The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ტაბულა №90


ტაბულა №90


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: ბასილაია მიხეილ, უგულავა სალომე, ავალიანი დიმიტრი, ჩერგოლეიშვილი თამარ, გამყრელიძე დავით, ჯგერენაია ემზარ, სუთიძე ლევან, მაჭარაშვილი ნინო, კვანჭილაშვილი ელენე, კლაინი პიტერ, აბაშიშვილი გიორგი, ჯამარაული ლარა, მიქავა მარიამ, ტურაშვილი თეონა, სმიტი დევიდ ჯ, გუნია ირაკლი, ელერდაშვილი ვახო, გოდუაძე ლაშა, თალაკვაძე ზურაბ, მაჩაბელი გიორგი, ახლოური ნინა, ესებუა ნიკა, კევლიშვილი მაკა, ხარბედია მალხაზ, ჯახაია მარიკა, გოგებაშვილი იაკობ, ჯანელიძე ერეკლე
თემატური კატალოგი ტაბულა
საავტორო უფლებები: © თამარ ჩერგოლეიშვილი
თარიღი: 2012
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: 2012 | 5 - 11 მარტი მთავარი რედაქტორი: თამარ ჩერგოლეიშვილი/აღმასრულებელი რედაქტორები: ნინი გოგიბერიძე, სალომე კიკალეიშვილი/რედაქტორები: ქეთი მსხილაძე, ელენე კვანჭილაშვილი, ლევან რამიშვილი, დავით კოვზირიძე, ნინო მაჭარაშვილი/უცხოელი მრჩეველი: ბარბარა სვანი/ჟურნალისტები: დიმიტრი ავალიანი, გიორგი კეკელიძე, სალომე უგულავა, მაკა გამცემლიძე, ავთო ქორიძე, თეონა ტურაშვილი, ირაკლი კიკნაველიძე, ლევან სუთიძე, მირიან ტორონჯაძე, თეონა კოკიჩაიშვილი, სანდრო ჯანდიერი, სიმონ მაჩაბელი, ლაშა გოდუაძე, ზურაბ თალაკვაძე, ნიკა ესებუა, ანანო სხირტლაძე, მიშა ბასილაია/ვები: სანდრო თარხან-მოურავი, ვანო გეგია, ლევან მეტრეველი, დათო გოგოხია, ნათია სოფრომაძე/ახალი ამბები: მზია ყუფუნია, ეკა ჯანაშია/კორექტორი: ნინო საითიძე/არტრედაქტორი: ბაჩა მალაზონია/დიზაინი & პრეპრესი: კახა დოლიძე, ნიკა კუპრაშვილი/ფოტორედაქტორი: დიმა ჩიკვაიძე/ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი/გამომცემელი: სამოქალაქო განათლების ფონდი/ოფის მენეჯერი: სოფო დვალიშვილი/გაყიდვები და მარკეტინგი: გიორგი ფრუიძე, მენეჯერი: გიორგი ჭეიშვილი/ყოველკვირეული ჟურნალი ტაბულა, ტელ: + 995 32 420 300, e-mail: info@tabula.ge/სტამბა: სეზანი, მის: წერეთლის 140, ტელ: + 995 32 357002/357005, ფაქსი: + 995 32 357004/© 2010 საავტორო უფლებები დაცულია, ჟურნალში გამოქვეყნებული მასალების გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია. | პარტნიორი: მედია მენეჯმენტ სერვისი, ტელ: + 995 32 92 33 47/48/49; ფაქსი: 995 32 92 08 82, e-mail:info@mmservice.ge



1 სიტყვასიტყვით

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

თქვენი მამა არის საქართველოში ყველა ბალნეოლოგიური კურორტის მფლობელი. ხოლო თქვენი დედის საკუთრებაშია უმსხვილესი ბიზნესი უმაღლესი განათლბის სფეროში. ეს არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ყოფილი გეპეი....

საპარლამენტო დებატებისას მიხეილ სააკაშვილმა გამოსვლა შეაწყვეიტინა ფრაქციის-ერთობა სამართლიანობისთვის - დეპუტატს, ჯონდი ბაღათურიას, რომელმაც თავისი სიტყვა პირადად სააკაშვილზე და მისი ოჯახის წევრებზე შეტევისთვის გამოიყენება.

0x01 graphic

ტალახში გორაობა არის თქვენი ბუნებრივი მდგომარეობა, უთხრა პრეზიდენტმა ბაღათურიას, მანდატურები წაგყვებიან, გავამზადებინებ კარგ აბაზანას, ჩაგაწვენენ ბოლომდე ტალახში, ოღონდ ნამდვილად ხარისხიანში და კარგად დაგზილვენ როგორც საჭიროა და გაგივლის ფანტაზია ვიდან ბოლომდე.

  • საქართველოს პარლამენტი. 28 თებერვალი.

0x01 graphic

ეს ბერძნული ტრაგედიის ყურებას ჰგავს.

  • რესპუბლიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი რესპუბლიკური პარტიის მიმდინარე პრაიმერის შესახებ. 28 თებერვალი

სააკაშვილმა ავღანეთში ამერიკელებთან ერთად ერთობლივი სპეცოპერცია მოაწყო და მაქვს ინფორმაცია, რომ ქართველი არისკაცები სწორედ ამ სპეცოპერაციას შეეწირნენ, თუმცა დეტალურად რა მოხდა სპეცოპერაციის დროს ეს ინფორმაცია არ მაქვს. ეს შეიძლებოდა მომხდარიყო დაუგეგმავი სპეცოპერაციის დროს ან კიდევ სააკაშვილის პიარის საჭიროებისათვის“.

0x01 graphic

  • ირაკლი სესიაშვილი „რეზონანსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში. მოგვიანებით სესიაშვილმა განაცხადა, რომ მისი სიტყვები ემოციური ფონით იყო განპირობებული. 24 თებერვალი

0x01 graphic

არ მესმის რატომ არ შეგიძლიათ დაინახოთ იმ იდეი განსაკუთრებული სიალამაზე, რომ ცხოვრება დაიწყო არაფრისგან - ეს ისეთი გასაოცარი, ელეგანტური და ლამაზია; რატომ უნდა არიო ყველაფერი ასეთი უწესრიგო რამით, როგორიცაა ღმერთი“.

  • რიჩარდ დოუკინსი, ათეიზმის ცნობილი პოპულარიზატორი, კენტერბერის არქიეპისკოპოსთან დისკუსიისას. 24 თებერვალი.

0x01 graphic

ჩვენ გვავქვს მიდრეკილება გვჯეროდეს, რომ ყოველი ავტოკრატიის შიგნით არის დემოკრატია, რომელიც ისწრაფვის ზედაპირზე გამოღწევისაკენ, მაგრამ ახლო აღმოსავლეთის შემთხვევაში ეს შესაძლოა არ იყოს მართალი“.

  • მაიკლ მანდელბაუმი, ჯონს ჯოპკინსის უნივერსიტეტის ექსპერტი.

0x01 graphic

„პუტინმა მთლიანად დაკარგა კონტაქტი რეალობასთან. რატომ უჭერს მხარს ასადს? ვფიქრობ, შეშინდა, როდესაც ტელევიზორში კადაფის აღსასრული ნახა.“

  • ბიზნესმენი ბორის ბერეზოვსკი. 27 თებერვალი

2 პუტინის საგარეო პოლიტიკა

▲ზევით დაბრუნება


არენა

რუსეთი

მიხეილ ბასილაია

რას შეცვლის საპრეზიდენტო არჩევნები

0x01 graphic

4 მარტს რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი, სავარაუდოდ, მესამედ და ახლა უკვე 6-წლიანი ვადით, რუსეთის პრეზიდენტი გახდება. საპროტესტო აქციები, რომელიც 4 დეკემბრის გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გრძელდება, რუსეთში არსებულ პოლიტიკურ კრიზისს უსვამს ხაზს. შესაძლოა პროტესტი საპრეზიდენტო არჩევნებმა კიდევ უფრო გაამძაფროს. თუმცა პუტინის წინასაარჩევნო კამპანია ამბიციური რიტორიკითა და გრანდიოზული გეგმებით გამოირჩევა.

რუსულ პრესაში გამოქვეყნებულ წერილებში, პრემიერი ცდილობს მმართველობის, ეთნიკური დაპირისპირების, დემოგრაფიული და სხვა ეკონომიკური თუ სოციალური პრობლემები მიმოიხილოს. დიდი ინტერესი დაიმსახურა პუტინის პუბლიკაციამ, რომელიც რუსეთის ნაციონალური უსაფრთხოების ინტერესებსა და სამხედრო მოდერნიზაციას ეხებოდა. მას ლაიტმოტივად ანტიამერიკული განწყობა გასდევს და სამხედრო რიტორიკითაა გაჟღენთილი. ეს, როგორც დასავლელ, ისე რუს მიმომხილველთა შეფასებით, ზოგჯერ რეალობის ფარგლებს სცდება. სამხედრო სიძლიერეზე აქცენტი რუსეთში ამომრჩეველთა მიმხრობის ნაცადი ხერხია. ამჯერად პუტინი საკუთარ მოსახლეობას, 10 წელიწადში, მსოფლიოს წამყვან სამხედრო ძალად ქცევის გეგმას სთავაზობს.

პრემიერის წერილის მიხედვით, რუსეთისთვის პრიორიტეტული - ბირთვული არსენალის განახლება, მაღალი სიზუსტის სარაკეტო სისტემების, მართვისა და კომუნიკაციის სისტემების განვითარება იქნება. პუტინი კოსმოსურ შეიარაღებაზეც საუბრობს. ამ ამოცანების შესასრულებლად, ის მომდევნო 10 წელიწადში, დაახლოებით, 800 მილიარდი ამერიკული დოლარის დახარჯვას აპირებს. სასურველი შეიარაღების სია შთამბეჭდავია: 2020 წლისთვის რუსეთს უნდა ჰქონდეს 400 ახალი კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა, 8 ახალი ბირთვული და 20 მოიერიშე წყალქვეშა ნავი, 50 საბრძოლო გემი, 600 ახალი, ე.წ. მეხუთე თაობის თვითმფრინავი, 2,300 ახალი ტანკი, S-400 საჰაერო თავდაცვის რაკეტების 28 ერთეული და ე.წ. ვიტიაზის საჰაერო თავდაცვის სისტემის 38 კომპლექსი. შედარებით რეალურია რუსეთის არმიაში სავალდებულო გაწვევათა რიცხვის შემცირების გეგმა. ამჟამად არმიის მოსამსახურეთა 60%25 ჯარში სავალდებულო გაწვევით მსახურობს. 5 წელიწადში მათი რაოდენობა უნდა განახევრდეს, 2020 წლისათვის კი 15 პროცენტამდე დაიწიოს.

საკითხავია, რამდენად შეუძლია რუსეთის ეკონომიკას პუტინის წერილში გამოკვეთილი ტვირთის გაწევა. 1999 წლისთვის ქვეყანა სამხედრო სფეროში, ერთ სულ მოსახლეზე 46 ამერიკულ დოლარს ხარჯავდა - მაშინ მსოფლიო ბაზარზე ერთი ბარელი ნავთობის ფასი 27 დოლარი იყო, 2009 წელს კი - 400 დოლარს. 2010 წლის ბოლოს მიღებული მილიტარიზაციის გეგმის შემდეგ, ეს რიცხვი 600 დოლარამდე გაიზრდება. რუსეთის მოქალაქეები თავდაცვის ბიუჯეტში 1999 წელს საკუთარი შემოსავლების საშუალოდ 2.6 პროცენტს იხდიდნენ, 2009 წელს კი - 4.5 პროცენტს. პუტინის ახალი გეგმის განხორციელების შემთხვევაში, მაჩვენებელი 6.5 პროცენტამდე გაიზრდება. რუსეთი მსოფლიოს ყველაზე მილიტარისტული ქვეყანა გახდება. 2011 წელს ფინანსთა ყოფილი მინისტრის, ალექსეი კუდრინის თანამდებობიდან გადადგომის ერთ-ერთი მიზეზი, პუტინთან სამხედრო მოდერნიზაციის თაობაზე შეუთანხმებლობა იყო. მეორე მხრივ, ეს სფერო რუსეთში ყველაზე კორუმპირებულია. პუტინი კონტროლის გამკაცრებით იმუქრება, თუმცა 800-მილიარდიანი დაფინანსება მაცდუნებლად გამოიყურება.

რუსეთის ეკონომიკა ნედლეულის გაყიდვაზეა დამოკიდებული. ნავთობი ქვეყნის ექსპორტის 2/3-სა და სამთავრობო შემოსავლების 50 პროცენტს შეადგენს. Financial Times-ის გათვლებით, პუტინს საკუთარი პოლიტიკური სისტემის შესანარჩუნებლად, ბარელ ნავთობზე, სულ მცირე, 80-დოლარიანი ფასის შენარჩუნება სჭირდება. ამჟამად მსოფლიო ბაზარზე ერთი ბარელი ნავთობის ფასი დაახლოებით 125 დოლარია. ახლო პერსპექტივა პრემიერისთვის დამაიმედებელია - ირანზე დაწესებული სანქციების გამო, ნავთობის ფასის მნიშვნელოვანი ვარდნა უახლოეს მომავალში არ ივარაუდება.

პუტინის ამბიციების მიუხედავად, რუსეთის საგარეო პოლიტიკა მისივე საზღვრების სიახლოვეს იქნება ორიენტირებული. სამხედრო რიტორიკა და აგრესიული გეგმები ევროკავშირისა და ამერიკის მომხრობაში ვერ დაეხმარება. სავარაუდოდ, ამას პუტინიც უნდა აცნობიერებდეს. შესაძლოა, მას, მსგავსი გამოხტომებით, რუსეთის გავლენის სფეროს შემოფარგვლა სურდეს.

კრემლი შეეეცდება საკუთარი განახლებული სამხედრო არსენალი, დასავლეთის ქვეყნებთან ურთიერთობებში, დამატებითი ბერკეტების მოსაპოვებლად გამოიყენოს. მოსკოვმა, შესაძლოა, თავისი პოტენციური სამხედრო პროექტებითაც ივაჭროს. რუსეთს იმედი ექნება, რომ სამხედრო არსენალის გაფართოებით ან მის მოდერნიზაციაზე აპელირებით, დასავლეთთან მოლაპარაკებებზე დიპლომატიურ არჩევანს გაიფართოებს.

რუსეთისა და დასავლეთის ურთიერთობებში საკუთარი ადგილი აქვს თბილისსაც. ის პუტინის სამიზნეთა სიაში ისევ ცენტრალურ ადგილს დაიჭერს. რუსეთის შიდა პოლიტიკური კრიზისისთვის სტაბილური საქართველო არასასურველი მაგალითია. კრემლი 2012 წლის სექტემბერში კავკასიაში ფართომასშტაბიან სამხედრო წვრთნებსაც გეგმავს. Независимая Газета-ს მიხედვით, Кавказ-2012-ის სახელწოდებით ცნობილი წვრთნები არა მხოლოდ ჩრდილოეთ კავკასიაში, არამედ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთშიც ჩატარდება. წვრთნებში მონაწილეობას მიიღებს სომხეთში განლაგებული რუსული სამხედრო კონტინგენტიც. გამოითქვა ვარაუდი, რომ ეს ახალი ომისთვის სამზადისი იქნება და ირანში შესაძლო სამხედრო კონფლიქტს რუსეთი თავის სასარგებლოდ გამოიყენებს. ამ მხრივ, შესაძლებლობების ფანჯარას გახსნის ყარაბაღის კონფლიქტის გამწვავებაც.

პრობლემური იქნება ჩრდილოეთ კავკასიაც, სადაც 2011 წლის მანძილზე აფეთქებები არ შეწყვეტილა. საპროტესტო აქციებზე გამოსული მოსახლეობა და გარკვეული პოლიტიკური ძალები უკმაყოფილონი არიან - ცენტრალური ხელისუფლება უხვად აფინანსებს ადგილობრივ ლიდერებს. ავტორიტარული სისტემის შენარჩუნებისათვის, პუტინს ჩრდილოეთ კავკასიაში ძალის გამოყენების არ მოერიდება. თუმცა, როგორც მიმომხილველი პოლ გოუბლი აღნიშნავს, ამჯერად მას მოუწევს მოსახლეობას აუხსნას, თუ რატომ დაიძაბა მდგომარეობა ჩრდილოეთ კავკასიაში. ის ხომ სიტუაციის სტაბილიზაციას თავისი პრეზიდენტობის ერთ-ერთ მიღწევად მიიჩნევდა.

რუსეთისა და უკრაინის ურთიერთობებში მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს გაზის ფასის შესახებ მოლაპარაკებები. მოსკოვის მადა გაიზარდა და ის ფასების მომატებით არ კმაყოფილდება. რუსებს სურთ უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურა გააკონტროლონ, კონკრეტულად კი ნავთობ და გაზსადენების სახელმწიფო კომპანიის მსხვილი წილი უნდათ. პარალელურად, რუსეთმა ანკარასთან შეთანხმებას მიაღწია - შავ ზღვაში ე.წ. სამხრეთის ნაკადის გაზსადენს თურქეთის ტერიტორიულ წყლებში გაიყვანენ. რუსები იმედოვნებენ, რომ ე.წ. სამხრეთ ნაკადის გაზსადენის მშენებლობის დაწყებას, უკვე 2012 წელს შეძლებენ და 3 წელიწადში დაამთავრებენ. ეკონომიკისთვის ენერგორესურსების მნიშვნელობიდან გამომდინარე, ევროპის ენერგობაზარზე პოზიციების შენარჩუნება და განმტკიცება საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტად დარჩება.

კრემლი ეცდება განახორციელოს ევრაზიული კავშირის იდეა, რომელიც პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტეგრაციას ითვალისწინებს. წევრებად, რუსეთის გარდა, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნები მოიაზრებიან. როგორც მიმომხილველები აღნიშნავენ, ამ იდეის რეალური წარმატება უკრაინის მიერთებაზე იქნება დამოკიდებული. თუმცა არც მისთვის და არც კიდევ ერთი პოტენციური წევრის, ჩინეთისთვის, რუსეთის პოლიტიკურ და ეკონომიკურ საჭიროებებზე მორგებული ორგანიზაცია მომხიბლავად არ გამოიყურება.

0x01 graphic

ახლო მომავალში საქართველო-რუსეთის ეკონომიკური ურთიერთობების გაუმჯობესება ოპტიმისტური პროგნოზია. მაგრამ ამის შანსი, მას შემდეგ, რაც რუსეთიც გახდა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი, გაიზარდა. ვმო-ში გაწევრიანება კრემლს მრავალ ეკონომიკურ პერსპექტივას ჰპირდება. თუმცა, ერთ-ერთ წინასაარჩევნო წერილში პუტინმა განაცხადა, რომ ქვეყანა ორგანიზაციის წევრობას, მის ფარგლებს გარეთ არსებული რუსული ბიზნესების ლობირებისათვის გამოიყენებს.

ცენტრალურ აზიაში რუსეთის ძირითადი მეტოქე ჩინეთი იქნება. რუსები ეცდებიან ადგილობრივ ენერგეტიკულ ბაზარზე პოზიციები არ დათმონ. ცენტრალური აზიის სახელმწიფოებს, რეგიონში ჩინეთის გავლენის ზრდისა და ამით საგარეო პოლიტიკური ალტერნატივის გაჩენის გამო, მანევრირების მეტი საშუალება ექნებათ.

რუსეთი შეეცდება არ დაკარგოს ინდოეთის სამხედრო ბაზარი. ახლო აღმოსავლეთში, მოსკოვს სირიის სახით ბოლო დასაყრდენი ეცლება. ვენესუელაში უგო ჩავესის ხელისუფლებაში დარჩენის შემთხვევაში, რუსეთთან მის კავშირებს საფრთხე არ ემუქრება.

პუტინი მთავარ საგარეო პოლიტიკურ საფრთხედ ამერიკას წარმოაჩენს. როგორც კარნეგის ფონდის მოსკოვის განყოფილების ხელმძღვანელი დიმიტრი ტრენინი აღნიშნავს, მოსკოვმა ანტიამერიკული აკვიატება საბჭოთა კავშირისგან მიიღო მემკვიდრეობით. ამას ამჟამად მისივე სისუსტე უდევს საფუძვლად. ამერიკის მტრად წარმოჩენა, მოსკოვს ნაციონალური პრიორიტეტების სწორად განსაზღვრაში უშლის ხელს. ტრენინი ამატებს, რომ რუსეთისთვის დასავლეთის ფრონტი (აღმოსავლეთ ევროპა) დაიხურა. აღმოსავლეთში ჩინეთთან დაპირისპირება პუტინს ხელს არ აძლევს. შესაბამისად, რესურსები სამხრეთისკენ უნდა მიმართოს.

რუსეთის შიდა პოლიტიკურმა კრიზისმა მისი საგარეო პოლიტიკის გამძაფრება შეიძლება გამოიწვიოს. კრემლი აგრესიულ საგარეო პოლიტიკურ რიტორიკას გააძლიერებს და ხელსაყრელ შემთხვევაში განახორციელებს კიდეც. საზღვრებს გარეთ აქტიურობა შიდა პრობლემებიდან მოსახლეობის ყურადღების გადატანის საშუალებაა. პუტინის წინასაარჩევნო კამპანიაში ასახული სამხედრო გეგმები მის მხარდამჭერებსა და საბჭოთა კავშირზე მეოცნებეთათვის დაყრილი საკენკია. თავად პრემიერს კი ცალი თვალი ნავთობის ფასებისკენ ექნება მიპყრობილი.

3 პრეზიდენტის ანგარიში

▲ზევით დაბრუნება


პოლიტიკა

სალომე უგულავა

28 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით წარდგა. ქვეყნის პირველი პირის შემაჯამებელ გამოსვლას მნიშვნელობას ისიც მატებდა, რომ 2012 საარჩევნო წელია. წინა რამდენიმე გამოსვლის მსგავსად, მან ძირითადი აქცენტი კვლავ სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებზე გააკეთა. პრეზიდენტმა ამ მიმართულებით მთელი რიგი ახალი პროგრამები თუ ინიციატივები წარადგინა.

„საქართველო ისევ წინ მიდის“ - იყო მიხეილ სააკაშვილის გამოსვლის ლაიტმოტივი. კრიზისისა და ომის შემდგომ, ეკონომიკური ზრდის ტემპმა ისევ იმატა. მმართველმა პარტიამ 2007 წლის შემდეგ დაკარგული ინიციატივა და თავდაჯერებულობა დაიბრუნა. აღსანიშნავია ისიც, რომ რევოლუციის შემდგომ პირველ წლებში, პარტია თავის დომინანტურ პოლიტიკურ მდგომარეობას რეფორმებისთვის იყენებდა. დღეს იმ პერიოდისათვის დამახასიათებელ იდეალიზმს პრაგმატიზმი ანაცვლებს. ეს ცვლილება თავად პრეზიდენტის საპარლამენტო გამოსვლების რიტორიკაზეც აისახა. ლიბერალურ ღირებულებებზე აპელირება უფრო ნაკლებად ხდება. სამაგიეროდ, მეტი ყურადღება ეთმობა ამომრჩეველთა სხვადასხვა ჯგუფების საჭიროებებს და მათ მოსაგვარებლად სახელმწიფოს მიერ გაწეულ, ან გასაწევ ღონისძიებებს.

არსებობის პირველ წლებში, ნაციონალური მოძრაობა საარჩევნო ბაზარზე საკუთარი თავის პოზიციონირებას ახდენდა, როგორც მომავალზე ორიენტირებული, ტრანსფორმაციული პოლიტიკური ძალა. დღეს მისი მიზანი სტატუსკვოს შენარჩუნებაა. ეს ვითარება მის საარჩევნო სტრატეგიაზეც აისახება. მმართველი პარტიის მიზანი უკვე არსებული ამომრჩევლის შემომტკიცებაა. ნაკლები ძალისხმევა ხმარდება მხარდამჭერთა წრის თვისობრივ გაფართოებას. ამის მიზეზი, შესაძლოა, შიდა გამოცდილება და გართულებული საგარეო ფონიც იყოს. რეფორმებს, მოტანილ შედეგთან ერთად, თავისი პოლიტიკური ფასიც აქვს. ამის გამო, მმართველ გუნდს გარისკვა შეიძლება აღარც უღირდეს.

0x01 graphic

ფოტო: REUTERS ©

ასეთ მიდგომას გარკვეული, პრაგმატული ახსნა გააჩნია. არსებული საარჩევნო ბაზა, მმართველი პარტიისა და მისი კანდიდატების, 6 სხვადასხვა სახის საერთონაციონალურ არჩევნებში გასამარჯვებლად საკმარისი აღმოჩნდა. წესით, მხარდაჭერის იმავე მასშტაბის შენარჩუნების შემთხვევაში, ნაციონალებს 2012 და 2013 წლების არჩევნებში წარმატება არ უნდა გაუჭირდეთ. თუმცა, მზარდი საარჩევნო კონკურენციის პირობებში, ამომრჩეველთა თუნდაც ყველაზე მცირერიცხოვანი ჯგუფის იგნორირება, შესაძლოა, ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას ძვირი დაუჯდეს.

პრეზიდენტის საპარლამენტო გამოსვლიდან ჩანს, რომ ამ პრობლემას მმართველი პარტია გარკვეულწილად აცნობიერებს და უკმაყოფილო მოქალაქეებს ბოლომდე უყურადღებოდ არ ტოვებს. თუმცა, ძნელი სათქმელია, რამდენად საკმარისია ამ ამომრჩევლის მისამხრობად ის, რასაც დღეს ნაციონალები სთავაზობენ - მათ შორის, პარლამენტის წინაშე წლიური ანგარიშით წარმდგარი პრეზიდენტის პირით.

უარყოფითად განწყობილნი, პირველ რიგში, ქალაქში მცხოვრები შუახნისა და საშუალოზე ნაკლები შემოსავლის მოქალაქეები არიან. მათ იმდენად არ უჭირთ, რომ სახელმწიფოს სხვადასხვა სოციალური პროგრამების ბენეფიციარები გახდნენ. ამ ადამიანებს ხანგრძლივი დროის განმავლობაში სამუშაო არ გააჩნიათ და იმედიც არ აქვთ, რომ უახლოეს მომავალში იშოვიან. ნაკლებსავარაუდოა, რომ სააკაშვილის მიერ შეთავაზებული პროფესიული გადამზადების ვაუჩერებმა, მათი მდგომარეობა ხელშესახებად შეცვალოს.

რევოლუციის შემდგომ პირველ წლებში გატარებულმა რეფორმებმა მთლიანი შიდა პროდუქტის საგრძნობი ზრდა მოიტანა. თუმცა დასაქმების სტატისტიკაზე ეს ჯერჯერობით არ ასახულა. შრომის ბაზარზე გარდატეხის შესატანად ეკონომიკური რეფორმების ახალი ტალღაა აუცილებელი. ასეთი ინიციატივები კი ბოლო დროს სულ უფრო და უფრო იშვიათია. ამ მხრივ გამონაკლისი არც პრეზიდენტის საპარლამენტო გამოსვლა ყოფილა.

ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკით უკმაყოფილების მეორე თემა დემოკრატიის სფეროში არსებულ ნაკლოვანებებს უკავშირდება. ამ საკითხებით დაინტერესებული ამომრჩეველი ბევრად უფრო მცირერიცხოვანია და ძირითადად დედაქალაქშია კონცენტრირებული. თუმცა მათ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე დისპროპორციულად დიდი გავლენა აქვთ. ბოლო დროს მმართველი პარტია სულ უფრო მეტად ცდილობს, პოლიტიკური სისტემის ხარვეზებით შეშფოთებულ მოქალაქეთა წუხილებს უპასუხოს, მაგრამ ჯერჯერობით ეს მცდელობები რიტორიკის სფეროს მნიშვნელოვნად არ ცდება.

არჩევნები ნაციონალურ მოძრაობას მხარდამჭერებთან პოლიტიკური კონტრაქტის განახლების შესაძლებლობას აძლევს. 2012-13 წლებში მისი წარმატება მეტწილად იმით იქნება განპირობებული, თუ რამდენად შეძლებს თავისი სტაბილური მომხრეების მობილიზებას. პრეზიდენტი საპარლამენტო გამოსვლაში, პირველ რიგში, მათზე ახდენდა აპელირებას. ამიტომ, პოლიტიკური კონტრაქტის უმთავრესი ადრესატები სწორედ ტრადიციული მხარდამჭერები არიან - ასაკოვანი და ახალგაზრდა ადამიანები, სოფლის მოსახლეობა, ღარიბები, უმცირესობები და ახალი ურბანული შეძლებული მოსახლეობა. განსაკუთრებული კონკრეტიკით მათზე მიმართული პასუხები გამოირჩეოდა. უმუშევრობისა და დემოკრატიის საკითხებით შეშფოთებულმა ამომრჩეველმა კი მისთვის საინტერესო პრობლემებზე მხოლოდ ზოგადი ფრაზები მოისმინა.

პრეზიდენტის განცხადებით, უამრავი მოქალაქე, ქვეყნის წარმატებას საკუთარ ოჯახებში ჯერ კიდევ ვერ გრძნობს. ამიტომ, მმართველ გუნდს აქვს დამატებითი გეგმები, რათა სახელმწიფოს წინსვლა „უფრო მეტი ოჯახის წინსვლად“ იქცეს. სააკაშვილმა განაცხადა, რომ ეკონომიკა არ არის მხოლოდ ციფრები, არამედ ის, თუ როგორ გრძნობენ ადამიანები თავს - ქვეყნის წარმატება მათ პირად წარმატებად უნდა იქცეს.

მოსახლეობის პრობლემები, იმავდროულად, ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო გამოწვევებია. საკითხავი ისაა, როგორ უნდა გადაიჭრას ისინი - ხელისუფლების ჩარევით თუ კერძო სექტორის მეშვეობით. ადრე ხელისუფლებას უფრო ლიბერალური მიდგომები ჰქონდა, ხოლო ბოლო რამდენიმე წელია, ამ პროცესებში სახელმწიფოს როლი იზრდება. თუმცა, ამავე დროს, მათ გაცნობიერებული აქვთ, რომ დახმარება დროებითია და შემდგომში მოქალაქეებმა დამოუკიდებლად უნდა შეძლონ საკუთარ თავზე ზრუნვა.

პრეზიდენტმა კონკურენტუნარიანობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, სამუშაო ადგილების გაჩენა ყოველთვის არ ნიშნავს დასაქმებას, რადგან არსებობს კვალიფიკაციის პრობლემა. კადრები უცხოელებს კონკურენციას ხანდახან საკუთარ ქვეყანაშიც ვერ უწევენ. „არც ქვეყნის საზღვრების ჩაკეტვა და ეკონომიკური თვითიზოლაციაა სწორი გზა“, - განაცხადა სააკაშვილმა და დაამატა, რომ ჩვენი კონკურენტუნარიანობა თავად უნდა გავზარდოთ. ეს ფილოსოფია საგარეო პოლიტიკაზეც ვრცელდება.

გამოსვლის იმ ნაწილში, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებისკენ იყო მიმართული, სააკაშვილმა ქვეყნის ურყევ დასავლურ კურსსა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრა. მისი თქმით, თუ დასავლეთი საქართველოს ისტორიული არჩევანია, ჩვენი რეგიონი კავკასიაა და საქართველოს გრძელვადიანი უსაფრთხოება, კავკასიური უსაფრთხოების გარეშე არ უნდა განიხილონ. ამისთვის, კავკასიელ ხალხებთან და ქვეყნებთან მუშაობა და მეგობრობა უნდა გაგრძელდეს. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველო მათთვის ფანჯარაა ევროპაში. სააკაშვილი დაინტერესებულია რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებით. საქართველო რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს ცალმხრივად გააუქმებს.

პრეზიდენტის გამოსვლას ხმაურიანი და უხარისხო დებატები მოჰყვა. რიგ შემთხვევებში, ეს ურთიერთშეურაცხყოფაშიც კი გადაიზარდა. მიზეზი, შესაძლოა, პრაგმატული მიდგომები იყოს - მოსახლეობის ის მცირე ნაწილი, რომელსაც ხარისხიანი დებატი სჭირდება, ნაკლებმნიშვნელოვანია. როგორც ჩანს, განსხვავებული აზრის, თუნდაც აბსურდულის, მოთმინებით მოსმენა და საგნობრივი დებატიც პოლიტიკოსებს ჯერ კიდევ უჭირთ. საგარეო ასპარეზზე გამოსვლები მათ აშკარად უკეთ გამოსდით.

4 ანქვაბი - თავდასხმის სამიზნე

▲ზევით დაბრუნება


პოლიტიკა

დიმიტრი ავალიანი

0x01 graphic

ფოტო: REUTERS ©

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტი თავდასხმას გადაურჩა - 22 თებერვალს გუდაუთა-სოხუმის გზაზე მისი კორტეჟი ჯერ ნაღმზე ააფეთქეს, შემდეგ კი ცეცხლი ავტომატური იარაღიდან და ყუმბარმტყორცნიდან გაუხსნეს.

შედეგად ალექსანდრ ანქვაბის ერთი მცველი ადგილზე დაიღუპა, რამდენიმე კი მძიმედ დაშავდა. თავდამსხმელები მიიმალნენ. მომდევნო დღეების განმავლობაში, „ცხელ კვალზე“ მათი დაკავება ვერ მოხერხდა.

ანქვაბს თავდასხმის გამოძებაში დახმარება რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა შესთავაზა. ამ უკანასკნელმა აფხაზეთში ФСБ-ს საგამოძიებო ჯგუფი გაგზავნა.

გამოძიებამ ვერაფერი დაადგინა თავდასხმის დამკვეთებისა და მოტივების შესახებ. თუმცა, მიიჩნია, რომ ოპერაცია ალექსანდრ ანქვაბის ლიკვიდაციის მიზნით, მაღალ პროფესიულ დონეზე იყო დაგეგმილი.

ეს ალექსანდრ ანქვაბზე თავდასხმის პირველი შემთხვევა არ ყოფილა - მის მოკვლას 2005 წელს, ორჯერ 2007 და ერთხელაც - 2011 წელს შეეცადნენ. არცერთი თავდასხმა არ გახსნილა. მოსისხლე მტრების შესაძლო ვინაობაზე ანქვაბსაც არაფერი უთქვამს.

