![]() |
ტაბულა №85 |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: ჩერგოლეიშვილი თამარ, ფოქსი ლაიამ, უგულავა სალომე, ავალიანი დიმიტრი, იბერი დავით, სუთიძე ლევან, კოკიჩაიშვილი თეონა, მაჭარაშვილი ნინო, ჯანდიერი გია, კვანჭილაშვილი ელენე, გამცემლიძე მაკა, ახლოური ნინა, ქორიძე ავთო, გუნია ირაკლი, ბასილაია მიხეილ, აბაშიშვილი გიორგი, ელერდაშვილი ვახო, რატიანი ირმა, გოდუაძე ლაშა, თალაკვაძე ზურაბ, ლორთქიფანიძე მერაბ, გიორგობიანი ქეთო, ჩიხლაძე დავით, ოატი რუსიკო, მესხიშვილი გიგო, ჰუანა სუპავაჩეი, ჭავჭავაძე ილია |
თემატური კატალოგი ტაბულა |
საავტორო უფლებები: © თამარ ჩერგოლეიშვილი |
თარიღი: 2012 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: 2012 | 30 იანვარი - 5 თებერვალი მთავარი რედაქტორი: თამარ ჩერგოლეიშვილი/აღმასრულებელი რედაქტორები: ნინი გოგიბერიძე, სალომე კიკალეიშვილი/რედაქტორები: ქეთი მსხილაძე, ელენე კვანჭილაშვილი, ლევან რამიშვილი, დავით კოვზირიძე, ნინო მაჭარაშვილი/უცხოელი მრჩეველი: ბარბარა სვანი/ჟურნალისტები: დიმიტრი ავალიანი, გიორგი კეკელიძე, სალომე უგულავა, მაკა გამცემლიძე, ავთო ქორიძე, თეონა ტურაშვილი, ირაკლი კიკნაველიძე, ლევან სუთიძე, მირიან ტორონჯაძე, თეონა კოკიჩაიშვილი, სანდრო ჯანდიერი, სიმონ მაჩაბელი, ლაშა გოდუაძე, ზურაბ თალაკვაძე, ნიკა ესებუა, ანანო სხირტლაძე, მიშა ბასილაია/ვები: სანდრო თარხან-მოურავი, ვანო გეგია, ლევან მეტრეველი, დათო გოგოხია, ნათია სოფრომაძე/ახალი ამბები: მზია ყუფუნია, ეკა ჯანაშია/კორექტორი: ნინო საითიძე/არტრედაქტორი: ბაჩა მალაზონია/დიზაინი & პრეპრესი: კახა დოლიძე, ნიკა კუპრაშვილი/ფოტორედაქტორი: დიმა ჩიკვაიძე/ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი/გამომცემელი: სამოქალაქო განათლების ფონდი/ოფის მენეჯერი: სოფო დვალიშვილი/გაყიდვები და მარკეტინგი: გიორგი ფრუიძე, მენეჯერი: გიორგი ჭეიშვილი/ყოველკვირეული ჟურნალი ტაბულა, ტელ: + 995 32 420 300, e-mail: info@tabula.ge/სტამბა: სეზანი, მის: წერეთლის 140, ტელ: + 995 32 357002/357005, ფაქსი: + 995 32 357004/© 2010 საავტორო უფლებები დაცულია, ჟურნალში გამოქვეყნებული მასალების გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია. | პარტნიორი: მედია მენეჯმენტ სერვისი, ტელ: + 995 32 92 33 47/48/49; ფაქსი: 995 32 92 08 82, e-mail:info@mmservice.ge |
![]() |
1 საფოსტო ყუთი |
▲ზევით დაბრუნება |
ონლაინ გამოხმაურება
წერილი რედაქტორს
ვაშინგტონი, კოლუმბიის ოლქი
2012 წლის 10 იანვარი
პატივცემულო რედაქტორო,
თომას დე ვაალი
გწერთ მარია გოვოროვას სტატიის - „დე ვაალის „გზამკვლევი” ანუ ევროკავშირი მარგარიტა პავლოვნას როლში” - თაობაზე, რომელიც ტაბულაში გამოქვეყნდა და ეხებოდა ჩემს ანგარიშს „საქართველოს არჩევანი: რომელი კურსი უნდა შეირჩეს გაურკვევლობის პერიოდში?”.
კარგია, როდესაც ჩემს ანგარიშს თქვენი ჟურნალის ფურცლებზე ეხმაურებიან, თუმცა მაკვირვებს, რომ გამოხმაურებამ დაიგვიანა. ეს ანგარიში ვაშინგტონში, 2011 წლის ივნისში, წარვადგინე და მისი ქართული თარგმანიც თბილისში, იმავე თვეს, გამოქვეყნდა.
თუმცა, ქალბატონ გოვოროვას სტატიის ხარისხმა იმედი გამიცრუა. ჟურნალის შეზღუდული სივრცე ამ სტატიაზე მხოლოდ მოკლე პასუხის გაცემის საშუალებას მაძლევს.
მარია გოვოროვა სტატიას ორი უხეში შეცდომით იწყებს, რასაც ისეთი რესპექტაბელური გამოცემისგან, როგორიც ტაბულაა, არ ველოდი. ჯერ ერთი, ანგარიში კარნეგის ფონდმა გამოაქვეყნა ვაშინგტონში და არა კარნეგის ფონდის მოსკოვის ცენტრმა. მეორეც, ქალბატონი გოვოროვა კი არის მართალი, როდესაც ამბობს, რომ რუსეთში ვიზის პრობლემა მქონდა, მაგრამ სომხეთსა და აზერბაიჯანში ვიზის პრობლემა არასდროს მქონია. მე ორივე ქვეყანას ხშირად ვსტუმრობ და ამ საკითხზე არასწორი ინფორმაციის გავრცელებას ნამდვილად ვერ მოვიწონებ. ჩემთან ერთი ზარი ამ შეცდომებს თავიდან აგაცილებდათ.
მარია გოვოროვა საკმაოდ დიდ დროს უთმობს იმაზე მსჯელობას, თუ რა მნიშვნელობას ვანიჭებ ამა თუ იმ ეკონომიკურ ციფრებს. იგი აღნიშნავს, რომ 2011 წელს საქართველოს ეკონომიკა, მთელი რიგი სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, უკეთესი იყო 2010 წლის იმ ციფრებთან შედარებით, რომლებიც მე მომყავს ანგარიშში. ეს სიმართლეა და მისასალმებელია.
თუმცა, მარია გოვოროვა ვერ ახერხებს, გააბათილოს ის მთავარი არგუმენტი, რომ მიუხედავად ჯანსაღი ზრდისა, საქართველოს ეკონომიკის სტრუქტურული პრობლემები კვლავ არ არის დაძლეული. ამ პრობლემებს შორის არის სიღარიბე, მაღალი უმუშევრობა, მსხვილი დასავლელი ინვესტორების სიმცირე და დიდი დისბალანსი იმპორტსა და ექსპორტს შორის. მეტიც, ქალბატონ გოვოროვას მიერ მოტანილი ზოგი ეკონომიკური მონაცემი ჩემს მოსაზრებას ადასტურებს. მაგალითად, იგი წერს, რომ ექსპორტირებული მანქანების მოცულობა 2005 წლის შემდეგ 12-ჯერ გაიზარდა. ეს კარგი ახალი ამბავია, მაგრამ გამაოგნებელია ის, რომ ეს ამბავი მესამე ქვეყნებიდან რეექსპორტირებული მანქანების მონაცემებს ეყრდნობა. ეს კი ირიბად ადასტურებს ჩემს მოსაზრებას, რომ საქართველოს ძალზე მწირი საკუთარი საექსპორტო შესაძლებლობა აქვს.
მარია გოვოროვა იმედგაცრუებულია, რომ „ექსპერტს სინგაპური არ მოსწონს”. სიმართლე გითხრათ, საქართველო თუ მოახერხებს, გახდეს სინგაპური, ამას მხოლოდ მივესალმები. თუმცა, ბევრი მიზეზის გამო ვამბობ, რომ აღმოსავლეთაზიური ქალაქი-სახელმწიფოს შექმნა კავკასიის აგრარული ქვეყნიდან შეუძლებელია. ქალბატონი გოვოროვა ამტკიცებს, რომ საქართველოს არჩევანი ორივეა - სინგაპურიც და ევროპაც. ვშიშობ, ამჟამად საქართველო არც სინგაპურზე აჩერებს თავის არჩევანს და არც ევროპაზე.
საქართველოს განვითარების ერთ-ერთ მოდელად „ბიუროკრატიული ევროპის” (მისი სიტყვებია და არა ჩემი) მხარდაჭერისთვის ჩემი გაკიცხვისას, მარია გოვოროვა ინტელექტუალურ ლაბირინთებში იბნევა. მისი მოსაზრებები მაფიქრებინებს, რომ ქალბატონ გოვოროვას (და სხვებსაც საქართველოში) მეტი ინფორმაციის მიწოდება სჭირდება ევროკავშირის რეალური საქმიანობის შესახებ. იგი ახსენებს საბერძნეთის დიდ ვალს და არა ევროპული პროექტის უზარმაზარ წარმატებას, გერმანიის წარმოებას ან სხვა, ესტონეთის ან დანიის ბიზნესისთვის ხელსაყრელ ეკონომიკებს. თითქოს იმის მითითება სურს, რომ ევროკავშირთან უფრო მჭიდრო ეკონომიკური დაახლოების შემთხვევაში საქართველო, რაღაც გაუგებარი მიზეზით, შეიძლება საბერძნეთის ვალის მემკვიდრე გახდეს. ვფიქრობ, ობიექტურ მკითხველთა უმეტესობას ესმის, რომ ერთი მეორისგან არ გამომდინარეობს.
მარია გოვოროვა ესტონეთს საერთოდ არ ახსენებს, რაც სამარცხვინო საქციელია. ესტონეთის მაგალითი ჩემი ანგარიშის შთაგონების წყარო იყო. მე ესტონელი დიპლომატის ციტატა მომაქვს, რომელმაც მისი ქვეყნის 2004 წელს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მითხრა, „ჩვენ უბრალოდ გავიაზრეთ, რომ თუ კლუბის წევრობა გინდა, კლუბის წესებით უნდა ითამაშო” და „ისინი ხან სინგაპურისკენ იხრებიან და ხან ევროპისკენ... მათი გზავნილები არაერთგვაროვანია”. ეს იმ შეშფოთებას ეხმიანება, რომელსაც თბილისში მოღვაწე უცხოელი ბიზნესმენები საქართველოს ბიზნესგარემოში მკაფიო წესების არარსებობასთან დაკავშირებით გამოთქვამენ.
საქებად უნდა ითქვას, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში მთავრობის უმაღლესმა პირებმა ევროკავშირთან დაახლოებაზე მეტი პასუხისმგებლობა აიღეს. თუმცა, დიდი დრო დაიკარგა და ვფიქრობ, სამწუხაროა, რომ ქართველი მკვლევრები, როგორც ტაბულას ფურცლებზე, ასევე სხვაგან, კვლავ ემხრობიან მოსაზრებას, რომ საქართველოს შეუძლია ევროკავშირის საერთო ბაზარს დაუახლოვდეს იმ ელემენტარული რეგულაციების გარეშე, რომლებსაც სხვა ევროპული ეკონომიკები სავალდებულოდ მიიჩნევენ.
ამ მიზნის მიღწევა თითქმის შეუძლებელია ისეთი პოლიტიკური სისტემის გარეშე, რომელსაც კონტროლის და გაწონასწორების გამართული მექანიზმები და ბიზნესის საკუთრების უფრო გამჭვირვალე სტრუქტურა არა აქვს. ეს ჩემი ანგარიშის მთავარი ელემენტია, რომელსაც მარია გოვოროვა არ ახსენებს.
როგორც „საქართველოს არჩევანში” ვწერ, საქართველოს განვითარების რაიმე სწრაფი რეცეპტი არ არსებობს და მე არ ვიჩემებ, რომ ასეთ რამეს მივაგენი. ალტერნატიული სტრატეგიული ხედვა, დაწერილი კონსტრუქციული განწყობით და გამყარებული მონაცემებითა და ანალიზით, მისასალმებელი იქნება არა მარტო ჩემთვის, არამედ, რაც უფრო მნიშვნელოვანია, მილიონობით ქართველისთვის, რომლებსაც საკუთარი ქვეყნის ბედი აღელვებთ. სამწუხაროდ, ქალბატონ გოვოროვას სტატია, როგორც ჩანს, მხოლოდ სინგაპურის მირაჟს ანიჭებს უპირატესობას. ეს საკითხები სასიცოცხლო მნიშვნელობისაა და იმედს ვიტოვებ, რომ ვინმე სხვა - თქვენი ჟურნალის ფურცლებზე თუ სხვაგან, მათზე უფრო საინტერესო და პროდუქტიული ფორმით იმსჯელებს.
პატივისცემით,
თომას დე ვაალი
კარნეგის საერთაშორისო მშვიდობის ფონდი
![]() |
2 ლაიამ ფოქსი: „ევროკავშირი“ და „ევროპა“ სინონიმები არაა |
▲ზევით დაბრუნება |
არენა
ინტერვიუ ლაიამ ფოქსთან
ესაუბრა თამარ ჩერგოლეიშვილი
იანვრის დასაწყისში, საქართველოს ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის წევრი და ყოფილი თავდაცვის მინისტრი ლაიამ ფოქსი ეწვია. ვიზიტისას ის ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა და სამხრეთ ოსეთთან, ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლს ესტუმრა, რომელიც, სტუმრის თქმით, „თავისუფალ საქართველოს” და „ოკუპირებულ საქართველოს” ჰყოფს ერთმანეთისგან. ბრიტანელმა პარლამენტარმა თავისი მოსაზრებები საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ტაბულას გაუზიარა. გთავაზობთ ლაიამ ფოქსთან ინტერვიუს.
რა მიზნით ჩამობრძანდით?
საქართველოში თქვენი პრეზიდენტის მოწვევით ვიმყოფები. თუმცა, ვიზიტს უკვე დიდი ხანია ვგეგმავ. 2008 წელსაც გადაწყვეტილი მქონდა ჩამოსვლა, მაგრამ პოლიტიკურმა მოვლენებმა ხელი შემიშალა.
2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის გამო მოდიოდით?
კი. ჩვენ საქართველოში ბევრი პოლიტიკური მეგობარი გვყავს, რომლებიც მუდმივად გვატყობინებდნენ აქ რა ხდებოდა. შემდეგ დევიდ კამერონი (ამჟამად ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი) გეწვიათ, რაც, ვფიქრობ, გაბედული ნაბიჯი იყო მისი მხრიდან. საქართველოსადმი ჩვენს ინტერესს იწვევს, როგორც მისი საბჭოთა და პოსტსაბჭოთა წარსული, ისე მიღწევები - კორუფციასთან ბრძოლის, ეკონომიკის ლიბერალიზაციის კუთხით. მე ამ რეფორმების მხარდამჭერი ვარ.
თქვენ დღეს საოკუპაციო ხაზს ეწვიეთ. ალბათ ყველასთვის ცხადია, რომ მხოლოდ საქართველოს არსებული ვითარების შეცვლა არ ძალუძს, თუ საერთაშორისო თანამეგობრობა არ დაეხმარა. რამდენად გაკმაყოფილებთ მათი ძალისხმევის ხარისხი?
საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა გააორმაგოს ძალისხმევა არსებული შეთანხმების შესასრულებლად. ვგულისხმობ იმას, რომ რა შეთანხმებაც არსებობს, ისიც კი არ სრულდება. ჩვენ ძალიან მკაფიოდ უნდა მოვითხოვოთ მათი შესრულება.
ამას გარდა, ხმა უნდა ავიმაღლოთ ამ ქვეყანაში ახალფეხადგმული დემოკრატიისა და თავისუფლების დასაცავად - ხალხმა უნდა იცოდეს, რომ თქვენ ისეთი საერთაშორისო პარტნიორები გყავთ, ვისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია აქ რა ხდება.
დღეს, ევროპის სახლში გამართულ შეხვედრაზე ვთქვი და თქვენც გეტყვით - საერთაშორისო თანამეგობრობამ იცის სად გადის საქართველოს საზღვარი. ამ საზღვრებში ვდგავართ და უცხო ქვეყნის აფრიალებულ დროშას და გამშვებ პუნქტს ვუყურებთ. რა არის ეს, თუ არა ოკუპაცია?
რას იტყოდით ქართული პოლიტიკური სისტემის შესახებ? ბევრი დამკვირვებელი წუხს, რომ ქართული ოპოზიცია სუსტია და ამას გარკვეულწილად ხელისუფლებას აბრალებს.
მთავარი იმის მუდმივად გააზრებაა, რომ დემოკრატია ვაკუუმში ვერ იარსებებს - საარსებოდ სხვა ელემენტები სჭირდება. აუცილებელია კანონის უზენაესობა, რომელიც ერთნაირად ეხება როგორც მმართველს, ისე მართულს. ადამიანის უფლებათა ისეთი სისტემა, რომელიც თანაბრად იცავს ყველას, მიუხედავად სქესისა, რელიგიური კუთვნილებისა და ეთნიკური წარმომავლობისა. ისეთი ეკონომიკური სისტემა, რომელიც ყველა ადამიანის ეკონომიკურ თავისუფლებას უზრუნველყოფს. კონსტიტუციური დემოკრატია იმის გააზრებასაც გულისხმობს, რომ კონსტრუქციული და ძლიერი ოპოზიცია უკეთესი მართვის საწინდარია. კრიტიკული მედია, ხელისუფლების ხარისხს აუმჯობესებს. დემოკრატიის წარმატება იმით კი არ განისაზღვრება, პოლიტიკოსები რას ფიქრობენ მასზე, არამედ იმით, თუ რამდენად შეუძლია ამომრჩეველს გარემო შეცვალოს.
ევროკავშირის მომავალზე რას ფიქრობთ?
ევროკავშირმა უნდა გაიაზროს, რომ ის აღარ არის გლობალური ეკონომიკის და აღარც გლობალური პოლიტიკის ცენტრი. ის მხოლოდ მნიშვნელოვანი მოთამაშეა. ბევრ ევროპელ პოლიტიკოსს კედელზე ისეთი რუკა უკიდია, რომლის ცენტრშიც გრინვიჩის მერიდიანს დაინახავ, ამ დროს ცენტრი დროის სადემარკაციო ხაზია. სწორედ ეს უკანასკნელია ახლოს მსოფლიო ეკონომიკის და პოლიტიკის ცენტრებთან. ევროპამ უფრო ფართოდ უნდა შეხედოს ყველაფერს. მან უნდა აღიაროს, რომ „ევროკავშირი” და „ევროპა” სინონიმები არ არის. უნდა მოიფიქროს, როგორ გახდეს კონკურენტუნარიანი ახალ გლობალურ კონტექსტში.
გაერთიანებულმა სამეფომ გერმანიას და საფრანგეთს აწყენინა - დაბლოკა ევროკავშირის ახალი ხელშეკრულება, რომელიც ევროს კრიზისის მოსაგვარებლად იყო გამიზნული. თქვენი კომენტარი ამ საკითხზე…
ჩვენ გვინდოდა დავრწმუნებულიყავით, რომ ეს ცვლილებები ლონდონს პრობლემებს არ შეუქმნიდა. ამის გარანტია ვერ მივიღეთ. ჩვენი ევროპელი კოლეგები უკვე შეეგუენ ბრიტანეთის კონსერვატიულ მთავრობას - რომლის ლიდერის სიტყვასაც საქმე მოსდევს და ცარიელ მუქარად არ რჩება. ჩვენი პოზიცია ნათლად განვმარტეთ ბრიუსელის სამიტის დაწყებამდე. ვერ მივიღეთ ის, რაც მოვითხოვეთ და გავაკეთეთ ის, რაც ვთქვით - ხელშეკრულებას ვეტო დავადეთ.
ბრიტანეთი არ არის ევროზონის წევრი. ჩვენ ერთიან ვალუტას თავიდანვე ეჭვის თვალით ვუყურებდით. მიგვაჩნდა, რომ არ გაამართლებდა. ერთიანი ვალუტის ზონა იმ ქვეყნებსაც მოიცავდა, რომლებიც მაასტრიხტის კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებდნენ. უფრო მეტიც, როდესაც ეს ქვეყნები ევროზონაში გაწევრიანდნენ, მათ მთავრობებს არავინ მოუსპო იმის საშუალება, ის ფისკალური პოლიტიკა გაეგრძელებინათ, რამაც მათ მაასტრიხტის კრიტერიუმის დაკმაყოფილების საშუალება არ მისცა. შესაბამისად, ის შედეგი დადგა, რაც გარდაუვალი იყო.
ზოგიერთი ევროპული ქვეყანა იმაზე უკეთ ცხოვრობს, ვიდრე შეუძლია, იმაზე მეტ ფულს ხარჯავს, ვიდრე აქვს და დანარჩენ მსოფლიოს აიძულებს, მისი ცხოვრების სტანდარტზე ინერვიულონ. ასეთ პირობებში ცხადი იყო, რომ აუცილებლად მივიდოდით იმ წერტილამდე, სადაც მხიარულებას ბოლო მოეღებოდა. მივედით კიდეც.
ევროს მომავალზე რას ფიქრობთ?
ევროს მომავალი იმაზეა დამოკიდებული, როგორ შეხედავენ მას ევროპელი პარტნიორები, როგორც პოლიტიკურ თუ როგორც ეკონომიკურ პროექტს. ვფიქრობ, ის ვალდებულებები, რაც საბერძნეთს დააკისრეს ხარჯების შემცირების კუთხით, საკმარისი არ არის, და ვინც მას საკმარისად მიიჩნევს, უბრალოდ შეურაცხყოფას გვაყენებს.
რამდენად რეალისტურად მიიჩნევთ ევროკავშირის გაფართოებას, მაგალითად, შემდეგი ათი წლის განმავლობაში?
ჩვენი, კონსერვატიული პარტია, გაფართოებას ემხრობა. აქტიურად ვუჭერდით მხარს თურქეთის გაწევრიანებას ევროკავშირში. თუმცა სხვა დედაქალაქები, კერძოდ პარიზი, ბერლინი და ვენა, განსხვავებულ პოზიციაზე დადგნენ. ისინი თურქეთის გაწევრიანებას მკვეთრად უარყოფითად აფასებდნენ. ვფიქრობ, ევროკავშირი ინანებს, რომ თურქეთის წევრობა დაბლოკა. თურქეთი სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი ქვეყანაა, ის ჩრდილოეთის და სამხრეთის, დასავლეთის და აღმოსავლეთის გასაყარზე მდებარეობს, მაგრამ ზოგიერთი ევროპული ქვეყნის ქსენოფობიური დამოკიდებულების გამო, ამით ჩვენ ვერ ვისარგებლებთ. ხომ ხედავთ, თურქეთმა ევროკავშირზე უკვე თითქმის ჩაიქნია ხელი. ეს ძალიან ცუდია. მიმაჩნია, რომ ისეთ ქვეყნებს, როგორიც საქართველოა, უნდა სჯეროდეთ, რომ ევროკავშირში გაწევრიანდებიან, თუ რეფორმების პროცესს განაგრძობენ და ეს რწმენა ხელშესახები უნდა იყოს.
დიდი ბრიტანეთის და შეერთებული შტატების ურთიერთობაზე რას იტყვით, რამდენად შეინარჩუნა ამ „განსაკუთრებულმა ურთიერთობამ” განსაკუთრებულობა დღევანდელი ადმინისტრაციის პირობებში?
ვფიქრობ, „განსაკუთრებული ურთიერთობა” ბევრს არასწორად ესმის. პირველად ეს ფრაზა უინსტონ ჩერჩილმა იხმარა ფულტონის ცნობილი გამოსვლისას. მაგრამ ეს გამოსვლა, ყველას „რკინის ფარდის” გამო დაამახსოვრდა. მაშინ ჩერჩილი განსაკუთრებულ ურთიერთობაზე საუბრობდა, როგორც ომში მყოფი სახელმწიფოს ლიდერი, რომელსაც გააზრებული ჰქონდა სადაზვერვო ინფორმაციის და სამხედრო გამოცდილების გაცვლის მნიშვნელობა.
ეს არ შეცვლილა. ვფიქრობ, აუცილებელია იმის გაცნობიერება, რომ ჩვენი განსაკუთრებული ურთიერთობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ორი ქვეყნის ლიდერს შორის დამოკიდებულება, ან ორ მმართველ პარტიას შორის დამოკიდებულება.
რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკას როგორ შეაფასებდით? რას მიაღწია ობამას ადმინისტრაციამ შედეგად?
რთულია ასეთ მოკლე დროში შედეგებზე ისაუბრო. ვფიქრობ, ურთიერთობის დათბობის მცდელობას შეიძლება რაღაც აზრი ჰქონდეს. ბრიტანეთსა და მოსკოვს შორის ურთიერთობა უფრო ცივია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენც გვსურს რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირება, არის საკითხები, რომელთა უგულებელყოფასაც უბრალოდ ვერ შევძლებთ. ასეთებს განეკუთვნება ალექსანდრ ლიტვინენკოს მკვლელობა - უცხო ქვეყნის ხელისუფლების მიერ, ჩვენი მოქალაქეების მკვლელობა ჩვენივე დედაქალაქში, იოლად ვერ ჩაივლის.
ვფიქრობ, მათ თანმიმდევრულად უნდა მივუდგეთ. არათანმიმდევრულობა ხშირად სისუსტედ მიიჩნევა და შედეგს ვერ ვიღებთ. უნდა განვსაზღვროთ რა ტიპის ურთიერთობა გვსურს მოსკოვთან. ჩემი აზრით, მათთან ურთიერთობა საქმიან ფარგლებს არ უნდა გასცდეს მანამდე, სანამ რუსების ახალი თაობა არ მიხვდება, რომ დასავლეთთან მათ გაცილებით მეტი საერთო აქვთ, ვიდრე განსხვავება. ვფიქრობ, ეს აუცილებლად ასე მოხდება. მაგრამ მანამდე, სანამ კრემლს ის თაობა მართავს, რომელსაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსი რუსეთის საფრთხე ჰგონია, რთული იქნება ურთიერთობა რეალურად „გადაიტვირთოს”.
ახალი თაობის რუსები რადგან ახსენეთ - რუსეთში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე რას ფიქრობთ?
ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია. ის მოვლენები, რომლებსაც არაბული გაზაფხულის სახელით მოვიხსენიებთ, სურსათზე და საწვავზე ფასების ზრდით იყო განპირობებული. პოლიტიკურმა ფაქტორმაც იმოქმედა, მაგრამ მოტივატორი ეს არ ყოფილა. რუსეთში ჩვენ პოლიტიკური წინააღმდეგობის მოწმენი ვართ. ამიტომ ის გამორჩეულია. ვფიქრობ, რუსეთის ხელმძღვანელობას აღელვებს, რომ შეძლებული ფენა უკმაყოფილოა პოლიტიკური სიტუაციით და არ უნდა მასთან შეგუება. მათ შორის იმიტომ, რომ ინტერნეტი მათთვის ხელმისაწვდომია და იოლად შეუძლიათ ნახონ, რა ხდება დანარჩენ მსოფლიოში პოლიტიკური თავისუფლების კუთხით. როგორი საფრთხეც ბეჭდურმა პრესამ შეუქმნა შუა საუკუნეების ეკლესიას, ისეთ საფრთხეს უქმნის ინტერნეტი და კომუნიკაციის თავისუფლება მათ, ვინც ძალაუფლებას ინფორმაციის შეზღუდვით ინარჩუნებს. ეს არის ის რევოლუციური ელემენტი, რისი მომსწრენიც ვართ დღეს.
მიმაჩნია, რომ ინფორმაციის კონტროლის შესაძლებლობა ისევე მოესპოთ ოლიგარქებს და ავტოკრატებს დღეს, როგორც თავის დროზე შუა საუკუნეების ეკლესიას.
წელიწადზე მეტია რაც ჩრდილოეთ აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთს რევოლუციურმა ტალღამ გადაუარა. როგორ შეაფასებდით დღევანდელ სიტუაციას და მიმდინარე პროცესს?
ვფიქრობ, არაბულმა გაზაფხულმა იქაურ ხალხებს საკუთარი მომავლის განსაზღვრის შანსი მისცა. მაგრამ გულუბრყვილობა იქნება იმის თქმა, რომ მათი მომავლის კონტურები ჩანს ან მიმართულება გამოაშკარავდა. შორეულ მომავალში, ალბათ, უფრო მეტად პლურალისტურ საზოგადოებას მივიღებთ, რომელიც თავისუფალი ბაზრის პრინციპებს დაემყარება. ნუ დაგვავიწყდება, ჩვენ დიდი დრო დაგვჭირდა, რომ ის პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემები გაგვევითარებინა, რაშიც დღეს ვცხოვრობთ. ამიტომ, ჩემი აზრით, გაუმართლებელი და ნაივური იქნება ვირწმუნოთ, რომ მსგავსი რამ იქ მოკლე ვადაში აშენდება. განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, რომელთაც არც მერიტოკრატიის და თავისუფალი ბაზრის ისტორია აქვთ და არც პოლიტიკური ინსტიტუტები. დემოკრატია კი სწორედ მათ ემყარება.
ფოტო: REUTERS ©
ფიქრობთ, რეგიონში არსებულ მყიფე მშვიდობას საფრთხე არ ემუქრება?
ვფიქრობ, იდეა, რომ მას უნდა ვუჭერდეთ მხარს, ვინც პროდასავლურია, თუნდაც ეს უკანასკნელი საკუთარ ხალხს რეპრესიებს უწყობდეს, მცდარია. ცვლილება გარდაუვალი იყო. გაცილებით უკეთესია ხალხმა იცოდეს, რომ დასავლეთმა და საერთაშორისო თანამეგობრობამ მხარი მის არჩევანს დაუჭირა. ხალხის ნების წინააღმდეგ წასვლა შეცდომა იქნებოდა. ვფიქრობ, ეს მათთან ურთიერთობის დამყარებაში ხელს შეგვიწყობს.
თქვენი აზრით, დასავლეთი მზადაა ამ რეგიონის მომავალზე იზრუნოს?
ვფიქრობ, კი. ამის საუკეთესო ტესტი ლიბია იქნება. ლიბიის სამხედრო კამპანიის ფარგლებში ყველა ზომა მიიღეს სამოქალაქო მსხვერპლის შესამცირებლად, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის გადასარჩენად. ამით მათ ორი რამ აჩვენეს: ერთი ის, რომ დასავლეთი ადამიანის სიცოცხლეს მეტ პატივს სცემს, ვიდრე მიმავალი რეჟიმი; მეორე კი ის, რომ დასავლეთი მაქსიმალურად შეეცადა ეკონომიკური კუთხით ქვეყანა არ დაეზარალებინა და არსებული ინფრასტრუქტურა ხელშეუხებელი დარჩენილიყო. ჩვენი დახმარებით ლიბია ეკონომიკურად შეიძლება იოლად წამოდგეს ფეხზე. ვფიქრობ, ლიბია გაერთიანებულ სამეფოს, საფრანგეთს და იტალიას მიმართავს დასახმარებლად ეკონომიკური ექსპერტიზის კუთხით. ლიბიის უზარმაზარი ბუნებრივი რესურსი მის წარმატებას რეალისტურს ხდის. ამას გარდა, ლიბიას უზარმაზარი ტურისტული პოტენციალი აქვს. თუ ხმელთაშუა ზღვის პირას კურორტებს განავითარებს.
დასავლეთის ყველაზე დიდი საფრთხე რა არის?
ეკონომიკური არასტაბილურობის საფრთხე მაღალია და შენარჩუნდება მანამდე, სანამ ქამრებს მნიშვნელოვნად არ შემოვიჭერთ. ეს ერთი. ასევე მნიშვნელოვანია ტრანსნაციონალური ტერორიზმი - ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ყველა რაციონალური არ არის და ყველას ვერ დაამშვიდებ. დასავლეთის ქვეყნებს უჭირთ ექსტრემიზმის იდეასთან გამკლავება, იმიტომ რომ მათ ის თავიანთი პოლიტიკური სისტემებიდან აღმოფხვრეს. მაგრამ ის არსებობს და საფრთხეს ქმნის. ბირთვული საფრთხეც არ უნდა დავივიწყოთ. კარგად დავინახეთ, როგორ შეაგულიანა ჩრდილოეთ კორეა ბირთვული იარაღის ყიდვამ. უკანასკნელი, რაც შეიძლება მოვისურვოთ, ისაა, რომ ირანმაც იგივე გააკეთოს. ასე რომ მოხდეს, სხვებიც შეიძენენ და ალბათობა, რომ ჩემს სიცოცხლეში ვიხილო ბრაზით ამოქმედებული ატომური ბომბი, განუზომლად გაიზრდება. ვფიქრობ, ეს ჩვენი ყველაზე დიდი მარცხი იქნება მომავალი თაობების წინაშე.
და დასავლეთმა ირანი როგორ უნდა გააჩეროს? გაეროს სანქციებით?
სანქციების შესრულებით. რა აზრი აქვს სანქციებს, თუ ისინი არ განხორციელდა? გაერთიანებული ფრონტი უნდა შეიქმნას, რომელიც ატკენს რეჟიმს და მათ, ვინც რეჟიმისგან იღებს სარგებელს. დასავლეთის ქვეყნებმა უნდა გააცნობიერონ, რომ არ შეიძლება სანქციებს თავი აარიდო, მხოლოდ იმიტომ, რომ ეკონომიკურად ხელსაყრელია. ამას გარდა, რეგიონში ჩვენი პარტნიორები უნდა დავარწმუნოთ, რომ მათ გვერდით ვიქნებით, უსაფრთხოების გარანტიებით უზრუნველვყოფთ და რეგიონში სამხედრო ძალები გვეყოლება.
ავღანეთზე რას ფიქრობთ? თქვენი აზრით, ავღანეთის მთავრობა მზადაა ქვეყანაზე პასუხისმგებლობა გადაიბაროს?
