![]() |
ტაბულა №92 |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: სუთიძე ლევან, უგულავა სალომე, ჯანდიერი გია, ავალიანი დიმიტრი, მეგრელიშვილი ვახო, კვანჭილაშვილი ელენე, გამცემლიძე მაკა, თავხელიძე მიშა, ჩერგოლეიშვილი თამარ, აპატურაი ჯეიმს, სმიტი დევიდ ჯ, ჯამარაული ლარა, ტურაშვილი თეონა, ბასილაია მიხეილ, ელერდაშვილი ვახო, ჭავჭავაძე ილია, ჟვანია ლადო, თალაკვაძე ზურაბ, მაჩაბელი გიორგი, გოდუაძე ლაშა, ახლოური ნინა, ბერკელი ბენ ვან, გიორგობიანი ქეთო, ჯაფარიძე თეონა, კიკნაველიძე თამარ, კლდიაშვილი თინათინ, ხარბედია მალხაზ, ბაქრაძე ქეთი |
თემატური კატალოგი ტაბულა |
საავტორო უფლებები: © თამარ ჩერგოლეიშვილი |
თარიღი: 2012 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: 2012 | 19 - 25 მარტი მთავარი რედაქტორი: თამარ ჩერგოლეიშვილი/აღმასრულებელი რედაქტორები: ნინი გოგიბერიძე, სალომე კიკალეიშვილი/რედაქტორები: ქეთი მსხილაძე, ელენე კვანჭილაშვილი, ლევან რამიშვილი, დავით კოვზირიძე, ნინო მაჭარაშვილი/უცხოელი მრჩეველი: ბარბარა სვანი/ჟურნალისტები: დიმიტრი ავალიანი, გიორგი კეკელიძე, სალომე უგულავა, მაკა გამცემლიძე, ავთო ქორიძე, ნინა ახლოური, თეონა ტურაშვილი, ირაკლი კიკნაველიძე, ლევან სუთიძე, თეონა კოკიჩაიშვილი, სიმონ მაჩაბელი, ლაშა გოდუაძე, ზურაბ თალაკვაძე, ნიკა ესებუა, ანანო სხირტლაძე, მიხეილ ბასილაია, ლარა ჯამარაული, ირაკლი გუნია/ვები: სანდრო თარხან-მოურავი, ლევან მეტრეველი, ნათია სოფრომაძე, ეკა წამალაშვილი/კორექტორი: ნინო საითიძე/არტრედაქტორი: ბაჩა მალაზონია/დიზაინი & პრეპრესი: კახა დოლიძე, ნიკა კუპრაშვილი/ფოტორედაქტორი: დიმა ჩიკვაიძე/ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი/გამომცემელი: სამოქალაქო განათლების ფონდი/დირექტორის მოადგილე: გიორგი ფრუიძე/ოფის მენეჯერი: ანანო ვარდოსანიძე/გაყიდვები და მარკეტინგი: ლევან ლეკიაშვილი, გიორგი ჭეიშვილი/ყოველკვირეული ჟურნალი ტაბულა, ტელ: + 995 32 2420 300, e-mail: info@tabula.ge/სტამბა: BILNET Printing, Dudullu Organize Sanayi Bölgesi, 1. Cadde No: 16 Umraniye, 34696 Istanbul - TURKIYE, ტელ.: +90 216 444 4403, ფაქსი: +90 216 365 9907/© 2012 საავტორო უფლებები დაცულია, ჟურნალში გამოქვეყნებული მასალების გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია. გარეკანი: ტაბულა © |
![]() |
1 სიტყვასიტყვით |
▲ზევით დაბრუნება |
„ყველაზე ცუდი კამპანია, რომელიც ცხოვრებაში მინახავს“
ყოფილი პირველი ლედი, ბარბარა ბუში, მიმდინარე რესპუბლკური პრაიმერის შესახებ. 8 მარტი
„თქვენ ეუბნებით ირანს, რომ მაგიდაზე ყველა ვარიანტია წარმოდგენილი. დათოვეთ იქ, სანამ არ დალპება“.
ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი. 11 მარტი.
„ირანი ყველაფერს არ გვეუბნება“.
საერთაშორისო ატომური სააგენტოს დირექტორი იუკია ამანო. 8 მარტი
„იყო მომენტები, როდესაც სული მეხუთებოდა იმის შემხედვარეს, თუ როგორ აღნიშნავდნენ მის (მმართველობის) 60 წლისთავს“.
ბრიტანეთის პრინცი ჰარი დედოფლის მმართველობის 60-წლიანი იუბილეს აღსანიშნავი ცერემონიების შესახებ. 12 მარტი.
„ეს სასაკლაოა, უდანაშაულო მოქალაქეების მიზანმიმართული ხოცვა, რომლის პატიებაც არ შეიძლება“.
ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ ყარზაი, 16 ავღანელის მკვლელობის შესახებ, რომელიც, გავრცელებული ცნობით, ერთმა ამერიკელმა ჯარისკაცმა ჩაიდინა. 12 მარტი.
„მზადაა თუ არა ომონზე „წავიდეს“ თითოეულმა ადამიანმა თავისთვის უნდა გადაწყვიტოს... ტრიუმფალურზე 3 - წელი არავინ დაშავებულა... თქვენ გინდათ ხელი არ მოიტეხოთ და მიიღოთ ძალაუფლება რუსეთში? ბოდიში! იქნებ ისიც გსურთ, ყველა ღილი შეგრჩეთ პერანგზე?“
რუსი პოლიტიკოსი და მწერალი ედუარდ ლიმონოვი აკრიტიკებს ოპოზიციას დეკემბრის გამოსვლებისას „გადამწყვეტი შეტევის“ განუხორციელებლობისთვის.
„ჩვენ ვყიდით იარაღს სირიაში მისი ეროვნული თავდაცვისათვის, ეროვნული უსაფრთხოებისათვის... ჩვენ არ ვიცავთ რეჟიმს ან პიროვნებებს, ჩვენ ვიცავთ საერთაშორისო სამართალს, რომელიც ითხოვს შიდა კონფლიქტების გადაწყვეტას უცხოური ჩარევის გარეშე“.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი. 14 მარტი.
![]() |
2 პანკვედრება |
▲ზევით დაბრუნება |
არენა
ლევან სუთიძე
„ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო, განაგდე პუტინი!“
ცოტა ხნის წინ, რუსეთის „ქრისტე მაცხოვრის“ ტაძარში, სადაც მოსკოვის საპატრიარქო კათედრა დგას და უწმინდესი კირილ გუნდიაევი ყოველკვირეულად წირავს, მლოცველები უჩვეულო სანახაობის მომსწრე გახდნენ. ტაძარში ფერადნიღბიანი გოგონები გამოჩნდნენ და კათედრალის ამბიონი პანკსცენად გადააქციეს. „ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო, განაგდე პუტინი!“ - მღეროდნენ და ცეკვავდნენ პანკროკ ჯგუფ Pussy Riot-ის წევრები და საკურთხევლისგან ზურგშექცევით დიდ მეტანიებს აღასრულებდნენ. მოგვიანებით, მათ განმარტეს, რომ შესრულება „პანკვედრება“ იყო - „რადგან ასიათასიან მიტინგებს არ მოაქვთ სწრაფი შედეგი, ჩვენ ღვთისმშობლის იმედზე ვართ!“. ჯგუფის წევრები, ოპოზიციის აქციების პარალელურად, არჩევნების გაყალბებას აპროტესტებდნენ.
სიმღერაში პანკროკ შემსრულებლებმა, რუსეთის პატრიარქი კირილი არსებული ხელისუფლების მეხოტბედ და მისი უკანონო ქმედებების ქომაგად შერაცხეს. ვიდეომ, რომელიც „პანკვედრებას“ ასახავს, სოციალური ქსელები და მედიაგამოცემები რამდენიმე დღეში სრულად დაიპყრო. ამ შესრულების შემდეგ, მილიონობით ადამიანმა შეიტყო, რომ არსებობს ფემინისტური პანკჯგუფი, რომელიც რუსეთის ამჟამინდელი ხელისუფლების წინააღმდეგ მუსიკალურ აქციებს მართავს. აქამდე, კიდევ ერთი სპონტანური კონცერტი მათ კრემლის წინ „პანკვედრებამდე“ გამართეს. „საპროტესტო გამოსვლებით შეშინებულ პუტინს“ ჯგუფის წევრებმა პანკჰიმნი მიუძღვნეს, რის შემდეგაც ისინი პოლიციამ დროებით დააკავა.
თუ პირველ ჯერზე გოგონები გრძელვადიან სასჯელს გადაურჩნენ, მოსკოვის კათედრალში გამართული კონცერტი, შესაძლოა, ძვირად დაუჯდეთ. ორი კვირის წინ ხელისუფლებამ ისინი ხულიგნობის ბრალდებით დააკავა. ორ გოგონას - ნადეჟდა ლოკინიკოვასა და მარია ალიხინას, შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
რუსეთის საპატრიარქოს საზოგადოებისა და ეკლესიის ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა, პროტოპრესვიტერმა ვსევოლოდ ჩაპლინმა, გოგონების დაკავება დადებითად შეაფასა. მან მიმართა ხელისუფლებას, გაამკაცროს სასჯელი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის - „ნორმა, რომელიც გვაქვს, ძალიან რბილია. ჩვენ ვსაუბრობთ ქმედებებზე, რომელთაც ქვეყანაში სიტუაციის აფეთქება შეუძლია. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ნორმა სისხლის სამართლის კოდექსში უნდა გადავიტანოთ. ახლა კი ვკითხოთ პოლიტიკოსებს, არიან თუ არა ისინი მზად ეს გააკეთონ, ან - გმობენ თუ არა ამ აქციას“. პუტინის პრესმდივანმა გოგონების აქცია დაგმო და მათ გასამართლებას დაუჭირა მხარი, ხოლო რუსეთის დუმაში შევიდა კანონპროექტი, რომელიც მკრეხელობისთვის სასჯელის 15 წლამდე გამკაცრებას ითვალისწინებს.
უფლებადამცველი ორგანიზაციები აცხადებენ, რომ პანკმომღერლების წინააღმდეგ მიმართული სასამართლო პროცესი პოლიტიკურად მოტივირებულია. ის მორწმუნეთა რელიგიური გრძნობების დაცვას კი არა, რეიტინგული, ანტისახელისუფლებო მუსიკალური ჯგუფის გაჩუმებას ისახავს მიზნად. მომღერლები რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი დღით ადრე დააკავეს. „ეს საქმე პოლიტიკური შეკვეთაა. რეჟიმს სურს ჩვენგან ისეთივე პოლიტპატიმრები შექმნას, რომელთა გათავისუფლებასაც ჩვენი აქციებით ვითხოვდით“, - თქვეს გოგონებმა დაკავების შემდეგ. საგულისხმოა, რომ იმავე დღეს, მართლმადიდებელ ეკლესიაში დიდმარხვის დაწყებასთან დაკავშირებული „შენდობის დღე“ იყო გამოცხადებული.
დაკავების შემდეგ Pussy Riot-ს მხარდამჭერები მთელ მსოფლიოში გამოუჩნდნენ, მათ შორის, მართლმადიდებლებიც კი. შეიქმნა პეტიციები, რომელთაც უკვე მრავალმა ათასმა ადამიანმა მოაწერა ხელი. რუსული ოპოზიციური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ალექსეი ნავალნიც მათი გასამართლების წინააღმდეგია. მისი განცხადებით, პანკჯგუფი „იდიოტურად“ მოიქცა, მაგრამ საშიში პუტინის ხელისუფლებაა და არა ჯგუფის წევრები. ოპოზიციის მხარდამჭერ მიტინგებზე პანკჯგუფის წევრების გათავისუფლების მოთხოვნას, არაერთი ტრანსპარანტი მიეძღვნა - „Pussy პუტინის წინააღმდეგ“, „Pussy Riot ევროვიზიაზე“ და ა.შ.
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის საპატრიარქო გოგონების გასამართლებას კვლავ მოითხოვს, პროტესტის შემდეგ ტონი შეარბილა და მისთვის უჩვეულო არგუმენტების მოხმობას შეუდგა. რუსეთის საპატრიარქოს იერარქიის ზოგიერთმა წარმომადგენელმა თქვა, რომ ეკლესიამ გოგონებს უკვე შეუნდო - მაგრამ რადგან ეკლესია და სახელმწიფო გაყოფილია, ის გამოძიებაში ვერ ჩაერევა. debita animadversione puniendum - „განისაჯოს დამსახურების მიხედვით“ - სწორედ ასე მიმართავდა წმინდა ინკვიზიცია საერო ხელისუფლებას, როცა ბრალს გამოიტანდა და ჩათვლიდა, რომ ეკლესიას ცოდვილი სულის სახსნელად სხვა აღარაფერი შეუძლია. ამ ფრაზით ინკვიზიტორი ხელისუფალს მწვანე შუქს აძლევდა მის დასასჯელად, ხოლო ეკლესია ფორმალურად განზე რჩებოდა. რუსეთის საპატრიარქომაც სწორედ ასე დაიბანა ხელი.
თუმცა, სასულიერო პირებსა და მრევლს შორის გამოჩნდნენ ისეთებიც, ვინც ოფიციალურ პოზიციას არ ეთანხმება. მაგალითად, მოსკოვის სასულიერო აკადემიის პროფესორმა, ცნობილმა მისიონერმა ანდრეი კურაევმა დაგმო ჯგუფის წევრების ქმედება, თუმცა მართლმადიდებელთა რეაქციის შეფასებისას განაცხადა: „მე რომ ვიყო ქრისტე მაცხოვრის ტაძრის დაცვის წევრი, გოგონებს ბლინებით და ჩაით გავუმასპინძლდებოდი, ხოლო შემდეგ სინანულისკენ მოვუწოდებდი“. მამა ანდრეი სისტემატურად გმობდა ნებისმიერ მოწოდებას ძალადობისკენ, რომელსაც აგრესიულად განწყობილი მრევლი ავრცელებდა. მიტროპოლიტმა აგაფანგელმა კი, მამა ვსევოლოდ ჩაპლინისა და ტელეწამყვან ქსენია სობჩაკის დებატების შეფასებისას, სადაც პირველი Pussy Riot-ის დაკავებას ამართლებდა, განაცხადა, რომ „ქსენია სობჩაკი უფრო ახლოს არის ქრისტესთან, ვიდრე მამა ვსევოლოდი“.
ორი წლის წინ, მკრეხელობის თემა ქართულ საზოგადოებაშიც აქტიურად განიხილებოდა. მართალია, საღვთისმსახურო სივრცეში არავინ შეჭრილა, მაგრამ საქართველოს საპატრიარქო რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის აკრძალვის მოთხოვნაში იგივენაირად იყო მოწადინებული. აღსანიშნავია, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია, მიუხედავად იმისა, რომ მთლიანად შერწყმულია სახელმწიფო სისტემასთან, მეტი პლურალიზმით გამოირჩევა, ვიდრე საქართველოს საპატრიარქო. ორი წლის წინ მწერალ ერეკლე დეისაძის დასაცავად, რომელსაც მართლმადიდებელი ფუნდამენტალისტები წიგნისთვის - „საიდუმლო სირობა“ - ემუქრებოდნენ, არცერთ სასულიერო პირს ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია. როცა რუსეთში თავად მართლმადიდებელი მრევლის ნაწილმა, გოგონების გათავისუფლების მოთხოვნით პეტიციების შედგენა დაიწყო.
საპატრიარქოს დღის წესრიგში დღემდე დგას მკრეხელობის აკრძალვის თემა. თავი დავანებოთ იმას, რომ ქრისტიანისთვის „არა შემავალი გულისაგან შეაგინებს კაცსა... არამედ გამომავალი გულისაგან კაცისა“ - ამგვარმა მოთხოვნებმა შეიძლება აბსურდამდე მიგვიყვანოს. ერთი მხრივ, ცხადია, რომ მორწმუნეებს სიწმინდეების მიმართ ემოციური დამოკიდებულება აქვთ და საკრალურთან შეხებამ, შესაძლოა, ისინი შეურაცხყოს. მაგრამ თუ ამგვარ კანონს მივიღებთ, ის უნდა შეეხოს ყველა კონფესიის წარმომადგენელს. მაგალითად, არსებობს „მფრინავი სპაგეტის მონსტრის ეკლესია“. ეს უკანასკნელი ხშირად აცხადებს, რომ სპაგეტის ჭამა საზოგადოებრივ ადგილებში, მისი მიმდევრების რელიგიურ გრძნობებს შეურაცხყოფს. რაოდენ სულელურადაც უნდა მოგვეჩვენოს მათი მტკიცება, არც ჩვენ, არც სახელმწიფოს და არც რელიგიათმცოდნეებისა თუ თეოლოგების არმიას, არ გვაქვს ტესტი, რომელიც გაზომავს, ვინ დარჩა შეურაცხყოფილი და ვინ არა - ქრისტიანი, რომელმაც ღვთისმშობლის შარჟი იხილა თუ ზემოხსენებული მფრინავი სპაგეტის მონსტრის მიმდევარი, რომელიც პიცერიაში სპაგეტის დიდ პორციასთან მსხდომ ადამიანებს გადააწყდა.
დიაკონმა ანდრეი კურაევმაც მკრეხელობის ამკრძალავი კანონის გამკაცრებასთან დაკავშირებით, სწორედ ეს ფაქტი შენიშნა: „წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც ამ კანონის მიღების შემდეგ ადგება და იტყვის - „მე ვაცხადებ ჩემს დეიდას ქალღმერთად და კაცობრიობის მხსნელად და ამიტომ, თუ ვინმე, დეიდამ დაგვიფაროს და, მას ალმაცერად გახედავს - მე სასიკვდილოდ შეურაცხმყოფს და ის მკრეხელი იქნება!“.
ამასთან, არსებობს მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი თემა. როცა სახელმწიფოს ხელში უვარდება ძალაუფლება, მოქალაქეებს ბრალი დასდოს სხვა მოქალაქეთა შეურაცხყოფაში მკრეხელობის მოტივით, არსებობს შანსი, რომ ის ამას პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენებს. რუსეთის მაგალითმა აჩვენა, რომ სახელმწიფოს აქვს საშუალება მსგავსი კანონები მისთვის არასასურველი პირების გასაჩუმებლად გამოიყენოს.
სამართლებრივი თემის გარდა, არსებობს მორალური მხარე, რომელიც ეკლესიის მისიას შეეხება. თუ ეკლესია „კაცთა მებადურობისკენაა“ მოწოდებული, რაც ქადაგებასა და ყოველი ცოდვილი სულის მოქცევაზე პასუხისმგებლობის აღებას გულისხმობს, რამდენად მიაღწევს ის ამ შედეგს აგრესიული და შეუვალი რიტორიკით, სადაც ადამიანების მიმართ სიყვარული არ იგრძნობა. როცა ეკლესია, თუნდაც მისთვის მიუღებელი ქცევის ადამიანებს შეაჩვენებს, ის კარგავს შანსს, იქცეს საერთო სახლად ყოველი ცოდვილი სულისთვის. ამგვარი ქმედება არ შეეფერება ქრისტიანთა ღმერთის მოწოდებას. ეკლესიის იერარქთა ყურადღება და შეჩვენება კი, ხელს უწყობს საერო წმინდანების ფორმირებას და კიდევ უფრო აღრმავებს ეკლესიის მიმართ ნეგატიურ დამოკიდებულებას. ასე მოხდა რუსეთშიც, Pussy Riot-ის მხარდასაჭერად უკვე შექმნეს და ქალაქის ქუჩებში, სარეკლამო ლაითბოქსებზე გამოფინეს „ხატები“, სადაც გამოსახულია ქალი, შარავანდედით, რომელსაც ხელთ უპყრია ახალშობილი გოგო. ხატი ღვთისმშობლისა და ყრმა იესოს ხატის შარჟს წარმოადგენს, რომელზეც ქარაგმებით გამოსახულია მოწოდება „თავისუფლება Pussy Riot-ს”. რომ არა რუსეთის ეკლესიის აგრესიული რეაქცია გოგონების პერფორმანსზე, მსგავსი გაგრძელება, რომელიც სავარაუდოდ მრევლის უფრო მეტ წარმომადგენელს შეურაცხყოფს, არ გაჩნდებოდა. როგორც ჩანს, დიაკონი ანდრეი კურაევის ინიციატივა, ჩაით და ბლინებით გამასპინძლებოდნენ გოგონებს, ეკლესიისთვის ბევრად მომგებიანი იქნებოდა.
![]() |
3 რატომ ვიბრძვით ავღანეთში? |
▲ზევით დაბრუნება |
პოლიტიკა
სალომე უგულავა
ფოტო: თომას დვორჟაკი Magnum ©
წლებია, რაც საქართველო ავღანეთში NATO-ს ISAF-ის ოპერაციაში მონაწილეობს. ამჟამად მისიაში 936 ჯარისკაცი მსახურობს. უკვე გადაწყვეტილია დამატებითი ბატალიონის გაგზავნაც, რაც 749 სამხედროს შეადგენს. ამით საქართველო NATO-ს ის არაწევრი სახელმწიფო ხდება, რომელსაც ყველაზე მეტი ჯარისკაცი ეყოლება ავღანეთში. ეს მაშინ, როდესაც NATO-ს წევრი ქვეყნების დიდი ნაწილი ამცირებს ჯარის შემადგენლობას, რის გამოც ზოგი კრიტიკით ეკიდება საქართველოდან სამხედროების დამატებით გაგზავნის გადაწყვეტილებას. ამასთან, ქართველები ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში - ჰელმანდის პრივინციაში იბრძვიან. ამ დროისთვის მისიაში 15 ჯარისკაცია დაღუპული. ხანდახან სვამენ იმ კითხვასაც, თუ საერთოდ რატომ იბრძვიან ქართველები ავღანეთში.
გლობალურად რომ შევხედოთ, ISAF-ის მისია რეგიონში სტაბილურობის დამყარებას ესწრაფვის. ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს მსოფლიო უსაფრთხოებისთვის. თალიბანის, ალ-ყაიდასა და მსგავსი დაჯგუფებების განადგურება დღეს თავისუფალი სამყაროსათვის არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე თავის დროზე ნაციზმისა და კომუნიზმის წინააღმდეგ ბრძოლა იყო. ამ დაჯგუფებებს ისლამოფაშისტების სახელითაც მოიხსენიებენ, რითაც არა რელიგიაზე, არამედ რელიგიის ფასადს ამოფარებულ ექსტრემისტული ძალების პოლიტიკურ იდეოლოგიაზე მიუთითებენ. ისლამოფაშიზმს, რომელიც ბუნებით ტოტალიტარულია, ბევრი რამ ნაციზმისა და კომუნიზმისაგან აქვს მემკვიდრეობით მიღებული. უშუალოდ ფაშიზმთან მსგავსების რამდენიმე ელემენტს გამოყოფენ, მათ შორის: სიკვდილისა და ძალადობის კულტს, მოდერნულობის მიმართ მტრობას, წარსული დიდების გაღმერთებას. ყველაზე მთავარი კი, რაც ამ ტოტალიტარულ იდეოლოგიებს აერთიანებს, თავისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაა - იმ ფუნდამენტის, რაზეც დასავლური სამყარო დგას.
დღეს გლობალიზაცია და მზარდი ტექნიკური პროგრესი ისლამისტ ტერორისტებს სულ უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევს - მათთვის მეტად ხელმისაწვდომი ხდება ტრანსპორტისა და კომუნიკაციის თანამედროვე სისტემები, მასობრივი განადგურების იარაღის ტერორისტების ხელში აღმოჩენა კი, ფაქტობრივად, მხოლოდ დროის საკითხი შეიძლება იყოს. ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში, მსხვერპლი, სავარაუდოდ, მილიონებს მიაღწევს, რომ აღარაფერი ვთქვათ ეკონომიკურ კატასტროფაზე. ვარაუდობენ იმასაც, რომ ავღანეთში წარუმატებლობა ბირთვული სახელმწიფოს, პაკისტანის, დესტაბილიზაციასაც გამოიწვევს.
ტერორისტები არა მხოლოდ მზად არიან სიკვდილისთვის, არამედ სიხარულითაც სწირავენ თავს. თუ კომუნისტები ათეისტები და მატერიალისტები იყვნენ, იმქვეყნიური ცხოვრებისა და სამოთხის არ სჯეროდათ, ისლამისტ ტერორისტებს სიკვდილის შიში ვერ აკავებთ. მათ არც ეროვნული სახელმწიფოსი სჯერათ, არც ქვეყნის განადგურების შიში აფერხებთ. შესაბამისად, შეკავების სტრატეგია, რომელიც საბჭოთა კავშირთან ბირთვული ომის თავიდან ასაცილებლად მუშაობდა, ისლამისტების შემთხვევაში წარმატებული ვერ იქნება. ცივი ომისას, როდესაც იარაღი ორი ბანაკის ხელში იყო, ისინი თანაარსებობას ახერხებდნენ. ორმხრივად გარანტირებული განადგურება შემაკავებელ როლს თამაშობდა. ამ შემთხვევაშიც კი, 60-იან წლებში, კარიბის კრიზისისას, მსოფლიო ლამის ბირთვულ ომამდე მივიდა. მხოლოდ ბოლო წამს მოხერხდა ამ საფრთხის განეიტრალება. თუ ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის რეჟიმი დაირღვა - ის ბევრი სახელმწიფო თუ არასახელმწიფო აქტორის ხელში აღმოჩნდა - ჭკუიდან შემცდარი დიქტატორებისა და სხვადასხვა ჯურის ბელადებისათვის მსგავსი შემაკავებელი ფაქტორები ვერ იმუშავებს.
თანამედროვეობა ახალ სტრატეგიას ითხოვს. ასეთი იყო, მაგალითად, ბუშის დოქტრინა, რომლის მიხედვითაც, აშშ-ს უფლება აქვს საჭიროების შემთხვევაში პრევენციული ომი აწარმოოს საკუთარი უსაფრთხოებისთვის. ამას გარდა, დოქტრინამ დემოკრატიის განვითარება და ხელშეწყობა სხვა ქვეყნებში ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტად გამოაცხადა. იდეა ისაა, რომ დემოკრატიული სახელმწიფოები უფრო მშვიდობისმოყვარე და სტაბილურები არიან. იმ საზოგადოებებში კი, რომლებიც დემოკრატიას არ ესწრაფვიან, სამხედრო ოპერაციითაც კი ძალიან გაჭირდება ტერორიზმის აღმოფხვრა. ცალკეულ ტერორისტულ ორგანიზაციებთან ბრძოლა არ არის საკმარისი. უნდა აღმოიფხვრას ტერორის გამომწვევი მიზეზები, რისთვისაც ტერორისტების მშობლიურ ქვეყნებში პოლიტიკური წყობა უნდა შეიცვალოს. უფრო დემოკრატიულ საზოგადოებებში, სადაც სახელმწიფო საზოგადოების წინაშეა ანგარიშვალდებული, ნაკლები გაბოროტებული ადამიანი იქნება. უკმაყოფილო ჯგუფებიც ცვლილებებს მშვიდობიანი მეთოდებით მიაღწევენ. ავღანეთი ამჟამად არ ესწრაფვის ბირთვულ იარაღს, თუმცა, თუ შეუმდგარ სახელმწიფოდ დარჩება, აქ კვლავ აღდგება ტერორიზმის ბუდე, სადაც, დიდი ალბათობით, ექნებათ მასობრივი განადგურების იარაღის მოპოვების მისწრაფება.
ის, რომ ავღანეთის უყურადღებოდ მიტოვება არ შეიძლება, თავისუფალმა სამყარომ უკვე იწვნია. მსგავსი შეცდომა, როდესაც საბჭოთა ჯარების გამოსვლის შემდეგ ქვეყანა ყურადღების მიღმა დარჩა - ძვირი დაჯდა. ეთნიკური დაპირისპირება სამოქალაქო ომში გადაიზარდა და მას შემდეგ ავღანეთში მშვიდობას არ დაუსადგურებია. საბჭოთა ოკუპაციისა და სამოქალაქო ომის შედეგად ავღანური სახელმწიფოებრიობა მოიშალა და ეს ვაკუუმი ექსტრემიზმმა შეავსო. ამ ყველაფერმა ხელი შეუწყო რადიკალური ისლამური პოლიტიკური ძალის, თალიბანის, აღმოცენებასა და ხელისუფლებაში მოსვლას. ეს უკანასკნელი ეხმარებოდა და ხელს უწყობდა ტერორისტებს. მათვე აფარებდა თავს 11 სექტემბრის შემდეგ ოსამა ბინ ლადენი და ალ-ყაიდას წევრების დიდი ნაწილი. თუ თერთმეტი სექტემბრის ტრაგედიას 3 ათასი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მსგავსი შეცდომის კიდევ ერთხელ განმეორების შედეგი ბევრად სავალალო შეიძლება იყოს. 9/11-მა აჩვენა, რომ სანამ ტერორიზმის აქტიური ბუდეები არსებობს, მშვიდად ვერავინ იქნება.
თავის მხრივ, საქართველო აქ საკუთარ, ეროვნულ ინტერესსაც იცავს. იგი სასიცოცხლოდაა დაინტერესებული ამ ბრძოლაში დასავლეთის გამარჯვებით და რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფით. საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია, არსებული საერთაშორისო წესრიგი არ შეირყეს. ამ ბრძოლაში დასავლეთის და, პირველ რიგში, ამერიკის მარცხი მწვანე შუქს აუნთებს ნებისმიერ ანტიდასავლურ ქვეყანას არსებული წესრიგის გადასასინჯად - იქნება ეს ირანი, რუსეთი, ჩინეთი თუ სხვა. მით უმეტეს, რომ ეს ქვეყნები ისედაც მუდმივად ცდიან ამერიკის შეერთებულ შტატებს სხვადასხვა სიტუაციებში სტრატეგიულ პერიფერიებზე. განსაკუთრებით იქ, სადაც ვაშინგტონის მოკავშირეები ყველაზე დაუცველები არიან და ამერიკის ძალა სუსტადაა გავრცელებული.
ისტორიულად, ტოტალიტარული ქვეყნები ცდილობენ, ისარგებლონ თავისუფალი სამყაროს ნებისმიერი სისუსტით, რომ საკუთარი სარგებლისათვის არსებული წესრიგის რევიზია მოახდინონ. მსგავსი სიტუაციის მაგალითად 2008 წლის აგვისტოს ომი გამოდგება რუსეთსა და საქართველოს შორის, როდესაც რუსული სამხედრო ძალები შეიჭრნენ საქართველოს ტერიტორიაზე და ამით დაარღვიეს ცივი ომის შემდგომი რეგიონული უსაფრთხოების წესრიგი ისე, რომ აშშ-ის მხრიდან ეფექტური პასუხი არ მიუღიათ. შემდგომში რუსეთმა არ შეასრულა საქართველოსთან ევროკავშირის შუამავლობით გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებაც; დატოვა სამხედრო ძალები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში და ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა.
აშშ-ის მხრიდან გულგრილობისა თუ სისუსტის ნებისმიერი გამოვლინება მომავალში, შეიძლება, ჯაჭვური რეაქციის გამომწვევად იქცეს. ამ პროცესში, გეოპოლიტიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, დიდი ალბათობით, საქართველოც მოყვება. ქვეყანას უსაფრთხოების თვალსაზრისით ისედაც გართულებული მდგომარეობა აქვს. მას შემდეგ კი, რაც ვლადიმირ პუტინი ბრუნდება პრეზიდენტის პოსტზე საკუთარი რევანშისტული პოლიტიკით, საქართველოს მდგომარეობა ნამდვილად არ გაუმჯობესდება. დასავლეთის მარცხი ავღანეთში ქვეყანას მდგომარეობას კიდევ უფრო გაურთულებს.
ამასთან, ოპერაციაში მონაწილეობით ქართული ჯარის ნაწილი უმნიშვნელოვანეს გამოცდილებასაც იძენს. საქართველოს გაწვრთნილი ჯარი უდავოდ სჭირდება - უფრო მეტად, ვიდრე NATO-ს წევრ ევროპულ ქვეყნებს. ავღანეთში კი, სადაც ჯარისკაცები, საბჭოთა პერიოდისგან განსხვავებით, არა გაწვევის საფუძველზე, არამედ ნებაყოფლობით იბრძვიან - რეალური ბრძოლა მიმდინარეობს. ამგვარ გამოცდილებას კი ვერცერთი წვრთნა ვერ შეცვლის.
საქართველოს ჯარისთვის მნიშვნელოვანია, რომ შემაკავებელი ფუნქცია ჰქონდეს. რუსეთისგან არსებული საფრთხის კიდევ ერთხელ რეალობად ქცევის შემთხვევაში, მან მაქსიმალურად უნდა შეძლოს მტრის შეკავება, სანამ მობილიზება მოხდება. ასევე მნიშვნელოვანია პარტიზანული ბრძოლისთვის საჭირო უნარების განვითარება. ამისთვის ქართულ ჯარს კიდევ ბევრი რამის სწავლა სჭირდება - ავღანეთის ოპერაციაში მონაწილეობა ამის ნაწილია. უმჯობესდება საქართველოს შეიარაღებული ძალების ურთიერთთავსებადობაც NATO-ს ძალებთან. საქართველო ავღანეთში უფრო რელევანტურ გამოცდილებას იღებს, ვიდრე ერაყის ომში მონაწილეობისას. ერაყში, როდესაც ჩვენი ჯარისკაცები ბრძოლაში ჩაერთნენ, ომის ძირითადი ნაწილი დასრულებული იყო. ქართველები ძირითადად საპატრულო - სამშვიდობო ამოცანებს ასრულებდნენ.
არაერთხელ აღუნიშნავთ - მათ შორის, NATO-ს წარმომადგენლებს - რომ NATO-ს წევრობის მოსურნე საქართველო, ოპერაციაში მონაწილეობით დასავლეთს აჩვენებს, რომ თავად არა მხოლოდ პრობლემა, არამედ პრობლემების მოგვარების ნაწილი შეიძლება იყოს. ილუზია, რომ ამ ოპერაციაში მონაწილეობა ალიანსში გაწევრიანების გარანტიაა, ალბათ, არავის აქვს. თუმცა, ფაქტია, რომ NATO-ში მის ინტეგრაციას, სულ მცირე, ირიბად უწყობს ხელს - საქართველო არა მხოლოდ უსაფრთხოების მომხმარებელი, არამედ მისი მწარმოებელიცაა.