„ქართული კვალის” არსებობა ბოლო თავდასხმაში თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მოხელეებმა და ადგილობრივმა ექსპერტებმა უარყვეს. ყველაზე რეალურ ვერსიად სოხუმში „შიდა გარჩევებს” განიხილავენ.

თავად ალექსანდრ ანქვაბმა ფაქტს „აფხაზეთის სუვერენიტეტსა და სახელმწიფოებრიობაზე თავდასხმა“ და მდგომარეობის დესტაბილიზაციის მცდელობა უწოდა. მისი მინიშნებით, თავდასხმის უკან „მაფიოზური კრიმინალური დაჯგუფებები“ დგანან.

ანქვაბი სოხუმის რეჟიმის სათავეში გასული წლის აგვისტოში, თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად მოხვდა. ის სერგეი ბაღაფშის მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ დაინიშნა. ანქვაბის მთავარი წინასაარჩევნო ლოზუნგი „წესრიგის დამყარება“ იყო.

2008 წელს, რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ, მოსკოვმა რეგიონს უხვი დოტაციები გამოუყო. თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ბიუჯეტის 70 პროცენტი, ამჟამად სწორედ რუსული დოტაციებით ივსება. რუსული თანხებით ფინანსდება სხვადახვა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი. ადგილობრივი ექსპერტების აზრით, ეს აფხაზეთში მასშტაბური კორუფციის წყარო გახდა.

ანქვაბმა, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც სოხუმში კორუფციასთან ფართო ბრძოლის დასაწყისად აღიქვეს. კერძოდ, შეაჩერა ე.წ. საიმიგრაციო სამსახურის საქმიანობა. ასევე შეწყვიტა გაგრის რაიონში წყალკანალის რეაბილიტაცია, რომელზეც რუსეთმა 27 მილიონი დოლარი გამოყო. ამ საქმესთან დაკავშირებთ ანქვაბმა თანამდებობიდან გაათავისუფლა გაგრის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, კომპანიის წინააღმდეგ კი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. საქმესთან დაკავშირებული ყველა პირი გარდაცვლილ სერგეი ბაღაფშთან იყო დაახლოებული და თავის დროზე, სრული ხელშეუხებლობით სარგებლობდა. ანქვაბმა თანამდებობიდან გაათავისუფლა გენერალური პროკურორის ორი მოადგილე. თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე კი საჯაროდ დაემუქრა შსს-ს ხელმძღვანელობას.

შესაბამისად, აფხაზეთის შიგნით თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტს მტერი ბევრი უნდა ჰყოლოდა.

თავდასხმის შემდეგ, თავის პირველ ინტერვიუში, ალექსანდრ ანქვაბმა განაცხადა, რომ „არიან ძალები, რომლებსაც მართვადი, დამოკიდებული პრეზიდენტი და უნებისყოფო ხელისუფლება სურთ“. მას არ დაუკონკრეტებია, თუ ვის უნდა სოხუმის ხელისუფლების „მართვა“. თუმცა, ამგვარ მცდელობებს წარსულში ადგილი რუსეთის მხრიდან 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე კრემლი ჯიუტად ცდილობდა წაგებული კანდიდატის, რაულ ხაჯიმბას მხარდაჭერას. თუმცა, საბოლოოდ, პრობლემა გამარჯვებულ სერგეი ბაღაფშსა და ხაჯიმბას შორის ძალაუფლების განაწილებით დარეგულირდა.

გასულ წელს კრემლი არჩევნებში ღიად არ ჩარეულა და საკუთარი ფავორიტი არ დაუსახელებია. თუმცა, ანქვაბის კონკურენტებს - სერგეი შამბასა და რაულ ხაჯიმბას, მოსკოვთან უფრო მჭიდრო კავშირები ჰქონდათ, ვიდრე ანქვაბს.

გაზეთი The New York Times-ი ანქვაბზე თავდასხმასთან დაკავშირებით, ყურადღებას ამახვილებს წინააღმდეგობებზე სოხუმსა და მოსკოვს შორის და პარალელებს ცხინვალის რეგიონში შექმნილ სიტუაციასთან ავლებს. „2008 წლის ომის შემდეგ რუსეთმა... ეს ორი რეგიონი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა. თუმცა, სტრატეგიულ დივიდენდებთან ერთად, თავისტკივილიც მიიღო. რუსული კომპანიების მცდელობა, დაეპყროთ აფხაზეთის პოტენციურად ყველაზე სარფიანი ტურისტული მეურნეობა, დაიბლოკა. ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებში, ორივე ანკლავის ამომრჩევლებმა კრემლის აშკარა ფავორიტების მხარდაჭერაზე უარი თქვეს“, - წერს გამოცემა.

ცხინვალის ნოემბრის „არჩევნების” შემდგომი მოვლენების ერთ- ერთი მთავარი ფაქტორი, რუს და ადგილობრივ მოხელეთა კორუფციული ინტერესი გახდა - ცხინვალში ისეთი ხელისუფლება უნდა მოსულიყო, რომელიც რუსული დოტაციების დატაცების კორუფციულ სქემებს ძალაში დატოვებდა.

კოკოითის რეჟიმმა პრობლემა მარტივად გადაწყვიტა - არჩევნების შედეგები გააუქმა და „პრეზიდენტობის” გამარჯვებული კანდიდატის, ალა ჯიოევას წინააღმდეგ ძალა გამოიყენა. მოსკოვმა კი ამას სრულად დაუჭირა მხარი.

იგივე ამოცანა დადგა აფხაზეთშიც - ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, კორუფციულ გარიგებებში ჩართულ პირებს გარანტიები ახალი რეჟიმისგან უნდა მიეღოთ.

გარდა რუსული საბიუჯეტო დოტაციებისა, ინტერესის ობიექტს აფხაზეთში რუსი მოხელეებისთვის და რუსული კაპიტალისთვის უძრავი ქონება წარმოადგენს. მისი გაყიდვა ჯერჯერობით მხოლოდ „აფხაზეთის მოქალაქეებზე“ არის დაშვებული - საკურორტო ინფრასტრუქტურა, ასევე მიწები და აფხაზეთის ტერიტორიის ნაწილიც სოფელ აიბგას გარშემო, რომლის გადაცემას მოსკოვი საზღვრის „დემარკაციისა და დელიმიტაციის“ ფარგლებში ითხოვს.

სერგეი ბაღაფში რუსეთის მოთხოვნებს ამა თუ იმ ობიექტის გადაცემასა და უძრავი ქონების გასხვისების ლეგალიზაციასთან დაკავშირებით, წინააღმდეგობას არ უწევდა. თუმცა, შეძლებისდაგვარად დროს წელავდა. დღეს იმავე მოთხოვნებზე რეაგირება ალექსანდრ ანქვაბს უწევს.

თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა აფხაზეთის შიგნით თუ მის გარეთ არსებულ დაჯგუფებებს უკმაყოფილების საბაბი მისცა. როგორც სოხუმში ვარაუდობენ, ანქვაბს აფხაზური ელიტის ნაწილი აუმხედრდა. ისინი წინა რეჟიმის დროს პრივილეგირებულ მდგომარეობაში იყვნენ. ამ ჯგუფს რუსეთში ძლიერი მოკავშირეები ჰყავს.

ანქვაბი ჩაკეტილ და არასაჯარო ფიგურად რჩება. ის არ მიიჩნევს საჭიროდ, საზოგადოებას განუმარტოს საკუთარი გადაწყვეტილებების მოტივები და მოწინააღმდეგეებთან ჩუმ, უხმაურო ბრძოლას ამჯობინებს.

თავდასხმის შემდეგ იგი საკმაოდ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. სათანადო მტკიცებულებების გარეშე, ანქვაბს ხელის დადება არავისზე შეუძლია. ამავე დროს, მან ან მკვეთრი რეაგირება უნდა მოახდინოს, ან მოწინააღმდეგის პირობები შეასრულოს.

2008 წლის შემდეგ, პასუხისმგებლობა თვითგამოცხადებული რესპუბლიკის უსაფრთხოებაზე რუსეთმა იკისრა. ცნობილი რუსი ჟურნალისტის, იულია ლატინინას აზრით, ანქვაბზე თავდასხმის შედეგად „აფხაზებისთვის დამამცირებელი სიტუაცია შეიქმნა“. „რეგიონში, რომელიც რუსეთისთვის სავიზიტო ბარათი და პოლიგონი უნდა გამხდარიყო... ჩვენ (რუსეთმა) სახელმწიფოს ყველა ფუნქცია ავიღეთ. მაგრამ არ შეგვიძლია უზრუნველვყოთ ის, რასაც სახელმწიფო უზრუნველყოფს. თუნდაც ის, რომ პრეზიდენტს თავს არ ესხმოდნენ“, - განაცხადა ლატინინამ Эхо Москвы-ს ეთერში.

5 დავით გამყრელიძე: რადიკალიზმმა შედეგი არ მოიტანა

▲ზევით დაბრუნება


პოლიტიკა

ესაუბრა თამარ ჩერგოლეიშვილი
ფოტო ირაკლი ბლუიშვილი

0x01 graphic

ახალი მემარჯვენეები რამდენიმე წლის წინ ბიძინა ივანიშვილის ამჟამინდელ მოკავშირეებთან - რესპუბლიკელებსა და ირაკლი ალასანიას პარტიასთან ერთად - ალიანსში საქართველოსთვის იყვნენ გაერთიანებული. დღეს ისინი ცხელ პოლიტიკურ პროცესებს გარიდებულნი არიან. ტაბულა ახალი მემარჯვენეების ლიდერს, დავით გამყრელიძეს, პარტიის საარჩევნო გეგმებზე, არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე, საზოგადოებაში არსებულ განწყობებზე, წარსულ პოლიტიკურ შეცდომებსა და სხვა საკითხებზე ესაუბრა.

  • 2012 წელი საარჩევნო წელია. თქვენ არ აპირებთ სხვა პარტიებთან ბლოკში, ან ალიანსში გაერთიანებას. გვიამბეთ თქვენი საარჩევნო გეგმების შესახებ. როგორ ემზადებით?

2012 წელი მნიშვნელოვანი წელია. ეს არჩევნები ერთ-ერთი გარდამტეხი ეტაპია ქართული დემოკრატიისა და სახელმწიფოსთვის. თუ ჩავაბარებთ დემოკრატიის გამოცდას, ჩავატარებთ არჩევნებს სამართლიან გარემოში, ქართულ სახელმწიფოებრიობაში ახალი ეტაპი დაიწყება. ეს დაგვაახლოებს ევროატლანტიკურ სივრცესთან - სადაც არის და უნდა იყოს ჩვენი ადგილი. ამაზე დაკვეთაა ქვეყნის შიგნით. საერთაშორისო თანამეგობრობა სწორედ ამას ელის საქართველოსგან. ვფიქრობ, პასუხისმგებლობა ყველას გვაქვს მეტ-ნაკლებად: ხელისუფლებას, არჩევნებში მონაწილეებს და ამომრჩეველს.

ახალი მემარჯვენეები, ათწლიანი გამოცდილებით, სკეპტიკურად ვუყურებთ ბლოკებსა და კოალიციებს. უკანასკნელი მცდელობისასაც, როდესაც მეტ-ნაკლებად მსოფლმხედველობითი თანხვედრა გვქონდა, ალიანსი საქართველოსთვის დაიშალა. ასეთივე პროგნოზი გავაკეთე მე ქართულ ოცნებაზე - ეს კიდევ უფრო ეკლექტური გაერთიანებაა.

  • 4 წლის წინ ვაკის ამომრჩეველმა მოგცათ მანდატი, რომ ისინი პარლამენტში წარგედგინათ. თქვენ ამაზე უარი თქვით. დღეს როგორ აფასებთ ამ გადაწყვეტილებას - მართებულად მოიქეცით?

დღევანდელი გადასახედიდან ეს მცდარი გადაწყვეტილება იყო. თუმცა, იმ მომენტში ჩვენი ამომრჩევლის დაკვეთა იყო ასეთი. ეს ერთგვარი „იდეალ პოლიტიკის” გამოხატულება იყო. დრო გავიდა და ამომრჩეველმაც გვისაყვედურა, რომ სჯობდა, ისევ იქ ვყოფილიყავით. ჩვენც დავზარალდით.

რაც მოხდა, მოხდა. იმედი მაქვს, რომ, ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, მომავალში ასეთ ნაბიჯს აღარავინ გადადგამს. ყველაფერს ნელ-ნელა ვსწავლობთ, ახალგაზრდა დემოკრატია ვართ.

  • რას დაასახელებდით მთავარ საკითხად, რაშიც მმართველ პარტიას არ ეთანხმებით? პირველს რას შეცვლიდით, შესაძლებლობა რომ გქონდეთ?

პირველი ეს არის შერჩევითი სამართალი. მთელი რიგი წარმატებების ფონზე, არათანაბარ მდგომარეობაშია რიგითი მეწარმე, ხელისუფლებასთან დაახლოებული ადამიანი თუ რიგითი მოქალაქე, რომელიც დღეს გრძნობს, რომ, შეიძლება, შერჩევით ჩართონ სოციალურ პროგრამაში, შერჩევითად შეიძლება წაახალისოს, ან დასაჯოს ხელისუფლებამ - იმის შესაბამისად, მმართველ პარტიასთანაა თუ კრიტიკულია მის მიმართ. კანონის უზენაესობა მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც ზედაპირზე დევს ქვეყანაში.

პოლიტიკის ძირითად მიზნად და ობიექტად უნდა იქცეს ადამიანი და არა - ძლიერი სახელმწიფო. ამ ძალიან დაჩქარებული ტემპით აღმშენებლობის დროს, რასაც მიხეილ სააკაშვილი ატარებს, თითქოს მივიწყებულია თავად მოქალაქე, პიროვნება, რომელიც ამ ყველაფრის ღერძია.

  • რამდენად ახერხებდა და ახერხებს ოპოზიცია, კონკურენცია გაუწიოს მმართველ პარტიას?

ყველაზე საზიანო ოპოზიციისთვის პროცესების რადიკალიზება იყო. ამან გამოიწვია მისი მარგინალიზება. საზოგადოება მიჰყვებოდა მას რაღაც ეტაპამდე, შემდეგ ამ რადიკალიზმმა და მაქსიმალიზმმა შედეგი არ მოიტანა.

საზოგადოების ნაწილი ითხოვს მყისიერ შედეგებს - დღესვე ან ყველაფერს, ან არაფერს. სწორედ ამ ნაწილმა შეგვრაცხა მოღალატეებად, როდესაც კომპრომისზე წავედით და ხელისუფლებასთან მნიშვნელოვან შეთანხმებას მივაღწიეთ საარჩევნო კანონმდებლობაზე.

მთავარი დაკვეთა ოპოზიციისადმი თითქოს ისაა, რომ ჩვენ ყოველთვის რაღაც მორალურ პოზიციაზე უნდა ვიყოთ, სადაც კომპრომისი დაუშვებელია. არადა, პოლიტიკა კომპრომისების ხელოვნებაა. კომპრომისის გარეშე ეს ერთგვარი ზნეობრივი განდეგილობა იქნება. საქართველოში ეს ცნებები აირია და განაპირობა ოპოზიციის სისუსტე. თუმცა, არამხოლოდ ამან.

ნაციონალურმა მოძრაობამ სრული მონოპოლიზება გაუკეთა ფინანსურ წყაროებს. დასჯადი გახადა ნებისმიერი ურთიერთობა, ფინანსური დახმარება ოპოზიციისა ბიზნესწრეებისათვის. 10 წლის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ კარგი ურთიერთობა მაქვს ბიზნესწრეებთან საქართველოში, არასოდეს ჩაურიცხავს თუნდაც ერთი ლარი რომელიმე ოპოზიციური ძალისთვის რომელიმე იურიდიულ პირს. ამიტომ, ახლა, იურიდიული პირების მიერ დაფინანსების აკრძალვას მივესალმები. ეს მხოლოდ მმართველი პარტიის პრივილეგია იყო.

ასევე იყო მედიასივრცეც. ერთი პერიოდი ნაციონალური მაუწყებლები ოპოზიციური ძალებისთვის ჩაიკეტა - გაუქმდა დებატები, რითაც ოპოზიციურ ძალას თავის წარმოჩენა შეუძლია.

  • რამდენიმე თვის წინ პოლიტიკაში ახალი სახე გამოჩნდა - ბიძინა ივანიშვილი. როგორ შეაფასებდით მის ეფექტს? რა გავლენა იქონია მან ქართულ პოლიტიკურ სპექტრზე?

უცნაური ეფექტი ჰქონდა. ივანიშვილი ცდილობს, ძალიან გაწონასწორებული და ზომიერი პოლიტიკოსის იმიჯი შეიძინოს, მაგრამ მან ხმები რადიკალურ ძალებს წაართვა, მაგალითად, ლეიბორისტებს, ეროვნულ ფორუმს, ნინო ბურჯანაძეს. რევანშისტულად განწყობილი ამომრჩევლების სიმპათია დაიმსახურა.

ამის ახსნა მარტივია. ადამიანების ეს ჯგუფი ყოველთვის ეძებდა ძალას, რომელიც დაამარცხებდა და შურს იძიებდა ხელისუფლებაზე. მე ყოველთვის ვამბობ, რომ რევანშიზმი სახიფათოა. 10 წელია ბევრი სიმწარე მახსოვს ამ ხელისუფლებისგან, თუმცა ვამაყობ, რომ არასოდეს შურისძიება არ მამოძრავებდა. შეიძლება, ამიტომაც გადავრჩი პოლიტიკურად.

ივანიშვილმა ისევ შავ-თეთრი ფერები შემოიტანა პოლიტიკაში - ან სააკაშვილი, ან ივანიშვილი. ჩვენ გვჭირდება მრავალფეროვნება, როდესაც რამდენიმე პოლიტიკური ძალა იქნება და კონკურენცია, რითაც ამომრჩეველი მოიგებს. ივანიშვილმა შემოიტანა პრინციპი - ვინც ჩემთან არაა, მოღალატეა. მან მოინდომა მონოპოლიზება მთელი პოლიტიკის. თქვა, რომ შუა უნდა გაიკრიფოს.

0x01 graphic

ვფიქრობ, ვერ გაამართლა ის მოლოდინი, რაც მისი მოსვლისას გაჩნდა. თავდაპირველი ეიფორია მინელდა. ეს ახასიათებს ქართულ პოლიტიკას. ირაკლი ალასანიასთან დაკავშირებითაც იგივე მოხდა.

მედიასაშუალებებზე, რომელიც არ არის სახელისუფლებო, ივანიშვილმა ფინანსური გავლენის მოხდენა დაიწყო და შეეცადა ყველაფერი ეყიდა. თუ ივანიშვილამდე ბეჭდურ მედიაში იყო უზარმაზარი და სატელევიზიო მედიაში გარკვეული სივრცე ნეიტრალური აზრისთვის, დღეს მედია ძირითადად ორ პოლუსზე გადანაწილდა. ექსპერტიც არ დარჩა დამოუკიდებელი.

მან მიმართა პრინციპს - ვინც არის რაღაცნაირად საზოგადოებრივი აზრის შემქმნელი, წავიყვანო, დავასაქმო, ფინანსური ინტერესი გავუჩინო. დღევანდელ სოციალურ პირობებში მაღალი ანაზღაურება იმხელა მოტივაციაა, ყოველთვის მოუძებნი გამართლებას - მე ფულის გამო კი არ ვაკეთებ ამას, აი, ეს კაცი არის ალტერნატივა და ა.შ.

  • მსგავსი ვითარება ქართულ საზოგადოებას ახსოვს. 2007 წელს ვიხილეთ ასევე ქველმოქმედებით გატაცებული მილიარდერი, რომელიც თავისი ფინანსების გამოყენებით ეცადა ხელისუფლების შეცვლას. თქვენი მდგომარეობაც წააგავს მაშინდელს - თქვენ არ გაწევრიანებულხართ არც მაშინ პატარკაციშვილის ირგვლივ შექმნილ ოპოზიციურ პარტიათა დაჯგუფებაში. დღესაც არ წევრიანდებით ივანიშვილთან. თუმცა, განსხვავება ისაა, რომ პატარკაციშვილის მიმართ ასეთი კრიტიკული დამოკიდებულება არ გქონდათ. რა განასხვავებთ მათ ერთმანეთისგან?

მე კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი ბადრი პატარკაციშვილის პოლიტიკაში შემოსვლის, მიუხედავად იმისა, რომ მასთან კარგი ურთიერთობა მქონდა.

თუმცა, ივანიშვილმა უკეთ გათვალა, რა ეტაპზე შემოსულიყო. როდესაც ის ამბობს, რომ ქვეყანაზე ზრუნვის გამო გადადგა ეს ნაბიჯი, მთლად გულწრფელი არაა. საქართველოს უახლეს ისტორიაში იყო დრო, როდესაც ბევრად მნიშვნელოვანი იქნებოდა მისგან ამ ნაბიჯის გადადგმა. მან ეს მეტ-ნაკლებად მოშიშვლებულ პოლიტიკურ არენაზე გააკეთა - გაკოტრდა და გამოიფიტა ოპოზიცია, მათ შორის, ფინანსურად და მოახლოვდა სააკაშვილის მეორე ვადის დასასრული.

  • რამდენად ჰგავდა ეს შეგნებულ ნაბიჯს? მან ვერ წაიკითხა სწორად კანონი მოქალაქეობაზე, ანაც იმ ეპისტოლეების შინაარსიც რომ გავიხსენოთ, რითაც საზოგადოების წინაშე წარდგა ...

იყო კარგი ბიზნესმენი, წარმატებული ქველმოქმედი - სულაც არ ნიშნავს, რომ წარმატებული პოლიტიკოსი იქნები და საზოგადოებაში დაგროვილი გარკვეული აქტივი ეგრევე გადმოგყვება. ეს ასე არ ხდება, რაც აჩვენა ბადრის მაგალითმაც და ბიძინა ივანიშვილის პირველმა ნაბიჯებმაც.

ივანიშვილი მთელი ამ დროის განმავლობაში თავის გადაწყვეტილებას მალავდა და ვვარაუდობ, მარტოს უწევდა სიტუაციის ანალიზი, დაგეგმვა. ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა.

  • თქვით, რომ სააკაშვილი უნდა გახდეს ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემის გარანტი. რას გულისხმობთ? ზოგიერთი ძალაუფლების გადაცემაში, ნაციონალური მოძრაობის თვითლიკვიდაციას გულისხმობს...

ამას ვერ დამაბრალებთ. არ მიყვარს სპეკულირება გამონათქვამებით, არასწორად ინტერპრეტირებით. ამ შემთხვევაში მან პიროვნულად უნდა დათმოს ძალაუფლება. პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია. ავიღოთ ნაზარბაევი, ალიევი, რომელთაც ვერ დათმეს ძალაუფლება. გაჩნდა ასეთი ცნებები - სამუდამო ლიდერობა, სამუდამო პრეზიდენტობა.

ვერავინ აუკრძალავს სააკაშვილს პოლიტიკურ საქმიანობას. ძალაუფლების გადაცემა არ ნიშნავს, რომ სხვა პარტიის წარმომადგენელს გადასცეს ის. თავად სააკაშვილი არ უნდა იყოს აღმასრულებელი ხელისუფლების სათავეში.

  • სულ ისმის პირობა რუსეთთან ურთიერთობების დალაგების, თუმცა როგორ, ამას ნაკლებად ხსნიან. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ეს? ამას გარდა, რომ შევეხოთ რუსეთში მიმდინარე მოვლენებსაც...

დღეს რუსეთთან ურთიერთობების დალაგება, მხოლოდ ევროინტერგაციაზე უარის თქმითაა შესაძლებელი. ტერიტორიებს ის არ დააბრუნებს. უბრალოდ, უფრო კეთილგანწყობილი იქნება და ახალ ომს არ გააჩაღებს. თუმცა, საკითხავია, ეს კეთილმეზობლური ურთიერთობა იქნება, თუ ვასალური დამოკიდებულება არ მაქვს ილუზია, რომ ნეიტრალიტეტის გამოცხადების შემთხვევაში მოვაგვარებთ რუსეთთან ურთიერთობას. მოლდოვამ გამოაცხადა, თუმცა, ამით დნესტრისპირეთის პრობლემა არ გადაჭრილა.

ისეთი თემებიც კი, როგორიცაა დიპლომატიური ურთიერთობების მოგვარება, თავისუფალი ვაჭრობა, რეალურად კარგს ვერაფერს მოიტანს ქვეყნის შიგნით და დაგვაკარგინებს იმ მთავარ პერსპექტივას, რაც არის საქართველოს ევროატლანტიკურ ოჯახში გაწევრიანება. ქვეყნის მომავალი დღეს უალტერნატივოდ აქაა. ყველაფერი, რაც რიგით ქართველს დღეს უნდა - უსაფრთხოება, ეკონომიკური კეთილდღეობა, სამართლიანობა, თავისუფლება, ეს ყველაფერი შესაძლებელია მხოლოდ იქ და არა რუსეთთან ურთიერთობების დალაგებით.

არ მაქვს ილუზია, რომ 4-5 მარტს პუტინის რეჟიმი დაემხობა, მაგრამ რუსეთში მიდის ჯანსაღი პროცესი - სამოქალაქო საზოგადოების გაჩენა სერიოზული ცვლილებების მომწიფებაზე მიუთითებს. რა იქნება, რამდენ ხანში იქნება, რთულია ამაზე საუბარი. ფაქტია, რომ რეჟიმი გარკვეულწილად შერყეული და შეშინებულია. რამდენად აღმოჩნდება რუსული ისტებლიშმენტი მზად, რომ შვას უფრო დემოკრატიული ლიდერი, ცალკე საკითხია. რუსეთში გარედან ძალიან ძნელია ხოლმე ხელისუფლებაში მოსვლა.

  • მიგაჩნიათ თუ არა, რომ საქართველო უნდა იყოს სეკულარული სახელმწიფო, სადაც მკვეთრად იქნება გამიჯნული რელიგიური და სახელმწიფო ინსტიტუტების ძალაუფლება?

ცალსახად გეტყვით, რომ ამას ვეთანხმები და ეს არის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპი თანამედროვე სახელმწიფოს აშენებისა. ნებისმიერი აღრევა მავნებელია ორივესთვის. მგონი, ასეთი დამოკიდებულება აქვს თავად მართლმადიდებელ ეკლესიას საქართველოში და ძირითად პოლიტიკურ სპექტრსაც. ახალი მემარჯვენეები ყოველთვის ვცდილობდით, ამით სპეკულირება არ მოგვეხდინა. რელიგიური ორგანიზაციების შესახებ კანონი როდესაც მიიღეს, ჩვენ ვთვლიდით, რომ ამით ზიანი არავის მიადგებოდა. და ეს ასეც აღმოჩნდა.

  • ტაო-კლარჯეთის ძეგლებს განადგურება ემუქრებათ. რას ფიქრობთ, ეს საკითხი როგორ უნდა დარეგულირდეს? ვთქვათ, გააგრძელა წინააღმდეგობა საპატრიარქომ. ვინ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება?

სახელმწიფო აქამდეც ამბობდა საბოლოო სიტყვას ამ საქმეში. საპატრიარქოს ბოლო განცხადება ბუნდოვანი იყო ჩემთვის. მგონი, აქ ლოგიკა არ იყო. ამბობენ, რომ აზიზიეს მეჩეთის აღდგენა პრობლემას შექმნის მოსახლეობაში და გაუმართლებელია და, ამავე დროს, აცხადებენ, რომ თუ მისცემენ საშუალებას ერთ-ერთი ეკლესია მოქმედი გახადოს თურქეთის ტერიტორიაზე, მაშინ ეს დასაშვებია. ეს ვაჭრობის საგანი არ უნდა გახდეს.

ვფიქრობ, თემა უფრო ხელოვნურადაა გამძაფრებული გარკვეული პოლიტიკური ძალების მხრიდან აჭარაში. უამრავი მეჩეთი და ჯამეა დღეს საქართველოში. ამას ტრადიციულად არანაირი პრობლემა არ შეუქმნია.

ჩვენ სეკულარული სახელმწიფო რომ ვართ, ამითაც უნდა ვაჩვენოთ და მივიღოთ მსგავსი გადაწყვეტილებები. ეს არ არის პრობლემატური. რელიგიური შუღლის გაღვივება უნდა გამოვრიცხოთ. თავი უნდა დავანებოთ ამ თემებით სპეკულირებას. განსაკუთრებით პოლიტიკოსებმა.

6 სამწერლობო ქართული საზოგადოება „თემსა” და „საზოგადოებას” შორის

▲ზევით დაბრუნება


ემზარ ჯგერენაია|სვეტი

ქართულ კულტურაზე ზედაპირული დაკვირვებაც კი აშკარად ავლენს მის ერთ თავისებურებას: რეფლექსიის არარსებობა სოციალურ პრობლემატიკაზე და ლტოლვა მხატვრული ლიტერატურისაკენ. ქართული კულტურის წიაღში, მე-16 საუკუნიდან მოყოლებული, მე-19 საუკუნის დასაწყისამდე, პრაქტიკულად არ დასმულა არცერთი კითხვა, რომელიც ამავე დროს ევროპულმა ინტელექტუალურმა მოძრაობამ დააყენა. კითხვები: როგორ არის წესრიგი შესაძლებელი? რას ნიშნავს სახელმწიფო და რა ურთიერთობები არსებობს ან უნდა არსებობდეს ინდივიდს და სახელმწიფოს შორის და ა.შ., უცხო იყო ქართული ინტელექტუალური მოძრაობისთვის. სამაგიეროდ, სახეზეა მდიდარი ლიტერატურული მემკვიდრეობა, რომელსაც არა მხოლოდ ინტელექტუალური ელიტა ქმნიდა, არამედ თვით მეფეებიც კი. ქართული მე-19 საუკუნე ქმნის ლიტერატორების საინტერესო ტიპს, რომლებიც ლიტერატურას სოციალური, პოლიტიკური და ნაციონალური იდეების გამოსახატავად იყენებენ. იქმნება მწერლის იმიჯი, რომელიც საკუთარი ხალხის ინტელექტუალური, მორალური და ზნეობრივი წინამძღოლია. ამ იმიჯის გამოყენება ადვილად შეძლო კომუნისტურმა სისტემამ - მწერალი მთლიანად პოლიტიკური იდეოლოგიის დანამატად აქცია და ადამიანის „სულის ინჟინრად“ გამოაცხადა. კომუნისტური ხელისუფლების მიერ შექმნილ „მწერალთა კავშირებს“ სახელმწიფოს იდეოლოგიური მხარდაჭერა ევალებოდათ, მაგრამ სწორედ კომუნისტური პოლიტიკური სისტემის მიერ შექმნილ „სამწერლობო ორანჟერეაში“ გამოზრდილმა ლიტერატურულმა ელიტამ დაიწყო სისტემის კრიტიკა, რომელიც - ზოგჯერ იგავური ენით, ზოგჯერ კი ღიად - სისტემის წინააღმდეგ გამოდიოდა. შესაბამისად, სამწერლობო ელიტა გახდა ის ძალა, რომლის გათვალისწინება, ბრძოლა ან საკუთარი მიზნებისათვის გამოყენება კომუნისტური პოლიტიკური ელიტის პრობლემად გადაიქცა. სულაც არ არის შემთხვევითი, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის პირველი წლების პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლები ძირითადად მწერლები და მწერლობაზე პრეტენზიის მქონე ინტელექტუალური ელიტის წარმომადგენლები იყვნენ. თვით ზვიად გამსახურდია, საქართველოს პირველი პრეზიდენტი, გახლდათ მწერალი და ფილოლოგი. მის პოლიტიკურ კაპიტალს მამის, ქართული ლიტერატურის კლასიკოსის კონსტანტინე გამსახურდიას სახელიც კვებავდა. ამ ლიტერატურულ ელიტას საბჭოთა მწერლობისა და ფილოსოფიის მრავალრიცხოვანი ფენიდან სწორედ „ტრაიბალისტური“, ნაციონალისტური და ხშირად რასისტული დისკურსი გამოარჩევდა. ზ. გამსახურდიას ხელისუფლება ძირითადად „ლიტერატორებით” იყო დაკომპლექტებული. მათ მსოფლმხედველობას კომუნიზმთან დაპირისპირებაში ფორმირებული ნაციონალიზმი განსაზღვრავდა. ამ განწყობის სამწერლობო და სახელოვნებო ელიტის ზეგავლენა დღესაც საგრძნობია. მაგრამ ვარდების რევოლუციის შემდეგ სამწერლობო და, ზოგადად, სახელოვნებო ელიტამ დაკარგა ზეგავლენა პოლიტიკურ ელიტაზე და მოხდა მისი მარგინალიზაცია. „პოლიტიკის კეთება“ თანდათანობით გადაიქცა პოლიტიკის სისტემის საქმედ, ხოლო პოლიტიკური ელიტის სელექცია დღეს ხდება პოლიტიკური პარტიებიდან. ამით პოლიტიკა თანდათანობით გადაიქცა „პროფესიად“ და მისმა „კეთებამ” მიზანრაციონალური ხასიათი შეიძინა.

