The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ტაბულა №52


ტაბულა №52


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: ბასი ჯონ, ჩერგოლეიშვილი თამარ, ავალიანი დიმიტრი, უგულავა სალომე, ჯაფარიძე ზურა, სუთიძე ლევან, მაჭარაშვილი ნინო, მინდიაშვილი ბექა, მეგრელიშვილი ვახტანგ, კვანჭილაშვილი ელენე, კოკიჩაიშვილი თეონა, ომარაშვილი თეონა, ტურაშვილი თეონა, ბასილაია მიხეილ, სმიტი დევიდ ჯ, გამცემლიძე მაკა, ელერდაშვილი ვახო, ხორგუაშვილი ზვიად, გოდუაძე ლაშა, ბარათაშვილი ბიძინა, ლორთქიფანიძე მერაბ, ჯაფარიძე თეონა, კიკნაველიძე თამარ, ბურჭულაძე ზაზა, ნაკაშიძე გიორგი, ცინცაძე დიტო, გიორგობიანი ქეთო, ხარბედია მალხაზ, ბაქრაძე ქეთი
თემატური კატალოგი ტაბულა
საავტორო უფლებები: © თამარ ჩერგოლეიშვილი
თარიღი: 2011
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: 2011|18 - 24 აპრილი მთავარი რედაქტორი: თამარ ჩერგოლეიშვილი/აღმასრულებელი რედაქტორები: ნინი გოგიბერიძე, სალომე კიკალეიშვილი/რედაქტორები: ქეთი მსხილაძე, ელენე კვანჭილაშვილი, ლევან რამიშვილი, დავით კოვზირიძე, ნინო მაჭარაშვილი/უცხოელი მრჩეველი: ბარბარა სვანი/ჟურნალისტები: დიმიტრი ავალიანი, გიორგი კეკელიძე, სალომე უგულავა, მაკა გამცემლიძე, ავთო ქორიძე, თეონა ტურაშვილი, ირაკლი კიკნაველიძე, ლევან სუთიძე, მირიან ტორონჯაძე, თეონა კოკიჩაიშვილი, სანდრო ჯანდიერი, სიმონ მაჩაბელი, ლაშა გოდუაძე, ზურაბ თალაკვაძე, ნიკა ესებუა, ანანო სხირტლაძე, მიშა ბასილაია/ვები: სანდრო თარხან-მოურავი, ვანო გეგია, ლევან მეტრეველი, დათო გოგოხია, ნათია სოფრომაძე/ახალი ამბები: მზია ყუფუნია, ეკა ჯანაშია/კორექტორი: ნინო საითიძე/არტრედაქტორი: ბაჩა მალაზონია/დიზაინი & პრეპრესი: კახა დოლიძე, ნიკა კუპრაშვილი/ფოტორედაქტორი: დიმა ჩიკვაიძე/ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი/გამომცემელი: სამოქალაქო განათლების ფონდი/ოფის მენეჯერი: სოფო დვალიშვილი/გაყიდვები და მარკეტინგი: გიორგი ფრუიძე, მენეჯერი: გიორგი ჭეიშვილი/ყოველკვირეული ჟურნალი ტაბულა, ტელ: + 995 32 420 300, e-mail: info@tabula.ge/სტამბა: სეზანი, მის: წერეთლის 140, ტელ: + 995 32 357002/357005, ფაქსი: + 995 32 357004/© 2010 საავტორო უფლებები დაცულია, ჟურნალში გამოქვეყნებული მასალების გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია. | პარტნიორი: მედია მენეჯმენტ სერვისი, ტელ: + 995 32 92 33 47/48/49; ფაქსი: 995 32 92 08 82, e-mail:info@mmservice.ge



1 სიტყვასიტყვით

▲back to top


0x01 graphic

„ჩვენ არ შეგვიძლია 1 ტრილიონი დოლარის ოდენობით გადასახადების შემცირება ყველა მილიონერისთვის და მილიარდერისთვის ჩვენს საზოგადოებაში. და მე ამის დაშვებაზე უარს ვამბობ”.

  • ბარაკ ობამა, საბიუჯეტო დეფიციტზე პოლ რაიანის გეგმას შეეწინააღმდეგა და საკუთარი ხედვა წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც მდიდრებს გადასახადები უნდა გაეზარდოთ.13 აპრილი

0x01 graphic

„ეს სახელმწიფოსთვის დაბადების მოწმობის ტოლფასია“.

  • სალამ ფაიდი, პალესტინის პრემიერ-მინისტრი, გაეროს ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესის მოხსენების შესახებ აკეთებს კომენტარს. მოხსენებაში აღნიშნულია, რომ პალესტინის ადმინისტრაცია „საკმარისია ფუნქციონირებადი სახელმწიფოს მთავრობისათვის“. 14 აპრილი

0x01 graphic

„არაბული ქვეყნების ჯარებმა მონაწილეობა უნდა მიიღონ მუამარ კადაფის გადაყენებაში, სანამ დასავლეთის დახმარება დაპყრობაში არ გადზრდილა”.

  • ალ-ყაიდას ერთ-ერთმა ლიდერმა, აიმან ზავაჰირიმ ინტერნეტში არაბული ქვეყნებისადმი მიმართვის ვიდეოჩანაწერი გაავრცელა. 15 აპრილი

0x01 graphic

„კადაფის გადადგომაზე საუბარი თითოეული ლიბიელის შეურაცხყოფაა. თქვენ გინდათ მამაჩემის მოკვლა და თავს იკატუნებთ, თითქოს მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა გინდათ. სად არის ეს მშვიდობიანი მოსახლეობა? ისინი ავტომატებს და ხელყუმბარებს დაატარებენ”.

  • ლიბიის ლიდერის, მუამარ კადაფის ქალიშვილმა, აიშა კადაფიმ ტრიპოლიში შეკრებილ ასობით ახალგაზრდა აქტივისტს მიმართა. 15 აპრილი

2 კვირა

▲back to top


9 აპრილი

0x01 graphic

  • სომხეთის დედაქალაქში ოპოზიციამ 10-ათასკაციანი საპროტესტო აქცია გამართა. დემონსტრანტები უძველეს ხელნაწერთა საცავის შენობის წინ შეიკრიბნენ, მოგვიანებით კი ერევნის მთავარი მოედნისკენ გაემართნენ. მოედანი სამართალდამცველების მიერ იყო ბლოკირებული. მოლაპარაკებების შემდეგ პოლიციამ აქციის მონაწილეები მოედანზე შეუშვა. აქციაზე სიტყვით გამოსვლისას სომხეთის ნაციონალური კონგრესის ერთ-ერთმა ლიდერმა მოსახლეობას სამოქალაქო დაუმორჩილებლობისკენ და რადიკალური ზომებით ხელისუფლების „გონზე მოყვანისაკენ“ მოუწოდა.

10 აპრილი

0x01 graphic

  • ტოკიოში ატომური ენერგეტიკის წინააღმდეგ დემონსტრაცია გაიმართა. აქციის 50-მდე მონაწილე ხელში პლაკატებით გამოვიდა, წარწერებით: „უარი ბირთვულ ელექტრო სადგურებს”, „არ დავუშვებთ მეორე ფუკუშიმას”. აქციის ჩატარების შესახებ ტოკიოელებმა გადაწყვეტილება სოციალური ქსელის, Twitter-ის მეშვეობით მიიღეს.

  • ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აუდრონიუს აჟუბალისმა ბელარუსის ხელისუფლების გადაწყვეტილებას, ვილნიუსიდან 50 კილომეტრში ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის დაწყების შესახებ, „პროვოკაცია“ უწოდა. ლიტვამ ბელარუსის გარდა საპროტესტო ნოტა რუსეთსაც გაუგზავნა, რომელიც ატომური ელექტრო სადგურის მშენებლობას ლიტვის საზღვართან ახლოს, კალინინგრადის ოლქში აპირებს. რუსეთის პრემიერ - მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა ახალი ატომური ელექტრო სადგურის ასაშენებლად ალექსანდრ ლუკაშენკოს 6 მილიარდი დოლარი გამოუყო.

11 აპრილი

0x01 graphic

  • საფრანგეთში ძალაში შევიდა კანონი, რომელიც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სახის დაფარვას კრძალავს. ახალი კანონი ეხება მუსლიმ ქალებს, რომლებიც სახეს ნიქაბით იფარავენ. ნებისმიერი ადამიანი, ვინც კანონს დაარღვევს, 150 ევროთი დაჯარიმდება. სასჯელი უფრო მკაცრია იმ ადამიანების მიმართ, ვინც ქალებს სახის ჩადრით დაფარვას აიძულებს. ამისთვის კანონდამრღვევს გაცილებით დიდი ჯარიმა და ორწლიანი პატიმრობა ემუქრება. საფრანგეთი ევროკავშირის წევრი პირველი ქვეყანაა, სადაც ნიქაბის ტარება კანონით აიკრძალა.

  • ინდონეზიის პარლამენტის წევრმა, ისლამური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, არიფინტომ დეპუტატის მანდატზე უარი თქვა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ფოტო, რომელზეც ჩანს, რომ ის პარლამენტში პორნოგრაფიულ ვიდეოს უყურებს. აღსანიშნავია, რომ არიფინტო იყო ერთ-ერთი მათგანი, ვინც ინდონეზიაში პორნოგრაფიული შინაარსის მასალების გავრცელების წინააღმდეგ კანონის შემოღებას მოითხოვდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას სწორედ იმ კანონმდებლობის მიხედვით დასჯიან, რომელიც მისივე პარტიის ინიციატივით მიიღეს.

  • უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, იულია ტიმოშენკოს წინააღმდეგ კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმე აღძრა. საქმე ეხება რუსეთთან გაფორმებულ ე.წ. გაზის კონტრაქტებს. სამართალდამცველების თქმით, ტიმოშენკოს ქმედებებით სახელმწიფოს მილიარდ-ნახევარი გრივნის (200 მილიონი დოლარი) ზარალი მიადგა. ტიმოშენკოს წინააღმდეგ უკვე აღძრულია საქმე და მიმდინარეობს გამოძიება კიოტოს შეთანხმების მიხედვით უკრაინისთვის გამოყოფილი თანხების არამიზნობრივი ხარჯვის გამო.

12 აპრილი

  • რუსეთის ვიცე-პრემიერმა იგორ სეჩინმა კომპანია РОСНЕФТЬ-ის დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელის პოსტი დატოვა. 30 მარტს რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ მინისტრებმა და ვიცე-პრემიერებმა უნდა დატოვონ იმ სახელმწიფო კომპანიების მმართველთა პოსტები რომლებიც ბიზნესკონკურენციის რეჟიმში მუშაობენ. РОСНЕФТЬ-ი პირველი უმსხვილესი კომპანია გახდა, სადაც პრეზიდენტის ეს განკარგულება შესრულდა.

13 აპრილი

0x01 graphic

  • ბელარუსის დედაქალაქში მომხდარი ტერაქტის მოწყობაში ეჭვმიტანილი ორი პირი დააკავეს. სამართალდამცველების განცხადებით, დაკავებულებმა 11 აპრილს მომხდარ ტერაქტში მონაწილეობა აღიარეს, ასევე განაცხადეს, რომ რამდენიმე წლის წინ ვიტებსკში და 2008 წლის 3 ივლისს მინსკში მომხდარ აფეთქებებშიც მონაწილეობდნენ. მეტროსადგურ ოკტიაბრსკაიაში მომხდარ აფეთქებას 12 ადამიანი ემსხვერპლა, 149 კი დაშავდა.

  • აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, სერგეი ბაღაფშმა გაგრის რაიონის სოფელ აიბგასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია უარყო. მისი თქმით, თურქეთში მცხოვრებმა აფხაზური დიასპორის წარმომადგენლებმა მასთან შეხვედრისას ამ საკითხზე შეშფოთება გამოთქვეს. აფხაზური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსული მხარე გაგრის რაიონის 160 კვადრატული კილომეტრის მონაკვეთის რუსეთისთვის გადაცემას ითხოვს.

  • ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) 130 ხმით რვის წინააღმდეგ მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ნათქვამია, რომ PACE მიესალმება საქართველოს მიერ 2008 წლის შემდეგ მიღწეულ პროგრესს. დოკუმენტში მითითებულია, რომ ქართულმა მხარემ 1999 წელს ევროსაბჭოში გაწევრიანების შემდეგ აღებული ვალდებულებების შესასრულებლად „მნიშვნელოვანი ძალისხმევა” გასწია.

14 აპრილი

0x01 graphic

  • რუსეთში 2010 წელს ჩატარებული მოსახლეობის აღწერის შედეგებმა აჩვენა, რომ რუსეთში ახალი ეროვნება - „ციმბირელი“ ჩამოყალიბდა. რუსეთის სტატისტიკის სამსახურის უფროსის, ალექსანდრ სურინოვის თქმით, ეროვნების გრაფაში ციმბირის მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ „რუსის“ ნაცვლად „ციმბირელი“ მიუთითა.

15 აპრილი

0x01 graphic

  • არგენტინის უკანასკნელ დიქტატორს, რეინალდო ბინიონეს 1976-1983 წლებში სამხედრო მმართველობის დროს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. ბინიონე არგენტინას მხოლოდ წინააღმდეგ წლის მანძილზე, 1983 წელს მართავდა და სამხედრო ხუნტის ბოლო ლიდერი იყო. ადამიანის უფლებათა დამცველები სასამართლოს გადაწყვეტილებას ბინიონესთვის სამუდამო პატიმრობის მისჯის შესახებ, აპლოდისმენტებით შეხვდნენ. „ეს ისტორიული დღეა ყველა არგენტინელისთვის“, განაცხადა ერთ-ერთმა მათგანმა Euronews-თან საუბრისას.

  • ისრაელმა რუსეთი ტერორისტული დაჯგუფება ჰეზბოლასთვის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტის მოწოდებაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა. ისრაელის ოფიციალური პირების მტკიცებით, 7 აპრილს ისრაელში სასკოლო ავტობუსს ღაზის სექტორიდან სწორედ რუსული წარმოების რაკეტა ესროლეს. სასკოლო ავტობუსზე თავდასხმის შედეგად მსუბუქად დაშავდა მძღოლი, ხოლო 16 წლის მოზარდი მძიმედ დაიჭრა. ამ ბრალდებამ ისრაელსა და რუსეთს შორის დაძაბულობა გამოიწვია, წერს newsru.com.

  • აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა ბერლინში NATO-ს მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ვაშინგტონი „იზიარებს საქართველოს შეშფოთებას რუსეთის ბოლოდროინდელ ქმედებებთან დაკავშირებით“ კლინტონის თქმით, ამ ქმედებებმა, შესაძლოა, ნეგატიური გავლენა მოახდინოს სტაბილურობაზე რეგიონში. მან რუსეთს მოუწოდა შეასრულოს 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. კლინტონმა საქართველოს ხელისუფლებას დემოკრატიული რეფორმების გატარებისკენ მოუწოდა.

3 ადამიანის უფლებათა ანგარიში - 2010

▲back to top


არენა

0x01 graphic

ინტერვიუ ჯონ ბასთან
ესაუბრა თამარ ჩერგოლეიშვილი

8 აპრილს გამოქვეყნდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2010 წლის ანგარიში ადამიანის უფლებათა შესახებ. ამ დოკუმენტს სახელმწიფო დეპარტამენტი აშშ-ის კონგრესის დავალებით ყოველწლიურად აქვეყნებს. ის 190 ქვეყანას, მათ შორის საქართველოსაც ეხება. ანგარიშზე მუშაობა მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობს იმ ინსტრუქციების მიხედვით, რომელსაც სახელმწიფო დეპარტამენტი გაეროს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის საფუძველზე ადგენს. მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ ეს არის სხვა ადამიანების მიერ მოწოდებული ანალიზის კონსოლიდაცია. ჩვენ არ ვიძლევით რეკომენდაციებს, ჩვენ არ გამოვხატავთ ჩვენს აზრს, ჩვენ ჟურნალისტივით აღვწერთ იმას, რაც გვესმის, რასაც სხვა ადამიანები გვიყვებიან ადამიანის უფლებების შესახებ საქართველოშივფიქრობ, ამას ყველა ვერ ხვდება, როდესაც ანგარიშს კითხულობს, - გვითხრა საელჩოს თანამშრომელმა ამერიკის შეერთებული შტატების სრულუფლებიან ელჩთან, ჯონ ბასთან ინტერვიუს დაწყებამდე. ტაბულა გთავაზობთ ამ ინტერვიუს.

  • რას ემსახურება ეს ანგარიში?

ამ ანგარიშის მომზადებას სახელმწიფო დეპარტამენტს შეერთებული შტატების საჯარო სამართალი და კონგრესი ავალდებულებს. ანგარიში მზადდება მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის შესახებ და ასახავს ჩვენს შეფასებას, თუ რამდენად აკმაყოფილებენ ეს ქვეყნები ობიექტურ საერთაშორისო სტანდარტებს ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვის კუთხით. ანგარიშის მომზადებისას ვეყრდნობით იმ ადამიანებთან საუბრებს, რომლებიც მოღვაწეობენ როგორც ხელისუფლებაში, ისე მის გარეთ.

მიუხედავად იმისა, რომ კანონი არ გვავალდებულებს, გასული წლიდან შეერთებული შტატები თავის თავსაც აფასებს და დასკვნას გაეროს წარუდგენს, რათა არ დარჩეს შთაბეჭდილება, რომ ჩვენ მსოფლიოს ყველა ქვეყნის შეფასება გვაინტერესებს, გარდა საკუთარისა.

0x01 graphic

ეს იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენ გვჯერა - ყველა საზოგადოება საჭიროებს გაუმჯობესებას. ზოგიერთი უფრო მეტად ვიდრე სხვა, მაგრამ შეერთებულ შტატებსაც კი სჭირდება დემოკრატიის სრულყოფა და უზრუნველყოფა იმისა, რომ საზოგადოება და ხელისუფლება ყველა მოქალაქის უფლებებს იცავს.

  • რა შედეგის მიღწევას ელით იმ ქვეყნებში, რომლებსაც აფასებთ?

ზოგადად რომ ვთქვა, ამ დოკუმენტის შედეგი ისაა, რომ შეძლებისდაგვარად ობიექტურ ინფორმაციას აწვდის შეერთებული შტატების ადმინისტრაციას, კონგრესს, ჩვენს პარტნიორებს - იქნება ეს ცალკეული ქვეყანა თუ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მსგავსი საერთაშორისო ფორუმი - იმის შესახებ, თუ სად ირღვევა ადამიანის უფლებები უხეშად ან რა კონკრეტული გამოწვევების წინაშე დგას ესა თუ ის ქვეყანა. ამით ჩვენ ვცდილობთ ცხადვყოთ, რომ ის, თუ როგორ ეპყრობა ესა თუ ის სახელმწიფო მოქალაქეებს, განსაზღრავს იმას, თუ როგორ მოვეპყრობით ჩვენ ამ სახელმწიფოს. ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანის უფლებებისადმი პატივისცემა ერთადერთი ფაქტორია, მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ ის მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ჩვენს ურთიერთობას სხვა ქვეყნებთან. ამით ჩვენ ამერიკულ ღირებულებებს ვცემთ პატივს, რომლის მიხედვითაც ძირითადი უფლებები ღმერთის მიერაა ბოძებული, ვისაც რა ღმერთის არ უნდა სწამდეს, და რომ მათი დაცვა ყველა ხელისუფლების მოვალეობაა.

  • საზოგადოება პრაქტიკულად შეთანხმებულია მიზანზე. ესაა საბაზრო ეკონომიკა და ძლიერი დემოკრატიული სახელმწიფო. ახლა კამათი იმაზე მიდის, თუ როგორ და რა გზით უნდა მიაღწიოთ ამ მიზანს და რა უნდა გააკეთოს ამისთვის ხელისუფლებამ. ზოგიერთი მიიჩნევს, რომ წლევანდელი ანგარიში უფრო კრიტიკულია, ვიდრე შარშანდელი. თქვენი შეფასება როგორია? ადამიანის უფლებათა კუთხით საქართველოში მდგომარეობა დამძიმდა თუ გამოსწორდა შარშანდელთან შედარებით?

პირველ რიგში ვიტყოდი იმას, რომ ანგარიში აფასებს ობიექტურ სტანდარტებთან შესაბამისობას. ჩვენ არ ვადარებთ ერთმანეთს ქვეყნებს, ჩვენ არ ვადგენთ ქვეყნის რეიტინგებს ისე, როგორც ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია. საინტერესოა რასაც თქვენ ამბობთ, რომ თითქოს ეს ანგარიში უფრო კრიტიკულად აღიქვეს, ვიდრე წინა წლის. მე ასე არ ვფიქრობ. მე ეს ანგარიში იმ ანალიზის გაგრძელება მგონია, რასაც აქამდე ვაკეთებდით და ვფიქრობ, რომ ის სათანადოდ წარმოაჩენს დღევანდელი საქართველოს მდგომარეობას. ქვეყანამ გასულ წელს ნამდვილად მნიშვნელოვანი და თვალსაჩინო მიღწევები აჩვენა, მაგრამ ისიც ცხადია, რომ რჩება სფეროები, სადაც მას არ დაუკმაყოფილებია ის სტანდარტები, რომლებიც თავის თავს დაუწესა, რომელთა მიღწევაც ევროატლანტიკური ინსტიტუტების წევრობისთვისაა საჭირო და ძლიერ დემოკრატიას და საბაზრო ეკონომიკას ახასიათებს.

  • პრობლემატური სფეროების დინამიკას მოკლედ როგორ აღწერდით - გაუარესება, სტაგნაცია თუ არასაკმარისი პროგრესი?

ვფიქრობ, რომ სურათი არაერთგვაროვანია. არის საკითხები, რომელთა მოგვარებაც დიდ რესურსს არ მოითხოვს და სწრაფი პროგრესის მიღწევა შედარებით იოლია. მაგრამ თუ ციხეების თემას ავიღებთ, დავინახავთ, რომ აქ ბევრი პრობლემის მოგვარება რესურსთანაა დაკავშირებული. რამდენად სწრაფად შეძლებთ ძველი ციხეების ნაცვლად ისეთი ციხეების აგებას, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება, ბიუჯეტზეა დამოკიდებული. არის საკითხები, რომლებიც ფულთან ნაკლებადაა დაკავშირებული და უფრო კულტურულ ხასიათს ატარებს - მაგალითად იმისთვის, რომ შეცვალო ციხის თანამშრომელთა ქცევა, საჭიროა მათ გააგებინო როგორ მოეპყრან პატიმრებს, ანუ მათი ორგანიზაციული კულტურის ტრანსფორმაცია მოახდინო.

  • ანგარიში ბევრ ბრალდებას აღწერს, რომელიც სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან კეთდება. შეერთებული შტატები უერთდება ამ ბრალდებებს, თუ ბრალდებების არსებობას მიიჩნევს პრობლემად?

სხვა ანგარიშები რომ ნახოთ, იქაც იგივე სურათი დაგხვდებათ. საქმე ისაა, რომ ბევრ საზოგადოებაში ძალიან რთულია ობიექტური ინფორმაციის მოპოვება, შეუძლებელი თუ არა. ჩვენ თუ მხოლოდ დადასტურებული ფაქტებით შემოვიფარგლებით, მაშინ პარადოქსულ შედეგს მივიღებთ. რეპრესიული რეჟიმების შესახებ ანგარიშები ყველაზე მოკლე იქნება. ამ გზით ჩვენ მიზანს ვერ მივაღწევთ. ამიტომ, კანონის მიხედვით, ვალდებულნი ვართ სხვადასხვა შეხედულება და ზოგ შემთხვევაში ბრალდებაც ავსახოთ. ჩვენ მათ ნეიტრალური ენით გადმოვცემთ, ვუთითებთ წყაროებს, აღვწერთ ხელისუფლების შეხედულებას. მკითხველს ეძლევა შესაძლებლობა, თავად გამოიტანოს დასკვნა მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.

  • ხელისუფლებას მოცემულ დოკუმენტზე მეტ-ნაკლებად სტანდარტული რეაქცია ჰქონდა. მათ თქვეს, რომ ანგარიში მნიშვნელოვანი დოკუმენტია, მაგრამ მასში გამოთქმულ ზოგიერთ მოსაზრებას არ იზიარებენ. როგორ ფიქრობთ, ხელისუფლება სერიოზულად აღიქვამს შეერთებული შტატების კრიტიკას?

დიახ. ვფიქრობ ჩვენს შთაბეჭდილებებს ხელისუფლება სერიოზულად ეკიდება. ეს არ ეხება მხოლოდ ამ დოკუმენტს. ვერ ვიტყოდი, რომ ხელისუფლება ჩვენი აზრით ანგარიშის გამოქვეყნებამდე ერთი თვით ადრე, ან ერთი თვით გვიან ინტერესდება. არავითარ შემთხვევაში. ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ ხელისუფლებასთან კონკრეტული პრობლემების შესახებ და ვთავაზობთ დახმარებას იმისთვის, რომ საზოგადოება წინ წავიდეს. ჩემთვის თვალსაჩინოა, რომ საქართველო ნამდვილად მოტივირებულია გაუმჯობესდეს.

კიდევ ერთი რამ, რაც აუცილებლად უნდა აღინიშნოს საქართველოზე საუბრისას, არის ის, რომ აქ საზოგადოება პრაქტიკულად შეთანხმებულია მიზანზე. ესაა საბაზრო ეკონომიკა და ძლიერი დემოკრატიული სახელმწიფო. ახლა კამათი იმაზე მიდის, თუ როგორ და რა გზით უნდა მიაღწიოთ ამ მიზანს და რა უნდა გააკეთოს ამისთვის ხელისუფლებამ. ჩვენ ვცდილობთ დავეხმაროთ ქართულ საზოგადოებას იმ საკითხების განხილვაში, რაც მიზანს დააახლოებს.

  • ვიდეომიმართვაში, რომელიც ანგარიშს ერთოდა თან, ლიბია ახსენეთ და თქვით, რომ საქართველოში ცვლილებები საარჩევნო ყუთის გავლით უნდა განხორციელდეს. რატომ მოგინდათ ლიბიის ხსენება? მსგავსი მოვლენების საქართველოში განვითარების რაიმე საფუძველს ხედავთ?

ლიბია რამდენიმე მიზეზის გამო ვახსენე. პირველ რიგში იმიტომ, რომ ეს ამ წლის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. ჩვენ ჩრდილო აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში ისტორიული ცვლილებების მომსწრენი ვართ. გარკვეულწილად ეს ცვლილებები იმანაც გამოიწვია, რომ ამ ქვეყნების მთავრობები ხალხს არ უსმენდა.

საინტერესოა, რომ ამ პროცესებმა რეფერენდუმის როლი ითამაშა საქართველოში, გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ საქართველო შემდეგი იქნება, სხვები კი ამბობენ, რომ ეს ყველაფერი აქ უკვე მოხდა. მე ამ უკანასკნელ ფორმულას ვემხრობი. ვფიქრობ, აქ, ყოფილ საბჭოთა კავშირსა და აღმოსავლეთ ევროპაში დატრიალებულმა მოვლენებმა შთააგონა სამოქალაქო საზოგადოებები მსოფლიოს სხვა ქვეყნებში.

გულწრფელად რომ გითხრათ, კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც ლიბია ვახსენე, ისაა, რომ არაკონსტრუქციულად მიმაჩნია საქართველოს დემოკრატიული განვითარების ამ ეტაპზე, ადამიანები ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევების მოგვარების ერთადერთ გზად ქუჩაში დაბრუნებას მიიჩნევდნენ. მე ურყევად მჯერა, რომ საქართველომ პროგრესს მხოლოდ დემოკრატიულ ინსტიტუტებში ფართო მონაწილეობით და საარჩევნო ყუთის გავლით შეიძლება მიაღწიოს. ამ გზით უნდა განაგრძოს საქართველომ სიარული იმისთვის, რომ დემოკრატიული პროცესი შეუქცევადი გახდეს.

რასაკვირველია, ეს მაშინ მუშაობს, როდესაც ადამიანებს სისტემის სჯერათ. ვფიქრობ, სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ საარჩევნო კოდექსის რეფორმა შედეგიანად დამთავრდეს. მე თავს ქართველი ხალხისთვის კარნახის უფლებას არ მივცემ, მაგრამ მნიშვნელოვანია მოქალაქეებს სჯეროდეთ, რომ მათი საარჩევნო სისტემა სამართლიანია და იმ შედეგს უზრუნველყოფს, რომელიც ხალხის ნებას ასახავს.

4 „ჩართულობა“ ევროპარლამენტისგან

▲back to top


პოლიტიკა

დიმიტრი ავალიანი

0x01 graphic

ევროკავშირის გააქტიურება გაყინული კონფლიქტების მოგვარებაში, აღმოსავლური პარტნიორობის პროგრამის შემადგენელი ნაწილი უნდა გახდეს. 7 აპრილს ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში, რომელიც პროგრამის განვითარებას მიეძღვნა, პოსტსაბჭოთა სივრცეში მოუგვარებელ კონფლიქტებს დიდი ყურადღება დაეთმო. დოკუმენტი ევროკაშირის საგარეო პოლიტიკის სტრუქტურების მისამართით რეკომენდაციებს შეიცავს. აღნიშნულია, რომ უნდა „გაააქტიურონ მონაწილეობა დნესტრისპირეთსა და სამხრეთ კავკასიაში გაჭიანურებული კონფლიქტების გადაწყვეტის გზების ძიებაში“ აუცილებელია, ეს ნაბიჯები, საერთაშორისო სამართლის პრინციპებს - ძალის გამოუყენებლობას, თვითგამორკვევასა და ტერიტორიულ მთლიანობას დაეფუძნოს. ევროკავშირმა კონფლიქტის ზონებში ნდობის აღდგენისათვის უფრო ქმედითი ღონისძიებები უნდა განახორციელოს და აამოქმედოს ახალი პროგრამები, „პრაგმატული ინიციატივები და ინოვაციური მიდგომა“. ასევე, საჭიროა, არაღიარების პოლიტიკის პრინციპების დაცვით, სეპარატისტული რეგიონების საზოგადოებასთან არაოფიციალური კონტაქტების გააქტიურება. ამგვარი საქმიანობის შესაძლო მიმართულებებს შორის დასახელებულია სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტების, მედიასა და ახალგაზრდულ ორგანიზაციებს შორის დიალოგის, ასევე ეკონომიკური თანამშრომლობის წახალისება.

დოკუმენტში ასევე გამოთქმულია შეშფოთება იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობით.

კიდევ ერთი რეკომენდაცია კონფლიქტებთან დაკავშირებით სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას ეხება. ევროპარლამენტის დეპუტატთა აზრით, სავიზო რეჟიმი აღმოსავლეთის პარტნიორობის წევრებისათვის ნაკლებად შეღავათიანი არ უნდა იყოს, ვიდრე „მოსაზღვრე სახელმწიფოებისათვის“ (რაშიც პირველ რიგში რუსეთი იგულისხმება). ამით თავიდან უნდა ავიცილოთ იმგვარი „სტიმულის შექმნა” ამ ქვეყნების მოქალაქეთათვის, რასაც უცხო სახელმწიფოთა პასპორტების დარიგება იწვევს. ეს უკანასკნელი საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის შემთხვევაში, დესტაბილიზაციის საფრთხეს შეიცავს და „ევროკავშირის უსაფრთხოების ინტერესებს ეწინააღმდეგება“.

„დასავლეთი აფხაზეთის აღიარებას აპირებს“, „ევროკავშირი არაღიარებული რესპუბლიკების მიმართ მიდგომას ცვლის“ - ევროპარლამენტის რეზოლუციას, რუსული მედიის ნაწილმა ამგვარი ინტერპრეტაცია მისცა. „სერიოზულ ძვრებზე“ აფხაზეთის მიმართ ევროპის დამოკიდებულებაზე, თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა სერგეი შამბამაც ისაუბრა.