2014-2015 წლისთვის უკეთესი ვითარება იქნება. მნიშვნელოვანია განვსაზღვროთ რას ვგულისხმობთ, როდესაც „ავღანეთში წარმატებაზე” ვსაუბრობთ. კერძოდ იმას, რომ ვსაუბრობთ არა მთაზე აღმართულ ბრწყინვალე ქალაქზე, სადაც ჯეფერსონის დემოკრატიაა გამეფებული, არამედ სტაბილურ ავღანეთზე, რომელსაც შეუძლია თავისი შიდა და გარე უსაფრთხოება უცხო ძალების დახმარების გარეშე უზრუნველყოს. უზარმაზარი დრო დასჭირდება ისეთ ქვეყანას, როგორიც ავღანეთია, ის ინსტიტუტები ააგოს, რასაც დასავლური ცივილიზაცია ნორმად მიიჩნევს. ვფიქრობ, სტრატეგიული მოთმინება უნდა გამოვიჩინოთ და მოვემზადოთ ამ ქვეყნის უსაფრთხოების, სოციალური და ეკონომიკური სტრუქტურების განსავითარებლად. ეს პროცესი დიდხანს გასტანს.
ორი სიტყვით ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შესახებ - ზოგიერთი ჩივის, რომ NATO-მ ვერ გადაჭრა იდენტობის პრობლემა და კვდება. თქვენ რას ფიქრობთ?
ვფიქრობ, NATO-ს ჯანსაღი შიდა დისკუსია არგებს. ლიბიის კამპანიამდე დავინახეთ, რომ ამ ორგანიზაციამ ნაკისრ მისიას ეფექტიანად გაართვა თავი. თუმცა, ამავდროულად, თვალნათელი გახადა ალიანსის პოლიტიკურ სისტემაში არსებული სერიოზული პრობლემები. ზოგიერთი მოთამაშის გადაწყვეტილებამ, უარი ეთქვა არამც თუ სამხედრო ოპერაციებში, არამედ გაეროს თავყრილობაში მონაწილეობაზეც კი, შეკითხვები გააჩინა NATO-ს სამხედრო ჯანმრთელობასთან და პოლიტიკურ სიჯანსაღესთან დაკავშირებით. ჩიკაგოს სამიტზე ეს კითხვები უნდა დაისვას და პასუხები გაეცეს. მოკლედ, ვთვლი, რომ ლიბიამ დადებითი მხარე გვაჩვენა, მაგრამ ამავდროულად პრობლემებიც წარმოაჩინა, რომელთაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ხალიჩის ქვეშ ვერ დამალავს.
ჩიკაგოს სამიტი რადგან ახსენეთ, შეგეკითხებით - საქართველოს შეიძლება ჰქონდეს რაიმე მოლოდინი ამ სამიტთან დაკავშირებით?
რაღაც მოძრაობა შეინიშნება. ჩემი პერსონალური აზრია, რომ საქართველოს უკრაინასთან დაკავშირება NATO-ს საკითხში დიდი შეცდომა იყო. ეს ორი, სრულიად განსხვავებული შემთხვევაა, როგორც პოლიტიკურად, ისე სამხედრო თვალსაზრისით. საქართველო ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან უფრო ახლოს დგას და ვიმედოვნებ, სამიტზე უფრო ნათელი გახდება რას მოელის NATO ამ ქვეყნისგან. მაგრამ ზუსტად რა მოხდება და პრიორიტეტები როგორ გადანაწილდება, შეუძლებელია ითქვას. მოგეხსენებათ, საპრეზიდენტო არჩევნებია რუსეთში, საფრანგეთსა და ამერიკაში. ვინ იცის, შესაძლოა, ხელისუფლება ჩინეთშიც შეიცვალოს. ან ის ვინ იცის, ირანში რა მოხდება. ვერავინ იწინასწარმეტყველებს ახლა, რა იქნება ჩიკაგოს სამიტის დღის წესრიგი.
![]() |
3 რას უნდა ველოდოთ სამხედრო თანამშრომლობის სფეროში |
▲ზევით დაბრუნება |
პოლიტიკა
ამერიკა-საქართველო
სალომე უგულავა
30 იანვარს საქართველოს პრეზიდენტს თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა უმასპინძლებს. თეთრი სახლის წინასწარ გავრცელებული განცხადების მიხედვით, ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20 წლის თავზე, ობამა და სააკაშვილი ისაუბრებენ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის შემდგომ გაძლიერებაზე - ვაჭრობის, ტურიზმის, ენერგეტიკის, მეცნიერების, განათლების, კულტურისა და უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობის გაფართოებით. პრეზიდენტი ობამა, საქართველოს ტერიტორიული ინტეგრაციის მხარდაჭერას, მის საერთაშორისოდ ცნობილ საზღვრებში, კვლავ დაადასტურებს. პრეზიდენტები იმსჯელებენ მომავალ არჩევნებსა და რეფორმებზე. განცხადების მიხედვით, საუბარი შეეხება თავდაცვის სფეროში ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას, მათ შორის, პრეზიდენტი ობამა ხაზს გაუსვამს საქართველოს მნიშვნელოვან წვლილს NATO-ს ავღანეთის ოპერაციაში.
ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხი ბოლო დროს კიდევ ერთხელ გახდა აქტუალური. საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობა ამ სფეროში, შესაძლოა, ახალ ეტაპზე გადავიდეს. სწორედ ამას ითვალისწინებს კონგრესის მიერ დამტკიცებული აშშ-ის თავდაცვის ხარჯების ამსახველი დოკუმენტი - ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი. მასში საქართველოს საკითხი ცალკეა გამოყოფილი და გულისხმობს, რომ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა სამხედრო სფეროში უნდა „ნორმალიზდეს”, მათ შორის აშშ-ის მხრიდან თავდაცვითი შეიარაღების მიყიდვის გზით.
აშშ-ის პრეზიდენტმა, რომელმაც აქტს გასული თვის ბოლოს მოაწერა ხელი, მისი მიღებიდან არაუგვიანეს 90 დღის ვადაში უნდა შეიმუშაოს და წარუდგინოს ნორმალიზაციის გეგმა კონგრესის თავდაცვის კომიტეტს, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტსა და წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს. ამ გეგმის მიზნებად ცხადდება საქართველოს მხარდაჭერა, რათა დაიცვას საკუთარი მთავრობა, ხალხი და სუვერენული ტერიტორიები, რაც უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს მიერ დადებულ ძალის გამოუყენებლობის პირობასა და გაეროს ქარტიის 51-ე მუხლს. აქტი აშშ-ს მოუწოდებს, რომ საქართველოს თავდაცვითი შეიარაღება და სერვისები არა მხოლოდ თავად მიჰყიდოს, ასევე დაარწმუნოს NATO-ს წევრი და კანდიდატი ქვეყნები, განაახლონ და გააფართოონ თავდაცვითი შეიარაღებისა და მომსახურების მიყიდვა. ეს უკანასკნელი საქართველოსა და NATO-ს შორის ურთიერთობების გაღრმავების ნაწილია. მიზნები მოიცავს საქართველოს მხარდაჭერის გაგრძელებას კოალიციის ოპერაციებში მონაწილეობის მისაღებად, NATO-ს პარტნიორობის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსასვლელად და ა.შ.
ნორმალიზაციის გეგმა უნდა შეიცავდეს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მომზადებულ საჭიროებათა შეფასებას საქართველოს თავდაცვის გასაუმჯობესებლად. მას თანდართული უნდა ჰქონდეს საქართველოს ყველა თხოვნა იარაღის შესყიდვის თაობაზე, რითაც ბოლო 2 წლის განმავლობაში მიმართა აშშ-ს. გეგმა საჯარო უნდა იყოს. თუმცა, დანართის სახით გასაიდუმლოებულ ნაწილსაც შეიძლება შეიცავდეს.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, შესაძლოა, საქართველოს შესახებ მუხლის შესრულება სავალდებულოდ არ ჩათვალოს. აქტის ხელმოწერის განცხადებაში მან საქართველოზე მუხლი იმ რიგ საკითხებს შორის მოიხსენია, რომელთა შესრულებაც არასავალდებულოდ შეიძლება მიიჩნიოს. ამის ერთ-ერთ ფაქტორად ის დაასახელა, რომ აქტის გარკვეული დებულებები (საქართველოს საკითხის ჩათვლით), შესაძლოა, მის კონსტიტუციურ უფლებამოსილებაში ჩარევად ჩაითვალოს საგარეო პოლიტიკის განსაზღვრაში. არგუმენტადაა მოტანილი ისიც, რომ მუხლები ისე შეიძლება წაიკითხონ, რომ დიპლომატიურ კომუნიკაციასა და ეროვნულ უსაფრთხოებაზე სენსიტიური საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნება გამოიწვიოს. მოგვიანებით ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ფილიპ გორდონმა. მან კითხვას, აპირებს, თუ არა აშშ-ის ადმინისტრაცია აქტის საქართველოს ნაწილის შესრულებას - ურთიერთობების „ნორმალიზაციას”, მათ შორის, იარაღის მიყიდვას - უპასუხა, რომ ეს მათ მიდგომას დიდად არ ცვლის. მისი თქმით, საქართველოსთან თანამშრომლობა უსაფრთხოების სფეროში უმეტესწილად განათლებასა და წვრთნებზეა ფოკუსირებული, ასევე, საქართველოს ძალიან მნიშვნელოვან წვლილზე ავღანეთის ოპერაციაში. საქართველო, წლებია, NATO-ს ISAF-ის ოპერაციის აქტიური მონაწილეა. დეკემბერში პარლამენტმა მხარი დაუჭირა პრეზიდენტ სააკაშვილის თხოვნას ავღანეთში კიდევ ერთი ბატალიონის გაგზავნაზე. ამის შემდეგ საქართველო გახდება NATO-ს ის არაწევრი სახელმწიფო, რომელსაც ყველაზე მეტი - 1685 - სამხედრო ეყოლება ავღანეთში. რაც შეეხება თავდაცვითი იარაღის მიყიდვას, გორდონის თქმით, ამ საკითხს ისე უდგებიან, როგორც სხვა ქვეყნებთან - ცალკეულის განხილვისას ბევრ ფაქტორს ითვალისწინებენ. მან დაამატა, რომ ყველა ამ მიმართულებით საქართველოსთან თანამშრომლობას გააგრძელებენ.
აგვისტოს ომის შემდგომ აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ისინი თავდაცვის სფეროში თანამშრომლობისას განათლებასა და წვრთნებზე არიან ფოკუსირებულები. თავდაცვითი შეიარაღების მიყიდვა კი, როგორც ჩანს, შემდგომ ეტაპად, სამომავლო ნაბიჯად განიხილებოდა. უფრო ნათელ სურათს, თუ რა დისკურსი იყო ვაშინგტონში ამ საკითხზე, WikiLeaks-ით გავრცელებული მიმოწერა გვიჩვენებს. 2009 წლის ივნისში აშშ-ის ელჩი რუსეთში, ჯონ ბაიერლი, ვაშინგტონს წერდა, რომ საქართველოსთვის შეიარაღების მიწოდება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ხელს შეუშლიდა. მისი აზრით, ამ ნაბიჯს შეეძლო, შეემცირებინა რუსეთის თავშეკავება ირანისთვის იარაღის მიყიდვაზეც. ბაიერლი მიიჩნევდა, რომ უფრო მეტად საქართველოს დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებაზე უნდა კონცენტრირებულიყვნენ. ელჩის წერილის მიხედვით, ევროპელ პარტნიორებთან ერთად გამჭვირვალე სამხედრო თანამშრომლობის გაგრძელება საქართველოსთან NATO-ს პარტნიორობა მშვიდობისთვის პროგრამის ფარგლებში, ასევე წვრთნა და დახმარება, იქნებოდა ის ერთადერთი წარმატებული სტრატეგია, რაც რუსეთს უბიძგებდა, უკეთ მოქცეულიყო. ამგვარი მოქმედება ხელს შეუწყობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას.
თავის მხრივ, საქართველოში აშშ-ის ელჩი, ჯონ ტეფტი, იმავე პერიოდში წერდა ვაშინგტონს, რომ საქართველოს მაქსიმალურად ლიმიტირებული თავდაცვითი ამოცანები ჰქონდა - ის, რომ, აგრესიის შემთხვევაში, თბილისი, სულ მცირე, 72 საათის განმავლობაში დაეცვა, სანამ საერთაშორისო მხარდაჭერა იქნებოდა მობილიზებული. ამისთვის კი ჯავშანსაწინააღმდეგო და საჰაერო თავდაცვის საშუალებები ესაჭიროებოდა, რაც მას არ გააჩნდა. ტეფტი მიუთითებდა, რომ საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობის ხასიათის განსაზღვრა რუსეთის კარნახით რუსეთისთვის ჯილდოს ტოლფასი იქნებოდა მაშინ, როდესაც მას 2008 წლის აგვისტოში ჩადენილ ქმედებებზე პასუხი არ უგია. ამის შემდეგაც აშშ-ს ღიად არაერთხელ მოუწოდეს, რომ საქართველოსთვის თავდაცვითი შეიარაღება მიეყიდა. თავის მხრივ, 2010 წელს გორდონი აცხადებდა, რომ მათ საქართველოსთვის ემბარგო არ დაუწესებიათ. კითხვაზე, თუ რატომ არ შეასრულა აშშ-მა საქართველოს არცერთი თხოვნა იარაღის მიწოდებაზე წინა 2 წლის განმავლობაში, მაშინ უპასუხა, რომ მათთვის მნიშვნელოვანი დაძაბულობის შემცირება და იმის მიღწევა იყო, რომ რუსეთს შეესრულებინა აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების პირობები. ასევე, პატივი ეცა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის.
ბარაკ ობამას და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა. ვაშინგტონი, 2010
ამ თემაზე ღიად საუბარს ქართული მხარე ერიდებოდა. თუმცა, რამდენიმე განცხადება გაკეთდა, მათ შორის - საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2011 წლის გაზაფხულზე აშშ-ში ვიზიტისას The Cable-სთან ინტერვიუში თქვა, რომ საქართველო აშშ-სგან გარკვეული რაოდენობის მსუბუქ შეიარაღებას ყიდულობდა, თუმცა, ქვეყანას მძიმე შეიარაღება ესაჭიროებოდა თავდაცვისთვის - ჰაერსაწინააღმდეგო და ტანკსაწინააღმდეგო. 2011 წლის ოქტომბერში NATO-ს საპარლამენტო ასამბლეაში აშშ-ის დელეგაციის ხელმძღვანელმა მაიკ ტერნერმაც განაცხადა, რომ აშშ-მა საქართველოსთვის იარაღის კომერციული მიყიდვა დაამტკიცა. მოგვიანებით მან მოუწოდა ადმინისტრაციას, საქართველოს გარკვევით განუცხადოს, რომ თავდაცვით შეიარაღებას მიჰყიდის.
![]() |
4 აფხაზურ-ჩერქეზული განხეთქილება |
▲ზევით დაბრუნება |
პოლიტიკა
დიმიტრი ავალიანი
იბრაჰიმ იაგანოვი
ჩერქეზული მოძრაობის წარმომადგენლებსა და აფხაზთა შორის პოლიტიკური უთანხმოება გამძაფრდა, რაც საქართველოს პარლამენტმა ჩერქეზთა გენოციდის აღიარების შესახებ რეზოლუცია მიიღო.
ყაბარდოელი აქტივისტის, 1992-93 წლებში აფხაზეთში საქართველოს წინააღმდეგ მებრძოლი ჩერქეზი მოხალისეების მეთაურის, იბრაჰიმ იაგანოვის მოსაზრებებმა აფხაზეთში შექმნილი მდგომარეობის შესახებ, სოხუმში უკმაყოფილება გამოიწვია.
გასულ თვეში, ისრაელელ პოლიტოლოგ აბრაამ შმულევიჩთან საუბრისას იაგანოვმა განაცხადა, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობა არ არსებობს და რუსეთზეა დამოკიდებული.
იაგანოვის მტკიცებით, აფხაზეთში „ახალგაზრდობა იყურება თბილისის მხარეს”, საქართველოს კი აფხაზების მიმართ მოსკოვზე უკეთესი დამოკიდებულება აქვს. ამას აფხაზებიც გრძნობენ.
მისი შეფასებით, რუსული პოლიტიკა აფხაზეთში მარცხს განიცდის. დახმარება აფხაზი მაღალჩინოსნების ჯიბეებში ილექება. იაგანოვმა აღნიშნა, რომ ამ ვითარებაში არსებობს „დიდი შანსი”, აფხაზებმა საქართველოსთან ფედერაციულ ან კონფედერაციულ საწყისებზე თანაარსებობის შესახებ შეთანხმებას მიაღწიონ.
„თუ ყველაფერი შემდგომში ამ მიმართულებით გაგრძელდა, რუსი ჩინოვნიკების ძალისხმევით, ეს შანსი კიდევ უფრო გაიზრდება. ვფიქრობ, რომ ახლო მომავალში ამგვარი შესაძლებლობა სერიოზული მსჯელობის საგანი გახდება”, - განაცხადა იაგანოვმა.
აქტივისტმა აღნიშნა, რომ აფხაზეთის ომში მებრძოლი ჩრდილოკავკასიელი მოხალისეების უმრავლესობა დღეს ამ კონფლიქტს განსხვავებულად აფასებს და საქართველოსთან ურთიერთობების მოწესრიგებას უჭერს მხარს.
იაგანოვის ინტერვიუს მწვავე რეაქცია მოჰყვა სოხუმში. „მას შემდეგ, რაც იაგანოვმა თქვა, რომ აფხაზი ახალგაზრდობა თბილისისკენ იყურება, უმჯობესია, აფხაზეთში აღარ ჩამოვიდეს”, - განაცხადა აფხაზმა პოლიტოლოგმა ანატოლი ოტირბამ. მან იაგანოვი „პოლიტიკური დაკვეთის” შესრულებაში დაადანაშაულა, რომლის მიზანი კავკასიაში ახალი კონფლიქტის გაჩაღებაა.
აფხაზმა ჟურნალისტმა დავით დასანიამ იაგანოვისადმი საგანგებო მიმართვაში აფხაზებსა და მონათესავე ხალხებს შორის მიმდინარე „საინფორმაციო ომზე” გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ეს ინტერნეტსივრცეში ჩერქეზების მიერ აფხაზების შეურაცხყოფაში, მათი ისტორიისა და კულტურის დამცირებაში ვლინდება. „საქართველოს მიერ ჩერქეზთა გენოციდის აღიარების შემდეგ ახალგაზრდა ჩერქეზებმა აფხაზები შეიძულეს”, - მიიჩნევს დასანია. მისი მტკიცებით, აფხაზეთი, რუსეთზე დამოკიდებულების მიუხედავად, პოლიტიკურ დამოუკიდებლობას ინარჩუნებს - აფხაზებს „მშვიდად ცხოვრების სხვა შანსი არ აქვთ, რუსეთის გარდა”, რომელიც „ძველი და იმპერიალისტური” აღარ არის. საქართველოსთან გაერთიანების პერსპექტივა დასანიამ კატეგორიულად გამორიცხა. მისი აზრით, ეს აფხაზეთს დამოუკიდებლობის დაკარგვითა და „გაქართველებით” ემუქრება.
თავად იბრაჰიმ იაგანოვმა აფხაზი ოპონენტების რეაქციას მის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებზე „ისტერიული” უწოდა.
მისი თქმით, საქართველოში დემოკრატიული რეფორმები მიმდინარეობს, აფხაზეთის მოსახლეობის ცხოვრებაში კი 20 წლის განმავლობაში ცვლილებები არ მომხდარა.
„არ შეიძლება მუდმივად ომის მდგომარეობაში ცხოვრება. გამარჯვებულები, რომლებმაც რაიხსტაგზე დროშა აღმართეს, ვერ წარმოიდგენდნენ, რომ მათი შვილიშვილები გერმანიაში ცხოვრებაზე იოცნებებდნენ. მაგრამ ეს მოხდა და ნორმალური ევოლუციური პროცესია”, - აღნიშნა აქტივისტმა. იაგანოვის აზრით, დღევანდელი აფხაზური პოლიტიკა ხელს უშლის ჩრდილოკავკასიელებს საქართველოსთან ურთიერთობების მოწესრიგებაში. მან სოხუმს თბილისთან აქტიური დიალოგისკენ მოუწოდა.
„ისტერიკა სიტყვა საქართველოს გაგონებაზე, ხელს გვიშლის ევროპულ სივრცეში ინტეგრაციაში. რუსეთის გავლით ეს გზა ძალიან ვიწრო და კონტროლირებადია. ჩვენ ვოცნებობდით, რომ აფხაზეთი ჩერქეზი ეთნოსისთვის მსოფლიოში ფანჯარა გახდებოდა, მაგრამ ვერ გახდა. მეტიც - გვიკეტავს მეორე ფანჯარას, რომელიც საქართველოზე გადის”, - მიიჩნევს იაგანოვი.
მისი თქმით, იმის მიუხედავად, რომ ჩერქეზებმა საქართველოს წინააღმდეგ ომში დიდი როლი შეასრულეს, სწორედ საქართველომ გაუწოდა მათ ხელი ჩერქეზთა გენოციდის საკითხში.
„მიგვაჩნია, რომ ისტერიისა და ცივი ომის გაგრძელება არალოგიკურია. დადგა დრო (საქართველოსთან) ურთიერთობა გადავტვირთოთ. ეს გადატვირთვა შესაძლოა საინტერესო იყოს არა მხოლოდ ჩერქეზებისთვის, არამედ აფხაზებისთვისაც”, - მიიჩნევს იაგანოვი.
საქართველოს მიერ ჩერქეზთა გენოციდის აღიარების მნიშვნელობაზე, რადიო ადიგასათვის მიცემულ ინტერვიუში, იორდანიაში მცხოვრებმა ჩერქეზმა აქტივისტმა და მეცნიერმა ადილ ბაშქავიმაც ისაუბრა. მისი თქმით, ეს უპრეცედენტო გადაწყვეტილებაა, რომლითაც ქართველებმა, როგორც კავკასიელმა ხალხმა და გაეროს წევრმა, ჩერქეზთა გენოციდის მიმართ „გონიერი დამოკიდებულება” და „მორალური პასუხისმგებლობა” გამოავლინეს.
ამავე დროს, ჩერქეზთა გენოციდზე პოზიციის გამოთქმისგან სოხუმში დღემდე იკავებენ თავს, რაც მონათესავე ხალხებთან აფხაზთა ურთიერთობებს ართულებს.
„იმის გათვალისწინებით, რომ აფხაზეთი ძლიერი რუსული ზეგავლენის ქვეშ იმყოფება, მათგან გამბედაობას არ ველით... თუმცა, აფხაზეთის ზოგიერთი პოლიტიკოსი, რუსეთის გარკვეული ძალების ზეგავლენით, ისეთ რაღაცებს ამბობს, რასაც ყველაზე რეაქციული მოწინააღმდეგეებისგანაც არ ველოდებით”, - განაცხადა გასული წლის ოქტომბერში ჩერქეზთა კავშირის პრეზიდენტმა რუსლან კეშევმა.
მისი აზრით, აფხაზთა და ჩერქეზთა შორის „ძმობის ეიფორია” წარსულს ჩაბარდა. „აფხაზეთი, საქართველო და ჩერქეზეთი ისტორიულად ერთიანი დასავლეთკავკასიური ცივილიზაციაა, უძველესი ისტორიითა და მდიდარი კულტურით”, მას „კარგი ისტორიული და პოლიტიკური პერსპექტივები აქვს”, - მიიჩნევს კეშევი.
![]() |
5 საქართველოს მთავარი საგარეო გამოწვევები 2012 წელს და მათთან გამკლავების საშუალებები |
▲ზევით დაბრუნება |
პოლიტიკა
დავით იბერი
იმისათვის, რომ 2012 წელს საქართველომ საგარეო პოლიტიკურ გამოწვევებს წარმატებით გაართვას თავი, მან მის ხელთ არსებული დიპლომატიური და სხვა რესურსები მიზანმიმართულად და ყაირათიანად უნდა დახარჯოს, ოთხი მთავარი სტრატეგიული ამოცანის შესასრულებლად: 1. შიდაპოლიტიკური სტაბილურობა; 2. ეკონომიკური ზრდა; 3. ევროატლანტიკურ სივრცეში შემდგომი ინტეგრაცია და 4. რუსული საფრთხის განეიტრალება/შემცირება.
ამ ამოცანების შესრულების გზაზე თბილისს რამდენიმე პოტენციურად ხელშემშლელი საერთაშორისო და რეგიონული ფაქტორის გათვალისწინება მოუწევს. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია: 1. დაძაბულობის ზრდა დასავლეთსა და ირანს შორის ამ უკანასკნელის ბირთვული პროგრამის გამო; 2. რუსეთის შესაძლო მოქმედება სპარსეთის ყურეში ვითარების შემდგომი გაუარესების, განსაკუთრებით კი ომის, შემთხვევაში; 3. აზერბაიჯანისა და სომხეთის გამალებული მილიტარიზაცია მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოუგვარებლობით უკმაყოფილების ფონზე, რაც ზრდის კონფლიქტის განახლების ალბათობას; 4. რუსეთის მიერ აზერბაიჯან-სომხეთის ომის შესაძლო გამოყენება, გიუმრის სამხედრო ბაზის დაცვის საბაბით საქართველოში შემოსაჭრელად.
მართალია, საქართველოს ზემოაღნიშნულ გამოწვევებზე პირდაპირი ზემოქმედების საშუალებები არ აქვს, მაგრამ მას შეუძლია არაპირდაპირი ხერხების გამოყენებით, მათი უარყოფითი შედეგების შემცირება ან, სულაც, თავიდან აცილება.
თბილისმა ძალღონე არ უნდა დაიშუროს, რომ ვაშინგტონსა და ბრიუსელში კარგად გაითვითცნობიერონ საქართველოს უსაფრთხოების საკითხი დასავლეთსა და ირანს შორის კონფრონტაციის ზრდის კონტექსტში. რუსეთში დაუფარავად აცხადებენ, რომ აშშ-ის თავდასხმა ირანზე მათ პირდაპირ უბიძგებს, თავიანთი ინტერესები დაიცვან ირანის საზღვრის სიახლოვეს, კერძოდ, სამხრეთ კავკასიაში, რაც, მათივე მტკიცებით, ვერ მოხდება სომხეთში დისლოცირებულ გიუმრის ბაზასა და რუსეთის ფედერაციას შორის საქართველოს ტერიტორიის გავლით, სახმელეთო მომარაგების ხაზის აღდგენის გარეშე.
ქართული დიპლომატია ვალდებულია, ამერიკელები და ევროპელები დაარწმუნოს, რომ საქართველოში რუსეთის შემოჭრა სავსებით რეალურია აშშ-ირანის ომის შემთხვევაში, ხოლო მოსკოვის მიერ საქართველოს ოკუპაცია, საფრთხეს შეუქმნის ირანის მიმართ დასავლეთის სტრატეგიული ამოცანის შესრულებას რეგიონში მოსკოვის ფარდობითი ძლევამოსილების გაზრდის გამო.
ირანის ომი საქართველოსათვის, ისევე როგორც მთელი რეგიონისათვის, უზარმაზარი რისკის მატარებელია, მაგრამ რისკი გაცილებით მაღალია იმ შემთხვევაში, თუ საქართველო ომის დროისათვის NATO-ს წევრი არ იქნება, რადგანაც აშშ-ს და მთლიანად დასავლეთს არამოკავშირეების დასაცავად რესურსი არ ეყოფათ. ეს სიტუაცია, ცოტა არ იყოს, მოგვაგონებს 1918-21 წლებს, როდესაც დროის ძალიან მოკლე პერიოდში ფინანსური და სხვა პრობლემების გამოისობით დიდი ბრიტანეთის ინტერესების დაცვის ხაზმა კავკასიიდან და ცენტრალური აზიიდან სამხრეთისკენ, ირან-ერაყისა და ინდოეთისკენ ჩაინაცვლა, რითაც ისარგებლა ბოლშევიკურმა რუსეთმა და მთელი კავკასია და ცენტრალური აზია დაიკავა.
აშშ-ირანის ომთან შედარებით აზერბაიჯან-სომხეთის ომს გლობალურ არენაზე კოლოსალური პოლიტიკური და ფინანსური შერყევა ნამდვილად არ მოჰყვება. თუმცა, რამდენადაც პარადოქსული უნდა იყოს, რუსეთი ამ კონფლიქტსაც სამხრეთ კავკასიაში მასშტაბური შემოჭრისათვის და რეგიონში აშშ-ის ფეხის ამოსაკვეთად გამოიყენებს. მეტიც, მოსკოვს ბაქო-ერევნის კონფლიქტის მართვას ვერავინ დაასწრებს აზერბაიჯანისა და სომხეთის ელიტებზე თავისი გავლენიდან და შეიარაღების მიწოდების მასშტაბიდან გამომდინარე. ის კი არა, რუსეთი შეეცდება დასავლეთის თვალში ქულების დაწერას იმის მტკიცებით, რომ მისი სრულფასოვანი სამხედრო ყოფნა სამხრეთ კავკასიაში, არა მარტო მეომარი მხარეების დაშოშმინებას ემსახურება, არამედ რეგიონში გამავალი „ბედის ანაბარა მიგდებული” მილსადენების დაცვასაც. სხვათა შორის, სამხრეთკავკასიური მილსადენების დაცვის მოტივს რუსეთი აშშ-სა და ირანს შორის კონფლიქტის შემთხვევაშიც გამოიყენებს სამხრეთ კავკასიაში შემოსაჭრელად.
ყარაბაღის კონფლიქტის განახლებიდან გამომდინარე, საფრთხე საქართველომ მუდმავად უნდა წამოჭრას ამერიკელებთან და ევროპელებთან დიალოგის დროს. რაც უფრო მეტად იქნება დასავლეთი ჩართული ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაში, მით ნაკლებად მიეცემა რუსეთს მანიპულაციის საშუალება. გარდა ამისა, თბილისმა მაქსიმალურად უნდა შეუწყოს ხელი იმას, რომ აშშ-სა და ევროპაში არ შენელდეს ინტერესი კასპიისპირა ენერგორესურსებისადმი და სამხრეთკავკასიური მილსადენებით მათი გატანისადმი.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ირანისა და ყარაბაღის კრიზისების გამწვავება რუსეთს შესაძლებლობას უქმნის, რომ სამხრეთ კავკასიაში შემოჭრა გაამართლოს. მაგრამ ის, თუ რატომ უნდა ეწადოს კრემლს ექსპანსია სამხრეთ კავკასიაში, მხოლოდ იმპერიული ძლევამოსილების აღდგენის სურვილით უნდა აიხსნას. კრემლში ფორმალურად დაბრუნების შემდეგ, ვლადიმირ პუტინი ენერგიულად შეუდგება თავისი სტრატეგიული პროექტის, ევრაზიული კავშირის, განხორციელებას. ისიც გასათვალისწინებელია, რომ რუსეთში ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსია იმის თაობაზე, რომ რუსეთის არსებობა იმპერიული ფორმით მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის მომტანია რუსებისათვის (და იმპერიაში შემავალი სხვა ხალხებისთვის). ევრაზიული კავშირის შექმნას ერთმნიშვნელოვნად მხარს უჭერს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია, რაც ხალხის მასებში ამ იდეის პოპულარიზაციას უწყობს ხელს.
ფოტო: REUTERS ©
ვერავინ იტყვის იმას, თუ რამდენი წელი ეყოფა პუტინის სტრატეგიული ჩანაფიქრის განხორციელებას. ვერც იმას იწინასწარმეტყველებს ვერავინ, თუ როდის გადაიზრდება ომში ირანისა და ყარაბაღის კრიზისები. მაგრამ დაბეჯითებით შეიძლება ვამტკიცოთ, რომ რუსეთის ქცევის მართვა სავსებით შესაძლებელია. მისი ექსპანსიონისტური ამბიციის ჩაფუშვის ერთი მეტად ეფექტიანი საშუალება დასავლეთის მხრიდან თბილისისათვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემაა ან აშშ-საქართველოს სამხედრო შეთანხმებით, ან NATO-ში საქართველოს გაწევრიანებით.
ფოტო: REUTERS ©
NATO-ს ჩიკაგოს სამიტამდე რამდენიმე თვეა დარჩენილი. ამბობენ, ალიანსის გაფართოება ამ სამიტზე არ იეგეგმებაო, მაგრამ თეორიულად ყველაფრის შანსი არსებობს. საქართველოს გაწევრიანების მხარდასაჭერად ინტენსიური საერთაშორისო კამპანიის წარმოებაა საჭირო, რისთვისაც უნდა შეიქმნას სპეციალური მრავალმილიონიანი ფონდი, რომელიც ვაშინგტონში, ბრიუსელში, ბერლინსა და სხვა დედაქალაქებში NATO-ში საქართველოს გაწევრიანების სასარგებლოდ საზოგადოებრივი აზრის მობილიზებას მოახდენს. ამ საქმის უსათუო შედეგი იქნება საქართველოს მიმართ დასავლეთის მხარდაჭერის ზრდა, რაც ადრე თუ გვიან ქვეყნის გაწევრიანებასთან დაკავშირებით დადებით გადაწყვეტილებაში აისახება.
მოსკოვი 2012 წლის შემოდგომაზე კავკასიაში სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნების „კავკაზ-2012”-ის ჩატარებას გეგმავს. საომარ პირობებთან მაქსიმალურად მიახლოებულ სამხედრო მანევრებში ჩართული იქნება ჩრდილოეთ კავკასიაში, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში და სომხეთში დისლოცირებული ჯარები. თბილისმა ამ საკითხს „განსაკუთრებულად პრიორიტეტულის” მნიშვნელობა უნდა მიანიჭოს, რათა თავდაუზოგავი საერთაშორისო კამპანიით წვრთნების მასშტაბის შეკვეცას მიაღწიოს.
იმ დროს, როდესაც რუსეთის კონფრონტაციული მიდგომის გამო, ფაქტობრივად აღარ მოქმედებს ხელშეკრულება ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ, რუსეთის მხრიდან პროვოკაციული და ეუთოს სივრცისადმი უაღრესად მტრული ჟესტია ამგვარი წვრთნების ჩატარება. ეს შავი ზღვის რეგიონის და მთლიანად ევროპის უკლებლივ ყველა სახელმწიფომ კარგად უნდა გაიცნობიეროს. საქართველოს რიტორიკაში ასევე უნდა ფიგურირებდეს ის, თუ რამდენად ვნებს ასეთი წვრთნების ჩატარება სოჭის ოლიმპიადას, რომელიც სექტემბერში დაგეგმილი წვრთნებიდან 1.5 წელიწადში გაიმართება.
