![]() |
ტაბულა №83 |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: ქორიძე ავთო, ავალიანი დიმიტრი, უგულავა სალომე, შმულევიჩი აბრაამ, სუთიძე ლევან, თინიკაშვილი დავით, მაჭარაშვილი ნინო, ჯანდიერი გია, კანდელაკი გიორგი, გუნია ირაკლი, ეკლუნდი პერ, მუჯირიშვილი ნატო, მშვიდობაძე ხათუნა, ქურდაძე თამარა, ელერდაშვილი ვახო, რატიანი სერგო, თალაკვაძე ზურაბ, გოდუაძე ლაშა, ლორთქიფანიძე მერაბ, კიკალეიშვილი სალომე, ჯანდიერი სანდრო, ახლოური ნინა, მესხიშვილი გიგო, რაუში გიორგი |
თემატური კატალოგი ტაბულა |
საავტორო უფლებები: © თამარ ჩერგოლეიშვილი |
თარიღი: 2011 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: 2011|19 - 25 დეკემბერი მთავარი რედაქტორი: თამარ ჩერგოლეიშვილი/აღმასრულებელი რედაქტორები: ნინი გოგიბერიძე, სალომე კიკალეიშვილი/რედაქტორები: ქეთი მსხილაძე, ელენე კვანჭილაშვილი, ლევან რამიშვილი, დავით კოვზირიძე, ნინო მაჭარაშვილი/უცხოელი მრჩეველი: ბარბარა სვანი/ჟურნალისტები: დიმიტრი ავალიანი, გიორგი კეკელიძე, სალომე უგულავა, მაკა გამცემლიძე, ავთო ქორიძე, ნინა ახლოური, თეონა ტურაშვილი, ირაკლი კიკნაველიძე, ლევან სუთიძე, თეონა კოკიჩაიშვილი, სიმონ მაჩაბელი, ლაშა გოდუაძე, ზურაბ თალაკვაძე, ნიკა ესებუა, ანანო სხირტლაძე, მიხეილ ბასილაია/ვები: სანდრო თარხან-მოურავი, ლევან მეტრეველი, ნათია სოფრომაძე, ეკა წამალაშვილი/კორექტორი: ნინო საითიძე/არტრედაქტორი: ბაჩა მალაზონია/დიზაინი & პრეპრესი: კახა დოლიძე, ნიკა კუპრაშვილი /ფოტორედაქტორი: დიმა ჩიკვაიძე/ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი/გამომცემელი: სამოქალაქო განათლების ფონდი/დირექტორის მოადგილე: გიორგი ფრუიძე/ოფის მენეჯერი: ანანო ვარდოსანიძე/გაყიდვები და მარკეტინგი: ლევან ლეკიაშვილი, გიორგი ჭეიშვილი/ყოველკვირეული ჟურნალი ტაბულა, ტელ: + 995 32 2420 300, e-mail: info@tabula.ge/სტამბა: სეზანი, მის: წერეთლის 140, ტელ: + 995 32 2357002/2357005, ფაქსი: + 995 32 2357004/© 2011 საავტორო უფლებები დაცულია, ჟურნალში გამოქვეყნებული მასალების გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია. |
![]() |
1 სიტყვასიტყვით |
▲ზევით დაბრუნება |
„მე რას გავაკეთებდი? საჭირო იყო დროულად დაეწყოთ ეკონომიკის გადაწყობა, რეფორმები და ეს ყველაფერი გაემყარებინათ დემოკრატიული ცვლილებებით. საჭირო იყო თავი არ ჩაერგოთ ქვიშაში და უკანალი არ დაეტოვებინათ გარეთ“.
ვლადიმირ პუტინის აზრით, თავის დროზე საჭირო იყო „თანმიმდევრული და უშიშარი“ ბრძოლა საბჭოთა კავშირის დაშლის თავიდან ასაცილებლად. - გადაცემაში საუბრები ვლადიმირ პუტინთან, პრემიერ-მინისტრს ჰკითხეს, რას მოიმოქმედებდა საბჭოთა კავშირის სათავეში რომ ყოფილიყო. 15 დეკემბერი
„მაპატიეთ, მაგრამ რაც უნდა იყოს, ფეხბურთი ჩემთვის ადამიანობა, კაცობა, მეგობრობა ძირითადი ფასეულობებია“
კახი კალაძე გამოეხმაურა ფეხბურთის ფედერაციის განცხადებას და ახსნა რატომ მიიღო საქართველოს ეროვნული ნაკრებიდან წასვლის გადაწყვეტილება. მან აღნიშნა, რომ არ ჰქონდა ნაკრებში დარჩენის მორალური უფლება, მაშინ როდესაც ნაკრების წევრი გიორგი დემეტრაძე „ყოვლად უსაფუძვლო, აბსურდული ბრალდებით“, უკვე მეორე წელია ციხეშია. 13 დეკემბერი
„საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარეობს მებრძოლების მომზადება რუსეთის ტერორისტული აქტების განსახორციელებლად“.
რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა საქართველო ტერორისტების მფარველობაში დაადანაშაულა. 14 დეკემბერი
„თუ ირანი აშშ-ის ჯარების ერაყში ყოფნას ასახელებდა ირანის ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხედ, ახლა ეს საშიშროება აღარ არსებობს“
განაცხადა ერაყის პრემიერ-მინისტრმა. ნური ალ-მალიქიმ ამერიკული სამხედრო ძალების დეკემბრის ბოლოსთვის გამოყვანასთან დაკავშირებით. 12 დეკემბერი
![]() |
2 კვირა |
▲ზევით დაბრუნება |
12 დეკემბერი
სოტბის აუქციონზე ფიროსმანის „შველი წყლის პირას“ 361 ათას ფუნტად გაიყიდა. ტილო 60-იან წლებში დავით გედევანიშვილის და მსახიობ თამარ ციცქიშვილის ოჯახში ინახებოდა, ნახატი ოჯახმა 30-იან წლებში „თეთრი დუქნის“ მეპატრონისაგან შეიძინა. ტილოს ახალი მეპატრონე უცნობია. სავარაუდოდ, ის კერძო კოლექციონერმა შეიძინა.
სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ზაზა გოროზიამ განმარტა, რომ ქვეყნის მასშტაბით 3400 სოფელში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩასატარებლად განკუთვნილი 800 ათასამდე 30 ლარიანი ვაუჩერი გაიცემა. ვაუჩერების მოქმედების ვადა 2011 წლის 31 იანვრამდე იქნება.
საფრანგეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი დომენიკ დე ვილპენი მომავალ წელს საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით იყრის კენჭს. ამით ის პრეზიდენტ სარკოზის სავარაუდო ამომრჩევლების ნაწილს წაართმევს. 2007 წელს 58 წლის ვილპენი მემარჯვენე-ცენტრისტთა ლიდერის პოზიციაზე სარკოზის მთავარი მოწინააღმდეგე იყო.
საუდის არაბეთის ერთ-ერთ პროვინციაში სისრულეში მოიყვანეს სასიკვდილო განაჩენი, რომელიც ადგილობრივ მკვიდრს ჯადოქრობისთვის მიუსაჯეს. ამინ ბინტ აბდულხალიმ ნასერი „იმქვეყნიური ძალებით“ სარგებლობისთვის დაისაჯა. მას თავი მოკვეთეს. 60 წელს გადაცილებული ქალბატონი ადამიანებს არწმუნებდა, რომ დაავადებებისგან მათი განკურნება შეეძლო, ამაში კი ფულს იღებდა.
13 დეკემბერი
საქართველოს სახალხო დამცველმა პრევენციის ეროვნული მექანიზმის სპეციალური ანგარიში გამოაქვეყნა. მასში დეტალურადაა აღწერილი სასჯელაღსრულების დაწესებულებებსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის სამმართველოს დაქვემდებარებაში მყოფ დროებითი მოთავსების იზოლატორებში არსებული მდგომარეობა 2011 წლის პირველ ნახევარში
ილია იაშინმა და ალექსეი ნოვალნიმ ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს მიმართეს. ისინი მოსკოვის ცენტრში პოლიციამ 5 დეკემბერს, საპროტესტო მსვლელობისას დააკავა. იაშინს და ნავალნის მოგვიანებით სასამართლომ 15 დღით პატიმრობა მიუსაჯა. პატიმრობაში მყოფებმა მიმართეს ევროპის სასამართლოს მათი უკანონო დაკავებისთვის და დაპატიმრებისთვის, ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ნავალნის ადვოკატმა დმიტრი ვოლოვმა გაავრცელა.
ბელგიის ქალაქ ლიეჟის ცენტრში, ავტობუსის გაჩერებაზე მყოფ ხალხს ორმა პირმა ცეცხლი გაუხსნა და მათი მიმართულებით ხელყუმბარებიც ისროლა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილია რამდენიმე ადამიანი. დაიჭრა 60-ზე მეტი. პოლიციის ცნობით, დაღუპულებს შორის ერთ-ერთი თავდამსხმელიცაა.
14 დეკემბერი
სტრასბურგის საშობაო ბაზრობაზე მომავალ წელს ქართული სოფელი მოეწყობა. საქართველოს საშობაო ბაზრობაზე მიწვევის გადაწყვეტილება სტრასბურგის მერიამ მიიღო. ბაზრობას ქართული მხარე მომავალი წლის ნოემბრის შუა რიცხვებში გახსნის და 31 დეკემბრამდე გაგრძელდება. ბაზრობაზე საქართველოს ყველა კუთხე იქნება წარმოდგენილი, რომლებიც სტუმრებს ქართულ პროდუქტებსა და ტრადიციულ კერძებს შესთავაზებენ.
ბიძინა ივანიშვილი, თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ირაკლი ალასანია და რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი შეთანხმდნენ, შექმნან სამი პოლიტიკური სუბიექტისგან შემდგარი კოალიცია მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პარტიის ფორმირების პროცესი დასრულდება.
ჟურნალმა Time-მა წლის ადამიანი დაასახელა. ამერიკული გამოცემის გადაწყვეტილებით, პერსონა, რომელმაც ყველაზე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა 2011 წელს, არის აბსტრაქტული დემონსტრანტი - არაბეთის, ათენის, მოძრაობა დაიკავე უოლ სტრიტის და მოსკოვის დემონსტრაციებში მონაწილეთა კრებითი სახე.
ევროპარლამენტმა რუსეთს მოუწოდა ჩაატაროს „ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები“. დუმის 4 დეკემბრის არჩევნებმა აჩვენა, რომ ქვეყანა ვერ პასუხობს არჩევნების ჩატარების ეუთოს მიერ განსაზღვრულ სტანდარტებს, აღინიშნა ევროპარლამენტის რეზოლუციაში. ევროპარლამენტმა სერიოზული შეშფოთება გამოთქვა დარღვევების გამო, რაც დუმის არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლებმა შეამჩნიეს.
15 დეკემბერი
პოლონეთში ვიზიტად მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა „ევროპის განვითარების დღეების“ ფარგლებში მიმდინარე ღონისძიებების მონაწილეებს სიტყვით მიმართა და პოლონეთისა და პოლონელების მიმართ განსაკუთრებული სიმპათია გამოხატა. „როდესაც ვარშავის ქუჩებში დადიხარ, ძნელად თუ წარმოიდგენ, რომ 15-10 წლის წინ ეს ქვეყანა სასოწარკვეთილი იყო“, - აღნიშნა მან. „ევროპის განვითარების დღეები“ წელს ევროკომისიისა და პოლონეთის წარმომადგენლობის ორგანიზებით ვარშავაში გაიმართა და, ძირითადად, დემოკრატიასა და განვითარებას შორის კავშირს, ადამიანის უფლებების საკითხებს შეეხება. „ევროპის განვითარების დღეებში” მსოფლიო ლიდერები და მაღალი რანგის პოლიტიკოსები მონაწილეობენ.
სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა საქართველოს მაჩვენებელი გაზარდა. მაჩვენებელი, რომელიც აქამდე იყო B+, გახდა BB-. ეს კი, Fitch-ის განმარტებით, ასახავს საქართველოს გაუმჯობესებულ მაკროეკონომიკურ სტაბილურობას, მის მიღწევებს ეკონომიკური ზრდის კუთხით, პროგრესს ფისკალური დეფიციტის მოთოკვაში და ა.შ.
სადამ ჰუსეინის ჩამოგდებიდან 9 წლის შემდეგ, აშშ- ის სამხედროებმა ერაყის ომი საბოლოოდ დაასრულეს. თავდაცვის მდივანმა ლეონ პანეტამ საგანგებო ცერემონიის დროს აშშ- ის დროშა ჩამოწია და უსაფრთხო ერაყზე ისაუბრა. ერაყის ტერიტორიაზე, საერთო ჯამში, 170 ათასი ჯარისკაცი იმყოფებოდა. დარჩენილ 4 ათას სამხედროს ქვეყნიდან წლის ბოლომდე გაიწვევენ.
ნაფიც მსაჯულთა მეორე სასამართლო პროცესი დასრულდა. მსაჯულებმა ჯგუფურად ჩადენილ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობაში ბრალდებული სამივე პირი დამნაშავედ ცნეს. საქმე ნომერ პირველ კოლონიაში შვიდი წლის წინ ჩადენილ დანაშაულს შეეხებოდა. მაშინ ნოდარ მარტიაშვილი კოლონიის საკანში ჩამოხრჩობილი იპოვეს. ქურდული სამყაროს წევრთა დაკვეთით, მძინარე მარტიაშვილი ჯერ გაგუდეს, შემდეგ თვითმკვლელობის ინსცენირება მოაწყვეს. დანაშაული გაუხსნელი იყო მანამ, სანამ ერთ-ერთმა ყოფილმა პატიმარმა, რომელიც დანაშაულს შეესწრო, სამართალდამცავებს ამის შესახებ არ უამბო.
საფრანგეთის სასამართლომ ჟაკ შირაკი დამნაშავედ ცნო საზოგადოებრივი სახსრების ბოროტად გამოყენებაში და ორი წლით პირობითი პატიმრობა შეუფარდა. ქვეყნის ისტორიაში ეს სახელმწიფოს მეთაურის პირველი გასამართლებაა, 1945 წელს ნაცისტებთან კოლაბორაციონისტ მარშალ ფილიპ პეტენის შემდეგ. 80 წელს მიტანებულ საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს ბრალი დაედო 1977-1995 წლებში, პარიზის მერობისას თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.
16 დეკემბერი
დაღესტანში მოკლეს გაზეთ Черновик-ის დამაარსებელი ჰაჯიმურად კამალოვი. უცნობმა თავდამსხმელმა კამალოვი გაზეთის ოფისთან ახლოს დაცხრილა. საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაზეთი Черновик-ი 2003 წლიდან გამოდის. გაზეთი ხელისუფლების მიმართ კრიტიკული პუბლიკაციებით გამოირჩევა.
![]() |
3 ბრიტანული ვეტო |
▲ზევით დაბრუნება |
არენა
ავთო ქორიძე
ევროზონის 17 ქვეყანა ერთმანეთთან ხელშეკრულებას გააფორმებს. დოკუმენტის მიხედვით, ქვეყნების ეროვნულ ბიუჯეტებზე კონტროლი და ახალი რეგულაციები დაწესდება. პრემიერ-მინისტრმა დევიდ კამერონმა ეს რეგულაციები გაერთიანებული სამეფოს ინტერესების საწინააღმდეგოდ მიიჩნია. შესაბამისად, დიდი ბრიტანეთი ჯერჯერობით ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც აღნიშნული ცვლილებები არ შეეხება. იმ სახელმწიფოებიდან, რომელიც ხელშეკრულების გაფორმებას დათანხმდა, კიდევ 3 - შვედეთი, უნგრეთი და ჩეხეთი საკუთარი პარლამენტის საბოლოო გადაწყვეტილებას ელოდება.
დევიდ კამერონი
გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელსა და საფრანგეთის პრეზიდენტს, ნიკოლა სარკოზის, ცვლილებების შეტანა ლისაბონის ხელშეკრულების განახლებით სურდათ. ეს, მათი აზრით, ევროპის უფრო მეტ ინტეგრაციას უზრუნველყოფდა და წევრი ქვეყნების საბიუჯეტო დეფიციტს აღმოფხვრიდა. თუმცა პრემიერ-მინისტრ კამერონის ვეტომ ეს გეგმა ჩაშალა და წევრ ქვეყნებს ერთმანეთთან მოუწევთ ახალი ხელშეკრულების დადება. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ჰერმან ვან რამპოის თქმით, ხელშეკრულებები მომავალი წლის მარტამდე გაფორმდება. დოკუმენტს ოფიციალური ევროკავშირის ხელშეკრულების სტატუსი არ ექნება. ამდენად, მის აღსრულებაზე ზრუნვა ევროკავშირის ინსტიტუტებს, მათ შორის კომისიას, ვერ დაევალება.
თავად გაერთიანებულ სამეფოშიც პრემიერის გადაწყვეტილებას ზოგი შიშით შეხვდა. ვარაუდობდნენ, რომ დიდი ბრიტანეთი ერთგვარ იზოლაციაში მოექცეოდა და ევროკავშირის წევრების სხვა გადაწყვეტილებებს ჩამოშორდებოდა. თუმცა გამოცემა The Times-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, კამერონის გადაწყვეტილება მოსახლეობაში პოპულარობით სარგებლობს. გამოკითხულთა 57%25 თვლის, რომ კამერონმა მართებული გადაწყვეტილება მიიღო. მხოლოდ 14%25 მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება არასწორი იყო. კამერონს ვეტოს გამო მისი პარტიის კოალიციური პარტნიორები, ლიბერალ-დემოკრატები აკრიტიკებდნენ. თუმცა, როგორც The Times-ის გამოკითხვიდან გაირკვა, ლიბერალ-დემოკრატების ამომრჩევლების 49%25 კამერონის ვეტოს გაერთიანებული სამეფოსთვის მომგებიანად მიიჩნევს.
კამერონის ვეტომ ბრიტანეთის ევროკავშირთან ურთიერთობების შესახებ ფართო დისკუსია განაახლა. ბევრი ამ ურთიერთობათა ფუნდამენტურ გადახედვას ითხოვს. გაერთიანებული სამეფო ევროკავშირს საერთო ბაზრად განიხილავს და არა პოლიტიკურ ერთობად. მას არ აქვს სურვილი საკუთარი სუვერენიტეტი ევროკავშირის ბიუროკრატიას გადასცეს.
კამერონი რომც დათანხმებოდა სარკოზისა და მერკელის გეგმას, მისი გატანა რეფერენდუმზე მოუწევდა. რეფერენდუმზე კი ეს გეგმა კრახისთვის იქნებოდა განწირული. ბრიტანეთში ევროსკეპტიციზმი ლამის მეორე სახელმწიფო რელიგიაა - ევროკავშირში წევრად დარჩენას მოქალაქეების მხოლოდ მესამედი უჭერს მხარს. მმართველ კონსერვატიულ პარტიაში პოპულარულია იდეა, რომ შვეიცარიის, ნორვეგიის, ისლანდიისა და ლიხტენშტაინის მსგავსად, ბრიტანეთს ევროკავშირთან მხოლოდ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება უნდა აკავშირებდეს. გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გასვლასა და ამერიკის, კანადისა და მექსიკის სავაჭრო ბლოკ ნაფტასთან შეერთებაზეც საუბრობენ.
თეტჩერისეული საგარეო პოლიტიკის დაბრუნება რეაქციაა ევროკავშირის მცდელობაზე უფრო მეტად ცენტრალიზებული გახდეს. და რაც უფრო ძლიერია ევროპის ინტეგრაციის მცდელობა, მით უფრო მძლავრდება გაერთიანებული სამეფოს უკურეაქცია.
ანგელა მერკელი და ნიკოლა სარკოზი
ფოტო: REUTERS ©
თუმცა, ბევრისთვის გასაკვირად, სუვერენიტეტი და ფისკალურ პოლიტიკაში დამოუკიდებლობა არ იყო კამერონის ვეტოს გაცხადებული მიზეზები. ის მხოლოდ ვიწრო ინტერესის დასახელებით შემოიფარგლა - ახალი რეგულაციები სერიოზულ ზიანს მიაყენებდა ლონდონის ფინანსურ ბაზარს.
უკანასკნელი სამიტის შემდეგ, ზოგიერთმა დამკვირვებელმა შენიშნა მერკელისა და გერმანიის გავლენის ზრდა კავშირში. კავშირი, რომელიც გერმანიის გაკონტროლების მიზნით შეიქმნა, დღეს ამ ქვეყნის თითქმის ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს მიჰყვება. საფრანგეთი ამ პროცესში მხოლოდ კოსმეტიკურ ატრიბუტად იქცა. ამას დამკვირვებლებმა ბებერი კონტინენტის მერკელიზაცია უწოდეს და ევროპული გერმანიის ნაცვლად გერმანული ევროპის წარმოქმნაზე დაიწყეს საუბარი.
დღეს ევროს კრიტიკოსები აცხადებენ, რომ მონეტარული პოლიტიკის წარმართვაში დამოუკიდებლობის დაკარგვის შემდეგ, ახალი ხელშეკრულებით, წევრმა ქვეყნებმა ფისკალურ პოლიტიკაზეც დაკარგეს სრული კონტროლი, რაც უარყოფითად აისახება მათი უმრავლესობის კონკურენტუნარიანობაზე და მხოლოდ გერმანიას აძლევს ხელს.
ბრალდების მიხედვით, გერმანელები ახალი ხელშეკრულებით, არა ევროპის სუსტი ეკონომიკების გაძლიერებას, არამედ ფინანსური რეგულაციებით მათი ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის მაქსიმალურად შესუსტებას ცდილობენ. ამით ისინი საკუთარ ეკონომიკას აძლიერებენ. ბრალდების ავტორები ალტერნატიულ გზად ევროზე უარის თქმას და ქვეყნებისთვის საკუთარი ვალუტის დაბრუნებას მიიჩნევენ.
თუმცა ბიუჯეტის დეფიციტის კონტროლი და დეფიციტისგან გათავისუფლება ნებისმიერი ეკონომიკისთვის გაჯანსაღებაა. გერმანიის აქტიურობა კი არა მხოლოდ ამ ქვეყნის ეკონომიკური ამბიციებით, არამედ მის მიმართ გაჩენილი მოლოდინებით - საბერძნეთის ბეილაუთისას ყველაზე დიდი ეკონომიკური მსხვერპლი სწორედ გერმანიამ გაიღო და მომავალი ბეილაუთების შემთხვევაშიც კრიზისის მთელი სიმძიმე მის ზურგზე გადაივლიდა - არის განპირობებული.
ფინანსური ბაზრის რეაქცია ახალ ხელშეკრულებაზე არც ისე პოზიტიური იყო, როგორც ამას ბევრი მოელოდა. ევროს კურსი დოლარის მიმართ, ბოლო თერთმეტი თვის განმავლობაში ყველაზე სუსტია.
![]() |
4 ცხინვალი: არშემდგარი კომპრომისი |
▲ზევით დაბრუნება |
პოლიტიკა
დიმიტრი ავალიანი
სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში პოლიტიკური კრიზისი ვერ მოგვარდა. 14 დეკემბერს „პრეზიდენტობის” გამარჯვებული კანდიდატის, ალა ჯიოევას მომხრეებმა ცხინვალში საპროტესტო აქციები განაახლეს. ოპოზიციამ ედუარდ კოკოითი 9 დეკემბერს მიღწეული შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა.
დაპირისპირება ალა ჯიოევას მომხრეებსა და მოქმედ რეჟიმს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც თვითგამოცხადებული რესპუბლიკის „უზენაესმა სასამართლომ“ 27 ნოემბერს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგები ბათილად გამოაცხადა. საბაბად ოპოზიციონერი კანდიდატის მხრიდან დარღვევები დასახელდა. მეორე ტურში ალა ჯიოევამ პროსახელისუფლებო კანდიდატი ანატოლი ბიბილოვი დაამარცხა. ბიბილოვი მოსკოვის ღია მხარდაჭერით სარგებლობდა. განმეორებითი არჩევნები მომავალი წლის 25 მარტისთვის დაინიშნა, თუმცა, ჯიოევას „სასამართლომ“ მასში მონაწილეობა აუკრძალა.
თითქმის ორი კვირის განმავლობაში ჯიოევას მომხრეები, რომელთა უკან რეჟიმის გავლენიანი ოპონენტები - ანატოლი ბარანკევიჩი და ჯამბოლათ თედეევი იდგნენ, კანდიდატის გამარჯვების აღიარების მოთხოვნით ქალაქის ცენტრალურ მოედანზე აქციებს მართავდნენ. მოსკოვმა თავდაპირველად ადგილობრივი „სასამართლოს“ გადაწყვეტილებას დაუჭირა მხარი. მოგვიანებით, ცხინვალში სიტუაციის დასარეგულირებლად მედვედევის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე სერგეი ვინოკური მიავლინა.
შეთანხმების გაფორმებით დასრულდა. დოკუმენტის თანახმად, კოკოითი თანამდებობიდან უნდა გადამდგარიყო. მანამდე ყველაზე ოდიოზური მხარდამჭერები - გენერალური პროკურორი თეიმურაზ ხუგაევი და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე აცამაზ ბიჩენოვი - უნდა გადაეყენებინა. ალა ჯიოევას მომავალ არჩევნებში მონაწილეობის უფლება ეძლეოდა, “პრეზიდენტის” მოვალეობა კი არჩევნებამდე პრემიერ-მინისტრ ვადიმ ბროვცევს უნდა შეესრულებინა. შეთანხმების გაფორმების შემდეგ ჯიოევამ ოპოზიციის მომხრეებს დაშლისკენ მოუწოდა.
10 დეკემბერს კოკოითი გადადგა და შეთანხმებით გათვალისწინებული პირობები შეასრულა. თუმცა, 14 დეკემბერს მისმა ერთგულმა დეპუტატებმა კენჭი უყარეს ხუგაევისა და ბიჩენოვის გათავისუფლებას და ისინი თანამდებობებზე დატოვეს.
ალა ჯიოევამ და მისმა მხარდამჭერებმა ეს შეთანხმების დარღვევად შეაფასეს და მოსკოვს მიმართეს. ჯიოევას განცხადებით, კოკოითიმ რუსეთის შუამავლობითა და გარანტიით დადებული შეთანხმება დაარღვია და მასზე ზეგავლენა სწორედ მოსკოვმა უნდა მოახდინოს. „პასუხისმგებლობა მოვლენების ნეგატიურ განვითარებაზე კრემლის მოხელეებს დაეკისრებათ. კოკოითი დიდი ხანია დაემხობოდა (მოსკოვის მხრიდან) ძლიერი პატრონაჟის გარეშე“, - განაცხადა ჯიოევამ.
მისი მომხრეები მიიჩნევენ, რომ კოკოითის გადადგომით საბოლოო გამარჯვებას მაინც ვერ მიაღწიეს, ვინაიდან მისი ხალხი თანამდებობებზე რჩება. ოპოზიციონერები დარწმუნებულნი არიან, რომ ხუგაევი და ბიჩენოვი ყველაფერს გააკეთებენ, რათა 25 მარტის არჩევნებზეც ჯიოევას გამარჯვება არ დაუშვან.
ედუარდ კოკოითი ფაქტობრივი ძალაუფლების დათმობას არ აპირებს. ეს 11 დეკემბერს, მისი სატელევიზიო გამოსვლის შემდეგ გაცხადდა. მან საზოგადოებას უკვე მმართველი პარტიის ლიდერის რანგში მიმართა. კოკოითიმ მკაცრად გააკრიტიკა თანაპარტიელები და პარლამენტის ვიცე-სპიკერები - იური ძიცოითი და მირა ცხოვრებოვა, რომლებიც მას გადადგომისკენ მოუწოდებდნენ.
თავად ძიცოითიმ „კომერსანტთან“ საუბრისას კოკოითის განცხადება რეპრესიების დაწყების მუქარად შეაფასა. მისი თქმით, თუ პრემიერ-მინისტრი ბროვცევი მტკიცე ნებას არ გამოიჩენს, თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მთავრობას და ძალოვან სტრუქტურებს „საკუთარი ბინიდან“ ისევ კოკოითი უხელმძღვანელებს.
ვადიმ ბროვცევი
ალა ჯიოევა
ედუარდ კოკოითი
ფოტო: REUTERS ©
„თოვლის რევოლუციამ“ ცხინვალში, ფაქტობრივად, მარცხი განიცადა - ადგილობრივი საზოგადოების არჩევანი არც მოქმედმა რეჟიმმა და არც მოსკოვმა გაითვალისწინეს. რეგიონის მმართველად რუსეთიდან მოვლენილი ჩინოვნიკი ვადიმ ბროვცევი რჩება, რომელიც კოკოითისთან დაპირისპირების გამო, წინა რამდენიმე თვის განმავლობაში ცხინვალში არ გამოჩენილა და მთავრობაზე მხოლოდ პირობითი ზეგავლენა აქვს. რეჟიმის ოპონენტებმა, უკეთეს შემთხვევაში, მოსკოვიდან პირდაპირი მმართველობა, უარეს შემთხვევაში კი - კოკოითის ძალაუფლების გახანგრძლივება მიიღეს.
![]() |
5 არის ასეთი ოცნება |
▲ზევით დაბრუნება |
პოლიტიკა
სალომე უგულავა
ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებრივი მოძრაობა ქართული ოცნება დააარსა. ამავდროულად, ბიზნესმენი თავის აქამდე ღიად გაცხადებულ მოკავშირეებს - რესპუბლიკურ პარტიასა და ალასანიას თავისუფალ დემოკრატებს - სამსუბიექტიანი პოლიტიკური კოალიციის შექმნაზე შეუთანხმდა. ივანიშვილის პრესსამდივნოს განცხადებით, კოალიცია მას შემდეგ შეიკვრება, რაც ივანიშვილი პარტიას დააარსებს. ვინაიდან საქართველოს მოქალაქეობა არ აქვს, ის ამჟამად პარტიას ვერ ქმნის და ვერც სხვა პოლიტიკურ სუბიექტებს აფინანსებს. ივანიშვილი სასამართლოში ასაჩივრებს მოქალაქეობის დაკარგვას. ბიზნესმენს პრეზიდენტისთვის მისი მინიჭების თხოვნით არ მიუმართავს. თუ მოქალაქეობა არ აღუდგა, ის არ გამორიცხავს, რომ პარტიას სათავეში მისი რომელიმე ახლო ნათესავი ან უფროსი ვაჟი ჩაუდგება. ამ უკანასკნელი გზით მისი გვარი გახმიანდება და ძალების ივანიშვილის ირგვლივ კონცენტრირება მოხდება.
