![]() |
ტაბულა №93 |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: ბასილაია მიხეილ, უგულავა სალომე, კოვზირიძე თამარ, ავალიანი დიმიტრი, სუთიძე ლევან, მაჭარაშვილი ნინო, ჯაფარიძე ზურა, კვანჭილაშვილი ელენე, გამცემლიძე მაკა, ბენდუქიძე კახა, მიქავა მარიამ, ტურაშვილი თეონა, გუნია ირაკლი, ჩხიკვაძე ანი, ქორიძე ავთო, თავხელიძე მიშა, ელერდაშვილი ვახო, ჭავჭავაძე ილია, ვადაჭკორია ოთარ, გოდუაძე ლაშა, კოვზირიძე დავით, ფირცხელანი გიორგი, კიკალეიშვილი სალომე,, ბაგაური ირინა, გიორგობიანი ქეთო, მესხი დავით, ჯუჯარო ფაბრიციო, ესებუა ნიკა, მესხიშვილი გიგო, ბაქრაძე ქეთი |
თემატური კატალოგი ტაბულა |
საავტორო უფლებები: © თამარ ჩერგოლეიშვილი |
თარიღი: 2012 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: 2012 | 26 მარტი - 1 აპრილი მთავარი რედაქტორი: თამარ ჩერგოლეიშვილი/აღმასრულებელი რედაქტორები: ნინი გოგიბერიძე, სალომე კიკალეიშვილი/რედაქტორები: ქეთი მსხილაძე, ელენე კვანჭილაშვილი, ლევან რამიშვილი, დავით კოვზირიძე, ნინო მაჭარაშვილი/უცხოელი მრჩეველი: ბარბარა სვანი/ჟურნალისტები: დიმიტრი ავალიანი, გიორგი კეკელიძე, სალომე უგულავა, მაკა გამცემლიძე, ავთო ქორიძე, ნინა ახლოური, თეონა ტურაშვილი, ირაკლი კიკნაველიძე, ლევან სუთიძე, თეონა კოკიჩაიშვილი, სიმონ მაჩაბელი, ლაშა გოდუაძე, ზურაბ თალაკვაძე, ნიკა ესებუა, ანანო სხირტლაძე, მიხეილ ბასილაია, ლარა ჯამარაული, ირაკლი გუნია/ვები: სანდრო თარხან-მოურავი, ლევან მეტრეველი, ნათია სოფრომაძე, ეკა წამალაშვილი/კორექტორი: ნინო საითიძე/არტრედაქტორი: ბაჩა მალაზონია/დიზაინი & პრეპრესი: კახა დოლიძე, ნიკა კუპრაშვილი/ფოტორედაქტორი: დიმა ჩიკვაიძე/ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი/გამომცემელი: სამოქალაქო განათლების ფონდი/დირექტორის მოადგილე: გიორგი ფრუიძე/ოფის მენეჯერი: ანანო ვარდოსანიძე/გაყიდვები და მარკეტინგი: გიორგი ჭეიშვილი/ყოველკვირეული ჟურნალი ტაბულა, ტელ: + 995 32 2420 300, e-mail: info@tabula.ge/სტამბა: BILNET Printing, Dudullu Organize Sanayi Bolgesi, 1. Cadde No: 16 Umraniye, 34696 Istanbul - TURKIYE, ტელ.: +90 216 444 4403, ფაქსი: +90 216 365 9907/ c 2012 საავტორო უფლებები დაცულია, ჟურნალში გამოქვეყნებული მასალების გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია. |
![]() |
1 სიტყვასიტყვით |
▲back to top |
„დანაშაულია, როცა საკუთარ არაჯანსაღ სექსუალურ ორიენტაციაზე ხმამაღლა საუბრის საშუალებას აძლევს მამათმავალს და ამის პროპაგანდას ეწევა. პირადად მე, მომხრე ვარ, რომ ქართულ კანონმდებლობაში აღდგეს 121-ე მუხლი“.
ორგანიზაციის „ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისათვის“ ლიდერი ნანა კაკაბაძე. 19 მარტი
„სულ მალე საქართველოში მოვლენები სირიის სცენარით განვითარდება”.
თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ირაკლი ალასანია. 16 მარტი.
„მნიშვნელოვანია, რომ ყველა, ვინც დღეს საქართველოს პოლიტიკაშია ჩართული, ასეთ საკითხებს პასუხისმგებლობით ეკიდებოდეს და არ გამოთქვამდეს ბრალდებებს, რომლებსაც ვერ ადასტურებს ფართო საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი ფაქტებით“.
აშშ-ის ელჩის, ჯონ ბასის, კომენტარი ირაკლი ალასანიას განცხადებაზე, თითქოს საქართველოს ხელისუფლება სამეგრელოში უკანონო სამხედრო ფორმირებებს აყალიბებს. 20 მარტი.
„ჩვენი პოლიტიკური სისტემა უაღრესად მეთოდურად და მიზანმიმართულად სულელურია“.
რესპუბლიკური პრაიმერის მონაწილე ნიუტ გინგრიჩი. 15 მარტი.
„აქ ადამიანები ძილში არიან, ძალიან ღრმა ძილში, და საჭიროა გაღვიძება“.
მწერალი სალმან რუშდი, მას შემდეგ რაც ინდოეთში მუსლიმებმა ლიტერატურულ ფესტივალში მისი მონაწილეობა დაბლოკეს. 19 მარტი.
„თუ ჩვენ ერთად ვიქნებით, ამას გადავლახავთ... მიყვარხარ...“.
ბრიტანულმა Guardian-მა გამოაქვეყნა სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადისა და მისი მეუღლის პირადი მიმოწერა, საიდანაც ირკვევა, რომ წყვილი სამოქალაქო ომის პარალელურად აქტიურად დაკავებულია ძვირფასეულობის შეძენით და ერთმანეთისთვის ლირიკული წერილების წერით.
„ჩვენი მიზანია საკითხისთვის ყურადღების მიპყრობა, და ჩვენი დაპატიმრება იყო ამის ერთ-ერთი საშუალება“.
მსახიობი ჯორჯ კლუნი, მას შემდეგ რაც სუდანის საელჩოსთან აქციის სხვა მონაწილეებთან ერთად დააკავეს. 16 მარტი.
![]() |
2 საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები - რბოლა მძაფრდება |
▲back to top |
არენა
მიხეილ ბასილაია
ნიკოლა სარკოზი ამომრჩევლებს ხვდება
საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთ თვეზე ნაკლები დარჩა. წინასაარჩევნო მარათონი კულმინაციას უახლოვდება. მარტის პირველი სამი კვირა მოვლენებით დატვირთული გამოდგა. 22 აპრილს გასამართი არჩევნების კანდიდატთა რეგისტრაციის ვადა 16 მარტს ამოიწურა. რადიკალი მემარჯვენე პარტიის, ნაციონალური ფრონტის ლიდერმა, მარინ ლე პენმა, ბოლო მომენტში მოახერხა რეგისტრაციისთვის საჭირო, საკუთარ თანამდებობაზე არჩეული 500 ოფიციალური პირის მხარდაჭერის მოგროვება. კიდევ ერთმა კანდიდატმა, პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ პარიზის ჩრდილოეთით 11 მარტს მსხვილმასშტაბიანი მიტინგი ჩაატარა. მეორე დღეს კი, ბოლო 5 თვის მანძილზე პირველად, წინასაარჩევნო გამოკითხვებში, სოციალისტური პარტიის კანდიდატ ფრანსუა ოლანდს გადაასწრო.
სარკოზი, რომელმაც საარჩევნო კამპანია დაახლოებით ერთი თვის წინ დაიწყო, გამოკითხვებში ოლანდს, სულ მცირე, 2-3%25-ით მაინც ჩამორჩებოდა. თუმცა Ifop-ის მიერ 12 მარტს ჩატარებული კვლევის მიხედვით, პრეზიდენტს გამოკითხულთა 28.5%25 უჭერს მხარს, ოლანდს - 27%25. თუმცა 6 მაისს გასამართი მეორე ტურისათვის (პირველ რაუნდში გამარჯვებული, სავარაუდოდ, ვერ გამოვლინდება) ოლანდის რეიტინგი 54.5%25-ია, სარკოზისა კი - 45.5%25. მეორე მხრივ, სარკოზიმ ჩამორჩენა 13-დან 9 პროცენტამდე შეამცირა.
პრეზიდენტს საარჩევნო კამპანიის გარდა საფრანგეთის ეკონომიკურ პრობლემებზეც უწევს ფიქრი. უმუშევრობა 10%25-ს აღწევს. ეს ბოლო 12 წლის მანძილზე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ევროზონის კრიზისი და საბერძნეთის დაფინანსება საფრანგეთს ტვირთად დააწვა. საბიუჯეტო დეფიციტი მთლიანი შიდა პროდუქტის 5.5%25-ია და 1%25-ით აღემატება 2012 წლის ბოლოსთვის დაგეგმილ ნიშნულს. მარინ ლე პენის პოპულარობის ერთ-ერთი მიზეზი, მის მიერ კრიზისით ყველაზე მეტად დაზარალებულ სოციალურ ფენებზე - მრეწველობასა და სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ პირებზე ფოკუსირებაა.
2007 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ სარკოზის რეიტინგი ახლანდელზე დაახლოებით ორჯერ მეტი, 52%25 იყო. ზოგიერთი მიმომხილველი აღნიშნავს, რომ საფრანგეთი სარკოზით დაიღალა, თუმცა ვერც ფრანსუა ოლანდში ხედავს ჯეროვან ალტერნატივას. პრეზიდენტისთვის არახელსაყრელი იქნებოდა, არჩევნები მის მიმართ ნდობის რეფერენდუმად ქცეულიყო და არა დაპირისპირებად მასსა და სოციალისტ ოპონენტს შორის. სარკოზიმ რისკზე წასვლა გადაწყვიტა და წინასაარჩევნოდ ნაციონალური ფრონტისგან რადიკალიზმი ისესხა. მას სურს, ლე პენის 16-პროცენტიანი რეიტინგი მეორე ტურისთვის მაინც მიისაკუთროს.
მარტის დასაწყისში სარკოზიმ განაცხადა, რომ საფრანგეთში მეტისმეტად ბევრი ემიგრანტია, შემდეგ მუსლიმური ტრადიციების მიხედვით დაკლული საქონლის (ე.წ. ჰალალ) ხორცზე გაამახვილა ყურადღება და ამომრჩევლებს დაჰპირდა, რომ არ დაუშვებს სკოლებში მის გავრცელებას. 11 მარტის მიტინგზე კი შენგენიდან გამოსვლასა და პროტექციონისტული ეკონომიკური ზომების გატარებაზე ისაუბრა. პრეზიდენტს მხარი აუბეს მისმა თანაპარტიელებმაც. პრემიერ-მინისტრმა ფრანსუა ფიიონმა განაცხადა, რომ დროა რელიგიური ტრადიციები თანამედროვე ცხოვრების წესთან შესაბამისობაში მოვიდეს. ებრაული საზოგადოებები რელიგიური წესების დაწუნებით გაოცდნენ, მუსლიმებმა კი თავი განტევების ვაცად იგრძნეს. ფიიონს მეორე დღესვე მოუწია ებრაული და მუსლიმური საზოგადოებების წარმომადგენლებთან შეხვედრა და საკუთარი ნათქვამის შესწორება.
სარკოზისთვის ნაციონალური ფრონტის პროგრამის სესხება ახალი არ არის. 5 წლის წინ წინასაარჩევნო კამპანიის ერთ ეტაპზე, მთავარი თემები ფრანგული იდენტობა და მუსლიმური თავსაბურავები (ბურქა) იყო, რომელთა ტარება საბოლოოდ 2011 წელს აიკრძალა.
11 მარტის მიტინგი, რომელსაც სარკოზის გუნდის წარმომადგენელთა თქმით, 60 ათასი ადამიანი დაესწრო, პრეზიდენტის მთავარი წინასაარჩევნო გამოსვლა იყო. პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ მისი გამარჯვებიდან ერთ წელიწადში თუ შენგენის ზონაში შემავალი ქვეყნები (ევროკავშირის ყველა წევრი, ბრიტანეთისა და ირლანდიის გარდა) იმიგრაციის წინააღმდეგ კონტროლს არ გაამკაცრებენ, საფრანგეთს საერთოდ გამოიყვანს შეთანხმებიდან. სარკოზის იმიგრაციის დონის ორჯერ შემცირება სურს. შემდეგი მნიშვნელოვანი მესიჯი, ევროკავშირის მასშტაბით ადგილობრივი კომპანიებისათვის პროტექციონისტული ზომების შემოღების მოთხოვნა იყო. სარკოზის განცხადებით, საჭიროა ერთგვარი „შეიძინე ევროპული“ შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, საჯარო პროექტების კონტრაქტების მოსაპოვებლად ადგილობრივ (ევროპულ) კომპანიებს მიენიჭებათ უპირატესობა. სარკოზიმ პარალელი ამერიკის მსგავს აქტთან გაავლო - ბრიუსელის უმოქმედობის შემთხვევაში, საფრანგეთი ცალმხრივად იმოქმედებს. პრეზიდენტმა ფრანგ ბიზნესმენებსაც შეუტია, რომელთაც მაღალი გადასახადების გამო თავიანთი კაპიტალი და საქმიანობა უცხოეთში გააქვთ. სარკოზი მათ ახალი, კაპიტალის გატანის გადასახადის შემოღებით დაემუქრა.
სარკოზის წინასაარჩევნო კამპანიაში, საწყის ეტაპზე, გარკვეული ადგილი გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელსაც ეკავა. მერკელმა განაცხადა, რომ რაც უნდა მოხდეს, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას, პირველ რიგში, სარკოზის უსურვებს. მან ოლანდთან შეხვედრაზეც უარი განაცხადა. მერკელს არ სურს სარკოზის სახით ევროპაში მოკავშირის დაკარგვა.
მერკელს საფრანგეთის პრეზიდენტი ევროზონის კრიზისის ტვირთის გასაზიარებლად სჭირდებოდა. სარკოზის კი, თავის მხრივ, სურდა ეჩვენებინა, რომ ეკონომიკური პრობლემების მიუხედავად, საფრანგეთი კვლავ ევროკავშირის ლიდერია. მერკელ-სარკოზის დუეტს ევროპაში მერკოზის უწოდებენ. თუმცა სარკოზიმ გადაწყვიტა კანცლერს კამპანიაში შედარებით ნაკლები ადგილი დაუთმოს - მერკელი საფრანგეთში ქამრების შემოჭერის მკაცრ პოლიტიკასთანაა დაკავშირებული.
ფრანსუა ოლანდი
ფოტო: REUTERS ©
სარკოზის კამპანიას შეიძლება გარკვეული პრობლემები შეუქმნას ონლაინგამოცემა Mediapart-მა. ამ უკანასკნელმა გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელიც თითქოს მიუთითებს, რომ სარკოზის 2007 წლის საპრეზიდენტო კამპანია ლიბიის ყოფილმა ლიდერმა, მუამარ კადაფიმ 50 მილიონი ევროთი დააფინანსა. იმავე შინაარსის განცხადება ლიბიელი ექსდიქტატორის შვილმა, საიფ ალ-ისლამმაც გააკეთა 2011 წელს, ლიბიაში NATO-ს სამხედრო ინტერვენციის წინ.სარკოზის გუნდის სპიკერმა, ფრანკ ლუვრირმა, ბრალდებას სასაცილო და ცრუ უწოდა.
საფრანგეთის წამყვანი საგანმანათლებლო დაწესებულების, Sciences Po-ს პოლიტიკური კვლევების ცენტრის ექსპერტი ბრუნო კუტრე აღნიშნავს, რომ მარათონში სარკოზი თანდათან უმატებს. ის პირველივე ტურში ალბათ ვერ გაიმარჯვებს. მეორე ტური დაძაბული იქნება. პარალელურად, ფრანსუა ოლანდის კამპანია მძიმედ მიიწევს წინ. კუტრეს აზრით, მას ძალიან ცოტა სიახლე შეუძლია შესთავაზოს ამომრჩეველს.
ოლანდმა საკუთარი წინასაარჩევნო კამპანია სოციალურ უთანასწორობაზე, უმუშევრობაზე, განათლების პრობლემებსა და სოციალური უზრუნველყოფის სისტემის გაუმჯობესებაზე ააგო. კანდიდატს სურს, წელიწადში 1 მილიონ ევროზე მეტი შემოსავლის მქონე ფრანგებს საშემოსავლო გადასახადი 75%25-მდე გაუზარდოს. საფრანგეთში ისედაც მაღალი გადასახადებია და მათგან მიღებული შემოსავალი მთლიანი შიდა პროდუქტის 42%25-ს შეადგენს. განვითარებული ქვეყნების კლუბის, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების საშუალო მაჩვენებელი 34%25-ია. ამის შემდეგ გასაკვირი სულაც არ არის, თუ რატომ გარბიან ქვეყნიდან ფრანგი ბიზნესმენები თავიანთ ფულთან ერთად.
ოლანდმა ევროპის ფისკალურ აქტსაც შეუტია, რომელსაც ევროკავშირის 25-მა ქვეყანამ მოაწერა ხელი. აქტი მიზნად ხელმომწერ ქვეყნებში საბიუჯეტო დისციპლინის გაუმჯობესებას ისახავს. სოციალისტური პარტიის კანდიდატის აზრით, ფისკალური აქტი არასრულყოფილია. მან განაცხადა, რომ გაპრეზიდენტების შემთხვევაში მოითხოვს, მასში მინიმალური ეკონომიკური ზრდის მიღწევის პუნქტი ჩაიდოს. ანალიტიკოსების აზრით, თუ ოლანდი მართლაც აპირებს რატიფიკაციის მომლოდინე ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებების განახლებას, მაშინ რატიფიკაცია ჩავარდება და ევროპის საკანონმდებლო პროცესი დარტყმას მიიღებს. თუკი ოლანდის განცხადება მისი წინასაარჩევნო ფანდია, მაშინ, შესაძლოა, საფრანგეთის სანდოობას ჩრდილი მიადგეს.
მარინ ლე პენი
ფოტო: REUTERS ©
ოლანდის მთავარი სისუსტე ლიდერის თვისებების ნაკლებობაა. ამას გარდა, მას მთავრობაში პოსტი არასოდეს ეკავა. ფრანგი ამომრჩევლები ეჭვობენ, რომ პრეზიდენტისგან განსხვავებით, ოლანდს კრიზისულ სიტუაციებთან გამკლავება გაუჭირდება. სარკოზი ამ ფაქტის გამოყენებასაც ცდილობს. 11 მარტის მიტინგზე პრეზიდენტს მხარი დაუმშვენეს პრემიერმა ფიიონმა და კაბინეტის სხვა წევრებმა, რაც სარკოზის გამოცდილებასა და ლიდერობის უნარზე მინიშნება იყო.
სარკოზისთან დაპირისპირების გარდა, ოლანდს რადიკალი მემარცხენე პოლიტიკოსის, კოალიცია მემარცხენე ფრონტის ლიდერის ჟან-ლუკ მელანშონისთვისაც მოუწევს ყურადღების დათმობა. თუ ცენტრისტი ფრანსუა ბეირუ ამომრჩეველთა ნაწილს, სავარაუდოდ, სარკოზის წაართმევს, მელანშონი სწორედ ოლანდის ხმებს ემუქრება. კომუნისტების მოკავშირე მელანშონი ერთადერთი კანდიდატი იყო, რომელიც მარინ ლე პენის გამოხტომებს აქტიურად უპირისპირდებოდა სატელევიზიო გამოსვლებში. ამან მისი რეიტინგი ასწია კიდეც.
ფრანსუა ბეირუ
მარინ ლე პენი, თავის მხრივ, ეცდება არჩევნების მთავარი თემა გახდეს. მან ძლივს მოახერხა საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირება. ამისთვის საკუთარ თანამდებობაზე არჩეული 500 ოფიციალური პირის, მათ შორის ქალაქის მერთა და დეპარტამენტების (ადმინისტრაციული ერთეული) ადგილობრივი თვითმმართველობების წევრების, მხარდაჭერის ხელმოწერა იყო საჭირო. საფრანგეთის წამყვანმა პარტიებმა ლე პენს ერთგვარი ბოიკოტი გამოუცხადეს - მათმა წარმომადგენლებმა ნაციონალური ფრონტის ლიდერის მხარდაჭერაზე უარი განაცხადეს. ლე პენს მეორე ტურში გასვლის უმცირესი შანსები აქვს, თუმცა, შესაძლოა, სწორედ მისმა ამომრჩეველმა გადაწყვიტოს მომავალი პრეზიდენტის ვინაობა. ლე პენს იმიგრაციის 20-ჯერ შემცირება, ფრანგული ინდუსტრიის მხარდასაჭერად პროტექციონისტული ზომების გატარება, ქვეყნის ევროზონიდან გამოყვანა და ვალუტად ფრანკის დაბრუნება სურს.
დომინიკ დე ვილპენი
ლე პენის რეიტინგი 15%25-ის მიდამოებში მერყეობს. მეოთხე ადგილზე ფრანსუა ბეირუა 12-13%25-ით. მელანშონის რეიტინგი 10%25-ს აღწევს. 500 ხელმოწერის მოგროვება და დარეგისტრირება ვერ მოახერხა სარკოზის ყოფილმა თანაპარტიელმა და ყოფილმა პრემიერმა დომინიკ დე ვილპენმა. მისი მისია არჩევნებზე სარკოზისთვის ხმების წართმევა იქნებოდა. პრეზიდენტობისთვის ათამდე კანდიდატია დარეგისტრირებული. თუმცა, პირველი ხუთეულის გარდა, დანარჩენებს, საგაზეთო სვეტებსა და სატელევიზიო გადაცემებში მცირეოდენი ადგილის მოპოვებით მოუწევთ დაკმაყოფილება.
![]() |
3 თამარ კოვზირიძე: ბიუროკრატიული პროცედურები ევროკავშირთან დაახლოების ნაწილია |
▲back to top |
პოლიტიკა
ესაუბრა სალომე უგულავა
ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი
წლის დასაწყისში საქართველომ ევროკავშირთან თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები გახსნა. თავის მხრივ, ეს მოლაპარაკებები ევროკავშირთან ასოცირების ნაწილია. თუ რას მოუტანს ქვეყანას ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობა, რა სირთულეებსა და გამოწვევებს ხვდება ის ევროკავშირთან დაახლოების პროცესში, WTO-ში რუსეთის გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებებში მიღწეულ შედეგსა და მოლოდინებზე, აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის პერსპექტივაზე და სხვა საკითხებზე ტაბულა პრემიერ-მინისტრის მთავარ მრჩეველს, თამარ კოვზირიძეს ესაუბრა.
ევროკავშირთან თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები გაიხსნა. დაახლოებით რა დრო დასჭირდება შეთანხმებას? რა ეტაპების გავლა მოუწევს საქართველოს?
მოლაპარაკებები იანვარში გაიხსნა. სამუშაო ჯგუფებიც შეხვდნენ ერთმანეთს. შემდეგი რაუნდი მარტში გვაქვს. ვვარაუდობთ, რომ პროცესს 2013 წელს დავასრულებთ. ეს არის როგორც ჩვენი, ასევე ევროკავშირის მომლაპარაკებლების მიზანიც - მთავარი შედეგია და არა პროცესი. ვფიქრობთ, რომ მოლაპარაკებების რვა რაუნდი დაგვჭირდება და ითვლება, რომ ეს სწრაფი პროცესია. უკრაინას 4 წელი დასჭირდა.
რას მოგვიტანს ჩვენ ეს? ევროკავშირის შიდა ბაზარი და ფუნქციონირება დამყარებულია 4 ძირითად - ადამიანის, საქონლის, კაპიტალისა და მომსახურების გადაადგილების - თავისუფლებაზე. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების სრულყოფილად ამოქმედება საქართველოს საშუალებას მისცემს, ამ ოთხიდან სამი თავისუფლება განახორციელოს. ადაადამიანების გადაადგილება სავიზო შეთანხმებების საკითხია და ამაზე ცალკე პროცესი მიდის.
ყველა შეთანხმებას პოლიტიკური მნიშვნელობაც აქვს. განსაკუთრებით ისეთ ფართო შეთანხმებას, როგორსაც ჩვენ ვაფორმებთ. პოლიტიკური შედეგი უფრო მოკლე ვადაში იგრძნობა - მოლაპარაკებების გამოცხადებაც იმაზე მიუთითებს, პოლიტიკურად რა მნიშვნელობას ანიჭებენ პარტნიორები ერთმანეთს. ცხადია, ეკონომიკური შედეგი იქნება - მაგალითად, ექსპორტის მოცულობების გაზრდა. ინვესტორებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი შეთანხმებები. ეკონომიკური შედეგის აღქმას გარკვეული დრო დასჭირდება - შეთანხმება ძალაში უნდა შევიდეს, კერძო კომპანიები და ბიზნესი მოერგოს ახალ რეჟიმს. ამიტომ, როგორც წესი, საშუალოვადიანი პერიოდია საჭირო, რომ რეალურად დავინახოთ ეკონომიკური სარგებელი.
ამ ეტაპზე გვაქვს GSP+-ის სქემა ევროკავშირთან, რაც ცალმხრივ შეღავათებს გვანიჭებს ვაჭრობაში - ნულოვან, ან შემცირებულ ტარიფებს გარკვეული სახის პროდუქციაზე. დაახლოებით მთლიანი პროდუქციის 60%25-ს ეხება ეს - 7200-მდე პროდუქტს. დაახლოებით, ექსპორტის ნახევარი GSP+-ის სქემით გადის.
თუმცა, ეს შეღავათები დროებითია, დაახლოებით სამი წლით ვიღებთ ხოლმე და განახლებას ექვემდებარება. GSP+-ის მიზანი ექსპორტის დივერსიფიკაციაა. მას შემდეგ, რაც ამ მიზანს მიაღწევს (არსებობს შეფასების კრიტერიუმები), ქვეყანა აღარ არის უფლებამოსილი, მიიღოს შეღავათები. ამის გამო სისტემა ინვესტორებს ნაკლებად იზიდავს, რადგან შეიძლება, გაუქმდეს. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება კი მუდმივია. ის თითქმის ყველა პროდუქტზე ანულებს ტარიფს.
ამბობთ, რომ თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები საკმაოდ მალე დასრულდება - მაგალითად, უკრაინაზე ორჯერ ნაკლებ დროში. რა გაძლევთ ამის თქმის საშუალებას, როდესაც თვითონ მოლაპარაკებების დაწყების წინა მოლაპარაკებები უფრო დიდხანს გაგრძელდა, ვიდრე ვარაუდობდით. რა იყო შეფერხების მიზეზი და ამჯერად რა იძლევა ოპტიმიზმის საბაბს?
ასეთი ტიპის შეთანხმება თვითონ ევროკავშირისთვისაც უჩვეულო და ახალია. ერთადერთი, უკრაინასთან აქვთ მოლაპარაკებული. ვაჭრობის შეთანხმებები, რომლებსაც ადრე აფორმებდნენ, ძირითადად, ტარიფებს ფარავდა. ეს შეთანხმება კი ეკონომიკური ურთიერთობების თითქმის ყველა სფეროს მოიცავს - ამიტომაც ჰქვია ყოვლისმომცველი. შესაბამისად, მოლაპარაკებების დასაწყებად არსებობდა წინაპირობები - მივიჩნევდით, რომ მეტისმეტად დეტალური. წინაპირობების შემცველი დოკუმენტი დაახლოებით 30 გვერდს მოიცავდა. ჩამოთვლილი იყო, თუ რა უნდა გაეკეთებინა საქართველოს მოლაპარაკებების დასაწყებად. ჩვენ საკმაოდ სწრაფად შევასრულეთ ეს წინაპირობები. მიდიოდა დეტალური მონიტორინგი ევროკავშირის მხრიდან, ამოწმებდნენ პროგრესს, წერდნენ შესაბამის ანგარიშებს.
გეთანხმებით, რომ მოლაპარაკებების მოსამზადებელი პროცესი საკმაოდ გაგრძელდა - არა ჩვენი მიზეზით. ვცდილობდით, მაქსიმალურად სწრაფად და ხარისხიანად გაგვეკეთებინა ყველაფერი. თუმცა, მოგვწონს, თუ არ მოგვწონს, ბიუროკრატიული პროცედურები ევროკავშირთან დაახლოების პროცესის ნაწილია. ვინაიდან მოსამზადებელი პროცესი ამდენ ხანს გაგრძელდა, ვვარაუდობთ, რომ მოლაპარაკებები საკმაოდ მალე დასრულდება. ეს არის ევროკავშირთან კომუნიკაციაში ჩამოყალიბებული მოსაზრება და ერთობლივი მიზანი.
ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების პერსპექტივაზე რა შეგიძლიათ, გვითხრათ?
ეს ძალიან მნიშვნელოვანია როგორც პოლიტიკურად, ასევე თავისთავად ეკონომიკურად. საქართველო იქნება ერთადერთი ქვეყანა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, რომელიც ამგვარ შეთანხმებას გააფორმებს აშშ-სთან.
უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე დაისახა მიზანი. ახლა ვმუშაობთ ამერიკულ მხარესთან, რომ მოვამზადოთ პროცესი, გაიწეროს ვადები. აქაც, ალბათ, საშუალოვადიან პერიოდზე უნდა ვისაუბროთ. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები, რომელსაც აშშ აფორმებს სხვადასხვა ქვეყანასთან, არის ევროკავშირის ხელშეკრულებების მსგავსი - არა მხოლოდ ტარიფების განულებაზე ორიენტირებული, არამედ მთლიანად ეკონომიკური ურთიერთობების სფეროს ფარავს.
ევროკავშირის თემას რომ დავუბრუნდეთ - თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები ევროკავშირთან ასოცირების ნაწილია. ქართული მხარე აქამდეც აცხადებდა, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასოცირების ხელშეკრულებაში ჩაიდოს ორგანიზაციაში საქართველოს გაწევრიანების რაც შეიძლება მკაფიო პერსპექტივა, რაზეც კონსენსუსს ვერ აღწევდნენ. თუ არის ცვლილება ამ მიმართულებით?
ასოცირების ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები ინტენსიურად და შედეგიანად მიმდინარეობს. დაახლოებით 70%25 უკვე შეთანხმებულია. ჩვენი სურვილია, პროცესი მალე დასრულდეს. თუმცა, ასოცირების ხელშეკრულება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებისგან განსხვავებულად შედის ძალაში. მას ევროკავშირის ყველა წევრის მხრიდან რატიფიკაცია სჭირდება. ამიტომ, შეიძლება, თავისუფალ ვაჭრობაზე შეთანხმება უფრო მალე შევიდეს ძალაში - მიუხედავად იმისა, რომ ასოცირების შეთანხმების ნაწილია.
ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკებები შეთანხმების პრეამბულაზე, სადაც მსგავსი ზოგადი პრინციპები უნდა იყოს, რომელსაც შეთანხმება და მხარეთა მომავალი ურთიერთობა დაეფუძნება. ჩვენი მიზანია, რომ ეს მკაფიოდ იყოს ჩამოყალიბებული და შესაბამისი მომლაპარაკებელი გუნდი ამ საკითხზე მუშაობს.
იმ პირობებში, როდესაც ქვეყანას წევრობის მკაფიო დაპირება არ აქვს, ზოგი სკეპტიკურადაა განწყობილი და ამბობს, რომ მარეგულირებელი ცვლილებები, რისი შემოტანაც საქართველოს უწევს ამ პროცესებში, ქვეყნისთვის საზიანო შეიძლება იყოს. მაგალითად, გამოიწვიოს პროდუქციის გაძვირება, ნაკლებად მიმზიდველი გახადოს ქვეყანა ინვესტორებისთვის. რამდენად ითვალისწინებთ ამ რისკებს მოლაპარაკებებისას, როდესაც სწრაფი ეკონომიკური განვითარება ქვეყნისთვის სასიცოცხლოა?
ჩვენთვის ამ პროცესებში ყველაზე მთავარი გამოწვევა და სირთულეც შემდეგია - ერთი, რომ არსებული მოთხოვნები დაკმაყოფილდეს, რადგან ამის გარეშე ურთიერთობებში პროგრესი ვერ გვექნება; მეორე - შესაბამისი რეგულაციების შემოღება-დანერგვა იმ ფორმით, რომ იყოს რაც შეიძლება სასარგებლო და ნაკლებად საზიანო ჩვენი ეკონომიკისა და ბიზნესისთვის.
სხვადასხვა ქვეყნებმა სხვადასხვა ვადებსა და ფორმებში დანერგეს ევროკავშირის მოთხოვნები. გვაქვს როგორც გონივრული, ასევე ცუდი მაგალითები, სადაც ახალმა რეგულაციამ ზოგიერთი ბიზნესი გააკოტრა. ამ მაგალითებს ძალიან დეტალურად ვსწავლობთ.
ბევრია დამოკიდებული იმაზე, რა ვადებში დაინერგება მოთხოვნები. მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ ესაა - ჩვენი პრიორიტეტია ეს მოხდეს ეტაპობრივად, ფრთხილად და ბიზნესის ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით. მაგალითად, სურსათის უვნებლობის თემა - აქ შესაძლებელია და გაგვიკეთებია კიდეც, როდესაც გარკვეული მოთხოვნები ინერგება, 1-2 წელი მათ შეუსრულებლობაზე ჯარიმა არ არის. შესაბამისი უწყება, სურსათის უვნებლობის სამსახური, კერძო კომპანიებს მხოლოდ რეკომენდაციებს აწვდის. სხვა შემთხვევებშიც ვეცდებით, მსგავსი მიდგომა გვქონდეს, რომ დავეხმაროთ კერძო სექტორს მოთხოვნების დაკმაყოფილებაში.
გულახდილად ვიტყვი - ახალი რეგულირება ხარჯებთანაა დაკავშირებული. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ვადები, არამედ მასშტაბურობაც. ევროკავშირში არსებული პრაქტიკის მიხედვით, დანერგვისთვის მაქსიმალური ვადა 10 წელია. ამ ფარგლებში ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს და განსაკუთრებით ვფრთხილობთ იქ, სადაც ბიზნესი სენსიტიურია.
ევროპელი ინვესტორებისთვის ასეთი გარემო უფრო მიმზიდველი შეიძლება იყოს. ეს მოთხოვნები მათთვის ნაცნობია. სხვადასხვა ქვეყნის ინვესტორებს სხვადასხვა შეხედულებები აქვთ, მაგრამ არსებობს მაგალითები, სადაც ქვეყნებმა შეძლეს მოქნილი, მარტივი, ლიბერალური გარემოს შენარჩუნება. ამავდროულად - ევროკავშირთან ინტეგრაციის პოლიტიკური პრიორიტეტების შესაბამისად წარმართვა. ჩვენ არ გვაქვს ის მოთხოვნები, რასაც წევრობის კანდიდატს უყენებენ. მაგალითად, არ მოგვეთხოვება კანონმდებლობის კოპირება.
კანონმდებლობაზე ვსაუბრობთ და, როგორც ვიცი, იგეგმება ცვლილებების შეტანა შრომის კოდექსში. რა ცვლილებებზეა საუბარი და საიდან წამოვიდა საჭიროება?
ჩვენი შრომის კოდექსი კარგია, გასაგები, მოქნილი. ისეთია, როგორიც საქართველოს განვითარების ამ ეტაპზე სჭირდება. ერთნაირად არეგულირებს როგორც დამსაქმებლის, ასევე დასაქმებულის უფლებებს. მანამდე არსებული კოდექსი საბჭოთა პერიოდის იყო და ძირითადად პროფკავშირის უფლებებზე იყო ორიენტირებული. ახალი კოდექსის მიზანია, ხელი შეუწყოს შრომით ურთიერთობებში მხარეების განვითარებასა და გათანამედროვეობასაც.
შრომის კოდექსის მიღების შემდგომ დაახლოებით 36 ახალი პროფკავშირი შეიქმნა. მანამდე ერთი გვქონდა. ახალი კოდექსი ბევრად ცივილურია და ასოცირების თავისუფლებასაც უზრუნველყოფს. იდეები და პრინციპები, რომელსაც კოდექსი ეფუძნება, კარგია. მიუხედავად ამისა, არის გარკვეული სფეროები, რომლის კიდევ უფრო გაუმჯობესება და დახვეწა შეიძლება მთლიანად შრომით კანონმდებლობაში. ამაზე გვაქვს ინტენსიური თანამშრომლობა, როგორც პარტნიორ ქვეყნებთან, ასევე შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასთან.
რაც შეეხება კონკრეტულ ცვლილებებს - შეიძლება, გამარტივდეს ორგანიზაციების, მათ შორის პროფკავშირების, შექმნასთან დაკავშირებული მოთხოვნები. პროფკავშირების კანონით არის დადგენილი ადამიანების მინიმალური რაოდენობა, გაერთიანების შესაქმნელად. ჩვენ შეიძლება ეს ზღვარი საერთოდ გავაუქმოთ. ასევე, სავარაუდოდ, გაფიცვასთან დაკავშირებული გარკვეული მოთხოვნები მოიხსნება. მაგალითად, გაფიცვის მაქსიმალური ვადა არ იქნება დადგენილი. ამ თემებზე ვმსჯელობთ და ვმუშაობთ. როდის და რა ფორმით განხორციელდება ცვლილებები, ჯერ თქმა რთულია.
თქვენ იყავით ერთ-ერთი მომლაპარაკებელი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების საკითხზე. როგორ შეაფასებთ მიღწეულ შედეგს?
საკმაოდ კარგი შედეგი მივიღეთ. ზოგიერთი ორგანიზაცია და ქვეყანა არ ელოდა, რომ მოლაპარაკებებს რაიმე შედეგი ექნებოდა. მნიშვნელოვანია, რომ რუსეთი ვალდებულია, საქართველოსთან ერთგვაროვანი რეჟიმი განახორციელოს ვაჭრობაში - იმის მიუხედავად, ვაჭრობს აფხაზეთთან, თუ საქართველოს დანარჩენ ნაწილებთან. ამისთვის, შეთანხმებით, სპეციფიკური მექანიზმი დავნერგეთ - სავაჭრო კორიდორები და საერთაშორისო მონიტორები.
ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, რომ შეთანხმება შესრულდეს. მას შემდეგ, რაც რუსეთი დაასრულებს ორგანიზაციაში გაწევრიანების პროცედურებს და შესაბამისი დოკუმენტების რატიფიკაციას მოახდენს, ჩვენთან დადებული შეთანხმებაც შევა ძალაში. უკვე ვმუშაობთ ჩვენს შვეიცარიელ პარტნიორებთან, რომ მომზადდეს იმპლემენტაციის დაწყების პროცედურა. დადებითია ის, რომ იმპლემენტაციის პროცესშიც მიიღებს შვეიცარია მონაწილეობას. მაგალითად, შეიქმნება ერთობლივი კომიტეტი, სადაც საქართველოს, შვეიცარიასა და რუსეთს ეყოლებათ წარმომადგენლები და ნებისმიერ თემასა თუ პრობლემას ამ ფორმატში განიხილავენ. ამაზე მუდმივად გვაქვს კომუნიკაცია აშშ-სთან, ევროკავშირთანაც. ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, ხელშეკრულება რეალობაში განხორციელდეს - ანუ გვქონდეს ინფორმაცია იმაზე, რა სავაჭრო ურთიერთობებია რუსეთსა და ოკუპირებულ ტერიტორიებს შორის.
ბოლოს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის გრანტზე მინდა, გკითხოთ. მისი ერთ-ერთი საინტერესო მიმართულებაა ბათუმის ტექნოლოგიური ინსტიტუტის დაფუძნება. თუ შეგიძლიათ, გვესაუბროთ მის კონცეფციაზე და გრანტის სხვა მიმართულებებზე?
რაც შეეხება MCC-ის მეორე კომპაქტს, მთავრობამ გადაწყვიტა ეს რესურსები მთლიანად განათლების სფეროს დაუთმოს. ამ ეტაპზე, როდესაც ბევრი რეფორმაა გატარებული, მნიშვნელოვანია, გვყავდეს კონკურენტუნარიანი, კვალიფიციური ადამიანები. წინა კომპაქტში, მოგეხსენებათ, ინფრასტრუქტურული პროექტები გვქონდა.
აქ განათლების სისტემის ყველა სეგმენტი იგულისხმება. მაგალითად, კორპორაციას ვთავაზობთ სკოლების რემონტს, რაც ისედაც ხდება. თუმცა, გვინდა, მათი რესურსებიც ჩავრთოთ, რომ მალე დავასრულოთ სკოლების გათანამედროვება.
რაც შეეხება ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს, ვმუშაობთ, რომ ამერიკული უნივერსიტეტის ფილიალი გაიხსნას საქართველოში - განათლების ხარისხი და დიპლომიც იყოს ამერიკული. პირველი აპრილისთვის ველოდებით განცხადებებს ამერიკული უნივერსიტეტებისგან. ამის შემდეგ წინასწარი შერჩევა მოხდება და შემდეგ, მეორე ეტაპზე, დეტალურ საკონკურსო მოთხოვნებს გამოვაქვეყნებთ. ზაფხულის ბოლოს კი, ის ერთი, ან რამდენიმე სასწავლებელი გვექნება იდენტიფიცირებული, რომელსაც ფილიალის დაფუძნების შესაძლებლობა ექნება. ამ პროექტს რეგიონული მნიშვნელობა აქვს - გვინდა საქართველო განათლების ჰაბად იქცეს რეგიონში.
![]() |
4 49/34%25-ის წინააღმდეგ - საქართველო დემოკრატიაა |
▲back to top |
პოლიტიკა
საზოგადოებრივი აზრი
სალომე უგულავა
საქართველოს მოსახლეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად სამუშაო ადგილები რჩება. შედარებით იკლო ინფლაციის მნიშვნელობამ. თუ 2011 წლის სექტემბერში ფასების ზრდა 42%25-ს აწუხებდა ყველაზე მეტად, ამჟამინდელი მაჩვენებელი 26%25-ია. ასევე შედარებით იმატა ხელმისაწვდომი ჯანდაცვის მნიშვნელობამ. მოსახლეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების სამეულში ტერიტორიულ მთლიანობას სწორედ ის მოსდევს. კლების ტენდენციას ინარჩუნებს სიღარიბის საკითხიც. ეს და სხვა თემები ამერიკის ეროვნულ- დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC) გამოიკითხა. მოსახლეობა 22 თებერვლიდან 5 მარტამდე პერიოდში გამოკითხეს.
საქართველოს მოსახლეობის 62%25 მიიჩნევს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება. 68%25 კი თვლის, რომ ხელისუფლება მათთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს ატარებს. ისინი მიიჩნევენ, რომ სამი ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმა მომავალი 6 თვის განმავლობაში იქნება - ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის და საპენსიო.
ასევე კვლავ გაზრდილია იმ ადამიანების რაოდენობა - 49%25-მდე (34%25-ის საპირისპიროდ), ვინც თვლის, რომ საქართველო დემოკრატიაა. წინა გამოკითხვისას, 2011 წლის სექტემბერში, 45%25 მიიჩნევდა დემოკრატიულ ქვეყნად საქართველოს. ეს იყო პირველი შემთხვევა NDI-ის გამოკითხვებში, როდესაც იმ ადამიანების რაოდენობამ გადააჭარბა საპირისპირო მაჩვენებელს, ვინც ქვეყანას დემოკრატიულად თვლის. ამავდროულად, ისინი, ვინც საქართველოს დემოკრატიულად თვლიან (43%25), ამბობენ, რომ არსებული ვითარება კიდევ უნდა გაუმჯობესდეს. ისინი კი, ვინც ქვეყანას არადემოკრატიულად მიიჩნევს (21%25), აცხადებენ, რომ ქვეყანა მაინც დემოკრატიისკენ მიდის. გამოკითხულთათვის დემოკრატია არის სიტყვის თავისუფლება, კანონის წინაშე თანასწორობა და ადამიანის უფლებების დაცვა.
მოსახლეობას სთხოვეს, შეეფასებინათ, მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით როგორ შეიცვალა საქართველოს მდგომარეობა 2008 წლის შემდგომ. ყველაზე მეტ გაუარესებას ისინი ფასების ზრდის მიმართულებით აღნიშნავენ (79%25). ასევე გამოყოფენ რუსეთთან ურთიერთობებისა და ტერიტორიული მთლიანობის თვალსაზრისით მდგომარეობის გაუარესებას. თავის მხრივ, გაუმჯობესების მაღალი მაჩვენებელია პენსიებისა და კორუფციის მიმართულებით. სხვა საკითხებთან შედარებით, გაუმჯობესებას აღნიშნავენ განათლების სფეროშიც (46%25). გამოკითხვა რიგ საკითხებში საზოგადოებაში არსებულ სტაგნაციის შეგრძნებას გვიჩვენებს 2008 წლის შემდგომ. რაც შეეხება იმას, 2008 წლის შემდგომ რამდენად გაუმჯობესდა გამოკითხულებისა და მათი ოჯახების მდგომარეობა მთლიანობაში, მცირე მატებაა მათში, ვინც ამბობს, რომ უკეთესად ცხოვრობს (26%25). ზუსტად ამდენივე თვლის, რომ მისი მდგომარეობა გაუარესდა. 47%25-სთვის კი არაფერი შეცვლილა.
ადგილობრივი საკითხებიდან ყველაზე მნიშვნელოვნად თბილისში დასუფთავების გადასახადის ელექტროენერგიის გადასახადზე მიბმას მიიჩნევენ. 2008 წლის შემდგომ, 94%25 თვლის, რომ ამ მხრივ ვითარება გაუარესდა.
მოქალაქეებს მიმდინარე მოვლენების შეფასებაც სთხოვეს. მაგალითად, ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას მოსახლეობის 65%25 უარყოფითად აფასებს და 70%25 თვლის, რომ მას მოქალაქეობა უნდა აღუდგეს. გამოკითხულები მხარს უჭერენ პრეზიდენტის ინიციატივასაც (59%25) ქალაქ ლაზიკას მშენებლობაზე. მათ იმაზეც ჰკითხეს, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, მონაწილეობას თუ მიიღებდნენ, რასაც 64%25-მა გასცა დადებითი პასუხი. ეს წინა, სექტემბრის, გამოკითხვასთან შედარებით, 13%25-იან ზრდას გვიჩვენებს.
რაც შეეხება საგარეო ურთიერთობებს, 88%25 არ იწონებს საქართველოს ამჟამინდელ ურთიერთობებს რუსეთთან. ამავდროულად, კვლავ მაღალია საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერა.
![]() |
5 კომპრომისი შედგ - კამპანიის დაფინანსების კანონმდებლობა იცვლება |
▲back to top |
პოლიტიკა
დიმიტრი ავალიანი
კანონი პოლიტიკური პარტიების დაფინანსების რეგულირების შესახებ კვლავ იცვლება. შეთანხმებას გასულ კვირაში საპარლამენტო უმრავლესობამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა, კოალიციის - „ეს შენ გეხება“ - მონაწილეებმა, მიაღწიეს. 21 თებერვალს ცვლილებების პროექტი პარლამენტს წარედგინა.
საკანონმდებლო ცვლილებები პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესახებ, პარლამენტმა გასულ წელს დაამტკიცა. კანონის მიზანი, ცვლილებების ინიციატორთა განმარტებით, პოლიტიკური პარტიების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და პოლიტიკური კორუფციის აღკვეთა იყო - ვენეციის კომისიის რეკომენდაციებისა და იმ პრაქტიკის გათვალისწინებით, რომელიც ევროპის მრავალ ქვეყანაში მოქმედებს.
ამ კანონის თანახმად, პოლიტიკური პარტიების დაფინანსება იურიდიულ პირებს აეკრძალათ. დაწესდა პარტიების დაფინანსების ლიმიტები. პოლიტიკურ ორგანიზაციებს შემოწირულობებისა და ხარჯების დეკლარირების ვალდებულება დაეკისრათ. მათზე კონტროლი კი კონტროლის პალატის ახალშექმნილ სამსახურს დაევალა. შემოვიდა პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებული პირის ცნება, რომელზეც შეზღუდვები გავრცელდა.
ამ კანონის მიღების პარალელურად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესდა ამომრჩეველთა მოსყიდვისთვის, ასევე პოლიტიკური პარტიისგან სარგებლის მიღებისათვის.
ვენეციის კომისიამ ეს კანონპროექტი დადებითად შეაფასა და მიიჩნია, რომ დოკუმენტი საერთაშორისო სტანდარტებსა და პრაქტიკას შეესაბამება. ამავე დროს, კომისიამ საქართველოს კანონის გასაუმჯობესებლად რიგი რეკომენდაციები მისცა. მათი აზრით, საჭიროა, მკაფიოდ განისაზღვროს კონტროლის პალატის უფლებამოსილებები. ასევე - შემუშავდეს მექანიზმი იურიდიული პირების მიერ პარტიების ფარულად, მესამე პირების მეშვეობით დაფინანსების წინააღმდეგ.
ოპოზიციამ ახალი კანონის მიღება პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის გამოჩენას დაუკავშირა. არასამთავრობო სექტორის დიდი ნაწილი კი კანონის ამოქმედებას პროტესტით შეხვდა. კოალიციამ „ეს შენ გეხება“, კანონის შეცვლის მოთხოვნით, პეტიცია მოამზადა. ავტორების მტკიცებით, ახალი ცვლილებები ზღუდავს სამოქალაქო აქტივობას, საკუთრების უფლებას, გამოხატვისა და პოლიტიკური საქმიანობის თავისუფლებას - რადგან კანონის ბუნდოვანებიდან გამომდინარე, მაკონტროლებელ ორგანოებს სანქციების და შეზღუდვების დაწესება ნებისმიერი პირისთვის შეეძლოთ, რომელსაც რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან კავშირს რაიმე ფორმით დაუდგენდნენ. მათი განსაკუთრებული შეშფოთება პარტიებთან გარიგებისთვის ამომრჩევლების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესაძლებლობამ გამოიწვია.
როგორც ტაბულასთან საუბრისას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილმა აღნიშნა, „პოლიტიკური სპექტრის ერთი ნაწილი ცდილობდა საზოგადოებისათვის (კანონის) სხვანაირი წაკითხვა მოეხვია თავზე, რის გამოც სხვადასხვა შიშები გაჩნდა“.
მისი თქმით, არსებული კანონი თავისი არსით არ ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას. მისი მიღების შემდეგ, ამ დანიშნულებით კანონის გამოყენების ფაქტები არ არსებობს.
საბოლოოდ, გასულ კვირაში, კანონმდებლები და არასამთავრობო ორგანიზაციები ახალ ფორმულირებებზე შეთანხმდნენ. კუბლაშვილის თქმით, ეს არ ცვლის კანონის ძირითად არსს - ნებისმიერი პარტია ვალდებული იქნება გამჭვირვალე გახადოს თავისი პოლიტიკური ფინანსები და შემოწირულობები. ამავე დროს, უნდა გამოირიცხოს ნორმების ორმაგი წაკითხვისა და განსხვავებული ინტერპრეტაციის შესაძლებლობა.
დეპუტატებმა არასამთავრობოების შენიშვნების უმრავლესობა გაითვალისწინეს. კანონში აღარ იარსებებს პარტიასთან პირდაპირ ან არაპირდაპირ დაკავშირებული პირის ცნება, რომელიც წინა კანონში არ იყო ზუსტად განმარტებული.
ახალ რედაქციაში, პოლიტიკურ პარტიასთან კავშირი არა დამოკიდებულებით ამა თუ იმ პარტიის მიმართ, არამედ კონკრეტული აქტიურობით განისაზღვრება. რეგულირება გავრცელდება მხოლოდ იმ სუბიექტებზე, რომლებიც კონკრეტული პარტიის პოლიტიკური მიზნებისათვის მატერიალურ და ფინანსურ რესურსებს გაიღებენ.
ტაბულასთან საუბრისას საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს პროგრამების დირექტორმა ნინა ხატისკაცმა განაცხადა, რომ შეთანხმება კანონთან დაკავშირებულ თითქმის ყველა სადავო საკითხზეა მიღწეული. მისი თქმით, დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ამა თუ იმ პირის კავშირი პოლიტიკურ პარტიასთან, პოლიტიკური შეხედულებების გამოხატვასთან არ იქნება დაკავშირებული.
კამპანიის „ეს შენ გეხება“ მონაწილე ორგანიზაციებმა მიღწეული შეთანხმება დადებითად შეაფასეს. მათ მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ეს „არასამთავრობო სექტორის, მედიის და მოქალაქეთა ერთიანი ძალისხმევისა და საერთაშორისო მხარდაჭერის“ შედეგია. ამას უნდა მოჰყვეს „სამოქალაქო საზოგადოების უფრო მეტი აქტიურობა თავისუფალი და სამართლიანი გარემოს შექმნისთვის“.
ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, პოლიტიკური ორგანიზაციების დაფინანსების შესახებ კანონის დარღვევისათვის კონტროლის პალატამ ქართული ოცნება და მასთან დაკავშირებული პირები დააჯარიმა.
უწყების ინფორმაციით, დაჯარიმებული იურიდიული პირები სხვადასხვა გზით ახორციელებდნენ პოლიტიკური ორგანიზაციის - ქართული ოცნების - დაფინანსებას. მათ შორის, თანამშრომლებზე მაღალი ოდენობის პრემიების გაცემის მეშვეობით, რომლებსაც ისინი ქართულ ოცნებას ურიცხავდნენ.
კონტროლის პალატის ინფორმაციით, ქართული ოცნების პოლიტიკური გუნდის წევრთა უმრავლესობა ანაზღაურებას არა თავად ორგანიზაციის სახსრებიდან, არამედ ფიზიკური პირის - ბიძინა ივანიშვილის პირადი ანგარიშიდან იღებდა. ამ გზით ჩარიცხული თანხების მოცულობამ 400 ათას ლარს გადააჭარბა. ბიძინა ივანიშვილი დღეისათვის არ არის საქართველოს მოქალაქე და პოლიტიკური ორგანიზაციის დაფინანსების უფლება არ აქვს.
ამ დარღვევისათვის ივანიშვილი 2 მილიონ 700 ათასი ლარით დაჯარიმდა. მანამდე კი, მისი გუნდის არალეგალური დაფინანსებისთვის, ქართუ ჯგუფს, ქართუ მშენებელსა და ივანიშვილის კონტროლის ქვეშ მყოფ სხვა ორგანიზაციებს, ჯამში, 4 მილიონი ლარის ოდენობის სანქციები დაეკისრათ.
ქართული ოცნების ლიდერის განცხადებით, თავისი ქმედებებით ხელისუფლებამ „ნიღაბი ჩამოიხსნა“ და მისი მომხრეების დევნას ახორციელებს.
ამასთან, 13 მარტიდან კონტროლის პალატამ ქვეყნის რეგიონებში ქართული ოცნების ოფისების გახსნასთან დაკავშირებით შემოწმებები დაიწყო. ასეულობით მოქალაქე დაიკითხა.
უწყების მტკიცებით, შემოწმებისას მრავალი დარღვევა გამოვლინდა - მათ შორის, პარტიის საოფისე ხარჯების დაფინანსება იურიდიული პირის მიერ, ასევე ხარჯების გაწევა „შავი“ და არადეკლარირებული თანხებით. მოქალაქეების და პოლიტიკური აქტივისტების დაკითხვა, ამის შესახებ ინფორმაციის მოპოვებას ემსახურებოდა.
ქართული ოცნების წარმომადგენლებმა კონტროლის პალატის მიერ ასეულობით მოქალაქის დაკითხვას „დაშინება და ტერორი“ უწოდეს.
კამპანიის „ეს შენ გეხება“ მონაწილეებმა კი გამოკითხვის პროცესში უწყების მხრიდან უფლებამოსილებათა გადამეტებისა და განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე მოქალაქეებზე ზეწოლისა და მათი დევნის ნიშნები დაინახეს. განსაკუთრებული შეშფოთება იმან გამოიწვია, რომ მოქალაქეებს, რომლებიც კონტროლის პალატის დაკითხვაზე არ გამოცხადდნენ, უწყებები პოლიციიდან მიუვიდათ და სისხლისსამართლებრივი დევნა ემუქრებათ. ეს, არსამთავრობოების აზრით, უკანონოა.
ამ ფაქტებით სახალხო დამცველი დაინტერესდა. ომბუდსმენის აპარატმა საქმის წარმოება დაიწყო. სახალხო დამცველის განცხადებით, არსებობს ცნობები გამოკითხვის პროცესის გაშუქებაში ჟურნალისტებისათვის ხელის შეშლის შესახებ. დაკითხვაზე დაბარებულ პირებს ეზღუდებოდათ ადვოკატის მომსახურებით სარგებლობის უფლება.
კონტროლის პალატის ბოლოდროინდელი ქმედებებით შეშფოთება საქართველოში აშშ-ის ელჩმა გამოთქვა. ჯონ ბასის განცხადებით, „სრულფასოვანი განმარტებების ნაკლებობა იმ მეთოდების შესახებ, რომლითაც კონტროლის პალატა ახორციელებს საარჩევნო კამპანიის დაფინანსების შესახებ კანონმდებლობის აღსრულებას, ვერ შეუწყობს ხელს საზოგადოებრივი ნდობის ამაღლებას ამ უწყების, ან კონკურენტული საარჩევნო გარემოს მიმართ“.
თავის მხრივ, კონტროლის პალატის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილმა უფლებამოსილების გადამეტების თაობაზე ყველა ბრალდება უარყო და ცნობებს ამის შესახებ სპეკულაცია უწოდა. ის გამოვიდა წინადადებით გამოკითხვის პროცესის აუდიო და ვიდეოჩანაწერებზე აღბეჭდვის თაობაზე. ბეჟაშვილის თქმით, „ზოგიერთი პოლიტიკური პარტიების მხრიდან“ ათეულობით მილიონი ლარის „გაპრავება“ ხდება. ამისთვის უამრავი სქემა მუშავდება, რომელთა მხილებითაც კონტროლის პალატაა დაკავებული.
როგორც ჩანს, პარტიების დაფინანსების შესახებ კანონის ახალი რედაქცია, არსებითად არაფერს შეცვლის სახელმწიფოს მიერ პარტიების არალეგალური დაფინანსების გამოვლენის შესაძლებლობების თვალსაზრისით. თუმცა, არასამთავრობო სექტორის შეშფოთების და შენიშვნების გათვალისწინება საზოგადოებაში ამ პროცესისადმი ნდობის ზრდას შეუწყობს ხელს.
![]() |
6 პირველკლასელების ონლაინრეგისტრაცია |
▲back to top |
საზოგადოება
ლევან სუთიძე
ათასობით ბავშვი, ყოველწლიურად, ცხოვრების სრულიად ახალ ეტაპზე გადადის - სკოლის მოსწავლე ხდება. თითოეული მათგანი სკოლაში ცხოვრების უმნიშვნელოვანეს 12 წელს გაატარებს. სივრცეს, სადაც, ან რომლის პარალელურადაც, ბავშვის დამოუკიდებელ ინდივიდად ქცევის გარდაუვალი პროცესები უნდა განვითარდეს, უფროსები ირჩევენ. სწორედ ამიტომ, სხვა მშობლების მსგავსად, გვანცა კირვალიძეც დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება 6 წლის საბასთვის სკოლის შერჩევას.
შვილის სკოლაში შეყვანას ჯერ კიდევ შარშან გეგმავდა, მაგრამ თავი შეიკავა - განსხვავებით ხუთი წლის ბავშვთა მშობლების 52%25-ისა, რომელმაც საბოლოოდ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. როგორც ირკვევა, „ერთი წლით ადრე“ შეყვანის შიში ყოველთვის რაციონალური არ არის. მით უმეტეს, საბამ უკვე იცოდა ანბანი და ციფრებსაც ცნობდა. 2011 წელს ჩატარებულმა ეროვნულმა შეფასებამ აჩვენა, რომ 5 და 6 წლის ბავშვებმა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული პროგრამა თანაბარი წარმატებით დაძლიეს.
განათლების სამინისტროს ახალი ინიციატივით, მშობელი საბას სკოლაში დარეგისტრირებას ელექტრონულად, ინტერნეტის საშუალებით შეძლებს. ეს მას თავიდან ააცილებს სკოლაში მისვლას და ზოგიერთ შემთხვევაში, არცთუ სასიამოვნო რიგში მოხვედრას. რეგისტრაცია 15 აპრილიდან ივნისის შუა რიცხვებამდე იწარმოებს. პროცედურის გავლა სახლიდან გაუსვლელადაა შესაძლებელი. ხსენებული წესი საქართველოს მასშტაბით ყველა პირველკლასელისთვის იმოქმედებს. დაწესებულ ვადაზე ადრე, 1-დან 15 აპრილამდე, დარეგისტრირების შესაძლებლობა მხოლოდ იმ ბავშვებისთვის იქნება, ვისი დედმამიშვილიც უკვე სწავლობს კონკრეტულ სკოლაში, ან რომლის მშობლებიც კონკრეტულ სკოლაში მუშაობენ. ამ თვალსაზრისით მათ უპირატესობა ენიჭებათ. ონლაინრეგისტრაციის წესი შარშანაც მოქმედებდა. განსხვავება ისაა, რომ გასულ წელს ეს მხოლოდ სკოლის შენობიდან იყო შესაძლებელი.
ელექტრონული რეგისტრაციის პროცედურა არც ისე რთულია. განათლების სამინისტროს ვებგვერდზე და განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის საიტზე (www.emis.ge) სპეციალური აპლიკაცია გამოჩნდება. რეგისტრაციისთვის მშობელს შემდეგი ფორმის შევსება მოუწევს: ბავშვის სახელი, გვარი და პირადი ნომერი. ასევე საჭიროა რეგისტრატორის, მეურვის ან განცხადების შემვსების პირადი და საკონტაქტო ინფორმაცია. განათლების სამინისტრო მშობლებს საშუალებას მისცემს, აირჩიონ მხოლოდ ერთი, სასურველი სკოლა. პასუხს, ჩაირიცხა თუ არა ბავშვი სკოლაში, ონლაინრეჟიმში, ყველა ველის შევსების შემდეგ მიიღებთ. სტანდარტული დოკუმენტაციის წარდგენა კი, რომელიც ბავშვის დაბადების მოწმობის, მშობლების პირადობის მოწმობებისა და ბავშვის ფოტოსურათისგან შედგება, რეგისტრაციის შემდეგ, სკოლის კანცელარიაში მოხდება.
მშობლებს, რომელთაც ინტერნეტზე ხელი არ მიუწვდებათ, სახელმწიფო მისცემს საშუალებას სასურველ სკოლაში მივიდნენ, სადაც რეგისტრაციაში დაეხმარებიან. მათ მისვლა საცხოვრებელი რაიონის რესურსცენტრშიც, ნებისმიერ დროს შეუძლიათ.
ბავშვის სასურველ სკოლაში რეგისტრირებისთვის პრიორიტეტი არ მიენიჭება მის საცხოვრებელ ადგილს, რეგისტრაციის მისამართსა და გეოგრაფიულ მდებარეობას. თქვენ არ გექნებათ უპირატესობა, თუ ახლომდებარე სკოლაში აპირებთ ბავშვის რეგისტრაციას, მხოლოდ იმიტომ, რომ ის ახლოსაა. ამან, შესაძლოა, ზოგიერთ მშობელს დისკომფორტი შეუქმნას. თუმცა, ეს იმასაც გულისხმობს, რომ საბას რეგისტრაციისას, მის მშობელს არ ექნება ნაკლები შანსი, მისი შვილი მოხვდეს სკოლაში, რომელიც საკუთარ უბანში მდებარე სკოლებზე უკეთესად მიაჩნია, მაგრამ შედარებით შორსაა. უფროსების მოთხოვნა და სკოლის შერჩევის კრიტერიუმი, შესაძლოა, მრავალი და განსხვავებული იყოს. სწორედ ამიტომ, შემოთავაზებული პრინციპი სამართლიანია - მეტი შანსია მოხვდეს ის, ვინც უფრო მალე დარეგისტრირდა.
ონლაინრეგისტრაცია მხოლოდ საჯარო სკოლებზე ვრცელდება, კერძო სკოლები პირველკლასელებს ინდივიდუალური გადაწყვეტილების საფუძველზე იღებენ.
![]() |
7 ძაღლის სასტვენი ქართულ პოლიტიკაში |
▲back to top |
საზოგადოება
ნინო მაჭარაშვილი
„საქართველოში ამდენი აღმშენებლობა ერთად არ ყოფილა, როგორც ბოლო 5-6 წლის განმავლობაში“, - ეს სიტყვები მიხეილ სააკაშვილმა განახლებული აღმაშენებლის გამზირის გახსნაზე წარმოთქვა. „აღმშენებლობა“ რიგითი ქართული სიტყვაა და შენობების, ინსტიტუტების შენებას, ეკონომიკის თუ სხვა სფეროების აღმასვლას შეიძლება ნიშნავდეს. თუმცა, ნაციონალური სენტიმენტებით ზედმეტად გატაცებულ ადამიანთა გონებაში, სააკაშვილი, ასოციაციურად, ძლიერებისა და გამარჯვების სიმბოლოს, დავით აღმაშენებლის გვერდით ან მაგიერ წარმოისახებოდა.
საჯარო ფიგურების გამოსვლებში ისტორიული კლიშეებით მანიპულირების მაგალითები არც ისე იშვიათია. ეს გასაკვირი არ არის: პოლიტიკურ ჯგუფებს, სხვადასხვა ორგანიზაციებსა თუ მედიას კონკურენტულ გარემოში გზის გასაკვალად ან მდგომარეობის შესანარჩუნებლად, აუდიტორიის მხარდაჭერა სჭირდებათ. თუმცა დემოკრატიის პირობებში ვერცერთი იდეა ან პოლიტიკური ურთიერთოპლატფორმა ვერ მოახერხებს, ურთიერთგამომრიცხავი ღირებულებათა სისტემის მქონე ადამიანები თანაბრად მიიზიდოს. ამავდროულად, საჯარო ფიგურებს არ სურთ, დაკარგონ საზოგადოების სეგმენტი, რომელიც მათი ოფიციალური შეხედულებების ან პროგრამის მიმართ გულგრილია. თუმცა აღელვებთ თემები, რომელთა ხმამაღლა გაცხადება არც ისე მომგებიანია: ნაციონალისტური სენტიმენტები, რასიზმი, სექსიზმი თუ სხვა. ზოგჯერ ასეთი ფიგურები ცდილობენ, საზოგადოების მეინსტრიმული ჯგუფების კრიტიკაც აირიდონ და მარგინალური ნაწილის გულიც მოიგონ. ისინი საჯარო გამოთქმებში ხშირად ამბობენ ერთს და გულისხმობენ მეორეს.
არსებობს ასეთი ტერმინი - Dog-whistle politics (ძაღლის სასტვენის პოლიტიკა). ის სათავეს 90-იანი წლების ავსტრალიიდან იღებს და, როგორც წესი, ნეგატიური გაგებით გამოიყენება. ძაღლების საწვრთნელი სასტვენის მსგავსად, რომლის ხმას ცხოველი აღიქვამს, ადამიანი კი - არა, არსებობს მესიჯები, რომლებიც შეუმჩნეველი რჩება საზოგადოების ერთი ნაწილისთვის. სამაგიეროდ, კარგად ესმით სხვა ჯგუფებს და შესაბამის რეაქციასაც იწვევენ - მოწონებას, ინტერესების თანხვედრის განცდას. ჩვეული რიტორიკისგან გასხვავებით, სტვენას ერთდროულად ღია მნიშვნელობაც აქვს და დაფარულიც. ამიტომ, სწორად მოხმარების შემთხვევაში, მძლავრი იარაღი ხდება პოლიტიკოსების, სხვადასხვა ორგანიზაციების თუ მედიის ხელში.
როგორც წესი, რთულია დარწმუნებით თქმა, მართლაც ფარულ მესიჯთან გვაქვს საქმე თუ არა. ავტორს ყოველთვის შეუძლია, მისი არსებობა უარყოს. ამიტომ, შეფასებისას ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ შესაძლო ეფექტს, რომლის მოხდენაც შეუძლია ამა თუ იმ გამოსვლას საზოგადოებაზე.
„სტვენის“ მაგალითები საქართველოშიც შეგვიძლია მოვიძიოთ. ხანდახან ეს მცდელობები უწყინარია და საზოგადოებას განსაკუთრებულ საშიშროებას არ უქმნის - მაგალითად, სააკაშვილისა და აღმაშენებლის ზემოთ მოყვანილ ანალოგიაში. თუმცა, ხშირად მათი არსებობა პრობლემური და სახიფათოა, რადგან ისეთი თემების გარშემო ტრიალებს, როგორიცაა ქსენოფობია, ეთნიკური თუ რელიგიური შეუწყნარებლობა და ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი. თანაც, სამიზნე ჯგუფები ფარულ ქსენოფობიურ გამონათქვამებს უფრო მარტივად იღებენ, ვიდრე ღიას - ასე თავს ნაკლებ მარგინალურებად გრძნობენ.
როგორც წესი, Dog-whistle ახასიათებს საზოგადოებებს, სადაც საჯარო ფიგურები საზოგადოების წნეხს განიცდიან. ისინი კრიტიკას ექვემდებარებიან და იძულებულნი არიან, საკუთარი მიზნები უფრო „პროფესიონალურად“ შენიღბონ. საქართველოში, გამადიდებელი შუშის ქვეშ მნიშვნელოვანი მოთამაშეებიც კი არ ექცევიან - მიუხედავად კრიტიკის ქარცეცხლისა, მათი მიმართვების დეტალური ანალიზი იშვიათად კეთდება. ამიტომ, „გახსნილი სიხშირით“ საუბარს აქ იმდენი ზიანი არ მოაქვს, რასაც დასავლეთის ქვეყნებში მოუტანდა.
სხვა ფიგურებს შორის, ღიად საუბრის ფასი უფრო მაღალია პოლიტიკოსებისთვის - ისინი მეტად ექვემდებარებიან კრიტიკას. გარდა ამისა, უარყოფითი რეაქციის გაზომვა მარტივია, რადგან რეიტინგსა და ამომრჩეველზე აისახება. მაგალითად, მარგინალური პრორუსული პოზიციების ღიად გამოხატვა საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერის შემცირებით ან პოლიტიკური გაბანკროტებით „ისჯება“. ამის დასტურია, თუნდაც, ნინო ბურჯანაძის გასული წლების აქტივობები და საზოგადოებიდან მნიშვნელოვანი უკუკავშირის არარსებობა. შესაბამისად, პოლიტიკოსებს მეტად უწევთ შენიღბვა.
ამ მხრივ საინტერესოა პოლიტიკური გამოხმაურებები, რომლებიც გასულ წელს, რელიგიური გაერთიანებების სტატუსის ცვლილებას მოჰყვა. მაგალითად, ამ საკითხთან დაკავშირებით რესპუბლიკური პარტიის ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ: „ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით (ყოველთა სომეხთა კათალიკოსის ვიზიტი საქართველოში და ა.შ.) შეიძლება დავასკვნათ, რომ საკითხი ნაჩქარევად გადაწყდა ამ მოვლენების ფონზეც. ჩვენთვის მიუღებელია უმნიშვნელოვანესი საშინაო საკითხის გადაწყვეტა … საზოგადოებისთვის უცნობი ფაქტორების ნიადაგზე მიღწეული გარიგების ფორმატში, რამაც შეიძლება დააზარალოს ჩვენი სახელმწიფოებრიობა“ - შეგნებულად თუ შეუგნებლად, ეს აბზაცი კარგად იმუშავებდა ქსენოფობ ჯგუფებზე, შემდეგი „თარგმანით“: სომეხს (კათალიკოსს) გავლენა აქვს საქართველოს საშინაო პოლიტიკაზე, რაც ქართულ სახელმწიფოებრიობას საფრთხეს უქმნის.
ნოყიერი ნიადაგია რუსეთთან ურთიერთობის და ომის თემაც. მაგალითად, პრესკონფერენციაზე ბიძინა ივანიშვილმა კითხვაზე - არის თუ არა რუსეთი ოკუპანტი, უპასუხა: „საერთაშორისო თანამეგობრობა აღიარებს, რომ რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი“. ფართო საზოგადოებისთვის, ეს ფრაზა დადებით პასუხს ნიშნავს. ამასთან, განსხვავებულ ინტერპრეტაციას მისცემდნენ პრორუსული ჯგუფები, რომელთათვის საერთაშორისო თანამეგობრობა განსაკუთრებულ ავტორიტეტს არ წარმოადგენს. ანალოგიურად შეიძლება გავშიფროთ ირაკლი ალასანიას ფრაზა „კონფლიქტებით ნატოში არავინ შეიყვანს“ და, ამავდროულად, რომ საქართველოს ესაჭიროება „რუსეთთან პრაგმატული ურთიერთობის აღდგენა, მისი ეკონომიკისთვის“.
საპირისპიროდ, ზოგიერთ ფიგურას ან ორგანიზაციას, მაგალითად, საპატრიარქოს და მის წარმომადგენლებს კრიტიკისგან არაფორმალური იმუნიტეტი იცავს. მრავალი შემთხვევა გვახსოვს, როდესაც მათი პირით ღია რასისტული და სქენოფობიური განცხადებები გაკეთებულა. ამას რეაქცია მოჰყვა, მაგრამ ფართო აუდიტორია (მრევლი) განსაკუთრებულ საგონებელში არ ჩაუგდია.
მეორე მხრივ, საპატრიარქოს უმაღლესი წარმომადგენლების განცხადებებში ხშირად გვხვდება ნაგულისხმევი გზავნილებიც. მაგალითისთვის, რელიგიური ორგანიზაციების სტატუსის ცვლილებისას, სომხების მიმართ ქსენოფობიური ინტერპრეტაციის შესაძლებლობას იძლეოდა პატრიარქის განცხადება: „როცა სომხებს უჭირდათ, ჩვენ მუდამ ვეხმარებოდით და როცა ჩვენ გვიჭირდა, ისინიც გვეხმარებოდნენ. ეს კანონი იმდენად რთული და საპასუხისმგებლოა, რომ შეიძლება ბოროტად იქნას გამოყენებული“.
საგულისხმოა აზიზიეს მეჩეთსა და ქართულ ძეგლებზე თურქულ მხარესთან გამართულ მოლაპარაკებებზე საპატრიარქოს ოფიციალური განცხადებაც: „საქართველოში მუსლიმები, ისევე, როგორც სხვა რელიგიის აღმსარებელნი … ყოველთვის კარგად გრძნობდნენ თავს. ამას, პირველ რიგში, ქართველი ადამიანის შემწყნარებლური ქრისტიანული ბუნება განაპირობებს“, - ეს ფრაზა, ცხადი მნიშვნელობის გარდა, ფარულ დატვირთვასაც ატარებს: ქართველ ქრისტიანს ბევრის ატანა უწევს, გარშემო მრავალი რამაა (რელიგიური უმცირესობები), რის მიმართაც „შემწყნარებლობა“ გვიწევს.
აქვე ვკითხულობთ: „...ყოვლად მიუღებელია ოშკის და იშხანის გადარჩენის საბაბით ბათუმში ჩვენი ისტორიის მძიმე პერიოდის სიმბოლოს, აზიზიეს მეჩეთის მშენებლობა“. ამ ფრაზაში, ერთი მხრივ, ცხადად ჩანს ისტორიული ფაქტი - საქართველოსა და თურქეთის ურთიერთობა გასულ საუკუნეებში. კონტექსტის გათვალისწინებით, დამალული მხარე ასე ჟღერს: „მეჩეთის მშენებლობა თურქეთის/მუსლიმების დამპყრობლური პოლიტიკის გაგრძელებაა“.
მესიჯების გადაცემაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს მედია. რიგ შემთხვევებში, ჟურნალისტები და კომენტატორები თავადაც არიან „სტვენის“ ავტორები. მაგალითად, მედიამონიტორინგების უმრავლეს დოკუმენტებში აღწერილია, როგორ აშუქებენ ტელეარხები (მათ შორის, ნაციონალური მაუწყებლები, საზოგადოებრივი მაუწყებლის გარდა) ეროვნული და რელიგიური უმცირესობების თემებს. უმცირესობებს წარმოაჩენენ არა სიუჟეტის სუბიექტად, არამედ ობიექტად - სხვები აკეთებენ მათზე კომენტარებს. ხანდახან „სტვენა“ სიჩუმითაც გამოიხატება - ამბავზე, რომელზეც საზოგადოება რეაგირებას ელის, ხაზგასმულად დუმილის შენარჩუნება უკვე არის გარკვეული მესიჯი - მსგავსი რამ ნაციონალურ ტელეარხებზე ხშირად ხდება.
მედია აქტიურია ღია საუბარშიც. როგორც სხვადასხვა მედიამონიტორინგის შედეგებიც ადასტურებს, ქსენოფობია, ჰომოფობია და რასიზმი ღიად ძირითადად ბეჭდური მედიიდან მოედინება (ასავალ-დასავალი, ალია, კვირის ქრონიკა…). ტელემედიაში უმცირესობები ნაკლები სიხშირით შუქდება, თუმცა, თუნდაც გასართობ შოუებში, ხშირია სტერეოტიპული დამოკიდებულება - აქცენტები ეთნიკურ წარმომავლობაზე, რელიგიურ კუთვნილებაზე ან სექსუალურ ორიენტაციაზე.
ამ ეტაპზე, პოლიტიკური და საზოგადოებრივი კულტურის შედარებით დაბალი დონიდან გამომდინარე, საეჭვოა, საქართველოში საჯარო ფიგურათა უმრავლესობა სასტვენის პოლიტიკის „ხელოვნებას“ კარგად ფლობდეს. კულტურის ამაღლებასთან ერთად, ღიად საუბარი არამხოლოდ პოლიტიკოსებისთვის გახდება საზიანო. ამიტომ, საჯარო ფიგურებს „სტვენის“ უკეთ დაუფლება მოუწევთ, საზოგადოებას კი - მეტი ყურადღების მიქცევა შინაარსისთვის.
![]() |
8 თვითვეიბინების ხუნმმართველობა |
▲back to top |
საზოგადოება
ნინო მაჭარაშვილი
და გუგუნებდა ჩვენს სიმღერაში
ბოღმაც, რისხვაც და შურისძიებაც
იოსებ ნონეშვილი
გასულ დღეებში თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა, საყოველთაო ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა. საქმე არცთუ ისე სასიამოვნო ინციდენტს ეხება: 14 მარტს თვითმმართველობის რამდენიმე წევრმა ქუჩაში მიმავალ სტუდენტებს „გაყოლა და კაცურად დალაპარაკება“ მოსთხოვა, საბოლოოდ, თვითმმართველობის კაბინეტში, ორ მათგანს ფიზიკურად გაუსწორდა. ერთ-ერთი სტუდენტი, თორნიკე უსტარაშვილი, „სტუდენტურ ბლოგს“ აწარმოებს. ძალადობა სწორედ ბლოგზე თვითმმართველობის საქმიანობის კრიტიკას მოჰყვა. ორიდან ერთ-ერთ დაზარალებულს, ზვიად მამფორიას, თავისა და ყელის არეში დაზიანებები აქვს, გაბზარული აქვს კისრის მალა.
თვითმმართველობის წევრებს ძალადობასა და შეუფერებელ ქცევაში პირველად არ ადანაშაულებენ. გასულ აპრილს თვითმმართველობასა და სტუდენტებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა სტუდენტური ინიციატივა „თარგმნეს“ პრეზენტაციაზე. მაშინ საქმეში პოლიცია არ ჩარეულა, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ არავის გამოუძახია. თსუ-ს რექტორის თქმით, მომხდარის გამო გაათავისუფლეს დაცვის თანამშრომლები, რომელთაც პოლიციის გამოძახება ევალებოდათ. ჩვენებების არარსებობის გამო, დაზუსტებით ვერც „თვითების“ მოძალადე წევრების დადგენა მოხერხდა.
უკანასკნელ ინციდენტს უფრო ფართო რეზონანსი მოჰყვა. შემთხვევის დროს სტუდენტებმა პოლიცია გამოიძახეს და ჩვენება მისცეს, დასახელდა თვითმმართველობის კონკრეტული წევრებიც. ამ ფონზე, ბევრს არაადეკვატურად ეჩვენა მეორე დღეს შსს-ს მიერ გამოქვეყნებული განცხადება - სადაც ნათქვამია, რომ ინციდენტში მონაწილეთა მიმართ მათი „ასაკის“ გათვალისწინებით, მხოლოდ „გაფრთხილებით“ შემოიფარგლებიან. ჩვენთან საუბარში შს სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა, შოთა უტიაშვილმა, ასაკის ფაქტორი ასე განმარტა: „მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ახალგაზრდები არიან, მორიგ ჯერზე კი მათ წინააღმდეგ უფრო მკაცრი ზომები გატარდება“.
ამჟამად, მომხდარს რეაგირება რექტორატის მხრიდან მოჰყვა. კვიტაშვილმა სტუდენტების საპროტესტო აქციაზევე განაცხადა, რომ მისთვის მიუღებელია მსგავსი საქციელი და სტუდენტები, რომლებიც სხვა სტუდენტებს სცემენ, აუცილებლად დაისჯებიან. სასჯელი შეეხება მათ, რომელთაც სამართალდამცავებისგან გაფრთხილება მიიღეს. შსს-ში ადასტურებენ, რომ გაფრთხილებული სტუდენტები თვითმმართველობის წევრები არიან. ჯერჯერობით, გაურკვეველია, რა იქნება სასჯელი უნივერსიტეტის მხრიდან. შინაგანაწესი განსხვავებულ სანქციებს ითვალისწინებს - შესაძლოა, ეს იყოს გაფრთხილება, ან უნივერსიტეტიდან გარიცხვა ანუ სტუდენტის სტატუსის შეჩერება. განაწესში განსაზღვრულია, რომ გადაწყვეტილება იმ ფაკულტეტების საბჭოებმა უნდა მიიღონ, ვისაც ეს სტუდენტები წარმოადგენენ. რაც შეეხება დაზარალებულს, მას უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ, ზიანის ანაზღაურებისთვის, სამკურნალო ხარჯების დაფარვაც შესთავაზა, თუმცა ჯერჯერობით ამ შეთავაზებით არ უსარგებლია.
განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ წამოსწია თვითმმართველობის ცენტრალიზებული ორგანოს არსებობის საჭიროების საკითხი. მით უმეტეს ახლა, როდესაც სახელმწიფო უნივერსიტეტებს, მათ შორის თსუ-ს, არაკომერციული იურიდიული პირის სტატუსი მიენიჭა. სტატუსის ცვლილება ოფიციალურად ავტონომიის გაზრდას ემსახურება. თუმცა, რეალურად, ის არ ათავისუფლებს სახელმწიფო უნივერსიტეტებს მრავალი ვალდებულებისგან. ამ პირობებშიც არ განივრცობა წესი, რომელიც კერძო უმაღლეს სასწავლებლებზე მოქმედებს: ისინი თავად წყვეტენ, რა ტიპის მართვა-გამგეობა ჰქონდეთ. სახელმწიფო უნივერსიტეტებისთვის, სტუდენტური თვითმმართველობის ორგანოს ქონაც, ასეთ ვალდებულებად რჩება.
ცვლილება, რომელსაც ახალი სტატუსი ითვალისწინებს, თვითმმართველობისთვის სტუდენტური ღონისძიებებისთვის თანხის გამოყოფას ეხება. თსუ-ს წესდებაში, სტატუსის ცვლილებამდე გაწერილი იყო, რომ თვითმმართველობისთვის მიცემული თანხა უნივერსიტეტის საერთო ბიუჯეტის 1.5%25-ზე ნაკლები არ უნდა ყოფილიყო. ახალი წესდებით, დაფინანსება პროცენტულად უნივერსიტეტის ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლის პროპორციულია. ქვედა ზღვარის მაგიერ, სტუდენტური ღონისძიებების დაფინანსების ზედა ზღვარი წესდება. ეს ნიშნავს, რომ თანხა, რომელიც გასულ წლებში ნახევარიდან ერთი მილიონი ლარის ფარგლებში მერყეობდა, შემცირდება. ალექსანდრე კვიტაშვილის თქმით, უნივერსიტეტი აპირებს, შეამციროს თვითმმართველობის მიერ არასაგანმანათლებლო, გასართობი და კულტურული ღონისძიებების დაფინანსება. როგორც გასულ წელს ტაბულამ გაარკვია, 2010 წელს თვითმმართველობის მიერ მსგავს ღონისძიებებზე დახარჯული ფული საერთო თანხის 50-ზე მეტ პროცენტს შეადგენდა.
ალექსანდრე კვიტაშვილი
საინტერესოა სტუდენტთა ნებაყოფლობითი გაერთიანებების საკითხიც. კვიტაშვილის თქმით, უნივერსიტეტში მრავალი მსგავსი გაერთიანებაა და ამ ხასიათის აქტივობაში სტუდენტთა დიდი რაოდენობაა ჩართული. რექტორისვე მტკიცებით, ფინანსებთან მათ თანაბარი წვდომა აქვთ. ხოლო თვითმმართველობის მიერ მიღებული თანხები დიდად არ აღემატება სხვა სტუდენტების პროექტებში გადახდილ თანხას. მაგალითად, კვიტაშვილი ასახელებს იურისტთა ასოციაციას, ასევე „თარგმნეს“, რომლის რამდენიმე პროექტი ფინანსდება. არის სხვა პროექტებიც, რომლებიც თვითმმართველობის მიღმა ფინანსდება ან დაფინანსება იგეგმება.
სტუდენტური თვითმმართველობის ორგანოს საჭიროების სასარგებლოდ, ერთ-ერთ მთავარ არგუმენტად უნივერსიტეტის მართვასა და ცხოვრებაში სტუდენტთა მონაწილეობა მოჰყავთ. ეს მართლაც მნიშვნელოვანია. თუმცა, გამოცდილება აჩვენებს, რომ პრობლემების გარდა, არცერთი მოწვევის თვითმმართველობას განსაკუთრებული სარგებელი არ მოაქვს. პრეტენზიები, რომელიც სტუდენტთა ინტერესების იგნორირებას, პოლიტიკურ ანგაჟირებას და სხვა მრავალ საკითხს მოიცავს, დიდი ალბათობით, თვითმმართველობის წევრების ჩანაცვლების მერეც ძალაში დარჩება. გაუგებარია, რატომ ვერ მოახერხებდნენ სტუდენტები თავად, ნებაყოფლობითი გაერთიანებებით, საკუთარი ინტერესების დაცვას. მით უმეტეს, კვიტაშვილიც ადასტურებს, რომ თვითმმართველობის მიღმა, ისინი საკმაოდ აქტიურები არიან.
![]() |
9 კორუფცია - რეალობა და პერსპექტივა |
▲back to top |
ზურა ჯაფარიძე|სვეტი
საქართველოში კორუფციის აღმოფხვრაზე ბევრს საუბრობენ - როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ, კონფერენციებსა და სემინარებზე, საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებსა თუ სპეციალურად ამ საკითხისადმი მიძღვნილ წიგნებში. ყველა აღიარებს, რომ კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით საქართველომ უკანასკნელ წლებში ექსტრაორდინარულ შედეგებს მიაღწია. ხოლო თუ გავითვალისწინებთ რა ფონზე მოხდა რეფორმების გატარება (კორუფციული თვალსაზრისით პრაქტიკულად სულით ხორცამდე გარყვნილი სახელმწიფო აპარატი, პლუს შავი სამყაროს უპირობო ბატონობა საზოგადოების ცხოვრების ყველა ასპექტზე), შეიძლება ითქვას, რომ პატარა სასწაულის მომსწრე გავხდით. ალბათ სწორედ ამით აიხსნება არაერთი ქვეყნის მთავრობისა თუ ავტორიტეტული ინსტიტუტის დაინტერესება ჩვენი რეფორმებით.
რამდენიმე კვირის წინ მსოფლიო ბანკმა გამოსცა საკმაოდ თხელტანიანი წიგნი სახელწოდებით „კორუფციასთან ბრძოლა საჯარო სამსახურში - საქართველოს რეფორმების ქრონიკა“. წიგნის მიზანია, გასაგებ ენაზე აღწეროს იმ რამდენიმე რეფორმის არსი, რომლებსაც, წიგნის ავტორების აზრით, გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდათ კორუფციასთან ბრძოლის კუთხით. მოკლედ გააანალიზოს რამდენად შეუქცევადია მიღწეული შედეგები და განსაზღვროს შესაძლებელია თუ არა კორუფციასთან ბრძოლის ანალოგიური მიდგომების სხვა ქვეყნებში გამოყენება.
მსოფლიო ბანკის ამ გამოცემაში ყურადღებაა დათმობილი საპატრულო პოლიციის შექმნაზე, საგადასახადო და საბაჟო სისტემების პრაქტიკულად ხელახლა აწყობაზე, ათასგვარი რეგულაციების გაუქმებით მიღწეულ ეკონომიკის ლიბერალიზაციაზე, ენერგეტიკაში გატარებულ რეფორმებზე, ერთიანი ეროვნული გამოცდების სისტემის შექმნაზე, მუნიციპალური სამსახურების დეცენტრალიზაციასა და სამოქალაქო და საჯარო რეესტრების მუშაობის ეფექტურობის გაზრდაზე. წიგნი ისეა შედგენილი, რომ თითოეულ სფეროზე საუბრისას, ჯერ აღწერილია 2003 წლამდე არსებული მდგომარეობა, შემდეგ მოთხრობილია რა ტიპის რეფორმები გაატარა ქვეყანამ და ბოლოს ჩამოთვლილია მიღწეული შედეგები.
ამ გამოცემაში განსაკუთრებით საყურადღებოა მსოფლიო ბანკის მკვლევრების მიერ დასმული რამდენიმე კითხვა და მათ მიერვე მოწოდებული პასუხები.
ზოგადად კორუფციასთან ბრძოლა არ არის უცხო არცერთი სახელმწიფოსთვის. თუმცა, სხვადასხვა ქვეყნები ბრძოლის პროცესში განსხვავებულ გზებს მიმართავენ და სხვადასხვა ოდენობის რესურსებს ხარჯავენ. შედეგებიც განსხვავებულია. არსებობენ ქვეყნები, რომლებიც ნაკლები საბიუჯეტო დანახარჯების ფონზე პრაქტიკულად თავისუფალი არიან კორუფციისგან, ისევე როგორც ქვეყნები, რომლებიც ბევრი ფულის ხარჯვის მიუხედავად, ვერ ახერხებენ საგრძნობი შედეგების მიღწევას. ამიტომ, ერთ-ერთი უმთავრესი კითხვა, რომელიც მსოფლიო ბანკის ამ გამოცემაშია დასმული, ესაა - რა ფაქტორებმა განაპირობა საქართველოს ასეთი წარმატება? პასუხი არ არის ერთგვაროვანი და ჩამონათვალს შეიცავს. მათ შორის, ჩემი აზრით, ორი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია:
პირველი - სახელმწიფოს ფუნქციების შეზღუდვა. საქართველოს საბჭოთა დროიდან გადმოჰყვა ტრადიცია, რომელიც გულისხმობს, რომ მოქალაქეთა ნებისმიერი პრობლემა სახელმწიფომ უნდა მოაგვაროს. საბჭოთა სოციალისტური სისტემა უარყოფდა კერძო საკუთრებას და ინდივიდუალურ ინიციატივას. შედეგად, ადამიანები ნებისმიერი საკითხის მოგვარების პროცესში მთავრობის წყალობაზე იყვნენ დამოკიდებული, იქნებოდა ეს საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფა თუ ე.წ. გასტრონომში შეძენილი სოსისის საკვების უსაფრთხოების დაცვა. ტრადიცია ბუნებრივად გაგრძელდა პოსტსაბჭოთა პერიოდში. მეტიც, 90-იან წლებსა და 2000-იანი წლების დასაწყისში სპეციალურად იქმნებოდა სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურები, რომელთაც უნდა „ეზრუნათ“ ჩვენს, მოქალაქეთა, კეთილდღეობაზე. თუმცა, სინამდვილეში, პრაქტიკულად ასეთი უწყებები დაკავებული იყვნენ მოქალაქეებისგან ფულის გამოძალვით. გჭირდებოდა რაიმე სახის ნებართვა, ლიცენზია, სავალდებულო სერტიფიკატი, რეგისტრაცია თუ სხვა? - უნდა მიგეცა ქრთამი. ცხადია, სისტემა არ მუშაობდა და ვერც იმუშავებდა. მსოფლიო ბანკის მკვლევრები კორუფციასთან ბრძოლაში წარმატების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფაქტორად სწორედ სახელმწიფოსთვის ასეთი ტიპის, ზედმეტი ფუნქციების ჩამოშორებას ასახელებენ. ფორმულა უმარტივესია - თუ მოქალაქე თავისუფალია არჩევანში და პასუხისმგებელია საკუთარ ქმედებებზე, მას არ სჭირდება სახელმწიფოს მხრიდან პატრონობა ყოველ გადადგმულ ნაბიჯზე, აღარ არის საჭირო ათასგვარი სახელმწიფო სტრუქტურები, მცირდება მოქალაქესა და სახელმწიფო ბიუროკრატიას შორის კონტაქტების რაოდენობა, რასაც ავტომატურად მივყავართ შესაძლო კორუფციული გარიგებების რაოდენობის შემცირებისკენ. ამის დაწერა და გააზრება არც ისე რთულია. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ამ მიდგომამ თვალსაჩინო შედეგები მოიტანა, მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი მას ნეგატიურად შეხვდა. აქ არ იგულისხმება მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც რეფორმამდელი სახელმწიფო სისტემის ნაწილი იყვნენ და კორუფციული სქემებით იკვებებოდნენ. არამედ მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც ნებსით თუ უნებლიეთ კვლავაც საბჭოთა სამყაროში აგრძელებს ცხოვრებას; ცხოვრებას, რომელიც მზრუნველი სახელმწიფოს/მთავრობის გარეშე ვერ წარმოუდგენიათ.
წარმატების განმაპირობებელი მეორე, ჩემი აზრით მნიშვნელოვანი ფაქტორი, ხელისუფლებაში მყოფი ძალის ძლიერი პოლიტიკური ნებაა. მსოფლიო ბანკის აღნიშნული გამოცემის ავტორები სწორედ ამ ფაქტორს აყენებენ პირველ ადგილას. ძლიერი პოლიტიკური ნებისა და ამომრჩევლებისგან მინიჭებული მანდატის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა მტკივნეული რეფორმების წამოწყება და ბოლომდე მიყვანა. სწორედ ამ ფაქტორის არარსებობა წარმოადგენს უმთავრეს მიზეზს იმისა, თუ რატომ არ არის კორუფციასთან ბრძოლა ეფექტური არაერთ ქვეყანაში, მათ შორის - დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებშიც.
თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა, რომელიც ამ გამოცემაში ისმის, ალბათ მიღწეული შედეგების შეუქცევად ხასიათს უკავშირდება. რამდენად მაღალია ალბათობა, რომ საქართველოში კორუფცია კვლავ არ მოიკიდებს ფეხს? რამდენად მდგრადია ახლადშექმნილი სისტემა, რომელმაც კორუფცია პრაქტიკულად ნულოვან ნიშნულამდე დაიყვანა?
ამ კითხვებზე პასუხის გაცემისას მსოფლიო ბანკის მკვლევრები საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს მიერ რამდენიმე თვის წინ გამოქვეყნებულ „ეროვნული ანტიკორუფციული სისტემის ანალიზს“ იშველიებენ. აღნიშნული ანალიზის მიხედვით, კორუფციასთან ბრძოლაში მიღწეული თვალსაჩინო წარმატებების მიუხედავად, ქვეყნის ანტიკორუფციული სისტემა არ არის მდგრადი, რადგან არ ემყარება შესაბამის ინსტიტუტებს. გარკვეული ინსტიტუტები კი, როგორებიცაა მაგალითად მედია, არასამთავრობო სექტორი და პოლიტიკური პარტიები, ჯერ კიდევ განვითარების დაბალ სტადიაზეა და, სუსტი საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების პირობებში, ვერ უზრუნველყოფენ ერთგვარი მაკონტროლებელი ფუნქციის ადეკვატურად შესრულებას.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დღევანდელ საქართველოში ყველაზე ძლიერი ინსტიტუტი აღმასრულებელი ხელისუფლებაა. რადგან არსებობს შესაბამისი პოლიტიკური ნება, სწორედ ის უზრუნველყოფს კორუფციის დაბალ დონეს. გარკვეული ინსტიტუტების გაძლიერება ალბათ შესაძლებელია ხელოვნურად, სახელმწიფოს ჩარევით და კანონმდებლობის შეცვლით, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ანტიკორუფციულ სისტემაში ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშე, საბოლოო ჯამში, მაინც ძლიერი და აქტიური სამოქალაქო სექტორია. მის განვითარებას კი დიდი დრო და ეკონომიკური ზრდის გარკვეული ნიშნულის გადალახვა სჭირდება. და ამ პროცესის დაჩქარება ხელოვნურად შეუძლებელია. ერთადერთი გზა კვლავ ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობაა.
![]() |
10 საქართველო და ქალთა ეკონომიკური აქტივობა |
▲back to top |
ეკონომიკა
რეიტინგი
ელენე კვანჭილაშვილი, მაკა გამცემლიძე
The Economist-მა ქალთა ეკონომიკური შესაძლებლობების 2012 წლის ინდექსი გამოაქვეყნა. საქართველოს მაჩვენებელი ორივე - მსოფლიო და რეგიონის - საშუალო ინდექსზე მაღალია.
კვლევის შეფასებით, ქალები ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. ის ფაქტი, რომ ქალები მამაკაცებთან ერთად უფრო აქტიურად ერთვებიან ეკონომიკურ ცხოვრებაში, მშპ-ის ზრდაზე დადებითად აისახება. კვლევის მონაცემებით, ევროპაში, 1995 წლიდან მშპ-ის წლიური ზრდის 25%25 სწორედ ქალთა გაზრდილ ეკონომიკურ აქტივობაზე მოდის.
საქართველო მსოფლიოს 128 ქვეყანას შორის 59-ე ადგილზე მოხვდა. იმისთვის რომ ქვეყანამ რეიტინგში მაღალი პოზიცია დაიკავოს, ქალებისთვის თანაბრად უნდა უზრუნველყოფდეს დასაქმებას, ფინანსებზე წვდომას, განათლებას და პროფესიულ სწავლებას. ასევე მნიშვნელოვანია საზოგადოებაში ქალის სამართლებრივი და სოციალური სტატუსი და ზოგადი ბიზნესგარემო. ინდექსის მიხედვით, საქართველოში ყველა ეს პირობა უკეთესად სრულდება, ვიდრე მის უშუალო მეზობელ ქვეყნებში - სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი და თურქეთი.
საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მე-18 ადგილზეა. კვლევის შეფასებით, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ყველა ქვეყანაში ქალებისთვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა საკანონმდებლო დონეზე წლიდან წლამდე უმჯობესდება. მაგალითად, უმრავლეს ქვეყნებში არსებობს კანონები, რომლებიც კრძალავს დისკრიმინაციას დასაქმების, საკუთრების უფლების, ჯანდაცვის და სხვა სფეროებში. თუმცა, კანონების აღსრულება და კონტროლი მაინც პრობლემად რჩება. კანონმდებლობით თუ მისი აღსრულებით, საქართველო ყველა უშულო მეზობელ ქვეყანაზე წინაა.
The Economist-ის 2012 წლის ინდექსის მიხედვით, გლობალურად, ქალები ეკონომიკურად საშუალოდ უფრო აქტიურები არიან, ვიდრე წინა წელს იყვნენ. პრობლემური სფეროა ქალთა განათლება, განსაკუთრებით - ღარიბ ქვეყნებში, სადაც ზოგან სამართლებრივი შეზღუდვები არსებობს, ზოგან კი ქალების განათლებას და, შესაბამისად, მათ ეკონომიკურ აქტივობას კულტურული ნორმები აფერხებს.
ქალების ეკონომიკური შესაძლებლობების 2012 წლის ინდექსში პირველ სამეულში შედიან: შვედეთი, ნორვეგია და ფინეთი. მათი პირველობა ძირითადად განპირობებულია დასაქმების, საშუალო განათლების ხანგრძლივობის და ზოგადი ბიზნესგარემოს მაღალი მაჩვენებლებით.
Women's Economic Opportunity Index
ზომავს ქალთა ეკონომიკურ აქტივობას. ინდექსი პირველად ჟურნალ The Economist-ის ანალიტიკური გუნდისა და მსოფლიო ბანკის გენდერული პროგრამის თანამშრომლობის შედეგად, 2010 წლის ივნისში გამოქვეყნდა. ქალების ეკონომიკურ შესაძლებლობებს აფასებს 5 მსხვილი კომპონენტის მიხედვით - შრომის კანონმდებლობა და დასაქმება, ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, განათლება და პროფესიული სწავლება, ქალთა სამართლებრივი და სოციალური სტატუსი და ზოგადი ბიზნესგარემო. ეს კომპონენტები, თავის მხრივ, უფრო დეტალურ ინდიკატორებს მოიცავს. ინდიკატორები ზომავს ქალების სხვადასხვა - მათ შორის, საპენსიო ასაკის, სამუშაოს ტიპის არჩევის, ბანკიდან კრედიტის გამოტანის, საშუალო განათლების მიღების და სხვა კუთხით დისკრიმინაციის ხარისხს. The Economist-ის შეფასებით, ყველა ამ ფაქტორს დიდი გავლენა აქვს შრომითი ბაზრის ფორმირებაზე და პროდუქტიულობაზე.
ქალების დასაქმების მაჩვენებელი რეგიონების მიხედვით (2009 წელი, %25)
წყარო: World Bank; The Economist Intelligence Unit
მიუხედავად იმისა, რომ რეიტინგის ათეულში შემავალი ყველა ქვეყანა მაღალი შემოსავლების მქონე ჯგუფშია - ამ ჯგუფის შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე 11.909 აშშ დოლარი და მეტია - მაღალი შემოსავალი ქვეყანაში ქალთა მდგომარეობას პირდაპირ არ განაპირობებს. კვლევის მიხედვით, საქართველო საშუალოზე დაბალი შემოსავლის ქვეყნების ჯგუფში შედის. ამ ჯგუფის შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე 976-დან 3.855 აშშ დოლარამდეა. თუმცა, რეიტინგში საქართველო უფრო წინაა, ვიდრე საშუალოზე მაღალი შემოსავლების მქონე რუსეთი და თურქეთი.
![]() |
11 შრომის უფლების თავისებურებები საქართველოში |
▲back to top |
ეკონომიკა
ელენე კვანჭილაშვილი
პროფკავშირები მთავრობისგან უფლებების გაზრდას მოითხოვენ. მათ პეტიციით საერთაშორისო ორგანიზაციებსაც მიმართეს. ამ საკითხთან დაკავშირებით შარშან, იანვარში ვაშინგტონში აშშ-ის პრეფერენციების გენერალიზებული სისტემის (GSP) ფარგლებში ყოველწლიური შეხვედრა გაიმართა. იქ ყველა მხარეს შეეძლო საკუთარი არგუმენტები წარმოედგინა.
შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია, ისევე როგორც საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი პარტნიორი ქვეყანა - აშშ, ყურადღებას სამ ძირითად პრობლემაზე ამახვილებენ. დასაქმებული ადამიანის უფლებები დაცული უნდა იყოს; პროფკავშირების მეტი კონკურენტუნარიანობისა და ავტონომიურობისთვის დადგინდეს საწევროს შეგროვების წესი და შრომითი კანონმდებლობის აღსრულებისთვის შეიქმნას ე.წ. შრომის ინსპექცია - ცენტრალიზებული ორგანო, რომელიც კანონმდებლობის აღსრულებას გააკონტროლებს.
მსოფლიო ბანკის შეფასებით, საქართველოს შრომის კოდექსი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოქნილია. დამქირავებლისა და დაქირავებულის ურთიერთობები კონტრაქტის საფუძველზე რეგულირდება. კონტრაქტი კი მოლაპარაკების საფუძველზე დგება. დაქირავებულს სრული უფლება აქვს დამქირავებელს საკუთარი პირობები შესთავაზოს, დამქირავებელს შეუძლია ისინი ან გაითვალისწინოს, ან - არა. კერძო შეთანხმების შედეგად, საბაზრო პრინციპები უკეთ არის დაცული. მაღალი და ღია კონკურენციის შედეგად ორივე მხარე იღებს იმას, რასაც დასაქმებისგან მოელის: დამსაქმებელი შესაბამისი კვალიფიკაციის კადრს, ხოლო დასაქმებული შესაბამის სამუშაო პირობებს და ანაზღაურებას. კერძო ურთიერთობაში წამოჭრილ ყველა პრობლემას ან კონტრაქტი არეგულირებს, ან უკიდურეს შემთხვევაში - სასამართლო.
მთავრობა, სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ საქართველოში პროფკავშირებს უფრო მეტი წევრი ჰყავთ, ვიდრე ყველა სხვა საშუალოზე ნაკლები შემოსავლის მქონე ქვეყანაში - მაგალითად, სომხეთი, აზერბაიჯანი, ჩინეთი, უკრაინა. კოლექტიურ მოლაპარაკებებშიც საქართველოში დასაქმებულები უფრო დიდი რაოდენობით მონაწილეობენ, ვიდრე ისეთ სახელმწიფოებში, სადაც ამ მექანიზმს უფრო დიდი გამოცდილება აქვს დაგროვილი - მაგალითად, აშშ-ში ან ევროპის ბევრ ქვეყანაში.
საქართველოში, დაქირავებით აქტიური სამუშაო ძალის დაახლოებით 10%25-ია დასაქმებული. ეს ის ნაწილია, ვისზეც შრომის კოდექსი ვრცელდება. CRRC-ის გამოკითხვის მიხედვით, პროფკავშირების წევრი 1%25-ზე ნაკლებია. მაღალი უმუშევრობის პირობებში, დამატებითი საკანონმდებლო ბარიერები შრომის ბაზარზე დასაქმებას შეუშლის ხელს.
მაგალითად, ერთი რჩევის მიხედვით, საქართველომ უნდა აღადგინოს ერთიანი ინსპექცია. ეს უკანასკნელი კანონმდებლობის დარღვევებს შეისწავლის და რეაგირებას მოახდენს. ამ ტიპის მარეგულირებელი, ვარდების რევოლუციის შემდეგ აღარ არსებობს. აქტიური რეფორმირების პერიოდში ყველა ის ინსპექცია და მარეგულირებელი გაუქმდა, რომელიც კორუფციის საფრთხეს შეიცავდა. მსგავსი რეფორმების შედეგად, ბოლო შვიდი წლის განმავლობაში, კორუფცია ყველა მიმართულებით, მათ შორის, შრომითი ურთიერთობების კუთხითაც შემცირდა.
კიდევ ერთი რჩევის შესაბამისად, კარგი იქნება, თუ საქართველოში პროფკავშირებისთვის საწევროს აკრეფის პროცედურა დაიხვეწება. საბჭოთა სისტემისგან განსხვავებით, თანამედროვე პროფკავშირის წევრობაც და საწევროს გადახდაც ნებაყოფლობითი უნდა იყოს. მაგალითად, ბევრ სახელმწიფო ორგანიზაციას აქვს გაფორმებული კოლექტიური ხელშეკრულებები პროფკავშირებთან. ამ ხელშეკრულების საფუძველზე კავშირის საქმიანობისთვის თანამშრომლებს ხელფასის 1%25 საწევროს სახით ექვითებათ.
თუმცა, როცა ფოთის პორტსა და პროფკავშირებს შორის კოლექტიურ შეთანხმებას ვადა გაუვიდა და წევრებს ინდივიდუალურად წერილობითი თანხმობა უნდა გამოეთქვათ, რომ მზად იყვნენ ყოველთვიურად ხელფასის 1%25 დაქვითვოდათ, 1300 წევრიდან თანხმობა მხოლოდ 30-მა ანუ 2%25-ზე ოდნავ მეტმა განაცხადა.
გაფიცვის უფლება ერთ-ერთია მათ შორის, რის უფრო გამარტივებასაც მთავრობა საერთაშორისო ორგანიზაციების რჩევით აპირებს. ჯერჯერობით მხოლოდ სამუშაო ვერსია არსებობს, თუმცა გაფიცვის მაქსიმალური ვადა შეიძლება გაუქმდეს. მთავრობა გაითვალისწინებს საერთაშორისო ორგანიზაციების ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნას - პროფკავშირების კონკურენტუნარიანობის ამაღლებას. ამისთვის, პროფკავშირის შესაქმნელად წევრების აუცილებელ მინიმალურ ზღვარს, სავარაუდოდ, მთლიანად მოშლის. დღეს პროფკავშირის შესაქმნელად, სულ მცირე, 100 წევრია საჭირო.
![]() |
12 კახა ბენდუქიძე: სხვა გზა არ არსებობს |
▲back to top |
ფოკუსი
ესაუბრა ელენე კვანჭილაშვილი
ფოტო ირაკლი ბლუიშვილი
ბოლო პერიოდში საქართველოში გატარებული რეფორმებით ბევრი ქვეყანა დაინტერესდა. არაერთი წიგნიც გამოიცა. სულ ახლახან თავისუფალ უნივერსიტეტში მსოფლიო ბანკის კავკასიის, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონალური დირექტორის, ასად ალამის წიგნის - „კორუფციასთან ბრძოლა საჯარო სექტორში - საქართველოს რეფორმების ქრონიკები“ - პრეზენტაცია მოეწყო. ტაბულა ამ რეფორმების ერთ-ერთ ავტორს და თავისუფალი უნივერსიტეტის დამფუძნებელს, კახა ბენდუქიძეს ესაუბრა.
რა არის რეფორმების ინტენსივობის მიზეზი, რატომ შემცირდა კორუფცია და რატომ ჰგონიათ ის ელიტური, რა იწვევს საქართველოს წინსვლას და პრობლემებს საერთაშორისო ინდექსებში, რა იყო 2007 წლის 7 ნოემბრის მიზეზი, გაუჩნდა თუ არა არსებულ რეფორმებს სოციალური დასაყრდენი და გაგრძელდება თუ არა რეფორმირება მომავალშიც - ამ და სხვა კითხვებზე კახა ბენდუქიძე ტაბულას მკითხველისთვის პასუხობს.
ბოლო წლებში საქართველოს რეფორმების წარმატებაზე არაერთი წიგნი გამოიცა. როგორ ფიქრობთ, რა განაპირობებს საქართველოს რეფორმებისადმი ასეთ ინტერესს?
საქართველო 90-იან წლებში, 2000-იანი წლების დასაწყისში განიხილებოდა, როგორც ე.წ. failed state, წარუმატებელი ქვეყანა ან არშემდგარი ქვეყანა. მე მახსოვს გამოსვლები მსოფლიოს სხვადასხვა აუდიტორიებში, რომ საქართველოს პროექტი არ შედგა; ქვეყანამ მიიღო დამოუკიდებლობა, მაგრამ ვერ შეძლო ამის გამოყენება; მას არა აქვს არაფერი, კორუფცია შიგნიდან ჭამს, ეკონომიკა არ ვითარდება და ა.შ. საქართველო არ იყო ერთადერთი ქვეყანა, ვისზეც ამას ლაპარაკობდნენ, მაგრამ აღმოჩნდა ერთადერთი, რომელმაც სიტუაციის შემობრუნება შეძლო. ახლა იმაზე ლაპარაკი, რომ საქართველო არის არშემდგარი ქვეყანა, რთულია. ქვეყანას ბევრი პრობლემა აქვს. ტერიტორიის 20%25 ოკუპირებულია. მრავალი წლის ეკონომიკური განვითარება გვჭირდება იმისთვის, რომ მსოფლიოში ჩვენი ადგილი დავიკავოთ, მაგრამ იმას, რომ საქართველო არის არშემდგარი ქვეყანა, ვერავინ ვერ იტყვის. ეს არის ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი, რატომაც ამხელა ინტერესია მსოფლიოში საქართველოს მიმართ. თან საქართველომ შეძლო ამის გაკეთება ყველა მიმართულებით და არა მხოლოდ ერთი მიმართულებით.
2004-2007 წლებში საქართველოში სულ მცირე 70 რეფორმა გატარდა. მსოფლიო ბანკის შეფასებით, ამდენი რეფორმა ერთდროულად არცერთ სხვა ქვეყანაში არ გატარებულა. ამ ნიშნით მსოფლიო ბანკმა ნომერ პირველ რეფორმატორად დაგვასახელა. რა იყო რეფორმების ასეთი ინტენსივობის მიზეზი?
ჩვენ სხვა გზა არ გვქონდა. მთავრობის ყველა წევრს მაშინ ჰქონდა განცდა, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან მცირე დრო იმისთვის, რომ შევცვალოთ სიტუაცია ძირფესვიანად და ეს იყო ამ განცდის შედეგად და იმ მანდატის საფუძველზე, რომელიც მაშინ მიიღო ხელისუფლებამ ხალხისაგან. ვარდების რევოლუციის ფაქტიური ლოზუნგი იყო - ასე ცხოვრება შეუძლებელია, ცხოვრება უნდა შეიცვალოს, არ უნდა იყოს კორუფცია. აი, ამან განაპირობა, ჩემი აზრით, რომ მაშინ ახალგაზრდა თუ არცთუ ისე ახალგაზრდა, უცხოეთში თუ აქ ნასწავლი მთავრობის წევრები ერთ მუშტად შეკრული იბრძოდნენ იმისთვის, რომ ჩატარებულიყო რეფორმები. მომენტები იყო, როცა, მახსოვს, ჩემი ოფისი კანონპროექტებს ამზადებდა და ჩვენ სამ ცვლაში ვმუშაობდით, რომ პარლამენტში არ დაგვეგვიანა: ერთი ცვლა ამთავრებდა დილით, მერე მასალებს უტოვებდა შემდეგ ცვლას, მერე მოდიოდა მესამე ცვლა, რომელიც მუშაობდა ღამით და ა.შ. შედეგიც, ვფიქრობ, სახეზეა.
ცენტრალური რეფორმა, რომელიც ამ პერიოდში გატარდა, კორუფციის დაძლევაა. საერთაშორისო რეიტინგების მიხედვით, საქართველოში კორუფციის აღქმა ვარდების რევოლუციის შემდეგ საშუალოდ 10-ჯერ შემცირდა. როგორ ფიქრობთ, რა იყო ის მთავარი ხედვა, რომლის შემდეგაც ეს გარდატეხა მოხდა?
მე მგონი, უფრო სწორია ვთქვათ - მნიშვნელოვანი შემცირება, იმიტომ რომ კორუფციის დამარცხება არ არსებობს, არსებობს ძალიან მნიშვნელოვანი შემცირება - არის არა რეფორმა, არამედ რეფორმების შედეგი. მრავალი რეფორმის შედეგია ის, რომ ეს საშინელება, რომელიც ქვეყანას და მის რეალურ არსებობას ემუქრებოდა, დღეს აღარ ემუქრება. ის კი ჩასაფრებულია და ყოველთვის მზად არის, რომ თავი წამოყოს, მაგრამ მასთან მუდმივი ბრძოლაა საჭირო და მაშინ უკვე შეიძლება, რომ ქვეყანაში ნორმალური გარემო იყოს. ეს ძალიან ბევრი რამის შედეგი იყო. ერთი კომპონენტის გამოყოფა, რის შედეგად შეიცვალა კორუფციის დონე, ჩემი აზრით, შეუძლებელია. ამაში შედის ცხადია სამართალდამცავი სისტემაც, რომელიც ძალიან მკაცრად იბრძოდა და იბრძვის კორუფციის წინააღმდეგ. მაგრამ მარტო ეს არ იქნებოდა საკმარისი. ამაში შედის ეკონომიკური რეფორმები. მისი მეშვეობით ჩამოშორდა სახელმწიფო ჭარბ საქმიანობას, რაც ყოველდღიური კორუფციის წარმომქმნელი იყო. მაგალითად, სხვადასხვა ტიპის მაკონტროლებლები და ა.შ. ამაში შედის საგადასახადო რეფორმაც, რომელმაც შესაძლებელი გახადა საწარმოს არსებობა გადასახადების გადახდის შემთხვევაში. ეს იქამდე ფაქტიურად შეუძლებელი იყო. ან გადასახადები უნდა გადაეხადა საწარმოს და არსებობა შეეწყვიტა, ან უნდა ეარსება და არ გადაეხადა. აი, ყველა იმ რეფორმამ, რაც კი ჩატარდა საქართველოში, თავისი, დიდი თუ მცირე წვლილი შეიტანა კორუფციასთან ბრძოლაში.
პოლიტიკური ნება გაჩნდა?
ნება რომ გაჩნდა, ეს თავისთავად ცხადია. მეორეც - ფაქტიურად კორუფციის თეორიული შესაძლებლობა შემცირდა. მაგალითად, თქვენ თუ აღარ იძლევით რაღაც ტიპის ნებართვებს, შესაბამისად - ქრთამსაც ვერავინ აიღებს, მაგალითად, ნებართვების გაცემაში. თუ თქვენ აღარ აკონტროლებთ, მაგალითად, ვეტერინარული კლინიკების გახსნის საკითხს, ე.ი. ვერც ქრთამს ვერ აიღებს ვერავინ მაგაში. საჯარო სექტორის ეს შემცირება ძალიან მნიშვნელოვანი იყო კორუფციის დაძლევისთვის
ბოლო დროს ხელისუფლების კრიტიკოსები სულ უფრო ხშირად აპელირებენ ე.წ. ელიტური კორუფციის არსებობაზე. სხვა მოსაზრებით, ასეთი ცნება საერთოდ არ არსებობს. თქვენ როგორ ფიქრობთ?
ელიტური კორუფცია ისე, როგორც ეს წარმოუდგენია ზოგიერთ ოპოზიციურ ძალას, იგივეა, რომ მე გითხრათ, რომ აი, ამ ოთახში არის ძალიან ბევრი ნიანგი, მაგრამ ჩვენი ეშინიათ და არ ჩნდებიან. არის ვთქვათ გაფუჭებული მინისტრი და ჰყავს კრისტალურად სუფთა მოადგილეები, ან კორუმპირებული მოადგილეები და კრისტალურად სუფთა დეპარტამენტის უფროსები. ანუ ქვედა დონეზე ყველა სუფთაა: ეს ხალხი ხედავს ყველაფერს და ჩუმად არის. მისი უფროსი მექრთამეა, ის კი წყნარად აღიქვამს და პატიოსნად მუშაობს. ეს არის ზღაპრიდან მოტანილი სიუჟეტი. მეორე მოსაზრებით, ელიტურ კორუფციას ეძახიან ფაქტიურად საჯარო სამსახურის რეფორმის შედეგებს, კერძოდ, მაღალ ხელფასებს საჯარო სამსახურში. მათი აზრით, განსხვავება არ არსებობს: ადრე თუ იპარავდნენ, ახლა კანონით იღებენ მაღალ ხელფასებს. კრიტიკოსების თქმით, ესეც ელიტური კორუფციაა - ამ ხალხს ახლა აქვს სამი და ოთხი ათასი ლარიო, მაშინ კიდევ ჰქონდა 30 ლარი და 1500 ლარს იპარავდა და ეს არ ჯობია, ხომ უფრო ნაკლები ჰქონდა შემოსავალიო? რაღაც სისულელეები. ჩემი აზრით, ჯერ ერთი, ძალიან იოლია ამაზე ლაპარაკი, იმიტომ რომ შენ ამბობ, რომ არსებობს მოვლენა, რომელიც შენს მოწინააღმდეგეს ცუდად ახასიათებს, მაგრამ მისი აღმოჩენა და მასზე დაკვირვება შეუძლებელია. ჩვენს ქვეყანაში ბევრი რამ ხდება, სადაც შეიძლება მთავრობის კრიტიკა, მაგრამ ეს ხალხი ამჯობინებს, იოლი გზით წავიდეს. იმის მაგივრად, რომ შეისწავლონ რა პრობლემებია, იბრძოლონ ამ პრობლემების დასაძლევად, ისინი ამ მოგონილ ელიტარულ კორუფციას აბრალებენ ყველაფერს. თუ ეს ჩემი მსჯელობა საკმარისი არ არის, მაშინ მოდით სექტორულად განვიხილოთ, სად არის ეს ელიტური კორუფცია? და რაში გამოიხატება? ენერგეტიკაში? ჯანდაცვაში? განათლებაში? პოლიციაში? თავდაცვაში? სია შეგიძლიათ გააგრძელოთ და პასუხებიც მოიკითხოთ.
საქართველოს მაღალი ქულები აქვს იმ რეიტინგებში, რომლებიც ზომავს ლიბერალურ ბიზნესგარემოს, მაგრამ მოიკოჭლებს იმ ინდექსებში, სადაც მეტი ყურადღება ეთმობა ინსტიტუციურ განვითარებას, ინოვაციას და ა.შ. როგორ ახსნით ამ ტენდენციას?
ეს ძალიან გასაგებია. რა მოხდა საქართველოში? ამ წლების განმავლობაში ჩვენ შევქმენით - და ახლა მთავრობა ამას აგრძელებს - პირობები. წარმოვიდგინოთ, რომ თქვენ გაქვთ მიწის დიდი ნაკვეთი. ეს ნაკვეთი გაასუფთავეთ სარეველებისგან, ამოიღეთ ქვები, ამოავსეთ დახრამული ადგილები, გაასწორეთ მიწა, გაიყვანეთ სარწყავი არხები, შემოღობეთ, სადღაც საფრთხობელებიც დადგით, რომ არ შემოესიონ ჩიტები, რომლებიც მოსავალს შეჭამენ. ახლახან დარგეთ ხეხილი. ამ ხეხილის გაზრდას დრო ხომ სჭირდება? დღეს ხილის ნერგები ჩაყარეთ, ხვალ მოსავალს ვერ მიიღებთ. საქართველო ახლა ამ სიტუაციაშია: მიწის ნაკვეთი გაიწმინდა, ქვების უმეტესობა ამოღებულია, სარეველები მოისპო, არხები გაკეთდა და ხეხილიც დაირგო. და არის თქვენი მეზობელი, რომელმაც ეს ყველაფერი გააკეთა ორასი წლის წინ (აშშ), ან კიდევ უფრო დიდი ხნის წინ (ინგლისი), ან 50 წლის წინ (სინგაპური). ცხადია, ახლა მათი ხეხილი ბევრად უფრო კარგ მდგომარეობაშია, იმიტომ რომ ის გაიზარდა. ჩვენ თუ შევისწავლით იმის მიხედვით, სად უფრო კარგადაა მომზადებული ნიადაგი, საქართველოში ეს ნიადაგი შეიძლება უფრო კარგად არის მომზადებული - მაგრამ იმის მიხედვით თუ შევისწავლით, სად არის უფრო დიდი ხეები და სად მეტი მსხმოიარობა აქვს, ცხადია იქ, სადაც ადრე იყო დარგული. შესაბამისად, ეს არის რეიტინგები, რომლებიც ზომავენ პირობებს, რომელშიც უნდა განვითარდეს ეკონომიკა და არის სხვა რეიტინგები, რომლებიც ზომავს, უკვე როგორ განვითარდა ეკონომიკა. აბსოლუტურად გასაგებია, რომ არავითარი ფანტასტიური რეცეპტი არ არსებობს იმისთვის, რომ ეკონომიკა, ვთქვათ, ორჯერ გაიზარდოს. ამას რამდენიმე წელი სჭირდება და არა - ერთი. მახსოვს, როდესაც ახლადდანიშნული მინისტრი ვიყავი, რამდენიმე დეპუტატთან ერთად მომიწია ვახშმობა, სატელევიზიო გადაცემის შემდეგ. იქ იყვნენ უმრავლესობიდანაც და ოპოზიციიდანაც და ელიტური კორუფცია ისე, როგორც ეს წარმოუდგენია ზოგიერთ ოპოზიციურ ძალას, იგივეა, რომ მე გითხრათ, რომ აი, ამ ოთახში არის ძალიან ბევრი ნიანგი, მაგრამ ჩვენი ეშინიათ და არ ჩნდებიან. მეკითხებიან, ბატონო კახა, ევროპას რამდენ წელიწადში დავეწევითო. მე ვუთხარი, ამას წინათ დავთვალე და თუ ისეთ მდიდარ ქვეყანას ავიღებთ, როგორიც ლუქსემბურგია, მაშინ 70 წელი დაგვჭირდება-მეთქი. ლუქსემბურგი, რა თქმა უნდა, ძალიან მდიდარია და არცერთი ევროპული ქვეყანა ამ დონეზე არ არის განვითარებული, მაგრამ ამ 70-მა წელმა ძალიან დაზაფრა ჩემი თანამოსაუბრეები. რას ლაპარაკობთ, რა 70 წელი, გამორიცხულიაო. დავამშვიდე - ავსტრიას უფრო მალე დავეწევით, სლოვაკეთს კიდევ უფრო მალე, თურქეთს ძალიან მალე შეიძლება დავეწიოთ-მეთქი. არაო, სისულელეაო. ორი, ჰა სამი, მაქსიმუმ ოთხი წელი და ჩვეულებრივად დავეწევით ევროპასო. ვუხსნი, რომ შეუძლებელია - ეს ხომ ხარისხის ფუნქციაა: ზრდის სიჩქარეების განსხვავება ხარისხში აგყავს-მეთქი. ხარისხში აყვანამ ძალიან დააბნია ეს ჩემი კოლეგები. მიხვდნენ, რომ სერიოზული საქმეა და ერთმა ჩურჩულით მკითხა, ბატონო კახა, პრეზიდენტმა თუ იცისო. თითქოს სახელმწიფო საიდუმლოება იყო, რომ ჩვენ სამ წელიწადში ვერ დავეწევით ევროპას. ასეთი ილუზიები არ უნდა გვქონდეს. ეს არის ხანგრძლივი ყოველდღიური, ყოველთვიური, ყოველწლიური მუშაობის შედეგი. 2004 წლიდან საქართველოს ადგილი ამაღლდა მსოფლიოში, ანუ მსოფლიო ეკონომიკა გაიზარდა უფრო ნელა, ვიდრე საქართველოს ეკონომიკა. ჩვენ ბევრ ქვეყანას დავუახლოვდით, მათ შორის, განვითარებულ ქვეყნებსაც. ახლა მათთან გაცილებით უფრო ახლოს ვართ, ვიდრე რვა წლის წინ.
რეფორმებს - ანუ ბაღის გაწმენდას, თქვენ როგორც თქვით - ცხადია, თავისი სოციალური ფასი ჰქონდა. ამან ყველაზე თვალსაჩინოდ 2007 წლის 7 ნოემბერს იჩინა თავი. შეგვიძლია თუ არა დღეს ვთქვათ, რომ რეფორმების შეუქცევადობას სოციალური დასაყრდენი გაუჩნდა?
მე არ დაგეთანხმებით 7 ნოემბრის ფაქტის ასეთ შეფასებაში. იქ რამდენიმე ფაქტორი იყო. ხალხი, ვინც უკმაყოფილო იყო იმით, რომ რეფორმები ჩატარდა: რა თქმა უნდა, მათ დაკარგეს ფულის კეთების საშუალება. ეს შეიძლება ყოფილიყო ადამიანი, რომელიც მისაღებ გამოცდებში აკეთებდა ფულს, ასევე მებაჟე, ვინც განბაჟებაში იღებდა ფულს, ან ავტოინსპექტორი. თუმცა ამ ხალხის გარდა, მასის კონსოლიდაცია მოახდინა იმან, რომ ჩვენ 2007 წელს გვქონდა, ერთი მხრივ, მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც სასიამოვნო და კარგია და მეორე მხრივ, შედარებით უფრო მაღალი ინფლაცია, ვიდრე მანამდე. მაშინ ამ ინფლაციას ჩვენ არ მივაქციეთ ყურადღება, არ მოვთოკეთ და ეს იყო, ჩემი აზრით, მთავარი მიზეზი იმისა, რომ 7 ნოემბერი შედგა. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ცხადია, ამ რეფორმებს თავისი ფასი აქვს: მაგალითად, ადამიანი, რომელიც მუშაობს სახელმწიფო უწყებაში და არაფერს აკეთებს და მერე რეფორმების შედეგად კარგავს სამუშაო ადგილს. ეს გარდაუვალია, ჩემი აზრით. ძალიან მარტივად გეტყვით: თუ არის ადამიანი, რომელსაც ურჩევნია 2003 წლის მარტში ცხოვრება, 2012 წლის მარტში ცხოვრებას - იმიტომ კი არა, რომ მაშინ უფრო ახალგაზრდა იყო, რაც ცხადია ძალიან სასიამოვნოა - არამედ იმიტომ, რომ მაშინ უფრო კარგი ცხოვრება ჰქონდა და თუ ეს ხალხი ბევრია, ამ რეფორმებს დიდი ფასი ჰქონია. თუ ეს ასე არ არის, მაშინ - არც პატარა. ამის ყველაზე მარტივი და გამჭვირვალე ტესტი, ჩემი აზრით, არჩევნებია. იმ პერიოდში იყო ორჯერ ადგილობრივი, მერე ვადამდელი საპრეზიდენტო და მერე საპარლამენტო არჩევნები. ახლაც ოქტომბერში იქნება არჩევნები და ვნახოთ, რა შედეგს მივიღებთ. ჩემი აზრით, ეს არის დემოკრატიულ საზოგადოებაში მთავრობის მოქმედებების, თუნდაც იგივე რეფორმების ფასის შეფასების ყველაზე მარტივი გზა.
ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველო და მისი ხელისუფლება ფილოსოფიური არჩევანის წინაშე დადგა. მას უნდა გადაეწყვიტა როგორ აპირებდა სიღარიბის დაძლევას - სახელმწიფოს თუ თავისუფალი ბაზრის მეშვეობით. ვინ უნდა ყოფილიყო ქვეყნის მოდერნიზაციის მამოძრავებელი - საჯარო მოხელე თუ კერძო მეწარმე. დღეს რა მიმართულებით მიდის საქართველო?
პასუხი ძალიან მარტივია. ეგ ფილოსოფიური არჩევანი მხოლოდ ცუდ სახელმძღვანელოებში არსებობს. რამდენიც არ უნდა მოინდომოს ნებისმიერმა ხელმძღვანელმა ნებისმიერ ქვეყანაში, ეკონომიკა განვითარდეს იმის ხარჯზე, რომ მთავრობა იქნება ძალიან აქტიური და კარგ რაღაცებს გააკეთებს, ეს მაინც არ მოხდება. ეს შეიძლება მოხერხდეს ერთხელ ან ორჯერ, შერჩეულ შემთხვევაში. მასობრივად და მუდმივად ამის გაკეთება შეუძლებელია. ჩემს ახალგაზრდობაში გვასწავლიდნენ, რომ არსებობდა შეხედულება, თითქოს არსებობს პირველი და მეორე გზა, და კიდევ მესამე, სადაც არც სოციალიზმია, არც კაპიტალიზმი. ეს არის სრული სისულელე. იმიტომ რომ არსებობს მხოლოდ ერთი გზა. ეს არის ეკონომიკის განვითარება კერძო ინიციატივის საფუძველზე. ყველა სხვა გზა არ არსებობს. თუ კუბა და ჩრდილო კორეა არ მოგვწონს, უნდა ვაღიაროთ - ეკონომიკის განვითარება შეუძლებელია დიდ, ყველაფერში ჩარეულ სახელმწიფოსთან: ან უნდა ეკონომიკა განვითარდეს და კერძო ინიციატივა არის მთავარი, ან ეკონომიკა უნდა ჩამყაყდეს და მაშინ სახელმწიფო ინიციატივა არის მთავარი. აქ არჩევანი არსებობს. არა როგორ განვავითაროთ ეკონომიკა, არამედ განვავითაროთ ეკონომიკა თუ არა. ეკონომიკას თუ ავითარებ, გზა უნდა მისცე კერძო ინიციატივას. თუ გინდა ეკონომიკა ჩამყაყდეს, მაშინ - სახელმწიფო ინიციატივას.
სწორედ ამასთან დაკავშირებით, რამდენიმე ხნის წინათ, ტაბულასთან ინტერვიუში მისურის უნივერსიტეტის ლექტორმა, დოქტორმა პიტერ კლაინმა, რომელიც თავისუფალ უნივერსიტეტში ლექციების კურსს კითხულობდა, თქვა, რომ მთავრობა, როგორც წესი, აქტიური მენეჯერის როლში სუსტია. მეორე მხრივ, ალბათ მსოფლიოში ცოტაა მთავრობა, ვინც ამ ცდუნებას უძლებს. როგორ ფიქრობთ, რატომ?
პოლიტიკოსები, სახელმწიფო მოხელეები, რომლებმაც თავის სფეროში წარმატებას მიაღწიეს, შეიძლება ხშირად უფრო განათლებულებიც არიან, ვიდრე კერძო სექტორის წარმომადგენლები. ძალიან ხშირია ილუზია, რომელსაც მეც შევხვედრივარ სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის ჩვენთანაც - სახელმწიფო მოხელეები ამბობენ, როგორ ვერ ხვდებიან ეს კერძო მეწარმეები რა არის გასაკეთებელი - ეს ხომ სწორია და ძალიან მარტივია და რატომ არ აკეთებენო. უფრო დეტალური შესწავლის დროს შეიძლება ნახოთ, რომ კერძო სექტორი სწორია, ამ ნაბიჯს რომ არ დგამს - ეს არ არის მომგებიანი, წამგებიანია. რისკებია, რომლებსაც შეიძლება ჩინოვნიკები ვერ ითვალისწინებენ. საქართველოში რამდენიმე ათეული ათასი ბიზნესმენია. ვერანაირი სახელმწიფო ვერ შეძლებს მათთან კონკურენციას ინოვაციურობაში, სხვადასხვა ვარიანტების გადარჩევაში, წარმატებაში და ა.შ. მაგრამ ილუზია იმისა, რომ მე, როგორც სახელმწიფო მოხელემ, შეიძლება რაღაც უკეთ გავაკეთო - რჩება. სახელმწიფოს მიერ გაკეთებული პროექტები, უმრავლეს შემთხვევაში, არის ნაკლებად ეფექტური, არაეფექტური რომ არ ვთქვათ.
თავისუფალი უნივერსიტეტის კვლევებისა და კონსულტაციების ჯგუფი რეფორმირებაში ეხმარება სუბსაჰარული აფრიკის ერთ-ერთ სახელმწიფოს, რუანდას. ქვეყანამ მსოფლიო ბანკის ბიზნესის წარმოების სიადვილის ყოველწლიურ რეიტინგში წინა წელთან შედარებით 183 ქვეყანას შორის 50-დან უკვე 45-ე ადგილზე გადაინაცვლა. რა რეფორმები გაატარა რუანდამ თავისუფალი უნივერსიტეტის რჩევით და თუ არსებობს სხვა ქვეყნებიც, რომლებიც საქართველოს მაგალითს იზიარებენ?
რუანდის შემთხვევაში, კონსულტაციისთვის ცოტა დრო გვქონდა. ამიტომ ეს იყო ძალიან მარტივი რჩევები. ჩვენ დავარქვით ე.წ. მიკრორეფორმები, რომლებიც შეიძლებოდა რამდენიმე თვის განმავლობაში განხორციელებულიყო და, ამავდროულად, მოსახლეობის ეკონომიკურ აქტივობაზე მნიშვნელოვანი ეფექტი ჰქონოდა. გარდა ამისა, სხვადასხვა ფორმატში ასევე ვეხმარებით უკრაინის ხელისუფლებას, ყირგიზეთის ხელისუფლებას. ზოგიერთი რეფორმა, რომელიც უკრაინაში უკვე ჩატარდა, პირდაპირ აიღეს საქართველოდან - აქ გატარებული რეფორმის ანალოგი იყო და მის დანერგვაში ქართველი ექსპერტები მონაწილეობდნენ. ამათ გარდა, არის სხვა ქვეყნებიც, მაგალითად ჩრდილოეთ აფრიკის, სადაც ჩემი აზრით რეფორმირების ასევე კარგი შესაძლებლობებია. ზოგი ჩვენი რეფორმა ყველგან გამოდგება - მაგალითად, ფარმაცევტული რეფორმა, რომელიც საქართველოში 2009 წელს ჩატარდა. მე მასზე ვყვებოდი იანვარში, ვენაში, მნიშვნელოვან ეკონომიკურ თავყრილობაზე და ვაშინგტონის კონსენსუსის ავტორმა უილიამსონმა თქვა - ნეტავ რატომ ყველა ქვეყანა ასე არ აკეთებსო - დიდიც და პატარაცო. რაციონალურად აფასებდნენ ამ რეფორმას. ეს არც მემარჯვენე რეფორმაა, არც მემარცხენე. ეს არის უბრალოდ რეფორმა სიმარტივისკენ.
ბოლო დროს საერთაშორისო რეიტინგები იმაზეც ამახვილებენ ყურადღებას, რომ საქართველოში რეფორმირების ტემპი შენელდა. ეთანხმებით თუ არა ამ დაკვირვებას და როგორ ფიქრობთ, რა იწვევს ამას?
მოდით, ჩვენ მაგალითს მივუბრუნდეთ: ქვები ამოვიღეთ. არხები გავიყვანეთ. ცოტა რაღაც დაგვრჩა გასაკეთებელი: ღობე შემოსავლები ან ნერგები სწორად ჩასაყრელი, მაგრამ კიდევ ხელახლა რომ ყველაფერი გავიმეოროთ, ხომ შეუძლებელია? ჩემი აზრით, საქართველოში რეფორმების ტემპის შენელება ბუნებრივი პროცესია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეფორმები შენელდა, მაგრამ არ შეჩერდა. რაღაც რეფორმები ყოველთვის ტარდება, მაგალითად, ახალი საგადასახადო რეჟიმების და ადმინისტრირების კუთხით. ახლა საჭიროა მცირე რეფორმები, მათ შორის, მათი ტიუნინგი, რომ ეს ყველაფერი კარგად იყოს მორგებული.
ძირეული რეფორმები საჭირო აღარ არის?
როგორ არა. თქვენ იცით, მაგალითად, ჩემი შეხედულება იგივე სავალუტო რეგულირებაზე და სჭირდება თუ არა საქართველოს საკუთარი ვალუტა. ჩემი აზრით - არ სჭირდება. გარდა ამისა, ბოლო წლებში ბიუროკრატიის რევანში მოხდა და, ჩემი აზრით, კიდევ ერთი კარგი გაწმენდა სახელმწიფო უწყებების, ზედმეტი ფუნქციების და ჭარბი დასაქმების გატანით, ურიგო არ იქნებოდა. გარდა ამისა, არის რეფორმები, რომლებიც ვერ ჩატარდა. მაგალითად, ასეთია სატყეო რეფორმა. გასაგებია, რომ ადრე თუ გვიან ჩატარდება, მაგრამ როდის, არ ვიცი. ანუ, რომ ვთქვათ, რომ ყველა რეფორმა ჩატარდა - არასწორია. რომ ვთქვათ, რომ რეფორმები არ ჩატარდება - არასწორია. რეფორმები ჩატარდება, ოღონდ ისეთი ტემპით ვერა, როგორც ადრე ტარდებოდა.
![]() |
13 ფოტოესე |
▲back to top |
ულტრაორთოდოქსი ებრაელები უყურებენ ჰასიდი
რაბი მოშე იეშუა ჰაგერის დაკრძალვას. თელ-ავივი
![]() |
14 მუსლიმი ძმები იატაქვეშეთიდან საპარლამენტო უმრავლესობაში |
▲back to top |
მსოფლიო
მარიამ მიქავა
რევოლუციიდან ერთი წლის შემდეგ, ისლამისტებმა ეგვიპტის სათავეში მოსვლის რეალური მანდატი მოიპოვეს. მათთვის მთავარი გამოწვევა ქვეყნის დაუძლურებული ეკონომიკაა. ეგვიპტის მშპ, წინა წლის 1,85%25-იან მაჩვენებელთან შედარებით, წელს მხოლოდ 0,4%25-ით გაიზარდა. უცხოური ინვესტიციები ბოლო 12 თვის მანძილზე თითქმის ორმაგად შემცირდა. ეს ევგიპტურ ფუნტზე ხელისუფლების პროტექციონისტულმა პოლიტიკამ განაპირობა. სესხებზე საფასური იზრდება. ნაციონალური ვალუტის დევალვაცია, მრავალი ეკონომისტის აზრით, გარდაუვალია. 2012 წლის Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით, ეგვიპტეს, 11,7%25-იანი ინფლაციით, მე-100 ადგილი უჭირავს.
მუსლიმური საძმო მოსახლეობას ახალ „ეკონომიკური განვითარების პროგრამას“ სთავაზობს. ეს ხედვა კორუფციისა და ქრონიკული უმუშევრობის აღმოფხვრას, მწარმოებლობისა და უცხოური ინვესტიციების ზრდას, სოფლის მეურნეობის სექტორში მნიშვნელოვანი რეფორმების გატარებას ითვალისწინებს. საძმოს ეკონომიკური დოქტრინა ძველი laissez-faire (ჩაურევლობის) ტრადიციითაა გაჯერებული. მაგალითად, 1950-იან წლებში დაჯგუფება, ეგვიპტის ეკონომიკის ნაციონალიზაციის შესახებ გადაწყვეტილების გამო, პრეზიდენტ გამალ აბდელ ნასერის წინააღმდეგ იბრძოდა.
მუსლიმური საძმოს შეხედულებით, ისლამი საბაზრო ეკონომიკისა და თავისუფალი ბაზრის მომხრეა. ჯგუფი მხარს უჭერს დაბალ გადასახადებსა და ანტიმონოპოლიურ კანონმდებლობას ყურანში შემდეგი სიტყვების გამო: „ვისაც ბაზარზე შეაქვს საქონელი, კეთილია, მაგრამ ის, ვინც მონოპოლიას ახორციელებს, ბოროტი“. ქვეყნის ღარიბი მოსახლეობა აღტაცებულია საძმოს ახალი მფარველობითი სისტემით, რომელიც კვებას, განათლებასა და ჯანდაცვას უზრუნველყოფს მათთვის.
პარტია საერთაშორისო სავალუტო ფონდის დელეგაციას შეხვდა. განიხილებოდა 3 მლრდ აშშ დოლარის ოდენობის დახმარების გამოყოფის საკითხი. მასზე გასული წლის ზაფხულში ეგვიპტის სამხედრო ხელისუფლებას უარი ეთქვა. მუსლიმურმა საძმომ განაცხადა, რომ ეგვიპტისა და ისრაელის მიერ ერთობლივადმართულ ინდუსტრიულ ზონებში ვაჭრობას ხელს არ შეუშლის, რათა ორ პარტნიორს შორის მშვიდობიანი სავაჭრო ურთიერთობა განვითარდეს. 1979 წელს, რამდენიმე მსხვილი კონფრონტაციის შემდეგ, ეგვიპტე გახდა პირველი არაბული ქვეყანა, რომელმაც ისრაელთან სამშვიდობო შეთანხმებას მოაწერა ხელი. თავიდან მუსლიმური საძმო კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა მსგავს ქმედებას და ხელშეკრულების რევიზიას მოითხოვდა. არჩევნებში გამარჯვების შემდეგ კი თავისი პოზიცია შეარბილა. მათი აზრით, დაძაბულმა პოლიტიკურმა სიტუაციამ ეკონომიკურ ურთიერთობებზე გავლენა არ უნდა იქონიოს.
ეგვიპტის პარლამენტი
ფოტო: REUTERS ©
მას შემდეგ, რაც პალესტინელმა ტერორისტებმა ღაზის სექტორის ჩრდილოეთი ნაწილი დაბომბეს, ისრაელმა საპასუხო საჰაერო იერიში მიიტანა. ისლამისტებით დომინირებადმა პარლამენტმა კი საძმოს ახალი სტრატეგიის საწინააღმდეგო პოზიცია დაიკავა. მან ერთსულოვნად დაუჭირა მხარი ეგვიპტიდან ისრაელის ელჩის გაწვევისა და ისრაელში ბუნებრივი აირის ექსპორტის შეწყვეტის საკითხს. პარლამენტის ანგარიშში ნათქვამია: „რევოლუციური ეგვიპტე არასდროს იქნება სიონისტური გაერთიანების (ისრაელი) მეგობარი, პარტნიორი ან მოკავშირე, რომელსაც ჩვენ ეგვიპტისა და არაბული სამყაროს ნომერ პირველ მტრად მივიჩნევთ“.
ხაირატ ალ-შატირი მუსლიმური საძმოს და დღევანდელი პოლიტიკური ისლამის მოტორია. სწორედ ის კურირებს „ახალი ეგვიპტის“ პროექტს. მუბარაქის რეჟიმის დროს ციხეში გატარებული წლებისას, სხვადასხვა ქვეყნის ელჩებთან, ტრანსნაციონალური კორპორაციების ხელმძღვანელებთან, ამერიკელ სენატორებთან და სხვა მაღალჩინოსნებთან შეხვედრასა და საძმოს ხედვების გაზიარებაზე მას მხოლოდ ოცნება შეეძლო. დღეს კი ეს რეალობად იქცა. მისი თქმით, ისლამი საჭიროებს დემოკრატიას, თავისუფალ ბაზარსა და მოთმინებას რელიგიური უმცირესობებისადმი.
„მუსლიმური საძმო ღირებულებებზე დაფუძნებული ორგანიზაციაა, რომელიც საკუთარი თავის გამოსახატავად სხვადასხვა პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ჯანდაცვისა და სოციალურ საშუალებებს იყენებს, მათი დანაწევრება დაუშვებელია“, - განაცხადა ბატონმა შატირმა. ხაირატ ალ-შატირი ზომიერებისა და მოდერნიზაციის დამცველადაა ცნობილი. მუსლიმურ საძმოს სწამს, რომ დემოკრატიული რეფორმები ეგვიპტის რენესანსს გამოიწვევს.
ჯგუფი მხარს უჭერს იმ ადამიანების უფლებებს, რომელთაც უფრო სეკულარული ხედვა აქვთ სამართლიან და თავისუფალ არჩევნებში მონაწილეობაზე. თუ ისლამური სწავლების საჯარო ცხოვრებაში გამოყენებაზე აზრთა სხვადასხვაობა წარმოიშვა, საზოგადოება ნებისმიერი დავების დარეგულირებისათვის დემოკრატიულ მეთოდებს უნდა დაეყრდნოს. ამ არჩევანის პარამეტრები უნდა მოხაზოს როგორც პოლიტიკის, ეკონომიკის და სხვა დისციპლინების ექსპერტმა, ისე ისლამის ღრმა მცოდნემ.
ხაირატ ალ-შატირი და ჰასან მალეკი
ერთ-ერთი ლიბერალი კანონმდებლის, მუჰამად აბუ ჰამიდის აზრით, ბატონი შატირი ეგვიპტის მომავალი ხელისუფლების დე ფაქტო ზედამხედველია. ეგვიპტე ახლაც საძმოს საბჭოს მეშვეობით იმართება, განაცხადა ბატონმა ჰამიდიმ ინდოეთის საელჩოში ერთ-ერთი ღონისძიების დროს. პოლიტიკოსები, დიპლომატები, ბიზნესმენები, ყველა, შატირის ირგვლივ ტრიალებდა - „ეს მეტყველებს, თუ სად არის ძალაუფლება“.
მუსლიმური საძმოს ახალ პოლიტიკას ერთი დიდი პრობლემა ახლავს. ეს არაბული გაზაფხულის სინდრომია. საინტერესოა, როგორ შეუთავსებენ ისინი თავიანთ ისტორიულ რელიგიურ მისიებს უფრო თანამედროვე პლურალისტურ დემოკრატიას. რას უნდა ველოდეთ, როდესაც ისლამისა და თანამედროვეობის პოლიტიკური შეჯახება ხდება? როგორ განვითარდება ტურიზმი, თუ სალაფიტების მიერ შეთავაზებული შარიათის მკაცრი ნორმები დაკანონდება, რომლებიც ალკოჰოლისა და საცურაო კოსტიუმების აკრძალვას ეხება. მით უმეტეს, როდესაც ამ პოზიციას პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი, ჰაზემ აბუ სალაჰ ისმაილი, იზიარებს.
შესაძლოა, კონსერვატიულმა ისლამურმა პოლიტიკურმა ფორმირებებმა გამალებული ბრძოლა დაიწყონ მოდერნიზაციასა და გლობალიზაციასთან. რადიკალი ისლამისტების წარმატება პოლიტიკაში უცხო არ არის. მაგალითისთვის ვაჰაბიტების საუდის არაბეთი და აიათოლას ირანი გამოდგება. მაგრამ ამ უკანასკნელთ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი უმაგრებთ ზურგს. მათ, უდიდესი ნავთობრეზერვების დახმარებით, გარე სამყაროსგან განსაზღვრული დამოუკიდებლობა აქვთ. ეგვიპტეში, რადიკალებს ასეთი ფუფუნება არ გააჩნიათ. ამერიკელი ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ისინი აფასებენ ბატონი შატირის ეფექტურობას.
მუსლიმური საძმოს წევრები პარლამენტის სხდომაზე
ფოტო: REUTERS ©
ეგვიპტისთვის აუცილებელია გარე სამყაროსთან ინტეგრირება. „ჩვენ გლობალიზაციის წინააღმდეგ ვიქნებით თუ არა, ეს უკვე არჩევანის საკითხი აღარაა“, - განაცხადა ბატონმა შატირმა. ისინი პარლამენტში სტაბილურობის, ეფექტური მმართველობისა და უკეთესი ეკონომიკის დაპირებების გამო აირჩიეს. ბოლო არჩევნების მიხედვით, ეგვიპტელები სწორედ ისლამურ სახელმწიფოს ითხოვენ. ტექნოკრატიული მოდერნიზმისა და კონსერვატიული ღირებულებების ნარევი, მათ ისევ მრავალპარტიულ ერთეულად გადააქცევს და ამომრჩეველთა ხმებს დაუკარგავს.
მუსლიმურმა საძმომ ისლამური ნორმები უფრო უნივერსალურ კონსერვატიულ ღირებულებებად უნდა გადააქციოს. ამასთან დაკავშირებით მომავალში მნიშვნელოვანი საკითხი - აღმსარებლობის თავისუფლება წამოიჭრება.
რთულია ერთმანეთს შევადაროთ ისლამისტები და ომისშემდგომი ევროპის ქრისტიან-დემოკრატები. რელიგიური შეფერილობის ევროპული კონსერვატიული პარტიები, ისლამისტებისაგან განსხვავებით, სჯულის კანონის სახელმწიფო კანონად გამოცხადებას არ ითხოვენ. საძმო ზომიერი პარტია ვერ გახდება, თუ ამ საკითხში თავის პოზიციას არ გადახედავს.
მუსლიმური საძმოსთვის ანკარის ხელისუფლება მისაბაძი მაგალითია. თუმცა თურქეთის სიტუაცია ჩრდილოეთ აფრიკის ამ სახელმწიფოებისგან განსხვავდება. 1920-იან წლებში, ქემალ ათათურქის მეთაურობით, ქვეყანამ მდგრადი პროდასავლური პოლიტიკა დაიწყო. ათათურქის რეფორმებმა განაპირობა, რომ დღეს თურქეთის ეკონომიკა ერთ-ერთი დინამიკურად განვითარებადი ეკონომიკაა მუსლიმურ სამყაროში. ჩაკეტილიდან ღია საზოგადოებად ტრანსფორმაცია, არაბულ-მუსლიმური სამყაროსთვის ძალიან ნელი და მტკივნეული იქნება.
„ეგვიპტე არის პირველი სუნიტური ისლამური ექსპერიმენტი დემოკრატიაში“, - განაცხადა შადი ჰამიდმა. ის დოჰაში ერთ-ერთი ცნობილი კვლევითი ცენტრის დირექტორია. ექსპერიმენტის წარმატება, ალბათ, რეალობას ნაკლებად შეესაბამება.
![]() |
15 მერვე მცდელობის შემდეგ მოლდოვამ პრეზიდენტი აირჩია |
▲back to top |
მსოფლიო
თეონა ტურაშვილი
მოლდოვის პარლამენტმა, 62 ხმით, პრეზიდენტი აირჩია, რითაც 900-დღიანი პოლიტიკური ვაკუუმის შევსება მოხერხდა. ქვეყანას პროევროპული მმართველი, კოალიცია „ევროპული ინტეგრაციის ალიანსის“ (AEI) მიერ მხარდაჭერილი, უპარტიო კანდიდატი, მოსამართლე ნიკოლაე ტიმოფტი ჩაუდგება სათავეში. ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე დაამტკიცა კენჭისყრის შედეგები. ამგვარი მიღწევის მიუხედავად, გაჩნდა შიში ალიანსში განხეთქილების შესაძლებლობის შესახებ.
პრეზიდენტის არჩევით, მმართველ ძალას რეფორმებისა და ცვლილებების გასატარებლად, ხელფეხი გაეხსნა. მსოფლიო კრიზისის შედეგად ქვეყნის ეკონომიკა მრავალი გამოწვევის წინაშეა. საჭიროა ინვესტიციების მოზიდვა და ინფრასტრუქტურის განვითარება. ალიანსი დასავლეთთან თანამშრომლობით დემოკრატიული პრინციპებისა და სტანდარტების დანერგვას გეგმავს. ეს კიდევ უფრო დააჩქარებს ქვეყნის ინტეგრაციას ევროკავშირთან. ტიმოფტის არჩევას ევროპის პარლამენტის პრეზიდენტი, მარტინ შულცი და ევროგაერთიანების საგარეო საქმეთა უფროსი, ქეთრინ ეშტონი უკვე დადებითად შეხვდნენ. მხარეებს შორის თავისუფალ ვაჭრობასა და უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით მოლაპარაკების დაწყებაა მოსალოდნელი. ამისთვის კი, მმართველ ძალას რამდენიმე გამოწვევის გადალახვა მოუწევს. მართლაც, არჩევნების შემდეგ აღმასრულებელ ხელისუფლებაში მეტი ადგილების მოთხოვნით გამოვიდა ალიანსში შემავალი ლიბერალური პარტიის ლიდერი. ექსპერტების გარკვეული ნაწილის მოსაზრებით, კოალიციის შიგნით გამწვავდება ძალაუფლების გადანაწილებისთვის კონკურენცია. მათი მეორე ნაწილი კი ამგვარ პროგნოზებს გადაჭარბებულად მიიჩნევს და ამას მხოლოდ სხვადასხვა ძალებს შორის ჩვეულებრივი მოლაპარაკებების ნაწილად განიხილავს.
ტიმოფტი ალიანსის მხრიდან კომპრომისულ კანდიდატურას წარმოადგენდა, რადგან წლების მანძილზე კომუნისტები აღნიშნული პოლიტიკური გაერთიანების წევრებს ბლოკავდნენ. ქვეყნის კონსტიტუციიდან გამომდინარე, პირველ პირს მოსახლეობის ნაცვლად პარლამენტი ირჩევს. თანაც, 101-ადგილიან ასამბლეაში ამისთვის 61 პარლამენტარის მხარდაჭერაა საჭირო. მმართველი კოალიცია დღეს საკანონმდებლო ორგანოში 58 მანდატს ფლობს. იგი ბიზნესსა და რეფორმებზე ორიენტირებული სამი პარტიისგანაა - ლიბერალ-დემოკრატიული, დემოკრატიული და ლიბერალური - დაკომპლექტებული. თავის დროზე, 2010 წელს მათ კოალიციის ჩამოყალიბებისას უმთავრესი პოსტები შემდეგნაირად გაინაწილეს: პირველი მათგანის წევრს, ვლად ფილატს, პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ერგო, ლიბერალური პარტიის წარმომადგენელმა, მიხაი გუმპუმ, პარლამენტის სპიკერის პოსტი მიიღო. დემოკრატიული პარტიის წევრი, მარიან ლუპუ, კი კოალიციის ერთიანი საპრეზიდენტო კანდიდატი უნდა ყოფილიყო.
კომუნისტური პარტია პარლამენტში 40 მანდატით არის წარმოდგენილი. აღნიშნული პოლიტიკური ორგანიზაცია თავს საბჭოთა მოლდოვის კომუნისტური პარტიის მემკვიდრედ აცხადებს. 2004 წელს მოდერნიზების მცდელობის შემდეგ პარტიამ სოციალ-დემოკრატიული პლატფორმა აირჩია. თუმცა, მისი პრორუსული და ცვლილებებისადმი კონსერვატიული რიტორიკა უცვლელი რჩება. კომუნისტები არჩევნებს ბოიკოტს უცხადებდნენ, პარლამენტის დაშლას და მის ხელახალ არჩევნებს ითხოვდნენ. სწორედ მათი წინააღმდეგობის გამო, 2009 წლიდან პრეზიდენტის არჩევის შვიდი მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. მათთვის მიუღებელი იყო ლუპუს კანდიდატურა. ალიანსი, პოლიტიკური ჩიხის განსამუხტად, კომპრომისზე წავიდა და უპარტიო ტიმოფტიზე გააკეთა არჩევანი. ამ ნაბიჯს მიესალმნენ კომუნისტებისგან გამოყოფილი სოციალისტები, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოში 3 ადგილით შემოიფარგლებიან. ტიმოფტის არჩევა მას შემდეგ მოხერხდა, რაც სამმა სოციალისტმა და ერთმა დამოუკიდებელმა პარლამენტარმა მის სასარგებლოდ მისცეს ხმა. კომუნისტებისგან განსხვავებით, მათთვის უპარტიო კანდიდატურა მისაღები აღმოჩნდა. თანაც, ალიანსისგან გარანტიები მიიღეს, რომ ეკონომიკური პოლიტიკის დაგეგმვისას მთავრობა მათ მოსაზრებებს გაიზიარებს. მათი ლიდერის მტკიცებით, მოსახლეობა დაიღალა გაურკვევლობით და ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას, პრეზიდენტის არჩევა ამჯობინეს. ქვეყნის კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტის ვერარჩევის შემთხვევაში ახალი საპარლამენტო კენჭისყრა ინიშნება. ამის გამო, ბოლო სამი წლის განმავლობაში, სამი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა.
ბევრმა მოლდოვაში ამგვარად განვითარებული მოვლენები დემოკრატიის მიმართულებით გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯად შეაფასა. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ჩატარებული ყველა არჩევნები, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დადებითად ფასდება. ოპოზიციისთვის ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა მოხერხდა. არჩეული ლიდერი შედარებით კონსენსუსურ ვარიანტს წარმოადგენს. ამგვარი გარემოებები ბევრს აფიქრებინებს, რომ ქვეყნის დასავლური ინტეგრაცია შესაძლოა დაჩქარდეს. თუმცა, დაგეგმილი რეფორმების ბოლომდე მიყვანაა აუცილებელი
![]() |
16 ახალი კიმის დებიუტი |
▲back to top |
მსოფლიო
ჩრდილოეთ კორეა
ირაკლი გუნია
ფოტო: REUTERS ©
ჩრდილოეთ კორეა, ამერიკული დახმარების სანაცვლოდ, ბირთვული პროგრამის შეჩერებისთვის მზადაა. 29 თებერვალს მიღწეული შეთანხმებით, ჩრდილოეთ კორეა ბირთვული იარაღის ტესტირებას, ურანის გამდიდრებას და გრძელი დისტანციის რაკეტების გაშვებას შეწყვეტს. ქვეყანა საერთაშორისო ინსპექტორების მიერ მთავარი რეაქტორის მონიტორინგზე თანხმობას აცხადებს. ბოლო ოთხი წლის მანძილზე პირველი შეთანხმება იზოლირებული სახელმწიფოს მხრიდან, ახალი ლიდერის არჩევის შემდეგ, პოზიტიური ნაბიჯია. თუმცა გარიგება ორი კვირის შემდეგ საფრთხეში ჩააგდო ფხენიანის განცხადებამ მომდევნო თვეში ორბიტაზე თანამგზავრის გაშვების შესახებ.
ჩრდილოეთ კორეისა და აშშ-ის ოფიციალურ პირებს შორის შეხვედრების სერია კიმ ჩენ ირის გარდაცვალებამდე დაიწყო. 2011 წლის ივლისიდან დღემდე, ორი სახელმწიფოს ოფიციალური პირები რამდენჯერმე არაფორმალურად შეხვდნენ ერთმანეთს. მათ 2009 წელს შეწყვეტილი პირდაპირი მოლაპარაკებების აღდგენაზე ისაუბრეს. პეკინში მიღწეული შეთანხმებით ჩრდილოეთ კორეა, ბირთვული მორატორიუმის გარდა, მზადყოფნას გამოთქვამს დაუბრუნდეს ექვსი მხარის მოლაპარაკებებს (ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა, აშშ, რუსეთი, ჩინეთი, იაპონია) ბირთვული პროგრამის შესახებ. თავის მხრივ, აშშ კომუნისტურ ქვეყანას 240,000 ტონა საკვებს მიაწვდის, რომლის განაწილებაზე მოსახლეობას შორის 100 ამერიკელი ინსპექტორი იზრუნებს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა შეთანხმებას „სწორი მიმართულებით პირველი მოკრძალებული ნაბიჯი“ უწოდა.
გარიგებას საფრთხეს უქმნის ჩრდილოეთ კორეის მოულოდნელი გადაწყვეტილება აპრილში ორბიტაზე თანამგზავრის გაშვების შესახებ. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მას „ძალიან პროვოკაციული“ უწოდა, რაც ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებებს უხეშად დაარღვევს. სატელიტური ტექნოლოგიის გამოცდა 12-16 აპრილსაა დაგეგმილი, როდესაც ჩრდილოეთ კორეა სახელმწიფოს დამაარსებლის, კიმ ირ სენის, 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. უკანასკნელად ფხენიანმა თანამგზავრი 2009 წელს გაუშვა, რასაც გაეროს უშიშროების საბჭოდან დაგმობა და სანქციების გამკაცრება მოჰყვა. ამ ქმედებით ჩრდილოეთ კორეა არღვევს რეზოლუციებს ინტერკონტინენტალური ბალისტიკური სარაკეტო ტექნიკის გამოყენების შესახებ. თანამგზავრისა და რაკეტის გაშვების ტექნოლოგია თითქმის იდენტურია. ამიტომ აშშ თანამგზავრის გაშვებას რაკეტებისა და ბირთვული იარაღის განვითარების საფარად მიიჩნევს, როდესაც ფხენიანი მას მშვიდობიანი კოსმოსური პროგრამის ნაწილად აცხადებს. მიმომხილველთა აზრით, სატელიტის გაშვება ახალ ლიდერს, კიმ ჩენ ინს, ძალაუფლების გასამყარებლად სჭირდება, თუმცა ამით მან შესაძლოა აშშ-ის საკვებით დახმარება დაკარგოს. სხვა მოსაზრებით, შეთანხმების მოულოდნელი ცვლილება მოლაპარაკების ტაქტიკაა მეტი დათმობის მისაღებად ან, უბრალოდ, ჩრდილო კორეელთა მხრიდან გაუთვლელობა.
შეთანხმების შესრულების შემთხვევაში, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მონიტორებს ჩრდილოკორეული ბირთვული პროგრამის შეფასების საშუალება მიეცემათ. 2010 წლის ნოემბრის უკანასკნელი ვიზიტისას ამერიკელი და სამხრეთ კორეელი ოფიციალური პირები იონბიონის რეაქტორის მასშტაბურობითა და მოდერნულობით გაოცებული დარჩნენ. რეაქტორი, სულ მცირე, ათასი ცენტრიფუგითაა აღჭურვილი. მიუხედავად ამისა, შეთანხმება გამოსავალი არაა და აშშ-სთვის რისკებს შეიცავს. დასავლური დაზვერვის სააგენტოების მონაცემებით, ფხენიანი ოთხიდან თორმეტამდე ატომური ბომბისთვის საჭირო პლუტონიუმს ინარჩუნებს. ვარაუდობენ, რომ დამალულ საწარმოებში მაღალ დონეზე გამდიდრებული ურანის გამოყენებით, მას უფრო მეტი იარაღის შექმნის შესაძლებლობა აქვს.
ისმის კითხვები, არის თუ არა კიმ ჩენ ირის შვილის, კიმ ჩენ ინის, სათავეში მოსვლა გარღვევა განდგომილი სახელმწიფოს ურთიერთობებში დასავლეთის მიმართ. სკეპტიკოსთა აზრით, ფხენიანის ნაბიჯი მხოლოდ მოკლე ვადაზე გათვლილი მცდელობაა საკვების დეფიციტის აღმოსაფხვრელად. ჩრდილოეთ კორეაში მოსახლეობის გამოკვება, 1990-იანი წლების შიმშილის შემდეგ, სერიოზულ პრობლემად რჩება. მან მრავალი ათასი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მსოფლიოს კვების პროგრამის მონაცემებით, ქვეყნის მოსახლეობის 40%25-ს (რაც 8,7 მილიონს შეადგენს), კვების პროდუქტებით დახმარება დაუყოვნებლივ ესაჭიროება. სურსათის უკმარისობა 2011 წლის მძიმე ზამთარმა და ჩინეთიდან და სამხრეთ კორეიდან არსებული იმპორტის შემცირებამ კიდევ უფრო გააუარესა.
ჩრდილოეთ კორეისთვის ბირთვული იარაღის თემა, საერთაშორისო საზოგადოებასთან ვაჭრობის ობიექტის გარდა, პოლიტიკური გადარჩენის ინსტრუმენტია. კიმ ჩენ ინის მსგავსად, მამამისმაც, კიმ ჩენ ირმა, 1994 წელს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, შეაჩერა პროგრამა, რომელიც 2002 წელს ისევ გააგრძელა. ბირთვული განიარაღების შესახებ მხარეები 2005 წელსაც მორიგდნენ, თუმცა სამი წლის შემდეგ ფხენიანმა საერთაშორისო ინსპექტორები იანბიონის მთავარი ბირთვული რეაქტორიდან გამოაძევა. მიმომხილველთა აზრით, ნაკლებად მოსალოდნელია 29 წლის ახალმა ლიდერმა უარი თქვას ბირთვულ პროგრამაზე, რადგან ამით საკუთარ პოზიციებს დაისუსტებს. სავარაუდოა, რომ ფხენიანი მათ გამოყენებას დასავლეთიდან სარგებლის მიღების ფორმით გააგრძელებს.
ჩრდილოეთ კორეა თითქმის მეორე ათწლეულია ბირთვულ შანტაჟს წარმატებით ახერხებს. ამ ხნის განმავლობაში აშშ-ის გაცხადებული მიზანი ქვეყნის სრული ბირთვული განიარაღებაა. რეგულარული კომპენსაციების მიუხედავად, ფხენიანმა პროგრამა უფრო მეტად განავითარა. საერთაშორისო სანქციები ჩინეთის მონაწილეობის გარეშე აზრს კარგავს, რადგან Washington Post-ის მონაცემებით, მასზე განდგომილი ქვეყნის ვაჭრობის 80%25 მოდის. არსებული სტრატეგიის ალტერნატივად კრიტიკოსები რეჟიმის ცვლილებას განიხილავენ, რომელსაც, სავარაუდოდ, საგრძნობი ადამიანური და ფინანსური დანაკლისი მოჰყვება. ისინი მიუთითებენ კიმ ჩენ ირის სიკვდილის შემდეგ ხელისუფლების ტრანზიციის გამოყენების გზებზე კორეის გაერთიანების დასაჩქარებლად. კიდევ ერთ პრაქტიკულ გამოსავლად ასახელებენ აშშ-ის მიერ ბირთვული კომუნისტური სახელმწიფოს არსებობასთან შეგუებას და ლოდინს, სანამ რეჟიმს საკუთარი არაეფექტურობა არ შეიწირავს.
2012 წელს მარადიული პრეზიდენტის და მოქმედი ლიდერის ბაბუის, კიმ ირ სენის, დაბადებიდან ასი წელი სრულდება. ამ წელს ოფიციალური იდეოლოგია, ჩუჩხე, „ძლიერ და მოწინავე ქვეყნად“ გადაქცევას ვარაუდობდა. ამის სანაცვლოდ, სტალინიზმის უკანასკნელ ბასტიონს ბირთვული მუქარით მხოლოდ მოსახლეობის მძევლად აყვანა და გამოსასყიდის მოთხოვნა შეუძლია.
![]() |
17 ტიბეტში თვითდაწვათა რიცხვი მატულობს |
▲back to top |
მსოფლიო
ანი ჩხიკვაძე
ბუდისტური მონასტერი ტიბეტში
ფოტო: REUTERS ©
2009 წლიდან მოყოლებული, ბეიჯინის რეჟიმთან შეურიგებლობისთვის ხაზის გასასმელად, ოცდაათამდე ტიბეტელმა თავი დაიწვა. იანვრის შემდეგ დაახლოებით თხუთმეტი ამგვარი შემთხვევა აღინიშნა. ცოტა ხნის წინ, ცინხაის პროვინციაში, 44 წლის ფერმერის, სონამ სარჯიალის მიერ თავის დაწვას, ათასობით ტიბეტელის საპროტესტო გამოსვლა მოჰყვა. დემონსტრანტები ტიბეტში ჩინეთის რეპრესიულ მმართველობას აპროტესტებდნენ და გადასახლებაში მყოფი დალაი ლამას დაბრუნებას მოითხოვდნენ.
თავის დაწვის რელიგიურ რიტუალს დიდი ისტორია აქვს, თუმცა პოლიტიკური დატვირთვა გასულ საუკუნეში შეიძინა. დასავლური მედიის აქტიურმა გაშუქებამ კიდევ უფრო წაახალისა ბეიჯინის კომუნისტური რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი აქტივისტები. ეს, ერთი მხრივ, მოწამეობის მიღწევის საშუალებაა. თუმცა ბუდიზმი არ ჰპირდება მარტვილებს რაიმე სახის უპირატესობას რეინკარნაციის შემდგომ. მეორე მხრივ, სუიციდს ალტრუისტული ბუნება აქვს - რაიმე სახის კოლექტიურ მიზანს ემსახურება. თვითდაწვის რიტუალი კატეგორიულად კრძალავს სხვებისადმი რაიმე სახის მატერიალური თუ ფიზიკური ზიანის მიყენებას, განსხვავებით ისლამური სუიციდური ტერორიზმისგან, რომელიც მიზნის მიღწევას თვითმკვლელობასთან ერთად სხვათა მკვლელობით ცდილობს. ბუდისტური დოქტრინები უარყოფს ინდივიდუალური პროტესტის ამ გზას. დალაი ლამამ თავის გამოსვლებში მრავალჯერ აღნიშნა, რომ ბუდიზმი გმობს საკუთარი თავის წინააღმდეგ ძალადობას. „თვითმკვლელობაც ძალადობის სახეობაა“, - განაცხადა მან ტიბეტელებისადმი მიმართვაში. ბუდისტისთვის თვითმკვლელობა დაუშვებელია. ითვლება, რომ ბუდიზმის მიმდევარმა ტანჯვა წყნარად და მოთმენით უნდა აიტანოს.
ტერორისტული თვითმკვლელობებისგან განსხვავებით, თავის დაწვით პროტესტებს ორგანიზებული სახე არ გააჩნიათ. მაიკლ ბიგსმა, ავტორმა წიგნისა „სიკვდილი მკვლელობის გარეშე“, 533 ინდივიდუალური შემთხვევის ანალიზის შემდგომ დაასკვნა, რომ პროტესტის მსგავსი სახეობა ძირითადად ინდუისტურ და ბუდისტურ კულტურებში გვხვდება და წინა შემთხვევის მიმბაძველობით არის განპირობებული. მეცნიერებმა მიმბაძველობითი სუიციდის ფენომენს, გოეთეს „ახალგაზრდა ვერთერის ვნებანის“ მიხედვით, „ვერთერის ეფექტი“ უწოდეს. გოეთეს პროტაგონისტის, ვერთერის, სუიციდი 2000-მდე ადამიანისთვის გახდა შთაგონების წყარო.
თავის დაწვას, როგორც პროტესტის გამოხატვის საშუალებას პირველად ტხიტ ქუანფ დუკმა მიმართა 1963 წელს. მან, საიგონის ცენტრალურ მოედანზე, ბენზინი გადაისხა და ცეცხლი წაიკიდა. ამით სამხრეთ ვიეტნამის მაშინდელი მთავრობის ბუდისტებისადმი მიმართულ დისკრიმინაციულ პოლიტიკურ კურსზე გაილაშქრა. იმავე სახით გამოხატა იან პალახმა პროტესტი 1968 წლის ჩეხეთის საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ. პრაღის გაზაფხულის შემდგომ ცეცხლის ალები არაბულ გაზაფხულსაც მისწვდა. 2010 წლის 17 დეკემბერს, ტუნისელი მუჰამედ ბუაზიზის მიერ თავის დაწვას სახალხო ამბოხები მოჰყვა, ეს ახლო აღმოსავლეთში რევოლუციათა საწყისი წერტილი იყო.
ტიბეტში თვითშემწირველთა უმრავლესობას ახალგაზრდა ბერ-მონაზვნები შეადგენენ. მათი ძირითადი ნაწილი კირტის მონასტერს ეკუთვნის, რომელიც ტიბეტური ნაციონალიზმის მთავარი კერაა. ბეიჯინი ტიბეტელ თვითმკვლელ ბერებს დალაი ლამას მიერ მოტივირებულ „შენიღბულ ტერორისტებს“ უწოდებს. ხოლო გადასახლებული მთავრობის პრემიერ-მინისტრი, სობსანგ სანგაი, ტიბეტელთა სუიციდს ბუდისტური სწავლების წინააღმდეგ მიმართულ პოლიტიკას აბრალებს.
ტხიტ ქუანფ დუკის თავის დაწვა. საიგონი, 1963
უკანასკნელი სამი წლის მანძილზე, ხელისუფლებამ, უამრავი ბერი თუ ტიბეტის ელიტის წარმომადგენელი დააპატიმრა და აწამა. ყოველ სუიციდს პარტიის განრისხება მოსდევს. ჩინელებმა ბევრი მონასტერი დახურეს და დალაი ლამას სურათის ქონაც კი აკრძალეს. პარტია უბრძანებს ტიბეტელებს გაიარონ „ხელახალი პატრიოტული განათლება“. ამ პროგრამით ბუდისტები იძულებულნი არიან დალაი ლამა დაგმონ და პარტიას მისცენ ფიცი. გარდა ამისა, ტიბეტის ავტონომიურ ოლქში შესაძლო მღელვარებების ჩასახშობად საჯარო ნაწილების დიდი რაოდენობაა განლაგებული. პროტესტის ეს ექსტრემისტული სახე ტიბეტელისთვის ერთადერთი გზაა საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მისაპყრობად.
ფოტო: REUTERS ©
კომუნისტური პარტია ცდილობს თავიდან აიცილოს მოვლენათა საჯაროობა, აკონტროლებს ინტერნეტს და სატელეფონო კავშირებს. ტიბეტის 2008 წლის აჯანყებიდან ოთხი წლისთავის მოახლოებასთან ერთად, ოფიციალურმა ბეიჯინმა სამოგზაურო სააგენტოები გააფრთხილა - 20 თებერვლიდან 31 მარტამდე უცხოელებს არ აქვთ უფლება იმოგზაურონ ტიბეტის ავტონომიურ ოლქში. სახალხო მღელვარების შემდეგ, ტონგრენის საჯარო უსაფრთხოების სამსახურში უბრალოდ არ პასუხობენ სატელეფონო ზარებს. თუმცა ტიბეტური ნაციონალიზმი ბეიჯინის რეპრესიების კვალდაკვალ ფენიქსივით ცოცხლდება ფერფლიდან.
თავის დაწვის ტრადიციის წარმოშობა, ერთი ვერსიით, უკავშირდება ინდუსთა ღმერთის შივას ერთ-ერთ ცოლს სატის, რომელმაც მამამისის მიერ მისი მეუღლის შეურაცხყოფა ვერ აიტანა და თავი დაიწვა. მითის შთაგონებით სატის ჩვეულება გავრცელდა ინდოეთის სხვადასხვა ნაწილში. 1829 წელს ინდოეთში სატის პრაქტიკა აიკრძალა. ბუდიზმში, თავის დაწვის პრაქტიკა მომდინარეობს ლოტუს სუტრას ხელნაწერის ერთ-ერთ თავში მოთხრობილი ლეგენდიდან. ლეგენდის მიხედვით, მედიცინის მეფის სახელით ცნობილი ბუდისტური ღვთაება, სხეულის წარმავალობის დასამტკიცებლად თავს იწვავს, რის შედეგადაც განსხივოსნებას აღწევს. სხვა წყაროებით, სხეულის შეწირვა მოდის ჯაკარტას ცნობილი ლეგენდიდან, რომლის მიხედვითაც, ბუდამ წინა ცხოვრებაში თავი გაწირა მშიერი ვეფხვის დასაპურებლად, რათა მას საკუთარი ბოკვერები არ შეეჭამა.
![]() |
18 ევროპის ურჩი ბავშვი |
▲back to top |
მსოფლიო
უნგრეთი
ავთო ქორიძე
ფოტო: REUTERS ©
ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა, 495 მილიონი ევრო, რომელიც უნგრეთს ბუდაპეშტის განვითარების ფონდის ფარგლებში უნდა მიეღო, არ გადაურიცხოს. სანქციის მიზეზი ბუდაპეშტის საბიუჯეტო დეფიციტი გახდა, რომელიც ევროკავშირის მიერ დაწესებულ ნორმას აღემატება. ასეთი დეფიციტი სხვა, უფრო დიდ ქვეყნებსაც აქვთ, მაგალითად - ესპანეთსა და საფრანგეთს. თუმცა საბჭომ მხოლოდ უნგრეთის „დასჯა“ გადაწყვიტა. ეჭვობენ, რომ ამის მიზეზი არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ ბრიუსელსა და ბუდაპეშტს შორის შექმნილი საკანონმდებლო ორთაბრძოლაცაა. ევროკავშირი უკმაყოფილოა ორბანის მიერ გატარებული საკანონმდებლო რეფორმებით და მას დემოკრატიის დონის შემცირებაში ადანაშაულებს. ეკონომიკურ „სანქციამდე“ ორი კვირით ადრე, ევროკავშირმა ოფიციალურად მისცა უნგრეთს ერთთვიანი ვადა ახლადმიღებული კანონების შესაცვლელად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანას ლუქსემბურგში, ევროპის სასამართლოს წინაშე წარდგენა მოუწევს.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის რეაქცია ძალიან მკაცრი იყო. 1848 წლის ჰაბსბურგების წინააღმდეგ მომხდარი რევოლუციის წლისთავზე, პარლამენტის წინ შეკრებილ 100 ათას ადამიანს პრემიერმა განუცხადა: „ჩვენ არ ვიქნებით კოლონია. უნგრელები არ იცხოვრებენ უცხო ძალების ბრძანებების მიხედვით, ისინი არ დათმობენ საკუთარ დამოუკიდებლობას და თავისუფლებას... როგორც ევროპელი ერი, ჩვენ ვითხოვთ ისეთივე სტანდარტებს, როგორიც სხვა ერების მიმართ აქვთ. ჩვენ არ ვიქნებით მეორეხარისხოვანი მოქალაქეები“. ამ სიტყვებით ორბანმა ხაზი გაუსვა, რომ ბრიუსელი შეღავათს უკეთებს დიდ ქვეყნებს, რომელთაც ბიუჯეტთან პრობლემები აქვთ (ესპანეთი, საფრანგეთი), უნგრეთის შემთხვევაში კი - პირიქით, სანქციებს მიმართავს. ორბანმა ევროკავშირი საბჭოთა კავშირსაც კი შეადარა. ევროკომისიის პრეზიდენტმა ბაროზომ ამგვარი შედარება დემოკრატიის არცოდნად შეაფასა.
დავა ევროკავშირსა და უნგრეთს შორის უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ცდილობს საკუთარი რეფორმები დაიცვას, ევროკავშირი კი უნგრეთში დემოკრატიის ბედზე წუხს. გასული თვის პლენარულ სხდომაზე ევროპარლამენტმა, სოციალისტური, ლიბერალური და მწვანეთა ჯგუფების მხარდაჭერის შედეგად რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტი „სერიოზულ შეშფოთებას“ გამოხატავდა უნგრეთის სასამართლოსა და ცენტრალური ბანკის შესახებ მიღებული კანონების თაობაზე. რეზოლუცია ევროკომისიას მოუწოდებს, ყველაფერი გააკეთოს ევროკავშირის ხელშეკრულებების დაცვისთვის და უზრუნველყოს უნგრეთის ცენტრალური ბანკის და სასამართლოს დამოუკიდებლობა.
სასამართლოს კანონში შესული ცვლილებები, რომელზეც ევროკავშირი უნგრეთს ედავება, სახელმწიფოს საშუალებას აძლევს მოსამართლეები ერთი ოლქიდან მეორეში გადაიყვანოს, თუნდაც მათი ნების საწინააღმდეგოდ. პრეზიდენტს საშუალება მიეცა მოსამართლეს საპენსიო ასაკის შემდეგაც შეუნარჩუნოს სამსახური. ამასთან ერთად, საკონსტიტუციო სასამართლოს შეეზღუდა ბიუჯეტთან და საგადასახადო საკითხებთან დაკავშირებული საქმეების განხილვის უფლება. ცენტრალური ბანკის დამოუკიდებლობის შემცირების მიზნით, კომისიის თქმით, ორბანის მთავრობამ მიზანმიმართულად შეარჩია ცენტრალური ბანკის და მომიჯნავე სამსახურების თანამშრომლები და ხელფასები შეუმცირა.
ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ორბანის გუნდმა რადიკალური საკანონმდებლო რეფორმები დაიწყო. მთავრობამ ახალი კონსტიტუცია მიიღო, რომელშიც აკრძალა აბორტი, ქორწინება კი ქალისა და მამაკაცის ერთობად განსაზღვრა. ევროკავშირმა ეს ორივე ნორმა მიუღებლად ჩათვალა, ევროკავშირის ქვეყნების დიდი ნაწილი საპირისპირო მიმართულებით მიდის და ერთსქესიანი ქორწინების დაკანონებას ცდილობს. მათი თვალთახედვით, ეს უკან გადადგმული ნაბიჯია.
დიდი ხმაური მოჰყვა ორბანის გუნდის კანონს, ქვეყნის გარეთ მყოფი ეთნიკური უნგრელების დაცვის შესახებ. განსაკუთრებით გაღიზიანდა სლოვაკეთი, სადაც ბევრი ეთნიკური უნგრელი ცხოვრობს. ორბანის განცხადება ქვეყნის სუვერენიტეტის დარღვევად განიხილეს.
ორბანის მთავრობას მედიის შესახებ კანონის გამოც ედავებიან. ევროპარლამენტისა და ევროპის საბჭოს თქმით, კანონი მედიადამოუკიდებლობას ამცირებს. კანონმდებლობა ძლიერი საზედამხედველო ორგანოს შექმნას ითვალისწინებს, რომელიც მედიის ობიექტურობას და დაბალანსებულობას გააკონტროლებს. ორბანის თქმით, ახალ მედიაკანონში ისეთი არაფერია, რაც სხვა ევროპული ქვეყნების კანონმდებლობაში არ გვხვდება. მოგვიანებით კანონის ნაწილი სასამართლომ გააუქმა, ორბანმა კი ეს სასამართლოს დამოუკიდებლობის მტკიცებულებად გამოაცხადა.
2 წლის წინ საპარალამენტო არჩევნებში ფიდესმა ხმათა ორი მესამედი მოიპოვა. ორბანის მთავარი დაპირება ქვეყნის პოლიტიკის კომუნიზმის ნარჩენებისგან გაწმენდა და „სისტემის გადატვირთვა“ იყო. პრემიერ-მინისტრის ეს დაპირება რეალურ პრობლემებზე იყო დაფუძნებული. მეზობელი ქვეყნებისგან განსხვავებით, უნგრეთში კომუნისტური რეჟიმი რევოლუციით კი არ დაამხეს, არამედ კომპრომისის საშუალებით შეიცვალა. ძველი სისტემის დეფექტები, განსაკუთრებით კი - გაუმართავი გადასახადების სისტემა და ვალზე დამოკიდებულება, ქვეყნის აწმყოს გადმოჰყვა. დეკომუნიზაციის არასრული პროცესი მხოლოდ უნგრეთისთვის არ არის დამახასიათებელი. იმავე პრობლემას პოლონეთში კაჩინსკიც ხედავდა და ორბანის მსგავსად, ისიც ცდილობდა სისტემის გაწმენდას.
გარდა ქვეყნის პრობლემებისა, ორბანის მიზანი უნგრეთისთვის ევროკავშირისგან მეტი დამოუკიდებლობის მოპოვება იყო. პრემიერის ხედვით, ევროპა სუსტდება და უნგრეთმა მისგან დამოუკიდებელი კურსის გატარება უნდა შეძლოს. ეს ევროკავშირიდან გასვლას არ გულისხმობს. ორბანმა მრავალჯერ აღნიშნა, რომ უნგრეთი ევროკავშირის ნაწილი უნდა იყოს.
თუმცა ქვეყნის სრული დეკომუნიზაცია და სისტემის გადატვირთვა არცთუ ისე მარტივი გამოდგა. ორბანს მძიმე ეკონომიკური პრობლემები ერგო და რეფორმების აუცილებლობა ნამდვილად არსებობს. 1990-იან წლებში მცირე რეფორმებმა უნგრეთში საცხოვრებელი პირობები გააუმჯობესა. თუმცა მალევე, ხელისუფლებაში მოსულმა სოციალისტურმა მთავრობამ, საჯარო ვალი 53%25-დან 80%25-მდე გაზარდა. ეს ყველაფერი ეკონომიკურ კრიზისამდე მოხდა, კრიზისმა კი ქვეყანა კიდევ უფრო დააზიანა. ორბანი ეცადა ეკონომიკური რეფორმა ისე გაეტარებინა, რომ ქვეყანა დანარჩენი ევროპის მსგავსად კრიზისში არ აღმოჩენილიყო ჩათრეული. თუმცა ორბანის ეკონომიკური პოლიტიკა, ზოგის შეფასებით, არასწორი მიმართულებით წავიდა. ამის მაგალითი, კერძო საპენსიო ფონდის ნაციონალიზაციაა. ამან ინვესტორები შეაშინა და ისედაც მძიმე პირობებში მყოფი ქვეყანა, კიდევ უფრო უკან დასწია. უნგრეთი კვლავ ევროკავშირის და საერთაშორისო ფინანსურ დახმარებაზეა დამოკიდებული.
შიდა პოლიტიკის ზოგიერთ არასწორ მიმართულებას გარე წნეხიც ემატება. ევროკავშირი არ დაუშვებს, ქვეყნებმა მისგან დამოუკიდებლად რადიკალური რეფორმები გაატარონ. ასეთ მოქმედებას ევროკავშირის იმპერიული პოლიტიკაც კი უწოდეს. უნგრეთში, ევროკავშირის ამ ქმედებებს, ბევრი, ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში ჩარევად განიხილავს. მათი თქმით, უნგრეთი აკმაყოფილებს დემოკრატიის მოთხოვნებს - ხელისუფლებას ხალხი ირჩევს და კონსტიტუციური კონტროლის მექანიზმებიც არსებობს.
ბრიუსელთან დაპირისპირებაში ბუდაპეშტი სულ უფრო იზოლირებულია, რაც ორივე მხარეს აზარალებს. ამას უნგრეთისთვის მძიმე ეკონომიკური შედეგები შეიძლება მოჰყვეს. დამარცხებულია ევროკავშირიც: ბუდაპეშტის იზოლაციით იგი გავლენას კარგავს ამ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, რაც ევროკავშირის დემოკრატიულ იმიჯზე უარყოფით გავლენას ახდენს. ამასთან ერთად, ბუდაპეშტზე დაწესებული სანქციები კიდევ უფრო გააუარესებს ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ უნგრეთის ეკონომიკურ მდგომარეობას. ეს კი ისევ ევროკავშირის პრობლემად იქცევა.
![]() |
19 TAV ჰოლდინგის მეწილე ფრანგული კომპანია გახდა |
▲back to top |
ბიზნესი
ელენე კვანჭილაშვილი
პარიზის აეროპორტების ოპერატორმა კომპანიამ - Aeroports de Paris - თურქული TAV ჰოლდინგის 38%25-იანი წილი 874 მილიონ აშშ დოლარად, ხოლო სააქციო კაპიტალის 49%25 - 49 მილიონ აშშ დოლარად შეიძინა. TAV ჰოლდინგი სტამბოლში ათათურქის აეროპორტს მართავს, რომელიც ევროპაში მერვე ყველაზე დატვირთული აეროპორტია. ჰოლდინგი კურირებს ტერმინალებს ტუნისში, ლატვიაში, მაკედონიასა და საქართველოში.
TAV ჰოლდინგში შემავალი კომპანია TAV Georgia საქართველოში თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს მართავს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის 15-წლიანი მართვის უფლება კომპანიამ 2005 წელს მიიღო. ორი წლის შემდეგ - 2007 წელს - ბათუმის აეროპორტის რეკონსტრუქციაც მოახდინა. ორივე აეროპორტის აშენება-რეაბილიტაციაზე კომპანიამ 77 მილიონი აშშ დოლარი დახარჯა. ამის სანაცვლოდ, მთავრობისგან შეღავათებიც მიიღო: ხელშეკრულების მიხედვით, თბილისიდან 150 კმ-ის რადიუსში ახალი საერთაშორისო აეროპორტის განვითარების უფლება სხვას არავის აქვს.
საქართველო თავისი უშუალო მეზობლებისგან იმით განსხვავდება, რომ აქ მაღალ და დაბალბიუჯეტიან კომპანიებს შორის არჩევანი პრაქტიკულად არ არსებობს. მთავრობის მიერ დაწესებული შეღავათის გამო, ბაზარზე კონკურენცია იზღუდება და ბილეთზე მაღალ ფასს ინარჩუნებს. შედეგად, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები საქართველოს ბაზარზე შემოსვლისგან თავს იკავებენ.
TAV Georgia-ში ამბობენ, რომ ბილეთის ფასებს მათ მართვაში მყოფი ყველა ავიაკომპანია დამოუკიდებლად ადგენს. კომპანიის წარმომადგენლის განმარტებით, ბილეთის ფასზე TAV-ს გავლენა არ აქვს.
მეორე მხრივ, ყველა ავიაკომპანიას ტექნიკურ მომსახურებას სწორედ TAV Georgia უწევს. რადგან კომპანიებს ბაზარზე სხვა არჩევანი არ აქვთ, იძულებულები არიან TAV-ის მომსახურებით ისარგებლონ. კონკურენციის შემთხვევაში, მომსახურების ფასი დაიწევდა. შესაბამისად, ავიაკომპანიები მომხმარებელს ნაკლებ ხარჯს დააკისრებდნენ, რაც ბილეთის ფასსაც შეამცირებდა.
TAV Georgia-ს ინფორმაციით, შიდა რეისებზე - ბათუმის და მესტიის მიმართულებით -ერთი გზა, შესაბამისად, 120 და 75 ლარი ღირს. სამოგზაურო ვებგვერდებზე არსებული ინფორმაციის მიხედვით გამოდის, რომ საქართველოს შიგნით თვითმფრინავით გადაადგილება თითქმის იგივე ჯდება, რაც სომხეთიდან ან აზერბაიჯანიდან თბილისში ჩამოფრენა. ამერიკაში ან ევროპაში ფრენის შემთხვევაში, ეს თანხა საშუალოდ 10-ჯერ და მეტჯერ იზრდება.
TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერის, მეთე ერქალის განცხადებით, პარიზის აეროპორტთან თანამშრომლობის შედეგად, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტები უფრო ფართო ქსელის ნაწილი გახდება. ეს ქვეყანაში მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციის მოზიდვის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
Aeroports de Paris-ისა და თურქული TAV ჰოლდინგის გაერთიანებული კომპანია მსოფლიოს მასშტაბით 37 აეროპორტს უხელმძღვანელებს და 180 მილიონ მგზავრს მოემსახურება.
TAV Airports
თურქეთში აეროპორტების მართვის სექტორში ერთ-ერთი ლიდერი კომპანია. 2012 წლის პირველ ნახევარში ჰოლდინგი მედინას აეროპორტის ოპერირებას იწყებს, რაც საუდის არაბეთში აეროპორტის პრივატიზების პირველ მაგალითს წარმოადგენს. კომპანია, თავის შვილობილ კომპანიებთან ერთად, ყოველწლიურად დაახლოებით 451 ათას რეისსა და 53 მილიონი მგზავრის გადაყვანის მომსახურებას უზრუნველყოფს.
Aéroports de Paris
მართავს Paris-Charles de Gaulle-ის, Paris-Orly-ისა და Paris-Le Bourget-ის აეროპორტებს. Aéroports de Paris-მა 2011 წელს გადაიყვანა 88 მილიონი მგზავრი და თითქმის 2.4 მილიონი ტონა ტვირთი და გზავნილი გაგზავნა. 2011 წელს კომპანიის შემოსავლებმა 2.5 მილიონი ევრო შეადგინა.
![]() |
20 Друг, гражданская авиация правильно еду? |
▲back to top |
მიშა თავხელიძე|სვეტი
ავიაგადაზიდვები იგივე ავტობუსების ბიზნესია, ოღონდ
შარავანდედით შემკობილი.
მაიკლ ო'ლირი, რაიანეარის დამფუძნებელი
ბავშვობიდან ვფრინავ. სულ რამდენიმე წლის ვიყავი, როცა პირველად თვითმფრინავში მოვხვდი. კი, ეს ის დრო იყო, როცა ბილეთი მოსკოვში 37 მანეთი ღირდა და თვითმფრინავებს პროპელერები ჰქონდა.
იმ დროიდან მოყოლებული ფრენაში ჩემთვის ყველაზე საინტერესო აფრენა და დაშვებაა. ეს ორი ხანმოკლე ფაზა რომ არა, სხვაგვარად თვითმფრინავით მგზავრობაში არაფერია განსაკუთრებული - ო'ლირის არ იყოს, დიდი, კომფორტაბელური და ძალიან ხმაურიანი „მარშრუტკით“ მგზავრობაა.
მგზავრის სავარძელს თუ ავცდები და სამოქალაქო ავიაციას ცოტა უფრო მაღალი ეშელონებიდან შევხედავ, ნათლად ჩანს, რომ ის ნორმალური ბიზნესია, რომელიც იბადება, ვითარდება და კვდება იმავე კანონების მოქმედების შედეგაც, რაც ქმნის, ავითარებს და აკოტრებს, მაგალითად, მაღაზიას ან ბანკს ან ავტობუსების კომპანიას.
საქართველოში დღეს ორი თანამედროვე აეროპორტი არსებობს - ბათუმში და თბილისში. ორივეს მართავს თურქული კომპანია TAV Georgia (ტავ ჯორჯია), რომელიც საქართველოს ბაზარზე 2005 წელს, ამ ორი აეროპორტის რეკონსტრუქციაში დასაბანდებელი 95-მილიონიანი ინვესტიციით შემოვიდა.
მაშინ მთავრობამ იჩქარა და TAV-ს 15 წლით კონტრაქტი დაუდო, რომლის მიხედვით, თბილისისა და ბათუმის გარშემო 150 კილომეტრის რადიუსში არ უნდა აშენებულიყო რაიმე სხვა საერთაშორისო აეროპორტი. 2005 წელს ეს არც ისე ცუდ გარიგებად გამოიყურებოდა. 2012 წელს, უკვე ცხადია, რომ ეს კონტრაქტი არის ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც საქართველოს ხელს უშლის, რეგიონის ძირითად საჰაერო-სატრანსპორტო ცენტრად გადაიქცეს.
თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე სიგრძე დაახლოებით 650 კილომეტრია, ხელშეკრულების მიხედვით, აეროპორტების თურქულმა ოპერატორმა საერთაშორისო ავიარეისების მიღებასა და მომსახურებაზე მთავრობისგან ფაქტობრივად მონოპოლიური უფლება მიიღო.
TAV-ის მენეჯმენტი სულელი იქნებოდა, რომ ეს დე ფაქტო მონოპოლია არ გამოეყენებინა - ავიაკომპანიების თბილისისა და ბათუმის აეროპორტების სარგებლობა ძვირია. არანაირი საბაზრო მექანიზმი არ არსებობს, რომელიც აეროპორტების მმართველ კომპანიას აიძულებს მომსახურების ფასები დაწიოს. კონკურენტი არ ჰყავს და იმიტომ.
აეროპორტის მომსახურების მაღალი ფასი ნიშნავს ბილეთების მაღალ ფასებს. მაგრამ კიდევ იმასაც, რომ ე.წ. იაფ აივაკომპანიებს საქართველოს ბაზარზე შემოსვლა უჭირთ - ელემენტარულად, იაფი ვეღარ იქნება. ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც მაიკლ ო'ლირის მიერ დაფუძნებული რაიანეარი საქართველოში არ დაფრინავს, სწორედ ეს არის.
მეორე საინტერესო მაგალითი ჩვენი, ქართული ავიაკომპანია აირზენაა. წლების მანძილზე ის, როგორც ეროვნული გადამზიდი, სარგებლობდა სახელმწიფოს მხრიდან სხვადასხვა შეღავათითა და პროტექციით. იყო დრო, როცა ნაციონალური ავიაგადამზიდი ავიაბილეთების ბაზარზე ფაქტობრივად ფასებსაც კი აკონტროლებდა.
შედეგი? სასათბურე პირობებში გაზრდილი ჩვენი ავიაკომპანია დღეს ყველაზე არაკონკურენტუნარიანი და არაპოპულარულია. იმ პირობებისთვის, რომელშიც ის დღეს არსებობს - არანაირი შეღავათები, უპირატესობა ან სახელმწიფო დახმარება - კომპანია მზად ვერ აღმოჩნდა. ხოლო წლების მანძილზე ჩამოყალიბებული კორპორატიული კულტურა და მართვის სტილი მის მენეჯმენტს არაფერ სხვაზე ფიქრის საშუალებას არ აძლევს, გარდა იმისა, რომ ისევ სახელმწიფოს სთხოვოს (ან „ეროვნული ავიაციის გადარჩენის“ საბაბით - მოსთხოვოს!) დახმარება. ძალიან კარგია, რომ მთავრობა ჯერჯერობით მტკიცე უარზეა.
ავიაკომპანიისა და აეროპორტების (ავტობუსისა და ავტობუსის გაჩერების) ზემოაღწერილი შემთხვევები ნათელი მაგალითია იმისა, თუ რატომ არის ცუდი, როცა სახელმწიფო თავის თავზე იღებს ბიზნესის „მიხედვის“ ფუნქციას: მის მიერ გარანტირებული ნებისმიერი მონოპოლია აზარალებს მომხმარებელს, ნებისმიერი პროტექცია - მომხმარებელსაც და იმ ბიზნესსაც, რომლის „მიხედვასაც“ მთავრობა ცდილობს.
![]() |
21 სემანტიკური ძიება |
▲back to top |
ტექნოლოგია
ვახო ელერდაშვილი
მარტის დასაწყისში კომპანია Google-მა ოფიციალური განცხადება გააკეთა. 2012 წლის განმავლობაში ისინი გეგმავენ საძიებო ალგორითმების მთლიანად შეცვლას და სემანტიკური ძიების დანერგვას. Google-ის წარმომადგენლებს მტკიცედ სჯერათ, რომ სემანტიკური ძიების პლატფორმა გააადვილებს სასურველი ინფორმაციის მოძებნის პროცესს, დაზოგავს მომხმარებლების ძვირფას დროს და უფრო დიდ სივრცეს გააჩენს კონტექსტური რეკლამის მოსაზიდად. მათი თქმით, სამივე მხარე კმაყოფილი დარჩება: მომხმარებლებიც, კომპანიაც და რეკლამის განმთავსებელი ბიზნესიც.
სემანტიკური ძიება შედარებით ახალი ხილია და განსხვავებულ მიდგომას იყენებს. დღესდღეობით ორი ტიპის საძიებო სისტემა არსებობს: გასაღები სიტყვების მიხედვით პირდაპირი ძიება და სემანტიკური ძებნა. პირველ შემთხვევაში საძიებო სისტემა მომხმარებლის მიერ აკრეფილ საძიებო სიტყვებს ცალკეულ სიტყვებად ყოფს და შემდეგ ინდექსირებულ მონაცემთა ბაზაში ეძებს ყველა იმ ვებგვერდს, სადაც ორივე სიტყვა ფიგურირებს. სემანტიკური ძიება კი ჯერ ცდილობს კონტექსტის გარკვევას, შემდეგ საძიებო სიტყვებს შორის შესაძლო კავშირის დადგენას და ბოლოს ცდილობს გააანალიზოს, თუ კონკრეტულად რისი მოძებნა სურს მომხმარებელს.
მარტივი მაგალითი განვიხილოთ: ვთქვათ, გვაინტერესებს თუ რომელ წელს შედგა იალტის კონფერენცია. პირდაპირი ძიება ყველა იმ ვებგვერდის ბმულს დაგვიბეჭდავს ეკრანზე, სადაც მოცემულია სიტყვები „იალტა“, „კონფერენცია“, ან ორივე ერთად. სემანტიკურ პლატფორმას კი შეუძლია პირდაპირ კონკრეტული თარიღის: 1945 წლის 4-11 თებერვლის დაბეჭდვა, ისე, რომ არცერთი რომელიმე სხვა ბმულის გახსნა საჭირო არ იქნება. უფრო მეტიც - თუ თქვენ გაინტერესებთ რომელი უფრო ადრე მოხდა, იალტის კონფერენცია თუ კურსკის ბრძოლა, ამის შესახებ პირდაპირი ძიება ვერაფერს გეტყვით. სემანტიკური ძიების შედეგი კონკრეტული პასუხი იქნება: „კურსკის ბრძოლა“.
Google-ის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ სემანტიკური ძიება მომხმარებელთა საძიებო ფრაზების დაახლოებით 20%25-ს პირდაპირი გზით დააკმაყოფილებს. არ იქნება საჭირო სხვა ბმულებზე გადასვლა და არსებული ტექსტის სქროლვა იმის იმედით, რომ იქ ჩვენთვის საინტერესო ინფორმაციას მივაგნებთ. ეს 20%25 ყველა იმ შემთხვევას ეხება, როდესაც კონკრეტული თარიღი, ადგილი, ან რაიმე კონკრეტული პასუხი გვაინტერესებს სწორად დასმულ შეკითხვაზე. მაგალითად, თუ გვსურს გავიგოთ, ვინ იყო პერსივალ ლოუელი, ამ შემთხვევაში Google-ი პირდაპირ ძიებას გამოიყენებს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გვაინტერესებს რამდენი სტუდენტი ცხოვრობს ამჟამად საფრანგეთში, ან რამდენი ოსკარი მიიღო კეტრინ ჰეპბერნმა ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის კარიერის მანძილზე, სემანტიკური ძიება კონკრეტულ პასუხს დაბეჭდავს საძიებო სიტყვების ქვეშ.
დღესდღეობით ინტერნეტში დაახლოებით ათამდე დიდი სემანტიკური ძიების საიტი არსებობს, რომელთა შორისაც ყველაზე გამორჩეულია WolframAlpha. ეს უკანასკნელი ბრიტანელი მათემატიკოსის, სტივენ ვოლფრამის, შვილობილი პროექტია, რომელიც კომპანია Apple-მა პროგრამული უზრუნველყოფის პაკეტ SIRI-ში გამოიყენა. WolframAlpha ძირითადად რიცხვით გამოთვლებზე, მათემატიკურ ფორმულებზე და სტატისტიკურ ანალიზზეა კონცენტრირებული. მიუხედავად იმისა, რომ ზოგად შეკითხვებზე პასუხის გაცემასაც ცდილობს, ეს პასუხები ჯერ კიდევ არ არის სრულყოფილი. Google-ის განცხადებით კი, ისინი ძირითადად ზოგად შეკითხვებზე გააკეთებენ აქცენტს, რასაც უკვე არსებული დიდი მონაცემთა ბაზა გაუმაგრებს ზურგს.
Google-ი გვპირდება, რომ სემანტიკური ძიება მთლიანად შეცვლის დამოკიდებულებას ინტერნეტის მიმართ. ჩვენ კი მოთმინებით უნდა აღვივსოთ და დაველოდოთ, თუ როგორ მოძებნის სწორ პასუხებს ჩვენს შეკითხვებზე Google-ის სემანტიკური ძიება.
![]() |
22 ახალი კანონი „უკანონოდ“ შობილთათვის |
▲back to top |
არქივი
ილია ჭავჭავაძე
1898 წელი
ეს სტატია წავიკითხე თუ არა, სიამაყის გრძნობით აღვივსე. საქართველოში მეოცე საუკუნის დამდეგს ცხოვრობდა ადამიანი, რომელიც ასე ფიქრობდა, აზროვნებდა და მოქმედებდა კიდეც. გამახსენდა ისიც, თუ როგორ უწოდებენ მას თანამედროვე საქართველოს დამფუძნებელ მამას. რაღაც დიდი აცდენაა ამ სტატიის ავტორსა და იმ მითს შორის, რითაც ჩვენი საზოგადოება დღეს საზრდოობს. ვისურვებდი „დიდი“ ილია გავიგოთ სწორედ ისე, როგორც ის წერდა და აზროვნებდა, ეს ჩვენს ქვეყანასაც სწორ გზაზე დააყენებს - ის ხომ დიდი ლიბერალი იყო.
ოთარ ვადაჭკორია
ისტორიკოსი, მკვლევარი
ყველას, დიდია თუ პატარა, გაგონილი აქვს, რომ ერთის დანაშაული თუ შეცდომა, მეორისათვის გადასახდელი არ არის, და ამ შემთხვევაში შედეგი ცდომისა, თუ ცოდვისა არასგზით არ უნდა მოეხვიოს კისერზე უცდომელსა და უცოდველს, რაც გინდ მახლობელი იყოს ცდომილისა და ცოდვილისა. ვიმეორებთ, ეს ძირეული კანონი მჯავრდადების სამართლიანობისა დიდმა და პატარამ იცის დღეს, მაგრამ ძნელად იპოვით იმისთანა ქვეყანას, საცა ეს ძირეული კანონი არ ირღვეოდეს და ცოდვა, თუ ცდომა ერთისა მთელის თავის შედეგით საზღვავად არ გახდენოდეს მეორეს. ამის აშკარა მაგალითებს თითქმის ყოველ დღე ვხედავთ. აი ერთი ამისთანა მაგალითი, საცა ეგ უსამართლობა მეტისმეტად აშკარაა, მეტისმეტად საგრძნობია და თვალით დასანახი.
წარმოიდგინეთ შვილები ჯვარდაუწერელი ცოლ-ქმრისა, რა ყოფაში სცვივიან და რა საშინელს გადასახადს ჰხდილობენ მარტო იმის გამო, რომ დაბადებულან სულითა და გულით შეუღლებულთაგან მაშინ, როცა მათი დედ-მამა ჯერ ჯვარდაუწერელნი არიან. არამც თუ კანონი სჯის ქორწინების გარეთ გაჩენილებს მით, რომ დედ-მამის სახელსა და გვარს არ აღირსებს ხოლმე და დედ-მამის ქონებაზედაც ხელს აღებინებს, არამედ თვით საზოგადოებაცა, რომელიც აგრე უბედურად გაჩენილს სტუქსავს საცა კი მოასწრობს და სამარცხვინო დაღით ჰმოსავს, სამარცხვინო სახელით იხსენიებს და ერიდება, თითქო რაღაც რამ უწმინდურია და ჩირქიანიო. რადა ხდება ეს?
ჩვენ იმას არ გამოვუდგებით, ამისთანა საქციელი დედ-მამისა მართლა ცოდვაა თუ არა და თუნდ რომ ცოდვაც იყოს, ჩვენ მარტო ის გვაკვირვებს, შვილებისა რა გადასახადია.
![]() |
23 100 წლის შემდეგ: პოპულარული და წარუმატებელი |
▲back to top |
სპორტი|ფეხბურთი
ლაშა გოდუაძე
1959 წლის 22 მაისი. დინამო-ლაგანტუაზი (ბელგია) 2:1. ბურთით ვლადიმერ ბარქაია, ეს ფოტო ისტორიაში შევიდა „ბარქაიას პლაჟის” სახელით
ფოტო: ლაშა გოდუაძის არქივიდან ©
26 მარტს, ზუსტად 100 წელი შესრულდა საქართველოში გამართული პირველი საერთაშორისო საფეხბურთო მატჩიდან: 1912 წლის 26 მარტს თბილისის პლაცზე შევარდენმა ბაქოში მომუშავე ინგლისელთა გუნდს უმასპინძლა. სტუმრებმა 5:4
ისტორიული მატჩის მიმოხილვა გაზეთ კავკაზის 1912 წლის 1 აპრილის ნომერშია გამოქვეყნებული, სადაც მიმომხილველი ამბობს, რომ ეს არათუ საქართველოში, ზოგადად, ამიერკავკასიაში გამართული პირველი საერთაშორისო საფეხბურთო დაპირისპირებაა.
„26 მარტს გამართული მატჩის მიმოხილვის დასასრულს, შეუძლებელია არ ვივარაუდოთ, რომ ფეხბურთს თბილისსა და, ზოგადად, კავკასიაში, ბრწყინვალე მომავალი აქვს. ამ თამაშისთვის აუცილებელ კარგ კლიმატურ პირობებს თავი რომ დავანებოთ, ფეხბურთში ყველაფერია თავმოყრილი, რაც ასე იზიდავს ჩვენი მხარის აზარტის მოყვარულ და ფეთქებადი ბუნების ხალხს: სისწრაფე, ამტანობა, მოქნილობა, ერთმანეთის მხარდაჭერა, გონებამახვილობა, კორპორატიული თავმოყვარეობა... მუდმივად იცვლება მომენტები, თამაში მონაწილეებს გარისკვას აიძულებს, ეს ყველაფერი კი ვერავის დატოვებს გულგრილს. სავარაუდოდ, ეს საინტერესო თამაში ტიფლისელ პუბლიკას ისევე შეუყვარდება, როგორც თავის დროზე ჭიდაობა. და ალბათ, ახლო მომავალში მათთვის ფეხბურთიც საყვარელი სანახაობა და გასართობი გახდება“.
* * *
...1912 წლის 23 მარტს თბილისს ინგლისელი ჯენტლმენი, ბატონი ტვიდი ეწვია, ვისაც კლუბ შევარდენის მესვეურებთან ერთად, მომავალი საფეხბურთო დაპირისპირების საორგანიზაციო საკითხები უნდა მოეგვარებინა.
მასპინძლებმა ბაქოდან ჩასული ბრიტანელი სტუმარი ქალაქის მთავარ მოედანზე, პლაცზე (ახლანდელი დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორია) წაიყვანეს, სხვადასხვა საკითხზე ისაუბრეს და პაექრობა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის მეორე დღეს - 26 მარტს დათქვეს.
ბაქოში მომუშავე ინგლისელები ნელ-ნელა ესტუმრნენ თბილისს. თამაშის დღეს გაწვიმდა და ერთი პირობა, ისტორიული მატჩი კინაღამ გადაიდო, თუმცა შუადღით გამოიდარა და გუნდებიც მოედანზე გავიდნენ.
გაზეთ კავკაზის ცნობით, ინგლისელებმა მუქ ლურჯ ტრუსებში და თეთრი მაისურებით ითამაშეს, შევარდენს კი ტრადიციული თეთრ-წითელი ფორმა ეცვა. მსაჯობა ფეხბურთის წესების საუკეთესო მცოდნემ, ბატონმა ტვიდმა ითავა, სანახაობას კი დაახლოებით 80 ადამიანი დაესწრო. გაზეთის თქმით, ბევრი მათგანი უცხო ხილის სანახავად ოჯახებით მივიდა...
თავდაპირველად შევარდენი დაწინაურებულა: მე-3 წუთზე თბილისელთა ფორვარდ მოხოვს დაურტყამს ზუსტად, ნახევარ საათში კი გაგუა შეჭრილა საჯარიმოში და მეორე გოლი გაუტანია - სტუმართა მეკარე კლეიველს ფეხი დაცდენია და...
დინამო-ეთიოპიის ნაკრები 3:1
ტურნე ბირმაში
ტაიმი მაინც ფრედ, 2:2 დასრულებულა: ჯერ ლის გაუქვითია ერთი ბურთი, რამდენიმე წუთში კი მაიერს მეორე გოლი გაუტანია მეკარე მაჭავარიანის კარში.
საგულისხმოა, რომ გაზეთ კავკაზის მიმოხილვაში შესვენება ინგლისურ ყაიდაზეა აღნიშნული - half time, ისევე როგორც კუთხური - corner kick.
მეორე ნახევარში გამოცდილებამ თავისი გაიტანა - ინგლისელებმა 5:4 მოიგეს. გაზეთში ნათქვამია, ერთ მომენტში სტუმართა ნახევარმცველი შარპანტიე თბილისელთა ვიცე-კაპიტანს თავად ბარათოვს ძალიან ძლიერად დაეჯახა და ფეხი ისე დაიშავა, მატჩის შემდეგ სიარული ვეღარ შეძლოო...
პირველი საერთაშორისო საფეხბურთო მატჩი ტვიდს 18:15 საათზე დაუსრულებია. კავკაზი წერს, რომ მაყურებლებს ორივე გუნდი აპლოდისმენტებით დაუჯილდოვებია.
საფეხბურთო მატჩი „მესამე ტაიმით“ გაგრძელებულა: შევარდენის ხელმძღვანელთა ინიციატივით, ფეხბურთელებს ერთ-ერთ რესტორანში დილის 4 საათამდე მოულხენიათ. დროსტარების დაწყებამდე მხარეები 27 მარტს მეორე თამაშზე შეთანხმებულან, მაგრამ პურობის დასასრულს, ტვიდს ბაქოდან დეპეშა მიუღია, რის გამოც მეორე დილით მთელი გუნდი უკან, აზერბაიჯანში გამგზავრებულა.
ჩვენდა საბედნიეროდ (გაზეთ კავკაზის წყალობით) ცნობილია კავკასიაში გამართული პირველი საერთაშორისო საფეხბურთო მატჩის მონაწილეთა შემადგენლობები.
თბილისის შევარდენის ღირსებას ინგლისელთა წინააღმდეგ იცავდნენ: მეკარე მაჭავარიანი; ბეკები (მცველები) - ტრუშჩენკოვი და როსტომბეკოვი; ჰავბეკები (ნახევარდაცვა) - პიშკინი, საპოჟნიკოვი და აზატიანცი; ფორვარდები (თავდასხმა) - გაგუა, მაიერი, თავადი ბარათოვი, მოხოვი, კობერტი.
ბაქოს ინგლისელთა კლუბი: მეკარე - კლეიველი; მცველები - მორი და გარდინერი; ნახევარმცველები - შარპანტიე, გუნდის კაპიტანი მიჩელი, კოლინზი; თავდამსხმელები - ბეკერი, ლი, ბრაუნი, ჰანსონი და ფოტერინგტომი...
* * *
ისტორიული თამაშიდან ზუსტად საუკუნე გავიდა.
გაზეთ კავკაზის ვარაუდი გამართლდა: დღეს ფეხბურთი საქართველოში სპორტის ყველაზე პოპულარული სახეობაა.
ინგლისელთა სტუმრობის შემდეგ ძალიან მალე უცხო ხილს უამრავი მიმდევარი გამოუჩნდა, ნელ-ნელა გუნდებიც ჩამოყალიბდა, XX საუკუნის 20-იანი წლებიდან კი დედაქალაქის პირველობებიც მოეწყო.
1925 წელს საფეხბურთო კლუბი დინამო დაფუძნდა, 1936 წელს საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში ჩაერთო და...
დღეს ქართული ფეხბურთის ისტორია და წარმატებები, პირველ რიგში, დინამოს ისტორია და წარმატებებია, რადგან იმ წლებში, როცა ჩვენი ქვეყანა საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი რესპუბლიკა იყო, დინამო არაოფიციალურად, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფუნქციას ასრულებდა.
დინამოს სტადიონი, 30-იანი წლები
1937 წელს კლუბმა პირველი საერთაშორისო მატჩი ჩაატარა: ბასკეთის ნაკრებს უმასპინძლა.
1944 წელს გუნდი პირველად წავიდა უცხოურ ტურნეში - ირანი მოიარა.
1960 წელს დინამო პირველად ესტუმრა ფეხბურთის სამშობლოს, ინგლისს.
1972 წელს საქართველოს საუკეთესო კლუბი პირველად ჩაერთო ევროპის საკლუბო ტურნირებში.
1981 წელს დინამომ ევრომწვერვალი დაიპყრო - თასთა თასი აღმართა.
1990 წელს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია საბჭოეთისას გამოეყო, 1992 წელს კი ფიფასა და უეფაში გაწევრიანდა.
1994 წლიდან ჩვენი ეროვნული ნაკრები მსოფლიოს და ევროპის პირველობების შესარჩევებში მონაწილეობს.
დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრების საერთაშორისო მატჩების სია ორ ასეულს მიუახლოვდა, თბილისის დინამო კი უცხოეთის გუნდებთან ზუსტად 695 პაექრობას ითვლის.
სხვა კლუბებზე ბევრს ვერაფერს გეტყვით: გვეეჭვება, რომ გუნდების უმეტესობამ ზედმიწევნით ზუსტად იცოდეს თავისი ისტორია.
ჩვენში ფეხბურთის წარსულს ხომ მხოლოდ სადღეგრძელოთი იხსენებენ.
სწორედ ამიტომ, განვლილ წლებში ძალიან ბევრი რამ დაიკარგა: ფოტოები, თამაშების ოქმები, სხვადასხვა მონაცემები და, რაც ყველაზე მთავარია, საინტერესო ისტორიები, რომელსაც ყველგან წიგნად კრავენ, საქართველოს გარდა.
პირველი საერთაშორისო საფეხბურთო მატჩის საუკუნოვანი იუბილეც, სავარაუდოდ, უჩუმრად ჩაივლის.
ასეთი თარიღებისთვის საქართველოში, რატომღაც, არავის სცალია.
ალბათ, გარკვეულწილად, სწორედ ამის ბრალია, რომ ჩვენში ფეხბურთი პოპულარული კია, მაგრამ წარმატებული - ნურას უკაცრავად.
![]() |
24 სამეფო კლუბის იუბილე და 11 ფავორიტი |
▲back to top |
სპორტი|ფეხბურთი
ლაშა გოდუაძე
6 მარტს მადრიდის რეალმა 110 წლის იუბილე იზეიმა.
საუკუნესა და ათ წელიწადში გუნდმა, რომელიც ფიფამ XX საუკუნის საუკეთესო კლუბად დაასახელა, 59 ესპანური და 15 საერთაშორისო ტიტული მოიგო.
გაცილებით მეტია სამეფო კლუბის ლეგენდარულ ფეხბურთელთა ინდივიდუალური ჯილდოების ჩამონათვალი - განვლილი წლების განმავლობაში მადრიდელთა ქათქათა მაისური უამრავმა გენიოსმა მოირგო და არა მარტო სანტიაგო ბერნაბეუზე, ზოგადად, ფეხბურთში დატოვა წარუშლელი კვალი.
დღეს რეალი ჩემპიონატს ლიდერობს - ჟოზე მოურინიოს ბიჭები სახელოვანი ისტორიის ახალ თავს წერენ.
იუბილესთან დაკავშირებით, მადრიდული გაზეთის, მარკას რედაქციამ, გულშემატკივართა გამოკითხვის შემდეგ, რეალის ყველა დროის სიმბოლური ნაკრები დაასახელა: იკერ კასილიასი; სერხიო რამოსი, ფერნანდო იერო, რობერტო კარლოსი; ზინედინ ზიდანი, ფერნანდო რედონდო, მიჩელი, ალფრედო დი სტეფანო; ფერენც პუშკაში, რაული, კრიშტიანუ რონალდუ.
რეალის ტაბულასეული ყველა დროის ნაკრები ასეთია:
მეკარე:
იკერ კასილიასი
1998 წელს პირველად ითამაშა რეალში - ტრავმირებული ბოდო ილგნერი შეცვალა და მას შემდეგ პირველი მეკარის სტატუსი აღარც დაუკარგავს. ახლახან, 22 იანვარს, ბილბაოს ატლეტიკთან 4:1 მოგებულ მატჩში საიუბილეო, მე-600 მატჩი ჩაატარა. კლუბის და ნაკრების კაპიტანია, თამაშს კიდევ დიდხანს აპირებს და, სავარაუდოდ, რეალის რეკორდსმენიც გახდება ოფიციალური თამაშების მხრივ. ის ერთადერთია, ვინც ოთხჯერ აღიარეს მსოფლიოს საუკეთესო მეკარედ!
მცველი:
ხოსე ემილიო სანტამარია
რეალის მემატიანენი ურუგვაელ-ესპანელ სანტამარიას ახლო წარსულის ყველა ძლიერ მცველს ამჯობინებენ. ის 1957-1966 წლებში თამაშობდა რეალში და ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო უკანახაზელად ითვლება. სანამ მადრიდში გადაბარგდებოდა, მონტევიდეოს ნასიონალთან ერთად ხუთჯერ მოიგო ურუგვაის ჩემპიონატი, პირენეებზე კი 11 ტიტული მოიპოვა, მათ შორის ოთხი ჩემპიონთა და ერთი საკონტინენტთაშორისო თასი.
მცველი:
ფერნანდო იერო
ის მცველი გახლდათ, საყრდენ ნახევარმცველადაც თამაშობდა და მიუხედავად ამისა, კარგა ხანს ესპანეთის ნაკრების საუკეთესო ბომბარდირი იყო 29 გოლით. რეალში 1989-2003 წლებში ასპარეზობდა და ჩემპიონთა ლიგაზე სამ ტრიუმფში ლომის წილი დაიდო. ლა ლიგაში 439 მატჩის და 102 გოლის შემდეგ რეალმა ის საჩემპიონო 2002-2003 წლების სეზონის შემდეგ მწვრთნელ ვისენტე დელ ბოსკესთან ერთად უცერემონიოდ დაითხოვა, თუმცა ამით იეროს ბრწყინვალებას არაფერი დააკლდა.
მცველი:
ხოსე ანტონიო კამაჩო
დღეს ის ჩინეთის ნაკრების მწვრთნელია და, ალბათ, კიდევ ბევრ გუნდს გამოიცვლის, თუმცა გულშემატკივრებისთვის ხოსე ანტონიო კამაჩო ყოველთვის რეალის ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მცველად დარჩება: 15 წელიწადი სამეფო კლუბში და პრიმერადივიზიონის ჩემპიონის 9 ტიტული! 70-იანი წლების მეორე ნახევარში და 80-იან წლებში კამაჩო რეალის და ნაკრების დაცვის ბურჯი იყო: ჩემპიონატების გარდა, კიდევ 10 საკლუბო ტიტული მოიგო.
მცველი:
რობერტო კარლოსი
ყველა ტიტული სანაკრებო და საკლუბო დონეზე... 125 მატჩი სელესაოში და 584 მადრიდის რეალში... დღეს ის 38 წლისაა და კვლავ ფეხბურთშია - მახაჩყალის ანჟის მოთამაშე მწვრთნელია. სანტიაგო ბერნაბეუზე რობერტო კარლოსი ყოველთვის რჩეულთა შორის იქნება - მისი ულამაზესი და საოცარი გოლები ინჩადას არასდროს დაავიწყდება.
ნახევარმცველი:
ფრანსისკო ხენტო
სენიორ რეალი. ის სანტიაგო ბერნაბეუზე ოქროს წლებში - 1953-1971 - თამაშობდა და უამრავი რეკორდი დაამყარა. ჩვენ მხოლოდ ორს დავასახელებთ: ესპანეთის ჩემპიონის 12 ტიტულს და ჩემპიონთა 6 თასს! 606 ოფიციალურ შეხვედრაში შეგდებული 178 ბურთი არაა საკლუბო რეკორდი, მაგრამ უკეთესი მაჩვენებლებით რეალში თითო-ოროლა თუ დაიკვეხნის.
ნახევარმცველი:
ალფრედო დი სტეფანო
2004 წელს, უეფას 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ დი სტეფანო 1954-2004 წლების ქვეყნის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა, ჟურნალმა ფრანს ფუტბოლმა კი XX საუკუნის უძლიერესთა შორის რეალის სიმბოლოს მეოთხე ადგილი მიუჩინა პელეს, დიეგო მარადონას და იოჰან კრუიფის შემდეგ. დღეს ალფრედო დი სტეფანო მადრიდული კლუბის საპატიო პრეზიდენტი და ცოცხალი სიმბოლოა.
ნახევარმცველი:
ზინედინ ზიდანი
მადრიდში 2001 წლის ზაფხულში გადავიდა სარეკორდო თანხად, 56,4 მილიონ ევროდ. რეალში ხუთი სეზონი ითამაშა და სამუდამოდ შევიდა კლუბის ისტორიაში. გენიალური ფრანგი, თავისი თაობის საუკეთესო მოთამაშე, დღეს რეალის საფეხბურთო დირექტორია, მისი უფროსი ვაჟი, ენცო კი ბავშვთა გუნდში თამაშობს. ჩემპიონთა ლიგის 2002 წლის ფინალში გატანილ მის უზადო გოლზე რაიმეს თქმა საჭიროდ არ ჩავთვალეთ - შედევრებს არ ივიწყებენ.
თავდამსხმელი:
ფერენც პუშკაში
გენიალური უნგრელის დებიუტი რეალში 31 წლის ასაკში, 1958 წელს შედგა. სამეფო კლუბს 1966 წელს, 39 წლისა გამოეთხოვა, მადრიდში გატარებულ რვა სეზონში კი 262 მატჩში 242 გოლი შეაგდო! 1960 წელს რეალმა ჩემპიონთა თასის ფინალში 7:3 მოუგო აინტრახტს. პუშკაშმა 4 გოლი გაიტანა. ის ერთადერთია, ვინც გადამწყვეტ მატჩში შეასრულა პოკერი! ის ასევე ერთადერთია, რომელმაც ორ ფინალში გაიტანა სამი და მეტი გოლი: 1962 წელს ბენფიკას შეუსრულა ჰეთ-თრიქი.
თავდამსხმელი:
რაული
ყველაზე მეტი მატჩი და გოლი რეალში... კლუბის რეკორდსმენი ლა ლიგაში ჩატარებული მატჩებით და გოლებით... ჩემპიონთა თასის და ევროტურნირების საუკეთესო ბომბარდირი... რაული, ეს რეალია! შესანიშნავმა გოლეადორმა მშობლიური კლუბი 2010 წელს, ჟოზე მოურინიოს მისვლის შემდეგ დატოვა - დღეს ის შალკეშია. ბევრი თვლის, რომ პორტუგალიელმა ნაჩქარევად გაუშვა რაული... ის ჯენტლმენიცაა - 19 წელია ფეხბურთშია და წითელი ბარათი არასდროს მიუღია!
თავდამსხმელი:
კრიშტიანუ რონალდუ
რეალის მესვეურებმა შესანიშნავად იცოდნენ, რატომ უხდიდნენ მანჩესტერ იუნაიტედს 80 მილიონ გირვანქას: ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო პორტუგალიელი 2010 წლის ზაფხულში გადავიდა მადრიდში და მას შემდეგ საუკეთესოა. შარშან სამეფო კლუბმა მისი ერთადერთი გოლით დაამარცხა ბარსელონა და ქვეყნის თასი მოიგო. წელს რეალი ჩემპიონის ტიტულისკენ მიიწევს - რონალდო კვლავ მთავარი ფიგურაა. რომ არა ლეო მესი, მისი ტიტულების ჩამონათვალი გაცილებით შთამბეჭდავი იქნებოდა.
![]() |
25 გააღეთ, ხალხია! |
▲back to top |
დავით კოვზირიძე|სვეტი
განმარტებითი ლექსიკონი:
სტადიონი: ადგილი, სადაც იმართება სხვადასხვა სპორტული და მუსიკალური ღონისძიებები. ხანდახან მიტინგებიც.
გულშემატკივარი: ადამიანი, რომელსაც აქვს ბილეთი და, შესაბამისად, ზემოხსენებულ ღონისძიებაზე დასწრების სურვილი და სრული უფლება.
ბილეთი: ოფიციალური საშვი, რომელშიც გულშემატკივარი ფულს იხდის და რამდენიმე საათით ხდება კონკრეტული ადგილის მეპატრონე (რუსეთთან შეხვედრისას ბილეთები დანომრილი არ იყო, იმიტომ რომ არ იყო დანომრილი სკამები, რაც უნიკალური შემთხვევაა მსოფლიო სპორტის ისტორიაში).
ჭიშკარი: სტადიონის გარედან შიგნით მოხვედრის ერთადერთი საშუალება. მას ყველგან აღებენ, როცა სტადიონზე რაიმე ხდება. უნდა გაიღოს ყველა, თან ბოლომდე.
ორგანიზატორი მხარე: (სპორტული ფედერაცია, დაცვა, სტიუარდები): ორგანიზატორი ვალდებულია, უზრუნველყოს უსაფრთხოება და ვიზიტორებისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნა.
სტადიონის გახმოვანება: მატჩამდე, შესვენებაზე და მატჩის შემდეგ კარგად უნდა ისმოდეს მუსიკა. საჭირო დროს ასევე მკაფიოდ უნდა ისმოდეს ჰიმნები და გამომცხადებლის ხმა.
და თხოვნა: ოცი წელიწადი მიილია და ამ პუნქტების შესრულებას არ დაადგა საშველი. იქნებ დაიზეპიროს ყველამ, ვისაც ეხება. როგორც ლექსი. სულ რამდენიმე კუპლეტი გამოვა.
17 მარტს რაგბიზე წავედი. მიუხედავად არაადამიანური სიცივისა, წავედი ადრე, რომ მშვიდად შევსულიყავი. თამაში სამზე იწყებოდა და სამის ნახევარზე დიდი ჯგუფი პატიოსნად მივადექით სტადიონის პირველ ჭიშკარს, რომელიც ზუსტად ისე იყო შეღებული, როგორც ჩაბნელებულ საქართველოში აღებდნენ სანთლიან-ეჭვიანი მასპინძლები. ამ მიკროსკოპული სივრცის გადასალახად ერთი მხრიდან დაახლოებით ასი გულშემატკივარი იდგა, ბილეთებს იქნევდა და აქა-იქ უკვე გინებაც ისმოდა. მეორე მხარეს კი ათამდე ფორმიანი ადამიანი იყო გამაგრებული და ცდილობდა... ოდნავ შეღებულ ჭიშკარში არავინ შესულიყო.
კარგი.
მომდევნო კარი სულაც დაკეტილი დაგვხვდა. იმის შემდეგიც. იქ ვიკითხეთ, რატომ არ გვიშვებდნენ. ერთმა მხრები აიჩეჩა და მიიხედა, მეორემ ადგილები არ არისო, მესამემ შემდეგ შესასვლელთან მიდითო.
კარგი.
შემდეგ შესასვლელთან უკვე ორასი კაცი იდგა და მაგინებლები სჭარბობდნენ ბილეთის მქნეველებს. პერიოდულად განწირული კივილიც ისმოდა. ვიღაც ყვიროდა, რომ ჟურნალისტია და აკრედიტაცია აქვს. ამას განსაკუთრებით აღარ უშვებდნენ. მეორე მხრიდან კვლავ მოგვიწოდეს, ცოტაც გაგვესეირნა.
კარგი.
მომდევნო ჭიშკარიც დაკეტილი დაგვხდა და იმის მერე კი უკვე დიდგორის ბრძოლა იყო გაჩაღებული. აქეთ ხუთასი ვერაგი დამპყრობელი და იქით ასჯერ ნაკლები ვაჟკაცი მამულიშვილი, რომლებიც გოჯ მიწას არ უთმობდნენ მომხვდურთ. ლექსიკა გაცილებით დამძიმებული გახლდათ პირველ ჭიშკართან (გავუსწოროთ თვალი სიმართლეს და დავარქვათ ბარიერი) შედარებით.
კარგი? კარგი.
აქ უკვე სტრატეგიაზე ჩავფიქრდით. ხმლები ვიშიშვლოთ და მტერს ვეკვეთოთ? თუ უკან დავიხიოთ და ზურგიდან შემოვუაროთ? კი, მაგრამ დრო გადის, თამაში იწყება. რამდენიმე დაკეტილი კარის და უმძაფრესი ლოკალური შერკინების შემდეგ დავლანდეთ ოდნავ ფართოდ გაღებული ჭიშკარი, სადაც შეტევაში მყოფ ქომაგებს საგრძნობი უპირატესობა ჰქონდათ მოპოვებული. წინ, ქართველნო! გავეცი ბრძანება და გადამწყვეტი იერიშიც დაიწყო. შევარდით. შევარდით ისე, რომ ბილეთი არც გვიჩვენებია!
კარგი.
იქ, შიგნით სიურპრიზი დაგვხვდა - ყველგან, სადაც გვითხრეს, ადგილი არ არისო, ბევრი ადგილი იყო. თურმე ხუმრობა ყოფილა ყველაფერი, თურმე ორგანიზატორებმა კაცურად შეგვახურეს, რომ უკეთესად გვეგულშემატკივრა. ყოჩაღ. რა ჯობია, როცა გგონია, რომ გექცევიან როგორც უბრალოდ ნახირს და არკვევ, რომ თან დაგცინიან. გონებაში შეურაცხყოფათა დახარისხებაში ვიყავით, როცა გაირკვა, რომ თურმე ჰიმნები დაიწყო. ჩამიჩუმი არ ისმოდა, უბრალოდ, რაღაცნაირად გაირკვა. ვერცერთი ჰიმნის ვერცერთი ნოტი ვერ გავიგეთ, ვერც შემდეგ გავიგეთ შემადგენლობები, ვერც შემდეგ ლელოების ავტორები. ვერაფერი. ჭიშკრების არ იყოს, დიქტორიც ფიქცია ყოფილა - იყო, რაღაცას ლაპარაკობდა, მაგრამ არავის ესმოდა.
კარგი რა!
![]() |
26 სცენარისტი ნოველისტი ჟურნალისტი ფეხბურთელი |
▲back to top |
სპორტი
გიორგი ფირცხელანი
ბევრ ჩვენგანს უნანახავს უილიამ უაილერის ცნობილი პეპლუმი, თერთმეტი ოსკარის მფლობელი „ბენ-ჰური“. „ბენ-ჰურის“ რეკორდი მხოლოდ ორჯერ, 1998 წელს კამერონის „ტიტანიკმა“ და 2004 წელს „ბეჭდების მბრძანებლის“ მესამე ნაწილმა გაიმეორეს. უაილერის ნამუშევარმა, 1960 წლის ოსკარზე თორმეტი ნომინაცია მიიღო და თერთმეტში გაიმარჯვა. რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, მეთორმეტე ჯილდო ამ ლეგენდარულ ფილმს 1930-იანი წლების დანდი იუნაიტედის კაპიტანმა, ნილ პატერსონმა აართვა.
პატერსონი 1916 წელს, შოტლანდიის აღმოსავლეთით მდებარე პატარა ქალაქ გრინოკში დაიბადა. სწავლობდა ედინბურგის უნივერსიტეტში. სწავლის დასრულების შემდეგ, სამოყვარულო დონეზე ფეხბურთის თამაში დაიწყო. ჯერ იყო ბაქი თისთლი, მერე ლეიტ ატლეტიკსი და შემდეგ უკვე ჯიმი ბრაუნლაის დანდი იუნაიტედი.
შიდა ფორვარდზე თამაშობდა. ეს პოზიცია 2-3-5 სქემის ნაწილი იყო, სქემის, რომელიც დიდი ხანია უკვე ფეხბურთში აღარ არსებობს. კარლ რაპანების, ელინიო ერერების და მოურინიოების გამოჩენამ, ინსაიდ ფორვარდები და სხვა შეტევაზე ორიენტირებული, დედოფალი ვიქტორიას დროინდელი პოზიციები ფეხბურთიდან გააქრო. შიდა ფორვარდის მიახლოებითი თანამედროვე ანალოგი, ცენრტრალური შემტევი ნახევარმცველია, თუნდაც იგივე მეორე თავდამსხმელი. იმ დროს დანდი იუნაიტედი დაბალ დივიზიონებში გამოდიოდა, ქალაქის მეორე გუნდის, დანდის ჩრდილქვეშ იყო და სწორედ ამიტომ, მოყვარულ პატერსონს იუნაიტედში მოხვედრა არ გაუჭირდა. 1936 წელს გუნდის კაპიტნად აირჩიეს, 1936-37 წლების სეზონი 26 თამაშით და 9 გოლით დაასრულა. შემდეგ გადაწყვიტა, რომ ფეხბურთი მისი საქმე აღარ იყო და სპორტულ ჟურნალისტიკას მოჰკიდა ხელი.
ადგილობრივ გაზეთში ჟურნალისტად მუშაობა დიდხანს არ დასცალდა. ვერმახტი პოლონეთში შეიჭრა, ნევილ ჩემბერლენმა გერმანიას ომი გამოუცხადა. ომის წლები სამეფო საზღვაო ძალებში, გემზე გაატარა. როდესაც ბრიტანელებმა ჩრდილოეთის ზღვაში რეიხის ბისმარკების ჩაძირვა დაასრულეს, პატერსონი სამშობლოში დაბრუნდა. დაბრუნებულმა, რამდენიმე ნოველა დაწერა, რისთვისაც Atlantic Award-ის ჯილდო მიიღო ლიტერატურაში. მისი მოკლე ისტორიები და ნოველები ითარგმნებოდა ფრანგულად, ესპანურად, შვედურად, ნორვეგიულად და იწერებოდა ბრაილის შრიფტზეც.
ბავშვობაში პერტშირის ტყეებში ხეტიალისას გადამხდარი ამბები, ტეის შიფიარდებში, სინგლ მალტის ფონზე მოსმენილი ისტორიები პატერსონს ფურცელზე გადაჰქონდა. პარალელურად მუშაობდა სცენარისტად. არ ენდობოდა რეჟისორებს, არ ანებებდა მათ სცენარის გადაკეთებას და ჩასწორებას, რის გამოც რამდენიმე პროექტიდან თავისი ნებით წამოვიდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მწერალი-სცენარისტის კარიერა მის საფეხბურთო კარიერას ემსგავსებოდა. ჯერ კიდევ მეორე ლიგაში თამაშობდა, მაგრამ 1959 წელს ნილ პატერსონმა დაწერა სცენარი ფილმისთვის Room at the Top, რამაც მისი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა.
ჯეკ კლეიტონის ნამუშევარმა, ჯერ კანის კინოფესტივალზე მიიღო ჯილდო, შემდეგ ოსკარზე ექვსი ნომინაცია, საიდანაც ორში გაიმარჯვა. სიმონე სინიორემ როგორც კანზე, ასევე ოსკარზეც მიიღო პრიზი საუკეთესო ქალი მსახიობის ნომინაციაში. ხოლო ამერიკის კინოაკადემიის მეორე ჯილდო დანდი იუნაიტედის კაპიტანს ერგო ადაპტირებული სცენარისათვის. ფილმს საფუძვლად უდევს ჯონ ბრეინის იმავე სახელწოდების ნოველა. რომანტიკული დრამა მოგვითხრობს ჯო ლაპტონის ისტორიას, რომელიც მუშათა კლასიდან ელიტაში მოხვედრას ცდილობს. კერი გრანტის აღნაგობა, ორი ზომით დიდი სმოკინგი, მუდამ სიგარეტით და ვისკით ხელში, მექალთანე, ნაომარი, ამბიციური და ამავდროულად სენტიმენტებით გაჟღენთილი პროტაგონისტი, 50-იან წლებში მცხოვრები მამაკაცის კლასიკური პორტრეტი, რომელსაც ლოურენს ჰარვი ანსახიერებს.
ოსკაროსანმა ფეხბურთელმა ლოს ანჯელესში, დაჯილდოებაზე ჩასვლა ვერ მოახერხა. მისი უმცროსი ვაჟი, ჯონ პატერსონი იხსენებს: „იმ დღეს, როდესაც მამამ ოსკარი მიიღო, მახსოვს მთელი ღამე ტელეფონთან იდგა, კალიფორნიიდან ზარს ელოდებოდა“.
ნილ პატერსონის კარიერა ამ მოვლენის შემდეგ საგრძნობლად წინ წავიდა: როგორც იქნა, თავი დააღწია მეორე ლიგას. სხვადასხვა დროს მართავდა ბრიტანეთის კინოინსტიტუტს, ნაციონალურ კინოსკოლას და დიდი ბრიტანეთის სამხატვრო საბჭოს.
მიუხედავად ამერიკაში ბევრი ხანგრძლივი სამუშაო კონტრაქტისა, დანდის კაპიტანმა პერტშირი არ მიატოვა. გარდაიცვალა 1995 წლის 19 აპრილს, მშობლიურ კრიფში (ასევე იუენ მაკგრეგორის მშობლიური ქალაქი).
ვის უდევს სახლში ატლანტიკის პრემია ლიტერატურაში, ოსკარი ადაპტირებული სცენარისთვის და მათ უკან საფეხბურთო გუნდის კაპიტნის სამკლავური, რომელზეც ერთ სეზონში სამი ჰეთ-თრიკისთვის მიღებული ბეჯია მიმაგრებული? პასუხი ერთია - სცენარისტს, ნოველისტს, ჟურნალისტს, ფეხბურთელს, ჯეიმს ედმუნდ ნილ პატერსონს.
![]() |
27 იმიტომ, რომ ისევ გჯეროდეს |
▲back to top |
კულტურა
სალომე კიკალეიშვილი
მერაბ აბრამიშვილი რამდენიმე წლის წინ აღმოვაჩინე. დარბაზში გამოფენილ ჯგუფურ ნამუშევრებს შორის მისი „ფრესკები“ თავიდანვე გამოვარჩიე - გულწრფელობის და საოცარი სიმშვიდის გამო. უცნაური შეგრძნება იყო, ჯერ მეგონა ბნელ გამოქვაბულში ვიდექი და სანთლით ხელში პირველყოფილი სილამაზის ფრესკებს ვათვალიერებდი. მერე კი ძველ ფარდაგებად მომეჩვენა, რომელთაც კარგად უნდა დააკვირდე, რადგან დროისგან გაცრეცილებს, დიდი ხნის სიცოცხლე აღარ უწერიათ და შეიძლება სულ მალე წაიშალონ.
მერაბ აბრამიშვილზე ბევრი არაფერი ვიცი და არც პირადად ვიცნობდი. ბავშვობაში ვეფხვების მომთვინიერებელი უნდოდა გამოსულიყო, უყვარდა ჯეიმს კორბეტის „მონადირის ისტორიები“ და სკოლაში, საუზმის ფულს აგროვებდა - აფრიკაში უნდა წავიდე, იქ სამოთხეაო; პატარა ზურგჩანთაც კი ჰქონია ნაყიდი. მართალია, ვერც აფრიკაში წავიდა და არც ვეფხვების მომთვინიერებელი გამოვიდა, მაგრამ სამოთხეშიც ბევრჯერ იყო და აფრიკის გაუვალ ტყეებში, ულამაზეს ავაზებთან და პანტერებთან ერთადაც უსეირნია. ეს მაშინ ხდებოდა, როდესაც სახელოსნოში ხატვას იწყებდა და ლევკასის ტექნიკით ახალ ჯადოსნურ სამყაროებს ქმნიდა - აიღებდა ფანერას, ზედ ხის წებოთი დააწებებდა მარლას და დაგრუნტავდა. შემდეგ ტემპერას საღებავებით იწყებდა პირველი შტრიხების დატანას. ცოტა ხანში ამ ყველაფერს კარგად ჩამორეცხავდა და შემორჩენილი ლაქების თუ განასმების გამოყენებით, თავიდან იწყებდა ხატვას.
სამხატვრო აკადემია დაამთავრა - დაზგური გრაფიკა, მუშაობდა სოფელ მსხალდიდის სკოლაში ხატვის მასწავლებლად, სიცოცხლეში სულ ხუთი პერსონალური გამოფენა ჰქონდა და 1991 წელს, მხატვრის სახლში გაჩენილი ხანძრის დროს, მისი 16 ნამუშევარი დაიწვა, რაზეც ყოველთვის ამბობდა - 16 შვილი მომიკვდაო. ხატვა ატენის ფრესკების ასლების კეთებით დაიწყო და ალბათ ამიტომაც იყო, რომ მის შემოქმედებაში დიდი ადგილი ეკავა რელიგიურ თემატიკას, ფრესკის ესთეტიკას.
არ ჰქონდა მნიშვნელობა რაზე იყო ტილო, იყო ეს „ჯვარცმა“, „კუმაონის კაციჭამია“ თუ ქოთანში აღმოცენებული „ასკილი“, მისი ყველა ნამუშევარი საოცარი სიმსუბუქით და სილაღით გამოირჩევა. სადაც არაფერი გთრგუნავს, არაფერი გაშინებს, სადაც ყველაფერი უკიდეგანოდ ლამაზია. გასუსულია. მარადიულია.
მათ ჯერ შორიდან, კარგად უნდა დააკვირდე და შემდეგ ახლოს მიხვიდე, აუცილებლად ძალიან ახლოს. აი, სწორედ ასე, ნახატზე ცხვირმიდებული, აღმოაჩენ უსიერი ტყის თითოეულ ფოთოლს, ლეოპარდის ტანზე დატანილ თითოეულ ლაქას. სწორედ ამიტომაა, რომ აბრამიშვილის გვიმრების შემყურეს, გგონია - ახლა მოწყვეტ, სურვილს ჩაიფიქრებ და პატარა ფოთლებსაც სათითაოდ დააცლი; გგონია, რომ თუ დიდი ხანი უყურებ თვალებში მის ულამაზეს შავ ავაზას, ისიც არ დააყოვნებს და თავისი გრაციოზული ნახტომით უცებ აღმოჩნდება შენ წინ.
ხშირად ხატავდა „სამოთხეს“, მასთან „დატირება“, „აპოკალიფსი“ და „ჯვარცმაც“ კი საოცრად მშვიდია. მისი ნახატების შემყურეს, ზოგჯერ ისიც კი შეიძლება გეგონოს, რომ ადამიანი აქ არაფერ შუაშია და ისინი თავისით, ბუნებრივად „ამოვიდნენ“ ტილოზე.
უყვარდა აღმოსავლური მინიატურები - არაერთი ტილო მიუძღვნა - „აბრეშუმის გზა“, „შაჰ-აბასი“; მცენარეები, რომელთაც ყოველთვის ფესვებით ხატავდა - „ასკილი“, „ჭორიკანა“, „მაყვალი“ და, რა თქმა უნდა, ცხოველები: „კუმაონის კაციჭამია“, „რუდრაპრაიაგის ავაზა“, „ჟირაფი“, „ლომი“, „ირმები“... ისინი თითქოს საიდანღაც მოდიან - მითებიდან, აფრიკიდან, სამოთხიდან, საბავშვო წიგნებიდან... მერაბ აბრამიშვილი თითქოს მთელი თავისი არსებობის მანძილზე ალტერნატივას ქმნიდა, რეალობის ალტერნატივას. ჯადოსნურ სამყაროს. თავის სამოთხეს.
16 მარტს ახალ გალერეაში მერაბ აბრამიშვილის 55 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა, რომელიც 5 აპრილამდე გაგრძელდება. არა აქვს მნიშვნელობა, რა მიმდინარეობა გირჩევნიათ მხატვრობაში და საერთოდ, მოგწონთ თუ არა კედელზე ჩამოკიდებული ნახატების თვალიერება. ეს სულ სხვაა. ეს ზღაპარია, პატარა ჯადოქრობებია, სადაც აუცილებლად უნდა იმოგზაურო შენთვის საყვარელ ადამიანებთან ერთად. თუნდაც იმიტომ, რომ ცოტა ხნით მაინც უფრო კეთილი გახდე. თუნდაც იმიტომ, რომ ისევ გჯეროდეს.
![]() |
28 ვარსკვლავური გალაკონცერტი |
▲back to top |
კულტურა|ბალეტი
ირინა ბაგაური
ნინო ანანიაშვილის 30-წლიან მოღვაწეობასთან დაკავშირებული საიუბილეო ღონისძიებები, 18 მარტს, თბილისის საკონცერტო დარბაზში გამართული გალაკონცერტით დასრულდა.
წარმოდგენაში, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დასთან ერთად, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსულმა მოცეკვავეებმა მიიღეს მონაწილეობა. ეს ალბათ ბოლო წლებში გამართული ყველაზე მასშტაბური საბალეტო საღამოა, 2010 წლის შემოდგომაზე, ვახტანგ ჭაბუკიანის ხსოვნისადმი მიძღვნილ გალაკონცერტთან ერთად, სადაც ერთდროულად ამდენმა მსოფლიო დონის ვარსკვლავმა მიიღო მონაწილეობა. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ანანიაშვილის მეგობრები, პარტნიორები და ქართველი მოცეკვავეები სხვადასხვა თეატრებიდან.
თავად პრიმაბალერინა ოთხჯერ წარდგა მაყურებლის წინაშე: პირველ ნომრად ფრაგმენტი, იური პოსოხოვის ბალეტიდან „ანარეკლი“ იცეკვა (ლალი კანდელაკთან, ანა ალბუთაშვილთან და ვასილ ახმეტელთან ერთად). ამას მოჰყვა დენის მატვიენკოსთან და ვასილ ახმეტელთან ერთად შესრულებული პა დე ტრუა ბალეტიდან „კორსარი“, სადაც პრიმამ საკუთარი დახვეწილი ტექნიკის დემონსტრირებით, მაყურებელს დაუმტკიცა, რომ ჯერ კიდევ არაჩვეულებრივ ფორმაშია. შემდეგ იყო რატმანსკის ქორეოგრაფიით დადგმული „მასკარადი“, სადაც ულამაზეს წითელ სამეჯლისო კოსტიუმში გამოწყობილი ანანიაშვილის პარტნიორობას ოთხი მოცეკვავე ეცილებოდა ერთმანეთს: ხოსე მანუელ კარენიო, დენის მატვიენკო, ანხელ კორელა და ვასილ ახმეტელი.
მოწვეული სტუმრებიდან ბევრი, თბილისელ მაყურებელს, ზემოთ ხსენებული 2010 წლის გალაკონცერტიდან ახსოვს. მათ შორის, ანასტასია სტაშკევიჩი და ვიაჩესლავ ლოპატინი, რომლებიც მაყურებლის წინაშე „დიანა და აქტეონის“ პა დე დეთი წარდგნენ. თბილისში პირველად ორი წლის წინ იცეკვა „თანამედროვე მიშა ბარიშნიკოვმაც“ - ABT-ის სოლისტმა ანხელ კორელამ. საღამოს ყველაზე ქარიზმატულმა მოცეკვავემ, იაპონელ მომოკო ჰირატასთან ერთად, ბალანჩინის „ჩაიკოვსკი პა დე დე“, სოლო ნომრად კი რასელ დაქერის დადგმული თანამედროვე ქორეოგრაფია - „Suspendet in Time“ შეასრულა. მოცეკვავემ ამჯერადაც აიყოლია დარბაზი და ორივე გამოსვლის შემდეგ გამაყრუებელი ტაშის ფონზე დატოვა სცენა. განსაკუთრებული ოვაციები მოჰყვა დენის მატვიენკოს გამოსვლებსაც, რომელმაც გარდა კორსარისა, ანასტასია მატვიენკოსთან ერთად ობერის დიდი კლასიკური პა დე დე იცეკვა. მან დაუჯერებლად რთული და ლამაზი საბალეტო ტრიუკებითა და ტურებით დაამახსოვრა მაყურებელს თავი.
განსაკუთრებული გამოდგა უცხოეთში მოღვაწე ქართველი მოცეკვავეების ნომრებიც: და-ძმა დავით და მაია მახათელებმა დამაჯერებლად და კარგად შეასრულეს შეყვარებული „რომეო და ჯულიეტა“. ინგლისის ნაციონალური ბალეტის სოლისტი ელენე გლურჯიძე პარტნიორთან, სერგეი პოლუნინთან ერთად წარდგა მაყურებლის წინაშე „რაიმონდას“ პა დე დეთი. ჩიკაგოს Jofrey Ballet-ის წყვილის - ვიქტორია ჯაიანისა და მისი მეუღლის, თემურ სულუაშვილის - დუეტი კი საღამოს ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი გამოსვლა გამოდგა. წყვილმა იური პოსოხოვის დადგმული თანამედროვე ქორეოგრაფია - „Bells“ შეასრულა.
გალაკონცერტის მოწვეულ სოლისტებს შორის ასევე იყვნენ: ევგენია ობრაზცოვა და დიმიტრი გუდანოვი მოსკოვის დიდი თეატრიდან; დონ ხინგ თინგი და რენ ზონგი ჩინეთიდან (ლიაონინგის საბალეტო დასი); მარია რიჩეტო და ბლეინ ჰოვენი ამერიკის ბალეტის თეატრიდან (ABT).
პროგრამის მიხედვით, საღამო გია მარღანიას ქორეოგრაფიით დადგმული „ხორუმით“ უნდა დასრულებულიყო. თუმცა, მოულოდნელად, სცენაზე აკეცილი ჩოხითა და პუანტებით თავად პრიმაბალერინა გამოჩნდა და ამავე ქორეოგრაფის მიერ აღდგენილი ჭაბუკიანის ლეკური იცეკვა, რითაც ძალიან გაახალისა მაყურებელი.
სპექტაკლის ბოლოს, სცენაზე გამოჩნდნენ ანანიაშვილის ყოფილი პარტნიორებიც და წარმოდგენის თითოეულ მონაწილესთან ერთად, თითო ვარდით მიულოცეს პრიმაბალერინას 30-წლიანი იუბილე.
![]() |
29 მე არის სხვა |
▲back to top |
ინტერვიუ|კულტურა
ქეთო გიორგობიანი
Ich Ist Ein Anderer („მე არის სხვა“) - ასე ჰქვია ფრაიბურგის Kunstverein-ის საგამოფენო სივრცეში გამართულ გამოფენას, რომელზეც მთავარი - 25-მეტრიანი კედელი, ბერლინში მცხოვრებ ქართველ ფოტოგრაფს, დავით მესხს ეთმობა.
დავით მესხის შესახებ ტაბულაში ადრეც დაწერილა. ფოტოგრაფი უკვე რამდენიმე წელია, გერმანიაში ცხოვრობს. მისი ნამუშევრები პერიოდულად ჩნდება ევროპის სხვადასხვა გალერეებსა თუ ჟურნალებში. ტაბულა მესხს ბერლინში, გამოფენამდე რამდენიმე კვირით ადრე შეხვდა და დაგეგმილი გამოფენის შესახებ ესაუბრა.
ფოტო: ხათუნა ხუციშვვილი ©
როგორ შედგა შენი და ფრაიბურგის Kunstverein-ის თანამშრომლობა?
Kunstverein-ის დირექტორმა და კურატორმა, კაროლინე კედინგმა ჩემი ნამუშევრები ბერლინში, ერთ-ერთ გალერეაში ნახა, რის შემდეგაც პირადად დამიკავშირდა. გამოფენაზე მთავარი ექსპოზიცია ჩემი იქნება - 25-მეტრიან კედელს მითმობენ. ჯამში 5 ფოტოგრაფის ნამუშევრები გამოიფინება და გამოფენა 23 მარტიდან 6 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. სერია, რომლითაც კაროლინე დაინტერესდა, საქართველოშია გადაღებული - ქართველი ათლეტების ყოველდღიური ცხოვრება. მისი თქმით, ჩემს ფოტოებში კამერასა და ობიექტს შორის დიდი ინტიმი იგრძნობოდა, რაც იდეალურად შეესაბამებოდა მის მიერ დაგეგმილ გამოფენას.
ფრაიბურგის Kunstverein-თან თანამშრომლობა ბევრი ახალგაზრდა ხელოვანის კარიერაში მნიშვნელოვანი გარდატეხის ეტაპი აღმოჩნდა, იმედია, ჩემს შემთხვევაშიც ასე იქნება.
ბოლოს 2011 წლის გაზაფხულზე, ვენაში შევხვდით, შენი პერსონალური გამოფენის „Eternal Distance“ („მარადიული დისტანცია“) გახსნაზე. მაშინდელი ექსპოზიციაც დიდწილად ათლეტების სერიას ეძღვნებოდა. ფრაიბურგშიც იმავე ნამუშევრების გამოფენას გეგმავ?
ფრაიბურგში ამ სერიის სხვა ფოტოები იქნება წარმოდგენილი, მათთან ერთად ჩემი სრულიად ახალი, 2012-ის ნამუშევრებიც გამოიფინება. განსაკუთრებით ის მომწონს, რომ ფრაიბურგი შვეიცარიის საზღვართან ახლოს არის, რაც სხვა ქვეყნიდან დამატებითი მაყურებლის ჩამოსვლას ნიშნავს.
თბილისში ძირითადად პრესასთან თანამშრომლობდი. ბერლინში რას საქმიანობ?
პრესასთან აქაც დიდი სიამოვნებით ვითანამშრომლებდი, მაგრამ ბიუროკრატიული მიზეზების გამო, ეს ჯერჯერობით ვერ ხერხდება. თანაც, ძირითადი საგამომცემლო სახლები არა ბერლინში, არამედ ჰამბურგშია. მოცემულ მომენტში, უფრო კერძო შეკვეთებზე ვარ ორიენტირებული. სხვათა შორის, საქართველოსთანაც ვთანამშრომლობ. ერთ-ერთი ბოლო შეკვეთა თიბისი ბანკისგან იყო - 2012 წლის კალენდრისთვის 12 მწერალი და 12 ფოტოგრაფი ვმუშაობდით.
ვთანამშრომლობ ტაბულასთან - იგეგმება პროექტი „ფოტოგრაფის ერთი ფოტო“, რომელშიც სხვა ქართველ ფოტოგრაფებთან ერთად მონაწილეობას მივიღებ. გარდა ამისა, ჩემი ნამუშევრები მარტში ფრანგულ, ამერიკულ და გერმანულ ჟურნალებშიც დაიბეჭდება.
ვაპირებ ახალი სერიის გაკეთებას სერფერებზე. მაგრამ დამოუკიდებლად განხორციელება არ მინდა; იდეალური იქნება, თუკი რომელიმე გალერეასთან ვითანამშრომლებ და ამ სერიას მათთვის გადავიღებ. ძირითადად მაინც, პორტრეტებსა და პეიზაჟებზე მინდა მუშაობა. ბოლო დროს, პეიზაჟებზე ბევრს ვმუშაობ. ვენაში ჩემს გამოფენას „Eternal Distance“, ანუ „მარადიული დისტანცია“ ერქვა. ახლა ვაკეთებ პროექტს სახელწოდებით „Impossible Distance“, ანუ „შეუძლებელი დისტანცია“. საბოლოო ჯამში, ეს ორი სერია გაერთიანდება. ძალიან მომწონს კონკრეტული თემის გარეშე, მხოლოდ აბსტრაქტული იდეით ხელმძღვანელობა.
რამდენად გიწევს, ანგარიში გაუწიო გერმანული ბაზრის ტენდენციებს და რამდენად განსხვავდება ის ქართული ბაზრისგან?
სამწუხაროდ, აქაურ ბაზარზე უფრო დიდი მოთხოვნა პეიზაჟურ ფოტოებზეა, სადაც ინდივიდი უკან იწევს. ეს სტილი ჩემს ნამუშევრებში ადრეც იგრძნობოდა, მაგრამ როგორც კი ადამიანი წინ წამოვწიე, ფოტოების მიმართ ინტერესმა იკლო. როდესაც ადამიანთან ინტერაქცია არ არის, ნამუშევარი ზედმეტად „მარტოსული'' გამოდის. ახლა ვცდილობ, ნელ-ნელა ის განწყობა, რასაც ადამიანების მეშვეობით გადმოვცემდი, პეიზაჟებზე გადავიტანო. სხვათა შორის, კაროლინე კედინგთან მიმოწერამ ჩემს დამოკიდებულებაში ბევრი რამ შეცვალა. როდესაც ვუთხარი, რომ სხვადასხვა სერიების ფოტოების განსხვავებული ფორმატებით გამოფენა მსურდა, მან გადაწყვიტა, რომ ჩემი ექსპოზიცია ნელ-ნელა ერთგვარი ინსტალაციის სახეს იღებდა. ეს შინაარსობრივად Kunstverein-ისთვის უფრო მიმზიდველი აღმოჩნდა. სწორედ ამან განაპირობა, რომ გამოფენაზე მთავარი კედელი მეთმობა.
![]() |
30 Italdesign-ის ქართული გეგმები |
▲back to top |
დიზაინი|LIFE
ინტერვიუ ფაბრიციო ჯუჯაროსთან
ესაუბრა ირინა ბაგაური
ფაბრიციო და ჯორჯეტო ჯუჯაროები
თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტს ახალი საპატიო დოქტორი ჰყავს: Italdesign-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯუჯაროების ცნობილი ოჯახის უმცროსი წარმომადგენელი, დიზაინერი და არქიტექტორი - ფაბრიციო ჯუჯარო. Italdesign-ი იტალიური დიზაინის უმსხვილესი ცენტრია. საწარმო 1968 წელს ტურინში ავტომობილების დიზაინის ყველაზე ცნობილმა ავტორმა და საუკუნის დიზაინერის ტიტულის მქონე ჯორჯეტო ჯუჯარომ დააარსა. დღეს მას შვილთან - ფაბრიციოსთან ერთად მართავს. 14 მარტს ჯუჯაროების ოჯახი თბილისს საინტერესო პროექტებით ესტუმრა. საქართველოსთან დაკავშირებული გეგმებისა და პროფესიული საქმიანობის შესახებ, ტაბულა ფაბრიციო ჯუჯაროს ესაუბრა
როგორ და ვისი მოწვევით მოხვდით საქართველოში?
ეს საერთო მეგობრების იდეა იყო. საბედნიეროდ, მყავს კოლეგები, რომლებიც ბევრს მოგზაურობენ მთელ მსოფლიოში. ისინი სხვადასხვა დროს პრეზიდენტ სააკაშვილსა და მინისტრებს შეხვდნენ. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ, გარდა ავტომობილებისა, ათი წელია არქიტექტურული პროექტებითაც ვართ დაკავებულები, გადაწყვიტეს, ჩვენთვის საქართველო გაეცნოთ.
Daewoo Matiz
როგორც ვიცი, ბათუმთან დაკავშირებით დიდი გეგმები გაქვთ...
ამ დროისთვის, ცოტა არ იყოს, ნაადრევია ამაზე საუბარი. მოლაპარაკებები ჯერ კიდევ დაწყების პროცესშია და ამ ეტაპზე, გადაწყვეტილი არაფერია. თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტი დღეს საპატიო დოქტორის ტიტულით მაჯილდოებს და მე ჩემი მოხსენებისთვის უნდა წარვადგინო გეგმა, რომელსაც პირობითად დავარქვი ბათუმის განვითარების პროექტი. მისი განხორციელება საქართველოს ნებისმიერ ქალაქშია შესაძლებელი, მათ შორის, თბილისშიც. სავარაუდო გეგმაში ბევრი რამ ძალიან პროვოკატორულია.
Nazca
გეგმის დამტკიცების შემთხვევაში, როგორად გესახებათ ათ წელიწადში ბათუმი, ან სხვა ადგილი. ვისთვის იქნება მიმზიდველი ფაბრიციო ჯუჯაროს დაპროექტებული ქალაქი?
იცით, დღევანდელი გადასახედიდან, ამ გეგმით ცოტა არ იყოს ვიხუმრე, ფანტასტიკის სფეროს მივმართე. თუმცა ამას სხვა თვალით ოცი წლის შემდეგ უნდა შეხედო. რაღაცები ოცი წლის წინაც წარმოუდგენლად ეჩვენებოდათ. თუმცა, არქიტექტორებმა ბევრ ისეთ გამოსავალს მიაგნეს, ვხვდებით, რომ ფანტაზია განხორციელებადია. მოგეხსენებათ, სატრანსპორტო სფეროში ორმოცწლიანი გამოცდილება გვაქვს და ვიფიქრე, ქალაქში, რომელიც თავიდან შეიძლება აშენდეს, რატომაც არ შეიძლება ძირითადი სატრანსპორტო საშუალებების მიწისქვეშ განთავსება. ამ გზით, ზედაპირზე მეტი სივრცისა და სიმწვანის შენარჩუნება და ქალაქში მხოლოდ ეკოლოგიური ტრანსპორტის გამოყენება, რისი საშუალებაც დღეს ბაზარზე უკვე არის. მიმზიდველი ქალაქები ის ადგილებია, რომელიც ფუნქციონირებს, ანუ მოქმედი და არა უბრალოდ, ლამაზი. ასე რომ, ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ფუნქციებს, როგორც ავტომობილების წარმოებაში, ისე არქიტექტურაში.
თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად დიზაინისა და არქიტექტურის სკოლის დაარსებას აპირებთ. რა იქნება ამ სასწავლებლის მთავარი მიზანი?
სკოლა გახდეს ნომერი პირველი სასწავლებელი თავის სფეროში.
ანუ ტურინსა და მილანში წასვლა აღარ გახდება საჭირო, დიზაინსა და არქიტექტურაში საუკეთესო განათლების მისაღებად?
არა, ამას ვერ ვიტყვი. რა თქმა უნდა, იცხოვრო გარემოსა და საზოგადოებაში, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში დაგროვებული გამოცდილება აქვს ამ კუთხით, სტუდენტისთვის დიდი უპირატესობაა. თუმცა, ჩვენ შევეცდებით ამ არეალში შევქმნათ სკოლა, სადაც ინფორმაციის სწრაფად გავრცელებისა და ახალი ტექნოლოგიების წყალობით, სტუდენტისთვის შეუძლებელი არაფერი იქნება. დღეს უკვე არის იმის საშუალება, რომ ვიყო ტურინში, თუნდაც, ჩემს ოფისში და იქიდანაც ძალიან მშვიდად ვატარო ლექციები საქართველოში.
თან სწავლების გამოცდილებაც გაქვთ...
კი, რამდენიმეჯერ მომეცა საშუალება: ესპანეთში და ტურინის პოლიტექნიკურში წამიკითხავს ლექციები. მაინცდამაინც სამაგალითო სტუდენტი არ ვყოფილვარ, მაგრამ ცხოვრების სკოლა მაქვს გავლილი, რომელიც ოცი წლის ასაკში მამაჩემის საწარმოში დავიწყე და, საბოლოო ჯამში, დიდი გამოცდილება დამიგროვდა. ვფიქრობ, გარკვეული ცოდნის გაცემა შემიძლია.
რა გასწავლათ მამასთან მუშაობამ?
მთავარი, რაც მამაჩემმა მასწავლა - დაპროექტების მეთოდი. ბუნებრივია, მას არ შეეძლო, ჩემი მუშაობისთვის სულ ედევნებინა თვალი და მითითებები გამუდმებით მოეცა. მაგრამ შეეცადა ესწავლებინა, რომ ერთ რამეზე გაჩერება არ ღირს და ნებისმიერი პროექტის განხორციელებაა შესაძლებელი.
თქვენი და მამათქვენის ავტოფარეხში მხოლოდ ჯუჯაროების შექმნილი ავტომობილებია, თუ სხვა დიზაინერების ნამუშევრებსაც შეხვდები?
ჩვენი ავტომობილები მუზეუმებშიც საკმარისადაა. მე პირადად, არ მიყვარს ჩემი დიზაინით შექმნილი მანქანის მართვა, იმიტომ რომ მას კარგად ვიცნობ და ჩემთვის აღარაა საინტერესო. მამაჩემიც ასეა.
ამჟამად, ყოველდღიურად, რომელ ავტომობილს იყენებთ?
სხვადასხვა მანქანების მართვა მიყვარს, ძირითადად, კონკურენტების ავტომობილები მაინტერესებს, იმისთვის, რომ უკეთ გავერკვე სხვების საქმიანობაში. თუმცა, ყველაზე ხშირად ამჟამად VOLKSWAGEN TOUAREG-ს ვიყენებ, ჩემი კოლეგის დიზაინითაა შექმნილი და განსაკუთრებით მიყვარს, ალბათ იმიტომაც, რომ სახელი მე შევურჩიე და მერე VOLKSWAGEN-ს ვაჩუქე.
მამათქვენი - ჯორჯეტო ჯუჯარო საუკუნის დიზაინერია. კარიერის დასაწყისში, არ იყო რთული საკუთარი სახელის დამკვიდრება და მამის ჩრდილიდან გამოსვლა?
არა, არასდროს მიფიქრია ჩრდილიდან გამოსვლაზე, ყოველთვის საკუთარი საქმის კეთებაზე ვფიქრობდი. მამაჩემი, მიუხედავად ორმოცდაათწლიანი გამოცდილებისა, ძალიან თანამედროვედ აზროვნებს, რაც ჩვენს პროფესიაში აუცილებელია. ჩვენთვის ძველ ყაიდაზე აზროვნება სიკვდილს ნიშნავს. ამ მხრივ, ძალიან გაუმართლა, მის გონებას წლები ვერაფერს უშვება.
თუ არის გარკვეული კონკურენცია მამა-შვილს შორის, პროექტებზე მუშაობისას...
კონკურენცია არის და ჩხუბიც ხშირად მოგვდის. მას ჩემზე მეტი უკეთებია, მე კი მასთან შედარებით, მეტს ვმოგზაურობ. ბევრ რამეს სხვადასხვანაირად ვუყურებთ. საბოლოო ჯამში, ჩვენი განსხვავებული ხედვების, გამოცდილების ერთობლიობა და ეს კამათი ჩვენს კლიენტებს ძალიან სასიკეთოდ ადგება.
საქართველოში ჯუჯაროების რომელ ავტომობილებს შეხვდებით ყველაზე ხშირად?
საქართველოში ჯიპებია პოპულარული, ამ მარკით ბევრი არაფერი გვაქვს გაკეთებული. ისე, თუ არ ვცდები, რამდენიმე Daewoo Matiz-სა და Maserati Coupé-ს მოვკარი თვალი.
თქვენ მიერ განხორციელებული რომელი პროექტი მიგაჩნიათ ყველაზე წარმატებულად?
ავტომობილებიდან სამს დავასახელებ: პარადოქსია, მაგრამ ჩემ მიერ დაპროექტებული პირველი ექსპერიმენტული ავტომობილი Nazca, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გამოდგა. სულ ორ ეგზემპლარად გამოვუშვით. რადგან პირველი იყო, მასზე ყველაზე მეტხანს, რვა თვის განმავლობაში ვმუშაობდი. ეს დიდი ბედნიერებაა, იმის ფონზე, რომ დღეს ხანდახან ოცდაათ პროექტზე მიწევს ერთდროულად მუშაობა. ასევე დავასახელებდი Daewoo Matiz-ს, რომელსაც მთელ მსოფლიოში შეხვდები და ერთ-ერთ ბოლო, ასევე ექსპერიმენტულ ნამუშევარს VOLKSWAGEN-თან, რომელმაც სისწრაფის რეკორდი მოხსნა, საათში 322 კილომეტრს ავითარებს.
ექსპერიმენტული VOLKSWAGEN-ი
ამ სისწრაფით სად შეიძლება რომ იარო?
ამ სისწრაფით თუ იარე, ალბათ მთვარეზე მოხვდები. გერმანიაში, ზოგიერთ ზონაში არსებობს ავტობანები, სადაც სისწრაფეზე არ არის ლიმიტი, თუმცა, რეალურად, ვერსად ივლი. უბრალოდ, სისწრაფის მაჩვენებლის ზრდა, თავად ავტომობილის გაუმჯობესებას უწყობს ხელს და ამით VOLKSWAGEN-ის შესაძლებლობები ვაჩვენეთ. ეს მანქანა ხუთ ეგზემპლარადაა გამოსული და ერთ-ერთი ჩვენს მუზეუმში ინახება. რაც შეეხება წარმატებულ არქიტექტურულ ნამუშევარს, ასეთად საგანგებოდ ტურინის ოლიმპიადისთვის აგებული პავილიონი მიმაჩნია. ძალიან ფრთხილი სამუშაოს ჩატარება მოგვიწია. პავილიონი ბაროკოს ხანის მოედანზე დავდგით და ჩვენი მიზანი იყო, შეგვენარჩუნებინა ამ ისტორიული მოედნის სახე და, ამავდროულად, შეგვექმნა თანამედროვე წარმოდგენებისთვის შესაფერისი გარემო. მართალია, ამ პროექტმა დიდი კრიტიკა დაიმსახურა, რადგან ეს დროებითი კონსტრუქცია ადგილიდან დროულად ვერ აიღეს, მაგრამ თავისი ფუნქცია კარგად შეასრულა.
როდის აპირებთ საქართველოში დაბრუნებას?
მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ და ვნახოთ. იმედია, მალე მომიწევს დაბრუნება. საქართველოს ამჟამად კარგად არ იცნობენ, ისევე როგორც კორეას 20 წლის წინ, როდესაც იქ პირველმა მამაჩემმა დაიწყო ავტომობილის კეთება. თუმცა, დღეს კორეის საავტომობილო სახლი, ზოგიერთ ბაზარზე უკვე მესამე ადგილს იკავებს. დროა საჭირო და ვფიქრობ, რომ საქართველო ამგვარი სულისკვეთებით ბევრის გაკეთებას შეძლებს.
ჯორჯეტო ჯუჯარო - იტალიელი ავტოდიზაინერი. მუშაობდა ისეთი ავტომობილების დიზაინზე, როგორებიცაა: Lamborghini; BMW; Ferrari; Volkswagen; Bugatti და ა.შ. 1965 წლიდან ჯუჯარო იტალიური მატარებლების მთავარი დიზაინერია. მისი შემუშავებულია ფოტოაპარატ Nikon-ის კორპუსების დიზაინი და კომპანია Apple-ის კომპიუტერული პროტოტიპები. მიღებული აქვს მრავალი ჯილდო, მათ შორის, იტალიის რესპუბლიკის ოქროს მედალი. 1999 წელს, ჯორჯეტო ჯუჯარო საუკუნის დიზაინერად აღიარეს
![]() |
31 ახალი ბრიტანიკა |
▲back to top |
კულტურა
ნიკა ესებუა
ენციკლოპედია ბრიტანიკა პირველად 1768 წელს გამოვიდა. ის ციფრული ერის დადგომამდე მყარად ინარჩუნებდა პოპულარობასა და საუკეთესო ენციკლოპედიის სახელს. დღეს ბრიტანიკასგან მხოლოდ სახელიღა დარჩა. მფლობელები დაიღალნენ ფულის დაკარგვით და გამოაცხადეს, რომ ამიერიდან ენციკლოპედიის ბეჭდური ვერსია აღარ გამოვა. ბრიტანიკა მხოლოდ ინტერნეტში იარსებებს. „მიუხედავად ჩვენი გრძელი ბეჭდური ისტორიისა, არასოდეს ყოფილა მნიშვნელოვანი ფურცელზე ვიარსებებდით თუ ციფრულ სამყაროში. ჩვენი მთავარი მისიაა ვიყოთ მუდამ სანდო, სწრაფი, ინტელექტუალური წყარო ცოდნის მიღებისა. მე მიმაჩნია, რომ 200 წლის შემდეგაც მისია იგივე დარჩება, შემდეგი თაობები კი საუკეთესო ტექნოლოგიებს გამოიყენებენ, რათა ეს უზრუნველყონ“, - ეს კორპორაცია „ენციკლოპედია ბრიტანიკას“ პრეზიდენტმა, ხორხე კაუზიმ, განაცხადა. „ჩვენ არ შეგვიძლია დავწეროთ თითოეულ მულტფილმის პერსონაჟზე, ცნობილი ხალხის თითოეულ სასიყვარულო თავგადასავალზე, მაგრამ გვჭირდება ალტერნატივა, სადაც ფაქტები მნიშვნელოვანია. ბრიტანიკა ინფორმაციულად უზარმაზარი არა, მაგრამ მუდამ ფაქტობრივად ზუსტი იქნება“. ამ განცხადებაში კაუზიმ კბილი ინტერნეტგიგანტს და უდიდეს ენციკლოპედიას, ვიკიპედიას, გაკრა. ვიკიპედია ინტერნეტბაზარზე ბრიტანიკას უმთავრესი კონკურენტი იქნება და ომი, რომელიც ჯერ არ დაწყებულა, თითქმის მოგებული აქვს. მიზეზი მარტივია - ვიკიპედია სრულიად უფასო საიტია, სადაც გაცილებით მეტი ინფორმაციაა. ბრიტანიკაზე ინფორმაციის მოპოვება კი ფასიანი იქნება. ბრიტანიკას ერთ-ერთი უმთავრესი პლუსი მისი სახელია, მიუხედავად იმისა, რომ ვიკიპედია მსოფლიოს ტოპ 10 ნახვად საიტებში შედის, ბრიტანიკას 500 000 ხელმომწერი ჰყავს, რომელიც წელიწადში 70 დოლარს იხდის, რათა სასურველი ინფორმაცია მიიღოს.
შეიძლება ბრიტანიკას მოწინააღმდეგე ვიკიპედია არასოდეს ყოფილიყო, რომ არა გამომცემლობის უარი Microsoft-ისთვის. 80-იან წლებში, როდესაც კომპიუტერი ჯერ კიდევ ფეხს იდგამდა, Microsoft-მა ბრიტანიკას Windows 1.0 ვერსიისთვის, თავისი ენციკლოპედიის კომპიუტერული ვერსიის შექმნა შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო. Microsoft-მა Funk & Wagnall's-თან თანამშრომლობით ენციკლოპედია Encarta შექმნა, რომელიც Windows-ის დისკს უფასოდ მოყვებოდა. პროგრამა 1993 წელს გამოვიდა, შედეგად - თუ 1990 წელს ბრიტანიკას შემოსავალი 650 მილიონი დოლარი იყო, 1996 წელს გაკოტრებული კორპორაცია 135 მილიონად გაიყიდა. ამაში ერთ-ერთი „მთავარი დამნაშავეა“ Encarta. ბრიტანიკას მფლობელებმა ბეჭდური ვერსიის გაყიდვების შემცირების შიშით უარი თქვეს Microsoft-თან თანამშრომლობაზე, რადგან ვერ გაითვალისწინეს მთავარი - ტექნოლოგია ცოდნას იაფს ხდის. Encarta-ს Microsoft-ისთვის ფული არასოდეს მოუტანია (უფასო იყო), სამაგიეროდ Windows-ის გაყიდვებს შეუწყო ხელი. თავად Encarta-მ ვიკიპედიას კონკურენციას ვერ გაუძლო და 2009 წელს შეწყვიტა არსებობა. The reader's guide, The World Almanac, Roget's Thesaurus - ეს ის გამოცემებია, რომლებიც დღეს მხოლოდ ინტერნეტში არსებობს, ბრიტანიკაც მათ რიცხვს შეუერთდა. წიგნები, ისევე როგორც ფილმები, მუსიკალური ალბომები თანამედროვე ტექნოლოგიების წინაში უძლურები არიან. გადარჩენის ერთადერთი შანსი მათთან ინტეგრაციაა. ბეჭდური გამოცემა უფასო ენციკლოპედიას არ დაუმარცხებია, ის თავად კომპიუტერის მსხვერპლი გახდა.
![]() |
32 შავი ლომი - ზეპური სიმყუდროვე |
▲back to top |
გურმანი|რესტო
გიგო მესხიშვილი
მისამართი: ამაღლების ქ. 23
უბანი: სოლოლაკი
ტელ: +995 32 2931007
სამზარეულო: ქართული
საათები: 9:00-20:00
ბარათები: მიიღება
ფასი: 80-130 ლარი (სადილი ორ კაცზე, ღვინის და სერვისის ჩათვლით)
პარკინგი: რესტორნის წინ
ელ-ფოსტა: shavilomi@gmail.com
საათები: 12:00-02:00
ვინც ამ სიტყვის, ზეპურის მნიშვნელობა არ იცის, გეტყვით, რომ ქართულ ენაზე დაახლოებით ასე ითარგმნება ჩვენში გავრცელებული გამოთქმა „სვეტსკი“. დიახ, ეს რესტორანი ე.წ. თბილისური ზეპური ობიექტების რიცხვში შეგვიძლია მოვიაზროთ, ოღონდ, განსხვავებით ზედმეტად გაკრიალებული და გაწკეპილებისგან, ის უფრო შინაურული გარემოთი იპყრობს ყურადღებას და თავისი წინამორბედების გზას აგრძელებს. მაგალითად, პურპურისას - ინტერიერი კარგად დაძველებული, გაურემონტებელი სოლოლაკური ბინისა და ტრადიციული თბილისური სარდაფის ნაზავია - ფარატინა კარებები, ძველი საკეტები, აგურის კედლები, ბუფეტები, 70-იანი წლების გადასაფარებლები, შერეული სკამები, ფეხის მოსართხმელი ბალიშები, თუშფალანგისგან (აი, მაკარონს რო ვწურავთ ხოლმე) გაკეთებული მახვილგონივრული „აბაჟურები“ და სხვა დეტალები. ერთი სიტყვით, საბჭოთა კემპისა და ძველი თბილისური მემკვიდრეობის ნაზავი.
მომსახურება სასიამოვნოა, შეხუმრებებით და რჩევა-სურვილების გულითადი გაზიარებით. მაგალითად, მასპინძელმა გოგონამ, როდესაც ბარაქიანად შევუკვეთეთ, ასე გვითხრა, „რამე რომ დამიტოვოთ, აქ მეორეჯერ არ შემოგიშვებთო“. გავიღიმეთ და ღვინის ბარათი მოვითხოვეთ. „აგერ არა ვარ ღვინის ბარათი?“, კიდევ ერთხელ იხუმრა გოგონამ. ამჯერად გავიცინეთ, მაგრამ სახეები მოგვეღრიცა, როცა დავრწმუნდით, რომ ღვინის ბარათზე არც უნდა გვეოცნება. გოგონამ ჩამოთვალა 2 კომპანიის 6-7 ღვინო, ორიც ჩამოსასხმელი და ამით ამოწურა თემა.
ხემსად გახუხული ლავაში და ორნაირი სტარტერი მოგვიტანეს - შეკმაზული გოგრის პიურე და ჭარხლის ფხალი. შემდეგ თელავის მარნის წინანდალი მოვწრუპეთ (ბოთლი 22.00 ლ.) და წვნიანების ჯერიც დადგა. გოგრის სუპი (4.00 ლ.) კარგი იყო, ცხარე, გემრიელი, ზედაპირზე მოტივტივე წერეთლის მწვადით (გოგრის თესლებით). ტყემლის ბულიონი (5.00 ლ.) საქონლის ხორცით მოვიდა და პირველი შთაბეჭდილებით ძალიან ჰგავდა სუფხარჩოს, თუმცა ტყემლის მჟავიანობამ სულ ცოტათი ხბოს ჩაქაფულიც გამახსენა. ბულიონმა სიმჟავით წინანდალიც კი გადაჩრდილა, ეს ღვინო უფრო გოგრის სუპმა მოიხდინა.
შესანიშნავი იყო შერეული მწვანე სალათი ქათმით და ჯანჯაფილის სოუსით (15.00 ლ.) - ოთხნაირი სალათის ფურცელი, პამიდორი ჩერი და შეფაკლული ქათმის თეთრი ხორცი. ნაკლებად მომეწონა ბროწეულის წვენში მომზადებული საქონლის ხორცი (12.00 ლ.), რომელიც პიურეთი შემოვიდა, სამაგიეროდ ინტრიგა შემოიტანა შავი ლომის ხარჩომ ინდაურის ხორცით (15.00 ლ.). მოხალული სიმინდის ფქვილით აცხობენ კვერს, რომელსაც ხარჩოს სოუსს ასხამენ, ინდაურის თეთრი ხორცით. კვერი გემოზე უფრო გაფიცხებულ ღომს ჰგავდა. ჩავთვალეთ, რომ კერძს ძალიან მოუხდებოდა კახური, ქვევრში დაყენებული ღვინო, ანდა იმერული ცოლიკოური. მაგრამ ამ რესტორანში კახური ისეთ უცნაურ ღვინოს ჰქვია, რომ ეგრევე გადავიფიქრეთ. ცოლიკოურზე არც კი გვიოცნებია.
კინაღამ დამავიწყდა, ძალიან გემრიელი ჯანჯაფილის ლიმონათი აქვთ შავ ლომში (1 ჭიქა, 4.50 ლ.), ლიმონით და ყინულებით. აჩხრიალე, წრუპე და ინებივრე. იქაური მწვანე ჩაი (5.00 ლ.) კი საშინელება იყო, ვერც კი მივხვდით რას ვსვამდით. თაფლში ჩაწყობილი ყველიც სრული იმედგაცრუება აღმოჩნდა (8.00 ლ.). ჯერ ერთი, ყველი იმ წამს ჩააწყეს თაფლში, მოტანამდე, თანაც ყველი იყო მძაფრი, ამძაღებულიც კი. როდესაც თაფლიან ყველთან სადესერტო ღვინო მოვითხოვეთ, ძალიან დაავადებული ნახევრადტკბილი ღვინო მოგვიტანეს, არავინ უწყოდა რა ჯიშიდან იყო დაყენებული და არც ის, თუ ვისი შემოქმედების, უფრო სწორად, ზერელობის ნაყოფი იყო ეს ცხოველური ტონებით გაძეძგილი სასმელი. საფერავი, რომელიც საქონლის ხორცს მივაყოლეთ, თავიდან ნორმალური გვეჩვენა, მაგრამ მალე ყველაფერი გაქრა ღვინიდან და გადაჟანგული დაბურული სითხე შეგვრჩა ხელთ.
ცხადია, ღვინოსთან დაკავშირებული შენიშვნები მარტო რესტორანს არ ეკუთვნის. რა ქნან, ასეთია ზოგადი ტენდენცია. თუმცა ერთი რამე აუცილებლად უნდა ითქვას, რესტორანი არაფერს აკეთებს თავისი კერძებისთვის შესაფერისი ღვინის მოსაძიებლად და ამით შეფ-მზარეულის შრომას წყალში ყრის. არადა, მთლიანობაში სამზარეულოში საინტერესო ამბები ხდება - ცდილობენ, იგონებენ, აუმჯობესებენ, ახალ დეტალებს უმატებენ ძველ კერძებს. ბოლოს „მთავრობის ხალხი“ მოვიდა, 10 კაცზე მეტნი იყვნენ და მიმტანების ყურადღებამ ძირითადად მათ მრგვალ მაგიდასთან გადაინაცვლა, თუმცა ჩვენც გვიპაჭუნებდნენ თვალს, აქაოდა გვახსოვხართ, არ დაგივიწყებთ, ახლავე მოვალთ, ანგარიშს მოგართმევთო.
![]() |
33 კრევეტის კოქტეილი (სამარხვო) |
▲back to top |
გურმანი|რეცეპტი
შეფ-მზარეული:
ქეთი ბაქრაძე
2 ულუფა
მასალა:
2 ავოკადო
ნახევარი შეკვრა სამარხვო მაიონეზი სლობოდა
250 გრ. მომცრო ზომის კრევეტი
2 სუფრის კოვზი კეტჩუპი
ნახევარი ლიმონი
1 სუფრის კოვზი
ვურსტერის სოუსი
მარილი
ჯამში: 20 ლარი
მომზადების წესი:
ადუღებულ წყალში ჩაყარეთ კრევეტები და მოხარშეთ 3 წუთი.
მოხარშული კრევეტები მოათავსეთ ღრმა ჭურჭელში, მოასხით მაიონეზი, კეტჩუპი, ნახევარი ლიმონის წვენი, ვურსტერის სოუსი, კარგადგად აურიეთ და მოაყარეთ მარილი გემოვნებით.
გაჭერით ავოკადო, გამოაცალეთ კურკა და კოვზით გაასუფთავეთ ავოკადოს გული.
შეზავებული კრევეტები ჩადეთ ავოკადოში და დააგემოვნეთ.
ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი