![]() |
ტაბულა №91 |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: მინდიაშვილი ბექა, უგულავა სალომე, ზოდელავა მურთაზ , სოკორი ვლადიმირ, ჯაფარიძე ზურა, კოკიჩაიშვილი თეონა, კოვზირიძე დავით, თოდუა მაია, ჯგერენაია ემზარ, კვანჭილაშვილი ელენე, გამცემლიძე მაკა, აბაშიშვილი გიორგი, ავალიანი დიმიტრი, ქორიძე ავთო, ბასილაია მიხეილ, ჩიკვილაძე ანი, ტურაშვილი თეონა, ელერდაშვილი ვახო, თალაკვაძე ზურაბ, ფირცხელანი გიორგი, გოდუაძე ლაშა, მაჩაბელი სიმონ, ჩიხლაძე დავით, ესებუა ნიკა, ხარბედია მალხაზ, გაჩეჩილაძე თეკუნა, ვაჟა-ფშაველა, ჩხეიძე სანდრო |
თემატური კატალოგი ტაბულა |
საავტორო უფლებები: © თამარ ჩერგოლეიშვილი |
თარიღი: 2012 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: 2012 | 12 - 18 მარტი მთავარი რედაქტორი: თამარ ჩერგოლეიშვილი/აღმასრულებელი რედაქტორები: ნინი გოგიბერიძე, სალომე კიკალეიშვილი/რედაქტორები: ქეთი მსხილაძე, ელენე კვანჭილაშვილი, ლევან რამიშვილი, დავით კოვზირიძე, ნინო მაჭარაშვილი/უცხოელი მრჩეველი: ბარბარა სვანი/ჟურნალისტები: დიმიტრი ავალიანი, გიორგი კეკელიძე, სალომე უგულავა, მაკა გამცემლიძე, ავთო ქორიძე, ნინა ახლოური, თეონა ტურაშვილი, ირაკლი კიკნაველიძე, ლევან სუთიძე, თეონა კოკიჩაიშვილი, სიმონ მაჩაბელი, ლაშა გოდუაძე, ზურაბ თალაკვაძე, ნიკა ესებუა, ანანო სხირტლაძე, მიხეილ ბასილაია, ლარა ჯამარაული, ირაკლი გუნია/ვები: სანდრო თარხანმოურავი, ლევან მეტრეველი, ნათია სოფრომაძე, ეკა წამალაშვილი/კორექტორი: ნინო საითიძე/არტრედაქტორი: ბაჩა მალაზონია/დიზაინი & პრეპრესი: კახა დოლიძე, ნიკა კუპრაშვილი/ფოტორედაქტორი: დიმა ჩიკვაიძე/ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი/გამომცემელი: სამოქალაქო განათლების ფონდი/დირექტორის მოადგილე: გიორგი ფრუიძე/ოფის მენეჯერი: ანანო ვარდოსანიძე/გაყიდვები და მარკეტინგი: გიორგი ჭეიშვილი/ყოველკვირეული ჟურნალი ტაბულა, ტელ: + 995 32 2420 300, email: info@tabula.ge/სტამბა: BILNET Printing, Dudullu Organize Sanayi Bцlgesi, 1. Cadde No: 16 Umraniye, 34696 Istanbul TURKIYE, ტელ.: +90 216 444 4403, ფაქსი: +90 216 365 9907/© 2012 საავტორო უფლებები დაცულია, ჟურნალში გამოქვეყნებული მასალების გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია. |
![]() |
1 სიტყვასიტყვით |
▲ზევით დაბრუნება |
„ვიღაც რომ ყვიროდა დიქტატორობაზე... როცა ეს გავიგონე, ვიფიქრე: ჯობს იყო დიქტატორი, ვიდრე გეი“.
ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის საპასუხოდ, რომელმაც ის „ევროპის უკანასკნელ დიქტატორად“ შერაცხა. 4 მარტი.
„მუსლიმისთვის წინასწარმეტყველ მუჰამედის გამოსახულებას - განსაკუთრებით კომიკურ ან იუმორიან გამოსახულებას - შეიძლება გროტესკული, ბავშვთა პორნოგრაფიის ემოციური ძალა ჰქონდეს“.
ასე ახსნა BBC-ის ხელმძღვანელმა მარკ ტომფსონმა პოზიცია, რომლის მიხედვითაც, ტელეარხზე დასაშვებია ქრისტეს პაროდირება, მაგრამ მუჰამედისა - არა. 29 თებერვალი.
„მსოფლიო გამოცდილებას რომ შევხედოთ, რაც განდიმ, ნელსონ მანდელამ გააკეთეს, რთული იყო. ამას დრო უნდა. ამას ერთზე მეტი ვადა სჭირდება და ერთ პრეზიდენტზე მეტი. ამას ერთზე მეტი პიროვნება სჭირდება“.
აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა „ცვლილების“. პოლიტიკის გატარების სირთულეზე. 2 მარტი
„ვფიქრობ, ეს ნამდვილად ძალინ დიდი წვეულება იყო. გაოცებული ვუყურებდი, რამდენი ვარსკვლავი მიდიოდა იქ რეალურად ძვირი ტანსაცმლით“.
მსახიობი მილა იოვოვიჩი მოძრაობა „დაიპყარი უოლ სტრიტის“ შესახებ. 29 თებერვალი.
„მართალია, ეს იხვია. მაგრამ ბირთვული იხვი. და დროა, მსოფლიომ იხვს იხვი დაუძახოს“.
ისრაელის პრემიერი ბინიამინ ნეთანიაჰუ ირანის ბირთვული საფრთხის შესახებ. 6 მარტი.
„ჩვენი ინტეგრაციის სისტემა უფრო და უფრო ცუდად მუშაობს,იმიტომ რომ ჩვენს ტერიტორიაზე მეტისმეტად ბევრი უცხოელია. მათთვის საცხოვრებლის, სამსახურისა და სკოლის პოვნა აღარ შეგვიძლია“.
საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი. 7 მარტი
„საქართველოს ბოლო ისტორიული შანსია - გამოიყენოს ახლო მომავალში პუტინის პრეზიდენტობა - ერთადერთი ადამიანის, ვისაც ქართველი ხალხის, მისი ისტორიის, რელიგიისა და კულტურის გადარჩენა შეუძლია“.
საქინფორმის რედაქცია, პუტინისთვის პრეზიდენტობის მისალოცი წერილიდან. 6 მარტი.
![]() |
2 ეკლესიის სამი ცთუნება |
▲ზევით დაბრუნება |
არენა
ბექა მინდიაშვილი
უმთავრესი საკითხი, რაც დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე დგას - ქრისტეს მოძღვრების დაკარგვის საფრთხეა. ეკლესია, რომლის პოზიციას გამოხატავენ პატრიარქი, მღვდელმთავრები, მღვდლები და მრევლი, საუბრობს საქართველოს სულიერ მისიაზე, დასავლეთის დეგრადაციაზე, ეკონომიკასა და კულტურაზე, აფასებს საშინაო და საერთაშორისო მოვლენებს, მაგრამ ის არაფერს ამბობს თავად ქრისტეზე, იმაზე, თუ ვინ არის ეკლესიის ნამდვილი წინამძღოლი. სამღვდელოება თითქოს საგულდაგულოდ მალავს ჯვარცმულ ღმერთს, რადგან გრძნობს, რომ ქრისტეს მოძღვრების თავისუფალი გავრცელება, მის ძალაუფლებას, მის მიერ შეთხზულ მითებსა და სიმდიდრეს შეიძლება დაემუქროს.
ამ დღეებში ეკლესია უმნიშვნელოვანეს თარიღს - ავტოკეფალიის აღდგენის დღეს იზეიმებს. მაგრამ ავტოკეფალურობა არაფერს ნიშნავს, თუკი მთავარ კითხვას არ გაეცა პასუხი - არის კი იგი ქრისტეს მიმდევართა საკრებულო?
ცთუნება პურით
სახარება მოგვითხრობს, რომ იესო ქრისტე ქადაგების დაწყებამდე, უდაბნოში განმარტოვდა და ორმოცდღიანი მარხვის შემდეგ სამი საცდურის წინაშე აღმოჩნდა.
იუდეის უდაბნო აღმოსავლური ლავაშის მსგავსი ბრტყელი პატარა ქვებით იყო მოფენილი. თუ ძე ხარ ღვთისა, თქვი, რომ ეს ქვები პურად იქცნენ, - გაისმა ხმა. იმ დროს ყველა იუდეველმა იცოდა, რომ მესიის მოსვლა მათ ეკონომიკურ პრობლემებსაც მოუღებდა ბოლოს. დააპურე მშიერი ხალხი, აჩუქე მათ ბედნიერება და გამოგყვებიან. მოახდინე ეკონომიკური სასწაული და ყველანი შენი რელიგიის ადეპტებად იქცევიან. მაგრამ იესო ამ, ერთი შეხედვით, ეფექტურ გამოსავალს უარყოფს. იგი პასუხობს, რომ არა მხოლოდ პურით ცოცხლობს კაცი, არამედ ყოველი სიტყვით, რომელიც გამოვალს პირისაგან ღვთისა.
ჩვენთვის ეს იმას ნიშნავს, რომ ეკლესიამ და ადამიანმა თავად უნდა განაგონ თავიანთი ცხოვრება, თავად უნდა გააკეთონ სწორი არჩევანი თავსმოხვეული ბედნიერების გარეშე. მაცთური ქრისტეს სთავაზობს, აირჩიოს იოლი გზა და შეუთანხმოს ღვთის სიტყვა, უშრომლად, დაუმსახურებლად მოპოვებულ მატერიალურ კეთილდღეობას.
ორასი წლის წინ კათალიკოს-პატრიარქმა ანტონ მეორემ რუსეთის ნაწილად აქცია ეკლესია, თითქმის შეუწინააღმდეგებლად ჩააბარა იმპერიულ სახელმწიფოს აღმოსავლეთ საქართველოს 1500-წლიანი საყდარი. მას, ალბათ, ეგონა, რომ ერთმორწმუნესთან ამ გარიგებით, დაიცავდა მართლმადიდებლობას და გაპარტახებულ ქვეყანას ამ გზით მოუტანდა მატერიალურ სიკეთეს. ყოველივე ამის სანაცვლოდ, რუსი იმპერატორისგან ბრილიანტებით მოოჭვილი ჯვარ-პანაგიები, მწვანე ხავერდის მანტია, პეტერბურგსა და ნიჟნი ნოვგოროდში ძვირფასი აპარტამენტები და იმპერატრიცა ელიზავეტას ექვსცხენიანი მოოქროვილი ეტლი მიიღო საჩუქრად.
მაგრამ, კეთილდღეობის მაგივრად, ამ დათმობას ეკლესიის იმპერიულ კანტორად ქცევა, ქართული ენისა და საგალობლების დევნა, მანამდე არნახული ძარცვა და საქართველოში მონური სულის დანერგვა მოჰყვა შედეგად. ბედისწერისა და ისტორიის კანონზომიერების არა მჯერა და მგონია, რომ საქართველოს ავტოკეფალიის გაუქმება რომ არა, თბილისის სასულიერო სემინარია კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდ ტირანსა და მკვლელს - სტალინს ვერანაირად გამოზრდიდა.
თუმცა, ამ გარიგების გარდა, საქართველოს ეკლესიამ სხვაგვარადაც უპასუხა იმპერიასა და მის რელიგიურ ძალადობას - დასავლეთ საქართველოს ორმა მოხუცებულმა მღვდელმთავარმა - ექვთიმემ და დოსითეოსმა, უარი თქვა თავისუფლების დათმობაზე. ერთმა მათგანმა ერთმორწმუნეთა ხელით მოწამებრივად დაასრულა სიცოცხლე, მეორე კი, რუსეთის შორეულ მონასტერში გადაასახლეს.
ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, ვინ აირჩია ქრისტეს გზაზე სიარული - ანტონმა თუ იმერეთის ეპისკოპოსებმა.
ცთუნება სასწაულით
თუ ძე ხარ ღვთისა, გადაეშვი ტაძრის ქიმიდან, რადგან დაწერილია: თავის ანგელოსებს უბრძანებს, და აგიტაცებენ, რათა არ წამოჰკრა ქვას ფეხი, - ეუბნება მაცთუნებელი. როცა ამ საოცრებით სახელს გაითქვამ, ყველანი შენ გამოგყვებიან. არ გამოსცადო უფალი ღმერთი შენი, - უპასუხებს იესო.
როგორ პასუხობს დღეს ამ ცთუნებას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია? ფაქტია, რომ პოსტსაბჭოთა საეკლესიო ძალაუფლება ორ საყრდენზე დგას - სიმდიდრესა და სასწაულზე, რომლებიც ეკლესიაში უწყვეტ ნაკადად მოედინება. დავიწყებასაა მიცემული სახარებისეული სწავლება იმის შესახებ, რომ სასწაულს ურწმუნონი ეძიებენ და მდიდრებიც ნემსის ყუნწში უნდა გაძვრნენ, ღვთის წყალობა რომ ჰპოვონ.
ამ დღეებში ეკლესია უმნიშვნელოვანეს თარიღს - ავტოკეფალიის აღდგენის დღეს იზეიმებს. მაგრამ ავტოკეფალურობა არაფერს ნიშნავს, თუკი მთავარ კითხვას არ გაეცა პასუხი - არის კი იგი ქრისტეს მიმდევართა საკრებულო? მართლმადიდებლობა ერთადერთი ჭეშმარიტებაა, იმიტომ რომ აქ სასწაულები ხდება, - ტრადიციულობის არგუმენტთან ერთად, ასეთია უწყება, რომლითაც ეკლესია, საბჭოეთის დაშლის შემდეგ, რელიგიურ ბაზარზე გამოვიდა ადამიანების სულების მოსაპოვებლად. ქართული მართლმადიდებლობა სხვაზე უპირატესობას სწორედ სასწაულების დემონსტრირებით ამტკიცებს. ამით ახდენს იგი თავისი გამორჩეულობისა და ბატონობის ლეგიტიმაციას. მთელი საეკლესიო ცხოვრება გაჯერებულია სასწაულების შესახებ მოთხრობილი ამბებით. ხატებს უხვად სდის მირონი, მღვდლები ლოცვით კურნავენ, საქართველოს ბედი პატრიარქის ლოცვაზეა დამოკიდებული.
რა არის ეს, თუ არა საეკლესიო მაგიზმი, რომელიც ღმერთს ადამიანური მისწრაფებებისა და სურვილების ასრულების საშუალებად განიხილავს. ეს არის ერთგვარი ვაჭრობა ღმერთთან - მორწმუნემ რაც შეიძლება დიდი სანთელი უნდა დაანთოს და ხშირად აკურთხოს სახლი, რომ საპასუხოდ მიიღოს წყალობა. ნიშანდობლივია, რომ მაგიზმი არა მარტო ეკლესიის საკრალური ავტორიტეტის გაზრდას, არამედ გამდიდრებასაც ემსახურება - ამ სერვისებში, ცხადია, ფულიც უნდა გადაიხადო. იგი მოდებულია მთელს რელიგიურ ყოფას - სანთლებით, ათასნაირი ზეთებითა და ქვებით დაწყებული, ლიტურგიული პრაქტიკით დამთავრებული, ყველაფერი ჯადოსნობით არის გაჟღენთილი. საეკლესიო ცხოვრების ამ გარეგნულმა, ფორმალურმა მხარემ ეკლესიიდან თითქმის მთლიანად განდევნა ღვთის სიტყვა, სახარება და ისიც მაგიურ წრეში აღმოჩნდა - მისი რიტუალური კოცნა უფრო მნიშვნელოვანი საქმეა, ვიდრე წაკითხვა.
კლასიკურ მართლმადიდებლურ თეოლოგიას თავი რომ დავანებოთ, რომელიც მეტისმეტად სკეპტიკურად უყურებს სასწაულის ფენომენს, სრულიად მივიწყებულია ასკეტიკური გამოცდილებაც, რომლის თანახმად, სასწაულები სულიერი ცხოვრებისთვის, უმეტესწილად, ავის მომასწავებელი ნიშანია. საკმარისია გადავავლოთ თვალი პატერიკებს - ბერებსა და საეკლესიო მამებზე მოთხრობილ ამბებს, რომ ვნახავთ, ისინი, როგორც წესი, გაურბიან ზებუნებრივს, ანდა მაქსიმალურად ერიდებიან სასწაულების გასაჯაროებას.
დღეს კი საეკლესიო სასწაული მედიაყოველდღიურობად, თავმოწონებისა და რელიგიური ამპარტავნობის მიზეზად არის ქცეული. თუმცა, ერთადერთი სასწაული, რომელსაც ქრისტეს ბეჭედი ადევს ნიშნად, სიყვარული და თავგანწირვაა სხვა ადამიანისთვის, განურჩევლად მისი მრწამსისა და ეროვნებისა. გასულ საუკუნეში მხოლოდ ერთი ასეთი სასწაულმოქმედი ბერი გამოუჩნდა ქართულ მართლმადიდებლობას - გრიგოლ ფერაძე. ეს იმაზეც მიანიშნებს, რომ ეკლესიაში ადამიანისადმი სიყვარული და მისთვის თავდადება იშვიათი გამონაკლისი გახდა.
ცთუნება ძალაუფლებით
ბოლო, მესამე, გამოცდაც: „აიყვანა ეშმაკმა იგი ძალიან მაღალ მთაზე და უჩვენა მას ქვეყნის ყველა სამეფო და დიდება მათი, და უთხრა: ყოველივე ამას მოგცემ, თუ დაეცემი და თაყვანს მცემ მე“. მიწიერი, აბსოლუტური ძალაუფლების მოპოვების შესაძლებლობა გადაიშალა ქრისტეს თვალწინ. გამშორდი, სატანა, რადგან დაწერილია: უფალს ღმერთს შენსას თაყვანი ეცი და მხოლოდ მას ემსახურე, - უცხადებს ქრისტე.
ქრისტემდე ასე მკაფიოდ ბოროტების ძალაუფლების სტრუქტურა არავის წარმოუჩენია. პური და სანახაობა - ეს იყო იმ ტრადიციული წესრიგის საფუძველი, რომელზედაც იდგა კაპიტოლიუმიც და ტაძარიც.
უშრომლად ბოძებული პური და სასწაულების ეკვილიბრისტიკაზე დაფუძნებული რელიგია ქმნის ბატონობის იმ ხატს, რომელზეც ბელზებელია გამოსახული. ეს სახარებისეული უკეთურებისა და ილუზიის სამყაროა, რომელშიც რელიგია პოლიტიკის სახელით მეტყველებს, ხოლო პოლიტიკა რელიგიის რანგშია აყვანილი.
პოსტსაბჭოთა საეკლესიო ძალაუფლება ორ საყრდენზე დგას - სიმდიდრესა და სასწაულზე, რომლებიც ეკლესიაში უწყვეტ ნაკადად მოედინება. დავიწყებასაა მიცემული სახარებისეული სწავლება იმის შესახებ, რომ სასწაულს ურწმუნონი ეძიებენ და მდიდრებიც ნემსის ყუნწში უნდა გაძვრნენ, ღვთის წყალობა რომ ჰპოვონ. ნუ თანა ხატ ექმნებით სოფელსა ამას, - აფრთხილებს პავლე მოციქული ქრისტეს მიმდევრებს. მოციქულის სიტყვები ლათინურად ასე ჟღერს - ნოლიტე კონფორმარე - ნუ გაურიგდებით, ნუ დაუთმობთ წუთისოფელს.
თავისი არსებობის განმავლობაში, ალბათ, ყველაზე მთავარი და ტრაგიკული ცთუნების წინაშე ეკლესია მაშინ აღმოჩნდა, როდესაც დღის წესრიგში კომუნისტური ხელისუფლებისადმი დამოკიდებულების განსაზღვრის საკითხი დადგა. 1920-იან წლებში, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ორად გაიყო - მისმა მეთაურმა, ამბროსი ხელაიამ, კომუნიზმს ბოროტება, ხოლო ოკუპანტს - დამპყრობელი უწოდა და მოწამებრივ გზას დაადგა. მაგრამ იყო სამღვდელოებისა და მრევლის მეორე ნაწილიც, რომელმაც, რელიგიურ ენაზე რომ ვთქვათ, თაყვანი სცა ამა სოფლის ბატონს - განსხეულებულ პოლიტიკურ, მორალურ და რელიგიურ ბოროტებას - კომუნიზმს და ლამის ქრისტეს მოძღვრებადაც კი გამოაცხადა იგი.
კონფორმიზმმა გაიმარჯვა და საბჭოეთში ეკლესიამ, რომელიც მხოლოდ ფორმალურად იყო დამოუკიდებელი სახელმწიფოსგან, დაკარგა თავისი ქრისტიანული სახე. ახლაც, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგაც, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ისევ ამ საუკუნისწინანდელი გარიგების, საბჭოური ტოტალიტარიზმის ზემოქმედების ქვეშ რჩება. ამაზე, უპირველეს ყოვლისა, გარესამყაროსადმი მისი დამოკიდებულება მეტყველებს - ერთი მხრივ, თავისუფალი, ლიბერალური, დემოკრატიული მსოფლიოს მიუღებლობა და, მეორე მხრივ, რუსული ერთმორწმუნეობის სასოება.
საბოლოო ჯამში, „ეშმაკთან” კონტრაქტის გასაუქმებლად, თავისუფლების მისაღებად საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ თავისი ავტოკეფალიის არსი უნდა შეიმეცნოს და კვლავ განახორციელოს იგი. რა თქმა უნდა, ეკლესია არც ჩრდილოეთზე და დასავლეთზე, არც აღმოსავლეთსა და სამხრეთზე არ უნდა იყოს ორიენტირებული. მასზე გავლენის ერთადერთი წყარო არასმქონე, დევნილი, უძლური, უსახური ნაზარეველი უნდა გახდეს, მხოლოდ და მხოლოდ ჯვარცმული ღმერთის „ზემოქმედებამ“ უნდა განსაზღვროს ეკლესიის ყოველდღიურობა, მისი დამოკიდებულება თითოეულ ადამიანთან, პოლიტიკასთან, კულტურასთან, თანამედროვეობასა თუ, საერთოდ, მთელ სამყაროსთან.
![]() |
3 მურთაზ ზოდელავა: ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკამ შედეგი მოიტანა |
▲ზევით დაბრუნება |
პოლიტიკა
ესაუბრა სალომე უგულავა
ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი
ცოტა ხნის წინ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ნარკოტიკული ვითარების შესახებ კვლევის პრეზენტაცია გამართა. მისი მიხედვით, 2011 წელს, 2010 წელთან შედარებით, ნარკოდანაშაული 32%25-ით, ხოლო 2007 წელთან შედარებით, 53%25-ით შემცირდა. ნარკოპოლიტიკასა და სხვა საკითხებზე - სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ალტერნატიულ სახეებსა და მათთან დაკავშირებულ რისკებზე, საპროცესო შეთანხმებების მაღალ მაჩვენებელსა და არსზე, სასჯელაღსრულების სისტემაში თანამშრომლების მხრიდან ჩადენილი დანაშაულების გამოძიებაზე, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის ამოქმედებაზე - ტაბულა საქართველოს მთავარ პროკურორს, მურთაზ ზოდელავას, ესაუბრა.
საქართველოში ნარკოდანაშაულმა საგრძნობლად იკლო. თქვენ განაცხადეთ, რომ ეს იმ ომის შედეგია, რომელიც სახელმწიფომ ნარკოტიკის რეალიზატორებს გამოუცხადა. შეიძლება თუ არა შეიცვალოს ნარკოპოლიტიკა? თუ განიხილება რაიმენაირი ლიბერალიზაციის შესაძლებლობა ამ მიმართულებით?
ჩვენ ვთვლით, რაც სტატისტიკითა და გამოკითხვებითაც დასტურდება, რომ ეს პოლიტიკა, რომელიც გავატარეთ ნარკოდანაშაულის მიმართ, სწორი იყო. სწორედ ამ პოლიტიკის შედეგად შემცირდა დანაშაული. თან იმდენად, რომ თამამად ვიყენებთ ტერმინს - გარდატეხა. 50%25-ით რომ იკლებს დანაშაული, ეს დრამატული ცვლილებაა. დასკვნები მხოლოდ მშრალი სტატისტიკის ხარჯზე არ გამოგვაქვს. ამას ერთვის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები, რომელიც მოწმობს, რომ ადამიანებიც ხედავენ კლებას. განსაკუთრებით, თბილისში. ასევე არსებობს სხვა ტიპის მონაცემებიც - გარკვეული ორგანიზაციები ადევნებენ თვალს, რამდენი შპრიცი იყიდება, რა ტიპის ნარკოტიკები მოძრაობს და ა.შ. აღსანიშნავია ნარკოტიკების ფასის მკვეთრი ზრდა 10-12-ჯერ და უფრო მეტჯერაც - ჰეროინი და სუბუტექსი გაძვირდა განსაკუთრებით, რაც კიდევ უფრო ართულებს მისაწვდომობას. ასევე, გარდა იმისა, რომ 2007 წლის შემდგომ ნარკოდანაშაული განახევრებულია, აღსანიშნავია ისიც, რომ ახალგაზრდების ჩართულობა მასში კიდევ უფრო შემცირებულია. ნარკოდამნაშავეების ასაკი გაზრდილია. ეს სეგმენტი დაბერდა.
ჩვენ ვაგრძელებთ მკაცრ პოლიტიკას. პირველ რიგში, რეალიზატორების მიმართ. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ არ ხდება დეკრიმინალიზაცია. ნარკოტიკების მოხმარება არ გაგვაქვს სისხლისსამართლებრივი სფეროდან. ჩვენმა მაგალითმა აჩვენა, რომ სჯობს, გვქონდეს მკაცრი პოლიტიკა. მეორე მხრივ, ვმუშაობთ იმაზეც, რომ გარკვეული ლიბერალური პროექტები დავძრათ და ნარკოდანაშაულში ჩართული პირების გარკვეულ სეგმენტებზე გავავრცელოთ სახელმწიფოს მხრიდან უფრო ლმობიერი მიდგომა. მათ შორის - მათი რეაბილიტაციის თვალსაზრისით. არსებობს გეგმა, რომ ნარკოდანაშაულთან დაკავშირებული ჯარიმებით ამოღებული თანხების 20%25 მოხმარდეს ნარკომანების რეაბილიტაციას, დაახლოებით 3-4 მილიონამდე ლარზეა ლაპარაკი. ამას შეიძლება დაემატოს დონორი ორგანიზაციების, საერთაშორისო ორგანიზაციების თანხებიც. ჯანდაცვის სამინისტროც აქტიურად ჩაერთვება. თბილისის მერიამაც გამოთქვა სურვილი, რომ ნებაყოფლობით მკურნალობის თანადამფინანსებელი გახდეს.
მინდა აღვნიშნო, რომ ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში უდიდესი წვლილი აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე იმას, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებები მთლიანად ჩაიკეტა ნარკოტიკებისათვის.
ნებისმიერი სახის დანაშაულის მიმართ მკაცრმა მიდგომებმა შედეგი გამოიღო - ეს მტკიცდება როგორც დანაშაულის სტატისტიკით, ასევე საზოგადოებრივი აზრის კვლევებით. ამ დროს ინერგება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ალტერნატიული სახეები. არსებობს მოსაზრება, რომ ამგვარმა ლმობიერმა მიდგომებმა დანაშაულის მიმართ, შეიძლება, გარკვეული ნეგატიური შედეგები მოიტანოს. ამ რისკს რამდენად ითვალისწინებთ?
რამდენიმე პროგრამა წამოვიწყეთ - ეს არის განრიდება არასრულწლოვანთათვის და სრულწლოვანთათვის, ჩემი უფროსი მეგობრის პროგრამა. ასევე, ავამუშავეთ საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის ინსტიტუტი, რომელიც კანონმდებლობით იყო გათვალისწინებული, მაგრამ არ გამოიყენებოდა. ეს პროექტები ემსახურება საზოგადოების ინტერესებს. ისევე როგორც ის, როდესაც ვებრძვით მძიმე დანაშაულს და გვაქვს ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა მის მიმართ.
ბოლო პერიოდია უფრო ვაქტიურობთ, ასე ვთქვათ, ლიბერალური მიმართულებებით. თუმცა, ეს არ ვრცელდება მძიმე დანაშაულებზე. მხოლოდ იმ შემთხვევაში ვიყენებთ ალტერნატიულ პასუხისმგებლობებს, როდესაც დარწმუნებული ვართ, პიროვნება, რომელიც პენიტენციური სისტემის გარეთ რჩება, საშიში არაა საზოგადოებისათვის - არასრულწლოვანი იქნება, თუ სრულწლოვანი. მას ვაძლევთ მეორე შანსს, თუ ეს ადამიანი იმსახურებს ამას. პროცესში მხოლოდ ჩვენ არ ვმონაწილეობთ - აქ ჩართულები არიან ფსიქოლოგები, სოციალური მუშაკები. დგება პიროვნების ფსიქოპორტრეტი. ვითვალისწინებთ მის წინაისტორიას, ბიოგრაფიულ და პიროვნულ მონაცემებს. ამ ყველაფრის საფუძველზე ვიღებთ გადაწყვეტილებებს - როდესაც დარწმუნებული ვართ, რომ საზოგადოების ინტერესია არა პირის საპატიმროში მოთავსება, არამედ მისთვის მეორე შანსის მიცემა.
ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკამ შედეგი მოიტანა. დღეს საზოგადოების მთავარი პრობლემა აღარაა ქუჩაში უსაფრთხოება - ის გადაჭრილია. მანქანის გატაცების, ან დაყაჩაღების შიშიც არ აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ გრძელდება მკაცრი პოლიტიკა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის მიმართ, ჩვენ უნდა გავმიჯნოთ ის ადამიანები, რომლებიც არ არიან მოწოდებით დამნაშავეები და საზოგადოებისთვის საშიშები. უნდა ვთქვათ, რომ რისკი მაინც არსებობს. მას ბოლომდე ვერ ამოვწურავთ. მსგავსი მიდგომები იშვიათად გამოიყენება. თუმცა, სადაც შესაძლებელია ალტერნატიული, შანსის მიმცემი ღონისძიებების გატარება, ასეც უნდა გაკეთდეს.
პერიოდულად განსჯის საგანი ხდება საპროცესო შეთანხმებების მაღალი მაჩვენებელი. მაგალითად, ამბობენ, რომ გამამტყუნებელი განაჩენების მაღალი მაჩვენებლის გამო შეიძლება მოინდომოს პირმა მისი გაფორმება, რაც სასამართლოსადმი ნდობაზე ნეგატიურად მოქმედებს. ასევე ამბობენ, რომ ამ გზით „ბიუჯეტი ივსება“. თქვენ რას გვეტყვით, რა განაპირობებს მაღალ მაჩვენებელს? რა უპირატესობებს იძლევა საპროცესო შეთანხმებები?
პირველ რიგში, იმის თქმა მინდა, რომ ბევრი კლიშე არსებობს საზოგადოებაში. მათ შორის ის, რომ დიდი თანხები შედის ბიუჯეტში საპროცესო შეთანხმებებით, ჯარიმებით და ა.შ. კლიშეა ისიც, რომ საპროცესო შეთანხმება, ყველა შემთხვევაში, არასაპატიმრო მსჯავრს ნიშნავს და რომ კონკრეტული ბრალდებული ყიდულობს თავისუფლებას რაღაც თანხის სანაცვლოდ. ამ დროს შეთანხმებების 70%25-მდე მთავრდება მსჯავრდებულის ციხეში წასვლით. საპროცესო შეთანხმებების დაახლოებით ნახევარი კი საერთოდ არ გულისხმობს არანაირ ჯარიმას.
