The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ტაბულა №81


ტაბულა №81


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: ტურაშვილი თეონა, ავალიანი დიმიტრი, წამალაშვილი ეკა, თავხელიძე მიშა,, მშვილდაძე მიშა, ზუკაკიშვილი ქეთი, გუორთნი ჯეიმზ, სთროუფი რიჩარდ, ლიი დუაით, კვანჭილაშვილი ელენე, ჯაფარიძე ზურა, ქორიძე ავთო, ჯამარაული ლარა, მიქავა მარიამ, გუნია ირაკლი, ბასილაია მიხეილ, გამცემლიძე მაკა, აბაშიშვილი გიორგი, ელერდაშვილი ვახო, მინდიაშვილი ბექა, ქიქოძე გაბრიელი (მღვდელმთავარი), მაჩაბელი გიორგი, გოდუაძე ლაშა, წერეთელი თათული, კიკნაველიძე თამარ, მარმარინოსი მიხეილ, ჩიხლაძე დავით, ზაუტაშვილი გელა, ხარბედია მალხაზ, რაუში გიორგი
თემატური კატალოგი ტაბულა
საავტორო უფლებები: © თამარ ჩერგოლეიშვილი
თარიღი: 2011
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: 2011|5 - 11 დეკემბერი მთავარი რედაქტორი: თამარ ჩერგოლეიშვილი/აღმასრულებელი რედაქტორები: ნინი გოგიბერიძე, სალომე კიკალეიშვილი/რედაქტორები: ქეთი მსხილაძე, ელენე კვანჭილაშვილი, ლევან რამიშვილი, დავით კოვზირიძე, ნინო მაჭარაშვილი/უცხოელი მრჩეველი: ბარბარა სვანი/ჟურნალისტები: დიმიტრი ავალიანი, გიორგი კეკელიძე, სალომე უგულავა, მაკა გამცემლიძე, ავთო ქორიძე, ნინა ახლოური, თეონა ტურაშვილი, ირაკლი კიკნაველიძე, ლევან სუთიძე, თეონა კოკიჩაიშვილი, სიმონ მაჩაბელი, ლაშა გოდუაძე, ზურაბ თალაკვაძე, ნიკა ესებუა, ანანო სხირტლაძე, მიხეილ ბასილაია, ლარა ჯამარაული, ირაკლი გუნია/ვები: სანდრო თარხან-მოურავი, ლევან მეტრეველი, ნათია სოფრომაძე, ეკა წამალაშვილი/კორექტორი: ნინო საითიძე/არტრედაქტორი: ბაჩა მალაზონია/დიზაინი & პრეპრესი: კახა დოლიძე, ნიკა კუპრაშვილი/ფოტორედაქტორი: დიმა ჩიკვაიძე/ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი/გამომცემელი: სამოქალაქო განათლების ფონდი/დირექტორის მოადგილე: გიორგი ფრუიძე/ოფის მენეჯერი: ანანო ვარდოსანიძე/გაყიდვები და მარკეტინგი: ლევან ლეკიაშვილი, გიორგი ჭეიშვილი/ყოველკვირეული ჟურნალი ტაბულა, ტელ: + 995 32 2420 300, e-mail: info@tabula.ge/სტამბა: BILNET Printing, Dudullu Organize Sanayi Bölgesi, 1. Cadde No: 16 Umraniye, 34696 Istanbul - TURKIYE, ტელ.: +90 216 444 4403, ფაქსი: +90 216 365 9907/© 2012 საავტორო უფლებები დაცულია, ჟურნალში გამოქვეყნებული მასალების გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია.



1 სიტყვასიტყვით

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

„დასავლეთის ქვეყნებს ეს შეუძლიათ აღიქვან სიგნალად, რომ რუსეთი მზადაა ადეკვატური პასუხი გასცეს ევროპაში თავდაცვითი ანტისარაკეტო სისტემის განთავსებას“.

  • რუსეთის პერეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ კალინინგრადის ოლქში რადიოსალოკაციო სადგური იმუშავებს. 29 ნოემბერი

0x01 graphic

„ინტელექტი მარტივი ასახსნელია“.

    • განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია მაესტროს პირდაპირ ეთერში. 29 ნოემბერი

0x01 graphic

„ჩვენს ინტერესში არ შედის ომში ჩართვა, როცა ამის აუცილებლობა არაა, მაგრამ შესაძლებელია დადგეს დრო, როცა იძულებულნი ვიქნებით, გამოცდებს შევეჯახოთ“.

  • ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ეჰუდ ბარაკმა განაცხადა, რომ „მოცემულ მომენტში“ ისრაელი არ აპირებს იერიშის მიტანას ირანის ბირთვულ ობიექტზე, თუმცა არ გამორიცხავს არცერთ შსაძლებლობას. 1 დეკემბერი

0x01 graphic

„ივანიშვილი ჩვენთვის კარგიცაა, ფორმას არ დაგვაკარგინებს“.

  • პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ეს სიტყვები მოყვანილია Economist-ის ვრცელ სტატიაში სახელწოდებით - „გამოწვევა მიშას“. 2 დეკემბერი

2 კვირა

▲ზევით დაბრუნება


27 ნოემბერი

0x01 graphic

  • ქვეყნის მმართველმა პარტიამ Единая Россия-მ ერთხმად დაუჭირა მხარი რუსეთის პრეზიდენტად ვლადიმირ პუტინის კანდიდატურას. „ვლადიმირ პუტინი ყველაზე პოპულარული, ყველაზე მცოდნე და წარმატებული პოლიტიკოსია თანამედროვე რუსეთში. რუსეთის მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას მისი სჯერა, აბსოლუტური უმრავლესობა სწორედ მას უკავშირებს უკეთესი მომავლის იმედს“, - თქვა პარტიის ყრილობაზე რუსეთის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა. საპრეზიდენტო არჩევნები რუსეთში 4 მარტს გაიმართება.

28 ნოემბერი

  • ერევანში დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის რელიგიათაშორისი პრეზიდიუმის სხდომა გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად სომხეთის დედაქალაქში რუსეთის პატრიარქი კირილი ჩავიდა. ერევანს ეწვია კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარეც. ეს მისი პირველი ვიზიტი იყო ერევანში. იყო მოლოდინი, რომ ერევანში დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებდა საქართველოს კათოლიკოს-პარტიარქიც, თუმცა ილია მეორე ერევანში არ ჩავიდა.

  • არაბული ქვეყნების ლიგამ სირიის პრეზიდენტის , ბაშარ ასადის რეჟიმის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. პოლიტიკური ბლოკის 22 ქვეყნიდან დამასკოზე ამგვარი ზომების შემოღებას 19 ქვეყანა დაეთანხმა. ერაყმა და ლიბანმა კი კენჭისყრისგან თავი შეიკავეს. სანქციები ზღუდავს სირიასა და ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს შორის კომერციულ ფრენებს. გაიყინება ასადის მთავრობის წევრების ანგარიშებიც, შეიზღუდება ლიგის წევრებსა და სირიის ცენტრალურ ბანკს შორის არსებული საბანკო გადარიცხვები და არაბული ქვეყნები სიარიაში პროექტების დაფინანსებას შეაჩერებენ. სირიის მაღალჩინოსნებმა არაბული ქვეყნების ლიგა არაბული სოლიდარობისადმი ღალატში დაადანაშაულეს.

0x01 graphic

  • საქართველოს სახალხო დამცველმა პროკურატურას გაზეთ ბათუმელების წარმომადგენლის ინფორმაციის შესწავლა მოსთხოვა. გაზეთის წარმომადგენელი მზია ამაღლობელი ირწმუნება, რომ ამოიცნო პირი, რომელიც გაზეთის ჟურნალისტური გამოძიების კოორდინატორს, თედო ჯაფარიძეს აშანტაჟებდა. ლაპარაკია საქმეზე, რომელთან დაკავშირებითაც ბათუმელები დეტალების გარკვევას 2 წელია ცდილობენ.

29 ნოემბერი

0x01 graphic

  • ფსიქიატრიულმა ექსპერტიზამ ანდერს ბრეივიკი შეურაცხადად ცნო. ფსიქიატრთა დასკვნაში ნათქვამია, რომ ბრეივიკი „თავისი მანიაკალური წარმოსახვის სამყაროში ცხოვრობს”, რაც მის ქცევას განსაზღვრავს. თავად ბრეივიკი დაკავებისას ირწმუნებოდა, რომ მკვლელობა გარდაუვალი იყო, რათა ნორვეგია და ევროპა ლიბერალიზმისა და მულტიკულტურალიზმისაგან დაეცვა.

0x01 graphic

  • თეირანში ირანელმა სტუდენტებმა იერიში მიიტანეს ბრიტანეთის საელჩოზე, ჩაამსხვრიეს ფანჯრები და დაწვეს ბრიტანეთის დროშა. საელჩოს ტერიტორიაზე შეკრებილი რამდენიმე ასეული დემონსტრანტი სკანდირებდა: სიკვდილი ბრიტანეთს! ისინი ირანიდან ბრიტანეთის ელჩის გაძევებას მოითხოვდნენ. ინგლისმა, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დასკვნაზე დაყრდნობით, ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა. ანტიბრიტანული გამოსვლები კი მას შემდეგ დაიწყო, რაც სანქციების დაწესების საპასუხოდ ირანის პარლამენტმა ლონდონთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას დაუჭირა მხარი.

0x01 graphic

  • 85 წლის ასაკში აშშ-ში, საბჭოთა დიქტატორის, იოსებ სტალინის ერთადერთი ქალიშვილი სვეტლანა ალილუევა გარდაიცვალა. ის 1926 წელს ლენინგრადში, იოსებ სტალინის და ნადეჟდა ალილუევას ოჯახში დაიბადა, სტალინის სიკვდილის შემდეგ კი დედის გვარზე გადავიდა და 1967 წლიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობდა.

0x01 graphic

  • საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისში ვიზიტად მყოფ სომეხ კოლეგას სერჟ სარგსიანს საქართველო-სომხეთის ურთიერთობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრის დასასრულს, სამთავრობო დელეგაციებს შორის გაფორმდა შეთანხმებები საგარეო, ეკონომიკის და სასაზღვრო სფეროებში თანამშრომლობის შესახებ.

30 ნოემბერი

  • ისლანდიის პარლამენტმა სამშაბათს მხარი დაუჭირა პალესტინის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ცნობას. ეს ქვეყანა პირველი ევროპული სახელმწიფოა, რომელიც პალესტინის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებას მიემხრო.

  • აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი პირველი მაღალჩინოსანია, რომელიც ბოლო 50 წლის განმავლობაში მიანმარს ეწვია. მან მოლაპარაკებები გამართა მიანმარის სამოქალაქო ლიდერებთან, რომლებსაც ქვეყნის სამხედროები უჭერენ მხარს. მან მიანმარის ხელისუფლებას რეფორმების გაძლიერებისაკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ აშშ მზადაა დაიწყოს მუშაობა ქვეყნისთვის ეკონომიკური სანქციების შემსუბუქებაზე, თუკი ქვეყნის მთავრობა დემოკრატიზაციის კურსის ერთგული გახდება.

0x01 graphic

  • დიდ ბრიტანეთში 2 მილიონამდე ადამიანმა მონაწილეობა მიიღო 24-საათიან გაფიცვაში. მათ გააპროტესტეს მთავრობის გეგმა საპენსიო რეფორმის შესახებ. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა გაფიცვას „უპასუხისმგებლო” ქმედება უწოდა.

  • ლონდონში აუქციონზე ფიროსმანის ნახატი „მწყემსი” 600 ათას ფუნტ სტერლინგად გაიყიდა. ტილოს კულტურული ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული, შესაბამისად, როგორც მისი გაყიდვა, ასევე ქვეყნიდან გატანა კულტურის სამინისტროსთან უნდა ყოფილიყო შეთანხმებული. ფიროსმანის „მწყემსი” დავით კაკაბაძის ოჯახში ინახებოდა. მხატვრის შვილიშვილის, მარიამ კაკაბაძის თქმით, მაშინ როცა მისმა ბაბუამ ფიროსმანის „მწყემსი” ბალტიისპირელ ნაცნობს აჩუქა, ასეთი შეზღუდვები არ მოქმედებდა.

1 დეკემბერი

  • მიხეილ სააკაშვილი ყირგიზეთში ახლადარჩეული პრეზიდენტის ალმაზბეკ ატამბაევის ინაუგურაციას დაესწრო. ცერემონიალი ბიშკეკში სახელმწიფო ფილარმონიის შენობაში გაიმართა. ბიშკეკში, საქართველოს პირველი პირი ყირგიზეთის მოქმედ პრეზიდენტს როზა ოტუნბაევას პირისპირ შეხვდა. მხარეებმა ქვეყანაში ჩატარებული დემოკრატიული არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

  • საერთაშორისო გამჭვირვალობის 2011 წლის კორუფციის აღქმის ინდექსის (CPI) მიხედვით, საქართველომ 182 ქვეყანას შორის 64-ე ადგილი დაიკავა და მაქსიმალური 10 ქულიდან 4.1 ქულა მიიღო. ეს მაჩვენებელი 2010 წელთან შედარებით საქართველომ 0.3 ქულით გაიუმჯობესა. 2010 წელს კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, საქართველოს ქულა 3.8 იყო და 178 ქვეყანას შორის 68-ე ადგილი ეკავა.

3 იტალიის კოსმეტიკური პოლიტიკა

▲ზევით დაბრუნება


არენა

თეონა ტურაშვილი

0x01 graphic

იტალია მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშეა. მიზეზი ქვეყანაში დაგროვილი ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური პრობლემებია. მოსახლეობაში სტაგნაციის, გერონტოკრატიისა და უძრაობის შეგრძნება უფრო და უფრო იკიდებს ფეხს. ბევრი მყიფე ეროვნულ იდენტობაზეც მიანიშნებს. მმართველი ელიტა ძირეული რეფორმების გატარების მაგივრად, მხოლოდ კოსმეტიკური ცვლილებებით შემოიფარგლება. რადიკალური ზომების მიღება მოკლე პერიოდში არაპოპულარული ღონისძიებების გატარებას მოითხოვს. დრო კი იტალიის საწინააღმდეგოდ მოქმედებს.

ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლებს თუ გადავხედავთ, ვითარება მართლაც საგანგაშო შეიძლება ჩანდეს. დღეს იტალიის საჯარო ვალი მშპ-ის 120%25 და მსოფლიოში სიდიდით მესამეა. მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთების” ინდექსის მიხედვით, იგი მე-87 ადგილზეა, რითიც ბელარუსსა და მონღოლეთსაც კი ჩამოუვარდება. ფინანსური კრიზისის ფონზე ეკონომიკა ზომიერი ტემპებით ვითარდება: თუ ამ წელს მან 0,6%25-იანი ზრდა აჩვენა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, მომავალი წლისთვის კიდევ უფრო დაბალ, 0,3%25-იან წინსვლას ელოდებიან. ქვეყნის საბიუჯეტო დეფიციტი მშპ-ის 4%25-ია. ეკონომიკა არაპროდუქტიული მუშახელით, არაკონკურენტუნარიანი კომპანიებითა და სახელმწიფოს მხრიდან ეკონომიკურ აქტივობებში მაღალი ჩარევით ხასიათდება. იტალიის წინსვლას მოძველებული ინფრასტრუქტურაც აფერხებს, რაც ინვესტორების მხრიდან ფულის დაბანდებისადმი მცირე ინტერესს განაპირობებს. გამოკითხვების მიხედვით, იტალია უცხოელი ბიზნესმენებისთვის, ინვესტიციების ჩასადებად, საფრანგეთზე, ესპანეთსა და პორტუგალიაზე ნაკლებად მიმზიდველი ქვეყანაა. ხშირად მთავრობა, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, თავად უწყობს ხელს მონოპოლიების არსებობას. შედეგად, ბიზნესი ვერ ვითარდება - კომპანიები არ ფართოვდება, რაც დასაქმებას აფერხებს. მართალია, რამდენიმე იტალიურმა კომპანიამ შეძლო გლობალიზაციის ფერხულს აჰყოლოდა, თუმცა საშუალო და პატარა ფირმების უმეტესობა მხოლოდ შიდა ბაზარზე დამკვიდრებითაა დაკავებული. მათი წარუმატებლობის ერთ-ერთი მიზეზი ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების სიმცირეცაა. გარდა ამისა, ბიზნესსაქმიანობის წახალისების ნაცვლად ქვეყანაში საშემოსავლო გადასახადი 68,5%25-ია, რითაც იტალია მდიდარი ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს, 42%25--ს, მკვეთრად აღემატება.

ბიზნესი ნაღდი ფულით აწარმოებს თავის საქმიანობას. ბევრი მიიჩნევს, რომ ეს არალეგალურ ეკონომიკურ საქმიანობას უწყობს ხელს. ეროვნული სტატისტიკური სამსახურის მონაცემებით, ამ ტიპის ეკონომიკური ქმედებები მშპ-ის 16%25-ს შეადგენს. ბიზნესით დაკავებული ადამიანების გარკვეული ნაწილი გადასახადისგან თავის არიდებას ახერხებს, ხოლო კანონმორჩილი ადამიანებისთვის გადასახადი არასამართლიანი და მძიმე ტვირთია. არალეგალური ეკონომიკური საქმიანობის განვითარებას იმიგრანტების ზრდამაც შეუწყო ხელი. ამ უკანასკნელებს მაღალ სოციალურ და ეკონომიკურ მომსახურებაზე ხელი არ მიუწვდებათ. როგორც წესი, მათ „შავი” სამუშაოებისთვის იყენებენ. შედეგად, ეს ადამიანები კრიმინალური ორგანიზაციების წევრები ხდებიან.

ეკონომიკის კიდევ ერთი მახასიათებელი სახელმწიფოს ჩარევის არსებობაა. ხელისუფლება საჯარო კომპანიებზე საკმაოდ ფართო წილების მფლობელია. მაგალითად, ნავთობისა და გაზის კომპანია Eni-ის 30%25-სა და ელექტროენერგიის მიმწოდებელი Enel-ის 31%25-ს ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტრო აკონტროლებს.

სახელმწიფოს ამგვარი ინტერვენცია და ბიზნესისთვის დამატებითი ბარიერების შექმნა ეკონომიკურ წინსვლას ყოველთვის აფერხებს. იტალიაში ბიუროკრატია ყვავის. ქვეყანა ბიზნესის კეთების ინდექსით 87-ე ადგილზეა. 158-ე ადგილი კი ბიზნესთან დაკავშირებული დავების გადაწყვეტის სიმარტივის ხარისხის მიხედვით დაიკავა - სუდანზე, ტოგოსა და კოსოვოზე ცუდი შედეგები აჩვენა. მაგალითად, რომის ერთ-ერთ დასახლებაში სასამართლო პროცესს 1210 დღე სჭირდება.

ქვეყნის პროდუქტიულობის ხარისხზე განათლების დონეს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. არც ამ მხრივაა სახარბიელო მდგომარეობა: 25-34 წლებს შორის მოქალაქეთა მხოლოდ 20%25-ს აქვს უმაღლესი განათლება მიღებული. განათლების სისტემა მოდერნიზებას საჭიროებს. ქვეყანაში არ არსებობს ერთიანი საგამოცდო სისტემა, რის გამოც ყველა უნივერსიტეტის ხარისხს თანაბარი იურიდიული ძალა აქვს. ჩრდილოეთისა და ცენტრალური იტალიის სასწავლებლებში სწავლის დონე გაცილებით მაღალია სამხრეთთან შედარებით. საჯარო უნივერსიტეტებში კორუფციის დონე მაღალია, პროფესორების აყვანა, კონკურენციის მაგივრად, თვითნებური გადაწყვეტილებებით ხდება. შედეგად, საუკეთესო საერთაშორისო უნივერსიტეტის ასეულში ვერცერთი იტალიური სასწავლებელი მოხვდა. ამ დროს კი იტალიელ მეცნიერებსა და მკვლევრებს საზღვარგარეთ წარმატებული კარიერა აქვთ აწყობილი. ბევრი არსებული ვითარებიდან გამოსავალს საჯარო უნივერსიტეტების პრივატიზაციაში ხედავს. თუმცა, ისინიც კი, ვინც პრობლემის არსებობას აღიარებენ, უფრო ზომიერი რეფორმების გატარებას ემხრობიან.

არაეფექტურ საგანმანათლებლო სისტემას თავად დამქირავებელთა პოზიციაც ემატება. ახალმა შრომის კოდექსმა ახალგაზრდა თაობა არამომგებიან მდგომარეობაში ჩააყენა. შრომის ბაზარზე ახლადშესულები მოკლევადიანი და დროებითი კონტრაქტებისა და დაბალი ხელფასების პირობებში აჰყავთ სამსახურში. სტაჟიან მუშებს ადგილები გარანტირებული აქვთ და მაღალი შეღავათებითაც სარგებლობენ. შედეგად, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ გამოქვეყნებული გლობალური კონკურენტულობის ანგარიშის მიხედვით, იტალია შრომითი ბაზრის ეფექტურობის მიხედვით, 123-ე ადგილს იკავებს.

იტალიისთვის კიდევ ერთი გამოწვევა მოსახლეობის დაბერებაა. ქვეყანაში კვლავაც ძლიერია ძველი ელიტა. გერონტოკრატიის ნიშნებზე 1990 წლიდან დღემდე პრემიერ-მინისტრების ასაკიც მიანიშნებს - ყველა მათგანი 62 წელს ზემოთ იყო. 15-29 წლებს შორის თაობის წარმომადგენლების მეხუთედი არც მუშაობს და არც სწავლობს. მშპ-ის 14%25 კი პენსიებს ხმარდება. მათთვის არამიმზიდველი გარემოს გამო ახალგაზრდა თაობა ქვეყნის დატოვებას არჩევს. წინასწარი გათვლებით, 2030 წლისთვის ყოველ ერთ პენსიონერზე, ორი 20-64 წლის ადამიანი იქნება წარმოდგენილი.

იტალიის ეკონომიკური განვითარების შემაფერხებელი დაბალი პროდუქტიულობა, დიდი ოდენობის გადასახადები, ბიუროკრატია და არასათანადო განათლების სისტემაა.

ეკონომიკური ცვლილებების გასატარებლად სტაბილური პოლიტიკური ვითარებაა აუცილებელი. იტალიაში ამ მხრივ პოლარიზებული სიტუაციაა. სილვიო ბერლუსკონის პარტიაშიც კი, რომ არაფერი ითქვას მის კოალიციურ მთავრობაზე, არ არსებობდა ერთიანობა. კიდევ უფრო დანაწევრებულნი არიან ქვეყნის ცენტრისკენული-მემარცხენე პოლიტიკური გაერთიანებები. მათ კრიზისის ფონზე მოსახლეობისთვის ალტერნატივის შეთავაზებაც ვერ მოახერხეს.

პოლიტიკური ვაკუუმის არსებობა რეფორმების მუხტს ანელებს. თანაც, რადიკალურ ცვლილებებს კულტურულ-სოციალური შედეგებიც ექნება. საზოგადოება მიჩვეულია სახელმწიფოს მხრიდან შეღავათების მიღებას. შრომისა და საპენსიო კანონში ცვლილებების შეტანა მათ, ერთი შეხედვით, არახელსაყრელ მდგომარეობაში ჩააყენებთ. მართლაც, სტრუქტურული რეფორმები მოკლე ვადაში მეტად მტკივნეული აღმოჩნდება. თანაც, როგორც ცნობილია, იტალიის პოლიტიკაზე პროფკავშირები დიდი გავლენით სარგებლობენ. ამ ბერკეტის ხელიდან გაშვებას კი ისინი მარტივად არ შეეგუებიან.

ბევრი, ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების წყაროდ ბერლუსკონის მმართველობის ფორმას მიიჩნევს. მართლაც, ეს უკანასკნელი, შესანიშნავი კარიერის მიუხედავად - 74 წლის ასაკში იგი მედიაიმპერიის შემქმნელი, ქვეყნის უმდიდრესი ადამიანი და 1994 წლიდან დღემდე ქვეყნის პრემიერ-მინისტრია - წარუმატებელი ქვეყნის მმართველი აღმოჩნდა. ამაზე რამდენიმე ფაქტორი მეტყველებს.

პირველ რიგში, აღსანიშნავია მის წინააღმდეგ წაყენებული ფინანსური ბრალდებები: თაღლითობა, მექრთამეობა, გადასახადის არიდება. პოლიტიკოსი, რომელიც ამომრჩეველს თავდაპირველად ბიუროკრატიული ბარიერების აღმოფხვრასა და ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას დაჰპირდა, სასამართლოს თავად დაუპირისპირდა. მიზეზი მარტივია: მან საკუთარ ბიზნესინტერესებს სახელმწიფო ინტერესები ანაცვალა და ხელისუფლებაში ყოფნა თავის სასარგებლოდ გამოიყენა. ყველაზე საყურადღებო ჩავარდნა კი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობისადმი ნაკლები ყურადღების დათმობაა. თანაც, ბერლუსკონიმ 2008 წლის არჩევნებით პარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობა მოიპოვა და ძირეული რეფორმების გატარებისთვის არაფერი უშლიდა ხელს.

მიუხედავად ამისა, ზოგიერთი ექსპერტი იტალიის წინაშე არსებული პრობლემების ამხსნელად ქვეყნის თავისებურებას ასახელებს. მათი თქმით, ეკონომიკური რყევები უკვე იტალიის ქრონიკულ დაავადებად იქცა. როცა ევროპული ეკონომიკები განსაცდელში ვარდებიან, იტალია მათთან შედარებით კიდევ უფრო უკან იხევს. თუმცა, ეკონომიკური აყვავების პერიოდში, იტალიის ზრდის მაჩვენებლები ზომიერია და მის მეზობლებს მკვეთრად ჩამოუვარდება. მაგალითად, ბოლო ოცი წლის განმავლობაში, ზიმბაბვესა და ჰაიტის მშპ უფრო სწრაფად იზრდებოდა. ამის მიზეზი შესაძლოა ისიცაა, რომ წლების განმავლობაში, პრობლემების მრავალფეროვნების მიუხედავად, უცვლელი რჩებოდა მთავრობა, ქვეყნის კონსტიტუცია და პოლიტიკური ელიტა.

ზოგი უფრო შორს მიდის და არგუმენტად ქვეყნის გაერთიანების ფორმასაც იშველიებს. გაერთიანების მოძრაობაში ჩრდილოეთის ახალგაზრდა პატრიოტები უფრო აქტიურობდნენ. ამან შექმნა ისეთი წარმოდგენა, თითქოს სამხრეთს ჩრდილოეთმა საკუთარი კანონები თავს მოახვია. საპირისპირო ჩივილები ისმის ჩრდილოეთის მოსახლეობის მხრიდანაც. მაგალითად, ბერლუსკონის მთავრობის კოალიციის წევრი ჩრდილოეთის ლიგა, ქვეყნის პრობლემების საწყისად გაერთიანებას ხედავს, რის გამოც შედარებით ნაკლებად განვითარებული სამხრეთი ჩრდილოეთისთვის შემაფერხებელი ტვირთი გახდა. ბოლო 15 წლის განმავლობაში, ამ პოლიტიკური ძალის გაძლიერება, მსგავსი სენტიმენტების გაზრდის მთავარ მაჩვენებლად შეიძლება ჩაითვალოს. მის რამდენიმე წევრს დღეს მინისტრის პოსტი უკავია. მათ ეკონომიკური მაჩვენებლებიც უმაგრებთ ზურგს: იტალიის ბანკის მონაცემების მიხედვით, ერთ სულ მოსახლეზე მშპ ჩრდილოეთის მოსახლეობის შემთხვევაში, სამხრეთში 40%25-ით ნაკლებია. თანაც ეს მაჩვენებელი 30 წლის განმავლობაში საერთოდ არ გაუმჯობესებულა. მათი ხედვა ერის ერთიანობის საკითხსაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. ეს კი, რიგ შემთხვევებში, სუსტი ინსტიტუტებისა და არაეფექტური მთავრობის მიზეზი ხდება.

თუმცა, ოპტიმისტები ხშირად იხსენებენ 1990-იანი წლების პერიოდს, როცა ევროზონის მიღმა დარჩენის შესაძლებლობით დაშინებულმა იტალიის ლიდერებმა გასაოცარი რეფორმების გატარება დაიწყეს. მათი კურსის გაგრძელება, ლიბერალური ცვლილებების ინიცირებით, ბერლუსკონიმაც სცადა. თანაც, გაჩნდა იმედი, რომ პოლიტიკურ ცხოვრებაში ქრისტიან დემოკრატების მონოპოლიის დასრულებითა და ორი ალტერნატიული ძალის გაჩენით, ნორმალური დემოკრატიის განვითარების შანსი გაჩნდა. ბერლუსკონის ბევრი ახალ მარგარეტ თეტჩერადაც კი ასახელებდა.

მართლაც, რეფორმების წყალობით, ქვეყანამ საბიუჯეტო დეფიციტი შეამცირა. ევროზონის კრიზისის დაწყებისას მისი ფინანსური მდგომარეობა სხვა პარტნიორებთან შედარებით უკეთესი გახლდათ. იმის მაგივრად, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და ევროკავშირისგან დახმარება ეთხოვა, ოფიციალურ რომს თავად შეჰქონდა ფული დახმარების ფონდში სხვა ქვეყნების მხარდასაჭერად. თუმცა, საბოლოო ჯამში, მის მიერ გატარებული ზომები მაინც ზედაპირული აღმოჩნდა. სუსტი ოპოზიციის პირობებში ბერლუსკონის პარტიამ პოზიციები თანდათან უფრო გაიმყარა. მართალია, კრიზისის პირველ ეტაპს ქვეყანა გადაურჩა, თუმცა, როცა ევროპის სხვა ქვეყნებმა გამოკეთება დაიწყეს, იტალიაში ეკონომიკური ზრდა უმნიშვნელო იყო.

იტალიის ეკონომიკა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული საკმაოდ ცნობილი პროდუქციის (Prada, Benetton, Ferrari) ექსპორტზე. მართალია, ეს ქვეყანას მსოფლიოს მეექვსე ინდუსტრიულ ცენტრად აქცევს, მაგრამ მას ბრიტანეთზე ნაკლები მანქანა გააქვს ქვეყნიდან. თანაც რამდენიმე წელია სავაჭრო დეფიციტსაც განიცდის.

მთავარი მიზეზი, რაც იტალიას კრიზისების აცილებაში ეხმარება, საშინაო დანაზოგების დიდი რაოდენობაა. ეს დანაზოგები, როგორც წესი, საბანკო ანგარიშებსა და სამთავრობო ვალებში იდება.

