, სხვა თუ არაფერი, გორბაჩოვის დანახვასაც შეიძლება ელოდო წითელი მიხაკით ხელში, მაგრამ... რამდენჯერ უნდა ვნახოთ წინსაფრიანი ქალბატონები ცელოფანგადაკრულ მაგიდებთან ან დროში გაყინული პროვინციები? ნუთუ ამ გაყინული სივრცეების კიჩი ისევ საინტერესოა ჩვენთვის? მით უმეტეს მაშინ, თუ არსებული სოციალური ლანდშაფტის ჩვენების გარდა, სხვას ვერაფერს სთავაზობ მაყურებელს. რა უნდა აღმოგვეჩინა ამ ფილმით? ის, რომ დედაქალაქის გარეთ (თუ შიგნით, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს) არის ადგილი, სადაც ყველაფერი ძველებურადაა, სადაც ადამიანები მძიმე რეალობაში, უკან, წარსულში ცხოვრობენ და დღესაც კაკაოსფერი ჟიგულებით დადიან? თუ ეს ასეა, მაშინ გამოდის, რომ ეს სურათი ათასჯერ მაინც გვქონია ნანახი.
„კარგი სტუდენტური ნამუშევრის“ გარდა, ფილმს ვერაფერს დაარქმევ. თუ გავითვალისწინებთ ჩამოთვლილ დონორ კომპანიებს, რომელთაც სურათის შექმნაში მიიღეს მონაწილეობა და ტრანსლაციის უფლებების მქონე საერთაშორისო ტელეკომპანიათა შთამბეჭდავ სიასაც გადავხედავთ, ცხადი ხდება - „ბახმარო“, „სტუდენტურზე“ სულაც არ ყოფილა გათვლილი.
ფრაგმენტულად ნაჩვენები დიალოგები, მის გმირებზე არანაირ ინფორმაციას არ გაწვდის; ოპერატორის შემყურე ხვდები - აჯობებდა, პროფესიონალს ემუშავა; ფილმი, რომელშიც პერიოდულად შეიძლება აღმოაჩინო სასაცილო პასაჟები, გაცილებით მოქნილი იქნებოდა, 15 წუთის ქრონომეტრაჟი რომ ჰქონოდა. და მაშინ ალბათ აღარც იმ ჭუჭყიანი დერეფნისა და მულტიფუნქციური აგურებიანი სახლის ექსტერიერის ყურება დაგღლიდა ასე.
და კიდევ ერთი. ერთი სახლის თუ შენობის განზოგადება, მისი დროში ჩარჩენილი, ღატაკი გმირები, რომელთა ფუჭი ფუსფუსი სევდიან განწყობაზე გაყენებს - მსგავსი სოციალური „ეგზოტიკა“ საფესტივალო წარმატებისათვის გარანტირებულია. ამის მაგალითების მოყვანა უხვად შეიძლება. თუმცა, ეს უკვე სულ სხვა თემაა
![]() |
30 ტიფლის ავენიუდან როტერდამამდე |
▲ზევით დაბრუნება |
კულტურა|გამოფენა
ჩავლილი, მიმდინარე და მოსალოდნელი გამოფენების შესახებ
თამარ კიკნაველიძე
საქველმოქმედო გამოფენა-აქცია
1-დან 10 აპრილის ჩათვლით, არტცენტრ ტიფლის ავენიუში დამთვალიერებელს 17 ახალგაზრდა მხატვრის (მათ შორის: თორნიკე აბულაძე, თეონა კოხოძე, ზურა მჭედლიშვილი, ლეილა გრიგოლია, ქეთევან ნადირაძე, თამარ კალხიტაშვილი, სალომე რიგვავა, თაკო მაღლაფერიძე) ნამუშევრების ნახვის საშუალება ჰქონდა. ექსპონირებულ ნამუშევრებში ფერწერას, გრაფიკას, ლითოგრაფიას და ფოტოგრაფიას აღმოაჩენდით. ყველა ნიმუშის დათვალიერება მხოლოდ მათ შეძლეს, ვინც გამოფენის გახსნას დაესწრო. პირველი დღის შემდეგ, ავტორთა არაერთი ნაწარმოები გაიყიდა, რაც ახალგაზრდა ხელოვანების შემოქმედებითი შესაძლებლობების გამოვლენის გარდა, ექსპოზიციის მოწყობის ერთ-ერთი მიზანი გახლდათ.
დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გადახდილი თანხა საქველმოქმედო დაწესებულება მწვანე სახლს გადაეცა, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს ეხმარება.
თათია ნადარეიშვილი
ზურა მჭედლიშვილი
თამარა მაღლაფერიძე
მხატვრისა და ფილოსოფოსის ფერწერა
თბილისის ისტორიის მუზეუმში მხატვრისა და ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორის - ლადო ასათიანის გამოფენა გრძელდება. საკუთარ ნამუშევრებში ავტორი აქცენტს ფერზე და ფერის „თამაშით“ შექმნილ განწყობაზე აკეთებს. მისი გამოსახვის საყვარელი ობიექტია ზღვა და ქალის შიშველი სხეული, ხოლო ჟანრი - პეიზაჟი. რამდენიმე თემას მხატვარი პერიოდულად უბრუნდება. მაგალითად, გამოფენაზე წარმოდგენილია მისი 1998, 2010 და 2011 წლებში შესრულებული „ზღვის მითოსი“. ზღვის პეიზაჟს გამოსახავს „ავდარი ზღვაზე“ (2011), „გრილი საღამო ზღვაზე“ (2011), „მზის ჩასვლა ზღვაზე“ (2007) და ა.შ.. პარალელურად, მხატვარი თბილისის პეიზაჟებსაც გვთავაზობს. მათ შორისაა: „თბილისი, ზღვის ამოსვლა“ (2008), „ძველი თბილისი მტკვართან“ და „ძველი თბილისი“ (2010). მხატვრის პალიტრა მრავალფეროვანია, ხოლო მონასმი ენერგიული. ქალის შიშველ სხეულს მხატვარი ნიუების სერიაში გადმოსცემს, საიდანაც გამოფენაზე ორი ნიმუშია წარმოდგენილი.
ქალაქის პეიზაჟებისა და ნიუების გარდა, ლადო ასათიანი ტილოზე მითოლოგიურ თუ რელიგიურ პერსონაჟებსა და სიუჟეტებს აცოცხლებს. მთავარი აქცენტი ყველგან სხვადასხვა ინტენსივობის ფერზეა გაკეთებული. ასეთია, მაგალითად - „აპოლონი და დიონისე“ და „წითელი ანგელოზი“.
ავტორი ფილოსოფოსია და პედაგოგიურ მოღვაწეობასაც ეწევა. წლების განმავლობაში სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში მუშაობდა, ამჟამად კი ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კითხულობს. მის მიერ გამოქვეყნებული შრომებიდან აღსანიშნავია: „ლადო გუდიაშვილის შემოქმედების ფოლკლორული ასპექტი“ და „მხატვრული კულტურა და ხელოვნების ზოგადთეორიული კვლევა“.
თბილისიდან როტერდამამდე
15 აპრილს ჰოლანდიის ქალაქ როტერდამში ახალი გამოფენა გაიხსნება. ექსპოზიცია იმით იქნება გამორჩეული, რომ ჰოლანდიელებთან ერთად მასში ქართველი მხატვრებიც მიიღებენ მონაწილეობას. დეტალების შესახებ ცნობილი რამდენიმე დღეში გახდება, თუმცა დღეისათვის დაზუსტებით მხოლოდ სახელწოდება - „თბილისიდან როტერდამამდე“ - ვიცით. ორგანიზატორი როტერდამის მუნიციპალიტეტი და ჰოლანდიური ფონდი ს.ო.ს.-ია. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ფონდის მიზანი ჰოლანდიაში მყოფი ემიგრანტების დახმარებაა. გამოფენა ერთგვარი გაგრძელებაა შარშანდელი ექსპოზიციისა, რომელიც ჰოლანდიელი მხატვრების მონაწილეობით თბილისის ისტორიის მუზეუმში შედგა და ჰოლანდიის დამოუკიდებლობის დღესასწაულს მიეძღვნა. სწორედ ამ გამოფენის შემდეგ გადაწყდა ყოველწლიური ერთობლივი გამოფენების ჩატარება.
გამოფენას როტერდამში ქართველი და უცხოელი სტუმრები, მხატვრები და კოლექციონერები დაესწრებიან. ექსპოზიციის გახსნაზე სიტყვას ნიდერლანდებში საქართველოს საელჩოს წარმომადგენელიც წარმოთქვამს.