ფოტო: REUTERS ©
კოალიციამ სხვა პოლიტიკურ მოთამაშეებთან, შესაძლოა, საარჩევნო ბლოკიც შექმნას. შეთანხმება უკვე შედგა კონსერვატორების ლიდერ ზვიად ძიძიგურთან და ხალხის პარტიის ლიდერ კობა დავითაშვილთან. ეს უკანასკნელები ბოლო პერიოდში პოლიტიკურ პროცესებს გარიდებულები იყვნენ. ძიძიგური და დავითაშვილი გამონაკლისები არ არიან - ივანიშვილის გვერდით, დაპირებული ახალი სახეების ნაცვლად, სხვა მეტ-ნაკლებად მივიწყებული პოლიტიკოსებიც გამოჩნდნენ. ქართული ოცნების პრეზენტაციაზე მიწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ: თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით თევზაძე, პარტია ნეიტრალური საქართველოს ლიდერი ვალერი კვარაცხელია, რუსეთში საქართველოს ყოფილი ელჩი ვაჟა ლორთქიფანიძე, გია მაისაშვილი, გოგა ხაინდრავა და სხვები. ასევე კულტურის სფეროს წარმომადგენლები - მსახიობები, მომღერლები, რეჟისორები. „დადგა დრო, საქართველოს დავუბრუნოთ წარსული და ავაშენოთ ღირსეული მომავალი“, - განაცხადა პრეზენტაციაზე ივანიშვილმა.
მილიარდერი ბიზნესმენის განცხადებით, ქართული ოცნება შეიქმნა, როგორც საზოგადოების გამაერთიანებელი ძალა. მან უნდა აკონტროლოს სახელმწიფოს განვითარება და გავლენა მოახდინოს ხელისუფლებაზე. მოძრაობა შექმნის რეგიონალურ სტრუქტურებსაც. მათი უმთავრესი ფუნქცია სამართლიანი საარჩევნო გარემოს მისაღწევად ძალების კონსოლიდაციაა. მოძრაობამ უნდა მიიზიდოს „გამოცდილი პროფესიონალებიც“, რომლებიც „განვითარების ეფექტურ მოდელებს“ შეიმუშავებენ სხვადასხვა მიმართულებით - დაწყებული მართლმსაჯულებიდან, დამთავრებული სპორტით. საზოგადოებრივი მოძრაობა ეცდება, მიაღწიოს ისეთი სახელმწიფოს აშენებას, სადაც „წარმატების საწინდარი იქნება პატიოსნება, ღირსება და პროფესიონალიზმი“; „აფხაზი და ოსი თანამოქალაქეების ნდობის მოპოვება და ქვეყნის გამთლიანება“; დასაქმება, „ღირსეული“ შემოსავლის უზრუნველყოფა და სხვა.
ივანიშვილმა მნიშვნელოვანი დრო დაუთმო ხელისუფლების კრიტიკასაც. მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ აგვისტოს ომის დაწყებაზე პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებას აქვს - „რომ შესაძლებელი იყო კონფლიქტის ესკალაციის არიდება“ და „სამშვიდობო პროცესების წარმატებით განვითარება, რომ არა ხელისუფლების მიერ დაშვებული მძიმე შეცდომები“. ასევე ის, რომ ხელისუფლებას არ აქვს კონფლიქტების მოგვარების სტრატეგიული ხედვა და გეგმა. თავი რომ დავანებოთ თავად პრეზიდენტ მედვედევის აღიარებას, თუ რა მიზნები ჰქონდა რუსეთს 2008 წელს, საინტერესოა ივანიშვილის აქამდე გაცხადებული ხედვაც კონფლიქტების მოგვარებასთან დაკავშირებით. მაგალითად, ის აპირებს შეარბილოს რიტორიკა მოსკოვის მისამართით და დეოკუპაციის საკითხიც საერთაშორისო დონეზე აქტიურად აღარ დააყენოს. ივანიშვილის აზრით, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი თბილისმა კონფლიქტის მხარეებად უნდა აღიაროს - სტრატეგია, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება 2003 წლამდე მისდევდა და რუსეთის „შუამავლობით“ აპირებდა ქვეყნის გამთლიანებას.
ივანიშვილი აქამდე მეტ-ნაკლებად ერიდებოდა რელიგიასა და ეკლესიაზე აპელირებას პოლიტიკური ქულების დასაწერად. თუმცა, ამჯერად მას საქართველოს ხელისუფლების მართლმადიდებელი ეკლესიის დისკრედიტაციასა და შიდა დაპირისპირების გაღვივებაში დადანაშაულება არ დავიწყებია. ბიზნესმენის თქმით, რომ არა პატრიარქის სიბრძნე, გარდაუვალი იქნებოდა კონფრონტაცია კონფესიებსა და ეროვნებებს შორის. ეკლესიის დევნაში ხელისუფლება ფეხბურთელმა კახი კალაძემაც დაადანაშაულა, რომელიც მოძრაობის ერთ-ერთი წევრია.
![]() |
6 აბრაამ შმულევიჩი: საქართველოს კავკასიური პოლიტიკა ─ ნაბიჯი წინ, ნაბიჯი ადგილზე, ნაბიჯი უკან |
▲ზევით დაბრუნება |
პოლიტიკა
ესაუბრა დიმიტრი ავალიანი
ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი
ისრაელელი პოლიტოლოგი, აღმოსავლეთის პარტნიორობის ინსტიტუტის პრეზიდენტი, რაბინი, ჩერქეზთა კონგრესის მრჩეველი აბრაამ შმულევიჩი წლების განმავლობაში კავკასიის პრობლემებით არის დაკავებული. გასულ კვირაში იგი თბილისში სწორედ ჩრდილო კავკასიის შესახებ ლექციების ჩასატარებლად იმყოფებოდა. პოლიტოლოგმა დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს პარლამენტის მიერ ჩერქეზთა გენოციდის აღიარებაში. შმულევიჩმა ტაბულასთან ჩრდილოეთ კავკასიაში საქართველოს პოლიტიკის შესაძლო მიმართულებებზე და ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემის გადაწყვეტის გზებზე ისაუბრა.
რა ზეგავლენა შეიძლება მოახდინოს დღეს რუსეთში განვითარებულმა მოვლენებმა - არჩევნებმა და საპროტესტო აქციებმა, ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასიაში არსებულ ვითარებაზე?
რუსული რეჟიმი ჯერჯერობით საკმაოდ მდგრადია. მმართველი სისტემა კრიზისშია, თუმცა კრიზისი საკმაოდ დიდხანს გრძელდება და ბოლო მოვლენები რეჟიმის ცვლილებას არ გამოიწვევს. რუსეთში არ არსებობს იდეოლოგია, არ არსებობს ძალა, რომელიც რევოლუციისკენ თანმიმდევრულად მოუწოდებდა. ერთადერთი ქვეყანა, სადაც ნამდვილად რევოლუცია მოხდა, საქართველოა. აქ ელიტისა და მმართველი პარადიგმების ცვლილება ყველა დონეზე მოხერხდა.
რუსეთში არ არის მოსალოდნელი ისეთი მასობრივი გამოსვლები, რომლებიც რეჟიმს შეარყევდა. რეჟიმი გადარჩება. თუმცა პუტინი დასაყრდენის ძებნას დაიწყებს. ვფიქრობ, ერთადერთი ძალა, რომელზე დაყრდნობაც მას შეუძლია, რუსული ნაციონალიზმია. რეჟიმი ამას უკვე აკეთებს, თუნდაც როგოზინის ფიგურის გააქტიურებით.
თუ რუსი მაღალჩინოსნების განცხადებებს დავაკვირდებით, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ლოზუნგი „კმარა კავკასიის რჩენა“ პირველ პლანზე წამოიწევს. მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი კავკასიისგან გაუცხოებას გრძნობს - კრიმინალური, ეკონომიკური და სხვა მიზეზების გამო. ეს ერთადერთი ლოზუნგია, რომელიც მოსახლეობის ფართო ფენების მხარდაჭერას დაიმსახურებს და პუტინს მისცემს საშუალებას ცვლილებების ილუზია შექმნას. თუმცა, რეალური ცვლილებების უნარი მათ არ გააჩნიათ.
ფული, რომელიც დღეს ჩრდილოეთ კავკასიას ხმარდება, უკმაყოფილებას იწვევს. რუსული ეკონომიკა კრიზისშია, ნავთობი, როგორც ჩანს, აღარ გაძვირდება. რთული გეოპოლიტიკური სიტუაციაა. ამიტომაც, ჩრდილო კავკასიისთვის დოტაციების უცვლელად შენარჩუნების საშუალება აღარ არის. ამას რაიმე იდეოლოგიური დასაბუთება სჭირდება. ამიტომაც „კმარა კავკასიის რჩენა“ ლოზუნგის ქვეშ, ადგილობრივი ელიტების წინააღმდეგ მკაცრ ზომებს მიიღებენ.
სამზადისი დაწყებულია - უკვე რამდენიმე თვეა, დაღესტანში და ყაბარდო- ბალყარეთში ФСБ-ს ადგილობრივი წარმომავლობის ოფიცრებს ქვეყნის ცენტრალური რაიონებიდან რუსებით ანაცვლებენ. შესაძლოა, კავკასიის რეგიონებს სამართლებრივი სტატუსი შეეცვალოთ. მოსკოვისთვის სრულიად მიუღებელია, რომ, მაგალითად, ჩეჩნეთი რუსეთის კანონებით არ ცხოვრობს.
დასავლეთი დღემდე რუსეთს კავკასიაში სტაბილურობის მომტანად აღიქვამს. მაგრამ კრემლი ვერ ართმევს თავს რეგიონის მართვას და მადესტაბილიზებელ ფაქტორად იქცა. მის მცდელობას უკუშედეგი მოაქვს - მაგალითად, ტერაქტების მაჩვენებელი ყველაზე მეტი ჩეჩნეთში, ინგუშეთსა და დაღესტანშია. ისინი ყველაზე ბევრ დოტაციას იღებენ.
ამ ვითარებაში, როგორ შეფასებას მისცემდით საქართველოს პოლიტიკას ამ რეგიონთან დაკავშირებით?
აქ ვერ შევნიშნე, რომ საქართველო კავკასიური ქვეყანაა. შთაბეჭდილება იქმნება, რომ ქვეყანამ, რომელმაც ევროპისკენ აიღო გეზი, სრულად მოიჭრა ყველა კავშირი კავკასიასთან. ეს ნონსენსია. საქართველო არ არის შვეიცარია, არც სკანდინავია და არც ჯორჯიის შტატი. საქართველო კავკასიის ნაწილია.
კავკასია გეოპოლიტიკურად, გეოეკონომიკურად და კულტურულად ერთიანი რეგიონია. სტაბილურობის გარანტირებაც რეგიონის მხოლოდ ნაწილში შეუძლებელია. დღეს, უვიზო რეჟიმის შემოღების შემდეგ, თბილისი უფრო ახლოსაა მახაჩყალასთან, ვიდრე მოსკოვი. თუ ჩრდილოეთ კავკასიაში რამე მოხდება, სად წავლენ დევნილები? უფრო აქ, ვიდრე ჩრდილოეთში. ამავე დროს, ჩრდილოეთ კავკასიის მოსახლეობა საქართველოს მხარეს რომ ყოფილიყო, 2008 წლის ომი ვერ მოხდებოდა, ვინაიდან რუსეთს კავკასიაში მხარდაჭერა სჭირდება. საქართველოში ამას ვერ აცნობიერებენ.
რატომ? რაღაც ნაბიჯები გადაიდგა - უვიზო რეჟიმი, ჩერქეზთა გენოციდის აღიარება...
ქართული პოლიტიკა ჩრდილოეთ კავკასიის მიმართ ასე გამოიყურება - ნაბიჯი წინ, ნაბიჯი ადგილზე, ნაბიჯი უკან. რაც გაკეთდა, სწორი იყო. თუმცა ეს საკმარისი არ არის.
საქართველომ მხოლოდ სანახევრო ნაბიჯები გადადგა. აღიარა ჩერქეზთა გენოციდი, იხსნება მონუმენტი. თუმცა რუსეთმა ეს ინიციატივა ხელში ჩაიგდო, აქტიურად მუშაობს ჩერქეზულ დიასპორასთან, მართავს კონფერენციებს. მიდის კონტრპროპაგანდა, მუშაობენ სპეცსამსახურები. საქართველო კი ამას არაფერს უპირისპირებს.
თბილისს მკაფიო სტრატეგია არ აქვს და კავკასიის მიმართულებით დაწყებული საქმე შეაჩერა. ამის მიზეზი ევროპისა და აშშ-ის უკმაყოფილება იყო. ისინი კი რუსეთის უკმაყოფილებამ შეაშფოთა. თანაც, საქართველოს ნაბიჯები დასავლეთში აღიქმება არა როგორც თანმიმდევრული პოლიტიკა, არამედ როგორც სააკაშვილის პირადი შურისძიება პუტინისადმი. დასავლეთმა ვერ დაინახა, რომ საქართველო ჩრდილო კავკასიისკენ შემოტრიალდა. ასეთი ხედვა არც ქართველ ოფიციალურ პირებს და საზოგადოებას აქვთ. დასავლეთისთვის არავის აუხსნია, რომ ეს მართლაც რეალური პოლიტიკაა, რომელიც საქართველოს ინტერესებთან არის დაკავშირებული და მასზე ქვეყნის არსებობა და უსაფრთხოებაა დამოკიდებული.
ამავე დროს, საერთაშორისო არენაზე არსებობს ამოცანა, რომლის შესრულება მხოლოდ საქართველოს შეუძლია. ეს არის ჩრდილო კავკასიის ინტეგრაცია ცივილიზებულ სამყაროში.
რას გულისხმობთ ამაში და რა როლი ეკისრება საქართველოს?
ეს უნდა იყოს რეგიონის ინტეგრაციის სტრატეგია. უნდა გულისხმობდეს მუშაობას როგორც ელიტებთან, ასევე ფართო მასებთან. საუბარი შეიძლება იყოს საზღვრისპირა თანამშრომლობაზე, კულტურულ კონტაქტებზე. ჩრდილოკავკასიელებს ხომ საქართველოსთან ისტორიულად მჭიდრო კავშირი აქვთ.
დღეს მოსკოვი ვერაფერს სთავაზობს ჩრდილო კავკასიას. ამიტომ, შესაძლებელია ორმხრივი ან სამმხრივი შეთანხმება (მაგალითად, ევროკავშირის მონაწილეობით) ჩრდილო კავკასიის რაიმე განსაკუთრებული სტატუსის შესახებ. იმის შესახებ, რომ საქართველო, მოსკოვთან შეთანხმებით, შემოდის ამ რეგიონში. აქ საქართველოსა და კრემლის ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა. ორივე მხარე სასიცოცხლოდ დაინტერესებულია სტაბილური, არაექსტრემისტული, ეკონომიკურად განვითარებული ჩრდილოეთ კავკასიით. საქართველოს შესაძლო ცივილიზაციურ-ინტეგრაციული როლი აბსოლუტურად ყველა მოთამაშეს აძლევს ხელს - დასავლეთს, თურქეთს და ა.შ. - კრემლის ჩათვლით.
დღეს რუსეთის ხელისუფლება ჩრდილო კავკასიის ავტონომიის შესაძლო ზრდას საფრთხედ აღიქვამს. კრემლს სხვა არჩევანი აღარ აქვს. საზოგადოება ანტიკავკასიურად არის განწყობილი, რეგიონი იქცა საფრთხედ რუსეთის მთლიანობისთვის. მოსკოვი იწყებს იმის გაცნობიერებას, რომ კავკასიაში სტაბილურობის დამყარება არ შეუძლია. რუსეთი შესაძლოა დაინტერესდეს საქართველოსთან თანამშრომლობით, რადგან აქ მოსკოვისა და თბილისის ინტერესები ემთხვევა. მთავარია, ეს დასავლეთმაც გააცნობიეროს.
როგორ შეიძლება დაეხმაროს ამგვარი პოლიტიკა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემის გადაწყვეტაში?
თავის დროზე, მოსკოვმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კარტის გათამაშება მხოლოდ იმიტომ შეძლო, რომ ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების ნაწილის მოსახლეობამ მხარი დაუჭირა სეპარატისტებს. აფხაზებიც და ოსებიც ჩრდილოკავკასიელების აზრს ყურადღებას აქცევენ. საქართველოს მიერ ჩერქეზთა გენოციდის აღიარებამ გამოიწვია უთანხმოება ჩერქეზულ ეროვნულ მოძრაობასა და აფხაზებს შორის.
დღეს საქართველოს არ აქვს მოსკოვზე ზეგავლენის ბერკეტები, თუმცა აქვს საშუალება გავლენა მოახდინოს სიტუაციაზე ჩრდილო კავკასიაში. ეს არგუმენტი შეიძლება კრემლს მოლაპარაკებების დროს წაუყენო.
აფხაზურ და ოსურ მხარეებთან დიალოგი არ იმართება. მეტიც, თბილისში რეალურად არ სწავლობენ, თუ რა ხდება სინამდვილეში სოხუმში, ცხინვალში თუ ჩრდილო კავკასიაში. ამისთვის თუნდაც უცხოელი სოციოლოგების მოწვევა შეიძლებოდა, რათა რეგიონების მოსახლეობის აზრი გაგვეგო. თუ საქართველო სერიოზულად განიხილავს ტერიტორიების დაბრუნების საკითხს, უნდა იცოდეთ, იქ რა ხდება.
თავის დროზე კარგი კონტაქტი მქონდა მაქსიმ ღვინჯიასთან - სოხუმის მთავრობის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრთან. ვუთხარი, რომ აფხაზეთს დღეს აქვს ორი შესაძლებლობა - ან სრული შთანთქმა რუსეთის მიერ და დამოუკიდებლობისა და ეთნიკური თვითიდენტიფიკაციის დაკარგვა, ან საქართველოსთან მოლაპარაკება ასოციაციის ამა თუ იმ ფორმაზე. მან ამის საწინააღმდეგო არგუმენტი ვერ მოიტანა.
მაგრამ, პრობლემა ისაა, რომ არცერთი მხრიდან არ არსებობს რაიმე მოძრაობა და ინიციატივა. საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური პოზიციით, პირველ რიგში, დევნილები უნდა დაბრუნდნენ. აფხაზური მხარე ამას აღიქვამს როგორც არა მხოლოდ აფხაზური სახელმწიფოს, არამედ აფხაზური ეთნოსის არსებობის დასასრულს. თუ თქვენ გსურთ, რომ ეს მიდგომა შეიცვალოს, მათ უნდა ელაპარაკოთ, გამოიყენოთ სათანადო ინსტრუმენტები და პოლიტიკა. არსებობს უამრავი საშუალება დაარწმუნოთ აფხაზები, რომ მათი შიშები მცდარია.
თუმცა, თბილისს სტრატეგია ამ მხრივ არ აქვს. საკმაოდ გავლენიანმა პირმა თბილისში მითხრა, რომ საქართველოს საერთოდ არ მიაჩნია, რომ აფხაზები არსებობენ, რომ თბილისი მზადაა აწარმოოს მოლაპარაკება მხოლოდ მოსკოვთან. ამ პოზიციას ქართული საზოგადოებაც იზიარებს.
თუმცა, არსებობს ოფიციალური სტრატეგია - ჩართულობა თანამშრომლობის გზით...
ეს სტრატეგია სანახევროა და ამჟამად გაყინულია. ის გათვლილია ევროკავშირის დაფინანსებაზე, რაც ახლა შეუძლებელია, თუ ევროპაში ეკონომიკური სასწაული არ მოხდა. ამგვარი სტრატეგია უნდა იყოს მიმართული არა მხოლოდ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე, არამედ ჩრდილოეთ კავკასიაზეც. არ შეიძლება ეს რეგიონები ცალცალკე განვიხილოთ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის პრობლემის გადაწყვეტა მხოლოდ საერთო- კავკასიური პოლიტიკის კონტექსტში არის შესაძლებელი.
აიღეთ თუნდაც არჩევნები სამხრეთ ოსეთში. საქართველომ ხელიდან გაუშვა მშვენიერი პროპაგანდისტული შესაძლებლობა. თბილისში არავის უთქვამს, რომ სამხრეთ ოსეთმა ვერ მიიღო დამოუკიდებლობა და რომ ოსები ახლა ბევრად უფრო მძიმე ვითარებაში არიან, ვიდრე საქართველოს შემადგენლობაში. ეს ცნობილია თქვენთვის, მაგრამ არა ჩრდილოეთ კავკასიისთვის. საქართველოში ჩრდილო კავკასიას ისე უყურებენ, თითქოს ის სადმე მთვარეზე მდებარეობს. ქართველთა ცნობიერებაში ის არ არსებობს. საქართველომ უნდა აუხსნას მეზობლებს, რა ხდება საქართველოში. შთაბეჭდილება მრჩება, რომ ტელეარხი PIK კავკასიის პრობლემების გარდა ყველაფრით იყო დაკავებული. არ არსებობს ინფორმაციული ვებგვერდები, სადაც თუნდაც საკითხით დაინტერესებული ადამიანი ჩრდილო კავკასიიდან საჭირო ინფორმაციას მოიძიებდა, რომ არაფერი ვთქვათ მოსახლეობის ფართო მასებზე. საქართველოს სტრატეგია არ გააჩნია. შთაბეჭდილება იქმნება, რომ ქართული საზოგადოების მოლოდინით, რუსეთი დაიშლება და ყველაფერს დაიბრუნებთ.
თქვენ ასეთ ვარიანტს გამორიცხავთ?
მოდი, მაშინ დავუშვათ, რომ რუსეთი ბუდიზმს მიიღებს და მთლიანად ჰიმალაიში გადასახლდება - პოლიტიკა სასწაულის მოლოდინზე არ უნდა იყოს აგებული. თუ რუსეთი დაიშალა, მით უარესი თქვენთვის და სხვებისთვისაც - მივიღებთ იმას, რაც ხდებოდა ჩეჩნეთში 1992-96 წლებში. გინდათ 1918 წლის რუსეთი? უმართავი სიტუაცია, მილიონობით დევნილი და ა.შ. იგივე მოხდება ახლაც - ეს იქნება პირდაპირი საფრთხე საქართველოსთვის.
რუსეთის დეზინტეგრაცია არარეალურია. პირველ რიგში, იმიტომ, რომ ეს დასავლეთში არავის სურს. საბჭოთა კავშირის შემთხვევაში მოხდა არა დეზინტეგრაცია, არამედ გეგმაზომიერი, წინასწარ მომზადებული დანაწევრება. ეს იყო საბჭოთა ელიტის კოლექტიური გადაწყვეტილება. მსგავს გადაწყვეტილებას რუსეთთან დაკავშირებით არავინ მიიღებს. თუმცა, შესაძლებელია გადაწყვეტილება ჩრდილო კავკასიის გამოყოფის შესახებ, თუ გასაგები იქნება, სად მიდის კავკასია. არა მხოლოდ ნაციონალისტები, დღევანდელი ხელისუფლებაც ფიქრობს, როგორც მოიშოროს კავკასია თავიდან. თუმცა, ამის გაკეთება იმ შემთხვევაში შეუძლიათ, თუ რომელიმე სხვა ძალა დაეხმარებათ. საქართველოს გარდა, ასეთი ძალა არ არსებობს.
მე ადრეც ვამბობდი, რომ რუსეთის იმპერიის დაშლა 20 წლის წინ არ შეჩერებულა. თუმცა, ეს პროცესი, ისევე როგორც საბჭოთა კავშირის დაშლა, ცივილიზებულ ჩარჩოებში უნდა მოექცეს. დამოუკიდებელი და სტაბილური კავკასია საქართველოს ინტერესებშია, ნებისმიერი ფორმით - იქნება ეს მეტი ავტონომია თუ ცალკე სახელმწიფოები. ამ საკითხის ქართული სტრატეგიის ფარგლებში შესწავლაა საჭირო, რომელიც დღეს არ არსებობს. აუცილებელია მისი შემუშავება, თუნდაც კრემლის დღევანდელი რეჟიმი ამას საკუთარი ინტერესების საწინააღმდეგოდ მიიჩნევდეს. დარწმუნებული ვარ, ასეთ სტრატეგიას დასავლეთიც გაგებით მოეკიდება.
![]() |
7 პრევენციის ეროვნული მექანიზმის სპეციალური ანგარიში |
▲ზევით დაბრუნება |
საზოგადოება
ლევან სუთიძე
სახალხო დამცველმა გასულ კვირას პრევენციის ეროვნული მექანიზმის მორიგი ანგარიში წარმოადგინა. დოკუმენტი დეტალურად აღწერს 2011 წლის პირველ ნახევარში სასჯელაღსრულების დაწესებულებებსა და დროებითი მოთავსების იზოლატორებში მონიტორინგის შედეგებს. ომბუდსმენის ოფისიდან სასჯელაღსრულების დაწესებულებებში 32 გეგმიური და 241 არაგეგმიური, ხოლო შსს-ს მთავარი სამმართველოს იზოლატორებში 42 გეგმიური და 80 არაგეგმიური ვიზიტი განხორციელდა.
სპეციალურ ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა თავისუფლებააღკვეთილი ან თავისუფლებაშეზღუდული პირების მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტებს, ჯანდაცვის უფლების რეალიზაციასა და დროებითი მოთავსების იზოლატორებში არსებული მდგომარეობის აღწერას. გარდა ამისა, განხილულია შესაბამის პერიოდში გარდაცვლილ პატიმართა სიკვდილიანობის მიზეზები და ტენდენციები.
ვრცელი ანგარიშის მიხედვით, პენიტენციური სისტემის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად კვლავ რჩება არასათანადო მოპყრობის ფაქტები. დოკუმენტში ნათქვამია, რომ სამართალდამცავები არასათანადოდ რეაგირებენ პატიმრების მიმართ უკანონო მოპყრობაზე. ეს დაუსჯელობის განცდას ტოვებს და პრობლემას აღრმავებს. როგორც ანგარიშიდან ჩანს, რიგ შემთხვევებში, პატიმრის მიმართ ციხის ადმინისტრაცია დასჯის არაჰუმანურ მეთოდებს იყენებს: ცემს, ჩაჰყავს განმარტოებით საკანში, აშიშვლებს და კეტავს დიდი ხნის განმავლობაში, უზღუდავს სუფთა ჰაერზე ყოფნისა და გასეირნების უფლებას. ამასთან, მსჯავრდებულები ხშირად ხდებიან კოლექტიური სასჯელის მსხვერპლი - როდესაც ერთი პატიმრის დისციპლინარული დარღვევის გამო, ისჯება მთელი საკანი. დოკუმენტი საგანგებოდ აღნიშნავს, რომ ხშირად პატიმარი უარს ამბობს ადმინისტრაციის მხრიდან განხორციელებული არაჰუმანური ქმედებები წერილობით დაადასტუროს, რადგან ის რჩება იმავე მეთვალყურეების ქვეშ, რომელთაც უნდა უჩივლოს.
ანგარიშში მოტანილია თავისუფლებააღკვეთილი პირების მიმართ არასათანადოდ მოპყრობის არაერთი კონკრეტული შემთხვევა. მაგალითად, ამა წლის 5 სექტემბერს სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრები N18 სამკურნალო დაწესებულებაში განთავსებულ პატიმარ მიხეილ ი.-ს შეხვდნენ. იგი ამბობდა, რომ გლდანის N8 დაწესებულებაში ყოფნისას სისტემატურად სცემდნენ. მონახულების დროისთვის პატიმარს სხეულზე დაზიანებებიც ეტყობოდა. მეორე დღესვე, იმავე დაწესებულებაში მივლინებულ სამედიცინო ექსპერტს, რომელსაც აღნიშნული დაზიანებები უნდა აღეწერა, პატიმარმა განუცხადა, რომ ფსიქიკური მდგომარეობიდან გამომდინარე არ ახსოვდა, რა ახსნა-განმარტება მისცა წინა დღეს სახალხო დამცველის წარმომადგენლებს. მან უარი თქვა სახალხო დამცველის დახმარებაზე. ადმინისტრაციის მხრიდან მსჯავრდებულებზე ზეწოლის მაგალითად მოტანილია იმავე დაწესებულებაში ილია მ.-ს მიმართ ადმინისტრაციის თანამშრომლების მიერ განხორციელებული ზეწოლა. ისინი პატიმარს „სამშობლოს მოღალატეს“ და „ინტრიგანს“ უწოდებდნენ, არ აძლევდნენ მედიკამენტებს, უზღუდავდნენ გასეირნების და აბაზანით სარგებლობით უფლებას. ამ შემთხვევაში ადმინისტრაციის აგრესიის მიზეზი მსჯავრდებულის მიერ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში შეტანილი სარჩელი გახდა. ომბუდსმენი რეკომენდაციას აძლევს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს, პირად კონტროლზე აიყვანოს პატიმართა მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოვლენისა და მათზე რეაგირების საკითხი.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც წლებია, დღის წესრიგში დგას, ციხეებში არსებული გადატვირთულობაა. ანგარიშში დადებითადაა შეფასებული სისხლის სამართლის კოდექსში 2011 წელს შესული ცვლილება - რომელიც შესაძლებლობას იძლევა, პატიმრობა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ჩანაცვლდეს. ამ ცვლილების პრაქტიკულ გამოყენებას გადატვირთულობის პრობლემის შემსუბუქება შეუძლია. დღეისთვის ცალკეულ დაწესებულებებში პატიმართა რაოდენობა და კანონით დადგენილი ლიმიტი კვლავ შეუსაბამობაშია. გადატვირთულობის პრობლემა პენიტენციური სისტემის 9 ციხეს აქვს. პატიმართა დაშვებულზე მეტ რაოდენობას განსაკუთრებით ცუდი შედეგები ჯანდაცვის თვალსაზრისით მოყვება. ასეთი ვითარება ხელს უწყობს გადამდები დაავადებების გავრცელებას და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე მოქმედებს. გადატვირთულობასთან ერთად, არასათანადო კვებითი რაციონი, აირაციისა და ვენტილაციის სისტემის, ასევე გარემოს სხვა ფაქტორების მავნე ზემოქმედება ტუბერკულოზის ხელშემწყობი ფაქტორია. კონკრეტული დაავადების წინააღმდეგ ბრძოლას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. საანგარიშო პერიოდში გარდაცვლილი 77 პატიმრიდან 54%25-ს სწორედ ტუბერკულოზი ჰქონდა, ხოლო სიკვდილის უშუალო მიზეზად სასამართლო ექსპერტიზამ 43%25 შემთხვევაში ტუბერკულოზი დაადასტურა. 2010 წლის მაჩვენებელთან აღნიშნული სტატისტიკა 5%25-იან ზრდას აჩვენებს. 2011 წლის პირველ ნახევარში გამოვლენილია ტუბერკულოზის 924 ახალი შემთხვევა.
პენიტენციურ სისტემაში სიკვდილიანობას ანგარიშში ცალკე ქვეთავი ეთმობა. ომბუდსმენის აპარატის მიერ მოპოვებული მონაცემებით, ბოლო ხუთ-ნახევარი წლის მანძილზე სულ 509 პატიმარია გარდაცვლილი. წლის პირველ ნახევარში გარდაცვლილთა რაოდენობის მიხედვით, 2011 წლის პირველი ნახევარი მაქსიმალური მაჩვენებლით გამოირჩევა - ეს რიცხვი უფრო მეტია, ვიდრე ბოლო 6 წლის განმავლობაში ამავე პერიოდში გარდაცვლილთა რაოდენობა. შედარებისთვის, წელს გარდაცვალების მაჩვენებელი 5%25-ით მეტია, ვიდრე შარშან ამავე პერიოდში. 77 გარდაცვლილიდან 3 ქალი და 74 მამაკაცია, საშუალო ასაკი კი - 46 წელი. როგორც ანგარიშიდან ირკვევა, ახალგაზრდა ასაკის პატიმრების სიკვდილის მთავარი მიზეზი, შარშანდელის მსგავსად, სპეციფიკური დაავადებებია. ტუბერკულოზის გარდა, გავრცელების თვალსაზრისით, რიგით მეორე დაავადება ვირუსული ჰეპატიტებია. გაიზარდა ონკოლოგიური დაავადებებით სიკვდილის მაჩვენებელი. მნიშვნელოვანია, რომ იმატა ტრავმებისგან გამოწვეულმა სიკვდილმა (გარდაცვალების მაჩვენებლის 7%25). უშუალოდ ციხეში გარდაცვლილი პატიმრების მიხედვით, პირველ ადგილზეა N15 დაწესებულება (ქსანი), სადაც საანგარიშო პერიოდში 4 პატიმარი გარდაიცვალა.
საბოლოო ჯამში, როგორც შესწავლამ აჩვენა, გარდაცვლილ პატიმართა დიდ ნაწილს მძიმე და განუკურნებული დაავადების დიაგნოზი ჰქონდა დადგენილი - ანგარიშში აღნიშნულია, რომ მათი მკურნალობა შეუფერებელ პირობებში მიმდინარეობდა, რაც ასევე არაჰუმანურ მოპყრობად ფასდება.
თითოეულ საკითხთან დაკავშირებით, ანგარიშში მოცემულია რეკომენდაციები შესაბამისი უწყებების მიმართ. ომბუდსმენი წინადადებით მიმართავს საქართველოს პარლამენტსაც - სისხლის სამართლისა და პატიმრობის კოდექსში გარკვეული ცვლილებების შეტანის თაობაზე.
![]() |
8 სახელმწიფო და ეკლესია: რუსული პრეცედენტი - საფრთხე ქართული სინამდვილისთვის |
▲ზევით დაბრუნება |
საზოგადოება
დავით თინიკაშვილი
ფოტო: REUTERS ©
ბოლო დროს განსაკუთრებული სიცხადით გამოიკვეთა კრემლისა და რუსეთის ეკლესიის ურთიერთმიმართების ხასიათი, რომელსაც აქამდე ცუდად, მაგრამ მაინც, შეფარული სახე ჰქონდა. ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის არსებული მახინჯი კავშირის ყველაზე ნათელი დადასტურება პატრიარქ კირილ გუნდიავის საჯარო განცხადებებია. მათი მიხედვით - უნდა აღდგეს „ისტორიული რუსეთი“ (რომელშიც ის საბჭოთა კავშირს მოიაზრებს), ხოლო სამხრეთ ოსეთის ომის დროს რუსი სამხედროები ოსებს ქართული აგრესიისგან იცავდნენ. რუსეთის ეკლესიის პირველიერარქის საეკლესიოპოლიტიკური უტიფრობა სიმბოლური აქტითაც დადასტურდა - სასულიერო პირი კრემლში კაბინეტს „დაეუფლა“.
სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოების ნაწილისთვის ბოლომდე გასაგები არ არის, თუ რატომ უნდა ჰქონდეს სხვადასხვა მიზნები სახელმწიფოს და ეკლესიის მსახურებას. ან რატომ არ შეიძლება მათი სიახლოვე პოზიტიურად განვიხილოთ. მართლაც, რატომაა მიუღებელი ან საშიში, როდესაც, ერთი მხრივ, სახელმწიფო „ეკლესიის ერთიანობის“ დაცვისთვის ზრუნავს და, მეორე მხრივ, მადლიერი ეკლესია სახელმწიფო იდეოლოგიის „მოსახლეობაში გამტარებელია“, როგორც ამას ივ. ჯავახიშვილის უნივერსიტეტის ერთ-ერთი პროფესორი წერს. მაგრამ რას ნიშნავს გამოთქმა „სახელმწიფო იდეოლოგია“ და როგორი უნდა იყოს ამ იდეოლოგიის შინაარსი? როგორც ჩანს, ჯერ კიდევ კარგად ვერ ცნობიერდება სეკულარული სახელმწიფოს არსი - პროფესორთა შეგნებაშიც კი. კერძოდ, ის, რომ სახელმწიფო აკონფესიური, ნეიტრალური და პლურალისტური უნდა იყოს. „აკონფესიური“ არ ნიშნავს “ათეისტურს”, რადგან ათეისტური სახელმწიფო თავისი შინაარსითა და გამოხატულების ფორმით სრულიად კონფესიური სახელმწიფოა, რადგან აღიარებს და ოფიციალურ სტატუსს ანიჭებს მხოლოდ ერთ იდეოლოგიას. გარდა ამისა, გაუგებარია, კერძოდ, როგორ უნდა „გაატაროს“ ეკლესიამ სახელმწიფო იდეოლოგია მოსახლეობაში? ან მისაღებია თუ არა ასეთი სახის თანამშრომლობა ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის დღევანდელი ვითარების გათვალისწინებით? ან რას ნიშნავს სახელმწიფოს მიერ ეკლესიის „დაცვა“ და მისი „ერთიანობისთვის“ ბრძოლა? აქ ჩნდება შეკითხვა: როგორ და რისგან უნდა დაიცვან ეკლესია სახელმწიფოს მიერ? მიმართოს თუ არა თანამედროვე საერო ხელისუფლებამ (ეკლესიის თხოვნით/მოთხოვნით) ბიზანტიურ პრაქტიკას, როდესაც იმპერატორები სახელმწიფოს პოლიციურ ძალას იყენებდნენ განხეთქილების მოქმედთა (არიანელები, მონოფიზიტები) წინააღმდეგ, მათი ეკლესიაში დაბრუნების მიზნით? სამწუხაროდ, ბოლო ორი ათეული წლის მანძილზე საქართველოშიც გვაქვს ასეთი მაგალითები და ეს საგანგაშოა.
მსგავსი იდეები ქართული საზოგადოების არცთუ ისე მარგინალურ წრეებშია გავრცელებული - ესეც საგანგაშოა. ამიტომ, ჩემი აზრით, სასწრაფოდ უნდა დადგეს საკითხი ეკლესიისა და სახელმწიფოს მოღვაწეობის სფეროების მკაფიო გამიჯვნის შესახებ. სწორედ ამგვარი შინაარსის უნდა ყოფილიყო, მაგალითად, 2002 წლის ე.წ. კონკორდატი, მაგრამ სახეზე გვაქვს სრულიად საწინააღმდეგო მიზანდასახულობის დოკუმენტი.
გულისხმობს თუ არა ამგვარი გამიჯნულობა (სეპარაციის მოდელი) სახელმწიფოს მტრულ დამოკიდებულებას რელიგიისადმი? თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ არა. როგორც წესი, „სეპარაციული“ და სეკულარული სახელმწიფოები, სხვადასხვა სახის (პირდაპირ თუ ირიბ) ფინანსურ დახმარებასაც კი უწევენ რელიგიურ ასოციაციებსა და ორგანიზაციებს. ამ დახმარებას განეკუთვნება საგადასახადო შეღავათებიც - მაგრამ არა სრული გათავისუფლება და ისიც, მხოლოდ ერთი კონკრეტული ეკლესიისა, როგორც ეს საქართველოში გვაქვს. მაგალითად, საფრანგეთში მთავრობა გამოყოფს შესაბამის თანხებს 1905 წლამდე აშენებული საკულტო ნაგებობების რესტავრაციისთვის. იმ მოტივით, რომ ისინი, როგორც კულტურის ძეგლები, ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ფასეულობას წარმოადგენენ. ასევე საფრანგეთის სახელმწიფოსგან კერძო სკოლებიც იღებენ დახმარებას - თუკი სხვადასხვა აღმსარებლობას ასწავლიან მოსწავლეებს. აშშ, ასეთ სკოლებზე სხვადასხვა სახელმწიფო ვაუჩერული პროგრამების საშუალებით, სუბსიდიებს გასცემს.
სეკულარულ სახელმწიფოებში რელიგიური თავისუფლების ნორმატივები სახელმწიფოს არა მხოლოდ ნებას რთავს, არამედ ავალდებულებს კიდეც რელიგიური ჯგუფების საქმიანობის ხელშეწყობასა და მხარდაჭერას. სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ მყოფ სტრუქტურებში - სამხედრო პირთა, პატიმართა და პაციენტთა რელიგიურ უფლებებს სახელმწიფო იცავს. ეს რელიგიური თაყვანისცემისა და სწავლადარიგების მიღების შესაძლებლობის მიცემით გამოიხატება. ისეთი მკაცრი სეპარაციული სისტემის მქონე ქვეყნებში, როგორიცაა აშშ და საფრანგეთი, ჯარში, ციხეებსა და საავადმყოფოებში მოქმედი სასულიერო პირები სახელმწიფოსგან კომპენსაციას იღებენ. თუმცა ერთი პირობით: ასეთ პროგრამაში ყველა კონფესიის სასულიერო პირი უნდა იყოს ჩართული.
სახელმწიფო მოწყობის სეპარაციული სისტემა საშუალებას აძლევს რელიგიურ უმცირესობებს, სრულფასოვანი მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. სეპარაცია თავად დომინანტი ეკლესიის ინტერესებშიც უნდა შედიოდეს - რადგან სახელმწიფოსთან მჭიდრო ურთიერთობას, ეკლესიისთვის უარყოფითი შედეგები შეიძლება ჰქონდეს:
1. სახელმწიფოზე დამოკიდებულება, რაც ხელს უშლის ეკლესიის თავისუფლების ხარისხს, სხვადასხვა სფეროში საკუთარი აქტივობების განხორციელებისას;
2. ეკლესიის მისიის დამახინჯება, რადგან პრიორიტეტების განაწილებისას ის დამოკიდებულია, დააფინანსებს თუ არა სახელმწიფო შეთავაზებულ პროექტებს;
3. მკაცრი რეგულაცია: რაც უფრო მეტად ეხმარება სახელმწიფო ეკლესიას, მით მეტად აკონტროლებს პირველი მეორის საქმიანობას (ამ მხრივ, აგრეთვე, მტკივნეული პრობლემაა სახელმწიფოს ირიბი ან პირდაპირი ჩარევა მაღალ საეკლესიო თანამდებობებზე სასურველი კანდიდატების დანიშვნის მიზნით);
4. რესურსების უსარგებლო ხარჯვა: ეკლესიის იერარქები უფრო მეტ დროსა და ენერგიას სახელმწიფო მანქანასთან ურთიერთობაზე ხარჯავენ, ვიდრე იმ აქტივობებზე, რისთვისაც ისინი არიან მოწოდებულნი;
5. სახელმწიფოს შეუძლია პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს ეკლესია.
დაბოლოს: იდეა სახელმწიფოსა და ეკლესიის ერთმანეთისგან განცალკევების მიზანშეწონილობის შესახებ თვით ქრისტიანობის საფუძველშივეა ჩადებული. ქრისტეს სიტყვები „კეისარს კეისრისა და ღმერთს ღვთისა“ (მათ. 22:21; მარკ. 12:17), პირველ რიგში, სწორედ იმას გვაუწყებს, რომ ეკლესია და სახელმწიფო სხვადასხვა ხასიათის და წარმომავლობის ორგანიზმები არიან. მათ შეუძლიათ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად განახორციელონ საკუთარი მისია. მათი ერთობა უფრო მეტი საფრთხის შემცველია, ვიდრე მათი გამიჯნულობა.
p.s.
ერთი კონკრეტული მაგალითი: ამ დღეებში მოსკოვში მომიტინგეთა შორის გამოჩნდნენ მღვდლები, რომლებიც აქციის მონაწილეებს, ქვეყანაში სიმშვიდის შესანარჩუნებლად, დაშლისკენ მოუწოდებენ... ეს მაშინ, როდესაც ეკლესია ვალდებულია ხალხის გვერდით იდგეს ავტორიტარი მმართველის წინააღმდეგ.
![]() |
9 პროფესია - სტუდენტი |
▲ზევით დაბრუნება |
საზოგადოება
ნინო მაჭარაშვილი
უმაღლესი განათლების სიკეთეებზე საუბარი და მისი სუბსიდირება პოლიტიკურად ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი თემაა. საქართველოშიც, დანარჩენი მსოფლიოს მსგავსად, ეს საკითხი საზოგადოებრივი ჯგუფების და თავად სტუდენტური გაერთიანებებისთვისაც აქტუალურია. არავის გაუკვირდება, თუ ვიტყვით, რომ უმაღლეს განათლებას ადამიანები იმ ხელშეუხებელ სიკეთედ განიხილავენ, რომლის მიღება ნებისმიერ ფასად ღირს. ამიტომ, პოლიტიკოსები ამომრჩეველს, შესაძლებლობის ფარგლებში თუ მის გარეთ, ამ სფეროსთვის მაქსიმალური ყურადღების დათმობას ჰპირდებიან. საბოლოოდ, კერძო პირები და მთავრობები ყველაფერს აკეთებენ, რომ უმაღლეს განათლებაში მათი ინვესტიცია სულ უფრო შთამბეჭდავი იყოს.
განათლებაზე ფულისა და დროის ხარჯვისას ადამიანებს ამოძრავებთ რწმენა, რომ უმაღლესი განათლება მომავლის უზრუნველყოფის გარანტიაა. შესაძლოა, მსოფლიო აირიოს და გადატრიალდეს, მაგრამ თუ ხელში დიპლომი გიჭირავს, რისკებისგან სხვებზე მეტად ხარ დაცული. თავის მხრივ, სახელმწიფო მოსაზრებით, უმაღლესი განათლებით მოქალაქეების უზრუნველყოფა, საშუალო ფენის შენარჩუნებას შეუწყობს ხელს. თუ საშუალო ფენის წარმომადგენლების ერთ-ერთი მახასიათებელი უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობაა - მაშინ, რაც მეტი მიიღებს მას, ქვეყანაში მით უფრო დიდი საშუალო ფენა იქნება.
მოთხოვნის ზრდასთან ერთად, იზრდება სწავლის ფასიც - მთავრობა მეტ ფულს გამოყოფს განათლებისთვის. სტუდენტები იღებენ სესხს, რომელიც შემდეგ ტვირთად აწვებათ, ან სწავლის გადასახადს მშობლები უფარავენ. არც ისაა საიდუმლო, რომ ბაკალავრის დიპლომით ცოტა თუ კმაყოფილდება - შემდეგ მოდის მაგისტრატურა, დოქტორანტურა - და მრავალი წლის შემდეგ, ადამიანები გამოდიან შრომის ბაზარზე. აქ კი ვიღაცას, ვისაც განათლების მიღებისთვის ამდენი წელი არ დაუკარგავს, უკვე უკეთესი პოზიციები აქვს მოპოვებული, ვიდრე მრავალრიცხოვანი დიპლომების მქონე ახალბედა სამუშაოს მძებნელს.
სასწავლებლის კედლებში დროის უმეტესი ნაწილის გატარება ნამდვილად სასარგებლოა, თუ ადამიანი აკადემიურ საქმიანობას აგრძელებს. სისტემის შიგნით ყოფნა მას ამ სფეროში მოქმედებისთვის საჭირო უნარების შეძენაში ეხმარება. დანარჩენ პროფესიებთან დაკავშირებით კი საქმე განსხვავებულადაა. საბოლოო ჯამში, ვიღებთ სურათს: შრომის ბაზარზე ძალიან ბევრი იურისტია, შესაბამისი სამუშაო ადგილი კი - ცოტა. ამ მდგომარეობიდან გამოსავალი არც სახელმწიფოს მიერ პრიორიტეტული სფეროების დაფინანსება და წახალისებაა, როგორც ეს საქართველოს შემთხვევაშიც ხდება - სახელმწიფო პრიორიტეტულ პროფესიებს გამოყოფს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, შრომის ბაზრის საჭიროებების განსაზღვრა და მომავალი დაგეგმვა შეუძლებელია. სწრაფად ცვალებად სამყაროში დღეს მოთხოვნადმა პროფესიამ, ხვალ, შესაძლოა, აქტუალურობა დაკარგოს.
ტექნოლოგიური განვითარება კიდევ უფრო ამცირებს უმაღლესი განათლების მქონე ადამიანებზე მოთხოვნილებას. აქამდე გავრცელებული მოსაზრების საპირისპიროდ, პროცესი არამხოლოდ დაბალი ანაზღაურების ტექნიკური ხასიათის სამუშაოებს ეხება. კომპიუტერით წარმატებით ჩამნაცვლებელთა „რისკ-ჯგუფს” მიეკუთვნება ისეთი პროფესიებიც, როგორიცაა იურისტი, ექიმი, უცხო ენების სპეციალისტი და ა.შ. ამრიგად, ინფორმაციის ფლობა ტექნოლოგიებთან კონკურენციის საუკეთესო იარაღი აღარ არის.
განათლებაში ფულისა და დროის მასობრივ „დაბანდებას“, რომელიც, საბოლოო ჯამში, თვითმიზნადაც იქცევა ხოლმე, „განათლების საპნის ბუშტსაც“ უწოდებენ.
ეკონომისტები ამ ტერმინით მოიხსენიებენ მოვლენას, როდესაც რაიმეს ღირებულება და ხელმისაწვდომობა ხელოვნურად იბერება. საპნის ბუშტი მაშინ სკდება, როცა მოთხოვნა და ფასები ისევ ვარდება. მაგალითად, ცნობილია „ბინათმშენებლობის ბუშტი“: ადამიანები იჯერებენ, რომ მომავლის წინასწარმეტყველების საუკეთესო საშუალება უახლოესი წარსულია - რახან ბინებზე ფასები იზრდება, ეს ტენდენცია სამომავლოდაც გაგრძელდება. მოთხოვნის ზრდა განაპირობებს ბინების ფასების ზრდას. მიწოდება მოთხოვნას ერთბაშად ვერ ეწევა. ბაზარზე შემოსულ მოთამაშეებს სჯერათ, რომ მოკლევადიანი ყიდვა-გაყიდვა მათ მოგებას მოუტანს. რაღაც მომენტში, მოთხოვნა იკლებს, მიწოდება ზრდას განაგრძნობს, რაც ფასების მკვეთრ ვარდნას იწვევს და ბუშტი სკდება. ასე მოხდა აშშ-ში გასულ ათწლეულში.
დღეს უკვე ბევრი ფიქრობს, რომ უმაღლესი განათლება საპნის ბუშტის მდგომარეობაშია - სესხებისა და გრანტების წახალისებით, ფასი მკვეთრად იზრდება. მაშინ, როდესაც ამ ინვესტიციიდან მიღებული სარგებელი მცირდება. სულ უფრო მეტი სტუდენტი იწყებს მუშაობას იქ, სადაც საუნივერსიტეტო დონის უნარები საჭირო არ არის და ხშირად, ანაზღაურებაც ბევრად დაბალია, ვიდრე ეს სესხის უპრობლემოდ დაფარვას სჭირდება. სამთავრობო და კერძო ფილანთროპიული სუბსიდიების მეშვეობით, რაღაც დროით, სისტემის სტაბილურობა ნარჩუნდება, მაგრამ ბუშტის გახეთქვა მხოლოდ დროის საკითხია.
უნივერსიტეტებში მიღებული ცოდნა და რეალურ ცხოვრებაში საჭირო უნარები რომ განსხვავდება, ეს Occupy Wall Street-ის ფარგლებში დასავლეთის ქვეყნების ქუჩებს მოდებულმა ახალგაზრდებმაც დაადასტურეს. ისინი „ზეგანათლებული და უმუშევარნი” არიან: ვერ პოულობენ საკუთარ ადგილს, უცრუვდებათ იმედები, რომელიც ჰქონდათ მაშინ, როდესაც სესხს იღებდნენ სწავლის გადასახადის დასაფარად. საბოლოოდ, ვალი დარჩა, სამსახურის პოვნა კი არც ისე მარტივი აღმოჩნდა - ზეგანათლებულთათვისაც კი. მათ ეუბნებოდნენ, რომ უმაღლესი განათლება გარდაუვალი საჭიროებაა არა მხოლოდ ღირსეული ცხოვრებისთვის, არამედ კარგად ანაზღაურებადი სამსახურის შოვნისთვისაც. ამის მაგივრად კი, ქუჩაში აღმოჩნდნენ - რაიმე რეალური ან მოთხოვნადი უნარების გარეშე.
უმაღლესი განათლების პანაცეად წარმოჩენის საკითხს მეისონის უნივერსიტეტის პროფესორი, ბრაიან კაპლანიც ეხმიანება. ცნობილი ამერიკელი ეკონომისტის მოსაზრებით, ბევრ მასწავლებელს, მათ შორის, პროფესორებს, არ ძალუძთ, სტუდენტებს ის უნარები შესძინონ, რაც მათ დასაქმებისთვის დასჭირდებათ. კაპლანის აზრით, ეს განათლების სუბსიდირების გადახედვისთვის კარგ მიზეზს იძლევა. ამ თემას ეძღვნება მისი მომავალი წიგნიც „საქმე განათლების წინააღმდეგ“.
დიპლომის ფლობა უშუალოდ დამქირავებლებისთვის ჯერ კიდევ მნიშვნელოვანი ფაქტორია. ეს მაშინ, როცა დასაქმებულს, ბანკში ოპერატორად მუშაობისთვის, შესაძლოა, საერთოდ არ სჭირდებოდეს საგნები, რომელსაც წლების მანძილზე უნივერსიტეტში ასწავლიდნენ. ჩვენს შემთხვევაში, ეს, შესაძლოა, წარსული გამოცდილების გაგრძელებად განვიხილოთ. კაპლანი ამას განათლების „სასიგნალე მოდელს“ უწოდებს - დიპლომი დამსაქმებლისთვის ინდიკატორია - მის მფლობელს სხვებთან კონკურენციისას ფორას აძლევს. დამქირავებლისთვის მნიშვნელოვანია არა კონკრეტული ცოდნა, რომელიც დასაქმებულმა უნივერსიტეტში მიიღო, არამედ ის თვისებები, რაზეც სასწავლებელში მიღებული კარგი ნიშნები მიუთითებს. როგორც წესი, კარგ სტუდენტებს გონება უჭრით, მასალას ადვილად ითვისებენ და მეტად შემგუებლები არიან. დამსაქმებლისთვის კი ეს სამი თვისება საკვანძო მნიშვნელობისაა.
როდის გასკდება „საპნის ბუშტი“, ამას მომავალი გვიჩვენებს. კაპლანის სიტყვებითვე რომ დავასრულოთ, „განათლება ჯადოსნობა არ არის. საზოგადოებისთვის უკეთესი იქნება, თუ გადასახადების გადამხდელები ფულს დაზოგავენ, სტუდენტები ნაკლებ წელს გაატარებენ სასწავლებლებში და რეალურ სამყაროში რეალურ სამუშაოს იპოვიან“.
![]() |
10 დემოკრატია ─ ღმერთი, რომელმაც არ გაამართლა |
▲ზევით დაბრუნება |
გია ჯანდიერი|სვეტი
ცუდია იყო უმცირესობის მიერ დაჩაგრული,
მაგრამ უარესია უმრავლესობის მიერ იყო დაჩაგრული.
ლორდი აქტონი
კარგად მესმის რა უკმაყოფილების ტალღასაც გამოიწვევს დემოკრატიის კრიტიკა და ბევრი ადამიანი სერიოზულ კონსპირაციის თეორიასაც შეთხზავს. ამიტომ თავიდან ვიტყვი, რომ მიუხედავად ჩემი სკეპტიკური დამოკიდებულებისა დემოკრატიის მიმართ, ამ სტატიის მიზანი მხოლოდ მთავრობის შეზღუდვის აუცილებლობის საკითხის დაყენებაა. ეს არის პირადი ჩემი მოსაზრება.
რამდენიმე წლის წინ არჩევნების წინ ვწერდი, რომ პოლიტიკურ ცხოვრებაში არსებობს ერთი დილემა, რომელიც განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებს ეხება: ძნელია რაიმე სხვა უკეთესი მექანიზმის მოძებნა, ვიდრე დემოკრატიაა, რომელიც პოლიტიკურ ძალთა ისეთ კონკურენციას გამოიწვევს (პარტიების, ხელისუფლების შტოებისა და ხელისუფლების დონეების), რომელიც ადამიანის თავისუფლების დაცვას უზრუნველყოფს. მეორე მხრივ, დემოკრატიული სისტემის უუნარობა - გადაწყვეტილება დროულად მიიღოს და განახორციელოს - ხშირად ეჭვის ქვეშ აყენებს მის ეფექტიანობას.
ასეთი მოსაზრების გამოთქმის შემდეგ, იმ არგუმენტთა მოგროვება დავიწყე, რომელიც დემოკრატიის ეფექტიანობას უარყოფითად წარმოაჩენს. ამ თემაზე ორი ეკონომიკური სკოლა მუშაობს, რომელთა მოსაზრებების სიმძლავრეზე ისიც მიუთითებს, რომ მიუხედავად აკადემიურ წრეებში არაპოპულარობისა, რამდენიმე ნობელი აქვთ მოპოვებული. ეკონომიკის ავსტრიული სკოლის ბევრი მიმდევარი, მთავრობის როლს საერთოდ უარყოფს და დემოკრატია ღმერთად მიაჩნია - „რომელმაც არ გაამართლა”. საზოგადოებრივი არჩევანის სკოლა თვლის, რომ მიუხედავად ბაზრის არასრულყოფილებისა, მთავრობის საქმიანობა გაცილებით არაეფექტიანია და მისი საქმიანობის შეზღუდვა აუცილებელია.
ზემოთ აღვნიშნე, რომ დემოკრატია გადაწყვეტილების მიღების ნელი ტემპით ხასიათდება. ამავდროულად, ვინც დემოკრატიას დადებითად აფასებს, აღნიშნავს, რომ შენელების მიზეზი - საკითხების განხილვა პლურალიზმისა და ყველას აზრის გათვალისწინების პირობებში - მისი ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა.
ეკონომისტები, საზოგადოებრივი არჩევანის სკოლიდან, ფიქრობენ, რომ დემოკრატია არის მექანიზმი, რომელიც გადაწყვეტილების მიღების პროცესის ეფექტიანობის ზრდას და დანახარჯების შემცირებას უზრუნველყოფს. წარმოვიდგინოთ 50-კომლიანი სოფელი, სადაც არაერთი ყოველდღიური გადაწყვეტილებაა მისაღები, მაგალითად - გზის შეკეთება. შესაძლებელია სოფლის მთავარი გზა ყველასთვის მნიშვნელოვანი იყოს, სხვა გზები კი მხოლოდ რამდენიმე ოჯახს ეხებოდეს. სოფლის თანხმობა ამ მარტივ საქმეზე ადვილი არ იქნება. საბოლოო გადაწყვეტილებას რამდენიმე გამოკითხვის მცდელობის შემდეგ მიიღებენ და, შესაბამისად, ძვირი დაჯდება. ადვილად წარმოსადგენია, რამდენად გართულდება კოლექტიური გადაწყვეტილების მიღება 5-მილიონიან საზოგადოებაში. კონსენსუსის მიღწევაზე საუბარი თეორიულადაც კი შეუძლებელია. ამიტომ გამოცდილებამ კაცობრიობას უკარნახა არჩევითი დემოკრატიის გამოყენება - ჯერ კერძო სექტორში და შემდეგ სახელმწიფოშიც.
ზემოაღწერილი სოფლის შემთხვევაში ადამიანს, რომელიც კენჭისყრით და არჩევითი ინსტიტუტის საშუალებით საკუთარი ინტერესის დაცვას ვერ უზრუნველყოფს, შეუძლია საცხოვრებელი ადგილი შეიცვალოს. მაგალითად, ისეთ სოფელში გადავიდეს, სადაც ცხოვრება უფრო იაფია და გადაწყვეტილებაზე მეტი გავლენა აქვს. დაახლოებით ასევე ხდება კერძო სექტორშიც - ნებისმიერ აქციონერს, ვინც ხედავს, რომ მისი ძალაუფლება სააქციო საზოგადოებაში მცირეა და ვეღარ ახდენს გავლენას მისი გაუმჯობესების მიზნით, შეუძლია აქციები გაყიდოს და გაერიდოს. ქვეყნის მასშტაბით დემოკრატიის პირობებში ასეთი მოქმედება ძალიან ძვირია, რადგან სხვა სახელმწიფოს ამომრჩევლად გახდომა, გარკვეულ სირთულეებს უკავშირდება
კერძო სექტორს, სახელმწიფოსგან განსხვავებით, გააჩნია ეფექტიანობის შეფასების უნივერსალური მექანიზმი - მოგება. დღევანდელ მსოფლიოში საჯარო სექტორს იმდენად დიდი ზომა აქვს და გავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე, რომ მისი არაეფექტიანობა ქვეყნის კონკურენტუნარიანობისათვის სერიოზულ ბარიერად შეიძლება იქცეს.
სამწუხაროდ, დემოკრატიის პრობლემები ამით არ თავდება. მისი ყველაზე მოკლე ჩამონათვალი ასეთია:
1. უმცირესობის აზრი არ არის წარმოდგენილი: არჩევნების ორივე ძირითადი სისტემა - პროპორციული და მაჟორიტარული, ხმების სრულყოფილად გამოყენების თვალსაზრისით სცოდავს. საარჩევნო სისტემის გართულება ამ პროცესს მხოლოდ აძვირებს.
2. პარლამენტი ზრდის ხარჯებს, ქმნის დეფიციტს და ვალებს. პარლამენტის წევრებს სურვილი აქვთ უფრო მეტი გააკეთონ საკუთარი ამომრჩევლებისათვის. ამიტომ მზად არიან ითანამშრომლონ ნებისმიერი სხვა ფრაქციის წევრებთან ხარჯების მხარდასაჭერად, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა ასეთი ხარჯების დასაფარი წყარო დღეს.
