![]() |
ტაბულა №47 |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: დანბარ-ჯონსონი სტივენ, ხორბალაძე თამარ, ავალიანი დიმიტრი, უგულავა სალომე, სუთიძე ლევან, ტორონჯაძე მირიან, თოდუა მაია, ჯაფარიძე ზურა, გამცემლიძე მაკა, ჩერგოლეიშვილი თამარ, ქორიძე ავთო, მამალაძე სალომე, ბასილაია მიხეილ, კვანჭილაშვილი ელენე, ელერდაშვილი ვახო, მელაძე გიორგი, გოდუაძე ლაშა, თალაკვაძე ზურაბ, ბარათაშვილი ბიძინა, ლორთქიფანიძე მერაბ, ბურჭულაძე ზაზა, კიკნაველიძე თამარ, კეკელიძე გიორგი, კორძაია-სამადაშვილი ანა, კლდიაშვილი თინათინ, სხირტლაძე ანანო, ოუნი შარბელ, დეისაძე ეკო |
თემატური კატალოგი ტაბულა |
საავტორო უფლებები: © თამარ ჩერგოლეიშვილი |
თარიღი: 2011 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: 2011|14 -20 მარტი მთავარი რედაქტორი: თამარ ჩერგოლეიშვილი/აღმასრულებელი რედაქტორები: ნინი გოგიბერიძე, სალომე კიკალეიშვილი/რედაქტორები: ქეთი მსხილაძე, ელენე კვანჭილაშვილი, ლევან რამიშვილი, დავით კოვზირიძე, ნინო მაჭარაშვილი/უცხოელი მრჩეველი: ბარბარა სვანი/ჟურნალისტები: გიორგი კეკელიძე, სალომე უგულავა, მაკა გამცემლიძე, ავთო ქორიძე, თამარ ხორბალაძე, თეონა ტურაშვილი, ირაკლი კიკნაველიძე, ლევან სუთიძე, მირიან ტორონჯაძე, თეონა კოკიჩაიშვილი, ანდრო ჯანდიერი, სიმონ მაჩაბელი, ლაშა გოდუაძე, ზურაბ თალაკვაძე, ნიკა ესებუა, ანანო სხირტლაძე, მიშა ბასილაია/ვებმენეჯერი: სანდრო თარხან-მოურავი, ევან მეტრეველი/კორექტორი: ნინო საითიძე/არტრედაქტორი: ბაჩა მალაზონია/დიზაინი & პრეპრესი: კახა დოლიძე, ნიკა კუპრაშვილი/ფოტორედაქტორი: დიმა იკვაიძე/ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი, ხათუნა ხუციშვილი/გამომცემელი: სამოქალაქო განათლების ფონდი/ოფის მენეჯერი: ნათია სოფრომაძე/მარკეტინგი: გიორგი ფრუიძე/ყოველკვირეული ჟურნალი ტაბულა, ტელ: + 995 32 420 300, e-mail: info@tabula.ge/სტამბა: სეზანი, მის: წერეთლის 140, ტელ: + 995 32357002/357005, ფაქსი: + 995 32 357004/© 2010 საავტორო უფლებები დაცულია, ჟურნალში გამოქვეყნებული მასალების გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე კრძალულია. | პარტნიორი: მედია მენეჯმენტ სერვისი, ტელ: + 995 32 92 33 47/48/49; ფაქსი: 995 32 92 08 82, e-mail:info@mmservice.ge გარეკანი: © ტაბულა |
![]() |
1 სიტყვასიტყვით |
▲back to top |
„საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხს ჩვენ რუსულ მხარესთან შეხვედრისას ყველა შესაძლო მომენტში ვაყენებთ. ნათლად ვაცხადებთ, რომ ამას სამხედრო ოკუპაციად განვიხილავთ“.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ფილიპ გორდონმა ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. 4 მარტი
„გადავწყვიტეთ, რომ ქვეყანაში ყოველმხრივი საკონსტიტუციო რეფორმა გავატაროთ. საჭიროა ინდივიდუალური და კოლექტიური თავისუფლებების გაფართოება“.
მაროკოს მეფემ, მუჰამედ მეექვსემ ქვეყანაში დაწყებული საპროტესტო აქციებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ ხალხს ტელევიზიით მიმართა დაგადადგომაზე უარი განაცხადა, თუმცა მოსახლეობას დემოკრატიული რეფორმების გატარებას დაჰპირდა. 9 მარტი
„დროა, კოტ დ'ივუარის პრეზიდენტი, ლორან გბაგბო გადადგეს. უიარაღო, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ძალადობის ფაქტები ზიზღს იწ ვევს“.
აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ კოტ დ'ივუარში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირება დაგმო. ქვეყანაში სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც 2010 წლის ნოემბერში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ პრეზიდენტმა გბაგბომ თავისი პოლიტიკური ოპონენტისთვის ძალაუფლების გადაცემაზე უარი განაცხადა. 9 მარტი
„დადგა დრო, რომ ჩემი ფორმალური ძალაუფლება არჩეულ ლიდერს დავუთმო. ჩემს ამ სურვილს არაფერი აქვს საერთო პასუხისმგებლობის თავიდან აცილების სურვილთან. ეს იმიტომ მინდა, რომ გრძელვადიან პერიოდში ტიბეტელებისთვის სასარგებლო იქნება“.
ტიბეტის სულიერმა ლიდერმა, დალაი ლამამ ეს განცხადება ჩინეთის ბატონობის წინააღმდეგ ტიბეტელების 1959 წლის ამბოხების წლისთავზე გააკეთა. 10 მარტი
![]() |
2 კვირა |
▲back to top |
5 მარტი
ხორვატიაში მასობრივი ანტისახელისუფლებო დემონსტრაცია გაიმართა. ქვეყნის დედაქალაქში 10 ათასზე მეტი ადამიანი ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით შეიკრიბა. Facebook-ით ორგანიზებულ აქციებს შორის, ეს შეკრება ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა. დემონსტრანტები ზაგრების ცენტრში ჯგუფებად გადაადგილდებოდნენ და ხელისუფლების გადადგომას მოითხოვდნენ. ისინი მინისტრთა კაბინეტის წევრებს და მმართველ პარტიას - ხორვატიის დემოკრატიულ თანამეგობრობას - კორუფციაში და ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით, ქვეყნის ინტერესების ღალატში ადანაშაულებდნენ. მმართველი პარტიის შტაბ-ბინას თან პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებაც მოხდა.
6 მარტი
მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების შესახებ რუსეთ - საქართველოს მოლაპარაკებებში აშშ არ ჩაერევა. ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტის მრჩეველმა, მაიკლ მაკფოლმა განაცხადა. „პროცესი მიდის. არ მინდა წინასწარი დასკვნები გავაკეთო, რადგან ჩვენ ამ პროცესში არ ვმონაწილეობთ. ვფიქრობ, მხარეები ხვდებიან, რომ ამ საკითხს სერიოზულად უნდა მიუდგნენ და მოსკოვი არ უნდა ელოდოს ამერიკის ზემოქმედებას საქართველოზე, რადგან ამას ჩვენ არ ვაპირებთ“, განაცხადა მაკფოლმა.
7 მარტი
ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი ევროპულ ტურნეში გაემგზავრა, რომლის ფარგლებშიც იგი ფინეთს, მოლდოვასა და რუსეთს ესტუმრება. ტურნე 7-დან 11 მარტამდე გაგრძელდება. მოსკოვში დაგეგმილ შეხვედრებზე, მოლაპარაკებების მთავარი თემა სავარაუდოდ რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანება და ლიბიაში მიმდინარე მოვლენები იქნება.
მოსკოვის ერთ-ერთ პრესტიჟულ კლუბში ჩატარდა წვეულება “Putin Party. პრემიერ-მინისტრი მინდა“. პუტინის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ხელისუფლებას არ შეუძლია აკრძალოს წვეულება, მაგრამ მის გამართვას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. მიუხედავად ამისა, წვეულება ყოველგვარი პრობლემების გარეშე ჩატარდა. კლუბის ადმინისტრაციამ განმარტა, რომ ყველაფერი კანონის ფარგლებში მოხდა და წვეულების მთავარი პერსონაჟი მხოლოდ კლიენტების სიმპათიების მიხედვით აირჩა. კლუბის კლიენტი ქალბატონების და მომსახურე პერსონალის გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ, მათი აზრით, პუტინი იდეალური მამაკაცია.
საფრანგეთში ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, ჟაკ შირაკის სასამართლო პროცესი დაიწყო. სამართალდამცველების განცხადებით, პარიზის მერის თანამდებობაზე ყოფნის დროს შირაკი თანამდებობრივ უფლებამოსილებებს აჭარბებდა და პარიზის ბიუჯეტიდან თანხებს საკუთარი პარტიის დასაფინანსებლად იყენებდა. მას ასევე ბრალად ედება პარიზის მერიაში 28 ფიქტიური სამუშაო ადგილის შექმნა მმართველი პარტიისთვის შემოსავლების გაზრდის მიზნით. საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ყველა ბრალდებას უარყოფს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 78 წლის შირაკს 10-წლიანი პატიმრობა და 150 ათასი ევროს ოდენობის ჯარიმა ემუქრება.
მუსლიმთა 4000-კაციანი ჯგუფი ეგვიპტის ერთ-ერთ სოფელში თავს დაესხა კოპტი ქრისტიანების სახლებს. თავდამსხმელებმა ქაიროდან 30 კილომეტრში მდებარე სოფელში ეკლესიაც დაწვეს. ეს ბოლო ორი თვის მანძილზე ეგვიპტეში კოპტებზე თავდასხმის მეორე გახმაურებული შემთხვევაა. ახალი წლის ღამეს ქალაქ ალექსანდრიაში თვითმკვლელმა ტერორისტმა კოპტურ ეკლესიასთან თავი მაშინ აიფეთქა, როცა მლოცველები ტაძრიდან გამოდიოდნენ. აფეთქებას მაშინ 21 ადამიანი ემსხვერპლა, 97 კი დაიჭრა.
8 მარტი
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საფრანგეთი პოლონეთს და შვედეთს აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის შეწყვეტით ემუქრებოდა, თუ ისინი რუსეთ- საქართველოს ომის გამო მოსკოვისთვის დაწესებულ სანქციებს არ გააუქმებდნენ. საინფორმაციო პორტალ Wikileaks-ზე გამოქვეყნებულ მასალებზე დაყრდნობით, EUobserver.com იუწყება, რომ 2008 წლის ნოემბერში შვედმა დიპლომატმა ამის შესახებ ამერიკელ კოლეგას, რობერტ სილვერმანს აცნობა. სილვერმანის ჩანაწერებში აღნიშნულია, რომ საფრანგეთი შვედეთსა და სხვა ქვეყნებზე ზეწოლას ახდენდა, რათა მათ ევროკავშირ-რუსეთის მოლაპარაკებები გაეგრძელებინათ. „როგორც კი რუსეთთან პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების გამართვა გადაწყდა, შვედეთს და პოლონეთს მწვანე შუქი მისცეს, რომ მუშაობა გაეგრძელებინათ [აღმოსავლეთ პარტნიორობის პროექტზე]“, ნათქვამია სილვერმანის ჩანაწერში.
მინიმალური პენსიის 100 ლარამდე გაზრდის შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსოფლიოში პროდუქტებზე ფასების ზრდასთან არის დაკავშირებული. ამის შესახებ განცხადება პრეზიდენტის პრესსპიკერმა, მანანა მანჯგალაძემ გააკეთა. საპენსიო რეფორმის მომზადება პრეზიდენტმა მთავრობას უკვე დაავალა და რეფორმასთან დაკავშირებული წინადადებები უახლოეს თვეებში მომზადდება. „პენსიის მატება, ენერგო და სასურსათო ვაუჩერების დარიგებასთან ერთად, იმ ანტიკრიზისული პროგრამის ნაწილია, რომელიც საქართველოს მთავრობამ ინფლაციის საწინააღმდეგოდ შეიმუშავა“, აღნიშნა მანჯგალაძემ. გაზრდილ პენსიას მოსახლეობა 1 სექტემბრიდან მიიღებს.
9 მარტი
ჩეჩნეთის პრეზიდენტის, რამზან კადიროვის გუნდი ბრაზილიელ ფეხბურთის ვარსკვლავებთან ამხანაგურ მატჩში 4:6 დამარცხდა. ჩეჩნების წინააღმდეგ სათამაშოდ გროზნოში ცნობილი ბრაზილიელი ფეხბურთელები, მათ შორის რომარიო, ბებეტო, დუნგა და კაფუ ჩავიდნენ. კადიროვი, რომელმაც მატჩამდე 6 კგ დაიკლო, თავად იყო გუნდის კაპიტანი. მის გუნდში ლეგენდარული ჰოლანდიელი ფეხბურთელი, გროზნოს „ტერეკის“ მთავარი მწვრთნელი, რუუდ გულიტი და გერმანელი ლოთარ მათეუსი თამაშობდნენ. კადიროვმა ორი გოლი გაიტანა და ორი პენალტი ააცილა. ტაიმებს შორის შესვენების დროს კი მან მოედანზე ლეკური იცეკვა. რუსული მედიის ცნობით, ბრაზილიელებთან გამართული მატჩი ჩეჩნეთის იმიჯის ამაღლებას ემსახურებოდა.
მოსახლეობას 30-ლარიანი სასურსათო ვაუჩერები დაურიგდება. ვაუჩერი საქართველოს მილიონამდე მოქალაქეს გადაეცემა და ელექტროენერგიის ვაუჩერის სიის მიხედვით დარიგდება.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი მოჰამედ ალ-ბარადეი ეგვიპტის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნები აგვისტოში გაიმართება. „ჩემთვის პატივი იქნება, ვემსახურო ეგვიპტელ ხალხს და სახელმწიფოს მმართველობის რეფორმასა და განახლებული პოლიტიკური სისტემის მშენებლობაში საკუთარი წვლილი შევიტანო“, - განაცხადა 68 წლის პოლიტიკოსმა ქაიროში საკუთარ მხარდამჭერებთან შეხვედრისას.
10 მარტი
ლიბიის ლიდერის მუამარ კადაფის სამხედრო დაჯგუფებამ BBC-ის არაბული განყოფილების ჟურნალისტები დააკავა და სცემა. სამხედროებს სამი ჟურნალისტი 21 საათის მანძილზე ჰყავდათ დაკავებული. ჟურნალისტების თქმით, ლიბიის საიდუმლო პოლიციის თანამშრომლები და სამხედრო მოსამსახურეები მათ მუშტებით, წიხლებითა და იარაღის კონდახით სცემდნენ.
![]() |
3 ხარისხი ჩვენი რელიგიაა |
▲back to top |
არენა
ინტერვიუ IHT-ის გამომცემელთან სტივენ დანბარ-ჯონსონთან
სტივენ დანბარ-ჯონსონი, 2008 წლიდან, International Herald Tribune-ის გამომცემელია. სხვადასხვა დროს ამავე გამოცემის ვიცე-პრეზიდენტის და სარეკლამო განყოფილების დირექტორის თანამდებობებზე, 90-იან წლებში კი ბრიტანულ გამოცემა Financial Times-ში მუშაობდა. ტაბულა მას ტრადიციული მედიის მომავალზე, ახალი მედიის როლსა და ჟურნალისტიკის პროფესიულ სტანდარტებზე ესაუბრა.
რა გავლენას ახდენს ინტერნეტი და თანამედროვე ტექნოლოგიები ტრადიციულ მედიაზე?
შეხედულებები და მიდგომები მედიაბიზნესისადმი ძირეულად იცვლება. ვფიქრობ, ცვლილებების უმეტესობა პოზიტიურია, რადგან მასალის გამოსაქვეყნებლად ახალი პლატფორმები ჩნდება. საგაზეთო ინდუსტრიის ტრადიციულ მოდელში, გადამწყვეტი ტირაჟია, რადგან რეკლამა მასზეა დამოკიდებული. ინტერნეტმა კი რეკლამა ისე დაანაწევრა, რომ ტრადიციულ ბეჭდურ მედიაში - ყველაში ალბათ არა, მაგრამ უმეტესობაში - შემცირდება. რეკლამის შემცირება კი ტირაჟის კლებას გამოიწვევს.
პირადად მე ვფიქრობ, რომ ბეჭდური მედია ერთ ხანს კიდევ იარსებებს და საჭიროცაა, რომ იარსებოს. ამავე დროს, ტექნოლოგია ზღვა შესაძლებლობებს გვაძლევს სხვადასხვა სფეროში, რომელთა აღმოჩენასაც ახლა ვიწყებთ. ტექნოლოგია მკითხველისთვის ჩვენს პროდუქციას ისეთი ფორმით ხდის ხელმისაწვდომს, როგორზეც ადრე არ გვიფიქრია. მიმაჩნია, მომავალში ტექნოლოგია ბევრ რამეზე - მათ შორის ბიზნესის ფინანსურ მდგრადობაზე - გაგვცემს პასუხს.
ყველაზე პრობლემატური საკითხი გაურკვევლობაა - ის ბიზნესგეგმა, რომელიც დღეს კარგი გვგონია, შესაძლოა, 6 თვეში ან ერთ წელიწადში უვარგისი აღმოჩნდეს, რადგან ყველაფერი ძალზე სწრაფად იცვლება. ამიტომ, ჩვენს ბიზნესში ლავირებისათვის მუდამ მზად უნდა იყო. გაურკვევლობის პირობებში ბიზნესის მართვა ძალიან ძნელია. ჩვენს ინდუსტრიაში სამი რამით უნდა იხელმძღვანელო: ყველაზე მნიშვნელოვანი მასალის შინაარსი და ხარისხია. ხარისხი ჩვენი რელიგიაა, ვინაიდან ბიზნესის მომავალი ამაზე იქნება დამოკიდებული. მეორე კომპონენტი ჩვენი მომხმარებლებია. უნდა გვესმოდეს, რა უნდათ მათ, რა შესაძლებლობებს მისცემთ ტექნოლოგია მომავალში და როგორ მივაწვდით მათ ინფორმაციას ამ ტექნოლოგიის გამოყენებით. მესამე კომპონენტი ტექნოლოგიაა - მისი სრულად ათვისება და არა შიში. ხშირად გაიგონებთ: „ოჰ, ღმერთო ჩემო, ინტერნეტი დაგვასამარებს, სამუშაოს წაგვართმევს“. დროა, გავიზარდოთ! მომავალი ტექნოლოგიას ეკუთვნის და დროს ვერ შევაჩერებთ. ეს არის ის, რაც მომხმარებლებს სურთ და ამას ფეხი უნდა ავუწყოთ, ანდა არსებობა შევწყვიტოთ.
ბეჭდური მედიის არსებობა ახსენეთ. ფიქრობთ, რომ შეიძლება ის გაქრეს? თუ კი, როდის?
არა მგონია, რომ ეს ახლო მომავალში მოხდეს. ამას ჩვენი გამოცდილება მალაპარაკებს. ჩვენი ტირაჟი იზრდება, არ შემცირებულა. მკითხველებს ჩვენი პროდუქციის ბეჭდური ფორმით მოხმარება სურთ. ჯერჯერობით ბეჭდურ პროდუქციაზე შემოსავლების ყველაზე დიდი წილი მოდის. ამრიგად, სანამ ბეჭდური პროდუქცია ეკონომიკურად სიცოცხლისუნარიანია და მომხმარებელიც ითხოვს, ამის კეთებას გავაგრძელებთ.
ბეჭდური მედიის უარყოფითი მხარე მისი ფასია. საბეჭდი ქაღალდი, ბეჭდვა, დისტრიბუცია ძვირია და კიდევ უფრო ძვირდება. ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი, ბეჭდვისა და დისტრიბუციის პროცესი სერიოზული პრობლემა ხდება. მაგრამ ჩვენი საქმე არც ბეჭდვაა და არც დისტრიბუცია. მასთან შეხება იმიტომ გვაქვს, რომ მომზადებული მასალები უნდა გამოვაქვეყნოთ. მაგრამ თუ ამას დავივიწყებთ და მხოლოდ მასალის შინაარსზე ვიქნებით კონცენტრირებულნი - რაც ჩვენი კომპეტენცია გახლავთ - შესანიშნავი იქნება. ბეჭდვისა და დისტრიბუციის ხარჯის მოცილებას თავისი უპირატესობები აქვს - ამ ეკონომიკურ მოდელზე აქტიურად უნდა ვიმუშაოთ და ვმუშაობთ კიდეც. შეერთებულ შტატებში ჩვენ, ბეჭდურ პროდუქციასთან შედარებით, მეტი ელექტრონული ხელმომწერი გვყავს. ამან პირველად დამაფიქრა, გვჭირდება თუ არა აშშ-ში ბეჭდური პროდუქცია. ეგებ სხვა მოდელია აუცილებელი, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს, მასალები გამოვაქვეყნოთ და ხალხსაც გავუადვილოთ მათი ხელმისაწვდომობა. ელექტრონული წიგნების ბაზარი - იქნება ეს Kindle, Ipad, Galaxy თუ Sony - ძალიან სწრაფად ვითარდება აშშ-ში. თუ ეს მოდელი ფინანსურად გამართლებული იქნება, რატომაც არა? შევწყვიტოთ ბეჭდვა, მაგალითად, აშშ-ში. ასევე მოვიქცევით თითოეულ ბაზარზე, როდესაც ეს მომენტი იქაც დადგება.
ინტერნეტი და თანამედროვე ტექნოლოგიები საშუალებას იძლევა ნებისმიერი ჩვენგანი იქცეს ერთგვარ ჟურნალისტად ისე, რომ პროფესიული სტანდარტების დაცვას ვერავინ მოსთხოვს და ვერავინ გააკონტროლებს. რა გავლენას ახდენს მზარდი ბლოგოსფერო რესპექტაბელური მედიის პროფესიულ სტანდარტებზე, მათი დაცვით მიმზიდველობას ხომ არ კარგავთ? ახალი რეალობა პროფესიონალიზმთან კომპრომისზე წასვლას ხომ არ გაიძულებთ?
ეს ძალიან კარგი კითხვაა და ვფიქრობ, მართლაც პრობლემაა, რომელსაც უნდა გავუმკლავდეთ. იმ ვითარებაში, როდესაც დიდი ხმაურია, როდესაც მედია სავსეა ინფორმაციით, ბლოგოსფერო - ძალიან აქტიური და ყველას შეუძლია თქვას ის, რასაც მოისურვებს, ვფიქრობ, ხალხი ისეთ მედია მიმართავს, რომელიც წყაროებს ეყრდნობა, სანდოა, დამოუკიდებელია, რომელიც ჟურნალისტურ სტანდარტებს იცავს - წყაროებს ამოწმებს, ფაქტებს აზუსტებს. რეპუტაცია ყველაზე მნიშვნელოვანი კაპიტალია და ხმაურიან მსოფლიოში მისი შენარჩუნება ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება.
ახალ რეალობასთან მორგებას რაც შეეხება - ადრე ასე ხდებოდა: ავიღებდით ახალ ამბავს, დავურთავდით მოსაზრებას, ანალიზს და გამოვაქვეყნებდით; მერე ვისხედით ჩვენთვის, პასიურად. ასე იყო ყოველდღე. ახლა ხალხი გვიკავშირდება, კითხვებს გვისვამს, პასუხებს ითხოვს. რეაგირებას გზადაგზა ვსწავლობთ, რადგან აუცილებელია. Twitter-ი ამის ძალიან კარგი მაგალითია. მაგალითად, ჩვენი ერთ-ერთი ავტორი, ნიკ კრისტოფი, Twitter-ს ძალიან აქტიურად იყენებს და მიაჩნია, მუდამ საქმის კურსში ყოფნისთვის, ის ძალიან სასარგებლო საშუალებაა. ამავე დროს, Twitter-ის ერთ-ერთი თვისება სისწრაფეა. წარმოიდგინეთ, ჩახვედით ქაიროში, ტაჰრირის მოედანზე მისვლამდე უამრავ შთაბეჭდილებას იღებთ და გძლევთ ცდუნება, რაც შეიძლება სწრაფად გაუზიაროთ ეს შთაბეჭდილებები სხვებს Twitter-ით. ეს ჟურნალისტიკა არ არის. ჟურნალისტიკა მოითხოვს, მიხვიდეთ ტაჰრირის მოედანზე, საკუთარი თვალით ნახოთ რა ხდება, გაესაუბროთ ერთ ადამიანს, მეორეს, დაფიქრდეთ იმაზე, რაც მათ გითხრეს, გააანალიზოთ და ასახოთ სრული სურათი. აი, ეს არის ჟურნალისტიკა და არა ტვიტერობა. ის შეიძლება სასარგებლო იყოს ინფორმაციული თვალსაზრისით, მაგრამ ჟურნალისტიკა არ არის. ხალხს უნდა მოვუსმინოთ და ნათქვამი სიფრთხილით, გონივრულად უნდა გამოვიყენოთ, და არა განურჩევლად.
2009 წლის ირანის მოვლენები კიდევ ერთი მაგალითია იმისა, როგორ ცვლის სოციალური მედია, ინტერნეტმედია, მობილური ინტერნეტი ჩვენი აზროვნების სტილს - უკეთესობისკენაც და უარესობისკენაც. ალბათ, გახსოვთ ახალგაზრდა გოგონა, ნედა აღა-სოლტანი, რომელიც ამ მოვლენების დროს დაიღუპა. მისი სიკვდილის ამსახველი, მობილური ტელეფონით გადაღებული სულისშემძვრელი ფოტოები სოციალური ქსელების მეშვეობით მთელ მსოფლიოს მოედო. ამის დადებითი მხარე ის იყო, რომ მკაფიოდ დაგვანახა, გვაგრძნობინა, ნათელი მოჰფინა იმას, რაც თეირანში ხდებოდა. რამდენიმე წლის წინ ეს შეუძლებელი იქნებოდა. მაგრამ ამავე სოციალურმა მედიამ სრულიად უდანაშაულო გოგონას ცხოვრება თავდაყირა დააყენა. ნედას ფოტოს ძიებაში, ვიღაცამ ჩათვალა, რომ Facebook-ზე მის გვერდს მიაგნო და ფოტო გამოაქვეყნა. თუმცა, ეს გვერდი სხვა გოგონასი იყო, რომელიც გარეგნობითაც ჰგავდა ნედას და სახელიც მსგავსი ჰქონდა. გოგონას ფოტო ოპოზიციის სახედ იქცა. ირანის რეჟიმმა მისი დევნა დაიწყო. გოგონა, რომელსაც არაფერი აკავშირებდა ოპოზიციურ მოძრაობასთან, იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა და დღესაც გერმანიას აფარებს თავს. მისი ფოტო გამოაქვეყნა CNN-მა, BBC World-მა, ჩვენ. ჩემი პოზიცია ასეთია - ჩვენ ჩვენი საქმე არ გავაკეთეთ. არ მოვძებნეთ წყარო, არ შევამოწმეთ, არ დავაზუსტეთ. ამ გოგონამ მოგვმართა, დაუკავშირდა ამერიკის ხმას და სთხოვა, მოხსენით ჩემი სურათი, მე ვარ ფოტოზე აღბეჭდილი ადამიანი და ცოცხალი ვარო, მის თხოვნას ყურადღება არ მიაქციეს.
ამრიგად, სოციალური მედია კარგია, მაგრამ მას საკუთარი გამოწვევები ახლავს, რასაც ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ.
მეინსტრიმ-მედიის მიმართ ხშირად ისმის საყვედურები, რომ ის მიკერძოებულია. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე?
მიუკერძოებლობა უმნიშვნელოვანესია ახალი ამბის გაშუქების დროს. რეპორტაჟისას სიზუსტეს, დაბალანსებულობას და ვითარების სრულად აღწერას დიდი როლი აქვს. ეს არის კარგი ჟურნალისტიკა, რეპორტიორობა ამას ჰქვია. ჩემთვის და იმ ორგანიზაციისათვის, რომელსაც წარმოვადგენ, არსებობს გამყოფი ხაზი ახალ ამბავს, მოსაზრებასა და ანალიზს შორის. ვიღაცის აზრი მისაღებია იმდენად, რამდენადაც სხვების შეხედულებებს მაგებინებს. მკითხველმა თავად გადაწყვიტოს გაითვალისწინებს თუ არა მოსაზრებას. ისინი, ვინც ამ გამყოფ ხაზს არ იცავენ, ახალ ამბავსა და მოსაზრებას ერთმანეთში ურევენ - და ასეთები მრავლად არიან - არასწორ გზას ადგანან.
თქვენ თქვით, რომ ტირაჟს რეკლამა განსაზღვრავს. რეკლამას კი ბიზნესი უკვეთავს. რამდენად ახდენს ბიზნესი გავლენას სარედაქციო დამოუკიდებლობაზე?
ჩვენს შემთხვევაში არანაირი კავშირი არ არსებობს სარეკლამო და სარედაქციო განყოფილებებს შორის. ეს ორი რამ მკაფიოდ უნდა გაიმიჯნოს. რედაქტორებს არ უნდა ჰქონდეთ კონტაქტი რეკლამის შემკვეთებთან.
ხშირად ხდება, როდესაც ამა თუ იმ კომპანიაზე კრიტიკულ სტატიას ვწერთ და აღმოვაჩენთ, რომ ამ კომპანიის რეკლამა გვაქვს გაზეთში განთავსებული. რეკლამის დამკვეთი გვსაყვედურობს ანდა სულაც წყვეტს რეკლამის განთავსებას ჩვენთან. მაგრამ გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ისინი ყოველთვის ბრუნდებიან. რატომ? იმიტომ, რომ იციან, რომ სტანდარტებს იცავ, ხარ სანდო და შესაბამისად, მკითხველს იზიდავ.
ჩვენს გაზეთს რეკლამისათვის არ ყიდულობენ. მას გამოქვეყნებული მასალისთვის, მასალის ხარისხისთვის, დამოუკიდებლობისთვის ყიდულობენ. ჩვენი მკითხველები კი ის ხალხია, ვისი გადაფარვაც რეკლამის დამკვეთებს სურთ. ამრიგად, თუ ერთ დამკვეთთან წავალთ კომპრომისზე, მეორესთანაც იმავეს გაკეთება მოგვიწევს.
კადრი ჟან-ლუკ გოდარის ფილმიდან „უკანასკნელ ამოსუნთქვაზე“
ქვთ თუ არა International Herald Tribune-ის თანამშრომლებს მანიფესტაციების და დემონსტრაციების ორგანიზების ან მათში მონაწილეობის უფლება?
ჩემი პასუხია, არა. მათ არ აქვთ უფლება, მონაწილეობა მიიღონ მანიფესტაციებში მიუხედავად იმისა, რომ ისინი ადამიანები არიან და საკუთარი პოლიტიკური შეხედულებებიც აქვთ.
![]() |
4 საარჩევნო კანონდებლობის ცვლილებების პროექტი ხელისუფლებისგან |
▲back to top |
პოლიტიკა
თამარ ხორბალაძე
პარტიებს შორის საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით მიმდინარე პოლიტიკური კონსულტაციები გასულ კვირას ახალ ფაზაში შევიდა. ნაციონალურმა მოძრაობამ საარჩევნო რეფორმის საკუთარი ხედვა წარმოადგინა.
ინიციატივაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა მაჟორიტარების არჩევის სისტემის ცვლილებაა. ამ წინადადების თანახმად, იმ მაჟორიტარულ ოლქებში, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 100 ათასზე მეტია, 1-ის ნაცვლად 2 დეპუტატი უნდა აირჩეს. ამით მაჟორიტართა მანდატების ჯამური რაოდენობა 10-ით გაიზრდება.
ინიციატორთა თქმით, ცვლილება ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის რეკომენდაციას პასუხობს - რომლის მიხედვითაც მაჟორიტართა მანდატები იმგვარად უნდა განაწილდეს, რომ ხმათა თანასწორობის პრინციპი არ დაირღვეს. მაჟორიტარული ოლქების ამომრჩეველთა რაოდენობას შორის 10, მაქსიმუმ 15-პროცენტიანი სხვაობაა დასაშვები. გამონაკლისი განსაკუთრებულ შემთხვევებში იქნება.
თუმცა, ხელისუფლების მიერ ინიცირებული გადაწყვეტილების მიღებით, 10-15- პროცენტიანი სხვაობის უზრუნველყოფა ვერ ხერხდება. მაგალითად გლდანის მაჟორიტარულ ოლქში, ორმანდატიანობის შემთხვევაში, ერთ მანდატზე 75 379 ამომრჩეველი მოდის. ეს მაშინ, როცა ბათუმის ოლქის ორმანდატიანად ქცევის შემდეგ, ერთი მანდატი 52 271 ამომრჩეველს მოიცავს. შესაბამისად, სხვაობა მათ შორის 30 პროცენტს აღემატება. აღარაფერს ვიტყვით იმ 20 ოლქზე (ადიგენი, ასპინძა, ლენტეხი, ცაგერი, ონი, ამბროლაური და ასე შემდეგ), სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 20 ათასზე ნაკლებია. გადაწყვეტილება ეუთოს მოთხოვნას ვერ პასუხობს. ამასთან - ხელისუფლების მიერ ინიცირებული სამი ვარიანტიდან ორი პარლამენტართა რაოდენობის გაზრდას, ანუ 2003 წლის რეფერენდუმის შედეგების გადახედვას გულისხმობს.