![]() |
31 10 კითხვა მაია სარიშვილს |
▲ზევით დაბრუნება |
კულტურა
ფოტო: დავით მესხი ©
ვინ არის მაია?
ადამიანი, რომლისთვისაც დრო უსაშველოდ ნელა გადის და თითქმის ბავშვობიდან მოყოლებული აქვს განცდა, რომ უხსოვარი დროიდან არსებობს.
როგორია ოჯახის დედობა, სადაც ოთხი შვილი იზრდება და ორი „საბა“ ინახება?
ყოველდღე ვიღებ ხოლმე მტვერს ამ ორი ვერცხლისფერი ფრთიდან, როცა პიანინოს დასუფთავების ჯერი დგება. ამ ორ „საბას“ შორის რომ ბავშვების ფოტოა, მტვრის ტილოს ვერ ვადებ რატომღაც და მტვერი რომ მოვაცილო, სულს ვუბერავ ხოლმე. აი ეს არის.
რა არის თქვენი პირადი სამოთხე?
ამ ეტაპზე ჩემი პირადი სამოთხე ძილია. ღრმა და უსიზმრო ძილი.
სად და როდის იწერება ლექსი?
ლექსი იწერება აბაზანაში, საბნის ქვეშ, კარადაში, თუნდაც ლიფტის საგანგებოდ გაჭედილ კაბინაში - ანუ ყველგან, სადაც ვერავინ დამინახავს, რომ ვწერ.
რისი გეშინიათ?
მეშინია მკვდრების. ვერაფრით ვხვდები, რა სჭირთ ამ დროს ადამიანებს. თეორიულად თითქოს ხომ ვიცი რაღაცები, მაგრამ ეს ვერ მშველის.
თქვენი ცხოვრების ყველაზე მძაფრი შთაბეჭდილება?
ჩემი ჩვიდმეტი წლის მეზობლის გოგო რომ მეშვიდე სართულიდან გადმოხტა, მაშინ პატარა ვიყავი, მაგრამ დეტალურად მახსოვს ყოველი წვრილმანი. იქვე მიყრილი მისი ოთახის ჩუსტებიც - უზარმაზარი რეზინის გვირილებით.
რას დაიბრუნებდით წარსულიდან?
არ დავიბრუნებდი არც ერთ დღეს და წამს, მხოლოდ ყველა სათამაშოს, რომელიც კი ოდესმე მქონია.
რომელი მხატვრული პერსონაჟი იქნებოდით?
ვიქნებოდი გაცოცხლებული რძე მეტერლინკის „ლურჯი ფრინველიდან“.
ნატა, ხატია, ანასტასია, დიტო...
ამ ოთხზე ბევრი მაქვს ნათქვამი. მეხუთეზე ვიტყვი: ერთხელ ტესტმა აჩვენა, რომ ორსულად ვიყავი. მერე ეს ექოსკოპიამ უარყო და მე მაინც დღემდე ვინახავ ამ ტესტს - წითელი ზოლით, როგორც სახსოვარს ჩემი უჩინარი მეხუთე შვილისგან.
რა კითხვას დაუსვამდით საკუთარ თავს?
კითხვები არ მაქვს. მხოლოდ თხოვნა: ნუ ეთამაშები სამართებლებსა და თოკებს. დანარჩენს გეტყვი ცალკე.
