The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ტაბულა №82


ტაბულა №82


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: ტურაშვილი თეონა, ჩერგოლეიშვილი თამარ, უგულავა სალომე, ავალიანი დიმიტრი, ნოდია გია, სუთიძე ლევან, ვაშაკიძე თამარ, გოვოროვა მარია, ბუკოვსკი ვლადიმირ, ფევაძე შოთა, გუნია ირაკლი, მიქავა მარიამ, კვანჭილაშვილი ელენე, გამცემლიძე მაკა, ფერაძე გრიგოლ, მაჩაბელი გიორგი, გოდუაძე ლაშა, ახლოური ნინა, ესებუა ნიკა, ქავთარაძე ვატო, ჩიხლაძე დავით, ბერაია უტა, ხარბედია მალხაზ, ინ იან თაი
თემატური კატალოგი ტაბულა
საავტორო უფლებები: © თამარ ჩერგოლეიშვილი
თარიღი: 2011
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: 2011|12 - 18 დეკემბერი მთავარი რედაქტორი: თამარ ჩერგოლეიშვილი/აღმასრულებელი რედაქტორები: ნინი გოგიბერიძე, სალომე კიკალეიშვილი/რედაქტორები: ქეთი მსხილაძე, ელენე კვანჭილაშვილი, ლევან რამიშვილი, დავით კოვზირიძე, ნინო მაჭარაშვილი/უცხოელი მრჩეველი: ბარბარა სვანი/ჟურნალისტები: დიმიტრი ავალიანი, გიორგი კეკელიძე, სალომე უგულავა, მაკა გამცემლიძე, ავთო ქორიძე, ნინა ახლოური, თეონა ტურაშვილი, ირაკლი კიკნაველიძე, ლევან სუთიძე, თეონა კოკიჩაიშვილი, სიმონ მაჩაბელი, ლაშა გოდუაძე, ზურაბ თალაკვაძე, ნიკა ესებუა, ანანო სხირტლაძე, მიხეილ ბასილაია/ვები: სანდრო თარხან-მოურავი, ლევან მეტრეველი, ნათია სოფრომაძე, ეკა წამალაშვილი/კორექტორი: ნინო საითიძე/არტრედაქტორი: ბაჩა მალაზონია/დიზაინი & პრეპრესი: კახა დოლიძე, ნიკა კუპრაშვილი/ფოტორედაქტორი: დიმა ჩიკვაიძე/ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი/გამომცემელი: სამოქალაქო განათლების ფონდი/დირექტორის მოადგილე: გიორგი ფრუიძე/ოფის მენეჯერი: ანანო ვარდოსანიძე/გაყიდვები და მარკეტინგი: ლევან ლეკიაშვილი, გიორგი ჭეიშვილი/ყოველკვირეული ჟურნალი ტაბულა, ტელ: + 995 32 2420 300, e-mail: info@tabula.ge/სტამბა: სეზანი, მის: წერეთლის 140, ტელ: + 995 32 2357002/2357005, ფაქსი: + 995 32 2357004/© 2011 საავტორო უფლებები დაცულია, ჟურნალში გამოქვეყნებული მასალების გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია



1 სიტყვასიტყვით

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ძვირფასო ვლად! არაბული გაზაფხული შენს საზღვრებს უახლოვდება.

  • რუსეთში ჩატარებული არჩევნების შემდეგ, რესპუბლიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა Twitter-იდან მიმართა რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინს და კიდევ ერთხელ ურჩია, დაფიქრდეს ტუნისის, ეგვიპტის და ლიბიის გამოცდილებაზე. 6 დეკემბერი

0x01 graphic

მე ბევრს ვმოგზაურობ პოსტ საბჭოთა ქვეყნებში და შემიძლია გითხრათ: არანაირ შემთხვევაში ისინი ახალ საბჭოთა კავშირს არ დათანხმდებიან არანაირი ფორმით, არანაირი სახელწოდებით და არანაირი საბაბით.

  • მიხეილ სააკაშვილმა ეს განცხადება მარსელში ევროპის ხალხთა პარტიის ყრილობაზე გამოსვლისას გააკეთა. 7 დეკემბერი

0x01 graphic

როდესაც რუსეთის პატრიარქს განიკითხავენ, ეს ჩვენი პატრიარქის ირიბი განკითხვაა. ახალგაზრდები, რომლებიც თავს თანამედროვე თაობას უწოდებენ და პატრიარქს განიკითხავენ, ამგვარი ქმედებით ბოლშევიკების საქციელს იმეორებენ.

  • განაცხადა მიტროპოლიტმა სერაფიმე ჯოჯუამ, პატრიარქის რუსეთში ვიზიტის კომენტირებისას. 30 ნოემბერი

0x01 graphic

ჩვენ ევროზონაში არ ვართ და მე მიხარია, რომ ევროზონაში არ ვართ.

  • ევრო კავშირის სამიტზე, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა დევიდ კამერონმა ვეტოს უფლება გამოიყენა და დაბლოკა ევროზონის საკრედიტო კრიზისის დასაძლევი ცვლილებები საკავშირო ხელშეკრულებაში. 9 დეკემბერი

2 კვირა

▲ზევით დაბრუნება


5 დეემბერი

0x01 graphic

  • ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე პარიზში ერთმანეთს შეხვდნენ საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი და გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი. მოელიან, რომ 9 დეკემბრის სამიტზე ევროკავშირის ლიდერები გამოაქვეყნებენ ევროზონის ვალის კრიზისიდან გამოსვლის გეგმას.

6 დეკემბერი

0x01 graphic

  • ცხინვალის სასამართლომ ძალაში დატოვა საკუთარი გადაწყვეტილება 27 ნოემბრის ეგრეთ წოდებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმების შესახებ.

  • აფხაზეთის სეპარატისტი ლიდერი ალექსანდრ ანქვაბი მიიჩნევს, რომ აუცილებელია აფხაზეთში დანარჩენი საქართველოდან შემავალი ტვირთის „ლეგალიზაცია - აფხაზეთის მხრიდან საბაჟო კონტროლის მეშვეობით“. ანქვაბის დაპირებით, კონტრაბადის აღკვეთის მიზნით, აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის გამყოფ ზოლზე, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მალე საბაჟო-გამშვები პუნქტები ამუშავდება.

  • რუმინეთის სენატმა ერთხმად დაუჭირა მხარი ქვეყნის ტერიტორიაზე აშშ-ის თავდაცვითი ანტისარაკეტო სისტემის ელემენტების ან თავსების თაობაზე შეთანხმების რატიფიცირებას. შეთანხმება ძალაში მას შემდეგ შევა, რაც ხელს ქვეყნის პრეზიდენტი მოაწერს. ამერიკული თავდაცვითი სისტემა რუმინეთის სამხრეთში, NATO-ს კონტინენტური ანტისარაკეტო ფარის გეგმის ფარგლებში 2015 წელს უნდა განთავსდეს. პროგრამაში ასევე მონაწილეობს თურქეთი, პოლონეთი და ესპანეთი.

0x01 graphic

  • იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო მონტიმ განაცხადა, რომ მისი პროგრამა ანტიკრიზისული ღონისძიებების შესახებ ერთადერთი გამოსავალია ქვეყნის ეკონომიკური პრობლემების დასაძლევად. მონტის პროგრამა განსახილველად იტალიის პარლამენტს გადაეცა. ის გადასახადების მომატებას, ხარჯების შემცირებას და საპენსიო სისტემის რეფორმას გულისხმობს. უარი ამ ღონისძიებებზე იტალიას საბერძნეთის მსგავს სიტუაციაში აღმოაჩენს.

  • ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, ქვეყნიდან კოალიციური ჯარების გასვლის შემდეგ (2014 წლის შემდეგ) კიდევ 10 წლით გაუწიონ დახმარება ავღანეთს. განცხადება ბონში, ავღანეთის უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაზე გაკეთდა. აშშ და დასავლეთის სხვა სახელმწიფოები ქვეყანას დახმარების გაგრძელებას ჰპირდებიან, თუმცა მოუწოდებენ განავითაროს პოლიტიკური რეფორმები და, ასევე, შერიგების პროცესი.

0x01 graphic

  • ამერიკული კოსმოსური სააგენტო NASA-ს ასტრონომებმა აღმოაჩინეს პლანეტა, რომელიც დედამიწას წააგავს. მას კეპლერ-22ბ ჰქვია და მზიდან 600 სინათლისწელიწადის სიშორის ვარსკვლავის გარშემო ბრუნავს. კეპლერ-22ბ დედამიწაზე თითქმის ორჯერ დიდია, მასზე ჰაერის ტემპერატურა საშუალოდ 22 გრადუსია. ასტრონომები პლანეტაზე წყლის არსებობასაც ვარაუდობენ, რაც სიცოცხლის წარმოსაქმნელად მთავარი ფაქტორია.

0x01 graphic

7 დეკემბერი

  • საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ისრაელელ კოლეგას ავიგდორ ლიბერმანს შეხვდა. მინისტრების შეხვედრა ვილნიუსში, ეუთოს მინისტერიალზე შედგა. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ მომდევნო თვეში ვაშაძე ოფიციალური ვიზიტით ისრაელს ეწვევა. ეს ებრაელი ბიზნესმენების, რონი ფუქსისა და ზეევ ფრენკელის დაკავების შემდეგ, საქართველოს ოფიციალური პირის პირველი ვიზიტი იქნება ქვეყანაში. ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების თანახმად, შეხვედრაზე მხარეებმა გამოხატეს კმაყოფილება, რომ „ეპიზოდი, რომელმაც ორმხრივი ურთიერთობები შეაფერხა“, დასრულდა.

  • თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ეროსი კიწმარიშვილის მმართველი კომპანიის მოთხოვნა მაესტროს 100%25-იანი წილის დაყადაღების თაობაზე. არხის დამფუძნებლები სასამართლოს გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებენ. მამუკა ღლონტმა განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილებამ „ცხადი გახადა, ვის თამაშს თამაშობს ეროსი კიწმარიშვილი“.

0x01 graphic

  • სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა უარყო ბრალდება იმის შესახებ, რომ მან გასცა მშვიდობიანი დემონსტრანტებისთვის ცეცხლის გახსნის ბრძანება. „მხოლოდ გიჟი გაბედავს ესროლოს საკუთარ ხალხს“, - განცახდა მან. ABC-სთვის მიცემულ ინტერვიუში ბაშარ ასადმა აღნიშნა, რომ უშიშროების ძალები იმყოფებიან მთავრობის დაქვემდებარებაში და არა მის პირად „საკუთრებაში“. გაეროს მონაცემებით, მარტიდან მოყოლებული, სირიაში დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას 4 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.

  • რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ეუთო გააკრიტიკა და მას „არაეფექტური“ და „პოლიტიზირებული“ უწოდა. ვილნიუსში, ეუთოს მინისტერიალზე ლავროვმა განაცხადა, რომ ეუთო „მოძველდა“ და „კრიტიკულ“ მდგომარეობაშია, დასავლეთის ქვეყნებს კი ამ სიტუაციის შეცვლა არ სურთ.

8 დეკემბერი

0x01 graphic

  • NATO-ს მინისტერიალზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველო პირველად არის მოხსენიებული NATO-ს ასპირანტ ქვეყნად. „ეს არის სპეციფიკური ტერმინი. ამ ტერმინით საქართველო არის მოხსენიებული იმ ქვეყნებს შორის, რომელთაც აქვთ მიღებული MAP-ი (გაწევრიანების სამოქმედო გეგმა). ესენია: ბოსნია-ჰერცოგოვინა, მაკედონია და მონტენეგრო. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნის გაწევრიანების ინსტრუმენტები ფაქტობრივად უტოლდება იმ ინსტრუმენტებს, რომელიც აქვთ ზემოთ ჩამოთვლილ სახელმწიფოებს“, - განმარტა საქართველოს ვიცე-პრემიერმა გიორგი ბარამიძემ.

0x01 graphic

  • NATO-ს მინისტერიალის შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა NATO-საქართველოს ურთიერთობაზე გაამახვილა ყურადღება: „NATO-ს მინისტერიალის მიერ მიღებულ კომუნიკეში საქართველო მოხსენიებულია იმ ქვეყნების სიაში, რომლებიც ესწრაფვიან NATO-ში გაწევრიანებას. მე ღიად მივანიშნე ჩვენს კოლეგებს, შეგნებულად თუ შეუგნებლად კიდევ ერთხელ ნუ უბიძგებენ საქართველოს მოქმედ რეჟიმს 2008 წლის აგვისტოს ავანტიურის განმეორებისკენ... გამოვთქვამ იმედს, რომ NATO-ელები დაფიქრდებიან ისეთი მოვლენის წახალისებაზე, როგორსაც ადგილი ჰქონდა 2008 წლის აგვისტოში რეგიონში. ამ რეგიონს კი აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა არა მარტო კავკასიის ქვეყნებისთვის, არამედ რუსეთისთვისაც“.

9 დეკემბერი

  • ევროკავშირის ლიდერებმა გადაიფიქრეს ბლოკის ფუძემდებლური ხელშეკრულების შეცვლა, რაც 27-ვე წევრის თანხმობას საჭიროებდა. ამის ნაცვლად, ევროს გადასარჩენად და საკრედიტო კრიზისიდან გამოსასვლელად, ევროზონის 17 ქვეყანა შეთანხმდება. მათ მარტამდე უნდა მოილაპარაკონ საბიუჯეტო დისციპლინის გამკაცრების ზომებზე.

3 რუსული ზამთარი

▲ზევით დაბრუნება


არენა

0x01 graphic

თეონა ტურაშვილი
თამარ ჩერგოლეიშვილი

4 დეკემბრის რუსული არჩევნები, ბევრისთვის მოულოდნელი შედეგებით დასრულდა - პუტინის Единая Россия-ს, არჩევნების მასშტაბურმა გაყალბებამაც ვერ უშველა და ამომრჩეველთა ხმის უმრავლესობა დაკარგა. პოლიტიკური ძალთა ბალანსის თვალსაზრისით არჩევნების შედეგები მყისიერად არაფერს შეცვლის - დუმაში მოხვედრილთა უმრავლესობა ძირითად საკითხებში პუტინის მხარდამჭერია. რაც შეეხება მბჟუტავ, ანტისისტემურ ოპოზიციურ პარტიებს, ისინი არჩევნებზე არც კი დაუშვეს.

ამის მიუხედავად, ზოგიერთი ამტკიცებს, რომ არაბული გაზაფხულის კვალდაკვალ, რუსულ ზამთარს უნდა ველოდოთ. ამ პროგნოზის საფუძველი პოლიტიკურად ინერტული რუსული საზოგადოების ნაწილის გამოღვიძებაა - რამდენიმე დღეა რუსეთში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. პროტესტს ბიძგი არჩევნების გაყალბების ფაქტებმა მისცა. დარღვევებს შორის გამოირჩეოდა მრავალჯერ ხმის მიცემის, ბიულეტენების ჩაყრის, ხმების მოსყიდვის შემთხვევები. ზოგიერთ რეგიონში, დათვლის შედეგად, არჩევნებში მონაწილე პარტიებმა ხმათა 140%25-ზე მეტი მიიღეს. ჩეჩნეთში, ინგუშეთსა და დაღესტანში Единая Россия-ს ხმა ამომრჩეველთა 99,5%25-მა მისცა.

მაგრამ პოლიტიკური ვნებათაღელვის და მმართველი ძალის ლეგიტიმურობის კრიზისის მთავარ მიზეზად ანალიტიკოსები არა არჩევნების გაყალბებას, არამედ Единая Россия-ს 24 სექტემბრის ყრილობას ასახელებენ. სწორედ ამ დროს გახდა საბოლოოდ ცნობილი, რომ პუტინი შემდეგი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის პარტიის კანდიდატი იქნებოდა. ამან ახალგაზრდებსა და კრიტიკულად მოაზროვნეებს ქვეყანაში არსებული ავტორიტარიზმისა და სტაგნაციის შეგრძნება გაუმძაფრა. პუტინის გადაწყვეტილება ბევრმა სამოქალაქო საზოგადოების იგნორირებად ჩათვალა. შედეგად, რეფორმების გატარების, კორუფციის აღმოფხვრის მოთხოვნები გამწვავდა. ეკონომიკური პრობლემების გამო, მმართველმა ელიტამ ციმბირის და შორეული აღმოსავლეთის რეგიონებში მხარდაჭერა დაკარგა. დაეცა ქვეყნის პრემიერის რეიტინგიც. მაგალითად, ლევადა ცენტრის კვლევის მიხედვით, პრემიერ-მინისტრი მოსახლეობაში 61%25-იანი პოპულარობით სარგებლობს, წინა წელს კი მისი რეიტინგი 79%25 გახლდათ. ეს წინასაარჩევნოდ სერიოზული გამოწვევა შეიძლება აღმოჩნდეს. თუმცა, აშკარაა, რომ მას სერიოზული კონკურენტი ჯერჯერობით არ ჰყავს.

0x01 graphic

ექსპერტთა გარკვეულმა ნაწილმა მმართველ პარტიაში შესაძლო ბზარების გაჩენაზე დაიწყო საუბარი. ამის ერთ-ერთ ნიშნად ყოფილი ფინანსთა მინისტრის, ალექსეი კუდრინის სამთავრობო ბლოკიდან წასვლას ასახელებენ. მაღალჩინოსნის გადადგომის მიზეზი მისი მხრიდან ხელისუფლების პოლიტიკისა და სამთავრობო ხარჯების გეგმის კრიტიკა გახდა. მოსაზრების მომხრეები ამტკიცებენ, რომ გამარჯვების მიუხედავად, Единая Россия დომინირებას ვერ შეინარჩუნებს, მისი ვერტიკალური მმართველობა კი რღვევას დაიწყებს.

სხვები უფრო ზომიერ ცვლილებებზე მიანიშნებენ. ისინი მმართველი პარტიის შესუსტებას შორეულ პერსპექტივად მიიჩნევენ. მიზეზად თავად ელიტის სიძლიერეს და ოპონენტების სისუსტეს ასახელებენ. მათი მოსაზრებით, ამ არჩევნებმა პუტინის გარემოცვას არსებული გამოწვევა დაანახა, რაც მათ მარტისთვის სტრატეგიის შეცვლისკენ უბიძგებს. მოსკოვის კარნეგის ცენტრის პოლიტიკური ანალიტიკოსის, მარია ლიპმანის მტკიცებით, მომავალი არჩევნები 2004 წლის კენჭისყრისგან სრულიად განსხვავებული იქნება. მისივე თქმით, პუტინის მმართველობის შეცვლა ვერ მოხერხდება და საკანონმდებლო ორგანოსაც კვლავაც მისი პარტია გააკონტროლებს, თუმცა თამაშის წესების გადახედვა მოუწევს.

მთლიანობაში, ყველა თანხმდება იმაზე, რომ ბოლო არჩევნებმა ქვეყნის ხელისუფლებას საფიქრალი გაუჩინა და ახალი რეალობები დაანახა. კერძოდ, რუსეთში ნელა, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ, სამოქალაქო საზოგადოება ფეხს იკიდებს. ამას ქვეყანაში ინტერნეტის მომხმარებელთა ზრდამაც შეუწყო ხელი, რასაც ბლოგერების და მათი მკითხველების რაოდენობის, შესაბამისად, 5 და 30 მილიონამდე მატება მოჰყვა. კრემლის მესვეურებმა არჩევნების დროს სწორედ ამ სივრცის გაკონტროლება სცადეს. LiveJournal-ის რამდენიმე ვებგვერდზე მასიური კიბერშეტევები განხორციელდა. თუმცა, ინფორმაციული ვაკუუმის გარღვევა აქტივისტებმა YouTube-ისა და Facebook-ის საშუალებით შეძლეს. მათ საარჩევნო უბნებზე დარღვევებისა და გაყალბების ფაქტების ამსახველი ვიდეოები გაავრცელეს.

საპროტესტო აქციები დაეტყო რუსეთის ფინანსურ ბაზარს - საერთაშორისო მედია უცხოური ინვესტიციების შესაძლო გადინებაზე ალაპარაკდა. თუმცა, ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ჯერ რუსეთში უცხოური ბიზნესის მასობრივ გაყიდვაზე საუბარი ადრეა.

არჩევნების მეორე დღეს პუტინი მედიის წინაშე ახალი ინიციატივით წარდგა. საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მთავრობის გადახალისება იგეგმება, შეიცვლებიან გუბერნატორებიც, განსაკუთრებით იმ რეგიონებში, სადაც მმართველ პარტიას არადამაჯერებელი მხარდაჭერა ჰქონდა. ეს ქმედება ბევრმა მმართველი ელიტის მიერ საკუთარი პოზიციების შესუსტების აღიარებად მიიჩნია. თუმცა, საკითხავია, კაბინეტის კონფიგურაციის ზედაპირული ცვლილება დაგროვილი პრობლემების აღმოფხვრისთვის რამდენად საკმარისი იქნება. ბევრი შიშობს, რომ ავტორიტარულმა რეჟიმმა, საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად, შესაძლოა, უფრო რეპრესიულ ღონისძიებებს მიმართოს.

0x01 graphic

ზოგიერთმა, მათ შორის Washington Post-ის რედაქციამ, საზოგადოებას ისიც შეახსენა, რომ სავსებით მოსალოდნელია პუტინმა ამომრჩევლის ყურადღება შიდა პრობლემებიდან „საგარეო საფრთხეებზე“, მაგალითად, საქართველოზე გადაიტანოს და ამ გზით სცადოს ფონს გასვლა.

ამ ეტაპზე პუტინი ცდილობს, იხტიბარი არ გაიტეხოს და არჩევნების შედეგებს იცავს. ის ტრადიციას არ ღალატობს და პოლიტიკურ მღელვარებას გარე ძალებს, უფრო ზუსტად - ჰილარი კლინტონს და ამერიკის შეერთებულ შტატებს აბრალებს.

ოფიციალური შედეგებით, Единая Россия-მ არჩევნები 49%25-იანი მხარდაჭერით დაასრულა და 450-ადგილიან სახელმწიფო დუმაში 238 ადგილი დაიკავა. მას ხმათა 19%25-ითა და საკანონმდებლო ორგანოს 92 მანდატით კომუნისტური პარტია (КПРФ) მოჰყვება. მესამე ადგილზე ცენტრისკენული- მემარცხენე პარტია, სამართლიანი რუსეთი (Справедливая Россия) გავიდა (14%25 და 64 ადგილი პარლამენტში). ვლადიმირ ჟირინოვსკის ნაციონალისტი ლიბერალ - დემოკრატები (ЛДПР) 12%25-იანი მაჩვენებლით საკანონმდებლო ორგანოში 56 ადგილს დასჯერდნენ. პარლამენტში შესასვლელად 7%25 ბარიერი ვერ გადალახა სამმა პარტიამ - Яблоко, Правое дело და Русские патриоты. 2007 წლის არჩევნებთან შედარებით, მხარდამჭერთა რაოდენობა მხოლოდ მმართველმა პარტიამ დაკარგა. თუ ადრე მან ხმათა 64%25-ით პარლამენტში 315 მანდატი და საკონსტიტუციო უმრავლოსობა მიიღო, დღეს უბრალო უმრავლესობით დაკმაყოფილდა. სამაგიეროდ, ამომრჩეველთა რაოდენობა გაეზარდა საკანონმდებლო ორგანოში მოხვედრილ დანარჩენ სამ პარტიას - საერთო ჯამში 15%25-ით. ისიც ცხადია, რომ მმართველი ძალა კვლავაც შეძლებს მისთვის სასურველი კანონების მიღებას. პრეზიდენტ დმიტრი მედვედევისა და პრემიერ - მინისტრ ვლადიმირ პუტინის ოპონენტები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული კენჭისყრა ხელისუფლებისთვის კარგი გაკვეთილია. ისინი ახალ ტენდენციებზე მიანიშნებენ: ხელისუფლებამ ლეგიტიმურობა დაკარგა უმნიშვნელოვანეს დიდ ქალაქებში, რამდენიმე რეგიონსა და საშუალო ფენის წარმომადგენლებში. ოფიციალური მონაცემებით, მმართველმა ძალამ 8 რეგიონში ხმათა 30%25-ზე ნაკლები მიიღო, ამომრჩეველთა 35%25-ზე ნაკლებმა კი მათ მხარი 14 რეგიონში დაუჭირა (მათ შორის - კარელიის, არხანგელსკის, ვოლოგდის, ირკუტსკის, კოსტრომის, მოსკოვის, ლენინგრადის, ნოვოსიბირსკის, სვერდლოვსკის რეგიონები და პეტერბურგი). უფრო მეტიც, ხელისუფლებამ, ომსკის და მოსკოვის რამდენიმე ოლქში კომუნისტებთან არჩევნები წააგო.

4 ვენეციის კომისია საქართველოს საარჩევნო კოდექსის პროექტზე

▲ზევით დაბრუნება


პოლიტიკა

სალომე უგულავა

ვენეციის კომისია საქართველოს ახალი საარჩევნო კოდექსის პროექტზე რეკომენდაციებს აქვეყნებს. მათი შეფასებით, ახალი კოდექსი დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას შეუწყობს ხელს. იგი კომისიისა და ეუთოს აქამდე გაკეთებული რეკომენდაციების ნაწილს ითვალისწინებს. თუმცა, აღნიშნავენ ზოგიერთი რჩევის გაუთვალისწინებლობას და გამოყოფენ შემდეგ პრობლემურ მიმართულებებს - საარჩევნო ოლქების საზღვრები, არჩევნებში ქალთა მონაწილეობის ხელშეწყობა, საარჩევნო საჩივრებისა და სარჩელების მარეგულირებელი ნორმები, პოლიტიკური პარტიებისა და კამპანიების დაფინანსების რეგულირება, შეზღუდვები ხმის მიცემასა და არჩევნებში მონაწილეობაზე და სხვა. ამავდროულად, კომისია აცხადებს, რომ კოდექსის პროექტი იღებს ზომებს, რათა არჩევნები გამჭვირვალედ წარიმართოს, დარეგისტრირებულ კანდიდატებს ჰქონდეთ წვდომა მედიაზე, ხმის მიცემის საშუალებას აძლევს უნარშეზღუდულებსა და იმ ადამიანებსაც, ვისაც არ შეუძლია ამის გაკეთება საკუთარ საარჩევნო უბნებზე, ბიულეტენები კი უმცირესობათა ენებზეცაა ხელმისაწვდომი.

ყველაზე დიდ ყურადღებას კომისია ოლქების საზღვრების ფორმირებას უთმობს. აღნიშნავს, რომ საქართველოში ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა დაახლოებით თანაბარი ზომის ოლქების შექმნა, რითაც ხმის მიცემის თანასწორუფლებიანობა იქნებოდა მიღწეული შერეულ საარჩევნო სისტემაში. კომისიის რეკომენდაციის მიხედვით, ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში ამომრჩეველთა თანაბარი რაოდენობა უნდა იყოს. კოდექსის პროექტის თანახმად, დეპუტატების რიცხვი 190-მდე იზრდება - 107-ს პარტიული პროპორციული, 83-ს კი მაჟორიტარული წესით აირჩევენ. მაჟორიტართა რაოდენობის ზრდის შედეგად, 10 უმსხვილესი ოლქი უნდა გაიყოს. თუმცა, კომისიის განცხადებით, ეს პრობლემას ვერ აგვარებს და რიგ შემთხვევებში სხვაობა კვლავ დიდი რჩება. 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებისას ყველაზე პატარა და დიდ ოლქს შორის სხვაობა 6 ათასი ამომრჩევლიდან 150 ათასამდე მერყეობდა.

ვინაიდან მაჟორიტარული ოლქების საზღვრები მუნიციპალურ საზღვრებს ემთხვევა, ხელისუფლება აქამდე აცხადებდა, რომ ძალიან რთული იქნება ოლქებისა და მუნიციპალური საზღვრების ერთმანეთისგან გამიჯვნა და ოლქების თავიდან გადანაწილება. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი იზიარებს შენიშვნას, რომ უმსხვილესი ოლქების გაყოფის შემთხვევაშიც სხვაობა კვლავ რჩება. თუმცა, იდეა, რომ ყველა მუნიციპალიტეტს უნდა ჰყავდეს საკუთარი მაჟორიტარი, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია - ამ საკითხზე პრინციპული პოზიცია აქვთ და შეცვლას არ აპირებენ. მოქალაქეებს ორივე სახის არჩევანი უნდა ჰქონდეთ - როგორც პარტიებს, ასევე კონკრეტულ პიროვნებებს შორის.

აღსანიშნავია, რომ შესაძლოა, დეპუტატების რიცხვი აღარ გაიზარდოს. ზრდა, მთავრობასა და რამდენიმე ოპოზიციურ პარტიას შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად, აისახა კოდექსის პროექტში და შემდგომში კონტროვერსია გამოიწვია. კუბლაშვილის თქმით, ეს მმართველი ძალის მხრიდან კომპრომისი იყო. თუმცა, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ამის სხვაგვარად შეფუთვას ცდილობენ. ჩნდება კითხვის ნიშნები. შესაბამისად, საკითხის გადასინჯვა მნიშვნელოვანია. მეორე მხრივ, ამ გადაწყვეტილების ერთპიროვნულად მიღებას არ აპირებენ.

მმართველი ძალა გაიზიარებს კომისიის რეკომენდაციას დამოუკიდებელი კანდიდატებისთვის კენჭისყრის უფლების მიცემაზე ერთმანდატიან ოლქებში. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, საპარლამენტო არჩევნებში კანდიდატის დასახელების უფლება მხოლოდ პარტიას, ან საარჩევნო ბლოკს აქვს. კიდევ ერთი შესაძლო გაზიარებული რეკომენდაცია გარკვეული კატეგორიის პატიმრებისთვის ხმის მიცემის უფლებას გულისხმობს - მათთვის, ვინც ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის იხდის სასჯელს.

ვენეციის კომისიის რეკომენდაციები ეხება პარტიებისა და კამპანიების დაფინანსებისა და შემოწირულობების მარეგულირებელ ნორმებსაც. აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც ვენეციის კომისიას ეს პროექტი გაეგზავნა, საქართველოს ხელისუფლებამ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში ცვლილებების პროექტი მოამზადა, რომელიც დაფინანსების მხრივ განსხვავებულ რეგულაციებს აწესებს. ამჟამად მას ვენეციის კომისია განიხილავს და დასკვნას ელოდებიან. კუბლაშვილი აცხადებს, რომ კომისიის რეკომენდაციებთან ახალი კანონის თანხვედრაა აღსანიშნავი - მაგალითად, მეტი გამჭვირვალობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით.

კიდევ ერთი მიმართულება ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაა. კოდექსის პროექტი მათი გამოყენების უფლებას იძლევა. თუმცა, იმ პირობით, რომ ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება. კომისია თვლის, რომ ეს პრინციპი თანასწორობას უზრუნველყოფს, მაგრამ, პრაქტიკაში სახელისუფლებო პარტიებს რესურსებზე ხელი უფრო მიუწვდებათ. ამიტომ, ფიქრობენ, რომ ამის მარეგულირებელი დებულების გადახედვა სასურველია. ხსენებულ საკითხზე მმართველ გუნდს არ აქვს მზა პოზიცია, თუმცა გადახედვას აპირებენ. რაც შეეხება გუბერნატორებისა და მერის საარჩევნო აგიტაციაში ჩართვას, კუბლაშვილი ამბობს, რომ ისინი პოლიტიკური ფიგურები არიან. შესაბამისად, განსხვავებით საჯარო მოხელეებისგან, ამ პროცესებიდან ვერ გამოირიცხებიან.