![]() |
4 კანონის მმართველობა თუ კანონის უზენაესობა |
▲ზევით დაბრუნება |
გია ჯანდიერი|სვეტი
ბევრი უცხოელი გაკვირვებული დარჩება კითხვის ამგვარი დასმით. ისიც ვიცი, რომ ბევრ ქართველს მტკიცედ სჯერა იმ პროპაგანდის, რომ საქართველოში Rule of Law პრინციპი არ მოქმედებს და ძნელად შევაცვლევინებთ აზრს. ეს მცდელობა მათზე არ არის გათვლილი.
სამწუხაროდ, ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი საბჭოთა კავშირში გავატარე და კარგად მახსოვს, რომ კანონის უზენაესობის შესახებ მაშინაც ბევრს საუბრობდნენ, ისევე როგორც, მაგალითად, კორუფციის დამარცხების აუცილებლობაზე. რატომღაც, დარწმუნებული ვარ, რომ ისინი, ვინც ყველაზე მეტს ლაპარაკობდა ამ თემებზე, კარგად ხვდებოდა, რომ ეს შეუძლებელი იყო - კანონი მთლიანად დაშორდა სამართალს, ტრადიციას და ადამიანების მიერ ათასწლეულების მანძილზე დაგროვილ გამოცდილებას.
ეკონომიკური თავისუფლების საკითხზე ერთ-ერთი პირველი დისკუსიის დროს, მეგობარმა გამოთქვა მოსაზრება - საბჭოთა კავშირში კანონის უზენაესობა რომ დაცულიყო, ის ჯერ კიდევ იარსებებდა. საქმეც ისაა, რომ კანონის დარღვევა მაშინ არ აღიქმებოდა არასწორ საქციელად. ალბათ იმიტომ, რომ, ჯერ ერთი, ეს სხვისი, თავსმოხვეული კანონი იყო და მეორეც, რაც ზემოთ უკვე ვთქვი - კანონი ეწინააღმდეგებოდა ლოგიკას და ადამიანის ნორმალური მოქცევის წესებს. შესაბამისად, საბჭოთა კავშირის საბოლოოდ განდევნა ჩვენი აზროვნებიდან ამაზეცაა დამოკიდებული, კარგად გავერკვიოთ - რისთვის გვინდა კანონი.
პირველი მოღვაწე, ვინც კანონის მმართველობის წესი ახსენა, არისტოტელე იყო. ის თვლიდა, რომ „კანონს უნდა ემართა”. მისი პერიოდის ბერძნებს მიაჩნდათ, რომ თავისუფალი ადამიანები იყვნენ და ემორჩილებოდნენ არა ადამიანს, არამედ კანონს. ამ პრინციპის გაგება ორნაირად შეიძლება: ერთი, რომელიც ძალიან მოსწონს კანონმდებელს (და ემხრობა სწორედ ბევრი ჩვენი პროპაგანდისტი და უცხოელი მრჩეველი) - კანონი დაწერილია და ახლა ყველამ შეასრულეთ; ესაა სწორედ, ჩემი აზრით, კანონის უზენაესობა. და მეორე გულისხმობს, რომ - ხალხისთვის მიუღებელი კანონების გატარების უფლება, რომელიც პიროვნებას მის თავისუფლებას შეუზღუდავს, არავის აქვს.
ახლა ნებისმიერ ყოფილ საბჭოელს (ბოდიშს ვუხდი ყველას, ასე რომ ვეძახი) რომ ჰკითხოთ, რატომ არ იცავდნენ ადამიანები კანონს, ადვილად გიპასუხებენ - იმიტომ, რომ კანონები არ ვარგოდა და მათი დაცვა შეუძლებელი იყო. ზოგი ენთუზიასტი გეტყვის - კანონი უნდა დაიცვა, როგორც არ უნდა ძნელი იყოს, შენი საქმე არ არის მაგის განსჯა, კანონი ცუდია თუ კარგი, თუ არ მოგწონს - აირჩიე ახალი მთავრობა და შეაცვლევინე.
შეიძლება თუ არა თანამედროვე ცხოვრებაში კანონი კარგი იყოს? ამ კითხვას სანამ უპასუხებ, სურვილი გაგიჩნდება, გაარკვიო, რა არის კარგი კანონი. ერთი მარტივი აზრი, რაც უცებ მომივიდა თავში, ისაა, რომ კარგი და ცუდი შეფასებითი კატეგორიებია და, მით უმეტეს, გემოვნებაზე არ დავობენ. ამიტომ, კანონის შესახებ იმავე პრინციპით შეიძლება ვიფიქროთ: ნებისმიერი სიკეთე, საქონელი თუ მომსახურება კარგია, თუ იგი კონკურენტუნარიანია. არის თუ არა კანონი კონკურენტუნარიანი? ანუ, არის თუ არა ამ ქვეყნის მოსახლეობის მდგომარეობა უფრო უპირატესი, კანონის მოქმედებით, ვიდრე ანალოგიური კანონის მოქმედებით სხვა ქვეყნებში?
კანონის მდგომარეობა დღევანდელ მსოფლიოში საკმაოდ შერყეულია. ფრიდრიხ ფონ ჰაიეკი მოგვიწოდებდა, კონსტიტუციის პირველ მუხლში ჩაგვეწერა, რას შეიძლება ერქვას კანონი. მისი თქმით, ყველაფერი, რაც საკანონმდებლო ორგანოს თავში მოუვა, არ შეიძლება კანონად იწოდებოდეს. სწორედ აქ გადის საზღვარი, სად თავდება კანონის უზენაესობა და სად იწყება კანონის მმართველობა. ჩემი აზრით, კანონის მოქმედება არ შეიძლება ზღუდავდეს ადამიანის/პიროვნების თავისუფლებას, თუ იგი არ არღვევს სხვათა უფლებებს. პიროვნების თავისუფლების ბევრი სხვადასხვა განმარტებიდან, მე ყველაზე მეტად მომწონს თანამედროვე ამერიკელი მწერლის - ფი ჯეი ო'რურქის შეგონება: „ადამიანს ერთი ძირითადი უფლება აქვს - აკეთოს ის, რაც ესიამოვნება. და ამას მოჰყვება პასუხისმგებლობა - ამ სიამოვნების შედეგებზე
ასეთ ფილოსოფიურ მსჯელობას თავი რომ ავარიდო, და არ მომიწიოს მრავალი სხვადასხვა მოსაზრების მოშველიება, საკუთარ გამოცდილებას მოვიყვან. კანონის უზენაესობასა და კანონის მმართველობას შორის განსხვავებას ეს მოკლე ისტორია, მგონი, კარგად გადმოსცემს:
ამ რამდენიმე წლის წინ ოჯახთან ერთად ვმოგზაურობდი და ვენა ბოლო პუნქტი იყო. ჩავედით პარასკევს საღამოს და დაღლილებმა დილით გვიან ადგომა გადავწყვიტეთ. სასტუმრო წყნარ ადგილზე იყო, მაგრამ ამან არ გვიშველა - ჩვენი გეგმა მეორე დილით მუშებმა ჩაშალეს, რომლებმაც ფეშენ-შოუს სცენის გამართვა ჩვენი ფანჯრებიდან 20 მეტრში, დილის 6 საათზე დაიწყეს. ეს ძალიან ხმაურიანი სამუშაო იყო და ძილი შეუძლებელი გახდა. როდესაც სასტუმროს ადმინისტრაციასთან გავაპროტესტე, ჯერ დამპირდნენ დახმარებას, მაგრამ შემდეგ თანაგრძნობით მითხრეს, რომ ამ მუშებს დანამდვილებით ექნებოდათ მუნიციპალიტეტის ნებართვა და ამიტომ ძნელი იქნებოდა რაიმეს შეცვლა.
სწორედ ამას გულისხმობდა ფონ ჰაიეკი, როდესაც ამბობდა - ყველაფერს არ შეიძლება კანონი ერქვასო. ამ შემთხვევაში, ცხადია, კანონის უზენაესობის პრინციპი არ დარღვეულა - ნებართვა გაცემული იყო კანონის წესით. არამედ, პრობლემა თვითონ კანონია. იურისტებმა შეიძლება შემომიტიონ - ასეთ შემთხვევაში სხვა რა გზა არსებობსო. თუმცა, ეკონომისტებისთვის ცნობილია ამ პრობლემის კერძო საკუთრებითი გადაწყვეტა: ფეშენ-შოუს წარმომადგენლებს უბრალოდ კომპენსაცია უნდა გადაეხადათ სასტუმროსათვის, რომელიც ამის შედეგად საკუთარ კლიენტებს სხვაგან გადაიყვანდა, ან თვითონ შესთავაზებდა კომპენსაციას. სწორედ ასეთია კანონის მმართველობის გზა და პრობლემის გადაწყვეტა. ნებისმიერი მცდელობა - ასეთი მოვლენა და მისი გადაწყვეტის წესი კანონში ასახო, შეუძლებელს ხდის მის გამოყენებას: ფეშენ-შოუს სცენის კონსტრუქციის აგების სამუშაო მრავალ ოპერაციას მოიცავს, რომლის გათვალისწინება კანონში შეუძლებელია. სხვანაირად კი კანონი ვერ დაადგენს ზუსტად, რაზე შეიძლება გაიცეს ნებართვა და რაზე - არა.
ასეთია პრობლემის არსი. ის პროპაგანდისტები, რომლებიც მუდმივად გვიჩიჩინებენ Rule of Law პრინციპი დავნერგოთ, როგორც ჩანს, შორს არიან ამ პრინციპის რეალური გაგებისაგან. ეჭვი მაქვს, რომ მათი უმრავლესობა იმ ქვეყნებიდანაა, რომლებიც ასეთ მარეგულირებელ, ნებართვების და ლიცენზიების სისტემებს დიდი ენთუზიაზმით ქმნიან, რათა შეზღუდონ ადამიანის არასწორი მოქმედება, სინამდვილეში კი პიროვნების დათრგუნვის ინიციატორები ხდებიან.
ადამიანის საქმიანობის სახელმწიფო რეგულირება არ წარმოადგენს კანონის მმართველობის დარღვევის ერთადერთ ფორმას. სხვა გავრცელებული შემთხვევაა, მაგალითად, ინფლაცია. ფულის ბეჭდვის, სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის და სხვა ფინანსური მანიპულაციების გამოყენება მთავრობის მიერ ტიპური დარღვევაა ამ პრინციპის, ინფლაცია ან დეფიციტი სრულიად შეიძლება კანონის უზენაესობის პრინციპში თავსდებოდეს. ადვილად შეიძლება, კანონი უშვებდეს ერთნიშნა ინფლაციას ან 3%25-იან საბიუჯეტო დეფიციტს. თუმცა ჩვეულებრივ ცხოვრებაში, კერძო სექტორში, ხარჯების გადამეტება შემოსავლებზე - სულ მცირე, უგუნურებად ჩაითვლება და გაკოტრებით დაისჯება.
ეს მოვლენა, შესაძლოა, ეკონომიკური სფეროს პოლიტიზებით ავხსნათ - ხშირად ის, ვინც კანონის მმართველობის პრინციპიდან უხვევს, ამას პოლიტიკური მიზეზებით ხსნის. მაგალითად, გავრცელებული ახსნა, თუ რატომ გადაწყვიტა ამა თუ იმ სფეროს რეგულირება და კონტროლი მთავრობამ, შეიძლება ამომრჩეველთა დაჟინებულ მოთხოვნას უკავშირდებოდეს, რომ სახელმწიფომ პასუხისმგებლობა აიღოს ამ სფეროს წარმატებაზე და გადაწყვიტოს პრობლემები. მაგრამ თუ ერთი ამომრჩევლისათვის ეს გადაწყვეტილება მისაღებია, მეორისთვის - არჩევანის თავისუფლებაში უხეში ჩარევაა.
დაბოლოს, ამას წინათ ერთ-ერთ კონფერენციაზე, გერმანელმა ეკონომისტმა საკითხი ასე დასვა, რომ ეკონომიკური თავისუფლების საკითხებს როდესაც ვიხილავთ, ჯობს ვიფიქროთ Rule of Law პრინციპის მხარდაჭერაზე. ამაზე ჩემს პასუხს - ეკონომიკური თავისუფლების ყველა კომპონენტი სწორედაც კანონის მმართველობის შესახებ არის-მეთქი, ყოველგვარი დისკუსიის გარეშე დაეთანხმა.
სწორედ ამიტომ, შეიძლება ვიკითხოთ, თუ როგორ შეიძლება კანონის მმართველობა ქვეყანაში, სადაც მთავრობა დიდძალ ვალს იღებს, ბიუჯეტის დეფიციტს უსაზღვროდ ზრდის, ინფლაციას აღვივებს, კერძო საკუთრების ხელშეუხებლობას უგულებელყოფს, ვაჭრობას ხელს უშლის და ადამიანის საქმიანობას იმდენად არეგულირებს, რომ ბიზნესი სულს ღაფავს?
![]() |
5 სახალხო კრების შემადგენლობა საბოლოოდ 25 მარტს გაირკვევა |
▲ზევით დაბრუნება |
პოლიტიკა
აფხაზეთი
დიმიტრი ავალიანი
აფხაზური პარლამენტის არჩევნებში 10 მარტს 35 დეპუტატიდან მხოლოდ 13-ის არჩევა მოხერხდა. არჩევნები თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში მხოლოდ მაჟორიტარული წესით ტარდება. დანარჩენ საარჩევნო ოლქებში მეორე ტური 25 მარტისთვის დაინიშნა.
ამომრჩეველთა აქტიურობამ 44 პროცენტი შეადგინა. „დამკვირვებლებმა” არჩევნები სამართლიანად შეაფასეს. ისინი რუსეთს, არაღიარებულ სახელმწიფოებს, პოსტსაბჭოთა სივრცესა და ევროპაში მოქმედ სხვადასხვა ორგანიზაციებსა და წყნარი ოკეანის სახელმწიფო ტუვალუს წარმოადგენდნენ.
სულ არჩევნებზე 148 კანდიდატი იყო რეგისტრირებული. მათი უდიდესი უმრავლესობა - 125 - ეთნიკური აფხაზია.
ქართველები აფხაზეთში, სოხუმის მიერ გასულ წელს ჩატარებული აღწერის თანახმად, მოსახლეობის 19 პროცენტს შეადგენენ (თუმცა, სავარაუდოდ, მათი რეალური წილი უფრო დიდია).
ამავე დროს, თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლებამ მაჟორიტარული ოლქები ისე გაანაწილა, რომ გალის რაიონს 35-დან მხოლოდ სამი დეპუტატის არჩევა შეუძლია. იმ დროს, როდესაც, მაგალითად, გუდაუთის რაიონში ექვსი მაჟორიტარული ოლქია. ამ უკანასკნელის მოსახლეობა კი გალის რაიონზე უფრო ნაკლებია.
მომავალ პარლამენტში მხოლოდ ერთი ქართველი მოხვდება - ბეჟან უბირია, რომელიც მოქმედ პარლამენტშიც ერთადერთი ქართველი დეპუტატია. გალის რაიონის დანარჩენ ორ ოლქში მანდატები აფხაზური წარმომავლობის კანდიდატებს შეხვდათ.
რაც შეეხება სხვა ეროვნებების წარმომადგენლებს, არჩევნების პირველ ტურში სომხური წარმომავლობის ორი მოქალაქე გავიდა. კიდევ ორი კენჭს მეორე ტურში იყრის. სომხები აფხაზეთში მოსახლეობის დაახლოებით 18 პროცენტს შეადგენენ. აფხაზეთის სხვა წარმომავლობის მცხოვრებლები - რუსები, ბერძნები და ა.შ., პარლამენტში წარმოდგენილნი არ იქნებიან. ამჟამად მოქმედ პარლამენტში ერთი ქართველი, სამი სომეხი და სამი რუსი ეროვნების დეპუტატია.
თბილისი აფხაზეთში ჩატარებულ არჩევნებს „ასობით ათასი ადამიანის ეთნიკური წმენდის დაფარვის მორიგ წარუმატებელ მცდელობად“ აფასებს. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა. თბილისმა მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას, „რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დადგმული ფარსი“ ჯეროვნად შეაფასოს.
იმის შესახებ, რომ აშშ არ აღიარებს აფხაზეთში გამართული არჩევნების ლეგიტიმურობას, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მარკ ტონერმა განაცხადა. მისი თქმით, ვაშინგტონი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და რუსეთს 2008 წლის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ კი განაცხადა, რომ ევროკავშირი არ ცნობს იმ კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოებს, რომლის ფარგლებშიც აფხაზეთში არჩევნები ჩატარდა.
საპარლამენტო არჩევნებზე აფხაზეთში აქტიურობა არც პროსახელისუფლებო, არც ოპოზიციურ პარტიებს გამოუჩენიათ. პროსამთავრობო პარტია ედინაია აბხაზიამ 148-დან მხოლოდ 11 კანდიდატი წარადგინა. ოპოზიციურმა პარტიებმა, მათ შორის ძირითადმა ოპოზიცურმა ძალამ - სახალხო ერთობის ფორუმმა, ეკონომიკური განვითარების პარტიამ და კომუნისტებმა კი - 23.
არჩევნების წინასწარი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ უკვე ნათელი გახდა, რომ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მომავალი პარლამენტი უპარტიო იქნება. მასში უმრავლესობის ფორმირებას ვერც პროსახელისუფლებო ძალები და ვერც ოპოზიცია შეძლებენ. ეს იმის მიუხედავად, რომ პარლამენტში ოპოზიციური ფორუმის ლიდერი, ყოფილი ვიცე- პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა და რამდენიმე სხვა ცნობილი ოპოზიციონერი აირჩეს.
სოხუმში ვარაუდობენ, რომ რეჟიმის ლიდერმა ალექსანდრ ანქვაბმა სახელისუფლებო პარტიის სასარგებლოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე უარი თქვა. ამან ბაღაფშის პრეზიდენტობისას ბევრი გავლენიანი პირის არჩევნებში წარუმატებლობა განაპირობა.
პარტიების პასიურობა იმითაც აიხსნება, რომ, ტრადიციულად, სახალხო კრებას ნაკლები გავლენა აქვს თვითგამოცხადებული რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე. მთავრობის მიერ შემუშავებულ კანონპროექტებს, როგორც წესი, პარლამენტში პრობლემები არ შეხვედრია. წინა წლებში დეპუტატები მთავრობის გადაწყვეტილებების წინააღმდეგ რამდენჯერმე გამოვიდნენ. მათ შორის, პოლიტიკოსების პროტესტი რუსეთისთვის ქონების გადაცემასა და გალის რაიონში აფხაზური პასპორტების დაჩქარებული წესით გაცემას უკავშირდებოდა.
![]() |
6 სიძულვილის დანაშაული დამამძიმებელი გარემოება |
▲ზევით დაბრუნება |
პოლიტიკა
დიმიტრი ავალიანი
დანაშაულის ჩადენა რასობრივი, ენობრივი, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის ნიადაგზე დამამძიმებელი გარემოება გახდება. შესაბამისი ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში საქართველოს პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში განიხილება. კანონპროექტის ავტორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები - კახაბერ ანჯაფარიძე და ზვიად კუკავა არიან. მათი განცხადებით, დოკუმენტს საფუძვლად ევროკომისიის „შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ზოგადი პოლიტიკის რეკომენდაცია N 7“ დაედო.
მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს სასჯელს რასობრივი, ეროვნული ან ეთნიკური მოტივით ჩადენილი კონკრეტული დანაშაულებებისთვის - მკვლელობა, სხეულის დაზიანება და წამება. ახალი კანონპროექტის მიხედვით, შეუწყნარებლობის მოტივი დამამძიმებელი გარემოება უნდა გახდეს კოდექსით გათვალისწინებული ყველა დანაშაულისთვის.
„თანამედროვე მსოფლიოში ამ ტიპის დანაშაულთან ბრძოლა აქტუალური საკითხია. შესაბამისად, მივიჩნიეთ, რომ ზოგადი ჩანაწერი სისხლის სამართლის კოდექსში წინ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა“, - განუცხადა ტაბულას პარლამენტის იურიდიული კომიტეტის წევრმა ზვიად კუკავამ.
დეპუტატის განმარტებით, „თუ გამოძიება დაადგენს, რომ ადამიანის მიმართ იქნა ჩადენილი დანაშაული მხოლოდ იმის გამო, რომ, მაგალითად, ის არის ებრაელი, მუსლიმი ან საუბრობს თურქულად და ამას სასამართლო გაიზიარებს, ეს დამამძიმებელ გარემოებად ჩაეთვლება“. თუ დამტკიცდა, რომ დანაშაული ჩადენილია სწორედ რასობრივი, რელიგიური ან ეთნიკური ნიშნით, ეს „არ მისცემს მოსამართლეს იმის შესაძლებლობას, რომ შედარებით მსუბუქი განაჩენი გამოიტანოს“. იგი ვალდებული იქნება, დამნაშავეს მაქსიმალური ვადა შეუფარდოს.
„ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვიყოთ დაცულები მსგავსი ტიპის დანაშაულისგან, ეს ტენდენცია რომ არ გაჩნდეს ჩვენს ქვეყანაში და მას პროგრესირებადი სახე არ მიეცეს. ვინაიდან ვიცით, რაც ხდება მეზობელ რუსეთში ან თუნდაც იმ ქვეყნებში, რომლებსაც მეტ დემოკრატიულობაზე აქვთ პრეტენზია“, - განმარტა ზვიად კუკავამ ტაბულასთან საუბრისას.
როგორც პარლამენტის სხდომაზე დეპუტატმა კახაბერ ანჯაფარიძემ განაცხადა, შესაძლოა კანონმდებლებმა გაითვალისწინონ არასამთავრობო ორგანიზაციების შენიშვნები. შესაბამისად, დამამძიმებელ გარემოებებს, სექსუალური ორიენტაციის ან პოლიტიკური შეხედულებების ნიშნით შეუწყნარებლობაც დაუმატონ.
დანაშაული სიძულვილის ნიადაგზე (hate crime), რომელიც რასობრივი, რელიგიური, ეროვნული კუთვნილებისა და პოლიტიკური შეხედულებების გამო შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ კრიმინალს გულისხმობს, მრავალი ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით დამამძიმებელ გარემოებად ითვლება. ასეთი ნორმა დასავლეთ ევროპის მრავალ ქვეყანაში, აშშ-ის ზოგიერთ შტატში და კანადაში მოქმედებს. დანაშაულის ამ მოტივის დამტკიცების შემთხვევაში, სასჯელის მნიშვნელოვნად გამკაცრებას ითვალისწინებს.
ევროპის თხუთმეტ ქვეყანაში სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულის მსხვერპლს ასევე ლგბტ პირები განეკუთვნებიან. ზოგიერთ ქვეყანაში სიძულვილის მოტივი შეიძლება დადგინდეს საწინააღმდეგო სქესისა და უნარშეზღუდულების მიმართ ჩადენილი დანაშაულის შემთხვევაში.
ზოგიერთ ქვეყანაში hate crime-ის ფორმალური ნორმა არ მოქმედებს და ამ კატეგორიის დანაშაული ჩვეულებრივ კრიმინალს - მაგალითად, მკვლელობას ან სხეულის დაზიანებას - უტოლდება. იქ „სიძულვილის დანაშაული“, დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, როგორც წესი, მაინც უფრო მკაცრად ისჯება.
![]() |
7 ფასადური ავტონომია |
▲ზევით დაბრუნება |
საზოგადოება
სახელოვნებო უმაღლესი სასწავლებლების იურიდიული სტატუსი შეიცვალა
თეონა კოკიჩაიშვილი
საქართველოს კულტურის მინისტრი ნიკოლოზ რურუა
მთავრობის დადგენილებით, მარტიდან თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიას, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტსა და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიას საჯარო სამართლის იურიდიული პირის ნაცვლად, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სტატუსი მიენიჭა. სტატუსის ცვლილებამ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. გავრცელდა ხმები, რომ უნივერსიტეტების გაერთიანება იგეგმება. სამხატვრო აკადემიაში რექტორის ახლადჩატარებული არჩევნების შედეგების ბათილად ცნობასაც პროტესტი მოჰყვა. ტაბულასთან საუბარში, საქართველოს კულტურის მინისტრი, ნიკოლოზ რურუა, გამორიცხავს სახელოვნებო უნივერსიტეტების მექანიკურ გაერთიანებას ან შენობების გაყიდვას. ამასთან, ამბობს, რომ ხსენებული არჩევნები პროცედურების დარღვევით ჩატარდა. მისივე თქმით, 2012 წელს ერთ-ერთი პრიორიტეტი სახელოვნებო უმაღლეს სასწავლებლებში რეფორმის განხორციელებაა და სტატუსის შეცვლაც რეფორმის ფარგლებში მოხდა. ამან სასწავლებლების ფუნქციონირება უფრო მოქნილი უნდა გახადოს და აქამდე არსებული სისტემა შეცვალოს.
სახელმწიფო უნივერსიტეტებისთვის სტატუსის შეცვლის პირობა, რომელიც უმაღლესი განათლების შესახებ 2004 წელს მიღებულ კანონში იდო, 2007-2008 წლებისთვის უნდა განხორციელებულიყო. თუმცა 2012 წლამდე ვერ მოხერხდა. სტატუსი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს მხოლოდ რამდენიმე თვის წინ შეეცვალა.
აღნიშნული ცვლილების ოფიციალური მიზანი უნივერსიტეტებისათვის სახელმწიფოსგან მეტი დამოუკიდებლობის მიცემაა. ერთი შეხედვით, ააიპ-ის სტატუსი მართლაც არის უმაღლესი განათლების დეცენტრალიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯი: „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ კონკრეტული სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას გარკვეულ შეღავათებს ითვალისწინებს. კერძოდ, როდესაც სახელმწიფოს შესყიდვა ლიტერატურის (ბეჭდურის, ელექტრონულ ან აუდიოვიზუალურ მატარებელზე განთავსებულის) შესყიდვას ეხება. მაგალითად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით უმაღლეს სასწავლებლებს წიგნების შესყიდვისთვის ტენდერის ჩატარება უწევდათ. ეს გარკვეულ დროსა და სხვადასხვა პროცედურას მოითხოვდა. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სტატუსი კი უმაღლეს სასწავლებლებს ამ პროცედურებისაგან თავის არიდების საშუალებას აძლევს და დროსაც უზოგავს. მათ შეუძლიათ წიგნი ნებისმიერი მიმწოდებლისგან შეიძინონ.
გარდა ამისა, ახალი სტატუსით უნივერსიტეტებს განვითარების ფონდის დაფუძნებაც შეუძლიათ. კანონმდებლობა უნივერსიტეტს ეკონომიკური საქმიანობის უფლებასაც აძლევს. უნივერსიტეტებს შეეძლებათ სხვადასხვა სერვისი გაყიდონ. მაგალითად, მოკლევადიანი კურსები, ოღონდ მოგების წილი უნივერსიტეტსვე უნდა მოხმარდეს. ტაბულასთან საუბარში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ალექსანდრე კვიტაშვილი ამბობს, რომ ახალ სტატუსთან ერთად უნივერსიტეტი უფრო ავტონომიური ხდება. აქამდე ნებისმიერი საკითხი, რომელიც ქონებასა და ფინანსებს ეხებოდა, უნივერსიტეტს ორ სამინისტროსთან უნდა შეეთანხმებინა. ეს, ბუნებრივია, მეტ დროს მოითხოვდა. მისივე თქმით, „ის შენობები და ტერიტორიები, რაც სახელმწიფოს საკუთრებაში იყო და უნივერსიტეტისთვის ჰქონდა გადმოცემული მართვაში, უნივერსიტეტის საკუთრება გახდება“. გარდა ამისა, შეიცვალა უნივერსიტეტების წესდება და მართვის პრინციპები - ყველა უნივერსიტეტი თავად წყვეტს, როგორი უნდა იყოს მისი სტრუქტურა, როგორ შეიძლება დაკომპლექტდეს საბჭო და ჩატარდეს არჩევნები.
ამ უნივერსიტეტების მსგავსად, სტატუსის შეცვლასთან ერთად, სახელოვნებო უნივერსიტეტებზე სხვა ცვლილებებიც გავრცელდება. საკითხი, რომელიც უნივერსიტეტების ავტონომიას ეჭვქვეშ აყენებს, სასწავლებელზე რეგენტთა საბჭოს მეთვალყურეობის დაწესებაა.
რეგენტთა საბჭო 2011 წლის 10 აგვისტოს საქართველოს მთავრობის განკარგულებით შეიქმნა. საბჭოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე, კოკა სეფერთელაძე თავმჯდომარეობს. მის შემადგენლობაში შედიან: ნოდარ სურგულაძე (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, საბჭოს მდივანი); გიორგი ჩახნაშვილი (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე); ვახტანგ ლეჟავა (საქართველოს მთავრობის კანცელარიის მმართველობისა და ეკონომიკურ საკითხებში მრჩეველთა ჯგუფის (სამსახური) უფროსი - პრემიერ- მინისტრის მთავარი მრჩეველი); დიმიტრი ძაგნიძე (საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე); პაპუნა პეტრიაშვილი (საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე); დავით გიორგაძე (საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე).
მთავრობის მიერ შექმნილი რეგენტთა საბჭო, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საფინანსო და ქონებრივ ურთიერთობებს კოორდინაციას გაუწევს. ის ამტკიცებს ბიუჯეტს. უნივერსიტეტის საკუთრებაში საბჭოსთან თანხმდება არსებული უძრავი ქონების ან მისი ნაწილის გასხვისების შესახებ გადაწყვეტილებაც. გარდა ამისა, კოლეგიალური საბჭო რეგენტთა საბჭოს თანხმობით ნიშნავს სასწავლებლის განვითარების ფონდის დირექტორს, რომელიც ფინანსური და ადმინისტრაციული ოპერაციების ჩატარებაზე აგებს პასუხს. ის რეგენტთა საბჭოს წინაშეც პასუხისმგებელია.
საბჭოსთან თანხმობით ინიშნება უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელიც. ეს უკანასკნელი უფლებამოსილია, დადოს ფინანსური და ეკონომიკური შეთანხმებები, ასევე იღებს საკადრო გადაწყვეტილებებს. ხელმძღვანელი რეგენტთა საბჭოსთანაა ანგარიშვალდებული და მისი თანხმობით მოქმედებს.
ახალი სტატუსით უნივერსიტეტები ერთხელ დამტკიცებულ ბიუჯეტში სურვილისამებრ გაანაწილებენ 15%25-მდე თანხას. მსხვილი ოპერაციების შემთხვევაში კი საბჭოს თანხმობაა საჭირო. ამ გზით, რეგენტთა საბჭოს საშუალება ეძლევა, აკონტროლოს უნივერსიტეტების მთლიანი ბიუჯეტი, მაშინ როცა მასში სახელმწიფო ფულის ოდენობა, როგორც წესი, 20-30%25-ს არ აღემატება.
საბოლოო ჯამში, რეგენტთა საბჭოს მეშვეობით, სახელმწიფო კვლავ იტოვებს კონტროლის ბერკეტს უნივერსიტეტებზე. სტატუსის ცვლილების მიუხედავად, განათლების ცენტრალიზებულ მართვას განაგრძობს. საბჭოს უფლება-მოვალეობათა ნუსხის სიმრავლის მიუხედავად, კულტურის მინისტრი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ცვლილება სახელოვნებო სასწავლებლებს დამოუკიდებლად განვითარებაში დაეხმარება. აქამდე ისინი უშუალოდ იყვნენ სამინისტროსთან მიბმული: „თითქმის ყველა საკითხს ჩვენ გვითანხმებდნენ“. მისივე თქმით, რეორგანიზაციის პერიოდში, ყველა ამ სასწავლებელს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი უხელმძღვანელებს. თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად ნოშრევან ჩხეიძე დაინიშნა, სახელმწიფო კონსერვატორიაში - რეზო კიკნაძე, სამხატვრო აკადემიაში კი - ირინე პოპიაშვილი.
![]() |
8 საკონსტიტუციო სასამართლო - დახმარების უფლება |
▲ზევით დაბრუნება |
ვახო მეგრელიშვილი|სვეტი
რამდენიმე წლის წინ გავიგე, რომ ჩემთვის საინტერესო საკითხთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შევიდა. ვიფიქრე რამდენი ჭკუასუსტი დადის - მეთქი ამ ქვეყანაზე, რამ მოაფიქრათ ასეთ რამეზე საკონსტიტუციო სასამართლოში ჩივილი. მერე კიდევ უფრო გამიკვირდა, როცა გავიგე, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელი განსახილველად მიიღო. ამის შემდეგ კარგა ხანი გავიდა. ვერც კი დავუშვი, რომ შესაძლებელი იქნებოდა საკითხი მოსარჩელეს სასარგებლოდ გადაწყვეტილიყო, ამიტომ არც მომიკითხავს.
ასე ერთი თვის წინ მონღოლეთის მთავრობას ვაძლევდი რჩევებს და საქართველოს მაგალითს ვიშველიებდი. ვცდილობდი დამერწმუნებინა, რომ თუ უკეთესად ვერ მოახერხებდნენ, ისე მაინც მოქცეულიყვნენ, როგორც 7 წლის წინ საქართველოში მოვიქეცით. სასტუმროში ყოველი შემთხვევისათვის კანონის ტექსტი გადავამოწმე, კანონის ჩანაწერის ფორმა მაინტერესებდა და ჰოი საოცრებავ! სასურველი ტექსტის ნაცვლად აღმოჩნდა ჩანაწერი - საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილებით კანონის ნორმა გაუქმებულიაო. გავბრაზდი და მერე მივხვდი რამდენად სასაცილოა ეს ამბავი. ერთი კი გადავწყვიტე - საქართველოში რომ დავბრუნდები, ტაბულას მკითხველს მაინც ვეტყვი რა სახალისო ამბავი დაგვმართია - მეთქი. ასე რომ, ვასრულებ საკუთარი თავისათვის მიცემულ პირობას. საქმე ეხება სოციალური დახმარების კანონს. გაუთვითცნობიერებელ მკითხველს მცირე ინფორმაციას მივაწვდი.