მაჟორიტარებთან დაკავშირებით, ეუთოს კოპენჰაგენის დოკუმენტის საფუძველზე, ნაციონალური მოძრაობის ინიციატივით, არჩევნებში მონაწილეობის უფლება დამოუკიდებელ კანდიდატებს აღუდგებათ.
სახელისუფლებო პარტიის წინადადებებიდან ერთ-ერთი ცვლილება საარჩევნო სიების ბიომეტრიული საბუთების საფუძველზე შედგენაა. ეს სატესტო რეჟიმით მხოლოდ თბილისში, დონორების ფინანსებით მოხდება. ოპოზიციის მოლოდინების თანახმად, ბიომეტრიული მონაცემებით საარჩევნო სიის შედგენა დუბლირებების, მკვდარი სულებისა და გაყალბებების საფრთხეებს შეამცირებს. ნაციონალური მოძრაობა სიებთან დაკავშირებულ ინიციატივაზე 189 მილიონი ლარის გამოყოფას (ასე აფასებს ხელისუფლება არჩევნების ბიომეტრიული მოწმობებით ჩატარების ხარჯს, ოპოზიციის გათვლით კი ეს თანხა 102.5 მლნ ლარია) არ თვლის მიზანშეწონილად. მაშინ, როცა ოფიციალური ინფორმაციით, 2011 წელს გზების დასაფინანსებლად საბიუჯეტო სახსრებიდან სულ 202 მილიონი ლარი იხარჯება, მოსახლეობის ამბულატორული მომსახურების ბიუჯეტი 27,1 მილიონი ლარია, უმაღლესი განათლების - 71,9 მილიონი ლარი, ავადმყოფთა და შეზღუდული შესაძლებლობების პირთა დაცვის - 10,7 მილიონი ლარი და ა.შ.
ამასთანავე, მათ არგუმენტად მოჰყავთ თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, 2010 წლის ივლისში, ამერიკის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები. კვლევის მიხედვით, 2010 წლის არჩევნებზე ამომრჩეველთა 95%25 საარჩევნო სიასთან დაკავშირებულ პრობლემებს არ შეხვედრია. უკმაყოფილება მხოლოდ 4%25-მა გამოხატა.
საარჩევნო პროცესისთვის საჭირო ფინანსები, ვადები, ადამიანური რესურსი და შესაძლო ტექნიკური პრობლემები ხელისუფლების მთავარი არგუმენტებია. ამიტომ, მმართველი პარტიის წინადადება მხოლოდ თბილისს ეხება და, ამასთან, არ გულისხმობს ე.წ. ბიომეტრიულ კენჭისყრას (როცა ბიომეტრიული პარამეტრების იდენტიფიცირება უბანზე ფოტოთი ან თითის ანაბეჭდით ხდება).
საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით ნაციონალური მოძრაობის მიერ წარმოდგენილი სხვა ინიციატივებია: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, არაგანზრახ დანაშაულისთვის 3 წლამდე მსჯავრდებული პირებისთვის კენჭისყრის უფლების მიცემა; ეუთოს რეკომენდაციის საფუძველზე საარჩევნო ადმინისტრაციაში პარტიული წესით დანიშნული პირის გამოწვევის შეზღუდვის დაწესება; პარტიათა მიერ საარჩევნო სიების გადამოწმების პროცესის მხარდაჭერა; გადასატანი ყუთის მეშვეობით კენჭისყრაში მონაწილეთა რაოდენობაზე ზედა ზღვარის დაწესება (ამ დროს პრობლემად რჩება პირის არჩევნებში მონაწილეობის უფლების დაცვა); საარჩევნო კოდექსის დარღვევისას ფულადი ჯარიმების გაზრდა და ა.შ.
საარჩევნო დიალოგში მონაწილე ოპოზიციური რვიანი (ეროვნული ფორუმი, კონსერვატორები, საქართველოს გზა, ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები, რესპუბლიკელები, ხალხის პარტია, მემარჯვენეები და ქრისტიან-დემოკრატები) საარჩევნო სიებთან დაკავშირებულ ინიციატივას იწონებენ, თუმცა მის მთელი საქართველოს მასშტაბით განხორციელებას ითხოვენ. ამ თემების გარდა, მათ პრინციპულ საკითხებად ცესკოს დაკომპლექტების წესისა და საარჩევნო დავების ბოლო ინსტანციად სასამართლოს სპეციალური კოლეგიის შექმნა მიაჩნიათ, რაც ნაციონალების პაკეტში წარმოდგენილი არ არის. საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხზე მომუშავე ჯგუფი ნაციონალების მიერ წარმოდგენილ წინადადებებზე დისკუსიას 23 მარტიდან დაიწყებს და საერთო პოზიციის ჩამოყალიბებასაც ამ პერიოდისთვის გეგმავს.
![]() |
5 კუს ნაბიჯებით უვიზო მიმოსვლისკენ |
▲back to top |
პოლიტიკა
თამარ ხორბალაძე
1 მარტიდან საქართველო-ევროკავშირს შორის ორი შეთანხმება შევიდა ძალაში. პირველი სავიზო რეჟიმის გამარტივებას ეხება და მისი დეტალების ირგვლივ ქართულმა მედიამ საკმაოდ აქტიური საინფორმაციო კამპანია აწარმოა. მეორე გახლავთ შეთანხმება რეადმისიის შესახებ, რომელიც ევროკავშირის ტერიტორიაზე საქართველოდან შესული არალეგალების (საქართველოს და მესამე ქვეყნების მოქალაქეების) უკან დაბრუნებას გულისხმობს.
ანალოგიური სავიზო რეჟიმით უკვე სარგებლობს უკრაინა, მოლდოვა (2008 წლის 1 იანვრიდან) და რუსეთი (2008 წლის 1 ივნისიდან). მათი გამოცდილება საქართველოსთვის საინტერესო უნდა იყოს.
2008 წელს უკრაინაში კვლევები ჩატარდა. მისი ავტორი უკრაინის მშვიდობის, გარდაქმნისა და საერთაშორისო პოლიტიკის ცენტრი გახლდათ. 800-მდე რესპონდენტი გამოჰკითხეს. გაირკვა, რომ უკრაინასა და ევროკავშირს შორის ხელშეკრულების ამოქმედებიდან 11 თვის შედეგად ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ ვიზის გაცემაზე ნათქვამი უარის რაოდენობა 12-14 პროცენტიდან 6,6 პროცენტამდე, ანუ დაახლოებით ორჯერ შემცირდა. თუმცა, მრავალჯერადი ვიზების ვადა 6-თვიან ზედა ზღვარს არ ასცილებია. ამას გარდა - სამიდან ერთ შემთხვევაში საკონსულოები კვლავ არ ასაბუთებდნენ საკუთარ გადაწყვეტილებას ვიზის გაცემაზე უარის შესახებ.
ამ გამოცდილების შესაბამისად, საქართველოში უახლოეს დღეებში მომენტალურ გაუმჯობესებას არ უნდა ველოდოთ. თუმცა, ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ხელშეკრულების ბაზაზე შეიქმნება საქართველო-ევროკავშირის ერთობლივი კომიტეტი, რომელიც ხელშეკრულების შესრულებას გააკონტროლებს. საქართველოს საშუალება ექნება, კომიტეტზე, უსამართლოდ არგაცემულ ვიზებთან დაკავშირებული საკითხები განიხილოს. მსგავსი დარღვევების შესახებ შეტყობინებები საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში დღემდეც შედიოდა, თუმცა ქართულ მხარეს მათზე სამართლებრივი რეაგირების ბერკეტი არ გააჩნდა.
რაც შეეხება რეადმისიის ხელშეკრულებას - მასთან ყველა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, არალეგალურად ემიგრირებული მოსახლეობის მასობრივად უკან დაბრუნების მოლოდინებია დაკავშირებული. უკრაინაში, საზღვრის დაცვის სამსახურის ინფორმაციით, რეადმისიის ხელშეკრულების ამოქმედებიდან 9 თვის განმავლობაში დაჩქარებული პროცედურებით ქვეყანაში უკან სულ 573 ადამიანი მიიღეს, აქედან 357 - უკრაინის მოქალაქე. პესიმისტური მოლოდინები, ამ ხელშეკრულების ამოქმედებასთან დაკავშირებით, არ გამართლდა.
როგორც აღვნიშნეთ, საქართველო მეოთხე ქვეყანაა ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრციდან (ცხადია, ბალტიისპირეთის ქვეყნების გამოკლებით, რომლებიც უკვე ევროკავშირის წევრები არიან), რომელმაც მსგავსი ხელშეკრულებები გააფორმა.
ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლისკენ გზაზე საქართველომ გაასწრო კავკასიის დანარჩენ ორ ქვეყანას, თუმცა მნიშვნელოვნად ჩამორჩა უკრაინასა და მოლდოვას. მაგალითად, მოლდოვა აწარმოებს, უკრაინამ კი უკვე დაასრულა ევროკავშირთან მოლაპარაკებები საგზაო რუკასთან დაკავშირებითაც, რაც უვიზო მიმოსვლამდე ბოლო ნაბიჯია. ეს მოლაპარაკებები ქვეყნის მიერ დასაკმაყოფილებელ პირობებზე შეთანხმებას გულისხმობს. ამ ქვეყნების შემთხვევაში საგზაო რუკაზე მოლაპარაკებები გამარტივებული სავიზო რეჟიმის ამოქმედებიდან 2 თვეში დაიწყო. ბალკანეთის ქვეყნებში კი, მაგალითად სერბეთსა და ალბანეთში, 2 თვეში საგზაო რუკაზე მოლაპარაკებებიც დაასრულეს და უვიზო რეჟიმიც მანამდე დამყარდა, სანამ ეს ქვეყნები საგზაო რუკის მოთხოვნებს დააკმაყოფილებდნენ. საქართველოს მიმართ პოლიტიკა სხვაგვარია - ევროკავშირი დროს ითხოვს და რეადმისიის ხელშეკრულების შესრულების შედეგებს ელოდება.
აქვე აღსანიშნავია, რომ რუსეთის მოქალაქეებს, მათ შორის რუსული პასპორტების მფლობელ მოქალაქეებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, 2011 წლის 1 მარტამდე დანარჩენი საქართველოს მცხოვრებლებზე უფრო შეღავათიანი სავიზო რეჟიმი ჰქონდათ. ეს ერთ-ერთი არგუმენტი გახლდათ, რომელმაც საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ ხელშეკრულების ამოქმედება დააჩქარა.
![]() |
6 რუსეთი WTO-ში - უკომპრომისო მოლაპარაკებები |
▲back to top |
პოლიტიკა
დიმიტრი ავალიანი
გასულ კვირას, კონსულტაციები მოსკოვსა და თბილისს შორის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების საკითხზე, უშედეგოდ დასრულდა. მხარეებმა პრინციპულ საკითხებზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. თბილისის მთავარი მოთხოვნა - მონიტორინგის განხორციელება საზღვრის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მონაკვეთებზე - მოსკოვისათვის კვლავაც მიუღებელი აღმოჩნდა.
ამ მოლაპარაკებების ინიციატორი რუსული მხარე იყო. დელეგაციები შვეიცარიის დედაქალაქ ბერნში შეიკრიბნენ. თბილისი კონსულტაციების დაწყებამდე აცხადებდა, რომ WTO-ში გასაწევრიანებლად მოსკოვისათვის ადრე წაყენებული პირობები ძალაშია - პირველ რიგში, ფსოუსა და როკის საბაჟო-გამშვები პუნქტების გამჭვირვალობის მოთხოვნა. საქართველოს ხელისუფლების პირველმა პირებმა სხვადასხვა დონის საერთაშორისო შეხვედრებზე ბოლო პერიოდში არაერთხელ აღნიშნეს, რომ თბილისი მხარს დაუჭერს რუსეთის WTO-ში გაწევრიანებას იმ პირობით, თუ კრემლი ამ ორგანიზაციის წესებს დაემორჩილება.
საქართველო რუსეთის WTO-ში გაწევრიანებას 2004 წელს დათანხმდა - შესაბამის დოკუმენტს ხელი თბილისში ორი ქვეყნის ეკონომიკის მინისტრებმა მოაწერეს. შეთანხმების თანახმად, რუსეთმა ვალდებულება აიღო ყველა სავაჭრო- ეკონომიკური დავა საქართველოსთან WTO-ს წესების თანახმად გადაეწყვიტა.
მოგვიანებით საქართველოს მთავრობამ მოსკოვი ამ ვალდებულების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა, რადგან რუსეთი უარს ამბობდა ფსოუსა და როკის გამშვები პუნქტების ერთობლივ გაკონტროლებაზე. ეს თბილისში ორგანიზაციის წესების დარღვევად შეაფასეს. WTO-ში რუსეთის წევრობაზე თანხმობა საქართველომ უკან 2006 წელს გაიწვია, როდესაც მოსკოვმა ქართულ პროდუქციაზე ემბარგო შემოიღო.
მას შემდეგ მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნა მოსკოვს არ გამოუთქვამს. მას იმედი ჰქონდა, რომ საქართველოსთან არსებული უთანხმოებები აშშ-სთან და WTO-ს სხვა წევრებთან მოლაპარაკებების პროცესში გადაწყდებოდა. საბოლოოდ, იძულებული გახდა, თბილისთან დიალოგზე წამოსულიყო.
დღეისთვის რუსეთი WTO-ს ფარგლებს გარეთ დარჩენილ მსოფლიოს ერთადერთ მსხვილ ეკონომიკად რჩება. მოლაპარაკებებს მოსკოვი უკვე 17 წელია აწარმოებს. გასული წლის ბოლოს რუსეთის გაწევრიანებას მხარი საჯაროდ ვაშინგტონმა დაუჭირა. საქართველო მოსკოვისათვის ერთ-ერთ უკანასკნელ დაბრკოლებად რჩება - ორგანიზაციის წესდების თანახმად, ამა თუ იმ ქვეყნის გაწევრიანებისათვის ორგანიზაციის წევრების სრული კონსენსუსია აუცილებელი.
რუსული მხარის ინიციატივა საქართველოსთან მოლაპარაკებების განახლების თაობაზე მოსკოვში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯოზეფ ბაიდენის ვიზიტს დაემთხვა. ბაიდენთან შეხვედრისას რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა გამოთქვა იმედი, რომ WTO-ში რუსეთის გაწევრიანების პროცესი წელსვე, „აშშ-ის უფრო ქმედითი მხარდაჭერით“ დასრულდება. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონი მტკიცედ უჭერს მხარს რუსეთის გაწევრიანებას და მოსკოვს ყველა საკითხის მოსაგვარებლად „სხვა პარტნიორებთან“ მუშაობისკენ მოუწოდა.
რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა ალექსანდრ ლუკაშევიჩმა დაგმო თბილისის მიერ ამ საკითხის „პოლიტიზების“ მცდელობა. ეს პოზიცია, მისი თქმით, პრეზიდენტმა მედვედევმა ბაიდენთან შეხვედრაზეც გამოთქვა.
ბაიდენის ვიზიტამდე რუსეთის ოფიციალური პირები იმედს გამოთქვამდნენ, რომ აშშ საქართველოზე ზეწოლას მოახდენდა. მოგვიანებით, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტისა და რუსეთის პრემიერ-მინისტრის შეხვედრის კომენტირებისას, რუსეთის მთავრობის პრესმდივანმა იური უშაკოვმა განაცხადა - ბაიდენმა პუტინთან საუბრისას აღნიშნა, რომ ვაშინგტონი ამ საკითხს თბილისთან განიხილავდა. „ამერიკული მხარე მიიჩნევს, რომ რუსეთის WTO-ში გაწევრიანებისათვის ხელის შეშლა მიუღებელია“, - დასძინა უშაკოვმა.
თუმცა, რამდენიმე დღით ადრე აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკლ მაკფოლმა განაცხადა, რომ საქართველო-რუსეთის მოლაპარაკებები „ორმხრივი საკითხია” და ვაშინგტონი თბილისზე ზემოქმედებას არ აპირებს. ამავე დროს, თბილისსაც მოუწოდა მოლაპარაკებისას აქცენტი კონკრეტულ ეკონომიკურ და სავაჭრო საკითხებზე გააკეთოს.
რუსეთისა და საქართველოს დელეგაციები კონსულტაციებს, სავარაუდოდ, აპრილიდან განაახლებენ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, სერგი კაპანაძის განცხადებით, ბერნში გამართულ შეხვედრაზე თბილისმა მოსკოვს კომპრომისული ვარიანტი შესთავაზა - ფსოუსა და როკის გამშვები პუნქტების მონიტორინგი ევროკავშირის დამკვირვებლების მიერ. „მაგრამ რუსულ მხარეს არც ეს წინადადება აკმაყოფილებს, მათ არაფრის დათმობა სურთ“, - აღნიშნა კაპანაძემ. მოსკოვი აცხადებს, რომ ეს საკითხი „აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელი სახელმწიფოების“ კომპეტენციაა.
„საქართველოს პრინციპული პოზიციაა, რომ საზღვრებზე მონიტორინგი განხორციელდეს. თუ ვინ განახორციელებს მას - მოლაპარაკებების საგანია. თუ რუსეთი ამ პრინციპს არ დათანხმდება, WTO-ში ვერ გაწევრიანდება“, - განაცხადა ტაბულასთან საუბრისას საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კანდელაკმა. მისი აზრით, ფსოუსა და როკზე შესაძლოა მოლდოვა-უკრაინის საზღვარზე მოქმედი ევროკავშირის მისიის (EUBAM) ანალოგი შეიქმნას. დამკვირვებლებმა ხელი უნდა შეუშალონ საზღვარზე კონტრაბანდული საქონლისა და ნარკოტიკების, ასევე რუსული სამხედრო ტექნიკის მოძრაობას.
რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკებების პარალელურად, რუსეთის მთავარმა სანიტარმა გენადი ონიშჩენკომ განცხადება გააკეთა. ეს გამოსვლა, რუსულმა მედიამ საქართველოსთვის შესაძლო „დათმობად“ შეაფასა. ონიშჩენკოს თქმით, ქართული ღვინო შესაძლოა რუსულ ბაზარზე დაბრუნდეს, „თუ ყველა საჭირო პროცედურას გაივლის“. თუმცა, თბილისში მიიჩნევენ, რომ რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქციის დაბრუნების საკიხთი უკვე რუსეთის WTO-ში გაწევრიანების შემდეგ, ამ ორგანიზაციის წესებით უნდა დარეგულირდეს.
ზოგიერთი დასავლელი ექსპერტი რუსეთთან მოლაპარაკებებისას თბილისს სიფრთხილისკენ მოუწოდებს. როგორც The New York Times-ს ჰოპკინსის უნივერსიტეტის პერსპექტიული საერთაშორისო კვლევების სკოლის ცენტრალური აზიისა და კავკასიის კვლევების დირექტორმა სვანტე კორნელმა განუცხადა, WTO-ში რუსეთის გაწევრიანების საკითხს თბილისისთვის ორი მხარე აქვს. „ერთი მხრივ, ეს გარკვეული ბერკეტია. მეორე მხრივ, საქართველო შესაძლოა პრობლემების წყაროდ აღიქვან, რაც მას იზოლაციით ემუქრება“.
პეტერსონის საერთაშორისო ეკონომიკის ინსტიტუტის სპეციალისტი ანდერს ასლუნდი მიიჩნევს, რომ WTO-ს წევრები აღიარებენ საქართველოს უფლებას რუსეთს მოთხოვნები წაუყენოს, მაგრამ რუსეთი წევრობას რეალურად უახლოვდება. „ახლა საქართველოს სერიოზული ბერკეტები აქვს. მაგრამ ისინი მალე გაქრება. მათი ეფექტიანად გამოყენებაა აუცილებელი“, - აცხადებს ასლუნდი.
![]() |
7 სამოყვარულო კონფლიქტოლოგიის ბზინვარება და სიღატაკე |
▲back to top |
პოლიტიკა
სალომე უგულავა
ამერიკული პროგრესის ცენტრი (CAP) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ ანგარიშს აქვეყნებს, სადაც ანალიტიკოსები სემუელ ჩარაპი და კორი ველტი საქართველოს კონფლიქტების მიმართ აშშ-ის პოლიტიკას აკრიტიკებენ. ისინი თეთრ სახლს უფრო აქტიური მოქმედებებისაკენ მოუწოდებენ. 70-გვერდიან ანგარიშში ასახულია კონფლიქტების ისტორია და ამჟამინდელი სიტუაცია აღწერილია, როგორც მათი მოგვარების დასაწყებად ხელსაყრელი. აშშ-სთვის კი სიტუაციის დაძვრისთვის შესაბამისი გარემოს შესაქმნელად რიგი რეკომენდაციებია შეთავაზებული.
ანგარიშმა ვაშინგტონში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ის მნიშვნელოვანი ფაქტორების უგულებელყოფისა და მცდარი ინტერპრეტაციებისთვის გააკრიტიკეს.
პროგრესის ცენტრში გამართული დისკუსიისას ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტმა, საერთაშორისო უსაფრთხოების პროგრამის დირექტორმა და ჯორჯ ბუშის ყოფილმა სპეციალურმა თანაშემწემ დეიმონ უილსონმა აღნიშნა: თუ ანგარიშის ლოგიკურ კონსტრუქციას მივყვებით, შეიძლება გამოვიდეს, რომ რუსეთს ცოდვები უნდა მივუტევოთ, წარმოვაჩინოთ კონფლიქტის მეორეხარისხოვან მოთამაშედ, პასუხისმგებლობა ვაშინგტონსა და თბილისს დავაკისროთ და დავივიწყოთ უახლესი წარსული. შეიძლება გაძლიერდეს აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებას იგნორირების ევროპული ტენდენციაც, რომლის პირობების შესრულებაც, კრემლის მხრიდან არარეალისტურად მიიჩნევა.
The Weekly Standard-ში კი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ანალიტიკოსის, ჯონ ნუნანის კრიტიკული სტატია გამოქვეყნდა - „როგორ არ უნდა გავიგოთ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი“. ავტორი აკრიტიკებს CAP-ის მტკიცებას, რომ რუსული ოკუპაცია რეგიონში მასტაბილიზებელი ფაქტორია; თითქოს, თუ ისინი დატოვებენ ტერიტორიებს - ძალადობა გაჩაღდება. ნუნანის კრიტიკას იმსახურებს რუსული თვალსაზრისის გაზიარებაც. ამ უკანასკნელის მიხედვით, მოსკოვი კონფლიქტის მონაწილე არაა და კრიზისის გადაწყვეტაზე ერთობლივი მუშაობის ვალდებულებისგან თავისუფლდება. ანგარიში არც კავკასიის რეგიონში ეთნიკური კონფლიქტების გაღვივების რუსულ სტრატეგიებს ახსენებს და არც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ომის შემდეგ აგრესიული შეიარაღებული ძალების გაზრდას უთმობს ყურადღებას.
CAP-ი ობამას ადმინისტრაციასთან დაახლოებული ორგანიზაციაა. თუმცა მათი ექსპერტიზა ძირითადად საშინაო საკითხებით შემოიფარგლება. როგორც ნუნანი ამბობს, ისინი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკაზე გავლენას ვერ ახდენენ. ავტორს ამის მაგალითად დაწუნებული კვლევები მოჰყავს - მათ წინადადებას სამხედრო ბიუჯეტის შემცირებაზე ადმინისტრაციამ „მათემატიკა სტრატეგიის ნაცვლად“ უწოდა, ხოლო ნამუშევარს აშშ-ის ავღანეთსა და ტერორიზმთან ბრძოლაზე - სხვა ორგანიზაციის კვლევა ამჯობინა. „სერიოზულ საგარეო პოლიტიკურ ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ CAP-ის ანგარიშები განხილვის ღირსი არაა, მაგრამ საქართველოზე CAP-ის ანგარიშის მცდარი ბუნებისა და მემარცხენეებზე მისი გავლენის გამო, მისი კორექტირება ღირს“, - წერს ნუნანი.
ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ აშშ-ის პოლიტიკას აკრიტიკებენ. გასულ წელს აშშ-ში კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორებმა - ლინკოლნ მიტჩელმა და ალექსანდრ ქულიმ - აფხაზეთის მიმართ აშშ-ის პოლიტიკის შესაცვლელი კამპანია წამოიწყეს. მიზანი აფხაზეთის იზოლაციის პოლიტიკის „აღიარების გარეშე თანამშრომლობით“ ჩანაცვლება იყო. სტრატეგია რუსეთის ფაქტორს უგულებელყოფდა, აქცენტს კი აფხაზეთისა და დასავლური სამყაროს თანამშრომლობაზე აკეთებდა.
კორი ველტი
სემუელ ჩარაპი
ჩარაპისა და ველტის ანგარიშიც ამ კონტექსტში თავსდება. პასუხისმგებლობის ტვირთი კვლავ აშშ-ზე მოდის. თეთრი სახლის პოლიტიკას საქართველოს კონფლიქტებისადმი შაბლონურსა და უშედეგოს უწოდებენ, ხოლო ამჟამინდელ სტატუს-კვოს - უნაყოფოს. რუსეთს კი, მიუხედავად იმისა, რომ არ ასრულებს საერთაშორისო ასპარეზზე ნაკისრ ვალდებულებებს - ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აგვისტოს შეთანხმებას, ოკუპირებული ტერიტორიების გამალებულ მილიტარიზაციას ეწევა და ცდილობს მსოფლიოს ახალი რეალობა - „დამოუკიდებელი“ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი - შეასაღოს, კონფლიქტის მოგვარების ნაწილად და გარკვეული პროგრესისთვის მზადმყოფად წარმოგვიდგენენ.
აშშ-სთვის შეთავაზებული ერთ-ერთი გზა, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის გარემოს შესაქმნელად ისაა, რომ აგვისტოს ომზე საუბრისას რიტორიკა შეცვალოს. თეთრმა სახლმა აქცენტი არა მხარეთა მიზნებზე, არამედ იმაზე უნდა გააკეთოს, რომ ომამდე ყველა მხარის ქმედებებმა მიგვიყვანა. ამასთან, საქართველოს შეიარაღებაზე საუბრისას მოყვანილია ახსნა-განმარტებები, თუ რატომ არის საზიანო თავდაცვითი იარაღის მიწოდება ან მისი შეძენის შესაძლებლობის მიცემა. ავტორების აზრით, ეს აშშ-ის მხრიდან გზავნილი იქნება და დაადასტურებს, რომ ის უფრო ერთს მეორისგან იცავს, ვიდრე მხარეების შერიგებითაა დაინტერესებული.
დეიმონ უილსონი
მოვლენების ამგვარი განვითარება რუსეთისთვისაა ხელსაყრელი - აქცენტს საკუთარი დანაშაულებებიდან სხვა საკითხებზე გადაიტანს. ამას კრემლი აგვისტოს ომამდე და მთელი 90-იანი წლების განმავლობაში აკეთებდა. მაშინ რუსეთი, ფორმალურად მაინც, მედიატორად განიხილებოდა, ამ დროს კი მცოცავ ანექსიას ეწეოდა. მოსკოვი ოკუპირებული ტერიტორიების მილიტარიზაციას გააგრძელებს, საქართველოს კი თავდაცვის საშუალებების შეძენაც არ შეეძლება.
არადა, ობამას ადმინისტრაციამ ცხადი გახადა, რომ გადატვირთვის პოლიტიკა მხოლოდ იმ სფეროებს შეეხება, სადაც ქვეყნების ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა. საქართველო კი, რომლის ტერიტორიის 20%25 ოკუპირებულია, უთანხმოების საგანია.
თუ აშშ ნეიტრალური მომრიგებლის როლის მორგებას შეეცდება, ამით კონფლიქტები ვერ მოგვარდება. როგორც დეიმონ უილსონმა აღნიშნა, 2008 წლის ომამდე და ომის შემდეგაც, მცირე დროის მანძილზე, ამერიკელი დიპლომატები მეტისმეტად ფრთხილ თამაშს მისდევდნენ. ისინი ცდილობდნენ რუსები მკვეთრი განცხადებებით არ გაეღიზიანებინათ, თუმცა ამით ვერაფერს მიაღწიეს.
საქართველოსადმი ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა კი - ამ შემთხვევაში, სუვერენიტეტისა და საზღვრების ურღვეობის - უპირველესად, იმ პრინციპების ერთგულებაა, რაც დასავლური სამყაროს ფუნდამენტია.
თავი რომ დავანებოთ აშშ-ის პოლიტიკას, ანგარიშში უმთავრესი გაურკვევლობა ისაა, თუ რას ეფუძნება ჩარაპისა და ველტის მოსაზრება, რომ 2011 წლის დასაწყისისთვის პროგრესის მისაღწევად უნიკალური სივრცე გაჩნდა. ერთადერთი, ვინც სამშვიდობო ინიციატივებით გამოდის და ჩართულობის პოლიტიკის გატარებას ცდილობს, საქართველოა. რუსეთი კი, რომელიც სრულად აკონტროლებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, ყოველთვის ბლოკავდა პროგრესულ ინიციატივებს. გარდა ამისა, კრემლი ომის შემდგომ უკვე ახალი რეალობის პოპულარიზაციითაა გართული. მოსკოვი რაიმე წინსვლას მით უფრო არ დაუშვებს.
ჩარაპი და ველტი იწონებენ საქართველოს ჩართულობის სტრატეგიას და აშშ-საც მისი მხარდაჭერისაკენ მოუწოდებენ. თუმცა, ამბობენ, რომ ამ რეგიონების არაღიარების თბილისის პოლიტიკა და საერთაშორისო ასპარეზზე ამაზე აქტიურად მუშაობა, რაშიც პარტნიორების მხარდაჭერას იღებს - შეიძლება სტრატეგიას ეწინააღმდეგებოდეს. ამ ექსპერტების აზრით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის იზოლაცია, მათ საქართველოსთან რეინტეგრაციაში უშლის ხელს. ჩართულობა კი იმ ადამიანებთან, რომლებსაც ოკუპირებულს უწოდებ, ან დიალოგი მასთან, ვისაც ოკუპანტად მოიხსენიებ - ურთიერთგამომრიცხველია. ამ თვალსაზრისით გამოდის, რომ რუსეთის მოქმედებას თავისი სახელი არ უნდა დაერქვას და დანაშაულების მიჩუმათების საშუალება მიეცეს. თან ამ რეჟიმების, როგორც კონფლიქტების მთავარი მოთამაშეების ლეგიტიმაციაც მოხდება.
ლეგიტიმაციის კონტექსტში თავსდება კიდევ ერთი შეთავაზება საქართველოსთვის - აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებებთან ხელშეკრულება ჰუმანიტარულ და ადამიანთა უსაფრთხოების საკითხებზე გააფორმოს. დეიმონ უილსონი ამის წინააღმდეგ გამოვიდა. მისი თქმით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მთავრობები რუსეთის მიერ იმართება და ისინი დამოუკიდებელი მოთამაშეები არ არიან.
ანგარიშის პრობლემები ზემოთქმულით არ შემოიფარგლება. არასწორ ინტერპრეტაციებსა და მნიშვნელოვანი ფაქტების იგნორირებას ხშირად შეხვდებით. მათგან რამდენიმე კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
მაგალითად, ის დიდწილად აგვისტოს ომის რუსულ ვერსიას გვთავაზობს. აქ არ არის მოხსენიებული ქართული სოფლების დაბომბვა; რუსეთის ჯარებისა და დაქირავებულების შემოჭრა საქართველოს ტერიტორიაზე მანამ, სანამ საქართველო საპასუხო ქმედებებს განახორციელებდა. ამავე დროს, ნათქვამია, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებას მხარეებმა ხელი „ოდნავ განსხვავებული ფორმით“ მოაწერეს. ეს უკანასკნელიც რუსული ნარატივია და ფრანგულმა მხარემ საჯაროდ უარყო.
კიდევ ერთი საკითხი NATO-ში საქართველოს გაწევრიანებას შეეხება. ანგარიშის მიხედვით, ეს პერსპექტივა არარეალურია მანამ, სანამ საქართველო კონფლიქტებს არ მოაგვარებს. ამის ხაზგასმით ავტორები რუსეთს ერთგვარ ვეტოს აძლევენ ალიანსში საქართველოს გაწევრიანებაზე.
ნამდვილად მოსაწონია ის შედეგები, რასაც ველტი და ჩარაპი გვთავაზობენ - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ხალხთა შერიგება და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების დარეგულირება. თუმცა დასავლეთმა და პირველ რიგში, აშშ-მ ფუნდამენტურ პრინციპებზე უარის თქმის უშედეგო და საზიანო პოლიტიკა არ უნდა გაატაროს.
როგორც ამერიკული პროგრესის ცენტრში დისკუსიისას დეიმონ უილსონმა აღნიშნა - უნდა ვიცოდეთ, რასთან გვაქვს საქმე. რუსეთის ამჟამინდელ მმართველებს სურთ, შეცვალონ ის საბაზისო პრინციპები, რაზეც ცივი ომის შემდგომი ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა დგას. ამის სანაცვლოდ კი მე-19 საუკუნის, ძალთა ბალანსისა და ინტერესის პრივილეგირებული სფეროების პრინციპებს დაუბრუნდნენ.