რეცესიის მოახლოებასთან ერთად, ზომიერი ცვლილებები უკვე არაეფექტური აღმოჩნდა. აშკარაა, რომ დაგროვილ ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ პრობლემებს მხოლოდ ძირეული და ფუნდამენტური სტრუქტურული რეფორმები თუ გაუმკლავდება. იტალიის ბანკის ყოფილმა მმართველმა, მარიო დრაგიმ, პროდუქტიულობის სტაგნაციაზე მიანიშნა. მისი მტკიცებით, ხელისუფლება ხელს უშლის ცვლილებებს. იგი მთავარ პრობლემებად სამოქალაქო სამართლის სისტემაში არსებულ გამოწვევებს, სუსტ უნივერსიტეტებს, საჯარო და კერძო სექტორში ნაკლებ კონკურენციას და დიდი ფირმების სიმცირეს ასახელებს.

ბერლუსკონის ხელისუფლებიდან წასვლაც კოსმეტიკურ ცვლილებად შეიძლება ჩაითვალოს. მთავარია, ქვეყნის ტექნოკრატიულმა მთავრობამ რეფორმების წინააღმდეგ ჯიუტი დამოკიდებულება შეცვალოს.

იტალიას ბევრი დრო არ აქვს: ივლისამდე მან საგარეო ვალის მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა დაფაროს. მართალია, დღეს მისი ეკონომიკური მაჩვენებლები ესპანეთსა და საბერძნეთთან შედარებით დამაიმედებელია, მაგრამ ამ უკანასკნელებმა უკვე დიდი ხანია აღიარეს შეცდომა და მკაცრი ფინანსური ზომების გატარება დაიწყეს. წინასწარი მონაცემებით, ქვეყნის ეკონომიკური ვითარება 2012 წლისთვის უფრო გამძაფრდება. იტალიის ეკონომიკა სიდიდით მერვეა მსოფლიოში, რის გამოც ქვეყნის შიგნით არსებული ვითარება, ევროპულ და მსოფლიო ბაზარზე სავალალო შედეგებს გამოიღებს.

4 არჩევნები რუსული სქემით

▲ზევით დაბრუნება


პოლიტიკა

დიმიტრი ავალიანი

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურმა სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში დაძაბულობა და პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია. ოპოზიციონერმა კანდიდატმა ალა ჯიოევამ თავი არჩეულ პრეზიდენტად გამოაცხადა და მოქმედ რეჟიმს ულტიმატუმი წაუყენა, მისი გამარჯვების აღიარების მოთხოვნით.

ამ კვირაში ადგილობრივი „უზენაესი სასამართლო” ალა ჯიოევას სარჩელს განიხილავს. კანდიდატი ამავე სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რომელმაც 27 სექტემბერს ჩატარებული არჩევნების მეორე ტურის შედეგები ბათილად ცნო - ოპოზიციონერი კანდიდატის მხრიდან დაშვებული დარღვევების საბაბით. გასულ კვირაში ადგილობრივმა პარლამენტმა განმეორებითი არჩევნების მომავალი წლის 25 მარტისთვის დანიშვნაც მოასწრო. ალა ჯიოევას მასში მონაწილეობა აეკრძალა. მომავალ არჩევნებამდე „პრეზიდენტის” მოვალეობა კვლავ ედუარდ კოკოითიმ უნდა შეასრულოს.

ჯიოევამ ეს გადაწყვეტილებები უკანონოდ გამოაცხადა და მხარდამჭერებს საკუთარი არჩევანის დაცვისკენ მოუწოდა. მან მოქმედი რეჟიმი ძალაუფლების უზურპაციაში დაადანაშაულა და „სახელმწიფო საბჭოს” ფორმირებას შეუდგა. ამოცანად ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარება განისაზღვრა. 29 ნოემბრიდან ცხინვალში ჯიოევას მომხრეების მრავალათასიანი აქციები დაიწყო.

0x01 graphic

ალა ჯიოევა აწყნარებს თავის მხარდამჭერებს
ფოტო: REUTERS ©

ჯიოევას მოწინააღმდეგე, მმართველი პარტია ედინსტვოს კანდიდატი ანატოლი ბიბილოვი მოსკოვის ღია მხარდაჭერით სარგებლობდა. პირველი ტურის წინ წერილი ბიბილოვს პირადად ვლადიმირ პუტინმა გაუგზავნა. მეორე ტურის დაწყებამდე ვლადიკავკაზში მას რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი შეხვდა და საჯაროდ მხარდაჭერა აღუთქვა. ალა ჯიოევას უკან კოკოითის რეჟიმის ცნობილი ოპონენტები - თავისუფალ ჭიდაობაში რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჯამბოლათ თედეევი და „უშიშროების საბჭოს” ყოფილი მდივანი, გენერალი ანატოლი ბარანკევიჩი იდგნენ.

საბოლოოდ, სახელისუფლებო კანდიდატმა მეორე ტური წააგო. როგორც ალა ჯიოევა ამტკიცებს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის საბოლოო ოქმის თანახმად, მან ხმების 56 პროცენტზე მეტი მოიპოვა.

გამარჯვებულ კანდიდატს დიდი იმედი არ აქვს, რომ სასამართლო მის სარჩელს დააკმაყოფილებს. იგი დანებებას არ აპირებს. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ედუარდ კოკოითის ხელისუფლება არჩევნების შედეგების გაუქმებას გეგმავს, ჯიოევამ დახმარებისთვის რუსეთის პრეზიდენტს მიმართა. იგი სამხრეთ ოსეთში რუსეთის ე.წ. ელჩსაც შეხვდა.

თუმცა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ყველა პოლიტიკურმა ძალამ „პატივი უნდა სცეს ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების გადაწყვეტილებას”. ამან ოპოზიციას იმედები გადაუწურა. ნათელი გახდა, რომ მოსკოვი არჩევნების შედეგების გაუქმებას მიესალმება. „გულწრფელად გეტყვით, ცოტათი ნაწყენი ვარ რუსეთზე. მე რუსეთის მოქალაქე ვარ, როგორც სულისკვეთებით, ისე პასპორტით და, რა თქმა უნდა, ძალიან მწყინს”, - განაცხადა ჯიოევამ და აღნიშნა, რომ, მისი აზრით, „კოკოითისთან კორუფციულ გარიგებაში მყოფი პირები” რუსეთის ხელმძღვანელობას არასწორ ინფორმაციას აწვდიან.

30 ნოემბერს მთავრობის სახლთან, რომელთანაც ჯიოევას მხარდამჭერების აქცია მიმდინარეობდა, სროლაც გაისმა - შენობის გარშემო მობილიზებულმა ძალოვნებმა გამაფრთხილებელი ცეცხლი გახსნეს, რათა შეკრებილი ხალხი შენობასთან არ მიეშვათ. ამის შემდეგ ჯიოევა ედუარდ კოკოითის შეხვდა და ულტიმატუმი წაუყენა - რეჟიმის ლიდერს დღის ბოლომდე არჩევნების შედეგები უნდა ეღიარებინა. სანაცვლოდ, ჯიოევა მას უსაფრთხოების გარანტიებს სთავაზობდა. თუმცა, კოკოითიმ ულტიმატუმი არ შეასრულა და „უზენაესი სასამართლოს” თავმჯდომარის პირით, გამარჯვებულ კანდიდატს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება შესთავაზა.

მანამდე კოკოითიმ განაცხადა, რომ ოპოზიციის წინააღმდეგ ძალის გამოყენებას არ აპირებს. თუმცა მათ, ვინც ვითარების დესტაბილიზაციას შეეცდებოდა, დაემუქრა. რეჟიმის ლიდერმა ოპოზიციის თბილისთან შესაძლო კავშირზეც მიანიშნა. დღის ბოლოს კი მომიტინგეებთან გამოვიდა, თუმცა დემონსტრანტთა შეძახილებისა და სტვენის გამო სიტყვით გამოსვლა ვერ დაასრულა.

30 ნოემბერს, საღამოს, კონფლიქტის დასარეგულირებლად მოსკოვმა ცხინვალში რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ვინოკური გამოგზავნა. რუსი მაღალჩინოსანი, როგორც ხელისუფლებას, ასევე ჯიოევას და მის მხარდამჭერებს შეხვდა. ოპოზიციონერმა კანდიდატმა მოლაპარაკებებს „კონსტრუქციული” უწოდა, თუმცა გადაწყვეტილების შესახებ მხარდამჭერებისათვის არაფერი უცნობებია.

როგორც ადგილობრივი რეჟიმი, ასევე რუსეთის ხელისუფლება ცხინვალის საინფორმაციო ბლოკადაში მოქცევას შეეცადნენ. გასულ კვირაში რეგიონში შეფერხებებით მუშაობდა ინტერნეტი და მობილური კავშირი. რუსეთის ტელეარხები კი ცხინვალის მოვლენებს თითქმის არ აშუქებდნენ.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი ფინანსურად დღემდე რუსეთზეა დამოკიდებული. იქ დარჩენილი მოსახლეობის განწყობაც პრორუსულია. ამ ვითარებაში ნებისმიერი გამარჯვებული კანდიდატიც პრორუსული იქნებოდა. შესაბამისად, ოპოზიციის კანდიდატის გამარჯვებას კრემლისთვის რაიმე ნეგატიური შედეგი არ მოჰყვებოდა.

მოსკოვის ხისტი პოზიციის მიზეზად ექსპერტები არა მხოლოდ საკუთარი კანდიდატის გაყვანის სურვილს, არამედ რუსეთში კვირას გამართული სახელმწიფო სათათბიროს არჩევნების წინ კრემლის შიშებსაც ასახელებენ. როგორც მოსკოვის კარნეგი-ცენტრის ექსპერტი ალექსეი მალაშენკო მიიჩნევს, რუსეთს ცხინვალის მოვლენებზე რეაგირების ორი გზა რჩებოდა - „ან ბოლომდე მიაწვეს, რასაც ახლა მოსკოვი აკეთებს, ან მოელაპარაკოს გამარჯვებულს”. მისი აზრით, კომპრომისისა და მოლაპარაკებების შემთხვევაში, უკვე რუსეთის შიგნით, შესაძლოა, ვინმეს ეფიქრა, რომ „ამ სისტემაზე (რუსეთის ხელისუფლებაზე) ზეწოლა შესაძლებელია და თუ ძალიან მოინდომებ, იმას მიიღებ, რაც გინდა”. ეს ვარიანტი, მალაშენკოს თქმით, კრემლისთვის დაუშვებელია.

კრემლშიც და დასავლეთშიც ცხინვალის მოვლენები სწორედ რუსეთში წინასაარჩევნო სიტუაციის კონტექსტში აღიქმება. სამხრეთ ოსეთის სიტუაცია არის „მინიარჩევნები რუსეთში”, - აღნიშნავს რუსი პოლიტოლოგი ანდრეი ეპიფანცევი. მისი აზრით, ეს მოწმობს, „თუ რამდენად შორს შეიძლება წავიდეს კრემლი საკუთარი გამარჯვების ნებისმიერი გზით უზრუნველსაყოფად”. ეპიფანცევი მიიჩნევს, რომ არჩევნების შედეგების გაუქმება, თუ „არასწორი” იქნება, რუსეთშიც რეალური ხდება.

აშშ-ის გავლენიანი რესპუბლიკელი სენატორის, ჯონ მაკკეინის განცხადებით, „თუ ვინმეს ეჭვი ეპარებოდა, რომ რუსეთის მომავალი არჩევნები ფარსად იქცევა, სამხრეთ ოსეთში ბოლო მოვლენების შემდეგ ეს ეჭვები უნდა უკუაგდოს”.

მისი თქმით, რუსეთში არჩევნებზე, შესაძლოა, ცხინვალის მსგავსი მანიპულაციები განხორციელდეს. სენატორმა იმედი გამოთქვა, რომ „ოდესმე რუსეთის მთავრობა მიხვდება, რომ ქვეყნის საზღვრებთან დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობა მისთვის უსაფრთხოების წყაროა და არა საშიშროების”.

„სანამ ეს მოხდება, აშშ-მა კვლავაც უნდა დაუჭიროს მხარი საქართველოს დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებას, მისი სუვერენული ტერიტორიების მშვიდობიან დეოკუპაციაში”, - განაცადა მაკკეინმა.

5 მაესტროს კრიზისი

▲ზევით დაბრუნება


პოლიტიკა

ეკა წამალაშვილი

ტელეკომპანია მაესტროს დამფუძნებლებსა და მის მმართველს შორის ატეხილი აურზაური გრძელდება. არხი საგანგებო რეჟიმში მუშაობს. ჯერჯერობით გაურკვეველია, თუ რამ გამოიწვია დამფუძნებლების და მმართველის დაპირისპირება.

ეროსი კიწმარიშვილის თქმით, რამდენიმე დღის წინ მაესტროს ღობეზე იმიტომ გადაძვრა, რომ დამფუძნებლებმა მისი გვერდის ავლით „მეტი ფულის შოვნა” მოინდომეს. თავის მხრივ, დამფუძნებლები ამტკიცებენ, რომ არხის მმართველმა, ბოლო დროს, ტელევიზიის შიდა სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევა სცადა. ამის გამო მასთან 2 წლის წინ გაფორმებული კონტრაქტის გაწყვეტა განიზრახეს.

0x01 graphic

ეროსი კიწმარიშვილი

0x01 graphic

მამუკა ღლონტი

მხარეები იმაზე დავობენ, ჰქონდა თუ არა კიწმარიშვილს არხის ხელმძღვანელების და, ამავდროულად, დამფუძნებლების: მამუკა ღლონტის, ლევან ჩიკვაიძის და სხვა პირების სამსახურიდან გათავისუფლების უფლება, იყო თუ არა უკანონო მაესტროს მმართველის  ტელეკომპანიის შენობაში შესვლა; რამდენად შეესაბამებოდა კანონს დამფუძნებლების მიერ მმართველ კომპანიასთან კონტრაქტის გაწყვეტა. თუმცა რამ მიიყვანა ამ სტადიამდე საქმე - ბუნდოვანია.

მამუკა ღლონტმა მაესტროს გულშემატკივრებს უთხრა, რომ ოპოზიციურ არხს და სიტყვის თავისუფლებას, ეროსი კიწმარიშვილის ხელით, სააკაშვილი და მისი ხელისუფლება ებრძვის. ამის დასტური, მისი აზრით, ისაა, რომ პატრული კიწმარიშვილს შენობიდან არ აგდებდა. ეროსი კიწმარიშვილის განცხადებით, მასსა და მაესტროს დამფუძნებლებს შორის კონფლიქტი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურმა გააქტიურებამ განაპირობა - კერძოდ, ბიზნესმენის მზადყოფნამ, რომელიმე ტელეკომპანია სამმაგ საბაზრო ფასად შეიძინოს.

კიწმარიშვილმა საკუთარი ვერსიის გასამყარებლად განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი მამუკა ღლონტს შეხვდა კიდეც. მანამდე, მილიარდერის სახელით მაესტროს საკითხზე დამფუძნებლებთან მოლაპარაკებებს გია ხუხაშვილი აწარმოებდა. ამ უკანასკნელმა ნათქვამს გამონაგონი უწოდა.

თავის დროზე ივანიშვილის შეთავაზებას კიწმარიშვილიც და ღლონტიც გამოეხმაურნენ. პირველმა მას მმართველი კომპანიის ერთ ლარად მიყიდვა შესთავაზა, მეორემ კი მოლაპარაკებები - ოღონდ იმ პირობით, თუ ივანიშვილი მაესტროს ჟურნალისტებს მოუბოდიშებდა, მათი მისამართით გამოთქმული ბრალდებების გამო.

მაესტროში მიმდინარე მოვლენების ახსნა ვერც იმ მედიატორებმა შეძლეს, რომლებიც დაპირისპირებული მხარეების სურვილით მოლაპარაკების პროცესში ჩაერთვნენ. ვითარება გამოუვალია, შენობა ბლოკირებულია, აუცილებელია ჟურნალისტებს მიეცეთ მუშაობის საშუალება, - განაცხადეს მათ. გამოსავალი ღლონტმა მოძებნა: დატოვა მაესტროს შენობის მის მიერ ბლოკირებული ნაწილი, თან გაიყოლა ჟურნალისტები და ოპერატორები, წაიღო ვიდეოტექნიკა და მაესტროს მაუწყებლობა რადიო მაესტროს სტუდიიდან განაახლა.

კიწმარიშვილმა, როგორც მმართველმა, კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას მოსთხოვა, გაეწყვიტა ტელეკომპანია მაესტროს სიგნალის გადაცემა. პასუხად უარი მიიღო. კომისიამ განმარტა, რომ ტელეკომპანიას მაუწყებლობა მოძრავი სადგურის საშუალებითაც შეუძლია. რაც შეეხება ლიცენზიას, მაესტროს დამფუძნებლებს და მმართველ კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, მაუწყებლობის ლიცენზია მმართველი კომპანიის ხელში ვერ აღმოჩნდება.

ღლონტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ შენობის დატოვების გადაწყვეტილება „სამოქალაქო დაპირისპირების” თავიდან აცილების მიზნით მიიღო და კიწმარიშვილს ხელისუფლების დაკვეთის შესრულებაში დასდო ბრალი. კიწმარიშვილმა მაესტროს კრიზისში ღლონტი დაადანაშაულა და თქვა, რომ ხელისუფლების წისქვილზე წყალი სწორედ ამ უკანასკნელმა დაასხა.

ურთიერთბრალდებები არ წყდება. დამფუძნებლებმა გენერალურ პროკურატურას კიწმარიშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მოსთხოვეს. კიწმარიშვილი იმუქრება, რომ სასამართლოში იჩივლებს და მაესტროს 100%25-იანი წილის დაყადაღებას მოითხოვს.

6 სიგარეტი, გაზეთი, ყავა

▲ზევით დაბრუნება


მიშა თავხელიძე|სვეტი

0x01 graphic

იანვრის ერთ მზიან შუადღეს თანამშრომელთან ერთად აივანზე სიგარეტის მოსაწევად გამოვედით (ვიცი, რომ კლავს, მაგრამ მე სიგარეტის დანებება მკლავს). ახედა ამ ჩემმა თანამშრომელმა მოწმენდილ ცას, თვალები მოჭუტა და ამოიოხრა: ამაზე ამ მთავრობას ფული არ ენანებაო!

ცხადია, იხუმრა, თუმცა ჩვენს საზოგადოებრივ სივრცეში არსებობს ადამიანთა კატეგორია, რომელთათვის (ხუმრობის გარეშე) პირველი - და ხშირად ერთადერთი - ეჭვმიტანილი ყოველთვის მთავრობაა. ანაც, უფრო ზოგადად - ხელისუფლება. რაც უნდა გააკეთოს ამ უკანასკნელმა, ყველაფერში მზაკვრულ მიზანს ხედავენ. ამ განუკითხავი ეჭვიანობის ჩემპიონები არასამთავრობო ორგანიზაციები, ჟურნალისტები და ე.წ. მედიაექსპერტები არიან.

თუნდაც ტელეკომპანია მაესტროში ბოლო დროს შექმნილი კრიზისი ავიღოთ: შესაძლო დაფინანსების შესაძლო განაწილების გამო დამფუძნებლებსა და მენეჯმენტს შორის წარმოქმნილ (ერთობ არაცივილურ) დაპირისპირებას იმწამსვე გამოუჩნდნენ კომენტატორები. ამ დაპირისპირებაში მათ თავისუფალი მედიის დახრჩობისკენ მიმართული ხელისუფლების მეცადინეობა დაინახეს.

ამავე რიგშია თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ აუქციონზე ჩვენი მედიის წარმომადგენლებისა და ე.წ. სამოქალაქო აქტივისტების რეაქცია, რომლებმაც პატარა სავაჭრო ჯიხურების გამოცვლასა და მათში ვაჭრობის შეზღუდვების მოხსნაში, თავისუფალი პრესის (ბეჭდური მედიის) განადგურების მცდელობა შენიშნეს.

კომპლექსს, რომელიც ასეთ ტოტალურ ეჭვიანობას იწვევს, მე, ჩემთვის, „მძლავრი ბიძის” კომპლექსი შევარქვი. ეს ბიძა იმდენად მძლავრია, რომ, სადმე რამე თუ ხდება, ამაში უეჭველად მისი ხელი ურევია. მაგრამ, ფსიქოანალიზს (და მაესტროსაც) თავი დავანებოთ. ჯიხურების ამბავი სხვა მხრივაც საინტერესოა - ეკონომიკური თვალსაზრისით.

რამდენიმე კვირის წინ თბილისის მერიამ გამოაცხადა, რომ აპირებს ნელ-ნელა ჩაანაცვლოს თბილისის ქუჩებში მდგარი სხვადასხვა ტიპის, ზომისა და ფერის ჯიხურები უნიფიცირებული დიზაინის მქონე 1000 ჯიხურით, რომელთა განთავსების ადგილებზე გრძელვადიანი იჯარის უფლებას, იგი აუქციონის წესით მიჰყიდის უმაღლესი ფასის გადამხდელ ნებისმიერ მსურველს. ამავე დროს, მერიამ განაცხადა, რომ ახალი ჯიხურებისთვის მოიხსნება ვაჭრობის ყოველგვარი შეზღუდვა - გაყიდეთ იქ რაც გინდათ: გნებავთ გაზეთები, გნებავთ ხაჭაპური, ან, სულაც - ორივე ერთად.

მერიის ამ გადაწყვეტილებამ და აუქციონის დაწყებამ ჩვენი მედიისა და სამოქალაქო აქტივისტების ნამდვილი ისტერიკა გამოიწვია. თუ არ ვცდები, სამმა მედიაადვოკატირების ორგანიზაციამ (რას ნიშნავს ეს „ადვოკატირება”, არ მკითხოთ!) საგანგებო განცხადებები გაავრცელა და მერიასთან საპროტესტო მიტინგიც კი მოაწყო, სპეციალიზებული საგაზეთო ჯიხურების შენარჩუნების მოთხოვნით.

პროტესტის არსის მოკლედ ჩამოყალიბება ასე შეიძლება: „ხელისუფლება თავისუფალ პრესას ებრძვის!”. რატომ? იმიტომ, რომ ჯიხურების იჯარა ძვირდება და მხოლოდ პრესის გაყიდვით ჯიხურის მეპატრონე მას ვერ გადაიხდის. ამავე დროს, პრესას განსაკუთრებული საზოგადოებრივი როლი აქვს და, შესაბამისად, სხვა რაღაცებთან ერთად არ უნდა იყიდებოდეს; ხელისუფლებას დაქვემდებარებული, პოლიტიკურად ანგაჟირებული კომპანიები 1000-ვე ჯიხურს ხელში ჩაიგდებენ და გამოიყენებენ ოპოზიციური პრესის (ასეთი უმრავლესობაა) შესავიწროებლად. მოკლედ, მზაკვარმა „მძლავრმა ბიძამ” თავისუფალი პრესის მოსპობა გადაწყვიტა!

ალბათ მიხვდებოდით, რომ არცერთ ამ მოსაზრებას არ ვიზიარებ. პირველ რიგში იმიტომ, რომ მე არ მიმაჩნია, რომ პრესა განსაკუთრებული, მაგალითად, ხაჭაპურზე მნიშვნელოვანი, პროდუქტია. პრესა აკმაყოფილებს ინფორმაციის მიღების (ზოგიერთ შემთხვევაში, გართობის) მოთხოვნილებას, ხაჭაპური კი - შიმშილით გამოწვეულ მოთხოვნილებას. რომელი უფრო მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის? ან რომელი უფრო მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისთვის - მერაბ მამარდაშვილის წიგნი წაიკითხოს, თუ ფერად ჟურნალში სურათები დაათვალიეროს?

პასუხი მარტივია: ამ საზოგადოების თითოეულმა წევრმა თვითონ გადაწყვიტოს და არა მერიამ ან „მედიაადვოკატებმა”. იმ წამს, როდესაც მყიდველი ორ ლარს გაზეთში იხდის და არა ხაჭაპურში (ან პირიქით), ის იღებს გადაწყვეტილებას, თუ რა არის მოცემულ მომენტში მისთვის მნიშვნელოვანი. ადამიანს უნდა ჰქონდეს არჩევანის საშუალება - შეიძლება სულაც ოთხი ლარი გადაიხადოს ორივეში! რაც უფრო ფართოა არჩევანი, მით უკეთესი. ხომ ჯობია, რომ ყავაც, ხაჭაპურიც და გაზეთიც ერთ ადგილას იყიდო? გასაგებია, რომ ის ადგილები, სადაც ბევრი ხალხი მოძრაობს, უფრო ძვირი ეღირება. რაც უფრო მეტმა ხალხმა ჩაუარა ჯიხურს, მით უფრო დიდი ალბათობაა, რომ რომელიმე რამეს იყიდის. შესაბამისად, მოიჯარის მოგებაც მეტი იქნება - ის მზად იქნება მეტი გადაიხადოს იჯარაში, რადგანაც უღირს.

ყველაზე საინტერესო პროტესტის მესამე ნაწილია: მონოპოლია მოკლავს თავისუფალ პრესას. დავიწყოთ იქიდან, რომ პრესის გავრცელების ბაზარს დღეს ისედაც ერთი გამავრცელებელი კომპანია დომინირებს. მაგრამ, ვთქვათ და მერიის აუქციონების უმრავლესობას მზაკვარი ხელისუფლების ხელქვეითი კომპანია მოიგებს და გადაწყვეტს, არ გაყიდოს ე.წ. ოპოზიციური პრესა. რა მოხდება მაშინ? არც არაფერი!

ყოველკვირეულად თბილისში პრესას ყიდულობს ათი ათასობით ადამიანი. თუ ჯიხურები ამ ხალხის მოთხოვნილებას ვერ ან არ დააკმაყოფილებს, ყოველთვის მოიძებნება ვინმე, ვინც მზად იქნება, ეს თვითონ გააკეთოს. თუ ჯიხურებში გაზეთები აღარ გაიყიდება, ის გაიყიდება სადმე სხვაგან, მაგალითად, გვერდზე აფთიაქში. ანუ, ნებისმიერი ხელოვნური, არასაბაზრო მიზეზებით გამოწვეული შეზღუდვა ყოველთვის არაეფექტურია, რადგან პროდუქტი მაინც იპოვის თავის, თუნდაც შემოვლით, გზას საკუთარი მომხმარებლისკენ. მე არ მგონია, რომ მთავრობაში ვინმეს ამ გზით პრესის ცირკულაციის შეზღუდვის სულელური აზრი მოსვლოდა თავში. მაგრამ, რომც მოსვლოდა, მაინც ვერაფერს მიაღწევდა.

დაბოლოს, ვაღიარებ, მე გაზეთებს საერთოდ არ ვკითხულობ. არ მომწონს ჩვენი გაზეთები. დილით რომ ვიღვიძებ, ჩემი მოქმედებების თანმიმდევრობაა - ყავა, სიგარეტი და ინტერნეტი.

7 შოუბიზნესი

▲ზევით დაბრუნება


საზოგადოება

მიშა მშვილდაძე

0x01 graphic

სადღაც სამოცდამეშვიდემილიონე სატელევიზიო თოქ-შოუ დამთავრდა. ის კვლავ ჯიუტად მიეძღვნა ქართული შოუბიზნესის ღრმა ჭაობიდან ამოთრევის უნაყოფო მცდელობათა სტატისტიკის გაუმჯობესებას. ამის შემდეგ, გაგიკვირდებათ და, ამ თემაზე წერილის დაწერა მომინდა - ერთგვარ მაზოხიზმად შეიძლება მოგეჩვენოთ ეს სურვილი, მაგრამ მე მჯერა, რომ ქვეყანაში, სადაც მეტრო დადის და პური ცხვება, შეუძლებელია სიმღერით ფულის შოვნა შეუძლებელი იყოს.

მაშინ რატომ იკრიბებიან ყველა მოყვითალო შეფერილობის ტელეშოუში წელიწადში ერთხელ ქართული საესტრადო ტანკლი-ტუკუნის ტკბილად მივიწყებული თუ კოშმარულად დაუვიწყარი სახეები და რატომ მოსთქვამენ შოუბიზნესში დატრიალებულ ცოდვა-ბრალზე ასეთი დაბალინტენსიური, მაგრამ ჯიუტი პერიოდულობით? - სხარტად იკითხავს ლოგიკური ტესტების გამოყვანაში გაწაფული მკითხველი და ქართველი მსახიობები რომ ეჭვს ცუდად თამაშობენ ხოლმე, ისე მოჭუტავს ცალ თვალს. იმიტომ, ჩემო საყვარლად თვითდარწმუნებულებო, რომ ეს ჩვენი „ვარსკვლავები” შეიძლება ცალ-ცალკე ვერა, მაგრამ ასე ყველა ერთად შეკრებილ-ჩაფიქრებულ-ამღერებულ-აყაყანებულები მშვენიერ სატელევიზიო რეიტინგს წერენ: იქ ნინო მოვა გუჩის კაბით, ან ნინა მარჯიელათი და ეგეც შენი პროცენტ-ნახევარი - თუ კაბა საკმარისად მოკლეა - მთელი ორი პროცენტიც; მერე ანრი გაიხსენებს რამე კურიოზს ეთერ კაკულიას ცხოვრებიდან - ეგეც პლუს ერთი, ჯამში უკვე 3 პროცენტია; ძველი თაობის კომპოზიტორიც გალანძღავს ყველას, ვინც ჯერ კიდევ ახალგაზრდა და ლამაზია - არ კიდია, დარბაზში მოკალათებული ბრბო მაინც ტაშს დაუკრავს და... ავედით ექვს პროცენტამდე; მერე შეკრებილთ შორის ყველაზე გლამურული პესიმისტი იტყვის, რომ ქართული შოუბიზნესი ვაფშე არც არსებობს!! ეეეო, ეგ როგორო, აბა მე ვინ ვარო?! - შეიცხადებს ეგზისტენციალიზმზე პირველად ჩაფიქრებული მავანი წვიმა-ჭექა-ქუხილზე მელოდიურად მოამბე მგოსანი, ამას მოჰყვება ყაყანი - ეგეც კიდევ 5 პროცენტი! - ყაყანზე გიჟდება ქართველი ტელემაყურებელი; მერე ვინმე, ვინც რაღაც ჯადოსნობით მუდმივად ახერხებს ხოლმე ერთდროულად იყოს უკიდურესად დიპლომატიურიც და საოცრად გულწრფელიც, სადღაც კუდუსუნიდან შიგან-ჯიგარის გავლით ლავასავით ამოტყორცნილ ოხვრას ამოაყოლებს სინანულს იმ საშინელ უსამართლობაზე, რომ თვითონ, ჯერ მარტო ამ დარბაზში ამდენი და ასეთი ნიჭიერები - ეხხხხ (სინანულის გამომხატავი შორისდებული) და ვიღაც უნიჭო და უგემოვნო იქა სუ შალახო-დიმპიტაურებით, მდაბალი ხარისხითა და ბუნებრივია, საეჭვო მხარდაჭერით „ზემოდან”. თორემ აბა ისე როგორ ახერხებს ყველა თავისი სიმღერა გააჰიტოს მსმენელის გემოვნების დეგრადაციის ხარჯზე!! - სანამ აღშფოთება ჩაივლის, ამ ახალ სარესტორნო ხიტსაც ჩააჟღერებენ კოხტად და რეიტინგიც უკვე ოც პროცენტს აცდა - პირობითი ნოდარიკოც იღიმის თავისი ამორალური, მაგრამ ყველაზე ადეკვატური ღიმილით - სულ არ აღელვებს, რომ ამ ყველაფრის დასრულებისას ტელემაყურებელს პირში ისეთი გემო გრჩება, როგორც შენი ნების საწინააღმდეგოდ განხორციელებული ორალური სექსის შემდეგ!