ამ კანონის საფუძველზე საქართველოში ღარიბ-ღატაკ მოსახლეობას დახმარების სახით ფულს და ჯანმრთელობის დაზღვევას ვჩუქნით. ღარიბების პოვნა მარტივი საქმე არ არის, როგორც მოგეხსენებათ. თითოეულ ჩვენგანს ღარიბ ოჯახზე საკუთარი წარმოდგენა აქვს. ამ კანონამდე დახმარების ღირსებად მხოლოდ მოხუცები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები და სხვადასხვა ომების მონაწილეები თუ უწყებების ყოფილი თანამშრომლები ეგონა სახელმწიფო ბიუროკრატიას. შესაბამისად, ფულსაც მხოლოდ ეს ჯგუფები იღებდნენ.
იმდროინდელმა მთავრობამ მარტივი და შედარებით ობიექტური მიდგომის გამოყენება სცადა. წლების განმავლობაში ოჯახების შემოსავლებს და ხარჯებს სტატისტიკის სამსახური აკვირდებოდა სრულიად სხვა მიზნებისათვის, კერძოდ, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის ცვლილების გაზომვას ცდილობდა. კვლევაში მონაწილე ოჯახებს ინფორმაციის დამალვის არანაირი მოტივი არ ჰქონდათ. ამიტომ ეს მონაცემები შედარებით სანდო იყო და სტატისტიკოსებმა ყველაზე დაბალშემოსავლიანი ოჯახებისთვის დამახასიათებელი ობიექტური და მარტივად შესამჩნევი მახასიათებლების ძებნა დაიწყეს. შემდეგ ამ მახასიათებლების ერთობლიობით ოჯახები ერთმანეთისათვის უნდა შეედარებინათ. ყველაზე უარესი მახასიათებლების მქონე ოჯახებისათვის ფული მთავრობას უნდა მიეცა, რომელსაც მთავრობა ასეთი მეთოდის უქონლობის შემთხვევაში მაინც დახარჯავდა, მაგრამ ფული უფრო მდიდარ ნაწილთან მოხვდებოდა.
ასობით პარამეტრი შემოწმდა სტატისტიკურ მნიშვნელობაზე. ბოლოს 200-მდე პარამეტრი შეირჩა და თითოეულს სხვადასხვა მნიშვნელობა - ეგრეთ წოდებული წონა მიეკუთვნა. გემახსოვრებათ ალბათ ამ 200-დან ჩვენს ინტელექტუალ ჟურნალისტებს და პოლიტიკოსებს განსაკუთრებულად ტელევიზორი და მაცივარი შეუყვარდათ. იმდენი ქნეს, რომ მეთოდოლოგიიდან ტელევიზორი ამოაღებინეს ადვილად დამყოლ ბიუროკრატიას, მაშინ როდესაც იმ ოჯახებს, ვისაც ძველი შავ-თეთრი ტელევიზორი ჰქონდა, ეს პარამეტრი კეთილდღეობის ქულას უმცირებდა და უფრო მეტ შანსს აძლევდა დახმარების მიმღები გამხდარიყო. ეს ამბავიც სასაცილოა, თუმცა სხვა ოპერიდანაა.
მოკლედ, მრავალგზის ტესტირებული პარამეტრების ერთობლიობით მიიღება შეფასება. დრო მართლაც გავლენას ახდენს ამ პარამეტრებზე და პერიოდულად საჭიროა ანალოგიური სამუშაოს განმეორებით ჩატარება, რათა შეფასების მეთოდოლოგია არ მოძველდეს. მაშინაც, როდესაც ეს კანონი იწერებოდა, გასაგები იყო, რომ ბევრი ადამიანი უკმაყოფილო იქნებოდა, როცა შეფასების შედეგი საკმარისი არ იქნებოდა ფულის ან სხვა რამე სარგებლის მისაღებად. მუდმივად იქნებოდა სხვადასხვა ტიპის და მიმართულების კერძო დაინტერესება, ფული სასურველ ადამიანებს მიეღოთ. სუბიექტივიზმზე დაფუძნებული სასამართლო სარჩელების თავიდან ასაცილებლად დაიწერა შემდეგი:
„სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგია, აგრეთვე საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი დონე და ფულადი სოციალური დახმარების ოდენობა არ საჩივრდება“.
ადამიანურ ქართულ ენაზე თუ გადავთარგმნით, ამ პუნქტში ეწერა, რომ ვიღაცის ხუშტურზე, ობიექტური კვლევის გარეშე, ღარიბი ვის დავუძახოთ, არ უნდა დგინდებოდეს, ბიუჯეტის მიღება პარლამენტის და არა სასამართლოს საქმეა და დაახლოებით ერთ მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს სავარაუდოდ ერთნაირად უნდა ვეხმარებოდეთო. ამ პრინციპების მართებულობა პარლამენტმა აღიარა და არ საჩივრდებაო. ოღონდ ნუ მკითხავთ რამდენ პარლამენტარს ესმოდა ამ პუნქტში ეს რომ ეწერა, როცა ამ კანონს ხმას აძლევდა.
გვეგონა, რომ მოწინააღმდეგეები ისეთივე პრიმიტიულები იქნებოდნენ, როგორც ჩვენ ვიყავით. აღმოჩნდა, რომ მათი სტრატეგია ღრმა და ყოვლისმომცველია. თურმე თავის დროზე ამათ იდეოლოგიურ მამებს აქვთ კონსტიტუციაში გათვალისწინებული, რომ სოციალური სახელმწიფო უნდა ავაშენოთ. ეს ნიშნავს, რომ მოსახლეობის ერთი ნაწილის ქონების ექსპროპრიაცია მეორე ნაწილის სასარგებლოდ პერმანენტული პროცესი უნდა იყოსო. ანუ სოციალური დახმარების მიღება უფლება ყოფილა. ამიტომ სოციალური დახმარების უფლების, ისევე როგორც სხვა უფლებების, დაცვაც სასამართლოში უნდა ხდებოდესო.
ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, საკონსტიტუციო სასამართლომ ბევრი იფიქრა თუ ცოტა, გადაწყვიტა, რომ ანტიკონსტიტუციური ყოფილა, როდესაც მათხოვარი მოვა და თქვენ შეიძლება მას ფული არ მისცეთ, რადგან თქვენებური შეფასების მეთოდი გამოიყენეთ და გადაწყვიტეთ, რომ ამ კონკრეტული მათხოვრის დახმარება საერთოდ არ გინდათ. ანტიკონსტიტუციურია, თუ თქვენი დახმარების ზღვარი მხოლოდ მოხუცებულ მათხოვრებზე გადის და ბავშვებს და ლოთებს, არგუმენტირებულ მოსაზრებაზე დაყრდნობით, შეგნებულად არ ეხმარებით. მოსამართლისათვის იქნებ სხვა არგუმენტები უფრო დამაჯერებელი აღმოჩნდეს? ანტიკონსტიტუციურია, თუ თქვენ 20 თეთრს მისცემთ, მაშინ როდესაც თქვენგან ლარს ითხოვდნენ. ამიტომ შესაძლებელია მოსამართლეს შინაგანმა რწმენამ უკარნახოს, რომ თქვენ ლარი უნდა გაგეღოთ და 80 თეთრის კომპენსაცია დაგაკისროთ ზედ დამატებული ჯარიმით.
ვითომ ნორმალურია ეს ამბავი? რა ვუთხრა ამის შემდეგ მონღოლეთის მთავრობას?
![]() |
9 პირველი ათწლიანი სახაზინო ფასიანი ქაღალდები |
▲ზევით დაბრუნება |
ეკონომიკა
ელენე კვანჭილაშვილი
საქართველომ 10 მილიონი ლარის ღირებულების ათწლიანი სახაზინო ფასიანი ქაღალდები გამოუშვა. პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურის თქმით, ეს პირველი შემთხვევაა: ათწლიან ტრანზაქციაზე მოთხოვნა სამჯერ მაღალი იყო, ხოლო საპროცენტო განაკვეთი - 12%25.
2012 წლის ბიუჯეტით მთელი წლის განმავლობაში მთავრობას 100 მილიონი ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდის გამოშვება აქვს დაგეგმილი. ამ გეგმის 85%25 უკვე შესრულებულია. ეროვნული ბანკის მონაცემებით, სახაზინო ფასიანი ქაღალდების მოცულობა მიმოქცევაში 15 მილიონი ლარით გაიზარდა.
როცა მთავრობას ფული სჭირდება, თანხას კერძო კომპანიებისგან ან მოსახლეობისგან სესხულობს. ყიდის ფასიან ქაღალდებს და აფინანსებს მიმდინარე დეფიციტს. 2005 წლიდან ეროვნულ ბანკს ფულის დაბეჭდვა და მთავრობისთვის მისი სესხება აეკრძალა. თუმცა ფულის გასესხების ირიბ გზას მაინც მიაგნო: კომერციულ ბანკებზე რეფინანსირების სესხებს გასცემს და შემდეგ კომერციული ბანკები სახაზინო ვალდებულებებს შეისყიდიან. ამ სქემის მიხედვით, კომერციული ბანკები ეროვნული ბანკისგან სესხს დაბალ პროცენტად იღებენ და შემდეგ, უფრო სარფიანად მთავრობაზე ასაღებენ. რეფინანსირების სესხების კომერციულ ბანკებზე გაცემით ეროვნული ბანკი ხელოვნურად აიაფებს ფულს და საპროცენტო განაკვეთს ამცირებს.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2012 წლის იანვარში იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე გასაცემი სესხების საშუალო საპროცენტო განაკვეთი 21%25, ხოლო ამავე თვეში ეროვნული ბანკის რეფინანსირების სესხების აუქციონზე საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი 6.56%25 იყო. შესაბამისად, გაუგებარი ხდება, რატომ შეეცდებიან კომერციული ბანკები დეპოზიტები მოიზიდონ 20-ზე მეტ პროცენტად, როცა ეროვნული ბანკი მათ ამ ფულს თითქმის სამჯერ იაფად ასესხებს. მათ ურჩევნიათ, რომ თავისუფალი ფული ფასიან ქაღალდებში დააბანდონ. მოგება პრაქტიკულად გარანტირებული აქვთ: სახაზინო ობლიგაციები რისკს არ შეიცავს.
იმისთვის, რომ საპროცენტო განაკვეთები ხელოვნურად დაბალ ნიშნულზე შენარჩუნდეს, ფულის მოცულობა უნდა გაიზარდოს და პირიქით: როცა ფული იაფია, სესხებზე მოთხოვნა მატულობს და, შესაბამისად, ფულის მოცულობა იმატებს. ეს პრაქტიკულად იგივეა, რაც ფულის ბეჭდვა. ხაზინის განკარგულებაში ჩნდება ახალი ფული, რომელიც კერძო სექტორიდან არ შემოსულა. გამოდის, რომ ბაზრის ყველა მოთამაშეს აქვს იმდენივე თანხა, რამდენიც ჰქონდა და მხოლოდ ხაზინას აქვს მეტი.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოში ფულის მასა 1995 წლიდან ყოველწლიურად იზრდება. 2011წელს, 2003 წელთან შედარებით, ფულის მასამ ქვეყანაში 15%25-ით მოიმატა. საქსტატის მონაცემებით, პროდუქციის გამოშვების წლიური მოცულობა ფულის მასის ზრდას მნიშვნელოვნად ჩამორჩება. ამგვარი მატებისას მომხმარებელს დასახარჯად მეტი თანხა აქვს. თუ ამ დროს პროდუქციის მიწოდებაც არ იზრდება, საქონელი ძვირდება. ხაზინის ახალ ფულზე მოთხოვნა არარსებობს და შედეგად, ბრუნვაში არსებული ფულის მსყიდველუნარიანობა იკლებს. თუმცა პრობლემები ამით არ მთავრდება. პროდუქციის გაძვირებაზე მომხმარებელს თავდაცვის რეაქცია უჩნდება: ფულის მსყიდველუნარიანობის გაზრდის მიზნით, ის დაგროვებას იწყებს.
გამოდის, რომ დეფიციტის ინფლაციური მეთოდებით დაფინანსება ავტომატურად იწვევს ფულზე დამატებითი მოთხოვნის გაჩენას.ამ ჩაკეტილ წრეს, შემდეგ პრობლემამდე- ვალის გაზრდამდე მივყავართ. ეროვნული ბანკის 2003-2011 წლების მონაცემებით, 2008 წლიდან საშინაო ვალი ყოველწლიურად იზრდება.
ეროვნული ბანკის პოლიტიკის კიდევ ერთი უარყოფითი ეფექტი ინფლაციის ზრდაა.2010წელს საქართველოში წლიურმა ინფლაციამ რეკორდულად მაღალ ნიშნულს მიაღწია- 11.2%25. ამავე წელს დაემთხვა ფინანსთა სამინისტროს მიერ სახაზინო ვალდებულებების განსაკუთრებით დიდი მოცულობის გაყიდვაც-
ბაზარზე 608 მილიონი ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდი გამოიტანა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2010 წელს სახაზინო ფასიანი ქაღალდების მოცულობა მიმოქცევაში 186 მილიონი ლარით, ხოლო ამავე წელს, ფულის მასა 2.3 მილიარდი ლარით გაიზარდა.
ახალი ფული მიმოქცევაში შემოსვლისას თანაბრად არასდროს ნაწილდება: ამ შემთხვევაში ე.წ.პირველი მხარჯველის პრივილეგია კომერციულ ბანკებს აქვთ: მომხმარებელი იმავე დაბალი საპროცენტო განაკვეთით ვერ სარგებლობს. ეროვნული ბანკის აუქციონშიც, შესაბამისად, მხოლოდ კომერციული ბანკები მონაწილეობენ. ბანკებს სახაზინო ობლიგაციები მეორად ბაზარზე არ გააქვთ, რადგან ამ შემთხვევაში მათ მოგება ფიზიკურ პირებს უნდა გაუყონ.
გამოდის, რომ რეალურად, ფინანსური ბაზარი არ ჯანსაღდება. მეტიც, როდესაც სახელმწიფო ფინანსური რესურსების მობილიზაციას ახდენს სახაზინო ვალდებულებების ხარჯზე, ის სინამდვილეში თავისუფალი ბაზრიდან აძევებს კერძო კაპიტალს და თავისუფალ ინიციატივებს ამცირებს.
სამუშაო ადგილების შექმნის ერთადერთი საშუალება კაპიტალის (ინვესტიციის) ზრდაა. 2011 წლის მშპ-სა და დასაქმების მაჩვენებლის გათვალისწინებით, შეგვიძლია დაახლოებით გამოვთვალოთ, რა შემოსავალს უნდა იღებდეს კაპიტალის მფლობელი, ერთი ადამიანი რომ დაასაქმოს.
ეკონომიკის კეთილდღეობის ინიციატივის ( EPI) მიერ მოწოდებული მონაცემებით, 2011 წელს მშპ 22.5 მილიარდი ლარი იყო. მის 30%25 სშეადგენს ხელფასი, დანარჩენი 70%25 კაპიტალზე შემოსავალია - აქ შედის კაპიტალის მოხმარება და კაპიტალის მფლობელის მოგება. ამ წელს დაახლოებით 1.6 მილიონი ადამიანი იყო დასაქმებული. გამოდის, რომ ერთი დამატებითი სამუშაო ადგილის შექმნა, კაპიტალის მფლობელს 9500 ლარი უჯდება.
შესაბამისად, რაც უფრო მეტ 9500 ლარს დაუტოვებს მთავრობა კომპანიებს თავისუფალ ბაზარზე ასათვისებლად, მით მეტი თანხა დარჩებათ ინდივიდებს ჯიბეში და მით უფრო სწრაფად შეივსება დეფიციტი. მანამდე ყოველთვის იარსებებს საშიშროება, რომ დეფიციტი ინფლაციური გზით დაფინანსდეს - ფულის დაბეჭდვით, პირდაპირ თუ ირიბად.
ფულის მასის ზრდის დინამიკა (ათასი ლარი, 1995-2011დეკემბერი)
წყარო: ეროვნული ბანკი
![]() |
10 2011 წელს ინვესტიციები 20%25-ით გაიზარდა |
▲ზევით დაბრუნება |
ეკონომიკა
მაკა გამცემლიძე
2011 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოში ბოლო სამი წლის განმავლობაში ყველაზე დიდი რაოდენობით - 337 მილიონი აშშ დოლარი - პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 2010 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 58%25-ით მეტია.
2011 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოს ათი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა 91%25 შეადგინა. ქვეყანაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, ყველაზე მსხვილი ინვესტორები ნიდერლანდები (78.7 მილიონი აშშ დოლარით), ლუქსემბურგი (33.4 მილიონი აშშ დოლარით) და აშშ (32.8 მილიონი აშშ დოლარით) არიან.
საქსტატის ინფორმაციით, ამ პერიოდში პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის ყველაზე მიმზიდველი ენერგეტიკის, ხოლო ყველაზე ნაკლებად მიმზიდველი მშენებლობის სექტორი აღმოჩნდა. ამ სექტორებში 2011 წლის მეოთხე კვარტალში მთლიანი ინვესტიციების, შესაბამისად, 23%25 და 1%25 ჩაიდო.
მთელი წლის მონაცემების ანალიზი აჩვენებს, რომ 2011 წელს წინა წელთან შედარებით ინვესტიციები 20%25-ით გაიზარდა. საქართველოს ყველაზე მსხვილი ინვესტორი ნიდერლანდები იყო. ინვესტორები ყველაზე მეტად დამამუშავებელი მრეწველობის, ხოლო ყველაზე ნაკლებად - სოფლის მეურნეობის და თევზჭერის სექტორებით ინტერესდებოდნენ. ამ სექტორებში ინვესტიციების მთლიანი მოცულობის, შესაბამისად, 18.4%25 და 1%25 ჩაიდო.
საქართველოში ყველაზე მეტი ინვესტიცია 2007 წელს შემოვიდა. აგვისტოს ომის და ფინანსური კრიზისის პერიოდში (2008-2009 წლებში) ინვესტიციები თითქმის სამჯერ შემცირდა. 2010 წლიდან კი ისევ ზრდა დაიწყო. EBRD-ის და მსოფლიო ბანკის უახლესი კვლევებით, მომდევნო ორი წლის განმავლობაში ეკონომიკური ზრდისთვის პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება.
უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების წილი 2011 წელი (%25)
უმსხვილესი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ეკონომიკის სექტორების მიხედვით 2011 წელს (%25)
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
![]() |
11 სოფლის ცხოვრება |
▲ზევით დაბრუნება |
მიშა თავხელიძე|სვეტი
დღეს შეუდავებელი ყოველი აბსურდი
ხვალ შეუდავებელი ლოზუნგი ხდება
აინ რანდი
ძალიან არ მომწონს, როგორ იწყება და სად მიემართება ჩვენი საპარლამენტო საარჩევნო კამპანია.
ზოგადად, არ მომწონს ჩვენი ოპოზიციის ინტელექტუალური უსუსურობა და ირაციონალიზმი; უუნარობა, მკაფიოდ დაინახოს და შეაფასოს რეალობა; ძველი სტერეოტიპებითა და შტამპებით ოპერირება; მისი საბჭოთა, ბოდიში და, პოლიტიკური კულტურა; მისი დესტრუქციული შემართება...
არ მომწონს, რომ ასეთი ოპოზიციის ხელში პოზიცია მოდუნებული და ზედმეტად თვითდაჯერებულია; რომ პოპულიზმი ხშირად გასდის, რადგან იმათთან, ვინც მეორე აბზაცში მოყვანილ აღწერას ექვემდებარება, კონკურენცია ძალიან ადვილია.
ზოგად პრობლემებზე წუწუნს სიამოვნებით გავაგრძელებდი და იმასაც დავამატებდი, რომ ეს მთელ ოპოზიციას (მადლობა ღმერთს!) და მთელ პოზიციას (მადლობა ღმერთს!) არ ეხება, მაგრამ კონკრეტულ რაღაცაზე, რაც ამ კამპანიაში არ მომწონს, მინდა დავწერო.
არ მომწონს ის, რომ ისევ აქტუალური გახდა სოფლის მეურნეობის „აღორძინების“ თემა, რომელსაც ვერც ოპოზიცია ვერაფრით შეეშვა და ვერც პოზიცია.
მეც და სხვებს აქაც ბევრჯერ დაგვიწერია და ისედაც ცნობილია, რომ სოფლის მეურნეობა, როგორც საქართველოს ეკონომიკის ნაწილი, უკანასკნელი თუ არა, ერთ-ერთი ბოლო საბჭოთა გადმონაშთია, რაც საქართველოს იმ ავადსახსენებელი წლებიდან შემორჩა.
ამ დარგში არსებულ საწარმოთა აბსოლუტური უმრავლესობა გლეხური, ოჯახური მეურნეობებია, რომლებიც თავისი სიმცირის გამო - და იმის გამო, რომ ჩამორჩენილ ტექნოლოგიებს იყენებენ - კატასტროფულად არაეფექტურია. სოფლად ცხოვრობს მთელი მოსახლეობის ნახევარზე ოდნავ ნაკლები და აწარმოებს მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 8%25-ზე ოდნავ მეტს.
რაც მთავარია, ეკონომიკის ამ ნაწილის მკვეთრი ზრდა (აღორძინება!) პრაქტიკულად შეუძლებელია. ზრდას სჭირდება პირველ რიგში აგროსაწარმოები ბევრი მიწით, რომელიც საქართველოში არ გვაქვს. უფრო სწორად, გვაქვს, ოღონდ ამ მიწაზე ბევრი ხალხი ცხოვრობს. სოფლად მცხოვრებ დაახლოებით 700 ათას ოჯახზე მოდის დამუშავებისთვის ვარგისი 700-ვე ათასი ჰექტარი მიწა. ანუ თითო ოჯახზე თითო ჰექტარი.
ამ პირობებში აგრომეურნეობების გამსხვილება რომ დაიწყოს (რაც მოდერნიზაციის აუცილებელი პირობაა), მილიონამდე ადამიანი საცხოვრებლად უნდა გადმოვიდეს ქალაქებში. ეს თუ ბუნებრივად მოხდა (და აუცილებლად მოხდება, რამეთუ ეკონომიკის ზრდას უპირობოდ სოფლად მცხოვრებთა რაოდენობის კლება მოჰყვება), ამ „დიდ გადასახლებაში“ მონაწილე ადამიანებს (მათი უმრავლესობა ჯერ არც კი დაბადებულა) საკმარისი დრო (10-დან 30 წლამდე) ექნებათ ადაპტაციისთვის, ქალაქში (არა სოფლის მეურნეობაში) დასაქმებისთვის საჭირო განათლების მიღებისთვის და ა.შ.. თუკი ამ პროცესს ხელოვნურად დავაჩქარებთ, „დიდი გადასახლება“ მალე მოხდება, მაგრამ იქნება მოუმზადებელი და ეს ადამიანები შეემატებიან ქალაქში მცხოვრებ უმუშევართა რიცხვს.
რაც ზემოთ დავწერე, სინამდვილეში, პრობლემის ცოტა არ იყოს გამარტივებული აღწერაა. მას ბევრი ნიუანსი აქვს, მაგრამ ზოგადად ეს აღწერა სწორი უნდა იყოს.
ჩვენი პოლიტიკოსები პრობლემის მოგვარების (ან, თუ გნებავთ, მენეჯმენტის) ორ გზას გვთავაზობენ: ერთს მთავრობა (პრეზიდენტი სააკაშვილი) და მეორეს ოპოზიცია (პრეტენდენტი ივანიშვილი). აქვე დავძენ, რომ ივანიშვილი აქ უფრო ოპოზიციის კრებითი სახეა - საბოლოო ჯამში, ყოველი ჩვენი „მეოცნებე“ თუ „არა-მეოცნებე“ სოფლის მეურნეობის საკითხში ერთ აზრზეა.
მთავრობის პროგრამა, მოკლედ რომ აღვწეროთ, სოფლის ინფრასტრუქტურის განვითარება და ახალი ურბანული ცენტრების შექმნა და გაფართოებაა: მექანიზაციის ბაზები, პროფესიული გადამზადების ცენტრები, ლაზიკა ბოლოს და ბოლოს.
ოპოზიცია გვთავაზობს სუბსიდიებს, ე.წ. იაფ კრედიტებს (რაც იგივე სუბსიდიაა) და რაღაც გაუგებარ (მარქსისტულ?) გეგმებს, რომლის მიხედვითაც „გლეხური მეურნეობის მცირე მოცულობის ინდივიდუალური სასაქონლო ნაშთები“(!) უნდა „გამსხვილდეს“(!) და „წინასავაჭრო დამუშავების შემდეგ“(!) ქალაქის მომხმარებელს უნდა მიეწოდოს (იხ. ბიძინა ივანიშვილის ოფიციალური გვერდი).
პირველი პროგრამა გამიზნულია იმისკენ, რომ სოფლის მცხოვრებს ცოტათი მაინც გაუადვილდეს საკუთარი, თუნდაც მცირე, აგრობიზნესის წარმოება და ქალაქში გარდაუვალ მიგრაციას მომზადებული შეხვდეს. მეორე - იმისკენ, რომ გლეხი (არ უნდა გადავეჩვიოთ ამ სიტყვას?!) ისევ გლეხადვე დარჩეს, იმავე სოფელში, მთავრობის დახმარების იმავე იმედად.
ვინც ამ ჟურნალს კითხულობთ, გეცოდინებათ, რომ მე პირადად მთავრობის მიერ ვინმეს მომავალზე ზრუნვის ზოგადად წინააღმდეგი ვარ. მაგრამ, თუკი სხვა გზა არ არის - სოფლად ელექტორატის დიდი ნაწილი ცხოვრობს, ხოლო ნებისმიერ პოლიტიკოსს არჩევნები აქვს მოსაგები - მომავალზე ისეთი ზრუნვა მირჩევნია, რომელიც განვითარებას ცდილობს და არა კონსერვაციას. არ მგონია, რომ ნამდვილი ქართული ოცნება საქართველოს ჩამორჩენილ აგრარულ ქვეყნად გადაქცევა იყოს!
ჰოდა, რატომ არ მომწონს სოფლის მეურნეობის „აღორძინების“ მთელი ეს დისკურსი? იმიტომ, რომ მთავრობამ ჯერ კიდევ თუ არ დაღუპა სოფლის მეურნეობა და ეკონომიკა მთლიანად, ასეთი ოპონენტების ხელში ბოლოს და ბოლოს აუცილებლად დაღუპავს, რადგან იძულებული იქნება ოპოზიციის უპასუხისმგებლო პოპულიზმს საკუთარი პოპულიზმი დაუპირისპიროს. მე კი არ მინდა ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც ეკონომიკური წინსვლის ბურჯი ჭოპორტის პამიდორია.
![]() |
12 ჯეიმს აპატურაი: კავკასია ჩვენი სამეზობლოა, ის ჩვენთვის სახლივითაა |
▲ზევით დაბრუნება |
ტაბულა|ფოკუსი
ესაუბრა თამარ ჩერგოლეიშვილი
„რუსები გარეთ, ამერიკელები შიგნით, გერმანელები ქვემოთ“ - ასე აღწერა NATO-ს მიზანი ორგანიზაციის პირველმა გენერალურმა მდივანმა, ლორდმა ისმეიმ ალიანსის შექმნისას 1949 წელს. რა არის ალიანსის მიზანი დღეს? რას უნდა ელოდოს საქართველო NATO-სგან? რისთვის ვიბრძვით ავღანეთში? ამ და სხვა საკითხებზე ტაბულა NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილეს უსაფრთხოების და პოლიტიკის საკითხებში და სპეციალურ წარმომადგენელს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაის ესაუბრა.
გარდა გენერალური მდივნის თანაშემწისა, თქვენ NATO-ს სპეციალური წარმომადგენელი ბრძანდებით კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში. ეს რეგიონები ხშირად სტრატეგიულ რეგიონებად მოიხსენიება. როგორ აღწერდით მათ მნიშვნელობას?
ორივე რეგიონი თავისებურად, თუმცა თანაბრად მნიშვნელოვანია. კავკასია NATO-ს სამეზობლოა, ის ჩვენთვის სახლივითაა. რაც იქ ხდება, ჩვენზე უშუალო გავლენას მაშინვე ახდენს. კავკასია ჩვენს ტერიტორიას ესაზღვრება. ეს რეგიონი მხოლოდ უსაფრთხოების თვალსაზრისით არ არის საყურადღებო. იგი მნიშვნელოვანი სატრაზინტო რეგიონია. გარდა ამისა, ჩვენ საზიარო ღირებულებები გვაქვს. ეს ერთგვარი თანამეგობრობაა, რომელსაც ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობას უწოდებს. რაც შეეხება საქართველოს, ეს არის ქვეყანა, რომელსაც NATO-ში გაწევრიანება სურს და მოკავშირეებმა მიიღეს გადაწყვეტილება და ეს ასეც მოხდება.
ცენტრალური აზია სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სხვა მიზეზების გამოა. ორს გამოვყოფდი: პირველი, ცენტრალური აზიის, როგორც ენერგორესურსების მწარმოებელი და სატრანზიტო რეგიონის, ზოგადი სტრატეგიული მნიშვნელობა; მეორე კი ავღანეთი. ჩვენი საერთო ინტერესია, რომ ავღანეთი საფრთხეს აღარ წარმოადგენდეს. ამრიგად, მათთან თანამშრომლობა გვინდა, რომ ავღანეთის პრობლემა კონსტრუქციულად მოვაგვაროთ, რაც ყველას ინტერესს წარმოადგენს.
ბოლო ვიზიტის დროს საქართველოში, NATO-ს გენერალურმა მდივანმა თქვა, რომ საქართველო ალიანსს მნიშვნელოვნად დაუახლოვდა. ამ განცხადების შემდეგ რუსეთის აწ წარმავალმა პრეზიდენტმა, დმიტრი მედვედევმა, მალევე აღნიშნა, რომ აგვისტოს ომი საქართველოს NATO-ში გაწევრიანების შესაჩერებლად დაიწყო და NATO-სთვის გაკვეთილი იყო. აი, ეს ციტატა: „ზოგიერთი ჩვენი პარტნიორისათვის, მათ შორის ჩრდილოატლანტიკური ალიანსისთვის, ეს ნიშანი იყო იმისა, რომ ალიანსის გაფართოებაზე გადაწყვეტილების მიღებამდე, ჯერ გეოპოლიტიკურ სტაბილურობაზე უნდა დაფიქრდნენ“. ამას მოჰყვა სერგეი ლავროვის განცხადება, რომ საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას ახალი ომი მოჰყვება, ლავროვის სიტყვებს თუ გამოვიყენებთ, 2008 წლის ავანტიურის მსგავსი. როგორ აფასებთ რუსეთის ხელმძღვანელობის ამ გამონათქვამებს?
NATO-ს პოზიცია ძალიან მარტივია. რუსეთის ხელმძღვანელობას შეუძლია თქვას, რაც უნდა და ასეც იქცევა, მაგრამ ალიანსში ქვეყნის გაწევრიანებაზე გადაწყვეტილებას NATO-ს წევრები იღებენ. ბუქარესტში მიიღეს კიდეც გადაწყვეტილება, რომ საქართველო.
მიხეილ სააკაშვილი და ანდერს ფოგ რასმუსენი. 2010
ფოტო: REUTERS ©
NATO-ს წევრი გახდება, თუ, რა თქმა უნდა, მას ამის სურვილი ექნება და შესაბამის სტანდარტებს დააკმაყოფილებს. საქართველოს NATO-ში გაწევრიანება კვლავ სურს და მოსახლეობის მხარდაჭერის გათვალისწინებით, ვფიქრობ, ეს სურვილი არ განელდება და საქართველო სტანდარტების დაკმაყოფილებაზე მუშაობს. ამრიგად, ჩვენ დამოკიდებულება არ შეგვიცვლია. ვაგრძელებთ მუშაობას იმ ეტაპისკენ, როდესაც საქართველო NATO-ს წევრი გახდება და ქვეყანაც, თავის მხრივ, ამ მიმართულებით ნაბიჯებს დგამს. ფაქტობრივად, როგორც გენერალურმა მდივანმა თქვა, ჩვენ ერთმანეთს ვუახლოვდებით. სულ ახლახან შევათანხმეთ ღონისძიებათა პაკეტი საქართველოს NATO-სთან კავშირის გასაძლიერებლად. ბოლო წლებში, მათ შორის 2008-ში, საქართველომ გადადგა ნაბიჯები, რომლებმაც ქვეყანა უფრო მჭიდროდ დააკავშირა NATO-ს. ჩვენ ამას ვითვალისწინებთ ახლა, როდესაც უშიშროების საბჭოს მდივანი ბატონი ბოკერიაა აქ და გავითვალისწინებთ, როდესაც რამდენიმე კვირაში პრეზიდენტი სააკაშვილი ჩრდილოატლანტიკურ საბჭოსთან შესახვედრად ჩამოვა. ეს პროცესი ნაბიჯ- ნაბიჯ წინ მიიწევს მიუხედავად იმისა, თუ სხვა მხარეები რას იტყვიან.
აქ მოსვლამდე თქვენს სტატიებს გადავხედე და ერთი საინტერესო მასალა აღმოვაჩინე, 2002 წელს გამოქვეყნებული, რომელიც NATO-ს მომავალს ეხება ცივი ომის შემდგომ პერიოდში. თქვენს ერთ ციტატას წავიკითხავ: „NATO-ს პირველმა გენერალურმა მდივანმა, ლორდმა ისმეიმ, ევროპული უსაფრთხოების პოლიტიკის პრიორიტეტები ცივი ომის 40-წლიანი პერიოდისთვის ზუსტად ჩამოაყალიბა - რუსები გარეთ, ამერიკელები შიგნით, გერმანელები ქვემოთ... ისტორიულად, ეს პრიორიტეტები შესრულდა. გერმანია ევროკავშირისა და NATO-ს მშვიდობისმოყვარე წევრია, რუსეთი აღარ არის მოწინააღმდეგე და სულ უფრო მეტად საიმედო პარტნიორი ხდება”. ათი წელი გავიდა ამ სტატიის გამოქვეყნებიდან. ამ ათი წლის შემდეგ რას ფიქრობთ რუსეთზე, როგორც პარტნიორზე?