საპროცესო შეთანხმება მხოლოდ იმ შემთხვევაში დგება, როდესაც ბრალდებული აღიარებს ბრალს და თავად გამოხატავს ნებას, რომ ის გაფორმდეს. არცერთი შეთანხმება არაა ძალაში, სანამ მას არ განიხილავს და არ დაამტკიცებს სასამართლო. თუ მოსამართლე მიიჩნევს, რომ პირობები კაბალურია, ან ზეწოლას ჰქონდა ადგილი, ის აუქმებს, ან არ ამტკიცებს შეთანხმებას.
საპროცესო შეთანხმება იყო საქართველოში დანაშაულებრივი სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე ქმედითი ინსტრუმენტი. სწორედ მისი დახმარებით დავამარცხეთ ქურდული სამყარო, კორუფცია. ყველა გახმაურებული საქმე კორუფციაზე, თუ დანაშაულებრივ სამყაროზე, გაიხსნა და შედგა იმიტომ, რომ არსებობდა საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი. მან მოგვცა საშუალება, კონკრეტული დამნაშავე მიგვემართა მისივე ჩაკეტილი დაჯგუფების წევრების წინააღმდეგ. ის უნიკალური ბერკეტია.
პროკურატურას აკრიტიკებენ იმისთვის, რომ ხშირად სასჯელაღსრულების სისტემაში სხვადასხვა უკანონობაზე, რომელსაც თანამშრომლები სჩადიან პატიმრების მიმართ, გამოძიებას დროში წელავს, არ ასრულებს და ა.შ. რას უპასუხებდით მათ?
პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ პენიტენციურ სისტემაში მდგომარეობა მკვეთრადაა გაუმჯობესებული. გამოსწორდა ინფრასტრუქტურა, აშენდა ახალი საპატიმროები, რაც აგვარებს გადატვირთულობის პრობლემას. აქ არ შედის ნარკოტიკი, ციხეს აღარ მართავენ კანონიერი ქურდები. სტატისტიკაც ადასტურებს, რომ მკვეთრად შემცირებულია დანაშაული ციხეებში, მათ შორის ადმინისტრაციის მხრიდან გადამეტებისა. თუმცა, ცხადია, კვლავ არის გადაცდენები და დანაშაული, ისევე როგორც ყველგან, მათ შორის, დასავლურ ქვეყნებში.
კონკრეტულ ფაქტებზე ჩვენ ვრეაგირებთ. არ ვთვლით, რომ რამე ჭიანურდება, დროში იწელება. დეტალური გამოძიება ტარდება. შარშან დასავლეთ საქართველოდან პასუხისგებაში მიეცა ადმინისტრაციის ორი თანამშრომელი და ერთი ახლაც საპატიმრო სასჯელს იხდის. ვერავინ იტყვის, რომ მსგავს შემთხვევებზე არ ვრეაგირებთ.
უკვე ამოქმედდა ნაფიც მსაჯულთა სასამართლო. წელს ფართოვდება მისი მოქმედების არეალიც. მესმის, რომ ჯერჯერობით ადრეა საუბარი იმაზე, თუ როგორ მუშაობს სისტემა, მაგრამ მაინც რომ ეცადოთ შეფასებას: რამდენად მომზადებული შეხვდა პროკურატურა მის ამოქმედებას და, ზოგადად, რა მნიშვნელობა აქვს ინსტიტუტს?
პროკურატურის მომზადება საზოგადოების შესაფასებელია. შარშან ორი პროცესი გაიმართა. ორივე გახმაურებულ და ძალიან მძიმე დანაშაულს ეხებოდა. იყო რამდენიმე მსჯავრდებული. მოხარული ვარ, რომ ორივე შემთხვევაში პროკურატურა მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა. მნიშვნელოვანია ის, რომ საზოგადოება, მისი 12 წარმომადგენელი, იღებს გადაწყვეტილებას - რამდენად მყარი მტკიცებულებები წარმოადგინა ბრალდების მხარემ და რამდენად არგუმენტირებულია დაცვის პოზიცია. მიხარია, რომ ორივე შემთხვევაში ნაფიცმა მსაჯულებმა ჩათვალეს, რომ ჩვენ საკმარისად არგუმენტირებული პოზიცია გვქონდა და განსასჯელები იმსახურებდნენ მკაცრ სასჯელს. ორივე ძალიან მძიმე დანაშაული იყო.
ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის ამოქმედებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. რაც უფრო მეტად იქნება ჩართული საზოგადოება სისტემაში, მით უფრო უკეთესი შედეგი გვექნება. პასუხისმგებლობაც იზრდება. ამით, ყველა - იქნება ეს პროკურორი, თუ საზოგადოების ნებისმიერი წევრი, კიდევ ერთ დიდ ნაბიჯს ვდგამთ დასავლეთისკენ. ეს არის დემოკრატიული საზოგადოებებისთვის დამახასიათებელი ინსტიტუტი და ვფიქრობ, წარმატებით ინერგება საქართველოში.
![]() |
4 ქართული ოცნება NATO-ს ავღანეთის მისიაში საქართველოს წვლილს აკრიტიკებს |
▲ზევით დაბრუნება |
პოლიტიკა
ვლადიმირ სოკორი
პირველად გამოქვეყნდა Eurasia Daily Monitor | 29 თებერვალი, 2012 20-26 თებერვალს საქართველოში „ოკუპაციის კვირა“ აღინიშნა და 1921 წლის თებერვალში, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის, წითელი არმიის მიერ ოკუპაციას და საბჭოთა რუსეთის მიერ ანექსიას მიეძღვნა. 1921 და 2008 წლებში რუსეთის ინტერვენციის შედეგად დაღუპულ და სამშობლოს დასაცავად მებრძოლ ჯარისკაცებს პატივი საჯარო ღონისძიებებით მიაგეს. მმართველი პარტიის და ოპოზიციის (ძირითადად, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის) წარმომადგენლები საჯარო ღონისძიებებში მონაწილეობდნენ.
ქართული ოცნება ამ ღონისძიებებს არ შეერთებია და მხოლოდ თავისი ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის, Facebook-ის გვერდზე მოკლე ტექსტის გამოქვეყნებით შემოიფარგლა. როგორც ჩანს, ივანიშვილმა ან მისმა მრჩევლებმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში, პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღეს, ამ მოვლენის აღნიშვნისაგან თავი შორს დაეჭირათ. ეს ნაბიჯი შეესაბამება მათ პოზიციას, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მთავრობა ზედმეტად უპირისპირდება მოსკოვს და ივანიშვილის გუნდი რუსეთთან მომლაპარაკებლის როლს უკეთ შეასრულებს. ივანიშვილის გუნდი ცდილობს, ადგილი დაიმკვიდროს როგორც რუსეთთან დიალოგის წარმმართველმა ქართულმა ოპოზიციურმა პარტიამ და, სავარაუდოდ, იმედოვნებს, რომ ამ საკითხში საქართველოს მთავრობას აჯობებს. ქართული ოცნება, როგორც ჩანს, ამ საკითხის წინასაარჩევნო კამპანიაში გამოყენებას აპირებს და სურს, რომ „რუსეთისთვის მისაღები მომლაპარაკებელი მხარე“ გახდეს, თუ პარლამენტში ადგილების მნიშვნელოვან რაოდენობას მიიღებს.
გამოუცდელ ივანიშვილს, ახლა, საგარეო პოლიტიკის მრჩეველთა სრულად დაკომპლექტებული გუნდი ჰყავს. ზოგი მათგანი ავღანეთში აშშ-ის ხელმძღვანელობით წარმოებულ ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობას აკრიტიკებს. 22 თებერვალს, საბრძოლო ოპერაციაში ქართველი ჯარისკაცების დაღუპვას (რის შედეგადაც 2011 წლიდან ავღანეთში დაღუპულ ჯარისკაცთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა, მათ შორის ოთხი - 2012-ში), მრჩევლების მხრიდან ავღანეთის მისიის კრიტიკა მოჰყვა.
ქართული ოცნების თავდაცვისა და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა, ირაკლი სესიაშვილმა, პრესაში განაცხადა: „[პრეზიდენტმა] სააკაშვილმა ავღანეთში ამერიკელებთან ერთად ერთობლივი სპეცოპერაცია ჩაატარა.... ეს [ქართველი ჯარისკაცების დაღუპვა] შეიძლება მომხდარიყო დაუგეგმავი სპეცოპერაციის დროს, ან კიდევ სააკაშვილის პიარის საჭიროებისათვის“. სესიაშვილმა ნაციონალური სატელევიზიო არხის პრაიმ-ტაიმშიც განაცხადა: „ეს სპეცოპერაცია იმიტომ განხორციელდა, რომ [პრეზიდენტ] სააკაშვილს პიარისთვის სჭირდებოდა, რათა მისი ვიზიტისთვის ავღანეთში პატივი მიეგოთ“. სესიაშვილი ქართული ოცნების მთავარი პოლიტიკური გუნდის წევრიცაა. ქართული ოცნების რეგიონული პოლიტიკის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა, მამუკა არეშიძემ კი განაცხადა: „ქართველ ჯარისკაცებს ახლა საზარბაზნე ხორცად იყენებენ. სომხეთის ჯარებს ნაკლები საფრთხე ემუქრებათ, ვიდრე ჩვენს ჯარისკაცებს. ჩვენს ჯარისკაცებს NATO-ს ჯარებზე ბევრად უფრო ნაკლებს უხდიან“.
ივანიშვილის საგარეო პოლიტიკის მრჩეველთა გუნდის ხელმძღვანელს, თედო ჯაფარიძეს, მისი ხელქვეითების ასეთი არაპროფესიონალური განცხადებები, წესით, უნდა აშფოთებდეს. თუმცა, მას ამ განცხადებების უარყოფა არ უცდია. ივანიშვილის მოკავშირე, ირაკლი ალასანია, რომელსაც, გავრცელებული მოსაზრებით, აშშ-სთან აქვს კავშირები, როგორც ჩანს, მსგავსი პრობლემების წინაშე დგას საკუთარ პარტიაში (ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატები). ამ პარტიის ვიცე-პრეზიდენტმა, თეა წულუკიანმა, ჟურნალ ლიბერალს ავღანეთის მისიასთან დაკავშირებით განუცხადა, რომ „[პრეზიდენტი] სააკაშვილი ამ თემით მანიპულირებს. მისი აზრით, ჯარისკაცი ომში უნდა წავიდეს და გმირულად იბრძოლოს. სააკაშვილის მთავრობა ჯარისკაცებს საზარბაზნე ხორცად მიიჩნევს. მთავრობამ იმაზე უნდა იზრუნოს, რომ ჯარისკაცები სახლში დაბრუნდნენ“.
თუმცა, საქართველოს მონაწილეობა ავღანეთის მისიაში უმნიშვნელოვანესია, რათა ქვეყანამ, როგორც NATO-ში გაწევრიანების მსურველმა და შეერთებული შტატების სტრატეგიულმა პარტნიორმა (დე ფაქტო მოკავშირემ), საკუთარი კომპეტენცია დაამტკიცოს. ამ თვალსაზრისით, ეს საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებაში ინვესტიციაა. გარდა ამ სტრატეგიული ინვესტიციისა, ეს მსხვილი ფისკალური ინვესტიციაა ქვეყნის მოსახლეობის მხრიდან, რომლის უმეტესობა NATO-ში გაწევრიანებას უჭერს მხარს. ამჟამად, ავღანეთში 950 ქართველი ჯარისკაცი მსახურობს, ძირითადად ჰელმანდის პროვინციაში, თან „ეროვნული შეზღუდვების” გარეშე (საბრძოლო შეზღუდვები, რომლებიც NATO-ს წევრი ქვეყნების უმეტესობას აქვს დაწესებული). საქართველოს სამხედრო კონტინგენტი, ერთ სულ მოსახლეზე გათვლით, ყველაზე დიდია NATO-ს არაწევრ ქვეყნებს შორის და ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი ავღანეთის მისიაში მონაწილე ყველა ქვეყანას შორის. წელს, საქართველო დამატებით 750 სამხედროს გაგზავნას გეგმავს, რის შედეგადაც ჯარისკაცთა რიცხვი 1,700-მდე გაიზრდება, ხოლო საქართველო, ერთ სულ მოსახლეზე ჯარისკაცების რაოდენობით, ალბათ, რიგით მეორე გახდება აშშ-ის შემდეგ.
ოპოზიციის განცხადებები მის მზადყოფნაზე მეტყველებს, ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცების თემა საარჩევნო კამპანიაში პრეზიდენტისა და მთავრობის წინააღმდეგ გამოიყენოს. 2011 წლის ოქტომბერში, ივანიშვილმა პოლიტიკური კარიერა საქართველოს NATO-ში გაწევრიანების თაობაზე ორაზროვანი და სკეპტიკური განცხადებებით დაიწყო - იგი საერთოდ ვერ ერკვეოდა ამ საკითხში და საგარეო პოლიტიკაში. მოგვიანებით, როგორც ჩანს, მიხვდა, რომ ასეთი პოზიცია იმ ქვეყანაში, სადაც NATO-ს წევრობა ძალზე პოპულარული მიზანია, ხმებს დააკარგვინებდა. ცოტა ხნის წინ, ივანიშვილის გუნდმა საქართველოს ევროატლანტიკურ (ევროკავშირი და NATO) ინტეგრაციას, როგორც ერთ-ერთ ზოგად მიზანს, მხარი სიტყვიერად დაუჭირა. თუმცა, ქართული ოცნება ქვეყნის NATO-ში გაწევრიანებას დააზარალებს - ივანიშვილის პოზიციის მიმართ კი მეტ კითხვებს გააჩენს - თუ ქართული ოცნება NATO-ში გაწევრიანებას მხოლოდ სიტყვიერად დაუჭერს მხარს, მიზნამდე მისასვლელად საჭირო ზომებს შეეწინააღმდეგება და ამ ზომების მიღებისთვის მთავრობას დაადანაშაულებს.
![]() |
5 სხვაგან არიან |
▲ზევით დაბრუნება |
ზურა ჯაფარიძე|სვეტი
რამდენიმე წლის წინ ერთ საინტერესოდ გაკეთებულ დოკუმენტურ ფილმს ვუყურე, რომელიც 1945 წლის ზაფხულში აშშ-ის საჰაერო სამხედრო ძალების მიერ იაპონიის ქალაქ ჰიროშიმაში ატომური ბომბის ჩამოგდებას ეხებოდა. ფილმი საკმაოდ დეტალურად აღწერს როგორც იმ ამერიკელი ჯარისკაცების ემოციებს, რომლებმაც უშუალოდ მიიღეს მონაწილეობა ამ ოპერაციაში, ისე ჰიროშიმას იმ მკვიდრთა განცდებს, რომლებიც სასწაულებრივად გადაურჩნენ სიკვდილს. მახსოვს გამიკვირდა, რომ კაცობრიობის ისტორიაში ამ ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ფაქტის ამდენი მონაწილე ჯერ კიდევ ცოცხალი აღმოჩნდა, მათ შორის ის ამერიკელი ჯარისკაციც, რომელიც თვითმფრინავში უკანასკნელი შეეხო ადამიანის მიერ მტრის გასანადგურებლად გამოყენებულ პირველ ბირთვულ იარაღს.
მაგრამ ფილმი შთამბეჭდავი იყო არა იმის გამო, რომ საინტერესო ისტორიას ასახავდა, არამედ იმის გამო, რომ ცდილობდა აეხსნა, თუ როგორ მოხდა ეს ტრაგედია. რამ მიიყვანა ადამიანები იქამდე, რომ ასეთი ნაბიჯი გადაედგათ? რამ შეიძლება აიძულოს ქვეყანა, რომელიც თავისუფლების იდეალებს იცავს მთელ დედამიწაზე, მყისიერი საკვდილისთვის გაიმეტოს ათობით ათასი ადამიანი?
იაპონელები, რომლებიც სიკვდილს გადაურჩნენ, ფილმში იხსენებენ საკუთარი თვალით ნანახ შემზარავ სურათებს, წამის მეათედში გამქრალ ადამიანებს, გამანადგურებელ ჰაერის ტალღას, დამწვარ სხეულებს, შავ წვიმას და სხვა. ისინი თვლიან, რომ შეუძლებელია იმის გამართლება, რაც ჰიროშიმაში მოხდა გასულ საუკუნეში. მათი აზრით, ამისთვის საჭირო არგუმენტები ბუნებაში უბრალოდ არ არსებობს.
რუსეთი ელის დროს, როდესაც საქართველოს ისე გაუჭირდება, რომ მზად იქნება ეროვნული ინტერესები „ამქვეყნიურ სიკეთეებზე“ გაცვალოს. დაკავშირებული: ლოცვის დღე მოსკოვში რუსეთში საზოგადოებრივი მაუწყებლის შექმნა გადაწყვიტეს კირილმა ჯადოქრებზე ნადირობის სეზონი გახსნა თუმცა ფილმი ასევე ინტერესდება, რას ფიქრობენ ჰიროშიმას ტრაგედიაზე ის ამერიკელი ჯარისკაცები, რომლებმაც უშუალოდ მიიღეს მონაწილეობა ამ ოპერაციაში. განიცდიან თუ არა ისინი სინდისის ქენჯნას იმის გამო, რაც გააკეთეს? ყველაზე საინტერესო ფილმის სწორედ ეს ნაწილია - არცერთი ამერიკელი ჯარისკაცი არ ნანობს ჩადენილს, პირიქით - ყველა მათგანი, უკვე საკმაოდ ასაკოვანი, დაჟინებით ამტკიცებს, რომ სხვა გზა უბრალოდ არ არსებობდა. ამის მთავარი მიზეზი კი ის იყო, რომ ამერიკელები და იაპონელები სხვადასხვა კულტურულ სივრცეში აზროვნებდნენ და, შედეგად, ერთმანეთის უბრალოდ არ ესმოდათ.
1945 წლის აგვისტოსთვის, ამერიკას იაპონიის წინააღმდეგ ომი პრაქტიკულად მოგებული ჰქონდა. ივლისის პოტსდამის შეთანხმების თანახმად, მოკავშირეები იაპონიისგან უპირობო დანებებას ითხოვდნენ. ფილმში ამერიკელი სამხედროები იხსენებენ, რომ ისინი ყოველდღე ელოდნენ იაპონიის მხრიდან კაპიტულაციაზე განცხადების გაკეთებას. მაგრამ ეს არ მოხდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ ამერიკულმა დაზვერვამ დაადგინა, რომ იაპონელები კაპიტულაციას იმპერატორის შეურაცხყოფად აღიქვამდნენ და ამაზე არასოდეს დათანხმდებოდნენ. შემდგომი მსხვერპლის თავიდან აცილების მიზნით, ამერიკამ პირობა შეცვალა და, სრულმასშტაბიანი კაპიტულაციის ნაცვლად, მხოლოდ იაპონიის სამხედრო ძალების დანებება მოითხოვა. ამ გზით, იმპერატორის ღირსება დაცული უნდა ყოფილიყო. მაგრამ იაპონიამ არც ამის შემდეგ შეწყვიტა სამხედრო მოქმედებები. გავიდა დღეები და ამერიკულმა დაზვერვამ ერთობ უცნაური ინფორმაცია მოიპოვა - ამერიკის მხრიდან პირობის შეცვლა იაპონიის სამხედრო ხელმძღვანელობამ გამოვლენილ სისუსტედ აღიქვა. რასაც მოჰყვა მოწოდება იაპონური სამხედრო შენაერთებისთვის - ებრძოლათ ბოლომდე, რადგან გამარჯვება უკვე არც ისე შორს იყო. ფილმში ამერიკელი ვეტერანები ამბობენ, რომ ამ დროს ყველა მიხვდა - იაპონელები არასოდეს გაჩერდებოდნენ და მსხვერპლი განუზომლად დიდი იქნებოდა. გადაწყვეტილება ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ სწორედ ამის გამო მიიღეს.
არ ვიცი რამდენად ზუსტია ისტორიულ მოვლენათა ეს ქრონოლოგია, მაგრამ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 2 მარტის განცხადებამ, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის მიერ რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესების თაობაზე პარლამენტში გამოთქმული ინიციატივის საპასუხოდ გაკეთდა, სწორედ ეს ფილმი გამახსენა.
რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში შემოსვლის გაადვილება ჩვენთვის მომგებიანია. ყოველი შემოსული უცხოელი ნიშნავს აქ დახარჯულ ფულს, ანუ შემოსავალს კონკრეტული ოჯახებისთვის. უკვე წლებია, ჩვენთან ბარიერების გარეშე შემოდის რუსული საქონელი, ისევე როგორც რუსული კაპიტალი, რადგან ერთიც და მეორეც ხელს უწყობს საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობის ზრდას, იქნება ეს გამოწვეული ბაზარზე იაფი და მრავალფეროვანი პროდუქციის გაჩენით თუ ახალი სამუშაო ადგილების შექმნით. დამატებით რუსეთის მოქალაქეების გადაადგილებისთვის ბარიერების მოხსნა ნიშნავს, რომ ჩვენ პრაქტიკულად სრულიად გახსნილ ურთიერთობას ვთავაზობთ რუსეთს. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამას იმიტომ კი არ ვაკეთებთ, რომ „კეთილი“ ქვეყანა ვართ ან შემხვედრ ნაბიჯს ველოდებით, არამედ იმიტომ, რომ ასეთი მიდგომა ჩვენთვის მომგებიანია. მომგებიანია იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც მეორე მხრიდან საზღვარი პირწმინდად ჩაკეტილია.
და როგორ აღიქვა რუსეთის დღევანდელმა ხელისუფლებამ საკუთარი მოქალაქეებისთვის საქართველოში სავიზო რეჟიმის გაუქმება? ალბათ ჩვენს სისუსტედ. კრემლმა, როგორც ჩანს, ჩათვალა, რომ საქართველოს ძალიან სურს რუსეთთან უვიზო მიმოსვლის აღდგენა; იმდენად, რომ მზად არის ეს ცალმხრივად გააკეთოს და შემდეგ დაელოდოს რუსეთის მხრიდან ანალოგიურ ნაბიჯს. და დაიწყო ის, რასაც რუსეთი ყოველთვის კარგად აკეთებს ასეთ დროს - ვაჭრობა. 2 მარტის განცხადება სხვა არაფერია, თუ არა შემოთავაზება საქართველოს მოქალაქეებისთვის, რუსეთში უვიზო რეჟიმი თბილისში რუსეთის საკონსულოს გახსნაზე თანხმობაში გაგვიცვალონ. ერთი შეხედვით სასაცილოა, მაგრამ რუსეთი ჯერ კიდევ მოლოდინის რეჟიმში იმყოფება და ელის დროს, როდესაც საქართველოს ისე გაუჭირდება, რომ მზად იქნება ეროვნული ინტერესები „ამქვეყნიურ სიკეთეებზე“ გაცვალოს - მაგალითად, უვიზო მიმოსვლაზე ან ქართული პროდუქციისთვის რუსული ბაზრის გახსნაზე.
ფილმი, რომელზე საუბრითაც სტატია დავიწყე, სწორედ იმიტომ გამახსენდა, რომ ჩვენ და დღევანდელი რუსეთიც ასევე სხვადასხვა კულტურულ სივრცეში ვაზროვნებთ. და ჩვენც არ გვესმის ერთმანეთის. უფრო სწორად, ჩვენ გვესმის რუსეთის, რადგან არც ისე დიდი ხნის წინ იმავე საბჭოთა იმპერიული სივრცის ნაწილი ვიყავით. მაგრამ რუსეთს არ ესმის ჩვენი, რადგან სხვა სამყაროში ჩარჩა. სამყაროში, სადაც არ ესმით, რომ ბაზრის ჩაკეტვით პირველ რიგში საკუთარ მოქალაქეებს აზარალებ; სადაც სჯერათ, რომ NATO-ს წევრი მოსაზღვრე ქვეყანა საფრთხეს წარმოადგენს; და სადაც იმედი აქვთ, რომ უვიზო მიმოსვლა შეიძლება ოკუპირებულ ტერიტორიებში გაუცვალონ.
მოკლედ, სხვაგან არიან.
![]() |
6 მწეველებს გაფრთხილების არ სჯერათ |
▲ზევით დაბრუნება |
საზოგადოება
თეონა კოკიჩაიშვილი
თუ თამბაქოს მომხმარებელი ხართ, სავარაუდოდ, გამუდმებით ატარებთ კოლოფს გამაფრთხილებელი წარწერებით: მოწევა კლავს, აბერებს, ორსულობის შემთხვევაში, საფრთხეს უქმნის ნაყოფს და სხვა.
მსოფლიოში სიკვდილის გამომწვევი რვა ყველაზე გავრცელებული არაგადამდები დაავადებიდან ექვსის რისკფაქტორი თამბაქოს მოხმარებაა. ამ მიზეზით ყოველწლიურად დაახლოებით 5 მილიონი ადამიანი კვდება, მათ შორის - პასიური მწეველებიც. თამბაქოს კვამლი ათასობით ქიმიურ ნივთიერებას შეიცავს, 200-ზე მეტი ჯანმრთელობისთვის საზიანოა, ოთხმოცი კი კიბოს გამომწვევ ნივთიერებათა ნუსხაში შედის. სიგარეტი რომ ჯანმრთელობისთვის საზიანოა, მწეველებმაც იციან. თუმცა, მწარმოებლები გაყიდვებს არ უჩივიან.
თამბაქოს რეკლამასა და თანმდევ რეგულაციებს ხანგრძლივი ისტორია აქვს. გასულ საუკუნეებში, სანამ დამღუპველი ზიანის შესახებ შეიტყობდნენ, თამბაქოს პროდუქციის რეკლამა შეუზღუდავი იყო. სიგარეტის პირველი რეკლამა 1789 წელს Lorillard Tobacco Company-მ მიიტანა ნიუ იორკის ადგილობრივ გაზეთში. მაშინ თამბაქოს შეზღუდული რაოდენობით აწარმოებდნენ, არც დისტრიბუცია იყო გამართული. გაყიდვებისგან კომერციული მოგების ზრდა მე-19 საუკუნის ბოლოს სიგარეტის დასამზადებელი დანადგარისა და ფერადი ბეჭდვის გაჩენამ განაპირობა. ბრენდების შექმნამ და სხვადასხვაგვარმა შეფუთვამ თავისი საქმე გააკეთა.
აგრესიულ კამპანიაზე მწარმოებლები 1940 წლიდან გადავიდნენ. მეორე მსოფლიო ომის დროს ჯარისკაცებს სიგარეტს უფასოდ ურიგებდნენ, რითაც თამბაქოზე დამოკიდებულთა რიცხვი გაიზარდა. შეფუთვებზე გაფრთხილების ნაცვლად, მიმზიდველი სლოგანები გაჩნდა. მაგალითად, „Winston tastes good like a cigarette should'', „For more pure pleasure, have a Camel!“.
შეზღუდვები მე-20 საუკუნის დასაწყისიდან დაწესდა - სამედიცინო ჟურნალებში გამოქვეყნებულმა კვლევებმა დაადასტურა კავშირი თამბაქოს მოხმარებასა და სხვადასხვა დაავადებას შორის. 1964 წელს ამერიკის წამყვანმა ქირურგმა, ლუთერ ტერიმ, მოწევისა და ჯანმრთელობის შესახებ მოხსენება გამოაქვეყნა. 7000 სამეცნიერო კვლევაზე დაყრდნობით, იგი ამტკიცებდა, რომ მოწევა ფილტვის კიბოს, ემფიზემასა და სხვა დაავადებებს იწვევს. ამის შემდეგ მწარმოებლებმა შელახული რეპუტაციის ამაღლება და გაყიდვების გაზრდა ფილტრის შექმნით, ნიკოტინისა და კუპრის რაოდენობის შემცირებით სცადეს. თუმცა კვლევებმა ანალოგიური შედეგები გაიმეორა.
1965 წლიდან აშშ-ში მიღებული კანონით, ზიანის შესახებ ყველა შეფუთვაზე უნდა ყოფილიყო გაფრთხილება. 1971 წლიდან აიკრძალა სატელევიზიო რეკლამა. 1990 წლიდან კი მოწევაზე შეზღუდვები მგზავრობაზეც გავრცელდა.
რეგულაციების მიუხედავად, მწარმოებლები თამბაქოს გაყიდვას მაინც წარმატებით ახერხებენ. მოწევის წინააღმდეგ კამპანია მსოფლიო მასშტაბით მიმდინარეობს. ამისთვის მილიარდობით დოლარი იხარჯება. თუმცა, მწეველთა რაოდენობა, კლების ნაცვლად, მატულობს. დღეს სიგარეტის ყველა კოლოფზე ნახავთ შემადგენლობას, სხვადასხვა ზომის გაფრთხილებას. 43 ქვეყანაში გაფრთხილებებს თან დაზიანებული ფილტვის, ტუჩის, პირის ღრუს, თვალის, სუნთქვის აპარატზე მიერთებული ბავშვის ან გაკვეთილი გვამის ფოტოებიც ერთვის.
ანტინიკოტინის კამპანიებთან დაკავშირებული კვლევების ნაწილი ამტკიცებს, რომ გაფრთხილებები ხელს უწყობს ზიანის შესახებ ინფორმაციის მიღებას. ისინი განსაკუთრებით ეფექტიანია დამწყებებში - მათი თვალი ჯერ კიდევ არ არის შეჩვეული წარწერებს და მეტს ფიქრობენ. ზოგიერთი კვლევა საწინააღმდეგოსაც აჩვენებს: წარწერის დანახვისას აქტიურდება რეცეპტორები, რომლებიც ნიკოტინის მოთხოვნაზე აგებს პასუხს, ფოტოები კი მწეველთა სტიგმატიზაციას იწვევს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მწეველთა 80%25 დაბალ და საშუალო შემოსავლის ქვეყანაში ცხოვრობს, თუმცა ეს მხოლოდ განვითარებადი სახელმწიფოების პრობლემა არაა. აშშ-ში, Food and Drug Administration-ის გადაწყვეტილებით, 2012 წლის სექტემბრიდან შეფუთვაზე გაფრთხილების ტექსტები გაიზრდება და ფოტოებიც დაერთვება. თუმცა, ვაშინგტონის სასამართლომ შეფუთვაზე აღნიშნული ფოტოების განთავსება არაკონსტიტუციურად ცნო.
FDA-ს მონაცემებით, აღნიშნული ინიციატივა ეფექტიანია. მაგალითად, ავსტრალიაში მწეველთა 57%25-მა სიგარეტის დანებებაზე დაიწყო ფიქრი, 36%25-მა შეამცირა, 34%25 კი ცდილობს, თავი დაანებოს. ექიმების აზრით, უფრო ეფექტიანი ექიმსა და მწეველს შორის კომუნიკაციაა, ასევე მოწევისთვის თავის დანებების სპეციალური მედიკამენტები, რომელთაგანაც ზოგი (საღეჭი რეზინი, ინჰალატორი, ტაბლეტი, ცხვირის სპრეი/პულვერიზატორი, სალბუნი/პლასტირი) ნიკოტინს შეიცავს, ზოგიერთი კი - არა.
![]() |
7 სამლარიანი ბიზნესი |
▲ზევით დაბრუნება |
დავით კოვზირიძე|სვეტი
ტოკიოს გარეუბანში ერთი პატარა ტყე ყოფილა, სადაც წლების წინ ადამიანები მიდიოდნენ და თავს იკლავდნენ. მიდიოდნენ იმიტომ, რომ სხვებს პატივს სცემდნენ და არ უნდოდათ, საკუთარი გადაწყვეტილებით შეეწუხებინათ. დროთა განმავლობაში ეს ამბავი ტრადიციასავით იქცა, შესაბამისად, ტყეში სუიციდის მიზნით მიმსვლელთა რაოდენობამ იმატა და ახლა უკვე ახლო-მახლო მცხოვრებნი შეწუხდნენ. მათ ქალაქის მუნიციპალიტეტს მიმართეს. მალე ტყეში ასეთი აბრა გამოჩნდა - აქ თავის მოკვლა აკრძალულია! მას შემდეგ იქ თავი აღარავის მოუკლავს.