![]() |
8 კუჭი ჩემი საკურთხეველია |
▲back to top |
საზოგადოება
ლევან სუთიძე
წინა კვირას, ქრისტიანების უმრავლესობამ 40-დღიანი მარხვა დაიწყო. ამ რიცხვს ქრისტეს ვნებათა გასახსენებლად „ვნების შვიდეულის“ კვირაც დაემატება და 24 აპრილს, აღდგომის დღესასწაულით დამთავრდება. წელსაც, გრეგორიანულ და იულიანურ კალენდარზე მცხოვრები დასავლური და აღმოსავლური ეკლესიები აღდგომას ერთ დღეს იზეიმებენ. მარხვის დაწყების თარიღი, აღდგომიდან გადმოითვლება, ამიტომაც კონფესიებს დაახლოებით ერთ დროს დაუდგათ წინასააღდგომო „სინანულის ჟამი“. ორმოცი - სიმბოლურად იმ ოთხ ათეულ დღეს განასახიერებს, რომელიც სახარების მიხედვით იესო ნაზარეველმა უდაბნოში დაჰყო და სატანისგან გამოიცადა. თუმცა რიცხვი ქრისტეს დროსაც სიმბოლური იყო - ის მოსეს მიერ ეგვიპტიდან დახსნილი ებრაელი ერის უდაბნოში 40-წლიან მსვლელობას აღნიშნავდა.
საეკლესიო სწავლების მიხედვით, მარხვა სინანულთან, ქრისტეს ტანჯვის გაზიარებასთან, მოწყალების გაცემასთან და თვითდისციპლინის ჩამოყალიბებასთანაა დაკავშირებული. „დაიმორჩილე სტომაქი, სანამ მას არ დაუმორჩილებიხარ“, წერდა წმინდა იოანე კიბისაღმწერელი. ქრისტიანთა რწმენით მარხვა ადამიანს საკუთარი თავისთვის „არა“-ს თქმას აჩვევს. ეს იმისთვის, რომ მოთხოვნილებებმა კი არ მართოს ადამიანი, არამედ თავად მართოს მოთხოვნილებები. ამ მნიშვნელობით ის თავისუფლების, ანუ საკუთარი თავის ფლობის ყოველწლიური სკოლაც არის. მარხვა არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს წუთისოფლის მოძულებას, - საგანგებოდ აღნიშნავენ ეკლესიაში, - მარხვა სიამოვნებათა და მავნე ჩვევათა შემცირებაა, რომელსაც რწმენის სტიმულირების ფუნქცია აკისრია. დიდმარხვა სხვა დაწესებული მარხვისგან, განსაკუთრებული სიმბოლოებით გამოირჩევა. მორწმუნემ ქრისტეს ტანჯვისა და ჯვარცმის მწუხარება უნდა განიცადოს, იმისათვის, რომ მკვდრეთით აღდგომას სიხარულით შეხვდეს. ამ შეხედულებას ეკლესიაში დამკვიდრებული გამოთქმა: „თუ ჯვარცმა არ იგლოვე - აღდგომას ვერ გაიხარებ“ ყველაზე უკეთ გამოხატავს. არსებობს კიდევ ერთი ოქროს წესი, რომელიც მარხვის ინტიმურ ხასიათს განსაზღვრავს - „როცა მარხულობთ, ნუ იქნებით მწუხარენი, როგორც თვალთმაქცნი; ვინაიდან ისინი ღებულობენ დამწუხრებულ სახეებს, რათა ადამიანებს მარხულებად აჩვენონ თავი... ადამიანებს კი არ ეჩვენო მარხულად, არამედ დაფარულში მყოფ შენს მამას; და შენი მამა, რომელიც ხედავს დაფარულში, მოგაგებს შენ“ (მათ. 6,16-18).
თუმცა, მცნებასა და ქცევას შორის შეუსაბამობა იშვიათობას არ წარმოადგენს. საქართველოში მარხვას ეკლესიური საზოგადოების უმრავლესობა იცავს. ამ დროს სუფრიდან ცხოველური საკვები ქრება: ხორცი, რძის ნაწარმი და კვერცხი. სამაგიეროდ, საკვებ რაციონში აქტიურად შემოდის: სოიოს კატლეტი, სამარხვო აჭარული ხაჭაპური, სამარხვო ხინკალი და სამარხვო მარგარინით გამომცხვარი სამარხვო ნამცხვრები. „სტომაქის დამორჩილების“ ასეთი მეთოდი, უფრო საკუთარი თავის მოტყუებას ჰგავს, ვიდრე ქრისტიანულ ასკეზას. მარხვა ხომ სასურველის მოკლებას გულისხმობს და არა მისი ხელოვნური ალტერნატივებით ჩანაცვლებას.
სოციალურ ქსელებში ხშირად ხუმრობენ, რომ სამარხვო ნამცხვრის ჭამა სიამოვნება კი არა, მოწამეობაა. თუმცა ფაქტია, რომ სამარხვო და არასამარხვო საკვებს შორის განსხვავება ხშირად არ არსებობს, - არც ნოყიერებისა და არც ღირებულების თვალსაზრისით. ზოგჯერ მარხვის იმიტაციისთვის, საკრალური სარჩულის მიკერებასაც ცდილობენ. რამდენიმე კვირის წინ, ინტერნეტში ვიდეო გავრცელდა, სადაც ერთ-ერთი კომპანიის სამარხვო მაიონეზის ქილის ფსკერზე, ჯვრის ფორმის გამოსახულება დალანდეს. ეს სასწაულად მიიჩნიეს და განასაჯაროვეს. სამარხვო პროდუქტებით დიდი კომპანიების დაინტერესება, უკვე დიდ მოთხოვნას ცხადყოფს.
გარდა წესსა და პრაქტიკას შორის სხვაობისა, ჩნდება ერთი კითხვა - რამდენად უზრუნველყოფს ცხოველური საკვების შემცირების საერთო წესი ინდივიდუალურ მარხვას? როგორ მოახერხებს კონკრეტული პიროვნება, ცხოველური საკვების მოკლებით მარხვის მიზნის განხორციელებას, თუ ისედაც მცენარეული მოსწონს? ადამიანური სიამოვნება მხოლოდ კუჭთან არ არის დაკავშირებული. თვითდისციპლინის ჩამოყალიბება სუბიექტური პროცესია და არა კოლექტიური. ადამიანებს სხვადასხვაგვარი გემოვნება აქვთ და განსხვავებული დამოკიდებულებები უჩნდებათ, რომელთა კონტროლიც, ერთი კულინარიული წესით შეუძლებელია.
რაციონის შემცირება ყველა ადამიანისთვის მარხვის მიზნის აღსრულებას არ გულისხმობს. წარსულში მსგავს მიდგომას მეტი აზრი ჰქონდა - რადგან ხორციელი საკვები ფუფუნებას წარმოადგენდა. დღეს კი, არაცხოველური საკვები შესაძლოა ორგანულზე გაცილებით ძვირი ღირდეს და უფრო გემრიელი იყოს. მეტიც - ხანდახან, სწორედ სოსისებისა და ძეხვის ჭამაა მოწამეობა. მხოლოდ საკვების გარკვეული ტიპის განგდება რომ მარხვისთვის საკმარისი არ არის, ის ფაქტიც გვახსენებს, რომ წმიდა ეპისკოპოსი გაბრიელ ქიქოძე, მარხვისას ლობიოს ჭამას ერიდებოდა - რადგან ძალიან უყვარდა.
პირველი საუკუნეების ეკლესიაში დიდმარხვის დაცვის პრაქტიკის შესახებ სხვადასხვა ვერსიებს ვხვდებით. გავრცელებული მოსაზრება ორმოცდღიანი მარხვის სამოციქულო წარმომავლობის შესახებ, ისტორიულად არ დასტურდება. თუმცა ჩანს, რომ ამ დროისთვის მარხვის წესი უკვე არსებობს - უბრალოდ არ არის შეთანხმებული მისი ერთი ფორმა. აღსანიშნავია ისიც, რომ აღმოსავლეთსა და დასავლეთში დიდმარხვის პრაქტიკა, ისევე როგორც კალენდარი, სხვადასხვაგვარად ჩამოყალიბდა. აღმოსავლურ პრაქტიკაში დამკვიდრებული წესისგან განსხვავებით, დასავლელი ქრისტიანები უფრო საკვების რაოდენობაზე აკეთებენ აქცენტს, ვიდრე მის შემადგენლობაზე. ისინი დღეში ერთხელ ჭამენ. დასაშვებია ასევე ორჯერ მშრალად კვებაც. ამასთან, სპეციალური ნებართვით მარხვა შეიძლება კონკრეტული პიროვნებისთვის იმ ჩვევებზე უარის თქმით შემოიფარგლოს, რომელზეც ის ყველაზე მეტად არის მიჯაჭვული. ეს შეიძლება კომპიუტერთან, ტელევიზორთან ან სიგარეტთან დროებით გამოთხოვებას გულისხმობდეს, ან უბრალოდ ყოველდღიურობის ლოცვითა და წმიდა წერილის კითხვით დატვირთვას. როგორც არ უნდა განსხვავდებოდეს მარხვის სხვადასხვა წესი ერთმანეთისგან, ერთი შენიშვნა არავის აწყენდა - პირადი ასკეზის აფიშირებისგან თავშეკავებაზე, ყველაზე დიდი ძალისხმევა უნდა დაიხარჯოს - ხორცის ჭამის აკრძალვა, გარშემომყოფთა ნერვებით კვებას არ ნიშნავს.
![]() |
9 ჩაკბეჩილი ვაშლი ქართულად |
▲back to top |
საზოგადოება
მირიან ტორონჯაძე
Apple-ის პროდუქციის მომხმარებელთა რიცხვი მთელ მსოფლიოში ყოველდღიურად იზრდება. ამ მხრივ გამონაკლისი არც საქართველოა. გარდა მისი მოხმარების სიმარტივისა, Mac-ის სიმბოლოიანი ტელეფონის ან კომპიუტერის ქონა ბევრისთვის პრესტიჟის საკითხიც კია. თუმცა, მიუხედავად მომხმარებელთა გაცხოველებული ინტერესისა, Apple-ის პროდუქტების შეძენა საქართველოში დღემდე პრობლემებთანაა დაკავშირებული. ქვეყანაში Mac-ის სამი ოფიციალური დილერი უკვე მუშაობს, მაგრამ პროდუქტის ქართული საწყისი ფასი ამერიკულისაგან დიდად განსხვავდება. ეს სხვაობა განსაკუთრებით ცხადად ჩანს iPhone-ბსა და iPad-ებზე.
მარკეტინგული პოლიტიკიდან გამომდინარე, iPhone-ები Apple-ის საცალო მაღაზიებში არ იყიდება. მათი შეძენა მხოლოდ სატელეფონო ოპერატორთანაა შესაძლებელი. მაგალითად ამერიკაში თუკი გადაწყვეტთ iPhone-ის ყიდვას, ამას ოფიციალურად მხოლოდ Apple-ის მიერ ავტორიზებულ მობილურ ოპერატორთან შეძლებთ. აქვე ერთ მარკეტინგულ წყალქვეშა რიფსაც წააწყდებით - ტელეფონის საწყის ფასთან ერთად, რომელიც ორიოდე ასეულ დოლარს შეადგენს, სააბონენტოს სახით, მთელი წლის განმავლობაში კიდევ თითქმის ოთხმაგის გადახდა მოგიწევთ. საქართველოში ასეთი სქემა არმოქმედებს, არსებული სამი მობილური ოპერატორი ჯერჯერობით არ იძლე ვა Apple-ის ტელეფონების ყიდვის საშუალებას. ეს იმ დროს, როდესაც რამდენიმე სომხურ და რუსულ კომპანიას უკვე აქვს Apple-ის ოფიციალური მხარდაჭერა. ჯერჯერობით უცნობია, როდის შეუერთდება მათ საქართველოში მოქმედი ოპერატორები.
Apple-ის ოფიციალურ საიტზე სამი ქართული კომპანიაა მითითებული, რომლებიც მას საქართველოში წარმოადგენენ. ესენია Go! electronics, Alta და Hamaki. თუ კი მათი პროდუქციის ასორტიმენტს გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ მასში iPhone არ ურევია. როგორც კომპანია Hamaki-ში აცხადებენ, ეს ლოგიკურიცაა. ოფიციალურად, საქართველოში მისი გაყიდვა არ შეიძლება. სამაგიეროდ, Apple-ის ქართველ ფანებს საოცნებო ტელეფონს არაავტორიზებული დილერები სთავაზობენ. მათ ბაზარზე საკმაოდ სოლიდური ნიშა უჭირავთ - მიუხედავად იმისა, რომ არალიცენზირებულ დილერთან პროდუქტის შეძენას ბევრი მინუსი აქვს: აქ ბოლო მოდელის iPhone 4-ის საშუალო ფასი 2 ათასი ლარია, რაც ამერიკულს მნიშვნელოვნად აღემატება. გარდა ამისა, ტელეფონის შეძენისას დიდია რისკი, რომ ორიგინალად შემოსაღებული სინამდვილეში ჩინური პატენტი აღმოჩნდეს. არა ავტორიზებულად ნაყიდ iPhone-ზე არც Apple-ის საერთაშორისო გარანტია ვრცელდება.
იმ ტელეფონებს, რომლებიც საქართველოში ყველანაირი აკრძალვის მიუხედავად მაინც იყიდება, სამუშაო მდგომარეობამდე მისაყვანად პროგრამული უზრუნველყოფის შეცვლა ესაჭიროება. საკუთარი ტელეფონის პროგრამული უზრუნველყოფის გატეხვას, ე.წ. ჯეილბრეიქს, არც ერთი წესი არ კრძალავს. სხვა საკითხია, როცა ამას ესა თუ ის კომპანია აკეთებს კომერციული მოგების მისაღებად. მსგავს პრაქტიკას არაოფიციალური დილერებიც მიმართავენ. თუმცა „ჯეილბრეიქი“ ქართველებს არ მოუგონიათ და ის მრავალ ქვეყანაში აპრობირებული პრაქტიკაა. გარდა ტექნიკური ნიუანსისა, გატეხილ ოპერაციულ სისტემაზე ზოგიერთი ისეთი ფუნქციის დამატებაა შესაძლებელი, რომლის მხარდაჭერაც Apple-ს არ აქვს. მათ შორისაა ქართული ენა და ქართული კლავიატურა. ქართულ დამწერლობას Apple ოფიციალურად ჯერჯერობით არ ცნობს და არც კლავიატურის განლაგების შექმნაზე იწუხებს თავს.
თუმცა გამოჩნდნენ ქართველი ენთუზიასტები, რომლებმაც იმაზე იზრუნეს, რომ Apple-ის ყველა პროდუქტზე, მათ შორის iPhone-სა და iPad-ზე ქართველ მომხმარებლებს მშობლიურ ენაზე წერა და კითხვა შეძლებოდათ. საქართველოში Mac-ის მომხმარებელთა ასოციაციის (Gemug) თავმჯდომარის, დიმიტრი გოგელიას თქმით, უკვე დიდი ხანია, რაც სხვადასხვა ოპერაციული სისტემებისათვის ისინი ქართული ენის მხარდაჭერის პაკეტებს ქმნიან. მათ Apple-თან შეთანხმებასაც მიაღწიეს - ახალ ოპერაციულ სისტემაში (Mac OS 10.7), რომელიც ზაფხულში გამოვა, ქართული კლავიატურის სტანდარტული განლაგება ინტეგრირებული იქნება. ეს განლაგება, სადაც ქართული ასოები კლავიატურაზე ინგლისურ ღილაკებს ემთხვევა, არ არის ერგონომიული, მაგრამ გოგელიას თქმით, მას მომხმარებელთა 99%25 იყენებს და ამგვარად, მისი დამატება გამართლებულია. ეს სიახლე ტაბლეტურ მოწყობილობებს, რომლებიც სხვა ოპერაციულ სისტემაზე მუშაობენ, ჯერჯერობით არ შეეხება. ამიტომ iPhone-ისა და iPad-ის ქართველ მომხმარებლებს, ჯერჯერობით კვლავაც არალეგალურად, „ჯეილბრეიქით“ დამატებული ქართული კლავიატურის გამოყენება მოუწევთ.
სამაგიეროდ, საქართველოში Apple-ის სხვა პროდუქციის შეძენა ნაკლებ პრობლემებთანაა დაკავშირებული. სტაციონარული კომპიუტერების და ლეპტოპების შეძენა შესაძლებელია როგორც ოფიციალურ, ასევე არაოფიციალურ დილერებთან. თუკი მათ ფასებს გადავხედავთ და ამერიკულს შევადარებთ, აღმოვაჩენთ, რომ ხშირ შემთხვევაში განსხვავება 200-500 დოლარს შეადგენს. მათი ონლაინ შეკვეთით რამდენიმე ასეული დოლარის ეკონომიის გაკეთებაა შესაძლებელი. თუ კი გავითვალისწინებთ იმ დისკომფორტს, რაც არცთუ კარგად გამართული სისტემის გამო ჩამოტანას ახლავს თან, შეიძლება მაღაზიაში წასვლა და მისი ადგილზე შეძენა უკეთეს ვარიანტადაც კი მოგვეჩვენოს.
![]() |
10 მზე და სიყვარული |
▲back to top |
მაია თოდუა|სვეტი
„უსიყვარულოდ მზე არ სუფევს ცის კამარაზე...“ ამ წლის 14 თებერვალს, როდესაც დედამიწის მოსახლეობის ერთი ნაწილი სიყვარულის დღეს - ვალენტინობას - აღნიშნავდა, მზეზე ძლიერი ამოფრქვევა მოხდა. შეიძლება ითქვას, მზემ ეს დღე შთამბეჭდავი ფეიერვერკით აღნიშნა. ასტრონომებმა ამ მოვლენას ასეც უწოდეს - „ვალენტინის დღის ამოფრქვევა“. სიყვარული მართლაც მჭიდრო კავშირშია მზესთან, რადგანაც რომ არა ჩვენი მნათობი, არც სიყვარული იქნებოდა. მზე ჩვენი არსებობის მთავარი წყაროა, ის იძლევა სიცოცხლისათვის აუცილებელ სინათლეს, სითბოსა და ენერგიას. როგორც ჩანს, ეს ძველ ადამიანსაც კარგად ესმოდა, რადგანაც სხვადასხვა ხალხების რელიგიებში მზე ერთ-ერთი მთავარი ღვთაება იყო.
ვალენტინის დღის ამოფრქვევა ყველაზე მძლავრი იყო ბოლო 4 წლის განმავლობაში. ამ მოვლენის დროს მზის ზედაპირიდან ამოიტყორცნება მილიარდობით ტონა ნივთიერება. მისი ნაწილი კოსმოსში იფანტება და „მზის ქარს” წარმოქმნის. დედამიწასთან მიახლოებისას დამუხტული ნაწილაკების ეს ნაკადი ჩვენი პლანეტის მაგნიტურ ველთან ურთიერთქმედებს და ე.წ. გეომაგნიტურ შეშფოთებას იწვევს. ძლიერი შეშფოთებები „მაგნიტური ქარიშხლის“ სახელითაა ცნობილი და კოსმოსური ამინდის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. ამ დროს პოლარულ არეებში ღამის ცა სხვადასხვაფრად ნათებას იწყებს. ეს არის პოლარული ციალი - ბუნების ერთ-ერთი ულამაზესი სანახაობა. მზის ქარი, ასე ვთქვათ, იმპრესიონისტ მხატვრად გვევლინება.
თუმცა ლამაზი სანახაობის გარდა, გეომაგნიტურმა შეშფოთებებმა შესაძლოა სერიოზული პრობლემებიც შექმნას. ისინი ზოგჯერ კავშირგაბმულობის შეფერხებას, დაზიანებასა და წყვეტასაც იწვევს. მძლავრი ამოფრქვევით გამოწვეულმა მაგნიტურმა ქარიშხალმა შეიძლება მწყობრიდან გამოიყვანოს მობილური, რადიო, სატელევიზიო კავშირი და ინტერნეტი. ზოგჯერ მზის ქარი ხელოვნური თანამგზავრების ხელსაწყოებსაც აზიანებს. ჩვენს დროში, როდესაც ადამიანი ძლიერადაა დამოკიდებული ტელეკომუნიკაციაზე, ამ დარღვევებმა შეიძლება მას დიდი ზიანი მიაყენოს. მზის ქარი კოსმოსში მყოფ ასტრონავტებზეც მოქმედებს. ზომიერი ამოფრქვევები იცავს მათ მაღალენერგიული გალაქტიკური კოსმოსური სხივების ზემოქმედებისაგან, თუმცა დამუხტული ნაწილაკების ძლიერი ნაკადი ჯანმრთელობისთვის სახიფათოა. ასეთ შემთხვევებში ასტრონავტები კოსმოსური სადგურის სპეციალურ კამერას აფარებენ თავს. ჩვენ ამ მავნე სხივებისაგან დედამიწის მაგნიტური ველი გვიცავს.
როგორც წესი, მზის ამოფრქვევების დანახვა ტელესკოპის გარეშე შეუძლებელია. თუმცა, 1859 წელს ის შეუიარაღებელი თვალითაც კი ჩანდა. ეს იყო მზის სუპერქარიშხლად წოდებული ისტორიაში ცნობილი ყველაზე დიდი ამოფრქვევა. ის იმდენად ძლიერი იყო, რომ გამოწვეულმა ციალმა ტროპიკებამდე - კუბამდე და ჰავაის კუნძულებამდეც კი - მიაღწია, რაც უაღრესად იშვიათად ხდება. იმ დროს არსებულ სატელეგრაფო ხაზებს ცეცხლი გაუჩნდა. 1989 წლის 6 მარტის მოვლენამ კი კანადაში კვებეკის ელექტროგადამცემი სისტემა მთლიანად გამოიყვანა მწყობრიდან. ზოგიერთ სატელიტთან კავშირი გაწყდა. ამერიკული კოსმოსური ხომალდის ელექტრონული სისტემა ხარვეზებით მუშაობდა. ჩრდილოეთის ციალმა ტექსასის შტატამდე მიაღწია. ზოგიერთს ეგონა, რომ ბირთვული იარაღი აფეთქდა და ომი დაიწყო. იმავე წლის აგვისტოს მაგნიტურმა ქარიშხალმა ქალაქი ტორონტო ელექტროენერგიის გარეშე დატოვა, რის გამოც ფასიანი ქაღალდების ბირჟაზე ვაჭრობა შეწყდა.
მაგნიტური შეშფოთებები ადამიანის ჯანმრთელობაზეც მოქმედებს, განსაკუთრებით მათზე, ვისაც გულსისხლძარღვთა დაავადება აქვს. ამ დროს იზრდება გულის შეტევებისა და ჰიპერტონიული კრიზის რისკი. ამერიკული სარეზერვო ბანკის მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ არსებობს კავშირი ფასიანი ქაღალდების ბირჟის აქტივობასა და მაგნიტურ ქარიშხლებს შორის, რადგანაც ეს უკანასკნელი გარკვეულწილად ადამიანების ქცევაზე და მათ მიერ გადაწყვეტილების მიღებაზეც ახდენს გავლენას.
ამოფრქვევების სიხშირე და სიძლიერე მზის აქტივობაზეა დამოკიდებული. ის ხან მეტად აქტიურია, ხან ნაკლებად, რაც დაახლოებით 11-წლიანი პერიოდულობით მეორდება. ასევე ბევრად უფრო ხანგრძლივი - საუკუნოვანი ციკლებიც არის. აქტივობის გაძლიერებისას მზის ზედაპირზე ბნელი ლაქები ჩნდება. თითოეული ლაქა რამდენიმე დედამიწის სიდიდისაა. აქტივობის შემცირებისას მათი რაოდენობა კლებულობს და საერთოდ ქრება. ამ პერიოდში მზე „წყნარია“. განსაკუთრებით დიდი ზომის ლაქები შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. პირველი ცნობა მათ შესახებ ჩინელებმა შემოგვინახეს ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეოთხე საუკუნეში.
აქტიური მზის ბოლო ფაზა 2000-2002 წლებში იყო, რომლის შემდეგ მზე „დაწყნარდა” და მინიმუმს 2006 წელს მიაღწია, რაც გასულ წლამდე გრძელდებოდა. ეს იყო ბოლო ასწლეულში მზის აქტივობის ყველაზე ხანგრძლივი და ყველაზე მშვიდი ხანა. 2010 წლიდან მან ნელ-ნელა დაიწყო გააქტიურება და თანდათანობით ტემპს კრეფს, რაც ვალენტინის დღის ამოფრქვევამაც აჩვენა. შეიძლება ითქვას, მნათობი ხანგრძლივი ძილის შემდეგ ნელ-ნელა იღვიძებს.
მართალია, მზე ჩვენი არსებობის წყაროა, მაგრამ ამავე დროს მისი „სიყვარულის“ განსაკუთრებით მხურვალე გამოვლინებისაგან თავის დაცვაა საჭირო, წინააღმდეგ შემთხვევაში მან შეიძლება, პირიქით, სიცოცხლეს დიდი ზიანი მიაყენოს და გაანადგუროს კიდეც. მზის მავნე ულტრაიისფერი გამოსხივებისგან ცოცხალ ორგანიზმებს ოზონის შრე იცავს, რომელიც დედამიწას გარშემო აკრავს. ეს შრე იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მისი 20%25-ით შემცირებაც კი დამღუპველია. ამიტომაცაა, რომ ე.წ. ოზონის ხვრელს ესოდენ დიდი ყურადღება ექცევა.
ჩრდილოეთის ციალი
ჩვენი მზე და მისი მუდმივად მზარდი „ოჯახი“ (მზარდი არა იმიტომ, რომ ახლა იზრდება, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ მას სულ უფრო უკეთ ვეცნობით) დაახლოებით 5 მილიარდი წლის წინ წარმოიქმნა და ჩამოყალიბდა. ეს იმდენად დიდი რიცხვია, რომ ადამიანისთვის მისი გააზრება ძნელია. ცივილიზაციის არსებობის ხანგრძლივობაც კი - 5 ათასი წელი - მზის ასაკის მხოლოდ 0.0001%25-ია. ყველაფერს, რასაც აქვს დასაწყისი, აქვს დასასრულიც. მზე ყოველთვის არ იქნება ისეთი, როგორიც ახლაა. ერთ არამშვენიერ დღეს ის მთლიანად ამოწურავს თავისი ნათებისათვის საჭირო მარაგს, ჯერ გიგანტური ბუშტივით გაიბერება, როცა დედამიწაც მის შიგნით აღმოჩნდება, შემდეგ დაკარგავს საკუთარ გარსს. დარჩება მხოლოდ ბირთვი, რომელიც თანდათანობით „ჩაქრება“. თუმცა, იქამდე ძალიან, ძალიან დიდი დროა - დაახლოებით 5 მილიარდი წელი, რომლის განმავლობაშიც არავინ იცის, რა მოხდება. შესაძლოა, ადამიანს იმ დროისათვის უკვე სხვა სისტემები ჰქონდეს ათვისებული. ყოველ შემთხვევაში, ჩვენთვის ასეთ შორეულ საფრთხეზე ფიქრი ჯერ ძალზე ნაადრევია და შეგვიძლია ამ მხრივ მაინც მშვიდად ვიყოთ.
![]() |
11 სადამდე დავეცით |
▲back to top |
ზურა ჯაფარიძე|სვეტი
ინფლაციაზე საკმაოზე მეტი დაიწერა და ითქვა ბოლო 2-3 თვის განმავლობაში. ფასების მნიშვნელოვანი ზრდა იმდენად საგრძნობია, რომ პრაქტიკულად ყველა მედია საშუალებამ ამ პრობლემის განხილვას არაერთი სტატია თუ გადაცემა დაუთმო. საბოლოოდ აზრი ორად გაიყო:
ა) ნაწილი თვლის, რომ ინფლაცია საერთაშორისო ბაზარზე სხვადასხვა ტიპის საქონელზე, მათ შორის საკვებ პროდუქტებზე, ფასების ზრდამ გამოიწვია. თუმცა კონკრეტულად რა კავშირშია „გარეთ“ ფასების ზრდა, ქვეყნის შიგნით ინფლაციასთან, არავის აუხსნია. აგრეთვე არავის მოუყვანია ლოგიკური არგუმენტაცია, რამდენიმე პროდუქტზე ფასების ზრდამ, როგორ შეიძლება გამოიწვიოს ფასების საერთო დონის მატება. ინფლაციის მიზეზების ამ ვერსიის მომხრეები უბრალოდ ამბობენ - ყველგან გაძვირდა და ამიტომ ჩვენთანაც გაძვირდა. თან ჩვენთან ხომ საკვები პროდუქტების უმეტესი ნაწილი იმპორტირებულია, შესაბამისად, ფასებიც ჩვენთან უფრო გაიზარდა ვიდრე სხვა ქვეყნებში. არგუმენტაციის ეს ბოლო ნაწილი მას შემდეგ იქნა მოფიქრებული, რაც აღმოჩნდა, რომ ინფლაცია ჩვენთან უფრო მაღალია არა მარტო ევროზონის ქვეყნებთან შედარებით, არამედ ჩვენს უშუალო მეზობლებთან და უმეტეს აფრიკულ ქვეყნებთან შედარებითაც.
ბ) მეორე ნაწილი (ჩემი ჩათვლით) თვლის, რომ ფასების ზრდა არის მცდარი მონეტარული პოლიტიკის შედეგი. მოხდა ფულის მასის მნიშვნელოვანი ზრდა, რამაც გამოიწვია ფარდობის დარღვევა მიმოქცევაში არსებულ ფულის მასის ოდენობასა და ბაზარზე არსებული საქონლის რაოდენობას შორის. ანუ ბაზარზე გაჩნდა მეტი ფული, რომლითაც შესაძლებელია იგივე (ან მცირედ გაზრდილი) რაოდენობის საქონლის ყიდვა. შედეგად გაიზარდა ფასები. ეს არგუმენტაცია არ არის ადგილობრივი „ექსპერტების“ მოფიქრებული და ინფლაციის მიზეზების აღნიშნულ თეორიას იზიარებს ბევრი ცნობილი ეკონომიკური სკოლა. იგივე არგუმენტაციას ამყარებს ე.წ. ფართო ფულის მასის ზრდის მაჩვენებელი, რომელსაც ეროვნული ბანკი აქვეყნებს. „ავტორიტეტული“ პირებიდან ამ ვერსიას არ ეთანხმებიან იმ ქვეყნების ცენტრალური ბანკების წარმომადგენლები, სადაც ინფლაციამ იმატა და ქეინსიანური ეკონომიკის მოტრფიალე ექსპერტები, რომლებიც ყველა ეკონომიკური პრობლემიდან გამოსავალს, სწორედ მეტი ფულის ბეჭდვაში ხედავენ. ორივე შემთხვევაში მოტივაცია გასაგებია - ცენტრალური ბანკები გაურბიან პასუხის მგებლობას (რადგან ინფლაცია სწორედ მათ მიერ გატარებული მცდარი პოლიტიკის შედეგია), ხოლო იგივე ექსპერტები არ და /ან ვერ აღიარებენ, რომ ის ხედვა, რომლის დაცვა-პროპაგანდირებასაც ცხოვრების მეტი წილი მიუძღვნეს - მცდარი აღმოჩნდა.
ადრე დავწერე, რომ ინფლაცია მძიმე პრობლემაა, თუმცა თავად ინფლაციაზე უფრო საშიში მისი გამომწვევი მიზეზის მცდარი ინტერპრეტირება იქნება. ინფლაციის გაჩერება მარტივია - ეროვნულმა ბანკმა ფულის მასა უნდა გააკონტროლოს ანუ მიმოქცევაში არ უნდა გავუშვათ ახალი ფული. მაგრამ ამას მხოლოდ იმ შემთხვევაში გავაკეთებთ თუ გვეცოდინება, რომ სწორედ ეს არის ფასების ზრდის რეალური მიზეზი. სხვა შემთხვევაში კი „სახელმწიფო რესურსებს“ მივმართავთ ისეთი პრობლემების აღმოფხვრისკენ, რომლებსაც ინფლაციასთან არანაირი კავშირი აქვთ. ეს კი გამოიწვევს, როგორც ამ ისედაც მწირი რესურსების გაფანტვას, ისე სხვა ეკონომიკური ხასიათის პრობლემების გაჩენას და ხშირ შემთხვევაში ინფლაციის დონის კიდევ უფრო მატებას. ამ სტატიის დაწერა სწორედ ამიტომ გადავწყვიტე.
ბოლო პერიოდში პრაქტიკულად ყველა პოლიტიკური თუ კვაზიპოლიტიკური ძალა საუბრობს სოფლის მეურნეობის განვითარების აუცილებლობაზე, მათ შორის ხელისუფლებაც. ამ საჭიროების მთავარი არგუმენტაციაც ინფლაციასთან არის დაკავშირებული და შემდეგ ლოგიკას იმეორებს: უცხოეთში (სადღაც) გაიზარდა საკვებ პროდუქტებზე ფასები, ჩვენ ვახდენთ ამ პროდუქტების იმპორტს, რადგან საკუთარი სოფლის მეურნეობა არ გვაქვს. შესაბამისად ჩვენთანაც იზრდება ფასები, და თუ გვინდა ინფლაციის შეჩერება - უნდა ავაყვავოთ სოფლის მეურნეობა, რომელიც მოგვცემს ქვეყნის შიდა მოთხოვნის დაკმაყოფილების საშუალებას და აღარ ვიქნებით დამოკიდებული გარე ბაზრებზე.
აბსურდული და საკმაოდ მავნებლური მიდგომაა (ამ მიზნით 150 მილიონი ლარის დახარჯვაა დაგეგმილი), მაგრამ რიგითი მოკვდავისთვის გასაგები არგუმენტების ჯაჭვით. თუ გავითვალისწინებთ, რომ ქვეყნის მოსახლეობის ნახევარი სოფლად ცხოვრობს, ცხადი ხდება, რომ ეს მიდგომა პოლიტიკური მიზანშეწონილობის კუთხით შეიძლება გამართლებული იყოს, მაგრამ არა ეკონომიკური კუთხით.
რას ნიშნავს სოფლის მეურნეობის განვითარება და როგორ შეიძლება ეს გააკეთოს სახელმწიფომ? მიუხედავად იმისა, რა ფორმები და გზები იქნება არჩეული - ეკონომიკის ამ სფეროს სტიმულირება ყველა შემთხვევაში გულისხმობს სხვა, ეფექტიანად ფუნქციონირებადი სფეროებიდან რესურსების (ფულის) ამოღებას და სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამებში დახარჯვას. ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს ეს მოხდება პირდაპირი სუბსიდირებით (ანუ ფულის მიცემით), ტექნიკური საშუალებების შესყიდვა- დარიგებით (მაგ. ტრაქტორების), ე.წ. იაფი სესხების გამოყოფის, იმპორტზე ბარიერების შექმნის თუ სხვა ფორმით. ყველა ამ ხერხის ეკონომიკური არსი ერთია - სოფლის მეურნეობა აღმოჩნდება პრეფერენციულ პირობებში ეკონომიკის სხვა სფეროებთან შედარებით, რაც ზოგადად ქვეყნის ეკონომიკას მხოლოდ დააზარალებს.
და რატომ უნდა განვავითაროთ ხელოვნურად სოფლის მეურნეობა და არა, მაგალითად, საინფორმაციო ტექნოლოგიებიან გემთმშენებლობა? იქნებ სჯობს გემები და კომპიუტერები ავაწყოთ და გავყიდოთ, ბევრი ფული შევაგროვოთ და შემდეგ ვიყიდოთ თუნდაც გაძვირებული უცხოური ხორბალი ან წიწიბურა? იაპონია ყიდის მანქანებს და ყიდულობს საკვებ პროდუქტებს, ამავდროულად არის მსოფლიოს მე-3 ეკონომიკა და 2010 წლის მაჩვენებლებით ინფლაცია 1%25-ზე დაბალი აქვს. აქ ხომ მთავარი ის არის, რისი გაკეთება შეგვიძლია სხვებზე უკეთესად, სწრაფად და იაფად? საკვები პროდუქტები იმიტომ კი არ შემოგვაქვს, რომ ჩვენ ვერ ვაწარმოებთ, არამედ იმიტომ, რომ სხვაგან მათ ჩვენზე უკეთ, სწრაფად და იაფად აწარმოებენ. ამიტომ ჩვენც ვყიდულობთ იქ, სადაც იაფია და აღარ ვაწარმოებთ საკუთარს, რადგან ის ძვირი გვიჯდება. თუ დავასუბსიდირებთ სოფლის მეურნეობას ან/და ბარიე- რებს შევქმნით უცხოური საკვები პროდუქტების იმპორტზე, ამით მხოლოდ ფასებს გავზრდით და კიდევ უფრო დავაზარალებთ მოსახლეობის ყველაზე ღარიბ ნაწილს. გვექნება ძვირად ნაწარმოები ადგილობრივი სოფლის მეურნეობის პროდუქტები და აღარ გვექნება იაფის ყიდვის საშუალება, რადგან ის ბაზარზე უბრალოდ აღარ იარსებებს. მივიღებთ სურათს, როდესაც მაგალითად პურის საყიდლად ფულს რეალურად ორჯერ გადავიხდით - ჯერ საკუთარი გადასახადებიდან გადავიხდით სუბსიდიას ხორბლის მოყვანაში, ხოლო შემდეგ ამ ძვირი ხორბლით გამომცხვარ პურს ვიყიდით მაღალ ფასად.
ის, თუ ეკონომიკის რომელი სფერო უნდა განვითარდეს, არ არის ხელისუფლების საზრუნავი. ამის „მცოდნე“ მხოლოდ თავისუფალი ბაზარია. მხოლოდ ადამიანებმა იციან, რაში სურთ საკუთარი ფულის დახარჯვა. თუ ჩვენ ვიყიდით ქართული წარმოების პომიდორს - შესაბამისად მოვიყვანთ მეტ პომიდორს. თუ ვიყიდით ქართულ ფეხსაცმელს - განვითარდება ქართული ფეხსაცმლის წარმოება. და თუ ვიყიდით უცხოურს, ეს ნიშ ნავს, რომ ჩვენ თ ვის ასე უფ რო „მომგებიანია“. ისინი კი, ვისაც პომიდორი უნდა მოეყვანა ან ფეხსაცმელი შეეკერა, შეეცდებიან ისეთი პროდუქტის შექმნას, რომლის ყიდვის სურვილიც ჩვენ გვექნება. მხოლოდ ჩვენ, ადამიანები ვწყვეტთ რა გვინდა. როდესაც ამას აკეთებს რომელიმე ბიუროკრატი - ის სინამდვილეში თამაშობს ჩვენი ფულით და პასუხს არ აგებს საკუთარ საქციელზე. გადავყრით 150 მილიონს სოფლის მეურნეობის განვითარებაში - ამით ეკონომიკის ამ სფეროს არაფერი ეშველება. ისინი კი, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო, კუთვნილ ხელფასს რეგულარულად ისევ ჩვენი გადახდილი გადასახადებიდან აიღებენ.
ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ხელისუფლების მიდგომა ამ საკითხისადმი იშვიათი სიზუსტით ემთხვევა ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების, ქრისტიან-დემოკრატების, ქართული დასისა და ბოლო წლებში ეგზომ მომრავლებული მრავალპროფილიანი „ექსპერტების“ შეხედულებებს. ყველა სოფლის მეურნეობის დახმარების აუცილებლობაზე საუბრობს და ინფლაციასთან ბრძოლის მთავარ სტრატეგიად ეს მიაჩნია. შეხედულებათა ასეთი დამთხვევა არ მახსენდება არც ერთ სხვა, მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვან პოლიტიკურ საკითხზე. არ მგონია, ეს დამთხვევა იმის მანიშნებელი იყოს, რომ ხელისუფლება სწორ გზას ადგას. მეტიც, არ მგონია ეს დამთხვევა მაინცდამაინც საამაყო იყოს. იქნებ ამან მაინც დაგვაფიქროს.
ინფლაციის ზრდა
ინფლაცია ისევ მატულობს. წლიური ინფლაციის დონე თებერვალში 1.4%25-ით გაიზარდა და იანვრის მაჩვენებელთან შედარებით (12.3%25), თებერვალში 13.7%25-ს მიაღწია. საქსტატის ინფორმაციით, ინფლაციის დონის კიდევ უფრო ზრდის მიზეზი სურსათსა და ტრანსპორტზე ფასების მატება გახდა. საწვავზე ფასები თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, 5.2%25-ით გაიზარდა. თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასები 6%25-ით გაზრდილია. შარშან ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი - 28.4%25-ით. სულ, თებერვალში სურსათის და უალკოჰოლო სასმელების წილმა წლიურ ინფლაცია ში 11.7%25 შეადგინა.
![]() |
12 კოსმეტიკური ცვლილებები? |
▲back to top |
ეკონომიკა
მაკა გამცემლიძე
ევროპის სოფლის მეურნეობის ერთიანი პოლიტიკა
სოფლის მეურნეობის ერთიანი პოლიტიკა ევროკავშირის ერთ-ერთი ქვაკუთხედია. მიუხედავად იმისა, რომ სოფლის მეურნეობაზე ევროკავშირის მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 1.6%25 მოდის და მასში მუშახელის 5%25-ია დასაქმებული, ორგანიზაცია ყველაზე მეტ თანხებს სწორედ ამ სფეროში ხარჯავს. წლების მანძილზე ევროკავშირის ბიუჯეტის ნახევარზე მეტი, ყოველწლიურად დაახლოებით 50 მილიარდი ევრო, სოფლის მეურნეობას ხმარდებოდა. მიუხედავად რეფორმებისა, პოლიტიკის არსი იგივე რჩებოდა - ფერმერები უზარმაზარ სუბსიდიებს იღებდნენ, მომხმარებლები - მაღალ ფასებს, შინაური ცხოველები კი - უკეთეს საარსებო პირობებს.
ფოტო: REUTERS ©
ნოემბერში, ევროკავშირის სოფლის მეურნეობის კომისარმა დაქიან ჩიოლოშმა ერთიანი სამეურნეო პოლიტიკის რეფორმის ვარიანტები წარმოადგინა. მისი თქმით, ახალი მიდგომა უფრო მწვანე, უფრო სამართლიანი და ეფექტიანი უნდა იყოს. წინასწარ პროექტებში აქცენტი ხარჯების თანდათანობით შემცირებასა და თანხების აღმოსავლეთ ევროპაზე გადანაწილებაზეა გაკეთებული. ევროპელი ფერმერების ორგანიზაცია, კოპა-კოგესა უარყოფითად გამოეხმაურა მათთვის სუბსიდიების შემცირების პერსპექტივას. მათი აზრით, რეფორმები მსხვილ ფერმერებს ბაზრიდან გამოდევნის და ევროპის სოფლის მეურნეობას ძირს გამოუთხრის. აქამდე ერთიან სამეურნეო პოლიტიკაზე დახარჯული მთელი თანხების 80%25 ფერმერების მხოლოდ 20%25-ს ხმარდებოდა. ფერმერების ეს მცირე რაოდენობა ძირითადად მსხვილ, მემკვიდრეობით ფერმებს წარმოადგენს.
რეფორმის პროექტი ერთიანი სამეურნეო პოლიტიკის კრიტიკოსებს ახალს არაფერს ჰპირდება. ეს პოლიტიკა როგორც ევროპელ გადასახადების გადამხდელებს დააზარალებს მომავალში, ასევე მეტ-ნაკლებად უარყოფითად იმოქმედებს მსოფლიოს სხვადასხვა ეკონომიკურად ჩამორჩენილ რეგიონზე.
მიუხედავად უზარმაზარი დაფინანსებისა, ერთიანი სამეურნეო პოლიტიკა მომხმარებელსაც ტვირთად აწევს. პოლიტიკის ფარგლებში სოფლის მეურნეობის პროდუქტების იმპორტი ევროკავშირში იბეგრება, რაც მსხვილი ფერმერების წისქვილზე ასხამს წყალს. სუსტი ან არარსებული კონკურენციის პირობებში, მათ შეუძლიათ, საკუთარი პროდუქცია საბაზრო ფასზე მეტად გაყიდონ. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის კვლევების მიხედვით, ხელოვნურად შენარჩუნებული მაღალი ფასების გამო, ევროკავშირის მოსახლეობას ყოველწლიურად 50 მილიარდი ევროთი მეტის გადახდა უწევს სოფლის მეურნეობის პროდუქტებისათვის. ბრიტანული ანალიტიკური ცენტრის, Policy Exchange-ის მიხედვით, ევროპელი მომხმარებლები 42 პროცენტით მეტ თანხას იხდიან სოფლის მეურნეობის პროდუქციაში, ვიდრე ერთიანი პოლიტიკის არარსებობისა და ვაჭრობის ლიბერალიზაციის შემთხვევაში მოუწევდათ. ფინანსური რესურსების არაეფექტიანად ხარჯვას ერთიანი სამეურნეო პოლიტიკის მომხრეები სამუშაო ადგილებისა და აგრობიზნესის შენარჩუნებით ამართლებენ. ერთი მხრივ, სუბსიდიების მიუხედავად, ფერმერებისა და სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ადამიანების რიცხვი მცირდება. მეორე მხრივ, ფრანგი ეკონომისტის პატრიკ მესერლინის მიხედვით, 1990-იან წლებში სოფლის მეურნეობაში თითოეული სამუშაო ადგილის შენარჩუნებისთვის ევროკავშირის მოქალაქეები წელიწადში საშუალოდ 200 ათას ამერიკულ დოლარს იხდიდნენ.
საკვებზე მაღალი ფასები, როგორც ევროკავშირში, ისე მის ფარგლებს გარეთ, სიღარიბის დაძლევას ართულებს. მცირე შემოსავლის მქონე მუშახელი გამომუშავებული ხელფასის გაცილებით დიდ პროპორციას ხარჯავს საკვებში, ვიდრე საშუალო ან მაღალი შემოსავლის მქონე ადამიანები. საკვებზე დაბალ ფასებს ირიბი გავლენა ტექნოლოგიურ ინოვაციაზეც ექნება, რადგანაც ადამიანებს მეტი მოტივაცია (და რაც მთავარია თანხა) დარჩებათ უახლეს ტექნოლოგიებზე დასახარჯად. ტექნოლოგიების ტრანსფერი განსაკუთრებით მწვავედ დგას აფრიკული ქვეყნების წინაშე, რომლებიც ევროკავშირის სამეურნეო პოლიტიკით გარკვეულწილად ზარალდებიან. სოფლის მეურნეობა მრავალი აფრიკული ქვეყნის ეკონომიკის საყრდენია, თუმცა პროტექციონისტული პოლიტიკის გამო, მათ არ აქვთ საშუალება საკუთარი პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზე შეიტანონ. ევროკავშირში ხელოვნურად მაღალი ფასები და კვოტები სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის სიჭარბეს უზრუნველყოფს. ნამატი საქონელი მსოფლიო ბაზარზე გადის და ევროკავშირის ფასებთან შედარებით გაცილებით იაფად იყიდება, რაც სხვა ბაზრებზეც ხელს უშლის ჩამორჩენილი ქვეყნების პროდუქციის გაყიდვას. მეორე მხრივ, ჭარბი პროდუქციის წარმოებაზე უფრო მეტი იხარჯება, ვიდრე ის მსოფლიო ბაზარზე იყიდება. ფინანსურ დანაკარგებს, ცხადია, ევროკავშირის მოსახლეობა გადასახადებით აბალანსებს.
სოფლის მეურნეობის ერთიანი პოლიტიკის რეფორმის საკითხი მომავალ ბიუჯეტზე დისკუსიის პარალელურად გაგრძელდება. ბრიტანეთსა და შვედეთს სოფლის მეურნეობიდან თანხების გადაქაჩვა ტექნოლოგიური ინოვაციის პროექტებზე სურთ, რასაც მსხვილ ფერმერთა და ბუნების დამცველთა ორგანიზაციები შეეწინააღმდეგებიან. ნოემბერში შემოთავაზებული პროექტები რეფორმის ზოგადი მონახაზი უფრო იყო, საკანონმდებლო დონეზე განსახორციელებელი ცვლილებები კი, სავარაუდოდ, ფართო დისკუსიასა და მეტ პროტესტს გამოიწვევს.
![]() |
13 ვერ მოკლავთ ბიჭუნას |
▲back to top |
ფოკუსი
თამარ ჩერგოლეიშვილი
- აქ სიწყნარეა. არაფერი ხდება. ომი არ იქნება. შინ დავბრუნდები.
- დარჩი. შენ უზრუნველყავი ინფორმაცია, მე უზრუნველვყოფ ომს.
ლეგენდის თანახმად, ეს მიმოწერა New York Journal-ის გამომცემელ უილიამ რენდოლფ ჰერსტსა და ამავე გამოცემის კორესპონდენტს, ჰავანაში მივლინებულ ფრედერიკ რემინგტონს შორის გაიმართა. დეპეშების ამბავს, რომელსაც ჟურნალისტი ჯეიმს კრილმანი 1901 წელს გამოცემულ წიგნში ჰყვება, იმის საბუთად იყენებენ, რომ ამერიკა ესპანეთთან ომში, არც მეტი, არც ნაკლები, პრესამ ჩაითრია. ამავე ისტორიას მოგვითხრობს ამერიკელი რეჟისორი ორსონ უელსი ჰერსტის პერსონით შთაგონებულ, კულტად ქცეულ ფილმში „მოქალაქე კეინი“. სურათის მთავარი გმირი იდეალისტი გამომცემელია, რომელიც ბოლოს ძალაუფლებას დახარბებულ მონსტრად იქცევა. „მოქალაქე კეინი“ ჰერსტის არც ერთ გამოცემას არ გაუშუქებია.
ბევრი მკვლევარი მსგავსი მიმოწერის ფაქტს საერთოდ უარყოფს და პრესის გავლენის ხაზგასასმელად მოგონილ მითს უწოდებს, რომელმაც მე-19 საუკუნის ბოლოს, ამერიკის უპრეცედენტო ეკონომიკური და დემოგრაფიული ზრდის პარალელურად, განუხრელი მატება დაიწყო. ამ პერიოდს მარკ ტვენმა მოოქროვილი ხანა უწოდა და დღემდე ასე მოიხსენიებენ.
ყველაფერი კი შემდეგნაირად დაიწყო:
1883 წელს ჯოზეფ პულიცერმა გაზეთი New York World-ი იყიდა და გადაწყვიტა მისგან გასართობი გაეკეთებინა. გამომცემელმა გაზეთს ძალიან დაბალი ფასი - 2 ცენტი დაადო, მის ფურცლებზე ათასგვარი თამაში და შეჯიბრი გააჩაღა, რითაც ახალი მკითხველები შეიძინა. მან მყვირალა სათაურები და საეჭვო წარმომავლობის სკანდალური ისტორიები - ფოკუსით სოციალურ უსამართლობაზე - სავალდებულო გახადა. ცოტა ხანში New York World-ი ქალაქის ყველაზე მაღალტირაჟიან გამოცემად და მომგებიან ბიზნესად იქცა.
პულიცერის იდეა ჭკუაში დაუჯდა სან-ფრანცისკოელი მილიონერის მემკვიდრეს, უილიამ რენდოლფ ჰერსტს, რომელიც ამერიკის დასავლეთ სანაპიროდან, ნიუ იორკში გადასახლდა და New York Journal-ი შეიძინა. როგორც ედუინ დაიმონდი თავის წიგნში - „თაიმსის უკან“ - აღნიშნავს, ჰერსტს სურდა მისი მკითხველები გაზეთს რომ გადაფურცლავდნენ, სულ „ღმერთო დიდებულო“ ეძახათ.
თუ პულიცერის ინტერესის საგანი სოციალური უსამართლობა და მასთან დაკავშირებული სკანდალები იყო, ჰერსტს უფრო კრიმინალური სენსაციები და მათი გამოძიება აინტერესებდა. ფაქტების გადამოწმებით თავს არც ერთი გამოცემა არ იწუხებდა - იმ მკითხველს, ვისი მიზიდვაც სურდათ, არა იმდენად ფაქტების ზუსტი აღწერა, არამედ ხმაურიანი ამბები ხიბლავდა.
ჰერსტი ჟურნალს ერთ ცენტად ყიდდა, რამაც პულიცერი აიძულა ფასი გაენახევრებინა. მაგრამ სენსაციებით და სკანდალებით შეიარაღებული გაზეთების ნამდვილი ომი მაშინ დაიწყო, როდესაც ჰერსტმა, უფრო მაღალი ხელფასის სანაცვლოდ, პულიცერის თანამშრომლების გადაბირებას მიჰყო ხელი - მათ რიცხვში მოხვდა რიჩარდ ფელტონ აუთქოლთი, პირველი თანამედროვე კომიქსის - „ჰოგანის ხეივნის“ ავტორი, რომელმაც ორკბილა, დიდყურა პერსონაჟი - ყვითელ პერანგიანი ბიჭუნა შექმნა. პულიცერმა დიდყურა გმირთან განშორება არ ისურვა და მისი ამბის გასაგრძელებლად სხვა ავტორი იქირავა. მოხდა ისე, რომ ყვითელი ბიჭუნას ისტორიას ორივე გაზეთი ჰყვებოდა - ბუნებრივია, სხვადასხვანაირად.
როგორც ამბობენ, სწორედ აუთქოლთის გმირს უკავშირდება ტერმინი ყვითელი პრესა. საზოგადოების ნაწილს პულიცერისა და ჰერსტის უპასუხისმგებლო, მხოლოდ კომერციაზე - ტირაჟის გაზრდასა და რეკლამაზე - გათვლილი მოღვაწეობა აღიზიანებდა. რესპექტაბელურ მედიაწრეებში მათ გამოცემებს ზიზღით მოიხსენიებდნენ და „ყვითელი ბიჭუნას ჟურნალისტიკას“ ეძახდნენ.
„გაზეთს თუ არავინ კითხულობს, გაზეთი არაა, - ამბობდა ჩიკაგოს სოციოლოგიის სკოლის დამფუძნებელი, ამერიკელი სოციოლოგი რობერტ კემპი. - არსებობისთვის ბრძოლა, გაზეთის შემთხვევაში ტირაჟისთვის ბრძოლას ნიშნავს. გაზეთი, რომელსაც არ კითხულობენ, საზოგადოებაზე გავლენას ვერ მოახდენს. პრესის გავლენა იმით განისაზღვრება, თუ რამდენი ადამიანი კითხულობს მას“.
საქმე ისაა, რომ მე-19 საუკუნის მიწურულამდე პრესა ძირითადად იდეოლოგიურ ან პარტიულ მიზნებს ემსახურებოდა. ასეთი იყო მაგალითად ამჟამად New York Times-ის მფლობელობაში მყოფი International Herald Tribune-ის წინაპარი, New York Herald-ი. ისინი არა იმდენად ახალი ამბების გავრცელებით, რამდენადაც სხვადასხვა ავტორთა ნააზრევის გამოქვეყნებით იყვნენ დაკავებულები. მსგავს გაზეთებს, როგორც წესი, მხოლოდ განათლებული და პოლიტიკით დაინტერესებული ადამიანები კითხულობდნენ. ყვითელი პრესის დაბადებამდე, New York Herald-ი იჩემებდა, რომ მისი ტირაჟი მსოფლიოში ყველაზე მაღალი იყო - 84 ათასი. ჰერსტმა და პულიცერმა, როგორც უკვე ვთქვი, ყველა გამოცემა უკან მოიტოვეს, რადგან საზოგადოების ფართო მასები დააინტერესეს. სხვადასხვა დროს მათი ტირაჟი 200 ათასს აღწევდა.
ჯოზეფ პულიცერი და უილიამ რენდოლფ ჰერსტი.კარიკატურა
სკანდალსა და სენსაციაზე გათვლილმა სარედაქციო პოლიტიკამ - ყალბმა ინტერვიუებმა, ფსევდომეცნიერულმა კვლევებმა, თვითმარქვია ექსპერტების შეფასებებმა, ცილისწამებამ - საგამომცემლო და სამართლებრივ წრეებში ფართო დისკუსია გამოიწვია. სიტყვას ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციის პირველი შესწორება იცავდა. ისმოდა კითხვა იმის შესახებ, თუ რა დაიცავდა ადამიანებს სიტყვისგან.
ჯოზეფ პულიცერი
1890 წელს, Harward Law Review-ში გამოქვეყნდა აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მომავალი მოსამართლის, ლუის ბრანდეისის და მისი ყოფილი სტუდენტის, სემუელ უორენის სტატია „პირადი ცხოვრების უფლება“, რომელიც დღემდე ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნაშრომად რჩება აშშ-ის იურისპრუდენციაში.
დაიწყო საუბარი პროფესიონალიზმსა და ობიექტურობაზე. იყვნენ ისეთებიც, ვინც პრესის ლიცენზირებას მოითხოვდა. თუმცა ამერიკის კონსტიტუციის პირველი შესწორების პირობებში, მსგავსი ინიციატივები უარყვეს და მოვლენები თვითრეგულირების სასარგებლოდ განვითარდა. ჩაითვალა, რომ ადამიანი საკმარისად რაციონალურია იმისთვის, რომ იდეათა თავისუფალი ბაზრის პირობებში კარგის და ცუდის გარჩევა შეძლოს.
„უსაფრთხოდ მაშინ ვართ, როდესაც პრესა თავისუფალია და ყველა ადამიანს შეუძლია კითხვა“, - ამბობდა აშშ-ის მესამე პრეზიდენტი თომას ჯეფერსონი.
და მართლაც, განუსაზღვრელი თავისუფლების პირობებში, საზოგადოების განსჯისა და კრიტიკის შედეგად, მედიის ნაწილმა - Washington Post-მა, Wall Street Journal-მა, New York Times-მა და ა.შ. - პროფესიული სტანდარტების შემუშავება დაიწყო, მკითხველს ხარისხიან ინფორმაციას დაჰპირდა. მართალია იდეოლოგიისგან ვერ გათავისუფლდა, მაგრამ ფაქტის და ანალიზის გამიჯვნა ნორმად გამოაცხადა და მკითხველს გამოქვეყნების ღირსი ყველა სიახლის მიწოდება აღუთქვა - ამგვარად, უარი თქვა თვითმიზნად ქცეულ სენსაციონალიზმზე.
ასე გაჩნდა „კარგი“ და „ცუდი“ მედია. მაგრამ პირველმა მეორეს ვერაფერი დააკლო. სტატისტიკა ცხადყოფს, რომ სიყვითლე, საზოგადოებას დღემდე უფრო მეტად აინტერესებს, ვიდრე სერიოზული ჟურნალისტიკა. ამას გარდა, მათ შორის ზღვარი ჩინური კედლით არავის გაუყვია - ის, რაც ერთისთვის დამაჯერებელია, სხვას სისულელე ჰგონია, რაც ვიღაცისთვის საზოგადოების სამსახურში ყოფნას ნიშნავს, სხვისთვის არაპროფესიონალურად გამოიყურება.
ამის საილუსტრაციოდ Wikileaks-ის სკანდალიც კმარა, როდესაც ჰაკერსა და რესპექტაბელურ გამოცემებს შორის უპრეცედენტო თანამშრომლობა შედგა. New York Times-მა მსოფლიო პრესის სხვა თვალსაჩინო წარმომადგენლებთან ერთად ამერიკის საგარეო უწყების ქსელიდან მოპარული საიდუმლო მიმოწერა გამოაქვეყნა. კრიტიკოსები ამბობდნენ, რომ ამ ნაბიჯით, მან საკუთარი ეთიკის კოდექსი დაარღვია, რადგან უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე ჩააგდო საფრთხეში. ამერიკული პრესის „ნაცრისფერი ლედი“ კი ირწმუნებოდა, რომ მან პრესის მოვალეობა შეასრულა - საზოგადოებრივ ინტერესს გაუწია სამსახური.
შეიძლება პარადოქსად მოგეჩვენოთ, რომ ყვითელი პრესის სულისჩამდგმელი - ჯოზეფ პულიცერი ერთ-ერთი პირველია, ვინც ჟურნალისტიკის პროფესიად ქცევაზე და ჟურნალისტების განათლებაზე არა მხოლოდ ალაპარაკდა, არამედ ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები გადადგა. 1892 წელს მან კოლუმბიის უნივერსიტეტის რექტორს სეთ ლოუს ჟურნალისტიკის სკოლის დასაფუძნებლად ფული შესთავაზა. რექტორმა მისი წინადადება პულიცერის ცუდი რეპუტაციის გამო უარყო. შემდეგი რექტორი ყოყმანით, მაგრამ მაინც დათანხმდა. თუმცა გამომცემელმა ოცნება მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ აიხდინა - 1912 წელს, კოლუმბიის უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის მსოფლიოში პირველი სამაგისტრო სკოლა გაიხსნა.
თანამედროვეების მიერ აბუჩად აგდებული პულიცერის სახელობის ჯილდოსთვის დღეს მსოფლიოს საუკეთესო მწერლები და ჟურნალისტები იღვწიან. ლაურეატებს შორის არიან უილიამ ფოლკნერი, ერნესტ ჰემინგუეი, ტონი მორისონი, ფილიპ როთი, ისევე როგორც Washington Post-ის, New York Times-ისა და Wall Street Journal-ის მთელი შემადგენლობა და ბევრი სხვა.
რაც შეეხება ჰერსტს, მისი შექმნილი კორპორაცია დღეს ფლობს 200-მდე ჟურნალსა და გაზეთს, 29 ტელევიზიასა და 2 რადიოსადგურს.
უილიამ რენდოლფ ჰერსტი
ყვითელი პრესა საქართველოშიც განსჯის საგანია, მაგრამ დისკუსია ჯერ სალონურ გარჩევებს არ სცდება. აღშფოთებული კრიტიკოსები სიყვითლეს, სიყვითლით - პერსონალური თავდასხმებით - პასუხობენ და ხშირად დისკუსია ამით ამოიწურება. ყურადღების მიღმა რჩება ის, თუ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ თვითმიზნურ სენსაციონალიზმსა და ჭორაობაზე ორიენტირებული ჟურნალისტიკის გვერდით, რესპექტაბელური მედია აღმოცენდეს ან რა უშლის ამას ხელს.
იოლი გამოსავლის მაძიებლები ხარისხის პრობლემის გადაჭრას აკრძალვებით ცდილობენ. ამერიკული გამოცდილება გვიჩვენებს, რომ გამოსავალი, სამომხმარებლო არჩევანის გაფართოება და აუდიტორიისთვის უფრო ხარისხიანი ალტერნატივის შეთავაზებაა.
ისტორიულად, ქართული პრესა ამ გზით ვითარდებოდა. შეგვიძლია გავიხსენოთ, რომ ილია ჭავჭავაძე გამოსავალს სწორედ პლურალიზმისა და კონკურენციის განვითარებაში ხედავდა.
„ჟურნალების სიმრავლე არამც თუ უნდა იყოს საწყენი, არამედ სასიხარულო იმისათვის, ვისაც უანგაროდ უყვარს თავისი ხალხი და იმისი ბედნიერება. ჟურნალების სიმრავლე ცხადად აჩვენებს, რომ ხალხს არ ჰსძინავს, ფიქრობს, და ჰსჯის; რომ ხალხში ტრიალებს, მოძრაობს სხვადასხვანაირი აზრი, რომლის გამომეტყველადაც არიან სხვადასხვა ჟურნალები“, - წერდა ილია 1863 წელს გამოქვეყნებულ წერილში „საქართველოს მოამბეზედ“. ამ სიტყვებს თომას ჯეფერსონიც ხელს მოაწერდა.
ამერიკულის მსგავსად, ამ პერიოდის ქართული პრესა იდეოლოგიური იყო. მე-20 საუკუნის დასაწყისში კი პარტიული კონტურები შეიძინა. საქართველოში, ისევე როგორც ამერიკაში, მას, როგორც ბიზნესს, არავინ განიხილავდა. მაგალითისთვის, ცისკრის გამომცემელმა, ივანე კერესელიძემ ჟურნალს მთელი თავისი ქონება შეწირა, თვითონ კი სიღარიბეში ამოხდა სული.
აი, რას წერდა პირველი ქართული ჟურნალის, სალიტერატურო ნაწილნი ტფილისის უწყებათანის რედაქტორი, სოლომონ დოდაშვილი:
„დაიწყო ქართულ ენასა ზედა გამოცემამა ტფილისის უწყებათამან აწინდელსა ამას წელსა, უმეტეს ამისთვის, რათამცა ესე გარსა სასარგებლოსა საქმესა მისცემოდა მტკიცე საფუძველი შესაწევნელად განათლებისა განვრცელებისათვის ბუნებითისა ენისა ჩვენისა, მიახლოებისთვის გამობრძნობილთა მცხოვრებთა ევროპიისათა, თუმცაღა ჯერეთ არა იხილვების მიღებული ესე საგანი“.
სოლომონ დოდაშვილი ამ სიტყვებით ევროპელ განმანათლებლებს ეხმაურებოდა და ჟურნალის მიზნად ქართველთა შორის განათლების გავრცელებას ისახავდა. ილია ჭავჭავაძე კი პრესის მოვალეობად თანამედროვეობისთვის ფეხის აწყობას და ერის განვითარების ხელშეწყობას მიიჩნევდა.
„ჩვენი საქმე საქართველოს ხალხის ცხოვრებაა; მისი გაუმჯობინება ჩვენი პირველი და უკანასკნელი სურვილია. თუ ჟურნალს უნდა კეთილსვინდისიანად აღასრულოს თავისი ძნელი საქმე, უნდა თვალგაფაციცებით თან აჰყვეს აწინდელ ცხოვრებასა, რათა ყოველ აღმოშობილ ფაქტსა თვალი და გონება ადევნოს, ყოველ აზრის საკეთილო მოძრაობას გზა მისცეს, ყოველიფერი შენიშნოს და ყოველსფერს პასუხი გასცეს. ერთის სიტყვით, უშველოს ცხოვრების წინ ფეხის გადადგმასა გასამჯობინებლად, გასაკეთებლად“, - ამბობდა ილია.
საინტერესოა, როგორ განვითარდებოდა ქართული პრესა იდეათა თავისუფალი ბაზრის პირობებში - იქცეოდა თუ არა ის ბიზნესად. მაგრამ ილია მოკლეს. საქართველოს მიერ მეოცე საუკუნეში მოპოვებული ხანმოკლე დამოუკიდებლობა კი, საბჭოთა ოკუპაციით და ტოტალიტარული ცენზურით დამთავრდა. აქ გაიყინა ქართული პრესის განვითარება. ილიას ნაქები პლურალიზმი წარსულს ჩაბარდა და 90-იან წლებამდე, ანუ საქართველოს დამოუკიდებლობამდე მოგონებად დარჩა.
ქართული პრესა, როგორც მოგებაზე ორიენტირებული ბიზნესი, მეოცე საუკუნის ბოლოს მოგვევლინა. ისევე, როგორც მე-19 საუკუნის მიწურულს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩვენს მედიალანდშაფტშიც ყვითელი ფერი დომინირებს. აქედან გამომდინარე, ბევრი აკეთებს მცდარ დასკვნას, რომ ქართულ სინამდვილეში ხარისხი კომერციულ მდგრადობასთან შეუთავსებელია და ჩვენი საზოგადოება სერიოზული ჟურნალისტიკისთვის მზად არ არის. სინამდვილეში, ეს საკუთარი წარუმატებლობის გამართლების მცდელობა უფროა, ვიდრე ობიექტური კანონზომიერება.
ილია ჭავჭავაძე
არიან ისეთებიც, რომლებიც თვლიან, რომ ყვითელი მედია აკრძალული ილეთებით ავიწროებს რესპექტაბელურ ჟურნალისტიკას და რომ ის უსამართლოდ არის დაუფლებული იმ აუდიტორიას, რომელიც სხვა შემთხვევაში ინტელექტუალური გადაცემების და გამოცემების მაყურებელი, მსმენელი და მკითხველი იქნებოდა. ამიტომ ჭორიკნების, უვიცების, უზრდელების და სიძულვილის მქადაგებლებისთვის პირში ბურთის ჩაჩრას მოითხოვენ.
სოლომონ დოდაშვილი
„ყვითელი ბიჭუნას“ მოკვლით რესპექტაბელური მედია ვერ განვითარდება. ამის მცდელობას შეიძლება თავისუფალი სიტყვა გადაყვეს. გამოსავალს, ილიას გზით უფრო იოლად ვნახავთ - საზოგადოებას უკეთესი არჩევანი უნდა შევთავაზოთ. მით უმეტეს, რომ ჩვენ წინაშე მდგარი ამოცანა ბევრად უფრო მარტივია - მე-19 საუკუნისგან განსხვავებით, დღეს წერა-კითხვა თითქმის ყველამ იცის.
საგაზეთო ილუსტრაცია
ფილმ „მოქალაქე კეინის“ აფიშა
![]() |
14 ფოტოესე |
▲back to top |
11 მარტს, იაპონიაში რიხტერის შკალით 8.9-ბალიანი მიწისძვრა მოხდა. ეს ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი, ხოლო 1900 წლიდან მსოფლიოში მომხდარ მიწისძვრებს შორის სიძლიერით მეხუთე მიწისძვრაა. ბიძგებმა ძლიერი ტალღები და ცუნამი გამოიწვია, რომელსაც მასშტაბური ნგრევა, ხანძრები და მსხვერპლის დიდი რაოდენობა მოჰყვა. ამ დროისთვის სტიქიის საფრთხე, წყნარი ოკეანის სანაპიროებსაც ემუქრება.
ფოტოზე: ქალაქი ნატორი ცუნამის შემდეგ
![]() |
15 არაპოპულარული რეფორმები საარჩევნო წარმატების ფორმულა |
▲back to top |
მსოფლიო
ესტონეთი
ავთო ქორიძე
პრემიერ-მინისტრი ანდრუს ანსიპი
ფოტო: REUTERS ©
ესტონეთში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგად, მმართველი მემარჯვენე ცენტრისტი კოალიცია ქვეყნის სათავეში რჩება. მასში შემავალმა ორმა პარტიამ ერთად ხმათა 49.1%25 მოიპოვა. მმართველმა კოალიციამ პარლამენტში ადგილების რაოდენობა 49-დან 56-მდე გაზარდა. რეფორმის პარტიამ, რომლის წევრიც პრემიერ-მინისტრი ანდრუს ანსიპია, ხმათა 28.6%25 მოიპოვა - შედეგად, 101-წევრიან პარლამენტში 33 ადგილს დაიკავებს. გაერთიანება პრო პატრია რესპუბლიკამ ხმათა 20,5%25 მიიღო. ეს მას პარლამენტში 23 ადგილს მოუტანს, 4-ით მეტს, ვიდრე აქამდე ჰქონდა.
54 წლის ანსიპი ესტონეთის ისტორიაში პრემიერ-მინისტრი ყველაზე დიდი ხნის განმავლობაში იყო. მთავრობის მიერ ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად გატარებული მტკივნეული რეფორმებით ამომრჩეველი კმაყოფილი აღმოჩნდა. ესტონეთის ეკონომიკა 2009 წელს ერთი მეშვიდედით შემცირდა, უმუშევრობის დონე კი ქვეყნის მთლიანი მუშახელის ერთ მეხუთედს გაუტოლდა. ხელფასებმა თითქმის ერთი მეოთხედით იკლო. 2009 წლის ბოლო მეოთხედში მშპ-ს ზრდის ტემპით 5 ყველაზე ცუდ ეკონომიკას შორის მოხვდა, მაშინ როცა 2007 წელს ესტონეთი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკა იყო.
ანსიპის მთავრობამ კრიზისის დაძლევა ხარჯვის შემცირებით (მშპ-ს 9%25-ით) და გადასახადების დროებით აწევით (მაგალითად, დღგ 18%25-დან 20%25-მდე გაიზარდა) გადაწყვიტა. მსგავსი რეფორმების გატარება, ქუჩაში გამოსული დემონსტრანტების გამო, სხვა ევროპულ ქვეყნებს გაუჭირდათ. თუმცა ესტონეთის ამომრჩეველმა კრიზისის დაძლევის მთავრობის მიერ შემოთავაზებული გზა ყველაზე პრაქტიკულად ჩათვალა და ახალ პარლამენტში მმართველი კოალიციის წარმომადგენლობა გაზარდა კიდეც.
ბიუჯეტის დეფიციტის შემცირების შედეგად ეკონომიკა გაჯანსაღების გზას დაადგა. ექსპორტი, გამორჩეულად ფინეთში და შვედეთში, განსაკუთრებით სწრაფად იმატებს. 2010 წლის მხოლოდ ბოლო მეოთხედში ეკონომიკა 6,6%25-ით გაიზარდა, თუმცა უმუშევრობა ჯერ კიდევ 14%25-ია.
იანვარში ესტონეთი ევროზონაში შევიდა. ევროზონის ქვეყნების უმრავლესობისგან განსხვავებით ეს პატარა ბალტიური ქვეყანა ევროზონისთვის დადგენილ ვალისა და დეფიციტის ნორმებს აკმაყოფილებს.
პრემიერ-მინისტრი, რომელიც თავისუფალი ბაზრის აქტიური მომხრეა და ეკონომიკური კრიზისის დაძლევის შემდეგ გადასახადების შემცირებაზე საუბრობს, ესტონეთის ეკონომიკას ოპტიმისტურად უყურებს. მისი აზრით, 2022 წლისათვის ესტონეთი ევროკავშირის 5 ყველაზე მდიდარ ქვეყანას შორის იქნება.
რეფორმის პარტიის კოალიციური პარტნიორი, პრო პატრიისა (ესტონურად ისამაალიტი, იგივე მამულის კავშირი) და რეს პუბლიკას გაერთიანება კონსერვატული კავშირია. ის სათავეს დისიდენტური მოძრაობებიდან იღებს. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ პრო პატრიამ რეფორმები გაატარა და ესტონეთი ყველაზე სწრაფად მზარდ ეკონომიკად აქცია. რესპუბლიკა კი პარტიად 2001 წელს ჩამოყალიბდა და 2003 წლის არჩევნების შედეგად პარლამენტში მოხვდა. 2006 წელს პრო პარტია და რესპუბლიკა გაერთიანდნენ.
პრო პატრიას ლიდერი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი მარტ ლაარი, საბჭოთა კავშირის დროს დისიდენტი იყო. ის დღევანდელ პრემიერ ანსიპს კარგად ვერ ეწყობა, ეს უკანასკნელი წარსულში კომუნისტურ პარტიაში ნამუშევარი ინსტრუქტორია. არსებობს ვარაუდი, რომ პიროვნული უთანხმოების გამო ახალ პარლამენტში რეფორმის პარტიამ კოალიცია შეიძლება სოციალ-დემოკრატებთან, ესტონეთის პრეზიდენტის პარტიასთან შექმნას. სოციალ-დემოკრატებმა ახალ პარლამენტში თავიანთი წარმომადგენლობა 10 ადგილიდან 19-მდე გაზარდეს.
მმართველი პარტიის მთავარმა მოწინააღმდეგემ, ცენტრის პარტიამ 3 ადგილი დაკარგა და მომავალ პარლამენტში 26 წარმომადგენელი ეყოლება. მას უმთავრესად ესტონეთის ეთნიკურად რუსი მოსახლეობა უჭერს მხარს. ცენტრის პარტიის მიერ ადგილების დაკარგვა ორმა ფაქტორმა განაპირობა. პარტიის პროგრამა ეკონომიკის საკითხში ამომრჩევლისთვის მიმზიდველი არ აღმოჩნდა. ის ეწინააღმდეგებოდა მმართველი პარტიის მიერ ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად გატარებულ რეფორმებს და ხარჯვის გაზრდას აპირებდა. ცენტრის პარტია ხალხს პენსიის 35 ევროთი მატებას ჰპირდებოდა, მაშინ როცა ბიუჯეტს ამის შესაძლებლობა არ ჰქონდა. ამასთან ერთად, ცენტრის პარტია პროგრესული გადასახადების დაწესებას აპირებდა. ესტონეთში დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან პროპორციული გადასახადია (ყველასთვის თანაბარი პროცენტი) და ამან ქვეყნის განვითარებას შეუწყო ხელი. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი კი პარტიის ლიდერის ედგარ სავისაარის რუსეთის რკინიგზის ხელმძღვანელთან კავშირი იყო. სავისაარმა ვლადიმირ იაკუნინს რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის ასაშენებლად ფული მოსთხოვა. ესტონეთის უშიშროების სამსახურში გაჩნდა ვარაუდი, რომ სავისაარს კრემლი აფინანსებდა და ეკლესიის მშენებლობა მხოლოდ ფულის გათეთრების მექანიზმი იყო. მიუხედავად პარტიის მარცხისა, თავად სავისაარი ეთნიკურ რუსებს შორის კვლავ ძალიან პოპულარულია.
ოპოზიციურმა მწვანეთა და პოპულისტურ-აგრარულმა სახალხო კავშირმა ვერ გადალახეს მინიმალური ზღვარი - 5%25. ეს პარტიები რიიგიკოგუში, ესტონეთის პარლამენტში წარმოდგენილი აღარ იქნება. მათ 12 ადგილი გამოათავისუფლეს.
![]() |
16 დომინო ჩერდება აქ |
▲back to top |
მსოფლიო
მაროკო
სალომე მამალაძე
„საზოგადოებას ცვლილებები სურს, ძირს დიქტატურა!“ - ამ ლოზუნგებით ხალხი ახლა მაროკოს რამდენიმე ქალაქში ერთდროულად გამოვიდა. დედაქალაქის მთავარ მოედანზე ფართომასშტაბიანი საპროტესტო მარში მოეწყო. აქცია საბოლოოდ პოლიციასთან შეტაკებით დასრულდა, რასაც მსხვერპლიც მოჰყვა - ქვეყნის ჩრდილოეთით მომხდარ დაპირისპირებას 5 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
მეზობელი ქვეყნებისგან განსხვავებით, მაროკოში მომიტინგეების მთავარ მიზანს მონარქის, მუჰამედ VI-ის გადაყენება არ წარმოადგენს. მათი ძირითადი მოთხოვნა მთავრობის შეცვლაა. „ხალხი გრძნობს, რომ მუჰამედი მაროკოსთვის შრომობს და ზრუნავს; მთავარი პრობლემა მთავრობაა. საქმის კეთების ნაცვლად მთავრობის წარმომადგენლები დროს უსაქმურობაში ატარებენ“, - განაცხადა ერთ-ერთმა მანიფესტანტმა. მთავრობასთან ერთად ისინი ელიტარული გაერთიანების, მახზანის, გაუქმებასაც მოითხოვენ. ეს უკანასკნელი სამეფო კარის წარმომადგენელთა ალიანსია, რომელიც ქვეყანაში მნიშვნელოვან სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებს წყვეტს. მმართველობით იერარქიაში მახზანი მეფის შემდეგ მეორეა. პარლამენტი უკვე დიდი ხანია მახზანის ინტერესების გამტარებელ ორგანოდ იქცა. გავრცელებული აზრით, მახზანის წყალობით მაროკოში დიქტატურა დემოკრატიის ნიღაბსაა ამოფარებული.
1956 წელს, საფრანგეთის იმპერიისაგან გათავისუფლების შემდეგ მაროკოში აბსოლუტური მონარქია დამყარდა. მეფე აქ თითქმის შეუზღუდავი ძალაუფლებით სარგებლობს - იგი ქვეყნის უზენაესი რელიგიური ლიდერიცაა. მორწმუნე მუსლიმები თავიანთ პოლიტიკურ ლიდერს წინასწარმეტყველი მუჰამედის შთამომავლად მიიჩნევენ. ეს მის წონას საზოგადოებაში კიდევ უფრო ზრდის.
ოპოზიციურად განწყობილ პოლიტიკურ გაერთიანებებს პრობლემების მოგვარების ეფექტიან გზად მმართველობის არსებული ფორმის შეცვლა მიაჩნიათ. ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით, „ქვეყანაში კონსტიტუციური მონარქიის დამყარებით, პოლიტიკური და სოციალური მოვლენების კონტროლი ბევრად უფრო მარტივი იქნება“.
რამდენიმე დღის წინ, მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოსული 40 ათასი მაროკოელი, ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას მოითხოვდა. პოლიტოლოგებისა და ექსპერტების განცხადებით, მაროკოს მთავარი ეკონომიკური სირთულეების აღმოფხვრა უმოკლეს ვადებში შეუძლია.
ქვეყნის ეკონომიკა ძირითადად ექსპორტზეა დამოკიდებული. მსოფლიოში ფოსფატის ყველაზე დიდი მარაგებისა და სხვა ბუნებრივი რესურსების წყალობით მაროკოს ბიუჯეტში ყოველწლიურად 14,49 მილიარდი დოლარი შედის. ქვეყნისთვის კარგად განვითარებული ტურისტული ცენტრების არსებობაც დამატებითი შემოსავალია. მიუხედავად ამისა, უმუშევრობა ქვეყნის მთავარ გამოწვევად რჩება. ოფიციალური მონაცემებით, მაროკოში დაუსაქმებელთა რაოდენობა 10%25-ია, არაოფიციალური წყაროების თანახმად კი ეს მაჩვენებელი გაცილებით მაღალია. მოსახლეობის 15%25 სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ მეხუთე მაროკოელს მინიმალური საარსებო პირობები არ აქვს. მნიშვნელოვანი პრობლემაა კორუფციაც. გატარებული რეფორმებისა და ღონისძიებების მიუხედავად მისი აღმოფხვრა ქვეყნის პოლიტიკურ, სასამართლო და საკანონმდებლო ორგანოებში ვერ მოხერხდა. Heritage Foundation-ის შეფასებით მაროკოში ეკონომიკური თავისუფლების ხარისხი ძალიან დაბალია. ამ მაჩვენებლით იგი მსოფლიო რეიტინგში 93-ეა და 59,6 ქულით ფასდება. Freedom House-ი ქვეყანაში პოლიტიკურ თავისუფლებას 5-ბალიან შკალაზე 3 ქულით აფასებს. Human Development Index-ის მიხედვით კი მაროკო 114 ადგილზეა.
მანიფესტანტების მთავარ მოთხოვნებს ქვეყნის პირველი პირი უკვე გამოეხმაურა. მისი განცხადებით, შეიქმნება სპეციალური საბჭო, რომელიც ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებზე იმუშავებს. მუჰამედ VI-მ ხალხს დაშლისაკენ და ამ კომისიასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდა. მონარქის განცხადებით, იგი არ დაუშვებს საპროტესტო აქციების გამო ქვეყანაში მიმდინარე პროცესები შეფერხდეს.
ფოტო: REUTERS ©
![]() |
17 უფლებადაცვით-სამრეწველო კომპლექსის არაბული ფლირტი |
▲back to top |
მსოფლიო
ადამიანის უფლებები ახლო აღმოსავლეთში
მიხეილ ბასილაია
არაბულ ქვეყნებში გავრცელებულმა საპროტესტო აქციებმა და თანმდევმა ძალადობამ წამოჭრა კითხვები დასავლეთის ქვეყნების საგარეო პოლიტიკისა და საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ. ეგვიპტესა და ტუნისში საპროტესტო აქციებს ასეულობით ადამიანი ემსხვერპლა. ლიბიის ლიდერი მუამარ კადაფი გამოსვლებს უცხოელი დაქირავებული მეომრებითა და ტყვიებით გაუმასპინძლდა, რასაც ასეულობით ადამიანი შეეწირა. ავტორიტარული რეჟიმების არსებობის პარალელურად, ადამიანის უფლებების მხრივ კრიტიკის დიდ ნაწილს რეგიონის სხვა სახელმწიფო - ისრაელი იღებს. ქვეყანას პალესტინელების მიმართ უსამართლო ქმედებებში სდებენ ბრალს.
უკვე წლებია, ისრაელის მიმართ ორმაგი სტანდარტები არსებობს. დასავლურ უნივერსიტეტებში, სადაც წინა პლანზე მემარცხენე აკადემიური წრეები არიან, ახლო აღმოსავლეთში ადამიანის უფლებათა საკითხის კვლევა, ძირითადად, ისრაელ-პალესტინის კონფლიქტით შემოიფარგლება. ისლამისტური რეჟიმების მიერ მასობრივი განადგურების იარაღის ხელში ჩაგდების მცდელობაც კი, მედიაში ნაკლები პოპულარობით სარგებლობს. ეს მაშინ როდესაც ახლო აღმოსავლეთში ყოველდღიურობად არის ქცეული ადამიანთა მკვლელობა, დაპატიმრება და დევნა რელიგიური თუ პოლიტიკური ნიშნით.
მუამარ კადაფი
ანტიისრაელური პოლიტიკის ერთ-ერთი შედეგი, რამდენიმე ხნის წინ გაეროს ადამიანის უფლებათა კომისიაში ეგვიპტისა და ტუნისის წევრებად მიღება იყო. ისრაელის კრიტიკის პარალელურად, ორივე ქვეყანამ კომისიისგან შექება დაიმსახურა ადამიანის უფლებათა მხრივ მდგომარეობის გაუმჯობესების გამო. უფრო შორს წავიდა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Human Rights Watch-ი, კონკრეტულად კი მისი ახლო აღმოსავლეთის დეპარტამენტის ხელმძღვანელი სარა ლი უიტსონი. ის ლიბიაში ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებს დადებითად აფასებდა. უიტსონმა ამას 2009 წლის მაისში ჟურნალ Foreign Policy-ში გამოქვეყნებულ სტატიაშიც (ტრიპოლის გაზაფხული) გაუსვა ხაზი. მისი მიხედვით, ქვეყანაში პოლიტიკური დინამიზმი იგრძნობოდა, გზა გაიხსნა დისკუსიისა და დებატებისათვის, მთავრობამ საკანონმდებლო რეფორმის განხორციელება და დრაკონული კანონების შერბილება გადაწყვიტა. დაახლოებით იმავე პერიოდში, უიტსონმა HRW-სთვის თანხები საუდის არაბეთში შეაგროვა. ერთი მხრივ, თანხების ნაწილი საეჭვო წყაროებიდან წამოვიდა, მეორე მხრივ, უიტსონმა პოტენციური დამფინანსებლები ანტიისრაელური რიტორიკით მოთაფლა. 2009 წლის დეკემბერში ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლიში HRW-მა დაგეგმა პრესკონფერენცია, სადაც უნდა განხილულიყო ქვეყანაში არსებული ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები. კადაფის რეჟიმმა მოახერხა ღონისძიების ჩაშლა, თუმცა უიტსონს მის მიმართ აუგი არ დასცდენია. მას შემდეგ რაც კადაფის დემოკრატიის გზაზე დამდგარ რეჟიმს ასობით ადამიანი შეეწირა, უიტსონმა 24 თებერვალს Los Angeles Times-ს განუცხადა, რომ ლიბიაში დემოკრატიული რეფორმები არ მიმდინარეობდა და არც მოსახლეობას სჯეროდა კადაფის დაპირებების. უიტსონის ეს განცხადება ცხადყოფს Human Rights Watch-ის, როგორც ადამიანის უფლებათა დამცველის მარცხს ახლო აღმოსავლეთში.
სარა ლი უიტსონი
არასამთავრობო ორგანიზაცია NGO Monitor-ის მონაცემებით, HRW-მა 2010 წელს ისრაელისა და ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ 51 დოკუმენტი გამოაქვეყნა (მათგან მხოლოდ მეოთხედი ეხებოდა ჰამასსა და პალესტინის ადმინისტრაციას). ირანს (44), ეგვიპტეს (34). ტუნისსა (24) და ლიბიას (19) შედარებით ნაკლები ყურადღება დაეთმო. ისრაელზე მოხსენებების ნაწილი 150-ზე მეტ გვერდს მოიცავდა, მაშინ როდესაც სირიაზე რამდენიმეწლიანი კვლევის შედეგებს 35 გვერდი ერგო. 2010 წლის 31 ოქტომბერს პალესტინის ადმინისტრაციამ დააკავა ბლოგერი ვალიიდ ჰასაიინი, რომელიც ღვთისმგმობი ტექსტის გამოქვეყნებაში დაადანაშაულეს. HRW ამ ფაქტს პრეს-რელიზით მხოლოდ 5 დეკემბერს გამოეხმაურა. ამას გარდა, HRW ისრაელის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიებში მონაწილეობდა. აღნიშნული გარემოებები არ დარჩენილა HRW-ს დამაარსებელ რობერტ ბერნშტეინის ყურადღების მიღმა, რომელმაც ორგანიზაცია მიკერძოებულობის გამო მრავალჯერ გააკრიტიკა.
მეორე გავლენიანმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, Amnesty International-მა 2009 წელს ისრაელზე 89 დოკუმენტი გამოაქვეყნა. მას რეგიონში ირანის (218) შემდეგ ყველაზე მეტი ყურადღება ხვდა წილად (ჰამასსა და პალესტინის ადმინისტრაციას ეხებოდა 51 დოკუმენტი, ეგვიპტეს - 46, სირიას - 44, ტუნისს - 42, ლიბიას - 6). AI-ს მასალების მიხედვით, ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში ისრაელი ადამიანის უფლებათა ერთ-ერთ მთავარ დამრღვევად წარმოჩინდა. როგორც ჩანს, ჩაკეტილ საზოგადოებებში არსებულ ადამიანის უფლებათა პრობლემებს ნაკლები ყურადღება ეთმობა, რაც ადამიანის უფლებათა კონცეფციის განსხვავებული ინტერპრეტაციების საშუალებას იძლევა, საბოლოო ჯამში კი მის დისკრედიტაციამდეც შეიძლება მივიდეს.
სილვიო ბერლუსკონი
ნიკოლა სარკოზი
ანგელა მერკელი
გერჰარდ შრედერი
ისრაელის მიმართ ამგვარი დამოკიდებულება ახალი არ არის. დემოკრატმა პრეზიდენტმა ჯიმი კარტერმა (1977-1981) ისრაელი აპარტეიდში დაადანაშაულა, რამაც თავის მხრივ არაბული სამყაროს დესპოტური რეჟიმები წაახალისა. აღსანიშნავია, რომ ამგვარი დამოკიდებულების გამო არაბული ავტორიტარული რეჟიმების მოსახლეობაც არახელსაყრელ მდგომარეობაშია. მსგავსი მიდგომა ტრადიციულად ვრცელდება სხვა ავტორიტარულ რეჟიმებზეც, რომლებიც აშშ-ის მოკავშირეებად არ ითვლებიან. რადიკალი მემარცხენეებისგან არაპროპორციულად მცირე ყურადღებას იმსახურებენ რუანდის, დარფურის ან კამბოჯის გენოციდის მსხვერპლნი. კადაფიმ საკუთარი მმართველობა დაიწყო როგორც კომუნისტმა ლიდერმა, რომელიც ისლამურ სოციალიზმს აშენებდა. წლების მანძილზე ის აფინანსებდა ყველა ჯურის ტერორისტულ ორგანიზაციას, მათ შორის შავ სექტემბერს, რომელმაც 1972 წლის მიუნხენის ოლიმპიადაზე ტერაქტი მოაწყო. მან დააფინანსა 1986 წელს ბერლინის ერთ-ერთ დისკოთეკაზე მომხდარი ტერაქტი, რომელმაც რამდენიმე ამერიკელი სამხედრო იმსხვერპლა. პასუხად, ამერიკის საჰაერო ძალებმა ტრიპოლი და ბენღაზი დაბომბეს. როგორც ცნობილია, 1988 წელს კადაფიმ პირადად გასცა ბრძანება აეფეთქებინათ ლონდონიდან ნიუ იორკში მიმავალი თვითმფრინავი, რომელიც შოტლანდიაში, ლოკერბიში ჩამოვარდა. ტერაქტის შედეგად 270 ადამიანი დაიღუპა. კადაფიმ არც საკუთარი ქვეყანა დაინდო - რეპრესიებმა რამდენიმე ათასი ადამიანი იმსხვერპლა. მის მიერ დაწერილ წიგნში ლიბიელ ერთან თავად კადაფია გათანაბრებული, ხალხს კი მხოლოდ მისი მსახურების უფლება აქვს. ადრე მას საბჭოთა კავშირის სახით ჰყავდა მეგობარი, ახლა კი სილვიო ბერლუსკონისა და ვლადიმირ პუტინთან არის დაახლოებული. კადაფისა და მის შვილებს იტალიაში ბიზნესინტერესები გააჩნიათ, საკუთარ ქვეყანაში კერძო საკუთრებას ზღუდავენ, თუმცა ევროპაში თავად ფლობენ სხვადასხვა კომპანიების აქციებს. პუტინმა კადაფის საგარეო ვალები გაუქვითა. ეს იმ პირობით, რომ ლიბიაში ახალ რკინიგზას რუსული კომპანიები ააგებდნენ. ამით ორ მილიარდ დოლარზე მეტი რუსეთის ბიუჯეტის მაგივრად პუტინთან დაახლოებული ადამიანების კომპანიებში წავიდა.
სანამ დასავლეთს რეიგანი და თეტჩერი წარმოადგენდნენ, ავტორიტარულ რეჟიმებს ხელ-ფეხი ჰქონდათ შეკრული. ისინი ვერაფერს უხერხებდნენ დასავლეთის ქვეყნების მტკიცე პოზიციას. წლების შემდეგ გამოჩენილმა ევროპელმა ლიდერებმა კი - შრედერის, ბერლუსკონის, მერკელისა და სარკოზის ჩათვლით, კადაფისა და სხვა დიქტატორებთან თანამშრომლობა დაიწყეს. მეორე მხრივ, ისინი მორალურობასა და ადამიანის უფლებებზე პრეტენზიას აცხადებენ. ავტორიტარულ რეჟიმებთან დაახლოება და მათთან ურთიერთობების სხვადასხვა მიზეზებით გამართლება შერჩევითი სამართლიანობის მაგალითია, რომელიც დასავლურ ღირებულებებს დისკრედიტაციით ემუქრება. ევროპის საგარეო პოლიტიკაში მორალური სიცხადის დეფიციტი იმ ფუნდამენტს არყევს, რომელზეც დასავლური ცივილიზაცია არის დაფუძნებული.
![]() |
18 ვესტერნიზაციის ქარი |
▲back to top |
მსოფლიო
მიხეილ ბასილაია
იაპონია - მეიძის რესტავრაცია
1885 წლის 16 მარტს იაპონურ პრესაში ანონიმური წერილი - Datsu-A Ron (მშვიდობით, აზია) გამოქვეყნდა. სტატიის ავტორად იაპონელ საზოგადო და პოლიტიკურ მოღვაწე ფუკუზავა იუკიჩს მიიჩნევენ. პუბლიკაცია აზიაში დასავლური ღირებულებების, განათლების სისტემისა და ტექნოლოგიური მიღწევების გავრცელებას ეხებოდა. იუკიჩი წერილში ყურადღებას ამახვილებს ტრანსპორტისა და განათლების სფეროში დასავლური ცივილიზაციების უპირატესობაზე. იაპონიაში რეფორმების დაწყებიდან (1860-იანი წლები) ოციოდე წლის შემდეგ ამ ქვეყანასა და სხვა აზიურ სახელმწიფოებს, კერძოდ ჩინეთსა და კორეას შორის სხვაობა საგრძნობი იყო. ეს უკანასკნელები ეწინააღმდეგებოდნენ ევროპელთა გავლენის გავრცელებას, თუმცა ჩინეთის შემთხვევაში მიზეზი საკუთარი იმპერიული ამბიციების შესუსტება უფრო გახლდათ. იუკიჩი უცხო ცივილიზაციის გავლენას ადარებს ინფექციურ დაავადებას, თუმცა ბიოლოგიურისგან განსხვავებით, კულტურულ ინფექციას შეუძლია განმანათლებლობა და ტექნოლოგიური პროგრესი მოიტანოს. იაპონია სულ უფრო და უფრო შორდებოდა იზოლაციონიზმისკენ მიდრეკილ აზიურ ცივილიზაციებს. ავტორი აკრიტიკებს ჩინურ განათლების სისტემას, რომელიც საუკუნეების მანძილზე არ შეცვლილა. ის ჩინელების ტრადიციებზეც საუბრობს, რომლებმაც პრაქტიკულად უცვლელად მოაღწიეს თანამედროვე ეპოქამდე.
მე-19 საუკუნის შუა ხანებიდან იაპონიაში დაიწყო რეფორმების სერია, რომელიც მეიძის რესტავრაციის სახელითაა ცნობილი. იმ დროისათვის აზია ევროპული და ამერიკული კომპანიებისათვის უზარმაზარი აუთვისებელი ბაზარი იყო. 1853 წელს ამერიკის ფლოტი კომოდორ მეთიუ პერის ხელმძღვანელობით იაპონიის ნაპირებს მიადგა. ამერიკელებს სურდათ ეიძულებინათ იაპონიის იზოლაციონისტი მთავრობა ამერიკული და ევროპული სავაჭრო გემებისთვის პორტები გაეხსნა. უზარმაზარმა სხვაობამ ამერიკულ და იაპონურ სამოქალაქო თუ სამხედრო ტექნოლოგიებს შორის დააჩქარა ფეოდალიზმში ჩარჩენილი ტოკუგავას შოგუნატის დასასრული. ის შეცვალა ახალმა მთავრობამ, რომელმაც ვესტერნიზაციის გზა აირჩია. იაპონიის იმპერატორმა მუცუჰიტომ, რომელიც ქვეყანას 1912 წლამდე მართავდა, თავის მმართველობის პერიოდს უწოდა მეიძი - განათლებული მმართველობა. მუცუჰიტომ განახორციელა ეკონომიკური და სოციალური რეფორმები. გააუქმა კლასობრივი წოდებები, რითაც ყველა მოქალაქე გათანაბრდა კანონის წინაშე. მან ეკონომიკა გაათავისუფლა სახელმწიფო კონტროლისგან, დააკანონა კერძო საკუთრების უფლება და შემოიღო სავალდებულო სამხედრო სამსახური. ეკონომიკურმა განვითარებამ მეიძის საშუალება მისცა სწრაფად დაენერგა ახალი ტექნოლოგიები, გაეყვანა ტელეგრაფის კაბელები, აეგო რკინიგზის ქსელი არა მარტო იაპონიაში, არამედ აზიის კონტინენტურ ნაწილშიც. განვითარების ერთ-ერთი ფაქტორი უცხოეთში ცოდნის მისაღებად გაგზავნილი იაპონელი სტუდენტებიც იყვნენ, რომლებმაც ჩამოიტანეს ევროპული და ამერიკული განათლება. ამან სამხედრო სფეროზე განსაკუთრებული გავლენა იქონია.
კომოდორი მეთიუ პერი და მისი ხომალდი
მეცხრამეტე საუკუნის ბოლოსთვის იაპონია არა მხოლოდ აზიის, არამედ მსოფლიოს ერთ-ერთ მოწინავე სახელმწიფოდ იქცა, მაგრამ ვესტერნიზაციის პარალელურად საკუთარი იდენტობა და კულტურული ფასეულობები არ დაუკარგავს. იზოლაციონიზმის დასრულებიდან სულ რაღაც ოცდაათიოდე წლის შემდეგ, 1894-1895 წლების სინო-იაპონურ ომში გამოჩნდა მისი უპირატესობა. ჩინეთის დასუსტებულმა ქინგის დინასტიამ არსებობა მე-20 საუკუნის დასაწყისში დაასრულა, რასაც ჯერ ქვეყნის დაშლა, შემდეგ კი კომუნიზმის დამყარება მოჰყვა. მე-19 საუკუნის შუა ხანებიდან მოყოლებულ პერიოდს იმპერიის დაშლამდე - დასავლური ცივილიზაციების გავლენის გამო - ჩინელები შეურაცხყოფის საუკუნეს უწოდებენ. თუმცა იგივე გავლენამ იაპონია თანამედროვე სახელმწიფოდ აქცია. მეორე მსოფლიო ომის შემდეგაც, დასავლური ტექნოლოგიური მიღწევების გადაღებითა და ვესტერნიზაციით იაპონიამ ეკონომიკური სასწაულის მოხდენა შეძლო. მაგრამ ამისათვის საკუთარი კულტურული თავისებურებები მსხვერპლად არ გაუღია. ჩინეთის აღმასვლა 1980-იანი წლებიდან იღებს სათავეს, როდესაც პრეზიდენტმა დენ სიაოპინმა ქვეყნის ეკონომიკა გახსნა და გლობალური თავისუფალი ბაზრის ნაწილად აქცია.
იმპერატორი მუცუჰიტო
იაპონურ გაზეთში გამოქვეყნებიდან 126 წლის შემდეგაც კი წერილი აქტუალობას არ კარგავს, თუმცა 21-ე საუკუნეში ტრანსპორტი ინფორმაციამ და კომუნიკაციამ შეცვალა. ჩინეთი ახლაც ცდილობს საკუთარი პოლიტიკური სისტემის გარეშე გავლენისგან დაცვას, რის გამოც, მაგალითად, ინტერნეტს ფილტრავს. თუმცა რეალურისგან განსხვავებით, ვირტუალურ ჩინურ კედელს არაერთი სუსტი წერტილი გააჩნია.
![]() |
19 საქართველო და ტურიზმის სექტორის კონკურენტიანობის ინდექსი |
▲back to top |
ბიზნესი
ელენე კვანჭილაშვილი
მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა ტურიზმის სექტორის კონკურენტიანობის ინდექსი გამოაქვეყნა. მსოფლიოს 139 ქვეყანას შორის საქართველო 73-ე ადგილზეა. ევროპის 42 ქვეყანას შორის კი - 36-ე ადგილზე.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ინდექსი 1995 წლიდან ქვეყნებს 14 სხვადასხვა ცვლადის მიხედვით ყოველწლიურად ადარებს, რომლებიც დამატებით რამდენიმე შემადგენელ კომპონენტად იშლება და 3 კატეგორიაში (ქვეინდექსში) ერთიანდება. ესაა რეგულირების ჩარჩო, ბიზნესგარემო და ინფრასტრუქტურა, ასევე ადამიანური, კულტურული და ბუნებრივი რესურსები. 8 კომპონენტის მიხედვით - მათ შორის, ბიზნესის დაწყებისთვის საჭირო დრო, შრომის კანონმდებლობა და საზოგადოების დამოკიდებულება უცხოელი ვიზიტორების მიმართ - საქართველო მსოფლიო ოცეულში შედის. ქვეყნის უშუალო მეზობლებიდან - სომხეთი, თურქეთი, რუსეთი, აზერბაიჯანი - საქართველო სომხეთსა და აზერბაიჯანზე საშუალოდ 9 ადგილით წინაა, რუსეთსა და თურქეთს კი საშუალოდ 12 ადგილით ჩამორჩება.
რეგიონში საქართველოს უპირატესობები: ტურიზმის სექტორის რეგულირების ბაზა, გარემოს მდგრადობა, უსაფრთხოება, ტურიზმის სექტორის პრიორიტეტულობა და ადამიანური კაპიტალია. ამ კომპონენტების მიხედვით, ქვეყანა თავის ყველა მეზობელს საშუალოდ 27 ადგილით უსწრებს.
საქართველოს რუსეთთან შედარებით, ყველაზე მეტად უკან ხევს ადამიანური, კულტურული და ბუნებრივი რესურსების კატეგორია, სადაც უდიდესი წილი ბუნებრივი რესურსების კომპონენტზე მოდის. იმავე კატეგორიაში ჩამოვრჩებით თურქეთსაც, ოღონდ ამ შემთხვევაში წამყვანი კულტურული რესურსების კომპონენტია.
ბოლო ექვსი ათწლეულის განმავლობაში, ტურიზმის სექტორი მუდმივი ზრდისა და დივერსიფიცირების პროცესშია. დღეს ის მსოფლიო ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და სწრაფად მზარდი სექტორია. პერიოდული შოკების მიუხედავად, საერთაშორისო ტურისტული ნაკადები შეუწყვეტლად იზრდებოდა - 1959 წელს 25 მილიონი ვიზიტორიდან, 1980 წელს - 277 მილიონი, 1990 წელს - 435 მილიონი, 2000 წელს - 675 მილიონი და ბოლოს - 2010 წელს 935 მილიონი ვიზიტორი. ამ პერიოდში ტურისტული დანიშნულების ბევრი ახალი ადგილი გაჩნდა. თუ 1950 წელს 15 ქვეყანა ტურისტების 97%25-ს მასპინძლობდა, 2009 წლისთვის მათი წილი 56%25-მდე შემცირდა. დღეს უკვე დაახლოებით 100 ქვეყანაა, რომელიც ყოველწლიურად მილიონ სტუმარს მასპინძლობს. მათ შორის ბევრი განვითარებადი ეკონომიკის ქვეყანაა, რომელიც ტურისტულად მიმზიდველ პოზიციებს წარმატებით იმყარებს.
ტურისტული ნაკადის ზრდა (2009-2010/6 თვე)
2011 წლის ინდექსში რეიტინგის ტოპ 24 ადგილი განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებს უჭირავთ. ეს ბუნებრივიცაა, რადგან მათ ეკონომიკური განვითარების უფრო ხანგრძლივი ისტორია აქვთ. ამ ქვეყნებში ტურიზმიც უფრო დიდხანს ვითარდებოდა, შესაბამისად, მათ უკვე მოასწრეს მნიშვნელოვანი კაპიტალის დაგროვება. ტურიზმის განვითარებისთვის აუცილებელი კომპონენტებიც - რეგულირების ბაზა, უსაფრთხოება, ჯანდაცვა და ჰიგიენა, ინფრასტრუქტურა, მომსახურების კულტურა, მაღალკვალიფიციური კადრი - მოწესრიგებული აქვთ. განვითარებადი ეკონომიკის მქონე პირველი ქვეყანა ესტონეთია, 25-ე ადგილზე, მეორე ბარბადოსია - 28-ე ადგილზე, მესამე - არაბეთის გაერთიანებული საემიროები, 30-ე ადგილზე. რეიტინგში განვითარებული ეკონომიკის მქონე ბოლო ქვეყანა - სლოვაკეთი - 54-ე ადგილზეა. 55-139 ადგილები განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებს უჭირავთ.
რეიტინგის წამყვან ოცეულში ყველაზე მეტ - 14 ადგილს ევროპის ქვეყნები იკავებენ. მათგან ტოპ ხუთეულს შვეიცარია, გერმანია, საფრანგეთი, ავსტრია და შვედეთი აკომპლექტებენ. გაერთიანებული სამეფო და ესპანეთი მსოფლიო ათეულში შედიან.
რეიტინგის წამყვან ადგილებს განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნები წარმატებით ინარჩუნებენ. მიუხედავად ამისა, 2010 წელს, ეკონომიკური კრიზისის ყველაზე მწვავე ტალღის შემდეგ, განვითარებულ ქვეყნებში ტურისტული ნაკადები 5.3%25-ით, განვითარებად ქვეყნებში კი - 8.2%25-ით, თითქმის 2-ჯერ უფრო მეტად გაიზარდა. 2009 წელს, განვითარებული ქვეყნებისთვის ეს მაჩვენებელი 4.3%25-ით, ხოლო განვითარებადი ქვეყნებისთვის 3.5%25-ით, 1.2-ჯერ ნაკლებად შემცირდა.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ბოლო მონაცემებით, 2010 წლის 6 თვეში, საქართველოს 783 ათასი ვიზიტორი ესტუმრა. ეს წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 36%25-ით მეტია. შემოსული ვიზიტორების უდიდესი წილი - 60.5%25 - დსთ-ს ქვეყნებზე მოდის. შემდეგია ევროპა ვიზიტორთა მთლიანი რაოდენობის 35.5%25-ით. ამ რეგიონებიდან ვიზიტორთა რაოდენობა წინა წელთან შედარებით 36-37%25-ით გაიზარდა.ყველაზე მაღალი ზრდა - 208%25 - აფრიკის ქვეყნებზე მოდის.
![]() |
20 სტივ ჯობსი და IPAD2 |
▲back to top |
ტექნოლოგია
ვახო ელერდაშვილი
სან-ფრანცისკოში კომპანია Apple-მა ტაბლეტური კომპიუტერების მეორე თაობის მოწყობილობა, ე.წ. iPad 2 წარუდგინა მომხმარებლებს. ყველასათვის მოულოდნელად სცენაზე სტივ ჯობსი გამოჩნდა, რომელსაც არავინ ელოდა - როგორც მოგეხსენებათ, მან იანვარში სამკურნალო მიზნებით განუსაზღვრელი დროით დატოვა კომპანია. ჯობსის გამოჩენას ოვაცია და ხანგრძლივი აპლოდისმენტები მოჰყვა. დარბაზი რომ დაშოშმინდა, სტივმა თითქოს ბოდიში მოიხადა, იმდენი ენერგია ჩავდეთ iPad 2-ის შექმნაში, რომ არ შემეძლო დღეს აქ არ მოვსულიყავიო - შემდეგ სათვალე გაისწორა და პრეზენტაცია ჩვეული შემართებით და საუბრის დამაჯერებელი მანერით დაიწყო.
ექსპერტები და თავად ვაშლის მოყვარულებიც კი თანხმდებიან იმ მარტივ ჭეშმარიტებაზე, რომ კომპანია Apple-ის წარმოებულ პროდუქციაში უმთავრესი დიზაინია, რომელიც საკუთარი მინიმალიზმით ყველას აღაფრთოვანებს. ეს თავად სტივ ჯობსის ფილოსოფიაა. მას სურს, რომ რთული ნივთები უბრალო მომხმარებლისათვის რაც შეიძლება მარტივად და მომხიბვლელად წარმოაჩინოს. სწორად ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ პირველი რაც მან iPad 2-ის წარდგენისას აღნიშნა, სრულიად ახლებური დიზაინი, საგრძნობლად შემცირებული სისქე და კორპუსის ორგანოლეპტიკური მახასიათებლები იყო.
გარდა ფორმისა, iPad 2-ს მთელი რიგი ტექნოლოგიური უპირატესობები გააჩნია მისი წინამორბედის მიმართ: ახალი თაობის ორბირთვიანი პროცესორი A5, რომელიც მოწყობილობას შეუდარებელ სისწრაფეს ანიჭებს. ჩამონტაჟებული ორი ვიდეოკამერა (ერთი წინ, მეორე უკან), რაც ვიდეოების გადაღების და ინტერნეტში განთავსების საშუალებას იძლევა. ბატარეის გაზრდილი სიცოცხლის ხანგრძლივობა ტაბლეტს უფრო ავტონომიურს გახდის, ვიდრე ეს iPad-ის შემთხვევაში იყო და მოწყობილობაში ჩამონტაჟებული გიროსკოპი კი გეიმერებს და თამაშის შემქმნელებს საშუალებას მისცემს თამაშები უფრო ინტერაქტიული და ადვილად სამართავი გახდეს.
იმის გარდა, რომ მომხმარებლებს iPad 2-ში მრავალი სიახლე დახვდებათ, მთავარი სიურპრიზი მაინც ის არის, რომ Apple-ის ტაბლეტური კომპიუტერის გასაყიდი ფასი არ შეიცვლება და კვლავ 499$-დან დაიწყება, რაც იმას ნიშნავს, რომ iPad 2 კვლავაც შეინარჩუნებს ლიდერობას ბაზარზე, ვინაიდან კონკურენტების პლანშეტები გაცილებით ძვირი ღირს. ამასთან დაკავშირებით კომპანია Samsung-ის წარმომადგენლებმა უკვე გააკეთეს განცხადება, რომ მათ მნიშვნელოვნად მოუწევთ გაყიდვების პოლიტიკის შეცვლა, ვინაიდან Apple-ის პროდუქტმა მათ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.
გასულ წელს მთელი მსოფლიოს მასშტაბით 15 მილიონი iPad გაიყიდა, რამაც მავან ექსპერტებს ისიც კი ათქმევინა, დესკტოპ-კომპიუტერების (ანუ იმ მოწყობილობის, რომელთანაც მაუსით და კლავიატურით ვურთიერთობთ) ეპოქა დასრულდაო. Apple-ის თავკაცები კი კიდევ უფრო ოპტიმისტურ პროგნოზებს აკეთებენ და წელს 40 მილიონი iPad 2-ის გაყიდვას გეგმავენ. ტაბლეტური კომპიუტერების პოპულარობა კვლავაც აღმასვლის სტადიაშია, აცხადებენ ისინი. ამიტომაც პერფექციონიზმის არჩეული კურსი - რომელიც მაქსიმალურ სიმარტივეს, მინიმალისტურ დიზაინს და ცენტრალიზებულ მართვას გულისხმობს - უცვლელი დარჩება.
პრეზენტაციის დასასრულს სტივ ჯობსმა სთხოვა დარბაზში დამსწრე საზოგადოებას შორის ფეხზე წამომდგარიყვნენ ისინი, ვინც უშუალო მონაწილეობა მიიღეს iPad 2-ის შექმნაში. მან მადლობა გადაუხადა თითოეულ მათგანს გაწეული შრომისათვის და ოპტიმისტურ განწყობაზე დატოვა დარბაზი... იგი კვლავ წავიდა, ვაშლის მოყვარულებს კი ახალი საზრუნავი გაუჩინა, რათა ახალი სათამაშოს შესაძენად ფული როგორმე მოაგროვონ.
![]() |
21 რევოლუცია რევოლუციონერების გარეშე |
▲back to top |
ტაბულა|რაზა
გიორგი მელაძე
თემა, რომლის შესახებაც მოგიყვებით, არც საქართველოში განხორციელებული რეფორმების ტოპ ათეულში მოხვდება ოდესმე და არც საზოგადოების განსაკუთრებულ ყურადღებას მიიქცევს. მისი წარმატება ან წარუმატებლობა საქართველოს საერთაშორისო რეიტინგულ მაჩვენებლებზე არ აისახება და არც დემოკრატიის ხარისხს დააკლებს დიდად რამეს. თუმცა ამ ბოლო აზრს შეიძლება მოწინააღმდეგეები გამოუჩნდნენ... მაგრამ მოდით ყველაფერი თანმიმდევრობით მოვყვეთ.
ჯონ ადამსი, თომას ჯეფერსონი, ფრენსის ბეკონი, გერალდ ფორდი, განდი, ლენინი, რუზველტი და ვინ ჩამოთვლის კიდევ რამდენი ლიდერი, ვისაც დიდხანს მოვიგონებთ, ერთ საერთო ნიშანს ატარებდნენ - ყველამ იურიდიული განათლება მიიღო. მათგან ნაწილმა ბოროტების იმპერიები შექმნა და ნაწილმა ცივილიზაციის პროგრესისთვის იბრძოლა.
ძნელი იქნება, მათი მისწრაფებები მხოლოდ პროფესიას გადავაბრალოთ, მაგრამ ფაქტია, რომ იურიდიული განათლება მათთვის ძლიერ ინსტრუმენტად იქცა და სამართლისა და სამართლიანობას შორის მათ მიერ დადგენილი საზღვრები ბევრი ადამიანისთვის ცხოვრების წესად ჩამოყალიბდა. ცნობილ სახელებს რომ თავი დავანებოთ და ყოველდღიურობას დავაკვირდეთ, გაგვიკვირდება, და აღმოვაჩენთ, რომ მოსამართლეები, პროკურორები და ადვოკატები ჩვენი ცხოვრების დიდ ნაწილს ჩვენთან შეთანხმებით და ხშირად შეთანხმების გარეშეც ცვლიან, მანიპულირებენ ჩვენი ღირებულებებით და გვიდგენენ წესებს, რომელსაც შემდეგ სახელმწიფოს იძულებით ვემორჩილებით. ამიტომაც სამართლის რეფორმის განხორციელებისას იურისტების უგულებელყოფა დიდი შეცდომა იქნებოდა. შეუძლებელია დაიწეროს კანონი, რომელსაც ორი ადამიანი ერთი და იმავე მნიშვნელობით წაიკითხავდა. ყველაზე კარგად დაწერილი კანონიც კი თავისუფლების საფლავად იქცევა, თუ იურისტმა მისი სწორი მიმართულებით გამოყენება ვერ შეძლო. შორს რომ არ წავიდეთ, უახლოესი 5 წლის მანძილზე მიღებული კანონების ნახევარი მარტო იმიტომ გააკრიტიკეს, რომ მათი მნიშვნელობა ვერ ამოიცნეს და ამ ყველაფრის სათავეში იურისტები იდგნენ.
ამ თემაზე წერის მიზეზი ხარისხის კონტროლისა და აკრედიტაციის სამსახურის მიერ წამოწყებული ახალი რეფორ50 მა გახდა. ამ სამსახურმა გადაწყვიტა „სიკეთე“ ჩაედინა და იურისტებისთვის განათლების ხარისხის ასამაღლებლად ყველა იურიდიული ფაკულტეტისთვის განათლების საერთო სტანდარტები დაედგინა. ერთმა ჭკვიანმა კაცმა თქვა ყველაზე მეტი ბოროტება სიკეთის სახელით გაკეთდაო და კინაღამ აქაც იგივე მივიღეთ.
იმის შიშით, რომ ზედმეტი თავისუფლების პირობებში იურიდული სკოლები კარგ იურისტებს ვერ გაზრდიდნენ, ლამის ყველა ფაკულტეტი ერთ ყალიბში მოექცა. არადა ზედმეტი თავისუფლება არასდროს ყოფილა პრობლემა იურისტებისთვის. უფრო პირიქით, ზედმეტი მორჩილება და წლობით გამომუშავებული თავის დაკვრის კულტურა იქცა ყველა პრობლემის მიზეზად.
საბჭოური სისტემა ყველაზე გვიან უმაღლეს სასწავლებლებში დაინგრა. უნივერსიტეტებში კი ყველაზე დიდხანს იურიდიულ ფაკულტეტებზე შენარჩუნდა. იურიდიული ფაკულტეტების რეფორმირება ყველაზე ძნელი აღმოჩნდა. ერთი, რომ ახალი კადრების მოზიდვა გაჭირდა და მეორეც - წლობით მორჩილებაში მყოფი აკადემიური პერსონალი თავისუფლების იდეას ადვილად ვერ შეეგუა. არადა თანამედროვე განათლების საფუძველში სწორედაც რომ თავისუფლება უნდა ჩაიბეჭდოს: თავისუფლება აირჩიო, შექმნა და განავითარო. ამის სწავლა ძნელია, ეს უნდა გამოსცადო. და სწორედ აქ არის პრობლემა. ბევრი იურიდიული სასწავლებლისთვის გაცილებით ადვილია თავი მშვიდად იგრძნოს სახელმწიფოს სტანდარტებს შეფარებულმა, ვიდრე დამოუკიდებლად იფიქროს იმაზე, თუ როგორ განვითარდეს და გახდეს უკეთესი. როგორც ჩანს, პრობლემის სათავე აქაა. არ უნდა იყოს უარესი და უკეთესი, ყველა უნივერსიტეტი სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდეს. მაშ სადღა წავიდა თავისუფლება?
თანამედროვე სახით პირველი სამართლის სკოლის შექმნა პირველი უნივერსიტეტის დაარსებას უკავშირდება. თუმცა დამფუძნებელთა იდეალიზმზე და პირველ ტრადიციაზე დღეს მხოლოდ წერილობითი წყაროები და ფრაგმენტული მეხსიერება თუ შემოგვრჩა. სამწუხაროდ, სამართლის სკოლა რეპრესირებულთა შორის ყველაზე მეტად დაზარალდა. გასაკვირი არცაა, რეპრესიის მანქანა ახალ იურისტებს - სამართლის მოხელეებს, ქმნიდა და ყველას, ვისაც განსხვავებული ცნობიერება ჰქონდა, დაუნდობლად ანადგურებდა - სამართლებრივი სისტემის ბრძოლაში გამოწვევა დაუშვებელი იყო.
ის, რამაც ჩვენამდე მოაღწია, დაჟანგული მორჩილების მანქანა იყო, რომელიც ჩანჩალითღა მიიწევდა წინ - დიდი თუ მცირე ქრთამებით გაპოხილი და შეხებისთანავე უკარგავდა ყველაზე იდეალისტ ახალგაზრდასაც სამართლიანობის ინსტინქტს და სამართლის დადგენის უნარს.
დღეს კვლავ დავდექით არჩევანის წინაშე. ან შევქმნით სისტემას, რომელიც თავისუფლად მოაზროვნე პროფესიონალებს ჩამოაყალიბებს ან პირიქით, ახალ მორჩილების მანქანას ავაწყობთ. არჩევანი ყველა საღად მოაზროვნე ადამიანისთვის მარტივად გასაკეთებელი უნდა იყოს. თავისუფლებას ვერავინ ისწავლის, თავისუფლებაში უნდა გაიზარდო, ამიტომაც პირველ რიგში უნივერსიტეტების ავტონომიურობას უნდა ვცეთ პატივი და რაც უფრო ჩქარა დავიწყებთ, მით მალე მივიღებთ შედეგს.
![]() |
22 საქართველო და 5 ევრო-გამარჯვება |
▲back to top |
ფეხბურთი|სპორტი
ლაშა გოდუაძე
1. საქართველო 5:0 უელსი
(16.11.1994)
პირველ ორ თამაშში 0 ქულა: სამარცხვინო საშინაო წაგება მოლდოვასთან 0:1 და 0:2 მარცხი ბულგარეთში. სწორედ ეს ორი თამაში გაიმართა უელსელებთან თბილისში შეხვედრამდე. სოფიაში ჩატარებული პირველი ტაიმი ალექსანდრე ჩივაძის გუნდის ერთადერთი პლუსი იყო შესარჩევი ციკლის დაწყებიდან.
ბრიტანელებთან მატჩის წინ იმედიანად ცოტა თუ იყო: თბილისში ქვეცნობიერად ჯერ კიდევ უფრთხოდნენ წარსულის ვარსკვლავებს - იან რაშს, მარკ ჰიუზს, ნევილ საუთჰოლს... არა მარტო გულშემატკივრები, ფეხბურთელებიც.
მატჩი უშუქო და გაყინულ თბილისში შუადღის 2 საათზე დაიწყო და ალბათ, ამით თუ აიხსნება მაიკლ სმიტის გუნდის უსახური თამაში - მათთვის ხომ დილის 10 საათი იყო, ამ დროს კი ფეხბურთისთვის, თუნდაც ბრიტანეთში, ცოტას თუ სცალია.
მაგრამ საქართველოს ნაკრების პირველი ოფიციალური გამარჯვება მეტოქის სუსტი თამაშის ბრალი ნამდვილად არ იყო. ქართველები, საწყის წუთებში საგრძნობი ნერვიულობის შემდეგ, ჩინებულად ათამაშდნენ და სასწაული მოახდინეს, სასწაული ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით: 29-ე წუთზე საქართველოს ნაკრების ამჟამინდელმა თავკაცმა თემურ ქეცბაიამ ულამაზესი მოჭრილი დარტყმით ანგარიში გახსნა! ეს იყო ჩვენი გუნდის პირველი გოლი ოფიციალურ ტურნირებში. ტაიმის დამთავრებამდე გიო ქინქლაძემ მეორე შეაგდო, შესვენების შემდეგ კი ვეტერანი საუთჰოლის კარში კიდევ სამი გოლი გავიდა: ჯერ ქეცბაიამ და გოჩა გოგრიჭიანმა გაიტანეს, 65-ე წუთზე კი შოთა არველაძემ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 5:0!
...1953 წელს უელსმა საფრანგეთთან 1:6 წააგო. მას შემდეგ ბრიტანელები 5 ბურთის სხვაობით პირველად სწორედ თბილისში დამარცხდნენ.
გოლები: 1:0 თ. ქეცბაია (29), 2:0 გ. ქინქლაძე (39), 3:0 თ. ქეცბაია (48), 4:0 გ. გოგრიჭიანი (58), 5:0 შ. არველაძე (65)
საქართველო: ა. დევაძე, ზ. რევიშვილი, კ. ცხადაძე (კაპ), მ. შელია, გ. ჩიხრაძე, კ. გოგიჩაიშვილი, გ.ნემსაძე (გ.ინალიშვილი 42), გ. გოგრიჭიანი, თ. ქეცბაია (მ. ყაველაშვილი 74), გ. ქინქლაძე, შ. არველაძე
2. საქართველო 1:0 რუსეთი
(30.04.2003)
ევრო 2004-ის საკვალიფიკაციო ტურნირი ჩვენმა გუნდმა შვეიცარიაში განადგურებით დაიწყო, ამას ოქტომბერში რუსეთთან თბილისში არდასრულებული თამაში მოჰყვა, გაზაფხულზე კი მორიგი იმედგაცრუება - ირლანდიასთან შინ 1:2 მარცხი და შვეიცარიასთან უგოლო ფრე.
ალექსანდრე ჩივაძემ შესარჩევის დასრულებაზე უარი თქვა, სფფ-ს კი ბევრი არ უფიქრია: ნაკრების გაძღოლა თბილისის დინამოს ხორვატ მწვრთნელ ივო შუშაკს ჩააბარა, იმ დროს ქართულ ფეხბურთში ყველაზე პოპულარულ ადამიანს.
შუშაკმა სიხარულით მიიღო შეთავაზება, ნაკრებში მის გამოჩენას კი დიდი ხმაურიც მოჰყვა - გოლეადორმა შოთა არველაძემ შეკრება დატოვა. ის რუსეთთან მატჩისთვის განაცხადში ვერ მოხვდა და...
ეს არ იყო მორიგი შესარჩევი მატჩი, ეს იყო ომი - ორი ქვეყნის დაპირისპირება საფეხბურთო მინდორზე! შუშაკის ბიჭებმა ომი მოიგეს: მოსკოვის ლოკომოტივში სწორედ იმ წელს გადასულმა მალხაზ ასათიანმა თავური დარტყმით გაიტანა გამარჯვების გოლი!
საფინალო სასტვენს ზღვა ემოცია მოჰყვა, სამწუხარო კი მხოლოდ ისაა, რომ რუსებთან მოგებული ომი სხვა გამარჯვებებით აღარ გაგრძელდა.
გოლი: 1:0 მ.ასათიანი (11)
საქართველო: გ.ლომაია, ზ.ხიზანიშვილი, ო.ხიზანეიშვილი, კ.კალაძე, დ.კვირკველია, ლ.ცქიტიშვილი, გ.ნემსაძე (კაპ), ლ.ბურდული (გ.შაშიაშვილი 80), მ.ასათიანი (გ.დიდავა 75), გ.დემეტრაძე, მ.აშვეთია (რ.ალექსიძე 85)
მწვრთნელი: ივო შუშაკი (ხორვატია)
3. საქართველო 2:1 ბულგარეთი
(11.10.1995)
მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალში გასვლის შემდეგ ბულგარეთის ნაკრები ევრო 96-ის საკვალიფიკაციოშიც ჩინებულად ასპარეზობდა და გერმანიასაც უსწრებდა. ამიტომაც იყო, რომ დიმიტარ პენევის გუნდი საქართველოს თავაწეული ესტუმრა.
ქართველი ჟურნალისტები ბულგარელებს შერატონ მეტეხი პალასში დახვდნენ. ყველას სურდა ევროპის 1994 წლის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებულ ხრისტო სტოიჩკოვთან გასაუბრება, თუმცა ბარსელონას ერთ-ერთმა ლიდერმა ყურადღება არავის მიაქცია და ლიფტში შევარდა, თან ეს უტაქტოდ გააკეთა. მას მეკარე ბორისლავ მიხაილოვმა და კიდევ ერთმა-ორმა ლიდერმაც მიბაძა, მეორე დღეს კი ყველა ქართული სპორტული გაზეთი მათი უსაქციელობის შესახებ წერდა. ამას ვარჯიშზე სტოიჩკოვის მორიგი გამოხდომაც დაემატა: ბურთის მიმტან ბიჭუნას წყლით სავსე ბოთლი ესროლა.
მოკლედ, ბულგარელებზე მთელი საქართველო გაბრაზდა, ქედმაღალ სტუმრებს კი ყველას ნაცვლად ჩვენმა ფეხბურთელებმა გადაუხადეს სამაგიერო!
საკვალიფიკაციო ტურნირში ბულგარელთა პირველი მარცხით ყველაზე მეტად ბერტი ფოგთსის გერმანიამ იხეირა - გადამწყვეტ მატჩში დიმიტარ პენევის გუნდს სძლია და პირველი ადგილი დაიკავა.
გოლები: 1:0 შ. არველაძე (1), 2:0 გ. ქინქლაძე (48, პენ), 2:1 ხ. სტოიჩკოვი (88)
საქართველო: ი. ზოიძე, გ. ღუდუშაური (ბ. ბერაძე 83), დ. კუდინოვი, მ. შელია (კაპ), გ. ჩიხრაძე, კ. გოგიჩაიშვილი, გ. ნემსაძე, გ. ჯამარაული (გ. კილასონია 75), ა. არველაძე (მ. ყაველაშვილი 46), გ. ქინქლაძე, შ. არველაძე
მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე
4. საქართველო 2:0 შოტლანდია
(17.10.2007)
ევრო 2008-ის შესარჩევში შოტლანდიამ ორჯერ დაამარცხა მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი საფრანგეთი და კარგა ხანს ავსტრია-შვეიცარიის საგზურის ერთ-ერთ მთავარ პრეტენდენტადაც ითვლებოდა, მაგრამ...
წლების წინ ინგლისის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ტერი ვენეიბლზმა თქვა, საქართველო იმ ყაიდის გუნდია, ხუთ წელიწადში ერთხელ რომ დაიქუხებსო.
შოტლანდიელებმა ვენეიბლზის ნათქვამი საკუთარ თავზე გამოსცადეს: თბილისში წაგების შემდეგ ისინი კონტინენტის პირველობის მიღმა დარჩნენ.
კლაუს ტოპმიოლერმა გარისკა: კარი 17 წლის გიორგი მაკარიძეს ანდო, გამთამაშებლად მისი თანატოლი ლევან ყენია დააყენა, წინ კი კიდევ ერთი თინეიჯერი ლევან მჭედლიძე.
და საქართველომ მოიგო: მჭედლიძემ კუთხურის შემდეგ თავურით გახსნა ანგარიში, მეორე ტაიმში კი დავით სირაძემ კიდევ ერთხელ გაგვახარა - 2:0! ნაკრებს ასეთი მაღალი დონის ფეხბურთი ამ საუკუნეში არ უთამაშია.
გოლები: 1:0 ლ.მჭედლიძე (16), 2:0 დ.სირაძე (65)
საქართველო: გ.მაკარიძე, ლ.სალუქვაძე, გ.შაშიაშვილი, მ.ასათიანი, ზ.ხიზანიშვილი (კაპ), დ.კვირკველია, ჯ.კანკავა, ზ.მენთეშაშვილი, ლ.ყენია (ი.კანდელაკი 80), ლ.მჭედლიძე (ა.კვახაძე 85), დ.სირაძე (ლ.ჯაკობია 90)
მწვრთნელი: კლაუს ტოპმიოლერი (გერმანია)
ფარერის კუნძულები 0:6 საქართველო
(16.08.2006)
არც მანამდე და სამწუხაროდ, არც მას შემდეგ, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ევროშესარჩევი ასე ლამაზად არ დაუწყია: ჩვენმა გუნდმა სტუმრად 6:0 მოიგო! მერე რა, რომ მეტოქე ფარერის კუნძულები იყო?! ამავე საკვალიფიკაციოში მსოფლიოს ჩემპიონმა იტალიამ ფარერებზე მხოლოდ 2:1 გაიმარჯვა...
საქართველოს ნაკრებმა ოფიციალურ მატჩში პირველად გაიტანა 6 გოლი!
საქართველოს ნაკრებმა სტუმრად პირველად შეაგდო 6 გოლი!
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ოფიციალურ შეხვედრაში პირველად შეასრულა ჰეთ-თრიქი!
გოლები: 1:0 დ.მუჯირი (16), 2:0 ა.იაშვილი (18), 3:0 შ.არველაძე (37), 4:0 ლ.კობიაშვილი (51, პენ), 5:0 შ.არველაძე (63), 6:0 შ.არველაძე (82)
საქართველო: გრ.ჭანტურია, გ.შაშიაშვილი, მ.ასათიანი, ი.კანდელაკი (დ.კვირკველია 67), ლ.კობიაშვილი (კაპ), კ.ალადაშვილი (გ.გახოკიძე 72), გ.გოგუა (გ.დემეტრაძე 58), ჯ.კანკავა, დ.მუჯირი, ა.იაშვილი, შ.არველაძე
მწვრთნელი: კლაუს ტოპმიოლერი (გერმანია)
![]() |
23 შემოდგომის ლეგენდები |
▲back to top |
სპორტი|კალათბურთი
ზურაბ თალაკვაძე
ზაზა ფაჩულია ატლანტაში დარჩა. გამცვლელებმა გასაცვლელები გაცვალეს, ათდღიანი კონტრაქტებით აყვანილი ბიჭებიდან გუნდებმა ბევრი გაუშვეს და ცოტა დაიტოვეს. ატლანტამ ზაზა დაიტოვა. ზაზამ ატლანტაში რესტორანი დაიტოვა. რესტორანმა ზაზას ძმაკაცები დაიტოვა. ატლანტამ ყველაზე ელეგანტურად ჩამცმელი ბიჭიც დაიტოვა და თითქმის ყველაფერი აწყობილია.
ცოტა უხერხულად ჩაჯდა ამ იდილიაში „თითქმის“. ალბათ, ცოტა უხერხულად ჩაჯდა ლარი დრიუს ატლანტაში ზაზაც.
ფაჩულიას რამდენიმე კვირის წინ ჯერ ჰიუსტონში უშვებდნენ, შემდეგ ზაზა პორტლენდში გაუშვეს, ქართულ-ინგლისური სლენგის ლექსიკონი შარლოტშიც უნდა დაებეჭდათ და ფაჩულია მაინც ატლანტაში დარჩა.
ატლანტა წელს გაუგებარი ბანდაა. იგებს მოსაგებს, აგებს მოსაგებს, აკეთებს გაუგებარ გაცვლებს და დრიუ უშვებს შეცდომებს შემადგენლობის დაყენების პროცესში.
ზაზა ცენტრია. ჰოქსში სასტარტოში ძირითადად, ალ ჰორფორდი პივოტობს. თუ დრიუს გუნდი მაღალ გუნდს ხვდება, მაშინ ჰორფორდი მეოთხე ნომერზე გადადის და ცენტრად ჯეისონ კოლინზი დგება. ზაზა ნებისმიერ შემთხვევაში სათადარიგოა და დრიუს ჩვენი კაცი მხოლოდ იმ დროს ახსენდება, როდესაც ჰორფორდმა უნდა დაისვენოს. ან ზედმეტი ფოლების გამო იძულებით ჩამოჯდეს და მინერალურის დოზა მიიღოს.
ფაჩულიას გუნდში კიდევ ორი არაპოპულარული კონკურენტი ჰყავს. ჰილტონ არმსტრონგი თეთრი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე თაიგულებს კრავდა და 2 დოლარად ასაღებდა. თან, მაღალიც იყო და კალათბურთს უიზარდსში თამაშობდა. ატლანტამ კირკ ჰაინრიხის ტრეიდით (რომელმაც მაიკ ბიბი ვაშინგტონის გავლით ლებრონთან გაუშვა) ჰილტონიც დაირტყა და ეს კაცი პატიოსნად იღებს საშუალოდ 1.8 ქულას და 2.6 მოხსნას. ერთხელ დრიუს წამოცდა, არმსტრონგი დაცვაში მაგრად დგასო.
შემდეგ მოდის ჯოშ პაუელი. ერთხელ კვირის ჰაილაითებში მოხვდა, როდესაც ჯეკ ნიკოლსონს დურბინდი დაუვარდა და არმსტრონგმა ელეგანტურად მიაწოდა. იმ სეზონში დურბინდის მიმწოდებლებში საუკეთესო გახდა და ლეიკერსს, 63 VS-ში საშუალოდ 2.7 ქულა და 1.8 მოხსნაც აჩუქა. დღეს პაუელიც ატლანტაშია და დრიუმ ამ ელემენტზე უკვე ორჯერ თქვა, დაცვაში მაგარიაო.
ჰორფორდზე ჩვენ წამოგვცდება, რომ დაცვაში მაგრად დგას და თუ ვინმე რეალურად იცავს თავს, ეს ჯოშ სმიტია. უბრალოდ, ატლანტას ერთადერთ სერიოზულ დამცველს არ მოსწონს დრიუ, არ მოსწონს დრიუს ვარჯიშები და არ მოსწონს დრიუს სუნამოს არომატი.
ფაჩულიაზე დრიუ შაბლონურ კარგი ბიჭია, ვენდობი-ს პრინციპით საუბრობს და წელს ჯერ არ უთქვამს, ზაზა დაცვაში კარგად დგასო.
გაუგებარი და ლოგიკური კომბინაცია გამოდის.
არმსტრონგი დაცვაში კარგად დგას და ვერ თამაშობს (საშუალოდ 5:35 წუთი). პაუელი დაცვაში კარგად დგას და არმსტრონგზე მეტს (11:35) თამაშობს. ფაჩულია ბოლო დროს არსად არ დგას და საშუალოდ მაინც ამ ორზე მეტს თამაშობს (14:05). ატლანტა დაცვაში დგება და მერე იბნევა, ვერ ხვდება რა გააკეთოს.
შემდეგ მოდის ედვარდ ცვიკი და „შემოდგომის ლეგენდების“ მეორე ნაწილის კასტინგს იწყებს. კასტინგში სან ანტონიოს ბოსი გრეგ პოპოვიჩიც იღებს მონაწილეობას. ერთი შემოდგომის წინ გრეგი ფაჩულიას ტიმ დანკანთან ერთად სათამაშოდ პატიჟებდა. ზაზამ არ მოინდომა. და დღესაც ატლანტაში დგას. სეზონში 4 251 250 მილიონს იღებს და ახალ კასტინგს ელოდება.
![]() |
24 P.S. - მიყვარხარ |
▲back to top |
ჰოკეი|სპორტი
ზურაბ თალაკვაძე
NHL-ის ყველა გუნდში, მთელ ორგანიზაციაში არიან ბიჭები, რომლებიც ბევრმილიონიან კაცებზე ადრე გადიან ყინულზე. გადახედავენ თეთრ არენას, საყვარელი გუნდის კეპით ყინულის მტვერს აიღებენ (ტრადიციაა) და იქაურობას ტოვებენ. მალე იქ გლადიატორები გავლენ. რიდლი სკოტს ისტორიის და მაქსიმუსის როლის გახუნებული რასელით გაუბრალოების ნაცვლად, ფილმი ამ ხალხზე უნდა გადაეღო. მერე თეთრი უბნის გარჩევები მთავრდება და ყინულზე ისევ ის ბიჭები გადიან. ყინულს გადახედავენ, მონეტებს და სხვა უცხო საგნებს მოაგროვებენ. თუ რომელიმე ფანმა ყინულზე ყავა გადმოასხა, იმ ადგილს გაცვეთამდე მოაპრიალებენ, ლაქას გააქრობენ და კეპით, აუცილებელ რიტუალსაც ჩაატარებენ. როდესაც ყინულზე ბობ პრობერტი გადიოდა, ის ბიჭები წითელ ლაქებს აქრობდნენ. ისევე, როგორც ბობი მანამდე სხვას, სხვებს, მთელ გუნდს აქრობდა. ბობი 45 წლის ასაკში, საკუთარ იახტაზე, ოთხი შვილის და სიმამრის გასეირნების დროს გარდაიცვალა. ლიგამ ისტორიაში ყველაზე დიდი ჩეკერი, „პოლიციელი“ დაკარგა.
2002.07.03. ბობიმ კარიერაში ბოლო შაიბა გაიტანა. ბოლოჯერ მიიღო გამოწვევა და არენის ცენტრში კოლორადოს თინეიჯერი ჩეკერი მილეწა. პრობერტს ეხვეწებოდნენ, სერ, მხოლოდ ერთხელ ვიჩხუბოთ, რამდენიმე ფოტოს გადამიღებენ და მეტჯერ არ შეგაწუხებთო. ბობის ეცინებოდა, ხელთათმანს იხსნიდა და მთხოვნელს ფოტოსესიაში ეხმარებოდა. მძიმე, სისხლიან, დაუნდობელ ფოტოსესიაში. შეხვედრის შემდეგ, ბობი გვირაბში შერბოდა და პირველ რიგში, მოწინააღმდეგის გასახდელში უნდა შესულიყო, გაეგო, როგორ გრძნობდა თავს მასთან ჩხუბის შემდეგ ის, მეორე. როდესაც დარწმუნდებოდა, რომ ყველაფერი კარგად იყო, რომ მეორე პოლიციელის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებოდა, საკუთარი გუნდის გასახდელში შედიოდა. შხაპის მიღებამდე უნდა დაერეკა ცოლისთვის. „დანი, როგორ ხარ, საყვარელო? ჩემმა ლეკვებმა მამიკოს ხომ არ უყურეს? მშვენიერია. არ უნდა ნახონ, რომ მამიკო სხვებს არ ინდობს. ამას ვერ გაიგებენ. იცი, როგორ მომენატრე? მიყვარხარ. მენატრები“. შემდეგ, ნატკენ, ხშირად გატეხილ სახეზე ყინულის ბალიშებს იდებდა.
2011.07.03. უინსდორის სასაფლაოსთან 7 მანქანა მიაყენეს. დანი პრობერტი მანქანიდან სტივ აიზერმანმა გადმოიყვანა. ბობი „პოლიციელი“ სტივის გამო გახდა. ერთ ეპიზოდში აიზერმანს ცხვირი გაუტეხეს და ბობიმ ძმაკაცი დაიცვა.
სამი წლის წინ ბობიმ უინსდორის აეროპორტში 15 წლის ლენდონ პიტერსონი სამ პოლიციელს გამოგლიჯა ხელიდან. ოფიცრებს მოეჩვენათ, რომ ბიჭი იოგურტს იპარავდა. ბობიმ ლენდონი სახლში წაიყვანა, შვილები გააცნო, სამი დღით დაიტოვა. მეოთხე დღეს რედ უინგზის კეპი და 1968 წლის დოჯ ჩარჯერი აჩუქა. ლენდონმა სასაფლაოსთან ჩარჯერი მოაყენა. იქვეა ალბანელი ტაი დომი. ბობიმ ის ხუთჯერ გალახა, დომიმ პრობერტს სამჯერ მოუგო. მეათე გარჩევის შემდეგ დაძმაკაცდნენ და აღარ უჩხუბიათ. დომი ცალი თვალით ვერ ხედავს. ბობის დარტყმის შემდეგ ვერ ხედავს. მეორე თვალით ტაი თავის ყველაზე ერთგულ ძმაკაცს ვერ ხედავს.
7 მარტი ბობის დღეა. აიზერმანმა საფლავზე შავი ვარდი დადო, სათვალე მოიხსნა. რაღაც უნდა ეთქვა და ვერ თქვა. დანი პრობერტს ხელი გადახვია, შუბლზე აკოცა და სახე ხელებში ჩარგო. სტივი ტირის. სულ ტირის. სულ, როდესაც ბობის საფლავზე ადის და დაუნდობელი მეომრის კეთილი, სიყვარულში ჩარგული თვალები ახსენდება.
ლენდონ პიტერსონმა მოიხსნა რედ უინგზის კეპი, საფლავს გადახედა. რამდენიმე კენჭი მოისროლა (ტრადიციაა), მიწა აიღო, აკოცა, ჯიბეში ჩაიყარა. ყველა იმავეს აკეთებს. ყველას ბობის სითბო მიაქვს და ამ სითბოთი იძინებს. ტაი დომის მეორე თვალზე ცრემლის ნიღაბი აქვს. ვიღაცამ უნდა მოაშოროს.
დანიმ ამოიღო მობილური და ტექსტური შეტყობინება გაუშვა ბობის ნომერზე: „P.S. - მიყვარხარ“.
![]() |
25 VOU'LL NEVER WALK ALONE! |
▲back to top |
ბიძინა ბარათაშვილი|სვეტი
მართალი გითხრათ, ინგლისური ფეხბურთის დიდი მოყვარული არ გახლავართ და, შესაბამისად, არც ნისლიან ალბიონზე მიმდინარე მოვლენებს ვადევნებ თვალყურს გაფაციცებით. რა თქმა უნდა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ან მანჩესტერ იუნაიტედისა და არსენალის ფეხბურთელთა ოსტატობას არ ვაფასებ, მილანში ტოტენჰემის დამაჯერებელმა გამარჯვებამ არ მომხიბლა ან ჩელსისა და მანჩესტერ სიტის მრავალმილიონიანი კონტრაქტების შესახებ არ მსმენია არაფერი. უბრალოდ, მე სამხრეთელი კაცი ვარ და ჩემი ტემპერამენტის შესაფერისი, ე.წ. ლათინური ფეხბურთი მირჩევნია, რომელსაც სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე თამაშობენ, ევროპაში კი ესპანელები და იტალიელები მისდევენ.
და მაინც, თუკი ბრიტანეთში ვინმეს მიმართ განსაკუთრებული სიმპათია გამაჩნია - ეს ლივერპული გახლავთ. ბითლზის სიმღერებზე გაზრდილი კაცისგან ეს დიდად გასაკვირი არც უნდა იყოს, ხოლო თუ ამას 60-70-იანი წლების ბილ შენკლისა და ბობ პეისლის მიერ შექმნილი სუპერგუნდის მიერ ჩატარებულ სპექტაკლებს დავუმატებთ, ყველაფერი კიდევ უფრო ნათელი გახდება.
თავისი წილი ამაში თბილისურ-ლივერპულურ ურთიერთობებსაც მიუძღვის. ჩემი თაობისთვის ქართული ფეხბურთი ყოველთვის თბილისის დინამოსთან იქნება ასოცირებული, რადგან თუკი ქართველებს მინდორზე რამე ღირებული გაგვიკეთებია, ამას სწორედ დინამოს სხვადასხვა თაობის ვარსკვლავებს უნდა ვუმადლოდეთ. ხალხის ასეთი ერთსულოვნება არც სტადიონზე მინახავს სადმე და არც იქიდან ქუჩაში სიხარულის გამოსახატად გამოსულს. ჩემთვის დღემდე 1976 წლის 3 სექტემბერიც დღესასწაულია, როდესაც მეზობელ სომხებს 3 უპასუხო გოლით ავართვით თასი, 1978 წლის ნოემბერიც, როცა მოსკოვში ლოკომოტივთან უგოლო ფრე „ოქროს“ მედლებად გვექცა და 1979 წლის აგვისტოში ოთარ გაბელიას თასის მომტანი საპენალტე ბენეფისიც. აღარაფერს ვამბობ 1981 წლის 13 მაისზე... ბოლოს კი, ივო შუშაკის ფორმაციის გუნდმა გაგვახსენა, რომ ფეხბურთი ქართული სპორტიცაა!
ამავე რიგში დგას 1979 წლის 23 ოქტომბერიც, როცა „ინგლისურ“ წვიმაში დინამოზე მოსაგებად ჩამოსულ ლივერპულს კუდით ქვა ვასროლინეთ და მერე 80 ათასი „გალუმპული“ კაცი დიდხანს ბედნიერად დავაბიჯებდით პლეხანოვიდან ვერამდე. რა დამავიწყებს მეცხრე სექტორში საყვირით მისულს როგორ დამცინა მამაჩემმა - აქედან ალბათ პიონერთა ბანაკში მიდიხარო, მეორე ტაიმში კი ხელიდან გამომგლიჯა და ლუი არმსტრონგივით ჩაბერა! პატარა ამბავია კლემენსის, ნილის, კენედების, მაკდერმოტისა და დალგლიშისთვის 3 მშრალი გოლის გატანა და ჩემპიონთა თასიდან დაფრენა?!
მარტივი ლოგიკაა - რაც უფრო დიდ სიმაღლეებს მიაღწევს შენ მიერ დამარცხებული მეტოქე, მით უფრო დასაფასებელი ხდება შენი წარმატება. სხვათა შორის, ჩემდა გასაკვირად, ვალენტინ პიკულის წიგნში ამოვიკითხე, რომ პეტრე დიდმა რუსებს, რომლებსაც საერთოდ არ გამოარჩევთ დიდი წინდახედულობა, ეს ჭეშმარიტება დიდი ხნის წინ შეაგნებინა და პოლტავის ბრძოლაში დამარცხებულ შვედებს იქვე დაუდგა ძეგლი წარწერით: „მამაც შვედ ჯარისკაცებს რუსთაგან!“
ამიტომაც არ მწყენია სტამბოლის საჩემპიონთალიგო სასწაული, როდესაც ლივერპულმა მილანს 0:3 შემოუტრიალა და თავის ფანტასტიკურ გულშემატკივრებს კიდევ ერთხელ ამღერა კლუბის ჰიმნად ქცეული დიდებული სიმღერა: You'll never walk alone! (შენ არასოდეს ხარ მარტო!).
ამავე მიზეზით გამახარა ასე ძალიან ლივერპულის მწვრთნელად კენი დალგლიშის დაბრუნებამ და როცა კლუბის ლეგენდამ წაგებებით გატანჯული, ტორესგაყიდული გუნდით სერ ალექსის უძლეველ მანჩესტერს „ჩვენებური“ გაკვეთილი ჩაუტარა, მეც სიამოვნებით შევუერთე ხმა ენფილდის ტრიბუნებზე მომღერალ ფანებს.
ლივერპული ლივერპულად და ჩვენ უფრო თბილისის დინამოს თემა გვაღელვებს. ქართული ფეხბურთის ფლაგმანის ბოლოდროინდელ ყოფას დიდად დალხენილი და იმედისმომცემი ნამდვილად არ ეთქმის. ამიტომაც მიმაჩნია კლუბში ახალი თავკაცის ზურაბ პოლოლიკაშვილის მოსვლა პროგრესულ მოვლენად. ფეხბურთზე შეყვარებულ და ბარსელონას ამბებში გათვითცნობიერებულ ახალგაზრდა კაცს გემოვნებაც კარგი აქვს და არც ამბიცია აკლია. იმედია, მის ხელში დინამო ნელ-ნელა დაიბრუნებს დაკარგულს და ჩვენც სასიმღეროდ გაგვიხდება საქმე! ასე რომ, დინამოელებო, იცოდეთ - არც თქვენ ხართ მარტო!
![]() |
26 გუმპერტის 700-ცხენისძალიანი მაჩო |
▲back to top |
ავტო
მერაბ ლორთქიფანიძე
ჟენევის საავტომობილო გამოფენაზე ბევრი სუპერავტომობილის ხილვა შეიძლება, მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული კი პატარა გერმანულ კომპანია გუმპერტის ახალი შედევრია, სახელად ტორნანტე, რაც იტალიურად მკვეთრ მოსახვევს ნიშნავს. ეს მეორე ავტომობილია, რომელიც გუმპერტმა შექმნა და ამ საქმეში მას იტალიური ატელიე კაროცერია ტურინგ სუპერლეგერა დაეხმარა.
მოდელ ტორნანტეს საფუძველს ფოლადის მილებისგან შეკრული შასი წარმოადგენს, რომელზეც კარბონის კომპოზიტისგან დამზადებული ძარის პანელებია დამაგრებული. სწორედ ძარა დაამზადა იტალიურმა ატელიემ, რომლის შესახებაც ადრე ბევრი არაფერი იყო ცნობილი.
ტორნანტეს გაბარიტებია: სიგრძე 4.475 მეტრი, სიგანე 1.971 მეტრი, სიმაღლე 1.215 მეტრი, ბორბლებს შორის ბაზა - 2.700 მეტრი. ავტომობილის საბაზო ვერსიის წონა 1300 კილოგრამია, აღჭურვილობის დამატების შემთხვევაში კი ის დაახლოებით 100 კილოგრამით მძიმდება.
გუმპერტის ახალი სუპერავტომობილი 4.2-ლიტრიანი V8 ძრავითაა აღჭურვილი, რომელსაც ორი ტურბოკომპრესორი ემსახურება. ძრავის სიმძლავრე 700 ცხენის ძალაა, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი 900 ნიუტონმეტრს (4 000 ბრ/წთ-ზე) აღწევს. ძრავთან 6-საფეხურიანი ნახევრად ავტომატური კოლოფია შეწყვილებული, რომელიც საჭის რგოლის უკან მოთავსებული ბერკეტებით, საფეხურებს 40 მილიწამში ცვლის. ამ ტანდემის დახმარებით, ავტომობილს ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა 3 წამში შეუძლია, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 300 კმ/სთ-ზე მეტია.
მართალია, გუმპერტმა თავისი ახალი ავტომობილის ტექნიკური მახასიათებლები გამოაქვეყნა, მაგრამ ისიც განაცხადა, რომ ისინი შეიძლება შეიცვალოს, რადგან ტორნანტეს სრულყოფის პროცესი ჯერაც არ დასრულებულა. ამასთან, კომპანია გვპირდება, რომ ჟენევის შემდეგი გამოფენისთვის, ტორნანტეს ეკოლოგიურად სუფთა ვერსიას მოამზადებს. ოღონდ, ეს ჰიბრიდი იქნება, თუ ელექტრომობილი, ამას ჯერაც არ აკონკრეტებს.
ტორნანტე რეგულირებადი ამორტიზატორებით აღიჭურვება, მის შენელებას კი ექვსცილინდრიანი სამუხრუჭე მექანიზმები უზრუნველყოფს, რომლებიც 378-მილიმტრიან დისკოებზე ზის. ავტომობილის წინა ნაწილი 19-დუიმიან, უკანა კი 20-დუიმიან ბორბლებზე დგას, რომლებზეც მიშლენის სერია პაილოტ სუპერ სპორტის 265/35 და 345/30 საბურავებია ჩაცმული.
სავარაუდოდ, გუმპერტი ამ ავტომობილის გაყიდვას გაისად შეუდგება და მას დაახლოებით 800 ათას დოლარად შეაფასებს.
![]() |
27 კიონიგსეგ აგერა R |
▲back to top |
ავტო
ომანის მეფის ასრულებული ოცნება
როდესაც ავტომობილი 910- ცხენისძალიანი ძრავითაა აღჭურვილი, ტიუნინგის სპეციალისტებისთვის ის ნაკლებად საინტერესოა - ძრავის მნიშვნელოვნად გაძლიერების პერსპექტივა მცირეა. მაგრამ როცა ომანის მეფე შეგიკვეთს და შემსრულებელს უამრავ ნავთობდოლარს ჰპირდება, შეუძლებელი რა უნდა იყოს...
სწორედ ასეა შვედურ კომპანია კიონიგსეგის უახლესი აგერას შემთხვევაში. ომანის მეფეს ეს მანქანა მოსწონებია, თუმცა მისი 910 ცხენის ძალა ეცოტავა... და სანამ ტიუნინგის სპეციალისტებს მიმართავდა, მისი ოცნების დაკმაყოფილება თავად მანქანის მწარმოებელმა იკისრა. საბოლოო პროდუქტი კი ჟენევის ავტოშოუზე წარადგინა.
კიონიგსეგ აგერა R 5.0-ლიტრიანი V8 აგრეგატითაა აღჭურვილი, რომელიც წყვილი ტურბოკომპრესორის დახმარებით, 1 115 ცხენის ძალას და 1 200 ნიუტონმეტრს ავითარებს. ეს მონაცემები მაშინ მიიღწევა, როდესაც ავტომობილი საწვავად E85 ნარევს (ამ ნარევში 85 ეთანოლის შემცველობას აღნიშნავს) იყენებს. თუ საწვავი 95 ოქტანური რიცხვის ბენზინია, მაშინ სიმძლავრე 940 ცხენის ძალა, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი 1 100 ნიუტონმეტრია.
ძრავთან, ორდისკოიანი ქუროს მეშვეობით, 7-საფეხურიანი უახლესი, ნახევრად ავტომატური გადაცემათა კოლოფია შეწყვილებული. ამ სუპერტანდემის მეშვეობით, ადგილიდან ასამდე აჩქარება აგერა R-ს 2.9 წამში შეუძლია, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 375 კმ/სთ-ითაა შეზღუდული, თუმცა შვედური კომპანია ირწმუნება, რომ შეზღუდვის გარეშე, ავტომობილს 440 კმ/სთ-ის აკრეფაც შეუძლია.
შვედური მონსტრის მზიდი სისტემის ძირითადი ელემენტი კარბონის კომპოზიტისგან დამზადებული მონოკოკია, რომელიც სულ რაღაც, 70 კილოგრამს იწონის. მასშია ინტეგრირებული საწვავის ავზიც, რომელზეც ძრავი უშუალოდ მაგრდება. მსუბუქი მეტალებისა და კარბონის კომპოზიტის ფართოდ გამოყენების წყალობით, ავტომობილის მშრალი წონა მხოლოდ 1 330 კილოგრამია. აქედან სრულად დაკომპლექტებულ (მქნევარათი, გადაბმის ქუროთი, მშრალი კარტერით და ტურბოკომპლექტით) ძრავზე 197 კილოგრამი მოდის. ავტომობილის შესანიშნავი დინამიკური მახასიათებლების გარდა, სიმსუბუქე აგერა R-ის ეკონომიურობასაც განაპირობებს. კერძოდ, 100 კილომეტრის გასავლელად, მას 14.7 ლიტრი საწვავი ჰყოფნის.
რაც შეეხება ინტერიერს, ერთი შეხედვით, მისი მთავარი თვისება უბრალოებაა, თუმცა სინამდვილეში პირიქით გახლავთ. ალუმინით, კარბონით და ძვირფასი ტყავით გაწყობილი დეტალები ექსკლუზიურ ატმოსფეროს ქმნის. ელექტრონული სისტემა ინფოტაინმენტი კი აუდიოსისტემის, სატელიტური ნავიგაციის და უკაბელო კავშირის ფუნქციებს მოიცავს და ასევე ეკრანზე მანქანის ტელემეტრიული მონაცემების გამოტანაც შეუძლია.
ასე რომ, აგერა R-ს ნუღარ უწოდებთ სუპერქარს, ის ნამდვილი ჰიპერქარია.
![]() |
28 სამჭედლო |
▲back to top |
ზაზა ბურჭულაძე|სვეტი
ვინ დასთვალოს ზღვაში ქვიშა
და ან ცაზე ვარსკვლავები?
აკაკი
ისეთი ამაყი, დღეს რომ ვარ, ჯერ არ ვყოფილვარ. რას ვგულისხმობ? ვარსკვლავებს, რა თქმა უნდა. არ ვიცოდი, ამდენი სავარსკვლავე კაცი თუ გვყავდა. ეს უკვე რაღაც ვარსკვლავთცვენაა. თბილისი, რომელიც ოდესღაც მზის და ვარდების მხარედ ითვლებოდა, დღეს ვარსკვლავთა ნამდვილ სამჭედლოდ ქცეულა.
დღე არ გავა, აქ ვინმეს ვარსკვლავი არ გაუხსნან. ბოღმა და ბაიყუში უნდა იყო, მთელ ამ ამბავმა არ შეგძრას და სიხარულით არ აგავსოს. ასე თუ გაგრძელდა, ქალაქში მალე ნემსის ჩასავარდნი ადგილი აღარ დარჩება და, რაც მთავარია, არც კაცი დარჩება უვარსკვლავოდ. ყველა ქართველს მალე ალბათ თამამად შეეძლება თქვას: „მე ვარ ქართველი, მაშასადამე, მე ვარ ვარსკვლავი”. მით უფრო, რომ არაა გამორიცხული, ცოტა ხანში თბილისს სხვა ქართულმა ქალაქებმა, დაბებმა, სოფლებმა და დასახლებულმა პუნქტებმა არ მიბაძონ და მათაც არ დაიწყონ აბორიგენთათვის ვარსკვლავების გახსნა. გგონიათ, არ მოიძებნება მალთაყვაში, ბანძაში ან ოფშკვითში სავარსკვლავე ხალხი?
მართალია, ჯერ კიდევ შეიძლება ქართველთა ორ ნაწილად გაყოფა - ვარსკვლავებად და ვარსკვლავთმრიცხველებად, მაგრამ, ეჭვი მაქვს, სულ მალე აღმრიცხველი აღარ დარჩება. ვინაიდან ყველა ვარსკვლავი გახდება. საკითხავია, მერე როგორ მოვიქცეთ? ხომ ცხადია, რომ ამ ამბავში ყველა თანაბარი ვერ იქნება. ამიტომ ჯერ, ალბათ, სუპერვარსკვლავები გაჩნდებიან, შემდეგ მეგავარსკვლავები, ჰიპერვარსკვლავები, თანავარსკვლავედები, და ა.შ. უბრალო ვარსკვლავურ მტვერზე რომ არაფერი ვთქვათ.
როგორც მახსოვს, უახლოეს წარსულში დაახლოებით ასეთივე სიხშირით რიგდებოდა ღირსების ორდენებიც. რომ გადაგეფურთხებინა, უთუოდ რომელიმე ორდენოსანს მოახვედრებდი. არ დაცალდა შევარდნაძეს, თორემ ხომ დაკიდებდა თითოეულ ქართველს ღირსების ორდენს.
რაც შემეხება მე, რას წარმოვიდგენდი, ვარსკვლავი თუ მეღირსებოდა, მაგრამ... რა ვიცი, ისეთი დრო დადგა, შეიძლება მეც კი გამიხსნან. მით უფრო, რომ ეშმაკს არ ძინავს. არავინ რომ აღარ დარჩება უვარსკვლავოდ, ბოლოს ალბათ მართლაც გამიხსნიან სადმე ზოოპარკში სულ პატარა, თაგვის ცურცლისხელა ვარსკვლავს. ვინძლო უკვე გამიხსნეს კიდეც. სხვათა შორის, ამის შიშით იმავე ზოოპარკში, სადაც ძალიან მიყვარს სეირნობა, ამიტომაც ვეღარ შევსულვარ. ხომ შეიძლება, სადმე მღრღნელების გალიასთან ჩემი ვარსკვლავი აღმოვაჩინო?
ასე რომ, გულს ნუ გაიტეხთ, ჩემო ბატონებო. ვისაც ღირსების ორდენი არ გერგოთ თავის დროზე, მალე ყველას გექნებათ პირადი ვარსკვლავი. მთავარია, ყურადღებით იყოთ! შეიძლება, თქვენ ამ სვეტს კითხულობთ, თქვენი ვარსკვლავი კი სწორედ ამ წუთებში იხსნება. დღეს ხომ საქართველოში ვარსკვლავისგან არავინაა დაზღვეული.
![]() |
29 წერილით გადარჩენილი მემკვიდრეობა |
▲back to top |
კულტურა
თამარ კიკნაველიძე
მიხაი ზიჩი ოჯახთან ერთად
„ზიჩის მსგავსად, ძალიან მიყვარს თავისუფლება და ბოსის ყოლას ვერ ვეგუები“, - გვითხრა მიხაი ზიჩის შვილთაშვილმა, ქ-მა ელიზაბეტ მარია ჩიჩერი-რონაი-სმიტმა, რომელიც საქართველოს მეოთხედ ესტუმრა. ის თბილისში გამოფენას დაესწრო, რომელიც მარტის დასაწყისში საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიხსნა. გამოფენა ცნობილი უნგრელი მხატვრის, შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ ერთადერთი უცხოელი ილუსტრატორის შემოქმედებას მიეძღვნა.
გამოიფინა ორი კავკასიური სცენა, რომელიც მხატვრის შთამომავალმა ჩამოიტანა. დამთვალიერებელს, ასევე, თბილისის მუზეუმებსა და კერძო კოლექციებში დაცული ორიგინალების ნახვა შეეძლო. წარმოადგინეს ზიჩის ილუსტრაციებით გაფორმებული „ვეფხისტყაოსნის“ რამდენიმე გამოცემა და ცოცხალი სურათები, რომლებიც მხატვარმა ტილოზე გადაიტანა.
როგორ ცხოვრობს მიხაი ზიჩის პირდაპირი მემკვიდრე?
პროფესიით მთარგმნელი ვარ. ვთარგმნი ლექსებს, მოთხრობებს, ნოველებს, რომანებს. ასევე, ვუკრავ ჩელოზე, ცოტას პიანინოსა და ვიოლინოზე, მაგრამ განსაკუთრებით მაინც ჩელო მიყვარს. ბრიუსელში ყოფნისას, 5 წლის განმავლობაში მუსიკის კრიტიკოსი ვიყავი, მაშინ ჩემი მეუღლე BBC-ის კორესპონდენტი იყო რადიოში. უნგრეთში, სადაც ახლა ვცხოვრობ, მისი გარდაცვალების შემდეგ დავბრუნდი. აქტიურად ვარ ჩართული მიხაი ზიჩი ოჯახთან ერთად მიხაი ზიჩის ნამუშევრები პენ-კლუბის საქმეებში, რომელიც 5 კომიტეტისგან შედგება, ერთ-ერთს - მშვიდობის კომიტეტს - მე ვხელმძღვანელობ და ხშირად ვმოგზაურობ. ერთმანეთს ვახვედრებთ სხვადასხვა ქვეყნის მწერლებს, მაგალითად: ქურთებს, თურქებს, პალესტინელებს, ბასკებს, ესპანელებს და ა.შ. ასევე, იმ რელიგიურ უმცირესობათა წარმომადგენლებს, რომლებიც უმრავლესობათა მიერ არიან დათრგუნულები და შევიწროებულნი. ვფიქრობ, რომ მწერლებს მშვიდობის დამყარება შეუძლიათ. ჩემში ზიჩის გენებია. ისიც ხომ ადამიანის უფლებებისთვის იბრძოდა... 2 წლის ვიყავი, როდესაც ცხენების ხატვა დავიწყე და ყველას ეგონა, რომ გენები თავისას იზამდა და მხატვარი გავხდებოდი. მაგრამ 14-15 წლის გავხდი თუ არა, მივხვდი, რომ მიხაი ზიჩის კონკურენციას ვერ გავუწევდი. ოჯახში ჩელოზე არავინ უკრავდა და მეც მხატვრობის ნაცვლად მუსიკა ავირჩიე. 2004 წელს კი პოეზია ისე შემოვიდა ჩემში, უცებ ლექსების წერა დავიწყე, რომელიც გამოვაქვეყნე კიდეც.
მეუღლე ახსენეთ... ორიოდე სიტყვით გვითხარით მასზე და კიდევ, მამაზე, იშტვან რონაიზე, რომელიც უნგრეთში ცნობილი პოლიტიკური და კულტურული მოღვაწეა.
ჩემი მეუღლე 1981 წელს ლიონში, ბერლიოზის ფესტივალზე გავიცანი, ის ლონდონიდან ჩამოვიდა, მე - ვაშინგტონიდან... ამის შემდეგ ერთმანეთს სულ ვხვდებოდით და 1984 წლიდან ერთად ვიყავით. ეს ძალიან დიდი სიყვარული იყო. საცხოვრებლად ბრიუსელში გადავედი. ბევრს ვმოგზაურობდით და პირველად საქართველოში სწორედ მასთან ერთად ჩამოვედი. თქვენი ქვეყანა ძალიან შემიყვარდა. ალბათ, გენებიც მოქმედებს, რადგან ზიჩის საქართველო განსაკუთრებით უყვარდა. ვიყავით აფრიკაში, სამხრეთ ამერიკაში... გვერდით მყავდა ქმარი, რომელიც საშუალებას მაძლევდა მეკეთებინა ის, რაც ყველაზე მეტად მინდოდა. მთარგმნელობითი საქმიანობა ბერლიოზის კრიტიკული წერილებით დავიწყე, რადგანაც ვფიქრობდი, რომ მისი ვალი მქონდა. ჩემი თარგმანი მოგვიანებით ინდიანას უნივერსიტეტმა გამოსცა.
მიხაი ზიჩის ნამუშევრები
რაც შეეხება მამას, 93 წლის გახლავთ და ახლა ცუდად არის... გასული წლის დეკემბერში მან უნგრეთის პრეზიდენტისგან უმაღლესი ჯილდო მიიღო. რთული ცხოვრება განვლო. ნაცისტების მოწინააღმდეგეთა ბანაკში იბრძოდა და ფარულად გამოსცემდა ჟურნალს, აყალბებდა დოკუმენტებს ადამიანებისთვის, რომლებსაც დევნიდნენ და უსწორდებოდნენ. 8 თვე ციხეშიც კი დაჰყო. ბოლოს დედაჩემთან ერთად ამერიკაში გაიპარა და საგამომცემლო კომპანია დააარსა, სადაც უნგრელი ავტორების ნაწარმოებებს ბეჭდავდა. მერე სამშობლოში დაბრუნდა და საგამომცემლო საქმე იქ გააგრძელა. 1994 წელს დედაჩემი გარდაიცვალა. მამამ ძალიან ბევრი გააკეთა იმისათვის, რომ გადაერჩინა უნგრული კულტურა და ყველაფერი ის, რაც ზიჩის სახელს უკავშირდებოდა. მაგალითისთვის ერთ ისტორიას გავიხსენებ: როდესაც სოფელ ზალაში რუსები შემოვიდნენ, მოინდომეს წაეღოთ ყველაფერი, რაც ჩვენს სახლში ინახებოდა - ზიჩის ნამუშევრები და სხვა მნიშვნელოვანი ნივთები, მაგრამ ბებიაჩემმა მათ წინააღმდეგობა გაუწია. ამასობაში ჩამოვიდა მამაჩემიც, რომელმაც 5 დღე ბუდაპეშტიდან გამოსული მატარებლის სახურავზე გაატარა და თან ვოროშილოვის ხელმოწერილი საბუთი ჩამოიტანა. მან ის რუსული ჯარის მეთაურს გადასცა და ასე დავიბრუნეთ ქონება. ზალაში განთავსებული ზიჩის სახელობის მუზეუმი ბებიაჩემმა მაშინაც კი არ დატოვა, როდესაც ყველანი ამერიკაში წავედით. უშველებელ სახლში მხოლოდ ერთი ოთახი გამოუყვეს და ექსპონატების დაცვასთან ერთად, დამლაგებელიც იყო. ის ზიჩის სახელის უკვდავყოფას შეეწირა...
მიხაი ზიჩიზე, როგორც შემოქმედზე, ბევრი რამ ვიცით, მაგრამ არაფერია ცნობილი მის პირად ცხოვრებაზე...
მის პირად ცხოვრებაზე თითქმის არაფერი ვიცი, რადგანაც მისი პიროვნება იდეალიზებული იყო. ამასთან, ბებიაჩემი კათოლიკე გახლდათ, ზიჩი კი მის რელიგიურ მოსაზრებებს არ იზიარებდა და საკუთარ თავისუფლებას არაფრით „ზღუდავდა“. ამიტომაც ბებიაჩემი მის პირად ცხოვრებაზე არასოდეს ლაპარაკობდა. დღეს უკვე ვაცნობიერებ, რომ ზიჩისთან იმაზე მეტი საერთო მაქვს, ვიდრე წარმომედგინა...
გამოფენა ეროვნულ ბიბლიოთეკაში
![]() |
30 შუშანიკის (თესლი) შვილები |
▲back to top |
კულტურა|ლიტერატურა
გიორგი კეკელიძე
ანა კორძაია-სამადაშვილი
ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი
ხოლო გაბაასების დასაწყისში ანა აღნიშნავს, რომ მადლობელია მამუკა ლეკიაშვილის, იმ ლექსის გამო, რომელიც „შუშანიკის შვილებს“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა) წაუმძღვარა. დიახ, წიგნი შუშანიკის შვილებს ეხება. „თესლ ბავშვებს” - როგორც ერთგან ტექსტში წერია. ხოლო საუბარი ასეთია:
ჩვეულებრივი შეკითხვა - ალბათ ბევრჯერ მოისმინე - სათაური - რატომ „შუშანიკის შვილები”. დავივიწყოთ გარეგანი მხარე - რომ ეპატაჟურია, რომ შეიძლება ვინმემ ამის გამო ავტორს აგინოს და წიგნი დაწვას და ა.შ. არა მგონია, რომ მხოლოდ ამ გათვლით გემოქმედა.
მიზეზი ერთი ამბავია, რომელიც წავიკითხე, მესიზმრა თუ მოვიგონე - ლეგენდა შუშანიკზე. ეს ჩართულია ტექსტში. საქმე ის არის, რომ შუშანიკის შვილები ჩვენ ირგვლივ საკმაოდ არიან, ეს არაფრისმომცემი ადამიანები მხოლოდ სიხარულს გვანიჭებენ, გვართობენ, გაგართობენ, წავლენ - პროსტიტუციას არ ვგულისხმობ, უბრალოდ - ადამიანი-ატრაქციონი.
მაგრამ ისევ ეს სათაური, რატომ შუშანიკის შვილები და არა ვთქვათ თამარის, ან ქეთევანის?
არა, აქ სულაც არ იგულიხმება ის მოწამე შუშანიკი.
მესმის, თუმცა ამგვარი ასოციაცია გარდაუვალია.
კი, პირველი რეაქცია ყველას ასეთი აქვს. თუმცა, აქ მნიშვნელოვანია მხოლოდ ის, რომ ჩემი შუშანიკი ეროვნებით ქართველი არ არის, საერთოდაც ეროვნების მიღმა დგას. სულ მაღიზიანებდა თბილისური ვიწრო ნაციონალური აზროვნება და ბოდვა, რომ აქ ყველაფერი ქართულია. საშინელია, როდესაც ვიღაცას რცხვენია, რომ შენი ქალაქის კეთილი სული შეიძლება მექისე იყოს. აქ თავს არიდებენ თქმას, რომ ჩვენი ქალაქი ააშენეს, მაგალითად გერმანელებმა, პოლონელებმა, სომხებმა და სპარსელებმა. ქართველების ფსევდოტოლერანტობა ხანდხან ფანჯრიდან გადახტომის სურვილს მიჩენს. მე ყველა კატეგორიით უმრავლესობა ვარ ამ ქვეყანაში - ეთნიკურად, სექსუალური ორიენტაციით და ა.შ. თუ არ ჩავთვლით ჩემს „მძვინვარე“ ათეიზმს - აქაც კონსტიტუციის ფარგლებში ვრჩები. ანუ ამას რომ ვსაუბრობ, რამე დამატებითი მოტივაცია კი არ მაქვს, არამედ ძალიან მწყინს, რომ საქმეს ასე უდგებიან. ამიტომაც ჩემი შუშანიკი და მისი შვილები უეროვნებონი არიან.
და თვითონ ქალაქიც, როგორც ურბანული სივრცე, დაცლილია ამისგან, მაგრამ ისინი დაჟინებით ცდილობენ თავისნაირად დაინახონ?
კი, ამ ქალაქს ეროვნება არ აქვს. თითქოს ყველაფრისგან დაცლილია. არ არის საჭირო ზედმეტი კეკლუცობა - უუუუძველესი ქალაქი და ა.შ. რომელი სახლია ყველაზე ძველი თბილისში? ჰაჰა, ორიოდ საუკუნის. კომიკურია ასეთი მიდგომა.
ამ წიგნის ერთ-ერთი ღირსება ისიცაა, რომ ყველგან და ყველასთვის პატარა ხაფანგებია, მოდი დავუშვათ ასეთი ჩახლართული ამბავი: თუ ვინმეს მოუნდება ამ წიგნის „გამართლება“ ჩვენს ცნობილ მორალისტებთან, იტყვის რომ აი, ხომ ხედავთ - იმ შუშანიკიდან სადამდე მოვედით, აი, ავტორი გვაჩვენებს მის შვილებს - პრინციპებისგან და ზნეობისგან დაცლილებს...
(იცინის - თუ როგორც წერენ ხოლმე) მართალია. მოდი შორიდან დავიწყებ. ორი შემთხვევა ვიცი მსოფლიო ლიტერატურაში, რომელმაც გამოცდილება შემმატა - ერთი დავით კლდიაშვილი და მეორე ჯონ სტეინბეკი. პირველმა დარბაზი დატოვა, როცა უთხრეს, რომ ის დასცინის თავის გმირებს. ჯონმა კი „ტორტილა ფლეტის” მეორე გამოცემის წინასიტყვაობაში საგანგებოდ აღნიშნა, რომ მისი გმირები არ არიან ხელწამოსაკრავნი და მათ დასაწერად ოსტატობა არ ეყო. თუ ვინმე იფიქრებს, რომ მე მართას ან ნიკოს (პერსონაჟები - გ.კ.) ზნეობრივი სახე მიუღებლად მიმაჩნია, შეცდება - სწორედ ისინი ინარჩუნებენ ამ ქალაქის სულს, გულწრფელები არიან, გამოფიტულები და გულწრფელები. ანუ არა რამე კონკრეტული იდეის მატარებლები, არამედ მხოლოდ ადამიანები.თუ იმ ძველ შუშანიკს დავუბრუნდებით, არავის ახსოვს, რომ იგი ჩვეულებრივი გოგო იქნებოდა, რომელსაც მამა შროშანას ეძახდა. ამაზე ვტირი ხოლმე. აქვე დავძენ, რომ ყველა ქართული ტექსტის მსგავსად, ეს ნაწარმოები ენას მაინც უსვამს „ვეფხისტყაოსანს“.
სახელები: შუშანიკზე ვთქვით, მერე ევა, მართა, ეს ყველაფრიდან ამოვარდნილი ნიკო, და სოლომონი (თამარის მეტსახელი) და დავითი… რატომ ამდენი წარსული? ან ეს სექსი თუ სექსისმაგვარი სოლომონსა და დავით შორის - პროვოკაციული ტვინი იფიქრებს, რომ ბიბლიური ინცესტია, რაღაც შარჟი.
(ისევ იცინის და ა.შ.) გეთანხმები, ნიკო ყველაფრიდან ამოვარდნილია. სახელი მართა ერთი მხრივ ძალიან პირადულია, თან ბევრი დამთხვევა მოხდა. დავითს ვიცნობდი, ერთ კაცს ვიცნობდი, ზუსტად ამგვარს და დათოს ვერაფრით ვეძახდი.
რომანი თითქმის უსიუჟეტოა, კლასიკური გაგებით. აბსურდის შეგრძნებაც რჩება, ფრაგმენტულობის - განსაკუთრებით ფინალში - რომელიც ვინმეს შეიძლება უგემოვნოდ მოეჩვენოს. მე ვიცი, რომ ეს შენი ჩანაფიქრია და მოგვიყევი.
პოსტმოდერნის ხანაში ვართ. თუ ავტორის ცხოვრებას მიყვებით - და მე აღფრთოვანებული ვარ ჩემი თავით - მის დიდ ნაწილს დაძებნით ამ წიგნის პერსონაჟებში, ძაღლ ალმასაშიც კი. მეც ასე ვარ, ერთი შეხედვით აბსურდული. მკითხავთ - რა გინდა? არც არაფერი. ამ რომანის სტილი ჩემი ცხოვრებისას ჰგავს. უმიზნო ვარ.
ლეგენდა-სიზმრები. რამეს მიანიშნებ, გასაღებია, სპეციალურად ჩაფიქრებული გამონაგონი...
უნდა ვაღიარო, რომ მე არ მაქვს ფანტაზია, ყველაფერი რაც დამიწერია - ან მინახავს, ან მოუყოლიათ ან დამსიზმრებია. ეს იყო აქაც.
და უცნაური სიყვარული, რომელზეც წიგნის დასაწყისშივე მიგვანიშნე...
ძალიან მიყვარს ფენტეზის ჟანრი. ჰოდა, ერთხელაც ურსულა ლე გუინის „წყვდიადის მარცხენა ხელი“ წავიკითხე, წიგნში ადამიანები პლანეტა „ზამთარზე“ ცხოვრობენ, საკუთარი ცივილიზაცია აქვს. იქ კაცები და ქალები კი არა, ადამიანები ცხოვრობენ. თუ ერთმანეთი შეუყვარდებათ, კაცი და ქალი მერე ხდებიან, სურვილისამებრ. უკვირთ, დედამიწიდან ჩასული პერსონაჟი სულ კაცი როგორაა. მეც ძალიან მინდოდა ორი ადამიანის თუნდაც უმიზეზო სიყვარულის შესახებ დამეწერა და არა ქალის და მამაკაცის.
![]() |
31 ჯარჯი ბალანჩივაძის ზღაპრული სამყარო |
▲back to top |
კულტურა
პროფესიით პიანისტია, მაგრამ მის მხატვრობას ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს. სამყარო, რომელსაც ხელოვანი ტილოზე ქმნის იმდენად ზღაპრულია, რომ ბავშვებსაც ხიბლავს და უფროსებსაც.
ბალანჩივაძეების ცნობილი გვარისა და ოჯახის წარმომადგენლის, ჯარჯი ბალანჩივაძის პერსონალური გამოფენა, 11 მარტს ბაია გალერეაში გაიხსნა.
საგამოფენო სივრცეში, მისი ახალი ნამუშევრებია ექსპონირებული. როგორც თავად გვითხრა, აქტიურად ხატვა მაშინ დაიწყო, როდესაც საქართველოში ჩამოსული ჯორჯ ბალანჩინის ყურადღება მისმა ერთ-ერთმა ნახატმა მიიქცია. ცნობილი ბალეტმაისტერის გულწრფელი შეფასება სტიმული აღმოჩნდა ავტორისთვის, რომლის 400-მდე ნამუშევარი ჰოლანდიის, გერმანიისა და შვეიცარიის კერძო კოლექციებში ინახება. „მართალია პროფესიით მხატვარი არ გახლავთ, მაგრამ თავიდანვე გამორჩეული ხელწერა ჰქონდა და მისი ტილოები ქართველ პროფესიონალ მხატვართა შემოქმედების კონტექსტიდან ამოვარდნილი არასოდეს ყოფილა“, - გვითხრა ბაია გალერეას ხელმძღვანელმა ბაია წიქორიძემ, რომელიც ჯარჯი ბალანჩივაძის გამოფენას მეორედ მასპინძლობს და მის ფერადოვან სამყაროში მოქცეული უჩვეულო პერსონაჟების გასაცნობად, 22 მარტამდე გეპატიჟებათ.
![]() |
32 10 კითხვა ეკო დეისაძეს |
▲back to top |
კულტურა
„საიდუმლო სირობა“ თუ „და ვინჩის კუდი“?
„საიდუმლო კოდი“.
ერთი კითხვა რომ გქონდეთ ღმერთთან, რას შეეკითხებოდით?
აქ მოწევა შეიძლება?
რომელი წიგნი გინდათ, რომ თქვენი დაწერილი იყოს?
ახალი აღთქმა.
თქვენ მიმართ გამოთქმული კრიტიკა, რომელიც ყველაზე მძაფრად დაგამახსოვრდათ?
ჩემ მიმართ გამოთქმული კრიტიკა, ყოველთვის რადიკალურია და ბილწსიტყვაობით გამოირჩევა, ამ დროს რატომღაც ერექცია მეწყება, მიყვარს როცა მაკრიტიკებენ.
კვირის მანძილზე რამდენჯერ გუგლავთ საკუთარ სახელს?
666-ჯერ.
თქვენზე ბიოგრაფიული წიგნი რომ დაეწერათ, რა ერქმეოდა?
„ეკოლოგია“ ან „მამა სუტრა“.
ყველაზე დიდი ამბიცია?
ვიყო ჭეშმარიტი ქართველი
ქუთაისი ისეთივე მიმართებაშია საქართველოსთან, როგორც:
ა) ჩიკაგო - აშშ-სთან
ბ) მანჩესტერი - დიდ ბრიტანეთთან
გ) ხე - ფოთლებთან.
არც ერთი, „ქუთაისი ქალაქია“ საქართველო.
ბოლოს როდის და რის გამო იტირეთ?
ყოველთვის ვტირი, როცა პრეზიდენტის გამოსვლებს ვისმენ.:)
რა კითხვას დაუსვამდით საკუთარ თავს?
რატომ ხარ ასეთი საყვარელი?
![]() |
33 შემოდგომა/ზამთარი 2011-12 |
▲back to top |
კულტურა
თინათინ კლდიაშვილი
Gareth Pugh
დასრულდა შემოდგომა/ზამთარი 2011-12 წლის მოდის კვირეულების ციკლი.
მილანის მოდის კვირეულის საქმიანი ატმოსფერო წელს ორმა ამბავმა - ოსკარების დაჯილდოებამ და ჯონ გალიანოს ხულიგნობამ დაარღვია. კრიტიკოსები ან წითელ ხალიჩაზე ნანახ კაბებზე საუბრობდნენ ან გალიანო-დიორის მომავალზე დებდნენ ფსონებს.
Alexander McQueen
წარმოდგენილი კოლექციების დიდი ნაწილი კომერციულ, ლუქს კლასის მოდას განეკუთვნებოდა. როგორც ჩანს, სეზონიდან სეზონამდე მოდელიორებს ღრმა შემოქმედებითი ძიებებისათვის სულ უფრო ცოტა დრო და ენერგია რჩებათ. ამიტომაც, გასული საუკუნის სხვადასხვა დეკადის რეპრეზენტაცია ხშირია და ინდივიდუალიზმისგან დაცლილი. Gucci 70-იანებს უბრუნდება, Versace-სთან 80-იანი წლებია, Bottega Veneta-მ კი 60-იანი წლები გაიხსენა.
Jil Sander-ის სამხატვრო ხელმძღვანელმა რაფ სიმონსმა, გასული საუკუნის შუა წლების მაღალი მოდა სრულიად განსხვავებული კუთხით დაინახა. მან საკუთარი კოლექციის კონცეფცია იმდროინდელ სპორტულ, კერძოდ კი სათხილამურო ტანისამოსს დაუკავშირა - მკვრივი წელვადი ქსოვილებისაგან ვიწრო შარვლები და დათბილული კაბები ხასხასა, ინტესიურ ფერებში წარადგინა. მოდის სახლმა პატარა ქუდები და ნაქსოვი ზედა ტანსაცმელიც აჩვენა. უაღრესად მარტივი თარგი და ინოვაციური ტექსტილი მკაცრ, თანამედროვე განწყობას ქმნის და ცოტა ხანში უდავოდ მიბაძვის მიზეზი გახდება.
Jil Sander
მოდის სახლმა Marni-მ დამახასიათებელი ტაქტიკა შეცვალა. ბრენდის ძირითადი მომხმარებელი ბოჰემური ახალგაზრდები იყვნენ და აქცენტი ტანსაცმლის დეკორირებაზე, ნაქარგსა და აპლიკაციაზე კეთდებოდა. ახალი კოლექცია კი ელეგანტური, დახვეწილი ქალისთვისაა - გრაფიკული ზედაპირები ამ შემთხვევაში ისლამურ გეომეტრიულ ორნამენტს მოგვაგონებს. წყნარი ტონები, მაღალი ხარისხის შალის კრეპი და გაბარდინი ჰარმონიულ კოლექციას ქმნის თავდაჯერებული, თანამედროვე ქალისათვის.
მიუჩია პრადამ განსხვავებული პროპორციები - ლაბადის მსგავსი კაბები - დაბალი და განიერი წელით განიერ ქამრებთან ერთად - წარმოადგინა. კოლექცია მრავალფეროვანი მასალებისაგან აეწყო და განსაკუთრებულ ადგილს იკავებს მოდის ვნებიან ლექსიკონში - ბეწვი, პითონის ტყავი, პლასტიკის გამჭვირვალე კილიტები - ყველაფერი ინტენსიურ ყვითელ, სალათისფერ და მწვანე ტონებში. ერთი მხრივ, წარმოუდგენელი კომბინაციები, სწორად შერჩეულ აქსესუარებთან ერთად, საბოლოო ჯამში ორიგინალურ ტანისამოსს ქმნიდა.
8 დღის განმავლობაში, მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში, კოლექციები 67-მა მოდის სახლმა აჩვენა.
Lanvin
პარიზის მოდის კვირეული, რა თქმა უნდა, ყველა მოდის კვირეულთა კვირეულია, როგორც ორგანიზების მაღალი დონით, ასევე მონაწილე სახლების საერთაშორისო მასშტაბით.
ამ სეზონზე ყველაზე დიდი გამოხმაურება არა ტანსაცმელს, არამედ პოლიტკორექტულობას და ანტისემიტიზმს მოჰყვა. მოდის სახლმა Christian Dior-მა ცნობილი მოვლენების გამო, სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან დაითხოვა ჯონ გალიანო. ბუნებრივია, უმალ დაიწყო მითქმა-მოთქმა, თუ ვინ დაიკავებს ამ საოცნებო პოზიციას.
Louis Vouitton
კონგლომერატი LVMH-ი რამდენიმე ა-კლასის ბრენდს აერთიანებს. Christian Dior-ი, თავისი 60-წლიანი ისტორიით ერთ-ერთი მათგანია. მოლაპარაკება ჯერ არავისთან დაწყებულა, თუმცა ინდუსტრიის მოთამაშეები თვლიან, რომ კორპორაცია საკუთარ რესურსს გამოიყენებს და იმ მოდელიორს მოიწვევს, რომელთანაც უკვე თანამშრომლობს
მოდის სახლ Christian Dior-ის ჩვენება 4 მარტს გაიმართა. ჩვენების დასაწყისში სახლის დირექტორი, წარმოშობით ებრაელი სიდნი ტოლედანო სტუმრების წინაშე სიტყვით წარდგა. მან განმარტა, რომ ფასეულობები, რომლებსაც მოდის სახლი ეყრდნობა, კატეგორიულად ეწინააღმდეგება ჯონ გალიანოს ქმედებას. შესაბამისად, მოდელიორთან ურთიერთობას ვეღარ განაგრძობენ. ცნობილმა მოდის ფოტოგრაფმა მარიო ტესტინომ კი აღნიშნა - „ეს უფრო დაკრძალვაა, ვიდრე დეფილე“.
Christian Dior
პარიზის კვირეულზე არა ერთი საინტერესო კოლექცია აჩვენეს. გერეთ პიუმ შავი ტყავის, ლურჯი აბრეშუმის და ოქროსფერი მეტალისაგან დამზადებული ნეოგოთური კოლექცია წარმოადგინა, მისი სტილი სულ უფრო დამაჯერებელი, მკაფიო და ორიგინალური ხდება.
ფიბი ფილომ ავტომობილების ინტერიერი დამახასიათებელი ხის და ტყავის ფაქტურებით კოლექციის შთაგონებად აქცია. მკაცრი სილუეტი, მძიმე და ძვირფასი ქსოვილები, ბეწვი და ტყავი მან ახალ მინიმალისტურ მიმართულებად განავითარა და მოდის სახლ Celine-სათვის ურბანული კოლექცია შექმნა.
რიკ ოვენსი არ ღალატობს ასკეტურ სულიერებას და უცნაურ მოდერნისტულ ტანსაცმელს ქმნის. ამ სეზონზე მან ბეწვის თავსაბურავები, მონუმენტური სახელოები და აქრომატული მოსასხამები აჩვენა.
ალბერ ელბაზმა უზარმაზარი ტირიფის ფონზე აჩვენა Lanvin-ის სახლისათვის შექმნილი რომანტიკული კაბები და ლაბადები. ამჯერად მან მისთვის დამახასიათებელ წელვად ტრიკოტაჟზე უარი თქვა და აბრეშუმის გაზარი გამოიყენა. ეს ქსოვილი, თავისი თვისებებით მძიმე ქსოვილს ჰგავს, სინამდვილეში კი ძალიან მსუბუქია. მეტალის ვარდებისაგან მონუმენტური ყელსაბამები და სამაჯურები შექმნა, შავი აბრეშუმის ვარდები კი ხასხასა ფერის კაბების თავსაბურავებად გამოიყენა.
Prada
მარკ ჯეიკობსმა Louis Vouitton-ის სახლისათვის ფეტიშის ატრიბუტები - ხელბორკილები, ლატექსი, ნიღაბი, სიგარეტი, თასმებიანი მაღალი ჩექმები - ერთ დრამატულ ჩვენებაში გააერთიანა. მოდელები ოთხი ორნამენტირებული ლიფტით ამოდიოდნენ პოდიუმზე, რომელიც ბურჟუაზიული სასტუმროს დერეფანს ჰგავდა. ჩვენება ქეით მოსმა დახურა, ისიც ხომ ფეტიშის ერთგვარი „საგანია“.
პარიზის მოდის კვირეულის ბოლო დღე ნოყიერი ნიადაგი აღმოჩნდა კიდევ ერთი სპეკულაციისათვის. ამჯერად საქმე პრინც უილიამის ქორწილს ეხება. ხმა დაირხა, რომ ქეით მიდლტონისათვის კაბას, სარა ბარტონი, სახლ Alexander McQueen-ის წარმომადგენელი ქმნის. მან ხელით ნაქარგი და არაჩვეულებრივად დამუშავებული კაბების კოლექცია წარადგინა. მათ შორის ქათქათა თეთრი ფერის ზღაპრული კაბა გამოირჩეოდა.
Christian Dior/სიდნი ტოლედანო
![]() |
34 ფსიქიატრი სამზარეულოში |
▲back to top |
გურმანი|რესტო
ანანო სხირტლაძე
შეფ-მზარეული შარბელ ოუნი უკვე რამდენიმე თვეა საქართველოში იმყოფება. ის რესტორან მარჯანოვ ექსპრესის სამზარეულოს უდგას სათავეში. პირველი მიშლენის ვარსკვლავი და კულინარიულ წრეებში განსაკუთრებული რეპუტაცია მას, ჰოლანდიურ რესტორან Auberge-სთან თანამშრომლობამ დაუმკვიდრა. გარდა ამისა, 12 წლის განმავლობაში შარბელი საკონსულტაციო მოღვაწეობას ეწეოდა. მისი კოორდინაციითა და რჩევებით მსოფლიოს მასშტაბით 70-მდე რესტორანი გაიხსნა. იტალიური და ფრანგული სამზარეულოს სპეციალისტი - შარბელ ოუნი მოლეკულური გასტრონომიის ოქროს შეფის სერტიფიკატისა და მიშლენის ორი ვარსკვლავის მფლობელია.
ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი
დავიბადე ბეირუთში 1980 წელს, ხოლო შემდეგ მთელი ცხოვრება სტოკჰოლმში გავატარე. 14 წლის ვიყავი, საზაფხულო სამსახური რომ დავიწყე რესტორანში, საკუთარი ჯიბის ფულისთვის. საერთოდ ევროპაში ყველა ახალგაზრდა ასე იქცევა. ვმუშაობდი ოფიციანტად. კულინარიული გამოცდილება არ მქონდა, იმავე ზაფხულს გავიცანი იტალიელი შეფ-მზარეული სილლა ლუჩიანო, სწორედ მან შემიყვანა სამზარეულოში და მზარეულების დამხმარედ დავიწყე მუშაობა. ეს მხოლოდ საზაფხულო სამუშაო იყო. სკოლის დამთავრების შემდეგ სტოკჰოლმის უნივერსიტეტში ჩავაბარე, ფსიქიატრობაზე ვოცნებობდი და ასეც მოხდა.
ფსიქიატრიიდან - შეფ-მზარეულობამდე
დღემდე ძალიან მიყვარს ფსიქიატრია, მაგრამ ნელ-ნელა მივხვდი, რომ ჩემი საქმე მზარეულობა იყო. ტრენინგებს გავდიოდი მსოფლიოში ყველაზე სახელგანთქმულ რესტორნებში, გამოცდილება მივიღე ისეთ რესტორნებში, როგორებიცაა: La Casa chele, La Plaza Gourmet, Belagio's, Carino's, La Gazette და ვთანამშრომლობდი საქვეყნოდ ცნობილ შეფ-მზარეულებთან.
საქართველო
უკვე რამდენიმე თვეა თბილისში ვიმყოფები, კონტრაქტის მიხედვით 3 წელი რესტორან მარჯანოვ ექსპრესის სამზარეულოს გავუძღვები. გავეცანი ქართულ სამზარეულოს, ნამდვილად გემრიელი კერძები გაქვთ, მაგრამ საკმაოდ მსუყე და ბევრ ინგრედიენტს იყენებთ. ჩვენ გადავწყვიტეთ, მოსულ სტუმრებს შეცვლილი მენიუ შევთავაზოთ, სადაც დახვეწილ სამზარეულოს (fine dining) გავაცნობთ. მინდა აღვნიშნო, რომ რესტორანში მოსულ სტუმრებს ახალ მენიუზე კარგი რეაქცია ჰქონდათ და კერძების დაგემოვნების შემდეგ მოწონება გამოხატეს. როდესაც კერძი სტუმრისთვის მიმაქვს, ყოველთვის მის სახეს ვუყურებ, რადგან აუცილებლად მიხვდები, მოეწონა თუ არა - პირველ რიგში ხომ თვალი ჭამს.
დიდი იმედი მაქვს, რომ დახვეწილი სამზარეულოს იდეა საქართველოშიც ისე გაამართლებს, როგორც დანარჩენ მსოფლიოში. ერთადერთი პრობლემა რაც მაქვს, არის მასალა, რომელიც საქართველოში არ იყიდება - ამიტომაც ინგრედიენტების იმპორტს ვაწარმოებთ.
რესტორანი მარჯანოვ ექსპრესი გთავაზობთ იტალიურ და ევროპულ კერძებს - ლანჩსა და სადილს.
მისამართი: თბილისი, მარჯანიშვილის 8. ტელეფონი: 95 03 23
![]() |
35 გარეული სკალოპი (Scallop) |
▲back to top |
გურმანი|რეცეპტი
შეფ-მზარეული
შარბელ ოუნი
1 ულუფა
მასალა:
100 გრ. სკალოპი
70 გრ. ნაღები
50 გრ. ისპანახი
5 გრ. ზაფრანა
10 გრ. ზეითუნის ზეთი
5 გრ. ლიმონის წვენი
5 გრ. კარაქი
მარილი
შავი პილპილი
ჯამში 12 ლარი
მომზადების წესი:
პატარა ქვაბში ჩაასხით ნაღები და შეურიეთ ზაფრანა, დადგით დაბალ ცეცხლზე და გააცხელეთ ვიდრე მასა არ გაყვითლდება.
ისპანახი მოწალეთ ტაფაზე, დაბალ ცეცხლზე დაახლოებით 3 წუთი. დაუმატეთ კარაქი.
კარგად გააცხელეთ ტაფა და შეწვით სკალოპი, თითო წუთი ორივე მხრიდან.
ყვითლად შეფერილი ნაღები გადმოიღეთ თეფშზე, მეორე ფენად გამოიყენეთ მოწალული ისპანახი და ზემოდან დაადეთ შემწვარი სკალოპი.
გასაფორმებლად გამოიყენეთ კამა და პომიდორი.
მიირთვით ცხლად.
მასალა შეგიძლიათ შეიძინოთ სუპერმარკეტებში: პოპული (ვეკუას ქ. 3, ტელ. 24 46 35), ჯორჯიტა (წერეთლის ქ. 116, ტელ. 35 71 73), გუდვილი (ჭავჭავაძის გამზირი 34, ტელ. 24 33 02/03).