3. პარლამენტი იგონებს სახელმწიფოს ახალ ფუნქციებს (რეგულირება, რეგისტრაცია და ა.შ.). პარლამენტის წევრებს, როგორც წესი, ყველაზე მეტად შესტკივათ გული ხალხზე. ამიტომ ფიქრობენ, რომ ეკონომიკა აუცილებლად უნდა დაარეგულირონ. მარეგულირებლად და შემმოწმებლად, მათ პარტიის წევრები და მეგობრები უნდა დაასაქმონ, რადგან სხვას არ ენდობიან).
4. პარლამენტი ვაჭრობს რესურსებით და ძალაუფლებით. მე შენ მოგეხმარები, შენ მე მომეხმარე და მხარი დამიჭირე ჩემს პროექტში. შენს კაცს მე მივეხმარები, სანაცვლოდ - შენ მიეხმარე ჩემსას, შენს მოთხოვნას ლიცენზიის დაწესებისას მე გავითვალისწინებ და შენც დამიბრუნე შემდგომში „მხარდაჭერა“.
5. რესურსები არაეფექტიანადაა გამოყენებული და გაფლანგული - სხვისი გადახდილი გადასახადები ვის ადარდებს? „სად შეიძლება კიდევ ხიდის აშენება“ და არა „სად არის კიდევ ხიდი საჭირო“ (ჰენრი ჰაზლითი). პარლამენტი კოლექტიური ორგანოა და პასუხისმგებლობა გაფანტულია, კონკრეტული პასუხისმგებელი პირის მოძებნა იშვიათადაა შესაძლებელი.
6. დემოკრატია ციკლური სისტემაა და უკვე არჩეულ მთავრობას საკმაოდ მოკლე ვადა აქვს უფრო გრძელვადიან საქმეებზე საფიქრელად. ის უფრო შემდეგი არჩევნების მოგებაზეა კონცენტრირებული. მოკლევადიანი გადაწყვეტილებები არამხოლოდ სახელმწიფო სექტორისათვისაა ცუდი. უმრავლესი პროექტების/რეფორმების შედეგები პოლიტიკური ციკლის ვადაზე გვიან დგება. ეს სერიოზული მოქმედების მოტივაციას არ ტოვებს. ამგვარი მოკლევადიანი ქცევა ცუდ გავლენას ახდენს კერძო ინვესტორებზეც. ისინიც იძულებული არიან, საკუთარი მოქმედებები ამ ციკლის ტენდენციას დაუქვემდებარონ და შედეგებს დაელოდონ - მთლიანად სისტემა კი არასტაბილურია.
7. კორუფცია - რაც მეტია სახელმწიფოს ფუნქციები, ბიუროკრატიის უფლებები, მით მეტია კორუფციის საშიშროება.
8. ლობირება და ინტერესჯგუფები. ინტერესჯგუფები და ლობისტები მთავრობასთან ცდილობენ თანამშრომლობას, რადგან იგი ფულს და უფლებებს არიგებს, რომელიც თვითონვე წაართვა კერძო სექტორს/პირებს. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ასეთი მობილიზებული ჯგუფების მოქმედების გარეშე, კანონის მიღება რთულია - მხოლოდ მათი ყურადღება და კონცენტრაცია განაპირობებს კანონის მიღებას და გარკვეული ხარისხის უზრუნველყოფას. სარგებელი ლობირებისაგან (სუბსიდირებისაგან, სახელმწიფო მხარდაჭერისაგან) ვიწრო ჯგუფისაა, ხოლო დანახარჯი გაბნეულია მილიონებზე. ამ უკანასკნელთ მათი რესურსების განიავების გამო ბრძოლის დიდი მოტივაცია არ აქვთ.
9. ძალაუფლების გადამეტება - კანონებით მანიპულირება. სცადეთ საკუთარი ინტერესების დაყენება პარლამენტის დღის წესრიგში, მისი ხელმძღვანელობის და ადგილობრივი ბიუროკრატიის მხარდაჭერის გარეშე ეს ვერ მოხდება. ამავე დროს, პარლამენტის წევრთა უყურადღებობის პირობებში, წამყვანმა შესაძლებელია ისეთი საკითხი გააპაროს, რომლისთვის ხმა „არავის მიუცია“.
10. სახელმწიფო ინტერესები კერძო ინტერესების საწინააღმდეგოდ. პარლამენტს აქვს ტენდენცია, ხალხის სახელით და სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, ანგარიში არ გაუწიონ მოსახლეობის, ინდივიდების რეალურ ინტერესებს, რაც დემოკრატიის ლოგიკის საწინააღმდეგოა - „არავითარი გადასახადები წარმომადგენლობის გარეშე“ (ამერიკის რევოლუციის მოთხოვნა).
11. კერძო პასუხისმგებლობის გაუქმება და ჩანაცვლება. პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები მოსახლეობას უქმნის ილუზიას, რომ სხვა იხდის მის ნაცვლად და ყველაფერს უფასოდ იღებს (განსაკუთრებით დამატებულ ღირებულებაზე გადასახადის ქვეყნებში). მთავრობა აფინანსებს ჯანდაცვას, პენსიებს, განათლებას, ის ჩვენ ნაცვლად ფიქრობს, აზღვევს, აშენებს, აგროვებს.
12. არჩევნებში გამოყენებულია „ადმინისტრაციული რესურსი“. ელემენტარულად როგორ უნდა გამოარჩიო, მაგალითად, როდის ასრულებს პარლამენტის წევრი მოვალეობას და როდის გადავიდა ის აგიტაციაზე, არჩევნების დანიშვნის დღიდან. ხოლო ლობისტები არჩევნებში სწორედ იმას უჭერენ მხარს, ვინც მათ რესურსების ადვილად შოვნაში მიეხმარა ან სამომავლოდ ჰპირდება ამას.
ამის წამკითხველი, როგორც წესი, რამდენიმე საკითხს დაეთანხმება, იშვიათ შემთხვევაში - ყველაფერს, ზოგიც იფიქრებს, რომ ეს ჩვენთან არ ხდება. უმრავლესობა იტყვის - ეს კი ასეა, მაგრამ მხოლოდ პოლიტიკური ნების საკითხია ამ ყველაფრისაგან გათავისუფლება. უნდა გავაწბილო - ეს ყველაფერი დასავლური „სრულყოფილი“ დემოკრატიის ნიმუშებია, ასეთ მწვერვალებამდე ჩვენ ჯერ არ გავზრდილვართ. ეს ყველაფერი სწორედ დასავლურ წიგნებში და სტატიებში ამოვიკითხე. ვისაც არ სჯერა, გადახედოს ყოველდღიურ პრესას, მაგალითად - Financial Times, Wall Street Journal, The Economist. ასეთ ფაქტებს ბევრს იპოვით.
ახლა, მოდი, ისევ უკან დავბრუნდეთ. არის თუ არა ასეთი ცუდი სისტემის ალტერნატივა? ყველაზე ადვილია ზემოჩამოთვლილი არგუმენტები სხვა პოლიტიკურ სისტემას მოვარგოთ და გავაანალიზოთ, თუ როგორ იმუშავებდა ის. ცხადია, რომ კონკურენციის არქონა ერთმმართველს არამართებულ პრივილეგიას მისცემს და გაირყვნება, თუმცა იშვიათად თუ შერჩება ეს. სამაგიეროდ, ერთმმართველს ვადები არ ემუქრება და შეუძლია გრძელვადიან პროექტებზე იფიქროს (ეს ხსნის საბჭოთა სისტემის გარკვეულ წარმატებას).
ამის სანაცვლოდ, დასკვნა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების მამა-დამფუძნებლებმა 200 წლის წინ გამოიტანეს, უფრო მისაღები შეიძლება აღმოჩნდეს. მათ შესანიშნავად იცოდნენ დემოკრატიის მიდრეკილება საკუთარი ძალაუფლების გაზრდისაკენ პიროვნების თავისუფლების ხარჯზე. ამიტომ გადაწყვიტეს, რომ კონსტიტუციით შეექმნათ გარანტიები 1. პოლიტიკურ ძალთა კონკურენციისათვის და 2. ხელისუფლების შეზღუდვისათვის. სწორედ ასეთი გარანტიების არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია იფიქრო, რომ პოლიტიკოსებს ძალაუფლების გადაჭარბება და ბოროტად გამოყენება გაუძნელდებათ (ამის განმარტებისათვის მოვიტან ჩემი ამერიკელი მეგობრის მონაყოლს, როგორ დაკარგეს ერაყულ კამპანიაში 20 მილიონი დოლარი და ვერ დადგინდა სად გაქრა - ორივე ამერიკული პარტიის და მთელი სახელმწიფო აპარატის მონდომების მიუხედავად. დასკვნა ასეთი იყო - რაც მეტი ფული აქვს მთავრობას, მით უფრო ძნელია მისი ხარჯვისა და მოქმედების კონტროლი).
ამ კონტექსტში, საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების აქტი, აშკარად წინგადადგმული ნაბიჯია. ამ აქტმა მთავრობას ბევრი ფული ხარჯვის სურვილი შეუზღუდა. საჭიროდ მიმაჩნია მისი კიდევ უფრო დახვეწა და გამკაცრება. ასევე, საჭიროა მონეტარული სისტემის პოლიტიკური კონტროლის გაუქმება და ამ სფეროში თავისუფალი საბაზრო მექანიზმების შემოტანა. აუცილებელია სახელმწიფოს მარეგულირებელი ფუნქციის მკვეთრად, კონსტიტუციურად ლიმიტირება.
მკითხველმა-ამომრჩეველმა, შესაძლოა, სერიოზული ყურადღება ვერ გამოიჩინოს ამ საკითხებისადმი, როდესაც ხმის მიცემის დრო დაუდგება - როგორ უნდა გაარკვიო, რომელი კანდიდატი არის მზად უარი თქვას დემოკრატიის მორთმეულ პრივილეგიებზე. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მხოლოდ ინსტიტუციური მოწყობის იმედზე ვყოფილვართ, რაც გვიბიძგებს, მთავრობის შეზღუდვის, რაც შეიძლება, მკაცრი ფორმები გამოვიყენოთ. თუ გადაწყვეტილების მიღების გაიაფება ვერ ხერხდება, იმ რესურსის შემცირება მაინც მოხდება, რომელიც ასეთი გადაწყვეტილებით უნდა გადანაწილდეს. ეს ყველაფერი განსაკუთრებით ახალი დემოკრატიებისათვისაა მნიშვნელოვანი. მათ არ აქვთ დემოკრატიის დადებითი მხარის გამოყენების გამოცდილება.
დაბოლოს, კითხვას ასეთს დავუსვამ მკითხველს: თუ არა მთავრობის მკვეთრად შეზღუდვა, რომელი პარტია და პოლიტიკოსი იცით, ვინც ყველა ამ ცდუნებას გაუძლებს?
![]() |
11 20 წელი ნამგლის და უროს გარეშე |
▲ზევით დაბრუნება |
ფოკუსი
გიორგი კანდელაკი
დღევანდელი გადასახედიდან, 20 წლის წინ საბჭოთა კავშირის დაშლა სრულიად კანონზომიერ, ლოგიკურ და გარდაუვალ მოვლენად გვეჩვენება. მაგრამ ამ მოვლენამდე ერთი წლით ადრეც კი იმპერიის დასასრულზე (ისიც მშვიდობიანზე) საუბარი უტოპიურად ჟღერდა. მეტიც, დასავლეთის ლიდერების უმრავლესობა საბჭოთა კავშირის შენარჩუნებას ცდას არ აკლებდა. 1991 წელს კიევში ჩასულმა პრეზიდენტმა ბუშმა უფროსმა, კიევური კატლეტის სახელით ცნობილ თავის გამოსვლაში, დამოუკიდებლობას მოწყურებულ უკრაინელებს სსრკ-ს შენარჩუნებისკენ მოუწოდა.
დასავლურ დისკურსში ეს უხერხული გამოსვლა თითქმის დავიწყებას მიეცა. ცოტა ვინმეს თუ ახსოვს ისიც, რომ რამდენიმე საბჭოთა რესპუბლიკაში, მათ შორის საქართველოსა და ბალტიის ქვეყნებში, უკვე 1990 წელს დამოუკიდებლობის მომხრე ძალები მოვიდნენ ხელისუფლებაში. ამ დროს ჯერ კიდევ არსებობდა საბჭოთა კავშირი მთელი თავისი რესურსებით, ხელისუფლების ორგანოებით, სპეცსამსახურებისა თუ სამხედრო ინფრასტრუქტურით იმპერიის ტერიტორიაზე.
ერთი რამ ცხადია: მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა რესპუბლიკების ეროვნულ-განმათავისუფლებელმა მოძრაობებმა (რა თქმა უნდა, ზოგმა მეტად და ზოგმაც ნაკლებად) იმპერიის გარდაცვალება დააჩქარა, დამოუკიდებლობას რესპუბლიკების უმრავლესობა სრულიად მოუმზადებელი შეხვდა. არ იქნება გადაჭარბებული იმის მტკიცება, რომ საქართველოს საზოგადოება ამ პასუხისმგებლობისთვის მოუმზადებლობის ერთ-ერთი ყველაზე კარგი მაგალითია. იმ დროისათვის ქართულ პოლიტიკაში აქტიური ადამიანები, როგორც საშინაო, ასევე საგარეო ასპარეზზე, საუკეთესო შემთხვევაში მიამიტები და მოუმწიფებლები, უარეს შემთხვევაში კი იმპერიის სპეცსამსახურების ინტერესების გამტარებლები აღმოჩნდნენ. იმ გადამწყვეტ მომენტში პოლიტიკური აზრთა სხვადასხვაობის სისხლიან დაპირისპირებაში გადაზრდას მხოლოდ მცირე ხელის შეწყობა სჭირდებოდა. ეს კი სიკვდილის პირას მყოფი იმპერიისთვის დიდ სიძნელეს არ წარმოადგენდა. შედეგად მივიღეთ სამოქალაქო ომი და ყველა ის კატაკლიზმი, რომელთა შედეგები ჯერაც აფერხებს ჩვენს განვითარებას.
ამავე დროს, არც სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების პოლიტიკური განვითარება ყოფილა დალხენილი. პოსტსაბჭოთა საქართველოსთვის კარგად ნაცნობი კორუფციის, კლიენტელიზმის, კლანურობისა და ავტორიტარიზმის აღზევების გარდა, ფაქტობრივად არცერთ რესპუბლიკაში არ მომხდარა პოლიტიკური კონკურენციის ფორმალური და არაფორმალური წესების მკაფიო ჩამოყალიბება. მეტიც, თავდაპირველი წინსვლის შემდეგ, ბევრგან დემოკრატიის უკანდახევა იყო შესამჩნევი.
თბილისი, 1990 წელი
ფოტო: გოგი ცაგარელი
როგორც სახელმწიფოებრივი, ასევე დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით გამონაკლისი მხოლოდ ბალტიის ქვეყნები აღმოჩნდნენ, რომელთაც რამდენიმე უპირატესობა გააჩნდათ. ჯერ ერთი, ლიტვამ, ლატვიამ და ესტონეთმა, 1990-იანი წლების დასაწყისში მთელ ევროპაში თავბრუდამხვევი სისწრაფით მიმდინარე პროცესების მიუხედავად, დასავლეთის მხრიდან მეტი ყურადღების მიქცევა შეძლეს. ამაში პირველ და მეორე მსოფლიო ომებს შორის სახელმწიფოების ქონა და ამ სახელმწიფოების ევროპის ისტორიულ მეხსიერებაში ასახვა დაეხმარათ. გარდა ამისა, მოდერნული სახელმწიფოს ქონამ, თუნდაც 20 წლის განმავლობაში, ამ ქვეყნებს მოქალაქეთა სახელმწიფო ინსტიტუტების საშუალებით სოციალიზაციის შესაძლებლობა მისცა. ამის გამო, 1990-იან წლებში, დამოუკიდებლობას ისინი უკვე თითქმის ბოლომდე ფორმირებული თანამედროვე ერებით შეხვდნენ. მოდერნული სახელმწიფოს გაგება და მასთან იდენტიფიკაცია მოქალაქეებში შეუდარებლად უფრო მაღალ დონეზე იდგა, ვიდრე ეს ჩვენს შემთხვევაში მოხდა - მოკლე სიცოცხლის გამო საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ეს ვერ შეძლო. 1921 წელს დემოკრატიული საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ელიტის თითქმის სრულმა განადგურებამ კი ქვეყანას მოდერნული სახელმწიფოს გაგების მატარებელი ხალხი მთლიანად წაართვა. ერთი სიტყვით, მიუხედავად იმისა, რომ სამართლებრივად საქართველოს დამოუკიდებლობის არანაკლები ლეგიტიმაცია გააჩნდა, დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე ჩვენში თანამედროვე სახელმწიფოს ქონის პასუხისმგებლობა, პოლიტიკით დაკავებულ ადამიანებში პრაქტიკულად არ არსებობდა.
ბორის ელცინი მიტინგზე თეთრი სახლის წინ. მოსკოვი, 1991
მიღებული აზრია, რომ არადემოკრატიული წყობილებიდან გამოსულ ქვეყნებში, რომელთაც ეფექტიანად მომუშავე დემოკრატიული პოლიტიკური სისტემის აშენება სურთ, დემოკრატიული ტრანზიცია ვერ ჩაითვლება დასრულებულად, ანაც შეუქცევადად, თუკი არ მოხდება ე.წ. დემოკრატიული კონსოლიდაცია. ყველაზე გავრცელებული განმარტებით, დემოკრატიული კონსოლიდაცია ისეთი მდგომარეობაა, როცა პოლიტიკური ცხოვრების ძირითადი და არამარგინალური მოთამაშეები, ერთმნიშვნელოვნად თანხმდებიან პოლიტიკური კონკურენციის როგორც დაწერილ, ასევე დაუწერელ წესებსა და ნორმებზე. დემოკრატიის თანამედროვე თეორეტიკოსები მიიჩნევენ, რომ რაც უფრო გაჭიანურდება დემოკრატიული კონსოლიდაცია, მით მეტი შანსი იქნება ე.წ. დემოკრატიული უკანდახევისათვის.
ჩვენს რეალობაში დემოკრატიული კონსოლიდაციისკენ სწრაფვა მჭიდროდაა გადაჯაჭვული სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობასთან და ზოგადად პოლიტიკურ მოდერნიზაციასთან. ამ მისწრაფებების უნიკალურობა კი ისაა, რომ ყოველ მათგანს მეზობელი რუსეთი არასასურველად მიიჩნევს. კრემლის მმართველი წრეები საქართველოს წარმატებული სახელმწიფოებრიობის პროექტს მტრული თვალით უყურებდნენ როგორც 1918-21 წლებში, ისე დღესაც.
მაშ, რა არის დემოკრატიული კონსოლიდაციის ძირითადი შემაფერხებელი ფაქტორები? ახალი დემოკრატიების ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისება ე.წ. ანტისისტემური აქტორების არსებობაა. კლასიკური გაგებით, ეს ისეთი აქტორებია, რომლებიც იყენებენ დემოკრატიულ რიტორიკას და „დემოკრატულობის საფარველში“ გახვეულებს არადემოკრატიული მიზნები და ფასეულობები ამოძრავებთ. დემოკრატიული საზოგადოების მონაწილეობითი მექანიზმებისა და მეთოდების გამოყენებით მათ შეუძლიათ ხელისუფლებაშიც მოვიდნენ, გაამყარონ ძალაუფლება და შექმნან ე.წ. მართული დემოკრატია. ანტისისტემურ პოლიტიკურ აქტორებს დემოკრატიის ცნობილი თეორეტიკოსი ივან კრასტევი „დემოკრატიის ორეულებს“ უწოდებს. ამგვარი „ორეულების“ ხელისუფლებაში მოსვლის გზით დემოკრატიის „ვარდნის“ გამოკვეთილ მაგალითებად რუსეთი და ვენესუელა მიიჩნევა. ეს მაგალითები, მეორე ცნობილი მკვლევრის, ფარიდ ზაქარიას აზრით, დემოკრატიული კონსოლიდაციის მიღწევამდე, დემოკრატიული განვითარების ნებისმიერი მცდელობის მოწყვლადობაზე მიუთითებს.
„ბალტიის გზის” მონაწილეები. რიგა, 1989 წელი
ვარდების რევოლუციამ საქართველოს დაუბრუნა შანსი დაბრუნებოდა თავის ბუნებრივ მისწრაფებას: დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობასა და თანამედროვე ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებისკენ სწრაფვას, რაც ჩვენს რეალობაში მჭიდროდაა გადაჯაჭვული.
მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ არ მომხდარა დემოკრატიული კონსოლიდაცია. ისევე, როგორც ყველა ახალგაზრდა არაკონსოლიდირებულ დემოკრატიაში, ამგვარი ორეულების ერთმნიშვნელოვნად ამოცნობა საქართველოში ძალიან ძნელია. მიუხედავად ამისა, 2003 წლის შემდეგ მომსწრენი გავხდით, სულ მცირე, ორი შემთხვევისა, როცა „ანტისისტემური აქტორების” მხრიდან გამოვლინდა ძალაუფლებისკენ „უკანა კარით” შეღწევის მცდელობა - 2007 და 2009 წლებში. რა თქმა უნდა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ოპოზიციურ ველში მოღვაწე პარტიების უმრავლესობა ანტისისტემურია. ბევრი პრობლემის მიუხედავად, ცხადია, რომ განსაკუთრებით 2008 წლის შემდეგ, დღეს პარტიები უფრო ჩამოყალიბებულ და პროგრამებზე ორიენტირებულ ინსტიტუტებად იქცნენ, ვიდრე ოდესმე - 1991 წლის შემდეგ. თუ ჩავთვლით, რომ თანამედროვე პარტიების ინსტიტუციური განვითარება დემოკრატიული კონსოლიდაციის აუცილებელი პირობაა, მაშინ პოლიტიკურ სცენაზე უზარმაზარი კაპიტალის მქონე აქტორის გამოჩენა (თანაც ამ კაპიტალის იმ ქვეყანაში აკუმულირებით, რომლისთვისაც საქართველოს დემოკრატიული და სახელმწიფოებრივი განვითარება მიუღებელია) დემოკრატიულ კონსოლიდაციას გვაშორებს.
ერთი სიტყვით, მიუხედავად მრავალგვარი პრობლემებისა, საბჭოთა იმპერიის უღლიდან გათავისუფლებულ ქვეყნებს შორის (ბალტიის ქვეყნების გამოკლებით) საქართველო ერთადერთია, რომელიც ინარჩუნებს როგორც ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის აქტიურ პოლიტიკას, ასევე ფორხილით, მაგრამ მაინც უახლოვდება დემოკრატიულ კონსოლიდაციას. ამ ერთადერთობის გამო, საქართველოს გააჩნია პასუხისმგებლობა, მოთმინებით გააგრძელოს დემოკრატიული კონსოლიდაციისკენ სწრაფვა, რაც, როგორც აღინიშნა, ვერ განცალკევდება პოლიტიკური მოდერნიზაციისა და ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციისგან. საქართველოს დემოკრატიულ სახელმწიფოდ საბოლოო შედგომა იქნება ოცი წლის წინ დაშლილი იმპერიის საბოლოო და შეუქცევადი დასამარება, რაც მისი ნებისმიერი ფორმით რეინკარნაციის შეუძლებლობას ნათლად დაანახებს წარსულზე მეოცნებე ჩეკისტებს.
![]() |
12 ისლამისტები ისლამისტების წინააღმდეგ |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო
ირაკლი გუნია
ფოტო: REUTERS ©
ეგვიპტის არჩევნების მოულოდნელმა შედეგებმა მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო. პირველ რაუნდში ამომრჩეველთა თითქმის მეოთხედმა ულტრაორთოდოქსულ პარტია ალ-ნურს მისცა ხმა. მათი ძირითადი მხარდამჭერები ეგვიპტის გაუნათლებელი მოსახლეობა და რადიკალი მუსლიმები (სალაფიტები) არიან. ისინი გენდერულ სეგრეგაციას მიესალმებიან და ქვეყნის მოდელად საუდის არაბეთს მიიჩნევენ.
სამეტაპიანი საარჩევნო პროცესის პირველ რაუნდში, 40%25-ით, ზომიერმა ისლამისტებმა, მუსლიმური საძმოს თავისუფლებისა და სამართლიანობის პარტიამ გაიმარჯვა. ალ-ნურის შემდეგ მესამე ადგილზე ეგვიპტური ბლოკია, რომელიც ორ ყველაზე ძლიერ ლიბერალურ პარტიას - სოციალ-დემოკრატებს და თავისუფალ ეგვიპტეს - აერთიანებს. ხმების 10%25 მიიღო სეკულარულმა ვაფდის პარტიამ. 15 დეკემბერს გამართული არჩევნების მეორე რაუნდი პარლამენტის ქვედა სახლის, 478-ადგილიანი ხალხის ასამბლეის 180 ადგილს გაარკვევს. არჩევნები საბოლოოდ იანვრის დასაწყისში დასრულდება და სრულიად ეგვიპტეს მოიცავს. უმრავლესობით მოსვლა ისლამისტებს ახალი კონსტიტუციის განსაზღვრაში მთავარ როლს მიაკუთვნებს. მუსლიმური საძმოს წარმომადგენელთა განცხადებით, ისინი მთავრობას ლიბერალებთან ალიანსით შექმნიან.
მუსლიმურ საძმოს ოპოზიციაში ყოფნის 80-წლიანი გამოცდილება აქვს, მაშინ როდესაც ულტრაკონსერვატორული ალ-ნური რამდენიმე თვის წინაა წარმოქმნილი. მუსლიმური საძმოს პარტიის პროგრამა სოციალურ კონსერვატიზმზე და რელიგიაზეა დაფუძნებული, ძირითადი ყურადღება ეკონომიკურ განვითარებასა და პოლიტიკურ რეფორმას ეთმობა. საძმოს უმთავრესი სოციალური საყრდენი განათლებული საშუალო კლასია. მათ შეცვალეს საძმოს ძველი დევიზი „ისლამი ხსნაა“ ნაკლებად რელიგიური სლოგანით „ავაშენოთ ეგვიპტე ერთად“.
მუსლიმური საძმოს მკვეთრად ისლამისტური რიტორიკა ულტრაორთოდოქსულმა ალ-ნურმა გადაიბარა. ამ პარტიის მამაკაცი წარმომადგენლები გრძელი წვერით გამოირჩევიან და ღია სანდლებით დადიან, ქალები კი აუცილებლად ნიქაბს ატარებენ, საიდანაც მხოლოდ თვალები ჩანს. ისინი ცდილობენ იცხოვრონ წინასწარმეტყველ მუჰამედის თანამგზავრთა მსგავსად, რომლებსაც სალაფიტებს უწოდებდნენ. 1972 წლიდან მოყოლებული მათ 77 მეჩეთი ააშენეს. მათი საქველმოქმედო ორგანიზაციები მუსლიმური საძმოს ქსელს უპირისპირდებოდა. ალ-ნურის წევრების საქველმოქმედო საქმიანობაში შედის: დახმარება ღარიბების, ქვრივების, განქორწინებულების მიმართ, აგრეთვე დიდი რაოდენობით რელიგიური ინსტრუქცია. ისინი ასწავლიან, რომ რელიგიასა და პოლიტიკას შორის განსხვავება არაა. ხელისუფლების მოსვლის შემთხვევაში, სალაფიტების დაპირებით ბანკები გახდება ისლამური, სასკოლო პროგრამაში ყურანს უმთავრესი ადგილი დაეთმობა, ხოლო მმართველობა ყველა საკითხში ისლამურ სამართალზე იქნება დაფუძნებული. ერთი გავლენიანი შეიხის თქმით, დემოკრატია ცოდვაა, რადგან ის ადამიანების და არა ღმერთის მმართველობაა. სხვა კლერიკალმა გამოაცხადა, რომ ნობელის პრემიის ლაურეატი, მწერალი ნაჯიბ მაჰფუზი ათეიზმსა და პროსტიტუციას უწყობდა ხელს. მათი კოლეგები, ფარაონთა სახეების ცვილით დაფარვის მოთხოვნითაც გამოდიან. 2011 წლის დასაწყისში რევოლუციის დროს ულტრაორთოდოქსი შეიხები თავიანთ მიმდევრებს ქუჩის დემონსტრაციებში მონაწილეობას უკრძალავდნენ. დღეს, მათი თქმით, ქვეყნის მომავლის განსაზღვრაში უნდა მიიღონ მონაწილეობა. გავრცელებული ინფორმაციით, პარტიას სპარსეთის ყურიდან (ყატარი, ქუვეითი) რელიგიური კონსერვატორები აფინანსებენ.
ეგვიპტის არჩევნები ისრაელში „წარღვნად“ და „ცუნამად“ მონათლეს, თავდაცვის მინისტრმა ეჰუდ ბარაკმა მას „ძალიან შემაშფოთებელი“ უწოდა. რევოლუციის შემდეგ ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობები დაძაბული რჩება. აგვისტოში ეგვიპტელი პროტესტანტები ისრაელის საელჩოს თავს დაესხნენ, რის შემდეგაც ისრაელმა საელჩო დახურა. ისრაელის სამხედროები უკვე ზრუნავენ საზღვრების გამაგრებაზე. მათ დააჩქარეს 240-კილომეტრიან საზღვარზე ვრცელი ბეტონის კედლის მშენებლობა და საპატრულოდ კიდევ ერთი ბრიგადა გაამწესეს. სინაის ნახევარკუნძულთან უპილოტო თვითმფრინავებია მობილიზებული.
მუსლიმური საძმოს მხრიდან პრაგმატული განცხადებები ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა. მათმა წარმომადგენელმა, მუჰამედ სალემ ავამ, ისრაელის საელჩოზე თავდასხმა დაგმო.
ეგვიპტის ახალ პოლიტიკურ გარემოში რელიგია გადამწყვეტი ფაქტორი კიდევ დიდი ხნის განმავლობაში იქნება. ამჟამად მოსახლეობას არჩევანის გაკეთება სამხედროებსა და ისლამისტებს შორის უხდება.
![]() |
13 ფიქრები სტოკჰოლმიდან |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო
პერ ეკლუნდი
ევროკავშირის ელჩი საქართველოში 2006-2010 წლებში
კვლავ არ თოვს, გაზეთები და სატელევიზიო არხები კი შვედეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ანალიზით არიან დაკავებულნი. ეს პარტია შვედეთის პოლიტიკურ სცენაზე ათწლეულების განმავლობაში დომინირებდა და 35 წელი უწყვეტად იყო ხელისუფლებაში, მაგრამ ახლა მმართველობით და იდეოლოგიურ კრიზისს განიცდის. წევრების რაოდენობით, ის კვლავ ყველაზე მრავალრიცხოვანი პარტიაა, თუმცა მისმა ამომრჩეველთა მხარდაჭერამ ახლახან 30%25-ით იკლო და პარტიამ 50%25-იანი ხმათა რაოდენობით კოალიციურ მთავრობაში ამოყო თავი.