„2008 წლის მოვლენებზე ევროპისა და აშშ-ის რეაქცია უფრო ემოციური იყო. დროთა განმავლობაში, განსაკუთრებით ტალიავინის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ, ამ მიდგომამ ცვლილებები განიცადა“, - განაცხადა შამბამ. არაღიარების პოლიტიკა, შამბას განცხადებით, სოხუმს ნაკლებად აღელვებს, რადგან, „თუ გვექნება ურთიერთობები და საერთო ინტერესები, სიტუაციაც შეიცვლება“. შამბამ აღნიშნა, რომ სოხუმი ყოველთვის ევროკავშირთან დიალოგს ემხრობოდა. თუმცა, ჯერ კიდევ იანვარში, აფხაზური ხელისუფლება კონფლიქტის მოგვარების მიმართ ევროკავშირის მიდგომას მკაცრად აკრიტიკებდა.

როგორც ტაბულასთან საუბრისას საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში, ეკა ტყეშელაშვილმა განაცხადა, ევროპარლამენტის რეზოლუციაში საქართველოს ხედვასთან „ძალიან დიდი თანხვედრაა“ ეს კარგად ჩანს სტრატეგიაში „ჩართულობა თანამშრომლობის გზით“. მისი აზრით, მნიშვნელოვანია, რომ ევროპარლამენტმა აქცენტი პოლიტიკური დარეგულირების გააქტიურებაზე გააკეთა.

ტყეშელაშვილის თქმით, სოხუმში შესანიშნავად ესმით, რომ არაღიარების პოლიტიკა ევროკავშირის მხრიდან ძალიან მყარია და გადახედვას არ ექვემდებარება. ევროკავშირი აქცენტს ხალხთა შორის არაფორმალური ურთიერთობების დამყარებაზე აკეთებს, რაც აფხაზეთს „ცხოვრების დივერსიფიცირების“ საშუალებას მისცემს, რათა მთლიანად რუსეთზე დამოკიდებული არ იყოს. თუ სოხუმი ამას გაითვალისწინებს, ევროკავშირთან თანამშრომლობის წინააღმდეგი არ იქნება, - მიიჩნევს სახელმწიფო მინისტრი.

იმის შესახებ, რომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობას არასდროს აღიარებენ, ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებმა 2008 წლის 1 სექტემბერს, საგანგებო სამიტზე განაცხადეს. მას შემდეგ არაღიარების პოლიტიკა არაერთხელ დადასტურდა - როგორც ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებებში, ასევე დოკუმენტებსა და რეზოლუციებში. ევროპარლამენტმა იანვარში შავი ზღვის ქვეყნებთან თანამშრომლობის სტრატეგია დაამტკიცა, რომელშიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმართ სიტყვა „ოკუპაცია” პირველად გამოიყენა. 21 მარტს კი ევროპარლამენტის საქართველოსთან თანამშრომლობის კომიტეტმა კიდევ ერთი რეზოლუცია მიიღო, რომელშიც რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ეთნიკური წმენდა დაგმო.

2009 წლის ბოლოს, ევროკავშირმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმართ ახალი მიდგომა - „ჩართულობა აღიარების გარეშე” შეიმუშავა. გასული წლის მაისში კი საქართველოს ხელისუფლებამ საკუთარი სტრატეგია - „ჩართულობა თანამშრომლობის გზით“ წარადგინა. დოკუმენტმა, როგორც დასავლეთის ქვეყნების, ასევე ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს მოწონება დაიმსახურა.

ეკა ტყეშელაშვილის განცხადებით, სტრატეგიის რეალიზაციისას თბილისს ევროკავშირთან „მჭიდრო ინსტიტუციური პარტნიორობა“ აქვს დამყარებული. ბრიუსელი დღესაც მონაწილეობს იმ პროგრამებში, რომლებიც მიზნად ნდობის აღდგენას ისახავს.

5 რა სურს ქართველ მაყურებელს

▲back to top


პოლიტიკა

სალომე უგულავა

ქართველი მაყურებლები უპირატესობას მუსიკალურ და გასართობ გადაცემებს ანიჭებენ. საინფორმაციო, შემეცნებითი და ანალიტიკური ტიპის გადაცემების მიმართ, მათ შედარებით ნაკლები ინტერესი აქვთ.

0x01 graphic

ასეთი სურათი გვიჩვენა საზოგადოებრივი აზრის კვლევამ, რომელიც კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დაკვეთით, კვლევითმა ორგანიზაცია BCG-მ ჩაატარა. ის 2008 წლის ოქტომბრიდან 2010 წლის ივნისამდე პერიოდს მოიცავს.

ის, რომ ქართველ მაყურებელს გასართობი გადაცემები სხვა ტიპის ტელეპროგრამებზე მეტად იზიდავს, არც მოულოდნელია და არც უჩვეულო. მაყურებლებს საზღვარგარეთაც მსგავსი პრიორიტეტები აქვთ. მაგალითად, Ofcom-ის - კომუნიკაციების ბრიტანული მარეგულირებლის - 2009 წლის მონაცემებით, ბრიტანეთში, ყველაზე ხშირად, გასართობ არხებს უყურებენ.

თუმცა, საქართველოში, ხშირად კვლევის შედეგების მცდარი ინტერპრეტირება ხდება; თითქოს, კომისიამ მხოლოდ უმრავლესობის გემოვნების დაკმაყოფილებაზე უნდა იზრუნოს. არადა, მაყურებელთა უმრავლესობისთვის მოსაწონი გადაცემების შექმნას ბაზარი უზრუნველყოფს. კომისიის მიზანი „საბაზრო ჩავარდნის” კორექტირება უნდა იყოს - დემოკრატიულ ქვეყნებში, ამგვარი კვლევებისა და ზოგადად მაუწყებლობის სახელმწიფო რეგულირების დანიშნულება, პირველ რიგში, უმცირესობის ინტერესების დაკმაყოფილებაა.

BCG-ის კვლევის მიხედვით, რეგიონალური და სათემო (ეთნიკურ, ენობრივ თუ სხვა ჯგუფებზე ორიენტირებული) მაუწყებლობის მომხრეები უმცირესობაში აღმოჩნდნენ. რეგიონალურს გამოკითხულთა 24%25 უჭერს მხარს. სათემო მაუწყებლებთან დაკავშირებით კი, კვლევაში ნათქვამია, რომ „სოლიდურ უმრავლესობას” მისი არსებობა არ სურს. თუმცა, არც მხარდამჭერების და არც მოწინააღმდეგეების პროცენტული მაჩვენებელი არ არის მოყვანილი.

არც მათი რიცხვია დიდი, ვინც საინფორმაციო გამოშვებებითა და ანალიტიკური გადაცემებითაა დაინტერესებული - პირველი გამოკითხულთა დაახლოებით ათ პროცენტს აინტერესებს, ხოლო მეორე მაყურებელთა მხოლოდ ოთხ პროცენტს იზიდავს.

მუსიკალურ გადაცემებს გამოკითხულთა 35,5%25 ანიჭებს უპირატესობას, გასართობ თოქ-შოუებს - 29%25. სწორედ ამ ტიპის გადაცემები ლიდერობს „ფიფლ მეტრების“ მონაცემებითაც. მაგალითად, 2010 წლის იანვარში, ყველაზე რეიტინგული ჯეოსტარი, სერიალი „შუა ქალაქში“ და თოქ-შოუ პროფილი იყო.

რესპონდენტებს, გადაცემის ტიპების გარდა, იმ სასურველი თემების დასახელებაც სთხოვეს, რომლის გაშუქებაც სურთ. კვლევაში ვკითხულობთ, რომ ყველაზე სასურველია გადაცემები ქართველი ერის, მისი ტრადიციებისა და მენტალიტეტის შესახებ. პოპულარულია დასაქმებისა და სხვა სოციალური საკითხებიც. მაყურებლებს ასევე აინტერესებთ გადაცემები საქართველოს რეგიონებზე. თუმცა, ანგარიშის თანახმად, რესპონდენტებს მხოლოდ საქართველოს ფარგლებში მოქცევა არ სურთ - როგორც წარმატებული ქვეყნების გამოცდილების გაზიარება, ასევე მნიშვნელოვანი საერთაშორისო ამბების ცოდნაც უნდათ.

BCG-ის კვლევის საფუძველზე კომისიამ ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტები უნდა განსაზღვროს, რომლის მიხედვით ლიცენზიის მაძიებელთა სამაუწყებლო კონცეფციები შეფასდება. პრიორიტეტები 18 აპრილს დადგინდება. როგორც კომისიაში ამბობენ, კვლევამ აჩვენა, რომ მაყურებლებს მრავალფეროვანი ბადე იზიდავთ. შესაბამისად, პრიორიტეტული სწორედ მრავალფეროვნება იქნება.

ამ დროისთვის კომისიაში ლიცენზიის მაძიებლების 25-მდე განაცხადია შესული, რომლებზეც ადმინისტრაციული წარმოება დროებით შეჩერებულია. პრიორიტეტების დადგენისთანავე კი განახლდება.

მაყურებლების პრიორიტეტების კვლევა კომისიამ ყოველ 2 წელიწადში უნდა ჩაატაროს. პირველი კვლევა 2004 წლით თარიღდება. მაშინ მაყურებლები უპირატესობას საინფორმაციო გადაცემებს ანიჭებდნენ. სხვა მხრივ, ვითარება დღევანდელის მსგავსი იყო. 2006 წელს კვლევა არ ჩატარებულა, ხოლო უკანასკნელს 2 წელიწადზე მეტი დასჭირდა.

BCG-ის კვლევის შედეგები მედიის წარმომადგენელთა ნაწილს უჩვეულოდ მოეჩვენა. მათ კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC) მიერ 2009 წელს ჩატარებული ქართული მედიის კვლევა გაიხსენეს, რომელმაც საზოგადოების მაღალი ინტერესი ახალი ამბებისა და საგამოძიებო ჟურნალისტიკის მიმართ აჩვენა.

CRRC-ის კვლევის თანახმად, სატელევიზიო ახალ ამბებს ყოველდღიურად რესპონდენტების 84%25 უყურებდა. ინტერვიუერებმა რესპონდენტებს საგამოძიებო ჟურნალისტიკის შესახებაც ჰკითხეს. კითხვარში მითითებული სფეროებიდან 75%25-მა ინტერესი ჯანდაცვის, სასამართლოს, არჩევნებისა და სიტყვის თავისუფლების საკითხების გამოძიების მიმართ გამოავლინა.

როგორც BCG-ის ჩატარებული კვლევის კოორდინატორი ხათუნა ხარჩილავა ამბობს, ამ ორი კვლევის მეთოდოლოგია და მიზნები აბსოლუტურად განსხვავებულია, რის გამოც მონაცემების შედარება მართებული არ არის.

6 დასაქმება VS მაღალი ფასები

▲back to top


ზურაბ ჯაფარიძე|სვეტი

0x01 graphic

რამდენიმე დღის წინ, ამერიკის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის დაკვეთით, 2011 წლის 4-17 მარტს ჩატარებული კვლევის შედეგები გამოქვეყნდა. კვლევა საკითხთა საკმაოდ ფართო სპექტრს მოიცავდა. თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში სამი ათასამდე მოქალაქე გამოიკითხა.

საყურადღებოა, რომ აღნიშნული კვლევის შედეგებიდან, ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ პრობლემად, ჩვენი მოქალაქეების 61%25-ს დასაქმება, 39%25-ს - ფასების ზრდა, ხოლო 36%25-ს - სიღარიბე მიაჩნია. საინტერესოა, რომ ტერიტორიული მთლიანობის საკითხმა მხოლოდ მე-3 ადგილი დაიკავა, 38%25-ით.

დასახელებული პრობლემების მიხედვით, დაახლოებით მსგავსი სურათია ყველაზე მნიშვნელოვან ადგილობრივ საკითხებთან დაკავშირებითაც - 81%25-ის აზრით, კრიტიკულია დასაქმების საკითხი, ხოლო 46%25-ის და 32%25-ის აზრით - შესაბამისად, კომუნალური მომსახურებისა და ტრანსპორტის ღირებულების ზრდა.

შედეგები საყურადღებოა, რადგან პოლიტიკური ძალები, როგორც სახელისუფლებო, ისე ოპოზიციური, განსაკუთრებით აკვირდებიან მოსახლეობის განწყობას და ცდილობენ საკუთარ რიტორიკასა თუ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში ის ადეკვატურად ასახონ.

რიტორიკა თავისთავად ნაკლები პრობლემაა. თუმცა ხშირ შემთხვევაში, ოპოზიციური თუ კვაზიოპოზიციური პოლიტიკური მოთამაშეები მოსახლეობის განწყობას საკუთარი რეიტინგის აწევის მიზნით იყენებენ. ისინი ახორციელებენ ზეწოლას მმართველ პოლიტიკურ ძალაზე, ეს უკანასკნელი იძულებული ხდება გარკვეულ დათმობებზე წავიდეს და მიიღოს ისეთი ეკონომიკური ხასიათის გადაწყვეტილებები, რომლებიც გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყნისთვის მხოლოდ ნეგატიური შედეგების მომტანია.

კვლევის შედეგების მიხედვით, მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას განსაკუთრებული სიმძაფრით ორი საკითხი აღელვებს - დასაქმება და ფასების ზრდა. რაოდენ უცნაურადაც უნდა ჟღერდეს, აღნიშნული პრობლემები შესაძლოა ერთმანეთზე იყოს გადაბმული. ბოლო რამდენიმე წელია, ხელისუფლების განცხადებები და გარკვეული ქმედებები უმუშევრობის დაძლევისკენაა მიმართული. უკანასკნელი საარჩევნო კამპანია მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ მეტწილად სწორედ ამ პრობლემის ირგვლივ ააგო. ინფლაციამ კი, როგორც მოსახლეობის უკმაყოფილების მიზეზმა, წინა პლანზე მხოლოდ ბოლო თვეებში წამოიწია.

არსებობს თუ არა კავშირი ფასების 14%25-იან ზრდასა (2011 წლის მარტის მონაცემების მიხედვით) და ხელისუფლების „ანტიუმუშევრობის” პოლიტიკას შორის? ჩემი აზრით - კი.

უმუშევრობის დაძლევის მიზნით, მთავრობა ხარჯავდა იმაზე მეტს, ვიდრე საგადასახადო შემოსავლების სახით კრებდა. დეფიციტის დასაფინანსებლად კი იღებდა ვალს ან მიმოქცევაში ზრდიდა ფულის მასას. სწორედ ფართო ფულის ოდენობის (M2) მატებამ გამოიწვია ფასების ზრდა, შედეგად კი - ახალი პრობლემა, რომელიც თავისი არსით ბევრად უფრო მნიშვნელოვანია.

სახელმწიფო ხარჯების ზრდით დასაქმების „ხელშეწყობა“ ჩვენი ხელისუფლების მოგონილი ნამდვილად არ არის. მსგავს ტაქტიკას უამრავი ქვეყნის მთავრობა მიმართავდა და მიმართავს. თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში - ეს გზა პრაქტიკულად ყველგან უშედეგოა. მსგავსი პოლიტიკის შედეგი შესაძლოა იყოს დროებითი დასაქმების ზრდის ილუზია, მაგრამ საბოლოო ჯამში სახელმწიფო ხარჯების მატება, ყოველთვის სხვადასხვა ტიპის ეკონომიკური ხასიათის პრობლემებით მთავრდება. საქართველოს შემთხვევაში კი ასეთი ილუზიის შექმნაც ვერ მოხერხდა. უბრალოდ ერთ პრობლემას - უმუშევრობას, მეორე - ინფლაცია დაემატა.

საქმე ისაა, რომ საბიუჯეტო ხარჯების ზრდით, სინამდვილეში, სამუშაო ადგილები არ იქმნება. სახელმწიფო უბრალოდ იღებს ფულს კერძო, ეფექტიანად მომუშავე სექტორიდან და ხარჯავს სხვა სფეროში - იქ, სადაც გარკვეული ბიუროკრატები ჩათვლიან საჭირო, სახელმწიფოსთვის განსაკუთრებული (სტრატეგიული) მნიშვნელობის მქონე ან პოტენციურად მომგებიან ინვესტიციად. შედეგად ზარალდება კერძო სექტორი, კლებულობს დანაზოგები და ინვესტიციებისთვის საჭირო ფულის ოდენობა, ნელდება ეკონომიკური ზრდის ტემპი.

ეს ყველაფერი რომ დავივიწყოთ და დროებით დავიჯეროთ, რომ სახელმწიფოს შესწევს უნარი საბიუჯეტო ხარჯების მატებით დაასაქმოს მეტი მოქალაქე, რა აზრი აქვს ასეთ დასაქმებას? სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რა მნიშვნელობა აქვს მოსახლეობის რამდენი პროცენტი იქნება დასაქმებული თუ საერთო კეთილდღეობა არ გაიზრდება და ხშირ შემთხვევაში პირიქით, დაიკლებს? სახელმწიფოს შეუძლია მიაღწიოს 100%25-იან დასაქმებას თუ მოსახლეობას დაავალდებულებს (როგორც ეს საბჭოთა კავშირის დროს ხდებოდა) ან დაავალებს ნებისმიერი საქმის კეთებას და ამაში გადაუხდის ფულს. კეთილდღეობა კი ასე არ იზრდება.

ვთქვათ, ხელისუფლებამ დახარჯა 100 მილიონი რომელიმე „სტრატეგიულად მნიშვნელოვანი“ პროექტის განხორციელებაზე და ამ გზით დროებით 2 ათასი ადამიანი დაასაქმა. 100 მილიონი რომ გავყოთ საქართველოს მოსახლეობის რაოდენობაზე, თითო მოქალაქეს დაახლოებით 25 ლარი შეხვდება. როგორ მოიხმარს მოსახლეობა ამ ფულს? დახარჯავს ან შეინახავს.

დახარჯვა ნიშნავს, რომ შეიძენს ისეთ პროდუქტსა თუ მომსახურებას, რომელიც მისთვის ყველაზე მეტი სარგებლის მომტანია. შესაბამისად, გაიზრდება მისი კეთილდღეობა, ხოლო ბაზარი მიიღებს სიგნალს, რომ გაიზარდა მოთხოვნა იმ პროდუქტებსა თუ მომსახურებებზე, რომლებიც მოსახლეობამ შეიძინა. შედეგად იმატებს სწორედ ამ მომსახურებებისა თუ პროდუქტების წარმოება და ამასთანავე, გაიზრდება ამ სფეროებში დასაქმებულთა რაოდენობაც.

თუ ამ თანხის გარკვეული რაოდენობა მოხვდება საბანკო დეპოზიტებზე (ანუ „შეინახება“), ეს ნიშნავს, რომ სხვადასხვა ახალი ბიზნესპროექტების დასაფინანსებლად ფული გახდება შედარებით უფრო ხელმისაწვდომი. ანუ მეტი კერძო კომპანია შეძლებს სესხის შედარებით იაფად აღებას და ბიზნესსაქმიანობის დაწყებას ან გაფართოებას. შედეგად - დასაქმება კვლავ გაიზრდება.

სწორედ ასე, და მხოლოდ ასე მიეწოდება ბაზარს სიგნალები იმის თაობაზე, თუ რომელი პროექტი უნდა დაფინანსდეს და რომელი არა, რა ტიპის პროდუქტი უნდა აწარმოონ და რა ტიპის არა, რომელ სფეროებში უნდა განხორციელდეს ინვესტიციები და რომელში არა. მხოლოდ ამ გზით იზრდება კონკურენცია, იკლებს ფასები, უმჯობესდება ხარისხი და ჩნდება ინოვაციები. სწორედ ასე, და მხოლოდ ასე იზრდება საერთო კეთილდღეობა, იმატებს დასაქმება და იკლებს სიღარიბე. სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს. ნებისმიერი სხვაგვარი ქმედება ეწინააღმდეგება ადამიანთა თანაცხოვრების ბუნებრივ კანონზომიერებებს და ამცირებს საერთო კეთილდღეობას.

სასურველია, ხელისუფლებამ მართებული დასკვნა გამოიტანოს NDI-ს კვლევის შედეგებიდან - სახელმწიფო რესურსებით უმუშევრობასთან ბრძოლამ ფასების ზრდა შესაძლოა, კიდევ უფრო პრობლემური გახადოს. დასაქმება არ არის სახელმწიფოს საქმე. დასაქმების რეალური ზრდა კერძო სექტორში ხდება. ამისათვის კი საჭიროა ბაზრის მეტი ლიბერალიზაცია და სახელმწიფო ხარჯების მნიშვნელოვანი შემცირება. ფული, რომელიც მოაკლდება ბიუროკრატიის შენახვას ანდა მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი (და თვალწარმტაცი) პროექტების განხორციელებას, უფრო ეფექტიანად დაიხარჯება კერძო პირების მიერ, რაც საგრძნობლად დააჩქარებს ეკონომიკურ ზრდას.

7 საერო აღდგომა

▲back to top


საზოგადოება

ლევან სუთიძე

0x01 graphic

ერთი გავრცელებული თქმულების მიხედვით, რომში ახალი რელიგიის გასავრცელებლად ჩასული მარიამ მაგდალინელი იმპერატორ ტიბერიუსს ესტუმრა, კვერცხი მიართვა და ქრისტეს აღდგომა ახარა. წარმართმა მონარქმა ქალს უპასუხა, რომ მიცვალებულის აღდგომა მისთვის ისეთივე დაუჯერებელი იყო, როგორც კვერცხის გაწითლება. ტიბერიუსს სიტყვა არ ჰქონდა დასრულებული და კვერცხმაც ფერი იცვალა.

ქრისტიანთა ნაწილს სწამს, რომ სააღდგომო კვერცხის შეღებვის ტრადიციას, სწორედ სასახლის კარზე მომხდარმა სასწაულმა დაუდო საფუძველი. თუმცა განსხვავებული ვერსიებიც არსებობს.

თანამედროვე ქრისტიანულ ტრადიციაში კვერცხი სიცოცხლის სიმბოლოა. მას ვნების პარასკევს წითლად ღებავენ, სახლში გაზრდილ ჯეჯილში აწყობენ და კვირას საზეიმოდ ამტვრევენ. ეს ფერი ერთდროულად ქრისტეს მიერ კაცობრიობისთვის დაღვრილ სისხლსა და აღდგომის სიხარულს განასახიერებს. ნაჭუჭი ქრისტეს დახშულ საფლავთან არის დაკავშირებული, მისი გატეხვით მორწმუნეები იესოს საფლავზე ლოდის გადაგორებასა და ჯოჯოხეთის კარიბჭის დამსხვრევას იხსენებენ.

აღდგომას საეკლესიო კალენდარი „დღესასწაულთა დღესასწაულს“ უწოდებს და რანგით შობაზე მაღლაც კი აყენებს. თუმცა, როგორც ყველა დიდი რელიგიური დღესასწაული, ისიც ფართო საზოგადოებისთვის ჩვეულებებთან უფრო ასოცირდება, ვიდრე ღამისთევის ლიტურგიასთან ან შინაარსთან.

თანამედროვე საქართველოში, შეღებილი კვერცხი და პასქა, სააღდგომო სუფრის განუყოფელი ნაწილია. პასქისგან განსხვავებით, კვერცხი აღდგომის უნივერსალური სიმბოლოა.

მკვლევართა ნაწილი ფიქრობს, რომ საეკლესიო ცხოვრებაში, კვერცხის შეღებვა, წარმართული ტრადიციიდან შემოვიდა და ახალი შინაარსით დამკვიდრდა. ძველი ეგვიპტელების, რომაელების, სპარსელებისა და სხვა უძველესი ხალხების წარმოდგენებში, სამყარო მისი შემქმნელი კოსმიური კვერცხისგან წარმოიშვა. კვერცხი გაზაფხულისა და ნაყოფიერების ინდოევროპულ ქალღმერთ ისტრეს სიმბოლოც იყო. მისი სახელი სხვადასხვა კულტურაში სხვადასხვაგვარად გამოითქმოდა, მაგრამ აღდგომის ინგლისური დასახელება, ქალღმერთის სახელის საქსონური ვარიაციიდან მოდის - Easter. ეს მოსაზრება პირველად მეშვიდე საუკუნეში მოღვაწე ანგლოსაქსმა სწავლულმა, ღირსმა ბედემ გამოთქვა.

ისტრეს საპატივცემულოდ ევროპაში საგაზაფხულო ფესტივალი იმართებოდა, სადაც კვერცხს ერთ-ერთი უმთავრესი სარიტუალო ფუნქცია ჰქონდა. ვარაუდობენ, რომ ეკლესიამ წარმართული ტრადიციის „გაქრისტიანება“ და რწმენის სამსახურში ჩაყენება გადაწყვიტა. თუ ადრე ის გაზაფხულის, ანუ ქვეყნიერების სასწაულებრივი განახლების სიმბოლო იყო - საეკლესიო ცხოვრებაში კაცთა მოდგმის ხელახალ შობასა და სიკვდილზე გამარჯვებას დაუკავშირეს. მეცნიერები შობის დღესასწაულსაც წარმართული დღესასწაულის „მოქცევას“ უკავშირებენ. სწორედ ამიტომ ემთხვევა შობისა და მზის წარმართული ფესტივალის თარიღები. წარსულში თაყვანისცემის ობიექტი მნათობი, ქრისტეს ერთ-ერთ სიმბოლოდ წარმოგვიდგა.

მეორე ვერსიით, სააღდგომო კვერცხს წარმართული ფესვები არ აქვს და თავიდანვე ქრისტიანული სიმბოლო იყო. 40-დღიანი მარხვის შემდეგ, მორწმუნეები კვების ჩვეულ რაციონს უბრუნდებიან და რადგან აღდგომა გლოვის დასასრულს ნიშნავს, დროებით აკრძალული საკვების საზეიმო შემკობა ალოგიკური სულაც არ არის.

სხვადასხვა ქვეყანაში კვერცხის მორთულობის განსხვავებული ფორმაა გავრცელებული და წითელ შეფერილობაზე არანაკლებ დატვირთვას ატარებს - ქრისტემ ხომ ცოდვით დაცემულ კაცობრიობას ახალი და სინათლით სავსე სიცოცხლე აჩუქა. მაგალითად, შვედეთში აღდგომას ყვითელი ფერის დღესასწაულსაც ეძახიან და ცდილობენ, ზეიმზე ეს ფერი ჭარბობდეს. მონარქები კვერცხს ოქროთი და ძვირფასი თვლებით ამკობდნენ, ხელმოკლე ოჯახებში კი სხვადასხვა ბუნებრივ საღებავს იყენებდნენ. ძვირად ფასობს მეცხრამეტე საუკუნეში მოღვაწე იუველირის, კარლ ფაბერჟეს მინიატურული კვერცხები, რომელიც პირველად, რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრ მესამემ, მეუღლისთვის შეუკვეთა.

თანამედროვე სამყაროში სააღდგომო კვერცხთან დაკავშირებული უამრავი ჩვეულება შემორჩა. ევროპასა და ამერიკაში არსებობს სააღდგომო ცეკვის ტრადიცია: ძველად ახალგაზრდა წყვილებს აცეკვებდნენ დიდ დარბაზში ან მდელოზე, სადაც უამრავი კვერცხი ეყარა. წესი მარტივი იყო - მოძრაობისას არც ერთი მათგანი არ უნდა დაეზიანებინათ. თუ წყვილი ამას მოახერხებდა, მათი ქორწინებისთვის წინააღმდეგობის გაწევას, ყველაზე ჯიუტი მშობელიც ვერ შეძლებდა.

კიდევ ერთი ტრადიციით, შაბათ ღამით, მშობლები საგანგებოდ მალავენ სხვადასხვა ზომის სააღდგომო კვერცხებს. მაგალითად, 1985 წელს ჯორჯიას შტატში, ქალაქ ჰომერის ქუჩებში 80 ათასი კვერცხი დამალეს, რამაც გარეთ 5 ათასამდე „კვერცხზე მონადირე” გამოიყვანა. მოვლენა გინესის რეკორდების წიგნში შევიდა.

ვაშინგტონში, პრეზიდენტის მხარდაჭერით, თეთრ სახლთან მდებარე მინდორზე სააღდგომო კვერცხთან დაკავშირებული თამაშები იმართება. თეთრი სახლის ეზოში მშობლები და ბავშვები იკრიბებიან, რომელთაც პირველი პირი და კურდღლის კოსტიუმში გამოწყობილი მსახიობები ტკბილეულით უმასპინძლდებიან.

დასავლეთში პოპულარულია აღდგომის მეორე სიმბოლო - კურდღელი. ეს ცხოველიც ნაყოფიერების ქალღმერთის სიმბოლო იყო და გამრავლების განსაკუთრებული უნარის გამო ფასობდა. დღეს კურდღელი, კალათაში მოთავსებულ შოკოლადისა და შაქრის ჭრელ კვერცხებთან ერთად, სეზონური გაყიდვების მთავარი გმირია.

საქართველოში სამეფო კარზე გამართული სააღდგომო დღესასწაული ვახუშტი ბაგრატიონმა ასე აღწერა: „ხოლო აღდგომის წესი იყო ადრე ნათლებისად წირვა და შემდგომად წირვისა მცირედითა სანოვაგითა ხორცთათა აღიხსნიდიან პირთა მეფე და დიდებულნი. შემდგომად გამოვიდის მეფე და ყოველნი წარჩინებულნი და მცირებულნი ასპარეზსა ზედა და დასვიან სამეფო თასი ოქროსი ანუ ვერცხლისა ყაბახსა ზედა, დაუწყიან სროლა მას თასსა ისარნი მოყმეთა და ჭაბუკთა, და რომელი ჩამოაგდის ისრითა, მას მისციან თასი იგი. შემდგომად ამისა შექმნიან ბურთაობა... ნადიმნი და პურობანი დიდნი მგოსან-სახიობთა”.

ამასთან ერთად არსებობდა ტრადიცია - ჭონა, რომელიც არსით ძალიან ჰგავს საშობაო ალილოს. მეჭონეები კარდაკარ დადიოდნენ და კვერცხებს აგროვებდნენ, შეგროვებულით კი ლხინი იმართებოდა.

0x01 graphic

უკანასკნელ წლებში, ათწლეულების აკრძალვის შემდეგ, საქართველოში მოსახლეობა სააღდგომო ღამისთევაზე მასობრივად დადის და სადღესასწაულო ლიტანიობაში მონაწილეობს. წირვის ბოლოსკენ მრევლს იერუსალიმიდან ჩამოტანილი „წმიდა ცეცხლი“ ურიგდება. ორშაბათ საღამოს კი ჭირისუფლები სასაფლაოზე გადიან და შეღებილ კვერცხებს საფლავზე აგორებენ. ეს რიტუალი გვახსენებს, რომ ქრისტეს აღდგომამ არა მხოლოდ ცოცხლები, არამედ მიცვალებულებიც დაიხსნა.

8 აღსარების თერაპია

▲back to top


საზოგადოება

ნინო მაჭარაშვილი

0x01 graphic

არ აქვს მნიშვნელობა, მღვდლის ოლარის ქვეშ გაქვთ თავი მოდრეკილი თუ ფსიქოლოგის კაბინეტში კომფორტულ სავარძელზე წევხართ - თქვენ საუბრობთ. ეს ნიშნავს, რომ მეორე პირს ინტიმურ გარემოში თქვენს წუხილს ანდობთ. მართალია, უკანასკნელ შემთხვევაში მხოლოდ თქვენ ორნი ხართ, ტაძარში კი „მესამეც“ სუფევს, მაგრამ აღსარებასა და ფსიქოთერაპიის სეანსს რაღაც საერთო ნამდვილად აქვს.

