![]() |
სამხედრო მოსამსახურეთა უფლებები და თავისუფლებები |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
თემატური კატალოგი სტატიები სხვადასხვა ჟურნალებიდან |
საავტორო უფლებები: © ასოციაცია „სამართალი და თავისუფლება“ |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
![]() |
1 * * * |
▲ზევით დაბრუნება |
1. საქართველოს კონსტიტუტცია და სამხედრო მოსამსახურეთა უფლებები
სამხედრო მოსამსახურეები სარგებლობენ იმ უფლებებითა და თავისუფლებებით, რომლებიც საქართველოს ყოველი მოქალაქისთვის კონსტიტუციითა და საერთაშორისო ნორმატიული აქტებით არის გარანტირებული და უზრუნველყოფილი. სამხედრო სამსახურის განსაკუთრებულობიდან გამომდინარე, სამხედრო მოსამსახურეთათვის დაწესებულია ზოგიერთი უფლებისა და თავისუფლების შეზღუდვა, რისი კომპენსირებაც სხვა უფლებებისა და თავისუფლებების ხარჯზე ხდება.
ყველა სამხედრო მოსამსახურე დაკავებული თანამდებობისა და სამხედრო წოდების მიუხედავად, თანასწორია კანონის წინაშე.
საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, ადამიანის უფლებები და თავისუფლებები შეიძლება დავყოთ სამ ძირითად ჯგუფად:
პირადი უფლებები და თავისუფლებები;
სოციალურ-ეკონომიკური უფლებები და თავისუფლებები;
პოლიტიკური უფლებები და თავისუფლებები.
2. პირადი უფლებებისა და თავისუფლებების ჯგუფის შემადგენლობაში შედის:
სიცოცხლის უფლება;
ადამიანის თავისუფლების ხელშეუხებლობის უფლება;
სასამართლო წესით დაცვის უფლება;
სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება;
პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა;
ღირსებისა და პატივის ხელშეუხებლობა;
თავისუფალი გადაადგილებისა და საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის უფლება;
უდანაშაულობის პრეზუმფცია;
ინფორმაციის თავისუფლება.
ადამიანის უფლებათა შორის ძირითად უფლებას სიცოცხლის უფლება წარმოადგენს, რომელიც აღიარებულია და დაცულია როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ასევე საერთაშორისო სამართლის ნორმებით. საქართველო შეუერთდა იმ სახელმწიფოთა რიგს, რომლებმაც უარი თქვეს სიკვდილით დასჯაზე, როგორც სასჯელის სახეზე, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოში ვერც ერთ ადამიანს, როგორი ქმედებაც არ უნდა ჩაიდინოს მან, წაართმევენ სიცოცხლის უფლებას.
ადამიანის თავისუფლების ხელშეუხებლობის უფლება გულისხმობს სახელმწიფოს თავშეკავებას არ დაუშვას ისეთი ქმედება, რომელიც ხელყოფს პიროვნების თავისუფლებას.
ადამიანის თავისუფლების აღკვეთა ან პირადი თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვა დაუშვებელია სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოს გადაწყვეტილების გარეშე. აგრეთვე დაუშვებელია დაკავებული თუ სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირის მიმართ ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება.
სასამართლო წესით დაცვის უფლება უმნიშვნელოვანეს კონსტიტუციურ უფლებას წარმოადგენს. იგი გულისხმობს მოქალაქის შესაძლებლობას გაასაჩივროს სასამართლოში სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების თანამდებობისა და ფიზიკური პირების ქმედებები. სამხედრო მოსამსახურეს სასამართლო წესით დაცვის უფლბა შეუძლია განახორციელოს მეთაურის მეშვეობით ან პირადად.
აკრძალულია სამხედრო მოსამსახურის საჩივრის განხილვის შეჩერება, საჩივრისთვის დასჯა ან დევნა.
საჩივრის შეტანა არ ათავისუფლებს სამხედრო მოსამსახურეს ბრძანების შესრულებისაგან. კანონსაწინააღმდეგო ბრძანების შესრულების შემთხვევაში, თუ სამხედრო პირმა არ იცოდა, რომ ასრულებდა უკანონო მითითებას, პასუხისმგებლობა ეკისრება ბრძანების გამცემს.
სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის და რწმენის თავისუფლება, უპირველეს ყოვლისა, ნიშნავს ადამიანის თავისუფლებას ყოველგვარი იდეოლოგიური კონტროლისაგან. ეს არის თავისუფლება, რომლის ფარგლებში ადამიანი თავად განსაზღვრავს საკუთარ აზრს საზოგადოებრივ თუ სახელმწიფო საკითხებთან მიმართებაში, დამოკიდებულებას რელიგიურ მიმდინარეობებთან ან სხვა სულიერ ღირებულებებთან. დაუშვებელია ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის, აღმსარებლობის ან რწმენის გამო, აგრეთვე, მისი იძულება გამოთქვას თავისი შეხედულება მათ შესახებ. სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლების შეზღუდვა დაუშვებელია, თუ მათი გამოვლენა არ ლახავს სხვის უფლებებს.
სამხედრო მოსამსახურეს უფლება აქვს აღიაროს ნებისმიერი რელიგია, აღასრულოს რელიგიური წეს-ჩვეულებები, თუ ეს ხელს არ უშლის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში და არ უქმნის მას პირობებს დამატებითი შეღავათისათვის.
პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა გულისხმობს პირადი საქმიანობის ადგილის, პირადი ჩანაწერის, მიმოწერის, სატელეფონო და სხვა ტექნიკური საშუალებებით საუბრის, აგრეთვე ტექნიკური საშუალებებით მიღებული შეტყობინებების ხელშეუხებლობას. აღნიშნული უფლებიდან გამომდინარე, არ შეიძლება პირის ნების საწინააღმდეგოდ ჩხრეკის ჩატარება, თუ არ არის სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოს გადაწყვეტილება ან კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობა.
ღირსებისა და პატივის ხელშეუხებლობა პიროვნების თავისუფალი განვითარების უმნიშვნელოვანესი გარანტიაა. არავის აქვს უფლება სასტიკად მოეპყროს პირს ან გამოიყენოს მის წინააღმდეგ ისეთი სასჯელი, რომელიც შელახავს ადამიანის ღირსებასა და პატივს.
თავისუფალი გადაადგილებისა და საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის უფლებას განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა თანამედროვე პირობებში. ამჟამად არსებული რთული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა აიძულებს ადამიანებს მათთვის ხელსაყრელი პირობების შესაქმნელად გადაადგილდნენ დედამიწის ნებისმიერ ადგილას. ამდენად, აღნიშნული უფლება აღიარებულია როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ასევე საერთაშორისო სამართლის ნორმებით. ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისუფლად გადაადგილდეს და აირჩიოს თავისი საცხოვრებელი ადგილი ნებისმიერი სახელმწიფოს ფარგლებში.
აღნიშნული უფლება შეზღუდული აქვს სამხედრო მოსამსახურეს. სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს მას შეუძლია გადაადგილდეს მხოლოდ მეთაურის ნებართვით.
უდანაშაულობის პრეზუმცია, ანუ პირის უფლება უდანაშაულოდ ითვლებოდეს მანამ, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით.
ინფორმაციის თავისუფლება აღიარებს საქართველოს მოქალაქის უფლებას ფლობდეს და იცნობდეს სახელმწიფო დაწესებულებაში მასზე არსებულ ინფორმაციას, აგრეთვე, იქ არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებს, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას.
3. სოციალურ-ეკონომიკური უფლებებისა და თავისუფლებების ჯგუფში შედიან:
საკუთრების უფლება;
შრომის თავისუფლება;
განათლების უფლება;
ჯანმრთელობის დაცვის უფლება;
ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში ცხოვრების უფლება;
შემოქმედების თავისუფლება;
ტრანსპორტით მგზავრობასა და კომუნალურ მომსახურებაზე შეღავათების უფლება.
საკუთრების უფლება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სოციალურ-ეკონომიკური ხასიათის უფლებაა. იგი გულისხმობს პიროვნების შესაძლებლობას საკუთრებაში გააჩნდეს გარკვეული ქონება, მისი მფლობელობის, სარგებლობისა და განკარგვის უფლებით. ამ უფლების აღიარებით, პირს შესაძლებლობა აქვს თავისუფლად გამოიყენოს თავისი ქონება სამეწარმეო ან სხვა სამეურნეო საქმიანობისათვის, რაც კანონით აკრძალული არ არის.
შრომის თავისუფლების ფარგლებში პიროვნებას უფლება აქვს თავისუფლად აირჩიოს სამუშაო საკუთარი შეხედულების, ინტერესისა და შესაძლებლობის შესაბამისად. აკრძალულია იძულებითი შრომა. იძულებითი შრომა არ მოიცავს სამხედრო ხასიათის ყოველგვარ სამუშაოს ან სამსახურს, რომლის შესრულებაც ჩვეულებრივი სამოქალაქო ვალდებულებაა.
სამხედრო სამსახურში ყოფნის პერიოდი სამხედრო მოსამსახურეს ეთვლება შრომის საერთო სტაჟში და ასევე, სპეციალობის მიხედვით ნამსახურობის სტაჟში.
სამხედრო მოსამსახურეს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს არასამეწარმეო იურიდიული პირების საქმიანობაში, ხოლო სამეწარმეო საქმიანობა ეკრძალება, ანუ მას არა აქვს უფლება დააარსოს საწარმო ან მონაწილეობა მიიღოს ისეთი საწარმოს საქმიანობაში, რომელიც ორიენტირებულია მოგების მიღებაზე.
სამხედრო მოსამსახურეს ეკრძალება სამსახური შეთავსებით, გარდა სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობისა, თუ ეს ხელს არ უშლის სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებას.
განათლების უფლება ერთ-ერთი უფლებაა, რომლის რეალიზაციაზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული არა მხოლოდ პიროვნების, არამედ მთელი საზოგადოების განვითარება. ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება. დაწყებითი განათლება სავალდებულოა. სახელმწიფო თავის ხარჯზე უზრუნველყოფს სკოლამდელ აღზრდასა და საბაზო განათლებას.
ოფიცერს აქვს პროფესიული განათლების მიღების, სამხედრო-სასწავლო დაწესებულებაში შესვლის, მომზადების, გადამზადების, კვალიფიკაციის გადამზადების კურსებზე სწავლის უფლება. ოფიცერს სამსახურის პირობების გათვალისწინებით უფლება აქვს ისწავლოს სამოქალაქო უმაღლეს, საშუალო და პროფესიულ სასწავლო დაწესებულებაში.
უმაღლესი ან საშუალო-სპეციალური სამოქალაქო განათლების მქონე ოფიცერი, რომელიც მიღებული სპეციალობით გადის სამხედრო სამსახურს, თავისი განათლებით უთანაბრდება პირს, რომელმაც დაამთავრა უმაღლესი ან საშუალო სამხედრო სასწავლებელი.
ჯანმრთელობის დაცვის უფლება პიროვნებას აძლევს შესაძლებლობას ისარგებლოს ხელმისაწვდომი სამედიცინო დახმარებით. სამხედრო მოსამსახურის ჯანმრთელობის დაცვას მთლიანად უზრუნველყოფს სახელმწიფო.
სამხედრო მოსამსახურე სამხედრო-სამედიცინო ქვედანაყოფებში, სამხედრო ნაწილებსა და სამხედრო-სამედიცინო დაწესებულებებში სარგებლობს სახელმწიფოს ხარჯზე მკურნალობის უფლებით.
ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში ცხოვრების უფლება, გარკვეულწილად, ავალდებულებს ყოველ ფიზიკურ და იურიდიულ პირს გაუფრთხილდნენ და დაიცვან გარემო დაბინძურებისაგან. ამ უფლებას თან ახლავს პირის უფლება მიიღოს ობიექტური და დროული ინფორმაცია მისი სამუშაო და საცხოვრებელი გარემოს მდგომარეობის შესახებ.
შემოქმედების თავისუფლება გულისხმობს შემოქმედებით პროცესში ჩაურევლობას, შემოქმედებითი საქმიანობის სფეროში ცენზურის დაუშვებლობას. აკრძალულია შემოქმედებითი ნაწარმოების დაყადაღება და გავრცელების აკრძალვა, თუ მისი გავრცელება არ ლახავს სხვა ადამიანის კანონიერ უფლებებს.
ტრანსპორტით მგზავრობასა და კომუნალურ მომსახურებაზე შეღავათების უფლება. სამხედრო მოსამსახურეს მივლინებისას, სხვა დასახლებულ პუნქტებში გადაყვანისას, ასევე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უფლება აქვს ისარგებლოს ტრანსპორტის მომსახურებით სახელმწიფო ბიუჯეტიდან შესაბამისი სამხედრო უწყაბისთვის გამოყოფილი თანხების ხარჯზე.
სამხედრო მოსამსახურეები (გარდა ვადიანი სამხედრო მოსამსახურისა) და მათი ოჯახის წევრები იხდიან ბინის ქირის, გაზის, საყოფაცხოვრებო მომსახურების, წყლის და სხვა კომუნალური მომსახურების ღირებულების 50%, ხოლო დანარჩენი 50 პროცენტის დაფარვა ხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან იმ სამხედრო უწყებისთვის გამოყოფილი თანხების მეშვეობით, სადაც მსახურობს შესაბამისი სამხედო მოსამსახურე.
4. პოლიტიკური უფლებებისა და თავისუფლებების ჯგუფის შემადგენლობაში შედის:
სახელმწიფო მართვაში მონაწილეობის უფლება;
საარჩევნო უფლება;
გაერთიანებებისა და კავშირების შექმნის უფლება;
შეკრებებისა და მანიფესტაციების თავისუფლება.
ყოველ ადამიანს აქვს სახელმწიფო მართვაში მონაწილეობის მიღების უფლება, თუ იგი სავსებით აკმაყოფილებს იმ პირობებს, რომლებიც დადგენილია სახელმწიფოს შესაბამისი კანონმდებლობით. აღნიშნული უფლება აღიარებულია და გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ხელისუფლების წყაროა ხალხი. ხალხი თავის ძალაუფლებას ახორციელებს რეფერენდუმის, დემოკრატიის სხვა ფორმებისა (არჩევნების) და თავისი წარმომადგენლების მეშვეობით.
საარჩევნო უფლება, ანუ უფლება აირჩიოს და არჩეულ იქნეს სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლობით ორგანოებში, გულისხმობს ორ სახეს:
აქტიური საარჩევნო უფლება;
პასიური საარჩევნო უფლება.
აქტიურ საარჩევნო უფლებას უწოდებენ მოქალაქის უფლებას ხმა მისცეს მისთვის სასურველ კანდიდატს წარმომადგენლობით ორგანოში. აქტიური საარჩევნო უფლებით სარგებლობს საქართველოს ყოველი მოქალაქე 18 წლის ასაკიდან, რომელიც აკმაყოფილებს საარჩევნო კანონის მოთხოვნებს.
პასიური საარჩევნო უფლება გულისხმობს პირის უფლებას არჩეულ იქნეს სახელმწიფო ან თვითმმართველობის ორგანოებში. პასიური საარჩევნო უფლების ფლობისათვის დაწესებულია ასაკობრივი ცენზები, კერძოდ, საქართველოს პარლამენტის წევრი შეიძლება გახდეს პირი 25 წლის ასაკიდან, საქართველოს პრეზიდენტი კი - 35 წლის ასაკიდან და სხვა.
თუ სამხედრო მოსამსახურეს სურს არჩეული იქნეს სახელმწიფო ან თვითმმართველობის ორგანოებში, მან უარი უნდა თქვას სამხედრო სამსახურზე.
გაერთიანებებისა და კავშირების შექმნის უფლება გულისხმობს ნებისმიერი საზოგადოებრივი გაერთიანების, პროფესიული კავშირების, პოლიტიკური პარტიებისა და გაერთიანებების შექმნის უფლებას, მაგრამ დაუშვებელია ისეთი საზოგადოებრივი და პოლიტიკური გაერთიანების შექმნა და საქმიანობა, რომლის მიზანია სახელმწიფოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს.
პირი, რომელიც ჩაირიცხება სამხედრო ძალების, სახელმწიფო უშიშროების ან შინაგან საქმეთა ორგანოების პირად შემადგენლობაში, გამწესდება მოსამართლედ ან პროკურორად, ეკრძალება პოლიტიკური გაერთიანების წევრობა.
შეკრებისა და მანიფესტაციების თავისუფლება გულისხმობს მოქალაქეთა შეუზღუდავ უფლებას წინასწარი ნებართვის გარეშე შეიკრიბოს საჯაროდ და უიარაღოდ როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ. ეს უფლება შეზღუდული აქვთ იმ პირებს, რომლებიც არიან სამხედრო ძალების, პოლიციისა და უშიშროების სამსახურის შემადგენლობაში. შეკრებებისა და მანიფესტაციების მოწყობისათვის შესაძლებელია დაწესდეს ხელისუფლების წინასწარი გაფრთხილების აუცილებლობა. შესაძლებელია შეკრების ან მანიფესტაციის შეწყვეტა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან კანონსაწინააღმდეგო ხასიათი მიიღო.