მიხეილ სააკაშვილმა ერთ-ერთ სატელევიზიო გამოსვლაში აღნიშნა, რომ მას არ ჰყავს ნათესავები და მეგობრები. მისი ნათესავები და მეგობრები არიან ის ადამიანები, რომლებიც ქვეყნის აღმშენებლობას ემსახურებიან. ამ გამონათქვამით პრეზიდენტი სააკაშვილი დაუპირისპირდა ქართული სოციალური ორგანიზაციის და, აქედან გამომდინარე, მენტალიტეტის ტიპს, რომელიც შეიძლება აღიწეროს, როგორც „ნათესაური თემი“. ეს უფრო გასაგები გახდება, თუ გავითვალისწინებთ, რა ხერხით და ღირებულებებით უპირისპირდებოდა ქართული კულტურა კომუნისტურ სისტემას - მეგობრობა, ოჯახი, ნათესაობა და, რაც მთავარია, სისტემის წინაშე ერთმანეთის არდაბეზღება. ეს ღირებულებები კომუნისტური სისტემის ფორმალური რეგულაციების საპირწონეს ქმნიდა, რამაც 70-წლიანი კომუნისტური რეჟიმის პირობებში კომუნისტი ქართველის ტიპი ჩამოაყალიბა. ეს უკანასკნელი საჯარო სივრცეში ფორმალურ წესებს ემორჩილებოდა, მაგრამ ყოველდღიურ ცხოვრებაში ტრადიციულ, თემურ-ტომობრივ ღირებულებებს ეთაყვანებოდა. არცთუ იშვიათად, „თემურ-ტომობრივი” წარმოდგენები, ღია დაპირისპირებაში, სამოქალაქო - საყოველთაო ღირებულებებს ამარცხებდა კიდეც. ხოლო ვარდების რევოლუციის შემდეგ სამწერლობო და, ზოგადად, სახელოვნებო ელიტამ დაკარგა ზეგავლენა პოლიტიკურ ელიტაზე და მოხდა მისი მარგინალიზაცია. საბჭოთა სისტემის დასრულების წინ და ნაციონალური მოძრაობის დასაწყისისათვის „თემურ-ტრაიბალურმა“ ღირებულებებმა სხვა რეზერვუარი იპოვა ეკლესიის სახით, ოღონდ მან ამჯერად დამატებით საკრალურ-რელიგიური მნიშვნელობა შეიძინა. ამგვარმა ქცევის სტერეოტიპმა ხელი შეუწყო წესრიგისა და თავისუფლების ყოველდღიური გაგების ფორმირებას, სადაც თავისუფლება აღიქმებოდა, როგორც ნეგატიური თავისუფლება, ხოლო წესრიგი - როგორც ტოტალიტარული წესრიგი და სრული მორჩილება. ვფიქრობ, აქ უნდა ვეძებოთ საქართველოს და, შესაძლოა ითქვას, პოსტსაბჭოთა ქვეყნების საერთო პრობლემა. კერძოდ ის, რომ მოქალაქეებს თავისუფლება ესმით, როგორც ნეგატიური თავისუფლება და წესრიგი - როგორც ბოროტება, ხოლო მმართველი ელიტის წარმომადგენლები გადაჭარბებულად ზრუნავენ წესრიგზე და თავისუფლებას ნაკლებ მნიშვნელობას არ ანიჭებენ.

ვარდების რევოლუციის შემდეგ, ძირითადი შეტევა სწორედ ამ „გემანშაფტურ“ ღირებულებებზე მოხდა. უმაღლესი განათლების რეფორმამ, საჯარო მოხელეთა ატესტაციამ, პოლიციის სისტემის გარდაქმნამ, იუსტიციის სამინისტროს რეფორმებმა და სხვა თანმხლებმა პროცედურებმა მაქსიმალურად შეზღუდა ფორმალურ, „გეზელშაფტურ“ ურთიერთობებში არაფორმალური, ემოციური ქცევის წესების ინტერვენცია. მაგრამ პროცესი არ დასრულებულა. ეკლესიის და, ზოგადად, მასში ინკლუზირებული ნაციონალისტურ-ეთნიკური, „თემურ-ტომობრივი“ ღირებულებებისა და წარმოდგენების, შესაბამისად კი, მოქმედების ხერხებსა და სტრატეგიებს ძალა არ დაუკარგავთ. მასთან ახალი ლიბერალური, სამოქალაქო-ნაციონალური კონცეფციების დაპირისპირება-კონფრონტაცია ქმნის იმ ჩარჩოს, რომლის შიგნითაც მოძრაობენ პოლიტიკური ელიტები.

დღეს, შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე საქართველოში ნებისმიერი თანამედროვე ლიბერალი პოლიტიკოსი, პოლიტიკური ელიტის წარმომადგენელი ელექტორატის გულის მოსაგებად იძულებულია ეთნიკურ-ნაციონალისტურ დისკურსს ანგარიში გაუწიოს, იპოვოს ერთგვარი ოქროს შუალედი ლიბერალურ-სამოქალაქო დისკურსსა და ეთნიკურ-ნაციონალისტურ დისკურსს შორის. აქედან ჩვენ ვიღებთ პოლიტიკური ელიტის ორსახა იანუსს, რომელიც ელექტორატის გულის მოსაგებად იძულებულია, ერთდროულად ატაროს ორი ნიღაბი: „ლიბერალურ-დემოკრატიული“ და „ეთნიკურ-ნაციონალისტური“. ბალანსი ოდესმე დაირღვევა და საკითხი ლიბერალურ-დემოკრატიული დისკურსის სასარგებლოდ შეიძლება გადაწყდეს. ჩვენ დღეს მხოლოდ ასეთი რღვევის ნიშნებზე შეგვიძლია ვილაპარაკოთ.

7 უშაქრო ცხოვრების გაკვეთილები ძიძა სახელმწიფოსგან

▲ზევით დაბრუნება


საზოგადოება

ლევან სუთიძე

0x01 graphic

ალბათ უკეთესია იცხოვრო ავაზაკი ბატონების ძალაუფლების ქვეშ, ვიდრე ყოვლისშემძლე მორალისტი აბეზრების. ბატონების ულმობლობა ხანდახან თვლემს, მაგრამ ისინი ვინც გვაწამებენ ჩვენივე სიკეთისთვის, გვაწამებენ დაუსრულებლად, რადგან ამას საკუთარი სინდისის კარნახით აკეთებენ.

კლაივ ლიუისი

ცოტა ხნის წინ, კალიფორნიელი მეცნიერები (UCSF) ამტკიცებდნენ, რომ შაქარი ადამიანის ორგანიზმს არანაკლებ ზიანს აყენებს, ვიდრე სიგარეტი და ალკოჰოლური სასმელი, ამიტომ, სახელმწიფომ მისი მოხმარება მკაცრად უნდა შეზღუდოს. „ბევრი თვლის, რომ შაქარი მხოლოდ „ცარიელი კალორიებია“. სინამდვილეში, სულ უფრო მეტი კვლევა ადასტურებს, რომ ფრუქტოზას შეუძლია ღვიძლის ტოქსიკურობა და სხვა მრავალი ქრონიკული დაავადება გამოიწვიოს - მცირე დოზებით მიღება პრობლემა არ არის, მაგრამ ბევრი - ნელ სიკვდილს იწვევს“. მკვლევრები გაეროს მონაცემებზე დაყრდნობით ამბობენ, რომ უკანასკნელი 50 წლის მანძილზე შაქრის მოხმარება სამჯერ გაიზარდა, რამაც ხელი შეუწყო „სიმსუქნის პანდემიას“. სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლის გამო, არასწორი კვება, სიგარეტი და ალკოჰოლი გაეროს მიერ მსოფლიო მოსახლეობის ჯანმრთელობის ყველაზე დიდ მტრებად არიან გამოცხადებული. მკვლევრები ამ პრობლემის მოსაგვარებლად გვთავაზობენ, სიგარეტისა და ალკოჰოლის მსგავსად, შაქარზეც გავზარდოთ გადასახადები და შაქრისშემცველ პროდუქტებზე ასაკობრივი ზღვარი დავაწესოთ. ეს ნიშნავს, რომ არასრულწლოვნები მშობლების გარეშე ვერ იყიდიან ტკბილეულს, რომელიც ჩვენს წარმოდგენებში სწორედ საბავშვო საკვებად დამკვიდრდა. ამბიციურმა მოთხოვნამ კიდევ ერთხელ წარმოშვა დისკუსია, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს როგორც ამგვარი კვლევების სანდოობას, ისე კვების პროდუქტებზე სახელმწიფო რეგულაციების მიზანშეწონილობას. მეცნიერებმა გამოთქვეს მოსაზრება, რომ განსხვავებით სიგარეტის მავნე ზემოქმედებისგან, რომელსაც კონცენტრირებული ეფექტი აქვს და ზუსტად შეიძლება დავადგინოთ მიზეზ-შედეგობრივი კავშირი მოწევასა და სიკვდილიანობას შორის, - იმავეს გაკეთება შეუძლებელია შაქრის, მარილისა თუ სხვა საკვები პროდუქტების შემთხვევაში. გამორიცხული არ არის, რომ მავნე და ტოქსიკური ეფექტი ნამდვილად არსებობს, ამას კვლევებიც უმაგრებს ზურგს, მაგრამ მაღალი სიკვდილიანობის შესახებ დასკვნა, შეუძლებელია, იყოს ფაქტი. სიკვდილიანობაზე სხვა ბევრი ფაქტორიც ახდენს გავლენას - სანამ თითოეული მათგანის იზოლირებას არ შევძლებთ, რაც მხოლოდ საზოგადოების ლაბორატორიულ პირობებში მოთავსებითაა შესაძლებელი, მაღალი სიზუსტით რისამე მტკიცება არამეცნიერულია.

ამასთან, რომც შევძლოთ კონკრეტული გავლენის ზუსტი დადგენა, არ გვაქვს გარანტია, რომ საკვები ნივთიერების რაციონიდან მასობრივად ამოღება ადამიანთა ჯანმრთელობას სხვა ზიანს არ მიაყენებს. არავინ იცის, რა გაუთვლელ შედეგებს მივიღებთ, როცა მოსახლეობა გარკვეულ ნივთიერებას მოიკლებს. არც ის ვიცით დანამდვილებით, რომ წამალი ავადმყოფობაზე უარესი არ აღმოჩნდება. მსგავსი განუთვლელი შედეგებისგან საზოგადოება თავს დეცენტრალიზაციით იცავდა: შანსი, რომ კონკრეტული ადამიანი ან ჯგუფი შეცდეს, რასაკვირველია, არსებობს მაშინაც, როცა მოსახლეობის თითოეული წევრი და ოჯახი საკუთარ ბედს თავად განკარგავს და საკუთარ შვილებსაც არჩევანის მიხედვით განუსაზღვრავს მენიუს - მაგრამ ამ შეცდომის შედეგები მთელ საზოგადოებაზე არ ვრცელდება. ამის საპირისპიროდ, მეტად სარისკოა სახელმწიფოს მიზანმიმართული მცდელობა, გამოიყენოს ერთი იდეალური მეთოდი - საფრთხის ქვეშ შეიძლება მთელი საზოგადოება აღმოჩნდეს და ფატალური შედეგები მივიღოთ, რადგან მოცემულ შემთხვევაში, ყველა კვერცხი ერთ კალათაში მოვათავსეთ და თუ ეს უკანასკნელი საკმარისი გამძლეობის არ აღმოჩნდება, ყველა ერთად გატყდება.

თემის აქტუალობას დიდწილად ის განსაზღვრავს, რომ მკვლევრების ინიციატივა ერთი ჯგუფის კერძო მოსაზრება არ არის. მაგალითად, ნიუ იორკის მერმა ბლუმბერგმა გაეროს შემოდგომის სესიაზე განაცხადა, რომ „სახელმწიფოს უმაღლესი ვალდებულებაა“, მოქალაქეებს ჯანმრთელობის პრობლემები შეზღუდვების გზით მოუგვაროს. ამერიკაში უკვე ელიან მარილზე შემოღებულ რეგულაციებს, რომელიც მიზნად ისახავს მისი მოხმარების მნიშვნელოვნად შემცირებას რესტორნებსა და შეფუთულ პროდუქტებში. ცოტა ხნის წინ, იმავე მიმართულების მკვლევრების მტკიცებით, არაალკოჰოლურ სასმელებზე „ერთ უნციაზე ერთი ცენტი“ გადასახადების ზრდით, 2600 ადრეულ სიკვდილს აიცილებდნენ თავიდან - მხოლოდ იმიტომ, რომ ასე, ზრდასრული ამერიკელები ათი კალორიით ნაკლებს მიიღებდნენ. ამგვარი გადასახადები უკვე შემოიღეს ამერიკის არაერთ შტატში არაალკოჰოლურ სასმელებზე. კანონი არსებობს საფრანგეთში, საბერძნეთსა და დანიაშიც - მათი მიზანი „სიმსუქნის პანდემიის“ შემცირებაა. თუმცა კვლევებმა გადასახადის ზრდის შემდეგ მოხმარების მნიშვნელოვანი კლება ვერ დაადასტურეს. როგორც ჩანს, მას, ვისაც საყვარელი სასმელის დალევა სურს, მასში გაზრდილი ფასის გადახდაც არ ენანება.

კვების გარშემო ატეხილი ისტერიის მაგალითად, ამერიკის პირველი ლედის აქტივობაც გამოდგება: მიშელ ობამა სათავეში უდგას ბავშვთა სიმსუქნის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას, რომლის ფარგლებშიც სკოლებში ბავშვებს სახელმწიფოს მიერ ჯანსაღად მიჩნეული საკვები ურიგდებათ. ცნობილი გახდა ისეთი ფაქტებიც, როცა სახელმწიფო კვების ინსპექტორი სკოლებში ბავშვებს შინიდან წამოღებული საკვების ჭამას უკრძალავს, რადგან ეს პროდუქტისა და წამლის ხარისხის მართვის ადმინისტრაციის დადგენილ სტანდარტებს არ შეეფერება. „მას შემდეგ, რაც ჩემს გოგონას არ მისცეს საშუალება, ეჭამა მისთვის საყვარელი საჭმელი, რომელსაც მე საგანგებოდ ვუმზადებ ყოველ დილით, სკოლის ადმინისტრაციამ გამომიგზავნა წერილი, სადაც მასწავლიდნენ, როგორ უნდა ვკვებო ჩემი შვილი“, - წერდა აღშფოთებული დედა, - „წერილში ასევე ეწერა, რომ რადგან მე არ ვარ სოციალურად დაუცველი და ვერ ვისარგებლებ სახელმწიფო ჯანსაღი პროდუქტის უფასო სიკეთით, ფული უნდა გადავიხადო იმ საჭმელში, რომელსაც ჩემს შვილს სკოლა სთავაზობს და მას საშინლად არ მოსწონს“.

თავისთავად, ამგვარი რეგულაციების დაწესება მნიშვნელოვნად ზღუდავს სამომხმარებლო არჩევანს და პიროვნების თავისუფლებას. ყოველი ინდივიდი საკუთარი რისკებისა და სურვილის მიხედვით განსაზღვრავს, რა უღირს: სნიკერსის ყველაზე დიდი პორციის - The King Size-ს ჭამა, რომლის კალორიათა შემცირების გადაწყვეტილებაც კომპანიამ ცოტა ხნის წინ მიიღო, თუ ზედმეტი წონით საკუთარი შრომისუნარიანობისა და ჯანმრთელობის დაზარალება. როცა სახელმწიფო საკუთარ თავზე იღებს განსაზღვროს, რა არის მოქალაქეებისთვის უკეთესი, ის ისლამურ ქვეყნებში არსებულ მუტავინის „ცოდვის აღკვეთისა და სათნოების გავრცელების“ კომიტეტს ემსგავსება, რომელიც მოქალაქეთა ქცევაზე კონტროლს აწესებს. მართალია, ზედმეტი წონა და კარგი ჯანმრთელობა უფრო ხელშესახები რამაა, ვიდრე ცოდვა და სათნოება, მაგრამ პრინციპი იგივეა. ასეთი სახელმწიფო საბოლოოდ ძიძად იქცევა, რომელიც ზრდასრულ მოქალაქეებს ბავშვებად, ხოლო მათ ბავშვებს საკუთარ შვილებად განიხილავს.

8 პოზიტიური დისკრიმინაცია, როგორც რასიზმი

▲ზევით დაბრუნება


საზოგადოება

ნინო მაჭარაშვილი

უმცირესობების, რასობრივი, ეთნიკური თუ სქესობრივი ჯგუფების ინტეგრაცია, ანტიდისკრიმინაციული მიდგომების შემუშავება დღემდე მტკივნეული და ფაქიზი საკითხია. „ჩვენი დროის ბრძოლა ადამიანის უფლებებისათვის” - ხანდახან ასეც მოიხსენიებენ ე.წ. Affirmative Action-ს, იგივე პოზიტიურ დისკრიმინაციას.

რამდენიმე დღის წინ აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ განსახილველად მიიღო საქმე - ფიშერი ტექსასის უნივერსიტეტის წინააღმდეგ. პროცესი ოქტომბერში გაიმართება და შესაძლოა, დაასრულოს პოზიტიური დისკრიმინაციის პრაქტიკა, რომელსაც აშშ-ის უნივერსიტეტები ათწლეულებია მიმართავენ. საგანმანათლებლო დაწესებულებების ნაწილი სტუდენტებს რასაზე დაფუძნებული კრიტერიუმებით იღებს - „განსხვავებულობის” მიღწევისა და შენარჩუნების მოტივით. ამრიგად, სერიოზული გამოწვევის წინაშე დგება 2003 წელს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. მაშინ, უმაღლეს საჯარო საგანმანათლებლო დაწესებულებებში რასობრივი ნიშნით წარმოებული პოლიტიკა, ლეგალურად ცნეს.

აშშ-ში პოზიტიური დისკრიმინაცია ხშირად გამხდარა სასამართლო განხილვების საგანი. 1990-იანი წლების ბოლოს რასობრივი ნიშნით უპირატესობის მინიჭების მაჩვენებელმა იკლო - ფედერალურმა სასამართლომ პოზიტიური დისკრიმინაცია ანტიკონსტიტუციურად მიიჩნია და ტექსასის უნივერსიტეტში გააუქმა. არსებობდა მოლოდინი, რომ პოზიტიურ დისკრიმინაციას უზენაესი სასამართლო ანტიკონსტიტუციურად გამოაცხადებდა. ის შეუსაბამოა კონსტიტუციის მე-14 შესწორებასთან, რომელიც თანასწორობასა და კანონის მიერ ყველას თანაბრად დაცვას გულისხმობს. თუმცა, 2003 წელს, უზენაესმა სასამართლომ პრინციპი ძალაში დატოვა. დღეისთვის სასამართლოს შემადგენლობა შეცვლილი და, საერთო ჯამში, მეტად კონსერვატიულია - ცენტრისტი სანდრა დეი ო'კონერი კონსერვატორმა სემუელ ალიტომ შეცვალა. ფიშერის საქმემ კვლავ გააჩინა მოლოდინი, რომ უზენაესი სასამართლო პოზიტიურ დისკრიმინაციას გააუქმებს, ან კიდევ უფრო შეავიწროებს მის გამოყენებას.

პოზიტიური დისკრიმინაცია სახელმწიფოს მიზანმიმართულ პოლიტიკას გულისხმობს. მისი მიზანი რასობრივი, სქესობრივი თუ სხვა ჯგუფების დისკრიმინაციის აღმოფხვრაა. მთავარი დაშვება ამგვარია: ჯგუფები, რომლებიც წარსულში დისკრიმინაციის მსხვერპლნი იყვნენ, დახმარებას საჭიროებენ. ამისათვის მათ უპირატესობა უნდა მივანიჭოთ - იქნება ეს კარიერული წინსვლის ხელშეწყობა, საგანმანათლებლო დაწესებულებებში გამოყოფილი კვოტები და სტიპენდიები თუ სხვა სოციალური ბენეფიტები. ამ გზით სხვადასხვა დისკრიმინებული ჯგუფისთვის სამუშაოს მიღებისა და განათლების შესაძლებლობები უნდა ამაღლდეს.

პირველად ტერმინი „Affirmative Action“ 1961 წელს, პრეზიდენტმა კენედიმ გამოიყენა. მისივე პრეზიდენტობის დროს დაიწყო პოზიტიური მოპყრობის დანერგვა შრომით სფეროში - დამქირავებელს მხედველობაში არ უნდა მიეღო დაქირავების კანდიდატის კანის ფერი, რასობრივი თუ რელიგიური კუთვნილება. რამდენიმე წელიწადში დისკრიმინირებულთა სიას სქესის კრიტერიუმიც დაემატა. დღესაც, მწვავე დებატი ამ თემის გარშემო ფუნდამენტური ღირებულებების ჩარჩოში მიმდინარეობს. მთავარი კითხვაა: ვინ იბრძვის რეალურად ადამიანის უფლებებისთვის - ის, ვინც პოზიტიური დისკრიმინაციის მომხრეა, თუ პირიქით - ვინც ეწინააღმდეგება?

პოზიტიური დისკრიმინაციის სასარგებლოდ ამგვარ არგუმენტებს იშველიებენ: მიზანმიმართული პოლიტიკა კანის ფერისადმი „ბრმა“ საზოგადოებას დაბადებს და, საბოლოოდ, დისკრიმინაციის დასასრულთან მიგვიყვანს - სარგებელი ბევრად მეტია, ვიდრე სოციალური და ფსიქოლოგიური ფასი, რასაც მისი ფუნქციონირება საჭიროებს. მომხრეები გარკვეულ „უპირატესობას“ ფლობენ იმ თვალსაზრისით, რომ მორალისტური არგუმენტებით სპეკულირება შეუძლიათ - ვინც „დაჩაგრულთა” პრივილეგირებას არ ემხრობა, მას დისკრიმინაციის დასრულებაც არ სურს, შესაბამისად - რასისტია. ამ ფონზე, პოლიტკორექტულობით ზედმეტად გატაცებულ მსოფლიოში, უნივერსიტეტებისთვის გარკვეულწილად მომგებიანია შერჩევითი პოლიტიკის წარმოება. ასე „არადისკრიმინაციულის“ იმიჯი გარანტირებული ექნებათ. მოკლევადიან პერიოდში, ეს შესაბამისი ჯგუფებისთვისაც ხელსაყრელია - კონკურენციის დასაძლევად ნაკლები, ან ნულოვანი ძალისხმევა სჭირდებათ.

პოზიტიური დისკრიმინაციის განსხვავებული მხარეები, აშშ-ის განათლების სისტემაში მისი დანერგვის მაგალითზე კარგად ჩანს. შტატებში რასობრივი პრობლემები დღემდე აქტუალურია, მიუხედავად იმისა, რომ შავკანიანი მოსახლეობის ნახევარზე მეტი ამჟამად საშუალო ფენას შეადგენს. პრობლემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მხარე საგანმანათლებლო სისტემაში შავკანიან სტუდენტთა დაბალი მოსწრებაა. პოზიტიური დისკრიმინაციის დამსახურებით, უმაღლეს სასწავლებლებში მეტი შავკანიანი ირიცხება, მაგრამ დაბალია მათი აკადემიური შედეგები. ამრიგად, განათლების სფერო პოზიტიური მოქმედების პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა.

0x01 graphic

პოზიტიური დისკრიმინაციის აპოლოგეტები ხშირად აღნიშნავენ, რომ მომავალში ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისათვის განათლების მიღება მნიშვნელოვანია. რასობრივი ნიშნით სტუდენტებისთვის უპირატესობის მინიჭებას კი ამ ჯგუფებისთვის კონკრეტული სარგებელი მოაქვს. ამავე მოსაზრებით, ხელშეწყობის გარეშე ამერიკული უნივერსიტეტები სეგრეგაციული გახდებოდა, ხოლო აფრო-ამერიკელ სტუდენტთა რიცხვი 60-70%25-ით შემცირდებოდა. მსგავს გათვლებს დებატის მეორე მხარე კონტრარგუმენტად განიხილავს: სტუდენტთა შესაძლო შემცირება მიუთითებს არა არასასურველ მომავალზე, არამედ არასასურველ აწმყოზე - მათი რიცხვი მეტია, ვიდრე თანაბარ პირობებში უნდა იყოს.

დაბალ აკადემიურ მოსწრებასთან ერთად, მაღალია აფრო-ამერიკელთა და ლათინოამერიკელთა სასწავლებლიდან გარიცხვის მაჩვენებლებიც. თანაც ამ პრობლემის დაძლევას სახელმწიფოს დიდი ძალისხმევა და ფინანსები ხმარდება. ოპონენტთა აზრით, მიზეზი სწორედ პოზიტიურ დისკრიმინაციაში უნდა ვეძებოთ. შავკანიანი სტუდენტები უნივერსიტეტებში ნაკლები ქულებით ირიცხებიან - ეს, აკადემიური მომზადების თვალსაზრისით, შესამჩნევ ნაპრალს აჩენს სხვადასხვა რასის სტუდენტებს შორის და დაბალ აკადემიურ მოსწრებას განაპიროებს. კვლევები აჩვენებს, რომ სტუდენტები ბევრად მარტივად ამთავრებენ უნივერსიტეტს, როდესაც სწავლის დასაწყისში თანაბარი აკადემიური უნარები აქვთ. საბოლოოდ, პოზიტიური მოპყრობა ზრდის იმავე აფრო-ამერიკელი სტუდენტების სასწავლებლიდან გარიცხვის მაჩვენებელს - მათი მომზადება და სასწავლებლის შემდგომი მოთხოვნები ერთმანეთს არ ემთხვევა.

ცუდ ნიშნებს ხშირად რასობრივი ჯგუფების სიღარიბესაც მიაწერენ. ფინანსურ წარუმატებლობას მემარცხენე ფრთის წარმომადგენლები „სტრუქტურულ რასიზმს” აბრალებენ. რეალურად, შედარებითი სიღარიბის და განუვითარებელი აკადემიური უნარების მიზეზი ბევრად „მე ვოცნებობ, რომ ჩემმა ოთხმა შვილმა ერთ დღეს იცხოვროს საზოგადოებაში, სადაც მათ განსჯიან არა კანის ფერის, არამედ მათი შესაძლებლობების მიხედვით.“ — მარტინ ლუთერ კინგი ღრმაა, ვიდრე წარსული დისკრიმინაცია, რომელიც ახლა პოზიტიურით უნდა დაბალანსდეს. მისი ფესვები ამ ჯგუფში გაბატონებულ სოციალურ ნორმებში, პრაქტიკებსა და ინსტიტუტებში უნდა ვეძებოთ.

შავკანიანი მოსახლეობის პრობლემების, მათ შორის სიღარიბის, ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი ოჯახის ინსტიტუტის სისუსტეა. სოციოლოგიური კვლევების მიხედვით, დაბალი აკადემიური მოსწრების, ისევე როგორც ეკონომიკური წარმატებისა და კანონმორჩილების მთავარ განმსაზღვრელს ის ოჯახი წარმოადგენს, რომელშიც ორივე მშობელია. აფრო-ამერიკულ მოსახლეობაში ქორწინების გარეთ დაბადებულ ბავშვთა პროცენტული მაჩვენებელი ძალიან მაღალია - მათი 4/5 უმამოდ იზრდება. სწორედ ამ ჯგუფს აქვს პრობლემები კანონთან, სწავლასთან და ფინანსური კეთილდღეობის მოპოვებასთან. სრულფასოვანი ოჯახის პირობებში, შავკანიანები თეთრკანიანების თანაბარ წარმატებას აღწევენ.

ზოგიერთი მკვლევრის მოსაზრებით, დაბალი სოციალური კაპიტალის (მათ შორის, ნდობის დაბალი რადიუსის) მიზეზები წარსულ დისკრიმინაციაშია საპოვნელი. შავკანიანებს კანონი თანაბრად არ იცავდა, რამაც ნდობისა და თვითორგანიზაციის უნარი შეამცირა. ამან საბოლოოდ მთელი რასობრივი ჯგუფის დესოციალიზაცია და დეცივილიზაცია განაპირობა. ამავე მოსაზრებით, პრობლემას პოზიტიური დისკრიმინაცია და სოციალური შემწეობები ვერ მოაგვარებს - რადგან შედეგებს, პრობლემის გარეგნულ გამოვლინებებს ებრძვის და არა მის მიზეზს. მეტიც, რიგ შემთხვევაში, მსგავსი მიდგომა პრობლემას აღრმავებს. მაგალითად, 60-იანი წლების შემდეგ, ქორწინების გარეთ დაბადებულ შავკანიანთა პროცენტული მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა. აღმოჩნდა, რომ პოზიტიურმა დისკრიმინაციამ და მარტოხელა დედებისათვის შემწეობების მიცემამ, შავკანიანებში ტრადიციული მორალის და ოჯახის ინსტიტუტის ეროზია გააღრმავა. ამას გარდა, სტატისტიკა ადასტურებს, რომ მეუღლეების თანაცხოვრებისას, მეტია იმის ალბათობა, რომ ორივე დასაქმებული იყოს. შესაბამისად, იზრდება უსახსრობისგან თავის დაღწევის შანსი. სოციალური შემწეობები, საბოლოო ჯამში, სიღარიბეს ახანგრძლივებს, რადგან შრომისმოყვარეობას ასუსტებს.

არსებობს არგუმენტი, რომ უნივერსიტეტებში პოზიტიური დისკრიმინაცია ფინანსურ მობილობას უწყობს ხელს. უმაღლეს განათლებამიღებულ სტუდენტებს მომავალში მეტი შემოსავალი აქვთ. საქმე ისაა, რომ შავკანიანები უფრო ხშირად ირჩევენ „ადვილ“ დისციპლინებს, ამიტომ დასაქმების ნაკლები შანსები და დასაქმების შემთხვევაში, დაბალი ხელფასი აქვთ. ამას გარდა, კვლევები და მონაცემთა შედარება აჩვენებს, რომ ასეთი უნივერსიტეტების სტუდენტები სულაც არ გამოიმუშავებენ მეტს, ვიდრე იმ სასწავლებლების, რომლებიც გარკვეული ნიშნებით, სტუდენტებს პრივილეგიებს არ ანიჭებენ.

პოზიტიური დისკრიმინაციით გამოწვეული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა რასობრივი ნიშნით სეგრეგაციაა. მაგალითად, უნივერსიტეტში ერთი ჯგუფისთვის პრივილეგიების მინიჭება აჩენს ნაპრალს სტუდენტებთან, რომელთაც მაქსიმუმს სთხოვენ. საბოლოოდ, ეს ერთმანეთის მიმართ უნდობლობაში გადაიზრდება. კვლევების მიხედვით, თეთრკანიანი და აზიელი სტუდენტების უმრავლესობას პოზიტიური დამოკიდებულება აქვს სხვა რასობრივი ჯგუფის სტუდენტების მიმართ. თუმცა ფიქრობენ, რომ პოზიტიური დისკრიმინაციის გარეშე, შავკანიანი სტუდენტები უნივერსიტეტში ვერ მოხვდებოდნენ. ეს, თავის მხრივ, ამ უკანასკნელთა სტიგმატიზებასა და იზოლაციას იწვევს - მოქმედებს თვითშეფასებაზე და დაბალი აკადემიური მაჩვენებლის დამატებით მიზეზად იქცევა.

ხშირად ადამიანებს დამსახურება ეკარგებათ - შესაძლოა, წარმატებას საკუთარი უნარებით, ნიჭითა და კონკურენტუნარიანობით მიაღწიონ, მაგრამ საზოგადოება ამას აკნინებს. დომინანტი ჯგუფები თავს მორალურად აღმატებულად გრძნობენ. სხვები კი მიიჩნევიან ადამიანებად, რომელთაც წარმატებას მხოლოდ „თეთრების“ მოწყალებით მიაღწიეს. გამოდის, რომ მათგან ნაკლებს მოელიან და ცოტას ითხოვენ - გაუცნობიერებლად, აქცენტი ამ ჯგუფის სისუტეებზე კეთდება და არა ძლიერ მხარეებზე. მაგალითად, არავის მოუვა აზრად, შოუბიზნესის ან სპორტის სფეროში შავკანიანთა წარმატება კვოტებით გაამაგროს. ამ შემთხვევაში კარგად ჩანს, რომ მსგავსი ღონისძიებების გარეშეც, საზოგადოება არც ისე რასისტულია.

ამიტომაა, რომ ხშირად პოზიტიურ დისკრიმინაციას რასიზმის გამოვლინებად მიიჩნევენ. სახელმწიფოს ძალდატანებითი თუ ნებაყოფლობითი პროგრამები რასობრივ კრიტერიუმებს ბიზნესებს, საჯარო სამსახურებს და უნივერსიტეტებს ახვევს თავს. ეს ორგანიზაციებს ფინანსურადაც ძვირი უჯდებათ. ამას გარდა, დამსახურებების მაგიერ, კადრის რასობრივი და გენდერული ნიშნით აყვანა, ადამიანური რესურსების თვალსაზრისითაც წამგებიანია. ინდივიდების კატეგორიზაცია რასის ან რაიმე სხვა ნიშნის მიხედვით ხდება. ეს პრინციპი უკვე რასიზმადაც შეიძლება შეფასდეს.

„მე ვოცნებობ, რომ ჩემმა ოთხმა შვილმა ერთ დღეს იცხოვროს საზოგადოებაში, სადაც მათ განსჯიან არა კანის ფერის, არამედ მათი შესაძლებლობების მიხედვით“ - სხვათა შორის, ეს სიტყვები აშშ-ში 60-იანი წლების სამოქალაქო მოძრაობის ლიდერის, მარტინ ლუთერ კინგის ცნობილი გამოსვლიდანაა - „მე მაქვს ოცნება“.

9 პიტერ კლაინი: ისტორიული გამოცდილება აჩვენებს, რომ მთავრობა აქტიური მენეჯერის როლში სუსტია

▲ზევით დაბრუნება


ეკონომიკა

ესაუბრა ელენე კვანჭილაშვილი

0x01 graphic

უკვე ერთი კვირაა თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში ლექციებს მისურის უნივერსიტეტის პროფესორი, მრავალი წიგნისა და პუბლიკაციის ავტორი პიტერ კლაინი კითხულობს. მისი კვლევისა და ინტერესის ძირითადი სფეროებია მეწარმეობა, ბიზნესგანათლება, სტრატეგია. მეწარმეობის მნიშვნელობაზე, მახასიათებლებზე, ბიზნესგანათლების თავისებურებებზე, ბიზნესის სოციალურ პასუხისმგებლობასა და სხვა საინტერესო თემებზე დოქტორი კლაინი ტაბულას ესაუბრა.

  • რას ნიშნავს ტერმინი მეწარმეობა და რა ევოლუცია განიცადა მისმა განსაზღვრებამ დროთა განმავლობაში?

