The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ტაბულა №42


ტაბულა №42


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: ქორიძე ავთო, ბაინდურაშვილი კახა, იბერი დავით, ავალიანი დიმიტრი, ხორბალაძე თამარ, თოდუა მაია, კვანჭილაშვილი ელენე, ნამჩავაძე ბესიკ, მაჭარაშვილი ნინო, მამალაძე სალომე, მიქავა მარიამ, ბასილაია მიხეილ, სმიტი დევიდ ჯ, პერტაია გიორგი, ჯოუნსი სტივენ, თალაკვაძე ზურაბ, მაჩაბელი გიორგი, ლორთქიფანიძე მერაბ, კევლიშვილი მაკა, ტატიშვილი თამარ, ესებუა ნიკა, მაჩაბელი სიმონ, ბურჭულაძე ზაზა, ანდრუხოვიჩი იური, კრიხელი დალი, ბაქრაძე ქეთი
თემატური კატალოგი ტაბულა
საავტორო უფლებები: © თამარ ჩერგოლეიშვილი
თარიღი: 2011
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: 2011 | 7 -13 თებერვალი მთავარი რედაქტორი: თამარ ჩერგოლეიშვილი/აღმასრულებელი რედაქტორები: ნინი გოგიბერიძე, სალომე კიკალეიშვილი/რედაქტორები: ქეთი მსხილაძე, ელენე კვანჭილაშვილი, ლევან რამიშვილი, სანდრო თარხან-მოურავი, დავით კოვზირიძე, ნინო მაჭარაშვილი/ჟურნალისტები: გიორგი კეკელიძე, სალომე უგულავა, მაკა გამცემლიძე, ავთო ქორიძე, თამარ ხორბალაძე, თეონა ტურაშვილი, ირაკლი კიკნაველიძე, ლევან სუთიძე, მირიან ტორონჯაძე, თეონა კოკიჩაიშვილი, სანდრო ჯანდიერი, სიმონ მაჩაბელი, ლაშა გოდუაძე, ზურაბ თალაკვაძე, ლევან მეტრეველი, ნიკა ესებუა, ანანო სხირტლაძე, მიშა ბასილაია/კორექტორი: ნინო საითიძე/არტრედაქტორი: ბაჩა მალაზონია/დიზაინი & პრეპრესი: კახა დოლიძე, ნიკა კუპრაშვილი/მხატვარი: დავით მაჭავარიანი/ფოტორედაქტორი: დიმა ჩიკვაიძე/ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი/გამომცემელი: სამოქალაქო განათლების ფონდი/მენეჯერი: ნათია სოფრომაძე/კომერციული მენეჯერი: გიორგი ფრუიძე/ყოველკვირეული ჟურნალი ტაბულა, ტელ.:+995 32 420 300, email: info@tabula.ge/სტამბა: აუთდორ ტიპოგრაფი, მის.: ვაჟა-ფშაველას 45, ტელ.: +995 32 916 121/© 2010 საავტორო უფლებები დაცულია, ჟურნალში გამოქვეყნებული მასალების გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია. │ პარტნიორი: მედია მენეჯმენტ სერვისი, ტელ.: 99532 92 33 47/48/49; ფაქსი: 99532 92 08 82, email: info@mmservice.ge



1 სიტყვასიტყვით

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

„ეს ბაბიჯი [რუსეთის პრეზიდენტისადმი მიმართვა] შეიძლება იმ მოქალაქეებმა ვერ გამიგონ, რომლებიც დარწმუნებულები არიან, რომ დიმიტრი მედვედევი არაფერს წყვეტს და ვერც იმათ, ვინც მიიჩნევს, რომ მისი ჩარევა სასამართლოს საქმიანობაში დაუშვებელია. თუმცა საუბარი არა სასამართლოს საქმიანობაში ჩარევასა და ჩემს გადარჩენაზეა, არამედ იმაზე, რომ სამართლის მარცხი, რომელსაც ჩვენ ყველა ვხედავთ, რომ მთელ ქვეყანას მოუტანს მძიმე შედეგებს“.

  • პატიმრობაში მყოფმა ბიზნესმენმა, რუსული ნავთობმომპოვებელი კომპანიის, იუკოსის დამფუძნებლმა მიხაილ ხოდორკოვსკიმ რუსეთის პრეზიდენტს ღია წერილით მიმართა და ხელისუფლების მხრიდან ზეწოლისგან სასამართლოს დაცვა სთხოვა. 2 თებერვალი

0x01 graphic

„ირანელი რეჟისორისთვის განკუთვნილი ერთი სავაძელი ცარიელი იქნება. ხოლო სოლიდარობის ნიშნად, მაყურებელს მის ფილმს „ოფსაიდს“ წარუდგენენ“.

  • ბერლინის 61-ე საერთაშორისო კინოფესტივალის დირექტორმა, დიტერკოსლიკმა განაცხადა, რომ ანტისახელისუფლებო მოქმედებებისთვის ექვსი წლით დაპატიმრებული ირანელი რეჟისორის, ჯიფარ პანაჰისთვის ჟიურის წევრებს შორის სიმბოლურად სავარძელს მაინც დადგამენ. 1 თებერვალი

0x01 graphic

„ეგვიპტელი ხალხი მუბარაქისგან სრულებით განსხვავებულ გადაწყვეტილებას ელის“.

  • თურქეთის პრემიერ-მინისტრმა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ეგვიპტის პრეზიდენტს, ჰოსნი მუბარაქს დაუყოვნებლივ გადადგომისკენ მოუწოდა. 2 თებერვალი

0x01 graphic

„იყო დრო, როდესაც ქალებისთვის საოცრად მიმზიდველ მამაკაცად ვგრძნობდი თავს. ახლა ამ მდგომარეობაში უკვე აღარ ვარ და ამის გამო ძალიან ვწუხვარ“

  • 73 წლის მსახიობმა, ჯეკ ნიკოლცონმა ჟურნალისტბეთან ასაკის მატებასთან შეგუებაზე ისაუბრა. 1 თებერვალი

2 კვირა

▲ზევით დაბრუნება


30 იანვარი

0x01 graphic

  • საქაღთველოში უცხოელ მოხალისე პედაგოგთა მორიგი ჯგუფი ჩამოვიდა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ ფარგლებში ჩამოსული პედაგოგები აშშ-დან, ინგლისიდან, ავსტრალიიდან, სამხრეთ აფრიკიდან, ფინეთიდან, ფილიპინებიდან და ლიტვიდან არიან. ინგლისურენოვან მასწავლებლებთან ერთად, საქართველოში იტალიური ენის სპეციალისტებიც ჩამოვიდნენ. საქართველოში ამ დროისთვის 1000 უცხოელი პედაგოგი მუშაობს. მომავალი წლიდან მათი რაოდენობა 1500-მდე გაიზრდება.

31 იანვარი

0x01 graphic

  • სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის განხილვა დაიწყო. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, ევროპული სასამართლოს შვიდმა მოსამართლემ ორშაბათს ქართული მხარის 6 მოწმე დაკითხა. საქართველომ რუსეთის ფედერაციაში 2006 წელს ქართველების დაკავებისა და შემდეგ მათი ეთნიკური ნიშნით რუსეთიდან დეპორტირებისას ევროკონვენციის რამდენიმე მუხლის დარღვევის ფაქტის გამო, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსი რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი 2007 წელს შიტანა.

  • კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა, ნიკა რურუამ განაცხადა, რომ თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული ძეგლების გადასარჩენად ქართული მხარე ბათუმში მეჩეთის მშენებლობას უნდა დათანხმდეს. „იმისთვის, რომ გადარჩეს ხანძთა, ოშკი და ყველა ავარიული ძეგლი, ჩემი აზრით, ეს ნაბიჯი გადასადგმელია“, აღნიშნა რურუამ. მინისტრმა განმარტა, რომ ხელშეკრულება თურქეთის მხრიდან ჯერჯერობით ხელმოუწერელია და რომ შეთანხმების ყველა პირობა საზოგადოებისთვის მხოლოდ თურქული მხარის მიერ მისი ხელმოწერის შემდეგ გახდება ცნობილი.

0x01 graphic

  • ევროკავშირი აგრძელებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის არაღიარების პოლიტიკას. ამის შესახებ განცხადება სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, პიტერ სემნებიმ აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრთან, სერგეი შამბასთან შეხვედრაზე გააკეთა. საინფორმაციო სააგენტო აფსნიპრესის ცნობით, სემნებიმ განაცხადა, რომ „აფხაზეთის [ევროკავშირთან] პრაქტიკული ჩართულობისთვის აუცილებელია შესაბამისი პირობებისა და სტრუქტურების შექმნა“.

0x01 graphic

  • ბრიტანელი ანარქისტები უელსის პრინც უილიამის და მისი საცოლის, ქეით მიდლტონის ქორწილის ჩაშლას აპირებენ. ამის შესახებ ბრიტანული ტაბლოიდი, The Sun-ი იუწყება. გაზეთის ინფორმაციით, სამეფო ქორწილის ჩაშლის იდეის ავტორი ბრიტანელი ანარქისტი, კრის ნაიტია. მან ლონდონში ქორწილის დღეს გასამართი საპროტესტო ღონისძიებების გეგმა შეიმუშავა. სამეფო ქორწილი ლონდონში 29 აპრილს გაიმართება. პოლიციამ გავრცელებულ ინფორმაციაზე საპასუხოდ განაცხადა, რომ სამეფო ქორწილის ჩაშლის ნებისმიერი მცდელობა აღკვეთილი იქნება.

1 თებერვალი

0x01 graphic

ფოტო: REUTERS ©

  • ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ბრიუსელში გამართულ სამიტზე ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების შემოღებას დაუჭირეს მხარი. სამიტის გადაწყვეტილებით, ბელარუსის 150 თანამდებობის პირს, პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს ჩათვლით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალათ. ასევე დაიბლოკა მათი საბანკო ანგარიშები. ასეთი საგანგებო ზომები ევროკავშირის საპასუხო რეაქციაა ოფიციალური მინსკის მიერ ოპოზიციის საპროტესტო მიტინგებისა და გამოსვლების დარბევის გამო.

0x01 graphic

  • აშშ-ში, ტექსასის შტატში, მსოფლიოს უხუცეს ადამიანად მიჩნეული 114 წლის იუნის სანბორნი გარდაიცვალა. ამერიკული მედიის ცნობით, სანბორნი 1896 წლის 20 ივლისს დაიბადა. თავად სანბორნი აცხადებდა, რომ მისი დაბადების თარიღი არასწორად იყო ჩაწერილი და რომ ის სინამდვილეში ერთი წლით ადრე დაიბადა. მსოფლიოში უხუცესის წოდება სანბორნმა ფრანგი მონაზონის, 114 წლის ეჟენი ბლანშარის გარდაცვალების შემდეგ 2010 წლის ნოემბერში მიიღო. სანბორნის გარდაცვალების შემდეგ კი ამ ტიტულს ასევე 114 წლის ამერიკელი ქალბატონი, ბესი კუპერი მიიღებს.

  • ყვარლის რაიონში, სოფელ ახალსოფლის ბაპტისტურ-ევანგელისტური ეკლესია ბოლო სამი თვის მანძილზე უკვე მეორეჯერ დაარბიეს. სოფლის ეკლესია საქველმოქმედო ორგანიზაცია „ბეთელის” შენობაში მოქმედებს, აქვე მოზარდებისთვის საკვირაო სკოლაც ფუნქციონირებს. რამდენიმე დღის წინ ეკლესიაში მისულ მრევლს საეკლესიო ნივთები გადმოყრილი დახვდა, ხოლო მოსწავლეების ნახატები დაზიანებული. მრევლის გაოცება იმანაც გამოიწვია, რომ დამნაშავეებმა მხოლოდ საბავშვო ფლომასტერები წაიღეს.

0x01 graphic

  • იორდანიის მეფემ აბდულა მეორემ მთავრობა დაითხოვა და ახალი პრემიერ-მინისტრი დანიშნა. ახლადდანიშნულ პრემიერს მეფემ ისეთი მინისტრთა კაბინეტის ფორმირება დაავალა, რომელიც „ჭეშმარიტ პოლიტიკურ რეფორმებს” გაატარებს. „მთავრობამ უნდა გადადგას პრაქტიკული, სწრაფი და კონკრეტული ნაბიჯები ჭეშმარიტი პოლიტიკური რეფორმის, ყოვლისმომცველი განვითარების პროცესის დასაწყებად, ასევე დემოკრატიის გასაძლიერებლად”, ნათქვამია მეფის მიერ ახალი პრემიერ-მინისტრისადმი მიწერილ ინსტრუქციების წერილში.

2 თებერვალი

  • რუსეთში საქართველოს მიმართ ძალიან კარგი დამოკიდებულება გამოკითხულთა 3 პროცენტს აქვს. ამის შესახებ იური ლევადას ანალიტიკური ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია აღნიშნული. კვლევის მიხედვით, რომელიც ანალიტიკურმა ცენტრმა 21-24 იანვარს ჩაატარა, საქართველოს მიმართ ძირითადად კარგი დამოკიდებულება გამოკითხულ რესპონდენტთა 36 პროცენტს აქვს, ხოლო ძირითადად ცუდი - 33 პროცენტს. კვლევაში მონაწილე 1600 მოქალაქის 13 პროცენტმა აღნიშნა, რომ საქართველოს მიმართ ძალიან ცუდი დამოკიდებულება აქვს, ხოლო 15 პროცენტს კითხვაზე პასუხის გაცემა გაუჭირდა.

  • ფლორიდის შტატის ფედერალურმა სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო კანონი აშშ-ის ჯანდაცვის სისტემის რეფორმის შესახებ, რომელიც პრეზიდენტ ბარაკ ობამას მიერ იყო ინიცირებული და რომელსაც 2010 წელს წარმომადგენლობითმა პალატამ მხარი დაუჭირა. გადაწყვეტილება კანონის გაუქმების შესახებ ფლორიდის სასამართლომ 26 შტატის მიერ შეტანილი სარჩელის საფუძველზე მიიღო. მოსამართლე როჯერ ვილსონის გადაწყვეტილებით, ამერიკელების სამედიცინო დაზღვევის ყიდვის ჯარიმის მუქარით დავალდებულება ადამიანის უფლებებს არღვევს.

0x01 graphic

  • ყაზახეთის პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილება დაამტკიცა, რომელიც ქვეყნის მეთაურს ვადამდელი არჩევნების დანიშვნის უფლებას აძლევს. იდეა ქვეყნის პრეზიდენტს, ნურსულთან ნაზარბაევს ეკუთვნის, რომელმაც ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების გამართვის შესახებ შეთავაზება ორშაბათს გამოაცხადა. 14 იანვარს ყაზახეთის პარლამენტმა კონსტიტუციაში ცვლილება შეიტანა, რომელიც რეფერენდუმის გზით ნაზარბაევის საპრეზიდენტო ვადის 2020 წლამდე გაზრდას ითვალისწინებს. თუმცა, ორშაბათს დილით ქვეყნის საკონსტიტუციო საბჭომ მსგავსი რეფერენდუმის ჩატარება ყაზახეთის ძირითად კანონთან და დემოკრატიის პრინციპებთან შეუსაბამოდ გამოაცხადა.

3 პირამიდა მუბარაქის გარეშე

▲ზევით დაბრუნება


არენა

ავთო ქორიძე

0x01 graphic

ფოტო: REUTERS ©

როდესაც რამზეს მეორე ოთხმოცი წლის გახდა, მან თავისი „გაახალგაზრდავება” ოქროსდაფიანი ობელისკის აღმართვით აღნიშნა. ფარაონის უკვდავების ნიშნად მზის ამოსვლისას ოქროს დაფა სხივებს ირეკლავდა. ასე აკეთებდა ფარაონი ყოველ წელს, სანამ 90 წლის ასაკში არ გარდაიცვალა. ეგვიპტის დღევანდელი „ფარაონი” ჰოსნი მუბარაქი საკუთარი ობელისკის დადგმას ალბათ ვეღარ მოესწრება. კაიროში ტაჰრირის მოედანზე შეკრებილების მთავარი მოთხოვნა მისი გადადგომაა.

ტუნისის რევოლუციამ ეკონომიკურ გაჭირვებასა და პოლიტიკურ რეპრესიებში მცხოვრები ეგვიპტელების ქუჩებში გამოსვლაში კატალიზატორის როლი ითამაშა. საბჭოთა კავშირთან პარტნიორობამ და სოციალისტური მოდელის დანერგვამ ქვეყანა სიღარიბის ზღვარს მიღმა დატოვა. სადათის დაწყებული ეკონომიკის ლიბერალიზაციის გზა მუბარაქმა აღარ გააგრძელა.

სტრატეგიულ სუეცის არხთან მდებარე ყველაზე დიდი არაბული სახელმწიფო ეკონომიკური სიძლიერით არ გამოირჩევა: ცხოვრების დონით ეგვიპტე მე-80 ადგილზეა, ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლით მსოფლიოში 137-ე პოზიციას იკავებს და ტონგას ჩამორჩება, მოსახლეობის სიდიდის მიხედვით კი ის ტოპ-ოცეულშია. ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა ასაკით 30 წელს ქვემოთაა და დღეში 2 დოლარზე ნაკლებს გამოიმუშავებს.

Freedom House-ის პოლიტიკური თავისუფლების ინდექსში, ეგვიპტე 6 ქულას იმსახურებს, როცა ყველაზე უარესი 7-ია. Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მხრივ კი ქვეყანა 96-ე ადგილზეა. სწორედ ამიტომ, ეკონომიკაში ჩრდილოვანი სექტორი დომინირებს - თუ კერძო სექტორში 6.8 და საჯაროში 9.6 მილიონი ადამიანია დასაქმებული, არალეგალურ სექტორს 9.6 მილიონი დასაქმებული ჰყავს.

ეგვიპტელების 92%25 ქონებას იურიდიული საბუთების გარეშე ფლობს. არალეგალური ბიზნესის ღირებულება დაახლოებით 248 მილიარდი დოლარია, 30-ჯერ მეტი, ვიდრე დარეგისტრირებული ბიზნესების და 55-ჯერ მეტი ნაპოლეონის მიერ ეგვიპტის დაპყრობის შემდეგ ამ ქვეყანაში განხორციელებულ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციაზე.

ბიზნესის წარმოება ეგვიპტეში განსაკუთრებით რთული პროცესია, მაგალითად საცხობის გახსნას დაახლოებით 500 დღე სჭირდება, მიწის დარეგისტრირებას სულ მცირე 10 წელი, ხოლო ბიზნესის დასაწყებად ეგვიპტელებს 56 სამთავრობო ორგანოსთან უწევთ ურთიერთობა.

0x01 graphic

0x01 graphic

მოჰამედ ალ-ბარადეი

0x01 graphic

ყველა ფოტო: REUTERS ©

დღევანდელი რეჟიმი იმ პოლიტიკური წყობის გაგრძელებაა, რომელიც 1952 წელს გამალ აბდელ ნასერმა თავის ოფიცრებთან ერთად ბრიტანეთის მარიონეტი მონარქის გადაგდების შემდეგ დაამყარა. ნასერის შემდეგ პრეზიდენტი სადათი გახდა, რომელიც 1981 წელს ისლამისტი ფუნდამენტალისტების მსხვერპლად იქცა. საჰაერო ძალების ყოფილ სარდალ მუბარაქს იმ დროს ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ეკავა, ხოლო მას შემდეგ სახელმწიფოს მეთაურია.

ჰოსნი მუბარაქი თავის ავტორიტარულ რეჟიმს და პოლიტიკურ რეპრესიებს ისლამიზაციის საფრთხით ამართლებს. შეიძლება ითქვას, რომ ეგვიპტე ისლამური ფუნდამენტალიზმის სამშობლოა. 1928 წელს დაარსებული მუსლიმური საძმო დღემდე ყველაზე ძლიერი ოპოზიციური ძალაა. 1954 წლის შემდეგ ეს მოძრაობა არაკანონიერად გამოცხადდა და მან იატაკქვეშეთში გადაინაცვალა.

წარსულში ორგანიზაცია ტერორიზმით იყო დაკავებული, მაგრამ ამჟამად ოფიციალურად ის ძალადობას უარყოფს, თუმცა მისი იდეოლოგია კვლავინდებურად ფუნდამენტალისტური და ტოტალიტარულია.მუსლიმური საძმო კომინტერნს წააგავს, ის საერთაშორისო მასშტაბით მუსლიმურ ორგანიზაციებს აერთიანებს. მისი წევრი ოსამა ბინ ლადენიც იყო, თუმცა უკანასკნელ პერიოდში ეს კავშირი გაწყდა.

ის, რომ მუსლიმური საძმო მუბარაქის ერთადერთ ალტერნატივად ისახება, პოლიტიკური რეპრესიების დამსახურებაა. ყველა ზომიერი პარტია განადგურდა და მხოლოდ რადიკალებმა შეძლეს გადარჩენა.

ეგვიპტის ლოტოსის რევოლუციას ზოგი არა იმდენად აღმოსავლეთ ევროპაში მომხდარ ხავერდოვან და ფერად რევოლუციებს, არამედ 1979 წლის ირანის ისლამურ რევოლუციას ადარებს. მიუხედავად იმისა, რომ მუსლიმური საძმო ამ მომენტისთვის არც ისე ძლიერია, ირანის სცენარის განმეორება გამორიცხული მართლაც არაა. ირანშიც შაჰის დამხობის შემდეგ აიათოლები თავიდანვე არ გაბატონებულან. სათავეში ჯერ ზომიერები მოვიდნენ, მაგრამ ისინი არ იყვნენ საკმარისად ძლიერნი, რადიკალი ისლამისტების აღზევება რომ შეეჩერებინათ.

მუსლიმური საძმოსაგან განსხვავებით ირანის მთავრობა შიიტურია, თუმცა ისრაელის წინააღმდეგ გაერთიანება მათ ინტერესებშიცაა. პრეზიდენტმა აჰმედინეჟადმა განაცხადა, რომ ტუნისის და ეგვიპტის რევოლუციები ნათელი მაგალითია, რომ ხალხს ისლამისტური რეჟიმი სურს.

ეგვიპტის რევოლუციის შედეგებს მნიშვნელოვანი გავლენა ექნება მთლიანად რეგიონზე. ბოლო სამი ათეული წელია, ეგვიპტე ისრაელის მნიშვნელოვანი პარტნიორი და ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის საფუძველია. პრეზიდენტმა შიმონ პერესმა განაცხადა: „ისრაელელებს ყოველთვის ჰქონდათ და ექნებათ პრეზიდენტ მუბარაქის დიდი პატივისცემა. რა თქმა უნდა, მას ყველაფერი სწორად არ გაუკეთებია, მაგრამ ერთი რამის გამო მისი მადლიერნი ვართ - ის ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისმყოფელია”.

ისრაელს ისიც აშინებს, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, მუსლიმური საძმო ღაზის სექტორში თავის პარტნიორს, ჰამასს იარაღს მიაწოდებს.

ისრაელის პოლიტიკურ ელიტას არ სჯერა დემოკრატიის უნივერსალურობის. მათ მიაჩნიათ, რომ დემოკრატიისათვის მზაობას კულტურა განსაზღვრავს. სწორედ ამ გარემოებით ხსნიან იმ ისტორიულ ფაქტს, რომ პროტესტანტული ქვეყნები ჩრდილო ამერიკასა და ევროპაში უფრო ადრე გახდნენ დემოკრატიულნი, ვიდრე კათოლიკური ან კონფუციანური სახელმწიფოები სამხრეთ ევროპაში, ლათინურ ამერიკასა თუ აზიაში. ისლამი კულტურული რელატივისტების მიერ დემოკრატიისათვის ყველაზე მოუმზადებელ ცივილიზაციად მიიჩნევა.

ეგვიპტის რევოლუციას ყურადღებით ადევნებენ თვალს. ვაშინგტონი მოვლენების ასეთ განვითარებას არ მოელოდა და მზადაც არ არის. ეგვიპტე ტუნისისგან განსხვავდება: ის ყველაზე დიდი არაბული ქვეყანა და სტრატეგიული პარტნიორია ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დაცვის საკითხში, ამასთანავე სუეცის არხს საერთაშორისო ვაჭრობაში მნიშვნელოვანი როლი აქვს.

ბევრი ობამას ჯიმი კარტერს ადარებს: კარტერმა ირანი დაკარგა, ობამამ კი ეგვიპტე. ორივე შემთხვევაში დიდი ფინანსური კრიზისისა და ომის შემდეგ, აშშ-ის გლობალური გავლენა მცირდება მემარცხენე პრეზიდენტის მმართველობისას, რომლის კეთილ განზრახვებს უცხოეთში სისუსტედ აღიქვამენ.

თუმცა, კარტერისგან განსხვავებით, რომელიც ადამიანის უფლებებზე საუბრობდა მაშინაც კი, როდესაც ეს მოკავშირეებს ვნებდა, ობამას ერთი მხრივ ადამიანის უფლებების და დემოკრატიის მიმართ გულგრილობისთვის აკრიტიკებენ, ხოლო მეორე მხრივ - ტრადიციულ მოკავშირეებთან გაციებული ურთიერთობების გამო.

0x01 graphic

0x01 graphic

ობამას ოპონენტები მის ორმაგ სტანდარტებზეც მიუთითებენ. რადიოწამყვანმა რაშ ლიმბომ აღნიშნა, რომ როდესაც მტრულ ირანში მსგავსი მასობრივი გამოსვლები მიმდინარეობდა, თეთრი სახლი განსაკუთრებული თავშეკავებით გამოირჩეოდა, ხოლო როცა მოკავშირე ეგვიპტეში საფრთხე პროამერიკულ რეჟიმს შეექმნა, ობამა დაუყოვნებლივი პოლიტიკური გარდაქმნების აუცილებლობაზე ალაპარაკდა.

აშშ-ს ხშირად აკრიტიკებენ ავტორიტარულ ქვეყნებთან კავშირის გამო. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოთა უმრავლესობა ახლო აღმოსავლეთში მეტ-ნაკლებად ავტორიტარულია, რეგიონში მშვიდობის შენარჩუნებისთვის თეთრ სახლს ამ რეჟიმებთან თანამშრომლობა უწევს.

11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ ამერიკის პოლიტიკა შეიცვალა და დემოკრატიის გავრცელება უმცროსი ჯორჯ ბუშის საგარეო პოლიტიკური დოქტრინის ქვაკუთხედი გახდა. მისმა კრიტიკოსებმა ადამიანის უფლებების არადასავლურ საზოგადოებებში დამკვიდრება ნეოკოლონიალიზმის გამოვლინებად შერაცხეს.

ობამას ადმინისტრაციამ დემოკრატიის მხარდაჭერას რუსეთის, ჩინეთის, ისლამური სახელმწიფოების ავტორიტარულ ლიდერებთან დაახლოება ამჯობინა. დემოკრატიისადმი სკეპტიკურად განწყობილი ახალი „რეალისტების” ყველაზე დიდი შეცდომა სწორედ რეალიზმის ნაკლებობა აღმოჩნდა. ეგვიპტის პოლიტიკური სინამდვილე მათ სწორად ვერ შეაფასეს და ახლა, სასწრაფო წესით პოლიტიკის კორექტირება უწევთ.

აშშ-ის პრეზიდენტები ადრეც ყოფილან დილემის წინაშე, ემოქმედათ ამერიკის ეროვნული ინტერესებიდან თუ ფასეულობებიდან გამომდინარე - ეთანამშრომლათ მოკავშირე ავტოკრატიულ რეჟიმებთან თუ მხარი დაეჭირათ პროამერიკული დიქტატორის წინააღმდეგ მიმართული დემოკრატიული რევოლუციისათვის.

იმ იშვიათ გამონაკლისთა შორის, რომელმაც ამ გამოწვევას წარმატებით გაართვა თავი, ხშირად ასახელებენ რონალდ რეიგანს, რომელმაც ხელი შეუწყო აშშ-ის მოკავშირე ქვეყანა ფილიპინებიდან დიქტატორი მარკოსის გაძევებას და ქვეყანაში დემოკრატიის დამყარებას. ბევრწილად სწორედ თეთრი სახლის ამჟამინდელ ბინადარზეა დამოკიდებული, ეგვიპტეში მოვლენები უფრო ირანის თუ ფილიპინების სცენარით განვითარდება.

რევოლუციების ჯაჭვი, რომელიც ტუნისში დაიწყო, მთლიან ახლო აღმოსავლეთს მოედო. გამოსვლებია იორდანიაში, იემენში და საუდის არაბეთშიც. მთელ ახლოაღმოსავლეთში ავტოკრატიული რეჟიმები შიშმა მოიცვა. ამ ქვეყნების ლიდერები უკვე მიდიან გარკვეულ დათმობებზე, რათა თავიდან აიცილონ ეგვიპტის მსგავსი მასობრივი პროტესტი. ისინი მთავრობებს ცვლიან, მომავალ არჩევნებში მონაწილეობაზე უარს ამბობენ. თუმცა ნაკლებ სავარაუდოა, რომ ახლო აღმოსავლეთის ავტორიტარული რეჟიმები დომინოსავით ერთმანეთის მიყოლებით დაეცნენ. მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყნებში ავტორიტარული რეჟიმებია, მათი ცხოვრების დონე ერთმანეთისაგან გასხვავდება.

მუბარაქის წასვლის შემდეგ მოვლენების განვითარების რამდენიმე ვერსია არსებობს. პრეზიდენტის კანდიდატებს შორის რამდენიმე გამოირჩევა. მათ შორის ოპოზიციის სიმბოლური ლიდერი მოჰამედ ალ-ბარადეიც არის. ის საერთაშორისო ატომურ სააგენტოს ხელმძღვანელობდა, თუმცა ეგვიპტეში რეალური პოლიტიკური დასაყრდენი არ გააჩნია. საკუთარი კანდიდატურა წამოაყენა არაბულ სახელმწიფოთა ლიგის გენერალურმა მდივანმა ამრ მუსამაც. ის 90-იან წლებში საგარეო საქმეთა მინისტრი იყო.

კიდევ ერთი კანდიდატი რამდენიმე დღის წინ ვიცე-პრეზიდენტად დანიშნული ეგვიპტის სპეცსამსახურების ყოფილი უფროსი ომარ სულეიმანია. ის აშშ-ის დაზვერვასთან მჭიდროდ თანამშრომლობდა და ახლო აღმოსავლეთში ტერორიზმთან ბრძოლაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. სამხედრო ძალები ეგვიპტურ პოლიტიკაში მნიშვნელოვანი მოთამაშეა - მეტწილად ჯარზე არის დამოკიდებული, გააგრძელებს ეგვიპტე სეკულარულ და მშვიდობიან სახელმწიფოდ არსებობას და მოდერნიზაციას, თუ რადიკალი ისლამისტების უზურპაციის მსხვერპლი გახდება. სამხედრო ძალებთან ყველაზე მჭიდრო კავშირი კი კანდიდატებს შორის ომარ სულეიმანს აქვს.

მუბარაქი ეგვიპტის სათავეში დიდხანს ვეღარ დარჩება. ის პირამიდების ასაკის ნამდვილად არ არის, თუმცა მისი ცქერა ხალხს მოსწყინდა. ბუნებრივია, რევოლუციის შედეგები ასე მარტივად არ ჩანს. მნიშვნელოვანი ეტაპი სწორედ რევოლუციის შემდეგ იწყება. როგორც ჩინეთის პირველმა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, როდესაც საფრანგეთის რევოლუციის წარმატებაზე ჰკითხეს - „ჯერ კიდევ ადრეა ამაზე საუბარი”.

4 კახა ბაინდურაშვილი: მთავარი პრობლემა ეკონომიკური ზრდაა და არა გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა

▲ზევით დაბრუნება


პოლიტიკა

2004-2010 წლებში საქართველოში ფულის მასა 6-ჯერ გაიზარდა. 2010 წელს ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებული ფართო ფულის მასა 2.7 მილიარდ ლარს შეადგენდა. ეს მაჩვენებელი შარშანდელთან შედარებით, 6 მილიონი ლარით მეტია. საქართველოში წლიური ინფლაციის დონემ დეკემბერში 11.2%25- მიაღწია, რაც 2007 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფლაციის მიზეზებსა და მისი შემცირების გზებზე ტაბულას კითხვებს ფინანსთა მინისტრი, კახა ბაინდურაშვილი პასუხობს.

0x01 graphic

  • რა არის ინფლაციის მთავარი მიზეზი საქართველოში?

არსებულ რეალობაში ინფლაცია უფრო ფართო პროცესის გვერდითი ეფექტია. როდესაც ეკონომიკები ახდენენ სწრაფ გამოსვლას კრიზისიდან, საერთაშორისო ბაზარზე ჭარბად მიწოდებული ფინანსური მასები ჭარბობს, რაც იწვევს ფასების სპეკულაციურ ზრდას. მეორე მხრივ, ეკონომიკური კრიზისის პირობებში შემცირდა წარმოება. შესაბამისად, შემცირდა მიწოდება. მიწოდების გაზრდას დრო სჭირდება. ანუ ისე გამოვიდა, რომ ფულის მოცულობა უფრო სწრაფად გაიზარდა, ვიდრე მას წარმოება დაეწია. ამ გლობალური პროცესისგან არც ერთი ქვეყანა არ არის დაზღვეული და მათ შორის, არც საქართველო. ჩვენ ვართ გახსნილი ეკონომიკა, საერთაშორისო პროცესებში ვმონაწილეობთ და ეს ვითარება, ბუნებრივია, ქვეყანაზეც აისახება. თუ შევადარებთ მაგალითად ევროკავშირს, რომელიც ვითომ ყველაზე უფრო დაცულია ინფლაციისგან, დეკემბრის ინფლაციამ აქ დაახლოებით 2.3%25-ს მიაღწია. ეს მონაცემები სულ ახლახან გამოაქვეყნა ევროსტატმა. ბოლო წლების განმავლობაში პირველად, ევროკავშირის ინფლაციამ საქართველოს მაჩვენებელს გადააჭარბა.

  • საერთაშორისო სავალუტო ფონდის უახლესი ანგარიშის მიხედვით, 2010 წელს საქართველოში ინფლაცია 6.43%25 იყო. აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში 5.18%25. მსოფლიოში 3.67%25. თქვენი აზრით, რა იწვევს ამ განსხვავებებს?

ჯერ ერთი, უნდა ავიღოთ ყველაზე ბოლო მონაცემები: ნებისმიერმა თვემ შეიძლება განსხვავება მოგვცეს. დღეს მაგალითად ყველა განვითარებად ქვეყანაში იდენტური ინფლაციაა. ჩვენ ერთი ძალიან სერიოზული მინუსი გაგვაჩნია: ჩვენი წარმოება ძალიან მცირეა. იმპორტზე ვართ დამოკიდებულები. ჩვენს შემთხვევაში სამწუხაროდ, გაგვიზრდია, თუ არ გაგვიზრდია ფულადი მასა, იმპორტის ხვედრითი წილი იმდენად დიდია, რომ იმპორტის გავლით ნებისმიერი საერთაშორისო კატაკლიზმი ჩვენზე მაინც სრულად აისახება. ქვეყნებში, სადაც ძალიან მცირე რაოდენობის პროდუქტი იწარმოება, თვითონ ქვეყნის შიგნით და თან, იმპორტის ხვედრითი წილიც მაღალია, სწრაფად ხდება ინფლაციის იმპორტი.

  • ეროვნული ბანკი, ინფლაციის კონტროლის ერთ-ერთ მექანიზმად სწორედ სოფლის მეურნეობის სუბსიდირებას ასახელებს. რას ფიქრობთ ამ მეთოდზე?

ჩვენი სოფლის მეურნეობა სამწუხაროდ არის ძალიან არაეფექტიანი. ამაზე მარტივი ციფრი მეტყველებს: სოფლის მეურნეობის ხვედრითი წილი მშპ-ში 9%25-ია მაშინ, როცა სოფლად ჩვენი მოსახლეობის ნახევარი ცხოვრობს. სოფლის მეურნეობის სტიმულირებისთვის ბევრი რამ გავაკეთეთ: მოვაწესრიგეთ საირიგაციო სისტემები, შემოვიტანეთ ახალი ტექნიკა. ახლა ვცდილობთ, მაღალპროდუქტიული სათესლე მარცვლები დავთესოთ იმისათვის, რომ წარმოება 1ჰა-ზე გაიზარდოს. ეს ჩვენ შესაძლებლობას მოგვცემს ხანგრძლივვადიან პერსპექტივაში შევამციროთ ინფლაცია და ის დაბალ ნიშნულზე შევინარჩუნოთ.