2012 წლის განმავლობაში რუსეთი, სავარაუდოდ, ინტენსიურად გააგრძელებს საერთაშორისო მოსყიდვის პოლიტიკას, განვითარებადი სახელმწიფოების მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებისათვის. აღიარების პრევენციისათვის თბილისს მნიშვნელოვანი რესურსების მობილიზება უწევს, მაგრამ მუშაობა ამ მიმართულებით ერთი წუთით არ უნდა მოდუნდეს. აღიარების პრევენცია ერთი დამატებითი საშუალებაა იმისათვის, რომ საქართველომ ფარდობითად განიმტკიცოს თავისი საერთაშორისო პოზიციები და რუსეთს დაანახოს, რომ იგი არა მარტო საქართველოს, არამედ მსოფლიო თანამეგობრობას უპირისპირდება „ახალი რეალობის” ლეგიტიმაციის მცდელობით.
2012 წელს საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევები მასშტაბურია. მათთან გასამკლავებლად მხოლოდ მთავრობის დიპლომატიური ძალისხმევა არაა საკმარისი. უაღრესად აქტუალურია ქართული საზოგადოების ჩართულობა ყველა დონეზე. რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, საჭიროა ისეთი მოქმედებების მთელი გამა, რომლებიც დასავლეთის რესურსებს საქართველოს, როგორც ევროატლანტიკური სივრცის ფაქტობრივი ნაწილის, მხარდასაჭერად მიმართავს.
![]() |
6 პატრიარქთა ვნებანი |
▲ზევით დაბრუნება |
საზოგადოება
ლევან სუთიძე
აფხაზი სასულიერო პირები კონსტანტინოპოლის პატრიარქთან
აფხაზეთის ეპარქიაში, სადაც წლებია, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია საკუთარ იურისდიქციას ვერ ახორციელებს, აქამდე მხოლოდ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის არაკანონიკურ მოქმედებებს ვხვდებოდით. რამდენიმე თვის წინ, საპატრიარქოსთან შეუთანხმებლად, იქ ჯერ ელადის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსი პროკოპიოს პეტრიდისი გამოჩნდა, ხოლო ცოტა ხნის წინ, კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართლომეოს პირველმა, აფხაზეთის ერთ-ერთი სქიზმატური ჯგუფის სასულიერო პირები, სტამბოლში მიიღო.
ახსნა-განმარტების მოთხოვნის შემდეგ, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას მსოფლიო საპატრიარქომ ვიზიტის „არაოფიციალურ ხასიათზე” მიუთითა და შეხვედრა „ყოველი ქრისტიანის მოსმენის” ვალდებულებით ახსნა. კონსტანტინოპოლმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ აფხაზეთს საქართველოს ეკლესიის იურისდიქციად აღიარებს. მიუხედავად ამისა, კონსტანტინოპოლის პირველსაყდარმა იცოდა, ვის მასპინძლობდა საკუთარ რეზიდენციაში. ცხადი იყო, თუ რა მესიჯებს გაგზავნიდა აფხაზეთში მისი, „უპირატესი თანასწორთა შორის” სტატუსის მატარებელი პატრიარქის, შეხვედრა სქიზმატურ ჯგუფთან. აფხაზ სასულიერო პირებს, ამ შეხვედრის შემდეგ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გარეთ კანონიკური საეკლესიო ცხოვრების გაგრძელების იმედი გაუჩნდათ. ამან, აღნიშნულ ტერიტორიაზე, უკვე დააზარალა მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის ინტერესები.
არქიმანდრიტმა დოროთე დბარმა აფხაზურ პრესას განუცხადა: „ჩვენ ჩავედით მსოფლიო პატრიარქის მიწვევით... შეხვედრაზე კონსტანტინოპოლის პატრიარქმა თქვა, რომ ყველა მასალა, აფხაზეთის ეკლესიის საკითხის შესახებ, მათ მიიღეს და განიხილეს, საეკლესიო-სახალხო ყრილობის მიმართვაც - მათ შორის. მსოფლიო პატრიარქმა გვითხრა, რომ ჩვენ შეგვეძლო გვეთქვა აფხაზი ერისთვის შემდეგი: კონსტანტინოპოლის საპატრიარქო, როგორც დედა ეკლესია, ყველაფერს იღონებს ამ საკითხის გადასაჭრელად. და პირველი, რაც მოხდება - განიხილება ჩვენი საკითხი კონსტანტინოპოლის ეკლესიის წმინდა სინოდზე”.
ტაბულა უკვე წერდა, რომ წინა წლის 15 მაისს, არქიმანდრიტ დოროთე დბარის მეთაურობით „საეროთა და სასულიეროთა ყრილობამ” ანაკოფიის მიტროპოლია დააარსა, რომლის მმართველადაც კრებამ დბარი დანიშნა. აღნიშნული მოვლენების შემდეგ, აფხაზეთში ორი დაპირისპირებული სასულიერო ჯგუფი გაჩნდა, რომელთაგან ერთს აფლიაა, ხოლო მეორეს დბარი ხელმძღვანელობს. რუსეთის ეკლესია სქიზმატებს შორის დავაში აფლიაას ანიჭებს უპირატესობას.
ორივე ჯგუფი აფხაზური ავტოკეფალიის მომხრეა. თუმცა დბარმა ზაფხულში დამოუკიდებელი თამაში წამოიწყო დაპირებით, რომ ის ბერძნებს აფხაზების მიერ 2009 წელს გამოცხადებული ავტოკეფალიის აღიარებას გამორჩებოდა. ამასთან, მან ღიად დაიწყო რუსეთის საეკლესიო პოლიტიკის კრიტიკა აფხაზეთში.
დბარის ყრილობის შემდეგ აფლიაას ჯგუფმა ელადის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსი, პროკოპიოს პეტრიდისი აფხაზეთში ჩაიყვანა და „ანაკოფიის მიტროპოლიის” დაპირებების გაქარწყლებას შეეცადა. აფხაზ მრევლს, რომელიც დბარის ჯგუფს უჭერს მხარს, აჩვენეს, რომ ბერძნების მხარდაჭერის იმედი არ უნდა ჰქონოდათ. პროკოპიოს პეტრიდისი პრორუსული ორიენტაციის ელადელი მღვდელმთავარია და, ამდენად, რუსებს აფლიაას მხარდასაჭერად მისი ვიზიტის ორგანიზება არ გასჭირვებიათ. რუსეთი აფხაზურ საეკლესიო ცხოვრებას მთლიანად აკონტროლებს და მისგან დამოუკიდებელი ნებისმიერი ნაბიჯის გადადგმას მტკივნეულად აღიქვამს.
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლების განცხადებით, მათ გაფრთხილებული ჰყავდათ მსოფლიო საპატრიარქო, რომ დბარსა და რამდენიმე სასულიერო პირს მღვდელმოქმედება შეუჩერდათ. მათ, ისევე როგორც აფხაზ სასულიეროთა უმრავლესობას, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისგან აქვთ ხელდასხმა მიღებული. ამის გათვალისწინებით, არავინ მოელოდა, რომ დბარი კონსტანტინოპოლის პატრიარქთან შეხვედრას შეძლებდა. თუმცა, კარგად ინფორმირებულმა კონსტანტინოპოლმა მაინც მიიღო რუსეთთან დაპირისპირებაში მყოფი აფხაზი სასულიერო პირები, რითაც მსოფლიო საპატრიარქო, აფხაზეთში ახალ საეკლესიო მოთამაშედ იქცა.
რატომ დასჭირდა კონსტანტინოპოლს აფხაზთა ერთ ჯგუფთან შეხვედრა? შესაძლოა, ეს მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიაში მიმდინარე პროცესებს უკავშირდება. რუსებსა და ბერძნებს შორის დიდი ხანია საეკლესიო ომი მიმდინარეობს. თითქმის ყველა საკითხზე, რომელიც მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიების იურისდიქციას ეხება, მათ განსხვავებული პოზიცია აქვთ. მაგალითად, კონსტანტინოპოლს კარგა ხანია სურს უკრაინის ავტოკეფალია აღიაროს. რუსეთი ყველაზე მრავალრიცხოვანი მართლმადიდებელი ეკლესიაა, მაგრამ თუ უკრაინას დაკარგავს, ის პოზიციებს მნიშვნელოვნად დათმობს. თავის მხრივ, კონსტანტინოპოლი არ აღიარებს ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიას და იქ თავისი ეპარქია აქვს, რომელსაც რუსეთი არ ცნობს. არ არსებობს შეთანხმება ავტოკეფალიის მინიჭების საკითხზეც - კონსტანტინოპოლი მიიჩნევს, რომ ავტოკეფალიის მინიჭების პრივილეგია თავად აქვს - სხვათა შორის, სწორედ მან მისცა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას 1990 წელს ავტოკეფალიის ტომოსი. ხოლო რუსები ამბობენ, რომ ეს პრივილეგია დედა ეკლესიას გააჩნია.
რუსულ-ბერძნულ ომში, საქართველოს ეკლესია თითქმის ყოველთვის რუსეთის საპატრიარქოს მხარეს დგება და კონსტანტინოპოლს უპირისპირდება. მაგალითად, ათწლეულებია, კონსტანტინოპოლის საპატრიარქო მსოფლიო კრების მოწვევას ცდილობს, სადაც ხსენებული საეკლესიო პრობლემების გადაჭრა სურს, თუმცა რუსეთის საპირისპირო პოზიციის გამო ეს ვერ ხერხდება - ამჯერად სტატუს კვო სწორედ რუსეთს აწყობს.
შარშან, მსოფლიო საპატრიარქომ სცადა უძველესი მართლმადიდებელი ეკლესიები შეეკრიბა და ამ „ახალი პენტარქიის” ფორმირებით მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიაში საკუთარი ხმისთვის წონა მიეცა. ყოვლადუწმინდესმა ბართლომეოსმა, თავის რეზიდენციაში უძველესი მართლმადიდებელი ეკლესიების - ალექსანდრიის, ანტიოქიისა და იერუსალიმის, ასევე კვიპროსის ეკლესიის დელეგაციები შეკრიბა. კრება რუსეთის ეკლესიისა და სხვა ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენელთა გარეშე ჩატარდა.
კონსტანტინოპოლი მიიჩნევს, რომ, როგორც უპირატესი საპატრიარქო, უფლებამოსილია დამწყემსოს ყველა ის მართლმადიდებელი, რომელიც არ შედის სხვა ეკლესიის იურისდიქციაში. რუსეთის საპატრიარქო განსხვავებულად ფიქრობს და მოქმედებს - საკუთარ ეკლესიებს კონსტანტინოპოლის ნებართვის გარეშე აშენებს. იმ ტერიტორიებზეც კი, სადაც ბართლომეოსს თავისი ეპისკოპოსი ჰყავს დადგენილი.
რუსეთის პოზიციას ემთხვევა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის აზრი. კონსტანტინოპოლში ვიზიტის შემდეგ, შარშან, საქართველოს პატრიარქმა პრესას ასეთი განმარტება მისცა: „მსოფლიო პატრიარქმა შემოგვთავაზა, რომ ყველა ეკლესია, რომელიც არ შედის ამა თუ იმ ეკლესიის იურისდიქციაში, მსოფლიო პატრიარქს უნდა ექვემდებარებოდეს. ჩვენ ვუპასუხეთ, რომ თუ ასეთია მრევლის ნება, ის უნდა ექვემდებარებოდეს დედა ეკლესიას” - რითაც საქართველოს ეკლესიამ მოცემულ დავაში კვლავ რუსეთის ეკლესიის პოზიცია დაიკავა. ეს მხარდაჭერა მან რუსეთში პატრიარქ კირილის 65 წლის იუბილეზე მოსკოვის სატელიტ ეკლესიებთან სპეციალურ კომუნიკეზე ხელმოწერითაც დაადასტურა. ეს კომუნიკე „ახალი პენტარქიისა” და კონსტანტინოპოლის წინააღმდეგ იყო მიმართული.
მსოფლიო საპატრიარქოსთვის თითოეული ეკლესიის პოზიციას რუსეთთან კონკურენციისას დიდი მნიშვნელობა აქვს. რომთან სქიზმის შემდეგ, მართლმადიდებელი ეკლესიების დიპტიქის სათავეში კონსტანტინოპოლი აღმოჩნდა. თუმცა ეს უპირატესობა, რუსეთის აზრით, მხოლოდ სიმბოლური უნდა იყოს და თან არ ახლდეს რეალური პრივილეგიები. ბუნებრივია, კონსტანტინოპოლი ამ აზრს ეწინააღმდეგება და საკუთარი პირველობის დემონსტრირებას ყველანაირად ცდილობს. მსოფლიო პატრიარქის მიერ რუსეთთან დაპირისპირებული აფხაზური სამღვდელოების საკუთარ კარზე მიღება, ამ ომისთვის ახალი ტერიტორიების ათვისებაა და უპირველესად სწორედ რუსებისთვის ახალი ფრონტის გახსნას ისახავს მიზნად. ამასთან, კონსტანტინოპოლი ხედავს, რომ საქართველოს ეკლესია რუსულ პოზიციებს დიდწილად აფხაზეთის დაკარგვის შიშით იკავებს, ამიტომ გადაწყვიტა სასწორზე საკუთარი სიმძიმე შეაგდოს. აფხაზი სქიზმატების მიღება მკაფიო გზავნილია საქართველოს ეკლესიისთვის: „არ დაგავიწყდეთ - 1990 წელს ჩვენ გიბოძეთ ავტოკეფალიის ტომოსი, გაღიარეთ და გცანით, ამიტომ ჩვენი გათვალისწინებაც მოგიწევთ”.
![]() |
7 გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაცია |
▲ზევით დაბრუნება |
საზოგადოება
თეონა კოკიჩაიშვილი
ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი
ბოლო ერთი თვის განმავლობაში გუდიაშვილის მოედანი მანიფესტანტებმა რამდენჯერმე მოინახულეს. მათ პროტესტი გამოფენა-გაყიდვით, ცეკვა-სიმღერითა და სხვადასხვა პერფორმანსით გამოხატეს. აქციის მონაწილეები თბილისის მერიისაგან გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის პროექტის წარმოდგენასა და ისტორიული შენობების დაუყოვნებლივ გამაგრებას მოითხოვდნენ.
გუდიაშვილის მოედნის ირგვლივ ხმაური სოციალურ ქსელებში დაიწყო და დღემდე გრძელდება. საზოგადოების ინფორმირებისა და მობილიზების მიზნით, Facebook-ზე ჯგუფიც შეიქმნა - STOP Destroying Gudiashvili Square. სწორედ ამ ჯგუფში დაგეგმეს აქციებიც. უკმაყოფილება კი ავსტრიული კომპანიის Zechner & Zechner-ის მიერ ერთ-ერთ საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციასა და მათ მიერ განთავსებულ ფოტოებს მოჰყვა. ტექსტში ნათქვამია, რომ აღნიშნულმა კომპანიამ მულტიფუნქციური პროექტის განვითარების კონკურსში გაიმარჯვა, წარმოდგენილია გუდიაშვილის მოედნის კონცეპტუალური განვითარების გეგმაც. Zechner & Zechner-ის ინფორმაციით, პროექტის მიზანი გუდიაშვილის სკვერის ირგვლივ მაღაზიებით, ოფისებითა და რესტორნებით მულტიფუნქციური სივრცის შექმნა იყო. პროექტის მიხედვით, შენობების პირველ სართულებზე რესტორნები და მაღაზიები იქნება, ზედა კი საოფისე ან საცხოვრებელი ნაწილებია. კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში გარკვევით წერია, რომ შენობებს ისტორიული სახე შეუნარჩუნდებათ. თუმცა, საწინააღმდეგოს აჩვენებს დართული ფოტოები, რამაც საზოგადოების ნაწილში გაურკვევლობა და მერიის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციისა და განახლებული გუდიაშვილის ფოტოების მიმართ უნდობლობა გამოიწვია.
გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის პროექტს სამშენებლო კომპანია ირაო ჯგუფი ახორციელებს. მისი პრეზიდენტი, გიორგი მაღრაძე ირწმუნება, რომ კონკურსი, რომელშიც ავსტრიულმა კომპანია Zechner & Zechner-მა გაიმარჯვა, ირაო მაგნატმა გამოაცხადა. „კონკურსი მხოლოდ კონცეფციის შემუშავებას ისახავდა მიზნად. ამ კომპანიისთვის არავის დაუვალებია, ფასადური გადაწყვეტაც წარმოედგინათ. ეს მხოლოდ და მხოლოდ მათი ხედვაა”. მისივე თქმით, ირაო მაგნატ გუდიაშვილსა და თბილისის განვითარების ფონდს შორის გაფორმებულ ხელშეკრულების ერთ-ერთ დანართში წარმოდგენილია განვითარების კონცეფცია, სადაც დეტალურად წერია, კონკრეტულად რა სახის და ხარისხის შენობები იქნება ამ ტერიტორიაზე: „ძეგლების ავთენტურობა არ დაირღვევა. ეს უპირველესად ინვესტორი კომპანიის ინტერესშია”.
როგორც მერიაში ამბობენ, გუდიაშვილზე 2003 წლიდან ხელოვნებათმცოდნეების რამდენიმე ჯგუფი მუშაობდა. 2007-დან პროექტირებაში ფონდიც ჩაერთო. ხელოვნებათმცოდნეების, არქიტექტორებისა და კონსტრუქტორების ჯგუფმა დეტალურად შეისწავლა შენობები და ისტორიული კვლევა წარმოადგინა. მანუჩარ მახათაძის თქმით, ამ და კულტურული მემკვიდრეობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციასა და კვლევებზე დაყრდნობით, დაიწყო მოედნის განვითარების კონცეფციის დაგეგმვა. მისივე თქმით, ინვესტორი ავსტრიული კომპანიაა, თუმცა, პროექტირებას ქართული მხარე ფონდთან შეთანხმებით აწარმოებს.
გუდიაშვილის მოედანს ხუთი ქუჩა უერთდება. მოედნის ირგვლივ რამდენიმე შენობა დგას. მათგან მხოლოდ ერთი, 23 ნომერი არ არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, დანარჩენი ყველა ძეგლის სტატუსს ატარებს. შენობის ის ფასადური ნაწილი, რომელიც უშუალოდ მოედანზე გამოდის, ხელშეუხებელი ძეგლის ნაწილია, ამიტომ, კონცეფციის მიხედვით, მისი ავთენტურობა უნდა შენარჩუნდეს. ფონდის მთავარი არქიტექტორის თქმით კი შენობები, რომელიც გადის უკან, ანუ ეზოს მხარეს, გვიან მიშენებულია (60-იანი წლების, ზოგი უფრო ადრეული) და სავალალო მდგომარეობაშია. შესაბამისად, ამ ნაწილის დემონტაჟი მოხდება. მის ადგილზე კი ახალი აშენდება. ზოგან მოცულობა ერთი სართულით მოიმატებს, ზოგან უცვლელი დარჩება. ეს, ბუნებრივია, ამ კომპლექსის რეაბილიტაციას ინვესტორისთვის საინტერესოს ხდის: საუბარი სოლიდურ, რამდენიმე მლნ ევროს ღირებულების ინვესტიციაზეა. რა თქმა უნდა, გარკვეული გათვლები უცხოურ კერძო კომპანიასაც აქვს, რომელმაც ეს ინვესტიცია უნდა გააკეთოს. ამასთან ერთად, ადგილი, ეკოპოლიტიკის სამსახურის უფროსის ზვიად არჩუაძის თქმით, ზოგადად ქალაქისთვის არის მნიშვნელოვანი: გარდა იმისა, რომ ის ძველი თბილისის ნაწილია, იმ ცენტრებს უკავშირდება, სადაც ტურისტები იყრიან თავს - „თუ ჩვენ გვინდა თბილისი განვიხილოთ, როგორც გართობისა და ვაჭრობის ცენტრი, ამისთვის ამ ადგილის განვითარება აუცილებელია. ჯერჯერობით უცნობია გუდიაშვილზე რა ბრენდები შემოვლენ. საკონსულტაციო კომპანიაზე გამოცხადებული გვაქვს ტენდერი. მომავალში მათთან ერთად ბრენდების შემოყვანაზე ვიმუშავებთ”.
ტფილისის ჰამქარის ხელმძღვანელი, ალეკო ელისაშვილი მიიჩნევს, რომ ირაო მაგნატს გუდიაშვილი შემაშფოთებლად დიდი უფლებებით გადაეცა. „ამ ავსტრიულ კომპანიას მუნიციპალური უფლებებიც კი მიანიჭეს”. ხელშეკრულების მიხედვით, მყიდველს უფლება აქვს გადააადგილოს ქვაფენილი, მათ შორის, ტროტუარი, ფეხითმოსიარულეთა ზონა და სამაშველო და საგანგებო შემთხვევათა სამსახურების მანქანათა მისასვლელები და მისადგომები. ალეკო ელისაშვილის თქმით, ამ თემასთან დაკავშირებით ტფილისის ჰამქარი სარჩელს ამზადებს. მისთვის გაუგებარია რეაბილიტაციის პროექტის გაუმჭვირვალობა და გამაგრებითი სამუშაოების დაგვიანება.
მთავარი არქიტექტორის განმარტებით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება ამ დრომდე ვერ მოხერხდა, რადგან გამაგრებითი სამუშაოები ძირითად პროექტს უნდა მიებას - „ეს არის შიგნითა გეგმარება, მისი ძირეული გადაკეთება კი მომავალი მეპატრონის თემაა. ამიტომ აქამდე გამაგრებითი სამუშაოების ჩატარება ფულის ფუჭი ხარჯვა იქნებოდა”. ჯერ კიდევ დარჩენილია რამდენიმე ოჯახი, რომელთანაც მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ამის შემდეგ დაიწყება გამაგრებითი სამუშაოები. მისივე თქმით, უახლოესი ორი თვის განმავლობაში, ირაო მაგნატი თავდაპირველად „ლიტერატურული საქართველოს” ყოფილი შენობის რეაბილიტაციას დაიწყებს, რადგან ძეგლი იმდენად ავარიულ მდგომარეობაშია, რომ შიგნით შესვლაც კი სახიფათოა. „შენობა შეინარჩუნებს იერსახეს. უპირველესად საძირკველს გაამაგრებენ. როდესაც შევხვდით ხელოვნებათმცოდნეების ჯგუფს, მათ ავუხსენით, რომ ხის აივნები და ის ნაწილი, რომელიც მის ფასადს ამშვენებს, ამ ეტაპზე უნდა მოიხსნას, გაიწმინდოს, მოხდეს დროებით მათი დასაწყობება. აუცილებელია სახურავის მოხსნა, ვინაიდან წყალს ატარებს. ძირითადი გამაგრებითი სამუშაოების შემდეგ კი სახურავი ისევ დაიდგმება და ის ხის ელემენტები აღდგენილი სახით ისევ დამონტაჟდება ფასადზე”.
ხელშეკრულების დანართის მიხედვით, გუდიაშვილის სკვერის განახლების პროექტი 4-5 წლის ვადაში უნდა დასრულდეს.
![]() |
8 ხელოვნების მფარველები |
▲ზევით დაბრუნება |
საზოგადოება
ნინო მაჭარაშვილი
მომწონს ფული კედელზე. თქვით, რომ 200 000 დოლარად აპირებთ ნახატის ყიდვას. ჩემი აზრით, ეს ფული ერთად უნდა შეკრათ და კედელზე დაკიდოთ. როდესაც ვინმე მოგინახულებთ, პირველი, რასაც დაინახავენ, იქნება ფული კედელზე".
ენდი უორჰოლი
ხელოვნების ნიმუშების შეგროვება ძვირადღირებული ჰობია. ზოგიერთი, არცთუ ისე ცოტა, აღიარებული და ცნობილი ტილოს ან სკულპტურის ფასი ექვსნიშნა ციფრებით გამოისახება. დღეისთვის ხელოვნების ბაზარი ერთ-ერთია, სადაც ყველაზე დიდი ფული ტრიალებს. აუქციონებზე, ნადირობის აზარტს აყოლილი მდიდრები მზად არიან, ნებისმიერ ფასად მოიპოვონ „ტრიუმფი” - ბუნებრივია, ამ დროს ხელოვნების ნიმუშის თავისთავადი, ესთეტიკური ღირებულება უკან ინაცვლებს. აზარტისა და აღტაცების მთავარ სტიმულად კი ფული იქცევა - რაც უფრო მეტს იხდის მყიდველი, მით უფრო შთამბეჭდავია მისი ტრიუმფიც.
ჯექსონ პოლოკი „N5"
თანხებზე წარმოდგენის შესაქმნელად, დღეისთვის აუქციონზე ყველაზე ძვირად გაყიდული ნამუშევარი, რომლის ფასიც ცნობილია, ჯექსონ პოლოკის ფერწერული ტილო „ნომერი 5, 1948” გახლავთ - 2006 წელს მასში 140 მილიონ დოლარი გადაიხადეს. აქვეა პიკასოს, კლიმტისა და ვან გოგის რეკორდულ ფასად გაყიდული ნამუშევრები. აუქციონებსა და გამოფენებზე ყოველწლიურად მილიარდობით დოლარის ოდენობის თანხები იხარჯება. „ჰაერში რაღაც უცნაურს იგრძნობდით - თავად ფულის აღუწერელ არომატს”, - ასე აღწერს თავის სტატიაში ხელოვნების კრიტიკოსი, ბლეიქ გოპნიკი, ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ „არტ ბაზელი მაიამი-ბიჩის” სამხატვრო ბაზრობას. მაგალითისთვის, ამ ბაზრობაზე 2.5 მილიონ დოლარად გაიყიდა დამიენ ჰირსტის ნამუშევარი - ქირურგიული ინსტრუმენტებით სავსე შუშის კაბინა.
პაბლო პიკასო „ბიჭი ჩიბუხით"
ვინსენტ ვან გოგი „დოქტორი გაშე"
ამრიგად, ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, ხელოვნების ბაზარი ფულის ნაკლებობას არ განიცდის. 2011 წლის პირველ ნახევარში მსოფლიოს მასშტაბით გაყიდვებმა 6 მილიარდ დოლარს მიაღწია. ეს მაჩვენებელი 2010 წლისაზე 34%25-ით მეტია.
ხშირად ეს თანხები ხელოვნების მოყვარულებს და კრიტიკოსებსაც სასაცილოდ და შეუსაბამოდ ეჩვენებათ. ბაზარზე კი სხვები თამაშობენ - გასაკვირი არ არის, რომ ყველაზე ძვირადღირებული, მილიარდობით დოლარის ღირებულების კოლექციების პატრონები ბიზნესმაგნატები არიან. თანაც, ხელოვნების ბაზარს თუ გადავხედავთ, დავინახავთ - ვისაც ფული აქვს, როგორც წესი, თანხმდებიან, თუ რა არის საუკეთესო - მიუხედავად იმისა, რომ გემოვნება ინდივიდუალურია. ფასის იარლიყი, რომელზეც მეტი ნული წერია, გასაყიდ ნივთს საყოველთაო სურვილის ობიექტად აქცევს.
რამდენიმე თვის წინ, ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორებმა კვლევა ჩაატარეს. ტვინის გარკვეული უბნების სკანირებისას დადასტურდა, რომ ხელოვნებისგან მიღებული სიამოვნება დიდწილად დამოკიდებულია იმ ინფორმაციაზე, რომელსაც დამთვალიერებელს აწვდიან და არ არის „ობიექტური”. ზუსტად ისევე, როგორც ღვინის ბოთლის ფასის ცოდნა მოქმედებს გემოს აღქმაზე. კვლევის მონაწილეებს მონაცვლეობით აჩვენებდნენ რემბრანდტის ორიგინალ და მისი მიბაძვით შექმნილ ნამუშევრებს. აღმოჩნდა, რომ დამთვალიერებელს ნახატი უფრო მოსწონს, როდესაც იცის, რომ ის რემბრანდტისაა. მაშინაც კი, როცა სინამდვილეში, შესაძლოა, ეს ფერწერული ტილო სულაც არ იყოს ამ აღიარებული მხატვრის ნამუშევარი. ამიტომაა, რომ ცნობილი ნახატის ავთენტურობის დადასტურების შემთხვევაში, მის ფასს ავტომატურად ემატება რამდენიმე ნული - მაშინ როცა ნამუშევარი, ბუნებრივია, არ იცვლება. მთავარი უპირატესობა არა თავად ნახატში, არამედ, პირობითად, სახელ „რემბრანდტშია”.
ხელოვნების ნიმუში, იქნება ეს ნახატი, სკულპტურა თუ რაიმე სხვა, უნიკალურია. განსხვავებით, ვთქვათ, მუსიკალური ჩანაწერისაგან, რომლის მილიონობით ასლის გაკეთებაა შესაძლებელი და თითოეული მათგანი „ნამდვილი” და ერთნაირია, აქ მხოლოდ ერთი ორიგინალი არსებობს - ეს ნივთის ფასს ზრდის. ღირებულება იმატებს მაშინაც, თუ ახალ მეპატრონემდე ამ ნივთის მფლობელი ცნობილი, აღიარებული ადამიანი იყო. მაგრამ ეს ვერ პასუხობს კითხვას: მაინც რატომ არიან მზად ადამიანები, გადაიხადონ ასობით მილიონი ნივთში, რომელსაც, ერთი შეხედვით, მხოლოდ ესთეტიკური დატვირთვა აქვს?
რა თქმა უნდა, შეგვიძლია, ამ მოქმედებაში პრაქტიკული ხასიათის მოტივაციებიც ვეძებოთ. მაგალითად, ფულის ინვესტიცია, კაპიტალდაბანდება ნივთში, რომელიც, შესაძლოა, შემდგომში უფრო გაძვირდეს. თუმცა, საქმე ასე მარტივად არ არის: ხელოვნების ბაზარზე ფასების რეკორდულ ნიშნულამდე აწევას ბევრი მორიგ საბაზრო ბუშტადაც მიიჩნევს. კულტურის ეკონომისტები იმასაც ამბობენ, რომ, შესაძლოა, რომელიმე თანამედროვე ხელოვანის შემოქმედებაში გადახდილი ასიათასობით დოლარი სულაც არ აღმოჩნდეს გონივრული ინვესტიცია.
ამრიგად, პრაქტიკული მიზნები რეკორდულ ფასებს კარგად ვერ ხსნის. ნამუშევრის შეფასების საყოველთაო, მარტივად გაზომვადი კრიტერიუმი მისი ფასია. თუმცა ზოგიერთი სოციოლოგი მიიჩნევს, რომ აქ საქმე ნაკლებად გვაქვს ფინანსების კლასიკურ გაგებასთან - ფულს განსხვავებული, კულტურული ღირებულება ენიჭება. აუქციონზე დახარჯული ფულიც „კულტურული დოლარებია”, რომელთაც საკუთარი ლოგიკა აქვთ.
ხელოვნებისა და ფულის კავშირს საინტერესოდ ხსნის თანამედროვე ჰოლანდიელი სოციოლოგი, ოლავ ველტუისი. ამ სფეროში ფასებს მნიშვნელობათა მთელი ქსელი განაპირობებს, სადაც მოგების ალბათობა მხოლოდ ერთ-ერთია. ფასი მჭიდროდ უკავშირდება და განაპირობებს ნიმუშის ხარისხს, მისი მფლობელის რეპუტაციასა და სტატუსს. განსხვავებით მუსიკალური ან ლიტერატურული ბაზრისგან, მისი წარმატება არა გაყიდვებს, არამედ - სწორედ ფასების ზრდას უკავშირდება.
იმ პირობებში, როცა ხელოვნების ნიმუშის შესაფასებლად განსაზღვრული კრიტერიუმები არ არსებობს, მაღალი ფასი თავისთავად ხდება ხარისხის მანიშნებელი. მყიდველიც, როგორც წესი, კმაყოფილებას გადახდილი თანხის ოდენობიდან და არა შეძენილი ნივთისგან იღებს. გარდა ამისა, რომელიმე ხელოვანის ნამუშევრის გაძვირება უტყუარი მესიჯია - მისი შესყიდვა უსაფრთხოა. კოლექციონერს, რომელიც დარწმუნებული არ არის თავის გადაწყვეტილებაში და მისი სისწორის საყოველთაოდ აღიარება სჭირდება, შეუძლია, მშვიდად იყოს - თუ ამ სფეროში საკმარისი კომპეტენცია არ აქვს, მაღალი ფასი მისი „ესთეტიკური ხედვის” გარანტად იქცევა.
ეს გავლენას ხელოვანებზეც ახდენს - ფასის დაწევა მნიშვნელოვნად მოქმედებს მათ თვითშეფასებასა და ღირსებაზე. ამიტომ, ამ ბაზარზე მაქსიმალურად ცდილობენ, ფასების ვარდნა თავიდან აიცილონ ან რამენაირად შენიღბონ. კულტურის ეკონომისტები ამბობენ, რომ ხშირად დილერები ნამუშევარს ზედმეტად დაბალ ფასსაც კი ადებენ, სანამ ერთი მყიდველი მაინც არ გამოჩნდება. შემდეგ ფასი იზრდება.
ამრიგად, ხელოვნების ნიმუშის ფასი არტდილერებს, კოლექციონერებსა და ხელოვანებს შორის იერარქიულ სტატუსებს აწესებს. ის საუკეთესო საშუალებაა კოლექციონერისთვის, წარმოაჩინოს უბადლო „ესთეტიკური ხედვა” ანაც ხელოვნების სამყაროში გმირის როლი მოირგოს. ამიტომაც, ხელოვნების ბაზარზე მონაწილეობა, უკვე თავისთავად ემოციური კმაყოფილების საგანია.
გადამწყვეტი, როგორც წესი, სწორედ პრესტიჟის ფაქტორია. ხელოვნების ბაზარზე რუსეთიდან, ინდოეთიდან, ჩინეთიდან თუ ბრაზილიიდან ახალი ფულის შემოდინება, დასავლურ მეინსტრიმში „ჩაწერის” სურვილით აიხსნება. იმიჯი მნიშვნელოვანი რამაა, ხოლო ფულის სწორად დახარჯვა შეძენილ სტატუსად ღირს - ხელოვნების მფარველი.
![]() |
9 Goodbye USSR |
▲ზევით დაბრუნება |
გია ჯანდიერი|სვეტი
როდის დაიშალა საბჭოთა კავშირი - სამოთხე დედამიწაზე თუ ჯოჯოხეთი ცხოვრებაში
ვიცი, საბჭოთა კავშირის გახსენებაზე, ბევრს ჯერ კიდევ სიამოვნების გრძნობა უჩნდება. მათი ეს გრძნობა შესაძლებელია გასაგებიც იყოს - საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ბევრი მათგანის ცხოვრების მდგომარეობა ბევრად არ გაუმჯობესებულა, ზოგის გაუარესდა კიდეც, ხოლო 2005 წლამდე, დიდხანს, ჩვენი ქვეყანა ბუნებრივი კატასტროფის შემდგომ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ამ ადამიანების ადვილად მესმის - მათი სოციალური სტატუსი ერთბაშად შეიცვალა - ხალხში პატივცემული ინჟინრებიდან, პედაგოგებიდან, ექიმებიდან, მსახიობებიდან და მეცნიერებიდან, უცებ არავისთვის საჭირო ადამიანებად გადაიქცნენ. ამას ვერანაირი ეკონომიკური სიძნელეები ვერ შეედრება, რომელიც ამავე პერიოდში გადავიტანეთ.
ასეთ მდგომარეობაში აღმოჩენილი ადამიანებისათვის დიდი ვერაფერი შეღავათია, მაგრამ კარგი იქნებოდა ალბათ, იცოდნენ, რომ ის ყველაფერი, რაც იქ, საბჭოთა კავშირში დატოვეს, არასოდეს არავის დაავიწყდება - არც მილიონობით დაღუპული ადამიანი და მათი ოჯახები, გადასახლებული და განადგურებული ერები, ქალაქები და სოფლები, მიწასთან გასწორებული კულტურა და ტრადიციები, პატივ- და თავისუფლებააყრილი ადამიანები.
ძნელია მხოლოდ ჩვენს თავზე ავიღოთ ტოტალიტარიზმის მხარდაჭერა - ეს მთელს ევროპაში ხდებოდა, ჩვენ მხოლოდ ამ ჭირის იმპორტს ვეწეოდით და შემდგომში რეექსპორტსაც. არც ის მგონია სწორი, მკვლელ და ბანდიტ სტალინს გადაბრალდეს ყველაფერი - ამასობაში დავივიწყოთ მარქსი, ლენინი და სხვა სისხლისმოყვარული იდეოლოგები. ეს მხოლოდ ამ იდეოლოგიის მომხრეების წისქვილზე დაასხამს წყალს - ცუდმა კაცებმა ქნეს ეს და კომუნიზმი თვითონ კარგიაო, გააგრძელებენ გამეორებას.
ლუდვიგ ფონ მიზესის დაბადების ადგილზე, ლვოვში მისი მეორიალური დაფა ჩამოხსნეს, მიუხედავად უამრავი ადამიანის მოთხოვნისა - შეენარჩუნებინათ. ფონ მიზესმა 1918 წელს სოციალიზმის იდეა მცდარად გამოაცხადა და ყველა გააფრთხილა: „…სოციალიზმის იდეა ადამიანის სულის ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური ქმნილებაა... ისეთი მიმზიდველი, ისეთი ძვირფასი, რომ მან სწორად მოიპოვა უდიდესი აღფრთოვანება. თუ გვინდა მსოფლიო ამ ბარბაროსობისაგან გადავარჩინოთ, ჩვენ უნდა გავაბათილოთ სოციალიზმი, და არ გადავაგდოთ იგი გაუფრთხილებლად”.
რომ ვთქვა, საბჭოთა კავშირი მტკივნეულად დაიშალა-მეთქი, ამის წამკითხავი დღევანდელი და, მით უმეტეს, მომავალი თაობის წარმომადგენლები ვერაფერს შეიტყობენ, არც ბევრი შანსი ექნებათ კარგად გაერკვიონ რა იყო იგი. ბევრი ადამიანისთვის, ვინც მას ვერ მოესწრო, ხომ იმის გაგებაც ძნელია, რას ვერჩოდით სტალინს.
საბჭოთა კავშირი არც ადვილად შექმნილა, არც უარსებია ადვილად და ასეთივე დიდი წვალებით დაიშალა. მისი ეკონომიკური დასასრული ბევრისთვის ადრეც იყო გასაგები - ასეთი აბსურდული სისტემა ძნელად თუ მოიძებნება, რომელშიც არავის ჰქონდა მოტივაცია რაიმე კარგად ეკეთებინა, და როგორც ფრედერიკ ბასტია იტყოდა, ყველა სხვის ხარჯზე ცხოვრობდა.
საბჭოთა ეკონომიკა 1990 წელს უკვე ფაქტობრივად აღარ არსებობდა, მისი მთავარი მოქმედი პირი - ცენტრალური საგეგმო კომიტეტი მოსკოვში ვეღარაფერს გეგმავდა. ჩემთვის ეს ფაქტი კარგად იყო ცნობილი, მაგრამ შემდგომში კიდევ ბევრჯერ გავიფიქრე, ახლა კი ნამდვილად დაიშალა საბჭოთა კავშირი-მეთქი.
ჩემთვის საბჭოთა კავშირი პირველად მაშინ დაიშალა, როდესაც საქართველოს ფეხბურთის გუნდებმა უარი თქვეს საკავშირო ჩემპიონატში მონაწილეობაზე, 1989 წელს. მერე როდესაც პირველი არჩევნები ჩავატარეთ და რეფერენდუმი დამოუკიდებლობაზე, როდესაც უკვე ოფიციალურად გამოცხადდა მისი დაშლა 1991 წლის ბოლოს, 20 წლის წინ. ამ დროისათვის საქართველოში ლენინის ყველა ძეგლი მოხსნილი იყო, ასეთი ძეგლები დღეს რუსეთში, ბელარუსსა და უკრაინაში კიდევ ბევრი დგას.
მაგრამ შემდგომში საბჭოთა კავშირი კიდევ ბევრჯერ დაიშალა: როდესაც 1992 წელს გაბრაზებულმა რუსეთმა შეგვიწყვიტა საავტომობილო საწვავის მოწოდება და ჩვენ პირდაპირი კონტაქტების არარსებობის გამო სრულიად უბენზინოდ დავრჩით; იმავე წელიწადს რუსეთმა ჩაგვითრია აფხაზურ კონფლიქტში, რომელიც ქართველების გამოდევნით დასრულდა; 1993 წელს რუსეთმა უარი განაცხადა რუსეთის გარეთ თავისი ფულის მიმოქცევაზე; შემოდგომით კი კრემლმა სრული ენერგეტიკული ბლოკადა მოგვიწყო და ხის ტოტების მოგროვება დაგვჭირდა, იმ ზამთარს რომ გადავრჩენილიყავით - ეს ბლოკადა მანამდე გაგრძელდა, სანამ ყველა საწარმო ჯართად არ იქცა, თუმცა არც მანამდე იყო დიდი დოვლათი.
საბჭოთა კავშირი მაშინაც დამთავრდა, როდესაც სამოქალაქო ომის შემდეგ საქართველოს საკუთარი რესურსი გაუჩნდა, ახალი პარლამენტი შექმნა, პირველი კანონები მიიღო და კონსტიტუცია, რომელმაც კერძო საკუთრება აღიარა - რის გაუქმებასაც მანამდე ათობით მილიონი მესაკუთრის მსხვერპლი დასჭირდა, ვინც ყველაზე გვიანობამდე ებრძოდა კომუნიზმს და ვისაც დიდხანს მსხვერპლადაც კი არ აღიარებდნენ.
საბჭოთა კავშირის გაუქმება მაშინაც დავიჯერე, როდესაც პურის ფასის კონტროლის გაუქმებამ 1994 წელს, რომელმაც მანამდე არნახული დეფიციტი შექმნა, უცებ გაავსო მაღაზიების თაროები სხვადასხვა ხარისხის პურით, ხალხის მსყიდველუნარიანობიდან გამომდინარე, დახლებზე ნელ-ნელა გაჩნდა საბჭოთა დროს არსებული დეფიციტური პროდუქტები და უბრალო საოჯახო ტექნიკა, სამშენებლო მასალები და ჯინსის შარვლები, რომლის ყიდვა მხოლოდ ქრთამის მიცემის ან ცეკა-დან ჩაწყობით შეიძლებოდა; ქუჩებში გამოჩნდა სუპერდეფიციტური დასავლური ავტომობილები, რომლებიც რატომღაც ყოველდღე არ ფუჭდება და უსაფრთხოდ გადაადგილდება.
საბჭოთა კავშირი კიდევ ერთხელ მაშინ დაიშალა, როდესაც პასპორტებიდან ეთნიკური მიკუთვნების ჩანაწერი ამოვიღეთ და ადამიანის საცხოვრებელ ადგილზე მუდმივი ჩაწერის კანონი გავაუქმეთ, ღირსება დავუბრუნეთ და მონობიდან გავათავისუფლეთ ადამიანები.
საბჭოთა კავშირი განსაკუთრებით მაშინ დაიშალა, როდესაც უარი ვთქვით რუსულ მამობრივ ჩარევაზე გაზის და ენერგიის სფეროში - როგორც კი ეს მაფია მოვსპეთ, მაშინვე დავინახეთ რა ადვილი იყო ენერგიის მიწოდება. საბჭოთა კავშირის დასამთავრებლად ვირწმუნეთ, რომ ქურდებთან პოლიციის თანამშრომლობა ცუდია, ხოლო პოლიციის და უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელს, თავდაცვის მინისტრს მოსკოვიდან არ უნდა გვინიშნავდნენ - ეს საქმეს მაშინვე დაეტყო; მთელი ცხოვრება მესმოდა, რომ ქართველები ზარმაცები და უსაქმურები ვიყავით, კორუფცია ჩვენი თანდაყოლილი ნაკლი იყო, და, ახლა, ერთბაშად ყველამ ვირწმუნეთ, რომ ასე არ არის, და ასე მხოლოდ სპეციალურად ჩაგვაგონებდნენ, რომ საბჭოთა კავშირის/რუსეთის იმპერიის დატოვების ამბიცია არ გვქონოდა, თორემ ნამდვილად დავიღუპებოდით.
საბჭოთა კავშირის ნოსტალგია ბევრს გაუქრა, როდესაც რუსეთმა ღიად და საქვეყნოდ მრავალჯერ სცადა ჩვენი უკან დაბრუნება, გვებრძოლა ყველა საერთაშორისო ასპარეზზე, მოგვიწყო ეკონომიკური ბლოკადა, მიიტაცა ჩვენი ტერიტორიები, დაგვბომბა და დაგვიხოცა ადამიანები, უამრავი ათასი დევნილად აქცია საკუთარ ქვეყანაში. ეს ყველაფერი იმიტომ მოაწყო, რომ საბჭოთა წარსულზე გადაჭრით უარი ვთქვით, როდესაც ევროპის საბჭოში შევედით, მოვითხოვეთ NATO-ში გაერთიანება და დავუმეგობრდით აშშ-ს: ჩვენი რწმენა განვაცხადეთ, რომ არასოდეს დავბრუნდებოდით იმ სამყაროში, სადაც ადამიანი ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულება არ არის. განვაცხადეთ, რომ ვერ შევეგუებით თავისუფლების გარეშე ცხოვრებას, ვერ დავთმობთ ჩვენს ღირსებას და ადამიანების შეუზღუდავი მოქმედების და არჩევანის უფლებას, რისთვისაც გვინდა სწორედ დასავლეთთან - მის მთავარ დამცველთან - დაახლოება, გავუფრთხილდებით ამ მონაპოვარს და შეუქცევადს გავხდით.
დაბოლოს, საბჭოთა კავშირზე უარი ვთქვით, როდესაც სახელმწიფო ქონების კერძო პირებისთვის გადაცემა გადავწყვიტეთ, ეკონომიკური საქმიანობის ლიბერალიზაცია და სახელმწიფოს უფლებრივი შეზღუდვა, დერეგულაცია და საბაზრო ეკონომიკის - კაპიტალიზმის სრული ლეგალიზაცია, რომელიც ასე არ მოსწონდათ საბჭოთა ლიდერებს და მათ იდეოლოგებს.
ამ ჩემს მოგონებას ისევ ფონ მიზესის ციტატით დავამთავრებ:
„სოციალიზმი მხოლოდ კაპიტალიზმის ალტერნატივა არ არის, იგი ყველა იმ სისტემის ალტერნატივაა, რომელშიც ადამიანს, როგორც ჰუმანურ არსებას, შეუძლია იარსებოს”.
![]() |
10 საქართველო საერთაშორისო ინდექსებში |
▲ზევით დაბრუნება |
ეკონომიკა
ეკონომიკა
თავისუფლების სტაგნაცია
ელენე კვანჭილაშვილი, მაკა გამცემლიძე
2012 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველომ ბოლო ორი წლის მანძილზე პირველად, მეტწილად თავისუფალი ქვეყნის სტატუსი დაკარგა. ის 179 ქვეყანას შორის 34-ე ადგილზეა. 2011 წლის ინდექსთან შედარებით, სახელმწიფომ თავისუფალი ქვეყნების რეიტინგში 5 ადგილით დაიხია უკან და ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების კატეგორიაში გადაინაცვლა. ასევე ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნის სტატუსი შეუნარჩუნდა საქართველოს Freedom House-ის კვლევაში, რომელიც მოქალაქეთა პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების დაცვას აფასებს მსოფლიოში.
2012 წლის კვლევის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი მსოფლიო საშუალო ინდექსზე 9.9 ქულით მეტია. საქართველოს ძლიერი მხარეებია ფისკალური, ბიზნესის, შრომის, ვაჭრობის, საინვესტიციო და ფინანსური თავისუფლება. სუსტი მხარეებია საკუთრების დაცვა, კორუფციისგან თავისუფლება და მთავრობის ზომა.
2012 წლის ინდექსის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების 10 კომპონენტიდან უმეტესობა ან უცვლელი დარჩა, ან - გაუარესდა. კომპონენტებიდან ყველაზე მტკივნეული სწორედ მთავრობის ზომაა. კვლევა ამ კომპონენტის გაუარესების მთავარ მიზეზად მთავრობის ხარჯების მზარდ ტენდენციას ასახელებს. კვლევის მონაცემებით, 2011 წლის ბოლოსთვის სამთავრობო ხარჯებმა მთლიანი ეროვნული შემოსავლის 38.5%25-ს მიაღწია. გაუარესდა კიდევ სამი - კორუფციისგან თავისუფლების, ბიზნესის და მონეტარული თავისუფლების - კომპონენტი. მონეტარული თავისუფლების კომპონენტში მაჩვენებლის შემცირება მაღალმა ინფლაციამ და წლის მანძილზე, მთავრობის მხრიდან ფასების კონტროლის მექანიზმების ხშირმა გამოყენებამ გამოიწვია. კვლევის შეფასებით, კორუფციასთან ბრძოლის, ასევე, გაკოტრების პროცედურებისა და სალიცენზიო მოთხოვნების რეფორმის ტემპი შენელდა. გაუმჯობესდა მხოლოდ ერთი კომპონენტი - ფისკალური თავისუფლება. ამის მიზეზად კვლევა, ქვეყნის ვალის ოდენობას ასახელებს, რაც მშპ-ის 40%25-ზე დაბალია. ხუთი კომპონენტი - საკუთრების დაცვა, შრომის, ვაჭრობის, საინვესტიციო და ფინანსური თავისუფლება - უცვლელი დარჩა.
საქართველო ეკონომიკური თავისუფლების საერთო ინდექსით თავის უშუალო მეზობელ ქვეყნებს - სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი და თურქეთი - საშუალოდ, 7.4 ქულით უსწრებს. მეზობლებთან შედარებით, საქართველოს გამოკვეთილი ძლიერი მხარეა შრომისა და ვაჭრობის თავისუფლება. ამ კომპონენტების მიხედვით, საქართველო ოთხივე ქვეყანაზე წინაა. სუსტი მხარეა - მთავრობის ზომა: ამ კომპონენტის მიხედვით, საქართველოს მხოლოდ რუსეთი ჩამორჩება.
2012 წლის ინდექსის მიხედვით, საქართველო ევროპის 43 ქვეყანას შორის მე-16 ადგილზეა. საქართველოს საერთო ქულა ევროპის საშუალო მაჩვენებელზე 3.3 ქულით მეტია. ფისკალური თავისუფლების, მთავრობის ზომის, ბიზნესის, შრომის, ვაჭრობის და საინვესტიციო თავისუფლების კომპონენტების მიხედვით, საშუალო მაჩვენებლები ევროპის საშუალო ინდექსზე მაღალია. ქვეყანა ჩამორჩება საკუთრების დაცვის, კორუფციისგან თავისუფლების, მონეტარული და ფინანსური თავისუფლების მიხედვით.
2012 წლის ინდექსი თავისუფალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებად აზიისა და წყნარი ოკეანის ოთხ ქვეყანას და შვეიცარიას ასახელებს. თითოეული ამ ქვეყნის ინდექსი 80 ქულაზე მეტია. ბოლო 18 წლის განმავლობაში მსოფლიოს ყველაზე თავისუფალი ეკონომიკის ქვეყნად ჰონგ-კონგი რჩება. მას მოსდევს სინგაპური, ავსტრალია, ახალი ზელანდია და შვეიცარია. კვლევის შეფასებით, ინდექსში ამ ქვეყნების წარმატებას ეკონომიკური თავისუფლებისკენ მიმართული რეფორმების მუდმივი და მდგრადი ხასიათი განაპირობებს.
2012 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით, მსოფლიოში ეკონომიკური თავისუფლება შემცირდა. ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ეს მეორე ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის ვარდნის მთავარ მიზეზად კვლევა მთელი მსოფლიოს მასშტაბით მთავრობის ზომის ზრდას ასახელებს.
გლობალურ გაუარესების ტენდენციას Freedom House-ი, უკვე მეექვსე წელია, აღნიშნავს: იმ ქვეყნებს შორის, რომელნიც გაუარესების ტენდენციას ინარჩუნებენ, არიან, მაგალითად, უკრაინა, აზერბაიჯანი, ყაზახეთი და უნგრეთი. თუმცა, გასულმა წელმა ორგანიზაციას გარკვეული იმედები გაუჩინა, რაც, უმეტესწილად, არაბულ გაზაფხულს უკავშირდება. ორგანიზაციის შეფასებით, 2011 წელს არაბულ სამყაროში განვითარებული მოვლენები იყო ავტორიტარული მმართველობებისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ.
Freedom House-ი მსოფლიოში თავისუფლებას 195 სახელმწიფოსა და რამდენიმე „სადავო ტერიტორიაზე” იკვლევს, მოქალაქეთა პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების დაცვის თვალსაზრისით. თითოეულ ქვეყანასა და ტერიტორიას, შეიძლება, მიენიჭოს სტატუსი: თავისუფალი, ნაწილობრივ თავისუფალი, ან არათავისუფალი. ქულები შკალაზე 1-7-მდე ნაწილდება. რაც უფრო ნაკლებია ქულა, მით უკეთესია ქვეყნის მაჩვენებელი. ნაწილობრივ თავისუფლად დასახელებულ საქართველოს წელსაც იგივე ქულა აქვს, რაც გასულ წელს - პოლიტიკურ უფლებებში 4, ხოლო სამოქალაქო თავისუფლებებში - 3.
Freedom House-ი „სადავო ტერიტორიებად” მოიხსენიებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს. ის სამხრეთ ოსეთს აფასებს, როგორ არათავისუფალს, ხოლო აფხაზეთს ნაწილობრივ თავისუფალის სტატუსს ანიჭებს. საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან აზერბაიჯანსა და რუსეთს არათავისუფალის სტატუსი აქვთ, სომხეთსა და თურქეთს კი - ნაწილობრივ თავისუფალის.
გლობალური ეკონომიკური თავისუფლება
საშუალო ინდექსი 1995 წლიდან
წყარო: ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი, 2012.
The Heritage Foundation; Dow Jones & Company. Inc. 2012
ევროპა
წყარო: ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი, 2012.
The Heritage Foundation; Dow Jones & Company. Inc. 2012
ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი
ზომავს ქვეყნების თავისუფლებას 10 სხვადასხვა კომპონენტის მიხედვით. ზოგიერთი კომპონენტი აფასებს ქვეყნის კავშირს დანარჩენ მსოფლიოსთან - მაგალითად, გლობალური ინვესტიციების მოცულობას და ვაჭრობას. თუმცა, კომპონენტების უმრავლესობა აფასებს ქვეყნის პოლიტიკას, გაზარდოს ინდივიდუალური ეკონომიკური აქტივობა და შეამციროს ბაზარზე მთავრობის ჩარევა.
2012 წლის ეკონომიკური თავისუფლების 10 კომპონენტი დაჯგუფებულია 4 ძირითად კატეგორიად:
კანონის უზენაესობა (საკუთრების უფლებების დაცვის და კორუფციისგან თავისუფლების კომპონენტები);
მთავრობის ზომა (ფისკალური თავისუფლების და სახელმწიფო ხარჯების კომპონენტები);
ეფექტური რეგულირება (ბიზნესის, შრომის და მონეტარული თავისუფლების კომპონენტები);
ბაზრის ღიაობა (ვაჭრობის, ფინანსური და საინვესტიციო თავისუფლების კომპონენტები). ეკონომიკური თავისუფლების თითოეული კომპონენტი ფასდება 0-დან 100 ქულით, ჯამდება და ითვლება საშუალო. ეს არის ქვეყნების ეკონომიკური თავისუფლების საერთო ინდექსი.
![]() |
11 ხატია ბუნიათიშვილი - ვალსი მეფისტოფელთან |
▲ზევით დაბრუნება |
ფოკუსი
თამარ ჩერგოლეიშვილი, ნინა ახლოური
ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი, დიმა ჩიკვაიძე
მართალია, ჯერ მხოლოდ 24 წლისაა, მაგრამ უკვე მომავლის ერთ-ერთი უდიდესი პიანისტი სამართლიანად უწოდეს. იგი რისკს არ უშინდება. მაგალითად, „Tempest” სონატას ალეგროს უშიშრად გაუმკლავდა, ხოლო პიანისიმოს დროს პედლები გამოიყენა, რითაც ამ ისედაც რევოლუციური მუსიკის ხელახალი გადაფასება მოითხოვა.
The Guardian
„ვირტუოზული ტექნიკა მას საშუალებას აძლევს, ენერგია და სიზუსტე ისე შეახამოს, როგორც ამას მხოლოდ არგერიხი ახერხებდა. მართლაც, ეს იყო ლისტის სონატის პირველი ყველაზე ამაღელვებელი შესრულება 1960 წლის შემდეგ, როდესაც არგერიხმა ეს ნაწარმოები დაუკრა. ინტელექტუალური ძალა მას საშუალებას აძლევს ვერცხლის წყლის სისწრაფით შეცვალოს ამ ნაწარმოების ტემპი, სიმძიმე და სიჩქარე. მისი ალეგროები გაჯერებულია ფაუსტური თავგასულობით. მისი Liebestraum-ი მარგარიტას სიწმინდეს ასხივებს, ხოლო მეფისტოს ვალსში იგრძნობა როგორც ძალა, ასევე სიმსუბუქე, რომელსაც მხოლოდ მეფისტოფელური შეიძლება უწოდო. მას ლისტის შესასრულებლად ორი აუცილებელი თვისება აქვს: არასდროს ურტყამს თითებს კლავიშებზე ორმაგი ფორტეს დროს და მისი აღებული თითოეული ბგერა მარტივად თუ არა, მინიმუმ, როგორც გარდაუვალობა, ისე ჟღერს. მოკლედ, ეს ტრიუმფია”, - წერდა გასულ წელს Limelight Magazine ქართველი პიანისტის, ხატია ბუნიათიშვილის მიერ შესრულებული ლისტის ნაწარმოებების მიმოხილვისას.
ხატიამ ოცდაოთხი წლის ასაკში დიდ წარმატებას მიაღწია. ის უკვე ათ წელზე მეტია, ევროპის ქვეყნებში, აზიის, ამერიკისა და ავსტრალიის კონტინენტებზე კონცერტებს მართავს. მისი სახელი ისეთ ცნობილ დარბაზებთანაა დაკავშირებული, როგორებიცაა: უიგმორ ჰოლი ლონდონში, საკონცერტო დარბაზი (Musikverein) ვენაში, კარნეგი ჰოლი ნიუ იორკში, აუდიტორიუმი ლუვრში, მონაკოს ოპერა და ა.შ. ამასთან, ის BBC-ის ახალი თაობის არტისტია. მონაწილეობდა საერთაშორისო ფესტივალებსა და კონკურსებში.
სახელგანთქმულმა მევიოლინემ, გიდონ კრემერმა მას თელავივში კონკურსზე მოუსმინა 2008 წელს. ხატიამ მესამე პრემია აიღო. „არ მიაქციო ამას ყურადღება, თავის დროზე, ბრიუსელის კონკურსზე მეც მესამე პრემია ავიღე”, - უთხრა კრემერმა და ახალგაზრდა შემსრულებელთან ტურნე დაგეგმა.
„მასზე საუბარი ადვილიცაა და ძნელიც, - ამბობს ცნობილი ქართველი პიანისტი და პედაგოგი, თენგიზ (გიზი) ამირეჯიბი, - გარდა იმისა, რომ ასეთი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანია და სუფთა მუსიკალური მონაცემები აქვს, ყველაფერში საინტერესოა - აზროვნებს სხვანაირად, არაორდინარულია. მიდგომაც ასეთი სჭირდება”...
პარიზის ორკესტრის დირიჟორი, პაავო იარვი უფრო შორს მიდის და ქართველ პიანისტს პოეტს და სასწაულმოქმედს ადარებს: „მას ჯადოსნური შეხება აქვს”, - ამბობს ის საფრანგეთის პირველ არხთან საუბრისას. სხვები ფორტეპიანოს დედოფალს უწოდებენ. ხატიას ვირტუოზული ტექნიკა გულგრილს არავის ტოვებს. თუმცა პიანისტი ამ სიტყვის ხსენებაზე შეცბუნებას ვერ მალავს. აშკარაა, რომ არც საუბარი მოსწონს ამაზე - „ტექნიკა მაძლევს თავისუფლებას, გამოვხატო აზრი ისე, როგორც მსურს. ეს არის და ეს”. მართლაც, ხატიასთვის ტექნიკა მხოლოდ ინსტრუმენტია, რომლის საშუალებითაც მსმენელი პიანისტის ცეცხლოვან ემოციას და ქარიზმას შეიგრძნობს.
როგორც უნდა უფრთხოდეს ხატია იარლიყებს, ერთი რამ მაინც ძალიან თვალშისაცემია - ის გამორჩეულად გაბედული პიანისტია. ამასთან, სხვებისგან კიდევ ერთი რამ განასხვავებს - ხატიას მიმართ არ არსებობს ნელთბილი დამოკიდებულება. კრიტიკოსებს ის ან გენიოსად, ფენომენალურ მოვლენად მიაჩნიათ და მარტა არგერიხს ადარებენ ან ამბობენ, რომ ასე დაკვრა არ შეიძლება, რომ ის ყველანაირ წესს არღვევს. ამაზე ხატიას საკუთარი მოსაზრება აქვს - თვლის, რომ ოცდამეერთე საუკუნეს რისკი აკლია. „აი, ხომ ხედავთ, ახლა კლასიკურ მუსიკას ძირითადად ასაკოვანი ხალხი უსმენს, იმიტომ, რომ ყველაფერი გაფერმკრთალებულია, პიანისტებს ურჩევნიათ არსებულ ჩარჩოში დარჩნენ, ვიდრე გარისკონ... დღეს აზიური სკოლა ითვლება ყველაზე ძლიერად, მაგრამ არ მომწონს მათი დამოკიდებულება მუსიკის მიმართ, რადგან იმიტაციის ფენომენალური უნარი აქვთ, შეუძლიათ აიღონ არგერიხის დისკი და ზუსტი ასლი გაგიკეთონ. ეს შეუძლიათ და ამას აკეთებენ. მე, ამის სურვილი არასდროს მქონია”.
მაშინ როდესაც შვეიცარიული გამოცემა Le Temps მას „ველური ხელების” პატრონს უწოდებს, Guardian-ი ბუნიათიშვილს მომავლის ერთ-ერთ უდიდეს პიანისტად მოიხსენიებს. ბრიტანული გამოცემა აღნიშნავს, რომ ის განსაცვიფრებელ რისკზე მიდის ფორტეპიანოსთან და ტემპს უგულებელყოფს. ვარსკვლავის პედაგოგი, გიზი ამირეჯიბი, აღიარებს, რომ წინააღმდეგია ტემპის იგნორირების, თუმცა ხატიას შემთხვევაში ეს ახალგაზრდა სისხლის დუღილის დამსახურება ჰგონია და ფიქრობს, რომ ასაკის მატებასთან ერთად პიანისტი კალაპოტში ჩადგება.
მოსწავლეს კი თავისი თეორია აქვს:
„მეტრონომი ადამიანის პულსის მიხედვით შეიქმნა. დღეს ჩვენ ვიცით - თუ წერია სამოცი, უნდა დავუკრათ სამოცით. საქმე კი ისაა, რომ ადრე ვერ წერდნენ დისკზე, წერდნენ ნოტებით და აწერდნენ ტემპს. ეს იყო ტემპის გამოხატვის ერთადერთი საშუალება. დღეს ეს ასე აღარ არის. მე არ ვთვლი, რომ თავი მიწერილი ტემპით უნდა შევიზღუდო. ვფიქრობ, ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ ყველა ადამიანს სხვადასხვანაირი პულსი აქვს, აქედან გამომდინარე, ტემპი ძალიან ინდივიდუალურია. ამაზე მუდმივად მეკამათებიან - რატომ ასე ჩქარა... შეიძლება ვიღაცამ დაუკრას ნაკლებად სწრაფად, ნაკლებად ხარისხიანად, და უფრო დააფასონ, რადგან ურჩევნიათ ყველაფერი „ნორმალური” და „დალაგებული” იყოს. არადა, ჩემთვის ამ მომენტში შეიძლება ალეგრო იყოს მისაღები და ხვალ სხვა რამ. მარტივია, პულსიც ხომ იცვლება. არ ვთვლი, რომ როცა ტემპზე მაკრიტიკებენ, უნდა გავითვალისწინო”.
პიანისტის მიდგომა კრიტიკოსებს შეუმჩნეველი არ რჩებათ - ყველა აღნიშნავს, რომ სცენაზე ის ხასიათის მიხედვით იმპროვიზირებს და დირიჟორებს გამოწვევის წინაშე აყენებს.
ალეგრო ის ტემპია, რომლითაც ხატია ბუნიათიშვილის მუსიკალური კარიერა განვითარდა. თუმცა ეს ერთი შეხედვით, რადგან მუსიკა მის ცხოვრებაში გაცილებით ადრე გაჩნდა. სულ ერთი-ორი წლის ასაკში, ის უფროს დასთან გვანცასთან და დედასთან ერთად მრავალხმიან სიმღერებს მღეროდა. დაკვრა ოთხი წლისამ დაიწყო. ჯერ სმენით უკრავდა, ერთი წლის შემდეგ - ნოტებით. ხოლო ექვსი წლისამ უკვე ორკესტრთან ერთად დაუკრა კონცერტზე. თუმცა, როგორც თავად ამბობს, მუსიკასთან დაკავშირებული პირველი ძლიერი ემოცია სულ სხვა დღეს უკავშირდება - როდესაც მოცარტის რეკვიემი მოისმინა. ამის შემდეგ დედას ჯერ მოცარტის საუკეთესო კომპოზიციების ნაკრების აუდიოკასეტა, შემდეგ კი მთელი რეკვიემის ჩანაწერი მოატანინა და დასთან ერთად, რიტუალივით, ყოველ ღამე, დაძინებამდე უსმენდა. „ჯერ დიდ დიღომში ხელოვნების კოლეჯში ვსწავლობდი, მესამე კლასიდან ათწლედში გადმომიყვანეს, ესმა ქირიასთან. ამას მოჰყვა უფრო დაძაბული და არასასიამოვნო პერიოდი, როცა სულ მასტერკლასები და კონცერტები ტარდებოდა, თუმცა რაც უნდა ცუდი შთაბეჭდილებები მიმეღო, ყველაფერი გამოცდილებაში გადაიზარდა. თავიდანვე თავისუფლებას შევეჩვიე. იმ პერიოდში მასწავლებელი არ მყავდა, მარტო მასტერკლასებზე დავდიოდი და ჩემით მიწევდა მუშაობა. ერთი მხრივ, ეს სასარგებლო აღმოჩნდა - ზოგიერთი, რაც უნდა კარგი პედაგოგი ჰყავდეს, იმდენად ეჩვევა, რომ მერე ვეღარ გამოდის მოსწავლის მდგომარეობიდან. ტექნიკა აქვს, მაგრამ დამოუკიდებელი ინტერპრეტაციის შექმნა უჭირს, იმიტომ რომ თავდაჯერება აკლია და შინაგანი თავისუფლება არ აქვს. მე ეს არასოდეს გამჭირვებია”.
თუმცა მიიჩნევს, რომ თავისუფლების მოთხოვნილება ვისაც აქვს, იმას ვერავინ შეზღუდავს:
„ადამიანმა შეიძლება მორჩილებაშიც იპოვოს თავისუფლება. ამავდროულად, თავისუფლებაა, რომ რჩები ყოველთვის მოწაფედ, ვინც მუდმივად რაღაცას შეისწავლის არა მარტო საკუთარი გამოცდილებიდან, არამედ სხვებისგან. როცა არ გაქვს შიში, რომ ვიღაცის მორჩილებაში გადავარდები. დირიჟორთან ცოტა ფრთხილად უნდა იყო, რადგან ეს ძალაუფლებისთვის თამაშია. ვიცი, რომ დამოუკიდებელი და თავისუფალი ქალის იმიჯი მაქვს, რომელმაც იცის რა უნდა და უკრავს იმას, რასაც უნდა. მაგრამ, თბილისში რომ ჩამოვედი, გიზი მოვიყვანე რეპეტიციაზე, იმიტომ რომ მას შენიშვნის მოცემა არ ერიდება. შეიძლება შერცხვე, იმიჯი შეგელახოს, მაგრამ იცით რამხელა თავისუფლებაა იმის შეგრძნება, რომ ამის არ გეშინია? ანუ ჩემთვის თავისუფლება ისაა, როცა გაქვს სათქმელი და ამას თავისუფლად გამოხატავ. არ გეშინია, რომ სხვებისგან მიიღო კრიტიკა და ზოგჯერ გაითვალისწინო ის”.
