The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ტაბულა №94


ტაბულა №94


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: უგულავა სალომე, ავალიანი დიმიტრი, ტორონჯაძე მირიან, სუთიძე ლევან, მაჭარაშვილი ნინო, ბენდუქიძე კახა, კვანჭილაშვილი ელენე, ჩერგოლეიშვილი თამარ, ჩხიკვაძე ანი, ბასილაია მიხეილ, გუნია ირაკლი, ჯამარაული ლამარა, ტურაშვილი თეონა, გამცემლიძე მაკა, ელერდაშვილი ვახო, თალაკვაძე ზურაბ, გოდუაძე ლაშა
თემატური კატალოგი ტაბულა
საავტორო უფლებები: © თამარ ჩერგოლეიშვილი
თარიღი: 2012
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: 2012 | 2 - 8 აპრილი მთავარი რედაქტორი: თამარ ჩერგოლეიშვილი / აღმასრულებელი რედაქტორები: ნინი გოგიბერიძე, სალომე კიკალეიშვილი / რედაქტორები: ქეთი მსხილაძე, ელენე კვანჭილაშვილი, ლევან რამიშვილი, დავით კოვზირიძე, ნინო მაჭარაშვილი / უცხოელი მრჩეველი: ბარბარა სვანი / ჟურნალისტები: დიმიტრი ავალიანი, გიორგი კეკელიძე, სალომე უგულავა, მაკა გამცემლიძე, ავთო ქორიძე, ნინა ახლოური, თეონა ტურაშვილი, ირაკლი კიკნაველიძე, ლევან სუთიძე, თეონა კოკიჩაიშვილი, სიმონ მაჩაბელი, ლაშა გოდუაძე, ზურაბ თალაკვაძე, ნიკა ესებუა, ანანო სხირტლაძე, მიხეილ ბასილაია, ლარა ჯამარაული, ირაკლი გუნია / ვები: სანდრო თარხანმოურავი, ლევან მეტრეველი, ნათია სოფრომაძე, ეკა წამალაშვილი / კორექტორი: ნინო საითიძე / არტრედაქტორი: ბაჩა მალაზონია / დიზაინი& პრეპრესი: კახა დოლიძე, ნიკა კუპრაშვილი / ფოტორედაქტორი: დიმა ჩიკვაიძე / ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი / გამომცემელი: სამოქალაქო განათლების ფონდი / დირექტორის მოადგილე: გიორგი ფრუიძე / ოფისმენეჯერი: ანანო ვარდოსანიძე / გაყიდვები და მარკეტინგი: გიორგი ჭეიშვილი / ყოველკვირეული ჟურნალი ტაბულა, ტელ: + 995 32 2420 300, e-mail:info@ ტაბულა.გე/ სტამბა: BILNET Printing, Dudullu Organize Sanayi Bolgesi, 1. Cadde No: 16 Umraniye, 34696 Istanbul-TURKIYE, tel.: + 902164444403, ფაქსი: + 902163659907/2012 საავტორო უფლებები დაცულია, ჟურნალში გამოქვეყნებული მასალების გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია. გარეკანი: ტაბულა © 2012



1 სიტყვასიტყვით

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

„მე უკანასკნელი თავისუფალი ადამიანი ვარ ამ ქვეყანაში“.

  • ბიძინა ივანიშვილი გერმანულ Spiegel- თან ინტერვიუში, 27მარტი.

0x01 graphic

„რაც ბატონი ბიძინა გამოჩნდა, მეშინია, ნეტარებამდე არ მივიდე, ისეთი მშვიდი ვარ“.

  • ირაკლი ალასანიას მეუღლის, ნათია ფანჯიკიძის ციტატა ასავალ დასავალმა 26 მარტს გაავრცელა.

თუ ვინმესთვის ასავალ - დასავალი შავრაზმული გაზეთია, მეც შავრაზმელად ჩამთვალონ! დიახ, მე.

  • ქრისტიან-დემოკრატების ლიდერი ინგა გრიგოლია, 26 მარტი.

0x01 graphic

ჩვენ, ისევე როგორც მილიონობით ქრისტიანი, ღრმად შეწუხებულნი ვართ, რომ არ აღუდექით ეკლესიის ბინძურ წინა საარჩევნო ინტრიგებში ამოყენებას, რომ მოუწოდეთ მორწმუნეებს ხმა მიეცათ ადამიანისთვის, რომლის მოქმედებებიც უსასრულოდ შორსაა ღვთის სამართლისგან.

  • პანკჯგუფი Pussy Riot პასუხობს რუსეთის პატრიარქ კირილს და აკრიტიკებს პუტინის მხარდაჭერისთვის. 26 მარტი.

0x01 graphic

ობამა: ყველა საკითხი, სარაკეტო თავდაცვის ჩათვლით, შეიძლება გადაწყდეს, მაგრამ მნიშვნელოვანია [პუტინმა] მაცალოს.

მედვედევი: მესმის, რასაც ამბობ.

ობამა: ეს ჩემი ბოლო არჩევნებია. არჩევნების შემდეგ მეტი მოქნილობა მექნება.

მედვედევი: მესმის, გადავცემ ამ ინფორმაციას ვლადიმირს.

  • აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამასა და რუსეთის პრეზიდენტ დმიტრი მედვედევის დიალოგი.

26 მარტი.

0x01 graphic

„ის [რუსეთი], ორი აზრი არ არის, ჩვენი ნომერი პირველი გეოპოლიტიკური მოწინააღმდეგეა“.

  • რესპუბლიკური პრაიმერის მონაწილე მიტ რომნი აკრიტიკებს პრეზიდენტ ობამას რუსეთთან ზედმეტად რბილი დამოკიდებულებისთვის.მედვედევთან დიალოგისას ობამა რუსულ მხარეს დაჰპირდა სარაკეტო თავდაცვის საკითხის არჩევნების შემდეგ მოგვარებას.

26 მარტი.

„როდესაც სახელმწიფო კიდებს ხელს რაღაცას, საქმე ორჯერ უფრო ჩქარა კეთდება,ვიდრე ამას კერძო სექტორი აკეთებს. ეს არანორმალური სიტუაციაა“.

  • სტუდენტებთან შეხვედრაზე განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. მისივე თქმით, ყველგან პირიქით ხდება და საქართველოში არსებული სიტუაცია იმაზე მიუთითებს, რომ საუკთესო კადრები სახელმწიფო სექტორში წარმოიშვა.

20 მარტი.

2 ევროკავშირი რუსეთის თაობაზე ერთ ხმაში არ საუბრობს

▲ზევით დაბრუნება


არენა

ესაუბრა ავთო ქორიძე

0x01 graphic

20-22 მარტს თბილისმა უილტონ პარკის კონფერენციასუსაფრთხოება სამხრეთ კავკასიაში უმასპინძლა. კონფერენცია დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროების მხარდაჭერით გაიმართა. უილტონ პარკის მიერ ორგანიზებული შეხვედრები ხელს უწყობს საერთაშორისო დიალოგს მაღალი რანგის პოლიტიკოსებს, დიპლომატებსა და მეცნიერებს შორის. ტაბულა კონფერენციის ფარგლებში ბრიტანელ პარლამენტარს, 2002-2005 წლებში ევროპის საქმეთა მინისტრს დენის მაკშეინსა და ჯეიმზტაუნის ფონდის პოლიტიკურ მიმომხილველს ვლადიმირ სოკორს ესაუბრა.

თქვენი ვიზიტის მიზნით დავიწყოთ. სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების საკითხებზე კონფერენციაში იღებთ მონაწილეობას. რა მთავარი გამოწვევების წინაშე დგას სამხრეთ კავკასია უსაფრთხოების თვალსაზრისით?

დენის მაკშეინი: მთავარი გამოწვევაა, რომ ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა ისეთი პოსტსაბჭოთა რეგიონის შექმნა, სადაც სახელმწიფოებს შორის ჰარმონიული ურთიერთობა იარსებებდა. ანუ თავად სახელმწიფოებში იქნებოდა ჰარმონია დამყარებული, ევროპული ნორმების შესაბამისი კანონის უზენაესობის თვალსაზრისით. კვლავ საფრთხეს წარმოადგენს რუსეთი, რომელიც რეგიონში დიპლომატიას ნულოვანი ჯამური თამაშის წესებით უდგება და ცდილობს გაყოს და იბატონოს. რეგიონში არასტაბილურობის მიზეზი სწორედ ეს არის. კრემლს მიაჩნია, რომ არასტაბილური სამხრეთ კავკასია დასავლეთს საკმაოდ აღელვებს და რუსეთს სურს, დასავლეთი - ევროპა და ჩრდილოეთ ამერიკა - წნეხის ქვეშ ჰყავდეს.

ვლადიმირ სოკორი: ამ კონფერენციაზე საკითხთა საკმაოდ ფართო სპექტრი განიხილება და უსაფრთხოებაზე ვიწროდ ფოკუსირებული არ არის. იგი ბევრ გამოწვევას ეხება - ამ რეგიონში სახელმწიფოს მშენებლობიდან დაწყებული, მისი განვითარებით დამთავრებული.

დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაზე ექსპერტთა ჯგუფის დისკუსია შედგა, სადაც ჩემმა ქართველმა მეგობარმა, დავით დარჩიაშვილმა, არგუმენტირებულად ისაუბრა სამართალდამცავი სტრუქტურების - პოლიციისა და პროკურატურის - მძლავრი ცენტრალიზების საჭიროებაზე. მან გაიხსენა, 2003 წლამდე როგორ იღებდნენ გადაწყვეტილებებს პროკურორები და მოსამართლეები, ანდა მათ ნაცვლად, სხვადასხვა ბიზნეს თუ ინტერესჯგუფები, რომლებიც პროკურატურისა და სასამართლო ინსტიტუტების პრივატიზებას ახდენდნენ. დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ დეცენტრალიზებული პოლიცია არაეფექტიანია და არსებობს კორუფციის საფრთხე, ხოლო კორუფცია რომ აღმოიფხვრას, პოლიცია მძლავრად ცენტრალიზებული სტრუქტურა უნდა იყოს. რასაკვირველია, სავსებით ვეთანხმები მას. კლასიკური ლიბერალური სახელმწიფო მცირე ზომისა, მაგრამ ძლიერია. ამრიგად, ეს ერთ-ერთი საკითხი იყო, რაზეც ვიმსჯელეთ.

მეორე დისკუსია ენერგოუსაფრთხოების საკითხებზე გაიმართება. გარდა ამისა, ჩემს გამოსვლაში შეშფოთება გამოვხატე, რომ საჭიროა მდიდარი ინდივიდების მიერ სახელმწიფოს ხელში ჩაგდების მცდელობის თავიდან აცილება. ჩემი რწმენით, ქართული სახელმწიფოს მშენებლობაში ისეთი წინსვლა შეინიშნება, ქვეყანა არ დაუშვებს, რომ ერთმა ინდივიდმა, რაც არ უნდა მდიდარი იყოს იგი, ფულის მეშვეობით სახელმწიფო ხელში ჩაიგდოს.

ვლადიმირ პუტინი რუსეთის პრეზიდენტად ხელახლა აირჩიეს. მოსალოდნელია, რომ ამან სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოებას ახალი პრობლემები შეუქმნას?

დენის მაკშეინი: პუტინის კავკასიური პოლიტიკა სრული კატასტროფაა. კრემლის მმართველმა ჩეჩნეთში მშვიდობა ვერ დაამყარა. მან საქართველოს მოწყვიტა პატარა, სეპარატისტული რეგიონები, 2008 წელს შემოჭრისა და უკანონო ოკუპაციის შემდეგ, რაც მთელმა მსოფლიომ დაგმო. იგი სირიის პირსისხლიან დესპოტს მხარს უჭერს. მან ვერ შეძლო რუსეთის გავლენის ბერკეტების სწორად გამოყენება, მაგალითად, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მოლაპარაკებებში. ბატონი პუტინისა და მისი საგარეო საკითხებზე მომუშავე გუნდის საგარეო პოლიტიკის წარუმატებლობების ჩამონათვალი საკმაოდ გრძელია. ვფიქრობ, ახლა თითი საკუთარი გადატვირთვის ღილაკს უნდა დააჭიროს და სამხრეთ კავკასიის რეგიონში ახალი, პროაქტიური, პოზიტიური პარტნიორული საგარეო პოლიტიკა აწარმოოს.

ვლადიმირ სოკორი: ვფიქრობ, პუტინის პრეზიდენტად დაბრუნებით რუსეთის პოლიტიკა არ შეიცვლება, ერთი რამის გამო - ის ძალაუფლებას ინარჩუნებდა მაშინაც, როდესაც მედვედევი პრეზიდენტი, ხოლო თვითონ პრემიერ-მინისტრი იყო. აშკარაა, რომ მედვედევი გადაწყვეტილებებს პუტინის გავლენით იღებდა.

რუსეთის ამოცანები და პოლიტიკა, სულ ცოტა, 2001 წლიდან არ შეცვლილა. ეს პოლიტიკა რუსეთის ინტერესთა სფეროს აღდგენაზეა ორიენტირებული. არა ზუსტად ისეთის, როგორიც ყოფილი საბჭოთა კავშირი იყო, არამედ კრემლის ინტერესთა სფეროს სახეცვლილი, განახლებული ვარიანტის, სადაც მოსკოვი გააკონტროლებდა ბუნებრივ რესურსებს და მათ ტრანსპორტირებას, რუსეთის ირგვლივ შექმნიდა ეკონომიკურ ბლოკს, რომელიც არარუსული ქვეყნების რესურსებს რუსეთის კონტროლის ქვეშ მოაქცევდა და ამით გლობალური ძალაუფლების ეკონომიკურ ბაზას შეიქმნიდა.

დასავლეთში ბევრი ამბობს, რომ რუსეთი საბჭოთა კავშირს აღარ ჰგავს და მას მხოლოდ რეგიონული ამბიციები აქვს. თითქოს ის, რომ მას მხოლოდ რეგიონული ამბიცია აქვს, რაიმე შვების მომტანი იყოს. იმ ხალხს, ვინც ასე ფიქრობს, ავიწყდება, რომ ისეთი ევრაზიული სახელმწიფო, როგორიც რუსეთია, რომელიც ევრაზიის რესურსებს თავისი კონტროლის ქვეშ მოაქცევს, ევრაზიული ძალაუფლების საფუძველს შექმნის. იგი შეძლებს რეგიონული ძალაუფლების გამოყენებას გლობალური ძალაუფლების მოსაპოვებლად, რითიც აუცილებლად დაუპირისპირდება შეერთებულ შტატებს. ეს არის სწორედ რუსეთიდან მომავალი საფრთხის მთავარი წყარო. პუტინის ხელახლა გაპრეზიდენტება არაფერს ცვლის, ვინაიდან 2001 წლიდან რუსული პოლიტიკა ასეთია და 2008 წელს საქართველოში შემოჭრაც ამ კონტექსტში უნდა დავინახოთ.

საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების სურვილი გამოთქვა და რუსეთის მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა. რუსეთმა უარი განაცხადა საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზებაზე. რა შეიძლება გაკეთდეს ამ ურთიერთობების გასაუმჯობესებლად?

ვლადიმირ სოკორი: საქართველომ უნდა გააგრძელოს იმის კეთება, რაც ბატონმა სააკაშვილმა წამოიწყო, რათა ყველას დაანახოს, რომ ქვეყანას ფუნქციონალური ურთიერთობების დამყარება სურს. ასეთ ურთიერთობებს ნორმალიზებულს ვერ დავარქმევდი; მანამ, სანამ რუსეთს საქართველოს ტერიტორიები აქვს ოკუპირებული, ნორმალიზებასა ან ნორმალურ ურთიერთობებზე საუბარი ვერ იქნება. ფუნქციონალური ურთიერთობების ერთი ასპექტი იქნებოდა უვიზო მიმოსვლა, მეორე ასპექტი - ორმხრივი ვაჭრობის განახლება. ეს ორმხრივი ურთიერთობების სხვადასხვა ფუნქციაა. ამრიგად, შეგვიძლია რუსეთთან ფუნქციონალური ურთიერთობების მიღწევაზე ვისაუბროთ. რაც სააკაშვილმა გააკეთა, საქართველოსთვის სასარგებლოა. კარგია, რომ ქვეყანას სურს ასეთი ურთიერთობები, იჩენს ინიციატივას, მზად არის რუსეთს ფუნქციონალური ურთიერთობები შესთავაზოს და, ამავე დროს, მისგან ტერიტორიების დეოკუპაცია მოითხოვოს.

დენის მაკშეინი: მიმაჩნია, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი სწორ გადაწყვეტილებებს იღებს. არასწორი იქნებოდა, ეთქვა, 2008 წლის შემოჭრისა და ოკუპაციის გამო, რუსეთს მომდევნო 50 წლის განმავლობაში არ დაველაპარაკებიო. სამწუხაროდ, მაშინაც კი, როდესაც უცხოური ჯარია შენს მიწაზე, დიპლომატიური გამოსავლის ძიება გიწევს. სააკაშვილმა რუსებს ძალზე კეთილგონივრული წინადადება შესთავაზა ვიზის გაუქმების სახით. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საქართველო უმშვენიერესი ადგილია დასვენებისათვის - სამთო-სათხილამურო კურორტების, მზის, გემრიელი სამზარეულოსი თუ კარგი ღვინის გამო. და საკმაოდ ბავშვური საქციელია კრემლის მხრიდან, რუსეთის მოქალაქეებს აუკრძალოს, ისიამოვნონ ქართული სტუმარმასპინძლობით. სააკაშვილი აბსოლუტურად სწორ პოლიტიკას ატარებს რუსეთისთვის მეგობრობის ხელის გაწვდენით. თუმცა, ვშიშობ, რომ კრემლს, როდესაც ვინმე კოცნის ან კოცნას სთავაზობს, სახეში შეფურთხება ჰგონია.

რეგიონის სტაბილურობის მნიშვნელობაზე რომ ვისაუბროთ - თქვენი აზრით, რა როლს უნდა ასრულებდეს ევროკავშირი სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტების მოგვარების საქმეში?

დენის მაკშეინი: ზოგადად, ევროკავშირი არ არის საკმარისად კონცენტრირებული შავი ზღვის რეგიონსა და კავკასიაზე. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა გაყოფილია და რუსეთის თაობაზე ერთ ხმაში არ საუბრობს. ევროკავშირი კოსოვოს აღიარებასთან დაკავშირებით ერთიანი პოლიტიკის ქონასაც ვერ ახერხებს. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებმა კოსოვო აღიარონ, რადგან სწორედ მისი დამოუკიდებლობის არცნობაა რუსეთის პოლიტიკა და კრემლს აძლევს ხელს.

თუმცა, ევროკავშირს, რომელსაც შიდაეკონომიკურ პრობლემებთან გამკლავება უწევს, ახლა ნამდვილად არა აქვს საკმარისი ენერგია და რესურსები, რომ მხარი რეგიონში სტაბილურობის გაუმჯობესების ღონისძიებებსა და პოლიტიკას დაუჭიროს. თუმცა, ამ კონფერენციაში, ისევე როგორც ვარშავის ინსტიტუტის კონფერენციაში, აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებზე, ბევრი მაღალი რანგის ევროპელი პოლიტიკოსი მონაწილეობს. ეს მეტყველებს, რომ დასავლეთი ჩიხური მდგომარეობიდან გამოსავლის გზების პოვნის პოლიტიკურ მნიშვნელობას აღიარებს.

ვლადიმირ სოკორი: აქ ორი სხვადასხვა ასპექტია: ერთი არის საქართველოს პოლიტიკა, მიაღწიოს ევროკავშირში ინტეგრაციას და მეორე, ევროკავშირის ინტერესი მთლიანად სამხრეთ კავკასიის რეგიონში.

ევროკავშირი, ბოლოსდაბოლოს მიხვდა, რომ ამ რეგიონს მისი ენერგოუსაფრთხოებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ამ დასკვნამდე მისასვლელად ევროკავშირს ბევრი წელი დასჭირდა. ამრიგად, როგორც ამბობენ, ჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. მინდა აღვნიშნო ევროკომისიის, ენერგოსაკითხებში ევროკომისრის გიუნტერ ეტინგერის და ევროკომისიის პრეზიდენტის ჟოზე მანუელ ბაროზუს დადებითი როლი, რომელიც ეტინგერს უჭერს მხარს სამხრეთ კავკასიაში ენერგომატარებლების სატრანზიტო დერეფნის განვითარების საქმეში. ამრიგად, ეს ევროკავშირის მთავარი ინტერესია. რაც შეეხება ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ საქართველოს პოლიტიკას, საქართველო აშკარად მოწინავე ქვეყანაა, ბევრად უსწრებს აზერბაიჯანსა და სომხეთს. სომხეთმა საკუთარი არჩევანი გააკეთა - მან რუსეთის მოკავშირეობა არჩია. აზერბაიჯანის შემთხვევაში, სიტუაცია განსხვავებულია. აზერბაიჯანი აშკარად დასავლეთზე ორიენტირებული ქვეყანაა და საკუთარ მომავალს ხედავს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოსას, რომელსაც ევროკავშირთან მჭიდრო ურთიერთობები დასავლეთში ბევრი ამბობს, რომ რუსეთი საბჭოთა კავშირს აღარ ჰგავს და მას მხოლოდ რეგიონული ამბიციები აქვს. ექნება. თუმცა, ევროკავშირს ბოლომდე არ ესმის აზერბაიჯანში არსებული პოლიტიკური ვითარება, არ ესმის ის პოლიტიკური მოდელი, რომელიც აზერბაიჯანმა ეროვნული განვითარებისათვის აირჩია. ამ ასპექტში, ისევე როგორც ბევრი სხვა მიმართულებით, აზერბაიჯანი საქართველოს ჩამორჩება. მაგალითად, ბაქო წარმატებით ვერ ებრძვის კორუფციას. მაგრამ, ყოველთვის ვამბობდი, რომ საქართველო და აზერბაიჯანი განუყოფელია, ვინაიდან ისინი ერთი დერეფნის ორი ნახევარი არიან. თუ ამ ორიდან ერთ-ერთი ქვეყანა ჩავარდა, სხვაც ავტომატურად ჩავარდება, ვინაიდან ამ დერეფანში განუყოფელი კავშირები არსებობს. ამიტომ, მსურს, ევროკავშირი მეტი გაგებით მოეკიდოს აზერბაიჯანს, ვიდრე ამას აკეთებს და მიხვდეს, რომ მას ეს ქვეყანა სჭირდება - პირველ რიგში, ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით. აზერბაიჯანი მუსლიმური ერის სეკულარული განვითარების ძალიან კარგი მაგალითია. ამრიგად, ეს არის ევროკავშირის ინტერესები ამ რეგიონში.

რა არის რეგიონში დემოკრატიის მთავარი გამოწვევა?

დენის მაკშეინი: სამი მთავარი ელემენტი არსებობს. პირველი, როგორ მოხდეს ხელისუფლების ცვლილება. ამერიკელები გენიოსები იყვნენ, როდესაც მე-18 საუკუნის ბოლოს გადაწყვიტეს, რომ მათი პრეზიდენტი მხოლოდ ოთხი ან, მაქსიმუმ, რვა წლის ვადით უნდა იყოს პრეზიდენტი, როდესაც ჯორჯ ვაშინგტონმა, რომელსაც შეეძლო ამერიკის პრეზიდენტად 20 წლის განმავლობაში დარჩენილიყო, თქვა, არ ვიცი ვინ მოვა ჩემ შემდეგ, მაგრამ ჩვენი დემოკრატია უფრო ძლიერი იქნება, თუ მე აღარ ვიყრი კენჭსო. არა მგონია, დემოკრატიული ცვლილების ეს სწორი პრინციპი საკმარისად იყოს გამყარებული ამ რეგიონში.

მეორე არის კანონის უზენაესობა - მოსამართლეები, პროკურორები უნდა იყვნენ სრულიად დამოუკიდებლები პოლიტიკური ზეწოლისაგან. არცერთ მინისტრს, არცერთ პოლიციის უფროსს, არავის არ უნდა შეეძლოს, მოსამართლეს უბრძანოს ამა თუ იმ ადამიანის დაჭერა იმიტომ, რომ იგი მის მანქანას არ მოემსახურა ანდა მის ქალიშვილს სამუშაო ან სტიპენდია არ მისცა.

მესამე გამოხატვის თავისუფლებაა, რაც ასევე პასუხისმგებლურ ჟურნალისტიკას ნიშნავს. ძალიან გავრცელებულია სენსაციებზე ფოკუსირებული, ამა თუ იმ პოლიტიკური ჯგუფის ინტერესების გამომხატველი და არაკეთილსინდისიერი ჟურნალისტიკა. ბევრს ჰგონია, თუ ინტერნეტში წერს ან Twitter-ით ავრცელებს ინფორმაციას, უამრავი ტყუილი შეუძლია თქვას. ჟურნალისტიკასაც საკუთარი ეთიკის წესები სჭირდება. თუმცა, კვლავ არსებობს დაუბალანსებელი ჟურნალისტიკის უამრავი ფაქტი ანდა მაგალითები იმ ჟურნალისტების დევნისა, დაპატიმრებისა და დაშინებისა, რომლებიც მოვლენების მიუკერძოებლად გაშუქებას ცდილობენ. ვერცერთი ქვეყანა ვერ დაიკვეხნის, რომ ევროატლანტიკური სახელმწიფოა, თუ ჟურნალისტი ჰყავს დაპატიმრებული იმისათვის, რასაც ის წერს ან ამბობს.

უფრო გლობალურ საკითხებზე რომ გადავიდეთ. ირანი სულ უფრო დიდ საფრთხეს წარმოადგენს. როგორ ფიქრობთ, ეს რეგიონს რისკის წინაშე აყენებს?

დენის მაკშეინი: ირანი ატომური ბომბის შექმნას თუ გააგრძელებს, ეს რეგიონის დესტაბილიზაციას აშკარად გამოიწვევს. აჰმადინეჟადმა არაერთხელ განაცხადა, რომ სურს ისრაელის განადგურება. ორიოდე დღის წინ, ერთ-ერთ გერმანულ ტელეარხთან საუბრისას თქვა, რომ გენოციდი ისრაელის მიერ მოგონილი ტყუილია. არავის უნდა, ისეთ კაცს, რომელიც ამბობს, რომ გენოციდი ებრაელების მოგონილი ტყუილია და მოუწოდებს ამ ხალხის განადგურებისაკენ, ხელი ბირთვულ იარაღთან მიუწვდებოდეს. ამრიგად, ეს ძალზე სერიოზული პრობლემაა. ირანი ამბობს, რომ სამშვიდობო მიზნებისათვის უნდა ბირთვული იარაღი, თუმცა ამავე დროს, უარს ამბობს საერთაშორისო ინსპექტორებს აჩვენოს, რას აკეთებს. ირანი თურქეთს, როგორც რეგიონულ ძალას, შურით უყურებს და ცდილობს სპარსეთის სიდიადის აღდგენას. მანამ, სანამ ირანი ამტკიცებს, რომ შეუძლია ბირთვული იარაღის შექმნა და სამხედრო ოპერაციის შესაძლებლობა არსებობს, ნავთობის ფასი იზრდება, რაც დასავლეთის ეკონომიკების დესტაბილიზაციას იწვევს. ჩვენ კი არ გვინდა, რომ დასავლეთის დემოკრატიებმა 120 დოლარი გადაიხადონ ერთ ბარელ ნავთობში. არამედ გვსურს, რომ საქართველოში, სომხეთში და რეგიონის სხვა ქვეყნებში დააბანდონ ფული, რაც უფრო მეტ და მეტ ხალხს მოუტანს კეთილდღეობას.

3 პოლიტიკური პერიპეტიები რეზერვის გარშემო

▲ზევით დაბრუნება


პოლიტიკა

სალომე უგულავა

0x01 graphic

ცოტა ხნის წინ კოალიცია ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ალასანია დასავლეთ საქართველოში უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შექმნაზე ალაპარაკდა. პოლიტიკოსმა ეს განცხადება პირველად 15 მარტს საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრისას გააკეთა. ალასანიას თქმით, პრეზიდენტი სააკაშვილი სამოქალაქო ომისთვის ემზადება. „სანამ არ არის გვიან და არ მიგვიღია ახალი ჰომსი (სირია) ზუგდიდში, ან საქართველოს სხვა რომელიმე კუთხეში, მოგმართავთ, დაიწყეთ მოქმედება“, - უთხრა მან დიპლომატებს.

ალასანიამ აქცენტი გააკეთა იმაზეც, რომ ამის გადამოწმება, „განსაკუთრებით“, აფხაზეთის საოკუპაციო საზღვართან შეუძლიათ. მის განცხადებას მალე ოკუპირებული ტერიტორიიდანაც გამოეხმაურნენ და ალასანიას სიტყვები საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენეს. ეს ქართული მილიტარიზმის შესახებ საკუთარი ბრალდებების კიდევ ერთ დასტურად გამოაცხადეს.

ალასანიას განცხადების შემდეგ ხელისუფლების რიგმა წარმომადგენლებმა ივარაუდეს, რომ ის უკანონო ფორმირებებს ტერიტორიული თავდაცვის რეზერვს უწოდებდა, რომელიც თავდაცვის სამინისტროს საპილოტე პროექტია და ნებაყოფლობითობის საფუძველზე დაკომპლექტებული სარეზერვო ძალების წვრთნას ითვალისწინებს. ასეთი წვრთნები რამდენიმე თვეა მიმდინარეობს საქართველოს ოთხ რეგიონში - იმერეთში, სამეგრელოში, ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში.

მოგვიანებით ალასანიამ განაცხადა, რომ უკანონო ფორმირებებზე მტკიცებულებები ჰქონდა, თუმცა ისინი არ გაასაჯაროვა და რეაგირებისთვის ეროვნული უშიშროების საბჭოს გაუგზავნა. თავის მხრივ, ეროვნული უშიშროების საბჭომ ჩათვალა, რომ ალასანიას მიწოდებული მასალა არ შეიცავს რაიმე ღირებულ ინფორმაციას და ის გამოაქვეყნა, რათა საზოგადოებას თავად ემსჯელა წარმოდგენილი მონაცემების სერიოზულობაზე. გამოქვეყნებულ მასალაში შედიოდა ალასანიას წერილი და იმ პირთა სია, რომლებიც, ალასანიას თქმით, შეიარაღებულ დაჯგუფებებს ხელმძღვანელობენ. უშიშროების საბჭოში განაცხადეს, რომ მასში უბრალოდ ჩამოთვლილი იყო მოქმედი სამხედრო მოსამსახურეებისა და პოლიციელების სახელები და გვარები.

ალასანიამ განაცხადა, რომ ამ დაჯგუფებებს რეზერვთან საერთო არაფერი აქვთ. თუმცა, ეროვნული უშიშროების საბჭოს საპასუხო წერილში აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ მისი განცხადებების შემდეგ, დაიწყო რეზერვისტების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავება და საკუთარ ინტერესებზე მორგება.

ალასანიას არ აუხსნია, როგორ არის მის ამ გამოსვლამდე თითქმის ნახევარი წლით ადრე ანონსირებული რეზერვის რეფორმა ახლა გამოთქმულ ბრალდებებზე რეაქცია. ხელისუფლების მხრიდან ნებაყოფლობითი რეზერვის შესახებ პირველი ოფიციალური განცხადება 2011 წლის ოქტომბერში გაკეთდა. თავდაცვის სამინისტროს ვებსაიტზე მოიპოვება 2011 წლის 31 ოქტომბერს განთავსებული განცხადება: „საქართველოს თავდაცვის სამინისტრო გამოთქვამს მზადყოფნას, ეტაპობრივად გადაამზადოს ნებაყოფლობითი რეზერვის გავლის მსურველები. რეზერვის შესახებ მოქმედი კანონის „საქართველოს კანონი სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ თანახმად, ნებაყოფლობითი რეზერვის გავლა შეუძლიათ საქართველოს იმ მოქალაქეებს, ვისაც არ ეკუთვნის სავალდებულო რეზერვი“.

როგორც თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ ხარშილაძემ, ტაბულას განუცხადა, ამ მიმართულებით საპილოტე წვრთნები სწორედ ამის შემდეგ დაიწყო. ის რამდენიმე ათასმა ადამიანმა უკვე გაიარა, ან გადის ქვეყნის 4 რეგიონში. საპილოტე წვრთნების ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა რეზერვის კონკრეტული ელემენტების ტესტირება და სისტემის წინასწარი ანალიზის ჩატარება. სწორედ 2008 წელს მიღებული გამოცდილების საფუძველზე, სურდათ, ჯერ პრაქტიკულ დონეზე ენახათ და შეესწავლათ სისტემა და შემდგომ დანერგილიყო სრულფასოვნად.