რა შეეშალათ? ზოგი სიახლის მოწინააღმდეგე ტრადიციული სოციალ-დემოკრატის თქმით, ყველაფერი რიგზეა; უბრალოდ, ხალხამდე გზავნილის მიტანა ვერ შეძლეს, რაც იმას გულისხმობს, რომ ხალხი ვერ ხვდება, რა ჯობია მათთვის. სხვებმა სულის სიღრმეებში დაიწყეს ძიება და სიტუაციის გასაანალიზებლად და პარტიის ახალი პროგრამის შესამუშავებლად კომიტეტები შექმნეს. ამჟამინდელმა მთავრობამ გადასახადები დაწია და სხვადასხვა სოციალურ სფეროში, როგორიც ჯანდაცვა, მოხუცებზე ზრუნვა და განათლებაა, სახელმწიფოს მონაწილეობა შეზღუდა. ისეთი საზოგადოებისაკენ დასაბრუნებელი გზა, რომელშიც ადამიანზე ჩანასახიდან გარდაცვალებამდე ზრუნავდნენ, მოჭრილია და როგორც ყოფილმა სოციალ-დემოკრატმა ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, ხალხი დაბალი გადასახადების და არჩევანის თავისუფლების ამ ახალ რეალობას შეეგუა.
კითხვაზე, რა შეეშალათ, პასუხის გაცემაში, ბიზნესის სამყაროსთან პარალელების გავლება დაგვეხმარება. მსოფლიოს ერთ-ერთმა გურუმ მენეჯმენტში, ჯიმ კოლინზმა, ბევრი წიგნი დაწერა იმაზე, თუ რას ემყარება ხანგრძლივი წარმატება ბიზნესში. მის ბოლო წიგნში, „ძლევამოსილთა კრახი“ (How the Mighty Fall), გაანალიზებულია ის მექანიზმები, რომლებიც ძლიერი კომპანიის დაღმასვლას იწვევს. ანალიზი და დასკვნები, ალბათ, პოლიტიკური პარტიების შემთხვევაშიც გამოდგება...
ბიზნესის დაღმასვლის (და, ალბათ, პოლიტიკური პარტიისაც) ხუთი ფაზა არსებობს. პირველი ფაზა მოჭარბებული სიამაყეა. კომპანიას წარმატება გარანტირებული ჰგონია, ხოლო მიდგომა სწორი. ის ხედვები და იდეები, რამაც დომინირებულ მდგომარეობამდე მიიყვანა, თითქმის დავიწყებულია. ამას მეორე ფაზამდე - მეტის მოპოვების ჟინი - მიჰყავს. კომპანიას სურს, გახდეს უფრო დიდი, მეტად პატივდებული და აღიარებული, უფრო გაბატონებული. სხვა კომპანიების შესყიდვით, ფოკუსი ბუნდოვანდება ან იკარგება, ბიზნესის მთავარი მიზანი უგულებელყოფილია.
მესამე ფაზაში განგაშის ზარები იწყებს რეკას, თუმცა კომპანია მათაც უგულებელყოფს უარყოფის ან ახსნა-განმარტებების მეშვეობით. პრობლემებს დროებითად მიიჩნევს, ცუდ ამბებს ისხლეტს, კარგ ამბებს კი აბუქებს.
ვინც ამ სქემას თავს ვერ აღწევს და რეალობას თვალს ვერ უსწორებს, მალე მეოთხე ფაზაში ამოყოფს თავს - გადარჩენის გზებზე ფიქრის, ახალი სტრატეგიით პრობლემების სწრაფად მოგვარებაზე ოცნების, ახალი და ქარიზმატული ლიდერის ძიების ფაზაში. ამ ფაზამ შეიძლება დროებითი შვება მოიტანოს, თუმცა უფრო კაპიტულაციასა და უსარგებლობაში გადადის.
შვედეთის სოციალ-დემოკრატიული პარტია ახლა მეოთხე ფაზაშია და მომავალ სტრატეგიასა და ამომრჩეველთა ნდობის აღდგენის გზებს კვლავ სიბნელეში ხელის ცეცებით ცდილობს.
როგორც ჯიმ კოლინზი ასკვნის, ყოველთვის შეიძლება ფეხზე ისევ დადგომა და მდგომარეობის გამოსწორება, თუმცა ამისათვის მკაცრი დისციპლინა და ხელმძღვანელობაა საჭირო. „ძლევამოსილთა კრახი“ ის წიგნია, რომლის წაკითხვაც ბიზნეს და პოლიტიკურ ლიდერებს ერთნაირად არგებს. მასში გადმოცემული სიბრძნის გამოყენება ორივე სფეროში შეიძლება.
![]() |
14 18-თვიანი კრიზისი დასრულდა - ბელგიას ახალი მთავრობა ჰყავს |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო
ნატო მუჯირიშვილი
541-დღიანი პოლიტიკური კრიზისის შემდეგ ბელგიას ახალი მთავრობა ეყოლება. 5 დეკემბერს ბელგიის მეფემ, ალბერტ მეორემ ბელგიის პრემიერ-მინისტრად 60 წლის პოლიტიკოსი, სოციალისტური პარტიის ლიდერი ელიო დი რუპო დაასახელა. ბოლო პერიოდამდე 18 თვის განმავლობაში ბელგიას დროებითი მთავრობა ხელმძღვანელობდა. მოლაპარაკებები ჩიხში იყო შესული. ვითარების განმუხტვა ევროკრიზისმა განაპირობა, რომელიც ევროპის ქვეყნებში რამდენიმე მთავრობის შეცვლის მიზეზი უკვე გახდა.
სოციალისტური პარტიის ლიდერი ელიო დი რუპო
აღსანიშნავია, რომ ბოლო 40 წლის მანძილზე ელიო დი რუპო პირველი ფრანგულენოვანი პრემიერ-მინისტრია. ის უხელმძღვანელებს სოციალისტების, ლიბერალებისა და ქრისტიან დემოკრატების კოალიციურ მთავრობას. ამასთან, თითოეული პარტია ვალონური და ფლანდრიული ფრთის წარმომადგენლებად იყოფა.
ბელგიის მეფე ალბერტ მეორე
ბოლო პოლიტიკური კრიზისი ბელგიაში გასული წლის ივნისში დაიწყო. ამის მიზეზი, ორ განსხვავებულ ეთნიკურ ჯგუფს შორის დაპირისპირება გახდა. ფლანდრიელები, რომლებიც ბელგიის ჰოლანდიურენოვან მოსახლეობას წარმოადგენენ და ძირითადად ქვეყნის ჩრდილოეთით ცხოვრობენ, მოსახლეობის 60%25-ს შეადგენენ. ხოლო სამხრეთში მცხოვრები ფრანგულენოვანი ვალონები დანარჩენ 40%25-ს. მოსახლეობას შორის ენობრივი სხვაობა ამჟამინდელი მმართველობის სისტემის სირთულის მიზეზიც არის.
კრიზისი დასრულებულია. დაპირისპირება ბელგიის ორ ყველაზე დიდ რეგიონს შორის მაშინვე შეწყდა, როგორც კი ქვეყანას ევროკრიზისი შეეხო. უკანასკნელ პერიოდამდე მოლაპარაკებები გრძელდებოდა 2012 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით, რაზეც პარტიები შეთანხმებას ვერ აღწევდნენ. რამდენიმე დღის წინ ბელგიის საკრედიტო რეიტინგი დაეცა და ვითარება შეიცვალა. სარეიტინგო სააგენტოს თქმით, ეს ხელისუფლების არაადეკვატური ქმედებების ბრალი იყო. ევროკრიზისმა აიძულა ბელგიელი პოლიტიკოსები, შეთანხმებისთვის მიეღწიათ. შედეგად, წელიწად-ნახევრის განმავლობაში მიმდინარე უშედეგო მოლაპარაკებები დასრულდა. 6 პოლიტიკური პარტია ახალი კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე შეთანხმდა.
ევროპის კომისიამ უკვე გააფრთხილა ბელგია: თუ ფინანსურ საკითხში ქვეყანა ვალდებულებებს არ შეასრულებს, ევროპის მხრიდან სანქციები დაემუქრება. სოციალური ხარჯების და გადასახადების განსაზღვრამ გამოათავისუფლა 11 მილიარდი ევრო, რომელიც შემდეგი წლის ბიუჯეტში დეფიციტს მშპ-ის 2.8%25-მდე შეამცირებს. გარდა ამისა, მთავრობის მიზანია 2015 წლის ბიუჯეტის ბალანსირებაც მოახდინოს, რაც ევროკავშირის პირდაპირი მოთხოვნაა. კოალიციურმა მთავრობამ უკვე შეათანხმა ის აუცილებელი ეკონომიკური ღონისძიებები, რაც 2015 წლის ბიუჯეტის ბალანსირებისთვისაა აუცილებელი.
ევროკავშირის მხრიდან ამას დადებითი შეფასება მოჰყვა. მათ განაცხადეს, რომ უახლოეს მომავალში ევროკომისიის წარმომადგენლები გადახედავენ ახალი ბიუჯეტის ტექსტს და განსაზღვრავენ, მართლაც შეესაბამება თუ არა ის ევროპის მოთხოვნებს.
ბელგიაში არსებული ვითარება მდიდარ ჩრდილოეთსა და შედარებით ღარიბ სამხრეთს შორის ევროზონის მდგომარეობის მსგავსია. უფრო მდიდარი ჩრდილოეთის ქვეყნები დაიღალნენ ისეთი ქვეყნების სუბსიდირებით, როგორიც საბერძნეთი და იტალიაა. ბელგიის საბიუჯეტო გადასახადებში ლომის წილი სწორედ ჩრდილოეთის ფლანდრიული მოსახლეობისგან შემოდის. შესაბამისად, ფლანდრიელები უფრო მეტად მემარჯვენე ძალებს, ხოლო ვალონები სოციალისტურ პოლიტიკურ პარტიებს ემხრობიან.
![]() |
15 მეხუთე ხელისუფლების აისი რუსულ პოლიტიკაში |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო
ხათუნა მშვიდობაძე
საქართველოს უსაფრთხოების ანალიტიკური ცენტრის წამყვანი მკვლევარი და პოტომაკის პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის მკვლევარი
მრავალრიცხოვანი დარღვევების ფონზე გამართულმა 4 დეკემბრის რუსეთის სათათბიროს არჩევნებმა მასშტაბური სახალხო მღელვარება გამოიწვია. საპროტესტო აქციების მსვლელობისას უამრავი აქტივისტი დააკავეს. დაკავებულთა შორის აღმოჩნდნენ აქციის ორგანიზატორები, ცნობილი ბლოგერი ალექსეი ნავალნი და მოძრაობა Солидарность-ის ერთ-ერთი ლიდერი ილია იაშინი.
ოფიციალური მონაცემებით, პუტინის Единая Россия-მ ხმათა 50%25-ზე ცოტათი ნაკლები მიიღო. 2007 წლის არჩევნებთან შედარებით, ეს გაცილებით დაბალი მაჩვენებელია, რადგანაც წინა საპარლამენტო არჩევნებში პარტიას 64%25 ერგო. 450-კაციან პარლამენტში Единая Россия-მ 238 მანდატი მიიღო, 77-ით ნაკლები, ვიდრე წინა მოწვევის პარლამენტში. აღსანიშნავია ისიც, რომ ოფიციალურ შედეგთან შედარებით, ეგზიტპოლები გაცილებით დაბალ მაჩვენებელს პროგნოზირებდნენ.
„მათ გააყალბეს, მაგრამ ეს გაყალბება ბოტოქსით გაახალგაზრდავების უშედეგო მცდელობა იყო“, - განაცხადა ამჟამად პატიმრობაში მყოფმა ბლოგერმა და არსებული რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლმა აქტივისტმა ალექსეი ნავალნიმ, რომელმაც ჯერ კიდევ არჩევნებამდე დიდი ხნით ადრე, პუტინის პარტიას საჯაროდ ქურდებისა და თაღლითების პარტია უწოდა.
როგორც მოსალოდნელი იყო, ხელისუფლების ჰაკერთა სარეზერვო ძალებმა და კიბერკრიმინალების არარეგულარულმა არმიამ მომსახურებაზე განაწილებული უარით იერიშით (DDoS - distributed-denial-of-service attacks) თავდასხმა განახორციელეს, როგორც სოციალურ ქსელებზე, ბლოგგვერდებზე, ასევე სხვადასხვა ოპოზიციურად განწყობილი მედიასაშუალებების საიტებზე. სოციალური ქსელი LiveJournal-ი, ახალი ამბების პორტალი slon.ru, Zaks.ru, News Times, გაზეთი Kommersant-ი, ჟურნალი Большой Город-ი და რადიოსადგურ Эхо Москвы-ს ვებგვერდები მასიური კიბერთავდასხმების მსხვერპლი გახდა.
ბლოგერი ალექსეი ნავალნი დააპატიმრეს
Эхо Москвы-ს ჟურნალისტმა მატვეი განაპოლსკიმ ამ ფაქტთან დაკავშირებით, Twitter-ზე თავის მიმდევრებს შემდეგი ტექსტით მიმართა: „გაუგზავნეთ მოთხოვნა კონსტიტუციის გარანტორს (მედვედევს) Twitter-ზე, Facebook-ზე და ელექტრონული ფოსტის მისამართზე, რომ ჩვენმა საიტმა განაგრძოს ფუნქციონირება. ერთხელ მაინც, თავის სიცოცხლეში, გამოიყენოს თავისი iPhone-ი სათანადოდ. იქნებ დაურეკოს და უბრძანოს ფედერალური უსაფრთხოების სამსახურს, რომ შეაჩერონ ეს სიგიჟე“.
მასიური ჰაკერული თავდასხმების მსხვერპლი გახდა ასევე პუტინის მიერ იუდად შერაცხული არასამთავრობო ორგანიზაცია Голос-ი. არჩევნების დღეს DDoS თავდასხმამ ჩამოშალა Голос-ის საიტი Kartanarusheniy.ru, სადაც უბნების მიხედვით განთავსებული იყო საარჩევნო დარღვევების რუკა. კიბერთავდასხმის მსხვერპლი გახდა ასევე ვებგვერდზე მიბმული საიტებიც.
DDoS შეტევები მოსალოდნელიც იყო საპარლამენტო არჩევნებისათვის. ამგვარ სცენარს ჯერ კიდევ გაზაფხულზე, LiveJournal-სა და Новая Газета-ს წინააღმდეგ განხორციელებული მასიური კიბერშეტევების შემდგომაც წინასწარმეტყველებდნენ.
აღსანიშნავია, რომ გაზაფხულზე განხორციელებული ინტერნეტრეიდის მთავარი მიზეზი გახდა სახალხო თავისუფლების პარტიის მიერ ინიცირებული პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა სპეციალური მოხსენების, „პუტინი. კორუფცია“, LiveJournal-ზე გამოქვეყნებას. Новая Газета-ზე განხორციელებულ თავდასხმას კი უკავშირებდნენ მისი ახალი პროექტის - ონლიან-პარლამენტი - Рунет-ზე ჩაშვებას. სამიზნე სიაში აღმოჩნდა ნავალნის ბლოგგვერდი Rospil Info და ასევე მისი პირადი გვერდი LiveJournal-ზეც.
საარჩევნო დარღვევების რუკა
აქტიურმა, მეამბოხე ინტერნეტთაობამ, არაბულმა გაზაფხულმა და ლონდონის ამბოხებამ რუსეთის სახელისუფლებო პოლიტიკური ისტებლიშმენტი აშკარად შეაშფოთა. „შეხედეთ არაბულ სამყაროში მიმდინარე პროცესებს, ეს სახიფათოა... ეს არის ის სცენარი, რომელსაც ისინი ჩვენთვის ამზადებენ“, - განაცხადა ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის სხდომაზე მედვედევმა, ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების შემდგომ.
რუსეთის გენერალურმა პროკურორმა იური ჩაიკამ კი, დსთ-ს ქვეყნების გენპროკურორებს, ლონდონში მიმდინარე ამბოხების შემდგომ საჯაროდ მიმართა: „თქვენ თავად ნახეთ, თუ რა მოხდა ლონდონში... მიმაჩნია, რომ პრობლემა სერიოზულია, ჩვენ გვჭირდება გონივრული მოქმედება, საჭიროა სოციალური ქსელების სათანადო კონტროლის ქვეშ მოქცევა, რათა დავიცვათ ჩვენი საკუთარი მოქალაქეების ინტერესები“.
სოციალური მედიის პოპულარობის ზრდით შეშფოთებულმა კრემლმა რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლ ინტერნეტთაობას, სახელისუფლებო მოძრაობა Наши-დან შექმნილი ახალგაზრდული ფრთა, ახალი პროექტით „ეროვნული ღირსება ინტერნეტზე” დაუპირისპირა. თუმცა კრემლის „ეროვნულმა ღირსებამ” ინტერნეტზე არ გაამართლა. სრული სახელისუფლებო ბერკეტების მიუხედავად, მათ სათანადოდ ვერ შეაფასეს Рунет-ზე მიმდინარე პროცესები. რუსეთის უსაფრთხოების სამსახურების მიერ ინტერნეტზე არსებული მკაცრი კონტროლის, მასიური კიბერთავდასხმებისა და მკაცრი ინფორმაციული პოლიტიკის მიუხედავად, სწორედ ინტერნეტრესურსების საშუალებით გახდა ცნობილი არჩევნების ფალსიფიკაციის აშკარა ფაქტები როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთაც. სწორედ ამ სივრცის აქტიური გამოყენების შედეგად მოხდა შესაძლებელი 10 დეკემბრის სახალხო მობილიზაციაც, როდესაც ათიათასობით ადამიანმა გააპროტესტა არჩევნების შედეგები.
„ეს იქნება ბოლო არჩევნები, სადაც ტელევიზიები მნიშვნელოვან როლს ითამაშებენ”, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე განაცხადა Эхо Москвы-ს მთავარმა რედაქტორმა და ცნობილმა ჟურნალისტმა ალექსეი ვენედიქტოვმა.
„ყველა სახელისუფლებო ვებგვერდს ერთად აღებულს არ ჰყავს იმხელა აუდიტორია, როგორც ნავალნის ბლოგგვერდს“, განუცხადა Moscow Times-ს ცნობილმა რუსმა ჟურნალისტმა და ისტორიკოსმა ვლადიმირ პრიბილოვსკიმ.
ბრიტანული კომპანიის ComScore-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად, რუსეთში დაახლოებით 80 მილიონი ადამიანი იყენებს ინტერნეტს, მათგან 60%25-ზე მეტი აქტიური ინტერნეტმომხმარებელია. პუტინის რუსეთშიც კი მეხუთე ხელისუფლების ძალაუფლება დღითი დღე იზრდება. საპარლამენტო არჩევნებში რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლმა ინტერნეტთაობამ უდიდესი როლი ითამაშა.
გაყალბებული არჩევნების, ცენზურის, ჰაკერული თავდასხმების, უსაფრთხოების სამსახურების მიერ ინტერნეტზე სრული კონტროლის, Рунет-ზე არსებული ოპერატიული საგამოძიებო-სათვალთვალო (SORM-2) სისტემის თუ კონტროლის სხვა მექანიზმების მიუხედავად, მოხდა ის, რომ Единая Россия-ს 50%25-ის აღებაც კი გაუჭირდა. რა მოხდა რუსეთში? იყო ეს რუსული არაბული გაზაფხულისადმი ერთგვარი შიშით, მოულოდნელი კიბერ-ოპტიკური შოკით, არაეფექტური სტრატეგიული გეგმით გამოწვეული, თუ სამივე ერთად აღებული?!
მიუხედავად მათი ძალისხმევისა, მათ ვერ შეძლეს ვირტუალური სივრცის სრული კონტროლი. საინტერესოა, მიღებული გამოცდილების შემდგომ, თუ როგორ განვითარდება მოვლენები Рунет-ზე და რა სახით გამოვლინდება საპრეზიდენტო არჩევნებზე კრემლის კიბერინფორმაციული აგრესია.
ერთი რამ კი აშკარაა, ხშირი ინტერნეტრეპრესების მიუხედავად, მეხუთე ხელისუფლება რუსულ პოლიტიკაში ძალაუფლების პიკზეა. ინტერნეტთაობის აისი კი შესაძლოა რუსეთის ამჟამინდელი ხელისუფლების დაისითაც დასრულდეს.
![]() |
16 შესავალი მატერიალური თანასწორობის თეორიაში |
▲ზევით დაბრუნება |
ბიზნესი
თამარა ქურდაძე
Bear Stearns სფერო საინვესტიციო მომსახურება პროდუქტი ფინანსური სერვისი საინვესტიციო ბანკინგი ინვესტიციების მენეჯმენტი დაარსდა 1923 წელს გაკოტრდა 2008 წელს ამავე წლის სექტემბერში შეისყიდა მისმა კონკურენტმა JP Morgan Chase-მა
რას ვითხოვთ? - სამართლიანობას. როდის ვითხოვთ? - ახლა!
...და მაინც, რა არის ეს ყბადაღებული სამართლიანობა, რომელსაც ყოველი რიგითი დემონსტრანტი მოითხოვს უოლ სტრიტზე. სამართლიანობის 99%25-ისეული აღქმა არ გულისხმობს ადამიანთა თანასწორობას კანონის წინაშე, ეს არ არის სამართლიანობა სხვადასხვა რასობრივი, რელიგიური და სქესობრივი დისკრიმინაციის განხრით. ისინი ითხოვენ მატერიალური რესურსების ე.წ. სამართლიან გადანაწილებას. უფრო ბლანტი ქართულით რომ ვთქვათ, არ მიაჩნიათ სწორად, სხვა რომ მათზე ბევრ ფულს აკეთებს.
არავის უჩნდება მოსაზრება, რომ ქუჩაში მდგომი, ბანერების ფრიალით განთქმული ჯო ბლეკი, თვალის დაუხამხამებლად მიიღებდა მონაწილეობას იმავე სპეკულაციებში, რომელშიც, მაგალითად, ბეარ სტერნსი იყო ჩართული. მილიარდიან ბონუსზე, თუნდაც 10 კაცის გაკოტრების ხარჯზე, არცერთი თქვენგანი იტყოდა უარს და საწინააღმდეგოში ვერავინ დამარწმუნებს. მათი პროტესტი ბევრად უფრო გამართლებული იქნებოდა - თუნდაც კონგრესის, ფედერალური რეზერვისა და თეთრი სახლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების წინააღმდეგ რომ იყოს მიმართული. ქვეყანა ეკონომიკური დაღმავლობის გზაზე მათმა არასწორმა პოლიტიკამ დააყენა. ნაცვლად ამისა, აგრესიის უდიდესი ნაწილი წილად ხვდა ბანკირებს, ფინანსისტებს და პროდუქტიულ ბიზნესმენებს. მათ გარეშეც ხაზინა ვერასოდეს შეივსებოდა და არცერთ მათგანს ექნებოდა საკმარისი სახსრები სწავლის საფასურის გადასახდელად თუ ახალი ვილის შესაძენად.
ჰენრი ფორდი
ამერიკელი მრეწველი.Ford MotorCompany-ის დამაარსებელი და ტექნიკის მასობრივი წარმოების სპონსორი.მისმა T მოდელის ავტომობილებმა რევოლუცია მოახდინა ტრანსპორტირებასა და ამერიკულ წარმოებაში.ფორდი, როგორც Ford Motor Company-ის მფლობელი, ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და ცნობილი ადამიანი გახდა მსოფლიოში.მისი სურვილი იყო, სისტემურად შეემცირებინა ფასები, რაც აისახა მრავალტექნიკურ და ბიზნესინოვაციაში.
მოსახლეობის უმეტესი ნაწილის აზრით, რესურსების თანაბარი დისტრიბუცია ქვეყნის განვითარების დონეს პირდაპირ უკავშირდება. თანასწორობის ნიშნულით - ჯინის კოეფიციენტით - პოლიტიკოსებიც უზომოდ ბევრს სპეკულირებენ. დღეში ათობით სტატია იწერება, რომ ჯინის კოეფიციენტის ზრდა პირდაპირაა დაკავშირებული არაჯანსაღ ეკონომიკასთან. „იცით, - ამბობს მომხიბვლელი დიქტორი, - ამერიკაში ჯინიმ 0.45-ს გადააჭარბა“... ან „ნუთუ ეს მისაღებია თქვენთვის - მოსახლეობის 1%25-ს ეკუთვნის მთლიანი შემოსავლის 33%25“.
იმავე ჯინის მაჩვენებელი ერთ-ერთ პროვინცია ასამში - 0.17-ია: თითქმის იდეალურად თანასწორია ყველა. თუმცა ასამი ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ და განუვითარებელ ნაწილად ითვლება. საქართველოში ინდექსი ბოლო 5 წლის მანძილზე 0.39-0.41 ფარგლებშია, განვითარების სისწრაფე კი - საშუალოდ წლიური 10-12%25, როდესაც ასამში ეს მაჩვენებელი 3%25-ს არ სცდება.
„ბეჭდების მბრძანებელი“ ბრიტანელიმწერლისჯონ რონალდ რუელ ტოლკინის ამავე სახელწოდების რომანი (2001-2003). მოგვიანებით ამ რომანის მიხედვით რეჟისორმა პიტერ ჯექსონმა გადაიღო კინოტრილოგია. ფილმის ბიუჯეტმა საერთო ჯამში 280 მილიონი დოლარი შეადგინა.პროექტზე მუშაობა 8 წელი გაგრძელდა. ტრილოგიასწილადხვდა დიდი კომერციული წარმატება.მან 17ოსკარი(ნომინირებული იყო 30-ზე) მიიღო.
მატერიალური კეთილდღეობა ყოველთვის ცალკეა განხილული. არავინ აპროტესტებს ტაისონის ძალას ან გალაკტიონ ტაბიძის პოეტურ ნიჭს. არადა, რომ დაუფიქრდე, რა განსხვავებაა „ფულის შოვნის ნიჭსა“ და „მათემატიკურ ტვინს“ შორის? ორივე - ინდივიდის განმასხვავებელი დამახასიათებელია: ის, რომ უორენ ბაფეტს უკეთესი ბიზნესალღო აღმოაჩნდა, ვიდრე სხვას - არ უნდა იყოს მისთვის პროგრესული გადასახადის დაკისრებისა და სახელმწიფო საპენსიო ფონდის ბიზნესმენის მილიონებით შევსების მიზეზი.
სიმეტრიული კეთილდღეობის თეორია, სოციალური კონვერგენცია და კეთილშობილ სულზე აგებული ეკონომიკის წარმატება, დღეს ისეთივე ჟანრის მეცნიერული ფანტასტიკაა, როგორიც ტოლკინის „ბეჭდების მბრძანებელი“.
ჯერ ერთი, ადამიანთა დისკრიმინაცია იმის გამო, რომ მათი მატერიალური შესაძლებლობა ბევრად აჭარბებს მოსახლეობის უმეტესობისას - უსამართლობაა. მეორეც, მატერიალურად თანასწორი საზოგადოება დამანგრეველია ეკონომიკისთვისაც.
განვიხილოთ შემდეგი ჰიპოთეზა: ქვეყანაში მატერიალური თანასწორობა, პროგრესისა და ეკონომიკური თავისუფლების უკუპროპორციულია
პროგრესი, იქნება ეს ტექნოლოგიურ, საგანმანათლებლო თუ ფინანსურ სექტორში, ცხოვრების დონის ამაღლებისა და ადამიანთა მოდგმის გონებრივი ევოლუციისათვის აუცილებელია. წინასწარ ბოდიშს ვიხდი ასეთი უხეში შედარებისათვის, მაგრამ ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რომ IBM-ისათვის ჩამოერთმიათ ყველანაირი პირველადი მოგება, იმ მიზეზით, რომ მათი წარმატება სხვებს თავს ცუდად აგრძნობინებდა. სავარაუდოდ, პერსონალური კომპიუტერების სექტორის განვითარება შეფერხდებოდა და შესაძლოა, სავარძლებში კომფორტულად მოკალათებულთ, Facebook-ის ნაცვლად, სატელეფონი ცნობარში დაგჭირვებოდათ კონტაქტების ძებნა.
განვითარების დონე, ცხოვრების გაუმჯობესება და ტექნოლოგიური აქსელერაცია, პირდაპირაა დაკავშირებული ბაზარზე არსებულ შესაძლებლობებთან. რომ არა მატერიალური სიმდიდრის მოხვეჭისა და განსხვავებულობის პერსპექტივა, ბაზარზე არსებული ნიშების შევსება არცთუ ისე ადვილი იქნებოდა. არც ტექნოლოგიური კომფორტის დონე განვითარდებოდა მსგავსი ექსპონენციალური სისწრაფით. როგორც პოპულარული ავტორი და New York Times-ის სვეტის ავტორი, ტომას ფრიდმანი ერთ-ერთ მოხსენებაში ამბობს, 2004 წელს 4G პარკინგის ადგილი იყო და არა სუპერსწრაფი, მობილური მოწყობილობებისათვის განკუთვნილი უსადენო ტექნოლოგია.
ყველა, ვინც ორი წუთით მაინც დაფიქრდება ჩვენს ცხოვრებაში მატერიალური მოტივაციის მნიშვნელობასა და წარსულ, თუნდაც 20 წლის, პროგრესზე - მიხვდება, რომ თანასწორობის ძალით მიღწევა სხვა არაფერია, თუ არა პროგრესისკენ გადაკეტილი გზა. ის, რომ ჰენრი ფორდმა ცხოვრებაშივე დიდი ქონება მოიხვეჭა - არც დამატებითი გრანტების დამსახურება იყო და არც სოციალური დახმარების. ფორდი მშრომელი, რისკიანი ბიზნესმენი გახლდათ. ის მთლიანად იხარჯებოდა თავისი კომპანიისათვის. საკუთარ ქონებასა და კეთილდღეობას დებდა სასწორზე. შრომობდა შეუწყვეტლივ, თითქმის 16-18 საათი დღეში, სავარაუდოდ არც შაბათ-კვირა არსებობდა მისთვის და არც ახალი წლის საღამო. ფორდმა დაიმსახურა თითოეული ცენტი, რომელიც კი ოდესმე გამოუმუშავებია.