NATO-ს ჯარისკაცები ავღანეთში
ფოტო: REUTERS ©
პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ჩემს ციტატას მევე მიკითხავენ. ასე რომ, მადლობა ასეთი გამოცდილებისათვის. 2002 წლის შემდეგ, NATO-სა და რუსეთს შორის ინტეგრაციის დონე ან, უფრო სწორად, მჭიდრო თანამშრომლობის დონე - ინტეგრაცია, ალბათ, არასწორი სიტყვაა - ბევრად უფრო გაღრმავდა, ვიდრე მაშინ ამის წარმოდგენა იყო შესაძლებელი. არსებობს NATO-რუსეთის საბჭო, სადაც რუსეთი წარმოდგენილია როგორც NATO-ს წევრი ქვეყნების თანასწორი მხარე და ამ საბჭოსთან არსებული მთელი ქვესტრუქტურა სხვადასხვა კომიტეტით, რომლებიც სხვადასხვა საკითხზე მუშაობენ. ავღანეთის საკითხზე თანამშრომლობა ძალიან ღრმაა. რუსეთი უზრუნველყოფს ტრანზიტს. ჩვენ ტრენინგს ვუტარებთ ცენტრალური აზიის, ავღანეთის, პაკისტანის ნარკოტრაფიკის წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურის თანამშრომლებს. ჩვენ, რუსეთთან ერთად, ავღანეთის ეროვნულ არმიას ვაწვდით ვერტმფრენებს, სათადარიგო ნაწილებს და ვუტარებთ წვრთნას. ბოლო დღეებში ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდა. ამრიგად, ერთად ბევრს ვაკეთებთ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის, ახალი ტექნოლოგიების განვითარების საკითხებში. რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვას რაც შეეხება, ამ მიმართულებით ცვლილების პოტენციალი არსებობს და როდესმე შეთანხმებას მივაღწევთ. თუ შეთანხმება ვერ მოვახერხეთ, არა გვგონია, ამან რუსეთის უსაფრთხოება დააზარალოს, თუმცა მათ ასე ჰგონიათ. მთავარი ამოცანა ახლა დროებითი შეთანხმების მიღწევა და რუსეთის და NATO-ს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებს შორის შესაძლო თანამშრომლობაა, რომელიც გვჯერა, ძალიან წაადგება ევროპის უსაფრთხოებას. რატომ? იმიტომ, რომ რუსეთსა და NATO-ს შორის უკეთესი თანამშრომლობა უფრო ფართო კონტექსტში უკეთეს პოლიტიკურ კლიმატს შექმნის, მათ შორის ისეთი ქვეყნებისათვის, როგორიც საქართველოა. ამრიგად, ვფიქრობ, ყველას ინტერესშია, რომ ამ საკითხზე შევთანხმდეთ.
როგორ ახსნიდით იმას, რომ რუსეთი დემოკრატიული ქვეყნების ალიანსის გაფართოებას საფრთხედ აღიქვამს? როგორ შეიძლება დემოკრატიულმა ქვეყანამ საფრთხე შექმნას და რატომ მიიჩნევა ალიანსი საფრთხედ რუსეთში? რას ფიქრობთ ამ საკითხზე?
ბრიტანელი ჯარისკაცები ზუსტი დამიზნების ჭურვებს ამზადებენ
მე რუსეთის ხელისუფლების პრესმდივნად არ გამოვდგები, ეს ის თანამდებობა არ არის, რომელსაც ვეძებ და ვფიქრობ, ამ თანამდებობაზე არც მათ ვუნდივარ. მათი ეს შიში მე ბოლომდე არ მესმის. როგორც რუსეთის ექსპერტები ამბობენ, ქვეყანა უსაფრთხოებას ისევ ისე უყურებს, რასაც ჩვენთან ნულოვან ჯამურ თამაშს უწოდებენ - თუ შენ მოიგე, მე ვაგებ, თუ შენ ხარ ძლიერი, მე სუსტი ვარ, თუ შენ დიდი ხარ, მე პატარა ვარ. ჩვენ უსაფრთხოებას ვცდილობთ შევხედოთ - და ვუყურებთ კიდეც - სხვა თვალით. ჩრდილოეთ ამერიკაში ასეთი გამოთქმა გვაქვს „დიდი ტალღები ყველა ნავს დატბორავს”, ანუ, სხვა სიტყვებით თუ ვიტყვით, მე თუ დაცული ვარ, შენც დაცული ხარ, მე თუ უსაფრთხოდ ვარ, შენც უსაფრთხოდ ხარ, როდესაც საერთო გეოგრაფიულ სივრცეში ვიმყოფებით. ასე რომ, ჩვენ ამაში რუსეთისთვის საფრთხეს ვერ ვხედავთ, მეტიც, ჩვენ რუსეთს საფრთხედ არ აღვიქვამთ და ამიტომ, არც საკუთარი თავი მიგვაჩნია რუსეთისთვის საფრთხედ. ეს ასევე ეხება პრინციპს, რომ დემოკრატიას, რომელიც აკმაყოფილებს NATO-ს სტანდარტებს, აქვს უფლება [გახდეს NATO-ს წევრი], ჩვენ კი, სხვათა შორის, გვაქვს ვალდებულება, ამ ქვეყნის წევრობის საკითხი განვიხილოთ, თუმცა ასეთი ქვეყნები სტანდარტებს უნდა აკმა ყოფილებდნენ. აი, ასე ვუყურებთ ამ საკითხს და იმედი გვაქვს, რუსეთი გაიაზრებს, რომ როდესაც პოლონეთი NATO-ს წევრი გახდა, ურთიერთობა რუსეთსა და პოლონეთს შორის გაუმჯობესდა, როდესაც ბალტიის ქვეყნები შევიდნენ NATO-ში, მათსა და რუსეთს შორის ურთიერთობა ორივე მხრიდან გაუმჯობესდა. ამრიგად, ისტორიამ აჩვენა, რომ ეს რუსეთისთვის საფრთხე კი არა, პირიქით, სასარგებლოა.
შესაძლოა იმიტომ, რომ NATO-ს ქოლგის ქვეშ ქვეყნები უფრო უსაფრთხოდ გრძნობენ თავს, რითიც აიხსნება რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება. რას ფიქრობთ?
ამას ბევრი ადამიანი ამბობს და ამაში სიმართლის დიდი წილია. თავდაჯერებულობა ემატებათ და შეუძლიათ მოდუნდნენ და რუსეთს უფრო მშვიდად ელაპარაკონ. მართლაც, ისტორიამ ურთიერთობების გაუმჯობესება აჩვენა და არა გაუარესება.
ლორდ ისმეის სიტყვები, თავადაც ამბობთ, რომ აღარ არის აქტუალური. დღეს როგორ განსაზღვრავთ ალიანსის მიზანს? რა არის ახლა ევროპული უსაფრთხოების პრიორიტეტები?
საგულისხმოა, რომ გენერალურმა მდივანმა ყველას დაჟინებით გვთხოვა, მოგვეფიქრებინა სხვა ასეთივე ლაკონური გამონათქვამი, რომელშიც შეჯამებული იქნებოდა მიზანი, მაგრამ ჯერჯერობით ვერავინ, მათ შორის ვერც მე, ვერ მოიფიქრა ასეთი ფრაზა, ვინაიდან ეს ცოტა რთული საქმეა. სტრუქტურისა და იმ ხედვის თვალსაზრისით, როგორც მოვლენებს ვუყურებთ, NATO სუმოს დიდი, მძიმე, ალბათ, არცთუ მიმზიდველი მოჭიდავისგან გამხდარ, სწრაფ, სხვადასხვა მოძრაობის თავისუფლად შემსრულებელ მოფარიკავედ იქცა. მგონი, კარგი ანალოგია არ გამომივიდა, მაგრამ აი, ამ მიმართულებით მივდივართ. NATO-ს ძირითად მიზნად კოლექტიური უსაფრთხოება რჩება - საკუთარი წევრების დაცვა. მაგრამ ამას სხვაგვარად ვაკეთებთ, რადგან ეგზისტენციალური სამხედრო საფრთხის წინაშე არ ვდგავართ. ახლა ჩვენ გვჭირდება პოლიტიკური სოლიდარობის შენარჩუნება - ეს პოლიტიკური და არა სამხედრო კლუბია და სამი მიმართულებით მოქმედებს: საკუთარი თავის დაცვა, კრიზისული სიტუაციების მართვა, როგორიც, მაგალითად, ლიბიაშია ანდა ავღანეთში, რომელშიც საქართველოს უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვს, და მესამე, თანამშრომლობითი უსაფრთხოების მშენებლობა - კრიზისის პრევენცია, პარტნიორობის გაფართოება, დიალოგის დამყარება. ახლა, NATO-მ არაბულ სახელმწიფოთა ლიგასთან დაიწყო თანამშრომლობა, მაგალითად, სპარსეთის ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოსთან - ორგანიზაციებთან, რომლებთანაც ადრე არ ვურთიერთობდით. თუმცა, რადგან ეს ურთიერთობა დაწყებული გვქონდა, როდესაც ლიბიის კრიზისი მოხდა, ვიცოდით თუ ვისთვის მიგვემართა. ისინიც გვიცნობდნენ, გვენდობოდნენ და ერთად პოლიტიკური კოალიცია შევქმენით, რომელმაც გაამართლა. ამრიგად, NATO-ს საქმიანობის სამი ძირითადი მიმართულებაა კოლექტიური თავდაცვა, კრიზისის მართვა და თანამშრომლობითი უსაფრთხოება.
რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების საკითხი რომ ამოვწუროთ - დაახლოებით ერთი წლის წინ, ინტერვიუში თქვით, რომ ეს საკითხი ჯერ კიდევ საწყის ეტაპზე იყო და არ იყო განსაზღვრული არც მისი მასშტაბი, არც მიზანი თუ სხვა ტექნიკური პარამეტრები. დღეს რა სტადიაზეა ეს საკითხი?
როგორც აღვნიშნე, ამ საკითხზე NATO-რუსეთის მოლაპარაკებებში დიდი წინსვლა არ აღინიშნება. თავად NATO-ში პროგრესი ძალიან მნიშვნელოვანია და მაისის ბოლოს, ჩიკაგოს სამიტზე ვნახავთ, რომ NATO რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემას აამოქმედებს. მაისის ბოლოს, საწყისი საოპერაციო შესაძლებლობა გვექნება. რას ნიშნავს ეს? იმას, რომ იწყება საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა, უმთავრესად ამერიკულის, თუმცა გარკვეულწილად ევროპულისაც - ესპანური გემები, თურქული რადარი, რომელიც უკვე მუშაობს და ჰოლანდიური და სხვა წევრების აქტივები. მაისის ბოლოს NATO-ს შეეძლება ეს ყველაფერი გააერთიანოს და შექმნას მისი გამოყენების კონცეფცია. კიდევ ბევრი ფაზაა გასავლელი, ეს პირველი ფაზაა. 2020 წლისთვის სისტემა საბოლოოდ დასრულდება. თუმცა, უკვე რამდენიმე თვეში ამ სისტემას დავქოქავთ.
ავღანეთის მისიაში საქართველოს მონაწილეობის დღიდან 15 ჯარისკაცი დაიღუპა. ჩემს თანამემამულეებს უჩნდებათ კითხვა, თუ რატომ ხდება ეს; სააკაშვილს უკვე ოპოზიციაც უტევს. ერთ-ერთი მთავარი ოპოზიციური ძალის წარმომადგენელმა ავღანეთის მისიას „გაურკვეველი ავანტიურაც“ კი უწოდა. საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, სააკაშვილზე, სავარაუდოდ, წნეხი გაიზრდება. რა არის NATO-ს ძალების და პარტნიორების, ISAF-ის მისია ავღანეთში და რა გავლენა ექნება ამას საქართველოზე?
ეს დებატი დღეს ყველა ქვეყანაში მიმდინარეობს. მინდა, ქართველი ხალხი დავარწმუნო, რომ ეს არ არის ავანტიურა. 50 ქვეყნის პარლამენტმა დაადასტურა ეს მისია. არსებობს ძალიან მკაფიო მანდატი გაეროსგან. ასე რომ, ეს პრეზიდენტ სააკაშვილის ახირება არ არის. სააკაშვილი უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო მისიის სრულუფლებიანი მონაწილეა. ამ მისიას მყარი იურიდიული საფუძველი აქვს და მასში კიდევ 49 ქვეყანას შეაქვს საკუთარი წვლილი. ეს ერთი.
მეორე, არსებობს ბევრი სხვა ძალიან მკაფიო მიზეზი. გარდა იმისა, რომ ავღანეთს თალიბანი მართავდა, რომელიც ადამიანის უფლებების ყველაზე უხეში დამრღვევი იყო, ეს ქვეყანა საერთაშორისო ტერორიზმის კერას წარმოადგენდა. ჩვენი საერთო სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე, უნდა შევძლოთ ორი რამ: ავღანეთი აღარ იქცეს ტერორისტების თავშესაფრად და საწვრთნელ ბაზად და არ მოხდეს უფრო ფართო რეგიონის დესტაბილიზაცია, მათ შორის ცენტრალური აზიის, რომელიც, როგორც უკვე ვთქვი, ჩვენთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა. ტერორიზმი, ექსტრემიზმი და ნარკოტიკები, რომელიც შეიძლება ავღანეთიდან წამოვიდეს, აუცილებლად მოხვდება საქართველოში, ასევე, ჩემს ქვეყანაში და ევროპის ყველა ქვეყანაში, როგორც ის რუსეთში ხვდება. ყველას ძვირი დაგვიჯდება, თუ ვერ შევძლებთ ავღანელებს დავეხმაროთ, უზრუნველყონ საკუთარი უსაფრთხოება. ეს ერთხელ უკვე ვიწვნიეთ. ეს არ არის პოლიტიკური ფანტაზია, ამის აშკარა ფაქტები უახლეს ისტორიაში მოიძებნება. ამიტომ, საქართველოს შენატანი ქვეყნების დიდი გუნდის წვლილის ნაწილია, და უნდა ვთქვათ, რომ ეს შენატანი ძალიან ღირებულია. საქართველო ამ საკმაოდ დიდი წვლილით, რომელზეც შეზღუდვები არ ვრცელდება, აჩვენებს, რომ ის საერთაშორისო უსაფრთხოების მონაწილეა. გულახდილად თუ ვიტყვი, ვფიქრობ, ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, აჩვენოს, რომ ის მხოლოდ პრობლემა არ არის, არამედ მას პრობლემის გადაწყვეტაც შეუძლია და ამ მისიაში მონაწილეობით საქართველო სწორედ ამას აკეთებს. ვფიქრობ, პოლიტიკური გზავნილი ძალიან ძლიერია და მინდა დავარწმუნო საქართველო, რომ ეს გზავნილი კარგად ესმით NATO-ს დედაქალაქებში.
როგორ შეაფასებდით ISAF-ის მიღწევებს ამ დროისთვის და თუ შეგიძლიათ გვითხარით ავღანეთიდან გამოსვლის სტრატეგიის შესახებ, რა სტრატეგია არსებობს 2014 წლის შემდეგ?
ბელგიური საჰაერო ძალების თვითმფრინავები ლიბიის ცაში
ISAF-მა, ჩვენი აზრით, ძალიან ბევრი რამ შეძლო, სამხედრო თვალსაზრისით ძალიან დიდი პროგრესია. შედეგი ის არის, რომ ავღანეთის სულ უფრო მეტ უსაფრთხოების ძალებს შეუძლიათ საკუთარი ქვეყნის უკეთ დაცვა. თუმცა ბევრად უკეთესი შედეგებიც შეუძლიათ აჩვენონ, მაგალითად, როცა ისინი სოფელში შედიან, იციან ვინ ვინ არის, ჩვენ კი არ ვიცით. გვჯერა, რომ ავღანეთის პოლიციისა და ჯარის წვრთნა გაგრძელდება, მიუხედავად იმ სირთულეებისა, რომლებსაც ახლა ვაწყდებით და 2014 წლისათვის შევძლებთ ქვეყნის უსაფრთხოებაზე ზრუნვა მთლიანად ავღანურ ძალებს გადავაბაროთ.
არსებობს ორი გამოწვევა: პირველი, ამ პროცესის დასრულება და მეორე, როგორც თქვენ სწორად აღნიშნეთ, რა მოხდება შემდეგ. 2014 წლის შემდეგ ავღანეთში NATO-ს მცირერიცხოვანი, სამხედრო წვრთნებისთვის განკუთვნილი მისია დარჩება. თუმცა, ჩვენ ასევე გვჭირდება - და „ჩვენს” ამ სიტყვის ფართო გაგებით ვიყენებ - რომ საერთაშორისო საზოგადოებრიობამ გააგრძელოს ავღანეთის მთავრობის, ავღანეთის უსაფრთხოების სტრუქტურების დაფინანსება, რათა ჩვენი გამოსვლის შემდეგ, მათ საკუთარი ჯარის დაფინანსება შეძლონ. ამის გარეშე, ავღანეთი ვერ შეძლებს უსაფრთხოების ძალების შენარჩუნებას. ერთი ავღანელი ჯარისკაცის შენახვა ჩვენი ჯარისკაცის შენახვის ხარჯის დაახლოებით ერთი მეათედი თუ ერთი მეოცედი ჯდება, ასე რომ, ეს კარგი გარიგებაა. თუმცა, საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა გააგრძელოს დაფინანსება და ჩვენ ამ საკითხზე ვმუშაობთ.
გავრცელებული აზრია, რომ ლიბიის კამპანიამ NATO-ს ძლიერი და სუსტი მხარეები გამოავლინა. ერთი მხრივ, NATO-მ შეძლო მიზნის მიღწევა, მუამარ კადაფი ლიბიელ ხალხს საფრთხეს აღარ უქმნის. მეორე მხრივ, ამ კამპანიამ ალიანსში არსებული ერთგვარი განხეთქილება აჩვენა. საბოლოოდ, ყველა შეთანხმდა ოპერაციის აუცილებლობაზე, თუმცა ყველა წამყვან წევრს სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობა არ მიუღია, ზოგმა კი მხოლოდ ნაწილობრივი. რას აჩვენებს ეს კამპანია ალიანსის ერთიანობასთან დაკავშირებით?
მართალს ბრძანებთ - საქმე ცოტა რთულად იყო. NATO-ს ერთ-ერთი ახალი წესია, რომ ქვეყანა, რომელიც სამხედრო ოპერაციაში ერთვება, ოპერაციის შესახებ მოლაპარაკებებში მონაწილეობს. შესაბამისად, ბევრი NATO-ს არაწევრი ქვეყანა, მათ შორის არაბული ქვეყნები, NATO-ს წევრებთან ერთად მოლაპარაკების მაგიდასთან ისხდნენ. ამ ქვეყნების დიპლომატებმა ჩემთან გაკვირვება გამოთქვეს, რომ ბევრს ვკამათობდით. თუმცა მთავარია, რომ ოპერაცია წარმატებული აღმოჩნდა და ალიანსი ერთად იდგა. ვფიქრობ, არასდროს მოხდება, არც დღეს და არც მომავალში, ისე, რომ ყველა წევრი ყველა სამხედრო ოპერაციაში ჩაერთოს. მაშინ როცა ჩვენ ლიბიაში ვიბრძოდით, გერმანელები, რომელთაც ლიბიის ოპერაციაში მონაწილეობა არ მიუღიათ, გზავნიდნენ ბატალიონებს კოსოვოში, სადაც სიტუაცია კონტროლიდან გამოდიოდა. ავღანეთში 28-ვე წევრი გვყავს. ასე რომ, თავის საქმეს ყველა თავისებურად აკეთებს, და ვფიქრობ, ხალხი ყოველთვის ვერ ხედავს სრულ სურათს, რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ მედია ერთ საკითხზეა კონცენტრირებული. ამრიგად, ყველას თავისებურად შეაქვს თავისი წვლილი, ჩვენ ერთად ვიდექით და წარმატებას მივაღწიეთ.
მეორე ასპექტი, რაც ამ ოპერაციამ გვაჩვენა, არის ის, რომ არ გვაქვს საკმარისი შესაძლებლობა - ე.წ. სმარტ-ბომბები - ზუსტი დამიზნების ჭურვები. თითქმის თავიდან ავიცილეთ სამოქალაქო მსხვერპლი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენმა თვითმფრინავებმა 25,000-ჯერ გადაუფრინეს ლიბიას. ეს, რა თქმა უნდა, ოპერაციის ხელმძღვანელობის დამსახურებაა. თუმცა, ოპერაციამ ასევე აჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანია ასეთი სამხედრო შესაძლებლობები; ჩვენ მეტი გვჭირდება - ჰაერში საწვავის ავსება, დაზვერვა, ეს მნიშვნელოვანი აქტივებია, რომლებიც საჭიროა. გამოჩნდა, თუ რამდენად ვართ ამერიკის შეერთებულ შტატებზე დამოკიდებული. მიუხედავად იმისა, რომ ევროპული სახელმწიფოები უძღვებოდნენ საჰაერო დარტყმებს, აშშ- ის გარეშე ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა. ასე რომ, ვცდილობთ გაკვეთილები გამოვიტანოთ ლიბიის გამოცდილებიდან და ამერიკის კისერზე არ დავრჩეთ. მათ მხრებზე ისედაც დიდი ტვირთი აწევთ, რომლის შემსუბუქებასაც ცდილობენ. ლიბიის ოპერაციის ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი ტრანსატლანტიკური ბალანსია.
და სწორედ აქედან მოდის ე.წ. Smart Defence-ის (გონივრული თავდაცვის) კონცეფცია. თუ შეგიძლიათ მოკლედ მოგვითხროთ ამ კონცეფციის შესახებ?
Smart Defence-თან ერთად ბევრი სხვა რამ ხდება. რეალურად, არის სამი გზა, რომელიც სამხედრო შესაძლებლობებს ეხება და ყველა მათგანზე დებატები ლიბიამ გამოიწვია. პირველი ე.წ. Smart Defence, ანუ გონივრული თავდაცვაა. Smart Defence-ის ფარგლებში ვზრუნავთ, რომ გვქონდეს ყველა ის შესაძლებლობა, რომელიც გვჭირდება. მეორე არის გაძლიერებული კავშირი. ამ შემთხვევაში ვზრუნავთ, რომ ყველა ნაწილმა შეთანხმებულად იმუშაოს. და ეს მხოლოდ NATO-ს არ გულისხმობს, არამედ NATO-ს და მის პარტნიორებს, რათა საჭიროებისას სწრაფად ჩარევა შევძლოთ, როგორც ეს ლიბიის შემთხვევაში მოხდა. და მესამე არის გრძელვადიანი ხედვა. ჩვენ ვუმიზნებთ 2020 წელს, ამ პერიოდისთვის ყველაფერი მზად უნდა გვქონდეს, შესაძლებლობების განვითარების სამივე გზა.
რამდენიმე სიტყვით ირანის შესახებ. გენერალურმა მდივანმა რამდენჯერმე გაიმეორა, რომ NATO არ ჩაერევა ირანის საკითხში. რა მოხდება, თუ ირანი გადაწყვეტს ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვას?
ერთ-ერთი რამ, რაც პირველმა გენერალურმა მდივანმა, რომლის სპიკერიც ვიყავი, მასწავლა - მგონი ეს მეორე რჩევა იყო, რომელიც მან მომცა - არის: არასდროს ვუპასუხო კითხვებს, რომლებიც იწყება სიტყვით „თუ”. ყოველთვის ვცდილობდი, ეს რჩევა გამეთვალისწინებინა. თუმცა, უდავოა, რომ სპარსეთის ყურე ყველასთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა, მათ შორის საქართველოსთვისაც. ამ ტერიტორიაზე მსოფლიო ენერგორესურსების 60%25 გადის და მგონი, 35%25 იწარმოება. შესაბამისად, ძალიან დაინტერესებული ვართ ამ სრუტის გავლით შეუფერხებელ მოძრაობაში. ჩვენ რამდენიმე მოკავშირე გვყავს, რომლებსაც საკმაოდ მნიშვნელოვანი ორმხრივი ურთიერთობა აქვს ამ რეგიონთან და სამხედრო ნაწილები ჰყავს იქ განლაგებული. თუმცა ალიანსი, ყოველ შემთხვევაში ამ მომენტისთვის, არ არის ამ საკითხში ჩართული. ჩვენმა პარტნიორებმა სპარსეთის ყურეში მკაფიოდ გამოხატეს, მათ შორის საჯაროდაც, შეშფოთება ირანთან დაკავშირებით. ჩვენც შეშფოთებულები ვართ. ალიანსის პოზიცია ირანის შესახებ გენერალურმა მდივანმა მკაფიოდ განმარტა: ირანმა უნდა შეასრულოს მის მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით, რომელშიც NATO ჩართული არ არის. NATO-ს როლი, ჯერჯერობით, ამით შემოიფარგლება.
ახლა სირიაზე ვისაუბროთ. NATO-მ განაცხადა, რომ სირიაში ჩართვას არ აპირებს. ამავდროულად, ტრაგედია გრძელდება და უდანაშაულო ადამიანები იხოცებიან. მაშინ, თქვენი აზრით, როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა?
სიტუაცია ტრაგიკულია, როგორც ადამიანური, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით. შესაფერისი გამოსავალი რომ არსებობდეს, ვფიქრობ, საერთაშორისო საზოგადოება - არა მხოლოდ NATO - მას იპოვიდა. ცხადი რომ იყოს, რა უნდა გაკეთდეს, გავაკეთებდით. მოკავშირეების ხედვა ასეთია: NATO არ უნდა ჩაერიოს, მაგრამ გაეროს უსაფრთხოების საბჭოსთვის წარდგენილი რეზოლუციები უნდა დამტკიცებულიყო. ძალიან სამწუხაროა, რომ ეს რეზოლუციები არ დამტკიცდა. მე მგონი, მოკავშირეებმა უფრო მკაცრი ენით გამოხატეს ეს. გაეროს უსაფრთხოების საბჭოზე რეზოლუციის ჩავარდნის შედეგი იყო ის, რომ ასადის რეჟიმმა მეტი სისასტიკე ჩაიდინა სირიაში. ამრიგად, ვითარება ძალიან, ძალიან მძიმეა. ამჟამად, საერთაშორისო საზოგადოება პრობლემის სამხედრო გზით გადაჭრის შესაძლებლობას ვერ ხედავს და სანქციებსა და პოლიტიკურ ზეწოლას იყენებს. არაბული ქვეყნები, რა თქმა უნდა, ამ პროცესში მოწინავე ადგილს იკავებენ. თურქეთი ძალიან შეშფოთებულია, რადგან ეს მას განსაკუთრებით ეხება. რაც უფრო მეტ ხანს გაგრძელდება ასეთი ვითარება, მით მეტია რეგიონული დესტაბილიზაციის საფრთხე. ათასობით, ათიათასობით თუ არა, ადამიანი გადავიდა ლიბანში. ლიბანი, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული საფრთხის ქვეშაა. მინდა, რომ სათანსათანადო პასუხი მქონდეს, მაგრამ სამწუხაროდ არ მაქვს.
თუ შეგიძლიათ, მოკლედ აღწეროთ რა განსხვავებებია სირიის და ლიბიის სიტუაციებს შორის?
პირველი, ლიბიის შემთხვევაში, არსებობდა ძლიერი რეგიონული მხარდაჭერა, არაბული ქვეყნების ლიგა სამხედრო ინტერვენციის მომხრე იყო. სირიის შემთხვევაში ეს ასე არ არის. მეორე, არსებობდა გაეროს უსაფრთხოების საბჭოს მკაფიო რეზოლუციები ლიბიაში სამხედრო ინტერვენციაზე, ლიბიის არასაფრენ ზონად გამოცხადებაზე, მშვიდობიანი მოქალაქეების დაცვის აუცილებლობაზე და ასე შემდეგ. სირიის შემთხვევაში ასე არ არის. და მესამე, სამხედრო- ტექნიკური თვალსაზრისით, სამხედრო ოპერაცია სირიაში ძალიან რთული ჩასატარებელი იქნებოდა და რთული წარმოსადგენია მისი წარმატება. ასე რომ, პირობები ძალიან განსხვავებულია. და ბოლოს, უფრო ფართომასშტაბიანი სამოქალაქო ომი, რომელიც იქ იარაღის შეტანას მოჰყვება - ვინც არ უნდა იყოს ამ იარაღის მიმწოდებელი - ძალიან მძიმე შედეგებს მოუტანს ლიბანს, ირანს, ისრაელს, თურქეთს. მე მგონი, ქვეყნებს ნათლად არა აქვთ წარმოდგენილი, თუ რა მოხდებოდა, თუ ჩავერეოდით და ის, რაც მოხდებოდა, უარეს შედეგს ხომ არ მოიტანდა. ალბათ, გასაგებია, რატომ არ გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი, მაგრამ გარწმუნებთ, NATO-ს მთავრობები სხვა ფორმით ყველაფერს აკეთებენ, რომ ეს პრობლემა მოაგვარონ.
რამდენიმე სიტყვა ჩიკაგოს სამიტის შესახებ. თქვენ უკვე ახსენეთ რამდენიმე საკითხი, რომელზეც საუბარი იქნება სამიტზე. ორგანიზაციის გაფართოების საკითხი თუ დადგება? საქართველო თუ მიიღებს რაიმე სიგნალს?
ჩიკაგოს სამიტზე ავღანეთის მომავალზე ვიმსჯელებთ და საქართველო, ამ კონტექსტში, უსათუოდ იქნება მოწვეული. საუბარი შეეხება რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებს, Smart Defence-ს და შესაძლებლობებს, პარტნიორებს - ყველა ჩვენი ძირითადი პარტნიორი იქნება წარმოდგენილი და მათ შორის, რა თქმა უნდა, საქართველო, და მათი წვლილი სათანადოდ აღინიშნება. თუ ვისაუბრებთ გაფართოებაზე? ეს არ არის გაფართოების სამიტი. რამდენადაც მესმის, არცერთი ქვეყანა არ მიიღებს მიწვევას NATO-ში შესვლის პროცესის დასაწყებად და არც წევრად მიიღებენ. ასე რომ, ეს გაფართოების სამიტი არ არის. თუმცა, როგორ გამოვხატავთ ჩვენს დამოკიდებულებას იმ ქვეყნებისადმი, რომელთაც ორგანიზაციის წევრობა უნდათ, გამოვხატავთ თუ არა და როგორ ან რა გზით - შეხვედრისას, დეკლარაციით ან რაიმე სხვა ფორმით, ეს ჯერ არ არის გადაწყვეტილი. განხილვა ფორმატისა და დროის საკითხების შესახებ ახლა მიმდინარეობს. ასე რომ, მე მგონი, ჯერ პასუხი არ გვაქვს. ვფიქრობ, პასუხი გვექნება, როცა NATO-ს საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები შეხვდებიან აპრილის შუა რიცხვებში.
Smart Defence (გონიერი თავდაცვა) - 2011 წლის თებერვალში NATO-ს გენერალურმა მდივანმა რასმუსენმა წევრ ქვეყნებს გააცნო ახალი სტრატეგიული ხედვა, Smart Defence - „მეტი უსაფრთხოების შექმნა ნაკლებ ფასად, ერთად მუშაობით და მეტი მოქნილობით”. მისი თქმით, მაშინ როცა დასავლეთის ქვეყნების უმრავლესობა ცდილობს სამხედრო ბიუჯეტი შეამციროს, მნიშვნელოვანია, რომ წევრმა ქვეყნებმა ითანამშრომლონ საერთო სამხედრო შესაძლებლობების შესაქმნელად. სტრატეგიის მიხედვით, წევრმა ქვეყნებმა უნდა შექმნან საზიარო სამხედრო შესაძლებლობები, ერთად დააფინანსონ და საჭიროების შემთხვევაში ერთად გამოიყენონ სამხედრო აქტივები.
![]() |
13 ფოტოესე |
▲ზევით დაბრუნება |
ენცო ფერარის მუზეუმი
მოდენა, იტალია
![]() |
14 2012 წლის მარტი: ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნები ახლო კადრით |
▲ზევით დაბრუნება |
დევიდ ჯ. სმითი|სვეტი
თითქმის სამი თვეა, რაც ამერიკელები უცნაურ საარჩევნო პროცესში არიან ჩართულნი, რომელიც 6 ნოემბერს შეერთებული შტატების პრეზიდენტის არჩევით დაგვირგვინდება. უეჭველია, რომ პრეზიდენტი ბარაკ ობამა დემოკრატიული პარტიის კანდიდატად დასახელდება. ამიტომ, ყველაზე დიდი კითხვა დღეიდან მოყოლებული ზაფხულამდე ის არის, თუ ვინ იქნება რესპუბლიკური პარტიის ის კანდიდატი, ვინც ობამას მეტოქეობას გაუწევს. თუმცა, ეგრეთ წოდებული „სუპერსამშაბათისა“ და ისეთი სათაურების წაკითხვის შემდეგ, როგორიც არის „რომნიმ გუამის ტერიტორიებსა და ჩრდილოეთ მარიანის კუნძულებზე გაიმარჯვა“, ეს პროცესი, ცოტა არ იყოს, გაუგებარია. მიუხედავად ამისა, ის, თუ ვინ დაიკავებს 2016 წლამდე თეთრ სახლს, ყველას ეხება. ამიტომ, მოდით, უფრო დეტალურად განვიხილოთ ეს პროცესი.
ამერიკაში, პრეზიდენტს არა მხოლოდ იმ კანდიდატებიდან ირჩევენ, რომლებსაც პოლიტიკური პარტიები ასახელებენ, არამედ მათაც, ვინც პარტიებმა უნდა დაასახელონ. ეს ძალზე ფართო და ღია პროცესია, თუმცა ამ პროცესს ნაწილობრივ სწორედ ეს ართულებს. არსებობს 50 შტატი და ექვსი ამერიკული ტერიტორია და თითოეულში ორი ძირითადი პარტიაა წარმოდგენილი. ამრიგად, 112 დამოუკიდებელი არჩევნები იმართება - რომლებსაც კოკუსებს (caucuses) ან პირველად არჩევნებს, ანუ პრაიმერისს, უწოდებენ. ყოველ ამ არჩევნებს თავისი წესები აქვს.
კი, ბატონო, 2012 წელს დემოკრატიული პარტიის ეს პროცესი არც ისე საინტერესოა, ვინაიდან უკვე ცნობილია, რომ ამ პარტიის კანდიდატი ობამა იქნება.
რესპუბლიკელებს რაც შეეხება, აქ 56 კოკუსი ან პირველადი არჩევნები უნდა ჩატარდეს 2,286 დელეგატის ასარჩევად რესპუბლიკური პარტიის იმ ეროვნული ყრილობისთვის, რომელიც აგვისტოს ბოლოს ფლორიდის ქალაქ ტამპაში გაიმართება. რაც უფრო დიდია შტატი ან ტერიტორია, მით მეტია ყრილობისთვის მის მიერ არჩეული დელეგატი. ყრილობაზე ტამპაში გუამი 9 დელეგატს აირჩევს, კალიფორნია - 172-ს.