რეზერვის მანამდე არსებული ნაკლოვანი სისტემის გარდაქმნაზე საუბარი და მუშაობა კი გაცილებით ადრე დაიწყო. მაგალითად, თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე მოიპოვება 2010 წლის 28 ოქტომბრის მასალა, სადაც მითითებულია, რომ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტმა ამ დღეს ვაზიანში გასვლითი სხდომა გამართა. აქ განაცხადეს, რომ შეიქმნებოდა 2 ტიპის რეზერვი - ერთი საარმიო ფუნქციებით, ხოლო მეორის ძირითადი ფუნქცია საგანგებო სიტუაციების მართვა და ტერიტორიულ-ლოჯისტიკური საკითხები იქნებოდა. აქცენტს აკეთებდნენ სამოქალაქო თავდაცვის ინფრასტრუქტურის შექმნაზე. 2011 წლის ნოემბერში კი კომიტეტის თავმჯდომარე, გივი თარგამაძე, ტაბულასთან ინტერვიუში საუბრობდა 2 სახის რეზერვზე: პირველი იმ ადამიანებზე გათვლილი, რომელთაც სამხედრო გამოცდილება ჰქონდათ; მეორე, მოხალისეებზე რეგიონულ დონეზე - თარგამაძის განცხადებით, ასეთი საკმაოდ ბევრი მოიძებნა და შეეცდებოდნენ, მოსამზადებელი ცენტრები რეგიონებშივე განელაგებინათ.

ცოტა ხნის წინ კი დასრულდა საქართველოს თავდაცვის რეზერვის სისტემის კონცეფციის პროექტზე მუშაობა. დოკუმენტი მსგავსი ფორმატით შემუშავებული პირველი კონცეფციაა. მანამდე არსებულ სხვადასხვა კონცეპტუალურ დოკუმენტებსა და ხედვებს რეზერვზე, ამ მიმართულებით ქვეყნის პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტის სახე არ მიუღია. კონცეფციაზე ეროვნული უშიშროების საბჭოსთან არსებული სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავების მაკოორდინირებელი მუდმივმოქმედი უწყებათშორისი კომისიის ფორმატში შექმნილი სამუშაო ჯგუფი მუშაობდა.

რეზერვის ახალი კონცეფციის არსზე ინფორმაციის მისაღებად ტაბულამ ეროვნული უშიშროების საბჭოს მიმართა. სისტემის ახალი სტრუქტურა ორ კატეგორიად იყოფა: სახმელეთო ჯარების რეზერვად და ტერიტორიული თავდაცვის რეზერვად. სახმელეთო ჯარების რეზერვი სავალდებულო წესით კომპლექტდება. თუმცა, სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია სახმელეთო ჯარების რეზერვში ნებაყოფლობითი ჩარიცხვა. ტერიტორიული თავდაცვის რეზერვი კი კომპლექტდება მხოლოდ ნებაყოფლობითობის საფუძველზე და სწორედ მას მოიხსენიებენ ნებაყოფლობითი რეზერვის სახელით. კონცეფციაში ორივე მიმართულებით მიმდინარე საპილოტე წვრთნებიდან მიღებული გამოცდილება აისახა.

ეროვნული უშიშროების საბჭოში საუბრობენ ტერიტორიული თავდაცვის რეზერვის დადებით მხარეებზე. „ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა, დროის და ფინანსების მინიმალური დანახარჯებით მივაღწიოთ შესაძლო მაქსიმალურ შედეგს. მაგალითად, ტერიტორიული რეზერვი კონკრეტული ტერიტორიის ადგილობრივი მოსახლეობით კომპლექტდება. მის უპირატესობას წარმოადგენს ის, რომ რეზერვისტი კარგად იცნობს იმ ტერიტორიას და გეოგრაფიულ გარემოს, რომელშიც მას შესაძლებელია დასჭირდეს მოქმედება. ადაპტირება ოპერაციულ გარემოსთან და საჭიროების შემთხვევაში მობილიზება არ არის დაკავშირებული განსაკუთრებულ ხარჯებთან და დროსთან, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მის ეფექტიანობას“, - აცხადებს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, ბათუ ქუთელია.

კითხვაზე, რამდენად შესაძლებელია, რომ რეზერვის სისტემა მთლიანად ნებაყოფლობითი გახდეს, უშიშროების საბჭოში აღნიშნავენ ნებაყოფლობითობის უპირატესობას, რადგან მოტივირებული მოქალაქეები რეზერვში საკუთარი ინიციატივით ირიცხებიან. თუმცა, ბათუ ქუთელია ამბობს, რომ გამოცდილება და ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეები გვაჩვენებს, რა მიმართულებით იქნება უკეთესი რეზერვის განვითარება - სისტემის სრულად ნებაყოფლობითობის პრინციპზე აგება, მხოლოდ სავალდებულო წესის დანერგვა, თუ ამ ორი პრინციპის კომბინირება. შესაბამისად მოხდება კონცეფციის ადაპტირებაც - დოკუმენტი მუდმივად განახლებადია.

ამ კონცეფციის საფუძველზე საქართველოს თავდაცვის სამინისტრო თავდაცვის რეზერვის განვითარების სტრატეგიასა და დოქტრინას შეიმუშავებს. ნოდარ ხარშილაძემ ტაბულას განუცხადა, რომ კონცეფციის საფუძველზე მიღებულ სხვადასხვა დოკუმენტში უკვე დეტალურად გაიწერება - ზუსტად რამდენ ხანს გაგრძელდება ეს წვრთნები, რა სახის იქნება და ა.შ. რაც შეეხება ნებაყოფლობითი რეზერვის მიმდინარე წვრთნების იურიდიულ საფუძველს, ის მიუთითებს სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ კანონზე, რომელიც ამჟამად სამი ტიპის რეზერვის არსებობას ითვალისწინებს - აქტიური რეზერვის, ეროვნული გვარდიის რეზერვისა და ინდივიდუალური რეზერვის. ეს უკანასკნელი იმ პირებისგან კომპლექტდება, რომლებიც არ ირიცხებიან პირველ და მეორე რეზერვში და რომლებსაც, ხარჩილაძის თქმით, შესაძლებლობა აქვთ, ნებაყოფლობით რეზერვში მონაწილეობის სურვილი გამოთქვან.

ცხადია, საქართველო არაა ერთადერთი ქვეყანა ტერიტორიული თავდაცვის რეზერვით. ზოგადად, ტერიტორიული თავდაცვის სარეზერვო ძალები იმ პატარა ქვეყნებს ჰყავთ, რომელთათვისაც რთულია დიდი ჯარის ქონა, გამომდინარე შეზღუდული რესურსებიდან. მათ, ამავე დროს, სურთ, საგარეო საფრთხისგან დაცული იყვნენ. ასეთი სახელმწიფოებია, მაგალითად - ესტონეთი, ლატვია, ფინეთი, შვედეთი, დანია. ზოგან ამგვარი სამხედრო სამსახური სავალდებულოა.

0x01 graphic

თავდაცვის რეზერვის სისტემის განვითარების მიზნად საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაუმჯობესება ცხადდება. გარე აგრესიის შემთხვევაში, ქვეყნის ტერიტორიის დასაცავად, შეიარაღებული ძალების მზადყოფნასთან ერთად, დიდი მნიშვნელობა ენიჭება რეზერვის სისტემის ეფექტიანობის ამაღლებას. ახალი სისტემა მიმართული იქნება სწორედ რეზერვისტთა მომზადების, მართვისა და კონტროლის ხარისხის გაუმჯობესებაზე. ასევე მოსახლეობის ფართო ჩართულობაზე ტერიტორიული თავდაცვის უზრუნველყოფაში.

პრიორიტეტულად რეზერვის ისეთი სისტემის განვითარება ცხადდება, რომელიც ომისას ეფექტიანად დაუჭერს მხარს შეიარაღებულ ძალებს, უზრუნველყოფს ტერიტორიულ თავდაცვას. ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფების დროს კი სამოქალაქო ხელისუფლებას დაეხმარება. ამისთვის, რეზერვისტები უნდა ფლობდნენ სამხედრო მოსამსახურის ძირითად და კრიზისულ სიტუაციებში მოქმედების შესაბამის ცოდნას და უნარებს.

ერთი ტიპის რეზერვის - სახმელეთო ჯარების რეზერვის ძირითადი ამოცანაა, საომარი მოქმედებებისას შეიარაღებული ძალების მოქმედ ქვედანაყოფებს დაუჭიროს მხარი და საჭიროების შემთხვევაში ისინი სრულფასოვნად ჩაანაცვლოს. ასევე, მისი ამოცანაა სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობა, რაც განხორციელდება შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის გეგმებისა და მითითებების მიხედვით. ისინი ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებსაც უნდა დაეხმარონ საგანგებო სიტუაციებისას. სახმელეთო ჯარების რეზერვს მოამზადებს და მართავს სახმელეთო ჯარების სარდლობა.

რაც შეეხება ტერიტორიული თავდაცვის რეზერვს, ის საომარი მოქმედებებისას უმთავრესად ტერიტორიულ თავდაცვასა და ზურგის ოპერაციებზეა პასუხისმგებელი. ასევე, საჭიროების შემთხვევაში, ეხმარება სახმელეთო ჯარების რეზერვს. მათ ფუნქციაშია თავდაცვის ძალების გეგმებისა და მითითებების მიხედვით განსაზღვრული პასუხისმგებლობის რაიონის ავტონომიურად დაცვა, რაც დგინდება საცხოვრებელი ადგილის შესაბამისად. კრიზისულ და საგანგებო სიტუაციებში ტერიტორიული თავდაცვის რეზერვი დახმარებას უწევს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს. თავის მხრივ, მას ეროვნული გვარდიის დეპარტამენტი მოამზადებს და მართავს.

4 კონტროლირებადი არჩევანი

▲ზევით დაბრუნება


პოლიტიკა

დიმიტრი ავალიანი

25 მარტს ორივე თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში არჩევნები ჩატარდა. აფხაზეთში, არჩევნების მეორე ტურის შედეგად, ადგილობრივი პარლამენტის ფორმირება დასრულდა. ცხინვალში კი ხელახალმა საპრეზიდენტო არჩევნებმა გამარჯვებული ვერ გამოავლინა. რამდენიმე დღით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა ორივე რეგიონში საკუთარი სპეცწარმომადგენლები დანიშნა.

სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტობისთვის ოთხი კანდიდატი იბრძოდა - „სამხრეთ ოსეთის ელჩი“ რუსეთში დმიტრი მედოევი, „უშიშროების კომიტეტის“ ყოფილი ხელმძღვანელი ლეონიდ თიბილოვი, ომბუდსმენი დავით სანაკოევი და პარლამენტის სპიკერი, კომუნისტი სტანისლავ კოჩიევი.

პირველ ადგილზე ლეონიდ თიბილოვი გავიდა, რომელმაც ხმათა 42 პროცენტზე მეტი მიიღო. მეორეზე - დავით სანაკოევი, რომელმაც 24 პროცენტზე მეტი მოაგროვა და უმნიშვნელოდ გაუსწრო დმიტრი მედოევს. მეორე ტური ცხინვალში 8 აპრილისათვის დაინიშნა.

მცდელობაა. გასული წლის ნოემბერში ოპოზიციურმა კანდიდატმა ალა ჯიოევამ გაიმარჯვა. მაგრამ, ადგილობრივმა „უზენაესმა სასამართლომ“ არჩევნების შედეგები ბათილად ცნო. ოპოზიციის საპროტესტო აქციებმა შედეგი ვერ გამოიღო. ედუარდ კოკოითის რეჟიმი, მოსკოვის მხარდაჭერით, ჯიოევას ჩამოშორებას შეეცადა. ეს საგა, საბოლოოდ, მისი დაკავებით და საავადმყოფოში მოთავსებით დასრულდა.

ალა ჯიოევა საავადმყოფოდან, სადაც იგი დაცვის ქვეშ და სრულ იზოლაციაში იმყოფებოდა, მხოლოდ არჩევნების წინა დღეს გამოუშვეს. როგორც ყოფილმა კანდიდატმა განაცხადა, ახლანდელი არჩევნები ცხინვალის რეგიონში „კრემლის კონტროლის ქვეშ მიმდინარეობს“. მისი თქმით, ადგილობრივმა რეჟიმმა, მოსკოვის მხარდაჭერით, კანდიდატთა „სელექციური შერჩევა“ ჩაატარა და „ხალხი უკვე აღარაფერს წყვეტს“.

თავის მხრივ, თბილისმა ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ არჩევნებს ფარსი უწოდა. საგარეო უწყების განცხადებით, „ე.წ. არჩევნებს მნიშვნელობა არ ექნება, სანამ არჩევნებში მონაწილეობის საშუალება დევნილ მოსახლეობას არ მიეცემა“. იმის შესახებ, რომ რეგიონში გამართული არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღიარებენ, განცხადებები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და ევროკავშირმა გააკეთეს.

კრემლის ფავორიტად ხელახალ არჩევნებში დმიტრი მედოევს ასახელებდნენ. ლეონიდ თიბილოვმა ისიც განაცხადა, რომ ადმინისტრაციული რესურსი ცხინვალში სწორედ მედოევის სასარგებლოდ მუშაობდა. ამავე დროს, თიბილოვის მხარეს აღმოჩნდა ჯიოევას მომხრე აქტივისტების ნაწილი, ასევე ბიზნესმენები, რომლებიც ედუარდ კოკოითის წინააღმდეგ გამოდიოდნენ. თუმცა, არც თიბილოვი, არც სხვა კანდიდატები ღიად არ გამოსულან „პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელ“ ვადიმ ბროვცევისა და წინა არჩევნებში კრემლის ჩარევის წინააღმდეგ. ალა ჯიოევას წინააღმდეგ ძალადობა მათ საჯაროდ არ დაუგმიათ.

ლეონიდ თიბილოვი 1992 წლის შემდეგ რამდენიმე წელი თვითგამოცხადებული რესპუბლიკის უშიშროებას ხელმძღვანელობდა. თიბილოვს რეგიონში ძალოვანი უწყებებიდან მოსულ კადრად მიიჩნევენ. მას „მკაცრი ხელისა“ და წესრიგის დამყარების მოლოდინებს უკავშირებენ.

თიბილოვის მეტოქე - 35 წლის დავით სანაკოევი, ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში „პრეზიდენტის“ რწმუნებულად მუშაობდა. მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში 2004 და 2008 წლებში. ქართულ მხარესთან, ცხედრების გადმოსვენებასა და ტყვეთა და პატიმართა გაცვლის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებდა. სანაკოევი ჟენევის დისკუსიებში, რუსული დელეგაციის შემადგენლობაში იყო.

0x01 graphic

ცხინვალის ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნები

სანაკოევი წინა რეჟიმს აკრიტიკებს. თუმცა, მას საყვედურობენ, რომ ომბუდსმენად ყოფნის დროს ნოემბერში დაწყებულ პოლიტიკურ კრიზისში არ ჩარეულა და ხელისუფლების მოქმედებები საჯაროდ არ დაუგმია.

თიბილოვიც და სანაკოევიც რუსეთთან მეტად დაახლოებისა და ინტეგრაციის მომხრეები არიან. ის, რომ კრემლის ფავორიტად დასახელებული მედოევი მეორე ტურში ვერ მოხვდა, როგორც ჩანს, მოსკოვისთვის დიდ პრობლემას არ წარმოადგენს. არჩევნებზე დაშვებული ყველა კანდიდატი მოსკოვის ინტერესებს პასუხობს. უმთავრესი ინტერესი კი მოსკოველ მაღალჩინოსანთა მხრიდან მოქმედი კორუფციული სქემების ხელშეუხებლობაა, რომლებიც რეგიონის აღდგენაზე გამოყოფილ თანხებს უკავშირდება.

რაც შეეხება აფხაზეთს, რეგიონში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 35-დან 20 ოლქში ჩატარდა. აფხაზეთში სახალხო კრების არჩევნები მხოლოდ მაჟორიტარული წესით ტარდება. საბოლოო შედეგებმა დაადასტურა, რომ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტი ძირითადად უპარტიო იქნება. სახელისუფლებო პარტია ედინაია აბხაზიამ მხოლოდ სამი დეპუტატის გაყვანა შეძლო, ოპოზიციურმა სახალხო ერთობის ფორუმმა - ოთხის. სხვა ოპოზიციურმა ძალებმა - ეკონომიკური განვითარების პარტიამ და კომუნისტებმა, ვერცერთი მანდატი ვერ მოიპოვეს. პარლამენტში ვერ მოხვდა ყოფილი სპიკერი ნუგზარ აშუბა. ამ პოსტის დაკავება ფორუმის ლიდერს, ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას სურს. თუმცა, ჯერ უცნობია, მხარდამჭერების საკმარისი რაოდენობის მოპოვებას უპარტიო პარლამენტში რამდენად მოახერხებს.

არჩევნებს აფხაზეთშიც და ცხინვალის რეგიონშიც მათი „დამოუკიდებლობისა“ და არჩევანის თავისუფლებისთვის უნდა გაესვა ხაზი. თუმცა, აფხაზეთთან ურთიერთობის საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენლად ნაციონალისტური შეხედულებებით ცნობილი კრასნოდარის გუბერნატორი ალექსანდრ ტკაჩოვი, სამხრეთ ოსეთში კი - ჩრდილიეთ ოსეთის პრეზიდენტი თეიმურაზ მამსუროვი დაინიშნენ. ამის შემდეგ ორი არაღიარებული რეგიონის „დამოუკიდებლობის“ ფიქტიური სტატუსი კიდევ უფრო ნათელი გახდა.

5 „ომი მუდმივად ვერ გაგრძელდება“

▲ზევით დაბრუნება


პოლიტიკა

დიმიტრი ავალიანი

საქართველოს მიერ ჩერქეზთა გენოციდის აღიარების საპასუხოდ, ჩერქეზული ორგანიზაციები და აქტივისტები თბილისთან დაახლოებას ცდილობენ. ამავე დროს, აფხაზეთს რუსეთზე დამოკიდებულების გამო აკრიტიკებენ და სოხუმს თბილისთან დიალოგისკენ მოუწოდებენ.

საქართველოს გასულ თვეში ყაბარდოელი აქტივისტი, 1992-93 წლებში აფხაზეთში საქართველოს წინააღმდეგ მებრძოლი ჩერქეზი მოხალისეების მეთაური, იბრაჰიმ იაგანოვი ეწვია. დისკუსია ჩრდილოეთ კავკასიისა და საქართველოს ურთიერთობების საკითხების გარშემო კვლავ გააქტიურდა.

იანვარში, იაგანოვის მოსაზრებებს ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებთან დაკავშირებით, როგორც სოხუმში, ასევე ჩრდილოეთ კავკასიაში გამოეხმაურნენ. ყაბარდოელი აქტივისტი აცხადებდა, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობა ფიქციაა და რეგიონი მთლიანად რუსეთზეა დამოკიდებული. მან აფხაზებს თბილისთან ურთიერთობების დამყარებისკენ მოუწოდა.

იაგანოვი, მისი თქმით, საქართველოში კერძო ვიზიტით იმყოფებოდა. იგი გაეცნო თბილისში ჩერქეზული ცენტრის საქმიანობას და მთავრობის რამდენიმე წევრსა და დეპუტატს შეხვდა.

განსაკუთრებული შთაბეჭდილება მასზე პოლიციის რეფორმამ, „კანონიერი ქურდების” დამარცხებამ და სახელმწიფო აპარატის მუშაობამ მოახდინა. ამ ვიზიტმა ყაბარდოელი აქტივისტი თავის მოსაზრებებში კიდევ უფრო განამტკიცა.

„აფხაზეთის ომის შემდეგ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საქართველოსთან ურთიერთობა მანამ არ გვექნება, სანამ ის აფხაზეთის დამოუკიდებლობას არ აღიარებს. მაგრამ სიტუაცია აფხაზეთში და საქართველოს ახალი პოლიტიკა ჩრდილოეთ კავკასიის მიმართ ახალ პირობებს გვკარნახობს. 20 წლის შემდეგ, ჩვენ გვაქვს საქართველოს მიმართ დამოკიდებულების შეცვლის უფლება, მით უმეტეს, რომ საქართველო ინიციატივას იჩენს და პირველ ნაბიჯებს დგამს“, - განაცხადა იაგანოვმა.

ჩამოსვლამდე იგი ამ თემებზე ყოფილ თანამებრძოლებს, აფხაზეთის კონფლიქტის ჩერქეზ მონაწილეებს ესაუბრა. მათ იაგანოვის ინიციატივები დადებითად აღიქვეს.

მოგვიანებით, ჩერქეზების პრობლემებისადმი მიძღვნილ მრგვალ მაგიდაზე გამოსვლისას, იაგანოვმა საკუთარი მოსაზრებები კიდევ ერთხელ დაადასტურა. მისი თქმით, „აფხაზეთი დღეს არ არის რუსეთის მოკავშირე, ის თითქმის გუბერნიაა. აფხაზეთს არანაირი სახელმწიფოებრიობის და დამოუკიდებელი სახელმწიფო პოლიტიკის ნიშანი არ აქვს“. ბოლო საგანგაშო მაგალითად კრასნოდარის გუბერნატორის, ტკაჩოვის, აფხაზეთში რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენლად დანიშვნა დაასახელა. მან სოხუმს იმის გამოც უსაყვედურა, რომ აფხაზეთი არათუ ვერ გახდა ჩრდილოეთ კავკასიის ფანჯარა გარესამყაროში, არამედ უკეტავს მეორე ფანჯარას - საქართველოს გავლით. იაგანოვის თქმით, „ომი მუდმივად ვერ გაგრძელდება“ და აფხაზებმაც თბილისთან დიალოგი უნდა დაიწყონ.

ჩრდილოკავკასიელი ადიღეელების დამოკიდებულება საქართველოს მიმართ უფრო თბილი ხდება, მოსკოვის მიმართ იმედგაცრუება კი იზრდება. ამის შესახებ 19 მარტს გამოქვეყნებულ სტატიაში გამოცემა Eurasia Daily Monitor-ი აღნიშნავს. მას მოჰყავს ცნობა, რომ 16 მარტს სირიაში რუსეთის დელეგაცია გაემგზავრა, რომელსაც ამ ქვეყნიდან ჩერქეზების სამშობლოში რეპატრიაციის თემა უნდა განეხილა.

თუმცა, ავტორი ვარაუდობს, რომ მოსკოვი არ აპირებს ჩერქეზთა დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილების მიღებას. მაგრამ, იძულებულია ჩერქეზთა მოთხოვნას გენოციდის აღიარებაზე და ჩრდილოეთ კავკასიის მიმართ საქართველოს პოლიტიკის გააქტიურებას გამოეხმაუროს.

Eurasia Daily Monitor-ი აღნიშნავს, რომ საქართველოს აქტიური პოლიტიკა ჩერქეზებისთვის სულ უფრო მიმზიდველი ხდება. ამის მაგალითად გამოცემას იაგანოვის ვიზიტი და მისი მოსაზრებები მოჰყავს. საქართველოს მიერ ჩერქეზთა გენოციდის აღიარებამ „გზა გაუხსნა ჩერქეზებსა და ქართველებს შორის ურთიერთობების სწრაფად გაუმჯობესებას... შესაძლოა, იაგანოვს სხვა ლიდერებმა მიბაძონ და გადაწყვიტონ, თავად იხილონ საქართველოში მომხდარი ცვლილებები“, - აღნიშნავს გამოცემა.

„მართალია, ომი ჯერ კიდევ შესაძლებელია, მაგრამ რეგიონის მიმართ საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების გათვალისწინებით, მოსკოვი იძულებული იქნება მოძებნოს უფრო მტკიცე და მშვიდობიანი გადაწყვეტილება, რასაც ჩრდილოეთ კავკასიაში საქართველოს პოლიტიკას დაუპირისპირებს“, - აღნიშნავს გამოცემა.

6 თამაშები

▲ზევით დაბრუნება


საზოგადოება

მირიან ტორონჯაძე

კომპიუტერული თამაშების მავნე გავლენის დასადგენად უამრავი კვლევა ჩატარებულა. იმის მიუხედავად, კარგს გვეუბნება ეს გამოკვლევები თუ ცუდს, საზოგადოების ნაწილს თამაშების მიმართ მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება ჩამოუყალიბდა. განწყობას ამძაფრებს ისტორიები ადამიანებზე, რომლებიც საათების და ზოგჯერ დღეების განმავლობაშიც შეუწყვეტლად უსხედან კომპიუტერებს, რაც მათ ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება. თუმცა, კვლევისას ყურადღების მიღმა დარჩა მათი დადებითი მხარეები.

კომპიუტერულ თამაშებს ადამიანის ტვინის სტრუქტურის შეცვლა შეუძლიათ და, როგორც გამოკვლევებმა აჩვენა, ეს ცვლილებები, უმეტეს შემთხვევაში, უკეთესობისკენაა მიმართული. რამდენიმე ათას მოთამაშეზე ჩატარებული კვლევა ადასტურებს, რომ თამაშებზე დამოკიდებულ ადამიანებს, სხვებისგან განსხვავებით 25%25-ით სწრაფად შეუძლიათ სწორი გადაწყვეტილების მიღება კრიტიკულ სიტუაციაში. მათ ასევე ჭარბად აქვთ სივრცეში ორიენტაციის უნარი და თვალებსა და ხელებს შორის უკუკავშირი. ამ უკანასკნელს პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს ისეთ პროფესიებში, რომლებიც ზუსტ და კარგად გათვლილ მოქმედებებს ითხოვს. როჩესტერის უნივერსიტეტის კვლევის მიხედვით, სამგანზომილებიანი თამაშებით ნავარჯიშევ ტვინს შეუძლია წამში 6 განსხვავებული მოქმედების განხორციელება და გადაწყვეტილების მიღება, რაც ჩვეულებრივი ტვინის ანალოგიურ მონაცემზე ოთხჯერ მეტია.

მეცნიერებმა ისიც დაადგინეს, რომ გეიმერი ქალები, რომლებიც მოთამაშეთა საერთო რაოდენობის 42%25-ს შეადგენენ, კაცებზე უკეთ ახერხებენ სივრცეში ორიენტაციას. ჩვეულებრივ, „გაუვარჯიშებელი“ ტვინით ეს საქმე კაცებს უკეთ გამოსდით. დაკვირვებების უმეტესობა მოზრდილ ადამიანებზე განხორციელდა, თუმცა საინტერესოა რა გავლენას ახდენს კომპიუტერული თამაშები მოზარდის ტვინზე, რომელიც ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე ჩამოყალიბებული. ამას ვისკონსინის უნივერსიტეტის ფსიქოლოგი, შონ გრინი პასუხობს. მისი თქმით, „ვიდეოთამაშები ტვინის სტრუქტურას ცვლის“ - ისევე, როგორც წერა-კითხვის სწავლა და ფორტეპიანოზე დაკვრა. ამერიკის საშუალო სკოლების 491 მოსწავლეზე სამწლიანი კვლევა ჩატარდა. დადგინდა, რომ სქესისა და რასისგან დამოუკიდებლად, თამაშების მოყვარული ბავშვები ტორანსის სტანდარტულ შემოქმედებით ტესტს (TTCT) უკეთ აბარებენ. მეტიც, ვიდეოთამაშებზე დახარჯული დროის პროპორციულად იზრდება ტესტში აღებული ქულების რაოდენობა. ტესტი ამგვარია - ბავშვს ევალება უცნაური ფორმის ფიგურებისგან სურათის აწყობა და შემდეგ მასზე მცირე მოთხრობის დაწერა.

კომპიუტერული თამაშების ინდუსტრია დღეს საკმაოდ შემოსავლიანია. მსოფლიოს მასშტაბით წელიწადში დაახლოებით 25 მილიარდი დოლარის თამაშები იყიდება. ამ მასშტაბების მიღწევას სულ რაღაც 41 წელი დასჭირდა, მას შემდეგ რაც პირველი კომერციული ვიდეოთამაში გამოჩნდა. მხოლოდ 2010 წელს კომპანიებმა 257 მილიონი თამაშის ასლი გაყიდეს. ამის გამო საშუალოსტატისტიკური მოთამაშე კვირაში 12-18 საათს ატარებს თამაშებში. ერთ-ერთი უდიდესი ონლაინთამაშის, World of Warcraft-ის 11 მილიონ მომხმარებელს კი ჯამში უკვე 50 მილიარდ საათამდე აქვს დახარჯული თამაშში, რაც დაახლოებით ისეთივე დროა, რაც ადამიანის, როგორც სახეობის ჩამოყალიბებას დასჭირდა - 5.9 მილიონი წელი.

უნდა აღინიშნოს, რომ არცერთი კვლევა არ ადასტურებს, რომ მობილური ტელეფონების, ინტერნეტის ან კომპიუტერის უბრალოდ გამოყენებას, ტვინზე რაიმე გავლენა აქვს. ასევე არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად სასტიკია თამაში - ტვინის განვითარებაზე ყველა მათგანი თანაბრად მოქმედებს.

7 1 აპრილი

▲ზევით დაბრუნება


საზოგადოება

ლევან სუთიძე

ყოველ პირველ აპრილს მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში სულელის დღეს აღნიშნავენ. ნაციონალურ დღესასწაულად ის ჯერ არსად ქცეულა. თუმცა, მრავალ ადამიანს ეს ხელს არ უშლის ერთმანეთის გაცურებითა და გაშაყირებით დაკავდეს. პირველ აპრილს დილიდან უნდა გვახსოვდეს, რომ დღის მანძილზე ჩვენს გასულელებას შეეცდებიან. თუ დაგვავიწყდა ამ დღის უჩვეულო თავისებურება, შესაძლოა, რომელიმე ოინბაზმა, ხაფანგში გაბმულს შეგვახსენოს - „დღეს პირველი აპრილია, მოტყუება ადვილია“.

მართლმადიდებელი ეკლესია საპირველაპრილო ოინებს აღდგომის დღესასწაულის შარჟად მიიჩნევს და ტყუილს, თუნდაც უწყინარს, ცოდვას ეძახის. ეს დამკვიდრებულ ტრადიციას ვერაფერს აკლებს. არსებობს შეთქმულების თეორიათა მთელი ინდუსტრია, რომელსაც საეკლესიო პრესა ამ დღესასწაულთან დაკავშირებით უხვად ბეჭდავს. გვაფრთხილებენ, რომ ჩვენი მეგობრების უწყინარი გაშაყირებაც კი, შეიძლება სულის წარწყმედის ფასად დაგვიჯდეს. თუ ამ ლოგიკას გავყვებით, უნდა ვთქვათ, რომ სააღდგომო კვერცხის დაჭიდებაცა და მისი თანმხლები მოგების სურვილიც, აზარტის დამღუპველი ვნებაა, რომელიც ასევე ბნელ ძალათა კრებამ ჩაიფიქრა ქრისტიანთა საცდუნებლად.

სინამდვილეში, პირველი აპრილის დღესასწაულის ფესვები უცნობია. მისი წარმომავლობის შესახებ მრავალი თეორია არსებობს. მეცნიერთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს სათავეს ადრეული რომაული და ინდუისტური ფესტივალებიდან იღებს, რომელიც გაზაფხულის ბუნიობას იწყებოდა და აპრილამდე გრძელდებოდა. თუმცა, მოსაზრების დადასტურება ვერ ხერხდება. პოპულარული მტკიცების მიხედვით, რომელსაც მოწინააღმდეგეებიც ჰყავს, გასულელების ტრადიცია საფრანგეთში დაიბადა. მე-16 საუკუნეში მეფე შარლ IX-ეს ბრძანების თანახმად, 1 აპრილს ახალი წლის აღნიშვნის წესი 1 იანვარს გადავიდა - რამდენიმე წლით ადრე, ვიდრე პაპი გრეგორი ახალ კალენდარულ სტილზე გადასვლას გამოაცხადებდა. ბუნებრივია, ცნობამ კალენდარული წესის ცვლილების შესახებ ყველგან მალევე ვერ მიაღწია. ამიტომაც, საფრანგეთში ბევრი ახალ წელს კვლავ აპრილით იწყებდა. ზოგიერთს უბრალოდ არ სურდა ახალ ჩვეულებასთან შეგუება. ამ ადამიანებს ფრანგები საპირველაპრილოდ ყალბ საჩუქრებს ურიგებდნენ. ასე გაჩნდნენ აპრილის სულელები, იგივე აპრილის თევზები - poisson d'avril. მზე, თევზის ზოდიაქოს ნიშნის ეტლს, სწორედ აპრილის დასაწყისში ტოვებს, სავარაუდოდ, დასახელებაც ამას უკავშირდება. ტრადიციულად, ფრანგები ამ დღეს ერთმანეთს მკვდარ თევზებს უდებდნენ სკამზე; დღეისთვის ნამდვილი თევზი ქაღალდისგან დამზადებულმა შეცვალა, რომელიც მეგობარს ისე უნდა მიაკრა ზურგზე, რომ ვერ შენიშნოს.

0x01 graphic

კომუნიკაციების განვითარებამ კიდევ უფრო მეტი ადამიანის გაცურება გახადა შესაძლებელი. შესაძლოა, სულელის დღე მართლაც საფრანგეთში დაიბადა, მაგრამ ბრიტანეთმა გაზარდა: 1976 წელს BBC-ის რადიოს პირდაპირ ეთერში სტუმრად მიწვეულმა ასტრონომმა, პატრიკ მურმა, მშობლიურ ბრიტანეთს ამცნო, რომ ზუსტად 9:47 წუთზე პლანეტა პლუტონი იუპიტერის უკან ჩაივლიდა, რაც დედამიწის გრავიტაციას შეასუსტებდა. მურის მტკიცებით, ამ დროს ჰაერში ახტებოდით, უცნაურ ფარფატს იგრძნობდით და რამდენიმე მილიწამით ჰაერშიც გაჩერდებოდით. 9:47-ის შემდეგ, რადიოში ზარები გაისმა, სადაც მრავალი ადამიანი ამტკიცებდა, რომ ამის გარდა, ფრენაც კი გამოუვიდა.