  • არსებობს ალტერნატიული გზაც - ხარჯების შემცირება. მთავრობის მიერ დეკლარირებული ქამრების მოჭერის პოლიტიკა. ბევრი ფიქრობს, რომ სწორედ დეფიციტი და ვალი იწვევს ფასების ზრდას.

წმინდა ინფლაციის კუთხით მნიშვნელობა არ აქვს ბიუჯეტი რა ზომის იქნება. საქართველოში ინფლაცია იმიტომ არ არის, რომ, ვთქვათ, ჩვენ გავზარდეთ ხელფასები, რის გამოც ადამიანებს გაუჩნდათ დამატებითი შემოსავალი და პროდუქტში უფრო მაღალი ფასის გადახდა დაიწყეს. სახელმწიფოს სექტორში ხელფასები არ გაგვიზრდია. იგივე ტენდენციაა კერძო სექტორშიც. მეტიც, არ ყოფილა კლასიკური გამოსყიდვის, ე.წ. bail out-ის შემთხვევა, ანუ კერძო სექტორისთვის არ მიგვიწოდებია ჭარბი ფულადი მასები, რომ შემდეგ მათ ეს ხელფასებში და ისევ მოთხოვნის ზრდაში აესახათ. ეგზოგენური ანუ გარე ინფლაციის დროს სახელმწიფოს უჭირს მასთან ბრძოლა, რადგან ინფლაციის გამომწვევი მიზეზი ქვეყნის შიგნით არ არის. ამ შემთხვევაში ყველაზე მთავარი ისაა, რომ სახელმწიფომ არ გაზარდოს ფულადი მასა ანუ არ დახარჯოს იმაზე მეტი, ვიდრე ეკონომიკიდან ამოიღო. ქამრების მოჭერამ ძალიან კარგად იმუშავა ჯერ კიდევ 2009-2010 წლებში. სწორედ ადმინისტრაციული ხარჯების მაქსიმალური მოჭერის ხარჯზე შევძელით თანხების გამოთავისუფლება. დაზოგილი თანხები კი კაპიტალურ პროექტებს მოვახმარეთ. იგივე შავი ზღვისპირეთში განვითარებულმა ტურისტულმა ინფრასტრუქტურამ 2010 წელს დადებითი შედეგები მოგვიტანა. სწორედ ამ „მოჭერების'' ხარჯზე შეძლო ეკონომიკამ კრიზისიდან სწრაფი გამოსვლა.

  • თუმცა, მეორე მხრივ, ეს დაზოგილი თანხები დეფიციტის შემცირებასა და ვალის ნაწილობრივ დაფარვას შეიძლება მოხმარებოდა. მოკლევადიანი ეკონომიკური შოკი გრძელვადიან პერსპექტივაში ეკონომიკის გაჯანსაღებას არ გამოიწვევდა?

როდესაც დეფიციტზე ვსაუბრობთ, საკმაოდ ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ იმის შეფასებას თუ როგორი გავლენა შეიძლება ჰქონდეს მას ეკონომიკაზე. მედალს ორი მხარე აქვს, ჩვენ შეიძლება ერთი მხრივ ვთქვათ, რომ მოდი 200 მილიონდოლარიან პროექტს ნუ განვახორციელებთ, მაგრამ ამან გრძელვადიან პერსპექტივაში, ეკონომიკას შეიძლება სერიოზული დარტყმა მიაყენოს - შექმნას ნეგატიური პროცესები და მათ შორის, ინფლაციასაც შეუწყოს ხელი.

  • როგორ უწყობს ხელს დაბალანსებული ბიუჯეტი ინფლაციას?

დეფიციტი ნიშნავს, რომ სახელმწიფოს დამატებითი რესურსი მოაქვს და ასხამს ეკონომიკაში იმისთვის, რომ იგი უფრო სწრაფად ამოქმედდეს. 2009 წელს მართლა მაღალი დეფიციტი გვქონდა, თუმცა ეს ეკონომიკური ვარდნის ფონზე, სრულიად გამართლებული იყო. ეკონომიკის ამუშავებას როგორც კი მივაღწიეთ, დეფიციტის შემცირება დავიწყეთ: 2010 წლის დასაწყისში 7.4%25-დან წელს 4.3%25-მდე ჩამოვიყვანეთ. ამასთან, ჩვენ მუდმივად ვაკონტროლებთ, რომ სახელმწიფომ იმაზე მეტი არ დახარჯოს, ვიდრე ის ეკონომიკიდან იღებს, გადასახადის ან დივიდენდის სახით. იანვარი ჩვენ დავამთავრეთ 36 მილიონი ლარის პროფიციტით. რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტმა 36 მილიონი ლარით მეტი მიიღო ეკონომიკიდან, ვიდრე იქ ჩაუშვა. ეს ფისკალურად. მონეტარულადაც 2011 წლის დეფიციტი 4.3%25-ზე ნაკლებია. ამ შემთხვევაში უნდა გავითვალისწინოთ რისგან შედგება თვითონ დეფიციტი. ამ წუთას ბიუჯეტში ჩვენ გვაქვს საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების საინვესტიციო პროექტები, პრივატიზების თანხა და სახაზინო ვალდებულებები. ამ ყველა რესურსიდან დეფიციტურად ანუ მონეტარული თვალსაზრისით რამაც შეიძლება ფულადი მასა გაზარდოს, მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მოწოდებული სახსრებია: ჩვენამდე ის დოლარის სახით მოდის, მერე ხურდავდება ლარში და ლარის ფულადი მასა მიეწოდება ეკონომიკას.

  • ეს ხომ ინფლაციას ზრდის?

როდესაც ველოდებით განსაკუთრებით ჭარბი ფულადი მასების მობილიზებას კომერციულ ბანკებში, მაშინვე ვახდენთ ჭარბი ფულის ეკონომიკიდან ამოღებას. ამ მეთოდს ყველა ქვეყანა მიმართავს: ჩვენ ვამბობთ, დღეს მოგვეცით ეს ფული, რადგან თქვენ ჭარბი გაქვთ და ხვალ დაგიბრუნებთ. ჩვენ სახაზინო ვალდებულებების გამოშვება არა იმდენად ბიუჯეტის შევსების ღონისძიებად გვჭირდება, არამედ სწორედ ანტიინფლაციურად.

0x01 graphic

ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი

  • ფულის მასის ზრდა ხომ ეროვნული ბანკის რეფინანსირებით ხდება (ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებზე გასცემს სესხებს შედარებით დაბალ პროცენტში და შემდეგ ისინი უფრო მაღალ პროცენტში სახელმწიფოზე აპროცენტებენ)?

მოდით ვნახოთ რა შეიძლება იყოს ინფლაციასთან ბრძოლის ყველაზე მარტივი მექანიზმი - ეკონომიკა უნდა გააჩერო. ეკონომიკის გაჩერებაში სწორედ დაკრედიტების გაჩერება იგულისხმება. ეს ყველაზე რადიკალური ზომაა. ამით პრაქტიკულად ხელოვნურად ამცირებ მოხმარებას, შესაბამისად, საქონლის ან მომსახურების ფასი მცირდება. ამას თავისი ნეგატიური მხარე აქვს: ფერხდება ეკონომიკური ზრდა. ჩვენ ერთი მხრივ ვერ გავაჩერებთ ეკონომიკის ზრდას ბოლომდე, იმიტომ რომ, თუ ელემენტარულად ზრდა არ იქნა, ის ფულიც არ იქნება, რაც დღეს არის. თუმცა მეორე მხრივ, ინფლაცია ამ დონით სრულიად დაუშვებელია, რადგან საბოლოო ჯამში ის ასევე ვნებს ეკონომიკას. მათ შორის ბალანსის პოვნა ძალიან რთულია. ჩვენ სწორედ ამაზე ვმუშაობთ.

  • მეორე მხრივ, მაღალი დეფიციტისა და ვალის პირობებში, სახაზინო ვალდებულებების გამოშვება კიდევ უფრო მეტად ზრდის ვალს. სახაზინო ვალის შესყიდვის სქემა ხელს უწყობს საშინაო და საგარეო ვალის ზრდასაც. 2010 წლის ბიუჯეტის ამოქმედებიდან 8 თვეში ვალდებულებების ზრდამ 832 მილიონი ლარი შეადგინა. საშინაო ვალი 153 მილიონით, ხოლო საგარეო - 679 მილიონი ლარით გაიზარდა. 2013 წელს სახელმწიფოს 800 მილიონ დოლარამდე აქვს გადასახდელი. ამ პერიოდში სახელმწიფო ბიუჯეტიდან ვალების მომსახურებას ბიუჯეტის 14%25 მოხმარდება. როგორ აფასებთ ამ ტენდენციას?

ეს ნამდვილად არ არის საგანგაშო სიტუაცია და გაუგებარია ის აჟიოტაჟი, რომელიც ამ თემის ირგვლივ ატყდა ბოლო პერიოდში. საქართველოს საშინაო და საგარეო ვალი ერთად არ აღემატება 43%25-ს მშპ-სთან მიმართებაში. იგივე მაასტრიხტის შეთანხმებით, ევროკავშირისთვის უსაფრთხოების ზღვრად მიჩნეულია 60%25. 43%25-დან საგარეო სესხი მხოლოდ 35%25-ია. საშინაო ვალი ჩვენთვის არის ის, რაც ისტორიულად გადმოგვყვა საბჭოთა კავშირიდან. ანუ რეალურად, ჩვენი აქტიური ვალდებულებები 35%25-ს არ აჭარბებს. ჩვენი სასესხო პორტფელის საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი არის 2.1%25. ეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალია. შედარებით მაღალპროცენტიანი ევროობლიგაციების წილი კი - ჩვენი საგარეო პორტფელის მხოლოდ 10%25-ს შეადგენს. 2011 წელს ვალის ზრდა საერთოდ შეწყდა. 2013 წელი არაფრით არ არის განსაკუთრებული წელი. ყველაზე მაღალი გადახდა გვიწევს, მაგრამ ეს ჩვეულებრივი ნორმალური პროცესია: სახელმწიფო გამოუშვებს იმავე რაოდენობის ევრობონდს და ძველს დაფარავს. ჩვენი მთავარი მიზანია ევრობონდების ხანგრძლივობა 5 წლიდან 7 ან 10 წლამდე გაიზარდოს. ეს კომერციულ ბანკებს შესაძლებლობას მისცემს, მოიზიდონ უფრო გრძელვადიანი და გასცენ ასევე უფრო გრძელვადიანი სესხები.

  • ეროვნული ბანკის მიერ ბოლო დროს გამკაცრებული პოლიტიკა ამ პროცესს არ შეაფერხებს? საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა სარეზერვო მოთხოვნა უცხოური ვალუტით მოზიდული სახსრებისათვის 15 პროცენტამდე გაზარდა.

დღეს ეკონომიკის მთავარი პრობლემა ეკონომიკური ზრდა არის და არა გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა. რეალურად, ბიზნესისთვის ყველაზე დიდი პრობლემა არის გრძელვადიანი საფინანსო რესურსი. არა იმდენად საპროცენტო განაკვეთი - რადგან თუ მას ინფლაციას გამოაკლებთ, განაკვეთი არც ისე მაღალი გამოდის - არამედ ის, რომ სესხი მოკლე ვადაში უნდა დაფაროს. აი, ეს არის რეალური პრობლემა და ამიტომაცაა, რომ ჩვენი სამომხმარებლო სესხები, ისევე როგორც კორპორატიული ბაზარი, ძალიან განუვითარებელია.

5 აშშ-ის სენატის მოსალოდნელი რეზოლუცია და გაეროს გენერალური მდივნის 1994 წლის მოხსენება საქართველოს შესახებ

▲ზევით დაბრუნება


პოლიტიკა

დავით იბერი

აშშ-ის სენატის რეზოლუციის პროექტი

2010 წლის 11 დეკემბერს სხვადასხვა ინტერნეტ-გამოცემებით საჯარო გახდა ამერიკის შეერთებული შტატების სენატში შეტანილი საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტი. იმის გათვალისწინებით, რომ ნოემბერში კონგრესის შუალედური არჩევნები ჩატარდა, სარწმუნო წყაროების ინფორმაციით, რეზოლუცია ხელახლა იქნება წარდგენილი ახალ სენატში 2011 წლის თებერვალ-მარტში.

საქართველოსათვის უაღრესად მნიშვნელოვანია აშშ-ის სენატის მხარდაჭერა. ამასთან, სასურველია, რომ წარმომადგენელთა პალატამაც მიიღოს მსგავსი რეზოლუცია. ნიშანდობლივია, რომ როგორც კი სენატის რეზოლუციის პროექტი გამოქვეყნდა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მყისვე მოახდინა რეაგირება და მკაცრად გააკრიტიკა ამერიკელ კანონმდებელთა ინიციატივა. მოსკოვის განსაკუთრებული გაღიზიანება გამოიწვია დოკუმენტის იმ ნაწილმა, რომელშიც ლაპარაკია რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული ტერიტორიების ოკუპაციასა და საერთაშორისო ვალდებულებების იგნორირებაზე.

რეზოლუციის პროექტი მრავალმხრივ არის საყურადღებო. განსაკუთრებით ნიშანდობლივია, რომ იგი ხაზს უსვამს სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ აშშ-საქართველოს ქარტიის მნიშვნელობას. პროექტში ასევე აღნიშნულია ჰელსინკის დასკვნითი აქტისა და ეუთოს ფარგლებში მიღებული სხვა დოკუმენტების ფუძემდებლური ხასიათი ევროპაში საზღვრების ურღვეობისა და სახელმწიფოთა სუვერენული უფლებების საკითხში.

რეზოლუციის პროექტი ასევე მიუთითებს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონისა და ვიცე-პრეზიდენტის ჯოზეფ ბაიდენის მიერ საქართველოს მხარდასაჭერად გაკეთებულ განცხადებებზე და თეთრი სახლის მტკიცე პოზიციაზე, რომ „რუსეთმა უნდა დაასრულოს ქართული ტერიტორიების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის, ოკუპაცია”. რეზოლუციის დადგენილებით ნაწილში სენატი აღიარებს, რომ „აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებს” და მოუწოდებს რუსეთის მთავრობას, შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ყველა პირობა და ვალდებულება.

სენატის რეზოლუციის პროექტში ხარვეზები და ნაკლოვანებებიცაა. იგი, მართალია, ლაპარაკობს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად იძულებით ადგილნაცვალი პირების თავიანთ სახლებში დაბრუნების აუცილებლობაზე, მაგრამ მათ გამოდევნას მკვიდრი ადგილებიდან არ აძლევს ეთნიკური წმენდის კვალიფიკაციას. გარდა ამისა, დოკუმენტი, ერთი მხრივ, მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთის ფედერაციამ ვეტო დაადო ეუთოსა და გაეროს მისიების გაგრძელებას საქართველოში და სამართლიანად აღნიშნავს, რომ რუსეთის ჯარები „აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში განლაგებულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ან სხვა მრავალმხრივი [საერთაშორისო] ორგანიზაციის მანდატის გარეშე”, მეორე მხრივ, იგი არაფერს ამბობს იმაზე, რომ საჭიროა, შემუშავდეს ეფექტიანი საერთაშორისო საპოლიციო/სამშვიდობო მექანიზმი, რომელიც ჩაანაცვლებს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების არალეგალურ ოკუპაციას.

ამასთან, მართალია, სენატის რეზოლუციის პროექტი პირველივე წინადადებაში სამართლიანად აღნიშნავს, რომ 1993 წლიდან მოყოლებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა მხარდაჭერილია „საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 36 რეზოლუციით”, იგი არ მიუთითებს იმაზე, რომ გაეროსა და ეუთოს მისიების მარცხი გამოწვეულია იმით, რომ რუსეთს თავის დროზე გაუმართლებლად დიდი უფლებები მიეცა მათი მანდატებისა და ფორმატების შემუშავებაში, რამაც მას საშუალება მისცა, შეერყია საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. ეს საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალი საერთაშორისო მექანიზმის შემუშავების თვალსაზრისით, რაც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ.

ამ გარემოებიდან გამომდინარე, მისასალმებელი იქნება, თუ სენატის რეზოლუცია დაგმობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელებულ ეთნიკურ წმენდას და ერთ პუნქტს მაინც დაუთმობს გაეროს გენერალური მდივნის 1994 წლის 25 იანვრის მოხსენებას, რომელიც მნიშვნელოვანი დოკუმენტია იმის ასახსნელად, თუ რატომ განიცადა ფიასკო გაეროს მისიამ საქართველოში და რატომ იყო იგი წარუმატებლობისათვის იმთავითვე განწირული.

გაეროს გენერალური მდივნის 1994 წლის 25 იანვრის მოხსენება

1994 წლის 25 იანვარს, სოხუმის დაცემიდან რამდენიმე თვის შემ დეგ, გაეროს იმჟამინდელმა გენერალურმა მდივანმა ბუტროს ბუტროს გალიმ უშიშროების საბჭოს მოხსენება წარუდგინა „აფხაზეთში, საქართველო არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით”. დოკუმენტის აღწერილობით ნაწილში საუბარია კონფლიქტისა და სამშვიდობო პროცესის დინამიკაზე, კონფლიქტის მონაწილე მხარეთა პოზიციაზე, რაც დაფიქსირებული იყო 1994 წლის 13 იანვარს ხელმოწერილ სპეციალურ კომუნიკეში, „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და აფხაზეთის მრავალეროვანი მოსახლეობის ინტერესების სრულად დაცვის” პირობებში ყოვლის მომცველი პოლიტიკური მოგვარების, როგორც მხარეთა უპირველესი მიზნის, მიღწევის აუცილებლობასა და საქართველოში გაეროს სადამკვირვებლო მისი ის (UNOMIG) როლზე მშვიდობის უზრუნველყოფის საქმეში.

0x01 graphic

300 ათას იძულებით ადგილნაცვალ და ლტოლვილ საქართველოს მოქალაქესთან დაკავშირებით აღნიშნულია, რომ აფხაზეთში მათ დაბრუნებას აფერხებ და „ადეკვატური უსაფრთხოების” არარსებობა და, ამ გარემოების გათვალისწინებით, „მესამე მხარის სამხედრო ძალის” ყოფნა აუცილებელი პირობა იყო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

გაეროს გენერალური მდივანი ასევე მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს სახელმწიფო მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ 1994 წლის 21 იანვარს მას „უმორჩილესად სთხოვა აფხაზეთში გაეროს სამხედრო ყოფნის რაც შეიძლება სწრაფად გაზრდა”. მეორე მხრივ, გენერალური მდივანი ყურადღებას მიაპყრობდა ქართულ - აფხაზური კომუნიკეს იმ მუხლს, რომელშიც ლაპარაკი იყო იმაზე, რომ მხარეები მხარს უჭერდნენ „გაეროს სამშვიდობო ძალების ან გაეროს მიერ უფლებამოსილი სხვა ძალების განლაგებას კონფლიქტის ზონაში”. ამასთან, გენერალური მდივანი აღნიშნავდა, რომ კომუნიკეს თანახმად, მხარეებმა „საერთო თანხმობა გამოხატეს, რომ ამგვარი ძალების შემადგენელ ნაწილად გამოყენებულყოფილიყო რუსეთის სამხედრო კონტინგენტი”.

თავისი მოხსენების დასკვნით ნაწილში გაეროს გენერალური მდივანი მშვიდობის ხელშეწყობის მიზნით უშიშროების საბჭოს სთავაზობდა „აფხაზეთში უფრო ფართო საერთაშორისო სამხედრო ყოფნის” ორ ვარიანტს.

1-ლი ვარიანტის თანახმად, უშიშროების საბჭოს შეეძლო, შეექმნა „გაეროს ტრადიციული სამშვიდობო ძალა გაეროს სარდლობისა და კონტროლის ქვეშ”, რომლის მანდატიც საწყის ეტაპზე მოიცავდა გალის რაიონს და მდინარე ენგურისა და მდინარე ფსოუს მიმდებარე ტერიტორიებს. გენერალური მდივანი აღნიშნავდა, რომ რუსეთის ფედერაციამ ასეთი ოპერაციის მხარდასაჭერად არაფორმალურად გაავრცელა დოკუმენტი, რომლის თანახმადაც საჭიროდ მიაჩნდა დაახლოებით 2,500 მშვიდობის მყოფელის განლაგება. გენერალური მდივანი დასძენდა, რომ „გაეროს ნორმალური პრაქტიკის თანახმად, ეს იქნებოდა მრავალეროვნული ძალა და მასში არცერთ ქვეყანას არ ეყოლებოდა 1/3-ზე მეტი” სამხედრო მოსამსახურე.

მე-2 ვარიანტის მიხედვით, უშიშროების საბჭოს შეეძლო, გაეცა „უფლებამოსილება მრავალეროვნული სამხედრო ძალის” განლაგების თაობაზე, რომელიც „არ იქნებოდა გაეროს სარდლობის ქვეშ და რომლის შემადგენლობაც ჩამოყალიბდებოდა გაეროს დაინტერესებული წევრისა ხელმწიფოების, მათ შორის რუსეთის ფედერაციის, მიერ გამოყოფილი [სამხედრო] კონტინგენტებით 1-ლ ვარიანტში აღწერილი ფუნქციების შესასრულებლად”. ასეთ შემთხვევაში, 200-ოდე სამხედრო დამკვირვებლისაგან შედგენილი UNOMIG-ის მოვალეობა იქნებოდა „მრავალეროვნული ძალისმიერ განხორციელებული ოპერაციების მონიტორინგი, აფხაზეთის ადგილობრივ ხელისუფლებასთან კონტაქტი და ადგილზე განვითარებულ მოვლენებზე ზედამხედველობა”.

გენერალური მდივანი რეკომენდაციას იძლეოდა, რომ მე-2 ვარიანტის არჩევის შემთხვევაში ქვეყნებს, რომლებიც მრავალეროვნულ ძალას შექმნიდნენ, გაეროსათვის მიეწოდებინათ ინფორმაცია „ამ ძალის მოქმედების კონცეფციის, მართვისა და კონტროლის მექანიზმების და დისლოკაციის” შესახებ. გარდა ამისა, გენერალური მდივანი გამოთქვამდა რწმენას, რომ მრავალეროვნული ძალა ეუთოს ფარგლებში მიღებული პრინციპების შესაბამისად იმოქმედებდა. მას მხედველობაში ჰქონდა კონკრეტულად ისეთი პრინციპები, როგორებიცაა „სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა, მხარეთა თანხმობა, მიუკერძოებლობა, მრავალეროვნული ხასიათი, მკაფიო მანდატი, გამჭვირვალობა, უშუალო კავშირი კონფლიქტის მოგვარების პოლიტიკურ პროცესთან და [სამხედრო კონტინგენტის] მოწესრიგებული გაყვანის გეგმა”. მოხსენების ბოლოში გენერალური მდივანი დაბეჯითებით აღნიშნავდა, რომ „საერთაშორისო აღიარება არ მიეცემოდა ისეთ ერთეულს, რომელიც შეეცდებოდა საერთაშორისო საზღვრების ძალით შეცვლას”. მეორე მხრივ, იგი შესაძლებლად მიიჩნევდა ისეთ მორიგებას, რომელიც დაეფუძნებოდა „თავიანთ სახლებში დაბრუნებული მრავალეთნიკური მოსახლეობის მიერ საერთაშორისო მეთვალყურეობის პირობებში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებს”.

0x01 graphic

აღსანიშნავია, რომ 1994 წლის 31 იანვარს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებულმა 896-ე რეზოლუციამ, სხვა საკითხებთან ერთად, მხედველობაში მიიღო გენერალური მდივნის 25 იანვრის მოხსენება, კერძოდ კი მისი ის ნაწილი, რომელშიც რეკომენდაციის სახით მოცემულია სამშვიდობო ოპერაციის ორი შესაძლო ვარიანტი. ამავე რეზოლუციაში დაგმობილია აფხაზეთის, საქართველო „დემოგრაფიული შემადგენლობის შეცვლის ნებისმიერი მცდელობა, მათ შორის, იმ პირებით მისი ხელახალი დასახლება, რომლებიც იქ მანამდე არ ცხოვრობდნენ”.

1994 წლის 14 მაისს ხელმოწერილმა მოსკოვის შეთანხმებამ კარდინალურად შეცვალა ვითარება. რუსეთმა „მხარეთა თანხმობით” „დსთ-ს სამშვიდობო ძალა” შეიყვანა „კონფლიქტის ზონაში”, რითაც ფაქტის წინაშე დააყენა საერთაშორისო თანამეგობრობა და სრულად გამორიცხა უშიშროების საბჭოსადმი გაეროს გენერალური მდივნის მიერ შეთავაზებული „გაეროს ტრადიციული სამშვიდობო ძალის” განლაგების შესაძლებლობა, ანუ 25 იანვრის მოხსენებაში აღნიშნული 1-ლი ვარიანტი. უშიშრობის საბჭომ დსთ-ს სამშვიდობო ძალის უფლებამოსილება ცნო 1994 წლის 21 ივლისს მიღებული 937-ე რეზოლუციით, რომელიც, თავის მხრივ, დაეყრდნო 1994 წლის 12 ივლისს გენერალური მდივნის მიერ წარდგენილ ახალ მოხსენებას.

ახალ მოხსენებაში გაკეთებულია მინიშნება წინა მოხსენების ორ ვარიანტზე და აღნიშნულია, რომ შეირჩა „დსთ-ს სამშვიდობო ძალის ოპერაციათა [მე-2] ვარიანტი” იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც იქნა მიწოდებული გენერალური მდივნისათვის მის მიერ წარგზავნილი „ტექნიკური მისიის მიერ”, მიუხედავად იმისა, რომ ამ უკანასკნელს „დეტალური გეგმა არც ერთი ვარიანტისათვის არ შეუმუშავებია”. გენერალური მდივნის ახალ მოხსენებაში და, შესაბამისად, უშიშროების საბჭოს 21 ივლისის რეზოლუციაში აღარაფერია ნათქვამი მე-2 ვარიანტის ისეთ მნიშვნელოვან ატრიბუტებზე, როგორებიცაა სამშვიდობო მოქმედების კონცეფცია, კონტინგენტის მრავალეროვანი ხასიათი, მკაფიო მანდატი, გამჭვირვალობა და მოწესრიგებული გაყვანის გეგმა, რაც, როგორც ჩანს, შეცვლილი გარემოებებისა და რუსეთის მხრიდან ზეწოლის შედეგად მოხდა.

ასე დაიწყო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარუმატებელი სამშვიდობო მისია, რომელიც სრული კრახით დამთავრდა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან არასაკმარისი ყურადღებისა და რუსეთისათვის განსაკუთრებული ფაქტობრივი სტატუსის მინიჭების გამო.

დასკვნა

ამ სტატიის დასაწყისში ტყუილად არ გვისაუბრია აშშ-ის სენატის მიერ საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის მიღებაზე. როგორც აღვნიშნეთ, რეზოლუციის პროექტში მინიშნება კეთდება რამდენიმე მნიშვნელოვან დოკუმენტსა და განცხადებაზე. ამასთან, მიზანშეწონილი იქნება, თუ სენატის რეზოლუცია ასევე გაამახვილებს ყურადღებას გაეროს გენერალური მდივნის მიერ 1994 წლის იანვარში შეთავაზებული სამშვიდობო ოპერაციის ორ ვარიანტზე და მიუთითებს იმაზე, რომ მკაფიო მანდატისა და ნამდვილი მრავალმხრივი საერთაშორისო მექანიზმის არარსებობამ ხელ-ფეხი გაუხსნა რუსეთს თავისი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისაკენ.

გენერალური მდივნის 1994 წლის მოხსენებაზე მინიშნება მნიშვნელოვანი იქნება იმ თვალსაზრისითაც, რომ, ჩვენი ღრმა რწმენით, უნდა მოხდეს საქართველოში გაეროს მისიის 15-წლიანი მოღვაწეობის სრულფასოვანი ანალიზი და ავტორიტეტული საერთაშორისო ჯგუფის მიერ უნდა დადგინდეს ყველა ის მიზეზი, რამაც მისიის წარუმატებლობას შეუწყო ხელი. ასეთი დასკვნის მომზადებაში გაეროს გენერალური მდივნის მიერ 1994 წლის იანვარში უშიშროების საბჭოსათვის წარდგენილ მოხსენებას განსაკუთრებული წონა და მნიშვნელობა ექნება.

1994 წელს შეთავაზებულ ვარიანტებზე აპელირება საქართველოს ასევე შეიძლება დაეხმაროს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში საერთაშორისო საპოლიციო/სამშვიდობო ძალის განლაგების აუცილებლობის სამართლებრივ და პოლიტიკურ დასაბუთებაში.

6 პრემიერ-მინისტრის ვიზიტი აშშ-ში და ათასწლეულის გამოწვევის ახალი პროექტები

▲ზევით დაბრუნება


პოლიტიკა

ავტორი: დიმიტრი ავალიანი

0x01 graphic

აშშ-ში ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამერიკელ სენატორებს შეხვდა და სენატის ახალი რეზოლუციის პროექტი განიხილა, რომელიც რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციის დაგმობას ითვალისწინებს.

ნიკა გილაურის განცხადებით, მან შეხვედრები როგორც რესპუბლიკელ, ასევე დემოკრატ სენატორებთან გამართა - მათ შორის ჯონ მაკკეინთან, მარკო რუბიოსთან და პატრიკ ლიჰისთან. “ჩვენი სურვილია, ამ რეზოლუციას მთელმა სენატმა დაუჭიროს მხარი”, - განაცხადა გილაურმა და აღნიშნა, რომ სენატორები, რომელსაც იგი ესაუბრა, დოკუმენტს მხარს უჭერენ.

რეზოლუციის პროექტი სახელწოდებით „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და საქართველოს საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებულ  საზღვრებში შექმნილი სიტუაციის შესახებ” სენატორებმა ჯინ შეჰინმა და ლინდსი გრემმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში 9 დეკემბერს წარადგინეს.

რეზოლუციის პროექტის მიხედვით, „აშშ-ის პოლიტიკა გულისხმობს საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას” და „აღიარებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებს, როგორც რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებს”.

როგორც სენატორებთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, „ეს რეზოლუცია მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ ოკუპაციის ფაქტის აღიარებისთვის”. გილაურის თქმით, სენატორებთან შეხვედრისას ასევე სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების საკითხები განიხილეს.

ვაშინგტონში ყოფნისას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელ დირექტორს დენიელ იოჰანესს შეხვდა. შეხვედრაზე კორპორაციის მიერ საქართველოსთვის ახალი დახმარების გამოყოფაზე და მისი გამოყენების მიმართულებებზე იმსჯელეს.

როგორც გილაურმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, გრანტის ზუსტი ოდენობა ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუმცა მთავრობა ვარაუდობს, რომ მისი მოცულობა 150 მილიონიდან 250 მილიონ დოლარამდე იქნება. პრემიერის თქმით, თბილისი აპირებს ათასწლეულის გამოწვევას რამდენიმე პროექტი წარუდგინოს, კერძოდ, საქართველოში ამერიკული უნივერსიტეტის დაფუძნების, ჯანდაცვის ახალი დაწესებულების - ამერიკული საავადმყოფოს მშენებლობისა და გოდერძის უღელტეხილის (სამცხე-ჯავახეთი-ბათუმის) ავტომაგისტრალის მშენებლობის პროექტები.

გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ საქართველოს შესაძლებლობა ეძლევა ახალი ფინანსური დახმარების მისაღებად ფონდს განაცხადი წარუდგინოს, ათასწლეულის გამოწვევის დირექტორთა საბჭომ 5 იანვარს მიიღო.

გასული წლის ბოლოს დასრულდა ბოლო პროექტი, რომელიც საქართველოში ათასწლეულის გამოწვევის დახმარებით განხორციელდა - მწყობრში შევიდა თბილისისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონის დამაკავშირებელი ახალი ავტომაგისტრალი. სულ ათასწლეულის გამოწვევის დახმარებით საქართველოში განხორციელებული პროექტების ღირებულებამ 395 მილიონი დოლარი შეადგინა. სამცხე-ჯავახეთის მაგისტრალის გარდა, ფონდის დახმარებით ჩრდილოეთ-სამხრეთის გაზსადენის რეაბილიტაციის, ასევე აგრარული და ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა.

კორპორაციის აღმასრულებელი დირექტორი საქართველოს გასული წლის ოქტომბერში ეწვია. მან განაცხადა, რომ საქართველოში ათასწლეულის გამოწვევის პროექტების რეალიზაციით კმაყოფილია.  საქართველოსთვის ახალი დახმარების გამოყოფის საკითხი დენიელ იოჰანესთან შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აშშ-ში ვიზიტის დროს, 14 იანვარს განიხილა.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შეხვედრა აშშ-ის ფინანსთა მინისტრთან ტიმოთი გეითნერთან გამართა, ასევე პროგრეს-ცენტრში გამართულ მრგვალ მაგიდას დაესწრო.

7 ინფლაციით ინფლაციის დამთრგუნველი

▲ზევით დაბრუნება


პოლიტიკა

10 თებერვლიდან საქართველოში თითოეული ოჯახი ელექტროენერგიის 20-ლარიან, ერთჯერად ვაუჩერს მიიღებს. ფინანსთა მინისტრის კახა ბაინდურაშვილის თქმით, ამ პროგრამისთვის დაახლოებით 20 მილიონი ლარი გამოიყოფა. მთავრობის განმარტებით, ვაუჩერების დარიგება ანტიინფლაციური ზომაა.

სულ მცირე, ორი შეკითხვა ჩნდება:

რატომ აფინანსებს მთავრობა განურჩევლად ყველას, ვისაც ეს სჭირდება და არ სჭირდება? საქართველოში 880 ათასი უკიდურესად გაჭირვებული ადამიანი ცხოვრობს. ეს ის მოქალაქეები არიან, ვისთვისაც სახელმწიფოს მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. თუკი სახელმწიფო დახმარების თანხას მხოლოდ ამ ადამიანებზე გათვლიდა, ის შეძლებდა მათ ან მეტი ხნით ან მეტი თანხით დახმარებოდა, ან თვითონ დახმარების ხარჯი შეემცირებინა - ბიუჯეტიდან 20 მილიონ ლარზე ნაკლები გამოეყო.

საიდან აპირებს მთავრობა ამ თანხის მოტანას? 2011 წლის ბიუჯეტი მთავრობამ ქამრების მოჭერის პრინციპით დაგეგმა და მიზნად დეფიციტის 6%25-დან 4.3%25-მდე შემცირება დაისახა. შემცირებული ხარჯების პირობებში, ბიუჯეტში წინასწარ გაუთვლელი ღონისძიების 20 მილიონი ლარით დაფინანსება, ორ რამეს შეიძლება ნიშნავდეს: მთავრობამ ან რომელიმე სხვა სფეროს უნდა მოაკლოს ეს ფული და ერთჯერად დახმარებაზე დახარჯოს, ან დამატებითი ფული უნდა დაბეჭდოს, რომ ეს ვალდებულება დააფინანსოს. მეორე შემთხვევაში, ერთჯერადი ვაუჩერების გაცემა ანტიინფლაციურის ნაცვლად, სწორედ ინფლაციური ზომა იქნება.