დირიჟორს რა ადგილი უჭირავს? რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ეწყობოდეთ ერთმანეთს?
ადრე რეპეტიციებს მეტ დროს უთმობდნენ, ახლა გვაქვს მაქსიმუმ ორი რეპეტიცია, რაც საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანი გაიცნო, როგორც მუსიკალური პიროვნება. ურთიერთობა ან ძალიან შეხმატკბილებული გამოდის და ეს ძალიან სასიამოვნოა, ან პლუს-მინუსი - ერთმანეთს ვეხეთქებით. გარკვეული ხიბლი ამასაც აქვს, იმიტომ რომ ასეთ შემთხვევაში კონცერტი ბრძოლას ჰგავს, რომელიც ორკესტრსა და სოლისტს შორის ვითარდება. გარდა დირიჟორისა, ორკესტრიც უმნიშვნელოვანესია. ხშირად ხდება, რომ მუსიკოსებმა მხოლოდ თავიანთი პარტია იციან და დანარჩენებს არ უსმენენ. მე ამის დიდი მოწინააღმდეგე ვარ, რადგან პოლიფონიური აზროვნება მომწონს. სოლისტობა არ ნიშნავს, რომ დაჯდე და შენი თავი ამოიცნო, ყველაფერი უნდა გესმოდეს გარშემო.
რომელ სკოლას მიაკუთვნებ შენს თავს?
რუსულს არა. ნაციონალისტური მომენტიდან გამომდინარე არ ვამბობ. მაშინ, როცა კონკურსებზე დავდიოდი, იქ ბევრი რუსი იყო და ვთვლი, რომ აბსოლუტურად განსხვავდება ჩემი შესრულება მათი მანერისგან. საერთოდ, არცერთ სკოლას არ მივაკუთვნებ თავს, იმიტომ რომ ყველა, ვინც ჩამოყალიბდა და შედგა, ინდივიდი იყო. ვისაც მე ვაფასებ, ყველა თავისუფლდებოდა სკოლისგან და საბოლოოდ, საკუთარ ხმას პოულობდა. თბილისში მასწავლიდა ესმა ქირია, რომელიც ძალიან განსხვავებულია, სხვანაირი აზროვნება და მიდგომა აქვს... ასევე გიზი, რომელიც უკანასკნელი მოჰიკანია, ბოლო მაესტროა პოსტსაბჭოთა სივრცეში მაინც და მე ეს მეამაყება. მერე ვსწავლობდი მაიზენბერგთან ვენაში... მან მოსკოვში მიიღო განათლება, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ რუსული სკოლის წარმომადგენელია...
შენმა ბავშვობამ 90-იანი წლების დაძაბულ და მძიმე პერიოდში ჩაიარა. როგორ აისახა ეს შენზე?
ცუდად და, ამავდროულად, კარგად. ჯერ ერთი, მშობლები ცდილობდნენ, არ დაენახებინათ ეს ყველაფერი. მათ შეძლეს, რომ ჩემს პიროვნებას ფსიქოლოგიური დაღი არ დასტყობოდა. თუმცა ომის შემდგომი პერიოდი - უფულობა, უშუქობა, სიცივე (თან მე ალერგიული ვარ, სიცივეში თითები მისივდება)... ეს ყველაფერი მახსოვს და როგორც უნდა დაემალათ მშობლებს გაჭირვება, შინაგანად მაინც ვგრძნობდი მას. ამიტომ ყველაზე მეტად სიღატაკის და ომის შიში მაქვს. ჩემთვის არა, იმიტომ რომ ახალგაზრდა ვარ. მგონია, რომ ოცდაოთხი წლის ასაკში არ გეშინია არც სიკვდილის, არც სიღარიბის, პრინციპში არაფრის გეშინია, მაგრამ გაჭირვებული ხალხის დანახვა მძიმედ მოქმედებს.
მშობლები ცდილობდნენ, გვესწავლა რაც შეიძლება მეტი ენა. როცა ძალიან უჭირდათ, შეიძლება ბარბი არ ეყიდათ, მაგრამ ენები სავალდებულო იყო (ხატია თავისუფლად საუბრობს ქართულ, რუსულ, ინგლისურ, ფრანგულ და გერმანულ ენებზე - ტ.). ახლა სხვა დროა, მაშინ ძალიან რთული პირობები იყო. პედაგოგებს „კერასინკები” ჰქონდათ, თვალები გვეწვოდა და მაინც უნდა გაგვეგრძელებინა დაკვრა, იმიტომ რომ სხვა გამოსავალი არ იყო. ეს სიტუაცია რაღაცნაირად გზრდის ადამიანს, გწვრთნის და უფრო ძლიერი ხდები.
კონტრაქტებმა ცხოვრების ახალი რიტმი მოიტანა. აეროპორტი-საკონცერტო დარბაზი და პირიქით, ჩვეულებრივ რუტინად იქცა. იმ მომენტში, როდესაც შეამჩნია, რომ ამ ტემპს ვეღარ აკონტროლებდა, ამოსუნთქვის დრო არ რჩებოდა, მიხვდა - შეიძლება ადამიანს ჰქონდეს ძალიან მოდერირებული შინაგანი ტემპი. „ამ ყველაფერს შენელებულად უნდა უყურო - ეს არის ალბათ ერთადერთი გამოსავალი. გიდონ კრემერი განიცდიდა, როცა ხედავდა ამდენ შემოთავაზებას, არ უნდოდა დიდ სააგენტოებთან, ან დისკის კომპანიასთან მომეწერა ხელი. მას ეს ყველაფერი გამოვლილი აქვს და თვლის, რომ ამით შეიძლება თავისუფლება შეგიზღუდონ. მე კი ვუთხარი, რომ მინდა ჩემი შეცდომები დავუშვა და ჩემი გამოცდილება მივიღო... ჯიუტი შვილის როლში გამოვედი, მაგრამ ასეა”.
რეპერტუარს ბოლო ხანებში იმის მიხედვით ირჩევს, თუ რა უყვარს - უკვე შეუძლია თავს ამის უფლება მისცეს. როგორც თავად ამბობს, ცხოვრება მოკლეა იმისთვის, რომ დაუკრა ის, რაც არ გინდა. გამორჩეულად არცერთ კომპოზიტორზე არ საუბრობს, ამბობს, რომ მისი დამოკიდებულება იმის მიხედვით იცვლება, თუ რაზე მუშაობს. თუმცა, ლისტი მისთვის მაინც განსაკუთრებული უნდა იყოს - პირველი დისკი სწორედ მას მიუძღვნა. „მინდოდა ლისტი პირველი ყოფილიყო მრავალფეროვნების გამო, მიენიშნებინა იმაზე, რაც ჩემშია. დისკი შენი ცხოვრების რაღაც ეტაპს უნდა გამოხატავდეს, შენს სულიერ სამყაროს რაღაც კონკრეტულ მომენტში. მინდოდა ადამიანი, რომელიც ყველაფრისმომცველი იქნებოდა და თან ძალიან დაბალანსებულიც. ხომ შეიძლება ერთ ადამიანში სხვადასხვა მხარეებიც არსებობდეს და თან ძალიან ჰარმონიულადაც?!”.
ჰარმონიასა და ბალანსს ხატია სამ პერსონაჟში პოულობს: მარგარიტა, მეფისტოფელი, ფაუსტი.
ფაუსტის თემა დისკის ლაიტმოტივად იქცა. მის ჩასაწერად SONY-ის მიანიჭა უპირატესობა. პირველ რიგში, იმიტომ, რომ თავად მიუხედავად იმისა, რომ ამ 23 წლის ქართველმა პიანისტმა ლისტის სონატა B მინორი უკვე თავის სავიზიტო ბარათად აქცია, იმ ინტერპრეტაციამ, რომელიც მან აქ შემოგვთავაზა, ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. ამ ამაღელვებელი, მასშტაბური ნამუშევრის უკიდურესად ნელი ტემპით დაწყებით, რამაც მომდევნო კადენციებს კიდევ უფრო დრამატული ჟღერადობა შესძინა, ბუნიათიშვილმა ყველაფერი ერთ პანორამულ კადრში მოაქცია. მან ლისტის ემოციური მოგზაურობა ცნობიერების ნაკადად აქცია, რომლის დროსაც შეინარჩუნა დელიკატური ბალანსი ქაოტურ ხელუხლებლობასა და ლირიკულ ინტროსპექციას შორის და ბრწყინვალე სიმძაფრე შეჰმატა ტონებს, როდესაც ქარიშხალი ამოვარდა; მისი დინამიზმი არაჩვეულებრივად კალიბრირებული იყო, ხოლო ფუგატოს ნაწილი ერთდროულად ველური და მათრახის დარტყმასავით მწველი. The Independent კომპანიის წარმომადგენლების ენთუზიაზმმა მოხიბლა, ამასთან, მათ თავისუფლება მისცეს დისკის შემოქმედებითი მხარე მთლიანად გაეკონტროლებინა. დისკის კონცეფცია, ვიზუალური მხარე, ტექსტი ხატიას ეკუთვნის. ვიდეოს გადაღება ამჯერად თავად ვერ გაბედა, თუმცა გატაცებულია კინემატოგრაფით, უყვარს მხატვრული ლიტერატურაც, თუმცა ისეთი ვნებით მაინც არაფერზე გესაუბრება, როგორც მუსიკაზე.
ხელოვნების სფეროში ხატიას თავისი ფავორიტი ქალები ჰყავს - მარტა არგერიხი, მარია კალასი. მათთან ახალგაზრდა პიანისტის იდენტიფიცირება არ არის რთული - სხეულის შთამბეჭდავი ენა, განსაკუთრებული ქარიზმა აერთიანებთ. სწორედ ამას წერდა გასულ წელს Limelight Magazine, არგერიხის შემდეგ ლისტის სონატის ასეთი ტრიუმფალური დებიუტი არ ყოფილაო. უნდა აღინიშნოს, რომ მარტა არგერიხი ერთ ხანს ხატიასთვის კერპივით იყო - საყვარელ პიანისტს, გენიოსს უწოდებდა. მათი პირველი შეხვედრა ლოკენჰაუსში დასამახსოვრებელი აღმოჩნდა. რამდენიმე დღით ადრე ხატიას ეკლესიაში სანთლით თმა დაეწვა, რის გამოც იძულებული გახდა, თავი მთლიანად გადაეპარსა და კონცერტზე ქუდით გამოსულიყო. თუმცა დაკვრის პროცესში მან ხელი შეუშალა და სწრაფად მოიხადა. ასე, გადაპარსული თავით, პირველად დაუკრა მეფისტოს ვალსი თავისი საყვარელი პიანისტისთვის.
სად მიდიხარ? სრულყოფილებისკენ სწრაფვა ახსენე, რას გულისხმობ?
არ ვიცი სად მივდივარ. აწმყოთი ვცხოვრობ, არ ვფიქრობ მომავალზე და არ ვუღრმავდები წარსულს - ეს ჩემთვის იდეალური კონდიციაა. ვფიქრობ, მთავარი სრულყოფილებისკენ მსვლელობის პროცესია, თუმცა ვიცი, რომ ვერასოდეს მივაღწევ მას.
არ ოცნებობს:
„მოულოდნელად ისეთი რაღაც შემმთხვევია, რაზე ოცნებას ვერც კი მოვასწრებდი. ამიტომ ჩემთვის კონკრეტულმა ოცნებებმა აზრი დაკარგა. შეიძლება იმისთვის მოვინდომო რომელიმე დარბაზში დაკვრა, რომ ვიცი, ამით ჩემს საყვარელ ადამიანს გავახარებ. ქათინაურებს, ხმამაღალ ფრაზებს, კრიტიკასაც ცოტა გულგრილად ვუყურებ, იმიტომ რომ ეს არ არის სიღრმისეული. ადამიანები ხშირად ლაპარაკობენ ისეთ რაღაცებს, რასაც შეიძლება არ ფიქრობენ, ან არ გრძნობენ. საფრანგეთში შეიძლება ვიღაც ამბობს, რომ ხატია ყველაზე დიდი პიანისტია, მაგრამ ამას აბსურდად მივიჩნევ, იმ ადამიანმა შეიძლება ასეთივე რამ თქვას ისეთ მუსიკოსზე ან უბრალოდ ადამიანზე, რომელსაც მე საერთოდ არ ვაფასებ.
როცა კითხვას მისვამენ, რაც უნდა უშნოდ და სულელურად ჟღერდეს, ვცდილობ მართლა ის ვუპასუხო, რასაც ვფიქრობ. რა შედეგი მოჰყვება ამას, აღარ მაინტერესებს. მუსიკაშიც ასეა - გულწრფელობა მთავარია, რადგან როცა მანერაზე ფიქრობ, იმ სითბოს ვეღარ აფრქვევ... სხეულის ენაც ხომ მაშინ არის შთამბეჭდავი, როცა არ თამაშობ...”
![]() |
12 Neverendum ანუ დაუმთავრებელი ისტორია |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო
შოტლანდიის დამოუკიდებლობა
ავთო ქორიძე
შოტლანდიელებს მოუწევთ კიდევ ერთხელ დაფიქრდნენ, გაერთიანებული სამეფოს ნაწილად დარჩენა სურთ თუ დამოუკიდებელ სახელმწიფოში ცხოვრება. შოტლანდიის მმართველი შოტლანდიის ნაციონალური პარტიის (SPN) ლიდერს და პირველ მინისტრს ალექს სალმონდს 2014 წლის შემოდგომისთვის რეფერენდუმის ჩატარება და დამოუკიდებლობის გამოცხადება სურს.
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი შოტლანდიელებისთვის რეფერენდუმის და საკუთარი მომავლის გადაწყვეტის უფლებას არ უარყოფს. თუმცა კამერონი და პირველი მინისტრი რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე ვერ თანხმდებიან - მაგალითად, თუ ვის აქვს რეფერენდუმის დანიშვნის უფლება. პრემიერის თქმით, 1999 წლის შოტლანდიის აქტის მიხედვით, კონსტიტუციურ საკითხებს ლონდონი წყვეტს და მხოლოდ მისი ნებართვის შემდეგ აქვს ედინბურგს რეფერენდუმის ჩატარების უფლება. სალმონდი უარყოფს ლონდონის კომპეტენციას რეფერენდუმის საკითხში. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ამ დებატს ბოლო არ უჩანს, ფაქტია, რომ არავის სურს რეფერენდუმი ჩატარდეს და ამის შემდეგ ლეგალური პრობლემები შეიქმნას, რაც შეიძლება ქაოსის მიზეზად იქცეს.
პარლამენტში შოტლანდიის წარმომადგენელმა უკვე ითავა იურიდიული და ტექნიკური საკითხების მოგვარება. ეს არც ისე მარტივი იქნება. საქმე არა უბრალოდ ლონდონ-ედინბურგს შორის კომპეტენციების შესახებ სამართლებრივ დავას ეხება. ამ საკითხს პოლიტიკური განზომილება აქვს, რომელსაც შეიძლება რეფერენდუმის შედეგზე გავლენა ჰქონდეს. სადავო საკითხთაგანი რეფერენდუმზე დასმული კითხვის ფორმაცაა. კამერონის თქმით, დასმული კითხვა მკაფიო უნდა იყოს, კი-არას ფორმატში: „გსურთ თუ არა შოტლანდია გამოვიდეს გაერთიანებული სამეფოდან და იყოს დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყანა?
სალმონდისთვის კითხვის ეს ვარიანტი მიუღებელია. მისი მომხრეთა რაოდენობა ამ მომენტისთვის რეფერენდუმში გასამარჯვებლად საკმარისი არ არის. უკანასკნელი გამოკითხვებით, რომელიც Yougov-მა გამოცემა The Sun-ისთვის ჩაატარა, შოტლანდიელების 33%25-ს სურს დამოუკიდებლობა (ეს მაჩვენებელი შოტლანდიის ნაციონალური პარტიის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ 5%25-ით გაიზარდა), მაშინ როცა 53%25-ს გაერთიანებულ სამეფოში დარჩენა უნდა, 14%25-ს კი ვერ გადაუწყვეტია. ინგლისსა და უელსში იმავე გამოკითხვით რესპონდენტთა 33%25 თვლიდა შოტლანდიის დამოუკიდებლობას საჭიროდ, 37%25 ეწინააღმდეგებოდა, 30%25-ს კი გამოკვეთილი პოზიცია არ ჰქონდა.
რეფერენდუმში დამარცხება სალმონდისთვის და მისი პარტიისთვის ძალიან წამგებიანი იქნება. შესაბამისად, ის „კი-არა” კითხვის ფორმატის მომხრე არ არის. გასულ კვირას გამოქვეყნებულ რეფერენდუმის კანონმდებლობის პირველად ესკიზში მინისტრი კითხვის სხვაგვარად დასმას აპირებს. მის კითხვაზე პასუხებს შორის, დამოუკიდებლობასა და გაერთიანებულ სამეფოში დარჩენის ვარიანტებთან ერთად, კიდევ ერთი ვერსია, ე.წ. devolution max, იგივე მაქსიმალური დეცენტრალიზაცია, ფიგურირებს. ეს ვარიანტი გულისხმობს, რომ შოტლანდია გაერთიანებული სამეფოს ნაწილად დარჩება, თუმცა საშინაო, მათ შორის ფინანსურ, საკითხებშიც გაფართოებულ დამოუკიდებლობას მიიღებს. ლონდონის კომპეტენციაში თავდაცვა და საგარეო ურთიერთობები იქნება.
დეცენტრალიზაციის პროცესი დაახლოებით 10 წლის წინ დაიწყო. დღეს მთელ რიგ საკითხებს არა ვესტმინსტერის ცენტრალური პარლამენტი, არამედ შოტლანდიის, უელსის და ჩრდილოეთ ირლანდიის ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოები წყვეტენ. შოტლანდიის პარლამენტის კომპეტენციაში შედის ისეთი საკითხები, როგორებიცაა სოფლის მეურნეობა, განათლება, გარემო, ჯანდაცვა, სასამართლო და პოლიცია, ადგილობრივი მუნიციპალიტეტები და ტრანსპორტი. თუმცა ამ ყველაფრის დაფინანსებას და ხარჯვის რაოდენობას ვესტმინსტერი განაგებს. ხარჯვის კონტროლთან ერთად ლონდონის კომპეტენციაში რჩება კონსტიტუციური საკითხები, თავდაცვა, საგარეო პოლიტიკა, ენერგეტიკა, იმიგრაცია, ვაჭრობა და სოციალური დაცვა.
შოტლანდიელების გარკვეულ ნაწილს შეიძლება მეტი დამოუკიდებლობა სურდეს. თუმცა სალმონდმა იცის, რომ ეს მნიშვნელოვან ეკონომიკურ ხარჯებთან იქნება დაკავშირებული, რაც ეკონომიკური სირთულეების პერიოდში შესაძლოა შოტლანდიელებისთვის მიუღებელი იყოს. ეს განსაკუთრებით საჯარო ვალს ეხება. გაერთიანებული სამეფოს ვალი 2014 წლისათვის 1.4 ტრილიონი ფუნტი იქნება. შოტლანდიაზე მთლიანი საჯარო ხარჯვის 10%25 მოდის, რაც მნიშვნელოვნად აღემატება შოტლანდიის მოსახლეობის წილს გაერთიანებულ სამეფოში. თუ შოტლანდიას საჯარო ვალი ისეთივე პროპორციით გადაეცემა, როგორც ის ბიუჯეტს იღებდა, მაშინ 2014 წელს დამოუკიდებლობის მიღების შემთხვევაში ქვეყნის ვალი 140 მილიარდი ფუნტი იქნება. ამასთან ერთად, შოტლანდიას მოუწევს 187 მილიარდი ფუნტის ოდენობის შოტლანდიის სამეფო ბანკის აქციების ეროვნული ბანკისგან შესყიდვა.
საჯარო ვალის განაწილებასთან ერთად მნიშვნელოვანი ეკონომიკური საკითხია შოტლანდიის ვალუტის ბედიც. კონსერვატორების ხელში ეს სერიოზული არგუმენტია. მათი თქმით, გაერთიანებული სამეფოდან გასვლის შემთხვევაში შოტლანდიას ევროს მიღება მოუხდება. ეს კი დღევანდელი ევროკრიზისის პირობებში შოტლანდიის ეკონომიკისთვის შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს. ამასთან ერთად, შოტლანდიას სუვერენიტეტის ნაწილის ლონდონიდან ბრიუსელისთვის გადაცემა მოუწევს.
შოტლანდიის ნაციონალურ პარტიაში ფუნტის ზონის შექმნის იდეაც გაჩნდა, თუმცა ლონდონი შოტლანდიის დასასჯელად ამას არ დათანხმდება. გამორიცხული არ არის, ადამ სმიტისა და დევიდ ჰიუმის სამშობლოში ძველი შოტლანდიური ვალუტის დაბრუნება და მისი ოქროს ღირებულებაზე მიმაგრება გადაწყვიტონ. თუმცა, შოტლანდიის ნაციონალური პარტიის მემარცხენე ტენდენციების გათვალისწინებით, ეს ნაკლებსავარაუდოა.
საინტერესოა შოტლანდიის ევროკავშირში და NATO-ში გაწევრიანების საკითხი. ერთი ვარიანტით, ქვეყანა ავტომატურად გახდება ორივე ორგანიზაციის წევრი. ამგვარი პრეცედენტი ევროპის სხვა ქვეყნების ნაწილებისთვის, რომელთაც დამოუკიდებლობა სურთ - მაგალითად, ბასკეთისთვის ან კატალონიისთვის - შეიძლება წამახალისებელი აღმოჩნდეს. შესაბამისად, შოტლანდიის ავტომატური გაწევრიანება ზოგიერთი წევრი ქვეყნის, მაგალითად, ესპანეთის, ინტერესებს ეწინააღმდეგება. ეს იმას ნიშნავს, რომ მას წევრობაზე განაცხადის შეტანა მოუწევს.
დამოუკიდებლობის ასეთი სიძვირის გამო, შოტლანდიელებმა, შესაძლოა, გაერთიანებულ სამეფოში დარჩენა ამჯობინონ. ამიტომ სრული დამოუკიდებლობის ნაცვლად სალმონდს სურს მხოლოდ იმ საკითხებზე სუვერენიტეტის მოპოვება, რომლებიც მძიმე ეკონომიკურ ხარჯებთან არ იქნება დაკავშირებული. თუმცა ზუსტად რას გულისხმობს მაქსიმალური დეცენტრალიზაციის ვერსია, ჯერჯერობით უცნობია და რეფერენდუმის საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, შოტლანდიის პარლამენტისათვის გადასაცემი უფლებები, სავარაუდოდ, მოლაპარაკების საგანი გახდება.
ლონდონსა და ედინბურგს შორის კიდევ ერთი უთანხმოების მიზეზი რეფერენდუმის დროა. სალმონდის მიერ შეთავაზებული რეფერენდუმის თარიღი, 2014 წლის შემოდგომა, ლონდონისთვის მიუღებელია. კამერონის თქმით, რეფერენდუმის ასე გადავადება, ისედაც რთულ ეკონომიკურ პერიოდში, შოტლანდიის და მთლიანად გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკას აზიანებს. ამასთან ერთად, გავრცელებული აზრით, სალმონდს სურს რეფერენდუმი ბანოკბერნის ბრძოლის, რომლის შედეგადაც შოტლანდიამ ინგლისისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა, 700 წლისთავს დაამთხვიოს. ამით ის შოტლანდიელებისთვის ემოციურ გარემოს შექმნის. შემდეგი ორი წელი სალმონდს საკუთარი მომხრეების რაოდენობის გასაზრდელადაც დასჭირდება. ამის თავიდან ასაცილებლად კამერონი რეფერენდუმის რაც შეიძლება მალე ჩატარებას ითხოვს - სავარაუდოდ, შემდეგი 18 თვის განმავლობაში.
დევიდ კამერონი
შოტლანდიის გამოყოფას მნიშვნელოვანი გავლენა ექნება სამეფოს ეკონომიკურ და სამხედრო სფეროებზე. პირველ რიგში, შოტლანდიის „დაკარგვა” გაერთიანებულ სამეფოს პრესტიჟს დაუკარგავს. NATO-ში კი სამეფო ლიდერის პოზიციებს დათმობს. შოტლანდიაში განლაგებულ ბრიტანეთის შეიარაღებულ ძალებსა და ბირთვული იარაღის ბედზეც დებატები იქნება. საუბრობდნენ გაეროს უშიშროების საბჭოში გაერთიანებული სამეფოს მუდმივი ადგილის დაკარგვის შესახებაც. თუმცა, როგორც რუსეთის პრეცედენტი აჩვენებს, რომელიც საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრედ აღიარეს, გაერთიანებულ სამეფოს ეს საშიშროება ნაკლებად ემუქრება.
ალექს სალმონდი
არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხი ჩრდილოეთ ზღვის ნავთობია. სალმონდის მტკიცებით, დამოუკიდებლობის შემთხვევაში, ნავთობის 95%25 შოტლანდიის იქნება. თუმცა ინგლისის მიერ ამ საბადოებში დიდი რაოდენობით თანხაა ინვესტირებული. ამასთან ერთად, ტერიტორიული წყლების შესახებ წარმოქმნილმა დავებმა შეიძლება შოტლანდიის წილი აღნიშნულ ნავთობში მნიშვნელოვნად შეამციროს.
შოტლანდია რეფერენდუმის ჩატარებისთანავე ავტომატურად დამოუკიდებელ ქვეყნად არ იქცევა. რეფერენდუმის შემდეგ შოტლანდიის პარლამენტსა და ვესტმინსტერს შორის ხანგრძლივი მოლაპარაკებები დაიწყება, რომელიც შესაძლოა რამდენიმე წელი გაგრძელდეს.
![]() |
13 ირანის ბირთვული ზამთარი |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო
ირაკლი გუნია
2012 წლის დასაწყისში, ირანსა და დასავლეთს შორის ურთიერთობა უკიდურესად გამწვავდა. აშშ-ის მხრიდან არნახულად მკაცრ სანქციებს, ირანის მიერ ურანის გამდიდრების დაწყების შესახებ, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) განცხადება მოჰყვა. თავის მხრივ, ირანი ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვით დაიმუქრა, რომელიც ნავთობის ტრანსპორტირების საკვანძო ადგილს წარმოადგენს. დღეს ირანის ბირთვული ენერგიის საპასუხო პოლიტიკის საშუალებად, სანქციებისა და ფარული მოქმედების გარდა, დიპლომატიასა და პრევენციულ სამხედრო შეტევას განიხილავენ.
მოსტაფა აჰმადი როშანის მანქანა აფეთქების შემდეგ
გასულ კვირას ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი განცხადებები გაკეთდა. ისრაელი, რომელსაც ახლო აღმოსავლეთში ერთადერთი ატომური არსენალი აქვს, ირანის ბირთვულ პროგრამას სასიკვდილო საფრთხედ მიიჩნევს. მიუხედავად ამისა, 18 იანვარს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ეჰუდ ბარაკმა ირანზე შეტევის ნებისმიერ შესაძლებლობას „ძალიან შორეული” უწოდა. იმავე დღეს NATO-ს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ირანს ჰორმუზის სრუტეში გამავალი ენერგომარაგის უსაფრთხოება მოსთხოვა. თუმცა აღნიშნა, რომ სამხედრო ალიანსს არეალში ინტერვენციის გეგმები არ გააჩნდა. ამავე დროს, აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლეონ პანეტას თქმით, აშშ არ დაუშვებს სრუტის ჩაკეტვას და პენტაგონი მზადაა გაუმკლავდეს ამ ქმედებით გამოწვეულ საფრთხეებს.
ამერიკული ავიამზიდი ჯონ სტენისი ჰორმუზის სრუტეში
ირანსა და დასავლეთს შორის ურთიერთობა განსაკუთრებით ნოემბრიდან დაიძაბა. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ (IAEA) თავის მოხსენებაში ქვეყნის ბირთვული პროგრამის სამხედრო განვითარება არ გამორიცხა. იანვრის დასაწყისში IAEA-მ დაადასტურა, რომ ირანმა ქალაქ ყუმის სიახლოვეს მდებარე ფორდოს ატომური საწარმოს ბუნკერში, ურანის 20%25-მდე გამდიდრება დაიწყო. ფორდო მთებით დაფარულ ტერიტორიაზე მდებარეობს და საჰაერო დარტყმებისგან კარგადაა დაცული. მეცნიერები ვერ შეთანხმდნენ, თუ რამდენ ხანში გაამდიდრებს ირანი ბირთვული იარაღის დასამზადებლად საჭირო ურანს. სხვადასხვა კვლევითი ცენტრების ვარაუდით, ეს დრო ექვსი თვიდან ერთ წლამდე განისაზღვრება.
ობამას ადმინისტრაცია, ირანის ბირთვული პროგრამის მიმართ, მეტად შეშფოთებული კონგრესის ზეწოლით, სანქციების პოლიტიკას არჩევს. 31 დეკემბერს პრეზიდენტმა ობამამ ხელი მოაწერა ირანის ფინანსურ სექტორზე უმკაცრეს სანქციებს, რომლითაც აშშ მოკავშირე სახელმწიფოებთან ირანული ნავთობის ექსპორტს დაბლოკავს. ახალი სანქციები ჯარიმას უწესებს მესამე ქვეყნის კორპორაციებს, რომლებიც ირანის ცენტრალურ ბანკთან ითანამშრომლებენ. მოსალოდნელია, რომ 23 იანვარს ევროკავშირის ქვეყნები ირანის ნავთობის ემბარგოს გამოაცხადებენ. ევროპელი დიპლომატები ამ ქვეყნის ცენტრალური ბანკის აქტივების სავარაუდო გაყინვასაც ახმაურებენ. The Washington Post-ი აშშ-ის დაზვერვის მაღალი თანამდებობის პირზე დაყრდნობით იუწყება, რომ სანქციების რეალური მიზანი რეჟიმის ცვლილება ან საზოგადოებრივი უკმაყოფილების შექმნაა. ეს უკანასკნელი მთავრობას ბირთვული იარაღის წარმოქმნაზე უარის თქმას აიძულებს.
სანქციებმა ირანის ეკონომიკა მნიშვნელოვნად შეასუსტა, თუმცა ქვეყნის ბირთვული სტრატეგია ვერ შეცვალა. მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატის, შირინ ებადის თქმით, ირანის ხელისუფლება ბირთვული პროგრამის განვითარებას მოსახლეობისთვის ეროვნულ სიამაყედ წარმოადგენს. ამ შემთხვევაში, სანქციებმა შეიძლება უკუპროდუქტიული როლი შეასრულოს და თეირანი ბირთვული შემაკავებლის აუცილებლობაში უფრო დაარწმუნოს.
სანქციებს ირანის რამდენიმე ოფიციალურმა პირმა ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის მუქარით უპასუხა, რომლიდანაც მსოფლიოს ნავთობის თითქმის მესამედის ტრანსპორტირება ხდება. ამ ქმედებით ირანი საკუთარ თავს იზოლაციაში აქცევდა და გლობალურ ეკონომიკას საფრთხეს უქმნიდა. 9 იანვარს ირანის თავდაცვის მინისტრმა აჰმად ვაჰიდიმ სრუტის ჩაკეტვის ვარიანტი კატეგორიულად უარყო. სპარსეთის ყურეში ირანს აშშ-თან და მის მოკავშირეებთან შედარებით არათანაბარი სამხედრო შესაძლებლობები აქვს. მიუხედავად ამისა, მას ასიმეტრიული ომის წარმოება შეუძლია - ათასობით ნაღმის, მცირე ზომის ხომალდების და შეზღუდული რაოდენობის პატარა წყალქვეშა ნავების სხვადასხვა სახის დივერსიულ აქტებში გამოყენება. ამგვარი სახის შეტევებმა და ყურის ნაღმებისგან გასაწმენდად საჭირო დრომ, შეიძლება ნავთობის ვაჭრობის პარალიზება გამოიწვიოს.
გართულებულ ურთიერთობას, ირანში ატომურ ენერგიაზე მომუშავე მეცნიერის, მოსტაფა აჰმადი როშანის მკვლელობა დაემატა. 2007 წლის შემდეგ ეს ბირთვულ პროგრამაში მომუშავე რიგით მეხუთე დაღუპული მეცნიერია. სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ოფიციალურად დაგმო მეცნიერის მკვლელობა, რომლის უკან ირანის და დამოუკიდებელი წყაროების ბრალდებით, ისრაელის დაზვერვა (მოსადი) დგას. ამგვარი ტაქტიკა ეფექტურად განხორციელდა 1960-იან წლებში ეგვიპტის სარაკეტო პროგრამის წინააღმდეგ, როდესაც მეცნიერთა მკვლელობამ პროგრამა მნიშვნელოვნად დააზიანა. ირანული ოპოზიციის თქმით, ეს პროცესი უფრო დასავლეთს დააზარალებს და ხელისუფლება ხალხში ბირთვული პროგრამის ლეგიტიმაციისთვის გამოიყენებს.
ფარული მოქმედების მაგალითია კომპიუტერული ვირუსი სტუქსნეტი, რომელიც 2009 წელს გაუშვეს ნათანზის ურანის გასამდიდრებელი საწარმოს ცენტრიფუგების დასაზიანებლად. აგრეთვე მახეები ირანის მიერ საზღვარგარეთ ნაყიდ მოწყობილობებზე, რაც გაუმართავ მუშაობას იწვევს. უკანასკნელი მონაცემებით, სტუქსნეტის ვირუსმა ირანის ბირთვული პროგრამა დაახლოებით ერთი წლით შეაჩერა.