ეს ინტერნეტში ამოკითხული ისტორია არ გეგონოთ, ტოკიოში მომუშავე ქართველი მოჰყვა და შეიძლება მიმევიწყებინა კიდეც, რომ არა ამას წინათ მოსმენილი მეორე ამბავი:
2008 წლის აგვისტოს დასაწყისში თბილისის რომელიღაც იარაღის მაღაზიაში შევიდა ახალგაზრდა კაცი და გაარკვია, რომ ერთი ტყვია ორი ლარი ღირს. 9 აგვისტოს, როცა საქართველოს საზღვრებს შიგნიდან მიაწყდა გასაქცევად გამზადებული „კაი ბიჭების” მთელი არმია, როცა ჩემ თვალწინ ერთმა ზომიერად ფერხორციანმა, სექსუალურად მომწიფებულმა მამაკაცმა სუპერმარკეტში სამოცი (!) საპონი იყიდა, როცა ზოგიერთები უკმაყოფილებას ვერ მალავდნენ დაკეტილი რესტორნების გამო, ის ახალგაზრდა კაცი ერთხელაც შევიდა იმ მაღაზიაში, ამჯერად უკვე ტყვიების საყიდლად. და იქ მას უთხრეს, რომ ტყვია უკვე ხუთი ლარი ღირს.
აი, რა გამოვიდა:
იაპონელმა გადაწყვიტა თავის მოკვლა. მაგ დროს, სავარაუდოდ, ძალიან ძნელია რამეზე ფიქრი. მაგრამ იქ, იაპონიაში, ფიქრობენ. ჯერ იყო და, ტყეში მიდიოდნენ. მერე აღარ მიდიოდნენ. ადამიანების, წესის პატივისცემიდან გამომდინარე. ცუნამის შემდეგ იქ ორ ბოთლ წყალზე მეტს არავინ ყიდულობდა, რომ ყველას შეხვედროდა.
ხოლო ქართველმა გადაწყვიტა სამტროდ მოსულის მოკვლა. იარაღის მაღაზიაში იფიქრეს, რომ აი, ბიზნესი იქოქება. მტერი საერთოა, მაგრამ სამი ლარი დიდი ფულია. ბევრი სამი ლარი ბევრი საპონია. მალე საპონიც გაძვირდება, ამიტომ ცოტა მოთმინებაა საჭირო და რიხინ-რიხინით გაიყიდება. მანამდე კი რესტორნებიც გაიხსნება. ჰოდა:
მოდი რა, ჩვენს ლამაზ სამშობლოს გაუმარჯოს. იმ ურთიერთობებს, სითბოს, იმ მოფერებას, პატივისცემას და ურთიერთსიყვარულს გაუმარჯოს, სხვაგან სანთლითაც რომ ვერ იპოვი. ჩვენ უნიკალური ხალხი ვართ, ძმებო, კაცობას ვფიცავარ, ჩვენ რომ ერთმანეთის გვერდში დგომა ვიცით, ეგეთი ბევრმა ინატროს, ჩვენ რომ ვაჟკაცობა მოგვდგამს, ბოზიშვილი ვიყო, სხვაგან მსგავსი არც სმენიათ. მაგიტომაც მოვედით აქამდე თავაწეულები! ნახეთ, რა ხდება ირგვლივ, იაპონია ცოდვების გამო ღმერთმა დასაჯა, ჩვენ კი ეკლესიას ეკლესიაზე ვაშენებთ. მოდი რა, ფეხზე წამოვუდგეთ ყველას, ვინც აქამდე მოგვიყვანა. ყველას, ვინც სამ ლარად გავყიდეთ!
![]() |
8 ასტრონომიის ოქროს ხანა |
▲ზევით დაბრუნება |
მაია თოდუა|სვეტი
ასტრონომია, ბოლო წლების აღმოჩენებისა და საინტერესო მოვლენების სიუხვით თუ ვიმსჯელებთ, შეიძლება ითქვას, ოქროს ხანაში იმყოფება. ამის დასადასტურებლად, დღეს მინდა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მომხდარი ახალი ამბებისა და აღმოჩენების მხოლოდ მცირედი ჩამონათვალი შემოგთავაზოთ.
დავიწყოთ ჩვენი მშობლიური პლანეტით.
ასტრონომებმა დედამიწაზე სიცოცხლე აღმოაჩინეს
არა, ეს შეცდომა არაა - სწორედაც ჩვენს დედამიწაზეა საუბარი. მეცნიერებმა ძალზე საინტერესო კვლევა ჩაატარეს, რომლის მიზანი იყო სხვა პლანეტიდან დანახულ დედამიწაზე სიცოცხლის ნიშნების, უფრო სწორად, ორგანული ნივთიერების აღმოჩენის შესაძლებლობის დადგენა. როგორი იქნებოდა ჩვენი პლანეტის გამოსხივება სხვა ციური სხეულებისთვის? დედამიწა ირეკლავს მზის სინათლეს, რომლის ნაწილი ხვდება მთვარეზე. თავის მხრივ, მთვარეც ირეკლავს დედამიწის ამ არეკლილ გამოსახულებას და მისი მცირე ნაწილი უკან ბრუნდება - დედამიწა საკუთარ თავს „ხედავს”, ისეთს, როგორსაც დაინახავდა, მაგალითად, ჰიპოთეტური მარსიანელი. სწორედ ეს ძალზე სუსტი სინათლე 8-მეტრიანმა ტელესკოპმა VLT-მ „დაიჭირა”. მასში ასტრონომებმა ოკეანისა და მცენარეული საფარის ნიშნები ამოიცნეს.
ამ კვლევის შედეგები შეიძლება გამოვიყენოთ ეგზოპლანეტებზე ორგანული ნივთიერების ძიებისას, მშენებარე ყველაზე დიდი ტელესკოპის, 39-მეტრიანი E-ELT-ის საშუალებით.
გეოლოგიურად აქტიური მთვარე და მარსი
მთვარეზე ვულკანები არ არის, თუმცა მასზე ახლახან აღმოაჩინეს მიწისძვრის ნიშნები. ეს ზედაპირის ქვეშ არსებულ თხევად მაგმაზე მიუთითებს. მაშ, რატომ არ არის ვულკანები? იმიტომ, რომ მაგმის ნივთიერება იმდენად მკვრივია, რომ ზედაპირზე ვერ ამოდის. ასტრონომებმა თანამგზავრ აპოლოს მიერ ჩამოტანილ მთვარის ნიმუშებზე ექსპერიმენტი ჩაატარეს. აღმოჩნდა, რომ ეს ნივთიერება შედგება მძიმე ელემენტებისგან (კერძოდ, ტიტანიუმისგან). მისგან შემდგარი მაგმა ზევით მოძრაობის ნაცვლად, ქვევით, მთვარის ცენტრისკენ მიემართება - ასე ვთქვათ, უკუღმა ვულკანს ქმნის. დროთა განმავლობაში, როდესაც ნივთიერება გაცივდება, ზედაპირისკენ დაიძვრება. თუმცა ეს ძალიან დიდი ხნის შემდეგ მოხდება.
ამავე დროს, მთვარეზე ნაპოვნია ნაპრალები, რომლებიც გეოლოგიურ აქტივობაზე ასევე მიუთითებენ. ადრე ითვლებოდა, რომ მთვარე თანდათანობით იკუმშებოდა. ნაპრალები კი, პირიქით, მის გაფართოებაზე მეტყველებენ. შესაძლოა, ეს ორი ურთიერთსაპირისპირო პროცესი ერთდროულად მიმდინარეობს.
მთვარისგან განსხვავებით და დედამიწის მსგავსად, მარსზე ვულკანები არარსებობს. მისი ზედაპირი ასევე განიცდის რყევებს - ახლახან აღმოაჩინეს მიწისძვრის ნიშნებიც. ვულკანურმა ქმედებებმა, შესაძლოა, მარსის ზედაპირის ქვეშ არსებული ყინულის გალღობა გამოიწვიოს და სიცოცხლისათვის აუცილებელი პირობებიც კი წარმოქმნას.
მარსზე ოდესღაც ოკეანე იყო
რადარულმა დაკვირვებებმა მეწამული პლანეტის ზედაპირის ქვეშ ისეთი ფენები აღმოაჩინა, რომლებიც ოკეანის არსებობაზე მიუთითებს. ის იქ 4 მილიარდი წლის წინ უნდა ყოფილიყო. თუმცა გამოცანად რჩება კითხვა: სად წავიდა წყალი? ამაზე პასუხი ჯერ არ არის.
ახალი ტიპის პლანეტა 2009 წლის შემდეგ კოსმოსურმა თანამგზავრმა კეპლერმა 61 პლანეტური სისტემა აღმოაჩინა. ეგზოპლანეტების დეტექტირება უკვე არავის უკვირს. თუმცა ცოტა ხნის წინ აღმოჩენილმა, ზომით დედამიწის მსგავსმა ეგზოპლანეტამ ასტრონომები გააოცა: ის თითქმის მთლიანად წყლითაა დაფარული, ხოლო ატმოსფერო წყლის ორთქლითაა გაჯერებული. ეს პლანეტა მზის სისტემის არცერთ სხეულს არ ჰგავს.
მისი რადიუსი დედამიწისაზე 2.7-ჯერ დიდია, თავის მზესთან 10-ჯერ უფრო ახლოა და მის გარშემო ერთ ბრუნს მხოლოდ დღე-ნახევარს ანდომებს. ზედაპირის ტემპერატურა 230 გრადუსია, გარსი მუდმივად დუღს. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ამ ეგზოპლანეტაზე ტემპერატურისა და წნევის ისეთი პირობები შეიძლება იყოს, რომელიც ნივთიერების ჩვენთვის უცნობი, დედამიწაზე არარსებული ფორმის შექმნას უწყობს ხელს. ასეთი შეიძლება იყოს „ცხელი ყინული” ან „ზეგამტარი წყალი”.
ითვლება, რომ ეს „წყალწყალა” პლანეტა თავისი მზის სისტემის პერიფერიაზე წარმოიშვა, სადაც დიდი რაოდენობით წყალი უნდა ყოფილიყო და შემდგომ „მიუჩოჩდა” თავის ცენტრალურ ვარსკვლავს. ის ჩვენგან 40 სინათლის წლის მანძილზე იმყოფება - კოსმოსური მასშტაბებით, არცთუ ისე შორს.
მოხტუნავე ეგზოპლანეტები
ორმაგი ვარსკვლავები (ორმზიანი სისტემები) გარემოცული არიან თავიანთი პლანეტებით, რომელთაც ერთმანეთს უცვლიან ხოლმე, ასე ვთქვათ, პლანეტებით პინგ-პონგს თამაშობენ. ერთი ასეთი „გადახტომა“ მილიონობით წელს გრძელდება, თუმცა საეჭვოა, ასეთ პირობებში სიცოცხლე განვითარდეს, რადგანაც მათზე ხან უკიდურესად ცხელა, ხან კი ძალიან ცივა.
ზოგი პლანეტა ამ „თამაშისას“ იკარგება - სამუდამოდ ტოვებს თავის „მშობლებს“, გალაქტიკის უკიდეგანო სივრცეში უჩინარდება და, ასე ვთქვათ, კოსმოსურ პილიგრიმად იქცევა. საბოლოო ჯამში, ეს ბედი საკმაოდ ბევრ პლანეტას ელოდება.
სინათლის ექო
1837 წელს კიჩოს თანავარკვლავედში აფეთქდა ვარსკვლავი, სახელად ეტა კარინა (Eta Carinae ან η Car, როგორც მას ასტრონომები აღნიშნავენ). რამდენიმე წლის განმავლობაში ის ცაზე სიდიდითმეორე ვარსკვლავი იყო, ხოლო შემდეგ მისმა სიკაშკაშემ თანდათანობით იკლო. ამ ვარსკვლავის გამოსხივების ნაწილი სხვა მიმართულებით გავრცელდა, რამდენჯერმე აირეკლა მის გარშემო მყოფი მტვრის ღრუბლიდან და თითქმის 170 წლის შემდეგ მოაღწია დედამიწამდე: შეიძლება ითქვას, ჩვენამდე სინათლის ექო მოვიდა. ხელმეორედ დავინახეთ ის, რაც 170 წლის წინ, თუმცა ბევრად მცირე მასშტაბით. ეს მართლაც უნიკალური მოვლენაა. ეტა კარინას ორმაგი სისტემა ერთ- ერთი ყველაზე დიდი და განსაკუთრებით კაშკაშაა ჩვენს გალაქტიკაში. ისმზეზე 100-ჯერ მასიურია. დაკვირვება საშუალებას მოგვცემს განსაკუთრებით დიდი მასის მქონე ვარსკვლავების ევოლუცია შევისწავლოთ.
გველეშაპი შავი ხვრელები ჩვენი გალაქტიკის - ირმის ნახტომის - ცენტრში გიგანტური შავი ხვრელი ბინადრობს. მასზე დაკვირვებისას, რენტგენულმა ტელესკოპმა ჩანდრამ უამრავი მცირე სიდიდის ანთება აღმოაჩინა. ამ ნათებებს შავ ხვრელზე ნივთიერების დაცემა იწვევს. მათი სიკაშკაშე მიუთითებს, რომ ხვრელში ყოველდღიურადუამრავი ასტეროიდი და კომეტა ვარდება: გალაქტიკის ცენტრი გველეშაპივით ყლაპავს ამ ციურ სხეულებს, რომლის დროსაც ისინი ასანთის ღერებივით ინთებიან და იწვებიან. ფარული ფარული ფარული სამყარო დაბოლოს, ჯერაც ამოუცნობი რჩება ფარული ენერგიისა და ფარული მასის გამოცანა. შეგახსენებთ, რომ ბოლო მონაცემებით, სამყარო აჩქარებით ფართოვდება, ხოლო კოსმოსში ამოუცნობი, უხილავი ფარული მასა ბინადრობს, რაც ჯერჯერობით აუხსნელია ფიზიკის ჩვენთვის ცნობილი კანონებით, რომლებსაც სკოლებსა და უნივერსიტეტებში ასწავლიან. აშშ- ის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა 17 მილიონი დოლარი გამოყო, მომდევნო 5 წლის მანძილზე, ამ საიდუმლოებით მოცული საკითხის შესასწავლად. შესაძლოა, ჩვენ ახალი ფიზიკის დაბადების მომსწრენიც გავხდეთ.
![]() |
9 დაკარგული თაობა |
▲ზევით დაბრუნება |
ემზარ ჯგერენაია|სვეტი
როცა ზოგიერთი ჩემი ნაცნობი თუ მეგობარი სამუშაო საათების დამთავრების შემდეგ საკუთარი ავტომობილით სახლისაკენ გაუდგება გზას, ჩავჯდები ხოლმე ტაქსიში და თბილისის იმ რაიონისაკენ ავიღებ გეზს, სადაც ვცხოვრობ და რომელსაც ჯერ კიდევ არ დაუკარგავს საბჭოთა არქიტექტურის მომაჯადოებელი მომხიბვლელობა. ტაქსის მძღოლები საინტერესო ხალხია. ძნელია არ მოიხიბლო ზოგიერთი მათგანის დაკვირვების უნარით, რომელიც ჩემი პროფესიის ადამიანსაც კი (მე სოციოლოგი გახლავართ) შეშურდებოდა. მანქანაში ჩაჯდომიდანვე მათთვის ნათელია, თუ რომელ სოციალურ ფენას ეკუთვნი და, აქედან გამომდინარე, რამდენი შეიძლება მგზავრობისათვის მოითხოვოს, თუ, რასაკვირველია, წინასწარ არ შეუთანხმდი გადახდაზე. მაგრამ ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ ინფორმაციისა, რომელსაც ისინი შენზე უკვე ფლობენ. მაგალითად, მათ უკვე იციან ცოლ/ქმარშვილიანი ხარ თუ არა, თბილისელი ხარ, თუ ქალაქში ბედის საძებნელად ჩამოსული, ხშირად სარგებლობ ტაქსით, თუ მისით სარგებლობა მხოლოდ უკიდურესი დაღლილობით ან საქორწილო და, ღმერთმა გვაშოროს, საქელეხო ან, გნებავთ, მეგობრის დაბადების დღის აღნიშვნით გამოწვეული აცუნდრუკებით არის გამოწვეული. უფრო მეტიც, ჩემი თაობის ტაქსისტებს მკაფიო წარმოდგენა აქვთ შენს პოლიტიკურ გემოვნებაზე, არცთუ იშვიათად, შენს სამომავლო გეგმებზეც კი. „თქვენ ალბათ ხვალაც დაგჭირდებათ ტაქსი, ჩემს ტელეფონს ხომ არ ჩაიწერდით?” ამ შეკითხვით ცხადი ხდება, რომ მან ყველაფერი იცის თქვენზე. ტაქსისტები ასეთი უნარებით, ძირითადად, ე.წ. X Generation-ის, ანუ ჩემი ასაკის ხალხია. ეს თაობა „დროში გაჩხერილი” ან, გნებავთ, „დაგვიანებული თაობაა”. საბჭოთა სისტემაში სოციალიზებული თაობა, რომელსაც ახალმა დრომ სხვა მოთხოვნები წაუყენა და აიძულა უკვე ფორმირებული ღირებულებებისა და ქცევის სტანდარტების რადიკალური შეცვლა. მრავალ მათგანს მართლაც აქვს, აწ უკვე უსარგებლო, თუ ორი არა, ერთი დიპლომი მაინც. მათ მკერდში ორი სული ცხოვრობს: ერთი საბჭოთა, ხოლო მეორე, მართალია, დაეჭვებული, მაგრამ დღეს უკვე წარსულთან მებრძოლი. მაგრამ როგორია ეს სული?
ტაქსისტებს უნივერსიტეტის პროფესორზე მეტი შემოსავალი ჰქონდათ. მათი ხელფასი ორასი რუბლი, შეიძლება ოდნავ მეტიც, იყო. ამას ემატებოდა ე.წ. ლევი, დღეში 50 რუბლის ოდენობით, და სწორედ ეს „ლევი” აქცევდა მათ ბედნიერ ადამიანებად და არა მარტო მათ, არამედ საბჭოთა ადამიანს ზოგადად. ყველას ჰქონდა ასეთი შემოსავალი: გლეხი საკოლმეურნეო ყანიდან მის მიერვე მოწეულ მოსავალს იპარავდა; ბრიგადირი ფიქტიური „კაცდღის” ხარჯზე ცხოვრობდა; კოლმეურნეობის თავმჯდომარე საბჭოთა ბუღალტერიის ოსტატური გამოყენებით ხარობდა და ა.შ. ფილოსოფოსმა მერაბ მამარდაშვილმა ერთ-ერთ ლექციაზე თქვა: სისულელეა არ ისარგებლო საბჭოთა ბუღალტერიის და ეკონომიკის აბსურდულობითო. და მართლაც, ყველა იყენებდა მას სინდისის ქენჯნის გარეშე. მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი იყო კონკურენციისა და უმუშევრობის შიშის არარსებობა. საბჭოთა ადამიანს არ ჰქონდა ისეთი მრავალფეროვანი სურვილების პალიტრა, როგორიც თანამედროვე, პოსტსაბჭოთა ადამიანს აქვს.
ბრეჟნევის ეპოქაში, განსაკუთრებით თუ რომელიმე ევროპულ ენას ფლობდით, შეგეძლოთ სისტემის მიერ აკრძალული წიგნები მოგეპოვებინათ და შემდეგ ამ „ეზოტერული“, იდუმალი ცოდნით განდობილთა წრეში თავიც მოგეწონებინათ. უფრო მეტიც, ზომიერ დისიდენტობას მატერიალური სიკეთეც შეეძლო მოეტანა. ერთი ან ორი „ანტისაბჭოთა“ ლექსის, ან მცირე მოცულობის ნაციონალისტური სულისკვეთებით გაჟღენთილი ესეს ავტორს, მომავალში დუმილის სანაცვლოდ, არცთუ იშვიათად, საბჭოთა სისტემა პრესტიჟულ უბანში სამოთახიანი ბინით აჯილდოებდა. ასეთ ბინას რუმინული ავეჯის ურიგოდ მიღების შესაძლებლობაც მოჰყვებოდა ხოლმე, რომ არაფერი ვთქვათ ავტომობილზე, საბჭოთა ადამიანის ოცნებაზე. გადამყიდველებთან „ლევად“ ნაშოვნი ფულით ნაყიდ ტანსაცმელსა და საყოფაცხოვრებო ნივთებს თავისი მომხიბვლელობა ჰქონდა. ეს ნივთები ჩვენთვის უცხო და უცნობი საზოგადოებების შესახებ გვიყვებოდნენ და მათ სურვილებს გვიმჟღავნებდნენ. ადამიანი საკუთარ თავს როდი იყო მინდობილი, მას სისტემა და მისი ფლუქტუაციები მართავდა. სწორედ ამის გამო, დღეს ამ თაობას ბრეჟნევის ეპოქა ნამდვილ სამოთხედ წარმოუდგება.
დღეს საკუთარ თავს მინდობილ ჩემს თაობას, ყველაზე მეტად დამოუკიდებლობა უშლის ნერვებს. რა ვუყო საკუთარ თავისუფლებას? ერთი მხრივ, ამ თაობას სისტემის სიხისტე აწუხებს და მისგან გათავისუფლება უნდა, მეორე მხრივ - კვლავ სისტემა სურს, რომელიც „ლევად“ მოქმედების გამო არ დასჯის. „საპატრულო პოლიცია თვითონაც არღვევს მოძრაობის წესებს“, მეუბნება ერთი ტაქსის მძღოლი; „საპატრულო პოლიციას „გაი“ მირჩევნია, მანქანიდან გადმოვალ და ჯარიმაზე გავურიგდები. იაფი დამიჯდება“, - ამბობს მეორე.
პროფესორებსაც გვაქვს ჩვენი სამდურავი. წინათ, მისაღები გამოცდების წყალობით, ნათესავებსა და საზოგადოებაში არა მარტო ჩვენი განსწავლულობით ვიწონებდით თავს, არამედ იმ ზეგავლენით, მისაღებ გამოცდებზე, ჩვენი „ახლობლების” ჩარიცხვას რომ სჭირდებოდა. რა შეუძლია დროში დაკარგულ ამ თაობას თანამედროვეობას დაუპირისპიროს:
დაგმოს წარსული და აწმყო მიიღოს; ორივე დაგმოს (ასეთი რეტრიტიზმი იშვიათია), წარსულისა და აწმყოს ძლიერი და სუსტი მხარეები აწონ-დაწონოს და რაღაც შუალედური მოდელი ააგოს (ესეც იშვიათია), ან მისდიოს „ახალ ოცნებას”, რომელიც, შესაძლოა, ძველის ვარიაცია აღმოჩნდეს. მთავარი კი ის არის, რომ თანამედროვე სოციალური სისტემა მრავალფეროვან არჩევანს გვთავაზობს.
დაბოლოს, მსურს ეს მცირე ცდა ერთი შეკითხვით დავამთავრო: ჩემი თაობის ნოსტალგია გვიანდელ კომუნიზმზე და მისგან წარმოებულ სულიერ სიმშვიდეზე, არის საბჭოთა სისტემის, თუ მაშინდელი ჩვენი ახალგაზრდული ასაკის ეფექტი?
![]() |
10 ინდოეთი ბამბის ექსპორტს აჩერებს |
▲ზევით დაბრუნება |
ეკონომიკა
ემბარგო
ელენე კვანჭილაშვილი, მაკა გამცემლიძე
ინდოეთმა ბამბის ექსპორტზე უარი თქვა. ქვეყანა მსოფლიოში აშშ- ის შემდეგ, ბამბის რიგით მეორე უდიდესი მწარმოებელია. მისი ექსპორტის 70%25-ზე მეტი ჩინეთზე მოდის, დანარჩენი კი პაკისტანზე, ბანგლადეშსა და ტაილანდზე. ბოლო ორი წლის განმავლობაში ინდოეთმა უკვე მეორედ სცადა ბამბის ექსპორტზე ემბარგოს დაწესება. ინდოეთის მთავრობა გადაწყვეტილების მოტივებზე არ საუბრობს, თუმცა საერთაშორისო გამოცემები წერენ, რომ ექსპორტის შეზღუდვით ქვეყნის ხელისუფლება ცდილობს ნედლეულის მარაგის შიდა მოხმარებისთვის შენარჩუნებას.
გლობალური მოთხოვნა ბამბაზე და სხვა ნაწარმზე
(წლიური ცვლილება, %25)
წყარო: www.yarnsandfibres.com
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ბამბის პროდუქციაზე მოთხოვნა ქვეყანაში 35%25-ით გაიზარდა. თუმცა ბამბის მწარმოებელთა მტკიცებით, ქვეყანაში არის საკმარისი მარაგი იმისათვის, რომ მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.
ანალიტიკოსებისთვის ინდოეთის გადაწყვეტილება გასაკვირია, რადგან, მათი აზრით, ბოლო ორი წლის მანძილზე ბამბის მარაგები მსოფლიოში ისედაც იზრდება მომხმარებლის არჩევანის გამო - მყიდველი უმეტესად სინთეტიკურ ქსოვილს ანიჭებს უპირატესობას.
ამ მოსაზრებას ისიც ამყარებს, რომ ამერიკის სასაქონლო ბირჟებზე ბამბის ნედლეულის ფასი მხოლოდ 1.5%25-მდე ანუ 1 დოლარამდე გაიზარდა. ინდოეთიდან ბამბის ექსპორტის პირველად - 2010 წელს - აკრძალვის შედეგად, ბამბა 2-ჯერ უფრო გაძვირდა. ამ წელს მასზე რეკორდულად მაღალი ფასი იყო. თუმცა ამის მიზეზი მხოლოდ ინდოეთი არ ყოფილა. ფასების ზრდას ხელი შეუწყო ინფლაციის მაღალმა დონემ და ჩინეთში დიდმა წვიმებმა, რამაც გლობალური წარმოება 5.4%25-ით შეამცირა. მაშინ ინდოეთიდან იმპორტიორი კომპანიები განსაკუთრებულად დაზარალდნენ - შვეიცარიულმა კომპანია გლენკორმა, მაგალითად, 330 მილიონი აშშ დოლარი დაკარგა.
მწარმოებლების ვარაუდით, ახალი ემბარგო ინდოეთის, როგორც საერთაშორისო სავაჭრო პარტნიორის, იმიჯს შელახავს; პარტნიორების მხრიდან ქვეყნის მიმართ ნდობას შეამცირებს და ინდოეთიდან ბიზნესების განდევნას გამოიწვევს, რაც, საბოლოო ჯამში, ისევ ქვეყნის ეკონომიკას დააზარალებს. ბამბის ექსპორტზე ქვეყნის მთლიანი ექსპორტიდან მიღებული შემოსავლების დაახლოებით 15%25 მოდის.
2011 წელს ინდოეთმა 9.4 მილიონი ფუთა, ანუ 1.6 მილიონი ტონა ბამბა გაიტანა ექსპორტზე. ინდური ბამბის მთავარი კონკურენტული უპირატესობა მისი დაბალი ფასია: 2008-2009 წლებში ინდოეთში ბამბის ფასი 68%25-ით შემცირდა.
საქსტატის ინფორმაციით, საქართველომ 2008-2012 წლებში ბამბის იმპორტი ინდოეთიდან მხოლოდ ერთხელ - 2009 წელს განახორციელა და 2 ტონა ბამბა შემოიტანა. რამდენ ხანს გასტანს ემბარგო, ჯერჯერობით უცნობია. 2010 წლის ემბარგო 2 თვეს გაგრძელდა.
![]() |
11 საწარმოები, მათ მიერ შექმნილი პროდუქციის ღირებულება და დასაქმება |
▲ზევით დაბრუნება |
ეკონომიკა
საქსტატის ანგარიში
გიორგი აბაშიშვილი
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა (საქსტატი) 2010 წლის სამეწარმეო აქტივობა 2011 წლის ანგარიშში შეაჯამა. სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ 2006- 2010 წლებში ქვეყანაში რეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა 4-ჯერ აღემატება ამავე პერიოდში რეგისტრირებულ საწარმოებში დასაქმებულებს. ხოლო რეგისტრირებული საწარმოების მიერ შექმნილი პროდუქციის ღირებულება და საწარმოთა ბრუნვა თითქმის გაორმაგებულია. სტატისტიკური მონაცემები ზუსტად ასახავს საერთაშორისო რეიტინგების მიერ ბოლო დროს ხშირად გაკეთებულ დასკვნას - საქართველოში ბიზნესის დასაწყებად მეგობრული და ლიბერალური გარემოა, თუმცა გარკვეული ინსტიტუციური პრობლემები ჯერ კიდევ არსებობს.
2010 წელს, 2006 წელთან შედარებით, საქართველოში რეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა გაორმაგდა. ეს მიუთითებს, რომ ქვეყანაში ბიზნესის დაწყება მარტივია. მეორე მხრივ, ამავე წლებში რეგისტრირებულ საწარმოებში სტაბილურად დასაქმებული ადამიანების რიცხვი მხოლოდ 10%25-ით გაიზარდა. გამოდის, რომ საწარმოებში დასაქმებულთა რაოდენობა თვითონ ამ საწარმოთა რაოდენობას 4-ჯერ ჩამორჩება.
ამ ტენდენციას ახსნა აქვს: ციფრები აჩვენებს, რომ ბაზარზე ფირმები მოკლევადიან საქმიანობას ირჩევენ - მაგალითად, მონაწილეობენ მხოლოდ ტენდერებში, ერთი ტენდერიდან მეორემდე კი საქმიანობას აჩერებენ. მეორე მხრივ, ეს იმაზეც მიუთითებს, რომ კორუფციისადმი ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკამ გაამართლა: კომპანიები ხშირად ერთჯერადი ეკონომიკური სარგებლის მიღების მიზნითაც რეგისტრირდებიან. ისინი ჩრდილოვან ეკონომიკას თავს არიდებენ. ამ შემთხვევაშიც, ადამიანების დიდი ნაწილი საქმიანობას კი არ წყვეტს, არამედდროებით აჩერებს და საჭიროების შემთხვევაში განაახლებს.
2006-2010 წლებში რეგისტრირებული საწარმოების ძირითადი კაპიტალი და დასაქმებულთა საშუალო თვიური ანაზღაურება 100%25-ზე მეტად არის გაზრდილი. ამასთან, ამ საწარმოების მიერ შექმნილი პროდუქციის ღირებულება და საწარმოთა ბრუნვაც თითქმის გაორმაგებულია. თუმცა, ეს ყველაფერი ეროვნულ ვალუტასა და მიმდინარე ფასებში აისახება. შესაბამისად, ინფლაციის მაჩვენებლის გათვალისწინებით, ფულად ერთეულში გამოხატული ზრდა პროდუქციის რაოდენობრივ მატებას არ ნიშნავს. ამ შემთხვევაში, პროდუქციის მოცულობის კი არა, ფასების ზრდასთან უფრო გვაქვს საქმე.
