![]() |
სოციალური პოლიტიკა საქართველოში № 2 |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: ჩეთვინი მერი ელენ, დუმბაძე მანანა, თავაძე ვანო, შაყულაშვილი ლამარა, ჩხენკელი მაია, თაბუკაშვილი მარინა, მინდაძე მიხეილ, ამზაშვილი თამარ, შაღაშვილი მაგული, სალმონი ჰიუ |
თემატური კატალოგი სოციალური პოლიტიკა საქართველოში |
საავტორო უფლებები: © ჰორიზონტი, მესამე სექტორის ფონდი |
თარიღი: 2003 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: „სოციალური პოლიტიკა საქართველოში“, ყოველკვარტალური ჟურნალი, გამოიცემა ფონდ „ჰორიზონტის“ მიერ 2003 წ. „მერსი ქორის“ (Mersy Corps) და „ქეას“ (Care International)ფინანსური მხარდაჭერით აშშ -ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროგრამის „ საქართველოს თემის მობილიზაციის ინიციატივის“ ფარგლებში. „სოციალური პოლიტიკა საქართველოში“ გამიზნულია საქართველოში სოციალური პოლიტიკის განვითარებისათვის მოსახლეობის ძალისხმევის მხარდასაჭერად. სტატიებისა და ინფორმაციის გადაბეჭდვა ნებადართულია ჟურნალის „სოციალური პოლიტიკა საქართველოში“ რედაქტორთან შეთანხმებით. რედაქტორი: მანანა დუმბაძე დიზაინი და დაკაბადონება: სანდრო ასათიანი ფოტო: გიორგი დუნდუა, დავით გუგუშვილი, ვასილ გულეური, NRC და The Georgian Messenger საკონტაქტო მისამართი: თბილისი 380015 დოლიძის 2, მე - 6 სართული ტელ: 33 42 87, 33 08 93 ტელ/ ფაქსი: 98 75 04 ელ ფოსტა: inform@horizonti.org ჟურნალში „სოციალური პოლიტიკა საქართველოში“ გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ფონდ „ ჰორიზონტის“, ,,მერსი ქორის“, „ქეას“, ან USAID-ის თვალსაზრისს. |
![]() |
1 სარედაქციო წერილი (სოციალური პოლიტიკა საქართველოში) |
▲ზევით დაბრუნება |
მერი ელენ ჩეთვინი
ფილოსოფიის დოქტორი, მრჩეველი სოციალური პოლიტიკის საკითხებში
მანანა დუმბაძე
რედაქტორი
„საქართველოს თემის მობილიზაციის ინიციატივა“ მცირე დასახლებებსა თუ შედარებით დიდ რაიოენებში ბოლო ორი წელია თანმიმდევრულად ახორციელებს თემის საინფორმაციო უზრუნველყოფის პროგრამებს. ჟურნალში გამოქვეყნებული მასალები ცხადყოფენ, რომ სათემო ინიციატივამ ყველა თემში თავისებური ნაყოფი გამოიღო. თემები თავიანთ რაიონებში ერთიანდებიან და „სოციალური პოლიტიკის სამუშაო ჯგუფებს“ ქმნიან. სოციალურ პოლიტიკაში ცვლილებების შეტანა მათ საკუთარ მხრებზე იტვირთეს, აყალიბებენ სარესურსო ცენტრებს და ცდილობენ, ადგილობრივ პოლიტიკაზე გავლენა იქონიონ. მოწინავე სტატიაში სწორედ ეს პროცესებია ასახული.
ჟურნალის მეორე ნომერში იმ პროექტებზე და წამოწყებებზე გვინდა გიამბოთ, რომლებიც თემებმა „საქართველოს თემის მობილიზების ინიციატივის“ წყალობით განახორციელეს. განსაკუთრებულ ყურადღებას „სოციალური პოლიტიკის“ იმ პროგრამებს ვუთმობთ, რომლებიც ,,საქართველოს თემის მობილიზების ინიციატივის“ ორწლიანი გამოცდილების ნიადაგზე აღმოცენდნენ. ვაქვეყნებთ სხვა პროგრამების ფარგლებში განხორციელებულ რამდენიმე მონათესავე პროექტის ანგარიშისაც, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ ეს პროექტები სოციალური პოლიტიკის ინიციატივის ჯგუფის სულისკვეთებას იზიარებენ.
ამ გამოცემის მთავარი თემა საქართველოში სოციალური სამსახურის ძლიერი საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავება და განვითარებაა. სოციალური მუშაკი, როგორც ახალი სპეციალობა, უკვე არაერთ კონტექსტში მოიხსენიება (ბავშვთა დაწესდებულებები, ქუჩის ბავშვები, რისკის ჯგუფის მოზარდები, მოხუცებულები და სოციალურად დაუცველი ფენები). საზოგადოება თანდათან სწვდება ამ პროფესიის არსს, მაგრამ პროცესის დასაჩქარებლად და ამ საკითხისადმი განსხვავებულ მოსაზრებათა შესაჯერებლად, უკვე რამდენიმე შეხვედრა გაიმართა. ამავე გამოცემაში გიამბობთ, რა დაბრკოლებებს წააწყდა მუშაობის დროს საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელმაც ერთ - ერთმა პირველმა შეუწყო ხელი საქართველოში სოციალური სამსახურის, როგორც დარგის, განვითარებას. აქვე იბეჭდება ანგარიში სამუშაო ობიექტიდანაც. მისი ავტორი მკითხველს საქართველოში სოციალური მუშაკის პრაკტიკულ გამოცდილებას უზიარებს. ბავშვთა დეინსტიტუციონალიზაციის საკითხებისადმი (სოციალური პოლიტიკის ინიციატივის ჯგუფის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება) მიძღვნილი მასალა, საქართველოს სოციალური მუშაკების მიერ ამ დარგში სახელმწიფო პოლიტიკის შესაქმნელად გადადგმულ პირველ ნაბიჯს ასახავს. ჟურნალში წამოწეულია, ასევე, ოჯახური ძალადობისა და ეთნიკურად განსხვავებულ მოზარდებს შორის ურთიერთობების (პანკისის ხეობის მაგალითზე) თემა.
![]() |
2 სოციალური პოლიტიკის სამუშაო ჯგუფები |
▲ზევით დაბრუნება |
ვანო თავაძე
მესამე სექტორის ფონდ ,,ჰორიზონტის“ სექტორთა შორის თანამშრომლობის პროგრამის მენეჯერი
ფონდ „ჰორიზონტის“ სოციალური პოლიტიკის ჯგუფმა აღმოსავლეთ საქართველოს სამ რეგიონსა და თბილისში, ასევე, დასავლეთი საქართველოს ოთხ რეგიონში ხელი შეუწყო ადგილობრივ/რეგიონულ დონეზე მოქმედი მობილური რგოლების - სოციალური პოლიტიკის სამუშაო ჯგუფების შექმნას.
სოციალური პოლიტიკის სამუშაო ჯგუფს შეადგენს 15 - 18 მოხალისე. ისინი „მერსი ქორისა“ და „ქეარის“ მიერ მობილიზებული თემების აქტიური წევრები და „მერსი ქორის“, ,,ქეარისა“ და ფონდ „ჰორიზონტის“ გრანტის მიმღები ორგანიზაციების წარმომადგენლები არიან.
სოციალური პოლიტიკის სამუშაო ჯგუფების მიზანია:
● რეგიონალურ და ადგილობრივ დონეზე სოციალური პოლიტიკის ღონისძიებათა შემუშავებასა და განხორციელებაში მოსახლეობის ფართო ფენების მონაწილეობის უზრუნველყოფა;
● მიმდინარე სოციალური რეფორმების განხორციელებასა და მონიტორინგში მოსახლეობის ფართო ფენების მონაწილეობის უზრუნველყოფა;
● სოციალური პოლიტიკისა და შესაბამისი რეფორმების შემუშავებაში აქტიური მონაწილეობის მიღება;
● თემებისათვის/საზოგადოებისთვის ადეკვატური და დროული ინფორმაციის მიწოდება დაგეგმილი ან მიმდინარე სოციალური რეფორმების შესახებ და ისეთი მექანიზმების უზრუნველყოფა, რაც მოქალაქეებს ამ რეფორმებთან დაკავშირებულ პროცესებში სოციალური პროგრამებისა და მათი ცალკეული კომპონენტების შესწავლის, გაცნობიერების, საკუთარი რეკომენდაციებისა და მოსაზრებების წარდგენის გზით, მათ დახვეწასა და გაუმჯობესებაში წვლილის შეტანის საშუალებას მისცემს;
● თემების/საზოგადოების ინტერესების ლობირება და დაცვა ხელისუფლების ცენტრალური და ადგილობრივი ორგანოების წინაშე.
დასახული მიზნის მისაღწევად, ჯგუფი მართავს სამუშაო შეხვედრებსა და დისკუსიებს, რომლებზეც სოციალურ სექტორში მიმდინარე პროცესებს განიხილავენ, იგი თანამშრომლობს სხვადასხვა სახელისუფლებლო სტრუქტურებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საერთაშორისო და ადგილობრივ დონორებთან, თემის ყველა ფენის აქტიური მონაწილეობითა და მხარდაჭერით ორგანიზებას უკეთებს და ხელმძღვანელობს საზოგადოებრივი ინტერესების კამპანიებს, ავლენს სოციალურ პოლიტიკასთან დაკავშირებულ საინფორმაციო საჭიროებებს და მის დასაკმაყოფილებლად მოიპოვებს და გასცემს შესაბამის ინფორმაციას, იკვლევს საზოგადოებრივ აზრსა და დამოკიდებულებას მიმდინარე ან დაგეგმილი სოციალური რეფორმის შესახებ, თანამშრომლობს მასმედიასთან და ცდილობს თავისი საქმიანობა მოსახლეობის ფართო ფენებს გააცნოს.
სოციალური პოლიტიკის სამუშაო ჯგუფები იყოფა ქვე-ჯგუფებად, რომლებიც ფოკუსირებული არიან სოციალური პოლიტიკის ჯგუფის მიერ შერჩეულ პრიორიტეტულ სფეროებსა და ღონისძიებებზე, კერძოდ, განათლების, პირველადი ჯანდაცვისა და სოციალურ რეფორმებზე, თემის ინფორმირებაზე, ადვოკატირებაზე, მონიტორინგსა და შეფასებაზე.
აღმოსავლეთ საქართველოში სოციალური პოლიტიკის სამუშაო ჯგუფები თემის საინფორმაციო სამუშაო ჯგუფების ბაზაზე შეიქმნა, მაგრამ, ვინაიდან საინფორმაციო ჯგუფებს ინფორმაციის მოპოვებასა და გაცემაზე ბევრად მეტი სამუშაო ევალებოდათ, მათი სოიალური პოლიტიკის სამუშაო ჯგუფებად გარდაქმნა გადაწყდა. ამგვარი ჯგუფები შექმნილია და საქმიანობენ ახალციხეში, თელავში, გორსა და თბილისის ისანი - სამგორის რაიონებში.
დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, სამეგრელოში, იმერეთსა და გურიაში სამუშაო ჯგუფები მოგვიანებით შეიქმნა. რეგიონალურ დონეზე ჩატარებულ შეხვედრებზე სათემო კავშირებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მოწვეულმა წარმომადგენლებმა თავად შეარჩიეს ჯგუფის წევრები. 2002 წლის მაისისსადა ივლისის დასაწყისში ჯგუფების წევრებისათვის ჩატარდა სტრატეგიული განვითარების სემინარი, რომელზედაც განისაზღვრა და დაკონკრეტდა ზემოთ ჩამოთვლილ საქმიანობათა მიზნები და ჯგუფის ფუნქციები. სემინარზე თითოეულმა რეგიონულმა ჯგუფმა, ასევე, წარმოადგინა თავისი მუშაობის ზოგადი გეგმა. ეს გეგმები დაკონკრეტდა და დაიხვეწა რეგიონებში ჩატარებულ სამუშაო შეხვედრებზე.
სამუშაო ჯგუფებს აქვთ ორიდან ოთხ თვეზე გათვლილი სამოქმედო გეგმა, რომლის ორგანიზებულ, ტექნიკურ და ფინანსურ მხარდაჭერას ფონდი “ჰორიზონტი“, „მერსი ქორი“ და „ ქეარი“ ახორციელებს.
სამუშაო ჯგუფებმა უკვე ჩაატარეს კვლევები სამიზნე ჯგუფებში, განახორციელეს სასკოლო განათლების რეფორმის მიმდინარეობის მონიტორინგი, გამოავლინეს თემებში საინფორმაციო საჭიროებები და ამ საჭიროებათა დასაკმაყოფილებლად დაიწყო საინფორმაციო პაკეტების მომზადება და გავრცელება. თემისთვის ჩატარდა არაერთი საინფორმაციო შეხვედრა, ასევე, სოციალური პოლიტიკის სხვადასხვა ასპექტებთან დაკავშირებული შეხვედრები და სემინარები, განმტკიცდა ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებთან ურთიერთობა, სოციალური პრობლემების გადასაჭრელად გაიმართა საზოგადოების ინტერესების დაცვის კამპანიები.
ცხადია, ამგვარი საქმიანობისათვის ჯგუფის წევრებს სათანადო უნარჩვევების განსავითარებლად გარკვეული თეორიული ცოდნის და პრაკტიკული გამოცდილების დაგროვება ესაჭიროებათ. ამიტომ, პირველ ეტაპზე სოციალური პოლიტიკის სამუშაო ჯგუფების უმრავლესობის შემდეგი შინაარსის ტრენინგები და სემინარები ჩაუტარდა:
● ფასილიტაციის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება;
● ადვოკატირება;
● სემინარი სოციალური პოლიტიკის საკითხებზე;
● სემინარები და სამუშაო შეხვედრები ბავშვთა სოციალური დაცვების საკითხებზე;
● სემინარი განათლების რეფორმის საკითხებზე.
2003 წელს ამას ცალკეული თეორიული და თემატური სემინარები (პირველადი ჯანდაცვისა და სოციალურ უზრუნველყოფის სფეროში) და ტრენინგები დაემატება. სოციალური პოლიტიკის ჯგუფს დაგეგმილი აქვს, თავად უზრუნველყოს სოციალურ პოლიტიკასთან დაკავშირებულ სხვა სემინარებსა თუ კონფერენციებზე სოციალური პოლიტიკის სამუშაო ჯგუფების წევრთა დასწრება ფონდ „ჰორიზონტში“ და სხვაგანაც.
სოციალური პოლიტიკის სამუშაო ჯგუფებისათვის სპეციალური სემინარებისა და სხვა შემეცნებითი ღონისძიებების ჩასატარებლად დაგეგმილი კვალიფიციური კონსულტანტებისა და ექსპერტის მოწვევა.