აბა სადღაა მაშინ გამოსავალი და რა ჯანდაბა მრჯის მეც ამ კვირა საღამოს კლავიატურის კაკუნში რომ ვატარებ?! - პირველ ეტაპზე, მინდა შექმნილი სიტუაციის ლოგიკურობა, მეტსაც გეტყვით, სამართლიანობა დავასაბუთო კონკრეტული მაგალითებით.

უპირველეს ყოვლისა, შოუბიზნესიც, ისევე როგორც ნებისმიერი ბიზნესი, ექვემდებარება ეკონომიკურ კანონებს, რომლებიც უმარტივესი არაა, მაგრამ არც დაუძლეველი სიბრძნის შემცველია ოცდამეერთე საუკუნის ადამიანისთვის. მაგალითად, პირველი კანონი: იმისათვის, რომ ადამიანს ფული გამოართვა რამეში, ჯერ ეს რამე უნდა გქონდეს! - ჩვენს შემთხვევაში - სიმღერა!

საიდან უნდა ჰქონდეს ადამიანს სიმღერა? - წყარო არის ოთხი:

ა) დაწეროს თვითონ;

თუ არ აქვს ნიჭი, მაშინ

ბ) იყიდოს სხვისგან;

თუ არც ნიჭი აქვს და არც ფული, მაშინ აიღოს ხელი თავმოყვარეობაზეც და

გ) მოიპაროს;

ხოლო თუ ისეთ უიშვიათეს შემთხვევასთან გვაქვს საქმე, რომ ადამიანს არც ნიჭი აქვს, არც ფული, არც მარიფათი და შნო, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც აქვს სურვილი, იწოდებოდეს ვარსკვლავად, ასეთებს ვთავაზობ მეოთხე ვარიანტს:

დ) წამოიღოს;

მცირე განმარტება: „წამოღება”, ეს იგივე მოპარვაა, ოღონდ ხორციელდება დღისით, მზისით, დაუფარავად და მილიონობით მოწმის თანდასწრებით. ამ მეთოდით სარგებლობდნენ ძველი ბიჭები გასული საუკუნის ბოლო ათწლეულში და „ქუჩის ბიჭები” ამ საუკუნის პირველ წლებში.

თუ დავაკვირდებით ჩვენი ე.წ. ვარსკვლავების რეპერტუარს, ერთი რამ მაშინვე მოგვხვდება თვალში: ძალიან, ძალიან ცოტა სიმღერები აქვთ. რამდენი ქართველი „ვარსკვლავი” იცით, რომლის ათზე მეტი სიმღერის ჩამოთვლა შეგიძლიათ? - მე არცერთი! იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს კონსტიტუციით არის შეზღუდული, რომ რეპერტუარში ყველას ჰქონდეს სულ სამი სიმღერა. ერთი გართობაზე, ცეკვაზე და კოლექტიურად ხელების აწევაზე; ერთი წვიმაზე, სევდაზე და ზოგადად მეტეოროლოგიური პირობებისა და ადამიანის განწყობის ურთიერთგავლენებზე და ერთიც, რა თქმა უნდა, აფხაზეთზე - ან ტკივილიან-ცრემლიანი და მოთქმა-გოდებითი, ანაც სამართლიანობის აღდგენითა და იქ დაბრუნების მუქარით გამთბარ-გაოპტიმისტებული - გააჩნია, სიმღერა აგვისტოს ომის შემდეგ დაიწერა თუ აგვისტოს ომამდე.

არადა, მარტივი ეკონომიკური კანონია, რაც უფრო მეტი პროდუქტი გაქვს გასაყიდი, მით უფრო მეტი შანსი გაქვს გაყიდო რამე; რაც უფრო მეტ ადამიანს მოსწონს შენი პროდუქტი, მით უფრო მეტი შანსი გაქვს, გაყიდო ბევრი; და რაც უფრო განხვავებული და გამორჩეულია შენი პროდუქტი ბაზარზე, მით უფრო მეტია მისი ფასი. ანუ, თუ გინდა იშოვო მეტი ფული, უნდა მიყიდო მეტი სიმღერა მეტ ადამიანს მეტ ფასად!

ავიღოთ მაგალითად ჯგუფი „მგზავრები” - მუსიკალური კოლექტივი, რომელმაც უამრავ ადამიანს საკუთარ თავში მინიმალური ესთეტიკის აღქმის უნარი აღმოაჩენინა, გაცილებით მეტს კი - ამ უნარის დათრგუნვის სიადვილე. ეს მონდომებითა და ხმაურით გამორჩეული ბიჭები არიან ცოცხალი დასტური იმისა, რომ თუ მუსიკოსი შოუბიზნესშიც იმდენს იმუშავებს, რამდენსაც მუშა მშენებლობაზე, ანუ მინიმუმ რვა საათს კვირაში ხუთი დღე; კონცერტზე მისულ მაყურებელს ფონოგრამაზე ურცხვად პირს არ გაუღებს და შეძლებისდაგვარად შეუსრულებს შეძლებისდაგვარადვე დაწერილ სიმღერებს; თან განსხვავება რომ არ აგრძნობინოს, მაინცდამაინც დახვეწილი ჟღერადობით სტუდიურ ჩანაწერებშიც არ გაანებივრებს, აუცილებლად მიაღწევს როგორც შემოქმედებით, ასევე ფინანსურ წარმატებას! ბუნებრივია, ეს წარმატება ამ ბიჭებისთვის გაცილებით ხელშესახები იქნებოდა, ჯგუფს რომ წევრების სასრული რაოდენობა ჰყავდეს, მაგრამ ეს არაა მთავარი, ისედაც ცხადია, რომ პატარა ქართულ ბაზარზე სიმღერით მილიონერი ვერ გახდები, მაგრამ ათასიონერი რომ გახდე, სავსებით შესაძლებელია, ათასიონერები კი, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დღევანდელი დონის გათვალისწინებით, გლამურულ ბრჭყვიალსაც შეინარჩუნებენ ფანების თვალში და ამავდროულად საშუალო ფენასაც გაზრდიან - დემოკრატიული წყობის ხერხემალსა და სამშობლოს შეუქცევადად მდგრადი განვითარების გარანტს.

წარმატების კიდევ ერთი მაგალითია ნინო ჩხეიძე - ლამაზი გოგონა ოცდამეორე საუკუნის ჩაცმულობით და მეცხრამეტე საუკუნის რეპერტუარით. „გამახარე, დღეს კიდევ ერთხელ გამახარე, ჩემთან მოდი და წამიყვანე, სულ ხელის გულზე მატარე” - ალბათ არცერთ მომღერალს არ აუსახავს ასე ზუსტად და ზედმიწევნით საშუალოსტატისტიკური ქართველი გოგონას ოცნება, გაექცეს ამქვეყნიურ რუტინულ ერთფეროვნებას, ანუ გათხოვდეს! მატერიალიზმითა მატერიალიზმის დამთრგუნველი გადაწყვეტილებების ხელოვნების ნიმუშებით წახალისება ალბათ კიდევ დიდხანს იქნება მოდური ტენდენცია ფუნდამენტალიზმსა და რეფორმაციას შორის გაჭედილ ქვეყნებში, აგრეთვე დიდხანს გაგრძელდება ესთეტთა და ერთი შეხედვით პროგრესისტთა ვარამი, ქართული შოუბიზნესი რესტორნის დონეს ვერ ცდებაო, მაგრამ ეს ყველაფერი სრულიად სამართლიანია, ჩემი ძვირფასო ადამიანებო, იმიტომ, რომ, ჯერ ერთი, რესტორანი, თავისი არსით, ძალიან კულტურული დაწესებულებაა, და მეორეც, აბა რა გგონიათ თქვენ, რას უნდა ჰგავდეს შოუბიზნესი ქვეყანაში, სადაც ერთადერთი ნარკოტიკი, რომელიც მოიპოვება, ალკოჰოლია?!

8 პლანეტა ყველას ეყოფა

▲ზევით დაბრუნება


საზოგადოება

ქეთი ზუკაკიშვილი

0x01 graphic

დღეს ვილაპარაკებთ უახლეს კვლევაზე ასტრობიოლოგიაში, რომლის შედეგადაც მეცნიერებმა გალაქტიკის სივრცეებში ისეთ ადგილებს მიაკვლიეს, სადაც, სავარაუდოდ, სიცოცხლის არსებობისათვის აუცილებელი ორგანული ნაერთები წარმოიქმნება. 20-30 წლის წინ სიტყვა „ასტრობიოლოგია” ღიმილს იწვევდა. მას, უკეთეს შემთხვევაში, ფანტასტიკის სფეროს მიაკუთვნებდნენ და სერიოზულად არ აღიქვამდნენ. თუმცა NASA-მ პრაქტიკულად თავისი დაარსების დღიდან - 1959 წლიდან - დაიწყო კოსმოსში სიცოცხლის ძიების პროექტების განხორციელება.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ცნობით, 31 ოქტომბერს მსოფლიოს მოსახლეობამ 7 მილიარდი შეადგინა. თარიღი, რა თქმა უნდა, სიმბოლურია. დედამიწის ბინადართა ზუსტი რიცხვის დადგენა უწყვეტი შობადობა-გარდაცვალებისა და სხვა ობიექტური მიზეზების გამო, შეუძლებელია. თუმცა ფაქტია, რომ ჩვენს პლანეტაზე ამდენ ადამიანს ერთდროულად არასოდეს უცხოვრია.

გაეროს განცხადებამ ტომას მალთუსის მიმდევრები გაააქტიურა და ანტიპოპულაციონისტური გამოსვლების ახალი ტალღა გამოიწვია. ბრიტანელი მეცნიერი XIX საუკუნის დასაწყისში ამტკიცებდა, რომ დედამიწას არ შეუძლია გამოკვებოს გაზრდილი მოსახლეობა. შესაბამისად, თუ კაცობრიობამ გამრავლების ტემპი არ შეამცირა, ეს მასობრივი შიმშილის, ეპიდემიების და ომების ხარჯზე მოხდება.

მალთუსიანიზმი რომ ეკონომიკური აბსურდია, მცირე ისტორიული ანალიზიც ამტკიცებს. საინტერესო ის უფროა, რომ ამ ანტიჰუმანურ თეორიას ჯერ კიდევ მრავალი მომხრე ჰყავს. ისინი შიშობენ, რომ დედამიწაზე 2050 წლისთვის - 9, ხოლო საუკუნის ბოლოსათვის - 10 მილიარდი მოსახლეობის გამოსაკვებად რესურსები არ მოიპოვება. შეშფოთება აზრსმოკლებული არ იქნებოდა, რომ არა ერთი მარტივი ჭეშმარიტება - ეკონომიკურ დოვლათს ადამიანები ქმნიან.

მეტი სიცხადისათვის სჯობს ისტორიას გადავხედოთ. ჰომო საპიენსი განვითარების საინტერესო ტემპებით ხასიათდება. პირველი მილიარდის მისაღწევად 120-150 ათასი წელი დაგვჭირდა, მომდევნო 206 წელიწადში კი 6 მილიარდით გავმრავლდით. 1804 წლისათვის (მიახლოებითი თარიღი, როდესაც მსოფლიო მოსახლეობამ ერთი მილიარდი შეადგინა) სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 30 წელს არ აღემატებოდა. სწორედ ამ პერიოდში გამოიცა მალთუსის „ესეი მოსახლეობის პრინციპების შესახებ”. ავტორი ადამიანთა გამრავლების კვალდაკვალ ცხოვრების სტანდარტების კატასტროფულ ვარდნას წინასწარმეტყველებდა. რეალობა სრულიად საპირისპიროს ამტკიცებს: 1800 წლიდან მოყოლებული, 40-ჯერ გაიზარდა მშპ ერთ სულ მოსახლეზე (წლიური 179$-დან 6757$-მდე), სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობამ კი 2000 წლისათვის 69 წელი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ მალთუსი არა მარტო მომავლის, არამედ წარსულის შეფასებისასაც არაადეკვატური იყო. მისი თეორიის თანახმად, ნაკლები მოსახლეობის პირობებში ცხოვრების ხარისხი უფრო მაღალია. საინტერესოა, როგორ ახსნიდა იმ ფაქტს, რომ 1500 წელს, როდესაც სულ 500 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, მსოფლიო 1.6-ჯერ უფრო ღარიბი იყო, ვიდრე გაორმაგებული მოსახლეობის პირობებში.

1927 წელს, როდესაც ერთა ლიგამ მონობის ყველა ფორმა საბოლოოდ გაუქმებულად გამოაცხადა, „თავისუფალმა” ადამიანებმა მეორე მილიარდს მიაღწიეს. ამ პერიოდში, მალთუსიანიზმი ნაკლებად აქტუალური იყო, თუმცა 1960-იან წლებში პოლ ერლიხის „მოსახლეობის ბომბმა” თეორიას პოპულარობა დაუბრუნა.

ამერიკელი ბიოლოგი 1968 წელს გამოქვეყნებულ წიგნში ამტკიცებდა, რომ გადაჭარბებული მოსახლეობა 20 წელიწადში მსოფლიო შიმშილობამდე მიგვიყვანდა. შესაბამისად, საჭირო იყო სასწრაფო ზომების მიღება. ერლიხის გავლენით, თუ მის გარეშე, ფაქტია, რომ 60-იანი წლებიდან მოყოლებული, მართლაც მკვეთრად გაიზარდა შობადობის კონტროლი. იმდენადაც კი, რომ განვითარებული ქვეყნების უმრავლესობა ვეღარ ახერხებს მოსახლეობის ჩანაცვლებას. მაგალითად, იაპონიასა და ევროპაში, შობადობის საშუალო მაჩვენებელი ერთ ქალზე 1.5-ს უდრის, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში, ერის დაბერებას და ეკონომიკურ დაღმავლობას უწყობს ხელს. შემცირებულ შობადობას, და უფრო მეტიც, ნებაყოფლობითი უშვილობის მასობრივ გავრცელებას, საზოგადოებაში ქალის როლის შეცვლით, ასევე მაღალი ურბანიზაციით ხსნიან. ზოგ შემთხვევაში, ამას ემატება მთავრობის უხეში ჩარევაც. ჩინეთის „ერთი შვილის” პოლიტიკა, რომელიც ამ ეტაპზე ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას ეხმარება, მომავალში დასაქმებულთა და პენსიონერთა აბსოლუტურ შეუსაბამობას წარმოქმნის და უმწვავეს პრობლემად გადაიქცევა.

0x01 graphic

ტომას მალთუსი

0x01 graphic

პოლ ერლიხი

შობადობის მკვეთრი ვარდნა აღინიშნება განვითარებად ქვეყნებშიც: ირანი, მექსიკა, ბრაზილია, მოსახლეობის ჩანაცვლების პოზიტიურ მაჩვენებელს ჯერ კიდევ ინარჩუნებენ (2.1 ახალშობილი ერთ ქალზე), თუმცა ტენდენცია ცხადყოფს, რომ ეს დიდხანს არ გასტანს. სამაგიეროდ, მაღალია შობადობა განვითარების დაბალ საფეხურზე მყოფ ქვეყნებში (აფრიკა - 4.7 ბავშვი თითოეულ ქალზე). ეს მსოფლიო ეკონომიკური დოვლათის გადანაწილებას კიდევ უფრო არათანაბარს ხდის. საბოლოოდ, დედამიწის მოსახლეობა არა ბევრი ახალშობილის, არამედ მედიცინის განვითარებისა და გაზრდილი სიცოცხლის ხანგრძლივობის ხარჯზე იმატებს.

ჩნდება კითხვა, რა უფრო საშიშია: აზრსმოკლებული მალთუსიანური „წინასწარმეტყველება” თუ ახალდაბადებულთა არათანაბარი გადანაწილება და ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის დაბერება? პრობლემა არასაკმარისი ბავშვებია. სტატისტიკა ადასტურებს, რომ რაც უფრო მეტნი ვართ, ეკონომიკური აქტივობაც მაღალია და ცხოვრების პირობებიც მუდმივად უმჯობესდება.

სასიამოვნოა იმის გააზრება, რომ დაბადების ბედნიერება სულ 108 მილიარდს ხვდა წილად, მათ შორის - ჩვენც. დღესდღეობით მათი 6.5%25 ანუ ყოველი მე-15 ადამიანია ცოცხალი. სამწუხაროდ, ბევრი დროს ანტიჰუმანური თეორიების პოპულარიზაციაში კარგავს. უფრო გონიერები კი საკუთარ მოვალეობებს პირნათლად ასრულებენ, შრომობენ და მომავალს ქმნიან.

9 საღი აზრის ეკონომიკა, 2005

▲ზევით დაბრუნება


ეკონომიკა

ავტორები: ჯეიმზ გუორთნი, რიჩარდ სთროუფი, დუაით ლიი

I ნაწილი:

ეკონომიკის ათი ძირითადი ელემენტი

არ არსებობს ისეთი რამ, როგორიცაა უფასო სადილი.

ჩვენი სამყაროს რეალობაში საწარმოო რესურსების რაოდენობა შეზღუდულია. ეს მაშინ, როდესაც ადამიანის მოთხოვნა საქონელზე და მომსახურებაზე, პრაქტიკულად, უსაზღვროა. გინდათ, რომ გქონდეთ ახალი ტანსაცმელი, ძვირფასი იახტა ან დასასვენებლად შვეიცარიის ალპებში წახვიდეთ? რას იტყოდით, უფრო მეტი დრო რომ გქონდეთ დასვენებისა და მოგზაურობისთვის? ოცნებობთ, რომ ახალი პორშეთი ოკეანის სანაპიროზე მდგომი თქვენი სახლისკენ მიემართებოდეთ? უმეტესობას სურს ზემოხსენებულიც და კიდევ უამრავი სხვა რამ!

მაგრამ, სამწუხაროდ, რესურსების და დროის სიმცირე გვზღუდავს. ხშირად ჩვენთვის მიუწვდომელია ის, რაც გვინდა. იძულებულნი ვართ, სხვადასხვა ალტერნატივას შორის გავაკეთოთ არჩევანი. ისეთი რესურსების გამოყენება, როგორიცაა დრო, ნიჭი და საგნები, ბუნებაში არსებული თუ ადამიანის მიერ შექმნილი, გულისხმობს, რომ ეს საგნები და რესურსები სხვებისთვის მიუწვდომელი ხდება. ეკონომისტების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი გამონათქვამია: „არ არსებობს უფასო ლანჩი”. არაერთი რესტორანი რეკლამაში ამტკიცებს, რომ მოზრდილის კვების დანახარჯის გადახდის შემთხვევაში, ბავშვებისთვის კვება უფასოა. სინამდვილეში ეს საკვები უფასო არ არის, რადგანაც რესტორნის მფლობელი მის დანახარჯს მოზრდილი ადამიანის კვების დანახარჯში ითვალისწინებს. აქედან გამომდინარე, რადგან არ არსებობს „უფასო ლანჩი”, ჩვენ რაღაც ფასეული უნდა გავიღოთ იმის შესაძენად, რაც გვინდა. ეს ის საფასურია, რომელსაც ჩვენ საქონელში თუ მომსახურებაში ვიხდით. დანახარჯების გაღება მომხმარებელსაც და მწარმოებელსაც უწევს.

როგორც მომხმარებლებს, საქონლის ფასი გვეხმარება, განვსაზღვროთ სხვადასხვა საქონლის შეძენასთან დაკავშირებული ჩვენი პრიორიტეტები. ვითვლით, თუ რა საქონლის შეძენა შეგვიძლია არსებული სახსრებით და ვაკეთებთ არჩევანს. თუ გავითვალისწინებთ მის ღირებულებას, მაშინ შესაძლოა, სახსრები დავხარჯოთ ისეთი საქონლის შეძენაზე, რომელიც ჩვენთვის არ არის იმდენად საჭირო, როგორც სხვა საქონელი, რომელიც შეგვეძლო ამ ფულით შეგვეძინა.

მწარმოებელსაც აქვს დანახარჯები. ეს იმ რესურსებზე გაწეული დანახარჯებია, რომლებიც პროდუქტის ან მომსახურების საწარმოებლადაა საჭირო. სახლის მშენებლობის მიზნით ისეთი რესურსების გამოყენება, როგორიცაა ხე-ტყე, ლითონი, გადასახური მასალა და სხვა, ნიშნავს, რომ ეს რესურსები სხვა მომსახურების წარმოების ნაცვლად (მაგალითად, საავადმყოფოს ან სკოლების მშენებლობის ნაცვლად), ამ სახლს მოხმარდება. წარმოების დანახარჯი იმიტომ არის მაღალი, რომ იმავე რესურსების სხვა მიზნით

გამოყენებაზე არსებული მოთხოვნა დიდია. როდესაც მომხმარებელი ღირებულ რესურსს მრავალი დანიშნულებით იყენებს, ეს ამ უკანასკნელის ფასს ზრდის და მწარმოებელი ცდილობს, უფრო ნაკლები მოცულობით და სხვადასხვაგვარად გამოიყენოს. მწარმოებელს სტიმული აქვს, მიაწოდოს მეტი პროდუქცია, ოღონდ ამ პროდუქციის გასაყიდი ფასი აუცილებლად უნდა აღემატებოდეს წარმოებაზე გაწეულ დანახარჯებს. ეს სტიმული მწარმოებელს უბიძგებს ისეთი საქონლის წარმოებისა და მიწოდებისაკენ, რომელშიც მომხმარებლები უფრო მეტ ფასს იხდიან.

რა თქმა უნდა, შესაძლებელია, რომ გარკვეული საქონელი ან მომსახურება უფასო იყოს, თუ მასთან დაკავშირებულ დანახარჯებს სხვა დაფარავს. მაგრამ ეს, უბრალოდ, ახდენს ფასების გადანაცვლებას და არა მათ შემცირებას. პოლიტიკოსები ხშირად საუბრობენ „უფასო განათლებაზე”, „უფასო სამედიცინო მომსახურებაზე”, „უფასო საცხოვრებელზე”. ამ ტერმინოლოგიას შეცდომაში შევყავართ. ყოველივე ზემოაღნიშნული არ არის უფასო და შესაქმნელად დეფიციტური რესურსების გამოყენებაა საჭირო. სამშენებლო მასალები, სამუშაო ძალა

და სხვა რესურსები, რომლებიც სკოლის მშენებლობისთვისაა საჭირო, შეიძლება ჯანდაცვის ობიექტის ან გარემოს დაცვის მიზნით გამოყენებულიყო. განათლების ღირებულება სწორედ იმ რესურსების ფასის ტოლია, რომელიც განათლებაზე იხარჯება. მთავრობას შეუძლია დანახარჯების გადანაწილება, მაგრამ იგი ვერ აიცილებს თავიდან ამ დანახარჯების გაწევას.

0x01 graphic

დროთა განმავლობაში ადამიანი ვითარდება და სულ უფრო იხვეწება მისი ცოდნა, იშვიათი რესურსების სასურველ საქონლად ან მომსახურებად გარდაქმნის სფეროში. ბოლო 250 წლის განმავლობაში ჩვენ შევძელით რესურსების დეფიციტის პრობლემის შერბილება და ცხოვრების დონის გაუმჯობესება. მიუხედავად ამისა, ფუნდამენტური პრინციპი არ იცვლება: მაინც ვდგავართ რესურსების შეზღუდულობის პრობლემის წინაშე. ანუ, როდესაც სამუშაო ძალა, ტექნიკა და ბუნებრივი რესურსები რომელიმე ერთი პროდუქტის ან მომსახურების წარმოების მიზნით იხარჯება, ეს ნიშნავს, რომ უარის თქმა გვიწევს სხვა საქონლის ან მომსახურების წარმოებაზე, რომელიც იმავე რესურსებს საჭიროებდა.

ჯეიმზ გუორთნი

ადამ სმიტის ჯილდოს მფლობელი თავისუფალი ბაზრის იდეალების გავრცელებისთვის. კვლევის მთავარი ინტერესია იმ ფაქტორების განსაზღვრა და გაზომვა, რომელთაც განსაკუთრებული გავლენა აქვთ ეკონომიკურ ზრდაზე. ბოლო წლების მთავარი ნაშრომია ეკონომიკური თავისუფლების ყოველწლიური ინდექსი, სადაც მოცემულია ინფორმაცია 140 ქვეყნის ინსტიტუტებისა და კანონების შესახებ. სხვადასხვა დროს პუბლიკაციები გამოქვეყნებული აქვს როგორც სამეცნიერო, ისე პოპულარულ მედიაში, მათ შორის, Wall Street Journal-სა და New York Times-ში. მისი თანაავტორობით გამოცემული წიგნის - Economics: Private and Public Choice - განახლებული ვერსია 12-ჯერ გამოიცა“.

რიჩარდ სთროუფი

ჩრდილო კაროლინის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი და მონტანას სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი პროფესორი. მისი ექსპერტიზის სფეროებია პრივატიზაცია, გარემო და სუპერფონდი (ფონდი, რომელიც გრძელვადიანი და ძვირადღირებული პროექტების დასაფინანსებლად იქმნება).“

დუაით ლიი

ექსპერტიზის სფეროებია გარემოს ეკონომიკა და ბუნებრივი რესურსები, პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების ეკონომიკა, საჯარო ფინანსები, კანონი და ეკონომიკა და შრომის ეკონომიკა. გამოქვეყნებული აქვს 120-ზე მეტი სტატია აკადემიურ, ხოლო 100-ზე მეტი სტატია და კომენტარი პოპულარულ ჟურნალებსა და გაზეთებში. რვა წიგნის თანაავტორია. დარედაქტირებული აქვს ორი წიგნი. სხვადასხვა დროს ლექციებს კითხულობდა როგორც აშშ-ის, ისე ევროპის, სამხრეთ ამერიკის, აზიისა და აფრიკის უნივერსიტეტებში. “

Common Sense Economics, 2005

გამოქვეყნდა 2005 წლის 13 იანვარს. ცდილობს, პასუხი გასცეს კითხვებს: გადასახადებს მეტი ზიანი მოაქვს თუ სარგებელი? რა გავლენა აქვს ეკონომიკაზე სიმდიდრის გადანაწილებას და მათ, ვინც ამ გადანაწილებაში მონაწილეობს? რა არის მთავრობის როლი? როგორ მუშაობს ეკონომიკა? ავტორები გასაგები ენით ხსნიან მიწოდებისა და მოთხოვნის, კერძო საკუთრების, ვაჭრობისა და ბევრი სხვა მნიშვნელოვანი საკითხის ძირითად პრინციპებს. მარტივად გადმოსცემენ თუ რატომ და როგორ მუშაობს ეკონომიკა და, ზოგადად, მსოფლიო და როგორ და რატომ აღწევენ წარმატებას ინდივიდები თუ ნაციები.

10 ამერიკის ეკონომიკური სტიმულირების მახე

▲ზევით დაბრუნება


საზოგადოება

ელენე კვანჭილაშვილი

0x01 graphic

პიტერ შვაიცერი კონსერვატიული ავტორი და ჰუვერის ინსტიტუტის მკვლევარი. NBC-ის ახალი ამბების ყოფილი კონსულტანტი. შვაიცერი მუშაობდა ულტრატერორიზმის შემსწავლელ ჯგუფში სანდიას ნაციონალურ ლაბორატორიაში. შვაიცერმა და მისმა მეუღლემ გამოსცეს ნაშრომი - „ბუშები: დინასტიის პროფილი”, რომელიც New York Times- მა შეაფასა როგორც საუკეთესო ნამუშევარი, რაც კი ბუშის ოჯახზე დაწერილა. შვაიცერის ყველაზე ცნობილი წიგნია - ყველა გაყარეთ (Throw Them All Out).

აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა, ინაუგურაციის შემდეგ, ამომრჩეველს საჯაროდ დაჰპირდა, რომ ეკონომიკის სტიმულირებისთვის გამოყოფილი 800 მილიარდი დოლარი, მხოლოდ საუკეთესო პროექტებს მოხმარდებოდა: „ლობისტების ფავორიტიზმი გამორიცხულია”.

ობამას პრეზიდენტობის პერიოდში, არაერთი ფაქტი ზუსტად საპირისპირო ტენდენციაზე მიუთითებს. ბოლო ვრცელი და სრული ანგარიში, ლობისტებზე დახარჯული მილიარდობით დოლარის შესახებ, პიტერ შვაიცერმა წიგნად - Throw them Out (ყველა გაყარეთ) - გამოსცა. ყველაზე მეტი კანონდარღვევა ობამას ეკონომიკის სტიმულირების პროგრამის ცენტრალურ ნაწილს - ალტერნატიული ენერგიის პროექტებისთვის გამოყოფილი გრანტებისა და სესხების განაწილებას უკავშირდება.

ენერგეტიკის დეპარტამენტის ოფიციალური ციფრები შოკისმომგვრელია. 15 სექტემბერს დამტკიცებული 20.5-მილიარდდოლარიანი სასესხო პაკეტიდან, 16.4 მილიარდი დოლარი განაწილდა კომპანიებზე, რომლებსაც ან უშუალოდ ობამას საარჩევნო კამპანიის ფინანსური მხარდამჭერები ფლობდნენ, ანაც - დემოკრატიული პარტიის დონორები.

მთავრობის ანგარიშვალდებულების სამსახური, ენერგეტიკის დეპარტამენტს სესხებისა და გრანტების გაცემის დახურული და დაუსაბუთებელი პროცედურების გამო, ხშირად და მკაცრად აკრიტიკებდა. 2011 წლის მარტში, სამსახურმა აღმოაჩინა, რომ პირველი 18 სესხიდან ბოლომდე დოკუმენტირებული არცერთი ყოფილა. გამჭვირვალობით არც აპლიკაციების განხილვის პროცესი გამოირჩეოდა. თუ რის საფუძველზე ანიჭებდა უპირატესობას ენერგეტიკის დეპარტამენტი კონკრეტულად რომელიმე კომპანიას, გაურკვეველი იყო.