ახალი არ არის, რომ სტრესის, დაბნეულობის თუ დეპრესიის დროს, ადამიანებს სჭირდებათ ვიღაც, ვინც მათ მოუსმენს და რჩევას მისცემს. წარსულში ამ ფუნქციას წარმატებით ითავსებდა და ხშირად, დღესაც ითავსებს რელიგიური ინსტიტუტები. აღსარებაც ერთ-ერთი ანტისტრესული საშუალებაა - სულიერი გაწონასწორებულობისა და სიმშვიდის მოპოვების გზა. გარდა საეკლესიო საიდუმლოს რელიგიური დანიშნულებისა, სულიერ მოძღვართან საკუთარ ცოდვებზე საუბარი, ხშირად „აუცილებლად შესასრულებელი“ როლიც ხდება. მავანს ეს გარშემომყოფებში სტატუსის გასამყარებელად სჭირდება. მოკლედ რომ ვთქვათ, აღსარებაზე სიარული ზოგან ისეთივე მოდური ტენდენციაა, როგორც მდიდარ საზოგადოებებში - პირადი ფსიქოთერაპევტის ყოლა. სულიერი მოძღვრისა და ფსიქოლოგისათვის დარდის „ერთდროულად” გაზიარება კი მხოლოდ რჩეულთა ხვედრია.

ზოგან პირადი ფსიქოლოგის ყოლის ტენდენცია იმდენად ძლიერია, რომ ფსიქოლოგიას ახალ რელიგიას, ფსიქოთერაპევტს კი ჩვენი დროის საერო მოძღვარსაც უწოდებენ. უკანასკნელი 30 წლის მანძილზე დასავლეთში ბედნიერების მთელი „მეცნიერება“ განვითარდა. ფსიქოლოგებმა სასულიერო პირებისგან პრივილეგია გარკვეულწილად გადაიბარეს - მთავარ ცხოვრებისეულ კითხვებს უკვე ისინი პასუხობენ და საზღვრავენ, თუ როგორია „კარგი ცხოვრება“. ადამიანებმა ბედნიერების, მხიარულების, კმაყოფილების, სიყვარულის მიზეზების „მეცნიერულად“ განსაზღვრა დაიწყეს. ბედნიერების ახალი კანონები ცხოვრების მთავარ საქმიანობებში მათ მოქმედებებს მართავს - იქნება ეს სამსახური, ოჯახი თუ საზოგადოება. საბოლოოდ თერაპიის სეანსები, წიგნები თუ მრჩევლები უზარმაზარ ინდუსტრიად გვევლინება. ე.წ. პოპულარული ფსიქოლოგია ადამიანებს ყოველდღიურად აწვდის მათი ქცევების გამარტივებულ, არადამტკიცებად და არასწორად ინტერპრეტირებულ ახსნებს.

ამ თვალსაზრისით, პოპულარული ფსიქოლოგია ჩვენთვის ნაცნობ, პოპულარულ რელიგიას წააგავს, რომელიც, ჩვენს ყოველდღიურობაში, ანალოგიურად გვთავაზობს ქცევისა და განსჯის საყოველთაო, მზა წესებს. მეტიც, საქართველოში ფსიქოლოგს ხშირად მღვდელთან ან მეგობართან აიგივებენ.

ზოგიერთ ფსიქოთერაპევტს მართლაც შესწევს ძალა, პაციენტთან სულიერი მოძღვრის როლი შეითავსოს. ისევე, როგორც სასულიერო პირს შეუძლია, თავის სულიერ შვილს ფსიქოლოგად მოევლინოს. მეტიც, აშშ-ში ფსიქოთერაპიის მეთოდებში სულიერებასთან დაკავშირებული მოტივების დანერგვა, საკმაოდ მძლავრი ტენდენციაა.

მაინც რა აკავშირებს აღსარების თქმასა და ფსიქოთერაპევტთან ვიზიტს, გარდა იმისა, რომ ორივე ცხოვრების რუტინული წესი ან მოდური ტენდენცია შეიძლება იყოს?

საბოლოო ჯამში, ფსიქოთერაპიისა და რელიგიური პრაქტიკის საერთო მიზანი ტანჯვის შემსუბუქებაა. რაღაც აზრით, ორივე მათგანი „სულის განკურნებას“ ემსახურება. თუმცა ფსიქოთერაპევტები აღნიშნავენ, რომ მათი მთავარი მიზანი არა იმქვეყნიური სრულყოფილების, არამედ ამქვეყნიური კომფორტის მიღწევაა. სულიერი იდეალებისკენ რელიგიური სწრაფვა კი გამოჯანმრთელების გზაზე, ხშირად, თერაპევტული პერსპექტივიდან, დაბრკოლებად იქცევა.

ფსიქოთერაპიის სეანსის დროს, ისევე როგორც მოძღვართან ვიზიტისას, ადამიანს სიმართლის თქმა და ნეგატიური ემოციებისგან - შიშის, სიბრაზისა თუ წარსულის შეცდომებისგან გათავისუფლება შინაგან კომფორტს უქმნის. გარდა ამისა, ორივე პროცესისას, არა მარტო მღვდლის ან თერაპევტის მიმართ, არამედ საკუთარი თავისადმი ნდობაა მნიშვნელოვანი. სულიერმა შვილმა თუ პაციენტმა უნდა თქვას ის, რასაც რეალურად ფიქრობს ან გრძნობს - მხოლოდ ამ შემთხვევაში დამშვიდდება სული თუ ფსიქიკა. ფსიქოთერაპევტის შემთხვევაში ნდობის აშენებას მეტი დრო სჭირდება, მოძღვართან კი, როგორც წესი, მისდამი წინასწარვე ნდობით განმსჭვალულნი მიდიან.

მნიშვნელოვანია, რომ ორივე შემთხვევაში, ადამიანს კონფიდენციალობის გარანტია აქვს. ეს მას, საკუთარ თავზე საუბრისას, სირცხვილის გრძნობის, შიშის დაძლევას უადვილებს. ფსიქოლოგებს მკაცრად მოეთხოვებათ, დაიცვან პაციენტის კონფიდენციალობა. მხოლოდ ამ უკანასკნელის თანხმობის შემთხვევაში შეიძლება, მკურნალობაში ჩართული სხვა პირებისთვის ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახდეს - მაგალითად, ფსიქიატრის ან წინა თერაპევტისთვის.

გარდა ამისა, როდესაც ადამიანი ფსიქოლოგთან სეანსზე ან მღვდელთან აღსარების სათქმელად მიდის, ის გაგებასა და პატიებას მოელის. ფსიქოთერაპევტებისთვის, პაციენტის მიმართ არაკრიტიკული განწყობა, ოქროს წესია. მან არამც და არამც არ უნდა შეითავსოს მოსამართლის როლი. იდეალურ შემთხვევაში, გასამართლება არც მოძღვრის კომპეტენციაში შედის, თუმცა პრაქტიკა ხშირად განსხვავებულია.

თუ გვსურს, რომ მოძღვართან ან ფსიქოლოგთან ურთიერთობა დადებითი შედეგით დასრულდეს და სულიერი თუ ფსიქიკური შფოთი კიდევ უფრო არ გართულდეს, ადამიანს აუცილებლად სჭირდება მოტივაცია. მას თავად უნდა სურდეს ცოდვების მონანიება ან ფსიქოლოგიური ტრავმების გადალახვა.

კიდევ ერთი რამ, რაც ფსიქოთერაპევტსა და მოძღვარს აერთიანებს, საკუთარი სტატუსის მუდმივი ხსოვნაა. წესით, პაციენტთან თუ სულიერ შვილთან გარკვეული დისტანცია ორივეს მოეთხოვება. ამიტომ, თუ საკუთარ ფსიქოლოგთან ერთად ხშირად სვამთ ყავას სამზარეულოში, ან მოძღვარს ზედმეტად გაუშინაურდით, ჩათვალეთ, რომ ეს მათთან დაახლოების თავდაპირველ მიზანს ნაკლებად შეესაბამება.

ამრიგად, საბოლოო ეფექტი, ისევე როგორც ადამიანის მოტივაცია, მსგავსია. განსხვავება მეთოდებშია. მაგალითად, თერაპიის დროს სეანსის შინაარსს პაციენტი განსაზღვრავს. თერაპევტი მას მიჰყვება და საკუთარი მიდგომიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე, მდგომარეობის შესაბამისად მოქმედებს. სასულიერო პირი სულიერ შვილს თავად უდგენს ქცევის წესსა თუ სანქციებს. გარდა ამისა, თერაპიული ურთიერთობის დროს ფსიქოლოგს მოეთხოვება, არ მოახვიოს პაციენტს საკუთარი რწმენა, მაშინ როცა მოძღვართან ვიზიტისას წინასწარი თანხმობა არსებობს.

ცხადია, კარგია, როდესაც ადამიანები დამთრგუნველი განცდებისგან გათავისუფლებას ახერხებენ. თუმცა, მხედველობაში უნდა მივიღოთ რისკიც: შესაძლოა, ერთ დღესაც აღმოაჩინოთ, რომ სულიერ მოძღვარზე ან პირად ფსიქოლოგზე ზედმეტად დამოკიდებული ხართ. ამის შეცნობა ადვილად შეიძლება. მაგალითად, როდესაც მარტივ მოქმედებებს და ყოფით გეგმებს წინ უსწრებს ფრაზა - „ფსიქოლოგს ვკითხავ“, ან „მოძღვარს ვთხოვ, მაკურთხოს“, დროა, დაფიქრდეთ, რატომ გსურთ, ყველა მოქმედება სხვის მიერ იყოს ნებადართული.

9 მზისამაომეტყველება

▲back to top


ბექა მინდიაშვილი|სვეტი

0x01 graphic

1970 წლების მიწურულს, ედუარდ შევარდნაძემ საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის პირველმა მდივანმა, ყველანი ასეთი ფრთიანი ფრაზით განაცვიფრა: მზე საქართველოში ჩრდილოეთიდან ამოდის.

მზის ტრაექტორიის ეს არაბუნებრივი ცვლილება დღემდე დიდ ძმასთან მლიქვნელობის უნიკალურ, განუმეორებელ გამოვლინებად რჩება, თუმცა რუსეთთან ურთიერთობის ჭრილში საქართველოს პატრიარქმაც სოლარული მეტაფორა გამოიყენა და ასეთი რამ განაცხადა: მზის ამოსვლამდე მეზობლისკენ უნდა გაიხედო.

ვცადოთ, ამ სენტენციის პოლიტიკური სემანტიკის დადგენა. ილია მეორე დაახლოებით ასეთ რამეს უნდა ამბობდეს: მანამდე, სანამ საქართველოში პოლიტიკური მზე ისევ ერთმორწმუნე ჩრდილოეთიდან ამობრწყინდება, ჩვენ, ბედის უკუღმართობის გამო პოლიტიკურად აღმოსავლურ-დასავლურ უკუნეთში გახიდულები, რელიგიურად მხოლოდ ჩრდილოელი მეზობლისკენ უნდა ვიცქირებოდეთ. მათგან უნდა მოვითხოვდეთ მოწყალებას.

თუ ამ კონტექსტში ჩავსვამთ უკვე გვიანი შევარდნაძის ფრაზასაც, რომ აფხაზეთის პრობლემის გასაღები რუსეთშია, მაშინ კიდევ უფრო ცხადი გახდება, რას გულისხმობს კათოლიკოსი მეზობლისკენ მიმართულ მზერაში. შევარდნაძის მსგავსად, ილია მეორისთვისაც საქართველოს პოლიტიკური ერთიანობის საკითხი რუსეთში წყდება, იქ წყდება საქართველოს ეკლესიის მთლიანობის ბედიც, რადგან თუკი რუსეთის ეკლესიამ გადაწყვიტა აფხაზეთის ავტოკეფალიის ცნობა ან სოხუმისა და ცხინვალის ეკლესიების ინკორპორირება, მაშინ ცხადია, რომ ივერიის ეკლესიის სხეული დაირღვევა.

მაგრამ თუ სხვა კუთხიდან შევხედავთ საკითხს და არა ფორმალურ, არამედ რეალურ ვითარებას მივიღებთ მხედველობაში, ვნახავთ, რომ აფხაზეთისა და ოსეთის უღიარებელ მართლმადიდებლურ გაერთიანებებთან დაკავშირებით ჩვენთვის უმჯობესი იქნება, თუკი მოსკოვის საპატრიარქო მათ სცნობს, ხოლო საქართველოს საპატრიარქო პოლიტიკურ გეზს შეიცვლის.

რეალური ვითარება იმგვარია, რომ ამ ტერიტორიებზე რუსეთი უკვე კარგა ხანია, რაც ბოლომდე წარმართავს და აკონტროლებს რელიგიასაც და პოლიტიკასაც. ამ ფონზე საკუთარი თავის იმით დამშვიდება, რომ საეკლესიო ერთიანობა შენარჩუნებულია, უხეშად რომ ვთქვათ, ბლეფია.

რუსეთისთვის „აღიარების“ გზით წასვლა არახელსაყრელია. მოსკოვის საპატრიარქოს მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ეკლესიების მიერთება ანდა მათი დამოუკიდებლობის ცნობა, საერთაშორისო თავსატკივარის გარდა, იმასთანაც იქნება დაკავშირებული, რომ ეს საქართველოს საპატრიარქოს აიძულებს უფრო ხისტი პოზიცია გამოიმუშაოს მოსკოვის საპატრიარქოსადმი. ამას კი შედეგად შესაძლოა მოჰყვეს ის, რომ საქართველოს საპატრიარქო უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიას დაუჭერს მხარს და პოლიტიკური მართლმადიდებლობის რუკაზე რუსეთის შემაკავებელი ძალა გაჩნდება.

საბოლოო ჯამში კი, საქართველოს საპატრიარქოს საგარეო კურსის შეცვლას, შერჩენილი რუსოფილიისა და საბჭოური ცნობიერების, როგორც პოლიტიკური, კულტურული და რელიგიური საფრთხის, მნიშვნელოვანი განეიტრალება მოჰყვება.

მაგალითად წარმოვიდგინოთ, რომ აღდგომა ღამით, საქართველოს პატრიარქი გამობრძანდება აღსავლის კარიდან და მრევლს ქართულ, ბერძნულ და რუსულის ნაცვლად, აფხაზურ და ოსურ ენებზე ახარებს იესო ქრისტეს აღდგომას. ანუ საქართველოს ეკლესიის მეორე ენა რუსული კი არა, აფხაზური და ოსური გახდება. ამით საქართველოს მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიის თანასწორუფლებიან წევრებად ოსები და აფხაზები პირველად იქნებიან აღიარებული.

ერთი სიტყვით, იმის თქმა მინდა, რომ საქართველოს საპატრიარქო რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობასა და მოსკოვის საპატრიარქოსთან სიბნელეში კი არ უნდა ჩურჩულებდეს და მათგან მოწყალებას ითხოვდეს, არამედ დღის შუქზე, ხმამაღლა და მკაფიოდ, მსოფლიოს გასაგონად ქართველების, აფხაზების, ოსების, მთელი კავკასიის მთავარი უბედურების - რუსული პოლიტიკური და რელიგიური იმპერიალიზმის შესახებ უნდა მეტყველებდეს.

იგი მოკავშირეებს რუსეთსა და მოსკოვის სატელიტ მართლმადიდებელ ეკლესიებში კი არა, კონსტანტინოპოლში, რომსა და პროტესტანტულ სამყაროში უნდა ეძებდეს, ისევე როგორც ამას ერთი საუკუნის წინ საქართველოს ეკლესიის წმინდა პატრიარქები - კირიონი, ლეონიდე და ამბროსი იქმოდნენ.

რეალობა ხომ არსებითად არ შეცვლილა - საქართველო 1920-იან წლებშიც და ახლაც, ისევ ოკუპირებულია.

10 გავიზიაროთ თუ გავუზიაროთ?

▲back to top


ვახტანგ მეგრელიშვილი|სვეტი

როგორ გარდავქმნათ საპენსიო სისტემა

0x01 graphic

ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცია და მათ მიერ დაქირავებული ექსპერტები, წლების მანძილზე საქართველოს მთავრობას საპენსიო რეფორმის სხვადასხვა ვარიანტს სთავაზობდნენ. თუმცა, ქვეყნის ყველა მთავრობის სასახელოდ უნდა ვთქვა, რომ მოუცლელობის ან სხვა მიზეზების გამო, მხოლოდ ერთხელ, 2003 წელს გადადგა უპასუხისმგებლო ნაბიჯი და სოციალური დაზღვევის იძულებითი სქემა დააკანონა. 2005 წელს ამ შეცდომის გამოსწორების მიუხედავად, საზოგადოებაში და პოლიტიკურ ისტებლიშმენტში დღემდე არსებობს დაუკმაყოფილებლობის გრძნობა, თითქოს საპენსიო რეფორმა საქართველოში არ ჩატარებულა და რაღაც დროის შემდეგ ამ საქმისთვისაც უნდა მოვიცალოთ. ბოლოს, ორი კვირის წინ, ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებულ სოციალური რეფორმის პროექტს ვაკრიტიკებდი. ამ უკანასკნელი ან მსგავსი შინაარსის საპენსიო რეფორმების მსხვერპლი რომ არ გავხდეთ, კრიტიკის ნაცვლად, ამჯერად მინდა კარგზე, ანუ ჩვენნაირი სისტემის უპირატესობაზე და პოტენციურ შესაძლებლობებზე მოვყვე.

თანამედროვე საპენსიო სქემები, პრინციპულად, ორნაირია. ერთ შემთხვევაში, შრომისუნარიანობის დროს ანუ ახალგაზრდობისას, ადამიანი იძულებულია საკუთარი შემოსავლის ნაწილის მოხმარებაზე უარი თქვას. ეს ნაწილი სახელმწიფოს მიერ განსაზღვრულ კერძო ან საჯარო ორგანიზაციას შესანახად უნდა მიაბაროს. დაგროვილი ფულის გამოყენება მას გარკვეული ასაკის მიღწევის შემდეგ შეეძლება და საკუთარ ფულს, რომელსაც უკან დაუბრუნებენ, პენსია ეწოდება. პენსიის მეორე ვარიანტი არ ითვალისწინებს ფულის დაგროვებას. ამ შემთხვევაში შრომისუნარიანი თაობა იძულებულია, კონკრეტულ მომენტში ქვეყანაში არსებული მოხუცების პენსიებისათვის საჭირო ფული გადაიხადოს იმ პირობით, რომ როდესაც მოხუცდება, მას შემდეგი თაობა დაუბრუნებს. ორივე შემთხვევაში, პენსიის ოდენობის გაანგარიშების წესები დგინდება სახელმწიფოს მიერ. საკუთრების განკარგვის მესამე მხარის მიერ დადგენილი წესები შეუძლებელია ყოველთვის სამართლიანი იყოს. მაგალითად, ადამიანს შესაძლებელია დაგროვილი ჰქონდეს მნიშვნელოვანი თანხა, მაგრამ საპენსიო ასაკის მიღწევისთანავე გარდაიცვალოს და საკუთარი ფულით ვერ ისარგებლოს. მეორე შემთხვევაში, პენსიონერმა შესაძლებელია საშუალოზე ორჯერ მეტი იცოცხლოს და მიიღებს ფულს, რომელიც მას არ დაუგროვებია. ბუნებრივია, ტექნიკურად საპენსიო სქემები ბევრნაირია, მაგრამ ძირითადი შინაარსი არ იცვლება.

ამ სქემების შემოქმედი მზრუნველი მთავრობების რწმენა შეიძლება ასე აღვწეროთ: ადამიანები შეიძლება უპასუხისმგებლოდ მოიქცნენ, საკუთარი ფული დახარჯონ და სიბერეში უსახსროდ დარჩნენ. ღარიბი მოხუცების არსებობა რაღაცნაირად არასასიამოვნოა, ამიტომ დროულად ჯობია ვაიძულოთ ან საკუთარი ფულის ნაწილი შეინახონ ან ამჟამად მცხოვრები მოხუცებისათვის იმდენი ფული გამოვართვათ, რამდენიც სამართლიანად მიგვაჩნია. ვისაც ამ საკითხზე არ უფიქრია, ალბათ გაუკვირდება, მაგრამ ასეთ რწმენაზე დგას მთელი მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების ე.წ. საპენსიო პოლიტიკა.

ბუნებრივია, ადამიანებს უნდათ, მომავალი მათთვის ცნობილი იყოს. ამიტომ მთავრობის საპენსიო დაპირებების დაჯერება არ უჭირთ. მთავარი პრობლემა მომავლის პროგნოზირებაზე სახელმწიფოს პრეტენზიაა. არავის შეუძლია ადამიანებს დაჰპირდეს, თუ როგორი იქნება 30 წლის შემდეგ მისი შემოსავალი. დღეს უკვე არავისთვის დამალული არ არის, რომ ჩვენთვის მისაბაძმა ვერც ერთმა დასავლურმა ქვეყანამ მომავლის პროგნოზი სწორად ვერ გააკეთა.

მსოფლიოში საპენსიო სისტემის მასობრივად შემოღების ან არსებული სქემების გაფართოების დროს მოსახლეობის დიდი ნაწილი პროდუქტიულ ასაკში გახლდათ, მოხუცების რაოდენობა მცირე, ხოლო სიცოცხლის ხანგრძლივობა ნაკლები იყო. ახალგაზრდების წილის ზრდა მთელ მოსახლეობაში ეგრეთ წოდებული ბეიბი ბუმერების თაობამ, ანუ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ წლებში (1946-1964) გაზრდილმა შობადობამ გამოიწვია. განვითარებულ ქვეყნებში შეიქმნა ილუზია, თითქოს ბევრი დასაქმებულის მიერ ცოტა მოხუცებულის შენახვა მარტივი ამოცანა იქნებოდა, რადგან შრომისუნარიანი ასაკის (20-64) ადამიანებისა და მოხუცების (65-ს ზემოთ) თანაფარდობა 70 წლის წინ იყო 7,2:1. თუმცა 30 წლის შემდეგ სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა და გახდა 5,1:1, დღეს OECD-ს ქვეყნებში თანაფარდობა 4,1:1-ია. ევროპაში ეს მაჩვენებელი უკვე 3,5:1-მდე ჩამოვიდა და პროგნოზის მიხედვით 2050 წელს 1,8:1 იქნება. პრობლემას, ერთი მხრივ, ძალიან პოზიტიური ამბავი - სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდა ამწვავებს. თუ 50 წლის წინ ევროპელ პენსიონერს საშუალოდ 20 წლის მანძილზე უნდა მიეღო პენსია, დღეს საპენსიო წლები 32-მდე გაიზარდა. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ დემოგრაფიული თვალსაზრისით საქართველო განვითარებული ქვეყნებისაგან დიდად არ განსხვავდება.

ამ მიზეზების გამო სახელმწიფოების პროგნოზები არ გამართლდა. მოხუცებულებისათვის პოლიტიკოსების მიერ ათწლეულების წინ დაპირებული შემოსავლების გადახდა დღევანდელ თაობას იმდენად უჭირს, რომ ქვეყნების საბიუჯეტო დეფიციტის და ეკონომიკური არასტაბილურობის მიზეზებში მთავარი ადგილი უჭირავს.

თუმცა რეალობას ბოლომდე ვერავინ გაურბის და ევროპულ ქვეყნებს ორი გზა რჩებათ. მათ ან კიდევ უფრო უნდა გაზარდონ ახალგაზრდა თაობის გადასახადები ძველი დაპირებების შესასრულებლად, ან უარი უნდა თქვან მათზე, შეკვეცონ პენსიები და საპენსიო ასაკი გაზარდონ. ორივე გადაწყვეტილების მიღება პოლიტიკურად რთულია. ერთი მხრივ გასაგებია, რომ გადასახადების შემდგომი მატება, გამძაფრებული საერთაშორისო კონკურენციის პირობებში, ევროპული ქვეყნების ეკონომიკებს დააზარალებს. მეორე მხრივ, თანამედროვე დემოკრატიაში ასაკოვანი ადამიანები მნიშვნელოვანი პოლიტიკური ძალა გახდა. უკეთესი ჯანმრთელობა და მეტი თავისუფალი დრო მათ საშუალებას აძლევს, იყვნენ პოლიტიკურად უფრო აქტიურები, ვიდრე გადასახადების გადამხდელი თაობაა.

ზუსტად ამ ფაქტორების გამო, საქართველოს სტაბილური განვითარებისათვის ჩვენებური საპენსიო სქემა საუკეთესოა. აღწერილი პრობლემების უმრავლესობა ქართულ საპენსიო სისტემასთან საერთოდ არ არის კავშირში. ჩვენი საპენსიო სისტემა მთელ მოსახლეობაზე თითქმის თანაბრად ანაწილებს მოხუცებულების შენახვის ტვირთს. არ გვაქვს აღებული მომავალი საპენსიო ვალდებულება და ვხარჯავთ იმდენს, რამდენის დახარჯვის შესაძლებლობასაც ეკონომიკური განვითარება გვაძლევს.

დასავლური ტიპის საპენსიო რეფორმის ენთუზიასტების საყურადღებოდ ვიტყვი, რომ საყოველთაოდ გავრცელებული განმარტების შესაბამისად, პენსიას მოხუცებულობაში სიღარიბისაგან დაცვის და შრომისუუნარობის გამო შემოსავლების მკვეთრი დაცემის შერბილების დანიშნულება აქვს. ჩვენს საპენსიო სისტემას პირველი ამოცანის გადაჭრა ნებისმიერ დროს შეუძლია, მეორე ამოცანა ფაქტობრივად დაუგეგმავად წყდება. 2004 წელს პენსია იყო საქართველოს მოქალაქეების საშუალო შემოსავლის 7,4%25, 2010 წელს მხოლოდ ასაკის გამო პენსიამ 24,7%25, ხოლო ასაკისა და სიღარიბის პენსიამ ერთად 32%25-ს მიაღწია. ეს იმ პირობებში, როდესაც საპენსიო ხარჯების მოცულობა მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში უმნიშვნელოდ შეიცვალა.

საინტერესოა, რომ საქართველოში ყველაზე მდიდარი ოჯახების 20%25-ში 135 ათასი მოხუცი ცხოვრობს, ხოლო ყველაზე ღარიბ 20%25-ში - ორჯერ ნაკლები, 74 ათასი პენსიონერი. ზუსტად იმის გამო, რომ ჩვენი საპენსიო სისტემა მოქნილია და აწმყოში რაციონალური გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას იძლევა, შეგვიძლია, მოხუცების საერთო რაოდენობიდან გამოვყოთ ღარიბი ნაწილი და სიღარიბის გამო საპენსიო პაკეტი ისე გავუზარდოთ, რომ საპენსიო ხარჯები ეკონომიკის მთლიანი ზრდის შესაბამისი იყოს.

ჩემთვის უცნობია საპენსიო სისტემა, რომელსაც დაკისრებული ფუნქციების შესრულებაში ასეთი პროგრესი ეჩვენებინოს, ეკონომიკაზე ტვირთის ერთ დონეზე შენარჩუნების პირობებში. თქვენთვის?

11 ვალის გადახდა 8 წლით გადავადდა

▲back to top


ეკონომიკა

ევრობონდი

ელენე კვანჭილაშვილი

მთავრობამ, ლონდონის საფონდო ბირჟაზე ევრობონდის განთავსებით, 500 მილიონი დოლარის 10-წლიანი სესხი მოიზიდა. თანხის დიდი ნაწილით დაიფარა 2008 წელს აღებული ანალოგიური ვალდებულების 83%25. ძველი ვალის ვადა 2013 წელს გადიოდა. მოზიდული 500 მილიონი დოლარიდან, დამატებითი სესხი მხოლოდ 175 მილიონი დოლარია.

0x01 graphic

გასულ კვირას, საქართველოს პარლამენტმა სახელმწიფო ვალის შესახებ კანონში ცვლილება დაამტკიცა, რითაც სახელმწიფო ვალის სრული მოცულობის გაზრდა დაუშვა.ცვლილება მთავრობას შესაძლებლობას უქმნიდა, 900 მილიონი ლარის ანუ 542.2 მილიონი დოლარის მოცულობის სესხი აეღო. ამ ცვლილებით საქართველოს მთავრობამ თავი დაიზღვია. მსოფლიო პრაქტიკა აჩვენებს, რომ ვალის რეფინანსირების შემთხვევაში, საშუალოდ ძველი სესხის 40-60%25-ის დაფარვა ხერხდება. საქართველოს შემთხვევაში კი მაჩვენებელმა 83%25 შეადგინა. ინვესტორები მზადყოფნას გამოთქვამდნენ, მეტი ევრობონდი 30-წლიანი ვადით შეესყიდათ. თუმცა „მსესხებელმა მტკიცედ გაუძლო ცდუნებას და არ ისესხა იმაზე მეტი, ვიდრე სჭირდებოდა“, - აღნიშნა ლონდონში საერთაშორისო ფინანსური საკონსულტაციო კომპანია JP Morgan-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სტეფან ვაილერმა. საბოლოოდ, აღებული სესხის მოცულობა 42.2 მილიონი დოლარით შემცირდა.

ახალი სესხი მნიშვნელოვნად შეღავათიანია: ვალის სრულად დაფარვა ბიუჯეტს ორჯერ უფრო გვიან, 10 წლის შემდეგ მოუწევს. ამასთან საპროცენტო განაკვეთი 7.5%25-დან 6.9%25-მდე შემცირდა. აქ გასათვალისწინებელია ისიც, რომ ძველი სესხი 5-წლიანი იყო. ძველი სესხის საპროცენტო განაკვეთი - 7.5%25 - 5 წლის ნაცვლად 10 წელზე რომ გავწეროთ, რეალურად, 8.8%25-ს მივიღებთ. გამოდის, რომ ახალი სესხი ძველთან შედარებით 2%25-მდე შემცირდა.

გაუმჯობესებული პირობები საბიუჯეტო ხარჯებზე რამდენიმე მიმართულებით აისახება. თუ 2013 წელს დავალიანების დაფარვას ბიუჯეტის შემოსულობების 18.3%25 მოხმარდებოდა, ვალის რეფინანსირების შემდეგ ეს მაჩვენებელი 8%25-მდე შემცირდება. ახალი სესხის მომსახურებაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან წლიურად 34.5 მილიონი დოლარი დაიხარჯება. მანამდე ვალის მომსახურებაზე 3 მილიონი დოლარით მეტი - 37.5 მილიონი დოლარი მიდიოდა.

შემცირებული პროცენტის მიუხედავად, 10 წლის შემდეგ, ქვეყანას 1.2-ჯერ მეტი - დაახლოებით 845 მილიონი დოლარიექნება გადახდილი. 2008 წელს აღებული 5-წლიანი სესხის შემთხვევაში, 2013 წელს ბიუჯეტს პროცენტებში 187.5 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევდა. შესაბამისად, ჯამში ვალის დაფარვისთვის დაახლოებით 687.5 მილიონი დოლარი იქნებოდა საჭირო.

ფინანსთა მინისტრ კახა ბაინდურაშვილის აზრით, ბიუჯეტს ეს ტვირთს უმსუბუქებს: „2021 წლისთვის ნომინალური მშპ მინიმუმ გაორმაგებული ან გასამმაგებული უნდა იყოს. შესაბამისად, თუ აქამდე პროცენტების მომსახურება პირობითად 5 კვირის საგადასახადო შემოსავალს უდრიდა, 2021 წელს ის მაქსიმუმ ორი კვირის საგადასახადო შემოსავლის ტოლი იქნება“..

პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურის განმარტებით, ლონდონის საფონდო ბირჟაზე ევრობონდის განთავსებით სესხის მოზიდვას, სხვა ტიპის ვალთან შედარებით, სამი მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს - დროულად იფარება ძველი ვალი, იზომება ინვესტორების მხრიდან ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის ნდობა და კერძო სექტორისთვის ახალი და უკეთესი ბაზრები იხსნება.

სესხის მოზიდვა ხანგრძლივი ვადით და დაბალი პროცენტით იმას ნიშნავს, რომ საერთაშორისო ინვესტორები თავიანთ ფულს საქართველოს გრძელვადიანად ანდობენ. საქართველომპირველად გამოუშვა ისეთი ევრობონდი, რომელზეც ხელი ამერიკელ ინვესტორებსაც მიუწვდებოდათ. ევრობონდების 2011 წლის ტენდერში სხვადასხვა ქვეყნის 140-მა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. მათ ჯამში 2.6 მილიარდი დოლარის ინტერესი გამოხატეს ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს ევრობონდთან დაკავშირებით 5.3-ჯერ მეტი განაცხადი შევიდა.

0x01 graphic

„ევრობონდის შეზღუდულმა რაოდენობამ, კარგად შედგენილმა სატენდერო შეთავაზებამ, შეერთებული შტატების მარკეტინგულმა ძალისხმევამ და, რა თქმა უნდა, საქართველოს შთამბეჭდავმა ეკონომიკურმა ზრდამ - ამ ყველაფერმა ერთად მოიტანა ეს არაჩვეულებრივი შედეგი“, - აღნიშნა გლობალური საინვესტიციო ბანკის, Goldman Sachs-ის განვითარებადი ბაზრების EM Debt Origination-ის უფროსმა ალექს ფონ სპონეკმა.

ინვესტორების მაღალ (83.3%25) ჩართულობას საქართველოს გაუმჯობესებულმა საკრედიტო რეიტინგებმაც შეუწყო ხელი. მარტში, საერთაშორისო საკრედიტო კომპანიებმა - Fitch Ratings და Standard and Poor's - ქვეყნის პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურამდე გაზარდეს. რეიტინგის გაუმჯობესება ბოლო წლებში დეფიციტის 9.2%25-დან 6%25-მდე შემცირებამ და ბიზნესკლიმატის გაუმჯობესებამ გამოიწვია.

500-მილიონიანი სესხის დამტკიცების შემდეგ, Fitch Ratings- მა საქართველოს ახალი ევრობონდი B+ რეიტინგით შეაფასა. ეს ნიშნავს, რომ გარემო რისკის შემცველია, მაგრამ მსესხებელს, ამ კონკრეტულ მომენტში შესწევს უნარი, არსებულ ფინანსურ ვალდებულებებს წარმატებით გაუმკლავდეს, თუმცა, მისი ეს შესაძლებლობა მომავალში დიდად არის დამოკიდებული ეკონომიკური გარემოს ცვალებადობაზე.

ქვეყნის რისკების დადებითი შეფასება და ევრობონდების შეღავათიანი პირობები ინვესტორებისთვის ბაზარზე კერძო მოთამაშეების ნდობას აადვილებს. შედეგად, კერძო სექტორი მეტ რესურსს მოიძიებს, რაც ეკონომიკურ ზრდაზე აისახება. ეს კი, თავის მხრივ, ეკონომიკური გარემოს სტაბილურობას შეუწყობს ხელს.

ევრობონდების გარდა, საქართველოს რამდენიმე ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციის დაბალპროცენტიანი ვალიც აქვს. საერთაშორისო ანალიტიკური გამოცემის International Financing Review-ს შეფასებით, საქართველოს 1.5 მილიარდდოლარიანი საგარეო ვალის საშუალო საპროცენტო განაკვეთი საკმაოდ დაბალი - მხოლოდ 2%25-ია.

თუმცა, როცა ვალი ეკონომიკაზე ჩქარა იზრდება, ეს სახელმწიფოს მეტ ჩარევას და მომავალში უფრო მაღალ გადასახადებს გულისხმობს. გარდა ამისა, სესხის აღებით ქვეყანა, როგორც წესი, მოჯადოებულ წრეში იკეტება: ვალის რეალურად დაფარვის ნაცვლად, პერიოდულად მისი რეფინანსირება ხდება, რაც მთავრობისთვის სერიოზული ტესტია. ერთხელაც რომ ვერ მოხერხდეს მისი გადავადება (როგორც ეს მაგალითად საბერძნეთში მოხდა), კრიზისი გარდაუვალია. რაც უფრო მაღალია ქვეყნის ვალი, მით მეტია ფისკალური კრიზისის საფრთხე და დიდია სავარაუდო კრიზისის ეკონომიკური ეფექტი. საქართველოს მთავრობა ვადის გასვლის შემდეგ, სესხის კიდევ ერთხელ რეფინანსირებას არ გამორიცხავს. იმისთვის, რომ საგარეო ტვირთი აღარ გაიზარდოს, პარლამენტმა უკან უნდა დააბრუნოს ცვლილება, რომლითაც 2011 წელს ვალის ზრდა დაუშვა.

0x01 graphic

12 ბაქტერიები და ანტიბიოტიკები - როცა წამალი ავადმყოფობაზე უარესია

▲back to top


ფოკუსი

თამარ ჩერგოლეიშვილი, თეონა კოკიჩაიშვილი

0x01 graphic

„რატომ წვალობ, ანტიბიოტიკი დალიე“ - ვინ მოთვლის, რამდენჯერ მოგვისმენია ეს სიტყვები. მრჩეველი, რომელსაც სავარაუდოდ, მხოლოდ კეთილი სურვილი ამოძრავებს, პროფესიით შეიძლება იყოს ბუღალტერი, მასწავლებელი, მზარეული, ინჟინერი, ჭოკით მხტომელი და ა.შ. ანუ კვალიფიკაცია არ გააჩნდეს მოცემულ შემთხვევაში „ჯადოსნური წამლის“ საჭიროების დასადგენად, რომელმაც, სწორედ ასეთი ზერელე დამოკიდებულების გამო, შესაძლოა, სამკურნალო თვისებები დაკარგოს.

უნდა ვაღიაროთ, რომ ხშირად ექიმებიც სცოდავენ და ანტიბიოტიკურ პრეპარატებს, პაციენტს არა მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, არამედ თავის დაზღვევის მიზნით უნიშნავენ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კი შფოთავს - 7 აპრილს გავრცელდა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ანტიბიოტიკების ირაციონალურმა მოხმარებამ, შესაძლოა, პოსტანტიბიოტიკურ ეპოქაში გადაგვისროლოს და ინფექციების წინაშე ისეთივე უძლური აღმოვჩნდეთ, როგორიც პენიცილინის გამოგონებამდე ვიყავით.

რა არის ანტიბიოტიკი?

ეს ტერმინი, პირველად 1942 წელს, სტრეპტომიცინის და რამდენიმე სხვა ანტიბიოტიკის აღმომჩენმა ამერიკელმა მიკრობიოლოგმა და ნობელის პრემიის ლაურეატმა, სელმან ვაკსმანმა გამოიყენა - იმ ნივთიერებების აღსაწერად, რომლებიც მიკროორგანიზმებისგან იწარმოება და სხვა მიკროორგანიზმებს ანადგურებს, ანდაც მათ განვითარებას აფერხებს.

რაც შეეხება თავად პრეპარატს - ანტიბიოტიკის დებიუტი 1928 წელს შედგა, როდესაც ლონდონის ჰოსპიტალის ბაქტერიოლოგმა, ალექსანდერ ფლემინგმა ბაქტერიების რისხვა - პენიცილინი აღმოაჩინა. ობისგან წარმოებული წამალი სხვადასხვა ჯურის ინფექციებით შეწუხებულ კაცობრიობას მხსნელად მოევლინა - პენიცილინის გამომგონებელმა ნობელის პრემია მიიღო.

მოგვიანებით, ორგანულთან ერთად, სინთეტური ანტიბიოტიკების წარმოებაც გახდა შესაძლებელი. მიუხედავად იმისა, რომ დღეისთვის ათასობით ანტიბიოტიკური პრეპარატი არსებობს, ისინი მხოლოდ რამდენიმე ჯგუფად იყოფა.

ანტიბიოტიკების უმეტესობას, როგორც წესი, ორი სახელი აქვს; ერთი ბრენდის - რომელიც მწარმოებელმა კომპანიამ დაარქვა და მეორე - გენერიკული (ზოგადი), რაც მის ქიმიურ სტრუქტურაზე მიუთითებს.

იქიდან გამომდინარე, რომ კონკრეტულ ინფექციას, კონკრეტული ბაქტერიები იწვევენ, აუცილებელია, ზუსტად ის ანტიბიოტიკი მივიღოთ, რომელიც მოცემული ინფექციის გამომწვევ ბაქტერიებს ამარცხებს. თუ ინფექციის გამომწვევი ბაქტერიის მგრძნობიარობა კითხვებს აჩენს, შესაძლებელია, ლაბორატორიული ანალიზი ჩატარდეს. ამ შემთხვევაში, პაციენტის ორგანიზმიდან აღებული ბაქტერია ხვდება ლაბორატორიაში, სადაც დაადგენენ, თუ რომელი ანტიბიოტიკების მიმართ არის სენსიტიური ინფექციის გამომწვევი ბაქტერია. ყურადსაღებია ის გარემოებაც, რომ ზოგიერთი, ამა თუ იმ ანტიბიოტიკის მიმართ შეიძლება ალერგიული იყოს, რაც მის მიღებას გამორიცხავს.

0x01 graphic

ალექსანდერ ფლემინგი

ანტიბიოტიკი მნიშვნელოვანი წამალია - შეიძლება ითქვას, ცივილიზაციის ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი მონაპოვარი. მაგრამ ეს სიკეთე კაცობრიობას გარანტირებული არ აქვს. საქმე ისაა, რომ ხშირი, ზედმეტი ან არასწორი მიღების შემთხვევაში, ადამიანის ან ცხოველის ორგანიზმში მობინადრე ბაქტერიებში, გადარჩევის შედეგად, მხოლოდ ისინი რჩებიან, რომლებიც ანტიბიოტიკის მიმართ რეზისტენტულები ხდებიან. ასეთ ბაქტერიებს სუპერბაგები დაარქვეს. მათ წინაშე ჩვენ ხელთ არსებული ანტიბიოტიკები უძლურია.

0x01 graphic

სელმან ვაკსმანი

სუპერბაგები განსაკუთრებით გავრცელებულია კლინიკებში, სადაც ანტიბიოტიკებს დიდი რაოდენობით მოიხმარენ. Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ამერიკაში, ჰოსპიტალში შეძენილი ინფექციის შედეგად, რომლის გამომწვევი ბაქტერიაც ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტულია, ყოველწლიურად 60 ათასზე მეტი ადამიანი იღუპება. ევროპაში მსგავსმა ბაქტერიულმა ინფექციებმა გასულ წელს 25 ათასი ადამიანი მოკლა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას სუპერბაგების გავრცელების ტემპი აშფოთებს - ბრიტანული სამედიცინო გამოცემის, The Lancet-ის მიხედვით, ინდოეთში, ანტიბიოტიკისადმი რეზისტენტულმა ბაქტერიამ - NDM-1 - კლინიკების ტერიტორია დატოვა და ნიუ დელის სასმელ წყალში გადაინაცვლა. BBC-ს ცნობით, NDM-1 გენეტიკური თვისებების მქონე ბაქტერია ბრიტანელ პაციენტებშიც აღმოაჩინეს.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ანდრია ურუშაძის თქმით, ანტიბიოტიკისადმი რეზისტენტული დაავადებების ფორმების რიცხვი საქართველოშიც გაზრდილია. ეს განსაკუთრებით სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებს და ტუბერკულოზს ეხება. გარკვეულწილად, ციხეებში ჭლექით გარდაცვლილთა მაღალი მაჩვენებელიც ამით აიხსნება - პატიმრები დაავადების რეზისტენტული ფორმით ავადდებიან.

0x01 graphic

Staphylococcus Aureus

რეზისტენტული ინფექციების გამომწვევ ერთ-ერთ მიზეზად მინისტრიც ანტიბიოტიკების ირაციონალურ მოხმარებას მიიჩნევს - „ხალხში პოპულარულია ანტიბიოტიკების მიღება ვირუსული გრიპის დროს, რაც საბოლოო ჯამში ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება, - ამბობს ის ტაბულასთან საუბარში, - ანტიბიოტიკებით თვითმკურნალობა დაუშვებელია. ბევრი მოქალაქე მიიჩნევს, რომ ექიმთან კონსულტაციის თანხის დაზოგვით მკურნალობაც უფრო იაფი დაუჯდება. კვლევები კი გვიჩვენებს, რომ ამას საპირისპირო შედეგი მოაქვს. ცალკე საკითხია ექიმის კვალიფიკაცია, რომელიც ხშირად სწორი მკურნალობის დანიშვნისა და მართვის საშუალებას არ იძლევა“.

მინისტრის თქმით, გამოსავალი მხოლოდ ანტიბიოტიკების მოხმარების მკაცრი რეგულირება არ არის. უფრო მნიშვნელოვანია სამედიცინო კადრების კვალიფიკაცია და თითოეული პაციენტის კულტურა - ექიმის დანიშნულების მიხედვით იმოქმედონ.

გრიპის დროს ანტიბიოტიკების მიღება გარკვეულ შემთხვევებში გამართლებულია. ცხადია, ვირუსულ გრიპს ანტიბიოტიკი ვერ განკურნავს, მაგრამ რეალურად თანმდევ ბაქტერიალურ ინფექციას - ბრონქიტს, ფილტვების ანთებას და მსგავსს აგაშორებთ. მაგრამ ანტიბიოტიკის საჭიროების განსაზღვრა, მხოლოდ კვალიფიციურ და ინფორმირებულ ექიმს შეუძლია.

ახალი ანტიბიოტიკების წარმოება უამრავ სირთულესთან არის დაკავშირებული. როგორც ევროპის ფარმაცევტული საწარმოებისა და ასოციაციების ფედერაციის პრეზიდენტი, კოლინ მაკეი ამბობს, ანტიბიოტიკების წარმოებისთვის ეკონომიკურად მდგრადი ფორმულის შექმნა ძალიან რთულია. მაშინ როდესაც გულის წამლებს და ანტიდეპრესანტებს ადამიანები ხანგრძლივი დროის განმავლობაში მოიხმარენ, ანტიბიოტიკის მიღების საშუალო ვადა მხოლოდ ორი კვირაა - შესაბამისად, მათი წარმოება ნაკლებად მომგებიანია.

ფელიქს დ'ერელი ზოგიერთი, პრობლემას საავტორო უფლებების კუთხით ხედავს. საქმე ისაა, რომ არსებული რეგულაციების მიხედვით, ესა თუ ის კომპანია, მის მიერ გამოგონილი წამლის ექსკლუზიური წარმოების უფლებას, მხოლოდ განსაზღვრული დროით ინარჩუნებს. ამის შემდეგ მისი ფორმულა ნებისმიერმა ფარმაცევტულმა კომპანიამ შეიძლება გამოიყენოს და იგივე წამალი უფრო იაფად გამოუშვას - იმის გათვალისწინებით, რომ მოცემულ კომპანიას მის გამოგონებაში არც ერთი ცენტი არ დაუხარჯავს.

ამ გზით, რეგულატორები ფარმაცევტულ ბაზარზე მონოპოლიების შექმნას ზღუდავენ. მაგრამ ამავდროულად კომპანიებს აიძულებენ, ახალი წამლის გამოგონებაში მხოლოდ ის თანხა დახარჯონ, რის ამოღებასაც დროის იმ მონაკვეთში შეძლებენ, როდესაც მათ ექსკლუზიური წარმოების უფლება აქვთ. ბევრი მიიჩნევს, რომ ეს ფაქტორი ფარმაცევტულ კომპანიებს ხელფეხს უკრავს, ახალი წამლების გამოგონებასა და ტესტირებაში ფული დააბანდონ.

არიან ისეთები, რომლებიც ინტელექტუალურ საკუთრებაზე ექსკლუზიურ უფლებას გაუმართლებლად მიიჩნევენ და თვლიან, რომ საკუთრების უფლება, მხოლოდ ამოწურვად რესურსს უნდა შეეხოს. ისინი ინტელექტუალური საკუთრების უფლებას პროგრესის შემაფერხებლად მიიჩნევენ. მათი ლოგიკა გულისხმობს, რომ ნებისმიერი ინოვაცია, გარკვეულწილად, სხვა ინოვაციას ეყრდნობა. მწარმოებელმა, შესაძლოა, ამა თუ იმ პრეპარატის კომპონენტის ჩანაცვლებით, მისი ეფექტი გააუმჯობესოს. მაგრამ, როგორც წესი, მსგავს პრაქტიკას გაუთავებელი სასამართლო დავები მოჰყვება ხოლმე იმ პრეპარატის მწარმოებელთან, რომლის კომპონენტიც ჩანაცვლდა - რაც თავისთავად ფული ღირს. ეს კი ახლის მაძიებლებს ძიების მადას უკარგავს.

პენიცილინის ჯგუფი პენიცილინი, ამოქსიცილინი ცეფალოსპორინის ჯგუფი ცეფალექსინი მაკროლიდების ჯგუფი ერითრომიცინი, კლარითრომიცინი, აზითრომიცინი ფლუროქინოლონების ჯგუფი ციპროფლოქსაცინი, ლევოფლოქსაცინი, ოფლოქსაცინი ტეტრაციკლინების ჯგუფი ტეტრაციკლინი, დოქსიციკლინი ამინოგლიკოციდების ჯგუფი გენტამიცინი, ტობრამიცინი კიდევ ერთი მიზეზი, რითაც ფარმაცევტული კომპანიების ინდიფერენტულობას ხსნიან ანტიბიოტიკების და ზოგადად ახალი წამლების აღმოჩენის მიმართ, მკაცრად რეგულირებული ფარმაცევტული ბაზარია. მაგალითისთვის, ამერიკის შეერთებული შტატები ავიღოთ - ახალი წამლის ბაზარზე გამოშვება აქ 500 მილიონიდან 2 მილიარდ დოლარამდე ჯდება. ვის უნდა მოუნდეს მილიონობით ინვესტიციის ჩადება ისეთი წამლის განვითარებაში, რომელიც შესაძლოა რეგულატორმა საერთოდ დაბლოკოს, ანდაც მისი გამოშვება გაურკვეველი ვადით გაჭიანურდეს?

არიან ისეთებიც, რომლებიც გამოსავალს საბიუჯეტო დაფინანსებაში ხედავენ და მიიჩნევენ, რომ ამ მნიშვნელობის პროექტებთან დაკავშირებული ხარჯები გადასახადის გადამხდელთა ფულით უნდა დაიფაროს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ატეხილმა განგაშმა საერთაშორისო პრესა ანტიბიოტიკების შესაძლო ალტერნატივებზე აალაპარაკა და საქართველო გაახსენა. აი, რატომ:

როგორც ბრიტანული გამოცემა Guardian-ი იუწყება, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ინფექციის ალტერნატიული პრეპარატით - ბაქტერიოფაგით მკურნალობა დაშვებულია.

ალექსანდერ ფლემინგი რა არის ბაქტერიოფაგი?

ეს ტერმინი ბაქტერიების მჭამელს ნიშნავს და პირველად პარიზის პასტერის სახელობის ინსტიტუტის მიკრობიოლოგმა, კანადელმა ფელიქს დ'ერელმა გამოიყენა. ბაქტერიოფაგი ერთგვარი ვირუსია, რომლითაც ბაქტერია ინფიცირდება და კვდება.

0x01 graphic

პირველი ეჭვი ფაგების ეფექტიანობის შესახებ ბრიტანელ ქიმიკოსს, ერნესტ ჰენბერი ჰანკინს გაუჩნდა. მან შეამჩნია, რომ მდინარე განგის ჭუჭყიან წყალს ქოლერის ბაქტერიის განადგურება შეეძლო. მაგრამ ფაგის სერიოზული კვლევა 1920-იანი წლებიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც ფელიქს დ'ერელმა და გიორგი ელიავამ 1923 წელს, თბილისში ბაქტერიოფაგების კვლევის ინსტიტუტი დააფუძნეს.

როგორც ბრიტანული სამედიცინო გამოცემა, The Lancet მოგვითხრობს, კვლევის პირველი შედეგები იმედის მომცემი გამოდგა. დასავლური კომპანიები დაინტერესდნენ ბაქტერიოფაგურ თერაპიაში ფულის დაბანდებით, მაგრამ ფლემინიგის მიერ პენიცილინის გამოგონებამ, ფაგები ყველას დაავიწყა. თუმცა, საქართველოში მისი კვლევა არ შეჩერებულა. საბჭოთა კავშირსა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, ფაგებით თერაპიას აქტიურად მიმართავდნენ.

გ. ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგების, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტი დღესაც არსებობს. ოთხი თვის წინ კლინიკაც გაიხსნა, სადაც ამბულატორიული მკურნალობა არის შესაძლებელი. ინსტიტუტის დირექტორი, რევაზ ადამია, ტაბულასთან საუბარში აღნიშნავს, რომ ინსტიტუტის სადიაგნოსტიკო ცენტრს, წლიურად დაახლოებით 50 ათასი ადამიანი მიმართავს. იმის გათვალისწინებით, რომ ფაგების შესახებ მწირი ინფორმაცია ვრცელდება, ეს საკმაოდ დიდი რიცხვია. დღესდღეობით, სამედიცინო სასწავლო პროგრამებიდან, ფაგოთერაპიის შესახებ ვერაფერს შეიტყობთ. გზამკვლევიც მხოლოდ ახლა იქმნება.

სელმან ვაკსმანი ინსტიტუტის დირექტორის მტკიცებით, ბაქტერიოფაგებს უკუჩვენება არ ახასიათებს - „ეს არის ორგანიზმი, რომელიც ბუნებაში არსებობს. ნებისმიერი ჩვენგანი ჰაერთან ერთად რაღაც ბაქტერიოფაგებს შეისუნთქავს ან წყლიდან იღებს. ინსტიტუტში ჩვენ იმ ბაქტერიოფაგების სელექციას ვახდენთ, რომლებიც კონკრეტულ ბაქტერიაზე მუშაობს. ხდება გაწმენდა და იმ რაოდენობით კონცენტრირება, რომ ის წამლად გამოდგეს“, - ამბობს ის.

0x01 graphic

გიორგი ელიავა

კრიტიკოსები ფაგებით მკურნალობის მთავარ ნაკლად, მიუკერძოებელი კვლევის შედეგების არარსებობას მიიჩნევენ - „ფაგებით თერაპიას ბევრი ქადაგებს, მაგრამ მის შესახებ მცირეა ცნობილი, - ამბობს The Lancet-თან საუბარში ტექსასის უნივერსიტეტის მიკრობიოლოგი იან მოლინე, - წესიერი ექსპერიმენტი მასზე არც ჩატარებულა, ფაგებით თერაპიის შესახებ ამტყდარი პოზიტიური აურზაური გაზვიადებულია“.

ლესტერის უნივერსიტეტის მიკრობიოლოგი, მართა ქლოკი კი სხვაგვარად ფიქრობს. „კრიტიკა სამართლიანია, ფაგების შესახებ ბევრი მითი გავრცელდა, მაგრამ ბოლო დროინდელი დასკვნები სულ უფრო მეტად ცხადყოფს, რომ ფაგებით თერაპია მუშაობს... დარწმუნებული ვარ, რომ ფაგს მომავალი აქვს“, - უთხრა მან BBC-ს.

0x01 graphic

ფელიქს დ'ერელი

მიუხედავად იმისა, ჩატარდება თუ არა ბაქტერიოფაგებზე მიუკერძოებელი ექსპერიმენტი და აღიარებს თუ არა მსოფლიოს სამედიცინო საზოგადოება მას ანტიბიოტიკის ალტერნატივად, ერთი რამ ახლავე ცხადია - ირაციონალური გამოყენების შემთხვევაში, ადამიანის ან ცხოველის ორგანიზმში მობინადრე ბაქტერიებში გადარჩევის შედეგად მხოლოდ ისინი დარჩებიან, რომლებიც ფაგების მიმართ რეზისტენტულები გახდებიან. შესაბამისად, იმავე პრობლემას გადავაწყდებით. თუმცა, როგორც ამ პრეპარატით მკურნალობის მომხრენი ამტკიცებენ, ახალი ფაგის გამოგონება, ანტიბიოტიკის შექმნაზე უფრო ნაკლებ დანახარჯებთანაა დაკავშირებული.

ასე რომ, მიუხედავად იმისა, მკურნალობის რა მეთოდს ავირჩევთ - ანტიბიოტიკებს, ფაგებს თუ ორივეს ერთად - უნდა გვახსოვდეს, რომ მსგავსი პრეპარატების მიღება მხოლოდ ექიმის რჩევით და მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაშია უსაფრთხო. არაპროფესიონალი კეთილისმსურველები ან თვითმკურნალობა ამ საქმეში არ გამოგვადგება. ანტიბიოტიკებით ავადმყოფობის იოლად დამარცხების ცდუნებამ და წამლის არასწორმა გამოყენებამ, შესაძლოა, გამოუვალ მდგომარეობაში ჩაგვაგდოს.

ამას გარდა, საჭიროა მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაც. პაციენტს თავად უნდა ჰქონდეს უნარი, ექიმს დანიშნულების დასაბუთება მოსთხოვოს. მიუხედავად იმისა, რამდენად მკაცრად იქნებიან ექიმები გაფრთხილებულნი ანტიბიოტიკებს ფრთხილად მოეპყრან - ყველამ ვიცით, რომ ზოგჯერ „ჩვეულება რჯულზე უმტკიცესია“.

პენიცილინის ჯგუფი
პენიცილინი, ამოქსიცილინი

ცეფალოსპორინის ჯგუფი
ცეფალექსინი

მაკროლიდების ჯგუფი
ერითრომიცინი,
კლარითრომიცინი,
აზით რომიცინი

ფლურო ქინოლონების ჯგუფი
ციპროფლოქსაცინი,
ლევოფლოქსაცინი,
ოფლოქსაცინი

ტეტრაციკლინების ჯგუფი
ტეტრაციკლინი,
დოქსიციკლინი

ამინოგლიკოციდების ჯგუფი
გენტამიცინი,
ტობრამიცინი

13 ფოტოესე

▲back to top


რუსთაველის თეატრისა და ფრანგული ინსტიტუტის ერთობლივი პროექტის ფარგლებში წარმოდგენილი კაროლინ კარლსონის ქორეოგრაფია „მანდალა“. ასრულებს სარა ორსელი, 8 აპრილი.

0x01 graphic

14 კიბოსა და შიდსს შორის

▲back to top


მსოფლიო

პერუ

თეონა ომარაშვილი

0x01 graphic

ოლანტა უმალა

პერუში, 10 აპრილს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში, 50%25-ზე მეტის დაგროვება ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მოახერხა. არჩევნების მეორე ტური 5 ივნისს გაიმართება. ერთმანეთს ოლანტა უმალა (27,4%25), აწ დაპატიმრებული ყოფილი პრეზიდენტის ქალიშვილი კეიკო ფუხიმორი (20.8%25) და პედრო პაბლო კუცზინსკი (18.1%25) შეეჯიბრებიან. პერუში ოლანტა უმალა ყველაზე მემარცხენე, ხოლო კეიკო ფუხიმორი ყველაზე მემარჯვენე პოლიტიკოსია. ნობელის პრემიის ლაურეატი, მარიო ვარგას ლიოსა აცხადებს, რომ პერუელებს კიბოსა და შიდსს შორის უწევთ არჩევანის გაკეთება.

ოლანტა უმალა ეკონომიკაში სახელმწიფოს როლის გაზრდას აპირებს. ის არ გამორიცხავს პერუს 1979 წლის კონსტიტუციის დაბრუნებას, რომელიც სახელმწიფოს ბუნებრივი რესურსების თანამფლობელს გახდის. პოლიტიკოსის გეგმა სამთო სამრეწველო კომპანიებისთვის გადასახადების გაზრდას და შიდა ბაზარზე გაზის ხელოვნურად დაბალი ფასის დაწესებასაც გულისხმობს. ის აპირებს, სიმდიდრე „თანაბრად, ეროვნული საბაზრო ეკონომიკის ფარგლებში“ გადაანაწილოს, შესაბამისად, ღარიბ მოსახლეობაში დიდი მხარდაჭერით სარგებლობს.

კრიტიკოსები უმალას გეგმებს ჩავესის მიერ გატარებულ ნაციონალიზაციის პოლიტიკას ადარებენ. უმალა 2006 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობდა, თუმცა მეორე ტურში პრეზიდენტ ალან გარსიასთან დამარცხდა. მაშინდელი წარუმატებლობა სწორედ უგო ჩავესთან სიახლოვეს დაბრალდა.

0x01 graphic

კეიკო ფუხიმორი

ახლანდელ არჩევნებში უმალა ვენესუელის ლიდერსა თუ სხვა რადიკალ მემარცხენეებს ემიჯნება და საკუთარი თავის ზომიერ პოლიტიკოსად წარმოჩენას ცდილობს. ის თავისი რეფორმების გეგმას ბრაზილიის ექსპრეზიდენტ ლულას პოლიტიკას ადარებს. ამ უკანასკნელის მოდელი საბაზრო ეკონომიკისა და სოციალური პროგრამების ეფექტიან კომბინირებას გულისხმობს.

მეორე კანდიდატი, კეიკო ფუხიმორი ექსპრეზიდენტ ალბერტო ფუხიმორის ქალიშვილი, პარტია Fuerza-სა (ლათინურად - ძალა) და 2006 წლიდან კონგრესის წევრია.

ალბერტო ფუხიმორიმ პრეზიდენტობისას (1990-2000 წლებში) ორი მნიშვნელოვანი პრობლემის მოგვარება შეძლო: მან გაანადგურა რადიკალი მემარცხენე ტერორისტული ორგანიზაციები Sendero Luminoso (გასხივოსნებული ბილიკი) და MRTA (Movimiento Revolucionario Tupac Amaru) და ამით ქვეყანა შედარებით სტაბილური გახადა. ამ ტერორისტული ორგანიზაციების მოქმედებებს 20 წელიწადში 70 ათასი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

ფუხიმორის მეორე მნიშვნელოვანი მიღწევა ეკონომიკის ლიბერალიზაცია და რეფორმების წყალობით ჰიპერინფლაციის შეჩერება იყო. ლიბერალური რეფორმებით მან წინამორბედის, ალან გარსიას მემარცხენე პოლიტიკის შედეგად წარმოქმნილი ეკონომიკური კრიზისი დაძლია. ამასთან, ფუხიმორიმ წარმატებული სოციალური პროგრამების გატარება შეძლო.

თუმცა წარმატებას, ქვეყანაში კორუფცია და ადამიანთა უფლებების მასობრივი დარღვევა ახლდა თან. ალბერტო ფუხიმარი ამჟამად სწორედ ამ დანაშაულებებში მონაწილეობისთვის იხდის სასჯელს. ქალიშვილის გაპრეზიდენტების შემთხვევაში, მას სავარაუდოდ ამნისტია შეეხება.

კეიკო ფუხიმორის წინასაარჩევნო პოლიტიკა დემოკრატიულ რეფორმებს, კანონის უზენაესობასა და ლიბერალური ეკონომიკური კურსის შენარჩუნებას გულისხმობს. მესამე ადგილას გასული პედრო პაბლო კუცზინსკი მსოფლიო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოფილი თანამშრომელია. ის ბიზნესწრეების მხარდაჭერით სარგებლობს. კუცზინსკი პირველი ადგილობრივი წარმომავლობის (ინდიელი) პრეზიდენტის, ალეხანდრო ტოლედოს პრემიერი და ფინანსთა მინისტრი იყო. თავად ტოლედო ამ არჩევნებშიც მონაწილეობდა. თუმცა მისი ნარკოტიკებზე დამოკიდებულების შესახებ გავრცელებული ხმების გამო, მისი რეიტინგი მნიშვნელოვნად დაეცა და არჩევნებში მეოთხე ადგილზე გავიდა.