![]() |
17 გაჯეტებით გადაღლილობა |
▲ზევით დაბრუნება |
ტექნოლოგია
ვახო ელერდაშვილი
სანამ ძირითად სათქმელზე გადავალთ, მოდი, გასული კვირის სიახლეებს გადავავლოთ თვალი. ეს არასრული სიაა იმ საგიჟეთისა, რომლის წაკითხვასაც ტექნოლოგიური გამოცემები და ბლოგები სთავაზობენ თავის მკითხველებს:
ბრიტანეთში Samsung Galaxy M Pro-ს შეძენა უკვე შესაძლებელია.
Sony Ericsson Xperia Arc HD-ის სურათები ინტერნეტში გავრცელდა.
პორტატიული DVD-პლეერი CVIB-E194 უკვე გაყიდვაშია.
Huawei U8860 Honor-ი ოპერაციულ სისტემა Android 4.0-ზე გადადის.
Nook Tablet-ის გაყიდვებმა 1 მილიონს მიაღწია.
Nokia Lumia 900-ის ტექნიკური მახასიათებლები უკვე ხელმისაწვდომია.
კომპანია Fujitsu ახალ პლანშეტს, Stylistic Q550-ს უშვებს.
თეთრი Samsung Galaxy S II HD LTE კორეაში უკვე იყიდება.
ბოლო დროს ტექნოლოგიურ ბლოგებზე ერთ რიტორიკულ შეკითხვაზე ცდილობენ პასუხის გაცემას. შეკითხვა ამგვარია: ნუთუ, გადავიღალეთ გაჯეტებით? რა უცნაურიც უნდა იყოს, ტექნომანები გაჯეტებით გადაღლილობაზე საუბრობენ, კერძოდ კი იმაზე, რომ დროის დინებასთან ერთად უფრო მეტი ჰაიტეკ-სიახლე ჩნდება, ვიდრე მომხმარებლები მათ აღქმას ასწრებენ. უახლესი, გაპიარებული ნივთის ქონა-პყრობის სურვილი მანიაში გადადის და, მაგალითისთვის, ჯერ iPad 2-ს კარგად არ შევჩვეულვართ, რომ სამ-ოთხ თვეში iPad 3-ის გამოშვებას გვპირდებიან. სმარტფონის შესაძლებლობები ჯერაც ბოლომდე არ გვაქვს შესწავლილი, რომ მის გაუმჯობესებულ მოდელს გვიანონსებენ. კომპანიებს შორის სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირება რიგით მომხმარებლებზე უშუალოდ აისახება. ეს ახალი ტიპის სენს, გაჯეტებით გადაღლილობას ბადებს, რაც, უპირველეს ყოვლისა, დიდი რაოდენობის ზედმეტი ინფორმაციითაა გამოწვეული.
ტექნომანები დიდ კომპანიებს ინოვაციების ბუნებრივი ციკლის ხელოვნურ აჩქარებაში ადანაშაულებენ. მათი განმარტებით, შეუძლებელია ექვს თვეში ისეთი მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევა, რაც ბაზარზე არსებული პროდუქტის ჩანაცვლების მიზეზი შეიძლება გახდეს. ამის საპასუხოდ დიდი კომპანიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ინოვაციების ტემპი იმდენად მაღალია, რომ მომხმარებლები ვერ ასწრებენ მათ მიღებას და სათანადოდ შეფასებას. სურათი უფრო კონკრეტულად რომ აღვწეროთ, შეიძლება იმის თქმაც, რომ ამ პრობლემას ორი ბოლო აქვს. ერთ მხარეს მომხმარებელთა ინტერესებია, მეორეზე - კი მწარმოებლების. მეორეებს რაც შეიძლება მეტი ფულის შოვნა უნდათ, პირველებს კი - რაც შეიძლება ნაკლების გადახდა და ხარისხიანი და გაპიარებული ნივთის შეძენა. ისიც გასათვალისწინებელია, რომ თუ კომპანიები ახალ პროდუქტს არ გამოუშვებენ, გაკოტრდებიან, მომხმარებლები კი უკვე შეჩვეულ და საყვარელ ნივთს ვერ ელევიან. სწორად ამის შედეგია გაჯეტების წარმოების სწრაფი და ჭარბინფორმაციანი ციკლი, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, დამთრგუნველად მოქმედებს მომხმარებელთა უმრავლესობაზე.
ერთი საინტერესო დაკვირვების თანახმად, გაჯეტების ასეთი სისწრაფის პირდაპირი შედეგი ის ფანატიზმია, რომელიც მომხმარებელთა ნაწილში შეინიშნება. სწორად ფანატიზმი და საყვარელი კომპანიის პროდუქტების უპირატესობის ურყევი რწმენა არის იარაღი, რომელსაც მრავალი ტექნომანი გაჯეტების დიდ რაოდენობასთან გასამკლავებლად იყენებს. ასე მაგალითად, მათ არ აინტერესებთ თუ რა სმარტფონებს და რა პლანშეტებს უშვებენ Samsung-ი, Nokia, Fujitsu და სხვები, ისინი iPhone 5-ს და iPad 3-ს ელოდებიან. მათ სწამთ, რომ საყვარელი კომპანიის პროდუქტი ნებისმიერ სხვას სჯობს. მრავალფეროვნების მოყვარული მომხმარებლები კი, რომელთაც ფანატიზმი არ ახასიათებთ და ვერ გაუგიათ, რომელი გაჯეტის მფლობელები გახდნენ, გაჯეტებით გადაღლილობას უჩივიან... ეს ყველაფერი კი კიდევ ერთ რიტორიკულ შეკითხვას ბადებს: ნუთუ ფანატიზმი სჯობს მრავალფეროვნების სიყვარულს?!
![]() |
18 მღვდლების ვინაობა |
▲ზევით დაბრუნება |
არქივი
ვაჟა-ფშაველა
ვაჟა-ფშაველას სამყაროს გამოჩენამდე ქრისტიანობა უკვე დიდი ხნის სტუმარი იყო საქართველოში. სტუმარი, რომელიც მივიღეთ, შევიყვარეთ და რომელსაც ვიცავდით. მაგრამ, ვფიქრობ, პირველად სწორედ ვაჟას პერსონაჟებში შეიძლება დავინახოთ, რომ ქრისტიანობა არა მხოლოდ ზოგადსაკაცობრიო მოძღვრებაა, რომელსაც ჩვენ ვეზიარეთ, არამედ ეს არის ღირებულებათა სისტემა, რომელიც ხელახლა იბადება ყოველ ლოკალურ კულტურასა და გარემოში. ბეთლემი არაა მხოლოდ იუდეაში. ბეთლემი შეიძლება იყოს ყველგან, სადაც ქრისტე იბადება. ამ თვალსაზრისით, ვაჟასთან ქრისტიანობა კავკასიაში უკვე მასპინძელია. ერთია, ხმლით ხელში იბრძოდე ქრისტიანობის დასაცავად, თუნდაც ეწამო რწმენისთვის და სხვაა, უბრალოდ იყო ქრისტიანი. ერთია, იცავდე საკუთარ რწმენას და მეორეა, დაინახო შენი თანასწორი უცხოში, მით უმეტეს მტერში. ამ ხედვას მოაქვს ქრისტიანობა. ქრისტიანობა, როგორც არა მხოლოდ იუდეველთა რელიგია, პავლე მოციქულის მოღვაწეობით იწყება. პავლეს ქრისტიანობის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ის განსხვავებული რჯულის ხალხში ხედავს ჭეშმარიტებასთან ზიარების მზაობას.
ვაჟას სიტყვები: „ჩვენ ვიტყვით კაცნი ჩვენა ვართ, მარტო ჩვენ გვზრდიან დედანი“, - სწორედ პავლესეული ქრისტიანობაა, ოღონდ ხელახლა დაბადებული პირიქითა ხევსურეთში.
რაც შეეხება ვაჟას ტექსტს - „მღვდლების ვინაობა“ - ის ზუსტად გამოხატავს თავისი დროის განწყობას. მეტიც, ეს დამოკიდებულება მხოლოდ საერო მოღვაწეების პოზიციას კი არა, იმ ქართველი სასულიერო პირების განწყობასაც გამოხატავს, რომლებმაც მეოცე საუკუნის დასაწყისში ქართული ეკლესიის დამოუკიდებლობისთვის დაიწყეს ბრძოლა. 1905 წლით დათარიღებულ წერილში, რომელიც ქართველმა ავტოკეფალისტებმა შეადგინეს, ვკითხულობთ:
„სასულიერო პირები, იმის მაგიერ, რომ ზრუნავდნენ და ეხმარებოდნენ ხალხს, მთელი საქართველოს მოსახლეობის აზრით, გადაიქცნენ ნამდვილ მგლებად და მხეცებად, ისინი გაურიგდნენ ჩვენს მტრებს და გზას უღობავენ ხალხს კანონიერ, ამქვეყნიური წარმატებისა და კეთილდღეობის მისწრაფებაში. სასულიერო პირებს უყურებენ, როგორც პოლიციელ ჩინოვნიკებს, გადაცმულ ჟანდარმებს“...
ძნელია, გადაჭარბებით შეაფასო ქართული ეკლესიის როლი საქართველოს ისტორიაში, მაგრამ პარადოქსია, რომ თანამედროვე ნაციონალური იდენტობის ჩამოყალიბების ხანაში, ანუ მეცხრამეტე საუკუნეში, ეკლესია, როგორც ინსტიტუცია, ანტიეროვნული პოლიტიკის ინსტრუმენტი იყო. ქართული ეკლესია რუსული ეკლესიის შემადგენლობაში შევიდა. სასულიერო პირები რუსეთის იმპერიის ჩინოვნიკები იყვნენ. რუსიფიკაციის პოლიტიკის წარმოებაში ეკლესიას ავანგარდის როლი მიენიჭა. ცალკეული სასულიერო პირების სულისკვეთება ვერ ცვლიდა საერთო სურათს. ქართველი განიდევნა ეკლესიიდან, მაგრამ მას ჩამოუყალიბდა ცხადი განცდა, რომ ქრისტიანული ღირებულებების მემკვიდრე სწორედ ისაა და არა ეკლესია. ამ სულისკვეთებით იწყება საერო, ანუ ეროვნული სივრცის შექმნა.
ამ წერილში მნიშვნელოვანია კიდევ ერთი გარემოება, რომელიც დღეს თითქმის მივიწყებულია. მიუხედავად იმისა, რომ „ქართველი“ საუკუნეთა განმავლობაში სარწმუნოებრივი იდენტობა იყო, ქრისტიანობა, როგორც მკაცრად ცენტრალიზებული სისტემა, საქართველოს ყველა მხარეში თანაბრად არასოდეს ფუნქციონირებდა. შესაბამისად, ქართული ქრისტიანობა საკმაოდ მრავალფეროვანია. სწორედ ეს მრავალფეროვნება ქმნის ამ ქვეყნის უნიკალურ კულტურას.
სერგო რატიანი
გაიძროთ ანაფორები, შეიკრიჭოთ თმები და გამოეწყოთ „პინჯაკებში“, „შტაცკურად“, მაშინ სულ სხვა მნიშვნელობას მივცემთ თქვენს რევოლუციონერობას. დღეს კი თუმცა ყველაფერს კარგს, უკეთესს, სასარგებლოს ბრძანებთ, მაგრამ ბოლოს ჩვენთვის სამავნებლო იქნება. თქვენს წოდებას პროგრესიული აზრების ქადაგებით მკვიდრად ბოძებს უდგამთ და მომავალ ცხოვრებას ეგ არ შეჰფერის, არც შეჰშვენის; ახალმა ცხოვრებამ სრულიად სხვა გზა და დანიშნულება უნდა მისცეს თქვენს წოდებას, მშობლიური მამობრივი მზრუნველობა უნდა ჩამოგყაროსთ, თქვენ აღზრდის საქმეში, სკოლებში ადგილი აღარ გექნებათ, რათა უკუღმა არ მომართოთ თქვენი ყოვლად შემძლებელი ენა. მომავალი ცხოვრება თქვენ პროგრესიულ ელემენტად ვერ ჩაგთვლისთ. დიაღ, ვერ ჩაგთვლისთ, ვიდრე სამღვთო წერილის მცნებათა თავისებურად გამოყენებაზე ხელს არ აიღებთ და არ მოიშლით მეჭურჭლის ხელობას, რომელიც ქოთანს საითაც ჰნებავს, ყურს იქით მოაბამს... ვსტყუი? მაშ რატომ აქამდის, ვიდრე ბიუროკრატიის ბაგეზე იყავით დაბმულები და იმის დალაბანდზე სთამაშობდით, არა ჰქადაგებდით მაგას, რასაც დღეს ამბობთ? თუ დროთა ვითარებას დააბრალებთ, ცენზურას და სხვა?
მღვდლებო-სოციალისტებო! ჩემში თქვენის მოღვაწეობის წყალობით აღძრული გრძნობა ეს არის, იქნება თქვენც გეწყინოსთ, თქვენს წოდების გარეშე ბევრს სხვასაც, მე პირადად მწყინს, როცა ჰმვღდლობთ, ანაფორები გაცვიათ და ჰრევოლუციონერობთ... გაიხადეთ ან ანაფორები და სთქვით სამოქალაქო აზრები როგორც მოქალაქეთა, ან არა და გეცვასთ ანაფორა და სთქვით შეუბღალავად, განურყვნელად ის, რაც გიანდერძათ თქვენმა მამათმთავარმა იესო ნაზარეველმა. არც არაფერი იმით დაშავდება... თქვენი გავლენა ხალხზე გეუბნებით გამოცხადებით, აშკარად, საბოლოოდ მავნებელი გამოდგება, არ არი მოსაწონი თქვენი გავლენა ვინაიდან იგი სასარგებლო ნაყოფს არ გამოიღებს და მხოლოდ მონებს აღუზრდის ქვეყანას და არა ნამდვილ მამულიშვილებს და მოქალაქეებს... საწყინო იყო თუმცა ბევრ სოციალისტ-რევოლუციონერს არ სწყინდა, არამედ ესახელებოდა კიდევაც მამა გაპონი რომ მუშებს გაუძღვა წინ, შარშან იანვარს სასახლისაკე. ამით გაპონმა რუსეთის სოციალისტებს რამდენიმე ჩანახი ლაფი დაასხცა თავზე, თუმცა უკანასკნელებმა ვერც კი იგრძნეს. კიდევ კარგი, რომ გაპონიც ყალბი სოციალისტი გამოდგა.
დღეს კი თქვენი მოღვაწეობა ნაყოფიერია და უფრო ნაყოფიერი იქნება თუ იქადაგებთ მაგ მოწინავე აზრებს, როგორც მოქალაქენი და არა როგორც მღვდლები.
იქნება სთქვათ: მღვდლობა, ანაფორები რას გვიშველისო. მაგრამ ხომ ყოველი „პრისტავი“ ამბობს და გვეფიცება, როცა ეტყვი, გაიხადე მუნდირიო, გამოდი სამსახურიდან და ხალხს შეუერთდიო დიაღ, ფიცითა სქდება; ნამდვილი ქვეყნის ერთგული ვარ, მუნდირში ხალხს უფრო ბევრში რაშიმე გამოვადგებიო. საქმით კი გამოდის, რომ ამჯურა ხალხს ვნების მეტი ქვეყნისთვის არაფერი მოაქვს, რადგან ვის პურსაცა სჭამენ, იმის ხმალს იქნევენ. ძაღლი საცა სალაფავსა სჭამს, იქა ჰყეფს. ურიის პური სჭამე და ურიის ხმალი მოიქნიეო, ხომ მოგეხსენებათ?
ეს ერთიჯურა მღვდლების ვინაობა ვიცით, ხოლო არიან სხვა მღვდლები, რომელნიც არ ვიცი, რომელ პარტიას ეკუთნიან. მე ვამბობ ხევსურეთის მღვდლებზე. ამას წინათ ქრისტ. აღმად. საზოგადოებამ ააშენა, საცა არა მგონია, ხევსურეთში საყდრები და დანიშნა მღვდლები. საკმაო ჯამაგირებიც გაუჩინა, თითო მათგანი იღებს წელიწადში (600 მ.). და ერთხელ თუ დაენახვება წლის განმავლობაში თავის მრევლს, დანარჩენი დრო თავ-თავიანთ სახლებში სხედან (ნუ დაივიწყებთ, რომ ეს მღვდლები სულ ბარელები არიან გარდა ს. ახიელისა) და იღებენ პენსიებს. აი ესეც ნიმუში ბიუროკრატიის კეთილგონიერებისა. სად არიან ეს მამანი? რას ფიქრობენ? ნუ თუ არაფერს მოვალეობას არა ჰგრძნობენ წინაშე ერისა... თუ სამღთო წესების ასრულებას არავინ სთხოვს, მაინც ამით მართლულობენ მუდამ მღვდლები თავსა, საპოლიტიკო მოღვაწეობა ხომ ფართოა. მთაში პროვოკაცია იკიდებს ფეხს და ბიუროკრატია აბამს თავის აბლაბუდას. ამ შემთხვევაში მაინც თვალს აუხელენ ხალხს და გააფრთხილებენ. თქვენვე ბრძანეთ, რომელ პარტიას უნდა ეკუთნოდენ ეს მღვდლები. ვგონებ ჩემთან ერთად თქვენც იტყვით, რომ სულიერი მამები არიან „მიიღე ჯამაგირის“ პარტიისა...
მღვდლების ვინაობა ფასობს გენერლების ვინაობასთან, მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე პირმა თავადაზნაურთაგანმა დეპეშა გაგზავნა სათათბიროში და მოულოცა კეთილგონიერი მოქმედება და უსურვა მოღვაწეობა კვალად ქვეყნის საკეთილდღეოდ და კერძოდ საქართველოსთვის და სხვა. ეს სწყენიათ გენერლებს, გენერლებს და მხოლოდ გენერლებს (იხ. „შრომა“ N 59) და გამოუცხადეს პროტესტი დეპეშის გამგზავნელთ და აკუთნეს დეპეშას „ანტიდვორიანსკოე სოდერჟანიე“. გულნადებისა, თავის ვინაობის გამომჟღავნებაც სწორედ ასეთი უნდა. ანკი რის გენერლები არიან, თუ ასე არ მოიქცენ. რიღას „ვოენის“ კაცები იქნებიან, რომ ამ დროს შეუშინდენ და ან გარემოებას. აკი არც შაეშინდათ და სთქვეს: ჩვენა ვართ და ესა ვართ, აბა ვინ რა ყურებზე ხახვს დაგვათლისო. მოდი და ნუ იტყვი: ურიის პური ჭამე და ურიის ხმალი მოიქნიეო. მოდი და ნუ აღახომ ბაგეთა და არ დაიძახებ რაც ძალი და ღონე გაქვს: აი მალადეც გენერლებო, ორბელიანებო, ჭავჭავაძეებო, ერისთავებო და სხვანო, მარილნო ამა ქვეყნისანო, საქართველოს დამამშვნებელნო! რა უჭირს ამ ქვეყანას, რომელსაც თქვენისთანა გენერლები და გავლენილი პირები ჰყავს?! ვინ გაუბედავს დაჩაგროს იგი, შეუგინოს ეროვნება, - გაანაცარმტვეროს...
უეჭველია, რომ საქართველოს ისტორია არ დაივიწყებს თქვენს ღვაწლს, როგორც მსოფლიო ისტორიამ არ დაივიწყა ღვაწლი გეროსტრატისა, რომელმაც დაწვა მშვენიერი დიანის ტაძარი.
1906 წ.
![]() |
19 ქართული კალათბურთი პროცესში |
▲ზევით დაბრუნება |
სპორტი
ზურაბ თალაკვაძე
თორნიკე შენგელია (მარჯვნივ) ქართული კალათბურთის მომავალია
ადრე კალათბურთში კარგი ბიჭებით ცუდ კალათბურთს ვთამაშობდით. მერე, იმავე ბიჭებით უკეთესი კალათბურთი ვითამაშეთ - ჩვენთვის ზედგამოჭრილი მწვრთნელით, იმავე პერსონაჟებით უკვე უკომპლექსო კალათბურთი ავაწყეთ და ლიტვაში, ევროპის ჩემპიონატზე, ყველას სერიოზულად დავუდექით. ლიტვაში საქართველოს ნაკრებმა ორი ტესტი და მისდამი რესპექტაბელურად მიმართვის უფლება მოიგო. ნაკრებში თითქმის ყველაფერი აეწყო, ვიწრო ბილიკზე მშვიდად, შფოთვის გარეშე გავიარეთ. ნაკრებში ვინც ამ ვიწრო ბილიკს უფრთხილდება, საკლუბო დონეზეც ხარისხი უჭირავს. საქართველოს ნაკრებში ძირითადად, არაქართული კლუბების ბიჭები დგანან.
მანუჩარ მარკოიშვილს დანიშნულების პუნქტიდან და შედეგიდან გამომდინარე, სრული, ძალიან კარგი სეზონი ჰქონდა. კანტუში საშუალოდ 10 ქულის აღება რთულია, მით უმეტეს არაამერიკელისთვის. კანტუში კარგ იტალიელს ბევრ დროს აძლევენ და ცუდ ამერიკელს შეცდომების გამოსასწორებლად, მაინც შენზე, ქართველზე მეტ წუთს აჩუქებენ. ყოფილი იუგებიც თავის, მაღალ და სანდო დონეს უფრთხილდებიან. მარკოიშვილი არ არის იტალიელი და მაინც ბევრ თამაშობს. მარკოიშვილი არ არის ამერიკელი და მაინც ენდობიან. მანუ ვერ სერბობს და არ ხორვატობს. მანუ ქართველია და მანუ კანტუს ერთ-ერთი ლიდერია.
კანტუში ამ გენერაციის გრეგ პოპოვიჩი კითხულობს ლექციებს. ანდრეა ტრინკიერი სქემებში იტალიურად ერკვევა, ახალ სქემებს ხაზავს და იტალიელ მწვრთნელებში (სენიორ პიანიჯანისთან ერთად) ჩანს, მასაში არ ირევა, ერთფეროვნებაში არ იკარგება. ტრინკიერიმ მარკოიშვილს ცოტა წუთში ბევრის მოსწრება დაამუღამებინა. მარკოიშვილი სოლიდური მეორე ნომერია და თუ რამეა, ბურთს გაათამაშებს, შვიდი მეტრიდან კრის მულინივით ჩაყრის. მანუმ და კანტუმ იტალიის სუპერფინალში მონტეპასკისთან წააგეს და ევროლიგაზე რამდენიმე კარგ გუნდს შემოარტყეს. მარკოიშვილი უწყობს მაძარინოს, ბაზილეს, ყველას, ვინც ტრინკიერის სქემებში ზის. კანტუ ევროლიგის მეორე ეტაპზე შედის და ამ პიცას გემოს მანუც აძლევს. გიორგი შერმადინთან ერთად.
შერმადინმა სასროლი სელექცია გამოასწორა და მეტ წუთში ნაკლებ ფოლს იღებს. კანტუში ძირითადი პივოტი მოხუცი დენის მარკონატოა. გიორგი კალათბურთის წესებში რომ ერკვეოდა, მარკონატო მაშინ საბონისებს და დივაცებს მოსახსნელს უხსნიდა. დენისი ცოტა მოუქნელია, სისწრაფის დეფიციტის გამო ბევრს კარგავს და შერმადინისთვის მენტორია. შერმადინმა სეზონი სლოვენიაში, ოლიმპიაში დაიწყო. ლიუბლიანაში გიო პანათინაიკოსის გავლით ჩავიდა და ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, იტალიის ვიზა აიღო. წელს ორჯერ ბოლო წამზე ვიღაცას ბილ უოლტონივით მიაფარა და კანტუს მოგება აჩუქა. გრანდე შერმადინიც უკვე ხშირად მოდის. იტალიელებმა ჩემბერლენი მიიღეს. მარკოიშვილმა სეზონის მეორე სერია 9.2 ქულით დახურა. შერმადინმა სეზონი (იტალიის ჩემპიონატის) 6.1 ქულით დაასრულა.
ვიქტორ სანიკიძემ კანადიან სოლარის (ვირტუსის) დაცვა ვერ დაალაგა. ვიკა ზედა იარუსებში მოხსნებს ეძებს, პოულობს, ყველაფერში ერკვევა. სანიკიძეს სოლიდური სეზონი აქვს. ჯარედ ჰოუმენმა ვარჯიშზე იბრექა და მწვრთნელი თითქმის გაგუდა. ჰოუმენი გააგდეს, სანიკიძემ ჯარედის წუთები მიიღო და ორმაგი დუბლების კოლექციონერი გახდა. კანადიან სოლარს გაუმართლა სანიკიძეში და სანიკიძეს არ გაუმართლა კანადიან სოლარში. დაულაგებელ, უსისტემო და პროვინციულ ბანდაში, ვიკა არ ჩერდება. რომ გაჩერდეს, გუნდი დადგება. კანადიან სოლარს სანიკიძის ადრენალინი უნდა. ვიკას მოდუნება გუნდის და გულის გაჩერებით მორჩება. სანიკიძე ამ სეზონში მოხსნებში (10.2) ლინტონ ჯონსონის შემდეგ (10.4) მეორეზე ზის და მაგარი ტემპი აქვს აკრეფილი. ვიქტორი ისევ სან ანტონიოს ეკუთვნის. სან ანტონიოში ახალი სპურსი იკერება. თარგზე ისევ პოპოვიჩი მუშაობს და თუ ახალ დიზაინში სანიკიძეც ჩაჯდება, მაგარი იქნება.
ზაზა ფაჩულიამ რაც ითამაშა, ცოტა იყო და ატლანტაში მოძრავი ხუთეულით უფრო სუნთქავენ, ვიდრე მძიმე და სტატიკური პერსონაჟებით. ეს ფაჩულია ძველ ზაზაზე ნელია, დროს ცუდად უფრთხილდება და თან, მომენტებში არ უმართლებს. ერთი და იმავე კალათბურთით სულ ვერ მოიგებ და ფაჩულიას კალათბურთი არ იცვლება. ისევ ის ძალისმიერი და ერთფეროვანი რესტლინგი სამწამიანში. ადრე საქართველოს ნაკრების კაპიტანი ამით ქაჩავდა. დღეს უკვე რთულია.
ფაჩულიამ ევროპის ჩემპიონატიდან ტრავმა წამოიღო და გალათასარაიში უკვე ცუდი იყო. ზაზას ერთი წლის წინ, ატლანტაში ნაკლებ წუთში ნაკლები ქულა და მოხსნა აქვს. მოიმატა (14.0/15.7) წუთებმა და თითქმის იგივე დარჩა სტატისტიკა (ქულა - 4.4/4.3, მოხსნა - 4.2/3.8). ფაჩულიას აქვს ნორმალური სროლა და ძირითადად, თუ არ იჩხუბა და თუ ვინმეს არ დაეჯახა, ისე ქულის აღება არ უნდა. ზაზას დაცვა ისევ ცუდია და ფაჩულია ბევრ გაუგებარ ფოლს იღებს. ნაკრებში უფრო დაგაზღვევენ, უფრო დაგიღეჭავენ ყველაფერს. ატლანტაში ერთ შეცდომაზე თითს დაგიქნევენ. მეორე შეცდომაზე დაგასვენებენ. მესამე შეცდომის შემდეგ, დასვენება დისკომფორტამდე იზრდება. ზაზა ცუდი არ არის და ფაჩულია ადრე უფრო კლასით იგებდა, ვიდრე კუნთებით. ზაზა ათქულიანი და ბევრმოხსნიანი ცენტრია. მეორე ხუთეულიდან ძველი სტატისტიკის (12.1 ქულა, შვიდზე მეტი მოხსნა) დაბრუნება რთულია. ზაზასაც რთული სეზონი ეწყება. ჰოქსისგან მეტს და იგივე რუსტერით ითხოვენ. ევროპის ჩემპიონატზე ფაჩულია იშიფრებოდა. იღებს ბურთს, ერთს, ორს დააკაკუნებს, იხედება პერიმეტრზე, იკარგება დრო. ფაჩულია სამწამიანიდან ქულებს იღებს, მაგრამ ერთი-ერთზე ისე უპრობლემოდ ვერ შლის (ევრო) დაცვებს, როგორც ადრე. ზაზამ უკეთ უნდა გამოიყენოს დრო, გუნდი და ნებისმიერი პირველი ნომერი.
მანუჩარ მარკოიშვილი
თორნიკე შენგელია მომავალია. შარლერუაში ბეგინებით და სხვა ერთჯერადი პერსონაჟებით, შენგელია დროს კარგავს. შარლერუა კალათბურთის ჩეზენაა და შენგელია მილანში უნდა იყოს. ევროლიგაზე თოკოს 8 გასაუბრებაში საშუალოდ 8.9 ქულა და 4.6 მოხსნა აქვს. დასამუშავებელი აქვს ერთი-ერთზე დაცვა და პოზიციური შეტევის დროს სხეულის და პარტნიორების უკეთ გამოყენება. შენგელია თავის ასაკში გარნეტია და ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად, ქვედა დივიზიონში ერთობოდა. თოკომ პარტიზანთან ორ ტესტში 16.5 ქულა დაირტყა. 3.4 პერსონალური ბევრია და შენგელიაზე უფრო მეტჯერ (3.5) ჯარიმდებიან. ამ გენერაციის ფორვარდებში შენგელია და ნიკოლა მიროტიჩი სხვაზე ბევრით ასრულებენ. მიროტიჩი რეალში მეტს აკეთებს, მეტს იღებს და ჯერ უფრო ჩანს. შენგელია შარლერუადან მალე წავა. და უკეთესიც იქნება.
![]() |
20 საფეხბურთო წელიწადი: ნაკრებები ციფრებში |
▲ზევით დაბრუნება |
სპორტი|ფეხბურთი
ლაშა გოდუაძე
ეროვნული ნაკრები
საქართველოს მთავარმა საფეხბურთო გუნდმა 2011 წელი მოგებით დაიწყო და დაასრულა: თემურ ქეცბაიას ნაკრებმა 9 თებერვალს, კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში სომხეთს 2:1 სძლია, 10 ნოემბერს კი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მოლდოვას უმასპინძლა და 2:0 გაიმარჯვა. ორივე მატჩი ამხანაგური იყო.
ექსსაბჭოელებთან თამაშებს შორის კიდევ 7 საერთაშორისო შეხვედრა შედგა, რომელთაგან ეროვნულმა თითო მოიგო და ფრედ დაასრულა, 5 კი წააგო.
შემოდგომით საქართველოს ნაკრებმა ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი დაასრულა. სამწუხაროდ, ტრადიციულად ძალიან ცუდად: გუნდი, რომელიც საწყის ტურებში დაუმარცხებელი იყო, საბოლოოდ ბოლოსწინა, მეხუთე ადგილზე გავიდა - ლატვიასთან და საბერძნეთთან საშინაო შეხვედრების წაგება და მალტაზე ვერმოგება ცხრილში ჩვენი გუნდის პოზიციაზე ლოგიკურად აისახა...