პიტერ შვაიცერი ამ თავსატეხის ამოხსნას თვითონ ენერგეტიკის დეპარტამენტის კადრებში პოულობს. დღემდე ენერგეტიკის დეპარტამენტის სესხებისა და გრანტების პროგრამებს ობამას მომხრეები კურირებენ. ისინი საპრეზიდენტო კამპანიის დროს იმ ადამიანებისგან ცდილობდნენ თანხების მოზიდვას, ვინც მოგვიანებით სესხებისა და გრანტებისთვის ენერგეტიკის დეპარტამენტს არაერთხელ მიმართა და ფულიც მიიღო.

0x01 graphic

THROW THEM ALL OUT პიტერ შვაიცერის ახალი წიგნი. შვაიცერმა შეისწავლა ათასობით ფინანსური ჩანაწერი თუ დოკუმენტაცია და აღმოაჩინა, რომ დაფინანსების მიმართვა, უმრავლეს შემთხვევაში პოლიტიკური ნიშნით ხდება. ვაშინგტონში მიმდინარე თამაშების სრული ისტორია გვიჩვენებს, რომ პოლიტიკური კლასის წარმომადგენლები, დანარჩენი მოსახლეობის ხარჯზე, გამუდმებით მდიდრდებიან. ობამას ადმინისტრაციამ ისეთი ინვესტორები მოიზიდა, შემდეგ ისევ მის საარჩევნო კამპანიას რომ დააფინანსებდნენ. ამერიკაში ერთ-ერთი უდიდესი პოლიტიკური სკანდალი მომწიფდა და აფეთქების პირასაა.

სესხების პროგრამების სტრატეგიული ოპერაციების უფროსი ოფიცერი, ობამას საპრეზიდენტო კამპანიის ნაციონალური საფინანსო კომიტეტის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა იყო. მისი მთავარი მოვალეობა - Silicon Valley-ს ძალიან მდიდარ დონორებთან პრეზიდენტის დაკავშირება გახლდათ. სესხების უმეტესობა, საარჩევნო კამპანიის დონორ, Silicon Valley-ს კადრებზე გადანაწილდა. ენერგეტიკის დეპარტამენტის კიდევ ერთი ჩინოვნიკი - განახლებადი ენერგიის გრანტების მრჩეველი - ობამას საპრეზიდენტო კამპანიის აქტივისტი იყო. მის ყოველდღიურ მოვალეობაში ობამას საარჩევნო კამპანიისთვის სუფთა ტექნოლოგიებისა და მწვანე ბიზნესის ლიდერების მობილიზება შედიოდა. მათგან ყველაზე დიდ დონორს Vantage Point Venture Partners-ი წარმოადგენდა. მას შემდეგ, რაც ობამას საარჩევნო კამპანიის აქტივისტმა ენერგეტიკის დეპარტამენტში თანამდებობა გაინაღდა, Vantage Point-ის მფლობელობაში არსებულმა კომპანიებმა გრანტების უდიდესი წილი მიიღეს.

ენერგეტიკის დეპარტამენტის ის თანამშრომლები, რომლებიც პოლიტიკური ნიშნით არ მოხვდნენ თანამდებობებზე, ალტერნატიული ენერგიის პროგრამით გათვალისწინებული გრანტების და სესხების გაცემის პროცედურებს ღიად აკრიტიკებენ. მაგალითად, ენერგეტიკის დეპარტამენტის გენერალური ინსპექტორის განცხადებით, პროცედურები გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას საგრძნობლად მოკლებულია და ხშირ შემთხვევაში მათი განაწილების კრიტერიუმი „მეგობრები და ოჯახია”.

ამ კრიტერიუმით მოთამაშეებისთვის გადასახადის გადამხდელთა ფულით მანიპულირება მომგებიანი გარიგებაა - ფულს „შარავანდედის ეფექტი” აქვს: ყველა კრიტერიუმით სუსტი კომპანია უცებ იმედისმომცემად იქცევა. საარჩევნო კამპანიის პერიოდში მეგობრების მიერ გაცემული გულუხვი ჯილდოები კი - ალტერნატიულ ენერგიაში დაბანდებულ საუკეთესო ინვესტიციად. ყოფილმა დონორებმა ათმაგი მოგება ნახეს. გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ამ ხალხის უდიდესი ნაწილი ისევ მზად არის ობამას გაპრეზიდენტებისთვის დიდი ფული გაიღოს.

11 რას მოგვიტანს ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობა

▲ზევით დაბრუნება


ტაბულა|ფოკუსი

ზურა ჯაფარიძე

0x01 graphic

მალე, საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები დაიწყება. ქვეყნის ხელისუფლება ვაჭრობის ლიბერალიზაციის პოლიტიკას დიდი ხანია ატარებს და ამ გზით ცდილობს უცხოური ინვესტიციების მოზიდვას. თუმცა, მხოლოდ საქართველოს ძალისხმევა საკმარისი არ არის - მცირე მასშტაბის გამო, ქვეყნის ბაზარი, ინვესტორების ინტერესის საგანი ვერასოდეს გახდება, თუ მსოფლიო ეკონომიკაში სრულად არ ინტეგრირდება. ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი, ქვეყნას კაპიტალდაბანდებებისთვის გაცილებით მიმზიდველს გახდის.

ვაჭარი - ეს სიტყვა ჩვენი მოქალაქეების, და არა მარტო მათ, აღქმაში დღემდე ატარებს ნეგატიურ კონოტაციას. თითქოს რაღაც სამარცხვინო იყოს, თუ ადამიანი რაიმე საქონლის ყიდვა-გაყიდვით არის დაკავებული. ასეთ დამოკიდებულებას ისტორიულ-კულტურული საფუძველი აქვს. არსებობდა არაერთი ცივილიზაცია, რომელიც საამაყოდ და ღირსეულად მიიჩნევდა ბრძოლას, თავდადებას, სიმამაცეს, თავგანწირვას, ხოლო ადამიანებს, რომლებიც ვაჭრობითა და მშვიდობიანი ცხოვრებით იყვნენ დაკავებული, მეორეხარისხოვან არსებებად თვლიდა. ასეთი ტიპის ცივილიზაციებს რამდენიმე დამპყრობელი მიეკუთვნებოდა, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში აკონტროლებდნენ სამხრეთ კავკასიას და ჩვენი კულტურის ფორმირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონიეს.

ვაჭრობისადმი დამოკიდებულების თვალსაზრისით განსაკუთრებული როლი საბჭოთა 70-წლიანმა პერიოდმა ითამაშა. თავისუფალი ვაჭრობა, ანუ საკუთრებაში არსებული საქონლის თავისუფალი გაცვლის სისტემის არსებობა, იმდენად შეუთავსებელი იყო ცენტრალურ დაგეგმარებაზე დამყარებული ეკონომიკისთვის, რომ 1931 წელს კერძო ვაჭრობა საბჭოთა კავშირში პირდაპირ აიკრძალა. მათ, ვისაც მოუწია ამ პერიოდში ცხოვრება, ემახსოვრებათ სპორტსმენებისა თუ მსახიობების მიერ (ამ და სხვა რამდენიმე პროფესიის ადამიანებს საშუალება ეძლეოდათ გასულიყვნენ საბჭოთა საზღვრებს მიღმა) საზღვარგარეთიდან გასაყიდად ჩუმად შემოტანილი ჯინსები და ვიდეოპლეიერები. ემახსოვრებათ ე.წ. სპეკულანტებიც, რომლებიც მოსკოვში თავშეყრის ადგილებში ფარულად ყიდდნენ სალამანდრას ბრენდის ფეხსაცმელებს. სპეკულანტობა განეკუთვნებოდა „უშრომელი შემოსავლის” ერთ-ერთ ნაირსახეობას, სირცხვილად ითვლებოდა და კანონით ისჯებოდა. ის, რომ ეს ადამიანები სინამდვილეში სიკეთეს აკეთებდნენ, რადგან ყიდულობდნენ საქონელს იქ, სადაც ჭარბად იყო (პასუხისმგებლობაში მიცემის რისკის ფასად) და ყიდდნენ, სადაც მასზე მაღალი მოთხოვნა იყო - არავის აინტერესებდა.

ყოველივე ამის შედეგად მივიღეთ კულტურა, რომელშიც ვაჭრობა არა თუ არ არის დაფასებული, არამედ უღირს საქმიანობად ითვლება. დღემდე, საქონლის ყიდვა-გაყიდვით დაკავებულ ადამიანებს, განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს, რომელთაც განსხვავებული (ჩემი აზრით, ცივილური) დამოკიდებულება აქვთ ვაჭრობის ფენომენისადმი - ხშირ შემთხვევაში ღიად თუ ქვეცნობიერად, ზევიდან ვუყურებთ. ნარკომანიით დაავადებული ადამიანიც კი, რომლისთვისაც აკრძალვის პირობებში სასურველი დოზის მიღების ერთადერთ წყაროს წარმოადგენს ჩვეულებრივი ვაჭარი, ამ წყაროს დამამცირებელი ზედმეტსახელით მოიხსენიებს - „ბარიგა”.

სინამდვილეში ვაჭრობას მხოლოდ სიკეთე მოაქვს და ნეგატიური გვერდითი ეფექტი პრაქტიკულად არ გააჩნია. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ვაჭრობის საშუალებით ხდება საქონლის გადანაცვლება ნაკლებად მოთხოვნადი სივრციდან (ანუ სადაც ეს საქონელი ჭარბადაა) მეტად მოთხოვნად სივრცეში (ანუ სადაც ეს საქონელი დეფიციტურია), რითიც იზრდება საზოგადოების საერთო კეთილდღეობის დონე. ამას გარდა, ვაჭრობა ასრულებს სხვა არანაკლებ მნიშვნელოვან ფუნქციებსაც. მისი საშუალებით ადამიანებს საშუალება ეძლევათ დაიკმაყოფილონ მოთხოვნები ისეთ პროდუქტებზე, რომელთა წარმოების საშუალებაც თავად არ გააჩნიათ. ვაჭრობის გზით ჩვენ ვიღებთ ახალ ცოდნას, მეტ ფულს, კაპიტალის დაგროვების შესაძლებლობას, რომელიც მომავალში ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი ფაქტორი შეიძლება გახდეს.

ისტორიულად, თავისუფალი ვაჭრობის შეზღუდვის მიზნით არაერთი არგუმენტი მოიყვანეს, თუმცა ეკონომიკური აზრის განვითარებასთან ერთად მათი დამაჯერებლობაც დაიკარგა. მაგალითად, იმ პერიოდში, როდესაც ოქრო ბუნებრივად იქცა გაცვლის ყველაზე გავრცელებულ მედიუმად (იგივე ფულად), სამეფოები კრძალავდნენ ვაჭრობას ოქროს გადინების შემცირების მიზნით. შიდა მრეწველობის „წასახალისებლად” ხშირად იკრძალებოდა სხვა სამეფოდან იმავე ნაირსახეობის პროდუქტის იმპორტი. ვაჭრობაზე სხვადასხვა ტიპის ბარიერები პოლიტიკური ზეწოლის მექანიზმად არაერთხელ გამოყენებულა.

ის, რომ ხშირ შემთხვევაში სამეფოთა თუ სახელმწიფოთა მეთაურები ვერ აცნობიერებდნენ თავისუფალი ვაჭრობის თანმხლებ სიკეთეებს, სულაც არ ნიშნავს, რომ საუკუნეების განმავლობაში ეს არავის ესმოდა. არაერთი მკვლევარი, რომელიც მეტ-ნაკლებად აანალიზებდა საზოგადოებრივი თანაცხოვრების ამა თუ იმ ასპექტს, ზედმიწევნით ზუსტად აღწერდა და ვაჭრობის ერთმნიშვნელოვნად პოზიტიურ მხარეს ასაბუთებდა. თუმცა, როგორც ხშირად ხდება ხოლმე ისტორიაში, ეს ცოდნაც არაერთხელ დაიკარგა და შემდეგ ხელახლა აღმოაჩინეს.

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მცდარი ხედვა, რომელიც ვაჭრობის ეკონომიკურ ანალიზთანაა დაკავშირებული და ძალიან პოპულარული იყო მე-19 საუკუნემდე, გაცვლის ფენომენს ეხებოდა. ბევრი ეკონომიკის მკვლევარი მიიჩნევდა, რომ გაცვლის მომენტში ერთი მხარის მიერ მიწოდებული პროდუქციის ღირებულება, მეორე მხარის მიერ მიწოდებული პროდუქციის ღირებულების ტოლია. სხვა შემთხვევაში, გაცვლა ან ვერ შედგება ან უსამართლო იქნება, რადგან ერთი მხარე დაზარალდება. ასეთი ხედვა, ცხადია, ხელს არ უწყობდა თავისუფალი ვაჭრობის იდეის პოპულარიზაციას, რადგან ადამიანთა წარმოდგენაში ვაჭრობა აღიქმებოდა ერთი მხარის მიერ მეორის ხარჯზე გამდიდრების მექანიზმად და ბუნებრივად იწვევდა ნეგატიურ დამოკიდებულებას. სავაჭრო გაცვლის ამგვარი აღქმის აბსურდულობა შემდგომში არაერთგზის დაამტკიცეს. მიუხედავად ამისა, მაგალითად, იგივე კომუნისტები ათწლეულების განმავლობაში მიიჩნევდნენ, რომ შესაძლებელია თითოეული პროდუქტის ღირებულების ზუსტი განსაზღვრა. მათი აზრით, მთავარია ადამიანმა მოინდომოს და თავიდან მოიშოროს ბოროტი კაპიტალისტები, რომლებიც სინამდვილეს ამრუდებენ. შესაბამისად, პროდუქტი უნდა გაიყიდოს (ანუ გაიცვალოს ფულზე) მხოლოდ „სამართლიან” ფასად. ეს ნიშნავს, რომ გაცვლის მომენტში გაცვლის ობიექტთა ღირებულება უნდა იყოს ტოლი, რომ ერთი მხარის მიერ მეორის „ექსპლუატაცია” არ მოხდეს.

ვაჭრობის თანამედროვე ხედვა კარდინალურად განსხვავებულია - გაცვლის ობიექტების ღირებულება არათუ ტოლია, არამედ აუცილებლად სხვადასხვაა. თუმცა ღირებულება წარმოადგენს სუბიექტურ ცნებას. ნებისმიერი გაცვლის აქტის დროს, ერთი მხარე ყოველთვის უფრო მეტად აფასებს მეორე მხარის საკუთრებაში არსებულ საქონელს, ვიდრე მისსავე საკუთრებაში არსებულს. სწორედ ამიტომ ხდება გაცვლა, რომელიც თანაბარი ღირებულების არსებობის შემთხვევაში უბრალოდ აზრს დაკარგავდა. რატომ უნდა გადავიხადო 2 ლარი ერთ კილოგრამ ვაშლში, თუ ჩემთვის სულერთია 2 ლარი მექნება თუ 1 კილოგრამი ვაშლი? ვიხდი იმიტომ, რომ იმ მომენტში ჩემთვის 1 კილოგრამი ვაშლი უფრო ღირებულია, ვიდრე ჯიბეში არსებული 2 ლარი. შესაბამისად, ვაშლის გამყიდველიც თვლის, რომ მისთვის 2 ლარი უფრო ღირებულია, რადგან სხვა შემთხვევაში უბრალოდ არ გაყიდდა ვაშლს. შედეგად, ორივე მხარე მოგებული რჩება, რადგან იღებს მისი აზრით უფრო ღირებულ საქონელს - ანუ იზრდება ორივე მხარის, და შესაბამისად საერთო, კეთილდღეობა.

თავისუფალი ვაჭრობის ორმხრივად მომგებიანობის სრულყოფილი მეცნიერული დასაბუთება, პირველად მე-19 საუკუნის დასაწყისში შემოგვთავაზა ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ეკონომისტმა, დევიდ რიკარდომ. სწორედ მან აღმოაჩინა და აღწერა შედარებითი უპირატესობის კანონი, რომ ორი ქვეყანა (ან ორი პირი) იმ შემთხვევაშიც კი იგებს ვაჭრობით (პროდუქტების გაცვლით), როდესაც ერთ-ერთი მათგანი მეორესთან შედარებით ყველა პროდუქტის წარმოებას უფრო ეფექტურად ახერხებს.

ამ ფენომენის ახსნა მარტივი მაგალითით არის შესაძლებელი. წარმოიდგინეთ, რომ ორ ადამიანს შეუძლია დღის განმავლობაში დაამზადოს ყველი ან გამოაცხოს პური. ამასთან, პირველი მეორესთან შედარებით ორივე საქმეს გაცილებით ეფექტურად აკეთებს. თუ ორივე მათგანი მხოლოდ პურის ცხობით დაკავდება, პირველი დღეში გამოაცხობს 60, ხოლო მეორე 10 პურს. მხოლოდ ყველზე ფოკუსირების შემთხვევაში პირველის დღიური წარმადობა იქნება 20 ყველი, ხოლო მეორესი 10 ყველი. თუ ეს ორი ადამიანი არ ივაჭრებს და შეეცდება პურსა და ყველზე მოთხოვნა თავად დაიკმაყოფილოს (ვთქვათ, დროის ნახევარს დაუთმობს თითოეული პროდუქტის წარმოებას), დღის ბოლოს პირველს ექნება 30 პური და 10 ყველი, ხოლო მეორეს - 5 პური და 5 ყველი. საერთო ჯამში კი, 35 პური და 15 ყველი დამზადდება.

ახლა წარმოვიდგინოთ, რომ ამ ადამიანებმა გადაწყვიტეს ფოკუსირება ერთ პროდუქტზე, რომლის დამზადებაშიც ისინი უფრო ეფექტურები არიან, ხოლო შემდეგ მათი გაცვლა (ვაჭრობა). ვთქვათ, პირველმა დროის მხოლოდ მეოთხედი დაუთმო ყველის დამზადებას, ხოლო ¾ - პურის ცხობას. შედეგად, დღის ბოლოს მას ექნება 45 პური და 5 ყველი. დავუშვათ, მეორემ მთელი დრო დახარჯა მხოლოდ ყველის დამზადებაზე და დღის ბოლოსთვის მიიღო 10 ყველი. ასეთ შემთხვევაში დამზადებული პროდუქციის საერთო რაოდენობა იქნება 45 პური და 15 ყველი (10 პურით მეტი, ვიდრე თვითკმარი წარმოების დროს). თუ, მაგალითად, პირველი გაუცვლის 7 პურს მეორეს 5 ყველში (ანუ ივაჭრებს), ორივე მათგანი უფრო მოგებული დარჩება - მიიღებს მეტ პურს ყველის იმავე რაოდენობის პირობებში - ვიდრე პირვანდელ ვერსიაში, როდესაც ისინი არ ვაჭრობდნენ.

რიკარდოს ამ კანონიდან პირდაპირ გამომდინარეობს, რომ ვაჭრობა, ნებისმიერ შემთხვევაში, ორივე მხარისთვის მომგებიანია. მაშინაც კი, როდესაც ერთი მხარე ქმნის ბარიერებს, მეორე მხარე მაინც იგებს - თუ თავისუფალი ვაჭრობის პრინციპებს იყენებს. რაოდენ დამაჯერებლადაც უნდა ჟღერდეს ეს ყველაფერი, დღესაც, ორი საუკუნის შემდეგ, უამრავი ქვეყანა ვაჭრობის რეჟიმებთან დაკავშირებით პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებებს იღებს. ისინი, გარკვეული ინტერესთა ჯგუფის სასარგებლოდ ატარებენ მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის საზიანო პოლიტიკას და ვაჭრობას აფერხებენ.

რაიმე სახის პროდუქციაზე, საბაჟო გადასახადების დაწესება, ასეთი პოლიტიკის ტიპური მაგალითია. როგორც წესი, ამ ტიპის გადასახადების შემოღებას იმავე პროდუქციის შიდა მწარმოებლები ლობირებენ. სწორედ მათ ინტერესს წარმოადგენს, რომ საბაჟო გადასახადის გადახდის შემდეგ იმპორტირებული პროდუქციის ფასი გაიზარდოს. ამგვარ შემთხვევაში, მათ მიერ ნაწარმოები პროდუქცია იაფი ფასის გამო უფრო კონკურენტული იქნება. ლობირების პროცესში, როგორც წესი, აქცენტი სამამულო წარმოების განვითარების აუცილებლობაზე და დასაქმებაზე კეთდება. თუმცა ძალიან მარტივი ანალიზითაც ნათელია, რომ მსგავსი მიდგომით მხოლოდ ეს კონკრეტული ინტერესთა ჯგუფი ხეირობს - რამდენიმე ათეული ან ასეული ადამიანი (თუ დასაქმებულებსაც ჩავთვლით). რაც არ ჩანს, ასეთ შემთხვევაში დაზარალებული მოსახლეობის უდიდესი ნაწილია - ამ პროდუქციის მომხმარებლები, რომელთაც მისი შესყიდვა უწევთ გაზრდილ ფასში. საბაჟო გადასახადის არარსებობის შემთხვევაში ეს ადამიანები იმავე პროდუქტს, ოღონდ იმპორტირებულს, იაფად შეიძენდნენ. მათ დამატებით დარჩებოდათ ფული, რომელსაც სხვა პროდუქციის შესყიდვაზე დახარჯავდნენ. შესაბამისად, „კეთილდღეობის დონე” უფრო მაღალი იქნებოდა. და რა უფრო მნიშვნელოვანია, ზოგადად მოსახლეობის კეთილდღეობა თუ რომელიმე ადგილობრივი მწარმოებლის მოგება?

ეკონომიკის რომელიმე სექტორის სახელმწიფო სუბსიდირებაც თავისუფალი ვაჭრობის ირიბი ბარიერია. ასეთი პოლიტიკის გასამართლებლად ინტერესთა ჯგუფებს იგივე არგუმენტები მოჰყავთ - ადგილობრივი წარმოების განვითარება, დასაქმება. თუმცა რეალური მიზანი აქაც იგივეა - კონკრეტული ადამიანების მიერ მოგების მიღება. შედეგად, ხელოვნურად ხდება ადგილობრივი პროდუქციის გაიაფება, რაც არაკონკურენტულ პირობებში აყენებს იმპორტირებულ პროდუქციას. მოსახლეობა კვლავ ზარალდება - უწევს საკუთარი გადასახადებით ეკონომიკის რომელიმე სექტორის ხელოვნურად შენარჩუნება. ეს სხვა არაფერია, თუ არა რაღაც ტიპის პროდუქციაში იძულებით ფულის გადახდა - იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამ პროდუქტს საერთოდ არ მოიხმარს.

საქართველომ, უკანასკნელ წლებში, საგარეო ვაჭრობისადმი მიდგომა კარდინალურად შეცვალა და თავისუფალ სავაჭრო ურთიერთობებზე გააკეთა აქცენტი. შედეგად, ჩვენი სავაჭრო ბრუნვა, როგორც ექსპორტი, ისე იმპორტი, ყოველწლიურად იზრდება. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მეტს ვაწარმოებთ და ვყიდით. ასევე, გაგვიჩნდა მეტის შეძენის (იმპორტის) შესაძლებლობა. ასეთი პოლიტიკით ვიგებთ ყველა, განსაკუთრებით კი მოსახლეობის უკიდურესად გაჭირვებული ნაწილი, რომელსაც ეძლევა საშუალება შეიძინოს იაფი პროდუქცია. გრძელვადიან პერსპექტივაში. მოგებული რჩება ბიზნესი. ეს სფერო იძულებული გახდა სასათბურე პირობებიდან გამოსულიყო და კონკურენტულ გარემოში ეზრუნა ხარისხის გაუმჯობესებასა და წარმოების ეფექტურობის გაზრდაზე. მომავალ წელს ვიწყებთ მოლაპარაკებებს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე, რომლის წარმატებით დასრულების შემდეგ, 450-მილიონიან ბაზარზე შესვლის საშუალება მოგვეცემა. ეს პირდაპირ, თუმცა ნელ-ნელა, თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე აისახება. მთავარია გვახსოვდეს, რომ ვაჭრობა კარგია ყოველთვის, არ არის სათაკილო და გვეყოს ნებისყოფა, რომ პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე ან რაიმე სხვა მიზეზით, ხელოვნური სავაჭრო ბარიერები არ შევქმნათ.

12 ფოტოესე

▲ზევით დაბრუნება


მალედნობადი იმედი.
ცხინვალი, 1 დეკემბერი.

0x01 graphic

13 არჩევნებში მუსლიმური საძმო ლიდერობს

▲ზევით დაბრუნება


მსოფლიო

ავთო ქორიძე

0x01 graphic

კიდევ ერთი მასობრივი გამოსვლის შემდეგ ეგვიპტეში საპარლამენტო არჩევნები დაიწყო. არჩევნები სამ ეტაპად ჩატარდება. პარლამენტის ქვედა პალატის არჩევნების შემდეგი ეტაპი 14-15 დეკემბერს (მეორე ტური 21 დეკემბერს), ბოლო მესამე ეტაპი კი 3-4 იანვარს (მეორე ტური 10 იანვარს) გაიმართება. იანვარშივე, სამ ეტაპად განხორციელდება პარლამენტის ზედა პალატის არჩევნებიც და 11 მარტს დამთავრდება.

ეგვიპტის პარლამენტის ქვედა პალატაში ანუ სახალხო ასამბლეაში, 508 მანდატია. 498 ადგილი არჩევნების შედეგების მიხედვით ნაწილდება, დარჩენილ 10 პარლამენტარს კი პრეზიდენტი ნიშნავს. ამ შემთხვევაში კი მათ სამხედრო საბჭო შეარჩევს. 498 არჩევითი ადგილიდან, 332 ადგილი პარტიების შედეგების მიხედვით პროპორციულად განაწილდება, 166 მანდატი ინდივიდუალური კანდიდატებისთვისაა განკუთვნილი. ზედა პალატაში კი 270 ადგილია.

წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში მუსლიმური საძმო ლიდერობს.

მუსლიმური საძმო ქვეყანაში ერთადერთი პარტიაა ძლიერი ორგანიზაციული სტრუქტურით. ორგანიზაცია მუბარაქის დროს რეპრესირებული იყო. თუმცა მისი ბევრი წევრი საპარლამენტო გამოცდილებასაც ფლობს, რადგან დამოუკიდებელ კანდიდატებად იყრიდნენ კენჭს. მუბარაქის ჩამოგდებიდან  9 თვე გავიდა, თუმცა სხვა პარტიებმა ორგანიზება ჯერ ვერ შეძლეს. შესაბამისად, მუსლიმური საძმო დაინტერესებული იყო, არჩევნები რაც შეიძლება მალე ჩატარებულიყო.

თუმცა მუსლიმური საძმო ერთიანი ორგანიზაცია არ არის. ის მთელ ეგვიპტეს და ახლო აღმოსავლეთს მოიცავს. ზოგან ისლამის პარტიულ იდეოლოგიად ინკორპორაციის მცდელობაა, ზოგან კი ლიბერალური ფრთა ჭარბობს. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, ხშირ შემთხვევაში შედარებით ლიბერალ აქტივისტებს ორგანიზაციიდან რიცხავენ. ამის შესახებ ის ბლოგერები წერენ, რომლებიც რევოლუციის დროს თავს მუსლიმურ საძმოსთან აიგივებდნენ, თუმცა დღეს ორგანიზაციის გარეთ აღმოჩნდნენ.

წინასწარი შედეგებით, მეორე ადგილზე, ახალი ვაფდის პარტიაა. ივნისში მათ მუსლიმურ საძმოსთან კოალიციაში შესვლის შესახებ გამოაცხადეს. თუმცა მომავალ კონსტიტუციაზე შეუთანხმებლობის გამო, კოალიციიდან გავიდნენ და ახალ, ლიბერალურ კოალიციას შეუერთდნენ.

ლიბერალური პარტიები ერთიან კოალიციად, ეგვიპტის ბლოკად გაერთიანდნენ. ისინი სეკულარიზმს და სამოქალაქო საზოგადოებას უჭერენ მხარს.

არჩევნებში მუსლიმურ საძმოზე რადიკალური, ისლამისტურ-სალაფისტური პარტია ალ ნურიც მონაწილეობს. მდედრობითი კანდიდატების სურათების ნაცვლად პარტიამ ყვავილები გამოიყენა, რათა ისლამური კულტურისთვის ხაზი გაესვა. ეს პარტია შედარებით ნაკლები მხარდაჭერით სარგებლობს. მისი მომხრეები უფრო ალექსანდრიაში არიან კონცენტრირებული.

პარლამენტში ადგილების მოსაპოვებლად, 5 სოციალისტური პარტიის კოალიცია და სამართლიანობის პარტიაც იბრძვის.

მუბარაქის ნაციონალურ-დემოკრატიული პარტია არჩევნებში არ მონაწილეობს. მისი წევრების წინააღმდეგ რამდენიმე საქმე აღიძრა, სასამართლოში შევიდა პარტიის აკრძალვის მოთხოვნაც, რომელიც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. აპრილში პარტიის ლიდერად ყოფილი პრეზიდენტის, ანვარ სადათის ძმისშვილი - ტალაატ სადათი დაინიშნა. მან პარტია ძველი პოლიტიკოსებისგან გაწმინდა და სხვა სახელი - ახალი ნაციონალური პარტია - უწოდა. პარლამენტში ადგილების მოპოვებას ისიც ცდილობს.

დღეს ამომრჩევლისთვის ყველაზე მნიშვნელოვან თემად უსაფრთხოება და სტაბილურობა რჩება (36%25). ამომრჩეველი დიდ ყურადღებას აქცევს ინფლაციას (19%25), უმუშევრობას (26%25), კორუფციას (5%25), სიღარიბეს (4%25). დემოკრატიას კი ამომრჩევლის 1%25 თვლის ყველაზე მნიშვნელოვნად.

არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, მუსლიმურ საძმოს უმრავლესობაზე დაფუძნებული მთავრობის ჩამოყალიბება სურს. თუმცა, სამხედრო საბჭოს განცხადებით, მის მიერ დანიშნული პრემიერ-მინისტრი და მთავრობა მუშაობას არჩევნების შემდეგაც გააგრძელებს. სამხედრო საბჭოს გეგმით, 100-წევრიანი კონსტიტუციური საბჭო უნდა შექმნილიყო. მათ მიერ კონსტიტუციის შემუშავების შემდეგ კი პრეზიდენტი აირჩეოდა. თუმცა პროცესი შედარებით დიდ დროს მოითხოვდა, რის გამოც პრეზიდენტის არჩევა 2013 წლამდე ვერ მოხერხდებოდა. ქუჩაში გამოსვლით ეგვიპტელები სამხედრო საბჭოს აიძულებენ, რომ სამოქალაქო მთავრობა მალე ჩამოყალიბდეს.