ყველა რესპუბლიკელს გუამიდან მეინამდე, თუ ვირჯინიის კუნძულებიდან ალასკამდე, შეუძლია მონაწილეობა. თუმცა, რეალურად, პრაიმერისსა და კოკუსში ამომრჩეველთა მონაწილეობის დონე, ჩვეულებრივ, დაბალია. ის შტატები, სადაც ყველაზე ადრე ტარდება პირველადი არჩევნები - აიოვა, ნიუ ჰემპშირი, სამხრეთ კაროლინა და ფლორიდა - ტონის მიმცემები არიან, თუმცა არა გადამწყვეტი როლის მოთამაშენი. თეორიულად, შეჯიბრი ივნისის ბოლომდე შეიძლება გაგრძელდეს, როდესაც რიგით ბოლო შტატები - კალიფორნია, მონტანა, ნიუ ჯერსი, ნიუ მექსიკო, სამხრეთ დაკოტა და იუტა - ჩაატარებენ თავიანთ არჩევნებს.
ისიც შესაძლებელია, რომ ვერცერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვოს 1,144 დელეგატის ხმა, რაც აგვისტოში ყრილობის გახსნამდე არის გამარჯვებისათვის საჭირო. ასეთ შემთხვევაში, დელეგატები იმსჯელებენ, მოილაპარაკებენ და კენჭს უყრიან მანამ, სანამ რომელიმე კანდიდატი ხმათა უმრავლესობას არ მიიღებს.
რასაკვირველია, გამარჯვებულის სურვილია ხმათა უმრავლესობა რაც შეიძლება ადრე მოიპოვოს, რათა საკუთარი ყურადღება - და თანხები - ბარაკ ობამასთან პაექრობისაკენ მიმართოს. თუმცა, ამ სტატიის წერის დროისათვის უკვე ჩატარებული 26 კოკუსისა და პრაიმერისის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, გამარჯვებულის ადრეულად გამოვლენის ნიშანი არ ჩანს.
აი, რა ვითარებაა 2012 წლის 12 მარტისათვის:
მასაჩუსეტსის ყოფილი გუბერნატორი მიტ რომნი, 455 დელეგატი
პენსილვანიის ყოფილი სენატორი რიკ სანტორუმი, 199 დელეგატი
კონგრესის ყოფილი სპიკერი ნიუტ გინგრიჩი, 117 დელეგატი
ტექსასის კონგრესმენი რონ პოლი, 64 დელეგატი ეს ციფრები 6 მარტის შედეგებსაც ასახავს, რომელსაც „სუპერსამშაბათი” იმიტომ უწოდეს, რომ ამ დღეს ათმა შტატმა ჩაატარა არჩევნები. იმ დროისათვის, როდესაც სტატიას წაიკითხავთ, დამატებით კიდევ 263 დელეგატი იქნება შერჩეული შვიდი სხვა შტატისა და ტერიტორიის წესების მიხედვით.
რონ პოლი, რიკ სანტორუმი, მიტ რომნი, ნიუტ გინგრიჩი
იმას, რომ წელს ოთხი კანდიდატის შეჯიბრი დროში გაიწელა, სამი მიზეზი აქვს. პირველი, რესპუბლიკურმა პარტიამ თავისი წესები შეცვალა, რითიც მოწინავე კანდიდატს გაურთულა დელეგატების საჭირო რაოდენობის ხმების სწრაფად დაგროვება. მეორე, აშშ- ის უზენაესმა სასამართლომ თანხების მოზიდვის წესები შეცვალა, რამაც კანდიდატს მხოლოდ რამდენიმე მდიდარი მხარდამჭერით შეჯიბრში მონაწილეობის მიღება გაუადვილა.
მესამე, რომნი ის ადამიანია, ვისაც ყველაზე მეტი შანსი აქვს რესპუბლიკელთა კანდიდატი გახდეს. თუმცა, ამავე დროს, ის რესპუბლიკელებში დიდ ენთუზიაზმს არ იწვევს. რესპუბლიკელი ამომრჩევლები, როგორც ჩანს, ალტერნატიულ კანდიდატებს ეძებენ. ისინი, რომლებსაც რომნი არ ხიბლავდა, ჯერ მინესოტას კონგრესმენს, მიშელ ბაკმანს, შემდეგ კი ტექსასის გუბერნატორს, რიკ პერის, ემხრობოდნენ. თუმცა ორივე მათგანი ბრძოლას გამოეთიშა.
შემდეგ გინგრიჩის აღმასვლა დაიწყო, რასაც დაღმასვლა მოჰყვა. დღეს კი, რომნის მთავარ მეტოქედ სანტორუმი ჩანს. სავარაუდოდ, ვერც გინგრიჩი და ვერც სანტორუმი ვერ გაიმარჯვებს. რესპუბლიკელებს ალბათ ერთი გზაღა დარჩებათ - დაასახელონ ის კანდიდატი, რომელიც მაინცდამაინც არ უნდათ.
ირონიულია, მაგრამ სწორედ ეს ფაქტორი აქცევს მას კაცად, რომელსაც საუკეთესო შანსი აქვს ობამას კონკურენცია გაუწიოს. რესპუბლიკელთა ბევრი ამომრჩეველი შიშობს, რომ იგი ძალზე ზომიერია, მაგრამ ობამას წინააღმდეგ არჩევნებში, გამარჯვებულმა იმ ზომიერთა ხმები უნდა მიიზიდოს, რომელთა მიმხრობა ნებისმიერ პარტიას შეუძლია.
მიტ რომნი ოჯახთან ერთად
მიუხედავად ამისა, უკვე რამდენიმე თვეა, რაც საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები მიუთითებს, რომ არჩევნებში ობამა აჯობებს რომნის. თუმცა ეს, ალბათ, რესპუბლიკური პარტიის მიერ გადაწყვეტილების ვერ მიღების მიმართ საზოგადოების განწყობებს ასახავს. რესპუბლიკელები დაბნეულები ჩანან, მაგრამ შემოდგომაზე საქმე არც ისე ცუდად არის ხოლმე, როგორც გაზაფხულზე. როგორც კი რესპუბლიკელები აირჩევენ თავიანთ კანდიდატს, დაუნდობელი საარჩევნო შეჯიბრი დაიწყება.
მიუხედავად იმისა, რომ სხვა ქვეყნებში ხალხს სურს, გაიგოს, მოიტანს თუ არა არჩევნები ცვლილებას ამერიკის საგარეო პოლიტიკაში, 2012 წლის არჩევნები - თუ რაიმე საგარეო კრიზისი არ მოხდა - დამოკიდებული იქნება ეკონომიკურ საკითხებზე, კერძოდ, დასაქმებაზე, დასაქმებაზე და დასაქმებაზე.
სულ ახლახან გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, აშშ-ში უმუშევრობა 2009 წლის 10%25-დან 8.3%25-მდე შემცირდა. თებერვალში, ეკონომიკას 233 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეემატა. თუმცა, ბევრი ეკონომისტი მიიჩნევს, რომ გრძელვადიანმა სტრუქტურულმა უმუშევრობამ, სამთავრობო ხარჯების შემცირებამ და ერაყიდან და ავღანეთიდან სამხედროების შინ დაბრუნებამ, შეიძლება, ეს პოზიტიური ტენდენცია შეანელოს ან შემოაბრუნოს.
ამერიკის საერთაშორისო მეგობრებსა და მტრებს ისღა დარჩენიათ, რომ მხოლოდ უცქირონ - არჩევნების წლის განმავლობაში ვაშინგტონის აქტივობა მნიშვნელოვნად ნელდება. რუსეთის საარჩევნო მანიპულაციების, კრემლის ანტიამერიკული რიტორიკისა და ობამას „გადატვირთვის“ პოლიტიკით მიღებული არც ისე დიდი სარგებლის შემდეგ, აშშ-რუსეთის ურთიერთობა შეიცვლება იმ შემთხვევაშიც კი, თუ ობამა აირჩიეს. თუმცა, არჩევნების დასრულებამდე, თეთრი სახლი ამაზე ბევრს არ ისაუბრებს. გარდა ამისა, თეთრი სახლის ყურადღება მიჯაჭვული უნდა იყოს ისეთ საგარეოპოლიტიკურ დანაღმულ მინდვრებზე, როგორებიც ერაყი, ირანი, ავღანეთი და ჩრდილოეთ კორეაა. ნებისმიერი აფეთქება ამ რეგიონებში, არჩევნების ხასიათს შეცვლის. რესპუბლიკელებს შორის, იზოლაციონისტ კონგრესმენ პოლის გამოკლებით, სხვაობა რეალურ საგარეო პოლიტიკაში ძალზე მცირეა.
რომნი, სანტორუმი და გინგრიჩი ამბობენ, რომ ობამაზე მკაცრები იქნებიან ნებისმიერ საკითხში, მათ შორის, ირანთან და რუსეთთან დაკავშირებით.
რომნი აცხადებს, რომ მისი პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, ირანს ბირთვული იარაღი არ ექნება. იგი ობამას აკრიტიკებს რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების რბილი კრიტიკის გამო. ასევე ამბობს, რომ მეტს გააკეთებს რუსეთის მეზობლების დასახმარებლად. თუმცა, როგორც ჩანს, მაინცდამაინც ნათლად არა აქვს წარმოდგენილი ვინ და სად არიან ეს მეზობლები. ამას, ალბათ, მნიშვნელობა არა აქვს, რადგან წინასაარჩევნო განცხადებები, ჩვეულებრივ, საგარეო პოლიტიკის ინდიკატორებად ვერ მიიჩნევა.
მეტიც, რომნიმ (და სანტორუმმაც და გინგრიჩმაც) იცის, რომ რაც არ უნდა მოხდეს, ვინც არ უნდა გაიმარჯვოს არჩევნებში, ამერიკელებს ომი მობეზრებული აქვთ და თავდაცვის ბიუჯეტი უნდა შემცირდეს. რისკიანი და ძვირადღირებული წამოწყებებისთვის მადა დიდი არ იქნება.
ამრიგად - გარდა იმ შემთხვევისა, თუ უცხოეთიდან მოხდა რაიმე პროვოკაცია - ობამას ადმინისტრაციისაგან ნუ ელით რაიმე გაბედულ ნაბიჯებს უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკაში, ანდა ასეთის დაპირებებს რესპუბლიკელთა კანდიდატებისაგან. გრძელი და საძაგელი კამპანიის, პარტიის 112 კოკუსისა და პრაიმერისის, ორი პარტიის ყრილობების და ეროვნული არჩევნების შემდეგ, ცვლილებები მოხდება, მაგრამ დღეს რთულია იმის გამოცნობა, თუ როგორი იქნება ისინი.
![]() |
15 ბრიტანეთი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რეფორმირებას ცდილობს |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო
ლარა ჯამარაული
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, თავისი გადაწყვეტილებებით, პერიოდულად დიდი ბრიტანეთის უკმაყოფილებას იწვევს. 2005 წელს სასამართლო ბრიტანეთისგან კანონში ცვლილებების შეტანას და პატიმრებისთვის ხმის მიცემის უფლების მინიჭებას მოითხოვდა. წელს კი, მიუხედავად ბრიტანეთის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებისა, ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ აბუ ქატადას იორდანიაში დეპორტაცია დაუშვებელია. მოსამართლეთა რწმენით, მას დეპორტაციის შემთხვევაში, ტერორისტული დანაშაულებისთვის, წამებით მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, მართლმსაჯულების წინაშე წარდგენა მოუწევდა.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სხდომა
საპასუხოდ, დევიდ კამერონმა ევროპული სასამართლოს რეფორმის შესახებ მოხსენებაში განაცხადა, რომ სისტემა არაეფექტიანია და ცვლილებებს საჭიროებს. ყველაზე პრობლემურ საკითხებად მან განუხილველი საქმეების მზარდი რაოდენობა და გაწელილი ვადები დაასახელა. მოსარჩელეები წლობით ელოდებიან საქმის განხილვას.
ბრიტანეთს მიაჩნია, რომ ევროპული სასამართლო შიდა სამართალზე ზემდგომი არ უნდა იყოს. საბოლოო გადაწყვეტილება ქვეყნის უზენაესმა სასამართლომ უნდა მიიღოს და არა სტრასბურგის ე.წ. მეოთხე ინსტანციის სასამართლომ.
სასამართლო ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის წევრი 47 ქვეყნის წინააღმდეგ განიხილავს საქმეებს, რომელთა რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება. განუხილველი საქმეების რაოდენობამ წელს 150 ათასს გადააჭარბა.
ევროსაბჭოს წევრების რაოდენობის ზრდის პარალელურად, სასამართლოში შესული სარჩელების რიცხვიც იზრდება. საქმეების ყველაზე დიდი ნაწილი ორგანიზაციის ახალ წევრებს ეხება. მათ შორისაა თურქეთი, მოლდოვა და რუსეთი. ადამიანის უფლებების საკითხი ამ ქვეყნებში ყველაზე პრობლემურია.
დიდი ბრიტანეთი მაისამდე ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა. ვინაიდან ევროსაბჭო ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს უწევს ზედამხედველობას, ბრიტანეთის მთავრობას დაკავებული პოზიციის გამოყენება და სასამართლოს რეფორმის სწრაფი ტემპით გატარება სურს. თორმეტგვერდიან დოკუმენტს, რომელშიც სასამართლოს რეფორმის ბრიტანული გეგმაა გაწერილი, 47 წევრი სახელმწიფო აპრილში, ბრაიტონში განიხილავს.
ამ გეგმის მიხედვით, ქვეყნების შიდა სასამართლოებს უნდა მიეცეთ უფლება, დამოუკიდებლად აირჩიონ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ინტერპრეტაციის საშუალება. ხოლო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ზედამხედველობას გაუწევს შიდა ინსტანციების კანონიერ მართლმსაჯულებას. ასევე საჭიროა შემცირდეს საქმის განსახილველად მიღების ვადები, რითაც სარჩელების დაგროვება და წლობით ლოდინის პრობლემა მოგვარდება. ქვეყნების შიდა სასამართლოების, როგორც კონვენციის დამცავი მექანიზმის, როლის გაზრდით ევროპული სასამართლოს განსახილველი საქმეები შემცირდება. მას მხოლოდ ადამიანის უფლებების ყველაზე უხეში დარღვევების შემთხვევაში მიმართავენ.
ხშირად ისმის კრიტიკა სტრასბურგის მოსამართლეთა მიმართ, რომლებიც კონვენციის წევრ 47 ქვეყანას წარმოადგენენ. ბრიტანული რეფორმა მოსამართლეებისთვის ასაკობრივი ზღვრის დაწესებასა და მათი რაოდენობის შემცირებას ითვალისწინებს. დანიშვნის დროს მოსამართლე 65 წელს არ უნდა იყოს გადაცილებული.
გასული ნახევარი საუკუნის მანძილზე სასამართლომ 10 ათასზე მეტი გადაწყვეტილება გამოიტანა. მათი აღსრულება მოპასუხე სახელმწიფოებისათვის სავალდებულოა. ევროპული სასამართლო მთავრობებს აკისრებს ვალდებულებას, შეიტანონ შესწორებები ეროვნულ კანონმდებლობასა და ადმინისტრაციული პრაქტიკის სხვადასხვა სფეროში. თუმცა, რიგ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებები ფურცელზე რჩება და განჩინებების აღსრულებაზე ეფექტიანი ზედამხედველობა არ ხორციელდება.
ევროპაში, ბრიტანეთის წინადადებას, სასამართლოს რეფორმის შესახებ, ნაწილობრივ ემხრობიან. სახელმწიფოების უმრავლესობა რეფორმას მხარს უჭერს. თუმცა ზოგს მიაჩნია, რომ ევროპულმა სასამართლომ კომპეტენციის ნაწილი შიდა სასამართლოებს უნდა დაუთმოს.
ათიათასობით განუხილველი საქმე, სასამართლოს მიერ წევრი სახელმწიფოებისთვის დამახასიათებელი სამართლებრივი ტრადიციების უგულებელყოფა, ადამიანის უფლებებზე ზედმეტად ხისტი და აბსტრაქტული კონცეფციის ჩამოყალიბება - ეს ნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მასზე დაკისრებულ მისიას ვერ ასრულებს.
ძნელი სათქმელია, რამდენად გაამართლებს, ან საერთოდ განხორციელდება თუ არა ბრიტანული გეგმა. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსთან დაკავშირებული ნებისმიერი რეფორმის გატარება რთული და ხანგრძლივი პროცესია. ამისათვის კონვენციის წევრი ყველა სახელმწიფოს თანხმობა და ცვლილებების შიდა პარლამენტებში რატიფიცირებაა საჭირო.
ჯეიმს კამერონი
![]() |
16 ესტონური სპეცსამსახურები - საიმედო ფარი რუსი ჯაშუშების წინააღმდეგ |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო
თეონა ტურაშვილი
ესტონეთში დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ სპეცსამსახურების ეფექტურობა მკვეთრად გაიზარდა. ამაზე მეტყველებს ბოლო დროს ჯაშუშების საქმეების გახსნა და მათი დაკავება. ქვეყანამ პროგრესი უსაფრთხოების სფეროში გატარებული ცვლილებების შედეგად მოახერხა. სახელმწიფო ძლიერი სადაზვერვო სტრუქტურებით გამოირჩეოდა. ექსპერტთა მტკიცებით, ამან ესტონეთის თავდაცვისუნარიანობა გაზარდა. შესაბამისად, შეამცირა მეზობელი ქვეყნების (მაგალითად, რუსეთის) მიერ სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვების შესაძლებლობები.
ჯაშუშობის სკანდალში ყველაზე ბოლოს ესტონეთის უსაფრთხოების პოლიციის, ე.წ. კაპოს ოფიცერი, ალექსეი დრესენი გაეხვია. პროკურატურის მტკიცებით, იგი ტალინის აეროპორტში მოსკოვში მიმავალ ცოლს აცილებდა. ამ უკანასკნელს მოსკოვში, მეუღლის მიერ გადაცემული გასაიდუმლოებული მასალა მიჰქონდა. მას რუსეთისთვის ესტონეთის სახელმწიფოს კუთვნილი საიდუმლო ინფორმაციის მიწოდებაში ედება ბრალი. 44 წლის მაღალჩინოსანი 20 წლის განმავლობაში ესტონეთის უშიშროების პოლიციაში მუშაობდა. ეჭვობენ, რომ იგი დიდი ხნის მანძილზე აგროვებდა მასალებს და თანამშრომლობდა მოსკოვთან. ბრალეულობის დამტკიცების შემთხვევაში მას 20 წლით თავისუფლების აღკვეთას მიუსჯიან.
ზოგის მტკიცებით, ამ სკანდალმა მთავრობის მოწყვლადობა და კიბერნეტიკის წინაშე არსებული საფრთხეები სააშკარაოზე გამოიტანა. როგორც ცნობილია, ესტონეთში ინტერნეტტექნოლოგიები აქტიურად გამოიყენება საბანკო, საგანმანათლებლო, სამთავრობო და ხმის მიცემის პროცედურების განხორციელებისას. მეორე მხრივ, გამოჩნდა ქვეყნის მნიშვნელობაც და მისადმი გარე აქტორების ინტერესიც. ქვეყანა სამხედრო ბლოკის ფარგლებში კიბერუსაფრთხოებაში ექსპერტიზითაა გამორჩეული. სწორედ ტალინში არსებული კიბერუსაფრთხოების ცენტრი იცავს ორგანიზაციაში ყველანაირი სახის ინფორმაციის გაცვლას. მისი მთავარი მიზანი, განათლების, კვლევის და კონსულტაციების გზით, ბლოკის წევრების კიბერთავდაცვის შესაძლებლობების ამაღლებაა. მას ორგანიზაციის 10 წევრი აფინანსებს. ექსპერტების ნაწილის მტკიცებით, ქვეყანამ რუსი ჯაშუშების ყურადღება სწორედ ამ ფაქტორების გამო მიიქცია. ესტონეთის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თქმით, ბალტიის ქვეყნებისადმი მტრულად განწყობილ ქვეყნებს მათ ხელთ არსებული ინფორმაციისადმი ინტერესი გაუღრმავდათ. დრესენის შემთხვევა კი ამის მანიშნებელია.
ამ ყველაფერში მნიშვნელოვანია თავად ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის როლიც. სწორედ მის წარმატებად მიიჩნევენ ჯაშუშების გამოვლენასა და მათი საქმიანობის შეზღუდვას. ეს ორგანო პოლიტიკური პოლიციის სახით, ჯერ კიდევ 1920 წელს შეიქმნა. საბჭოთა ინტერვენციისას, სწორედ მისი თანამშრომლები გახდნენ რეპრესიების მთავარი მსხვერპლნი. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ იგი აღადგინეს და 1993 წლის რეორგანიზაციის შედეგად, დამოუკიდებელ უწყებად ჩამოყალიბდა. შეიცვალა სტრუქტურაც და საპოლიციო ინსტიტუტიდან უსაფრთხოების სამსახურად გადაკეთდა. დღეს იგი ცენტრალიზებული ორგანოა, რომელიც ოთხი რეგიონული დეპარტამენტისა და რამდენიმე განყოფილებისგან შედგება. დღეს სამსახურს რამდენიმე ამოცანა გააჩნია: მაღალჩინოსნების მიერ ჩადენილი დანაშაულებების გამოძიება, ტერორიზმთან, ტრეფიკინგთან ბრძოლა, სახელმწიფო საიდუმლოების დაცვა, ანტიკორუფციული ოპერაციების ჩატარება, კულტურული მემკვიდრეობის, ტერიტორიული მთლიანობის დაცვა, ასაფეთქებელ და რადიოაქტიურ საბრძოლო მასალებთან გამკლავება.
ალექსეი დრესენი
ჰერმან სიმი
ესტონეთის მიერ დასავლეთ სამყაროში საკუთარი ადგილის პოვნის მიუხედავად, რუსული საფრთხე კვლავაც არსებობს. მოსკოვისთვის, ტალინში დაგროვილი ინფორმაცია, ბოლო დროს ამ ქვეყნის კიბერგამოცდილების მატებასთან ერთად, გაიზარდა. ბევრი ეჭვობს, რომ მათ მოსაპოვებლად მოსკოვი სწორედ ესტონეთში მისადმი ლოიალურ ან, სულ მცირე, ხელისუფლებისადმი უარყოფითად განწყობილ ეთნიკურ უმცირესობებს გამოიყენებს. როგორც ცნობილია, ესტონეთის 1,3 მილიონი მოსახლეობიდან 25,6%25-ს რუსები შეადგენენ.
ორი ქვეყნის ურთიერთობების განხილვისას ბევრს ერიკ კროსის შემთხვევა ახსენდება. კერძოდ, 2009 წელს ფინეთიდან მომავალი რუსული გადამტანი გემი (Arctic Sea) გაიტაცეს. მისი გათავისუფლება მხოლოდ ერთ თვეში მოხერხდა. მოსკოვმა რვა ეჭვმიტანილი დააკავა. მათ შორის ერთმა, დაკითხვისას აღიარა, რომ ხომალდის გადამალვა ესტონელმა მოქალაქემ, ყოფილი დაზვერვის ოფიცერმა და ბალტიისპირეთის საზღვაო უსაფრთხოების ფირმის მფლობელმა, ერიკ კროსმა დაავალა. ეს უკანასკნელი ამ ინციდენტში მონაწილეობას უარყოფდა. ინციდენტი ბევრმა რუსეთის საზღვაო ძლიერებისადმი ჩრდილის მიყენების მცდელობად შეაფასა.
ჯაშუშების არსებობა ესტონეთის პარტნიორებზეც აისახება. ამის მაჩვენებელია 2008 წელს ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნის, ჰერმან სიმის, ღალატის ბრალდებით დააკავება. მას 12-წლიანი პატიმრობა რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის და მისთვის NATO-ს საიდუმლო დოკუმენტების გადაცემის გამო მიუსაჯეს. სიმი 2001 წლიდან ახლადშექმნილ სახელმწიფო საიდუმლოს დაცვის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. შედეგად, ხელი მიუწვდებოდა NATO-ს ქვეყნების საერთო „უმაღლესი საიდუმლოს” ტიპის ინფორმაციაზე. მან თავადვე აღიარა რუსეთის დაზვერვისთვის არა მხოლოდ საკუთარი ქვეყნის, არამედ ევროკავშირისა და გაეროს დოკუმენტების გადაცემა. ეს შემთხვევა ცივი ომის შემდეგ ორგანიზაციის ისტორიაში ყველაზე მწვავე და სერიოზულ ფაქტად შეაფასეს.
ფორმალურად „Arctic Sea” არის სავაჭრო სატვირთო გემი, რომელსაც ფინეთიდან ალჟირში 1,8 მილიონი დოლარის ოდენობის საშენი მასალა გადაჰქონდა. თუმცა, მის გაქრობასა და ბორტზე განთავსებულ ტვირთთან დაკავშირებით მრავალი სპეკულაცია არსებობს. იგი გატაცებიდან ორ კვირაში კაპე ვერდესთან აღმოაჩინეს, რის შემდეგაც ხომალდი რუსეთის საზღვაო ფლოტმა ჩაიგდო ხელში. აღსანიშნავია, რომ თავად ეკიპაჟიც 15 რუსი ეროვნების ადამიანისგან შედგებოდა. მართალია, მეკობრეობის ბრალდებით 8 ეჭვმიტანილი დააკავეს, თუმცა, დღემდე დეტალები გასაიდუმლოებულია. გავრცელდა მოსაზრებები, რომ სავაჭრო ტვირთის ნაცვლად გემს ირანისთვის განკუთვნილი იარაღი გადაჰქონდა. სხვადასხვა ცნობები შემდეგ საბრძოლო საშუალებებს ასახელებდნენ: ანტისაავიაციო იარაღი, საზღვაო, S-300, Kh-55 ტიპის რაკეტები, რუსეთის საავიაციო სისტემა. ერთ-ერთი მოსაზრებით, ხომალდზე შესაძლოა ბირთვული ნივთიერებებიც ყოფილიყო, თუმცა ეს მოსაზრება ფინეთმა უარყო, რადგან მის პორტში გემმა რადიაციული შემოწმება გაიარა. აღსანიშნავია, რომ 2010 წელს გამოქვეყნებული Wikileaks-ის მასალების მიხედვით, ესპანელმა გამომძიებელმა აღნიშნული გემის გატაცების შემთხვევა იარაღის ტრეფიკინგის მაგალითად მოიხსენია.
![]() |
17 ირანის საიდუმლო კავშირი |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო
თეონა ტურაშვილი
აშშ-ის ფინანსთა დეპარტამენტმა ირანის თავდაცვის სამინისტროს ალ-ყაიდას მხარდაჭერასა და მასთან თანამშრომლობაში დასდო ბრალი. „ირანი და კონკრეტულად ეს უწყება ტერორისტული ორგანიზაციის წევრებს საჭირო დოკუმენტაციით, ID ბარათებითა და პასპორტებით უზრუნველყოფს. ალ-ყაიდას ტერორისტებს ერაყში კი ფულითა და იარაღით ამარაგებს!“.
ერთი შეხედვით, ირანისა და ალ-ყაიდას კავშირი საკმაოდ უცნაურია. პოლიტოლოგთა ერთი ნაწილის მტკიცებით, შიიტურ ირანთან კავშირი სუნიტური ჯიჰადისტებისთვის კატეგორიულად მიუღებელია.
ამის დასტური ეროვნულ და რელიგიურ საფუძველზე არსებული ისტორიული მტრობაა. უახლოესი წარსული სისხლიანი შეტაკებების სიხშირით გამოირჩეოდა. ირანი და ალ-ყაიდა უკვე საკმაოდ დიდი ხანია ერთმანეთს ერაყსა და სირიაში ძალთა გადანაწილებისთვისაც ებრძვიან. სწორედ ირანისა და ერაყის საზღვარზე მოხდა მათ შორის ბოლო დროის ყველაზე დიდი ბრძოლა, რომლის შედეგადაც ათობით ათასი ადამიანი დაიღუპა. ალ-ყაიდას იდეების გამზიარებელი სხვა სუნიტური გაერთიანებები, ამის შემდეგაც ბევრჯერ დაესხნენ თავს შიიტურ დაჯგუფებებს ირანსა და მის საზღვრებს გარეთ.
თუმცა ბევრი თეირანის კავშირს ალ-ყაიდასთან ბუნებრივად მიიჩნევს. დასავლეთის სახით ორივე მათგანს საერთო მტერი ჰყავს. ამას გარდა, ორივე მსოფლიო მასშტაბით რადიკალური ისლამის გავრცელებას ცდილობს.
ირანისა და ალ-ყაიდას ალიანსის შესახებ ეჭვები მანამდეც არსებობდა. 11 სექტემბრის ტრაგედიამდე ხშირად ისმოდა კითხვები ტერორისტული ორგანიზაციის წევრების ირანში გახშირებული ვიზიტებისა და მათი ბურუსით მოცული მიზნების შესახებ. პოლიტოლოგთა ნაწილი დიდი ხნის განმავლობაში მოუწოდებდა შესაბამის ორგანოებს დეტალურად მოეკვლიათ ირანისა და ალ-ყაიდას საეჭვო ურთიერთობები. ექსპერტთა აზრით, მათ შორის კავშირი ჯერ კიდევ 90-იან წლებში გაჩნდა. 1996 წელს ხობარში, უცხოელი სამხედრო პერსონალისთვის განკუთვნილ შენობაზე ტერორისტული თავდასხმა, ამის ნათელი დადასტურება იყო. ამ ინციდენტის დროს 19 ამერიკელი მოქალაქე დაიღუპა. 1998 წელს ნაირობსა და დარ-ეს-სალამში ამერიკის საელჩოების აფეთქებაც ირანისა და ალ-ყაიდას თანამშრომლობის შედეგი იყო.
2001 წლის 11 სექტემბრის ტრაგედიის შემდეგ გამოძიების ოფიციალურ დასკვნაში დაიწერა: „ჩვენ ვერ ვიპოვეთ მტკიცებულება, რომ ირანი და ჰეზბოლა ტერორისტული აქტის დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობას იღებდნენ“. თუმცა რეპორტის გამოქვეყნებამდე რამდენიმე დღით ადრე ცნობილი გახდა საჰაერო ტერორისტების მიერ განხორციელებული საეჭვო ფრენების შესახებ, რომელთა ნაწილიც ლიბანის გავლით შესრულდა. იქ კი ჰეზბოლა არის გამაგრებული და აეროპორტსაც მთლიანად აკონტროლებს. სოა, რომ საჰაერო მეკობრეებმა ტრანზიტული გადაფრენა ირანის გავლით განახორციელეს. ამას გარდა, 9/11-ის შემდეგ ტერორისტულ აქტში მონაწილე ყველა მნიშვნელოვანი ფიგურა, მათ შორის ბინ ლადენის უმცროსი ვაჟი, საად ბინ ლადენი, ირანმა შეიფარა.
გასული წლის ნოემბერში ვაშინგტონის საოლქო სასამართლომ ირანი ალ-ყაიდასთვის საწვრთნელი ოპერაციების ჩატარებაში დაადანაშაულა. სასამართლო თავის ოფიციალურ დასკვნაში ამტკიცებდა, რომ ირანს უკვე საკმაოდ გრძელი ისტორია აქვს ტერორისტული ორგანიზაციებისთვის მსგავსი სახის დახმარებების გაწევაში.
ალ-ყაიდასთან კავშირი ირანისთვის მომგებიანი რამდენიმე მიზეზის გამოა. პირველ რიგში, გლობალურ ტერორისტულ ორგანიზაციასთან ალიანსი მას, როგორც დასავლეთის მოწინააღმდეგე სახელმწიფოს, მნიშვნელოვნად აძლიერებს. ზურგგამაგრებულ ირანს ბირთვულ პროგრამაზე მუშაობაც უფრო თავისუფლად შეუძლია. სუნიტ ჯიჰადისტებთან ურთიერთობების დალაგება ირანის ბოლოდროინდელი პოლიტიკაა, ალ-ყაიდას წევრი სუნიტი მებრძოლების საკუთარ ტერიტორიაზე შეფარება კი ამ პოლიტიკის ნაწილი. სრულიად სუნიტური ისლამისტების მოსახიბლად ეს კარგი საშუალებაა.
ალ-ყაიდასთვის ირანთან ურთიერთობა კიდევ უფრო ხელსაყრელია. იგი უდიდესი და უძლიერესი ტერორისტული ორგანიზაციაა, თუმცა მაინც სჭირდება ისეთი ზესახელმწიფოს მფარველობა, როგორიც ისლამურ სამყაროში ირანია. ამას გარდა, ალ-ყაიდას უმნიშვნელოვანესი ფიგურებისთვის თავშესაფრის მიცემა ამ ორგანიზაციისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. იარაღით მომარაგების გარდა, ირანი საკუთარ თავზე სხვა ტექნიკური მხარეების მოგვარებასაც იღებს.
ირანი ბირთვულ პროგრამაზე მუშაობას ყველა შეზღუდვის მიუხედავად მაინც აგრძელებს. ეს კავშირი მსოფლიოსთვის მით უფრო საშიშია, რომ ქვეყანას საკმაოდ არაპროგნოზირებადი რეჟიმი მართავს. თუმცა არსებობს ერთი გარემოება, რომელიც დასავლეთმა აუცილებლად უნდა გამოიყენოს. ირანიცა და ალ-ყაიდაც ერთმანეთთან ნებისმიერი სახის ურთიერთობას კატეგორიულად უარყოფენ. ამას სხვადასხვა მიზეზები განაპირობებს. ალ-ყაიდასთვის, შიიტურ ირანთან კავშირი, მოკავშირე სუნიტურ ორგანიზაციებთან ბევრ პრობლემას წამოჭრის. მაგალითად, პაკისტანური წარმოშობის ტერორისტულ გაერთიანება ჯანდალაჰს, ირანთან წარსულში რამდენჯერმე სისხლიანი შეტაკებები ჰქონდა. თეირანს არ სურს ალ-ყაიდასთან კავშირის გამო ურთიერთობა გაიფუჭოს რიგ ქვეყნებთან, მათ შორის რუსეთთან, რომელიც ძალიან მტრულად არის განწყობილი ალ-ყაიდას მიმართ. ამიტომაც დასავლეთის მიერ ამ კავშირის აღმოჩენას და დადასტურებას ალიანსის მთლიანად დანგრევა თუ არა, სულ მცირე, მისი ნაყოფიერების შემცირება შეუძლია.
წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც Sunny News-ი იუწყება, მათი კავშირის შედეგი მსოფლიომ შეიძლება ზაფხულში, ლონდონის ოლიმპიადის დროს იხილოს.
![]() |
18 მიწისძვრიდან ერთი წლის შემდეგ |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო
იაპონია
მიხეილ ბასილაია
11 მარტს, მას შემდეგ, რაც იაპონიის ჩრდილო-აღმოსავლეთით 9.0 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, ერთი წელი გავიდა. კატასტროფას ცუნამი და ფუკუშიმას ატომური ელექტროსადგურის დაზიანება მოჰყვა. სამი რეაქტორიდან ბირთვულმა საწვავმა გაჟონა, რამაც ფუკუშიმა ჩერნობილის გვერდზე დააყენა. მსოფლიოს ისტორიაში აღნუსხულ ერთ-ერთ უძლიერეს მიწისძვრას 16 ათასი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 3 ათას ადამიანზე მეტი დაკარგულად ითვლება, ნახევარი მილიონი კი უსახლკაროდ დარჩა.
იაპონელებს კატასტროფების შედეგების აღმოფხვრის მდიდარი გამოცდილება გამოადგათ. დაზარალებული პროვინციების სრულად აღდგენას წლები დასჭირდება, თუმცა იაპონიამ პრობლემების მნიშვნელოვანი ნაწილის გადაჭრა უკვე მოახერხა.
ზარალის ღირებულება 300 მილიარდ ამერიკულ დოლარად შეფასდა. იაპონიის მთავრობამ რეკონსტრუქციისათვის 260 მილიარდ დოლარზე მეტი გამოყო. რეაბილიტაციას ნარჩენების გადამუშავების პრობლემა აფერხებს. ცუნამიმ 20 მილიონ ტონაზე მეტი ნაგავი დატოვა. ამ რაოდენობის ნარჩენები მიიაგის პრეფექტურაში 19 წლის მანძილზე დაგროვდებოდა.
ფუკუშიმას ბირთვულ კომპლექსზე მდგომარეობა სტაბილურია. თუმცა რეაქტორები მუდმივ გაცივებას საჭიროებენ. ბირთვული საწვავის გაჟონვით ყველაზე მეტად ოკეანის მიმდებარე ზოლის ფლორა და ფაუნა დაზარალდა. ამჟამად პრეფექტურაში, გარდა სანაპირო ზოლისა და ახლომდებარე ტერიტორიისა, რადიაციის დონე სიცოცხლისათვის სახიფათო ნიშნულს ქვემოთ რჩება.
ფუკუშიმას ბირთვულმა ინციდენტმა იაპონიაში დებატები ააგორა. მოსახლეობას აღარ სურს ბირთვული ენერგია. თავიდან პრემიერ-მინისტრი იუშიჰიკო ნოდაც, რომელმაც თანამდებობა 2011 წლის აგვისტოში დაიკავა, ამ აზრზე იყო. მაგრამ ენერგოსექტორის იმპორტზე დამოკიდებულებამ მას აზრი შეაცვლევინა.
ამჟამად იაპონიის 54 ბირთვული რეაქტორიდან 52 გაჩერებულია. ქვეყნის ელექტრომომარაგების სისტემაში ატომურ ენერგიას 30%25-იანი წილი ეკავა. გათხევადებული ბუნებრივი აირის წლიური იმპორტი დაახლოებით 35%25-ით, 100 მილიონ ტონამდე გაიზრდება. ირანზე დაწესებულმა საერთაშორისო სანქციებმა იაპონიას მდგომარეობა გაურთულა. ერთი მხრივ, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი გაიზარდა. მეორე მხრივ კი, სანქციების მხარდასაჭერად, იაპონიას უწევს უარი თქვას ირანულ ნავთობზე, რაც მისი ნავთობიმპორტის მეათედს შეადგენდა.
ბირთვული ენერგიის ჩანაცვლება იაპონელებს განახლებადი ენერგიით სურთ. ცუნამიმ ვრცელი ტერიტორიების დამარილებით მზის ბატარეებისათვის ადგილი გამოათავისუფლა. კორპორაცია Canadian Solar-ი ფუკუშიმას პრეფექტურის ათვისებასაც აპირებს. განახლებადი ენერგია იაპონიის ენერგომომარაგების 9%25-ს შეადგენს, მთავრობას სურს 10 წლის შემდეგ ეს მაჩვენებელი გაორმაგდეს.
ერთი წლის შემდეგ, იაპონიის ხელისუფლებას ისევ ძველ პრობლემებზე უწევს დაფიქრება. მიწისძვრამ ოდნავ აამოძრავა 1990-იანი წლებიდან მოყოლებული ერთ ადგილზე გაყინული იაპონიის ეკონომიკა. 2012 წლისათვის იაპონიის მთავრობა მთლიანი შიდა პროდუქტის 2%25-იან ზრდას ელოდება. თუმცა ეს რეკონსტრუქციისთვის გამოყოფილი თანხების ეკონომიკაში შეშვების ხარჯზე მოხდება. ექსპორტზე აგებული ეკონომიკური მოდელი აღარ მუშაობს. იენის მაღალი კურსის გამო პროდუქციის ქვეყნიდან გატანა გართულებულია. ბევრი ადგილობრივი კომპანია საწარმოო საშუალებებისა და კაპიტალის ქვეყნიდან გატანას არჩევს.
იაპონიის საჯარო ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის 200%25-ს აღწევს. მოსახლეობის გადაბერებისა და სოციალური ხარჯების ზრდის გამო, მთავრობას ხარჯების შემცირება გაუჭირდება. ნოდას სამომხმარებლო გადასახადის გაზრდა სურს, მაგრამ მის დემოკრატიულ პარტიაში განხეთქილებაა. საგადასახადო რეფორმას იჩირო ოძავას ფრაქცია ეწინააღმდეგება. მთავრობის შეცდომებით ვერც მთავარმა ოპოზიციურმა ძალამ, ლიბერალ-დემოკრატიულმა პარტიამ ისარგებლა. ორივე პარტიის რეიტინგი 15%25-მდე დავარდა. შესაძლოა, წამყვანი პარტიების დასუსტებით ოსაკას მერმა ტორუ ჰაშიმოტომ ისარგებლოს. 42 წლის ჰაშიმოტომ, რომელსაც რეფორმისტის რეპუტაცია აქვს, 2011 წლის ნოემბერში ოსაკას მერის არჩევნები დიდი უპირატესობით მოიგო. იგი 2013 წლის იაპონიის პარლამენტის ქვედა პალატის არჩევნებშიც აპირებს მონაწილეობას. მიწისძვრა, ცუნამი და ბირთვული გაჟონვა იაპონიისათვის დასასრული არ ყოფილა, მაგრამ იქნება თუ არა ახლის დასაწყისი, მომავალ წლებში გამოჩნდება.
![]() |
19 დამზადებულია საქართველოში |
▲ზევით დაბრუნება |
ბიზნესი
ელენე კვანჭილაშვილი
შოფინგისთვის თუ მოიცალეთ, მაღაზიაში შეხვედით და Zara-ს, Marks&Spencer-ის, Puma-ს, Adidas-ის, Lebeck-ის, Lotto-ს და კიდევ რამდენიმე სხვა ცნობილი ფირმის ტანსაცმელი წაჭრილი იარლიყით დაგხვდათ, მენეჯერთან შეხვედრას ნუ მოითხოვთ და ერთ ამბავს ნუ ატეხთ. ეს ტანსაცმელი საქართველოში იკერება და შემდეგ ექსპორტზე გადის. ადგილობრივ ბაზარზე მისი გაყიდვა მხოლოდ ამ ფორმით არის დასაშვები.
საქართველოში მთლიანობაში 200-მდე სამკერვალო ფაბრიკა არსებობს. 95%25 მცირე და მიკრო საწარმოებია - მაგალითად, ატელიეების ტიპის მცირე წარმოებები. თბილისში მდებარეობს 15-მდე მსხვილი - თითო საწარმოში დასაქმებულია 100-დან 500-მდე ადგილობრივი მოსახლე და საშუალო - თითო საწარმოში დასაქმებულია 40-დან 100-მდე ადგილობრივი მოსახლე - ზომის ტანსაცმლის წარმოება. მათი 90%25 ქართული ინვესტიციებით არის შექმნილი და ძირითადად ტანსაცმელს სამი ტიპის სეგმენტისთვის აწარმოებენ. ყველაზე მსხვილი სახელმწიფო ორგანიზაციების და კერძო სექტორის სეგმენტია: მათთვის ძირითადად სასტუმროების, რესტორნების, საწვავის იმპორტიორების, პოლიციის, ჯარის, სახელმწიფო დაცვის პერსონალისთვის განკუთვნილი უნიფორმები იკერება. ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე საქართველოში შეკერილი ტანსაცმლის ძირითადი გაყიდვების არხი ლილოს და ვაგზლის ბაზრობებია. საქართველოში დამზადებული საერთაშორისო ბრენდები ძირითადად ექსპორტზე გადის. თუმცა ბოლო დროს მათი ნაწილი
ადგილობრივ ბაზარზეც გამოჩნდა, მათ შორის, სპეციალურ მაღაზიებსა და დიდ სუპერმარკეტებში. ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ტანსაცმლის ფასი, როგორც წესი, ორნიშნა რიცხვს არ ცდება. დღეს საქართველოში ყველაზე მეტი რაოდენობით მაისურები, შარვლები, პერანგები, ჯინსის შარვლები, ქურთუკები და პალტოები იკერება. საერთაშორისო ბრენდების ძირითადი საექსპორტო ბაზრებია თურქეთი, გაერთიანებული სამეფო, გერმანია და უკრაინა.
უცხოური ბრენდების წარმოების საშუალოდ 95%25- ზე მეტი ექსპორტზე რეგიონებიდან გადის. ქუთაისში და ტყიბულში სამი საწარმო მდებარეობს. აქედან ერთი თურქული ინვესტიციით არის შექმნილი. ბათუმში და მის შემოგარენში არსებული ხუთივე საწარმო ასევე თურქული ინვესტიციაა.
თურქეთი, ჩინეთთან ერთად, გლობალური ბაზრებისთვის საფეიქრო ნაწარმის ძირითადი მიმწოდებელია: საქართველოში ნაჭერი, ელვა, ღილი, ძაფი ძირითადად თურქეთიდან შემოდის. ამ ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი კონკურენტული უპირატესობა ისაა, რომ ბამბის ანუ ნედლეულის მწარმოებელია, ხოლო მუშახელი, იაფთან ერთად, საკმაოდ კვალიფიციურია. თუმცა ბოლო პერიოდში თურქეთსა და ჩინეთში მუშახელის ხელფასები გაიზარდა და ბევრმა კომპანიამ სხვა, უფრო იაფიანი წარმოების ბაზრების მოძიება დაიწყო. EPI-ს მიხედვით, ჩინეთიდან საწარმოების ნაწილმა ბანგლადეშსა და ვიეტნამში გადაინაცვლა, თურქეთიდან კი ეგვიპტესა და საქართველოში. მართალია, ეგვიპტე ქსოვილის, მთავარი ნედლეულის მწარმოებელი ქვეყანაა, მაგრამ არასტაბილური გარემო ინვესტიციებისთვის ნაკლებად მიმზიდველია.
საქართველოს წარმოების სექტორი უცხოური ინვესტიციებისთვის რამდენიმე მიზეზის გამო არის მიმზიდველი. ქვეყანას ექსპორტისთვის ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა აქვს: სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, მათ შორის, გზები და პორტები განვითარებულია. ძირითად საექსპორტო ბაზრებთან შეღავათიანი სავაჭრო რეჟიმებით სარგებლობს: თურქეთთან და დსთ-ს ქვეყნებთან - თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება; ევროკავშირთან, აშშ-სთან, კანადასთან, ნორვეგიასთან, შვეიცარიასა და იაპონიასთან - GSP+ პრეფერენციების სისტემა. თავისუფალი საგადასახადო რეჟიმები ადგილობრივ ბაზარზეც მოქმედებს: საქართველოში არსებობს თავისუფალი ინდუსტრიული ზონები, სადაც მწარმოებლები მოგების და სხვა გადასახადებისგან თავისუფლდებიან. ამასთან, თუ ბიზნესი მხოლოდ ექსპორტზეა ორიენტირებული, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, იმპორტირებულ და ექსპორტირებულ საქონელზე დღგ-ს გადასახადს არ იხდის. საბაჟო პროცედურები, სხვა ქვეყნებთან შედარებით, მარტივია. მუშახელი იაფია, ხოლო წარმოების ხარჯი - დაბალი. საქართველოში, სხვა ქვეყნებთან შედარებით, ელექტროენერგიასა და ბუნებრივ გაზზე ტარიფები დაბალია, ხოლო EPI-ს გათვლებით, დაქირავებულის მთლიანი ხარჯი (ხელფასის, კვების, ტრანსპორტირების, ჯანმრთელობის დაზღვევისა და გადასახადების გათვალისწინებით), საშუალოდ, ყოველთვიურად 250, ხოლო მაქსიმუმ 400 აშშ დოლარს შეადგენს. იგივე თურქეთთან შედარებით, ეს ხარჯები, სულ მცირე, 2.5-ჯერ დაბალია. საერთაშორისო ორგანიზაციების - USAID-ისა და IFC-ის შეფასებით, საქართველოში საფეიქრო სექტორს დიდი პოტენციალი აქვს და საერთაშორისო ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტუნარიანია.
ეკონომიკური კეთილდღეობის ინიციატივა (EPI) USAID-ის პროგრამა, რომელიც საქართველოში 2010 წლის სექტემბრიდან მოქმედებს. პროექტის მიზანია საქართველოში გაუმჯობესდეს ბიზნესგარემო, კაპიტალი გახდეს უფრო ხელმისაწვდომი, შერჩეულ ბიზნესსექტორებს შორის გაიზარდოს კონკურენცია და ეკონომიკური შესაძლებლობები სოფლად. ინიციატივა ასევე მოიცავს ფართომასშტაბიანი მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას. EPI-მ საფეიქრო სექტორის შეფასება 2011 წელს მოახდინა. გამოავლინა ძლიერი და სუსტი მხარეები. განსაზღვრა განვითარების პრიორიტეტები და მიზნები. მთავარი მიზანია საფეიქრო სექტორში დასაქმების, ინვესტიციების, პროდუქტიულობის და ექსპორტის გაზრდა. პროგრამა 2014 წლის სექტემბერში სრულდება.
![]() |
20 SpeechJammer: ლაპარაკის ჩამხშობი ბლასტერი |
▲ზევით დაბრუნება |
ტექნოლოგია
ვახო ელერდაშვილი
გასულ კვირას ორმა იაპონელმა მეცნიერმა, კაცუტაკა კურიჰარამ და კოჯი ცუკადამ, სამეცნიერო ნაშრომი გამოაქვეყნა. წიგნის აღწერაში წერია, რომ ისინი ფართო საზოგადოების წინაშე წარადგენენ მოწყობილობას, ე.წ. SpeechJammer-ს, რომელსაც ადამიანის გაჩუმება შეუძლია. მოწყობილობა სამეცნიერო ფანტასტიკურ რომანებში აღწერილ ბლასტერს წააგავს და მისი მოხმარების ინსტრუქცია ერთი მარტივი მოქმედებისგან შედგება. საკმარისია აბეზარი სიჩუმის დამრღვევის მისამართით მივმართოთ და ჩახმახს თითი გამოვკრათ, რომ ტექნოლოგიური „მაგიის“ წყალობით ამ უკანასკნელს ენა დაებმება და ლაპარაკის გაგრძელებას ვეღარ შეძლებს.
იაპონელების განმარტებით, მათი გამოგონება ადამიანს ფიზიკურ ზიანს არ აყენებს. ის ეფუძნება ფენომენს, რომელიც კარგა ხანია შენიშნეს ფსიქოლოგებმა და მედიკოსებმა და კოგნიტიურ ფუნქციონალობას უკავშირდება. როცა ადამიანი ლაპარაკობს, ის არა მხოლოდ წარმოქმნის ბგერების ნაკადს, არამედ მოიხმარს კიდეც მათ (სწორად ამის გამო უადვილდებათ მომღერლებს ყურსასმენებით სიმღერა), თუმცა თუ წარმოქმნილი და აღქმული ბგერების ნაკადს შორის მცირე წანაცვლება მაინც არის დროში, ადამიანი ვეღარ ახერხებს საუბრის გაგრძელებას და იწყებს ბლუყუნს. ამ ფენომენს დაყოვნებული სმენითი უკურეაქცია ეწოდება (Delayed Auditory Feedback) და მას ექიმები ენაბრგვილობის თერაპიის მიზნით იყენებენ.
კაცუტაკა კურიჰარას და კოჯი ცუკატას გამოგონება იმითაა საინტერესო, რომ მას ჭეშმარიტი ბლასტერის იერსახე აქვს. ის აღჭურვილია ლაზერული სამიზნით და ჩახმახით, რომელსაც მოწყობილობა მოქმედებაში მოჰყავს. გააჩნია მიმართული მიკროფონი, რომელიც 30 მეტრის რადიუსში იწერს ადამიანის მიერ წარმოქმნილ ბგერებს. ასევე სპიკერი, რომელიც მყისიერად, წამის მეათედის დაყოვნებით უბრუნებს უკან ელექტრომაგნიტური ტალღების ნაკადს მას, ვინც გვსურს, რომ ერთხელ და სამუდამოდ დადუმდეს. დროში წანაცვლება ადამიანის ტვინში ბგერების ინტერფერენციას იწვევს და ის ვეღარ ახერხებს საუბრის გაგრძელებას, რის შედეგადაც სრული სიჩუმე გარანტირებულია.
ხმის ჩამხშობი ბლასტერის ფართო გამოყენებით მრავალი ტექნოლოგიური გამოცემა დაინტერესდა. უკვე დასახელდა კიდეც ადგილები, სადაც იაპონელთა გამოგონებას ძალიან ფართოდ გამოიყენებენ. კერძოდ, საუბარია საჯარო ბიბლიოთეკებზე, სასამართლოს დარბაზებზე, თუ სამოქალაქო ტრანსპორტზე. ახალი სათამაშოთი აღტყინებული ტექნომანები წერენ, რომ ამიერიდან საჭირო აღარ იქნება სიჩუმის შენარჩუნებისკენ მოწოდება და ხელის ერთი მოძრაობით დისტანციურად გახდება შესაძლებელი ადამიანის გაჩუმება, რაც, შემქმნელთა განცხადებით, ძალიან ბევრ პრობლემას ააშორებს ადამიანებს თავიდან. საინტერესოა ისიც, რომ მოწყობილობის სიმარტივის გამო, შემქმნელები მის დაპატენტებას არ აპირებენ. ახლო მომავალში ნებისმიერ კომპანიას შეეძლება გამჩუმებელი „თოფების“ წარმოება.
რამდენად ფართო მოხმარება ექნება Speech-Jammer-ს, ამის შესახებ ჯერჯერობით მხოლოდ ვარაუდის გამოთქმა თუ შეიძლება. თუმცა ერთი რამ უდავოა: საჯარო ბიბლიოთეკებში ახლო მომავალში ლაპარაკის ჩამხშობი ბლასტერით შეიარაღებულ სიჩუმისდამცველ ოფიცრებს ვიხილავთ, რაც თავისი არსით არ უნდა იყოს ცუდი იდეა.
![]() |
21 „სამართალი და ზღვევა“ |
▲ზევით დაბრუნება |
არქივი
ილია ჭავჭავაძე
ილია ჭავჭავაძემ ეს პატარა საინფორმაციო- ანალიტიკური სტატია 1889 წელს გამოაქვეყნა ივერიაში. ბევრმა შეიძლება მისი დამოკიდებულება არც მოიწონოს, არ დაიჯეროს, რომ ადამიანი შეიძლება შეიცვალოს ან სულ სხვანაირად წარმოედგინოს სამართლის სისტემა ჩვენს ქვეყანაში. ამ შემთხვევაში ეს მნიშვნელოვანი სულაც არაა. მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს ილია ჭავჭავაძე იყო ერთ-ერთი პირველი არამარტო საქართველოში, რომელიც ღიად საუბრობდა ადამიანის უფლებებზე, წარუვალ თავისუფლებებსა და სიცოცხლისა და ღირსების ფასეულობაზე. სწორედ ამიტომაა ეს სტატიაც მნიშვნელოვანი და სწორედ ამიტომაა ილია ჭავჭავაძე თანამედროვე საქართველოს დამფუძნებელი მამა.
ლადო ჟვანია
მკვლევარი, ისტორიკოსი, სამართალმცოდნე
24-ს ნოემბერს ტფილისის სასამართლომ თავისი მსჯავრი დასდო ყოფილს მოწაფეს ტფილისის სახელოსნო სასწავლებლისას ვასილ ივანეს ძე კაკაბაძეს, ჩამოართვა ყოველივე ღირსება და უნდა გაიგზავნოს კატორღაში ოთხის წლით.
რა თქმა უნდა, რომ ყოველივე დანაშაული კაცისა წინაშე კაცთა და საზოგადოებისა ასე თუ ისე დასჯილ უნდა იქმნას. ესე იგი ყოველივე ბოროტად მოქმედი კაცი უნდა დაყენებულ იქმნას ისე, რომ ვერ შეძლოს ბოროტის ქმნა, თუ მოურჯულებელია, და თუ მოსარჯულებელია - ისე უნდა გარემოცულ იქმნას, რომ მორჯულდეს, გასწორდეს, გაკეთდეს და ისევ პატიოსან კაცად დაუბრუნდეს საზოგადოებას. ჩვენი გულითადი აზრი ის არის, რომ სასჯელი ზღვევა არ უნდა იყოს, სამაგიეროს არ მოასწავებდეს. ერთიცა და მეორეც, ჩვენის ფიქრით, აუპატიურებს იმ უწმინდესსა და უმაღლეს დანიშნულებას განკითხვისას, რომელსაც ჩვენ მართლიერებას, სამართალს ვეძახით და ურომლისოდაც კაცთა საზოგადოებას, კაცთა კრებულს ერთს წუთსაც გაძლება არ შეუძლიან. მართლიერება, სამართალი, მთელის ერის განწმენდილი სინდისია, მთელის ერის განწმენდილი ნამუსია და როგორ უნდა იკადროს ამ საყოველთაო სინდისმა, ამ საყოველთაო ნამუსმა, ჯიბრში ჩაუდგეს უბედურს შემცოდველსა და „კბილი კბილის წინ” მოსთხოვოს. აქ საჭირო არაა ჯვართაცმა და შანთით გლეჯა ხორცისა, ტანჯვა და წვალება.
ერთი უდიდესი მოვალეობა ადამიანისა მსაჯულობაა. მსაჯული ის რჩეული კაცია, რომელსაც აბარია ჩვენი ქონება, ჩვენი ღირსება, ჩვენი სიცოცხლე, ჩვენი სული და ხორცი, ერთის სიტყვით ჩვენი კაცური კაცობა, ჩვენი ადამიანობა.
![]() |
22 ახალი მწვრთნელი |
▲ზევით დაბრუნება |
სპორტი|კალათბურთი
ზურაბ თალაკვაძე
სამი წლის წინ, 9 სექტემბერს, თბილისში ბელარუსთან, გადასასვლელი თამაში გვქონდა. მანამდე, მოგილიოვში 89:75 მოვიგეთ. სიღრმით, სანიკიძის ორმაგი დუბლით (19+11), ფაჩულიას ეგოთი, უკეთესი მწვრთნელით. მეორე თამაშში, სპორტის სასახლეში ქართულად ვითამაშეთ. ზედმეტი პასები, არააკურატული სროლა, ცუდი დაცვა, მაყურებლებში მეგობარი გოგოების მოძებნა. თბილისში 86:84 დავსვით, ბელარუსი და მთელი ეს ეტაპი გადავაგორეთ და A დივიზიონში ავედით.
ორივე თამაშში იგორ კოკოშკოვმა კოტე ტუღუში ათამაშა. ბელარუსში კოტემ ორი სამიანი გაუშვა. ორივე ჩასვა. თბილისშიც ორი სამიანი გაუშვა. ისევ ორივე ჩასვა. ისროლა 7 საჯარიმო, ყველა გამოიყენა. გადასასვლელ ეტაპზე კოტეს საშუალოდ 14 წუთში 9 ქულა აქვს. იდეალური სროლით.
ევროპის ჩემპიონატზე ტუღუში მოედანზე, ბიჭებთან ერთად აღარ იღლებოდა. კოტე სამწვრთნელო შტაბში, კოკოშკოვის ასისტენტებში გადაიყვანეს. კოტესთვის რაღაც ახალი დაიწყო.
ევროპამდე ტუღუშმა მოთამაშის რანგში ახალ კლუბთან, არმიასთან ერთად ყველაფერი მოიგო. საქართველოს თასი, სუპერლიგის სუპერფინალი და სუპერთასი. ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ტუღუში არმიაში მთვარი მწვრთნელია და გუნდი ევროჩელენჯზე გადის.
ბოლო წლებში, ქართული კლუბები ევროპაზე იშვიათად და უშედეგოდ გადიან. არმიაში სერიოზული ხალხი ჩამოიყვანეს და ეს რუსტერი ტუღუშმა დაალაგა. სანდიეტა გეინსი ნიუჯერსიში მეორე ხუთეულის ბოლო კაცია და არმიაში, ევროჩელენჯზე აკრიფა. 24 ქულა გიოტინგენთან, 13 ქულა, 8 პასი, 3 მოხსნა, 3 ჩაჭრა ბეშიქთაშთან და დერონ უილიამსთან.
ტუღუშს გეინსი ერთჯერადად მოუყვანეს. ამერიკაში გაფიცვა მორჩა და სანდიეტა ნეთსში დაბრუნდა. არმიაში ყველაფერი მეორედ დასალაგებელი გახდა.
ტუღუშს ჰყავს კარგი მეორე ნომერი, პუერტო რიკოს ნაკრების წევრი, გილერმო დიასი. არმიაშია ნორმალური შვედი ცენტრი იოაკიმ შელბომი. ბენჟამინ ვუდსაიდი ლოკალურ გარჩევებში თითქმის კრის პოლია. ქართველებიც არ არიან ზედმეტები და არმიაში ყველაზე საჭირო პერსონაჟი მთავარი მწვრთნელია.
ტუღუში მშვიდი მოთამაშე იყო. გაწონასწორებული, ცოტა პროგნოზირებადი, მაგრამ სანდო, მწვრთნელისთვის იდეალური კალათბურთით.
კოტეს მწვრთნელობაშიც იდენტური კომპონენტები, ინგრედიენტები გადააქვს. ტუღუში ყველაფერს აბალანსებს და ახალი გენერაციის ქართველ მწვრთნელებში ჩანს.
არმიამ ევროჩელენჯზე პირველი ეტაპი ვერ გაიარა. მოიგო ორივე თამაში გიოტინგენთან (82:76, 69:61), თბილისში ჰოლანდიურ ლეიდენთან (74:71) და სამი ტესტი ვერ გაიარა. დერონის ბეშიქთაშთან 82:102 გასვლაზე, უდერონო ბეშიქთაშთან თბილისში 75:77 (ტუღუშს აღარ ჰყავდა გეინსი) და ჰოლანდიაში ლეიდენთან გავიშიფრეთ.
პირველივე სეზონში ბევრ მილიონიანი ბეშიქთაშის აყირავება არაეალურია. არმიამ ნორმალური კალათბურთი ითამაშა. დალაგებული, საინტერესო ჩანახატებით და მოაზროვნე, ძალიან კარგი მწვრთნელით.
კოტე ტუღუშმა ნაკრებში ბოლო ორი თამაში ასპროცენტიანი სიზუსტით დახურა. წელს არმიაც ასპროცენტიანია. საქართველოს ჩემპიონატში ჯერ არ წაუგია და მშვიდ კალათბურთს თამაშობს. მშვიდ, მართლა კარგ მწვრთნელთან ერთად.
![]() |
23 კლივლენდის დაფი დაქი |
▲ზევით დაბრუნება |
სპორტი
გიორგი მაჩაბელი
კლივლენდის გასახდელში, ლებრონ ჯეიმსის კარადა მიხურულია. კარადა არ იკეტება. თუ ლებრონი კლივლენდში დაბრუნდება, კარადა დაიხურება. იმ კარადას ხელს არ კიდებენ, ყურადღებას არ აქცევენ. კლივლენდში ლებრონი დაიხურა. კლივლენდმა ერთ სეზონში წარსული მომავლით გადაფარა. კავალიერსმა კაირი ირვინგი მიიღო.
ირვინგი 19 წლის ბიჭია. ცოტა მორცხვი, აგროვებს დაფი დაქის სტიკერებს, დღეში ორჯერ იღებს სტაფილოს წვენის დიდ დოზას და ცხოვრობს დეიდასთან. კაირის მამამ, დრედერიკმა, ოთხი წლის წინ ხერხემალი იტკინა და კაირის პირველ დიდ კონტრაქტამდე, ირვინგებს დეიდა უვლიდა.
ირვინგს დიდ ლიგაში პირველი სეზონი აქვს. ბიჭი 18.6 ქულას, 5.2 პასს, 3.5 მოხსნას იღებს, არ იმალება, თითქმის არ არის მორიდებული და იცის, ესმის, რომ მაგარი ნიჭიერია. კაირის ეს კოლეჯიდან ესმის. ირვინგმა ულებრონო კლივლენდს ახალი საჭორაო თემა, უფრო მორიდებული ჰიტმენი მისცა.
ირვინგი პირველი ნომერია. ადის მეორეზე. ბევრს და ნორმალური პროცენტით (48.3) ისვრის. აკვირდება როგორ აკეთებენ საქმეს სხვა სერიოზული დაბლები. აკვირდება კობის, კრის პოლს, ტონი პარკერს, დერონ უილიამსს, კიდევ რამდენიმე სწრაფ პერსონას. დანარჩენები ირვინგს აკვირდებიან.
კლივლენდი მეორედ იკერება. ძველი თარგები გადაყარეს. ძველ თარგებში ლებრონი იყო. კლივლენდში პირველ ხუთეულს ირვინგი, ბრაზილიის ნაკრების კაპიტანი ანდერსონ ვარეჟაო, ალონზო გი, რამო სეშენზი და ენტუან ჯეიმისონი კრავენ. ჯეიმისონი ლეგენდაა. იყო რეგულარულის ტოპ მეექვსე მოთამაშე, კარიერაში უკვე აიღო 18 880 ქულა და თითქმის 8 000 მოხსნა. თუ არ დაეზარება, კიდევ 1 120 ქულას და 2 000 მოხსნას წამოიღებს და ნეისმითის დიდების დარბაზში შევა.
ჯეიმისონთან ირვინგიც უმატებს. ენტუანისგან ლებრონიც რაღაცებს ითვისებდა და მაიამიში გაპარვამდე, ჯეიმისონს თავისი ოფლსაწმენდიც დაუტოვა.
ირვინგმა ამ რეგულარულში მხოლოდ სამ თამაშში ვერ აკრიფა 10 და მეტი ქულა. კაირი სტაბილურია.
27 იანვარს, დერონ უილიამსს 32 ქულა მიარტყა. თავისი 6 მოხსნით, აგრესიით. უილიამსმა ბიჭს ბრიფინგზე კომპლიმენტი დაუტოვა.
12 იანვარს კაირი ფინიქსში ჩადის. სტივ ნეშმა 15 პასი გაფანტა, მეჯიქივით იცეკვა. ირვინგმა კანადელი პროფესორის ძველი, ბავშვობის კონსპექტები გამოიყენა და 26 ქულა, 6 პასი გააკეთა. სოლიდური იყო.
ირვინგიც სოლიდურია.
კლივლენდის გასახდელში, ახალი კარადა ჩაკეტილია. იმ კარადაში პატარა დაფი დაქია. თამაშის წინ, კაირი აღებს კარადას, ფუმფულა დაფის ეფერება, უყურებს გარდაცვლილი დედის ფოტოს და მოედანზე გადის. კლივლენდში ლებრონი დაიხურა. ლებრონის კარადაც. კლივლენდმა ერთ სეზონში წარსული მომავლით გადაფარა. კავალიერსმა კაირი ირვინგი მიიღო.
თავისი დაფი დაქით.
![]() |
24 თამაში ბანკნოტებით |
▲ზევით დაბრუნება |
სპორტი|ფეხბურთი
ლაშა გოდუაძე
რომელი საფეხბურთო კლუბია ყველაზე მომგებიანი?
ვის აქვს საუკეთესო შემოსავალი?
რამდენი მილიონი გამოიმუშავა ბაიერნმა სპონსორებთან კონტრაქტებით?
რატომ დატოვა იუვენტუსმა უმდიდრესი კლუბების პირველი ათეული?
დღეს, ფეხბურთის არნახული კომერციალიზაციისას, მსგავსი კითხვები აღარავის უკვირს - თანამედროვე საფეხბურთო სამყაროში მძლავრი ფინანსური მხარდაჭერის გარეშე უდიდეს გამარჯვებებზე ფიქრი უტოპიაა და მეტი არაფერი. სახელგანთქმული კლუბები მომგებიან კომპანიებად გადაიქცნენ - მათი წლიური ბრუნვა უკვე რვანულიანი რიცხვებით იზომება...
აუდიტორულმა კომპანია დელოიტმა ტრადიციულად შეაჯამა საფეხბურთო წელიწადი და 2011 წლის ფინანსური ლიგაც მიმოიხილა.
მადრიდის რეალს, რომელმაც შარშან მხოლოდ ესპანეთის თასი მოიგო, კვლავაც არ ჰყავს ბადალი საერთო შემოსავლის მხრივ: სამეფო კლუბის საბანკო ანგარიშებზე 479,5 მილიონი ევრო ჩაირიცხა.
სატელევიზიო უფლებების გაყიდვით, მადრიდელთა შემოსავალი გასულ სეზონებში ისედაც აჭარბებდა ასმილიონიან ზღვარს, თუმცა შარშან Mediapro-სთან ახალი, ინდივიდუალური კონტრაქტი გაფორმდა და წლიური ანაზღაურებაც 24 მილიონით გაიზარდა. ამას დაერთო ცალკეულ სპონსორებთან დადებული კონტრაქტებით გათვალისწინებული პრემიებიც - რვაწლიანი შესვენების შემდეგ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლამ უკვალოდ არ ჩაიარა.