სტატისტიკური მონაცემების ანალიზი ნათლად აჩვენებს, რომ უმჯობესია, მკაცრი ადმინისტრირებიდან ახლა საგადასახადო სისტემის ლიბერალიზაციაზე გაკეთდეს აქცენტი. ბოლო პერიოდში აქტიურად მიმდინარეობს საგადასახადო რეფორმა, რომელსაც სწორედ ეს გეზი აქვს აღებული. თუმცა რეფორმირების ტემპი ბიზნესისთვის არასტაბილურობის განცდას ამკვიდრებს: ბოლო ორი წლის განმავლობაში მიღებული ცვლილებების რიცხვმა 30-ს გადააჭარბა. ეს ფაქტი ბიზნესს გრძელვადიანი დაგეგმვის საშუალებას არ აძლევს. ამ მხრივ, წინგადადგმულ ნაბიჯად შეიძლება პარლამენტის მიერ ეკონომიკური თავისუფლების აქტის მიღება ჩაითვალოს. ეს აქტი ზღუდავს ქვეყნის ეკონომიკაში მთავრობის ჩარევას და ახალი გადასახადების თუ მარეგულირებლების გაჩენას. ასევე კარგი იქნება, თუ მთავრობა თავის დანაპირებს გაიხსენებს და მოგების და საშემოსავლო გადასახადებს შეამცირებს. ამით რეინვესტირებისთვის - მათ შორის, დასაქმებისთვისაც - საწარმოებს მეტი კაპიტალი დარჩებათ.
რეგისტრირებული საწარმოებისა და დასაქმებულების რაოდენობა (2006-2010)
რეგისტრირებული საწარმოების პროდუქციის და ბრუნვის დინამიკა (მილიარდი ლარი, 2006-2010)
ინფლაციის დინამიკა (%25, 2006-2010)
![]() |
12 ითხოვ სალარო აპარატის ჩეკს, ერთვები თამაშში |
▲ზევით დაბრუნება |
ეკონომიკა
ელენე კვანჭილაშვილი, მაკა გამცემლიძე
მარტის ბოლოდან, მომხმარებელი შეძენილ პროდუქტზე სალარო აპარატის ჩეკს თუ მოითხოვს, ის წამახალისებელ გათამაშებაში ავტომატურად ჩაერთვება. მისი ჩეკი გათამაშების ბილეთის როლს შეასრულებს. გამარჯვებული ამ ჩეკზე არსებული უნიკალური კოდის მიხედვით გამოვლინდება. ამ გათამაშების ორგანიზატორი, არც მეტი, არც ნაკლები, საქართველოს შემოსავლების სამსახური იქნება. პროექტი ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება.
ინიციატივას ორი ძირითადი მიზანი აქვს: 1. რეალიზებული საქონლის აღრიცხვის კონტროლი. გათამაშებაში ჩართულ მომხმარებელს ჩეკების მოთხოვნის მოტივაცია უნდა გაუჩნდეს. 2. ახალი GPRS სისტემით აღჭურვილი სალარო აპარატების პოპულარიზაცია.
ძველი საკონტროლო სალარო აპარატების გამოყენება თებერვლიდან აიკრძალა. ახალი აპარატები საქონლის რაოდენობას უფრო ზუსტად ასახავს, ხოლო ინფორმაციის მიღება ელექტრონული წესით ხდება. შემოსავლების სამსახურს ამ ინფორმაციის მოპოვება დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეუძლია.
ბოლო მონაცემებით, მეწარმეების 90%25-ზე მეტი ახალ სისტემაზე უკვე გადაერთო. აქედან 30-დან 100 ათას ლარამდე წლიური ბრუნვის 10 ათასზე მეტ მცირე მეწარმეს შემოსავლების სამსახურმა ახალი საკონტროლო სალარო აპარატები უსასყიდლოდ გადასცა. საქართველოს ბიუჯეტს ახალი აპარატების შეძენა 3.1 მილიონი ლარი დაუჯდა.
შემოსავლების სამსახურის გათვლებით, ჩეკების აღურიცხაობის გამო, ყოველთვიურად საშუალოდ 1400 მეწარმე ჯარიმდება: საქართველოს ბიუჯეტში, ჯარიმის სახით, ყოველთვე 700 ათასი ლარი შედის.
შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილის, ნინო გორგაძის განმარტებით, საჭიროა, მომხმარებელს ჩეკის მოთხოვნის ჩვევა გამოუმუშავდეს. წამახალისებელი გათამაშება, მისი აზრით, ჩეკის მოთხოვნის სტიმულირებას მოახდენს, ხოლო ერთი წლის განმავლობაში ეს ჩვევა კიდევ უფრო გამტკიცდება.
ტაივანში მსგავსი მოტივაციით წამოწყებული გათამაშება უკვე 60 წლის მანძილზე გრძელდება: კვარტალში ერთხელ გადასახადებისგან შემოსული შემოსავლის გარკვეული წილი ლატარიის ფონდში გროვდება და შემდეგ ჯილდოებზე ნაწილდება. კრიტიკოსების შეფასებით, ეს სისტემა ხელს უშლის ადმინისტრირების სფეროში სიახლეების დანერგვას. ელექტრონული ჩეკი შეიძლება იყოს ერთ-ერთი გამოსავალი, მაგრამ იმის გამო, რომ მოსახლეობა ამ გათამაშებებს შეჩვეულია, ვეღარ აუქმებენ და იყენებენ იმ მაღაზიების და ბიზნესების წასახალისებლად, რომლებიც ელექტრონულ ჩეკებს გასცემენ. კრიტიკოსების აზრით, მომხმარებლის მოტივაციის გასაზრდელად უფრო ფუნდამენტური ცვლილებებია საჭირო, ვიდრე მათი ფრაგმენტული წახალისება.
რამდენი იქნება შემოსავლების სამსახურის საპრიზო ფონდი, ბიუჯეტი გასცემს თუ კერძო ბიზნესი და რა სიხშირით გაიმართება წამახალისებელი გათამაშებები - საქართველოს მთავრობა ამას თვის ბოლომდე განსაზღვრავს.
ელექტრონული ჩეკების სისტემის დანერგვისთვის, მაგალითად, რომელიც ადმინისტრირებას საგრძნობლად გააიოლებს, მთავრობას გათამაშების ჩატარება ამ კონკრეტული მომსახურების რეალიზების მიზნით უხდება.
![]() |
13 საქართველო-ისრაელი პარტნიორობის განახლება |
▲ზევით დაბრუნება |
ფოკუსი
დიმიტრი ავალიანი
გასული თვის ბოლოს ქართული დელეგაცია, საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძის ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტით ისრაელში იმყოფებოდა. მხარეებმა თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს - განსაკუთრებით სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში. დიალოგი მოლაპარაკებების დაწყების შესაძლებლობასაც შეეხებოდა - თავისუფალი ვაჭრობისა და უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებების გაფორმების მიზნით.
ამ ვიზიტმა, ორი ქვეყნის დიპლომატიურ ურთიერთობებში წერტილი ხანგრძლივ პაუზას დაუსვა. ეს უკანასკნელი აგვისტოს ომის შემდეგ შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას, ასევე საქართველოსა და ისრაელს შორის რამდენიმე უსიამოვნო ინციდენტს უკავშირდებოდა.
თბილისისთვის ყველაზე მტკივნეული, რუსეთ-საქართველოს სამხედრო კონფლიქტამდე რამდენიმე თვით ადრე, ისრაელის მიერ სამხედრო თანამშრომლობის შეწყვეტა იყო. ეს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაზე უარყოფითად აისახა. მანამდე, ისრაელი საქართველოს, რამდენიმე წლის განმავლობაში: უპილოტო მზვერავ აპარატებს აწვდიდა, თანამშრომლობდა საბრძოლო თვითმფრინავებისა და ტექნიკის მოდერნიზაციაში, ამარაგებდა ელექტრონული მოწყობილობებით, აწვდიდა მსუბუქ შეიარაღებას და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებსაც. ებრაული კომპანიების ინსტრუქტორები ქართველი სამხედროების მომზადებით იყვნენ დაკავებულები. ეს რუსეთის მიერ ისრაელის მოწინააღმდეგეების - ირანისა და სირიის - შეიარაღებაზე ერთგვარ პასუხად აღიქმებოდა.
თუმცა, ისრაელის მედიის ცნობით, საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობა იერუსალიმმა 2008 წლის აპრილში, რუსეთის თხოვნით შეაჩერა. მას შემდეგ, რაც რუსულმა გამანადგურებელმა აფხაზეთის თავზე ისრაელის წარმოების ქართული უპილოტო აპარატი ჩამოაგდო.
ქართული დელეგაციის ისრაელში ყოფნას, Wikileaks-ის მიერ სკანდალური და ორივე მხარისთვის უსიამოვნო ცნობის გამოქვეყნება დაემთხვა. საიტზე ამერიკული ანალიტიკური ორგანიზაცია Stratfor-ის თანამშრომლებს შორის მიმოწერა გამოქვეყნდა. ერთ-ერთი გზავნილი 2009 წლის თებერვლით არის დათარიღებული. მისი მიხედვით, 2008 წლის აგვისტოს ომის წინ, ისრაელმა რუსეთს საქართველოსთვის მოწოდებული უპილოტო საფრენი აპარატების მართვის კოდები გადასცა. სანაცვლოდ, რუსეთისგან ირანისთვის მიწოდებული Тор-М1 ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის კოდები მიიღო. თბილისისთვის ყველაზე მტკივნეული, რუსეთსაქართველოს სამხედრო კონფლიქტამდე რამდენიმე თვით ადრე, ისრაელის მიერ სამხედრო თანამშრომლობის შეწყვეტა იყო. საეჭვო წყაროზე დაყრდნობით გავრცელებული ცნობის მიმართ დამატებითი ინტერესი, საქართველოს პრეზიდენტის განცხადებამ გამოიწვია. ის 3 მარტს, ქართული საარტილერიო სისტემის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდა. სამამულო სამხედრო წარმოების უპირატესობებზე საუბრისას, მიხეილ სააკაშვილმა შეიარაღების მომწოდებელთა არაკეთილსინდისიერებაზე მიანიშნა. მისი თქმით, შეიარაღების ადგილობრივი წარმოების პირობებში „აღარ ხარ დამოკიდებული იმაზე, რომ ვიღაცამ სადღაც მოგატყუოს, ინფორმაცია სხვას გაუზიაროს ან გადამწყვეტ მომენტში უარი გითხრას [იარაღის მოყიდვაზე] და არ შეგიჩეროს ამის მოცემა”.
ის, რომ საქართველო-ისრაელის ურთიერთობებზე ზეგავლენა აგვისტოს ომმა მოახდინა, მიმდინარე წლის იანვარში, საქართველოში ისრაელის ელჩმა იცხაკ გერბერგმა, რუსული სააგენტო რეგნუმისთვის მიცემულ ინტერვიუში დაადასტურა. ელჩის განცხადებით, „ომმა 2008 წლის აგვისტოში კავკასიის რეგიონში გეოპოლიტიკურ სიტუაციაზე იმოქმედა. ეს ისრაელსა და საქართველოს შორის ურთიერთობებზეც აისახა“.
მიხეილ სააკაშვილის და პრემიერ ეჰუდ ოლმერტის შეხვედრა. 2006
გასულ წელს ისრაელი საქართველოსთვის გამაღიზიანებელ ფაქტთან აღმოჩნდა დაკავშირებული. 2011 წლის აპრილში უსაფრთხოების დარგში ებრაული საკონსულტაციო კომპანიის, Global CST-ის დელეგაცია სოხუმს ეწვია. კომპანიის ხელმძღვანელებმა - ისრაელის ყოფილმა სამხედრო მაღალჩინოსნებმა, თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობის თაობაზე გამართეს.
ამ ვიზიტის გამო, განმარტებების გაკეთება საქართველოს საგარეო უწყებისთვის ისრაელის ელჩს იცხაკ გერბერგს მოუხდა. მისი თქმით, ისრაელი არ აღიარებს აფხაზეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ და არც შეიარაღებას მიჰყიდის. აფხაზეთში „კერძო ბიზნესის წარმომადგენლების” ვიზიტთან იერუსალიმს კავშირი არ ჰქონდა. ამ განმარტებამ ოფიციალური თბილისი დააკმაყოფილა. ეს საქართველოში ებრაელი ბიზნესმენების - რონი ფუქსისა და ზეევ ფრენკელის დაკავებაზე ისრაელის პასუხი არ ყოფილა. აფხაზი მაღალჩინოსნების განცხადებით, ამ ვიზიტისთვის მზადება ჯერ კიდევ 2010 წლის ზაფხულში, ბიზნესმენების დაპატიმრებამდე დაიწყო.
ფუქსისა და ფრენკელის საქმე ისრაელ-საქართველოს ურთიერთობებში ყველაზე სკანდალური ინციდენტი გახდა. ქართველი სამართალდამცავების მიერ მათმა დაკავებამ 2010 წლის ოქტომბერში, ისრაელში დიდი რეზონანსი გამოიწვია.
სასამართლომ ისინი დამნაშავეებად ცნო ქართველი მაღალჩინოსნის მოქრთამვის მცდელობაში, საერთაშორისო არბიტრაჟის მიერ დაკისრებული თანხის - 100 მილიონი დოლარის - მიღებაში დახმარების სანაცვლოდ. საქართველოს და ისრაელის ხელისუფლება ბიზნესმენების დაკავების შემდეგ ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაუარესებას ოფიციალურად არ აღიარებდა. თუმცა, ქართული დელეგაციების დაგეგმილი ვიზიტები ისრაელში გაურკვეველი ვადით გადაიდო. ქვეყნებს შორის ოფიციალური კონტაქტები, ფაქტობრივად, შეწყდა.
2011 წლის აპრილში, თბილისი ახალ სასამართლო დავაში ჩაერთო. ებრაულმა კომპანიამ, Elbit Systems, ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. მან 100 მილიონი აშშ დოლარის გადახდა მოითხოვა. ეს საქართველოსთვის მოწოდებული უპილოტო საფრენი აპარატებისა და სხვა მოწყობილობების ღირებულება იყო. ამ დავალიანების ხარსებობას ოფიციალური თბილისი დიდი ხნის განმავლობაში უარყოფდა.
პრემიერ-მინისტრი ბინიამინ ნეთანიაჰუ და პრემიერი ვლადიმირ პუტინი. 2011
თუმცა, ინციდენტებისა და დავების გარდა, ორი ქვეყნის „დაშორებას” უფრო გლობალური განზომილებაც ჰქონდა. ისრაელმა მოსკოვის გულის მოგება საგარეო გამოწვევების საპასუხოდ გადაწყვიტა. ისრაელის თვალში, ვაშინგტონის, როგორც უპირობო მოკავშირისა და უსაფრთხოების მთავარი გარანტის, სტატუსი საკმაოდ შესუსტდა. 2006 წლის არჩევნების შედეგად, აშშ-ის კონგრესის უმრავლესობა დემოკრატებმა მოიპოვეს. ახლო აღმოსავლეთში მკაცრი პოლიტიკის მომხრე ნეოკონსერვატორების გავლენა ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციაზე შესუსტდა.
არჩევნების შემდეგ თავდაცვის მდივანი დონალდ რამსფელდი გადადგა. მის ადგილას რობერტ გეიტსი დაინიშნა. ეს უკანასკნელი ირანის ბირთვული პრობლემის მოგვარების დიპლომატიურ გზას ანიჭებდა უპირატესობას. ადმინისტრაცია შეეცადა, ისრაელი პალესტინის საკითხში დათმობებზე, ასევე სირიასთან და პალესტინელებთან მოლაპარაკებებზე დაეთანხმებინა. ვაშინგტონი იერუსალიმს ირანის მხრიდან საფრთხეზე ძალისმიერი პასუხისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებდა.
ვაშინგტონში ბარაკ ობამას ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ, აშშმა გააძლიერა ზეწოლა იერუსალიმზე ისრაელი-პალესტინის კონფლიქტის საკითხებში. ობამამ ისრაელი-პალესტინის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტად გამოაცხადა. ვაშინგტონის შუამავლობით მხარეებს შორის მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი ჩატარდა. ობამას განცხადებით, ამ მოლაპარაკებების საბოლოო მიზანი პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნა უნდა გახდეს, თანაც - 1967 წლის საზღვრებში. ისრაელისთვის საზღვრების მიმართ ასეთი მიდგომა და პალესტინური სახელმწიფოს შექმნის ფორსირება კატეგორიულად მიუღებელია.
2009 წლის გაზაფხულზე ისრაელში საპარლამენტო არჩევნებზე მესამე ადგილი პარტიამ Yisrael Beiteinu (ჩვენი სახლი ისრაელი) მოიპოვა, ეს ძალა დიდწილად საბჭოთა კავშირიდან წამოსულ ისრაელის მოქალაქეთა მხარდაჭერას ეყრდნობა. ბინიამინ ნეთანიაჰუს კოალიციურ მთავრობაში საგარეო საქმეთა მინისტრად პარტიის ლიდერი ავიგდორ ლიბერმანი დაინიშნა. იგი წარმოშობით მოლდოვიდანაა და ისრაელში 70-იანი წლების ბოლოს ოჯახთან ერთად გადასახლდა. საგარეო უწყების სათავეში მოსვლის შემდეგ ლიბერმანმა რუსეთთან ურთიერთობების გაღრმავებაზე ზრუნვა დაიწყო.
რეპატრიანტების ფაქტორი როგორც ისრაელი-საქართველოს, ასევე ისრაელი-რუსეთის ურთიერთობებშიც დიდ როლს თამაშობს. ისრაელში დღესდღეობით საქართველოდან 70-80 ათასი რეპატრიანტი და მათი შთამომავალი ცხოვრობს. დიასპორა ჩვენს ქვეყანასთან მჭიდრო კულტურულ და ეკონომიკურ კავშირს ინარჩუნებს. ქართველი ებრაელები სხვადასხვა დროს წარმოდგენილნი იყვნენ როგორც ქნესეთში, ასევე მთავრობასა და ადგილობრივ თვითმმართველობაში. ისინი სამეცნიერო წრეებსა და ბიზნესშიც მოღვაწეობენ. ეს ხელს უწყობს საქართველოს ცნობადობას, როგორც ისრაელის საზოგადოებაში, ისე პოლიტიკურ სივრცეში.
ამავე დროს, პოსტსაბჭოთა რეპატრიანტთა მრავალრიცხოვანი წარმომადგენლობა ისრაელში (მილიონზე მეტი) რუსეთს აძლევს ხელს. ისრაელის მოქალაქეების ეს ნაწილი რუსულენოვან საინფორმაციო სივრცეშია ჩართული. ეს მოსკოვს ქვეყნის შიგნით მისთვის სასურველი საზოგადოებრივი აზრის ფორმირების შესაძლებლობას აძლევს. რაც ისრაელის შიდა თუ საგარეო პოლიტიკაზე აისახება.
2009 წლის ივნისში ავიგდორ ლიბერმანი პირველი ვიზიტით მოსკოვს ეწვია. მან კრემლს „ერთ-ერთი უმთავრესი პარტნიორი“ უწოდა. პოლიტიკოსმა იმედი გამოთქვა, რომ რუსეთთან ურთიერთობა „ახალ ხარისხს“ შეიძენს. თუმცა იმ დროისთვის იერუსალიმს მოსკოვის მიმართ უამრავი პრეტენზია ჰქონდა - ჰამასის პოლიტიკური მხარდაჭერის, სირიისა და ირანისათვის თანამედროვე შეიარაღების გადაცემის გამო.
რუსეთთან „სტრატეგიული დიალოგი“ ისრაელმა ავანსად დაიწყო. ქვეყანას იმედი ჰქონდა, რომ მოსკოვი მისი მტრების შეიარაღებაზე და პოლიტიკურ მხარდაჭერაზე უარს იტყოდა. ამის სანაცვლოდ, ისრაელი პირობას დებდა საქართველოსთვის იარაღი აღარ მოეწოდებინა. როგორც ავიგდორ ლიბერმანი 2009 წლის ივნისში აცხადებდა, „სტრატეგიული დიალოგის ერთ-ერთი თემაა მხარეების მიერ ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინება იარაღის ექსპორტის საკითხში, ჩვენი ქვეყნებისთვის მგრძნობიარე რეგიონებში. მხედველობაში მაქვს ახლო აღმოსავლეთი და კავკასია”.
2010 წლის თებერვალში ისრაელის პრემიერმა ბინიამინ ნეთანიაჰუმ უარყო ცნობები საქართველოსთვის შეიარაღების მოწოდების შესახებ, რომელსაც იმ დროს რუსული მედია ავრცელებდა. „რაც შეეხება შეიარაღების მიწოდებას, ჩვენ ყველა მხარის შეშფოთებას ვითვალისწინებთ და ველით, რომ რუსეთი იმავეს გააკეთებს“, - განაცხადა პრემიერმა.
ისრაელმა რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობაც დაიწყო - გასული წლის მაისში მოსკოვს უპილოტო საფრენი აპარატების პირველი პარტია მიაწოდა. თანაც, იერუსალიმმა მოსკოვს მათი წარმოების ტექნოლოგიაც გადასცა.
გასული წლის ბოლოდან ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო კრიზისმა, ისრაელისთვის უსაფრთხოების საკითხი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახადა. იერუსალიმს სურს, თეირანმა ატომური პროგრამა შეწყვიტოს, სანამ ის შეუქცევად ხასიათს მიიღებს და ირანული ატომური ბომბის შექმნა გარდაუვალი გახდება. თუ სანქციებმა შედეგი ვერ გამოიღო, ისრაელი მზადაა სამხედრო ოპერაცია განახორციელოს. თუნდაც, ამაში მხარი აშშ-მა და დასავლეთმა არ დაუჭირონ. ვაშინგტონი აცხადებს, რომ ირანის ბირთვულ შეიარაღებას არ დაუშვებს. თუმცა, თეთრი სახლის აზრით, სამხედრო ჩარევა ამ ეტაპზე ნაადრევია. ამას, დასავლური მედიის ცნობით, იერუსალიმი არ ეთანხმება. ისრაელმა, როგორც ჩანს, ვერ მიაღწია იმ მიზანს, რის გამოც საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობის გაწყვეტაზე წავიდა.
ისრაელში არ უნდა მოსწონებოდათ საქართველოს დაახლოება ირანთან. 2010 წელს ქვეყნებს შორის სავიზო რეჟიმი გაუქმდა და ეკონომიკისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობა გააქტიურდა. თუმცა, სწორედ ამ მოლაპარაკებების წყალობით, თბილისმა ირანისგან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის დეკლარირებას მიაღწია.
საგარეო საქმეთა მინისტრი ავიგდორ ლიბერმანი
ისრაელის თანამშრომლობას რუსეთთან, რაც თბილისისათვის სასიამოვნო არ არის, იერუსალიმისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობა ენიჭება მზარდი საფრთხის გამო. პრობლემები ირანისგან და მეზობელი სირიისგან მომდინარეობს - ამ ქვეყნიდან შეიარაღება ჰეზბოლას ტერორისტთა ხელში ხვდება, სამოქალაქო ომი და არეულობა კი საშიშროებას კიდევ უფრო ზრდის.
იერუსალიმის მრავალგზის თხოვნის მიუხედავად, მოსკოვი სირიისთვის შეიარაღების მიწოდებას განაგრძობს. ისრაელის მედიის ცნობით, გასული წლის ნოემბერში რუსეთმა სირიას Яхонт-ის ტიპის რაკეტებით აღჭურვილი ანტისაზღვაო კომპლექსები - Бастион მიაწოდა. ამის შემდეგ ავიგდორ ლიბერმანმა კიდევ ერთხელ გამოთქვა იმედი, რომ მოსკოვი, შემდგომში მაინც, „გაითვალისწინებს ისრაელის შეშფოთებას ისეთ საკითხებში, როგორიცაა ირანი, ჰეზბოლა და ჰამასი“.
ისრაელმა, როგორც ჩანს, ვერ მიაღწია იმ მიზანს, რის გამოც საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობის გაწყვეტაზე წავიდა. მისი მოწინააღმდეგეების ხელში რუსული იარაღი ისევ ხვდება. იერუსალიმთან მიღწეული შეთანხმება კრემლისთვის ნაკლებად ღირებული აღმოჩნდა. მას „არაბული გაზაფხულის“ უფრო ეშინია. მოსკოვი ასადის რეჟიმის დიპლომატიურ და სამხედრო დახმარებას განაგრძობს.
ამ ვითარებაში, არ არის გამორიცხული, ისრაელმა საქართველოსთან უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობა რაიმე ფორმატით ისევ განაახლოს. ამ საკითხს კვლავ მოსკოვზე ზეწოლის ხერხად გამოიყენებს.
სამხედრო ოპერაცია ირანის წინააღმდეგ, რომელშიც შესაძლოა აშშ და დასავლეთის სხვა ქვეყნები ჩაერთონ, საქართველოსთვისაც გარკვეულ საფრთხეს წარმოადგენს. ამ შემთხვევაში დასავლეთის ყურადღება პოსტსაბჭოთა სივრცის მიმართ მოდუნდება. ეს კრემლს ახალი ავანტიურებისთვის ხელებს გაუხსნის. თანაც, რუსული წყაროები ირწმუნებიან, რომ ირანის წინააღმდეგ ოპერაციის დაწყების შემთხვევაში, მოსკოვი გულხელდაკრეფილი არ იჯდება. მოსკოვი მზადაა საქართველოზე სამხედრო გზით „კორიდორი გაჭრას”. ამგვარი სცენარი - რუსეთსა და ირანს შორის დერეფნის შექმნა - ისრაელს ხელს არ უნდა აძლევდეს.
ბოლო დროს, ისრაელის უსაფრთხოების თვალსაზრისით, სამხრეთ კავკასიის რეგიონმა განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა. ისრაელის პრეზიდენტმა შიმონ პერესმა გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრისას ქართულ მხარეს მადლობა გადაუხადა 13 თებერვალს, საქართველოში ისრაელის საელჩოს პერსონალზე თავდასხმის აღკვეთისათვის. ეს ფაქტი ისრაელმა სხვა ქვეყნებში ებრაელი დიპლომატების წინააღმდეგ ჩადენილ ტერაქტებს დაუკავშირა და პასუხისმგებლობა ირანს დააკისრა.
ტერაქტის მცდელობამ ცხადყო, რომ საქართველო, შესაძლოა, მისდა უნებურად, ირანის და ისრაელის სპეცსამსახურების ომში ჩაერთოს. მით უმეტეს, რომ მასში უკვე მონაწილეობს მეზობელი აზერბაიჯანი. იანვარში ბაქოში აზერბაიჯანის ორი მოქალაქე დააკავეს, რომლებსაც, გამოძიების ცნობით, ირანის სპეცსამსახურების დავალებით ისრაელის მოქალაქეთა წინააღმდეგ ტერაქტები უნდა განეხორციელებინათ. ირანი, თავის მხრივ, ბაქოს ისრაელის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში ადანაშაულებს, რომლებიც ირანის ტერიტორიაზე მოქმედებენ. ომის რეალური საფრთხის პირობებში, ისრაელს კავკასიის რეგიონში პოზიციების გამყარება სჭირდება. თბილისიც, თავის მხრივ, დაინტერესებული იყო ისრაელთან ყველა სადავო საკითხი რაც შეიძლება სწრაფად „დაეხურა“. ეს ცოტა ხნის წინ განხორციელდა კიდეც. 2 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა ფუქსი და ფრენკელი შეიწყალა. იმავე დღეს ცნობილი გახდა, რომ დავა ფუქსის კომპანიასა და საქართველოს მთავრობას შორის მორიგებით დასრულდა - თბილისს კომპანიის სასარგებლოდ 100 მილიონის ნაცვლად 30 მილიონის გადახდა დაეკისრა.
29 დეკემბერს მორიგებით დასრულდა დავა საქართველოსა და Elbit Systems-ს შორის. ებრაული კომპანია, რომელიც 100 მილიონ დოლარს ითხოვდა, 35 მილიონს და საქართველოსთვის მოწოდებული ტექნიკის ნაწილის დაბრუნებას დათანხმდა.
საფუძველი ორი ქვეყნის დაახლოებისთვის, ტრადიციული კულტურული კავშირების გარდა, გარკვეულწილად, მსგავსი გეოპოლიტიკური მდგომარეობა და ისტორიული გამოცდილებაა.
ორივე ქვეყანას ძლიერი საგარეო საფრთხე ემუქრება. ისინი იძულებულნი არიან ძირითადად საკუთარ ძალებს დაეყრდნონ. მათ ბოლო პერიოდში რამდენიმე სამხედრო კონფლიქტი გადაიტანეს.
ისრაელმა რამდენიმე ათეული წლის წინ გაიარა სახელმწიფოებრიობის ხელახლა შექმნის ეტაპი ხანგრძლივი წყვეტის შემდეგ. ამ გზას ახლა საქართველო ადგას.
იერუსალიმისთვის, გარკვეულწილად, აქტუალურია სოციალისტური მემკვიდრეობის დაძლევაც - რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში სოციალისტების მმართველობის შემდეგ, მემარჯვენე კოალიცია ხელისუფლებაში პირველად 1996 წელს მოვიდა.
შესაბამისად, ისრაელის გამოცდილებიდან საქართველოსთვის ყველაზე სასარგებლო იქნებოდა - სახელმწიფოს მშენებლობის, მტრულ გარემოში უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და მუდმივი საფრთხის პირობებში ეკონომიკის წარმატებით განვითარების მაგალითის გაზიარება. ამავე დროს, ქვეყნებს ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განასხვავებს დიასპორის ფაქტორი. ებრაული დიასპორა მსოფლიოში ბევრად მრავალრიცხოვანია. დიდწილად მისი დამსახურებაა, რომ დასავლეთის მხრიდან ისრაელს უსაფრთხოების გარანტიები აქვს.
ისრაელისგან განსხვავებით, საქართველოს ასეთ დონეზე დასავლური მხარდაჭერის იმედი ვერ ექნება. ისრაელის შემთხვევაშიც ეს უპირობო და მუდმივი არ არის. თუმცა, ამ ქვეყანას სიმტკიცის გარკვეული მარაგი აქვს, რაც საქართველოს დღესდღეობით არ გააჩნია.
უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის გარდა, საქართველო ისრაელთან ურთიერთობებში ეკონომიკური კავშირების განვითარებით არის დაინტერესებული. 2010 წელს ისრაელის პირდაპირმა ინვესტიციებმა საქართველოში დაახლოებით 8 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს მთლიანი უცხოური ინვესტიციების მხოლოდ ერთ პროცენტამდეა. ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებამ ინვესტიციების, ასევე ტურისტების რაოდენობის ზრდას უნდა შეუწყოს ხელი. ერთ-ერთი საკითხი, რომლის გადაწყვეტაში თბილისს ისრაელის დახმარების იმედი აქვს, საქართველოს პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ გაახმოვანა. ეს იერუსალიმის ისტორიული ჯვრის მონასტრის საქართველოსთვის დაბრუნებაა. ისრაელისთვის საქართველოსთან, ისევე როგორც რეგიონის სხვა ქვეყნებთან, ურთიერთობებში მთავარი ფაქტორი უსაფრთხოებაა. იერუსალიმი ცდილობს, სამხრეთ კავკასია არ იქცეს ისრაელისთვის მტრული ძალების პლაცდარმად, მით უმეტეს, რომ თურქეთთან ურთიერთობა ბოლო წლებში საკმაოდ გაურთულდა.
ჯვრის მონასტერი იერუსალიმში
დღეისთვის ისრაელი, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, საქართველოსთან ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირების გაღრმავებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს. თბილისმა ეს ურთიერთობა პრაგმატულ, ურთიერთმომგებიან საწყისებზე, ზედმეტი მოლოდინების და გადაჭარბებული ოპტიმიზმის გარეშე, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა განავითაროს.