დასავლეთში ზოგიერთი ექსპერტი ოპტიმიზმით აკვირდება ეგვიპტის არჩევნებს. თუმცა ზოგი მუსლიმური საძმოს რადიკალიზაციის საშიშროებაზე ამახვილებს ყურადღებას.

14 შპს კრემლი

▲ზევით დაბრუნება


მსოფლიო

ლარა ჯამარაული

კორპორატიული სახელმწიფოს - რუსეთი, inc-ის, როგორც ამერიკელი ეკონომისტი კლიფორდ გედი უწოდებს, მშენებლობა პუტინმა რვა წლის წინ, ნოვოსიბირსკის აეროპორტში, იმ დროს რუსეთის ყველაზე მდიდარი ადამიანის, მიხაილ ხოდორკოვსკის დაკავებით დაიწყო. პუტინის ხელისუფლებამ მას ЮКОС-ის აქციების ნაწილი საგადასახადო ბრალდებით ჩამოართვა. მოგვიანებით კომპანიის ძირითადი აქტივიც გაუყიდეს. ამით რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა პოლიტიკური ოპოზიციის მთავარი სპონსორი და ყველაზე ძლიერი ალტერნატიული ძალა ჩამოიშორა.

2000 წელს, ინაუგურაციიდან რამდენიმე დღეში, პუტინის განკარგულების საფუძველზე შეიქმნა სახელმწიფო საწარმო Росспиртпром-ი, რომელშიც გაერთიანდა ქვეყნის ალკოჰოლური ინდუსტრიის აქციების 70%25. მის მმართველად პრეზიდენტის ბავშვობის მეგობარი, საზოგადოებისთვის უცნობი, სერგეი ზივენკო დაინიშნა. მოგვიანებით, პრეზიდენტის მაშინდელმა მრჩეველმა ეკონომიკის საკითხებში, ანდრეი ილარიონოვმა განაცხადა, რომ საწარმოს შექმნის შესახებ ინფორმაცია მას და ფინანსთა მინისტრს არ ჰქონდათ.

იმავე წელს, პრეზიდენტმა ქვეყნის ბიუჯეტის ძირითადი წყარო Газпром-ი სამართავად თავის ყოფილ ხელქვეითებს - დმიტრი მედვედევს და ალექსეი მილერს გადასცა.

ილარიონოვის თქმით, პუტინს გარემოცვა ორ კატეგორიად ჰყავს დაყოფილი, ერთი არის „ეკონომიკური ჯგუფი”, რომელთანაც განიხილავს ეკონომიკურ საკითხებს და მეორე - „ბიზნესმენები”, რომელთა საშუალებითაც ახორციელებს კონტროლს ქვეყანაში არსებულ ქონებასა და ფინანსებზე. ერთადერთი ადამიანი, რომელიც ამ ორივე კატეგორიაში შედის, იგორ სეჩინია, პუტინის შეუცვლელი თანამოაზრე, როგორც სანკტ-პეტერბურგის მერის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, ასევე კრემლში.

რუსი ექსპერტების თქმით, პუტინის კლანი 4,5 ტრილიონის აქტივს აკონტროლებს, რაც რუსეთის წლიური მშპ-ის 10-15%25-ია.

კორპორატიული სახელმწიფოს მშენებლობისთვის, გავლენიან გუბერნატორებს, სახელმწიფო დუმას, დამოუკიდებელ მედიას, ოპოზიციურ პარტიებსა და ოლიგარქებს შორის გადანაწილებული ძალაუფლების ერთ ხელში მოქცევა იყო საჭირო. ვლადიმირ პუტინმა ამას ეტაპობრივად მიაღწია. 2000 წელს, პუტინის ბრძანებით, რეგიონებში პრეზიდენტის წარმომადგენლის თანამდებობა მიიღეს, რასაც გუბერნატორების არჩევით დანიშვნის გაუქმება, რეფერენდუმის ჩატარებისა და ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნისთვის ბარიერების დაწესება მოჰყვა.

პუტინის ყოფილი მრჩეველი ამბობს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ალექსანდრ ვოლოშინის, პრემიერ-მინისტრ მიხაილ კასიანოვის გადაყენებისა და РАО ЕЭС-ის ლიკვიდაციის შემდეგ, „ფორმიანებმა” ელცინის კლანი სრულად ჩაანაცვლეს.

მაღალ თანამდებობებზე საბჭოთა კავშირის უშიშროების ორგანოების КГБ, ГРУ, МВД-ის თანამშრომლები დაინიშნენ, მათ მთავრობის სრული შემადგენლობის 42,3%25 დაიკავეს. მმართველი ძალის 25,6%25-ს სანკტ-პეტერბურგის თანამდებობის პირები და ბიზნესმენები შეადგენენ.

78%25 წამყვანი პოლიტიკური თანამდებობისა, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, პარლამენტის ორივე პალატასა და აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა ორგანოში КГБ-სთან დაკავშირებულ პირებს უკავიათ.

პუტინის ძველი მეგობრები, მანამდე ყველასათვის უცნობი გენადი ტიმჩენკო, იური კოვალჩუკი და ძმები როტენბერგები, მისი მმართველობის პერიოდში მილიარდერები გახდნენ.

ბანკ Россия-ს ძირითადი აქციონერი იური კოვალჩუკი ქვეყნის უმსხვილეს აქტივებს, საპენსიო ფონდ ГАЗФОНД-ს, სადაზღვევო კომპანია СОГАЗ-სა და მედიაჰოლდინგ Газпром-Медиа-ს აკონტროლებს.

რუსეთის ამჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა, არა მხოლოდ მეგობრებზე, არამედ მათ ოჯახებსა და ნათესავებზეც იზრუნა. იური კოვალჩუკის შვილი, ბორის კოვალჩუკი, ჯერ მთავრობის ეროვნული პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელად დანიშნა, ხოლო შემდეგ ქვეყნის ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტის მონოპოლის ИНТЕР РАО ЕЭС-ის მმართველად.

ამჟამად შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა ოლეგ საფონოვს უკავია, ვალერი გოლუბევი Газпром-ის გენერალური დირექტორის თანაშემწეა, ეკონომიკური უსაფრთხოების დეპარტამენტს ევგენი შკოლოვი ხელმძღვანელობს. სამივე მათგანი КГБ-ს ყოფილი ოფიცერი და პუტინის ძველი მეგობარია.

ხალხი, რომლის საშუალებითაც პუტინმა კორპორატიული სახელმწიფო შექმნა, ოთხ კატეგორიად იყოფა: „ფორმიანები”, სანკტ-პეტერბურგელი ჩინოვნიკები, კოოპერატივ Озеро-ს წევრები და „თავისი ხალხი”, რომელშიც მეგობრები, ნათესავები, ოჯახის წევრები შედიან. ეს ადამიანები ქვეყანაში ოთხ ძირითად სექტორს აკონტროლებენ: საფინანსო (ბანკებს, სადაზღვევო კომპანიებს, საპენსიო ფონდებს, კაპიტალს), საწვავისა და ენერგეტიკის, სამხედრო სამრეწველოს, სატრანსპორტოსა და საკომუნიკაციო სექტორებს.

ეკონომიკის, ტრანსპორტის, მრეწველობისა და კავშირგაბმულობის სამინისტროებში წამყვანი თანამდებობები, ყოფილი სპეცსამსახურების ოფიცრებს უკავიათ.

პუტინის მმართველობის პერიოდში მაღალ ეშელონებში კორუფცია კატასტროფულად გახშირდა. Transparency International-ის მონაცემებით, რუსეთი აფრიკული ქვეყნების გვერდით 146-ე ადგილზეა. ქვეყანაში სამასი მილიარდის ოდენობის კორუფციული ფული ტრიალებს, რაც მშპ-ის ერთი მეოთხედის ტოლია.

სახელწიფო დუმის დასაქვემდებარებლად, 2003 წელს პუტინის პარტიამ ფინანსური და ორგანიზაციული ძალისხმევა არ დაიშურა, საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა და დემოკრატები პარლამენტიდან გამოაძევა.

ელცინის კლანმა პუტინს მედიის ორი მაკონტროლებელი ოლიგარქი - ОРТ-სა და НТВ-ს მფლობელები, ბორის ბერეზოვსკი და ვლადიმირ გუსინსკი გადააბარა.

0x01 graphic

ოლიგარქებთან მოლაპარაკება პუტინმა 2000 წელს დაიწყო. შეთანხმების თანახმად, პრეზიდენტი მათ ბიზნესში არ უნდა ჩარეულიყო, ხოლო ოლიგარქები - პოლიტიკურ პროცესებში.

ახალი ხელისუფლების ეს ინიციატივა წარუმატებელი აღმოჩნდა, რადგან ბიზნესმენები მიჩვეული იყვნენ ფულით ნებისმიერი პოლიტიკური პროექტის განხორციელებას. საპასუხოდ პუტინმა ოლიგარქებზე, ბერეზოვსკიზე და გუსინსკიზე, დარტყმების სერია განახორციელა. ყველაზე მასშტაბური ЮКОС-ის საქმე იყო, რის შემდეგაც დაიწყო და დღემდე გრძელდება სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესმენების დაშინება. ამჟამად ოლიგარქებს პოლიტიკაში ჩარევა მხოლოდ კრემლის რეკომენდაციით, სოციალური ღონისძიებებისა და პროექტების დაფინანსებით შეუძლიათ.

რუსული კანონმდებლობით განმტკიცებული სახელმწიფოს მმართველობის სტრუქტურა, რომელიც საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებებს შორის ძალაუფლების გადანაწილებას გულისხმობს, სინამდვილისგან ძალიან შორსაა. არსებული პოლიტიკური სისტემა საბჭოთა რეჟიმის მსგავსია, სადაც მთავარი მმართველი ძალა - პოლიტბიურო - კანონით არ იყო გათვალისწინებული. პუტინის რუსეთში ის უშიშროების საბჭომ ჩაანაცვლა, რომელსაც სახელმწიფოს გეოპოლიტიკური სტრატეგიის შემუშავების ფუნქცია აკისრია.

პუტინის მმართველობის პერიოდში, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული კომპანიები, კერძო ბიზნესების შევიწროების ხარჯზე, ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვან ძალას წარმოადგენს. Газпром-ისა და РоснефтЬ-ის, ისევე როგორც სხვა მსხვილი კომპანიების, დირექტორთა საბჭოების ხელმძღვანელები, პუტინთან დაახლოებული პირები არიან.

2005 წელს, მთავრობის გადაწყვეტილებით, რამდენიმე უმსხვილესი რუსული კომპანია უშუალოდ მინისტრთა კაბინეტის კონტროლს დაექვემდებარა.

საბჭოთა პერიოდისგან განსხვავებით, როდესაც КГБ ძირითადად უშიშროების საკითხებით იყო დაკავებული, დღეს მას ბიზნესში, პოლიტიკაში, არასამთავრობო სექტორში, რეგიონალურ მთავრობებსა და კულტურის სფეროშიც კი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1991 წელს, ბორის ელცინის პრეზიდენტობის პერიოდში КГБ ნაწილებად დაიშალა. 2000 წელს რუსეთის ახალი პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მოსკოვში КГБ-ს შტაბბინას ესტუმრა და ყოფილ კოლეგებს ხუმრობით მიმართა, დავალება ნომერი ერთი, „სრული ძალაუფლების მოპოვება” დასრულებულიაო.

ამჟამად პრეზიდენტის ადმინისტრაციის ორი მესამედი უშიშროების თანამშრომლებისგან შედგება, ძირითად გადაწყვეტილებებს ისინი იღებენ, დანარჩენებს კი, ვინც პუტინის „ვიწრო წრეში” არ მიიღეს, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში შემსრულებლის როლი აკისრიათ.

ვლადიმირ პუტინმა და მისმა გარემოცვამ რუსეთის სახელმწიფოს ტრადიციული სტრუქტურა დააბრუნეს - სტრუქტურა, რომელიც ავტორიტარული რეჟიმისგან არაფრით განსხვავდება.

15 ჩავესის მოწაფე საზოგადოებრივ მხარდაჭერას კარგავს

▲ზევით დაბრუნება


მსოფლიო

ბოლივია

მარიამ მიქავა

ბოლივიაში ხელისუფლებამ საპროტესტო აქციები სასტიკად ჩაახშო. კონფლიქტის წყარო ტიპნისის ტერიტორიის გასწვრივ 300-კილომეტრიანი მაგისტრალის მშენებლობაა. ტიპნისი ამაზონის ტროპიკული ტყეების გამყოფია, ბოლივიის ჩრდილო-ცენტრალურ ნაწილში, სადაც ისიბოროს უნიკალური ნაკრძალია. აღნიშნულ ტერიტორიაზე სამი ინდიელი ტომი სახლობს (სულ 50 ათასი ადამიანი), რომელთა მიწებზეც მაგისტრალი უნდა გაიჭრას. გზატკეცილის მშენებლობის წინააღმდეგ ეკოლოგებიც გამოდიან. მათი მტკიცებით, მშენებლობა ადგილობრივი ფლორისა და ფაუნის გაქრობას გამოიწვევს. ქალაქ იუკუმოში სამართალდამცავები ქუჩაში გამოსულ 1000-მდე მოქალაქეს ცრემლსადენი გაზითა და ხელკეტებით გაუსწორდა. 37 ადამიანი უგზო-უკვლოდაა დაკარგული, მათ შორის 7 ბავშვია.

ბოლივიის ქუჩებში ხელისუფლების მიერ საპროტესტო აქციების ჩახშობა ჩვეულებრივ ამბად იქცა. 2003 წელს პრეზიდენტი გონსალო სანჩეს დე ლოსადა, გაზის ექსპორტთან დაკავშირებული კონფლიქტის შემდეგ, თანამდებობიდან გადადგა. 2005 წელს კარლოს მესამაც იგივე ბედი გაიზიარა. 2010 წლის ბოლოს, როდესაც მოქმედმა პრეზიდენტმა, ევო მორალესმა, საწვავზე სუბსიდიები გააუქმა, ქუჩაში მასობრივი დემონსტრაციები დაიწყო. ევო მორალესი განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდება მსგავს გამოსვლებს. ის იმ პროფკავშირის ლიდერი იყო, რომლის საპროტესტო აქციების შედეგადაც, ლოსადა 2003-ში და მესა 2005-ში - გადადგა.

საგზაო პროტესტებმა აჩვენა, თუ რამდენად დასცილდა ქვეყნის პრეზიდენტი საკუთარი ხალხის პოლიტიკურ იდეოლოგიას. თუმცა მორალესმა საზოგადოებრივ მოთხოვნებს ანგარიში გაუწია და შეტაკებებიდან რამდენიმე დღეში, პროექტის მშენებლობა შეაჩერა. ქვეყანაში პოლიტიკური არასტაბილურობის გამო თანამდებობა დატოვეს შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრებმა. თუმცა პრეზიდენტმა ახლო წრიდან შემცვლელები მალევე მოძებნა.

დაძაბული აღმოჩნდა ოქტომბრის შუა რიცხვებიც. სასამართლო არჩევნები მორალესისათვის კიდევ ერთ პრობლემად იქცა. ამომრჩეველთა უმრავლესობამ, ხელისუფლების მიმართ საკუთარი შეხედულება გაფუჭებული და შეუვსებელი ბიულეტენებით გამოხატა. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებმა აჩვენა, რომ წინა წელთან შედარებით, პრეზიდენტის რეიტინგი 35%25-ით შემცირდა. ეს მსოფლიოს ქვეყნების მეთაურთა შორის, ერთ-ერთი ყველაზე დაბალი რეიტინგია.

მოსახლეობა, ექსპორტის გასაფართოებლად, ამერიკასთან კავშირის გაუმჯობესებას ითხოვს. ამერიკასა და ბოლივიას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს შეწყდა. მაშინ ევო მორალესმა აშშ-ის ელჩი და ნარკოტიკებთან მებრძოლი სამსახურის წარმომადგენლები ოპოზიციის მხარდაჭერაში დაადანაშაულა. იმ დროს ნავთობითა და გაზით მდიდარი რაიონები ავტონომიისათვის იბრძოდნენ. დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შესახებ შეთანხმებას 2011 წლის 7 ნოემბერს მოეწერა ხელი.

ბოლივია სამხრეთ ამერიკაში შიდასაზოგადოებრივი პოლარიზებულობითა და სიღარიბით გამოირჩევა. ინდიელები ქვეყნის დასავლეთით, ხოლო მეტისები და თეთრკანიანები აღმოსავლეთით ცხოვრობენ. ინდიელების უმრავლესობას მეტისებისა და თეთრი უმცირესობის სიმდიდრე და პოლიტიკური ძალაუფლება აღაშფოთებს. მორალესი პირველი ინდიელი პრეზიდენტია. მან პოსტი 2006 წლის იანვარში, სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების ძლიერი მხარდაჭერის შედეგად დაიკავა. 2009 წელს კი, ხმათა 64 პროცენტით კვლავ პრეზიდენტად აირჩიეს. მისი რეიტინგის ვარდნა სახელმწიფოს დისკრიმინაციულმა პოლიტიკამ და უგო ჩავესის მიმბაძველობამ განაპირობა.

ბოლივიას დიდძალი ბუნებრივი რესურსები, მათ შორის - ბუნებრივი აირი და ლითიუმის რეზერვები გააჩნია. ქვეყანა ჰიპერკორუფციით იტანჯება, შესაბამისად, კერძო ინვესტიციებიც ნაკლებია. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2011-12 გლობალური კონკურენტულობის ინდექსით, ბოლივია 142 ქვეყნიდან 114-ეა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის, 123-ე ინსტიტუტების, 136-ე საკუთრების დაცვის უფლების, 136-ე საერთო საბაზრო ეფექტურობის მიხედვით. მიუხედავად ბუნებრივი პოტენციალისა, ამ პატარა ქვეყანაში კერძო ინვესტიციების მოზიდვა რთული იქნება, ვინაიდან ქვეყნის ხელისუფლებამ ეკონომიკის მნიშვნელოვანი სექტორების ნაციონალიზაცია მოახდინა, სასამართლო სისტემა მთლიანად დაიქვემდებარა, საჯარო ინსტიტუტების ეფექტური მუშაობა შეასუსტა და, რაც მთავარია, ვენესუელის მსგავსად, ავტოკრატიის შექმნა სურს.

16 ამერიკის აზიური რეორიენტაცია

▲ზევით დაბრუნება


მსოფლიო

შორეული აღმოსავლეთი

ირაკლი გუნია

ამერიკის საგარეო პოლიტიკა გარდაქმნის პროცესშია, მისი ფოკუსი თანდათანობით ახლო აღმოსავლეთიდან შორეულში ინაცვლებს. ნოემბერი აზია-წყნარი ოკეანის რეგიონისთვის გარდამტეხ თვედ შეიძლება იქცეს, აშშ-ის პრეზიდენტმა და სახელმწიფო მდივანმა აქ უმნიშვნელოვანესი ტურნე მოაწყვეს. ბარაკ ობამამ სტრატეგიული გადაწყვეტილება გამოაცხადა. აშშ „უფრო დიდ და გრძელვადიან როლს” ითამაშებს მომავალი აზიის ბედის განსაზღვრაში. ამგვარ ვალდებულებას ორგვარი, უსაფრთხოების და ეკონომიკური მხარე აქვს და ჩინეთის აღმავლობის შეკავებისკენ არის მიმართული.

უსაფრთხოების მხარე

17 ნოემბერს, კანბერაში, ავსტრალიის პარლამენტის წინაშე პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ აღნიშნა, რომ ამერიკა დაბრუნდა. მან აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში აშშ-ის მისიები პრიორიტეტად დაასახელა, რომელსაც თავდაცვის ხარჯების შემცირება არ შეეხება. ობამამ და ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ჯულია გილარდმა გამოაცხადეს, რომ მომავალ წელს ჩრდილოეთ ავსტრალიაში მდებარე ქალაქ დარვინში 250 ამერიკელი საზღვაო ქვეითი განთავსდება, რომელთა რიცხვი 2,500-მდე მოიმატებს. შეთანხმება შეიცავს ავსტრალიური ბაზების მეტ მისაწვდომობას ამერიკული ავიაციისა და ფლოტისთვის, ასევე - ინტენსიურ საერთო წვრთნებსა და მზადებას. დარვინის გეგმა ობამამ 1951 წელს ხელმოწერილი ANZUS-ის სამხედრო პარტნიორობის ხელშეკრულების გაგრძელებით ახსნა. ამგვარი კავშირი რეგიონში ჩინეთის მზარდი სამხედრო არსებობის საპასუხოდაა განკუთვნილი.

ამერიკელთა ხედვით, ავსტრალიური მორიგება სხვა მოკავშირეებთან მეტი თანამშრომლობისთვის მაგალითი გახდება. 16 ნოემბერს, მანილას ყურეში ამერიკული სამხედრო გემიდან ჰილარი კლინტონმა სამხედრო კავშირების განმტკიცებაზე ილაპარაკა. მისი თქმით, აშშ გააუმჯობესებს ურთიერთობებს რეგიონში ხუთ მოკავშირესთან, ესენია: ავსტრალია, იაპონია, ფილიპინები, სამხრეთ კორეა და ტაილანდი. სამხრეთ ჩინეთის ზღვაში გაბნეულ კუნძულებში ნავთობისა და გაზის მდიდარი მარაგია, რის გამოც ისინი ჩინეთსა და სამხრეთაზიურ მეზობლებს შორის უთანხმოების საგანს წარმოადგენს. 19 ნოემბერს აღმოსავლეთ აზიის სამიტზე, რომელიც ინდონეზიის კუნძულ ბალიზე გაიმართა, პრეზიდენტმა ობამამ ტერიტორიული დისპუტების ერთობლივად მოგვარების საკითხი წამოსწია. ეს ჩინეთისთვის ერთგვარ გაფრთხილებად გაისმა.

0x01 graphic

პრეზიდენტი ობამა სამხედროებს ხვდება. კანბერა, ავსტრალია

ეკონომიკური მხარე

13 ნოემბერს ჰავაიში აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) სამიტზე პრეზიდენტმა ობამამ აზიაში უფრო მეტად ღია და ლიბერალური ვაჭრობის შესახებ ისაუბრა. მან ჩინეთი ამ ხედვის გასაზიარებლად დაპატიჟა, თუმცა, ამასთან, თვალსაჩინო პროტექციონიზმის გამო გააკრიტიკა. ამ სამიტზე იაპონიამ გამოთქვა სურვილი ტრანსპაციფიკური პარტნიორობის (TPP) შეთანხმებაში აშშ-ს და რვა სხვა სახელმწიფოს (ავსტრალია, ახალი ზელანდია, ბრუნეი, მალაიზია, სინგაპური, ვიეტნამი, ჩილე, პერუ) შეუერთდეს. TPP უფრო მეტად ანგარიშგასაწევ ძალად იქცევა. ის შექმნის ევროკავშირზე 40%25-ით დიდ თავისუფალი ვაჭრობის არეალს. ამასთან, APEC-ის ყველა წევრის შეერთებით პოტენციურად უფრო გაფართოვდება და ამით აზიის გლობალურ ეკონომიკურ დომინანტობას განამტკიცებს. მიმომხილველთა თქმით, ეს შეთანხმება აშშ-სა და ჩინეთს შორის „გავლენის მოსაპოვებლად ბრძოლის ველად” იქცა.

ჩინეთი

უკანასკნელ ხანებში ჩინეთის მზარდმა სამხედრო შესაძლებლობებმა, კერძოდ, შორი დისტანციის ბალისტიკურმა რაკეტებმა, აშშ-ის ბაზები იაპონიაში, კორეასა და გუამის კუნძულზე რისკის ქვეშ დააყენა. ავსტრალიაში საზღვაო ქვეითთა განთავსებით, ამერიკა ახალ ოპერაციულ თავშესაფარს მოიპოვებს. ჰილარი კლინტონის თქმით, თეთრს სახლს სურს ავსტრალიასთან ურთიერთობა გააფართოოს „წყნაროკეანურიდან ინდო-წყნაროკეანურ პარტნიორობამდე”. ამით ხაზი ესმება ავსტრალიის სტრატეგიულ უპირატესობას და წყნარი და ინდოეთის ოკეანეთა რეგიონების გაღრმავებულ ინტეგრაციას.

ამერიკის ქმედებებს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უპასუხა, რომ „ამ რეგიონში სამხედრო ალიანსების გახშირება და გაფართოება მიზანშეწონილი არ არის”. ვაშინგტონთან დაახლოებამ ზოგიერთი ავსტრალიელი ანალიტიკოსი პეკინის განაწყენების საფრთხეზე აალაპარაკა. მათი თქმით, რეგიონში ამერიკის სამხედრო გაძლიერება პოტენციურად სახიფათო ნაბიჯია და ხელს უწყობს ჩინეთსა და აშშ-ს შორის სტრუქტურულად მტრული ურთიერთობების განვითარებას.

აზიური საუკუნე

პოსტცივი ომის საწყის ათწლეულში აშშ-ის ყურადღება უმეტესად ევროპაზე იყო გადატანილი, სადაც NATO-ს გაფართოება და ბალკანური ომები მთავარ საკითხებს წარმოადგენდა. ამ პერიოდის მეორე ფაზა 11 სექტემბრით დაიწყო, რის შემდეგ ამერიკა ტერორიზმთან ომში ჩაება. დღეს, როდესაც ამერიკელი ჯარისკაცები ერაყსა და ავღანეთს ტოვებენ, ზესახელმწიფომ ხელახლა აღმოაჩინა აზია. ომიანობის შედარებით ჩაცხრობის შემდეგ, ამერიკას ახალ გლობალურ რეალობებთან მორგება სურს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის განცხადებით, მსოფლიოს სტრატეგიული და ეკონომიკური მიზიდულობის ცენტრი აღმოსავლეთისკენ გადაადგილდება. ამ საუკუნის ისტორია სწორედ აზიაში დაიწერება. მისი თქმით, შემდეგ დეკადაში ამერიკული სახელმწიფო მართვის ხელოვნება აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის მიმართ მნიშვნელოვნად გააქტიურდება.

აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში აშშ-ის მეტ ჩართულობას ძლიერი არგუმენტები განაპირობებს. მსოფლიოს ეს ნაწილი მთლიანი მოსახლეობის ნახევარს მოიცავს, უდიდესი სამხედრო ძალებით გამოირჩევა და გლობალურ ფართო მოხმარების წარმოებაზეა პასუხისმგებელი. ამერიკული კომპანიები რეგიონში 300 მილიარდი დოლარის საქონელს და მომსახურებას ექსპორტირებენ. ამასთან, აზიური ქვეყნები აშშ-ის ეკონომიკისთვის ინვესტირების აუცილებელი წყაროა. როგორც აღნიშნავენ, მომავალში ამერიკის ეკონომიკური სიჯანსაღე და გლობალური ლიდერობა დამოკიდებულია სახელმწიფოს როლზე მსოფლიოს ამ ყველაზე დინამიკურ რეგიონში.

ობამას საგარეო პოლიტიკის დოქტრინის გამოცემა Newsweek-მა „ნაპირიდან დაშორებული ბალანსირების” (Offshore Balancing) კონცეფციას შეადარა. ამ იდეის თანახმად, ამერიკას უკეთესად შეუძლია თავისი მტრების შეკავება არა მიწაზე დაპირისპირებით, არამედ საზღვაო და საჰაერო ძალების განმტკიცებით. ამასთან ერთად, პატარა ერების გაძლიერებით, რომლებიც დიდ მეზობლებთან შედარებით ამერიკას ბუნებრივ საპირწონედ ხედავენ. ობამას ადმინისტრაციის სტრატეგია იქნება წყნარ ოკეანეში საკუთარ ძალებზე დაყრდნობა და ჩინეთის პერიფერიაზე იმ ერების დახმარება, რომლებსაც მისი ჰეგემონური ამბიციების ეშინია. საერთო საფრთხე ამგვარ სახელმწიფოებს ერთმანეთთან თანამშრომლობის გაღრმავებისკენაც უბიძგებს - მაგალითად ფილიპინები და იაპონია მოჰყავთ.

ამერიკის ამგვარ სტრატეგიას სახელმწიფოს პოლიტიკური სპექტრი სრულად იზიარებს. რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი მიტ რომნი გემთმშენებლობის დონის მომატების პირობას იძლევა, რაც წყნარ ოკეანეში ამერიკის გაზრდილ როლთანაა დაკავშირებული. პოლიტიკურ შეხედულებებში სხვაობის მიუხედავად, ყველა თანხმდება, რომ XXI საუკუნე მეტწილად აზიური იქნება. ბუნებრივია, რომ ამერიკას აქვს სურვილი და შესაძლებლობა, კვლავ მოვლენათა ეპიცენტრში დარჩეს.

17 გერონტოკრატიის მონოტონური გაგრძელება

▲ზევით დაბრუნება


მსოფლიო

საუდის არაბეთი

მიხეილ ბასილაია

0x01 graphic

საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე ნაიფ ბინ აბდულ აზიზ ალ საუდი

არაბული გაზაფხული, რომელიც სირიასა და ეგვიპტეში ჯერ არც დასრულებულა, საუდის არაბეთში არ უგრძვნიათ. ყველაზე კონსერვატიულმა და სტაბილურმა არაბულმა ქვეყანამ ნოემბერში 88 წლის მეფე აბდულას მემკვიდრე გამოაცხადა. მომავალი მონარქი ამჟამინდელის 78 წლის ნახევარძმა, ნაიფ ბინ აბდულ აზიზ ალ საუდი იქნება. მას უკვე 36 წელია ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი უკავია და მეფე აბდულასთან ერთად ქვეყნის სტაბილურობის ერთ-ერთი მიზეზია. დედაქალაქ რიადში განლაგებული შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა მონარქიული რეჟიმის ერთგვარ სიმბოლოდ მიიჩნევა. ის ქვეყნის მცირერიცხოვან პროდემოკრატიულ ძალებს შიშს ჰგვრის.

1953 წლიდან მოყოლებული, როდესაც საუდის არაბეთის მონარქიის დამაარსებელი აბდულ აზიზ ბინ საუდი გარდაიცვალა, ქვეყანას მისი ხუთი შვილი მართავდა. ძმიდან ძმაზე ტახტის გადაცემამ საუდის არაბეთი გერონტოკრატიამდე მიიყვანა. ქვეყნის პირველი პირები საკუთარი ზეობის ბოლო წლებში ჯანმრთელობის პრობლემების გამო პრაქტიკულად ვერ მართავენ სამეფოს. მეფე აბდულას შემთხვევაში ძალაუფლებები სწორედ პრინცმა ნაიფმა გაიფართოვა.