![]() |
32 მომავალში ჩაბრუნებული მზერა |
▲ზევით დაბრუნება |
კულტურა|ლიტერატურა
გიორგი კეკელიძე
თუკი გივი ალხაზიშვილის პოეზიის დასახასიათებლად, ვინმე მხოლოდ ერთი ეპითეტის გამოყენებას გთხოვთ, თუ ამ ავტორის შემოქმედების ნაწილს მაინც იცნობთ, აუცილებლად მიუგებთ: თანამედროვე. მე ვფიქრობ, ეს უმნიშვნელოვანესი განსაზღვრებაა. გივი ალხაზიშვილი, ფორმალურად, გვიანი XX საუკუნის გვიანი 60-იანების და 70-იანების დასაწყისის წარმომადგენელია. ეს პერიოდი, სამამულო ლიტერატურაში სხვა მახასიათებელთან ერთად, თავისუფალი ფორმალისტური ძიებებითაც გამოირჩევა. გივი ალხაზიშვილი დროს იმთავითვე უწყობდა ფეხს, გავიხსენოთ მისი ადრეული ექსპერიმენტები - ვერბლანი ან პოეზია პროზად. სიტყვამ მოიტანა და აქვე აღვნიშნავ, რომ ავტორი თანაბარი ოსტატობით ფლობს სხვადასხვა სალექსო ფორმას - კონვენციურს თუ თავისუფალს. რაც შეეხება ტექსტების თვისობრივ მხარეს - სათქმელი ხან ტრაგიკული შეფერილობისაა, ხანაც ირონიულის, ზოგჯერ მათი უცაბედი, თუმცა არანაჩქარევი მონაცვლეობაც გვხვდება. ეროტიკული თემებით თამამი თამაში (ქაცვიას დღიურები, ლუსი და ა.შ.) და კლასიკური ტექსტების ინტერპრეტირება, ალუზიები პოეტის მკითხველთან საუბრის კიდევ ერთი საფირმო ხერხია.
ცოტა ხნის წინ, გამომცემლობა საუნჯემ გივი ალხაზიშვილის ლექსების ახალი კრებული - „ჩაბრუნებული მზერა“ შესთავაზა მკითხველს. გამოცემა სამი ნაწილისგან შედგება - აქამდე წიგნად დაუბეჭდავი ლექსები, სიხარულის მეწყვილე (2007-08) და პურის სუნი (2008-09). კრებულს წინასიტყვაც ერთვის (გაგა ლომიძე - „ხსოვნის იმაგინატიური ტოპოსი“) და ბოლოსიტყვაც (ნანა ტრაპაიძე - „ზღვართან ყოფნის პოეტიკა“). ორივე კრიტიკოსი „დაუსწრებლად“ თანხმდება, რომ წიგნი ბოლო წლების ქართულ პოეზიაში მნიშვნელოვანი მოვლენაა. „გივი ალხაზიშვილის ლექსებში მეხსიერების ფენებიდან ზედაპირზე სხვადასხვა სახე ამოდის და გრძნობის ორგანოები მათ ცხადად ხილვას შესაძლებელს ხდის“, - წერს გაგა ლომიძე, ნანა ტრაპაიძე კი აღნიშნავს - „გივი ალხაზიშვილის პოეზიის განცდა-გაგების მთავარი კარი ხედვითი აღქმაა, შემდეგ ერთვებიან სხვა სენსორებიც - სმენა, რომელიც ასონანსების მუსიკაში იხსნება, შეხება, როგორც სიტყვის სიმკვრივე და ყნოსვა, როგორც „სხვა“ სუნთქვა“.
კრებულში რაღაც უხილავი დინამიკაა დაცული, თითქოს თავისთავადი და არა საგანგებოდ შემუშავებული. სიზუსტე - აი, გივი ალხაზიშვილის კიდევ ერთი თვისება თუ უნარი, ეს დინამიკაც ხომ ზუსტია და თვითონ ტექსტებში ტროპები ფილიგრანულადაა განთავსებული. ავტორი „ზედმეტის ჩამოთლის“ პრინციპით ხელმძღვანელობს, აშკარად ბევრს მუშაობს იმაზე, რომ არც მეტაფორამ გადაამლაშოს და მშრალ პუბლიცისტურობასაც აარიდოს თავი. პოეტი ხშირად მიმართავს ენობრივ თამაშებს - „ისე გამტეხეს/მე კი მეგონა ღამეებს ვტეხდი“ („ეს დღე სად გაქრა?“). მაგრამ სევდის გადმოცემის სხვა გზა არსებობს, შეიძლება უფრო ნიუანსურიც კი - „აქ მარტო ორნი ვართ და შინ ფეხაკრეფით/ საღამო შემოდის შვილმოკლულ დასავით“ („ხანდახან ნაბიჯის გადადგმა ძნელია“). ბუნებრივია ის დარდნარევი დაეჭვებაც, გამოცდილი ავტორი პირობით მეგობარს რომ ანდობს: „ყველაფერი სათუოა ამ სათიბივით,/ ყოველწლიურად რომ თიბავენ/ რადგან ჯიუტად ისევ ამოდის“.