ბოლო პერიოდში, ფულის მასამ ქვეყანაში თითქმის 6-ჯერ, ხოლო ფასებმა თითქმის ორჯერ მოიმატა. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში წლიური ინფლაციის დონემ დეკემბერში 11.2%25-ს მიაღწია, რაც 2007 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

8 სენატორების მოწოდება: NATO-ს რადარები საქართველოში

▲ზევით დაბრუნება


პოლიტიკა

ოთხი რესპუბლიკელი სენატორი ობამას ადმინისტრაციას მოუწოდებს, მგრძნობიარე რაკეტსაწინააღმდეგო რადარები თურქეთის ნაცვლად, საქართველოს ტერიტორიაზე განათავსოს. „ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს რესპუბლიკის გეოგრაფიული მდებარეობა მას იდეალურ ადგილად ხდის ირანისკენ მიმართული რაკეტსაწინააღმდეგო რადარისთვის”, - წერენ სენატორები - ჯონ კილი, ჯეიმს რიში, მარკ კირკი და ჯეიმს ინჰოფი ამერიკის თავდაცვის მდივან რობერტ გეიტსს. „საქართველო უნდა იყოს მნიშვნელოვანი პარტნიორი მომავალ თავდაცვით თანამშრომლობაში ამერიკის შეერთებულ შტატებთან, როგორც NATO-ს მომავალი წევრი და სხვა სახითაც. ის უკვე არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული მოკავშირე NATO-ს ავღანეთის მისიაში”, - ვკითხულობთ წერილში.

ეს წერილი მოჰყვა თურქეთის განცხადებას, რომ ისინი არ დათანხმდებიან რაკეტსაწინააღმდეგო რადარების განთავსებას მათ ტერიტორიაზე, თუ, თავის მხრივ, ამერიკის შეერთებული შტატები არ აიღებს ვალდებულებას, რადარით შეგროვებული ინფორმაცია ისრაელს არ გაუზიაროს. „აშკარაა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ვერ და არ უნდა დათანხმდეს ამგვარ შეზღუდვებს”, - წერენ სენატორები. თავის მხრივ, ეს რადარი იმ თავდაცვითი სისტემის ნაწილია, რომელიც NATO-ს უკანასკნელ, ლისაბონის, სამიტზე განიხილეს. თურქეთს ასევე სურს, რომ NATO-მ აღარ მოიხსენიოს ირანი, როგორც თავდაცვითი ფარის მიერ სამიზნეში ამოღებული საფრთხე.

Foreign Policy წერს, რომ რადარის საქართველოში განთავსება ნაკლებ მოსალოდნელია, რადგან საქართველო NATO-ს წევრი არ არის. გარდა ამისა, ეს გააუარესებს რუსეთ-ამერიკის შეერთებული შტატებისა და NATO-რუსეთის ურთიერთობებს. თუმცა, აქ ხაზგასმულია, რომ ეს წერილი არის ნიშანი იმისა, რომ ახალი კონგრესი მზადაა გააძლიეროს მხარდაჭერა საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების თანამშრომლობის გასაღრმავებლად თავდაცვის სფეროში, რაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საგრძნობლად შესუსტდა.

თავდაცვის მდივნისადმი მიწერილ წერილში სენატორები სთხოვენ რობერტ გეიტსს, რომ მიაწოდონ ინფორმაცია, განიხილება, თუ არა საქართველო, როგორც პოტენციური მასპინძელი რაკეტსაწინააღმდეგო რადარისთვის. ისინი ასევე ითხოვენ ანალიზს რადარის პოტენციური მასპინძლებისა - რაც მოიცავს თურქეთს, საქართველოს და სხვა ქვეყნებს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, რომლებთან შედარებითაც, სენატორების თქმით, საქართველოს, გეოგრაფიული თვალსაზრისით, აშკარა უპირატესობები აქვს.

9 ვაჭრობისთვის განკუთვნილი საქონლის ხელით შემოტანა იკრძალება

▲ზევით დაბრუნება


საზოგადოება

ახალი საბაჟო წესები

თამარ ხორბალაძე

0x01 graphic

1 თებერვლიდან საქართველოს სახმელეთო საზღვარზე საცალო იმპორტიორებისთვის ახალი რეგულაციები ამოქმედდა. „სამართლიანი, მარტივი და სანდო საგადასახადო სისტემისთვის” ახალი კურსის ფარგლებში გადადგმული ეს ნაბიჯი, შესაძლოა, არც ისე სამართლიანი და მარტივი აღმოჩნდეს, როგორც ამას ინიციატორები ამბობენ.

საბაჟოზე შემოღებული ახალი წესების თანახმად, საქართველოს სახმელეთო საზღვრებზე ვაჭრობისთვის განკუთვნილი საქონლის ხელით შემოტანა აიკრძალა. არ შეიძლება ამ ტვირთის სამგზავრო ავტოტრანსპორტით შემოტანაც. 1 თებერვლიდან სავაჭრო საქონლის შემოტანა დასაშვებია მხოლოდ დალუქული, სატვირთო ტრანსპორტის საშუალებით. ამასთან, საინტერესოა, რომ გასაყიდად არის თუ არა განკუთვნილი, ამას საზღვარზე მებაჟე დაადგენს. საქართველოს შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი ამბობს, რომ განსაზღვრის კრიტერიუმები საზღვრის გადაკვეთის რაოდენობა ანაც ერთგვაროვანი საქონლის რაოდენობაა. შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი ცხაკაიამ ტაბულას განუცხადა, რომ გადაწყვეტილება სამ ძირითად მიზანს ემსახურება: უსაფრთხოების უზრუნველყოფას (მაგალითად, საყოფაცხოვრებო ნივთებში ნარკოტიკის და სხვა აკრძალული ნივთიერებების შემოტანის უკეთ გაკონტროლებას); კონტრაბანდული საქონლის შეზღუდვას და ამ გზით სამართლიანი კონკურენტუნარიანი გარემოს დამყარებას და საზღვარზე საცობების აღმოფხვრას, რასაც საცალო იმპორტიორთა შემოწმების პროცედურები იწვევდა. კონკრეტული პასუხი - თუ რა მასშტაბით კონტრაბანდის გათეთრებაზეა საუბარი, ტაბულამ ვერ მიიღო. შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი ამბობს, რომ საქმე უმნიშვნელო მასშტაბს ეხება. ტაბულასთან ინტერვიუში ფინანსთა მინისტრი აქცენტს ამაზევე აკეთებს - ის ამბობს, რომ სულ 800 მოვაჭრეზეა საუბარი. საინტერესოა კიდევ ერთი სტატისტიკური მაჩვენებელი - საქართველოში, მაგალითად 2009 წლის მონაცემებით, დასაქმებული 1 მილიონ 656 ათასი ადამიანიდან მხოლოდ 596 ათასია დაქირავებული, 2/3 (1 მილიონ 59 ათასი) ადამიანი კი თვითდასაქმებულია, რაც წვრილ ბიზნესში დასაქმებასაც გულისხმობს. დღემდე წვრილი ბიზნესის წარმომადგენლებს, რომელთა ძირითადი საქმიანობაც საქართველოს რეგიონებში და თბილისშიც პატარა ტანსაცმლის ან საყოფაცხოვრებო მაღაზიებსა ან სექციებში ვაჭრობაა, საქონელი სწორედ საკუთარი ტრანსპორტითა თუ ჩანთებით შემოჰქონდათ. არსებული კანონმდებლობით, 300 ლარის და მეტი ღირებულების საქონელი, პირადი მოხმარების შემთხვევაშიც, იბეგრება. გადასახადებისგან თავის არიდებას, წვრილი მოვაჭრეები, როგორც წესი, დროის მოკლე მონაკვეთში საზღვრის რამდენჯერმე გადალახვით ცდილობდნენ (რაც, სხვათა შორის, ისედაც არ იყო რთული შესამჩნევი). ასეთ შემთხვევაშიც ამ საქონლის დაბეგვრის სფეროში მოქცევა, მაღაზიების სწორი ადმინისტრირებით არის შესაძლებელი. კონტრაბანდის გავრცელებული ფორმა გახლავთ ე.წ. შმონდერობა, ანუ ტანსაცმლის ერთმანეთზე ჩაცმა და საზღვარზე ისე შემოტანა. ეს ახალ ბრძანებულებამდეც იკრძალებოდა და დამატებითი რეგულაციის შემოღება, ამ მიმართულებით ეფექტის მომტანი ნამდვილად ვერ იქნება.

სამაგიეროდ, ახალი წესები კანონმორჩილ წვრილ მოვაჭრეებს უქმნის ახალ პრობლემებს. მაგალითად, მათ დანახარჯებს ზრდის საქონლის იმპორტირების პროცესში სატვირთო ტრანსპორტის სავალდებულო ჩართვა - ერთი 20-ფუტიანი კონტეინერის ჩამოტანა აზერბაიჯანიდან დაახლოებით 1200-1300 დოლარი ღირს, თურქეთიდან კი ფასები 2200 აშშ დოლარი და მეტია. ამასთან, წვრილ მოვაჭრეებს მოუწევთ კონტეინერის შესავსებად პარტნიორები მონახონ. მათი ტვირთის ჩამოტანას, ფულთან ერთად, მეტი დროც დასჭირდება. გარდა ამისა, საჭირო იქნება დამატებითი საბუთებიც.

გადაწყვეტილების უკუეფექტებზე საუბრისას ოპონენტები შემდეგი მიმართულებით აკეთებენ აქცენტს: ამ რეგულაციით მოსახლეობის ყველაზე ხელმოკლე ფენა დაზარალდება: საქონლის შემომტანები, რომლებიც რეგულაციის მიღებამდე სწორედ ასეთი წვრილმანი ვაჭრობით ირჩენდნენ თავს; ასევე, ის ხელმოკლე მოქალაქეები, რომლებიც ვეღარ შეძლებენ იმ იაფი საქონლის შეძენას, რომელთა შემოტანაც შეწყდება.

რეგულაციით იხეირებენ მსხვილი შემომტანები, რადგანაც უამრავ წვრილ კონკურენტს ჩამოიშორებენ.

ფასები გაიზრდება, რადგან ბაზარზე იაფი საქონლის წილი შემცირდება.

ასეთი ტიპის დისკრეციის დატოვება საბაჟო სამსახურის თანამშრომლებისთვის ორი ტიპის პრობლემას წარმოშობს: შეიძლება შეაფერხოს იმ ადამიანების თავისუფალი გადაადგილება, რომლებიც პირადი მოხმარების მიზნით შემოიტანენ რაიმე საქონელს და შესაძლოა გახდეს კორუფციის წყარო ანუ სავაჭრო მიზნით საქონლის შემომტანი საბაჟოს თანამშრომლებთან გარიგდეს.

შესაბამისად, გადაწყვეტილება ვერც ანტიინფლაციურად ჩაითვლება და ვერც - თავისუფალი კონკურენციის ხელშემწყობად, რაც ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობის ნაცვლად ხელის შემშლელ ფაქტორად შეიძლება იქცეს.

10 ნაბიჯი „ყოვლისშემძლე სახელმწიფოსკენ”

▲ზევით დაბრუნება


საზოგადოება

თამარ ხორბალაძე

0x01 graphic

2011 წლიდან საქართველოში მსხვილი უძრავი ქონების მფლობელთა მისამართებზე, წერილობითი შეტყობინება მივიდა - მათ სახელმწიფომ ახალი რეგულაცია დაუწესა. გადაწყვეტილება ნებისმიერი მასშტაბის იურიდიულ პირს, მათ შორის მიკრო და მცირე ბიზნესსაც ეხება.

შეტყობინება გვაუწყებს, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ” კანონში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, 2010 წლის 7 დეკემბრიდან მოყოლებული, კომპანიები (მათ შორის იგულისხმება ბანკებიც) ვალდებულნი არიან საჯარო რეესტრში დაარეგისტრირონ მათი მონაწილეობით დადებული ქირავნობის, ქვექირავნობის, იჯარის, ქვეიჯარის, თხოვების, უზუფრუქტის, სერვიტუტის, უძრავ ნივთზე ლიზინგის და უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ხელშეკრულებები, ასევე - ცვლილებები ამ ხელშეკრულებებში. ამასთან, ის კერძო სამართლის იურიდიული პირები, რომელთაც ზემოთქმული უფლებები წარმოეშვათ ამ კანონის ამოქმედებამდე, ვალდებულნი არიან 2011 წლის 1 აპრილამდე ამ უფლებათა რეგისტრაცია განახორციელონ. წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული უფლებები შეწყდება. ცხადია, გადაწყვეტილება იმ ფიზიკურ პირებსაც ეხება, რომელთაც ამ იურიდიულ პირებთან  ხელშეკრულებები აქვთ დადებული. გადაწყვეტილების პარალელურად, 2011 წლიდან ამოქმედდა საგადასახადო კოდექსის ახალი ნორმები, რომელთა თანახმადაც ფიზიკური პირის მიერ უძრავი ქონების გაქირავება 12-ის ნაცვლად, 20-პროცენტიანი საშემოსავლო გადასახადით იბეგრება.

საჯარო რეესტრის შესახებ კანონში ცვლილებები, ოფიციალური ვერსიით, აღრიცხვის გაუმჯობესების მიზნით არის მიღებული. ინიციატორი პარლამენტის იურიდიულ საქმეთა კომიტეტია. ამ გზით მარტივად ხელმისაწვდომი ხდება საწარმოთა ფაქტობრივი მისამართების შესახებ ინფორმაცია, რაც იურიდიული პირების რეალურად მოძიებას გაამარტივებს. შეიქმნება უძრავი ქონების ხელშეკრულებათა სრულფასოვანი საინფორმაციო ბაზა. გადაწყვეტილება, ცხადია, გადასახადების ადმინისტრირების გაუმჯობესებასაც ისახავს მიზნად. ამას გარდა, 10-ლარიანი მოსაკრებელი და შემჭიდროებული ვადები, რომელშიც ხელშეკრულებების რეგისტრაცია მოხდება, ინიციატორთა აზრით, ქონებასთან დაკავშირებული ხელშეკრულებების ხელმომწერებს განსაკუთრებულ ტვირთად არ დააწვებათ.

აქვე უნდა ითქვას, რომ იურიდიული პირები, რომელთაც ზემოთ ნახსენებ რომელიმე უფლებასთან დაკავშირებით ხელშეკრულება აქვთ გაფორმებული, ნაკისრი გადასახდელების დეკლარირებას საგადასახადო სტრუქტურების წინაშე ისედაც ახდენდნენ.

ამ პირობებში ხელისუფლების მიერ დამატებითი რეგულაციის შემოღება, ექსპერტ ზურაბ ჯაფარიძის აზრით, აფართოებს ორ მხარეს შორის ჩატარებული იმ ნებაყოფლობითი ოპერაციების არეალს, რომლებშიც სახელმწიფო ერევა. ეს შესაბამისად მოქალაქეებისთვის გააძვირებს ასეთი ოპერაციების შესრულებას. გარდა ამისა, ხელოვნურად ხდება სახელმწიფო შემოსავლების მიღების წყაროს შექმნა, რადგან საჯარო რეესტრში რეგისტრაცია საჭიროებს შესაბამისი მოსაკრებლის გადახდას. ეს ყველაფერი კი კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება „ყოვლისშემძლე სახელმწიფოსკენ”, როდესაც ბიუროკრატია აკონტროლებს ადამიანთა ურთიერთობის ყველა ასპექტს, რაც ლიბერალური სახელმწიფოს მშენებლობის დეკლარირებულ მიზანს აშკარად ეწინააღმდეგება.

11 ზეახალი ვარსკვლავის აფეთქება

▲ზევით დაბრუნება


მაია თოდუა|სვეტი

0x01 graphic

პოპულარულ კინომსახიობებსა და მუსიკოსებს, რომელთაც ყველა ცნობს და ზოგი ეთაყვანება კიდეც, „ვარსკვლავებს” ვეძახით  და არც კი ვიცით, რომ თითოეული ჩვენგანი, პირდაპირი მნიშვნელობით ციური ვარსკვლავის ნაწილია. ჩვენი ორგანიზმისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია არა მარტო ჟანგბადი და წყალი, არამედ ისეთი ქიმიური ელემენტები, როგორებიცაა კალციუმი, რომელიც ძვალსა და კბილებს ამაგრებს და რკინა, რომელსაც სისხლი შეიცავს. ეს ნივთიერებები კი სწორედ მასიური ვარსკვლავების წიაღში წარმოიქმნენ. ისინი შემდგომ ფეთქდებოდნენ და ნივთიერება სივრცეში ხვდებოდა. ამ მოვლენას ასტრონომებმა ზეახალი ვარსკვლავის აფეთქება უწოდეს. ჩვენ სწორედ მათგან გამოტყორცნილი ნივთიერებისგან შევდგებით - ვარსკვლავური მტვერი ვართ...

ვარსკვლავებსაც აქვთ საკუთარი სიცოცხლე: ისინი იბადებიან, ცხოვრობენ და კვდებიან. „სიცოცხლე” ამ შემთხვევაში იმას ნიშნავს, რომ მათში მუდმივად მიმდინარეობს ფიზიკური პროცესები, რომელთა შედეგად ისინი ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადადიან. „სიკვდილი” ნიშნავს, რომ ის უკვე აღარ იცვლება. მნათობთა ევოლუცია განსხვავდება იმისდა მიხედვით, თუ როგორია მათი მასა. ვარსკვლავთა უმრავლესობა, მათ შორის მზეც, რამდენიმე მილიარდი წელი არსებობს და შედარებით მშვიდად „კვდება”. მზეზე 4-ჯერ და მეტჯერ უფრო მასიური მნათობების არსებობა კი ბევრად უფრო ხანმოკლეა, ისინი სწრაფად განიცდიან ევოლუციას და შეიძლება ითქვას, დრამატულად ასრულებენ სიცოცხლეს.

ვარსკვლავი ძირითადად წყალბადისა და ჰელიუმისაგან შედგება. მის მკვრივ და ცხელ ცენტრში წყალბადის ატომები ერთმანეთს ეჯახებიან და წარმოიშობა ჰელიუმი. ამ პროცესს თერმობირთვული რეაქცია ჰქვია. იგივე რამ ხდება ადამიანის გამოგონილ წყალბადის ბომბშიც. ამ დროს დიდძალი ენერგია გამოიყოფა, რომელიც გარეთაა მიმართული და აწონასწორებს გრავიტაციის ძალას, რითაც გარენივთიერებას აკავებს და არ აძლევს საშუალებას ცენტრს დაეცეს. როდესაც წყალბადი მთლიანად ამოიწურება, იწყება ჰელიუმის გარდაქმნა ნახშირბადად. ჰელიუმის მარაგის დამთავრების შემდეგ, ნახშირბადის რიგი დგება, შემდგომ ჟანგბადის და ასე შემდეგ. სულ უფრო და უფრო მძიმე ელემენტები ცვლიან ერთმანეთს მანამ, სანამ ჯერი რკინამდე არ მივა. როდესაც ვარსკვლავის გული მთლიანად გავარვარებულ რკინის ბირთვად იქცევა, ის უკვე ვეღარ გამოყოფს მიზიდულობის შემაკავებელ ენერგიას, ბირთვი კატასტროფული სისწრაფით იკუმშება, ხოლო გარსი კოლოსალური ძალით გარეთ გამოიტყორცნება.

ზეახლის აფეთქება იმდენად მძლავრია, რომ თავისი სიკაშკაშით ზოგჯერ ტრილიონობით მზისგან შემდგარ გალაქტიკას ჩრდილავს. ამ დროს ენერგიის ისეთი რაოდენობა გამოიყოფა, რასაც მზე მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე - დაახლოებით 10 მილიარდი წლის განმავლობაში დახარჯავდა.

ამ აფეთქებებსაც ერთნაირი დასასრული არა აქვთ. თუ მნათობის საწყისი მასა მზისაზე 4-9-ჯერ დიდია, წარმოიშობა ნეიტრონული ვარსკვლავი, ანუ პულსარი. ეს არის კოლოსალური სიმკვრივის მქონე სხეული, რომელიც მზის მასისაა, ხოლო დიამეტრი სულ რაღაც 10 კმ-ია. ეს ვარსკვლავი წარმოუდგენელი სისწრაფით ტრიალებს - ერთ ბრუნს წამების განმავლობაში ასრულებს და ელექტრომაგნიტური ტალღის იმპულსებს გამოასხივებს, რის გამოც ეწოდა მას პულსარი, ანუ პულსირებადი ვარსკვლავი. თუკი ზეახლის საწყისი მასა მზის მასას 10-ჯერ აღემატება, მაშინ ცენტრში წარმოიშობა შავი ხვრელი - სხეული, რომელსაც იმდენად დიდი მიზიდულობის ძალა აქვს, რომ მას სინათლეც ვერ აღწევს თავს.

ზეახლის აფეთქება შეუიარაღებელი თვალისთვის მეტად იშვიათი და შთამბეჭდავი სანახაობაა. ისტორიულ წარსულში ცნობილია მხოლოდ ხუთი ასეთი შემთხვევა: 185 წელს მას დააკვირდნენ ჩინელი ასტრონომები, 1006 და 1054 წლებში - ჩინელები, იაპონელები, არაბები და ამერიკელი ინდიელები, 1572 წელს - ჰოლანდიელი ტიხო ბრაჰე, დაბოლოს 1604 წელს - გერმანელი იოჰან კეპლერი. ეს უკანასკნელი ბოლო ზეახალი იყო ჩვენს გალაქტიკაში. ტიხოსა და კეპლერის ამ აღმოჩენებმა დიდი როლი ითამაშა ასტრონომიის განვითარებასა და სამყაროზე ძველი, დოგმატური წარმოდგენების შეცვლაში. უკანასკნელი ზეახალი, რომლის დანახვა შეუიარაღებელი თვალით შეიძლებოდა, ჩვენი გალაქტიკის თანამგზავრში 1987 წელს - მაგელანის ღრუბლებში აფეთქდა და ის მხოლოდ სამხრეთ ნახევარსფეროდან ჩანდა.

სამაგიეროდ ზეახლები ხშირად ჩნდება სხვა გალაქტიკებში, თუმცა მათი ნახვა მხოლოდ ტელესკოპების საშუალებითაა შესაძლებელი. ყოველწლიურად ასობით ასეთი მოვლენის აღმოჩენა ხდება, მათ შორის მოყვარული ასტრონომების მიერაც. ზეახლების საშუალებით შესაძლებელია გალაქტიკებამდე მანძილის დადგენა, რასაც უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს ასტრონომიაში.

ზეახლის აფეთქება მის გარშემო გაზ-მტვროვან ღრუბლებში დარტყმით ტალღებს იწვევს და შეიძლება ჩვენი მსგავსი სისტემის  წარმოქმნასაც მისცეს ბიძგი. დედამიწის ქანებში რადიაქტიური იზოტოპების შესწავლისას მეცნიერები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ჩვენი მზისა და პლანეტების წარმოშობა სწორედ ზეახლის აფეთქებამ გამოიწვია.

0x01 graphic

ზეახალი მაღალენერგიულ გალაქტიკურ კოსმოსურ სხივებს ტოვებს, რომლებიც მოგზაურობენ მთელს გალაქტიკაში და გამუდმებით უშენენ დედამიწას. არსებობს მოსაზრება, რომ ეს სხივები დედამიწის ღრუბლიანობაზე და შესაბამისად, კლიმატზეც ახდენს გავლენას.

ამგვარად, ზეახალი ვარსკვლავები მრავალმხრივ განსაზღვრავენ ჩვენს არსებობას: მათში წარმოიშვა სიცოცხლისათვის აუცილებელი ნივთიერებები, ერთ-ერთმა მათგანმა ხელი შეუწყო მზის სისტემისა და ჩვენი პლანეტის შექმნას, მათი ნარჩენები კი გარკვეულწილად კლიმატზე მოქმედებს. თუმცა, თუ ზეახალი ჩვენგან ახლოს აფეთქდა, ამან შეიძლება დედამიწის ბიოსფეროზე უარყოფითი გავლენაც იქონიოს. გეოლოგებმა აღმოაჩინეს, რომ 450 მილიონი წლის წინ ოკეანეების ბინადართა დაახლოებით 60%25 ამოწყდა. არსებობს მოსაზრება, რომ ამ კატასტროფის მიზეზი მახლობელი ზეახლის აფეთქება შეიძლებოდა ყოფილიყო, რომლის გამოსხივებამ დედამიწის ატმოსფეროში ოზონის მოლეკულები დაშალა - როგორც ცნობილია, ოზონი იცავს ცოცხალ ორგანიზმებს მზის ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისაგან.

ასტრონომები და ასტრონომიის მოყვარულები გამუდმებით აკვირდებიან მასიურ ვარსკვლავებს, რომლებიც შეიძლება ზეახლებად იქცნენ. ზოგი მათგანი, მრავალი ასეული და ათასი სინათლის წლით დაშორებული, შესაძლოა უკვე აფეთქებულიცაა, ოღონდ ამ ცნობას ჩვენამდე ჯერ არ მოუღწევია. ყველაზე ახლო ასეთი ვარსკვლავი IK Pegasi მერანის თანავარსკვლავედშია და ის ჩვენგან 150 სინათლის წლითაა დაშორებული. ასე რომ, ხშირად ათვალიერეთ ღამის ცა: შესაძლოა თქვენ გაგიმართლოთ და გახდეთ დაუვიწყარი ციური სანახაობის - ვარსკვლავის სიკვდილის - თვითმხილველი...

12 100%25-ით ელექტრონული

▲ზევით დაბრუნება


ეკონომიკა

ელენე კვანჭილაშვილი

0x01 graphic

2011  წლის ბიუჯეტის მიხედვით, სულ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთვის 800 ათასი ლარია გამოყოფილი, აქედან 179 ათასი საქონლისა და მომსახურების შეძენას ხმარდება. ბიუჯეტში კონკრეტულად არ არის გაწერილი, რომელ საქონელსა თუ მომსახურებაზე, კონკრეტულად რა თანხა დაიხარჯება. თუმცა, სულ მალე ყველა დაინტერესებული პირი შეძლებს, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე შესყიდვების სრულ ციკლს დააკვირდეს - ბიუჯეტის დამტკიცებიდან, შესყიდვების გეგმის შემუშავებისა და ტენდერის გამოცხადების ჩათვლით.

საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მისაღებში დღესაც უამრავი ქაღალდი აწყვია. თანამშრომლები ამბობენ, რომ აქ 2008-2009 წლებში დაგროვილი 3 მილიონამდე სატენდერო ფურცელია და ეს ყველაფერი იმისთვის, რომ 4 ათასამდე ტენდერი გამართულიყო. ამ დოკუმენტების გამოთხოვას, მათ ანალიზს და რაიმე დასკვნის გამოტანას ტენდერის მიმდინარეობის თუ ხარჯების ეფექტიანობის შესახებ, წარმოუდგენლად დიდი დრო მიაქვს. ცალკე საკითხია, რომ სულ მცირე, 8 ათასმა ადამიანმა ამ დოკუმენტების შეგროვებაზე ტყუილად იწვალა.

ქაღალდების დასტები აღარ იქნება. 2010 წლის დეკემბრიდან ტენდერები მხოლოდ ელექტრონულად ტარდება. ახალი სისტემის მთავარი პრინციპი მაქსიმალური გამჭვირვალობაა.

სახელმწიფო შესყიდვების ბაზრის გამართული მუშაობა, რამდენიმე მნიშვნელოვან დაშვებას ეფუძნება: საჯარო ინსტიტუტები ანგარიშვალდებულნი არიან საზოგადოების წინაშე; კანონით დადგენილი ყველა პროცედურა დაცულია; სახელმწიფოს შეუძლია კორუფციის კონტროლი.

სინამდვილეში, მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ირღვევა ამ პირობებიდან ერთ-ერთი მაინც: სახელმწიფო იცავს ელიტის ინტერესებს; კანონით დადგენილი პროცედურები თავისუფლად თანაარსებობს უფრო მოქნილი, არაფორმალური წესების გვერდით; კერძო და საჯარო ლიდერები ძალაუფლების ქსელის ნაწილები არიან და მათ შორის ფულისა და კეთილგანწყობის ურთიერთგაცვლა ჩვეული პრაქტიკაა.

მსგავსი გამრუდებები განსაკუთრებით საზიანოა ნაკლებად განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებისათვის, რადგან ბაზრის არაეფექტიანი მუშაობა ეკონომიკას საგრძნობლად  აუარესებს - აფერხებს ეკონომიკურ ზრდას, ანუ რეალურად ამცირებს იმ ფულს, რაც სახელმწიფო შესყიდვებსაც უნდა მოხმარდეს.

ამ გამრუდებების მოხსნა მეტი გამჭვირვალობის უზრუნველყოფითაა შესაძლებელი. ბაზარი უკეთესად მუშაობს იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველებსაც და მიმწოდებლებსაც მეტი ინფორმაცია აქვთ შესყიდვებთან დაკავშირებით. თუ ყველა მიმწოდებელს ექნება სრული ინფორმაცია შესაძლო გაყიდვების შესახებ, კონკურენციაც გაიზრდება. თუ თითოეული გამყიდველისთვის ხელმისაწვდომი იქნება ყველა ტიპის შესყიდვებზე დახარჯული თანხები, ფასების შემცირების ალბათობა გაიზრდება. თუ მყიდველებს ეცოდინებათ, რა ფასი გადაიხადეს სხვა შემსყიდველებმა, ის მეტი წარმატებით აწარმოებს მოლაპარაკებებს, რაც შეამცირებს ფასს და მასთან ერთად კორუფციის შესაძლებლობასაც.

ინფორმაციის ხელმისაწვდომობა სახელმწიფო მოხელეებს მეტად ანგარიშვალდებულს ხდის. თუკი გადასახადის ნებისმიერ გადამხდელს შესაძლებლობა მიეცემა, ნებისმიერ დროს შეამოწმოს მისი ჯიბიდან რა რაოდენობით თანხა დახარჯა სახელმწიფომ ამა თუ იმ საქონელსა თუ მომსახურებაზე, ის შეძლებს ეს ხარჯები თავად აკონტროლოს. ეს გაცილებით უფრო ეფექტიანი გზა იქნება, ვიდრე ნებისმიერი რეგულირების მექანიზმი, რაც, როგორც წესი, კი არ ამცირებს კორუფციას, ხშირად კორუფციული ჯაჭვის ნაწილი თვითონ ხდება.

სახელმწიფო შესყიდვების ბაზრის მეტი ეფექტიანობისთვის საჭიროა რამდენიმე ტიპის ინფორმაცია. ჯერ ერთი, კონკურენციისთვის, კომპანიებს უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია თუ რამდენად მომგებიანი შეიძლება იყოს მათთვის ბაზარი. მეორეც, სჭირდებათ სატენდერო მოთხოვნების დეტალები და დრო, წინადადებების მოსამზადებლად. ტენდერების გამართვის ახალი, ელექტრონული სისტემა ყველა ამ პუნქტს ითვალისწინებს.

ტენდერი ორი ტიპის შეიძლება იყოს: ელექტრონული და გამარტივებული ელექტრონული. ელექტრონული ტენდერი ტარდება მაშინ, როცა შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 200 ათას ლარზე მეტია. ამ დროს პრეტენდენტს სულ მცირე 20 დღე აქვს იმისთვის, რომ წინადადება წარმოადგინოს. გამარტივებული ელექტრონული ტენდერი ტარდება მაშინ, როცა შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 5 ათასიდან 200 ათას ლარამდეა. ამ დროს პრეტენდენტს წინადადების წარმოსადგენად სულ მცირე 3 დღე აქვს.

ადრე ტენდერი მხოლოდ ორ შემთხვევაში ტარდებოდა: თუ მომსახურების ან საქონლის ღირებულება აღემატებოდა 100 ათას ლარს ან თუ სამშენებლო სამუშაო აღემატებოდა 200 ათას ლარს. ტენდერის ჩასატარებლად მხოლოდ ერთი ზღვარი - 5 ათასი ლარი არსებობს. ამასთან, სავალდებულო არ არის 5 ათასი ლარის ოდენობის საქონელი ან მომსახურება ერთდროულად გავიდეს ტენდერზე. თუ მაგალითად, წლის განმავლობაში ერთი და იგივე საქონლის ან მომსახურების შესყიდვა ნაწილ-ნაწილ ხდება, ჯამური ოდენობა კი 5 ათას ლარზე მეტია, შესყიდვა მაინც ტენდერით მოხდება.

ამასთან, ნებისმიერი ინფორმაცია - ტენდერის შინაარსის, მონაწილეებისა და სტატუსის შესახებ - ღიაა. დროებით დარეგისტრირება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. სტუმრის სტატუსით მოსარგებლე ვიზიტორს მიმწოდებლისა და შემსყიდველისგან უფლებრივად მხოლოდ ის გამოარჩევს, რომ სტუმარს არ შეუძლია რაიმე იყიდოს ან გაყიდოს. თუმცა შეუძლია სრული ინფორმაცია მიიღოს, მათ შორის, ტენდერში მონაწილე მხარეებზე, ყველანაირ დოკუმენტაციაზე და გადაწყვეტილებებზე. სისტემაში ძიება მრავალი პარამეტრის - სატენდერო განცხადების ნომრის, შესყიდვის ობიექტის, შემსყიდველი ორგანიზაციის, მიმწოდებლის, ტენდერის მიმდინარე სტატუსისა და ტიპის, საქონლის ან მომსახურების, ტენდერის გამოცხადების თარიღის, თანხის ოდენობის მიხედვით შეიძლება.

ეს უკანასკნელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორც მიმწოდებლებისთვის, ისე შემსყიდველებისთვისაც. მიმწოდებლები ვერ შეძლებენ კონკურენციაში სრულფასოვნად ჩაბმას, თუ მომხმარებლის გადახდის ისტორიაზე ინფორმაცია არ ექნათ. ამ ინფორმაციის უქონლობის პირობებში, პოტენციურმა მიმწოდებელმა შეიძლება საერთოდ უარი თქვას ტენდერში მონაწილეობაზე ან ფასი აწიოს და ბრმა რისკი ამით დაფაროს. მეორე მხრივ, თუ შემსყიდველს არ ეცოდინება ადრე შეთავაზებული ფასების ანატომია, იგი შეიძლება ადვილად მოტყუვდეს და გაცილებით ძვირი გადაიხადოს სერვისსა თუ მომსახურებაში, რაც საბოლოო ჯამში ისევ გადასახადის გადამხდელს დააწვება ტვირთად.

ინფორმაციის გამჭვირვალობასთან ერთად, შესყიდვების ახალი ელექტრონული სისტემა კიდევ ორი პრინციპით ხელმძღვანელობს - ხარჯების შეკვეცა და პროცედურების გამარტივება. ეს ეხება ელექტრონული ტენდერის ყველა ეტაპს, საიტზე დარეგისტრირებიდან დაწყებული და სატენდერო წინადადების წარდგენით დასრულებული.

ადრე ტენდერში მონაწილეობა მომხმარებელს 200 ლარი უჯდებოდა. აქედან 150 ლარი მოსაკრებელი, ხოლო 50 - ტენდერში მონაწილეობის საფასური იყო. მოსაკრებელი გაუქმდა. 50 ლარი კი ის თანხაა, რაც შესყიდვების სააგენტოს დამოუკიდებლად ფუნქციონირებისათვის სჭირდება.

დარეგისტრირება მარტივია: მომხმარებელი შედის ვებგვერდზე www.procurement.gov.ge. შემდეგ ირჩევს ფორმას - მიმწოდებელი ან შემსყიდველი ორგანო. თუ მიმწოდებელია, უნდა აირჩიოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სამართლებრივი ფორმებიდან ერთ-ერთი (მაგალითად, იურიდიული ან ფიზიკური პირი, ამხანაგობა). როგორც ნებისმიერ ფორუმზე დასარეგისტრირებლად, აქაც მარტივი პროცედურაა: მომხმარებელი გადის რეგისტრაციას და აქტივაციის კოდი მისდის ელექტრონულ ფოსტაზე (იმეილზე). შემსყიდველის შემთხვევაში რეგისტრაციის პროცედურა ორეტაპიანია: აქტივაცია დარეგისტრირებისთანავე არ ხდება. ჯერ უნდა ამოიბეჭდოს სარეგისტრაციო ამონაწერი. შემდეგ კი, ოფიციალურ წერილთან ერთად, შემსყიდველმა სააგენტოს უნდა მიაწოდოს. დროის მოგების მიზნით, მომხმარებელს შეუძლია დასკანერებული ვერსია გადააგზავნოს სააგენტოში. ორეტაპიანი პროცედურა საჭიროა იმისთვის, რომ რომელიმე სახელმწიფო უწყების სახელით ვინმე არ დარეგისტრირდეს. არც შემსყიდველს და არც მიმწოდებელს დამატებითი საიდენტიფიკაციო დოკუმენტები არ მოეთხოვებათ: შემსყიდველის შემთხვევაში საკმარისია მხოლოდ ოფიციალური მიმართვა, ხოლო მიმწოდებლის შემთხვევაში - საკრედიტო ბარათი.