0x01 graphic

კომისია ყურადღებას ამახვილებს საარჩევნო სიებზეც. კოდექსის პროექტის მიხედვით, ცენტრალური საარჩევნო კომისია არ არის ვალდებული, არჩევნების დღეს სიები გამოაქვეყნოს. თუმცა, საბოლოო ოქმში უნდა მიუთითოს ამომრჩეველთა რაოდენობა. კომისიის რჩევაა, სიები საჯარო გახდეს გადასამოწმებლად და მხოლოდ კომისიის შენობებში არ იყოს ხელმისაწვდომი. კომისია რეკომენდაციას იძლევა იმ დებულებების დახვეწასა და გაუმჯობესებაზეც, რაც საარჩევნო სარჩელებისა და საჩივრებისთვის მარტივი და გამჭვირვალე პროცედურის შემოღებას გულისხმობს. მმართველ გუნდში ამ საკითხებზე მუშაობას აპირებენ. რაც შეეხება ქალთა მონაწილეობის ზრდის ხელშეწყობას (მათ შორის - გენდერული კვოტის დაწესების ინიციატივას), ისინი კოდექსში არ აისახება. საარჩევნო კოდექსის პროექტი, რომელიც, სავარაუდოდ, წლის ბოლოს დამტკიცდება, კომისიას სექტემბერში გაეგზავნა შესაფასებლად. მათ საბოლოო დასკვნა დეკემბრის შუაში დაგეგმილ სხდომაზე უნდა დაამტკიცონ.

5 ფორმალური პარტნიორობის დასასრული

▲ზევით დაბრუნება


პოლიტიკა

დიმიტრი ავალიანი

საქართველომ, რუსეთთან დაკავშირებით, ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულების (Treaty on Conventional Armed Forces in Europe - CFE) შეჩერება გადაწყვიტა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ქვეყანა აღარ მიაწვდის რუსეთს ინფორმაციას ყოველწლიური საინფორმაციო გაცვლის ფარგლებში, რომელიც CFE-ის შესაბამისად ხორციელდებოდა. საქართველო რუსეთის მიერ ხელშეკრულების თანახმად მოთხოვნილ ინსპექციებს აღარ მიიღებს. თბილისი მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას ხელშეკრულების სხვა ყველა წევრი სახელმწიფოს წინაშე გააგრძელებს.

0x01 graphic

ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ დოკუმენტს, 1990 წელს პარიზში, NATO-სა და ვარშავის ხელშეკრულების სამხედრო ბლოკების წევრმა 28 სახელმწიფომ მოაწერა ხელი. დოკუმენტი ევროპის ტერიტორიაზე ჩვეულებრივ შეიარაღებაზე - მძიმე ტექნიკაზე, არტილერიაზე, ავიაციაზე და ა.შ. - შეზღუდვებს აწესებს. დოკუმენტი შეიარაღების შესახებ ინფორმაციის რეგულარულ გაცვლას და წევრ სახელმწიფოებში ინსპექტირების ჩატარებას ითვალისწინებს.

ხელშეკრულების თანახმად, არცერთ ხელმომწერ სახელმწიფოს არ აქვს უფლება, განალაგოს საკუთარი შეიარაღებული ძალები სხვა წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე, მისი ნებართვის გარეშე.

1997 წელს ვენაში გაფორმდა ოქმი დამატებითი ფლანგური შეზღუდვების შესახებ. დოკუმენტი დასავლეთ საზღვართან და ჩრდილი კავკასიაში რუსული შეიარაღების რაოდენობას ზღუდავდა. თუმცა, ჩეჩნეთის ომის დაწყების შემდეგ მოსკოვმა მისი პირობები დაარღვია.

1997 1999 წელს, ეუთოს სტამბოლის სამიტზე, CFE-ის ადაპტაციის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი. დოკუმენტით ახალი ეროვნული და ტერიტორიული კვოტები დაწესდა. საქართველოსა და მოლდოვას ადაპტირებული შეთანხმების რატიფიცირება არ მოუხდენია. ქვეყნები თავიანთი ტერიტორიიდან რუსული ჯარების გაყვანას მოითხოვდნენ. ეს ვალდებულება რუსეთმა საკუთარ თავზე სტამბოლის სამიტის ფარგლებში აიღო. კრემლმა პირობა არ შეასრულა, შესაბამისად, შეთანხმების რატიფიცირება არც NATO-ს ქვეყნებს მოუხდენიათ. თუმცა თბილისიც და NATO-ს წევრებიც ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს ამ დრომდე ასრულებდნენ.

2007 წელს პრეზიდენტმა პუტინმა რუსეთის მიერ CFE-ის შესრულებაზე ცალმხრივი მორატორიუმი გამოაცხადა. ამის საბაბი პოლონეთსა და ჩეხეთში რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის განლაგებასთან დაკავშირებით აშშ-ის გეგმები გახდა. შესაბამისად, რუსეთმა დაწესებული შეზღუდვების დაცვაზე, შეიარაღების შესახებ ინფორმაციის გაცვლაზე და საკუთარი შეიარაღებული ძალების ინსპექტირებაზე უარი თქვა.

0x01 graphic

საქართველოს საგარეო უწყების განმარტებით, 2008 წელს სამხედრო აგრესიით რუსეთმა დოკუმენტის ფუძემდებლური პრინციპი დაარღვია, რომელიც წევრ ქვეყნებს შორის ძალის გამოუყენებლობას გულისხმობს. გარდა ამისა, მოსკოვი კვლავაც განალაგებს სამხედრო ძალებსა და შეიარაღებას საქართველოს ტერიტორიაზე მისი ნებართვის გარეშე.

0x01 graphic

როგორც ტაბულას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძემ განუცხადა, რუსეთის მიერ გამოცხადებული მორატორიუმისა და დოკუმენტის მოთხოვნების შეუსრულებლობის მიუხედავად, თბილისი ხელშეკრულებით ნაკისრ მოვალეობას რუსეთის მიმართაც პირნათლად ასრულებდა.

კაპანაძის თქმით, საქართველოც, ისევე როგორც ხელშეკრულების წევრი ყველა ქვეყანა, აწვდიდა რუსეთს იმ ინფორმაციას, რასაც დოკუმენტი ითვალისწინებდა. არსებობდა იმედი, რომ კრემლი, თავის მხრივ, CFE-ს შეასრულებდა. თუმცა, გასულ წლებში მოლაპარაკებები დისკუსიების განახლების მიზნით უშედეგოდ დასრულდა. ამის გამო, NATO-ს წევრი ქვეყნები რუსეთის მიმართ ვალდებულებების შესრულებაზე უარს ამბობენ.

გადაწყვეტილება CFE-ის ფარგლებში რუსეთის წინაშე ვალდებულებების შეჩერების შესახებ, აშშ-მა 22 ნოემბერს მიიღო. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, „ხელშეკრულების მოქმედების შენარჩუნების მრავალი წარუმატებელი ცდის შემდეგ, კონტრზომების მიღება გადავწყვიტეთ“. ვაშინგტონის მაგალითს მალე NATO-ს დანარჩენმა წევრებმაც მიბაძეს.

თუმცა, როგორც ჯეიმსთაუნის ფონდის ექსპერტი ვლადიმირ სოკორი აღნიშნავს, ამგვარი კონტრზომები „ვერ მოაგვარებს შეუსაბამობას“ ხელშეკრულებასთან რუსეთის დამოკიდებულებაში - საქართველოსა და მოლდოვასთან დაკავშირებით. რუსეთს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში სამხედრო კონტინგენტი ჰყავს, მოლდოვაში, დნესტრისპირეთის რეგიონში კი - „სამშვიდობო ძალები“, რომელთა გაყვანას არ ჩქარობს. სოკორი აღნიშნავს, რომ საქართველოს შემთხვევაში რუსეთმა მიაგნო ხერხს, CFE-ის ფარგლებში ვალდებულებების შესრულება თავიდან აეცილებინა. მოსკოვი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებს და იქ საკუთარი ძალების ყოფნას მარიონეტულ რეჟიმებთან „ორმხრივი ხელშეკრულებებით“ ასაბუთებს. მოსკოვის ამგვარმა მიდგომამ, ექსპერტის აზრით, შესაძლოა გაგრძელება მოლდოვაში ჰპოვოს. დნესტრისპირეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკა რუსული ძალების ყოფნას თავის ტერიტორიაზე ნებისმიერ მომენტში დათანხმდება.

ამავე დროს, რუსეთი CFE-ის თემით მანიპულირებას განაგრძობს. 28 ნოემბერს NATO-ში რუსეთის წარმომადგენელმა დმიტრი როგოზინმა განაცხადა, რომ ხელშეკრულების „რეანიმირება“ შესაძლებელი იქნება, თუ NATO რუსეთის საზღვრების მახლობლად რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ელემენტების განლაგებაზე უარს იტყვის.

6 დემოკრატია და მოდერნულობა

▲ზევით დაბრუნება


გია ნოდია|სვეტი

0x01 graphic

ეს სათაური ერთობ აკადემიურად ჟღერს და შეიძლება არც მოუხდეს ტაბულას სტილის ჟურნალს. მაგრამ საქართველოში „მოდერნიზაციის“ ცნებას ძირითადად მიმდინარე პოლიტიკული ბრძოლების ჭრილში განიხილავენ. იგულისხმება, რომ ეს ხელისუფლების და მისი მომხრეების თემაა; კრიტიკოსების აზრით, მასზე საუბარი მთავრობის ბნელი საქმეების გამართლებას ემსახურება. კერძოდ, თუ ქვეყნის მოდერნიზაციის საჭიროებას უსვამ ხაზს, ესე იგი, ავტორიტარული მთავრობის დაცვა გინდა იმის თქმით, რომ ამ ეტაპზე დემოკრატიამ შეიძლება მოიცადოს.

ასეა? თითქოს იგულისხმება, რომ თვით ამ ძირითადი ცნების - „მოდერნულობის“ თუ „მოდერნიზაციის“ შინაარსი ცხადი და გასაგებია, უბრალოდ პოლიტიკური ღირებულებების საქმეა, „მოდერნულობას“ მიანიჭებ პრიორიტეტს თუ დემოკრატიას. მაგრამ სინამდვილეში ეს ძალიან ფართო ცნებაა და მეტად განსხვავებულად შეიძლება გაიგო: მათ შორის ისე, რომ, ზოგიერთ კონტექსტში, მთავრობის ავტორიტარული ქმედებები გაამართლო. მაგრამ ასეთი გაგება სულაც არაა ერთადერთი და აუცილებელი.

მოდერნიზაცია, როგორც სოციალურ-ეკონომიკური განვითარება

პოპულარული, მაგრამ არა ერთადერთი გაგებით, მოდერნიზაცია უპირველეს ყოვლისა ეკონომიკურ განვითარებას ნიშნავს. ყველაზე დიდი თვისობრივი ნახტომი ეკონომიკურ განვითარებაში კაცობრიობას მოუტანა ინდუსტრიალიზაციამ, ანუ მანქანურ წარმოებაზე გადასვლამ. ამის შედეგად, შესაძლებელი გახდა ხალხის ფართო მასებისთვის უპრეცედენტო კეთილდღეობის მიღწევა. ამან, თავის მხრივ, გამოიწვია მნიშვნელოვანი სოციალური ძვრები: ადამიანების უმრავლესობა გადასახლდა ქალაქში, რითაც მოწყდა ცხოვრების დემოკრატიის სოციალური წინაპირობების თეორიის თანახმად, ღარიბ და ეკონომიკურად განუვითარებელ ქვეყანაში დემოკრატია არ გამოვა, ან, ყოველ შემთხვევაში, მისი შანსები ძალიან მცირეა. დაკავშირებული: როგორ ვიფიქროთ დემოკრატიაზე დემოკრატია ─ ღმერთი, რომელმაც არ გაამართლა გვინდა კი დემოკრატიზაცია? ტრადიციულ წესს და უფრო ინდივიდუალისტი გახდა; გავრცელდა მასობრივი განათლება და ინფორმაციის თანამედროვე საშუალებები; საერთო კეთილდღეობამ და განათლებამ ჩამოაყალიბა და გაამრავლა ე.წ. საშუალო კლასი, რომელიც, პოტენციურად მაინც, დემოკრატიული პოლიტიკური კულტურის ძირითადი მატარებელია. ასეთ საზოგადოებებში მერე შესაძლებელი ხდება დემოკრატიული პოლიტიკური სისტემების ჩამოყალიბება. სწორედ ამით აიხსნება, რომ თუ მე-19 საუკუნემდე დემოკრატია იშვიათი გამონაკლისი იყო - უფრო სწორად, თანამედროვე ტიპის, დიდი ქვეყნების მომცველი დემოკრატია საერთოდ არ არსებობდა, დღეს ის თითქმის უნივერსალურად აღიარებული ნორმაა.

მოდერნიზაციის ასეთი (დავარქვათ მას ეკონომიკო-ცენტრული) თეორიის პირველ დიდ თეორეტიკოსად შეიძლება კარლ მარქსი დავასახელოთ. მთავარი აქ თანმიმდევრობაა: ჯერ ეკონომიკური პროგრესი უნდა მოხდეს, და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება შესაძლებელი პოლიტიკური თავისუფლება. მისი ტერმინები ამ მიმართებას გრაფიკული სიცხადით აღწერს: ეკონომიკა „ბაზისია“ (ბალავარია), პოლიტიკა - „ზედნაშენი“.

გარდა ამ თეორიისა, მას უტოპიური ხედვაც ჰქონდა: საბოლოოდ, ეკონომიკური განვითარება დრომოჭმულს გახდის კერძო საკუთრებაზე აგებულ, ანუ კაპიტალისტურ ეკონომიკას და კომუნიზმამდე მიგვიყვანს. აქ, მას, რბილად რომ ვთქვათ, შეეშალა. მაგრამ თვით ფორმულა: ჯერ ეკონომიკური განვითარება, მერე პოლიტიკური თავისუფლება - დღესაც ცოცხალია.

გასული საუკუნის შუახანებში მას „დემოკრატიის სოციალური წინაპირობების თეორია“ დაერქვა. თვით სიტყვა „მოდერნიზაცია“ ნელ-ნელა შეცვალა უფრო ნეიტრალურმა „განვითარებამ“, მაგრამ აზრი არსებითად იგივე დარჩა. ამ კონცეფციის თანახმად, ღარიბ და ეკონომიკურად განუვითარებელ ქვეყანაში დემოკრატია არ გამოვა, ან, ყოველ შემთხვევაში, მისი შანსები ძალიან მცირეა. ჯერ უნდა მომძლავრდეს დემოკრატიის საფუძველი - ეკონომიკურ თავისუფლებას და კეთილდღეობას შეჩვეული, რაციონალურად მოაზროვნე და თვითორგანიზების შემძლე საშუალო კლასი, და მხოლოდ ამის შემდეგ გახდება რეალისტური პოლიტიკურ დემოკრატიაზე ზრუნვა.

ისეთი პოლიტიკური წყობა, სადაც აღიარებულია ყველა ადამიანის თანასწორობა და არსებობს მისი თავისუფლების და ღირსების დაცვის გარანტიები, შესაძლებელია მხოლოდ იქ, სადაც არსებობს თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა. ამ თეორიის პლუსია შედარებითი სიმარტივე და სიცხადე, მაგრამ მას მნიშვნელოვანი უხერხულობაც ახლავს თან: ის ადვილად შეიძლება გამოიყენო დიქტატორების გასამართლებლად. თუ განუვითარებელ ქვეყანაში დემოკრატია ვერ იქნება, ესე იგი, მოდერნიზაციის პროცესი დიქტატურის პირობებში უნდა მოხდეს. მდიდარი დემოკრატიული ერები უნდა დაეხმარონ შედარებით კარგ დიქტატორებს, რომლებიც თავიანთი ქვეყნების აღმშენებლობას ახდენენ, რადგან მათი ალტერნატივა ანარქია და განუვითარებლობაა.

მაგრამ თუ „წინაპირობების“ თეორია ობიექტურად სწორია, თუ მსოფლიო გამოცდილება მას ადასტურებს, მაშინ სხვა გზა არა გვაქვს - რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ. ასე რომ, ესაა საკითხავი - არის თუ არა მოდერნიზაციის ასეთი გაგება უალტერნატივო.

პოლიტიკის ავტონომია

რაშიც ნამდვილად ვერ შევიტანთ ეჭვს, ისაა, რომ თანამედროვე საზოგადოება (თუ „მოდერნის“ ცნებას ბოლო 2-3 საუკუნეს დავუკავშირებთ) პრაქტიკულად ყველა სფეროში რადიკალურად დაშორდა იმას, თუ როგორ ცხოვრობდნენ ადამიანები შუა საუკუნეებში: ეს ტექნოლოგიასაც ეხება, ეკონომიკის ორგანიზებასაც, პოლიტიკურ ინსტიტუტებსაც, რელიგიის როლსაც, ოჯახის აგებულებასაც, პიროვნულ ღირებულებსაც და ა. შ. ბუნებრივია ვივარაუდოთ, რომ სხვადასხვა სფეროში მიმდინარე ეს ცვლილებები რაღაცნაირად დაკავშირებულია ერთმანეთთან. მაგრამ კავშირები არაა ცალსახა და კაცმა არ იცის, რომელი ცვლილებაა პირველადი და რომელი - მეორადი. კერძოდ, პოლიტიკური განვითარების ტრაექტორიას ცალსახად ვერ გამოვიყვანთ ეკონომიკური თუ სოციალური სტრუქტურებიდან. მას თავისი ლოგიკა აქვს, ან შეიძლება სულაც არ იყოს მაინცდამაინც ლოგიკური.

მოდერნიზაციის თუ მოდერნულობის ერთიანი თეორია იმ აზრით, რომ მისი ყველა მხარე რაღაც ერთი ფაქტორიდან გამოვიყვანოთ ან მასზე დავიყვანოთ, უბრალოდ შეუძლებელია. ამის საკმარისად ძლიერი არგუმენტი ისაა, რომ ასეთი რამ ჯერ არ შექმნილა, მაგალითად, ეკონომიკური დეტერმინიზმი ხშირად არ მუშაობს.

ავიღოთ პოლიტიკური ლიბერალიზმის და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის კავშირი. პირველი, ანუ ისეთი პოლიტიკური წყობა, სადაც აღიარებულია ყველა ადამიანის თანასწორობა და არსებობს მისი თავისუფლების და ღირსების დაცვის გარანტიები, შესაძლებელია მხოლოდ იქ, სადაც არსებობს თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა. ეს, შეიძლება ითქვას, მათემატიკური სიზუსტითაა დადასტურებული.

მაგრამ ასეთი ეკონომიკა საიდანღა იქმნება? ის რომ ჩამოყალიბდეს და განვითარდეს, საჭიროა, რაღაც ზომით მაინც, კანონის უზენაესობა, ანუ იმის აღიარება, რომ ანონიმური კანონი უფრო მაღალია, ვიდრე გარკვეული პიროვნებების პრივილეგია, გამომდინარე მათი წარმომავლობიდან, სიმდიდრიდან თუ კავშირებიდან. ამას კი, თავისთავად, ისევ პოლიტიკური ლიბერალიზმის პრინციპთან მივყავართ: ყველა თანასწორია კანონის წინაშე. წრეა? კი, წრეა.

მოდერნიზაცია არ არის დემოკრატიზაციის წინაპირობა იმ აზრით, რომ ჯერ პირველს უნდა მოვრჩეთ, შემდეგ კი მეორე დავიწყოთ. მაგრამ დღევანდელი საქართველოს პირობებში ამ ორ ამოცანას ერთმანეთისგან, უბრალოდ, ვერ გავმიჯნავთ. როგორ გავარღვიოთ ეს წრე? ცალსახა პასუხი ამაზე არ არსებობს. მაგალითად, გერმანელმა სოციოლოგმა მაქს ვებერმა კაპიტალიზმის აღმოცენება კონკრეტულ რელიგიურ ტრადიციას - კალვინიზმს - დაუკავშირა. ამ ვარაუდზე დღესაც კამათობენ: შეიძლება ის მართალი იყოს, შეიძლება - არა. მეორე მხრივ, ფილოსოფოსები ლეო სტრაუსი, მისი მოსწავლე პიერ მანა ევროპული პოლიტიკური ლიბერალიზმის ძირებს ხედავენ დაპირისპირებაში ზენაციონალურ კათოლიკურ ეკლესიასა და საერო მონარქიებს შორის: ამით შეიქმნა „ძალაუფლების ღრიჭო“, საიდანაც შემდეგ დასავლური ლიბერალური დემოკრატიის შესაძლებლობა ამოიზარდა. ესენიც მოდერნიზაციის თეორიებია, ოღონდ - სხვანაირი.

მოდერნულობის პაკეტი

რისკენ მიმყავს საქმე? ტერმინების მნიშვნელობა, საბოლოო ჯამში, შეთანხმების საკითხია. „მოდერნიზაცია“ შეიძლება ისე განვსაზღვროთ, რომ საკუთრივ პოლიტიკური კომპონენტი არ ჩავთვალოთ მის შემადგენლად და შემდეგ ვილაპარაკოთ იმაზე, როგორ მიმართებაშია ასე გაგებული პროცესი (ანუ ეკონომიკური განვითარება და მისგან გამომდინარე სოციალური ცვლილებები) ისეთ პოლიტიკურ ფენომენთან, როგორიცაა ლიბერალური დემოკრატია. ამ შემთხვევაში, ზემოთ აღწერილი მოდერნიზაციული წინაპირობების თეორია საკმაოდ საფუძვლიანი გამოდის.

მაგრამ მეორე - და, ჩემი აზრით, უფრო სწორი - მიდგომაა ის, რომელიც ეფუძნება შემდეგი რამდენიმე აზრის აღიარებას: (1) ლიბერალური დემოკრატია „მოდერნულობის პაკეტის“ ნაწილია, იმიტომ რომ თანამედროვე სამყაროში ის წამყვან პოლიტიკურ სისტემად იქცა; (2) მოდერნულობის სხვადასხვა კომპონენტი სხვადასხვა დროს შეიძლება ერთმანეთთან კონფლიქტში მოვიდეს; (3) არ არსებობს მოდერნულობის ერთი საკვანძო კომპონენტი (მაგალითად, ეკონომიკა), რომელიც ყველა სხვას განსაზღვრავს, მაგრამ არსებობს ურთიერთკავშირები მათ შორის. ეს კავშირები სხვადასხვა ქვეყანაში და ეპოქაში არაერთგვაროვანია.

მოდერნიზაცია, როგორც (აუცილებელი) კონტექსტი

რა პრაქტიკული პოლიტიკური დასკვნები შეიძლება გამოვიტანოთ ამ ზოგადი თეორიული კონსტრუქციებიდან?

მოდერნიზაცია არ არის დემოკრატიზაციის წინაპირობა იმ აზრით, რომ ჯერ პირველს უნდა მოვრჩეთ, შემდეგ კი მეორე დავიწყოთ. მაგრამ დღევანდელი საქართველოს პირობებში ამ ორ ამოცანას ერთმანეთისგან, უბრალოდ, ვერ გავმიჯნავთ. ორივე ერთი და იმავე სურვილიდან მომდინარეობს: ადამიანებს უნდათ, იცხოვრონ ისევე კარგად, როგორც უფრო წარმატებული ქვეყნების მოქალაქეებს. ეს წარმატებული ქვეყნები კი დასავლეთშია.

მოდერნიზაციაზე ლაპარაკი უპირისპირდება არა დემოკრატიის პროექტს, არამედ ამ უკანასკნელის ძალიან ვიწრო გაგებას, რომლის თანახმადაც დემოკრატია ისაა, როცა კარგი ტიპები ხელისუფლებაში მოდიან, ასწრებენ კარგი კონსტიტუციის მიღებას მანამდე, სანამ ძალაუფლება თავში აუვარდებათ, და მერეც „კარგად იქცევიან“.

სამწუხაროდ, წარმატებული დემოკრატიის ჩამოყალიბებისთვის ეს საკმარისი არ არის, რისთვისაც საქართველო ძალიან კარგი მაგალითია. სრულფასოვანი დემოკრატია შესაძლებელია მხოლოდ უფრო ფართო ამოცანების გადაწყვეტის (დავარქვათ ამ უკანასკნელთა ერთობლიობას „მოდერნიზაცია“) კონტექსტში, ანუ მასთან ერთად. დემოკრატიზაცია საქართველოში მოდერნიზაციული პროექტის ნაწილია.

სახელმწიფო და საზოგადოება

ამ მოდერნიზაციული პროექტის სხვადასხვა მხარე შეიძლება ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოვიდეს. ამის კლასიკური და ჩვენთვის განსაკუთრებით აქტუალური შემთხვევაა დაპირისპირება თანამედროვე ტიპის სახელმწიფოს მშენებლობასა და პოლიტიკური მონაწილეობის გაფართოებას შორის. დემოკრატია არის იქ, სადაც ძლიერი საზოგადოება (წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიებით, სამოქალაქო ასოციაციებით, ბიზნესით, მედიით, ეკლესიებით და ა.შ.) აწონასწორებს ძლიერ სახელმწიფოს, წარმოდგენილს ეფექტური ბიუროკრატიით, შეიარაღებული სტრუქტურებით (არმია, პოლიცია) და პოლიტიკური ხელისუფლებით. ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს უნარი, მართოს, საზოგადოებას კი - ის ანგარიშვალდებული ამყოფოს. მეორის ნაკლებობა იწვევს დიქტატურას; პირველისა - ეროვნული არშემდგარობის კომპლექსს და ტრადიციულ-კლანური და კრიმინალური სტრუქტურების ზეობას. წონასწორობის მიღწევა ძნელია, მაგრამ - თუ დემოკრატია გინდა - ეს ერთადერთი გზაა.

ჩვენთან (შესაძლოა, საბჭოური დისიდენტური განწყობების ინერციით) დემოკრატია სახელმწიფოს სისუსტესთან ასოცირდება. ამ განწყობის შენარჩუნება იმის საწინდარია, რომ დემოკრატია ნარცისიზმით შეპყრობილი ინტელექტუალების ფანტაზიად დარჩება. სახელმწიფოს გაძლიერების გარეშე დემოკრატია პრინციპულად შეუძლებელია. მაგრამ იქ, სადაც საზოგადოებრივი ინსტიტუტები შინაგანად, სტრუქტურულად სუსტია, მისი გაძლიერება დისბალანსს იწვევს, რადგან საზოგადოება მას ვერ აწონასწორებს. ამას „დემოკრატიის დეფიციტი“ ერქმევა. მაგრამ რა უნდა იყოს ამოცანა ამ პირობებში: სახელმწიფო ისევ დავასუსტოთ, თუ საზოგადოება გავაძლიეროთ?

მეორე მხრივ, შინაგანი ბალანსი საზოგადოების შიგნითაცაა საჭირო. ასეთი საჭიროება კი დგება სწორედ მოდერნულ საზოგადოებაში, რომელიც შედგება ინდივიდებისგან და ჯგუფებისგან, ვისაც საკუთარი ინტერესები ესმის და მათი დაცვაც შეუძლია. ამ ინტერესთა დაბალანსების და მათ შორის კონფლიქტების გადაწყვეტის საუკეთესო მექანიზმი დემოკრატიაა. ესე იგი, ამ პოლიტიკურ წყობას მოდერნულ, ანუ შინაგანად მრავალფეროვან და რთულ საზოგადოებასთან მიმართებაში აქვს აზრი. სხვა შემთხვევაში ის მხოლოდ პროექტია, რომლის მიმდინარეობის მონიტორინგს დროდადრო საერთაშორისო შემფასებლები ახდენენ.

7 ბერძენი ეპისკოპოსის ანტიკანონიკური ვიზიტი აფხაზეთში

▲ზევით დაბრუნება


საზოგადოება

ლევან სუთიძე

ეკლესიათა კეთილად განგებისა და მშვიდობისათვის არც ერთ ეპისკოპოსს არ აქვს უფლება გასცდეს თავისი ეკლესიის საზღვრებს და შეიჭრას სხვა ეკლესიის საზღვრებში, რათა არ მოახდინოს ეკლესიების აღრევა. კონსტანტინოპოლის II მსოფლიო საეკლესიო კრების მეორე კანონი.

წინა კვირას, აფხაზეთში ელადის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წარმომადგენელი, ეპისკოპოსი პროკოპიოს პეტრიდისი იმყოფებოდა. ქრისტიანოპოლისის ტიტულარული ეპისკოპოსი, რომელიც საბერძნეთის ეკლესიის, ნიკეას მიტროპოლიტის დამხმარეა, აფხაზური სქიზმატური ჯგუფის ერთ-ერთ მეთაურს, მღვდელ ბესარიონ აფლიაას შეხვდა. ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციაშია - უშუალოდ ემორჩილება ქვეყნის კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორეს. იქ სხვა მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსის უნებართვოდ შესვლა, საეკლესიო სამართლის უხეში დარღვევაა. ამ ვიზიტით არა მხოლოდ საეკლესიო, არამედ საერო კანონიც დაირღვა - ბერძენმა იერარქმა ქვეყნის საზღვარი საქართველოს სახელმწიფოსთან შეუთანხმებლად გადმოლახა.

აფხაზეთის ტელევიზიასთან კომენტარში მეუფე პროკოპიოსმა განაცხადა: „მე მომიწვია მამა ბესარიონმა, რომ გავცნობოდი აფხაზეთის სასულიერო დასს. ეკლესიური ადამიანისთვის ძალიან საინტერესოა ამ ადგილებში ყოფნა, რადგან აქ იმყოფებიან დიდი წმინდანები, ამ ადგილას გადმოასახლეს იოანე ოქროპირი. აქაურობა ძალიან საინტერესოა...“

პეტრიდისი ვიზიტს „არაოფიციალურს“ უწოდებს. თუმცა სხვა ეკლესიის წარმომადგენლის მიწვევის უფლება ჰქონდა მხოლოდ ეპარქიის მმართველ ეპისკოპოსს, კათალიკოს ილიას და არა სქიზმაში მყოფ ბესარიონ აფლიაას. ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ „შეხვედრის დროს, განხილვის მთავარი თემა იყო - არქიმანდრიტ დოროთე დბარის ქცევა 15 მაისს, ახალი ათონის მონასტერში“.

ტაბულა უკვე წერდა, რომ წელს, 15 მაისს არქიმანდრიტ დოროთე დბარის მეთაურობით „საეროთა და სასულიეროთა ყრილობამ“ ანაკოფიის მიტროპოლია დააარსა, რომლის მმართველადაც კრებამ დბარი დანიშნა. აღნიშნული მოვლენების შემდეგ, აფხაზეთში ორი დაპირისპირებული სასულიერო ჯგუფი გაჩნდა, რომელთაგან ერთს აფლიაა, ხოლო მეორეს დბარი ხელმძღვანელობს. რუსეთის ეკლესია სქიზმატებს შორის დავაში აფლიაას ანიჭებს უპირატესობას.

2009 წელს აფხაზეთის ეპარქიაში მოღვაწე მღვდლებმა, ბესარიონ აფლიაას მეთაურობით, ავტოკეფალია გამოაცხადეს, რითაც საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან სქიზმა საბოლოოდ გაფორმდა. რასაკვირველია, ეს არ მომხდარა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის გვერდის ავლით. სასულიეროთა აბსოლუტური უმრავლესობა სწორედ მოსკოვის საპატრიარქოშია ნაკურთხი და მას ემორჩილება. არაოფიციალურად ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის ქართული მიტროპოლია რეგიონთან მოსაზღვრე რუსი ეპისკოპოსების ხელშია. რუსეთის საპატრიარქო უარს ამბობს ოფიციალურად აღიაროს აფხაზური ავტოკეფალია, რადგან საქართველოს საპატრიარქოს შეუძლია მოსკოვისთვის მტკივნეული, უკრაინის ავტოკეფალია ცნოს.

არქიმანდრიტი დოროთე დბარი რუსების მიერ აფხაზური ავტოკეფალიის აღიარებას სკეპტიკურად უყურებს. მათ ნაციონალისტური რიტორიკით აკრიტიკებს და ავტოკეფალიის აღიარების მოპოვებას ბერძნულ საპატრიარქოებში აპირებს. მისი განცხადებები გამაღიზიანებელია რუსი სასულიერო იერარქიისთვის, რასაც უკვე მოჰყვა დბარის დაგმობა და აფხაზეთის ეპარქიაში აფლიაას უპირატესობის ხაზგასმა.

ისმის კითხვა, თუ რატომ დათანხმდა ბერძენი ეპისკოპოსი აფხაზეთში საქართველოს საპატრიარქოს იურისდიქციის დარღვევით ჩასვლას და შემდეგ, ორ არაკანონიკურ ჯგუფს შორის, სწორედ აფლიაას მხარეს დადგომას? დბარი მრევლს სწორედ ბერძნულ საპატრიარქოებში ჰპირდებოდა აფხაზეთის ეკლესიის ხსნას და ეპისკოპოსად კურთხევას - ურომლისოდაც ეკლესია ვერ იარსებებს - მათგან ელოდა. ბერძენი ეპისკოპოსის ვიზიტი ამ იმედებს მრევლის თვალში საბოლოოდ ანადგურებს.

ბერძენი ეპისკოპოსის რუსულ საეკლესიო თამაშში ჩაბმას, საეკლესიო ანალიტიკოსები მის ბიოგრაფიას უკავშირებენ. ეპისკოპოსი პროკოპიოსი ლენინგრადის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა, კარგად ფლობს რუსულ ენას და წლებია, საბერძნეთის ეკლესიაში რუსეთთან და საქართველოსთან ურთიერთობა აქვს ჩაბარებული. მას კარგი ურთიერთობა აქვს რუსულ საეკლესიო დასთან და პრორუსულ იერარქად ითვლება.

საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრმა განაცხადა, რომ „ამასთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქომ გააგზავნა წერილი ელადის მთავარეპისკოპოსთან, სადაც ითხოვს, ოფიციალურად ახსნას მეუფე პროკოპიოსის ვიზიტი აფხაზეთში“. მიიღო თუ არა საპატრიარქომ პასუხი, ტაბულამ ინფორმაცია ვერ მოიპოვა. მიუხედავად იმისა, რომ საპატრიარქო ელადის ეკლესიისგან პასუხს ითხოვს, გაუგებარია, რატომ არ რეაგირებს მსგავსი სიმკაცრით, წლების მანძილზე რუსული ეკლესიის მხრიდან მისი იურისდიქციის ხელყოფაზე.

8 დაბრუნების უფლება

▲ზევით დაბრუნება


საზოგადოება

უფლება, რომელიც საქართველოში ყველაზე უფრო ხშირად ირღვევა

თამარ ვაშაკიძე

კოალიცია სამართლიანობისათვის

ყოველწლიურად, 10 დეკემბერს, მსოფლიო ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამ პერიოდში, სხვადასხვა ქვეყნებში ადამიანის უფლებების ყველაზე გავრცელებულ დარღვევებზე და მათი დაცვის გზებზე მსჯელობა განსაკუთრებით აქტიურდება.

საქართველოში ადამიანის უფლებები დებატების ხშირი საგანია. თუმცა უფლებადამცველები, ქვეყნის შიგნით თუ მის გარეთ, რატომღაც ყველაზე ნაკლებად საუბრობენ უფლებაზე, რომელიც საქართველოში ყველაზე ხშირად ირღვევა. 90-იან წლებში და შემდგომ, 2008 წელს განხორციელებული ეთნიკური წმენდის შედეგად, ქვეყანაში ყოველი მე-11 ადამიანი დევნილად იქცა, რაც გვაძლევს საბაბს თამამად განვაცხადოთ, რომ საქართველოში ყველაზე სისტემატიურად და ყველაზე მასობრივად სწორედ დევნილების საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლება ირღვევა.

ადამიანის უფლება - დაუბრუნდეს საკუთარ ქვეყანასა და წარმოშობის ადგილს - საერთაშორისო სამართალში დაბრუნების უფლების სახელწოდებით არის ცნობილი. დაბრუნების უფლება განმტკიცებულია - ადამიანის უფლებათა დაცვის საყოველთაო დეკლარაციით, სოციალური და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტითა და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით, ასევე გაეროს სახელმძღვანელო პრინციპებით იძულებით გადაადგილების შესახებ. ეს უკანასკნელი იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების მარეგულირებელი სპეციალური დოკუმენტია, რომელიც დაბრუნების უფლების განმტკიცებასთან ერთად, დაბრუნების უფლების რეალიზების აუცილებელ კომპონენტებს განსაზღვრავს: სახელმძღვანელო პრინციპების თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირებს აქვთ უფლება დაბრუნდნენ შინ ნებაყოფლობით, დაუბრკოლებლად, უსაფრთხოდ და ღირსეულად. ეს ნიშნავს, რომ საერთაშორისო სამართლის მიზნებისთვის დაბრუნება მხოლოდ მოსახლეობის ფიზიკურ დაბრუნებას არ გულისხმობს. საერთაშორისო პრაქტიკა ცხადყოფს, რომ უფრო მნიშვნელოვანი იმ მექანიზმების შექმნაა, რომლებიც დევნილების დაბრუნების უფლების რეალიზაციიას, დაბრუნებულთა რეინტეგრაციას, მათი უსაფრთხოების დაცვასა და ღირსეული ცხოვრებისათვის საჭირო პირობების შექმნას უზრუნველყოფს.

უკანასკნელი 18 წლის განმავლობაში, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში დევნილებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლებში დაბრუნების შესახებ 37 რეზოლუცია მიიღო. მიუხედავად ამისა, დევნილების დაბრუნების საკითხი გაყინული წერტილიდან არ იძვრის. პასუხი კითხვაზე, ვინ არის პასუხისმგებელი დევნილების დაბრუნებაზე, ერთი შეხედვით, ცალსახაა. საერთაშორისო სამართალი დევნილების უფლებების დაცვაზე პასუხისმგებლობას ეროვნულ ხელისუფლებას აკისრებს, თუმცა საქართველოს შემთხვევაში გაცილებით რთულ პოლიტიკურ რეალობასთან გვაქვს საქმე. მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპირება მოახდინა, პასუხისმგებლობა ამ რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვაზე კრემლს დაეკისრა. საერთაშორისო სამართლის თანახმად, სწორედ ოკუპანტი მხარეა პასუხისმგებელი მისი კონტროლის ქვეშ არსებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვაზე.

0x01 graphic

© ფოტო:ალექს მაიოლი

ამ ვითარებაში საუკეთესო გამოსავალი საერთაშორისო საზოგადოების მიერ რუსეთზე ერთობლივი ზეწოლაა, მოთხოვნით - უზრუნველყონ დევნილთა დაბრუნება. თუმცა ამ მიმართულებით, როგორც მსოფლიო პოლიტიკური ისტებლიშმენტის, ისე უფლებადამცველი ჯგუფების ერთგვარი პასიურობა იგრძნობა. მიუხედავად რიგი დეკლარაციული განცხადებებისა დევნილების დაბრუნების აუცილებლობის შესახებ, უფლებადამცველი ორგანიზაციები საქართველოში დევნილების პრობლემების შეფასებისას აქცენტს, უფრო მეტად დევნილთა სოციალურ-ეკონომიკურ უფლებებზე აკეთებენ. დაბრუნების უფლების საკითხს, როგორც პოლიტიკურად ანგაჟირებულ თემას, ხშირად გვერდს უვლიან. იგივე შეიძლება ითქვას დონორ ორგანიზაციებზე, რომლებმაც დაბრუნების ალტერნატიული, შედარებით მარტივი და პრაგმატული გამოსავლის ძიებაში, პრიორიტეტად დევნილთა ინტეგრაციის ხელშემწყობი პროექტების განხორციელება ჩათვალეს. დაბრუნების უფლებაზე მუშაობა მათ პროგრამულ პრიორიტეტებში თითქმის არ ფიგურირებს.

ყოველივე ზემოთქმულს პოლიტიკური კონფორმიზმის ელფერი დაჰკრავს. რა თქმა უნდა, დევნილების მასპინძელ საზოგადოებებში ინტეგრაცია და მათი სოციალური უფლებების დაცვა მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არ უნდა ხდებოდეს დაბრუნების უფლების უგულებელყოფის ხარჯზე. სწორედ დაბრუნება წარმოადგენს არა მარტო მათ ერთ-ერთ ყველაზე ფუნდამენტურ უფლებას, არამედ აღნიშნული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მოგვარების ყველაზე ლოგიკურ და სამართლიან გზას. შესაძლოა საერთაშორისო საზოგადოებისათვის ამ ეტაპზე კომფორტულიც იყოს ამ საკითხის დროებით გვერდით გადადგება და მოკლევადიან პერსპექტივაში ინტეგრაციაზე ფოკუსირება. მიუხედავად ამისა, ეს მიდგომა შესაძლოა სრულიად კონტრპროდუქტიული აღმოჩნდეს უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში, რადგან იგი შეუსაბამოა, როგორც ადამიანის უფლებების დაცვის, ისე რეგიონში კონფლიქტების მოგვარებისა და მდგრადი მშვიდობის მიღწევის მიზნებთან.

დაბრუნების უფლებაზე საუბრისას, ხშირად ამბობენ, რომ თუ დევნილებს მიეცემათ შესაძლებლობა დაუბრუნდნენ საკუთარ სახლებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, წარსულში აქ მცხოვრებ ეთნიკურ ჯგუფებს შორის არსებული დაპირისპირება, ამ ადამიანების გვერდიგვერდ ცხოვრებას შეუძლებელს გახდის. არავინ უარყოფს, რომ დაბრუნებისა და შერიგების პროცესი რთული იქნება, მაგრამ ეს შეფასებაც გადაჭარბებულია. საილუსტრაციოდ ბოსნია-ჰერცოგოვინის მაგალითიც კმარა: 1992-1995 წლებში ბოსნიასა და ჰერცოგოვინაში შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად 2 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა დევნილად. დღეს მათგან ნახევარზე მეტი უკვე დაუბრუნდა საკუთარ სახლ-კარს, ხოლო 99%25-ზე მეტს შესაძლებლობა მიეცა აღედგინა კონფლიქტამდე საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის უფლება.

ბალკანეთში, დევნილების დაბრუნება საერთაშორისო თანამეგობრობის უზარმაზარი ძალისხმევის შედეგად გახდა შესაძლებელი, რომელსაც 1995 წლის დეიტონის ხელშეკრულებამ ჩაუყარა საფუძველი. მხარეებმა აიღეს ვალდებულება უზრუნველეყოთ დევნილების ღირსეული, უსაფრთხო და უპირობო დაბრუნება საკუთარ სახლებში. მაშინ, დეიტონის ხელშეკრულებას, კონფლიქტის მხარეებთან ერთად ხელი მოაწერეს აშშ-ის პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ჟაკ შირაკმა, გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრმა ჯონ მეიჯორმა, გერმანიის კანცლერმა ჰელმუტ კოლმა და რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ჩერნომირდინმაც. სწორედ საერთაშორისო პოლიტიკის გავლენიანი მოთამაშეების უშუალო ჩართულობამ და ძალისხმევამ გახადა შესაძლებელი ისეთი რთული და კომპლექსური საკითხის შესახებ შეთანხმების მიღწევა, რასაც დევნილების დაბრუნება ჰქვია. როგორც ჩანს, ევროპის შუაგულში დევნილების უზარმაზარი კორპუსის არსებობა ბევრად უფრო აქტუალური იყო საერთაშორისო თანამეგობრობისათვის. აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დევნილების დაბრუნების საკითხი საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში ასეთი აქტუალობით ჯერაც არ დამდგარა.

* * *

რამდენად რთულიც უნდა იყოს არსებული პოლიტიკური რეალობა, როგორ ჩიხშიც უნდა იყოს შესული სამშვიდობო მოლაპარაკებები და როგორი ხისტიც უნდა იყოს რუსეთის ფედერაციისა და სეპარატისტული რეგიონების პოზიცია დევნილების დაბრუნებასთან დაკავშირებით, ერთი რამ ცალსახაა: კონფლიქტების გრძელვადიანი გადაწყვეტა შეუძლებელია დაბრუნების უფლების უზრუნველყოფის გარეშე. ამ უფლების რეალიზება არის უმნიშვნელოვანესი პოსტკონფლიქტურ საზოგადოებებში კონფლიქტების გადაწყვეტისა და შერიგების პროცესის მდგრადობისათვის და საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის.

ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, კარგი იქნება, თუ საერთაშორისო საზოგადოება კიდევ ერთხელ გადახედავს საკუთარ პრიორიტეტებს და გაააქტიურებს ძალისხმევას დევნილთა ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური უფლების - დაბრუნების უფლების დასაცავად. 400 ათასზე მეტი ადამიანი, უკვე წლებია, მოუთმენლად ელოდება შინ დაბრუნებას. მართალია, ისინი არა ევროპის შუაგულში, არამედ სამხრეთ კავკასიაში ცხოვრობენ, მაგრამ მათი უფლებები თანაბრად მნიშვნელოვანი უნდა იყოს იმ ადამიანებისა და ორგანიზაციებისათვის, რომლებიც თავს უფლებადამცველებად მოიაზრებენ.

9 ფიქრები სტოკჰოლმიდან

▲ზევით დაბრუნება


საზოგადოება

0x01 graphic

პერ ეკლუნდი
ევროკავშირის ელჩი საქართველოში 2006-2010 წლებში

დიდი ხანია სტოკჰოლმში ასეთი თბილი ნოემბერი არ გვქონია. მოწმენდილ ცაზე მოკაშკაშე მზე ისე ათბობდა არემარეს, გაზაფხული გეგონებოდა და ბუჩქებმა და ხეებმაც კვირტები გამოიღეს. თუმცა, ადამიანი ბუნებასავით ადვილად არ ტყუვდება და სითბოს მიუხედავად, ახლა ჩვენ შობის დღესასწაულისთვის ვემზადებით, საშობაოდ მორთული ქუჩებით, მაღაზიების ვიტრინებითა და სახლებით ვტკბებით... და თოვლს ვნატრობთ.

0x01 graphic

ერთ-ერთ ასეთ მშვენიერ დილას ერთდღიან სემინარზე დასასწრებად გავემართე. სემინარი ინგვარ მოგზაურის ლაშქრობებს ეძღვნებოდა. ინგვარი ვიკინგი იყო და მისი ლაშქრობის ამბავი, რომელშიც თავის, ზოგი წყაროს ცნობით, 1000-კაციან რაზმთან ერთად გაეშურა, 27 რუნულ სტელაზეა ამოტვიფრული. 1036-1041 წლებში ინგვარმა, თავის ლაშქართან ერთად, გეზი აღმოსავლეთისკენ აიღო და დიდი ალბათობით, შვედეთიდან კასპიის ზღვამდე მივიდა. რუნული სტელები ამ ლაშქრობების დროს დაღუპული მამებისა და ვაჟების უკვდავსაყოფად აღმართეს. ეს სტელები ვიკინგების ევფემიზმებზეც ბევრ რამეს გვიამბობს. მაგალითად, თუ წერია, რომ ვიღაცამ არწივს ბევრი საკვები მოუმარაგა, ეს ნიშნავს, რომ მან ბევრი ადამიანი მოკლა. თუმცა, ვიკინგები მხოლოდ პატივისა და სიმდიდრის მაძიებელი მებრძოლები არ იყვნენ. ისინი საზოგადოებებზეც ახდენდნენ გავლენას. მაგალითად, ისტორიკოსები ამტკიცებენ, რომ უილიამ დამპყრობელი ვიკინგების შთამომავალი იყო ისევე, როგორც რუსეთის რომანოვები.

შვედეთში არსებული იმ 27 რუნული სტელის გარდა, ისლანდიურ საგებსა და ქართულ ქრონიკებშიც შეხვდებით ცნობებს, რომლებიც ამყარებს თეორიას შვედებისა და ქართველების ადრეული ურთიერთობების შესახებ. ქართლის ცხოვრებაში მოთხრობილია ვარანგებზე, რომლებიც მეფე ბაგრატ მეოთხის მხარეს იბრძოდნენ და, როგორც ჩანს, ვიკინგები სასირეთის ბრძოლაში, საქართველოში, მონაწილეობდნენ. ზოგი მკვლევრის მტკიცებით, ვიკინგების გავლენა დღესაც თვალნათელია საქართველოში და დასტურად ხევსურებისა და შვედეთში მცხოვრები ხალხის, საამების, ნაციონალური ტანსაცმლის ფერებისა და ფორმების მსგავსება მოჰყავთ.

ვიკინგები რომ საქართველოში ცხოვრობდნენ, სიმონეთში ვიკინგების სამარხების ბოლოდროინდელი გათხრებითაც დასტურდება. ამ სამარხებში ვიკინგების ტანსაცმლის საკინძეები და სამაჯურები აღმოაჩინეს. 2004 წელს კი შვედი მკვლევრების ჯგუფმა ექსპედიცია მოაწყო იმის დასადგენად, შესაძლებელი იყო თუ არა შვედეთიდან შავ ზღვამდე და შემდეგ, საქართველოს გავლით, კასპიის ზღვამდე მიცურვა. ექსპედიციის პასუხი დადებითი იყო: ვიკინგების ნავის ანალოგიით აგებული ხომალდით მათ ამ გზის გავლა შეძლეს. ვიკინგების მსგავსად, ამ ჯგუფმაც ხელით ატარა ნავი მთებსა და ხმელეთზე მდინარეებს შორის, სანამ მდინარე მტკვარს მიაღწევდა, იქიდან კი კასპიის ზღვამდე მიცურდა.

გლობალიზაცია ახალი ფენომენი ნამდვილად არ არის. ეგებ, იმ საკმაოდ იშვიათ ცისფერთვალება ქართველებიდან ზოგი ვიკინგების შთამომავალია? 1000 ვიკინგი, რომელიც მრავალი წელი ცხოვრობდა საქართველოში, საკინძეების, სამაჯურებისა და საფლავების გარდა, უთუოდ ბევრ სხვა კვალსაც დატოვებდა!

სემინარი უპსალას უნივერსიტეტმა და საქართველოს საელჩომ მოაწყვეს. კარგი, ძველი ქართული ტრადიციისამებრ, ის რეკორდულად მოკლე დროში მოეწყო და პატარა სუფრითაც დასრულდა. მასში შვედი და ქართველი მკვლევრები მონაწილეობდნენ. ერთადერთი არაქართული სემინარის დაწყების დრო იყო - სისხამ დილით...

10 დე ვაალის „გზამკვლევი“ ანუ ევროკავშირი მარგარიტა პავლოვნას როლში მარია გოვოროვა

▲ზევით დაბრუნება


ეკონომიკა

მარია გოვოროვა

0x01 graphic

2011 წლის გაზაფხულზე მოსკოვის კარნეგის ცენტრმა გამოაქვეყნა თომას დე ვაალის მოხსენება „საქართველოს არჩევანი: რომელი კურსი უნდა შეირჩეს გაურკვევლობის პერიოდში?“. კავკასიის პრობლემებზე 20 წლის მანძილზე მომუშავე ექსპერტის ნაშრომმა საზოგადოების ინტერესი გამოიწვია. და ეს სულაც არაა გასაკვირი - რა შეიძლება იყოს მიუკერძოებელ პროფესიულ შეფასებაზე ფასეული?

მით უფრო, რომ მის წინა პუბლიკაციებზე, ზოგი ქვეყნის ხელმძღვანელთა რეაქციები კეთილგანწყობით ყოველთვის არ გამოირჩეოდა - რუსეთშიც, სომხეთშიც და აზერბაიჯანშიც შეეცადნენ, მისთვის ვიზის გაცემა შეეზღუდათ. 2010 წელს დაბეჭდილი დე ვაალის ბოლო წიგნის - „გაიცანით: კავკასია“ - შესახებ ქართველი პოლიტოლოგი გელა ვასაძე წერდა: „ჩვენთვის, სამხრეთ კავკასიაში და მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში მცხოვრებთათვის, სხვადასხვა მიზეზის გამო, დასავლეთის ბევრი საქციელის მოტივაცია ბოლომდე გასაგები არ არის. შესაბამისად, ზოგჯერ სასარგებლოა დასავლელი ესპერტების მოსაზრებების მოსმენა, რაგინდ მიუღებელიც უნდა იყოს ისინი ჩვენთვის. აქვე დავძენ, რომ მოსმენა დათანხმებას არ გულისხმობს“.

მოხსენება „საქართველოს არჩევანი: რომელი კურსი უნდა შეირჩეს გაურკვევლობის პერიოდში?“ დაკვირვებულ მკითხველს საშუალებას აძლევს, ყურადღება მიაქციოს არა მარტო „ზოგიერთი დასავლელი ექსპერტის“ მოსაზრებებს, არამედ მათ მიერ გამოყენებულ მეთოდებსაც.

დამახინჯება

მოხსენების სათაური ავტორის ძირითად იდეას გამოხატავს - საქართველოში არსებული ვითარება გაურკვეველია. შესავალში ახსნილია ავტორის ამგვარი ხედვის მიზეზი: „მომდევნო წლებში ქვეყნის სტაბილურობის ხარისხსა და მთავრობის მდგომარეობას დიდწილად განსაზღვრავს ეკონომიკური ვითარება. ამჟამად ეკონომიკური სიტუაცია გაურკვეველია“. ხოლო მოხსენების ნაწილი - „ეკონომიკა 2011 წელს“ - უფრო მკვეთრი ფორმულირებით იწყება: “2011 წელს საქართველოს ხელისუფლებისათვის მხოლოდ პოლიტიკური გარდამავალი პერიოდი არ იწყება, ისინი ეკონომიკური სიტუაციის გაუარესების წინაშეც დგანან“.

ეკონომიკური სიტუაციის გაუარესების შესახებ განცხადების შემდეგ ვკითხულობთ: „2008 წელს მიღებული უცხოური ფინანსური დახმარების უმეტესი ნაწილი უკვე დახარჯულია“.

მოითმინეთ, თუ ომის შემდგომ ექსტრემალურ სიტუაციაში მიღებული დახმარება უკვე დანიშნულებისამებრაა გამოყენებული, მათ შორის - ზარალის კომპენსაციისა და ეკონომიკური ზრდის აღსადგენად, ეს ნიშნავს, რომ სიტუაცია გაუარესდა? მაშ, როგორ ავხსნათ საქართველოში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის დინამიკა: თუ 2009 წლის პირველ კვარტალში მაჩვენებელი 4,8%25-ით შემცირდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2010 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა 3,9%25-ით, ხოლო 2011 წლის პირველ კვარტალში - 5,8%25-ით1? ან, როგორ შევაფასოთ, საქონლის და მომსახურების ექსპორტის მოცულობის დინამიკა ბოლო ოთხი წლის პირველი კვარტალების მაჩვენებლების მიხედვით: 2008 წელი - 811 მილიონი აშშ დოლარი, 2009 წელი - 627 მილიონი აშშ დოლარი, 2010 წელი - 847 მილიონი აშშ დოლარი, 2011 წელი - 1085 მილიონი აშშ დოლარი?

თუმცა ავტორი ამგვარ „წვრილმან“ ფაქტებს არ ახსენებს. მისი ყურადღება სხვა მხარესაა მიმართული - მთავრობის წინაშე მწვავედ დგება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის საკითხი. „საქართველოს ასაყვავებლად“ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების აუცილებლობის შესახებ შენიშვნა ნაწილობრივ სამართლიანად შეიძლება ჩაითვალოს.

თუმცა ურთიერთკავშირის ლოგიკა არ არის ისეთი, როგორადაც დე ვაალი წარმოაჩენს - თითქოს, რაკი დახმარება ამოიწურა, ახლა ინვესტიციების მოზიდვაა აუცილებელი. სიტუაცია საპირისპიროა - პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინების შემცირება, რაც გამოწვეული იყო ომით და მსოფლიო ფინანსური კრიზისით, კომპენსირებულია საერთაშორისო დახმარებით! სხვათა შორის, ბოლო სამი წლის პირველ კვარტალებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დინამიკაც არ იძლევა „გაურკვევლობის“ შესახებ მტკიცების საფუძველს. 2009 წელს ინვესტირებული იყო 114 მილიონი აშშ დოლარი, 2010 წელს - 166 მილიონი აშშ დოლარი, 2011 წელს - 174 მილიონი აშშ დოლარი.

ეკონომიკურ სფეროში წარმატებებზე საუბრისას, ავტორი მხოლოდ ელექტროენერგეტიკას ახსენებს. ეს სიმართლეა, მაგრამ არასრული. მეტიც, ეშმაკური შენიშვნაა, რადგან ნამდვილად მნიშვნელოვანი ზრდის მიუხედავად, ელექტროენერგიის ექსპორტმა 2010 წელს საქართველოს ექსპორტის მთლიანი მოცულობის (რომელიც მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში 40%25-ით გაიზარდა) მხოლოდ 2,3%25 შეადგინა.

დე ვაალი დაუდევრად აღნიშნავს მთავრობის მცდელობას ტურისტული ინდუსტრიის განსავითარებლად, თუმცა იქვე გამოხატავს გაოცებას 2015 წლისათვის საქართველოში 5 მილიონი ტურისტის მოზიდვის, მისი თვალსაზრისით, დაუსაბუთებელ პროგნოზთან დაკავშირებით. იმის შემოწმება, არის თუ არა ეს რიცხვი „მეტისმეტად უცნაური“, შესაძლებელია, თუ მივმართავთ, მაგალითად, ბოლო წლებში ქვეყანაში შემოსულ უცხოელ მოქალაქეთა სტატისტიკას: 2004 წელს შემოსულთა რაოდენობა 400 ათასზე ნაკლები იყო, 2009 წელს - 1,5 მილიონი, 2010 წელს - 2 მილიონზე მეტი, 2011 წელს მოსალოდნელია 3 მილიონამდე. ქვეყანაში შემოსულთა რიცხვის ყოველწლიურად ერთნახევარჯერ ზრდის ტემპის გათვალისწინებით, ოთხი წლის შემდეგ 5 მილიონი ტურისტის შემოსვლა სრულიად რეალისტურია.

თუმცა მას მერე, რაც სხვა „დადებითი“ ცვლილებები ვერ აღმოაჩინა, ავტორი „უარყოფითი“ მაგალითების ჩამოთვლაზე გადადის: საგარეო ვალის ზრდა, მნიშვნელოვანი დისბალანსი ექსპორტსა და იმპორტს შორის, „საგადასახადო ტერორიზმი“. განვიხილოთ თითოეული მათგანი.

საგარეო ვალის ზრდა და მისი ზოგადი ტვირთი - ეს, რა თქმა უნდა, ძალიან სერიოზული პრობლემებია. თუმცა 2011 წელს სახელმწიფო საგარეო ვალის მოცულობის ზრდა შენელდა. მეტიც, ორწლიანი მსჯელობის შემდეგ საქართველოს პარლამენტმა მიიღო ეკონომიკური თავისუფლების აქტი, რომლის მიხედვით კანონმდებლობით განისაზღვრა სახელმწიფო ვალის ზედა ზღვარი მთლიანი შიდა პროდუქტის 60%25-ის დონეზე. საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოები საქართველოს ვალის მდგომარეობას სტაბილურს უწოდებენ, ხოლო S&P-მა საქართველოს საკრედიტო რეიტინგი სულ ცოტა ხნის წინ გაზარდა. ამდენად დე ვაალის „გზამკვლევი“ არასწორ მიმართულებას აჩვენებს.

სამაგიეროდ, იქ სხვა რამეა აღნიშნული: „ამჟამად იმპორტი ოთხჯერ და მეტად სჭარბობს ექსპორტს“. რა თქმა უნდა, სავაჭრო ბალანსის დეფიციტის მოცულობა მაკროეკონომიკური სიტუაციის მნიშვნელოვანი პარამეტრია. როგორია მისი დინამიკა? საგარეო ვაჭრობის უარყოფითი სალდო თანდათან შემცირდა, 2007 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 39,2%25-დან 2010 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 30,1%25-მდე. თუ 2007-2008 წლებში იმპორტი ექსპორტზე 4,2-ჯერ მეტი იყო, 2009 წელს - 3,9-ჯერ, ხოლო 2010 წელს - 3,2-ჯერ მეტი.

ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის სიმცირის შესახებ საკუთარი მტკიცების გასამყარებლად დე ვაალი წერს: “2010 წელს საქართველოს ძირითადად გაჰქონდა ფეროშენადნობები, რეექსპორტირებული ავტომანქანები და ჯართი“. ეს საქართველოს ექსპორტის სამი მნიშვნელოვანი წყაროა. ისინი ჯამურად ექსპორტის მხოლოდ 40%25-ს შეადგენენ, ამიტომ მათზე, როგორც „ძირითადზე“, საუბარი არაკორექტულია. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია დინამიკაც. მაგალითად, 2005 წელს ავტომობილების ექსპორტი იყო 18 მილიონი აშშ დოლარი (მთელი ექსპორტის 2,1%25), ხოლო 2010 წლისათვის ის გაიზარდა 227 მილიონ აშშ დოლარამდე (14,4%25). ამგვარი ზრდის ძირითადი მიზეზი საბაჟო წესების მნიშვნელოვანი გამარტივება და ბაჟის ლიკვიდაციაა. საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტი ნაციონალური ეკონომიკის ღიაობის დონის მატებაა, ამიტომ, უსაფუძვლოა დე ვაალის მტკიცება, თითქოს ქვეყნის ექსპორტის ზრდის პოტენციალი უკვე ამოწურულია.

„საგადასახადო ტერორიზმის“ სახელით ცნობილი მოულოდნელი საგადასახადო შემოწმებების პრაქტიკა, როგორც ჩანს, წარსულს ბარდება. ახალი (2011 წლის) წესების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს აფრთხილებენ შემოწმების შესახებ და მას შეუძლია აირჩიოს ორგანიზაცია, რომელიც შეამოწმებს - საგადასახადო სამსახური თუ დამოუკიდებელი აუდიტორული ფირმა. თუმცა დე ვაალმა გადაწყვიტა, არაფერი აცნობოს მკითხველს საგადასახადო ადმინისტრირების ამ ინოვაციის შესახებ.

მოხსენებაში ცალკე თავი ეთმობა სიღარიბის პრობლემას. პირველივე შედარება - მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი ერთ სულ მოსახლეზე სხვა ქვეყნებში - შეკითხვებს ბადებს. ჯერ ერთი, ტექსტის რუსულენოვან ვერსიაში გამოტოვებულია ინგლისურ ტექსტში არსებული დაზუსტება. მათი მიხედვით, საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი შედარებულია ახლა ევროპაში, ადრე კი საბჭოთა კავშირში შემავალი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მაჩვენებლებთან. მტკიცება, რომ „სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან ეს მაჩვენებელი უფრო დაბალი მხოლოდ მოლდოვაშია“, არაკორექტულია. უზბეკეთის, ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის მაჩვენებლები კიდევ უფრო დაბალია.