გარეგნულად ერთიანი სამეფო ოჯახი კლანებადაა დაყოფილი. ამჟამად მათ შორის გამორჩეული ე.წ. სუდაირის შვიდეულია, რომელსაც სახელი აბდულ აზიზ ალ საუდის ერთ-ერთი ცოლის, ჰასა ბინთ აჰმად ალ-სუდაირის 7 ვაჟის მიხედვით ეწოდა. 1960-იანი წლებიდან მოყოლებული, სუდაირის შვიდეულის წევრები საუდის არაბეთის შინაგან და თავდაცვის სამინისტროებს უდგანან სათავეში. 1982 წელს მეფის ტახტი ფაჰდის ხვდა წილად. ეს უკანასკნელი 2005 წელს გარდაიცვალა. 2011 წლის ოქტომბერში პრინც სულთანის გარდაცვალების შემდეგ კი სუდაირის ვაჟების რაოდენობა ხუთამდე შემცირდა. თუმცა კლანი უკვე მათ შთამომავლებსაც მოიცავს. პრინც ნაიფისგან განსხვავებით, მეფე აბდულა სუდაირის შვიდეულის წევრი არ არის.

მონარქის შეცვლის ინსტიტუციონალიზაციისათვის მეფე აბდულამ სპეციალური საბჭო შექმნა, სადაც ბინ საუდის შთამომავლები შედიან. საბჭოს მოვალეობა მემკვიდრის კანდიდატურის მოძიება და დამტკიცებაა. პრინც ნაიფის მემკვიდრედ არჩევამ საუდის არაბეთის სამეფო ოჯახში მცირე განხეთქილება შეიტანა. 80 წლის პრინცი თალალი მეფე აბდულას ერთ-ერთ მემკვიდრედ მოიაზრებოდა და სამეფო ოჯახის სხვა წევრებთან შედარებით, ლიბერალი პოლიტიკოსის სახელი ჰქონდა. მან საბჭო მიატოვა.

0x01 graphic

საუდის არაბეთის მეფე აბდულა
ფოტო: REUTERS ©

მეფე აბდულას ასაკის გათვალისწინებით, პრინც ნაიფს ქვეყნის სადავეების ხელში აღება, შესაძლოა, მალევე მოუწიოს. მსოფლიოში უდიდესი ნავთობის რეზერვების მფლობელი საუდის არაბეთის მონარქს კი შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს - როგორც ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, ისე მის ფარგლებს გარეთ. თუმცა ნაიფისგან ინოვაციებს არ ელიან. Washington Post-ის მიმომხილველი, დევიდ იგნატიუსი მიიჩნევს, რომ მომავალი მეფის მიზანი ქვეყნის ახალგაზრდობის გულის მოგება და სასულიერო პირებთან დისტანციის შენარჩუნება იქნება. სამეფო კარი ყველა ღონეს იხმარს, რათა არაბული ქვეყნების ინფექციური არასტაბილურობა საკუთარ საზღვრებში არ დაუშვას.

ნაიფთან ყველაზე დაახლოებული მრჩევლები, სავარაუდოდ, მისი შვილები საუდი და მუჰამადი იქნებიან. პირველი ესპანეთში საუდის არაბეთის ელჩი იყო, მეორე კი - შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეა. კონტრტერორიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მუჰამადი 2009 წელს მისი განადგურების მცდელობასაც გადაურჩა და მომავალში საუდის არაბეთის ტახტზე ერთ-ერთ მთავარ პრეტენდენტად განიხილება.

საუდის არაბეთს შიდა პოლიტიკური პრობლემები მეზობლებთან შედარებით ნაკლები აქვს. მონოეთნიკური ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 90%25 სუნიტია. ქვეყანაში პროდემოკრატიული ძალები სუსტია. არ არსებობენ პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციების რაოდენობა კი შეზღუდულია.

თუმცა საუდის სამეფო კარი თავს მოდუნების საშუალებას ვერ მისცემს. გაზაფხულის შემდეგ, შიიტებით დასახლებულ აღმოსავლეთ პროვინციებში მოსახლეობასა და სამართალდამცავებს შორის რამდენიმე შეტაკება მოხდა. 24 ნოემბერს ქალაქ ქათიფში შედარებით მცირემასშტაბიან საპროტესტო დემონსტრაციებს მსხვერპლი მოჰყვა. საუდის არაბეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქალაქში მდგომარეობა მალევე განიმუხტა და სტაბილური გახდა.

საგარეო პოლიტიკაში ამერიკის მოკავშირეობა და ირანთან სპარსეთის ყურის რეგიონში დომინაციისთვის ჭიდილი გაგრძელდება. ოქტომბერში პრინცი ნაიფი ამერიკის ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შეხვდა და საკუთარი ქვეყნის კურსის უცვლელობაში დაარწმუნა. 2011 წლის გაზაფხულზე ირანელებისა და საუდელების დაპირისპირების არენად სპარსეთის ყურეში მდებარე პატარა კუნძულოვანი სახელმწიფო ბაჰრეინი იქცა. მის სუნიტურ სამეფო კარსა და მთავრობას შიიტური მოსახლეობა აუჯანყდა. მდგომარეობის განმუხტვა ბაჰრეინის ხელისუფლებამ საუდის არაბეთის ჩარევის შემდეგ მოახერხა.

საუდის არაბეთს რევოლუციური ცვლილებების ქარიშხალი არ ემუქრება. მონარქის შეცვლის კიდევ ერთი ციკლი სამეფო ოჯახში მშვიდობიანად ჩაივლის. გრძელვადიან პერსპექტივაში, გერონტოკრატიულ სამეფო კარს ეკონომიკური დივერსიფიკაციის პრობლემის გადაჭრა მოუწევს. საუდელების ეკონომიკა ნავთობზეა დამოკიდებული, დროის გასვლასთან ერთად კი, შავი ოქროს მარაგის მოცულობა მხოლოდ და მხოლოდ იკლებს.

18 მეოთხე თაობის ინტერნეტი საქართველოში

▲ზევით დაბრუნება


ბიზნესი

მაკა გამცემლიძე

ერთგიგაბაიტიანი ფაილის ჩამოტვირთვას, მალე მხოლოდ 2 წუთი და 10 წამი დასჭირდება. თანაც, ამ ოპერაციის შესასრულებლად არც განსაკუთრებული სიჩქარის ინტერნეტი და არც ხელსაყრელი ადგილმდებარეობა იქნება საჭირო. დიდი ზომის ფაილს, ნებისმიერ დროს მაღალი ხარისხით მიიღებთ მაშინაც, თუ სულ გზაში ხართ.

დიდი ფაილებით ოპერირების კომფორტს ახალი - მეოთხე თაობის - 4G - საკომუნიკაციო სისტემა ქმნის. ეს სისტემა უკაბელო ინტერნეტის ოქროს სტანდარტია და ჯერ მხოლოდ მსოფლიოს 35 ქვეყანაში - მათ შორის, ნორვეგიაში, შვედეთში, ფინეთში, გერმანიაში, აშშ-ში, ჰონგკონგში, სინგაპურსა და ავსტრიაში დაინერგა. საქართველო ამ ქვეყნების რიგში ადგილს მას შემდეგ დაიმკვიდრებს, რაც კომუნიკაციების ეროვნული კომისია სიხშირეზე ლიცენზიას გასცემს. ამისთვის კომისიას დაინტერესებულმა კომპანიამ უნდა მიმართოს. საქართველოში ასეთი კომპანია (ბილაინი) უკვე გამოჩნდა.

კომპანია ბილაინმა უკვე მოახდინა მეოთხე თაობის ინტერნეტის მუშაობის დემონსტრირება. 4G-ის ტესტირებისთვის ბაკურიანი საგანგებოდ შეირჩა: შედარებით მაღალმთიან ტერიტორიაზეც უკაბელო ინტერნეტი შეუფერხებლად მუშაობდა. ამ ექსპერიმენტით საქართველო ამიერკავკასიაში პირველი ქვეყანაა, რომელმაც 4G-ის ტესტირება მოახერხა.

ბილაინის კონკურენტი კომპანიები - მაგთიკომი და ჯეოსელი - თანხმდებიან, რომ საქართველოს ბაზარზე 4G-ის მოთხოვნა ჯერ არ არსებობს. მაგთიკომი ამის მთავარ მიზეზად 4G მობილური ტელეფონების ბაზარზე ნაკლებობას და მათ მაღალ ფასს ასახელებს. ჯეოსელს კი ბაზარზე 4G-ის დაბალი მოთხოვნის მიზეზად, წინა თაობის ტექნოლოგიების არასრული განვითარება მოჰყავს. ორივე კომპანია აღნიშნავს, რომ გარკვეულ ეტაპზე 4G-ის დანერგვა გარდაუვალი აუცილებლობა იქნება. თუმცა მანამდე წინა თაობის ტექნოლოგიების რესურსი ბოლომდე უნდა ამოწურონ. ორივე კომპანიას 3.5G სიჩქარის ინტერნეტი აქვს. ბილაინში მიიჩნევენ, რომ სწრაფი ინტერნეტის მოთხოვნა ბაზარზე სულ არსებობს, ამიტომ თავიანთ ქსელში 2.5G-ს შემდეგ, 3G-ს დანერგვის აზრს ვერ ხედავენ.

სხვადასხვა კვლევითი ორგანიზაცია მომდევნო წლების განმავლობაში 4G ინტერნეტის ბაზრის მკვეთრ ზრდას ვარაუდობს: მაგალითად, ABI Research-ის მიხედვით, 2012 წლისათვის 4G-ის ბაზარი, სულ მცირე, 2 მილიარდ ევრომდე გაიზრდება. კიდევ ერთი კომპანია - Analysis-ი ვარაუდობს, რომ 2015 წლისთვის 4G-ის მომხმარებელთა რაოდენობა 400 მილიონს გადააჭარბებს. ამავე წელს, ფიჭური კავშირის ოპერატორთა საერთაშორისო გაერთიანების - UMTS forum-ის პროგნოზით, 4G-ით მიღებული საერთო შემოსავალი 150 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს.

მეოთხე თაობის ინტერნეტის სიჩქარე, მესამე თაობისგან განსხვავებით, დაახლოებით 11-ჯერ მაღალია.

19 საზღვარს შვეიცარიული კომპანია გააკონტროლებს

▲ზევით დაბრუნება


ბიზნესი

გიორგი აბაშიშვილი

ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების შემდეგ საქართველოსა და რუსეთის საზღვარზე მონიტორინგს, სავარაუდოდ, შვეიცარიული კომპანია SGS-ი განახორციელებს. ამ ინფორმაციას გამოცემა Le Temps-ი შვეიცარიულ მხარეზე დაყრდნობით აქვეყნებს. Le Temps-ი აღნიშნავს, რომ საკმაოდ რთული მოლაპარაკებების შემდეგ, შვეიცარიის შუამავლობით, რუსეთსა და საქართველოს შორის გარკვეული კომპრომისი შედგა: გამოცხადდება ტენდერი, რომელშიც მონაწილეობას კომპანია SGS-ი მიიღებს.

საქართველომ საკუთარი ეკონომიკური საზღვრების ფაქტობრივი კონტროლი 2004 წლიდან დაიწყო. დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 2004 წლამდე ქვეყნის საბაჟო გამშვებ პუნქტებს, ფაქტობრივად, სიმბოლური და, ამასთან, სერიოზული კორუფციული დატვირთვა ჰქონდა. საქართველოს პოზიცია ყოველთვის უცვლელი იყო: რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების სანაცვლოდ, დროებით უკონტროლო საბაჟო გამშვები პუნქტების კონტროლის შესაძლებლობას ითხოვდა. შესაბამისად, 2008 წლამდე ქართული მხარის მიერ რუსული მხარისათვის წაყენებული მოთხოვნები რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომი მოთხოვნებისგან არაფრით განსხვავდებოდა. ერთადერთი განსხვავება ის იყო, რომ 2008 წლის შემდეგ რუსეთი გამოუვალ სიტუაციაში აღმოჩნდა. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების სანაცვლოდ, მას პირდაპირ თუ ირიბად აუცილებლად მოუწევდა „დამოუკიდებლად აღიარებულ ტერიტორიებზე” საქართველოს პრეტენზიები ლეგიტიმურად ეცნო. კრემლს, დეკლარირებული ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების პოლიტიკის მართებულება, პირველ რიგში, თვითონვე უნდა დაეყენებინა ეჭვქვეშ. ბუნებრივია, შექმნილი ვითარებიდან რუსეთისთვის ერთადერთი გამოსავალი ეკონომიკური საკითხის პოლიტიზირება იყო.

შვეიცარიული მხარის შუამდგომლობით, რუსეთ-საქართველოს საზღვარზე განლაგდებიან არა ქართველი მესაზღვრეები, არამედ, სავარაუდოდ, შვეიცარიული კომპანია SGS-ის წარმომადგენლები. ისინი ოკუპირებულ ტერიტორიებსა და რუსეთის საზღვარს შორის ტვირთბრუნვის შესახებ ინფორმაციას ქართულ მხარეს მიაწვდიან.

SGS-ი მსოფლიოში უმსხვილესი კომპანიაა ინსპექტირების, ტესტირების, შემოწმებისა და სერტიფიცირების მიმართულებით. ამჟამად, კომპანიის 1250 ოფისსა და ლაბორატორიაში 67 ათასზე მეტი ადამიანია დასაქმებული. კომპანიის ისტორია 1878 წლიდან იწყება. მრავალ საინტერესო სერვისთან ერთად, კომპანია SGS-ის ერთ-ერთი მიმართულება სავაჭრო ინფორმაციების შექმნა, დამუშავება და გადამოწმებაა.

კომპანია SGS-ი 1999 წელს მონაწილეობდა ტენდერში, რომელიც საქართველოს მთავრობამ საბაჟოზე წინასაიმპორტო ინსპექტირებისთვის გამოაცხადა. სატენდერო კომისიას ყოფილი ფინანსთა მინისტრი დავით ონოფრიშვილი ხელმძღვანელობდა. ტენდერში SGS-ის კონკურენტი - ბრიტანული ITS-ი იყო. SGS-ის წარმომადგენლებმა ამ პროცესს მექრთამეობისა და კორუფციის კლასიკური ნიმუში უწოდეს.

ტენდერი ორ ტურად ჩატარდა. პირველი ტური, საგრძნობი უპირატესობით, შვეიცარიულმა კომპანიამ მოიგო: იმ დროისათვის SGS-ს, ITS-თან შედარებით, სულ მცირე, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 4-ჯერ მეტი ოფისი (ეს მნიშვნელოვანი უპირატესობაა წინასაიმპორტო მომსახურებისას) და 4-ჯერ მეტი ბრუნვა ჰქონდა. თუმცა, მეორე ტურში კომისიამ პირველი ადგილი ბრიტანულ კომპანიას მიანიჭა. თავისი გადაწყვეტილება კი იმით ახსნა, რომ კომპანიამ ისეთი ვალდებულებები იკისრა, რომელთა აღებაც ვერავინ გარისკა. კერძოდ, სახელმწიფოს ჰპირდებოდა საბაჟო შემოსავლების გაზრდას - 1999 წელს (სექტემბერ-დეკემბერში) - 85 მილიონ აშშ დოლარამდე; 2000 წელს - 260 მილიონ აშშ დოლარამდე; 2001 წელს - 312 მილიონ აშშ დოლარამდე; საბაჟო სისტემის რეფორმის დაფინანსებას წლის განმავლობაში, სულ მცირე, 500 ათასი ლარით; საქართველოს მთავრობისთვის უცხოელი კონსულტანტების დაქირავებას კონტრაბანდის შესამცირებლად. ჯამში, ეს რიცხვები და ზოგადად დაპირებები, იმ პერიოდის ქართული რეალობისათვის საკმაოდ არადამაჯერებლად ჟღერდა.

გაჩნდა ეჭვი, რომ SGS-ის წინააღმდეგ, საქართველოს სახელმწიფო და ITS-ი ერთობლივად მოქმედებდნენ. საღი აზრით, მაშინდელ მთავრობასა და ITS-ს შორის მთავარი ინტერესი კორუფციული გარიგება უნდა ყოფილიყო.

დღეს სიტუაცია შეიცვალა. SGS-ს საქართველოში სამართლიანი თამაშის წესები ელოდება. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების მოტივით, მიმდინარე მოლაპარაკებების დროს კი საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვან მიზანს მიაღწია - ქვეყნის ეკონომიკურ საზღვარზე მალე სრულ კონტროლს აღადგენს.

20 ახალი სათამაშო მამაკაცებისათვის

▲ზევით დაბრუნება


ტექნოლოგია

ვახო ელერდაშვილი

გასული საუკუნის ბოლოს, ოპერაციული სისტემა ლინუქსის შემქმნელი, ლინუს ტორვალდსი ბერკლის უნივერსიტეტს ეწვია, სადაც ფართო აუდიტორიის წინაშე ტექნოლოგიების როლზე და ადამიანთა ცხოვრებაში მათ დანიშნულებაზე უნდა ესაუბრა. ყველასგან მოულოდნელად ფინელმა პროგრამისტმა ცხოვრების აზრზე დაიწყო საუბარი და იკითხა - რა არის სამი უმთავრესი მამოძრავებელი ფაქტორი ადამიანთა ცხოვრებაში? - რაზედაც თავადვე შეეცადა პასუხის გაცემას პირადი გამოცდილების ფონზე. მისი განმარტებით, ყველაფერი, მათ შორის ტექნოლოგიებიც, თვითგადარჩენის, სოციალიზაციის და გართობის სამ ეტაპს გაივლის. ტორვალდსმა განაცხადა, რომ სწორედ ეს სამი ფაქტორი უდევს საფუძვლად ყოველივეს - სექსიდან დაწყებული რელიგიით დამთავრებული, თუმცა მე აქ ტექნოლოგიებზე სასაუბროდ მოვედი და მოდი, ტექნოლოგიებზე ვისაუბროთო.

გასულ კვირას ტორვალდსის თეორია კიდევ ერთხელ დადასტურდა, როდესაც ლონდონის ერთ-ერთი პაბის ტუალეტში კომპანია Captive Media-ს შექმნილი სიახლე დაამონტაჟეს. პაბის „საჭირო ოთახის” ვიზიტორები გაკვირვებულები დარჩნენ, როდესაც პისუარის თავზე დამონტაჟებული 12-დიუმიანი LCD მონიტორები დახვდათ, პისუარის ცენტრში კი სენსორული ღილაკი იყო წარწერით: START. კომპანია Captive Media-ს წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ მათ ცარიელი ნიშა შეავსეს და მამაკაცებს ახალი ტიპის კომპიუტერული თამაში შესთავაზეს. თამაშის პრინციპი მარტივია: როგორც კი START-ზე სითხის ჭავლი ხვდება, ეკრანზე პინგვინები ჩნდებიან და მათ ასაცილებლად ქულები უნდა დავაგროვოთ, „ჯოისტიკის” საშუალებით ჭავლი მარჯვნივ და მარცხნივ უნდა მივმართოთ. თამაში ჭავლის შეწყვეტასთან ერთად სრულდება და რეკორდის დაგროვების შემთხვევაში პაბის მეპატრონეები კლიენტებს პრიზებს ჰპირდებიან.

პაბის მეპატრონეთა განცხადებით, ახალმა სათამაშო კონსოლმა კლიენტურის ჟივილ-ხივილი გამოიწვია. თუკი ტუალეტში ისინი ზედმეტი ტვირთის მოსაშორებლად შედიოდნენ, ახლა სულ სხვა შემართებითა და აზარტით მიიწევენ, რათა პირადი რეკორდი გააუმჯობესონ. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ვინაიდან ეს თამაში სიზუსტეს და აკურატულობას მოითხოვს, პაბის მეპატრონეები გვარწმუნებენ, რომ ერთიორად გაიზარდა სისუფთავის დონე მათ საპირფარეშოებში. Captive Media-ს ჩანაფიქრით, მათ ახალ სარეკლამო სივრცეს მიაგნეს, რის საილუსტრაციოდაც სტატისტიკური მაჩვენებლები მოჰყავთ: მამაკაცები საპირფარეშოს ერთ ვიზიტში საშუალოდ 55 წამს ხარჯავენ, მთლიანად ცხოვრების განმავლობაში - 9 თვეს, რაც ბრიტანეთის მასშტაბით, წელიწადში ერთ მილიარდ წუთს უდრის. ახალი ტექნოლოგიების წყალობით, განმარტავენ ისინი, ჩვეულებრივი მოკვდავებისათვის ეს დრო გართობად იქცევა, კომპანიისთვის კი - შემოსავლად. ფემინისტებმა ამის საპასუხოდ უკვე მოასწრეს პროტესტის გამოხატვა და Captive Media გენდერულ დისკრიმინაციაში დაადანაშაულეს. რაზედაც კომპანიის წარმომადგენლები მანდილოსნებს დაჰპირდნენ, რომ მათთვისაც მოიფიქრებენ რამეს.

ახალი ტიპის სათამაშოს მიმართ არავინ რჩება გულგრილი. თუ გამოხმაურებით ვიმსჯელებთ, Captive Media-მ კლიენტურის დიდი ხნის მოთხოვნა დააკმაყოფილა. გამოგონებას მრავალი ტაბლოიდი და საინფორმაციო სააგენტო გამოეხმაურა და დიდი შემართებით გააშუქა. არადა, კაცმა რომ თქვას, არაფერია ამ წამოწყებაში არასერიოზული. Captive Media-მ აჩვენა, რომ შესაძლებელია დაკარგული დროის გართობად გადაქცევა, მოსაწყენი საქმიანობის კი − აზარტად. სწორედ ამ აზარტის შესახებ საუბრით ააფორიაქა ბერკლის უნივერსიტეტში შეკრებილი პროფესორები ლინუს ტორვალდსმა, როდესაც სერიოზულ შეკითხვაზე არასერიოზულად სცადა პასუხის გაცემა. არადა, მართლაც არაფერია ამაში გასაკვირი: ბერკლის უნივერსიტეტის პროფესორებიც ხომ დადიან ტუალეტში?!

0x01 graphic

21 მოკლე მოძღვრება თქმული ჩყჲზ-სა ბედნიერებასა ზედა

▲ზევით დაბრუნება


არქივი

წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

გაბრიელ ეპისკოპოსისთვის (1825-1896) ადამიანი თვითონ ქმნის საკუთარ ბედნიერებას და თავის უბედობაშიც თავადვეა დამნაშავე.

თანამედროვე მკითხველმა შეიძლება გაიკვირვოს: მერედა რა არის აქ უცნაური? საქმე ის არის, რომ ახლაც და მით უმეტეს მაშინ - რუსული იმპერიული მართლმადიდებლობის საუკუნეში, ოფიციალური საეკლესიო სწავლებისთვის აქტიური, პასუხისმგებლიანი, თვითმყოფადი ადამიანი უცხო რამ იყო.

რუსულ ეკლესიაში აღმოსავლური ასკეტიზმი ოფიციალური დოქტრინისა და სამოდერჟავული იდეოლოგიის ელემენტს წარმოადგენდა - წუთისოფლის საზრუნავისგან განდგომა, არსებული რეალობისადმი, სამღვდელო იერარქიისადმი, პოლიტიკური რეჟიმისადმი მონური მორჩილება იყო რუსული რელიგიის ანი და ჰოე.

იმპერიასა და მის მსახურ ეკლესიას ინერტული, ბედს შეგუებული ადამიანი სჭირდებოდა, რომელსაც ამ უმოქმედობის საზღაურად იმქვეყნიურ ბედნიერებას ჰპირდებოდნენ.

ამის საპირისპიროდ გაბრიელ ეპისკოპოსის სამეცნიერო და სამოძღვრო მოღვაწეობა, ისევე როგორც მისი პირადი ცხოვრებისეული გამოცდილება, აქტიური, უსამართლობის განმკითხველი, თანამედროვე ცოდნით შეიარაღებული, თავისუფალი პიროვნების შესახებ მოგვითხრობს.

ეს საახალწლო ქადაქებაც ამაზეა - ადამიანზე, რომელიც თვითონ, დამოუკიდებლად, თავისი ფიზიკური და ინტელექტუალური აქტივიზმით ქმნის არა მარტო სულიერ, არამედ მატერიალურ, ამქვეყნიურ კეთილდღეობასაც.

ბექა მინდიაშვილი

მოგილოცავ, ძმანო მართლმადიდებელნო ქრისტიანენო, ახალსა ამას წელსა და ვთხოვ ღმერთსა, რომ თქვენ ყოველთა ბედნიერად და მშვიდობით გაატაროთ იგი.

გარნა რა არის ბედნიერება? სითგან მოუვა კაცსა ორიოდე სიტყვა, მეტადრე დღეს, როდესაც ყოველი კაცი ბედნიერებას მოულოცავს მოყვასსა თვისსა და ბედნიერებაზედ ფიქრობს.

ჩვენ, ძმანო ჩემნო, თითქმის ერთობ ყოველთა, შეცდომილი აზრი გვაქვს ამ საგანზედ. თუ ვინმე კარგად სცხოვრებს ამ ქვეყანაზე, წარმატებაში არის და კეთილდღეობაში, ვიტყვით, მას ბედი აქვსო, ის ბედნიერი არისო; და თუ ვინმემ ცუდად წაიყვანა თვისი საქმე და მოაკლდა მას კეთილ-დღეობა, მასზე ვიტყვით: რაღაცა ბედი არა აქვსო, უბედური კაცი არისო. აქითგან ნათლად სჩანს, რომ ვინც ესრედ იტყვის, იმას გონია, ვითომც ბედი და უბედურება დადის ქვეყანაზე თვალ-ახვეული და ვისაც უეცარი პირველი შეხვდება, იგი გაკეთდება, და თუ მეორე შეხვდება, წახდება. არა, ძმაო ჩემო! თუ კარგად დაუკვირდები ქვეყნის ცხოვრებასა, შეიტყობ, რომ ბედნიერება და უბედურება დამოკიდებულია თვით კაცზედ და მის ყოფა-ქცევაზე. ვინც ამ ქვეყანაზე არის მხნე, მეცადინე, ჭკვიანი, შრომისმოყვარე, ის, უმეტეს ნაწილად, არის გაკეთებული და ბედნიერი; წინააღმდეგ ამისა, კაცი მცონარე, უგუნური, უზრუნველი, თავის ქონების დაუზოგველად დამფანტველი, თუ გინდ დიდ ბედნიერებასა შინა იყოს შობილი, ბოლოს უთუოდ წახდება და გაუბედურდება. როგორადაც კერძო პირის, ეგრედვე მთელის ქვეყნის ანუ მთელის საზოგადოების ბედნიერება სწორედ, ნამდვილად და უეჭველად არის დაფუძნებული დაუცხრომელსა სწავლასა და დაუცხრომელსა მუშაობასა ზედა. ამას დაგვიმტკიცებს ჩვენ გამოცდილება; ამას დაგვიმტკიცებს ჩვენ მაგალითი იმა ქვეყანათა, რომელნიც ჩვენზედ არიან დაწინავებულნი განათლებასა და კეთილ-დღეობასა შინა. აბა კითხე იმ კაცს, რომელიც ყოფილა იმ განათლებულს ქვეყანაში, ანუ წიგნებითგან ამოუკითხავს მათი ცხოვრება და მდგომარეობა, ისინი დაგარწმუნებენ შენ, რომ ყოველი მათი წარმატება და ბედნიერება წარმომდინარეობს მათისა გასაოცრისა მხნეობისა და დაუძინებელის შრომისაგან. იმ განათლებულს ქვეყანაში ანდაზად აქვსთ თქმული: დროება არის სიმდიდრე, და ვინც დროებას მცონარეობით ატარებს, იგი კარგავს ბედსა და სიმდიდრესაო. მართალია, არა ერთ-გზის მომხდარა, რომ ზოგიერთი კერძო პირი გაკეთებულა და გამდიდრებულა არა თვისითა მეცადინეობითა, არამედ ერთითა უბრალო შემთხვევითა; გარნა მთელი ხალხი და ქვეყანა რომ განათლდეს და გაბედნიერდეს თვინიერ შრომისა, მხნეობისა და მოთმინებისა, ეს არ მომხდარა.

გარნა ჩვენ, ძმანო, ახლა საყდარში ვდგევართ, წირვის მომსმენელნი და ღვთის მლოცველნი; აქ თითქმის უადგილო იყო უბნობა სოფლის ბედნიერებასა ზედა, მაგრამ წარგვიტაცა სოფლის ჩვეულებამ. ჩვენ აქ უნდა ვუბნობდეთ სულიერსა წარმატებასა და ბედნიერებასა ზედა, გარნა საკვირველი ის არის, რომ ესეც თითქმის იმაზედვე არის დამოკიდებული, რაზედაც ხორციელი ბედნიერება. რაი არის სულიერი წარმატება და ბედნიერება? ის, როდესაც კაცი სულითა თვისითა გამართლდება ღვთის წინაშე და ეღირსება უხრწნელსა გვირგვინსა საუკუნოისა ცხოვრებისასა. გარნა ვინ გამართლდება ღვთის წინაშე? ის, ვინც არის მხნე, ბეჯითი, შრომის მოყვარე, მომთმენელი სულიერთა მოღვაწებათა შინა. სულიერი წარმატება და ბედნიერება სწორედ იმ კაცს უნდა მივაწეროთ, რომელმან თვისი ხასიათი გაისწორა, გაიკეთა, დაიმუშავა, როგორადაც ბეჯითი მიწის-მუშაკი გასწმენდს და გააკეთებს თვისსა ყანასა. წინააღმდეგ ამისა, რომელიც კაცი ესოდენ არის დაუდევნელი და მცონარე, რომ არ გამოიცვალა ცუდი თვისი ხასიათი, არამედ თავი თვისი დაანება და მიანდო იმ უგუნურთა და მხეცურთა მიდრეკილებათა, რომელნიც ბუნებითგან აქვსთ ზოგიერთთა პირთა, იგი სულიერადაც არის უბედური და წამხდარი.

ახლა, შეხედე, ძმაო, და იხილე: ხორციელსაცა და სულიერსაცა წარმატებასა და ბედნიერებასა აქვთ ერთი და იგივე საფუძველი - შეურყეველი მხნეობა და დაუძინებელი შრომა სულიერი და ხორციელი. შეიძინე ესენი თუ გსურს ბედნიერება.

ღმერთო, მაცხოვარო ჩვენო, განამტკიცე ჩვენს გულში ეს მხნეობა, განაღვიძე ჩვენს შორის შრომისმოყვარება, გვყავ სულიერადაც და ხორციელადაც წარმატებულნი და გაბედნიერებულნი. ამინ.