მარტივია ტენდერის გამოცხადებაც: საიტზე აიტვირთება დოკუმენტაცია - 8 მეგაბაიტამდე - pdf ფაილი. ეკრანზე გამოსულ ფანჯარაში შემსყიდველი მოკლედ აღწერს დოკუმენტაციას და თანდართულად მიაბამს ფაილს. შემდეგ უკვე განთავსდება განცხადება და დამატებითი ფაილებიც აიტვირთება. სისტემას რედაქტირების ფუნქციაც აქვს: შემსყიდველმა შეიძლება რომელიმე დოკუმენტი გაააქტიუროს ან საერთოდ წაშალოს. ყველა ქმედება ინახება და ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი იმის ნახვა, თუ რა დარედაქტირდა და შეიცვალა.

მარტივია ტენდერში მონაწილეობაც: მიმწოდებელი იხდის საფასურს - 50 ლარს. შემდეგ წარადგენს საგარანტიო თანხას (1%25). საგარანტიო თანხის წარდგენა ორნაირად არის შესაძლებელი: პირველი, ელექტრონული გარანტიაა, როდესაც მიმწოდებელზე გარანტიის გაცემის პროცესში, ბანკი ინფორმაციას ცვლის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან - თვითონ მიაქვს ინფორმაცია ტენდერის შესახებ, ახდენს გარანტიის ნომრის გენერირებას და გარანტიასთან ერთად პინკოდს  მიმწოდებელს გადასცემს. ბანკი შესყიდვების სააგენტოს სწორედ ამ კოდს აწვდის. ამიტომ, როცა მიმწოდებელი სისტემაში გაააქტიურებს კოდს, სისტემა უკვე ხვდება, რომელ ბანკში აქვს მას გადახდილი ტენდერში მონაწილეობის საფასური.

მეორე - ბიზნესბარათით თანხის გადარიცხვაა. ამ შემთხვევაში, ბანკში მისვლა საჭირო აღარ არის. საფასურის გადახდისა და საგარანტიო თანხის წარდგენის შემდეგ, მიმწოდებელი უკვე სიატზე ატვირთავს სატენდერო წინადადებას. აქაც ფაილი pdf ფორმატში უნდა იყოს და 8 მეგაბაიტს არ აღემატებოდეს. ფაილში მიმწოდებელმა ტექნიკურად უნდა აღწეროს საქონელი ან მომსახურება. ფაილის ატვირთვისთანავე, ეკრანზე გამოვა ფასის წარდგენის ფანჯარა. სისტემის მოტყუება შეუძლებელია: თუ ფასის წარდგენისას, მიმწოდებელი ბევრად ნაკლებ ფასს ჩაწერს, სისტემა მას არ მიიღებს.

მოიხსნა სხვა ბარიერებიც. ადრე მიმწოდებელს სატენდერო განცხადების გაცნობისა და ტექნიკური წინადადების წარმოდგენის შემდეგ, ტენდერში მონაწილეობის საკვალიფიკაციოდ სჭირდებოდა 5 სხვადასხვა დაწესებულებიდან 6 სხვადასხვა საბუთი. საბუთების შეგროვება ხარჯთან იყო დაკავშირებული, თან თითოეულის მისაღებად სულ მცირე მთელი დღის ლოდინიც სჭირდებოდა. ხშირად ისე ხდებოდა, რომ ტენდერამდე ამ საბუთების უმეტესობა ძველდებოდა და საბუთების შეგროვების პროცესი ისევ თავიდან იწყებოდა. დღეს მხოლოდ გამარჯვებულს მოუწევს, ტენდერის დასრულების შემდეგ, სამი საბუთი წარმოადგინოს: ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, გადახდისუუნარობის ცნობა სასამართლოდან და დავალიანების ცნობა საგადასახადოდან.

ელექტრონული ტენდერის მთავარი პრინციპები - გამჭვირვალობა, ხარჯების შეკვეცა და სიმარტივე ზრდის კონკურენციას. იზრდება დაინტერესებულ მიმწოდებელთა არეალი. მიმწოდებლებს რეგიონებიდან მეტი მოტივაცია აქვთ, ჩაერთონ ტენდერში. შესყიდვების სააგენტოს შეფასებით, ტენდერების ნახევარზე მეტი ცხადდება ცენტრალური ხელისუფლების მიერ. შესაბამისად, ადრე, თბილისში ჩამოსვლა აუცილებელი იყო. თუმცა დღეს, ელექტრონულად წვდომის გამო, რეგიონიდან თბილისში ჩამოსვლის აუცილებლობა აღარ არსებობს. შესაბამისად, ხარჯებიც განულებულია. ამასთან, მოსაკრებლის თანხაც გაუქმდა.

შერჩევის ძირითადი კრიტერიუმი საქართველოში ფასია. ვაჭრობის დროს, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ფასის კლების ბიჯს აწესებს: 0.5%25-დან 2%25-მდე. კლების კონკრეტულ ოდენობას თვითონ შემსყიდველი ორგანიზაცია ირჩევს. უპირატესობა დაბალ ფასს ენიჭება. სისტემა ავტომატურად ავლენს ფასის მიხედვით გამარჯვებულს. შემდეგ ფასდება დოკუმენტაცია. ქულები არ არსებობს. არის მხოლოდ კრიტერიუმები - მაგალითად, საგარანტიო პერიოდი საქონელზე ან მომსახურებაზე, ხარისხი, მიწოდების ვადები. თითოეული  კრიტერიუმი ფასდება პლუსით ან მინუსით. ანუ შეფასება ფაქტობრივად ავტომატურია. ეს გამორიცხავს სუბიექტივიზმს. წინა მოდელთან (შეფასების ათბალიანი სისტემა, სადაც სატენდერო კომისიის წევრი თავისი შინაგანი რწმენით იღებდა გადაწყვეტილებას) შედარებით კი - საგრძნობლად ამცირებს კორუფციული გარიგებების ალბათობას. რაც, თავის მხრივ, სტაბილურად ზრდის კონკურენციას და ამცირებს შესყიდვის ფასს: სხვადასხვა გათვლით, ელექტრონული ტენდერების პირობებში, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ხარჯები 10-15%25-ით მცირდება.

ევროკავშირი, ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულების ფარგლებში, საქართველოსგან ელექტრონული შესყიდვების პროცედურების მეტ ჰარმონიზებას მოითხოვს. საქართველოში დანერგილი ელექტრონული შესყიდვების სისტემა სხვა ქვეყნებში, მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნებში არსებულისგან მართლაც პრინციპულად განსხვავდება. ქვეყანაში ქაღალდის ტენდერი აღარ არსებობს. ყველა ტენდერი ტარდება ელექტრონულად. მსოფლიოში ასეთი პრეცედენტი მხოლოდ ალბანეთშია. საქართველოს და ალბანეთს მოსდევს ბოსნია-ჰერცოგოვინა, სადაც ტენდერების 90%25-ზე მეტი ელექტრონულია. კორეაშიც კი, რომელიც ელექტრონული ტენდერების პიონერ ქვეყნად ითვლება, ტენდერების 30-40%25 ჯერ კიდევ ქაღალდზე რჩება.

ელექტრონულ ტენდერს რამდენიმე მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს, მათ შორის, არჩევანის თავისუფლება და კონკურენტუნარიანი ფასი, ნაკლები სუბიექტივიზმი და კორუფცია.

13 „ზემაღალი მოგება“

▲ზევით დაბრუნება


ეკონომიკა

ბესიკ ნამჩავაძე

0x01 graphic

ტერმინს „ზემაღალი მოგება” მარტო პოსტსაბჭოთა სივრცეში იყენებენ. ინგლისურად მისი შესატყვისი არ არსებობს. ინგლისური ბიზნესის ენაა, ბიზნესი კი ზემაღალ მოგებას არ იცნობს. მან მხოლოდ მაღალი მოგება იცის, რომლის სიდიდეც სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულია. ბოლო პერიოდში, ინფლაციის მაღალი ტემპის მიზეზებს მეწარმეებისგან ზემაღალი მოგების მიღების არგუმენტიც შეემატა, რომელსაც ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლები უნისონში იმეორებენ.

თავისუფალ საზოგადოებაში კერძო ბიზნესს ყოველთვის ერთი ძირითადი მიზანი აქვს - კაპიტალის მფლობელმა რაც შეიძლება მაღალი მოგება უნდა ნახოს. ინვესტორიც იმ საქონლის ან მომსახურების წარმოებაში დებს ფულს, საიდანაც უფრო მეტ მოგების ნორმას მოელის. მოგების ნორმა ის დამატებითი შემოსავალია, რასაც ინვესტორი ყოველ დაბანდებულ ერთ ლარზე იღებს. მაგალითად, თუ 1 მილიონი ლარი მოუტანს 200 ათასი ლარის მოგებას, მოგების ნორმა 20 პროცენტია.

კერძო კაპიტალი ყოველთვის იქით მიისწრაფვის, სადაც მოგების ნორმა მაღალია. ამიტომ განვითარებადი ქვეყნები პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისათვის მიმზიდველია.

განვითარებულ ქვეყნებში მოგების ნორმა 5-დან 10%25-მდეა. განვითარებად ქვეყანაში, ცალკეულ დარგში, შესაძლოა, 100%25-საც აღწევდეს. ამის მიზეზი არასტაბილური პოლიტიკური და ეკონომიკური გარემო, ეკონომიკის თავისუფლების დაბალი დონეა. ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის პირველ ოცეულში მხოლოდ 3 განვითარებადი ქვეყანაა. ამათგან პირველ ათეულში ვერც ერთი ვერ ხვდება.

პოლიტიკური და ეკონომიკური არასტაბილურობა, სახელმწიფოს ეკონომიკაში მოულოდნელი ჩარევა რისკ-ფაქტორია ინვესტიციებისათვის. მოულოდნელია ჩარევა, როცა ქვეყნის კანონმდებლობა არ არის სტაბილური ბიზნესგარემოს მიმართ და მოსალოდნელია ეკონომიკაში სახელმწიფოს ჩარევის მასშტაბების ზრდა.

საქართველოში ინვესტირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორი რუსეთის მხრიდან შესაძლო აგრესიაა. ბიზნესი ყოველთვის გაურბის ფულის ჩადებას იქ, სადაც არსებობს ინვესტიციების ფიზიკური განადგურების საფრთხე - ომი, სტიქია, კრიმინალი, კონფისკაცია.

რუსეთის ფაქტორი ერთადერთი არ არის, რომელიც ინვესტორებისთვის საქართველოს რისკიანობას ზრდის. ბევრი სხვა ფაქტორიც არსებობს, რომელთა განეიტრალება მთლიანად საქართველოს ხელისუფლებაზე და მოქალაქეებზეა დამოკიდებული.

ეკონომიკას ქვეყნის რისკიანობასთან შესაბამისობაში თავად მოჰყავს მოგების ნორმა. მაგალითად, საქართველოს ეკონომიკის ბევრ დარგში მოგების ნორმა საკმაოდ მაღალია, ანუ ქვეყანას ბევრი ინვესტიციის მიღების პოტენციალი აქვს. ინვესტიციების ზრდის გარეშე მაღალი (7 პროცენტზე მეტი) ეკონომიკური ზრდის მიღწევა პრაქტიკულად შეუძლებელია.

რომელიმე დარგში მაღალი მოგების ნორმას სახელმწიფო მანქანით თუ შევებრძოლებით და ბიზნესს ვაიძულებთ ხელოვნურად შეამციროს - არასასურველ შედეგებს მივიღებთ. ამით ქვეყანაში არ შემოვუშვებთ, და მეტიც, შესაძლოა, ქვეყნიდან გავდევნოთ, საქართველოს ეკონომიკის განვითარების, მოსახლეობის შემოსავლების ზრდის, უმუშევრობის შემცირების ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა - ინვესტიციები.

სახელმწიფოს ისეთი კანონები უნდა ჰქონდეს, რომლებიც არ შეაფერხებს მაღალი მოგების მქონე სექტორებში ახალი ინვესტიციების შემოდინებას. ეს გაზრდის კონკურენციას, გააუმჯობესებს ტექნოლოგიებს, ამ სექტორის პროდუქციის ფასებს უბიძგებს შემცირებისკენ და მოგვცემს გაფართოებულ წარმოებას - მეტ დასაქმებულ ადამიანს, სიღარიბიდან გამოსულ ოჯახებს.

თუ ქვეყანაში არ არსებობს ხელოვნური მონოპოლიები და მთავრობა დისკრიმინაციულ პოლიტიკას არ ატარებს დარგების მიმართ, დარგებს შორის მომგებიანობა თანდათან გათანაბრდება.

საქართველოში პოლიტიკოსები ხშირად მაღალ მოგებასაც უარყოფითად წარმოაჩენენ ხოლმე, იმის დასტურად, რომ ხელისუფლება ხალხზე უფრო ზრუნავს, ვიდრე „მტაცებლურ” ბიზნესზე. ეს დაყოფა ძალიან პირობითია, რადგან ყოველი დასაქმებული ადამიანი ბიზნესის ნაწილია, ხოლო დაუსაქმებელი ბიზნესმა უნდა დაასაქმოს. არ არსებობს ხალხის კეთილდღეობა სამუშაო ადგილების გარეშე, ხოლო სამუშაო ადგილები - ბიზნესის გარეშე.

მთავრობამ მოგების ნორმა და პროდუქციის ფასები კი არ უნდა არეგულიროს, ყველა ის დაბრკოლება უნდა აღმოფხვრას (აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ თვითონ არ უნდა შექმნას დაბრკოლებები), რაც აფერხებს თავისუფალ კონკურენციას, ახალი საწარმოების ბაზარზე შესვლას, თავისუფალ ფასწარმოქმნას.

როდესაც იმ ქვეყნებში, საიდანაც იმპორტს ვახორციელებთ, პროდუქციის ფასი საქართველოზე ნაკლებად იზრდება - პროდუქციის იმპორტიორის მოგება იმატებს. თუ პროდუქციის იმპორტირებაში თავისუფალი კონკურენციაა, იმპორტირებული საქონლის რაოდენობის ზრდის შედეგად შემცირდება მოგების ნორმა და იმპორტირებული საქონლის ფასი. საერთაშორისო ვაჭრობის დროს, ქვეყნებს შორის ფასების ზრდის ტემპებში სხვაობას ქვეყნების მონეტარული პოლიტიკა განსაზღვრავს და არა ბაზარზე გამოტანილი პროდუქტის ეროვნული წარმომავლობა. მაღალი ინფლაციის პირობებში, ფირმები ვერ გაზრდიან მოგების ნორმას და კიდევ უფრო ვერ გააძვირებენ ფასებს, თუ ქვეყანაში თავისუფალი კონკურენციის პირობები დაცულია და ბაზარზე არ დომინირებენ ხელოვნურად შექმნილი მონოპოლიები.

სახელმწიფოს ჩარევით მაღალი მოგების აღმოფხვრა კიდევ უფრო გაზრდის საქართველოში ინვესტირების რისკს, ხოლო მომგებიანობას შეამცირებს. შედეგად, საქართველო აღარ იქნება მიმზიდველი ქვეყანა ინვესტიციებისათვის და მაღალი ეკონომიკური ზრდის პოტენციალი გამოუყენებელი დარჩება.

14 პოლიტკორექტულობა

▲ზევით დაბრუნება


ფოკუსი

ნინო მაჭარაშვილი

0x01 graphic

პკ (PC) - ახალმეტყველებაში პოლიტიკურად კორექტულს ნიშნავს.

აშშ-ში 70-იან წლებში რადიკალი ფემინისტების მიერ ატაცებული და დამკვიდრებული ტერმინი დღეს სრულად გამსჭვალავს დასავლური საზოგადოების პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებას, მედიას, განათლებას, ხელოვნებას და პირად ურთიერთობებს. მიზანი დიადია: სასაუბრო, ლიტერატურული, მეცნიერული, დიპლომატიური თუ საქმისწარმოების ენის ადაპტირებამ თანამედროვე სამყაროს თანასწორობის იდეალთან, შეურაცხყოფისგან უნდა დაიცვას გენდერული, რასობრივი, ეთნიკური, სექსუალური ორიენტაციის, კულტურული, ასაკობრივი, რელიგიური თუ ფიზიკური უნარშეზღუდულობის ნიშნით დისკრედიტირებული ჯგუფები.

ზოგადსაკაცობრიო იდეალებისკენ სწრაფვის მექანიზმი ასე გამოიყურება: ვიღებთ ლექსიკონს, უკვე დაწერილ ლიტერატურულ ნაწარმოებს ან თუნდაც ყოველდღიურ სალაპარაკო ენას და პოლიტიკურად არაკორექტული სიტყვებისგან ვფილტრავთ. საბოლოოდ ხელში გვიჭირავს იდეალურად პოლიტკორექტული ბიბლია, მოთხრობა, სახელწოდებით „სხვებზე უფროსი კაცი და წყალი” („მოხუცი და ზღვა”), „მშვიდობა და მშვიდობა” („ომი და მშვიდობა”), „ფიფქია და შვიდი ვერტიკალურად მომცრო ადამიანი” ან კორექტირებული „ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი”, სადაც ვეღარ შეხვდებით სიტყვა „ზანგს”, რომელიც ორიგინალში 217-ჯერაა ნახსენები. ეს დაახლოებით იგივეა, ფიროსმანის „მეეზოვეს” რომ „ეკოლოგიური ოპერატორი” დავარქვათ, ან „კაცია-ადამიანი?!” ამიერიდან მოვიხსენიოთ, როგორც „პერსონაა-პერსონიანი?!”. სწორედ ამას ითხოვენ რადიკალი ფემინისტები ინგლისსა და აშშ-ში - რახან სახელწოდება „მანჩესტერი” და „მანჰეტენი” სიტყვა „კაცს” შეიცავს (man - ინგლისურად, კაცი), მათ რაიმე უფრო პოლიტკორექტული, „პერსონჩესტერი” და „პერსონჰეტენი” უნდა ეწოდოთ. იგივე პრობლემებია სიტყვა „კაცობრიობასთან” (mankind) დაკავშირებით. ფრთხილად უნდა ვიყოთ ისეთ გამოთქმებთანაც, როგორიცაა, მაგალითად, „შავი დღე დაადგა” - აშშ-ის „სიტყვის პოლიცია” მას აფროამერიკელთა შეურაცხყოფად შერაცხავდა და შესაბამის ზომებსაც მიიღებდა.

0x01 graphic

ის, რაც ათიოდე წლის წინ მხოლოდ სასაცილო ხუმრობა იქნებოდა, დღეს რეალობა გახდა. ალბათ ცოტა თუ წარმოიდგენდა, რომ მალე სიტყვები „დედა” და „მამა” არაპოლიტკორექტულად ჩაითვლებოდა. მაგრამ ხანდახან კომიკური პროგნოზებიც მართლდება: გასულ თვეში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ამიერიდან, პასპორტები გენდერულად ნეიტრალური იქნება. ისეთი „სუბიექტური” ტერმინები, როგორიცაა „დედა” და „მამა” ჩანაცვლდება პოლიტკორექტული „მშობელი 1” და „მშობელი 2”-ით. გადაწყვეტილებას კურირებდნენ ლგბტ-ჯგუფები: რეპროდუქციულ სფეროში მიღწეულმა წარმატებებმა და ჰომოსექსუალების მიმართ ზოგადი დამოკიდებულების ცვლამ ერთსქესიან წყვილებს სტიმული მისცა, იყოლიონ სუროგატი ან ნაშვილები ბავშვი. პასპორტის „გენდერულად ნეიტრალურად”, რეალურად კი „სქესობრივად ნეიტრალურად” ქცევის მთავარი მიზეზი სწორედ ეს არის. ბუნებრივია, ცვლილება შეეხება არა კონკრეტულ ჯგუფს, არამედ მთელ საზოგადოებას - მხოლოდ ნაწილობრივ, საზღვარგარეთ დაბადებულ ამერიკელ ბავშვებს.

საინტერესოა, ვინ იქნება მშობელი 1 და ვინ - 2? ბუნებრივია, სქესის მიხედვით ეს ვერ გადაწყდება, გენდერული ნიშნით უპირატესობის მინიჭება თავიდანვე ყველა ხერხით უნდა აიცილონ. ხოლო თუ ასაკის (დაბადების თარიღის) მიხედვით განაწილდება, აშშ ეიჯიზმის მომაკვდინებელი ცოდვის წინაშე დგება. თუმცა, რა თქმა უნდა, მთავარი პრობლემა ეს არაა.

გადაწყვეტილებას ამერიკელთა დიდი ნაწილი აღშფოთებით შეხვდა. სახელმწიფო დეპარტამენტის ქმედება „კულტურულ ვანდალიზმადაც” შეფასდა. არა იმიტომ, რომ საზოგადოებას ჰომოსექსუალთა თანაცხოვრებასთან აქვს განსაკუთრებული პრობლემები, არც იმიტომ, რომ აშშ ჰომოფობებითაა სავსე. საქმე ისაა, რომ ურთიერთობები, დამოკიდებულებები და სხვა სოციალური პრაქტიკები უფრო მარტივად ეწყობა, სანამ  სახელმწიფო ჩაერევა. თავის ტკივილი სწორედ აქ იწყება: ერთი მხრივ, სახელმწიფოს  არ აქვს უფლება ჰეტერო თუ ჰომოსექსუალ ადამიანებს რაიმე სახის თანაცხოვრება აუკრძალოს. მეორე მხრივ, ბიუროკრატიულ ქმედებებში მსგავსი გადაწყვეტილებების გადატანა ყოველთვის წარმოშობს უთანხმოებასა და უსამართლობის განცდას, რადგან სახელმწიფო ვერ რჩება ნეიტრალური. ეს მაგალითიც ცხადყოფს - თუ გარკვეული ჯგუფი კმაყოფილი დარჩა, დომინანტურ ჯგუფებს სამართლიანად გაუჭირდათ იმასთან შეგუება, რომ მყარად არსებულ, ათასწლოვანი ევოლუციური პროცესის მანძილზე ჩამოყალიბებულ კულტურულ ტრადიციას ბიუროკრატიის მიერ თავსმოხვეული იმპერატივის გამო ზურგი უნდა აქციონ.

ლინგვისტური სფერო და სიტყვების დეკონსტრუქცია-გადათამაშება არ არის ერთადერთი, რისი კონტროლი და სტანდარტიზირება გაწერილი უნდა იყოს თანასწორი საზოგადოების მშენებლობის გეგმაში. პოლიტკორექტულობის ვარიაციები ადამიანებს ასწავლის, რომ მათი წარუმატებლობა უსამართლო გარემოს შედეგია. ყველა სირთულე და უსამართლობა, რომელსაც ცხოვრებაში ხვდებიან, დევიაციაა, ნორმიდან გადახრაა და მისი „შესწორება” შესაძლებელია. სოციალური ინჟინრები ირწმუნებიან, რომ  ამის შეცვლა შეუძლიათ, თუ საშუალება მიეცემათ. მსგავსი მიდგომის შედეგად, კანადის დედაქალაქ ოტავაში საბავშვო საფეხბურთო ლიგამ სულ ახლახან, ახალი წესი შემოიღო. ამიერიდან, გუნდი, რომელიც თამაშს ხუთ გოლზე მეტი სხვაობით მოიგებს, არც მეტი, არც ნაკლები - წაგებულად გამოცხადდება. ლიგის ხელმძღვანელობა მოთამაშეებს რეკომენდაციასაც აძლევს: თუ შეხვედრის მანძილზე ორი ან სამი ბურთით დაწინაურდებიან, შეუძლიათ, უფრო სუსტი ფეხით ითამაშონ, ან იმ პოზიციებზე განლაგდნენ, სადაც ნაკლები გამოცდილება აქვთ.

ეს ყველაფერი არ გახლავთ. როგორც ჩანს, საკმარისი არაა, ადამიანებს საკუთარი შესაძლებლობის ლიმიტი დაუწესდეთ იმ მიზნით, რომ კონკურენტებს გული არ ეტკინოთ. საჭიროა, კონტროლს დაექვემდებაროს სიყვარულისა და მეგობრობის გრძნობაც: სოციალური ინჟინრები ამბობენ, რომ ახლო მეგობრის ყოლა საზიანოა - მომავლის თანასწორ საზოგადოებას მსგავსი პრაქტიკა არ წაადგება. ეს ხუმრობა არ არის - New York Times-ში უკანასკნელ ხანებში გამოქვეყნებული სტატია აღწერს, თუ როგორ მიმართავს აშშ-ის რიგი სკოლებისა და ბანაკების ზოგიერთი მასწავლებელი შემდეგ პრაქტიკას: მათი აზრით, ორი ბავშვის ახლო, განსაკუთრებული მეგობრობა იწვევს მათ ან გარემომცველთა ექსკლუზიურობას, ანუ ისინი ნაკლებად ჩართულები ხდებიან კოლექტიურ თანამეგობრობაში. თანაც, თუ ერთმანეთთან დაახლოებულ მოსწავლეებს ურთიერთობა „ცუდად წაუვათ”, შეიძლება გული ეტკინოთ. ამიტომ, სასურველია, ისინი განცალკევდნენ და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ თითოეული ბავშვი ყველა სხვა დანარჩენისადმი თანაბარი მეგობრული გრძნობით იყოს განმსჭვალული.

ფსიქოლოგები ადასტურებენ, რომ ახლო მეგობრის ყოლა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ბავშვის ემოციური მდგომარეობისთვის, არამედ სამომავლოდ მისი ურთიერთობის უნარისა და ქცევის წესების განვითარებისთვის. თუმცა, ფსიქოლოგიური წიაღსვლების გარეშეც ცხადია, რომ მაკონტროლებელთა მიერ მართული პირადი ურთიერთობები უკვე თავისთავად ცუდია. ლოიალობასა და ჯანსაღ ურთიერთობას თავისთავად თავისუფალი არჩევანი ქმნის.

ბავშვის ცხოვრების ყველა ასპექტის რეგულირება ტრადიციული დასავლური ფასეულობა არ გახლავთ. ამის საპირისპიროდ, ის აღზრდის აზიურ მეთოდს უფრო უახლოვდება. რამდენიმე კვირის წინ, იელის უნივერსიტეტის პროფესორმა, ემი ჩუამ გამოსცა წიგნი, სადაც ცდილობს ახსნას, თუ როგორ განაპირობებს აღზრდის ჩინური მეთოდი ამერიკაში აზიელთა წარმატებას. მკაცრი მოპყრობა, ბავშვის მაგივრად გადაწყვეტილებების მიღება, მისი დროის სრული კონტროლი და სხვადასხვა საქმიანობით შევსება, დასჯის მეთოდები, შეურაცხმყოფელი ეპითეტები და წახალისებაზე უარის თქმა - დასავლელი მშობლები შვილებთან მოპყრობის ჩუას ამ მეთოდებმა განარისხა კიდეც. თუმცა რთული სათქმელია, რამდენად სჯობს ამ ყოველივეს ბავშვის გრძნობების კონტროლი და საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგვა. მიზანი სხვადასხვანაირადაა შეფუთული. რეალურად კი ორივე შემთხვევა ბავშვის ინდივიდუალურ არჩევანსა და მომავალზე კონტროლის დამყარების მცდელობაა. პიროვნულობას მოკლებული, ერთმანეთის მსგავსი და საყოველთაო, უკონკურენტო წარმოდგენების მატარებელი არსება - ეს ნამდვილად არ არის ის, რაზეც დასავლური ცივილიზაცია დგას.

დასავლელი კოლეგების მსგავსად, ქართველი პოლიტიკურად კორექტულებიც არ მოგიტევებენ უნარშეზღუდული პირების „ინვალიდად” მოხსენიებას, მაშინ როცა თავად ეს ადამიანები საკუთარი ორგანიზაციების სახელწოდებებში, ხშირად, სწორედ ამ სიტყვას იყენებენ. რა თქმა უნდა, სიტყვა „ინვალიდის” ხმარებიდან ამოღება არ ცვლის იმას, რომ, დედაქალაქშიც კი სატრანსპორტო საშუალებები, გზაზე გადასასვლელი ხიდები და სხვა ყოფითი თუ არაყოფითი პრომლემები ისევ ძალაში რჩება. რაც მთავარია, კორექტულად მოხსენიება სინდისს ამშვიდებს.

ამავე ლოგიკით, ყოველდღიური ცხოვრებიდან უნდა გამოვრიცხოთ ანეკდოტთა უმრავლესობა - რადგან ისინი კუთხური ან ეთნიკური ნიშნით ხასიათდებიან. ათასგვარი მეტაფორითა და  განმარტებებით მოვახდინოთ იმ ფაქტის კონსტატაცია, რომ კონკრეტული ადამიანი სოფლად ცხოვრობს და არა ქალაქში და წინასწარვე თავის მართლების რეჟიმში გადავერთოთ.

0x01 graphic

პოლიტიკურ კორექტულობას თუ გავყვებით, მივდივართ იქამდე, რომ „ომი მშვიდობაა” - ნეგატიური დამოკიდებულება მეზობელი სახელმწიფოს მიმართ, რომელიც არცთუ ისე კეთილგანწყობილია იმ საზოგადოებისადმი, რომელსაც თავად მიეკუთვნები, შოვინიზმად ფასდება. რა თქმა უნდა, უკეთესია ცხოვრება იქ, სადაც უსიამოვნო ამბები და საფრთხეები ნაკლებია, მაგრამ ამის მისაღწევად არსებული მდგომარეობის კრიტიკული გააზრებაა საჭირო. პოლიტკორექტული მიდგომით რეალობის უგულებელყოფა ხდება - პრობლემის გვერდზე გადადება მის განეიტრალებას სულაც არ ნიშნავს.

ის, რაც საქართველოში ჯერ მხოლოდ ტენდენციაა, დასავლეთ სამყაროსთვის უკვე სერიოზულ პრობლემად იქცა.

პოლიტკორექტულობის პრიზმაში ენა და იდეები აღიქმება, როგორც ინსტრუმენტი, რომელიც, სათანადოდ გადაკეთების და რეკონსტრუქციის შემდეგ, შესანიშნავ საშუალებად იქცევა სოციალური და ინსტიტუციური ჩაგვრის წინააღმდეგ.

პოლიტკორექტული იდეოლოგია სრულ შესაბამისობაშია მულტიკულტურალიზმის იდეალებთან. მორალი შემდეგია: ყველა და ყველაფერი თანასწორია. მსგავს იდეალებს ისედაც დაკრავს უტოპიის ელფერი, რეალურადაც ყველაფერი ასე ერთმნიშვნელოვანი არ გახლავთ. საქმე ისაა, რომ ამ საყოველთაო თანასწორობაში ზოგიერთი მაინც უფრო თანასწორია - პოლიტკორექტული თავისთავად გულისხმობს მისი ოპოზიციის, არაპოლიტკორექტულის არსებობას. ეს უკანასკნელი კი სულაც არ არის ბეჭედდასმულ პოლიტიკურად კორექტულ იდეებთან თანასწორი. მეტიც, არაპოლიტკორექტულობა 21-ე საუკუნის მთავარი მომაკვდინებელი ცოდვაა და ინკვიზიციას ექვემდებარება.

ასეთი გახლავთ თანამედროვეობის „კეთილშობილი” ცენზურა. ფაბულა, რომელიც გამოხატვის თავისუფლების და დისკუსიის შეზღუდვის იდეოლოგიას უდევს საფუძვლად, შემდეგია: დასავლური ცივილიზაცია, რომელიც სწორედ ამ ღირებულებებს ეფუძნება, ჩაგვრისა და შევიწროების წინასწარ განზრახული მექანიზმია. ჩვენ შეგვიძლია, დავივიწყოთ რენესანსი და განმანათლებლობა და დასავლური კულტურა უთანასწორობის კერად გამოვაცხადოთ. ყველაფერს კულტურულ ტერმინებში გადათარგმნილი სოციალისტური უტოპია დაალაგებს - მისი რწმენით, ელიტას შეუძლია შეცვალოს ენა, შესაბამისად - ადამიანთა ქცევის წესი და საბოლოოდ - მთელი საზოგადოება.

სოციალიზაციის დაგეგმილი პროცესი, რომლის მიზანი კოლექტივის კუთვნილი, ინდივიდუალურ არჩევანსა და ინტერესს მოკლებული ადამიანის გამოზრდაა, მხოლოდ არასასიამოვნო ასოციაციებს თუ იწვევს. რთულია, თავი ავარიდოთ პარალელს ტოტალიტარულ საზოგადოებებთან ან არ გაგვახსენდეს წარსულის კონსტრუქტები: ხალხთა ძმობა, მომავლის ადამიანი, კომუნიზმის მშენებლები და სხვა ფრიად „ინკლუზიური” ლოზუნგები.

რეალობა ისაა, რომ სოციალური ინჟინერიის იდეა უტოპიურია და როგორც გამოცდილება გვაჩვენებს, სახიფათოც. კაცობრიობა ვერასოდეს შექმნის გარემოს, სადაც არავის შეხვდება იმედგაცრუება ან წარუმატებლობა. პოლიტკორექტულობა, თავისი განსხვავებული გამოვლინებებით, თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგაა მიმართული - ის იძულების გზით კოლექტიური, ერთგვაროვანი აზროვნების მიღწევას ცდილობს. პოლიტკორექტულობა ექსკლუზიური სიმართლის ფლობაზე აცხადებს პრეტენზიას - თუნდაც ადამიანური ბუნებისა და გამოცდილების საპირისპირო იყოს. არსებობის გასაგრძელებლად, ეს იდეოლოგია, სახელმწიფოს გამუდმებულ ჩარევას საჭიროებს - მაშინ, როცა ენა და ქცევის წესები წინასწარ მოფიქრებული გეგმის გარეშე იქცა იმად, რაც გვაქვს. ეჭვს გარეშეა, საზოგადოების თითოეული ჯგუფის ინტერესების დაცვა მნიშვნელოვანია. კოლექტივისგან დამოუკიდებლობა სულაც არ ნიშნავს, გამოეთიშო განსხვავებულ აქტივობებს, ან გარკვეულ ჯგუფებს საკუთარ თავს აღარ მიაკუთვნებდე. ეს არც პასუხისმგებლობისგან თავისუფლებას გულისხმობს. არავის აქვს უფლება, აუკრძალოს უმცირესობებს  საზოგადოების ცხოვრებაში სრულფასოვანი მონაწილეობა, ისევე, როგორც ცენზურა დაადოს გამოხატვის ამა თუ იმ ფორმას. თავისუფალ საზოგადოებებში ტოლერანტობას განსხვავებულ აზრთა სიმრავლე ქმნის და არა ტოტალიტარული „სწორი აზრი”. არათავისუფალ საზოგადოებებში „პოზიტიური ცენზურა” ფუნდამენტალისტური ჯგუფების გაძლიერებისა და კონტროლის გაღრმავებისთვის მხ ოლოდ დამატებითი არგუმენტი ხდება.

ადამიანებს არ სჭირდებათ ზედამხედველი იმისთვის, რომ დაუწესოს ურთიერთობის ნორმები, რეგულაციები თუ სანქციები. თავისუფალ ინდივიდებში ისედაც არის ჰუმანურობისა და ლოიალობის საკმარისი განცდა - ელიტის მიერ თავსმოხვეული სავალდებულო სიყვარული აკრძალულ სიძულვილად იქცევა.

15 ფოტოესსე - ჩინური ახალი წელი

▲ზევით დაბრუნება


ჩინური ახალი წლის აღსანიშნავად გამართულ გაზაფხულის ფესტივალზე მამაკაცი კუნ-ფუს ილეთებს ასრულებს. 2011 წლის 3 თებერვალს მთვარის ახალი წელიწადი დაიწყო, რაც ჩინური ჰოროსკოპის მიხედვით კურდღლის წელიწადის დადგომას ნიშნავს.