ამ მცირე რეცენზიის ბოლოს, მინდა ერთი ლექსი მთლიანად მოვიტანო, როგორც ნიმუში, თუ როგორ შეიძლება პრიმიტიულ ლექსიკასა და მაღალ პოეზიას შორის ზღვარის წაშლა:
„მე რომ გავიზარდები, შენ ხომ ჩაიზარდები?
სად მიდის კაცი, როცა ვეღარ ბრუნდება?
სად იმალება ქარი, როცა აღარ ქრის?
სად იმალება ცეცხლი, როცა აღარ ანთია?
სად მიდის მუსიკა, როცა აღარ უკრავენ?“
(„ბავშვის შეკითხვები“)
![]() |
33 რესტორანი აჭარა სასტუმრო HOLLIDAY INN |
▲ზევით დაბრუნება |
გურმანი|რესტო
ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი
1, 26 მაისის მოედანი
თბილისი 0171
უბანი: საბურთალო
ტელ: 300 099
სამზარეულო: შერეული
საათები: ყოველდღე, 09:00 - 23:00
(საუზმე, სადილი, ვახშამი)
ბარათები: მიიღება ნებისმიერი ბარათი
ფასი: 120ლ (სადილი ორ ადამიანზე, ღვინისა და სერვისის ჩათვლით)
პარკინგი: საკუთარი, სასტუმროს წინ
ახლად გახსნილი სასტუმროს - Holliday Inn-ის რესტორანი წინამორბედი სასტუმროს - აჭარას სახელს ატარებს. შესაძლოა ამიტომაც არის, რომ რესტორნის უხვად განათებულ, მიმზიდველ სივრცეს ქოთნებში ჩარგული ფორთოხლის მსხმოიარე ხეები ამშვენებს. კედლები აღმოსავლური ტექსტილის მონოქრომული, ორიგინალური შპალერით არის გაწყობილი. ქუჩის მხარეს გამავალი კედლები მთლიანად შუშისაა, რაც დღის განმავლობაში ბუნებრივი სინათლის წყაროა. საღამოს, ხელოვნური განათება შავი მავთულებით ერთმანეთში გადახლართული უამრავი ნათურიდან იფანტება - ფილიპ სტარკის „ახალი დიზაინის“ ცოტა არ იყოს გადატვირთული ვერსია. რესტორნის სივრცე დაყოფილია ტექნიკური გრანიტის დანომრილი მუქი ნაცრისფერი კოლონებით (პოსტმოდერნი საბურთალოზეც იკიდებს ფეხს). ახალსკანდინავიური ეკოდიზაინის ელემენტები სასიამოვნოდ ეკლექტურ საერთო განწყობას ქმნის. სასტუმროს რეკონსტრუქცია და ახალ ბრენდად ჩამოყალიბება მთლიანად ქართული ინვესტიციით განხორციელდა: დიზაინისთვის ინვესტორებმა ახალგაზრდა ქართული კომპანია Rooms დაიქირავეს.
ყველა ტურისტმა იცის, რომ Holliday Inn-ის რესტორნიდან მაინცდამაინც ბევრს არ უნდა მოელოდეს. როგორც წესი, ამ პოპულარული ქსელის სასტუმროები ეკონომიურ მოგზაურზეა გათვლილი და კულინარიაც, შესაბამისად, სტანდარტული ხარისხით განისაზღვრება. თუმცა, რესტორან აჭარას მოკლე და ლაკონური მენიუდან განსაკუთრებული შემოქმედებითი მიდგომა, კერძების მრავალფეროვნება და ეკლექტურობა იგრძნობა. ევროპული, აზიური და ქართული კერძების მონაცვლეობით შედგენილი მენიუ, მოწვეული მზარეულის, თომას მიულერის ნახელავია. მენიუდან ნათლად ჩანს, რომ შეფ-მზარეულს არც საკუთარი აზიური წარმომავლობა ავიწყდება და არც ევროპაში მიღებული ხანგრძლივი გამოცდილება. ამ ყველაფერს მრავალფეროვნებისთვის რამდენიმე ქართული კერძიც ემატება.
კრევეტის სუპი - Flavors of Siam (13.50ლ.) კარგად გამოყვანილი ზღვის პროდუქტის consomme - ბულიონი, ფრანგული ტრადიციის საუკეთესო დაცვით მოაქვთ ცალკე, გამჭვირვალე ჩაიდანში. ეს ზომიერად პიკანტური აზიური წვნიანი მშვენიერი დასაწყისია. ქათმის და ნუშის სალათიც (12.60ლ.) თავის კვალობაზე გემრიელია, თუმცა ასეთი საინტერესო მენიუს ღირსებას მაიონეზით გაწყობილი „ქართული“ სალათი აშკარად აკნინებს. ამ შემთხვევაში დაწყება იტალიური კერძებით სჯობს: მოცარელიანი პომიდვრით (24.60) ან კრევეტით რუკოლას სალათით (17.90).
ძირითადი კერძებიდან ძალიან გემრიელი გამოდგა ქათამი სოკოთი (26.90ლ.), ღუმელში შემწვარი ქათმის ფილე - სრულყოფილი ტენიანობით და სოკოს სოუსით. განსაკუთრებული აღმოჩნდა კრევეტითა და სტეიკით კომბინირებული კერძი - მიწა და ცა (35.90ლ.). ძალიან გემრიელი, კარგად დავარგებული იშვიათი სტეიკით და კრევეტით - გარნირად მედიტერანული mille feuille - ფენოვანი ბოსტნეულით.
Creme brulee-მ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა: ვერ გეტყვით Holiday Inn-ის სხვა რომელი სასტუმრო შემოგთავაზებთ ასეთი მაღალი დონის დესერტს: მდიდრული კრემი, მადისაღმძვრელად მომწვარი უთხელესი ზედაპირით - თან, ერთი ულუფა კრემ ბრულე სამ არომატულ ვარიანტს შეიცავს.
სერვისი უნაკლო, უაღრესად პროფესიონალური: გახსნილი ღვინის ბოთლის საცობს მაგიდაზე გიტოვებენ, საკუთარ კერძებსა და მენიუს კარგად იცნობენ, ყურადღებას ზომიერად გაქცევენ (ანუ არ გაწუხებენ) და ანგარიშიც დროულად მოაქვთ. თურმე ასეთი სერვისიც არის საქართველოში, რაც ჩემთვის დიდი სიახლე - იშვიათი აღმოჩენაც იყო. თავად ეწვიეთ და განსაჯეთ. რესტორანი აჭარა, ვახშამის გარდა, საუზმესა და სადილსაც გთავაზობთ.
![]() |
34 ცომში გამომცხვარი ორაგული |
▲ზევით დაბრუნება |
გურმანი|რეცეპტი
შეფ-მზარეული
ქეთი ბაქრაძე
მასალა:
500 გრ. ორაგული
500 გრ. ფენოვანი ცომი
2 სუფრის კოვზი დიჟონის მდოგვი
1 კონა ოხრახუში
50 გრ. კარაქი
1 კვერცხი
მარილი
პილპილი
ჯამში: 25 ლარი
მომზადების წესი:
გაჭერით ორაგული 2 თხელ ნაჭრად. ოთახის ტემპერატურაზე გაადნეთ 25 გრ. კარაქი, დაუმატეთ ნახევარი კონა ოხრახუში, მარილი, პილპილი გემოვნებით და დააბლენდერეთ.
დაბლენდერებული მასა წაუსვით ერთ ფენა ორაგულს და დაადეთ ზემოდან თევზის მეორე ფენა, გადაუსვით 2 სუფრის კოვზი დიჟონის მდოგვი.
კარგად გააბრტყელეთ ფენოვანი ცომი და დაადეთ შეკაზმული ორაგული.
ათქვიფეთ 1 კვერცხი და ფუნჯით წაუსვით ცომს. შეახვიეთ ორაგული ცომში და შემდეგ ზემოდან გადაუსვით კვერცხი.
გააცხელეთ ღუმელი 200 გრადუსზე და მოათავსეთ ცომში გახვეული ორაგული 20 წუთი. მიირთვით გემრიელად.
ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი
მასალა შეგიძლიათ შეიძინოთ სუპერმარკეტებში: პოპული (ვეკუას ქ. 3, ტელ. 24 46 35), ჯორჯიტა (წერეთლის ქ. 116, ტელ. 35 71 73), გუდვილი (ჭავჭავაძის გამზირი 34, ტელ. 24 33 02/03).