მეორე - 2011 წელს გამოქვეყნებულ მოხსენებაში, რატომღაც, მხოლოდ 2009 წლის მაჩვენებლებია მოყვანილი. იქნებ იმიტომ, რომ 2010 წლის მონაცემებით საქართველომ გაუსწრო არა მარტო ზემოთ ჩამოთვლილ ქვეყნებს, არამედ უკვე სომხეთსაც?

მესამე - დე ვაალის ფრაზაში გამოყენებულმა ზმნამ „რჩება“, ალბათ უნდა გვაფიქრებინოს, რომ საქართველოში სიტუაცია არ იცვლება. ეს კი, უბრალოდ, არასწორია. ომის შემდგომ, კრიზისულ 2009 წელსაც კი ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის მაჩვენებლით მსოფლიოს ქვეყნების რეიტინგში საქართველოს უფრო მაღალი პოზიცია ჰქონდა (113-ე), ვიდრე 2004 წელს (119-ე). ესე იგი, ამ წლების მანძილზე ქვეყნის ეკონომიკა მსოფლიოს ეკონომიკაზე სწრაფად ვითარდებოდა. თუ მეზობლებს და სხვა ქვეყნებს შევადარებთ, აღმოჩნდება, რომ ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი უფრო სწრაფად (სამჯერ), მხოლოდ ნავთობით მდიდარ აზერბაიჯანში გაიზარდა. სომხეთში ამ წლებში მაჩვენებელმა 70%25-ით, ხოლო საქართველოში - 61%25-ით მოიმატა. ყველა სხვა ქვეყანაში ზრდის უფრო ნელი ტემპი იყო - ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის მაჩვენებელი 33%25-დან 54%25-მდე მერყეობდა.

მეოთხე - როგორ უნდა გავიგოთ ფრაზა: „მცირე ეკონომიკურ ვარდნასაც კი შეუძლია სერიოზული შედეგების გამოწვევა?“ თუ საქმე ეხება რაღაც აბსტრაქტულ სამომავლო ვარდნას, რატომ ხდება მისი ილუსტრირება 2009 წლის ციფრებით? ხოლო თუ მიმდინარე სიტუაციაზე ვლაპარაკობთ, ვარდნა კი არა, ეკონომიკური ზრდაა - როგორც 2010, ასევე 2011 წლებშიც.

შემდეგ დე ვაალი უმუშევრობაზე გადადის. „ოფიციალურად ქვეყანაში უმუშევრობის მაჩვენებელი დაახლოებით 16%25-ს შეადგენს, თუმცა მასში არ არის ასახული გლეხების დიდი რაოდენობა. ისინი, ფაქტობრივად, ნატურალური მეურნეობით ცხოვრობენ; ასევე ინდივიდუალური შრომითი საქმიანობით დაკავებული ღარიბები და ადამიანები, რომლებიც მხოლოდ სოციალური დახმარებით ირჩენენ თავს“. გამოდის, რომ ავტორი უმუშევრებად თვლის გლეხებსაც, რომელთაც საკუთარი მეურნეობები აქვთ, არამდიდარ ადამიანებსაც და ა.შ. ამგვარი მტკიცების უაზრობა ეჭვს არ იწვევს.

ეკონომიკური ნაწილი სოფლის პრობლემების აღწერით მთავრდება. ეს მართლაც მნიშვნელოვანი თემაა. საქართველოს სოფლის მეურნეობაში სიტუაცია სხვა სფეროებთან შედარებით უფრო ნელა ვითარდება. თუმცა ერთია, სიტუაციის ობიექტურად შეფასება სცადო, მეორე - შეუქმნა მკითხველს არასწორი წარმოდგენა, მაგალითად, ასეთი ფრაზით: „რუსეთსა და თურქეთში მომუშავე შრომითი მიგრანტების უმრავლესობა, ძირითადად, სოფლის მცხოვრებლები არიან“. თუ ეს ფრაზა გულისხმობს ქართველ ემიგრანტებს, რომლებმაც ქვეყანა 2004 წლამდე დატოვეს, მაშინ მათი წარმომავლობა ვერაფრით დაუკავშირდება „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ გატარებულ პოლიტიკას. თუ საქმე ეხება 2004-2006 წლების სიტუაციას - იმ წლებში საქართველოს მიგრაციული ბალანსი დადებითი იყო. ხოლო თუ ვილაპარაკებთ 2006 წლის ოქტომბრის შემდგომ პერიოდზე, რუსეთში შესვლა არა მარტო ქართველი შრომითი ემიგრანტებისთვის, არამედ საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისათვის აკრძალულია. ამდენად, რა კავშირია შრომით მიგრანტებსა და საქართველოს მთავრობის ბოლო წლების პოლიტიკას შორის?

ან ასეთი გასაოცარი წინადადება: „იმისათვის, რომ სოფლის მეურნეობა ეფექტური გახდეს, აუცილებელია მიწის ნაკვეთების გამსხვილება. ეს ნიშნავს, რომ ბევრი წვრილი ფერმერი მიწიდან იქნება გაძევებული“. საკუთარი შეხედულება აგრარული პოლიტიკის შესახებ, დე ვაალმა საქართველოს ხელისუფლებას ჯერ მიაწერა, შემდეგ კი - უმოწყალოდ გააკრიტიკა.

თუმცა საქართველოს ეკონომიკური სიტუაციის აღწერა სწორედ აქ მთავრდება და მკითხველს მოხსენების სათაურში გამოტანილი გაურკვევლობის განცდას უტოვებს. სინამდვილეში ამ განცდას აყალიბებს არა იმდენად ფაქტიური სიტუაცია, რამდენადაც მისი ავტორისეული ინტერპრეტაცია.

რეალური გამოწვევების ჩანაცვლება არარსებული სამი მოდელით

გაურკვევლობის ამგვარივე ხარისხით გვთავაზობს დე ვაალი განსახილველად მის მიერ გამოგონილ საქართველოს „განვითარების სამ გრძელვადიან მოდელს“. მართალია, იქვე დასძენს, რომ ერთ-ერთს - ე.წ. ძველი საქართველოს მოდელს - არც კი შეიძლება ამგვარი სახელი ეწოდოს. ძნელია, ამას შეეკამათო - ე.წ. ძველი საქართველოს მოდელი, რომლის ავტორობას ქვეყნის მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წინამძღვარს მიაწერენ, არ მოიცავს არც ეკონომიკის სფეროს, არც საგარეო პოლიტიკური პოზიციონირების პროგრამებს. მაშინ, რა საჭიროა მასზე წერა?

მცდარია დე ვაალის მიერ შემოთავაზებული დიქოტომია ორ სხვა ძირითად მოდელს - „სინგაპურსა“ და „ევროპას“ შორის. საქართველოს დღევანდელი სახელისუფლებო გუნდისა და, დიდწილად, მთელი ქართული საზოგადოების არჩევანი სხვაგვარია - არა „სინგაპური ან ევროპა“, არამედ „სინგაპურიც და ევროპაც“. სინგაპური არჩეულია ეკონომიკური ზრდის ორიენტირად, ევროპა - საგარეო პოლიტიკური პოზიციონირების ორიენტირად. სინგაპურის არჩევა დინამიკური ეკონომიკური ზრდის ერთგვარ ნიმუშად სრულიად ბუნებრივი და გასაგებია არამდიდარი ქვეყნისათვის, რომელსაც, ამასთანავე, მოსახლეობის ისეთივე რაოდენობა ჰყავს. სინგაპურის მოდელი იმითაცაა უფრო გამართლებული, რომ საქართველო ევროპისათვის მიმზიდველი გახდეს. მეორე მხრივ, ნელი ეკონომიკური ზრდა, ავადმყოფური სტაგნაცია, დე ვაალისათვის ასე სასურველი ე.წ. ევროპული ვარიანტის მიხედვით, ნამდვილად არ სჭირდება არც საქართველოს და არც ევროპას - მას საბერძნეთიც ყოფნის.

სინამდვილეში, ამ ორი მოდელის - „სინგაპურისა“ და „ევროპის“ - სახით დე ვაალი ეკონომიკური პოლიტიკის ორი სხვადასხვა ვარიანტის აღწერას ცდილობს: ლიბერალური და ბიუროკრატიულ-რეგულირებადი.

ინფორმაციით მანიპულირების მეთოდები

დე ვაალი საქართველოს „ეკონომიკურ ევროპას“ ახვევს თავს და არ მალავს, რომ თავად არის ამ ბიუროკრატიული მოდელის მომხრე. მისი პირადი სიმპათიები გასაგებია. თუმცა საკუთარი არჩევანის უპირატესობაში მკითხველის დარწმუნებას დე ვაალი ინფორმაციით მანიპულირების კლასიკური მეთოდების მთელი ბუკეტის გამოყენებით ცდილობს: ცრუ ანალოგიების ჯაჭვი და კონტრასტის პრინციპი, ექსპერტის შემოყვანა და აქცენტების აღრევა, გაურკვეველი რეფერენტული ინდექსები და უნივერსალური გამონათქვამები, პრესუპპოზიციით შენიღბვა და ემოციურად დამუხტული მტკიცებები, ჰიპერბოლები, პრიმიტივიზაცია, დასწრების ეფექტი, დაუსახელებელი ექსპერტიზა და, რაც ყველაზე მთავარია - „ნახევარსიმართლე“.

საით იწვევს საქართველოს დე ვაალი?

საზოგადოებრივი აზრის დამახინჯების, ჩანაცვლების, მანიპულირების მიზანი, როგორც ცნობილია, ადამიანების აზრების, განზრახვებისა და მიზნების აქტორისათვის (აქტორებისათვის) სასურველი მიმართულებით შეცვლაა. რატომ მიმართა ამგვარ მეთოდებს ცნობილმა ექსპერტმა? იმიტომ ხომ არა, რომ ქვეყნის განვითარების შესაძლო გზების მეტ-ნაკლებად პატიოსანი, ობიექტური შედარების შემთხვევაში, ბიუროკრატიული რეგულირების გზა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას „ევროპულს“ დაჟინებით ვუწოდებთ, საკმაოდ მიმზიდველი არ ჩანს?

შევადაროთ დე ვაალის მიერ ნახსენები საქართველოს მაჩვენებლები ევროკავშირის ანალოგიურ მაჩვენებლებს. მაგალითად, როგორ არის ევროკავშირში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საქმე, რომელთა მოზიდვის მნიშვნელობაზე მოხსენებაში ამდენი საუბარია? რამდენად ეფექტურად უზრუნველყოფს ევროკავშირის ეკონომიკური პოლიტიკა უცხოელი ინვესტორების მოზიდვას ევროპის ქვეყნებში? როგორც ცნობილია, 2010 წელს საქართველოში უცხოურმა ინვესტიციებმა მთლიანი შიდა პროდუქტის 7%25 შეადგინა, რაც, როგორც გვახსოვს, მოხსენების ავტორს ძალიან აწუხებს. იმავე წელს სინგაპურის ეკონომიკაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მთლიანი შიდა პროდუქტის 17,4%25 იყო, და დე ვაალს ეს ვარიანტი არ მოსწონს. მას ევროპა ურჩევნია. იქ კი - საშუალოდ, ევროკავშირი15-ის ქვეყნებში ინვესტიციების ნაკადი მთლიანი შიდა პროდუქტის 1,7%25 იყო. ანუ დე ვაალის მიზანი საქართველოს სწორედ ასეთ მაჩვენებლებთან მიახლოებაა?

საგარეო ვაჭრობის უარყოფითი სალდო თანდათან შემცირდა, 2007 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 39,2%25-დან 2010 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 30,1%25-მდე. თუ 2007-2008 წლებში იმპორტი ექსპორტზე 4,2-ჯერ მეტი იყო, 2009 წელს - 3,9-ჯერ, ხოლო 2010 წელს - 3,2-ჯერ მეტი. დე ვაალს აწუხებს საქართველოში უმუშევრობის მაღალი დონე - 2010 წლის მონაცემებით 16,3%25, ხოლო ექსპერტისათვის არასასურველ სინგაპურში - 2,2%25-ია; ხოლო იმავე წელს უმუშევრობის დონე მის მიერ მოწონებული ევროკავშირი 15-ის ქვეყნებში - დანიაში 4,2%25-დან ესპანეთში - 20,1%25-მდე იყო. გამოდის, რომ დე ვაალს უმუშვერობის შედარებით მაღალი დონე უფრო იზიდავს, ვიდრე დაბალი.

„სინგაპურის ნიმუშად არჩევასთან დაკავშირებით, პასუხებზე მეტი შეკითხვები ჩნდება“, - ამტკიცებს დე ვაალი. შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება გრძელვადიანი განვითარების გზის არჩევას. შევადაროთ 40-წლიან რეტროსპექტივაში დე ვაალის შემაშფოთებელი მახასიათებლები - სავაჭრო ბალანსის დეფიციტი და სიღარიბე - ევროკავშირის ქვეყნებსა და სინგაპურში.

2010 წელს საქართველოს სავაჭრო ბალანსის დეფიციტი მთლიანი შიდა პროდუქტის 23,3%25-ს უდრიდა. სინგაპურში ოთხი ათეული წლის წინ, 1970 წელს, დეფიციტი ორჯერ მეტი იყო - მთლიანი შიდა პროდუქტის 47,2%25. ამის მიუხედავად, 2010 წლისათვის სინგაპურში სავაჭრო ბალანსის დეფიციტი მთლიანი შიდა პროდუქტის 20,9%25-იანი პროფიციტით შეიცვალა. თუმცა, როგორც ვიცით, დე ვაალისათვის გრძელვადიანი განვითარების ასეთი ვარიანტი მიუღებელია. მას მეორე, „ევროპული“ ვარიანტი მოსწონს. 1970 წელს მთლიანად ევროკავშირის ქვეყნებში ნულოვანი სავაჭრო ბალანსი იყო, ხოლო 40 წლის შემდეგ - მცირე დეფიციტით - მთლიანი შიდა პროდუქტის 0,4%25. რომელი დინამიკა უფრო მიმზიდველია?

რაც შეეხება სიღარიბის დაძლევას - ირკვევა, რომ ბოლო 40 წლის განმავლობაში განვითარების საშუალო დონის ისეთმა ქვეყანამ, როგორიც სინგაპურია, ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლით გაუსწრო ევროპის ყველა ქვეყანას, ლუქსემბურგის გარდა. 40 წლის მანძილზე, სინგაპურმა ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი გაზარდა 27-ჯერ, ხოლო ევროკავშირი 15-ის ქვეყნებში მშპ-მა მხოლოდ 10-ჯერ მოიმატა.

ამ და მსგავსი შედარებების დროს, არგუმენტების არარსებობაა იმის მიზეზი, რომ, როგორც დე ვაალი სამართლიანად წერს: “განვითარების მოდელის შესახებ ამ მნიშვნელოვანი დისკუსიის ფარგლებში ევროკავშირი ჯერჯერობით ვერ ახერხებს პარტნიორისათვის მკაფიოდ და თანმიმდევრულად იმის ახსნას, რა სარგებელს მიიღებს ის ინსტიტუციური რეფორმებისგან და როგორ მოხდება მათთან დაკავშირებული დანახარჯების კომპენსირება“.

დე ვაალი განაგრძობს მტკიცებას, რომ „ევროკავშირთან უფრო მჭიდრო ეკონომიკური ჰარმონიზაცია“ საქართველოსთვის „გრძელვადიანი განვითარების, ალბათ, უკეთესი ან, სულაც, ერთადერთი შესაძლო მოდელია“. როგორ გამოიხატება მისი უნიკალურობა?

„თუ თბილისი ამ პროცესში მონაწილეობას გადაწყვეტს, რეგულირების ახალ სისტემაზე გადასვლის მტკივნეული შედეგების შესამსუბუქებლად, ბრიუსელი მას უფრო აქტიურ პოლიტიკურ და ტექნიკურ დახმარებას უნდა დაჰპირდეს. დახმარება მიმართული უნდა იყოს იმ სექტორებში - პირველ რიგში, სოფლის მეურნეობაში - სადაც გარდაქმნები ყველაზე რთული იქნება“.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, „ევროპული“ არჩევანის სანაცვლო საჩუქრად, შეიძლება (უნდა) საგარეო დახმარების შემოსვლა იქცეს. აი, წრეც შეიკრა. როგორც გვახსოვს, დე ვაალის აზრით, საქართველოში არსებული ეკონომიკური სიტუაციის ძირითადი მახასიათებელი, ომის შემდგომი უცხოური დახმარების პაკეტის ამოწურვა გახდა. და ამ პრობლემის გადასაწყვეტად ქვეყანას მის რეგულარულ მიღებას სთავაზობს. არ შეიძლება არ დაეთანხმო - ეს ნამდვილად აღარ იქნება გაურკვევლობა, არამედ სრულიად ცხადი, შეგნებული ტრიალი მანკიერ წრეში - ეროვნული პროდუქციის გაძვირების გამომწვევი მტკივნეული ცვლილებების გატარება. პროდუქციის გაყიდვა ევროკავშირში, სადაც საკუთარი სოფლის მეურნეობის პროდუქცია სახელმწიფო დოტაციაზეა - ამ გაყიდვებიდან მოგების არარსებობა, მაგრამ სანაცვლოდ ევროკავშირის დახმარების მიღება - სახსრების მიმართვა სოფლის მეურნეობაში, ახალი არაკონკურენტული პროდუქციის საწარმოებლად.

გასაკვირი არაა, რომ, დე ვაალი იძულებულია, აღიაროს: „სასარგებლო პრაქტიკული მუშაობისა და არცთუ მცირე ხარჯების მიუხედავად, ევროკავშირი ვერ ახერხებს თავისი ქართველი ვიზავისთვის საკუთარი პოზიციის ნათლად და დაწვრილებით ახსნას“.

მსგავს კოლიზიაში აღმოჩნდა კინოფილმ „პოკროვის კარიბჭის“ გმირი ხობოტოვი, როდესაც დაუცხრომელმა მარგარიტა პავლოვნამ ახალ ბინაში მისი წაყვანა გადაწყვიტა. იმის მიუხედავად, რომ ცხოვრების ახალი თანამგზავრი ჰყავდა. ფილმის მრავალტანჯულმა გმირმა, მაინც შეძლო მარგარიტა პავლოვნას მარწუხებისგან თავის დაღწევა და მომავლისკენ საკუთარი არჩევანით წავიდა.

გვინდა იმედი ვიქონიოთ, რომ ქართული საზოგადოებაც იპოვის საკუთარ გზას და არ გაიხლართება ისეთი მრჩევლების რეკომენდაციებში, რომლებიც საბერძნეთ-ბრიუსელის უპერსპექტივო „გაურკვევლობის“ გზას სავსებით გარკვევით და გამიზნულად ახვევენ თავს.

11 ვლადიმირ ბუკოვსკი: რუსეთი უბრალოდ ჩამოიშლება

▲ზევით დაბრუნება


ფოკუსი

ესაუბრა დიმიტრი ავალიანი

0x01 graphic

ლეგენდარული საბჭოთა დისიდენტი, მწერალი, მეცნიერი და პოლიტიკური აქტივისტი ვლადიმირ ბუკოვსკი გასულ კვირაში საქართველოს ილიას უნივერსიტეტის მოწვევით ესტუმრა. ვლადიმირ ბუკოვსკიმ 12 წელი საბჭოთა ციხეში და ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში გაატარა. 1976 წელს კომუნისტურმა რეჟიმმა იგი ჩილეს კომპარტიის ლიდერზე გაცვალა. მას შემდეგ ბუკოვსკი დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს. იგი მრავალი წიგნისა და პუბლიკაციის ავტორია. ცნობილი დისიდენტი და უფლებადამცველი ტაბულას რუსეთში განვითარებულ მოვლენებზე, ევროპის კრიზისზე და დასავლეთში გავრცელებულ იდეოლოგიებზე ესაუბრა.

  • როგორ შეაფასებდით რუსეთში მიმდინარე მოვლენებს - არჩევნების შედეგებს და საზოგადოების მიერ მისი გაპროტესტების მცდელობას?

ეს ყველაფერი ახალი არ არის. არჩევნებს დიდი ხანია აყალბებენ და საიდუმლო არავისთვისაა. ერთადერთი სხვაობა ისაა, რომ ამჯერად ცოტა უფრო მეტი ხალხი გამოვიდა ქუჩაში. თუმცა, ასეთი დიდი ქვეყნის მასშტაბით ეს არაფერია. რასაკვირველია, რაღაცით უნდა დაიწყო და, შესაბამისად, ამ პროტესტს მხარს ვუჭერ. მაგრამ სწრაფად არაფერი მოხდება.

გარანტიას გაძლევთ, რომ ეს რეჟიმი კიდევ 12 წელს ვერ გაძლებს. თუმცა დარწმუნებული ვარ, პუტინი მომავალ წელს პრეზიდენტის პოსტს დაიკავებს. რამდენად დიდი ხნით, სხვა საკითხია. რუსეთი უბრალოდ ჩამოიშლება. მას საარსებოდ რესურსი არ დარჩა. რამდენ ხანს გაძლებს რუსეთი ასეთ მდგომარეობაში - ორ წელს თუ სამს, ახლა ვერ ვიწინასწარმეტყველებ. ყველაფერი მსოფლიო კონიუნქტურაზეა დამოკიდებული - თუ ნავთობის ფასები დაეცა, კრიზისი უფრო მალე მოხდება.

  • ეს არჩევნები საკმაოდ მკაცრად დაგმო აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, აღსანიშნავია საერთაშორისო დამკვირვებლების ძალიან მკაცრი უარყოფითი შეფასებებიც. ეს აისახება დასავლეთის დამოკიდებულებაზე პუტინის რეჟიმის მიმართ?

წარსულში ასეც ყოფილა. წინა არჩევნებზეც იმდენი დარღვევები იყო, მათი შემჩნევა სირთულეს არ წარმოადგენდა. მაშინ ხელისუფლებამ არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლები პრაქტიკულად არ დაუშვა. თუმცა, ამ ყველაფერმა პუტინის რეჟიმს საერთაშორისო არენაზე ლეგიტიმურობის ხარისხი ვერ დააკლო.

  • ამავე დროს, კრემლმა ბოლო პერიოდში ანტიდასავლური რიტორიკა გააძლიერა. ეს, რაიმე ფორმით, ახალ ცივ ომს ხომ არ გამოიწვევს?

ცივი ომი წარმოუდგენელია, ვინაიდან რუსეთს აღარ გააჩნია ის პოტენციალი, რაც საბჭოთა კავშირს ჰქონდა. ამ ქვეყანას დღეისთვის პრაქტიკულად აღარ ჰყავს შეიარაღებული ძალები. მან საქართველოსთან ომი ძლივს აწარმოა. მთელ მსოფლიოსთან დაპირისპირება რუსეთს არ შეუძლია. მით უმეტეს, უცნობია, დაფრინავს თუ არა სინამდვილეში მათი რაკეტები.

ამგვარი განწყობების გაღვივება რუსეთის ხელისუფლებას შიდა საკითხებში ეხმარება, მასის რაღაც ნაწილს ეს იზიდავს კიდეც. თუმცა ერთი და იმავე ხერხის გამოყენება წლიდან წლამდე ვეღარ ამართლებს. ხელისუფლება საზოგადოებას სიახლეს ვერ სთავაზობს, არ გააჩნია არანაირი რეცეპტი და წინადადება ქვეყნის გასაუმჯობესებლად...

  • თუმცა აქამდე პუტინის ხელისუფლება საზოგადოებას სტაბილურობას და წინა წლებთან შედარებით უზრუნველყოფილ ცხოვრებას სთავაზობდა. ხალხი ამით კმაყოფილი იყო...

სინამდვილეში, სტაბილურობას ისინი ვერ უზრუნველყოფდნენ. ახლა მსოფლიოში კრიზისია, ამ კრიზისზე პასუხი კი მათ არ აქვთ. პირობა დადეს, რომ ჩრდილო კავკასიაში სტაბილურობას დაამყარებდნენ. თუმცა იქ ყველაფერი ძველებურად გრძელდება და მთელ რეგიონს არასტაბილური მდგომარეობა მოედო. ეკონომიკა მუდმივად ეცემა. პუტინმა რაღაც ევრაზიული კავშირის შექმნის შესახებ განაცხადა. ეს იმ მომენტში, როცა ევროკავშირს ბზარები გაუჩნდა. დროა მიხვდეს, რომ ასეთი რაღაცები აღარ მუშაობს.

რუსეთის ხელისუფლება გრძნობს, რომ მომავალი არ აქვს. თუმცა, ისინი ყველა ხერხით შეეცდებიან ძალაუფლების შენარჩუნებას, მით უმეტეს, რომ ხელისუფლება დღეს სიმდიდრის ეკვივალენტურია. თუმცა, ამავდროულად, მათ რეჟიმის შესანარჩუნებლად ძალა არ გააჩნიათ. არმია არ არსებობს, შინაგან ჯარებში უკმაყოფილებაა. რჩება სპეცსამსახურები, რომლებიც დიდი სამხედრო რიცხოვნობით არ გამოირჩევიან.

ამიტომ, რუსეთი დაშლას დაიწყებს - ფედერაციის სუბიექტები ავტონომიას გამოაცხადებენ. რაც უფრო სუსტი იქნება ცენტრი, მით მეტ ძალას შეიძენს ცენტრიდანული მოძრაობა. რაღაც უნდა მოუხერხონ შორეულ აღმოსავლეთს, თათრეთს. რუსეთი დიდი ქვეყანაა და КГБ-ს სპეცრაზმს და კადიროვის მებრძოლებს ყველგან ერთდროულად ვერ გაუშვებ.

  • თქვენი აზრით, რუსეთის დაშლა უფრო რეალურია, ვიდრე ხელისუფლებაში რაიმე ახალი ძალის მოსვლა?

ხელისუფლების ალტერნატივა დღესდღეობით არ ჩანს, ასეთი ძალები არ არსებობს. ამ ვითარებაში ქვეყნის დაშლა უფრო ლოგიკურია. მით უმეტეს, რომ ეს ახალი ტენდენცია არ არის. ასეთი რამე არაერთხელ მომხდარა რუსეთის ისტორიაში. ეს ეტაპი გასავლელია და დიდ ტრაგედიას ვერ ვხედავ.

0x01 graphic

ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი

  • როგორ შეაფასებდით დასავლეთის პოლიტიკას რუსეთის მიმართ?

დღეს დასავლეთს კრემლის მიმართ რაიმე პოლიტიკა არ აქვს. რუსეთს ისინი არც მოწინააღმდეგედ და არც პარტნიორად არ განიხილავენ. როდესაც ამერიკელ მაღალჩინოსნებს ეკითხებოდნენ, რა მიზანს ისახავდა გადატვირთვა - პასუხობდნენ, რომ რუსეთი აშშ-ს დაეხმარებოდა ირანის საკითხში. ეს სრულიად ალოგიკური ვარაუდია. რატომ უნდა გააკეთოს ეს რუსეთმა? მისი მთავარი ინტერესია, ნავთობის ფასი მაღალი იყოს. შესაბამისად, ნებისმიერი პრობლემა ახლო აღმოსავლეთში, ხელს აძლევს.

დღეს ამერიკაში დარწმუნდნენ, რომ გადატვირთვა შეცდომა იყო. უფრო სასურველის სინამდვილედ გასაღებას ემსახურებოდა. ჯერ კიდევ 30-იან წლებში დასავლელ ანალიტიკოსებს სჯეროდათ, რომ რუსეთი ცივილიზებული გახდებოდა. იგივე მეორდება ახლაც.

  • თქვენ ძალიან სკეპტიკურად ახასიათებთ ევროკავშირს, როგორც ინსტიტუტს და პარალელებს საბჭოთა კავშირთან ავლებთ. რა არის მათ შორის საერთო?

ჯერ კიდევ 1992 წელს, როდესაც მაასტრიხტის ხელშეკრულება გაფორმდა და ევროკავშირი შეიქმნა, ჩემთვის უკვე ნათელი იყო, რომ ეს სტრუქტურა საბჭოთა კავშირის იმიტაციას წარმოადგენს. არა ასეთი სისხლიანი სახით, მაგრამ სტრუქტურულად და იდეოლოგიურადაც იმავე იდეას ემსახურება. საბჭოთა კავშირს პოლიტბიურო მართავდა, რომლებსაც არავინ ირჩევდა. ევროკომისიაც ასეა. მართვა აქაც არადემოკრატიული ხერხებით ხორციელდებოდა.

დღევანდელი სახით, ევროკავშირი, დასავლელი სოციალისტების ცხოვრებას მოწყვეტილი, მკვდრადშობილი ინტელიგენტური კონცეფციაა - ერთგვარი მენშევიკური საბჭოთა კავშირი. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ სოციალიზმი არსად მუშაობს - არც აფრიკაში, არც აზიაში და არც ევროპაში. საბჭოთა კავშირი იმის გამო დაინგრა, რომ სოციალიზმის კრიზისი დადგა.

თავდაპირველად ევროინტეგრაცია საერთო ბაზრის მიმართულებით ვითარდებოდა. ამაში ცუდი არაფერია - რაც უფრო ნაკლებია ტარიფები და შეზღუდვები, მით უკეთესია ეკონომიკისთვის. ევროპის მემარცხენე ძალები საერთო ბაზარს ეწინააღმდეგებოდნენ, მაგრამ 80-იანი წლების ბოლოს ყველაფერი შეიცვალა. მათ ევროინტეგრაციის, ასე ვთქვათ, ხელში ჩაგდება და თავის სასარგებლოდ შემოტრიალება გადაწყვიტეს.

ის, რაც ახლა ევროპაში ხდება, დღეს არ დაწყებულა. სიტუაცია რამდენიმე წლის განმავლობაში მწიფდებოდა. თუმცა თავიდანვე ნათელი იყო, რომ ასე მოხდებოდა. სოციალიზმი არამწარმოებლური სისტემაა. მისი იდეა არა წარმოება, არამედ განაწილებაა. როდესაც გასანაწილებელი არსებობს, თითქოს კარგად ხარ. როდესაც რესურსი იწურება, კრიზისი იწყება. ამიტომაც ნებისმიერი სახის სოციალიზმი ერთნაირად მთავრდება - ფული აღარ არის. როგორც ახლა ევროპაში.

ევროკავშირს დღეს აქვს გრანდიოზული იდეა, ფული ჩინელებისგან აიღოს. თუმცა, ამდენი ფული არც ჩინელებს აქვთ. სოციალიზმი უძირო კასრი, შავი ხვრელია. თუ მასში რუსეთი ჩაიძირა, იქ ყველაფერი ჩაიძირება. რუსეთი ევროპასთან შედარებით ბუნებრივი რესურსებით ზღაპრულად მდიდარი ქვეყანა იყო. თუმცა, ისიც გაკოტრდა. გაკოტრება სოციალიზმის ერთადერთი შედეგია.

  • რამდენად შესწევთ დღევანდელ ევროპელ ლიდერებს მდგომარეობის გამოსწორება?

ლიდერები იქ საერთოდ არ არსებობენ. დასავლური ელიტა სრული არარაობებისგან შედგება. ეს კუბში აყვანილი ბიუროკრატიაა. ხალხი, რომელსაც ცხოვრებაში სასარგებლო არაფერი უკეთებია, სულ ბიუროკრატიულ სისტემებში ისხდნენ და რაღაც აბსტრაქტულ საკითხებს აგვარებდნენ.

რომელ ევროპელ ლიდერს აქვს უნარი მოვლენებს საღად შეხედოს? ევროპაში გაფართოების ინერცია დაშლისა და დანაწევრების ტენდენციით შეიცვლება. ვერც ბენილუქსი გადარჩება და უცნობია, თავად ბელგიაც რამდენ ხანს იარსებებს. ჰოლანდიელების ნახევარზე მეტი ეროვნულ ვალუტად გულდენის დაბრუნებას ითხოვს. ეს პროცესი რაც უფრო სწრაფად და ნაკლები დანაკარგებით წარიმართება, მით უკეთესი.

  • თქვენ ასევე ხშირად აკრიტიკებთ პოლიტკორექტულობის იდეოლოგიას. რატომ?

რასაც ახლა ვხედავთ, მარქსისტული რევიზიონიზმი, მარკუზიანელობაა. იყო ასეთი ფილოსოფოსი ფრანკფურტის სკოლიდან - ჰერბერტ მარკუზე - ის მარქსს ედავებოდა იმ საკითხში, თუ ვინ არის რევოლუციური კლასი. მარქსი ასეთად სამრეწველო პროლეტარიატს მიიჩნევდა. დღეს სამრეწველო პროლეტარიატზე საუბარი სასაცილოა. თანაც ახლა ზუსტად ვეღარ იტყვი, მაგალითად, რა არის წარმოების საშუალება. რა არის კომპიუტერი? მოხმარების საგანი თუ წარმოების საშუალება? ან პროგრამული უზრუნველყოფა?

უკვე 60-იან წლებში ნათელი იყო, რომ მარქსის კონცეფცია არ ამართლებს. ამიტომ გაჩნდნენ რევიზიონისტი ფილოსოფოსები, მათ შორის - მარკუზე, რომელიც ამბობდა, რომ რევოლუციურ კლასს წარმოადგენს ნებისმიერი მარგინალი. ყველა, ვინც ცხოვრებაში არ ეწერება. მისი თქმით, ნორმა პათოლოგიად უნდა გამოვაცხადოთ, პათოლოგია კი ნორმად. და მაშინ საბოლოოდ დავამარცხებთ ბურჟუაზიულ საზოგადოებას. ყველაფერი ამით დაიწყო.

  • ვინ ლობირებს ამ იდეებს, მთავრობები, პარტიები?

ყველაფერი საუნივერსიტეტო კამპუსებიდან დაიწყო. მახსოვს, 1984-85 წლებში კალიფორნიაში, სტენფორდში ვიყავი, გვერდით კი ბერკლი იყო - რადიკალების ცნობილი ბუდე. მათთან გაჩნდა ახალი ფემინისტების მოძრაობა. მახსოვს, ლაბორატორიაში მივდიოდი და კარებში ორი გოგონა გავატარე. მათ ამრეზით შემომხედეს და მომაძახეს - male chauvinist pig. მე მათ ვჩაგრავდი იმით, რომ, როგორც ქალებს, ისე ვეპყრობოდი. ამას მაშინ მხოლოდ სიცილით შევხვდი. მაგრამ უკვე 5 წელიწადში, ეს მთელ ევროპას და ამერიკას მოედო.

სხვათა შორის, ამერიკულ ჯარში არსებობს დამტკიცებული უნიფორმა ორსული ჯარისკაცისთვის. გაგიგიათ ასეთი რამ? ამერიკაში არ აქვთ უფლება ქალს უარი უთხრან ჯარში სამსახურზე, ეს დისკრიმინაციად ჩაითვლება - ამაზე ქალები სასამართლოში ჩივიან და მილიონებს იგებენ. ჯარში მოხვედრის შემდეგ კი ჩივიან იმაზე, რომ მათ აბუჩად იგდებენ - უსტვენენ, ხუმრობენ მათზე და ა.შ. ესეც სექსუალურ ზეწოლად ითვლება და ამითაც მილიონების მოგება შეიძლება.

ეს ყველაფერი ფემინიზმზე არ შეჩერებულა. ამერიკაში იყო შავკანიანი მოსახლეობის პრობლემა, რომელიც 60-იან წლებში თითქოს მოგვარდა და უფლებრივი თანასწორობა დამყარდა. ცოტა ხანში გაირკვა, რომ თანასწორობის მიუხედავად, განსაკურებული სოციალური პროგრესი შავკანიან მოსახლეობაში მიღწეული არ არის. ამიტომაც პოზიტიური დისკრიმინაცია და კვოტები მოიგონეს. დაიწყო შავკანიანებისთვის კარიერაში ხელოვნურად ხელშეწყობა დანარჩენი მოქალაქეების უფლებების ხარჯზე. იგივე მეორდება უნარშეზღუდულებსა და ჰომოსექსუალებთან დაკავშირებით. დღეს კი აქტუალური საკითხი ცხოველთა უფლებების დაცვაა.

თითქოსდა დაჩაგრული უმცირესობების ამგვარმა „დაცვამ“ დღეს სრულ აბსურდამდე მიგვიყვანა. ეს ყველაფერი შემთხვევითი არაა. ეს გააზრებული გეგმაა, რომელიც ნორმალური საზოგადოების განადგურებისკენ არის მიმართული. ლენინიც ასე იცავდა უუფლებო პროლეტარიატს, სინამდვილეში კი ამ გზით ძალაუფლების ხელში ჩაგდებას ცდილობდა.

სოციალისტები, ვერცერთ დროში ვერ ეგუებოდნენ ისტორიულად ჩამოყალიბებულ ინსტიტუტებს, მათ შორის, კერძო საკუთრებას, ოჯახს, ნაციონალურ სახელმწიფოს და ებრძოდნენ მათ. უტოპისტები არასდროს ჩერდებიან. თუ რამე არ გამოსდით, არასდროს აღიარებენ, რომ მათი კონცეფცია მცდარია. ისინი ამბობენ, რომ საკმარისად შორს არ წავიდნენ.

  • თქვენ წელს ლონდონის სასამართლოში სარჩელი შეიტანეთ გორბაჩოვის წინააღმდეგ. არსებობს თუ არა შანსი კრემლის ყოფილ თუ ამჟამინდელ ხელმძღვანელებს პასუხი მოეკითხოთ?

0x01 graphic

სამწუხაროდ, გორბაჩოვის როლი დასავლეთში არასწორად ესმით. სინამდვილეში იგი ჩვეულებრივი კომუნისტი ლიდერია და ისევე, როგორც ყველა წინამორბედს, ხელები სისხლში აქვს გასვრილი. ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ კომუნისტური რეჟიმის გასამართლებას ვერ მივაღწიეთ. ელცინი და მისი კოლეგები ამაზე არ წავიდნენ. ამის გამო მთელი მსოფლიო აირია. საქმე გორბაჩოვის წინააღმდეგ, ხელს შეუწყობს საბჭოთა სისტემის გასამართლებას. თავად გორბაჩოვის პიროვნება ნაკლებად გვაინტერესებს.

ლონდონის სასამართლოში გორბაჩოვის პასუხისგებაში მიცემას ჩვენ ჟენევის კონვენციის დარღვევისათვის ვითხოვთ. თუმცა, ასეთი ტიპის კერძო სარჩელს წარმატების დიდი შანსი არ აქვს. ჩვენი ქმედება მხოლოდ პირველი სიგნალი იყო. ახლა გორბაჩოვის გადმოცემას - 1991 წლის იანვრის მოვლენებისთვის, ლიტვა მოითხოვს. საქართველოსაც შეუძლია საქმე აღძრას მის წინააღდეგ 1989 წლის აპრილის მოვლენების გამო და არ მესმის, ამას რატომ არ აკეთებს.

დასავლეთში დღეს მრავალი ორგანიზაცია მოქმედებს, რომლებიც კრემლის ხელისუფალთა პასუხისმგებლობას მოითხოვს. იგივე მაგნიტსკის, ლიტვინენკოს, პოლიტკოვსკაიას და სხვა საქმეების გამო. როგორც კი რუსეთის ხელისუფლებაში მყოფი ხალხი იმუნიტეტს დაკარგავს, მათი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება.

  • თქვენ პერიოდულად სტუმრობთ საქართველოს, რას ფიქრობთ იმ ცვლილებებზე, რაც ბოლო წლებში საქართველოში განხორციელდა?

საქართველო კარგი მაგალითია. ცვლილებები ნამდვილად არის. მოკლე დროში დიდი ცვლილებების მოლოდინი არც უნდა გვქონდეს. ადამიანები საკმაოდ ინერტულები არიან. პოლიციის რეფორმა საქართველოში გამაოგნებელია და ამას ყველა ხედავს.

არაკორუმპირებული პოლიციის შექმნა პოსტსაბჭოთა სივრცეში უნიკალური შემთხვევაა. ბრიტანული პოლიცია მცირედ კორუმპირებულად მიიჩნევა, თუმცა ქვედა დონეზე კორუფცია იქ არსებობს. საფრანგეთში და იტალიაში პოლიცია ბევრად უფრო კორუმპირებულია. აღმოსავლეთ ევროპის უდიდესი ნაწილი კორუფციისგან იხრჩობა და ამბობენ, რომ ამას ვერაფერს მოუხერხებენ.

თუმცა, საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა საკმაოდ რთულია - პატარა ქვეყანა ხართ, დაკარგეთ ტრადიციული ბაზარი. ეს დიდი დარტყმაა ნებისმიერი ეკონომიკისთვის. ინვესტიციების მოძიება, თუნდაც კარგი ბიზნესკლიმატის შექმნის გზით, საკმაოდ რთული ამოცანაა, მაგრამ წინსვლა სახეზეა. ახლა, როგორც ვხედავ, ინვესტიციები გაიზარდა, უფრო მეტი მშენებლობაა, ვიდრე ორი წლის წინ ვნახე.

ნელ-ნელა საქართველოში მკვიდრდება აზრი, რომ მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა გქონდეთ. თუმცა, თუ მიზანდასახული ხარ, ყველაფერი ადრე თუ გვიან გამოგივა. იგივე შეიძლება ითქვას ინდივიდუალურ დონეზეც - ადამიანებმა თავად უნდა მიხედონ საკუთარ თავს და სხვის იმედზე არ იყვნენ.

სახელმწიფო სამუშაო ადგილებს არ უნდა ქმნიდეს. ეს საბჭოური ჩვევაა - სადაც სახელმწიფო ამას ცდილობს, ეკონომიკა მრუდე გამოდის. იქმნება ყოვლად უსარგებლო სამუშაო ადგილები. შეხედეთ საბერძნეთს - რამდენი სამუშაო ადგილი შეიქმნა და ამას რა შედეგი მოჰყვა.

თუ ბიზნესმენები ეძებენ გამოსავალს, ისინი მას იპოვიან. სახელმწიფოს ძალზე მწირი დახმარება შეუძლია. ყველაზე კარგია, ხელი არ შეუშალოს კერძო ინიციატივას. თუ სახელმწიფოს მეტს მოსთხოვ, ის ამას ჩვენი უფლებების ხარჯზე გააკეთებს. სახელმწიფოს შეუძლია ბიზნესს დაეხმაროს, თუ ვინმესთან ურთიერთობებს გააუმჯობესებს და ახალ ბაზარს გახსნის.

  • მაგალითად, მოელაპარაკოს ევროკავშირს თავისუფალ ვაჭრობაზე?

არა. ვერ მოილაპარაკებთ. მათ სურთ ისეთები გახდეთ, როგორიც თავად არიან. სუბსიდიებს მოგცემენ, თუ მათ წესებს და შეზღუდვებს მიიღებთ. მათ ფრთხილად უნდა მოექცეთ, ისინი იდეოლოგიის ხალხია.

საქართველოსთვის სასურველი NATO-ში გაწევრიანებაა. თუმცა, ეს ახლა ძნელად მოხდება, ევროპაში კონსენსუსის მიღწევა ამ საკითხზე რთულია. თანაც, ამას საქართველოს ტერიტორიული პრობლემები უშლის ხელს. საქართველოში კონფლიქტები სამხედრო გზით არ უნდა გადაიჭრეს, ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა იყოს.

რუსეთი დასუსტდება და დაშლას დაიწყებს. ის კავკასიისთვის ვეღარ მოიცლის, ვერც ჩეჩნეთისთვის, ვერც დაღესტნისთვის და ვერც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისათვის. ამ მომენტში ყველაფერი გამოსწორდება.

ადრე თუ გვიან გადაწყვეტილება მოიძებნება. ვერ წარმომიდგენია, დღევანდელმა საბჭოთა რეჟიმმა სამ-ოთხ წელზე მეტ ხანს იარსებოს. ე.ი. იქ დეზინტეგრაცია დაიწყება, აქ კი - ნორმალიზაცია.

  • ალბათ, ასეთი სცენარის დასავლეთში ეშინიათ?

ყოველთვის ეშინოდათ - საბჭოთა კავშირის დაშლისაც კი. მაგრამ მათ არავინ ჰკითხა. 1991 წელს ვაშინგტონში თითქოს მეგობრულად განწყობილი პოლიტიკოსები მეკამათებოდნენ და ამბობდნენ, რომ არ სურთ დამოუკიდებელი უკრაინა. მე ვუთხარი - არავის აინტერესებს, თქვენ რა გინდათ, თუ 50-მილიონიან ხალხს სურს სახელმწიფო შექმნას, შექმნის და ამას ვერაფერს უზამთ-მეთქი. სულელები არა მხოლოდ ჩვენთან - იქაც არიან.

12 ევროპული მოდა ტექნოკრატიულ მთავრობაზე

▲ზევით დაბრუნება


მსოფლიო

თეონა ტურაშვილი

0x01 graphic

საბერძნეთის ახალი მინისტრთა კაბინეტი

მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ზოგიერთმა ქვეყანამ მთავრობაში ტექნოკრატი ლიდერების ჩართვა გადაწყვიტა. იტალიაში, სილვიო ბერლუსკონის შემდეგ, მარიო მონტის მთავრობაში საკვანძო პოსტები სწორედ ტექნოკრატებს ერგოთ. იგივე ვითარებაა საბერძნეთშიც. მათი რწმენით, პოლიტიკოსებთან შედარებით უფრო ადვილად შეძლებენ დაგეგმილი რეფორმებისა და კრიზისის დასაძლევად საჭირო მკაცრი ეკონომიკური ზომების გატარებას. ტრადიციულად, ისინი არჩევნების გზით არ ხდებიან მთავრობის წევრები, შესაბამისად, მოსახლეობის მხარდაჭერის დაკარგვისაც ნაკლებად ეშინიათ. თუმცა, ტექნოკრატების კრიტიკოსების მოსაზრებით, მმართველებს ყოველთვის უწევთ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება.

ეს კი ტექნოკრატებისთვის დამახასიათებელ ექსპერტიზასთან ერთად, სხვა ფაქტორების გათვალისწინებასაც მოითხოვს. გადაჭარბებულია მტკიცება, რომ ამა თუ იმ საკითხის სპეციალისტები ყოველთვის აპოლიტიკურად მოქმედებენ. მაგალითად, შესაძლოა, ტექნოკრატმა ლიდერმა საკუთარ ეკონომიკურ ცოდნაზე დაყრდნობით მოსახლეობას ფინანსური რეცესიის დაძლევის გზა შესთავაზოს, თუმცა რეფორმების გატარებისას კონკრეტული ნაბიჯების განსაზღვრა გაუძნელდება. კერძოდ, გაუჭირდება არჩევანის გაკეთება გადასახადების გაზრდასა და დანახარჯების შემცირებას შორის. ასევე, სხვადასხვა ჯგუფებზე მის მიერ გატარებულ პოლიტიკის გავლენას ვერ განსაზღვრავს.

ამასთან ერთად, ხშირად ტექნოკრატებს პოლიტიკოსების წინააღმდეგობის გამო, გარკვეული ინიციატივების საბოლოო გატანა უჭირთ.

ტერმინი „ტექნოკრატია“ მომდინარეობს ბერძნული სიტყვებიდან “ტექნე“ და „კრატოს“, რაც, შესაბამისად - „ხელობას“ და „მართვას“ ნიშნავს. სიტყვასიტყვით ტექნოკრატები „პრობლემების გადამჭრელები“ - პოლიტიკოსები, რომლებიც გადაწყვეტილებას კონკრეტულ საკითხზე საკუთარი ექსპერტიზის ან სპეციალური ცოდნის მიხედვით იღებენ - გამოდიან. თეორიულად ისინი გადაწყვეტილების მიღებისას რომელიმე პოლიტიკური პარტიის ან ინტერესთა ჯგუფის გულის მოგებას ნაკლებად ცდილობენ. ამ ტერმინის დამკვიდრება უილიამ სმიტის სახელთანაა დაკავშირებული. ის ამტკიცებდა, რომ ქვეყანა ეკლესიის, ფეოდალური მიწათმფლობელის მაგივრად, ინდუსტრიის წარმომადგენლის ან მეცნიერის მიერ უნდა იმართებოდეს.

ტექნოკრატია თავდაპირველად მემარცხენეთა იდეას წარმოადგენდა. ამის საჩვენებლად ბოლშევიკური რევოლუცია გამოდგება, როდესაც ეკონომიკასა და ჯარში ცვლილებების გასატარებლად, ბურჟუაზიული სპეციალისტები მოიხმეს. თუმცა, ტექნოკრატები არც კაპიტალისტური სამყაროსთვის იყო უცხო. ტექნოკრატიული მოძრაობა აშშ-ში მსოფლიო ომებს შორის პერიოდში იღებს სათავეს. დიდი დეპრესიის დროს ინჟინრებისა და დისიდენტი ეკონომისტების მიერ დაკომპლექტებული მოძრაობები პოლიტიკოსებს დემოკრატიული და ტექნოკრატიული რეფორმების ერთდროულად განხორციელებას სთხოვდნენ.

თუმცა, ამერიკაში ტექნოკრატიული მოძრაობის მხარდაჭერამ რუზველტის ახალი კურსის გამოჩენის შემდეგ იკლო. მართალია, ამერიკის პრეზიდენტი რეფორმების გატარებისას აკადემიური და საექსპერტო წრის რჩევებით ხელმძღვანელობდა, თუმცა მის მიერ ინიცირებული ცვლილებები ლიბერალური იდეალებისგან შორს არ იდგა. თანაც, აშკარა გახდა, რომ ხელისუფლებაში მყოფ ნებისმიერ აპოლიტიკურ პროფესიონალს, პოლიტიკური ნაბიჯის გადადგმა ყოველთვის მოუწევს.

0x01 graphic

იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო მონტი

0x01 graphic

იტალიის ახალი მინისტრთა კაბინეტი

მომდევნო დეკადებში ტექნოკრატიულ მოძრაობას თითქოს რეპუტაცია შეელახა. ადმინისტრაციული მენეჯმენტის, გეგმიური და მკაცრად რეგულირებადი ეკონომიკისადმი მიდრეკილების გამო ბევრმა მას კომუნიზმისა და ფაშიზმის გამოწვევა დასდო ბრალად. მაგალითად, ჯორჯ ორუელი ტექნოკრატიას ფაშიზმის წინაპირობად ასახელებდა. როგორც ცნობილია, ტექნოკრატები გადაწყვეტილებების მიღებისას ძირითადად სტატისტიკურ და ემპირიულ მონაცემებს ეყრდნობიან. ამის გამო, მათ სხვადასხვა პრობლემის ირგვლივ სოციალური ფაქტორის უგულებელყოფაში ადანაშაულებენ. თუმცა მოძრაობამ დადებითი იმიჯი კვლავაც შეინარჩუნა. ჰოლანდიაში ტექნოკრატები იღებენ საკუთარ თავზე სხვადასხვა ინტერესებისა და მოსაზრებების მქონე მხარეების - ერთი მხრივ, დასაქმებულების და, მეორე მხრივ, დამსაქმებლების, კოალიციური მთავრობის განსხვავებული პოზიციის წარმომადგენლების - მედიატორის ფუნქციას. უთანხმოების გადასაჭრელად, ხშირ შემთხვევაში, სწორედ მათ მიმართავენ. ყოფილ კომუნისტურ ქვეყნებში ტექნოკრატებმა ავტორიტარიზმიდან დემოკრატიისკენ ტრანზიციის პერიოდში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს. სწორედ მათი ინიციატივით გატარდა საკვანძო ეკონომიკური რეფორმები, რომელთა მიზანი ამ ქვეყნებში საბაზრო ეკონომიკის პრინციპების დანერგვა გახლდათ.

თუმცა, ისიც ნათელია, რომ ტექნოკრატებს დასახმარებლად, ტრადიციულად, კრიზისების დროს ეძახიან. მიზეზი მარტივია: მათთვის არაპოპულარული ზომების მიღება უფრო ადვილია, ვიდრე ხალხის მიერ არჩეული მმართველებისთვის. ეს უკანასკნელნი დემოკრატიულ საზოგადოებებში მეტად მგრძნობიარენი არიან ამომრჩეველთა აზრის მიმართ. ტექნოკრატი ლიდერები კი გადაწყვეტილებების მიღებისას მხოლოდ ექსპერტიზას ეყრდნობიან. შედეგად, მათთვის უფრო ადვილია სასიცოცხლო რეფორმების გატარება.

ამ უპირატესობის მიუხედავად, ბევრი შიშობს, რომ ტექნოკრატიულ მთავრობას ქვეყანა დემოკრატიის დეფიციტამდე მიჰყავს. როგორც აღინიშნა, ტექნოკრატები, არჩევის ნაცვლად, ინიშნებიან. ეს გარემოება მოსახლეობის წინაშე ნაკლებად ანგარიშვალდებულ ლიდერებად წარმოაჩენს. შედეგად, გარკვული პერიოდის შემდეგ, მათ მიერ გატარებულმა პოლიტიკამ, შესაძლოა, ლეგიტიმურობა დაკარგოს. ამგვარი ჩიხის შექმნის თავიდან ასაცილებლად, დემოკრატიული ქვეყნები პარლამენტსა და ძლიერ ინსტიტუტებს იშველიებენ. ძლიერი საკანონმდებლო ხელისუფლება ყოველთვის მოახერხებს აღმასრულებელთა ქმედებების გაკონტროლებას.

ტექნოკრატების მთავარ ღირსებაზე - აპოლიტიკურობისა და ნებისმიერი მხარის მიმართ ნეიტრალურობაზე - საუბრისას არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხელისუფალთ ყოველთვის უხდებათ პოლიტიკური არჩევანის გაკეთება. მაგალითად, შესაძლოა ტექნოკრატმა ლიდერმა საკუთარ ეკონომიკურ ცოდნაზე დაყრდნობით მოსახლეობას ფინანსური რეცესიის დაძლევის გზა შესთავაზოს, თუმცა რეფორმების გატარებისას კონკრეტული ნაბიჯების განსაზღვრა გაუძნელდება.

ფინანსური რეცესიის დროს, ტექნოკრატების ხელისუფლებაში მოსვლა, შესაძლოა, სისტემისთვის ინოვაციად ჩაითვალოს, რაც ქვეყნებს რეფორმების გატარებასა და განვითარებაში დაეხმარებათ. თუმცა, მმართველობა დროებითი აღმოჩნდება, რადგან კრიზისის გასვლის შემდეგ მოსახლეობა არჩევანს კვლავაც ტრადიციულ პოლიტიკოსებზე გააკეთებს. ამ უკანასკნელთა გაკონტროლების ბერკეტი - საყოველთაო კენჭისყრა - ხომ მათ ხელთაა, რასაც ტექნოკრატებზე ვერ ვიტყვით.

13 კლიმატგეიტი 2.0

▲ზევით დაბრუნება


მსოფლიო

შოთა ფევაძე

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კლიმატისადმი მიძღვნილი სესიის წინ, ინტერნეტში გამოქვეყნდა სკანდალური მიმოწერის ამსახველი მასალა, რომელიც ეხება კლიმატის ცვლილების სამთავრობათაშორისო ჯგუფისა და აღმოსავლეთ ინგლისის უნივერსიტეტის მეცნიერების პირად საუბრებს გლობალურ დათბობასა და კლიმატის ცვლილებების შესახებ.

დაახლოებით 5 ათასზე მეტ შეტყობინებაში კლიმატოლოგთა მიერ გამოთქმული მოსაზრებები იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მათი ავთენტურობის დადგენის შემთხვევაში შესაძლოა გლობალური დათბობის თეორია თავდაყირა დადგეს. საქმე ის არის, რომ მეცნიერები თავიანთ „ფარულ“ მიმოწერებში ეჭვქვეშ აყენებენ საერთოდ გლობალური დათბობის თეორიას და მას პოლიტიკურ კამპანიად უფრო აღიქვამენ, ვიდრე მეცნიერულად დადასტურებულ ფაქტად. წერილებიდან კარგად ჩანს, თუ როგორ ავალებს აღმოსავლეთ ინგლისის უნივერსიტეტის პროფესორი ფილ ჯონსი თავის თანამშრომელს, დამალოს ტემპერატურის ვარდნის ტენდენცია. ინფორმაცია რომ შეგნებულად იმალებოდა, დასტურდება ამავე ფილ ჯონსის გამონათქვამიდან იმის შესახებ, რომ IPCC-ი ინფორმაციის მიღების თავისუფლებაზე მაღლა დგას.

0x01 graphic

ფილ ჯონსი

0x01 graphic

ალ გორი

0x01 graphic

ჯონ კრისტი

აღმოსავლეთ ინგლისის უნივერსიტეტში, საიდანაც მოხდა წერილების ძირითადი რაოდენობის გამოჟონვა, განაცხადეს, რომ ტექსტების ავთენტურობას ვერ დაადასტურებენ, რადგან ბოლომდე შესწავლილი არ აქვთ. ისინი აცხადებენ, რომ ამ შეტყობინებების გამოქვეყნება მიზნად ისახავს სიტუაციის ესკალაციას და ის ციტირებები, რომელიც მოყვანილია წერილებში, მთლიანად ამოგლეჯილია კონტექსტიდან.

მეცნიერები თავიანთ „ფარულ“ მიმოწერებში ეჭვქვეშ აყენებენ საერთოდ გლობალური დათბობის თეორიას და მას პოლიტიკურ კამპანიად უფრო აღიქვამენ, ვიდრე მეცნიერულად დადასტურებულ ფაქტად. აღსანიშნავია, რომ მიმოწერის არაერთმა მონაწილემ უკვე დაადასტურა მათი რეალურობა. თუმცა, მათივე თქმით, ინფორმაცია არასწორადაა გაგებული, რადგან მეცნიერები ხშირად საუბრობენ იმგვარი ტერმინებითა და ლექსიკით, რაც სხვისთვის შესაძლოა ხშირად გაუგებარი იყოს.

გამოქვეყნებულ შეტყობინებებში უცნობმა ჰაკერებმა თავიანთი მესიჯიც დატოვეს, რომელიც იტყობინება, რომ 2030 წლისთვის ქვეყნები გამოყოფენ დაახლოებით 37 ტრილიონ დოლარს ახალ ენერგეტიკულ ტექნოლოგიებზე გლობალური დათბობის შესაჩერებლად, მაშინ როცა ფული სიღატაკესთან ბრძოლას შეიძლება მოხმარდეს.

თუმცა ეს სკანდალის მხოლოდ მეორე რაუნდია. 2009 წელს, ისევე როგორც წელს, გაეროს კლიმატთან დაკავშირებული სესიის წინ, გამოაქვეყნეს წერილების ნაწილი, დაახლოებით ათასი ცალი. სავარაუდოდ, ახლახან გამოქვეყნებული მიმოწერებიც 2009 წლით თარიღდება. ამ მასალებიდან ირკვევა, რომ მეცნიერები პირადულ საუბრებში არ იზიარებენ იმ მოსაზრებას, თითქოს დედამიწაზე მიმდინარე კლიმატური ცვლილებები ადამიანის ჩარევის გამო ხდება. მაგრამ ყოველივე ამის საჯაროდ თქმას ერიდებიან.

2009 წლის სკანდალი იმდენად დიდი იყო, რომ მას პრეზიდენტ რიჩარდ ნიქსონთან დაკავშირებული Watergate-ის ცნობილი საქმის მსგავსად, climategate-ი უწოდეს. მაშინ კლიმატის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელ ფილ ჯონსს პოსტის დატოვება მოუწია, თუმცა არაერთი გამოძიების შემდეგ დადგინდა, რომ კლიმატოლოგებს თავიანთი კვლევის შედეგების ფალსიფიცირება არ მოუხდენიათ.

გაეროს განცხადებების მიხედვით, მოსაზრება იმის თაობაზე, რომ დედამიწაზე ტემპერატურა იზრდება, არანაირ ეჭვებს არ იწვევს, სითბური აირების შედეგად ჰაერის ტემპერატურა უკვე 0.7 გრადუსით გაიზარდა, ხოლო 2100 წლისთვის კიდევ 5-6 გრადუსით აიწევს, რაც კატასტროფულად აისახება კაცობრიობასა და ბუნებაზე.

თუმცა ყველა მეცნიერი არ იზიარებს ამ მოსაზრებას, მაგალითად, ამერიკელი მკვლევარი ჯონ კრისტი, რომელიც ასევე IPCC-ის ყოფილი თანამშრომელია, თვლის, რომ ის მეტეოსადგურები, რომლებიც ბოლო 150 წლის განმავლობაში აგროვებდნენ მასალებს მთელი მსოფლიოს გარშემო, იმყოფებოდნენ იმგვარ ურბანულ ზონებში, რომ მათ შედეგებზე დაყრდნობა სასურველი არ არის.

აღსანიშნავია როს მაკკიტრიკის კვლევა, რომლიდანაც ჩანს, რომ კლიმატური მაჩვენებლები დამახინჯებულია ინდუსტრიალიზაციის გავლენის შედეგად და, ასევე, სენსორების ხარისხთან დაკავშირებული პრობლემების გამო. სწორედ მათ გამო ხდება გლობალური დათბობის გაზვიადება, ფიქრობს პროფესორი მაკკიტრიკი. ამ უკანასკნელის თეორიას ამყარებს ამერიკელი მეტეოროლოგის, ენტონი ვატსის კვლევაც, რომელმაც თავის ნაშრომს თან დაურთო ფოტომასალა, საიდანაც ჩანს, რომ ზოგიერთი მეტეოსადგური სითბოს გამომცემ ობიექტებთან ახლოს არის განლაგებული. მაგალითად, ზოგიერთი კონდიციონერებთან, ნაგვისგადამამუშავებელ ქარხნებთან და ა.შ. მდებარეობს.

ვატსმა ზემოთქმულის დამადასტურებელი ფაქტები არა მხოლოდ აშშ-ში აღმოაჩინა, არამედ საზღვარგარეთაც. მაგალითად, რომის მეტეოსადგური აეროპორტში მდებარეობს და მასზე თვითმფრინავების რეაქტიული ძრავების მიერ გამოშვებული ცხელი ჰაერი მოქმედებს. ასევეა მანჩესტერის აეროპორტში მდებარე მეტეოსადგურთან დაკავშირებული მდგომარეობა.

არსებობს კიდევ თეორიები იმის შესახებ, რომ ბოლო 30 წელიწადში დაფიქსირებული „დათბობა“ შეიძლება გამოწვეული იყოს დედამიწის შემთხვევითი რყევებით და ასეთი „დათბობები“ დედამიწამ ბოლო ათასწლეულის განმავლობაში, სულ მცირე, ორჯერ გადაიტანა. ასევე აღსანიშნავია თეორია, რომლის მიხედვითაც კლიმატის ცვლილებას ციკლური ხასიათი აქვს და მზის აქტივობით არის გამოწვეული.