![]() |
14 ფოტოესე |
▲ზევით დაბრუნება |
გრაფიტი ქაბულის ქუჩებში
![]() |
15 პიროსის გამარჯვება |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო
რუსეთი
ავთო ქორიძე
„ძვირფასო ვლად! რა სიურპრიზია! რა სიურპრიზია! შენ გაიმარჯვე. რუსი ხალხიც ტირის“, - ამ ფრაზით „მიულოცა“ ამერიკელმა კონსერვატორმა კონგრესმენმა ჯონ მაკკეინმა თვალცრემლიან ვლადიმირ პუტინს გამარჯვება. მას მილოცვა სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა დაასწრო. დიქტატორებზე ეუთოს და სხვა ორგანიზაციების განცხადებებს არჩევნებზე მასობრივი დარღვევების შესახებ გავლენა არ ჰქონია. პუტინის გამარჯვებით გახარებულთა სიაში მოხვდნენ უგო ჩავესი, მაჰმუდ აჰმადინეჟადი და ჩინეთის ლიდერი ჰუ ძინტაო.
დასავლეთის რეაქცია პუტინის გამარჯვებაზე განსხვავებული იყო. ევროკავშირმა, ქეთრინ ეშტონის სიტყვებით, „ჩაინიშნა” (took note) რუსეთის არჩევნების შედეგები. ეს დიპლომატიურ ენაზე ასე გადაითარგმნება - „ვაღიარებთ, რომ მოხდა, მიუხედავად იმისა, რომ შედეგი დიდად არ მოგვწონს“. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალან ჟუპემ დაახლოებით იმავე ტონით უპასუხა რუსეთის არჩევნებს. საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ მილოცვასთან ერთად პუტინს დემოკრატიული და ეკონომიკური მოდერნიზაციის დაწყებისკენ მოუწოდა.
გერმანიის კანცლერმა „მნიშვნელოვან საქმეებში“ წარმატება უსურვა. გაერთიანებული სამეფოს პრემიერმა ტელეფონით მიულოცა გამარჯვება და ზოგიერთ საკითხზე „უთანხმოების” მიუხედავად, ურთიერთობის გაღრმავებისკენ მოუწოდა. თეთრი სახლის ოფიციალურ განცხადებაში პუტინის სახელი საერთოდ არ იყო ნახსენები: აშშ „მზად არის იმუშაოს ახლადარჩეულ პრეზიდენტთან, მას შემდეგ რაც არჩევნების შედეგები დადასტურდება და ის ოფიციალურად გახდება რუსეთის პრეზიდენტი”. აშშ აღშფოთებას გამოთქვამს საარჩევნო კამპანიის დროს მომხდარ ინციდენტებზე და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე. თუმცა ვაშინგტონმა განცხადებაში რუსეთის მთავრობის რეფორმის მცდელობაც (გუბერნატორების პირდაპირი არჩევნები და პარტიის რეგისტრაციის გამარტივება) აღნიშნა. კრიტიკული შეფასება მისცა რუსეთის არჩევნებს რესპუბლიკური პარტიის კანდიდატმა მიტ რომნიმ: „ის, რაც რუსეთში ვიხილეთ, არის დემოკრატიული პროცესის შეურაცხყოფა... რუსეთში დემოკრატიის გაქრობასთან ერთად, პრეზიდენტ ობამას პოლიტიკას გადატვირთვა კი არა, უკან დახევა უნდა ეწოდოს“.
პუტინის გამარჯვება დასავლეთისთვის პრობლემატურია. Guardian-ის ავტორი ლიუკ ჰარდინგი წერს, რომ ევროპაში ვერავინ შეძლო წარმატებული პუტინპოლიტიკის შექმნა. ბრიტანელი ლეიბორისტის, დენის მაკშეინის შეფასებით, ევროკავშირის წევრების პოლიტიკა მორალური და რეალისტური პოლიტიკის ნაზავია და, საბოლოო ჯამში, გაურკვეველი მიზნები აქვს.
ფოტო: REUTERS ©
პუტინის ძალაუფლებაში „დაბრუნებამ” კიდევ ერთი დაღი დაასვა ისედაც წარუმატებელ გადატვირთვის პოლიტიკას, რომელიც ილუზიებზე იყო დაფუძნებული. რეალურად, სათავეში მაინც პუტინი იდგა. აშშ-ის მცდელობა, მედვედევი აქტიურ ლიდერად გამოეჩინა, წარუმატებელი გამოდგა. პუტინის სათავეში მოსვლით მხოლოდ მოლაპარაკებების ტონი შეიცვლება. რუსეთი უფრო მკაცრი ენით გამოხატავს იმავე პოზიციებს. სინამდვილეში კი, ეს ყოველგვარი ილუზიების გაქრობას შეუწყობს ხელს. პუტინს საშინაო პოლიტიკაშიც სერიოზული გამოწვევები ელის და საგარეო პოლიტიკაში მკაცრი ტონით აპირებს პოზიციის გამაგრებას. ანალიტიკოსების შეფასებით, პრეზიდენტი თავიდანვე აგრესიული არ იქნება აშშ-ის მიმართ. ის ამ ქვეყანაში არჩევნების შედეგს დაელოდება. ეს საშუალებას მისცემს გაიგოს, თუ ვინ არის მისი ოპონენტი.
ედვარდ ლუკასი The Telegraph-ში გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, რომ პუტინმა ბრძოლა მოიგო, თუმცა ომში დამარცხდა. მისი შეფასებით, არჩევნებმა რუსული პოლიტიკა გამოაცოცხლა. რუსეთის მოქალაქეების 35%25 არჩევნების შედეგს არალეგიტიმურად მიიჩნევს, 40%25 კი მთავრობას არ ენდობა. ქუჩაში გამოსულმა უკმაყოფილო ამომრჩეველმა შეიძლება პუტინის მმართველობა ექვსიდან ორ წლამდე შეამოკლოს.
ლუკასის სტატია კარგად გამოხატავს მთლიანად დასავლურ პრესაში გავრცელებულ განწყობას. 5 წლის წინ ჟურნალმა Time-მა პუტინი წლის ადამიანად დაასახელა. მაშინ მთლიანად დასავლური პრესა პუტინს მკაცრ, ცივსისხლიან, კარდინალ რიშელიეს ტიპის პოლიტიკოსად ხატავდა. პრეზიდენტი ამ კვირაშიც ბევრი ჟურნალის ყდაზე გამოჩნდა, თუმცა სათაური ამჯერად ასე იკითხება - დასასრულის დასაწყისი (The Economist-ის 3 მარტის ყდა).
![]() |
16 პუტინის კორუფციული იმპერია |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო
მიხეილ ბასილაია
ფოტო: REUTERS ©
ვლადიმირ პუტინი რუსეთის პრეზიდენტი კიდევ 6 წლით გახდა. თუმცა მისი სკამი, დარღვევებით გამორჩეულმა საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებმა მოარყია. 2000 წელს პუტინი რუსეთის კორუფციისგან გათავისუფლების მთავარ იმედად მიიჩნეოდა. დღეს კი აშკარაა, რომ კვლავაც გაპრეზიდენტებულმა პოლიტიკოსმა, ქვეყანა საკუთარ კორუფციულ ქსელში გაახვია. არჩევნების წინ ვლადიმირ ვლადიმიროვიჩი თავისთვის მხსნელის იმიჯის შექმნას ცდილობდა. თუმცა რუსეთის მოსახლეობას აღარ სურს არაკომპეტენტური მთავრობის ხილვა. ხალხი პოლიტიკურ თავისუფლებასა და კანონის უზენაესობას ესწრაფვის, რისი უზრუნველყოფაც პუტინს, სურვილის შემთხვევაშიც, აღარ შეუძლია. მისი მაფიოზური პირამიდა, ერთი მხრივ ძალაუფლების წყაროა, მეორე მხრივ კი - თავად არის მისი მძევალი.
2010 წელს ნიუ იორკში, გაეროს რუსეთის წარმომადგენლობამ წერილი მიიღო. მთავარი თემა პუტინის კორუფციული კლანი იყო. წერილის ავტორი პუტინთან დაახლოებული ბიზნესმენი სერგეი კოლესნიკოვია, რომელიც ამჟამად ევროპაში იმალება. პრეზიდენტის კორუფციული გარიგებები მრავალი ავტორიტეტული გამოცემის, მათ შორის ბრიტანული Financial Times-ისა და ამერიკული Washington Post-ის ყურადღების ცენტრში მოხვდა. რუსულმა The New Times-მა ცოტა ხნის წინ საქმესთან დაკავშირებით ახალი მასალები (კერძოდ, აუდიოჩანაწერები და ფინანსური დოკუმენტები) მოიპოვა. ამ ყველაფერს პუტინის პრეზიდენტობის მანძილზე სასამართლომდე მიღწევა არ უწერია.
კორუფციული სქემის ცენტრში სანკტ-პეტერბურგში დაარსებული, ჯანდაცვის სფეროში მოღვაწე კომპანია Петромед-ია. 1990-იანი წლების დასაწყისში, Петромед-ის საკონტროლო პაკეტი (აქციათა 51%25) სანკტ-პეტერბურგის მერიის საგარეო ურთიერთობების კომიტეტს ეკუთვნოდა, რომელსაც 1991 წლიდან ვლადიმირ პუტინი ხელმძღვანელობდა. 1996 წელს ანატოლი სობჩაკმა ქალაქის მერის არჩევნები წააგო, რის შემდეგაც პუტინი და მასთან დაახლოებული პირები (КГБ-ს ყოფილი ოფიცერი, ამჟამად Петромед-ის პრეზიდენტი დიმიტრი გორელოვი და ბიზნესმენი ნიკოლაი შამალოვი. თითოეულის ქონებას Forbes-ი 500 მილიონ ამერიკულ დოლარად აფასებს) მოსკოვში გადაბარგდნენ. გორელოვმა Петромед-ი სანკტ-პეტერბურგის მერიისგან გამოისყიდა.
კორუფციული სქემის მიხედვით, Петромед-ი თანხებს რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენებისგან ქრთამის, შემოწირულობების ან სხვადასხვა პროექტების დაფინანსების სახით იღებდა. ფული კომპანიის შვილობილი ფონდების მეშვეობით, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებსა და პანამაში დარეგისტრირებულ ოფშორულ ზონებში (შესაბამისად, Rollins International-სა და Santal Trading-ში) ილექებოდა. პუტინს ოფშორულ ზონებში დაახლოებით 450 მილიონი დოლარი დაუგროვდა. თანხის ნაწილი სამედიცინო აღჭურვილობას ხმარდებოდა. ოფშორულ ზონებში დაგროვილი ფული ისევ ბიზნესში ბრუნდებოდა. ფინანსები ლიხტენშტაინსა და შვეიცარიაში დარეგისტრირებულ კომპანიებში ხვდებოდა, საიდანაც საინვესტიციო კომპანია Росинвест-ში მიედინებოდა. Росинвест-ი კი რუსეთში სხვადასხვა პროექტებს აფინანსებდა, რაც ფულის გათეთრების ჯაჭვის ბოლო ეტაპი იყო. მეორე მხრივ, ამ ინვესტიციებით ბიზნესი ფართოვდებოდა და სხვადასხვა სფეროებს მოიცავდა. სქემაში საკუთარ როლებს თამაშობდნენ პუტინთან დაახლოებული პირების სხვა კომპანიებიც, მაგალითად, მისი შორეული ნათესავის, მიხაილ შამალოვის Акцепт-ი და ბანკ Россия-ს შვილობილი Аброс-ი. აღსანიშნავია, რომ ბანკი Россия კლანის ერთ-ერთ მთავარ აქტივს წარმოადგენს. გორელოვი და შამალოვი მის დაახლოებით 10-10-პროცენტიან წილს ფლობენ. ბანკის უმსხვილეს აქციონერს, იური კოვალჩუკს, მედიაში პუტინის პირად ბანკირსაც უწოდებენ.
2001 წელს, უკვე რუსეთის პრეზიდენტ პუტინის ინიციატივით, კორპორაცია Сибнефть-ის (ახლა უკვე Газпром Нефть-ი) მაშინდელმა მფლობელმა რომან აბრამოვიჩმა Петромед-ს 203 მილიონი ამერიკული დოლარი გადაურიცხა სამედიცინო აღჭურვილობის შესაძენად. თანხის 35%25 (როგორც ჩანს, პუტინის წილი) ოფშორულ ზონებში წავიდა.
2004 წელს კრემლის ბინადარის თანამოაზრეებმა, Газпром-ის შვილობილი სადაზღვევო კომპანია Согаз-ი შეისყიდეს. რიგი მანევრების შემდეგ, Согаз-ის არაპირდაპირი მფლობელი ბანკი Россия გახდა, რითიც მან Газпром-ის ფინანსურ გადარიცხვებზე კონტროლი მოიპოვა.
The New Times-ი გერმანულ კორპორაცია Siemens-საც ახსენებს. შამალოვი 1992-2008 წლებში რუსეთში Siemens-ის წარმომადგენელი იყო. გორელოვი და შამალოვი ტექნიკას Siemens-ის შვილობილი კომპანია Medical Engineering Group-ისგან ყიდულობდნენ. 2008 წელს ამერიკის იუსტიციის სამინისტრომ Siemens-ის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. გერმანული კორპორაცია სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის რუსეთში, ჯამში 1.3 მილიარდი დოლარის ქრთამის სახით გადახდაში იყო ეჭვმიტანილი. საბოლოოდ, Siemens-ს ჯარიმის სახით 1.3 მილიარდი დოლარის გადახდა მოუწია.
პუტინის კორუფციული იმპერიის სიმბოლო შავი ზღვის პირას, კრასნოდარის მხარეში, ქალაქ გელენჟიკთან მდებარე მისივე სასახლეა. შენობა ოფიციალურად სანატორიუმად იწოდება. მისი თავდაპირველი ბიუჯეტი 350 მილიონი დოლარი იყო, შემდეგ კი 1 მილიარდამდე გაიზარდა. სასახლის მშენებლობის დაფინანსებას რუსი ბიზნესმენები ერთმანეთს ასწრებდნენ.
პუტინმა ქსელის ასაგებად КГБ-ში მუშაობის გამოცდილება გამოიყენა. კლანი ისეა მოწყობილი, რომ სხვადასხვა ბიზნესსფეროში მოღვაწე ადამიანებს ერთმანეთთან კონტაქტი არ აქვთ. ერთი რგოლის ჩავარდნის შემთხვევაში, ჯაჭვის კონფიდენციალობას საფრთხე არ ემუქრება.
კოლესნიკოვის ცნობით, კლანის შეკრებებს რუსეთის მთავრობის წევრებიც ესწრებოდნენ. მაგალითად, ჯანდაცვის მინისტრი ტატიანა გოლიკოვა და ეკონომიკური განვითარების მინისტრი ელვირა ნაბიულინა.
პუტინის დაბადების დღეზე მიწვევის ბედნიერება მხოლოდ მასთან ყველაზე დაახლოებულ პირებს აქვთ. მის უახლოეს მეგობრებს საკუთარი მეტსახელებიც გააჩნიათ. იური კოვალჩუკი არის косой (ელამი), 5.5 მილიარდი დოლარის პატრონი ენერგომაგნატი გენადი ტიმჩენკო - гангрена, გაზპრომის შეფი ალექსეი მილერი - солдат, რუსეთის პრეზიდენტის საქმეთა მმართველი ვლადიმირ კოჟინი - тужурка (ერთგვარი ქურთუკი), პრეზიდენტის დაცვის უფროსი ვიქტორ ზოლოტოვი - генералиссимус, ნიკოლაი შამალოვი - профессор Преображенский (მიხაილ ბულგაკოვის მოთხრობის, „ძაღლის გულის” მთავარი პერსონაჟი, ქირურგი), გორელოვს მეტსახელი არ აქვს. ყველა ეს პიროვნება სანკტ-პეტერბურგელია.
მათი მეტსახელები კლანურ ფუნქციებზე შეიძლება მიუთითებდეს. თავად პუტინი მიხაილ ივანოვიჩია - სწორედ ასე ეწოდება რუსულ ფოლკლორში დათვს. როგორც რუსი სატირიკოსი ვიქტორ შენდეროვიჩი შენიშნავს, პუტინი გათავხედებული დათვებით სავსე ტაიგის მბრძანებელია. კოლესნიკოვის თქმით, პრეზიდენტის ახლო მეგობარი არასოდეს ყოფილა. ის მხოლოდ შემსრულებელი გახლდათ და ერთ დღესაც მისი მოშორების დრო დადგა. ამ ინფორმაციის გამოაშკარავება (რაც The New Times-ის მოსაზრებით, პუტინის მაფიოზური აისბერგის მხოლოდ წვერია), როგორც თავად ამბობს, პრეზიდენტის ზღვარგადასულმა მადამ აიძულა. საკითხავია, კიდევ რამდენ ხანს მოუწევს პოლიტიკურ კრიზისში ჩაფლულ რუსეთს პუტინის მადის დაკმაყოფილება.
1996 წელს ვლადიმირ პუტინმა და მისმა სანკტ-პეტერბურგელმა ნაცნობებმა კოოპერატივი Озеро ჩამოაყალიბეს. მეწილეებს შორის იყვნენ იური კოვალჩუკი, ნიკოლაი შამალოვი, რუსეთის სახელმწიფო სარკინიგზო კომპანიის პრეზიდენტი ვლადიმირ იაკუნინი, რუსეთის განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ანდრეი ფურსენკო და მისი ძმა სერგეი (რუსეთის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტი), რუსეთის ატომური მრეწველობის მონოპოლისტი მომმარაგებელი კომპანიის Техснабэкспорт-ის დირექტორი ვლადიმირ სმირნოვი, 1999-2004 წლებში ბანკ Россия-ს გენერალური დირექტორი და შემდეგ კომპანია Аброс-ის ხელმძღვანელი ვიქტორ მიაჩინი. კოოპერატივს სახელი ეწოდა სანკტ-პეტერბურგთან მდებარე კომკავშირის ტბის მიხედვით, რომლის ნაპირზეც პუტინს აგარაკი ჰქონდა. პუტინის გაპრეზიდენტების შემდეგ, კოოპერატივის თავდაპირველმა და შემდგომმა მეწილეებმა რუსეთის მთავრობაში გადაინაცვლეს და კლანის იერარქიაში სხვადასხვა ადგილი დაიკავეს.
![]() |
17 საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის სხვაობა მცირდება |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო
მექსიკა
ანი ჩიკვილაძე
მექსიკა საპრეზიდენტო არჩევნების ციებ-ცხელებაშია, პირველ ივლისს ლოს-პინოსისთვის ბრძოლაში სამი მთავარი პარტია დაუპირისპირდება ერთმანეთს. გამოკითხვების შედეგად ხოსეფინა ვაზკეზ მოტა, ეროვნული მოქმედების პარტიის (PAN) კანდიდატი, ცოტა ხნის წინ 20 პროცენტით ჩამორჩებოდა რევოლუციურ-ინსტიტუციური პარტიის რჩეულ ენრიკე პენია ნიეტოს (PRI), დღეისათვის კი, ზოგიერთი კვლევის მიხედვით, მათ შორის სხვაობა 7 პროცენტამდე შემცირდა. ხოლო ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორი, დემოკრატიული რევოლუციის პარტიიდან (PRD) ვერ სარგებლობს პოპულარობით და ბოლო ადგილზე იმყოფება.
ხოსეფინა ვაზკეზ მოტა
მმართველმა პარტიამ ისტორიაში პირველად, პრეზიდენტობის კანდიდატად ქალი წარადგინა. ვაზკეზ მოტა პარტიას ვინსენტე ფოქსის პრეზიდენტობისას შეუერთდა. იგი 2006 წელს ფელიპე კალდერონის საარჩევნო კამპანიას ედგა სათავეში, შემდგომ კი განათლების სამინისტროს ხელმძღვანელობდა. ვაზკეზ მოტას საარჩევნო მესიჯი მექსიკელი ქალბატონებისკენაა მიმართული, რომლებიც ამომრჩეველთა ნახევარზე მეტს შეადგენენ. თუმცა იგი არ ემხრობა ორთოდოქსულ ფემინისტურ - ხელფასის თანასწორობის, ანტიდისკრიმინაციის თუ სოციალური კვოტების იდეებს. მეტიც - მისი იმიჯი უფრო მეტად ამტკიცებს ტრადიციულ გენდერულ სტერეოტიპებს. მოტა თავს დიასახლისად წარმოადგენს, რომელიც მექსიკის პოლიტიკურ სამზარეულოს დაალაგებს. 1 ივლისის არჩევნები გადაწყვეტს ჩაუდგება თუ არა სათავეში მექსიკას ჩილეს, არგენტინის, ბრაზილიის მსგავსად ქალი პრეზიდენტი.
PAN-ი კონსერვატიული იდეოლოგიის მატარებელია და მისი წევრები, მათ შორის ვაზკეზ მოტა, ტრადიციულად მხარს უჭერენ მთავრობის შეზღუდულ როლს, თავისუფალ ვაჭრობას და კერძო საკუთრებას. მთავრობაში მოსვლის შემთხვევაში ვაზკეზ მოტა გეგმავს წამოაყენოს იმ ნავთობწარმოების კერძო საკუთრებაში გადასვლის წინადადება, რისი პრივატიზაციაც დღეს კონსტიტუციითაა აკრძალული. პოლიტიკოსი ერთსქესიანი ოჯახების და აბორტის წინააღმდეგია, რითაც კათოლიკე ამომრჩევლის ხმების მოპოვებას ცდილობს. ვაზკეზ მოტამ ერთ-ერთი გამოსვლისას მექსიკელებს მოუწოდა, რომ კვირას, არჩევნების დღეს ჯერ ეკლესიაში წავიდნენ და შემდგომ მისცენ მას ხმა.
PAN-ს ტრადიციულად მხარს უჭერს ურბანულ ნაწილში მცხოვრები მოსახლეობა, ბიზნესმენთა ნაწილი და მეხიკოს დასახლება. ექსპერტები ვაზკეზ მოტას ურჩევენ, წარმატების მისაღწევად, თავისი კანდიდატურა ფელიპე კალდერონისგან, მექსიკის ამჟამინდელი პრეზიდენტისგან გამიჯნოს. ამ უკანასკნელს PRI-ის კონტროლირებად კონგრესზე სუსტმა გავლენამ და ნარკოკარტელების წინააღმდეგ ომმა არაპოპულარობა მოუტანა. თუმცა მოტას, ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებაში, ჯანდაცვისა და საბინაო პოლიტიკაში კალდერონის ადმინისტრაციის წარმატების გამოყენება შეუძლია.
ნარკოომებში საერთო დაღუპულთა რაოდენობამ ბოლო ხუთი წლის მანძილზე 47 ათასს მიაღწია. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ მექსიკელთა 83 პროცენტი ჯერ ისევ მხარს უჭერს ომის გაგრძელებას და იმედი აქვთ, რომ ნარკობარონთა თარეში ოდესმე დასრულდება. კალდერონმა 2008 წელს პრეზიდენტ ბუშთან ხელი მოაწერა შეთანხმებას, დახმარებოდა მექსიკას „მერიდას ინიციატივის” ფარგლებში ნარკოკარტელებთან ბრძოლაში. ვაზკეზ მოტა, არჩევის შემთხვევაში აპირებს აშშ-ის და მექსიკის კავშირების უფრო მეტად განმტკიცებას და ნარკოკარტელებთან ბრძოლის გაგრძელებას.
ენრიკე პენია ნიეტო
რევოლუციურ-ინსტიტუციური პარტია მექსიკას 71 წლის მანძილზე, 2000 წლამდე, მართავდა. 1929 წლის რევოლუციის შემდგომ, PRI შეუდგა რევოლუციური იდეების განხორციელებას, მათ შორის - მიწის თავისუფალ განაწილებას სოფლის მოსახლეობაზე, ნავთობმოპოვების ნაციონალიზაციას და ეროვნული ინდუსტრიების პროტექციონიზმს. PRI-მ შექმნა სოციალური დაცვის ინსტიტუტი და მუშათა გაერთიანებები, რაც მათ ძირითად დასაყრდენს წარმოადგენდა. პარტია მკაცრად აკონტროლებდა სხვადასხვა სტრუქტურების, ინსტიტუტების და პროფკავშირების ლიდერებს. ამის შედეგად მენეჯერთა უმრავლესობა ცდილობდა პარტიის ზედა ეშელონებისთვის მოსაწონი ნაბიჯები გადაედგა და მომხმარებელთა სურვილებს ნაკლებად ითვალისწინებდა. 70-80-იან წლებში სოციალური დანახარჯების ზრდამ გამოიწვია საგარეო ვალის მკვეთრი მატება, ხოლო საბანკო სისტემის ნაციონალიზაციამ - კაპიტალის და ინვესტიციების გადინება. ამან ქვეყანა სავალალო შედეგებამდე მიიყვანა.
მძიმე ეკონომიკური კრიზისის შემდგომ, 80-იანი წლების ბოლოდან, პარტიამ მოდერნიზაცია განიცადა და ნეოლიბერალური რეფორმები დაიწყო. მათ ეკონომიკური ნაციონალიზმიდან თავისუფალ ვაჭრობაზე გადაინაცვლეს და 90-იანებში NAFTA-ს და GATT-ს შეუერთდნენ. სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი 1100-მდე საწარმოდან, უმრავლესობა კერძო მფლობელობაში გადავიდა. დღეს პარტიას იგივე ეკონომიკური კურსი უჭირავს, სოციალურ საკითხებზე კი PAN-თან შედარებით ლიბერალური პოზიცია უკავია. 2012 წლის არჩევნებზე, სავარაუდოდ, PRI ახალგაზრდა ამომრჩეველთა დიდი ნაწილის მხარდაჭერას მოიპოვებს. ამ უკანასკნელებმა ახლახან მიაღწიეს საარჩევნო ასაკს და არ ახსოვთ პარტიის პოლიტიკური კურსის შედეგად გამოწვეული კორუფცია და ეკონომიკური სტაგნაცია. გარდა ახალგაზრდა ამომრჩევლისა, PRI-ს მხარს უჭერენ პროფკავშირები და მუშათა გაერთიანებები. 2012 წლის არჩევნებისთვის PRI-ის საარჩევნო კამპანია, PAN-ის მსგავსად, ძირითადად სასამართლო ინსტიტუტების გაძლიერებაზე, პოლიციის პერსონალის გადამზადებაზე, განათლების და სამუშაო ადგილების უზრუნველყოფაზეა ორიენტირებული.
პენია ნიეტო მექსიკის შტატის ყოფილი გუბერნატორია, რომელიც საპნის ოპერის ვარსკვლავზეა დაქორწინებული. იგი მექსიკის 32 შტატის გუბერნატორებიდან 19-ის მხარდაჭერით სარგებლობს. გარდა ამისა, ნიეტოს მთავარი სამაუწყებლო კომპანია Televisa და TV Acteca მეტ ყურადღებას უთმობენ.
მესამე ძირითადი ძალის, დემოკრატიული რევოლუციის პარტიის (PRD) კანდიდატი ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორი ან უბრალოდ „ამლო” წინა ორ მეტოქეს ჩამორჩება. იგი მეხიკოს ყოფილი მერია. მას მხოლოდ ორი შტატი და ქალაქის ნაწილი უჭერს მხარს. 2006 წელს კალდერონთან ბრძოლაში მცირედი სხვაობით დამარცხების შემდეგ, არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადა და მეხიკოს ქუჩებში საპროტესტო აქციებით გამოვიდა. მას შემდეგაც კი, რაც სასამართლომ არჩევნების ლეგიტიმურობა დაადასტურა, ამლო აგრძელებდა პროტესტს. პოლიტიკოსი იმდენად შორს წავიდა, რომ ალტერნატიული მთავრობაც კი შექმნა. თუმცა მღელვარებამ ჩაიარა და მისი მხარდამჭერებიც მიმოიფანტნენ.
PRD იდეოლოგიურ სპექტრზე მემარცხენე ფლანგზეა. იგი 80-იან წლებში გამოეყო PRI-ს, როდესაც მათ ნეოლიბერალური რეფორმების გატარება დაიწყეს. PRD დღემდე პროტექციონიზმის, ძლიერი მთავრობის და ეკონომიკური ნაციონალიზაციის მომხრეა. როდესაც PAN-ის და PRI-ის კანდიდატები კარტელებთან ბრძოლის გაგრძელებას და სისხლისღვრის შეჩერებას ჰპირდებიან ამომრჩევლებს, ლოპეს ობრადორი სამხედროების ყაზარმაში დაბრუნებას გეგმავს. ის ალბათ ფიქრობს, რომ ძველი დროის კორუფციული გარიგებებით მიღწეული სიმშვიდე, ნარკობარონებთან დღესაც იმუშავებს.
მექსიკის მოსახლეობის 44 პროცენტი სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა. მიუხედავად იმისა, რომ World Bank-ის მონაცემებით, ინფლაციის დონე სტაბილურია და მთლიანი შიდა პროდუქტი თითოეულ მოსახლეზე იზრდება, ეკონომიკური უთანასწორობა ქალაქის და სოფლის მოსახლეობას შორის დიდია. Transparency International-ის თანახმად, მექსიკის კორუფციის ინდექსი მაღალია (3.0). ამ ინდექსის მიხედვით, მექსიკა ისეთ ქვეყნებს შორის ხვდება, როგორიცაა ჯიბუტი, გაბონი და ბურკინა-ფასო. გარდა ამისა, Freedom House-ის მონაცემებით, პრესა არაა თავისუფალი. Human Rights Watch-ის მიხედვით, 2000 წლიდან 2011 წლის სექტემბრამდე 74-მდე ჟურნალისტი დაიღუპა. მათი დიდი ნაწილი ნარკოკარტელების ძალადობის მსხვერპლი გახდა, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში სახელმწიფო მოხელეებიც არიან გარეულნი. სიტუაციის უკეთესობისკენ შესაცვლელად, კორუფციისა და გაუთავებელი სისხლისღვრის შესამცირებლად, ახალი პრეზიდენტის დიდი ძალისხმევა იქნება საჭირო.
ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორი
![]() |
18 რეგიონული თანამშრომლობის პრობლემები უზბეკეთ- ტაჯიკეთის ურთიერთობის მაგალითზე |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო
ცენტრალური აზია
თეონა ტურაშვილი
ტაჯიკეთის პრეზიდენტი ამომალი რახმონი და უზბეკეთის პრეზიდენტი ისლამ კარიმოვი
ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის არსებული ეკონომიკური, პოლიტიკური და ეთნიკური უთანხმოებები მათ შორის თანამშრომლობას აფერხებს. ეს შორეულ პერსპექტივაში რეგიონულ სტაბილურობას ემუქრება. მეორე მხრივ, ამ ქვეყნების ურთიერთდამოკიდებულების არსებობა კონსენსუსის მიღწევის შესაძლებლობას იძლევა. თუმცა, ეს მათი მხრიდან მოქნილი პოლიტიკის წარმოებას მოითხოვს. ამჯერად კი ყველა მათგანი საკუთარი პოზიციების განმტკიცებას ცდილობს.
რეგიონის ქვეყნებს, განსაკუთრებით კი უზბეკეთსა და ტაჯიკეთს, შორის უმთავრესი საკამათო საკითხი წყალზე ხელმისაწვდომობა და ბუნებრივი აირის ფასია. საბჭოთა პერიოდში წყლისა და ელექტროენერგიის სისტემები რეგიონში ინტეგრირებული იყო. წყლის მარაგებით მდიდარი ქვეყნები - ყირგიზეთი, ტაჯიკეთი (ფლობდნენ რეგიონში წყლის მარაგების 90%25-ს), ამ რესურსის სანაცვლოდ, ბუნებრივი აირის მქონე სახელმწიფოებისგან (უზბეკეთი, ყაზახეთი, თურქმენეთი) გაზს უფასოდ იღებდნენ. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ეს სისტემა მოიშალა, თუმცა აღნიშნული ქვეყნების ერთმანეთზე დამოკიდებულება უცვლელი დარჩა.
ამგვარი ურთიერთდამოკიდებულების პირობებში აღნიშნული ქვეყნები რესურსების გასაცვლელად საჭირო პირობებზე ვერ თანხმდებიან. უზბეკეთის მიერ გაზის მიწოდებისთვის მოთხოვნილი თანხა ყირგიზეთსა და ტაჯიკეთში ძვირად მიაჩნიათ. ამის გამო ეს უკანასკნელი საკუთარი პოზიციების გასამაგრებლად როგუნის კაშხლის აგებას აპირებს, რაც ტაჯიკეთს ბუნებრივი ენერგიის ნაკლებობის პრობლემას მოუხსნის. თავდაპირველად დუშანბე რუსული კომპანიის დახმარებით აპირებდა მის აშენებას, თუმცა ბოლო დროს ამ პროექტით ირანი დაინტერესდა.
კაშხლის აგების მთავარი მოწინააღმდეგე უზბეკეთია. ამ უკანასკნელის მტკიცებით, მისი აშენება გარემოს და წყლის მარაგებს დიდ ზიანს მიაყენებს. ისიც ნათელია, რომ პროექტის განხორციელების შემთხვევაში იგი მეზობელზე ბერკეტს დაკარგავს, თავად კი, წყლით მომარაგების საკითხში, კვლავაც ტაჯიკეთის მთავრობაზე იქნება დამოკიდებული. ეს კი მის რეგიონულ ლიდერობას დაემუქრება.
არის საკამათო საკითხებიც: ორ ქვეყანას საერთო საზღვრის 20%25 დღემდე განსაზღვრული არ აქვს. ამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები 2009 წელს ჩაიშალა. მაშინ ტაჯიკეთმა უარყო უზბეკეთის შეთავაზება, რომლის მიხედვითაც ეს უკანასკნელი ფარხოდის წყლის საცავის დათმობის სანაცვლოდ დუშანბეს სადავო ტერიტორიის ნაწილს ჰპირდებოდა. მართალია, თებერვალში დიალოგი განახლდა, თუმცა შეთანხმების მიღწევას კვლავაც ვერ ახერხებენ.
პოლიტიკურ ფაქტორებთან ერთად საგულისხმოა ეთნიკური შუღლიც. ორივე ქვეყანა მეზობელი სახელმწიფოს წარმომადგენლებს მასპინძლობს. რეგიონში უზბეკ და ტაჯიკ ეროვნებებს შორის არსებული შუღლის ფონზე, ეს შეტაკებებისა და ეთნიკური უმცირესობების დევნის შესაძლებლობებს ზრდის.
გადაუჭრელი პრობლემების ფონზე ექსპერტთა ნაწილი გრძელვადიან პერსპექტივაში მხარეებს შორის კონფრონტაციის ესკალაციას წინასწარმეტყველებს. ამას ისინი რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე გარე ძალების გავლენის შემცირებითაც ასკვნიან. კერძოდ, ტაშკენტი ცდილობს დაბალანსებული პოლიტიკა გაატაროს რუსეთსა და აშშ-სთან დაკავშირებით - მოსკოვთან ეკონომიკური კავშირების შენარჩუნების მიუხედავად, უარს ეუბნება მასთან ერთად საბაჟო კავშირში შესვლაზე. ვაშინგტონმა ავღანეთის ოპერაციაში უზბეკეთის ტერიტორიის გავლით არსებული სატრანზიტო გზის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ადამიანის უფლებების უპატივცემულობის მიუხედავად, მას სამხედრო დახმარება აღუდგინა. ეს ბევრს აფიქრებინებს, რომ უზბეკეთს გარე ზეწოლის იგნორირების ფუფუნება გააჩნია. რაც შეეხება ტაჯიკეთს, მან თეირანთან და პეკინთან ეკონომიკური ურთიერთობების აგებით სცადა ტაშკენტის რეგიონული დომინირების დაბალანსება.
ცხადია, რომ რეგიონის ორ ყველაზე დაპირისპირებულ ქვეყანას შორის უთანხმოება მათი მხრიდან დათმობების გარეშე ვერ მოგვარდება. ამისთვის მზად ჯერჯერობით არცერთი მათგანი არ არის. თუმცა, მათ შორის ურთიერთდამოკიდებულების არსებობით, ვითარების დარეგულირების შანსები ჯერ კიდევ რჩება.
![]() |
19 რევოლუცია მალდივებში - საფრთხე ინდოეთისთვის |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო
ავთო ქორიძე
ერთი შეხედვით მცირე მალდივის რესპუბლიკა ბოლო დროს განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ ექცევა. თებერვალში მომხდარი გადატრიალების შემდეგ გაჩნდა შიში, რომ არქიპელაგი, რომელიც 1200-მდე კუნძულს აერთიანებს, შეიძლება ფუნდამენტალისტი ისლამისტების მმართველობის ქვეშ აღმოჩნდეს და ტერორისტების თავშესაფრად იქცეს.
მალდივის რესპუბლიკა მსოფლიო ყურადღების ცენტრში 2008 წელს მოხვდა. დიქტატორი მაუმუნ აბდულ გაიომი, რომელიც ქვეყანას 1978 წლის შემდეგ მართავდა, თანამდებობიდან ჩამოაგდეს. ოქტომბერში პრეზიდენტად გაიომის წინააღმდეგ დემონსტრაციების ლიდერი მოჰამედ ნაშედი აირჩიეს. თუმცა 2009 წლის ბოლოს ნაშედის წინააღმდეგ გაჩნდა ბრალდებები მისი კორუფციაში ჩართვის შესახებ. ნაშედს მთავრობის დათხოვნა მოუხდა, თუმცა მალევე, იგივე მთავრობა ხელმეორედ დანიშნა. 2011 წლის ბოლოს პროტესტი ნაშედის წინააღმდეგ კიდევ უფრო გაძლიერდა. მთავრობამ ოპოზიციის ლიდერები დააკავა და 16 იანვარს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, აბდულა მოჰამედის დაპატიმრება სცადა. გაზრდილი საპროტესტო აქციების გამო ნაშედს 7 თებერვალს თანამდებობიდან გადადგომა მოუწია - მისი თქმით, მოკვლითაც კი ემუქრებოდნენ. ნაშედის შემდეგ პრეზიდენტის თანამდებობა ვიცე-პრეზიდენტმა, მოჰამედ ვაჰედ ჰასანმა დაიკავა. ახალი მთავრობა აშშ-მა და ინდოეთმა ლეგიტიმურად ცნეს. თუმცა ამის მთავარი მიზანი ისლამისტური რევოლუციის თავიდან აცილება იყო.
ნაშედის გადადგომის დღესვე, ეროვნულ მუზეუმში შეიჭრა ნიღბოსნების ჯგუფი და ყველა პრეისლამური ნიმუში გაანადგურა. ოფიციალური განცხადებით, ისლამური კანონის მიხედვით, ისინი არალეგალური იყო. პარალელურად, სულ უფრო აქტიური გახდა ისლამისტური პარტია, დჰივეჰი კვამი. პარტიას ქვეყანაში შარიათის კანონის დამკვიდრება სურს და ნაშედის პარტიას სიონიზმში ადანაშაულებდა.
თუმცა, გარდა ადგილობრივი ისლამისტებისა, ინდოეთს განსაკუთრებით ეშინია, რომ მალდივის კუნძულები, შეიძლება, ტერორისტების თავშესაფრად იქცეს. ეს მთლიანად სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიისთვის სახიფათოა. რეგიონში 2008 წლის შემდეგ დემოკრატიული რეჟიმების რაოდენობა სწრაფად იზრდება და სტაბილურობის განცდაც გაჩნდა. რადიკალი ისლამისტების მმართველობა და ტერორისტებისთვის თავშესაფრის მიცემა მთლიანად რეგიონის სტაბილურობას საფრთხის ქვეშ დააყენებს. 2010 წელს პაკისტანში რამდენიმე მალდიველი დააკავეს, რომლებიც ტერორისტების ბანაკებში იწვრთნებოდნენ. ინდოეთის თავდაცვის მინისტრმა ანტონიმ მუმბაის ტერორისტული აქტის შემდეგ საზღვაო ტერორიზმის საფრთხეების შესახებ ისაუბრა. სწორედ მალდივის კუნძულები შეიძლება იქცეს ტერორიზმის ასეთ წყაროდ. ეს რეგიონში ჩინეთის კიდევ უფრო გააქტიურებას გამოიწვევს, რაც ინდოეთისთვის მიუღებელია.
თუმცა ზოგიერთი ექსპერტი ასეთ შიშებს გადამეტებულად მიიჩნევს. მათი თქმით, მალდივების მთავარი შემოსავლის წყარო ტურიზმია (ეკონომიკის თითქმის ერთი მესამედი). ტერორიზმის გავრცელება მთავრობისთვის წამგებიანია. ისინი ყველაფერს გააკეთებენ ამის თავიდან ასაცილებლად.
მეორე მხრივ, ეს ექსპერტები ჩინეთის გააქტიურებასაც ნაკლებსავარაუდოდ მიიჩნევენ. ჩინეთი ერთადერთი სამხრეთაზიური ქვეყანაა, რომელსაც მალდივებში საელჩო აქვს და ყველაზე მეტ ტურისტს აგზავნის კუნძულებზე. თუმცა ინდოეთის კულტურული და სამხედრო კავშირი იმდენად ძლიერია ამ არქიპელაგთან, რომ ქვეყნის გავლენის სფეროდან ამ კუნძულების გასვლის შესაძლებლობა საეჭვოა. მალდივების მთავრობა ინდოეთში ტერიტორიის ყიდვასაც გეგმავდა მოსახლეობის გადასახლების მიზნით, თუ კუნძულები ბუნებრივი კატაკლიზმების მსხვერპლი გახდებოდა. ამასთან ერთად, მალდივები მნიშვნელოვან სამხედრო დახმარებას იღებს ინდოეთისგან: ანტიტერორისტული და ანტიმეკობრეობის წვრთნები, საზღვრის კონტროლი. ქვეყანაში ისლამისტების დაწინაურების შემთხვევაში, ინდოეთს შეიძლება სამხედრო ჩარევა მოუწიოს. ეს უპრეცედენტო არ იქნება: 1988 წელს გაიომმა ინდოეთს სთხოვა თამილის ვეფხვებისგან დაცვა, რის შემდეგაც ქვეყანამ სამხედრო დახმარება გაუწია.
![]() |
20 საქართველო ინვესტიციების მოსაზიდად საშუალო რისკის მატარებელი ქვეყანაა |
▲ზევით დაბრუნება |
ბიზნესი
ელენე კვანჭილაშვილი
ბრიტანულმა კომპანია Maplecroft-მა ახალი კვლევა - Political Risk Atlas 2012 - გამოაქვეყნა. კომპანია ერთმანეთს 196 ქვეყანას ადარებს და ინვესტიციების მოზიდვისთვის მნიშვნელოვანი რისკების მიხედვით, 4 ძირითად კატეგორიად - უკიდურესად მაღალი, მაღალი, საშუალო და დაბალი - აჯგუფებს. კვლევის მიხედვით, 2011 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად 5 ძირითადი რისკი არსებობდა: მთავრობის ჩარევა და ზედმეტი რეგულირება, არასტაბილური პოლიტიკური, ბიზნეს და მაკროეკონომიკური გარემო, რესურსების ნაციონალიზაცია და რეჟიმის ძალადობრივი გზით შეცვლის მაღალი ალბათობა. ყველა ქვეყანა, რომელიც უკიდურესად მაღალი რისკის კატეგორიაში მოხვდა - მათ შორის, ავღანეთი, ერაყი, სუდანი, პაკისტანი - გარკვეული დოზით ამ რისკებს შეიცავს.
ანგარიშის მიხედვით, საქართველო საშუალო რისკის ქვეყნებში მოხვდა. უშუალო მეზობლებიდან - სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი და თურქეთი - საქართველოსთან ერთად, ამ კატეგორიაში მოხვდნენ თურქეთი და სომხეთი. რუსეთი და აზერბაიჯანი მაღალი რისკის კატეგორიაში შედიან. კვლევა აჩვენებს, რომ 2011 წელს მაღალი რისკის სახელმწიფოებში ინვესტიციების მოზიდვას, სხვა მიზეზებთან ერთად, განსაკუთრებით უშლიდა ხელს კორუფციის მაღალი დონე. საშუალო რისკის ქვეყნებისთვის წამყვანი პრობლემა, სხვა ფაქტორებთან ერთად, ინფლაციის მაღალი დონე იყო.
ინვესტიციების მოსაზიდად ყველაზე ნაკლები რისკის შემცველი ბევრი ევროპული სახელმწიფო, აშშ და სკანდინავიის ქვეყნებია. მათი კონკურენტული უპირატესობა - სტაბილური დემოკრატიული მმართველობის დიდი გამოცდილებაა. ეს ინვესტორთა ნდობას ზრდის.
Maplecroft-ის მიერ შედგენილი კვლევა, მნიშვნელოვანი სახელმძღვანელო რესურსია იმ კომპანიებისთვის, რომლებიც უცხო ქვეყანაში ინვესტირებას ან საკუთარი ბიზნესის გაფართოებას გეგმავენ.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში (მლნ. აშშ დოლარი)
წყარო: საქსტატი
![]() |
21 AIRE: სასუნთქი ნიღაბი მობილურების დასატენად |
▲ზევით დაბრუნება |
ტექნოლოგია
ვახო ელერდაშვილი
ენერგია არც ქრება და არც რაიმესგან წარმოიქმნება. ერთი სახის ენერგია გარდაიქმნება მეორე სახის ენერგიად ან გადაეცემა ერთი სხეულიდან მეორეს, − გვასწავლის ენერგიის მუდმივობის კანონი, რომელიც XIX საუკუნის 30-იან წლებში აღმოაჩინეს. მას შემდეგ დედაბუნების ამ ფუნდამენტურმა კანონმა დიდი სამსახური გაუწია კაცობრიობას. რამდენიმე კვირის წინ ბრაზილიელმა ჟოაო ლამოლიამ ენერგიის შენახვის თვალსაჩინო ილუსტრაცია მოახდინა და პრესტიჟული პრემიის, Reddot-ის საერთაშორისო პრემიის ლაურეატი გახდა. ეს უკანასკნელი, მახვილგონივრული გამოგონებისათვის დიზაინერებს ტექნოლოგიებისა და ბიზნესის სფეროში ენიჭებათ.
ბრაზილიელი დიზაინერი ერთ მარტივ შეკითხვას ჩაუღრმავდა: როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ჰაერის ნაკადის ენერგია, რომელსაც ადამიანი სუნთქვის დროს გამოყოფს? სუნთქვა ადამიანის სასიცოცხლო ფუნქციაა. მისი საშუალებით სისხლისა და ჰაერის ცირკულაცია ხდება ორგანიზმში. თუმცა, გარდა ამისა, როგორ შეიძლება ეს პროცესი სასარგებლოდ ვაქციოთ და მოვიხმაროთ ენერგია, რომელიც ამ დროს გამოიყოფა? ამაზე ფიქრით გართულმა ჟოაო ლამოლიამ სახის ნიღაბი შექმნა, რომელსაც AIRE უწოდა. ჟოაო თვლის, რომ ის ძალიან ბევრ ადამიანს გაუწევს დახმარებას კრიტიკულ სიტუაციაში.
AIRE მსუბუქი, კომფორტული სახის ნიღაბია და იმდენად მსუბუქია, რომ მისი თან ტარება არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. მას ერთადერთი ფუნქცია აქვს: სუნთქვისას წარმოქმნილი ჰაერის ნაკადის ენერგია გარდაქმნას ელექტროენერგიად, რომლითაც მობილური ტელეფონის, ელექტროსაპარსის ან რაიმე სხვა პორტატიული ელექტრომოწყობილობის დატენაა შესაძლებელი. AIRE აღჭურვილია ქარის პატარა ტურბინით და მისი მოქმედების მექანიზმი არაფრით განსხვავდება ქარის გენერატორისგან. ის ჩასუნთქვისას და ამოსუნთქვისას გამოყოფილი ჰაერის ნაკადის კინეტიკურ ენერგიას ტურბინის ტრიალის მეშვეობით ელექტროენერგიად გარდაქმნის და კაბელის მეშვეობით მიერთებულ მოწყობილობას ტენის.
ბრაზილიელი დიზაინერი AIRE-ს გამოყენების ფართო შესაძლებლობებს ხედავს. მაგალითად, გზაში, როდესაც კრიტიკულ სიტუაციაში ხართ, მობილური გიჯდებათ და არ იცით რა ქნათ. ლაშქრობაში ცივილიზაციისგან მოწყვეტილი ადამიანები ამ გამოგონების წყალობით შეძლებენ GPS ნავიგატორების, iPod-ებისა და სხვა დამხმარე მოწყობილობების დატენას. ჟოაო ლამოლიამ განაცხადა, რომ „ჩვენი დროის კონსიუმერისტულმა ტენდენციებმა, ადამიანები გაჯეტებზე დამოკიდებული გახადა და, ამიტომ, საჭიროება იმისა, რომ ისინი მუდმივად დატენილი იყოს, სულ დღის წესრიგში დგას. შესაბამისად, განახლებული ენერგიის ალტერნატიული წყაროების ძებნა ჩვენს უშუალო მოვალეობას წარმოადგენს“.
ჯერჯერობით ეს გამოგონება მხოლოდ ლაბორატორიულ პირობებში, კონცეფციის დონეზე არსებობს. თუმცა მისი წარმოებით უკვე დაინტერესდა რამდენიმე დიდი კომპანია. ჯერჯერობით უცნობია დაახლოებით რა ეღირება AIRE და რამდენი ხანია საჭირო, ვთქვათ, მისი მეშვეობით iPhone-ის სრულად დასატენად. ეს ყველაფერი ფასისა და ხარისხის კალიბრაციის დროს დადგინდება, რაც თავისი არსით მეორეხარისხოვანია. მთავარი ამ გამოგონებაში ის არის, რასაც Reddot-ის პრემიის ორგანიზატორებიც ეთანხმებიან - ადამიანის გამჭრიახობისა და გამოგონების უნარს საზღვრები არ გააჩნია და ყველაზე მოულოდნელ დროსა და ადგილას შეუძლია ჩვენი გაოცება.
![]() |
22 ქართული ენა |
▲ზევით დაბრუნება |
არქივი
ვაჟა ფშაველა
ქართული ენის „სიწმინდეზე” საუბარი და კამათი მეცხრამეტე საუკუნის შუა ხანებიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება. წლების განმავლობაში უამრავი სტატია, კვლევა თუ წიგნი დაიწერა ამ თემაზე. ფილოლოგები, ენათმეცნიერები, სტუდენტები და უბრალოდ დაინტერესებული ადამიანები ამაზე დავობდნენ, კამათობდნენ, ჩხუბობდნენ. ვაჟა-ფშაველა ამ დისკურსის სათავეებთან დგას. მის გამოჩენას ქართულ მწერლობაში მოჰყვა ენაზე კამათის დაწყება. ვაჟას ხშირად აბრალებდნენ ენის დაბინძურებას დიალექტური ფორმებით. სწორედ ამ თემას და ზოგადად ენას ეძღვნება ეს სტატია.
სანდრო ჩხეიძე
ფილოლოგი, ვაჟა-ფშაველას მკვლევარი
ამ ბოლო ხანს ჩვენს საზოგადოებაში მასლაათის დროს და გაზეთებშიაც შეხვდებით სამდურავს ქართული ენის შებღალვისა გამო. თუ საქმეს ჩავუკვირდებით, ამ სამდურავს საფუძველს ვუპოვით. ყველა ჩვენგანს სწავლა მიუღია უცხო ენის მეოხებით, უცხო ენაზედ დაწერილს წიგნებით გვივარჯიშებია ყველას ჩვენი გონება და, უეჭველია, ამას ის შედეგი მოჰყვებოდა რასაც ვხედავთ. ეს არაა საკვირველი, არამედ ისა, ქართულად ვფიქრობდეთ და ქართულად ისე ვწერდეთ ... მაინც და მაინც როგორც ჰქუხს, ისეც არა წვიმს. ჩვენი გამოჩენილი და გამოუჩენელი მწერლები ერთობლივ უცხო მწერლობით არიან ნაკვებნი, მაგრამ ყველასთვის ერთნაირად საზარალო არა ყოფილა ეს ამბავი, ზოგისთვის ძალიან ღრმად დაუსვამს დაღი, მეორისათვის - ნაკლებად... ამიტომ არ შეგვიძლიან ყველა ჩვენს მწერლებს ენის უცოდინრობა ვუკიჟინოთ. თუმცა ისეთი მწერლებიც გვეპოვება, რომ ორმოცი წელია ჰმოღვაწეობენ, ორმოცი წელია, რაც სწერენ ქართულად და დღესაქამომდე ვერ მიუგნიათ ქართული ენისათვის.
რას ჰქვიან ენის ცოდნა. რასაკვირველია, არა კმარა მხოლოდ სიტყვები ვიცოდეთ, თუნდა ისიც გვესმოდეს, თუ როგორ შევუთანხმოთ ეს სიტყვები ერთიმეორეს და წინადადება ავაშენოთ. ამისთვის საჭიროა ენის სულისა და გულის მიგნება. ამ წერილის ავტორს, ხშირად გამიგონია ზოგიერთის ჩვენის მწერლისაგან სამდურავი - დაძველებული, უვარგისი ფორმები ნუ შემოგაქვს მწერლობაშიო. რაც დაძველდა, აღარ ვარგა, ის უნდა გავიტანოთ და სანაგვეზედ გადავაგდოთო. ყველას თავისი გემოვნება აქვს, საკუთარი ფიქრი და აზრი და მეც ჩემი, რასაკვირველია. ამისთანა სამდურავი უმეცრების ბრალია.
![]() |
23 უილტის 100 |
▲ზევით დაბრუნება |
სპორტი|კალათბურთი
ზურაბ თალაკვაძე
ნახევარი საუკუნის წინ, 2 მარტს, უილტ ჩემბერლენმა 100 ქულა აიღო. დიდი ბიჭის და უეინ გრეცკის რამდენიმე რეკორდი ჯონ ლენონის ლექსებივით უკვდავია. უილტიც. უეინიც.
ჩემბერლენი ერთ ტესტში 100 ქულას იღებს და მერე, ამ სიაში კობი ბრაიანტია. 81 ქულით ტორონტოსთან, ექვსი წლის წინ. კობიმ მაშინ შვიდი სამიანი ჩააგდო. უილტის დროს სამიანი არ იყო. ამერიკულ გარჩევებში სამიანი 33 წლის წინ დაამტკიცეს. ლარი ბერდთან ერთად.
უილტმა 100 ქულა ფილადელფიასთან ერთად გაიფორმა. ფილადელფიაში მაშინ უორიორზი იყო და გუნდმა ნიქსს 169:147 წამოარტყა. ეს 1961/62 წლებში იყო. ის სეზონი უილტმა საკუთარი რეკორდების მტვრევით გადააგორა და ასქულიანი თამაშიც დასვა.
1961/62, რეგულარულში მისტერ ჩემბერლენის სტატისტიკა - 50.4 ქულა, 25.7 მოხსნა, 4 ათასი (და მეტი) ქულა, 2 ათასი მოხსნა (და ცოტა მეტი). მთელ სეზონში უილტმა მხოლოდ ორჯერ ვერ მიარტყა 30 ქულას. იმ ორ სპარინგში უილტს ბილ რასელი ტესტავდა. ის, სელტიქსში სამწამიანს რომ იცავდა და უილტს ბევრს რომ უფარებდა. მაშინ დაფარებებს არ ითვლიდნენ, დაფარებები მოდაში არ იყო.
ჩემბერლენის ბიოგრაფი გარი ემ პომერანცი იყო. ბესტსელერი Wilt (1962) დღესაც იყიდება. პომერანცი წერდა: „უილტი ძალიან დიდი იყო. ცათამბჯენივით იდგა მოედანზე და პატარა ქოხებს უყურებდა, ეცინებოდა. 100 ქულას ერთი გუნდის მთელი ხუთეული ვერ იღებდა და უილტმა ეს მარტომ გააკეთა. 100 სიმბოლურია. 100 ნიშნავს საუკუნეს, იდეალურ შედეგს გამოცდაზე, დამსახურებულ სიბერეს. 100 ნიშნავს უილტ ჩემბერლენს“.
მანამდე, იმ სეზონში ჩემბერლენმა 78 ქულა აკრიფა. ფილადელფია სამმაგ ოვერთაიმში ლეიკერსთან იშლება და უილტი 50 წუთში 78 ქულას აგროვებს. ჩემბერლენს მარჯვენა საჩვენებელი თითი ჰქონდა გაჭრილი და უილტმა 10 წუთით დაისვენა. 10 წუთში 22 ქულა რეალური იყო. ჩემბერლენმა ლეიკერსთან 100 ვერ აიღო. ნიქსისთვის გადადო.
ჩემბერლენის ასქულიანი ამბიდან ორ დღეში, New York Daily News-ის რედაქტორი, ჯიმი ფაუერსი ჩემბერლენს მთელ სვეტს აჩუქებს. იქ იყო სიტყვები: „ჩემბერლენმა ახალი ამერიკა აღმოაჩინა. გიგანტების, გულივერების ამერიკა, სადაც ჩვენ ლილიპუტები, უინტერესო ტარაკნები ვიყავით. ამერიკა იყო ბეიბ რუთი და ბევრი ჰოუმ რანი. ამერიკა იყო ჯეკ დემპსი და ელეგანტური ნოკაუტი. ამერიკა იყო ბობ კუზი და თეთრი ბიჭების კალათბურთი. ამერიკა შეიცვალა. ამერიკამ უილტს თეთრი სახლის გასაღები შესთავაზა და უილტმა გასაღები გადააგდო. უილტი ამერიკაზე დიდი იყო”.
1956, დეკემბერი. ჩემბერლენი კანზასშია და საკოლეჯო თამაშში 52 ქულას, 31 მოხსნას და 23 პასს აგროვებს. გუნდმა 102 ქულა აიღო და უილტმა მხოლოდ 4 ქულაში ვერ მიიღო მონაწილეობა. მალე ჩემბერლენი დიდ ბიჭებთან მიდის. უილტმა პირველი პროფესიული სეზონიც თავისი მუღამით, ბრექული აგრესიით გადააგორა და 1959 წლის სეზონში ფილადელფიას პირველწლიანმა ცენტრმა 37.9 ქულა და 27.1 მოხსნა შეაგროვა. უორიორზი აღმოსავლეთის ფინალში გადის და იქ სელტიქსთან აგებს. იმ სელტიქსთან ყველა აგებდა.
1960, 24 ნოემბერი. ჩემბერლენმა რასელთან ერთი რეკორდი მაინც დატოვა. უილტმა 44 წუთში 55 მოხსნა აიღო. მიმდინარე რეგულარულში ყველაზე ბევრ მოხსნას შარლოტი იღებს, 46.8. უილტმა 55 წამოიღო. უილტმა მაგრად წამოიღო.
1962, 2 მარტი. ფილადელფია და ნიქსი მიიღო ჰერშის კოხტა დარბაზმა. ჰერში პატარა, კოხტა დასახლება იყო, 15 ათასი ადამიანით და ბევრი ძროხით. ნიუ იორკიდან 170 მილის დაშორებით, ჩემბერლენმა იქ 100 ქულა აითვისა.
იმ თამაშზე ფილადელფია ავტობუსით, გუნდურად მიდის და ჩემბერლენი - თავისი ვარდისფერი კადილაკით.
ნიუ იორკიდან თამაშზე რამდენიმე ჟურნალისტი ჩადის. იმ დღეს ნახევარმილიონიანი ჯეკპოტი თამაშდება და მთელი ნიუ იორკი მედისონ სკვერ გარდენიდან პირდაპირ რეპორტაჟს ჩაუჯდა. ჯეკპოტი ჰერშიმ მიიღო. ვარდისფერი კადილაკიდან უილტ ჩემბერლენი გადმოდის, რამდენიმე ავტოგრაფს ტოვებს და 100 ქულას იღებს.
ჰერშიში არ ჩადიან ტელეჟურნალისტები. უილტი 50-60 ქულას აიღებს და ეს უკვე უინტერესოა. ის ჩემბერლენი 50-60 ქულას თითქმის ყველა გარჩევაში იღებდა.
პირველი მეოთხედის შემდეგ, ჩემბერლენს 23 ქულა აქვს.
დიდი შესვენების წინ ჩემბერლენმა ორი საჯარიმო გამოიყენა და უილტს უკვე 41 ქულა აქვს. სერიოზულია.
ბოლო მეოთხედის წინ უილტს 69 ქულა აქვს. რაღაც მაგარი მოდის. ფილადელფია ბოლო მეოთხედის წინ 125:106 იგებს. გუნდი უილტზე გადაერთო. ნიქსიც უილტზე გადაერთო. ნიუ იორკის ორი, სამი, მომენტებში ოთხი ტიპი ჩემბერლენს იჭერს. უილტს ხელები, სახე მოპორტნილი აქვს. და მაღალი ბიჭი ძირითადის დასრულებამდე 46 წამით ადრე იწევა, რკალზე ოდნავ მაღლა ადის და იმ ჩატენვაში 99-ე, მეასე ქულებს კრავს. თამაში ჩერდება, უილტს ვიღაცამ პეპსი დაასხა, ვიღაცამ შორტი ჩაუწია, ვიღაცამ ყურში აკოცა.
ჩემბერლენმა 63 სროლიდან 36 ჩასვა. 32 საჯარიმოდან 28 გამოიყენა. ჩემბერლენმა მთელი ნიქსი გამოიყენა და უილტი არ დაღლილა.
უორიორზის გასახდელში გუნდის მესვეტემ, ჰარვი პოლაკმა თაბახის ფურცელზე მიახატა 100 და უილტს ხელში დააჭერინა. ეიპის ფოტოგრაფმა, პოლ ვატისმა ისტორიული ფოტო გადაიღო.
ნახევარი მილიონი დოლარი 62 წლის ქალბატონმა, ჰელენ ბაუმგარტნერმა მოხსნა.
ჰერშიში სხვა ჯეკპოტი მოიხსნა.
უილტონ ნორმან ჩემბერლენი არ იყო მეჯიქივით ან ბერდივით პოპულარული. ჯორდანს და რასელს უფრო დიდ პატივს სცემდნენ.
ჩემბერლენმა ჰერშიში ერთი საუკუნე, 100 აიღო. იმ თამაშის მერე ნახევარი საუკუნე გავიდა. და უილტი აღარ არის.
![]() |
24 ავტოფარეხში მოგებული ჩემპიონთა თასი |
▲ზევით დაბრუნება |
სპორტი|ფეხბურთი
გიორგი ფირცხელანი
„დასუფთავებისას აღმოაჩინეს სურათი, რომელზეც აღბეჭდილია პოლიციის შვიდი გაღიმებული თანამშრომელი და მათ წინ ლურჯბაფთიანი ჩემპიონთა თასი”
ყველამ იცის 1966 წლის მსოფლიო თასის გაქრობის ამბავი და ის, რომ თასი რამდენიმე თვეში შოტლანდიურმა ნაგაზმა პიკლზიმ იპოვა. მაგრამ ევროპის ჩემპიონთა თასის გაქრობის იდუმალებით მოცული საქმის დეტალები თითქმის 30 წლის შემდეგ გამოაშკარავდა. ეს ამბავი 30 წლის წინ ჰოლანდიაში დაიწყო. როტერდამმა 1982 წლის ევროპის ჩემპიონთა თასის ფინალს უმასპინძლა - გადამწყვეტ მატჩში ასტონ ვილამ, პიტერ უაითის გოლის წყალობით, მიუნხენის ბაიერნი დაამარცხა და გახდა მეოთხე ბრიტანული გუნდი, რომელმაც ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო გათამაშება მოიგო.
მეორე დღეს გუნდი ბირმინგემში დაბრუნდა. ოფიციალურ პირებთან შეხვედრის, ქალაქის ცენტრში მარშის, ათასობით გულშემატკივრის წინაშე სიტყვით გამოსვლის და სხვა სტანდარტული პროცედურების შემდეგ, ზეიმმა მოკრძალებული, ტრადიციული მიდლენდური ღრეობის სახე მიიღო.
საღამოს გუნდის წევრებმა, გორდონ კოვანსმა და კოლინ გიბსონმა თასი ჯერ სახლებში, შემდეგ ბირმინგემის ერთ-ერთ პაბში, ტამუორტის მახლობლად, ძველი ვილანსების თავშეყრის ადგილას მიიტანეს, 15-კილოგრამიანი ვერცხლის თასი გინესით მონათლეს და ჩანტებიც დაამღერეს. ბევრი დაილია, დართსი ითამაშეს, როტერდამის ამბები მოყვნენ, რუმენიგეს ნაჯახივით სახე პინტების დაჯახებით, უოლტერ სკოტის ენაზე აღწერეს, უკვე პიტერ უაითის სადღეგრძელოზე არიან მისულები და უცებ „ბიაზიც გასკდა”. თასი აღარ არის, პაბიდან გაქრა.
თასი რამდენიმე საათში დააბრუნეს, ეს ამბავი ყველამ დაივიწყა და ლოკალურ ლეგენდად დარჩა. გაქრობის შემთხვევას, ვითომდა, ადგილიც არ ჰქონია. სად გაქრა, ვინ წაიღო და რამდენიმე საათი სად იყო, ათწლეულების განმავლობაში არავინ იცოდა. ყველაფერს ნათელი მაშინ მოეფინა, როდესაც გაყიდვის მიზნით, აღმოსავლეთ შეფილდის პოლიციის შენობის დასუფთავება და დახურვა დაიწყეს. დასუფთავებისას აღმოაჩინეს სურათი, რომელზეც აღბეჭდილია პოლიციის შვიდი გაღიმებული თანამშრომელი და მათ წინ ლურჯბაფთიანი ჩემპიონთა თასი, რომელიც მეზობელი ქალაქის გუნდმა როტერდამიდან ჩამოიტანა.
ოფიცერ მიკ გრინაფის თქმით, იმ საღამოს აღმოსავლეთ შეფილდის პოლიციის უბანზე მივიდა კაცი, რომელიც აცხადებდა, რომ ავტომობილში ევროპის ჩემპიონთა თასი ჰქონდა. თავი მისტერ სიკესად წარადგინა, განაცხადა, რომ თასი 100 მილის მოშორებით ერთ-ერთი პაბიდან მოიპარა და ახლა სამართალდამცავებს ნებაყოფლობით აბარებს. ფეხბურთზე უზომოდ შეყვარებულ პოლიციელებს მისტერ სიკესი და მისი ქურდობა გადაავიწყდათ, ოთახში შეიპატიჟეს, ჩაი დაალევინეს და სახლში გაუშვეს.
ასტონ ვილას კაპიტანი დენის მორტიმერი
ამის შემდეგ, ამბის გასარკვევად, დასავლეთ მიდლენდის განყოფილებაში, კოლეგებთან დარეკეს. ბირმინგემელებმა მათთან ლაპარაკი ვერ შეძლეს, იმ მიზეზით, რომ საშინელ ინციდენტს ჰქონდა ადგილი და ამ საქმის გამოძიებით იყვნენ დაკავებულნი. საშინელ ინციდენტში რაც იგულისხმებოდა, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს.
პოლიციის თანამშრომელებს შორის იყო ძველი ფეხბურთელი პიტერ სპრინგეტი - მსოფლიო ჩემპიონის და ინგლისის ნაკრების ყოფილი წევრის რონ სპრინგეტის ძმა. სპრინგეტი და მისი თანამშრომლები იქვე ადგილობრივ საკვირაო ლიგის გუნდში თამაშობდნენ. რასაკვირველია, ამ ხალხს შუაღამეს ორი გუნდის შეკვრა არ გაუჭირდა, ოთხი-ოთხზე გაიყვნენ და პოლიციის შენობის ავტოფარეხში ჩემპიონთა თასის ფინალი მოაწყვეს. პრიზი, რაღა თქმა უნდა, ევროპის ჩემპიონთა თასი იყო.
„ცხადია, არც ისე ბევრ შეფილდელ ფეხბურთელს შეუძლია იმის თქმა, რომ ჩემპიონთა თასი აქვს მოგებული“- გრემ ურეგი, სადგურის მორიგე.
შეფილდური „ფინალის“ შემდეგ, თასი ტამუორტის პაბს და მის ოფიციალურ მფლობელს დაუბრუნდა. სიკესი, როგორც შემდეგ გაირკვა, სინამდვილეში გახლდათ ვინმე ედრიან რიდი, რომელმაც მართლა მოიპარა თასი პაბიდან. სახლში წაიღო, მეგობრებს აჩვენა, სურათები გადაიღო და შემდეგ მიიტანა იმ ქალაქის პოლიციის შენობაში, სადაც საკლუბო და ზოგადად პროფესიულმა ფეხბურთმა, 155 წლის წინ სტარტი აიღო. ედრიან რიდი ამ შემთხვევიდან რამდენიმე წლის შემდეგ, ავტოკატასტროფაში დაიღუპა.
ვილას მეცხრამეტე საუკუნეშიც მოპარეს ჯილდო - 1895 წლის ინგლისის ასოციაციის თასი, რომელიც შემდეგ გადაადნეს და მისგან ყალბი მონეტები დაამზადეს.
ცოტა ხნის შემდეგ, ევროპის სუპერთასზე ტონი ბარტონის გუნდი თასების თასის მფლობელ ბარსელონას დაუპირისპირდა. საშინაო შეხვედრაში 3-0 გამარჯვების შემდეგ, მათ სუპერთასიც მოიგეს. ვილა პარკზე კატალონიელებთან დაპირისპირება ევროთასების ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე უხეშ მატჩად ითვლება.
1982 წლის ტრიუმფატორი ასტონ ვილა მომდევნო, 1982-83 წლების ევროპის ჩემპიონთა თასის გათამაშებაში ჯოვანი ტრაპატონის იუვენტუსთან დამარცხდა და მას შემდეგ ამ ტურნირში მონაწილეობა აღარ მიუღია.
ასე გაიხსნა ჩემპიონთა თასის საქმე, რომელიც პირველად და ჯერჯერობით უკანასკნელად, ეზოს ფეხბურთის და საკვირაო ლიგის ხელით აღიმართა.
ვიდეო-რეფერის მოლოდინში
საფეხბურთო ასოციაციათა საერთაშორისო საბჭომ - IFAB - ლონდონში გამართულ ყოველწლიურ სხდომაზე დაადასტურა, რომ წლის ბოლომდე ვიდეო-რეფერის ტექნოლოგიის გამოცდა გაგრძელდება.
IFAB-მა 3 მარტს გამართულ სხდომაზე იმ რვა კომპანიის დასკვნა განიხილა, რომლებიც შარშან, ნოემბერსა და დეკემბერში სხვადასხვა ტურნირებში ხსენებულ ტექნოლოგიას ცდიდნენ. საბოლოოდ, ამ კომპანიებიდან მეორე ეტაპის მოთხოვნები მხოლოდ ორმა - Hawk-eye და GoalRef - დააკმაყოფილა. ისინი მარტიდან ივნისის ჩათვლით მეორე ეტაპით გათვალისწინებულ ცდებს ჩაატარებენ.
2 ივლისს, უკრაინის დედაქალაქ კიევში IFAB-ის რიგგარეშე სხდომა გაიმართება, სადაც ვიდეო-რეფერის შესახებ საბოლოო დასკვნა გამოქვეყნდება.
სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ შორს აღარაა ის დრო, როცა საკამათო საკითხებს მსაჯი კომპიუტერის დახმარებით გადაწყვეტს.
საგულისხმოა, რომ ფეხბურთისგან განსხვავებით, ვიდეო-რეფერი კარგა ხანია დაინერგა სპორტის ისეთ სახეობებში, როგორიცაა ჩოგბურთი, ამერიკული ფეხბურთი, ჰოკეი და რაგბი.
![]() |
25 ლონდონი 2012 |
▲ზევით დაბრუნება |
სპორტი|ლონდონი 2012
ბრიტანული მუსიკის სიმფონია
ლაშა გოდუაძე
ლონდონის ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის განცხადებით, ოლიმპიადის დახურვის ცერემონიალის ოფიციალური სახელწოდება „ბრიტანული მუსიკის სიმფონია” იქნება. თამაშები, რომელიც 27 ივლისს იწყება, 12 აგვისტოს საზეიმოდ დასრულდება.
ლოთსკი-ს (ლონდონის ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტი) ოფიციალური ინფორმაციით, ოლიმპიადის და პარალიმპიური თამაშების გახსნის და დახურვის ცერემონიალის მუსიკალურ გაფორმებაზე ლონდონის სიმფონიური ორკესტრი იზრუნებს, მათ გარდა კი შოუში სახელგანთქმული ბრიტანელი კომპოზიტორები და შემსრულებლებიც იქნებიან ჩართულნი.
ლოთსკი-ს თავმჯდომარემ სებასტიან კოემ განაცხადა: „წლევანდელი თამაშების გახსნის და დახურვის ცერემონიალები ბრწყინვალე საშუალებაა, რათა მსოფლიოს ბრიტანული კულტურის ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი - მუსიკა, საუკეთესოდ გავაცნოთ. დარწმუნებული ვარ, ჩვენ თითქმის ოთხ მილიარდ ადამიანს ზუსტ მესიჯს გავუგზავნით”.
ყველა მთავარ ცერემონიალს ერთი გუნდი უხელმძღვანელებს დევიდ არნოლდის (მუსიკალური გაფორმება), ეს დევლინის (საერთო დიზაინი), კიმ გევინის (სამხატვრო ხელმძღვანელი) და პატრიკ ვუდროფის (მხატვრული განათება) შემადგენლობით.
გადაწყვეტილია, რომ ოლიმპიადის დახურვის ცერემონიალში 4100 მსახიობი, 3500 მოხალისე და ლონდონის სკოლების 380 მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას. ლოთსკი-ს განცხადებით, ცერემონიალს პირდაპირ ტელეეთერში დაახლოებით 750 მილიონი ადამიანი ნახავს.
ლონდონის სიმფონიური ორკესტრის აღმასრულებელმა დირექტორმა კეტრინ მაკდაუელმა განაცხადა: „ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია, რომ ლონდონის ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების გახსნის და დახურვის ცერემონიალის მუსიკალური გაფორმების საშუალება მოგვეცა. სპორტი და მუსიკა მსოფლიოს ხალხთა განუყოფელი ნაწილია და მოხარულნი ვართ, რომ ასეთ დიდ სპორტულ მოვლენაში აქტიურ მონაწილეობას ვიღებთ“.
ლონდონის სიმფონიური ორკესტრი 1904 წელს დაარსდა, წელიწადში კი ლონდონსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში 140 კონცერტს ატარებს.
ვენლოკი და მანდევილი
'სანამ შევქმნიდით, ჩვენ ათასობით ბავშვის აზრი შევაჯერეთ. უმრავლესობას არ სურდა ოლიმპიური თამაშების თილისმად ცხოველის ან მულტფილმის რომელიმე გმირის ხილვა - მათ რაღაც ახალი უნდოდათ, თუმცა რა, ბევრმა ვერ აგვიხსნა. საბედნიეროდ, ვენლოკი და მანდევილი პატარებმა პრეზენტაციისთანავე შეიყვარეს', - ლონდონის ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელი სებასტიან კოე კმაყოფილია.
ვენლოკი ოლიმპიადის თილისმაა, მანდევილი კი პარალიმპიური თამაშების. ორივენი საბავშვო მწერლის, მაიკლ მორპურგოს ზღაპრის გმირები არიან: წიგნში მოთხრობილია, თუ როგორ დაიბადნენ ვენლოკი და მანდევილი ლონდონის ოლიმპიური სტადიონის მშენებლობისას, სარბიელის უკანასკნელი სარტყლიდან მორჩენილი რკინის ნაჭრებისგან.
თილისმები ლონდონის ერთ-ერთ სარეკლამო სტუდიაში, აირისში შეიქმნა, თუმცა რა თანხა გადაიხადა საორგანიზაციო კომიტეტმა, უცნობია. სამაგიეროდ, ვარაუდობენ, რომ მხოლოდ ვენლოკი და მანდევილი თოჯინების, სამკერდე ნიშნების, გასაღების საკიდების თუ სხვადასხვა სახით, საორგანიზაციო კომიტეტის საბანკო ანგარიშს დაახლოებით 70 მილიონი გირვანქით შეავსებენ.
ოლიმპიადის თილისმების ისტორია 1968 წელს, მეხიკოში გამართული თამაშებიდან იღებს სათავეს: წითელი იაგუარი იყო პირველი, რომელიც სპეციალურად უდიდესი სპორტული ფორუმისთვის შექმნეს.
ზაფხულის მომდევნო ოლიმპიური თამაშების თილისმები იყვნენ: 1972, მიუნხენი: ძაღლი ტაქსა სახელად ვალდი; 1976, მონრეალი: კანადის ერთ-ერთი სიმბოლო - თახვი ამიკი; 1980, მოსკოვი: დათვის ბელი მიშა; 1984, ლოს ანჯელესი: აშშ-ის სიმბოლო არწივის მართვე, სახელად სემი; 1988, სეული: კორეული ლეგენდების გმირები, ვეფხვის ბოკვერები ჰოდორი და ჰოსუნი; 1992, ბარსელონა: ძაღლის ლეკვი კობი; 1996, ატლანტა: კომპიუტერით შექმნილი პირველი თილისმა - იზი; 2000, სიდნეი: ჩიტი კუკაბარა სახელად ოლი, იხვნისკარტა სიდი და იქედნე, სახელად მილი; 2004, ათენი: და-ძმა ათენა და ფევოსი; 2008, პეკინი: სიკეთის მომტანი ხუთი თოჯინა, სახელად ბეიბეი, ჯინჯინი, ჰუანჰუანი, უინგინგი და ნინი.
XXX ოლიმპიურ თამაშებს ინგლისის დედაქალაქი ლონდონი 27 ივლისიდან 12 აგვისტოს ჩათვლით უმასპინძლებს. ლონდონი გახდება პირველი ქალაქი, რომელიც მესამედ მიიღებს ოლიმპიადას: პირველად 1908 წელს, მეორედ 1948 წელს. იქვე გაიმართება პარალიმპიური თამაშები: 29 აგვისტოდან 9 სექტემბრის ჩათვლით.
საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ლონდონი 2012 წლის ოლიმპიადის მასპინძლად 2005 წლის 6 ივლისს, სინგაპურში გამართულ 117-ე ყრილობაზე დაასახელა. ლონდონმა მოსკოვს, ნიუ იორკს, მადრიდს და პარიზს აჯობა. ბოლო, მეოთხე ტურში ლონდონმა 4 ხმით დაამარცხა პარიზი: 54-50.
ოფიციალური ინფორმაციით, ლონდონს ოლიმპიური თამაშების მასპინძლობა (ქალაქის აღმოსავლეთი ნაწილის განვითარება, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, უსაფრთხოება და ასე შემდეგ) დაახლოებით 9,345 მილიარდი გირვანქა უჯდება. ამ თანხის 64%25-ს სახელმწიფო ბიუჯეტი დაფარავს, 23%25-ს ეროვნული ლატარეა, 13%25-ს კი ქალაქის მერია და ლონდონის განვითარების ფონდი.
დღეისათვის ლონდონი 2012-ს 11 უმაღლესი დონის პარტნიორი (კოკა კოლა, ვიზა, მაკდონალდი, ჯენერალ ელექტრიკი, პანასონიკი, სამსუნგი და სხვა) და 44 პირველი, მეორე და მესამე დონის მხარდამჭერები ჰყავს. ამ გარიგებებით თამაშების საორგანიზაციო კომიტეტმა შემოსავლის სახით 700 მილიონი გირვანქა მიიღო.
2011 წლის 14 მარტს ტრაფალგარის სკვერში ციფრული საათი დაიდგა, რომელმაც თამაშების დაწყებამდე 500 დღით ადრე დროის ათვლა დაიწყო. რამდენიმე საათში ის გამოირთო, თუმცა მალევე შეაკეთეს.
ლონდონის მერიის ინფორმაციით, თამაშების უსაფრთხოებას 13500 სამხედრო მოსამსახურე და 10 ათასი პოლიციელი დაიცავს. ამ საქმისთვის 553 მილიონი გირვანქაა გამოყოფილი.
ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშებისთვის სამეფო ხაზინა ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს დაახლოებით 4700 მედალს დაამზადებს. ერთი მედლის წონა 375-400 გრამი იქნება, სისქე კი 7 მილიმეტრი. ერთ მხარეს კონკრეტული სპორტის სახეობის ლოგო და გამარჯვების ქალღმერთი ნიკე იქნება ამოტვიფრული, მეორეზე კი თამაშების ლოგო და მდინარე ტემზას აღმნიშვნელი რკალი. მედლების დიზაინერი დევიდ უოტკინსია.
2011 წლის 22 ივლისს დაიბეჭდა უკანასკნელი, 30-ე საფოსტო მარკა სერიიდან „ლონდონი 2012”. სამეფო ფოსტამ 30-მარკიანი სერიის დამზადება XXX ოლიმპიური თამაშების აღსანიშნავად გადაწყვიტა. 1908 წელს, როცა ლონდონმა პირველად უმასპინძლა ოლიმპიადას, მარკები საერთოდ არ დაბეჭდილა, 1948 წელს კი, თამაშების მეორედ მიღებისას, მხოლოდ 4 მარკა გამოიცა.
ანთებული ჩირაღდნების ისტორია
ოლიმპიური ცეცხლი ოლიმპიური თამაშების განუყოფელი სიმბოლოა: ის უდიდესი სპორტული მოვლენის გახსნის ცერემონიალზე ინთება და ტურნირის დასრულებამდე გიზგიზებს.
თანამედროვეობის პირველ ოლიმპიადას 1896 წელს ათენმა უმასპინძლა, მაგრამ თამაშებზე ცეცხლი 32 წლით გვიან, 1928 წელს, ჰოლანდიის დედაქალაქ ამსტერდამში დაინთო საგანგებოდ აგებულ კოშკურაზე.
1936 წელს ბერლინში პირველად მოეწყო ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტა: ცერემონიალში, რომელიც მომდევნო თამაშების განუყოფელ ნაწილად იქცა, სამი ათასამდე სპორტსმენი მონაწილეობდა, ესტაფეტა კი ადოლფ ჰიტლერის მარჯვენა ხელის, იოზეფ გებელსის ინიციატივით გაიმართა.
მას შემდეგ ოლიმპიური თამაშების მასპინძელი ქალაქის მესვეურები ძალ-ღონეს არ იშურებენ, რომ ესტაფეტა გამორჩეულად ლამაზად ჩაატარონ. დღეს, ცეცხლის პირველად დანთებიდან 84 წლის შემდეგ, ოთხწლეულის მთავარი სპორტული ფორუმის ერთ-ერთი სიმბოლო უამრავ საინტერესო ისტორიას იტევს:
1952 წელს, ჰელსინკის ოლიმპიადის წინ, თამაშების მასპინძელ ქალაქში ცეცხლის ჩასატანად პირველად გამოიყენეს თვითმფრინავი.
1956 წელს, მელბურნში, ესტაფეტაში პირველად მონაწილეობდნენ ცხენოსნები.
1964 წელს, ტოკიოს ოლიმპიადაზე ცეცხლი სტუდენტმა იოსინორი საკაიმ აანთო - ის 1945 წლის 6 აგვისტოს დაიბადა ჰიროსიმაში, ქალაქში ატომური ბომბის ჩამოგდების დღეს.
1968 წელს, მეხიკოს ოლიმპიადისთვის, ცეცხლი საბერძნეთიდან მექსიკაში სახელგანთქმული ზღვაოსნის ქრისტეფორე კოლუმბის განვლილი გზით ჩაიტანეს, საამისოდ კი პირველად გამოიყენეს გემი, კანჯო და წლის თხილამურები.
1972 წელს, მიუნხენის ოლიმპიადაზე, ესტაფეტაში მოტომრბოლელები მონაწილეობდნენ.
1976 წელს, კანადის ქალაქ მონრეალში ცეცხლი კოსმოსური თანამგზავრის დახმარებით გადაიტანეს: საბერძნეთში დანთებული ალიდან მიღებული ენერგიის ნაწილი ლაზერის სხივად აქციეს და თანამგზავრით ატლანტის ოკეანის გაღმა ხელმეორედ ააგიზგიზეს.
1984 წელს, ლოს ანჯელესამდე, ანთებული ჩირაღდანი ერთ-ერთ მონაკვეთზე ვერტმფრენით გადაიტანეს.
1992 წელს, ბარსელონას ოლიმპიურ თამაშებზე ცეცხლი მშვილდ-ისრის დახმარებით დაინთო - მშვილდოსანმა ანტონიო რობოლიომ ცეცხლმოკიდებული ისარი კოშკს ზუსტად სტყორცნა.
1996 წელს, ატლანტაში დანთებამდე ოლიმპიურმა ჩირაღდანმა კანოეთი, მატარებლით, პონი-ექსპრესით (ცხენებშებმული საფოსტო ეტლი) და გემით მოგზაურობა „მოასწრო“.
2000 წელს, სიდნეის ოლიმპიადის წინ, ცეცხლმა მთელი სამი წუთი პირველად „ჩაყვინთა“ წყალში.
მსოფლიოს გარშემო ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტა პირველად და უკანასკნელად 2004 წელს, ათენის თამაშებისთვის მოეწყო: 11300-მა ადამიანმა ოლიმპიური ჩირაღდნით 78 ათასი კილომეტრი დაფარა.
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით, ცეცხლის ესტაფეტა დედამიწის გარშემო უკვე აკრძალულია და თამაშების საორგანიზაციო კომიტეტს მხოლოდ მასპინძელ ქვეყანაში აქვს მისი ჩატარების უფლება.
უკვე გარკვეულია როდის დაინთება ოლიმპიური ცეცხლი ლონდონის თამაშებისთვის და რა გზას გაივლის: ჩირაღდანს, 10 მაისს, ტრადიციულად საბერძნეთში, ოლიმპიაში ააგიზგიზებენ.
17 მაისს, ერთკვირიანი მოგზაურობის შემდეგ, ცეცხლის გადაცემის ცერემონიალი გაიმართება - მას დედაქალაქი ათენი, პანათენაიკის სტადიონი უმასპინძლებს.
18 მაისს ბრიტანეთის ავიახაზების ლაინერი BA2012 ანთებულ ჩირაღდანს სპეციალური რეისით ათენიდან დიდ ბრიტანეთში ჩაიტანს - თვითმფრინავი კორნუოლში, სამეფო საზღვაო-საჰაერო ძალების აეროდრომზე დაეშვება.
19 მაისს ბრიტანეთში ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტა დაიწყება, რაც 70 დღის მანძილზე გაგრძელდება და 27 ივლისს, ლონდონში, ოლიმპიურ სტადიონზე, თამაშების გახსნის ცერემონიალზე აგიზგიზებით დასრულდება.
„მე და ჩემი გუნდი ბედნიერნი ვართ - ვიცით, რომ ეს ესტაფეტა კარგად ჩაივლის! გვჯერა, ლონდონის ოლიმპიური თამაშები ერთ-ერთი საუკეთესო იქნება ისტორიაში, ცეცხლის დანთების ცერემონიალი კი - დაუვიწყარი“, - განაცხადა ლონდონი 2012-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ სებასტიან კოემ.
![]() |
26 კომფორტული და კონცეპტუალური rooms |
▲ზევით დაბრუნება |
კულტურა
სიმონ მაჩაბელი
9 თებერვალს მილანის Tatro dell'arte Triennale პრესკონფერენცია-პერფორმანსს მასპინძლობდა. ეს იყო მსოფლიო მნიშვნელობის მოვლენის - iSaloni - ერთგვარი შესავალი. iSaloni თავდაპირველად იმართებოდა როგორც ავეჯის დიზაინის გამოფენა, დღეს კი უკვე მთელი მსოფლიოსათვის თავშეყრის ადგილად იქცა. იქ ახალ სივრცეებს, სიახლეებს და თანამედროვე დიზაინს განსხვავებულ ხედვას შეამჩნევ.
ტაბულა კომპანია Cosmit-მა დაპატიჟა. კომპანია გამოფენის ორგანიზატორია. ახალი ფორმების ძიება არა მხოლოდ ავეჯის დიზაინს, არამედ პრესასთან ურთიერთობასაც ეხება. ტრადიციული პრესკონფერენციის ფორმატის ნაცვლად, მათ მსახიობებსა და მოცეკვავეებს სთხოვეს დახმარება. დახვეწილი ვიდეოარტის ფონზე, მილანში ჩამოყალიბებული ავეჯის შექმნის ტრადიცია და დიზაინის ისტორია გვიჩვენეს.
შემსრულებლები ხან მოდერნ დანსის ილეთებით, ხან კი ხმის მეშვეობით ქმნიდნენ ატმოსფეროს. თეატრის უნივერსალური ენით გვიყვებოდნენ ხის მასალაზე და მის თავისებურებებზე; ხან პლასტიკატზე და ხანაც მეტალზე. რამდენადაც უცნაურად უნდა ჟღერდეს, ეს აბსტრაქტული სანახაობა საოცრად სავსე, ღრმა შთაბეჭდილებას ახდენდა.
პერფორმანსის მეორე ნაწილი მომავალ გამოფენაზე წარმოდგენილ სიახლეებს მიეძღვნა. თუმცა იტალიელებმა აქაც უარი თქვეს ტრადიციულ ფორმაზე და სცენაზე ნორჩი ზეთისხილის ხე მწვანე სხივებით გაანათეს. ხის ფონზე თეთრი ქვები დადეს, სცენაზე კი სწორედ ახალგაზრდა დიზაინერებს, დიჯეი ლინუსს, მილანის მერს და განსაკუთრებულ სტუმრებს უხმეს. მთავარ თემებად საავტორო უფლებების დაცვა, ეთიკური დიზაინი და დამწყები კომპანიებისადმი მხარდაჭერა დასახელდა. ყველა ამ საკითხს პასუხობს ქართული კომპანია ROOMS-ი, რომელიც გასული წლის გამოფენის 290 ახალგაზრდა და დამწყებ კომპანიას შორის, ოთხეულში მოხვდა და პრესკონფერენციაზე საპატიო სტუმრის სტატუსით წარდგა. ბაია დავითაია, თამარ ღვაბერიძე მენეჯმენტს უძღვებიან, ქეთი თოლორაია და ნატა ჯანბერიძე კი კომპანიის კრეატიულ მხარეს, დიზაინერებს წარმოადგენენ.
თამარ ღვაბერიძემ ისაუბრა, თუ რას ნიშნავდა მათთვის გამოფენაში მონაწილეობა და რამხელა ნაბიჯი იყო ახლადდაარსებული კომპანიისათვის მილანის გამოფენა. პერსონალური მადლობა გადაუხადა მარვა გრიფინს, რომელიც უშუალოდ არჩევს დამწყებ დიზაინერებს გამოფენისათვის. ის თავისი დაუნდობელი კრიტიკით და საქმისადმი უკომპრომისო დამოკიდებულებით ცნობილია გამოფენის ორგანიზატორთა შორის.
სწორედ ქალბატონი მარვა გვესაუბრა ROOMS-ის შესახებ: „იცით, ძალიან დიდი ხანია ამ საქმეში ვარ, ზოგს ხედავ მხოლოდ ერთხელ, ზოგს კი უყურებ, როგორ იზრდებიან და იწყებენ კაშკაშს... ნატა და ქეთი წელს მესამედ მიიღებენ სატელიტში (ახალგაზრდა დიზაინერების პავილიონი) მონაწილეობას. დარწმუნებული ვარ, რომ მათზე კიდევ არაერთხელ გავიგებ“. შემდეგ ბრიტანელ ჟურნალისტებს მიმართა: „ქართული კომპანია ROOMS-ი მარსელ ვანდერსმა ნახა თუ არა, იმ წამსვე კონტრაქტი დაუდო“.
ქეთი თოლორაიას და ნატა ჯანბერიძეს მათ მიერვე მოწყობილ დიდ სივრცეში, სასტუმრო Holiday Inn-ში შევხვდით. სასიამოვნო საუბარი დიზაინის, ხელოვნების და თანამედროვე სივრცეების შესახებ უკვე თბილისში გავაგრძელეთ.
რა გავლენა იქონია თქვენს საქმიანობაზე მილანის გამოფენა iSaloni-მ?
გამოფენა ჩვენთვის დიდი წინსვლა იყო. 2010 წელს, რთულად იდგა ჩვენი წასვლის საკითხი - ხან გამოდიოდა გამოფენაზე მონაწილეობა, ხანაც - არა. შემდეგ კულტურის სამინისტროს დახმარებით საბოლოოდ გადაწყდა და გავემგზავრეთ. ჩვენი ძალისხმევა დაფასდა და გამოფენის დახურვის დღეს მარსელ ვანდერსმა კონტრაქტი დაგვიდო. ის მოდური მაღაზია-გალერეების Booi-ს ავტორია. მარსელი ეძებს, პოულობს და ყიდის უჩვეულო, ახალ დიზაინს. მას ჩვენი ნამუშევრები მოეწონა და უკვე მესამე წელია ვთანამშრომლობთ. ახლა ხალიჩაზე ვმუშაობთ, რომელიც ვანდერსის გალერეებში გაიყიდება.
როდესაც სივრცეს აწყობთ, თქვენ მიერ შექმნილი ნივთი/ობიექტი დამოუკიდებლად იქმნება თუ სივრციდან გამომდინარე? რა უფრო გხიბლავთ - სივრცის აგება და იმ სივრცისათვის ობიექტების შექმნა თუ ჯერ სივრცეს აწყობთ და შემდეგ ავსებთ საგნებით?
ძირითადად, ჩვენი ნივთები კონკრეტული სივრცისთვისაა შექმნილი, მაგრამ შემდეგ დამოუკიდებელ ცხოვრებას იწყებენ. აი, როგორც ეს ჭაღი „Solar Walk”, რომელიც ამ სასტუმროსთვის, ამ ლობისათვის შეიქმნა, მაგრამ სხვა სივრცეშიც შეიძლება გადავიდეს. ან როგორც „Welcome Desk” - რეცეფციის მაგიდა, რომელიც ამოტრიალებულ კარს წარმოადგენს - კონცეპტუალური ავეჯია. ეს კარი - სტუმართმოყვარეობის ან მასპინძლობის სიმბოლოა, რომელიც გადაქცეულია მაგიდად, მაგიდა კი, თავის მხრივ, ბუკლეტებისა და გზამკვლევების ვიტრინაა, რომელიც რეცეფციაში დგას. ეს მაგიდა შემდეგ მილანის მაღაზიაშიც გამოიყენეს.
რას ფიქრობთ საქართველოზე, უფრო სწორედ კი - თბილისის, როგორც თანამედროვე ქალაქის შესახებ, როგორ დაუპირისპირებდით მაგალითად მილანს?
სამწუხაროდ, სულ ცოტა ხანია, რაც საქართველოში ინტერიერის დიზაინზე თანამედროვე გაგებით, მოთხოვნა გაჩნდა. ხალხი მიხვდა, რომ პროფესიონალებმა უნდა გააკეთონ თავიანთი საქმე. ძალიან რთულია ამ მხრივ როგორც ხელოსნებთან, ასევე დამკვეთებთან ურთიერთობა. აქაური ერთგვარი დეფიციტი - როგორც კრეატიული, ასევე ფიზიკური - უზარმაზარ კონტრასტშია, მაგალითად მილანთან, სადაც ყველაფერია.
ალბათ გრძნობთ, რომ დიზაინის ტრადიცია, ევროპული გაგებით, არ გაგვაჩნია. რას ისურვებდით ამ მიმართულებით?
ნატა ჯამბერიძე და ქეთი თოლორაია
დიზაინზე მოთხოვნა ბუნებრივი უნდა იყოს, ევროპაში ის კულტურის ნაწილია, ჩვენ არ გაგვაჩნია ამის კულტურა, ცოტაა ლამაზი ინტერიერები. სულ ვეძებთ ქართულ ელემენტებს, დეტალებს, გვინდა ქართული სერიული ავეჯი შევქმნათ, ვფიქრობთ ჭურჭელზეც.
როგორ აღიქვამთ განსხვავებას, მანძილს საქართველოსა და ევროპას შორის, ცდილობთ თუ არა ეს დისტანცია „შეამციროთ“?
როდესაც რაღაცას ფიქრობ, რაღაც იდეაზე მუშაობ და ხედავ - იქ ყველაფერი არის, რაც კი წარმოგიდგენია, ადვილია პლაგიატით დაკავდე. აქ კი ამ ვაკუუმის გამო უფრო კონცენტრირებული და ფრთხილი ხარ. ერთი მხრივ, საინტერესოა, მაგრამ, რა თქმა უნდა, მრავალფეროვნება, სიახლე აუცილებელია. სწორედ ამიტომ გვსურს, რომ არსებობდეს თბილისში დემოკრატიული, საჯარო სივრცე, რომელიც სიახლის, თანამედროვე ხელოვნების და შეხედულებების მულტიფუნქციური ცენტრი იქნება როგორც ჩვენთვის, ისე სტუმრებისათვის. ეს საგრძნობლად შეცვლის მსოფლმხედველობას, დისტანციას ჩვენსა და თანამედროვე მსოფლიოს შორის. ამ მიმართულებით ძალიან საინტერესო პროექტზე უკვე რეალურად დავიწყეთ მუშაობა. ესაა თბილისის ცენტრში უზარმაზარი შენობა, ყოფილი გაზეთ კომუნისტის რედაქცია. გვიხარია, რომ ახალი სივრცე ახალი შემოქმედებითი იდეების გენერატორი იქნება და სულ მალე გაამდიდრებს თბილისს.
![]() |
27 ოლეგ ტიმჩენკოს მატყუარა სამკაულები და ქალები |
▲ზევით დაბრუნება |
კულტურა|გამოფენა
დავით ჩიხლაძე
ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი
წლევანდელი საგაზაფხულო საგამოფენო სეზონი ისევ ოლეგ ტიმჩენკომ გახსნა. მან 29 თებერვალს კიდევ ერთი წარმატებული პროექტი შემოგვთავაზა თბილისის ცხრა სხვადასხვა გალერეასთან თანამშრომლობით, რომელსაც „ახალმა გალერეამ“ უმასპინძლა. ტიმჩენკომ წარმოადგინა თბილისის ცნობილი გალერისტების - ლიკა მამაცაშვილის, ნინო მეტრეველის, ზაირა ბერელიძის, დედიკა ბულიას, არჩილ დარჩიას, ხათუნა მელიქიშვილის, ქეთევან კორძახიას, რუსიკო ოატის და ბაია წიქორიძის ნახევრად შიშველი ნახატების სერია „HOP GALLERISTS“. ნამუშევრების ფასი 25 ათასიდან 50 ათას ლარამდე მერყეობდა.
ტიმჩენკო პროექტის კონცეფციაში წერს, რომ მისი სურვილი იყო აღებეჭდა საზოგადოებისათვის ცნობილი პიროვნებები, რომლებიც უკვე ათეული წლებია დამთვალიერებლებისთვის ათასგვარ გამოფენას აწყობენ. უნდოდა, ისინი ამჯერად უჩვეულო კუთხით ეჩვენებინა, როგორც ლამაზი ქალები და საინტერესო პიროვნებები ინტიმურ გარემოში. არტისტი ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ ეს გამოფენა ერთგვარად საეტაპოა მისთვის და ამასთანავე, პატივისცემის გამოხატულებაა ამ ადამიანების მიმართ.
პროექტზე მუშაობა დიდხანს გრძელდებოდა და არაერთხელ გადაიდო, თუმცა არ ვიცი რა სირთულეებთან იყო ეს დაკავშირებული. ალბათ, ისევ ოლეგ ტიმჩენკოს შევსებულ სამუშაო გრაფიკთან. ან, იქნებ, ჯერ კიდევ სკანდალურია ასეთი კოლექციის გამოფენა ნაწილობრივ მაინც ე.წ. აზიატური კულტურის იარლიყის ქალაქში, სადაც, მიუხედავად ყველაფრისა, სხეულთან და სქესთან დაკავშირებით არაერთი სუბკულტურული თუ მასმედია პრეცედენტი მაინც უკვე არსებობს. ტიმჩენკო ამ ყველაფერს პოეტური კუთხით უდგება და ეს მისი გენერალური ესთეტიკური ხაზისთვის სრულიად არაა უცხო. მისი ნახატების პოეტურ ნარატივებსა და მინიშნებებთან ერთად, გავიხსენოთ, რომ მას რამდენიმე წლის წინ პოეტური კრებულიც აქვს გამოცემული.
ის, რასაც მხატვარი არ ამბობს, ჩვენ შეგვიძლია დავამატოთ - არასოდეს მოგატყუოთ ქალის სხეულის სილამაზემ. ტიმჩენკოს ლამაზი სამკაულების ადრინდელ სერიას რომ თავი დავანებოთ - ის, ვინც ოდესმე ახლოს ყოფილა დაკავშირებული ტრანსავანგარდთან, ვერასოდეს გადაიქცევა შეუმდგარ სენტიმენტალურ პოეტად და ვერც უტვინო სნობად. ტიმჩენკო კვლავ დეკადების მიღმა დარჩენილ ფლუქსუსის მიმდინარეობაზე გველაპარაკება ირიბად და ენთუზიაზმით, საერთოდაც, მთელი თავით არის მასში გადაშვებული; ის ისევ დეკონსტრუქციით და თვითრეფლექსიით ერთობა - გვაჩვენებს და წარმოგვიდგენს გალერისტებს, ანუ მათ, ვინც თვითონაა დაკავებული წარდგენითა და ჩვენებით. როგორც წესი, ისინი გვაყურებინებენ ჩვენ სხვების სურათებს, ამჯერად კი ყველაფერი ფუნდამენტურ ზედაპირამდე დაეშვა - მათ საკუთარ სხეულებამდე. ადამიანის სხეული, და მით უმეტეს გალერისტის - ეს ის ბოლო პუნქტი და საზღვარია, საიდანაც ყველაფერი შენდება - ჩვენ ხომ არასოდეს გვიფიქრია, რომ გალერეები ამ ადამიანების არსებობის დამატება და მათი გაგრძელებაა.
ბაია წიქორიძე
ხათუნა მელიქიშვილი
ზაირა ბერელიძე
სხეულის ან ზედაპირის, როგორც საწყისი საფუძვლის ჩვენება და წარმდგენის (გალერისტის) წარდგენა (დახატვა) მე ამ პროექტში მთავარ ელემენტებად მიმაჩნია. სერია პოსტმოდერნისტულად შეიძლება ჩაითვალოს, მიუხედავად იმისა, რომ ეს ვრცელი ნამუშევრები პორტრეტებია და ტილოებზე ზეთით არის შესრულებული. მიუხედავად ოლეგ ტიმჩენკოს მორიდებული და პოეტიზირებული განცხადებებისა, ის საკმარისზე მეტად სოფისტიკურია - მთავარ მოტივატორად იდეის იმპულსი გვევლინება და არა ესთეტური ნარცისიზმი. ავტორი ყოველთვის ახერხებს ოსტატურად და არა ბოროტად მოატყუოს დამთვალიერებელი - ის, ვინც ფლუქსუსის, ან დადაიზმის სიმარტივეში აზრი და სილამაზე ვერ დაინახა და კვლავ უშინაარსო და დამაწყნარებელი დეკორაციების თვალიერება სურს.
მეორე მხრივ, საინტერესო მომენტია, რომ ეს პოპარტისტული სერია, ალბათ, მხოლოდ ადგილობრივად გამოიყურება აქტუალურად, გლობალურ კონტექსტში კი შეიძლება დევალვაცია განიცადოს. ამ კონცეფციის მიღმა - გააშიშვლო თბილისელი გალერისტები - შეიძლება ცალკე ნახატებმა ვერ იმუშაოს. აქ ხომ მნიშვნელოვანია კონკრეტული, რეალური კონტექსტი, თბილისში არსებული გალერეები და, ასევე, დედაქალაქის რეაქცია მოცემულ ისტორიულ მომენტში. ოლეგ ტიმჩენკოსთან ერთად გალერისტებიც აქტივისტური არტის და აქციის თანამონაწილეები გახდნენ. მიუხედავად ნახატების თავისთავადი სილამაზისა და ოსტატური ჰარმონიისა, დღეს მოდელების სტუდიური პოზირებების ფოტოები ან ქალების დახატვა სარისკო საქმეა. ასეთი მცდელობები, როგორც წესი, მძიმე სიცარიელით და ვაკუუმით ავსებს მაყურებელს. სიცარიელე ამ ნამუშევრებშიც არის, ოღონდ ეს სიცარიელე მსუბუქია და ბუნებრივი. როგორც ტიმჩენკოს ადრინდელი სამკაულების სერიის შემთხვევაში, ეს ქალები თითქოს ნამდვილები არ არიან და სადღაც მიღმიერ და ისტორიის დონეზე დარჩენილან. ეროტიკულობაცაა მათში და ბოჰემური და დეკადენტური მგრძნობელობაც, თუმცა მაინც პოპარტისტული ესთეტიკითაა შესრულებული. პოპი ძალებს არ კარგავს და ეს ტიმჩენკომ კარგად იცის. ამიტომაც, შეიძლება ეს ნახატები გლობალურადაც აქტიური გახდეს - ბოლოს და ბოლოს, იმის მოყოლაც ხომ შეიძლება ანოტაციაში, რომ არსებობს ასეთი ქალაქი - თბილისი, იქ გალერეებია, რომლებიც ცდილობენ ინტეგრაციას უცხოეთთან და ასევე მხატვრები, რომლებმაც ეს ინდივიდუალურად უკვე მოახერხეს.
მონაწილე მოდელი გალერისტები შეთანხმდნენ, რომ ინტერვიუ არავის მისცენ. აი, თავად ნახეთ, ბაია წიქორიძემ ასეთი კომენტარი გააკეთა: ბაია წიქორიძე (გალერისტი, ბაია და ახალი გალერეა): არანაირ კომენტარს არ ვაკეთებ - არ და ვერ.
დედიკა ბულია
როგორც გამოცდილი და წარმატებული გალერისტი, ალბათ, მიიჩნევს, რომ ეს გამოფენა მაინც სოციალურად დამუხტულია და ზედმეტი ხმაური არასასურველია. სხვაგვარად მისი დუმილი წარმოუდგენელი უნდა იყოს. მართალია, გალერეებში მოსახლეობის დიდი ნაწილი არ ხვდება და სატელევიზიო არხებიც მხოლოდ ფრაგმენტულად აშუქებენ კულტურის ამბებს, სამაგიეროდ, ინტერნეტის სოციალური ქსელები საკმაოზე მეტადაა გააქტიურებული და, შესაბამისად, რეაქციის ალბათობა მაინც არსებობს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით კი გალერისტების თანხმობა მონაწილეობაზე ორმაგად დატვირთული გამოდის - ერთი მხრივ, ისინი ეხმარებიან მხატვარს როგორც მოდელები და, მეორე მხრივ, როგორც გალერისტები, მხატვართან ერთად აქციის სრულუფლებიანი თანაავტორები გამოდიან, რადგან უბრალო მოდელებისგან განსხვავებით, პასუხისმგებლობა სწორედ მათზე უფროა, ვიდრე მხატვარზე.
არჩილ დარჩია
მთავარი ძვრები და წინსვლა ყოველთვის მგრძნობელობის სფეროდან ხდება და არა მშრალი ინტელექტუალიზმის. ამჯერადაც მხატვარი და გალერისტები იღებენ ინიციატივას, კიდევ უფრო მეტად გათავისუფლდეს საზოგადოებრივი აზრი სხეულზე აკვიატებული ფობიებისგან და მეტად შეძლოს საკუთარი, არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ, თუნდაც, უბრალოდ, ადამიანური იდენტობისა და ინტერესების გამოხატვა. ასე იყო ადრეც, როდესაც საბჭოთა კავშირი ინგრეოდა და ასე აღმოჩნდა დღესაც, როდესაც პოსტსაბჭოთა პერიოდის დასრულების დრო დადგა.
ზაირა ბერელიძე (გალერისტი, გალერეა ვერნისაჟი): მე დავთანხმდი ოლეგს ვყოფილიყავი მისი მოდელი, რადგან პროექტი ძალიან საინტერესოდ მომეჩვენა და, ცხადია, მინდოდა ხელი შემეწყო მისთვის. მე გავეცანი მის კონცეფციას, აი, რაც ყველამ წაიკითხა გამოფენის კატალოგში და დღესაც მთლიანად კმაყოფილი ვარ ამ პროექტის განხორციელებით.
დედიკა ბულია გამოფენაზე დარბაზის ბოლოში ორი პორტრეტით იყო წარმოდგენილი, რაც ექსპოზიციის კომპოზიციას ამშვენებდა შემოსასვლელში დაკიდებულ „დიანას“ სიმბოლურ პორტრეტთან უნისონში. მანვე ყველაზე ვრცელი და გულწრფელი კომენტარი გააკეთა.
დედიკა ბულია (გალერისტი, გალერეა გალა): ეს იყო ოთხი წლის წინ. მე ვგიჟდებოდი ია ტიმჩენკოს ნიუზე, მაგრამ არ ყიდდა. გადავწყვიტე მისი “დიანას” შეძენა, მაგრამ დილით ბაიამ დამასწრო. მერე ოლეგმა შემომთავაზა, თუ გინდა შენ დაგხატავ, თანახმა ხარო? მეორე დღესვე მივედი და მაშინ დაიხატა ჩემი სურათები. ეს ნამუშევრები შემდეგ ნახეს ბაიამ და ზაირამ და მათაც მოუნდათ მონაწილეობა. მერე ოლეგმა გადაწყვიტა გაეკეთებინა სერია. ოთხი წლის შემდეგ კი ყველაფერი ამ შესანიშნავი გამოფენით და ხათუნა მელიქიშვილის ნიუთი დაგვირგვინდა.
ლიკა მამაცაშვილი
ყველა სიხარულით მიდიოდა ოლეგთან დასახატად და ეს მხოლოდ დიდ მხატვრად აღიარების დასტურია გალერისტების მხრიდან. ოლეგის სახელი და შემოქმედება უკვდავია, მან უკვდავი გახადა ყველა ჩვენგანი, სანამ საქართველო და ქართული არტი იარსებებს, მანამ ვიარსებებთ ჩვენც. ეს სიყვარულისთვის, პატივისცემისთვის გაკეთებული პროექტია.
![]() |
28 გასეირნება რეკლამებიან ყარაბაღში |
▲ზევით დაბრუნება |
კინო|კულტურა
ნიკა ესებუა
დევიდ ფინჩერის ფილმში „სოციალური ქსელი“ 45-მდე ბრენდის სხვადასხვა სახის რეკლამა შეგიძლიათ იხილოთ. ნაწილი Product Placement-ია, ნაწილის რეკლამირება კი სიუჟეტიდან გამომდინარე, უსასყიდლოდ, მოხდა. 20-მდე ბრენდის რეკლამაა კრისტოფერ ნოლანის ფილმში „დასაწყისი“. თუმცა პირველ და მეორე შემთხვევაში Product Placement-ი იმდენად კარგადაა გაკეთებული, რომ ძალიან გაგიჭირდებათ იმ ბრენდების დასახელება, რომლის რეკლამაც ფილმებში ნახეთ. საუბარი არაა იმაზე, რომ რომელიმე კომპანიის ლოგო ან ბრენდის სახელი ცუდად მოგხვედროდათ თვალში. ის, რაც ძალიან კარგად იციან ამერიკელმა პროდიუსერებმა და რეჟისორებმა, საქართველოში ჯერ კიდევ უცხო ხილია. ჩვენთან რეკლამა კინოში უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ფილმის სიუჟეტი, მას ქრონომეტრაჟის საკმაოდ დიდი ნაწილი მიაქვს და თავისუფლად შეგვიძლია ფილმის მეორეხარისხოვანი პერსონაჟი ვუწოდოთ. ზაზა ურუშაძის „ბოლო გასეირნება: ყარაბაღის ტრილოგიის დასასრული“ ამის სამწუხარო და ნათელი მაგალითია.
გოგლიკოზე (მიშა მესხი) და მის მეგობრებზე გადაღებული ფილმები დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ტრილოგიაა. მესამე ნაწილი წინა ორისგან განსხვავებით აწმყოში, თბილისში, ვითარდება. ფილმი 1994 წლის ამბებით იწყება. გიოს (ლევან დობორჯგინიძე) კლავენ, გოგლიკოს ციხეში სვამენ, საიდანაც ის 15 წლის შემდეგ გამოდის, თუმცა გზაში პოლიციასთან შელაპარაკება მოუვა და ერთ წელს ისევ სატუსაღოში გაატარებს. პოლიციელთან შელაპარაკების ეპიზოდი თავისი ფინალით სასაცილოა. ფილმში ბევრი სასაცილო სცენაა და ეს პირველ რიგში მიშა მესხის დამსახურებაა, რომელიც ამ ფილმის მოტორი, ნათელი წერტილია. გოგლიკო ციხიდან გამოსვლის შემდეგ გიოს შვილს, ლუკას (თაზო ცხაკაია) დაუმეგობრდება და ცდილობს პრობლემების გადაჭრაში დაეხმაროს. ყარაბაღში წასვლას აპირებს, რადგან ხვდება, რომ თბილისში მისი ადგილი არ არის. ყველა მისი მეგობარი მკვდარია. ის თავისი თაობის სიმბოლოა, უკანასკნელი წარმომადგენელი იმ ახალგაზრდობის, რომელმაც აფხაზეთის ომი გადაიტანა, საუკეთესო წლები ნარკოტიკებსა და ქუჩურ გარჩევებში გაატარა. მისთვის უცხოა ინტერნეტი, სკოლაში წესრიგი, პოლიცია, რომელსაც პირში არ აგინებენ. ლუკას თავისი სკოლელი გოგო უყვარს, რომელიც ბედის ირონიით მამამისის მკვლელის შვილია. გიოს მკვლელს კაბუ თამაშობს. ის თანამდებობის პირია და ჰგონია, რომ შვილის სასიყვარულო ისტორია, მის მიმართ მიმართული შურისძიებაა.
ფილმის სცენარი, მუსიკა, ატმოსფერო ნორმალურია, მიშა მესხი გოგლიკოს როლში, დოკუმენტური ფილმის პერსონაჟს ჰგავს. ნამუშევარი ტრაგიკომედია უნდა ყოფილიყო და არის კიდევაც - ოღონდ ამ სიტყვის ცუდი გაგებით. ფილმში სასაცილო ეპიზოდები მართლაც შეინიშნება, მაგრამ ტრაგიკული მხოლოდ დიდი რაოდენობით რეკლამაა, რომელიც თითქმის ყოველ ეპიზოდში თვალში გეჩხირებათ. თითოეული Product Placement-ი ძალიან უგემოვნოდ არის გაკეთებული, რეკლამა არღვევს ფილმის ბალანსს და სხვა დეტალებით გამოწვეულ დადებით ემოციებს ფარავს. ლუდის, ინტერნეტის, ძეხვის, არაყის, ტოტალიზატორის, აფთიაქის რეკლამები გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ფილმს, რომელიც მხატვრულ ნამუშევარზე მეტად სუპერ ბოულის ძალიან ცუდად დადგმულ შოუს ემსგავსება.
ქართველი პროდიუსერებისა და რეჟისორებისგან ხშირად მსმენია, რომ კომპანიების დაფინანსების გარეშე ფილმის გადაღება წარმოუდგენელია, რომ სწორედ ისინი ითხოვენ ასეთ რეკლამებს სურათებში. ეს გამართლება არ არის. სანამ ფილმებში ასეთი უხეში Product Placement-ი იქნება, მანამდე რამე მხატვრულ ღირებულებებზე საუბარი ზედმეტია. ბევრად უკეთესია ქრონომეტრაჟის ხარჯზე ბიუჯეტის შემცირება, ან კომპანიებთან სხვა სახის ფლეისმენთზე შეთანხმება. სამაგიეროდ, უფრო მაღალი ხარისხის მხატვრულ ფილმს მივიღებთ - ვიდრე დაუსრულებელი ქართული ტრუმენის შოუს ყურებაა, რომელიც აგერ უკვე წლებია, თბილისის კინოთეატრებში სხვადასხვა კინოს სახით გვევლინება.
![]() |
29 LIFE/GUIDE |
▲ზევით დაბრუნება |
კულტურა
1. როგორ ვებრძოლოთ უმუშევრობას, გავზარდოთ კორპორატიული ინვესტიციები, ექსპორტი და აღვადგინოთ წარმოება - ბილ კლინტონი ამერიკის ახალ მთავრობას თავისი ახალი წიგნით Back To Work: Why We Need Smart Government For A Strong Economy აძლევს რჩევას. წიგნი საინტერესოა იმ კუთხითაც, თუ რამდენად განსხვავებული შეიძლება იყოს ორი დემოკრატი პრეზიდენტის მიდგომა ეკონომიკური პოლიტიკის წარმოების საქმეში.
2. ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარობა ბევრ რამეზე ახდენს გავლენას, მათ შორის მოდის ტენდენციებზეც - უკვე მერამდენე სეზონია, სპორტული სტილი თავის აქტუალურობას ინარჩუნებს. Marc by Marc Jacobs-ის გაზაფხულის კოლექციაში წარმოდგენილი ფერადი კედები ამ იდეის მხარდაჭერის ნათელი და მხიარული დემონსტრირებაა.
3. სახელი Bulova ნაცნობია ყველასთვის, ვინც სი ზუსტეს აფასებს. Bulova Precisionist-ი კი ის საათია, რომლის მექანიზმის სიზუსტე წელიწადში +/10 წამია, როცა ჩვეულებრივი კვარცის საათის იგივე მაჩვენებელი თვეში +/15 წამს უდრის. ამასთან, Precisionist-ი ექვს კოლექციას აერთიანებს და დიზაინის არა მხოლოდ დახვეწილობით, მრავალფეროვნებითაც გამოირჩევა.
![]() |
30 ზოგადი რჩევები ღვინისა და კერძის შეხამებისთვის |
▲ზევით დაბრუნება |
გურმანი|ღვინის კლუბი
მალხაზ ხარბედია
ღვინისა და კერძის შეხამება უმნიშვნელოვანესი თემაა. სწორ შეხამებას ღვინის სამშობლოში განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს და ესთეტიკურის გარდა, ამას სხვა ღირებულებაც აქვს. ასეთი წყვილები, ორგანიზმისთვისაც სასარგებლოა და სიამოვნებას ჯანმრთელი გრძნობებითაც ავსებს.
- ღვინო ისევე ზუსტად უნდა შეურჩიოთ სადილს, როგორც რომელიმე საკმაზი ამა თუ იმ კერძს. თუკი იცით, რომ ლობიოს ქონდარი უხდება, მაშინ ისიც უნდა განსაზღვროთ, რომელი ღვინო მოუხდება ქონდრიან ლობიოს.
- მოგეხსენებათ, ღვინის გემოს სამი კომპონენტი განსაზღვრავს: მჟავიანობა, შაქრის შემცველობა და ტანინები. მაღალმჟავიანი ღვინოები ცხიმიან კერძებს უმკლავდებიან და ხშირად კარგად შეკმაზულ სოუსებთანაც პოულობენ საერთო ენას. შაქარი არბილებს და ამრგვალებს კერძის გემოს, ხოლო ტანინიანი ღვინო ცილებით მდიდარ კერძებთან მიდის, სწორედ ამიტომ ძლიერ წითელ ღვინოებს ხორცთან, ლობიოსთან და სოკოსთან გირჩევდით.
- ცნობილია, რომ წითელი მშრალი ღვინო ძალიან ხშირად არ უხდება თევზს, რადგან ეს უკანასკნელი სასმელს ლითონის მომწარო გემოს აძლევს (თუმცა, წითელ ღვინოში მომზადებულ თევზთან ზოგიერთი თხელი წითელი ღვინო საინტერესო წყვილს ქმნის).
- თუკი ღვინო მწარე ან ძალიან ახალია, მას კარგად გაანეიტრალებს მჟავე ან მარილიანი კერძი. მეორე მხრივ, ღვინის მაღალმჟავიანობა კარგად ეხამება მარილიან კერძებს. სწორედ ამიტომაა, რომ მაღალმჟავიანი თეთრები ან მშრალი ცქრიალა ღვინოები კარგად მიდის ზღვის პროდუქტებთან.
- უხეში ტექსტურის ხორცი, რომელიც ხანგრძლივ ღეჭვას საჭიროებს, განსაკუთრებით, საქონლის სტეიკი - მშვენივრად არბილებს ტანინების გემოს, აქედან გამომდინარე, წითელი ღვინო სჯობს სუფრაზე წითელი ფერის ხორცეულთან მივიტანოთ, თეთრი ღვინო კი თევზისა და ხორცის თეთრ სახეობებთან ერთად.
- როცა ცხვრის, საქონლის ხორცი და ნანადირევი მარტივად, ყველანაირი შეკმაზვებისა და რთული სოუსების გარეშეა მომზადებული, უკეთესია მათთან ძვირფასი დავარგების წითელი ღვინო მივირთვათ (ასევე, შემწვარი ინდაურისა და ღორის ხორცთანაც).
- თევზისა და კვერცხის კერძების უმეტესობას თეთრი ღვინო უხდება, პარკოსანი კულტურებისგან მომზადებულს კი - მსუბუქი წითელი.
- ღვინის შერჩევის წესი მარტივია: ცხიმიან, ნოყიერ კერძებთან არომატული, ბლანტი და მაგარი ღვინოები მიირთვით, საშუალო სიმძიმის საკვებს საშუალო სიმაგრის ღვინო უხდება, მსუბუქ კერძებს კი მსუბუქი ღვინო მიაყოლეთ. ცხიმიანი, ნოყიერი საკვები შეიძლება კარგად შეესაბამებოდეს მსუბუქ ღვინოს, თუ მისი გემო მკვეთრად გამოირჩევა საკვების ფონზე. კერძი იმ ღვინის მჟავიანობას უნდა შეესაბამებოდეს, რომელთან ერთადაც გვთავაზობენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ღვინო შეიძლება უგემურად მოგეჩვენოთ. მაგალითად, ისრიმ-მაყვალში ჩაწყობილქათამთან გამოხატული სიმჟავის მქონე ღვინო უნდა მიიტანოთ, ბრინჯთან ერთად მომზადებულ ქათამთან კი ეს აუცილებელი არ არის. თეთრი ღვინის მჟავიანობას შეუძლია კერძის გემო გააუმჯობესოს, მას ისეთივე ეფექტი აქვს, როგორც ლიმონის რამდენიმე წვეთს.
- თუ ოდესმე შესაძლებლობა გექნებათ გასინჯოთ ძალიან ძველი, მდიდრული, რთული ხასიათის ღვინო, წიწაკა უპირობოდ დაივიწყეთ, რადგან ეს სანელებელი სასმელის ყველაზე საინტერესო და დამაინტრიგებელ ნიუანსებს ჩაახშობს. უბრალო ღვინის შემთხვევაში კი პირიქით ხდება: საჭმელში ჩამატებული წიწაკა მის არომატს ამდიდრებს და ღვინოსაც ახალ სულს შთაბერავს.
- ტკბილ კერძებს ძალიან არ უხდება მშრალი ღვინოები, თუმცა ბევრი ტკბილი და ნახევრადტკბილი ღვინო მშვენივრად ეხამება მკვეთრად გამოხატული გემოს მქონე საკვებს. მაგალითად, სახელგანთქმული წყვილები - შაუტერნეს და ფუა გრა, შაუტერნეს და ყველი როკფორი.
- გაითვალისწინეთ, თუკი სუფრასთან რამდენიმე ღვინის გამოტანას აპირებთ, აუცილებლად ყველაზე მსუბუქებით უნდა დაიწყოთ. არ ღირს თავიდანვე მძიმე საფერავით პირის გადაღლა. მის შემდეგ ვერცერთ ღვინოს გემოს ვეღარ გაუგებთ. თავიდან, როგორც წესი, ცქრიალა, ან თხელი, კლასიკურად (ევროპულად) დაყენებული თეთრი ღვინოებით იწყებენ, შემდეგ მოდის კახურების ჯერი, რასაც ვარდისფერი ღვინოები ენაცვლებიან და ბოლოს უკვე წითლებიც შეგიძლიათ გაიტანოთ, ასევე სხეულიანობის და სიძლიერის მიხედვით. მშრალი ღვინო ყოველთვის წინ უნდა უსწრებდეს ნახევრადმშრალ, ნახევრადტკბილ, ტკბილ ან შემაგრებულ ღვინოებს. სუფრის, სადილის საუკეთესო დამაგვირგვინებელი შეიძლება იყოს მაგარი სასმელი, მაგალითად, კონიაკი, ქართული ბრენდი, მაღალი ხარისხის ჭაჭა, სხვადასხვა ნაყენები.
![]() |
31 ნაკვერჩხალზე შემწვარი კალმახი ლიმონით |
▲ზევით დაბრუნება |
გურმანი|რეცეპტი
შეფ-მზარეული:
თეკუნა გაჩეჩილაძე
4 ულუფა
მასალა:
4 კალმახი
4 მოზრდილი ზომის ლიმონი
50 გრ. აფხაზური აჯიკა
50 გრ. ქინძი
100 გრ. ზეითუნის ზეთი
100 გრ. ლიმონის წვენი
ფერადი წიწაკა
სვანური მარილი
ჯამში: 25 ლარი
მომზადების წესი:
კალმახი ჩადეთ ლიმონის და ზეთის მარინადში. დაუმატეთ სვანური მარილი და გააჩერეთ 2 საათი.
აჯიკა გახსენით 50 გრ. ლიმონის წვენსა და 50 გრ. ზეითუნის ზეთში, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ქინძი. ამოიღეთ თევზი მარინადიდან, გაამშრალეთ და შეწვით მაყალზე, ბუხარში ან ქურაში „ბოილერზე“, ნახევარმთვარეებად დაჭრილ ლიმონთან ერთად.
შემწვარი თევზი და ლიმონის ნაჭრები გადმოიღეთ თეფშზე, მოასხით აჯიკის სოუსი და მიირთვით მშრალ ღვინოსთან ერთად.