ვითარების ესკალაციამ ანალიტიკოსთა ნაწილი სამხედრო მოქმედების პერსპექტივაზე აალაპარაკა. პრევენციული შეტევის მომხრეები მოსაზრებას იმით ასაბუთებენ, რომ ბირთვული ირანის პერსპექტივა უფრო მეტ საფრთხეს წარმოადგენს, ვიდრე ომთან დაკავშირებული რისკები. არაპროგნოზირებადი სახელმწიფოს ხელში ამგვარი უპირატესობა რეგიონის დანარჩენ ქვეყნებშიც ანალოგიური მისწრაფების გაჩენას შეუწყობს ხელს. ლეონ პანეტას თქმით, პრევენციული დარტყმა მხოლოდ გადაავადებს და ერთი-ორი წლით შეაჩერებს ბირთვულ პროგრამას. უფრო მასშტაბური სამხედრო ინტერვენცია, კრიტიკოსთა მტკიცებით, რეგიონის უკიდურესად დაძაბვას, ეკონომიკურ კრიზისს, ექსტრემიზმის მატებას გამოიწვევს. რადიკალური ზომების მომხრეები რეჟიმის ცვლილებას მოითხოვენ.
ზოგიერთი ანალიტიკოსის მოსაზრებით, პრობლემის დიპლომატიური გადაწყვეტა ერთადერთი პასუხია. მათი აზრით, სანქციების გზით ვითარება უფრო მწვავდება. სასურველია ურანის გამდიდრების შესაძლებლობის გაგრძელება, შეიარაღების წინააღმდეგ არსებულ უფრო ძლიერ გარანტიებთან იყოს შერწყმული. ამ შემთხვევაში ირანის საშინაო მდგომარეობის გათვალისწინებით, ეს გზაც არ არის ადვილი. ქვეყანაში კლერიკალურ რეჟიმსა და პრეზიდენტს შორის დაპირისპირებაა. შესაბამისად, მეორე მხრიდან ერთიანი პოზიცია არ არსებობს. წლის ბოლოს დაგეგმილი არჩევნების წინ დიპლომატიისთვის უპირატესობის მინიჭება ობამასთვის მეტად საფრთხილოა - რესპუბლიკელი კანდიდატები მას მეტისმეტი სირბილისთვის გამუდმებით აკრიტიკებენ.
![]() |
14 ბურუსით მოცული მომავალი |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო
ერაყი ამერიკული არმიის გარეშე
მიხეილ ბასილაია
ფოტო: REUTERS ©
ამერიკული ჯარების გასვლიდან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ ერაყი პოლიტიკურ კრიზისშია. ქვეყანა ეთნორელიგიური დაპირისპირებების გამწვავების საფრთხის წინაშე დგას. დეკემბრის ბოლოსა და იანვარში განხორციელებულ ტერაქტების სერიას ორასამდე ადამიანი შეეწირა, ასეულობით ადამიანი კი დაშავდა. ბომბების ნაწილი შიიტებით დასახლებულ უბნებში აფეთქდა, რამაც შიიტებსა და სუნიტებს შორის მდგომარეობა გაართულა. ტერაქტებზე პასუხისმგებლობა ალ-ყაიდასთან დაკავშირებულმა ექსტრემისტულმა ორგანიზაცია Islamic State of Iraq-მა აიღო. ისლამისტ რადიკალებს სტაბილური ერაყის ნაცვლად ქაოსში გახვეული ქვეყნის ხილვა სურთ.
ეთნოკონფესიური კონფლიქტის გამძაფრება ერაყისთვის ყველაზე უარესი პოლიტიკური სცენარია. ქვეყნის დაახლოებით 30-მილიონიანი მოსახლეობიდან 20%25 ეთნიკურად ქურთია, არაბების 60%25 შიიტია, ხოლო 20%25 - სუნიტი. ერაყს, ერთი მხრივ, ქურთებსა და ცენტრალურ ხელისუფლებას, მეორე მხრივ კი, შიიტებსა და სუნიტებს შორის კონფლიქტის ხანგრძლივი ისტორია აქვს. ათწლეულების მანძილზე, სადამ ჰუსეინის რეჟიმის ჩათვლით, ქვეყანას სუნიტები მართავდნენ, შიიტები და ქურთები კი მარგინალიზებულნი იყვნენ. ახლა პოლიტიკური ძალაუფლება შიიტებს ეკუთვნით, სუნიტებს კი შურისძიების ეშინიათ. კონფესიებს შორის სისხლიანი დაპირისპირება 2005 წელსაც დაიწყო. ამერიკელებმა სიტუაციის დარეგულირება ქვეყანაში დამატებითი სამხედრო ძალების შეყვანით 2007 წლისათვის მოახერხეს.
კონფესიური დაპირისპირება ერაყის გართულებული შიდაპოლიტიკური მდგომარეობის მახასიათებელი ნიშანია. ამერიკული ჯარების გასვლის მეორე დღესვე ერაყის პრემიერ-მინისტრმა ნული ალ-მალიქმა ვიცე-პრეზიდენტ ტარიქ ალ-ჰაშემის დაპატიმრების ბრძანება გასცა. შიიტი პრემიერი სუნიტ ვიცე-პრეზიდენტს ტერორიზმში ადანაშაულებს. ალ-ჰაშემი ქვეყნის ნახევრად ავტონომიურ ქურთისტანის რეგიონში გაიქცა და ბაღდადში დაბრუნებას არ აპირებს.
პარტია ირაქიას წევრმა და პრემიერის მოადგილე სუნიტმა სალეჰ ალ-მუთლაქმა ალ-მალიქს CNN-თან ინტერვიუში დიქტატორი უწოდა. ალ-მალიქმა პარლამენტს მოსთხოვა ალ-მუთლაქისთვის უნდობლობის გამოცხადებაზე კენჭისყრის ჩატარება, საკუთარი მოადგილის სახლს კი სამხედრო მეთვალყურეები მიუჩინა.
ექსპერტთა შეფასებით, ნური ალ-მალიქი ცდილობს ამერიკელთა გასვლის შემდეგ დარჩენილი პოლიტიკური ვაკუუმი შეავსოს, ოპონენტები შეავიწროოს და საკუთარი ძალაუფლება განავრცოს.
მკვეთრად ანტიამერიკულად განწყობილი და ირანთან დაახლოებული შიიტი კლერიკალი მუქთადა ალ-სადრი დროს არ კარგავს. პარლამენტში მისი მომხრეები ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვას ითხოვენ. სავარაუდოდ, მათ არა არჩევნები, არამედ მღვრიე წყალში თევზის დაჭერა სურთ - გართულებული შიდაპოლიტიკური მდგომარეობით ალ-მალიქს პოლიტიკურ დათმობებს დასტყუებენ. აღსანიშნავია, რომ სადრისტები მმართველ კოალიციაში შედიან და პარლამენტში ძალთა ბალანსის შეცვლა შეუძლიათ.
სტაბილურობისკენ გზა ეთნიკურ და რელიგიურ ჯგუფებს შორის ძალაუფლების გაყოფის მყარ შეთანხმებაზე გადის. უთანხმოების მოგვარების ერთ-ერთი სცენარი ერაყის ფედერალიზაციას გულისხმობს, რომელიც ქვეყნის კონსტიტუციაშიც გათვალისწინებულია. ერაყის ქურთისტანის რეგიონს უკვე აქვს გარკვეული ავტონომია. მაგრამ ერაყის ფედერალურ სახელმწიფოდ გარდაქმნა რთული იქნება. ერთი მხრივ, რეგიონებს გაუჭირდებათ ნავთობის რესურსების გაყოფა. მეორე მხრივ კი, ერაყელებს საკუთარ პოლიტიკურ კულტურაში გამჯდარი ცენტრალიზებული, იერარქიული სისტემის მოთხოვნილების გადალახვა მოუწევთ.
ერაყის ამჟამინდელი მდგომარეობა ცხადყოფს, რომ ამერიკელთა გასვლა ნაადრევი იყო. არაბული გაზაფხულის შემდგომ ერაყს ახლო აღმოსავლეთში, რეგიონული სტაბილურობის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი ფუნქცია ეკისრება. მის ნავთობის რეზერვებზე მსოფლიო ბაზარზე შავი ოქროს ფასი იქნება დამოკიდებული. ერაყში ამერიკელთა გასვლის შემდეგ დატოვებული პოლიტიკური ვაკუუმის შევსებას ირანი ეცდება, რომლისთვისაც არასტაბილური მეზობელი მიმზიდველი სამიზნეა. ირანს ახლო კავშირები აქვს ერაყის შიიტურ პოლიტიკურ ძალებთან. სუნიტების მიერ დომინირებულ არაბულ სამყაროში ერაყი ერთგვარად განზე დგას. საუდის არაბეთი მას ეჭვის თვალით უყურებს. საუდელებს მეზობელ ქვეყანაში ელჩიც არ ჰყავთ გაგზავნილი.
ვიცე-პრეზიდენტ ტარიქ ალ-ჰაშემი
პრემიერ-მინისტრი ნული ალ-მალიქი
ამერიკელთა გასვლას ნეგატიური ეფექტი ექნება ერაყის ეკონომიკაზეც, რომელიც 2007 წლის შემდეგ სწრაფად იზრდებოდა. სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობის მომენტისთვის ერაყის მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 500 ამერიკული დოლარი იყო, 2011 წლის ბოლოსთვის კი 3,300 დოლარს აღწევდა. პოლიტიკურ არასტაბილურობას შეუძლია მიღწეული პროგრესი წყალში ჩაყაროს.
ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ერაყიდან ამერიკელთა ჯარების გამოყვანით საკუთარი წინაასაარჩევნო დაპირება შეასრულა. თუმცა ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ობამას ადმინისტრაციამ სრულად არ გამოიყენა მის ხელთ არსებული პოლიტიკური რესურსები ერაყში შედარებით მცირერიცხოვანი ამერიკული სამხედრო კონტინგენტის დასატოვებლად. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ამერიკული სამხედრო კონტინგენტი დარჩა გერმანიასა (54,000 ამერიკელი სამხედრო) და იაპონიაში (40,000), კორეის ომის შემდეგ - სამხრეთ კორეაში (28,500). ერაყში იმავეს გაკეთებით ობამას შეეძლო პოლიტიკური გავლენა შეენარჩუნებინა, უსაფრთხოების საკითხი მოუმზადებელი ერაყელებისთვის არ დაეტოვებინა და ერაყის არმიის გასაწვრთნელადაც საკმარისი რაოდენობის კადრები ჰყოლოდა. ამ მხრივ, ობამა რესპუბლიკელთა ერთ-ერთმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, მიტ რომნიმაც გააკრიტიკა. 2003 წელს ომი ობამას არ დაუწყია, თუმცა ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე ერაყში მდგომარეობის გაუარებების გამო პასუხის გაცემა, შესაძლოა, სწორედ მას მოუწიოს.
![]() |
15 ალტერნატიული გადასახადი |
▲ზევით დაბრუნება |
ბიზნესი
ელენე კვანჭილაშვილი
შემოსავლების სამსახურმა დამატებითი ღირებულების გადასახადის (დღგ) ალტერნატივა შეიმუშავა. ცვლილებები საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით უკვე დაამტკიცა. ალტერნატიული საგადასახადო მექანიზმი მას შემდეგ ამოქმედდება, რაც შემოსავლების სამსახური საგადასახადო განაკვეთებს დაადგენს.
შემოსავლების სამსახურის ინიციატივის მიხედვით, მცირე მეწარმეები ორ ძირითად კატეგორიად დაიყოფიან - მოვაჭრე მცირე მეწარმე და მომსახურე მცირე მეწარმე. ფიქსირებული გადასახადი ამ მეწარმეებზე იმ შემთხვევაში გავრცელდება, თუ ისინი მხოლოდ ფიზიკურ პირებზე არიან ორიენტირებულნი და ხარჯის ან დღგ-ს გადასახადის დოკუმენტაცია არ სჭირდებათ.
ფიქსირებული გადასახადის ორი მოდელი ამოქმედდება.
მომსახურე მცირე მეწარმის შემთხვევაში დადგინდება ტარიფის ქვედა და ზედა ზღვრები (1-დან 2 ათას ლარამდე). შემდეგ, კონკრეტული სფეროსთვის გადასახდელი თანხის ერთეული და ფიქსირებული თანხის ოდენობა დაწესდება. მაგალითად, სილამაზის სალონის შემთხვევაში გადასახდელი თანხის ერთეული შეიძლება სავარძელი იყოს. გადასახადის ამ ფორმის არჩევის შემთხვევაში აღნიშნული კატეგორიის მეწარმეებს მოეხსნებათ სალარო აპარატის გამოყენების აუცილებლობა, საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოების ვალდებულება და აღარ დაიქირავებენ ბუღალტერს.
მოვაჭრე მცირე მეწარმის შემთხვევაში მოგების გადასახადი ბრუნვის 3%25-იანი გადასახადით განისაზღვრება. საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოება არც ამ კატეგორიის მეწარმეებს მოუწევთ, თუმცა სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულება ექნებათ: 3%25-იანი გადასახადის დაანგარიშება სწორედ სალარო აპარატით განსაზღვრული შემოსავლიდან მოხდება.
ორივე კატეგორიის მეწარმეებს დღგ-ს გადამხდელად აღრიცხვისთვის 100 000-ლარიანი ზღვარი მოეხსნებათ: იმ შემთხვევაშიც კი, თუ მეწარმის შემოსავალი ამ ზღვარს გადააჭარბებს, შეძლებს დღგ არ გადაიხადოს და ისევ ფიქსირებული გადასახადის გადახდა გააგრძელოს.
საგადასახადო კოდექსი ამ დრომდე მცირე ბიზნესს განსხვავებულ კატეგორიებად ყოფს: მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსი საგადასახადო კოდექსში 2010 წლის სექტემბერში შემუშავებული ცვლილებების შედეგად გაჩნდა. მიკრობიზნესის სტატუსით სარგებლობენ მეწარმეები, რომელთა წლიური ბრუნვაც 30 ათას ლარზე ნაკლებია. ეს მეწარმეები საშემოსავლო გადასახადისა და სალარო აპარატის გამოყენებისგან გათავისუფლდნენ. მცირე ბიზნესის სტატუსით კი ის მეწარმეები სარგებლობენ, რომელთა წლიური ბრუნვაც 100 ათას ლარზე ნაკლებია. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესის შემოსავალი 3-დან 5%25-მდე იბეგრება. შემოსავლის 3%25-იანი დაბეგვრით სარგებლობენ ისინი, ვინც საგადასახადო ორგანოში მთლიანი შემოსავლის 60%25-ის ოდენობის ხარჯების დამადასტურებელ დოკუმენტებს წარადგენს. სალარო აპარატების გამოყენება არც მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმეებს სჭირდებათ.
მცირე ბიზნესის ასეთმა დაყოფამ, შემოსავლების სამსახურის უფროსის, ჯაბა ებანოიძის თქმით, ბიზნესის დახლეჩა და სულ მცირედ დარჩენის მოტივაციის განმტკიცება გამოიწვია: დღგ-ს 18%25-იანი გადასახადის თავიდან აცილების მიზნით, 100 ათასიანი ზღვრის მიახლოების შემთხვევაში, ბიზნესი რამდენიმე მცირე მეწარმედ დაშლას ამჯობინებდა. ალტერნატიული გადასახადის შემთხვევაში, 100 000-ლარიანი ზღვარი უქმდება.
კონკრეტული სექტორებისთვის შეღავათების დაწესება ადმინისტრირებისთვის გაცილებით უფრო რთული სქემაა, ვიდრე ყველასთვის ერთი და დაბალი გადასახადის არსებობა. თანაბრად დაბალი გადასახადების პირობებში, ბიზნესს რეინვესტირებისთვის მეტი თანხა დარჩებოდა. ქვეყანაშიც მეტი ინვესტიცია შემოვიდოდა. გაიზრდებოდა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი. მეტი თანხით კი უფრო ეფექტურად შემცირდებოდა დეფიციტი და ხანგრძლივ პერსპექტივაში - გადასახადებიც.
![]() |
16 ორი დილემა უმუშევრობის შესახებ |
▲ზევით დაბრუნება |
ბიზნესი
გიორგი აბაშიშვილი
საქართველოს მოსახლეობისთვის მთავარ პრობლემად კვლავ დასაქმება რჩება. კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის კვლევის შედეგებით გამოკითხულთა 58%25, საქართველოსთვის ამჟამად ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად, სამუშაო ადგილების შექმნას მიიჩნევს.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ქვეყანაში უმუშევრობა 2010 წელს 16.3%25-ს შეადგენდა. სხვადასხვა კვლევების, მათ შორის ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტისა (IRI) და საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული კვლევების (NDI) მონაცემები დაახლოებით ოთხ-ხუთჯერ მეტია.
შერჩეული მეთოდოლოგია ამ განსხვავების მხოლოდ ერთი მიზეზია.
სტატისტიკის სამსახური უმუშევრობის დონეს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მეთოდოლოგიის თანახმად ითვლის. მის მიხედვით, დასაქმებულად ითვლება ნებისმიერი პირი, რომელიც ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას მოგების, შემოსავლის (ფულადი ან ნატურით) მიღების მიზნით, მიუხედავად შემოსავლის ოდენობისა, საქმიანობის ტიპისა და ხანგრძლივობისა. შესაბამისად, ვთქვათ, სოფლის მეურნეობაში დასაქმებულები, რეპეტიტორები, კერძო ტაქსების მეპატრონეები, საცალო ვაჭრობით დაკავებული ფიზიკური პირები და ა.შ., თუ გამოკითხვის მომენტის წინა შვიდი დღის განმავლობაში ერთი საათით მაინც მუშაობდნენ შემოსავლის მიღების მიზნით, დასაქმებულად ითვლებიან.
სტატისტიკის სამსახურის მიერ დასმული კითხვა მარტივია: მუშაობდით თუ არა გასული შვიდი დღის განმავლობაში ერთი საათით მაინც შემოსავლის მიღების მიზნით?
კითხვას სხვაგვარად სვამენ საერთაშორისო ორგანიზაციები. მაგალითად, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის შეკითხვა ასეთია: თვლით თუ არა თავს დაუსაქმებლად? ამ კითხვაზე საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი უარყოფითად პასუხობს.
ქვეყნის მოქალაქეთა დიდი ნაწილი თავს დასაქმებულად მხოლოდ იმ შემთხვევაში თვლის, თუ ის „ვინმემ” დაასაქმა. ყველაზე პოპულარული „ვინმე” კი სახელმწიფოა. სხვა დანარჩენ შემთხვევაში მოქალაქეთა დიდი ნაწილი, თვითდასაქმებიდან თუნდაც იმაზე მაღალი შემოსავალი ჰქონდეს, ვიდრე მას დამსაქმებელი შესთავაზებდა, თავს მაინც დაუსაქმებლად თვლის. 2010 წელს დასაქმებულთა 61.9 პროცენტი თვითდასაქმებულებზე მოდის.
საქართველოს მთავრობა ქვეყნის სტრატეგიული განვითარების ათპუნქტიან გეგმაში უმუშევრობის შემცირებას პროგნოზირებს. გაზრდილი მაჩვენებლები მხოლოდ გაუმჯობესებულ სტატისტიკურ მონაცემებად დარჩება მანამ, სანამ დასაქმების მიმართ საქართველოს მოქალაქეების დამოკიდებულება არ შეიცვლება. სახელმწიფომ ბიზნესის კეთების მარტივი გარემო და პირობები უნდა შექმნას, რომ შემდეგ ადამიანებმა საკუთარ შემოსავალზე დამოუკიდებლად იზრუნონ.
15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის განაწილება
(ათასი კაცი)
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
![]() |
17 დღე, რომელმაც ინტერნეტი შეცვალა |
▲ზევით დაბრუნება |
ტექნოლოგია
ვახო ელერდაშვილი
2012 წელი ინტერნეტში გაფრთხილებით დაიწყო. ფორუმებსა და სოციალურ ქსელებში ვიკიპედიის წარმომადგენლები წერდნენ, რომ ამა წლის 18 იანვარს ვიკიპედია, Wordpress, Reddit და სხვა პოპულარული ვებრესურსები გაითიშებოდა. ვიკიპედიის შემქმნელმა ჯიმი უელსმა სტუდენტებს მიმართა და სთხოვა, რომ საშინაო დავალება ცოტა ადრე დაეწერათ, ვინაიდან ერთი დღის განმავლობაში მათი საყვარელი რესურსი ხელმისაწვდომი არ იქნებოდა... და მართლაც, 18 იანვარს ყველა ერთმანეთს ეკითხებოდა თუ რატომ იყო ვიკიპედია ჩაბნელებული. მიუხედავად იმისა, რომ სხვა რესურსებიც ამდაგვარად იყო ჩაბნელებული, მითქმა-მოთქმის ცენტრში მაინც ვიკიპედია აღმოჩნდა, ვინაიდან, როგორც აღმოჩნდა, ის ინტერნეტზე დამოკიდებული ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.
ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ აშშ-ის კონგრესში განსახილველად ორი კანონპროექტი შევიდა: SOPA და PIPA. აბრევიატურების მოყვარულმა ამერიკელებმა ამ ტეტრაგრამატონებში ღმერთის სახელის ნაცვლად ინტერნეტის სიკვდილის ფორმულა ჩაშიფრეს. პირველი მათგანი, SOPA, იშიფრება, როგორც Stop Online Piracy Act და ინტერნეტში მობინადრე ჯეკბეღურების წინააღმდეგ გალაშქრებას ისახავს მიზნად. მეორე, PIPA, უფრო ვრცელ ვარიანტში Protect Intellectual Property Act, ინტელექტუალური საკუთრების დაცვისკენაა მიმართული. ამ ორი კანონპროექტის მთავარი სამიზნე გლობალურ აბლაბუდაში აუდიოვიზუალური და ტექსტუალური ინფორმაციის თავისუფალი გავრცელებაა, რითაც ყველაზე მეტად დიდი კორპორაციები იხეირებენ. ისინი აიძულებენ უბრალო მოკვდავებს იმ ინფორმაციაში ფულის გადახდას, რაც ამ უკანასკნელთ დღესდღეობით უფასოდ აქვთ.
ინტერნეტად წოდებული ნეიტრალური ტერიტორია, სადაც დღესდღეობით ხელჩართული ბრძოლაა გამართული, წარმოადგენს ადგილს, სადაც ოთხი განსხვავებული ტიპის ერთეული იყრის თავს: ინფორმაციის მწარმოებლები, ინფორმაციის მომხმარებლები, ინფორმაციის მიმწოდებლები და კანონმდებლები, რომელთაც პირველ სამს შორის ურთიერთობების და უფლება-მოვალეობების დარეგულირება ევალებათ. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ბოლო დროს ინფორმაციის მწარმოებლებმა იძალეს და კანონმდებლებზე პირდაპირ თუ ირიბად ზემოქმედებას შეეცადნენ. ვიკიპედიის ერთი დღით ჩაბნელება კი სწორად ამ ზემოქმედების უკურეაქცია გახლდათ. ანუ ამ შემთხვევაში ინფორმაციის მიმწოდებლები შეეცადნენ ინფორმაციის მომხმარებლებზე ზემოქმედებას და მათი საშუალებით კანონმდებლების ჭკუაზე მოყვანას.
ინტერნეტის ევანგელისტები წერდნენ, რომ ვიკიპედიის ჩაბნელებამ ნაყოფი გამოიღო და ბოიკოტი შედგა. 18 იანვრის აქციამ ხალხის დიდ მასებში გამოიწვია ჩოჩქოლი. აგორებული ტალღა კი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში ხალხის მიერ არჩეულ წარმომადგენლებს დაატყდათ თავს. აღმოჩნდნენ ისეთებიც, რომლებმაც SOPA-ს და PIPA-ს კანონპროექტებში თავისუფალი სიტყვის შეზღუდვის მცდელობა დაინახეს, ვინაიდან თუ ეს კანონპროექტები დამტკიცდებოდა, ამბობდნენ ისინი, მაშინ კანონის ძალით ცენზურა დაწესდებოდა ისეთ პოპულარულ რესურსებზე, როგორიცაა Youtube, Wordpress, Wikipedia, Facebook (ჩამონათვალი სრული არ არის), რაც იმას ნიშნავს, რომ ვეღარ მოვუსმენდით ჩვენს საყვარელ სიმღერებს, ვერ მივიღებდით ინფორმაციას უშუალოდ თვითმხილველებისგან და არ გვექნებოდა წვდომა დედამიწაზე ყველაზე დიდ ენციკლოპედიასთან. ეს ყველაფერი კი უპირველესად თავისუფალ სიტყვას შეზღუდავდა და მხოლოდ ამის შემდგომ დაიცავდა ე.წ. ინტელექტუალურ საკუთრებას. 20 იანვარს SOPA-ს კანონპროექტი განხილვიდან მოიხსნა.
2012 წლის 18 იანვარი ისტორიაში შევიდა, როგორც დღე, როდესაც უმრავლესობამ გააცნობიერა ის საშიშროება, რომელიც შეიძლება რეალობად იქცეს, თუკი მსგავსი კანონპროექტები შევა ძალაში. ამიერიდან ყოველდღიურად, როცა Youtube-ზე საყვარელი ჯგუფის მორიგი ალბომით დავტკბებით, ან ინფორმაციის მისაღებად შევიხედავთ ვიკიპედიაში, გვეცოდინება, რომ ის სიკეთე, რომელსაც მოვიხმართ, შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს არ გვქონდეს და, შესაბამისად, გვემახსოვრება დღე, რომელმაც ინტერნეტი შეცვალა.
![]() |
18 დედათა საქმე |
▲ზევით დაბრუნება |
არქივი
ილია ჭავჭავაძე
სამართლიანად არის მიჩნეული, რომ კულტურის ძლიერების საფუძველს წარმოადგენს არა მხოლოდ მისი თვითმყოფადობა, სიძველე თუ ისტორიული მნიშვნელობა, არამედ - შესატყვისობა უმაღლეს ღირებულებათა ძირეულ შკალასთან, რომელიც განსაზღვრავს ყოველი ერისა და მისი კულტურის ეთიკურ-ზნეობრივ მოდელს. სწორედ ამგვარ ღირებულებათა რიგს განეკუთვნება დემოკრატიული ღირებულებები, რომელთა გააქტიურება საზოგადოებრივი თვითშეგნების ზრდის წინაპირობას წარმოადგენს, ხოლო სწორი ინტერპრეტაცია - სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისა და პროგრესის გარანტს.
ირმა რატიანი
დედათა საქმე, რომელიც ჩვენში მონათლულია ქალების საქმედ, დღითიდღე წინ მიდის განათლებულს ქვეყნებში, დღითიდღე მომხრეებსა ჰპოულობს, ძლიერდება და კუთვნილს ადგილს იჭერს ადამიანის ცხოვრებაში. დედათა მხნეობა, სამართლიანის უფლების მოპოვებაზედ მიმართული, აღარა ჰრჩება „ხმად მღაღადებლად უდაბნოსა შინა” და დღე თითქმის ისე არ გადის, რომ საქმე - რასაკვირველია, განათლებულს ქვეყნებში, - კი ცოტად თუ ბევრად დედათა საქმე ფეხს არ იმაგრებდეს და ცხოვრების სარბიელზედ ცოტ-ცოტაობით მაინც ადგილს არ იპყრობდეს შემდეგის წარმატებისათვის. დედათა სქესმა კაცობრიობის უკეთესთა წარმომადგენელთა თაოსნობით, ღვაწლით და გარჯით უკვე დაიმტკიცა უფელბა უმაღლესის სწავლისა და განათლების მიღებისა და ეხლა მარტო ბრმანი და თვალახვეულნიღა ეურჩებიან ამ უფლებას. დედათა სქესმა დაიპყრა ამასთანავე ზოგიერთს სფერაში უფლება სახელმწიფო, თუ საზოგადო სამსახურისა და თუმცა აქ ბევრი რამ კიდევ დაჰრჩენია დასაპყრობად , მაგრამ ეს პირველდაწყებითი ბიჯიც უმნიშვნელო არ არის შემდეგისათვის. იგი უსამართლობა, რომელიც დღეს აქამომდე დედათა სქესს, ამ ნახევარს მთელის კაცობრიობისას, საძიძაოდამ და სამზარეულოდამ გარეთ არ უშვებდა და ამათ გარე არავითარს საქმეში მონაწილედ არ ჰხდიდა, ასე რომ ლუკმაპურის საშოვარის გზასაც არ აძლევდა, დიდხანს ვეღარ გაუძლებს ერთხელ ფეხადგმულს მოძრაობას.
რომ უფრო დიდი ავალი მისცენ ამ მოძრაობას და დედათა სქესს მისი სამართლიანი ადგილი მიეზომოს კაცთა ცხოვრებაში, დედათა საქმე ამ ბოლო ხანებში იმაზედ მიიმართა, რომ ქვეყნის საქმეთა გამგეობაში და კანონმდებლობაში ხმა მიანიჭონ დედათაცა, როგორც მამაკაცთა აქვსთ მინიჭებული. ამ მხრით ამერიკამ ჯერხანად ყველა ქვეყნებს გაუსწრო და იქ დღეს არამცთუ ვინმეს ეხამუშება, რომ მოხელეთა და ქვეყნის საქმეთა გამგებელთა საარჩევნოდ მამაკაცებთან ერთად დედათაც კენჭი იქონიონ, არამედ თითონ დედანიც კი რომ ამორჩეულ იქმნან თვით რესპუბლიკის პრეზიდენტადაც, არავინ გაიკვირვებს და იოცებს.
ამ ხანებში ამერიკის ქალაქში, რომელსაც ბოსტონი ჰრქვიან, ქალაქის გამგეობის არჩევნები იყო. თუმცა როგორც აქ, სხვაგანაც ამერიკაში, დედათა აქვსთ უფლება არჩევნებში მონაწილეობისა, მაგრამ დღეს აქამომდე დედათა უფლებას ბევრს არაფერს დასდევდნენ და არ ერეოდნენ არჩევნებში. ეხლა კი ამ ბოლო არჩევნებში თითქმის ყველანი მოსულან და დედათა კენჭის წყალობით დემოკრატები, რომელთაც აქამომდე ხელთ ეპყრათ გამგეობა ქალაქისა, დამარცხებულან და რესპუბლიკელებს გაუმარჯვნიათ.
![]() |
19 ლეოს ოქროს 2011 |
▲ზევით დაბრუნება |
სპორტი
ლაშა გოდუაძე
24 წლის ლეო მესი ზედიზედ მესამედ გახდა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი. შვეიცარიის ქალაქ ციურიხში არგენტინელმა ოქროს ბურთი ბრაზილიელი რონალდოსგან ჩაიბარა, რომელმაც, თავის მხრივ, ასევე სამჯერ მოიგო ეს ტიტული. ფიფამ ფრანგი ზინედინ ზიდანიც ამდენჯერვე აღიარა, თუმცა მესის მიღწევა მაინც გამორჩეულია.
2011 წელს სამხრეთამერიკელი ისეთივე ფანტასტიკური იყო, როგორც მისი გამარჯვებების სერიაა: ბარსელონასთან ერთად ხუთი ტიტული მოიგო, ინდივიდუალურ ჯილდოებს კი, თქვენი ნებართვით, აღარ ჩამოვთვლით.
მაინც რა არის არგენტინელი ათიანის ბრწყინვალების საიდუმლო?
საოცარი ტექნიკა, თამაშის უბადლო გრძნობა და უნაკლო ფიზიკური მომზადება?
თუ ჩინებული გუნდი ყოვლისმხედველი ხავით დაწყებული შესანიშნავი მწვრთნელით დასრულებული?
კითხვას თავად ტრიუმფატორმა უპასუხა ციურიხში, როცა რონალდოსგან ოქროს ბურთი ჩაიბარა:
„ამ ჯილდოს ზედიზედ სამჯერ მოგება ძალიან დიდი პატივია. ყველას მადლობას ვუხდი - ეს ოქროს ბურთი პირველ რიგში თანაგუნდელებს ეკუთვნით. მინდა, რომ ყველა მათგანმა გამარჯვებულად იგრძნოს თავი, განსაკუთრებით კი ხავიმ, ჩემმა მეგობარმა და ბრწყინვალე ფეხბურთელმა, ვინც ეს აღიარება დაიმსახურა”.
მიხვდით?
მწვერვალზე ზედიზედ მესამედ შემდგარმა ლეომ მხოლოდ და მხოლოდ გუნდზე ისაუბრა და როგორც ყოველთვის, „ჩვენ” კვლავ „მე”-ს წინ დააყენა. თუ მის ინტერვიუებს გაიხსენებთ, შეამჩნევთ, რომ ის არასდროს საუბრობს საკუთარ გამარჯვებებზე და ბარსელონას წარმატების საფუძვლად იმ ერთიანობას ასახელებს, რითაც გუნდი ხოსეპ გვარდიოლას ხელში აშკარად გამოირჩევა.
არგენტინელმა ბრწყინვალედ იცის, რომ ფეხბურთი გუნდური თამაშია და მოგებულიც მხოლოდ ისაა, ვინც საერთო ინტერესს ემსახურება.
და თუ კონკრეტული დავალების უმაღლეს დონეზე შესრულების უნარიც შეგწევს, თან ყოველ უქმეებზე, სულაც არაა გასაკვირი, რომ წლის ბოლოს მთავარი ინდივიდუალური საფეხბურთო პრიზი შენ გადმოგცენ.
მეოთხე სეზონია ბარსელონა მსოფლიოს საუკეთესო კლუბია, ლეო მესი კი ამ გუნდის ლიდერი.
ლოგიკურია, რომ საფეხბურთო სამყაროს ფავორიტი ბოლო სამი წელი სწორედ არგენტინელია.
„პელე, დიეგო მარადონა და ალფრედო დი სტეფანო ყველა დროის უძლიერესი ფეხბურთელები არიან. დღევანდელი ტრიუმფის შემდეგ, ვფიქრობ, მესიც მათ მხარდამხარ უნდა მოვიხსენიოთ”, - განაცხადა საუკეთესოდ აღიარებულმა ხოსეპ გვარდიოლამ. ბარსელონას თავკაცს, რომელმაც არასრულ ოთხ სეზონში 13 თასი მოიგო, ფიფამ წლის მწვრთნელის ტიტული პირველად უბოძა.
და რა თქვა სცენაზე ასულმა გვარდიოლამ?
„მინდა, რომ ეს ჯილდო ჟოზე მოურინიოსთან და სერ ალექს ფერგიუსონთან გავინაწილო. ასევე ყველა იმ მწვრთნელთან, ვისაც ფეხბურთი უბრალოდ უყვარს”.
ისევ „ჩვენ” და არავითარი „მე”!
მესის არ იყოს, გვარდიოლაც ზედმიწევნით ზუსტად ჩაწვდა სპორტის მეფის მთავარ საიდუმლოს.
თანამედროვეობის საუკეთესო მწვრთნელისთვის მთავარი გუნდის ინტერესებია. სხვა დანარჩენი, მათ შორის მილიონერი და ჭირვეული ვარსკვლავები - მხოლოდ შემდეგ მოდის. გვარდიოლა სამი წლის წინ საუკეთესო ბომბარდირს, მაგრამ უხასიათო სამუელ ეტოოს სწორედ ამიტომ შეელია ადვილად. არც მის ნაცვლად მისული ზლატან იბრაჰიმოვიჩი გააჩერა დიდხანს - თუ მხოლოდ სტატისტიკას გავითვალისწინებთ, სკანდინავიელი კარატისტის სადებიუტო სეზონს კამპ ნოუზე „ჩავარდნა” ნამდვილად არ ეთქმოდა, მაგრამ შვედმა, კამერუნელის არ იყოს, „მე” „ჩვენ”-ზე წინ დააყენა და ზუსტად ერთ წელიწადში იტალიაში დაბრუნდა.
კატალონიელთა ლიდერების არჩევანით ბარსელონაში ყველამ მოიგო: კლუბის პრეზიდენტით დაწყებული გულშემატკივრებით დასრულებული.
რაც მთავარია, მოიგო ფეხბურთმა.
დაბოლოს, საინტერესო ამბავი, რომელიც ლეოს მამამ, ხორხე მესიმ გაახმაურა: „როდესაც 9 იანვრის საღამოს, დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ ყველანი გასართობად წავედით, ლეო არ წამოგვყვა, ხვალ ვარჯიში მაქვს და უნდა გამოვიძინოო”.
ლეო შარშან
10 იანვარი: ფიფამ მსოფლიოს 2010 წლის საუკეთესო მოთამაშედ აღიარა. ფიფამ და ფრანს ფუტბოლმა პირველად გამოავლინეს რჩეული ერთად.
5 თებერვალი: ბარსელონამ კამპ ნოუზე მისი ჰეთ-თრიქით 3:0 მოუგო ატლეტიკოს და პრიმერადივიზიონის რეკორდი დაამყარა: ზედიზედ მე-16 მატჩი მოიგო.
2 მარტი: ლეოს ერთადერთი გოლით ბარსამ სტუმრად სძლია ვალენსიას და ლა ლიგას კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა: ზედიზედ მეოცე საგარეო მატჩში არ დამარცხდა.
9 აპრილი: ალმერიასთან დუბლი შეასრულა. სეზონში 47 გოლი დაუგროვდა და ერთი წლით ადრე დამყარებული თავისივე საკლუბო რეკორდი გაიმეორა.
12 აპრილი: ჩემპიონთა ლიგაში დონეცკის შახტარს გაუტანა და 9 აპრილს დამყარებული საკლუბო რეკორდი გააუმჯობესა.
20 აპრილი: ესპანეთის თასის ფინალში ბარსა 0:1 დამარცხდა რეალთან. ლეო გათამაშების საუკეთესო ბომბარდირი გახდა 7 გოლით.
23 აპრილი: ოსასუნასთან სეზონის 50-ე გოლი გაიტანა.
27 აპრილი: ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ბარსამ ლეოს ორი გოლით რეალს 2:0 სძლია. მესის მეორე ბურთი ლიგის ისტორიაში ულამაზესთა შორის მოხვდა.
21 მაისი: ზედიზედ მესამედ, სულ კი მეხუთედ მოიგო ესპანეთის ჩემპიონის ტიტული.
28 მაისი: მესამედ მოიგო ჩემპიონთა ლიგა. 12 გოლით ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. სეზონი 55 ოფიციალურ მატჩში 53 გოლით დაასრულა - კარიერის რეკორდი. გახდა ბარსას პირველი მოთამაშე, რომელმაც ერთ სეზონში შეძლო 50 და მეტი გოლის გატანა.
31 მაისი: გაზეთმა მარკამ ზედიზედ მესამედ დაასახელა ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ.
17 აგვისტო: ბარსამ ესპანეთის სუპერთასზე რეალს ორი მატჩის ჯამში 5:4 სძლია. ლეომ მადრიდში ერთი გოლი გაიტანა, კამპ ნოუზე - ორი. მესიმ ეს ჯილდო მეხუთედ აღმართა.
25 აგვისტო: უეფამ პირველად გამოავლინა ევროპის საუკეთესო მოთამაშე. ჟურნალისტებმა საუკეთესოდ ლეო დაასახელეს.
26 აგვისტო: ევროპის სუპერთასზე ბარსამ მესის და ფაბრეგასის გოლებით პორტუს 2:0 სძლია. ლეომ მეორედ მოიგო ეს თასი.
28 სექტემბერი: ჩემპიონთა ლიგაში ბატეს ორი გოლი გაუტანა და ბარსელონას ყველა დროის ბომბარდირთა სიაში 194 გოლით მეორე ადგილზე მყოფ ლეგენდარულ ლადისლაუ კუბალას გაუთანაბრდა.
15 ოქტომბერი: რასინგთან დუბლი შეასრულა და ბარსას გოლეადორთა სიაში კუბალას გადაასწრო.
1 ნოემბერი: ბარსას მაისურით მე-200 გოლი გაიტანა - ჩემპიონთა ლიგაში ჩეხეთის ვიქტორიასთან 5:0 მოგებულ მატჩში ჰეთ-თრიქი შეასრულა.
27 ნოემბერი: პირველად დაასახელეს არგენტინის საუკეთესო სპორტსმენად (ოქროს ოლიმპია), საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული (ვერცხლის ოლიმპია) კი მეექვსედ მიანიჭეს.
5 დეკემბერი: ფრანგულმა ყოველდღიურმა სპორტულმა გაზეთმა ეკიპმა მსოფლიოს საუკეთესო სპორტსმენად აღიარა.
18 დეკემბერი: მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში ბარსამ 4:0 მოუგო სანტოსს. ლეომ ორი გოლი გაიტანა და ფინალის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
23 დეკემბერი: ყოველთვიურმა ჟურნალმა უორლდ სოკერმა წლის საუკეთესო ფეხბურთელად მეორედ აღიარა. პირველად ეს 2009 წელს მოხდა.
![]() |
20 რკინის ბედუინები |
▲ზევით დაბრუნება |
სპორტი|რალი
ლაშა გოდუაძე
რალი დაკარი მინის ჯიპმა პირველად მოიგო
სტეფან პეტერანსელი
რალი დაკარი 1 იანვარს არგენტინის ქალაქ მარ დელ პლატაში დაიწყო, 16 იანვარს კი პერუს დედაქალაქ ლიმაში დასრულდა. რბოლა, რომელსაც ფრანგული Amaury Sports Organisation კურირებს, სულ 33-ედ ჩატარდა - სამხრეთ ამერიკაში კი ზედიზედ მეოთხედ.
მოტომრბოლელთა შორის ფრანგმა სირილ დეპრემ იმარჯვა - კტმ-ის პილოტისთვის ეს მეოთხე ტრიუმფია დაკარზე. მანამდე მან 2005, 2007 და 2010 წლებში მოიგო ყველაზე რთული რბოლა.
ავტომობილებში საუკეთესო იყო შეჯიბრების ყველაზე ტიტულიანი მონაწილე სტეფან პეტერანსელი - გამოცდილმა ფრანგმა პილოტმა, ვინც 1991 წლიდან ასპარეზობს დაკარში, ამჯერად მინი-ს ჯიპით იმარჯვა. ეს პეტერანსელის მეათე ტიტულია: 1991, 1992, 1993, 1995, 1997 და 1998 წლებში ის ფინიშთან პირველი მოტოციკლით მივიდა, 2004, 2005 და 2007 წლებში კი მიცუბიშის ჯიპს მართავდა.
სატვირთოების კლასში რუსეთის კამაზის სამწლიანი ტრიუმფი შეწყვიტა ივეკოს ჰოლანდიელმა მესაჭემ ჯერარდ დე როიმ. 2000 წლიდან კამაზმა 9-ჯერ მოიგო რალი დაკარი და წელსაც ფავორიტად ითვლებოდა, თუმცა ყველასთვის მოულოდნელად, გუნდმა ძალიან სუსტად იასპარეზა. დე როიმ 14-დან 11 ეტაპი მოიგო და საერთო ჩათვლაშიც იმარჯვა.
კვადროციკლები რალი დაკარში 2009 წლიდან მონაწილეობენ. არგენტინელმა ალეხანდრო პატრონელიმ ზედიზედ მეორედ მოიგო - ძმას, მარკოსს აჯობა, რომელმაც, თავის მხრივ, 2010 წელს იმარჯვა.
სამწუხაროდ, ორგანიზატორები ვერც წელს გადაურჩნენ ტრაგედიას: 1 იანვარს არგენტინელ მოტომრბოლელ ხორხე მარტინეს ბოეროს ავარია შეემთხვა და საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
ისტორია
1977 წლის იანვარში, აბიჯანი-ნიცას ტრადიციული ავტომარათონის დროს, ფრანგი პილოტი ტიერი საბინი უდაბნოში დაიკარგა.
ამ, ერთი შეხედვით, არცთუ სასიამოვნო შემთხვევამ, ყველაზე ეგზოტიკურ ავტორბოლას ჩაუყარა საფუძველი: საბინმა ჩათვალა, რომ უდაბნოში შეჯიბრება ბევრს დააინტერესებდა და სამშობლოში დაბრუნებული ტურის ორგანიზებას შეუდგა. დეკემბერში პარიზიდან საცდელი რბოლა დაიწყო, რომელიც სენეგალის დედაქალაქ დაკარში დასრულდა.
საორგანიზაციო საკითხების მოგვარების შემდეგ, ავტორბოლა სახელწოდებით პარიზი-დაკარი 1979 წელს პირველად მოეწყო, თუმცა მხოლოდ მოტოციკლის და ავტომობილის კლასში. ერთი წლის შემდეგ ორგანიზატორებმა სატვირთოებიც დაამატეს.
ტიერი საბინის ინიციატივით, რბოლაში პროფესიონალების მხარდამხარ მოყვარულებიც დაუშვეს - დღეს რალი დაკარის უმრავლესობას სწორედ ისინი შეადგენენ...
პარიზი-დაკარი წლიდან წლამდე სულ უფრო პოპულარული ხდებოდა და თუ 1989 წლამდე პილოტები მხოლოდ პარიზი-ალჟირი-დაკარის მარშრუტით ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს, ნელ-ნელა რბოლამ ჩრდილო-დასავლეთ აფრიკის სხვა ქვეყნებიც მოიცვა.
წლევანდელ რალის არგენტინელი მოტომრბოლელი შეეწირა
ლატიერი საბინი
განსაკუთრებით საინტერესო გამოდგა 1992 წელი: სპორტსმენებმა სტარტი პარიზში აიღეს, ფინიში კი სამხრეთ აფრიკაში, ქეიფთაუნში გადაკვეთეს! ავტომობილების ჩემპიონი ფრანგი უბერ ორიოლი გახდა პირველი, ვინც შეჯიბრება სხვადასხვა კლასში მოიგო: 1981 და 1983 წლებში მან მოტომრბოლელთა შორის იმარჯვა (2004 წელს ორიოლის მიღწევა სტეფან პეტერანსელმა გაიმეორა).
1995 წელს, პირველად ტურის ისტორიაში, რალი საფრანგეთის დედაქალაქის ნაცვლად სხვაგან დაიწყო: სტარტს ესპანეთის გრანადამ უმასპინძლა. დროთა განმავლობაში გრანადა სხვა ქალაქებმა შეცვალეს, თუმცა რბოლის სახელწოდება პარიზი-დაკარი კიდევ დიდხანს უცვლელი დარჩა.
2001 წელს პირველად და ჯერჯერობით ბოლოჯერ იმარჯვა ქალმა: გერმანელი იუტა კლაინშმიდტი მიცუბიში პაჯეროს ჯიპს მართავდა.
...2007 წლის შობის დღესასწაულზე ტერორისტული ორგანიზაციის ალ-ყაიდას წევრებმა მავრიტანიაში ოთხი ფრანგი ტურისტი მოკლეს. რამდენიმე დღეში 2008 წლის რბოლის მონაწილეებს კვირაზე მეტი უნდა გაეტარებინათ ამ ქვეყანაში, უსაფრთხოების გარანტია კი არ არსებობდა. საფრანგეთის ხელისუფლებამ პარიზი-დაკარის ორგანიზატორებს ტურის გადადება ურჩია.
წინასწარი გეგმით, შეჯიბრება 5 იანვარს უნდა დაწყებულიყო პორტუგალიის დედაქალაქში. გუნდები ჩავიდნენ კიდეც ლისაბონში, თუმცა 2 იანვარს Amaury Sports Organisation-მა ოფიციალურად დაადასტურა რბოლის გაუქმება. ფრანგების გადაწყვეტილებას ალ-ყაიდას ლიდერის, ოსამა ბინ ლადენის ვაჟმა ომარ ოსამა ბინ ლადენმა ლაჩრობა უწოდა, საკუთარი თავი მშვიდობის ელჩად მოიხსენია და განაცხადა, რომ გაუქმებული რალის ნაცვლად თავად მოაწყობდა შეჯიბრებას ჩრდილო აფრიკის ქვეყნებში, სპონსორების შემოსავლით კი ომისგან დაზარალებულ ბავშვებს დაეხმარებოდა...
ამ შემთხვევამ პარიზი-დაკარის არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. გამომდინარე იქიდან, რომ სენეგალში, ტუნისში, ლიბიაში, მაროკოსა და ეგვიპტეში პოლიტიკური სიტუაცია სულ უფრო იძაბებოდა, ASO-მ პარიზი-დაკარის მარშრუტის მთლიანად შეცვლა გადაწყვიტა. 2008 წლის 20-26 აპრილს უნგრეთ-რუმინეთში ცენტრალური ევროპის რალი მოეწყო, თუმცა ორგანიზატორთა მოლოდინი არ გამართლდა და ფრანგებმაც სამხრეთ ამერიკას მიაშურეს: 2009 წლის 3-18 იანვარს ავტორბოლა ახალი სახელწოდებით რალი დაკარი ჩილე-არგენტინაში გაიმართა.
2009 წლიდან შეჯიბრება მუდმივად სამხრეთ ამერიკაში ტარდება, წელს კი მასპინძელთა ორეულს პერუც შეუერთდა.
დღეს რალი დაკარი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შეჯიბრებაა ავტოსპორტში. ამის დასტურია ASO-ს ბოლო მონაცემები: წლევანდელი რბოლის მიმოხილვა მსოფლიოს 190 ქვეყანაში გადაიცემოდა.
და მიუხედავად იმისა, რომ ტურის ტელეაუდიტორია წლიდან წლამდე რამდენიმე მილიონით მატულობს, მისი გაუქმების მოთხოვნები მაინც არ წყდება. მიზეზი ტრაგედიებია, რომელიც თითქმის ყოველ წელს თან სდევს ამ რბოლას.
ტრაგედიები
1988 წელს, საიუბილეო მეათე პარიზი-დაკარის წინ ვატიკანის ოფიციალურმა გაზეთმა L'Osservatore Romano-მ შეჯიბრება პირველად გააკრიტიკა. წერილში ნათქვამი იყო, რომ ეს რბოლა, გარდა იმისა, რომ სახიფათოა სიცოცხლისათვის, „ძალის და კეთილდღეობის ვულგარული გამოვლენაა იმ ქვეყნებში, სადაც ადამიანები ჯერ კიდევ შიმშილით იღუპებიან”.
იმ დროისთვის პარიზი-დაკარის მსხვერპლთა სია ტურის 5 მონაწილეს, ათამდე მაყურებელს და რბოლის ორგანიზატორ ტიერი საბინს ითვლიდა.
რალი დაკარი სამხრეთ ამერიკაში ზედიზედ მეოთხედ მოეწყო
პირველი სპორტსმენი, ვინც უდაბნოს რალიმ შეიწირა, ფრანგი მოტომრბოლელი პატრის დოდინი გახლდათ: 1979 წლის ერთ-ერთ ეტაპზე
ის მძიმედ დაშავდა, ვერტმფრენით პარიზში სასწრაფოდ გადაყვანილი კი საავადმყოფოში გონსმოუსვლელად გარდაიცვალა...
1982 წელს სიკვდილს ძლივს გადაურჩა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის მარგარეტ თეტჩერის ვაჟი მარკი. ის, მისი თანაშემწე შარლოტ ვერნი და მექანიკოსი საავტომობილო კოლონას მანქანის შეკეთების მიზნით 9 იანვარს ჩამოსცილდნენ. სამი დღის შემდეგ ორგანიზატორებმა სამივე დაკარგულად გამოაცხადეს. სამაშველო ოპერაციაში ალჟირის შეიარაღებაში მყოფი თვითმფრინავი ლოკჰედიც ჩაერთო, საბოლოოდ კი სამივე მთავარი ტრასიდან 50 კილომეტრში, გზააბნეულები და საღ-სალამათნი იპოვეს...
1986 წლის 14 იანვარს, უდაბნოში უეცრად წარმოქმნილმა ქარიშხალმა პარიზი-დაკარის მთავარი ორგანიზატორი ტიერი საბინი და კიდევ ოთხი იმსხვერპლა - ვერტმფრენი თითქმის 200 მეტრიდან ჩამოვარდა...
ყველაზე ტრაგიკული მაინც 1988 წელი გამოდგა: ვატიკანის საპროტესტო წერილიდან რამდენიმე დღეში შეჯიბრების სამი მონაწილე და ცხრა მაყურებელი გარდაიცვალა, მათ შორის 10 წლის მალელი გოგონა, რომელიც შემთხვევით მთავარ ტრასაზე გავიდა...
* * *
Amaury Sports Organisation-ის ოფიციალური განცხადებით, რალი დაკარს 2013 წელსაც სამხრეთ ამერიკა უმასპინძლებს. ტრასის მარშრუტი დამუშავების პროცესშია.
![]() |
21 ჯოისტიკი |
▲ზევით დაბრუნება |
კალათბურთი|სპორტი
ზურაბ თალაკვაძე
12 წლის რეჯიმ ჯოისტიკი მიაგდო. NBA 2K12-ს ჩაუჯდა, ლეიკერსი აიყვანა და ისევ ლებრონთან წააგო. იქ, ხელოვნური გენიოსების გარჩევებში ლებრონი კობიზე კარგი ბიჭია და ბოლოში სულ აგდებს. ან კობის არ აგდებინებს. გააჩნია, ვის აქვს ბურთი. რეჯიმ პერანგი მოიგდო და პირდაუბანელი, ბავშვურად დაბოღმილი შევიდა სტუმრების მისაღებ ოთახში. მამამ ისევ ოფისში გაათენა. დედას მამიკოს ტელევიზორი ჩართული დარჩა. რეჯიმ გუშინდელი სენდვიჩები გაურეცხავ თეფშზე დაიგდო და ტელევიზორთან, 7 თვის კობისთან ჩამოჯდა. კობი რეჯის როტვეილერია.
წავიდა ახალი ამბები. ქიდ როქმა სან ანტონიოში არასრულწლოვან მეძავთან ერთად პენსიონერი კოვბოის კადილაკი დაწვა. რეჯის გაეცინა. მაგარია, ცნობილი ტიპები როცა ერთობიან. ემინემმა დოქტორ დრესთან ერთად ჯონ ვარვატოსის ახალი კოლექციის ჩვენებაზე შეისეირნა. ემინემი ქაჩავს, დოქტორ დრე ჩემი კაცია, ფიქრობს რეჯი. წავიდა სპორტის ამბები. იანკიზმა ჰიროკი კუროდა ერთი წლით აიყვანა. ერთი მაგისიც, გაიფიქრა რეჯიმ. დაიწყო კალათბურთის გარჩევა. ლებრონ ჯეიმსმა ვიღაცას 35 ქულა დაუტოვა და მაიამიმ წააგო. რეჯიმ სენდვიჩთან ერთად ორ თითზე იკბინა. სიხარულისგან. მაიამი თუ აგებს, რეჯის თითები და სენდვიჩი სულ ერევა.
კობი ბრაიანტმა 42 ქულა დააგროვა. რეჯი გაჩერდა. ყბებს აღარ ამუშავებს, პირში ბეკონის ნაგლეჯი დევს და ნელ-ნელა პირიდან ვარდება. კობიმ 42 ქულა აიღო.
მერე, ცოტა უსიამოვნო წამყვანმა კობიზე საინტერესო ამბები მოყვა.
1. ბრაიანტს მოქმედ მოთამაშეებში ყველაზე ბევრი, 109 40-ქულიანი გარჩევა დაუგროვდა. მეორეზეა ლებრონი (46). მერე მოდიან ტრეისი მაკგრეიდი (45), ვინს კარეტრი (32) და ლებრონის ახლობელი, დუეინ უეიდი (32).
2. კობი ლიგაში მეთექვსმეტე სეზონს ატარებს და ბრაიანტამდე, მხოლოდ ოთხჯერ მოთამაშემ 40 და მეტი ქულა თავის მეთექვსმეტე სეზონში. 1985/86, ქარიმ აბდულ-ჯაბარი (სამჯერ). 2008/09, შაკი. კობის მეთექვსმეტე სეზონში უკვე 4, ზედიზედ ოთხი 40-ქულიანი თამაში ჩაატარა.
3. ბრაიანტი ლიგის ისტორიაში 40-ქულიანებით მხოლოდ ორ მოურიდებელ ამერიკელს ვერ უსწრებს. 1. უილტ ჩემბერლენი, 271; 2. მაიკლ ჯორდანი, 173. ანუ, კობი თითქმის პირველია რა.
4. კობიმ ფინიქსს 48 ქულა 33 წლის და 140 დღის ასაკში გაუფორმა. ბრაიანტს სამიანი არ ჩაუგდია, 48 ქულა საშუალო და სტატიკური სროლებით შეაგროვა. რეჯის ბეკონი კობიზე დაუვარდა. იმ, მეორე კობიზე. პირველ კობიზე ამბები არ მთავრდება. ის უსიამოვნო ტიპი ამბობს, რომ ბრა ი ა ნ ტა მ დე ამდენი ქულა, ძირითადში ბოლოს 2001 წლის 29 დეკემბერს, 38 წლის ჯორდანმა დასვა. NBA 2K12-ში მაიკლს კობიზე მაღალი მაჩვენებლები აქვს. რეჯი ისევ დაიბოღმა, თუთიყუშივით მოიბუსა, მხრებში ჩარგო თავი.
წამყვანმა კობიზე მეტი არაფერი თქვა. ბრაიანტმა ზედიზედ 4 თამაშში 40 და მეტი ქულა აკრიფა, ლეიკერსი აზრზე მოდის და თუ ბოსები დუაიტ ჰოვარდსაც წამოიყვანენ, კობი ბოლომდე დამშვიდდება.
რეჯიც მშვიდად არის. მალე ლებრონს ჯოისტიკითაც მოუგებს. იქ, სადაც ყველაფერს ჯოისტიკების გარეშე არკვევენ, ბრაიანტი ლებრონზე მაგარია. რეჯიმ ეს იცის. ისევ თითზე იკბინა.
![]() |
22 ნისანმა მინივენ NV200-ის ელექტრონული ვერსია შექმნა |
▲ზევით დაბრუნება |
ავტო
მერაბ ლორთქიფანიძე
ნისანს თავისი სამოდელო გამის ელექტრიფიკაცია აქვს დაწყებული. ამ პროცესის პირველი მერცხალი, ჰეჩბეკი ლიფია, რომელმაც უკვე არაერთი აღიარების მიღება მოასწრო. დეტროიტში კი იაპონურმა კომპანიამ კიდევ ერთი ელექტრომობილი გამოფინა, რომელსაც, როგორც თავად ნისანი განმარტავს, მასობრივი წარმოების პოტენციალი აქვს.
ავტომობილს e-NV200 კონცეპტი უწოდეს. ესაა მინივენ NV200-ის ბაზაზე დამზადებული ელექტრომობილი, რომლის წინა ნაწილიც გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ნისან ლიფისას. ამასთან, კონცეპტუალური ელექტრომობილი აკვა ბლუ ფერშია შეღებილი, ზუსტად იმ ფერში, რომლითაც ლიფს ღებავენ.
და მათი მსგავსება (ოღონდ, არა ვიზუალური) მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება. e-NV200 კონცეპტს ძალური დანადგარებიც ლიფისგან აქვს მიღებული. მათგან მთავარია სინქრონული ელექტროძრავი, რომელიც 107 ცხენის ძალას და 280 ნიუტონმეტრს ავითარებს. ძრავას ენერგიით ლითიუმ- იონური ელემენტების ბლოკი ამარაგებს, რომელიც 48 კომპაქტური მოდულისგან შედგება. აკუმულატორის ტევადობა 24 კილოვატსაათია, რაც საკმარისია იმისთვის, რომ ავტომობილმა 80-160 კილომეტრი გაიაროს (მოძრაობის რეჟიმს გააჩნია).
ავტომობილი შეიძლება იყოს როგორც სამგზავრო, ასევე სატვირთოც. ამასთან, სამგზავრო შესრულებითაც, მერაბ ლორთქიფანიძე მისი უკანა სავარძლები იკეცება და ამგვარად, სალონი საბარგულად გამოიყენება. მძღოლის სამსახურშია მაჩვენებლების დაფა, რომელზეც, რა თქმა უნდა, ელექტრონიკას მთავარი როლი აკისრია. დაფა მინიმალისტურ სტილშია შესრულებული, თუმცა მასში გამოყენებულია მრავალფუნქციური სისტემა, რომელსაც ავტომობილის მდგომარეობის შესახებ ყველანაირი ინფორმაციის მოწოდება შეუძლია.
ერთი საინტერესო ფაქტი: ახლახან, შიდაწვისძრავიანმა NV200-მა ნიუ იორკის ტაქსის ტენდერი მოიგო - მალე ამ ქალაქში სწორედ ის მოემსახურება მგზავრებს. e-NV200 კონცეპტი კი სრულიად რეალური მინიშნებაა, რომ მალე შეიძლება ის სწორედ ნიუ იორკის ტაქსის როლში ვიხილოთ.
საინტერესოა კიდევ ერთი რამ - ნისანს რომ e-NV200 კონცეპტი უფრო ადრე მოემზადებინა და მისი სერიული წარმოებაც დაეწყო, შეძლებდა თუ არა ნიუ იორკის ტაქსის ტენდერის მოგებას. მსოფლიოს ფინანსურ ცენტრში ხომ გარემოზე ზრუნვა ახლა ერთ- ერთი ყველაზე აქტუალური თემაა.
![]() |
23 ჯუჯა პიკაპი სმარტისგან |
▲ზევით დაბრუნება |
ავტო
მერაბ ლორთქიფანიძე
ამ ავტომობილის ფოტო ტიზერები კარგა ხნის წინ გავრცელდა, თუმცა დეტროიტის ავტოშოუზე მან მაინც ყველა გააოცა. კომპანია სმარტი აქამდე მხოლოდ საქალაქო ჯუჯა ავტომობილებს უშვებდა, სხვა ტიპის ავტომობილებზე კი მხოლოდ ექსპერიმენტებს ატარებს. სწორედ ასეთი ექსპერიმენტია დეტროიტში წარმოდგენილი - ჯუჯა პიკაპი ფორ-Us, რომელიც იმითაც გამოირჩევა, რომ მამოძრავებელ ძალას ელექტროძრავისგან იღებს.
რეალურად, „საქალაქო პიკაპი”, როგორადაც შეიძლება ეს ავტომობილი მოვიხსენიოთ, თვისობრივ წინააღმდეგობათა მთელი ბუკეტია. თუმცა კონცეპტუალური ავტომობილები ხომ იმისთვის იქმნება, რომ მათი მეშვეობით, მწარმოებლები ხშირად ახალ იდეებს სწავლობენ და არცთუ იშვიათად, ეს იდეები სერიულ ავტომობილებზეც გადააქვთ.
ფორ-Us-ის სიგრძე 3547, სიმაღლე კი 1701 მილიმეტრია. ბორბლებს შორის ბაზა 2 480 მილიმეტრია, 613 მილიმეტრით მეტი, ვიდრე სმარტ ფორთუ-სი. ასეთი ბაზით ბევრი მასზე დიდი ავტომობილიც ვერ დაიკვეხნის. სამაგიეროდ, პიკაპი ორადგილიან სმარტზე 50 მილიმეტრით მაღალიცაა. წინა და უკანა კვალი კი, შესაბამისად, 1335 და 1435 მილიმეტრია. ამასთან, მანქანა ზორბა, 18-დუიმიან ბორბლებზე დგას, რომლებზეც 235/55 ზომის საბურავებია ჩაცმული. ფორ-Us პიკაპი კია, მაგრამ ამ ზომის ბორბლები ხომ გაცილებით დიდი ზომის მანქანებისთვისაა...
სალონი კონცეპტუალურ სტილს შეეფერება. მის გასაწყობად, თეთრ მეტალიზებულ ფერში შეღებილი ტყავი, ყვითლად შეღებილი პლასტიკი და ალუმინია გამოყენებული. შედეგი მართლაც რომ თვალწარმტაცია. ამასთან, ინტერიერში მინიმალისტური განწყობა იგრძნობა. მაჩვენებლების დაფა რეტრო სტილშია შესრულებული. ჯუჯა პიკაპი აღჭურვილია მაგნეტო-ელექტრული ძრავით, რომელიც 74 ცხენის ძალას და 130 ნიუტონმეტრს ავითარებს. აკუმულატორების ბლოკის ტევადობა 17.6 კილოვატსაათია. ეს კი საკმარისია იმისათვის, რომ ერთი სრული დამუხტვით, ავტომობილმა 100 კილომეტრის გავლა შეძლოს. ფორ-Us-ის მაქსიმალური სიჩქარე 120 კმ/სთ-ია, აკუმულატორის სრულად დამუხტვას კი 8 საათი სჭირდება. აღსანიშნავია, რომ ფორ-Us-ის ძარა მხოლოდ ექსპერიმენტულია და მისი წარმოება არ იგეგმება. სამაგიეროდ, ამ კონცეპტუალურ ავტომობილში გამოყენებულ ძალურ დანადგარს და აკუმულატორების ბლოკს სმარტი მალე გამოუშვებს.
![]() |
24 აბუ-გრეიბი კოლუმბიურად |
▲ზევით დაბრუნება |
კულტურა
ქეთო გიორგობიანი
„ხელოვნება გამოუსადეგარია იმ გაგებით, რომ მომხდარის მომენტში ინტერესის ობიექტს არ წარმოადგენს. მნიშვნელოვანი ისაა, რომ დროთა განმავლობაში იგი შემახსენებელ ფუნქციას იძენს. როდესაც მედია მოვლენისადმი ინტერესს კარგავს, სწორედ ხელოვნება გვახსენებს მომხდარის შესახებ“.
ფერნანდო ბოტერო
პრეისტორია
2004 წელს, ამერიკული ტელეარხის, CBS-ის მიერ ნაჩვენებმა სიუჟეტმა საერთაშორისო სკანდალი გამოიწვია. რეპორტაჟი აბუ-გრეიბის ციხეში ამერიკელ ჯარისკაცებს ერაყელი პატიმრების წამებაში ამხელდა. ერაყის დროებითმა ხელისუფლებამ ამ ფაქტს „ერაყელთა ადამიანური ღირსების განადგურებისკენ მიმართული საძულველი ქმედება” უწოდა. პატიმრების ჩვენებების მიხედვით, ამერიკელი ჯარისკაცები აუპატიურებდნენ და სასტიკად აწამებდნენ მათ, საკვებს ციხის ტუალეტებში უყრიდნენ და უნიტაზებიდან ამოღებასა და ჭამას აიძულებდნენ. ართმევდნენ საწოლებს, საკნებში წყალს უსხამდნენ და პირდაპირ სველ იატაკზე, ტალახში აძინებდნენ. ყველაფერ ამას კი მუდამ ფოტოფირზე აღბეჭდავდნენ. 2004 წლის ნოემბერში პირველად გამოქვეყნდა ფოტოები დაღუპული პატიმრის, მანადელ ალ-ჯამადის ნაწამები, ხელფეხშეკრული სხეულის ფონზე ამერიკელი ჯარისკაცების, საბრინა ჰარმანისა და ჩარლზ გრეინერის მომღიმარი სახეებით. 2005 წლის თებერვალში კი სააგენტომ Associated Press განაცხადა, რომ პატიმარი დაკითხვისას გამოყენებულ წამების მეთოდებს შეეწირა. ორგანიზაცია Human Rights Watch-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, კენეტ როტმა აღნიშნა: „აშშ-მა დაკარგა მორალური უპირატესობა და დასწია საერთაშორისო წესების დონე, რომლებიც ამერიკელი ჯარისკაცების საერთაშორისო კონფლიქტებში დასაცავად იყო შექმნილი”.
პენტაგონის განცხადებით, „თავდაცვის სამინისტროს არცერთი პასუხისმგებელი თანამშრომელი არ ამართლებდა პროგრამას, რომელიც ხსენებულ ფოტოებზე ასახულ მოვლენებს გამოიწვევდა”. 2005 წლის იანვარში გამართულ სასამართლო პროცესზე ერთ-ერთი ბრალდებულის, ჩარლზ გრეინერის ადვოკატმა განაცხადა, რომ გრეინერი მხოლოდ ზემდგომთა ბრძანებებს ასრულებდა, რისთვისაც ქებასაც იმსახურებდა. თავად გრეინერმა იმედი გამოთქვა, რომ ყველაფერი პოზიტიურ ნოტაზე დასრულდებოდა და იგი პროცესის დამთავრებამდე სახეზე ღიმილის შენარჩუნებას შეძლებდა.
„ეს ფოტოები იმ კულტურის ილუსტრაციაა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, - ამერიკის ჭეშმარიტი ბუნების გამოხატულებად შეაფასა ეს მოვლენა სიუზან ზონტაგმა, - უსირცხვილობის, შეუფარავი და უპატიებელი სისასტიკით აღფრთოვანებული კულტურისა”.
გამოფენა
2005 წელს პირველად გამოიფინა „ყველაზე ცნობილი ცოცხალი კოლუმბიელი ხელოვანის” (როგორც მას საერთაშორისო მედია მოიხსენიებს), ან გნებავთ, „ყველაზე კოლუმბიელის კოლუმბიელ ხელოვანთა შორის” (როგორც საკუთარ თავს უწოდებს) - ფერნანდო ბოტეროს სერია „აბუ-გრეიბი”. 50 ნახატისგან შემდგარი სერიის რამდენიმე ფერწერული და გრაფიკული ნამუშევარი ოქტომბრიდან იანვრის ჩათვლით ვენაში, „ბანკ ავსტრიის” ხელოვნების ფორუმზე, ბოტეროს პერსონალური ექსპოზიციის ფარგლებში წარმოადგინეს.
აბუ-გრეიბის სერია, საგამოფენო სივრცის ბოლო დარბაზში იყო განთავსებული. არადა, სხვა დარბაზებში წარმოდგენილი მთელი ექსპოზიცია, ეს იყო მშვიდი ოჯახური სცენების, ნატურმორტების, პეიზაჟების, უსქესო და უემოციო, ინფანტილური სახეების მქონე პორტრეტები, რასაც სრულიად მოულოდნელად, ბოლო დარაზში განთავსებული აბუ-გრეიბი მოჰყვებოდა - აღორძინების ეპოქის წმინდანების წამების სცენების მსგავსი უზარმაზარი ტილოებით; ფერების მკვეთრი პალიტრით, შესრულების პრიმიტივისტული მანერითა და სამხრეთ ამერიკული ხელოვნების ნაზავით. ბოტეროს თქმით, სერიის არცერთი ნახატი არ გაიყიდება, რადგან „ამგვარ თემაზე ფულის კეთება არაეთიკურია”.
მხატვარსა და მოქანდაკეს - რომელსაც ერთ დროს ხელოვნება უწყინარ, რაიმეს შეცვლის უნარისაგან დაცლილ ცნებად მიაჩნდა, აზრი საბოლოოდ სწორედ აბუ-გრეიბის გახმაურებულმა საქმემ შეაცვლევინა: „მივხვდი, რომ ხელოვნების ერთ-ერთი ძირითადი დანიშნულება სწორედ მკაცრი განცხადებების კეთებაა”. ფერნანდო ბოტეროს „აბუ-გრეიბი” ხელოვნებაში ამერიკისადმი სწორედ იმ „ახალი”, გადაფასებული და კრიტიკული დამოკიდებულების ერთ-ერთი ნიმუშია, რამაც აშშ-ს მსოფლიოს მხსნელის რეპუტაცია შეურყია.
ბოტერო
1932 წელს, კოლუმბიის მთებში, პატარა ქალაქ მედელინში, ვაჭრის ოჯახში დაიბადა. მამის გარდაცვალების შემდეგ, ბიძამ იეზუიტების სკოლაში გააგზავნა. 1944 წელს სწავლა მატადორების სპეციალიზებულ სკოლაში განაგრძო.
ძირითადად, პარიზსა და ნიუ იორკში ცხოვრობს. სკანდალური სახელი 2004 წელს, კოლუმბიის ომის თავის ნამუშევრებში ასახვის შემდეგ მოიპოვა, რის გამოც სამშობლოში დაცვის გარეშე ვეღარ ჩადის.
მისი პრიმიტივისტული მანერა, ფერების მკვეთრი პალიტრა, მარტივი სიუჟეტური ხაზი და „დიდი ადამიანები” (როგორც ბოტეროს ფიგურებს კრიტიკოსები უწოდებენ) ზოგს ინდიელების ხელოვნებას, ზოგს კათოლიკურ იკონოგრაფიას, ზოგს კი აღორძინების ეპოქის ფერწერას აგონებს. როგორც თვითონ ამბობს, ფერებსაც და ფორმასაც ინტუიციურად ირჩევს. მხოლოდ ნამუშევრის დასრულების შემდეგ იწყებს ნახატის რაციონალურ გაანალიზებას:
„დიახ, მე კოლუმბიაში გავიზარდე, რელიგიურ, უფრო სწორად, ეკლესიურ ატმოსფეროში, მაგრამ მერწმუნეთ, დიდად რელიგიური არ ვარ. ხელოვნების ისტორიის მცოდნე უფრო მეთქმის. 3 წლის განმავლობაში იტალიაში ვცხოვრობდი და მთელმა ამ იკონოგრაფიამ, იესოს გამოსახულებებმა, ტანჯვა-წამების სცენებმა ჩემში უზარმაზარი კვალი დატოვა. „აბუ-გრეიბის” შექმნისას, ყოველივე ამაზე საერთოდ არ მიფიქრია, თუმცა ცხადია, ყველაფერი, რასაც ცხოვრებაში ვნახულობთ, რაიმე ფორმით უკან გვიბრუნდება. როდესაც ვიღაცამ მითხრა, რომ ჩემი ნახატები ქრისტეს აგონებს, მართლაც დავინახე გარკვეული კავშირი იესოს ვნებებსა და „აბუ-გრეიბის” ნახატებს შორის”.
* * *
ის, რომ დღეს, აბუ-გრეიბის სკანდალიდან 8 წლის შემდეგ, ისევ ნაწამები ერაყელი პატიმრების საქმეს ვიხსენებთ, ალბათ „ხელოვნების, როგორც მომხდარის შემახსენებლის” როლის საუკეთესო დასტურია.
![]() |
25 კრიზისი გამოწვევაა |
▲ზევით დაბრუნება |
კულტურა
ინტერვიუ რუსიკო ოატთან
დავით ჩიხლაძე
რუსიკო ოატმა ახალი არტისტული სივრცე - „ოატ გალერი კაფე 144 საფეხური” გახსნა ნარიყალაზე. ის უკვე რამდენიმე წელია წამყვანი ფიგურაა თანამედროვე ქართული ხელოვნების სივრცეში - როგორც გალერისტი, კურატორი და ორგანიზატორი. ამ ახალ გალერეაში მისასვლელად, რომელიც ძველი თბილისის ულამაზეს ხედს გადმოჰყურებს, 144 საფეხური უნდა აიაროთ კიბეზე.
არსებობს თბილისში 144 ათასი ადამიანი, ვისაც შეიძლება თანამედროვე ხელოვნება უყვარდეს და ამით გადარჩეს? როგორც იოანეს აპოკალიპსშია ნათქვამი, რომ 144 ათასი გადარჩება ბოლოს.
მართლა? არ ვიცოდი. არა, რა თქმა უნდა, არ არსებობს
ეს სიმბოლურია, თუ მართლა 144 საფეხური აქვს აქეთ მომავალ კიბეს?
კი, მართლა ასეა. დაემთხვა, უბრალოდ.
მგონია, რომ არაკომერციული გალერისტი ხარ, რადგან ისეთ საქმიანობას ეწევი, საიდანაც არანაირი კომერციული მოგება არ უნდა გქონდეს. ეს მართლაც ასეა?
მე ვარ ნიუ არტის დამფუძნებელი და დირექტორი უკვე 14 წელია, საკმაოდ ბევრი გამოფენის და პროექტის ორგანიზატორი და როგორც კურატორი, ძირითად აქცენტს ვაკეთებ ახალგაზრდა მხატვრებზე. ხელს ვუწყობ საკუთარი თავის გამოვლენაში, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. მეორე მხრივ კი, დღეს მინდა იმ მხატვრების თაობას დავუთმო ძირითადი ყურადღება, ვინც 90-იან წლებში გამოჩნდა და აქტუალურ მხატვრობაზე მუშაობა დაიწყო. ამიტომაც გადავერთე ამ მხატვრობის პრომოუტირებისა და კომერციალიზაციის საკითხებზე.
შენ თითქოს გსურს, რომ დადგენილი კომერციული ავტორიტეტები ჩაანაცვლო ახალგაზრდებით?
ყველას თავისი ნიშა გააჩნია მარკეტზე. ჩემთვის კი კომერციული კუთხით მხატვრების სწორედ ეს თაობაა საინტერესო. მათთან ბევრი მიმუშავია, როდესაც მქონდა ნიუ არტ გალერეა 2000-დან 2006 წლამდე, ეროვნული ბიბლიოთეკის შენობაში. მერე, როდესაც მე და მიშა ქობულაძემ ორბელიანის ქუჩაზე შევიძინეთ ფართი, ჩვენ შეგნებულად არ გავაკეთეთ იქ გალერეა და გავხსენით არტკაფე, რადგან საქართველოში, იმ დროისათვის და რეალურად ახლაც, არ არსებობს არტმარკეტისთვის აუცილებელი სწორი მექანიზმები. ის მხატვრებიც, რომლებიც დღეს მაინტერესებს, უმთავრესად, ქართული სტერეოტიპული და სალონური ხელოვნების ალტერნატივას წარმოადგენენ და კონცეპტუალურ, აქტუალურ მხატვრობას ქმნიან.
ამ ორ სიტყვას - ახალგაზრდას და კონცეპტუალურს - არტის კონტექსტში ხშირად სოციალური კრიტიკის ასოციაცია აქვს. თუ შენ ახალ მედიას გულისხმობ?
არცერთს. დავიწყოთ იმით, რომ ჩვენ ვლაპარაკობთ ქართულ ბაზარზე, რომელიც გათვლილია აქ მცხოვრებლებზე და ჩამოსულ სტუმრებზე. ამიტომ, მე აქკცენტს ვაკეთებ ისევ ფერწერაზე. მედიური პროექტების გაყიდვა ჩვენს ქვეყანაში წარმოუდგენელია, ეს არის აბსურდი და ასეთია რეალობა. ამისთვის კიდევ ცალკე დისკურსი უნდა არსებობდეს.
შენ აკეთებდი თანამედროვე ხელოვნების არქივს, რამდენად განხორციელდა ის და რა დარჩა გასაკეთებელი? არქივს დისკურსის შექმნის მნიშვნელობაც ხომ ენიჭება?
როგორც არქივარიუსი, ვაკეთებ იმას, რომ როდესაც ვიღაც მოდის ჩემთან, შემიძლია მივაწოდო ინფორმაცია. თუნდაც, ახლახან მოვიდა ანუკა ლომიძე, რომელიც ქართულ ვიდეოარტზე აპირებს დისერტაციის დაწერას და მხოლოდ ჩემთან მოიძია ფაქტობრივად სრული მასალა. 2004 წელს გავაკეთე ქართული ვიდეოარტის კატალოგი Moving Reality. ეს არის ქართული ვიდეოარტის ანთოლოგია და მერე, 2009 წელს, მეორე კოლექციაც შევადგინე - Moving Reality Plus.
რა არის საჭირო იმისთვის, რომ ასეთი არქივი საჯარო და ხელმისაწვდომი გახდეს?
ცალკე არქივი თავისთავად არაფერს ქმნის, მას აცოცხლებენ ადამიანები. არქივი უნდა მუშაობდეს, ის უნდა ამოდიოდეს ზედაპირზე, ჩანდეს სამუზეუმო, საგალერეო და საგანმანათლებლო სივრცეებში.
ამისთვის ხომ დაფინანსებაც არის საჭირო, ესეც ხომ არაკომერციული მხარეა მთლიანად?
მე ხშირად ჩავდივარ ხოლმე პოლონეთში და ვიცი, რომ იქ კულტურისთვის გამოყოფილი სახელმწიფო ბიუჯეტის 60 პროცენტი იხარჯება თანამედროვე კულტურის განვითარებაზე და დანარჩენი 40 პროცენტი ტრადიციულზე. ეს არის აბსოლუტურად მოტივირებული და ენერგიული ქვეყანა, რომელიც საკუთარი ნაციონალურ- კულტურული ფონდის მომავალზე დღეს ზრუნავს.
როდესაც ვარშავაში ჩადიხარ და გალერეებში, ვთქვათ, ზაჰენტაში, თანამედროვე ხელოვნების სახელმწიფო გალერეაში მოხვდები, მაშინვე გიქარწყლდება ნებისმიერი ეჭვი, აქვს თუ არა არსებობის უფლება თანამედროვე ხელოვნებას. იმიტომ რომ იქ ყველაფერი ხარისხიანად და პროფესიონალურად არის მოწოდებული. ჩვენთან კი უმთავრესად გვაქვს მხოლოდ არტწარმოების ნარჩენები. აბა, შევხედოთ, სინამდვილეში ვინ დადის თანამედროვე ხელოვნების გამოფენებზე? მხოლოდ მხატვრები და რამდენიმე მათი მეგობარი.
იქნებ სახელმწიფო კულტურის პოლიტიკის მიღმა კერძო სპონსორი უნდა არსებობდეს?
აქ არ არსებობს. პოლონეთში კი, რადგან იქ ეკონომიკა სწრაფად ვითარდება და რეკლამის ნებისმიერი საშუალება მუშაობს: იმდენი პუბლიკაცია გამოიცემა, უამრავი საინფორმაციო ქაღალდია საერთოდ და მოსახლეობა კითხულობს, ის მიჩვეულია მოიხმაროს ყველანაირი ბეჭდური პროდუქცია ყოველდღიურად, ის ეძებს და ირჩევს, თუ რა არის მისთვის მნიშვნელოვანი. ეს ააქტიურებს სპონსორებს და არტის პოპულარიზაციასაც უწყობს ხელს. ჩვენ მხოლოდ ინტერნეტით და სოციალური ქსელით ვკმაყოფილდებით.
როგორ ახერხებ, ერთ სივრცეში თავი მოუყარო კაფეს ბოჰემურ, არტისტულ გარემოს და, მეორე მხრივ, აკადემიურ და ექსპერიმენტულ პრიორიტებებს?
ნიუ არტ კაფე სხვა რამე იყო და ოატ გალერი/ კაფე ახალი ადგილია, ცხადია, მას ახალი სული ექნება და ჯერ ეს სული არ ჩამოყალიბებულა. ნიუ არტი იყო ერთადერთი არტისტული ადგილი, სადაც იყო ცოცხალი დისკუსია, ცოცხალი გარემო და არ იყო ფარისევლობა. ჩვენ არა ვართ ძლიერ მწიგნობარი და მკითხველი საზოგადოება და, სამწუხაროდ, ამ დარგის ბეჭდვითი დისკურსიც ფაქტობრივად არ არსებობს. ძირითადად ვართ კულუარული და კლანური. აქედან გამომდინარე, არაფერი იცვლება და ამ კონტექსტში ნიუ არტი ერთადერთი ადგილი იყო, სადაც სხვადასხვა მხატვრები, პოეტები თუ მუსიკოსები ერთმანეთს არასნობურ ტერიტორიაზე ხვდებოდნენ, უფრო გახსნილები და თავისუფლები იყვნენ და, შესაბამისად, იქ ხელოვნებაზე ბევრს საუბრობდნენ, თუნდაც სხვადასხვა ტონალობებში.
როგორც ექსპერიმენტული და არაკომერციული სივრცე, ალბათ, უფრო პროექტებზე და გრანტებზე უნდა მუშაობდე...
ახლა უკვე იმაზე ვფიქრობ, რომ ასეთი პროექტები, საბოლოო ჯამში, პროფანაციებზე მუშაობს. ზოგადად, ნაკლებად უხდება სერიოზულ ხელოვნებას და არ მიმაჩნია, რომ ეს კარგად მოქმედებს არტისტზე. შემიძლია ვაღიარო მეცენატობა, იმიტომ რომ ის არ კარნახობს მხატვარს, თუ რა უნდა გააკეთოს, არამედ ხელს უწყობს მას ისეთს, როგორიც ის არის.
არსებობს ხელოვნებაში კრიზისი დღეს?
არანაირი კრიზისი არ არსებობს. ყველა დროს აქვს თავისი გამოწვევა. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად შეუძლია ხელოვანს დროის გამოწვევებზე პასუხების მოძებნა. ეთნოსურობა და ლოკალურობა სასაცილოა. ფიროსმანთანაც არ არის მხოლოდ ქართული იმიჯი - რომელმაც იმ დროის მხატვრულ- კულტუროლოგიური ამოცანები ამოხსნა.
![]() |
26 ფოტოჟურნალისტიკის Grande Dame |
▲ზევით დაბრუნება |
კულტურა|ფოტოგრაფია
ქეთო გიორგობიანი
ამერიკელი ფოტოგრაფი ივ არნოლდი, 99 წლის ასაკში, ლონდონში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა.
არნოლდი იმ თაობის ფოტოგრაფებს მიეკუთვნება, რომლებმაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ფოტოჟურნალისტიკის „ოქროს ხანა” შექმნეს.
„თუკი ფოტოგრაფს საკუთარ აპარატურაზე მეტად ადამიანები აინტერესებს და თანაუგრძნობს მათ, ეს უკვე ბევრს ნიშნავს. მთავარი ინსტრუმენტი არა კამერა, არამედ სწორედ ფოტოგრაფია”, - ამბობდა მსოფლიოს დამოუკიდებელ ფოტოდოკუმენტალისტთა ყველაზე პრესტიჟული ასოციაციის, მაგნუმ ფოტოს ფოტოგრაფი ივ არნოლდი. მაგნუმი გასული საუკუნის პირველ ნახევარში, რობერტ კაპას, ანრი კარტიე-ბრესონის, დევიდ სეიმურისა და ჯორჯ როჯერის მიერ დაარსდა. არნოლდი ასოციაციასთან 1951 წლიდან თანამშრომლობდა, სრულუფლებიანი წევრი კი 1957 წელს გახდა. იგი იყო ერთ-ერთი პირველი ფოტოგრაფი ქალი, რომელიც მაგნუმს შეუერთდა.
1949 წლიდან დღემდე, არნოლდის ობიექტივში ავღანეთის, ჩინეთისა თუ რუსეთის რიგითი მოსახლეებით დაწყებული, მეოცე საუკუნის მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენებითა და ჰოლივუდის ვარსკვლავებით დამთავრებული - სრულიად განსხვავებული ისტორიული ფაქტები თუ პიროვნებები ხვდებოდნენ.
სწორედ ის „თანაგრძნობა”, რომელსაც არნოლდი ფოტოგრაფისათვის ასე მნიშვნელოვნად მიიჩნევდა, აძლევდა მას საშუალებას, მარლენ დიტრიხი, მერლინ მონრო, ჯოან კროუფორდი, ამერიკელი სენატორი, მონღოლი მწყემსი თუ რიგითი საბჭოელი კარტოფილის გამყიდველი - ერთი სიტყვით, ნებისმიერი, ვინც მის ობიექტივში მოხვდებოდა, თანაბარი ინტერესით წარმოეჩინა.
განსხვავებით მრავალი ფოტოდოკუმენტალისტისგან, რომელთათვისაც მუშაობის მთავარი პრინციპი უჩინმაჩინად „ქცევა”, ანუ გადასაღები ობიექტისათვის სრულიად შეუმჩნევლად დარჩენაა, არნოლდი არასოდეს იმალებოდა საკუთარი კამერის უკან - პირიქით, მის ნამუშევრებში ფოტოგრაფსა და რესპონდენტს შორის მუდმივი ინტერაქცია მიმდინარეობს.
ივ კოენი 1912 წელს, ამერიკის შეერთებულ შტატებში, პენსილვანიაში, უკრაინელი (ზოგიერთი წყაროს მიხედვით - რუსი) ებრაელი ემიგრანტის ოჯახში დაიბადა. 28 წლის ასაკში პენსილვანიელი რაბინის ქალიშვილი, დოქტორის წოდების მიღების მიზნით, ნიუ იორკში წავიდა. „ეს არის ქალაქი, სადაც ბიჭები არიან!” - განაცხადა მან მოგვიანებით ერთ-ერთ ინტერვიუში. სწორედ მისმა ნიუ იორკელმა მეგობარმა ბიჭმა აჩუქა ფოტოკამერა. ივი ფოტოგრაფიამ იმდენად გაიტაცა, რომ მალევე New School for Social Research-ში, ფოტოგრაფიის ფაკულტეტზე, ჟურნალ Harper Bazaar's-ის არტდირექტორთან, ალექსეი ბროდოვიჩთან ჩააბარა.
როდესაც ბროდოვიჩმა სტუდენტებს fashion-სერიის გაკეთება დაავალა, ივმა არატრადიციულ გზას მიმართა: მას საკუთარი ძიძის მონათხრობი გაახსენდა და დავალების შესასრულებლად ჰარლემს მიაშურა, სადაც მოდის ჩვენებები ეკლესიებსა და ბარებში იმართებოდა. მოგვიანებით, ბროდოვიჩის რჩევით, არნოლდი კვლავ დაბრუნდა ჰარლემში უფრო ვრცელი პორტფოლიოს გასაკეთებლად. მისი პირველი სერიოზული წარმატებაც სწორედ ეს სერია აღმოჩნდა, რომელიც ბრიტანულმა ჟურნალმა Picture Post-მა შეიძინა.
1948 წელს ივ კოენი ცოლად ინდუსტრიულ დიზაინერს, არნოლდ არნოლდს გაჰყვა და მისგან ვაჟიშვილი, ფრენკი შეეძინა. 1961 წლიდან ოჯახი შტატებიდან საცხოვრებლად ბრიტანეთში გადავიდა, სადაც არნოლდი სიცოცხლის ბოლომდე დარჩა.
მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სერიის მთავარი გმირი ჰოლივუდის ვარსკვლავი მერლინ მონრო გახდა. „მერლინმა ჩემი გადაღებული მარლენ დიტრიხის ფოტოები ნახა და მკითხა, შევძლებდი თუ არა იმავეს მასთან ერთად გაკეთებას. ის მითი, რომ მერლინს მუშაობა მამაკაც ფოტოგრაფებთან ერჩივნა, სინამდვილეს ნაკლებად შეესაბამება. მისთვის მთავარი იყო, რომ ზოგადად კამერა აკვირდებოდა”.
იმ 40 ჰოლივუდურ ფილმს შორის, რომლის გადაღებებიც არნოლდმა სხვადასხვა დროს ფირზე აღბეჭდა (არამხოლოდ მერლინ მონროს მონაწილეობით), მონროს უკანასკნელი ნამუშევარიც - The Misfits - შედის.
დანარჩენ ჰოლივუდელებთან ერთად, არნოლდის ობიექტივში ჯოან კროუფორდიც მოხვდა. როგორც არნოლდი მოგვიანებით იხსენებდა, ჯოან კროუფორდი გადაღებაზე ნასვამ მდგომარეობაში მივიდა, მას ტუჩებში აკოცა, გაშიშვლდა და გადასაღებად მოემზადა.
მეორე დღეს, კროუფორდმა ფოტოგრაფისგან უკლებლივ ყველა ნეგატივი მიიღო - დასტურად იმისა, რომ მისი სიმთვრალით სარგებლობას არავინ აპირებდა და შიშველი ვარსკვლავის ფოტოებიც, შესაბამისად, არსად დაიბეჭდებოდა. არნოლდის თქმით, მისი თვითმიზანი შიშველი სხეულის ამსახველი ფოტოების გამოქვეყნება არასოდეს ყოფილა - არც კროუფორდის და არც ნებისმიერი სხვა ობიექტის შემთხვევაში. მადლობის ნიშნად, ჯოან კროუფორდმა არნოლდს მისი ცხოვრების ერთი დღის ამსახველი რეპორტაჟის გაკეთების ნება დართო. სერია, რომელიც ხანში შესული ვარსკვლავის კადრსმიღმა, ყოველდღიურ ცხოვრებას ასახავდა, ჟურნალმა LIFE-მა გამოაქვეყნა.
ფაქტი, რომ არნოლდის ჰოლივუდური ნამუშევრები ზოგ შემთხვევაში მის პოლიტიკურ თუ სოციალურ სერიებს ჩრდილავდა, ხშირად ნერვებსაც კი უშლიდა: „ღმერთო, ნუთუ მხოლოდ ამით უნდა მიცნობდეს ხალხი? არადა საკმაოდ სერიოზული პოლიტიკური რეპორტაჟები მაქვს გაკეთებული ავღანეთში, ჩინეთსა თუ რუსეთში!” - აღნიშნა არნოლდმა 1997 წელს, მონროს სერიისადმი მიძღვნილი გამოფენისას ჩაწერილ ერთ-ერთ ინტერვიუში.
სწორედ ივ არნოლდს ეკუთვნის ცნობილი სერია სენატორ ჯოზეფ რ. მაკკარტის მიერ ეჭვმიტანილი კომუნისტების დევნის შესახებ (1954). „ფოტოგრაფი მუდამ დგას ცდუნების წინაშე, რომ ობიექტი განსხვავებული, ჯერ კიდევ უცნობი კუთხით წარმოაჩინოს. ხშირად, ჩემს ძირითად მიზანს ადამიანების ჭეშმარიტი სახის ჩვენება წარმოადგენს - როგორც, მაგალითად, ეს მაკკარტის შემთხვევაში გავაკეთე, რომლის კისერზეც მრავალი ადამიანის ცხოვრების დანგრევაა”.
1979 წელს, ვიზისათვის 10-წლიანი ლოდინის შემდეგ, ივ არნოლდი ორჯერ ეწვია ჩინეთს, სადაც ყოველდღიური კომუნისტური ყოფით დაწყებული, მონღოლი მწყემსებით დამთავრებული - აქამდე უცნობი ჩინეთი აღბეჭდა. მისი პირველი პერსონალური გამოფენაც ამ სერიას მიეძღვნა.
„პოლიტიკა და ცხოვრება ჩემთვის განუყოფელია. საბოლოო ჯამში, ყველანი პოლიტიკური აგენტები ვართ. როგორ წარმოგიდგენიათ, გაემიჯნოთ სისტემას, რომელშიც ცხოვრობთ?” - განუცხადა არნოლდმა ბრიტანულ The Independent-ს 1997 წელს მიცემულ ინტერვიუში.
ფოტოგრაფი, რომლის ობიექტივმაც ნახევარსაუკუნოვანი ისტორია შტატებიდან ჩინეთამდე, ბაზრის გამყიდველიდან კინოვარსკვლავსა თუ სენატორამდე, აღბეჭდა და რომელიც ფოტოგრაფიას, პირველ რიგში, ფოტოგრაფსა და ობიექტს შორის ურთიერთობად აღიქვამდა, თავის საქმიანობას მაინც ძალადობის ერთგვარ აქტს უწოდებდა - „გვინდა თუ არა, ფოტოგრაფია რაიმეს დაუფლება, გნებავთ, დაპყრობაა. ერთხელ ინდიელებმა კამერა წამართვეს, რადგან, მათი თქმით, მე მათი სული აღვბეჭდე”.
ფოტოჟურნალისტიკის Grande Dame (როგორც მას პრესამ შეარქვა) სიცოცხლეში მრავალი ჯილდოს (მათ შორის: ამერიკის პრესის ფოტოგრაფთა საზოგადოების პრიზი ცხოვრებისეული მიღწევებისთვის და მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული ჯილდო ფოტოგრაფიაში - ნიუ იორკის ფოტოგრაფიის საერთაშორისო ცენტრისგან) მფლობელი გახდა, გამოსცა 12 წიგნი და მოაწყო 5 პერსონალური გამოფენა.
საკუთარ ოჯახის წევრებს კი თითქმის არასოდეს იღებდა, არგუმენტით: „რთულია, გადაიღო ის, ვინც გიყვარს”.
![]() |
27 რომის კატეგორიები |
▲ზევით დაბრუნება |
გურმანი|რესტო
გიგო მესხიშვილი
რომის უამრავი სახეობა და კატეგორია არსებობს, რისი მთავარი მიზეზიც იმ კუნძულების სიმრავლე და ფერადოვნებაა, სადაც ტროპიკულ ელექსირს აწარმოებენ. სწორედ ამის გამოა, რომ სხვადასხვა კუნძულზე სხვადასხვა გემოს და არომატის სასმელი გამოდის. იამაიკა, მარტინიკა, პუერტო რიკო, კუბა, ჰაიტი, გვადელუპა, ტრინიდადი და ტობაგო, ბარბადოსი, დომინიკის რესპუბლიკა, სამხრეთ ამერიკაში ბრაზილია და ვენესუელა, ასევე აშშ, მექსიკა, ფილიპინები, მადაგასკარი - აი, არასრული ჩამონათვალი იმ ქვეყნებისა, სადაც ამ რომანტიკულ სასმელს ხდიან, მოიხმარენ და სხვებსაც აწვდიან. ამ მრავალფეროვნების მიუხედავად, მაინც არსებობს მცდელობები, ოთხამდე თუ არა, ათამდე მაინც დაიყვანონ კატეგორიათა ეს სიმრავლე.
მაგალითად, ზოგიერთი რომს 4 კატეგორიად ყოფს: თეთრი, ოქროსფერი, მუქი და დაძველებული. სხვა ვარიანტებია - solera, spiced, overproof, single mark, demerara, plummer და ა. შ. მაგალითად, თუკი თეთრი რომის ყიდვა გსურთ, ეტიკეტზე ამ სიტყვებიდან ერთ-ერთი მაინც უნდა ეწეროს: white/light/silver/blanca/blanc და ისიც უნდა გახსოვდეთ, რომ თეთრებში ჩემპიონი ბაკარდის კომპანიაა. იგი არც ისე არომატულია, ძირითადად კოქტეილებში გამოიყენება და დაძველების შემდეგ ფილტრავენ, რათა ფერი გამოაცალონ.
ოქროს რომსაც სხვადასხვა ენაზე სხვადასხვა სახელი აწერია (golden/oro/amber/paille). ამ კატეგორიის რომს დაახლოებით ორ წელიწადს აძველებენ, არ ფილტრავენ (რითაც იგი ოქროსფერს ინარჩუნებს), კიდევ უფრო ეფექტურ ფერს კი კარამელის დამატებით მიიღებენ.
მუქი - dark/black/negro ძალიან არომატული, სხეულიანი და ზეთოვანი რომია, რომელსაც გაჭვარტლულ მუხის კასრებში ინახავენ სამი და მეტი წლის მანძილზე.
დაძველებული (უფრო ქართულად, დავარგებულიც ჰქვია) - premium aged/anejo/rhum vieux. ასეთ რომს 5 წელიწადზე მეტ ხანს აძველებენ (თუმცა იშვიათად რომ 12-ს გადააცილონ) და მსოფლიო ბაზარზე ისინი კონიაკებსა და ვისკებსაც კი უწევენ კონკურენციას.
სუნელ-სანელებლებიანი, ანუ შეკმაზული რომი (spiced და flavoured) ძველი დროიდან არსებობს, ჯერ კიდევ იმ ხანიდან, როცა ნახადს ვერ ასუფთავებდნენ და რახის მინარევებს ძლიერი არომატებით ფარავდნენ, ხილით, ბალახეულითა და სუნელებით. ამის მიუხედავად, სუნელიანი რომების საერთაშორისო ბრენდები შედარებით ახალი ამბავია. მათგან კი ყველაზე ცნობილია Bacardi Limon და Captain Morgan Spiced.
Overproof Rum გაცილებით მაღალგრადუსიანია, ვიდრე ნებისმიერი სხვა (ზოგჯერ 75%25) და ასეთებს 151-საც უწოდებენ. საქმე ისაა, რომ მათ აღსანიშნად სიმაგრის ინგლისური ერთეული, proof გამოიყენება, 1 proof კი 0,5%25-ს უდრის, რის შესაბამისადაც 151-იანი 75 გრადუსი გამოდის. „ოვერპრუფების” საუკეთესო ნიმუშებია ტრინიდადული Caroni Puncheon და Stallion Puncheon და, როგორც დასახელებიდან ჩანს, მათ ძირითადად პუნშებისთვის იყენებენ.
Single mark Rum ძალიან იშვიათია და შესაბამისად უძვირფასესადაც ითვლება. ღირებულებით ზოგიერთი სპეციალისტი შოტლანდიურ ერთალაოიან ვისკისაც კი ადარებს. ამ რომს ერთი კასრიდან ასხამენ, ყველანაირი კუპაჟირების გარეშე და სიმაგრესაც კი არ აკლებენ.
არსებობს რომის კლასიფიცირების სხვა კრიტერიუმებიც. ზემოთ კი ვთქვი, ყოველ კუნძულზე განსხვავებულ რომს აყენებენ-მეთქი, მაგრამ ისიც უნდა დავძინო, რომ სტილისტურად მაინც ენების მიხედვით ყოფენ.
ესპანურენოვან კუნძულებზე ლაითი რომებია გავრცელებული, დახვეწილი, მსუბუქი გემოთი (კუბა, პუერტო რიკო, პანამა). ინგლისურენოვანი კუნძულები მუქი რომებითაა განთქმული, მძიმე და ზეთოვანი კონსისტენციის არომატული სასმელით (იამაიკა, ინგლისის გვიანა). ხოლო ფრანგულენოვანმა კოლონიებმა ძირითადად აგრარული რომით გაითქვეს სახელი (rhum agricole), რომელიც შაქრის ლერწმის სუფთა წვენისგან მზადდებოდა, რის ტიპურ ნიმუშადაც მარტინიკისა და გვადელუპეს ნექტარი მიიჩნეოდა.
არის კიდევ ბრაზილიური რომი Cachaça, ინდონეზიური Batavia Arrack და Aguardiente, რომელსაც ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში ხდიან და ლერწმის წვენს ანისულსაც ურევენ.
![]() |
28 კრევეტების მწვადი |
▲ზევით დაბრუნება |
გურმანი|რეცეპტი
შეფ-მზარეული
სუპავაჩეი ჰუანა
რესტორანი Thai
ი. აბაშიძის 35
2 ულუფა
მასალა:
15 ც. 16/20 ზომის კრევეტი
100 გრ. ფქვილი
30 გრ. საფანელი
სოუსისთვის:
100 გრ. ქოქოსის რძე
2 სუფრის კოვზი შაქარი
½ სუფრის კოვზი მარილი
50 გრ. მიწის თხილის
კარაქი
მომზადების წესი:
ფქვილი გახსენით წყალში, ისე, რომ მიიღოთ თხელი ცომი.
კრევეტები წამოაცვით ბამბუკის ჩხირებზე, 5-5 ცალი თითოზე, ამოავლეთ მომზადებულ ცომში, მოაყარეთ საფანელი და შეწვით ზეთში.
სოუსი - წამოადუღეთ ქოქოსის რძე, დაუმატეთ მიწის თხილის კარაქი, შაქარი, მარილი და ურიეთ შესაბამის კონსისტენციამდე.
კრევეტები მოათავსეთ თეფშზე და მოასხით სოუსი.
მასალა შეგიძლიათ შეიძინოთ სუპერმარკეტებში: პოპული (ვეკუას ქ. 3, ტელ. 224 46 35), ჯორჯიტა (წერეთლის ქ. 116, ტელ. 235 71 73), გუდვილი (ჭავჭავაძის გამზირი 34, ტელ. 224 33 02 / 03).