მეწარმეობის შესახებ ბევრს წერენ და უფრო მეტს ლაპარაკობენ. მთავრობა თუ არასამთავრობო ორგანიზაციები ხშირად გვახსენებენ, თუ რამდენად აუცილებელია ქვეყანაში, განსაკუთრებით კი გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში, მეწარმეობის განვითარება ეკონომიკური ზრდისთვის. სამწუხაროდ, ხშირად ისე მიმოიხილავენ ამ საკითხს, რომ ზუსტად თვითონაც არ აქვთ განსაზღვრული, რას გულისხმობენ. თვითონ ტერმინი - მეწარმე კარგად ჟღერს. ინგლისურ ენაში, მაგალითად, ეს კომპლიმენტად აღიქმება. თუ ვინმეს ეუბნებით, რომ ანტრეპრენერია, ე.ი. გულისხმობთ, რომ გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი აქვს, ნოვატორი და ინიციატივიანი პიროვნებაა. ტერმინის განმარტებას უფრო მეცნიერულად თუ მივუდგებით, ის შეიძლება გულისხმობდეს, როგორც ინდივიდებს, ისე კომპანიებს: მაგალითად, თვითდასაქმებულები, ახალი კომპანიების მფლობელები ან ნოვატორი კომპანიები, მცირე ფირმები, რომლებმაც მოკლე დროში მოახერხეს გაზრდა. ტერმინი ზოგჯერ აბსტრაქტული მნიშვნელობითაც გამოიყენება: შემოქმედებითობა, რესურსების განაწილების თუ გადაწყვეტილების მიღების უნარი. ყოველთვის, განსაკუთრებით კი, როცა ამ ტერმინს პოლიტიკოსი ახსენებს, კარგია, ვთხოვოთ, განმარტოს, რას გულისხმობს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში.

  • ყოველდღიურ საუბარში, მეწარმე და ბიზნესმენი პრაქტიკულად სინონიმებია. თუმცა თქვენს წიგნში „კაპიტალიზმი და მეწარმეობა” ამ ცნებებს ერთმანეთისგან მიჯნავთ. რატომ?

ბიზნესმენად შეიძლება ჩაითვალოს ყველა, ვისაც ბიზნესთან რაიმე შეხება აქვს - მაგალითად, მენეჯერი ან ჩვეულებრივი თანამშრომელი. მეწარმე, როგორც წესი, ამაზე მეტია: ეს არის ადამიანი, რომელსაც მნიშვნელოვან რესურსებზე მიუწვდება ხელი და თვითონ იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას, ეს რესურსები როგორ განაწილდეს. ჩემს წიგნში ამ ადამიანის მთავარი ფუნქცია რისკების მართვაა - იქნება ეს ბაზრის, პოლიტიკური თუ სხვა ტიპის რისკი. მეწარმე კრიტიკულ ვითარებაში იღებს გადაწყვეტილებას. ეს განასხვავებს მას ჩვეულებრივი ბიზნესმენისგან. მეორე მხრივ, შეგვიძლია ვიდავოთ, რომ თითოეული ჩვენგანი ყოველდღიურად იღებს ასეთ გადაწყვეტილებებს. მართალია. თუმცა როცა მეწარმეობას შევისწავლით, მისი მასშტაბი გვაინტერესებს - ისეთი გადაწყვეტილებები, რომელთაც ბევრი ადამიანის ცხოვრებაზე აქვთ გავლენა და ეკონომიკის ზრდა მოაქვთ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პიტერ კლაინი, როგორც ანტრეპრენერი, ნაკლებად საინტერესოა, ვიდრე ბილ გეიტსი ან სტივ ჯობსი. ეს ადამიანები ეკონომიკისთვის ბევრად უფრო წონიანი ფიგურები არიან.

  • თვითდასაქმება ახსენეთ. საქართველოში თვითდასაქმების დონე უფრო მაღალია, ვიდრე დაქირავებით დასაქმების. თუ შეგვიძლია ამის მიხედვით ვიმსჯელოთ საქართველოში მეწარმეობის დონის განვითარების შესახებ?

ზოგიერთი კვლევა აქცენტს ფინანსურ სექტორზე აკეთებს. რაც უფრო მეტია საწარმოო კაპიტალი, მით უფრო განვითარებულია ქვეყანაში მეწარმეობა. თქვენს კითხვას რომ ვუპასუხო, თვითდასაქმებასა და მეწარმეობის დონეს შორის კავშირი ნამდვილად არის, თუმცა - არასრულყოფილი. რა თქმა უნდა, თვითდასაქმებულებს მეტი ხარისხით უწევთ გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება, რისკების შეფასება, შესაძლებლობების დანახვა, რესურსების იდენტიფიცირება და შემდეგ მათი ეფექტიანი განაწილება. თუმცა ბაზარზე სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორებიც მოქმედებს.

  • არსებობს ინდიკატორები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებში ზომავს როგორც მეწარმეობის განვითარების დონეს, ისე გარემოს. რამდენად შედარებადია ეს მაჩვენებლები?

არსებობენ ორგანიზაციები, რომლებიც სწორედ ამ საქმით არიან დაკავებულნი. მაგალითად - მსოფლიო ბანკი. ეს ორგანიზაცია განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ბიზნესის დაწყების სიმარტივეზე და იმ ინსტიტუციონალურ თუ მარეგულირებელ გარემოზე, რომელიც ამ მიზანს ან ამარტივებს ან ართულებს. ამ შემთხვევაში წამყვანი ინდიკატორებია: ბიზნესის დაწყების დრო, პროცედურების რაოდენობა, ხარჯი. სხვათა შორის, საქართველოს საკმაოდ კარგი პოზიცია უჭირავს: აქ ბიზნესის დაწყება უფრო ადვილია და უფრო იაფი, ვიდრე ვთქვათ საფრანგეთში, ან იგივე შეერთებულ შტატებში. თუ ჩვენ ჩავთვლით, რომ ახალი ბიზნესების გაჩენა ქვეყანაში მნიშვნელოვანია მისი ეკონომიკური ზრდისთვის, მაშინ ხელს შევუწყობთ ისეთი გარემოს ჩამოყალიბებას, რომელიც ამას ამარტივებს. მსოფლიო ბანკი და მსგავსი ორგანიზაციები სწორედ ასეთი ხელსაყრელი გარემოს იდენტიფიცირებას ახდენენ.

  • რადგან ინდექსები ახსენეთ, ჩაგეკითხებით. საქართველოს მართლაც კარგი ქულები აქვს იმ ინდექსებში, რომლებიც ლიბერალურ ბიზნესგარემოს ზომავს. თუმცა მოიკოჭლებს იქ, სადაც წამყვანი ინოვაციაა. დაბალი ინოვაციურობის ეს ტენდენცია ზოგადად განვითარებადი ქვეყნებისთვის არის დამახასიათებელი. როგორ ფიქრობთ, რა არის ამის მიზეზი და როგორია ინოვაციისთვის ხელსაყრელი გარემო?

0x01 graphic

გამართული კანონმდებლობა, ლიბერალური ბიზნესგარემო, საკუთრების უფლებების დაცულობა, მყარი ვალუტა, ეკონომიკაში მთავრობის მინიმალური ჩარევა - ეს ყველაფერი აუცილებელია ინოვაციისა და მეწარმეობის განვითარებისთვის და ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის. თუმცა შეიძლება - არასაკმარისი. ბოლო ორასი წლის ისტორიას თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ინდუსტრიული რევოლუციების პერიოდში მეწარმეობა ძალიან კარგად იყო განვითარებული. თუმცა ევროპაშიც, ინდუსტრიული რევოლუციის დროს და შეერთებულ შტატებშიც, განვითარების მოდერნიზაციულ და ინდუსტრიულ ეტაპებზე, ბევრი დიდი საწარმო მუშაობდა. ყველა ქვეყანაში, რომელმაც ეკონომიკური ზრდის მაღალ ტემპს მიაღწია, ადამიანების უმეტესობა მეწარმეები კი არა, სხვადასხვა ქარხნებში დასაქმებული მუშახელი იყო. მაშინდელი პირობები დღეს, რა თქმა უნდა, მიუღებელია - ადამიანებს აღარ სურთ ქარხანაში მუშად მუშაობა, მათ საკუთარი ბიზნესის მართვა ურჩევნიათ. და ამაში ცუდი არაფერია. თუმცა ჩვენ დაბეჯითებით მაინც ვერ ვიტყვით, რამდენად შეძლებს ქვეყანა, ეკონომიკური ზრდის მაღალ ტემპს მიაღწიოს მხოლოდ მცირე ბიზნესის განვითარებით და ახალი ბიზნესების გახსნით. იქნებ ამისთვის მეტი დიდი საწარმოა საჭირო, იქნებ მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია. ეს ჩვენ უბრალოდ არ ვიცით.

  • ვარდების რევოლუციის მთავარი გზავნილი იყო საქართველო კორუფციის გარეშე. მას შემდეგ, საერთაშორისო ინდექსების მიხედვით, კორუფციის აღქმა საქართველოში თითქმის 10-ჯერ შემცირდა. კიდევ რა ინსტიტუციური რეფორმებია საჭირო იმისთვის, რომ ქვეყანაში მეწარმეობისთვის ხელსაყრელი გარემო მივიღოთ?

კორუფციასთან ბრძოლა ნებისმიერი მთავრობის ნომერი პირველი ამოცანა უნდა იყოს. ეს გულისხმობს დაცულ საკუთრების უფლებებს, თავისუფალ ბაზარს, სადაც ადამიანებს შეუძლიათ შეზღუდვების გარეშე გაცვალონ საქონელი და სერვისი, დერეგულირებულ შრომით ბაზარს, სადაც დამსაქმებელი და დასაქმებული კონტრაქტის საფუძველზე აგვარებენ ურთიერთობას. ეს ყველაფერი მეწარმეებს ეხმარება აკეთონ ის, რაც მათ ყველაზე უკეთ გამოსდით: რესურსების მოძიება და განაწილება, ახალი პროდუქტების და სერვისების შეთავაზება, საწარმოების შექმნა ან მათი დაშლა და ა.შ. მე მხოლოდ ის მოდელი მაფიქრებს, სადაც მთავრობა აქტიურ მენეჯერად არის წარმოდგენილი. ამის საუკეთესო მაგალითია სილიკონის ველი კალიფორნიაში. აქ უამრავი მწარმოებელია და მათთვის ყველანაირი პირობა არსებობს წარმატებას მისაღწევად. ბევრი ქვეყნის მთავრობა უყურებს ამ ადგილს და აღფრთოვანებული ამბობს, რომ იმავეს მიღწევა თავის ქვეყანაშიც უნდა. და რას აკეთებს ამისთვის? ადგენს ათას გეგმას, მაგალითად, თბილისისთვის და ამბობს, ჩვენ მოვახდენთ გარკვეული ბიზნესების სუბსიდირებას, რომ ისინი აქ ჩამოვიდნენ და თავიანთი ბიზნესი აქ აწარმოონ - ჩვენ ავაშენებთ აქ მეწარმეობის და ბიზნესის სწავლებისას, ჩვენი როლი სახელმწიფოს როლის მსგავსი უნდა იყოს: შევქმნათ სათანადო გარემო იმისთვის, რომ ადამიანი ამ საკითხებით დაინტერესდეს და საკუთარი უნარების გამოცდა მოუნდეს. ინფრასტრუქტურას, ბიზნესინკუბატორებს, ლაბორატორიებს. ისტორიული გამოცდილება აჩვენებს, რომ მთავრობებს ამ ტიპის დაგეგმვა კარგად არ გამოსდით. სილიკონის ველის მსგავსი კლასტერები დამოუკიდებლად იქმნება. მათი დაგეგმვა პრაქტიკულად შეუძლებელია.

  • რა როლი აქვს მენეჯმენტის სწავლებას და ბიზნესგანათლებას?

მენეჯმენტი, ფართო გაგებით, ვფიქრობ, უნდა ისწავლებოდეს ზუსტად ისე, როგორც ისწავლება მათემატიკა, ლიტერატურა, ისტორია და სხვა საგნები. რაც შეეხება ბიზნესგანათლებას, ბევრ სტუდენტს ვასწავლი და ვფიქრობ, ისინი აუცილებლად უნდა ერკვეოდნენ ფინანსებში, ბუღალტერიაში, მარკეტინგის საფუძვლებში. თუმცა არა ვარ დარწმუნებული, რომ იმის სწავლება შეიძლება, თუ როგორ გახდება ადამიანი წარმატებული ბიზნესმენი ან მეწარმე. ტექნიკურ დონეზე, რა თქმა უნდა, შეიძლება ადამიანს ვასწავლოთ, როგორ აიღოს, მაგალითად, ლიცენზია იმისთვის, რომ ბიზნესის წამოწყების უფლება გაუჩნდეს. ამის სწავლება რთული არ არის, თუმცა შეგვიძლია თუ არა ვასწავლოთ - როგორ შეძლოს შემოქმედებითობა, როგორ შენიშნოს შესაძლებლობები, როგორ იფიქროს კრიტიკულად - ბოლომდე დარწმუნებული არ ვარ. აუცილებლად სამხატვრო სკოლა უნდა დაემთავრებინა პიკასოს, რომ დიდი მხატვარი გამოსულიყო? რაღაც არ მგონია, რომ ბევრი ადამიანი სერიოზულად ფიქრობდეს, თითქოს პიკასო იმიტომ არის პიკასო, რომ მან რომელიღაც სამხატვრო სკოლა დაამთავრა. რა თქმა უნდა - არა. ჩვენ ირგვლივ ძალიან ბევრია ისეთი წარმატებული ადამიანი, რომელსაც უმაღლესი განათლება საერთოდ არ მიუღია - მაგალითად, ბილ გეიტსი, ის კოლეჯიდან გააგდეს, დიპლომიც კი არ აქვს. სწორედ ეს მაფიქრებინებს, რომ მეწარმეობის და ბიზნესის სწავლებისას, ჩვენი როლი სახელმწიფოს როლის მსგავსი უნდა იყოს: შევქმნათ სათანადო გარემო იმისთვის, რომ ადამიანი ამ საკითხებით დაინტერესდეს და საკუთარი უნარების გამოცდა მოუნდეს. ეს არის მაქსიმუმი, რაც ამ სფეროში შეგვიძლია მათ შევთავაზოთ.

  • ჩვენი საუბარი რომ შევაჯამოთ, შეგვიძლია თუ არა ვთქვათ, რომ მეწარმეობა ეკონომიკური განვითარების მთავარი მიზეზია?

მე საკითხს ასე არ დავსვამდი. მეწარმეობა უდავოდ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. თუ მეწარმეობას ფართო მნიშვნელობით ვგულისხმობთ - კერძოდ, სწორი და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების უნარს - მაშინ, რა თქმა უნდა, სტაბილური ეკონომიკური განვითარებაც სწორედ ამას ნიშნავს. თუმცა აქ, ჩემი აზრით, კიდევ ერთი ფაქტორია გასათვალისწინებელი. ეს არის სოციალური ან არამომგებიანი საწარმოს ცნება - როცა ადამიანები ცდილობენ, მაგალითად, დაეხმარონ ღარიბებს ან დაავადებულებს, ან დაიცვან გარემო. ამ ტიპის საქმიანობა მშპ-ის და ეკონომიკური ზრდის ტრადიციულ ინდიკატორებში არ აისახება. მეორე მხრივ, შეიძლება ამ ადამიანებს ეკონომიკური განვითარება საერთოდ არ აინტერესებდეთ და მათთვის მთავარი იყოს გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება, ამით კმაყოფილების განცდა. ასეთი რამ ეკონომიკური ზრდის სტატისტიკურ მონაცემებში, რა თქმა უნდა, ვერ მოხვდება.

  • რადგან სოციალური საწარმოს ცნება ახსენეთ, ბოლო შეკითხვას დაგისვამთ. მოდაში შემოვიდა კომპანიებისთვის ე.წ. სოციალური პასუხისმგებლობის დაკისრება. თქვენ როგორ ფიქრობთ, რა არის ნებისმიერი საწარმოს მთავარი პასუხისმგებლობა?

ამ შემთხვევაში ცნობილი ეკონომისტის, მილტონ ფრიდმანის აზრს ვიზიარებ. მან ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა ერთ-ერთ სტატიაში გააკრიტიკა. რეალურად, ბიზნესმა ფული უნდა აკეთოს. ეს საქმე ყველაზე უკეთ გამოსდის. ფული შემდეგ კომპანიის მფლობელებთან, პარტნიორებთან, თანამშრომლებთან მიდის. მათ უნდა გადაწყვიტონ რა უყონ ამ ფულს - გაფლანგონ, დაზოგონ თუ გარემოს დაცვას ან სხვა სოციალურ მიზანს მოახმარონ. აქ მთავარია, რომ ამ ფულს ანაწილებს არა კომპანია, არამედ ცალკეული ინდივიდები, რადგან ფული რეალურად მათია. თუ დახარჯვა სოციალური მიზნებისთვის უნდათ, ან თუ კომპანია მათთან შეთანხმების საფუძველზე მიიღებს გადაწყვეტილებას, აქ პრობლემა არ არსებობს. მაგრამ თუ კომპანიისგან ვინმე მოითხოვს კონკრეტული მიზნისთვის თანხის დახარჯვას და ამისთვის სპეციალურ რეგულაციებს აწესებს - ჩემთვის ეს უკვე პრობლემაა. ვფიქრობ, ბიზნესს არ გამოსდის სოციალური პასუხისმგებლობის ეფექტიანი დემონსტრირება. მისი საქმე ფულის კეთება და ინდივიდებისთვის ამ თანხის დახარჯვის არჩევანის გაფართოებაა. ადამიანი ყველაზე კარგად გადაწყვეტს, როდის, როგორ და რაში დახარჯოს საკუთარი ფული.

10 შემოსავლები, ხარჯები და საარსებო მინიმუმი

▲ზევით დაბრუნება


ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი

მთავრობის სოციალური ბიუჯეტის გაზრდის მომხრეებს არგუმენტად ხშირად მოჰყავთ ფაქტი, რომ ქვეყანაში საარსებო მინიმუმი შემოსავლებზე უფრო მაღალია. ბოლო წლების ანალიზი აჩვენებს, რომ ეს ტენდენცია იცვლება.

ცხრილიდანაც კარგად ჩანს, რომ 2008-2010 წლებში, ერთ სულ მოსახლეზე, როგორც შემოსავლები, ასევე ხარჯი საგრძნობლად აღემატება საარსებო მინიმუმით გათვალისწინებულ თანხას. ამასთან, 2009 წლიდან ერთ სულზე შემოსავალი ხარჯებს აჭარბებს.

2001-2010 წლებში, საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი თითქმის 200%25-ით გაიზარდა. ყველაზე მაღალი წილი - 40%25 - დაქირავებული შრომიდან და თვითდასაქმებიდან მიღებულ შემოსავლებს აქვს. აქედან მიღებული შემოსავლები 2001-2010 წლებში 300%25-ით გაიზარდა.

მოქალაქის საერთო შემოსავლებში შემდეგი ყველაზე მაღალი წილი - 25%25 - სახელმწიფოსგან მიღებულ სხვადასხვა დახმარებებს, ფულად გზავნილებსა თუ ჩუქებით მიღებული ფულის წილს უჭირავს. ეს მაჩვენებელი 2001-2010 წლებში 600%25-ით გაიზარდა.

მოქალაქის საერთო შემოსავლის 10%25-ს აღემატება სესხების ან დანაზოგების გამოყენების წილი. ეს უკანასკნელი ამ პერიოდში ყველაზე მეტად - 700%25-ით გაიზარდა.

2001-2010 წლებში ხარჯებმა 100%25-ით მოიმატა. აქედან დაახლოებით 60%25-ით გაიზარდა სურსათის, სასმელისა და თამბაქოს ნაწარმის მოხმარებაზე გაწეული ხარჯი, 200%25-ზე ოდნავ მეტად - სათბობსა და ელექტროენერგიაზე გაწეული დანახარჯი, თითქმის 300%25-ით - ტრანსპორტზე გაწეული და ჯანმრთელობის დაცვაზე მიმართული ხარჯები, 100%25-ზე მეტად - განათლებაზე, კულტურასა და დასვენებაზე გაწეული ხარჯი, დაახლოებით 100%25-ით კი - დანაზოგების მაჩვენებელი.

0x01 graphic

2001-2010 წლებში შემოსავლის ზრდა 100%25-ით უსწრებდა ხარჯების ზრდას. ეს მიუთითებს ინფლაციურ გადასახადზე: მოსახლეობა მსგავს პროდუქციასა და მომსახურებაში წლიდან წლამდე გაზრდილ თანხას იხდის. ეს ფაქტი თავისთავად ქმნის განცდას, რომ საარსებო მინიმუმი უფრო მაღალია, ვიდრე ინდივიდის შემოსავალი.

11 ოდეს ყოფილ არს აქამომდე...

▲ზევით დაბრუნება


ფოკუსი

თამარ ჩერგოლეიშვილი

0x01 graphic

„ის, რაც ყველა ქმარმა უნდა იცოდეს“, ასე ჰქვია წიგნს, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოვაყოლე მორიგი მოგზაურობისას მაღაზიიდან ხელს - სტერეოტიპებზე აგებული სულელური შეგონებების კითხვა ერთი სიამოვნებაა, განსაკუთრებით მაშინ, თუ ქალისა და კაცის ურთიერთობის გაცვეთილ თემას ეხება. „დაიმახსოვრე და შეეგუე, ყველაფერი, ყოველთვის შენი ბრალია“, - ასეთ რჩევას აძლევს ავტორი ქმრებს და სთავაზობს, მეორე ნახევარს ხშირად მიართვან ლოგინში საუზმე და არასოდეს დაიშურონ ისეთი ფრაზები, როგორიცაა: „საყვარელო, რით გემსახურო?“, ან - „ასე არ უნდა მოვქცეულიყავი, ბოდიშს ვიხდი“. ხოლო შემდეგი რეპლიკები - „თმას რა უქენი?!“, „წონაში მომატებულხარ!“, „დედაჩემი მართალი იყო!“ - სამუდამოდ დაივიწყონ.

ფაქტია, კაცისა და ქალის ურთიერთობის შესახებ ჩამოყალიბებული, ტრადიციული სტრერეოტიპები ემანსიპაციის შედეგად მკვეთრად შეიცვალა. 2010 წელს ამერიკულ გამოცემა The Atlantic-ში გამოქვეყნდა საკამათო წერილი, არანაკლებ საკამათო სათაურით „კაცების დასასრული“. სტატიის ავტორი, ჰანა როსინი ამტკიცებს, რომ პოსტინდუსტრიულმა ეკონომიკამ კაცების მრავალსაუკუნოვან დომინაციას ბოლო მოუღო და ასპარეზი ქალებისთვის გახსნა. ავტორს დასტურად ამერიკული სტატისტიკა მოჰყავს - ხელოვნური განაყოფიერების მსურველთა 75%25 ქალიშვილს ირჩევს, რაც ვაჟის ტრადიციული უპირატესობის დასუსტებაზე მიუთითებს; 2010 წელს, პირველად ამერიკის ისტორიაში, დასაქმებული ქალების ხვედრითმა წილმა, კაცებისას გადააჭარბა; განათლებას რაც შეეხება, ორ კოლეჯდამთავრებულ კაცზე, სამი ქალი მოდის.

სტატიაში მოყვანილი სტატისტიკა შთამბეჭდავია. ცხადია, რომ სქესთა შორის ძალაუფლების გადანაწილებაზე ეკონომიკური წესრიგი დიდ გავლენას ახდენს, განვითარებულ დემოკრატიებში ქალის როლი მკვეთრად გაიზარდა, კაცი ადაპტაციის პერიოდს გადის, მაგრამ რამდენად მოასწავებს ეს ტენდენცია “კაცების დასასრულს”, სადავო საკითხია. განსაკუთრებით, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მდედრობითი სქესის საკუთრებაში მსოფლიო სიმდიდრის ჯერჯერობით მხოლოდ 1 პროცენტია, უმაღლესი განათლება წარმატების წინაპირობა სულაც არაა, ქალების მთლიანი შემოსავალი მსოფლიოს მასშტაბით, კაცების მთლიანი შემოსავლის ნახევარსაც კი არ შეადგენს. ამერიკაში, კაცის მიერ გამომუშავებულ დოლარზე, ქალის ნაშოვნი 75 ცენტი მოდის. საქართველოში კაცის ხელფასის 1 ლარზე, ქალს 57 თეთრი აქვს.

0x01 graphic

სქესთა შორის მატერიალურ უთანასწორობას სხვადასხვაგვარად ხსნიან. ზოგი მიიჩნევს, რომ ეს კაპიტალისტური და პატრიარქალური საზოგადოებისთვის დამახასიათებელი უსამართლობის გენდერული ეფექტია. ზოგიერთი კი თვლის, რომ ამ სტატისტიკაზე დაყრდნობით ქალების დისკრიმინაციაზე შფოთვა, რბილად რომ ვთქვათ, შეცდომაა. ისინი ამბობენ, რომ კაცის მაღალ ანაზღაურებას, სხვა მიზეზებთან ერთად, მის მიერ სამსახურში გატარებული მეტი დრო განსაზღვრავს.

გენდერული განსხვავებების მხოლოდ სქესთა ანტაგონიზმის ჭრილში განხილვა, რთული მოვლენის ზედაპირული ანალიზის შედეგია. ქალისა და კაცის როლს უამრავი სხვა ფაქტორი განსაზღვრავს.

ნობელის პრემიის ლაურეატი, ეკონომისტი გარი ბეკერი ამტკიცებს, რომ ოჯახური ფუნქციების ტრადიციულ განაწილებას (ცოლი - დიასახლისი, ქმარი - მარჩენალი), ისტორიულად, ეკონომიკური ფაქტორი განაპირობებდა. ამასვე ეფუძნებოდა ტრადიციული მორალიც. ძველი ეკონომიკური წესრიგის პირობებში, ქალის დიასახლისობა ფინანსურად უფრო მომგებიანი იყო. სახლს გარეთ ქალი სარფიანს ვერაფერს გააკეთებდა, რადგან აგრარულ ეკონომიკაში, შრომის ბაზარზე ძირითადი მოთხოვნა ფიზიკურ ძალაზე მოდიოდა.

ვითარება რადიკალურად მე-19 საუკუნეში შეიცვალა, როდესაც ინდუსტრიული ეკონომიკა განვითარდა და ადამიანის პროდუქტიულობამ მკვეთრად იმატა, რამაც თავის მხრივ ადამიანური რესურსის ფასის ზრდა გამოიწვია. შრომის გაზრდილმა ფასმა - დამქირავებელს იაფი მუშახელის ძიებისკენ უბიძგა მდედრობითი სქესის სახით. შექმნილმა გარემოებებმა კი ქალებს სტიმული მისცა ის კვალიფიკაცია მიეღოთ, რაც მათ სახლს გარეთ დასაქმებას უზრუნველყოფდა. რადგანაც უფრო მეტი ფულის შოვნის პოტენციალი გაუჩნდათ, ვიდრე მათი ოჯახური ფუნქციების შესრულება ღირდა.

ამას გარდა, გართულდა ერთი მარჩენალის იმედად ყოფნაც, რადგან დღის წესრიგში დადგა შვილების განათლება. გაიზარდა სიცოცხლის ხანგრძლივობა, რამაც მოხუცი მშობლების რჩენის ტვირთი გაზარდა. ასევე გასათვალისწინებელია ჯანდაცვის ხარჯებიც - რაც ადრე, განუვითარებელი მედიცინის პირობებში, პრობლემასაც არ წარმოადგენდა.

მატერიალურმა დამოუკიდებლობამ ქალებს კაცებისგან განსხვავებული მოთხოვნები გაუჩინა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვა მოანდომა. შედეგად მივიღეთ ქალები პოლიტიკაში.

0x01 graphic

ქალების დასაქმებამ დასავლეთში მასშტაბური ხასიათი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მიიღო, რაც უმეტესწილად მომსახურების სფეროს განვითარებას უკავშირდებოდა. ქალების სახლებიდან მასობრივმა გადინებამ დამატებითი სამუშაო ადგილები შექმნა უმეტესწილად ისევ ქალებისთვის - მოთხოვნილება გაჩნდა იმ სამსახურზე, რასაც ტრადიციულად შინ ოჯახის დედა ასრულებდა. დროთა განმავლობაში მომრავლდა ისეთი დარგები, სადაც ქალები ცალსახად დომინირებენ, იქნება ეს განათლება, სამედიცინო სფერო, სოციალური სამსახურები თუ სხვა რამ.

ქალების როლის შეცვლამ, ბუნებრივია, გავლენა იქონია ოჯახის ინსტიტუტზე და ტრადიციულ მორალზე: მკვეთრად გაიზარდა განქორწინებათა რიცხვი - სტატისტიკა მოწმობს, რომ ფინანსურად დამოუკიდებელი ქალები უფრო იოლად იღებენ ქმართან გაყრის გადაწყვეტილებას. დაპატარავდა ოჯახი - ოთხი და ხუთი შვილი დასავლეთის იმ ქვეყნებშიც კი, სადაც მშობლებს საუკეთესო სადეკრეტო პირობებს უქმნიან, იშვიათობად იქცა. მიზეზად აქაც ეკონომიკურ ფაქტორს ასახელებენ - ის დრო, რაც დედ-მამამ შვილის აღზრდას და განათლებას უნდა მოახმაროს, გაცილებით უფრო ძვირი ღირს, ვიდრე აქამდე ღირდა.

ქალის ახალი როლი საზოგადოებრივ ფასეულობათა უფრო მასშტაბური ცვლილების ჭრილში უნდა განვიხილოთ. მიჩიგანის უნივერსიტეტის პროფესორი, რონალდ ინგლჰარტი მიიჩნევს, რომ განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში, იქ, სადაც ადამიანი გადარჩენაზეა ორიენტირებული, ქალიც შესაბამისად იქცევა - მატერიალური სიკეთის მისაღებად იბრძვის და თვითგამოხატვა ნაკლებად აინტერესებს. ყველას კარგად გვახსოვს პოსტსაბჭოთა საქართველო, სადაც ქალებმა ადაპტაციის უკეთესი უნარი გამოავლინეს, იმ სამუშაოს დათანხმდნენ, რაზეც მოთხოვნა არსებობდა ან თავი დაისაქმეს და ოჯახის მარჩენალებად იქცნენ. მაშინ როდესაც კაცები დეპრესიას მისცემოდნენ ან დიპლომებს ითვლიდნენ, ქალები აცხობდნენ, ალაგებდნენ, ქსოვდნენ, კერავდნენ, ვაჭრობდნენ.

საქართველო ამ მხრივ გამონაკლისი არ ყოფილა. თუ გადავავლებთ თვალს პოსტსოციალისტური, ლათინური ამერიკის და აღმოსავლეთ აზიის განვითარებადი ქვეყნების სტატისტიკას, შევნიშნავთ, რომ ქალების თვითდასაქმების მაჩვენებელი გაცილებით მაღალია, ვიდრე დასავლეთის განვითარებულ ეკონომიკებში. ეს იმიტომ, რომ დამოუკიდებელი ეკონომიკური საქმიანობის წამოწყება განვითარებადი ქვეყნების წარმომადგენელი ქალებისთვის, ხშირად გადარჩენის ერთადერთი გზაა - ამ ქვეყნებში ქალს დამქირავებლის საკუთარ უპირატესობაში დარწმუნება უჭირს და თავის სარჩენად, იძულებულია იმოქმედოს.

0x01 graphic

ინგლჰარტი მიიჩნევს, რომ განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებში, იქ, სადაც ერთ სულ მოსახლეზე წლიური შემოსავალი 15000 დოლარს აღემატება, გადარჩენის თემა ირელევანტური ხდება. წინა პლანზე გამოხატვაზე ორიენტირებული პოსტმატერიალისტური ღირებულებები გამოდის. ეს თავისთავად უწყობს ხელს მდედრობითი სქესის პოლიტიკურ გააქტიურებას.

თუკი დასავლეთში ქალების გაზრდილი პოლიტიკური როლი ქვემოდან წამოსული პროცესის ლოგიკური გაგრძელება იყო, საქართველოსა და ზოგიერთ სხვა განვითარებადი ეკონომიკის ქვეყანაში ამ პროცესის ფორსირებას ხშირად ზემოდან და გარედან ცდილობენ. ამის მაგალითია რბილი კვოტირების სისტემა, რომელიც ჩვენი დასავლელი მეგობრების მეცადინეობით დამკვიდრდა და მეტ საბიუჯეტო ფულს სთავაზობს იმ პარტიებს, რომელთაც მეტი ქალი ეყოლებათ საარჩევნო სიაში.

ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ პრაქტიკამ რეალურად რამე შეცვალოს ქართული საზოგადოებისთვის, ან საკუთრივ ქალებისთვის. პარლამენტარი ქალები მხოლოდ მას შემდეგ შეიძენენ გენდერულად განსხვავებულ პოლიტიკურ დატვირთვას, როდესაც მათ ეკონომიკურად ემანსიპირებული მდედრობითი სქესის სახით, სოციალური დასაყრდენი გაუჩნდებათ. მანამდე კი საპარლამენტო “სუფრის მშვენების” როლს უნდა დასჯერდნენ.

დასავლელი მეგობრების გულისტკივილი გასაგებია. პარლამენტში ქალების შემადგენლობა მათი ემანსიპაციის ხარისხის კრიტერიუმად გამოიყენება. მაგრამ, რამდენად სწორადაა კრიტერიუმი შერჩეული, ცალკე საკითხია. მაგალითად, რუანდა პარლამენტარი ქალების რაოდენობით მსოფლიოში პირველია. ამის მიუხედავად, არავის მოუვა თავში აზრად, რუანდელი ქალები შვედებზე ემანსიპირებულებად ჩათვალოს.

ბუნებრივია, საქართველოს შეუძლია ხელოვნურად დაეწიოს და გაუსწროს რუანდას ერთ სულ მოსახლეზე პარლამენტარი ქალების ოდენობით. მაგრამ საქმე ისაა, რომ ამ ქვეყნის წინაშე მდგარ მთავარ გამოწვევად, სიღარიბის დაძლევას და დასაქმებას მიიჩნევს ქალიცა და კაციც, ბავშვიცა და მოხუციც. მანამდე, სანამ ჩვენი მოსახლეობის ნახევარი სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული, სადაც პროდუქტიულობა ათჯერ ნაკლებია, ვიდრე ეკონომიკის სხვა დარგებში, ადამიანის შრომას ფასი არ დაედება.

სანამ ეს არ მოხდება, ამომრჩევლის დაკვეთა სიღარიბის დაძლევა იქნება. ამ პრობლემების მოგვარება ბუნებრივად გააუმჯობესებს ქალების მდგომარეობას, რაც თავისთავად გამოიწვევს ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდას. თუმცა, როგორც რონალდ ინგლჰარტი სხვა ნაშრომში ჰარვარდის პროფესორ პიპა ნორისთან ერთად ამტკიცებს, გენდერული ბალანსი ყველა დემოკრატიის თანამდევი მოვლენაა, მაგრამ ქალების წარმომადგენლობას პარლამენტში და დემოკრატიის ხარისხს შორის არანაირი კავშირი არ არსებობს.

0x01 graphic

არასწორი იქნება, რომ ქალთა ემანსიპაციის კაცებზე გავლენის შესახებ არაფერი ვთქვათ - სულ ცოტა, კონკურენტი შეიძინეს ქალის სახით შრომის ბაზარზე. ამას გარდა, დაქორწინებულებს, თუ ცოლი მუშაობს და დამხმარე არ ჰყავთ, უწევთ ისეთი ტრადიციული ფუნქციების განაწილება, რომელიც ადრე მხოლოდ ქალების „კომპეტენცია” იყო - ბავშვების მოვლა, სამზარეულოში ტრიალი.

ეს ტენდენცია კონსერვატიული წრეების კრიტიკას განვითარებულ ქვეყნებშიც აწყდება. “ქალების აღზევებამ კაცები ბიჭებად აქცია”, - ამტკიცებს ამერიკელი ავტორი ქეი ჰიმოვიცი. 30 წლის ჯეელებს მულტსერიალ South Park-ზე ობსესიის გამო დასცინის და პრობლემის მიზეზად გვიან ქორწინებას ასახელებს - ტრადიციული წარმოდგენებით, ეს არის ადამიანის გაზრდის ათვლის წერტილი. თუ 1970-იან წლებში 25-29 წლის ამერიკელების მხოლოდ 16%25 არ იყო დაოჯახებული, დღეს ეს მაჩვენებელი 55%25-ია.

პოსტსაბჭოთა საქართველოში ჯერ მსგავსი არაფერი ხდება. პირიქით, მაღალია არასრულწლოვანთა და ადრეულ ასაკში დაოჯახების ფაქტები - თუმცა ეს მშობლებისა და შვილების დიდი ნაწილისთვის „გაზრდას” ხშირად სულაც არ ნიშნავს.

ჰიმოვიცის სტატიის კითხვისას ნაცნობ სიტუაციას გადავეყარე - საუბარი იყო იმაზე, რომ კაცები, იმის შიშით, რომ თანასწორობის დარღვევაში არ დაადანაშაულონ, ქალისთვის გზის დათმობას, ან მათ დაპატიჟებას ერიდებიან. ასე შევიძინე ბილეთი უნგრულ კინოზე ფრანგული სუბტიტრებით, რომელზეც ჩემმა უნგრელმა მამრობითი სქესის წარმომადგენელმა კოლეგამ დამპატიჟა (იმ დროს ორივენი ევროპის საბჭოში, სტრასბურგში ვმუშაობდით). აღსანიშნავია, რომ მაშინ ფრანგული არ ვიცოდი, ხოლო უნგრული, არც დღეს ვიცი. ერთადერთი მიზეზი, რატომაც დავთანხმდი - არ მინდოდა, უარი მისი კულტურისადმი გულგრილობაში ჩამომრთმეოდა. როცა ვკითხე ბილეთი რატომ არ ამიღო - მიპასუხა, დღევანდელ დღეს, არ ვიცოდი, როგორ მიიღებდიო.

„სტერეოტიპები ქალებისა და კაცების შესახებ, ძირითადად, სწორია”, - ამტკიცებს ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი, ჰარვი მანსფილდი. ის გენდერული როლების გადანაწილებას ევოლუციის მიერ განსაზღვრულად მიიჩნევს და თვლის, რომ ბუნებასთან ბრძოლა უაზრობაა. ტრადიციული სტერეოტიპების დამცველები ქალისა და კაცის თანასწორობას პოზიტიურ მოვლენად განიხილავენ, მაგრამ თან კვლევებს იმოწმებენ - ქალების უმეტესობას მაინც მდიდარ და ძლიერ კაცებთან სურთ ოჯახის შექმნა. ისეთებთან, ვისაც ოჯახის შენახვა შეუძლია.

12 ფოტოესე

▲ზევით დაბრუნება


WorldPress Photo-ს 2011 წლის გამარჯვებული,
კატეგორია სპორტული ფოტო.
ავტორი: რეი მაკმაუსი ©

0x01 graphic

13 უნივერსალური მართლმსაჯულება სირიის მაგალითზე

▲ზევით დაბრუნება


მსოფლიო

ლარა ჯამარაული

0x01 graphic

ფოტო: REUTERS ©

სირიის მთავრობის წევრებს ათასობით ადამიანის დახოცვისთვის მართლმსაჯულების წინაშე წარდგენა მოუწევთ. გაეროს ოფიციალური განცხადების თანახმად, თანამდებობის პირების საიდუმლო სიის სათავეში პრეზიდენტი ბაშარ ალ ასადია.

სირიის პრეზიდენტსა და მთავრობის წევრებს კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ. ამისთვის, პირველ რიგში, უნდა გადაწყდეს რომელი მართლმსაჯულების ორგანოს კომპეტენციაში შედის მათი საქმის განხილვა: შიდა სასამართლოების, ICC-ის, სპეციალურად შექმნილი ტრიბუნალის, თუ უნივერსალური მართლმსაჯულების პრინციპით - სხვა ქვეყნის სასამართლოს ფუნქციაა.

სირია არ არის რომის სტატუტის ხელმომწერი ქვეყანა. შესაბამისად, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქცია, ასადის უშიშროების ძალების მიერ ჩადენილ დანაშაულებზე არ ვრცელდება. ICC-მ რომ ეს დანაშაულები განიხილოს, მას გაეროს უშიშროების საბჭომ უნდა მიმართოს საქმის განხილვის მოთხოვნით, რასაც ჩინეთისა და რუსეთის ვეტო აფერხებს.

ასადს და მისი მთავრობის წევრებს ბრალს კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის წაუყენებენ. ეს საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებულ უმძიმეს დანაშაულს წარმოადგენს. გამოძიებასა და განხილვაზე უნივერსალური მართლმსაჯულების პრინციპი ვრცელდება. სახელმწიფოს უფლება აქვს დასაჯოს ამ დანაშაულების ჩამდენი ნებისმიერი პირი, მიუხედავად დანაშაულის ჩადენის ადგილისა და დამნაშავის მოქალაქეობისა.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, დაახლოებით თხუთმეტმა ქვეყანამ განიხილა საქმე უნივერსალური იურისდიქციის გამოყენებით. ყველაზე გახმაურებული შემთხვევა 1998 წელს, ჩილეს ყოფილი პრეზიდენტის აუგუსტო პინოჩეტის ესპანეთში დაკავება იყო. მას წამების, მკვლელობებისა და რეპრესიებისთვის წაუყენეს ბრალდება. ეს პირველი შემთხვევაა საერთაშორისო სამართლის ისტორიაში, როდესაც ევროპულმა სასამართლომ სხვა ქვეყნის მეთაურის გასამართლება საკუთარ თავზე აიღო. შეიქმნა უნივერსალური მართლმსაჯულების პრინციპის გამოყენების პრეცედენტი.

უნივერსალური იურისდიქციის შესახებ XIX საუკუნის დასასრულიდან დღემდე დისკუსია მიმდინარეობს. კრიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ სახელმწიფოები, დიპლომატიური ურთიერთობის გაფუჭების თავიდან ასაცილებლად, თავს იკავებენ ერთმანეთის წინააღმდეგ მართლმსაჯულების განხორციელებისგან. უმეტეს შემთხვევაში, ეს პრინციპი მესამე სამყაროს ქვეყნების მიმართ გამოიყენება.

უნივერსალური მართლმსაჯულების მოწინააღმდეგეების აზრით, ამ მიდგომით ქვეყნების სუვერენიტეტი ილახება - ვინაიდან, სხვა სახელმწიფოს არ აქვს უფლება განახორციელოს მართლმსაჯულება იმ საქმეზე, რომელიც მასთან დაკავშირებული არ არის. ამით ის მეორე ქვეყნის სასამართლოს კომპეტენციაში ერევა. ოპონენტების მეორე მნიშვნელოვანი არგუმენტის მიხედვით, უნივერსალური იურისდიქცია ქვეყნებს პოლიტიკურად მოტივირებული სამართალწარმოების განხორციელების საშუალებას აძლევს. მაგალითად, აშშ-ის საკამათო პოლიტიკისა და ქმედებების საპასუხოდ, გერმანიაში ამერიკის ყოფილი თავდაცვის მინისტრის, დონალდ რამსფელდის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. მას ერაყში, აბუ გრეიბის ციხეში ომის დანაშაულების ჩადენაში სდებდნენ ბრალს.

ეს პრინციპი, უპირველეს ყოვლისა, მართლმსაჯულების შეუფერხებლად განხორციელებასა და დაუსჯელობასთან ბრძოლას ემსახურება. თუმცა პრაქტიკაში, მისი გამოყენება საერთაშორისო სამართლის სფეროს სცდება და პოლიტიკური გავლენების ქვეშ ექცევა. ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია კანადა, რომელიც ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების აქტებს პირველი შეუერთდა. ქვეყნის შიდა კანონმდებლობით, ამ დანაშაულებზე უნივერსალური მართლმსაჯულებაა დადგენილი. თუმცა ბოლო ათწლეულის განმავლობაში მხოლოდ ორი შემთხვევა გამოიძიეს - მაშინ როცა ოფიციალური პირების ინფორმაციით, კანადაში ომის დანაშაულში ეჭვმიტანილი 30 პირი ცხოვრობს.

უნივერსალური იურისდიქციის მომხრეებს მიაჩნიათ, რომ მისი გამოყენებით შესაძლებელია სხვა სახელმწიფოში განხორციელდეს მართლმსაჯულება და დაისაჯონ დამნაშავეები. მათი აზრით, ქვეყნებში, სადაც დანაშაული ჩაიდინეს, სასამართლო სისტემა ომის, კონფლიქტებისა თუ რესურსების უკმარისობის გამო, ვერ ფუნქციონირებს.

Amnesty International-ი მხარს უჭერს უნივერსალური იურისდიქციის განხორციელებას. ორგანიზაციის ოფიციალური პოზიციის თანახმად, ზოგიერთი დანაშაული იმდენად სერიოზულ საფრთხეს უქმნის საერთაშორისო საზოგადოებას, რომ ქვეყნების მოვალეობაა, დაუსჯელი არ დატოვონ სასტიკი დამნაშავეები.

0x01 graphic

აუგუსტო პინოჩეტი

0x01 graphic

მუამარ კადაფი

კიდევ ერთ ინსტრუმენტი, რომელიც უნივერსალური იურისდიქციის პრინციპის მსგავსად, სხვა ქვეყნის სასამართლოს კომპეტენციის შეთავსებას გულისხმობს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოა. მიუხედავად იმისა, რომ ICC დამოუკიდებელ ორგანოს წარმოადგენს, მის საქმიანობაში ჩარევა გაეროს უშიშროების საბჭოს მდივანს მაინც შეუძლია. მას უფლება აქვს ერთი წლით შეაჩეროს სამართალწარმოება და განსახილველად გადასცეს საქმე, რაც მისი საქმიანობის პოლიტიზებას განაპირობებს. მაგალითად, ლიბიაში, რომელიც სირიის მსგავსად არ არის რომის სტატუტის ხელმომწერი ქვეყანა, მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, უშიშროების საბჭოს რეზოლუციის საფუძველზე ICC-მ მუამარ კადაფის, მისი ვაჟის და დაზვერვის სამსახურის მეთაურის აბდულა ალ-სენუსის დაპატიმრების ბრძანება გასცა. სამივე მათგანს კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის წაუყენეს ბრალდება. ICC-ისა და უშიშროების საბჭოს ამ ნაბიჯს, შედეგად, კადაფისა და მისი თანამოაზრეების მხრიდან დანაშაულებრივი ქმედებების შეწყვეტა არ მოჰყოლია. პირიქით, შეიძლება ითქვას, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ დევნილ კადაფის, ხელი შეუშალა სტრატეგიული გამოსავლის პოვნაში. ქვეყანაში სისხლისღვრა ინტენსიურად გაგრძელდა. სწორედ ლიბიის შემთხვევას დაუკავშირა ჰილარი კლინტონმა თავის გამოსვლაში სირიის საქმის ICC-სთვის გადაცემის შეფერხება. მისი თქმით, მხოლოდ ჩინეთისა და რუსეთის ფაქტორი არ წარმოადგენს ბარიერს. ლიბიის გამოცდილებამ ამერიკასა და ევროპულ ქვეყნებს დაანახა, რომ საერთაშორისო მართლმსაჯულება შექმნილ ვითარებას ვერ მოაგვარებს.

ქვეყნების მეთაურების გასამართლება, როგორც წესი, ათობით წელი გრძელდება და განმხილველ სახელმწიფოს მილიონობით დოლარი უჯდება. ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებისთვის მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოების ნება რომ არ არის საკმარისი, ამას ჩადის პრეზიდენტის, ჰაბრეს საქმეც ადასტურებს, რომელიც სენეგალში აფარებს თავს. Human Rights Watch-ი 1999 წლიდან მოითხოვს მის გასამართლებას. სენეგალის შიდა სასამართლოების უმოქმედობის გამო, ბელგიამ ჰაბრეს ექსტრადიციის მოთხოვნით 2009 წელს ICJ-ის მიმართა, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა. ბელგიასა და სენეგალს შორის ყოფილი პრეზიდენტის გასამართლების შესახებ დავა დღემდე გრძელდება. ბოლო ინფორმაციით, ICJ ჰაბრეს ექსტრადიციის საკითხს 2012 წლის მარტში გადაწყვეტს.

რამდენი ხანი გაგრძელდება, ან რომელი ორგანო განიხილავს სირიის მთავრობის წევრების საქმეს, ჯერჯერობით უცნობია. თუმცა პოლიტიკური სცენარის მიხედვით, თუ ასადი ან მისი მთავრობის წევრები, სირიიდან გაიქცევიან და, მაგალითად, დიდ ბრიტანეთს შეაფარებენ თავს, უნივერსალური იურისდიქციით, ინგლისური სასამართლო გამოუტანს განაჩენს. მეორე ვერსიით, თუ გაეროს უშიშროების საბჭომ მიმართა ICC-ის, მათ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო განსჯის.

14 ახალი ნაბიჯები შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის გზაზე

▲ზევით დაბრუნება


მსოფლიო

აზერბაიჯანი

მარიამ მიქავა

0x01 graphic

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და NATO-ს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი

ბაქომ სამხედრო სამსახურში გაწვევის სისტემის რეფორმირება დაიწყო. ქვეყანაში 18-დან 35 წლამდე მამაკაცებისათვის სამხედრო სამსახური სავალდებულოა. მთიანი ყარაბაღის დაძაბული კონფლიქტის ფონზე, შეიარაღებული ძალების ამ სფეროში კორუფციის მაჩვენებელი ძალიან მაღალი იყო. საერთაშორისო კრიზისის ჯგუფის (ICG) მონაცემებით, ფრონტის წინა ხაზზე გაწვევის თავიდან აცილების მიზნით, მრავალი ოჯახი სამხედრო კომისრებს ქრთამს აძლევდა. შედეგად, ვალდებულებას სხვა დანაყოფებში იხდიდნენ.

ბოლო წლებში ბაქომ თავდაცვის ხარჯები გააორმაგა. ის 2009 წელს 2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა, 2012 წლისათვის კი 4,4 მილიარდია. აღსანიშნავია ისიც, რომ რამდენიმე დღის წინ, ბაქომ იარაღის მსხვილი პარტიის შესყიდვის შესახებ გადაწყვეტილება გაახმაურა. 1.6 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების იარაღს, მათ შორის უპილოტო საფრენ აპარატებს (ე.წ. დრონებს), საზენიტო და სარაკეტო თავდაცვით სისტემებს და სხვა, ქვეყანა ისრაელისგან შეიძენს.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ბრძანებით, თავდაცვის სამინისტროზე დაქვემდებარებული რაიონული სამხედრო კომისარიატები გაუქმდა. კომისარიატების ნაცვლად შეიქმნა სამოქალაქო სახელმწიფო სააგენტო, რომელსაც ჯარისკაცთა აღრიცხვა და მათი გაწვევის კონტროლი ევალება. ახალმა სტრუქტურამ თავისი პირველი სესია 15 თებერვალს ჩაატარა.

აზერბაიჯანის სამხედრო ანალიტიკური კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელის, ყოფილი პოლკოვნიკის, ილდირიმ მამედოვის შეფასებით, კომისარიატი რეპრესიული და კორუმპირებული ორგანო იყო. ხალხსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობას წამლავდა. დღეს, ქრთამის აღების ბრალდებით, ათობით სამხედრო კომისარია დაპატიმრებული.

ახალი სამოქალაქო სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელი ყოფილი გენერალი, არზუ რაგიმოვია. მას ადრე საიმიგრაციო სამსახურის თავმჯდომარის პოსტი ეკავა. პოლკოვნიკ მამედოვის განცხადებით, რაგიმოვის პროფესიონალიზმის დამსახურებაა, რომ საიმიგრაციო სამსახური ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული დაწესებულებაა. სამხედრო ჟურნალისტიკური კვლევითი ცენტრის - დოქტრინის მეთაურის, ჯასურ სუმერინლის თქმით, რაგიმოვი კორუფციაში ეჭვმიტანილი არასდროს ყოფილა.

საერთაშორისო კრიზისის ჯგუფის ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე რეფორმა NATO-სთან პარტნიორობის სამოქმედო გეგმის (IPAP) შესრულებასთანაა დაკავშირებული. NATO-სა და აზერბაიჯანს შორის პირველი ორმხრივი შეთანხმება 2002 წელს გაფორმდა, თუმცა ქვეყანამ ვალდებულებათა მცირედი ნაწილის შესრულება 2011 წელს მესამე შეთანხმების შემდეგ დაიწყო. IPAP-ის მიხედვით, კომისარიატები 2005 წელს უნდა გაუქმებულიყო, თუმცა მთავრობის გადაწყვეტილება ძალაში 2012 წელს შევიდა.

NATO-ს შესაფერისი სტანდარტების დასაკმაყოფილებლად, სამხედრო სამსახურში გაწვევის რეფორმა არ არის საკმარისი. მთავარი პრობლემა, შეიარაღებული ძალების სტრუქტურაში კორუფციის აღმოფხვრაა, რომელიც სხვადასხვა სფეროს მოიცავს. თავდაცვის სამინისტროს მიერ შეიარაღებაზე მაღალი დანახარჯები ეჭვს ბადებს. ტექნიკური გაუმართაობით გამოწვეული ხშირი ლეტალური შედეგები გვაფიქრებინებს, რომ სამინისტრო ხარჯების ეკონომიას ძველი აღჭურვილობებისა და აპარატურების შეძენით აკეთებს. 2006 წელს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ბრძანების გამოცემას გეგმავდა - თავდაცვის სამინისტროს ხარჯების კონტროლისათვის სოციალური კომისიის შექმნის შესახებ. თუმცა, ნაბიჯი აქამდე არ გადადგმულა. აზერბაიჯანის სამხედრო ხარჯები ნაკლებპროდუქტიულია, ხოლო რეფორმები ხელოვნურადშენელებული, - განაცხადა ბატონმა სუმერინლიმ.

15 შაჰ დენიზის საბადოს კონსორციუმის წევრები არჩევანის წინაშე დგანან

▲ზევით დაბრუნება


მსოფლიო

თეონა ტურაშვილი

22 თებერვალს შაჰ დენიზის კონსორციუმის რამდენიმე წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანიდან ევროპისკენ მიმავალი მილსადენის შერჩევა 2013 წლამდე გადაიდო. კონსორციუმის წევრები იმედოვნებენ, რომ კომერციულ გაზს შაჰ დენიზიდან 2017 წლიდან მიიღებენ. ისინი ყოველწლიურად თურქეთისკენ 6 და ევროპისკენ 10 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მიმართვას გეგმავენ.

კონსორციუმის წევრებისთვის მთავარი გამოწვევა, მიზნების განსახორციელებლად, საერთო მილსადენის შერჩევაა. ერთი ვარიანტი სამხრეთ ევროპასთან (ძირითადად, იტალია) დამაკავშირებელი TAP-ის მილსადენია. ცენტრალური ევროპის შემთხვევაში კი სამი ალტერნატივაა: ნაბუკოს შემცირებული პროექტი, BP-ის სამხრეთ- აღმოსავლეთ ევროპის მილსადენი (SEEP) და აზერბაიჯანულ-თურქული, ტრანსანატოლიის (TANAP) ინიციატივა. კონსორციუმის წარმომადგენლებმა ბოლო განცხადებაში SEEP-ზე გაამახვილეს ყურადღება.

SEEP-ი ყველაზე იაფი პროექტია, რადგან იგი უკვე აშენებულ მილსადენებს და დამაკავშირებელ სექციებს გამოიყენებს. თუმცა, მთავარი ნაკლი მისი დაბალი გამტარიანობაა - ევროპას წელიწადში 10 მილიარდი კუბური მეტრი გაზით უზრუნველყოფს. ეს, რუსული გაზის დამოკიდებულების შესამცირებლად, საკმარისი არ იქნება. ბევრი მას „ნაბუკოს მკვლელადაც” მოიხსენიებს.

SEEP-ი აღმოსავლეთ თურქეთიდან ბულგარეთისკენ, რუმინეთისა და უნგრეთისკენ მიემართება. ამ უკანასკნელს კი მომავალში ავსტრიასა და ჩეხეთთან დააკავშირებს. შედეგად, პროექტში ოფიციალური ბუდაპეშტი მთავარ გამანაწილებელ ქვეყნად გადაიქცევა. ნაბუკოს შემთხვევაში ეს ფუნქცია ავსტრიას ენიჭება. ნაბუკოს შესანარჩუნებლად ამ ქვეყანამ მისი შემცირებული ვარიანტი წამოაყენა: აღმოსავლეთ თურქეთის ნაცვლად, იგი თურქეთ-ბულგარეთის საზღვრიდან დაიწყება. თუმცა ნაბუკოს დირექტორი ჯერჯერობით მის პირვანდელ ვერსიას ემხრობა.

TANAP-ი ყოველწლიურად ევროპას 30 მილიარდი კუბური მეტრი გაზის მიწოდებას ჰპირდება. ეს რუსული გაზპრომის მონოპოლიის შესასუსტებლად მნიშვნელოვანი ოდენობაა. მილსადენი 2012-2017 წლებში აშენდება, რაც დაახლოებით 5-6 მილიარდი დოლარი დაჯდება. აღნიშნულ თანხას აზერბაიჯანი დაფარავს. იგი ნაბუკოს თურქეთის ტერიტორიაზე ჩაანაცვლებს.

2025 წლისთვის, აზერბაიჯანში ყოველწლიურად მოპოვებული გაზის 50 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდას წინასწარმეტყველებენ. ეს კონკურენციას კიდევ უფრო გაამწვავებს.

16 ამერიკის თავდაცვის ხარჯების შემცირება ყველას ეხება

▲ზევით დაბრუნება


დევიდ . სმი|სვეტი

0x01 graphic

ფოტო: REUTERS ©

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას 15 ტრილიონ დოლარზე მეტი ვალი აქვს. ეს თითქმის ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ღირებულებას უდრის. ხარჯების მკვეთრი შემცირება აუცილებელია. თუმცა, 2013 წლის თავდაცვის ხარჯების გეგმა, რომელიც გზას კონგრესისკენ მიიკვლევს, მნიშვნელოვნად თუ არ შეიცვალა, ამერიკაში ხარჯების კლების ათწლიანი ეპოქა დაიწყება. სუპერსახელმწიფოს ძლევამოსილება და საიმედოობა შეირყევა. ეს კი გავლენას მთელ მსოფლიოზე, მათ შორის საქართველოზე, იქონიებს.

როგორც ყოველ თებერვალს, ახლაც აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ კონგრესს ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა. დაგეგმილი ხარჯები იმ ახალი თავდაცვის სტრატეგიის შესაბამისია, რომელიც 5 იანვარს გამოქვეყნდა.

ბიუჯეტის პროექტი 2013 წელს თავდაცვის ხარჯების 614 მილიარდი დოლარით შემცირებას ითვალისწინებს - მათ შორის ერაყსა და ავღანეთში. ეს - 2012 წლის შესაბამის ხარჯებთან შედარებით - 32 მილიარდი აშშ დოლარით ნაკლებია. ამას, მომდევნო ათი წლის განმავლობაში, 487 მილიარდი აშშ დოლარის კლება მოჰყვება.

მეტიც, თუ ერთი მხრივ, ორი პოლიტიკური პარტია კონგრესში და მეორე მხრივ, კონგრესი და პრეზიდენტი ვერ შეთანხმდებიან ამ საბიუჯეტო ხარჯების შემცირებაზე, თავდაცვის ბიუჯეტს დამატებით 500 მილიარდი შეიძლება ჩამოეჭრას. ამრიგად, ის, რაც დღეისათვის ნახევარტრილიონიანი კლება ჩანს, 2013 წლის 1 იანვარს, შესაძლოა, ერთ ტრილიონად იქცეს. ეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი ბერკეტია ობამას ხელში, რომ წარდგენილი ბიუჯეტის დამტკიცებას მიაღწიოს.

თუ კონგრესი ამერიკის საბიუჯეტო კურსის შეცვლას ვერ შეძლებს, ხარჯების შემცირების ისეთ გზას კი არ დავადგებით, რომელიც უფრო მშვიდობიან სამყაროსთან მიგვიყვანს - არამედ ისეთს, უფრო მშვიდობიან სამყაროს ძირს რომ გამოუთხრის.

აი, რა შეიძლება მოხდეს; აშშ-ის არმია 72 ათასი ჯარისკაცით, მათ შორის რვა საბრძოლო ბრიგადით შემცირდება. აშშ-ის საზღვაო ძალები 20 ათასი საზღვაო ოფიცრით, მათ შორის ექვსი ბატალიონით და შვიდი საავიაციო ესკადრონით და 130 სხვადასხვა ტიპის სატრანსპორტო ავიახომალდით შემცირდება. აშშ-ის საზღვაო ფლოტს ცხრა გემი მოაკლდება. რეზერვებიც, რასაც ერაყისა და ავღანეთის კონფლიქტებისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს, მოიკლებს.

ეს ყველაფერი ახალ სტრატეგიას ეფუძნება. გადაწყვეტილია: ერაყსა და ავღანეთში კონფლიქტების თანდათან შენელება, შემცირებული ზომის, მაგრამ გაზრდილი ბრძოლისუნარიანობის მქონე სამხედრო ძალის შექმნა, აზიისა და ახლო აღმოსავლეთისკენ აშშ-ის ყურადღების გადანაწილება. ეს უფრო ინოვაციურ, პარტნიორულ გლობალურ ურთიერთობებზე მეტ დამოკიდებულებას ასახავს. სინამდვილეში, სტრატეგია გლობალურ რეალიებს კი არა, საკუთარი თავისთვის დაწესებულ შიდა საბიუჯეტო შეზღუდვებს ეფუძნება. შესაბამისად, ის პრობლემებით არის სავსე.

ყველაზე თვალშისაცემი პრობლემაა, რომ ერაყი და ავღანეთი უდიდეს გამოწვევებად რჩება. ერაყში შექმნილი პოლიტიკური ვაკუუმი ღრმავდება და ირანი მის შესავსებად ემზადება. სირია, პრაქტიკულად, ცეცხლის ალშია გახვეული, ხოლო ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში მოვლენების განვითარების გეზი გაურკვეველია. ამასობაში, რუსეთისა და ჩინეთის მიერ წახალისებული ირანი უთანხმოების შეტანას ყველგან ცდილობს, სადაც კი ხელი მიუწვდება. ამ რეგიონისადმი კრემლის დიდი ინტერესი და მასთან საქართველოს სიახლოვე - თბილისიდან ირანი უფრო ახლოა, ვიდრე სოჭი - ვითარებას საქართველოს უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან საკითხად აქცევს.

ავღანეთის კონფლიქტი, როგორც ყურანის რამდენიმე შემთხვევითი დაწვის საპასუხო აგრესიამ აჩვენა, მხოლოდ NATO-ს ზოგი პოლიტიკოსის გონებაში ნელდება. ბრიუსელის კორიდორებში შეიძლება იმაზე კამათი, შევძელით თუ არა ამ კონფლიქტის სათანადოდ მოგვარება ან ძალიან დიდხანს ხომ არ მოგვიწია იქ დარჩენა. ISAF-ის თითოეულმა წევრმა ავღანეთის მთებში საკმაოდ ბევრი ჩადო, რომ იქაურობა მიატოვოს და გამოვიდეს. არ გეგონოთ, ვცდებოდე - ფსონად სასიცოცხლო ინტერესი დევს და საქართველო ის ევროპული ქვეყანაა, რომელიც ყველაზე ახლოა ამ ბრძოლასთან.

მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად დასავლეთში ტერორისტების დევნაა მოდაში, ერი სახელმწიფოები აშშ-ისა და მისი მოკავშირეების მთავარ გამოწვევად რჩება.

ირანი ბირთვული იარაღის შექმნისკენ სწრაფი ნაბიჯებით მიდის.

სულ ახლახან, რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა, სამხედრო პოტენციალის მნიშვნელოვანი გაძლიერების ათწლიანი გეგმა გააცნო საზოგადოებას - 400 თანამედროვე კონტინენტთაშორისი ბირთვული რაკეტა, 28 რეაქტიული და სარაკეტო წყალქვეშა გემი, 50 საბრძოლო გემი, 600 გამანადგურებელი ავიახომალდი, საჰაერო თავდაცვის სისტემები, მცირე რადიუსის რაკეტები და 2,300 ახალი ტანკი. პუტინი ამ გეგმას, სავარაუდოდ, ვერ შეასრულებს. თუმცა ფაქტია - როცა ამერიკა ამცირებს, რუსეთი აძლიერებს.

რუსეთის შიდა პრობლემებმა, შესაძლოა, არმია შინვე შეაჩეროს, მაგრამ შიდა არეულობებმა, სავარაუდოა, მოსკოვს ამა თუ იმ მეზობელ ქვეყანაზე თავდასხმისკენ უბიძგოს. რუსული ტანკები, რომლებიც საქართველოს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ტერიტორიებზეა განლაგებული, ნათელი შეხსენებაა - პუტინის რუსეთი აგრესიულ ქვეყნად რჩება.

წყნარი ოკეანის რეგიონს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი აფრთხილებს, რომ ჩინეთი „ცდილობს გრძელი რადიუსის დარტყმის შესაძლებლობა განავითაროს და შექმნას ისეთი სამხედრო ძალები, რომლებიც წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში განლაგებას ან ოპერირებას შეძლებენ”.

ამ ეგრეთ წოდებულ მისასვლელის ან რაიონის ბლოკირების შესაძლებლობებში გემსაწინააღმდეგო ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტები, წყალქვეშა გემები და საზღვაო ბომბდამშენი თვითმფრინავი შედის.

მოკლედ თუ ვიტყვით, როდესაც ამერიკა ამცირებს, ჩინეთი აძლიერებს - წყნარ ოკეანეში, ანუ, რეგიონში, რომელიც, ვაშინგტონის თქმით, აშშ-ის ყურადღებას ახალი ცენტრია.

სინამდვილეში, წყნარი ოკეანის რეგიონი ახლო აღმოსავლეთამდეა გადაჭიმული და უზარმაზარი, წყლით დაფარული სივრცეა. ეს სივრცე - ჰონოლულუდან იოკოჰამამდე და იოკოჰამიდან სპარსეთის ყურემდე - აშშ-ის სამხედრო ფლოტმა აშშ-ის მობილური სამხედრო ავიაციის დახმარებით უნდა აკონტროლოს. ამ უკანასკნელთ კი შემცირება ელის.

და ბოლოს, გლობალურ პარტნიორულ ურთიერთობებზე მეტად დამოკიდებულების იდეა ფუჭი წინაპირობაა. ნუ მოელით, მაგალითად, NATO-ს ევროპელი მოკავშირეებისაგან რაიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმას, რათა ამერიკის წყნარი ოკეანისაკენ ყურადღების გადატანის კომპენსირება მოხდეს. ნუ მოელით რაიმე ახალ პოლიტიკურ გამბედაობას და რუსეთისგან აგრესიულობისთვის პასუხის მოთხოვას.

ამ ტიპის უარყოფით ანალიზს ზოგისგან იმის თავგამოდებით მტკიცება მოჰყვება, რის გაკეთებასაც ამერიკა მომდევნო ათი წლის განმავლობაში გეგმავს. ბომბდამშენი ავიაციის და თერთმეტივე ავიამზიდის შენარჩუნება და ოთხი გამანადგურებლის დაყენება ესპანეთში და ზღვისპირა საბრძოლო გემებისა სინგაპურსა და ბაჰრეინში, იმ პოზიტიურ ნაბიჯებს შორისაა, რომლებსაც ახალი სტრატეგია და წარდგენილი ბიუჯეტი შეიცავს. კიბერთავდაცვაზე დაფინანსების შენარჩუნებაც ძალზე დადებითი ნაბიჯია. ზოგი იტყვის, მთავარი ფაქტორი ის არის, რომ ამერიკა დედამიწაზე ყველაზე ძლევამოსილ სახელმწიფოდ დარჩება.

დიახ, დარჩება, მაგრამ ეს არ არის მთავარი ფაქტორი ორი მიზეზის გამო: პირველი, როდესაც აშკარა გახდება - და უსათუოდ გახდება - რომ მსოფლიო მეტად და არა ნაკლებ საშიშ ადგილად იქცა, დაკარგული შესაძლებლობების აღდგენას მეტი დრო და თანხები დასჭირდება. მეორე, არ გვსურს ამერიკის სიძლიერეში მწარე გამოცდილებამ დაგვარწმუნოს - ამაში დარწმუნება ბრძოლის გარეშე გვირჩევნია. გვინდა, რომ ამერიკის ძალას აღვიქვამდეთ ომისა და კონფლიქტის შეკავების გზით. გვსურს, რომ ამერიკის ან ამერიკის მოკავშირეების დაზარალებაზე ფიქრიც კი ვერავინ გაბედოს. აღქმა, საერთაშორისო პოლიტიკაში, ბევრს ნიშნავს.

2013 წლის თავდაცვის ბიუჯეტის განხილვისას, აშშ-ის კონგრესი უნდა დაფიქრდეს, როგორ აღიქვამენ ამერიკას მომავალში მისი მეგობრები და მოწინააღმდეგეები.

17 დემოკრატიის დეფიციტი იზრდება

▲ზევით დაბრუნება


მსოფლიო

უკრაინა

თეონა ტურაშვილი

არჩევნების მოახლოებასთან ერთად, უკრაინაში გაიზარდა კორუფციის ბრალდებით დაკავებული ოპოზიციის წევრების რიცხვი. პარალელურად, მმართველი, რეგიონების პარტია ოპონენტების გადაბირებას მოქრთამვით ცდილობს. ქვეყნის დემოკრატიული განვითრება კი ფერხდება: კორუფციის დონემ იმატა, რეფორმების განხორციელება, პოლიტიკური ნების არარსებობის გამო, ჭირს. ამას აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ ძალაუფლების კონსოლიდაციაც ემატება.

პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის მოსვლის შემდეგ, ექსპერტები ავტორიტარული ელემენტების მომძლავრებაზე მიანიშნებენ. სასამართლო და საკანონმდებლო ორგანო ფაქტობრივად ქვეყნის ლიდერს და მის ადმინისტრაციას ემორჩილება. ეს 1996 წლის კონსტიტუციის აღდგენამ და პრეზიდენტის უფლებების მნიშვნელოვნად გაზრდამ განაპირობა. წინასაარჩევნოდ, მმართველმა ძალამ საკუთარი ინიციატივით ცვლილებები შეიტანა საარჩევნო კოდექსში. პარტიული სიის (პროპორციული სისტემა) მაგივრად, საკანონმდებლო ორგანოში მანდატების ვინაობა შერეული სისტემით განისაზღვრება. მაჟორიტარული წესით კანონმდებლების არჩევის შემოღება, ყველაზე მეტად, სწორედ ამჟამინდელ ხელისუფლებას აძლევს ხელს.

გახშირდა კონკურენტების დაპატიმრება, რასაც ხელისუფალნი კორუფციასთან ბრძოლით ამართლებენ. სხვადასხვა დროს სისხლის სამართლის საქმეები აღიძრა პრემიერ-მინისტრ და პარტია ბატკივშინას ლიდერ იულია ტიმოშენკოსა და მისი მთავრობის ყოფილი წევრების (ეკონომიკის მინისტრი, მატერიალური რეზერვების სახელმწიფო კომიტეტის უფროსი, შინაგან საქმეთა მინისტრი, თავდაცვის დროებითი მინისტრი) წინააღმდეგ. რამდენიმემ ევროპაში უკვე მიიღო პოლიტიკური თავშესაფარი. შესაბამისად, გამძაფრდა მოსაზრება, რომ მათ წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები პოლიტიკურ სარჩულს ატარებს. თანაც, ისინი სახელმწიფო ფონდების მითვისებაში ან საკუთარი ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში არიან მხილებულნი. მსგავს დანაშაულებს მმართველი ელიტის წარმომადგენელნი დღესაც სჩადიან და პრეზიდენტის მფარველობით სარგებლობენ.

საგულისხმოა ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, იური ლუცენკოს შემთხვევა. როგორც ბრალდებული აცხადებს, იგი კორუფციასთან ბრძოლის მიზნით გატარებული ღონისძიებების გამო დააკავეს, რადგან ამან საფრთხე იანუკოვიჩის რეგიონების პარტიას შეუქმნა. უფრო მეტიც, ლუცენკოს მტკიცებით, ეს უკანასკნელი ორგანიზებული დანაშაულის წევრების მთავარ თავშესაფრად იქცა. კრიმინალური წარსულის მქონე პირები სწორედ მმართველი პარტიის დახმარებით მოხვდნენ ყირიმის პარლამენტში.

0x01 graphic

იულია ტიმოშენკო

0x01 graphic

ვიქტორ იანუკოვიჩი

რეგიონების პარტიის ინიციატივების მხარდასაჭერად, ოპონენტების მოსყიდვის გავრცელებული სტრატეგია არსებობს. ამის დამადასტურებელი რამდენიმე შემთხვევა უკვე ცნობილია: გასულ წელს ტიმოშენკოს ბლოკის წევრმა გამოააშკარავა საუბრის ჩანაწერი, რომელშიც მას, 500 ათასი დოლარის სანაცვლოდ, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებული კანონპროექტის მხარდაჭერას სთხოვდნენ. ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის შეთავაზებული ქრთამი, როგორც წესი, 1 მილიონი და მეტია. ეს კორუფციის მომძლავრებაზე მიანიშნებს. თუ ადრე მაღალჩინოსნები არაკანონიერ ქმედებას მალავდნენ, დღეს თითქოს ქრთამი დანაშაულად არ ითვლება და ფულის აღებას საჯაროდაც არ ერიდებიან.

კორუფციის არსებობა და მთავრობის ჩარევა ყველაზე მეტად ეკონომიკას ვნებს. ქვეყნის ბიუჯეტის დეფიციტმა და სახელმწიფო ვალმა მშპ-ის 4,3 და 40,1%25-ებს მიაღწია, შესაბამისად. ამის უმთავრეს მიზეზად სწორედ საჯარო რესურსების მითვისებას ასახელებენ. 2012 წლის ეკონომიკური თავისუფლების მაჩვენებლით, უკრაიანა 183 ქვეყნიდან 163-ე ადგილზე მოხვდა, 2011 წლის ბიზნესის კეთების მიხედვით ყაზახეთსა და რუსეთსაც კი ჩამორჩება. ქვეყნის უკანდახევის მიზეზი ენერგოსექტორის, სოციალური, საპენსიო და ეკონომიკური რეფორმების შეფერხებაა. ექსპერტების მტკიცებით, მმართველი ელიტა, პოზიციების დათმობის შიშით, ფუნდამენტური ცვლილებების განხორციელებას ერიდება. კარნეგის ცენტრის ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ქვეყანა, რომელიც თავისუფალ ბაზარზე დამყარებული დემოკრატიის მშენებლობას და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებას ლამობდა, „ევროპის სნეულად” იქცა.

0x01 graphic

იური ლუცენკო

გაუარესდა პოლიტიკური თავისუფლების მაჩვენებლებიც: Freedom House-მა უკრაინა 2011 წელს თავისუფალიდან ნაწილობრივ თავისუფალ კატეგორიაში გადაიყვანა. ეს განპირობებულია მედიასა და სასამართლო სისტემაზე სახელმწიფო კონტროლის გაზრდით. იმავე ორგანიზაციის მტკიცებით, უკრაინაში პოლიტიკური ინსტიტუტების როლი და თავისუფლების ხარისხი განსაკუთრებით დაეცა.

პრეზიდენტის რეიტინგის დაცემას, ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარების გაუარესებას უკავშირებენ. ერთ-ერთი გამოკითხვით, აღმოსავლეთ უკრაინაში იანუკოვიჩის მომხრეთა რიცხვმა 1/3-ით იკლო. თუმცა, რეჟიმი, ყველა ცენტრალურ სატელევიზიო არხზე კონტროლის შენარჩუნებით, მაინც აფერხებს მოსახლეობამდე ობიექტური ინფორმაციის მიწოდებას.

როგორც ჩანს, მმართველმა ელიტამ ორი წლის მანძილზე ძალაუფლების კონსოლიდაცია წარმატებით მოახერხა. ეს ძირითადად პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების ხარჯზე მოხდა. რეჟიმისთვის მთავარი ტესტი მომავალი არჩევნები იქნება. თუმცა, საარჩევნო ცვლილებების შინაარსის გამო, მიაჩნიათ, რომ ხელისუფლების მთავარი მიზანი არა დემოკრატიული ძვრები, არამედ ოპონენტების დასუსტების ფონზე უმრავლესობის შენარჩუნებაა.

18 გეგმა სომალისთვის

▲ზევით დაბრუნება


მსოფლიო

ირაკლი გუნია

23 თებერვალს ლონდონში გამართული საერთაშორისო კონფერენცია სომალის მომავლისთვის გარკვეულ იმედს იძლევა. კონფერენციას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი, გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი, არაბი შეიხები, თურქი დიპლომატები და 40 სხვა ქვეყნის წარმომადგენლები დაესწრნენ. კონფერენციის მონაწილეებმა ახლებური დიპლომატიური მიდგომა შეიმუშავეს. დედაქალაქ მოგადიშოში „გარდამავალი ფედერალური მთავრობის” შექმნის ნაცვლად, ისინი ქვეყნის ხუთ- ექვს გავლენის ზონად დაყოფაზე თანხმდებიან. ამით სომალი ფედერალურ სისტემას დაემსგავსება.

0x01 graphic

ლონდონის გეგმის შემუშავება ტერორისტულ ქსელ შაბაბის უკანდახევას დაემთხვა, რომელიც სომალის ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილს აკონტროლებს. ეთიოპიურმა და კენიურმა სამხედრო ძალებმა, ამერიკული, ბრიტანული და ფრანგული ლოჯისტიკური დახმარებით, შეძლეს დასავლეთის და სამხრეთის მხრიდან შაბაბის შევიწროება.

სომალის კანტონიზაციის გეგმა საფრთხეებსაც მოიცავს. მის შედეგად მიღებული სახელმწიფო კვლავ კორუფციული და არალიბერალური იქნება. ამასთან, ტომობრივი ფედერაციები იდეალურ პარტნიორებს არ წარმოადგენენ. გეგმა ასევე დამოკიდებულია უცხოელი ჯარისკაცების წარმატებაზეც. არც საშინაო და არც საგარეო აქტორებს ერთმანეთის ნდობა არ აქვთ. შესაბამისად, ლონდონის გეგმა ახლო მომავალში ნაკლებად გამართლდება.

ომის და ტერორის ორმა ათწლეულმა სომალი საცხოვრებლად მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცუდ ადგილად აქცია. გასულ წელს დაახლოებით 80 ათასი ადამიანი დაიღუპა შიმშილით, ხოლო 2,3 მილიონს საკვებით დახმარება ესაჭიროება.

19 უშედეგო ბრძოლა კორუფციასთან

▲ზევით დაბრუნება


მსოფლიო

ინდონეზია

თეონა ტურაშვილი

ინდონეზიის პრეზიდენტის, სუსილო ბამბანგ იუდოიონოს და მმართველი, დემოკრატიული პარტიის (DP) რეიტინგი დაეცა. ამის მიზეზად ხელისუფლების წარმომადგენლების კორუფციაში ჩართულობას და სხვა პოლიტიკურ პრობლემებს ასახელებენ. 2009 წელს მან მოსახლეობის 61%25-იანი მხარდაჭერით შეძლო ძალაუფლების მოპოვება, დღეს ინდონეზიელების 42%25 ემხრობა. პრეზიდენტთან ერთად ამომრჩევლის თვალში ნდობა მისმა პარტიამაც დაკარგა. DP-მ 2009 წელს ხმათა 21%25-ით გაიმარჯვა, თუმცა ახლა მისი რეიტინგი 13,7%25-მდეა ჩამოსული. გამოკითხვების მიხედვით, მთავარი ოპონენტი, Golkar-ი 15,5%25-იანი მხარდაჭერით სარგებლობს.

მიზეზი კორუფციის მხრივ ვითარების გაუარესებაა. იუდოიონო ხელისუფლებაში მოსვლის დროს მოსახლეობას სწორედ ამ პრობლემის აღმოფხვრას დაჰპირდა. თუმცა მოგვიანებით თავად მისი მთავრობის წევრები დააკავეს არალეგალური საქმიანობის, სახელმწიფო ფულის მითვისებისა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ბრალდებებით. ნაკლებად სავარაუდოა, რომ პრეზიდენტი პირდაპირ გარეული იყოს კორუფციულ გარიგებებში. თუმცა, მას არც პრობლემასთან გამკლავება ძალუძს. ზოგი მოსაზრებით, ლიდერის მიდგომებსა და ინიციატივებს მინისტრები სათანადო ყურადღებას არ აქცევენ. ეს პრეზიდენტის ლეგიტიმურობაზე უარყოფითად აისახება.

0x01 graphic

ინდონეზიისთვის რეფორმების გატარებას სასიცოცხლო მნიშვნელობა გააჩნია. ქვანახშირითა და სხვა რესურსებით მდიდარი ქვეყანა მათი ექსპორტიდან მნიშვნელოვან შემოსავალს იღებს. თუმცა დღეს უკეთესი პორტები, გზები და მოქნილი მმართველობაა საჭირო. თანაც, კორუფციის დონე ეკონომიკური წინსვლის შესაძლებლობებს აფერხებს.

ქვეყნისთვის კიდევ ერთი გამოწვევა 238 მილიონი მოსახლეობის პირობებში ფართოდ დეცენტრალიზებული პოლიტიკური მმართველობის არსებობაა. ამის გამო ხშირად რთულდება ფედერალური რეფორმების განხორციელება. თანაც, პრეზიდენტი მუდმივად ცდილობს, გადაწყვეტილება ექვსპარტიულ კოალიციაში კონსენსუსს ემყარებოდეს. ამგვარი ნაბიჯი ხშირად პროცესს ანელებს. ბევრი ეჭვობს, რომ გაურკვეველმა ვითარებამ, მოსახლეობაში შესაძლოა ძლიერი ლიდერის „ნოსტალგია” გააჩინოს. ეს 2014 წელს იუდოიონოს შემცვლელად ყოფილი გენერლის, პრაბოვო სუბიანტოს არჩევის შანსებს გაზრდის. ამ უკანასკნელს, 1990-იან წლებში, აღმოსავლეთ ტიმორში სპეციალური ჯარების ხელმძღვანელობისას, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა ბრალდებოდა.

20 ირანისთვის დაწესებული სანქციების ფასი

▲ზევით დაბრუნება


ბიზნესი

ნავთობის ბაზარი

ელენე კვანჭილაშვილი

0x01 graphic

ევროკავშირისა და შეერთებული შტატების მიერ ირანისთვის დაწესებული სანქციების სანაცვლოდ, მსოფლიოს ნავთობში რეკორდულად მაღალი თანხის გადახდა მოუწევს. ბოლო რამდენიმე დღეში, ნავთობის ხარჯი იმპორტიორ ქვეყნებში 2008 წლის კრიზისულ დონეს გაუტოლდა. ერთი ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა.

აშშ-მა და ევროკავშირმა ირანისთვის სანქციების დაწესების გადაწყვეტილება, საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს უახლესი ანგარიშის შემდეგ მიიღეს. მის მიხედვით, ირანი არა მხოლოდ ამდიდრებს ურანს, არამედ ამზადებს ტექნიკას, რომლითაც მის აფეთქებას შეძლებს. ამერიკამ ნავთობის იმპორტიორ ქვეყნებს, ირანის ცენტრალურ ბანკთან თანამშრომლობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა. პირველი ივლისიდან ამ ქვეყანასთან ევროკავშირი ახალ კონტრაქტებზე ემბარგოს დააწესებს.

ევროპის და ამერიკის პოზიციის პასუხად, ირანმა გასულ კვირას საფრანგეთსა და ბრიტანეთში ნავთობის ექსპორტი შეწყვიტა. შედეგად, ნავთობზე და ბენზინზე ფასი მთელ მსოფლიოში გაიზარდა - ევროპასა და ამერიკაში კი თითქმის გაორმაგდა. ნავთობის გაძვირებამ ამ ქვეყნებში ჯაჭვური რეაქცია გამოიწვია. ევროპაში გაზი გაძვირდა, ამერიკაში - ბენზინი.

ამერიკაში ბენზინის ფასმა რეკორდულად მაღალ ნიშნულს მიაღწია. ბევრ შტატში მომხმარებელს ერთ გალონ (დაახლოებით 4 ლიტრი) ბენზინში 3.5 აშშ დოლარის გადახდა უწევს. ამერიკის ენერგეტიკის სამინისტროს შეფასებით, თუ წლის განმავლობაში ბენზინის ფასის ზრდა შენარჩუნდა, წლის ბოლოს ქვეყნის ეკონომიკა 35 მილიარდი აშშ დოლარით შემცირდება. Heritage Foundation-ის გათვლებით, ამ შემთხვევაში, ამერიკის შრომის ბაზარი, სულ მცირე, 300 ათას სამუშაო ადგილს დაკარგავს.

არჩევნების წელს ეკონომიკის გაუარესებამ, პრეზიდენტ ობამას რეიტინგს, შესაძლოა, დიდი დარტყმა მიაყენოს. ეკონომისტების შეფასებით, თუ ბენზინის ფასმა გალონზე 4 აშშ დოლარს მიაღწია, ეკონომიკური დაღმასვლა, სავარაუდოდ, შეუქცევად ხასიათს მიიღებს. მათი შეფასებით, ბენზინის ფასის ყოველი შემდგომი ერთცენტიანი ზრდა, ამ ქვეყნის ეკონომიკას 1.4 მილიარდი აშშ დოლარი დაუჯდება.

თუ ამერიკაში ნავთობის გაძვირების გვერდითი ეფექტი ბენზინის ფასების ავარდნა იყო, ევროპაში ამას გაზის ფასის ზრდა მოჰყვა. ბებერი კონტინენტის ქვეყნების 75%25-ისთვის გაზის ფასი ნავთობის ფასზეა მიბმული. ჯერ კიდევ 2010 წელს, ევროკავშირისთვის ნავთობის იმპორტის ხარჯი 70 მილიარდი აშშ დოლარით გაიზარდა. სხვადასხვა გათვლებით, თუ ევროკავშირში ნავთობზე ფასი - დღეის მდგომარეობით ბარელზე 101 აშშ დოლარი - მთელი წლის განმავლობაში შენარჩუნდა, შემოსავლის დანაკარგი კიდევ უფრო გაიზრდება. იმპორტის ხარჯი მშპ-ის 2.1%25-ს მიაღწევს. ნაკლებად განვითარებული ქვეყნებისთვის ეს მაჩვენებელი მშპ-ის 1%25 იქნება.

ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ევროპელ და ამერიკელ მომხმარებლებზე აშკარად უარყოფითად მოქმედებს. თუმცა ჯერ კიდევ გაუგებარია, ექნება თუ არა გავლენა ამ სანქციებს თვითონ ირანის რეჟიმზე. თეორიულად, შეერთებული შტატების ახალი სანქციები, რომლებიც ირანის ცენტრალურ ბანკთან საქმის დაჭერას გამორიცხავს, თეირანისთვის მტკივნეული თემაა. ქვეყნის ბიუჯეტის 80%25 ნავთობის ექსპორტიდან მიღებულ შემოსავლებზეა დამოკიდებული. არაერთი სახელმწიფო და კომპანია კი ნავთობს სწორედ ირანის ცენტრალური ბანკის მეშვეობით ყიდულობს.

1 ივლისიდან ევროკავშირის ემბარგოც ამოქმედდება: ირანთან ახალი კონტრაქტები აღარ გაფორმდება. შესაბამისად, ექსპორტი ამ ქვეყნებში ყოველდღიურად 450 ათასი ბარელით შემცირდება. თუმცა მხოლოდ ევროპისა და შეერთებული შტატების პროტესტი საკმარისი არ არის. ამერიკა თეირანისგან ნავთობს არ ყიდულობს. ევროპაში კი ირანული ნავთობის მთელი ექსპორტის მხოლოდ 16%25 გადის. ამასთან, ირანმა უკვე შეუწყვიტა ნავთობის მიწოდება ამ ქვეყნის რეჟიმის ორ ყველაზე დიდ კრიტიკოსს ევროპაში - საფრანგეთს და ბრიტანეთს.

ირანის ნავთობის უდიდეს წილს აზიური ქვეყნები, მზარდი ეკონომიკის მქონე ჩინეთი და ინდოეთი და ამერიკის მოკავშირეები - იაპონია და სამხრეთ კორეა ყიდულობს. ამ ქვეყნებზე ექსპორტის 60%25 მოდის. თეირანისთვის ეს ყოველწლიურად 100 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალს ნიშნავს.

ამერიკა მაქსიმალურად ცდილობს, ირანული ნავთობის იმპორტზე თავის მოკავშირეებს მაინც ათქმევინოს უარი. თუმცა სამხრეთ კორეას და იაპონიას არ სურთ იმპორტის მოცულობის შემცირება. ჩინეთმა და ინდოეთმა კი, შეიძლება, პირიქით, გაზარდონ კიდეც: ევროკავშირის ემბარგოს ამოქმედების შემდეგ, ირანი იძულებული გახდება მთელი ნაკადი აზიისკენ მიმართოს. თეირანი, დანაკარგის ასანაზღაურებლად, ამ ქვეყნებს სხვადასხვა ფასდაკლებას შესთავაზებს, ირანის ბიუჯეტს წინ მძიმე დღეები ელის. თუმცა რა დაუჯდება ეს დანარჩენ მსოფლიოს, ამას ევროკავშირის ემბარგოს ამოქმედების შემდეგ, ნავთობის ფასები უფრო ზუსტად დაადგენს.

21 Eureqa: პირადი მოხმარების რობომეცნიერი

▲ზევით დაბრუნება


ტექნოლოგია

ვახო ელერდაშვილი

აიზეკ აზიმოვის რომანში „მე. რობოტი“ მთავარი პერსონაჟი ეკითხება რობოტს: „შეუძლია რობოტს სიმფონიის შექმნა?!“, რაზედაც ეს უკანასკნელი კონტრშეკითხვით პასუხობს: „შენ?“. ამ ორაზროვან დიალოგში აიზეკ აზიმოვმა სამეცნიერო სამყაროს წარმომადგენელთა სიამაყე და ცრურწმენები ჩააქსოვა, რომელიც წითელ ხაზად გასდევს ადამიანებისა და მანქანების ურთიერთობას. ადამიანებს იმის წარმოდგენაც კი შიშის ზარს სცემს, რომ ოდესღაც მანქანები შექმნიან სიმფონიებს, დაამტკიცებენ თეორემებს და ა.შ.

2009 წელს კორნელის უნივერსიტეტში რობოტექნიკოსმა, ჰოდ ლიპსონმა და მისმა სტუდენტმა მაიკლ შმიდტმა ამბიციური პროექტი დაიწყეს. მათ განიზრახეს შეექმნათ პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც მეცნიერებს რთული პროცესების მათემატიკურ მოდელირებაში დაეხმარებოდა. შედეგად, ამას Eureqa-ს შექმნა მოჰყვა. Eureqa პროგრამული უზრუნველყოფის ქსელური პლატფორმაა, რომელიც მონაცემების ანალიზის საფუძველზე მათემატიკურ მოდელს აგებს. მას „პირადი მოხმარების რობომეცნიერს” უწოდებენ და ამ დარგში ბოლო ათწლეულის ყველაზე მნიშვნელოვან გამოგონებად თვლიან.

Eureqa-ს სახელწოდება ნაწარმოებია „ევრიკას“ და Equation-ის (ინგლ. განტოლება) შერწყმით. სწორედ ეს ორი სიტყვა განსაზღვრავს მის არსს. შეგვიძლია მარტივი მაგალითი განვიხილოთ, რომელიც ოფიციალურ ვიდეოტუტორიალს მოჰყვება: ავიღოთ ჩვეულებრივი ქანქარა და ავამოქმედოთ. დროთა განმავლობაში ის შეასრულებს მილევად რხევებს და ხახუნის ძალის გავლენით საბოლოოდ გაჩერდება. თუკი რხევისას დროის და გადახრის კუთხის შესაბამის რიცხვით მნიშვნელობებს ამოვიწერთ, გვექნება მონაცემები, რომლის ანალიზის საფუძველზეც, Eureqa-ს შეუძლია სკოლაში ნასწავლი, ქანქარის რხევის განტოლება იპოვოს.

არსებობის 2 წლის მანძილზე Eureqa-მ ხელახლა „აღმოაჩინა“ ენერგიის შენახვის კანონი, ნიუტონის მეორე კანონი, იმპულსის მუდმივობის კანონი და ა.შ. იმის გამო, რომ Eureqa უფასო პროგრამული უზრუნველყოფაა და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მისი ჩამოქაჩვა კორნელის უნივერსიტეტის ვებსაიტიდან, ძალიან მალე მოიპოვა პოპულარობა სამეცნიერო სამყაროში. თუმცა მას უპირატესად მაინც ბიოლოგები იყენებენ, ვინაიდან, როგორც ისინი ამბობენ, ცოცხალი მატერიის მათემატიკური მოდელირება, ადამიანის შესაძლებლობების ფარგლებს სცილდება.

საინტერესოა, თუ როგორ „პოულობს“ მონაცემების აღმწერ მათემატიკურ განტოლებას Eureqa?! შემქმნელებმა საამისოდ გენეტიკური ალგორითმები გამოიყენეს. გენეტიკური ალგორითმების მეთოდოლოგიის არსი ევოლუციის ბუნებრივი შერჩევის პრინციპს ეფუძნება. ის თავდაპირველად შემთხვევით ირჩევს მათემატიკური სიმბოლოების ნაკრებებს, ე.წ. ქრომოსომებს და ამ უკანასკნელთა რეკომბინაციისა და მუტაციის შედეგად ქრომოსომების ახალ თაობებს ბადებს. ქრომოსომას, რომელიც უკეთ აღწერს მონაცემებს, გადარჩენის უფრო მეტი შანსი აქვს და, შესაბამისად, შემდგომი თაობების შერჩევაში მონაწილეობს. ამგვარად, დროთა განმავლობაში, თაობიდან თაობამდე ქრომოსომების შესაბამისობა იზრდება და საბოლოოდ, Eureqa ბეჭდავს ფორმულას, რომელიც მონაცემებს ზუსტად აღწერს.

0x01 graphic

ჰოდ ლიპსონის თქმით, თუკი Eureqa-ს შეუძლია ფორმულების პოვნა, როგორიცაა მაგალითად აინშტაინის E=MC2, ეს არ ნიშნავს, რომ განტოლებაში შემავალი ცვლადების: ენერგიის, მასისა და სინათლის სიჩქარის ინტერპრეტირების უნარიც აქვს. ანუ დროის მანქანით, შუა საუკუნეებში რომ გადავაგზავნოთ Eureqa, რიგითი შუასაუკუნელი მეცნიერი ვერაფრით მიხვდება, თუ რას აღნიშნავს ეს ფორმულა, ვინაიდან ენერგიისა და სინათლის სიჩქარის ცნება იმ დროს არ არსებობდა. Eureqa მხოლოდ დამხმარე პროგრამული უზრუნველყოფაა, რომელიც მეცნიერს კვლევის ყველაზე რთულ ნაწილში, მათემატიკურ მოდელირებაში ეხმარება. პარადოქსია - სულ რაღაც რამდენიმე ათეული წლის წინ, ყველა დარწმუნებული იყო, რომ მანქანა იმის გაკეთებას ვერასოდეს შეძლებდა, რასაც Eureqa ახლა დიდი წარმატებით ახერხებს.

22 სამოქალაქო აზროვნებასა და ადამიანის უფლებებზე

▲ზევით დაბრუნება


არქივი

იაკობ გოგებაშვილი

იაკობ გოგებაშვილის შეფასებისას ხშირად მხოლოდ დედაენასა და წერა- კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მოიხსენიებენ. გასახსენებელი და დასაფასებელი ამ პიროვნების გარშემო კი ძალიან ბევრია. გოგებაშვილი საკუთარი ეპოქის ადამიანის უფლებების ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამცველი და ქომაგი იყო. ამას მისი პუბლიცისტური წერილებიც ადასტურებს. ის ყოველთვის ადევნებდა თვალს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს და მათზე ქართულ საზოგადოებას მოუთხრობდა. პრინციპული, მამაცი, მაგრამ სხვებთან შედარებით თავმდაბალი და ჩუმი იაკობ გოგებაშვილი ქართველ ლიბერალთა შორის ერთ-ერთი პირველი გახლდათ.

ერეკლე ჯანელიძე
. გოგებაშვილის მუზეუმის კურატორი, ისტორიკოსი

ამერიკის სამოქალაქო ომზე

თუმცა ბევრი წინასწარმეტყველებდა ამერიკის შინაური ბრძოლა დიდ ხანს გაგრძელდებაო, თუ ჩრდილოეთის შტატები არ დათანხმდებიან კავშირის დარღვევაზე და ამ კავშირიდან სამხრეთის შტატების გასვლაზედო; მაგრამ ჩრდილოელებმა არც ერთს თავის მოთხოვნილებაზედ ხელი არ აიღეს და სამხრეთელების სრული დამარცხებით მთელი ქვეყანა გააკვირვეს. კავშირი უწინდელს საფუძველზედ აღზდგა, უფრო-კი მეტი სიმძლავრის გრძნობით, რადგანაც საუკუნოდ დაირღვა მონობა, სენი შეერთებული შტატებისა... ლინკოლნი კიდევაც ემზადებოდა, მოეკრიფა ნაყოფი თავისი მხნე და გონივრული პოლიტიკისა. ყოველი მისი აზრი და წადილი იყო მიქცეული იმაზედ, რომ ჩქარა განეკურნა თავისი ხალხი ყოვლის ომის გამო წამომდგარი ნაკლისა და სენისაგან, მაგრამ 2 აპრილსა ლინკოლნის ძვირფასი სიცოცხლე საზიზღარი მკვლელის ხელით მოისპო... ამერიკის ერმა ამ საშინელ შემთხვევაში მთელს ქვეყანას წარუდგინა გასაოცარი მაგალითი თავისი პოლიტიკური ჭკუისა... ჩრდილოეთი თავის ერთხელ მოწადინებულ საქმეს ერთი ნაბიჯითაც არ განშორდა... ახლა შეერთებულის შტატების სახელმწიფო პირნი მოვალენი იყვნენ რამდენიმე მილიონ ზანგებისათვის ეზრუნათ. ზანგები ჩრდილოეთის შტატების გამარჯვებით მონობისაგან განთავისუფლდნენ... მომავალი აღყვავება და სიძლიერე შეერთებული შტატების ბევრის მხრით დამოკიდებულია იმაზედ, თუ როგორ წარიმართვის და გარდაწყდება ზანგების საქმე.

სამოქალაქო აზროვნების შესახებ

როცა რომელიმე უფლება უმაღლესი სახელმწიფოს ძალის მიერ ჩამორთმეული აქვს ადამიანსა, ან მთელს ერსა, და ესენი იძულებულნი არიან დაემორჩილნონ თავისს ბედსა, ეს უძლურებას და არაფრობას მორჩილისას როდი მოასწავებს, თუნდაც ეს ჩამორთმევა უსამართლოდ მომხდარიყოს. მოგეხსენებათ, რომ ძალა აღმართსაცა ხნავსო და ლომსაც ჰბოჭავსო. გარნა ამის გამო არც აღმართი იქცევა დაღმართად, არც ლომი - კურდღლად. მაგრამ თუ ადამიანი, ან ხალხი სიტყვა-ამოუღებლივ, ქედ-მოდრეკით ემორჩილება დაბალი ღობის ბედსა, რადაც, წინააღმდეგ კანონისა, გაუხდიათ იგი წვრილ-ფეხობა მოხელეებსა, ეს იმისი უტყუარი ნიშანია, რომ მონობას, ყურმოჭრილს ყმობას შეუპყრია საზოგადოების სული და გული, ამაზედ მომაკვდინებული სენი აღარ იქმნება ერისათვის, ეს სწორედ განგრენაა, მჭამელაა, საშინელი შინაგანი ავადმყოფობა, რომელიც ხალხს ათანასწორებს ჭირით შეპყრობილ პირუტყვ-ნახირთანა, და ემუქრება გაუქარწყლოს მას ყოველი მომავალი.

23 თილისმები: სლავეკი და სლავკო

▲ზევით დაბრუნება


სპორტი

ლაშა გოდუაძე

ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში მესამედ, ტურნირი ერთდროულად ორ ქვეყანაში იმართება: 2000 წელს კონტინენტის პირველობას ბელგიამ და ჰოლანდიამ უმასპინძლეს, ოთხი წლის წინ თასი ავსტრია-შვეიცარიაში გათამაშდა, ახლა კი პოლონეთის და უკრაინის ჯერია.

ისევე, როგორც 2008 წელს, ევროპირველობას ორი თილისმა ჰყავს და ოთხი წლის წინანდელის დარად, მათი ავტორი კვლავ კინოკომპანია უორნერ ბრაზერსია: მხიარული ფეხბურთელი ბიჭუნები პოლონეთის და უკრაინის ეროვნულ ნაკრებთა ფორმებში არიან გამოწყობილნი.

2010 წლის დეკემბერში მათთვის სახელის შესარჩევად უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე კონკურსი გამოცხადდა. გამოკითხვაში თითქმის 40 ათასმა გულშემატკივარმა მიიღო მონაწილეობა, საბოლოოდ კი ბიჭუნებს სლავეკი და სლავკო ეწოდათ. ამ ვარიანტმა საერთო ხმების 56%25 მიიღო და სიემკო-სტრიმკოს და კლემეკ-ლადკოს ვარიანტებს აჯობა.

თილისმები საფეხბურთო ტურნირებში 1966 წლიდან გამოჩნდა: ინგლისში გამართული მსოფლიო ჩემპიონატი ლომის ბოკვერმა ვილიმ დაამშვენა, ევროპის ჩემპიონატისთვის კი პირველი თილისმა 14 წლით გვიან, 1980 წელს, იტალიაში შეიქმნა - ხის ბიჭუნა პინოქიო.

მას შემდეგ თილისმები იყვნენ:

1984 წელი, საფრანგეთი - ბუცებში გამოწყობილი თეთრი მამალი პენო.

1988, გფრ - სახელმწიფო დროშის ფერებში შემოსილი კურდღელი ბერნი.

1992, შვედეთი - კვლავ კურდღელი, თუმცა ამჯერად შვედეთის დროშის ფერებში და სხვა სახელით - რებიტი.

1996, ინგლისი - ლომის ბოკვერი სახელად გოლიათი ინგლისის ნაკრებისმაისურით და ბურთით.

2000, ბელგია-ჰოლანდია - ლომი ბურთით და ეშმაკის კუდით, სახელად ბენილაქი. მისი ფაფარი ბელგიის და ჰოლანდიის ფერებშია. რატომ ლომი ეშმაკის კუდით? ცხოველთა მეფე ჰოლანდიის სახელმწიფო გერბზეა გამოსახული, ბელგიის ნაკრებს კი წითელ ეშმაკებსაც უწოდებენ.

2004, პორტუგალია - ბიჭუნა კინაში ნაკრების მაისურით. „კინაშ” წარმოებულია „ბანდეირა დე კუინაშ” - იდან, რაც სახელმწიფო დროშის სახელწოდებაა.

2008, ავსტრია-შვეიცარია - ბიჭუნები ტრიქსი და ფლიქსი ავსტრიის და შვეიცარიის ნაკრებთა მაისურებში. მათი აჩეჩილი თმები ერთგვარი მინიშნებაა მასპინძელი ქვეყნების მთებზე.

0x01 graphic

სპორტი|ევრო 2012

...საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის თანამშრომელმა ანრი დელონემ ევროპის თასის გათამაშების იდეა ჯერ კიდევ 1927 წელს გამოთქვა, თუმცა ტურნირი, სხვადასხვა მიზეზთა გამო, მხოლოდ 1958 წელს დაიწყო.

...ევროპის თასის პირველ გათამაშებაში, რომელიც 1958 წელს დაიწყო და 1960 წელს დასრულდა, 17 ქვეყნის ნაკრები მონაწილეობდა. ასპარეზობაზე უარი განაცხადეს ინგლისის, გფრ-ის და იტალიის ნაკრებებმა. ფინალში საბჭოთა კავშირმა 2:1 დაამარცხა იუგოსლავია....

0x01 graphic

1960 წელს კონტინენტის თასის მომგები საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში სამმა ქართველმა იასპარეზა: მცველმა გივი ჩოხელმა და გარემარბებმა - სლავა მეტრეველმა და მიხეილ მესხმა. ჩოხელი და მესხი მაშინ თბილისის დინამოში თამაშობდნენ, სლავა მეტრეველი კი მოსკოვის ტორპედოში.

...ევროპის ჩემპიონ გუნდს ანრი დელონეს სახელობის თასს გადასცემენ - გამარჯვებული ჯილდოს მომავალი ტურნირის დაწყებამდე ინახავს. ევრო 2008-მდე უეფამ იმავე დიზაინის, თუმცა ახალი და შედარებით დიდი პრიზი დაამზადა - მოვერცხლილი თასი ახლა 60 სმ-ია და 8 კილოგრამს იწონის.

0x01 graphic

...გერმანელი რაინერ ბონჰოფი ერთადერთია, რომელმაც ორჯერ მოიგო ევროპის ჩემპიონის ტიტული და ასევე ერთადერთია, ვინც ამ ტურნირზე სამ მედალს დაეუფლა: 1972 და 1980 წლებში მისი ბუნდესნაკრები ჩემპიონი გახდა, 1976 წელს კი ფინალში დამარცხდა.

0x01 graphic

...უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი ევროპის ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირია - მის ანგარიშზე 9 გოლია. საფრანგეთის ნაკრების ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა ყველა ბურთი 1984 წელს, საფრანგეთში ტრიუმფით მოგებულ ჩემპიონატზე გაიტანა. 7 გოლით მეორე ადგილზე ინგლისელი ალან შირერია.

24 ოფიციალური ბურთი: ადიდას ტანგო 12

▲ზევით დაბრუნება


სპორტი

0x01 graphic

2011 წლის 2 დეკემბერს უკრაინის დედაქალაქ კიევში ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის წილისყრა შედგა, ცერემონიალს კი წინ უძღოდა ტურნირის ოფიციალური ბურთის პრეზენტაცია.

ლეგენდარულმა უკრაინელმა სპორტსმენმა, მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონმა ჭოკით ხტომაში სერგეი ბუბკამ, ხელოვნების სასახლეში სტუმრებს კომპანია ადიდასის მიერ სპეციალურად ამ ტურნირისთვის დამზადებული ახალი ბურთი - ტანგო 12 წარუდგინა.

„ჯერ ეს ბურთი არ გამოგვიცდია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, კარგი იქნება. ადიდასის დამზადებული ცუდი ბურთი ჯერ დიდ ტურნირზე არ შემხვედრია”, - განაცხადა ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ.

იანვარში ევროპის ჩემპიონატის მონაწილე ყველა ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციამ 30 ცალი ტანგო 12 მიიღო, პირველი მატჩი კი, სადაც ამ ბურთით ითამაშებენ, 8 ივნისს გაიმართება: ჩემპიონატის გახსნის შეხვედრაში პოლონეთი ვარშავაში საბერძნეთს უმასპინძლებს.

ტანგო 12 მეთერთმეტეა, რომელიც ადიდასმა სპეციალურად ევროპის ჩემპიონატისთვის დაამზადა. წინა ტურნირებზე ამ ბურთებს იყენებდნენ: 1972 - ტელსტარ ეურო; 1976 - დარლასტ ეურო; 1980 - ტანგო რივერ პლეიტ; 1984 - ტანგო მონდიალ; 1988 - ტანგო ეუროპა; 1992 - ეტრუსკო უნიკო; 1996 - ქუესტრა ეუროპა; 2000 - ტერესტრა სილვერსთრი; 2004 - როტეირუ; 2008 - ეუროპასს.

25 ჩელსის 5 უიღბლო რომანი

▲ზევით დაბრუნება


სპორტი|ფეხბურთი

ლაშა გოდუაძე

0x01 graphic

რომან აბრამოვიჩი

2003 წლის ზაფხულში რუსმა მილიარდერმა რომან აბრამოვიჩმა ინგლისის პრემიერლიგის კლუბი ჩელსი შეიძინა. მას შემდეგ ლონდონურმა გუნდმა ექვსი მწვრთნელი გამოიცვალა, რომელთაგან ხუთი ჩუკოტკის ყოფილმა გუბერნატორმა პირადად გაათავისუფლა.

პორტუგალიელი სპეციალისტი ანდრე ვილიაშ-ბოაში აბრამოვიჩის დროების მეშვიდე მწვრთნელია და ალბათ, არც უკანასკნელი: დღეს ჩელსის რთული დღეები უდგას - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ შეხვედრაში ნაპოლისთან დამარცხდა 1:3 და შესაძლოა, გათამაშებას გამოეთიშოს კიდეც. ყველაზე უარესი კი, რაც შეიძლება მოხდეს, საგაისოდ ამავე ტურნირს მიღმა დარჩენაა: კლუბი პრემიერლიგის ლიდერს მანჩესტერ სიტის 15 ქულით ჩამორჩება და მხოლოდ ლიგის საგზურისთვის ბრძოლა უწევს.

ისეთი კლუბისთვის, როგორიც ჩელსია, ამ ტურნირში ვერმოხვედრა კატასტროფაა. სპორტულ მხარეს რომ თავი დავანებოთ, ფინანსურს ვერსად გავექცევით - ათეულობით მილიონ ევროზეა საუბარი.

პრემიერლიგის XXV ტურში ევერტონთან მარცხის შემდეგ - კლუბი მოწინავე ოთხეულს მიღმა აღმოჩნდა - რომან აბრამოვიჩი პირადად ესტუმრა კლუბის ბაზას. მეორე დღეს პრესაში დაიწერა, რომ გუნდის მფლობელმა საკმაოდ მოკლედ და ცივად აუხსნა მწვრთნელებს და ფეხბურთელებს, თუ რა შეიძლება გამოიწვიოს ჩავარდნამ.

XXVI ტურში ჩელსიმ ბოლტონ უონდერერზს უმასპინძლა და 3:0 მოიგო.

ტაბულა იმ ხუთ მწვრთნელს გაიხსენებს, რომლებიც რომან აბრამოვიჩმა პირადად დაითხოვა.

კლაუდიო რანიერი

იტალიელი სპეციალისტი ლონდონურ კლუბში მეოთხე სეზონს იწყებდა, როცა აბრამოვიჩმა ჩელსი შეიძინა. რანიერიმ ტრანსფერებისთვის 120 მილიონი გირვანქა მიიღო, სეზონის ბოლოს კი კლუბმა ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავა, რაც საუკეთესო შედეგი იყო ბოლო 49 წლის მანძილზე.

პარალელურად, რანიერის ჩელსი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშიც გავიდა, მაგრამ გუნდის მფლობელისთვის ეს არადამაკმაყოფილებელი შედეგი აღმოჩნდა და მონაკოსთან საპასუხო ნახევარფინალის შემდეგ - შინ ფრე 2:2, ორი მატჩის ჯამში 3:5 - გასახდელში შესულმა პირადად დაითხოვა მთავარი მწვრთნელი.

ოფიციალური ინფორმაციით, კონტრაქტის გაწყვეტის სანაცვლოდ კლაუდიო რანიერიმ 6 მილიონი გირვანქა მიიღო, რამდენიმე თვეში კი წიგნი გამოუშვა, სადაც ლონდონში გატარებული წლები გაიხსენა.

ჟოზე მოურინიო

2004 წლის 2 ივნისს ჩელსი პორტუგალიელმა ჟოზე მოურინიომ ჩაიბარა: რამდენიმე დღით ადრე მან პორტუსთან ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

მოურინიოს ხელში ჩელსი ინგლისური საკლუბო ფეხბურთის ლიდერი გახდა და არნახულ წარმატებებს მიაღწია: ზედიზედ ორჯერ მოიგო პრემიერლიგა, ამდენჯერვე აღმართა ლიგის თასი, ერთხელ ასოციაციის თასი მოიგო, მაგრამ...

ჩემპიონთა ლიგაში აბრამოვიჩის გუნდის საუკეთესო შედეგი - ნახევარფინალი - ვერც ამჯერად გაუმჯობესდა: ამ სტადიაზე ჩელსი ორჯერ დამარცხდა ლივერპულთან, ერთხელაც მერვედფინალი წააგო ბარსელონასთან.

კლუბის მფლობელის და მთავარი მწვრთნელის ურთიერთობა 2006 წლის ზაფხულიდან გაუარესდა - მოურინიოს არაფერში სჭირდებოდა უკრაინელი თავდამსხმელი ანდრეი შევჩენკო, რომელიც მილიარდერმა პირადი ინიციატივით გადაიბირა მილანიდან. ამას აბრამოვიჩის მრჩეველ პიტ დე ვაისერთან ხშირი კონფლიქტებიც დაერთო...

2007 წლის 18 სექტემბერს ჩელსიმ ჩემპიონთა ლიგაში შინ ვერ სძლია ნორვეგიის რუსენბორგს და ორი დღის შემდეგ, კლუბის დირექტორთა საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე რომან აბრამოვიჩმა ხელქვეითებს გადაწყვეტილება გააცნო.

კომპენსაციის სახით ჟოზე მოურინიომ დაახლოებით 12 მილიონი გირვანქა მიიღო, კლუბი კი ავრაამ გრანტმა ჩაიბარა.

ავრაამ გრანტი

გრანტი აბრამოვიჩის მეგობარი და კლუბის დირექტორთა საბჭოს წევრი იყო, გუნდი კი მოურინიოს წასვლისთანავე ჩაიბარა.

ფეხბურთელები ხელმძღვანელობის არჩევანით უკმაყოფილონი დარჩნენ: ჟურნალ-გაზეთებში ხშირად ჩნდებოდა წერილები, სადაც გრანტის დრომოჭმულ სამწვრთნელო მეთოდებზე და უინტერესო ვარჯიშებზე წერდნენ, მაგრამ ამის მიუხედავად, ჩელსი ორ ფინალამდე მაინც მივიდა...

თუმცა ორჯერვე ხელი მოეცარა: ჯერ ლიგის თასის გადამწყვეტი მატჩი წააგო ტოტენჰემ ჰოთსფურთან, მაისში კი მოსკოვში ითამაშა საოცნებო ჩემპიონთა ლიგის ფინალში და... პენალტებში დამარცხდა მანჩესტერ იუნაიტედთან.

რომან აბრამოვიჩმა მეგობარი თანამდებობიდან დაითხოვა, სამაგიეროდ დირექტორთა საბჭოში დაბრუნება შესთავაზა, მაგრამ ავრაამ გრანტმა კუთვნილი კომპენსაცია, 5 მილიონი გირვანქა მიიღო და ლონდონური კლუბი დატოვა.

ლუიშ ფელიპე სკოლარი

ბრაზილიელ მწვრთნელთან კონტრაქტი ჯერ კიდევ ევრო 2008-ის დაწყებამდე გაფორმდა: პირველად მოხდა, რომ ინგლისის პრემიერლიგის კლუბი მსოფლიო ჩემპიონმა მწვრთნელმა ჩაიბარა.

სკოლარის საფეხბურთო ფილოსოფია ჩელსის ბევრი ფეხბურთელისთვის უცხო აღმოჩნდა: მწვრთნელი ოჯახური გარემოს შექმნას ცდილობდა, მუდმივად ითხოვდა იმპროვიზაციას, მოთამაშეებს არნახულ თავისუფლებას ანიჭებდა...

დიდი ფილის შეხედულებებმა თავდაპირველად სასურველი შედეგი გამოიღო, მაგრამ ჩემპიონატის მეორე წრიდან მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, თებერვალში კი, მაჩანჩალა ჰალთან უგოლო ფრეს შემდეგ ბრაზილიელის და ჩელსის ურთიერთობას აბრამოვიჩმა წერტილი დაუსვა.

„59 წლის ვარ და არ მინდა ფეხბურთში 70 წლამდე დავრჩე. ლონდონში მუშაობა, სიმართლე გითხრათ, ძალიან კარგი გასამრჯელოს გამო გადავწყვიტე”, - ბოლო პრესკონფერენციაზე სკოლარი გულახდილი იყო.

ჩელსი სეზონის ბოლომდე ჰოლანდიელმა გუუს ჰიდინკმა ჩაიბარა, რომელიც პარალელურად რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახლდათ. რუსეთის საფეხბურთო კავშირი ჰიდინკს მრავალმილიონიან გასამრჯელოს რომან აბრამოვიჩის საქველმოქმედო ფონდის შემწეობით უხდიდა.

ჰიდინკის ხელში ჩელსიმ ქვეყნის თასი მოიგო, პრემიერლიგა კი მესამე ადგილზე დაასრულა. ჰოლანდიელი აბრამოვიჩის დროების ერთადერთი მწვრთნელია, რომელიც გუნდის მფლობელს არ დაუთხოვია...

კარლო ანჩელოტი

მილანში ანჩელოტიმ ყველაფერი მოიგო, რისი მოგებაც შესაძლებელი იყო: სერია ა, იტალიის თასი, ჩემპიონთა ლიგა და ევროპის სუპერთასი ორჯერ, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი...

იტალიელის პირველი ლონდონური სეზონიც დიდებულად დასრულდა: ჩელსიმ პრემიერლიგაც მოიგო და ასოციაციის თასიც, მაგრამ რომან აბრამოვიჩის ოცნების ასრულება ვერც მან შეძლო. ანჩელოტის კლუბი 2009-10 წლების ლიგაში ჟოზე მოურინიოს ინტერთან მერვედფინალში დამარცხდა, 2010-11 წლებში კი მეოთხედფინალში მანჩესტერ იუნაიტედთან.

2011 წლის 22 მაისს ჩელსიმ ანჩელოტის 6 მილიონი გირვანქა გადაურიცხა და დაითხოვა.

ზუსტად ერთ თვეში, 22 ივნისს, სტემფორდ ბრიჯზე ახალი მწვრთნელი, პორტუსთან ერთად უეფას ევროპის ლიგის, პორტუგალიის ჩემპიონატის და თასის მომგები ანდრე ვილიაშ-ბოაში გამოჩნდა...

26 დინკას ტომის ჩიკაგოელი ბიჭი

▲ზევით დაბრუნება


სპორტი|კალათბურთი

ზურაბ თალაკვაძე

ხუთი წლის წინ, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევებისთვის საფრანგეთში, პოში ემზადებოდა. მაშინ, თითქმის სულ პოში ჩავდიოდით, ვერთობოდით და მერე უფრო საინტერესო ამბები იწყებოდა. ნაკრების კაპიტანი ვატო ნაცვლიშვილი იყო და ლეგიონერად ტაირონ ელისი გვყავდა. პოში რამდენიმე დღით ვიყავით. იქ ჩვენები დიდ ბრიტანეთს ესპარინგებოდნენ. ორ დღეში ორი ტესტი იყო. პირველი - 9 აგვისტოს...

საქართველოს ნაკრების ბოსი კენ შილდსია. დიდ ბრიტანეთთან პირველ თამაშს 65:63 ვიგებთ. მანუჩარ მარკოიშვილმა სერიოზულად აკრიფა, 4 სამიანი გაუშვა და ყველა ჩასვა. მანუზე ერთი მაგარი ბრიტი ადის, რომელსაც სწორედ 9 აგვისტოს ნაკრებში დებიუტი აქვს. მარკოიშვილმა დებიუტს გემო გაუფუჭა. ბრიტმა 19 ქულა წაიღო და მეორე თამაშისთვის უფრო მეტს აიღებს.

მეორე თამაში მეორე დღეს იყო. მანუმ 11 ქულა აკრიფა. თავისი 4 მოხსნით. იმ ბრიტმა, მოქნილმა ტერორისტმა 29 ქულა, 9 მოხსნა, 5 პასი, 3 ჩაჭრა შეაფუთინა და დიდი ბრიტანეთი 82:64 გვიგებს. დიდ ბრიტანეთში ლუოლ დენგი იყო. ჩვენმა, ქართველმა დენგმა რეალურ ლუოლს სანაკრებო დებიუტი მოუგო და მეორე დღეს დენგმა გაგვტეხა.

ლუოლი ერთ კაცთან ზედიზედ ორჯერ არ აგებს. თითქმის არ აგებს.

ადრე, სუდანში, ფეხბურთში უბნის ჩემპიონატი წააგო. ლუოლმა უკეთესი გუნდი შეკრიბა, კარში თვითონ ჩადგა და დენგის ბიჭებმა ტურნირი მოიგეს. გუნდი სუდანის ჩემპიონატზე დაუშვეს.

ლუოლის მამა, მისტერ ალდო დენგი სუდანში, ტრანსპორტის მინისტრი გახდა. ლუოლი მეგობრის მამის ცხვრებს ყიდის, ფულს აგროვებს. მამა ტრანსპორტის მინისტრია და ლუოლი ცხვრებს ყიდის. სუდანში ეს მოსულა. იქ შენი ფული უნდა გქონდეს.

დენგი დინკას ტომიდან მოდის. იქ, ძირითადად მაღალი ბიჭები არიან. დინკას ტომიდან NBA-ში მიდის მანუტე ბოლი. ბოლი 231 სანტიმეტრია. მერე, დენგი ფეხბურთიდან კალათბურთზე რომ გადავა, მანუტე ახალგაზრდა ლუოლს ბევრ რაღაცაში დაეხმარება, ამერიკაში ჩაიყვანს, ბინას უქირავებს. ბოლი ყველას უყვარდა და მანუტემ ეს სიყვარული თან წაიღო. შარშანწინ, როდესაც ბოლი ვირჯინიის სამედიცინო ცენტრში უგონოდ იწვა, დენგი იქ იყო. NBA-ს სეზონი მორჩა, ლუოლს უნდა დაესვენა და დენგი უფროს მეგობართან ჩავიდა. მანუტე 19 ივნისს წავიდა. ბოლო გზაზე დინკას ტომის ყველაზე მაღალი კაცი მეგობარმა გააცილა.

დენგი დღეს ჩიკაგოშია. ბულზი დენგის გუნდია. დენგი ბულზის კაპიტანია.

წელს, როდესაც ბულზში დერიკ როუზი ვერ დარბოდა (ზურგის ტრავმით), ლუოლმა არარეალური კალათბურთი ითამაშა და ჩიკაგომ ექვსში ხუთი მოიგო. მერე, როდესაც დენგი დაილეწა, როუზმა გუნდს შვიდიდან მხოლოდ ოთხი თამაში მოაგებინა. როუზი არის ლიგის მოქმედი MVP. დენგი მთელი გუნდია.

დენგი დიდი ბრიტანეთის ნაკრებშიც ბოსია. ჩიკაგოში ლუოლი საშუალოდ 17 ქულას, თითქმის 7 მოხსნას და 3 პასს უპრობლემოდ იღებს. დაცვაში ლებრონზე ადის, კობის კეტავს, ჯინობილის დერეფანს ართმევს. დენგს ენდობიან.

ლუოლი წელს, ორლანდოში All Star Game-ზე აირჩიეს. სუდანელი, რომელიც ადრე, მეგობრის მამის ცხვრებით ვაჭრობდა, ორლანდოში, კრისტინა აგილერასთან და ჯასთინ თიმბერლეიქთან ჩავა. ხდება ხოლმე.

0x01 graphic

ლოულ დენგი

27 როტერდამის დღიური

▲ზევით დაბრუნება


ჩოგბურთი|სპორტი

გიორგი მაჩაბელი

როჯერ ფედერერის სამი შანგრი ლა წელს ლონდონში იქნება. ჯერ უიმბლდონი და ბოლოშია მასტერსის თასი, რვა ყველაზე კარგი ბიჭი რომ იკრიბება და პრივატულ წრეებში მაგარი გარჩევები მიდის. შუაშია ოლიმპიადა. ფედერერს ოლიმპიური ბონუსი ოთხი წლის წინ, პეკინში აქვს მოხსნილი. ლონდონში ფედერერზე კინოინდუსტრიის ფედერერი, მისტერ გაი რიჩი დადის. როჯერი ოლიმპიადაზე ორჯერ ჩავიდა. 12 წლის წინ, სიდნეიში წააგო ერთეულებში, მეოთხე ადგილზე გავიდა და მოიგო პირადულში. სიდნეიში როჯერს ტომი ჰაასმა 6:3, 6:2 შეუსრულა. როჯმა წააგო ფრანგ არნო დი პასკუალესთან ტესტი მესამე ადგილისთვის და დაჯილდოების დროს დაინახა მიროსლავა ვავრინეცი. ადრე ერთმანეთს ხვდებოდნენ, უმესიჯებდნენ. მერე როჯმა მირკასთვის ვერ მოიცალა და ჩოგბურთს მიხედა. ლონდონიდან ყველაფერი ახლიდან აგორდა. მირკა ფედერერის ცოლი გახდა.

19 თებერვალს როჯერი როტერდამში იყო. ამ ტურნირზე ადრე უფრო სერიოზული ხალხი ჩადიოდა. მერე შეიცვალა სპონსორი, შეიცვალა პირველი ათეულის ხალხის ინტერესი და როტერდამში ისე რა შემადგენლობამ დაიწყო სიარული. ამჯერად როტერდამში ფედერერი, ტომაშ ბერდიხი, იანკო ტიპსარევიჩი და ხუან მარტინ დელ პოტრო არიან. ოთხივე პირველ ათეულში ზის. ოთხივე საინტერესო ფიგურაა. 19 თებერვალს როტერდამის ფინალი იყო.

ფინალის დღეს როჯერმა ბევრი რაღაც მოასწრო:

დილის ვარჯიში პოლ ანაკონესთან ერთად. პოლი ადრე პიტ სამპრასის მწვრთნელიც იყო. ერთ საათში ანაკონემ ფედერერი აზრზე მოიყვანა. როჯმა კარგად ივარჯიშა.

ფედერერი ისვენებს. მირკამ კაფეში შემოიხედა. იქვეა როჯერის მეორე მწვრთნელი, სევერენ ლიუთი. სევი უფრო ფსიქოლოგია. დილის ვარჯიშის მერე, ნახევარი საათით როჯერი ლიუთისთან მიდის. ფინალის წინ აუცილებელია.

რიხარდ კრაიჩეკი როტერდამის ტურნირის დირექტორია. კრაიჩეკმა ადრე, 16 წლის წინ უიმბლდონზე პიტ სამპრასს მოუგო. რიხარდი ცნობილი ჰოლანდიელია, უიმბლდონი აქვს მოგებული. ნახევარი საათი ფედერერმა კრაიჩეკსაც დაუთმო. წაიჭორავეს. მერე კიდევ წაიჭორავებენ.

0x01 graphic

როჯერ ფედერერი

როჯერი სასტუმროში ბრუნდება. ჯერ დასვენება და მერე ხილის სალათი უნდა ჩაიფინოს. სალათში ბევრი კივია. როჯერს კივი უყვარს. სალათს მირკა აკეთებს. როჯერს მირკაც უყვარს.

საღამოს ფედერერი კორტზე კიდევ ერთხელ უნდა გავიდეს. გუშინ, როჯმა ნახევარფინალში მელოტი რუსი, კოლია დავიდენკო დაამშვიდა და დღეს, ფინალში მაღალი არგენტინელი, დელ პოტრო უნდა წაიკითხოს. წაიკითხავს.

დაიწყო ფინალი. პოლ ანაკონეს სასტუმროში თავისი კეპი დარჩა. მეორე გეიმიდან პოლი სასტუმროში მიდის და პირველ სეტს ვერ ესწრება. როჯერმა პირველი სეტი 6:1 მოიგო. ანაკონე მეორე სეტის ბრეიქზე ბრუნდება. ფედერერი თამაშობს, ისვენებს, დაჯილდოებისთვის ემზადება.

ფედერერმა 6:1, 6:4 დასვა. კრაიჩეკმა არ გადააგდო, დაჯილდოებაზე მივიდა და დააჯილდოვა. დელ პოტრომ როჯს ჯერ ხელი მოუთათუნა, მერე ჩოგანი. მიულოცა. როჯმა ხუანი სასტუმროში, მირკას სენდვიჩებზე დაპატიჟა.

როტერდამის დღიური დაიხურა. თითქოს წასული როჯერი დაბრუნდა, ფორმაშია და ლონდონისთვის ემზადება. ამით ჩოგბურთი მხოლოდ მოიგებს.

28 დაცლილი არსენალი

▲ზევით დაბრუნება


სპორტი|ფეხბურთი

ზურაბ თალაკვაძე

0x01 graphic

არსენ ვენგერი პრაგმატული ფრანგია. ადრე, დევიდ სიმენით და ოთხი ჯიუტი მცველით, არსენალის ტერიტორიაზე ყველას წითელს უნთებდა და დანარჩენი ექვსი კაცით იგებდა. ბევრს იგებდა. ის ჯიუტები ლი დიქსონი, ნაიჯელ უინთრებერნი, სტივი ბოულდი და ტონი ადამსი იყვნენ. ოთხივე ლოთი, ოთხივე დისციპლინაზე აცრილი და ოთხივე ვენგერის ერთგული კაცი. ის არსენალი სხვა თემა იყო. 1997/98 წლების სეზონში, ვენგერის ბიჭებმა სერიოზული ფეხბურთი ითამაშეს. იმ სეზონში არსენალს ჰქონდა სერია, როდესაც 14 თამაშიდან თორმეტში, გუნდმა გოლი არ გაუშვა. ის გუნდი ჰერბერტ ჩეპმენის და ჯორჯ გრემის გუნდებზე დაუნდობელი იყო. ის გუნდი სხვებს არ ინდობდა.

დღევანდელი არსენალი არსენ ვენგერს არ ინდობს.

ვენგერი დროს უსწრებდა და მერე, ერთ მოსახვევში, დრომ არსენს გაუსწრო. ვენგერს კარნახობდნენ, რომ სოლ კემპბელი ვერ დარბის, ძირითადად დგას და ვენგერს ეს არ ესმოდა. სოლი არსენის კაცი იყო. ვენგერმა ვერ წარმოიდგინა, რომ დაცვის ცენტრში ვინმე სოლზე მაგრად, ერთგულად დადგებოდა.

ვენგერმა რუსების ზიდანი, ქოჩორა ანდრიუშა არშავინი იყიდა. არსენს კარნახობდნენ, რომ არშავინი ერთჯერადი ტიპია და ვენგერს ეს არ ესმოდა. ვენგერმა ვერ წარმოიდგინა, რომ არსენალში ბიჭი უგულოდ, ღამის კლუბებისთვის ითამაშებდა.

ვენგერი ვარჯიშზე უღეჭავს ყველაფერს მიკელ არტეტას. მერე იწყება თამაში და არტეტა სადღაც სხვაგან არის. არსენი უყურებს არტეტას და ახსოვს სესკ ფაბრეგასი. არსენი უყურებს ტომაშ როსიცკის და ახსოვს სამირ ნასრი. სებასტიან სკილაჩიმ ცენტრში კემპბელი ვერ შეცვალა. სოლი შეუცვლელი იყო. არშავინი რობერ პირესის როლში ვერ შედის და კიერან გიბსი ვერ ქაჩავს ეშლი კოულამდე.

ვენგერის არსენალი თავიდან თითქმის უნაკლო პროექტი იყო. დარჩი არსენალში და ბევრს მოიგებ, უხსნიდა არსენი ყველა მოთამაშეს. არსენალში ნაკლებს გადაგიხდიან, მაგრამ მოგებას მიეჩვევი და გუნდი შენი საუკეთესო მეგობარი, შენი მეგობარი გოგონა იქნება, ამბობდა ვენგერი. ეს საუბარი არსენალს კრავდა, გუნდი არ იშლებოდა და ოთხი წლის წინ, მეტიუ ფლამინი პირველი მირბის არსენალიდან.

ფრანგმა ფრანგი დატოვა და მილანში გადავიდა. არსენალში, ერთ სეზონში 1.2 მილიონი გირვანქა ჰქონდა. იტალიაში თითქმის 2 მილიონი დაირტყა. ფლამინის მერე, ვენგერის ბორანიდან ჩამოდიან გაელ კლიში, ფაბრეგასი, კოლო ტურე და ნასრი. არსენმა ინერვიულა და წამსვლელებს წასვლაში ხელი არ შეუშალა.

ექვსი წლის წინ გუნდი გადადის ემირეითს სთედიუმზე და ბოსებმა, არსენს ახალ პირესებზე ბევრ მილიონს მივცემთო. ბოსებმა ეს თქვეს და ნათქვამი დაავიწყდათ. არსენალის ბოლო ტრანსფერები (ანდრე სანტოში, პერ მერტეზაკერი, არტეტა, პარკ ჩუ იანგი) ძალიან ცუდი, არსენალისთვის უხერხულია.

ვენგერმა ეს იცის და არსენი ერთი კვირის წინ ბოსებს კიდევ ერთხელ შეხვდა. ვენგერმა მილიარდერებს კლუბის განვითარების ახალი გეგმა აჩვენა. საუბრის პროცესში არშავინი ზენიტში დააბრუნეს. ეს უკვე კარგია.

არსენალი უნდა შეიცვალოს.

ან ვენგერი კლუბს შეიცვლის.

29 როცა ადრენალინი საკმარისი არაა

▲ზევით დაბრუნება


კულტურა

ნინა ახლოური

0x01 graphic

რემი ოჩლიკი. ქაირო

ამერიკელი ჯარისკაცი ჯასტინ იანგის Never Forget Where I'm From-ს მღერის. ამხანაგები - დაღლილები, ჭუჭყიანები, ჩუმად უსმენენ. ავღანეთის მთებში, კორანგალის სამხედრო ბაზაზე ახლახან ჩამოვიდნენ. მათი გამომეტყველებით თუ ვიმსჯელებთ, ეს ნოსტალგიური სიმღერა მათში ემოციას აღვიძებს - სახლი უკვე თვითონაც ენატრებათ. ჯარისკაცებთან ერთად ტიმ ჰეზერინგტონი (ბრიტანელ-ამერიკელი ფოტოჟურნალისტი) და სებასტიან იუნგერიც (ამერიკელი ჟურნალისტი) არიან. ორივე იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებსაც, პირიქით, სახლში ყოფნის დროს ისეთი საშიში ადგილებისკენ მიუწევთ გული, როგორიც კორანგალის ველია - ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო და ცხელი წერტილი მსოფლიოში.

მაშინ ყველა ერაყზე საუბრობდა. ჰეზერინგტონი და იუნგერი კი ფიქრობდნენ, რომ ავღანეთის ომზე კონტროლი იყო დაკარგული. ამიტომაც, ამ თემის გაცოცხლება გადაწყვიტეს. მათ კუნარის პროვინციაში ამ ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთი წელი გაატარეს. შედეგად, 2010 წელს ჰეზერინგტონის და იუნგერის დოკუმენტურმა ფილმმა „რესტრეპო” სანდენსის კინოფესტივალზე გრანპრი მიიღო, ერთი წლის შემდეგ კი ოსკარზეც იყო ნომინირებული.

„რესტრეპომ” ადამიანების მიერ ომის აღქმა შეცვალა - ამაზე ბევრი დაიწერა. საჭირო გახდა ორი ადამიანი წასულიყო ცივილიზაციისგან ისე ძლიერ მოწყვეტილ ადგილზე, როგორიც კორანგალია. ისინი ყოველ წუთს ელოდნენ თალიბების მხრიდან სასიკვდილო დარტყმას, არ იცოდნენ, სად და რამდენ ხანში აფეთქდებოდნენ ნაღმზე... თუმცა ეს რისკი მათთვის გამართლებული იყო - სურდათ დანარჩენი მსოფლიო მონაწილე გამხდარიყო იმ ომის, რომლის არსებობაც ხშირად ავიწყდებოდათ.

„ლიბიის ალყაშემორტყმულ ქალაქ მისრატაში ვართ. კადაფის ძალები განურჩევლად ესვრიან ყველას. NATO არ ჩანს“, - დაწერა Twitter- ის ბლოგზე „რესტრეპოს” ავტორმა, ტიმ ჰეზერინგტონმა სიკვდილამდე ერთი დღით ადრე. გასული წლის 20 აპრილს ის სწორედ ამ უკონტროლო სროლებს შეეწირა. იუნგერმა მისი სიკვდილის შემდეგ თქვა - სამუშაო, ჰეზერინგტონისთვის არა უბრალოდ ფოტოების გადაღების პროცესი, არამედ არსებობის გზა და სამყაროს შეცნობის საშუალება იყოო.

0x01 graphic

სარობერტ კაპა

0x01 graphic

ტიმ ჰეზერინგტონი

0x01 graphic

მარი კოლვინი

0x01 graphic

ჯეისონ ჰაუ

ომის ფოტოგრაფია რთული ჟანრია, სადაც ყველას სხვადასხვა მოტივი გააჩნია. აქ არიან კეთილშობილი ადამიანები, რომანტიკული იდეებით - უკეთესი გახადონ მსოფლიო. არიან პოპულარობაზე მეოცნებენი, რომლებიც მათზე გაბედულებისგან დიდი თანხის სანაცვლოდ ყიდულობენ კადრებს. ეს ყველაფერი, შემდეგ პოპულარული გამოცემების გარეკანზე ხვდება. შესაბამისად, ნახავთ ავანტიურისტებსაც, რომლებსაც ამით ფულის შოვნა უნდათ. და ბოლოს, არის ხალხი, ვისაც ამის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია. ისინი იმისთვის დაიბადნენ, რომ ომის ფოტოგრაფები გამხდარიყვნენ.