0x01 graphic

16 ჰეზბოლა ხელისუფლებაში მოდის

▲ზევით დაბრუნება


მსოფლიო

ლიბანი

სალომე მამალაძე

ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი და 5 წლის განმავლობაში მყარი ეკონომიკური ზრდის უზრუნველმყოფელი სამთავრობო კოალიციის დაშლას, მწვავე პოლიტიკურ-ეკონომიკური კრიზისი მოჰყვებოდა. მით უფრო, თუ ამ კოალიციას, მეტოქე ალიანსი ჩაანაცვლებდა, რომლის წარმომადგენლებსაც ირანი და სირია ასაზრდოებს, ხოლო ამერიკელები ტერორისტებად მოიხსნიებენ. თუმცა ლიბანში ჰეზბოლას მიერ მხარდაჭერილ პრემიერ-მინისტრ ნაჯიბ მიკატის არჩევას სერიოზული კატაკლიზმები არ გამოუწვევია.

1943 წელს, საფრანგეთის მმართველობიდან გათავისუფლების შემდეგ, ახლო აღმოსავლეთის ამ პატარა ქვეყნის რთულმა ეთნო-რელიგიურმა შემადგენლობამ თავისებური პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი. მოქმედი კონსტიტუციის თანახმად, ლიბანის პრეზიდენტი ქრისტიანი მარონიტია, პრემიერ-მინისტრი - მუსლიმი სუნიტი, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარე - მუსლიმი შიიტი. პოლიტიკური ძალაუფლების გადანაწილების ეს მოდელი ნახევარი საუკუნის წინ ლიბანში ჩატარებულ ერთადერთ აღწერას ეფუძნება. მისი მიხედვით, ქრისტიანები მოსახლეობის 60%25-ს შეადგენდნენ. მას შემდეგ ლიბიის რელიგიური შემადგენლობა 1975-1990 წლებში ქვეყანაში მიმდინარე სამოქალაქო ომისა და რელიგიურ თემებს შორის დაპირისპირების შედეგად მუსლიმთა უპირატესობით შეიცვალა.

0x01 graphic

ყოფილი პრემიერის საად ჰარირის სუნიტი მხარდამჭერები
ყველა ფოტო: REUTERS ©

აწ უკვე ყოფილი პრემიერ-მინისტრი, საად ჰარირი სუნიტი მუსლიმების სრული მხარდაჭერით სარგებლობდა. თუმცა, იანვრის შუა რიცხვებში, მისი მთავრობის დაშლის შესახებ ცნობა მაშინ გავრცელდა, როდესაც პრემიერ-მინისტრი ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტთან მოლაპარაკებებს მართავდა. ლიბანის მთავრობის 30 მინისტრიდან 11-მა, რომლებიც შიიტურ პარტია ჰეზბოლას, შიიტურ მოძრაობა ამალსა და ქრისტიანულ თავისუფალ პატრიოტულ მოძრაობას წარმოადგენენ, უფლებამოსილება მოიხსნეს. ლიბანის უპარტიო პრეზიდენტის მომხრე ერთ-ერთმა მინისტრმაც იგივე გააკეთა. ლიბანის კონსტიტუციით, მინისტრთა კაბინეტის წევრთა ერთ მესამედზე მეტის გადადგომა, ავტომატურად, მთავრობის დათხოვნას მოასწავებდა. ჰარირის სამთავრობო კოალიციის დაშლამ სუნიტებით დასახლებულ რეგიონებში საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია, თუმცა, პროტესტი მალევე ჩაცხრა.

0x01 graphic

პრემიერ-მინისტრის ნაჯიბ მიკატის მხარდამჭერები

მთავრობის დაშლის მიზეზი გაეროს მანდატით მოქმედი სამხედრო ტრიბუნალის მოსალოდნელი გადაწყვეტილება გახდა. ტრიბუნალი, რომელიც ყოფილი პრემიერ-მინისტრის რაფიკ ჰარირისა და ქვეყნის პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლების მკვლელობებს იძიებს, უახლოეს მომავალში საბოლოო განაჩენს გამოიტანს. წინასწარი ინფორმაციით, 2005-2008 წლებში ლიბიაში მომხდარი ტერაქტების ორგანიზებაში, სასამართლო სწორედ ჰეზბოლას სამხედრო ლიდერებს დაადანაშაულებს. ჰეზბოლამ საად ჰარირს, მამის მკვლელობის გამოძიებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების წინასწარ უარყოფა მოსთხოვა. გარდა ამისა, ლიბანელი შიიტები ამერიკა-ისრაელის შეთქმულებაზეც ალაპარაკდნენ, რომლის მიზანიც, ლიბანის პოლიტიკური რუკიდან ჰეზბოლას მოსპობაა.

0x01 graphic

გასულ კვირას ლიბანის პარლამენტმა ახალი პრემიერი აირჩია. ნაჯიბ მიკატი  მილიარდერი ბიზნესმენია, რომელმაც განათლება აშშ-ში მიიღო. იგი აღმსარებლობით სუნიტია, თუმცა ერთმორწმუნეები მას ღალატსა და სირიელებთან კავშირში ადანაშაულებენ. ნაჯიბ მიკატის უმთავრესი მიზანი ახალი მთავრობის ფორმირება იქნება. ამ თვალსაზრისით პოლიტიკური ლანდშაფტი ლიბანში რთულია.

ქვეყანაში ორი მთავარი პოლიტიკური გაერთიანება დომინირებს - 8 მარტისა და 14 მარტის ალიანსები. ალიანსების დასახელებები 2005 წელს მომხდარ კედრის რევოლუციას უკავშირდება. ამ მშვიდობიან რევოლუციას საბაბად მაშინდელი პრემიერ-მინისტრის რაფიკ ჰარირისა და სხვა პოლიტიკური ფიგურების მკვლელობები დაედო. მოსახლეობის მთავარი მოთხოვნა ლიბანის საშინაო პოლიტიკაზე სირიული გავლენის დასრულება და სირიის არმიის ქვეყნიდან გასვლა იყო. პოლიტიკურ გაერთიანებას 14 მარტის ალიანსი სწორედ კედრის რევოლუციის თარიღის პატივსაცემად დაერქვა. მის შემადგენლობაში ძირითადად პროდასავლური სუნიტების გაერთიანება - მომავლის მოძრაობა და ქრისტიანები შედიან. გაერთიანების ერთპიროვნული ლიდერი კი გარდაცვლილი პრემიერის ვაჟი და თავადაც ყოფილი პრემიერ-მინიტრი საად ჰარირია.

ლიბანის ეთნო-რელიგიური შემადგენლობა 2007 წლის მონაცემები

0x01 graphic

8 მარტის ალიანსში ჰეზბოლა, შიიტური ამალის მოძრაობა და გენერალ მიშელ აუნის ხელმძღვანელობით მოქმედი ქრისტიან მარონიტთა გაერთიანება  - თავისუფალ პატრიოტთა მოძრაობა შედიან. ალიანსი კედრის რევოლუციის ფარგლებში სირიის არმიის ქვეყანაში დარჩენის მოწოდებებით გამოდიოდა. შიიტებისა და ქრისტიანებისგან დაკომპლექტებული პროსირიული გაერთიანება მადლობას უხდიდა სირიულ არმიას ისრაელის საოკუპაციო ძალების გაძევებისთვის და ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნებისთვის. ნაჯიბ მიკატი, სწორედ 8 მარტის ალიანსის მხარდაჭერით დაინიშნა პრემიერ-მინისტის პოსტზე.

ლიბანში დამოუკიდებელ პოლიტიკურ გაერთიანებად პროგრესული სოციალისტური პარტია მოიაზრებოდა. ეს ძირითადად დრუზებით დაკომპლექტებული პოლიტიკური მოძრაობაა. თუმცა, დრუზების ლიდერმა ვალიდ ჯამბლატამ პრემიერის კანდიდატურის წარდგენისას ჰეზბოლას და მთლიანად 8 მარტის ალიანსს დაუჭირა მხარი.

ჟურნალისტებთან შეხვედრისას, ნაჯიბ მიკატიმ ქვეყანაში მოღვაწე ეთნო-რელიგიურ დაჯგუფებებსა და მათ ლიდერებს მოლაპარაკებებში მონაწილეობისაკენ მოუწოდა.

მთავარ გამოწვევად ლიბანისთვის ახლა აშშ-სთან ურთიერთობები გახდება. ჰარირის პრემიერობის პერიოდში ამერიკა სრულ მხარდაჭერას უცხადებდა ლიბანის მთავრობას და სერიოზულ ფინანსურ და ტექნოლოგიურ დახმარებასაც უწევდა. დღევანდელ პრემიერ-მინისტრს ზურგს ჰეზბოლა უმაგრებს. აშშ-სთვის ლიბანთან მომავალი ურთიერთობების გადახედვისთვის ეს საკმარისი საფუძველია. ჰეზბოლა აშშ-ის ადმინისტრაციას იმ 47 ორგანიზაციის ნუსხაში ჰყავს შეყვანილი, რომელსაც საერთაშორისო ტერორიზმის საფრთხედ განიხილავს.

17 კადაფი კადაფის წინააღმდეგ

▲ზევით დაბრუნება


მსოფლიო

ლიბია

მარი მიქავა

40 წელზე მეტია, მუამარ კადაფი ლიბიის ხელისუფლების სათავეში დგას. ამ ხნის განმავლობაში „ბებერი პატრიარქი” მეზობელ ქვეყნებთან ომებს, შეკვეთილი მკვლელობის მცდელობებსა და მრავალწლიან  საერთაშორისო სანქციებს გადაურჩა. კადაფი საერთაშორისო ტერორიზმის მთავარი დამფინანსებელიც იყო და საიდუმლო ბირთვულ პროგრამასაც აწარმოებდა. მაგრამ, იგივე ლიბანი იყო პირველი, რომელმაც ოსამა ბინ ლადენზე დაპატიმრების საერთაშორისო სანქცია გასცა, ხოლო ერაყში ამერიკელების შეჭრის შემდეგ, ბირთვული პროგრამა სამაგალითოდ შეწყვიტა. ამ ფონზე, ქვეყნის ლიდერმა აშკარა დიპლომატიურ წარმატებებს მიაღწია. ეპოქა, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი რონალდ რეიგანი კადაფს „გიჟ ძაღლს” (Mad Dog) უწოდებდა, დასრულდა. ახლა ლიბიას სულ უფრო ხშირად სტუმრობენ საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და რუსეთის ლიდერები; რამდენიმე წლის წინ ქვეყანაში ოფიციალური ვიზიტით აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისიც იმყოფებოდა. თებერვლის პირველ რიცხვებში Wikileaks-ის მიერ გავრცელებული დიპლომატიური მიმოწერიდან კი გამოაშკარავდა, რომ დასავლელი დიპლომატები მოხუცი ლიდერის მემკვიდრეზე ღელავენ.

0x01 graphic

ლიბიის ხელისუფლების მემკვიდრეობა პირდაპირი წესით ვერ გადავა, თუნდაც იმიტომ, რომ ხნიერ კადაფს რაიმე ოფიციალური თანამდებობა არ უკავია. მუამარ კადაფი ჯამაჰირიას (არაბული ტერმინი) - ანუ სახელმწიფო მასების ლიდერია. ფორმალური კონსტიტუციის გარეშე ქვეყანაში ახალ ლიდერზე ძალაუფლების გადაცემის სამართლებრივი მექანიზმი არ არსებობს.

ლიბიის ლიდერის მემკვიდრეებს შორის ფავორიტებად კადაფის ორი ვაჟი - საიფ-ალ-ისლამი და მუტასიმი სახელდებიან.

0x01 graphic

მუამარ კადაფის შვილი საიფ-ალ-ისლამ კადაფი
ფოტო: REUTERS ©

საიფი წლების მანძილზე მამის სახელობის საერთაშორისო ქველმოქმედებისა და განვითარების ორგანიზაციას (GICDO) ხელმძღვანელობდა. იანვრის შუა რიცხვებში ახალგაზრდა კადაფის ჩამოქვეითება ამ ორგანიზაციის ცერემონიული საპატიო თავმჯდომარის პორტზე კადაფების ოჯახში განხეთქილების პირველი ნიშანი გახდა. ამასთან, ფონდმა, რომელიც აქცენტს ადამიანის უფლებების დაცვასა და ლიბერალური რეფორმების გატარებაზე აკეთებდა, მოულოდნელად საქმიანობის სფეროც შეიცვალა. GICDO პოლიტიკას შორდება და უფლებადაცვით საქმიანობას აღარ გააგრძელებს - ნათქვამი იყო ორგანიზაციის ოფიციალურ განცხადებაში.

ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ ცვლილებებით ქვეყანაში კონსერვატორული ძალები მომძლავრდნენ. „მიუხედავად იმისა, საიფმა იძულებით დატოვა თანამდებობა თუ ნებაყოფლობით, აშკარაა, რომ მისი საქმიანობა ძველი გვარდიის - რომლის გარემოცვაშიც მამამისი იმყოფება - გადაულახავ წინააღმდეგობებს აწყდებოდა... ახლა ლიბიელებმა ადამიანის უფლებების გაუმჯობესებისა და პოლიტიკური რეფორმების გატარების საუკეთესო შესაძლებლობა დაკარგეს”, - კარნეგის ფონდთან ინტერვიუში ბრიუს სენტ ჯონმა - პოლიტიკურმა კომენტატორმა და ლიბიის შესახებ 7 წიგნის ავტორმა - განაცხადა.

საიფის წინააღმდეგ კამპანია ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში აგორდა. ლიბიის უსაფრთხოების ძალებმა 20 ჟურნალისტი დააკავეს. ისინი Al Ghad-ის საგამომცემლო სახლში მუშაობდნენ. ეს კომპანია საიფ კადაფის სახელს უკავშირდებოდა - გარკვეულ წრეებში საუბრობდნენ, რომ უმცროსი კადაფი ამ გამომცემლობაში წილს ფლობდა. ჟურნალისტების დაკავების მიზეზი მაშინვე ცნობილი არ გამხდარა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ისინი გამომცემლობის მიერ ლიბიის არმიის შესახებ მომზადებული კრიტიკული სტატიის გამო დააკავეს. პუბლიკაციაში არმიის არაეფექტურობასთან ერთად ზოგიერთი სამხედრო მაღალჩინოსნის კორუმპირებულობაზეც იყო საუბარი. ეს ლიბიური სტანდარტებით გაბედულ ნაბიჯს წარმოადგენდა.

საიფი იძულებული გახდა საჯარო განცხადებები გაეკეთებინა და Al Ghad-ის მედიაჯგუფთან ყოველგვარი კავშირი უარეყო. ჟურნალისტების გათავისუფლება უფროსი კადაფის ბრძანების საფუძველზე მოხერხდა.

მართალია, უმცროსი კადაფი არასოდეს ყოფილა პოლიტიკურ თანამდებობაზე, მაგრამ მან ბოლო წლებში დასავლეთთან ლიბიის კავშირების გაუმჯობესებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა. ეს შიდასახელმწიფოებრივ დონეზე არაერთგზის გამხდარა კომპრომისების მოწინააღმდეგე ძველი გვარდიის კრიტიკის საგანი.

საიფის მთავარ მეტოქედ მისი ძმა - მუტასიმი სახელდება. მუტასიმ კადაფი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მამის მრჩეველია. იგი დიდი გავლენით სარგებლობს ქვეყნის კონსერვატიულ წრეებში. ბოლო წლებში მუტასიმი სულ უფრო ხშირად ჩნდებოდა მამის გვერდით სხვადასხვა დონის საერთაშორისო ვიზიტებზე, მათ შორის იტალიასა და რუსეთში. 2008 წელს მან ნავთობის სახელმწიფო კომპანიას - მისი უმცროსი ძმის ჰასიმის სამხედრო ქვედანაყოფის აღსაჭურვად, 1.2 მილიარდი დოლარი მოსთხოვა. Wikileaks-ის მიერ გავრცელებულ დიპლომატიურ მიმოწერაში დასავლელი დიპლომატები აღნიშნავენ, რომ “ისტორიულად კარგი არაა, როცა კონკურენტ ლიბიელებს ხელი მიუწვდებათ შეიარაღებულ რაზმებზე”.

მართალია, კადაფების წარმომადგენლები დაჟინებით უარყოფენ ოჯახში არსებულ განხეთქილებას, მაგრამ მიმდინარე მოვლენები სულ სხვა რამეზე მეტყველებს.

18 ლიდერის დაბრუნება - რონალდ რეიგანის საუკუნოვანი იუბილე

▲ზევით დაბრუნება


მსოფლიო

მიხეილ ბასილაია

0x01 graphic

თავისი პრეზიდენტობის ძირითადი პერიოდის განმავლობაში რეიგანი ძლიერი მაპოლარიზებელი ფიგურა იყო. რეიგანის რეიტინგი პირველი საპრეზიდენტო ვადის შუა პერიოდში 35%25-მდე დაეცა, მაგრამ მან ვაშინგტონი უფრო პოპულარულმა დატოვა, ვიდრე იქ მისვლამდე იყო. აშშ-ში, მსგავსი რამ მხოლოდ ერთხელ და ისიც დუაიტ ეიზენჰაუერის დროს მოხდა. თუმცა ამ ორ პიროვნებას შორის მხოლოდ ეს მსგავსება არ არის. „იცი რატომ მომწონხარ, აიკ?” - ჰკითხა ერთხელ უინსტონ ჩერჩილმა ეიზენჰაუერს. „იმიტომ რომ შენ არ ხარ დიდების მაძიებელი”. ოვალურ კაბინეტში ეიზენჰაუერს ლათინური წარწერა ჰქონდა გამოკიდებული - „მოკრძალებული ქცევაში, ძლიერი საქმეში”. დაახლოებით იმავე შინაარსის იყო წარწერა, რომელიც რეიგანის ოვალურ კაბინეტს ამშვენებდა - „არ არსებობს ლიმიტები იმისა, თუ რა შეუძლია ადამიანს გააკეთოს, ან სადამდე მივიდეს, თუ მას არ აინტერესებს ვის მიეწერება ეს”.

ოვალური კაბინეტის ყველა ბინადარს, როგორც წესი, წინამორბედთა აჩრდილები დასდევს თან. რითი ვიქნები მათგან გამორჩეული? რა ადგილს მომანიჭებს მე ისტორია?

6 თებერვალს აშშ-ის მე-40 პრეზიდენტს - რონალდ რეიგანს 100 წელი შეუსრულდებოდა. ადამიანს, რომელმაც ამერიკის საშინაო და საგარეო პოლიტიკა რადიკალურად გარდაქმნა. მან სწორედ რომ საკუთარი წინამორბედების დაშვებული შეცდომების გამოსწორებითა და ამერიკელი ხალხის თვითშეფასების ამაღლებით გამოიჩინა თავი. „რეცესია ეს არის მდგომარეობა, როდესაც შენი მეზობელი კარგავს სამსახურს, დეპრესია - როცა თვითონ კარგავ, ხოლო აღორძინება მაშინ იწყება - როდესაც ჯიმი კარტერი კარგავს სამსახურს”, - სწორედ ამ ხუმრობით შეუდგა რეიგანი საკუთარი პოლიტიკის გატარებას.

დღემდე მიმდინარეობს დავა რონალდ რეიგანის გავლენისა და მნიშვნელობის შესახებ, მაგრამ მისი მემკვიდრეობა თანამედროვე პოლიტიკურ რეალობაში აქტუალობას არ კარგავს. მეტიც, შეიძლება ითქვას, რეიგანიზმი ამერიკაში თავიდან იბადება.

გასულ თვეს, როდესაც აშშ-ის 44-ე პრეზიდენტი წლიური ანგარიშით კონგრესის წინაშე წარდგა, ანალიტიკოსებს რეიგანი გაახსენდათ. მისი გამოსვლიდან რეიგანის პიროვნება და პოლიტიკა გამოსჭვიოდა. ბარაკ ობამა, რომელიც ვერ ახერხებს მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის შედეგების აღმოფხვრას, ცდილობს, შინაარსით თუ არა, ფორმით მაინც მიბაძოს ამერიკელების საყვარელ პრეზიდენტს. პარალელურად, 2012 წლის არჩევნებისთვის, რესპუბლიკურ პარტიაშიც აქტიურად ემზადებიან. სავარაუდო კანდიდატები ერთმანეთს ასწრებენ საკუთარი პერსონის რეიგანის პოლიტიკურ მემკვიდრეობასთან იდენტიფიკაციას.

1964 წელს, საკუთარი პოლიტიკური კარიერის დასაწყისში, რეიგანმა მოამზადა სიტყვა, რომელიც ტელევიზიით გადაიცა. ის აკრიტიკებდა ამერიკის მაშინდელ მთავრობას, ეკონომიკასა და სოციალური უზრუნველყოფის სფეროში მისი როლისა და, შესაბამისად, ხარჯების ზრდას. რეიგანის თქმით, მოცემული კონკრეტული მომენტი ამერიკისთვის ბედისწერასთან შეხვედრას წარმოადგენს. მოვლენათა შემდგომმა განვითარებამ აჩვენა, რომ ამ შეხვედრამ 16 წლით, 1980 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე გადაიწია. ამერიკის ახლანდელი საშინაო და საგარეო პოლიტიკური პრობლემებიდან გამომდინარე კი, ანალოგიური შეხვედრა შესაძლოა, მოახლოებული იყოს.

რეიგანის პოლიტიკური მემკვიდრეობის აქტუალობის მიზეზი ეკონომიკურ, საგარეო პოლიტიკურ და სოციალურ საკითხებში მისი პოლიტიკის წარმატებაა. 1930-იან წლებში ფრანკლინ დელანო რუზველტის ახალმა კურსმა დროის გასვლასთან ერთად ეფექტი დაკარგა და თავად გახდა პრობლემების სათავე. 1970-იანი წლების ბოლოსთვის ამერიკის ეკონომიკა კრიზისში იყო. ინფლაციამ ათ პროცენტს გადააჭარბა, ინფლაციისგან განსხვავებით, მთლიანი შიდა პროდუქტი ვერ იზრდებოდა. ჯიმი კარტერმა (1977-1981) არათუ ვერ მოახერხა ახალი მიმართულების გამონახვა, არამედ მის დროს კრიზისი უფრო გაღრმავდა. 1980 წელს რეიგანი ამერიკას დაჰპირდა გადასახადების შემცირებას, ბიზნესის დერეგულაციას, სოციალური პროგრამების ფედერალურიდან შტატებისა და ადგილობრივი მთავრობების დონეზე გადატანას. მიმომხილველი რიჩარდ ნორტონ სმიტი აღნიშნავს, რომ რეიგანმა ამერიკული კონსერვატიზმი რეფორმის ინსტრუმენტად აქცია. მისმა რეფორმებმა ამერიკის ეკონომიკა გამოაცოცხლეს და გრძელვადიან ზრდას ჩაუყარეს საფუძველი.

0x01 graphic

ფოტო: REUTERS ©

რეიგანმა მოახერხა დაერწმუნებინა ამერიკელები, რომ მათ საკუთარ პოლიტიკურ და ეკონომიკურ გადაწყვეტილებებზე მეტი პასუხისმგებლობა უნდა აეღოთ. ერთ-ერთ წინასაარჩევნო მიმართვაში მან განაცხადა, რომ ამომრჩევლებმა უნდა გადაწყვიტონ აქვთ თუ არა თვითმმართველობის უნარი, თუ სურთ, რომ მათი მომავლისთვის გადაწყვეტილების მიღების პრეროგატივა ერთ ქალაქში თავმოყრილ ინტელექტუალებს გადაულოცონ.

ვიეტნამის ომით შოკირებული ამერიკული საზოგადოება მზად იყო მიეღო მსოფლიოში საბჭოთა კავშირის არსებობის ფაქტი. რეიგანი საბჭოთა კომუნისტურ სახელმწიფოს მიიჩნევდა ავადმყოფურ გადახრად, რომელსაც მომავალი არ აქვს, რადგან ადამიანის ბუნებას ეწინააღმდეგება. 1982 წელს ბრიტანეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას რეიგანმა განაცხადა, რომ მშვიდობისა და თავისუფლებისაკენ სწრაფვა მარქსიზმ-ლენინიზმს საბოლოოდ ისტორიის ნაგავსაყრელზე მიუჩენს ადგილს. უფრო ცნობილი მისი 1983 წლის გამოსვლაა, როდესაც მრჩევლებისა და გარემოცვის წინააღმდეგობის მიუხედავად, საბჭოთა კავშირი ბოროტების იმპერიად მოიხსენია. ამ განცხადებას თავად საბჭოთა კავშირშიც უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა. იმ დროისათვის პატიმრობაში მყოფი დისიდენტი ანატოლი შჩარანსკი იხსენებს, რომ რეიგანის ეს განცხადება მორზეს ანბანით მთელს გულაგში გავრცელდა. რეიგანი თეტჩერთან ერთად ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსი იყო საბჭოთა კავშირში. მისმა უკომპრომისო დამოკიდებულებამ გორბაჩოვს არ დაუტოვა სხვა გზა, გარდა რეფორმებისა. რეიგანის რწმენამ და მტკიცე პოზიციამ, რომ მილიონობით ადამიანი იმსახურებს თავიანთი უფლებების დაცვისა და დემოკრატიის შანსს, შესაძლებელი გახადა ბოროტების იმპერიის დანგრევა.

რეიგანის შესაძლებლობებში ეჭვი როგორც მისი მოწინააღმდეგეებს, ისე მის თანამოაზრეებსაც შეჰქონდათ. თუმცა მან მოახერხა, ეს ფაქტი თავის სასარგებლოდ გამოეყენებინა. გავრცელებული აზრის საწინააღმდეგოდ, რეიგანი არ იყო დამოკიდებული მხოლოდ მრჩევლების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე და თავად ეცნობოდა დიდი რაოდენობის მასალას. მას ერთკაციან ანალიტიკურ ცენტრსაც უწოდებდნენ. სწორედ ცოდნისა და შესანიშნავი ორატორული მონაცემების ხარჯზე ახერხებდა ის ადამიანების დარწმუნებას.

ბერლინის კედლის დანგრევისა და რკინის ფარდის დაშვებიდან ოციოდე წლის შემდეგ ევროპელებმა ძალაუფლების ნაწილი ბრიუსელში განლაგებულ ბიუროკრატებს გადაულოცეს, რომელთაც თავიანთი პოზიციები არჩევნებით არ მოუპოვებიათ. ამერიკის წინაშე დგას ტერორიზმის გავრცელებისა და ავტორიტარული რეჟიმების მომრავლების საფრთხე. ამას ხელს უწყობს ჩინეთის, როგორც დასავლური ლიბერალური დემოკრატიის ალტერნატივის, წინ წამოწევა. Wikileaks-ის მაგალითზე შეიძლება ითქვას, რომ ამერიკის დისკრედიტაციას დასავლეთშიც კი არ გაურბიან. მთელს მსოფლიოში გაბნეულ, დემოკრატიაზე ორიენტირებულ პატარა ქვეყნებს კი რეიგანის მიერ საბჭოთა იმპერიის დანგრევით დაწყებული საქმის დასრულება სჭირდებათ. 1989 წელს, საკუთარი რვაწლიანი პრეზიდენტობის შეფასებისას რეიგანმა განაცხადა, რომ ის და მისი გუნდი ხელისუფლებაში ამერიკის შესაცვლელად მოვიდა, საბოლოოდ კი მსოფლიო შეცვალეს. შესაძლოა, რეიგანისთვის ეს უკანასკნელი სიურპრიზი არ აღმოჩნდეს და მისმა იდეებმა კიდევ ერთხელ შეცვალონ მსოფლიო.

19 ხანძარი ახლო აღმოსავლეთში: არც დემოკრატია, არც რადიკალური ისლამი

▲ზევით დაბრუნება


დევიდ ჯ. სმიტი|სვეტი

0x01 graphic

გასული წლის 17 დეკემბერს, ხილის გამყიდველმა, მოჰამედ ბუაზიზიმ, თავი დაიწვა. ამ რადიკალური ფორმით მან ტუნისელი კორუმპირებული სახელმწიფო მოხელეებისგან დამცირება და ცემა გააპროტესტა. ამ ნაპერწკალმა დიდი ხანძარი დაანთო, რომელსაც ტუნისის პრეზიდენტის, ზინ ელ-აბიდინ ბენ ალის, გადადგომა მოჰყვა და რომელიც, ამ სტატიის დაწერისას, როგორც ჩანს, მთელ ახლო აღმოსავლეთს - მავრიტანიიდან იემენამდე - ედება. ხანძრის მასშტაბი და მისი სრული შედეგი, ჯერჯერობით, უცნობია. ასეა თუ ისე, ახლო აღმოსავლეთში ძალზე მნიშვნელოვანი რამ ხდება.

პროტესტის ტალღამ, რომელსაც სოციალური ქსელები ამწვავებენ, ალჟირს, სირიასა და იემენს გადაუარა. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები, ჯერჯერობით, იორდანიიდან და ეგვიპტიდან მოდის. ამანში, მეფე აბდულა II-მ, როგორც ჩანს, არჩია, პროტესტის გამწვავებისთვის დაესწრო და პრემიერ-მინისტრად გადამდგარი გენერალი მარუფ ალ-ბახიტი დანიშნა, რომელსაც ახალი მთავრობის ფორმირება ევალება. კანონიერი ისლამური მოქმედების ფრონტი, იორდანიის მუსლიმთა საძმოს პოლიტიკური ფრთა, აცხადებს, რომ მას ჰაშემიტური სამეფოს ლიდერის ჩამოგდება არ სურს.

ამის საპირისპიროდ, დემონსტრანტები კაიროს ტაჰრირის მოედანზე პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქის დაუყოვნებელ გადადგომას მოითხოვენ. მუბარაქმა ახალი მთავრობა დანიშნა, ზოგ ოლქში 2010 წლის ნოემბრის არჩევნების ხელახლა ჩატარების წინადადება წამოაყენა და ახალ პრემიერ-მინისტრს, საჰაერო ძალების ყოფილ ხელმძღვანელს, აჰმედ შაფიკს, ოპოზიციასთან მოლაპარაკებების გამართვა დაავალა. ცოტა ხნის შემდეგ კი, როგორც ჩანს, აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას წაქეზებით, განაცხადა, რომ სექტემბერში დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარ კანდიდატურას არ წამოაყენებს. მიუხედავად იმისა, თუ რა მოხდება შემდეგ, ეს უკვე ძალზე მნიშვნელოვანი ახალი ამბავია.

ამავე დროს, გასათვალისწინებელია ორი ფაქტორი, რომელიც ხშირად ყურადღების მიღმა რჩება. ნავთობის ფასი გაძვირდა - 31 იანვარს ერთი ბარელი Brent-ის მარკის ნედლი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს მიაღწია. იზრდება პურის ფასიც - მისი გაოთხმაგება კაიროში, სავარაუდოდ, შიშმა და სპეკულაციამ და 2008 წლის კრიზისის მოგონებებმა, როდესაც პურის წარმოებაზე კონტროლი არმიამ დაამყარა - გამოიწვია. ორივე მიმდინარე კრიზისის შედეგზე იმოქმედებს.

ზოგ შემთხვევაში, შედეგი, შესაძლოა, დემოკრატიისკენ გადადგმული ნაბიჯი იყოს. ახალგაზრდა და განათლებული დემონსტრანტები, Al Jazeera-ს რეგიონული მასშტაბის მაუწყებლობასა და ინტერნეტთან ერთად, ახალი ფენომენია. ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა ისიც, რომ ისეთ ქვეყანაში, როგორიც ტუნისია, წერა-კითხვის მცოდნეთა რაოდენობა 80%25-ია, ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი 8 ათას აშშ დოლარს აღწევს და ამ ქვეყანას ბევრი უცხოელი ტურისტი სტუმრობს. მიუხედავად ამისა, ბევრი ანალიტიკოსი შიშობს, რომ ქალაქის მოედნებზე დღევანდელი ეიფორია ხვალინდელი რეალობის წინაშე უძლური აღმოჩნდება: დემონსტრანტებს მხოლოდ არსებული რეჟიმებით იმედგაცრუება, ფესვგადგმული ძალაუფლების სტრუქტურების ურყეობა და მზარდი ფასები აერთიანებს. ჭკვიანური მანევრირებით, რამდენიმე საკითხზე დათმობითა და მცირედი რეპრესიით, ბევრი ძველი ლიდერი მარტივად შეძლებს გადარჩენას.

ანდა, შეიძლება რადიკალური ისლამი იცდიდეს კულისებში. მაგალითად, ეგვიპტეში ჯერ კიდევ არალეგალური მუსლიმთა საძმო უდიდესი ორგანიზებული ძალაა ქვეყანაში. ჯერჯერობით ეს ძალა ჭკვიანურად მოქმედებს, სეკულარულ მოჰამედ ალ-ბარადეისაც კი უჭერს მხარს, ოპოზიციის ერთადერთ ლიდერს, რომელსაც მუბარაქის მთავრობასთან მოლაპარაკება შეუძლია. თუმცა, მუსლიმთა საძმოსთვის ხელსაყრელი მომენტი შეიძლება დადგეს. შემდეგ კი, აპოკალიპტური თეორიის თანახმად, მთელი ახლო აღმოსავლეთი - ისლამური მთავრობით კაიროში, ამერიკის გამოსვლის შემდეგ შიიტური ერაყით, თავდაჯერებული ირანითა და სპარსული ხიბლით მოჯადოებული თურქეთით - შეიძლება რადიკალური ისლამის კასრში აღმოჩნდეს. სიმართლე გითხრათ, ეს ისევე არ არის მოსალოდნელი, როგორც დემოკრატიის სრული გამარჯვება.

ეგვიპტის არმია ჯერჯერობით ყველაზე დახელოვნებული მოთამაშე აღმოჩნდა, ასრულებს რა როგორც დემონსტრანტების, ასევე ქვეყნის სტაბილურობის მცველის დამოუკიდებელ როლს. სავარაუდოდ, პოსტმუბარაქულ გარდამავალ პერიოდში რაღაც ტიპის სამხედრო მმართველობა დამყარდება. რაც არ უნდა მოხდეს კაიროში, სუნიტურ ეგვიპტეს - არაბული სამყაროს ყველაზე მრავალრიცხოვან ერს და ერთ დროს მის უალტერნატივო ლიდერს - ნაკლებ სავარაუდოა, ირანის მოლებთან რაიმე საერთო მიზანი აერთიანებდეს. მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ ახლო აღმოსავლეთის უსაფრთხოების ამერიკული მოდელი გადასინჯვას საჭიროებს, ვაშინგტონი არ მიატოვებს ამ გეოპოლიტიკურად უმნიშვნელოვანეს რეგიონს. და იმდენად, რამდენადაც ამ კრიზისების დროს თურქეთის დიპლომატია დაღვინდება, ანკარის თეირანით გატაცება სავარაუდოდ შარშანდელი თოვლივით დადნება.

ამრიგად, სად მიგვიყვანს შუა აღმოსავლეთის კრიზისები? ქვიშა მოძრაობს, მაგრამ ტექტონიკური ძვრები ხდება თუ არა, ჯერჯერობით უცნობია. ამასობაში, რეგიონმა ელექტრონულ ეპოქაში შეაბიჯა - იდეები, საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, უფრო შორს და სწრაფად ვრცელდება, ვიდრე აქამდე ვრცელდებოდა. ეს არ იქნება ბოლო ამბოხი რეგიონში.

მთავრობები გადადგებიან, დაუთმობენ რა ადგილს ახალ ავტოკრატიებს, რადიკალურ ისლამიზმს, სამხედრო რეჟიმს და დემოკრატიისაკენ სვლასაც კი. შეიცვლება ძალაუფლების ურთიერთობის და უსაფრთხოების სისტემები. როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები კაიროში, ვაშინგტონს და იერუსალიმს მოუწევთ იმ მოსაზრებების გადახედვა, რომლებსაც მათი უსაფრთხოების სტრატეგიები 1979 წლის ეგვიპტე-ისრაელის სამშვიდობო პაქტის შემდეგ ემყარება. ამერიკა კვლავ ფოკუსირებული იქნება ახლო აღმოსავლეთზე და ხელახლა გააანალიზებს თავის ვარდისფერ ვარაუდებს ერაყსა და ავღანეთიდან გამოსვლასთან დაკავშირებით. არაბულ სამყაროში ძალაუფლება სპარსეთის ყურის ქვეყნებისკენ გადაინაცვლებს, რაც, სინამდვილეში, უკვე ათწლეულებია ხდება. ახალ რეალობასთან მორგება კი, არა მხოლოდ ვაშინგტონსა და იერუსალიმს, არამედ ლონდონს, პარიზსა და ანკარასაც მოუწევთ.