![]() |
3 თემის ინფორმაციული უზრუნველყოფა და სოციალური გარდაქნები თემში |
▲ზევით დაბრუნება |
ლამარა შაყულაშვილი
გორის რაიონის გამგეობის საინფორმაციო ცენტრის უფროსი, შიდა ქართლის სოციალური პოლიტიკის სამუშაო ჯგუფის წევრი
როცა ქვეყანაში ყველაფერი რიგზე არ არის, როცა უკიდურესი გაჭირვებისაგან ფიზიკურ და სულიერ განადგურებამდეა მისული მოსახლეობა, როცა სამთავრობო სტრუქტურებში კორუფცია ზეიმობს, ხოლო ადამიანები ამას გულგრილად უყურებენ - სახელმწიფოში კატასტროფის წინაშეა. დღეისათვის ჩვენს ქვეყანაში ბუნდოვანია სოციალური პოლიტიკის სახელმწიფო ხაზი, ვინაიდან სრულიად დაუცველია ბავშვი და მოხუცი, ნებისმიერი მოქალაქე.
აუცილებელია ადამიანებს გავაცნობიერებიოთ, რომ თითოეული მათგანის აქტივობა კორუფციონერებს ნაკლებ გასაქანს აძლევს. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი მოქალაქეების, თემების გააქტიურების და გაერთიანების მცდელობის სურვილით ჩამოყალიბდა. ეს მოხდა ორი წლის წინ „მერსი ქორის“, ფონდ „ჰორიზონტის“ და ადგილობრივი მოქალაქეების ძალისხმევით. ცენტრი მმართველობის, თვითთმართველობის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლობით დაკომპლექტდა.
შემდგომ, ორგანიზაციის სახელწოდებას „საკორდინაციო“ დაემატა, ვინაიდან თემებთან შეხვედრებზე აშკარად გამოიკვეთა, რომ არსებული ჟურნალ - გაზეთების და ტელეგადაცემების სიმრავლის მიუხედავად, საზოგადოება მაინც ინფორმაციულ ვაკუუმშია. იმისათვის, რომ თემი აქტიურად ჩაერთოს სოციალური რეფორმების მიმართულების შემუშავებისა განხორციელების პროცესში, საჭიროა მას სრული, რეალური, დამუშავებული და გადამოწმებული ინფორმაცია მივაწოდოთ.
გარდა ამისა, ორგანიზაციის ავტორიტეტის ამაღლებისა და მისი საქმიანობის გამჭირვალობისთვის ძალზე მნიშვნელოვანია საინფორმაციო ბანკის შექმნა, ინფორმაციის მოპოვება, გაცვლა, გავრცელება და სხვადასხვა სტრუქტურებიდან მიღებული ინფორმაციის კოორდინირება.
თავიდან საქმიანობის გაგრძელებისადმი ერთგვარი ნიჰილიზმი შეიმჩნეოდა, ვინაიდან ჯგუფის წევრები სრულიად განსხვავებულ სტრუქტურებში საქმიანობენ. იყო დროის, და რაც მთავარია, ნდობის დეფიციტი როგორც ერთმანეთის, ისე საქმიანობის მიმართ. მაგრამ, სამუშაო შეხვედრებმა და სემინარებმა ყინული გაალღო. საბოლოოდ შეიკრა ისეთი ჯგუფი, რომლის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, ადამიანებს პრობლემების მოგვარების გზების, მეთოდებისა და ხერხების ძიებაში დაეხმაროს, ამასთან ერთად, კოორდინირება გაუწიოს თემის მობილიზებას დასახული მიზნების მისაღწევად.
გორის სოციალური პოლიტიკის ჯგუფმა მიზანმიმართული სამუშაო გეგმა შეიმუშავა და განახორციელა. თემის ინფორმაციული საჭიროების გამოსაკვლევად ჩატარდა სამუშაო შეხვედრები. აღმოჩნდა, რომ თემს სჭირდება ინფორმაცია სოციალურ სფეროში მიმდინარე პროცესებზე. ინფორმაციული პრიორიტეტებიდან გამომდინარე, ჯგუფმა სამი მიმართულებით გააგრძელა საქმიანობა. ეს მიმართულებებია: განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა.
განათლების სფეროში მომუშავე ქვეჯგუფებს წარმოადგენს პედაგოგები, რომლებმაც მოისმინეს სემინარები განათლების რეფორმის შესახებ და ამ საკითხთან დაკავშირებით პირველი შეხვედრები ექსპერტებთან ერთად ჩაატარეს. ტირძნისის, ნიქოზის, შავშვების საკრებულოებში, კასპში ჩატყარებულ შეხვედრებზე გარდა იმისა რომ აუდიტორიას განათლების რეფორმის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს, მათ თვალსაჩინოებათა კატალოგიც წარმოადგინეს. ბევრმა პედაგოგმა ჯგუფის წევრებს მადლობა გადაუხადა, რადგან საშუალება მიეცათ წინასწარ გასცნობოდნენ კატალოგს და იქიდან თავიანთთვის ყველაზე უფრო საჭირო და იაფი მასალები ამოერჩიათ. რეფომის საკითხებთან დაკავშირებით მათ საკუთარი შენიშვნები და მოსაზრებები გამოთქვეს.
შეხვდრის მონაწილეებს მიაჩნიათ, რომ ცენტრი ინფორმაციას სისტემატურად უნდა ავრცელედეს: „განათლების რეფორმის განხორციელების თაობაზე ეჭვი გამიქრა“; „ნუ მიგვატოვებთ!“ - ამოიკითხავდით სამუშაო შეხვედრის შეფასების ზოგიერთი კითხვარიდან. სემინარის მონაწილენი ამ ფრაზებით გამოხატავენ სურვილს, რომ შეხვედრები კამპანიური ხასიათის არ ყოფილიყო და მომავალშიც გააგრძელეს.
ჯანდაცვის ქვეჯგუფებმა ინფორმაციის მოპოვების თვალსაზრისით ტირძნისის, შავშვების და ნიქოზის საკრებულოებში უზარმაზარი სამუშაო ჩაატარა. სამივე რაიონში თემს სასმელი წყლის შემადგენლობის გამოკვლევა აინტერესებდა, მით უმეტეს, რომ შიდა ქართლი წყლის დაავადებების კერადაა ცნობილი. ქვეჯგუფების წევრებმა „შიდა ქართლის გარემოს დაცვის ლაბორატორიის“ უშუალო მონაწილეობით ჩაატარეს საკრებულოებში აღებული სასმელი წყლის ქიმიური და ბაქტერიოლოგიური ანალიზი. აღმოჩნდა, რომ სასმელ წყალში იოდი არ არსებობს, ბაქტერიოლოგიური ანალიზის მიხედვით კი, იგი არ დაილევა. სასმელი წყლის რეზერვუარები დაუყოვნებლივ დაქლორვას საჭიროებენ. ჯგუფის საქმიანობამ რეალური შედეგი გამოიღო. წარმატებული ადვოკატირების შედეგად თემის წევრებმა საკუთარი წვლილითა და მცირე ბიზნესმენების დახმარებით სასმელი წყლის სათავეების დაქლორვა მოახერხეს.
სემინარებზე ქვეჯგუფებმა თემის წევრებს მათთვის სასარგებლო და აუცილებელი ინფორმაცია გააცნო. დაარიგა სახელმწიფოში მიმდინარე მოქმედი სამედიცინო პროგრამების ჩამონათვალის, პირველადი სამედიცინო დახმარების, დევნილთა სამედიცინო დახმარების, ბავშვთა აცრების, პაციენტთა უფლებების ამსახველი ბუკლეტები - „კეთილი რჩევები“. ქვეჯგუფის მიერ გაწეული ადვოკატირების შემდეგ, სოფელ წითელუბანში თემმა სრულიად დამოუკიდებლად აღადგინა ჯანდაცვის პუნქტში.
განათლებისა და ჯანდაცვის საკითხებზე გამართულმა სემინარებმა ურთიერთნდობის ატმოსფეროში ჩაიარა. დღევანდელ საქართველოში, სოციალური ფონდიდან გამომდინარე, ძალზე გართულდა ცხოვრება ზოგადად, მაგრამ უმძიმეს სიტუაციაში აღმოჩნდნენ ისინი, ვინც სრულიად მოუმზადებელი შეხვდნენ ცვლილებებს და ალღო ვერ აუღეს მიმდინარე პროცესებს. ყველაზე მეტად, მაინც, ბავშვები დაზარალდნენ. ქვეჯგუფებმა, რომელიც უნარშეზღუდული ბავშვების ინკლუზიურ სწავლებაზე და საზოგადოებაში მათ ინტეგრირებაზე მუშაობს, გამოიკვლია გორსა და გორის რაიონის სკოლებში უნარშეზღუდული ბავშვების რაოდენობა და ვინაობა. აღმოჩნდა, რომ მათი უმრავლესობა სკოლაში არ დადის, სკოლამდელები კი - საბავშვო ბაღებში. გორში ჯერ არ არსებობს სოციალური მუშაკის ინსტიტუტი. ქვეჯგუფებმა სოციალურ სფეროში არსებული პრობლემების და საკანონმდებლო ბაზის დაუხვეწაობის შესახებ საკმაო ცოდნა და გამოცდილება დააგროვა. გეგმები გვაქვს. სრულყოფილი სოციალური პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება დღეს თითქოს უტოპიაა, მაგრამ რამდენადაც პროცესი დაწყებულია და მოვლენებია - გარდაუვალი, იმედი ჩაგვესახა. თავარია, თემი დავარწმუნოთ, რომ ცხოვრების ფერხულში აქტიურად ჩაბმა მათი პრობლემების მოგვარების და სურვილების ასრულების საწინდარია.
![]() |
4 სათემო ცენტრის პროექტები პანკისის ხეობაში |
▲ზევით დაბრუნება |
მაია ჩხენკელი
პროექტის კოორდინატორი, NRC, ახმეტა
ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭომ (NRC) პანკისში მოღვაწეობა 1999 წელს დაიწყო. პროექტი, რომელიც UNHCR - ის პარტნიორობით ხორციელდება, თემის განვითარებისა და ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას გულისხმობს და მიზნად პანკისში თავშესაფრის მაძიებელი ჩეჩენი ლტოლვილებისა და ადგილობრივი ქისტი მოსახლეობის ხელშეწყობას ისახავს. ხეობაში 5 000 - მდე ჩეჩენი ლტოლვილია. მათი უმეტესობა ქალი და ბავშვია. იმ ძირითადი საჭიროებების (საკვები, ტანსაცმელი, შეშა) გარდა, რომელთა მოგვარებასაც საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციები უზრუნველყონ, ამ ხალხს კიდევ ბევრი სხვა, დაუყოვნებლივ მოსაგვარებელი პრობლემა აქვს: ომითა და დევნით გამოწვეული ფსიქოლოგიური ტრამვა, ინფორმაციის ნაკლებობა, და ბოლოს, ლტოლვილ და ადგილობრივ მაცხოვრებელთა შორის გაჩენილი დაძაბულობა, ამასთან დაკავშირებით NRC-იმ შეიმუშავა პროექტი, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების მოსაგვარებლად, ადგილობრივი და ლტოლვილთა მოსახლეობის სამუშაო პროცესში აქტიურად ჩართვას ითვალისწინებს. პროექტი მოსახლეობის ხელშეწყობის სამ მიმართულებას მოიცავს.ეს მიმართულებებია: სათემო მომსახურება, განათლება და იურიდიული კონსულტაციები.
სათემო მომსახურება
NRC-იმ და UNHCR-მა დუისში (პანკისის ხეობა), ჩამოაყალიბა სათემო ცენტრი, რომელიც დროთა განმავლობაში ქალთა და ახალგაზრდული ღონისძიებების ორგანიზებისთვის, თემის წევრების შესახვედრად, ინფორმაციის მისაღებად, კულტურული ღონისძიებების ჩასატარებლად, ტრენინგებისა თუ გამოფენების მოსაწყობად უფასო, მყუდრო და ყველაზე უსაფრთხო ადგილად იქცა. იმისათვის, რომ თემი პროექტში სრული დატვირთვით ჩართულიყო და გენდერულ პრობლემებსაც მეტი ყურადღება დათმობოდა, NRC-,,Irs” (ბედნიერება ჩეჩნეთში) შეიქმნა. კომიტეტის წევრებად ლტოლვილი და ადგლობრივი ქალები იქნენ არჩეულნი. ქალება პრობლემის ანალიზის, საჭიროებათა შეფასების, პროექტების წერის, მენეჯმენტის, გუნდის ჩამოყალიბებისა და კონფლიქტების მოგვარების საკითხებზე სპეციალური ტრენინგები ჩაუტარდათ. NRC-ის პროექტის უმთავრესი ამოცანა იყო „დახმარებოდნენ ქალთა ჯგუფებს, რათა ამ უკანასკნელთ, საკუთარი თავის დახმარება შეძლებოდათ“. ლტოლვილები გარედან დახმარებას (საკვები, ტანსაცმელი, და ა.შ.) იყვნენ შეჩვეულნი, რაც საკუთარი რესურსების დახარჯვას არ საჭიროებდა. თავიდან NRC-ის გაუჭირდა, ადგილობრივი ქალები თვითრეალიზაციის მნიშვნელობასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში აქტიური მონაწილეობის აუცილებლობაში დაერწმუნებინა. NRC-ის თანამშრომლები და ტრენერები რეგულარულად ატარებდნენ ტრენინგებს ამ საკითხებზე. ტრენინგები ჯგუფებს მნიშვნელოვნად დაეხმარება საკუთარი სიძნელეების გადალახვასა და პირველი ნაბიჯების გადადგმაში. პირველად, NRC-ის მხარდაჭერითა და ნორვეგიის საელჩოს დაფინანსებით ,,Irs”-მა განახორციელა პროექტი სახელწოდებით - „კომპიუტერის შემსწავლელი კურსი ახალგაზრდებისთვის“ იგი მიზნად ლტოლვილი და ადგილობრივი ახალგაზრდების პროექტში ჩართვას და მათთვის კომპიუტერით სარგებლობის სწავლებას ისახავდა. ადგილობრივ მაცხოვრებელთა და ლტოლვილების თანაბარ მონაწილეობას პროექტში, ორ თემს შორის დაძაბულობის კლება უნდა გმოეწვია.