თემურ ქეცბაიას გუნდის შარშანდელი დაუმარცხებელი სერია გაზაფხულზე ორი მატჩით გაგრძელდა: კვიპროსში, სომხეთთან გამარჯვებას ევრო 2012-ის საკვალიფიკაციოში შინ, ხორვატებთან ძალიან მნიშვნელოვანი მოგება მოჰყვა. ჩვენი მთავარი გუნდი ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერიც გახდა, მაგრამ შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა დაგვანახა, რომ მეტისთვის ეროვნული მზად არ აღმოჩნდა. სლავენ ბილიჩის ნაკრებთან წარმატების მეორე დღეს ეროვნულში განხეთქილება მოხდა - გოგიტა გოგუამ ზედიზედ მესამე მწვრთნელთან ვერ გამონახა საერთო ენა და შეკრება დაატოვებინეს, ორიოდ დღეში კი საქართველოსთვის სარეკორდო, 10-მატჩიანი წაუგებელი სერია ისრაელში დასრულდა - 0:1. ამას ხორვატიაში, პოლონეთში ამხანაგურ მატჩში და ლატვიასთან შინ წაგებები მოჰყვა.
13 სექტემბერს, ბალტიისპირელებთან შინ შერცხვენის და მალტაზე ვერმოგებიდან რამდენიმე დღეში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ თემურ ქეცბაიასთან ახალი, ორწლიანი ხელშეკრულება გააფორმა კიდევ ორი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით. ალექსანდრე ჩივაძის (1993-1996) და კლაუს ტოპმიოლერის (2006-2008) შემდეგ თემურ ქეცბაია ეროვნულის პირველი მწვრთნელი შეიქნა, რომელმაც ერთი საკვალიფიკაციოს ჩაგდების მიუხედავად, მეორე შესარჩევისთვის თანამდებობა შეინარჩუნა. ცნობისთვის: ჩივაძისგან განსხვავებით, ტოპმიოლერმა ევრო 2008-ის შემდეგ მსოფლიოს 2010 წლის საკვალიფიკაციოს ვერ უწია - ტურნირის დაწყებამდე გაათავისუფლეს...
30 ივლისს მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქეები გაირკვა: ჯვაროსნებს ბრაზილიის საგზურის მოსაპოვებლად მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონ ესპანეთთან, საფრანგეთთან, ბელარუსთან და ფინეთთან პაექრობა მოუწევთ.
ჯგუფის კალენდარიც დადგენილია - გაისად საქართველო 4 ოფიციალურ მატჩს ჩაატარებს: 7 სექტემბერს ეროვნული ჯერ ბელარუსს, ოთხ დღეში კი ესპანეთს უმასპინძლებს, 12 და 16 ოქტომბერს კი ჯვაროსნები სტუმრად გაეჯიბრებიან ბელარუსს და ფინეთს. გადაწყდა ერთი ამხანაგური მატჩის გამართვაც: 29 თებერვალს თბილისს ალბანეთი ეწვევა.
2011 წელი ჩვენი ეროვნულისთვის კიდევ ორი მნიშვნელოვანი მოვლენით აღინიშნა:
11 ოქტომბერს, ევრო 2012-ის უკანასკნელ შესარჩევ მატჩში, შინ ბერძნებთან, ნაკრების ვიცე-კაპიტანმა ლევან კობიაშვილმა მეასედ მოირგო ქვეყნის პირველი გუნდის მაისური! ასიანთა კლუბის პირველი ქართველი წევრი უეფამ სპეციალური კეპით და მედლით დააჯილდოვა.
ზუსტად ორ თვეში, 11 დეკემბერს, სანაკრებო კარიერა დაასრულა კაპიტანმა კახა კალაძემ. ქვეყნის ოთხგზის საუკეთესო მოთამაშემ, ჩემპიონთა თასის მფლობელმა ერთადერთმა ქართველმა, გადაწყვეტილების შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობის - ქართული ოცნება - პრეზენტაციაზე განაცხადა.
ეროვნულის შედეგები: სომხეთი - 2:1, ხორვატია - 1:0, ისრაელი - 0:1, ხორვატია - 1:2, პოლონეთი - 0:1, ლატვია - 0:1, მალტა - 1:1, საბერძნეთი - 1:2, მოლდოვა - 2:0
ახალგაზრდული ნაკრები
ეროვნულის დარად, 2011 წელი საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმაც ჩააგდო, თუმცა უფრო ზუსტად თუ შევაფასებთ ჩვენი 21-წლამდელების შედეგებს, „ჩააგდოს“ ნაცვლად სიტყვა „კატასტროფული“ უფრო მისაღები იქნება: 4 ამხანაგური და 5 ოფიციალური მატჩიდან გუნდმა მხოლოდ ერთი მოიგო და დაასრულა ფრედ, 7 კი წააგო!
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები
2010 წელს ევრო 2011-ის საკვალიფიკაციო ეტაპი ჩვენმა 21-წლამდელებმა ცუდად დაასრულეს, მაგრამ ფეხბურთის ფედერაციამ ოთარ გაბელია მაინც ნაკრების სათავეში დატოვა. ეს რომ შეცდომა იყო, გაზაფხულზე ნათლად გამოჩნდა: ახალგაზრდულმა ავსტრიაში გათამაშებულ იაკოს თასზე ზედიზედ სამი მატჩი წააგო. ამას ევრო 2013-ის შესარჩევის სადებიუტო მატჩი და ხორვატიაში მოულოდნელად 1:0 გამარჯვება მოჰყვა, მაგრამ შემოდგომით ნაკრების ძალა ნათლად გამოჩნდა: ქართველებს სექტემბერში ჯერ ესპანელებმა ჩაუტარეს ორი საფეხბურთო გაკვეთილი, ოქტომბერ-ნოემბერში კი შვეიცარიელებმა.
განსაკუთრებით მძიმე სანახავი გამოდგა ჩვენი გუნდის დაპირისპირება პირენეელებთან - ქუთაისში ევრო 2011-ის ტრიუმფატორებმა 7:2 გაიმარჯვეს, რამდენიმე დღეში კი შინ კიდევ ერთხელ წაივარჯიშეს, თუმცა „მხოლოდ“ 2:0 იკმარეს.
ოთარ გაბელიამ ახალგაზრდული სწორედ ესპანელებთან განადგურების შემდეგ დატოვა.
გაბელია ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თემურ ქეცბაიას თანაშემწემ, სოსო ჭედიამ შეცვალა. სფფ-მ ქვეყნის მეორე გუნდი რატომღაც ანდო კაცს, ვისაც მანამდე მთავარი მწვრთნელის ამპლუაში არასდროს უმუშავია.
ცვლილებამ სასურველი შედეგი, მოლოდინისამებრ, არ მოიტანა: 21-წლამდელებმა, ესპანელებთან მარცხის არ იყოს, შვეიცარიასთან ორმატჩიანი დაპირისპირებაც პირწმინდად დათმეს. ერთადერთი სხვაობა ის იყო, რომ ჩვენი ახალგაზრდული სტუმრად განადგურდა და არა შინ.
ევრო 2013-ის შესარჩევში ჩვენს გუნდს 3 მატჩი დარჩა ჩასატარებელი: 5 ივნისს ესტონეთში, 15 აგვისტოს და 6 სექტემბერს კი შინ ხორვატიასთან და ესტონეთთან. ამ შეხვედრებში ქართველი 21-წლამდელები, მაქსიმუმ, მესამე ადგილისთვის თუ იბრძოლებენ.
ახალგაზრდულის შედეგები: ისრაელი - 0:2, ალბანეთი - 1:3, რუმინეთი - 1:2, ხორვატია - 1:0, მოლდოვა - 2:2, ესპანეთი - 2:7, ესპანეთი - 0:2, შვეიცარია - 0:1, შვეიცარია - 0:5
19-წლამდელთა ნაკრები
გიორგი დევდარიანის გუნდმა ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდში თამაშის უფლება მოიპოვა! საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ამ ეტაპს ევრო 2007-ის შემდეგ პირველად უწია.
2010 წლის ოქტომბერში, ვლადიმერ გუცაევის თავკაცობით ევრო 2011-ის საკვალიფიკაციო ჯგუფში მარცხის შემდეგ, ქართველი 19-წლამდელები პირველად ივლისში შეიკრიბნენ: დევდარიანის გუნდმა ჩრდილოეთ ირლანდიაში გამართულ მილქ ქაფზე იასპარეზა.
მომდევნო გამოცდა ევრო 2012-ის საკვალიფიკაციო ჯგუფი იყო: ნოემბერში მატჩებს თურქეთმა უმასპინძლა. ჩვენმა გუნდმა პოლონეთს და ლუქსემბურგს აჯობა, მასპინძლებთან ფრედ ითამაშა და ელიტ-რაუნდის საგზური პირველი ადგილით მოიპოვა. დევდარიანის 19-წლამდელთა ნაკრების მეტოქეები ელიტ-რაუნდში ბოსნია-ჰერცეგოვინა, ავსტრია და ხორვატია იქნებიან. 25-30 მაისს მატჩებს ხორვატია უმასპინძლებს - კონტინენტის პირველობაზე მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებული იასპარეზებს.
უკვე გაირკვა ჩვენი მეორე 19-წლამდელების (მწვრთნელი კობა ჟორჟიკაშვილი) მეტოქეები ევრო 2013-ის საკვალიფიკაციო ჯგუფში: 26-31 ოქტომბერს ჩვენი გუნდი ელიტ-რაუნდის საგზურისთვის ხორვატიაში მასპინძლებთან, აზერბაიჯანელებთან და ისლანდიელებთან იბრძოლებს. ჟორჟიკაშვილის გაწვრთნილმა 17-წლამდელთა გუნდმა, რომელსაც ხსენებული საკვალიფიკაციო მატჩები უწევს, წლეულს ევრო 2011-ის ელიტ-რაუნდში ითამაშა, თუმცა უშანსოდ დამარცხდა.
19-წლამდელთა შედეგები: მექსიკა - 2:1, ჩრდილოეთ ირლანდია - 1:3, აშშ - 1:2, პოლონეთი - 3:1, თურქეთი - 1:1, ლუქსემბურგი - 2:0
17-წლამდელთა შედეგები (მწვრთნელი კობა ჟორჟიკაშვილი): ესპანეთი - 1:2, ესპანეთი - 0:0, საფრანგეთი - 0:2, ბელარუსი - 0:1, ნორვეგია - 0:5
17-წლამდელთა ნაკრები
19-წლამდელთა დარად, საქართველოს 17-წლამდელებმაც შეძლეს ევრო 2012-ის ელიტ-რაუნდში გასვლა: ვასილ მაისურაძის გუნდმა სექტემბერში, მოლდოვაში გამართულ საკვალიფიკაციო ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა შვედეთის შემდეგ.
ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველად, 19 და 17-წლამდელებმა ერთდროულად მოიპოვეს ელიტ-რაუნდის საგზური.
ამ ეტაპის თამაშებს 26-31 მარტს საქართველო უმასპინძლებს: გუნდი კონტინენტის ჩემპიონ ესპანეთს, ინგლისს და უკრაინას დაუპირისპირდება.
წარმატებულად დასრულებული ევროშესარჩევის გარდა, ვასილ მაისურაძის გუნდმა თურქეთის, ყაზახეთის, აზერბაიჯანის და ლიტვის საერთაშორისო ტურნირებში იასპარეზა: კუშადასის და პალანგის თასზე საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზე გავიდა (ლიტვაში ჩვენი გუნდი ფინალში პენალტების სერიაში დამარცხდა), ბაქოსა და ასტანაში კი საპრიზო ადგილებს ვერ შეწვდა.
ცნობილია იმ ჯგუფის შემადგენლობაც, სადაც საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები (მწვრთნელი გელა შეყილაძე) ევრო 2013-ის ელიტ-რაუნდისთვის იბრძოლებს. ქართველი ყმაწვილები ამ უფლების მოსაპოვებლად შოტლანდიელ, ლუქსემბურგელ და უკრაინელ თანატოლებს გაეჯიბრებიან. საკვალიფიკაციო ჯგუფის თამაშები 30 ოქტომბრიდან 4 ნოემბრის ჩათვლით თბილისში გაიმართება.
საშემოდგომო ოფიციალური მატჩებისთვის მზადების პროცესში შეყილაძის 16-წლამდელთა გუნდმა წლეულს რვაჯერ ამხანაგურად ითამაშა. შედეგები აშკარად უკეთესის სურვილს ტოვებს.
17-წლამდელთა შედეგები: მაკედონია - 3:1, აღმოსავლეთ თურქეთის ნაკრები - 1:1, სტამბოლის ნაკრები - 3:1, დასავლეთ თურქეთის ნაკრები - 0:3, სომხეთი - 5:3, თურქეთი - 1:2, უკრაინა - 0:1, ირანი - 3:2, ყაზახეთი - 5:1, ტაჯიკეთი - 5:0, ესპანეთი - 1:1, აზერბაიჯანი - 1:1, ლატვია - 3:2, აზერბაიჯანი - 2:1, ბელარუსი - 4:0, ლიტვა - 1:1, ბულგარეთი - 3:2, მოლდოვა - 2:1, შვედეთი - 0:2
16-წლამდელთა შედეგები (მწვრთნელი გელა შეყილაძე): ნიგერიის საფეხბურთო აკადემიის ნაკრები - 2:3, აზერბაიჯანი - 3:1, აზერბაიჯანი - 2:1, სომხეთი - 0:0, სომხეთი - 1:3, ბელგია - 0:9, ბელგია - 0:3, ირანი - 2:0, ირანი - 1:1
![]() |
21 ბრაბუსის მონსტრი ესენის მოტორ შოუზე |
▲ზევით დაბრუნება |
ავტო
მერაბ ლორთქიფანიძე
ბრაბუსმა უმძლავრესი ავტომობილების მოყვარულებს კიდევ ერთი შედევრი მოუმზადა. ესაა მერსედეს ბენც SLS AMG როუდსტერის მისეული ვერსია, რომელიც პირველმა, ევროპული ტუნინგის ყველაზე დიდი ფორუმის - ესენის მოტორ შოუს დამთვალიერებელმა იხილა.
რა თქმა უნდა, ამ ავტომობილში ყველაზე საინტერესო, მისი გაძლიერებული ძრავაა. შეიცვალა მისი მართვის ელექტრონული სისტემის პროგრამა, რომელიც ანთების და შეფრქვევის ფაზებს ახლებურად ანაწილებს. ახალია გამოსაბოლქვი სისტემაც, რომელსაც ტიტანისგან დამზადებული მილები და ოთხი გამოსაბოლქვი აქვს. ეს სისტემა იმითაა გამორჩეული, რომ ჩვეულებრივ გამოსაბოლქვზე დაახლოებით 40 პროცენტით ნაკლებს იწონის. ყოველივეს შედეგად, ძრავის სიმძლავრე, 571-დან 611 ცხენის ძალამდე გაიზარდა.
შეიცვალა დაკიდების სისტემაც. ამიერიდან, ის რეგულირებადია. მისი მახასიათებლების შეცვლა სალონიდან, სპეციალურ ღილაკზე თითის დაჭერით შეიძლება. მოძრაობის დროსვე შესაძლებელია კლირენსის შეცვლაც. რეგულირების დიაპაზონი 40 მილიმეტრს აღწევს. ამორტიზატორებს მუშაობის ორი რეჟიმი აქვს - სპორტული და კომფორტული.
შეკვეთით შესაძლებელია სპეციალური სისტემის დაყენება, რომელიც ავტომობილის წინა ნაწილს 50 მილიმეტრით მაღლა სწევს, როდესაც სპეციალურ ღილაკს დააწვებით. ეს იმისთვისაა საჭირო, რომ მანქანის სადგომის შემაღლებულ ნაწილზე დაყენებისას, მისი ძირი ბორდიურს არ მოედოს. ეს სისტემა მხოლოდ მაშინ მუშაობს, თუ ავტომობილის სიჩქარე 30 კმ/სთ-ზე მეტი არაა. ამ ლიმიტის გადალახვის შემდეგ, ავტომობილი ჩვეულ მდგომარეობას უბრუნდება.
ახალი ჰიპერავტომობილის წინა ნაწილი 20-დუიმიან, უკანა კი 21-დუიმიან ბორბლებზე დგას. შესაბამისად, მათზე 275/30 ZR 20 და 295/25 ZR 21 ზომის საბურავებია ჩაცმული. ბორბლები საკუთრივ ბრაბუსმა დაამზადა, რეზინი კი მიშლენის წარმოებისაა.
ტუნინგგამოვლილი ავტომობილი იმავე აეროდინამიკური პაკეტით (რომლის ელემენტებიც კარბონის კომპოზიტით დამზადდა) აღჭურვეს, რომელიც ბრაბუსმა ამავე ავტომობილის კუპესძარიანი ვერსიისთვის შეიმუშავა. ამ პაკეტში შედის წინა სპოილერი, რადიატორის ორივე მხარეს განლაგებული ჰაერის ამღები, გვერდითა ჰაერის ამღებები, რომლებზეც კომპანიის ლოგოა დასმული, სხვა ფორმის საწვავის ჩასასხმელის ხუფი, ახალი უკანა ბამპერი და მის ქვეშ განლაგებული დიფუზორი.
შეცვლილია სალონის გაფორმებაც, სადაც უჟანგავი ფოლადისგან დამზადებულ დეტალებს შეხვდებით, ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ სპიდომეტრის დანაყოფი 400 კმ/სთ-ს უჩვენებს. თუმცა, რამდენად შეესაბამება ეს მაჩვენებელი რეალობას, ამას ბრაბუსი ჯერ არ გვიმხელს - ავტომობილის დინამიკური მახასიათებლები არ გამოუქვეყნებია.
![]() |
22 სუბარუმ უსწრაფესი იმპრეზა S206 შექმნა |
▲ზევით დაბრუნება |
ავტო
მერაბ ლორთქიფანიძე
სუბარუმ თავის თაყვანისმცემლებს შესანიშნავი საჩუქარი მოუმზადა - პოპულარულ სპორტულ სედან იმპრეზა STI-ს გაუმჯობესებული და უფრო მძლავრი ვერსია, S206 შეიმუშავა, რომელსაც მხოლოდ 300 ცალს დაამზადებს და მხოლოდ იაპონიაში გაყიდის.
ახალ ავტომობილს იაპონურმა კომპანიამ STI მომართული მანქანების გვირგვინი უწოდა. ეს არის იმ ტრადიციის გაგრძელების ნაყოფი, რომელიც სუბარუმ ბაზარზე S-სერიის ავტომობილების (S203, S204, S205) გამოშვებით დაიწყო. რა თქმა უნდა, ახალ ავტომობილში იაპონურმა კომპანიამ რიგი სიახლეები გამოიყენა. ესაა ბილშტაინის ამორტიზატორები, STI-ს ზამბარები, ასევე წინა საკიდარის ამორტიზატორების დამაკავშირებელი ღერძული მოქნილი ტიხარი, რომელიც მოსახვევების გავლისას, ავტომობილის მდგრადობას აუმჯობესებს.
S206 კომპანია BBS-ის წარმოების 19-დუიმიან ბორბლებზე დგას, რომლებიც სპეციალურად ამ მოდელისთვის შეიმუშავეს. ბორბლები მიშლენის სპორტული საბურავებით (პაილოტ სუპერ სპორტ) არის შემოსილი.
ყველაზე მთავარი სიახლე კი კაპოტის ქვეშაა. აქ ისევ ოთხცილინდრიანი ჰორიზონტალურად ოპოზიტური ტურბოძრავი დგას, რომელსაც დგუშების წონების უფრო ოპტიმიზებული ბალანსი გამოარჩევს. შეიცვალა მუხლა ლილვისა და ბარბაცების კომპლექტი, რამაც ინჟინრებს ძრავის ბრუნთა რიცხვის გაზრდის საშუალება მისცა.
გარდა ამისა, ახალი პროგრამა შეიმუშავეს ძრავის მართვის ბლოკისთვის. დააყენეს უფრო მძლავრი, ეგრეთ წოდებული წყვილგრაგნილიანი ტურბო დამჭირხნი და დაბალი წნევის გამოსაბოლქვი. ყოველივეს შედეგად, ძრავი უკვე 320 ცხენის ძალას და 431 ნიუტონმეტრს ავითარებს. ამასთან, სუბარუ აცხადებს, რომ ძრავა უფრო სწრაფად რეაგირებს აქსელერატორით მანიპულაციებზე, ხოლო დაბალ და საშუალო ბრუნთა რიცხვებზე, უფრო მეტ მაბრუნ მომენტს გამოიმუშავებს. ყველაფერი კი მანქანის შესანიშნავ აჩქარებას უზრუნველყოფს.
შეცვლილია ავტომობილის გარეგნობაც. ცვლილება შეეხო წინა ქვედა სპოილერს, რადიატორის ბადეს, ზღურბლებს, ახალია უკანა სპოილერიც, რომელიც საბარგულის კუდშია განლაგებული. სალონში რეკაროს სპორტული, ღრმა სავარძლები დააყენეს, საჭეზე ძვირფასი ტყავია გადაკრული, ძრავის გაშვება კი სპეციალური ღილაკით ხდება.
იმ 300 ცალიდან, რომლებსაც სუბარუ დაამზადებს, 100 ცალი S206 სპეციალური, NBR ჩელინჯ პაკეტით აღიჭურვება, რომელიც იაპონურმა კომპანიამ, ნურბურგრინგის წლევანდელ 24-საათიან რბოლაში, თავის კლასში გამარჯვებას მიუძღვნა. ამ კომპლექტში შედის კარბონის კომპოზიტისგან დამზადებული სახურავი და ზორბა უკანა სპოილერი. როგორც სუბარუ აცხადბს, ამ ას ვერსიაზე უკვე მიღებული აქვს შეკვეთები. ანუ, ასეთი ავტომობილების შეძენა უკვე შეუძლებელია...
![]() |
23 აპოკალიფსი, სამყაროს აღსასრული და მარილიანი კინო |
▲ზევით დაბრუნება |
კულტურა
ჩანაწერები თბილისის მე-12 საერთაშორისო კინოფესტივალზე
სალომე კიკალეიშვილი
„ხმაურისხმა”
როგორი უნდა იყოს კარგი კინო? რას ნიშნავს კარგი კინო? ის, რომელიც დაგაფიქრებს? თუ უფრო ჩაგაფიქრებს? რომელიც ვარდისფერ სათვალეს მოგარგებს და გაგრძნობინებს, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ცხოვრება მშვენიერია თუ რომელიც დაგაბიჯებს, გატკენს და ცოტა მიგჭყლეტს კიდეც?! რომელი კინოესთეტიკაა უფრო კარგი თუ მომგებიანი? ან იქნებ ეს ყველაფერი პირობითია და „კარგობაზე” სრულებითაც არ ახდენს გავლენას?
ეს ჰაერში გამოკიდებული კითხვები მას შემდეგ გამიჩნდა, რაც ერთმანეთის მიყოლებით, ოთხი სრულიად განსხვავებული და საინტერესო ფილმი ვნახე: ალექსანდრ სოკუროვის კლაუსტროფობიური „ფაუსტი“, შვედი რეჟისორების ულე სიმონსონის და იუჰანეს სტერნე ნილსონის იუმორისტულ/მუსიკალური „ხმაურის ხმა“, ბელა ტარის აპოკალიპტურ/რუტინული „ტურინული ცხენი“ და ფრანსუა ოზონის მუსიკალურ/ფემინისტური „უწყინარი დიასახლისები“.
„არის ფილმები, რომლებიც გატირებს. არის ისეთი - რომელიც გულიანად გაცინებს. და ისეთიც, რომელთა ნახვის შემდეგ თქვენ სამუდამოდ იცვლებით“, - ამ სიტყვების შემდეგ დარენ არანოვსკიმ, ვენეციის კინოფესტივალის 68-ე ოქროს ლომი ალექსანდრ სოკუროვს გადასცა ფილმისათვის „ფაუსტი“. „ფაუსტ“ სოკუროვის ტეტრალოგიის ბოლო აკორდი, უფრო სწორად, ბოროტებაზე შექმნილი მისი ფილმების ბოლო სერიაა, რომელიც ჯერ კიდევ 80-იანებში ჰქონდა ჩაფიქრებული. თუმცა, სიტყვა სერია ძალიან საცოდავად ჟღერს ამ ეპიკურ და უზარმაზარ ფილმთან. კლასიკური ნახატივით, 4:3 ფორმატში შესრულებული „ფაუსტი“, დამოუკიდებლად არსებული კუნძულივით არის, რომელიც იმდენად გატყვევებს თავისი მასშტაბურობით და სიძლიერით, რომ შეიძლება დანებდე და ერთ-ერთ საუკეთესო ფილმადაც აღიარო. ის, როგორც ლუვრში გამოფენილი შედევრი, მასიურ და მსუყე დეტალებით გადატვირთულ ტილოს მოგაგონებთ, რომელსაც პირველი საათი დაბნეული უყურებ, რადგან ვერაფერს იგებ; მერე კი, ნელ-ნელა თითქოს ყველაფერი თავის ადგილზე ლაგდება; ცდილობ გოეთეს ალეგორიების ამოკითხვას (და არა წაკითხვას) და მარადიულ კითხვებზე პასუხების გაგებას. მაგრამ აქ პასუხები არ არის. სოკუროვის ფაუსტი ხელახლა იბადება ახალ, თეთრ, ცარიელ სამყაროში. “მართალი რომ გითხრათ, არც ისე ძალიან მიყვარს კინო და ჩემთვის ყველაფერს ლიტერატურა განაპირობებს. სწორედ ლიტერატურის გამოცდილებაა ჩემთვის მთავარი”, - თქვა ერთხელ სოკუროვმა და ამ ფილმით, ეს სიყვარული კიდევ ერთხელ დაამტკიცა. თუმცა, დარწმუნებული ვარ, მისი ეს რეპლიკა მე-20 საუკუნის კინოექსპერიმენტატორებს რომ მოესმინათ, აი იმათ, სუფთა კინოს შექმნას რომ ცდილობდნენ, ნამდვილად გაბრაზდებოდნენ. თან ძალიან გაბრაზდებოდნენ. ახალგაზრდა ექსპერიმენტატორებს კი უნდოდათ შეექმნათ კინო, რომელიც თავისუფალი იქნებოდა ლიტერატურისგან და ტექსტუალური მასალისგან. მათ სჯეროდათ, რომ კინო იპოვიდა თავის ენას. მათ უნდოდათ შეექმნათ - სუფთა კინო.
ბელა ტარის „ტურინული ცხენის“ ყურებისას სუფთა კინო გამახსენდა. და, საერთოდ, ასე მეგონა, რომ უნგრელი ვეტერანი რეჟისორი ერთ დღეს შევიდა რომელიღაც მუზეუმში, დადგა რომელიღაც ტილოსთან (მგონია, რომ ეს ექსპრესიონიზმთან უნდა იყოს კავშირში) და კარგად დააკვირდა ზედ გამოსახულ ამბავს: შავი, ბნელი ოთახი, ღარიბულად ჩაცმული ქალი და კაცი სხედან ერთმანეთის პირისპირ და ხის უსახურ თეფშებზე, მშრალად მოხარშულ კარტოფილს შეექცევიან. ვინ არიან ისინი? რა ხდება ამ სახლში? და რაც წარმოიდგინა, ის შემოგვთავაზა. ცარიელი მინდორი. აუტანელი ქარბუქი თავისი გულისგამაწვრილებელი ზუზუნით, რომელიც ფილმში მუსიკალურ ფონს ქმნის. სიცარიელეში აღმოცენებული პატარა სახლი. ასაკოვანი მამაკაცი, მისი ახალგაზრდა ქალიშვილი და ცხენი თავლაში. უცნაური ცხენი, რომელიც აღარც ჭამს, აღარც სვამს - ის თითქოს რაღაცისთვის ემზადება. ორსაათნახევრიან ფილმში ოთხი რუტინული ეპიზოდის გარდა არაფერი ხდება: კარტოფილის ჭამა, ჭიდან წყლის მოტანა, ფანჯრიდან გრიგალის ყურება და დილით, მამის დახმარება ჩაცმისას. ფილმი, რომელსაც შეგიძლია უყურო, შეგიძლია დატოვო, მაგალითად იმისათვის, რომ ჩაიძინო და მერე ისევ შეუერთდე. ღმერთი მოკვდა. ადამიანი დარჩა. ფილმი, რომელიც როდის მორჩება, მნიშვნელოვანი არ არის. რადგან ის შეიძლება ნებისმიერ მომენტში მორჩეს და შეიძლება, უსასრულოდ გაგრძელდეს.
წლევანდელ ფესტივალზე პირველად იყო წარმოდგენილი შვედური პროგრამა, რომლის განხორციელებაც შვედეთის საელჩომ და ელჩმა დიანა იანსემ ითავა. მოკლემეტრაჟიანი ფილმით ჩამოსული იყო თურქი-ქართველი რეჟისორი ლევან აკინი, რომელიც შვედეთში ცხოვრობს და იქ მოღვაწეობს. პროგრამის - სიყვარულით შვედეთიდან - ფარგლებში ნაჩვენები იყო ლივ ულმანის „მოღალატეები“ და ფესტივალის ფავორიტი, ულე სიმონსონის და იუჰანეს სტერნე ნილსონის „ხმაურის ხმა“. ვფიქრობ, „ხმაურის ხმა“ არის ბრწყინვალე მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება არაფრისგან, ძალიან კარგი კინოს გაკეთება. მისი გმირიც ხომ ასეა, ის არაფრისგან ქმნის მუსიკას. თავის მუსიკას, რომლის მოსმენაც ერთი სიამოვნებაა. დარწმუნებული ვარ, წლევანდელ ფესტივალს საკონკურსო პროგრამა რომ ჰქონოდა, ამბავი უცნაურ მუსიკოსებზე, რომლებიც ყველაფერზე უკრავენ ინსტრუმენტების გარდა, პრიზირებული ფავორიტი გახდებოდა.
„ტურინული ცხენი”
თუ არც ისე საინტერესო სინოპსისის მქონე შვედური „ხმაურის ხმა“ ყურადღებამისაქცევი ნამუშევარი აღმოჩნდა, პირიქით მოხდა ალექსანდრე მინდაძის „შაბათ დღის“ შემთხვევაში. ფილმი, რომლითაც მე-12 ფესტივალი დაიხურა და რომელიც ბერლინალეს საკონკურსო პროგრამაში იყო ჩართული, საინტერესო სანახაობა უნდა ყოფილიყო. უნდა, რადგან ამის გარანტი ის მოკლე ინფორმაცია იყო, რომელსაც მისი შემქმნელები გაწვდიდნენ - 1986 წლის 26 აპრილი, ჩერნობილის ერთ-ერთი სადგური მწყობრიდან გამოდის. ვალერიმ იცის, რომ სასწრაფოდ უნდა გაიქცეს ქალაქიდან თავის გოგოსთან ერთად. მაგრამ დღეს ხომ შაბათია! სიყვარულის, ქორწილების, გართობის დღე! - ჰო, ვიცი, საინტერესოდ ჟღერს. ალბათ თქვენც დაგაინტერესათ რა მოუვიდათ ვალერის და მის გოგოს დიდი კატასტროფის წინ, მაგრამ... ჯობდა ფილმი მოკლე სინოპსისადვე დარჩენილიყო, რადგან აქ ყველაფერი გაწუხებს, ყველაფერი, ტრაგედიის გარდა! გაწუხებს უაზროდ მორბენალი ოპერატორი, რომელსაც ეტყობა, კამერის ქანაობით უნდოდა შემოეტანა ფილმში დაძაბულობა/ხიფათის განცდა. სინამდვილეში კი, მაყურებლის ვესტიბულარული აპარატის დარღვევა გამოუვიდა; გაწუხებს ის, რომ ფილმი დაიწყო კულმინაციით და მერე მთელი ეს გიჟური ტემპი და ცახცახა კამერა ცარიელი საშუალება გახდა იმ დაძაბულობის გადმოსაცემად, რაც დაწყებიდან 10 წუთში დაიკარგა. ამ ყველაფრის გამოსწორებას კი ვეღარც წამდაუწუმ ახლო ხედით ნაჩვენები მთავარი გმირის დატანჯული, აცრემლებული სახე ახერხებდა. ვერ მოდის შვება. ვერც კათარზისი. კულმინაციის 10 წუთი ფილმის დასაწყისში იყო და დიდი ხნის წინ გავიდა. ვიღას ახსოვს შენი ჩერნობილი. ერთი სული გაქვს დროზე მორჩეს ეს თავბრუსხვევა.
მართალია, არანაირ თავბრუსხვევას ადგილი არ ჰქონია, მაგრამ მოულოდნელი იმედგაცრუების ამბავზე გიორგი მასხარაშვილის „მესაათე“ გამახსენდა, რომლის პრემიერაც ოქტომბერში გაიმართა და ფესტივალზე, ქართულ პანორამაში იყო წარმოდგენილი. ამ ფილმზე საკმაოდ დაიწერა და ეს კრიტიკა სრულიად დამსახურებული იყო. რა თქმა უნდა, ფილმი პირველ რიგში ვიზუალია, რომელიც უნდა აჩვენო და არ უნდა მოყვე; ფილმს ნამდვილად სჭირდება ძლიერი დრამატურგია, რომ მერე უცებ, სრულიად ზედმეტი და თურმე არაფრის მომცემი გმირები არ აღმოაჩინოს მაყურებელმა შენს სურათში; და, მგონი, დიდი ხანია აღარ მიგრძვნია მსგავსი დისონანსი განვითარებულ ამბავს და ფილმის მუსიკალურ მხარეს შორის.
რადგან ფესტივალს არ ჰქონდა მთავარი კონკურსი, გადაწყდა ქართულ პანორამაში გამოევლინათ ერთი გამარჯვებული, რომელსაც ფესტივალის დიდი ხნის მეგობრები, გერმანელი კინომცოდნეები ულრიხ და ერიკა გრეგორები შეაფასებდნენ. ნანა ჯანელიძის „ნეტავ იქ თეატრი არის?“ მათი ფავორიტი გახდა. „როგორც ფრანგები ამბობენ, კარგი კონიაკი არის ის, რომელსაც სულ მცირე სამი თაობა ემსახურებოდა - პაპა, მამა და შვილი“, - ამბობს კახი კავსაძე ფილმის დასაწყისში. მანამ, სანამ რეჟისორ ნანა ჯანელიძის დახმარებით თქვენ თვალწინ სამი თაობის, სამი კავსაძის ისტორია გაცოცხლდება. იმას, რომ ეს არ არის სატელევიზიო დოკუმენტური კინო, სადაც სავარძელში მოკალათებული მსახიობი გამოთქმით და კარგად წაიკითხავს ფრაგმენტებს მისი ცხოვრებიდან, პირველივე კადრში ხვდები, როდესაც უზარმაზარი ქარხნის შენობაში აღმოჩნდები. აქა-იქ მიმოფანტული საბჭოთა სიმბოლიკის და დროშების გარემოცვაში, ხედავ ფილმის გადამღებ ჯგუფს; მაგიდასთან ბატონ კახის, რომელიც გრიმს იკეთებს და გადაღებისთვის ემზადება. პარალელურად შენ გელაპარაკება, რაღაცის მოყოლას იწყებს და მხოლოდ ახლაღა ამჩნევ ასე, 6-7 წლის ბიჭს, რომელიც გვერდზე უზის და თავისთვის რაღაცას წერს. მისი ჩაცმულობა ძველ დროზე მიგანიშნებს. ხვდები, რომ მომავალი 52 წუთის მანძილზე შენ თვალწინ სხვადასხვა ასაკის და სხვადასხვა ეპოქის კავსაძეები გაცოცხლდებიან. და შენ, მაყურებელი, მათი ცხოვრების ძალიან საინტერესო და ინტიმური ამბების მომსწრე გახდები.
„უწყინარი დიასახლისები”
კაფეში მომუშავე ნანას ისტორიას გვიყვება ქეთი მაჭავარიანის „მარილივით თეთრი“, რომლის პრემიერაც ფესტივალის ფარგლებში შედგა. ფილმმა არაერთ ფესტივალზე აიღო პრიზი და წარმატებით აგრძელებს ვოიაჟს. ეს არის ახალგაზრდა ქალის ისტორია, რომელიც საერთო საცხოვრებელში ცხოვრობს და კაფეში მუშაობით ფულს აგროვებს, რათა რაჭაში საკუთარი კაფე გახსნას. უსახლკარო გოგონას უვლის ხოლმე და პატრულის სიმპათიურ თანამშრომელთან იწყებს ურთიერთობას. მაგრამ ყველაფერი ისე როდი ხდება, როგორც ადამიანს უნდა. ნანა მარტო რჩება. ამიტომ, ხელს იქნევს ყველაფერზე და უკეთესის იმედით ფოტოზე ნანახ ადგილას მიდის. სადღაც თურქეთშია, მარილივით თეთრ სანაპიროზე. მიუხედავად იმისა, რომ ამბავიც ემოციურია და მთავარი როლის შემსრულებელიც (ნინო ქორიძე) ბოლომდე ცდილობს იყოს დრამატული, ფილმს ზუსტად ის „მარილი“ აკლია, რაც მისი პერსონაჟის ცხოვრებას.
ჰო, მარილზე გამახსენდა. ზომიერად შეზავებული იყო ერთი პატარა ჩანახატი, 8-წუთიანი მოკლე, სხარტად და იუმორით მოყოლილი ამბავი ზარმაც კაცებზე - ნანა ექვთიმიშვილის „დედა“ - გამორჩეულად დასამახსოვრებელი ნამუშევარი აღმოჩნდა. კარგად შესრულებულმა ამ პატარა ფილმმა, ბევრი საფესტივალო სრულმეტრაჟიანი ჩამოიტოვა უკან.
![]() |
24 თბილისელი ჰოლივუდში: რუბენ მამულიანი (1897-1987) |
▲ზევით დაბრუნება |
კულტურა|კინო
სანდრო ჯანდიერი
გასულ კვირას გამართულ თბილისის მე-12 საერთაშორისო კინოფესტივალს ფრანგი პროდიუსერი და დოკუმენტალისტი - პატრიკ კაზალსი სტუმრობდა. რეჟისორმა ფესტივალის სექციაში „თბილისელი დიდოსტატები” სამი დოკუმენტური ფილმი წარმოადგინა. სურათები ეძღვნება თბილისში დაბადებულ რეჟისორებს: მიხეილ კალატოზიშვილს („ქარიშხალი სახელად კალატოზოვი”, 2009), სერგო ფარაჯანოვს („სერგო ფარაჯანოვი - მეამბოხე”, 2003) და რუბენ მამულიანს („რუბენ მამულიანი - ბროდვეისა და ჰოლივუდის ოქროს ხანა”, 2007). კაზალსმა აღნიშნა, რომ ამ რეჟისორებმა მსოფლიო კინოს ისტორიაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს. მათი ფილმების რეტროსპექტივები დღესაც ხშირად არის წარმოდგენილი სხვადასხვა ფესტივალებზე. სტუმარმა აღნიშნა, რომ მას უნდოდა დამწყები რეჟისორებისთვის მოეთხრო, თუ რა გზა გაიარეს ამ რეჟისორებმა და ამით იმედი მიეცა ახალგაზრდებისთვის, რომლებიც კინემატოგრაფის რთული გამოწვევების წინაშე დგანან. მიუხედავად ამისა, ფილმის ჩვენება, რომელიც მამულიანს ეძღვნებოდა, თითქმის ცარიელ დარბაზში გაიმართა. იმის გათვალისწინებით, რომ რუბენ მამულიანზე ჩვენთან იშვიათად საუბრობენ, ვამჯობინე მის შესახებ მცირე ბიოგრაფიული ცნობები შემეკრიბა.
სომხური წარმოშობის ამერიკელმა რეჟისორმა - რუბენ მამულიანმა ბავშვობა და სიყმაწვილე ტფილისში გაატარა. რუბენის დედა - ვირჯინ ქალანთარიანი მსახიობი იყო და ტფილისის სომხურ თეატრში მსახურობდა, რუბენის მამა ბანკირი იყო. გასული საუკუნის დასაწყისში რუბენ მამულიანი ნერსესის სომხურ სასულიერო სემინარიაში სწავლობდა. ამ სემინარიას მისი მოსწავლეობის დროისთვის უფრო საერო სასწავლებლის სახე ჰქონდა. მისი თანასკოლელი იყო საბჭოთა პარტიული მოღვაწე ანასტას მიქოიანი. უფრო ადრე კი, 1880-იან წლებში, ნერსესის სემინარიაში ჯერ სწავლობდა და შემდეგ უკვე ასწავლიდა გამოჩენილი სომეხი პოეტი ოვანეს თუმანიანი.
1918 წელს, რუბენ მამულიანმა ტფილისში საკუთარი დრამატული წრე ჩამოაყალიბა. თუმცა ორი წლის შემდეგ სწავლა ლონდონის უნივერსიტეტში განაგრძო. 1922 წელს, ლონდონში, 25 წლის რუბენმა პირველი სასცენო დადგმა განახორციელა, რამაც წარმატება მოუტანა და არაერთი საინტერესო შემოთავაზება მიიღო.
ერთ-ერთი შემოთავაზებით, 1923 წელს ის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა და ნიუ იორკის შტატში, როჩესტერში, ჯორჯ ისტმენის თეატრში დაიწყო ოპერებისა და ოპერეტების დადგმა. ასე დაიწყო რუბენ მამულიანის კარიერა თეატრსა და მოგვიანებით კინოში, რაც თითქმის ოთხი ათწლეული გაგრძელდა.
1927 წელს, რუბენ მამულიანმა ბროდვეიზე დუბოზ ჰეივარდის პიესა „პორგი” დადგა. სწორედ ამ ინსცენირებამ შთააგონა ამერიკელი კომპოზიტორი ჯორჯ გერშვინი დაეწერა ოპერეტა - „პორგი და ბესი“, შემდგომში ცნობილი როგორც პირველი „ამერიკული ხალხური ოპერა”. რუბენ მამულიანი ამ ოპერის პირველი სასცენო დადგმის ავტორია.
რუბენ მამულიანის მოღვაწეობა კინოში 1920-იანი წლების ბოლოდან იწყება. ეს პერიოდი ჰოლივუდში ხმოვანი კინოს გამოჩენას უკავშირდება. რუბენ მამულიანი ამ დროს თავისი პირველი ფილმის გადაღებას იწყებს. იგი არა მარტო შემოქმედებითად ეკიდება კინოს ახალ შესაძლებლობებს, არამედ მზადაა, ახალი, ექსპერიმენტული მეთოდებით გაამდიდროს გადაღების პროცესი. რუბენ მამულიანმა პირველად განახორციელა ხმის სინთეზური, სტერეო ჩაწერა ორი მიკროფონით. ასევე პირველად გამოიყენა ორი კამერა, რითაც ერთ მოქმედებას დამატებითი ხედვის კუთხე შესძინა.
რუბენ მამულიანი იყო იმ დროისთვის ჯერ არნახული კამერის მოძრაობის, უჩვეულო ხედვის კუთხეების არქიტექტორი, ხანგრძლივი, რეალობის სისრულით აღსავსე პლანების უბადლო ოსტატი და ინოვატორი. საქმისადმი ასეთმა დამოკიდებულებამ მას ჰოლივუდში მალე დაუმკვიდრა განსაკუთრებული რეპუტაცია.
მათ, ვინც ბავშვობა 1980-იან წლებში გაატარეს, კარგად ემახსოვრებათ ზოროს ნიშნით მოფენილი სკოლების კედლები თუ ქალაქის ქუჩები. „ზოროს ნიშანს“ 1980-იან წლებში ილუზიონი აჩვენებდა. ეს რუბენ მამულიანის მიერ 1940 წელს გადაღებული ფილმია. ვერცერთმა მომდევნო ვერსიამ ვერ შეძლო გადაეფარა ის მომაჯადოებელი შთაბეჭდილება, რაც მაყურებელს ამ ფილმის ნახვისას ეუფლება.
ჩვეული ნოვატორობით შეეგება რუბენ მამულიანი ფერადი კინოს გამოჩენას. „ფერთა გამის პროგრესია უნდა გადაწყდეს ერთ, წითელ ფერში“. რუბენ მამულიანმა შექმნა კინოს ისტორიაში პირველი, ტექნიკოლორის სამფირიანი სისტემით გადაღებული ფერადი ფილმი - „ბეკი შარპი“. ყოველგვარ სიახლეს მამულიანი იღებდა როგორც გამოწვევას, საკუთარი სტილის, ახალი ფორმის დახვეწის საშუალებას. იგი მუდამ მზად იყო, დიდი ძალისხმევის, ხშირად საკუთარი რისკის ფასად დაემკვიდრებინა სრულიად ახალი გამომსახველობითი ხერხები, ფერის, კამერის მოძრაობის, კინოენის რევოლუციური მეთოდები.
„როდესაც ფილმის გადაღებას იწყებ, აუცილებელია ყველა ადამიანი შეგიყვარდეს, ვისთანაც მუშაობ”, - უბრალოდ ხსნიდა რუბენ მამულიანი საკუთარ წარმატებას, რომელმაც კინემატოგრაფს გრეტა გარბოსა („დედოფალი ქრისტინა“, 1933) და ტაირონ პაუერის („სისხლი და ქვიშა“, 1941) დაუვიწყარი სახეები შესძინა.
ბოლო ათწლეულები რუბენ მამულიანმა სასცენო მოღვაწეობასა და ლიტერატურულ საქმიანობაში გაატარა. 1964 წელს, მან საბავშვო წიგნიც გამოაქვეყნა. კარგად უკრავდა ვიოლინოზე და დიდად არ წუხდა, რომ მისი ერთ დროს სახელოვანი კინოკარიერა, შედარებით მივიწყებას მიეცა. მივიწყება დროებითი აღმოჩნდა. მისი გამონათქვამი - „დრო ყველაზე მნიშვნელოვანი მსაჯულია“, ნათლად გამოხატავს არა მარტო საკუთარი შემოქმედების, არამედ ზოგადად ხელოვნების არსის ღრმა გააზრებას. მომავალმა თაობებმა ის არაერთგზის აღიარეს, როგორც უდიდესი რეჟისორი და რეფორმატორი. 1982 წელს, სიკვდილამდე რამდენიმე წლით ადრე, მამულიანს ამერიკის რეჟისორთა გილდიის უმაღლესი ჯილდო - დ.უ. გრიფიტის სახელობის პრიზი გადაეცა.
ჰოლივუდიდან შორს, თბილისში, სანკტ-პეტერბურგის ქუჩის 13 ნომრის კედელზე მემორიალური დაფაა გაკრული: „ამ სახლში 1897 წელს დაიბადა და 1922 წლამდე ცხოვრობდა რუბენ მამულიანი“ - სულ ეს არის.
![]() |
25 საშობაოდ სტრასბურგში |
▲ზევით დაბრუნება |
კულტურა
ნინა ახლოური
წარმოიდგინეთ გირლანდებით მორთული, საზეიმოდ განათებული ძველი ევროპული ქალაქი, სადაც ნოემბრიდან ყველა ფეხის ნაბიჯზე შობაა ჩასაფრებული. ნელა მიაბიჯებთ ქუჩაში და ისეთი შთაბეჭდილება გრჩებათ, რომ არ არსებობს ქვეყნად უფრო მნიშვნელოვანი რამ, ვიდრე ციტრუსისა და დარიჩინის არომატით გაჟღენთილი ჰაერი, ან საჩუქრებისა და წითელ კოსტიუმში გამოწყობილი, თეთრწვერიანი ადამიანის მოლოდინი. თქვენს სისხლში ახლა მხოლოდ ენდორფინები გამოიყოფა. იჯერებთ იმას, რასაც მორიგი საშობაო, ამაღელვებელი სიუჟეტის მქონე ფილმის ყურების შემდეგაც არ ირწმუნებდით - საშობაო სასწაულები მართლა არსებობს...
და ეს არა მხოლოდ იმიტომ, რომ ზამთრის ცივ საღამოს გარეთ სასეირნოდ გასულს ცხელი გლუვაინისა და შემწვარი ნუშის სურნელი ისე წვდება ყნოსვას, როგორც რაღაც ისეთი, რასაც ყინვისგან და სეზონური ასთენიისგან ნებისმიერის ხსნა შეუძლია. აქ ყველაფერი, ქალაქის მთავარი ნაძვის ხიდან დაწყებული, ქუჩის უბრალო მორთულობამდე, დიზაინერების მოფიქრებულია, საშობაო პერიოდის ღონისძიებები კი წინასწარ ზუსტად დაგეგმილი. თუმცა ეს ყველაფერი არ ჰგავს comme il faut-ს პრინციპით მოწყობილ დეკორაციათა ერთობლიობას - სტრასბურგში, ისე, როგორც არსად, შობას მთელი არსებით ზეიმობენ.
ეს შემთხვევითი ნამდვილად არ არის - სტრასბურგი ხომ „შობის დედაქალაქად” არის მიჩნეული. პირველი საშობაო ნაძვის ხე და მისი მოსართავი სათამაშოები სწორედ ალზასში გაჩნდა. ეს შორეულ შუა საუკუნეებში მოხდა. მაშინ აქ შობის დამდეგს არაეკლესიური დღესასწაული, „სამოთხის თამაშები” იმართებოდა, რომელზეც ვაშლებით მორთული ნაძვი სამოთხის ხეს ასახიერებდა. 1850 წელს, გვალვის გამო ალზასში ვაშლის მოსავალი არ იყო, აქაურებმა ტრადიციის დარღვევა არ მოინდომეს და ნაძვის ხის მოსართავად შუშის ბურთები გააკეთეს. 1870 წლიდან, ამ ლამაზმა ალზასურმა ტრადიციამ მთელ მსოფლიოში დაიწყო გავრცელება. თუმცა, ის, რაც სტრასბურგულ შობას ყველაზე ღირსშესანიშნავ და შთამბეჭდავ სანახაობად აქცევს, არა დეკორაციები, არამედ უძველესი ტრადიციის მქონე საშობაო ბაზრობაა.
სტრასბურგის საშობაო ბაზრობა - Christkindelsmärik - 1570 წლიდან იმართება და ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი უძველესი და უდიდესია. დღესასწაულის პერიოდში აქ მთელი ევროპა იყრის თავს - რომ კიდევ ერთხელ დააგემოვნოს გემრიელი ალზასური კერძები და ტკბილეულობა, შეიძინოს ხელნაკეთი ნივთები და სათამაშოები, დაესწროს მხიარულ საშობაო ღონისძიებებსა და კონცერტებს... აქ ბაზრობა არ არის ადგილი, სადაც სპეციალურად უნდა მიხვიდე - ის ქალაქის თორმეტ მოედანზე ვრცელდება და სამასამდე პავილიონს მოიცავს. მათგან ერთ-ერთი, ასი კვადრატული მეტრის სიდიდის, მხოლოდ ფრანგული და უცხოური მედიის წარმომადგენლებსა და მათ გადამღებ ჯგუფებს უკავიათ.
სტრასბურგის მერია ბაზრობაზე ყოველ წელს სტუმრის სტატუსით სხვა სახელმწიფოს იწვევს. წელს საშობაო ბაზრობას შვეიცარია სტუმრობს, მომავალ წელს კი, როგორც ახლახან გახდა ცნობილი, ამ როლში საქართველო აღმოჩნდება. აღსანიშნავია, რომ კანდიდატი ქვეყნები გარკვეულ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ. მაგალითად, ყურადღება ექცევა როგორც დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დაცვის დონეს, ასევე საერთოევროპული ფასეულობების პატივისცემას. ჩვენი ქვეყანა 2012 წელს სტრასბურგის საშობაო ბაზრის სტუმარი პირველად გახდება. სტრასბურგში გუტენბერგის მოედანზე ქართული სოფელი მოეწყობა, სადაც საქართველოს ყველა კუთხე იქნება წარმოდგენილი. ორგანიზაციულ მხარეს საკუთარ თავზე მასპინძლები იღებენ, თუმცა მოთხოვნებიც აქვთ - გამოფენილი პროდუქციის ოც-ოცდაათ პროცენტს კვების ნაწარმი უნდა შეადგენდეს.
შარშანდელ ბაზრობაზე სტატისტიკური მონაცემებით სტრასბურგს ორი მილიონ სამასი ათასი ტურისტი ეწვია. თუ ეკონომიკურ კრიზისს გავითვალისწინებთ, ეს საკმაოდ შთამბეჭდავი რიცხვია. ასე რომ, ეს მშვენიერი შესაძლებლობაა მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩასულ ადამიანებს ტრადიციული კერძებით, ეროვნული სამოსით და საინტერესო ღონისძიებებით აჩვენო - ქართული ქრისტესშობა ისეთივე ნათელი, სურნელოვანი და მხიარულია, როგორიც მზიან ალზასში...
![]() |
26 Café De France - ჯაზი და კარამელი |
▲ზევით დაბრუნება |
გურმანი|რესტო
გიგო მესხიშვილი
Café De France - ჯაზკლუბი, რესტორანი. გ. ტაბიძის 3/5, თბილისი
უბანი: სოლოლაკი
ტელ: +995 577 94 01 27 ; +995 32 299 02 21
სამზარეულო: ევროპული
საათები: ყოველდღე, 9:00-02:00
ბარათები: მიიღება
ფასი: 130-150 ლარი (სადილი ორ კაცზე, ღვინის და სერვისის ჩათვლით)
პარკინგი: მიმდებარე ქუჩები
ელ-ფოსტა: maka.progressgroup@yahoo.com
ტაბიძის ქუჩა საინტერესო მიკროუბნად ყალიბდება და ამაში თავის როლს ის რამდენიმე ახალი კაფე და რესტორანიც თამაშობს, რომელიც აქ ბოლო ერთი წლის მანძილზე გაიხსნა. საღამოობით აქაურ კვების დაწესებულებებში ხალხმრავლობაა, თუმცა არ იქნებოდა ურიგო დღის საათებშიც დატვირთულიყო ეს ქუჩა. მაგალითად, შარშან ითხოვდნენ, რომ ტაბიძის ქუჩა თბილისელი ბუკინისტებისთვისაც დაეთმო ქალაქის ხელისუფლებას. მშვენიერი იდეაა - მყუდრო ქუჩა, წიგნები, კაფეები, მუსიკა...
Café De France ორიოდე თვის წინ გაიხსნა და თავიდანვე უნდა ვთქვა, რომ ამ დაწესებულების მთავარი ღირსება სასიამოვნო პერსონალი, კარგი მუსიკა და ღვინის შედარებით მრავალფეროვანი ბარათია.
მენიუ, როგორც ბევრ სხვა თბილისურ რესტორანში, არათანაბარია და, შეიძლება ითქვას, მოსაწყენიც. სიახლე და ინტრიგა ნამდვილად არ აწყენდა აქაურ სტარტერებს, წვნიანებსა და თავ კერძებს. მენიუში საკმაოდ ბევრი კორექტურაა, ზოგი სახელი შეცდომით წერია, თუმცა კორექტურას ვინ ჩივის, უფრო არსებითი ნაკლი მის მიღმა იმალება.
სტარტერად ადგილობრივი საფირმო სალათი ავიღეთ (17.90 ლ.), ქათმის ხორცი სოიოს სოუსით, მწვანე ვაშლით, სალათის ფურცლებით და შვეიცარიული ყველის კუბებით. და რაც მთავარია, მაიონეზით (ღმერთო, როდემდე ამდენი მაიონეზი!). სალათი საკმაოდ მძიმე და პირქუში გამოვიდა, ცხადია, ვერც ვაშლი შველოდა საქმეს, მით უმეტეს, რომ საბოლოო შთაბეჭდილებას კარამელი ქმნიდა, რომელსაც ალყაში ჰყავდა მოქცეული ეს უცნაური კერძი. სალათი ცოტათი გამოაკეთა ღვინომ, მართალია, თელავის მარნის წინანდალი (1 ჭ. - 8.00 ლ.) ზედმეტად ნაზი აღმოჩნდა ასეთი მოუქნელი სალათისთვის, სამაგიეროდ, თელიანის ცოლიკოური (1 ჭ. - 6.00 ლ.) მოუხდა ძალიან, შესაძლოა იმიტომაც, რომ ცოტათი გადაჟანგული იყო.
შემდეგ ხახვის სუპის ჯერი დადგა (6.90 ლ.), რომელიც გემოზე სასიამოვნო იყო, მაგრამ არაფრით გამორჩეული - არც ხახვი იყო კარგად ჩახარშული და გემოზეც ნაკლებად კონცენტრირებული ჩანდა.
კალმახი გრილზე ბოსტნეულით (16.90 ლ.) - გული მომიკვდა, როდესაც ე.წ. ბულგარული წიწაკა აღმოვაჩინე თევზის მიმდებარედ. პოპულის კერძები გამახსენდა, იქ ხომ აბსოლუტურად ყველაფერს ამ საშინელებით კმაზავენ, რათა ვერასდროს ვერაფრის გემო ვერ გაიგო. თევზზე უფრო მეტად ბოსტნეული მესიამოვნა, მით უმეტეს, ძალიან მოუხდა თელიანის მუხაში დავარგებული წინანდალი (1 ჭ. - 8.00 ლ.), თუმცა გამიკვირდა, როდესაც ცხვრის ხორციც (18.90 ლ.) ბოსტნეულის ზუსტად ისეთივე შემადგენლობით მოგვიტანეს - ყვავილოვანი კომბოსტო, მწვანე ლობიო, ყაბაყი, სალათის ფურცლები, თეფშის კიდეებზე კი ისევ კარამელი...
კიდევ კარგი, ცხვრის ხორცის საწებელი ცალკე მოვატანინეთ. ეს იყო ნაღების სოუსი, მანანის ფაფის სურნელითა და გარეგნობით, არც კი მიფიქრია მის გასინჯვაზე. მართალია, ამის გამო ცხვარი შედარებით მშრალი მეჩვენა, სამაგიეროდ, თელავის მარნის მუკუზანმა (1 ჭ. - 13.00 ლ.) მალე დაგვავიწყა ეს ნაკლი.
არც ინტერიერი გამოირჩეოდა განსაკუთრებით, თუმცა განათება სასიამოვნო იყო. ჭარბობდა შინდისფერი, კედლებიდან რონ კარტერი და ოსკარ პიტერსონი დაგვყურებდა კოლეგებთან ერთად. ქურთუკებზე არავის შეუწუხებია თავი, არადა მოგვიანებით შევნიშნე, რომ რესტორანში გარდერობიც იყო.
ღვინო საკმაოდ ფართოდ იყო წარმოდგენილი, თუმცა მხოლოდ 4-5 საწარმოსი - თელავის მარანი, თელიანი, თბილღვინო, შატო მუხრანი, შუხმანი, ბაგრატიონი. კარგია, რომ თითქმის ყველა ღვინოს ჭიქითაც მოგართმევენ, თუმცა სხვა საკითხია როგორი ჭიქით. თეთრი მშრალი ღვინო გიგანტური ბოკლებით მოგვიტანეს, რომელიც მართალია ფორმით კლასიკურ ღვინის სადეგუსტაციო ჭიქას ჰგავდა, მაგრამ მონუმენტური ზომისა იყო და უფრო დეკორატიული ეთქმოდა. როდესაც ვთხოვე ეს მონსტრები გამოეცვალათ, უფრო უცნაური, მრგვალი, მუცელგაბერილი ჭიქები მოგვიტანეს. არადა, მარტივადაა საქმე, მეგობრებო, გახსენით Google-ი და აკრიფეთ Chardonnay Glass - ეს თეთრებისთვის გამოგადგებათ, შემდეგ კი Bordeaux Glass - წითლებისთვის. ღვინისთვის ეს ორი ჭიქა სრულიად საკმარისი იქნება, თუ მაინცდამაინც, შეგიძლიათ ხერესის ბოკალიც შეიძინოთ სადესერტო ღვინოებისთვის.
![]() |
27 პანა-კოტა (მოხარშული ნაღები) |
▲ზევით დაბრუნება |
გურმანი|რეცეპტი
შეფ-მზარეული
გიორგი რაუში
Localino
ფალიაშვილის 14
2 ულუფა
მასალა:
500 გრ. 3.5%25-იანი რძე
100 გრ. ნაღები
20 გრ. ჟელატინი (სასურველია რუსული)
200 გრ. ჟოლო (შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვა კენკრაც)
50 გრ. შაქარი
მომზადების წესი:
აადუღეთ რძე და ნაღები, ჩაუშვით შიგნით ჟელატინი. როგორც კი წამოდუღდება, დაუმატეთ 50 გრ. ჟოლო.
მიღებული მასა გადმოგდით ცეცხლიდან და ჩაასხით სასურველ ფორმაში ან ჭიქაში, შედგით მაცივარში და გააჩერეთ 3 საათი.
ჟოლო მოათავსეთ ბლენდერში, დაუმატეთ შაქარი და დააბლენდერეთ.
მიღებული მასა მოასხით გაცივებულ პანა-კოტას და დააგემოვნეთ.
მასალა შეგიძლიათ შეიძინოთ სუპერმარკეტებში: პოპული (ვეკუას ქ. 3, ტელ. 224 46 35), ჯორჯიტა (წერეთლის ქ. 116, ტელ. 235 71 73), გუდვილი (ჭავჭავაძის გამზირი 34, ტელ. 224 33 02/03).