თურქეთს, როგორც მდიდარ, წარმატებულ, ახალგაზრდა, დემოკრატიულ ქვეყანას ახლო აღმოსავლეთის, ევროპისა და კავკასიის გზათგასაყარზე, თავისი ოსტატური დიპლომატიით, მსოფლიო დიპლომატიის არენაზე რომ კატაპულტირება შეუძლია, ეს მომავალი სტატიის თემაა.

0x01 graphic

20 ნებისმიერი ბიზნესმენი უნდა იყოს ჩემი მთავარი პარტნიორი

▲ზევით დაბრუნება


ბიზნესი

0x01 graphic

ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი

ახალი საგადასახადო კოდექსით პირველად განისაზღვრა ბიზნესომბუდსმენის ფუნქციები. ის ზედამხედველობას უწევს საქართველოს ტერიტორიაზე გადასახადის გადამხდელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას; ავლენს მათი დარღვევის ფაქტებს; ხელს უწყობს დარღვეული უფლებების აღდგენას; განიხილავს საგადასახადო და სხვა სახელმწიფო ორგანოების მიერ გადასახადის გადამხდელთა უფლებების დარღვევის ფაქტებს; აქვს უფლება, საგადასახადო ორგანოდან მიიღოს განმარტება გადასახადის გადამხდელის განცხადებასა თუ საჩივართან დაკავშირებულ საკითხზე; აქვს უფლება, არ გასცეს ინფორმაცია იმ ფაქტზე, რომელიც მას გაანდეს, როგორც გადასახადის გადამხდელთა უფლებების დამცველს. უფლებების დარღვევის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, ბიზნესომბუდსმენი რეკომენდაციით მიმართავს შესაბამის ორგანოს. რეკომენდაციები თავს მოიყრის გადასახადის გადამხდელთა უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშში, რომელსაც ომბუდსმენი პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს წარუდგენს. ტაბულას დეტალებზე  ბიზნესომბუდსმენი, გიორგი პერტაია ესაუბრა.

  • თქვენ ხართ საქართველოს პირველი ბიზნესომბუდსმენი. საქართველოს ერთი ომბუდსმენი უკვე ჰყავს. რატომ გახდა საჭირო დამატებით ამ თანამდებობის შემოღება?

ბიზნესომბუდსმენის შექმნა არის მთავრობის ახალი კურსის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი. ამ ახალი კურსის მიზანია, აღდგეს ნდობა ბიზნესსა და მთავრობას შორის. გარკვეული პრობლემები არსებობს და ამას ყველა აღიარებს. პრობლემების უმეტესობა საგადასახადო კოდექსს უკავშირდება. ამ ეტაპზე ყველაზე აქტუალური აბსოლუტურად ყველა მწარმოებლისთვის საწარმოო დანაკარგების თემაა. საწარმოო ციკლს აქვს გარკვეული დანაკარგები, მაგრამ საგადასახადო ზოგჯერ დანაკარგებს გაყიდულ საქონლად თვლის და შესაბამისად, მწარმოებელს სანქციებსა და ჯარიმებს აკისრებს. ეს პრობლემა საგადასახადოსთვის რთულად მოსაგვარებელია. ვეძებთ ოპტიმალურ ვარიანტს, რომლითაც საგადასახადო თავის რისკებს არ გაზრდის და ამასთან ბიზნესმენიც შეძლებს მეტი დარწმუნებით დაგეგმოს საწარმოო ციკლი და წინასწარ ზუსტად იცოდეს, რამდენი ექნება გადასახდელი.

  • ოპტიმალური ვარიანტის პოვნის შემთხვევაში, შეთანხმებები კანონში აისახება?

ეს უკვე რეალური პროცესია. საგადასახადო კოდექსში უკვე შესული ყველა ცვლილება შეთანხმებულია ბიზნესსა და მთავრობას შორის. კვირაში თითქმის სამჯერ ვხვდებით ბიზნესისა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები. მიდის დისკუსია, განხილვა. განსაკუთრებით პრობლემურ საკითხებს პირდაპირ პრემიერ-მინისტრთან ვათანხმებთ. რამდენიმე დღის წინაც პრემიერი და ბიზნესმენები მუხლობრივად, დეტალურად განიხილავდნენ საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებებს. ეს არის ყველაზე კარგი საშუალება იმისათვის, რომ ობიექტური და სამართლიანი საგადასახადო კოდექსი მივიღოთ. რაც არ უნდა იდეალური პროექტი დაეწერა ფინანსთა სამინისტროს, მისი ძალაში შესვლის მომენტიდან პრობლემები იჩენს თავს. ამ პრობლემების დანახვა მხოლოდ პრაქტიკაში შეიძლება. იმიტომ, რომ ეს მაინც პროექტია, ჩვეულებრივი ტესტირების რეჟიმში მუშაობს და ხარვეზებიც ჩნდება. ამიტომ აქტიურად ვიღებ ბიზნესმენებისგან შენიშვნებს. ჩემი პირადი გეგმაა, როდესაც მივიღებთ საგადასახადო კოდექსს, რომელიც რაღაც ეტაპზე დამაკმაყოფილებელი იქნება როგორც ბიზნესმენისთვის, ასევე მთავრობისთვის, საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანა გარკვეული დროით შეწყდეს. ბიზნესმენს საშუალება უნდა ჰქონდეს წყნარად და მშვიდად განსაზღვროს თავისი ბიზნესგეგმა, ის გარკვეულ წლებზე გაწეროს და არ ჰქონდეს იმის შიში, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ რაღაც ფუნდამენტურად შეიცვლება. ეს ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ გადასახადის გადამხდელმა თავი სტაბილურ გარემოში იგრძნოს.

  • თქვენ არაერთხელ ახსენეთ, რომ მომზადებული გაქვთ ბიზნესგარემოს გაუმჯობესების სტრატეგია. რას გულისხმობს ეს სტრატეგია?

კანონმდებლობის გაუმჯობესებისა და ადმინისტრირების პროცესში ბიზნესის ყველა ფენა უნდა ჩაერთოს. მსხვილ ბიზნესს მთავრობასთან ურთიერთობის პრობლემა არ აქვს. ორგანიზებულები არიან და სხვადასხვა ასოციაციაშიც ერთიანდებიან. ამ ასოციაციებს თავიანთი ექსპერტები ჰყავთ. შესაბამისად, მსხვილი ბიზნესის პრობლემები ჩემამდე ორგანიზებულად მოდის. მათი მხოლოდ შეფასება და ფინანსთა სამინისტროს ან შესაბამისი ორგანოსკენ გადამისამართება მრჩება. მცირე და საშუალო ბიზნესის შემთხვევაში საქმე უფრო რთულადაა. სწორი და ობიექტური ინფორმაციის მიღება პრაქტიკულად ვერ ხერხდება: შეიძლება გარკვეული ჯგუფი, თუნდაც ათასი მცირე და საშუალო ბიზნესმენი შეიკრიბოს და ილაპარაკოს მცირე და საშუალო ბიზნესის სახელით და მოითხოვოს რაღაცის შეცვლა, მაგრამ ეს არანაირად არ ნიშნავს იმას, რომ შენ ეხმარები მთლიანად მცირე ბიზნესს. ბიზნესმენთა გარკვეული ჯგუფის მიერ დასმული საკითხი რომ დადებითად გადაწყვიტო,  ამან შეიძლება სხვა რამდენიმე ათასი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელი დააზარალოს. ბიზნესომბუდსმენი იქნება იმის გარანტი, რომ ინფორმაცია შეგროვდეს არა მხოლოდ გარკვეული ჯგუფებიდან, არამედ მთლიანად მცირე და საშუალო ბიზნესისგან.

  • მედიაციის პროცესი რეგიონებზეც გავრცელდება?

საქართველოში ნებისმიერი ბიზნესმენი უნდა იყოს ჩემი მთავარი პარტნიორი ბიზნესის ზომის, საწარმოს დარგის, სფეროს თუ სხვადასხვა შეხედულების მიუხედავად. დანარჩენი ყველაფერი მოთხოვნა-მიწოდების საფუძველზე დარეგულირდება: რეგიონებში წარმომადგენლობის მოთხოვნა თუ იქნება, ერთი-ორი კაცი შეიძლება მივავლინოთ. მეტი - არა. რეგიონებში რომ რაღაც ფილიალები გავხსნათ, ან სპეციალური სტრუქტურა შევქმნათ, ასეთი რამ არ მოხდება. ძალიან კარგად მესმის თუ რას ნიშნავს, რომ მთავრობაში კიდევ ერთი ახალი რგოლი ჩნდება. მაქსიმალურად ვცდილობ, შეიქმნას ცოტა ხალხით დაკომპლექტებული და საკმაოდ ეფექტიანი ორგანო. ნამდვილად არ მინდა, რომ ბიზნესომბუდსმენის შექმნით კიდევ ერთი ბიუროკრატიული ორგანო შეემატოს მთავრობას, რომელიც საბოლოო ჯამში ისევ ბიზნესმენებს დააწვება მხრებზე.

21 ტაბლეტური კომპიუტერების ომი

▲ზევით დაბრუნება


ტექნოლოგია

0x01 graphic

0x01 graphic

იანვარში ტაბლეტური კომპიუტერების მწარმოებელი გიგანტები ორგანიზაციული პრობლემებით იყვნენ დაკავებული. სტივ ჯობსმა მესამედ დატოვა კომპანია Apple ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით და მის ადგილას „ადამიანი-საათი”, ადმინისტრაციის უფროსი, ტიმ კუკი დაინიშნა. Google-ში გენერალური დირექტორის (CEO) პოსტზე ლარი პეიჯმა ერიკ შმიდტი შეცვალა და ამით საბოლოოდ გაეცა პასუხი შეკითხვას - კომპანიის შემქმნელ „ბიჭუნებს”, ლარი პეიჯსა და სერგეი ბრინს შორის რომელია მთავარი?!

0x01 graphic

ლარი პეიჯი

0x01 graphic

ტიმ კუკი

იანვრის მონაცემებით კომპანია Apple ტაბლეტური კომპიუტერების ბაზრის 75%25-ს აკონტროლებდა, რაც 20%25-ით ნაკლებია ექვსი თვის წინანდელ მონაცემებთან შედარებით. ბაზარზე ოპერაციულ სისტემა Android-ზე მომუშავე ტაბლეტური კომპიუტერების გამოსვლის შემდეგ „ვაშლის გამყიდველები” მიხვდნენ, რომ iPad-ის ზეობის დაღმასვლა დაიწყო და ცვლილებების დროა, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ფართო აუდიტორიამ უკვე იხილა როგორ გამოიყურება Motorola Xoom, რომელიც სპეციალურად ტაბლეტური კომპიუტერებისათვის შექმნილ, ოპერაციული სისტემა Android-ის უახლეს 3.0 ვერსიაზე მუშაობს.

სანამ Motorola Xoom ფართო გაყიდვაში გამოსულა - ეს თებერვლის შუა რიცხვებშია ნავარაუდევი, ექსპერტები უკვე იმაზე ალაპარაკდნენ, რომ iPad-ი iPhone-ის ბედს გაიზიარებს და ბაზარზე ლიდერობას დაკარგავს. საკუთარი მოსაზრების გასამყარებლად მათ ტექნიკური მახასიათებლები მოჰყავთ: გაუმჯობესებული ორბირთვიანი პროცესორი, ჩამონტაჟებული 5-მეგაპიქსელიანი კამერა, USB პორტი და ინტეგრირებული Flash-პლეერი. მათი აზრით, ზემოჩამოთვლილი ტექნიკური დეტალები, რომლებიც iPad-ს არ გააჩნია, კომპანია Apple-ს ბაზარზე ლიდერობას წაართმევს.

„ვაშლის” მოყვარულთა საიტებზე აქა-იქ უკვე გაჩნდა ინფორმაცია, რომ Apple-ის თავკაცები გულხელდაკრეფილ ჯდომას არ აპირებენ და ისინი საპასუხოდ iPad 2-ს ამზადებენ, თუმცა დანამდვილებით ძნელია იმის თქმა, თუ როგორია ის. ინტერნეტში გაჟონილი ინფორმაციისა და ჭორების თანახმად, iPad 2-იც ორბირთვიან პროცესორზე გადავა, ორი კამერით აღჭურვილი და გაუმჯობესებული გრაფიკული გამოსახულებით - უფრო თხელი იქნება და ასევე შესაძლოა ოპერაციული სისტემა iOS-ის მეხუთე ვერსიაც ვიხილოთ.

საინტერესოა ერთი დეტალიც: Google-მა მთელი მსოფლიოს მასშტაბით ოპერაციულ სისტემა Android-ზე მომუშავე აპლიკაციების შემქმნელი პროგრამისტებისა და დეველოპერების დამოძღვრა და კონსოლიდაცია დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ მათი რიცხვი მანამდეც არ იყო მცირე, კომპანია Google-ის შემქმნელები მათ მრავალ სიურპრიზს დაპირდნენ, რაც პირველ რიგში განახლებული აპლიკაციების დასაპროგრამებელი ინტერფეისი (API) იქნება, რომელიც Google-ის ინჟინერთა განცხადებით უფრო ვრცელი და მოსახერხებელი გახდება, ვიდრე ეს უწინ იყო.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე ისმის შეკითხვა - ვინ გაიმარჯვებს Google თუ Apple? - რაზედაც, მიუხედავად ზემოხსენებულ ექსპერტთა დასკვნისა, ცალსახა პასუხი არ არსებობს, ვინაიდან ჯერ კიდევ უცნობია, თუ რა „კარტებს” მალავენ თავის სახელოებში Apple-ის „მამები”. ამასთან მთავარ როლს ამ „ომში” Motorola Xoom-ის და iPad 2-ის ფასი ითამაშებს და რომელი უფრო იაფი იქნება, ჯერ უცნობია. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ამ ბრძოლაში „ვაშლის გამყიდველები” არა მხოლოდ Google-ს უპირისპირდებიან, როგორც ოპერაციული სისტემის, Android-ის მწარმოებელს, არამედ თავად მოწყობილობის მწარმოებელ Motorola-საც, რაც Apple-ის გამარჯვების შანსებს ამცირებს, თუმცა მის უიმედო აუტსაიდერობაზე ლაპარაკი გადამეტებულია.

22 მივუჩინოთ გარემოს კუთვნილი ადგილი

▲ზევით დაბრუნება


ტაბულა|რაზა

სტივენ ჯოუნსი

2010 წლის დეკემბერში მექსიკის ქალაქ კანკუნში გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კოვენციასთან დაკავშირებულ მე-16 კონფერენციაზე პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ „მწვანე ამბიცია“ უმთავრესი ფაქტორია გარდამავალ პერიოდში მყოფი დემოკრატიების, მაგალითად, საქართველოს, განვიტარებისა და სტაბილურობისათვის, თავის გამოსვლაში პრეზიდენტმა სააკაშვილმა ბრძანა, რომ პოლიტიკურ და ბუნებრივ გარემოებს შორის მჭიდრო კავშირი არსებობს და დაეთანხმა იმ მოსაზრებას, რომ დღეს ქვეყნის ეკონომიკური ზრდის, პოლიტიკური სტაბილურობისა და ეროვნული უსაფრთხოებისთვის გარემოსდაცვითი პოლიტიკა არა მეორეხარისხოვანია, არამედ ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია. ბუნებრივი გარემოს დაცვა განსაკუთრებულ გამოწვევას წარმოადგენს არა მარტო ჩვენი ცხოვრების წესისთვის, არამედ ხელისუფლების ავტორიტეტისა და სტაბილურობისთვისაც. უფრო ღარიბ ქვეყნებში ეკოლოგიური კრიზისი ადვილად შეიძლება იქცეს სისტემურ გამოწვევად.

გაიხსენეთ, როგორ იქცა ზვიად გამსახურდიას, მოგვიანებით კი კავკასიური კლუბის ხელმძღვანელობით (ოთხმოციანი წლების ბოლოს) გამართული ანტისამთავრობო კამპანიები ეკოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებით მასობრივ საპროტესტო გამოსვლად საბჭოთა სახელმწიფოს წინააღმდეგ. საქართველოს მაშინდელმა მწვანეთა მოძრაობამ სათავე დაუდო ეკონაციონალიზმს. მოძრაობის წევრები. რომელთა შორის ზურაბ ჟვანია და გია ბარამიძეც იყვნენ, სისტემის წინააღმდეგ დიდ მებრძოლებად იქცნენ და საბოლოოდ დაამარცხეს კიდეც ის (სანამ თვითონ გახდებოდნენ ამ სისტემის წევრები).

გარემოს დაცვა საქართველოსთვის პრობლემურ საკითხს წარმოადგენს საბჭოთა დროიდან, როცა ბუნებრივი რესურსების მოპოვება-დამუშავება უპასუხისმგებლოდ და უგუნურად ხდებოდა, მაინც არარაციონალურად გამოიყენებოდა და არავინ ზრუნავდა ეკოლოგიური შეგნებისა თუ ცნობიერების განვითარებაზე და ხალხის ჩართვაზე ამ საკითხების მოგვარებაში. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ეკონომიკური აქტიურობის შესუსტებასთან ერთად, იკლო გარკვეული სახის ეკოლოგიურმა პრობლემებმა, მაგალითად, ნაკლებად ბინძურდებოდა ჰაერი და მიწისქვეშა წყლები მოხმარებული პესტიციდების გამო, მაგრამ, სამაგიეროდ, გაიჩეხა ტყეები და ნავთობის მიოლსადენის ზემოქმედებითა თუ სტიქიური კარასტროფების შედეგად გაუარსედდა საერთო მდგომარეობა. წყალდიდობები და მეწყერები, ტყის ხანძრები, მდინარეთა დაბინძურება და სანაპირო ზოლები ეროზია მძიმე ტვირთად დააწვა ქვეყნის ეკონომიკას და ადგილობრივ ხელისუფლებას, რომელსაც რესურსები არ გააჩნია სტიქიურ კატასტროფებს გამორიდებული ეკომიგრანტების დასახმარებლად.

საქართველოს ხელისუფლება საჯაროდ მართებულად ადგენს იმ ურთიერთკავშირებს, რაც ეკოლოგიურ დეგრადაციას, საზოგადოებრივ ჯანმრთელობას, ადამიანის უფლებებს, ეკონომიკურ ჩავარდნასა დსა შიდა არეულობას სორის არსებობს. საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში ის აცხადებს, რომ „გარემოს დაცვის ხარისხი და ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენება მჭიდროდაა დაკავშირებული საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობასთან“. ხელისუფლება გაფრთხილებას იზლევა იმის შესახებ, რომ „გარემოს გაუარესების, ბუნებრივი თუ ხელოცნური კატასტროფების გამო საბოლოოდ შესაძლოა საფრთხე შეექმნას ქვეყნის ეკოლოგიას, მოსახლეობის კეთილდღეობასა და ბიომრავალფეროვნებას“. კონცეფრციას განამტკიცებს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა ბუნებრივი გარემოსა და მისი დაცვის შესწახებ და საერთაშორისო გარემოსდაცვითი კონვენციები (სულ 15 კონვენცია), რომლებიც რატიფიცირებული აქვს საქართველოს პარლამენტს.

მაგრამ რეალობა ძალზე განსხვავდება იმ სურათისგან, რომელიც პრეზიდენტმა კანკუნში წარმოადგინა. საქართველოს მთავრობის პრაქტიკა გვიჩვენებს გულგრილ დამოკიდებულებას გარემოსადმი. მტავრობის პრიორიტეტი, როგორც არაერთხელ განუცხადებია მას, ბიზნესის ხელშეწყობაა. და ამას ადასტურებს გარემოს დაცვის სამინისტროს სახელის შეცვლაც: ის ახლა იწოდება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროდ, და ლიცენზიების კომპეტენციის გადაცემა ეკონომიკური განვითარების სამინისტროსათვის. იმევე ტენდენციას ასახავს ბიზნესის დერეგულირების სამთავრობო პროგრამაც. ბიზნესისა და ინვესტიციების ხელშეწყობა მნიშვნელოვანი საქმეა ქართველებისთვის, ამას დასაქმება მოაქვს(თუმცა დღეისთვის ძალიან ცოტა სამუშაო ადგილია შექმნილი). და მაინც, ბიზნესის მკაცრი ეკონომიკური იმპერატივი ყოველთვის არ ემთხვევა გარემოს დაცვის მიზნებს - ბიზნესმა მაქსიმალური მოგება უნდა ნახოს, თუნდაც ის კონსტიტუციით დაცულ სიკეთეს უქმნიდეს საფრთხეს, მაგალითად, კონსტიტუციის 37-ე მუხლიოთ გარანტირებულ ადამიანის უფლებას, ცხოვრობდეს ჯანსაღ გარემოში.

ამის გამო არ შეიძლება ბიზნესის დადანაშაულება, ასეთია მისი ბუნება. მაგრამ მთავრობა იმისთვის არსებობს, რომ ბალანსი დაიცვას და გააკონტროლოს წარმოება, რომ მან მოქალაქეთა ჯანმრთელობა და უსაფრთხოება არ შეარყიოს. საქართველოს მთავრობა ჯერჯერობით ამას მაინცდამაინც ვერ ახერხებს. მან არასამთავრობო ორგანიზაციებს გადააბარა გარენოს დაცვის მონიტორინგის დაცვის საქმე, ის არ ასრულებს თავისსავე კანონმდებლობას, რომელიც მისგან მოითხოვს ეკოლოგიასთან დაკავშირებული ინფორმაციის მოთხოვნისთანავე გაცემას, და არ ხარჯავს რესურსებს მოქალაქეთა ეკოლოგიური უფლებების დასაცავად (ქალაქის გარეუბანში განთავსებული გარემოს დაცვის სამინისტრო ყველაზე მცირებიუჯეტიანი უწყებაა). მთავრობა არ ზრუნავს იმისთვის, რომ მოსამართლეებმა, საჯარო მოხელეებმა და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებმა გარკვეული ცოდნა მიიღონ ეკოლოგიაზე და გარემოს დაცვაზე.

მთავრობა ამტკიცებს, რომ მას უფრო სერიოზული პრიორიტეტები აქვს, მაგრამ ეს დაუფიქრებელ განცხადებას ჰგავს. პრეზიდენტი ობამა მართალია, როცა ამბობს, რომ სამუშაო ადგილები მომავალში მწვანე ინდუსტრიაში შეიქმნება. მაგრამ საქმე მხოლოდ სამუშაო ადგილებში არ არის. მართალია, დასაქმება პირდაპირ უკავშირდება სიღარიბის, ჯანმრთელობის, ეკონომიკისა და პოლიტიკური სტაბილურობის პრობლემებს, მაგრამ გარემოს უგულებელყოფას საქართველოში შიდა კონფლიქტებიც მოაქვს, რადგან სვან და აჭარელ ეკომიგრანტებს დასახლება უწევთ წალკასა და ჯავახეთში, სადაც მათ ხშირად მოსდით შეტაკებები ადგილობრივებთან, რაც, თავისთავად, კიდევ უფრო ამძიმებს ეთნიკურ დაძაბულობას. გავიხსენოთ ისიც, თუ რა როლი შასრულა წყალთან დაკავშირებულმა უთანხმოებებმა საქართველო-სამხრეთ ოსეთის კონფლიქტში ომამდე.

კონსერვატორი ფილოსოფოსი, დენიელ ბელი თავის წიგნში „კაპიტალიზმის კულტურული წინააღმდეგობები“ წერს, რომ კაპიტალიზმის მოგებისკენ ურყევ სწრაფვასა და სტაბილური კულტურული თემების არსებობას შორის ფუნდამენტური წინააღმდეგობაა. გარემოც მუდმივად განიცდის კაპიტალიზმის წნეხს ცვლილებისთვის. ამ უცვლელი დაძაბულობის შემცირების ერთ-ერთი გზაა მწვანე ბიზნესის ხელშეწყობა, საზოგადოების ჩართულობის გაზრდა (ბოლოს და ბოლოს, ქართველებს სამუშაო უნდათ რომჰქონდეთ და კარგი ჯანმრთელობაც) და ინვესტირება მდგრად სოფლის მეურნეობაში. ორი ათასწლეულია, რაც ქართველები წარმატებით ამუშავებენ მიწას და ეწევიან სოფლის მეურნეობას, გაუგებარია, თუ რატომ ვერ უნდა ითანამშრომლონ დღეს საკუთარ რეფორმისტულ მთავრობასთან და კიდევ ათასი წელი არ აკეთონ ეს საქმე.

23 ნაშა Russia

▲ზევით დაბრუნება


სპორტი

ზურაბ თალაკვაძე

0x01 graphic

ფოტო: REUTERS ©

FIBA ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე დიდი კუშის მოხსნას აპირებს. კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის ბოსებმა მონაწილეების რაოდენობა გაზარდეს და ლიტვაშიც ორჯერ მეტი მონაწილე და ბევრჯერ მეტი გულშემატკივარი ჩავა. საკალათბურთო სპექტაკლებიც უფრო ხშირი იქნება. ამ საინტერესო ამბებში საქართველოს ნაკრებიც მოხვდა. ვილნიუსის კოხტა, ეროვნულ თეატრში ჩვენების მოწინააღმდეგეები გაგვაცნეს.

სლოვენია, რუსეთი, ბელგია, ბულგარეთი, უკრაინა. თავისთავად, საქართველოც. ამ ექვსი მონაწილით D ჯგუფი შეიკრა.

უცბად გადახედეთ დანარჩენ ჯგუფებს.

A ჯგუფი - ესპანეთი, თურქეთი, ლიტვა, დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი, კვალიფიკანტი.

B ჯგუფი - სერბეთი, საფრანგეთი, ისრაელი, იტალია, გერმანია, ლატვია.

C ჯგუფი - საბერძნეთი, ხორვატია, მონტენეგრო, მაკედონია, ბოსნია, კვალიფიკანტი.

მშვენიერ ჯგუფში მოვხვდით. სლოვენიასთან მაგარ ბიჭებს ვნახავთ. გორან დრაგიჩი ევროპელ ფლეიმეიქერებში ყველაზე სექსუალურად ატარებს ბურთს და „ფინიქსში” სტივ ნეში უნდა შეცვალოს. ერაზემ ლორბეკი ევროპაში პირველი მძიმე ფორვარდია და მომენტებში ცენტრობს. რაშო ნესტეროვიჩს ნაკრებში კაპიტნობა და საერთოდ, ევროპა მოენატრა, „ოლიმპიაკოსში” 4 მილიონად წავიდა და ლიტვისთვის ემზადება. სლოვენიის ნაკრების მთელი რუსტერის გაშიფვრა გადავდოთ. სლოვენია ჯგუფის ფავორიტია და თუ ფინალამდე ლიტვას აიცილებს, ფინალში გავა.

ბელგიასთან უვადო კონტრაქტი გვაქვს და სადაც ვთამაშობთ, მაღალი ენცო შიფოებიც იქ არიან. ბელგიისთვის ორჯერ უნდა მოგვეგო და ლიტვაში მოსახვედრად გასამართი ტურნირი ბელგიის გამო ვერ მოვიგეთ. ზაზა ფაჩულიას სუმოისტები და მოხუცი მილიონერები იყვანდნენ და ბელგიამ მაინც მოგვიგო. ბელგიას ვერ დაეხმარა მბენგა და მაინც მოგვიგო. ლიტვაშიც ბელგია დაგვხვდება.

ბულგარეთი ყველაზე მარტივად გასაშიფრი ოპონენტია, ანუ გასაშიფრიც არაფერია და ეს ისედაც ვიცოდით. ბულგარეთი ეგრევე იკითხება - ბურთი გადმოაქვს ფილიპ ვიდენოვს, ბურთს ისვრის ფილიპ ვიდენოვი, ბურთს კარგავს ფილიპ ვიდენოვი, ტელეოპერატორები დაღლამდე აჩვენებენ ფილიპ ვიდენოვის უკმაყოფილო ფიზიონომიას. შემდეგ, ტელეოპერატორები იღლებიან, ვიდენოვიც იღლება, ორჯერ ეფექტურად იფურთხება და 5-6 წუთით უკვე მთლიანად ნაკრები იწყებს კალათბურთის თამაშს. მალე მოედანზე ვიდენოვი ბრუნდება და ისევ One Man საკალათბურთო ეროტიკა იწყება.

უკრაინასთან ყველა დონეზე ვძმაკაცობთ. კალათბურთშიც უნდა ვიძმაკაცოთ. კირილ ფესენკო იუტაში ჯერი სლოუნისგან ბევრს ისმენს და ცოტას ითვისებს. ოლექსი პეჩეროვი არმანიში თავიდან კევინ გარნეტი ეგონათ და მიმდინარე ევროლიგაზე ცსკა-ს გარღვევის შემდეგ, პეჩეროვი უფრო ხშირად იყო ჰედლაინებში, ვიდრე რონალდინიო და იბრაჰიმოვიჩის ახალი მეგობარი გოგონა. უკრაიანას არ ჰყავს მთავარი მწვრთნელი და უკრაინას ჰყავს ალექსანდრ ვოლკოვი. 1988 წლის ოლიმპიური ჩემპიონი ძმაკაცობს საბონისთან, თავის ქვეყანაში კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტია და უკრაინის ნაკრების VS-ებს ვერ უყურებს. სუსტი გული აქვს.

რუსეთიც ჩვენთან არის. სულ ჩვენთან არის. ყველგან ჩვენთან არის. დაღლამდე ჩვენთან არის და ჩვენც დაგვღალა. რუსებმა ოთხი წლის წინ ესპანეთში, ევროპის ჩემპიონატზე ჩაიყვანეს ნაკრები, რომელმაც მოუგო ყველას, ფინალში პო გასოლის ესპანეთიც გააგორა და ევროპის ჩემპიონი გახდა. მაშინ ანდრეი კირილენკო FIBA-მ სეზონის საუკეთესოდ დაასახელა, ჯეი. არ. ჰოლდენმა კობი ბრაიანტივით იცელქა და ვიქტორ ხრიაპამ სამწამიანიდან ბალასტი, ნაგავი და გასოლი გაიტანა. იმ ნაკრებს დევიდ ბლატი აკონტროლებდა და დევიდ ბლატი დღესაც რუსების მთავარი მწვრთნელია.

ჩვენი ჯგუფი კლაიპედაში ჩავა. შემდეგ, ტურნირი ვილნიუსის სიმენს არენაზე გადადის, სადაც გასავარდნი ეტაპი დაიწყება. მთავარი ამბების მასპინძელი კაუნასი იქნება. თავისი საბონისით, ლოთი იოვაიშათი და არანორმალური, ძირითადად „ჟალგირისის” და უფრო ლიტვის ნაკრების ფანებით.

ვილნიუსში ტურისტებად არ უნდა ჩავიდეთ. მეორე ჯგუფურ ეტაპზე, სადაც ორი ექვსგუნდიანი ვაზნა იქნება დასაცლელი, საქართველოს ნაკრები უფრო გავა, ვიდრე - პირიქით. ორჯერ რომც წავაგოთ (და ორჯერ წავაგებთ), თითქმის თანაბარი კვარტეტიდან შემდეგ ეტაპზე ყველა შემთხვევაში უნდა შევისეირნოთ.

გაგვიმართლა წილისყრის დროს და გაგვიმართლა გრაფიკის შედგენის მხრივ. ტურნირს 31 აგვისტოს ბელგიით ვხსნით. კარგია. ანუ, კარგი იქნება, თუ მოვიგებთ და შემდეგი ორი VS-ის წინ უკვე შედარებით მშვიდად ვართ. მეორე დღეს ვხვდებით რუსეთს და მოგება ძალიან გაგვიჭირდება. თუმცა ბოლომდე ვიომებთ. ეს ჩვენი ვალი და სასწაულის წინაპირობაა. ერთ დღეს ვისვენებთ. 3 სექტემბერს სლოვენიასთან უნდა გავერთოთ, სლოვენიაც გაერთობა და სამი ტურის შემდეგ, სავარაუდოდ, გვაქვს 1 მოგება და 2 წაგება. პირველ ჯგუფურ ეტაპს უკრაინათი და ბულგარეთით ვხურავთ. არაჩვეულებრივი გრაფიკია. სამი მოგებით ვილნიუსში გადავდივართ.

ყველაფერი ისე მოვხატეთ, როგორც გვინდოდა და ბრიუს უილისის ჰეფიენდური ამბებიც ლამაზად შეგვიფუთეს, ცისფერ პარკში ჩაგვიდეს და დამშვიდობების წინ, გამყიდველმა გოგონამ ისეთი ღიმილით გაგვისტუმრა, წასვლის სურვილი გაგვიქრა.

შემადგენლობით საქართველო სლოვენიაზე ბევრად სუსტია და ბელგიას, უკრაინას და ბულგარეთს ამაში ფორას ვაძლევთ.

რუსეთი... თურქეთში, მსოფლიოს ბოლო ჩემპიონატზე, რუსეთი თურქეთს რომ შეხვდა, ერთმა თურქმა მეგობარმა გაბადრული სახით თქვა, რუსეთთან მოგება, რუს გოგონასთან სექსზე სასიამოვნო იქნებაო. შემდეგ გაიხსენა, მოსკოვში რუსი „ნაშების” მასპინძლობა და კიდევ ბევრი საინტერესო ამბავი. სადღაც, 1 საათში ჰედო თურქოღლუს ძმაკაცებმა რუსეთს მოუგეს, ჩემს მეგობარს თვალები დაეწმინდა და ამოისუნთქა.

თვალების დაწმენდის პერსპექტივა რუსეთთან მაინც მცირეა. კირილენკოს, ჰოლდენის (ან კელი მაკარტის), ხრიაპას გარეშე დევიდ ბლატის საინტერესო გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის რვა საუკეთესოშიც სხვისი ნებართვის გარეშე გავიდა. მანამდე გადაუარა საბერძნეთს, სხვებსაც იოლად მოუგო და ბოლოში, კევინ დიურანის ამერიკასთან იომა. მესამე მეოთხედში რამდენიმე წამით იგებდა, მაგრამ ბოლოში 10 ქულა წააგო. რუსეთში გამოჩნდა კიდევ ერთი პოტენციური კირილენკო, ანუ მეგავარსკვლავი. ანდრეი ვორონცევიჩი. რუსეთთან „ცოდვების ქალაქის” სცენები დიდი დოზით იქნება.

0x01 graphic

გორან დრაგიჩი

0x01 graphic

ვიქტორ სანიკიძე

0x01 graphic

ანდრეი კირილენკო

საქართველოს ნაკრებში კაპიტანი ზაზა ფაჩულიაა და ბოლო ციკლში, კალათბურთით უფრო ვიქტორ სანიკიძე კაპიტნობდა. ვიკას „კანადიან სოლარშიც” მშვენიერი სეზონი აქვს და კარგი იქნება, თუ ის და კიდევ ერთი იტალიელი, მანუჩარ მარკოიშვილი სეზონს ტრავმების გარეშე დაასრულებენ.

დიდი გომელსკის პატარა შვილმა, წილისყრის პირდაპირი რეპორტაჟის დროს საკუთარ თავს უთხრა, საქართველოსთან ვერმოგება, საქართველოსთან წაგებაზე გაცილებით რთული იქნებაო. შემდეგ, ბოდიში მოიხადა. შემდეგ, საქართველოს ნაკრების ძირითად ცენტრად გიო შერმადინი დაასახელა. ბოლოში ბოლომდე აიჭრა და ტიმოფეი მოზგოვი მალე NBA-ს 5 საუკეთესო ცენტრში შევაო...

გომელსკივით შეიძლება ევროპის ჩეპიონატის ფავორიტებიც აიჭრან. დაუშვან შეცდომები, ვერ გათვალონ უმნიშვნელო ნიუანსები. უბრალოდ, არა მგონია, რომ საქართველო ჯგუფიდან ვინმეს დაუფიქრებლობის გამო გავიდეს. მოსაგები უნდა მოვიგოთ და ვილნიუსშიც მშვიდად, ლამაზად შევალთ.

24 გადატვირთვა

▲ზევით დაბრუნება


სპორტი|ჩოგბურთი

ზურაბ თალაკვაძე

0x01 graphic

ავსტრალიის მეიჯორის ბარმენმა კვნესა-ოხვრა-ხვნეშის კოქტეილი ვერ გაყიდა, მაგრამ მენიუ მაინც კარგი იყო. ყველაფრით კარგი და ყველაფრით წინა ოზურ ტურნირზე საინტერესო.

რამდენიმე პუნქტზე შეგვიძლია შევთანხმდეთ.

ანუ იმაზე, რომ როჯერ ფედერერი უკვე ასაკოვნების გაცვეთილ სავარძელში ზის, ვიდრე იქ, სადაც მანამდე ისვენებდა. როჯი დიდი სლემის ბოლო ოთხ ტურნირზე ფინალამდეც ვერ მიდის.

იმაზეც, რომ ენდი მარეი სულ იწყებს და ვერასოდეს ვერ ამთავრებს. შოტლანდიელ ბიჭუნას ფსიქოლოგ-ნევროპათოლოგის სეანსები აუცილებლად დასჭირდება.

ალბათ იმაზეც, რომ რაფაელ ნადალმა მომავალში უკეთ უნდა შეადგინოს პირადი გრაფიკი, ავსტრალიაში დალეწილ ტურისტად რომ აღარ ჩავიდეს. ესპანელი ზედიზედ მეორედ ჩადის მელბურნში ტრავმით და ზედიზედ მეორედ პასიურ ოფსაიდში რჩება.

იმაზეც, რომ დავიდ ფერერი ვერასოდეს ვერ გახდება დიდი სლემის რომელიმე ტურნირის ჩემპიონი. ვერც ჟო-ვილფრედ ცონგა. ვერც გაელ მონფილზი. ვერც დავიდ ნალბანდიანი. ვერც ლეიტონ ჰიუიტი. ვერც როდ ლეივერი.

იმაზეც, რომ ალექს დოლგოპოლოვი ჩოგბურთელია და არა MEGADETH-ის ახალი ბასისტი. უკრაინელი ბასზეც სერიოზულად უკრავს და ჩოგბურთშიც მაგარია. ალექსის ოცნება დეივ მასტეინის ჯგუფში ბასისტობაა. ალბათ, არ გამოვა. იქ მისტერ ელეფსონი აბასებს.

იმაზეც, რომ კანადელი გიგანტი მილან რაონიჩი პირველ ასეულში შევა, ბევრი ტურნირის ფინალში გავა, ბაზუკას, ანუ მოწოდებას მიმართულებას უფრო დაუკონკრეტებს და ახალი მარკ ფილიპუსისი გახდება.

იმაზეც, რომ ავსტრალიისთვის ბერნარდ ტომიჩი ახალი სკადი, პატრიკ რაფტერი, ლეიტონ ჰიუიტი, ანუ იმედია. სემ სტოსურთან ერთად ტომიჩმა ბევრი უნდა მოიგოს და ცოტა წააგოს.

იმაზეც, რომ ენდი როდიკს დღესაც აქვს მოწოდება, რომელიც სულ ჰქონდა და სხვა - არაფერი. როდიკი მეეისე იმპოტენტი გახდა.

და იმაზეც, რომ კიმ კლაისტერსს მალე მობეზრდება მოგება და ჩოგბურთში ანენი, სელეში ან კრის ევერტი დაბრუნდებიან. მანდილოსნების ჩოგბურთი უფრო მოსაწყენია, ვიდრე ქართული გახმოვანებით „პატარა ფოკერების” ათვისება.

ავსტრალიაში ნოვაკ ჯოკოვიჩმა, ჭორფლიანმა ბელგი ელმა გენიოსმა და ივან ლენდლმა მოიგეს. ლენდლი ვეტერან ჩოგბურთელებში გოლფის ტურნირის ჩემპიონი გახდა. ივანთან ერთად იქ მისტერ მაკინროიმ, მისტერ კონორსმა და ჰერ მიხაელ შუმახერმა ითამაშეს. ეს სპექტაკლი 5 საათს გაგრძელდა.

ნოვაკ ჯოკოვიჩი მაკინროიმ მოკლედ დაახასიათა - კარგი მაიკლ ჩანგი. ჩვენც მოკლედ დავახასიათოთ - მაიკლ ჩანგზე უკეთესი. ან, ენდი მარეიზე უკეთესი. შეიძლება ასეც - დღეს საუკეთესო. და ალბათ, დღეს ყველაზე მოტივირებული და ჯანმრთელი.

ჯოკოვიჩმა კარიერაში მეორედ მოიგო დიდი სლემის ტურნირი, ადრეც მელბურნში გახდა ჩემპიონი და რაც სერბი მახსოვს, დღეს ჯოკერი არარეალურად მოტივირებულია.

ჯოკოვიჩმა მარეის სამსეტიანი კორიდა აჩუქა. სქოთი სულ ის დაჭრილი, დაღლილი ხარი იყო და ნოვაკი კორტზე მრავლდებოდა, ერთიდან რამდენიმე მატადორი ჩნდებოდა და ჭრილობების რაოდენობაც იზრდებოდა. ჯოკოვიჩმა ფინალი 6:4, 6:2, 6:3 მოიგო, ფედერერთან სარეიტინგო ჰანდიკაპი მიზერამდე დაიყვანა და აბორიგენების ბაზრობაზე 3 თვის კოალა შეიძინა. ნოვაკმა ბრიფინგზე თქვა, თუ ერთი წლის შემდეგ ტიტულს დავიცავ, უკვე მოზრდილ დათუჩას ვიყიდიო.

ჯოკოვიჩი უკვე დიდი ბიჭია. იცის, ვისთან არ უნდა წააგოს (რაც სულ ეშლება რობინ სოდერლინგს) და აითვისა საზეპიროები მაკინროის ავტობიოგრაფიიდან „ვის, სად, როდის?”. ჯოკოვიჩმა საკუთარი თავი მოაშინაურა, ეს ლასოს წაჭერის გარეშე გააკეთა და შემდგომში, უფრო დაიხვეწება.

ჯოკოვიჩი: „4 წლის წინ ფედერერთან ამერიკის ღია პირველობის ფინალი წავაგე. შარშან ამერიკაში ნადალმა მომიგო. მანამდეც ძირითადად, როჯერთან და რაფაელთან ვაგებდი. დღეს ვგრძნობ, რომ ფავორიტების მეორე ეშელონს ზედმეტად შემოვრჩი. სერბეთის ნაკრებთან ერთად შარშან დევისის თასის მოგებამ შემცვალა. როდესაც ვხედავდი, როგორ განიცდიდნენ გულშემატკივრები ჩემს ნებისმიერ შეცდომას, საკუთარ თავს გადატვირთვა გავუკეთე. შემდგომში, როგორც კი ვიგრძნობ, რომ კორტზე პრობლემები მექმნება, ეგრევე „გადატვირთვას” დავაჭერ და დევისის თასის ფინალს გავიხსენებ”.

ფინალის პირველ სეტში ნოვაკმა და ენდიმ, მარეის მოწოდებაზე 17-წუთიანი გეიმი გაითამაშეს, რომელიც სქოთმა მოიგო. ორი ბრეიქ პოინტი გამოიღო და მოიგო. და იმ გეიმის შემდეგ მარეი ორად გაიყო. ერთი, ძირითადი ენდი სასტუმროში ნერვული სტრესის დიაგნოზით გააქანეს და მეორე მარეი მისი სუროგატი იყო. შემდეგ, ის სუროგატიც გაითიშა და ჯოკოვიჩმა ოსკარი მიიღო. ჯოკოვიჩი გახდა მეორე მამაკაცი ჩოგბურთელი, რომელსაც ღია ერაში ავსტრალიის ღია პირველობა, მინიმუმ, ორჯერ აქვს მოგებული.

სერბმა გააგდო ფედერერი, იხალისა დანარჩენებთან და ყველაფერი მშვიდად, შარმით და ელეგანტურად გააკეთა.

ორ საათში და 39 წუთში რეჟისორმა ჯოკოვიჩმა დაითხოვა გადამღები ჯგუფი, მარეის კი ეპიზოდური როლისთვის 50 დოლარი და ცივი ჰამბურგერი აჩუქა. ენდი თავის როლში დიდხანს შედიოდა, ბოლოში ყველაფერი გააფუჭა და მისი მონაწილეობით გადაღებული სცენები მონტაჟის დროს ამოიჭრება.

0x01 graphic

მანდილოსნებში არ იყო სერენა, იყო და დაიმტვრა ვენუსი და უილიამსობა კიმმა იკისრა.

კლაისტერსი საყვარელი გოგონაა. ელენა დემენტიევას გაცილებაზე ხელოვნურად არ უტირია, მეიჯორების ფინალში კი კიმის ოპონენტები რჩებიან ცრემლის ოკეანეში. რჩებიან და იხრჩობიან, სანამ კიმი ოფლს არ მოიწმენდს და ნაპირზე არ გამოიყვანს.

კლაისტერსმა შარშან ვერა ზვონარევასთან ოთხიდან სამი VS-ი წააგო. ბელგიელმა ერთხელ მოუგო რუსს და ისიც ამერიკის ღია პირველობის ფინალში. წელს ეს ორი ქალბატონი ერთი წრით ადრე შეხვდნენ ერთმანეთს და კიმმა ისევ ელეგანტურად შეუსრულა ვერას (6:3, 6:3). პრინციპში, ზვონარევას ადგილზე ნებისმიერს შეუსრულებდა. კიმი ტურნირამდე მესამე იყო, ზვონარევა - მეორე. ტურნირის შემდეგ გოგონებმა ადგილები გაცვალეს.

ფინალში იაო მინის შემდეგ ყველაზე გაპიარებულმა ჩინელმა, ნა ლიმ კიმს პირველი სეტი აუღო. კიმი აზრზე მოვიდა, ფორჰენდი ავტომატურ რეჟიმზე ჩართო და ბადესთანაც რამდენჯერმე საყვარლად მიძუნძულდა. 3:6, 6:3, 6:3. ქალების და ქალბატონების ტურნირი კიმმა მოიგო.

25 ვიცით, რომ არ ვიცით

▲ზევით დაბრუნება


სპორტი|ძიუდო

გიორგი მაჩაბელი

0x01 graphic

ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი

ძიუდოს მსოფლიო თასის ეტაპი თბილისში ზამთრის მეორე თვეს სტუმრობს. თუ სალიცენზიო სეზონია, შემადგენლობა სოლიდური მოდის. სხვა შემთხვევაშიც კარგი ბიჭები ჩამოდიან, მაგრამ უფრო - მეორე ეშელონის. გამონაკლისის და ერთჯერადი სიამოვნების მიღების სახით, ტატამზე ლეგენდებიც გადიან. წლევანდელი ტურნირის ყველაზე წონადი პერსონა რუსი ალექსანდრ მიხაილინი იყო. მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი, მიხაილინი მალე თავის პირველ წიგნს გამოუშვებს. ერუდირებული და საინტერესო მოსაუბრე, მიხაილინი თბილისში მშვიდად გახდა ჩემპიონი და მაინც ნაწყენი წავიდა. ამაზე მოგვიანებით გავისაუბროთ.

საქართველოს მასპინძლის სტატუსით ყველაზე მეტი მონაწილე ჰყავდა. თითო წონაში ჩვენმა მწვრთნელმა, სოსო ლიპარტელიანმა 44 ფალავანი დააყენა. რაოდენობიდან, მასპინძლის სტატუსიდან და შემადგენლობიდან გამომდინარე, ორდღიანმა ტურნირმა ჩვენთვის დიდი ხმაურით, მიზერული შედეგით და გაურკვეველი პერსპექტივით ჩაიარა.

60 კილოგრამში სამეულში საერთოდ ვერ შევედით. სამედლო ფავორიტი იყო ბეთქილ შუკვანი და ადრე წააგო. დანარჩენებმაც ვერ მოხსნეს ჯეკპოტი, დაჯილდოების დროს კი ჩვენ ფანებს შეეშალათ და აზერბაიჯანელ ჩემპიონს, ილგარ მუშკიევს უსტვინეს. რუსი ეგონათ. მეორეზე ყაზახი იერკებულან კასაიევი დაჯდა და ჰოვანეს დავთიანმა პოდიუმზე ასვლამდე მუნვოქი წაიცეკვა. სასაცილო ბიჭია.

საქართველომ ოქროს მედლები 73 და 81 კილოგრამ წონით კატეგორიებში დაიტოვა. ამბაკო ავალიანს (73) ლიპარტელიანიც აქებს და თვითონ სპორტსმენიც მონდომებული და სტაბილურად მოტივირებულია. მშვიდად გადის ტატამზე და ეგრევე აგვარებს ყველაფერს. ფინალში ავალიანმა ბელარუს ალექსეი რამანჩიკს აჯობა და დააიპონა. ერთი წონით ზემოთ კი ქართული ფინალი იყო, ანუ ყველა ვარიანტში ჩვენი ჰიმნისთვის უნდა მოგვესმინა. ავთანდილ ჭრიკიშვილმა მოიგო, დავით კარბელაშვილმა წააგო და ლიპარტელიანი ბედნიერი იყო. ამ წონაში ვარირებაც შეიძლება. კიდევ რამდენიმე სერიოზული ბიჭი გვყავს. უბრალოდ, მთავარმა მწვრთნელმა ამ კონკრეტულ ტურნირზე შედეგი ჭრიკიშვილისგან და კარბელაშვილისგან მიიღო. საქართველოს ჰიმნის შესრულების დროს ვიღაც გულშემატკივრის მობილურმა კოკო ჯამბოთი ტვინი გახვრიტა. პატრონმა არ უპასუხა. ალბათ, რომელიმე ბანკის საპრობლემოდან ურეკავდნენ, ასუმბანის შედეგი აინტერესებდათ.

მეტი ოქრო არ აგვიღია, ანუ მსოფლიო თასის ეტაპი ორი საუკეთესოთი დავხურეთ. ცოტაა. თან საკმაოდ ცოტა.

ზემოთ მიხაილინზე ვთქვით. მძიმე წონაში ნახევარფინალში სამი რუსი და ზვიად ხანჯალიაშვილი გავიდნენ. ჩვენმა კაცმა ვოლკოვთან წააგო, მიხაილინმა ფინალში ვოლკოვს მოუგო და ჩემპიონი გახდა. წავიდა რუსეთის ჰიმნი და დაიწყო ქართულ - უზრდელურ - სკინჰედური ფესტივალის ბისი. ახალგაზრდების დაახლოებით ასკაციანმა ჯგუფმა გამართული ინგლისურით, „ფაქ იუს” ერთწუთიანი მასტერკლასი ჩაატარა. მერე, რომელიღაცას არ დაეზარა და კოკა - კოლას ცარიელი (გადავრჩით, რომ ცარიელი) ბოთლი პოდიუმის წინ დააგდო. მიხაილინს გაეღიმა, პოდიუმიდან ჩამოსული ისევ გალანძღეს, ჩემპიონის მშობლები ულამაზოდ გაიხსენეს და როდესაც ბოლო წონითი კატეგორიის მედალისტების დაჯილდოება დაიწყო, დარბაზში თითქმის აღარავინ დარჩა. ტურნირის წამყვანს პერმანენტულად უხდებოდა ფანების გახურება და იმის გახსენება, რომ აპლოდისმენეტები „მოსულა”, ტაშის დაკვრა შეიძლება, არ „ტეხავს” და წამყვანმაც გინების დოზა მიიღო, როდესაც ფანებს ჰიმნების დროს გინებისგან თავისშეკავება სთხოვა.

საბოლოოდ, საქართველომ ორი ოქრო მიიღო, რუსეთმაც ორი ოქროთი დახურა ტურნირი, აზერბაიჯანმა, ყაზახეთმა და უკრაინამ კი თითო უმაღლესი მედალი დაიტოვეს. ლამაზი ტურნირი აგრესიული ფანებით და მიხაილინით, აპლოდისმენტების გარეშე დასრულდა. ცუდია. ცუდია ისიც, რომ ძიუდოდან ოქროს ბიჭები, ნესტორ ხერგიანი და ზურაბ ზვიადაური წავიდნენ.

26 ფერარი FF — პირველი სრულამძრავიანი მარანელოელი

▲ზევით დაბრუნება


ავტო

მერაბ ლორთქიფანიძე

0x01 graphic

ფერარი თავისი ოთხადგილიანი კუპე სკალიეტის მსოფლიო პრემიერას ჟენევის საავტომობილო გამოფენაზე გეგმავს, მანამდე კი ახალი ავტომობილის რამდენიმე ფოტო და ზოგიერთი ტექნიკური მახასიათებელი ინტერნეტით გაავრცელა.

სკალიეტის შემცვლელს ფერარი FF უწოდეს, რაშიც აბრევიატურა ფერარი ფორს აღნიშნავს, ანუ სრულამძრავიან ფერარის. ეს მარანელოელთა ისტორიაში პირველი ავტომობილია, რომელსაც ოთხივე ბორბალი წამყვანი აქვს. ამასთან, ავტომობილი იტალიური მარკისთვის უცნაური გარეგნობითაც გამოირჩევა, რომელიც მისთვის ატელიე პინინფარინამ შეიმუშავა. ესაა ეგრეთ წოდებული შუტინგ ბრეიკ ძარა, ან, უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, სამკარიანი კუპე მოჭრილი კუდით.

ფერარი FF-ის გაბარიტებია: სიგრძე 4 907 მილიმეტრი, სიგანე 1 953 მილიმეტრი და სიმაღლე 1 379 მილიმეტრი. მას გრძელი კაპოტი და დაგრძელებული სახურავი გამოარჩევს, რითაც შეიძლება ბეემვეს კუპე Z3 მოგაგონოთ. ჰეჩბეკის სტილის უკანა ნაწილი, ავტომობილის საბარგულის მოცულობას ზრდის, რაც ამ ტიპის სუპერავტომობილებისათვის საკმაოდ უცნაურია. ფერარის ახალი ავტომობილის ინტერიერის ფოტოები არ გამოუქვეყნებია, თუმცა გვპირდება, რომ სალონში კომფორტულად თავსდება ოთხი ზრდასრული ადამიანი და მათი ბარგი. საბარგულის მოცულობა 450 ლიტრია, მაგრამ თუ უკანა სავარძლებს დაკეცავთ, 800 ლიტრამდე გაიზრდება.

ფერარიმ პირველად შეიმუშავა სრულამძრავიანი ტრანსმისია, რომლისთვისაც თანამედროვე ტექნოლოგიები შეიმუშავა. სისტემა, რომელსაც 4RM უწოდეს, სხვა კომპანიების მსგავს სისტემებთან შედარებით, 50 პროცენტით ნაკლებს იწონის. იმავდროულად, ინჟინრებმა ავტომობილის წონის (1790 კგ) ღერძებს შორის თითქმის იდეალურად განაწილება შეძლეს (47:53). მარანელოელთა განცხადებით, 4RM ტრანსმისია ნებისმიერ ამინდში და საგზაო პირობებში, ავტომობილის იდეალურ მანევრულობას უზრუნველყოფს, რაც ბორბლებს შორის მაბრუნი მომენტის ოპერატიულად, საჭიროების მიხედვით განაწილებით ხდება.

რაც შეეხება ძრავს, ესაა 6.3-ლიტრიანი V12, რომელსაც საწვავის პირდაპირ წვის კამერაში მიწოდების სისტემა ემსახურება. ძრავი წინაა განლაგებული. მის მიერ გამომუშავებული 660 ცხენის ძალა (8 ათასი ბრ/წთ-ზე) და 683 ნიუტონმეტრი (6 ათასი ბრ/წთ-ზე) ორდისკოიანი ქუროს გავლით, ფ1-ის ტიპის გადაცემათა კოლოფს მიეწოდება. ავტომობილის წონისა და სიმძლავრის ფარდობა, 2.7 კილოგრამზე ერთი ცხენის ძალაა.

0x01 graphic

ფერარი FF ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფას 3.7 წამში ასწრებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 335 კმ/სთ-ია. იმის მიუხედავად, რომ სკალიეტისთან შედარებით, ძრავის ლიტრაჟი და სიმძლავრე გაიზარდა, ამით ეკონომიურობა არ გაუარესებულა - ავტომობილს 100 კილომეტრის გასავლელად 15.4 ლიტრი ბენზინი ჰყოფნის. ყოველი კილომეტრის გავლისას კი ის ატმოსფეროს 360 გრამი ნახშირორჟანგით აბინძურებს.

ავტომობილი ასევე აღჭურვილია სისტემა სტოპ/სტარტით, ეგრეთ წოდებული მაგნეტორეოლოგიკური ამორტიზატორებით, ბრემბოს კარბონ-კერამიკული მუხრუჭებით და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიებით.

ფერარი FF-ს შესახებ უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია მარტში, ჟენევის ავტო შოუზე გამოქვეყნდება.

27 ქართული კინოს სტაგნაცია დასრულებულია

▲ზევით დაბრუნება


კულტურა|კინო

ინტერვიუ კინოცენტრის დირექტორ თამარ ტატიშვილთან

მაკა კევლიშვილი

0x01 graphic

ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი

უკვე ერთი წელია, რაც საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს - თამარ ტატიშვილი. ამ პერიოდში ცვლილებები განიცადა როგორც ორგანიზაციის მართვის სისტემამ, ასევე მისი განვითარების სტრატეგიულმა გეგმამ და შეიცვალა პრიორიტეტებიც. როგორც ქალბატონ თამართან საუბარში ირკვევა, 2010 წელი კინოცენტრისთვის სიახლისა და გარდატეხის წელი იყო, წელი, რომელმაც რამდენიმე წარმატებული სრულმეტრაჟიანი ფილმი და უამრავი, როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი კინოპროექტი მოიტანა.

  • რა ძირეული ცვლილებებია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრში თქვენი მოსვლის შემდეგ?

უპირველესად უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულმა ცენტრმა 2010 წელს სრული რებრენდინგი განიცადა. კინოცენტრი ახალ შენობაში გადავიდა. შეიცვალა და განახლდა როგორც ცენტრის ვებგვერდი, ასევე საიმიჯო ლოგო და ორგანიზაციის სამოქმედო გეგმა. უფრო აქტუალური გახდა საერთაშორისო ურთიერთობები და ქართული კინოს ინტეგრაციის პროცესი. მნიშვნელოვან მოვლენად შეიძლება ჩაითვალოს ქართული კინოს გაწევრიანება ევროპის საბჭოს კინოს განვითარების ფონდში. იმ შემთხვევაში, თუ თანამშრომლობა ბოლომდე შედგა, მაშინ ქართველ პროდიუსერებს კინოდაფინანსების ძალიან სერიოზული ალტერნატიული წყარო გაუჩნდებათ. ადრე თუ მხოლოდ კინოცენტრი უზრუნველყოფდა ფილმების დაფინანსების პროცესს, ახლა ამ პროექტის სამართლებრივად დარეგულირების შემდეგ, სახეზე იქნება ქართული კინოპროექტებისათვის დამატებითი სახსრების მოპოვების გზა. მედიადაფარვის კუთხით ასევე მნიშვნელოვანია შარშან ჩვენი გაწევრიანება აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე დიდ მედიასახლში, რომელიც პროფესიული კუთხით, კინემატოგრაფში განვითარებული მოვლენების შესახებ სიახლეებს აქვეყნებს. აქამდე საქართველო საკმაოდ ეგზოტიკურ იმიჯს ატარებდა და მის შესახებ ინფორმაციაც ზუსტად ასევე ეგზოტიკურად აღიქმებოდა. დღესდღეობით კინოცენტრის ყველა სიახლე მათ საინფორმაციო ბადეშია ჩართული, ეს კი, ქართული კინოს შესახებ ინფორმაციის გავრცელებასა და ამის მეშვეობით ჩვენი ბაზრით დაინტერესებას განაპირობებს.

  • ქართული რეჟისურისა და კინოსკოლის განვითარების თვალსაზრისით იგეგმება თუ არა რაიმე ღონისძიებები?

„უნარები” და კინოგანათლება - ეს ძირეული პრობლემაა. ჩვენთან, როგორც პოსტსაბჭოთა ქვეყანაში, არ არსებობს პროფესიონალი პროდიუსერის ცნება, ადამიანის, ვინც იცის შემოქმედებითი ასპექტები, ვისაც აქვს ძლიერი ფინანსური განათლება, ვინც იცის, როგორ მოიპოვოს ფინანსები და როგორ აკონტროლოს. სწორედ ამ მიმართულებით გააძლიერა მუშაობა კინოცენტრმა. წლეულს პირველად, საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ისტორიაში, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ ტრენინგ-პროგრამაში ჩავერთეთ. ეს არის პროექტი EAVE - კინოპროექტებისა და ქსელური მუშაობის განვითარების პროფესიული ტრენინგ-პროგრამა. პროგრამის ფარგლებში საქართველოში მარტსა და ივლისში ორი სემინარი ჩატარდება, რომელსაც სპეციალურად ამ პროგრამისთვის მოწვეული საერთაშორისო დონის ექსპერტები წარუძღვებიან: ალან ფონტენი, კლერ დაუნსი, რიინა სილდოსი და ლიბილ კურცი. ტრენინგები სხვადასხვა მიმართულებით წარიმართება. მათ შორისაა სცენარისა და პროექტის განვითარება; კინოგაყიდვები, დისტრიბუცია და დაფინანსება. EAVE-ს ფარგლებში აირჩევა და დაფინანსდება 5 საუკეთესო კინოპროექტი. გარდა ამისა, მასში მონაწილეობის უფლება ექნებათ მომიჯნავე პროფესიის წარმომადგენლებსაც: ჟურნალისტებს, ფინანსისტებს, მარკეტოლოგებს.

  • როგორ ვითარდება ფილმწარმოების პროცესი?

შარშან მხატვრული, დოკუმენტური და ანიმაციური კინოპროექტის დაფინანსებისთვის გამოცხადებულ კონკურსს, პირველად კოპროდუქციის კონკურსი დავამატეთ. ეს არის ქართულ-უცხოური ფილმების თანაწარმოება, სადაც 2010 წელს ქართულ-ესპანურმა კინოპროექტმა გაიმარჯვა. უკვე 2011 წელს მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსის დამატებასაც ვვარაუდობთ, რაც ახალგაზრდა დამწყებ რეჟისორებს დამატებით სტიმულს მისცემს. ის ფინანსური შესაძლებლობები, რასაც კინოცენტრი დღესდღეობით ფლობს, ვცდილობთ მაქსიმალურად გადავანაწილოთ ისე, რომ არც ერთი მხარე არ დაიჩაგროს და კინო ყველა მიმართულებით განვითარდეს.

  • როგორი თემატიკის კინოპროექტებს აქვს წარმატების შანსი?

ორიენტირებულები ვართ არაკომერციულ პროექტებზე, ანუ საავტორო კინოზე. ამ ეტაპზე, რომ არა სახელმწიფო დაფინანსება, საავტორო ფილმების გადაღება და სუბსიდირება შეუძლებელი იქნებოდა. უნდა იყოს თუ არა კინო გაყიდვადი, კომერციული - ყოველთვის დავის საგანია. თუმცა ქართულ კინოთეატრებში ამ ბოლო დროს გასართობი ჟანრის, კომედიური ხასიათის კომერციული ფილმები გამოჩნდა, რომლებიც ფართო მასებზეა გათვლილი. როგორც წესი, ჩვენ ამ ტიპის კინოპროექტებს არ ვაფინანსებთ, მაგრამ არც ვეწინააღმდეგებით, რადგანაც მიმაჩნია, რომ ესეც პროცესის ნაწილია. თუმცა არსებობს შუალედური ტიპის კინო, რომელიც არც საავტოროა და არც სრულად კომერციული, რომელიც წარმატებულიც იქნება და მაყურებლისთვისაც მიმზიდველი - ეს კატეგორია უფრო უპრიანი იქნებოდა ჩვენი კინობაზრისთვის.

  • ქართულ კინოში ხშირად ლოკალური თემები ჭარბობს, ის თემები, რაც მხოლოდ ქართველი მაყურებლისთვის არის გასაგები. დღესდღეობით არის თუ არა ეს პრობლემა საერთაშორისო ბაზარზე გასვლისათვის?

ეს მიმართულებაც კინოცენტრის პრიორიტეტია. ერთია ის, რომ არსებობს უნივერსალური თემები, და მეორეა, რომ ადგილობრივი თემები ისე გამოჩნდეს ფილმში, რომ გასაგები გახდეს საქართველოს ფარგლებს გარეთაც. „გაღმა ნაპირი” და „ქუჩის დღეები”, პრინციპში, ამ შეკითხვას კარგად პასუხობს. ეს ფილმები მოსაწონი და გასაგები გახდა არა მხოლოდ ქართული საზოგადოებისათვის. მეტიც, „ქუჩის დღეები” გაიყიდა კანადასა და ამერიკაში, ხოლო „გაღმა ნაპირი” საფრანგეთში. ასე რომ, ეს ფილმები კომერციული თვალსაზრისითაც მომგებიანი აღმოჩნდა.

  • რა ფუნქცია აქვს კინოკომისიას, რომლის პრეზენტაციაც 28 იანვარს კულტურის სამინისტროში შედგა?

კინოკომისია არის ეროვნული კინოცენტრის ქვესტრუქტურა, რომელიც ემსახურება ადგილობრივ და უცხოელ კინემატოგრაფისტებს ქვეყანაში კინოწარმოებისათვის აუცილებელი ინფორმაციის მოძიებასა და მიწოდებაში. ის რეკლამირებას უწევს საქართველოს, როგორც მომხიბვლელ გადასაღებ სივრცეს და მის ტექნიკურ შესაძლებლობებს.

  • როგორ აფასებს კინოცენტრი ქართულ კინემატოგრაფში განვითარებულ მოვლენებს ?

დღეს ჩვენ ვსაუბრობთ წელიწადში 6-7 ფილმის დაფინანსებაზე, რაც რამდენიმე წლის წინ წარმოუდგენელი იყო. ცხადია, რაოდენობა არ განსაზღვრავს ხარისხს, თუმცა ეს ფაქტორი ნამდვილად გასათვალისწინებელია. ქართული კინოს სტაგნაცია ნამდვილად დასრულდა და ახლა ველოდებით ახალ ტალღას.

28 როდესაც ქალი კოცნის ქალს

▲ზევით დაბრუნება


კულტურა

ნიკა ესებუა

გაიხსენეთ კლარკ გეიბლისა და ვივიენ ლის კოცნა („ქარწაღებულნი”) ანკასაბლანკაშისცენა, როდესაც ილზა რიკს გამოუტყდება, რომ კვლავ უყვარს და ერთმანეთს კოცნიან. არ შეიძლება ნანახი გქონდეთ და დაგავიწყდეთ განშორების შემდეგ ჰიტ ლეჯერისა და ჯეიკ გილენჰაალის კოცნაკუზიან მთაში”, დაუვიწყარია გრეის კელისა და ჯეიმს სტიუარტის ამბორი („ეზოში გამავალი ფანჯარა”). კინემატოგრაფიას ქალის და მამაკაცის, ორი მამაკაცის, რობოტის და ადამიანის არაერთი კოცნა ახსოვს. აქ კი წარმოგიდგენთ ყველა დროის 10 საუკეთესო კოცნის სცენას ორ მანდილოსანს შორის. ყველაზე ვნებიანი, სექსუალური და დაუვიწყარი ეპიზოდები მხატვრული ფილმებიდან.

0x01 graphic

10. ენის ფეი და ლიზა არტურო - „ამერიკული ნამცხვარი 2”

„ამერიკულმა ნამცხვარმა” XX საუკუნის ბოლოს კოლეჯ-კომედიების ახალი ტალღა ააგორა. ფილმის მეორე ნაწილში არის სცენა, სადაც ორი ლამაზმანი ფილმის მთავარ პერსონაჟებს თამაშს სთავაზობს, რომელიც სექსუალური და ამავდროულად ძალიან სასაცილოა.

0x01 graphic

9.შარლიზ ტერონი და პენელოპა კრუზი - „თავი ღრუბლებში

წარმოიდგინეთ შარლიზ ტერონი და პენელოპა კრუზი ერთმანეთს კოცნიან. ორი ულამაზესი ქალბატონის ტუჩები ერთმანეთს ეხება. კოცნა ხანმოკლეა. მას ცრემლები და სისხლი ჩაანაცვლებს. ულამაზესი სცენაა. სამწუხაროდ, ფილმი არაფრად ვარგა.

0x01 graphic

8. კატრინ დენევი და სუზან სარანდონი - „შიმშილი

1983 წლის ფილმი ვამპირებზე. ინტიმური ატმოსფერო, მსახიობების მშვენიერი თამაში და ბრწყინვალე სცენა, სადაც დენევი პიანინოზე უკრავს, შემდეგ უახლოვდება სარანდონის პერსონაჟს და ერთი ვნებიანი კოცნით მთლიანად ცვლის მის ცხოვრებას. მერე რა, რომ კატრინ დენევი ვამპირია და შეიძლება ამბორის შემდეგ მის სადილად იქცეთ, მაინც ძნელია გაუძლო მისი ტუჩების ცდუნებას. ტონი სკოტის (დიახ, ის ტონი სკოტი. რიდლის ძმა. ბოლო წლები მთავარ როლებს, მხოლოდ დენზელ ვაშინგტონს რომ ათამაშებს) ფილმი Bauhaus-ის დაუვიწყარი საუნდტრეკით.

0x01 graphic

7. დენის რიჩარდსი და ნივ კემპბელი - „ველურობა

სცენა, როდესაც ეს ორი პერსონაჟი ერთმანეთს აუზში კოცნის, ამ ფილმის ერთადერთი ღირსებაა. როგორც მხატვრული ნამუშევარი, „ველურობა” ძალიან ცუდსა და ნაგავს შორისაა.

0x01 graphic

6. ჯულიანა მური და ტონი კოლეტი - „საათები

ეს სცენა არც სექსუალურია, არც მიმზიდველი. არც ახალგაზრდა გოგოების მიმზიდველი სხეულები ჩანს. უბრალოდ, ძალიან ლამაზი და სევდიანი ეპიზოდია. იმისთვის, რომ იგრძნოთ ეს ეპიზოდი, ფილმი უნდა იგემოთ. დალდრის „საათების” ნახვა კი ერთი დიდი სიამოვნებაა.

0x01 graphic

5.სკარლეტ იოჰანსონი და პენელოპა კრუზი - „ვიკი, კრისტინა, ბარსელონა

ეჰჰ, ვუდი, ვუდიი… ძალიან დაბერდა ალენ კონიგსბერგი, სულ უფრო უჭირს ნორმალური ფილმების გადაღება, საუბარი არ მაქვს 70-80-იანი წლების დიდების დაბრუნებაზე. თუმცა ეს სურათი კარგი გამოუვიდა. ეშხიანი, საოცნებო, სასაცილო და მხიარული. სკარლეტის და პენელოპას კოცნის სცენა კი უბრალოდ მომაჯადოებელია.

0x01 graphic

4.სარა მიშელ გელარი და სელმა ბლერი - „სასტიკი თამაშები

„კარგი, კიდევ ერთხელ ვცდი, ოღონდ ამჯერად ჩემს ენას პირში შემოგიცურებ”. ამ ერთი ფრაზით და შემდეგ მოქმედებით სარა მიშელ გელარი სელმა ბლერთან ერთად უდავოდ ათეულის ღირსია.

0x01 graphic

3.ჯენიფერ ტილი და ჯინა გერშონი - „კავშირი

ენდი და ლანა ვაჩოვსკებმა „მატრიცამდე” ეროტიკული თრილერი გადაიღეს. მიუხედავად იმისა, რომ ფილმი ნორმალურია, ჯო პანტოლიანო ბრწყინვალედ თამაშობს და სიუჟეტიც საკმაოდ საინტერესოა, ეს ფილმი კინოს ისტორიაში ჯენიფერ ტილის და ჯინა გერშონის სექსის სცენის გამო შევა. მისი ნახვის შემდეგ არ მიკვირს, ლარი ვაჩოვსკიმ სქესი რომ შეიცვალა და ქალი გახდა.

0x01 graphic

2.ნატალი პორტმანი და მილა კუნისი - „შავი გედი

ეს ფილმი ალბათ უმეტესობამ უკვე ნახეთ და იცით, რა სცენაზეც მაქვს საუბარი. ეპიზოდი, რომელიც ზებუნებრივად მიმზიდველი, ერთდროულად ღვთიური და დემონურია. სცენა პორტმანის გმირის საძინებელში, კოცნა, რომელიც „გედების სექსში” გადაიზარდა.

0x01 graphic

1.ნაომი უოტსი და ლორა ჰარინგი - „მალჰოლანდ დრაივი

დევიდ ლინჩმა სული გაყიდა. არ ვიცი, ვის ან რას მიჰყიდა, მაგრამ ფაქტია - უბრალო მოკვდავს არ შეუძლია ასეთი სექსუალური, ვნებიანი სცენის გადაღება. ეპიზოდი, როდესაც ჰარინგის პერსონაჟი საძინებელში შედის და უოტსის გვერდით წვება, მომაკვდინებლად მშვენიერია. მესმის, გიჭირთ ლინჩის ფილმების გაგება, სავარაუდოდ თვითონ რეჟისორსაც არ ესმის ბოლომდე, რას იღებს, მაგრამ „მალჰოლანდ დრაივი” თავისი ბრწყინვალე სცენებით განუმეორებელი ფილმია.

29 განუმეორებელი მაქქუინი

▲ზევით დაბრუნება


კულტურა

სიმონ მაჩაბელი

0x01 graphic

ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში, როდესაც მოდა კრიზისში იყო და ყოველგვარი არტისტიზმისაგან დაცლილ კომერციად იქცა, ლონდონელმა ალექსანდრ (ლი) მაქქუინმა მას არა მხოლოდ ახალი ენერგია შემატა, არამედ ტანისამოსისადმი მიდგომაც ძირეულად შეცვალა. 11 თებერვალს მისი გარდაცვალებიდან ერთი წელი გავა...

0x01 graphic

ბრიტანეთის იმპერიის ორდენით

ალექსანდრ მაქქუინი ტაქსის მძღოლის მეექვსე შვილი იყო. სკოლა 16 წლისამ მიატოვა. შემდეგ Sawille Row-ზე, მამაკაცთა ტრადიციული ტანისამოსის ატელიეში შეგირდად მუშაობდა. მერე თეატრალური კოსტიუმების კომპანია Angel-ში მოღვაწეობდა და მილანში რომეო ჯილის ასისტენტიც იყო. მაქქუინმა ცნობილ Central Saint Martins-ის ხელოვნების კოლეჯში მაგისტრის დიპლომი აიღო. ორიგინალური, ინტუიტიური და ამავე დროს მელანქოლიური მაქქუინი პირველივე კოლექციიდან მოყოლებული საკუთარი თავის ერთგული იყო და მუდმივად უკომპრომისო, თამამ შემოქმედებით გადაწყვეტილებებს იღებდა. სავსე, მაგრამ ხანმოკლე შემოქმედების მანძილზე მან ხელობის ყველა კომპონენტი საკუთარ  ხელწერად აქცია - პროპორცია, ფერი თუ ფაქტურა.

0x01 graphic

მალე მაქქუინი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მოდის დიზაინერი გახდა. მან ფუნდამენტური ცვლილებები შეიტანა თანამედროვე ქალის სილუეტში (დაბალი წელი, ვიწრო შარვლები, ეგრეთ წოდებული the bumster - რაც ქალის ტორსს უფრო გრძელს აჩენდა). მან წარმოგვიდგინა ბრუტალური და ამავდროულად უაღრესად რომანტიკული, მუდამ ცვალებადი კონტრასტების დრამატული სამყარო, რის გადმოცემასაც საკუთარი კოლექციების ჩვენებებზე არაჩვეულებრივად ახერხებდა.

0x01 graphic

ალექსანდრ მაქქუინი და ქეით მოსი

მაქქუინი ქმნიდა დაუვიწყარ სიზმრებს, ახერხებდა სილამაზის მიღმა ეპოვა უფრო მძაფრი სილამაზე, დაუფარავად ცდილობდა სულიერ ტკივილსა და ტრაგიზმში დაენახა იდუმალება, აგებდა თანამედროვე გოთიკურ სივრცეებს, რომელშიც თავის პერსონალურ ტკივილს, რომანტიზმს და სევდას აცოცხლებდა. ის ამბობდა, რომ ყველაფერი ბიოგრაფიულია - მის უკანასკნელ კოლექციებში განსაკუთრებით გამძაფრებულია იდუმალების, სიურრეალიზმის განცდა. მდიდარი ისტორიული და კულტურული პარალელების მიუხედავად, მისი ნამუშევრები თანამედროვე ცხოვრების, მთელი თაობის აბსტრაქტული ანარეკლია.

მაქქუინი არასდროს ყოფილა ზედაპირული მოდის ვარსკვლავი, ის იშვიათად  თანხმდებოდა ინტერვიუებზე. ალექსანდრს განსაკუთრებული მეგობრობა აკავშირებდა მოდის გურუ იზაბელა ბლოუსთან, რომელმაც მისი სადიპლომო კოლექცია მთლიანად შეიძინა. იზაბელას დაღუპვას მან 2008 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია მიუძღვნა. ამ დროს თავადაც მძიმე დეპრესიაში იყო, თუმცა მეორე მეგობარს, სუპერმოდელ ქეით მოსს თანაუგრძნობდა - ორივეს კოკაინთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდათ.

2006 წლის შემოდგომა-ზამთრის ჩვენების ბოლოს, მაქქუინმა შუშის პირამიდაში ქეით მოსის სამგანზომილებიანი ფსიქოდელიური პროექცია აჩვენა, თავად კი პოდიუმზე გამოვიდა მაისურით, რომელზეც ეწერა: we love you kate. ამ ჟესტით დიზაინერი საჯარო პროტესტს უცხადებდა საზოგადოებას, რომელიც მათ კიცხავდა.

იმის წარმოდგენაც კი შემზარავია, თუ რამხელა ტკივილსა და მარტოობას განიცდიდა მაქქუინი სიცოცხლის ბოლოს, როდესაც დედა გარდაეცვალა და სულ ცოტა ხანში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

თუმცა ხელოვანმა მოასწრო და მოდა, როგორც შემოქმედი ადამიანის კომუნიკაციის კონცეფცია, სხვა სიმაღლეზე აიყვანა. მან იმდენად მდიდარი შემოქმედებითი მემკვიდრეობა დატოვა, რომ არა მხოლოდ მოდის, არამედ თანამედროვე ბრიტანული კულტურის უდავო მწვერვალად შეგვიძლია მივიჩნიოთ.

2010 წლის 11 თებერვლის, შოტლანდიელი დიზაინერის გარდაცვალების შემდეგ, პრაგმატული სამყარო ვერ შეელია მატერიალისტურ მისწრაფებებს და მოდის სახლი Alexander McQueen განაგრძობს ამ უაღრესად თვითმყოფადი დიზაინერის გარეშე სიცოცხლეს. თუმცა წარმოუდგენელია ისეთი რანგის ნამუშევრების შექმნა, როგორსაც მაქქუინი აკეთებდა. მისი მიბაძვა უშედეგოა, რადგან, როგორც თავად ამბობდა, „მოდა ჩემი ხელობა არ არის, ეს ჩემი ცხოვრების წესია...

0x01 graphic

ყველა ფოტო: REUTERS ©

30 ბავშვთა სამყარო

▲ზევით დაბრუნება


კულტურა|ლიტერატურა

ზაზა ბურჭულაძე

2002 წლის ცხელი აგვისტო იყო. მოსკოვში ჩემს ქართველ მეგობრებს ვსტუმრობდი. ერთ დღეს არბატზე წიგნის მაღაზიაში უაზრო ხეტიალისას შემთხვევით თვალში მომხვდა წიგნი, მაშინ ჩემთვის არაფრისმთქმელი გვარ-სახელით - იური ანდრუხოვიჩი. რომანი „პერვერზია”. საზიზღარი გამოცემა იყო, საშინელი დიზაინით. იქვე თაროზე იდო ამავე ავტორის მეორე რომანი „მოსკოვიადა”, პირველზე უარესი ყდით. არ ვიცი, რატომ, მაგრამ მაშინ ორივე წიგნი ვიყიდე.

0x01 graphic

იმავე ღამით ვიფიქრე, „მოსკოვიადას” ჩავხედავ და დავიძინებ-მეთქი და... ვერ დავიძინე. ბავშვობის შემდეგ ეს იყო ერთ-ერთი იმ იშვიათ წიგნთაგანი, რომელმაც უდიდესი სიამოვნებით გამათენებინა ღამე. რომანი აღწერს - აღწერს საშინლად და დაუნდობლად - ლიტინსტიტუტის სტუდენტის ოტო ფონ ფ.-ის ერთ მოსკოვურ დღეს. ერთ უსასრულოდ სევდიან, დრამატულ, გროტესკულ და სრულიად ფანტასტიკურ დღეს! 90-იანი წლების მოსკოვურ ჯოჯოხეთში თუ ჯოჯოხეთურ მოსკოვში პოეტი და ფილოსოფოსი ოტო ფონ ფ. ერთ დილით საერთო საცხოვრებლიდან „ბავშვთა სამყაროსკენ” მიემართება, რომ მეგობრის შვილს სათამაშო უყიდოს. მაგრამ, სანამ პოეტი დანიშნულების ადგილამდე მიაღწევს, ჯერ მისი ოთახის ფანჯრიდან უნდა გადახტეს სხვა სტუდენტი და მოკვდეს, შემდეგ შავკანიან ქალთან უნდა ქონდეს სექსი საერთო საცხოვრებლის საშხაპეში, შემდეგ ლუდის ბარში - რომელიც ჯოჯოხეთის ფილიალს გავს - უნდა გამოვიდეს პახმელიაზე, ამაოდ ეცადოს საყვარელ ქალთან შეხვედრას, შემდეგ მაღაზიაში ბოშათა ბარონმა ჯიბიდან საფულე უნდა ამოაცალოს, ბარონის დევნაში კი მაღაზიის სარდაფში აღმოჩნდეს, სადაც ირკვევა, რომ „ბავშვთა სამყაროს” ქვეშ სტიქსივით განიერი და უკიდეგანო მილი გადის, რომელშიც მოსკოველთა განავალი მიედინება, სადაც დაიხრჩობა კიდეც ბარონი - ჩავარდება რა მასში ღია ლიუკიდან, შემდეგ პოეტი მილიციამ უნდა დაიჭიროს და აწამოს, და ა.შ., და ა.შ., მანამ, სანამ პოეტი არ გაიქცევა-გააღწევს მოსკოვიდან - ჯოჯოხეთიდან.

რომან „პერვერზიას” კიდევ უფრო ფანტასტიკური სიუჟეტი აქვს, რომლის მოქმედებაც ვენეციაში ხდება -- პოეტური კარნავალი ნიღბების კარნავალის ქალაქში... თუმცა მასზე საუბარი შორს წაგვიყვანს. თან ამ რომანზე საუბარს მისი წაკითხვა ჯობია.

„მოსკოვიადას” და „პერვერზიას” შემდეგ გავარკვიე, რომ პოეტი, პროზაიკოსი და ესეისტი იური ანდრუხოვიჩი თანამედროვე უკრაინული ლიტერატურის პატრიარქი და უბრალოდ კაი კაცი ყოფილა.

დღეს 50 წლის ანდრუხოვიჩი ცხოვრობს და მოღვაწეობს ივანო-ფრანკოვსკში. მიღებული აქვს ჰერდერის პრემია (2001) რომანისთვის „პერვერზია” და ცენტრალური ევროპის ლიტერატურული პრემია ანგელუსი (2006) რომანისთვის „თორმეტი სალტე”. მის სახელს უკავშირდება ე.წ. სტანისლავსკის ფენომენის გაჩენა და ფრანკოვსკში ადგილობრივი შემოქმედებითი ელიტის ფორმირება. მისი შემოქმედება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს თანამედროვე უკრაინულ ლიტერატურულ პროცესებზე. მისი წიგნები თარგმნილია ბევრ ევროპულ ენაზე. იგი ღიად გამოდის უკრაინაში რუსეთის გავლენის და რუსული ენის წინააღმდეგ. ანდრუხოვიჩი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც რუსეთ-საქართველოს ომი დაგმო: „ეს ომი - რა მნიშვნელობა აქვს, ვინ დაიწყო - რუსეთის პროვოცირებულია, რადგან აგრესორი ყოველთვის იგი იყო. რუსეთი თავის თავზე ავის მომასწავებლადაა შეყვარებული და საშინლად თავხედია”.

  • როგორ აღწერდით განსხვავებას ივანო-ფრანკოვსკის, ლვოვისა და კიევისეკზისტენციალურ კლიმატებსშორის?

ლვოვი და ფრანკოვსკი ერთმანეთთან ძალიან ახლოსაა, ჩვენ სულ რაღაც 140 კილომეტრი გვაშორებს, ისტორიულად და რეგიონალურად ჩვენ გალიცია ვართ. ლვოვი პატარა პროვინციული ქალაქია, რომელიც თავის თავს რატომღაც მეტროპოლიად მიიჩნევს. ლვოვი ის ძაღლია, თავისი ჯიშიანობით რომ ტრაბახობს, არადა, მისი ჯიშიანობა საკმაო ეჭვებს ბადებს. ფრანკოვსკი კი უჯიშო და უპრეტენზიო ძაღლია. პროვინცია, რომელსაც არ რცხვენია, რომ პროვინციაა. ლვოვის ენობრივი გარემო საკმაოდ რთულია. 1950 წლიდან მოყოლებული მოსახლეობის თითქმის მესამედი რუსულად მეტყველებს. ფრანიკი უფრო მრავალენოვანია. კიევი კი უიღბლო ქვეყნის დედაქალაქია, რომელიც თანდათან თვითონვე ხდება უიღბლო. მიჩნეულია, რომ კიევით უნდა აღფრთოვანდე. მაგრამ მე ვთვლი, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ უკრაინული ფარისევლობისა და თავის მოტყუების შემადგენელი ნაწილია. კიევში ყველაზე უფრო მისი საზოგადოებრივ-პოლიტიკური შემგუებლობა მაოცებს. ესაა დედაქალაქი, რომელსაც არ გააჩნია იმისი უნარი, ერთ საპროტესტო აქციაზე მაინც გავიდეს. მას უთუოდ ჭირდება ემოციური საკვები რეგიონებიდან. ნარინჯისფერი რევოლუციის დროს კიევი უცბად უკრაინულად ალაპარაკდა. ახლა კონტრრევოლუციამ გაიმარჯვა და კიევიც ისევ რუსულად მეტყველებს. პირდაპირ რაღაც ცომია და არა ქალაქი.

  • თქვენი ადრეული წიგნების გმირი მეოცნებე, პოეტი, ხულიგანი, პოლიტიკური რეფლექსიებისგან გაუცხოებული ტიპია. რამდენადაა ეს პერსონაჟი ავტობიოგრაფიული. როდის აღმოაჩინეთ თქვენში საზოგადო მოღვაწის პოტენციალი?

პოლიტიკა არსებობის ნაწილად მიმაჩნია. რადგან ვარსებობ, მაშასადამე, მე მას ვერსად გავექცევი. მით უფრო, რომ მე დავიბადე ქვეყანაში, სადაც პოლიტიკა - ამ სიტყვის უბინძურესი გაგებით - ყოველდღიურად გვასახიჩრებს და ტრავმებს გვაყენებს მეც და ჩემს თანამემამულეებსაც. ამიტომ - ვიტყვი გულახდილად, თუმცა გულუბრყვილოდ, - ვცდილობ, რაღაც ზეგავლენა ვიქონიო, რომ ეს ტრავმები რამენაირად შევამსუბუქო. მე ვერ ვხედავ ჩემში საზოგადო მოღვაწის პოტენციალს. მაგრამ ვიცი, რომ ზოგჯერ მე უნდა ვთქვა ხმამაღლა ის, რასაც სხვა ვერ იტყვის. მე გადავწყვიტე იმის ლაპარაკი, რასაც ვფიქრობ, ასე რომ, პოლიტიკოსი მე ვერასდროს გავხდები.

  • არასოდეს გაგჩენიათ რუსულად წერის სურვილი, როგორც, მაგალითად, გოგოლს?

არ გამჩენია იმ უბრალო მიზეზით, რომ ეს ბანალური იქნებოდა. თუკი ენის შეცვლაზე მიდგა საქმე, მირჩევნია, უფრო რადიკალურად შევცვალო და გერმანულად ან ინგლისურად დავიწყო წერა. ჩემი აზრით, რუსული დამდგარი, შევსებული და საკმაოდ დაღლილი ენაა. როცა მე მიწევს რუსულად წერა და საუბარი, ყოველთვის მგონია, თითქოს XIX საუკუნეში გადავვარდი და რაღაც ტურგენევისეული ან ჩერნიშევსკისეული კონსტრუქციები მითრევს. უკრაინული კი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების სტადიაშია. უკრაინულ ენაზე სულ კამათობენ (ხშირად აგრესიულად, სისხლამდეც), როგორ უნდა ითქვას რაღაც, როგორია ნორმა, და, რაც ყველაზე საინტერესოა, სადაა იგივე ნორმა და სად - ნორმიდან გადახვევა. უკრაინული ენა ერთგვარი პლასტილინია, რომლისგანაც ნებისმიერი რამის გამოძერწვა შეიძლება, გამაოგნებელ-მშვენიერისაც კი. იმ პირობით, თუკი მას პოლიტიკურ წნეხში არ გავატარებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, საცოდავ კვერს მივიღებთ. რამდენადაც თავისი ჯერ კიდევ დაუმდგარი არსით იგი ერთობ მოწყვლადია - როგორც ყველაფერი უკრაინული.

  • შეიძლება, ამიტომაც საუბრობენ ამდენს ბოლო წლების რუსეთში ხარკოველ მიხაილ ელიზაროვზე და კიეველადოლფიჩნესტერენკოზე და ამიტომაც არიან ისინი იქ უფრო ცნობილები, ვიდრე უკრაინაში.

რასაკვირველია, ისინი რუსი მწერლები არიან. მწერალს მშობლიურ ქვეყანაში უკეთ იცნობენ, ვიდრე მეზობელში. თუნდაც მისთვის ფიზიკურად მეზობელი სწორედ მშობლიური იყოს. რა მნიშვნელობა აქვს, სად დაიბადე და გაიზარდე. მწერლისთვის მთავარი ენაა, რომელზეც წერს. თუ რუსულად წერ, მაშასადამე, შენ რუსი მწერალი ხარ.

  • თქვენი აზრით, როგორი პოლიტიკური წყობა იქნებოდა უკრაინისთვის იდეალური?

უკრაინაში იდეალური წყობა შეუძლებელია. ნებისმიერ შემთხვევაში ქვეყნის ნახევარი ჩვენთან ყოველთვის უკმაყოფილო იქნება. რაც უნდა მოიფიქრო და გააკეთო, ნახევარი უკრაინა მუდამ საბოტაჟს მოგიწყობს და ბოიკოტს გამოგიცხადებს. ალბათ არის ამაში თავისებური კაიფი.

  • საქართველოს და უკრაინას, პირველ ყოვლისა, აერთიანებს ის, რომ ორივე პოსტსაბჭოთა ქვეყანაა. რაში მდგომარეობს ამ ტერმინის არსი? დღეს რითი განსხვავდება პოსტსაბჭოთა ქვეყანა აღმოსავლეთევროპულისგან?

ამაზე პასუხი არც ისე ადვილია, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს. ქვეყნის, ასე ვთქვათ, პოსტსაბჭოთურობა, ალბათ, მოსკოვის, როგორც ყოფილი საბჭოთა ცენტრის, გავლენით განისაზღვრება. 2005-2009 წლებში ეს გავლენა უკრაინაში საკმაოდ შესუსტებული იყო, და უკრაინაც ამ წლებში უფრო აღმოსავლეთევროპული ქვეყანა იყო, ვიდრე პოსტსაბჭოთა. და აი, შეიცვალა მთავრობა - და ჩვენ იმაზე უფრო პოსტსაბჭოთა ქვეყანა ვართ, ვიდრე 90-იანებში ვიყავით. რაღა „პოსტ”, ჩვენ დღეს სრულიად საბჭოთა ქვეყანა ვართ! საქართველო კი, როგორც მე მესმის, დღეს მოსკოვზე აღარაა დამოკიდებული. სხვათა შორის, ოდესმე ემიგრაციაში წასვლა თუ მომიწია, ალბათ საქართველოში წამოვალ. იგი არაფრით ჩამოუვარდება თუნდაც შვეიცარიას. მთავარია, თქვენთან არის მთები.

  • თუკი რუსეთი გააგრძელებს ახალგულაგშიშეცოცებას, როგორც ახლა ხდება, ამაში არაფერი იქნება კარგი მისი მეზობლებისთვის. გაქვთ რაიმე პროგნოზი ამასთან დაკავშირებით?

პროგნოზების კეთება უკვე გვიანია - პროცესი დაწყებულია. მე ვფიქრობ, ჩვენი შემდეგი რევოლუციის დროს (ვფიქრობ, უკრაინაში გარდაუვალია კიდევ ერთი რევოლუცია) რუსეთის შეიარაღებული ძალები ამოქმედდებიან უკრაინის ტერიტორიაზე - უკრაინის მთავრობისვე თხოვნით. რუსი ჯარისკაცები და უკრაინელი მილიციელები ფიზიკურად გაუსწორდებიან ჩვენს მოჯანყეებს. რითი დამთავრდება ეს, არ ვიცი, მაგრამ საკმაოდ მკაფიოდ ვხედავ დაპირისპირების სურათს. ჩვენ ამისი და ამაში გავლა მოგვიწევს, თუკი გვინდა, რომ ნამდვილად აღმოსავლეთევროპული ქვეყანა გავხდეთ.

31 თანამედროვე ალქიმიის მექა

▲ზევით დაბრუნება


გურმანი

დალი კრიხელი

გემოთა გამა, არომატული ჰარმონია, ყინვით ხმობა, ულტრაბგერითი ხარშვა, თხევადი აზოტი, კალციუმის ქლორიდი, აგარ აგარი, ჟანგბადის ბუშტები, ელემენტთა მეცნიერული ანალიზი, შეხამების ხე-სქემები, მოლეკულური გასტრონომია... ეს სიტყვები სამი დღის განმავლობაში ჰაერში იმ კერძების არომატებთან ერთად ტრიალებდა, რომლებიც ჰიპერთანამედროვე კულინარიის მედროშე მზარეულებმა, მადრიდში, იანვრის კვირას გამართულ გასტრონომიულ სამიტზე წარმოადგინეს.

წლევანდელმა, რიგით მეცხრე Madridfusión-მა ასობით მონაწილე გააერთიანა - როგორც შეფ-მზარეული, ბარმენი, ბარისტა, მიქსოლოგი, ბიო-ინჟინერი თუ თანამედროვე ტექნოლოგიის სპეციალისტი, ასევე კულინარიასთან პირდაპირ, ირიბად თუ გატაცებით დაკავშირებული ათასობით სტუმარი. მხოლოდ ჟურნალისტების რიცხვმა წელს ათასს გადააჭარბა - ეს ყველაფერი იმის დასტურად, რომ Madridfusión სამიტი დღევანდელი კულინარიული სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომელიც უახლესი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების წარმოდგენით თანამედროვე კულინარიის მიმართულებებს ადგენს. ერთი სიტყვით, მადრიდი გასტრო-ავანგარდის მაჯისცემა და გულისყურია.

თუმცა, ეს ყველაფერი მხოლოდ რიცხვებად და მშრალ სიტყვებად რომ არ დარჩეს, ჯერ ვიკითხოთ, თუ რა მიზანს ემსახურება შეფ-მზარეულთა კონგრესი და რა საჭიროა ასეთი სახის მოვლენა. ნუთუ მიშლენის ვარსკვლავებით აღნიშნული რესტორნის სამზარეულო, თუნდაც უახლესი ტექნოაპარატურით აღჭურვილი, არასაკმარისი სივრცეა დღევანდელი მზარეულებისთვის? როგორც ჩანს, უკვე აღარ, რადგან კულინარია დიდი ხანია გასცდა სამზარეულოს კედლებს და ახალი სივრცეები დაიპყრო. დღეს მთავარი არა იმდენად ტექნიკა, არამედ იდეები და შემოქმედებითი მიდგომაა. შემოქმედება საზღვრებისა და საავტორო საკუთრების გარეშე. მადრიდმა წერტილი დაუსვა იმ დროს, როდესაც ამა თუ იმ მზარეულის რეცეპტი საავტორო საკუთრებას და რომელიღაც სამზარეულოში კარგად დაცულ საიდუმლოებას წარმოადგენდა. ესპანელი მზარეულები კედლებს ანგრევენ და ჩარჩოების გარეშე აზროვნებისკენ მოგვიწოდებენ. ეს დრომ და კულინარიის მეცნიერებასთან შერწყმამ მოიტანა. თანამედროვე კულინარია, ან როგორც პოპულარულად უწოდებენ - მოლეკულური გასტრონომია, წარმოადგენს მეცნიერების (ქიმიისა და ბიოინჟინერიის), ფსიქოლოგიის (არომატული მეხსიერების, გემოებისა და ფაქტურების აღრევის), ეკოლოგიური მეთოდებისა და ფილოსოფიური მიდგომის სინთეზს. განსაკუთრებული ტექნიკური რეპერტუარითა და მეცნიერული ლექსიკით აღჭურვილი მოლეკულური მოძრაობა მომართულია, რაც შეიძლება ფართო კომუნიკაციისკენ. ამრიგად კონგრესი, სამიტი, პრესა, ტელევიზია თუ ინტერნეტი, ეს  ყველაფერი გაფართოების იარაღია. Madridfusión-ი ამ დისციპლინებისა და მსოფლმხედველობის ხორცშესხმაა, ამ იარაღების ასპარეზი.

როდესაც შარშანდელ Madridfusión-ზე სამიტის ერთ-ერთმა ფუძემდებელმა, კატალონიელმა შეფ-მზარეულმა ფერან ადრიამ განაცხადა, რომ თავის რესტორანს, მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნად კულინარიულ დაწესებულებას - ელ ბულის დახურავს, არ დარჩენილა არც ერთი ესპანური თუ საერთაშორისო პრესა, რომ ამ განცხადებას რამენაირად არ გამოხმაურებოდა. ადრია მიხვდა, რომ ისტორიის ზღურბლთან დგას, რომ არასდროს აქამდე ისტორიაში არ ყოფილა დრო, როდესაც მზარეულის რომელიმე განცხადებას ამდენი ხმაური აეტეხოს. ადრიამ გამოწვევა მიიღო; მიხვდა, რომ მხოლოდ მზარეული აღარ არის.

წლევანდელი Madridfusión-ის მთავარი მოლოდინიც კვლავ ადრიას გამოსვლა იყო, სადაც, როგორც ცნობილი იყო, ელ ბულის დახურვის შემდგომ გეგმებზე უნდა ესაუბრა. როდესაც დადგა სამიტის მთავარი მომენტი და სცენაზე ათასობით მაყურებლისა და უამრავი ფოტოკამერის წინ, ცოცხალი და ნამდვილი ფერან ადრია წარდგა, დარბაზი ტაშის გუგუნმა მოიცვა. ადრიამ გამოსვლა თავისი საყვარელი სიტყვებით დაიწყო:  creatividad - შემოქმედება და vanguardia - განახლება. არც ერთხელ არ უხსენებია სიტყვა სამზარეულო ან რაიმე ამგვარი. სამაგიეროდ, ბევრი რამე გავიგეთ El Bulli Foundation-ის გეგმებზე: ივნისიდან, დახურული რესტორნის, ელ ბულის მიმდებარე ტერიტორიაზე (კოსტა ბრავას ყურე, კატალონია) გაშენდება კულინარიული შემოქმედების ცენტრი, სუპერთანამედროვე, Google-ის ტიპის სივრცე… რომელიც, რამდენადაც მივხვდით, გამორიცხავს ტრადიციული მოწყობის რესტორანს: „იქ აღარ იქნება რეზერვაციები”, თუმცა იქნებიან მიწვეული მზარეულები ე.წ. ადრიადეპტები, ფიქრისთვის განსაკუთრებული ადგილით”. კულინარიული ცენტრის შემოქმედების, გასტრო-მოლეკულური ალქიმიის შედეგები, მათ შორის ელ ბულის რესტორანში უკვე შემუშავებული 1800 რეცეპტი ინტერნეტით გავრცელდება. ელ ბული ბრიტანულმა Guardian-მა ასე მოიხსენია: „მაღალი სამზარეულოს ყველაზე შემოქმედებითი გენერატორი პლანეტაზე”. ადრიამ, რომლის შემოქმედებით ენერგიას პიკასოსა და დალის ადარებენ, მოახერხა, რომ საკუთარი კულინარია მსოფლმხედველობად ექცია. ამ მსოფლმხედველობის ხორცშესასხმელად ჰიპერთანამედროვე ეკოსივრცეა საჭირო, რისთვისაც უკვე ფონდი ზრუნავს. Madridfusión-იც ადრიას პირმშოა, ამიტომაც შემთხვევითი არ არის, რომ საკუთარი კარიერის ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპებს ადრია სწორედ ამ პლატფორმიდან აცხადებს.

კონგრესებისა და დეპუტატთა დარბაზში, რომლის სივრცე რამდენიმე საკონფერენციო დარბაზს მოიცავს და ათასობით ადამიანის დატევა შეუძლია, სამი დღე არ წყდებოდა ხალხმრავლობა და ხმაური. თემატური კონფერენცია-მოხსენებების მიღმა (მეცნიერება და სამზარეულო, სიახლე და ტრენდები, ბიზნესი და წარმატება) გაიმართა ახალგაზრდა ტალანტის გამომვლენი არაერთი კამპუსი, სადაც ახალბედა კულინარები ერთმანეთს კერძების დიზაინში, რეცეპტების ინჟინერიასა და სიახლეებში ეჯიბრებოდნენ. წლევანდელი გეოგრაფიული ფოკუსი სინგაპურსა (სინგაპური: მესამე აზიური არომატი) და ფლანდრიას (ევროპული ავანგარდის უახლესი ძრავი) ხვდა წილად. ამას გარდა სტუმრებს საშუალება ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ ენოლოგიურ ღონისძიებებში (Enofusión 2011), სადაც წარმოდგენილი იყო თითქმის ყველა მსხვილი და მცირე მარანი და რამდენიმე ხერესის მწარმოებელი: ათასობით ჩამოსხმა. მეორე სართულის მთელი ტერიტორია კულინარიულ გამოფენა-ბაზრობას ეთმობოდა - იბერიული ხამონების (უმად შებოლილი ლორი) რიგებს, ზეითუნის ზეთის, კულინარიული სახლების, ქვეყნების (განსაკუთრებული გემოვნებით გამოირჩეოდა პერუს პავილიონი) დახლ-პავილიონებს.

ძირითად სხდომათა დარბაზში, დილიდან საღამომდე მიჯრით დაგეგმილ 45-წუთიან ღონისძიებებში გამომსვლელები მართავდნენ კულინარიულ დემონსტრაციებს. ფერან ადრიას გარდა, მონაწილეთა შორის იყვნენ ისეთი სახელები, როგორებიცაა ხოსე მარი ართაკი, მატინ ბერასატეგუი, იორდი კრუზი, მასიმო ბოტურა, ანდრე ჩანგი. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო ახალი ბასკური სამზარეულოს პატრიარქის, 70 წლის ვეტერანი მზარეულის ხოსე მარი ართაკის (www.arzak.info) გამოსვლა. ართაკის შემოქმედება ტრადიციულსა და ტექნიკურად დახვეწილ სამზარეულოს თანაბარი წარმატებით აერთიანებს. მიუხედავად ასაკისა, ართაკი ყოველ სიახლეს ბავშვური სიხარულით ხელგაშლილი ხვდება. ართაკის თევზი წარმოდგენილი იყო ფილიპსის მულტისენსორულ თეფშზე, რომელიც ჩანგლით შეხებისას ფერსა და ტონს იცვლის. და რაც მთავარია, თეფშში ჩამონტაჟებულმა სანაპიროს ვიდეოპროექციამ - ზღვის ნაპირი, რომელსაც ტალღები რეცხავს - შეუდარებელი ემოციური ეფექტი გამოიწვია.

ასევე დაუვიწყარი იყო ტაივანში დაბადებული ფრანგი მზარეულის ანდრე ჩანგის გამოსვლა. ამ ახალგაზრდა მზარეულის ევროპულ-ფრანგულ სამზარეულოში განსაკუთრებული სინატიფით არის არეკლილი აზია -  ერთი დანის წვერი კერი, კოჭას ანათალი, ლიმონგრასის ღერო. ეს ყველაფერი ანდრეს მეხსიერების ანარეკლია, ღრმად ჩაბეჭდილი ბავშვობის მოგონება, შორი წარსული, რომელსაც საკუთარი ფანტაზიითა და უსაზღვრო შემოქმედებითი ენერგიით აცოცხლებს: თევზი ბოსტნეულთან ერთად თიხის საყვავილე ქოთანში, საჭმელ მიწასთან ერთად.

0x01 graphic

მუდმივი განახლების მოწოდებით, დაუღალავი ვეტერანი ხოსე მარი ართაკი

0x01 graphic

შეფ-მზარეულთა შეფი: ფერან ადრია ახალი ეტაპისთვის ემზადება

სამმა დღემ სიზმარივით ჩაიარა. წლევანდელი Madridfusión-ი თვითონ იქცა მონუმენტურ არომა-მოგონებად. გაისად იანვარში ისევ ფართოდ გაიხსნება Madridfusión-ის კარები. მომავალ ზამთრამდე კი, ივნისის ბოლოს, კულინარიის მოყვარულებს მექსიკა უხმობს (www.madridfusionmex.com). გასულ ზაფხულს, იუნესკოს აღიარებით, მექსიკურმა სამზარეულომ „კაცობრიობის არამატერიალური მემკვიდრეობის ხელშეუხებელი შედევრის” სტატუსი მიიღო. ასე რომ, მომავალ შეხვედრამდე გუანტახუატოში.

32 წითელ მარტინიში შემწვარი საქონლის ჩალაღაჯი

▲ზევით დაბრუნება


გურმანი|რეცეპტი

0x01 graphic

შეფ-მზარეული
ქეთი ბაქრაძე

5 ულუფა

მასალა:
1 ნაჭერი საქონლის ჩალაღაჯი (1 კგ)
1 ჭიქა წითელი მარტინი
50 გრ. ზეითუნის ზეთი
50 გრ. ვურსტერის სოუსი
50 გრ. კარაქი
6 კბილი ნიორი
მარილი
პილპილი
ჯამში 25 ლარი

მომზადების წესი:

მოათავსეთ ჩალაღაჯი ჯამში. მოასხით 1 ჭიქა წითელი მარტინი, 100 გრ. ზეითუნის ზეთი, 50 გრ. ვურსტერის სოუსი, მარილი და პილპილი მოაყარეთ გემოვნებით. გააჩერეთ ათი წუთი. (მარტინის სოუსი შეინახეთ) გააცხელეთ ტაფა უცხიმოდ და დაბრაწეთ ჩალაღაჯი, თითო მხარეს 4 წუთი. გადმოიღეთ ხორცი ტაფიდან და ჩადეთ ღრმა, ცეცხლგამძლე ჭურჭელში. ცხელ ჩალაღაჯს წაუსვით 50 გრ. კარაქი ორივე მხრიდან. ხორცში ჩაჭერით 6 პატარა ნაჭერი ისე, რომ ჩაჭრილ ნაჭრებში ჩაეტიოს თითო კბილი ნიორი და მოასხით მარტინის სოუსი.

ღუმელი გააცხელეთ 240 გრადუსზე და მოათავსეთ მასში ჩალაღაჯი. კერძი მზად იქნება 20 წუთში.

0x01 graphic

ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი

მასალა შეგიძლიათ შეიძინოთ სუპერმარკეტებში: პოპული (ვეკუას ქ. 3, ტელ.: 24 46 35), ჯორჯიტა (წერეთლის ქ. 116, ტელ.: 35 71 73), გუდვილი (ჭავჭავაძის გამზირი 34, ტელ.: 24 33 02 / 03 ).