IPCC-ის მეცნიერების საქციელი შეიძლება არ გაგვიკვირდეს, თუ გავიხსენებთ, რომ ნებისმიერი ბიზნესმენი იყენებს სახელმწიფო პოლიტიკას იმისთვის, რათა მიიღოს უფრო მეტი მოგება. ამ შემთხვევაშიც იგივე ხდება, ზოგიერთი ბიზნესის წარმომადგენელი ითხოვს პოლიტიკოსებისგან თუ მეცნიერებისგან გლობალური დათბობის წინააღმდეგ საჩქარო ზომების მიღებას, რათა შემდეგ უკვე ადვილად მიჰყიდოს კლიმატით შეშინებულ მსოფლიოს პროდუქტი, რომელიც შესაძლოა საერთოდ არარსებულ ფაქტთან საბრძოლველად გამოიყენება.

ამგვარი ბიზნესმენების რიცხვს ეკუთვნის აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ალ გორი, რომელიც ერთდროულად არის პოლიტიკოსი, მებრძოლი და კერძო სააქციო მწვანეთა ფირმის დირექტორი. ერთ-ერთი ამგვარი ბიზნესის წარმომადგენელია მსოფლიოში უდიდესი ქარის ტურბინების დამამზადებელი კომპანია Vestas-ი, რომელიც არწმუნებს მთავრობებს, ქარის ტურბინების ბაზარზე ინვესტიციები განახორციელონ. რასაკვირველია, არსებობენ ბიზნესმენები, რომლებიც გულწრფელად არიან დაინტერესებული გლობალური დათბობის საკითხებით, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ამგვარმა ბიზნესებმაც მილიარდობით მოგება ნახეს ევროპაში.

ფულის მოზიდვა უფრო ადვილი ხდება, რაც უფრო კატასტროფული სურათი იხატება, მაგალითად, ჯეიმს ლოველოკი აცხადებს, რომ ევროპა უდაბნოდ გადაიქცევა, ხოლო ლონდონი 30 წელიწადში წყლით დაიფარება; სერ კრიფპი ტიკელს სჯერა, რომ გაერთიანებული სამეფოს მოსახლეობა 2/3-ით უნდა შემცირდეს, რათა ქვეყანამ შეძლოს გლობალურ დათბობასთან გამკლავება. საყურადღებოა ასევე თიმოტი ფლანერის შეხედულება, რომლის მიხედვითაც ზღვის დონე 8-სართულიანი შენობის დონეს მიაღწევს.

სამწუხაროდ, ეს რეალობაა და პოლიტიკოსები, მეცნიერები თუ ბიზნესმენები ახერხებენ და ამგვარი რიტორიკით სარგებელს შოულობენ. შედეგად კი მივიღეთ სიტუაცია, სადაც ხალხის მცირე რაოდენობა იღებს სარგებელს, სხვა ბევრის ხარჯზე.

14 ბირმული გაზაფხული

▲ზევით დაბრუნება


მსოფლიო

ირაკლი გუნია

30 ნოემბერს, მიანმაში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი, ისტორიული ვიზიტით იმყოფებოდა. ის პირველი ამერიკელი ოფიციალური პირია, რომელიც უკანასკნელი 50 წლის მანძილზე იზოლირებულ აზიურ სახელმწიფოს ესტუმრა. კლინტონის ჩასვლით, აშშ სამხედრო რეჟიმის მიერ მართულ ქვეყანაში დაწყებულ დემოკრატიულ რეფორმებს აქტიურად უჭერს მხარს. ამასთან, თეთრი სახლი რესურსებით მდიდარ მხარეში ჩინური გავლენის უკუგდებას ცდილობს.

სამდღიანი ვიზიტის დროს ჰილარი კლინტონი ქვეყნის პრეზიდენტ ტეინ სეინს და ცნობილ დისიდენტს, ნობელის პრემიის ლაურეატ აუნ სან სუ ჩჟის შეხვდა. კლინტონის განცხადებით, აშშ მზადაა შეამსუბუქოს მკაცრი სანქციები, თუ მთავრობა პოლიტიკური თავისუფლებისკენ მეტ ნაბიჯებს გადადგამს. მიანმის პრეზიდენტმა კლინტონს აღუთქვა, რომ მთავრობა მეტ პოლიტიკურ პატიმარს გამოუშვებს. მიანმა შეწყვეტს სამხედრო თანამშრომლობას ჩრდილოეთ კორეასთან და მეტი ავტონომიისთვის მებრძოლ სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებთან ახალი გზების მონახვას შეეცდება.

0x01 graphic

ჰილარი კლინტონი და აუნ სან სუ ჩჟი

0x01 graphic

1962-2010 წლებში მიანმას (ყოფილი ბირმა) სამხედრო ხუნტა მართავდა, რომელმაც 1988 და 2007 წლების დემოკრატიული მოძრაობები სასტიკად ჩაახშო. 2007 წელს პრემიერ-მინისტრად ყოფილი გენერალი ტეინ სეინი დაინიშნა. 2011 წლის მარტში ის ქვეყნის პირველი პრეზიდენტი გახდა. 2010 წლის ნოემბერში სამხედროებმა ახალი პარლამენტის პირველი არჩევნები ჩაატარეს და არმიის მიერ კონტროლირებულ პარტიას გაამარჯვებინეს. 2011 წელს პარლამენტის გადაწყვეტილებებმა ყველა გააოცა. პოლიტიკურ პატიმართა გათავისუფლების და მკაცრი ცენზურის გაუქმების შემდეგ, მთავრობამ ახალი არჩევნების თარიღი განსაზღვრა. არჩევნებში მონაწილეობის უფლება აუნ სან სუ ჩჟის მიეცა, რომელიც უკანასკნელი ოცი წლის განმავლობაში შინაპატიმრობაში იმყოფებოდა. პრეზიდენტმა ობამამ ამგვარ ცვლილებებს „პროგრესის ციმციმი“ უწოდა. ზომიერი რეფორმების გამო, ტეინ სეინის მიხაილ გორბაჩოვთან შედარებები წარმოიშვა.

მიანმის რეფორმები, ჩინური გავლენის შესაკავებლად, მთავრობის მცდელობას უკავშირდება. ეს განდეგილი ქვეყანა დიდხანს მიიჩნეოდა ჩინეთის „კლიენტ სახელმწიფოდ“, ხოლო პეკინი - მის ოფიციალურ პოლიტიკურ და ეკონომიკურ დასაყრდენად. ამგვარი სახიფათო კავშირები მიანმას საკმაო ფასად დაუჯდა, რადგან ჩინურმა ინტერესმა ბუნებრივ რესურსებში გადაინაცვლა. ამასთან ერთად, საერთაშორისო იზოლაციამ და რეპრესიულმა რეჟიმმა რეგიონში ერთ დროს უმდიდრესი ეკონომიკა გააღარიბა. ჩრდილოეთ მეზობელზე დამოკიდებულებამ ჩინელების უკონტროლო მიგრაცია გამოიწვია. 2004 წელს პროჩინური პრემიერ-მინისტრი და დაზვერვის უფროსი, გენერლებმა ძალაუფლებას მოაცილეს. 2009 წელს არმიამ 30 ათასი ჩინელი მოქალაქე საზღვარზე დააბრუნა. პრეზიდენტმა ტეინ სეინმა მდინარე ირავადიზე არაპოპულარული მრავალმილიარდიანი ჩინური კაშხლის პროექტი ჩაშალა, რასაც ჩინეთისთვის დიდი ეკონომიკური და პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა. ახალ ლიდერებს ეკონომიკური გახსნის და დასავლური ინვესტიციების იმედი აქვთ, რასაც ობამას მიერ გამოცხადებული აშშ-ის აზიური სტრატეგიული გადანაცვლება ერთვის.

0x01 graphic

მიანმის ჩინეთისადმი დამოკიდებულებამ სხვა რეგიონალური ძალების ყურადღება მიიპყრო. ინდოეთმა ბიზნესზე ორიენტირებული „აღმოსავლეთისკენ ხედვის“ სტრატეგია შეიმუშავა, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ვაჭრობასა და თანამშრომლობას უწყობს ხელს. უკანასკნელ ხუთ წელიწადში ორ ქვეყანას შორის ვაჭრობა გაორმაგდა. ამასთან, დელი მიანმას ჩრდილოელ მეამბოხეებთან ბრძოლაში ეხმარება. აშშ ინდოეთის ამგვარ მიდგომას იწონებს. თავის მხრივ, იაპონია ინვესტირების გაზრდას აპირებს.

გეოპოლიტიკური მდგომარეობის გამო, მიანმა შესაძლოა ამ საუკუნის „დიდი თამაშის“ საგანი გახდეს. ჩინური და ინდური კავშირების შენარჩუნება და ქვეყნის გახსნით ამერიკის გაძლიერება, კონტინენტზე ძალთა წონასწორობას წარმოქმნის. საერთაშორისო სანქციების მიუხედავად, ჩინეთი უდიდესი უცხოელი მხარჯველი გახდა - 5 მილიარდი დოლარით წლიურ ვაჭრობაში. მას ინდოეთი მოსდევს - 4 მილიარდი დოლარით. ვაშინგტონთან მოლაპარაკებებით მიანმა რეგიონში ჩინეთის გავლენის შემაკავებელ მხარეს ეძებს. ქვეყანას დასავლეთი სანქციების გასაუქმებლად სჭირდება და მსოფლიოსთან დიალოგში ჩაბმა სურს.

ჩრდილოეთ ბირმა „ოქროს სამკუთხედის“ შემადგენელი ნაწილია, აქ ოპიუმის წარმოების ცენტრია. ქვეყნის ამ ნაწილში ეთნიკური უმცირესობების სამხედრო შენაერთები გაძლიერდნენ. ერთ-ერთი მათგანი, სახელმწიფო გაერთიანებული არმია - ვა მსოფლიოში ყველაზე ძლიერ ნარკოგადამზიდ ჯგუფებში მოიაზრება. კონფლიქტი კაჩინის შტატში დიდი ხანია გრძელდება. მეამბოხეების დამარცხებით მთავრობა ცენტრალურ ხელისუფლებას აღადგენს და ნარკოტრეფიკინგთან ბრძოლას გააადვილებს.

ვაშინგტონისთვის მღელვარების მიზეზად, ჩრდილოეთ კორეასთან ბირთვული იარაღის მოსაპოვებლად მიანმის თანამშრომლობა რჩება. ათწლეულები იზოლაციაში ყოფნის დროს, ამ ორი ქვეყნის გარდა, მიანმის მთავარი პარტნიორი კრემლიც იყო. 2001 წლიდან რუსეთმა თავის სკოლებში დიდი რაოდენობით ბირმელი სამხედრო ოფიცრების მიღება დაიწყო, ამავე წელსვე შეთანხმდა პატარა ბირთვული რეაქტორის მშენებლობაზე. რუსეთის ტექნიკურ უნივერსიტეტებში დაახლოებით 10 ათასი ბირმელი სტუდენტი სწავლობდა. მათი უმრავლესობა ბირთვულ პროგრამაზე მუშაობდა.

ქვეყნის შიგნით მდგომარეობა კვლავინდებურად უმძიმესია. ბირმა მეორე უღარიბესი სახელმწიფოა აზიაში, ავღანეთის შემდეგ და მსოფლიოში ყველაზე კორუფციული, სომალის შემდეგ. მიანმის 62-მილიონიანი მოსახლეობა დღეში საშუალოდ 2,2 დოლარს გამოიმუშავებს. Amnesty International-ის მიხედვით, ორი ათასამდე პოლიტიკური პატიმრის მდგომარეობა საერთაშორისო სტანდარტებისგან შორს დგას. Freedom House-ის თქმით, სამოქალაქო მთავრობაში კვლავ ყოფილი გენერლების გავლენაა. ჟურნალი Time შენიშნავს, რომ ეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ჩამორჩენილი და რეპრესირებული ქვეყანა თანამედროვე ორუელიანური გარემოა, სადაც თავად ჯორჯ ორუელი მუშაობდა კოლონიურ პოლიციელად.

15 თურქეთმა ბოდიში მოიხადა

▲ზევით დაბრუნება


მსოფლიო

მარიამ მიქავა

0x01 graphic

თურქეთის რესპუბლიკის ისტორიაში პირველად, პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა სახელმწიფოს სახელით ბოდიში მოიხადა 1930-იან წლებში ისტორიული დერსიმის (დღევანდელი თუნჯელი) ოლქში - რომელიც უმეტესწილად ალავიტებითაა დასახლებული - სახელისუფლებო ძალების მიერ მასობრივი რეპრესიების გამო. 1936-39 წლებს თურქეთის ისტორიის ბნელ წლებსაც უწოდებენ. იმ დროს 13 806 ადამიანი დაიღუპა. პრემიერ-მინისტრმა გამოაქვეყნა გასაიდუმლოებული დოკუმენტები, რომლებიც დერსიმის მოვლენებს დეტალურად ასახავს.

ოფიციალურმა აღიარებამ დადებითი გამოხმაურება ჰპოვა. საზოგადოებრივი აზრი გამოიკითხეს თუნჯელსა (435 ადამიანი) და 30 ქალაქში (1367 ადამიანი). ერდოღანის ბოდიში დადებითად თუნჯელის მოსახლეობის 71%25-მა, ხოლო თურქეთის მთლიანი მოსახლეობის 52%25-მა შეაფასა. ალავიტების გარდა, სხვა ჯგუფებს, რომლებმაც 1915 და 1955 წლებში საკუთარ თავზე გამოსცადეს უმოწყალო ანგარიშსწორება (სომხები, ბერძნები და სხვა არამუსლიმი ეროვნული უმცირესობები), მიაჩნიათ, რომ შესაძლებელია მათი შემთხვევების დაუფარავად განხილვა.

ერდოღანის ნოვატორული ნაბიჯის უკან პოლიტიკური მანევრი იმალება. დანაშაულის საჯაროდ აღიარებისას, პრემიერ-მინისტრმა მსგავსი საქციელისკენ მთავარ ოპოზიციურ, რესპუბლიკურ სახალხო პარტიას მოუწოდა, რომელიც 1950 წლამდე ქვეყნის ერთპარტიულ მმართველ ძალას წარმოადგენდა. ერდოღანმა დღევანდელი რესპუბლიკური სახალხო პარტიის ლიდერს, ქემალ ქილიჩდაროღლუს, რომელიც წარმოშობით თუნჯელიდანაა, მიმართა - მასობრივი ჟლეტისათვის საკუთარი პარტიის სახელით საჯაროდ მოიხადოს ბოდიში. ერდოღანის ამ განცხადებას თუნჯელის 69,3%25-მა, ხოლო თურქეთის მთლიანი მოსახლეობის 55%25-მა დაუჭირა მხარი. გამოკითხვამ აჩვენა, რომ თავად თუნჯელის მოსახლეობასა და დანარჩენი თურქეთის მოსახლეობას შორის აზრთა სხვადასხვაობაა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებას დაუყოვნებლივ გამოეხმაურნენ ოპოზიციური პარტიის რიგებში. დერსიმის მოვლენები არაერთხელ გამხდარა რესპუბლიკური სახალხო პარტიის შიგნით უთანხმოებების წყარო. პარტიის ერთ-ერთი დეპუტატი, ჰუსეინ აიგუნი, ეწინააღმდეგებოდა ოფიციალურ ისტორიას. ის ამტკიცებდა, რომ დერსიმში არავითარი აჯანყება არ ყოფილა - ხელისუფლება უნიტარული ინტერესებიდან გამომდინარე სასტიკად გაუსწორდა მოსახლეობას. პარტიის შიგნით დებატების გამო, ზოგიერთმა დეპუტატმა აიგუნს პარტიის დატოვებაც კი შესთავაზა. მიუხედავად ყველაფრისა, ქილიჩდაროღლუს პარტია ალავიტების მხარდაჭერით სარგებლობს. თუმცა, ალავიტების ასოციაცია ითხოვს, პარტიამ გულწრფელად განიხილოს მათი იდენტობის საკითხი.

ანკარაში რესპუბლიკური სახალხო პარტიის თავმჯდომარის მოადგილის, გიურსელ თექინის თქმით, „პრემიერ-მინისტრმა თავისი განცხადებით დინამიტი ჩადო ჩვენი ნაციის ერთობის საფუძველში“. დერსიმის ასოციაციის თავმჯდომარის, იუჯელის აზრით კი, „ეს პროგრესი გამოწვეული იყო მრავალი წლის მანძილზე ჩვენი მოთხოვნებით“.

შიდა დაპირისპირების გამო, რესპუბლიკურ სახალხო პარტიას თანასწორობის პარტიასთან შერკინება გაუჭირდება.

16 საგადასახადო მონიტორინგის ახალი სისტემა

▲ზევით დაბრუნება


ბიზნესი

ელენე კვანჭილაშვილი, მაკა გამცემლიძე

საგადასახადო კოდექსში ცვლილება შევიდა. საწარმოებს საგადასახადო მონიტორები შეამოწმებენ. ძველი სისტემისგან განსხვავებით, გადასახადის გადამხდელები დაჯარიმებას აცდებიან, თუ დარღვევას დროულად გამოასწორებენ.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის რუსუდან კემულარიას განმარტებით, საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილების მთავარი არსი ისაა, რომ ადმინისტრირება უფრო ლიბერალური და პრევენციაზე ორიენტირებული გახდეს. რაც თავისთავად ქვეყნის ლიბერალური ეკონომიკური კურსის გაგრძელებაა.

კოდექსის ახალი 257-ე პრიმა მუხლის მიხედვით, მონიტორინგის მიზანია გადასახადის გადამხდელის საქმიანობის შესახებ მონაცემების მოპოვება და დაბეგვრის ობიექტის, ან მასთან დაკავშირებული ინფორმაციის დაფარვის შესაძლო რისკების გამოვლენა. ამ მუხლის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება ექნება საწარმოს მიერ განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობის ადგილზე შესასწავლად ერთი, ან რამდენიმე საგადასახადოს თანამშრომელი (მონიტორი) მიამაგროს. 257-ე პრიმა მუხლით მონიტორინგის მაქსიმალური ხანგრძლივობა 6 თვით არის განსაზღვრული, თუმცა საჭიროების შემთხვევაში ამ ვადის გაგრძელება შემოსავლების სამსახურის უფროსთან შეთანხმებითაა შესაძლებელი.

კემულარიას განმარტებით, მონიტორები, შესაძლოა, იყვნენ როგორც შემოსავლების სამსახურის საგადასახადო უბნის ინსპექტორები, ისე მოკლევადიანი კონტრაქტით დაქირავებული თანამშრომლები. მონიტორინგის ინსტიტუტი შესამოწმებელ საწარმოებს შემოსავლების სამსახურის რისკების ელექტრონული სისტემის მიხედვით შეარჩევს. ამ ბაზაში უკვე არსებობს ინფორმაცია გადამხდელის მიერ დარღვევებთან დაკავშირებით. რისკიანად შეიძლება ჩაითვალოს ის საწარმოც, რომელიც დიდი ხნის მანძილზე არ შემოწმებულა. ელექტრონული სისტემა დამოუკიდებლად არჩევს უფრო მეტად რისკიან საწარმოებს.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის რუსუდან კემულარიას განმარტებით, ასეთია, მაგალითად, აქციზური საქონელი. ამ შემთხვევაში მთავარი რისკი კონტრაბანდაა. თუ საწარმო გაუთვითცნობიერებლად არღვევს კანონს, მას მიეცემა დრო მის გამოსასწორებლად. საგადასახადო მონიტორებს მეწარმის პირდაპირ დაჯარიმების უფლება არ აქვთ. შეცდომის გამოსასწორებლად მას „გონივრული ვადა“ უნდა მისცენ.

ფინანსთა სამინისტროში ამბობენ, რომ პრევენციული მექანიზმის ამოქმედებით გადამხდელს ჯარიმის წნეხი შეუმსუბუქდება: საგადასახადო მონიტორინგი გარკვეულწილად აუდიტის ან კერძო კონსალტინგის ფუნქციას შეითავსებს. მეწარმეს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმა მხოლოდ განმეორებითი დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში დაეკისრება. დღემდე მოქმედი კანონმდებლობით, საწარმოში საგადასახადო შემოწმებისას აღმოჩენილი პირველივე დარღვევისას მეწარმე შესაბამისად ჯარიმდებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ საგადასახადო კოდექსში ცვლილება უკვე შევიდა, ბევრი პუნქტი ჯერ კიდევ ბუნდოვანია. მაგალითად, კონკრეტულად რამდენია „გონივრული ვადა“, ან რა იგულისხმება კანონის გაუთვითცნობიერებლად დარღვევაში, ან რის მიხედვით გადაწყდება, კომპანიას ერთი მონიტორი შეამოწმებს თუ რამდენიმე და კონკრეტულად რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს საგადასახადო შემოწმება. ამ ყველაფერს, როგორც ფინანსთა სამინისტროში განმარტავენ, უახლოეს მომავალში ფინანსთა მინისტრი სპეციალური დადგენილებით განსაზღვრავს.

17 გრიგოლ ფერაძე სარწმუნოების და მოქალაქეობის შესახებ

▲ზევით დაბრუნება


არქივი

0x01 graphic

გრიგოლ ფერაძის სახელი საბჭოთა საქართველოში დიდი ხნის განმავლობაში ტაბუდადებული იყო, მაგრამ დღეს თითქმის აღარ დარჩა გაზეთი, მის შესახებ რომ არ მოეთხრო მკითხველისათვის. აღმოსავლეთმცოდნეები გრიგოლ ფერაძეს კლასიკოსად მიიჩნევენ. ივანე ჯავახიშვილი და კორნელი კეკელიძე, ათეისტური რეჟიმის მხრიდან მკაცრი აკრძალვის მიუხედავად, მას მაინც იმოწმებდნენ ან ეკამათებოდნენ. ნიკო მარი თანამშრომლობას სთავაზობდა. . ვიტენბერგის უნივერსიტეტში მისი სახელობის კაბინეტი მოქმედებს. მის შესახებ ბიოგრაფიულსა და ბიბლიოგრაფიულ მასალას გვაწვდიან ავტორიტეტული სამეცნიერო და რელიგიური ცნობარები. გრიგოლ ფერაძის ფენომენზე საუბარი განსაკუთრებით აქტუალურია დღეს, რადგან, ერთი მხრივ, მართლმადიდებლობად ნაციონალურ იდეოლოგიას სახავენ და ახლო წარსულში ხელკეტებად ქცეული ჯვრებით უსწორდებოდნენ ღვთის მიერ ბოძებულ ნების თავისუფლებას, ხოლო მეორე მხრივ, ძლიერდება უნდობლობა მართლმადიდებელი ეკლესიის სულიერი და ინტელექტუალური პოტენციალის მიმართ.

ბექა მინდიაშვილი

…როდესაც ეკლესია ლოცულობს ან ლაპარაკობს სამშობლოზე, ის არ გულისხმობს, პირველ რიგში, ტაძრებს, საქართველოს მზეს, მთებს და ველებს, არამედ ადამიანს და მის კეთილდღეობას, რომელიც გრძნობს წინაპართა ანდერძს და ეკლესია უდგას გვერდით ამ ადამიანს და ეხმარება ანდერძის აღსრულებაში. ეს ანდერძია: ძიება ღვთისა და ძიება სასუფევლისა, ძიება ღვთის სიმართლისა ამ ქვეყანაზე - ბრძოლა უფლებისათვის, თავისუფლებისათვის და განვითარებისათვის. ამ ანდერძით ჩვენ არ ვართ შეზღუდულნი ჩვენი სამშობლოთი. მიზანი მოქალაქის ცხოვრებისა უნდა იყოს ღმერთი. თუ ადამიანის ან ერის ლოცვის პირველი სიტყვა სხვა რამეა და არა ღმერთი, გინდაც ეს სიტყვა იყოს ისეთი, როგორიცაა სამშობლო, პატრიოტიზმი, ბრძოლა და შრომა თავისუფლებისათვის და ეკონომიკური განვითარებისათვის, მაშინ ეს სიტყვა იქნება უკმარისი. ადამიანმა თავისი ცხოვრება უნდა ჩააყენოს დიდ კონცეფციებში, ე.ი. მოქმედება და ცხოვრება უნდა დაუმორჩილოს ისეთ დიდ რამეს, რომლის მადლსა და ძლიერებას არავითარი საზღვარი არა აქვს, რომლის ცა მთელს მსოფლიოს ფარავს, რომელიც ადამიანის ყოველ მიზანსა და მისწრაფებას, რაგინდ ლოკალური იყოს იგი და შემოზღუდული, უნივერსალურსა და წარუვალ მნიშვნელობას აძლევს…

…მოქალაქეობა არის ბრძოლა თავის წრესთან, თავის თავთან. მოქალაქეობა მოითხოვს შეგნებას, პატიოსნებას, ფიქრს, მხნეობას, ჭკუას; მოქალაქეობა მოითხოვს ნათლიან თვალით საგნების დანახვას, წინდახედულებას, აუჩქარებლობას, სიმდაბლეს, რომელიც არაა მონის მაჩვენებელი, არამედ განათლებულ ადამიანის, სხვის აზრის გაგონებას და ადამიანში ადამიანის ძებნას და დაფასებას... მოქალაქეობა არის მსხვერპლის გაღება. თვისი საკუთარი თავის დაწვა სხვისთვის გასანათლებლად…

…მძიმე გამოცდის ჟამს ეკლესია მხოლოდ საკუთარი რწმენის საკითხებით უნდა შემოიფარგლოს. ის უნდა იყოს მხოლოდ შუამავალი ხალხსა და ქრისტეს შორის. პატრიოტებს კარგად უნდა ესმოდეთ ეს საკითხი და არ უნდა მოითხოვდნენ იმას, რამაც შესაძლოა ეკლესიის რღვევას შეუწყოს ხელი…

…ერთხელაც იქნება და ის შესანიშნავი დროც დადგება, როცა ქრისტიანობას ერთი მწყემსი წარუძღვება და ჩვენი მაცხოვრის უზეშთაესი ლოცვა თვალნათლივ აცხადდება. ამისთვის ლოცულობს ეგზომ მხურვალედ აღმოსავლეთის ქრისტიანობა და, როგორც ცნობილია, იგი საუკუნეების მანძილზე ამ ერთიანობის მისაღწევად იბრძვის. დადგება დრო და გაერთიანდებიან სარწმუნოებანი. ეს იქნება დიდებული დღე ჩვენი უფლის მეორედ მოსვლის წინ. გაერთიანდება არამარტო რომაული და ბერძნული ეკლესიები, არამედ მათ შეუერთდება ევანგელიკურიც, რომელიც ასევე წარმოადგენს ჩვენი უფლის ტაძარს და რომლის არსებობას ეჭვქვეშ ვერ დავაყენებთ, რადგან ნამდვილად არსებობს და აქ თავის მიზნებსა და ამოცანებს ახორციელებს. როგორ გაერთიანდებიან ისინი, ეს ჩვენს ამოცანას არ წარმოადგენს, ეს სამეცნიერო კვლევის სფერო კი არ არის, არამედ ყოველი ქრისტიანის მოვალეობაა, ჩვენი უფლის რომელ მრევლსაც უნდა ეკუთვნოდეს იგი. ვინც ქრისტეს სასუფეველს სერიოზულად უყურებს, ის დაინახავს, რომ ქრისტიანობის აზრი მტრობაში, შურში, ეჭვსა და ავაზაკობაში როდია. იგი უფლის მრევლის ძმური სიყვარულით სულდგმულობს და ერთ მშვენიერ დღესაც ჩვენი მაცხოვრის ხეზე ეს სამი ტოტი ერთმანეთს გადაეჭდობა. ერთიანობა რაღაც წმინდაა და საოცარი. ის ჩვენი უფლის ლოცვაა მამისადმი და ბოლო წინასწარმეტყველებაც, რაც მაშინ ასრულდება, როცა უფალი ინებებს და საამისოდ შესაბამისი დრო დადგება. ჩვენ უნდა ვილოცოთ და ვიშრომოთ, რათა იგი მალე დადგეს. მხოლოდ სიყვარულს, დიდსულოვნებას, ძმური მოთმინებისა და ტაქტიანი ანგარიშის გაწევის გზას შეუძლია მიგვიყვანოს იქამდე. სიყვარულით ყველაფრის მიღწევა შეიძლება…

18 ჩვენი ჯგუფი

▲ზევით დაბრუნება


სპორტი

გიორგი მაჩაბელი

წელს, ლიტვაში, ევროპის ჩემპიონატზე ჯეკპოტი მოვხსენით. იქ მართლა კარგი იყო და საქართველოს ნაკრებმა რესპექტაბელური კალათბურთით ევრობასკეტის ძველი ბიჭების პატივისცემა მიიღო. მანუჩარ მარკოიშვილის, ვიქტორ სანიკიძის, ზაზა ფაჩულიას, დანარჩენების ნაკრები შემდეგ ევროფესტივალზეც უნდა იყოს. იქნება. გერმანიაში, ფრაიზინგში შემდეგი ევრობასკეტის წილისყრა იყო. საქართველომ D ჯგუფში ბოსნია, რუმინეთი, ლატვია და ჰოლანდია მიიღო. სასპარინგო ჯგუფია. მშვიდად, შფოთვის და ტრავმების გარეშე გასავლელი ჯგუფი.

ორი წლის შემდეგ, ევროპის ჩემპიონატი სლოვენიაში იქნება. იქ ამ ამბებისთვის უკვე მაგრად ემზადებიან და სლოვენიაშიც იგივე სიტუაცია იქნება, რაც ლიტვაში. ესპანეთი ფავორიტად, სლოვენია ესპანეთის პირველ ჩელენჯერად და თუ საფრანგეთის და რუსეთის კალათბურთის ფედერაციები პარკერ-კირილენკოს დაზღვევებს გაქაჩავენ, ეს ორიც სათქმელს იტყვის. საქართველო სლოვენიაში პირველი ადგილით უნდა ჩავიდეს. ჰოლანდია (სანაკრებო დონეზე) კალათბურთში პერიფერიაა. რუმინეთი ჰოლანდიის დონეა და პირადულში, ალბათ, მოგებებს გაცვლიან. ლატვია და ბოსნია უფრო საინტერესო თემაა. იქ კალათბურთი აქტუალურია და იქ კალათბურთს უფრო ინტელექტით თამაშობენ, ვიდრე სიმაღლით.

ფინალურ ეტაპზე შესარჩევის 6 ჯგუფიდან 12 მონაწილე შევა. სლოვენიის ვიზას აიღებენ ჯგუფებში პირველ-მეორე ადგილებზე გასულები და ოთხი საუკეთესო მესამე გუნდი. ჯგუფში თანაბარი ქულების შემთხვევაში, ჯერ გაირჩევა პირადულში აღებული ქულები, შემდეგ პირადულის +/- და მერე საერთო +/- იქნება გასათვალისწინებელი. შედარებით თანაბარ ჯგუფში ეს ნიუანსები რეალურად საინტერესო იქნება. ჩვენთვის უინტერესო უნდა იყოს. ოპტიმალური რუსტერით და კონდიციებით, საქართველოს ნაკრები ლატვიაზე და ბოსნიაზე უკეთესია.