პროფესია - ომის ფოტოგრაფი მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს ჩნდება, 1860-იან წლებში, როცა მეთიუ ბრეიდის გუნდი პირველად იღებს ამერიკის სამოქალაქო ომის ამსახველ ფოტოებს. მათი ნახვის შემდეგ, საზოგადოებამ, რომელიც მანამდე ომს რომანტიკულ ელფერში დახატული სურათებით იცნობდა, დიდი შოკი განიცადა. მოგვიანებით, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, ომის ფოტოგრაფია კიდევ უფრო შთამბეჭდავი ხდება. ტექნიკის განვითარებამ გადაღების პროცესი გაცილებით ოპერატიული გახადა. ამიერიდან, ომში გადაღებული ფოტო ადამიანებისთვის ყველაზე მოკლე და დასამახსოვრებელ გზავნილად იქცევა. მას, მოკლე დროში გაცილებით მეტის მოყოლა შეუძლია, ვიდრე, ვთქვათ, რამდენიმეგვერდიან სტატიას, სადაც რაიმე ამბავი დაწვრილებითაა მოთხრობილი.

0x01 graphic

ავტორი: ტიმ ჰეზერინგტონი

თუნდაც მხოლოდ ერთხელ მოვკრათ თვალი, შეუძლებელია ეს ფოტოები დაგვავიწყდეს. მაგალითად, რობერტ კაპას „ლოიალისტი სიკვდილის მომენტში”, მეხსიერებაში სამუდამოდ ტოვებს რესპუბლიკელი ჯარისკაცის, ფედერიკო ბორელ გარსიას მიწაზე დაცემის წუთს. სურათი შორეულ 1936 წელს, ესპანეთის სამოქალაქო ომშია გადაღებული. სამხედრო ფოტოგრაფიაში ეს კადრი დღემდე საუკეთესოდ ითვლება, თუმცა დიდი ხანია არსებობს ეჭვი მის ნამდვილობასთან დაკავშირებით - კაპამ ხომ ის ბრმად, შემთხვევით გადაიღო, როცა სროლის დაწყებისას სანგრიდან ფოტოაპარატის ამოყოფა გაბედა. მოგვიანებით კაპა გახდა ერთადერთი ფოტოგრაფი, ვინც მეორე მსოფლიო ომში ნორმანდიის სანაპიროზე მოკავშირეების გადასმის მომენტები ფირზე ასახა. ეს ის კადრებია, რომლებიც მოგვიანებით სპილბერგს „რიგითი რაიანის გადასარჩენად” გადაღებაში დაეხმარა. ომის დასრულების შემდეგ კაპას უნდოდა ცხოვრების ბოლომდე უმუშევარ სამხედრო ფოტოგრაფად დარჩენილიყო: „ომი იმ მსახიობ ქალს ჰგავს, რომელიც ასაკში შედის. ის უფრო სახიფათო და ნაკლებად ფოტოგენური ხდება”. მიუხედავად ამისა, 1954 წელს, ის მაინც გაემგზავრა ვიეტნამში ინდოჩინეთის ომის გადასაღებად, საიდანაც ვეღარ დაბრუნდა - ნაღმმა შეიწირა.

0x01 graphic

ავტორი: ტიმ ჰეზერინგტონი

„შემეძლო, მშვიდად მეცხოვრა პარიზში და ბოკალი ღვინით ხელში ლიტერატურაზე მესაუბრა, მაგრამ არჩევანი ომის ჟურნალისტიკის სასარგებლოდ გავაკეთე“, - ამბობდა ომის ჟურნალისტი მარი კოლვინი. 2001 წელს მარიმ შრი-ლანკაში სამოქალაქო ომის დროს ცალი თვალი დაკარგა. ყოველთვის იცოდა - ამ სამუშაომ შესაძლოა დიდი მსხვერპლი მოითხოვოს, მაგრამ ბოლომდე მისი ერთგული რჩებოდა. თვლიდა, რომ ძალაუფლების მქონე ადამიანებს ვიღაცამ აუცილებლად უნდა უთხრას სიმართლე ომის თანმდევი საშინელებების შესახებ. ორიოდე კვირის წინ, ის ფრანგ ფოტორეპორტიორ რემი ოჩლიკთან ერთად სირიაში, ჭურვის დაცემის შედეგად დაიღუპა.

0x01 graphic

ამ გაბედული ადამიანების წყალობით საზოგადოება თავადაც ხდება იმ ომის მონაწილე. ის იზიარებს სამხრეთ ვიეტნამელი ქალის მწუხარებას, რომელმაც საერთო სასაფლაოზე ორმოცდაშვიდ დაღუპულს შორის ქმრის გვამი აღმოაჩინა. დაჭრილ მოქალაქეებთან ერთად ცდილობს როგორმე მოხვდეს ევაკუაციისთვის გამოყოფილ ვერტმფრენზე. ტალახიან არხში საიგონელ ქალებსა და ბავშვებთან ერთად ბომბებს ემალება. თაიმს სკვერზე, ომის დასრულებით გახარებული, უცნობ ექთანს კოცნის. ბელსენის ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკში უამრავ დახოცილს შორის ფრიც კლაინთან (რუმინელი ექიმი, რომელიც გაზის კამერებისა და კრემატორიუმებისთვის ბანაკებში ხალხს არჩევდა) ერთად დგას და მის მაგივრად ქენჯნის სინდისი.

თუმცა როცა ცხელ წერტილში მიდიხარ, ერთადერთ საფრთხეს ნაღმზე აფეთქება არ წარმოადგენს. ამას ბრიტანელი სამხედრო ფოტოგრაფი ჯეისონ ჰაუ მაშინ მიხვდა, როდესაც კოლუმბიელმა შეყვარებულმა, მერილინმა გადაწყვიტა მისთვის სიმართლე გაემხილა. ერთ საღამოს სასტუმროში მშვიდად გაენდო ჰაუს - ის მილიციისთვის მუშაობდა და ინფორმატორებისა და მოღალატეების ლიკვიდაცია ევალებოდა. მერილინი ჯეისონს იმაშიც გამოუტყდა, რომ უკვე ათი კაცი ჰყავდა მოკლული. The Independent-ისთვის მომზადებულ წერილში „მე მკვლელი შემიყვარდა” ჰაუ აღიარებს, რომ მიუხედავად ასეთი აღიარების მოსმენისა, თავზარი არ დასცემია. აღმოჩნდა, რომ ომის ფოტოგრაფობა არა მხოლოდ ცნობილს გხდის, არამედ იმუნიტეტსაც გიმუშავებს ასეთი თავზარდამცემი ამბების წინააღმდეგ.

ადამიანი, რომელიც თითქმის ათი წელია ომის ფოტოებს იღებს, რთულია გააკვირვო. ჯეისონ ჰაუ ერაყის, ლიბანის, ავღანეთის, კოლუმბიის კონფლიქტურ ზონებში არის ნამყოფი. მას მიაჩნია, რომ ჩვეულებრივი, სამოქალაქო ცხოვრება ომზე არანაკლებ საშიშია. „ცხელ წერტილებში მუშაობის ერთ-ერთი მთავარი პლუსი ისაა, რომ ჩვეულებრივი ცხოვრების სირთულეები და მოწყენილობა მეორე პლანზე გადადის და უმნიშვნელო ხდება. აღარ გენატრება მეგობარი გოგო, რომელმაც მიგატოვა, ივიწყებ აღებულ სესხს და ასეთ სისულელეებს და განიცდი სიხარულს იმის გამო, რომ ერთი დღე იცხოვრე, ხანდახან კი ერთი წუთიც. ასეთი დაძაბულობა სხვაგან არსადაა. ეს გაქცევის ფორმაა“, - ამბობს ჰაუ. ხშირად უფიქრია პროფესიის შეცვლაზე, რადგან არსებობს უფრო მარტივი საშუალებებიც საცხოვრებლად და სამუშაოდ. თუმცა ამატებს - ეს შეუძლებელია, რადგან ამ სფეროში რამდენიმე წლის საქმიანობის შემდეგ, არცერთი პროფესია აღარ მოგეჩვენება უფრო მიმზიდველად, ასეთ კმაყოფილებას ვერაფერი მოგიტანს.

0x01 graphic

„რესტრეპოში” ერთი ამერიკელი ჯარისკაცი ამბობს: „შესანიშნავი სროლა იყო. ამას ისე ეჩვევი, როგორც კრეკს. უფრო მაგარი კაიფი არ არსებობს. ვერასოდეს მიიღებ იმაზე მეტ ადრენალინს, ვიდრე ტყვიების ქვეშ”. ჰეზერინგტონის, ჰაუს, კაპას, გარდნერის, როზენტალის და სხვა ომის ფოტოგრაფების ნამუშევრებიც სწორედ ამაზე მეტყველებს - ადრენალინი ომში პანაცეაა და მხოლოდ მას შეუძლია სიცოცხლე შეგინარჩუნოს. ისღა დაგვრჩენია, იმედი ვიქონიოთ, რომ სწორედ ეს ნეირომედიატორი არ არის კონფლიქტების წარმოშობის წყარო - ასე ხომ მათი შეჩერების პერსპექტივა სამუდამოდ არარეალური გახდებოდა...

30 უნიჭო ოსკარი

▲ზევით დაბრუნება


კულტურა|ოსკარი

ნიკა ესებუა

0x01 graphic

ოსკარის 84-ე ცერემონია

„რაღაც დონეზე, გულის სიღრმეში, ჩვენ ყველანი ვფიქრობთ, რომ ეს სისულელეა”, - ეს სიტყვები ჯონ სტიუარტმა ოსკარის წაყვანისას თქვა. მას შემდეგ წლები გავიდა და კომიკოსის ნათქვამი სულ უფრო მეტად ემსგავსება სიმართლეს.

2012 წლის ოსკარის წამყვანი ბილი კრისტალი იყო. მისმა დაბრუნებამ გააჩინა იმედი, რომ ოსკარის ცერემონია ისევ სახალისო, საინტერესო და სასაცილო გახდებოდა. შოუ ვიდეოკლიპით დაიწყო, სადაც ბილი კრისტალი ოსკარის ნომინანტ ფილმებში მოგზაურობდა. შემდეგ მან სიმღერით სცადა ხალხის გართობა. „მე დღეს ოსკარი მეცხრეჯერ მიმყავს, ასე რომ, შეგიძლიათ საომარი ცხენი მიწოდოთ“, - თქვა ბილი კრისტალმა თავის მონოლოგში. მთელი შოუს განმავლობაში, კომიკოსი, მოვალეობის მოხდის მიზნით, ამბობდა წინადადებებს, რომელსაც ალბათ თვითონაც არ უწოდებს ხუმრობას. კრისტალი მართლა ოსკარის საომარი ცხენი იყო, რომელსაც უკვე მობეზრდა ამდენი შოუ და ხალხის გართობა. ცერემონიის ნათელი წერტილი დიქტატორ ალადინის ფორმაში გამოწყობილი კომიკოსი საშა ბარონ კოენი გახლდათ. ის კიმ ჩენ ირის „ფერფლით“ გამოცხადდა წითელ ხალიჩაზე და „თავისი მეგობარი” სადამ ჰუსეინის რჩევა გაუმხილა ხალხს. „რაც შეიძლება მალე იპოვეთ ბარი და გაერთეთ“, - ეს სიტყვები შარშან კევინ სპეისიმ თქვა და, როგორც ჩანს, ნიკ ნოლტს ჭკუაში დაუჯდა. მსახიობი ცერემონიის დასაწყისში უკვე შეწითლებული იყო და მთელი შოუს მანძილზე მხიარულ განწყობას ინარჩუნებდა, რაც ალკოჰოლის გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა.

ზედიზედ მეორედ, ოსკარი ძალიან პროგნოზირებადი გამოდგა. კომპოზიტორმა ლუდოვიკ ბუსემ ყველა მნიშვნელოვან ფესტივალზე მოიგო ჯილდო „არტისტის“ მუსიკისთვის და არც ოსკარი დაუთმო არავის. მიუხედვად იმისა, რომ მისი მეტოქეები ჰოვარდ შორი და ლეგენდარული ჯონ უილიამსი იყვნენ. სრულიად დამსახურებულად, საუკეთესო ანიმაციური ფილმი გორ ვერბინსკის „რანგო“ გახდა. სამაგიეროდ, რობერტ რიჩარდსონის („ჰიუგო“) გამარჯვებულად გამოცხადება, ალბათ უსამართლობად უნდა ჩაითვალოს, მაშინ როდესაც ემანუელ ლუბეზკიმ, ტერენს მალიკის ფილმში „სიცოცხლის ხე“ ოპერატორული მასტერკლასი ჩაატარა. რიჩარდსონის ოსკარი და „ჰიუგოს“ ვიზუალურ ეფექტებში აღებული ოსკარი ორად-ორი მოულოდნელობა იყო. ვიზუალურ ეფექტებში უმთავრეს ფავორიტად „მაიმუნების პლანეტა” ითვლებოდა, თუმცა კინოაკადემიამ რატომღაც არ დააფასა ეს ფილმი. ასღარ ფარჰადის „გაყრა“ საუკეთესო უცხოენოვანი სურათი გახდა. ბევრი ეჭვის თვალით უყურებდა ირანული ფილმის შანსებს, თუმცა ნამუშევარი იმდენად შთამბეჭდავია, რომ პოლიტიკური პრობლემები მეათასეხარისხოვანი გახდა. მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის ოქტავია სპენსერი („მოსამსახურე“) და კრისტოფერ პლამერი („დამწყებები“) გამოარჩიეს. ოქტავია სპენსერი ძალიან აღელვებული იყო, ტრადიციულად ცოტა იტირა, ბევრი მადლობა თქვა და ოვაციების თანხლებით დატოვა დარბაზი. „ძვირფასო, შენ ჩემზე მხოლოდ ორი წლით უფროსი ხარ, სად იყავი ამდენ ხანს?“ - ასე მიმართა კრისტოფერ პლამერმა კუთვნილ ჯილდოს, რომლის მოპოვებითაც 82 წლის მსახიობი უხუცესი ოსკარის ლაურეატი გახდა.

0x01 graphic

მერილ სტრიპი და ჟან დუჟარდინი

0x01 graphic

ოქტავია სპენსერი

0x01 graphic

კრისტოფერ პლამერი

114 ჯილდო, 116 ნომინაცია - ეს მერილ სტრიპის კინოკარიერაა ციფრებში, რომელიც წელს მესამე „ძია ოსკარის“ ჯილდოთი გამდიდრდა. „რკინის ლედის“ თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ ცუდი ფილმი, უბრალოდ, სტრიპი - როგორც ყოველთვის - განუმეორებელია და მისი ოსკარი დამსახურებული. „როდესაც გამარჯვებულად გამომაცხადეს, ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ნახევარი ამერიკის ხმა გავიგე: „ოოჰ, კარგი რა. ისევ ეს? აუფ... მაგრამ იცით რა... სულერთია“, - გაიხუმრა სცენაზე ასულმა სტრიპმა და თავისი ერთი ხუმრობით უფრო მეტი ადამიანი გააცინა, ვიდრე ბილი კრისტალმა მთელი შოუს მანძილზე.

საუკეთესო მსახიობი, როგორც მოსალოდნელი იყო, ჟან დუჟარდინი („არტისტი“) გახდა. ყველაზე გულდასაწყვეტი დუჟარდინის ოსკარი კი არ არის, არამედ ის, რომ ფრანგი მსახიობი ყველა მნიშვნელოვანი ჯილდოს მფლობელი გახდა და ამერიკაშიც უმთავრესი ფავორიტი იყო. ეს მაშინ, როდესაც წელს მაიკლ შენონმა („თავშესაფარი“), მაიკლ ფასბენდერმა („სირცხვილი“), რაიან გოსლინგმა („დრაივი“) თავიანთი სუპერპერფორმანსებით ნომინაციის მოპოვებაც კი ვერ შეძლეს. მთელი მსოფლიო შეიშალა მიშელ ჰაზანავიჩუსის ფილმზე. „არტისტი“, შავ-თეთრი, მუნჯური სურათი და მართლა კარგი ნამუშევარია, მაგრამ ამდენ ჯილდოს და ყურადღებას ნამდვილად არ იმსახურებს. „არტისტი“ საუკეთესო ფილმი გახდა, ჰაზანავიჩუსი - საუკეთესო რეჟისორი. კინოაკადემიის წევრებმა შარშანდელივით არაამერიკულ ფილმს მიანიჭეს უპირატესობა. მათ კვლავაც მარტივი, რეტროსურათი გამოარჩიეს, რომელზეც საზოგადოების აზრი ერთიანად პოზიტიურია და რეიტინგზე დადებითად აისახება. უბრალოდ, ოსკარი იმიტომ ითვლება კინოდაჯილდოებების მეფედ, რომ გამორჩეული უნდა იყოს, მასის აზრზე მაღლა უნდა იდგეს და მოულოდნელ გადაწყვეტილებებს არ უნდა ერიდებოდეს. ოსკარი არ უნდა ბერდებოდეს, ის „საომარი ცხენი“ უნდა იყოს, რომელიც „არტისტულიც“ იქნება, რომელსაც „შთამომავლობა“ თუნდაც „შუაღამისას პარიზში” „ჰიუგოსთან“ ერთად სიამოვნებით ნახავს და „საშინლად სასაცილო და წარმოუდგენლად საინტერესო“ იქნება.

0x01 graphic

ფილმ „არტისტის“ შემოქმედებითი ჯგუფი

0x01 graphic

საშა ბარონ კოენი

31 კოტე კალანდაძის Teen Spirit

▲ზევით დაბრუნება


კინო|კულტურა

მაკა კევლიშვილი

0x01 graphic

ფილმის სიუჟეტი ასეთია: 90-იანები. თბილისი. ერთი ჩვეულებრივი დღე თენდება. მუსიკოსებს დღის ბოლოს კონცერტი აქვთ დაგეგმილი. მართალია, ჯგუფის წევრებიდან ყველა თავისი ცხოვრებით ცხოვრობს, თუმცა თითოეულ მათგანს ერთი რამ აერთიანებს - მუსიკა. ისევე როგორც ფილმის, იმ დღის მთავარი პერსონაჟიც კოტე კალანდაძეა. მუსიკოსმა კოტე კალანდაძემ უბიუჯეტო ფილმის გადაღება დაასრულა. Teen Spirit - ასეთია სურათის სათაური, ნირვანას ცნობილი სიმღერიდან „Smells Like a Teen Spirit“, ცოტა ეპატაჟური და სიმბოლური, ალტერნატიული მუსიკის მოყვარულთათვის და, როგორც ამბობს, „მეამბოხე სულებისათვის“ - ერთადერთი ვარ, ვინც ფილმში თავის თავს „თამაშობს“, თუმცა სხვა პერსონაჟებიც მუსიკოსები არიან. ეს არ არის კლასიკური კინო. ამ სფეროში განათლება არ გვქონია და, ვფიქრობ, უკეთესიცაა. სხვაგვარად ასეთი ექსპერიმენტული და არასტანდარტული ნამუშევარი ვერ გამოვიდოდა“.

როგორ მოირგო მუსიკოსმა კოტე კალანდაძემ რეჟისორის ამპლუა? მაქსიმალურად ვცდილობდი, რომ მუსიკოსთან ერთად რეჟისორიც ვყოფილიყავიო - „მას შემდეგ, რაც ჩემი ძალები ავწონ-დავწონე და მივხვდი, რომ უკვე შემიძლია ფილმი გადავიღო, დავიწყე კიდეც. გადაღებები 2011 წლის ზაფხულში დაიწყო, მიუხედავად იმისა, რომ მოთხრობა 10 წლის წინ დავწერე, ხოლო რეალური „სთორი“ კიდევ უფრო ძველია (98-99წწ.)”.

მოთხრობის და შემდგომ ფილმად მისი გადაღების ინსპირაცია რეალობამ განაპირობა. რეალობა, რომელიც 90-იანი წლების „ნონკონფორმისტული“ მუსიკალური მოძრაობებით გამოირჩეოდა; სადაც გაიზარდა და მუსიკოსად ჩამოყალიბდა - „შევეცადე ფურცელზე მხატვრულად გადმომეცა ის, რაც 90-იან წლებში, მუსიკოსების ცხოვრებას ასახავდა. ყველაფერი კი ერთი დღის ამბით გაერთიანდა, რომელიც მე და ჩემს მეგობრებს გადაგვხდა თავს“.

კოტე კალანდაძე 1995 წლიდან მუსიკაშია. ჰყავდა საკუთარი ბენდები. უკრავდა ჯგუფებში - ამორალში და კონტრაბანდაში - ამერიკული ალტერნატივაც მოსინჯა. მას კარგად იცნობენ რუსულენოვანი პოსტროკ მუსიკალური პროექტიდანაც Небо СССР. დღესდღეობით კი ორკაციანი ჯგუფი ჰყავს, რომელსაც Lady Heroine ჰქვია. მართალია, ერთი წელია გადაღებების გამო მუსიკალური ტაიმაუტი აქვს, თუმცა, რეჟისორი/მუსიკოსი თავისი ფილმისთვის თავად წერს მუსიკას.

„ფული არ მქონდა. პრინციპში დიდად არც ვცდილობდი მომეძია, ვინაიდან ჩემი სახელი კინოსფეროში არ არის ცნობილი. აქამდე მხოლოდ ხმის რეჟისორად მიმუშავია. იმედი არ მქონდა, რომ დაფინანსებით ვინმე დაინტერესდებოდა. გვერდში დავიყენე ისეთი ადამიანები, ვისაც ენთუზიაზმზე მუშაობა შეეძლო, ძირითადად მეგობრები და ნაცნობები, ვინც იდეითა და სიუჟეტით დაინტერესდა”.

ნათხოვარი კამერითა და განათებით, 5-კაციანმა გადამღებმა ჯგუფმა 2011 წლის ზაფხულში დაწყებული გადაღებები, რამდენიმე კვირის წინ დაასრულა. „როგორც ხდება ხოლმე, ესეც თბილისურად გამოვიდა. დამეხმარა კონტროლ სტუდიო, მეჯიქ სტუდიო და, ბოლოს, პოსტ ფროდაქშენში - ამერიკის საელჩო, რომლებმაც თავიანთი რესურსები შეგვაშველეს“.

  • ფილმს ბიუჯეტი რომ ჰქონოდა, ამით რა შეიცვლებოდა?

ბიუჯეტი რომ გვქონოდა, ალბათ უკეთესი ხარისხი გამოვიდოდა. ამ დროს უკვე ფუფუნებაა, როცა „კრანის” და „რელსების“ ქირაობა შეგიძლია. თუმცა, მაინც ვთვლი, რომ უფულობის ფაქტორს კარგი მხარეც აქვს. ყველას უნდოდა კარგი გამოსულიყო. ამ დადებითმა ენერგეტიკამ, ფილმი ბოლომდე მიგვაყვანინა. მართალია, მეორედ უფულოდ არასდროს გადავიღებ, მაგრამ მაინც კმაყოფილი ვარ.

  • როგორ ფიქრობ, რას მოგიტანს Teen Spirit?

ზუსტად ვიცი, რომ მაყურებელი ამით რაღაც ახალს ნახავს. მინდა, რომ ქართული კინოს სტერეოტიპი შეიცვალოს და ტენდენცია - ასეთი უნდა იყოს ან ისეთი -- უბრალოდ აღარ არსებობდეს. ამას ხომ რამდენიმე კაცი კი არა, საზოგადოება წყვეტს.

P.S. „ძველი“ თემებითა და „ახალი მეამბოხე სულით“ Teen Spirit, 15 მარტისთვის რუსთაველის კინოთეატრის დიდ ეკრანზე გასაშვებად ემზადება.

32 LIFE/GUIDE

▲ზევით დაბრუნება


კულტურა

0x01 graphic

H&M

1 მინდოდა შემექმნა მარნის ნამდვილი გარდერობი, ჩვენი საფირმო პრინტებისა და ქსოვილების გამოყენებით. როგორც ყოველთვის, მომწონს განსხვავებული ნახატებისა და ფერების შეხამება, tribal სტილის თანამედროვე ინტერპრეტაციის და bauhaus-ის გრაფიკის კომბინირება სპორტულ ელემენტებთან”, - თქვა მარნის კრეატიულმა დირექტორმა კონსუელო კასტილიონიმ H&M თან კოლაბორაციასთან დაკავშირებით. კოლექცია ხალისიანი, ფერადი, სატარებლად კომფორტული გამოვიდა. ყველა ზე დადებითი მხარე კი, ბუნებრივია, ისაა, რომ 8 მარტიდან მარნის შეძე ნა H&M ისთვის ჩვეულ დაბალ ფასებში იქნება შესაძლებელი.

0x01 graphic

Take Shelter

2. შესაძლოა, ეს უბრალოდ მანიაა, ან 2012 წელზე არსებული ესქატოლოგიური წარმოდგენების გავლენა, მაგრამ აპოკალიფსის თემა უკანასკნელ ხანებში ხელოვნებაში პოპულარული გახდა. ასეა თუ ისე, კინოს მოყვარულებს უმართლებთ - ჯერ ტრიერის „მელანქოლია“ ნახეს, ახლა კი წინ ფილმის „მიიღე თავშესაფარი” ნახვით მიღებული სიამოვნება ელოდებათ. ჯეფ ნიკოლსის ფილმი უკვე გახდა კანის ფესტივალზე კრიტიკის კვირის გრანპრის მფლობელი და ბევრი დადებითი შეფასებაც მიიღო.

0x01 graphic

Carolina Herrera CH L'Eau

3. ლიმონის ყვავილის, ვარდის, შროშანისა და მერქნის დომინანტური ნოტებით ეს ყვავილოვანი არომატი გვახსენებს, რომ უჩვეულოდ ცივი ზამთრის შემდეგ მზიანი გაზაფხულის მოსვლის დრო დადგა. Carolina Herrera - CH L'Eau-ს სასიამოვნო, დაბალანსებული სურნელი აქვს და მართალია, ორიგინალურობით არ გამოირჩევა, ბოთლის დიზაინის წყალობით შესანიშნავად ახერხებს საგაზაფხულო განწყობის შექმნას.

33 ღვინო და შთაგონება

▲ზევით დაბრუნება


გურმანი|ღვინის კლუბი

მალხაზ ხარბედია

0x01 graphic

თუკი ქართული მეღვინეობის დღევანდელ მდგომარეობას გადავხედავთ, საკმაოდ არასახარბიელო სურათს დავინახავთ, რაც პირველ რიგში პიროვნებების, საქმის მცოდნე და საქმეში შეყვარებულ ადამიანთა დეფიციტში გამოიხატება.

ხანდახან რჩება შთაბეჭდილება, რომ ქართულ ღვინოს ადამიანის ხელი არც ეხება, იმდენად უპიროვნო და ანონიმურია ხოლმე იგი. ღვინოების უმრავლესობას არც ეტყობა, რომ მას ავტორი ჰყავს, არადა ნამდვილი ღვინო ყოველთვის გულისხმობს მის შემოქმედს. დალევისას ხომ აუცილებლად ვკითხულობთ - ვისი ღვინოა? ვისი დაყენებულია?

ხომ გახსოვთ ნოდარ დუმბაძის პერსონაჟის ცნობილი სიტყვები, „რა მინდოდა წვენებში!“. ჰოდა, დაახლოებით ასე, ბევრ ადამიანს, ვინც დღეს ღვინის სფეროშია დასაქმებული, წარმოდგენა არ აქვს, რა უნდა ღვინოში. ზოგს ყური აქვს მოკრული, რომ ქვევრი მოდაში შემოდის და ცდილობს არ ჩამორჩეს ბოლო ტენდენციებს, სხვებს მხოლოდ უკრაინის და ყაზახეთის ბაზარზე მოხვედრა აქვთ ოცნებად, ვიღაცებს კი საერთოდაც, ჩათქმული აქვთ, რომ ხელს არ გაანძრევენ, სანამ ქართული ღვინო რუსეთის ბაზარზე არ დაბრუნდება.

დღეს ყველაზე მეტად შემოქმედები გვაკლია მეღვინეობაში, შთაგონებითა და აზარტით სავსე ადამიანები, ვინც დიდი სიყვარულის გამო არიან ამ საქმეში, ადამიანები, რომლებიც ზედმიწევნით კარგად იცნობენ ვენახს, ბოლომდე ყურადღებით აკვირდებიან ვაზს მთელი წლის მანძილზე, შემდეგ კი, უკვე მარანში აგრძელებენ შრომას - რისკავენ, ცდიან ახალ გზებს, ან პირიქით, ცდილობენ დავიწყებულის გახსენებას და აღდგენას. ერთი სიტყვით, ძიებაში არიან.

მე ვიცნობ ძალიან კარგ მეღვინეებს, რომლებსაც სამწუხაროდ არ ეძლევათ საშუალება თავიანთი ეგრეთ წოდებული საავტორო ღვინოები შექმნან, რადგან კომპანია, სადაც ისინი მუშაობენ, სულ სხვა რამეზეა ორიენტირებული და არ არის დაინტერესებული ასეთი შემოქმედებითი მიდგომებით. ხშირად მეღვინე ჩრდილში ექცევა და თავად კომპანიის პოლიტიკაა ისეთი, რომ მთელი ყურადღება ბრენდზე გადადის, ხოლო ღვინის ავტორი იჩაგრება, უარეს შემთხვევაში კი, სულაც ისეთ ღვინოსთან გვაქვს საქმე, რომ შეუძლებელია მის მიღმა ადამიანი წარმოიდგინო.

3 თვის წინ ჩემი წიგნი გამოვიდა, „ქართული ღვინის გზამკვლევი - 2012“. წიგნში ბევრი რუბრიკაა, ქართული ღვინის ისტორიით დაწყებული - ღვინის დახასიათებებით დამთავრებული, მაგრამ ყველაზე მეტად იმაზე მწყდება გული, რომ იქ თითქმის არაა საუბარი პიროვნებებზე, ღვინის ავტორებზე. რა თქმა უნდა, თანამედროვე ქართულ მეღვინეობაში ძალიან ბევრი ძლიერი და გაბედული ადამიანია, შესანიშნავი პროფესიონალები, მაგრამ ზოგი მათგანი პირველ ნაბიჯებს დგამს, სხვები გაურკვევლობაში არიან, ნაწილს დიდი ხანია ღვინო არ დაუყენებია... ერთი სიტყვით, ამ ადამიანებს ასპარეზი აკლიათ. არიან ისეთებიც, ვინც დღითი დღე ხვეწს თავის ხელოვნებას, მუდამ ძიებაშია, თუმცა ეს ძიებები სამწუხაროდ მხოლოდ ერთეულებზე ახდენს გავლენას. მომავალში მათზეც ვისაუბრებ და გზამკვლევის მორიგ გამოშვებაშიც, იმედი მაქვს, სწორედ ასეთ ადამიანებს დაეთმობათ ყველაზე მეტი ადგილი. მანამდე კი, ძალიან მნიშვნელოვანია მომხმარებელმაც გააცნობიეროს, რომ ღვინო არა მხოლოდ თრობის საშუალება, არამედ კულტურის დიდი ნაწილი, ადამიანისა და ბუნების ჰარმონიული ურთიერთობის შედეგიცაა და ღვინის უკან ძალიან ბევრი რამ დგას. კარგი ღვინო არასდროს რჩება უცვლელი, იგი მუდმივად ვითარება და ჩვენგან მეტ ყურადღებას მოითხოვს. ასეთი ღვინო ნამდვილად იმსახურებს ჩაღრმავებას, ყურადღებით წაკითხვას, ამოხსნას.

დროა ზერელობის მრავალწლიანი პერიოდი შთაგონებამ და ღვინის ხელოვნებამ შეცვალოს, ამას კი, პირველ რიგში, შემოქმედი მეღვინეები შეძლებენ, ვისაც ხელობაც ესმით და ოცნებასაც ბედავენ.

34 შერეული სალათი

▲ზევით დაბრუნება


გურმანი|რეცეპტი

0x01 graphic

შეფ-მზარეული:
მარიკა ჯახაია

პიცერია Fantastico
ალ. ყაზბეგის 14 ა.

2 ულუფა

მასალა:

შემწვარი ბოსტნეულისთვის:

  • 10 გრ. ზეთი

  • 20 გრ. ხახვი

  • 300 გრ. შერეული ბოსტნეული (სოკო, ბარდა, სიმინდი, წითელი ბულგარულ წიწაკა, თეთრი და მწვანე ბროკოლი)

  • სალათის ფოთლები

  • 1 კბილი ნიორი

  • დელიკატესების სუნელი

  • მარილი

  • პილპილი

სოუსისთვის:

  • ცოცხალი ბოსტნეულისთვის:

  • 100 გრ. სალათის ფოთოლი

  • 1 ც. პომიდორი

  • 1 ც. საშუალო ზომის კიტრი

  • 20 გრ. ბარდა

  • 20 გრ. სიმინდი

  • 30 გრ. ხახვი

  • 20 გრ. სოკო

  • 20 გრ. კაპერი

  • 10 გრ. ზეითუნის ზეთი

  • 10 გრ. ბალზამიკო

  • მარილი

  • პილპილი

ჯამში: 8 ლარი

მომზადების წესი:

შემწვარი ბოსტნეული:

ღრმა ტაფას მოასხით 10 გრ. ზეთი, დაყარეთ მასზე დაჭრილი ბოსტნეული, მოაყარეთ მარილი, პილპილი, ასევე დელიკატესების სუნელი და შემწვარი ბოსტნეული მზად არის.

გადაიტანეთ თეფშზე და გააფორმეთ სალათის ფოთლებით.

ცოცხალი ბოსტნეული:

დაჭერით სალათის ფოთლები, პომიდორი, კიტრი, ხახვი ალყა-ალყა, სოკო და გადაურიეთ. მოაყარეთ მარილი, პილპილი, კაპერი, ასევე ბარდა და სიმინდი.

ცოცხალი სალათა მოათავსეთ შემწვარ ბოსტნეულთან ერთად თეფშზე და შერეული სალათა მზად არის.

გააფორმეთ ლიმონით და ზეთისხილით.

0x01 graphic