ქალთა ჯგუფი აქტიურად განაგრძობდა NRC-თან თანამშრომლობას, რამაც საგრძნობლად შეუწყო ხელი მათ თვითრეალიზაციას, საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების პროპაგანდას. კომპიუტერული კურსების წარმატებებზე მეტყველებს ქალთა კომიტეტის შემდგომი ინიციატივებიც: მომზადდა არაერთი ახალი პროექტი, კომპიუტერულ კურსებს ჭრა-კერვის და ინგლისური ენის კურსებიც დაემატა. სწავლება ერთი წელი გრძელდებოდა და კომიტეტი ძალას არ იშურებდა, კურსები თითქმის მთელ თემს გაევლო. NRC კურსებს ყველა აუცილებელი ტექნიკური მასალითა თუ აღჭურვილობით უზრუნველყოფდა.
ამასობაში, NRC-იმ სათემო ცენტრში სხვა სასარგებლო საქმიანობაც წამოიწყო: მისი ხელშეწყობით შეიქმნა სატელევიზიო - საინფორმაციო ოთახი, ბიბლიოთეკა, სპორტული დარბაზი, აშენდა სპორტული მოედანი. „ტელევიზორების ოთახი“ ყოველდღე მუშაობს. მთელ ხეობაში ეს ერთადერთი ადგილია, სადაც მოსახლეობა ჩეჩნეთში არსებული პოლიტიკური სიტუაციისა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაციას ღებულობს. ახალგაზრდებისა და ბავშვებისათვის შეძენილი იქნა ვიდეო და მულტპილკაციული ფილმები, ბიბლიოთეკას კვირაში ერთხელ ქართული და რუსული ჟურნალ-გაზეთები მიეწოდება. ბიბლიოთეკა მარაგდება სხვადასხვა ჟანრის (მხატვრული ლიტერატურა, სამეცნიერო ფანტასტიკა, დეტექტივები, ზღაპრები) ქართული და რუსული ლიტერატურით. სპორტული დარბაზი აღიჭურვა თანამედროვე ინვენტარით, აშენდა ხელბურთისა და კალათბურთვის ღია მოედანი და ადგილობრივ და ლტოლვილ ახალგაზრდობას სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობის საშუალება მიეცა. ცენტრისთვის შეიძინეს საჭადრაკო კომპლექტები (უფროსი ასაკის ლტოლვილები და ადგილობრივი ხანდაზმულები კარგად თამაშობენ ჭადრაკს), მოეწყო საჭადრაკო ტურნირი. ტურნირში გამარჯვებულები პრიზებით დააჯილდოვეს, საჭადრაკო კომპლექტები კი ლტოლვილთა ცენტრებს დაურიგეს. NRG-იმ და ,,Irs”-მა სხვა საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან ერთად ჩაატარეს ლექცია - სემინარები პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ჯანდაცვის და სხვა საკითხებზე. ადგილობრივმა ფოლკლორულმა ჯგუფებმა ცენტრში არაერთი კონცერტი და ფესტივალი გამართეს. სათემო ცენტრის ეკონომიური მდგრადობისათვის, ქალთა ჯგუფებმა კაფე გახსნა, სადაც ჩაი, ყავა და მათივე ხელით გამომცხვარი ნამცხვარი იყიდება.
განათლება
საგანმანათლებლო პროცესის ნორმალიზებისათვის, ქვე-პროექტი მიზნად პანკისის ხეობის სკოლებში მასწავლებელთა და მოსწავლეთა აუცილებელი მოთხოვნილებების (როგორც მატერიალური, ისე ფსიქოლოგიური) დაკმაყოფილებას ისახავს. სამი წლის განმავბლობაში NRC პანკისის სკოლების ლტოლვილთა კლასებს საკლასო ნივთებითა და სახელმძღვანელოებით ამარაგებდა. ადგილობრივ მცხოვრებთა და ლტოლვილთა შორის უსიამონბის თავიდან ასაცილებლად, NRC საკლასო ნივთების (რვეულები, კალმები, ფერადი ფანქრები, სახაზავები და ა.შ.) ახლა ადგილობრივ მოსწავლეებსაც ჩუქნის. პანკისის ხეობის სკოლის მასწავლებლებს ტრენინგები უტარდებათ. ერთობლივი (ლტოლვილთა და ადგილობრივ მასწავლებელთა) ტრენინგის პროგრამა „მშვიდობიანი კლასის“ კონცეფციას ეფუძნება, ხოლო პრინციპი - სასკოლო პრობლემების მოგვარება, შიდა დამოკიდებულებების მოწესრიგება და თანამშრომლობის წახალისებაა. მასწასვლებელს წვრთიდნენ ეფექტური საკომუნიკაციო უნარჩვევების, ინტერაქტიული სასწავლო მეთოდების, კონფლიქტის ტრანსფორმაციის სტრატეგიის, სასწავლო პროცესის ფსიქოლოგიისა და სხვა ინოვაციური მეთოდების დაუფლებაში. პროექტმა მასწავლებლების ავტორიტეტების ამაღლებას და მათი ფსიქოლოგიური კომპეტენციის ზრდას შეუწყო ხელი, აღჭურვა ინტერაქტიული და ინოვაციური სწავლების იმ ინსტრუმენტებითა და მეთოდებით, რომლებიც სკოლის მისიის სწორად გაცნობიერებასა და სწავლების პროცესში წამოჭრილი პრობლემების გადაჭრაში გამოადგებათ. მასწავლებელთა უმრავლესობა ამგვარ ტრენინგებს მიესალმება და სწავლების შემდგომ ეტაპებში მონაწილეობის სურვილს გამოთქვამს.
იურიდიული კონსულტაციები
2002 წელს ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭომ პანკისის ხეობაში იურიდიული პროექტის განხორციელება დაიწყო. პროექტი ადამიანის/ლტოლვილთა უფლებების საკითხებზე იურიდიულ კონსულტაციებს ითვალისწინებს. იურიდიული სამსახურიც სათემო ცენტრში დაბინავდა - ყველაზე კომპორტულ და უსაფრთხო გარემოში. კონსულტაციები ტარდება ყოველდღე. იურიდიულ სამსახურს საკოსულტაციოდ, უფრო, საქართველოს ტერიორიაზე ლტოლვილთა უფლებების, თავშესაფრის მაძიებელთა რეგისტრაციის, რეპატრიაციის, ექსტრადიციის და მესამე ქვეყანაში გამგზავრების შესაძლებლობების თაობაზე მიმართავენ. ადამიანის უფლებების, ლტოლვილთა უფლებების, UNHCR-ის მანდატის და სხვა ზოგად საკითხებზე იურისტებმა ტრენინგები და სემინარები ჩაატარეს. სათემო ცენტრში დადგეს საინფორმაციო დაფა, რომელსაც ყოველდღე ჩეჩნეთისა და ჩეჩენი ლტოლვილების შესახებ ინტერნეტიდან მოძიებული ინფორმაციით აახლებენ.
პერსპექტივები
2003 წელს ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭო UNHGR-თან და სხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობით კვლავ გააგრძელეს სათემო ცენტრის ხელშეწყობას. მომავლისთვის დაგეგმილია ახალი პროექტი, რომელიც ცენტრში მუსიკის, ცეკვის და კულინარიის კურსების გახსნას ითვალისწინებს. გეგმავენ განათლების პროგრამის გაგრძელებასაც - მასწავლებელთა ტრენინგს, სასკოლო ნივთებით მოსწავლეების უზრუნველყოფას და სკოლამდელი განათლების ტრენინგს პანკისის ხეობის ორი საბავშვო ბაღისათვის.
ზემოთ ჩამოთვლილმა ღონისძიებებმა თემს გააქტიურებისა და მიმდინარე ადგილობრივი პროცესებით დაინტერესებისკენ უნდა უბიძგოს. ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ისეთ რეგიონში, რომელიც დღეს, უკაცრიელ მიწადაა ქცეული და თავისი ნების საწინააღმდეგოდ საერთაშორისო კონფლიქტშია გახვეული.
![]() |
5 არ დავუშვათ ბავშვის შეურაცხყოფა და ძალადობა ქალზე! |
▲ზევით დაბრუნება |
მარინა თაბუკაშვილი
ქალთა პროგრამების კოორდინატორი, ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“
მზარდი აგრესია, დიდწილად, მოსახლეობის უკიდურესი სიდუხჭირით, სოციალური დაუცველობით, საგანმანათლებლო კრიზისით, დაუძლეველი კორუფციით და სისხლიანი კონფლიქტების მძიმე მემკვიდრეობით გამძაფრებული, საზოგადოებისა და სახელმწიფო სამსახურების ერთობლივი ძალისხმევით უნდა დაძლიოს.
2000 წელს სექტემბერში, ღია საზოგადოების ინსტიტუტის სამმა პროგრამამ1 ბუდაპეშტში უმასპინძლა ორმაგ ტრენინგს აღმოსავლეთ ევროპისა და პოსტსაბჭოური ქვეყნების წარმომადგენლებისთვის. ტრენინგის თემები იყო ოჯახური ძალადობა და ბავშვის შეურაცხოფა2. ტრენინგის ქართველი მონაწილეები შინ დავბრუნდით მტკიცე გადაწყვეტილებით, გვემუშავა ჩვენს ქვეყანაში ძსგან ქალთა და ბავშვთა დაცვის მასშტაბურ, ფართოდ გაშლილ საქმიანობად გადასაქცევად. ამას ტრენინგში ჩართვაც გულისხმობდა და, რაც მთავარია გვავალდებულებდა პრობლემის სიმწვავე ჩვენს სამშობლოში.
საერთაშორისო ასოციაცია „წინსვლამ“ (წამყვანი ორგანიზაცია), საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და მედიცინის განვითარების ფონდმა და ორგანიზაციამ „ქალი და საზოგადოება“ ევროკომისიის დაფინანსებით 2001 წლის აპრილ - ნოემბერში განვახორციელოთ პროექტი „არ დავუშვათ ბავშვის შეურაცხოფა და ძალადობა ქალზე!“ პროექტის მრჩეველი პროფესიული ფსიქოლოგი იყო. სხვა საქმიანობებებთან ერთად, გათვალისწინებული იყო სასწავლო - სამუშაო შეხვედრების ჩატარება ქვეყნის ათ რეგიონში, და თბილისში. მუშაობაში ჩაებნენ საკითხით დაინტერესებული სამთავრობო სამსახურებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ჟურნალისტები. რეგიონალურ ძალთა კონსოლიდაცია მნიშვნელოვან ამოცანად ისახებოდა. ძალადობის დასაძლევად ისეთი შემადგენლობის გუნდების შექმნას ვცდილობდით, რომელიც ეფექტურად და ოპერატიულად იმოქმედებდნენ რეგიონში. ჩამოყალიბდა ძალადობისგან ბავშვთა და ქალტა დაცვის 10 რეგიონული კომიტეტი.
პროექტი ფართო და გრძელვადიანი საქმიანობის საწყის ეტაპად იყო ჩაფიქრებული და საბოლოო მიზნად საქართველოში ძალადობასთან ბრძოლის მძლავრი და ქმედითი სახელმწიფო სამსახურის შექმნას ისახავდა.3
ღია საზოგადოების ინსტიტუტის ქალთა ქსელური პროგრამა გაეცნო პროექტის „არ დავუშვათ ბავშვის შეურაცხოფა და ძალადობა ქალზე!“. მსვლელობას და მოიწონა მისი (ფონდის „ღია საზოგადოება - საქართველო“ ქალთა პროგრამით) გაგრძელების გეგმა. 2001 წლის ბოლოს ფონდის აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით დაფინანსდა ძალადობისგან ბავშვთა და ქალთა დაცვის ათი რეგიონული კომიტეტის ოფისების აღჭურვა - დისტრიბუციის პროექტი, რომელიც ქალთა პროგრამამ ფონდის ტექნიკურ ოფისთან თანამშრომლობით შეასრულა.
რეგიონალური კომიტეტები
კომიტეტების მუშაობა მიზნად ისახავს:
● ბავშვთა და ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევების აღრიცხვას და სათანადო რეაგირების უზრუნველყოფას;
● სამთავრობო და საზოგადოებრივი სექტორების, აგრეთვე მედიის საქმიანობის კოორდინირებას ძალადობისა და მზარდი აგრესიის წინააღმდეგობის მიზნით;
● ძალადობის საწინააღმდეგო რეგიონსშიდა ქსელების შექმნას.
რეგიონული კომიტეტების საქმიანობის მდგრადობა და განვითარება მნიშვნელოვანი გარემოებებითაა უზრუნველყოფილი: ადგილობრივი ხელისუფლების სხვადასხვა სამსახურებმა ზოგან კი - არასამთავრობო ორგანიზაციებმა, უსასყიდლოდ დაუთმეს კომიტეტებს ოთახები, რომლებიც ფონდმა საოფისე ტექნიკით აღჭურვა. კომიტეტები თანამშრომლობენ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუიტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) ტრენერთა რეგიონალური ქსელის წევრებთან, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ადგილობრივ წარმომადგენლებთან, პოლიციელებთან, და სოციალური სამსახურის მუშაკებთან.
ძალადობისგან დაცვის ხარისხის ასამაღლებლად ფონდის ქალთა პროგრამამ 2002 წლის დასაწყისში გამოაცხადა კონკურსი „მცირე გრანტები რეგიონულ გაერთიანებებს ძალადობისგან ქალთა და ბავშვთა დასაცავად“. ამ კონკურსის ფარგლებში ფონდმა დააფინანსა ხუთი რეგიონალური კომიტეტის საქმიანობა (იმერეთის, გურიის, სამცხე - ჯავახეთის, შიდა ქართლის, სამეგრელოს). კიდევ ორი კომიტეტი - რაჭა - ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთისა და აჭარისა - OSCE/ODIHR -დან დაფინანსდა.
კომიტეტების მუშაობის შედეგად შეიქმნა რაიონული ქვეკომიტეტები, გამოქვეყნდა საგანმანათლებლო მასალა და ინფორმაცია ძალადობის ფაქტებზე, გაიბა თანამშრომლობა სამთავრობო და არასამთავრობო სექტორებს შორის ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვის სფეროში, ამაღლდა მუშაობაში ჩართული გუნდების პროფესიონალიზმი, საკუთარ ძალთა რწმენა და პასუხისმგებლობა. მას შემდეგ, რაც ქალთა პროგრამამ ფართოდ გაავრცელა ინფორმაცია რეგიონული კომიტეტების დაფუძნებისა და საქმიანობის შესახებ, რეგიონში თბილისიდან ჩამოსულ ტრენერებს მუშაობა გაუადვილდა.
OSCE/ODIHR და ფონდის ქალთა პროგრამა 2003 წელსაც ერთობლივად აპირებენ საქართველოს რეგიონში ქალთა და ბავშვთა მიმართ ძალადობის დასაძლევი საქმიანობის დაფინანსებას.