22 ცონგას ეისები

▲ზევით დაბრუნება


სპორტი

გიორგი მაჩაბელი

ჟო-ვილფრედ ცონგამ ამ სეზონის 79 გასაუბრებაში 825 ეისი დასვა - ერთ ტესტში საშუალოდ 10 ეისზე მეტს ურახუნებდა. ცონგამ სეზონის ბოლო 6 კვირაში აკრიფა და ეიტიპის მარათონში სხვაზე მეტი ეისი შეაგროვა, თუმცა ფრანგი მარტო ეისები არ არის. პოპულარული ნაფ-ნაფი სხვა კომპონენტებშიც კარგია. სადღაც ერთ არანორმალურ სერბზე სუსტია, სადღაც ნადალივით წაგებულს ვერ იგებს და დელ პოტროზე ცოტა ალკოჰოლს ითვისებს. ცონგამ ამ სეზონში ნიჭი და პოტენციალი მთელ კორტზე გაშალა და უკეთესი იყო. ცონგაზე, სხვა ფრანგებზე უკეთესი. და ეისებიც ბევრი აგროვა.

0x01 graphic

ჟო-ვილფრედ ცონგა

0x01 graphic

ჯონ ისნერი

0x01 graphic

ხუან მარტინ დელ პოტრო

ყველა ფოტო: REUTERS ©

ცონგას მერე ეისებში ჯონ ისნერი ზის. 811 ეისი და 57 ტესტი. ჯონი პირველ ოცეულში დარჩა და ახალ, ბევრმილიან მარათონში ბლომად სარეიტინგო ქულა უნდა დაიცვას. ეისების პირველ ხუთეულში ზიან ესპანელი ფელიჩიანო ლოპესი (734 ეისი, 62 VS), სამხრეთაფრიკელი კევინ ანდერსონი (719, 69), მონტენეგროელი სერბი მილოშ რაონიჩი (637, 50). ათეულს კრავენ პრო ტურის ტირანოზავრი ივო კარლოვიჩი (632, 37), ძველ ენდიზე უარესი ახალი როდიკი (567, 50), უკრაინელი ალექსანდრ დოლგოპოლოვი (559, 67), ლოპესის უბნელი ნიკოლას ალმაგრო (546, 70) და როჯერ ფედერერი (504, 76).

მაღალი ბიჭები ბრეიქ პოინტებსაც სხვებზე კლავენ. ეისებით, არაეისებით, მძიმე, მოქნილი ჩაწოდებით. აქ პირველია ხუან მარტინ დელ პოტრო. არგენტინელმა ერთეულებში 64 დიალოგი მოისმინა და ბრეიქ პოინტების 67 პროცენტი გადაარჩინა. დელ პოტრო წელს მეოთხე ასეულიდან პირველ ოცეულში მოხვდა და ეს უკვე ბონუსია. დელ პოტრომ არგენტინას დელ პოტრო, ჩოგბურთში მუღამი დაუბრუნა და ეს ორმაგი ბონუსია. დელ პოტრო ბევრ შეცდომას უშვებს და ამას მშვიდი აგრესიით ფარავს.

არგენტინელთან ერთად და მაღალი ბიჭის შემდეგ, ბრეიქ პოინტების მკვლელებში ათეულს კრავენ ლოპესი (66 %25, 62 VS), ისნერი (66, 57), რაონიჩი (66, 50), ანდერსონი (66, 69), ცონგა (66, 79), ნოვაკ ჯოკოვიჩი (65, 76), ჩოგბურთის ფრედი კრიუგერი, დავიდ ფერერი (65, 77), ფედერერი (65, 76) და გერმანელი ფილიპ კოლშრაიბერი (65, 58). სერიოზულ ტიპებში არასერიოზული გერმანელი ზის.

დელ პოტრო კიდევ ერთ ათეულშია. იმ პერსონებში, რომლებიც ყველაზე მეტ ბრეიქ პოინტს ანაღდებენ. აქ პირველია ქსავიე მალისი (ბელგია). არასტაბილურმა ბიჭმა 50 შეხვედრაში ბრეიქ პოინტების 49 პროცენტი გამოიყენა. დელ პოტრო მეათეა (45 %25, 64 VS). მალისის და ხუანიტოს შუაში დარჩნენ ჯოკოვიჩი (48, 76), ნადალი (46, 82), იტალიელი ფაბიო ფონინი (46, 52), დელ პოტროს ახლობელი ხუან იგნასიო ჩელა (46, 53), ენდი მარი (46, 69), ფერერი (46, 77), კლოშრაიბერის მეჯვარე ფლორიან მაიერი (46, 71) და რობინ სოდერლინგი (46, 47). სოდერლინგი შვედია. სოდერლინგი აქ მეცხრეა.

23 დიადი მაესტროს დაბრუნება

▲ზევით დაბრუნება


სპორტი|ჩოგბურთი

ლაშა გოდუაძე

ვიკიპედიაში ვკითხულობთ:

„ჩოგბურთში მიღწეული წარმატებებისთვის ის ზედიზედ ოთხჯერ - 2005-2008 წლებში - დასახელდა მსოფლიოს საუკეთესო მამაკაც სპორტსმენად. მას ხშირად უწოდებენ შვეიცარიელ მაესტროს ან, უბრალოდ მაესტროს. 2011 წელს ჟურნალმა ფორბსმა ის მსოფლიოს 100 ყველაზე პოპულარულ ადამიანს შორის 25-ე ადგილზე დაასახელა”.

იქვე შავით თეთრზე წერია, რომ არაერთი მიმომხილველი და ვეტერანი მოთამაშე ფედერერს ყველა დროის უძლიერეს ჩოგბურთელად მიიჩნევს.

ძნელია ჟურნალისტების და ვარსკვლავების აზრს არ დაეთანხმო: შვეიცარიელმა დიდი მუზარადის ყველაზე მეტი, 16 ტურნირი მოიგო, ზედიზედ 237, სულ კი 285 კვირა ლიდერობდა პროფესიონალ ჩოგბურთელთა რეიტინგს და, არც მეტი, არც ნაკლები, 100 საკარიერო ფინალიდან 70-ჯერ მთავარი პრიზი აღმართა!

შვეიცარიელი მაესტრო როჯერ ფედერერია - დღესდღეობით მსოფლიოს მესამე ჩოგბურთელი და წლის შემაჯამებელი ტურნირის, ATP-ის მსოფლიოს არაოფიციალური ჩემპიონატის ტრიუმფატორი.

2011 წელი მისთვის კარგად დაიწყო - იანვარში ყატარის ღია ჩემპიონატში იმარჯვა. სეზონის დასასრული უკეთესი გამოუვიდა: ჯერ მშობლიურ ბაზელში აჯობა ყველას, მერე მეზობელ საფრანგეთში ჩავიდა და პირველად მოიგო პარიზის მასტერსი. ნოემბრის მიწურულს კი ლონდონში ტურის ფინალში გაიმარჯვა.

მაგრამ კარგ დასაწყისსა და ჩინებულ დასასრულს შორის იყო ათი თვე, როცა ცოცხალი ლეგენდა პირველ რიგში საკუთარ თავთან და შემდეგ ყველასთან დამარცხდა და რის გამოც 30 წლის ასაკში ნაადრევად ჩამოწერეს.

ამ ათ თვეში ფედერერი ნოვაკ ჯოკოვიჩმა დაჩრდილა - სერბმა სადაც ითამაშა, ყველგან მოიგო. თან ბრწყინვალედ.

ამ ათ თვეში შვეიცარიელის კრიზისზე მეტად - თითქოს მოსახდენი ხდებაო - ესპანელი რაფა ნადალის გაუთავებელ ტრავმებზე საუბრობდნენ.

ამ ათ თვეში როჯერმა პირველად დატოვა კლასიფიკაციის პირველი სამეული - სერბის და ესპანელის შემდეგ რეიტინგში ბრიტანელი ენდი მარი აღზევდა.

და თითქოს ბრწყინვალე კარიერის დასასრულიც დადგა, მაგრამ...

ამერიკის ღია პირველობის ნახევარფინალის შემდეგ, სადაც ორი სეტით დაწინაურებული როჯერ ფედერერი მაინც დამარცხდა ჯოკოვიჩთან, შვეიცარიელმა თვენახევრიანი შვებულება აიღო.

„მომხდარის გასაანალიზებლად დრო მჭირდებოდა. ცონგასთან (უიმბლდონის მეოთხედფინალში) და ჯოკოვიჩთან ერთნაირად წაგება (2:0-ის შემდეგ) ჩემთვის ძალიან მძიმე გადასატანი აღმოჩნდა: სამი კვირა მხოლოდ ამაზე ვფიქრობდი, მერე კი ნელ-ნელა მიზეზებსაც მივაგენი. მიხარია, რომ ორივე მარცხიდან მართებული დასკვნა გამოვიტანე. ყოველ შემთხვევაში, ჩემი ბოლო თამაშების შემდეგ ამის თქმის უფლება ნამდვილად მაქვს”, - როჯერ ფედერერმა ეს სიტყვები ლონდონში, ტურის ფინალში გამარჯვების შემდეგ წარმოსთქვა.

წლის შემაჯამებელ ტურნირში შვეიცარიელმა მაესტრომ დიდებულად იასპარეზა და თავისსავე უამრავ რეკორდს კიდევ ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა შემატა: გახდა პირველი, რომელმაც ATP-ის მსოფლიოს არაოფიციალური ჩემპიონატი მეექვსედ მოიგო. აქამდე ის ხუთი ტიტულით ივან ლენდლთან და პიტ სამპრასთან იყოფდა პირველ ადგილს.

თუმცა მხოლოდ ციფრები ხომ არაა გადამწყვეტი? ლონდონში ფედერერმა შესანიშნავი თამაში აჩვენა - მარტო რაფა ნადალთან ერთ საათში 6:3, 6:0 მოგება რად ღირს.

„ასე ძლიერად ტური ჯერ არ დამისრულებია. რაც მოხდა, ძალიან მიხარია და დარწმუნებული ვარ, მომავალ სეზონში მეტს მივაღწევ. მოვიგებ თუ არა დიდი მუზარადის ტურნირს? როგორ გითხრათ, საამისოდ ყველაფერს ვიღონებ!” - 2011 წელი როჯერ ფედერერმა ზედიზედ 17 მოგებით დაასრულა.

ოთხი კვირაც და ახალი სეზონი დაიწყება.

შვეიცარიელი 2012 წელს ყატარის ღია ჩემპიონატით იწყებს - დიადმა ალპელმა დოჰაში ტიტული უნდა დაიცვას.

0x01 graphic

შვეიცარიული მწვერვალები

ფედერერმა დიდი მუზარადის ყველაზე მეტი, 16 ტურნირი მოიგო: ავსტრალია (2004, 2006, 2007, 2010), როლან გარო (2009), უიმბლდონი (2003, 2004, 2005, 2006, 2007, 2009), აშშ (2004, 2005, 2006, 2007, 2008).

ფედერერი ერთადერთი ჩოგბურთელია, რომელმაც დიდი მუზარადის ორ სხვადასხვა ტურნირზე შეძლო ტიტულის ზედიზედ ოთხჯერ

დაცვა: უიმბლდონი (2003, 2004, 2005, 2006) და აშშ (2004, 2005, 2006, 2007).

ფედერერი ერთადერთია, რომელმაც ორჯერ მოახერხა დიდი მუზარადის ზედიზედ სამი ტურნირის მოგება: უიმბლდონი 2005 - აშშ 2005 - ავსტრალია 2006 და უიმბლდონი 2006 - აშშ 2006 - ავსტრალია 2007.

ფედერერმა მოქმედ ჩოგბურთელთაგან ყველაზე მეტი, 70 ტურნირი მოიგო. ეს ყველა დროის საუკეთესო მეოთხე შედეგია ჯიმი კონორსის (109), ივან ლენდლის (94) და ჯონ მაკინროის (77) შემდეგ.

ფედერერი ერთადერთია, რომელმაც დიდი მუზარადის ოთხივე ტურნირის ფინალში 5-ჯერ და მეტჯერ იასპარეზა: ავსტრალია (5), როლან გარო (5), უიმბლდონი (7), აშშ (6).

ფედერერი ერთადერთია, ვინც სამჯერ შეძლო ერთ კალენდარულ წელიწადში დიდი მუზარადის ოთხივე ტურნირის ფინალში გასვლა: 2006, 2007 და 2009.

ფედერერმა დიდი მუზარადის ტურნირებში ზედიზედ 23-ჯერ ითამაშა ნახევარფინალში: უიმბლდონი 2004 - ავსტრალია 2010. ეს რეკორდია.

ფედერერი ერთადერთია, ვინც ზედიზედ შვიდჯერ გავიდა დიდი მუზარადის სამი ტურნირის ნახევარფინალში: ავსტრალია 2004-2011, უიმბლდონი 2003-2009, აშშ 2004-2011.

ფედერერმა დიდი მუზარადის ოთხივე ტურნირზე მინიმუმ 6-6-ჯერ შეძლო ნახევარფინალში გასვლა. ეს რეკორდია.

ფედერერი ერთადერთია, რომელმაც დიდი მუზარადის ორ ტურნირზე მოახერხა ზედიზედ 40 დაპირისპირების მოგება: უიმბლდონი 2003-2008 და აშშ 2004-2009.

ფედერერი ზედიზედ 18-ჯერ იყო დიდი მუზარადის ტურნირების პირველი ნომერი: როლან გარო 2004 - უიმბლდონი 2008.

ფედერერმა ზედიზედ 8-ჯერ - 2004-2011 წლებში შეძლო დიდი მუზარადის ტურნირებზე 20 და მეტი პაექრობის მოგება. ეს რეკორდია.

ფედერერმა წლის შემაჯამებელი ტურნირი 6-ჯერ მოიგო: 2003, 2004, 2006, 2007, 2010, 2011 - ეს რეკორდია. ხუთჯერ - 2003, 2004, 2006, 2010, 2011 - მან დაუმარცხებლად იმარჯვა - ესეც რეკორდია.

ფედერერმა მასტერსის სერიის ტურნირების ფინალებში 30-ჯერ იასპარეზა. ეს რეკორდია.

ფედერერი პირველი და ერთადერთი ჩოგბურთელია, რომელიც ზედიზედ 200 (და მეტი) კვირის განმავლობაში ლიდერობდა ATP-ის რეიტინგს.

ფედერერმა 2003-2008 წლებში ზედიზედ 65 პაექრობა მოიგო ბალახის კორტებზე. ეს რეკორდია.

ფედერერმა 2005-2006 წლებში ზედიზედ 56 დაპირისპირება მოიგო ჰარდზე. ესეც რეკორდია.

ფედერერმა 2003 წლის ოქტომბრიდან (ვენა) 2005 წლის სექტემბრის (ბანგკოკი) ჩათვლით 24-ჯერ იასპარეზა ფინალში და ყველა შემთხვევაში იმარჯვა. ეს რეკორდია.

ფედერერი ერთადერთია, რომელმაც ზედიზედ სამჯერ შეძლო წელიწადში 10 და მეტი ტურნირის მოგება: 2004 (11), 2005 (11), 2006 (12).

ფედერერი ერთადერთია, რომელმაც 5-ჯერ და მეტჯერ მოიგო 5 სხვადასხვა ტურნირი: ჯერი ვებერი (ჰალე), შვეიცარიის პირველობა (ბაზელი), აშშ-ის ღია პირველობა, უიმბლდონი (6-ჯერ) და წლის შემაჯამებელი ტურნირი (6-ჯერ). 

24 დავიდი და ლივერპული

▲ზევით დაბრუნება


სპორტი|ფეხბურთი

გიორგი მაჩაბელი

ლივერპულში ესპანელების ყიდვა კარგი ტონია. ფერნანდო ტორესმა ლივერპულში თითქმის რინგო სტარამდე გაქაჩა და ტორესი ახსოვთ. ესპანელებიც ახსოვთ. ლივერპულმა 35 მილიონ ევრომდე გადათვალა და ბარსელონას დავიდ ვილიაში შესთავაზა. ვილია სხვა თემაა და ლივერპულისთვის თითქმის ტორესია.

0x01 graphic

ფოტო: REUTERS ©

შარშან, ვილიაზე გვარდიოლამდე ლივერპულის ბოსები გავიდნენ. ორ კვირაში ვილია ბარსელონაში წავიდა. ლივერპული მეორე დავიდზე გადაერთო და ოდნავ იაფმა დავიდ სილვამ სიტისკენ გაუხვია.

Superdeporte ვალენსიაში იბეჭდება, პოპულარული საკითხავია. რამდენიმე კვირის წინ მთავარ სათაურში ვილია და ლივერპული არიან. ესპანელები უკვე ჭორაობენ ბარსელონაში სიტუაციის დაძაბვაზე. სიტუაცია ვილიამ ლეო მესის დაუძაბა. ვარჯიშზე რაღაც უაზრობის გამო აუხტა მესის და ეძველბიჭა. ვილიამ მესისთან იძველბიჭა!

გვარდიოლამ ეგრევე ბრიფინგი ჩაატარა, ვილიაზე თქვა, ყველაზე მშვიდი და საყვარელი ბიჭიაო და კონფლიქტი არააქტუალური გახდა. ბარსელონაში აქტუალური ფეხბურთია. მესისთან და ვილიასთან ერთად.

გვარდიოლა ათამაშებს ალექსის სანჩესს, პედრო თითქმის გვარდიოლაა. და მესი. ლეო სულ ცენტრშია. წელს არგენტინელ კლასიკოსს ვილიაზე სამჯერ მეტი გოლი აქვს გატანილი. ბარსელონაში ამისგან პრობლემას არ ქმნიან. მოსულა.

ლივერპულში პეპე რეინა და კიდევ ერთი ესპანელი, ხოსე ენრიკე იღებენ ხელფასს. რეინა სანდოა, ენრიკე ენფილდზე საუბარს, მარტივ კითხვაზე მარტივი პასუხის დაბრუნებას სწავლობს. კენი დალგლიში ვილიაზე კარგს ამბობს. თუ ბარსელონა ტრანსფერს ხელს არ შეუშლის, უკეთესს იტყვის. თან დალგლიშს უკვე არ მოსწონს ენდი ქეროლი. ბიჭი შარშან, 35 მილიონ გირვანქად იყიდეს და ქეროლი ჯერ დაბნეულია, ვერ ხვდება, სად მოხვდა და რა უნდა გააკეთოს. თან, ლუის სუარესსაც ვერ დაუმეგობრდა.

ქეროლი ჯერ 22 წლის არის და ლივერპულში, დალგლიშის გარდა, ყველას მოსწონს. ვილია ქეროლთან შედარებით პუშკაშია. რაც ქეროლს დასამუღამებელი აქვს, ის ვილიამ დიდი ხნის წინ აითვისა და დღეს მშვიდად არის. ვალენსიაში დავიდმა 166 ტესტში 108 გოლი აკრიფა. ბარსელონაში - 48 და 23. ნორმალური სტატისტიკაა. ვილიას საგოლე აბებს მესი და სხვები იღებენ. ლივერპულში უფრო თავისუფლად უნდა იყოს.

ვილია: „ბარსელონაში სამოთხეა. ბარსელონა მომწონს. ხანდახან ვალენსია მენატრება, მაგრამ ესპანეთიდან წასვლაზე არ ვფიქრობ. ბარსელონაში გენდობიან და შენგანაც იმავეს ითხოვენ. ჯერ აქ ვარ”.

ლივერპული ვილიას გარდა სხვა ფორვარდებს არ აკვირდება. საყრდენიც უნდა და რეინასთვის ნორმალური დამსვენებლის იაფად პოვნაზეც თანახმაა. უბრალოდ, ვილია Wanted-ის სიაში პირველია. ბარსელონაში ჯერ ფიქრობენ.

25 უცნაურად ტრაგიკული დასასრული

▲ზევით დაბრუნება


სპორტი|ფეხბურთი

ლაშა გოდუაძე

0x01 graphic

გარი სპიდი

27 ნოემბერს უელსის ნაკრების ექსფეხბურთელი და მთავარი მწვრთნელი გარი სპიდი ჩეშირის საგრაფოში, დაბა ჰანტინგტონში საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. სამართალდამცავთა ინფორმაციით, მან თავი ჩამოიხრჩო.

„მასთან ერთად 13 წლის განმავლობაში ვთამაშობდი ნაკრებში - ის ბრწყინვალე ადამიანი და შესანიშნავი თანაგუნდელი იყო. ახლაც არ მჯერა ეს ამბავი”, - მანჩესტერ იუნაიტედის უბერებელი ლიდერი რაიან გიგზი.

„ძნელია, როცა ასეთი კარგი კაცი გტოვებს. ჩვენ წლების მანძილზე თანაგუნდელები ვიყავით. ერთადერთი, რაც ახლა შემიძლია, მისი ოჯახის თანაგრძნობაა”, - უელსის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი მარკ ჰიუზი.

„მეამაყება, რომ ვმეგობრობდით. რამდენიმე საათით ადრე ერთად ვიყავით სტადიონზე და თურმე უკანასკნელ წუთებს ვატარებდი მის გვერდით”, - პრემიერლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი ალან შირერი.

გიგზს, ჰიუზს და შირერს უამრავი სახელგანთქმული ფეხბურთელი შეუერთდა: კენი დალგლიში, გორდონ სტრაჩანი, დევიდ ბექემი, ჰოვარდ უილკინსონი... ოჯახს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კამერონმა, უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ და ფიფას თავკაცმა ზეპ ბლატერმაც მიუსამძიმრეს...

გარი სპიდი ინგლისის პრემიერლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო. 2003 წელს, როცა ლიგის ათი წლის იუბილე აღინიშნა და სიმბოლური ნაკრებიც დასახელდა, უელსელი ნახევარმცველი უპრობლემოდ მოხვდა 11 რჩეულს შორის.

ფეხბურთელის კარიერა მან ლიდს იუნაიტედში დაიწყო: 1990 წელს მეორე დივიზიონში იმარჯვა, 1992 წელს კი ძველ პირველ დივიზიონში ინგლისის ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა. კლუბის ისტორიაში საჩემპიონო სეზონის ნახევარმცველთა ოთხეული - გორდონ სტრაჩანი, გარი მაკალისტერი, დევიდ ბეტი, გარი სპიდი - საუკეთესოდ მიიჩნევა.

ელანდ როუდი უელსელმა 1996 წლის ზაფხულში დატოვა: სეზონ-ნახევარი ლივერპულის ევერტონში ითამაშა, გუნდში, რომელსაც ბავშვობაში ქომაგობდა, 1998 წელს კი ნიუკასლ იუნაიტედში გადაინაცვლა და 2004 წლის ზაფხულამდე უერთგულა ჩრდილოინგლისურ კლუბს. მერე ბოლტონ უონდერერსი იყო, სულ ბოლოს კი შეფილდ იუნაიტედი.

გარი სპიდი პირველი იყო, ვინც 500-ჯერ ითამაშა ინგლისის პრემიერლიგაში. კარიერა 535 მატჩით დაასრულა - ეს რეკორდი წლების შემდეგ დევიდ ჯეიმსმა, მოგვიანებით კი მეორე უელსელმა რაიან გიგზმა გააუმჯობესა.

„40 წლის ვარ და თითქმის წელიწადია მოედანზე ვერ გავსულვარ - ხან რა მაწუხებს, ხან რა. მენატრება თუ არა თამაში? სიმართლე გითხრათ, ახლა სათადარიგოთა შორის ყოფნა და თანაგუნდელთათვის თვალის დევნება უფრო მსიამოვნებს”, - ეს სიტყვები სპიდმა 2009 წლის ოქტომბერში თქვა.

რამდენიმე თვეში მან ოფიციალურად დაასრულა კარიერა, თუმცა შეფილდ იუნაიტედი მაინც არ დატოვა - მწვრთნელი გახდა.

2010 წლის სექტემბერში უელსის ნაკრების მენეჯერი ჯონ ტოშაკი თანამდებობიდან გადადგა. საფეხბურთო ასოციაცია სპიდს შეეხმიანა და მალე ექსფეხბურთელს ქვეყნის პირველი გუნდიც ჩააბარა. 12 ნოემბერს უელსმა ამხანაგურ მატჩში 4:1 მოუგო ნორვეგიას - ეს ლომების უკანასკნელი გამარჯვება აღმოჩნდა სპიდის ხელმძღვანელობით...

26 ნოემბერს გარი სპიდი BBC-ის ერთ-ერთი საფეხბურთო გადაცემის სტუმარი იყო, მოგვიანებით ალან შირერთან ერთად ოლდ ტრაფორდზე მანჩესტერ იუნაიტედის და ნიუკასლ იუნაიტედის სალიგო მატჩს დაესწრო, შემდეგ კი შინ გაემგზავრა.

რამდენიმე საათში ის გარდაცვლილი იპოვეს. თვითმკვლელობის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

მას მეუღლე და ორი ვაჟი დარჩა.

26 დიენ არბუსი: სიცილსა და ცრემლებს შორის

▲ზევით დაბრუნება


კულტურა

თათული წერეთელი

0x01 graphic

50-იანი წლების ამერიკაში, როდესაც ცივი ომის რეჟიმში მყოფი ქვეყანა, საგარეო მტრის ხატის შექმნით იყო დაკავებული, ამერიკული საზოგადოება აუზიანი ვილების და თანაბრად გაკრეჭილ ბალახზე დასვენებულ ახალთახალ კადილაკებზე ოცნებებით ცდილობდა უარესზე ფიქრისგან თავის დაღწევას. სწორედ ამ პერიოდში Vogue-ის, Glamour-ის და Harper's Bazaar-ის ფოტოგრაფ დიენ არბუსს ეჭვი შეაქვს ამერიკული ოცნებების მითებში და მანჰეტენის ელიტურ წვეულებებს ნიუ იორკის გეტოებზე ცვლის. მას სურს ამერიკული რეალობის სრულიად განსხვავებული სახე აღბეჭდოს ფირზე.

0x01 graphic

0x01 graphic

დიენის ფოტოგრაფიული კარიერა მისი მეუღლის, ალან არბუსის გლამურული ფოტოგრაფიის სტუდიაში დაიწყო. სწორედ ალანმა აჩუქა მას პირველი ფოტოაპარატი. „Fashion” სამყაროსგან მობეზრებულმა, მალევე მიატოვა სტუდიური ფოტოგრაფია და ნიუ იორკის ქუჩებში, განსხვავებული რეალობის აღსაბეჭდად გავიდა. არბუსების პროფესიულ განხეთქილებას, 1959 წელს მათი ოფიციალური გაყრა მოჰყვა. „ყოველთვის ვგრძნობდი, რომ დიენი ფოტოგრაფად ჩვენმა განშორებამ ჩამოაყალიბა, - იხსენებდა ალანი. - მის ცხოვრების წესს მე ვერასდროს შევურიგდებოდი. ხშირად ის „იმ” ადამიანებს სახლშიც სტუმრობდა და მათი თავშეყრის ადგილებში, ბარებსა და ღამის კლუბებშიც ხშირად დადიოდა”.

განსხვავებულობა სწორედ ის სიტყვაა, რომელსაც მოგვიანებით არტკრიტიკოსები ყველაზე ხშირად გამოიყენებენ არბუსის ფოტოგრაფიაზე საუბრისას. მისი ფოტოებიდან მართლაც განსხვავებული სახეები და სხეულები უმზერენ მაყურებელს. ის ადამიანები, რომლებიც მანჰეტენის გლამურული სამყაროსთვის ზედმეტად დაბალი ან ზედმეტად მაღალი, ზედმეტად მახინჯი, ღარიბი, ზედმეტად გამომწვევი, უგემოვნო, მუქი ან სულაც ზედმეტად ფერმკრთალნი იყვნენ. ერთი სიტყვით, მარგინალები, რომლებიც თავიანთი გარეგნობით, ცხოვრების სტილით ან თუნდაც შეხედულებებით საფრთხეს უქმნიდნენ იმხანად მოძლიერებულ საშუალო ფენას და მათი ამერიკული ოცნებების ხორცშესხმას.

ხეიბრები, ჯუჯები, გოლიათები, ტრანსვესტიტები, ტრანსგენდერები, ნუდისტები, უსახლკაროები, ლოთები, ლათინოამერიკელები და აფროამერიკელებიც, თავის მხრივ, საოცარი გახსნილობით და თავდაჯერებულობით პოზირებდნენ არბუსის აპარატისთვის. მოგვიანებით, ჩანაწერებში დიენი თავადაც აღნიშნავს, რომ მთავარი საშვი ამ ადამიანების ცხოვრებაში მისი 35მმ-იანი Nikon-ის ფოტოაპარატი იყო. რკინის ყუთი, რომელსაც ისინი უბრალო ადამიანური ყურადღების გამოხატულებად აღიქვამდნენ და ამიტომ, გადაღებასაც სიამოვნებით თანხმდებოდნენ. დიენის პიროვნული ქარიზმაც დიდ როლს თამაშობდა ამ ხალხის „გახსნილობაში” - „მათ მართლა მოვწონვარ, ისინი კი... უბრალოდ, საოცრებები არიან. იმას არ ვგულისხმობ, რომ მინდა მე ან ჩემი შვილები ჰგავდნენ, მაგრამ რაღაც მომენტში ყოველთვის ვახდენ მათთან იდენტიფიცირებას”, - წერდა არბუსი.

იდენტიფიკაციის მომენტი მაყურებელსაც არ ტოვებს. ხელოვანის ყველა ფოტოში საზოგადოების მიერ გარიყული ადამიანები პირდაპირ ობიექტივს, ანუ მაყურებელს უყურებენ. თვალში გაყრილი თამამი მზერა კი სიბრალულის, განსჯის ან ზიზღის საშუალებას არ უტოვებს დამთვალიერებელს. პირიქით, ისიც თავის მხრივ საკუთარ ნაკლზე იწყებს ფიქრს, რადგან აცნობიერებს, რომ როლები შეიცვალა - იგი თავად ხდება ფოტოდან მომართული მზერის სამიზნე და, შესაბამისად, განსჯის ობიექტიც.

„როგორც ჩანს, არ შემიძლია ადამიანი ფოტოზე ლამაზად გამოვიყვანო, - წერდა არბუსი, - რამდენიმე ასეთი მცდელობის შემდეგ, ფოტო მაინც უვარგისი გამომდიოდა”. ამის გამო სიუზენ ზონტაგი მას „საშინელებათა ხელოვანს” უწოდებდა. ზონტაგის შეფასება, შესაძლოა, ზედმეტად მორალისტური მოგვეჩვენოს. ის წერს, რომ შეძლებული ოჯახიდან გამოსული არბუსი საზოგადოების „სიმახინჯეების” აღბეჭდვისას, მათთან გაიგივების ნაცვლად, საკუთარ პრივილეგირებულ პოზიციას უფრო უსვამდა ხაზს. გაურკვეველია, იცოდნენ თუ არა დიენის ნდობით აღჭურვილმა ადამიანებმა ფოტოსესიის საბოლოო შედეგის შესახებ; იცოდნენ თუ არა, რომ ფოტოს მთავარი პერსონაჟები მათ ნაცვლად, მათი „ნაკლოვანებები” იქნებოდა. დიენ არბუსი მოვლილი და შეძლებული ამერიკელების ფოტოებშიც ოსტატურად ახერხებდა მათი ნაკლოვანებების გამოვლენას, ამჯერად, ფსიქოლოგიურის. საილუსტრაციოდ ყველაზე კარგად ამერიკული საშუალო ფენის საოჯახო ფოტო სახელწოდებით - A family on the lawn one sunday in Westchester, N.Y. გამოდგება. მზეს მიფიცხებული ცოლ-ქმრის და ბალახზე მოთამაშე ბავშვის ფოტო, რომელიც ოჯახური იდილიის ნაცვლად, გულგრილობის და მოწყენილობის ასოციაციებს უფრო იწვევს მნახველში.

48 წლის ასაკში დიენ არბუსმა ბარბიტურატების დიდი დოზა მიიღო, აბაზანაში ჩაწვა და ვენები გადაიჭრა. ერთი წლის შემდეგ, 1972 წელს ნიუ იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში (MoMA) მისი 125 ფოტო საჯარო შეფასებისთვის პირველად გამოიფინა. შოკის და აღფრთოვანების ემოციური ნაზავის ქვეშ მყოფმა კრიტიკოსმა პიტერ შიელდალმა, ფოტოების შეფასებებისას მას „რევოლუციონერი ფოტოგრაფი” უწოდა (The New Yorker, 2005). ხოლო ლეო რუბინფინიმ (Art in America, 2005) აღნიშნა, კაფკას და ბეკეტის შემდეგ, არავის გაუვლია ასე დახვეწილად ხაზი სიცილსა და ცრემლებს შორისო.

სიცილსა და ცრემლებს შორის გავლებული ხაზების აღმოსაჩენად, ამჯერად დამთვალიერებელს პარიზის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი Jeu du Paume მასპინძლობს. 22 ოქტომბერს გახსნილი რეტროსპექტივა 2012 წლის 5 თებერვლამდე გასტანს. Jeu du Paume-ის გალერეაში გამოფენილი 200 ნამუშევრიდან, ნაწილი დიენის ადრეული ფოტოებიცაა. ისინი ჯერ არსად გამოფენილა.

27 R+J

▲ზევით დაბრუნება


თეატრი|კულტურა

რომეო და ჯულიეტას ბერძნული ვერსია

თამარ კიკნაველიძე

14 იანვარს, ქართული თეატრის დღეს, კინომსახიობთა თეატრში პრემიერა გაიმართება. ბერძენი რეჟისორი მიხეილ მარმარინოსი უილიამ შექსპირისრომეო და ჯულიეტასგანსხვავებულ ვერსიას, სახელწოდებით R+J შემოგვთავაზებს. მას და ქართველ მსახიობ გიორგი ნაკაშიძეს, რომელსაც მარმარინოსთან თანამშრომლობის დიდი გამოცდილება აქვს („მედეა, ორი წერტილი მასალა” (2000) დაეროვნული ჰიმნი” (2003) ), ერთ-ერთი რეპეტიციის დროს შევხვდით.

0x01 graphic

ქეთა შათირიშვილი, მიხეილ მარმარინოსი და გიორგი ნაკაშიძე რეპეტიციაზე/ფოტო: დიმა ჩიკვაიძე

გიორგი ნაკაშიძე: მიხეილ მარმარინოსს პირველად „მედეა: მასალაზე” მუშაობისას შევხვდი. ძალიან რთული პერიოდი იყო, უშუქობა, სიცივე და ა.შ. მაგრამ მასთან თანამშრომლობამ, შეიძლება ითქვას, რომ უმძიმესი პერიოდი გადამატანინა და ყველაფერს მომწყვიტა. საერთოდ, ძალიან გახსნილი ადამიანი ვარ თანამშრომლობისთვის და ყოველთვის ვგრძნობ, მიღირს თუ არა მუშაობა კონკრეტულ შემოთავაზებაზე. მარმარინოსთან რეპეტიციები იმდენად საინტერესოდ დაიწყო და წარიმართა, რომ მაშინვე მივხვდი ვისთან მქონდა საქმე. მის მიერ შემოთავაზებულ მასალაში ჩავიძირეთ - არსად წასვლის, სხვა საქმის კეთების სურვილი აღარ მქონდა. როდესაც რეპეტიციებიდან დაღლილები ვბრუნდებოდით სახლში, ისევ იმაზე ვფიქრობდით, როდის გათენდებოდა მეორე დღე, რომ დაწყებული საქმე გაგვეგრძელებინა და ერთმანეთს კვლავაც შევხვედროდით. ათი საათის განმავლობაში რომ რეპეტიცია არ გწყინდება, მხოლოდ და მხოლოდ რეჟისორის დამსახურებაა. რაც შეეხება სპექტაკლს, რომელსაც ვამზადებთ, რომელიმე პერსონაჟს განვასახიერებ-მეთქი, ვერ გეტყვით, რამდენადაც ყველანი ერთად გამოვხატავთ საერთო ტკივილს, მიდგომას და დამოკიდებულებას არა მხოლოდ კონკრეტული ისტორიის, არამედ მთელი სამყაროს მიმართ. რეჟისორი გვეხმარება, რომ გამოვამჟღავნოთ ყველაფერი, რაც დაგვიგროვდა.

  • თქვენი სპექტაკლით კინომსახიობთა თეატრი იწყებს საერთაშორისო პროექტს, რომელიც მსოფლიო კულტურულ პროცესში ჩართვასა და საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობას ითვალისწინებს. როგორ ფიქრობთ, რატომ გაკეთდა არჩევანი თქვენზე?

მიხეილ მარმარინოსი: ალბათ იმიტომ, რომ ეს არ არის ჩემი პირველი სპექტაკლი საქართველოში. კარგად ვიცნობ ქართველ მსახიობებს, ძალიან მიყვარს საქართველო და ეს ყველაფერი, როგორც ჩანს, მნიშვნელოვანია. აქ ბევრი რამ მომწონს და ბედნიერი ვარ, რომ სხვადასხვა თაობის წარმომადგენლებთან მომიწია მუშაობა.

  • როგორ გაიხსენებდით დროს, როდესაც საქართველოში პირველად ჩამოხვედით, გაიცანით ქართველი მსახიობები და დადგით სპექტაკლები, რომლებიც ქართველ თეატრალებს კარგად ახსოვთ...

მაშინ უფრო ადვილი იყო თუ რთული, ვერ ვიტყვი. ალბათ უფრო რთული - გვქონდა პრობლემები, რომელთა გადალახვაც გვიწევდა. ძალიან სასიამოვნოა, დღეს თეატრს აქვს განათება, მოდის წყალი, ჩართულია გათბობა და ა.შ. ვერ ვიტყვი, რომ ის საშინელი პერიოდი იყო, მაგრამ ვხედავ, რომ საქართველოში ბევრი რამ სასიკეთოდ ვითარდება. ქართველ მსახიობებთან თანამშრომლობას რაც შეეხება, გიორგის გარდა ყველა პირველად ვნახე, აქამდე არცერთთან არ მიმუშავია და შემოქმედებითი გუნდის დაკომპლექტებას მართლაც დიდი დრო მოვანდომე.

  • მათთან მუშაობით მიღებული გამოცდილებიდან გამომდინარე, შეგიძლიათ თუ არა ქართველი მსახიობების რაიმე განსაკუთრებულ თვისებებზე ისაუბროთ?

მსახიობი არის არსებული ცივილიზაციის, გნებავთ კულტურის, ხელშესახები, თვალხილული ნაწილი. რაზეც ისტორია, კონფლიქტები, ცვლილებები ძალიან მოქმედებს და ეს არის ის, რასაც მსახიობებთან მუშაობისას ვეძებ. მათი სამსახიობო ნიჭი და უნარები კი არ მაინტერესებს, არამედ ის, თუ რამდენად არიან საკუთარი კულტურის მაცნენი, იმიტომ, რომ გზა, რომელსაც თეატრში ვადგავარ, არ არის დამყარებული მსახიობის ნიჭიერებაზე. მათ უნდა შეძლონ, რომ პირდაპირი ან ირიბი გზით ისტორიის პატარა მაგალითები გამოანათონ და მათივე საზოგადოება „წარმოაჩინონ”. ამ თვალსაზრისით, ქართველი მსახიობები ძალიან მდიდრები არიან. მომწონს ისიც, რომ ქართველები მსახიობებს, ცნობიერად თუ არაცნობიერად, არტისტებს ეძახიან, არადა, არტისტი არის ტერმინი, რომელსაც გარკვეული საფეხურების გავლის შემდეგ უნდა მიაღწიო. ასევე, მომწონს, რომ საქართველოში არსებობენ ოჯახები, სადაც მსახიობობა თაობიდან თაობას გადაეცემა, რაც ძალიან იშვიათი და ძალიან ქართული მოვლენაა. და კიდევ ერთი, ვმუშაობ არაჩვეულებრივ ქართველ მხატვართან, უშანგი იმერლიშვილთან. რომელიც სახლში ზის... ეს ჩემთვის ქართული აზროვნების ამბივალენტურობის მანიშნებელია. ქართველებს არაჩვეულებრივი ხალხი გყავთ, მაგრამ ვხედავ, რომ ისინი ხშირად ინერტულები არიან და არ მესმის რატომ. ის რომ საქართველოში არ ყოფილიყო, ჭამის დროც კი არ ექნებოდა... ასეთ ხელოვანებს საზოგადოებამ დადებითი მუხტი და ენერგია უნდა გადასცეს იმისთვის, რომ არ გაჩერდნენ და წინ წავიდნენ. უშანგი იმერლიშვილი უკვე სხვა თაობის წარმომადგენელია, მაგრამ იმდენად თანამედროვე, ღია, ორგანიზებული, ზუსტი და სწრაფია, იმხელა პროფესიონალია, რომ ნამდვილი საგანძურია.

  • თქვენს სპექტაკლებს საქართველოში არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა, თუმცა საზოგადოების ინტერესი ნამდვილად გამოიწვია, უპირველესად, ალბათ, ფორმის, სათეატრო სივრცის არატრადიციულად ათვისების თვალსაზრისით, ინტერაქტიულობით და .. ამჯერად რას გვთავაზობთ?

ხელოვნება არის როგორც ბომბი, რომელსაც ტაბლეტივით ვყლაპავთ და ველოდებით როდის გასკდება და აფეთქდება ჩვენში. ასეთი აფეთქების დროს ცხოვრება შეიძლება სულ სხვანაირად, უფრო ფერადად, შთამაგონებლად და სიურპრიზებით სავსედ დავინახოთ და განვიცადოთ. ინტერაქცია და ინტერაქტიულობა მიზანი კი არა, უფრო მექანიზმია იმისთვის, რომ რაღაცას მიაღწიო. გულწრფელად რომ გითხრათ, ინტერაქტიული თეატრი არ მომწონს, მხოლოდ რაღაც თვისებები მომწონს მისი და კიდევ, გავლენები, რომელსაც ის ადამიანზე ახდენს. თეატრი ისედაც ინტერაქტიულია და თუ ასეთი არ არის, ე.ი. ის არ არსებობს. თუ ჩვენი შემოქმედებითი გუნდი ინტერაქტიულია, ამ ინტერაქციაში ძალიან ფრთხილი მინდა ვიყო და არავის არაფერი დავაძალო. მაყურებელს უნდა ჰქონდეს უფლება თავად გადაწყვიტოს, შეუერთდეს თუ არა წარმოდგენას.

  • რატომ შეაჩერეთ ყურადღება პიესაზე, რომელიც საქვეყნოდ ცნობილია და არაერთი ინტერპრეტაცია გვინახავს?

ზოგჯერ ჩვენ ვხედავთ რაღაცებს, რაც ძალიან კარგად არის დაფარული, ამიტომაც მაყურებელს კიდევ ერთხელ მივცემთ საშუალებას, მიუახლოვდეს მასალას, რომელიც ამოუწურავია. მას, ისევე როგორც „ჰამლეტს”, ყოველ 4-5 წელიწადში ერთხელ შემიძლია დავუბრუნდე.

  • რომეო და ჯულიეტასცნობილი ინტერპრეტაციებიდან, რომელიმეს განსაკუთრებულად ხომ არ აღნიშნავდით?

ასეთი რომ მენახა, მუშაობასაც ვერ გავბედავდი. ჩვენ თუ უმანკოები და გულწრფელები არ ვიქნებით, გაბედულებაც არ გვეყოფა. რა მომწონს ზოგადად ხელოვნებაში? ის, რომ ეს არ არის საჭიდაო რინგი, სადაც მხოლოდ ერთმა უნდა გაიმარჯვოს. ხელოვნებაში გამარჯვებული ერთდროულად რამდენიმე ადამიანი შეიძლება იყოს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ერთგვარი კურთხევა და დალოცვაა.

  • რატომ უნდა მოვიდეს მაყურებელი სპექტაკლზე?

მოპატიჟება დიდად არ მეხერხება. თუ აინტერესებთ რა ხდება, მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა მოვიდნენ. ჩემთვის იდეალურია, როდესაც მაყურებელი მოდის, როგორც ცარიელი ჭიქა და წარმოდგენის დამთავრების შემდეგ, დარბაზიდან სავსე გამოდის.

28 „მე ჩავკეტე ლაბირინთი…” - ლოგიკა კლიშეების წინააღმდეგ

▲ზევით დაბრუნება


კულტურა

დავით ჩიხლაძე

ინტერვიუ გელა ზაუტაშვილთან

  • შენი ბოლოდროინდელი ნახატები, თუნდაც ეს აღმოსავლური და ტანტრისტული გამოფენა ლაბირინთი”, ჩემი აზრით, .. ოკულტურას მიეკუთვნება, თუ ეს უბრალოდ გულწრფელობაა შენთვის ძვირფასი პირადი სამყაროს შესახებ? არის ასეთი ნახევრად ირონიული ტერმინი ოკულტურა, რაც კულტურას და ოკულტიზმს აერთიანებს, როდესაც რომელიმე არტისტის შემოქმედება ოკულტურ იდეებზე კონცენტრირდება.

მე ეს თემატიკა მხოლოდ შემოქმედებითი იმპულსის დონეზე მაინტერესებს. საერთოდ, იდეებით ვიკვებები, ხელოვნებაშიც და ცხოვრებაშიც. აქ არის ავანტიურაც და თამაშიც. ეს გამოფენა ჩემთვის უფრო გულახდილია. ადრინდელი გამოფენა გალერეა კოპალაში ცოტა მძაფრი იყო და დაძაბულობაც ამიტომ მოიტანა. არ შემიძლია ერთ რაღაცაზე გაჩერება. მხატვრებს, ზოგადად, ახასიათებთ ეს. ადრე აბსტრაქციას ვხატავდი ათი წლის განმავლობაში და ეს ჩემთვის სრულიად ახალი ეტაპია.

  • ბევრი ნიშნები, სიმბოლოები და კონტექსტებია. შენმა ნამუშევრებმა მაყურებელზე ქვეცნობიერად უნდა იმოქმედოს, თუ ისინი მაინც აქტიურად და ყურადღებით წასაკითხია?

არის სურათები, სადაც უნდა იცოდე კანონიკა. თუ რატომ აქვს, ვთქვათ, ენა გამოყოფილი ქალღმერთ კალის. საბოლოო ჯამში, რა მნიშვნელობა აქვს გაცნობიერებული იქნება ეს მაყურებლისთვის თუ არა. ჩემს ცხოვრებაში ეს მედიტაციური პერიოდია.

  • იდეების ილუსტრაციულობა და პათეტიკა თანამედროვე ხელოვნებისთვის ცოდვაა”. ხომ არ გინდოდა თანამედროვე არტის ამ მოსაწყენი და სტერილური ერთფეროვნებიდან გამოსულიყავი?

მე ნამდვილად მიყვარს რაღაცების მოყოლა. ცხოვრებაში ძალიან არაკომუნიკაბელური ვარ და საერთოდ არ ვლაპარაკობ. არსად დავდივარ - მარტო სახელოსნო და სახლი. მეორე მხრივ, არ მაკმაყოფილებს თანამედროვე ხელოვნების ერთგვარი ასკეტურობა მასალაში, მისი მინიმალიზმი და რედუქცია. მესმის, რომ ახალ ტექნოლოგიებს წარმოუდგენელი შესაძლებლობები აქვს, მაგრამ მე ძველმოდური ვარ და საღებავი და ფუნჯი მიყვარს. ეს მირჩევნია.

0x01 graphic

გელა ზაუტაშვილი ინდოეთში

  • ამ ტიპის ტანტრისტული შინაარსის გამოფენა გქონდა უცხოეთში?

მქონდა ვენაში და 2012 წელს ინდოეთში ვაპირებ, დელიში. ინდოეთთან დაკავშირებით ეს გამოფენა საკმაოდ სერიოზულად მაქვს მოსაფიქრებელი. არსებობს რაღაც კანონიკური წესები, რისი გათამაშებაც არ შეიძლება. მე მინდა, რომ ჩემი დამოკიდებულება სათუთი იყოს. ინდოეთში არიან შესანიშნავი, ჩემზე გაცილებით მაგარი მხატვრები და ისინი ჩემზე 10-ჯერ ნაკლებ ფასად იყიდებიან. შეიძლება თანამედროვე ხელოვნებაში ყველა მაგარი არ არის, მაგრამ მე არ შემიძლია მათთან კარგად გააზრებული გამოფენა არ ჩავიტანო.

  • რამდენად იყიდება შენი ნამუშევრები?

5 ათას დოლარად, დაახლოებით.

  • შენს ნამუშევრებში ორი მთავარი მძაფრი ხაზი იკვეთება, სექსის და ეგზისტენციის. აქ არის ადამიანური ძალადობის და ფრუსტრაციის ამსახველი მომენტებიც ღმერთებთან ერთად. გინდა თქვა, რომ ცხოვრება ძალზე დამაბნეველი და ცუდია?

ცხოვრება არის ფანტასტიკურად კარგი, ლამაზი და საყვარელი. შენ ახსენე სიტყვა სექსი. კაჯურაჰოში შვიდი ტაძარია დახუნძლული კამა სუტრას სცენების რელიეფებით. ვერ წარმოიდგენ, იქ პატარა ბავშვები ისეთი სიყვარულით გიყვებიან ღმერთების სექსუალურ ისტორიებს და ერთი წამითაც არ არის მათ მონაყოლში რაიმე უხამსობა. აქ საერთოდ ყველა სხვა განზომილებაში ცხოვრობს. ერთხელ ერთ ბიჭს ვკითხე, რამდენი წლის ხარ-მეთქი და დაფიქრდა. მერე მითხრა, პასპორტი მაქვს და ჩვიდმეტის უნდა ვიყოო.

  • ნამუშევარი, სადაც ცენტრში ნაჩვენებია ადამი და ევა, გარეთ კი ჩანს ქალები, ხან მეძავის, ხან ფეტიშისტური ან სიბერის ნიშნებით, სამოთხიდან თითქოს გარეთ აღმოჩნდნენ. და ეს კარგია თუ ცუდი?

იმას ვიტყვი, რომ დასავლეთი ყურებამდე შეცდომებშია ჩაფლული. რასაც ვერ ვიტყვი აღმოსავლეთზე. აღმოსავლეთში ინდოეთსაც ვგულისხმობ და ჩინეთსაც. გარდა ამისა, ჩემი ნახატები უბრალოდ ხულიგნური თამაშია. თუ კარგად გახსოვს ეს ნახატი, იქ ევასაც აქვს პენისი და ეგ რას ნიშნავს? განა რამე რამეს ნიშნავს? ერთხელ ჟურნალისტი ეკითხება ფელინის - მაესტრო, ფილმში ეს კადრი ამას ნიშნავსო? რაზეც ფელინი პასუხობს, რა კარგი აზრია, აქამდე არც კი მომსვლია თავში, დიახო.

  • რამდენიმე ნახატში ჩანს წარწერები ცნობილი დასავლური ბრენდების, ანუ მაინც გინდა, დასავლეთიც აზიარო ამ მისტიკურ მარადიულობას?

რატომაც არა. ენდი უორჰოლმა გაჭრა ეს კარი, როდესაც ნაცნობი სამომხმარებლო გარემო სიმულაკრად აქცია. ამ კარში შესვლა ძნელია. მასთან შეიძლება მხოლოდ ახლოს მიხვიდე. მეც ვცადე.

  • შენს ნახატებში ხშირადაა გამოსახული ვაგინა. ინდოეთში კი ასე არაა, იქ უფრო ფალოსს, ლინგამს გამოსახავენ, რომელიც შივას წარმოადგენს. და, საერთოდ, მსოფლიოში ქალური ენერგია, ინტუიცია, ირაციონალური რეპრესირებულია მამაკაცურის და ფორსირებულის სანაცვლოდ. ამის ჩვენება გინდა?

საინტერესო რამეს ამბობ. მაგრამ ლინგამი იონის გარეშე არასოდეს გამოისახება. ინდოეთში ქალები ძროხის ნაკელისგან აკეთებენ იონის ფორმის რგოლებს და მერე ამ რგოლებს ალაგებენ ერთმანეთზე, როგორც ლინგამს. საერთოდ, იონის ეს კულტი საკმაოდ დაფარულია.

  • არიან სხვა მხატვრები, ვისთანაც არის ასეთი შინაარსები?

როგორ არა. ბოისთან არ არის ეს? ან პოლკესთან ან კლემენტესთან?

  • მე მგონია, რომ შენთან ძალიან გამოკვეთილია. ეს ნამუშევრები სამყაროს თაყვანისცემაა თუ ლაბირინთიდან გამოსავლის ძიება?

ერთიც და მეორეც. ლაბირინთიც თამაშია.

  • რა არის ლაბირინთის ბოლოს?

ახალი ეტაპი. ახალი თავსატეხი. ლაბირინთს ვერ დაამთავრებ.

  • მაგრამ ხომ აქვს ბოლო ოთახი?

მე ჩავკეტე იქ შესასვლელი. და თუ გახსოვს, ამ სურათში მე ლაბირინთის გარეთ ვდგავარ.

  • უფრო მთავარი გულწრფელობაა თუ ის, რომ მაგარი იყო? შენ თითქოს მიდიხარ ამ რისკზე, უბრალოდ გულწრფელი დარჩე. რა გაძლევს ამის გამბედაობას?

ჩემი წესიერება. მე გამოვრიცხე ჩემი ცხოვრებიდან აღვირახსნილობა, ნარკომანია, ლოთობა. ელენა ბლავატსკაიას აქვს ნათქვამი, აუცილებელია სწორად განალაგო ობიექტური საგნები, რომ საბოლოოდ დაინახო - ერთადერთი ჭეშმარიტი სამყარო სუბიექტურია. ცოტას თუ თამაშობ კიდეც და გულწრფელიც ხარ, ძალიან მაგარია.

  • ამ ნახატებიდან შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ აღვირახსნილობას აღმერთებ?

პირიქით, ამიტომაც ვათავსებ იქვე დალაი ლამას და ბუდას სახეებს. ყველაფერი ლოგიკურია, თქვა დალაი ლამამ, როდესაც ტიბეტი დაიკარგა და ინდოეთში, ბუდიზმის სამშობლოში დასახლდა. ამ სიმძაფრეების გვერდით მე დალაი ლამას სურათს ვკიდებ.

P.S. გამოფენა „ლაბირინთი” გალა გალერეაში იმართება.

29 როგორ გავაახალგაზრდავოთ ქართული ღვინო

▲ზევით დაბრუნება


გურმანი|ღვინის კლუბი

მალხაზ ხარბედია

0x01 graphic

მემგონი დამეთანხმებით, რომ დღეს ქართული ღვინის კომპანიები განსაკუთრებულად გულგრილნი არიან ადგილობრივი ბაზრის მიმართ. ძალიან ცოტა კეთდება იმისთვის, რომ ქვეყანაში ბოთლის ღვინო პოპულარულ პროდუქტად იქცეს. არ წარმოებს სარეკლამო კამპანიები, ღვინო ვერა და ვერ იქცა მიმზიდველად, რადგან ზოგიერთს ხელოვნურად გაბერილი ფასი აქვს, ხარისხთან შეუსაბამო, სხვებს კი შეფუთვა არ უვარგათ. ამ, და კიდევ სხვა მიზეზების გამოა, რომ ბოლო მონაცემებით, 2010 წელს, საქართველოში მხოლოდ 1,5 მილიონი ბოთლი ღვინო გაიყიდა, რაც ქვეყანაში წარმოებული ღვინის მხოლოდ 2,3%25-ს შეადგენს.

ეს ძალიან ცუდი მაჩვენებელია ღვინის ქვეყნისთვის. ნუთუ მთელი ქვეყანა მხოლოდ თავის დაყენებულ ღვინოს მოიხმარს? იქნებ ყველა ლუდზე და არაყზე გადავიდა? ანდა, ვინ იცის, იქნებ კომპანიებმა საბოლოოდ ჩაიქნიეს ხელი ადგილობრივ ბაზარზე?.. ბევრი ასეთი კითხვის დასმა შეიძლება და ის, რომ დღეს საქართველოში ღვინო ძალიან ცუდად იყიდება, მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. ცხადია, ერთ-ერთი სერიოზული შემაფერხებელი ამ თვალსაზრისით, იაფიანი ღვინის ძალზე მწირი არჩევანია - დღეს საქართველოში თითქმის ვერ ნახავთ 2-დან 5 ლარამდე საფასო კატეგორიის ღვინოს, რომელიც სასიამოვნო დასალევი იქნება, თუმცა არანაკლები მნიშვნელობის პრობლემად მიმაჩნია ქართული ღვინის ბრენდების ცნობადობა და ამ პროდუქტის მიმზიდველობა ფართო მასებისთვის. მოკლედ რომ ვთქვათ, ქართულ ღვინოს ხალისი და მომხიბლავობა აკლია, უფრო კონკრეტულად კი, ახალგაზრდული სული.

სწორედ ამის გამოცაა, რომ საქართველოში ახალგაზრდებს ხშირად წარმოდგენაც კი არ აქვთ ქართულ ღვინოზე, ძირითად ჯიშებზე, ღვინის ტიპებზე და მათ თვალში ღვინო ხშირად რაღაც დრომოჭმულთან და ფსევდოტრადიციულ რიტუალებთან ასოცირდება. არადა, მე ვფიქრობ, კომპანიებმა პირველ რიგში სწორედ ახალგაზრდებზე უნდა დაამყარონ იმედები და რაც შეიძლება თანამედროვე გახადონ ქართული ღვინის იმიჯი. ერთი-ორი მცდელობა იყო ბოლო ორი წლის მანძილზე, თუმცა მთლიანობაში ქართული ღვინო ჯერ კიდევ ინარჩუნებს უცნაურ სტატუსს. ეს უცნაური სტატუსი კი იმაში მდგომარეობს, რომ ბოთლის ღვინოს ძირითადად სტუმრებისთვის ყიდულობენ, საჩუქრად.

გასაგებია, რომ ბევრისთვის ღვინო ჯერ კიდევ ფუფუნების საგანს წარმოადგენს, მაგრამ ხომ შეიძლება ამ თემის დემოკრატიზება? ნუთუ ასეთი ძნელია ადამიანებამდე მივიტანოთ პროდუქტი, რომელიც ყველაზე დიდი რაოდენობით მზადდება საქართველოში და რომელზედაც ყველაზე დიდ იმედებს ვამყარებთ? იმედები მომავალს უკავშირდება, მომავალი კი ახალგაზრდების ხელშია, მათი, ვინც ხვალ ქართული ღვინის ელჩები შეიძლება გახდნენ აქაც და უცხოეთშიც, იმ ქვეყნებში, სადაც ისინი ისწავლიან ან იმუშავებენ. ნუთუ კომპანიები არ უნდა იყვნენ დაინტერესებული ადამიანებით, რომლებიც მოდურს გახდიან მათ ღვინოს? ეს ახალგაზრდები ხომ, ზოგადად, ქართული ღვინის სახის ჩამოყალიბებაში, მის გახალისებაში მიიღებენ მონაწილეობას და მათთან, როგორც გათვითცნობიერებულ (და არა ზერელე) მომხმარებელთან აქტიური და ნაყოფიერი ურთიერთობით სულ მალე მართლა შესაძლებელი გახდება მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევა.

გული მწყდება ხოლმე, როცა ვხედავ, რომ ყველაზე ახალგაზრდული ღვინოებიც კი, მაგალითად, ვარდისფერი ღვინოები, ძალიან ძველმოდურად და მოსაწყენად იფუთება. იგივე შეიძლება ითქვას ღვინის ტურიზმზეც. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ქართველი ტურისტის, პირველ რიგში კი ახალგაზრდა, ცნობისწადილით სავსე ადამიანების გარეშე საქართველოში არაფერი ეშველება ღვინის ტურიზმს. განუწყვეტლივ მიწევს იმაზე საუბარი, რომ მხოლოდ უცხოელი ტურისტის იმედად ყოფნა სისულელეა, უფრო მეტიც, დანაშაული, ისევე, როგორც აბსურდულად მეჩვენება ქართული ღვინის ბაზრის დღევანდელი მდგომარეობა, როდესაც ჩვენი ბოთლის ღვინის ყველაზე ფართო მომხმარებლად უკრაინელები და ყაზახები ითვლებიან და ისინი გაცილებით მეტ ქართულ ღვინოს სვამენ, ვიდრე თავად ქართველები.

30 ალიო-ალიო

▲ზევით დაბრუნება


გურმანი|რეცეპტი

0x01 graphic

შეფ-მზარეული
გიორგი რაუში

2 ულუფა
მასალა:
200 გრ. სპაგეტი (სასურველია Barilla)
50 გრ. ცივად დაწურული ზეითუნის ზეთი (extra virgin)
2 კბილი ნიორი
40 გრ. ოხრახუში
პარმეზანი
მარილი
პილპილი
ჯამში: 5 ლარი

მომზადების წესი:

მოათავსეთ სპაგეტი ქვაბში და მოხარშეთ 8-10 წუთი.

დაჭერით ნიორი წვრილად, მოთუშეთ ზეითუნის ზეთში, დაუმატეთ მარილი, პილპილი და ურიეთ 2 წუთი.

მოხარშული სპაგეტი გადაურიეთ მიღებულ მასაში, მოათავსეთ თეფშზე, მოაყარეთ პარმეზანი და წვრილად დაჭრილი ოხრახუში.

0x01 graphic

მასალა შეგიძლიათ შეიძინოთ სუპერმარკეტებში: პოპული (ვეკუას ქ. 3, ტელ. 224 46 35), ჯორჯიტა (წერეთლის ქ. 116, ტელ. 235 71 73), გუდვილი (ჭავჭავაძის გამზირი 34, ტელ. 224 33 02 / 03).