ბოსნია ევროპის ჩემპიონატის ფინალურებზე თითქმის სულ ხვდება. ორჯერ (2007, 2009) ზედმეტი იყო. როცა ზედმეტი არ არის, თამაშობს, ბევრს აგებს, ცოტას იგებს და შემდეგი ციკლისთვის მზადებას იწყებს. ადრე, სულ პირველად (1993) რომ მოხვდა ბოლო ფაზაზე, სწრაფად მოვიდა აზრზე, ნორმალური კალათბურთი ითამაშა და მერვე ადგილზე გავიდა. მერვე ადგილზე ზემოთ ბოსნია ვეღარ ავა და ბოლო ევრობასკეტზე მეჩვიდმეტეა. ლიტვაში ბოსნიას ცოტა არ გაუმართლა.

იწყებს საბერძნეთით, იგებს პირველ ტაიმს და აგებს 67:76. მონტენეგროსთან ბოლო მეოთხედში აკრიფა და 94:86 დაშალა პეკოვიჩის და კუკის გუნდი. დადგა ფინეთთან და 64:92 მიიღო. ფინეთთან სხვა, ცუდი ბოსნია იყო. უგებს ხორვატიას 92:80 და ბოლო გარჩევაში, მაკედონიასთან უნდა მოიგოს. მაკედონიასთან ბოსნიას ბო მაკალებმა 22 ქულა აჩუქა და მურტალი მაკედონია შემდეგ ეტაპზე გადის.

0x01 graphic

იანის ბლუმსი

ტურნირზე და ტურნირამდეც, ბოსნია ერთი ნიჭიერი პერსონაჟის ნიჭზე და ხასიათზე იყო დამოკიდებული. მირზა ტელეტოვიჩი ესპანეთში მილიონებს იღებს და იქ სტაბილურად სტაბილურია. ნაკრებში საკუთარ თავზე ცდებს ატარებს და თუ აიჭრა, ნაკრებს პრობლემები აქვს. ტელეტოვიჩმა მონტენეგროსთან ბოლო მეოთხედში ოთხი სამიანი ჩასვა, დაცვაში ბრიუს ბოუენივით იდგა და პირადად მოიგო ის ტესტი. მაკედონიასთან 35 წუთში 8 ქულაზე მეტი ვერ აკრიფა და როცა ხუთეულში იდგა, ბოსნიამ ის დრო მინუს თექვსმეტით წააგო. ბოსნია ძირითადად, ეს ფორვადია. კახა ლაბორალში ტელეტოვიჩი პეტროვიჩი და გალისია. ნაკრებშიც თუ მშვიდად ითამაშებს, მოუმატებს, ტელეტოვიჩთან (ბოლო ევრობასკეტზე 13.8 ქულა, 5.8 მოხსნა, 1.4 პასი) ერთად, ბევრს აკეთებენ ამერიკელი ბოსნიელი, პირველი ნომერი ჰენრი დომერკანტი (13.2+3.4+1.8 პასი) და კიდევ ერთი ფორვარდი, ნიჰად დედოვიჩი (10.6+4.8+1.2).

0x01 graphic

მირზა ტელეტოვიჩი

ლატვია ლიტვაში ერთობოდა. საფრანგეთთან სამიანების ვუდსტოკი წავიდა და თავიდან, უფრო სმენადი რიფები ლატვიას ჰქონდა. იანის ბლუმსი თითქმის პარკერი იყო და ტონისთან ერთი-ერთში 32 ქულა წამოიღო. პარკერმა 31 და 7 პასი შეაფუთინა, სხვა ფრანგები სხვა ლატვიელებზე უკეთესები იყვნენ და ტონის ბანდამ 89:78 დასვა. ლატვია აგებს იტალიასთან (62:71) და ბოლო მეოთხედამდე ანდრეა ბარნიანის პიცერიაზე გემრიელია. ბოლო მეოთხედში ლატვია ცხრაქულიანია. იტალიასთან უკვე რიჰარდს კუკსიკსი კოლექციონერობს (19). სერბეთთან რამდენიმე ლატვია იყო. თავიდან ძალიან ცუდი (I მეოთხედი, 7:23), მერე ესპანეთზე ჩამგდები (II მეოთხედი, 26:15) და მეორე ტაიმში ლატვია ლატვიაა. სერბეთი 92:77 იგებს. ისრაელთან 88:91 მორჩა და გერმანიასთან სერიოზული ჩეხვა წავიდა.

კუკსიკსის ორი თავისუფალი სროლით ლატვიამ 79:75 წაიყვანა. ჰაიკო შაფარციკმა სამიანი გაუშვა და უკვე მინუს ერთია. კუკსიკსის ერთი ქულით ლატვიამ 80:78 დასვა და ბოლო წამებზე შაფარციკმა სამიანით დახურა ამბები. ლატვიამ დირკ ნოვიცკის 11 ქულაზე მეტი არ მისცა და წააგო. ლატვიამ კრის კამანზე ძვლები დაიმტვრია და მაინც წააგო. ლატვიამ ევრობასკეტის ყველაზე რთულ ჯგუფში ვერ მოიგო და მაინც საინტერესო, დასამახსოვრებელი იყო.

კუკსიკსი და ბლუმსი ტურნირს იდენტური სტატისტიკით ამთავრებენ - 16.0 ქულა და 27 ზუსტი ცოცხალი სროლა. კუკსიკსი უფრო მშვიდი ტიპია, 201 სანტიმეტრს კარგად იყენებს. არიზონა სთეითში ამერიკულ კალათბურთს სწავლობდა. პრინციპში, ისწავლა. მომენტებში ოდნავ მოუხეშოა და ფოლებს სწრაფად აგროვებს, მაგრამ ძირითადად, კარგი ბიჭია. ევროპის ჩემპიონატზე ფორვარდმა სამიანების 58.1%25 (31/18) გამოიყენა. ფენომენალურია.

ბლუმსი სერიოზული ტიპია. ითამაშა ვენტსპილსში, ლიეტუვოს რიტასში, ნაპოლიში და ბილბაოში. ზედმეტი არსად იყო და ნაკრებში ყველაფერს ასწრებს. ლიტვაში ასაღებს იღებდა, ხსნიდა (3.2), პასებს პაპალუკასივით (4.0) არიგებდა და ბლუმსის 188 სანტიმეტრში დიდი დოზით აგრესიაა. იანისი უფრო მეორე ნომერია და პირველზეც მშვიდად დგება. ბლუმსი ლიტვაში შეცდომებსაც აგროვებს (2.6), მაგრამ ლატვიას უკეთესი გამთამაშებელი რომ ჰყავდეს, ბლუმსი უფრო თავისუფალი და აკურატული იქნება.

ლიტვაში ლატვია ვარსკვლავის, ანდრის ბიედრინსის (213, გოლდენ სტეიტი) გარეშე იყო. ბიედრინსი ამერიკაში ზედმეტი არ არის და სტაბილურად აგროვებს მოხსნებს და მილიონებს. კარიერაში 7.7 ქულა და 8.0 მოხსნა აქვს. საუკეთესო სეზონი 2008/09 - 11.9 ქულა, 11.2 მოხსნა, 2.0 პასი, 1.5 დაფარება, 1.0 ჩაჭრა. ჩვენთან შეიძლება არ იყოს. ან იყოს. თუ იქნება, უკეთესი ტესტები წავა.

გამსვლელ და საინტერესო ჯგუფში ვართ. და სლოვენიაში პირველი ადგილით უნდა გავიდეთ.

საქართველოს ნაკრების ყველა მატჩი: 18.08.2012 - რუმინეთთან, 21.08 - ბოსნიაში, 24.08 - ლატვიასთან, 27.08 - ჰოლანდიაში, 02.09 - რუმინეთში, 05.09 - ბოსნიასთან, 08.09 - ლატვიაში, 11.09 - ჰოლანდიასთან.

19 ლონდონი 2012: ჯერ მხოლოდ 10 ლიცენზია

▲ზევით დაბრუნება


ოლიმპიადა|სპორტი

ლაშა გოდუაძე

27 ივლისიდან 12 აგვისტოს ჩათვლით ლონდონი მსოფლიოს დედაქალაქი გახდება: ინგლისის მთავარი ქალაქი XXX ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს. ლონდონი გახდება პირველი, რომელიც უმთავრეს სპორტულ ფორუმს მესამედ მიიღებს - 1908 და 1948 წლების შემდეგ.

XXX ოლიმპიადაზე მედლები სპორტის 26 სახეობის 38 დისციპლინაში გათამაშდება. ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა 144-მა ქვეყანამ გაინაღდა - მათ შორისაა საქართველოც.

ჩვენი ოლიმპიური გუნდი ჯერჯერობით 10 ლიცენზიას ფლობს.

ტყვიის მსროლელი ნინო სალუქვაძე თავის მეშვიდე ოლიმპიადაზე იასპარეზებს - ეს ერთგვარი რეკორდია. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით, ოლიმპიური ოქროს (სეული, 1988), ვერცხლის (სეული, 1988) და ბრინჯაოს (პეკინი, 2008) მედლების მფლობელი ნინო სალუქვაძე ჩვენი გუნდის მედროშე იქნება.

ლონდონში ასპარეზობის უფლება მოიპოვა მშვილდოსანმა ქრისტინე ესებუამ. ივლისში, ტურინში გამართულ მსოფლიოს 46-ე ჩემპიონატზე მან ინდივიდუალურ პირველობაში ვერცხლის მედალი მოიგო.

ამას გარდა, საქართველოს ოლიმპიური გუნდი 3 ლიცენზიას ფლობს ძალოსნობაში. თავისუფალ ჭიდაობაში, ჯერჯერობით, მხოლოდ 4 ლიცენზიაა - 60, 74, 84 და 120 კგ წონით კატეგორიებში, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში კი მხოლოდ ერთი - 66 კგ.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობა ეროვნულ ფედერაციებთან საქმიან შეხვედრებს განაგრძობს. რამდენიმე დღის წინ სეოკ-ის პრეზიდენტმა გია ნაცვლიშვილმა და ვიცე-პრეზიდენტმა დავით გობეჯიშვილმა მშვილდოსნობის, ბატუტზე ხტომის, ფრენბურთის, ჭიდაობის, წყლის სახეობათა, ფარიკაობის, მძლეოსნობის, ტაეკვონდოს, ნიჩბოსნობისა და ველოსპორტის ფედერაციათა მესვეურებს უმასპინძლეს.

მშვილდოსნობაში გაისად ერთადერთი სალიცენზიო ტურნირია დაგეგმილი: ივნისში, ამერიკაში ჩვენი ქალთა ნაკრები ოლიმპიადის 3 დარჩენილი ლიცენზიიდან ერთ-ერთის მოპოვებას ეცდება.

0x01 graphic

ბატუტზე ხტომაში საქართველოს ნაკრების ლიდერი ლუბა გოლოვინა იანვარში, ლონდონში ეცდება ლიცენზიის აღებას. ახლახან, ბირმინგემში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე დაშვებული დასანანი შეცდომა რომ არა, მას უკვე განაღდებული ექნებოდა ოლიმპიადაზე ასპარეზობა.

პლაჟის ფრენბურთში საქართველოს ღირსებას კვლავ ნატურალიზებული ბრაზილიელები იცავენ: გეორ-გია და საქა-რთველო. ისინი ლონდონის საგზურის მოპოვებას გაისად, 7 სალიცენზიო ტურნირზე შეეცდებიან.

წყალში მხტომელთათვის უკანასკნელი სალიცენზიო ტურნირი თებერვალში გაიმართება. ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელთა თქმით, ოლიმპიადის საგზურის მოპოვების კარგი შანსი აქვს ჭოლა ჭანტურიას.

ფარიკაობაში, ეროვნული ფედერაციის მესვეურთა განცხადებით, სულ მცირე, ერთი საგზური იგეგმება - ოლიმპიურ თამაშებში ასპარეზობის მთავარ კანდიდატად კახა მაღრაძე ითვლება.

რაც შეეხება თავისუფალ და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობას, აპრილიდან სალიცენზიო ტურნირების სერია იწყება - ლონდონის საგზურები ბულგარეთის, ჩინეთის და ფინეთის ტურნირებზე განაწილდება. ორივე სახეობაში საქართველოს ანგარიშზე ახლა მხოლოდ 5 ლიცენზიაა, თუმცა ფედერაციის ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ ლონდონში ჩვენი ორივე გუნდი სრული შემადგენლობით - 12 მოჭიდავით იასპარეზებს.

ნიჩბოსანი ზაზა ნადირაძე უკრაინაში ემზადება და ფედერაციის თავკაცთა თქმით, საგზურსაც უნდა შეწვდეს - მაისში, პოლონეთის ქალაქ პოზნანში ელის მთავარი ტურნირი.

ოლიმპიადაზე ასპარეზობის კარგი შანსი აქვს ველომრბოლელ გიორგი ნადირაძეს. უკვე გადაწყვეტილია, რომ ის იტალიის ქალაქ ვერონაში მოემზადება, რაც მის შანსებს საგრძნობლად გაზრდის.

მძლეოსნობაში ლონდონში გამგზავრების სამი მთავარი კანდიდატია: ბირთვის მკვრელი მარიამ ქევხიშვილი, რომელიც ამერიკაში ცხოვრობს და ვარჯიშობს, სპრინტერი დავით ილარიანი და სამმხტომელი ლაშა ღულელაური. მძლეოსნებს ოლიმპიადამდე სტამბოლის ჭერქვეშა მსოფლიო ჩემპიონატი და ჰელსინკის ევროპირველობა ელით.

გია ნაცვლიშვილის განცხადებით, სპორტსმენთა ასპარეზობას სალიცენზიო ტურნირებში სეოკ-ი დააფინანსებს.

20 ფეხბურთის დოქტორი

▲ზევით დაბრუნება


ფეხბურთი|სპორტი

ლაშა გოდუაძე

0x01 graphic

ფეხბურთი სპორტი
ფოტო: REUTERS ©

პარასკევს, 2 დეკემბერს, სოკრატესი სან პაულუს ალბერტ აინშტაინის სახელობის ჰოსპიტალში დააწვინეს. მეუღლემ ჟურნალისტებს აცნობა, რომ ის საჭმლით მოიწამლა.

შაბათს, 3 დეკემბერს, საავადმყოფოს ადმინისტრაციამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა და პაციენტის მდგომარეობა უმძიმესად შეაფასა. მალე ხელოვნურ სუნთქვაზე გადაიყვანეს.

სოკრატესი კვირას, 4 დეკემბერს, გამთენიისას გარდაიცვალა.

რამდენიმე საათში სან პაულუს კორინთიანსმა, სადაც მან კარიერის საუკეთესო წლები გაატარა, პალმეირასთან 0:0 ითამაშა და ექვსწლიანი შესვენების შემდეგ ქვეყნის ჩემპიონის ტიტული დაიბრუნა. თამაში წუთიერი დუმილით დაიწყო და არც გამარჯვება აღნიშნულა განსაკუთრებით.

„ყველა კორინთიანსელისთვის მძიმე დღეა - ჩვენ სიმბოლო დავკარგეთ. ჩემპიონის ტიტული ყველაზე უმნიშვნელო რამაა, რაც მისთვის გავაკეთეთ“, - თქვა ლიედსონმა, კლუბის საუკეთესო თავდამსხმელმა.

ლეგენდის ხსოვნას ბრაზილიის პრეზიდენტმა დილმა რუსეფმაც მიაგო პატივი: „ის თანაბრად წარმატებული იყო მინდორზე და სტადიონს მიღმა. ვერ ვიხსენებ ფეხბურთელს, ვინც ასე მჭიდროდ იყო დაკავშირებული სამშობლოსთან და ხალხთან“.

„გამორჩეული ადამიანი იყო. მასზე, როგორც მოთამაშეზე, ხანგრძლივად საუბარი არაა საჭირო - დიდებული გახლდათ.

სოკრატესი ერთ-ერთი საუკეთესოა, ვის გვერდითაც კი ოდესმე მითამაშია“, - მსოფლიოს 1982 წლის ჩემპიონატზე ზიკო სელესაოს ერთ-ერთი ლიდერი იყო, სოკრატესი - გუნდის კაპიტანი.

„სამწუხაროა, როცა ასეთ გამორჩეულ და თანამედროვე პიროვნებაზე წარსულში საუბრობ. ის ჩემი ცხოვრების ნაწილია და გული მწყდება, რომ ახლა მხოლოდ მოგონებები დამრჩა“, - პაოლო როსიმ 1982 წლის უდიდეს საფეხბურთო ტურნირზე სოკრატესის ბრაზილიას ჰეთ-თრიქი შეუსრულა. იმ დიდებულ მატჩში იტალიელის პირველ გოლს სწორედ ბრაზილიელთა გუნდისთავმა უპასუხა ზიკოსთან გათამაშებული ლამაზი კომბინაციით და ტყვიასავით გამჭოლი დარტყმით.

სოკრატეს ბრაზილეირო სამპაიო დე სოუზა ვიეირა დე ოლივეირა 57 წლის იყო.

მას მეუღლე და ექვსი შვილი დარჩა.

...უნგრეთის 1954 და ჰოლანდიის 1974 წლების ნაკრებებთან ერთად, ბრაზილია 1982-ს იმ უძლიერეს უიღბლოთა შორის ასახელებენ, რომლებმაც ფიფას ოქროს თასის მოგება ვერ შეძლეს.

სოკრატესმა ორჯერ ითამაშა მსოფლიო ჩემპიონატზე: 1982 წელს მისი სელესაო მეორე ჯგუფურ ეტაპზე შეაჩერა იტალიამ, 1986 წელს კი ბრაზილიას მეოთხედფინალში საფრანგეთი გადაეღობა: ევროპის ჩემპიონებთან მატჩისშემდგომ პენალტების სერიაში სოკრატესს ფრანგთა მეკარე ჟოელ ბატსმა აჯობა.

„პირველივე სანაკრებო შეკრებაზე მიიქცია ყურადღება. ნოვატორი იყო, აზრის გამოთქმას არ ერიდებოდა და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უამრავი ფეხბურთელისგან განსხვავებით, თანაგუნდელებს კი არ ეკამათებოდა, პირიქით, პრობლემის არსს თანმიმდევრულად, დაწვრილებით უხსნიდა. მას გუნდის ასანთებად ყვირილი და მკერდზე მუშტის ცემა არ სჭირდებოდა - ერთ-ორ სიტყვას იტყოდა და ნაკრებიც მზად მყავდა. ასეთი მოთამაშისთვის კაპიტნის სამკლავური ზედგამოჭრილი იყო“ - ტელე სანტანა. მიუხედავად იმისა, რომ სოკრატესმა სელესაოში პირველად 1979 წელს, მუნდიალამდე სამი წლით ადრე ითამაშა, ესპანეთში ის ტელე სანტანას დიდებული გუნდის კაპიტნად მოგვევლინა.

გამორჩეული რომ იყო, ამას ყველა ხვდებოდა: სანამ მედიცინის დოქტორის ხარისხი არ მოიპოვა, უნივერსიტეტში სწავლა არ დაასრულა. ეგეც არ იყოს, მისი თაობის ფეხბურთელები კერპებად გარინჩას და პელეს ასახელებდნენ, ის კი ამბობდა, რომ ფიდელ კასტრო, ჩე გევარა და ჯონ ლენონი არიან მისაბაძები. რატომ? „კასტრო, ჩე და ლენონი ყველაზე თავისუფალი ხალხია, ცხოვრების აზრი კი სწორედ ამაშია“, - ამბობდა ფეხბურთისთვის უჩვეულოდ მაღალი, ლამის ორმეტრიანი - 193სმ - სოკრატესი.

ჯერ კიდევ კარიერის დასაწყისში, ბოტაფოგოში თამაშისას თქვა, რომ ფულის გამო ევროპაში არასდროს ითამაშებდა, მაგრამ ერთი სეზონი მაინც გაატარა ბებერ კონტინენტზე: 1984-85 წლებში იტალიის სერია ა-ში, ფიორენტინაში ითამაშა, თუმცა, როგორც თავად ამბობდა, წინასწარ დაგეგმილ ცხოვრებას ვერ გაუძლო და სამშობლოში დაბრუნდა - ვერ შეეგუა, შესვენებისას სიგარის მოწევა რომ დაუშალეს და არც ლუდის აკრძალვა მოიწონა. ფიორენტინამდე კორინთიანსი იყო: კლუბი, სადაც სოკრატესმა 297 მატჩში 172 გოლი გაიტანა.

მის მიერვე იქვე დაწყებული მოძრაობა, რომელიც დღეს კორინთიანსის დემოკრატიითაა ცნობილი, ყველაზე საინტერესო საფეხბურთო ისტორიებს განეკუთვნება. ერთ მშვენიერ დღეს სოკრატესმა მთელი გუნდი შეკრიბა და კორინთიანსში მართვის იდეალური სისტემა დაამკვიდრა: მოთამაშეები პრობლემებს ადმინისტრაციასთან ერთად, მარტივად, ხელის აწევით წყვეტდნენ და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დამლაგებლის, ფეხბურთელის და პრეზიდენტის სიტყვას ერთი წონა ჰქონდა. პირველი, რაც ამ ხერხით სოკრატესმა დაძლია, „კონსენტრაშაუ“ იყო - იმ წლებში მიღებული წესი, რომელიც მატჩამდე ორი დღით ადრე მთელი გუნდის სასტუმროში გამოკეტვას გულისხმობდა.

სოკრატესის ინიციატივა მალე გაცდა საფეხბურთო სამყაროს ფარგლებს და ძალიან დიდი როლი ითამაშა ბრაზილიაში ათწლეულების განმავლობაში გამეფებული დიქტატორული რეჟიმის დემოკრატიულად დამარცხებაში: 1982 წლის ნოემბერში, მიუხედავად ბრაზილიის საფეხბურთო კონფედერაციის გაფრთხილებისა, ჩემპიონატის მატჩებისას ფეხბურთელები მაისურებზე წარწერებით მოუწოდებდნენ გულშემატკივრებს მოახლოებულ არჩევნებში აქტიურობისკენ. წლის მიწურულს, როცა კორინთიანსმა სან პაულუს შტატის ჩემპიონატი მოიგო, მოთამაშეებს შავ მაისურზე უკვე სიტყვა „დემოკრატია“ ეწერათ...

2002 წელს სოკრატესი ლიბიაში პოლკოვნიკ მუამარ კადაფის ესტუმრა. რამდენიმე დღეში ლიბიის ლიდერმა განაცხადა, რომ თუ დოქტორი სოკრატესი ბრაზილიის პრეზიდენტი გახდება, ამით ქვეყანა მხოლოდ მოიგებს.

0x01 graphic

2004 წელს, მწერლობას შეჭიდებული ჭაღარაშეპარული 50 წლის ლეგენდა ფეხბურთს დაუბრუნდა - ინგლისის ჩრდილო-აღმოსავლეთ ლიგის კლუბ გარფორტ თაუნთან ერთთვიანი კონტრაქტი გააფორმა, 20 ნოემბერს ტედქასთერ ალბიონთან 12 წუთიც ითამაშა, თუმცა მოედანზე მეტი აღარ გასულა.

გარდაცვალებამდე სოკრატესი მშობლიურ რიბეირაო პრეტოში მის მიერვე დაარსებულ კლინიკაში მუშაობდა, პარალელურად კი რამდენიმე ჟურნალ-გაზეთში საავტორო სვეტებს აქვეყნებდა.

სოკრატესის ინტერვიუებიდან

...როცა ბრაზილიელად იბადები, არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი წლით მიდიხარ სხვაგან. ბრაზილია მუდმივად ცხოვრობს შენში. ბრაზილია - ეს ცხოვრების წესია!

...დღეს რომ პოპულარული ვარ, ეს მილიონობით გულშემატკივრის დამსახურებაა. ამიტომ, თუ ჩემს ხალხს რაიმეს თქმა უჭირს, მათ ნაცვლად ვისაუბრებ.

...ფეხბურთში მოგება სულაც არ არის მთავარი, ყველაზე მნიშვნელოვანი შემოქმედებაა! როგორ ფიქრობთ, ვინსენტ ვან გოგისთვის ან ედგარ დეგასთვის რომ ეთქვათ, თავიანთი ხელოვნებით რამდენს მიაღწევდნენ, შეძლებდნენ კი ჩვეულად ხატვას? საქმეს არტისტულად უნდა მიუდგე - მხოლოდ გამარჯვებაზე არ უნდა იფიქრო.

...დღეს ბავშვებს შთააგონებენ, რომ ფეხბურთით გამდიდრდებიან და პოპულარულნი გახდებიან, მაგრამ მთავარს, რატომღაც, გვერდს უვლიან: ფეხბურთი საუკეთესო საშუალებაა ცხოვრების არსის გასაგებად.

...როცა ჩემს ერთ-ერთ ვაჟს ფიდელი დავარქვი, დედაჩემმა შემომჩივლა, ბავშვს მძიმე ტვირთი აჰკიდეო. გამეცინა და ვუთხარი, დედა, გახსოვს შენ და მამამ რა დამარქვით?! მამაჩემს ფანატიკურად უყვარდა ძველბერძნული კულტურა და მე და ორ ძმას ბერძენი ფილოსოფოსების სახელები დაგვანათლა.

21 ქართულად მისტერ დარსიზე

▲ზევით დაბრუნება


კულტურა

ნინა ახლოური

0x01 graphic

„ჩემთვის ედგარ ალან პოს პროზა, ისევე როგორც ჯეინ ოსტინის, ისაა, რაც არ იკითხება. არა, აქ არის განსხვავება. პოს პროზას რაღაც თანხის გულისთვის წავიკითხავდი, ოსტინისას კი არა. ჯეინის კითხვა აბსოლუტურად შეუძლებელია. სამწუხაროა, რომ მას მისცეს საშუალება ბუნებრივი სიკვდილით მომკვდარიყო“, - მისთვის ჩვეული იუმორით ჰყვებოდა მარკ ტვენი ამ ინგლისელ მწერალ ქალზე. ტვენის ამ შეხედულებას, საერთოდ, ნაკლებად იზიარებენ ხოლმე. უფრო სწორად, ლიტერატურის მოყვარულთა აზრი ძირითადად ორად იყოფა - ჯეინ ოსტინი ან ძალიან უყვართ, ან ვერ იტანენ. როგორც წესი, მისი რომანები ინტელექტუალების განხილვის საგანს ნაკლებად წარმოადგენს, თუმცა, ამის მიუხედავად, „სიამაყე და ცრურწმენა“ სხვადასხვა ტოპ-სიებში ყოველთვის ხვდება. ის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე რომანტიკულ რომანად მიიჩნევა, ამასთან, BBC-ის მიერ 2003 წელს ჩატარებულ გამოკითხვაში, რომელსაც ყველა დროის 100 საუკეთესო წიგნი SMS შეტყობინებების მეშვეობით უნდა გამოევლინა, რომანი მეორე ადგილზე მოხვდა.

ეს წიგნი მსოფლიოს ერთ-ერთი ცნობილი ბესტსელერიცაა, რის გამოც არეტემ აუცილებელი საკითხავის სერიით სულ ახლახან გამოსცა. გამომცემლობის ძირითადი მიმართულება პოპულარული მაღალმხატვრული წიგნების გამოცემაა. ერთხელ გია დარსალიამ განაცხადა, რომ მათ არ აქვთ წამგებიანი ლიტერატურის დაბეჭდვის ფუფუნება. „სიამაყე და მცდარი აზრი“ (გამომცემლობაში საბოლოოდ სათაურის ამ ვარიანტზე შეჩერდნენ) ანა მაყაშვილმა თარგმნა, რომლისთვისაც ეს პირველი მხატვრული თარგმანია. როგორც ამბობს, თავიდან თვითონაც სკეპტიკურად იყო განწყობილი, მაგრამ რამდენიმე გვერდის წაკითხვის მერე, რომანის გმირებივით, ყოველგვარი მცდარი აზრი და სკეპტიკური სიამაყე გაუქრა.

„მივხდი, რომ ეს ძალიან კარგი წიგნია, - ამბობს მაყაშვილი, - მართალია, მთლად მადონას საბავშვო ტექსტივით იოლად არ მირაკრაკებდა, მაგრამ რთული სათარგმნი ნამდვილად არ აღმოჩნდა. პირიქით, თარგმნა ისეთივე სასიამოვნო იყო, როგორც ალბათ ამ რომანის კითხვა. თან, განსაკუთრებით მას მერე, როცა BBC-ის ორსერიანი, ძალიან კარგი და პოპულარული ეკრანიზაცია ვნახე: სულ ყურში ჩამესმოდა გმირების ბრიტანული აქცენტი და დიალოგები და თვალწინ მედგა მთავარი პერსონაჟი - გოგონების დედა, კოლინ ფერტის განსახიერებული მისტერ დარსი და მთელი იმდროინდელი ინგლისი“.

მთარგმნელის აზრით, წიგნის წაკითხვა მხოლოდ დასავლეთში მისი პოპულარულობის გამო არ ღირს. პირველ რიგში, „სიამაყე და მცდარი აზრი“ დღესაც ისეთივე თანამედროვეა, როგორიც ორასი წლის წინ იყო. „ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო წიგნი, რომელიც ყველაზე გაცვეთილ თემებს დიდი ინტერესით გაკითხებს. ესაა რომანი სექსზე, ფულზე და ძალაუფლებაზე, დაწერილი ისეთი დახვეწილი ინგლისური იუმორით, რომ ხშირად, სიამოვნების გასახანგრძლივებლად, ფრაზას მეორედ უბრუნდები“.

„ამას წინათ ჩვენთან ერთი 14 წლის ინგლისელი გოგონა იყო სტუმრად. რომ გაიგო, ეს რომანი მქონდა ნათარგმნი, ძლივს დაიჯერა - რამხელა საქმე გაგიკეთებია, ჩემი საყვარელი წიგნი შენს ენაზე გითარგმნიაო. ქართველი მკითხველისგან განსხვავებით, ბრიტანელებისთვის ეს მართლა დიდი საქმეა. აი, უკეთ რომ წარმოიდგინოთ: ვერ ვიტყვი, რაც ჩვენთვისაა რუსთაველი, მათთვის ჯეინ ოსტინი იგივეა-მეთქი (იმიტომ, რომ იგივე ამ თვალსაზრისით უილიამ შექსპირია), მაგრამ თავის სამშობლოში ჩვენს თამარ მეფეს პოპულარობით არ ჩამოუვარდება“, - ამბობს მაყაშვილი. მისტერ დარსი ჩვენშიც ბევრისთვის ნაცნობი და საყვარელი პერსონაჟია, თუმცა არა ოსტინის, არამედ ჯო რაიტის, ინგლისელი რეჟისორის დამსახურებით. მან ამ ცნობილი რომანის ეკრანიზაცია გადაიღო და მთავარ როლში კირა ნაიტლი ათამაშა. ეს ბუნებრივია, რადგან ქართულ ენაზე ოსტინის რომანის თარგმნის პირველი მცდელობაა. ქართველ მკითხველს საშუალება ეძლევა, ჯეინ ოსტინი პირადად გაიცნოს და ამ ეკრანიზაციის ღირებულებაც სხვა თვალით შეაფასოს.

22 ვენეციის და ბერლინის ტრიუმფატორები ლეო კარაქსთან ერთად

▲ზევით დაბრუნება


კინო|კულტურა

ნიკა ესებუა

6 დეკემბერს თბილისის მე-12 საერთაშორისო კინოფესტივალი გაიხსნა. ფესტივალს წელს საკონკურსო პროგრამა არ ჰქონდა. ორგანიზატორებმა ეს მცირე ბიუჯეტით ახსნეს. კინოფესტივალმა სახე იცვალა, თუმცა მაინც მოახერხა, მაყურებელი არაერთი საინტერესო ჩვენებით მოეხიბლა.

ყველაფერი ალექსანდრ სოკუროვის „ფაუსტით“ დაიწყო. ეს არაა გოეთეს „ფაუსტის“ ზუსტი ეკრანიზაცია, უფრო რუსი რეჟისორის ფიქრებია, რომელიც ნაწარმოების წაკითხვის შემდეგ გაუჩნდა. ფაუსტი - ცინიკოსი, პირქუში პიროვნება - ადამიანის სულის ძიებაშია. ის მეფისტოფელს გაიცნობს. ამ უკანასკნელს აბსოლუტური სიკეთის არ სწამს და მიაჩნია, რომ მხოლოდ აბსოლუტური ბოროტება არსებობს. რეჟისორი ორი საათი და ოცი წუთი ამ ორი არსების ისტორიას გიამბობთ. სოკუროვი ძალიან ნელა ჰყვება და ეს ხშირად დამღლელია. ძნელი სათქმელია, სჯობდა თუ არა ეს ფილმი რომან პოლანსკის, დევიდ კრონენბერგის, სტივ მაქუინის ან ტომას ალფრედსონის ნამუშევრებს, მაგრამ ფაქტია - წელს ვენეციის კინოფესტივალის მთავარი ჯილდო სწორედ „ფაუსტს“ ერგო. ამირანში, ოქროს ლომის მფლობელი ფილმი ბერლინის ოქროს დათვის ლაურეატმა ნამუშევარმა, „ნადერი და სიმინი. გაყრა“, ჩაანაცვლა. ასღარ ფარჰადიმ არატრადიციული ირანული სურათი გადაიღო. ნადერისა და სიმინის ისტორია, თანამედროვე ირანული ფილმებისგან განსხვავებით, გაექცა კლიშეებად ქცეულ თემებს. ის პირდაპირ არც ქალის ჩაგვრას ეხებოდა და არც ირანის დღევანდელ რეჟიმს, როდესაც სარწმუნოება თავისუფლებას კრძალავს. ფილმი უბრალო წყვილის ისტორიაა - სიმინს ირანიდან წასვლა სურს, შვილის უკეთეს ადგილას აღზრდის მიზნით. ნადერს არ უნდა ალცჰაიმერით დაავადებული მამა მარტო დატოვოს და ამიტომ დარჩენას ამჯობინებს. ნადერის ცხოვრებაში ფეხმძიმე დამლაგებელი ქალი და მისი მეუღლე გამოჩნდება და გაყრით დაწყებული პრობლემები ნელ-ნელა უფრო და უფრო ღრმავდება. ბრწყინვალე დრამატურგიის და მსახიობების ძალიან კარგი თამაშის წყალობით, ეს ორსაათიანი ფილმი წამითაც არ მოგბეზრდებათ. ფარჰადი მაყურებელს მორალს არ უკითხავს, არც დადებით და უარყოფით პერსონაჟებად ჰყოფს ოთხ მთავარ მოქმედ პირს, ფილმის ფინალს კი მთლიანად მაყურებელს ანდობს. აქ არავინაა მართალი და მტყუანი. უბრალო ადამიანების - მათი შეცდომების, პრობლემების ისტორიაა, სადაც რელიგიის თემატიკა, ურთიერთობის სირთულეები და თინეიჯერის პრობლემები საჭირო დოზითაა ნაჩვენები. ასღარ ფარჰადის ფილმმა ბერლინში 5 მთავარი ჯილდო მოიგო და სრულიად დამსახურებულად, საუკეთესო უცხოენოვანი ფილმების კატეგორიაში, ოსკარის მოპოვების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია. ერთადერთი მნიშვნელოვანი ჯილდო (გრანპრი), რომელიც „გაყრას“ არ ერგო, ბელა ტარის ნამუშევარს ხვდა წილად. „ტურინული ცხენი“ მესამე მნიშვნელოვანი ფილმი იყო წლევანდელ თბილისის კინოფესტივალზე. ისევე როგორც უნგრელი რეჟისორის სხვა სურათები, „ტურინული ცხენი“ მდორე, დაბალტემპიანი ფილმია, სადაც რეჟისორი დეტალებსა და ატმოსფეროს უდიდეს ყურადღებას აქცევს, მათ კი ბრწყინვალე მუსიკითა და ოპერატორული ნამუშევრით ქმნის. ამ ფილმს თავიდან ბოლომდე ცოტა ადამიანი უყურებს და აღფრთოვანებული კიდევ უფრო ცოტა დარჩება.

0x01 graphic

კადრი ფილმიდან „ფაუსტი“

სოკუროვის, ტარისა და ფარჰადის წლევანდელი ფილმების გარდა, მაყურებელს საშუალება ჰქონდა საკულტო ფრანგი რეჟისორი, ლეო კარაქსი ენახა. ეს ის ხელოვანია, რომელიც იშვიათად იღებს ფილმებს, თავის თავს რეჟისორს არ უწოდებს და მიაჩნია, რომ მისი ნამუშევრები კინო არ არის - თუმცა ძნელია მას ამაში დაეთანხმოთ. რეჟისორის ფილმები სიყვარულზე, ურთიერთობაზე და კიდევ ერთხელ სიყვარულზეა. კარაქსი თავის სათქმელს მუდამ დენი ლავანის პირით ამბობს, მსახიობით, რომელიც მისი იდეების, ნააზრევის მატარებელია. მომავალ წელს რეჟისორი ახალი პროექტით ბრუნდება. საინტერესოა, 13-წლიანი პაუზის შემდეგ, თუ რისი თქმა სურს კარაქსს.

კარაქსი, წლის სამი მნიშვნელოვანი ფილმი, არაერთი ქართული, შვედური, ბრიტანული და ამერიკული ნამუშევარი - ამ ყველაფრის ნახვა მაყურებელს წლევანდელ თბილისის კინოფესტივალზე შეეძლო, რომელიც დაბალი ბიუჯეტისა და საკონკურსო პროგრამის არქონის მიუხედავად, მაინც შედგა.

23 ქართული რეკლამის საერთაშორისო წარმატება

▲ზევით დაბრუნება


ნიკა ესებუა

0x01 graphic

28-30 ნოემბერს, ლისაბონში ევროპული სარეკლამო ფესტივალი - Eurobest-ი - ჩატარდა, სადაც ქართულმა სარეკლამო კომპანია WINDFOR'S-მა TBC ბანკის დეპოზიტისთვის გაკეთებული პროექტისთვის ოქროს ჯილდო მოიპოვა. ის ერთ-ერთ საუკეთესო PR პროექტად დასახელდა.

ამ წარმატებაზე, თანამედროვე ქართული და უცხოური რეკლამის ტენდენციებზე და სარეკლამო სამყაროს ცვლილებაზე ტაბულა WINDFOR'S-ის მთავარ დირექტორსა და ერთ-ერთ დამფუძნებელს, ვატო ქავთარაძეს ესაუბრა.

„Eurobest-ი უმაღლესი კატეგორიის ფესტივალების სიაში შედის. კანის ფესტივალი რეკლამის სამყაროში ყველაზე მაღალი რანგის ფესტივალია და აღსანიშნავია, რომ Eurobest-ის ფესტივალი კანის ლომის საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალის ორგანიზებით ხდება და საერთო დირექცია ჰყავს. ჩვენ დიდი ხანია ვცდილობთ სხვადასხვა ფესტივალებში მონაწილეობა მივიღოთ. ამ ნამუშევრით ერევნის ფესტივალი მოვიგეთ, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფესტივალია, ასევე ყოველწლიურად ტარდება ფესტივალები კიევში, სლოვენიაში - იქაც ორი ჯილდო მოვიპოვეთ. Eurobest-ზე წელს მონაწილეობა პირველად მივიღეთ და ძალიან მოულოდნელი იყო გამარჯვება. ასეთ ფორუმებზე, როგორც წესი, დიდი და წარმატებული ისტორიის მქონე ქვეყნების პროდუქციები აღწევენ წარმატებას. საქართველო წელს ერთადერთი პოსტსაბჭოთა ქვეყანა გახდა, რომელმაც ეს ჯილდო მოიგო“.

  • როგორ გაჩნდა ამ კონკრეტული პროექტის იდეა?

იდეა წარმოიშვა ხანგრძლივი ფიქრისა და შრომის შედეგად. თანამედროვე რეკლამის, კომუნიკაციის სფეროში, მთავარი ჩართულობაა. უნდა გამოიწვიო ის, რომ ადამიანი დაინტერესდეს შენი ბრენდის კონტენტით. ადრინდელი მეთოდი - სხვადასხვა მედიის „მესიჯებით დაბომბო“ პოტენციური მომხმარებელი, მოძველებულია. დღეს კომუნიკაცია ინტერაქტიულია და მნიშვნელოვანია ბრენდებმა შეცვალონ თავიანთი დამოკიდებულება მომხმარებლის მიმართ. აღარ შემოიფარგლონ ტრადიციული 30-წამიანი სატელევიზიო რეკლამით, ან უბრალო სლოგანის მოფიქრებით. იმდენად დიდია ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა, რომ ადამიანს უჩნდება სურვილი თვითონ იყოს ჩართული კომუნიკაციაში. შესაბამისად, XXI საუკუნეში ტრადიციულ რეკლამას ადამიანი უყურადღებოდ ტოვებს. დღეს ძალიან ძნელია უბრალო კლიპით ან მესიჯით დააჯერო პოტენციურ მყიდველს შენი პროდუქტის გამორჩეულობა. ამიტომ ამ კონკრეტული რეკლამის შემთხვევაში, რომელიც ეხებოდა ბანკში ფულის შენახვის კულტურის ამაღლებას, ჩვენ გადავწყვიტეთ უფრო აქტიურად და განსხვავებულად მივდგომოდით ამ პროექტს. უარი ვთქვით უბრალო სატელევიზიო რეკლამაზე. ამ იდეის მთავარი მიზანი იყო ადამიანები ჩაგვერთო დინამიკურ და საინტერესო პროცესში, რომელიც მიგახვედრებს, რომ უკეთესია ფული ბანკში შეიტანო, სადაც სარგებელსაც მიიღებ და უფრო უსაფრთხოდაც შეინახავ ქონებას. შემდეგ იდეას მივეცით თამაშის სახე, რადგან თამაში ყველაზე ჩამთრევი და დინამიკური ფორმაა ადამიანის დასაინტერესებლად. მონაწილეობა ნებისმიერს შეეძლო.

0x01 graphic

ვატო ქავთარაძე

სიმართლე ითქვას, ამხელა ჩართულობას ნამდვილად არ ველოდით. ამ კამპანიას ჰქონდა რამდენიმე ფაზა. პირველი ფაზა - Paid მედია, რომელშიც შენ ფული გადაიხადე და ჩვენ სატელევიზიო რეკლამა გავაკეთეთ, შემდეგ Owned მედია, ჩვენს კუთვნილ ინტერნეტგვერდებზე პროდუქტის პოპულარიზაცია და ბოლოს Earned მედია, სადაც ადამიანები ერთვებიან და ყველაფერი შენი ბრენდის გარშემო ვითარდება. ამ თამაშის კულმინაციურ მომენტში ძველი გაგებით პიარის ელემენტებიც ჩავრთეთ, რადგან თამაშის ფინალი სტადიონზე, საქართველოს ნაკრებისთვის ძალიან მნიშვნელოვან თამაშზე შედგა - იმ დროს, როცა საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ხორვატიას ხვდებოდა, ერთი წლის განმავლობაში თამაში არ ჰქონდა წაგებული და ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსს ინარჩუნებდა. ძალიან გაგვიმართლა, რომ თამაში საქართველომ მოიგო და ბრენდის სახელი კოლექტიურ მეხსიერებაში დადებითი კუთხით ჩაიწერა. ეს რეკლამა ყველა შესაძლო ფორმატში გვქონდა გაშლილი, დაწყებული გარე რეკლამებით, დამთავრებული მაისურებით და ავტობუსზე წარწერებით, პროექტი ყველა შესაძლო მედიით გაშუქდა. ევროპულმა ჟიურიმ გვითხრა, რომ ეს იდეა ძალიან თანამედროვე და ნამუშევარი - საინტერესო იყო. შესაბამისად, ევროპის წამყვანი სარეკლამო ინდუსტრიების ნამუშევრებს ამჯობინეს.

  • ქართულ სარეკლამო სივრცეში რა ტენდენციები შეინიშნება, ამ კუთხით რამდენად ახლოს ვართ ევროპასთან ან ამერიკასთან?

სამწუხაროდ, ქართულ მედიასივრცეში არანაირი დადებითი ტენდენციები არ შეინიშნება. თუ რამე შეინიშნება - რეგრესული, მაგრამ, რა თქმა უნდა, არსებობს გამონაკლისებიც. მთლიანობაში დარგი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ჩვენ ვიცით, რომ ვვითარდებით და მივყვებით დასახულ გეგმას, მაგრამ დამოკიდებულები ვართ გარესამყაროზე, კლიენტებზე. ეს არის ერთიანი სისტემა და მათ გარეშე განვითარება წარმოუდგენელია. Eurobest-ზე წარმატება არ არის მხოლოდ ჩვენი ინდივიდუალური მიღწევა. ჩვენი გამარჯვება განიხილება როგორც ქვეყნის მიღწევა, ყველა გვილოცავს როგორც ქვეყანას და არა როგორც კერძო კომპანიას. სარეკლამო რუკა ქვეყნის კულტურული და ეკონომიკური მდგომარეობის ძალიან ზუსტი ინდიკატორია. რეკლამა აღარ არის უბრალო სარეკლამო კლიპი, ეს არის მნიშვნელოვანი კვეთის წერტილი, სადაც კულტურა, ეკონომიკა და სოციალური გარემო ერთმანეთში იხლართება. დაფუძნების დღიდან ჩვენი მიზანი იყო რეკლამის რუკაზე საქართველოს ინდიკატორის „ანთება“. საქართველოში არ გვაქვს არანაირი სარეკლამო ასოციაცია, კლუბი, ფორუმი, არც ფესტივალი ტარდება - სადაც შესაძლებელი იქნება ამ სფეროს წარმომადგენლების შეკრება. პრობლემას ვაწყდებით დამკვეთ კომპანიებში. წარმომადგენლებმა ხანდახან ზუსტად არ იციან რა სახის, როგორი რეკლამა სურთ. ძალიან მნიშვნელოვანია თეორიული განათლება - ის ძალიან ცოტას აქვს, პრაქტიკა კი, რომელზეც მათ ისწავლეს, ხშირად მოძველებულია.

  • როგორ ვითარდება თანამედროვე მსოფლიო სარეკლამო სამყაროში?

ტექნოლოგიების სწრაფმა განვითარებამ, სოციალურმა ქსელებმა მთლიანად შეცვალა სარეკლამო სამყარო. ადამიანის ცხოვრების ტემპი ძალიან გაიზარდა. სულ უფრო ძნელი ხდება პოტენციური მომხმარებლის ყურადღების მიქცევა. დღეს მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რეკომენდაციაა. პროდუქტი, რომელსაც, დავუშვათ, სოციალურ ქსელში ბევრი რეკომენდაცია აქვს, გაცილებით უკეთესად იყიდება, ვიდრე პროდუქტი, რომელსაც ბრენდი რეკლამას უკეთებს და ამბობს, რომ ეს ყველაზე კარგი პროდუქტია. ნაწარმი მართლა კარგი უნდა იყოს, რომ რიგითი მომხმარებლის რეკომენდაცია დაიმსახუროს. შესაბამისად, ყველაფერი მიდის გაჯანსაღებისკენ, უკეთესობისკენ. კომპანიები ცდილობენ მართლა კარგი პროდუქტი შექმნან, რათა დროსა და უდიდეს კონკურენციას გაუძლონ. მომხმარებელს უნდა უნდებოდეს, პროდუქტი მეგობარს, ნაცნობს გაუზიაროს. თანამედროვე რეკლამა ეყრდნობა დაკვეთასა და გაზიარებას, რომლის გარეშეც დღეს არაფერი გამოვა.

24 ფეშენი არ არის სიყვარული, ის ბიზნესია

▲ზევით დაბრუნება


კულტურა

დავით ჩიხლაძე

ინტერვიუ უტა ბერაიასთან

0x01 graphic

თბილისის ფეშენვიკს სტუმრობდა უტა ბექაია, დიზაინერი, რომელიც უკვე დიდი ხანია ნიუ იორკში ცხოვრობს და მუშაობს. თბილისის დიზაინის სცენაზე ის ჯერ კიდევ 1995 წლიდან გამოჩნდა, როდესაც ავანგარდული მოდის ასამბლეა იმართებოდა და კლუბი აურა პირველ ჩვენებებს აწყობდა. მეგობრობდა ზალიკო ბერგერთან, გელა კუპრაშვილთან, გიორგი ნადირაძესთან - ვინც იმ დროს თბილისის ფეშენს აყალიბებდა და ახალი ინტერესი და რიტმი მოჰქონდა ჩვენი ქალაქის კულტურულ ცხოვრებაში. მალე ამერიკაში გადასახლდა და ნიუ იორკის ექსპერიმენტულ თეატრებში აფორმებდა სცენებს, ქმნიდა კოსტიუმებს. ეს ინტერვიუ მისი ახლანდელი ვიზიტის გამოსამშვიდობებელ ივენთზე არის ჩაწერილი, კაფე გალერეაში. იმ საღამოს უტას კოლექცია საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასად იყიდებოდა. კოსტიუმების საშუალო ფასი 300 ლარი იყო. ღამით კი უტა თავის შორეულ სამყაროში, ნიუ იორკისკენ და ბუენოს აირესისკენ გაემგზავრა.

0x01 graphic

  • რა იყო შენთვის მთავარი მოტივატორი იმისა, რასაც ბოლო დროს აკეთებ. საიდან მოდის მთავარი ინსპირაცია?

ჩემი მთავარი მოტივატორი არის ბიზნესი და ფული. ამისთვის კი პროდუქცია უნდა გავყიდო.

  • ანუ, მთავარია ფული?

ერთადერთი არ არის, რა თქმა უნდა. მაგალითად, ამას წინათ ჩემს პარტნიორთან ლევან მინდიაშვილთან ერთად ბუენოს აირესში გავაკეთე პროექტი, რომელსაც ერქვა ფერომონა. ეს წმინდა არტისტული პროექტი იყო, პერფორმანსი, სადაც მე კოსტიუმებზე ვიმუშავე. ფერომონები სეკრეციის ნივთიერებებია, რომლებიც ქიმიურ კომუნიკაციას უზრუნველყოფს მსგავს სახეობებში და ჩვენი ნამუშევრის კონცეფცია მაშინ ამ თემის ირგვლივ ტრიალებდა.

  • რა არის ის, რასაც ფეშენში აკეთებ. ეს ტანსაცმელია უფრო თუ პოეზია?

ორივეა. მაგრამ ამ ბოლო დროს უფრო იქამდე მივდივარ, რომ ეს ყველაფერი მაინც არის ორი რამ: ბიზნესი და ტანსაცმელი.

  • ქალებისთვის უფრო მუშაობ თუ კაცებისთვის?

ქალებისთვის. ქალები არიან მყიდველები და ფერადები. ისინი, ვისაც ტანსაცმელი ძალიან უყვარს და ვინც ყიდულობს.

  • ვიცი, რომ მუშაობდი ნიუ იორკის დაუნთაუნის თეატრებში, რა გაინტერესებდა იქ?

კონცეფცია, ვიზუალური მხარე, სილამაზე და ის, რომ ჩემი თავი გამომეხატა.

  • ამ მხრივ ყველაზე მეტად რომელი სპექტაკლი დაგამახსოვრდა?

ჟან ჟენეს პიესა იყო ძალიან საინტერესო, მედისინ შოუ თეატრში გავაკეთეთ.

0x01 graphic

  • შენი ლეიბლისუტალევანის პარტნიორი ლევან მინდიაშვილი ვიზუალური არტისტია, რითი იყო მასთან მუშაობა შენთვის, როგორც დიზაინერისთვის, საინტერესო?

ის მულტიმედია არტისტია, აკეთებს პერფორმანსს, სხვადასხვა მედიაში მუშაობს. ამითაცაა საინტერესო. ჩვენი საერთო ნამუშევარი სწორედ პერფორმანსი იყო.

  • თანამშრომლობა იმით გამოიხატებოდა, რომ შენ იყავი მისი კოსტიუმების დიზაინერი?

არა, არა, ეს ყველაფერი ჩვენი საერთო კონცეფცია იყო. მართალია, კოსტიუმები მე გავაკეთე, მაგრამ საერთოდ ყველაფერს ერთად ვაკეთებდით, მუსიკაც კი ჩემი შექმნილია და, საერთოდ, ფიზიკურად მე ავაწყე.

  • არის დღეს თბილისში ისეთი ვინმე, ვინც ინსპირაციას გაძლევს?

შაკო ნიკვა, საყურადღებო დიზაინერია ძალიან, დახვეწილია და ფორმით საინტერესო.

  • რითი არის შენთვის საინტერესო თბილისი და, მეორე მხრივ, ნიუ იორკი?

თბილისი არის ქალაქი, სადაც გავიზარდე და მყავს ძალიან ბევრი მეგობარი. ნიუ იორკში მაქვს აბსოლუტური თავისუფლება ყველანაირი ასპექტით და ვარ მარტო. ასე შუაში ვიხლიჩები, აქ არის ის, რაც იქ არ არის და პირიქით.

  • ალტერნატიულ მედიას თუ იყენებ ჩვენებების დროს?

გამომიყენებია, როგორ არა, მაგრამ, საუბედუროდ, ახლა არ მქონდა არც დრო და არც საშუალება, რომ ამაში ჩამედო რაღაც ენერგია. მომავალში აუცილებლად გამოვიყენებ მულტიმედიას, რომ სანახავადაც უკეთესი იყოს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის.

  • მარტო მოდელებთან მუშაობ?

მირჩევნია, არ ვიმუშაო მოდელებთან და ვიმუშაო ხალხთან, რომელიც არის უფრო მოძრავი და საინტერესო - ვისაც მეტი რამის გაკეთება შეუძლია. ნიუ იორკში მყავს მსახიობები, რომლებიც მოძრაობენ, მღერიან. მაგრამ მოდელებიც ლამაზები არიან - ვარდებივით და ძალიან მომწონს.

  • დიდი ხნის წინ თბილისში იმართებოდა ავანგარდული მოდის ასამბლეა. ეს რაღაც ტრადიციაა, შენი კოსტიუმებიც რაღაც ამ ნიშაში ზის, ის არ არის მეინსტრიმი და არის უფრო ალტერნატიული.

ბოლო დროს მე მაინც უფრო ვცდილობ, რომ ისეთი კოსტიუმები გავაკეთო, რაც შეიძლება ყოველდღიურად ჩაიცვა. მე გავყავი ჩემი შემოქმედება და ეს მხატვრული მხარე. ავანგარდი რაც არის, პერფორმანსში და ინსტალაციებში გადავიტანე, ჩემი შემოქმედება მხატვრულ მხარედ და ბიზნესად გავყავი.

  • ბუტიკებში აბარებ შენს ტანსაცმელს ნიუ იორკში?

კი, სოჰოში ვყიდი, არის ერთი ადგილი, სოჰო მარკეტ პლეისი და რამდენიმე ინტერნეტსაიტზე.

  • ის, რაც თბილისში ავანგარდული მოდის ასამბლეაზე კეთდებოდა, ნიუ იორკში თუ არსებობს?

ნიუ იორკში არ არის. ავანგარდული მოდის ჩვენებები არის კანადაში, ტორონტოში. ნიუ იორკში მოდა დიდი ფულის კეთების ადგილი და სერიოზული კომერციაა. ამერიკაში მოდა არ არის უბრალოდ ხელოვნება, ის ძალიან მდიდარი ბიზნესია.

  • შენი უახლოესი გეგმები როგორია?

ნიუ იორკში რამდენიმე სპექტაკლი მაქვს და ფანჯრების დიზაინის შეკვეთაც. მინდა, ლევანთან ერთად სერიოზულად ავაწყო ჩვენი ლეიბლი არგენტინაში და რაღაც კულტურული ივენთის გაკეთებასაც ვაპირებთ.

25 იშვიათი ჯიშები ღვინის კლუბში

▲ზევით დაბრუნება


გურმანი|ღვინის კლუბი

მალხაზ ხარბედია

0x01 graphic

რამდენიმე დღის წინ ღვინის კლუბში უკვე მეორედ ჩავატარეთ ქართული იშვიათი ჯიშებიდან დაყენებული ღვინოების დეგუსტაცია. ჭაშნიკზე კლუბის წევრების გარდა სტუმრებიც იყვნენ მოწვეულნი და გასასინჯად 21 სხვადასხვა ღვინო იყო გამოტანილი, რომელთა უმრავლესობას ჩვენი, ღვინის კლუბის მიერ დაყენებული ღვინოები წარმოადგენდა. საქმე ისაა, რომ გასული წლის შემოდგომაზე, ბატონ ლევან უჯმაჯურიძის ხელშეწყობით, საგურამოს ვაზისა და ხეხილის სარგავი მასალის წარმოების ეროვნული ცენტრის საკოლექციო ნაკვეთში დაკრეფილი 26 ჯიშიდან დავაყენეთ ღვინო და ერთწლიანი ლოდინის შემდეგ, გავბედეთ, შედარებით ფართო საზოგადოებისთვისაც წარმოგვედგინა თანამედროვე ქართული პირის გემოსთვის სრულიად უცნობი ძველი ქართული ჯიშები: ასურეთული შავი, გორული მწვანე, ძელშავი, საჩხერის ძელშავი, მგალობლიშვილი, ჭანკილოური, გლდანურა, საკმიელა, მესხური ხარისთვალა, მესხური მწვანე, მესხური ყურძენი, ხიხვი, ქისი, კახური მცვივანი, მირზაანული, ახმეტის შავი, ახმეტის წითელი, ვარდისფერი საბატონე, თეთრი ბუდეშური, ღვინის თეთრი, კახური თეთრი, დანახარული, რცხილა, წულუკიძის თეთრა.

ჩვენი ღვინოების გარდა, დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო სოფელ დიმიდან, დიდიმ მაღლაკელიძის კრახუნა, ზურაბ თოფურიძისა და თემურ შარაშიძის ძალიან საინტერესო ჩხავრები ჩოხატაურის რაიონიდან, თემურ ღლონტის მიერ დაყენებული კახური მცვივანი (2007 და 2009 წლის მოსავლები) ქინძმარაულის ზონიდან, ჯონ ვურდემანისა და გელა ფათალიშვილის ქისი და თავკვერი (შესაბამისად, ახმეტის რაიონის სოფელ არგოხიდან და ქართლიდან, მუხრანის ველიდან).

დეგუსტაცია შედარებით ხალისიანი თეთრი ღვინოებით დავიწყეთ - დიმის არაჩვეულებრივი კრახუნა შესანიშნავი შესავალი იყო, რომელსაც მესხური მწვანე, მესხური ყურძენი და მესხური ხარისთვალადან დაყენებული ღვინო მოჰყვა. ზაფხულში როდესაც გავსინჯეთ, არაფრით გამორჩეული ღვინო იყო, ცხარე და უხეში, ამჯერად კი საოცარი მომწვანო-ლიმონისფერი დაკრავდა, გემოზე კი კარგად დარბილებული მეჩვენა, მწვანილეულის, ლაიმისა და თეთრი ქლიავის ტონებით. შემდეგ გურული საკმიელას ჯერი დადგა, რომელმაც ზაფხულში უფრო მეტი სიცოცხლე და ეფექტები დაგვანახა - მსხალი, მწვანილები, ანისულიც კი. რამდენიმე დღის წინ კი ქინძი და სიმინდის ნედლი ფუჩეჩი ამოვიცანით, რომელიც შესანიშნავად ავსებდა ღვინის არაჩვეულებრივი გარეგნობიდან მიღებულ შთაბეჭდილებას. ჩხავერი - ქარვისფერი, ატმისა და ყვავილების სურნელებით, დაბოლოებაში დაშაქრული თხილის გემოთი. გლდანურა - რომელიც, მართალია, სასუფრე ჯიშია, მაგრამ ღვინოც საინტერესო დადგა მისგან. ორნაირი ქისი, არგოხისა და საგურამოსი - პირველი სინაზითა და ელეგანტურობით გამოირჩეოდა, ჩვენმა ცეცხლისფერმა ქისმა კი ბერგამოტის ტონებითა და სავსე და ღრმა გემოთი დაგვამახსოვრა თავი.

ხიხვი - ჩახარშული ხორბლისა და სუნელების არომატებით, მსუყე, გოზინაყივით ღვინო გამოდგა. მირზაანული - კახურად დაყენებული გემრიელი ჭერმისფერი ღვინო. კახური თეთრი, ღვინის თეთრი - თაფლის საოცარი არომატებით. დიდი მოწონება დაიმსახურა კახურმა მცვივანმა, 2009 და 2007 წლებისამ - თივა და ფეიხოა, წიფლის კაკალი, წიწაკა, დაფნა და ქონდარი, ასევე წიწვები და ხმელი ფოთლები. ბუკისციხური ჩხავერი აგურისფერი იყო, მოცვისა და კუნელის სურნელებით.

ასურეთული შავიდან ასევე ნაზი ვარდისფერ-აგურისფერი ღვინო დადგა, ალუბლის მძაფრი ტონებით. ძელშავი საკმაოდ ღრმა და საინტერესო მეჩვენა, ქართლურმა დანახარულმა და იმერულმა მგალობლიშვილმა კი ყველას დაუმტკიცა, რომ საოცარი პოტენციალი გააჩნიათ (სხვათა შორის, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასება ამ წითელ ჯიშებს ხვდათ წილად). ჭანკილოურმა და ზემოთ ნახსენებმა სხვა იმერულმა ჯიშებმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ დროა იმერეთში წითელი ჯიშების კუპაჟირებას მიჰყონ ხელი და ერთმანეთს შეუხამონ 2 ან სულაც 3-4 სხვადასხვა ჯიში. დაბოლოს, დეგუსტაცია დააგვირგვინა ყველაზე ეგზოტიკურმა ღვინომ, ორი კახური ჯიშიდან, ახმეტის შავიდან და ახმეტის წითლიდან დაყენებულმა.

26 ბოსტნეულის სალათი

▲ზევით დაბრუნება


გურმანი|რეცეპტი

0x01 graphic

შეფ-მზარეული
იან თაი ინ

აღმოსავლეთის მარგალიტი
ფალიაშვილის 90

2 ულუფა
მასალა:
6 ც. ყვავილოვანი კომბოსტო
2 ც. თეთრი სოკო
2 ც. შავი სოკო
6 ც. ბროკოლი
5 ც. ბამბუკის ყლორტი
1 ც. კიტრი
1 ც. პომიდორი
1 სუფრის კოვზი ძმარი
1 კბილი ნიორი
1 სუფრის კოვზი
ჩილის ზეთი
ჯამში: 8 ლარი

მომზადების წესი:

მოათავსეთ ქვაბში ყვავილოვანი კომბოსტო, თეთრი და შავი სოკო, ბროკოლი და მოხარშეთ.

მოხარშული ბოსტნეული გააცივეთ, დაუმატეთ ბამბუკის ყლორტები, დაჭრილი კიტრი, პომიდორი, ნიორი, მოასხით ძმარი, ჩილის ზეთი და კერძი მზად არის.

0x01 graphic

მასალა შეგიძლიათ შეიძინოთ სუპერმარკეტებში: პოპული (ვეკუას . 3, ტელ. 224 46 35), ჯორჯიტა (წერეთლის . 116, ტელ. 235 71 73), გუდვილი (ჭავჭავაძის გამზირი 34, ტელ. 224 33 02/03).