იმავე BBC-ის ახალი ამბების შოუ Panorama-მ 1957 წელს მაყურებელს აცნობა, რომ თბილმა ზამთარმა შვეიცარიელი ფერმერები სპაგეტის უხვი მოსავლით დააჯილდოვა. ტექსტს თან ფოტომასალაც ახლდა, სადაც ბედნიერი შვეიცარიელები ხეებიდან სპაგეტის კრეფდნენ. ხუმრობამ უამრავი მაყურებელი „წამოიკიდა”. BBC-ის ოფისში ბევრი რეკავდა, ვისაც სპაგეტის მოყვანა ჭკუაში დაუჯდა - მათ კითხვებს ტელეკომპანია შეგონებით პასუხობდა: ერთი ღერი სპაგეტი პომიდვრის საწებელში ჩააწეთ და იმედი გქონდეთ!

1962 წელს მრავალმა შვედმა საკუთარ შავ-თეთრ ტელევიზორებს ნეილონის ნაჭრები იმ იმედით გადააფარა, რომ ფერადი ტალღის დაჭერას შეძლებდა. ამ დროისთვის ფერადი ტელევიზორები ჯერ არ არსებობდა. ნეილონის ნაჭრების სასწაულმოქმედების შესახებ მათ იმ ერთადერთი ტელეარხიდან შეიტყვეს, რომელიც მაშინ შვედეთში მაუწყებლობდა.

16 წლის წინ კი, ამერიკულმა კორპორაცია Taco Bell Corporation-მა განაცხადა, რომ ამერიკული დამოუკიდებლობის სიმბოლო, Liberty Bell-ი შეიძინა, სახელი გადაარქვა და ამიერიდან მას Taco Liberty Bell-ი ეწოდება. სწორედ ამ ზარმა მოუხმო მოსახლეობას ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაციის გამოცხადებაზე. ფილადელფიის ისტორიულ პარკს, აღშფოთებული მოქალაქეები მიაწყდნენ. სულ მალე კორპორაციამ აღიარა, რომ განცხადება ხუმრობა იყო. ხოლო მომხდარის კომენტირებისას, თეთრი სახლის პრესსამსახურმა ხუმრობით განაცხადა, რომ აბრაამ ლინკოლნის მემორიალიც იყიდებოდა და მას ამიერიდან Ford Lincoln Mercury Memorial-ი ერქმეოდა.

პირველ აპრილს სამოქალაქო პროტესტის გასავრცელებლადაც იყენებდნენ. 1998 წელს ამერიკელებს გამოცემა New Mexicans for Science and Reason-მა აცნობა, რომ ალაბამის შტატში მათემატიკური მუდმივა „პი“ -3.14-ის მაგიერ, ამიერიდან 3.0 იქნება, რადგან შტატის საკანონმდებლო ორგანოს აზრით, სამი ბიბლიური რიცხვია. აღნიშნული ცნობა ფიზიკოსმა მარკ ბოსლოუმ დაბეჭდა. მალე საკანონმდებლო ორგანოში ათასობით ადამიანის ზარი გაისმა და ცხადი გახდა, რომ ფიზიკოსმა, ამგვარად, შტატში ევოლუციის თეორიის სწავლების შევიწროება გააპროტესტა.

ისტორიას ისეთი საპირველაპრილო ტყუილებიც ახსოვს, რომელიც სიცილს არ იწვევს. წარმოიდგინეთ, რომ გაზეთში თქვენი ოჯახის წევრის შეწყალების შესახებ ცნობას კითხულობთ, ციხესთან მისულს კი განგიმარტავენ, რომ დღეს პირველი აპრილია. სწორედ ასე „იხუმრა“ რუმინულმა გაზეთმა 2000 წელს. 1996 წელს სააგენტო იტარ-ტასმა გაავრცელა ცნობა, რომ რუსეთი ვარშავის ხელშეკრულებიდან გადის, რამაც ჩეხეთსა და ბულგარეთში პანიკა გამოიწვია. სააგენტომ გავრცელებული ინფორმაცია მალევე უარყო. შესაძლოა, სწორედ საპირველაპრილო ხუმრობების გამოც, 1946 წელს, პირველ აპრილს, ცუნამის მოახლოების შესახებ განგაში, ჰავაის მკვიდრთა ნაწილმა სულელის დღის მავნებლურ ოინებს მიაწერა. ეს მათ ძვირად დაუჯდათ. ჰავაის მკვიდრთა ტრაგედია მოწმობს, რომ მართალია, ამ დღეს სხვებს ეჭვის თვალით უნდა ვუყუროთ, მაგრამ ყველაფერს უნდობლობით არ მოვეკიდოთ.

8 მასობრივი მკვლელობები

▲ზევით დაბრუნება


საზოგადოება

ნინო მაჭარაშვილი

0x01 graphic

ტულუზის ებრაულ სკოლასთან დაღუპულთა დაკრძალვა

„იმედი მაქვს, ერთ დღესაც ნამდვილი წვიმა მოვა და ქუჩებს ნაძირლებისგან გარეცხავს“ - ალბათ გეცნოთ ცნობილი ფრაზა მარტინ სკორსეზეს ფილმიდან „ტაქსისტი“. მთავარი პერსონაჟის, ტრევისის ისტორია რეალურ ცხოვრებაშიც ხშირად მეორდება: ადამიანები იარაღდებიან, დანიშნულების ადგილზე მიდიან და იქ მყოფებს ხოცავენ. ფსიქოპათი, დაჩაგრული, გაბრაზებული, იდეით შეპყრობილი - მკვლელებს მრავალგვარი ეპითეტით ახასიათებენ. შეძრწუნების მიღმა, მასობრივი ჟლეტის ავტორები დაუცხრომელ ინტერესს იწვევენ: ისინი ხომ „ჩვეულებრივნი“ არ არიან - გონება, სადაც არაადამიანური სისასტიკე იბადება, დანარჩენებისთვის მისტიკურ საბურველში გახვეული რჩება.

0x01 graphic

ანდერს ბრეივიკი

0x01 graphic

ერიკ ჰარისი და დილან კლებოლდი

0x01 graphic

მოჰამედ მერა

მასობრივი მკვლელები საზოგადოებას თავს არასოდეს ანატრებენ. ცოტა ხნის წინ საფრანგეთს თავზარი დაეცა. სწორედ ასე ჟღერს სათაურები ამ დღეების ამსახველ ფრანგულ პრესაში. 19 მარტს, ტულუზაში მდებარე ებრაულ სკოლასთან მამაკაცი მოტოციკლიდან გადმოვიდა და ორი ცეცხლსასროლი იარაღიდან სკოლის ეზოში შეკრებილ ბავშვებს სროლა დაუწყო. შემთხვევას სამი პატარა ბავშვი (4, 5 და 7 წლის), მასწავლებელი და რაბინი ემსხვერპლა. ტულუზაში დაბადებულმა ტერორისტმა, მოჰამედ მერამ, რამდენიმე დღით ადრე სამი სამხედროც დახოცა. ის 32-საათიანი ალყის შემდეგ, სპეცოპერაციის დროს დაიღუპა. მკვლელი თავს ალ-ყაიდას წევრად ასახელებდა, მოტივად კი შურისძიებას - მისივე თქმით, პალესტინელი ბავშვების მკვლელობისა და საფრანგეთის ჯარების ავღანეთში გაგზავნის გამო. სპეცოპერაციის დროს, მომლაპარაკებლებს განუცხადა, რომ საფრანგეთი „მუხლებზე დააჩოქა“, თუმცა გული წყდება, რადგან მეტის მოკვლას ვეღარ ასწრებს. ეს, ქვეყანაში 1995 წელს ისლამური ჯგუფის მიერ მოწყობილი ტერაქტების შემდეგ ყველაზე შემზარავი ფაქტია, სარკოზიმ კი ისტორიაში უსაშინლეს სასკოლო მკვლელობებად შეაფასა. ფრანგული საზოგადოების ფილანთროპი და ლიბერალი ნაწილი წუხს, რომ მომხდარმა, შესაძლოა, ქვეყანაში მუსლიმთა მიმართ აგრესია გამოიწვიოს. თუმცა, ჰიპოთეტური მსჯელობების მიღმა, მოცემულობა ასეთია: ტერორისტის მთავარი მოტივი ანტისემიტიზმი იყო.

აშშ-ის მართლმსაჯულების სტატისტიკის ბიურო მასობრივ მკვლელობას ასე განმარტავს: „მკვლელობა, სადაც მსხვერპლი 4 ან მეტი ადამიანია, ერთ ადგილას, ერთი მოვლენის დროს“. ადამიანური თანაგრძნობის მიღმა, მსგავსი ტრაგედიები შფოთსა და შიშს იწვევს: მისგან დაცული არავინაა. ეს გასულ წელს ნორვეგიაში, ერთ-ერთ ყველაზე მშვიდ ქვეყანაში, ბრეივიკის მიერ მოწყობილმა ხოცვა-ჟლეტამაც დაადასტურა. კარგად გამოჩნდა, რომ ყურადღების მოდუნება ასეთ გარემოშიც კი არ შეიძლება - ყოველთვის გამოჩნდება ფსიქოპათი, რომელიც განდიდების მანიით ან რაიმე იდეითაა შეპყრობილი.

სტატისტიკურად, მასობრივი მკვლელობები არც ისე ხშირია. მაგალითად, აშშ-ში ჰომიციდების საერთო რაოდენობის დაახლოებით 1%25-ს შეადგენს. თუმცა, საკმარისია ერთმა სტუდენტმა დანარჩენები ჩაცხრილოს, ცხადი ხდება, რომ „იშვიათობა“ მომხდარს სიმძაფრეს ვერ აკლებს. ამერიკას კიდევ დიდხანს არ დაავიწყდება 1999 წლის ტრაგედია - „კოლუმბინის სკოლის ხოცვა-ჟლეტა“. ერიკ ჰარისისა და დილან კლებოლდის მიერ მოწყობილ სისხლიან წარმოდგენას 15 ადამიანი ემსხვერპლა, 21 დაშავდა. მოზარდების მიერ სასწავლებლებში მოწყობილი მასობრივი მკვლელობები ამ „დარგის“ ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად შეიძლება ჩავთვალოთ. ამ მხრივ აშშ-ში რეკორდსმენი ჩო სეუნ-ჰუია: 2007 წელს, ვირჯინიის ტექნიკურ ინსტიტუტში მოწყობილ ხოცვა-ჟლეტას 33 ადამიანი ემსხვერპლა, 25 დაშავდა. ფსიქოლოგები იმასაც ამბობენ, რომ დამნაშავეებს გარკვეული არაჯანსაღი კონკურენციის განცდა აქვთ - მათ მიერ დატრიალებული ტრაგედია წინამორბედებზე ტრიუმფალური უნდა იყოს.

მასობრივი მკვლელობები სპონტანურად არ ხდება. როგორც წესი, მკვლელები დიდი ხნის მანძილზე ემზადებიან - შოულობენ შესაბამის იარაღს, სწავლობენ მის მოხმარებას, ადგენენ გეგმას, თუ რა მეთოდით განახორციელებენ ჩანაფიქრს, ხშირად ახდენენ საკუთარი იდეების ტირაჟირებას ინტერნეტით. თითოეულ მათგანს განსხვავებული პირადი ისტორია თუ გადატანილი ფსიქოლოგიური ტრავმები აქვს. თუმცა, კრიმინალური ფსიქოლოგების განმარტებით, შესაძლებელია საერთო მახასიათებლების გამოყოფა.

დამნაშავეები ბნელ, ხშირად სექსუალურ სიამოვნებასაც იღებენ აქტის დროს. „არსებობს მუხტი, ჟრუანტელი, რომელიც მკვლელობას ახლავს“, - ამბობს სტანტონ სეიმნაუ, სასამართლო ფსიქოლოგი და ავტორი წიგნისა „კრიმინალური გონების შიგნით“. მოტივზე საუბრისას, ხშირად ახსენებენ ნარცისიზმის კლინიკურ გამოვლინებას. მას დაბალი თვითშეფასება იწვევს, ახასიათებს კრიტიკაზე განრისხება ან სირცხვილის განცდა, ეჭვი, ემპათია. ასეთი ადამიანები გამუდმებით საჭიროებენ საკუთარი მნიშვნელობის უწყვეტ აღიარებას. მართლაც, ანტიგმირები ხშირად ხდებიან თავისი ეპოქის „ხატები“ - მათზე მსჯელობენ, იღებენ ფილმებს და, რაც მთავარია, დიდხანს ახსოვთ.

ფოქსისა და ლევინის 2005 წლის კვლევაში ნაჩვენებია, რომ მასობრივ მკვლელთა სრული უმრავლესობა (94%25) მამაკაცია, ნახევარზე მეტი (62%25) თეთრკანიანი, ძირითადი ასაკობრივი ჯგუფი 20-დან 29 წლამდეა (23%25). როგორც წესი, მასობრივი მკვლელი კონტროლისა და ძალაუფლებისკენ ისწრაფვის. ტულუზელი ტერორისტის მსგავსად, მას კონკრეტულ ადამიანებზე, ჯგუფზე ან მთელ საზოგადოებაზე შურისძიება სურს.

კრიმინალისტი გრან დიუვე სხვა მახასიათებლებსაც გამოყოფს. მკვლელი საკუთარ პრობლემებს სხვებს აბრალებს; დიდი ალბათობით, მენტალური პრობლემები აქვს - მაგალითად, პარანოიდული შიზოფრენია. როგორც წესი, სუიციდური მიდრეკილებებიც ახასიათებს - იკლავს თავს, ან პოლიციას სხვა არჩევანს არ უტოვებს. იშვიათად, ვინმეს ისე გაუმართლოს, რომ ასობით ადამიანზე ნადირობის შემდეგ, ნორვეგიის კომფორტულ ციხეში ჟურნალისტებს ინტერვიუებზე უთანხმდებოდეს. სუიციდი იყო ზემოთ ნახსენები სტუდენტების დასკვნითი აკორდიც. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ისინი საკუთარ თავსაც მსხვერპლად განიხილავენ, შეპყრობილნი არიან, ერთი მხრივ - აღიარების სურვილით და, მეორე მხრივ, არსებობის ამაოების განცდით.

როდესაც მომავალი საფრთხის პრევენციაზე საუბრობენ, პოტენციური მკვლელის დამახასიათებელ ნიშნად ხშირად მოჰყავთ მისი მარტოსულობაც. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ თუ სამსახურში თქვენი კოლეგა ჩაკეტილობით გამოირჩევა, ის აუცილებლად პოტენციური მკვლელია. ამის გამო ფსიქოლოგებს ხშირად მარტოსულთა სტიგმატიზებაშიც ადანაშაულებენ.

წიგნში „კრიმინალური გონების შიგნით“ სეიმნაუ ამბობს, რომ კრიმინალები სამყაროს ფუნდამენტურად განსხვავებულად ხედავენ. ეს არ არის გამოწვეული ცუდი მეზობლებით, მშობლებით, ტელევიზიით, სკოლებით, ნარკოტიკებით ან უმუშევრობით, შესაბამისად, ისინი პასუხისმგებლობისგან არ თავისუფლდებიან. „ჩვენ ვეკითხებით საკუთარ თავს, არის თუ არა ეს ადამიანი, რომელსაც სრულებით არ გააჩნია სინდისი? როგორც ჩანს, მათ განუზომელი უნარი აქვთ, შეუძლიათ უკუაგდონ ცოდნა შედეგების შესახებ, განსხვავება სწორსა და არასწორს შორის“.

მკვლელის მოტივების ამოსაცნობად, საუკეთესო მეთოდი, შესაძლოა, საკუთარი თავის მის ადგილზე წარმოდგენაა. ეს უფრო მარტივია, თუ საქმე ფილმის პერსონაჟს ეხება - პირადი დრამა, მარტოობა და გარიყულობა თანაგანცდასაც იწვევს. თუმცა, როდესაც დამნაშავე ფილმის გმირი კი არა, მოჰამედ მერაა, რომელიც პატარა ბავშვების სიკვდილს მკერდზე მიმაგრებული ვიდეოკამერით იღებს, საკუთარი თავის წარმოდგენა, ალბათ, მსხვერპლის ადგილზე უფრო გაგიადვილდებათ. ეს გასაკვირი არ არის - საბედნიეროდ, მასობრივი მკვლელი ყველა ვერ იქნება.

9 ფემინისტური ლოგიკა

▲ზევით დაბრუნება


საზოგადოება

ლევან სუთიძე, ნინო მაჭარაშვილი

26 მარტს, ტელეკომპანია იმედის წინ გადაცემა „ქალური ლოგიკის“ დახურვის მოთხოვნით მცირერიცხოვანი აქცია გაიმართა. პროტესტის აღშფოთებული მონაწილეები, ტრანსპარანტებით „შეწყდეს სექსიზმის პროპაგანდა“, „ლოგიკას სქესი არ აქვს“, „დაანგრიე პატრიარქატი“ და ა.შ., ამტკიცებდნენ, რომ იმედის ეთერში გასული გადაცემა ქალების შესახებ არსებულ სტერეოტიპებს აღრმავებს, მათ უფლებებს არღვევს და ღირსებას ლახავს. იყვნენ ისეთებიც, ვისაც გადაცემა ნანახი არ ჰქონდა, მაგრამ თავს მაინც შეურაცხყოფილად გრძნობდა.

„ქალური ლოგიკა“ ტელეკომპანიის ეთერში მარტის დასაწყისიდან გადის. როგორც მათივე ვებგვერდი იტყობინება, ის ჰოლანდიური „გეიმ-შოუს“ ანალოგია და მრავალ ქვეყანაში არსებობს. გადაცემაში 6 მამაკაცი და 6 ქალი მონაწილეობს. გოგონებს შეკითხვებს უსვამენ, რომელზეც პასუხი უნდა გასცენ. მამაკაცებს სწორი პასუხი არ მოეთხოვებათ, მათ უნდა გამოიცნონ, რა უპასუხეს ქალებმა. საერთო ჯამში, გადაცემის ქართული ვარიანტი ადგილობრივ ტელესივრცეში არსებული ზოგადი ფონის შესაბამისი ანუ მდარე ხარისხისაა.

საპროტესტო აქცია ინტერნეტში დაიგეგმა. „თვითონ გადაცემის ფორმა ისეთია, რომ ქალები დოღის ცხენებივით არიან გამოყვანილი, რომლებზეც მამაკაცები რაღაც ფსონს დებენ, ერთმანეთს ეჯიბრებიან და ქალი არც არაფერს იგებს ამ გადაცემაში, უბრალოდ გაფორმება, ლამაზი თოჯინაა“, - განუცხადა მედიას აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ. სხვებს „სექსუალური, უტვინო და ლამაზი ქალის“ ხატი ეცათ თვალში, რომელსაც მარტივ კითხვებზე პასუხი არ აქვს და ამგვარად ჩანს, რომ განვითარების დონით მამაკაცს ჩამოუვარდება. გადაცემის დახურვის აუცილებლობა კი იმით ახსნეს, რომ საზოგადოებაში ის მავნებლურ სტერეოტიპებს აღრმავებს. მათი აზრით, მამაკაცთა ხელში კონცენტრირებული ძალაუფლების გამო, დიდ ზიანს მიაყენებს ისედაც ჩაგრულ ქალთა პოპულაციას. პროტესტის მონაწილეები ეთიკის კოდექსში არსებულ მე-3 მუხლს ეყრდნობიან - სადავოა, მართლაც არღვევს თუ არა ეს გადაცემა ეთიკის ნორმებს, თანაც მისი დახურვის მოთხოვნა ბევრად ფართო პრობლემაზე მიუთითებს.

დავიწყოთ იმით, რომ „სტერეოტიპის“ აპრიორი ნეგატიურ კონტექსტში განხილვა არასწორია. ადამიანები ყველაფრის ცოდნას პირადად და თითოეულ ჯერზე ხელახლა ვერ მოიპოვებენ. სტერეოტიპები სხვადასხვა მოვლენის თუ საგნის კატეგორიზაციაში გვეხმარება და წარსულ გამოცდილებას ემყარება. აზროვნების პროცესი სწორედ ასე ხდება შესაძლებელი.

თუ მოვინდომებთ, გადაცემის სახელწოდებას მართლაც შეგვიძლია ვუწოდოთ სტერეოტიპული. ბუნებრივია, ლოგიკას სქესი არ აქვს. გარშემო კი ბევრ ქალს იპოვით, ვინც გაცილებით მწყობრად მსჯელობს, ვიდრე რომელიმე მამაკაცი. თავად ამ შოუშიც, სადავოა, ვინ უფრო სულელურად გამოიყურება - ქალები თუ კაცები, რომლებიც ასევე არ გამოირჩევიან განსაკუთრებული ჭკუით თუ იუმორით. თანაც, „ლამაზი და სულელი“ ქალის სტერეოტიპის არსებობა არ გამორიცხავს, რომ ასეთები მართლაც არსებობენ. მათ ისევე აქვთ უფლება, ჰქონდეთ სივრცე, სადაც იარსებებენ და გაერთობიან, როგორც ულამაზო და ჭკვიან, ან ლამაზ და ჭკვიან ქალებს. ამას გარდა, ჩნდება კითხვა: რას ნიშნავს „სულელი“? შესაძლოა, ვინმემ არ იცოდეს, ფეხბურთის მატჩში პენალტს რამდენი მეტრიდან ურტყამენ, მაგრამ დაწეროს ყვითელი ბესტსელერი, შექმნას ტანისამოსი ან ჰქონდეს ბიზნესიდეა. ეს იმ ადამიანებზე ბევრად წარმატებულად აქცევს, რომელთაც ზუსტად იციან, რა ციური სხეულის გარშემო ტრიალებს დედამიწა.

სადავო ბრალდებაა „სტერეოტიპის გამყარებაც“. გარშემო უთვალავი რამ არსებობს, რასაც მსგავსი განაჩენი შეგვიძლია გამოვუტანოთ. „ქალურ ლოგიკაზე“ აურაცხელ ხუმრობას გადააწყდებით ინტერნეტში, მათ შორის, პოპულარულ იუმორისტულ საიტებზე, სადაც მილიონობით მომხმარებელი თავისუფალ დროს ერთობა. საეჭვოა, ეს არსებულ სქესთა ბალანსს ცვლიდეს, გენდერულ თანასწორობას არღვევდეს ან დამქირავებლებს არწმუნებდეს, რომ ქალი აპრიორი სულელია და მისთვის შანსის მიცემაც კი არ ღირს. იმედი ვიქონიოთ, რომ დასავლური სამყაროს დღის წესრიგში მსგავსი ვებგვერდების დახურვა არ დადგება.

„ფემინისტური ლოგიკით“ შორს წასვლას მოვახერხებთ. მაგალითად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქალთან დაკავშირებულ ნეგატიურ სტერეოტიპებს თავად ფემინისტები ამყარებენ - ხშირად სექსიზმის ნიშნების გამუდმებული ძიება პარანოიაშიც გადადის. ასეთ შემთხვევებში „ქალის“ ნებისმიერ კონტექსტში ხსენება მისი ჩაგვრის ილუზიას იწვევს. დასავლეთში ამ ლოგიკით უკვე მივიდნენ შესაბამის შედეგებამდე: სხვადასხვა ჯგუფებზე სტერეოტიპების გამყარების აღკვეთის მოტივით, არსებობს პოლიტკორექტული „ტომ სოიერის თავგადასავალი“, ბიბლია და მრავალი სხვა ტექსტი.

პროტესტის ერთ-ერთი მოტივი სტერეოტიპებისგან ახალგაზრდების დაცვაა. ანალოგიურ არგუმენტს ეკლესიაც ხშირად იყენებს: „საიდუმლო სირობა“, შესაძლოა, ისევე იწვევდეს ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელ ახალგაზრდებში რელიგიური ღირებულებების გაუფასურებას, როგორც „ქალური ლოგიკა“ - ქალების გონებრივი შესაძლებლობებისადმი აგდებულ დამოკიდებულებას.

უცხოელი კოლეგების მსგავსად, ქართველი ფემინისტები ზრუნვას არც ზრდასრულ საზოგადოებას აკლებენ. გამოდის, რომ ისინი თვლიან: „ჩვენ საკმარისად ჭკვიანები ვართ იმისთვის, რომ მსგავსი მოვლენები გავაანალიზოთ და გავლენის ქვეშ არ მოვექცეთ. დანარჩენები კი საკმარისად სულელები, რომ ამის ყურება და ამით გართობა ავუკრძალოთ“.

პროტესტის დროს ქალის უფლებების დაცვის მოტივიც გაჟღერდა. განსაკუთრებული მიხვედრილობა არ სჭირდება, რომ „უფლება“ სწორედ „დავარცხნილი და სულელი“ ქალების არსებობაა, რომელიც გადაცემაში მისვლით ინდივიდუალურ არჩევანს აკეთებენ და არა მათთვის ამ არჩევანის წართმევა. ანალოგიური უფლება ვრცელდება მაყურებელზეც.

თუ თავისუფალ საზოგადოებაში ცხოვრება გვსურს, უნდა გავაცნობიეროთ მოცემულობა: თავისუფალ სივრცეს ყოველთვის გამოიყენებენ თუნდაც ყველასთვის მიუღებელი იდეების გასავრცელებლად. ამ აზრთან შეუგუებლობას ტოტალიტარულ აზროვნებამდე მივყავართ. ზღვარი „მავნე სტერეოტიპებისა“ და „მართლმადიდებელთა შემაგინებლობის“ აკრძალვის მოთხოვნებს შორის არ არსებობს. ერთსაც და მეორესაც მიუღებელ იდეებთან ბრძოლა მათი საჯარო სივრციდან გაძევებით სურს. მათ პულტი საკმარისად არ მიაჩნიათ, მავნებელი გამოხატვისგან თავდასაცავად. ერთიცა და მეორეც თვლის, რომ მართალია მომწამვლელი სტერეოტიპებისა და გარყვნილებისგან მას თავის დაცვა შეუძლია, მაგრამ საზოგადოება სუსტია და დამოუკიდებელ აზროვნებას მოკლებული. სწორედ ამიტომ, აკრძალვა ხალხზე ზრუნვის ერთადერთ საშუალებად მიიჩნევა.

ფემინისტები ხშირად კარგავენ ზღვარს საჯარო და პირად სივრცეს შორის. აქედან იბადება ტოტალიტარული იდეები სახელმწიფოს მიერ კერძო სივრცეში შეჭრის აუცილებლობაზე, რომლის მიზანიც ქალების მატრიცისგან გათავისუფლებაა. ქალთა პოპულაცია დამონებულია, „მატრიცაში“ ცხოვრობს. პარალელურად არსებობენ ერთი მუჭა გამოღვიძებულები, რომლებიც „მანქანების ტყვეობიდან“ მათ დახსნას ცდილობენ. ისინი მიიჩნევენ, რომ ქალმა, იმისათვის რომ „შედგეს“, აუცილებლად ოჯახი უნდა დატოვოს, მუშაობა დაიწყოს, წარმატებულ და დამოუკიდებელ ადამიანად იქცეს. ამგვარად მდედრობითი სქესი ხელიდან დაუსხლტება პატრიარქალური კულტურის ძალადობას. თავის მხრივ, სხვები, ვინც განსხვავებულ არჩევანს გააკეთებს და, ვთქვათ, დიასახლისობას არჩევს, მონად დარჩება.

ფემინისტური შეხედულება „პროგრესულ ქალობაზე“ მრავალი ისეთისთვის, ვინც სხვა ფასეულობათა სისტემას იზიარებს, შეურაცხმყოფელი აღმოჩნდება. ქვეყანაში, სადაც ქალებსა და კაცებს თანაბარი უფლებები და შესაძლებლობები აქვთ, ქალის ნებისმიერი არჩევანი მისი ინდივიდუალური თავისუფლების გამოხატულებაა და არა ძალადობა. ფემინისტურ ფასეულობათა ერთი სისტემის საყოველთაო აუცილებლობად გამოცხადება, კიდევ უფრო ამსგავსებს ამ იდეოლოგიას რელიგიას, სადაც სათნოდ ცხოვრების წესის დაცვა გარდაუვალი ამოცანა უნდა იყოს, ხოლო ცოდვა მკაცრი ცენზურის ქვეშ მოექცეს. აქაც თავს იჩენს ცოდვილების სიძულვილი, მაგრამ ისმის არადამაჯერებელი „ნურას უკაცრავად“ - „მე მძულს ცოდვა და არა ცოდვილი“.

შეგვიძლია ვიდავოთ, რამდენად შეურაცხმყოფელია ქალებისთვის არცთუ ისე გემოვნებით გაკეთებულ გადაცემაში წარმოდგენილი „ქალურობა“. ნებისმიერ შემთხვევაში, ის უფრო დიდი „ბოროტება“ ვერ იქნება, ვიდრე დისნეის მულტფილმებში, ჰოლივუდურ ფილმებსა თუ ლიტერატურაში არსებული პრინცესები, რომლებიც ასევე კარგად დავარცხნილები და ლამაზები არიან. მათი საბოლოო მიზანი კი პრინცთან ოჯახის შექმნაა. თანამედროვე სამყაროში არსებობს „ქალურობის“ უამრავი სტერეოტიპული გაგება, რომელიც გარკვეულ ფასეულობათა სისტემასა და თვითრეალიზების მეთოდს ქადაგებს. ამგვარი დოგმატური „ქალურობისგან“ არც ფემინიზმია შორს.

გადაცემის დახურვის მოთხოვნა, საბოლოო ჯამში, განსხვავებული აზრისადმი შეუწყნარებლობაა. ერთია, როცა გამოხატვა აჩენს მყისიერ საფრთხეს - ძალადობის მსხვერპლად იქცეს რომელიმე პირი ან პირთა ჯგუფი. ასეთ დროს პირდაპირი კავშირი ძალადობასა და გამოხატვას შორის, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის აუცილებლობას ქმნის. შეუძლებელია, მოგვწონდეს ის, რაც, მაგალითად, ბევრად მგრძნობიარე თემებზე, ქსენოფობიური შინაარსით გამორჩეული ასავალ-დასავალის ფურცლებზე ხდება, მაგრამ გაზეთის დახურვას ვერ მოვითხოვთ. თავისუფალი საზოგადოება აკეთებს არჩევანს: არცერთი გადაცემა, არცერთი სტატია გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ფასი არ ღირს.

10 რატომ არ მიყვარს საბჭოთა კავშირი

▲ზევით დაბრუნება


კახა ბენდუქიძე|სვეტი

0x01 graphic

ბოდიში მინდა მოვუხადო ახალგაზრდა მკითხველს, თუ მათ ჩემი თხრობა ან მისი ნაწილი ბოდვა ეგონებათ. ჰგავს, მაგრამ მაშინ ასეთი ცხოვრება იყო.

1981 წელს, ასპირანტურის შემდეგ, მოსკოვიდან ას კილომეტრში, სპეციალურად მეცნიერებისათვის აშენებულ პატარა ქალაქ პუშჩინოში დავიწყე მუშაობა - საბჭოთა მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთ ინსტიტუტში.

ძალიან ბევრს ვმუშაობდი, დღეში 14 საათი გამომდიოდა. ჩემი ხელმძღვანელი კმაყოფილი იყო ჩემი მუშაობით, მეც - ნაწილობრივ. სამსახურში მოვდიოდი 11 საათის შემდეგ, სამაგიეროდ ღამით ვმუშაობდი გვიანობამდე - ხან ორამდე, ხან სამამდე.

მერე მოკვდა ბრეჟნევი, მოვიდა ანდროპოვი.

ანდროპოვმა დაიწყო წესრიგის დამყარება - ინსტიტუტში დაიწყო დისციპლინისთვის ბრძოლა - ყველა დილაობით რვა საათზე უნდა მოვიდესო. ასე პირველ ჯერზე მივედი, და მისულმა ლაბორატორიაში ჩავიძინე, მეორე დღეს დავიგვიანე და აღარ შემიშვეს, და მესამე დღეს ისეთ დროს მივედი, როცა ხალხი უკვე შესვენებაზე გადიოდა. შევედი პარტკომის მდივანთან და ვუთხარი - მე დილით მუშაობა არ შემიძლია, თუ ჩემი მუშაობა არ მოგწონთ ან თვლით, რომ ცოტას ვმუშაობ, მითხარით და წავალ, ან თავი გამანებეთ-მეთქი.

ამ კაცმა ცოტა იფიქრა და მითხრა - როცა გინდა მაშინ მოდიო, ეტყობა მიხვდა, რომ ჩემი დასჯით კარგს ვერაფერს დაიჭერდა: რასაც ვაკეთებდი, ინსტიტუტისთვის მნიშვნელოვანი იყო და შეიძლება ამიტომ არ გავეშვით, თან კაი ხასიათით და მოკლე ენით იქამდეც არ გამოვირჩეოდი, კრებებზე სულ რაღაც კითხვებს ვსვამდი, არ ვეთანხმებოდი უფროსობას და ვკამათობდი.

მაგრამ გულში კი ჩარჩა ეს ამბავი.

ერთი წლის შემდეგ ჩვენთან რამდენიმე დღით ჩამოვიდა პროფესორი იენ მაკინტაირი ლონდონიდან, ცნობილი მოლეკულური ენდოკრინოლოგი. რამდენიმე საუბრის შემდეგ შემომთავაზა - ჩემთან ჩამოდი რამდენიმე წლითო.

მე ძალიან გამიხარდა, ეს სულ სხვა დონეზე მუშაობის საშუალებას მიქმნიდა. ამერიკა და ინგლისი - ორი მთავარი ქვეყანა ჩემი თაობის ბიოლოგისათვის. ჩემს უფროსს ვკითხე, რას ფიქრობდა. მითხრა, ვიცი და მხარს ვუჭერო, მაგრამ წესი ხომ იციო? წესი კი ისეთი იყო, რომ სანამ დასავლეთში წახვიდოდი, იქამდე ე.წ. სოციალისტურ ქვეყანაში უნდა გემუშავა. ამ ჩემმა უფროსმა თავის მეგობარს სთხოვა და ერთი წლით უნგრეთში მიმიწვიეს.

უნგრეთში წასასვლელად პარტკომის რეკომენდაცია იყო საჭირო. მერე რაიკომის. მივედი პარტკომის (ანუ კომუნისტური პარტიის პირველადი/საინსტიტუტო ორგანიზაციის კომიტეტის) სხდომაზე. ეგენი რეკომენდაციებს სტანდარტულს წერდნენ. იქ უნდა ყოფილიყო ჩაწერილი политически грамотен, морально устойчив, в быту выдержан (პოლიტიკურად განათლებულია, მორალურად მდგრადია, ყოფაში თავშეკავებულია).

დაიწყეს მსჯელობა ჩემზე - ყველაფერი გამიხსენეს - კრებებზე კითხვების დასმაც, კამათიც, გვიან მისვლაც. მაგრამ ამ ტრიადაში ვერ სვამენ.

პარტიული ბიუროკრატიის ენაზე პოლიტიკურად განათლებული ნიშნავდა, რომ ადამიანს ლენინის და სხვა კაციჭამიების წიგნები აქვს წაკითხული და გაზეთებს კითხულობს - რამდენი ნაგავი მედო და მიდევს თავში... იქით ავუხსნიდი.

მორალურად მდგრადი - სექსუალური სკანდალები ძირითადად დაოჯახებულებს ეხებოდა - ასევე არ გამოდის.

ყოფაცხოვრებაში თავშეკავებული - ლოთობას ეხებოდა და მე მაშინაც არ ვსვამდი.

რა ქნან? ერთს მოუვიდა თავში იდეა - დავწეროთ, რომ ტემპერამენტიანიაო. ამაზე მე წამოვენთე - ეგ რა სისულელეა, ყველა ადამიანს რაღაც ტემპერამენტი აქვს, მაშინ დაწერეთ რომელი ტემპერამენტი-მეთქი - ფლეგმატური თუ მელანქოლური, სანგვინური თუ ქოლერული, ან აღმწერეთ ექსტროვერტ-ინტროვერტის ტერმინებში-მეთქი...

რაღაც მომენტში მეშველა-მეთქი - დისკუსია დაიწყო. მაშინ პოპულარული იყო ფსიქოლოგ ვლადიმირ ლევის წიგნები. წაკითხული ჰქონდათ და ყველა თავის ფსიქოლოგიურ ცოდნას ამჟღავნებდა. მეც ჩემსას ვეხმარებოდი.

ერთი ნახევარსაათიანი რია-რიას მერე ყველაზე გამოცდილი და ხნიერი ვინც იყო, თქვა - ხალხო, ვერ ხედავთ, გვაგიჟებს - რაზე ვკამათობთ, დავწეროთ რასაც ვწერდითო. ასეც ჩაწერეს:

Политически грамотен, морально устойчив, в быту выдержан. Темпераментен.

ანუ ისეთი მაინც არ არის, როგორიც საჭიროაო.

ვერ წავედი უნგრეთში, ინგლისში წასვლაზე ვეღარც ვიოცნებებდი.

ერთი ან ორი წლის შემდეგ ზამთარში მოყინულ ქუჩაში მივბაჯბაჯებდი. კლუბიდან სიმღერა ისმოდა. მომეწონა ჰანგები და გავჩერდი მოსასმენად. ასე მთავრდებოდა:

Гудбай Америка, ооо,
Где я не буду никогда.
Услышу ли песню,
Которую запомню навсегда.

უცბად ისე მკაფიოდ დავინახე, რომ მე ვერასოდეს ვერ გავალ საბჭოთა კავშირიდან და, ამაზე სიმღერაც კი დაწერა ვიღაცამ, რომ Гудбай Америка, ооо, Где я не буду никогда...

მერე გავიგე, რომ ჯგუფს ნაუტილუს პომპილიუსი ერქვა.

არასოდეს, ვერასოდეს...

იმ დღეს შეუქცევადად შემძაგდა საბჭოთა კავშირი.

11 გლობალური ეკონომიკის პერსპექტივა და საქართველო

▲ზევით დაბრუნება


ეკონომიკა

ელენე კვანჭილაშვილი

საერთაშორისო ორგანიზაციების (საერთაშორისო სავალუტო ფონდის - IMF და მსოფლიო ბანკის - World Bank) გლობალური ეკონომიკის პერსპექტივების უახლესი კვლევების მიხედვით, 2011 წლის მეოთხე კვარტალი ბევრი ქვეყნისთვის საკმაოდ მძიმე იყო. ამ პერიოდში ევროზონის კრიზისი სიმწიფის ფაზაში შევიდა. ყველაზე მეტად ცენტრალური ევროპისა და აზიის რეგიონი დაზარალდა, რადგან ამ ქვეყნების უმეტესობას ევროზონასთან მჭიდრო კავშირი აქვთ. მესამე-მეოთხე კვარტლებში გლობალური მშპ-ის წლიური მაჩვენებელი საშუალოდ 3.5%25 იყო.

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2011 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოში იმავე მაჩვენებელმა 8.8%25 შეადგინა. მშპ წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 15.4%25-ით გაიზარდა. მატების უდიდესი წილი - 23.2%25 - მშენებლობის, ხოლო ყველაზე მცირე - 1.3%25 - ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების სექტორებზე მოდის. ეს მოქალაქეების ჯიბეზეც აისახა: წინა წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით, ერთ სულზე მშპ-ის მაჩვენებელი 14.5%25-ით გაიზარდა.

IMF-ის შეფასებით, მთელი 2011 წლის დაზუსტებული მონაცემების მიხედვით (რომელიც რამდენიმე თვეში გამოქვეყნდება), განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებში მშპ-ის ზრდა 6%25-ს მიაღწევს. ამ ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის მთავარი შემაფერხებელი რისკი მაღალი ინფლაციაა. ის, ერთი მხრივ, ხელს შეუშლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და მეორე მხრივ, ერთ სულზე მშპ-ის მაჩვენებელზე უარყოფითად აისახება.

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2011 წელს საქართველოში მშპ ერთ სულ მოსახლეზე 2010 წელთან შედარებით 15.9%25-ით გაიზარდა და 5400 ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ 2005-2011 წლების განმავლობაში ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

2011 წელს, წინა წელთან შედარებით, მშპ 16.8%25-ით 24.2 მილიარდ ლარამდე გაიზარდა.World CIA Factbook-ის შეფასებით, 2010 წელს საქართველო ეკონომიკური ზრდის მიხედვით, მსოფლიოში 45-ე, ხოლო ევროპაში მე-3 ადგილზე იყო.

2004-2011 წლებში საქართველოს მშპ ყოველწლიურად საშუალოდ 6%25-ით იმატებდა. სარეიტინგო სააგენტოს - Standard&Poor's - პროგნოზით, 2012-2014 წლებში, საქართველოს მშპ წლიური ზრდის ამავე ტემპს შეინარჩუნებს.

2011 წელი იმითიც იყო საინტერესო, რომ სამწლიანი კლების შემდეგ, სოფლის მეურნეობის სექტორი პირველად გაიზარდა. ტურისტულ მომსახურებაზე არსებულმა მაღალმა მოთხოვნამ კი სასტუმროების, რესტორნებისა და სატრანსპორტო მომსახურების სფეროების გააქტიურება გამოიწვია. ამ წლის განმავლობაში ეკონომიკური სექტორებიდან ყველაზე მეტად - 24.3%25-ით -საფინანსო საქმიანობის, ხოლო ყველაზე ნაკლებად - 1.3%25-ით - ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების სექტორები გაიზარდა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის გათვლებით, 2012-13 წლებში განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკა საშუალოდ 5%25-ით უნდა გაიზარდოს. ეს ძირითადად აზიის მზარდი ქვეყნების ხარჯზე მოხდება. გლობალური რისკებისადმი ყველაზე ღია ისევ ცენტრალური აზიისა და ევროპის რეგიონი დარჩება. მსოფლიო ბანკის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკური პროგრესისთვის მომდევნო წლების განმავლობაში დიდი მნიშვნელობა ექნება ექსპორტს, პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს და კრედიტზე ხელმისაწვდომობის ზრდას.

12 რა ღირს ოპიუმი ხალხისთვის?

▲ზევით დაბრუნება


გია ჯანდიერი|სვეტი

0x01 graphic

ხელისუფლების ინიციატივა ნარკოტიკებთან დაკავშირებული პოლიტიკის ლიბერალიზაციის თვალსაზრისით, სიახლეს არ წარმოადგენს. ცნობილია 1990-იან წლებში რამდენიმე ნობელის პრიზის მფლობელი ეკონომისტის ინიცირებული მიმართვა, ამერიკის პრეზიდენტს დაესრულებინა „ნარკოტიკებთან ომის“ 20-წლიანი პროგრამა, რომელმაც ძირითადად ნარკოტიკების გამსაღებელთა გაძლიერება, უზარმაზარი მაფიის შექმნა და ასობით მილიარდობით დოლარის გადაყრა განაპირობა. ზუსტად ასევე მოხდა, როდესაც 1920-იან წლებში იმავე ქვეყანაში „მშრალი კანონი“ შემოიღეს - ჩრდილოვანი ეკონომიკის ზრდა, იატაკქვეშა წარმოება, უმაღლესი ფასები, მაფიის გაძლიერება, უამრავი მსხვერპლი - ასეთი იყო შედეგები. ასე დამთავრდება ნებისმიერი მთავრობის მცდელობა, ამ გზით გადაჭრას პრობლემები.

ამიტომაც, მისასალმებელი იყო, რომ ამ დღეებში ხელისუფლების წარმომადგენლები საუბრობენ არა მხოლოდ სახელმწიფოს, არამედ ადამიანის პირად პასუხისმგებლობაზე - ვინ, თუ არა ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ჩვენს გვერდით მდგომზე, მეზობელზე, უბნელზე, მეგობარზე, ნათესავზე და ძმაზე?

თუმცა ეს წერილი არც ჰეროინს ეხება და არც მარიხუანას, არამედ პოლიტიკურ ნარკოტიკებს, რომელსაც პოლიტიკოსები ხშირად ურიგებენ ამომრჩევლებს. ვისაც ილფის და პეტროვის წიგნი არ წაუკითხავს, მაგრამ ფილმი მაინც უნახავს, მიხვდება, რომ მასში გამოყენებული ფრაზა ოპიუმის შესახებ, შემთხვევითობას არ წარმოადგენდა. პოლიტიკოსები მრავალი საუკუნეა აბრიყვებენ მოსახლეობას. წელს საქართველოში არჩევნებს ველოდებით და ასეთ მოვლენას ბევრს უნდა ველოდოთ.

გვარს არ დავასახელებ (არ ღირს მხოლოდ მას დავაბრალოთ ეს) და ერთ-ერთი ოპოზიციონერი ლიდერი ამას წინათ გვამცნობდა: „მთავრობამ მოსახლეობა სოციალურად გააღარიბა“. ეს, ფრაზა, რომელიც ბევრი გაუთვითცნობიერებელი ამომრჩევლისთვის უმტკივნეულო და, სამაგიეროდ, „გულის მომფხანი“ ემოციური წამოძახილია, უფრო საშიშ ნარკოტიკს წარმოადგენს, ვიდრე თვით ჰეროინი ან ოპიუმი.

ჯერ ერთი, სრული აბსურდია და გაბრაზებული და უგონო პოლიტიკური ბოდვის ელემენტია სიტყვათა კომბინაცია „სოციალური გაღარიბება“. სიტყვა სოციალური ნიშნავს საზოგადოებრივს (სხვა არაფერს) და ადამიანი საზოგადოებრივად ვერ გაღარიბდება, არამედ მხოლოდ პირადად მოახერხებს ამას.

მეორე, როგორ გაყალბებულადაც უნდა მივიჩნიოთ ქართული სტატისტიკა, ფაქტია, რომ ამ ხელისუფლების პირობებში (ანუ ბოლო 8 წელიწადში), მაგალითად: ა) ხელფასები 4-ჯერ გაიზარდა; ბ) საბანკო ანაბრების მოცულობა 7-ჯერ; გ) ავტომობილების რაოდენობა 4-ჯერ; დ) საერთაშორისო ვაჭრობა 5-ჯერ და კიდევ ბევრი სხვა ობიექტური, ადვილად დასანახი ცვლილებაა. შესაბამისად, ეს გამოთქმა იმ შემთხვევაშიც ტყუილი და სისულელეა, თუ მას სიტყვა „სოციალურს“ მოვაშორებთ. გამორიცხულია აქ ჩამოთვლილი ცვლილებები ადამიანების საყოველთაო გაღარიბების ფონზე ხდებოდეს, ტენდენცია მკვეთრად დადებითია. თუმცა ეს სისულელე ამ პოლიტიკოსს შესაძლებელია უბრალოდ უცოდინრობაში ჩავუთვალოთ ან არაინფორმირებულობაში. გარანტიას ვერ ვიძლევი, რომ იმ შემთხვევაში, თუ იგი ინფორმირებული იქნებოდა, ამ სისულელეს აღარ იტყოდა.

მესამე, ანუ რატომ არ მჯერა, რომ ეს პოლიტიკოსი ამ სისულელეს აღარ იტყოდა, თუ მას სწორი ინფორმაცია ექნებოდა. თვითონ ეს მიდგომა, რომ მთავრობას შეუძლია ქვეყანა, ხალხი და ადამიანები გააღარიბოს ან გაამდიდროს, ეკონომიკის არასწორი და პოლიტიზებული ხედვიდან მოდის. უნდა გაეგებოდეს თუ არა ამდენი პოლიტიკოსს, მკითხველმა განსაჯოს, მაგრამ ელემენტარული სტატისტიკა ხომ უნდა იცოდეს?

რაც ამ ფრაზაში ყველაზე პრობლემატურია - სახელმწიფოსთვის ზედმეტი ფუნქციების/პასუხისმგებლობის გადაცემის აშკარა მცდელობაა. ახლა ასეთი შეგონების მერე, რაც ამ ფრაზაში გამოიხატება, ძალიან ძნელია ადამიანები დაარწმუნო, რომ მათი გამოკვება, განათლება, სამუშაო ადგილების შექმნა და ზოგადად პატრონობა, მთავრობის საქმე კი არა, მათი პირადი პასუხისმგებლობაა. დღევანდელი ხელისუფლება შეიძლება ცდილობდეს მხოლოდ იმდენი პასუხისმგებლობა აიღოს, რასაც ზიდავს - პრაგმატული აზრიდან გამომდინარე - მას ამდენი ფული არ აქვს, ყველაფერს რომ ჩაეჭიდოს. მაგრამ ახლა ამ სულელურ მემარცხენეობას თუ ავყევით, შემდგომი თაობების პოლიტიკოსები სწორედ ასეთი დოგმით იქნებიან მომართულნი - სახელმწიფო ადამიანის პატრონია, მთავრობა ეკონომიკის წარმმართველი, ქარხნების და ფაბრიკების აღმშენებელი და სამუშაო ადგილების დამრიგებელი.

ეს ყველაფერი შედარებით უწყინარი იქნებოდა, რომ არა ორი რამ: 1) ეს ყველაფერი ჩვენ ხარჯზე უნდა გაკეთდეს - შენ მიერ გადახდილი გადასახადების ხარჯზე და არა სხვის. 2) ადამიანების ბედ-იღბლით ისეთი მანიპულირება, როგორიც ამ ერთი შეხედვით უწყინარ ფრაზაში გამოიხატება, ტოტალიტარიზმის რეალური საფუძველია. ახლა მისმა ავტორმა სრულიად საწინააღმდეგო რომ ამტკიცოს, ეს მოსაზრება უკვე გამოთქმულია და ხალხს ამის უფრო სჯერა. ადამიანებს პრეტენზია უჩნდებათ, რომ მათ არ ეხმარებიან, ფულს არ ჩუქნიან, არ აძლევენ იაფ კრედიტებს, არ უფინანსებენ ჯანმრთელობის დაცვას ან ხელმისაწვდომ განათლებას, სიღარიბიდან არ ამოჰყავთ, უმუშევრობის კომპენსაციას არ ურიგებენ. სწორედ ესაა ტოტალიტარიზმი - სახელმწიფოს მიერ ყველა პასუხისმგებლობის აღება, რასაც სწორედ ასეთი ფრაზეოლოგია უქმნის საფუძველს. გარწმუნებთ, ადამიანს თვითონ არ მოუვა თავში აზრად, სხვის ხარჯზე იცხოვროს. ამას ხალხის უმრავლესობა სირცხვილად ჩათვლიდა, რომ არა ასეთი პროპაგანდისტები. არცერთი ნამდვილი ტოტალიტარული იდეა არ დაწყებულა ბოროტი იდეებით, არამედ მათი მიზანი ყოველთვის და მხოლოდ „ადამიანებზე ზრუნვა“ იყო.

ფრაზის ავტორი და მისი ფინანსური პატრონი (რომლის წმინდა ტოტალიტარული დარიგებები უკვე საკმაოდ მოვისმინეთ) ამბობენ, რომ ის, რასაც დღევანდელი მთავრობა აკეთებს - არ ვარგა. მაგალითად, ინფრასტრუქტურულ პროექტებს სჯობს, ფული ხალხს უბრალოდ დაურიგო, რადგან ამით ისინი შეღავათს ნახავენ. ეს მათი ბრიყვული ახლომხედველობის მაჩვენებელია - პოლიტიკა, მით უმეტეს ოპოზიციის, ცხადია, შორს არ ცდილობს გაიხედოს. მთავარია, ახლა გავაბრიყვოთ ხალხი და მერე ან ხელისუფლებაში მოვალთ და გაბრიყვების ახალ მეთოდებს ვიპოვით, ან თუ ვერ მოვალთ, რა მნიშვნელობა აქვს ქვეყანას და ხალხს რა მოუვა?

ბევრს ხომ ისედაც ჰგონია, რომ ქვეყნის „პატრონი“ (ბელადი, წინამძღოლი, კარგი კაცი, კეთილი ბიძია) რომ მოვა, მათ აუცილებლად ფულს დაურიგებს - რადგან მდიდარია. რა მნიშვნელობა აქვს, რომ ეს მდიდარი პატრონი ჩვენივე გადასახადების ხარჯზე აპირებს ფულის დარიგებას? მთავარია, რომ დაარიგებს. ხოლო თუ ეკონომიკა ამის შედეგად სულ გაჩერდება და ბიზნესები ჭაობში ჩაიხრჩობიან, სამაგიეროდ (ღარიბი ვიქნებით, მაგრამ) „სოციალური სამართლიანობა“ გვექნება!

„მთავრობა არ არის პრობლემის გადაწყვეტა, მთავრობა თვითონაა პრობლემა“ - ეს გამოთქმა არ ეკუთვნის ვინმე ცნობილ ანარქისტს, ეს პრეზიდენტ რონალდ რეიგანის სიტყვებია, მსოფლიოს ყველაზე მძლავრი სახელმწიფოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ლიდერის. როდესაც პოლიტიკოსები ცდილობენ დაგვარწმუნონ, რომ მთავრობამ უნდა გაგვამდიდროს - სწორედ ეს სიტყვები უნდა გვახსენდებოდეს. ჩემი რჩევა იქნება, ეს სიტყვები ყველამ პატარა ფურცლებზე დავწეროთ და ყოველთვის, როდესაც მოვისმენთ რომელიმე პოლიტიკოსის დაპირებებს - ფურცელი ამოვიღოთ და დავხედოთ. ეს გაგვახსენებს, რომ მთავრობას მხოლოდ ჩვენი ფული აქვს და ჩვენი ფულით ვერ გაგვამდიდრებს.

მთავრობისთვის კი ჩვენი ბედ-იღბლის გადაწყვეტის და პასუხისმგებლობის გადაბარება ყველაზე უარესი ფორმის ნარკოტიკია, რადგან ჩვეულებრივ ნარკოტიკში ადამიანები თავისუფლებას ეძებენ, ხოლო სახელმწიფოში - მონობას პოულობენ.

ჰოდა რა ღირს ოპიუმი ხალხისთვის?

13 მოჯადოებული წრე

▲ზევით დაბრუნება


ფოკუსი

თამარ ჩერგოლეიშვილი

ვის მისცემდით ხმას, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს?

0x01 graphic

საზოგადოების განწყობა საქართველოში:

2012 წლის თებერვლის კვლევის შედეგები ჩატარებული NDI-ის დაკვეთით კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მიერ

ომში შესაძლოა ერთხელ მოკვდე, პოლიტიკაში - მრავალჯერ, ამბობდა ჩერჩილი. პოლიტიკური სიკვდილ-სიცოცხლის მიჯნას თუ საარჩევნო ბარიერზე გავავლებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს, ადგილობრივ სპექტრში მხოლოდ ორი პოლიტიკური ძალა ცოცხლობს - ნაციონალური მოძრაობა (47%25) და ბიძინა ივანიშვილის კოალიცია (10%25), ხოლო მესამე - ქრისტიან-დემოკრატიული პარტია - სულს ღაფავს (3%25). სხვა პარტიები აღარ არსებობენ - ჩერჩილის არ იყოს - შესაძლოა, დროებით.

0x01 graphic

ასეთ სურათს გვთავაზობს ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით ახლახან ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა.

ეს ორგანიზაცია უკვე ოთხი წელია ექვს თვეში ერთხელ ატარებს მსგავს გამოკითხვას. შედეგების გამჟღავნებას მუდამ პოლიტიკური ჟრიამული ახლავს თან. ხმაურის მიზეზი ყოველთვის ერთია: ორგანიზაცია თავად კი არ აქვეყნებს კვლევის იმ ნაწილს, რომელიც პოლიტიკურ რეიტინგებს ეხება, არამედ პარტიებს წარუდგენს და შემდეგ, ისინი აწვდიან პრესას ინფორმაციას. ასე იწყება აურზაური - ბუნებრივია, კვლევის რეზულტატი ყველასთვის სასიამოვნო ვერ იქნება. საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად ზოგიერთი პოლიტიკური პარტია შედეგებით მანიპულირებს. სიტუაციას მედიის ცალკეული წარმომადგენლების არაკომპეტენტურობაც ამძიმებს. უკმაყოფილოთა რადიკალური ფრთა, როგორც წესი, კვლევის დამკვეთი ორგანიზაციის წარმომადგენლებისთვის კუპრის წასმას და მათ ძელზე გასმას ითხოვს. უფრო „ჰუმანურები“ საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციების და მათი დამკვეთების ქვეყნიდან გაძევებასაც სჯერდებიან.

ამ ფონზე, გაუგებარია რატომ არ შეიძლება ყველაფერი მარტივად გადაწყდეს - დამკვეთმა თავად გამოაქვეყნოს სრული შედეგი. საერთაშორისო ორგანიზაციები ამ პოლიტიკას იმით ხსნიან, რომ რეიტინგები პარტიების შიდა მოხმარებისთვის კეთდება, რათა მათ თავიანთი საარჩევნო სტრატეგია უკეთ განსაზღვრონ - თუმცა ფაქტია, რომ არჩევნებში პარტიების გარდა ამომრჩეველიც მონაწილეობს და მას კანდიდატებზე არანაკლებ სჭირდება ამ ტიპის მონაცემები ინფორმირებული არჩევანის გასაკეთებლად.

რაც შეეხება თავად შედეგებს, ბოლო კვლევამაც დაადასტურა, რომ ძალთა ბალანსი ქართულ პოლიტიკაში არსებითად არ შეცვლილა. ნაციონალური მოძრაობა სტაბილურად ინარჩუნებს მდგომარეობას - მას დაახლოებით იმდენი მომხრე და მოწინააღმდეგე ჰყავს, რამდენიც 2008 წლის საპარლამენტო და 2010 წლის ადგილობრივი არჩევნების წინ ჰყავდა. ერთადერთი, რაც უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში იცვლება - ოპოზიციის ლიდერებია. ხელისუფლების მოწინააღმდეგეები ბადრი პატარკაციშვილის შემდეგ ხან ლევან გაჩეჩილაძეზე ამყარებდნენ იმედებს, ხან ირაკლი ალასანიას ელოდნენ და ახლა ბიძინა ივანიშვილის მეშვეობით ცდილობენ ხელისუფლების შეცვლას.

ამ ოთხი წლის მანძილზე ჩატარებული კვლევები და არჩევნების შედეგები იმასაც უჩვენებს, რომ ოპოზიცია თითქოს მოჯადოებულ წრეზე დადის - ყოველი ახალი ლიდერის რეიტინგი მეტეორივით იწყებს აღმასვლას, მაგრამ არა მმართველი პარტიის მხარდამჭერების, არამედ დანარჩენი ოპოზიციური ჯგუფების ხმების კანიბალიზების ხარჯზე. თუმცა, ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ბოლო კვლევის მიხედვით, დღეს რომ არჩევნები ტარდებოდეს, ბიძინა ივანიშვილი იმ ხმების მხოლოდ ნახევარს აიღებდა, რაც ორი წლის წინ, ადგილობრივ არჩევნებზე მის კოალიციაში შემავალმა პოლიტიკურმა გაერთიანებებმა - ალიანსმა, მრეწველებმა და ეროვნულმა საბჭომ - მოიპოვეს ერთად.

ამ ძალების რეიტინგების ვარდნა, მილიარდერის პოლიტიკაში გამოჩენამდე დაიწყო. ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ დაკვეთილი კვლევის მიხედვით, 2011 წლის მარტში, თავისუფალი დემოკრატების რეიტინგი 4%25-მდე დაეცა. რესპუბლიკელები ალასანიაზე უკან აღმოჩნდნენ მათ ამჟამინდელ მოკავშირესთან - ეროვნულ ფორუმთან ერთად, რომელსაც ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია.

ივანიშვილის ფინანსურმა რესურსმა და ქველმოქმედის რეპუტაციამ ოპოზიციის ნაწილს აღორძინების იმედი გაუჩინა. ისინი ფიქრობენ, რომ მილიარდერის აქტივები საკმარისია მმართველი პარტიის დასამარცხებლად და ამისთვის საკუთარი ნაკლის აღმოფხვრა, შეცდომების გამოსწორება საჭიროებას არ წარმოადგენს. მსგავს განწყობას ახალბედა პოლიტიკოსიც იზიარებს - მართალია, სცენარი და მოქმედი პირები თითქმის იგივეა, რაც შარშან და შარშანწინ, მაგრამ ის რატომღაც მოელის, რომ ამჯერად მაინც, „შედეგი იქნება უზარმაზარი“.

ერთადერთი, რაც ივანიშვილს ასეთი თავდაჯერებულობის საფუძველს აძლევს, საკუთარი განსაკუთრებულობის რწმენაა. ეს თვალნათლივ ჩანს კიდეც. მაგალითად, როდესაც ივანიშვილი საზოგადოების დარწმუნებას ცდილობს იმაში, რომ სხვა ქართველი პოლიტიკოსების შეცდომებს არ გაიმეორებს, ერთადერთ არგუმენტად საკუთარი „ადამიანობა, განვლილი ცხოვრება და ხელწერა“ მოჰყავს. ქართული პოლიტიკა ეგომანიაკი ლიდერებით ისედაც განებივრებულია, მაგრამ პოლიტიკაში ასეთი ექსცენტრულობით შემოსული სუბიექტი, თამამად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მართლაც „გააკვირვებს ევროპას“.

თუმცა, ჯერჯერობით კვლევები მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ ივანიშვილმა, ოპოზიციის წინა ბელადებივით, ახალი ხმების მოზიდვის ნაცვლად, ოპოზიციისვე ხმები შეჭამა.

როგორი მიმართულებით ვითარდება საქართველო?

0x01 graphic

რამდენად ეთანხმებით ან არ ეთანხმებით იმ მოსაზრებას, რომ არსებული ხელისუფლება ახორციელებს თქვენთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს?

0x01 graphic

წყარო: საზოგადოების განწყობა საქართველოში: 2012 წლის თებერვლის კვლევის შედეგები ჩატარებული NDI-ის დაკვეთით კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მიერ

საქმე ისაა, რომ რიგით ამომრჩეველს ქართული ოცნება არაფერს სთავაზობს ისეთს, რაც მას, მაგალითად, ეროვნული საბჭოსგან ან ალიანსისგან გამოარჩევდა. საზოგადოებამ იხილა, რომ ეს გაერთიანებები არჩევნებში დამარცხებისთანავე დაიშალა - ან კი როგორ უნდა მომხდარიყო სხვაგვარად, როდესაც წევრ პარტიებს სახელმწიფო მოწყობაზეც კი არ გააჩნდათ ერთიანი ხედვა - ერთი საპრეზიდენტო მოდელს ანიჭებდა უპირატესობას, მეორე - საპარლამენტოს, მესამე - მონარქიას, ხოლო მეოთხე - ღმერთმა უწყის რას.

თავის დროზე ირაკლი ალასანიამ მისი კოალიციის დაშლა იმით ახსნა, რომ ოთხი დამოუკიდებელი სუბიექტისგან შემდგარ ალიანსში „ყველა საკითხზე პოლიტიკური დისციპლინის შენარჩუნება იოლი არ იყო“. ამ ლოგიკით, „პოლიტიკური დისციპლინის“ პრობლემა ქართულ ოცნებაშიც უნდა დადგეს - ისიც ოთხი პარტიისგან და კიდევ უფრო მეტი ამბიციური პოლიტიკოსისგან შედგება. მაგრამ მნიშვნელოვანი განსხვავება ისაა, რომ ეს გაერთიანება თანასწორი სუბიექტების პარტნიორობას კი არ ეფუძნება, არამედ ბატონყმურ ურთიერთობაზეა აგებული. სწორედ იმის გამო, რომ „მეოცნებეები” ივანიშვილის კმაყოფაზე არიან, უდრტვინველად იტანენ ისეთ აგდებულ დამოკიდებულებას, როგორსაც თოჯინებიც არ პატიობდნენ ყარაბას-ბარაბასს. ამის მაგალითად, თუნდაც რესპუბლიკელებისადმი მისი მოპყრობა გამოდგება. ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული თანამშრომლობისას, როგორც წესი, პარტნიორები ერთმანეთის შესახებ აზრებს ასავალ-დასავალის მეშვეობით არ ცვლიან. არც ისაა ნორმალური, ერთის მიერ ქსენოფობიისთვის საჯაროდ გაკიცხული და გარიცხული წევრი (მურმან დუმბაძე), მეორემ რეგიონულ ლიდერად დანიშნოს. თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ივანიშვილის კოალიციის ან მანამდე არსებული პოლიტიკური გაერთიანებებისთვის მთავარი დაბრკოლება შიდაპარტიულმა ურთიერთობებმა ან საერთო ხედვის არქონამ შექმნა.

პრობლემა ისაა, რომ ვარდების რევოლუციიდან დღემდე, ვერცერთმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა ძალამ ვერ შეძლო ერთდროულად ორი პირობა დაეკმაყოფილებინა: ა) სწორად გაეგო რაში მდგომარეობს საზოგადოებრივი დაკვეთა; ბ) დაერწმუნებინა ამომრჩეველი, რომ მას ამ დაკვეთის შესრულების უნარი შესწევს.

იგივე შეცდომა დაუშვა ივანიშვილმაც - საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების მიხედვით, მოსახლეობა არსებული კურსით კმაყოფილია. ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ბოლო კვლევის თანახმად, მოსახლეობის დაახლოებით ორი მესამედი მიიჩნევს, რომ ქვეყანა ძირითადად სწორი გზით ვითარდება და, რომ ხელისუფლება მისთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს ახორციელებს. თუმცა, ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ამომრჩეველს არაფრის შეცვლა სურს და ყველაფრით აღფრთოვანებულია.

საზოგადოების ასეთი განწყობის პირობებში ლოგიკური იქნებოდა, ახალ პოლიტიკურ ფიგურას ამომრჩევლისთვის სააკაშვილის მიერ დაწყებული გზის გაგრძელება და მის მიერ დაშვებული შეცდომების გამოსწორება შეეთავაზებინა.

როგორც ჩანს, მილიარდერმა საზოგადოების განწყობა ყურად არ იყო, ან დასკვნები „ბეჭდვითი მედიის გამოკვეთილი ლიდერის“ - ჭეშმარიტად ეროვნული პოზიციების მქონე ასავალ-დასავალის კითხვის შედეგად გამოიტანა და გადაწყვიტა, რომ „სამშობლო ეკარგება“. ასეთი რიტორიკა მოსახლეობის მხოლოდ მეოთხედის განწყობას ეხმიანება, რომელიც ამავე კვლევის მიხედვით თვლის, რომ ქვეყანა ან საერთოდ არ ვითარდება, ან არასწორი გზით მიდის, ხელისუფლება კი მისთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს არ ახორციელებს.