ძალადობისგან ქალთა და ბავშვთა დაცვის ეროვნული სამსახური შეიქმნა რეგიონალურ კომიტეტებთან და მხარდამჭერ ორგანიზაციებთან კოორდინირებული მუშაობით ძალადობის ფაქტებზე ეფექტური რეაგირებისათვის.
2001 წლის ბოლოს ძალადობისგან ქალთა და ბავშვთა დაცვის მხარდამჭერთა ერთობა ჩამოყალიბდა. ქვეყანაში ძალადობისგან დაცვის ეფექტური მექანიზმის შექმნა, ჩვენი საქმიანობის მთავარი ამოცანა, გულისხმობს ძლიერი და მიზანდასახული ორგანიზაციების ერთობლივ და კოორდინირებულ მოქმედებას. ამიტომ უსწრებდა თანამხზრახველთა და მხარდამჭერთა ძიება ძალადობისგან ქალთა და ბავშვთა დაცვის ეროვნული სამსახურის შექმნას.
ქ-ნ ნანა დევდარიანისა და ფონდის „ღია საზოგადოება - საქართველო“ ქალთა პროგრამის ერთობლივი ინიციატივით გადაწყდა ძალადობისგან ქალთა და ბავშვთა დაცვის ეროვნული სამსახურის განთავსება საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის შენობაში. ეს იყო უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი, რომელიც ადამიანის დასაცავად სამთავრობო, და საზოგადოებრივი ძალების გაერთიანებას გულისხმობს. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი მუდამ ღიაა საზოგადოებრივი სექტორის ინიციატივებისათვის, და დიდად უწყობს ხელს ქვეყანაში ქალთა მოძრაობის განვითარებას. ინიციატორები შევთანხმდით, რომ ქალთა და ბავშვთა დაცვის ორგანიზებაში უკვე მიღწეულ შედეგებს დაფუძნებული ეროვნული სამსახურის სახალხო დამცველის აპარატის შესაძლებლობებსაც ჩართავდა. ეროვნული სამსახური 2002 წლის სექტემბერში ამუშავდა. მას ხელმძღვანელობს ქ-ნი ნატო შავლაყაძე, თავჯდომარე არასამთავრობო ორგანიზაციისა „ქალთა კლუბი „პეონი“, ექსპერტი ქალთა უფლებების სფეროში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პენიტენციური სისტემის საზოგადოებრივი კონტროლის დამოუკიდებელი საბჭოს წევრი. სამსახურში, სხვადასხვა ფუნქციით, მათ შორის სახალხო დამცველის აპარატის ჩართულია აპარატის ექვსი თანამშრომელი და ცხელი ხაზის ოთხი ოპერატორი. ძალადობისგან ქალთა და ბავშვთა დაცვის ეროვნულ სამსახურს მხარს უჭერს თხუთმეტი არასამთავრობო ორგანიზაცია, ერთობა, რომელიც ამ სამსახურის ამუშავებამდე ჩამოყალიბდა.
ძალოვანი სტრუქტურა - ქალთა და ბავშვთა დასაცავად
საქართველო ხელს აწერს ყველა საერთაშორისო დოკუმენტს, რომელიც სახელმწიფოებს ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვასა და დიკრიმინაციის აღმოფხვრას ავალდებულებს. მაგრამ ადამიანის უფლებათა დაცვა კვლავ უპირატესად საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობად რჩება რაკი შესაბამისი ბრძანებულებები, მითითებები და სახელმწიფო სამოქმედო გეგმები დაუფინანსებელია. ამ ნიადაგზე წარმოიშვება უამრავი სირთულე და მუშაობის ხელისშემშლელი გარემოება, და, გარდა ამისა, ღრმავდება სამთავრობო და საზოგადოებრივ სექტორთა გაუცხოვება, რაც სრულებით დაუშვებელია და საფრთხეს უქმნის საერთო მიზნისთვის მოქმედების წარმატებას.
ქალთა პროგრამამ უმასპინძლა ადამიანთა სყიდვის საწინააღმდეგოდ შეკრებილ მრგვალ მაგიდას, სადაც დაინტერესებული სახელმწიფო სამსახურის პასუხისმგებელმა პირებმა და საზოგადოებრივი სექტორის აქტივისტებმა ერთად დასახეს სამოქმედო პერსპექტივები. ამ სამუშაო შეხვედრის ორი მონაწილე, საქართველოს სახელმწიფო დაზვერვის დეპარტამენტისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, უკრაინაში გაემგზავრნენ (ცხრა „არასამთავრობოსთან“ ერთად) კვალიფიკაციის ასამაღლებლად ტრეფიკინგის საწინააღმდეგოდ სპეციალიზირებულ ადამიანის უფლების დამცავ ორგანიზაციაში.4
ფონდის ქალთა პროგრამის ინიციატივით ჩამოყალიბდა ტრენერთა გუნდი ქალთა და ბავშვთა ძალადობისგან დაცვის სფეროში, და 2002 წლის ბოლოს დაფინანსდა პროექტი „ტრენინგები საქართველოს რეგიონებში დასაქმებული პოლიციელებისთვის“. პროექტი ძალადობის დასაძლევი საქმიანობის ერთიან სქემაშია ჩართული და რეგიონული კომიტეტებთან თანამშრომლობით წარიმართება. მისი ერთი ძირითადი მიზანი რეგიონული კომიტეტების ადგილობრივ პოლიციასთან თანამშრომლობუის ხელშეწყობაა.
2003 წლის მარტის ბოლოს, ისევ OSCE/ODIHR-თან თანამშრომლობით, იგეგმება მასშტაბური და წარმომადგენლობითი ტრენინგის ჩატარება შინაგან საქმეთა სამინისტროს, სასამართლოსა და პროკურატურის წამყვან პირთათვის ოჯახური ძალადობა საზოგადოების განვითარების სერიოზული შემაფერხებელი ფაქტორია ჩვენს ქვეყანაში, სადაც ოჯახის წევრის ჩაგვრა ჯერაც არ ითვლება დანაშაულად.
ამ პრობლემასთან დაკავშირებით ქალთა საკომუნიკაციო ცენტრმა „სახლი“ და ბავშვთა უფლებების დაცვის საქალაქო ცენტრმა სემინარული მუშაობა ჩაუტარეს თბილისის ხუთი რაიონის (დიდუბე-ჩუღურეთი, ვაკე - საბურთალო, გლდანი ნაძალადევი, ისანი - სამგორი, მთაწმინდა კრწანისი) პოლიციისა, და არასრულწლოვანთა კომისიებში მომუშავე განათლების მუშაკებს. სემინარში, რომელიც ქ. თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს ოპერატიული სათათბიროს გადაწყვეტილებით დაიგეგმა, ასზე მეტი ადამიანი ჩაერთო. ეს იყო დიდად მნიშვნელვანი დიალოგი სამთავრობო და საზოგადოებრივი სექტორებს შორის თანამშრომლობისა და ნდობის ატმოსფეროს შესაქმნელად.
მედია
ქალთა პროგრამამ მედიასთან მუშაობა 2000 წლის ბოლოს დაიწყო „ჟურნალისტთა სკოლით: რეფორმების გენდერული ასპექტები“, სკოლა 57 ჟურნალისტმა გაიარა (დიდი ნაწილი - საქართველოს რეგიონებიდან).5
2001 წლის დასაწყისში გამოცხადებული კონკურსის „საქართველო: ქალთა საკითხი გარდატეხის ხანაში“ შედეგად 14 ჟურნალისტი ინდივიდუალური გრანტით მუშაობდა ნახევარი წლის განმავლობაში. გამოქვეყნდა სამასამდე საგაზეთო, რადიო და ტელეპუბლიკაცია, რომელთა უმრავლესობა ძალადობის ყველაზე მწვავე საკითხებს შეეხებოდა, შეიქმნა ქალთა/გენდერული საკითხებზე მომუშავე ჟურნალისტთა სარესურსო ცენტრი ამუშავდა.6
დიდი წარმატებით ჩაირა ჟურნალისტებისთვის 2002 წლის გაზაფხულზე გამოცხადებულმა კონკურსმა „ქალთა და ბავშვთა უფლებების დარღვევა; ქალთა დაცვა ძალადობისგან - 2002 წლის პუბლიკაციები“. ათი ლაურეატის 108 პუბლიკაციის ასლები უკვე გადაეცა სხვადასხვა სარესურსო ცენტრებს საკვლევად, და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს სათანადო რეაგირებისთვის ძალადობისა და უსამართლობის სტატიებში აღწერილ შემთხზვევებზე.
ფონდის ქალთა პროგრამა, რომელიც მიღწეულ შედეგებს ეყრდნობა თანმიმდევრულ მუშაობაში, მუდამ ცდილობს პროგრამებშორისი კავშირების გაბმასა და წარმატებულ გრანტიორებთან თანამშრომლობის შენარჩუნებას. ჟურლისტთა ქსელის რამდენიმე წევრი სხვადასხვა რეგიონალური კომიტეტის ლიდერი გახდა, და მათი პროფესიული, უკვე სპეციალიზებული მოღვაწეეობა არაჩვეულებრიცად ზრდის კომიტეტის საქმიანობის გავლენას რეგიონში.
რა არის ოჯახური ძალადობა?
რედაქტორის შენიშვნა: ქართული საზოგადოებისათვის უაღრესად მნიშვნელოვანი - ეთნიკურ და ეკონომიკურ საზღვრებზე გამავალი - საკითხის მასშტაბური საჩვენებლად, გვთავაზობთ მარინა თაბუკაშვილის სტატიას მერი ელენ ჩეთვინის კომენტარით.
რა იგულისხმება ოჯახურ ძალადობაში? ეს არის ძალადობა, რომელიც ოჯახურ გარემოში შეიძლება მოხდეს. ვგულისხმობთ მეუღლეზე ძალადობის, ბავშვებზე ნებისმიერი სახის ძალადობას, მოხუცებულებზე ძალადობას, და ისეთ ძალადობასაც (დასავლური ქვეყნების პრაქტიკაში, რომელიც ერთი სქესის ადამიანებს შორის ხდება. ოჯახური ძალადობის საკითხებზე გამართულ დისკუსიებში, წინ მეუღლეზე ძალადობის თემა წამოიწევს ხოლმე, კერძოდ, მამაკაცის ძალადობა მეუღლეზე ან მასთან ხანგრძლივ თანაცხოვრებაში მყოფ ქალზე. მშობლების ძალადობა ბავშვებზე ანალოგიურ ტრამვებს იწვევს. ტერმინში „ოჯახური“ ძალადობის კონტექტშიც იგულისხმება და ურთიერთობების შინაარსიც. ოჯახური ძალადობა მარტო ოჯახში როდი ხდება. უმეტეს შემთხვევაში, ქალი კარგად იცნობს მამაკაცს, კავშირი აქვს ან ადრე ჰქონია მასთან. ამ დროს საქმე შეიძლებოდა გვქონდეს, როგორც ფიზიკურ, ისე არაფიზიკურ ძალადობასთან. ფიზიკური ძალადობის (ცოლის ცემა, გაუპატიურება, წამება . . .) გარდა ძალადობისა შეიძლება იყოს ფსიქოლოგიური და ემოციურიც (ცოლის გინება, შეურაცმყოფელი სიტყვებით მიმართვა, მისთვის საკვების მიცემაზე და მატერიალურ უზრუნველყოფაზე უარის თქმა.)
ოჯახური ძალადობის ასპარეზზე ყურადღების ცენტრში მეუღლეზე ძალადობა ექცევა ხოლმე, ვინაიდან ძალადობის ეს ფორმა ვიზუალურად თვალსაჩინო და იოლად დასაამტკიცებელია. ფიზიკური ძალადობის შედეგად სხეულზე გამოხატულ ვიზუალურ ტრამვაზე არანაკლებ ტრავმული მეუღლისათვის/ბავშვისთვის, შეიძლება მათზე არასისტემატური ძალადობა შეიძლება მოხდეს ფიზიკური ძალის გამოყენებით და გამოუყენებლადაც. „უხილავი“ ოჯახური გარემოებანი ძალადობას ნიღბავს და მის დასაბუთებას აძნელებს, თუმცა ხშირად, ეს გარემოებანი ფსიქოლოგიური და ემოციური ძალადობის უმძიმეს ფორმებს წარმოადგენენ. მუდმივი შიშის ან მეუღლის მხრიდან მოსალიოდნელი ქმედებებისადმი ძრწოლვის პირობებში არსებობა ოჯახს სხვა სოციალური ურთიერთობების მოგვარებაში უშლის ხელს.
აუცილებელია, გავაცნობიეროთ, რომ ქალი და ბავშვი მარტო ქმრის/მამის ან ქალის ყოფილი პარტნიორის ძალადობის მსხვერპლი კი არ არის, არამედ ოჯახის ყველა იმ წევრისაც, ვინც მათ დასაცავად ხმას არ აიმაღლებს. ეს „პასიური ძალადობის“ ფორმაა. ვინაიდან ოჯახური ძალადობა დახურულ კარს მიღმა მომხდარი აქტია, შესაბამისი სამსახური, საავადმყოფოები და პოლიცია მას ოჯახის პირად საქმედ მიიჩნევს. არ ერევიან საყვარლების ჩხუბში, არც მშობლების მიერ შვილების დატუქსვის დროს, რადგან ეს ადამიანების პირადი საქმეა. ქალების უმრავლესობას მიაჩნია, რომ პოლიცია ოჯახურ ძალადობასა სერიოზულად არ აღიქვამს. არადა, მამაკაცის ძალადობაზე პოლიციის შესაბამის რეაგირებას სოციალური მნიშვნელობა აქვს. პოლიციელი, რომელიც ასევე საზოგადოების ნაწილია, პატრიარქალური მარწუხებიდან ჯერ არ განთავსებულა. ამიტომ, პარტიარქალური პრინციპების ერთგული პოლიცია ძალზე ძალადობის კიდევ ერთ წყაროდ გვევლინება. ამის დასტურად, ოჯახური ძალადობის შემთხვევებში პოლიციის მიერ მამაკაცებზე განხორციელებული „საპასუხო ზომებიც“ კმარა. პოლიცია და შემდეგ სასამართლო განსაზღვრავს, თავდასხმის რომელი შემთხვევა შეესაბამება სასამართლოს წესით განსახილველ სისხლის სამართლის დანაშაულს და რომელი არ საჭიროებს პოლიციისგან ზომების მიღებას. გამომდინარე, ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ქალები არ ენდობიან პოლიციას, არ ელიან მათგან დახმარებას, იციან, რომ მამაკაცი მათი შიშის მიზეზს ვერასდროს გაიგებს და ძალადობის ფაქტებსაც სერიოზულ დანაშაულად არ აღიქვამს. მიზეზი, რომლის გამოც ქალები მათზე ძალადობის ჩივილით პოლიციას არ მიმართავენ, პირდაპიპროპორციულია იმ პოზიციისა, რომელიც პოლიციას ამ საკითხის მიმართ აქვთ. ქალები ფიქრობენ, რომ არ არის გამორიცხული, ოჯახური ძალადობაში პოლიციამ თავად ქალი დაადანაშაულოს და ამით ამოწუროს მთელი საქმე. ეშინიათ კიდეც პოლიციის.
საბედნიეროდ, ზოგიერთ ქვეყანაში ოჯახურ ძალადობას მეტ ყურადღებას აქცევენ. მაგალითად, 2003 წლის 1 იანვრიდან შვეიცარიაში შესაბამის კანონებში ცვლილებები შეიტანეს. ეს ცვლილებები ითვალისწინებს ძალადობის მსხვერპლი ქალის სახლის გარეთ თავშესაფრის მოძიებაში ხელშეწყობას და მოძალადე მამაკაცის დაუყოვნებლივ დაპატიმრებას.
საქართველოს ხელისუფლებამ და რიგმა ორგანიზაციებმა უკვე დაიწყეს ოჯახური ძალადობის საკითხებზე სერიოზული მუშაობა, რადგან მიაჩნიათ, რომ უამისოდ ქვეყანაში ჯანსაღი, არაძალადობრივი საზოგადოების ცამოყალიბება შეუძლებელია. ქალბატონი მარინა თაბუკაშვილის სტატია სწორედ ამ პროცესს ასახავს.
________________________
1. ქალთა ქსელური პროგრამა, ბავშვთა შეურაცხყოფისგან დაცვისა, და მედიის ქსელური პროგრამები.
2. ტრენერთა გუნდები დულუსიდან, მინესოტას შტატი, აშშ.; და დიდი ბრიტანეთიდან.
3. პროექტის შესახებ: http://gains.iatp.org.ge/camainge.html
4. ამით ქალთა პროგრამამ მხარი დაუჭირა ,,ადამიანთა ჰარმონიული განვითარების საზოგადოების“ internetional HRs internship Program - დან დაფინანსებულ პროექტს.
5. ორგანიზატორები: საზოგადოება ,,დინამიკური ფსიქოლოგია განვითარებისა და დემოკრატიისათვის“, სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი“; ,,ქალები მომავლისათვის“.
6. საქმიანობათა ეს რიგი განხორციელდა ქალთა ქსელური პროგრამის ,,მედია და გენდერული პოლიტიკა“ ფარგლებში ფონდის ქალთა პროგრამის ინიციატივით. სარესურსო ცენტრი: თბილისი, ბაქოს 20ა, IV სართული, ტელ: 953873; ელ. ფოსტა: isr@ip.osgf.ge
![]() |
6 ბავშვთა დეინსტიტუციონალუიზაცია და სოციალური მუშაკები |
▲ზევით დაბრუნება |
მიხეილ მინდაძე
ქალაქის საკრებულოს და მთავრობის მთავარი მრჩეველიგანათლებისა და ბავშვთა დაცვის საკითხებში
თამარ ამზაშვილი
განათლების სამინისტროს მთავარი სპეციალისტი
მყარი და სტაბილური ოჯახი რომ ბავშვის კეთილდღეობის საფუძველია, საკამათო არ არის, მაგრამ, სამწუხაროდ, ყველა ოჯახს არ ძალუძს ბავშვს მისთვის საჭირო სოციალური და ემოციური ატმოსფერო შეუქმნას. ასეთ შემთხვევაში სახელმწიფო ვალდებულია, თავად აიღოს ბავშვის აღზრდაზე პასუხისმგებლობა და მას განვითარებისათვის ოპტიმალური პირობები შეუქმნას.
საბჭოთა პერიოდში ბავშვის მომსახურების ყველაზე ეფექტურ ფორმად ბავშვთა სახლები ითვლებოდა. იქ ბავშვებს უზრუნველყოფდნენ კვებით, საშუალო განათლებითა და სამედიცინო მომსახურეობით, მაგრამ ვერ უნვითარებდნენ საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაციისათვის საჭირო უნარ - ჩვევებს.
სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების გამოცდილება ადასტურებს, რომ ბავშვთა სახლში ბავშვის აღზრდა (ყველაზე კარგად დაფინანსებულშიც კი) ვერ შეედრება ბავშვის ოჯახში აღზრდას. ბავშვთა სახლში სრულყოფილად ვერ ვითარდება.
ეჭვგარეშეა, ექსტრემალურ სიტუაციაში მყოფი ბავშვების მისაღებად, დღესაც უნდა არსებობდეს ბავშვთა სახლები, მაგრამ ინსტიტუციაში (დაწესებულებაში, ამ შემთხვევაში - ბავშვთა სახლი) ყოფნის გრძელვადიანი პერსპექტივა ბავშვს კარგად ვერაფერს მოუტანს. საზოგადოებისგან იზოლირებულად აღზრდილი ბავშვი ძნელად ეგუება ბავშვთა სახლის გარეთ არსებულ ცხოვრების სტილს, რასაც ხშირად სავალალო შედეგამდე მივყავართ - ბავშვი კრიმინალური სამყაროს მსხვერპლი ხდება.
არავინ დაინტერესებულა იმ გარემოებით, თუ რამდენად შეესაბამება ბავშვის უფლებების გაეროს კონვენციას (CRC) ბავშვთა სახლში ბავშვის გადაყვანის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება. გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენცია ბავშვის ძირითად უფლებად მის ოჯახურ გარემოში ყოფნას აღიარებს.
საქართველოში 41 სხვადასხვა ტიპის ბავშვთა სახლი და სკოლა-ინტერნატია, სადაც 4 600-მდე ბავშვი იზრდება. ამ ბავშვების ოთხმოცდაშვიდი პროცენტი (87%25) „სოციალური ობოლია“, რომელიც არა მშობლების დაკარგვის გამო, არამედ სოციალური ინფრასტუქურის არარსებობის გამო აღმოჩნდა სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ.
უმუშევრობისა და სიღარიბის პრობლემის დაძლევა, ბუნებრივია, შეამცირებდა ბავშვის სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მოხვედრის რისკს. არსებობს ბავშვზე ზრუნვის სხვა ალტერნატიული ფოპრმაც, რომელიც ოჯახის უშუალო დახმარებაში, ან დახმარების ეფექტიანი გზების გამოძებნაში მდგომარეობს. საქართველოს მთავრობამ უნდა შექმნას ბავშვთა დაცვისა და ოჯახის თანადგომის კარგად დაფინანსებული სამსახური, რომელიც ხელს შეუწყოს ბავშვის გაზრდას მის ბიოლოგიურ ოჯახში.
ამ პრობლემების მოსაგვარებლად, განათლების სამინისტროში ბავშვის მომსახურების ახალი ფორმების შემუშავების იდეა დაიბადა. იდეის არსი ბავშვის ბავშვთა სახლში ცხოვრების პერსპექტივიდან დაცვა დაიწყო. ანუ, ბავშვთა სახლში შესასვლელი კარი უნდა ამოგვექოლა, იქიდან გამოსასვლელი კი - გაგვეჭრა. ამას დეინსტიტუციალიზაცია ქვია. სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფი ბავშვების დეინსტიტუციონალიზაცია ინსტიტუციური დაწესებულებების ალტერნატივა უნდა გამხდარიყო. იგი ბავშვის ოჯახურ გარემოში აღრდის შესაძლებლობას ჩაუყრიდა საფუძველს.
დეინსტიტუციონალიზაციის პროგრამის განსახორციელებლად განათლების სამინისტრომ დახმარებისთვის გაეროს ბავშვთა ფონდს (UNICEF) და ბრიტანულ ორგანიზაცია „ევრი ჩაილდს“ მიმართა. დაიდო სამხრივი ხელშეკრულება და შემუშავდა საცდელი პროექტი სახელწოდებით - „ოჯახის თანადგომა და შვილობილობა“. განისაზღვრა პროექტის სამოქმედო გეგმა და შეირჩა სამი ქალაქი: თბილისი, რუსთავი და თელავი. ქალაქები შემდეგი პარამეტრებით შეირჩა: თბილისი - დედაქალაქი, სადაც ზრუნავს მოკლებული ბავშვების რიცხვი დღითი დღე მატულობს; რუსთავი - პოსტინდუსტრიული ქალაქი, სადაც დღეისათვის უმუშევრობის დონე ყველაზე მაღალია და თელავი - ცენტრიდან მოშორებული აგრარული ტიპის ქალაქი, სადაც რეგიონისათვის დამახასიათებელი ტრადიციები შენარჩუნებულია. ასეთი შერჩევა განსხვავებულ შედეგებს მოგვცემდა და გამოცდილების განზოგადებაში შეგვიწყობდა ხელს.
პროექტი სამ ეტაპად იყოფოდა და მასში „ევრი ჩაილდის“ ტექნიკური მრჩევლები მონაწილეობდნენ. პირველ ეტაპზე ბავშვთა სახლების კონტინგენტის კვლევა ჩავატარეთ და ბავშვის მომსახურების მთელი სპექტრი შევიმუშავეთ, ისე რომ, თითოეული ბავშვის შერჩევა და დახმარება მისი ინდივიდუალური ან კომპექსური საჭიროებების გათვალისწინებით მომხდარიყო.
კვლევის შედეგებმა დეინდტიტუციალიზაციის პროცესის ორ მიმართულებას დაუდო სათავე. ეს მიმართულებებია:
● ბავშვის ინსტიტუციაში მოთავსების რისკის თავიდან აცილება, ანუ პრევენციული ღონისძიებების მოძიება და ოჯახისათვის შეთავაზება.
● ინსტიტუციებში მცხოვრები ბავშვების გამოყვანა და მათთვის ოჯახური გარემოს შექმნა.
ოჯახური გარემო შეიძლებოდა ყოფილიყო როგორც ბიოლოგიური, ასევე სპეციალურად შერჩეული და მომზადებული მიმღები ოჯახი, რომელიც ბავშვს უსაფრთხო გარემოს შეუქმნიდა და საკუთარი პოტენციის სრულიად განვითარების საშუალებას მისცემდა. მიმღები ოჯახის უფლება - მოვალეობები განსაზღვრულია საქართველოს კანონით„ ობოლ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა შვილობილობის შესახებ“. კანონის მიხედვით, ბავშვი მიმღებ ოჯახში იმ შემთხვევაში უნდა განთავსდეს, თუ ბიოლოგიურ ოჯახში მისთვის არაკეთილსაიმედო პირობებია (ნარკომანი, ლოთი, პატიმრობაში, მყოფი მშობლები ჰყავს და ა. შ.) მიმღებ ოჯახში ყოფნის დროს ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახს პრობლემების მოგვარების და ბავშვის სახლში დაბრუნებისთვის უსაფრთხო პირობების შესაქმნელად გარკვეული ვადა ეძლევა.
ბავბშვის საჭიროებებს და ოჯახების შეფასებას ისეთი კვალიფიკაციის სოციალური მუშაკები უნდა ახდენენ, რომელთა რეკომენდაციების საფუძველზეც ძირითადი გადაწყვეტილება მიიღო.
სოციალური მუშაკები საზოგადოებასა და სამიზნე ჯგუფებს შორის „მედიატორის“ როლს ასრულებს. დეინსტიტულიზაციის საკითხებზე მომუშავე სოციალური მუშაკის ძირითად ფუნქციებში შედის: ბიოლოგიური ოჯახისთვის დახმარების ფორმების შერჩევა; პოტენციური მიმღები ოჯახების მოძებნა და შერჩევა; ბავშვის და ოჯახის შეთავსება; მიმღებ ოჯახში ბავშვის ცხოვრების პირობების მუდმივი კონტროლი; მიმღები ოჯახების დამარება; ბავშვისთვის საუკეთესო გარემოს შექმნა.
პროექტის მეორე ეტაპის მიზანი იყო თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით საქართველოში საცდელი სოციალური სამსახურის შექმნა და სოციალური მუშაკების მომზადება. გადაწყდა, რომ კადრების გადამზადება სპეციალისტთა იმ რესურსებიდან განხორციელებულიყო, რომლებიც თავიანთი პროფესიიდან გამომდინარე სოციალური მუშაკისათვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს ფლობდნენ (ექიმები, პედაგოგები, ფსიქოლოგები და ბავშვებთან მომუშავე სხვა პროფესიონალები). ტენდერის გზით 18 სოციალური მუშაკი შეირჩა. დადგინდა ბიოლოგიური და მიმღები ოჯახების თვიური ანაზღაურების ოპტიმალური მაჩვენებლები: ბიოლოგიურ ოჯახს გამოეყო ყოველთვიური ფულადი დახმარება - ბავშვზე 60 ლარი, ხოლო მიმღებ ოჯახს - 100 ლარი. ბიოლოგიური ოჯახის დახმარება განისაზღვრება იმ თანხიდან, რომელიც სახელმწიფოს ბავშვთა სახლში ერთი ბავშვის კვება უჯდება, ხოლო მიმღებ ოჯახს ბავშვის კვების თანხასთან ერთად საქართველოში საქართველოში საჯარო მოხელის საშუალო ხელფასიც დაენიშნა.
პროექტის მესამე ეტაპი, ადგილობრივი საბჭოს ჩამოყალიბებასა და დეინსტიტუალიზაციის პროცესის დაწყებას ითვალისწინებდა. ადგილობრივი საბჭოს შემადგენლობაში შედიან როგორც პროექტის კოორდინატორი ასევე ადგილობრივიმ მმართველობის წარმომადგენლები, იურისტი, ფსიქოლოგი, პედიატრი, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლები. საბჭოზე წყდება ოჯახთა დახმარების სხვადასხვა ფორმები (მაგ: ბავშვის უფასო სამედიცინო და საგანმანათლებლო მომსახურება, მუშავდება რეკომენდაციები საყოფაცხოვრებო და სოციალური პირობების გასაუმჯობესებლად).
დღეისათვის, საბჭოს გადაწყვეტილებების საფუძველზე 189 ბავშვი ოჯახურ გარემოს დაუბრუნდა: მათგან, 157 ბავშვს საშუალება მიეცა ბიოლოგიურ ოჯახს დაბრუნმებოდა, 32 ბავშვი კი მიმღებ ოჯახში ცხოვრობს. პრევენციული ღონისძიებების გატარების შემდეგ 157 ბავშვიდან 103 საკუთარ ოჯახში დარჩა, ხოლო 50 ბავშვი ბავშვთა სახლებიდან იქნა გამოყვანილი (რეინტეგრაცია).
პრევენციის შემთხვევა განიხილება მას შემდეგ, რაც ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან არსებული არასრულწლოვანთა საქმეების სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ გადაცემის შესახებ დადგენილებას გამოიტანს. აქ ერთვებიან სოციალური მუშაკები, რომლებიც საოჯახო პირობების შესწავლის შემდეგ საბჭოს წევრებს ბავშვზე შემდგომი ზრუნვის თაობაზე რეკომენდაციას წარუდგენენ.
სხვადასხვა ტიპის ქალაქში ბავშვზე ზრუნვის სხვადასხვა ტიპი დომინირებს: ბავშვის შვილობილად აყვანა წარმატებით მიმდინარეობს თელავის რაიონში, სადაც მხოლოდ ერთ სოფელში რამდენიმე ოჯახმა აღსაზრდელად თელავის ბავშვთა სახლის 15 „ბინადარი“ აიყვანა. თბილიოსში ჯერჯერობით რეინტეგრაციის შემთხვევები დომინირებს, ხოლო რუსთავში - პრევენციისა. აღსანიშნავია, რომ პროექტში ჩართული არცერთი ბავშვი ბავშვთა სახლში არ დაბრუნებულა მიუხედავად იმისა, რომ ბიოლოგიური ოჯახის დახმარება მხოლოდ ექვს თვეს ითვალისწინებს.
საცდელი პროექტის წარმატებაზე და ბავშვთა მომსახურების ახალი მეთოდების უპირატესობაზე მეტყველებს ოჯახის პირობებში შენარჩუნებული ის 189 ბავშვი, რომელმაც პროექტში მიიღო მონაწილეობა. ექსპერიმენტის წარმატებამ განაპირობა ისიც, რომ 2002 წლიდან პროექტის დაფინანსება ცენტრალური ბიუჯეტიდან ხდება. ამან განათლების სამინმისტროს საშუალება მისცა, დონორი ორგანიზაციების თანადგომით პროექტის გეოგრაფიული არეალი გაეფართოვებინა (ქუთაისი, ბათუმი) და სხვა სამიზნე ჯგუფებისათვის გაეწია დახმარება. ამჟამად, მიმღებ ოჯახებში სენაკის ინვალიდ ბავშვთა სახლის 20 აღსაზრდელი ცხოვრობს, რომლებზეც მშობლებმა დაბადებიდანვე უარი თქვეს. ამასთან ერთად, პროექტის პრაკტიკულმა გამოცდილებამ მნიშვნელვნად განაპირობა „ობოლ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა შვილობილობის შესახებ“ არსებულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა. საქართველოს პარლამენტმა ცვლილებები 2002 წლის 1 მარტს დაამტკიცა.
დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის ხელშესაწყობად განათლ;ების სამინისტრომ UNICEF-ის დახმარებით საინფორმაციო კამპანია გამართა. ჟურნალისტებისათვის მოეწყო სემინარი. კამპანიაში აქტიურად ჩაება პრესა, რამაც ფართო საზოგადოებას საშუალება მისცა, დეინსტიტუაციონალიზაციაზე გარკვეული წარმოდგენა შექმნოდა. დაიბეჭდა საინფორმაციო ჟურნალი და ბუკლეტები, შეიქმნა ოცდაათწამიანი კლიპი, სპეციალური ოცწუთიანი სატელევიზიო გადაცემა, რომელშიც ოჯახი ბავშვისთვის ყველაზე სასურველ გარემოდ არის წარმოჩენილი. საინფორმაციო კამპანიამ კარგი შედეგი გამოიღო. ბევრმა ოჯახმა ბავშვთა სახლების აღსაზრდელის შვილობილად აყვანის სურვილი გამოთქვა. განათლების სამიმისტროს სოციალურმა სამსახურმაასეთი ოჯახების საინფორმაციო ბანკი შექმნა. იგი ყველასათვის ხელმისაწვდომია.
ველით, როდის დაინერგება ეს წამოწყება ჩვენი ქვეყნის პოლიტიკაში, რადგან იგი ასობით ბავშვისა და ოჯახის ცხოვრებისკენ შემობრუნებას დაუდებს სათავეს.
![]() |
7 განათლება სოციალური სამსახურის სფეროში |
▲ზევით დაბრუნება |
მერი ელენ ჩეთვინი
ფილოსოფიის დოქტორი(PhD), მრჩეველი სოციალური პოლიტიკის საკითხებში, „საქართველოს თემის მობილიზების ინიციატივა“
სოციალისტური წყობის დროს „სოციალური მუშაკი“ სახელმწიფო ფუნქციონერინ იყო და რაიონებში ადგილობრივ ხელისუფლებას ამომრჩევლის საჭიროებებზე ზრუნვაში ეხმარებოდა. ახლა, საქართველოს მასშტაბით, სოციალური უზრუნველყოფის შვიდასი მუშაკი ჯერ კიდევ მუშაობს ძალიან დაბალ ხელფასზე. საქმე ისაა, რომ დღეს, სოციალური მუშაკი თავისი სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულებას, ანუ საკუთარ რაიონში მცხოვრებ ყველაზე გაჭირვებულ, საზოგადოებას მოწყვეტილ ან სოციალურად დაუცველ სხვა ჯგუფების შესახებ სახელისუფლებლო ორგანოებში ანგარიშის წარდგენას ვერ ახერხებს. მისი საქმე არ იყო კვლევა ან რაიმე ზომების მიღება, - არამედ - აღრიცხვა და რეკომენდაციების გაცემა.
ტერმინი, „სოციალური მუშაკი“, იმთავითვე, სოციალური პრობლემების არსებობაზე მიგვანიშნებს, თუმცა, რამდენიმე ათეული წლის წინ ამას ღიად არავინ აღიარებდა. სრულყოფილ სახელმწიფოში სოციალური პრობლემები, წესით, მოგვარებული უნდა ყოფილიყო. დღეს აღარავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ სრულყოფილი ადამიანური სამყარო საერთოდ არ არსებობს. . . აღსანიშნავია, რომ სოციალური სამსახურის განსავითარებლად ჩატარებულად საგანმანათლებლო ტრენინგებმა, რომლებზეც მომავალი სოციალური მუშაკები ოჯახში, სამსახურში და რიგ დაწესებულებებში (ბავშვთა სახლები, ციხეები და ა. შ.) პრობლემების შემსუქებას სწავლობდნენ, განსაკუთრებულ წარმატებას 2002 წლის ბოლო თვეებში მიაღწია.
სოციალური მუშაკის მომზადების საქმეში პირველი დიდი წვლილი ბავშვთა პრობლემებზერ (უნარშეზღუდული, მარგინალური, უსახლკარო ან ბავშვთა სახლებში მცხოვრები აღსაზრდელები) ორიენტირებულმა ორგანიზაციებმა შეიტანეს. ზემოთ ჩამოთვლილი ჯგუფების ბავშვთა მძიმე ხვედრის შესამსუბუქლებლად გაწეული შრომის ანალიზის საფუძველზე, ორგანიზაციებმა დაასკვნეს, რომ მათ პარტნიორებს, რომლებიც მშობლებისგან მიტოვებული ჩველი ბავშვების, ქუჩის მაწანწალა მოზარდების და უნარშეზღუდული ბავშვების პრობლემებზე მუშაობდნენ, დაუყოვნებლივ სჭირდებოდათ საფუძვლიანი განათლება სოციალური სამსახურის სფეროში. ორგანიზაციებმა ისიც გააცნობიერეს, რომ უპრიანი იქნებოდა, ამ დარგში ხარისხის ან სერტიფიკატის მიმნიჭებელი საგანმანათლებლო პროგრამის შემოღება, რომელიც სოციალური მუსაკების მიერ გამოწვეული მძიმე შრომის, კვალიფიკაციის ასამაღლებლად დახარჯული ენერგიისა და ინფორმაციის მოსაპოვებლად გადალახული დაბრკოლების ერთგვარი აღიარება იქნებოდა.
საქართველოში გარდატეხა და ცვლილება მეტად მტკივნეული პროცესია. მრავალეოვანი, მრავალ კულტურატა ნაზავი, დემოკრატიული და ჰუმანური საზოგადოების ჩამოყალიბებისკენ სწრაფვას წინ ბევრი წინააღმდეგობა ეღობება. მიუხედავად ამისა, დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 12 წლის ვადაში საქართველო ადამიანის უფლებათა დაცვის არაერთ საერთაშორისო კონვენციას შეუერთდა. ამათგან ერთ - ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი - ბავშვის უფლებათა კონვენციაა. ამ კონვენციების საძირკველზე ჰუმანური და პროგრესული საზოგადოების აშენება შეიძლება, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ სოციალური სამსახურის საგანმანათლებლო სისტემაში განსაკუთრებული ადგილი ადამიანის უფლებათა პრინციპებს, კერძოდ, ბავშვთა უფლებებს უნდა დაეთმოს.
ამას წინათ, ჟენევის ,,სოციალური მუშაკების საერთაშორისო ფედერაციამ“ ბავბშვთა უფლებების კონვენციაზე დაყრდნობით სოციალური მუშაკებისთვის სახელმძღვანელო გამოსცა. სოციალური სამსახური ჰუმანიტარული და დემოკრატიული იდეალების შერწყმის საფუძველზე შეიქმნა და მას შემდეგ იგი ადამიანთა საჭიროებებზე ზრუნვის, ადამიანური რესურსებისა და პოტენციალის განვითარებასთანაა მიწოდებული. „სოციალური მუშაკების საერთაშორისო ფედერაციის“ ძირითადი ნორმები შემდეგ პრინციპებს ეფუძნება:
1. ყოველ ადამიანს გააჩნია უნიკალური ღირებულება, რომელიც მის პატივისცემა და მისი პიროვნების მორალურ ანგარიშგაწევას მოითხოვს.
2. ყოველ ადამიანს აქვს თვითრეალიზაციის უფლება (თუ ამით იგი სხვათა იგივე უფლებას არ ზღუდავს) და მოვალეა საზოგადოების კეთილდღეობაში საკუთარი წვლილი შეიტანოს.
3. ყოველი საზოგადოება, წყობის მიუხედავად, საკუთარი წევრების მაქსიმალურ კეთილდღეობაზე უნდა ზრუნავდეს.
4. სოცალურ მუშაკებს სოციალური სამართლიანობის პრინციპების დაცვა ევალებათ.
5. სოციალური მუშაკები ვალდებულნი არიან, საკუთარი პროფესიული გამოცდილება, უნარ-ჩვევები და ცოდნა ცალკეული პირების, ჯგუფების, თემებისა და, ზოგადად, საზოგადოების განვითარებას მოახმარონ, პიროვნებასა და სზოგადობას შორის დაპირისპირების მიზეზთა გადაჭრის გზები ეძიონ.
6. სოციალური მუშაკებისგან მოელიან, რომ ისინი მიუკერძოებლად, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე იზრუნებენ ადამიანებზე მათი სქესის, ასაკის, გონებრივი შესაძლებლობების, კანის ფერის, სოციალური მდგომარეობის, ენის, აღმასრულებლობის, პოლიტიკური მრწამსის და სოციალური ორიენტაციის მიუხედავად.
ამ ნორმების გასატარებლად, ფედერაციამ სოციალური მუშაკებისთვის ისეთი სამუშაო განაწესი შეიმუშავა, რომელიც მათ ბავშვის უნიკალურობის აღქმას გაუადვილებს, გააცნობიერებს, რომ „ბავშვი“ და „მომავალი მოზრდილი“ ერთი და იგივე ცნება არ არის.
ნორმა პირველი მოითხოვს იმის აღიარებას, რომ ბავშვი ადამიანია ახლა, დღეს, და არა „ადამიანად ჩამოყალიბების პროცესში მყოფი“ სოციალურმა მუშაკებმა პატივი უნდა სცეს და დააფასოს ბავშვი მისი გაჩენის დღიდან ისევე, როგორც ამას ნებისმიერი ზრდასრული ადამიანის მიმართ გააკეთებდა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვი ასაკთან ერთად არ შეიცვლება ან არ განვითრდება, ბავშვს სრულუფლებიანი ადამიანის სტატუსი დაბადებიდანვე ენიჭება.
მეორე ნორმა პირველიდან გამომდინარეობს და იმის აღიარებას მოითხოვს, რომ ბავშვობა, თავისთავად, ადამანის ცხოვრების ერთ - ერთი ღირებული ხანაა და არა მოზრდილობამდე გასასვლელი გარდამავალი ეტაპი. სკოლებისათვის, სოციალური პროგრამებისა და სოციალური სამსახურებისთვის ეს იმის მაუწყებელია, რომ ყურადღება გამახვილებულია უნდა იქნეს ბავშვის „დღევანდელ დღეზე“ და არა იმ ფაქტზე, რომ მომავალში მისგან მოზრდილი ადამიანი ჩამოყალიბდება. მაგალითად: უნდა ვიზრუნოთ სკოლაში ბავშვის ყოველდღიურ თვითრეალიზაციაზე, სწავლის ყოველი დღე მისთვის სახალისო უნდა გავხადოთ, სკოლა არ უნდა აღიქმებოდეს იმ ადგილად, სადაც ასწავლიან, წვრთიან და ცხოვრების დიდ გზაზე გასაყვანად „მომავალ უფროსებს“ ამზადებენ.
ნორმა მესამე: ბავშვის ცხოვრებას „უფლებების“ კუთხიდან თუ განვიხილავთ, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ იგი საკუთარი ცხოვრების ყველაზე დიდი შემოქმედია. ადამიანი ერთხელ მოდის ამ ქვეყანაზე. ცხოვრება არც რეპეტიციაა და არც სპექტაკლი. სოციალურმა მუშაკებმა სათანადოდ უნდა შეაფასოს ბავშვის ცოდნის დონე, გაიზიაროს და გაითავისოს ბავშვის საჭიროებები და მისი ცხოვრების დეტალები. მიუხედავად იმისა, რომ უფროსები (მშობლები, სოციალური მუშაკები და მასწავლებები) უფრო მეტ ინფორმაციას ფლობენ ვიდრე ბავშვები, თანაც ინფორმაციის ისეთ წყაროებზე მიუწვდებათ ხელი, რომლებიც ბავშვისთვის მიუწვდომელია, მათ გულშიც არ უნდა გაივლონ, რომ ბავშვის ცხოვრების შესახებ მეტი იციან, ვიდრე თავად ბავშვმა, რომლმაც ერთადერთმა გაიარა ცხოვრების ის მონაკვეთი, რომელსაც მისი უნიკალური ცხოვრების ისტორია ჰქვია.
მეოთხე ნორმის მიხედვით, აუცილებელია ასაკობრივი დისკრიმინაციის შემთხვევების იდენტიფიკაცია და მის წინააღმდეგ გალაშქრება, რაც, თავისთავად, იმის მაუწყებელია, რომ მთელ დედამიწაზე უფროსები ბავშვებს მათი ასაკის გამო სერიოზულად არ აღიქვამენ. ბავშვის პატივისცემა ნიშნავს მათი მოსაზრებების გულისყურით მოსმენას, მათი წუხილის მიზეზთა ფრთხილად გარკვევას და იმის გასიგრძეგანებას, რომ ფიზიკურადაც და სულიერადაც ბავშვს შეგნებულად უნდა ვცეთ პატივი.
დაბოლოს, იმისათვის რომ საქმე ბავშვის, ადამიანის უფლებების დაცვის პერსპექტივით წარიმართოს, სოციალურმა მუშაკებმა განსაკუთრებული ყურადღება ჩვილ ბავშვთა და ბავშვთა დაუცველობის საკითხებზე უნდა გაამახვილოს. ამისა მიზეზი ისაა, რომ ბავშვი ზომით პატარაა, სუსტი, თითქმის არ გააჩნია სტატუსი და მთლიანად მოზრდილ ადამიანზეა დამოკიდებული. მოზრდილებს კი ხშირად ავიწყდებათ, რომ ბავშვები გამოუცდელობის, ფიზიკური სისუსტისა და ფაქიზი ფსიქიკის გამო, სრულიად დაუცველები არიან მკაცრი სოციალური სიტუაციებისგან და უფროსებისგან, რომლებმაც არაფერი იციან მათი საჭიროებების შესახებ. ასეთ დროს ძალიან ადვილია ბავშვზე ძალადობა და მათი ექსპლუატაცია.
ჩვენ, სხვადასხვა სფეროში მომუშავე ზრდასრული ადამიანები, თითქმის ყოველ დღე ვღელავთ ისეთ საკითხებზე, რომლებიც სოციალური მუშაკის საქმიანობის „გულია“. პირად ცხოვრებაში და სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულების დროს უნდა გვახსოვდეს, პატივი ვცეთ მას, ვინც „განსხვავებულია“, ვისაც ოდესღაც ქუჩაში ან სადმე სხვაგან შევხვედრილვართ, ვინც განსაკუთრებულ ხელშეწყობას საჭიროებს და ვისაც თავისი უნიკალური ცხოვრებისეული გამოცდილება აქვს. საკუთარ ოჯახს, სახლს თუ დავაკვირდებით, უკეთ წარმოვიდგენთ, რა რთულია, სოციალური მუშაკის საქმის„ გულით“ გაწევა! რამდენი უცნობი ადამიანი შემოგვყურებს თვალებში და მზრუნველობას მოელის შენგან! ბავშვის უფლებების შესწავლა სხვა, „განსხვავებული“ ადამიანების გაგებასაც გაგვიადილებს და იმასაც შეგვაძლებინებს, რომ სრულად გავაცნობიეროთ სოციალური მუშაკის საქმიანობის უნიკალურობა, იმ პირველი ნაბიჯების მნიშვნელობა, რომელიც საქართველოში სოციალური მუშაკების პროფესიის ცნობისა და მისთვის ოფიციალური სტატუსის მისანიჭებლდ იდგმება. ვინაიდან სოციალური სამსახური ერთობ საჭირო დარგია, მის დანერგვას მიესალმებიან სხვადასხვა დაწესებულებები, ორგანიზაციები, სახელმწიფო თუ ცალკეული ოფიციალური პირები და განსაკუთრებით ისინი, ვინც გაიგებს, რომ ვიღაცამ მასზე საზრუნავად მოიცალა.
![]() |
8 სოციალური მუშაკი - ახალი პროფესია საქართველოში |
▲ზევით დაბრუნება |
მაგული შაღაშვილი
სოციალური მუშაკები (რუსთავი)
2000 წლის იანვრიდან „ევრი ჩაილდის“ სამი ტექნიკური მრჩეველი ეტაპობრივად მუშაობდა სხვადასხვა პროფესის სპეციალისტების სოციალურ მუშაკებად გადამზადებაზე. სოციალური სამსახურის სფეროში დიდი ბრიტანეთის გამოცდილების გათვალისწინებით ქართული მოდელი იქმნებოდა. თბილისის სოციალური მუშაკები, ძირითადად, დიღმის ბავშვთა სახლთან თანამშრომლობდნენ. რუსთავის ჯგუფი კოჯრის, რუსთავის და მარტყოფის ბავშვთა სახლებთან მუშაობს, ხოლო, თელავის ჯგუფი - მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა თელავის სკოლა-ინტერნატთან.
სოციალური მუშაკები აღნიშნავენ, რომ მათი პროფესია საკმაოდ საპასუხისმგებლო და საინტერესოა. იგი მოითხოვს როგორც მჭიდრო ურთიერთობას ოჯახთან და ბავშვთან, ასევე, აქტიურ თანამშრომლობას სამთავრობო (ბავშვთა სახლი, სკოლა, სოციალური დახმარების განყოფილებები ...) და არასამთავრობო სტრუქტურებთან, რათა ოჯახს არა მარტო ფინანსური, არამედ სოციალური და ფსიქოლოგიური თანადგომა გაეწიოს. სოციალური მუშაკები მუშაობენ წყვბილ-წყვილად, სწავლობენ ბავშვის ისტორიას, მის გარემოს, ურთიერთობებს, ინტერესებს, უნარ-ჩვევებს, აკადემიურ მოსწრებას, იკვლევენ ბიოლოგიურ და შვილობილობის მსურველ ოჯახებს, მათ ნათესაურ და სოციალურ კავშირებს, ოჯახის ისტორიას, აგროვებენ ინფორმაციას ყველა შესაძლებელი წყაროდან და ინსტანციიდან. გარდა ამისა, ისინი თვითონ ატარებენ ტრენინგებს როგორც ბიოლოგიური მშობლებისთვის, ასევე შვილობილობის მსურველებისთვის.
პირველ წელს, პროგრამის განხორციელებისას თავი გარკვეულმა სირთულეებმა იჩინა. ინერგებოდა ახალი ტიპის სამსახური და საჭირო იყო ამის შესახებ საზოგადოების ინფორმირება. სოციალურ მუშაკებს მუდმივად გვიწევდა იმის მტკიცება, რომ პროგრამა დროებითი არ არის, რომ ორი წლის შემდეგ მასზე ფინანსურ ვალდებულებებს თავად სახელმწიფო იკისრებს. გაეროს ბავშვთა ფონდმა პროგრამის ინფორმაციული მხარდაჭერა ისეთი სატელევიზიო გადაცემებითა და ბუკლეტებით უზრუნველყო, რომლებიც სოციალური მუშაკების პრაკტიკული საქმიანობა და მიღწევები შუქდებოდა. ამან განაპირობა საზოგადოებასთან ჩვენი აქტიური და ნაყოფიერი ურთიერთობა. კონკრეტულ შემთხვევებზე მუშაობისას უფრო ღრმად ვაცნობიერებთ, თუ რა საკითხებზე გვჭირდება ტრენინგი და კონსულტაცია. დახმარებისთვის პროგრამის ტექნიკურ მრჩეველს მივმართავდით. სპეციალიზებული წვრთნა ჩვენს პროფესიულ განვითარებასა და ნაყოფიერ საქმიანობას უწყობდა ხელს.
სოციალური მუშაკის საქმე საკმაოდ დატვირთული და მრავალფეროვანია. სოციალურ მუშაკს ბავშვთან და ოჯახთან მუშაობის გარდა ოჯახის გარეთ სოციალური თუ ფინანსური თანადგომა ხელეწიფება. შესაბამისად, ბავშვის ბავშვთა სახლში მოხვედრის რისკი კლებულობს. ჩვენი ძალისხმევით პროგრამის მონაწილე ბავშვებს და ოჯახებს ტანსაცმლითა და საჩუქრებით რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაცია ეხმარება. ბოლო ორი წელია, რუსთავის ხელისუფლებამ პროგრამის თანადაფინანსება დაიწყო ადგილობრივი ბიუჯეტიდან. ამან ბავშვებისათვის სახელმძღვანელოებების შესყიდვის საშუალება მოგვცა. უფასო სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს პროგრამაში ჩართულ ბავშვებსა და მათ მშობლებს. სოციალური მუშაკი პროგრამის დამთავრების შემდეგაც არ წყვეტს ოჯახთან კავშირს. 2002 წლის სექტემბრიდან ვმუშაობთ კასპის და სენაკის ბავშვთა სახლების 20 უნარშეღზუდულ ბავშვებთან. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, საერთაშორისო ორგანიზაცია „კიდობანმა“ ეს ბავშვები ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანა.
შვილობილობის პროგრამა ყველაზე წარმატებით თელავში მიმდინარეობდა (შვილობილად აყვანის 23 შემთხვევა). ერთ-ერთ სოფელში - კისისხევში 11 ბავშვი გააშვილობდეს. „მომენატრები ძალიან დედა მადლობელი ვარ, რომ შენ ის სითბო და სიყვარული მაჩუქე და შენ გამაბედნიერე და თვალებიდან შენ მომაშორე ცრემლები. გკოცნი შენი ვანიკო“ - წერს შვილობილი ვანი თავის დედობილს ერთი თვისდ თავზე.
სოციალური მუშაკების გულმოდგილების შედეგად ბევრ მშობელს მომავლის იმედი გაუჩნდა. რუსთავის სოციალური მუშაკი მარინა მარტყოფლიოშვილი გვიამბობს:
„ერთ ოჯახთან მუშაობდა ქ. რუსთავის ბავშვთა სახლის დირექტორისდგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე დავიწყეთ. ოჯახში პირველმა ვიზიტმა დაგვარწუნა, რომ გოგონას დედა თავს საზოგადოებისგან გარიყულ ადამიანად მიიჩნევდა. იგი იმდენად პასიური იყო, კუთვნილ სოციალურ შეღავათებსა და დახმარებასაც ვერ იღებდა, თანაც, დარწმუნებული იყო, რომ რაც არ უნდა მოემოქმედა, მაინც არავინ დაეხმარებოდა. ჩვენ შევხვდებით სოფლის გამგებელს, საკრებულოს წევრებს და ვთხოვეთ, ოჯახისათვის თანადგომა გაეწიათ. მათ ჩვენი თხოვნა და ოჯახის მდგომარეობა გაითვალისწინებს და ჩვენი ხელშეწყობით ოჯახს ისეთი პირობები შეუქმნეს, რომ ბავშვი ბავშვთა სახლიდან საკუთარ ოჯახში დაბრუნდა. ამან რადიკალურად შეცვალა როგორც ბავშვის პირადი ცხოვრება, ისე მთლიანად ოჯახისა: პატარა გოგონა ახლა სახლშია, დედასთან და ძმასთან ერთად. იგი გამხიარულდა, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდა სწავლას, შეიძინა ახალი მეგობრები, სახლსაც დაეტყო მისი ფაქიზი ხელი, ცდილობს ასიამოვნოს დედას. ასეთმა თანადგომამ კი დედას იმის იმედი გაუჩინა, რომ მომავალში დამოუკიდებლადაც შეძლებს გზის გაკვლევას. ამ ქალბატონმა წელს ცხოვრებაში პირველად მიიღო მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში“
2002 წლის ივლისში პამელა ოთრეიმ - სოციალური სამსახურის მაგისტრმა და ბავშვთა კეთილდღეობის საკითხებში სოციალური პოლიტიკის ინიციატივის ჯგუფის კონსულტანტმა - შეაფასა ორწლიანი პროგრამა „ბავშვი და ოჯახი“ და იგი წარმატებულად მიიჩნის. მეტიც, აღნიშნა, რომ მიღწევებმა მოლოდინს გადააჭარბეს. რასაც ვუმტკიცებდით, საზოგადოებას - გამართლდა: პროგრამა დროებითი არ იყო. სახელმწიფომ მასზე ფინანსური ვალდებულება კიდევ ორი წლით იკისრა. 2002 წლის აპრილიდან აღმოსავლეთ საქართველოში პროგრამა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხორციელდება. იგი უკვე დასავლეთ საქართველოსაც გადასწვდა, კერძოდ, ბათუმსა და ქუთაისს.
![]() |
9 სოციალური მუშაკების შერჩევა და მომზადება |
▲ზევით დაბრუნება |
ჰიუ სალმონი
პროგრამის „ევრი ჩაილდი“ ყოფილი ტექნიკური მრჩეველი საქართველოში
2002 წელს პროექტში „საქართველოს ოჯახის თანადგომა და შვილობილობა“ გადამწყვეტი ძვრები მოხდა. პროექტის პარტნიორები - განათლების სამინმისტრო, „იუნისეფი“ და „ევრი ჩაილდი“ - მის განვრცობაზე შეთანხმდნენ. პროექტი თავდაპირველად თბილიში, რუსთავსა და თელავში ჩამოყალიბებული სოციალური მუშაკების სამი ჯგუფიდან შედგებოდა. 2002 წელს განათლების სამინისტრომ ორი ახალი ქალაქი: ქუთაისი და ბათუმი შეარჩია. განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებამ არსებული სამი პროექტის სრულად დაფინანსებისა და ხელმღვანელობის პასუხისმგებლობის შესახებ, „ევრი ჩაილსდს“ რესურსები და ძალისხმევა სოციალური მუშაკების ორი ახალი ჯგუფის მომზადებისა და შერჩევის საქმისთვის მოეხმარება. პროექტის განვრცობის შესახებ გადაწყვეტილება იქიდან გამომდინარე, რომ „საქართველოს ოჯახის თანადგომისა და შვილობილობის პროექტის“ კომპონენტები (ბავშვთა ინსტიტუციონალიზაციის ალტერნატიული შესაძლებლობების შექმნა პრევენციის, რეინტეგრაციის და შვილობილობის მეთოდების გამოყენებით), რომლებიც აღმოსავლეთ საქართველოში წარმატებით განხორციელდა, დასავლეთ საქართველოშიც გაამართლებენ.
პერსონალის შერჩევა
2002 წლის პირველ ნახევარში, თბილისსა და დასავლეთ საქართველოში გამართული დისკუსიების შემდეგ „ევრი ჩაილდის“, „იუნისეფსა“ და განათლების სამინისტროს შორის ხელი მოაწერა შეთანხმებას.
ივლისში პერსონალის შერჩევის მექანიზმებისა და ოფისების მოწყობის თაობაზე მოსალაპარაკებლად „ევრი ჩაილდის“ თანამშრომლები ქუთაისსა და ბათუმს ეწვევიან. მთავარ საკონტაქტო წარმომადგენელად ადგილობრივი თანამდებობის პირები დაინიშნენ და სოციალური მუშაკის 12 ვაკანრტურ თანამდებობაზე ადგილობრივი მედიის (პრესა, ტელევიზია) საშუალებით კონკურსის გამოცხადება გადაწყვიტეს. განსაკუთრებული ყურადღება ვაკანსიების ფართო რეკლამირების მნიშვნელობაზე იქნა გამახვილებული, რათა კონკურსში მონაწილეობა განსხვავებული განათლებისა და გამოცდილების რაც შეიძლება მეტ კანდიდატს მიეღო.
ივლისის ბოლოსთვის ოცამდე შემოვიდა, ბევრად ნაკლები, ვიდრე ორი წლის წინ აღმოსავლეთი საქართველოს ქალაქებში - რუსთავსა და თელავში.
სოციალური მუშაკების პირველი ტრენინგი
სოციალური მუსაკებისათვის პირველი ტრენინგი ბათუმში ჩატარდა, ერთი კვირის შემდეგ - ქუთაისში. გაუსაძლისი სიცხის მიუხედავად სოციალური მუშაკები აქტიურობითა და ენთუზიაზმით გამოირჩეოდნენ. ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ის იყო, რომ პირველმა ერთკვირიანმა ტრენინგმა ორივე ქალაქში ჯანსაღი გუნდის ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი. ორივე გუნდმა ტრენინგებს შორის შუალედური პერიოდის სამოქმედო გეგმა შეიმუშავა, რომელიც მიზნად ადგილობრივ თემში ბავშვებისა და ოჯახების საჭიროებათა დასაკმაყოფილებლადს არსებული რესურსების წინასწარ შეფასებას ისახავდა.
სოციალური მუშაკებისათვის პირველი ტრენინგი „ევრი ჩაილდის“ (მთარგმნელის დახმარებით) და აღმოსავლეთ საქართველოში მომუშავე გამოცდილმა მუშაკმა ჩაატარეს. საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების ერთობლივი ტრენინგი მეტად ნაყოფიერი აღმოჩნდა, რადგან შესაძლებელი გახდა მონაწილეთათვის ამ დარგში არსებული საერთაშორისო თეორიული მიღწევებისა და პრაქტიკული მაგალითების გაცნობა და ამავე დროს, საქართველოში ნაცადი მეთოდებისა და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება. სემინარში ქართველი ტრენერის მონაწილეობამ ხელი შეუწყო კულტურული და ენობრივი ზღურბლის გადალავხას, რითაც ახლად შერჩეულ სოციალურ მუშაკებს გუნდური მუშაობის საუკეთესო მაგალითი მისცა. ტრენინგი სოციალური მუსაკების პროფესიული მუშაკების პროფესიული მომზადების შემდეგ საკითხებს მოიცავდა:
1. ღირებულებები
● სოციალური მუშაკის როლი და მოვალეობა;
● პირადი ღირებულებების გავლენა პროფესიულ პრაქტიკაზე;
● მიუკერძოებლობა და არადამთრგუნველი;
● იარლიყების თეორია;
● უნარშეზღუდულობის სოციალური მოდელი;
● ჯგუფებში მუშაობა.
2. ცოდნა
● ბავშვების უფლებები და საჭიროებები;
● ბავშვის განვითარების თეორიები;
● უნარშეზღუდული ბავშვის განსაკუთერებული საჭიროებები;
● სიახლოვის გრძნობის თეორია;
● განშოოების და დანაკარგის გავლენა ბავშვებზე;
● ინსტიტუალიზაციის შედეგები;
● ბავშვზე ძალადობის ტიპები და მათი გავლენა ბავშვებზე;
● ალკოჰოლის და ნარკოტიკების გავლენა ოჯახის წევრებზე.
3. უნარ - ჩვევები
● უშუალო მუშაობა და კომუნიკაცია ბავშვებთან;
● ცხოვრების წიგნი (მშობლებს მოწყვეტილი ბავშვბებისათვის);
● მშობლების დახმარება ბავშვის რთული საქციელის დასაძლევად;
● უნარშეზღუდული ბავშვების და მათი აღმზრდელობის შეფასება და დხმარება;
● ინტერვიუს წარმართვის უნარი და აგრესიის დაძლევა;
● რჩევების მიცემის უნარი;
● შეფასება და ანგარიშის დაწერა;
● მზრუნველობის დაგეგმვა (მშობლებს მოწყვეტილი ბავშვებისათვის)
● მულტიდისციპლინური მუშაობა;
● სოციალური მუშაკების პროფესიული ზედამხედველობა (მენეჯერებისათვის);
● ცალკეული პროექტების პროცედურები და მეთოდები (მაგ. ოჯახის თანადგომა, რეინტეგრაცია ან შვილობილობა.)
შემდგომი ხელშეწყობა და კონსულტაციები
ხუთკვირიანი ინტენსიური ტრენინგის მიზანი არ ყოფილა სოციალური სამსახურის სრული კურსის გავლა, არამედ, სოციალური მუშაკისათვის ბავშვისა და ოჯახის მიმართებაში ღირებულებების, ცოდნისა და უნარჩვევების საფუძვლების გაცნობა. გამოცდილი ქართველი სოციალური მუშაკები თვეში ერთხელ ზედამხედველობას გაუწევსენ თავიანთი დამწყები კოლეგების ინდივიდუალურ საქმიანობას და ჩაუტარტებენ კონსულტაციებს, რათა ამ უკანასნნელმა თეორიული ცოდნა პრაქტიკაში ეფექტიანად გამოიყენენონ. ახლა სოციალურ მუშაკებს შეუძლიათ დაესწრონ იმ ტრენინგებს, რომლებსაც აღმოსავლეთი საქართველოს რაიონებში მომუშავე სოციალური მუშაკები პოტენციური მიმღები მშობლებისათვის ატარებენ. ახალი სოციალური მუშაკები ანალოგიურ ტრენინგს ქუთაისსა და ბათუმში ჩაატარებენ. გამოცდილი მუშაკების დამწყებებთან ინტენსიური მუშაობა მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ახალი ჯგუფის მომავალმა ლიდერებმა კარგად უნდა გაიაზრონ საკუთარი როლი ისეთ საპასუხისმგებლო საქმეში, როგორიცაა სოციალური მუშაკის ადგილობრივ ხელისუფლებასთან ურთიერთობა.
„ევრი ჩაილდის“ დირექტორმა და განათლების სამინისტროს წარმომადგენელმა ასეთი შინაარსის ორი სამუშაო შეხვედრა ჩაატარეს. მათ ადგილობრივი ხელისუფლების მაღალჩინოსნებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და თემის წევრებს პროექტის „ოჯახის თანადგომა და შვილობილობა“ ამოცანები და მასთან დაკავშირებული ღონისძიებები გააცნეს. ტექნიკურ მრჩეველთან ერთად მათ ტრენინგი ჩაუტარეს სხვადასხვა დარგის სპეციალისტებისაგან შემდგარ ადგილობრივ საბჭოებს, რომლებიც მიმღები მშობლების დამტკიცების, ბავშვების მიმღებ ოჯახებში გადაყვანის და ფინანსური თანადგომისათვის ოჯახების შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას სოციალური მუშაკის რეკომენდაციების საფუძველზე მიიღებენ.
გამოცდილება და დასკვნები:
● ადგილობრივი პარტნიორი სამთავრობო სტრუქტურის გულდასმით მომზადება - პროექტის დაწყებამდე აუცილებელია, რომ პარტნიორებს პროექტის არა მარტო მიზნები და ღონისძიებები გააცნოთ, არამედ სოციალური მუშაკის შერჩევის, ღია, გამჭირვალე და ეფექტური პროცესისათვის აუცილებელ მოთხოვნებზე მათთან მკაფიო ერთმნიშვნელოვან შეთანხმებას მიაღწიოთ.
● სოციალური მუშაკის თანამდებობის კანდიდატთა სრული საინფორმაციო პაკეტით უზრუნველყოფა - კანდიდატებს უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია არა მარტო პროექტის არსისა და სამუშაოს აღწერილობის შესახებ, არამედ უნდა იცოდნენ, რა ინფორმაცია შეტანონ რეზიუმში და მოტივაციის წერილში.
● ახალი თანამშრომლებისა და პარტნიორი სახელისუფლებლო ორგანოების წარმომადგენელთა სისტემატური ხელშეწყობა საორგანიზაციო საკითხებში - ეს აუცილებელია დაგეგმილი ტრენინგების, მონიტორინგის და შეფასების შუალედში საქმიანობის მდგრადობის შესანარჩუნებლად. ადგილზე რეგიონული ფილიალის დაარსება (მუდმივი შტატით) ბევრ ისეთ პრობლემას აღკვეთს, რომელთა მოგვარებაზე შემდეგ სერიოზული თანხები იხარჯება.
● საერთაშორისო ტექნიკური მრჩევლებისა და ადგილობრივი სპეციალისტების თანამშრომლობის მნიშვნელობა - თბილისისა და რუსთავის ორი სოციალური მუშაკის მონაწილეობამ პროექტს მნიშვნელოვანი სარგებლობა მოუტანა. გარდა იმისა, რომ კარგად იცნობენ ადგილობრივ სიტუაციას, მათ ტრენერებისა და ფასილიტატორების მოსამზადებელი კურსი გაიარეს გაერთიანებული სამეფოს სოციალური აქტივობის ცენტრში (De Montfort University). ორივემ აქტიური თანამშრომლობა გააჩაღა თბილისისა და რუსთავის გუნდის ლიდერებთან, რაც ტრენინგებზე პრაკტიკული და მენეჯერული საკითხების საფუძვლიანი განხილვის საშუალებას იძლევა. მეტად სასარგებლოდ მიგვაჩნია თელავის სოციალური მუშაკების მონაწილეობა შვილობილობის საკითხებისადმი მიძღვნილ ტრენინგში, ვინაიდან ბოლო ორი წლის განმავლობაში თელავში მიმღები მშობლების შერჩევა და შერჩეულ ოჯახებში ბავშვების განთავსება განსაკუთრებული წარმატებით განხორციელდა. პრაქტიკული მაგალითების, მიღებული გამოცდილებისა და გამოვლილი სიძნელეების შეჯამებამ სოციალური მუშაკების ახალ ჯგუფებს ბევრად უფრო ნათელი წარმოდგენა შეუქმნა იმის თაობაზე, თუ რისი მიღწევა შეიძლება დღეს საქართველოში. სოციალური მუშაკების პირველ სამ ჯგუფებს არ ჰქონდა ასეთი ფართო შესაძლებლობა, თუმცა, ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში უცხოელი ტექნიკური მრჩეველი მათ კვირაში ერთხელ ნაკლებ ინტენსიურ ტრენინგს უტარებდა. ტრენინგის ეს მოდელიც არანაკლებ ეფექტური აღმოჩნდა, რაც აშკარად აისახა აღმოსავლეთი საქართველოს საცდელი პროექტის შედეგებზე. სავარაუდო იყო, რომ ანალოგიურ შედეგს ეს მოდელი დასავლეთ საქართველოში ვერ მოგვცემდა, რადგან პროექტი გაცილებით რთულ ტექნიკურ პირობებში, მკაცრად შეზღუდულ ვადებში და მჭირი დაფინასებით ხორციელდებოდა.
2002 წლის 24 დეკემბერს გაზეთი The Georgian Messenger წერდა:
პარასკევს, 20 დეკემბერს შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს, განათლების სამინისტროს, UNICEF-ის, EveryChild-ის და World Vision Internacional-ის ხელმძღვანელებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას საქართველოში ჩვილ ბავშვთა მიტოვების პრევენციისა და ბავშვთა დეინსტიტუციონალიზაციის საქმეში თანამშრომლობის შესახებ.
![]() |
10 რეკომენდაციები ავტორებისათვის |
▲ზევით დაბრუნება |
ჟურნალი „სოციალური პოლიტიკა საქართველოში“ მისია ჩვენს ქვეყანაში სოციალური პოლიტიკის პროპაგანდაა. ჟურნალი ხელს შეუწყობს ადგილობრივი თემების მიერ სახელმწიფო და ადგილობრივ პოლიტიკაში ცვლილებების ინიცირებას, კერძოდ, შემდეგ სფეროებში: განათლება, სიღარიბის დაძლევა, ბავშვის უფლებები, ინვალიდების, მოხუცებისა და გენდერული პრობლემატიკა, სოციალური სამსახურის განვითარება, სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმა, კანონმდებლობა და ადგილობრივი სათემო ინიციატივები.
გამოსაქვეყნებლად მიიღება ასევე სტატიები საქართველოსა და სხვა ქვეყნების სოციალური პოლიტიკის მეთოდების, თეორიისა და პრაქტიკის შესახებ.
სტატიებისა და სხვა საინფორმაციო მასალების მოწოდებისას, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, ჟურნალის პოტენციურ მკითხველთა სპეციფიკა: ჟურნალი, უპირველეს ყოვლისა, გამიზნულია ადგილობრივი თემებისათვის, რომლებსაც სურთ შეცვალონ სოციალური პოლიტიკა. ჟურნალი უპირატესობას მიანიჭებს ამ პროცესების ასაახვას, ასევე, სხვადასხვა სფეროს პრაქტიკოსთა გამოცდილებას. ეს სფეროები ზემოთ აღნიშნულის გარდა, შეიძლება იყოს გარემოს დაცვა, მარგინალური ჯგუფები, სოციალური სამსახური, პოლიტიკასთან დაკავშირებული სოციალური მეცნიერებები და ჯანდაცვა.
სტატიები აწყობილი უნდა იყოს 2 ინტერვალით, 12 ზომა ფონტით, არაუმეტეს - 4 გვერდისა. გთხოვთ, ტექტი მოგვაწოდოთ როგორც ელექტრონული, ისე - ნაბეჭდი სახით. მიიღება ასევრ, კარგი ხარისხის დინამიური ფოტოებიც, სტატიაში გადმოცემული ინფორმაციის საილუსტრაციოდ. გამოსაქვეყნებელი მასალის ტექტს თან უნდა ერთვოდეს ავტორის სახელი, ტიტული, საფოსტო მისამართი, ტელეფონი და ელ. ფოსტის მისამართი. ინფორმაციის ქართულ ენაზე დაგვიკავშირდით მისამართზე: Inform@horizonti.org ინგლისურ ენაზე: mechat@horizonti.org.