ზოგიერთი გამოკითხვით, პერუელების 52%25 დიქტატორული მმართველობის მომხრეა. ფუხიმორისა და უმალას პოპულარობას სწორედ ამას უკავშირებენ. ორივე მათგანი ავტორიტარულ რეჟიმთან ასოცირდება. ხალხი უკმაყოფილოა ქვეყანაში არსებული კორუფციისა და დანაშაულის დონით. პერუს მოსახლეობის მესამედი ისევ სიღარიბეში ცხოვრობს, ყოველი მეხუთე ბავშვი შიმშილობს.

სოციალური პრობლემების მიუხედავად, პერუმ მსოფლიო რეცესიის ფონზე წლიური 7%25-იანი ზრდა აჩვენა. სიღარიბის ზღვარი 2004-2009 წლებში 49%25-დან 35%25-მდე დაეცა. მსოფლიო ბანკის მარტის მოხსენებაში ქვეყნის წარმატება სწორი პოლიტიკითა და იღბლიანობით იყო ახსნილი.

პერუს ეკონომიკის ზრდაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი მსოფლიოში წიაღისეულზე ფასის აწევა იყო, რამაც შემოსავლების ზრდა გამოიწვია. ქვეყანა ვერცხლის, სპილენძის, თუთიის და ოქროს ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორია.

მეორე ფაქტორი პერუს ახლანდელი პრეზიდენტის ალან გარსიას მიერ მისი წინამორბედების - ფუხიმორისა და ტოლედოს ლიბერალური კურსის გაგრძელება იყო. გარსია ხელისუფლებაში პირველად 1985 წელს მოვიდა და მაშინ პოპულისტურ, რადიკალურ მემარცხენე პოლიტიკას ატარებდა. თუმცა მეორედ არჩევის შემდეგ მისი მიდგომა რადიკალურად შეიცვალა.

15 აფრიკული რეჟიმის ცვლილება ფრანგული აქცენტით

▲back to top


მსოფლიო

კოტ- ' ივუარი

თეონა ტურაშვილი

კოტ-დ'ივუარში, სამოქალაქო დაპირისპირების შემდეგ, ვითარება სტაბილური ხდება. 11 აპრილს ახლადარჩეული პრეზიდენტის, ალასან უტარას მომხრე სამხედროებმა, გაეროსა და ფრანგული ჯარების დახმარებით, ქვეყნის ყოფილი ლიდერი, ლორან გბაგბო დააკავეს. ეს უკანასკნელი, არჩევნებში დამარცხების მიუხედავად პოსტის დატოვებას არ აპირებდა. ამან ქვეყანა ოთხთვიან კრიზისამდე მიიყვანა, რამაც ეთნიკურ-რელიგიური დაპირისპირება განაახლა.

0x01 graphic

პრეზიდენტ ალასან უტარას მომხრე სამხედროები

საპრეზიდენტო არჩევნები 2010 წლის ნოემბერში ჩატარდა. საარჩევნო კომისიის მონაცემებით, გამარჯვება რესპუბლიკელთა გაერთიანების ლიდერს, უტარას ერგო (54%25). იგი საერთაშორისო საზოგადოებამ აღიარა. უტარას 1990-93 წლებში ეკავა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.

რაც შეეხება მეორე კანდიდატს, გბაგბოს, იგი ქვეყნის ლიდერად 2000 წელს აირჩიეს. საპრეზიდენტო ვადა 2005 წელს ამოეწურა, თუმცა, არჩევნები 6-ჯერ გადადო. მიზეზად 2002 წლის სამოქალაქო ომის შემდეგ წარმოქმნილი არასტაბილურობა სახელდებოდა.

უტარას მომხრეებმა (ახალი ძალები - NP) მისი გადადგომის მოთხოვნით, მარტის ბოლოს, მთელი ქვეყნის მასშტაბით შეტევები წამოიწყეს. დაიკავეს მნიშვნელოვანი კომერციული ქალაქები. აპრილის დასაწყისში კი ქვეყნის ყველაზე დიდ ქალაქზე, აბიჯანზეც მიიტანეს იერიში. პრეზიდენტის რეზიდენციის ხელში ჩაგდებისა და მისი დაპატიმრების შემდეგ ამბოხებულებს საბოლოო გამარჯვება ხვდათ წილად.

აქამდე პოლიტიკური ძალაუფლება სამხრეთში იყო კონცენტრირებული. მის ცენტრს აბიჯანი წარმოადგენდა. რეგიონი ქრისტიანებითაა დასახლებული და ტრადიციულად ქვეყნის სიმდიდრე მათ ხელშია. ჩრდილოეთ ნაწილში მოსახლეობის უმრავლესობას კი მუსლიმები წარმოადგენენ. მათი დიდი ნაწილი მეზობელი ქვეყნებიდან შემოსული ლტოლვილები არიან. ისინი თავს კაკაოსა და ყავის პლანტაციებში მუშაობით ირჩენენ.

1960 წელს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ კოტ-დ'ივუარში ეთნიკური და რელიგიური ნიშნით მოსახლეობის დაპირისპირება არ შეინიშნებოდა. 1990-იანი წლების მეორე ნახევარში, ჰენრი ბედის მიერ ჩრდილოეთში მცხოვრები მუსლიმების მიმართ გატარებული დისკრიმინაციული პოლიტიკის გამო, ვითარება შეიცვალა. დაიწყო პოლიტიკური და სამხედრო დაპირისპირებები. არეულობისას მუსლიმებს ეთნიკურ-რელიგიური ნიშნით დევნიდნენ. ამასთან ერთად, მათ წარმომადგენელს, უტარას 2000 წლის არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალეს. მუსლიმებმა სამხედრო გზით სცადეს ვითარების გამოსწორება, თუმცა 2002 წელს გადატრიალების მცდელობა წარუმატებელი გამოდგა.

0x01 graphic

პრეზიდენტ ალასან უტარას მომხრე სამხედროები

0x01 graphic

ყოფილი პრეზიდენტი ლორან გბაგბო

უშუალოდ მისი ჯარისკაცების მიერ გბაგბოს შეპყრობის შესახებ გავრცელებულ ხმებს, ოფიციალური პარიზი უარყოფს. მთავრობის მომხრე უშიშროების ძალებისა და მეამბოხეთა დაჯგუფებების დაპირიპირებას კოტ-დ'ივუარის არაოფიციალურად ორად გაყოფა მოჰყვა. 2004 წელს შეტაკებების შეწყვეტის შემდეგ, ჩრდილოეთით შექმნილ ნეიტრალურ ზონაში გაეროს მშვიდობისმყოფელები და საფრანგეთის სამხედროები განთავსდნენ. ძალაუფლების გაყოფის მაშინდელი შეთანხმების მიხედვით, ახალ მთავრობას ამბოხებულთა ლიდერი, გიომ სორო ჩაუდგა სათავეში. მუსლიმების წარმომადგენლებმა რამდენიმე მინისტრის პოსტიც დაიკავეს. ამას ამბოხებულების მხრიდან განიარაღება მოჰყვა. ჩრდილოეთ რეგიონზე თანდათან სახელმწიფოს კონტროლი მყარდებოდა. თუმცა 2010 წლის არჩევნები ეთნიკური შუღლის განახლების საბაბი გახდა.

პოლიტიკურმა არასტაბილურობამ ქვეყნის ეკონომიკაზეც იმოქმედა. თუ 1990-იან წლებში, ბაზრის ლიბერალიზაციისა და რეფორმების ფონზე კოტ-დ'ივუარში ეკონომიკური წინსვლა შეინიშნებოდა, დღეს ვითარება შეცვლილია. ქვეყანა, Heritage Foundation-ის 2011 წლის მონაცემებით, ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით მსოფლიოში 122-ე ადგილს იკავებს. Transparency International-ის კორუქციის ინდექსის მიხედვით კი 180 სახელმწიფოს შორის 154-ე ადგილზეა. Freedom House ქვეყანას „არათავისუფალ” კატეგორიაში ათავსებს. კოტ-დ'ივუარში, ლიბიის მსგავსად, საერთაშორისო სამხედრო ჩარევა გაეროს უშიშროების საბჭოს მანდატით მოხდა. საფრანგეთი ამ შემთხვევაშიც აქტიურობდა - კოტ-დ'ივუარში 300 სამხედრო შეიყვანა. ამბოხებულებს ჯავშანტრანსპორტიორთა ოცდაათი დანაყოფით დაეხმარა. თუმცა, უშუალოდ მისი ჯარისკაცების მიერ გბაგბოს შეპყრობის შესახებ გავრცელებულ ხმებს, ოფიციალური პარიზი უარყოფს.

ვითარების დარეგულირება რეგიონული უსაფრთხოებისთვისაც მნიშვნელოვანი იყო. არსებობდა მეზობელ ქვეყნებში კონფლიქტის გავრცელების საფრთხეც - სიერა ლეონესა და ლიბერიაში სამოქალაქო ომები ახლახან დასრულდა.

წელს რამდენიმე აფრიკულ ქვეყანაში არჩევნებია დაგეგმილი. კოტ-დ'ივუარის არჩევნების გამოცდილება მათთვის მნიშვნელოვანი იქნება.

16 ორი გზა დაბალანსებულ ბიუჯეტამდე

▲back to top


მსოფლიო

ამერიკა

მიხეილ ბასილაია

რესპუბლიკელებმა და დემოკრატებმა 8 აპრილს, ღამის 11 საათზე ამერიკის ახალ ბიუჯეტზე შეთანხმებას მიაღწიეს. ერთი საათის შემდეგ, მოკლევადიანი დროებითი ბიუჯეტის მოქმედების ვადა იწურებოდა, რაც გაურკვეველი დროით მთავრობის მუშაობის შეწყვეტასაც გამოიწვევდა. შედეგად, ფედერალურ უწყებებში დასაქმებულ 800 ათასამდე ადამიანს უხელფასო შვებულებაში, გაურკვეველი ვადით გასვლა მოუწევდა.

შეთანხმება იმან გაართულა, რომ წარმომადგენელთა პალატას რესპუბლიკელები აკონტროლებენ, სენატში კი დემოკრატები ფლობენ უმრავლესობას. დემოკრატებს ბიუჯეტი შარშან, ფისკალური წლის დასაწყისში უნდა დაემტკიცებინათ. იმ დროისათვის, სენატის გარდა, ისინი წარმომადგენელთა პალატაშიც უმრავლესობას ფლობდნენ (შემდეგ შუალედურ არჩევნებში დამარცხდნენ), მაგრამ ბიუჯეტის ძალაში შეყვანა ვერ მოახერხეს - ის კონგრესის არც ერთმა პალატამ არ მოიწონა. მიმდინარე ფისკალური წლის დასრულებამდე ნახევარი წელია დარჩენილი, წლიური ბიუჯეტის დამტკიცება კი ჯერაც ვერ მოხერხდა. 8 აპრილს მიღებული დოკუმენტი რიგით მეშვიდე დროებითი ბიუჯეტია.

დროებითი საბიუჯეტო შეთანხმება რესპუბლიკელების გამარჯვებად შეფასდა, თუმცა ისინი გარკვეულ კომპრომისებზე მაინც წავიდნენ. საბოლოო ჯამში, დარჩენილ 6 თვეში ხარჯები 38 მილიარდი დოლარით შემცირდება. წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, რესპუბლიკელ ჯონ ბოენერს არა მარტო დემოკრატებთან, არამედ საკუთარი პარტიის წევრებთანაც უწევდა მოლაპარაკება. წარმომადგენელთა პალატაში მიღებული ბიუჯეტი 61 მილიარდის დაზოგვას ითვალისწინებდა, თუმცა ბიუჯეტის ეს პროექტი სენატში არ დამტკიცდა.

პრეზიდენტ ბარაკ ობამას შეთავაზება, შარშანდელ ბიუჯეტთან შედარებით, ხარჯების შემცირებას საერთოდ არ ითვალისწინებდა. მისი მიხედვით, დარჩენილი ნახევარი წლის განმავლობაში, ბიუჯეტი კიდევ 20 მილიარდით უნდა გაზრდილიყო. საბოლოოდ, ბოენერმა ჩაის წვეულების 38-მილიარდიან შეკვეცაზე დაყოლიება მოახერხა, დემოკრატები კი საკუთარი გეგმის სერიოზულ მოდიფიკაციას დათანხმდნენ.

პარალელურად რესპუბლიკელებს, აბორტის პროვაიდერების, საზოგადოებრივი მაუწყებლობისა და ობამას ჯანდაცვის რეფორმისათვის საბიუჯეტო დაფინანსების შეწყვეტა სურდათ. მათ ეს საკითხი დროებით გვერდზე გადადეს. აღსანიშნავია, რომ რესპუბლიკელთა ეს მოთხოვნა ფინანსურზე მეტად, იდეოლოგიური მოტივებით იყო ნაკარნახები. ორგანიზაცია Planned Parenthood-მა 2009 წელს 332,278 აბორტი გააკეთა - რაც ყოველ 95 წამში, ერთ დაკარგულ სიცოცხლეს უდრის. ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, მათთან სამედიცინო მომსახურებისათვის მისულ ქალთა 97 პროცენტს აბორტი გაუკეთდა, ორსულობასთან დაკავშირებული სხვა სერვისით მხოლოდ დანარჩენმა 3 პროცენტმა ისარგებლა.

0x01 graphic

საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პოლ რაიანი

საბიუჯეტო ვნებათაღელვა 8 აპრილის შეთანხმებით არ დასრულებულა. მომავალი ერთი თვის ვადაში, კონგრესმა ფედერალური მთავრობის ვალის ლიმიტი უნდა გაზარდოს, რადგანაც ვალის მატება გარდაუვალია. რესპუბლიკელები აცხადებენ, რომ ლიმიტის გაზრდას მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდებიან, თუ დემოკრატები მომავალ ბიუჯეტებში ხარჯების რადიკალურად შეკვეცას დაუჭერენ მხარს.

ამერიკის საჯარო ვალმა 14 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის თითქმის 100 პროცენტია. რესპუბლიკელების აზრით, დროა მთავრობამ და კონგრესმა პრობლემის მოგვარებაზე ფიქრი დაიწყოს. ახლანდელი სოციალური პროგრამების სისტემის ჩავარდნა, განსაკუთრებით ჯანდაცვის სისტემის ობამასეული რეფორმის შემდეგ, გარდაუვალია.

დემოკრატებისგან განსხვავებით, რესპუბლიკელებს გრძელვადიანი საფინანსო გეგმებიც აქვთ. წარმომადგენელთა პალატის საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა პოლ რაიანმა მომავალი წლების ბიუჯეტების მონახაზი, სახელწოდებით - გზა კეთილდღეობისაკენ, წარმოადგინა. მას წარმომადგენელთა პალატა უახლოეს მომავალში განიხილავს. ზოგადი შეფასებით, გეგმაში ბევრი რამ დასახვეწია. ის მიზნად ისახავს - 2012 წლიდან მოყოლებული დანახარჯების მკვეთრად შემცირებას, 2015 წლისათვის დეფიციტის აღმოფხვრას, 2018 წლისათვის კი ფედერალური სამთავრობო ხარჯების მთლიანი შიდა პროდუქტის 20 პროცენტზე დაბლა ჩამოყვანას. საბოლოოდ, 2012-2022 წლებში ამერიკის ხარჯები 6.2 ტრილიონი დოლარით უნდა შემცირდეს.

0x01 graphic

პრეზიდენტი ბარაკ ობამა

რაიანის გეგმის ნაწილია Medicare-ის გარდაქმნა. ეს პროგრამა პენსიონერი ამერიკელების სამედიცინო დაზღვევას აფინანსებს. ასაკოვანი ადამიანების რაოდენობისა და სამედიცინო ხარჯების ზრდის გამო, ამერიკის ისედაც დეფიციტურ ბიუჯეტს მალე Medicare კიდევ უფრო დაამძიმებს. რაიანი დაბალშემოსავლიანი ამერიკელების სამედიცინო დახმარების პროგრამის, Medicaid-ის გარდაქმნასაც აპირებს. ვაუჩერულ სისტემაზე გადასვლის შემდეგ შტატები ფედერალური მთავრობისგან ე.წ. ბლოკურ (ერთჯერად წლიურ) გრანტებს მიიღებენ. შტატებს ამ სოციალური პროგრამისთვის შეუზღუდავი ფინანსური რესურსები აღარ ექნებათ და მეტი პასუხისმგებლობის აღება მოუწევთ. რაიანის გეგმა ფედერალური პროგრამებიდან უდიდესის, სოციალური უზრუნველყოფის (საპენსიო სისტემის) შეცვლას არ ითვალისწინებს. Medicare, Medicaid და სოციალური უზრუნველყოფა ჯამში ბიუჯეტის 40 პროცენტს იკავებს, სამივეს ერთდროული რეფორმა კი ფინანსური არასტაბილურობის წინაპირობა შეიძლება გახდეს.

დემოკრატები იზიარებენ რესპუბლიკელთა აზრს დეფიციტის აღმოფხვრის საჭიროების შესახებ, თუმცა პრობლემის მოგვარებას სხვა გზებით აპირებენ. 13 აპრილს ბარაკ ობამამ პოლ რაიანის გეგმას თავისი ხედვა დაუპირისპირა. პრეზიდენტმა Medicare-ისა და Medicaid-ის რეფორმირება დაუშვებლად მიიჩნია და სანაცვლოდ კონგრესმენებს ჯანდაცვის სფეროში ფასების რეგულირება შესთავაზა. ამ შემთხვევაში შემცირდება მოხუცებისა და ღარიბებისთვის ხელმისაწვდომი მომსახურებების არჩევანი.

მზარდი სოციალური ხარჯების დაფინანსება ობამამ კონგრესმენებს მდიდრებისთვის გადასახადების გაზრდით შესთავაზა. ერთ-ერთი ვარიანტი 255,000 დოლარზე დიდი შემოსავლის მქონე ამერიკელებისთვის საშემოსავლო გადასახადის 67%25-მდე აწევაა. თუმცა კრიტიკოსების აზრით, ეს გეგმა ვერ შეძლებს დეფიციტის აღმოფხვრას. 2008 წელს იმ ამერიკელთა შემოსავლების ჯამი, რომლებიც წელიწადში 100,000 დოლარზე მეტს გამოიმუშავებენ, 1,58 ტრილიონი იყო. ბიუჯეტს ამ თანხის 100%25-ით დაბეგვრაც კი ვერ დააბალანსებს.

ობამასეული ფედერალური გადასახადების წილი ეკონომიკაში 22.3%25 იქნება, რაც რაიანის გეგმის შესაბამის მაჩვენებელს 4%25-ით აღემატება. ამასთანავე, პრეზიდენტის გეგმა 10 წლის მანძილზე 10 ტრილიონი დოლარის სესხებას გულისხმობს.

ობამას ბიუჯეტი ითვალისწინებს თავდაცვის ხარჯების შემცირებას, მაშინ როცა თავდაცვის მდივან რობერტ გეიტსის შეფასებით, არსებული სამხედრო ოპერაციების უზრუნველსაყოფად, სამხედრო ბიუჯეტის 2-3%25-იანი ზრდაა საჭირო. კრიტიკოსების აზრით, ობამას სამხედრო ხარჯებთან მიდგომა აჩვენებს, რომ ადმინისტრაციისთვის სტრატეგიიული მიდგომა მეორეხარისხოვანია. ზოგიერთი ექსპერტი პრეზიდენტის წინააღმდეგობას შიდა ხარჯების შემცირებისადმი 2012 წლის არჩევნებს უკავშირებს.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ საბიუჯეტო დავა საფინანსო საკითხებს ამერიკის პოლიტიკური დღის წესრიგის სათავეში მოაქცევს. ეს ფაქტი ობამასა და დემოკრატებს რეალისტური ინიციატივების წარდგენას აიძულებთ. 8 აპრილს დადასტურდა, რომ მსგავსი რამ, საკუთარ არსენალში, მათ ჯერჯერობით არ გააჩნიათ. 9 აპრილის საკვირაო გამოსვლაში ობამამ მთავრობის მუშაობის შეწყვეტის თავიდან აცილების გამო კმაყოფილება გამოთქვა და ხარჯების შემცირება დადებითად შეაფასა. მისი თქმით, რთულ პერიოდში მსხვერპლის გაღებაა საჭირო. რესპუბლიკელების გააქტიურების პარალელურად, აშშ-ის პრეზიდენტს სულ უფრო ცოტა დრო რჩება. რა მსხვერპლს გაიღებს თავად ობამა, 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე გამოჩნდება.

17 მოსკოვი: უკუნეთი X საათზე

▲back to top


დევიდ . სმი|სვეტი

0x01 graphic

ალექსეი ნავალნი რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინსა და მის პარტიას თაღლითებს და ქურდებს უწოდებს. Livejournal.com-ზე, საკუთარ ბლოგში, ავტორი რუსეთში სიმდიდრისა და ძალაუფლების მქონეთა კორუფციას ამხელს. ნავალნის ეს მაფიოზთა ბანდის - კიბერმაფიოზების - ვიზიტად დაუჯდა. მათ - საქართველოზე რუსეთის 2008 წლის კიბერშეტევის მსგავსი ტექნიკით - Livejournal.com-ზე იერიში მიიტანეს. რუსეთში არჩევნების მოახლოებას, პუტინის და „სილოვიკების“ არაპოპულარობის ზრდასთან ერთად, იქ მეტ კიბერხულიგანიზმს უნდა ელოდეთ - Livejournal.com-ი მხოლოდ ერთი რიგითი, პატარა რეპეტიცია იყო.

ნავალნი ცალკეულ ინვესტორებთან ურთიერთობაში კორუფციას ებრძვის. მისი თქმით, გასულ ნოემბერს, სახელმწიფო ნავთობკომპანია ტრანსნეფტში 4 მილიარდი დოლარის ღირებულების თაღლითური კონტრაქტი გაფორმდა. ტრანსნეფტის ბოსმა, ნიკოლაი ტოკარევმა მას ამერიკის დაზვერვის აგენტი უწოდა. ნავალნის წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო, ხოლო მისი იურიდიული ფირმის კლიენტები აიძულეს, სხვა იურიდიული ფირმის მომსახურებით ესარგებლათ. ალექსეის ინტერნეტ-ბლოგი კი შეურაცხმყოფელმა კომენტარებმა წალეკა.

შემდეგ, 24 მარტს, ნავალნის ბლოგს ეგრეთ წოდებული DDoS შეტევა მოუწყვეს (DDoS შეტევა ასობით ან ათასობით კომპიუტერიდან ერთდროულად ხდება. ამ შეტევის დროს ეს კომპიუტერები, მათი მფლობელებისგან დამოუკიდებლად, ბოტნეტში ერთიანდება. ეგრეთ წოდებული ბოტში თავმომყრელის - ანუ, ჰაკერის, მითითებით, ბოტნეტში გაერთიანებული თითოეული კომპიუტერი სამიზნე ვებგვერდზე შედის, ამ მოჭარბებული მოთხოვნის გამო ეს ვებგვერდი ისე გადაიტვირთება, რომ ფუნქციას ვეღარ ასრულებს). ორი დღის შემდეგ, იგივე ნავალნის მეორე ვებგვერდზე - rospil.info-ზეც მოხდა, რომელიც სამთავრობო შესყიდვებზეა ფოკუსირებული.

ამასობაში, სახალხო თავისუფლების პარტიის ლიდერებმა, ბორის ნემცოვმა, ვლადიმირ რიჟკოვმა და ვლადიმირ მილოვმა, Livejournal.com-ზე თავიანთი ახალი ანგარიში - „პუტინი. კორუფცია“- გამოაქვეყნეს.

ის, რაც წერტილოვანი დარტყმებით დაიწყო, 4 აპრილისთვის მასიურ შეტევაში გადაიზარდა. თავდასხმაში მთავარი ბმულები და 34 ინდივიდუალური ბლოგი მოყვა. „ვიღაცას ძალიან სურს, Livejournal.com-მა არსებობა შეწყვიტოს“, დაწერა თავის ბლოგზე ილია დრონოვმა, განვითარების მენეჯერმა. მაგრამ ნავალნი მოსკოვისთვის ერთადერთი გამაღიზიანებელი კრიტიკოსი არ არის. კიბერმაფიოზები ნოვაია გაზეტასაც ესტუმრნენ, გაზეთს, რომლის რეპორტიორი, ანა პოლიტკოვსკაია, 2006 წელს მოკლეს - სწორედ მაშინ, როდესაც უშიშროების სამსახურის თანამშრომლების მიერ ჩეჩნეთში ჩადენილ ქმედებებზე მასალები უნდა გამოექვეყნებინა.

ნოვაია გაზეტას ბოლოდროინდელი პროექტია „ონლაინ პარლამენტი რუნეტზე“ (რუნეტი ინტერნეტის რუსული სეგმენტის შემოკლებული სახელია). „გვინდა, შევქმნათ მოქმედი ხელისუფლების ალტერნატიული პლატფორმა, სადაც იმ პრობლემებზე იქნება მსჯელობა, რომლებსაც მთავრობა ან არ იმჩნევს ან უბრალოდ თვლის, რომ არ უნდა შეიმჩნიოს“, თქვა გაზეთის სპიკერმა ნადეჟდა პრუსენკოვამ. ამ პროექტში პოტენციურ მონაწილეთა შორის ნავალნი და დაპატიმრებული ბიზნესმენი მიხაილ ხოდორკოვსკიც კი მოიაზრებოდა.

7 და 8 აპრილს ნოვაია გაზეტას ჯერი დადგა. გაზეთის ვებგვერდს, ჩვეულებრივ, დღის განმავლობაში 70 ათასიდან 120 ათასამდე დარტყმის გაძლება უწევს. DDoS შეტევის დროს კი ყოველ 14 წამში 70 ათას დარტყმას იღებდა.

ჯეფრი კარი, Taia Global-ის აღმასრულებელი დირექტორი და Grey Goose Report-ის ავტორი, რომელმაც საქართველოზე რუსეთის კიბერშეტევა გააანალიზა, წერს, რომ ამ შეტევებში მინიმუმ ორი ბოტნეტი მონაწილეობდა. ეს მოსაზრება Livejournal-ის ანალიტიკოსმაც დაადასტურა. არის იმის ნიშნებიც, რომ Livejournal-სა და ნოვაია გაზეტას ერთმა და იმავე თავდამსხმელებმა შეუტიეს.

„ჩვენ არ ვიცით, რამდენი ბოტნეტი იყო ჩართული ბოლო შეტევაში“, წერს მარია გარნევა კასპერსკის ლაბორატორიიდან, „მაგრამ, ზუსტად ვიცით ერთი ბოტნეტი, რომელიც ამაში მონაწილეობდა. იგი ეფუძნება Optima/Darkness DDoS ბოტს, რომელიც ახლა კიბერდანაშაულის რუსულენოვან შავ ბაზარზეა პოპულარული“.

0x01 graphic

Livejournal-ის სათავო კომპანიის ყოფილ დირექტორს, ანტონ ნოსიკს, რომელიც კარგად ერკვევა რუსეთში კიბერდანაშაულის საკითხებში, მიაჩნია, რომ ასეთ შეტევებს მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული და ფინანსური მხარდაჭერა ესაჭიროება.

„უშიშროების სამსახურის გარდა, ამის გაკეთებას ცოტა ვინმე თუ შეძლებდა”, - თქვა ნემცოვმა.

თითს ყველა ხელისუფლების ერთი ნაწილისაკენ იშვერს, რომელიც კრემლის ახალგაზრდული „ყავისფერპერანგიანთა“ ორგანიზაციის - ნაშის - მეშვეობით მოქმედებს. ამ ორგანიზაციის გარჩევა კიბერდამნაშავეების სინდიკატებისაგან სულ უფრო ჭირს.

როგორც საქართველოზე რუსეთის 2008 წლის კიბერშეტევის შემთხვევაში, ახლაც რუსეთის საგარეო აგრესიას, შიდა რეპრესიებს, კიბერდანაშაულსა და ხელისუფლებას შორის არსებული კავშირის მოწმენი გავხდით.

მარტივად თუ ვიტყვით, Livejournal-სა და ნოვაია გაზეტას კიბერმუშტები მოხვდა, რაც ქუჩის მაფიოზების მიერ ცემაზე უფრო ეფექტიანია. ყველამ, ვისაც გაფრთხილება სჭირდებოდა, დაინახა და მიხვდა რისთვის იყო იგი გამიზნული. ხოლო ვინც ამის დანახვას არ მოისურვებს, შეუძლია ამ მოვლენის უფრო რაფინირებულ ანალიზს ამოეფაროს.

მაგრამ აქ საქმე მხოლოდ მაღალტექნოლოგიურ ბრუტალობასთან არა გვაქვს. მოახლოებული საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების (გაიმართება დეკემბერსა და მარტში) და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე სოციალური ქსელით მხარდაჭერილი ამბოხებების გამო, მოსკოვის პოლიტიკური ისტებლიშმენტი შეშფოთებულია. ყოველდღიურად რუსეთის 10 ათასი მოქალაქე ინტერნეტის ახალი მომხმარებელი ხდება, ქსელისა, რომელიც ამ ქვეყანაში - სხვა ყველაფრისგან განსხვავებით - არ კონტროლდება და შეუძლია ისეთი იდეების გენერირება, როგორიც, მაგალითად, „ონლაინ პარლამენტი რუნეტზე“-ა.

„Livejournal-ი თავისუფლების ნამდვილი ზონაა ინტერნეტში, - თქვა ნემცოვმა, - მასზე შეტევა კი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებისათვის მზადების ნაწილია. ეს პოლიტიკაა“.

ნოვაია გაზეტაზე შეტევას უშიშროების ფედერალური სამსახურის საინფორმაციო და სპეციალური კომუნიკაციების ცენტრის ხელმძღვანელის, ალექსანდრ ანდრეიჩკინის განცხადება დაემთხვა: „[ისეთი მომსახურების, როგორიც არის Skype, Gmail ან Hotmail] უკონტროლო მოხმარებამ შესაძლოა რუსეთის უსაფრთხოებას სერიოზული საფრთხე შეუქმნას“.

ამაზე ერთმა ბლოგერმა თქვა, „წარმოგიდგენიათ, პუტინის „სილოვიკები“ იმაზე წუწუნებენ, რომ ჩვენს ფარულად მოსმენას ვერ ახერხებენ!“

რუსეთის პრეზიდენტის დმიტრი მედვედევის ადმინისტრაციამ ანდრეიჩკინის განცხადებისგან თავი მაშინვე შორს დაიჭირა, თუმცა პუტინის პრესსპიკერი, დმიტრი პესკოვი, მას მეტი სიმპათიით მოეკიდა: „ბუნებრივია, ეს [უშიშროების] სამსახურის პოზიციაა, რომელიც ყურადღებით განიხილეს“.

პუტინსა და მედვედევს შორის, როგორც ჩანს, განხეთქილებაა. პრეზიდენტმა, როგორც რუსეთის უმაღლესმა ინტერნეტმომხმარებელმა, განაცხადა: „როგორც Livejournal-ის აქტიური მომხმარებელი, ვფიქრობ, ეს ქმედებები დასაგმობი და უკანონოა“. ნეტავ, მართლა გაბრაზდა მედვედევი? თუ როგორც „კასაბლანკას“ კაპიტანი ლუის რენო, იგი უბრალოდ „შოკირებულია, შოკირებული იმის აღმოჩენით, რომ აქ აზარტული თამაშები მიმდინარეობს“?

ალბათ, მნიშვნელობა არ აქვს, მოსკოვში მიმდინარე მოვლენებს ვინ აკონტროლებს. საბოლოო ჯამში, Livejournal-სა და ნოვაია გაზეტაზე შეტევები, ალბათ, იმ ტექნოლოგიისა და ორგანიზაციული მზადყოფნის ტესტები იყო, რომლებიც კიბერშეტევებისათვის არის საჭირო; როგორც პოლიტიკური ანალიტიკოსი მიხაილ დელიაგინი წერს თავსი ბლოგზე, „ერთ-ერთი რეპეტიცია, რომელიღაც X საათზე საზოგადოების აქტიურ ნაწილს შორის კომუნიკაციის გასაწყვეტად“.

18 65 მილიონი დოლარი ფოთის პორტისთვის

▲back to top


ბიზნესი

მაკა გამცემლიძე

0x01 graphic

ფოთის პორტი

ფოთის პორტი 65 მილიონ დოლარად გაიყიდა. 100%25-იანი წილის მფლობელმა არაბულმა კომპანია Rakia-მ პორტის 80%25 გადაზიდვებისა და ნავთობის დანიური ჰოლდინგის AP Moller-ის შვილობილ კომპანიას - APM Terminals-ს გადასცა.

APM Terminals-ი მსოფლიოს 33 ქვეყანაში 54 პორტს ფლობს. 2009 წელს კომპანია Lloyd-ის ყოველწლიურ გლობალური დაჯილდოების ცერემონიაზე წლის ოპერატორად დაასახელეს. 2010 წელს კიდევ ერთი ჯილდო მენეჯმენტისა და ოპერაციების კატეგორიაში მიიღო და საერთაშორისო კონკურსზე - Safety at Sea International - ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ოპერატორად დასახელდა. 2011 წლამდე ფოთის პორტს არაბეთის გაერთიანებული საემიროების სახელმწიფო საინვესტიციო კომპანია Rakia ფლობდა. კომპანიამ პორტი და მის მიმდებარედ, 300 ჰექტარი მიწა თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გასავითარებლად, 2008 წელს ეტაპობრივად შეიძინა: ჯერ 90 მილიონ დოლარად 51%25 შეისყიდა, მომდევნო წელს კი დარჩენილი 49%25 - 65 მილიონ დოლარად. პორტის შესაძლო გაყიდვის შესახებ Rakia-მ პირველად 2010 წელს განაცხადა. მაშინ კომპანიის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ პორტი მათთვის სტრატეგიული აქტივი არ იყო და მართვას, მისგან ერთჯერადი მოგების მიღება ერჩივნათ.

დანიური AP Moller ჯგუფისთვის ფოთის პორტი სტრატეგიული აქტივია. ბიზნესჯგუფი მსოფლიოს 130 ქვეყანაში ათასამდე კომპანიას აერთიანებს. AP Moller-ი და მისი შვილობილი კომპანიები, მათ შორის, APM Terminals-ი და Maersk-ი ამერიკის სატრანსპორტო სფეროში წამყვანი კონტრაქტორი კომპანიებია. აქამდე დანიურ ჰოლდინგს შავ ზღვაში პორტი არ ჰქონდა. მისი ტერმინალებიდან საქართველოსთან ყველაზე ახლოს იტალიის ტერმინალი იყო.

ფოთის პორტთან ერთად, კომპანიას ვალდებულებების პაკეტიც გადაეცა: პორტის ინფრასტრუქტურის განვითარება, თავისუფალი ეკონომიკური ზონის გამართვა და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება.

AP Moller-ის საერთაშორისო სტატუსი სხვა ინვესტორი კომპანიების ფოთში შემოსვლისათვის დამატებითი სტიმული იქნება. ამავდროულად, საქართველოს ეძლევა შანსი, სატრანზიტო-სატრანსპორტო დერეფნის ფუნქცია გაიმყაროს.

19 ლადო გურგენიძის დახმარებით რუანდის ბანკი წარმატებას აღწევს

▲back to top


ბიზნესი

ელენე კვანჭილაშვილი

რუანდის ბანკი Kigali, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, სტაბილურად იზრდება და ფართოვდება. გლობალური ფინანსური კრიზისის ფონზე, წარმატებას Kigali, პირველ რიგში, ორგანიზებულ და ეფექტიან მენეჯმენტს მიაწერს. ბანკის თავმჯდომარე ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ლიბერთი ბანკის აღმასრულებელი დირექტორი ლადო გურგენიძეა.

Kigali-მ ლადო გურგენიძე თავმჯდომარედ 2009 წლის ოქტომბერში აირჩია. შარშან მისი აქტივები 29%25-ით გაიზარდა. ბოლო 18 თვის მანძილზე, ბანკმა 15 ახალი ფილიალი გახსნა. დღეს ის 70 ათას ინდივიდუალურ მომხმარებელს ემსახურება და მომდევნო 2 წლის განმავლობაში, კლიენტთა ბაზის ნახევარ მილიონამდე გაფართოებას გეგმავს. Kigali-ს ამბიციებს ლადო გურგენიძე Bloomberg-თან ინტერვიუში აჯამებს: „ბანკი, ამა თუ იმ ფორმით, მუდმივად უნდა ემსახურებოდეს ყოველ ფრანკს, რომელსაც ამ ქვეყანაში გამოიმუშავებენ, ინახავენ ან ხარჯავენ”.

ამავე ინტერვიუში, ლადო გურგენიძე რუანდის საბანკო სექტორისთვის საქართველოს საბანკო ინდუსტრიის მსგავს ზრდას პროგნოზირებს: „საქართველოში საბანკო აქტივების შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან დაახლოებით 50%25-ია. 2003 წელს იგივე მაჩვენებელი 15%25 იყო. ამ პერიოდში საბანკო აქტივები 600 მილიონიდან 6 მილიარდამდე გაიზარდა“. მთავარი პრობლემა კი რუანდაში ნაკლებად განვითარებული საბანკო კულტურაა - საბანკო ანგარიში ათიდან მხოლოდ ერთ მოქალაქეს აქვს. სულ ქვეყანაში 11.4 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.

20 104 მილიონი ახალი ენერგოაქტივებისთვის

▲back to top


ბიზნესი

მაკა გამცემლიძე

რუსული სახელმწიფო ენერგოკომპანია Inter RAO, 2015 წლამდე საქართველოს ენერგოსექტორში 193 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირებას მოახდენს. კომპანიამ, მიმდინარე წლის 15 ოქტომბრამდე, საქართველოს ბიუჯეტში 104 მილიონი აშშ დოლარი უნდა შეიტანოს.

რუსული კომპანია ჰიდროელექტროსადგურებს - ხრამი 1 და ხრამი 2 - 25 წლის განმავლობაში მართავდა. აპრილში კი Inter RAO-მ სახელმწიფოსგან ორივე ჰიდროელექტროსადგური გამოისყიდა

Inter RAO-მ ჰიდროელექტროსადგურები იმ პირობით შეისყიდა, რომ 2015 წლამდე მდინარე ხრამზე 3 ჰესისგან შემდგარ კასკადს ააგებს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 193 მილიონ აშშ დოლარადაა შეფასებული. სხვადასხვა გათვლით, კასკადის საერთო სიმძლავრე 100 მეგავატს გადააჭარბებს. ელექტროენერგიის დიდი ნაწილის ექსპორტი რუსეთსა და თურქეთში განხორციელდება. ექსპორტის ზუსტი მოცულობა საქართველოს შიგნით ელექტროენერგიის მოთხოვნაზე იქნება დამოკიდებული. 2010 წელს Inter RAO-მ საქართველოში 212 მილიონი კილოვატსაათის ელექტროენერგიის ექსპორტი და 1.1 მილიარდი კილოვატსაათის იმპორტი განახორციელა. იმპორტის ამ მაჩვენებელმა 2009 წლისას თითქმის ორჯერ გადააჭარბა.

Inter RAO საქართველოში კიდევ ორ ელექტროკომპანიას ფლობს: 600 მეგავატის სიმძლავრის თერმულ ელექტროსადგურს - მტკვარი ენერგეტიკა და საქართველოს უდიდეს ელექტროქსელს - თელასი.

0x01 graphic

Inter RAO

რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ენერგოკომპანია 1997 წელს დაარსდა. აწარმოებს და ანაწილებს ელექტროენერგიას. ფლობს 18 ათასი მეგავატის საერთო სიმძლავრის თერმულ, ბირთვულ და ჰიდროელექტროსადგურებს. ოპერირებს რუსეთში, ფინეთში, საქართველოში, სომხეთში, მოლდოვაში, ბელარუსში, ყაზახეთში, უკრაინაში, ლატვიაში, ლიტვაში, რუმინეთსა და ჩინეთში.

21 ჩინური FACEBOOK-ი

▲back to top


ტექნოლოგია

ვახო ელერდაშვილი

0x01 graphic

ბოლო დროს, ინტერნეტის „მამები” ქსელის ნეიტრალურობის იდეას კბილებით იცავენ. ეს, უპირველეს ყოვლისა, იმაში გამოიხატება, რომ ინტერნეტის მომხმარებლები თანასწორუფლებიანები და შეუზღუდავები უნდა იყვნენ. თუმცა ჯორჯ ორუელის ფორმულა - „ყველა ცხოველი თანასწორია, მაგრამ ზოგიერთი ცხოველი უფრო თანასწორია” - ინტერნეტის მომხმარებელთა შორისაც აქტუალურია, ვინაიდან დედამიწაზე არსებულ მილიარდ-ნახევარ ინტერნეტ-იუზერს შორის მესამედი ჩინეთზე მოდის. ჩინეთსა და დანარჩენ ინტერნეტს კი დიდი ჩინური „ფაირვოლი“ (Great Firewall of China) ჰყოფს, რომელიც მთელ ინფორმაციას ცენზურის ფილტრში ატარებს. კანონმდებლობის დონეზეა აკრძალული Facebook-ი, Youtube-ი, Twitter-ი, ბლოგების პლატფორმები, პორნოგრაფია... ანუ ყველაფერი ის, რაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის რეჟიმს იდეოლოგიურად ეწინააღმდეგება. ეს გარემოება ძირს უთხრის ქსელის ნეიტრალურობას, თუმცა ამ იდეის დამცველები საწინააღმდეგოს ვერაფერს აკეთებენ, განსხვავებით დიდი კომპანიებისაგან, რომლებიც აგერ უკვე რა ხანია ცდილობენ „ციური ქვეყნის“ მმართველებთან საერთო ენის გამონახვას. ამ კომპანიების რიცხვს მარკ ცუკერბერგის Facebook-იც დაემატა.

ჩინური საძიებო სისტემის, Baidu-ს შემქმნელმა, რობინ ლიმ დაადასტურა ინფორმაცია, რომელიც გასული წლის დეკემბრის შემდეგ, ინტერნეტს ჭორის სახით მოედო. ჩინეთში მარკ ცუკერბერგის უკანასკნელი ვიზიტის დროს, ორი გიგანტის, Baidu-ს და Facebook-ის ხელმძღვანელები შეთანხმდნენ ქვეყნის ფარგლებში მოდიფიცირებული სოციალური ქსელის შექმნის თაობაზე, რაც Baidu-ს ადგილობრივ ბაზარზე გაბატონებაში დაეხმარება, Facebook-ს კი მომხმარებელთა რაოდენობას ერთიორად გაუზრდის. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ „ჩინური“ Facebook-ი გარესამყაროსთან არ იქნება დაკავშირებული და ავტონომიურ რეჟიმში იმუშავებს. Facebook-ის ოფისის წარმომადგენლები პალო-ალტოში აცხადებენ: „ჩვენ ჩინეთის შესწავლით ვართ დაკავებული და ვცდილობთ გავიგოთ რა სახით იქნება ეს ორმხრივ სასარგებლო ჩვენი მომხმარებლებისათვის, დეველოპერებისთვის და რეკლამის განმთავსებლებისთვის“. შესასწავლი კი მარკ ცუკერბერგის კომპანიას, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე კონკურენტების დაჯაბნას გეგმავს, ბევრი აქვს. მთავარი კონკურენტი რუსული „ოდნოკლასნიკების” ჩინური ანალოგი RenRen-ი იქნება, რომლის მომხმარებლებიც ამ სოციალურ ქსელზე საუბრისას მხოლოდ ერთ ღირსებას აღნიშნავენ: RenRen-ში შესაძლებელია იმის ნახვა, თუ ვინ დაათვალიერა ჩვენი გვერდი, რაც, როგორც მოგეხსენებათ, Facebook-ში, პრინციპული მოსაზრებების გამო არ არის რეალიზებული.

Facebook-ი მეორე გიგანტია, რომელიც ჩინეთის დიდი კედლის მიღმა ცდილობს შეღწევას. მანამდე Google-ი ცდილობდა ქსელის ნეიტრალურობის აღდგენას, თუმცა მის წარმომადგენლებსა და ჩინეთის მთავრობას შორის მოლაპარაკებები იმით დასრულდა, რომ ლარი პეიჯმა და სერგეი ბრინმა ფულს საკუთარი პრინციპები არჩიეს და თავსმოხვეულ რეგულაციებს ვერ შეეგუვნენ. ამის გამო, Google-ის სერვისები, უკვე რამდენიმე წელიწადია, მთელი ჩინეთის ტერიტორიაზე გათიშულია. Facebook-ის წარმომადგენლების მისია ჩინეთში განსხვავებულია, ისინი ადამიანების ერთმანეთთან დაკავშირებას ცდილობენ. ამას წინათ Facebook-ის ოფიციალურ ბლოგზე გამოქვეყნდა გრაფიკი, სადაც დედამიწა, მომხმარებელთა აქტივობის და კავშირების მიხედვით იყო განათებული. ყველაზე განათებული ნაწილი რუკაზე, რა თქმა უნდა, აშშ და ევროპაა, ჩინეთი კი ბნელეთითაა მოცული. სწორად ამ სიბნელესთან ბრძოლის სურვილით ხსნიან საკუთარ საქციელს მარკ ცუკერბერგი და მათი თანამოაზრეები. რამდენად გამოუვათ მათ ამ ქვეყნის ოფიციოზთან „ბრძოლა“, ამას დრო გვიჩვენებს, მანამდე კი Facebook-ის გრაფიკზე ჩინეთი კვლავაც ჩაბნელებული რჩება.

22 სასჯელი ალბათობაზე დაყრდნობით

▲back to top


ტაბულა|რაზა

ზვიად ხორგუაშვილი

კარგია, როდესაც საზოგადოება ვითარდება ეკონომიკურად, მაგრამ ნებისმიერი საზოგადოება, და ამას ისტორიაც ცხადყოფს, განვითარების გარკვეულ მომენტში თვლის, რომ უკვე საკმარი სად განვითარდა და დღის წესრიგში შემოდის უამრავი სოციალური პროგრამა, ჩაგრულთა დახმარებები და სხვა ნაბიჯები, რაც ლიბერალური ეკონომიკის დამახინჯებას იწვევს. პირველ რიგში შევჩერდეთ იმაზე, თუ რა იგულისხმება ლიბერალურ ეკონომიკაში და რას გულისხმობს მისი და მახინჯება.

ლიბერალური ეკონომიკა ეს არის წყობა, რომელიც გულისხმობს კერძო საკუთრების უზენაესობა სა და მთავრობის უმნიშვნელო როლს ეკონომიკაში. კერძო საკუთრება წარმოადგენს ადამიანის უფლებას, ისე განკარ გოს მის მფლობელობაში მყოფი მატერიალური თუ არა მატერიალური აქტივი, როგორც მას სურს - თუ ეს უკანასკნელი არ არღვევს სხვა პირის უფლებებს. რაც შეეხება მთავრობის უმნიშვნელო როლს ეკონომიკაში, უპირველეს ყოვლისა, ეს ნიშნავს იმას, რომ ამა თუ იმ პი როვნებას იგი არ უკრძალავს და ხელს არ უშლის კანონის ფარგლებში განკარგოს მისი საკუთრება, ისე როგორც მას სურს, მაქსიმალური მოგების მისაღებად.

არანაკლებ საინტერესო თემაა შეზღუდვები, რაც ადამიანის პიროვნულ თავისუფლებაზე უარყოფითად აისახება. მთავრობის უმთავრესი ფუნქციაა დაიცვას საზოგადოება გარეშე ძალებისგან, ასევე, მასში შემავალი ინდივიდები უზრუნველყოს უსაფრთხოებით, რომ ერთმანეთის უფლებები არ დაარღვიონ. ამ საკითხზე მთავრობაც და საზოგადოების უმეტესი ნაწილიც თანხმდება. მაგრამ საინტერესოა აღინიშნოს მეთოდები, რითაც სახელმწიფო ებრძვის „კრიმინალს“.

განსახილველად საინტერესოა შეზღუდვა, რაც ადამიანის საჭესთან ჯდომის დროს არის დაწესებული. სახელმწიფოს ფუნქცია, როგორც ზევით აღინიშნა, არის ინდივიდის დაცვა სხვა ინდივიდისგან, თუ ეს უკანასკნელი ზღუდავს მის უფლებას. ნებისმიერი ადამიანი თვითონაა თავის სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელი და არ შეიძლება ძალადობის ხერხებით მასზე ზრუნვა. ასეთივე შეზღუდვა შეიძლება დაწესდეს სიგარეტის მოწევაზეც, რადგან „მოწევა კლავს“. სახელმწიფო კი ზრუნავს თავის მოქალაქეებზე და ძალიან კარგი არგუმენტია იმისთვის, რომ საერთოდ აიკრძალოს მოწევა, დალევა, გადამეტებული რაოდენობით სექსი, ქუჩაში დიდხანს სიარული, რადგან უცაბედად შეიძლება აგური დაგეცეს თავში და ვერ გადარჩე. ასეთი შეზღუდვა მრავალია საზოგადოებაში.

ყველაზე დიდი პრობლემა ეს არის არაშეზღუდვები, არამედ მთავრობების არასწორი მიდგომა კრიმინალთან ბრძოლაში. ილუსტრაციისთვის ავიღოთ შემთხვევა, როდესაც საჭესთან ნასვამი მძღოლი ზის. რაც არ უნდა ნელა და უსაფრთხოდ იაროს მძღოლმა, რომელსაც უმნიშვნელო რაოდენობა აქვს დალეული, როდესაც პოლიციელი გააჩერებს და სისხლში ალკოჰოლის შემცველობას შეუმოწმებს, მას გარანტირებული აქვს გარკვეული ოდენობის ჯარიმა, თუ მისთვის პირველი შემთხვევაა, ხოლო შემდეგ უფრო და უფრო მკაცრდება მის მიმართ კანონი. ანუ, მოკლედ რომ ვთქვათ, კანონი ძალიან მკაცრია მათ მიმართ, ვინც ნასვამი ზის საჭესთან და ალკოჰოლის გამო დიდია ალბათობა იმისა, რომ მას გარემოების აღქმის უნარი შენელებული აქვს. აქ უკვე ვაწყდებით პირველ დიდ პრობლემას. არ შეიძლება კანონი სჯიდეს მოქალაქეებს, ალბათობაზე დაყრდნობით. ადამიანი უნდა დაისაჯოს მის მიერ ჩადენილი დანაშაულის მიხედვით დამკაცრადაც. ხოლო როდესაც პირი ისჯება იმის გამო, რაც ჯერ არ ჩაუდენია, უსამართლობის გრძნობას უნდა იწვევ დეს საზოგადოებაში. ასეთი მიდგომით, მაგალითად, შეგვიძლია დავაჯარიმოთ მძღოლი, რომელსაც ზომაზე მეტი კოფეინი აქვს მიღებული. როგორც ალკოჰოლი, ასევე კოფეინის დიდი რაოდენობით მიღება მოქმედებს ადამიანის აღქმის უნარზე და საქციელზე. მოცემულ დროსაც იზრდება იმის ალბათობა, რომ მძღოლი შეიძლება საჭესთან შეუძლოდ გახდეს და ავარია მოახდინოს. არსებობს კიდევ ერთი საინტერესო მოსაზრება საჭესთან ნასვამი მძღოლის ჯდომასთან დაკავ შირებით. მძღოლების უმეტესობა აანალიზებს იმ ფაქტს, რომ მათ ალკოჰოლის გავლენით შენელებული აქვთ რეფლექსები და აღქმის უნარი და ცდილობენ რაც შეიძლება ნელა და უსაფრთხოდ იარონ.

სახელმწიფოს მოვალეობაა კანონის ძალით დამსჯელობითი ღონისძიება გაატაროს ადამიანის მიერ ჩადენილი დანაშაულის შესაბამისად და არა ალბათობაზე დაყრდნობით, რადგან ასეთი მიდგომა აზარალებს მოსახლეობას და მეტიც, ამან შესაძლებელია დამატებით შეზღუდვებამდეც მიგვიყვანოს საზოგადოებაში. პრობლემა პირველ რიგში არა მთავრობაშია, არამედ საზოგადოებაში (საბედნიეროდ, არის მოსახლეობის გარკვეული რაოდენობა, ვინც აანალიზებს ამა თუ იმ მოპყრობას მთავრობის მხრიდან), რომელიც სიხარულით ხვდება „ევროპიდან გადმოტანილ ცივილიზებულ მეთოდებს“ და არანაირი პროტესტის გრძნობა არ აწუხებს. ადამიანი რაციონალურად აზროვნებს და აანალიზებს ნებისმიერ პოტენციურ საფრთხეს და შემდეგ ამის მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას. მთავრობის მოვალეობაა არა ჩარჩოებში ადამიანის იძულებით მოქცევა, არამედ ინფორმირება, რომ მაგალითად ღვედს თუ არ გაიკეთებს, შესაძლებელია, სავალალოდ დაასრულოს ავტომობილით მგზავრობა.

23 რაც იყო, რაც არის და რაც იქნება

▲back to top


სპორტი

ლაშა გოდუაძე

7 ელ კლასიკო

ბრიტანელმა საფეხბურთო ჟურნალისტმა ფილ ბოლმა თავის წიგნში „მორბო - ესპანური ფეხბურთის ისტორია“, მადრიდის რეალის და ბარსელონას დაპირისპირებას ანუ ელ კლასიკოს ესპანეთის სამოქალაქო ომის გაგრძელება უწოდა.

0x01 graphic

დიქტატორ ფრანსისკო ფრანკოს რეჟიმის დროს - გასული საუკუნის 30-იანი წლების მიწურულიდან 70-იანი წლების დასასრულამდე - როცა სამხედრო ხელისუფლება ყველანაირად ავიწროებდა ქვეყნის რეგიონებს და მათ შორის კატალონიასაც, საფეხბურთო მინდორი ერთადერთ ასპარეზად რჩებოდა, სადაც უფლებაშელახულ და დამცირებულ ხალხს პროტესტის გამოხატვა შეეძლო.

საფეხბურთო კლუბ ბარსელონას დღეს უკვე ყველასთვის ცნობილი სლოგანიც - mes que un club მეტი, ვიდრე კლუბი - 40-იან წლებში სწორედ ამ მიზეზით დაიბადა.

ბარსელონა კატალონიელთა ნების ერთგვარი გამოხატულება იყო - გუნდი ხალხის ცხოვრებაში გაცილებით დიდ როლს ასრულებდა, ვიდრე საფეხბურთო კლუბს შეეძლო.

ასეა დღესაც: კატალონიას, ესპანეთის ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ მხარეს, კვლავაც დამოუკიდებლობა სურს, მოსახლეობის დიდი ნაწილი თავს ესპანელად არ მიიჩნევს, ბარსელონა კი საუკუნის შემდეგაც მადრიდის რეალის - სამეფო გუნდის მთავარ მეტოქედ რჩება.

და მიუხედავად იმისა, რომ დედაქალაქში რეგიონის წარმომადგენელთა მოთხოვნებს ხშირ შემთხვევაში არ ითვალისწინებენ და შესაბამისად, პოლიტიკურ ასპარეზზეც კატალონია კვლავაც მადრიდის ჩრდილშია, მწვანე მინდორზე რეალი და ბარსელონა თანაბარ მდგომარეობაში არიან.

ამიტომაც, ელ კლასიკო არასდროს ყოფილა მორიგი საფეხბურთო მატჩი და სავარაუდოდ, არც მომავალში იქნება.

ესპანური ფეხბურთის გრანდების ბრძოლა გულშემატკივართათვის მოვლენაა და არ იფიქროთ, რომ მხოლოდ პირენეელ ქომაგებს ვგულისხმობდეთ.

იქ, სადაც ფეხბურთი უყვართ, ამ თამაშსაც ელიან. მათ შორის ჩვენთან, საქართველოშიც. და ორი აზრი არაა, რომ ასეთები ძალიან ბედნიერები არიან: წლეულს 7 ელ კლასიკო გაიმართება, ასეთი რამ კი მსოფლიოს ყველაზე საინტერესო საფეხბურთო დაპირისპირების ისტორიაში აქამდე არასდროს მომხდარა!

ახლა, როცა ამ წერილს კითხულობთ, 2011 წლის პირველი ელ კლასიკო უკვე შედგა: გუშინწინ, პრიმერადივიზიონში.

მეორე ოთხშაბათს, 20 აპრილს, ესპანეთის თასის ფინალის ეგიდით გაიმართება: ამ ტურნირის 25-გზის გამარჯვებული ბარსელონა ვალენსიას მესტალიაზე დაუპირისპირდება თასის 17-ჯერ მომგებ რეალს.

27 აპრილს და 3 მაისს ხოსეპ გვარდიოლას და ჟოზე მოურინიოს გუნდები უკვე ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში იასპარეზებენ: პირველად დედაქალაქში, სანტიაგო ბერნაბეუზე, მერე კი კამპ ნოუზე.

დანარჩენ 3 ელ კლასიკოს კი უკვე 2011-2012 წლების სეზონში ვიხილავთ: აგვისტოში ესპანეთის სუპერთასზე ორი თამაში გველის (ამ ჯილდოსთვის პრიმერადივიზიონის ჩემპიონი და თასის მფლობელი იბრძვიან და აქედან გამომდინარე, ბარსელონა-რეალის საზაფხულო დაპირისპირება უკვე გადაწყვეტილია), შემოდგომით კი ერთი ლა ლიგაში.

ესეც თქვენი 7 ელ კლასიკო.

ჯერ თასი, შემდეგ ჩემპიონატი

ესპანეთის პირველი ჩემპიონატი 1928-1929 წლების სეზონში ჩატარდა, თუმცა იმ დროს მადრიდის რეალის და ბარსელონას დაპირისპირების ისტორია უკვე 8 მატჩს ითვლიდა.

გასული საუკუნის დასაწყისში ქვეყნის მთავარი ტურნირი მეფის თასის გათამაშება იყო. 1902 წელს სწორედ ამ შეჯიბრების ნახევარფინალში შეხვდნენ გუნდები პირველად: ბარსელონამ შტაინბერგის დუბლის და გამპერის გოლით მეტოქე 3:1 დაამარცხა. ცნობისათვის: ეს სწორედ ის ხოან გამპერია, ვისი ინიციატივითაც 1899 წლის 29 ნოემბერს საფეხბურთო კლუბი ბარსელონა დაარსდა...

ამ თამაშით დაწყებული ისტორია 14 წლის შემდეგ, კვლავაც მეფის თასის ნახევარფინალში გაგრძელდა, ამჯერად 4(!) მატჩით: ბარსელონაში მასპინძლებმა 2:1 გაიმარჯვეს, მადრიდში რეალმა 4:1 მოიგო და რადგან იმ დროს ბურთების სხვაობას მნიშვნელობა არ ჰქონდა, მესამე მატჩი დაინიშნა. მადრიდული პაექრობა, რომელიც დამატებით დროში გაგრძელდა, 6:6 დასრულდა - ყველაზე შედეგიანი ფრე ელ კლასიკოს ისტორიაში!

თამაშს ბარსელონა 6:5-ს იგებდა, როცა უკანასკნელ წუთზე კატალონიელთა კარში პენალტი დაინიშნა. 11-მეტრიანი სანტიაგო ბერნაბეუმ ზუსტად შეასრულა და თავისი მეორე გოლი შეაგდო. 1943 წელს ის მადრიდული კლუბის პრეზიდენტი გახდა და გარდაცვალებამდე, 1978 წლის 2 ივნისამდე უხელმძღვანელა გუნდს, რეალმა კი მისი პრეზიდენტობის წლებში 16-ჯერ მოიგო ჩემპიონატი, 6-ჯერ თასი, 5-ჯერ ჩემპიონთა თასი (ზედიზედ) და ერთხელაც საკონტინენტთაშორისო თასი...

ის შეხვედრა მხოლოდ ამის გამო არ იყო საინტერესო: ბარსელონას კარს ელ მუნდო დეპორტივოს შტატგარეშე ჟურნალისტი პაკო ბრუ იცავდა, რომელმაც ერთი ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა, სამაგიეროდ 3 პენალტი მოიგერია!

მეორე გადათამაშებასაც არ ჩაუვლია ხმაურის გარეშე: ბარსელონა მარტინესის ორი გოლით იგებდა, თუმცა რეალმა ბერნაბეუს და საბალას წყალობით გაათანაბრა. ძირითადი დროის უკანასკნელ წუთზე ბრუმ კიდევ ერთი პენალტი მოიგერია, დამატებით დროში კი მადრიდელებმა მაინც გაიმარჯვეს - 4:2...

1926 წელს მათი გზა კიდევ ერთხელ გადაიკვეთა: თასის მეოთხედფინალში ბარსელონამ მადრიდში 5:1, შინ კი 3:0 გაანადგურა რეალი. ამ მატჩებში კატალონიელთა ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა ხოსეპ სამიტიერმა 6 გოლი გაიტანა: პოკერი დედაქალაქში და დუბლი ბარსელონაში! 1951 წელს სწორედ სამიტიერის ინიციატივით გადავიდა კატალონიურ კლუბში ლეგენდარული უნგრელი ლადისლაო კუბალა, ბარსელონას ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე...

0x01 graphic

1929 წლის 17 თებერვალს გუნდები პირველად შეხვდნენ ჩემპიონატში: რეალმა ბარსელონას მისსავე მოედანზე 2:1 მოუგო, საპასუხო მატჩში კი კატალონიელებმა გაიმარჯვეს - 1:0.

მოკლული პრეზიდენტი და 11:1 1936 წლის ივლისში ესპანეთში სამოქალაქო ომი დაიწყო, რამდენიმე თვეში კი გენერალ ფრანსისკო ფრანკოს ჯარებმა გუადარამასთან ახლოს ბარსელონას პრეზიდენტი ხოსეპ სუნიოლი მოკლეს - ის კატალონიის თავისუფლების პარტიის წევრიც იყო. აქედან დაწყებული ნაციონალისტ კაუდილიოს (ფრანკოს მეტსახელი) ქვეშევრდომები ყველანაირად ავიწროებდნენ ოპონენტებს და მათ შორის, საფეხბურთო კლუბ ბარსელონასაც.

მაგალითად, 1944 წლის 2 იანვარს, მეფის თასის ნახევარფინალის საპასუხო მატჩში რეალმა 11:1 მოუგო ბარსელონას! ეს ელ კლასიკოს რეკორდია, მაგრამ ამ თამაშის გახსენება არათუ კატალონიელებს, მადრიდელთა ქომაგებსაც არ უყვართ.

საქმე ისაა, რომ პირველ შეხვედრაში ბარსელონამ 3:0 მოუგო სამეფო კლუბს, ფრანკომ კი საკუთარი უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ ხოსე ფინატის (1940-42 წლებში ესპანეთის ელჩი გერმანიაში) დაავალა საქმის მოგვარება - გენერალს რეალის ფინალში ხილვა სურდა!

თამაშის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე შეიარაღებული ფინატი და მისი რამდენიმე თანაშემწე სტუმართა გასახდელში შევიდა, იქ მათ რამდენიმე წუთი დაჰყვეს და ჩანს, დავალება ზედმიწევნით კარგად შეასრულეს, რადგან როცა მსაჯმა პირველი ტაიმი დაასრულა, პრუდენის და ბარინახას ჰეთ-თრიქების და ალონსოს და კურტას გოლების წყალობით რეალი 8:0-ს იგებდა. 1952 წელს ხოსე ფინატი დედაქალაქის მერი გახდა...

0x01 graphic

ბარსას და რეალის დი სტეფანო

50-იან წლებში დაპირისპირება უფრო გაღრმავდა, მადრიდელებისადმი კატალონიელთა დაუფარავ სიძულვილს კი ბარსელონას პრეზიდენტის მარტი კარეტოს უხეში შეცდომაც დაერთო - სწორედ მან დაუთმო ალფრედო დი სტეფანო რეალს და მის პრეზიდენტ სანტიაგო ბერნაბეუს. აქ ლეგენდარული ფეხბურთელის ტრანსფერს დეტალურად არ გავიხსენებთ (თუმცა, ეს ძალიან საინტერესო ისტორიაა), მხოლოდ გეტყვით, რომ იურიდიული დარღვევების გამო, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ყველა კონტრაქტი გააუქმა, არგენტინელს კი პირველი 2 სეზონის ბარსელონაში, მომდევნო 2 წლის კი რეალში გატარება დააკისრა. მერე ბერნაბეუ კარეტოს დაელაპარაკა და... როცა ალფრედოს სამეფო კლუბში გადასვლა გადაწყდა, ბარსელონა არეულობამ მოიცვა, ყველაფერი კი მარტი კარეტოს გადადგომით დასრულდა.

შემდეგ რაც მოხდა, ყველამ ძალიან კარგად იცის: 1953 წლის 25 ოქტომბერს, ალფრედო დი სტეფანოს რეალმა ბარსელონა 5:1 გაანადგურა, „თეთრმა ისარმა” კი პირველი და ბოლო გოლები გაიტანა. საბოლოოდ დი სტეფანო რეალის ყველა დროის საუკეთესო მოთამაშე გახდა, მისი წყალობით კი კლუბმა საოცნებო მწვერვალები დაიპყრო...

დიქტატორ ფრანკოს შემდეგ

1969-70 წლების სეზონს მორიგი დიდი სკანდალი უკავშირდება. რეალი პრიმერადივიზიონში ძალიან ცუდად ასპარეზობდა და ევროთასებს მიღმა დარჩენა ემუქრებოდა. ერთადერთ იმედად თასი რჩებოდა, რომლის მეოთხედფინალში სამეფო კლუბი ბარსელონას შეხვდა. პირველი მატჩი მადრიდში მასპინძლებმა 2:0 მოიგეს, საპასუხოს მე-60 წუთზე კი, როცა ბარსა რექსაჩის გოლით 1:0-ს იგებდა, მსაჯმა გურუსეტამ მასპინძელთა კარში არარსებული პენალტი დანიშნა - მას შემდეგ ასეთ აბსურდულ გადაწყვეტილებებს ესპანეთში „გურუსეტას პენალტის“ სახელით მოიხსენიებენ. ამანსიომ გოლი კი გაიტანა, მაგრამ მსაჯმა სტადიონი მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ დატოვა - გაგულისებული გულშემატკივრები პოლიციის მანქანებს არ ატარებდნენ. თითქოს ეს არ კმარაო და რეალის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა ანტონიო კალდერონმა ბარსელონა სოფელს შეადარა - კიდევ ერთი არეულობის დასაწყებად ეს სრულიად საკმარისი იყო...

1974 წლის 17 თებერვალს, მადრიდში გამართულ დაპირისპირებას წლებია კრუიფის ელ კლასიკოს უწოდებენ: ბარსელონამ დედაქალაქში 5:0 მოიგო, არნახული ზეობის მთავარი შემოქმედი კი სწორედ კრუიფი გახლდათ, ფრანს ფუტბოლის ოქროს ბურთის 1973 წლის მფლობელი.

მიუხედავად იმისა, რომ მაშინ რეალი შინ პირველად დამარცხდა ასეთი სხვაობით, ჰოლანდიელმა კი გოლიც გაიტანა, არგენტინელი დიეგო მარადონა იყო პირველი, რომელიც სანტიაგო ბერნაბეუს ტრიბუნებზე შეკრებილმა გულშემატკივრებმა პატივისცემის ნიშნად ფეხზე ადგომით და აპლოდისმენტებით გააცილეს: ეს 1982 წლის 27 ნოემბერს მოხდა, როცა ელ კლასიკო საათ-ნახევრით მონოსპექტაკლად იქცა.

მეორედ ასეთი პატივი ბარსელონას ბრაზილიელ საოცრებას რონალდინიოს ხვდა წილად: 2005 წლის 19 ნოემბერს მისმა გუნდმა 3:0 გაიმარჯვა, დუბლის ავტორმა რონალდინიომ კი მსოფლიოს მწვერვალიდან გადმოხედა.

ამ ორ მატჩს შორის უამრავი საინტერესო დაპირისპირება იყო, ლეგენდარული ფეხბურთელების დუელები, ზღაპრული გოლები, ჩხუბი, მაისურების გაცვლაც და არ გაგიკვირდეთ, შემწვარი ღორის თავიც, რომელიც ბარსელონას ყველაზე მხურვალე ქომაგებმა (Boixos Nois - გიჟი ბიჭები) პორტუგალიელ ლუიშ ფიგუს ესროლეს - 2000 წლის ზაფხულში ბარსელონას ვიცე-კაპიტანმა კატალონიური კლუბის მაისური რეალისაზე გადაცვალა და ეს, ბუნებრივია, არ აპატიეს.

სიმბოლო, თარჯიმანი და 0:5

შენ აქ ყოველთვის თარჯიმანი იქნები - ასეთი პლაკატი დაახვედრეს ბარსას ქომაგებმა რეალის მწვრთნელ ჟოზე მოურინიოს შარშან, 29 ნოემბერს, კამპ ნოუზე. ის თამაში პორტუგალიელის კლუბმა 0:5 წააგო, თუმცა მიუხედავად ასეთი მარცხისა, ყველამ იცის, რომ მოურინიო უფრო დიდია, ვიდრე მთარგმნელი შეიძლება იყოს.

0x01 graphic

თარჯიმნებს ჯერ არასდროს მოუგიათ პორტუგალიის, ინგლისის და იტალიის ჩემპიონატები და თასები, უეფას თასი და ორჯერ ჩემპიონთა ლიგა.

მოურინიომ შეძლო. მოკლედ, ის სხვაა.

2000 წელს მან ბარსელონასაც მოაგებინა ტურნირი - კატალონიის თასი. მაშინ ჟოზე ლუის ვან გაალის თანაშემწე იყო და ჰოლანდიელმაც, რომელიც პორტუგალიელში მწვრთნელის მონაცემებს ხედავდა, მას ამ ტურნირში თანამდებობა დროებით დაუთმო.

შედეგი უკვე იცით და აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ იმ ბარსელონაში ხოსეპ გვარდიოლაც თამაშობდა, დღეს უკვე მოურინიოს პირველი მეტოქე და რა თქმა უნდა, ბარსელონას სიმბოლო.

0x01 graphic

გვარდიოლა ბარსას გაზრდილია, როგორც ფეხბურთელმა, საუკეთესო წლები იოჰან კრუიფის ოცნების გუნდში გაატარა, მწვრთნელის ამპლუაში კი, რასაც მიაღწია, აღარ შეგახსენებთ. მოკლედ, სიმბოლოა.

ერთი სიტყვით, რეალის და ბარსელონასი არ იყოს, მათი დამრიგებლებიც ჩინებულად იცნობენ ერთმანეთს. ამ ორი კლუბის ციფრული ისტორია კი ასეთი გახლავთ: რეალი - 85 მოგება, ბარსელონა - 82 მოგება,ფრე - 42. ბურთები 354:338.

24 ფიქრები კლასიკოზე

▲back to top


ბიძინა ბარათაშვილი|სვეტი

0x01 graphic

პირველად კლასიკოს შესახებ საუბარი ჯერ კიდევ სკოლის ასაკში მოვისმინე. ბიძაჩემი, ლაშა ძიძიგური, რომელმაც ჩემი საფეხბურთო გემოვნების ჩამოყალიბებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა, საზაფხულო არდადეგების დღეებში, ოქროყანაში, რომელიღაც თავის მეგობარს უმტკიცებდა - ასეთი დაძაბული მატჩები მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ იმართებაო.

მართალი ყოფილა...

იმ დროს ლაშა ესპანურის შესწავლით იყო გატაცებული და არგენტინული ფეხბურთის უპირველეს მეხოტბედ ყალიბდებოდა. შემდგომში, თავისი საფეხბურთო იდეების ადეპტად მეც მაქცია და ალბისელესტესთან ერთად რეალის ფანატიკური გულშემატკივარიც გამხადა.

მერე იყო დათო ქლიბაძის სპორტული კალეიდოსკოპი, არგენტინელი რობერტო მარტინესის დაუვიწყარი გარღვევებით (იგი მოედნის ცენტრიდან მეტოქის საჯარიმომდე მანძილს 6-7 გიგანტურ ნაბიჯში ფარავდა) და ჩია ტანის კარლოს სანტილიანას ჯორდანისეულ ნახტომებში გატანილი თავურებით. რა თქმა უნდა, ასეთი სპექტაკლები ვერავის დატოვებდა გულგრილს და მეც გულისფანცქალით ველოდი ყოველ ახალ გადაცემას, შუალედებს კი „კუწა“ კაკაბაძისეული ლელოს შტუდირებაში ვატარებდი.

არასოდეს დამავიწყდება 1975 წელს სანტიაგო ბერნაბეუზე გამართული კლასიკოსადმი მიძღვნილი პუბლიკაცია, რომელშიც დეტალურად იყო აღწერილი იოჰან კრუიფისა და კომპანიის მადრიდული ბენეფისი (5:0) და ჩემი ცრემლიანი რეაქცია - „მფრინავი ჰოლანდიელი“ თითქოს პირად მტრად მექცა! ჯერ იყო და წინა წელს ორჯერ გააცამტვერა არგენტინა (4:1 აიაქსთან ერთად, როცა არგენტინელები ტურნეს მართავდნენ და 4:0 გერმანიის მუნდიალზე), ახლა კი რეალიც შემირცხვინა!

წლები და ასაკი ყველაფერს სხვა კუთხით წარმოაჩენს. 2003 წელს ის მატჩი ჰოლანდიელი კოლექციონერისაგან შევისყიდეთ და იმედის ეთერში გადავეცით. ეს მართლაც ფანტასტიკური სანახაობა ყოფილა, კრუიფი კი შეუდარებელი ჯადოქარი! თუმცა, არც სხვები (იოჰან ნეესკენსი, კარლეს რექსაჩი) ჩამორჩებოდნენ. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ არც რეალს უთამაშია ურიგოდ. რაგინდ გასაკვირიც უნდა იყოს, 0:5 წამგები გუნდიც უმაღლესი დონის ფეხბურთს თამაშობდა, პირი და ამანსიო კი ტოლს არ უდებდნენ მეტოქეს. იმის თქმა მინდა, რომ რეალი კი არ იყო უსუსური, უბრალოდ, ბარსელონა გახლდათ არაამქვეყნიური!

ასეთი რამ სხვა დროსაც მომხდარა - 1953 წელს სტენლი მეტიუზის ინგლისმა ჩვეული მაღალი კლასი აჩვენა უნგრეთთან საშინაო ამხანაგურში და... 3:6 წააგო - „დიდი გუნდი“ იმიტომაც შემორჩა ისტორიას, რომ მის დასამარცხებლად უბრალოდ კარგი თამაში საკმარისი არ იყო... 1994 წლის მსოფლიო პირველობის შესარჩევში არგენტინამ 18 ნაღდი მომენტი გაანიავა და ბუენოს აირესში 0:5 წააგო კარლოს ვალდერამასა და ფაუსტინო ასპრილიას კოლუმბიასთან, რომელსაც არც იქამდე და არც მერე ამ დონის ფეხბურთი არ უთამაშია...

ეს მატჩები იმიტომ გამახსენდა, რომ დღევანდელი ბარსაც ამ კატეგორიის გუნდია. იმიტომაც მოაწყო გოლების ფეიერვერკი ლა ლიგას პირველი წრის კლასიკოში და „განსაკუთრებულ“ ჟოზე მოურინიოს თავის სამართლებლად გაუხადა საქმე. დღეს ჩავის, ინიესტასა და მესის შესაჩერებლად აუცილებელია, რომ მეტოქე საკუთარ თავს გადაახტეს, ყველა არსებული თუ არარსებული რესურსი მოიძიოს და კიდევ ფორტუნის იმედიც იქონიოს! ასეა, როცა კანტერაში ბავშვობიდან გინერგავენ კლუბის ტრადიციებს და მშობლიური მაისურის სიყვარულს, შედეგი აუცილებლად მოდის...

რეალს აქვს თავისი კოზირები - კრიშტიანო რონალდოსა და კაკას კლასი, იოზილისა და დი მარიას დრიბლინგი, კასილასის უბადლო რეაქცია და მოურინიოს სტრატეგიული ნიჭი... მაგრამ სამეფო კლუბს მაინც აკლია ნაღდი „რეალისტების“ სულისკვეთება. დღეს გუნდს არ ჰყავს არც მიჩელისა და ემილიო ბუტრაგენიოს მსგავსი ლიდერები, არც ფერნანდო იეროს დარი მებრძოლი, რომელიც მოკვდება და კარისკენ არავის გაატარებს... ჰო, კინაღამ დამავიწყდა - რაულიც ხომ შალკეს ახმარს გოლეადორის ტალანტს, ადებაიორისა და ბენზემას გასახარად...

და მაინც, როგორც არ უნდა დასრულდეს ეს უპრეცედენტო ოცდღიანი ზეიმი, ჩვენ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გაგვიმართლა - ზედიზედ ოთხი კლასიკო აქამდე არავის უნახავს და თუ ფეხბურთიც შესაფერისი დონის იქნება, კარგა ხანს არ მოგვაკლდება სალაპარაკო...

რეალისა და ბარსელონას ბრძოლა კი ამით მაინც არ დასრულდება, კლასიკოს გარეშე ხომ ფეხბურთს საერთოდ დაეკარგება აზრი!

25 BMW თავის ახალ კონცეპტუალურ ხედვას გვაცნობს

▲back to top


ავტო

მერაბ ლორთქიფანიძე

0x01 graphic

დიდი ხანი არ გასულა მას შემდეგ, რაც BMW-მ საზოგადოებას თავისი ახალი სუბ-ბრენდი - i გააცნო, რომლითაც ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილებს - ჰიბრიდებს, ელექტრომობილებს და შესაძლოა, სხვა ტიპის აგრეგატებით აღჭურვილ მოდელებს გამოუშვებს.

0x01 graphic

ერთ-ერთი პირველი ავტომობილი, რომელსაც ბავარიელები ახალი მარკით გამოუშვებენ, სპორტული კუპეა, რომელიც კონცეპტუალური ვიჟენ ეფიშენტდაინემიქსის ბაზაზე მზადდება. თავის დროზე, ამ კონცეფციით, გერმანულმა კომპანიამ ეკოლოგიური ავტომობილების მისეული ხედვა გაგვაცნო. ჟენევის წლევანდელ გამოფენაზე კი მორიგი ხედვა წარმოადგინა. ოღონდ, ამჯერად თემა შეიცვალა და ამ ხედვით, BMW-მ მძღოლისა და ავტომობილის ურთიერთობის მომავალი გაგვაცნო. ავტომობილს ასეც ეწოდება - ვიჟენ კონექტდრაივი.

ეს არის ორადგილიანი როდსტერი უცნაური დიზაინით და ისეთი ელექტრონული სისტემებით, რომლის მსგავსი აქამდე არც ერთ სერიულ ავტომობილზე არ გვხვდება. და, იმავდროულად, ამ ავტომობილით, ბავარიელებმა თავიანთი ახალი კორპორატიული სტილის შემუშავება დაიწყეს. რა თქმა უნდა, ამ საკმაოდ უცნაური ფორმის კონცეპტუალურ მოდელში, ძნელია იმ დეტალების გამოყოფა, რომლებსაც მალე სერიულ ავტომობილებზეც ვიხილავთ. მაგრამ ფაქტია, ახალი სტილის შემუშავების დაწყება, თავად BMW-მ დაადასტურა.

პირველ რიგში, ბავარიელთა სტილს აგრესია უბრუნდება და ეს მათი ახალი მთავარი დიზაინერის, ჰოლანდიელი ადრიან ვან ჰოიდონკის შემოქმედების ნაყოფია. აგრესიულობა განსაკუთრებით ავტომობილის წინა ნაწილს ეტყობა, რომელიც ზვიგენის ცხვირს მოგაგონებთ. აქ გამოსაცნობი ნიშანი, BMW-ს საფირმო, ორი ლებნის ფორმის მქონე რადიატორის ბადეა, რომლის ორივე კიდეშიც, ვიწრო წყვილი ფარი განლაგდა, ამათ ქვეშ კი თითო ზორბა ჰაერის ამღები/ლაყუჩია.

ავტომობილს არც კარი აქვს და არც სახურავი. საქარე შუშა კი ვიწროა და ავტომობილში მსხდომთ, მხოლოდ შემხვედრი ჰაერის ძლიერ ჭავლს (როცა ის სწრაფად მოძრაობს) არიდებს. სავარძლების უკან, ორი დამცავი რკალია ამობურცული, რომლებიც ავტომობილის უკანა კიდემდეა წაგრძელებული. სტოპ ფარებს ვიწრო, წაგრძელებული ფორმა აქვს, თუმცა ფრთებთან ისინი დასქელებულია. ინტერიერი ტიხრით შუაზეა გაყოფილი და ამგვარად, იქ ორი კოკპიტის ტიპის სივრცე წარმოიქმნა.

ავტომობილის წინ და უკან სენსორებია განლაგებული, რომელთა მეშვეობითაც, სპეციალურ მონიტორზე, გარშემო არსებული ვითარების ციფრულად გადმოცემა ხდება. გარდა ამისა, კონცეპტუალური მოდელის ელექტრონულ სისტემას, სხვა მსგავს ავტომობილებთან ურთიერთობაც შეუძლია. მგზავრის ადგილი აღჭურვილია კომპიუტერით, რომელიც ინტერნეტთანაა დაკავშირებული, მისი მეშვეობით კი, სატელიტური ნავიგაციით სარგებლობაა შესაძლებელი. ეგ კიდევ არაფერი, ავტომობილის ელექტრონული სისტემა იმის საშუალებასაც მოგცემთ, რომ გზიდანვე შეუკვეთოთ თქვენთვის სასურველი კერძი, ბინის გასართობი ცენტრი სასურველ ფილმზე, ან მუსიკაზე მომართოთ. მოკლედ, ამ ხედვით, BMW ვარაუდობს, რომ მომავლის ავტომობილი მისი მფლობელის ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდება. ცოტა დაუჯერებლად ჟღერს, მაგრამ ბავარიული ავტოგიგანტისთვის შეუძლებელი არაფერია.

26 ფოლკსვაგენის ელექტრონული მიკროავტობუსი ბული

▲back to top


ავტო

0x01 graphic

ბული - ასე უწოდეს ფოლკსვაგენის მარკეტოლოგებმა ელექტრონულ მიკროავტობუსს, რომელმაც ყველას გერმანული კომპანიის ძველი და ახლაც ძალიან პოპულარული მიკროავტობუსი (მიკრობუსი) გაახსენა. ვოლფსბურგელები არ მალავენ, რომ თავიანთი ისტორიის კიდევ ერთი ლეგენდის გაცოცხლებას აპირებენ. მათ რამდენიმე თვის წინ ჩაატარეს გამოკითხვა, რომლის მიზანიც ახალი მიკრობუსის პერსპექტივის შესწავლა იყო. გამოკითხვამ აჩვენა, რომ ავტომობილს ბევრი სიამოვნებით შეიძენს.

და აი, ჟენევის ავტოშოუზე, ასეთი ავტომობილის კონცეპტუალური ვერსია, სახელად ბული გამოჩნდა. გარეგნულად ის ასევე კონცეპტუალურ Up!-ს ჰგავს, თუმცა მასზე დიდია და თანაც, ელექტრონული აგრეგატებითაა აღჭურვილი.

ბული ექვსადგილიანი მიკროვენია. მასში სავარძლების მხოლოდ ორი რიგია და ორივეზე სამ-სამი ადგილია. ავტომობილი კომპაქტური გაბარიტებით გამოირჩევა: მისი სიგრძე 3.99 მეტრი, სიგანე 1.75 მეტრი, სიმაღლე 1.70 მეტრი და ბორბლებს შორის ბაზა - 2.62 მეტრია. საბარგულის მოცულობა მხოლოდ 370 ლიტრია, თუმცა ის 1600 ლიტრამდე იზრდება, როცა უკანა სავარძლები იკეცება. მეტიც, სალონის იმგვარად ტრანსფორმირებაც შეიძლება, რომ მასში ორი კომფორტული ლოგინი გაიშალოს. ამგვარად, ბული საავტომობილო ტურიზმის მოყვარულებისთვის ნამდვილი მისწრებაა.

0x01 graphic

დიდი ალბათობით შეიძლება იმის ვარაუდი, რომ ბულის სერიული ვერსია შიდაწვის ძრავით და ჩვეულებრივი ტრანსმისიით აღიჭურვება. თუმცა, მისი კონცეპტუალური ვარიანტი სუფთა ელექტრომობილია. ის პატარა ელექტროძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 85 კილოვატ სიმძლავრეს და 270 ნიუტონმეტრ მაბრუნ მომენტს იძლევა. ამასთან, მომენტის მაქსიმუმი, აჩქარების პედალზე ფეხის დაჭერისთანავე მიიღწევა. ელექტროძრავს ენერგიით ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკი ამარაგებს, რომლის ტევადობაც 40 კილოვატსაათია. ეს კი საკმარისია იმისათვის, რომ ერთი დამუხტვით დაახლოებით 300 კილომეტრი გაიაროს.

ფოლკსვაგენი ირწმუნება, რომ ამ აკუმულატორების სრული დამუხტვა, სპეციალურ სადგურში ერთ საათშია შესაძლებელი. გარდა ამისა, ავტომობილს ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის ასაკრეფად 11.5 წამი სჭირდება, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 140 კმ/სთ-ია.

27 „სანტა ესპერანსა“ - გზა ევროპული ბაზრისაკენ

▲back to top


კულტურა

თეონა ჯაფარიძე

0x01 graphic

„...არადა ორჰან ფამუქმა, ევროპულ ბაზარზე, ავტომატურად, დანარჩენი თურქი ავტორებიც გაიყოლა...“ - მაგალითი მოჰყავს ნათია მიქელაძე-ბახსოლიანს. ჩვენ თარგმანის მნიშვნელობასა და მის უდიდეს როლზე ვაგრძელებთ საუბარს.

სამწუხაროდ, თანამედროვე ქართული მწერლობა მხოლოდ ლოკალური პრეზენტაციებითა და შიგადაშიგ ასევე ლოკალური სკანდალებით შემოიფარგლება. ქართული წიგნის ინდუსტრიასა და ევროპულ ბაზარს შორის მანძილი კი ჯერ ისევ დიდია. მიზეზი ქსელის არარსებობაა - არ არის თარგმანები და შესაბამისად, ვერც ერთი წიგნის აგენტი ვერ ახერხებს, ქართველი ავტორებით, დასავლური პრესტიჟული გამომცემლობების დაინტერესებას

ორჰან ფამუქი ტყუილად არ გვიხსენებია. ამ რამდენიმე წლის წინ აკა მორჩილაძის „სანტა ესპერანსას” გერმანულმა თარგმანმა გერმანულენოვან მკითხველში ისეთი ვნებათაღელვა გამოიწვია, რომ ის მაშინვე „კვირის წიგნად” და ბესტსელერად იქცა. იმედია, ფამუქის შემთხვევის მსგავსად, დასავლურ ბაზარზე ამ წიგნსაც „ავტომატურად” დანარჩენი ქართველი ავტორებით დაინტერესებაც მოჰყვება.

აკა მორჩილაძის „სანტა ესპერანსა“ გერმანულ-შვეიცარიულმა გამოცემა Pendo-მ რამდენჯერმე გამოსცა. პირველი ორი გამოცემა სრულად გაიყიდა. ამ ორიოდე დღის წინ, Facebook-ზე ქართველი მეგობარი ბერლინიდან, აღფრთოვანებული წერდა თავის სტატუსში „სანტა ესპერანსას“ სპეციფიკური ენის შესახებ, რომელიც მშვენივრად შეიგრძნეს გერმანელებმა. ის დედნიდან ერთი ფრაგმენტის გაგზავნას გვთხოვდა, რომ შეედარებინა გერმანულისთვის და გაერკვია „ორიგინალიც ისეთივე მაგარი იყო თუ არა, როგორც გერმანული ტექსტი“.

ამ წარმატებული თარგმანის ავტორი - ნათია მიქელაძე-ბახსოლიანია, გოეთეს ინსტიტუტის კულტურული პროგრამების ასისტენტი.

„საერთოდ ბავშვობიდან ვთარგმნიდი. დედაჩემი გერმანელია, ამიტომ გერმანული არა სკოლაში, არამედ სახლში - დედასთან ვისწავლე და შემდეგ ლაიფციგის უნივერსიტეტში უკვე კლასიკურ, ლიტერატურულ გერმანულს დავეუფლე. ერთი პერიოდი გაორებაც კი დამეწყო - ჩანაწერების კეთების თუ ფიქრის დროს თანაბრად ვიყენებდი გერმანულსაც და ქართულსაც.

როგორც ჩემი დიდი ბაბუა - გერონტი ქიქოძე იტყოდა, მთარგმნელმა ზუსტად უნდა შეიგრძნოს მწერლის განწყობა, ინტონაცია. მე უნდა წარმომედგინა, როგორ იტყოდა ამა თუ იმ ფრაზას აკა მორჩილაძე გერმანულად.

მახსოვს, ზღვაზე ვკითხულობდი „სანტა ესპერანსას“. რაც უფრო რთულია ტექსტი, უფრო მეტად საინტერესოა მასზე მუშაობა. განსაკუთრებით საგონებელში ჩამაგდო დიალექტმა, რომელიც კონკრეტულად არც სვანური იყო, არც კახური - ეს უფრო აკას მოგონილი დიალექტი იყო ჟარგონების თანხლებით. დედაჩემი საქსონელია. მე გამოსავალს მივაგენი, აკასეული ენა ჩემ მიერ გამოგონილ შვაბურ-გერმანულ-საქსონურ დიალექტზე ვთარგმნე და ვფიქრობ, სწორედ ასე შევინარჩუნე აკას სტილი და მივიტანე ის გერმანელებამდე“, - აღნიშნავს ნათია.

სქემა ევროპული ბაზრის თანმიმდევრობის მიხედვით განვითარდა:

თავდაპირველად აკა მორჩილაძის ამ ორიგინალურმა ტექსტმა შვეიცარიელი ლიტერატურული აგენტი - რახელ გრაცველდი დააინტერესა, რომელმაც ქართველი ავტორი Pendo-ს წარუდგინა. „სანტა ესპერანსაში” მოთხრობილ ორიგინალურ ამბავთან და განსაკუთრებულ წერის სტილთან ერთად, დიდი როლი წიგნის დიზაინმა და ორიგინალურმა შეფუთვამ ითამაშა: ნაჭრის ჩანთაში ძველებური ბანქოს ქაღალდებივით ჩაწყობილ 36 რვეულად დაწერილი უჩვეულო ისტორია Pendo-სთვის მარკეტინგულად მომგებიანი აღმოჩნდა.

„გერმანულ ბაზარზე ქართველი ავტორები ჯერ 1999 წელს გამოჩნდნენ, როცა ნაირა გელაშვილმა გერმანულ ენაზე „მე-20 საუკუნის ქართული მოთხრობა“ გამოსცა. გასული წლის შემოდგომაზე კი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ქართული პროზის ანთოლოგიის გერმანული თარგმანის პრეზენტაცია შედგა. ვფიქრობ, რომ მათთან ერთად აკა მორჩილაძის „სანტა ესპერანსა“, ყინულმჭრელია, რომელმაც გზა უნდა გაუკვალოს დანარჩენ ავტორებს ევროპულ ბაზარზე“, - ამბობს ნათია.

ამასობაში კი გოეთეს ინსტიტუტში ახალი პროექტისთვის - LitTransfer-ისთვის ემზადებიან. ეს იქნება 5-დღიანი მთარგმნელობითი ვორქშოპები, რომელიც თავს მოუყრის წიგნის ინდუსტრიისათვის საჭირო რგოლებს - მთარგმნელებს, აგენტებს, გამომცემლებს და საინტერესო თარგმანები შეიქმნება. მით უმეტეს, რომ რამდენიმე წელიწადში, საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმრის სტატუსით წარდგება, რაც თავისთავად, მაღალი კლასის თარგმანების არსებობის აუცილებლობას გულისხმობს.

28 კაროლინ კარლსონის ქორეოგრაფიული ისტორიები საქართველოში

▲back to top


კულტურა

თამარ კიკნაველიძე

კაროლინ კარლსონი (1943) წარმოშობით ფინელი, თანამედროვე ამერიკელი მოცეკვავე და ქორეოგრაფია, რომლის სახელსაც აისედორა დუნკანისა და პინა ბაუშის გვერდით მოიხსენიებენ. თუმცა, პირველისგან, თავისუფალი ცეკვის დამაარსებლისგან განსხვავებით, კარლსონის სოლო ნომრებს სხვადასხვა ქვეყნის მოცეკვავეები დღემდე ასრულებენ. მას საავტორო დასი არ ჩამოუყალიბებია და არც რომელიმე ერთ კომპანიაზე ყოფილა მიჯაჭვული, რითაც არც გერმანული „ცეკვის თეატრის“ დამფუძნებელ, ბაუშს ჰგავს. ამის მიუხედავად, კარლსონის, როგორც ქორეოგრაფის გავლენა თანამედროვეებზე ძალიან დიდია. მან სხეულით ფიქრი და საუბარი ბევრს ასწავლა.

0x01 graphic

ამ მასშტაბის ქორეოგრაფის ორი წარმოდგენის ნახვის შესაძლებლობა ქართველ მაყურებელს 8 აპრილს მიეცა. რუსთაველის თეატრისა და ფრანგული ინსტიტუტის ერთობლივი პროექტის ფარგლებში კაროლინ კარლსონის მიერ რუბეს ეროვნული ქორეოგრაფიული ცენტრის თანამედროვე ცეკვის დასის სამ შემსრულებელთან განხორციელებული ორი დადგმა: „ლი“ (2007) და „მანდალა“(2010) შემოგვთავაზეს. ორივე მათგანი შესულია „მოკლე ისტორიების სერიაში“, სადაც ცნობილი ამერიკელის ათზე მეტი დადგმა ერთიანდება. ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი ტინაცუ კოსაკატანი და იუტაკა ნაკატა მხოლოდ ორი დადგმის მაგალითზე კარლსონის შემოქმედებითი შესაძლებლობების მრავალფეროვნებაზე საუბარი რთულია. თუმცა, ჩვენთვის შემოთავაზებულ ნიმუშებშიც მისი ხელწერა და თავისუფალი სხეულით აზროვნების მასშტაბი მშვენივრად წარმოჩინდა.

კაროლინ კარლსონის „ლი“ და „მანდალა“ საგასტროლოდ არაერთ ქვეყანაში ჩაუტანიათ. მისი “მოკლე ისტორიების სერიაზე” ბევრჯერ დაიწერა. ერთ-ერთი გამოცემა აღნიშნავს: „კარლსონის „ლი“ გაჯერებულია ფლუიდურობის ესთეტიკით. ორივე მოცეკვავის ენერგია ერთიმეორეში გადადის, იქმნება წონასწორობა ინსა და იანს შორის − სიბნელესა და სინათლეს, საომარი ორთაბრძოლების ხელოვნებასა და ძენის განჭვრეტილობას შორის. აქ ერთი უსიტყვოდ ხდება მეორე... ამას მოსდევს სოლო, სახელწოდებით „მანდალა“, რომელიც დერვიშების რიტუალურ ბრუნვას მოგაგონებთ. ის მაყურებელს თავისი პულსირებული ენერგიით ნუსხავს და გარდაუვალი და მოუხელთებელი სილამაზის შეგრძნებას ბადებს. მასში ცხოვრება ენცო-ს კალიგრაფიულ-საკრალური სიმბოლოს ფორმას იღებს, რომელიც ერთდროულად სამყაროსაც განასახიერებს და სრულყოფილ მხატვრულ ჟესტსაც, რაც მხოლოდ სულიერი თავისუფლების პირობებში მიიღწევა“.

ქორეოგრაფიისა და ფრანგული ცენტრის შემსრულებლების ოსტატობის გარდა, აღსანიშნავია მუსიკა (განსაკუთრებით ალექსი ობრი-კარლსონის), რომელმაც კარლსონთან „ლის“ განხორციელებისას იმუშავა. დადგმაში ტინაცუ კოსაკატანი და იუტაკა ნაკატა მონაწილეობდნენ. „მანდალას“ მუსიკა მიქაელ გორდონს ეკუთვნოდა, სარა ორსელი − ცეკვავდა. სამწუხაროდ, მათი ხელოვნება მაყურებლის მცირე ნაწილმა ნახა, რადგან მსოფლიო მასშტაბის ქორეოგრაფის დადგმების ჩამოტანას, აშკარა იყო, რომ სათანადო პიარ-კამპანია აკლდა.

0x01 graphic

29 გმირი

▲back to top


ზაზა ბურჭულაძე|სვეტი

0x01 graphic

„გმირი“ - ასე ეწოდება სტივენ ფრირზის 1992 წლის ფილმს, რომელშიც მთავარ როლებს დასტინ ჰოფმანი და ენდი გარსია ასრულებენ. კარგი ფილმია, ირონიული, სასაცილო და დღესაც აქტუალური. ძალიან მოკლედ რომ ვთქვათ, წვრილფეხა ბანდიტი ბერნი (ჰოფმანი) თავისდაუნებურად, თითქმის მექანიკურად ჩაიდენს გმირობას - ალმოდებული თვითმფრინავის 54 მგზავრს გადაარჩენს, მაწანწალა ბაბერი (გარსია) კი მის გმირობას მიიწერს. ამერიკული მედია ამ ამბავს ისე გაბერავს, რომ ბაბერისგან ნაციონალურ გმირს ქმნის. მთელი ყურადღება ახლა მასზეა მიმართული, იგი ხდება მილიონობით ამერიკელის კერპი, თაყვანისცემის ობიექტი და მისაბაძი ადამიანი...

თუმცა, ამერიკა იქით იყოს, ჩვენ ჩვენსას მივხედოთ. მედია რომ გმირთა სამჭედლოა, ეს საყოველთაოდ ცნობილი და ყოველმხრივ გადაღეჭილი თემაა. გაცილებით ნაკლებადაა ცნობილი თვითონ გმირთა ამბავი. ამიტომ მეჩვენება გმირის, როგორც ფენომენის, განხილვა უფრო საინტერესო.

ალბათ, სასიამოვნოა, როცა ქუჩაში გცნობენ, ყურადღებას გაქცევენ, ჩუმად გეტრფიან თუ ღიად გაძაგებენ. შენც ეჩვევი ამ მდგომარეობას, თანდათან იფერებ და, რაც მთავარია, იჯერებ, რომ მართლა გმირი ხარ და არაფერი გმირული არ გეუცხოება. გმირობამ მიჩვევა იცის. ასე და ამგვარად, შენდაუნებურად ხდები საზოგადოების ანუ სისტემის ნაწილი, მისი სახე, და შენი თავიც შენ უკვე აღარ გეკუთვნის. თვალის დახამხამებასაც ვერ მოასწრებ, ისე ჩაგითრევს და ჩაგწუწნის სისტემა. შეიძლება ითქვას, რაც სისტემაა, ის გმირია, და პირიქით - რაც გმირია, ის სისტემაა.

ჩვენთან თითქმის შეუძლებელია გმირი უსისტემოდ, და პირიქით - სისტემა უგმიროდ. სისტემა დიდი საბავშვო ბაღია. ბავშვებს კი გართობა უნდათ. ასე რომ, როცა არ არსებობს ნამდვილი გმირი, სისტემა უთუოდ ქმნის თუნდაც კვაზიგმირს, ერთგვარ თოჯინას, რომლითაც იგი (სისტემა) ერთობა. მართლა გმირი ხარ თუ მხოლოდ იბრალებ გმირობას - სულერთია. მთავარია, სისტემის გართობა შეძლო. უჭირს სისტემას გართობის, სეირის გარეშე. ფორმულა მარტივია: სისტემა თამაშობს გმირით, გმირი კი ტრაკს ათამაშებს. ასე რომ, გმირი ხარ თუ გმირის იმიტაცია, მუდამ ფორმაში უნდა იყო, მუდამ უნდა გედგას ძუძუში რძე და საჭირო დროს კურტუმოსაც აქნევდე, თორემ... სისტემა გიკბენს. მწარედ და დაუნდობლად. როგორც ბავშვებს ჩვევიათ. და, ვაი შენ, თუ გაიზარდე, თამაში მოგბეზრდა და მასხარის ჩაჩი მოიხადე. კარგად უნდა გახსოვდეს, რომ სისტემა არ იზრდება. იგი მუდამ ბავშვებითაა სავსე, ჭირვეული და მომთხოვნი ბავშვებით. სხვათა შორის, არც გმირები იზრდებიან. და ეს გმირის და სისტემის ურთიერთობაში ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია. დეტალებში კი, მოგეხსენებათ, ღმერთი იმალება. ამიტომაც ჩვენთან არს ღმერთი. ნამდვილი გმირი არასდროს აწყენინებს სისტემას, არასდროს უღალატებს მას და გაუცრუებს იმედს. გმირს უყვარს ბავშვები. სხვა თუ არაფერი, მათი ნაწილია და, რაც მთავარია, თვითონაც ბავშვია. ამიტომაც არასდროს დაიზრდებიან ალგეთს ლეკვები მგლისანი.

გმირი კარგად გრძნობს თავს საბავშვო ბაღში. მან ზუსტად იცის, რას ითხოვს მისგან საზოგადოება. ერთი შეხედვით, თითქოს არ ჩანს, მაგრამ, კარგად თუ ჩააკვირდები, აღმოაჩენ, რომ გმირს სისტემა მკაცრად აკონტროლებს. დამოუკიდებელი, უმართავი გმირი შეუძლებელია. ყველა გმირი ასე თუ ისე სისტემის მორჩილია. უფრო სწორად, სისტემაში ყველა გმირს თავისი როლი აქვს. პოპ-ვარსკვლავი იქნები, უზნეო არტისტი, უნიჭო დიზაინერი, მართლმადიდებელი მშობელი, უტვინო დეპუტატი თუ მგზნებარე ოპოზიციონერი, სულერთია - სისტემის თოჯინა ხარ. სისტემაში ყველასთვის მოიძებნება ადგილი. ოღონდ იმ პირობით, რომ ქცევის ნორმებს სისტემა დაგიდგენს. გმირი გმირთან რომ დააბა, არც ზნეს იცვლის, არც ფერს. რადგან ყოველი გმირის ზნესაც და ფერსაც სისტემა ადგენს. გმირი მუდამ იმას ამბობს, რაც სისტემას უნდა, რომ მან თქვას. იშვიათ შემთხვევებში მსუბუქი იმპროვიზაციაც შეიძლება, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იმის ხმამაღლა თქმა, რასაც ფიქრობ. მით უფრო არ შეიძლება შეიცნო თავი შენი. შენი ზრახვებისა და ნააზრევის მოსმენა არავის აინტერესებს. ვინ დაუშვებს, რომ სპექტაკლის დროს მსახიობმა უცბად როლი დაივიწყოს და თავისი ნაფიქრის გაზიარება დაუწყოს პუბლიკას? უმჯობესია, ფიქრი საერთოდ შეწყვიტო. გმირები არ ფიქრობენ! შენს ნაცვლად სისტემამ უკვე დიდი ხნის წინ მოიფიქრა ყველაფერი. ასე რომ, ყველგან და ყოველთვის შენ მხოლოდ ის უნდა გაიმეორო, რაც სისტემას სურს. თან მოკლედ და გასაგებად უნდა ჩამოაყალიბო აზრი. სასურველია, სულაც დაღეჭილი ჩაუდო პირში, როგორც ფაფა კოვზით. ბავშვებს არ უყვართ დიდხანს მოსმენა. მაინცდამაინც არც დიალოგზე გიჟდებიან. მათ თამაში და გართობა სურთ.

დაბოლოს, სისტემა გმირს თითქმის ყველაფერს პატიობს. ძნელად, მაგრამ მაინც უნდობს. ასე რომ, გამომძალველი ჟურნალისტი ხარ, კორუმპირებული ჩინოვნიკი, ქურდი თუ ბოზი, სანამ მასხარის ჩაჩი გხურავს, სანამ ართობ სისტემას, იგი ყველაფერს მოგიტევებს. მაგრამ სისტემა ვერაფრით აიტანს შენს თავისუფლებას. თავისუფალი ადამიანი მისი მტერია - საზოგადოებისთვის საშიში ელემენტი. სისტემას ეშინია იმის, რასაც ის ვერ აკონტროლებს. შეიძლება პარადოქსულად ჟღერს, მაგრამ თავისუფლება გამორიცხავს გმირს. უფრო ზუსტად, თავისუფალმა კაცმა შეიძლება არაერთი საგმირო საქმე ჩაიდინოს, მაგრამ, მიაქციეთ ყურადღება, იგი ვერასდროს გახდება სისტემის ნაწილი ანუ გმირი. სისტემა არასდროს ეტყვის თავისუფალ კაცს: „ჩემი გმირი გიწოდე, ხელი გამოგიწოდე“. გმირსა და თავისუფალ კაცს შორის დაახლოებით ისეთივე სხვაობაა, როგორიც შინაურ და გარეულ ცხოველებს შორის. გმირი შინაური, დეკორატიული კაცია. თანაც გმირი წოდებაა. წოდებებს კი სისტემა ანიჭებს. როგორც ცნობილია, გიჟი თავისუფალია. თავისუფალ გმირზე კი არაფერი მსმენია. სტივენ ფრირზის ფილმშიც ასეა. გმირია, ვინც იბრალებს გმირობას, და არა ის, ვინც გმირობას სჩადის. ესეც კიდევ ერთი სიბრძნე სიცრუისა.

30 10 კითხვა გიორგი ნაკაშიძეს

▲back to top


0x01 graphic

  • როლი, რომელთანაც იდენტიფიცირება ყველაზე მეტად გაგიჭირდათ?

მოლიერის ტარტიუფი :))

  • თქვენი საყვარელი მხატვრული პერსონაჟი:

0x01 graphic

შერლოკ ჰოლმსი.

  • რა ძირითადი განსაკუთრებულობა თუ განმასხვავებელი ნიშანი აქვს ქართველ არტისტს, დასავლეთის ქვეყნების არტისტებთან შედარებით?

ნამდვილი არტისტის თვისებებს საზღვრები არა აქვს, მაგრამ ქართველი არტისტები, საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, ენთუზიასტები არიან.

  • რა თვისებას აფასებთ ყველაზე მეტად საკუთარ თავში?

ენთუზიაზმს და სხვისი ტკივილისადმი თანაგრძნობას.

  • საუკეთესო რჩევა, რომელიც მიგიღიათ:

ცხოვრება მოქმედებაა, უმოქმედობა - სიკვდილი!

  • თქვენზე ფილმი რომ გადაეღოთ ჰოლივუდში, ვის მოგინდებოდათ, რომ თქვენი როლი ეთამაშა?

შონ პენს.

0x01 graphic

  • საუკეთესო კომპლიმენტი, რომელიც მიგიღიათ?

კომპლიმენტი მიმიღია, მაგრამ საუკეთესოს ჯერ ველოდები :))))))

  • ვინ არის თქვენი გმირი რეალური ცხოვრებიდან?

ჩემი კეთილი და ძლიერი ბებია (ბაბა) ნორა.

  • რა თვისებას აფასებთ ყველაზე მეტად ადამიანებში?

უანგარობას და იუმორის გრძნობას.

  • რა კითხვას დაუსვამდით საკუთარ თავს?

ზუსტად მაგ კითხვას - ნეტა, რა კითხვას დავუსვამდი საკუთარ თავს? :)))))) .

31 ინტერვიუ დიტო ცინცაძესთან

▲back to top


კულტურა|კინო

0x01 graphic

ახალი პროექტების, მედიატორისა და მუშაობის სტილის შესახებ

ესაუბრა ქეთო გიორგობიანი

დიტო ცინცაძე ვენაში თავისი ახალი ფილმის დასამონტაჟებლად ჩამოვიდა. პროექტი, პირობითი სახელწოდებით - Invasion (შემოჭრა) - გერმანულ-ავსტრიული პროდუქციაა, რომელშიც მთავარ როლებს ცნობილი გერმანელი მსახიობი ბურგჰარტ კლაუსნერი („კაცი საელჩოდან“) და მერაბ ნინიძე ასრულებენ. Invasion-ში ავსტრიელი როკ-მომღერლის, ანა ფ.-ის დებიუტი შედგება. ფილმში მოქმედება ერთ სივრცეში - კლაუსნერის პერსონაჟის სახლში ვითარდება.

  • Invasion თქვენი და მერაბის მეორე ერთობლივი ნამუშევარია.

დაიხ. მე და მერაბი უამრავ პროექტს ვგეგმავდით, თუმცა ჯერჯერობით ერთად „მედიატორი” და Invasion გავაკეთეთ.

საუკეთესო ევროპელ მსახიობებთან მიმუშავია, თუმცა ვფიქრობ, რომ მერაბ ნინიძე და გიორგი ნაკაშიძე იმავე ბურგჰარტ კლაუსნერისა და კრისტოფ ვალცის სიმაღლეზე დგანან. მერაბს უფრო გაუმართლა - ენის ცოდნის გამო, უცხოელი მაყურებელი მას იცნობს. თუმცა, ბევრი ქართველი მსახიობია, რომელთანაც სიამოვნებით ვიმუშავებდი.

  • რა კრიტერიუმებით ირჩევთ მსახიობს?

ერთი კონკრეტული წესი არ გამაჩნია. მაგალითად, ლაშა ბაქრაძე „დაკარგულ მკვლელებში” შეუცვლელი იყო. სხვა საქმეა ბურგჰარტ კლაუსნერი, მერაბ ნინიძე, გიორგი ნაკაშიძე - ისინი პროფესიონალი მსახიობები არიან, თუმცა ზოგჯერ როლს სწორედ ლაშასნაირი სახასიათო პერსონაჟი უფრო უხდება. ყველაფერს კონკრეტული შემთხვევა განსაზღვრავს, ფილმს უნდა „მოუხდეს“. Invasion-ში როლი მერაბისთვის დაიწერა, თუმცა ახალი სცენარი ლაშა ბაქრაძისთვის დავწერე.

  • ხშირად ჩნდებით ხოლმე თქვენს ფილმებში...

კი, თუმცა რეალური როლი მხოლოდ „მედიატორში“ შევასრულე. „დაკარგულ მკვლელებში“ დუშიცა როლი არ არის, ერთგვარი გაელვებაა - აჩრდილივით. ხანშიშესული ქალის ეს როლი ჩაფიქრებული არ ყოფილა, უბრალოდ აღმოჩნდა, რომ დუშიცას თამაში არავის უნდოდა. ბოლოს, ხუმრობით ვთქვი - ვითამაშებ. აი ასე, გავიკეთე გრიმი და უცებ გავხდი დუშიცა.

  • თქვენი ორი ქართული ფილმი, „რევერსიდამედიატორიპირველი მათგანი, რომელიც, ასე ვთქვათ, ნაკლებად სერიოზულ პროექტად აღიქმებოდა - ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე სკანდალურ ქართულ ფილმად იქცა; განსხვავებით ქართული კინოინდუსტრიის კვალობაზე საკმაოდ მაღალბიუჯეტიანიმედიატორისგან“ - ფილმი, პრაქტიკულად, ჩავარდა. თქვენი აზრით, რამ გამოიწვია ეს?

„სკანდალური“ ცოტა გაუგებარი სიტყვაა. „არასერიოზულადაც“ არავინ მიდგომია „რევერსს“; უბრალოდ, ეს იყო უმოკლეს ვადებში, მცირე ბიუჯეტით გადაღებული ფილმი, რომლითაც გვინდოდა, მაყურებლისთვის საკუთარ თავზე გაცინების საშუალება მიგვეცა. სამწუხარო ისაა, რომ „რევერსის“ პოპულარობა არა იმ ანიმაციურმა ელემენტებმა, თემატიკამ, მრავალი განსხვავებული ხერხის შერწყმის მცდელობამ, არამედ ფილმისთვის სრულიად უმნიშვნელო ასპექტმა გამოიწვია.

რაც შეეხება „მედიატორს“, მიჭირს წარუმატებლობის მიზეზებზე საუბარი. ჩემთვის, როგორც რეჟისორისთვის, ამ ფილმზე მუშაობის პროცესი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო იყო. ის, რაც „მედიატორში“ მონტაჟის თვალსაზრისით გავაკეთე, აქამდე არასოდეს მიცდია: ერთი და იგივე ისტორია რამდენიმე გმირის თვალით მოვყევი. მართალი გითხრა, ამ პროექტის წარუმატებლობამ გაკვირვებული დამტოვა. მინდოდა, მეჩვენებინა, თუ როგორ იკვეთება რამდენიმე საინტერესო (ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის) გმირის ცხოვრება კონკრეტულ ვითარებაში და ისე იშლებიან, რომ ერთმანეთის არსებობის შესახებ ვერც კი იგებენ; ამავე დროს, თითოეულ მათგანს საკუთარი ისტორია აქვს. ცხოვრებაშიც ხომ ასე ხდება. შესაძლოა, „მედიატორის“ ჩავარდნა ჩვენი მხრიდან კომერციული კინოსა და არტ-ჰაუზის შერწყმის მცდელობამ გამოიწვია - ალბათ, შუალედი ვერ დავიცავით. საკმაოდ ამბიციური ჩანაფიქრი იყო. ფილმზე, შესაძლოა, ვერაფერი ვთქვა, მაგრამ მსახიობები, ობიექტურად, შეუდარებლად თამაშობენ.

0x01 graphic

კადრი ფილმიდან Invasion

  • თქვენი ნამუშევრების ორი ასპექტი - ხმა და დრამატურგია, რომლებშიც მუდამ აქტიურად მონაწილეობთ: ხშირად, ფილმებს თქვენივე მუსიკა ადევს, სცენარისტიც უმეტესად თვითონ ხართ.

„დაკარგულ მკვლელებზე“ მე და გია მირიანაშვილმა ერთად ვიმუშავეთ. „გასროლის შიშის“ კომპოზიტორი გიო ცინცაძეა, ჩემი მხოლოდ ერთი თემაა. „კაცი საელჩოდან“ საერთოდ მუსიკის გარეშეა. დოგმატურად გამომდის, მაგრამ ჩემთვის იდეალური ფილმი მუსიკის გარეშეა. კინო იმდენად სახიერი ხელოვნებაა, რომ ვიზუალურად და ხმით იდეალურად აწყობილ ფილმს მუსიკა აღარ სჭირდება. თუმცა ჩემს ახალ ფილმში მუსიკა დიდი რაოდენობითაა.

ყველა ფილმს თავისი ხასიათი აქვს. „კაცს საელჩოდან“ მუსიკა ზედმეტ ემოციას შესძენდა, რაც არ მჭირდებოდა. „გასროლის შიშს“ კი სწორედ ის მელოდია ადევს, რომელიც ამ მდარე ტემპს იდეალურ ლეიტმოტივად გასდევს. Invasion წინა ფილმებისგან სრულიად განსხვავებულია - უკეთესს არ ვგულისხმობ, მაგრამ... ყოველთვის ვცდილობ, რაღაც ახალი გავაკეთო.

  • შთაბეჭდილება მრჩება, რომ ფილმებში ემოციის გამოხატვას გაურბიხართ.

გეთანხმები. არ მიყვარს, როდესაც ფილმებში ტირიან. ემოცია დაფარული მიყვარს, ისეთი, რომელსაც უნდა მიაგნო. დრამატულ მომენტში თუ ორკესტრს შემოიყვან და რეკვიემს დააკვრევინებ, ნებისმიერი სცენა ემოციური გახდება. მე კი ვცდილობ, მინიმალისტური, ლაკონური ვიყო.

  • მრავალი რეჟისორისთვის ფინალი დრამატურგიულად კვანძის გახსნაა, ზოგისთვის კი უბრალოდ ამბის დამთავრების საშუალება. როსელინი ამბობდა, რომ მისთვის მნიშვნელოვანი არა დასასრული, არამედ თვითონ პროცესია. თქვენ როგორ აგებთ ამბავს?

ფინალი ძალიან მნიშვნელოვანია. ფილმში „ზღვარზე“ ფინალი მთელ ისტორიას თავდაყირა აყენებს. „გასროლის შიშში“ ფინალური სცენა კრავს ამბავს. მაინც ფილმზეა დამოკიდებული - ზოგჯერ გაოგნების ეფექტი გჭირდება, ზოგჯერ კი - ლოგიკური დასასრული. ახალ ფილმში ფინალური სცენა უკვე დამონტაჟებული მაქვს, აქ ეს ერთმნიშვნელოვანი დასასრულია. თუმცა Invasion-ზე წინასწარ საუბარი არ მინდა. მირჩევნია, მაყურებელმა თვითონ შეაფასოს. ჩემთვის იდეალური ფინალი მაყურებელში ორ ნაწილად გაყოფილ ეფექტს უნდა იწვევდეს: 1. გაოგნება - „უკვე დამთავრდა?“ და 2. რამდენიმე წამის, საათის ან დღის შემდეგ უნდა მიხვდეს, რომ ამბავი სწორედ აქ უნდა დასრულებულიყო.

  • თქვენს ფილმებში უმეტესწილად მულტინაციონალური პერსონაჟები არიან. გიყვართ კულტურათა აღრევის თემა?

თავისთავად, მეც ხომ ამის ნაწილი ვარ. ვიცი, რას ნიშნავს ემიგრანტობა (დაახლოებით, ათი წელია, გერმანიაში ვცხოვრობ). გარდა ამისა, ბოლო დროს, ევროპა ძალიან მულტიკულტურული გახდა; უკვე აღარ არსებობს „ფრანგული“ ან „გერმანული“ ისტორია. შესაბამისად, მულტინაციონალური ისტორიების მოყოლა განსაკუთრებით მიზიდავს - მეც ამ გარემოში ვარსებობ და ასე ვთქვათ, „ვგრძნობ“.

  • თქვენი შემდეგი პროექტი?

სცენარი, რომელიც ლაშა ბაქრაძისთვის დავწერე. ახლა მოლაპარაკების პროცესშია. იყო შანსი, რომ მონაწილეობა ქართულ მხარესაც მიეღო, თუმცა მგონი, ეს ვეღარ ხერხდება. სავარაუდოდ, გადაღება წლის ბოლოსთვის დაიწყება.

32 ქვევრის მომავალი

▲back to top


გურმანი|ღვინის კლუბი

მალხაზ ხარბედია

0x01 graphic

იყო დრო, როდესაც ქვევრებს ანაქრონიზმად მიიჩნევდნენ. ბევრი მას ანტისანიტარიის წყაროდ ასახელებდა. იყვნენ ისეთებიც, ვინც მიწით ამოავსო საკუთარი ქვევრები და ზოგიერთებს ძალითაც ამოავსებინეს. ქვევრთან დაკავშირებული ეჭვები დღესაც ბევრს აწუხებს, მაგრამ საბედნიეროდ, ეს უნაყოფო სკეფსისი თავშესაფრის გარეშე დარჩა, ყოველ შემთხვევაში, იმედი მინდა ვიქონიო, რომ ქვევრის მოწინააღმდეგეები უკვე ვეღარაფერს დაუპირისპირებენ იმ საერთო ტენდენციას, რომელიც ბოლო წლებში აშკარად ჩამოყალიბდა საქართველოში. ეს ტენდენცია გარკვეულ წრეებში მომწიფდა. ქვევრის მეღვინეობის აღორძინებაზე უკვე რამდენიმე წელია მიდის საუბარი, გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯებიც და სულ მალე, იმედია, პირველ მნიშვნელოვან შედეგებს მივიღებთ.

ცოტა ხნის წინ, ქვევრის ფონდი შეიქმნა, რომელიც ოთხმა ორგანიზაციამ დავაფუძნეთ - ქართული ტრადიციული ღვინის ფონდმა, ასოციაცია ქვევრის ღვინომ, ღვინის კლუბმა და ასოციაცია ქართულმა ღვინომ. ფონდში უკვე ჩამოვაყალიბეთ საქმიანობის სტრატეგია, შეიქმნა სამოქმედო გეგმა, რომელიც პირველ რიგში ქართული ტრადიციული მევენახეობა-მეღვინეობის მხარდაჭერას, ადგილობრივი ბაზრის გადახალისებას და ქვევრის ღვინის დასავლურ ბაზარზე ღირსეულ წარმოჩენას ისახავს მიზნად.

ბოლო ათწლეულმა ცხადად დაგვანახა, რომ დასავლეთ ევროპაში ქვევრს ძალიან დიდი ინტერესით მოეკიდნენ. ამ დროის მანძილზე ასეულობით ქვევრი გაიტანეს კახეთიდან და იმერეთიდან სლოვენიაში, ხორვატიაში, იტალიაში, საფრანგეთში, გერმანიაში, ავსტრიაში და სხვა ქვეყნებში. იქ უკვე ჩინებულ ქვევრის ღვინოებს აყენებენ სხვადასხვა უცხოური ჯიშებიდან, მაგრამ ამგვარ პოპულარიზაციას რამდენიმე მნიშვნელოვანი ხარვეზიც ახლავს, კერძოდ კი ის, რომ თითქმის ყველა ეს მწარმოებელი ქვევრს უწოდებს ამფორას, რაც უხეში შეცდომაა, რადგან ამფორა ვიწროყელიანი მცირე ზომის თიხის ჭურჭელია, რომელსაც ძირითადად ღვინის ტრანსპორტირებისთვის იყენებდნენ და არაფერი ჰქონდა საერთო ქვევრთან.

ჩვენ სწორედ საერთაშორისო ცნობადობაში დაშვებული ასეთი შეცდომები უნდა გამოვასწოროთ და კიდევ უფრო მოთხოვნადი გავხადოთ ქვევრის თემა, უცხოეთშიც და რაც მთავარია, საქართველოში. ღვინის კლუბი უკვე მეორე წელია, ხელს უწყობს ქვევრის თემის პოპულარიზებას. შარშან, მაისში, ჩვენ მიერ ორგანიზებულ ახალი ღვინის ფესტივალზე ქვევრში დაყენებული ძალიან საინტერესო ღვინოები იყო გამოტანილი. ყველაზე მრავალფეროვანი არჩევანი ალავერდის მონასტრის მარანმა შემოგვთავაზა, იყო მცირე მარნების მიერ წარმოებული ქვევრის ღვინოები (ვინოტერა, ჩვენი ღვინო, იაგოს ღვინო, ხოხბის ცრემლები, ანთაძის მარანი, ელიზბარ თალაკვაძე და შვილები), მონაწილეობდნენ გლეხებიც, რომლებიც ქვევრში აყენებენ ღვინოს.

ბოლო ორი წლის მანძილზე მნიშვნელოვნად გაიზარდა ბაზარზე ქვევრის ღვინოების რაოდენობაც. თუკი 2009-2010 წლებში ჩვენ მიერ ორგანიზებულ კახური ტიპის ღვინოების დეგუსტაციებზე სულ 2-3 ქვევრის ღვინო იღებდა მონაწილეობას, წლევანდელ დეგუსტაციაზე, რომელიც 2 კვირის წინ გაიმართა, უკვე რქაწითელიდან, ქისიდან და მწვანე კახურის ჯიშის ყურძნიდან დაყენებული 12 ქვევრის ღვინო მოვიძიეთ თბილისის ღვინის მაღაზიებში (კომპანიები: ხოხბის ცრემლები, ვინოტერა, ვაზი+, ბადაგონი, თელავის მარანი, ელიზბარ თალაკვაძე და შვილები).

დეგუსტაციაზე გამარჯვებულთა პირველი ხუთეული ასე გამოიყურებოდა:

ალავერდის ტრადიციები, ბადაგონი, 2007.
რქაწითელი, ვაზი +, 2009.
ქისი, ხოხბის ცრემლები, 2009.
ქისი, ვინოტერა, 2006.
ქისი, ვინივერია, 2005.

სულ მალე, 14 მაისს, ღვინის კლუბი მორიგ ახალი ღვინის ფესტივალს გამართავს, რომელზეც გაცილებით ფართოდ იქნება ქვევრის ღვინო წარმოდგენილი და რომელიც, იმედი მაქვს, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ქვევრის ღვინის აღორძინების საქმეში.

33 ხაჭოს პასქა ცხელი შოკოლადით

▲back to top


გურმანი|რეცეპტი

0x01 graphic

შეფ-მზარეული
ქეთი ბაქრაძე

8 ულუფა
მასალა:
1 კგ. ხაჭო
500 გრ. მასკარპონე
3 კვერცხი
1,5 ჭიქა შაქარი
ვანილი
ნიგოზი (გემოვნებით)
გარგარის ჩირი (გემოვნებით)
აგრეთვე სურვილისამებრ შეგიძლიათ გამოიყენოთ
საზამთროს მურაბა, კაკლის მურაბა, ცუკატი.
ჯამში: 25 ლარი

მომზადების წესი:

1 დღით ადრე, ვიდრე მომზადებას დაიწყებთ, გაახვიეთ ხაჭო მარლაში, მოათავსეთ საწურში, დაადეთ სიმძიმე, რომ დაიწუროს და შედგით მაცივარში მთელი ღამით. დაწურული მასა გადაიტანეთ ღრმა ჭურჭელში და ათქვიფეთ მიქსერით. დაუმატეთ მასკარპონე და ვანილი.

ცალკე ჭურჭელში ჩაყარეთ შაქარი, დაუმატეთ კვერცხი და ათქვიფეთ. მიღებული მასა შეურიეთ ხაჭოს, მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ნიგოზი, გარგარის ჩირი და გადაურიეთ.

გამზადებული მასა კვლავ გაახვიეთ მარლაში, მოათავსეთ საწურში, დაადეთ სიმძიმე და გააჩერეთ მაცივარში მთელი ღამით.

გამზადებული ხაჭოს პასქა გადმოაბრუნეთ თეფშზე და მოასხით ცხელი შოკოლადი.

0x01 graphic

მასალა შეგიძლიათ შეიძინოთ სუპერმარკეტებში: პოპული (ვეკუას . 3, ტელ. 24 46 35), ჯორჯიტა (წერეთლის . 116, ტელ. 35 71 73), გუდვილი (ჭავჭავაძის გამზირი 34, ტელ. 24 33 02/03).