გამოცდილება მოწმობს, რომ საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც არსებული პოლიტიკის გაგრძელება და გაუმჯობესება უნდა, რადიკალური რიტორიკა აფრთხობს და უჩენს განცდას, რომ ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში, ქვეყანა სხვა მიმართულებით წავა. ამ ტიპის ამომრჩეველი, შეიძლება ხელისუფლების ნაკლსაც კარგად ხედავს, მაგრამ რაკიღა მისთვის სასურველი ალტერნატივა არ არსებობს, ხმას ისევ „შეჩვეულ ჭირს“ აძლევს.

ვიღაცისთვის, მაგალითად ზვიად ძიძიგურისთვის, “ბრძოლა დღესვე” სტრატეგია და ამომრჩევლის შეურიგებელ მეოთხედზე ფოკუსირება, რაციონალური არჩევანია. მას არ აქვს იმის რესურსი, რომ ნაციონალურ მოძრაობას გაეჯიბროს და ამომრჩევლის იმ სეგმენტისთვის იბრძოლოს, რომელიც არსებული კურსით მეტ-ნაკლებად კმაყოფილია და მხოლოდ გაუმჯობესებას ითხოვს. მაგრამ რესპუბლიკურ პარტიასთან ან თავისუფალ დემოკრატებთან კონკურენციას იოლად გაუძლებს. შეურიგებელი ამომრჩეველი სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ პარლამენტში ან თვითმმართველობის ორგანოში მოხვდეს, საბიუჯეტო დაფინანსება მიიღოს და სიტუაციიდან დამატებით იხეიროს, თუ მმართველ ძალას პოზიციები შეერყევა. ნებისმიერი არჩევნები ამ ტიპის პოლიტიკური ძალისთვის ყოფნა-არყოფნის საკითხია და შესაძლოა ამითაც აიხსნება ის ისტერიულობა, რასაც მათ რიტორიკაში ვაწყდებით.

მაგრამ რაც ეპატიება ხარს, არ ეპატიება იუპიტერს. ანუ ის, რაც მიესადაგება თვითგადარჩენაზე ორიენტირებული მარგინალური ჯგუფის ინტერესებს, არ შეეფერება საქართველოს ბიუჯეტისხელა სიმდიდრის მფლობელ ივანიშვილს. თუმცა რა გვიკვირს ადამიანისგან, რომელიც ინტელექტუალურ საზრდოს მენცარისგან იღებს. როგორც მისი წარმოდგენები მედიაზე არ ცდება „ბატონი აქუს“ - „ერუდირებული, ანალიზის შესანიშნავი უნარის მქონე ჟურნალისტის“ - მასშტაბს, ისე მისი პოლიტიკური აზროვნება ტრიალებს ბესელიას გარშემო.

ასეთი მიდგომებისა და გარემოცვის პირობებში, ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ბოლო კვლევის შედეგები უცნაური სულაც არ არის. მაგრამ ივანიშვილს ამის დაჯერება უჭირს და იმის ნაცვლად, რომ კრიტიკულად მიუდგეს საკუთარ პოლიტიკურ დებიუტს და შეცდომები გაიაზროს - არაადეკვატურად რეაგირებს და ტრაგედიას ქმნის.

ქართული ოცნების ლიდერის მოქმედებები კარგად ეწერება ცნობილ თეორიაში გლოვის ხუთი სტადიის შესახებ, რომელიც რეალობის უარყოფით იწყება. შემდეგ ბრაზში გადადის - ამ დროს ცხელ გულზე შესაძლოა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი პირად შეურაცხყოფაშიც დაადანაშაულო. არ მიხვიდე შეხვედრაზე, მხოლოდ იმის გამო, რომ მან გაბედა და შენთან ერთად, სხვა, შენთვის მიუღებელი პოლიტიკური ძალებიც მიიწვია. ამავე თეორიის მიხედვით, ბრაზს, კომპრომისების ძიების სტადია მოსდევს, ხოლო შემდეგ სასოწარკვეთის ეტაპი იწყება. ყველაფერი კი სინამდვილესთან შეგუებით მთავრდება.

ბუნებრივია, არ ვიცით რა დროს მოანდომებს ბიძინა ივანიშვილი თითოეული ამ სტადიის გავლას, შესაძლოა, სულაც ხელი ჩაიქნიოს და მთლიანად შეეშვას პოლიტიკურ საქმიანობას. მაგრამ, იმედი ვიქონიოთ, რომ მენცარის დახმარებით ყველა ფსიქოლოგიურ სირთულეს წარმატებით გაუმკლავდება და შეძლებს თვალი გაუსწოროს მწარე სინამდვილეს.

ცხადია, მილიარდების მფლობელმა რაც უნდა ბევრი შეცდომა დაუშვას, გულუბრყვილობა იქნებოდა პოლიტიკიდან მისი გაქრობის მოლოდინი. თუ, რასაკვირველია, თავად არ მოისურვა. ივანიშვილს ფული საშუალებას აძლევს ჩვენს პოლიტიკურ ორგანიზმში ღრმად გაიდგას ფესვები. ის შესაძლოა დარჩეს როგორც ჰერპესი, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ უკურნებელია, განსაკუთრებულ საფრთხეს არ წარმოადგენს - თუმცა, დისკომფორტს ქმნის და სხვის თვალში უშნოდ წარმოგაჩენს. ამ მიმართულებით ქართულმა ოცნებამ მუშაობა უკვე დაიწყო. ამასთან, თუ ივანიშვილმა შეძლო საკუთარი შეცდომებიდან სწორი დასკვნის გამოტანა, გამორიცხული არ არის, მოვლენები სულ სხვა მიმართულებით განვითარდეს.

რა მოხდება ივანიშვილის თავს, მომავალი გვიჩვენებს. მაგრამ ერთი რამ ცხადია - სანამ ოპოზიცია ამ მოჯადოებულ წრეს არ გაარღვევს, ქართული პოლიტიკა თვისობრივად ვერ გაუმჯობესდება. ხელისუფლება, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ბარონ მიუნჰაუზენივით იქცევა, საკუთარ თავს ჭაობიდან ვერ ამოიყვანს. იმისთვის რომ განვითარდეს, მას ძლიერი და გონიერი ოპონენტი სჭირდება. ერთდროულად ორი ასეთი ღირსებით შემკული მოწინააღმდეგე, მმართველ პარტიას ჯერჯერობით არ გამოუჩნდა. ამ ვითარებაში დაზარალებული მხოლოდ ერთია - საქართველოს რიგითი მოქალაქე.

14 ფოტოესე

▲ზევით დაბრუნება


რომის პაპი ბენედიქტ XVI ხვდება მორწმუნეებს.
სილაო, მექსიკ

0x01 graphic

15 ყირგიზეთი ამერიკულის შემდეგ რუსული ბაზის დახურვას ითხოვს

▲ზევით დაბრუნება


მსოფლიო

ანი ჩხიკვაძე

0x01 graphic

ალმაზბეკ ატამბაევი და ვლადიმირ პუტინი

ამერიკის მიერ ავღანეთის ოპერაციის დასრულების შემდგომ, ვარაუდობდნენ, რომ ცენტრალური აზიის რეგიონში ძალთათა ნაფარდობა რუსეთის სასარგებლოდ შეიცვლებოდა. თუმცა პეკინის მზარდი როლის გათვალისწინებით, იქ პირველი მოთამაშის ადგილს ჩინეთი იკავებს.

გასული წლის დეკემბერში, ყირგიზეთის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ალმაზბეკ ატამბაევმა, 2014 წლისთვის აშშ-ის მანასის სატრანზიტო ბაზის დახურვის შესახებ განაცხადა. დასავლეთში ფიქრობდნენ, რომ ეს კრემლის გულის მოსაგებად გადადგმული ნაბიჯი იყო. თუმცა, მარტის დასაწყისში, ატამბაევმა კანტის რუსული საჰაერო ბაზის შესაძლო გაუქმებაზეც დაიწყო საუბარი. მან რუსეთის მესაჭეებთან შეხვედრის შემდგომ, კომერსანტთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ კანტის ბაზას „არანაირი სარგებელი არ მოაქვს ყირგიზეთისთვის“.

ატამბაევის თქმით, „რუსეთი არ ასრულებს ვალდებულებებს“. კრემლს უკვე ოთხი წელია არ დაუფარავს ბაზით სარგებლობისთვის გადასახდელი 15 მილიონი დოლარი. მოსკოვში ატამბაევის განცხადება არასერიოზულად აღიქვეს. ყირგიზეთს რუსეთის 180 მილიონი დოლარი მართებს, ამიტომ 15 მილიონის გადაუხდელობით აპელირება პუტინის კარის ზოგიერთი პოლიტიკოსისთვის სასაცილოა . 2009 წელს რუსეთმა, ვალის ჩამოწერის სანაცვლოდ, ყირგიზეთისგან დასტანის ტორპედოს საწარმოს 48 პროცენტიანი წილი მოითხოვა. დღეს კი 75 პროცენტის ფლობაზე აქვს პრეტენზია , რაზეც ბიშკეკი არ თანხმდება.

რუსეთ-ყირგიზეთის უთანხმოების კიდევ ერთი მიზეზი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის გენერალური მდივანი, ნიკოლაი ბორდიუჟაა . ატამბაევს ამ უკანასკნელის შეცვლა სურს.მისი აზრით, ბორდიუჟა „ერევა ცენტრალური აზიის ქვეყნების შიდა პოლიტიკურ საქმეებში“. კრემლიდან ყირგიზთის ნომერ პირველს უპასუხეს, რომ მეგობრებსა და მოკავშირეებს შორის მტრების ძიების ნაცვლად, აჯობებს შიდა ეკონომიკური სიტუაციის გაუმჯობესებაზე იფიქროს.

ბიშკეკის უარი ვაშინგტონისთვის მანასის ბაზის კონტრაქტის გაგრძელებაზე, ბევრისთვის კრემლისკენ აღებული გეზის დადასტურება იყო. თუმცა უკანასკნელი მოვლენების გათვალისწინებით, საით მიმართავს ყირგიზეთი საგარეო პოლიტიკურ ვექტორს,ჯერ კიდევ ბუნდოვანია .

ცოტა ხნის წინ ამერიკის თავდაცვის მდივანი, ლეონ პანეტა, ბაზის მომავალზე მოსალაპარაკებლად ყირგიზეთს სტუმრობდა. ამერიკელებს 2009 წლამდე მანასის ბაზა ყოველწლიურად 17 მილიონი უჯდებოდათ. 2009 წლიდან გადასახადი 60 მილიონამდე გაიზარდა. მანასის სატრანსპორტო ცენტრს აშშ-სთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. მისი მეშვეობით ავღანეთში საჯარისო ნაწილების ტრანსპორტირებადა ავიამზიდთა ავტოგამართვა ხდება. მიუხედავად მომგებიანი კონტრაქტისა, ატამბაევს მკაცრად აქვს გადაწყვეტილი ამერიკული ბაზის დახურვა. მისი აზრით, ის ყირგიზეთის უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

ცენტრალური აზიის რეგიონში ამერიკის და რუსეთის პოზიციების შესუსტება, ჩინეთს მოქმედების ფართო არეალს უქმნის. პეკინის ეკონომიკური გავლენა რეგიონში დღითი დღე იზრდება. ჩინური სახელმწიფო საწარმოები დებენ ინვესტიციებს ინფრასტრუქტურასა და ენერგო სექტორში. ცენტრალური აზიიდან მიღებულ ბუნებრივ გაზსა და ნავთობს ჩინეთის ენერგოუსაფრთხოებისთვის კრიტიკული მნიშვნელობა აქვს. გარდა ამისა, ჩინეთი კონფუციანურ ინსტიტუტებს აფინანსებს და პოზიციების გამყარებას „რბილი“ მიდგომითაც ცდილობს. იგეგმება ჩინეთის, ყირგიზეთის და უზბეკეთის დამაკავშირებელი სარკინიგზო გზის მშენებლობა. ეს კიდევ უფრო მეტად დააკავშირებს „აზიის ბალკა ნეთს“ პეკინთან. ყირგიზეთი, შუა აზიის დანარჩენი ქვეყნების მსგავსად, ცდილობს ჩინეთის, ამერიკის და რუსეთის გავლენის დაბალანსებას. ზოგიერთი მოსაზრებით, ბიშკეკი ბაზებით ვაჭრობს და მაღალი ფასის სანაცვლოდ მათ შენარჩუნებას დათანხმდება. მეორე მხრივ, შესაძლოა, ატამბაევს სურს აირიდოს რეგიონის დიდ ძალათა თამაშში ყირგიზეთის ჩაბმა. მსგავსი პოლიტიკა ქვეყნისთვის, რომლის მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 2,400 დოლარია, ეკონომიკურად წამგებიანია.

0x01 graphic

ამერიკელი ჯარისკაცები მანასის ბაზიდან ავღანეთში მიემგზავრებიან

შვიდი წელი გავიდა, რაც ტიტების რევოლუციის შედეგად პრეზიდენტ ასკარ აკაევის ავტორიტარული რეჟიმი დაემხო. ბევრი ვარაუდობდა, რომ რევოლუცია დემოკრატიული რეფორმების დასაწყისი იყო, მაგრამ კურმანბეკ ბაკიევის კორუფციულმა ხელისუფლებამ სახალხო მღელვარებათა კიდევ ერთი ტალღა გამოიწვია. მისი რეჟიმი 2010 წლის გაზაფხულზე სახელმწიფო გადატრიალებით დასრულდა. გასული წლის ოქტომბრის ბოლოს, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად, ყირგიზეთის სათავეში ალმაზბეკ ატამბაევი მოვიდა. მას პრორუსულ კანდიდატად მიიჩნევდნენ. თუმცა, როგორც ჩანს, ატამბაევს ცენტრალურ აზიაში პუტინის რწმუნებულობა დიდად არ ხიბლავს.

16 ახალი გუბერნატორი

▲ზევით დაბრუნება


მსოფლიო

ჰონგ კონგი

მიხეილ ბასილაია

0x01 graphic

25 მარტს, ჰონგკონგში ახალი გუბერნატორი აირჩიეს. 57 წლის პროჩინური პოლიტიკოსი ლიუნგ ჩუნ-ინგი მოვალეობების შესრულებას ივლისიდან შეუდგება. ის დონალდ ცანგს ჩაანაცვლებს, რომელსაც პოსტი 2005 წლიდან ეკავა. ჰონგკონგის გუბერნატორს 1,132 წევრისგან შემდგარი საარჩევნო კომიტეტი ირჩევს, რომელიც ბიზნესმენებითა და სხვა გავლენიანი პიროვნებებით არის დაკომპლექტებული. ჩინეთის მთავრობას სავაჭრო თუ პროფესიული კავშირებისა და სხვა ინტერესთა ჯგუფების მეშვეობით კომიტეტის წევრების უმრავლესობაზე გავლენის მოხდენა შეუძლია. ლიუნგის არჩევაც ადგილობრივი პრესის მიერ პეკინის დაგეგმილ სპექტაკლად შეფასდა.

აზიის ფინანსურ ცენტრ ჰონგკონგს 156 წლის მანძილზე ბრიტანეთი მართავდა. 1997 წელს ქალაქი ჩინეთს განსაკუთრებული ადმინისტრაციული რეგიონის სტატუსით შეუერთდა. ჩინეთისა და ჰონგკონგის ურთიერთობები განისაზღვრება ფორმულით - ერთი ქვეყანა, ორი პოლიტიკური სისტემა. ბრიტანეთის მმართველობისას გუბერნატორს ლონდონი ნიშნავდა, 1997 წლიდან კი მას საარჩევნო კომიტეტი ირჩევს. ჰონგკონგის 7.1-მილიონიანი მოსახლეობა, სავარაუდოდ, 2017 წლიდან გუბერნატორს პირდაპირი წესით აირჩევს.

ჩინეთთან მიერთების შემდეგ ჰონგკონგმა პოლიტიკური და ეკონომიკური თავისუფლება შეინარჩუნა. ლიუნგის არჩევამ კი ამ პრივილეგიების დაკარგვის საფრთხე წარმოშვა. ახალ გუბერნატორს მოსახლეობა საპროტესტო აქციებით შეხვდა. უკმაყოფილო დარჩა ადგილობრივი მედია და ბიზნესმენთა ნაწილიც. საპროტესტო აქციების ფონზე ჩატარებულ საკუთარ პირველივე პრესკონფერენციაზე ლიუნგი ჰონგკონგელებს დაჰპირდა, რომ მათი პოლიტიკური თავისუფლებები ხელშეუხებელი დარჩება. მიუხედავად ამ დაპირებებისა, პროდემოკრატიული ძალები შიშობენ, რომ ქალაქში ჩინეთის ცენტრალური ხელისუფლების გავლენა გაიზრდება. პეკინი შეიძლება ჰონგკონგის განსაკუთრებულ სტატუსსაც დაემუქროს და საკუთარ პოლიტიკურ სისტემაში მისი უფრო მეტად ინკორპორირება მოისურვოს.

საარჩევნო კომიტეტის 1,132 ხმიდან ლიუნგმა, რომელსაც ჰონგკონგში უბრალოდ CY-თი მოიხსენიებენ, 689 მიიღო. მეორე ადგილზე გასულმა კანდიდატმა, ჰენრი ტანგმა, 285 ხმის მოგროვება შეძლო. მესამეზე კი პროდემოკრატიული კანდიდატი ალბერტ ჰო გავიდა 76 ხმით. მან ჰონგკონგს არასასურველი პოლიტიკური ცვლილებები უწინასწარმეტყველა.

წლევანდელ არჩევნებზე პეკინის თავდაპირველი ფავორიტი ტანგი იყო, რომელსაც გუბერნატორის პოსტი, 2005 წლის მაისსა და ივნისში მოვალეობების დროებითი შემსრულებლის სტატუსით, უკვე ეკავა. თუმცა შემდეგ ის არაერთ სკანდალში გაეხვია და აქცენტი ლიუნგზე გადავიდა. ხმაური არც ამ უკანასკნელს აკლდა. მას აბრალებდნენ, რომ ჰონგკონგის კომუნისტური პარტიის ფარული წევრი იყო. ლიუნგი მთელი საარჩევნო კამპანიის მანძილზე უარყოფდა ამ ბრალდებას.

ჰონგკონგის ჩინეთთან მიერთებისას იმედოვნებდნენ, რომ მისი თავისუფალი პოლიტიკური სისტემა ჩინეთში დემოკრატიულ რეფორმებს წაახალისებდა. თუმცა, 15 წლის შემდეგ, ჰონგკონგელებს, შესაძლოა, საკუთარი თავისუფლებების დასაცავად მოუხდეთ ბრძოლა.

17 ეგვიპტელი ქრისტიანები პაპის სიკვდილის შემდეგ

▲ზევით დაბრუნება


მსოფლიო

ირაკლი გუნია

0x01 graphic

მორწმუნეები შენუდა III- ემშვიდობებიან

ათიათასობით ეგვიპტელი ქრისტიანი ქაიროს წმინდა მარკოზის კათედრალში კოპტური ეკლესიის პაპის, შენუდა III-ის გასვენებას დაესწრო. 88 წლის ასაკში გარდაცვლილი პატრიარქი ოთხი ათწლეულის მანძილზე უძღვებოდა ქვეყნის ქრისტიანულ უმცირესობას. მისი სიკვდილი, პოლიტიკური ისლამის აღმავლობის პირობებში, კოპტების უძველეს თემს კიდევ უფრო ბუნდოვან მომავალს უქმნის.

შენუდა დიდი პოპულარობითა და ავტორიტეტით სარგებლობდა ეგვიპტელ ქრისტიანებში, რომლებიც ისლამური ქვეყნის ოთხმოცი მილიონი მოსახლეობის 10%25-იან უმცირესობას წარმოადგენენ. იგი მარჯვედ ახერხებდა ხელისუფლებასთან ბალანსირებას. მუბარაქის მხარდაჭერის სანაცვლოდ, რეჟიმი ქრისტიანულ თემში ეკლესიის დომინანტ როლს აღიარებდა. მუბარაქთან ახლო ურთიერთობას წინ უძღოდა დაპირისპირება მის წინამორბედ ანვარ ალ-სადათთან. შენუდამ იგი ისლამისტი სამხედროების მართვის უუნარობაში ამხილა. სანაცვლოდ სადათმა პაპი სექტარიანიზმის წაქეზებაში დაადანაშაულა და მონასტერში შიდაპატიმრობა მიუსაჯა, რომელიც სამ წელს გაგრძელდა. შენუდა ცნობილი იყო თავისი ოპოზიციით ისრაელის მიერ იერუსალიმის დაკავების მიმართ. პროტესტის ნიშნად, იგი თავისი სამწყსოს წევრებს საღვთო ქალაქში პილიგრიმობას უკრძალავდა. პაპი აგრეთვე გამოირჩეოდა კონსერვატორული შეხედულებებით და განქორწინებას მკაცრად ეწინააღმდეგებოდა.

0x01 graphic

პაპის სტატუსი, განსაკუთრებით ახალგაზრდა ქრისტიანებში, ტაჰრირის მოედანზე ცნობილი გამოსვლების დროს შეირყა. ამ დროს ეკლესიამ თავის წევრებს დემონსტრაციებზე წასვლა დაუშალა. მცირე ხნის წინ გამართულ არჩევნებში კოპტურმა ეკლესიამ მიმდევრებს ლიბერალური, სეკულარული პოლიტიკური ბლოკისთვის ხმის მიცემისკენ მოუწოდა. ამ ინციდენტის ჩათვლით, გარდაცვლილ პატრიარქს ხშირად აკრიტიკებდნენ პოლიტიკაში აქტიური ჩარევის გამო.

პოსტმუბარაქის პერიოდში ქრისტიანთა მიმართ რელიგიური დისკრიმინაცია და ძალადობა არნახულად გაიზარდა. ამას ხელი ექსტრემისტული ისლამური ფრაქციების გამოჩენამ და რეჟიმის გადაგდების შემდეგ წარმოქმნილმა უსაფრთხოების ვაკუუმმა შეუწყო. გასული წლის ოქტომბერში ეკლესიების დანგრევის გამო ქრისტიანთა პროტესტის სასტიკად დარბევამ 25 დემონსტრანტის სიცოცხლე შეიწირა. ამან ეჭვები წარმოშვა ქვეყნის სამხედრო ლიდერების არსებულ ძალადობაში მონაწილეობის შესახებ. იანვარში მუსლიმთა ჯგუფმა ერთ-ერთი სოფლიდან ქრისტიანი მცხოვრებლები ძალის გამოყენებით გააძევა. მათი გულისწყრომა ქრისტიანი კაცისა და მუსლიმი ქალის ურთიერთობამ გამოიწვია. ეგვიპტური პოლიცია აღნიშნულ ინციდენტში არ ჩაერია.

ქრისტიანები, განსაკუთრებით, რადიკალურად განწყობილ სალაფისტებს უფრთხიან. მათმა პარტია ალ-ნურმა არჩევნებში ხმების მეოთხედზე მეტის მოპოვება შეძლო, მაშინ როდესაც ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში და მინისტრთა კაბინეტში მხოლოდ რამდენიმე ქრისტიანია. პარლამენტში ალ-ნურის წარმომადგენლებმა, წუთიერი დუმილის დროს შენუდასთვის პატივის მიგებაზე უარი განაცხადეს. გავლენიანმა სალაფისტმა ლიდერმა სოციალურ მედიაში მორწმუნეებს პაპის გარდაცვალებაც კი მიულოცა.

ახალი კონსტიტუციის შედგენის პროცესში ისლამისტ პოლიტიკოსებს გადამწყვეტი როლი ექნებათ, რაც სეკულარული ძალების შეშფოთებას იწვევს. მუბარაქის შემდეგ პირველი საპრეზიდენტო არჩევნები ივნისშია დაგეგმილი. სამი ფავორიტი კანდიდატი ისლამისტია, აქედან ერთი მათგანი - რადიკალური ფრთის წარმომადგენელი. ზოგიერთი ქრისტიანი შიშობს, რომ სექტარიანული კრიზისის გაღრმავების ან ისლამისტური მთავრობის მიერ შარიათის მკაცრი ინტერპრეტაციის მიღების შემთხვევაში, მათ ქვეყნის დატოვება მოუწევთ.

ახალი პაპის არჩევა უძველესი ტრადიციის მიხედვით მოხდება. ხმების მიცემის ორი რაუნდის შემდეგ, ეპისკოპოსთა უმაღლესი საბჭო სამ კანდიდატს ამოარჩევს, მათ სახელებს ფურცელზე დაწერს და საგანგებო ყუთში მოათავსებს. პაპი ის გახდება, რომლის სახელსაც ყუთიდან თვალახვეული ბავშვი ამოიღებს. ეგვიპტელი ქრისტიანების მომავალი, მომავალი პაპის ვინაობის მსგავსად, ბურუსითაა მოცული.

18 გრძელი გზა დემოკრატიისაკენ

▲ზევით დაბრუნება


მსოფლიო

ბირმა

ლამარა ჯამარაული

0x01 graphic

ბირმის ეროვნული გმირის გენ აუნ სანის პორტრეტი

პირველ აპრილს მიანმაში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. მასში, ოცწლიანი შინაპატიმრობის შემდეგ, ნობელის პრემიის ლაურეატი, ქვეყნის სახალხო გმირი, აუნ სან სუ ჩჟი მიიღებს მონაწილეობას. ჩჟის საკუთარი პარტიის - ეროვნული ლიგა დემოკრატიისთვის - მხარდასაჭერად, ხანგრძლივი პოლიტიკური მოღვაწეობის განმავლობაში, წელს პირველად მიეცა შესაძლებლობა სახელმწიფო მედიით გამოსულიყო.

ბოლო წლებში პრეზიდენტმა ტეინ სეინმა არაერთი დემოკრატიული რეფორმა გაატარა, ასობით პოლიტიკური პატიმარი გაანთავისუფლა, მედიის ცენზურა შეამსუბუქა და დისიდენტ სუ ჩჟის ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში დაბრუნების ნება დართო.

ანალიტიკოსების თქმით, ბირმის სამხედრო მმართველები ითვალისწინებენ სუ ჩჟის გავლენას საერთაშორისო საზოგადოებაზე და მისი გააქტიურების საშუალებით, დასავლეთის მიერ ბოლო 22 წლის მანძილზე დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლებას ცდილობენ.

ქვეყნის საკანონმდებლო პროცესებში სუ ჩჟის და მისი პარტიის მონაწილეობა კი სამხედრო მთავრობის იმიჯის გაუმჯობესებასა და ლეგიტიმაციას შეუწყობს ხელს.

ბრიტანეთში სუ ჩჟი ოჯახთან ერთად 16 წლის განმავლობაში ცხოვრობდა. ის, კუნძულიდან მომაკვდავი დედის მოსანახულებლად, ბირმაში 1988 წელს დაბრუნდა. ამ დროს, ქვეყანაში სამხედრო ხუნტა დემოკრატიულ მოძრაობას ებრძოდა. ათასობით სტუდენტი, მუშა და ბერი ქუჩაში გამოსვლებით, დიქტატორის, გენერალ ნე უინის მმართველობას აპროტესტებდა და დემოკრატიულ რეფორმებს მოითხოვდა. ხალხს რეჟიმთან საბრძოლველად ლიდერი სჭირდებოდა.

ბირმის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლის, ქვეყნის ეროვნული გმირის, გენ აუნ სანის შვილს, სუ ჩჟის დიდი მხარდაჭერა ჰქონდა საზოგადოებაში და ოპოზიციურად განწყობილი ბირმელების ლიდერობა შესთავაზეს.

1990 წელს გამართულ არჩევნებში აუნ სან სუ ჩჟი დემოკრატიისთვის მებრძოლ ეროვნულ ლიგას ხელმძღვანელობდა, სადაც 59%25-იანი გამარჯვება მოიპოვა.

თანამედროვე ბირმის ისტორიაში 1990 წლის საპარლამენტო არჩევნები ყველაზე დემოკრატიულად აღიარეს. 26-წლიანი სამხედრო დიქტატურის შემდეგ, ბირმელებს მიეცათ შესაძლებლობა, არჩევანი დამოუკიდებლად გაეკეთებინათ. ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ეს იყო ყველაზე სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში. თუმცა სამხედრო ხუნტამ არჩევნების შედეგები არ აღიარა, სუ ჩჟის გუნდისთვის ძალაუფლების გადაცემაზე უარი განაცხადა, ხოლო მეამბოხე ბირმელების ლიდერს შინაპატიმრობა მიუსაჯა.

აუნ სან სუ ჩჟის პატიმრობაში ყოფნის დროს ნობელის პრემია და 1.3 მილიონი აშშ დოლარი გადასცეს, რაც მან ბირმელების ჯანდაცვისა და განათლების პროგრამებისთვის გაიღო.

0x01 graphic

აუნ სან სუ ჩჟი

ჩჟის, ბირმის დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებისათვის ბრძოლაში, უდიდესი მსხვერპლის გაღება მოუწია.

22-წლიანი შინაპატიმრობის განმავლობაში, მისი შვილები ინგლისში იზრდებოდნენ, ხოლო მეუღლე, ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერი, მაიკლ არისი 1999 წელს ისე გარდაიცვალა, რომ მასთან გამომშვიდობების უფლებაც არ მისცეს.

ჩჟის ლიკვიდაცია სამხედრო ხუნტამ არაერთხელ სცადა. 1989 წელს, სამხედროებს მისი მოკვლა ჰქონდათ ნაბრძანები. 2003 წელს სასწაულებრივად გადაურჩა მკვლელობის კიდევ ერთ მცდელობას. თუმცა საკუთარი ქვეყანა და ხალხი არასდროს დაუტოვებია.

ბირმის დემოკრატიული მოძრაობის ლიდერს ხშირად ადარებენ ნელსონ მანდელას, მარტინ ლუთერ კინგს და მაჰათმა განდის. მათ მსგავსად, სუ ჩჟი მთელ მსოფლიოში, თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის მშვიდობიანი გზებით მებრძოლის სიმბოლოდ იქცა.

19 გამალებული შეიარაღება სამხრეთ აზიაში

▲ზევით დაბრუნება


მსოფლიო

თეონა ტურაშვილი

0x01 graphic

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებს ნავთობრესურსებისთვის არსებული კონკურენცია შეიარაღების გაფართოებისკენ უბიძგებთ. აღსანიშნავია რეგიონში აშშ-ის როლის კლება და ჩინეთისგან მომდინარე ეკონომიკური და სამხედრო საფრთხე. მართლაც, აზიის სახელმწიფოები ბოლო რამდენიმე წელია თავდაცვაზე მნიშვნელოვან თანხებს ხარჯავენ. ამას ბოლო კვლევებიც მოწმობს. მათმა ერთგვარმა „შეიარაღების რბოლამ“ შეიძლება სერიოზული შედეგები გამოიღოს.

სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის (SIPRI) მიერ შემუშავებული ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოში იარაღის ხუთი უდიდესი იმპორტიორი ქვეყანა - ჩინეთი, ინდოეთი, პაკისტანი, სამხრეთ კორეა, სინგაპური - სწორედ აზიის რეგიონს ეკუთვნის.

ჩინეთი ყოველ ხუთ წელიწადში თავდაცვის ბიუჯეტს აორმაგებს, ინდოეთმა კი გასულ წელს ამ სფეროში დანახარჯები 17%25-ით გაზარდა და შედეგად 40 მილიარდ დოლარს მიაღწია. ამავე ანგარიშის მიხედვით, 2005-2009 წლებში მალაიზიამ იარაღის შეძენა რვაჯერ, ინდონეზიამ კი 84%25-ით გაზარდეს. ამ უკანასკნელის სამხედრო ბიუჯეტი ამ წელს 8 მილიარდი გახლდათ, რაც 240 მილიონი მოქალაქის პირობებში, მის მეზობლებთან შედარებით ზომიერ მაჩვენებლადაც კი ჩანს. ასევე, სინგაპურის მიერ შეიარაღებაზე გაწეული ხარჯები მსოფლიოს მთლიანი დანახარჯის 4%25-ს შეადგენს. წელს 5-მილიონიანი ქვეყნის ეროვნული ბიუჯეტის 24%25 (9,7 მილიარდი დოლარი) სწორედ თავდაცვაზე მოდიოდა. ტაივანის დანახარჯები 2015 წლის თვის, სავარაუდოდ, სინგაპურისას გადააჭარბებს, მსგავსი ტენდენციები ვიეტნამის შემთხვევაშიც შეინიშნება. საერთო ჯამში, სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებმა თავდაცვის დაფინანსება ბოლო წელს 13,5%25-ით გაზარდეს (24,5 მილიარდი დოლარი). 2016 წლისთვის ამ მაჩვენებლის 40 მილიარდ დოლარამდე მიღწევას ელოდებიან.

ანალიტიკოსთა ნაწილი, სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის სახელმწიფოების შეიარაღებისადმი ამგვარ მისწრაფებას, ჩინეთის ფაქტორითაც ხსნის. სხვადასხვა გამოთვლების მიხედვით, პეკინი თავდაცვის ბიუჯეტს 2015 წლისთვის გააორმაგებს (გახდება 238,2 მილიარდი დოლარი). ამით იგი აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნების მთლიან ბიუჯეტს (232,5 მილიარდი დოლარი) გაუტოლდება.

ჩინეთი ამგვარი პოლიტიკის მშვიდობიან ხასიათზე საუბრობს. თუმცა რეგიონის ქვეყნები, რომელთაც ამ სახელმწიფოსთან ტერიტორიული დავები გააჩნიათ, პეკინის სამხედრო პოლიტიკით შეშფოთებულნი არიან. ნავთობით მდიდარ სამხრეთ ჩინეთის ზღვის აუზში, ქვეყანას მცირე კუნძულებზე ფილიპინებთან, ვიეტნამთან, მალაიზიასთან და ბრუნეისთან უთანხმოებები აქვს. ამის საპასუხოდ, ვიეტნამმა რუსეთს ექვსი წყალქვეშა ნავი შეუკვეთა. ფილიპინების მთავრობამ კი გასულ წელს ბიუჯეტი თითქმის გააორმაგა. მართალია, ისინი ახალი აღჭურვილობითა და სამხედრო ტექნიკით რეგიონულ სუპერძალას, ჩინეთის სახით, ვერ გაუთანაბრდებიან - თუმცა ამით შესაძლოა საკუთარი თავდაცვისუნარიანობის გაზრდას ცდილობენ.

ზღვაში ბუნებრივი აირის მოპოვებასთან დაკავშირებით კონკურენცია გამალებული შეიარაღების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია. ქვეყნები ერთმანეთს წყლებზე საზღვრების დაწესებაში ედავებიან. ვიეტნამი ჩინეთის სახელმწიფოს კუთვნილებაში მყოფი კომპანიის მიერ ოფშორულ ნავთობზე მუშაობის დაწყებას აპროტესტებს. ერთერთი ასეთი პუნქტი ვიეტნამის კუთვნილი კუნძულიდან 1,6 კილომეტრითაა დაშორებული (ჩინეთი მას 1974 წლიდან აკონტროლებს).

თავად ჩინეთი ფილიპინების მიერ პალავანის კუნძულის სიახლოვეს წარმოებულ გაზისა და ნავთობის მოპოვებით სამუშაოებს ეწინააღმდეგება. ეს უკანასკნელი კი ამ ტერიტორიას „ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონად“ აცხადებს. წყლისა და ენერგორესურსებზე არსებული დავები პოლიტიკურ უთანხმოებებზეც აისახება. ეს ქვეყნებს შორის კონფრონტაციის საშიშროებას ზრდის. სახელმწიფოთა მხრიდან შეიარაღებაზე დიდი აქცენტი კი ბევრისთვის საგანგაშოდ აღიქმება.

დასახელებული რეგიონის ქვეყნების შეიარაღების განვითარებას შიდა ფაქტორებითა და მეამბოხეთა არსებობით ხსნიდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ათწლეულებია სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში სახელმწიფოთა შორის დაპირისპირება არ მომხდარა, ქვეყნებს შორის სადავო საკითხები მაინც არსებობს. მაგალითად, სინგაპურს მალაიზიასთან და ინდონეზიასთან უთანხმოება აქვს.

ქვეყნების მთავარი არგუმენტი თავდაცვის სფეროს მოდერნიზაციაა. მათი მტკიცებით, თანამედროვე იარაღით აღჭურვა მხოლოდ სამშვიდობო მიზნებს ემსახურება და არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული. 1997-98 წლების აზიის ეკონომიკური კრიზისის გამო, ამ ქვეყნებს თავის დროზე თავდაცვის დანახარჯების მკვეთრი შემცირება მოუხდათ - მათი სახმელეთო და საჰაერო სისტემები მართლაც მოძველდა. დღეს კი ეკონომიკური ზრდის (თითქმის ყველა ქვეყანაში არის 6%25-იანი მატება) პირობებში, მათ შეიარაღების განვითარების ფუფუნება გააჩნიათ.

ბევრი თავდაცვაზე ბიუჯეტის დიდი ნაწილის დახარჯვას აზიისთვის დამახასიათებელ ფენომენად თვლის. დასავლეთი სამხედრო დანახარჯების შემცირებას გეგმავს, ამ რეგიონში საწინააღმდეგო ტენდენციებია. ამას შესაძლოა არა მხოლოდ რეგიონული, არამედ საერთაშორისო გამოხმაურებაც მოჰყვეს. როგორც ცნობილია, აშშ სამხრეთ ჩინეთის ზღვაში თავისუფალი ნავიგაციის პრინციპს ემხრობა, რაც ჩინეთისთვის მიუღებელია. ამ ფონზე, პეკინთან დაძაბული ურთიერთობის მქონე ქვეყნები ვაშინგტონს თავიანთ მოკავ შირედ აღიქვამენ.

როგორც ჩანს, რეგიონში არსებული ეკონომიკური და ტერიტორიული დავები ქვეყნებს შორის გაუცხოებას იწვევს. ერთმანეთისადმი უნდობლობა მათ სამხედრო სტრატეგიისადმი მიდრეკილებას უღვივებთ. მიუხედავად ამისა, ექსპერტთა ნაწილი მათ შორის უშუალო საბრძოლო ოპერაციების დაწყების შესაძლებლობას გადაჭარბებულად მიიჩნევს. ისინი ე.წ. შეიარაღების ბრძოლას ამ ქვეყნების თავდაჯერებულობის გაზრდის სურვილით ხსნიან. თუმცა, გამალებული შეიარაღება თანამშრომლობის პერსპექტივებს მაინც აფერხებს.

20 რყევები პოლიტიკურ ელიტაში

▲ზევით დაბრუნება


მსოფლიო

ჩინეთი

მიხეილ ბასილაია

0x01 graphic

ბო სილაი

შემოდგომაზე, მსოფლიოს ყველაზე მრავალრიცხოვან ქვეყანას ახალი ლიდერი ეყოლება - ჰუ ძინტაოს სი ძინპინი ჩაანაცვლებს. ლიდერის ვინაობა გარკვეულია. სხვა მნიშვნელოვანი პოსტებისა და გავლენის გაფართოებისთვის კი, როგორც ჩანს, მძაფრი დაპირისპირება მიმდინარეობს. პოპულარული პოლიტიკოსის, ბო სილაის კომუნისტური პარტიის ქალაქ ჩუნცინის კომიტეტის მდივნობიდან გადაყენება სწორედ ძალაუფლებისთვის ბრძოლის გააქტიურების დადასტურებაა. ბო უახლოეს მომავალში კომუნისტური პარტიის პოლიტბიუროს მუდმივ კომიტეტში ადგილის მოპოვების ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტი იყო. 9 წევრისგან შემდგარი კომიტეტი ჩინეთში შიდაპოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღებ უმაღლეს ორგანოდ ითვლება.

სკანდალი თებერვალში მომწიფდა. ბომ მის მარჯვენა ხელად მიჩნეული, ჩუნცინის პოლიციის აწ უკვე ყოფილი უფროსი ვან ლიძუანი თანამდებობიდან გაათავისუფლა. გავრცელებული ინფორმაციით, ჩინელმა სამართალდამცავებმა ჩუნცინის მმართველობაში არსებული კორუფციის გამოძიება დაიწყეს და მუნიციპალიტეტის ლიდერზეც გავიდნენ. მიმომხილველთა ვარაუდით, ვანის გადაყენებით ბომ ბინძური საქმეებისგან დისტანცირება სცადა. გათავისუფლებიდან 5 დღის შემდეგ ვანი ქალაქ ჩენდუში ამერიკის საკონსულოში გამოცხადდა და იქ ერთი დღე გაატარა. ის პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვდა, რაზეც უარი მიიღო. საბოლოოდ, ვანი ჩინელ სამართალდამცავებს ჩაბარდა, გამოძიება კი გრძელდება.

ბო თანამდებობიდან 15 მარტს გადააყენეს. ეს ფაქტი ჩინურმა სამთავრობო მედიამ მოსახლეობას მშრალად ამცნო. ინფორმაციის სიმწირემ მრავალფეროვან სპეკულაციებს მისცა ბიძგი. ონლაინსივრცეში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბო სახელმწიფო გადატრიალების ჩაშლილ მცდელობას შეეწირა, რომელსაც სათავეში პოლიტბიუროს მუდმივი კომიტეტის წევრი და მისი თანამოაზრე ჟუ იონკანი ედგა.

0x01 graphic

სი ძინპინი

0x01 graphic

ჰუ ძინტაო

ბომ, რომელიც 2004-2007 წლებში ჩინეთის კომერციის მინისტრი იყო, სახელი ჩუნცინში ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლით გაითქვა. ის ე.წ. წითელი კულტურისადმი ლტოლვითაც იყო გამორჩეული. პოლიტიკოსმა საკუთარი მუნიციპალიტეტის საჯარო ადგილებში მაოისტური იდეალებით გამსჭვალული სიმღერები დააბრუნა. ბომ თავისი ეკონომიკური პოლიტიკით ჩინეთში ე.წ. ჩუნცინის მოდელიც დაამკვიდრა. ეს უკანასკნელი რედისტრიბუციული პოლიტიკით, სოციალურ უზრუნველყოფაზე გაზრდილი ხარჯებითა (მაგალითად, მოსახლეობის კომუნალური ბინებით უზრუნველყოფით) და სახელმწიფო კორპორაციების მხარდაჭერით გამოიხატებოდა. ამით ის კომპარტიის მარცხენა ფლანგის, ე.წ. ახალ და ძველ მემარცხენეთათვის სასურველი პერსონა გახდა. ახალი მემარცხენეები პარტიის იერარქიის შედარებით დაბალ საფეხურზე მდგომ პირებსა და აკადემიური წრის წარმომადგენლებს მოიცავენ. ისინი ლიბერალიზაციისადმი მწყრალად არიან განწყობილი, არ მოსწონთ ჩინეთის მოსახლეობის ფენებს შორის ეკონომიკური უთანასწორობის გაღრმავება და ეკონომიკაში სახელმწიფო კონტროლის გაძლიერებას ემხრობიან. ძველი მემარცხენეები მაოისტური წარსულის ნოსტალგიით მცხოვრები შედარებით ასაკოვანი კომუნისტები არიან.

ოპონენტები ბოზე ამბობდნენ, რომ დანაშაულთან ბრძოლის მისი კამპანია შერჩევით ხასიათს ატარებდა, თანაც პოპულიზმითა და პოლიტიკური ინტერესებით იყო ნაკარნახევი. გავრცელებული ინფორმაციით, ბო მსხვილ ბიზნესმენებს არ სწყალობდა. 2010 წელს ჩინეთიდან გაქცეულმა ბიზნესმენმა ლი ძუნმა Washington Post-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ სამხედრო პირებთან კორუცფიულ გარიგებებში გარეულმა ბომ მას ქონება წაართვა.

ბოს პოპულიზმი, მართვის ავტორიტარული სტილი და მაოისტური მიდრეკილებები ჩინეთის ცენტრალურ ხელისუფლებას აღიზიანებდა. ეს ყველაფერი არსებულ პოლიტიკურ სისტემაში წონასწორობას არღვევდა. მისი ამბიციური პოლიტიკა საკუთარი პროგრამის მქონე ამერიკელი გუბერნატორის წინასაარჩევნო საპრეზიდენტო კამპანიას ჰგავდა. ბო ბევრისთვის კულტურული რევოლუციისა და პიროვნების კულტის მაოისტურ წარსულში დაბრუნებასთანაც ასოცირდებოდა. ჩინეთის მთავრობის ჩუნცინის ლიდერით უკმაყოფილებას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ პრეზიდენტი ჰუ ძინტაო და პრემიერ-მინისტრი ვენ ძიაბაო ბოს მმართველობის პერიოდში 32-მილიონიან მუნიციპალიტეტს ოფიციალური ვიზიტით არ სწვევიან. თუმცა 2010 წელს ქალაქში ვიცე-პრეზიდენტი და მომავალი ლიდერი სი ძინპინი ჩავიდა და ბოს ეკონომიკური პოლიტიკა შეუქო.

პრემიერმა ვენმა ბოს გადაყენებამდე ერთი დღით ადრე, მისი მისამართით (თუმცა სახელისა და გვარის მოხსენიების გარეშე) მკვეთრი განცხადებები გააკეთა. ვენის აზრით, ჩუნცინის ხელისუფლება ვან ლიძუანის ინციდენტს უკეთ უნდა გამკლავებოდა. ამას გარდა, პრემიერმა გამოთქვა მოსაზრება, რომ კულტურული რევოლუციის მსგავსი ტრაგედია ჩინეთში ჯერ კიდევ შეიძლება დატრიალდეს. ექსპერტებმა ვენის ეს განცხადება, ბოს მაოისტურ მისწრაფებებს დაუკავშირეს. მისი გადაყენება კომუნისტური პარტიის ე.წ. რეფორმისტების ფლანგის გამარჯვებად შეფასდა - ის პარტიის კურსის საწინააღმდეგოდ ცურავდა და შეაჩერეს. პეკინის რენმინის უნივერსიტეტის პროფესორ ჯან მინის განცხადებით კი, ჩუნცინის მოდელის დრო ამოიწურა და ჩინეთის პოლიტიკური და ეკონომიკური კურსის მარცხნივ გადახვევის შანსები მკვეთრად შემცირდა.

პოლიტიკური ცვლილებებით, სავარაუდოდ, ჩუნცინში ბოს წინამორბედი და ამჟამად გუანდონის პროვინციის კომპარტიის კომიტეტის მდივანი, ვან იანი ისარგებლებს. ლიბერალი პოლიტიკოსის იმიჯის მქონე იანი პოლიტბიუროს მუდმივ კომიტეტში ადგილისთვის ბოს უპირველეს კონკურენტად მიიჩნეოდა. ჩუნცინში პარტიის კომიტეტის მდივნად კი ვიცე-პრემიერი ჯან დეძიანი მიავლინეს. ის პოსტზე გრძელვადიან კანდიდატურად არ მიიჩნევა. შემოდგომაზე ლიდერის შეცვლისა და პოლიტბიუროს მუდმივ კომიტეტში ახალი წევრების არჩევის შემდეგ, მუნიციპალიტეტში, სავარაუდოდ, ახალ კადრს გაგზავნიან.

ბო კომუნისტური პარტიიდან არ გაურიცხავთ, თუმცა შესაძლოა მის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყოს. პოლიტიკოსების დასჯის პოპულარული მეთოდი ჩინეთში ამჟამად მათი კორუფციის ბრალდებით გასამართლებაა. 1989 წლის ტიანანმენის მოვლენების შემდეგ, როდესაც დემოკრატიული რეფორმების მოთხოვნით გამოსული ადამიანების პროტესტი მთავრობამ სისხლში ჩაახშო, სწორედ ასეთი ბედი ეწია პარტიის სხვა ორ მაღალჩინოსანს - 1995 წელს ჩენ სიტონსა და 2006 წელს ჩენ ლიანუს. ეს უკანასკნელნი, შესაბამისად, პეკინისა და შანხაის პარტიული კომიტეტების მდივნები იყვნენ. თუმცა ბო (ისევე როგორც სი ძინპინი) ე.წ. პრინცების ჯგუფს ეკუთვნის. მასში თანამდებობის ის პირები შედიან, რომელთა მშობლებიც კომუნისტური პარტიის მაღალჩინოსნები იყვნენ. ბოს მამა, ბო იუბო კომუნისტური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი და მაოს თანამებრძოლი იყო. უფროსი ბო კულტურულ რევოლუციას შეეწირა (პოლიტიკურად და არა ფიზიკურად). მაგრამ უმცროს ბოს მამის ადრინდელი პოლიტიკური სტატუსის შესაბამისი პრივილეგიები მაინც ერგო. ამ სტატუსმა ის ახლა უკიდურესი პოლიტიკური დამცირებისგანაც უნდა დაიცვას.

ბოს გათავისუფლების შემდეგ, სი ძინპინი პრეზიდენტ ჰუ ძინტაოსა და პრემიერ ვენთან ერთად საჯაროდ გამოჩნდა, რაც მათი ერთიანობისა და შეთანხმებულობის ხაზგასმას ისახავდა მიზნად. კომუნისტური ჩინეთის ისტორიაში ლიდერის ცვლილებამ სისხლისა და კრიზისის გარეშე მხოლოდ ერთხელ, 2002 წელს ჩაიარა. მაშინ ძიან ძემინისგან ჩინეთის ლიდერობა ჰუ ძინტაომ გადაიბარა. 1989 წელს ტიანანმენის მოედანზე დაწყებულ საპროტესტო აქციებსაც სწორედ ძალაუფლებისათვის ბრძოლამ მისცა სტიმული. ჩინეთის ხელისუფლებისათვის ძალაუფლების ტრანზიციასთან დაკავშირებული პრობლემების გაღრმავება და მათი სააშკარაოზე გამოტანა დაუშვებელია. ეს, შესაძლოა, მისი ლეგიტიმურობისათვის მძიმე დარტყმა აღმოჩნდეს. ჩინეთის მთავრობას მშვიდი შემოდგომა სურს.

21 მსოფლიო ბაზარზე ყავის ფასები იზრდება

▲ზევით დაბრუნება


ბიზნესი

მაკა გამცემლიძე

0x01 graphic

ყავაზე მოთხოვნა მსოფლიოს მასშტაბით დღითი დღე იზრდება. 2011 წლის შოკის შემდეგ - როცა 1998 წლიდან მოყოლებული ყავა რეკორდულად გაძვირდა - მასზე ფასი ისევ მაღალი რჩება. ანალიტიკოსები ყავაზე ფასის კლებას მხოლოდ 2012 წლის მეორე ნახევრიდან ვარაუდობენ.

მსოფლიო ყავის ორგანიზაციის მონაცემებით, 2009-2012 წლების პირველ კვარტალში 100 გრამ ყავაზე ფასი საშუალოდ 17 ცენტით (ანუ 28 თეთრით) გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, მსოფლიო ბაზრის კვალდაკვალ, საქართველოში იმავე პერიოდის პირველ კვარტალში 100 გრამი ყავა საშუალოდ 23 თეთრით გაძვირდა.

გასულ წელს, ყავის ფასმა მსოფლიო ბაზრებზე ბოლო ათწლეულის განმავლობაში ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ყავის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, 2011 წელს წლიური ფასი 454 გრამ ყავაზე 2.10 დოლარი იყო. 2012 წლის პირველ ორ თვეში ყავის ფასი საშუალოდ 1.85 დოლარს შეადგენს.

საქართველო ყავის მოხმარების მხრივ World Resource Institute-ის კვლევის მიხედვით, მსოფლიოში 67-ე ადგილზეა: ერთი ადამიანი წლის განმავლობაში საშუალოდ 1.3 კგ ყავას სვამს. რეიტინგში შესული საქართველოს უშუალო მეზობლებიდან - სომხეთი (64-ე), რუსეთი (56-ე) და თურქეთი (104-ე) - საქართველოს მხოლოდ თურქეთი ჩამორჩება, ერთ სულ მოსახლეზე 0.4 კგ ყავის წლიური მოხმარებით.

ყავის ექსპორტი 2011 წლის პირველი 4 თვის განმავლობაში მნიშვნელოვნად დაეცა. ამის მიზეზი ყავის მწარმოებელ ქვეყნებში გადაუღებელი წვიმები გახდა: დაზიანდა მცენარე, გაჩნდა ფოთლის სოკო, რომელიც ყავის დაჟანგვას იწვევს, მოსავალი მკვეთრად შემცირდა. ამან ფასის ზრდა გამოიწვია. ცენტრალური ამერიკის ზოგიერთ რაიონებში, სადაც განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ნალექი მოვიდა, ყავის ექსპორტიც შემცირდა. მაგალითად, ნიკარაგუაში ყავის ექსპორტი 45%25-მდე, ხოლო სალვადორში 34%25-მდე დაეცა. ლათინური ამერიკიდან (ბრაზილიის გარდა) არაბიკის ყავის მარცვლების მიწოდება ოქტომბერ-იანვარში 5%25-ით - ანუ 7.57 მლნ ტომრით შემცირდა. ყავის ექსპორტი 19%25-ით შემცირდა კოლუმბიაშიც, რომელიც არაბიკის ყავის მარცვლების უმსხვილესი მწარმოებელია მსოფლიოში. 2010-2011 წლებში ყავის ექსპორტი ასევე შემცირდა ანდების ქვეყნებში 37%25-ით.

0x01 graphic

2012 წლის მეორე ნახევრიდან ყავაზე ფასების შემცირებაა ნავარაუდევი. Rabobank International-ის პროგნოზით, ბრაზილიაში ყავის წარმოება რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწევს: გასულ წელთან შედარებით 8.5 მილიონი ტომრით მეტი მოსავალი იქნება და 57 მილიონ ტომარას შეადგენს. მოსავალი გაიზრდება ინდონეზიაშიც.

საქართველოში ყავის დისტრიბუტორი კომპანიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მსოფლიო ბაზარზე ყავის ფასების შემცირება საქართველოს ბაზარზეც აისახება. თუ დღეს 100 გრამის ფასი დაახლოებით 2 ლარია, 2012 წლის მეორე კვარტლიდან დისტრიბუტორები საქართველოში ყავის 20 თეთრით გაიაფებას ვარაუდობენ.

22 უოტსონი ბიზნესის სამსახურში

▲ზევით დაბრუნება


ტექნოლოგია

ვახო ელერდაშვილი

ერთი წლის წინ მთელი მსოფლიოს მედიასაშუალებები და მათ შორის ჟურნალი ტაბულა, კომპანია IBM-ის კვლევითი ცენტრის ქმნილების, ხელოვნური ინტელექტით შეიარაღებული სუპერკომპიუტერის, მეტსახელად „უოტსონის“ შესახებ წერდნენ. მაშინ უოტსონმა ჩახლართულ შეკითხვებზე პასუხით და დიდი ინფორმაციის სწრაფი დამუშავებით გამოიჩინა თავი და პოპულარულ ინტელექტუალურ შოუში, Jeopardy-ში აბსოლუტური ჩემპიონების, ბრედ რატერის და კენ ჯენინგსის დამარცხება შეძლო. სირთულე ის იყო, რომ შეკითხვები სიტყვების თამაშებს, გამოცანებს და ენობრივ თავსატეხებს შეიცავდა, რისი დაძლევაც კომპიუტერებს, ზოგადად, არ ძალუძთ.

არსებობის ერთი წლის მანძილზე უოტსონმა მრავალი გულშემატკივარი შეიძინა, რომლებიც აკვირდებოდნენ მის წარმატებებს და შემდეგ ტექნოლოგიურ ბლოგებზე დითირამბებს უძღვნიდნენ. სკეპტიკოსებიც ამბობდნენ, რომ უოტსონი კარგად შეფუთული მარკეტინგული პროდუქტია და მეტი არაფერი. თუმცა, საბოლოოდ, IBM-ის მრავალმილიონიანი პროექტი დიდ აჟიოტაჟში გადაიზარდა და შედეგიც სახეზეა: დღესდღეობით უოტსონის დაქირავების ან შეძენის მსურველი კომპანიების რიცხვი რამდენიმე ათეულს აღწევს. თუმცა „ცისფერ გიგანტად“ წოდებული ამერიკული კორპორაცია თავისი ქმნილების საბოლოო გაყიდვას არ აპირებს და კომპანიებს თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.

უოტსონს დიდი რაოდენობით ინფორმაციის ათვისება, ფაქტებსა და მოვლენებს შორის კანონზომიერებების დადგენა და შემდეგ ამ ინფორმაციის პრაქტიკაში გამოყენება შეუძლია. ამის გამო ის დიდი წარმატებით დაიტესტა სამედიცინო სფეროში, როგორც ექიმის კონსულტანტი დიაგნოზის დასმაში. დედამიწაზე არსებულ არცერთ მედიკოსს არ ძალუძს ავადმყოფობების ისტორიის ყველა დავთრის დაზუთხვა და შემდგომში დაავადების სიმპტომებს შორის საერთო ნიშან-თვისებების დადგენა. ინფორმაციის რაოდენობა წლიდან წლამდე ორმაგდება, შესაბამისად, გასაგებია, თუ რატომ არის უოტსონი შეუცვლელი კონსულტანტი.

სამედიცინო სფეროში მიღწეული წარმატების შემდეგ უოტსონით ფინანსისტები, სადაზღვევო კომპანიები და გაყიდვების მენეჯერები დაინტერესდნენ. IBM-ის მარკეტინგის დირექტორმა, სტივენ გოლდმა განაცხადა, რომ IBM-ი მზადაა დახმარება აღმოუჩინოს ყველას, ვინც უოტსონის მომსახურებას საჭიროებს. თუმცა საამისოდ გარკვეული პროცედურების ჩატარებაა საჭირო. უოტსონს ინფორმაცია სტრუქტურირებული ფორმით ესაჭიროება და არა მშრალი ფაქტების სახით. საამისოდ ყველა დაინტერესებულ კომპანიას თავისი საინფორმაციო ბაზის უოტსონისთვის გასაგებ „ენაზე“ თარგმნა მოუწევს.

IBM-ი უოტსონის ქლაუდად ქცევას აპირებს, რის გამოც ახალი მარკეტინგული კამპანია წამოიწყო, რომლის სლოგანია „Get Ready for Watson“ (მოემზადე უოტსონისთვის). ნებისმიერ დაინტერესებულ კომპანიას შეეძლება უოტსონის ქლაუდში ანგარიშის გახსნა, იქ თავისი ინფორმაციის ატვირთვა (სასურველ ფორმატში) და შემდგომ უოტსონისთვის შეკითხვების დასმა, რომელიც Jeopardy-ის შეკითხვების მსგავსი, ოღონდ პრაქტიკული მნიშვნელობის მქონე იქნება. მაგალითად, უოტსონი შეძლებს სადაზღვევო კომპანიებისათვის მომხმარებელთა რისკჯგუფების დადგენას, მომხმარებლის საჭიროების შესაბამისი პროდუქტის შერჩევას და ა.შ.

არსებობის ერთი წლის მანძილზე, უოტსონმა „რკინის“ კომპიუტერების მიმართ ამერიკელ ბიზნესმენთა დამოკიდებულება შეცვალა. შეიძლება ითქვას, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია, ადამიანების და მანქანების თანასწორუფლებიანი თანამშრომლობის დასაწყისი.

23 საგაზეთო შენიშვნები ტფილისის ქალაქის გამგეობის მიმდინარე საქმეებზე

▲ზევით დაბრუნება


არქივი

ილია ჭავჭავაძე

ილია ჭავჭავაძე უპირველესად პოლიტიკოსი გახლდათ. წლების განმავლობაში აქტიურ მონაწილეობას იღებდა რუსეთის იმპერიის პოლიტიკურ ცხოვრებაში. მისი აზრი საქართველოს შესახებ, მისი მომავალი მოწყობისა თუ ცხოვრების შესახებ ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო ქართული საზოგადოებისთვის, მას რუსეთის იმპერიაც ხშირად უგდებდა ყურს. მას კარგი ურთიერთობა ჰქონდა რუსულ პოლიტიკურ წრეებთან. ეს საგაზეთო შენიშვნები კარგად გვიჩვენებს მის აზრს თუ როგორ უნდა იმართებოდეს ჩვენი ქალაქი და სახელმწიფო.

გიორგი მჟავანაძე ისტორიკოსი

ხვალ 18 მაისს განკითხვის დღეა. განკითხვის დღეა იმისი თუ - ვინ უნდა მოუაროს, ვინ უნდა უპატრონოს ტფილისს ამ 4 წელიწადს და ვინ უნდა იზრუნოს და ისაქმოს ადამიანურის გულისტკივილითა და გულმოდგინებით ჩვენის ავკარგიანობისათვის.

აქამდე თუ ხმოსნების ამორჩევას საბჭოსათვის ყურს არ ვათხოვებდით და გულგრილად ვეკიდებოდით, დიდი შეცოდება იყო ჩვენ მიერ ტფილისისა და მისთა მკვიდრთა წინაშე. ეხლა სულ სხვა დროა. ტფილისი ჩვენი მშობელი ქალაქია, ყველანი, ვინც აქა ვშობილვართ, აქა ვცხოვრობთ, აქა ვტრიალებთ, - რა მილეთისაც გინდ იყოს კაცი, - მისი შვილები ვართ და სამსახური უნდა გავუწიოთ ერთნაირის გულისცემითა, ერთნაირის ნატვრითა, რომ ჩვენი ქალაქი გამოკეთდეს, გამოფაქიზდეს, მომჯობინდეს, მოჯანმრთელდეს. ღმერთმა არა დაიშურა რა ჩვენი დედაქალისთვის. ჰაერი, წყალი, ადგილი - ყველაფერი რითაც მოსაწონებად ქმნის ადამიანის საცხოვრებელს, იმოდენად კარგი გვაქვს, რომ ბევრი უცხოელი შემოგვნატრის.

კანონმა ნება მოგვცა ჩვენს დედაქალაქს ჩვენვე მოვუაროთ, ჩვენვე ვუპატრონოთ ამ მხრით. ჩვენც საკმაო ხარჯს ვიხდით, რომ ეს პატრონობა, ეს მოვლა, ყინულზე დაწერილი თამასუქი არ იყოს, ხარჯიც ტყუილუბრალოდ არ იქსაქსებოდეს, საქმე ჩვენდა საკეთილოდ კეთდებოდეს და კეთილი დღედადღე ემატებოდეს ჩვენს მშობელს ქალაქსა.

ყველამ ერთად, რომ პატრონობა და მოვლა მოვინდომოთ, შეუძლებელია. კანონმა ეს კარგად იცოდა და დაგვიწესა უკეთესნი კაცნი რიცხვით ოთხმოცნი, ამოირჩიეთ თქვენს შორის და იმათ მიანდეთ ეგ პატრონობა და მოვლაო. და აი ხვალ ამისი განკითხვაა. რომ ჩაუფიქრდეთ თქვენვე იტყვით ჩვენთან ერთად, რომ ეს სახუმარი საქმე არ არის. ერთი გულმრუდობით აქეთ თუ იქით წასული კენჭი შემძლებელია იმისთანა კაცები დასვას საბჭოში, რომ მერე თქვენი მშობელი ქალაქი, თქვენ თვითონ, თქვენი ოჯახი, თქვენი ცოლ-შვილი თავსა და პირს იხოკდეს, - ეს რა ღმერთი გაგვიწყრა, როგორ ამოვირჩიეთ ეს ჩვენი წარმწყმედელნი და დამღუპავნიო?

თქვენ გინდათ კაცი, რომელსაც უნდა ებრალებოდეს თქვენი თავი, თქვენი ცოლ-შვილი და თქვენის ოფლით მონაგარს ფულს, ხარჯად თქვენს მიერ გაცემულს, თქვენს კეთილად ცხოვრებას, თქვენს მშვიდობით და უშიშრად ყოფნას ახმარებდეს.

24 მოხსნილი რეკორდი

▲ზევით დაბრუნება


სპორტი|კალათბურთი

ზურაბ თალაკვაძე

0x01 graphic

NBA ლებრონის განიერი ზურგის, დუაიტ ჰოვარდის წუწუნის, ბრაიანტის თხელი თითების, პენსიონერი დანკანის პენსიის და კომისარი სტერნის ლიგაა. თავისი სკანდალებით, საუიქენდო ამბებით, სერიოზული კონტრაქტებით და გემრიელი პოპკორნით. ჩვენ ჩვენი ინტერესი გვაქვს. ატლანტაში ზაზა ფაჩულია მოხსნებს, ტკივილს და ქულებს აგროვებს. ზაზა ატლანტაში მეორე ცენტრია და ალეწილი ალ ჰორფორდის გარეშე, ჩვენი ბიჭიც იტვირთება. იუტასთან ზაზამ ყველაფერი მოხსნა. ფაჩულია ხსნიდა ბურთს, ამატებდა, ვერ აგდებდა, ისევ ხსნიდა და ზაზა ისტორიაში შევიდა. 1997 წლის შემდეგ, ლიგამ პირველად მიიღო ერთ თამაშში ოთხი დამატებითი ტაიმი, ოთხი ოვერტაიმი. ფაჩულია იქ, იმ ოვერტაიმებში და ატლანტას პირველ ხუთეულში იყო. ზაზამ ბევრ დროში ბევრი მოასწრო.

ატლანტამ 4 ოვერტაიმში 139:133 დასვა.

ფაჩულიამ 54 წუთში 15 ქულა, 20 მოხსნა, 3 დაფარება დაიტოვა. ზაზამ 7 მოხსნა იუტას ტერიტორიაზე დაირტყა, ზომიერად აგრესიული, მომენტებში ლმობიერი და აკურატული იყო. ფაჩულიამ დააზღვია ჯოშ სმიტი, დაუყენა ბლოკი ჯო ჯონსონს, შეაწუხა იუტას ჯოკერი პოლ მილსეპი, ვიღაცას მიაფარა, ვიღაცას იდაყვი სახეში მიარტყა. ზაზამ რეალურად ითამაშა. ფაჩულიას გარეშე ატლანტა ვერ გაქაჩავდა, მოხსნებში წააგებდა.

იუტა უცენტრო ბანდაა. ჯაზში მეხუთე ნომერზე მძიმე ფორვარდი, ალ ჯეფერსონი იღლება და ზაზაზე ეს დაკუნთული პერსონაჟი მიაგდეს. ჯეფერსონი ამოდის პერიმეტრზე და სამი, ოთხი მეტრიდან ისვრის. თან აგდებს. ჯეფერსონმა აითვისა ტიმ დანკანის ტრიალი სამწამიანში და კომპაქტური ლიფსოებით აგროვებს ქულებს. ჯეფერსონი ნიჭიერი, მონდომებული, მაგარი ჯიუტი კოლექციონერია.

ატლანტამ სამ დღეში სამი თამაში მოიგო. ზაზა ერთ გარჩევაში დაასვენეს და მანამდე ჩვენმა კაცმა ვაშინგტონთან 13 ქულა დასვა. მაგარი იყო.

ფაჩულიამ მოუმატა. ზაზა დეკემბრის 4 ტესტში (18.0 წუთში) საშუალოდ 8.2 ქულას და 6.0 მოხსნას იღებს. ნორმალურია. იმ ტესტებში პირველი ცენტრი ჰორფორდია და ზაზა ალს ასვენებს, დიდი ბიჭის ენერგიას უფრთხილდება.

იანვარში ფაჩულიამ 18 თამაშში (22.2 წუთში) 6.4 ქულა და 5.9 მოხსნა შეკრა. ცოტა გაუგებარი თვე იყო. ზაზაც არითმიულ კალათბურთს თამაშობს.

თებერვალში ფაჩულიამ 13 სტარტი მიიღო. 31.2 წუთში ფაჩულიას სოლიდური, რესპექტაბელური სტატისტიკა მოაქვს - 7.3 ქულა, 8.0 მოხსნა, ნორმალური დაცვა და თითქმის არ ჩანს, რომ ატლანტას ჰორფორდი აკლია. ზაზაც ჰორფორდობს.

0x01 graphic

ატლანტა - იუტა 139:133

მარტში ფაჩულიაზე მეტ მოხსნას ორი კაცი იღებს. დუაიტ ჰოვარდი, რომელიც ყველაფერს ხსნის და კევინ ლავი, რომელიც მინესოტაში დანარჩენ მინესოტაზე მეტს ხსნის. ზაზას მარტში 10.4 ქულა და 10.2 მოხსნა აქვს.

აღმოსავლეთის კონფერენციის 33 თამაშში ფაჩულიას 27.0 წუთში 7.9 ქულა და 6.8 მოხსნა აქვს. ცოტა გახუნებული სტატისტიკაა და თავიდან ზაზას კალათბურთიც ცოტა გახუნებული იყო.

ატლანტამ ზაზა ოთხი ოვერტაიმით გამოიყენა და ამ გარჩევამდე, ბოლო ოთხმაგი ოვერტაიმი 15 წლის წინ იყო. ფინიქსმა 14 ნოემბერს (1997) პორტლენდს მოუგვარა ყველაფერი. მანამდე, გოლდენ სტეიტი ნიუ ჯერსის (1987, 01.02), ჩიკაგო პორტლენდს (1984, 04.16) და ატლანტა სიეტლს (1982, 02.19) უგებს.

ჯო ჯონსონმა ატლანტას 139 ქულიდან 37 აკრიფა. ჯო პირველ მეოთხედში ასიანია (8/8, 18 ქულა) და მეორე ოვერტაიმის ბოლო წამებზე სამიანით, მესამე ოვერტაიმი გაშანსა. ოთხ ოვერტაიმში ჯონსონი 16 ქულას იღებს. ბოლო ხუთ წუთში ჯომ მუხლის მყესები გადაუჭრა იუტას, საშუალო ჩასვა და ატლანტა 135:131 გადის წინ. დარჩენილ დროში გუნდებმა საბოლოო ანგარიში დასვეს. საინტერესო, ისტორიული, ჩვენთვის ბევრის მთქმელი თამაში წავიდა.

ფაჩულიამ 20 მოხსნით კარიერის რეკორდი დატოვა.

გუნდებმა პირველ ოვერტაიმში 2-2 ქულა შეაგროვეს. 2 ატლანტამ და 2 იუტამ.

გუნდებმა ჯამში 233 სროლა გაუშვეს, 82 საჯარიმო ისროლეს, 57 პასი დატოვეს.

ოთხ ოვერტაიმში 12 (6/6) ზუსტი სამიანი ცოტაა. ხდება ხოლმე.

ატლანტამ ვერ ათამაშა მოხუცი პროფესორი ტრეისი მაკგრეიდი, კიდევ ერთი საინტერესო კაცი ჯერი სტექჰაუზი და ბალასტი, ვლადიმირ რადმანოვიჩიც ზედმეტი იყო. რთულმა და დაუმთავრებელმა რეგულარულმა ბიჭები აჭრა. ხალხი მიკროტრავმებით ისვენებს. ატლანტამ სამი კარგი ბიჭის გარეშე კარგ იუტას გაუძლო. იუტა 27:9 გაქცევით დაბრუნდა.

მეორე მეოთხედში ზაზამ საშუალო ჩასვა, ატლანტამ 17 ქულა წაიყვანა და იუტამ დაისვენა. ჯეფერსონმა და მილსეპმა პერიმეტრიდან აკრიფეს, ჯაზის ფლეიმეიქერმა, დევინ ჰარისმა (11+10 პასი) ისტოქტონა და ორმა ნორმალურმა გუნდმა დარენ არონოვსკის ახალი სცენარის თემა დაუტოვეს.

წელს სხვა ფაჩულია თამაშობს. ატლანტა ალ ჰორფორდის გარეშე უფრო იშიფრება და ატლანტაში ფაჩულია ბლომად ხსნის. ხსნის ბურთს, საკუთარ და სხვის რეკორდებს, ვიღაცებს სამწამიანში შლის. ზაზა შეიცვალა და უნდა შეიცვალოს ატლანტაც.

25 მარტს ზაზამ 20 მოხსნა აიღო. 11-19 მარტის პერიოდში, ზაზამ ზედიზედ ექვსჯერ დასვა 10 და მეტი მოხსნა.

3 მარტს ატლანტამ ოკლაჰომას 97:90 შემოარტყა. ზაზამ კევინ დიურანთან და რასელ უესთბრუქთან, სერჟ იბაკასთან და კენდრიკ პერკინსთან 10 ქულა, 14 მოხსნა, 41 წუთი შეაგროვა. სოლიდური იყო.

წელს ზაზაც სოლიდურია. და ეს ძალიან კარგია ჩვენთვისაც.

25 შეთქმულების ოლიმპიური თეორიები

▲ზევით დაბრუნება


სპორტი|ლონდონი 2012

ლაშა გოდუაძე

0x01 graphic

27 ივლისს, ლონდონში, ზაფხულის საიუბილეო, XXX ოლიმპიური თამაშები დაიწყება, რომელიც 12 აგვისტოს საზეიმოდ დასრულდება.

ლონდონი გახდება პირველი ქალაქი, რომელიც მესამედ მიიღებს უდიდეს სპორტულ ფორუმს: მსოფლიოს ერთ-ერთმა უმდიდრესმა ქალაქმა ოლიმპიურ თამაშებს პირველად 1908 წელს, მეორედ კი 1948 წელს უმასპინძლა.

კეთილმოეწყო ყველა სპორტული არენა, უკვე მზადაა ოლიმპიური მედლები, გულშემატკივრები თამაშების დაწყებამდე დღეებს ითვლიან, ჟურნალისტები ფავორიტებს ასახელებენ, მწვრთნელები შეგირდებს ამზადებენ, ერთი სიტყვით, ყველა ემზადება და დღესასწაულის მოლოდინშია.

სხვებთან ერთად ოლიმპიურ თამაშებს მოუთმენლად ელის საიდუმლო ორგანიზაციების - ილუმინატები, მასონები და ა.შ. - საქმიანობის შესწავლით გატაცებული რამდენიმე გაერთიანება. ისინი სხვადასხვა საშუალებით ცდილობენ მთელი მსოფლიოს გაფრთხილებას: ამბობენ, რომ ფარული ორგანიზაციების გამოისობით, ოლიმპიური თამაშების დღეებში ლონდონში ტრაგედია დატრიალდება - ილუმინატები-მასონები ან ქალაქის სიმბოლო ბიგ ბენს ააფეთქებენ, ან ახალაგებულ ოლიმპიურ სტადიონს, ანაც სხვა უბედურებას დაატრიალებენ...

რას ეფუძნება საიდუმლო ორგანიზაციების „მამხილებელი“ ჯგუფების მოსაზრება?

ერთ-ერთი მკვლევარი რიკ კლეი სხვადასხვა არგუმენტებს იშველებს:

1995 წელს SJG-მა (სტივ ჯეკსონ გეიმს) გამოუშვა სამაგიდო თამაში რობერტ ენტონ უილსონის და რობერტ შეას ტრილოგიის მიხედვით - ბანქოს ქაღალდებზე ასახულია ხანძარი, შენობების ნგრევა, ეკოლოგიური კატასტროფები, უცხოპლანეტელების შემოსევა...

კლეი ვარაუდობს, რომ რადგანაც ბანქოზე გამოსახული უამრავი ტრაგედია ახდა - ნიუ იორკის ცათამბჯენების ჩამოშლა, მექსიკის ყურის დაბინძურება ნავთობით, იაპონიის დამანგრეველი მიწისძვრა - ახლა ლონდონის ჯერი დამდგარა. ბანქოს ერთ-ერთ ბარათზე დახატულია დანგრეული ბიგ ბენი, მის ფონზე კი ხუთი სასოწარკვეთილი ადამიანი, რომელთა მაისურების ფერი ოლიმპიური რგოლებისას ემთხვევა: შავი, მწვანე, ყვითელი, ლურჯი და წითელი. აქედან გამომდინარე, წელს, ოლიმპიადაზე აუცილებლად რაღაც ცუდი მოხდება.

სხვადასხვა ჯგუფები ასევე დიდ ყურადღებას აქცევენ ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების სიმბოლოებს, ვენლოკს და მანდევილს. გავრცელებული მოსაზრებით, მათში პირდაპირაა კოდირებული ყოვლისმხედველი თვალი, რაც სხვა არაფერია, თუ არა საიდუმლო ორგანიზაციების სიმბოლო.

ილუმინატების და მასონების შემსწავლელი ჯგუფები ამტკიცებენ, რომ ფარული ორგანიზაციები დაგეგმილ ტრაგედიებამდე კარგა ხნით ადრე სხვადასხვა სახით ყოველთვის აკეთებენ მინიშნებებს. ამის გათვალისწინებით, ვარაუდობენ, რომ 2006 წელს გამოსულ ფილმში V for Vendetta პარლამენტის შენობის და ბიგ ბენის აფეთქება მხოლოდ მხატვრული მოსაზრების გამო არ შევიდა...

იმის დასამტკიცებლად, რომ ოლიმპიური თამაშების დღეებში ლონდონის ბიგ ბენი, სავარაუდოდ, დაინგრევა, არაერთი მკვლევარი მულტფილმ „მანქანები 2“-ის სარეკლამო პლაკატსაც იყენებს: მასზე საათისკენ მოძრავი თვითმფრინავია დახატული...

ასევე ყურადღებას იქცევს ფილმ „2012“-ის ერთ-ერთ ეპიზოდში მთავარი გმირის უცნაური მოქმედება: იმის მაგივრად, რომ დამღუპველ ლავას გაეცალოს, მანქანაში შემთხვევით ლონდონის მეტროს რუკას პოულობს, რომელიც მას იმ მომენტში არაფერში არგია. იმის მაგივრად, რომ მოისროლოს და თვითმფრინავისკენ გაიქცეს, ის, რატომღაც, მთლიანად ხსნის რუკას დაათვალიერებს...

ისინი, ვინც წლევანდელ ოლიმპიადაზე ტრაგედიას და არეულობას ელის, ფარული ორგანიზაციების მესიჯად განიხილავს ქვემორე ამბებსაც:

...2008 წლის აგვისტოში BBC-ით გადაიცა პროგრამების სერია Spooks: Code 9. ერთ-ერთ ეპიზოდში ნაჩვენებია ლონდონის ოლიმპიადის დროს მომხდარი ბირთვული ტერორისტული აქტი, რომელსაც, ფილმის გმირის თქმით, 100 ათასზე მეტი ადამიანი შეეწირა.

...მწერალ ტომ კეინის 2010 წელს გამოქვეყნებულ ერთ-ერთ ნოველაში მოთხრობილია ლონდონის ოლიმპიურ სტადიონსა და ტრაფალგარის სკვერში მომხდარი ბირთვული აფეთქების შესახებ.

...შარშან, ლონდონის არეულობას, რომელსაც ოლიმპიურ თამაშებთან კავშირი არ ჰქონდა, ბრიტანული ჟურნალი Private Eye ერთი შეხედვით უცნაურად გამოეხმაურა: აგვისტოს ნომერი შემდეგნაირად დაასათაურა: „ოლიმპიური რეპეტიცია“, გარეკანზე გამოტანილ ფოტოს კი - ხალხით გარშემორტყმული ალმოდებული მანქანა - მიაწერა: „ეს არის ყველაზე ცუდი გახსნის ცერემონია“...

„მე მხოლოდ ერთი რამ შემიძლია გითხრათ: თამაშების დღეებში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები იქნება მიღებული, - განაცხადა ლონდონის ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ სებასტიან კოემ და დასძინა, - როცა ასეთი ხმები მესმის, ყოველთვის ალბერტ აინშტაინი მახსენდება. მან ერთხელ თქვა, რომ ამქვეყნად ორი რამაა უსასრულო: სამყარო და ადამიანთა სისულელე, მერე კი დაამატა, რომ სამყაროს უსასრულობაში ეჭვი ეპარება“.

ოლიმპიური დროშა

0x01 graphic

პიერ დე კუბერტენი

ოლიმპიური დროშა თეთრი ფერის ქსოვილია, რომლის ცენტრში გამოსახულია ოლიმპიური სიმბოლო - ხუთი გადაჯაჭვული რგოლი (ლურჯი, ყვითელი, შავი, მწვანე და წითელი).

ოფიციალურ ნიმუშად ითვლება დროშა, რომელიც თანამედროვე თამაშების ფუძემდებელმა, ბარონმა პიერ დე კუბერტენმა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პირველ კონგრესზე წარადგინა 1914 წელს. ამ თავყრილობაზე, რომელიც ოლიმპიური მოძრაობის 20 წლის იუბილეს მიეძღვნა, ოლიმპიური დროშა პირველად აფრიალდა.

1920 წლის შემდეგ დროშის აღმართვის რიტუალი ოლიმპიადის გახსნის საზეიმო ცერემონიალის განუყოფელი ნაწილია.

დროშა სტადიონზე შემოაქვთ ოლიმპიური ჰიმნის თანხლებით და ანძაზე აღმართავენ. თამაშების დახურვის ცერემონიალზე მასპინძელი ქალაქის მერი დროშას უბრუნებს სოკ-ის პრეზიდენტს, რომელიც, თავის მხრივ, მას მომდევნო ოლიმპიადის მასპინძელ ქალაქს გადასცემს.

ეს დროშა ოთხი წლის განმავლობაში გამოფენილი უნდა იყოს ქალაქის მთავარ მუნიციპალურ შენობაზე.

ოფიციალური ოლიმპიური დროშა ატლასისაა და ოქროს არშია აქვს შემოვლებული. სოკ-ს ის ბელგიის ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა უსახსოვრა 1920 წელს.

ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე გამოაქვთ დროშა, რომელიც სოკ-ს 1952 წელს გადასცა საჩუქრად ნორვეგიის ოლიმპიურმა კომიტეტმა.

„ოლიმპიური დროშა თეთრია, რომელის შუაგულში ხუთი გადაჯაჭვული რგოლია: ლურჯი, ყვითელი, შავი, მწვანე და წითელი. დიზაინი სიმბოლურია - წრეები ხუთ კონტინენტზე მიგვანიშნებს, რომლებიც ოლიმპიური მოძრაობით არიან გაერთიანებულნი. რაც შეეხება ფერებს, ყველა მათგანი მსოფლიოს ქვეყნების სახელმწიფო დროშებისაა“, - ბარონი პიერ დე კუბერტენი, 1931 წელი.

26 120 წლის ლივერპული: სიმბოლური ნაკრები

▲ზევით დაბრუნება


სპორტი|ფეხბურთი

ლაშა გოდუაძე

0x01 graphic

15 მარტს ინგლისის ერთ-ერთმა ყველაზე ტიტულიანმა კლუბმა ლივერპულმა 120 წლის იუბილე იზეიმა.

დღეს ენფილდროუდელები პრემიერლიგის მოწინავეთა შორის აღარ არიან, მაგრამ ლივერპულში კარგად იციან, რომ ჩავარდნა დროებითია - კლუბს გაცილებით მძიმე წლებიც ახსოვს.

მიუხედავად იმისა, რომ კენი დალგლიშის გუნდი ჩემპიონობისთვის ვეღარ იბრძვის, სეზონს ჩაგდებულს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ: კლუბმა ინგლისის ლიგის თასი უკვე მოიგო და დიდი შანსია, ასოციაციის თასიც აღმართოს.

ქართველ ქომაგებს ლივერპულთან ტკბილი მოგონებები გვაკავშირებს, მაგრამ ეს დღევანდელ წერილთან სულაც არაა კავშირში: ტაბულა სამი საუკუნის მომსწრე კლუბის ყველა დროის სიმბოლურ ნაკრებს გთავაზობთ.

0x01 graphic

მეკარე: რეი კლემენსი

18 წლის იყო, სკანტროპში თამაშობდა და... ლივერპულში ბილ შენკლიმ მიიწვია 1967 წელს, ერთ წელიწადში კი პირველი მეკარე გახდა. ის დღემდე ლივერპულის ყველაზე ტიტულიანი მეკარეა: ხუთჯერ მოიგო ჩემპიონატი, თითოჯერ ასოციაციის და ლიგის თასები და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სამჯერ აღმართა ჩემპიონთა თასი! ლივერპული 1981 წელს დატოვა - ტოტენჰემ ჰოთსფურში გადაბარგდა. საერთო ჯამში, კლუბის მაისური 665 ოფიციალურ მატჩში მოირგო და მათგან თითქმის ნახევარში - 314 შეხვედრა - გოლი არ გაუშვა! 1979 წლის 3 ოქტომბერს, თბილისში დინამოსთან 0:3 წაგებულ მატჩში, ლივერპულის კარში სწორედ ის იდგა.

0x01 graphic

მცველი: ფილ ნილი

პირველი, ვინც კლუბის ახალმა მწვრთნელმა ბობ პეისლიმ გადაიბირა, სწორედ ფილ ნილი გახლდათ. ეს 1974 წლის 9 ოქტომბერს მოხდა. ახალწვეული მალევე დამკვიდრდა ძირითად შემადგენლობაში და 1985 წლის ჩათვლით, როცა გუნდს გამოეთხოვა, 650 მატჩში 59 გოლი გაიტანა. ის ლივერპულის ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა თასზე კლუბის პირველ ხუთ ფინალში ითამაშა - ოთხჯერ ნილმა თასი აღმართა! საერთო ჯამში, ლივერპულის მაისურით 23 ტიტული მოიგო და მედლების მხრივ ბრიტანული ფეხბურთის ისტორიაში მესამეა - მხოლოდ მანჩესტერელები რაიან გიგზი და პოლ სქოულზი უსწრებენ.

0x01 graphic

მცველი: ალან ჰანსენი

„ასეთი მცველის ყურება ერთი სიამოვნებაა! სიმართლე გითხრათ, მასზე უკეთესი ბრიტანელი უკანახაზელი არასდროს მინახავს. ჩინებულად ხედავს მოედანს, ბრწყინვალე ტექნიკა აქვს და თავისი კარიდან შეტევის დაწყებაც ეხერხება. ის შეუდარებელია!“ - ამ სიტყვებით ბობ პეისლიმ ალან ჰანსენი დაახასიათა. შოტლანდიელი მცველი ლივერპულმა 1977 წელს გადაიბირა 110 ათასი გირვანქად. მან 1991 წლის ჩათვლით ითამაშა ენფილდ როუდზე და სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი ლივერპულის ყველა დროის სიმბოლურ გუნდში. კლუბთან ერთად 22 ტიტული მოიგო, კარიერის დასრულების შემდეგ კი ტელეკომენტატორი გახდა.

0x01 graphic

მცველი: ჯეიმი კარაგერი

2011 წლის 9 მაისს ლივერპულის მაისური 666-ე მატჩში მოირგო და ახლა ის მხოლოდ იან კალაჰანს ჩამორჩება, ვის ანგარიშზეც 875 ოფიციალური თამაშია. თუ ტრავმამ არ შეუშალა ხელი, მიმდინარე სეზონში კარაგერი, სავარაუდოდ, საიუბილეო, მე-700 მატჩს ჩაატარებს! ბავშვობაში ქალაქის მეორე გუნდს, ევერტონს გულშემატკივრობდა, მაგრამ ლივერპულის სიმბოლოდ იქცა - დღეს გუნდის ვიცე-კაპიტანი და გულშემატკივართა ერთ-ერთი ფავორიტი ფეხბურთელია. მიუხედავად იმისა, რომ მე-16 სეზონს ატარებს გუნდში, ერთხელაც ვერ გახდა პრემიერლიგის გამარჯვებული. მის კოლექციაში 11 მედალია.

მცველიემლინ ჰიუზი

0x01 graphic

ინგლისის ნაკრების და ლივერპულის ყოფილი კაპიტანი 2004 წელს გარდაიცვალა. ორ წელიწადში გულშემატკივრებმა კლუბის ყველა დროის საუკეთესო 100 ფეხბურთელი დაასახელეს - ჰიუზმა მეათე ადგილი დაიკავა. 1977 წელს, როცა გუნდმა პირველად მოიგო ჩემპიონთა თასი, კაპიტნის სამკლავური სწორედ მას ეკეთა (ისევე, როგორც 1978 წელს). რეი კლემენსის დარად, ლივერპულში მანაც 665-ჯერ ითამაშა.

ნახევარმცველი: კევინ კიგანი

0x01 graphic

კლუბის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, რომელმაც გუნდი 1977 წელს, კარიერის პიკზე მყოფმა დატოვა. ლივერპულში ექვსი სეზონი გაატარა და 323 ოფიციალურ მატჩში ზუსტად 100 გოლი შეაგდო. ჰამბურგში გადასულმა, 1978 და 1979 წლებში ევროპის საუკეთესო ფეხბურთელისთვის განკუთვნილი ოქროს ბურთი მოიგო. თბილისს სწორედ ჰამბურგის შემადგენლობაში ესტუმრა - დინამოს წინააღმდეგ ის ორივე შეხვედრაში შეუდარებელი იყო...

ნახევარმცველი: სტივენ ჯერარდი

0x01 graphic

თუ ვინმეზე ითქმის ნაღდი ლივერპულელი, პირველ რიგში ჯერარდზე: 23 წელია კლუბშია, დღეს კი ენფილდროუდელთა კაპიტანია! სამწუხაროდ, ჯერ ერთხელაც ვერ გახდა ინგლისის ჩემპიონი, სამაგიეროდ, სამჯერ მოიგო ლიგის თასი, ორ-ორჯერ ასოციაციის, ინგლისის და ევროპის სუპერთასები, თითოჯერ კი ჩემპიონთა ლიგა და უეფას თასი. მალე კლუბში 600, ხოლო ნაკრებში 100-მატჩიან ნიშნულებს გადააბიჯებს. ევრო 2012-ზე, შესაძლოა, ნაკრების კაპიტანიც იყოს.

ნახევარმცველი: იან კალაჰანი

0x01 graphic

ყველაზე მეტი ოფიციალური მატჩი ლივერპულის მაისურით: 1960-1978 წლებში ამპლუით ცენტრალურმა ნახევარმცველმა 857 თამაშში 68 გოლი გაიტანა. 1966 წელს მსოფლიოს ჩემპიონატის მომგები ინგლისის ნაკრების წევრი იყო, თუმცა მაშინ მედალი არ შეხვდა. ფიფამ დაუდევრობა 2009 წელს გამოასწორა და კალაჰანი ოქროს მედლით დააჯილდოვა. მოიგო ყველა საკლუბო ტიტული ინგლისის ლიგის თასის გარდა.

თავდამსხმელი: კენი დალგლიში

0x01 graphic

დღეს ის კლუბის მთავარი მწვრთნელია, მაგრამ თუ გულახდილები ვიქნებით, უნდა ვაღიაროთ, რომ ის ხორცშესხმული ლივერპულია. 1977 წელს კევინ კიგანის შემცვლელად გადაიბირეს გლაზგოს სელტიკიდან. დალგლიშმა მოლოდინი არა მარტო გაამართლა, გადააჭარბა კიდეც: 501 მატჩში 169 გოლს თავი რომ დავანებოთ, მოთამაშე-მწვრთნელის რანგში საერთო ჯამში 26 ტიტული მოიპოვა!

თავდამსხმელი: იან რაში

0x01 graphic

ყველაზე მეტი ოფიციალური გოლი ლივერპულის მაისურით - 346... ყველაზე მეტი გოლი ინგლისის თასის ფინალებში - 5... ყველაზე მეტი გოლი ინგლისის ლიგის თასზე - 49... ყველაზე მეტი გოლი მერსისაიდულ დერბიში - 25... 1995 წლის შემოდგომით ჭაღარაშეპარული რაში თბილისსაც ესტუმრა უელსის ნაკრების შემადგენლობაში - მისი გუნდი ეროვნულზე საქართველოსთან 0:5 დამარცხდა.

თავდამსხმელიროჯერ ჰანტი

0x01 graphic

1966 წელს ინგლისის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. 60-იანი წლების ლივერპულის ნომერი პირველი თავდამსხმელი როჯერ ჰანტი იმ ტურნირზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო - 6 მატჩში 3 გოლი გაიტანა! 1967 წლის 7 ნოემბერს თავისი 242-ე „ლივერპულური“ გოლი შეაგდო და კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, კარიერა კი 492 მატჩში 286 გოლით დაასრულა.

27 ფაულერის კამათელი

▲ზევით დაბრუნება


სპორტი|ფეხბურთი

ზურაბ თალაკვაძე

0x01 graphic

რობი ფაულერი ლივერპული იყო. დღეს რობი ფაულერი ტაილანდში ისვენებს. ძმაკაცებმა რობის ერთ-ერთ ღამის კლუბში დიდი ფული ჩაადებინეს და რობი საკუთარ მოცეკვავეებს ეჩვევა, ეცნობა, აკვირდება. ტაილანდში ფაულერი პოპულარული პერსონაა. მუანტონ იუნაიტედში რობი ერთმა ბრიტანელმა ლოთმა, ბრიტონ კოლინზმა ჩაიყვანა. ტაილანდელმა ბოსებმა გუნდის მთავარი მწვრთნელი, ენრიკე კასტრო გაუშვეს და რობის ორმაგი კონტრაქტი მისცეს - 150 000 დოლარი როგორც მოთამაშეს და კიდევ 200 000, როგორც მთავარ მწვრთნელს. რობისთან ერთად გუნდი, რომელიც ტაილანდის მოქმედი ჩემპიონი იყო, ზარმაცი, ფაულერივით მხიარული და უშედეგო გახდა. რობიმ კონტრაქტით აღებული ფული ღამის კლუბში ჩადო.

ფაულერი 37 წლისაა. ერთი კვირის წინ ინგლისური ჩემპიონშიფის ბლექპულმა რობის ერთწლიანი კონტრაქტი გაუგზავნა. კვირაში 90 გირვანქა (142 დოლარი), თითო გოლში საბონუსო 25 დოლარი და თუ ფაულერი რომელიმე თამაშს შეუცვლელად ჩაატარებდა, იმ ერთ კონკრეტულ 90 წუთში დამატებით 5 000 გირვანქასაც მიიღებდა.

ფაულერი მოსაფიქრებლად დროს ითხოვს, ერთი კვირით ჩადის ტაილანდიდან ლონდონში და ეგრევე წინასწარი დაკავების საკანში ხვდება. სუპერმარკეტში სათამაშო კამათელი მოეწონა, ჯიბეში ჩაიდო და ორი გირვანქის გადახდა დაავიწყდა. მერე ავარდა, დაცვას აგინა და დააკავეს.

ფაულერს პრემიერლიგის ამბებში 162 გოლი აქვს დატოვებული. სერიოზული, ტურნირის ისტორიაში მეოთხე შედეგია. ფაულერიც სერიოზული ბიჭი იყო. ხანდახან არასერიოზულიც - გოლს გაიტანდა და პირით ხაზს ყნოსავდა, აქაოდა კოკაინია მოედანზე მიმობნეულიო. ლივერპულში გემოვნებით აკეთებდა საქმეს და რობი ლივერპული იყო. რობი მიდის ლიდსში, მანჩესტერ სიტიში, ბრუნდება ლივერპულში, ისვენებს კარდიფში. მერე მოდის ბლექბერნი და რობი ტაილანდამდე ჩადის.

ინგლისის ნაკრებში 26 ტესტი და 7 გოლი.

ფაულერი: „ფეხბურთში მუღამი არ უნდა დაკარგო. ყველაფერი დროებითია. სადღაც იგებ, სადღაც ზედმეტი ხარ. ფეხბურთი ჩემთვის ყველაფერია და არ მინდოდა, იქ, განსაკუთრებულ ხალხში, განსაკუთრებული ხალხისთვის ზედმეტი ვყოფილიყავი. 37 წლის ვარ და უფრო ნაცემი, დაკეპილი ხორცის ნაჭერივით მიყურებენ, ვიდრე - ფეხბურთელივით. ორი გირვანქის, სათამაშო კამათლის გამო ცუდი ბიჭი გავხდი. კიდევ ერთი, ბოლო შანსი მინდა. ერთ გოლს გავიტან, პირჯვარს გადავიწერ და წავალ“.

ფაბიო კანავაროსთან და ერნან კრესპოსთან ერთად, რობი ინდური პრემიერლიგის კამპანიაში მიიწვიეს და ერთ თვეში ნახევარი მილიონი დოლარი გადაუხადეს. რობიმ რაღაც ვალები გაისტუმრა. კოლკატაში, სადაც ფაულერი მესი იყო, რობის მთავარი მწვრთნელი პიტერ რიდია.

რობის კიდევ ერთი შანსი უნდა და ფაულერი ლივერპულის ბოსებს უმესიჯებს, ერთი თამაშით გამიფორმეთ, მოვალ, ბურთს გავაგორებ და მერე ტაილანდში, საკუთარ კლუბში დავისვენებ, აღარ დაგღლითო.

რობის ბოლო შანსზე ლივერპულის თავმჯდომარემ, ტომ ვერნერმა ჩაარტყა, რობი კარგი ბიჭია და ერთ შანსს იმსახურებსო.

ფაულერი ლივერპულში, თუნდაც ერთი თამაშით, უკვე სხვა თემაა.

რობი კამათელს აგორებს, ბოლო შანსი უნდა.

28 გონსალუ ბირნის თვალით დანახული თბილისი

▲ზევით დაბრუნება


კულტურა

ნინა ახლოური

0x01 graphic

Brabant House. ბელგია

- ქალაქები ძალიან უმწეოები არიან, ჩვენ ვფიქრობთ, რომ მყარად დგანან, რაც ასე არ არის. ისინი შეიძლება ბევრ რაიმეს ემსხვერპლონ, მაგალითად ომს, რომელიც ადამიანების ერთგვარი სტრატეგიული გეგმაა ქალაქის დასანგრევად. ჩვეულებრივ, ითვლება, რომ თუ ქალაქი ერთხელ აშენდა, ის სამუდამოდ იცოცხლებს. ამავე დროს, ადამიანების ცხოვრების წესი გამუდმებით იცვლება. ჩვენ არ ვცხოვრობთ ისე, როგორც მეცხრამეტე საუკუნეში - გვჭირდება ლიფტები, მანქანები, კარგი აბაზანები სახლში... ქალაქი ან ერგება და ადაპტირდება ცხოვრების ახალ მოდელთან, ან ჩნდება შესაძლებლობა, რომ ხალხი მასში აღარ იცხოვრებს. ეს ქალაქის სიკვდილის ყველაზე ცუდი შემთხვევაა...

გონსალუ ბირნი ქალაქებზე ისე გვესაუბრება, როგორც ადამიანზე. იმასაც ამბობს, რომ ქალაქი და ადამიანი განსხვავდებიან ერთმანეთისგან - ჩვენ ვიბადებით, ვიზრდებით, ვკვდებით, ქალაქის ცხოვრების ციკლი კი სხვაა, რადგან სიკვდილის შემდეგ მისი აღდგენა, რეაბილიტაცია კვლავ შესაძლებელია.

გონსალუ ბირნი პორტუგალიელი არქიტექტორია. ბირნის ნამუშევრებს შორისაა: ფიგურების თეატრი ფაროში, ფორლანინის პარკი მილანში, ესტორილ სოლის რეზიდენცია კაშკაიშში, მისი აღდგენილია D. Maria II-ის ნაციონალური თეატრი ლისაბონში. ბირნი საქართველში პირველად ჩამოვიდა. იმ დღეს შევხვდით, როცა პირველად მოუწია თბილისის გაცნობა. ახალი შთაბეჭდილებების „თანამედროვე არქიტექტურასა და ისტორიულ შენობებს შორის დიალოგი შესაძლებელია. რატომ უნდა გააკეთო ძველის ასლი, როცა შეგიძლია დიალოგი გქონდეს ძველთან?“- ამბობს ბირნი. ზეგავლენით, სასაუბრო თემაც თავისთავად გაჩნდა. „დილით თბილისში გავისეირნე. ეს საოცარი ქალაქია. ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა იმან, რომ ესაა ქალაქი ბევრი ისტორიული ფენით. თბილისი მშვენიერია თავისი ტოპოგრაფიითაც. ვხედავ, რომ თქვენ ხართ ქალაქის ძალიან მდიდარ ტრანსფორმაციულ პერიოდში. როგორც მივხვდი, ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი, ძირითადად, ისტორიულ უბანში, რომელიც, ვფიქრობ, ძალიან ლამაზია, მაგრამ ალბათ ძალიან მყიფეც. ეს ძველი კონსტრუქციებისთვის ნორმალურია, რადგან თუ მათში არავინ ცხოვრობს, ისინი ინგრევა. ამიტომ საჭიროა მათი რეაბილიტაცია და დასახლება“.

ქალაქის ძველი ნაწილი არქიტექტორს ცარიელი მოეჩვენა. „მგონი იქ ძალიან ცოტა ადამიანი ცხოვრობს. როდესაც ხალხი ქალაქის ისტორიული ნაწილიდან წასვლას იწყებს, ეს ყველაზე უარესია - უკაცრიელი ნაგებობების ნგრევა ასე საგრძნობლად ჩქარდება“.

თბილისის ძველი შენობების აღდგენასთან დაკავშირებით არქიტექტორმა თავისი ხედვა გაგვიზიარა. მიუხედავად იმისა, რომ მდიდარი ისტორიული წარსულის ქალაქებში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს, ბირნს რესტავრაციის იდეა კონსერვატორულად მიაჩნია. ფიქრობს, რომ რუსთაველზე აშენებული საბჭოთა პერიოდის ნაგებობების რეაბილიტაცია უფრო მნიშვნელოვანია. „თანამედროვე არქიტექტურასა და ისტორიულ შენობებს შორის დიალოგი შესაძლებელია. რატომ უნდა გააკეთო ძველის ასლი, როცა შეგიძლია დიალოგი გქონდეს ძველთან?“ - ამბობს ბირნი.

0x01 graphic

გონსალუ ბირნი

დარწმუნებულია, მომავალში ქალაქები უფრო გაიზრდება, რადგან ეკონომიკა დღეს ქალაქის ფენომენს უკავშირდება. თვლის, რომ ქალაქი თვითონაა ეკონომიკური მოდელი, ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილი კი ტურიზმია. ბირნის ღრმა რწმენით, თბილისი, თავისი ისტორიული მემკვიდრეობით, ნამდვილად იმსახურებს კარგ ინვესტიციებს. ასევე აუცილებლად მიაჩნია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების მოწყობის ინვესტირება. მოეწონა რიყის პარკი, რომელსაც მნიშვნელოვან პროექტად მიიჩნევს.

ბირნს თანამედროვე არქიტექტურის წინაშე მდგარ გამოწვევებზეც ვესაუბრეთ. ცნობილია, რომ სამშენებლო პროექტები რესურსების დიდი რაოდენობით ხარჯვასთანაა დაკავშირებული. ამავე დროს, დღეს მდგრადი განვითარება გარემოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამ მოთხოვნებთან არქიტექტორის ადაპტირების თემას გონსალუ ბირნი კომპლექსურად უყურებს.

- ვფიქრობ, მდგრადი განვითარების თემა ძალიან დიდ დემაგოგიას უკავშირდება. ჩვეულებრივ, ადამიანები ფიქრობენ, რომ მდგრადი განვითარება პირდაპირ კავშირშია ჰაი-ტექთან. ცოტა თუ ხვდება იმას, რომ მდგრადი განვითარების დონე, რომელიც ემყარება ჰაი-ტექს, საბოლოოდ არის უფრო ძვირი განვითარება და ასევე დიდ ენერგიას მოითხოვს. არიან არქიტექტორები, რომლებიც მუშაობენ ძალიან მდგრად პროექტებზე ინდოეთში, აფრიკაში, იყენებენ ლოუ-ტექს, მშენებლობის ტრადიციულ მეთოდებს, ნორმალურ ვენტილაციას და ასე მდგრადი განვითარების პრინციპებს მაღალ დონეზე იცავენ. წარმოიდგინეთ პირამიდა, მასტაბა არქიტექტურაში. მისი პირველი საფეხური არის ხედვის, მთავარი ვარიანტების შემუშავება - სად და როგორ ავაშენოთ. მეორე საფეხურზეა ყველაფერი, რაც ეხება მდგრად განვითარებას - თერმული ინსტალაცია, კარგი არჩევანი ფანჯრის ჩარჩოსთვის და ბოლოს, პირამიდის ყველაზე პატარა ნაწილი გულისხმობს, როგორ გამოვიყენოთ ჰაი-ტექი - კონდიციონირება, ტენიანობის კონტროლი - ყველაფერი, რაც ენერგიის ხარჯვას მოითხოვს. თუ ეკონომიკურ გამოსავალს ვეძებთ, პირამიდა უნდა გადმოვაბრუნოთ. ყველაზე იაფი გზა პირველია - ხედვის შერჩევა. მეორე შედარებით ძვირია, მესამე კი ყველაზე ძვირადღირებული - აქ მხოლოდ ინსტალაციის საფასურზე კი არა, მისი შემდგომი ფუნქციონირების ღირებულებაზეც ვსაუბრობთ. ზოგი არქიტექტორი პირდაპირ ბოლო დონიდან იწყებს მუშაობას და პირველსა და მეორეს ყურადღებას არ აქცევს, მაშინ როცა ისინი ძირითადი დონეებია მდგრადობისთვის.

გონსალუ ბირნის საქართველოში ვიზიტის და მასტერკლასის ჩატარების ინიციატორი და ორგანიზატორი თანამედროვე არქიტექტურული სისტემების მომწოდებელი საერთაშორისო კომპანია Reynaers-ი გახდა. მასტერკლასზე გონსალუ ბირნმა ქართველ არქიტექტორებს თავისი რამდენიმე პროექტი გააცნო, ძირითადად კი „ესტორილ სოლზე” ისაუბრა, რომელიც პორტუგალიაში ყველაზე ძვირ პროექტად ითვლება. Reynaers-ის ალუმინისგან დამზადებული ინოვაციური სისტემის საშუალებით შენობას გამჭვირვალე კედლები და ორიგინალური ფასადი აქვს. „ეს პროექტი უნიკალურია, რადგან ჩვენი სისტემა აქამდე კოტეჯების მშენებლობაში გამოიყენებოდა, ამ შემთხვევაში კი ეს მრავალსართულიანი პროექტია”, - გვითხრა პაველ რედკომ, Reynaers-ის მარკეტინგული კომუნიკაციების მენეჯერმა უკრაინასა და რუსეთში. კომპანიაში ფიქრობენ, რომ ეს გამოცდილება შეიძლება ბათუმისთვისაც საინტერესო აღმოჩნდეს, რადგან ზღვის პირას მრავალსართულიანი ვილის აშენების საშუალებას იძლევა.

გონსალუ ბირნი ზოგადად არქიტექტურის მომავალს, ცოტა არ იყოს, პესიმისტურად უყურებს. არ მოსწონს თანამედროვე სკოლები, სადაც ახლა მოდურია არტისტული პროექტების გაკეთება, რადგან ფიქრობს, რომ ყურადღების მხოლოდ ვიზუალურ მხარეზე გადატანა არქიტექტურაში შეცდომაა. არც ეკონომიკური ფაქტორის მთავარ პლანზე წამოწევაა სწორი, რადგან არსებობს სხვა ღირებულებებიც - ადამიანური, ისტორიული. მთავარი კი, ამ საქმეში, როგორც ყოველთვის, ადგილის გათვალისწინებაა, რაც თანამედროვე არქიტექტორებს ხანდახან ავიწყდებათ კიდეც ამ არტისტულობის იდეის აკვიატების გამო.

„ხანდახან არქიტექტურის სკოლაში აკეთებენ სავარჯიშოს, რომელიც გულისხმობს უდაბნოში სახლის აშენებას, - ამბობს ბირნი, - ამბობენ, რომ უდაბნოში არაფერია. სინამდვილეში, უდაბნო შეიძლება ყველაზე მომთხოვნი ადგილი იყოს. სიმართლეს არ შეესაბამება, თითქოს იქ არაფერია - ყოველთვის არის რაღაც, სანამ სახლს ააშენებ. ამიტომ უნდა გაიგო, რა იყო მანამდე - უნდა გესმოდეს, რომ ყველგან ყველაფრის აშენება არ შეიძლება, თუ, რა თქმა უნდა, მაკდონალდსის ჰამბურგერის მსგავს პროექტს არ აკეთებ, რომელიც ერთნაირია მსოფლიოს ყველა წერტილში“...

0x01 graphic

Estoril

29 ფოტოგრაფის ერთი ფოტო

▲ზევით დაბრუნება


კულტურა

გოგი ცაგარელი

ბიჭი ციგით

0x01 graphic

1983 წლის იანვარში „ახალგაზრდა“ ფოტოგრაფი ვიყავი. სულ რამდენიმე თვის წინ დავიწყე ჯერ კიდევ ბუნდოვნად იმის გაგება, რომ ფოტოგრაფია არაა მხოლოდ ჩემი პატარა შვილის და ოჯახის წევრების გადაღება. გატაცება ჯერ მხოლოდ იწყებოდა. ინტუიციურად ქუჩაში აღმოვჩნდი.ძველ ქალაქში ხეტიალისას, ამ ბიჭს წავაწყდი, ციგით იყო. თოვლი ქუჩაში თითქმის არ იდო და ამიტომ ის კომიკურად და თან სევდიანად გამოიყურებოდა. ეს ძველი ფოტო დღემდე რჩება ჩემს უსაყვარლეს ფოტოდ. თბილისი, 1983 წელი.

30 ყველა სკულპტურა ცხენიანი კაცი ვერ იქნება

▲ზევით დაბრუნება


კულტურა|ინტერვიუ

0x01 graphic

ინტერვიუ ნიკო ცეცხლაძესთან / ესაუბრა დავით ჩიხლაძე

მხატვარი ნიკო ცეცხლაძე, უკვე რამდენიმე წელია, ფოთის რეგიონალურ თანამედროვე ხელოვნების ფესტივალს და უორკშოპს კურატორობს. მისი მიზანია, დედაქალაქიდან მოშორებით თანამედროვე კულტურისა და ხელოვნების იდეების დანერგვას შეუწყოს ხელი და მოწვეული არტისტებისთვის საზაფხულო სამუშაო ადგილის შექმნა. ამ ორგანიზაციას Art Active Evolution ჰქვია. მისი ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ლუკა ზაუტაშვილთან ერთად, ნიკო ცეცხლაძეა. წლევანდელ ზაფხულს კი ფოთში თანამედროვე ხელოვნების პარკის გაშენება დაიწყება.

მარტო მოქანდაკეები მიიღებენ პარკის ამ პროექტში მონაწილეობას?

არავითარ შემთხვევაში. აქ ფერმწერიც იქნება და ფოტოგრაფიც, შეიძლება, უბრალოდ, ვინმე მოქალაქის იდეა მოგვეწონოს ანდა რომელიმე ტექსტი და ჩვენ ამას ტექსტუალური სახით დავდგამთ. არ არის აუცილებელი, რომ აქ მაინცდამაინც მოქანდაკეების ნამუშევრები იყოს. ეს არა სკულპტურების, არამედ ინოვაციური იდეების პარკი იქნება. დავუშვათ, არსებობს ესა თუ ის მხატვარი, ვისაც აქვს საკუთარი გამოკვეთილი სტილი და სახე, მაგრამ მე მისგან ინოვაციური იდეები მჭირდება.

შენ ხარ პროექტის ორგანიზატორი, მაგრამ როგორც მხატვარი, ასევე თუ აპირებ ამ პარკში რამის დადგმას?

კი, მაქვს მოფიქრებული უკვე ორი ნამუშევარი. ერთი იქნება შადრევანი ფანქრებით და მეორე - ქალის ქვედა თეთრეულის სკულპტურები. ქალის ხუთი საცვალი - ერთი ფაიფურის, მეორე რკინის, მესამე მინის, მეოთხე სარკის და მეხუთე - თაბაშირი ნაჭრით. ეს ნამდვილი ქალის საცვლის ფორმის და, დაახლოებით, მეტრ-ნახევარი-მეტრ-ნახევარზე ზომისაა. ასევე მინდა გავაკეთო შადრევანი, სადაც ფანქრებიდან ამოვა წყალი.

რამდენი მხატვრის მოწვევის საშუალებას მოგცემთ წლევანდელი ბიუჯეტი?

წელს გადავწყვიტეთ, რომ მოვიწვევთ ვიზუალურ არტისტებს საფრანგეთიდან, გერმანიიდან, ინგლისიდან და ჰოლანდიიდან. ცხადია, იქნება საქართველოც. თბილისიდან წარდგებიან მხატვრები, ფოთელები და ბათუმელებიც.

რამე თემას აძლევთ არტისტებს სამუშაოდ და როგორ მოხდება ნამუშევრების შერჩევა?

არა, თემას ჩვენ არავის ვუკვეთავთ და არც იმას აქვს მნიშვნელობა, ცნობილი არტისტი იქნება თუ დამწყები. მთავარია, მოგვეწონოს მისი ნამუშევარი. ეს პარკი მრავალმხრივი და თავისუფალი უნდა იყოს, რომელიც თითქოსდა არდაშვებული ნამუშევრების სივრცის იერსახეს შეიძენს.

თქვენ არაკომერციული ორგანიზაცია ხართ, რომელსაც სახელმწიფო გითმობთ ტერიტორიას სამუშაოდ. სრულიად თავისუფალი იქნებით? ვთქვათ, გეყოლებათ კომისია და სადმე შეათანხმებთ რისი დადგმაც გსურთ პარკში?

სრულიად დამოუკიდებელი ვართ და არავისთან არ თანხმდება ჩვენი კონკრეტული სახელოვნებო პროექტები, ამას ჩვენ თვითონ ვწყვეტთ. ეს საჯარო სივრცეა, მაგრამ მასში ჩვენ შეგვაქვს ხელოვნების ღია მუზეუმი. დროა რეალობას შევეგუოთ. დღეს ახალი ტიპის სკულპტურების დადგმა დიდ აჟიოტაჟს იწვევს საზოგადოებაში. ჩვენ კი გვინდა, რომ ეს საქმიანობა ჩვეულებრივი ამბავი გახდეს. მაყურებელი არ არის შეჩვეული თანამედროვე ხელოვნების ნიმუშებს, მაგრამ ამდენი დისკუსია სინამდვილეში სულაც არ არის საჭირო. ერთხელ გერმანიის ელჩთან, ნორბერტ ბაასთან ერთად ვსეირნობდი და ძალიან გაუკვირდა, როდესაც დაინახა, რომ დავით აღმაშენებელი მამალ ცხენზე, ულაყზე იჯდა, რისი ნიშნებიც ამ ქანდაკებას მკვეთრად ჰქონდა გამოხატული. სინამდვილეში კი ის ფაშატზე იჯდა ხოლმეო. ფოთის თანამედროვე ხელოვნების პარკში შეიძლება ასეთი ცხენიანი კაციც დაიდგას, რადგან აქ უკვე სულ სხვა კონტექსტში იქნება ის მოქცეული, რაც მხოლოდ მრავალფეროვნებას შექმნის. ყველა სკულპტურა ცხენიანი კაცი ვერ იქნება. მით უმეტეს, რომ რაც აქამდე კეთდებოდა, ხშირად ცუდი ასლი იყო დამკვიდრებული კლასიკის.

სახელმწიფო გვითმობს საჯარო სივრცეს, რადგან ჩვენი გზა მიემართება ევროკავშირისკენ, NATO-სკენ და ცივილიზებული სამყაროსკენ. ამიტომაც, სახელმწიფო და კულტურის სამინისტრო დაუდგა ჩვენს პროექტს გვერდით.

ფოთის პროექტს ამ ზაფხულს კულტურის სამინისტრო დააფინანსებს?

დიახ, მთავარი დამფინანსებელი იქნება კულტურის სამინისტრო, ეს უკვე მესამე წელია ასეა.

რატომ აირჩიეთ ფოთი?

ძალიან დიდი სივრცეა აქ, თანამედროვე ქალაქის პოტენცია აქვს. მე წარმომიდგენია აქ თანამედროვე ხელოვნების ნამუშევრები, რომლებიც მოუხდება ამ ქალაქს.

მერე შეიძლება პროექტმა სხვა რეგიონებშიც გადაინაცვლოს?

ჯერჯერობით ამ ადგილით უნდა დავკმაყოფილდეთ, ეს უნდა განვითარდეს და მერე, თუ ყველაფერი კარგად იქნება, სხვაგანაც შეიძლება გაკეთება, მაგრამ უკვე სხვა სახით, ერთფეროვანი რომ არ იყოს. ამ პარკს რომ გავაკეთებთ, მერე გამოჩნდება კიდევ რისი შექმნა შეიძლება. ის, რომ არტისტები ჩამოვლენ ხოლმე და იმუშავებენ, ერთი საკითხია, მაგრამ სხვადასხვა სივრცეები ერთნაირად არ უნდა გაკეთდეს.

31 ქართული ევროპული კინო ოცნება

▲ზევით დაბრუნება


კინო|კულტურა

ნიკა ესებუა

0x01 graphic

ძმები დარდენების „ბიჭი ველოსიპედით“, ნანი მორეტის „ჩვენ გვყავს პაპი“, ლარს ფონ ტრიერის „მელანქოლია“ და კიდევ შარშანდელი ევროპის ფესტივალების არაერთი ტრიუმფატორი ფილმი ევრიმაჟის დახმარებით შეიქმნა. უკვე წლებია, ევრიმაჟის ფონდი ევროპულ კინოინდუსტრიაში ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაღრმავებას, კო-პროდუქციის ხელშეწყობასა და დაფინანსების მოპოვებაში დახმარებას უწყობს ხელს. 2011 წელს საქართველო ევრიმაჟის რიგით 36-ე წევრი გახდა. მარტში კი თბილისს ევრიმაჟის აღმასრულებელი დირექტორი რობერტო ოლა ეწვია, რომელმაც ქართველი რეჟისორ/პროდიუსერებისა და ევრიმაჟის მომავალ, შესაძლო, ურთიერთობაზე ისაუბრა.

„საქართველომ რამდენიმე წლის წინ შემოიტანა განცხადება ევრიმაჟის წევრობაზე, თუმცა სხვადასხვა პრობლემების გამო, მისი გაწევრიანება შეფერხდა. მას შემდეგ რაც თამარ ტატიშვილი საქართველოს კინოცენტრის დირექტორი გახდა, ერთად განვიხილეთ პრობლემები და მივაგენით გამოსავალს, რომელიც ერთნაირად მისაღები იყო როგორც ქართული მხარისთვის, ასევე ევრიმაჟის წევრი სხვა 35 ქვეყნისთვის.

ქართველ პროდიუსერებს საშუალება ექნებათ, ევრიმაჟის დახმარებით, უცხოელ კოლეგებთან ითანამშრომლონ და დაფინანსება მოიპოვონ. ამ შემთხვევაში, ამა თუ იმ პროექტს სხვა ქვეყნის კინოთეატრებში აჩვენებ და მეტი შანსი ექნება ფესტივალებზე მოსახვედრად. ისეთ პატარა ქვეყნებში, როგორც საქართველოა, კინო ადგილობრივი კინოთეატრებისთვის იქმნება. უცხოელი პროდიუსერები კი მოგების გაზრდის მიზნით, მას სხვა ქვეყნებშიც გაიტანენ. ფილმის სიუჟეტი შეიძლება ისევ ძალიან ლოკალურ თემასა და პრობლემაზე იყოს, მაგრამ ფროდაქშენი გაკეთდება ისე, რომ საერთაშორისო მაყურებელმა ნახოს“, - განაცხადა რობერტო ოლამ ტაბულასთან ინტერვიუსას.

მას შემდეგ რაც საქართველო ევრიმაჟის წევრი გახდა, ის უკვე ორ კო-პროდუქციაში მონაწილეობს. „ეპიკი“ და „ჩაიკა“ - ასე ჰქვია ფილმებს, რომლის შექმნაში ქართული მხარე თანამონაწილეა. ფილმების რაღაც ნაწილს საქართველოში გადაიღებენ.

რობერტო ოლას განცხადებით, „დაფინანსების მოსაპოვებლად ყველაზე მნიშვნელოვანი სცენარია, მე ვიტყოდი, რომ 80%25-ით სცენარზეა დამოკიდებული, მიიღებს თუ არა პროექტი დაფინანსებას. მნიშვნელოვანია მხატვრული ღირებულება, ორიგინალურობა. სცენარი უნდა იყოს ნებისმიერი ქვეყნის წარმომადგენლისთვის გასაგები და საინტერესო. ჩვენ არ ვეძებთ რაღაც კონკრეტულ სიუჟეტებსა და იდეებს, 2011 წელს საქართველო ევრიმაჟის რიგით 36-ე წევრი გახდა. მარტში კი თბილისს ევრიმაჟის აღმასრულებელი დირექტორი რობერტო ოლა ეწვია.მთავარია კარგი, ხარისხიანი ახალი კინო. ზოგი ამას არტჰაუს კინოს ეძახის, ზოგიც საავტოროს, ჩვენთვის კი სახელს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს“.

ემირ კუსტურიცა, ლარს ფონ ტრიერი, კოსტას გავრასი - ეს ის რეჟისორები არიან, რომლებმაც სხვადასხვა დროს ევრიმაჟის დაფინანსება ვერ მოიპოვეს. ფონდისთვის მნიშვნელოვანი არა რეჟისორის სახელი, არამედ სცენარია.

0x01 graphic

„ბიჭი ველოსიპედით“

„დაფინანსების მოპოვებისას ფილმის ჟანრს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. პროექტი შეიძლება იყოს დრამა, თრილერი, კომედია, სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ან დოკუმენტური ფილმი. მთავარია, სცენარი და რეჟისორის ხედვა იყოს საინტერესო და ორიგინალური. ჩვენ არ დავაფინანსებთ სტანდარტულ თრილერს ან კომედიას, რომლის მსგავსიც ყოველწლიურად ათობით სხვა ფილმი გამოდის“, - განაცხადა რობერტო ოლამ და დასძინა, რომ „ევრიმაჟის დაფინანსების მოსაპოვებლად აპლიკაციის გამოგზავნა შეუძლია იმ რეჟისორს, რომელსაც უკვე, სულ მცირე, ერთი პროდიუსერი მაინც ჰყავს. როგორც წესი, ევრიმაჟი ყველაზე ბოლოს ერთვება დაფინანსებაში და ბოლო 10-15%25-ს აფინანსებს, რომელიც ყველაზე ძნელი მოსაპოვებელია. ხშირად პროდიუსერებს ფილმის ხარჯების შემცირება უწევთ - რეჟისორმა სცენარი უნდა გადააკეთოს, ან რომელიმე სცენა უფრო იაფად უნდა გადაიღოს, რაც სურათის ხარისხზე აისახება ხოლმე. არიან სხვა დამფინანსებლებიც, რომლებიც საშინელ პირობებს სთავაზობენ რეჟისორებს. სწორედ ამ დროს ერთვება ევრიმაჟი საქმეში და ეხმარება ფილმის შემქმნელებს საუკეთესო ხარისხის პროექტის გაკეთებაში“.

ქართველ რეჟისორებს, ქართული კინოცენტრის დახმარებით, უკვე შეუძლიათ ევრიმაჟთან თანამშრომლობა, სულ ცოტა, ცდა მაინც დაფინანსების მოსაპოვებლად. ევრიმაჟი ევროპაში ნამდვილად ითვლება ხარისხის გარანტად და ამას დასაწყისში ჩამოთვლილი (მხოლოდ 2011 წლის) ფილმებიც ადასტურებს.

32 LIFE / GuIdE

▲ზევით დაბრუნება


კულტურა

1. კრის რენოს და კაილ ბალდის ახალი ანიმაციური ფილმი The Lorax მხიარულ ისტორიას გვიყვება ტედ ვიგინსზე, თორმეტი წლის ბიჭზე, რომელიც მომავალში, საკმაოდ უცნაურ სამყაროში ცხოვრობს - გარშემო ყველაფერი ხელოვნურია, მაგრამ არა მისი ოცნების გოგონა ოდრი და მის მიმართ სიყვარული. ოდრის გულის დასაპყრობად ტედს ულვაშიანი, წითური და საკმაოდ ქარიზმატული ლორაქსი ეხმარება.

2. როდესაც I Feel Good და Papa's Got a Brand New Bag- ვუსმენთ, შეიძლება ვიფიქროთ,რომ ყველაფერი ვიცით ფენომენზე, რომელსაც ჯეიმს ბრაუნი ჰქვია. ამერიკელი მწერალი RJ Smith ასე არ ფიქრობს - ახლა ხან მან The One და წერა, რომელიც სოულის ნათლიმამას საინტერესო ცხოვრებასა და მისი პიროვნების შესახებ ბევრ ახალ ფაქტს მოგვითხრობს.

3. ბოლო წლების განმავლობაში დამკვიდრებული პარფიუმერული ტენდენციის მიმართ, რომელიც უპრეტენზიო, ყველასთვის სასიამოვნოდ აღსაქმელი არომატების შექმნას გულისხმობს, Guerlain-ც ტოლერანტული აღმოჩნდა. ტიერი ვასერის ახალი სუნამო კაცების თ ვის Guerlain L'Eau Boisée ციტრუსისა და პიტნის სუფთა სურნელით გვამახსოვრებს თავს და იდეალურია საქმიანი შეხვედრებისა და ოფისის გარემოსთვის.

33 Châteauneuf-du-Pape - მრავალფეროვნების ხიბლი

▲ზევით დაბრუნება


გურმანი|ღვინის კლუბი

მალხაზ ხარბედია

0x01 graphic

ჩემს წერილებში ერთიორჯერ უკვე ვახსენე ეს დიადი ღვინო, შატონეფ-დიუ-პაპი, მაგრამ ახლა დროა, ცოტათი უფრო მეტი ვთქვათ მის შესახებ, მით უმეტეს, რომ რამდენიმე დღის წინ, Château Maucoil-ის  Châteauneuf-du-Papeდავლიეთ მეგობრებმა და ამ ღვინოსთან დაკავშირებული ყველა მოგონება წამოიშალა.

Châteauneuf-du-Pape სამხრეთ რონული ადგილწარმოშობის ღვინოა, რომელსაც AOC-ის სტატუსი სულ რამდენიმე ათწლეულის წინ მიენიჭა, 1936-ში. ეს ადგილწარმოშობა განსაკუთრებით ჯიშების სიმრავლით გამოირჩევა და ზოგიერთი მარანი 13 ჯიშსაც კი იყენებს თავისი Châteauneuf-du-Pape-ის კუპაჟში (მაგ. ChateauBeaucastel). აქაური ძირითადი ჯიშებია - გრენაში, მურვედრი, სირა, კლერეტი, ბურბულენი, სენსო, კუნუაზი, პიკპული და სხვა. ყველაზე ხშირია შემდეგი თანაფარდობა - გრენაში 65%25, სირა 15%25, და მურვედრი 15%25. დარჩენილი 5%25 გემოვნების მიხედვით, ვთქვათ სენსო ან კარინიანი.

კლიმატი, ხმელთაშუაზღვის გავლენით, ცხელი და მშრალია, წვიმა არც ისე ხშირია, ვენახები ბორცვებსა და დაბლობებზეა გაშენებული. ვენახებში ძალიან ხშირად ნახავთ ქვებს, რომელიც დღე ხურდება და ღამით სითბოს უნარჩუნებს ვაზს.

მიუხედავად იმისა, რომ შატონეფს საუკუნოვანი ისტორია აქვს, ღვინის აღმავლობა 25-30 წლის წინ დაიწყო, როცა რობერტ პარკერმა თავის ჟურნალში TheWineAdvocateგამოაქვეყნა სტატია სახელწოდებით „რონის ბორდო: შატონეფ-დიუ-პაპს უზარმაზარი პოტენციალი გააჩნია მსოფლიოს საუკეთესო და კარგად შესანახი ღვინოების შესაქმნელად“ და იქვე „პაპისტების“ სამ მიმდინარეობას გაუსვა ხაზი: ტრადიციულს, მოდერნისტულსა და რადიკალურს.

ჩემი აზრით, მაინცდამაინც სწორი შეფასება არ უნდა იყოს „რონის ბორდო“, მაგრამ რას იზამ, ასეთია მარკეტინგის კანონები და პარკერის ამ ხრიკმა მაშინ სერიოზული შედეგები მოიტანა. მიუხედავად იმისა, რომ მხარეში ზოგს პარკერის სახელის გაგონება არ სურს, რონული ღვინოების ბუმი მნიშვნელოვანწილად მის სახელთანაცაა დაკავშირებული.

ზემოთ რადიკალები ვახსენე. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც თავის გემოზე აყენებენ ღვინოს, მისდევენ ბიოდინამიკურ ან ორგანულ მევენახეობას... ზოგიერთი ღვინოში მხოლოდ 100%25 გრენაშს იყენებს,სხვები (ChateauBeaucastel, ChateaudelaNertheდა ChateauFortia), 50%25-ს. რადიკალებად მიიჩნევიან ისეთებიც, რომლებიც მუხის ახალ კასრებში აძველებდნენ ღვინოს. ლეგენდარული მეღვინე ჟაკ რეინო სიცოცხლის ბოლომდე (გარდაიცვალა 1997 წელს) მხოლოდ გრენაშს წურავდა და ხის რეზერვუარებში აძველებდა. ანრი ბონო, 80%25 გრენაშით აყენებდაღვინოს და არაფრისდიდებით არ იყენებდაახალ კასრებს…ამათ გარდა კიდევ მრავალნაირი ღვინის პოვნა შეიძლება ამ მხარეში. თამამად შეიძლება ითქვას, რომ თუკი ღვინის ჭეშმარიტი მრავალფეროვნება და კუპაჟირების ხელოვნების მთელი ინტრიგა გსურთ შეიგრძნოთ, შატონეფების დეგუსტირებაში უნდა ჩაიძიროთ - არსებობს ძლიერი, კუნთებიანი და ძალზე ნაზი შატონეფებიც, სხეულიანებიც და თხელებიც, მუქებიც და მკრთალებიც... სამწუხაროდ, საქართველოში უცხოურ ღვინოს წამლადაც ვერ ნახავთ, ერთიორი გამონაკლისის გარდა (ამ ძალზე საჭირბოროტო საკითხს სულ მალე ცალკე წერილს მივუძღვნი), ამიტომ, ცნობისწადილის დასაკმაყოფილებლად მხოლოდ ერთი გამოსავალი არსებობს, უცხოეთში უნდა წაბრძანდეთ სავსე ჯიბით და ინფორმაციით დატვირთული.

Châteauneuf-du-Pape-ს ბოთლი ადვილად იცნობა პაპის გერბით, თუმცა ნეგოციანტების მიერ ჩამოსხმულზე გერბს ვერ ნახავთ, უფლება არა აქვთ. საერთოდ კი ითვლება, რომ ყველაზე კარგი ე.წ. საავტორო შატონეფებია. ჩემი პირველი შატონეფიც ასეთი იყო, რომელიცპროვანსში, შატო გრინიონში სტუმრობისას დავლიე, ეს იყო DomaineduPegau-ს ნაწარმოებიძალიან ღრმა ღვინო.

რამდენიმე დღის წინ გასინჯულ შატონეფს, ზემოთ რომ ვახსენეთ, ჯერ კიდევ არ ეთქმოდა ასაკოვანი, 2008 წლისა იყო. ეს ჰარმონიული და დახვეწილი ღვინო ძალზე ძლიერიც გამოდგა - ალკოჰოლი 14,5%25 ჰქონდა. პირველ სურნელებში ყვავილოვანი ტონები იგრძნობოდა, მაგ. მიხაკის, რომელიც მოგვიანებით ჟოლოს მურაბამ და მცირედი ვარდის ტონებმაც შეავსო.

34 ხბოს ხორცი ჩინურად

▲ზევით დაბრუნება


გურმანი|რეცეპტი

0x01 graphic

2 ულუფა

მასალა:

500 გრ. ხბოს რბილი ხორცი (ან საქონლის სუკი)
500 გრ. მწვანე ლობიო (ზამთარში გამოიყენეთ ფრანგული გაყინული მწვანე
ლობიო)
50 გრ. სოიოს სოუსი
3 კბილი ნიორი
1 საშუალო ზომის წითელი ხახვი
15 გრ. კოჭა
20 გრ. ჩილის სოუსი
1 ც. საშუალო სიცხარის მწვანე წიწაკა
10 გრ. სეზამის მარცვლები
1 კონა ქინძი
მარილი
შავი წიწაკა

ჯამში: 20 ლარი

მომზადების წესი:

გააცხელეთ ტაფა, მოასხით ზეთი, დაუმატეთ დაჭყლეტილი ნიორი, წვრილად დაჭრილი კოჭა, ხახვი, შეურიეთ ასევე წვრილად დაჭრილი ხორცი და შეწვით მაღალ ცეცხლზე.

შემწვარ ხორცს დაუმატეთ მოხარშული მწვანე ლობიო (ან გაყინული ფრანგული ლობიო), სოიოს სოუსი, ჩილის სოუსი, მოაყარეთ წვრილად დაჭრილი მწვანე წიწაკა, ბოლოს დაჭრილი ქინძი და სეზამის მარცვლები.

კერძი მიირთვით წითელ მშრალ ღვინოსთან ერთად.

0x01 graphic