რეალის უახლოესი მდევარი ბარსელონაა. მიუხედავად იმისა, რომ კატალონიური კლუბი ბოლო წლებში უამრავ ტიტულს იგებს, ფინანსურ ასპარეზზე მცირედით, მაგრამ მაინც ჩამორჩება რეალს - ბარსელონას შემოსავალი 451 მილიონი ევროა.
დელოიტის სიაში 367 მილიონით მესამეა მანჩესტერ იუნაიტედი, თუმცა ახლავე შეიძლება ითქვას, რომ 2012 წლის შედეგებით ოლდტრაფორდული კლუბი პირველ სამეულს გამოეთხოვება - ჩემპიონთა ლიგიდან ევროპის ლიგაზე გადასვლა უარყოფითად აისახება ამერიკელი მილიარდერის მალკოლმ გლეიზერის კლუბის ფინანსებზე.
დელოიტის საგაისო ფინანსურ ლიგაში ყველაზე შემოსავლიანი კლუბების ზესამეულში მოხვედრის საუკეთესო შანსი ბაიერნს აქვს, რომელიც 321,4 მილიონით რეიტინგში მეოთხეა. გერმანიის ყველაზე ტიტულიანმა კლუბმა 2011 წელს მხოლოდ სპონსორებისგან 177,7 მილიონი ევრო მიიღო - ამ მხრივ ბავარიელებს ბადალი არ ჰყავთ.
საგულისხმოა, რომ ბუნდესლიგაში არცთუ დამაჯერებელი თამაშის მიუხედავად, რასაც ალიანც არენას ასაგებად აღებული კრედიტის საპროცენტო განაკვეთის გადახდაც დაერთო, ბაიერნმა ზედიზედ მეთორმეტედ დაასრულა ფინანსური წელიწადი პლუსით - სუფთა მოგებამ 1,3 მილიონი ევრო შეადგინა.
დელოიტის დასკვნით, უმდიდრესი კლუბებიდან შემოსავლის სამი მთავარი წყაროს - თამაშის დღე, მედიაუფლებები, სპონსორები - საუკეთესო ბალანსით მხოლოდ მანჩესტერ იუნაიტედი გამოირჩევა.
ოლდტრაფორდული კლუბის საერთო შემოსავლის 33%25 - 120,3 მილიონი, თამაშის დღეზე მოდის. 36%25 - 132,2 მილიონი, სატელევიზიო უფლებების გაყიდვაზე, დარჩენილი 31%25 - 114,5 მილიონი კი სპონსორებთან კონტრაქტებზე.
გლეიზერების მანჩესტერ იუნაიტედი მსოფლიოს უმდიდრესი კლუბების საუკეთესო ათეულის ძველი წევრია, აი, ქალაქის მეორე გუნდი - სიტი კი ნელ-ნელა იკრებს ძალებს. და თუ გუნდის მფლობელის, შეიხ მანსურის ამბიციებს და საბანკო ანგარიშებს გავითვალისწინებთ, რამდენიმე წელიწადში სიტის ლიდერთა შორის გამოჩენა არ უნდა გაგვიკვირდეს.
განვლილ წელს რაც შეეხება, მანჩესტერ სიტის შემოსავლები 22%25-ით გაიზარდა და 169,6 მილიონი ევრო შეადგინა. 2010 წელთან შედარებით 27%25-ით მოიმატა მედიაუფლებების გასხვისებით მიღებულმა შემოსავალმა - ინგლისის თასის მოგებას და ჩემპიონთა ლიგაში დებიუტს უკვალოდ არ ჩაუვლია.
წინასწარი გათვლებით, 2012 წელს სიტის შემოსავალი კვლავ გაიზრდება, რაც მეტწილად, სპონსორებთან სარფიანი კონტრაქტების წყალობით მოხდება - მარტო Etihad Airways-ი კლუბს ათი წლის მანძილზე წელიწადში 40 მილიონს გადაუხდის.
თუმცა, სიტის ხელმძღვანელებს წინ კიდევ ბევრი სამუშაო აქვთ: კლუბის შემოსავალი თამაშის დღეს - 29,5 მილიონი - აშკარად უკეთესის სურვილს ტოვებს.
დელოიტი ვარაუდობს, რომ დაახლოებით ხუთ წელიწადში მადრიდის რეალის და ბარსელონას შემოსავლები ნახევარმილიარდიან ნიშნულს გადაცდება - ეს იქნება პირველი შემთხვევა ფეხბურთის ისტორიაში. ორივე ესპანური გრანდი უკვე წლებია მყარად დგას უმდიდრესი კლუბების სათავეში. გარდა ამისა, ისინი მოედანზეც ლიდერები არიან, გამარჯვებები და ტიტულები კი ფინანსურ ანგარიშებში სათანადოდ აისახება.
აუდიტორული კომპანია სამეფო კლუბის და ბარსას ბოლო ხუთი წლის მონაცემებსაც აქვეყნებს. 2007 წელთან შედარებით რეალის შემოსავალი 128,5 მილიონით გაიზარდა - 351 და 479,5. შედარებისთვის, ბარსელონას ფინანსურმა ზრდამ იმავე პერიოდში 161 მილიონი შეადგინა - 290 და 451.
რითაა განპირობებული მათი ბრწყინვალე ფინანსური მდგომარეობა? საარაკო სარეკლამო კონტრაქტებით და ჩინებულად გაყიდული მედიაუფლებებით. საგულისხმოა, რომ სატელევიზიო უფლებებით ეს ორი კლუბი უფრო მეტს იღებს, ვიდრე ერთად აღებული პრიმერადივიზიონის დანარჩენი 18 გუნდი!
თამაშის დღეს მიღებულ შემოსავალზე არაფერს ვამბობთ: მათ საშინაო მატჩებზე სანტიაგო ბერნაბეუ და კამპ ნოუ, დელოიტის მონაცემებით, 92,3%25-ით ივსება.
კვლევის მიხედვით, გერმანიის ჩემპიონი დორტმუნდის ბორუსია სპონსორებზე ყველაზე ძლიერ დამოკიდებული კლუბია: გუნდის საერთო შემოსავლის 57%25 სარეკლამო კონტრაქტებზე მოდის. საინტერესოა, რომ ამ მხრივ ბორუსიამ ბაიერნსაც აჯობა - მიუნხენელთა შემთხვევაში ეს მონაცემი 56%25-ს უდრის.
საგაისოდ ჩრდილოგერმანული კლუბი ფინანსურ ლიგაში აუცილებლად დაწინაურდება - ხელმძღვანელობამ კომპანიებთან Evonik და Signal Iduna გრძელვადიან და მრავალმილიონიან ხელშეკრულებებს მოაწერა ხელი. პირველის ლოგო მაისურს ამშვენებს, მეორის სახელი კი სტადიონს ეწოდა. სხვათა შორის, 2010-2011 წლების სეზონში ბორუსიას საშინაო არენა (ტევადობა - 80708) ერთადერთი იყო მსოფლიოში, რომელიც ჩემპიონატის ყველა მატჩზე მთლიანად შეივსო...
იტალიის ყველაზე ტიტულიანმა კლუბმა ტურინის იუვენტუსმა მოწინავე ათეული დატოვა: ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ცუდად თამაში და სერია ა-ში მე-7 ადგილი ანიელების ოჯახის კლუბზე ლოგიკურად აისახა - შემოსავლები 51,1 მილიონით შემცირდა. საინტერესოა, რომ ევროპის ლიგაზე გამოსვლით კლუბმა მხოლოდ 1,8 მილიონი მიიღო - ჯგუფში ექვსივე თამაში ფრედ დაასრულა. რაც შეეხება შემოსავალს თამაშის დღეს, საერთო ჯამში, ტურინელებმა 11,6 მილიონი მიიღეს, რაც იუვენტუსის დარი კლუბისთვის კატასტროფას უდრის. თუმცა, ამას ახსნაც აქვს: კლუბი ახალი სტადიონის მშენებლობის გამო 28-ათასიან სტადიო ოლიმპიკოზე თამაშობდა...
დღეს სტადიო იუვე (41000) იტალიის საუკეთესო საფეხბურთო არენაა და, დელოიტის მონაცემებით, 91,2%25- ით ივსება. გარდა ამისა, გუნდიც უკეთესად თამაშობს, ეს ყველაფერი კი საგაისო მონაცემებში აუცილებლად აისახება.
დელოიტის ფინანსური ლიგის ახალი ანგარიში 2013 წლის დასაწყისში გამოქვეყნდება.
![]() |
25 პოლონეთის სტადიონები |
▲ზევით დაბრუნება |
სპორტი|ევრო 2012
ლაშა გოდუაძე
ვარშავის ეროვნული სტადიონი
ევროპის ჩემპიონატის თამაშები პოლონეთის ოთხი ქალაქის ამდენივე სტადიონზე გაიმართება: ვარშავის ეროვნული, გდანსკის PGE არენა და ვროცლავის და პოზნანის მუნიციპალური სტადიონები, საერთო ჯამში, 15 მატჩს უმასპინძლებენ.
ვარშავის ეროვნულ სტადიონს ტურნირის გახსნის ცერემონიალის და პირველი მატჩის მიღების პატივი ხვდა წილად: ევრო 2012 რვა ივნისს დაიწყება A ჯგუფის თამაშით - ტურნირის ერთ-ერთი მასპინძელი პოლონეთი ევროპის 2004 წლის ჩემპიონს საბერძნეთს შეხვდება.
ამავე სარბიელზე 12 ივნისს პოლონეთი-რუსეთი, ოთხი დღის შემდეგ კი საბერძნეთი-რუსეთი ითამაშებენ. 21 ივნისს იქვე შედგება მეოთხედფინალი A ჯგუფის გამარჯვებულსა და B ჯგუფის მეორეადგილოსანს შორის, 28 ივნისს კი ეროვნული სტადიონი ნახევარფინალს მიიღებს.
სარბიელის მშენებლობა 2009 წლის 7 ოქტომბერს დაიწყო: საძირკველში ჩაფლულ რკინის კაფსულაში მაღალჩინოსნებმა პოლონეთის და ევროკავშირის დროშები, იმდღევანდელი გაზეთები, ხურდა ფული, ბანკნოტები და სხვა სამახსოვრო ნივთები მოათავსეს. გეგმის მიხედვით, მშენებლობა 2011 წლის მაისში უნდა დასრულებულიყო, თუმცა შეფერხებების გამო სამუშაოები ნოემბერში დამთავრდა.
დღეს სტადიონი, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაა, 58500 გულშემატკივარს იტევს, კონცერტების დროს კი 72900 მაყურებლის მიღება შეუძლია. გადაწყვეტილია, რომ 1 აგვისტოს იქ მადონა იმღერებს, 19 სექტემბერს კი Coldplay.
ოფიციალური ინფორმაციით, ეროვნული სტადიონის მშენებლობაზე ნახევარი მილიარდი ევრო დაიხარჯა. ამ თანხაში გათვალისწინებული არაა საერთო კომპლექსში შემავალი 20-ათასიანი სპორტული დარბაზის და 4 ათას მაყურებელზე გათვლილი საწყლოსნო აუზის კეთილმოწყობა.
გდანსკის PGE არენა ოთხ თამაშს მიიღებს, აქედან საწყის სამ შეხვედრაში - C ჯგუფი - ევროპის ჩემპიონი ესპანეთი ითამაშებს: 10 ივნისს იტალიასთან, ოთხი დღის შემდეგ ირლანდიასთან, 18 ივნისს კი ხორვატიასთან. 22 ივნისს აქვე გაიმართება მეოთხედფინალი B ჯგუფის გამარჯვებულსა და A ჯგუფის მეორეადგილოსანს შორის.
სარბიელი, რომელიც 43615 გულშემატკივარს იტევს, უეფას კლასიფიკაციით მეოთხე კატეგორიისაა და 5 ვარსკვლავი აქვს მინიჭებული. მისი მშენებლობა ბალტიკ არენას ადგილზე 2008 წელს დაიწყო და 2011 წლის ზაფხულში დასრულდა. 2010 წელს, Polska Grupa Energetyczna- სთან გაფორმებული ხუთწლიანი კონტრაქტის შემდეგ (ღირებულება 8,5 მილიონი ევრო), სტადიონს PGE არენა ეწოდა.
გდანსკის სტადიონმა უკვე უმასპინძლა ნაკრების ერთ მატჩს: შარშან, 6 სექტემბერს პოლონელებმა გერმანიასთან ფრედ 2:2 ითამაშეს. შეხვედრას 38 ათასი გულშემატკივარი დაესწრო, რაც ჯერჯერობით, რეკორდია.
PGE არენა გდანსკის ლეხიას საშინაო სარბიელია და უდიდესია პოლონეთის ექსტრაკლასაში (უმაღლესი ლიგა). სტადიონის მფლობელი გდანსკის მერიაა.
ვროცლავის მუნიციპალური არენა 42771 ქომაგს იტევს და ის ექსტრაკლასას კლუბის შლასკის სტადიონია. მისი მშენებლობა 2009-2011 წლებში მიმდინარეობდა, სამუშაოების დასრულების და უეფას ექსპერტთა კომისიის სტუმრობის შემდეგ კი არენას მეოთხე კატეგორია და ხუთი ვარსკვლავი მიენიჭა.
სარბიელი 2011 წლის 10 სექტემბერს გაიხსნა... კრივით: უკრაინელმა ვიტალი კლიჩკომ პოლონელ ტომაშ ადამეკთან ორთაბრძოლაში WBC-ს საჩემპიონო სარტყელი დაიცვა. საფეხბურთო „ნათლობა” ზუსტად ერთი თვის შემდეგ, 10 ოქტომბერს მოხდა: შლასკმა იოჰან ფოსკამპის ერთადერთი გოლით გდანსკის ლეხიას სძლია.
აქ A ჯგუფის სამი თამაში გაიმართება: 8 ივნისს რუსეთი-ჩეხეთი; 12 ივნისს საბერძნეთი-ჩეხეთი; 16 ივნისს კი ჩეხეთი-პოლონეთი.
პოზნანის მუნიციპალური სტადიონი ყველაზე პატარაა ევრო 2012-ის მასპინძელ პოლონურ არენებს შორის - მხოლოდ 41609 მაყურებელზეა გათვლილი. იქ, ისევე როგორც ვროცლავში, მხოლოდ სამი მატჩი შედგება და ყველა C ჯგუფში: 10 ივნისს ირლანდია-ხორვატია; 14 ივნისს იტალია-ხორვატია; 18 ივნისს კი იტალია- ირლანდია.
სტადიონის რეკონსტრუქცია ჯერ კიდევ 2003 წელს დაიწყო, თუმცა მას შემდეგ, რაც პოლონეთს ევროპირველობის მასპინძლობის პატივი ხვდა წილად, საწყისმა პროექტმა ძირფესვიანად იცვალა სახე. საბოლოოდ, მშენებლობა 2010 წელს დასრულდა, 20 სექტემბერს კი გახსნის ცერემონიალი შედგა: სტადიონზე სტინგის კონცერტი გაიმართა.
PGE არენა
...1960-1976 წლებში ევროპის ჩემპიონატების ფინალურ ეტაპზე 4 გუნდი მონაწილეობდა, 1980-1992 წლებში - 8, ხოლო 1996 წლიდან - 16. უეფას გადაწყვეტილებით, 2016 წელს, საფრანგეთში, ევროპის ჩემპიონატზე 24 გუნდი ითამაშებს.
...ევროპის 1980 წლის ჩემპიონატის შემდეგ უეფამ მესამე ადგილისთვის მატჩი გააუქმა. ეს გადაწყვეტილება ორგანიზაციამ მატჩისადმი ნაკლები ინტერესით ახსნა.
გერმანია ჩემპიონატის ყველაზე ტიტულიანი გუნდია: 1972, 1980 და 1996 წლებში თასი მოიგო, 1976, 1992 და 2008 წლებში კი ფინალში დამარცხდა.
...მიშელ პლატინი ერთადერთია, რომელმაც ფინალურ ეტაპზე ორჯერ მოახერხა ჰეთ-თრიქის შესრულება: 1984 წელს ბელგიასთან და იუგოსლავიასთან. ბოლო ფეხბურთელი, ვინც ერთ მატჩში 3 გოლის გატანა შეძლო, ესპანელი დავიდ ვილიაა 2008 წელს რუსეთთან.
...ევროპის 4 ჩემპიონატზე მხოლოდ ექვსმა ფეხბურთელმა იასპარეზა: გერმანელმა ლოთარ მათეუსმა (1980, 1984, 1988, 2000), დანიელმა პეტერ შმაიხელმა (1988, 1992, 1996, 2000), ჰოლანდიელმა აარონ მოჰამედ ვინტერმა (1988, 1992, 1996, 2000), იტალიელმა ალესანდრო დელ პიერომ (1996, 2000, 2004, 2008), ჰოლანდიელმა ედვინ ვან დერ სარმა (1996, 2000, 2004, 2008) და ფრანგმა ლილიან ტურამმა (1996, 2000, 2004, 2008)
ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება პოლონეთ- უკრაინის პროექტმა 5 ქვეყანასთან პაექრობაში მოიპოვა: ევროპირველობის მიღება დამოუკიდებლად სურდათ საბერძნეთს, თურქეთს და იტალიას, ხორვატიას კი უნგრეთთან ერთად.
![]() |
26 პელე, დიეგო, მესი |
▲ზევით დაბრუნება |
სპორტი|ფეხბურთი
ზურაბ თალაკვაძე
ლეო მესიმ გაშეშებულ ლევერკუზენთან წაიცეკვა, ხუთჯერ აუნთო წითელი შუქი გერმანელებს და ჩემპიონთა ლიგის რეკორდი დასვა. ლიგაზე ერთ თამაშში ამდენი ჯერ არავის შეუგდია. არგენტინელით ლევერკუზენიც სიამოვნებას იღებს. ბენდერები, კისლინგები და კადლეცები ლეოს უყურებენ და დუნდებიან. 7:1.
მესის ბარსელონაში და არგენტინის ნაკრებში 379 ტესტი და 252 გოლი აქვს. წინა ივლისიდან, ლეომ 55 თამაშში 54 გოლი დახატა. მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაში მესის 12 შედევრი აქვს. ალბათ, თანარეკორდსმენ რუუდ ვან ნისტელროიზე მეტი ექნება. ლეომ Ballon d'Or 2009, 2010 და 2011 წლებში მოიგო. კომპაქტური გენიოსი ფორმაშია.
ლეოსთან ერთად ფეხბურთიც ფორმაშია. ლევერკუზენთან გართობის მერე, პეპ გვარდიოლამ ბრიფინგზე თქვა, დღეს მესის თამაში ყველასთვის ნანატრი საჩუქარი იყოო. პეპი მართალია. ლეოზე მეტი გოლი ბარსელონას ისტორიაში მხოლოდ სეზარ როდრიგესს აქვს აკრეფილი - 257. მესი ჯერ 24 წლისაა. რომ მოინდომოს, ლევერკუზენებს და ლიონებს 5-5, 6-6 გოლს კიდევ დაუტოვებს.
ლევერკუზენის სპორტულმა დირექტორმა, რუდი ფიოლერმა, ლეო საფეხბურთო პანთეონში დასვა. პელესთან და მარადონასთან ერთად. მაგის ადგილი უკვე მანდააო. სერ ალექს ფერგიუსონმა კი სულაც, დიეგოზე წინ დააყენა.
პელემ სამჯერ (1958, 1962, 1970) მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი. მარადონამ არგენტინას მექსიკაში (1986) დაახურა ჩემპიონის სომბრერო. მესიმ ეს ტესტი ჩააგდო და მესის ნაკრების მთავარი მწვრთნელი მარადონა იყო. დიეგომ რაღაცები ვერ ამოხსნა და არგენტინამ მესი ვერ გამოიყენა.
მსოფლიო ჩემპიონატის მოგება საფეხბურთო ოსკარია. ლეო ჯერ უოსკაროდ შედის როლში და თავის ოსკარს აიღებს. ალ პაჩინოც გვიან გაახსენდათ. ლეო თავს გაახსენებს. თუ მესი ვერ გახდება მსოფლიო ჩემპიონი, ესეც მოსულა. ჯორჯ ბესტს მსოფლიო ჩემპიონატზე საერთოდ არ უთამაშია და ჯორჯი ბესტი იყო. ხდება ხოლმე.
არგენტინაში არ არის ბარსელონას ის ორი ესპანელი მოკრძალებული გენიოსი. მესის არგენტინა ბანდაა, სადაც ფეხბურთის კურტ კობეინს ვერ იყენებენ. პელეს ბრაზილიაში გარინჩა, ვავა, დიდი, ჟილმარი, ორივე სანტოსი (1958), ისევ გარინჩა, ვავა, დიდი, ზაგალო (1962), ჟაირზინიო, რიველინო, ტოსტაო, კარლოს ალბერტო (1970) ჰყავდა. მარადონას - მარადონა. მესისაც მარადონა, მაგრამ მთავარი მწვრთნელის კომფორტულ სავარძელში ჩაწოლილი. მექსიკაში დიეგოს ტილოზე ბევრი ფერი დააქვს და მარადონა-მწვრთნელი არგენტინაში ზედმეტი იყო. იმ ნაკრებში მესიც ზედმეტი იყო.
ლეო დღეს არის და ბარსელონაში სულ კარნავალია. ალბათ, პელეს დროს იგივე ან უფრო მეტი ხდებოდა. დიეგომ პრივატული კარნავალი მოიწყო და ბედნიერი იყო.
მარადონა და პელე მაშინ იყვნენ. მესი დღეს არის. მესი ფეხბურთია.
არაფერს არ შეადაროთ. უბრალოდ, ისიამოვნეთ.
![]() |
27 ბენ ვან ბერკელი: არ მინდა შენობების აგება ერთი სეზონისთვის |
▲ზევით დაბრუნება |
კულტურა
ნინა ახლოური
ინფრასტრუქტურული მხარე არქიტექტურაში ძალიან მნიშვნელოვნად მიაჩნია. შენობებზე საუბრისას, მრავალმხრივ ასოციაციებს იყენებს - მოდის დიზაინს, მუსიკას... კლასიკური მუსიკა განსაკუთრებით უყვარს. თვლის, რომ არქიტექტურული ნაგებობით რთულია ადამიანზე იმგვარი შთაბეჭდილების მოხდენა, როგორც მუსიკალური ნაწარმოებითაა შესაძლებელი. თუმცა მისი პროექტები ყოველთვის იქცევს მნახველის ყურადღებას, თავს ამახსოვრებს მას არაორდინარული დიზაინით.
ბენ ვან ბერკელი ცნობილი ჰოლანდიელი არქიტექტორია. განათლება ამსტერდამის რიტველდის აკადემიასა და ლონდონის არქიტექტურულ ასოციაციაში მიიღო. 1998 წელს, კაროლინ ბოსთან ერთად, არქიტექტურული ფირმა UNStudio დააარსა. მის პროექტებს შორისაა: ერაზმუსის ხიდი როტერდამში, მერსედეს-ბენცის მუზეუმი შტუტგარტში, მუსიკალური თეატრი გრაცში, Five Franklin Place და კოლუმბიის ბიზნესსკოლა ნიუ იორკში და ა.შ. როდესაც ოცნების პროექტზე ვკითხე, მიპასუხა, რომ ახლა მუშაობს: „ბევრ რაღაცაზე მიმუშავია, მუზეუმზე, სადგურსა და ავეჯზეც კი, მაგრამ აეროპორტის გაკეთება ყოველთვის მინდოდა“. ქუთაისის (კოპიტნარის) აეროპორტი, რომლის მშენებლობა სექტემბერში უნდა დასრულდეს, ამ ოცნების მატერიალიზებას წარმოადგენს. ბენ ვან ბერკელს არქიტექტორობა სულ უნდოდა, მაგრამ არჩევანის გაკეთებას მაინც არ ჩქარობდა. შემდეგ გააცნობიერა, რომ შენობები მისი იდე ფიქსი იყო.
24 წლის ასაკში გადავწყვიტე არქიტექტურის შესწავლა. დედა ბავშვობაში ყოველთვის მეკითხებოდა, რატომ ვიღებდი მხოლოდ შენობების და არა ადამიანების ფოტოებს. მოგვიანებით აღმოვაჩინე, რომ არქიტექტურით ძლიერ ვიყავი გატაცებული.
რა არის ასეთი საინტერესო შენობებში?
შენობები განსხვავდება მოდური სამოსისგან, რომელიც შეიძლება ატარო ერთი წლის განმავლობაში, ან დიზაინის ჟურნალისგან, რომელიც მშვენიერია ერთი დღით. არქიტექტურა შენთან დიდი ხნის განმავლობაში რჩება. აქ მნიშვნელოვანია ადამიანებთან ურთიერთობების აგების ფაქტორი. შენობა ხომ შეხვედრის ადგილიცაა. ხანდახან ვამბობ, რომ არქიტექტურა არც ისე მნიშვნელოვანია - ეს მხოლოდ ბექგრაუნდია. მთავარია, როცა იცი, რომ ადამიანებს აერთიანებ.
ადრე ამბობდით, რომ არქიტექტორები მომავლის მოდის დიზაინერები არიან. არქიტექტურაში, ისევე როგორც მოდაში, არის თუ არა ტენდენციები, რომლებსაც გვერდი არ უნდა აუარო? რამდენად სწორია მათი გათვალისწინება?
დღეს ძალიან მრავალფეროვანი არჩევანი გვაქვს. მთავარი ტენდენცია, ჩემი აზრით, სწორედ ისაა, რომ ძალიან ბევრი სტილი არსებობს. ყველაფრის გაკეთებაა შესაძლებელი. ჩემთვის არქიტექტურაში ინფრასტრუქტურა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სტილი. ვფიქრობ, ესაა არქიტექტურის მომავალი, რადგან მომავლის ტრენდი იქნება. საერთოდ, დღეს კომპიუტერული არქიტექტურა ძალიან მოდურია. ასეთი რამ არაა ყველაზე მნიშვნელოვანი - მთავარია სოციალური განვითარება, როგორც მე ვუწოდებ ამას. ეს ნიშნავს, თუ რა შეუძლიათ შენობებს ადამიანებისთვის გააკეთონ, იყვნენ უფრო ხელმისაწვდომი მათთვის. მოდა კი ყოველთვის გულისხმობს ერთ სეზონზე აქტუალურობას, სანამ მიხვდები რა არის მოდური, შეიძლება იმ მომენტისთვის აღარც არსებობდეს. არ მინდა შენობების აგება ერთი სეზონისთვის.
როგორია მთავარი გამოწვევები, რომლებიც შეიძლება არქიტექტურის წინაშე დადგეს მომავალი ოცი წლის განმავლობაში?
ზრუნვა გარემოზე, ადამიანებზე... შენობა, რომელიც აიძულებს ადამიანებს მასში უკან დაბრუნებას. ეს შეიძლება კარგ ფილმს ან წიგნს შეადარო, რომლის ხელმეორედ გადაკითხვა მოგინდება.
ერთხელ აღნიშნეთ, რომ ბევრი რამ ისწავლეთ გაუდის საგრადა ფამილიას სიძულვილით. რას იტყვით იმ ადამიანებზე - არქიტექტორებზე, მხატვრებზე, მწერლებზე, რომლებიც იქცნენ თქვენთვის შთაგონების წყაროდ?
საინტერესოა, რომ გაუდიზე ასეთი რამ ვთქვი. სხვათა შორის, ასე ვფიქრობ ვან დერ როეზეც. მისი შემოქმედებაც მხოლოდ რამდენიმე დეტალის გამოა საინტერესო, რომლებსაც შემდეგ მუდამ იმეორებდა. სულ სხვაა ისეთი შემოქმედი, როგორიცაა კორბუზიე. მართლა თაყვანს ვცემ, არა იმდენად მისი შენობების, უფრო ხასიათის გამო. შეეძლო წარმოედგინა თავის ნამუშევარში ოთხი-ხუთი პერიოდი თუ სტილი, ეკეთებინა ექსპერიმენტები სკულპტურასა და ფერწერაში, მუდამ შესაძლებლობების ძიების პროცესში იყო და საზღვრების უგულებელყოფის არ ეშინოდა.
ვან ბერკელი მიწვეული პროფესორის სტატუსით ლექციებს კითხულობდა ჰარვარდის, კოლუმბიის, პრინსტონის უნივერსიტეტებში. ვკითხე, როგორ ასწავლის სტუდენტებს „კარგი დიზაინის“ კონცეფციას. ამბობს, რომ ასეთ ცნებას არ აღიარებს - საბოლოო ჯამში, ხელოვნების შეფასება ხომ ყოველთვის სუბიექტურია. მთავარი მისთვის ისაა, რომ სტუდენტს დაეხმაროს საკუთარი ნიჭის აღმოჩენაში, თავის შეცნობაში. თუმცა, როდესაც კარგი და ცუდი დიზაინის ცნებაზე ფიქრობს, აღნიშნავს, რომ არ მოსწონს ერთი რამ - ზედმეტად ექსკლუზიურობა. „პრადა შესაძლოა კარგია, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ მეტისმეტად ექსკლუზიურია, ხელოვნება უნდა იყოს უფრო დემოკრატიული, უნდა იპოვო ბალანსი ზარას და მაღალი კლასის ბრენდს, პრადას შორის. როგორც არქიტექტორს, გეკისრება პასუხისმგებლობა, ხელოვნება მიიტანო ფართო საზოგადოების ცნობიერებამდე. თქვენ მკითხეთ გამოწვევებზე - მთავარია, რომ მომავალში არქიტექტურა უფრო ახლობელი იყოს ადამიანების დიდი რაოდენობისთვის“.
ქუთაისის ახალი აეროპორტი ბევრს მოეწონება, რადგან სწორედ ამ იდეის მატარებელია. „ლოდინი არც ისე სასიამოვნოა. არც ისაა კარგი, როცა თვითმფრინავს ელოდები, ამიტომ მინდოდა ეს აეროპორტი მოსაცდელად სასიამოვნო ადგილი ყოფილიყო. ეს აეროპორტი ქოლგას ჰგავს, მას ძალიან ლამაზი სახურავი აქვს. ქოლგის ქვეშ თავის შეფარება შეიძლება. ეს არის ქვეყნის ახალი სიმბოლოც, მიუთითებს მის სურვილზე, მის გახსნილობაზე, იყოს მეტად პროგრესული, მომავალზე ორიენტირებული. ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი პროექტია. აქ არქიტექტურა და აეროპორტი, ანუ ინფრასტრუქტურა ხვდება ერთმანეთს“.
საქართველოზე დიდი სიმპათიით საუბრობს, განსაკუთრებით კი ხალხზე - აქ ძალიან თბილი ადამიანები არიან, ჩვენთან, ჩრდილოეთში, ასეთებს ბევრს ვერ ნახავთო. არქიტექტორს უკვე შესთავაზეს საქართველოში სხვადასხვა პროექტებში მონაწილეობა. ვან ბერკელს კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, თუმცა გამორიცხული არაა, რომ ჩვენთან სხვა პროექტების ავტორიც გახდეს. მას მოსწონს აქაური არქიტექტურა, ძველი ეკლესიები, ისიც, რომ თბილისი ძალიან კოსმოპოლიტურია. გაიხსენა, რომ რვა-ცხრა წლის წინ, მისი პირველი ვიზიტის დროს, ის ასეთი ნაკლებად იყო. ქალაქის დიზაინში რაიმეს შეცვლაზე სიფრთხილით საუბრობს, რადგან არქიტექტორის გემოვნებაზე მეტად ასეთ შემთხვევაში ადგილობრივი კულტურა და ადამიანების ფაქტორი უფრო საგულისხმოდ მიაჩნია. მისი აზრით, არქიტექტურა ის სფეროა, სადაც ეგოიზმი შეცდომა იქნებოდა.
![]() |
28 „არტისტი“ - სუფთა კინო |
▲ზევით დაბრუნება |
კულტურა |კინო
ქეთო გიორგობიანი
70-იან წლებში, ჰოლივუდურმა კინოსტუდია Universal-მა მე-20 საუკუნის დასაწყისში გადაღებული „ფრანკენშტაინის“ რიმეიქების მრავალრიცხოვან სერიას კიდევ ერთი - „ახალგაზრდა ფრანკენშტაინი“ შემატა. მაშინ რეჟისორი მელ ბრუკსი აღმოჩნდა პირველი, ვინც მიხვდა, რომ მომგებიანი არა სცენარის ან თუნდაც სიუჟეტის კიდევ ერთი ეკრანული ვერსიის გაკეთება, არამედ იმ კონკრეტული ეპოქის მახასიათებელთა სტილიზაცია იქნებოდა. სწორედ ამიტომ, მისი „ახალგაზრდა ფრანკენშტაინი“ ამ ციკლის ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად იქცა. ფილმი, რომელიც არა პერსონაჟებს, არამედ სწორედ სამსახიობო შესრულების, გამოსახულებისა თუ ხმის გამოყენების იმ მანერას აშარჟებს, რაც 1910 წელს შექმნილ „ფრანკენშტაინს“ თანამედროვე მაყურებლისთვის ასე კომიკურს ხდიდა. ეს უკანასკნელი, პრაქტიკულად, კინემატოგრაფის ისტორიაში სტილიზაციის პირველი ნიმუშია.
სწორედ ამგვარი სტილიზაციის იდეალური შესრულება გახდა წლევანდელ, 2012 წლის ოსკარზე საუკეთესო ფილმად აღიარებული „არტისტის“ წარმატების უმთავრესი მიზეზიც.
მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო დასავლური კინემატოგრაფის კრიზისზე ალაპარაკდა, როდესაც ჰოლივუდს - უფრო სწორად კი, მთელ დასავლურ კინოს - ერთგვარი თვითგვემისა და კათარზისის პერიოდი დაუდგა და პრობლემების მიზეზად საკუთარი თავი გამოაცხადა; ეპოქაში, როდესაც თითქმის ყოველი მეორე ფილმი - „ავატარიდან“ „მელანქოლიამდე“ - განურჩევლად ჟანრისა თუ სერიოზულობისა, ცდილობს, ჩვენი ეგოსა თუ მაღალი ცივილიზაციის უვარგისობაზე დაგვაფიქროს - ისევ ფრანგი თუ მოახერხებდა სამყაროსთვის შანსონური სიმსუბუქით შეეხედა და ცხოვრება კინოს, ანუ „დიდი ილუზიის“ მაგალითზე მაყურებლისთვის ისევ პოზიტიური, იუმორით აღსავსე შეეთავაზებინა. „არტისტში“ სამყარო ზუსტად იმ „შუშხუნა“ ფრანგული განწყობით არის გადმოცემული, რომლითაც თუნდაც იმპრესიონისტები, ან მოგვიანებით - კინემატოგრაფის პოეტური რეალისტები, მომასწავებელ უბედურებასაც კი კარნავალის, უფრო სწორად, დღესასწაულის მეშვეობით ასახავდნენ. დიახ, „არტისტი“ ფილმი-დღესასწაულია.
„ჩემი აზრით, კინო მოკვდება, ნახეთ, რა ენერგიით ცდილობენ მისთვის სულის ჩადგმას - გუშინ ეს იყო ფერი, დღეს - სამი განზომილება. 40 წელიწადზე მეტს არ ვაძლევ... ვინღა ლაპარაკობს მასზე“, - ორსონ უელსის მიხედვით, კინემატოგრაფი თავისი არსებობის უკანასკნელ ათწლეულს უნდა ითვლიდეს. იმავე უელსის სიტყვებით, „ნაკლები საფრთხის წინაშე მხოლოდ იმ ქვეყნების კინემატოგრაფი დგას, რომელთაც ტექნიკურმა პროგრესმა გვერდი აუარა“, ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, „კინობავშვობის“ პერიოდს გადის. და ალბათ დასავლური, ანუ ტექნიკური თვალსაზრისით მაღალგანვითარებული კინოს ერთადერთი გადარჩენის საშუალებაც, სწორედ ბავშვობაში, ანუ მის არქაულ ხანაში გადავარდნა თუ იქნება.
როდესაც ვიმ ვენდერსმა „პინა“ 3D-ში გადაიღო და ამით მაღალი ტექნოლოგიები მასობრივი კინოდან უკვე არტ-ჰაუზშიც შემოიტანა, კრიტიკოსების დიდმა ნაწილმა იგი ნამდვილი კინოს „მკვლელობაში“ დაადანაშაულა. ალბათ, „პინა“ უელსის წინასწარმეტყველების გარდაუვალობის ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითადაც ჩაითვლებოდა, რომ არა „არტისტი“ - ფილმი, რომელიც კინემატოგრაფში ხმის შემოსვლის მტკივნეული პერიოდის ასახვას უხმო კინოს ტრადიციებზე დაყრდნობით ახერხებს. თანაც მაშინ, როდესაც უკვე თითქმის ყველა შეთანხმდა - მაყურებლის კინოთეატრში მოზიდვა მხოლოდ მაქსიმალური ვიზუალური და ხმოვანი ეფექტების გამოყენებითღა თუ იყო შესაძლებელი. შავ-თეთრმა, უხმო ფილმმა კი კრიტიკოსებიც და რიგითი მაყურებელიც ერთნაირად სასიამოვნოდ გაოცებული დატოვა.
მოქმედება 1927 წლიდან ადრეულ 30-იანებამდე ვითარდება, როდესაც უხმო კინოს ვარსკვლავი ჯორჯ ვალენტინი ხმოვანი კინოს ერთ-ერთი პირველი ვარსკვლავის, პეპი მილერის დაბადებას შეუწყობს ხელს. თვითონ კი იმ მსახიობთა ნაკადში ყვება, რომლებიც კინემატოგრაფის არქაულ ეპოქას თავს ვეღარ აღწევენ და კინოს ალაპარაკებასთან ერთად, ისტორიად იქცევიან.
ერთი სიტყვით, საკმაოდ ბანალური და უკვე ბევრჯერ გადაღეჭილი თემა და სიუჟეტი, რომელიც კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ „რა“-ზე ბევრად მნიშვნელოვანი ხელოვნებაში კვლავ „როგორ“ რჩება. და თუკი ეს „როგორ”, ანუ გამოხატვის ფორმა კინემატოგრაფში უკვე იმდენად შორს წავიდა, რომ მაყურებელს ვეღარაფრით გააკვირვებ, საუკეთესო გამოსავლად სწორედაც კარგად მივიწყებული ძველის გაცოცხლება, უფრო ზუსტად კი, მისი სტილიზაცია იქცევა.
ძველის გახსენებას ხომ თან მუდამ ნოსტალგია ახლავს. ეს მოსწონს მაყურებელს, რადგან წარსულის იდეალიზაციისკენ არის მიდრეკილი. „არტისტი“ ახალი სისხლია, რომელიც დასავლურ კინოს ესაჭიროებოდა და სწორედ წარსულიდან გადაესხა.
„გართობისთვის არსებობს გამოსახულება. ტექსტის გზავნა კი ვესტერნ იუნიონის საქმეა“, - ამბობდა ცნობილი ჰოლივუდელი პროდიუსერი, სემუელ გოლდვინი. სწორედ ეს - ვიზუალური ხელოვნების, ანუ „სუფთა კინოს“ გაქრობის შიში გამოიწვია კინემატოგრაფის ალაპარაკებამ. თუმცა გამოსავალი ყოველთვის არსებობს და, ცხადია, ამ „დიდ ილუზიაში“ ღვინის, გართობის, ქალებისა და შანსონის კულტურის სამშობლოში, საფრანგეთში დაბადებული რეჟისორი მიშელ ჰაზანავიჩუსი, ტრაგიკული ბედის მქონე პერსონაჟისთვისაც კი მდგომარეობიდან გამოსავალს, პირდაპირი მნიშვნელობით, სულ ცეკვა-ცეკვით პოულობს.
იქნება „არტისტი“ დასავლური კინოს გამოცოცხლების დასაწყისი, თუ მხოლოდ გამონაკლისად დარჩება; ახდება თუ არა ორსონ უელსის წინასწარმეტყველება, ამას დრო გვიჩვენებს. მანამ კი გირჩევთ, უბრალოდ დატკბეთ სიცოცხლით და სანამ პლანეტა „მელანქოლია“ დაგვეჯახებოდეს ან კიდევ ღმერთი მოკვდებოდეს და „ტურინული ცხენის“ პერსონაჟების მსგავსად, ადამიანები მაინც სიცოცხლეს განვაგრძობდეთ, დარწმუნდებით, რომ ცხოვრება შავ-თეთრში - სიტყვების გარეშეც, შეიძლება იყოს მშვენიერი.
![]() |
29 ავსტრიულ შილინგზე გამოსახული იმიჯი |
▲ზევით დაბრუნება |
კულტურა
თეონა ჯაფარიძე
1000-შილინგიან, შემდეგ კი ავსტრიულ ორევროიან კუპიურაზე მკაცრი გარეგნობის ქალბატონია გამოსახული. ყოველმა ავსტრიელმა იცის, რომ ეს მათი სიამაყე - პირველი ნობელიანტი ქალი მშვიდობის დარგში, ბერტა ფონ ზუტნერია. ვენასთან ახლოს, ჰარმანსდორფში, ზუტნერების ყოფილ მამულში, სასახლე წელიწადში ერთხელ საგამოფენო სივრცედ იქცევა ხოლმე. აქ წარმოდგენილი კონცეპტუალური ნამუშევრები თემატურად ყოველთვის ბერტა ფონ ზუტნერს უკავშირდება. ეს ბუნებრივიცაა - პაციფიზმი თუ ქალთა უფლებების დაცვა ხომ ის თემებია, რითაც დღეს თანამედროვე ხელოვნება საზრდოობს.
„წლევანდელი გამოფენისთვის კურატორმა გვთხოვა დაგვემსხვრია კუპიურაზე გამოსახული პაციფისტი და ფემინისტი ქალის მკაცრი იმიჯი და აქცენტები მის გრძნობებსა და საინტერესო თავგადასავლებზე გაგვეკეთებინა“, - მიხსნიან ავსტრიელი მხატვრები - იოჰანა და ჰელმუტ კანდლები. მათ ილიას უნივერსიტეტის ავსტრიულ ბიბლიოთეკაში შევხვდი, დასავლეთ საქართველოს სოფელ გორდიდან ახალდაბრუნებულებს. მათი მომავალი ნამუშევრის ინსპირაციის წყარო სწორედ ეს ადგილია.
„საოცრად მისტიკური ადგილია გორდი - დადიანების საზაფხულო რეზიდენცია მაღალ მთებში. ეკატერინე ჭავჭავაძის ოჯახმა თავის სტუმრებს - ბერტა და არტურ ფონ ზუტნერებს, სწორედ გორდში გაუმართა მიღება. ჩვენი ნამუშევარი ამ მომენტს მიეძღვნება. ერთი სიტყვით, ამჯერად საქართველოში პირველი ნობელიანტი ქალის - ბერტა ფონ ზუტნერის ნაკვალევზე ჩამოვედით“, - მიხსნიან ისინი.
ავსტრიელ არტისტთა წყვილი - იოჰანა და ჰელმუტ კანდლები, პირველად 90-იან წლებში ჩამოვიდნენ. იოჰანა კანდლი ცნობილია, როგორც რკინის ფარდის ახდის შემდეგ აღმოსავლეთ ევროპის მკვლევარი არტისტი. ყოფილი სოციალისტური ბანაკის ქვეყნების კვლევა, ბოლო 20 წელია თანამედროვე დასავლური ხელოვანების შთაგონების წყაროდ იქცა. იოჰანა კანდლის კურატორული პროექტები თუ ცალკეული ნამუშევრები ძირითადად აღმოსავლეთ ევროპის ბლოკსა და ყოფილი სსრკ-ს ქვეყნებს ეძღვნება. მისი ფერწერული ტილოები მოგზაურობის დროს გადაღებული ფოტოების საფუძველზე იქმნება. ფოტოებს მისი მეუღლე - ჰელმუტ კანდლი იღებს. იოჰანას ფერწერა დემონსტრაციულად სოცრეალიზმის სტილშია წარმოდგენილი. შემოქმედება დეტალურად ასახავს ყოფილი სოციალისტური ბანაკის ქვეყნების ყოველდღიურ ყოფასა თუ სოციალურ და პოლიტიკურ ცვლილებებს. კანდლების წყვილი აღმოსავლეთ ევროპაში ბევრს მოგზაურობს. ისინი უკვე 20 წელია ჰკვეთენ საზღვრებს და აღმოსავლეთსა და დასავლეთ ევროპას შორის კულტურულ სხვაობებს იკვლევენ. შემდეგ კი ფოტოგრაფიასა და ფერწერაში ასახული კვლევები მიუნხენის, ლაიფციგის გალერეებში, ქაიროს ბიენალესა თუ ვენის სეცესიონში საპატიო ადგილს იკავებს. 1999 წელს, არტ ბაზელზე, იოჰანას უზარმაზარ ფერწერულ ტილოებზე გამოსახული თბილისის ვაგზლის ტერიტორიის ხედი და პოსტსაბჭოთა თბილისის სოციალური ფონი გამოიფინა.
ახლა უფრო შორეულ წარსულში - კანდლების ახალი კვლევის ობიექტზე - ბერტა ფონ ზუტნერზე გადავინაცვლოთ:
ბერტა ფონ ზუტნერის პაციფისტური ბესტსელერი „ძირს იარაღი“ (1889წ.) 40-ჯერ გამოიცა და 16 ენაზე ითარგმნა. მის მიერ დაარსებული გერმანულ-ავსტრო-უნგრული სამშვიდობო საზოგადოების, ანტისემიტიზმის წინააღმდეგ, ქალთა უფლებებისთვის ბრძოლის და სხვა პაციფისტური აქტივობების გამო, საუკუნის დასაწყისში დასავლურ ინტელექტუალურ წრეებში აღიარეს „ქალი, რომელმაც ომს გამოუცხადა ომი”. ალფრედ ნობელს სწორედ ბერტა ფონ ზუტნერმა შთააგონა მშვიდობის პრემიის დაწესება, ნობელის გამოგონების სანაცვლოდ, კაცობრიობისთვის მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად. პრემია 1901 წლიდან გაიცემა, ბერტა ფონ ზუტნერი კი მისი მფლობელი 1905 წელს გახდა. ის სარაევოში ფრანც ფერდინანდის მკვლელობამდე და პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე, ზუსტად ერთი კვირით ადრე (1914 წლის 21 ივნისს), გარდაიცვალა. მაშინდელი პრესა აღნიშნავდა, რომ „ბედმა დაინდო ბერტა და არ მოესწრო თავისი ოცნებების გაცამტვერებას“.
ბერტა ფონ ზუტნერმა, თავის მეუღლესთან - არტურ ფონ ზუტნერთან ერთად, 9 წელი გაატარა კავკასიაში, ძირითადად კი საქართველოში, როგორც ეკატერინე ჭავჭავაძისა და დადიანების სტუმარმა (1876-1885წწ.). ამ პერიოდში წყვილი საქართველოზე დასავლურ პრესაში საინტერესო ნარკვევებს აქვეყნებდა. არტურ ფონ ზუტნერი ვენის გაზეთ Neue Freie Presse-სთვის კორესპონდენციებსაც კი აგზავნის კავკასიიდან რუსეთ-თურქეთის ომის შესახებ.
„ის მართლაც საინტერესო ქალი იყო, რომელიც ირგვლივ ყველას ხიბლავდა. მან მოხიბლა თავად ნობელი. ჩვენი მომავალი ნამუშევარი ვიდეოარტი იქნება, რომელსაც გორდში გადავიღებთ. ბერტას მოგონებებში მივაკვლიეთ ფაქტებს, რომ სწორედ აქ, ეკატერინემ ზაფხულის ერთ საღამოს მიღება მოაწყო. იმ საღამოს ბერტას „მანონ ლესკოდან“ არია შეუსრულებია. მუსიკა, მანონ ლესკოს გმირი, ბერტა და გორდის ულამაზესი გარემო, ვფიქრობთ ნამდვილად დაამსხვრევს ავსტრიულ კუპიურაზე გამოსახულ მის მკაცრ იმიჯს. ჩვენი აზრით, პაციფიზმად და ფემინიზმად მონათლული მოღვაწეობა მხოლოდ თავისუფალ, ცხოვრებაზე შეყვარებულ ადამიანებს შეუძლიათ“, - ამბობენ კანდლები. ეს მათი პირველი ნამუშევარი იქნება პოსტსაბჭოთა ეპოქის კვლევის ფარგლებს მიღმა. გამოფენა 26 მაისს, ჰარმანსდორფში გაიხსნება.
![]() |
30 განახლებული და იუბილარი თეატრი |
▲ზევით დაბრუნება |
კულტურა|თეატრი
თამარ კიკნაველიძე
თეატრის საერთაშორისო დღე საქართველოში, როგორც წესი, ერთდროულად რამდენიმე თეატრში აღინიშნება. თუმცა 2012 წლის მთავარ ღონისძიებად ხულოს განახლებული თეატრის გახსნა და მისი იუბილეს აღნიშვნა დასახელდა.
27 მარტს ხულოში, ნიკოლოზ რურუასთან ერთად, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის, ასევე, აჭარის კულტურის, განათლებისა და სპორტის სამინისტროების წარმომადგენლები ჩავლენ. ისინი ხელოვანებთან, თეატრალებთან, ადგილობრივ მაყურებელთან ერთად დაათვალიერებენ გარემონტებულ და განახლებულ თეატრს, რომელიც დაარსებიდან 75 წელს ითვლის.
გურამ აბულაძე, თეატრის მმართველი: თეატრი გასული საუკუნის 30-იან წლებში გაიხსნა. ქვეყანაში არსებული მდგომარეობის და საბჭოთა რეჟიმის მიუხედავად, ფუნქციონირებდა და თავის მოვალეობას ასრულებდა. თავდაპირველად სახელმწიფო თეატრად იწოდებოდა, შემდეგ კი სახელმწიფო სტატუსი ჩამოერთვა და სახალხო გახდა. შენობას აშენებიდან დღემდე კაპიტალური რემონტი არ ჩატარებია და შემოქმედებით ჯგუფს მუშაობა ძალიან უჭირდა. საბოლოოდ, ჩვენმა თხოვნამ შედეგი გამოიღო და ადგილობრივი ხელისუფლების ძალისხმევით თეატრს ჩაუტარდა სარემონტო სამუშაოები. ძველი შენობიდან, შეიძლება ითქვას, რომ კარკასის კედლებიღა დარჩა. გაკეთდა საგრიმიოროები, რაც ადრე არ გვქონდა, ასევე სცენის კონსტრუქციები, გათბობა, რომლის არარსებობაც დასს ზამთარში მუშაობის საშუალებას არ აძლევდა. მოწესრიგდა სველი წერტილები. მთლიანად შეიცვალა განათების სისტემა, რაშიც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო დაგვეხმარა, დამონტაჟდა ახალი სავარძლები და ა.შ. დღეს უკვე ყველანაირი პირობაა თეატრში შექმნილი იმისთვის, რომ შემოქმედებითი პროცესი უკეთ წარიმართოს.
როინ სურმანიძე, სამხატვრო ხელმძღვანელი: მინდა, რომ ხულოს თეატრს საშუალება მიეცეს მონაწილეობა მიიღოს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ არსებულ ფესტივალებში. აპრილისთვის უკვე ვგეგმავთ ჩავერთოთ თურქეთის თეატრალურ ფესტივალში, სადაც მაყურებელს ნახევრად თოჯინურ დადგმას (რეჟისორი რევაზ ბაინაზიშვილი) შევთავაზებთ.
თეატრის იუბილეს რაც შეეხება, აჭარის კულტურის, განათლებისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით, 28 მარტს დაიწყება და 3 აპრილამდე გაგრძელდება კვირეული. მის ფარგლებში ხულოში სპექტაკლებს მარჯანიშვილის, რუსთაველის, მესხეთის, ქუთაისის, ფოთის და ბათუმის თეატრები წარმოადგენენ. გამოიცემა ალბომი, სადაც თეატრის ისტორია, მისი შემოქმედებითი წარსული და დღევანდელობა მოიყრის თავს.
![]() |
31 ინტერიერის „ცნობილი გმირები“ |
▲ზევით დაბრუნება |
დიზაინი|ინტერიერი
...დაბალბიუჯეტიანი ფილმის წარმატებას ხშირად მაღალანაზღაურებადი მსახიობი განსაზღვრავს. იაფფასიან სამოსს ან აქსესუარს კი - ცნობილი მოდელი. ინტერიერის დიზაინშიც ასეა - ყველაფერი შეიძლება ერთმა დეტალმა, ერთმა „ცნობილმა გმირმა“ გადაწყვიტოს.
მარიანო ფორტუნის მიერ 1907 წელს შექმნილ ტორშერს დღეს „საკულტო” სტატუსი აქვს. მასში გამოყენებული ნაჭერი, საუკუნის წინ ფორტუნის მიერვე დაარსებული ქსოვილების ლეგენდარულ ფაბრიკაშია შექმნილი. დიდი ზომისა და უჩვეულო ფორმის გამო, ის ინტერიერის ერთ-ერთ განმსაზღვრელ დეტალს წარმოადგენს და სახლის თუ ოფისის ინტერიერში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. ტორშერი კომპანია Pallucco-ს ეკუთვნის და მისი ღირებულება, საშუალოდ, 2500 ევროა.
2003 წელს რონ გილადის მიერ შექმნილი ჭაღი, რომელიც მან ცნობილ დიზაინერ ინგო მაურერს მიუძღვნა და მის პატივსაცემად „ძვირფასო ინგო“ უწოდა, ყველასათვის კარგად ნაცნობი მაგიდის სანათების ერთობლიობას წარმოადგენს. სურვილის მიხედვით იგი სხვადასხვა ფორმას იღებს. ჭაღი 16 სანათისაგან შედგება და ყოველთვის გამორჩეული ნივთია ინტერიერში. იგი ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტის მუდმივმოქმედი გამოფენის ოფიციალური ექსპონატია. ჭაღს ჰოლანდიური კომპანია Moooi უშვებს და მისი ფასი, საშუალოდ, 2500 ევროა.
არცთუ დიდი ისტორიის მქონეა დიზაინერ იორის ლაარმანის მიერ 2007 წელს შექმნილი სანათი „ნებულა“, რომელიც თანამედროვე დიზაინში ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოთამაშედ იქცა. „ნებულა“ ნიუ იორკის მეტროპოლიტან მუზეუმის მუდმივმოქმედი კოლექციის წევრია. როგორც თავად დიზაინერი ამბობს, მისი შექმნის იდეა სხვადასხვა სანათების გადათამაშებისას მოუვიდა - „როდესაც პატარა სანათები ბუჩქად შევკარი, მოვიხიბლე მათი ერთობლივი ნათებით. თითქოს ვარსკვლავი კაშკაშებდა ციდან“. მოკაშკაშე ვარსკვლავს კომპანია FLOS-ი უშვებს და მისი ფასი, საშუალოდ, 7500 ევროა.
თუ ქალისთვის მთავარი აქსესუარი ფეხსაცმელი და ჩანთაა, ინტერიერის დიზაინში ეს განათებაა. თუ თქვენი ბიუჯეტი არცთუ ისე დიდია, გირჩევთ დაბალფასიანი დეკორაციული მასალები გამოიყენოთ და დაზოგილი თანხით, ერთი ისეთი ნივთი შეიძინოთ, რომელიც ინტერიერის ხასიათს განსაზღვრავს და მას განუმეორებელს გახდის.
![]() |
32 ტანსაცმელი თუ სანახაობა? |
▲ზევით დაბრუნება |
FASHION|კულტურა
თინათინ კლდიაშვილი
ერთი თვის განმავლობაში საერთაშორისო მოდის კვირეულები მომავალი წლის შემოდგომა-ზამთრის სტანდარტებს ამკვიდრებდნენ. მედია ამ კომერციული სფეროს დიდი მოყვარულია. გასაკვირი არაა, რომ საინფორმაციო საშუალებები სულ უფრო მეტ დროს უთმობენ მოდას. ეს უკანასკნელი კი, მუდმივი განახლების რეჟიმშია და ისევ ცდილობს გავლენის მოსაპოვებლად ახალი კომერციული სვლების პოვნას.
Louis Vuitton-Marc Jacobs - ის გამოფენა პარიზის დეკორატიული ხელოვნების მუზეუმში
ამ თამაშში ჩართული სახელოვანი ბრენდები კომერციას და რეკლამას წინა პლანზე აყენებენ. შესაბამისად, კრეატიული მუხტი უფრო მეტად პრეზენტაციაზე და კოლექციის წარდგენაზე იხარჯება. ეს ბადებს კითხვას - რა უფრო საინტერესოა, კარგი ტანსაცმელი თუ მაღალ დონეზე ჩატარებული ნახევარსაათიანი მდიდრული სანახაობა, სადაც ტანისამოსი და მოდელები გარემოს დეკორატიული ნაწილი გახდა? თითქოს უკვე დამკვიდრდა ტენდენცია, რომ ტრადიციული პოდიუმი მოსაწყენი და ძველმოდურია, ამის დასტურად, პარიზის მოდის კვირეულის დასახელება შეიძლება.
კარლ ლაგერფელდი უკვე მეხუთე სეზონია Chanel-ის მარკას ჰიპერსიურკულტურ FASHION რეალისტურ გარემოში წარადგენს. ამ სეზონის მეგაპროექტი კრისტალებს - ამეთვისტოს, დაბურულ კვარცს და მთის ბროლს - გიგანტურ სტალაგმიტებს შორის სამი ერთეულისაგან შემდგარ კოსტიუმებში მოსიარულე მოდელები იყვნენ.
მომავალი შემოდგომისათვის შარვალი კაბის ან ქვედაბოლოს ქვეშ, აუცილებელ ელემენტად მოგვევლინა. მართალია, ეს პირველად პრადამ წარმოადგინა, თუმცა ზუსტად იგივე შემოგვთავაზეს სხვა დიზაინერებმაც. ლაგერფელდიც ამ კომბინაციას გამოეხმაურა და პრიალა ქსოვილებისაგან გადაჭრილი ვიწრო შარვლები, სწორი კაბები და მრავალჯიბიანი ქურთუკები შექმნა.
Louis Vuitton-Marc Jacobs
პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში ახალი გამოფენა Louis Vuitton- Marc Jacobs გაიხსნა, რომელიც ამ ბურჟუაზიული მარკის ასორმოცდასამწლიან ბიოგრაფიას წარმოგვიდგენს. მარკ ჯეიკობსმა ეს ბრენდი 15 წლის განმავლობაში ტანსაცმლის მწარმოებელ კომპანიად აქცია. ჩანთებისა და ჩემოდნების გარდა, მათი პროდუქცია და პოპულარობა საგრძნობლად გაზარდა. უკანასკნელი რამდენიმე სეზონი კი გრანდიოზული სივრცეების დაპყრობით დაკავდა და გასული საუკუნის ათიანი წლების ცხოვრების სტილი გააცოცხლა თავის პომპეზურ წარმოდგენაში: სადგური. ბაქანზე ნამდვილი ანტიკვარული ორთქმავალი ჩამოდგა. უნიფორმებში გამოწყობილი ბარგის მტვირთავები მოდელებს ახლდნენ და მათი ჩანთები მოჰქონდათ - ბეწვის და ეგზოტიკური ტყავებით მორთული. ფსევდოისტორიული კოსტიუმები კი აქაც მხოლოდ კაბის ქვეშ მოქცეული შარვლებით იძენდნენ თანამედროვე ელფერს. და მაინც, მიუხედავად ამხელა წარმოდგენისა - რა არის მოდა, ტანსაცმელი თუ სანახაობა?!
Chanel
![]() |
33 LIFE/Guide |
▲ზევით დაბრუნება |
კულტურა
Fashion
1 თუ გასული საუკუნის ოციანებში ცხოვრების სურვილი ყოველთვის გქონდათ, წელს მისი ახდენის პერსპექტივას მოდის დიზაინერები გთავაზობენ. ეტრომ, გუჩიმ, რიდ კრაკოფმა თავიანთ კოლექციებში „დიდი გეტსბის“ თემა გააცოცხლეს. კვლავ აქტუალური გახდა კაბები დავარდნილი წელით და არტ დეკოს ელემენტები სამოსში.
მერაბ აბრამიშვილი
2 გამჭვირვალე, მსუბუქი, უკიდეგანოდ ლამაზი და მისტიკური; იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ არ ხართ გამოფენების და მხატვრობის დიდი მოყვარული, ეს არ უნდა გამოტოვოთ - 16 მარტიდან 5 აპრილის ჩათვლით ახალ გალერეაში მერაბ აბრამიშვილის 55 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართება.
Boucheron
3 მათთვის, ვისაც უკვე მობეზრდა ლეოპარდის პრინტი და ცხოველებით გაფორმებული სამოსი, Boucheron-ი უფრო დელიკატურ გამოსავალს - სამკაულებს გვთავაზობს, მაგალითად, ჟირაფის ფორმის ბეჭედს, ყავისფერი და ყვითელი ბრილიანტების, ასევე ყვითელი და ლურჯი საფირონის თვლებით.
მოამზადა ნინა ახლოურმა
![]() |
34 უღვინოდ დარჩენილი მარნები |
▲ზევით დაბრუნება |
გურმანი|ღვინის კლუბი
მალხაზ ხარბედია
უცნაური ამბები ხდება ჩვენს ქვეყანაში. მაშინ, როდესაც მთელ მსოფლიოში ღვინის ჭარბწარმოებაა და ყველგან მის გასაღებაზე ოცნებობენ, ქართული მცირე მარნები უღვინოდ არიან დარჩენილნი.
თითქმის ერთი წელია ეს ამბავი ნორმად იქცა: ვთქვათ, გამოჩნდნენ დამკვეთები, უნდათ 1000 ბოთლის შეძენა, უკავშირდებიან მარნის მეპატრონეს და აღმოჩნდება, რომ ღვინო არ არსებობს, დამთავრდა. დავუშვათ რესტორნები დაინტერესდნენ რომელიღაც კონკრეტული მცირე მარნის ღვინით (ასეთი სასწაულებიც ხდება!) - მასაც უარით ისტუმრებს შეწუხებული მეღვინე. რატომ? ღვინო აღარ აქვს და იმიტომ, ერთიანად გაყიდა უცხოელ ღვინით მოვაჭრეზე ან დეგუსტაციებში შემოეხარჯა. დღეს მეღვინეების გარკვეულ წრეებში ხშირად გაისმის გამოთქმა: „სადა მაქვს ღვინო?”, „რაღა დროს ღვინოა!”... ბოლო დროს იმდენჯერ გადავეყარე ამ პრობლემას, რომ ვერ მოვისვენებდი, აუცილებლად რამე უნდა დამეწერა. და აი, ვწერ უღვინოდ დარჩენილ მარნებზე, რომელთა უმრავლესობა ლამის დაღვინებამდე ასაღებს თავის პროდუქციას.
ერთი შეხედვით, ამაზე კარგი რა უნდა იყოს?! ნეტა ყველას ეგრე ჰქონდეს აწყობილი საქმე... თუმცა არც ასე მარტივადაა ყველაფერი, რადგან ეს „უღვინობა“ საბოლოოდ უარყოფით გავლენას მოახდენს კონკრეტული კატეგორიის ღვინოზე. ასეთებში კი იგულისხმებიან პატარა, განსაკუთრებით ქვევრის ღვინის მწარმოებელი მარნები, ვენახის მოკრძალებული ფართობებით, მცირე წარმადობით, მარნები, სადაც ნატურალურ ან ორგანულ მევენახეობას და მეღვინეობას მისდევენ და ცდილობენ, ღვინო ტრადიციული ქართული წესით დააყენონ. უარყოფით გავლენას კი ეს დეფიციტი იმიტომ მოახდენს, რომ მოთხოვნის ვერდაკმაყოფილების გამო აღნიშნული კატეგორია შეიძლება ხელოვნურად გაიბეროს ან ისეთი მოთამაშეები გამოჩნდნენ ასპარეზზე, რომლებიც სახელს გაუტეხენ ამ ტიპის ღვინოებს.
ახალი ამბავი არ არის, რომ მსოფლიოში ერთბაშად გაჩნდა მოთხოვნა ასეთ ღვინოზე და საქართველოშიც არაერთი ღვინით მოვაჭრე ჩამოვიდა ხსენებული პროდუქტის მოსაძიებლად და წასაღებად. საქართველოდან ამ კატეგორიის ღვინო ადრეც გადიოდა, მაგრამ 2011 წლიდან დაინტერესებამ პიკს მიაღწია და დღეს ფაქტობრივად ყველა მცირე მარანი ბოლო მოსავლის იმედადაა დარჩენილი.
ზოგიერთი მეღვინე ახერხებს მცირე გურმანი უღვინოდ დარჩენილი მარნები მალხაზ ხარბედია ღვინის კლუბი რაოდენობის, რამდენიმე ასეული ბოთლის გადადებას ადგილობრივი, ქართული ბაზრისთვისაც, თუმცა უმრავლესობა ერთიანად აგზავნის მთელ თავის მარაგს უცხოეთში და თავად კი უღვინოდ რჩება, იმდენად, რომ ზოგიერთი საკუთარი კოლექციისთვის 20-25 ბოთლსაც ძლივს ინარჩუნებს.
ამ პრობლემაზე ყველა თავისებურად რეაგირებს: ზოგი ყიდის ღვინოს და თავი ქუდში აქვს, ხელებს იფშვნეტს. სხვები განიცდიან, რომ უღვინოდ დარჩნენ და მთხოვნელთა ლეგიონების ხელცარიელი გაშვება მოუწევთ, ნაწილი აძვირებს თავის პროდუქტს და ზოგჯერ არარეალურ ფასსაც ადებს. ისე კი ყველანი გაფართოებაზე, წარმოების გაზრდაზე, ახალი ვენახების გაშენებაზე ოცნებობენ. არადა, მანამ, სანამ ეს ოცნებები ახდება, რაღაც უნდა მოვიფიქროთ, რომ ადგილობრივებმა თუ სტუმრებმა ქართული ტრადიციული ღვინის შეძენა მოახერხონ. ძალზე ხშირია სიტუაცია, როდესაც ვინმეს ამ ეგრეთ წოდებული ექსკლუზიური ღვინოების გასინჯვა მოუნდება და აღმოჩნდება, რომ პირველს ჰქონდა და გაუთავდა, მეორეს ვენახი დაეწვა და უმოსავლოდ დარჩა, მესამე საქართველოში არ ყიდის, მეოთხე 100 ლარს აფასებს და არავინ ყიდულობს, მეხუთესთან საგადასახადო შევიდა და დალუქულია. ზოგიერთ მეწარმეს პრეზენტაციებისა და დეგუსტაციებისთვისაც კი არ ჰყოფნის თავისი ღვინო: ხან სტუმარი ჩამოვა, ხანაც კონცერტის აფთერფართისთვის სთხოვენ ღვინოს, ხან კერძო პირები მოაწყობენ საქველმოქმედო საღამოს, ხან სახელმწიფო ჩაატარებს რაღაც ღონისძიებას, სადაც „გასაპიარებლად“ უნდათ ხსენებული კატეგორიის ღვინოები. ერთი სიტყვით, ღვინო აღარ რჩება. მცირე მარნების რიცხვი მართალია დღითი დღე იზრდება, მაგრამ უფრო მეტად იზრდება მოთხოვნაც მათ ღვინოზე. ეს სერიოზული პრობლემაა და მის გადაწყვეტაზე მომდევნო ნომრებში ვისაუბროთ. მანამდე კი:
„სადა მაქვს ღვინო?“, „რაღა დროს ღვინოა!“, „ადრე უნდა მოსულიყავი!“
![]() |
35 ბროკოლი მაიონეზით და წითელი წიწაკით (სამარხვო) |
▲ზევით დაბრუნება |
შეფ-მზარეული:
ქეთი ბაქრაძე
2 ულუფა
მასალა:
250 გრ. ბროკოლი
ნახევარი შეკვრა სამარხვო მაიონეზი სლობოდა
2 სუფრის კოვზი სოიოს სოუსი
1 კბილი ნიორი
წითელი წიწაკა
მარილი
ჯამში: 10 ლარი
მომზადების წესი:
აადუღეთ წყალი, ჩაყარეთ მარილი, ბროკოლი და მოწალეთ 2-3 წუთი.
მოწალული ბროკოლი დადეთ ყინულებზე, ფერი რომ არ დაკარგოს და გააცივეთ.
ბლენდერში ჩაასხით ნახევარი შეკვრა სამარხვო მაიონეზი, 2 სუფრის კოვზი სოიოს სოუსი, დაუმატეთ 1 კბილი ნიორი, წითელი წიწაკა და დააბლენდერეთ.
გაცივებული ბროკოლი მოათავსეთ თეფშზე, მოასხით დაბლენდერებული მასა და მოაყარეთ წითელი წიწაკა.
ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი