The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ტაბულა №39


ტაბულა №39


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: ავალიანი დიმიტრი, დარჩიაშვილი დავით, ხორბალაძე თამარ, უგულავა სალომე, სუთიძე ლევან, ტორონჯაძე მირიან, მაჭარაშვილი ნინო, კვანჭილაშვილი ელენე, თავხელიძე მიშა, ჯაფარიძე ზურა, ჯოუნსი სტივენ, თალაკვაძე ზურაბ, ბარათაშვილი ბიძინა, კალატოზიშვილი გიორგი, ბეკმამბეტოვი ტიმურ, კევლიშვილი მაკა, მაჩაბელი სიმონ, კოკიჩაიშვილი თეონა
თემატური კატალოგი ტაბულა
საავტორო უფლებები: © თამარ ჩერგოლეიშვილი
თარიღი: 2011
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: 2011|17 - 23 იანვარი მთავარი რედაქტორი: თამარ ჩერგოლეიშვილი/აღმასრულებელი რედაქტორები: ნინი გოგიბერიძე, სალომე კიკალეიშვილი/რედაქტორები: ქეთი მსხილაძე, ელენე კვანჭილაშვილი, ლევან რამიშვილი, სანდრო თარხან-მოურავი, დავით კოვზირიძე, ნინო მაჭარაშვილი/ჟურნალისტები: გიორგი კეკელიძე, თეონა ჯაფარიძე, სალომე უგულავა, მაკა გამცემლიძე, ავთო ქორიძე, თამარ ხორბალაძე, თეონა ტურაშვილი, ირაკლი კიკნაველიძე, ლევან სუთიძე, მირიან ტორონჯაძე, თეონა კოკიჩაიშვილი, სანდრო ჯანდიერი, სიმონ მაჩაბელი, ლაშა გოდუაძე, ზურაბ თალაკვაძე, ლევან მეტრეველი, ნიკა ესებუა, ანანო სხირტლაძე, მაკა კევლიშვილი/კორექტორი: ნინო საითიძე/არტრედაქტორი: ბაჩა მალაზონია/დიზაინი & პრეპრესი: კახა დოლიძე, ნიკა კუპრაშვილი/მხატვარი: დავით მაჭავარიანი/ფოტორედაქტორი: დიმა ჩიკვაიძე/ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი, ალექსანდრე ბაგრატიონი/გამომცემელი: სამოქალაქო განათლების ფონდი/მენეჯერი: ნათია სოფრომაძე/მარკეტინგის მენეჯერი: გიორგი ფრუიძე/ყოველკვირეული ჟურნალი ტაბულა, ტელ.:+995 32 420 300, e-mail: info@tabula.ge/სტამბა: აუთდორ ტიპოგრაფი, მის.: ვაჟა- ფშაველას 45, ტელ.: +995 32 916 121/c 2010 საავტორო უფლებები დაცულია, ჟურნალში გამოქვეყნებული მასალების გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია. │ პარტნიორი: მედია მენეჯმენტ სერვისი, ტელ.: 99532 92 33 47/48/49; ფაქსი: 99532 92 08 82, e-mail: info@mmservice.ge სტატია:



1 სიტყვასიტვყით

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

მოდით ვიყოთ პირდაპირები, ვფიქრობ, ეჭვგარეშეა, რომ ირანს არ სურს იხილოს სამშვიდობო მოლაპარაკებები ისრაელსა და პალესტინას შორის“.

  • ჰილარი კლინტონი, აშშ-ს სახელმწიოფ მდივანი, აბუ დაბიში ვიზიტისას ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესზე საუბრობდა. 10 იანვარი

0x01 graphic

უსამარტლო იქნება, თუ 2002 წელს ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე ყატარში ფეხბურთელებს ზაფხული აუტანელ სიცხეში მოუწევთ თამაში. უმჯობესია შეჯიბრი ზამთარში ჩატარდეს. ამ შემთხვევაში ფეხბურთელებიც და მაყურებლებიც უკეთ იქნებიან დაცული და ტურნირიც უფრო სანახაობრივი იქნება. ჩვენ ვუბიძგებთ ყატარს, რომ უზრუნველყოს მსოფლიო ჩემპიონატის ისეთ პირობებში ჩატარება როგორიც ადრე ჩატარებულ ტურნირებზე იყო, და რომ ასევე უზრუნველყოს ადამიანის უფლებების სრულად დაცვა“.

  • ფიფას პრეზიდენტმა, ზეჰ ბლატერმა ეს განცხადება ტელეკომანია CNN-ისთვის მოცემულ ინტერვიუში გააკეთა.

13 იანვარი

0x01 graphic

მე მივიღე ასეთი გადაწყვეტილება, ვისაც ეყოლება მეოთხე შვილი და ვისაც ექნება სურვილი, ის მეოთხე შვილი იქნება ჩემი ნათლული, და მას ექნება ასეთი სახელწოდება სამშობლოსათვის თავდადებული მამულიშვილი და საქართველოს ეკლესიის საპატრიარქო ტახტის მცველი.

  • ილია II, სიონის საკტედრო ტაძარი. 14 იანვარი

0x01 graphic

ამ ქვეყნის წინაშე მდგარ კრიტიკულ გამოწვევებთან გასამკლავებლად მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება აშშ-ის შეიარაღებული ძალების ყოფნა იაპონიაში. ამის გარეშე, ჩრდილოეთ კორეის სამხედრო პროვოკაციები შეიძლება უფრო სასტიკი გახდეს.

  • აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, რობერტ გეიტსმა განცხადება ტოკიოში, კეიოს უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. 14 იანვარი

2 კვირა

▲ზევით დაბრუნება


10 იანვარი

0x01 graphic

  • აშშ-ში, არიზონას შტატში კონგრესმენ ქალზე შაბათს მომხდარი თავდასხმის განხორციელებაში ეჭვმიტანილი 10 იანვარს სასამართლოს წინაშე წარდგა. 22 წლის ჯარეტ ლი ლოჰნერმა დემოკარტ კონგრესმენს, გაბრიელ გიფორდს, მაშინ ესროლა, როცა ის ქალაქ ტუსონში ამომრჩევლებს ხვდებოდა. გიფორდსი თავში მძიმედ დაიჭრა. სროლას ექვსი ადამიანი, მათ შორის 9 წლის გოგონა, ესმხვერპლა. დაიჭრა 14 ადამიანი.

0x01 graphic

  • სომალელი მეკობრეების მიერ სექტემბერში დატყვევებული ქართველი მეზღვაურები ერთთვიანი პაუზის შემდეგ ოჯახის წევრებს პირველად დაუკავშირდნენ. მათი თქმით, რამდენიმე დღეა მეკობრეები მათ საკვებს არ აწვდიან და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ. მეზღვაურების ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ გემზე სიტუაცია იმდენად კრიტიკულია, შესაძლოა, „დაპირისპირება მსხვერპლითაც კი დასრულდეს“.

  • ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავაშირებით საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი 3300 საქმიდან 1549 სარჩელი დახურა. სასამართლოს პრესსამსახურის ცნობით, გადაწყვეტილების მიზეზად საქმეების განხილვითვსი აუცილებელი ინფორმაციის არქონა დასახელდა. „სასამართლომ მოსარჩელეების იურიდიულ წარმომადგენლებს ინფორმაციის მოწოდების შესახებ თხოვნა 2010 წელს ორჯერ გაუგზავნა, თუმცა პასუხი არ მიუღია. ნათქვამია პრეს-რელიზში.

11 იანვარი

0x01 graphic

  • სამი ჯარისკაცი დაიღუპა და 13 დაიჭრა 11 იანვარს კრწანისის საწვრთნელ ბაზაზე ნაღმმტყორცნის ჭურვის აფეთქებას შედეგად, ტავდაცვის სამინისტროს ცნობით, აფეთქება, სავარაუდოდ, წვრთნის დროს დაშვებულმა ტექნიკურმა შეცდომამ გამოიწვია. 12 იანვარს სამხედრო პოლიციამ სამი სამხედრო მოსამსახურე დააკავა. სამართალდამცავების თქმით, დაკავებულებს კრწანისის სასწავლო ცენტრში უსფრთხოების ნორმების დაცვაზე კონტროლი ევალებოდათ.

0x01 graphic

  • ავსტრალიის ჩრდილო-აღმოსავლეთში უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში მომხდარი ყველაზე ძლიერი წყალდიდობის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა. კიდევ 72 ადამიანი უგზო-უკვლოდ არის დაკარგული. ნოემბერში დაწყებულმა ტროპიკულმა შტორმმა კუინზლენდში უკანასკნელი ათწლეულობის განმავლობაში ყველაზე სერიოზული წყალდიდობა გამოიწვია. დატბორვის ზონაში, დაახლოებით, 200 ათასი ადამიანი ცხოვრობს. ზონაში მოყვა 12 ათასი საცხოვრებელი სახლი და სხვა ნაგებობები. სტიქიის მიერ მიყენებულმა ზარალმა მილიარდობით დოლარი შეადგინა.

12 იანვარი

0x01 graphic

  • ბრიტანული მედია ქვეყნის პრემიერ-მინისტრ დევიდ კამერონს რუსეთშიდაგეგმილი ვიზიტის გაუქმებისკენ მოუწოდებს. გამოცემის ცნობით, ბრიტანული მედიის ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი რუსეთში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციაზე განხორციელებული ზეწოლაა. ევროპელი ჟურნალისტები რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინს ბრალს სდებენ ფედერაციის პოლიციურ სახელმწიფოდ გადაქცევაში.

  • აფხაზეთში მოქმედი ე.წ. ქონებრივი დავების რუსულ-აფხაზური კომისიის გადაწყვეტილებით, კომისია არასოდეს განიხილავს რუსეთის ფედერაციის ქართველი ეროვნების მოქალაქეების განცხადებებს ქონების დაბრუნების თაობაზე. მათ შეუძლიათ მოითხოვონ და მიიღონ კომპენსაცია ქონებისთვის, რომელიც ეკუთვნოდათ მხოლოდ მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლება აფხაზეთს 13 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციას გადაუხდის. ოფიციალურმა თბილისმა ე.წ. კომისიის გადაწყვეტილება მკაცრად გააპროტესტა და მას „დისკრიმინაციული“ და „ფაშისტური“ უწოდა.

13 იანვარი

  • საქართველოსა და ირანის მოქალაქეთათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი 26 იანვრიდან შევა ძალაში. ორი ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოსა და ირანში 45 დღე უვიზოდ ყოფნა შეეძლებათ. ვიზის ან საჭირო ნებართვის მიღება, მეორე მხარის ტერიტორიაზე ყოფნისას მოქალაქეებს მხოლოდ ამ ვადის გასვლის შემდეგ დასჭირდებათ. ირანსა და საქართველოს შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას ხელი 3 ნოემბერს მოეწერა. 2 ნოემბერს კი თბილისსა და თეირანს შორის პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლაც აღდგა.

0x01 graphic

  • რუსეთმა სმოლენსკთან მომხდარ ავიაკატასტროფაზე, რომელსაც პოლონეთის პრეზიდენტი, მისი მეუღლე და პოლიტიკური ელიტის სხვა წარმომადგენლები ემსხვერპლნენ, პასუხისმგებლობა პოლონელ მფრინავებს დააკისრა. რუსეთის საავიაციო კომიტეტის ექსპერტების აზრით, ეკიპაჟის მეთაური გაუმართლებელ რისკზე წავიდა და მიუხედავად დისპეტჩერების აკრძალვისა,დაშვებას შეეცადა. დასკვნას პოლონეთის გარდაცვლილი პრეზიდენტის ძმამ, იაროსლავ კაჩინსკიმ „ცინიკური“ უწოდა. პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ეჟი მილერმა განაცხადა, რომ სმოლენსკის ტრაგედიასთან დაკავშირებით გამოძიების საკუთარ ანგარიშს პოლონური მხარეც გამოაქვეყნებს.

14 იანვარი

  • პენტაგონმა რუსული მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაცია აშშ-ის მიერ საქართველოსთვის იარაღის მიყიდვის შესაძლო განახლების შესახებ კატეგორიულად უარყო. „ეს ინფორმაცია აბსოლუტურად არასწორია“, განაცხადა ხუთშაბათს პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჟურნალისტებთან საუბრისას. სამშაბათს რუსულმა საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს ცნობა იმის შესახებ, რომ იარაღის მიწოდების განახლების პირობა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, გიორგი ბარამიძემ გასული წლის დეკემბერში ვაშინგტონში ვიზიტისას მიიღო.

3 ისტორიული რეაბილიტაციის საფასური

▲ზევით დაბრუნება


არენა

დიმიტრი ავალიანი

0x01 graphic

ოშკი
ფოტო: დიმა ჩიკვაიძე

თბილისი თანახმაა, რომ თურქეთში ისტორიული ქართული ძეგლების აღდგენის სანაცვლოდ საქართველოს ტერიტორიაზე ოსმალეთის მმართველობის დროინდელი კულტურული ძეგლების რეაბილიტაცია განხორციელდეს. საგარეო უწყების ინფორმაციით, შესაბამისი ოქმის პროექტი უკვე მომზადებულია - თბილისი ამჟამად ოფიციალური ანკარის პოზიციის დაზუსტებას ელის.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა ნიკა ვაჩეიშვილმა დაადასტურა, რომ მოლაპარაკებები თურქულ მხარესთან ტაო-კლარჯეთში ქართული ხუროთმოძღვრების ოთხი უნიკალური ძეგლის - მეშვიდე საუკუნის იშხნის, მეცხრე საუკუნის ხანძთის, მეათე საუკუნის - ოშკისა და ოთხთა ტაძრების რესტავრაციაზე მიმდინარეობს. ობიექტები იმ ნიშნით შეირჩა, რომ მათი მდგომარეობა მძიმეა, თუმცა, აღდგენა ჯერ კიდევ შესაძლებელია. შეთანხმების პროექტს ვაჩეიშვილი „ისტორიულს“ და „უპრეცედენტოს“ უწოდებს.

მოლაპარაკებები თბილისსა და ანკარას შორის მეოთხე წელია გრძელდება. კულტურის სამინისტროსთან ერთად, ამ პროცესში დიპლომატებიც ჩაერთვნენ. ოფიციალური ცნობების თანახმად, 2010 წლის აპრილში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ, თურქეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ქართული ტაძრების რეაბილიტაციის საკითხიც დააყენა.

ქართული ძეგლების აღდგენის ნებართვის სანაცვლოდ ქართული მხარე მზადაა, თურქეთს ქვეყნის ტერიტორიაზე ოთხი მეჩეთის რესტავრაციისა და ერთის აშენების უფლება მისცეს. ვაჩეიშვილის განმარტებით, რესტავრაცია მეჩეთს ახალციხის რაბათის კომპლექსში, ქობულეთის რაიონში მე-18 საუკუნის კვირიკეს მეჩეთს და სამცხე-ჯავახეთში მხარჯავის მეჩეთს შეეხება. გარდა ამისა, ბათუმში ხელახლა უნდა აშენდეს აზიზიეს მეჩეთი. 1863 წელს აგებული ეს ორსართულიანი ხის შენობა გასული საუკუნის 40-იანი წლების ბოლოს მთლიანად დაიწვა. მის ადგილას ამჟამად საცხოვრებელი სახლები დგას. შესაბამისად, ხელშეკრულების პროექტის მიხედვით, მეჩეთისთვის ბათუმში ახალი ტერიტორია უნდა გამოინახოს, მისი აღდგენა კი შემორჩენილი ფოტოსურათებისა თუ სხვა დოკუმენტების მეშვეობით მოხდება. ნიკა ვაჩეიშვილი ამ ისტორიულ ისლამურ სალოცავებსაც ქართული კულტურის ნიმუშებად მიჩნევს და მათ აღდგენას მიესალმება.

საზოგადოებაში არაერთგვაროვანი დამოკიდებულება სწორედ ბათუმში მეჩეთის მშენებლობის გეგმამ გამოიწვია. პრესაში ბათუმის მცხოვრებთა ნაწილის მიმართვა გავრცელდა, რომლის ავტორები მეჩეთის მშენებლობას კატეგორიული ფორმით ეწინააღმდეგებიან. ისინი შიშობენ, რომ საზოგადოებასთან შეუთანხმებლად ასეთი გეგმის განხორციელებას შესაძლოა, აჭარაში მდგომარეობის გამწვავება მოჰყვეს.

0x01 graphic

ოშკი

რესპუბლიკური პარტიის აჭარის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ მურმან დუმბაძემ თურქეთთან შეთანხმების ხელმოწერაზე უარის თქმა მოითხოვა. მისი თქმით, ბათუმში ახალი მეჩეთის აშენებამ შესაძლოა დამოკიდებულე„ ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის დაძაბულობა” გამოიწვიოს, თავად ობიექტმა კი „მართლმადიდებლობისა და ქართული ინტერესების საწინააღმდეგო” ფუნქციები შეასრულოს.

თავის მხრივ, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია ქრისტიან-დემოკრატების წევრი, ისტორიკოსი ჯაბა სამუშია თურქეთთან მოლაპარაკებებს მიესალმება. როგორც სამუშიამ ტაბულას განუცხადა, „მეჩეთის მშენებლობა შეიძლება ვინმესთვის სასიამოვნო, ვინმესთვის კი უსიამოვნო ფაქტი იყოს, თუმცა მთავარი ისაა, რომ დაიწყო თურქეთთან დიალოგი ქართული ძეგლების აღდგენის შესახებ”. ვინც ერთხელ მაინც ყოფილა ტაო- კლარჯეთში და ნანახი აქვს ეს ძეგლები, მიხვდება, რომ ეს პროექტი ფასდაუდებელია, - აღნიშნა სამუშიამ. ამავე დროს, მისი თქმით, იგი მართებულად არ მიიჩნევს თურქეთის მოთხოვნებს, ვინაიდან ამ ქვეყანას გარკვეული ვალდებულებები ეკისრება საკუთარი კულტურული მემკვიდრეობის დაცვასთან დაკავშირებით, რაშიც ძველი ქართული ტაძრებიც იგულისხმება. შესაბამისად, მათი რეაბილიტაცია არა კეთილი ნების ჟესტი, არამედ თურქული მხარის უშუალო მოვალეობაა. სამუშიას აზრით, ქართულ დიპლომატიას „უკეთ უნდა ემუშავა“, რათა თურქეთისგან ქართული ძეგლების უპირობოდ აღდგენის თანხმობა მიეღო.

ბათუმში მეჩეთის აღდგენის მთავარ მოწინააღმდეგედ საპატრიარქო გამოვიდა. დამოკიდებულება ამ საკითხზე სრულიად საქართველოს კათალიკოს- პატრიარქმა ჯერ კიდევ 2008 წელს, პრემიერ-მინისტრისადმი მიწერილ წერილში გამოხატა. ამ მიმართვაში ის აცხადებდა, რომ ამგვარი სახით ხელშეკრულების დადება გაუმართლებელია და აღნიშნავდა, რომ საქართველოში უკვე არსებული მუსლიმური საკულტო ნაგებობების და თეოლოგიური სასწავლებლების რაოდენობა „გაცილებით აჭარბებს ქვეყნის მუსლიმი მოსახლეობის რელიგიურ მოთხოვნილებებს“. ილია მეორე მთავრობას აფრთხილებდა იმის შესახებ, რომ ბათუმში ახალი მეჩეთის აშენება ადგილობრივი მოსახლეობის დიდ პროტესტს გამოიწვევს. პატრიარქმა მთავრობას მოლაპარაკებათა შეჩერება და პროექტის თაობაზე „პოზიციების შეჯერება“ შესთავაზა.

0x01 graphic

ოშკის ტაძრის ორნამენტი

ამ საკითხზე საპატრიარქოსთან მოლაპარაკებებს ნიკა ვაჩეიშვილმაც დაუჭირა მხარი. მისი თქმით, საპატრიარქოს საქმის კურსში ჩააყენებენ მას შემდეგ, რაც შეთანხმების ძირითადი პუნქტები საბოლოდ დაზუსტდება. თუმცა, ეკლესიას მიღებული აქვს შეთანხმების წინასწარი ვარიანტი. მან იმედი გამოთქვა, რომ საკითხის განხილვაში საპატრიარქოც ჩაერთვება და „ერთობლივ და კონსოლიდირებულ“ გადაწყვეტილებას მიიღებენ.

საქართველო-თურქეთის მოლაპარაკებათა გაჭიანურება, როგორც ჩანს, სწორედ საპატრიარქოს წინააღმდეგობამ განაპირობა. მათ მთავარ ამოცანად არა ქართული კულტურის ძეგლების აღგენა, არამედ ბათუმში ახალი ისლამური სალოცავის მშენებლობის (რაც აღმსარებლობის თავისუფლების კონსტიტუციური უფლების რეალიზაციას წარმოადგენს) დაუშვებლობა დაისახეს.

როგორც ტაბულასთან საუბრისას გრიგოლ ფერაძის ინსტიტუტის დირექტორმა ბექა მინდიაშვილმა აღნიშნა, საპატრიარქოს წინააღმდეგობა ამ საკითხში გაუმართლებელია. „როდესაც ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე ვსაუბრობთ, როგორიცაა ქართული კულტურის ძეგლების გადარჩენა, უბრალოდ წარმოუდგენელია ისტორიის, საკუთარი წარსულისა თუ ღირსების წინააღმდეგ ვინმე გამოვიდეს - რომ თუნდაც ხუთი ან ათი მეჩეთის სანაცვლოდ ერთი ქართული ძეგლი მაინც აღდგეს“, - განაცხადა მინდიაშვილმა.

მისი თქმით, მეჩეთის მშენებლობა, ნებისმიერ შემთხვევაში - იქნება ეს ხელშეკრულების საგანი თუ არა, ლეგიტიმური ქმედებაა და შეესაბამება რწმენისა და რელიგიის თავისუფლებას, რომელიც საქართველოს კონსტიტუციითაა გარანტირებული. რელიგიური სარიტუალო შენობების მშენებლობა ნებისმიერი რელიგიური კონფესიის შეუვალი უფლებაა.

შეთანხმების პროექტის მოწინააღმდეგეებს შორის განსაკუთრებული შეშფოთება აღდგენილ მეჩეთებში ღვთისმსახურების შესაძლო განახლებამ გამოიწვია. ნიკა ვაჩეიშვილის განმარტებით, ეს საკითხი შეთანხმების არსებული პროექტით არ რეგულირდება. თურქეთში ქართულ ტაძრებსა თუ საქართველოს ტერიტორიაზე აღდგენილ მეჩეთებში ღვთისმსახურების დაშვებას დამატებითი შეთანხმება დასჭირდება.

ბექა მინდიაშვილის თქმით, აზიზიეს მეჩეთში ღვთისმსახურება რომც აღდგეს, „ეს საქართველოს ინტერესებს არ ეწინააღმდეგება. პირიქით, როდესაც ხელს ვუშლით რელიგიის თავისუფლების განხორციელებას, ვეწინააღმდეგებით ეროვნულ ინტერესებს, კონსტიტუციასა და ადამიანის უფლებების ნორმებს“.

მისი აზრით, პრობლემა არა იმდენად საპატრიარქოს პოზიციაა, რამდენადაც ის, რომ „სახელმწიფო ამ დამოკიდებულებას ხშირად დაჰყვება ხოლმე“. მინდიაშვილის თქმით, სწორედ ამიტომ გაჭიანურდა მოლაპარაკებები თურქეთთან ძეგლების აღდგენაზე, ასევე სხვა მნიშვნელოვანი პრობლემების გადაწყვეტა. ასეთია, მაგალითად, საქართველოში ისტორიული სომხური ტაძრებისა და კათოლიკური ეკლესიების საკითხი.

2007 წელს, ფერიის მთაზე უნებართვოდ მშენებარე ეკლესიის საძირკვლის მოშლის ფაქტი მაშინდელმა ოპოზიციამ ხელისუფლების საწინააღმდეგო განწყობების გაღვივებისთვის და მისი „ანტიმართლმადიდებლურობაში” დადანაშაულებისთვის გამოიყენა. ინციდენტი დახურული მოლაპარაკებების შედეგად ამოიწურა, ხელისუფლების წარმომადგენლებმა მომხდარს „გაუგებრობა” უწოდეს. მას შემდეგ მთავრობა ეკლესიასთან კონფრონტაციას ერიდება. საპატრიარქოს სხვადასხვა მიზნებისათვის ბიუჯეტიდან სერიოზული დაფინანსება გამოეყო, რომლის ოდენობა, ბევრი სხვა ხარჯის შემცირების მიუხედავად, წლიდან წლამდე უცვლელი რჩება.

ამავე დროს, თურქეთის ხელისუფლებამ, სადაც რელიგიის თავისუფლება დღემდე ფორმალური თუ არაფორმალური ფაქტორების გამო იზღუდება, ბოლო პერიოდში პოლიტიკა ამ მიმართულებით საკმაოდ შეარბილა. გასული წლის აგვისტოში, თურქეთმა ნება დართო ბერძენ მართლმადიდებლებს შავი ზღვის სანაპიროზე, სუმელას მონასტერში, მართლმადიდებლური წირვა ჩაეტარებინათ. ეს ასწლეულების განმავლობაში უპრეცედენტო მოვლენა იყო. შემოდგომაზე, ანკარის ნებართვით, პირველად 1915 წლის მოვლენების შემდეგ, ღვთისმსახურება ახტამარის წმინდა ჯვრის სომხურ ტაძარში ჩატარდა. მასზე დასასწრებად, როგორც სომხეთიდან, ისე სხვა ქვეყნებიდან, ასეულობით ეთნიკური სომეხი ჩავიდა. ახტამარის ტაძარი თურქეთის ხელისუფლებამ საკუთარი სახსრებით აღადგინა და მას მუზეუმის სტატუსი აქვს მინიჭებული.

საქართველო-თურქეთის შეთანხმების პროექტი სომეხი ისტორიკოსებისთვის მორიგი საბაბი გახდა. ტაო-კლარჯეთის ისტორიული ძეგლების კუთვნილების შესახებ ტრადიციული დავა განახლდა. ისტორიკოსმა სამველ კარაპეტიანმა სააგენტო ARMENIA Today-სთან საუბრისას, თბილისისა და ანკარის მიერ შემუშავებულ პროექტს „ანტიმეცნიერული და ამორალური“ უწოდა. მისი თქმით, ყველა მითითებული ტაძარი „ქალკედონიტმა სომხებმა ააგეს”, საქართველო კი, თურქეთის დახმარებით სომხური ძეგლების „მიტაცებას“ ცდილობს. კარაპეტიანის განცხადებით, ყველა სადავო ტაძარი„ისტორიული სომხეთის” ტერიტორიაზე მდებარეობს, სადაც ეთნიკურად სომხური მოსახლეობა ცხოვრობდა. “მეათე საუკუნეში დავით კურაპალატის მმართველობის დროს ტაოს სომხურმა სამეფომ ქალკედონიზმი მიიღო, ანუ ბიზანტიის ეკლესიას შეუერთდა. ზუსტად ამ პერიოდში აშენდა ეს ტაძრები, რომლებიც სომხური არქიტექტურის მეორე ოქროს საუკუნის სიმბოლოდ იქცა”, - აღნიშნა კარაპეტიანმა.

კარაპეტიანი აღიარებს, რომ ტაძრებზე მრავალი ქართული წარწერაა. მეცნიერი ამ ფაქტს იმით ხსნის, რომ ქალკედონური აღმსარებლობის სომხები ქართულ ეპარქიას განეკუთვნებოდნენ. სომეხი ისტორიკოსების ვერსიით, ტაო-კლარჯეთის ძეგლებს სომხური სახელწოდებები გააჩნიათ - იშხანი (სომხ. - კალმახის ჯიში და მთავრის ფეოდალური ტიტული), ბანაკი (ბანა), ხახუნი (ხახული), ოშკანკი (ოშკი) და სხვა.

ჯაბა სამუშია სომეხი ისტორიკოსის არგუმენტებს აბსურდს და „თითიდან გამოწოვილ თეორიას“ უწოდებს. მის თქმით, ტაო-კლარჯეთის ტაძრები ქართულ ეკლესიას განეკუთვნებოდა და მცხეთის კათალიკოსს ექვემდებარებოდა. „მათზე ქართული წარწერებია, იქ ქართულად ლოცულობდნენ, ამიტომ გაუგებარია, რის საფუძველზე ამტკიცებენ სომეხი ისტორიკოსები, რომ ამ ტაძრების მრევლი ეთნიკური სომხები იყვნენ“, - ამბობს სამუშია. ქართული არქიტექტურა, ფერწერა და კულტურის უნიკალური ნიმუშები - მაგალითად, ხახულის კარედი და ოშკის ოთხთავი, სწორედ ტაძრების უდავოდ ქართულ წარმომავლობაზე მეტყველებს. ოშკის უნიკალური ქართული წარწერა მისი მშენებლობის შესახებ ცნობებს შეიცავს, ამ ტაძრებში ქართველი მეფეები ქორწინდებოდნენ და იმარხებოდნენ - ეს ყველაფერი, სამუშიას აზრით, ზოგიერთი სომეხი მეცნიერის პრეტენზიების უსაფუძვლობაზე მეტყველებს. მისი თქმით, ეთნიკურად სომხური „ელემენტი“ რეგიონის ტერიტორიაზე მართლაც არსებობდა. თუმცა, ქართული მოსახლეობა და კულტურა დომინირებდა.

იმ შემთხვევაში, თუ ქართული და თურქული მხარეები საბოლოოდ შეთანხმდებიან, შესაბამის დოკუმენტს ხელს ორი ქვეყნის კულტურის მინისტრები მოაწერენ. წინასწარი ცნობებით, ქართული ძეგლების რეაბილიტაცია 5 წელს გასტანს და 15 მილიონ დოლარამდე დაჯდება. შეთანხმების პროექტის მიხედვით, სამუშაოებს თურქეთის ტერიტორიაზე ქართული მხარე, საქართველოს ტერიტორიაზე ძეგლების აღდგენას კი - თურქეთის მხარე დააფინანსებს.

4 არ მინდა პარიზში

▲ზევით დაბრუნება


დავით დარჩიაშვილი|სვეტი

0x01 graphic

(ევროპელობისპირობითობა ანუ PACE- ეროზიის მცდელობათა გამოცხადებული ქრონიკა)

17 იანვარს პარიზში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მონიტორინგის კომიტეტი ქართულ-რუსული დიალოგის მცდელობას გეგმავდა. ქართული დელეგაციის წევრებმა მასზე დასწრება ზედმეტად ჩავთვალეთ. მიზეზი შემდეგია:

2008 წლიდან ასამბლეამ 5 რეზოლუცია მიიღო. ქართულ-რუსული დიალოგის წინაპირობად 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების დაცვა და აფხაზურ-ოსური დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმება გამოცხადდა. ბოლო, 2009 წლის რეზოლუცია რუსებს ჩვენი თანხმობით ერთგვარ შანსს აძლევდა - მოდით, დაიწყეთ მოთხოვნების შესრულება ეტაპობრივად: 2010 წლის იანვრამდე შეუშვით დამკვირვებლები „ღობის“ მიღმა; მიეცით ქართულ მოსახლეობას შეუზღუდავი გადაადგილების საშუალება; აღიარეთ დევნილების ღირსეული და უსაფრთხო დაბრუნების უფლება... ეს რომ მომხდარიყო, ქართულ-რუსულ დიალოგს ნიადაგი შეექმნებოდა. რუსებმა არაფერი ქნეს. სანაცვლოდ, ლავროვი მოვიდა პლენარულ სესიაზე 2010 წლის აპრილში და ასამბლეის აქამდე შექმნილ პროდუქციას პოლიტიზირებული უწოდა. და დაიწყო...

ევროასამბლეის წევრთა ნაწილს თავად „შერცხვა“ რეზოლუციების. ლოგიკა ასეთია - მართლა ხომ არ შევუჩერებთ უფლებამოსილებას საერთო წესების დამრღვევ რუსებს, ან რა შუაში არიან რუსი დეპუტატები, თუ ლავროვი ან პუტინი მათ არ აძლევთ ასამბლეის პატივისცემის საშუალებას?! გაჩნდა პარიზის შეხვედრის იდეა და დავთანხმდით, მიუხედავად იმისა, რომ დიალოგის დასაწყებად რუსულ მხარეს

ევროასამბლეის მიერვე დადგენილი წინაპირობებიც არ ჰქონდა შესრულებული. მაგრამ ახალმა „გარემოებებმა” შეხვედრაში საქართველოს მონაწილეობა შეუძლებელი გახადა: რუსული იმპერიული იდეები ზოგიერთი დეპუტატის პოსტნაციონალურ ილუზიებს დაეყრდნო, რამაც შეხვედრის სამზადისს, როგორც ზემონახსენები რეზოლუციების, ისე ევროპული უსაფრთხოების საფუძვლების იგნორირების ელფერი მისცა.

ორგანიზატორი, შვეიცარიელი ბ-ნი დიკ მარტი ჩამოდის მოსკოვიდან თბილისში. იგი, მიუხედავად ჩვენი კონკრეტული ინტერესისა მოსკოვში გამართულ შეხვედრებთან დაკავშირებით, არ გვიმხელს, რომ იქ, რუს დეპუტატებთან ერთად, მარიონეტული რეჟიმების წარმომადგენლებსაც ხვდება. მის გამგზავრებას მოსდევს რუსული საინფორმაციო საშუალებების აჟიოტაჟი, რომ პარიზული შეხვედრა დასაწყისია და იგი სოხუმისა და ცხინვალის მონაწილეობით გაგრძელდება. გასაგები ხდება, რომ რუსულ მხარეს ამ შეხვედრისაგან არაფერი უნდა, გარდა მისგან აღიარებული რეჟიმების თანდათანობითი ლეგიტიმაციისა.

0x01 graphic

დიკ მარტი

მივმართავთ დიკ მარტის - გასაგებია, რუსები სიურპრიზად დაგახვედრებდნენ „კოლეგებს“ ოკუპირებული ტერიტორიებიდან, მაგრამ ისიც გაითვალისწინეთ, რა ინტერპრეტაციები ეძლევა ამ ნაბიჯებს და რაა რუსთა ჩანაფიქრი. ამგვარად წამოწყებული პროცესი შედეგამდე არ მიგვიყვანს და პარიზში ჩვენს ჩამოსვლას აზრი არ აქვს. პასუხად, ბ-ნი მარტი აცხადებს, რომ ჩვენთან დეტალების განხილვა უსარგებლოა და რომ იგი კვლავ გააგრძელებს დაზარალებული მოსახლეობის ტკივილის შემცირებაზე ზრუნვას.

მგონია, რომ ევროსაბჭო ისევ უნდა იდგეს ჰელსინკისა და პარიზის, შესაბამისად 1975 და 1990 წლის გადაწყვეტილებებზე, რომლებსაც ადამიანების დაცვა-არდაზარალების საფუძვლად სუვერენიტეტის პატივისცემა მიაჩნია. დიკ მარტისთვის ეს პრინციპი, ჩანს, ნაკლებმნიშვნელოვნია. მგონია, რომ თავად ასამბლეის რეზოლუციები მორალურ-სამართლებრივი ვერდიქტია და მიუხედავად იმისა, შესრულდება ისინი დღესვე თუ არა, მათივე ლოგიკით უნდა ვიხელმძღვანელოთ - ვფიქრობ, ეთნოწმენდის ჩამდენსა და მის მსხვერპლს თანაბრად არ უნდა მოუწოდებდე გონიერებისა და თავშეკავებისაკენ, რაც უნდა დიადი იდეალები გამოძრავებდეს. ბატონი მარტი არც ამაში გვეთანხმება და თვლის, რომ თუ ზემონახსენებ დოკუმენტებს გვერდზე გადავდებთ, მსხვერპლს მოძალადემ შეიძლება ტკივილი შეუმსუბუქოს. თუ ასეა, ამ ევროპელისა და რუსი იმპერიალისტის მიზნებში სხვაობა კია (ერთს იმპერიის გაფართოება უნდა, მეორეს გაფართოების ტკივილთა შემცირება), მაგრამ შედეგი ერთია: ევროპელი დიკ მარტის პოსტნაციონალიზმი რუსის იმპერიულ ფეოდალიზმს ემსახურება.

5 Freedom House: საქართველოს თავისუფლების რეიტინგი გაუმჯობესდა

▲ზევით დაბრუნება


პოლიტიკა

0x01 graphic

Freedom House-ის 2011 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს მაჩვენებელი სამოქალაქო თავისუფლებების კატეგორიაში გაუმჯობესდა. ორგანიზაცია ამას 2008 წლის აგვისტოში რუსეთის შემოჭრის შემდგომ პოლიტიკური არასტაბილურობის შემცირებასა და მედიის უფრო გამრავალფეროვნებას უკავშირებს. მათ შორის ტელეკომპანია მაესტროს მიერ სატელიტური მაუწყებლობის დაწყებას. რაც შეეხება მაჩვენებელს პოლიტიკური უფლებების კატეგორიაში, ის კვლავ უცვლელია. საერთო ჯამში, საქართველო კვლავ „ნაწილობრივ თავისუფალ“ ქვეყნად რჩება.

კვლევაში „სადავო ტერიტორიებს“ - აფხაზეთს „ნაწილობრივ თავისუფალის“, ხოლო სამხრეთ ოსეთს „არათავისუფალის” სტატუსი აქვს.

ბოლო წლების განმავლობაში ეს ყოფილი საბჭოთა ქვეყნების მაჩვენებლების გაუმჯობესების პირველი შემთხვევაა. საქართველოს გარდა, გაუმჯობესება მოლდოვასა და ყირგიზეთში აღინიშნა. უკრაინამ კი თავისუფალი ქვეყნებიდან ნაწილობრივ თავისუფლებში გადაინაცვლა.

ეს კვლევა 194 ქვეყანასა და 14 „სადავო ტერიტორიას“ მოიცავს. იგი ასახავს მოქალაქეთა პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების მხრივ არსებულ სიტუაციას. ამ ქვეყნებსა და ტერიტორიებს ანიჭებენ სტატუსს „თავისუფალი“, „ნაწილობრივ თავისუფალი“ და „არათავისუფალი“. სტატუსის მინიჭება დამოკიდებულია ქულებზე. ეს ქულები 1-დან 7-მდე შკალაზეა განლაგებული. აქ ერთი ყველაზე თავისუფალს ნიშნავს, შვიდი კი ყველაზე არათავისუფალს. საქართველოს ქულა სამოქალაქო თავისუფლებებში 4-დან 3 გახდა, პოლიტიკურში კი 4-ია.

Freedom House-ის განცხადებით, კვლევამ ზოგადად აჩვენა, რომ მსოფლიოში თავისუფლების მხრივ მდგომარეობა ბოლო 5 წელია უარესდება. სულ უფრო მატულობს იმ ქვეყნების რიცხვი, სადაც დემოკრატიულობის ინდიკატორები რეგრესისკენ მიდის. თავისუფლების ყველაზე დაბალი ხარისხი ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაშია. ორგანიზაციის შეფასებით, სულ უფრო მძიმდება მდგომარეობა რუსეთში, ჩინეთში, ეგვიპტეში, ვენესუელასა და ირანში.

Freedom House სრულ კვლევას 2011 წლის გაზაფხულის ბოლოს გამოაქვეყნებს.

6 სააკაშვილის ამერიკული ვიზიტი

▲ზევით დაბრუნება


პოლიტიკა

0x01 graphic

რიჩარდ ჰოლბრუკის მემორიალურ ცერემონიაზე დასასწრებად აშშ - ში მყოფი პრე ზიდენტი სააკაშვილი, ღონისძიების დასრულების შემდეგ ბარაკ ობამასა და ჯო ბაიდენს შეხვდა.

პრეზიდენტმა კონსულტაციები ვაშინგტონშიც გამართა. მიხეილ სააკაშვილი აშშ -ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ახლად არჩეულ თავმჯდომარეს ჯონ ბეინორს შეხვდა. „ჩვენ გავმართეთ კონსტრუქციული დიალოგი იმის შესახებ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია, საქართველომ ურყევად შეინარჩუნოს თავისუფლება და დემოკრატია. იმ ქვეყანამ, რომელმაც მოკავშირეების წყალობით „აბსოლუტური ტირანიის“ უღელი მოიშორა, აღნიშნა ბეინორმა შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

საქართველო -აშშ -ის ურთიერთობებზე პრეზიდენტმა კონგრესმენებთანაც გამართა დიალოგი, ხოლო სენატორი ჯოზეფ ლიბერმანი წმინდა გიორგის ორდენით დააჯილდოვა.

მიხეილ სააკაშვილმა, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის აღმასრულებელ დირექტორთან გამართულ შეხვედრაზე, ათასწლეულის გამოწვევის ფონდისა და საქართველოს შემდგომი თანამშრომლობის საკითხები განიხილა. ახლახან ცნობილი გახდა, რომ კორპორაციისაგან საქართველო დახმარების მეორე პაკეტს მიიღებს.

მიხეილ სააკაშვილი ვაშინგტონის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის American Enterprise-ის სტუმარიც იყო. 15-წუთიან გამოსვლაში სააკაშვილმა საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზე, კორუფციის შემცირებასა და რუსეთზე ისაუბრა. პრეზიდენტმა ასევე მიმოიხილა საქართველოში ჩატარებული პოლიციის რეფორმა და ყურადღება გაამახვილა ათასწლეულის გამოწვევის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერაზე.

7 დაკარგული სამოთხე

▲ზევით დაბრუნება


პოლიტიკა

აფხაზეთის ეკონომიკა

თამარ ხორბალაძე

ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთზე სულ უფრო და უფრო მეტად ხდება ფინანსურად დამოკიდებული. საოკუპაციო რეჟიმის 2011 წლის ბიუჯეტის 2/3 რუსული დაფინანსებით უნდა შეივსოს. მთავარი ინვესტორი, ისევე როგორც ტურისტი, მეწარმე თუ ბანკირი, აფხაზეთში რუსეთია. თუმცა ქვეყანა, რომელიც აფხაზეთის ეკონომიკის მთავარი მოთამაშეა, ოკუპირებული ტერიტორიის ეკონომიკური წინსვლით დაინტერესებული არ არის - ამით საოკუპაციო რეჟიმზე კონტროლის ეკონომიკურ ბერკეტებს ინარჩუნებს.

ეკონომიკის სტრუქტურა

ოკუპირებულ აფხაზეთში აღრიცხვის მაკროეკონომიკური სისტემა ჯერაც არ არის შექმნილი. მიახლოებითი გაანგარიშებებით, 2003 წლისთვის, ანუ ვარდების რევოლუციამდე აფხაზეთში მშპ დაახლოებით 70-80 მილიონი აშშ დოლარის ეკვივალენტური იყო ანუ 350 აშშ დოლარის - ერთ ადამიანზე. ეს ინდიკატორი იმჟამინდელი დანარჩენი საქართველოს მაჩვენებელზე 2-ჯერ ნაკლები იყო. 2003 წლის შემდეგ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მაღალი ტემპის პარალელურად ეს სხვაობა ოკუპირებული ავტონომიისა და დანარჩენი საქართველოს განვითარებას შორის კიდევ უფრო გაიზარდა. დღეს, სხვადასხვა შეფასებით, ოკუპირებული აფხაზეთის დაუანგარიშებელი მშპ-ს 60 პროცენტს ვაჭრობა შეადგენს, მხოლოდ 10 პროცენტს - ტურიზმი, რომელიც ამჟამინდელი ბიუჯეტის საკუთარი შემოსავლების მესამედს ავსებს.

0x01 graphic

ფოტო: REUTERS ©

ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორია საქართველოს სრული ტერიტორიის 12,5 პროცენტს შეადგენს. ასეთივე იყო ავტონომიური რესპუბლიკის მიერ გასული საუკუნის 80-იანი წლების საქართველოს ეკონომიკაში შეტანილი წილი - საქართველოში წარმოებული პროდუქციის 12 პროცენტი აფხაზეთში იწარმოებოდა. 1985-90 წლებში ავტონომიაში 500-მდე საწარმო მუშაობდა და აქ 30 ათას ადამიანამდე იყო დასაქმებული. იმჟამინდელი სტატისტიკური მონაცემებით, 1990 წლისთვის ავტონომიურ რესპუბლიკაში წამყვანი ადგილი კვების მრეწველობას ეკავა (წარმოების 56 პროცენტი), მეორე ადგილზე მსუბუქი მრეწველობა იყო (12 პროცენტით), მესამეზე - ენერგეტიკა (10 პროცენტი), მეოთხეზე კი მანქანათმშენებლობა გახლდათ (8 პროცენტამდე).

აფხაზეთის ეკონომიკა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში ექსპორტზე იყო მთლიანად ორიენტირებული. შესაბამისად, სსრკ-ს დაშლამ და დსთ-ს სანქციებმა მას სერიოზული პრობლემები შეუქმნა. თუმცა უკანონო ექსპორტი რუსეთსა და თურქეთში პრაქტიკულად არ შეჩერებულა.

თვითაღიარების 10 წლის თავზე ციტრუსების მთელი მოსავალი - 4,5 ათასი ტონა (1989 წლის მოსავლის 10 პროცენტი) მთლიანად რუსეთში გადიოდა. სასოფლო-სამეურნეო მიწების 60 პროცენტი კი დაუმუშავებელი იყო. სოჭის ოლიმპიადასთან დაკავშირებით პროდუქტის გადამუშავების მასშტაბები შედარებით გაიზარდა. არის ღვინის, ლიქიორის და კონიაკის წარმოების პრეცედენტებიც. თუმცა, რუსული ანალიტიკური წყაროების ინფორმაციით, აფხაზეთის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას სერიოზულ კონკურენციას უწევს სამხრეთ რუსეთში უკვე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად განვითარებული სასოფლო-სამეურნეო კომპლექსი. სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ზრდა ძირითადად შეიმჩნევა გალის რაიონში მოყვანილი თხილის ექსპორტის ხარჯზე. თხილის ექსპორტი აფხაზური ელიტისთვის შემოსავლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა. ამაში ჩართული არიან რუსი სამხედროებიც. ამასთან, აფხაზური მთავრობა გალში თითოეული ქართული ოჯახისგან 70-80 კილოგრამი თხილის მათ მიერ დადგენილი ფასებით ჩაბარებას მოითხოვს.

აფხაზური ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული სფეროა ხე-ტყის დამზადება. აფხაზეთის ტყეები უნიკალური ჯიშებით გამოირჩეოდა, რომლის მოჭრა 1978 წელს აიკრძალა, თუმცა 90-იანი წლებიდან ხის ჭრა ინტენსიურად გაგრძელდა. მასალა ძირითადად რუსეთის და თურქეთის ავეჯის ქარხნებს მიეწოდება. ეკოლოგიური კატასტროფის საფრთხის შემცველი ამ სფეროს გარდა, სოჭის ოლიმპიადის მშენებლობებისთვის, 2007 წლიდან ოკუპირებული აფხაზეთის ეკონომიკის სამშენებლო მასალების მოპოვება შავი ზღვის სანაპიროზე, პერსპექტიულ მიმართულებად ჩაითვალა.

2007-2009 წლებში სოხუმში, გაგრასა და ბიჭვინთაში, ანუ ტურისტულ ზონაში სამშენებლო სამუშაოები გამოცოცხლდა. ამ პროცესს მიწის საკუთრებასთან დაკავშირებით საოკუპაციო რეჟიმის არსებული მიდგომა აფერხებს.

პრივატიზაცია

მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული 2000-2010 წლების სოციალ-ეკონომიკური განვითარების პროგრამა საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლას ითვალისწინებს, აფხაზეთში ღია პრივატიზაცია პრაქტიკულად არ ხორციელდება. თუმცა, საოკუპაციო კანონების გვერდის ავლით, წლების მანძილზე აფხაზეთის ქონება ძირითადად რუსეთის მოქალაქეებზე გაიყიდა. მაგალითად, ამერიკის ხმის ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში ყველაზე მსხვილი ინვესტორი მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვია. მან აფხაზეთში შეიძინა: გაგრაში სანატორიუმი „ამრა“, პანსიონატი „გაგრიფში“, „კოლხიდა“, სასტუმრო „ოქროს კარიბჭე“ და სხვა. ბიჭვინთაში: დასასვენებელი ბაზა “ოქროს გორა“, დასასვენებელი კომპლექსი “კურორტი ბიჭვინთა“ და ა.შ. სოხუმში: სასტუმრო „რიწა“, „აფხაზეთი“, სოხუმი”, სოხუმის ცენტრში მიწის დიდი ნაკვეთი, სადაც გასართობ ცენტრს და გოლფკლუბს აშენებს. აფხაზეთის დევნილი მთავრობის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად კი, მაგალითად გაგრაში მდებარე სანატორიუმი „არმენია” 20 წლით იჯარით რუსეთის თავდაცვის სამინისტროს აქვს გადაცემული. სანკტ-პეტერბურგის დახურულმა საწარმო „როკადამ“ გულრიფშის რაიონის სოფელ ფშაფში არსებული დასასვენებელი სახლი „ლაზური“ იჯარით აიღო და ასე შემდეგ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს და საერთაშორისო კანონმდებლობით ყველა ეს გარიგება უკანონოა.

ამ თვალსაზრისით 2010 წელი ერთი ეკონომიკური სიახლით გამოირჩეოდა. დეკემბერში ხელმოწერილი და რუსეთის დუმას მიერ რატიფიცირებული ინვესტიციების დაცვის შესახებ ხელშეკრულება ოკუპირებულ აფხაზეთში აფხაზური და რუსული ინვესტიციებისთვის თანაბარი პირობების შექმნას გულისხმობს. რაც ყველაზე საინტერესოა - საუბარია 1994 წლიდან განხორციელებულ ე.წ. ინვესტიციებზე, როცა რუსეთმა აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმისგან დღემდე განხორციელებული უკანონო გარიგებების საკანონმდებლო გარანტია მიიღო.

ტურიზმი

იჯარით გაცემულ ან რეალურად გაყიდულ ობიექტთაგან უმეტესობა ტურისტული სფეროდანაა, თუმცა აფხაზეთის ეკონომიკის მთავარი იმედი - ტურიზმი დღეს საოკუპაციო რეჟიმისთვის მოსალოდნელ შემოსავლებს ვერ იძლევა. 80-იან წლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე 103 დასასვენებელი სანატორიუმი თუ სასტუმრო იყო. 80-იან წლებში აფხაზეთში 220-250 ათას ტურისტამდე ისვენებდა, ტურისტული ბუმი 1990 წელზე მოდის, როცა აფხაზეთში 550 ათასმა ადამიანმა დაისვენა.

ოკუპირებულ აფხაზეთში 2010 წლის ტურისტული სეზონი ჩავარდა. ამას თავად საოკუპაციო რეჟიმიც აღიარებს. აფხაზეთს 300 ათასზე ნაკლები ადამიანი ეწვია, იმ ერთდღიანი ტურისტების ჩათვლით, ვინც აქ მხოლოდ ათონის მღვიმისა და რიწის ტბის სანახავად შემოიარა. რუსეთის მოქალაქეებს უსაფრთხოების გარანტიების არქონაზე მეტად ხელი ტურისტული მომსახურების არაადეკვატურად მაღალმა ფასებმა ააღებინა, რაც მათ ინტერნეტ-ტურისტულ ჩანაწერებში კარგად ჩანს.

ნავთობწარმოება

ოკუპირებული აფხაზეთის ეკონომიკის ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშეა რუსული სახელმწიფო კომპანია როსნეფტი, რომელსაც აფხაზეთში ბენზინგასამართი სადგურების ქსელი აქვს. რაც მთავარია, 2009 წლის 24 დეკემბერს კომპანიამ ხელშეკრულება გააფორმა ოკუპირებული აფხაზეთის სახელმწიფო კომპანია აბხაზტობთან ერთობლივი საწარმოს რნ-აფხაზიას შექმნის შესახებ. ერთობლივი საწარმოს 51%25 რუსული კომპანიის კუთვნილებაა. ამ ერთობლივ კომპანიას შავი ზღვის აფხაზეთის შელფზე ნავთობის მოძიების და საბადოების განვითარების უფლება გადაეცა.

ენერგოსექტორი

თავის დროზე აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში განვითარებული ენერგოსექტორიდან დღეს მხოლოდ მცირე ნაწილია დარჩენილი. ტყვარჩელის ქვანახშირის საბადოებს თურქი ბიზნესმენები ამუშავებენ, თუმცა საბადოში ინვესტიციები არ ხორციელდება და, შესაბამისად - ქვანახშირის მოპოვების მასშტაბების აღდგენაც ვერ მოხერხდა. სოხუმისა და სხვა მცირე ჰესები სარეაბილიტაციოა და არ მუშაობს. არ მუშაობს არც ტყვარჩელის თეზი. დღეს აფხაზეთის ენერგეტიკა მთლიანად ენგურჰესზეა დამოკიდებული, რომლის რეაბილიტაციასა და ფუნქციონირებასაც, პრაქტიკულად, საქართველოს ხელისუფლება უზრუნველყოფს. სხვათა შორის, ენგურჰესი ის ობიექტია, რომლის მართვის გამოცდილება იმის მაგალითია, თუ როგორ შეიძლება ეკონომიკური ინტერესების გამო, კონფლიქტის მხარეებმა წარმატებით ითანამშრომლონ.

საბანკო სისტემა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საბანკო სისტემა რუსეთის საბანკო სისტემის პრაქტიკული დანამატია. საოკუპაციო რეჟიმის ცენტრალური ბანკის მონაცემებით აფხაზეთის ტერიტორიაზე 15 ბანკია რეგისტრირებული, თუმცა მათი ჯამური საწესდებო კაპიტალი 1 ოქტომბრის მონაცემებით სულ 251 733 ათას რუბლს, ანუ 8 მილიონ 361 ათას აშშ დოლარს შეადგენს (რაც საქართველოს ერთი ბანკის მინიმალურ საწესდებო კაპიტალზე 1/3-ით ნაკლებია). აღნიშნული ბანკები (რომელთაც, ცხადია, საქართველოს მიერ გაცემული შესაბამისი ლიცენზია არ გააჩნიათ) ჩართული არიან რუსეთის საფინანსო-საკრედიტო სისტემა „ზოლოტაია კორონა“-ში.

თურქული ეკონომიკური ინტერესები

რუსეთის შემდეგ აფხაზეთში რიგით მეორე ეკონომიკური აქტორი თურქეთია. აფხაზეთის ტყის 50 პროცენტზე მეტი თურქეთში გადის, ისევე, როგორც ჯართი და ქვანახშირი. მეორე მხრივ კი თურქეთიდან აფხაზეთში სიგარეტის და საკვები პროდუქტის იმპორტირება ხდება. ბოლო წლების მანძილზე, სულ რამდენიმე გემი დაიჭირა და დააჯარიმა ქართულმა სასაზღვრო პოლიციამ, თუმცა ამაზე შორს სანქციები არ წასულა. მეორე და განსაკუთრებით შემოსავლიანი საქმიანობა თევზჭერაა. ცნობილი თურქული კომპანიები (მაგალითად, ქილ ქარდეხლერი და კონსული) მუშაობდნენ აფხაზეთის სახელმწიფო კომპანია აბხაზრიბასთან, დღეს კი თურქულ-აფხაზურ ერთობლივ კომპანია ამლაგურთან მუშაობენ. რაც შეეხება ინვესტიციებს - თურქული ინვესტიციები კაპიტალს დებენ აფხაზეთის ეკონომიკის თითქმის ყველა სფეროში, დაწყებული ზღვისპირა კაფეებიდან - ტყვარჩელის შახტით დასრულებული. ამას გარდა, ოჩამჩირის რეგიონში მიწების ნაწილი თურქებს აღებული აქვთ თხილის პლანტაციების მოსაყვანად. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2008 წლის ე.წ. „აღიარების“ შემდეგ რუსეთმა თურქული ეკონომიკური ინტერესების შევიწროება დაიწყო და დამატებითი ინვესტიციების განხორციელება პრაქტიკულად შეჩერებულია.

ბიუჯეტი

საქართველოს ოკუპირებული ავტონომიის მთავარი ფინანსური კანონი - ბიუჯეტი აფხაზეთის ეკონომიკური მდგომარეობის ყველაზე რეალისტური სურათია: 2011 წლის ბიუჯეტი სულ 4 მილიარდ 436 მილიონ რუსულ რუბლს შეადგენს, რაც დაახლოებით 147 მილიონი აშშ დოლარია. ბიუჯეტის თითქმის 66 პროცენტი, საოკუპაციო რეჟიმის ხელმძღვანელის საიტის მონაცემების თანახმად, რუსულ დახმარებაზე მოდის - 2,94 მილიარდი რუსული რუბლი (ანუ დაახლოებით 98 მილიონი აშშ დოლარი). ამ ბიუჯეტით, მაგალითად საშუალო პენსია, ოკუპირებულ აფხაზეთში 500 რუბლი, ანუ დაახლოებით 16 დოლარია. ბიუჯეტის 30 პროცენტზე მეტი კი რუსეთის საჯარისო ნაწილების შენახვაზე იხარჯება. ციფრები გვამცნობს, რომ საკუთარი შემოსავლებით, ოკუპირებული აფხაზეთის ეკონომიკა, მწირი ბიუჯეტის ხარჯების მხოლოდ 30 პროცენტის დაფინანსებას ახერხებს.

8 სლუკუნით და არა გრგვინვით ესაა სამყაროს აღსასრულის გზა,

▲ზევით დაბრუნება


პოლიტიკა

განათლების რეფორმა

სალომე უგულავა

2011 წლიდან საქართველოში ზოგადი განათლების დაფინანსების ახალი წესი ამოქმედდა. განათლების სამინისტროს განმარტებით, ახალი მოდელი სკოლაში მოსწავლეთა რაოდენობაზე, სასწავლო კურიკულუმებსა და სკოლის საჭიროებებზეა მიბმული. ვაუჩერულ დაფინანსებასთან ერთად ე.წ. საბაზო დაფინანსება შემოდის - ფიქსირებული თანხა, რომელიც საჯარო სკოლების ნაწილისთვის გამოიყოფა. ეს საბაზო დაფინანსება კერძო სკოლებს არ ეხება. ამასთან, კერძო სკოლებისთვის ვაუჩერის ოდენობა სამასი ლარით განისაზღვრა, რაც ნებისმიერი ზომის საჯარო სკოლის ვაუჩერის ოდენობაზე ნაკლებია.

ახალი წესით, გამოდის, რომ ვაუჩერი არა მოსწავლეზე, არამედ სკოლაზეა მიბმული. კერძო სკოლებისთვის ვაუჩერის ოდენობა ისე განისაზღვრა, რომ არანაირ ფაქტორსა თუ გარემოებაზე დამოკიდებული არ არის.

ასეთი ცვლილება ვაუჩერიზაციის იდეას ეწინააღმდეგება. სისტემის ცვლილების ძირითადი არსი თავის დროზე ის იყო, რომ სახელმწიფო სკოლების პირდაპირი დაფინანსებიდან, მოსწავლეების - მომხმარებლების - დაფინანსებაზე გადავიდა. ამგვარ სისტემაში მშობელს აქვს „სასკოლო არჩევანი” - თავად წყვეტს, თუ რომელ სკოლაში მიიყვანოს შვილი როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში. ფინანსები მოსწავლეს მიჰყვება. ბევრი მოსწავლე სკოლისთვის მეტ შემოსავალს ნიშნავს. აქ დაცულია სამართლიანობის პრინციპი, რადგან გადასახადს ყველა იხდის - ის, ვისი შვილიც საჯარო სკოლაში დადის და ისიც, ვინც გადაწყვიტა, რომ შვილს კერძო სკოლაში ასწავლოს.

სასკოლო არჩევანი სკოლებს შორის კონკურენციის პრინციპს ეფუძნება. მსგავსი სისტემა მსოფლიოს 20-მდე ქვეყანაშია. მათ შორის შვედეთში, დანიაში, დიდ ბრიტანეთში და ამერიკის შეერთებული შტატების ნაწილში. თითოეულ მათგანს საკუთარი თავისებურებები აქვს, თუმცა, პრინციპები საერთოა.

ითვლება, რომ სასკოლო არჩევანის პროგრამა სასწავლო პროცესის წარმატების საწინდარია. ის სკოლებს მომხმარებლის წინაშე ანგარიშვალდებულს ხდის. როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო სკოლები მოსწავლეთა და მშობელთა მოთხოვნებსა და მოლოდინებზე არიან ორიენტირებულნი. სასკოლო არჩევანი ხელს უწყობს განათლების სისტემის დეცენტრალიზაციასა და სასკოლო ცხოვრებაში საზოგადოებრივი მონაწილეობის ზრდას. სკოლებში კი მაქსიმალურად ცდილობენ რესურსების ეფექტიანად გამოყენებას.

ვაუჩერი მეტად ხელმისაწვდომს ხდის კერძო სკოლებს. სხვადასხვა ქვეყანაში მას კერძო სკოლებში სასწავლებლად სოციალურად დაუცველი ფენები და უმცირესობების წარმომადგენლები წარმატებულად იყენებენ. ამგვარ განათლებაზე მოთხოვნის ზრდა კი კერძო სკოლების მოცულობასა და რაოდენობას ზრდის.

მშობლებისთვის ალტერნატივის ზრდით საჯარო სკოლები - როგორც ერთმანეთთან, ასევე კერძო სექტორთან - კონკურენციაში შედიან. ეს მათ აიძულებს, ყველაფერი გააკეთონ მომხმარებლისთვის მაქსიმალურად კარგი სერვისის მისაწოდებლად, რათა ბიზნესს ისევ შემორჩნენ. კონკურენციის არარსებობის პირობებში კი სკოლას გარანტია აქვს, რომ ყველაფრის მიუხედავად, მაინც მიიღებს ბიუჯეტით გათვალისწინებულ დაფინანსებას. ის ვერ დაინახავს შიდა რეფორმების საჭიროებას და არც გაუმჯობესების სტიმული ექნება.

0x01 graphic

დაფინანსების შეცვლილი წესი საქართველოში კი სწორედ ამგვარ გარანტიას უქმნის წარუმატებელ სკოლებს და სასკოლო არჩევანსა და ვაუჩერის იდეებს ფიქციად აქცევს. იგი ყველა სკოლას, რომელიც თავის შენახვას ვერ ახერხებდა, აძლევს შესაძლებლობას, რომ მინიმალური ხარჯები აანაზღაურონ - იქნება ეს ხელფასები, თუ კომუნალური გადასახადები. ამ ხარჯების დაფარვას სკოლების დაახლოებით 60%25 ვერ ახერხებდა და სამინისტრო მათ გადასარჩენად დამატებით თანხებს სხვადასხვა მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში გამოყოფდა. სამინისტროში თვლიან, რომ ასეთი მდგომარეობა დაფინანსების წინა ფორმულაში არსებული ხარვეზით იყო გამოწვეული. ახალი მექანიზმით კი დანაკლისი არც ერთ სკოლას ექნება. მათი თქმით, ეს სკოლებს თანაბარ მდგომარეობაში აყენებს და უფრო დამოუკიდებელს ხდის.

სტრატეგიისა და განვითარების ცენტრის ექსპერტი ზურაბ ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ სისტემა ამგვარი მიდგომების გამო ვერ მუშაობს. ის სკოლა, რომელიც მოსწავლეებს ვერ მიიზიდავდა, უნდა დახურულიყო. თუმცა, ასე არ მოხდა. ამის მიზეზად მას „მასწავლებლების დიდი არმია” მოჰყავს, რომლებიც სამსახურს დაკარგავდნენ და რომლებთან დაპირისპირებაც ხელისუფლებას არ სურს. ჯაფარიძის თქმით, ყველაზე ცუდი ისაა, რომ პირველი რეფორმა ბოლომდე არ მივიდა და სკოლებს აღარ აქვთ იმის განცდა, რომ ცუდად თუ ასწავლიან და მოსწავლეებს არ მიიზიდავენ - დაიხურებიან. შესაბამისად, არც ხარისხის გაუმჯობესების მოტივაცია ექმნებათ.

პრობლემაა ისიც, რომ საჯარო სექტორში რაც უფრო დიდია სკოლა, მით უფრო მცირდება ვაუჩერის მოცულობა. იმ სკოლებისთვის კი, რომლებშიც ბავშვების რაოდენობაც 600-ს აღემატება, საბაზო დაფინანსება (10 ათასიდან - 30 ათასლარამდე), საერთოდ არ არის განკუთვნილი.

2009 წლის ცვლილებით საჯარო სკოლებს (400-ზე მეტ მოსწავლიანს - ქალაქის შემთხვევაში და 200-ზე მეტ მოსწავლიანს - სოფლისა და დაბის შემთხვევაში) აქამდეც უმცირდებოდათ ვაუჩერის მოცულობა. თუმცა მაშინ დიფერენცირება ახლანდელივით ვიწრო არ იყო. მაგალითად, დღეს სკოლა 161-209-მდე მოსწავლით - ერთი რაოდენობრივი კატეგორიაა, მას მოსდევს 210-299-მდე და ა.შ. სკოლებისთვის არ იყო გათვალისწინებული არც გარანტირებული საბაზო დაფინანსება.

სამინისტროში ამბობენ, რომ მოსწავლეთა რაოდენობა მკაცრად განისაზღვრა, რათა სკოლებს შესაძლებლობა ჰქონდეთ ერთიანი სასწავლო გეგმით ასწავლონ. მათი არგუმენტია ისიც, რომ ზოგ სკოლას თანხები არ ჰყოფნიდა, ზოგი კი მათ სრულად ვერ ითვისებდა.

ამრიგად, იმ სკოლებს, რომლებიც აქამდე ვერ ახერხებდნენ მოსწავლეების მიზიდვას და თავის რჩენას, განვითარების სტიმული კიდევ უფრო უქრებათ. ისინი მოსწავლის მოსაპოვებლად ერთმანეთს კონკურენციას ნაკლებად გაუწევენ. დიდი და უკვე წარმატებული სკოლები კი იჩაგრებიან.

განათლების ექსპერტი სიმონ ჯანაშია ამბობს, რომ ის სხვაგვარი სისტემის მომხრეა; ისეთის, სადაც ვაუჩერს კვლავ ფორმულით დაითვლიან, თუმცა სკოლის განვითარების კომპონენტი გათვალისწინებული იქნება. ამგვარ სისტემაში კი, რაც ახლა ამოქმედდა, სკოლებს მხოლოდ მინიმალური თანხა თუ დარჩებათ განვითარებისთვის. სკოლის ავტონომიურობის ინდიკატორი, კი სწორედ ამ დარჩენილ თანხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებაა.

ცალკე და მნიშვნელოვანი საკითხია კერძო და საჯარო სექტორის არათანაბარ მდგომარეობაში ჩაყენებაც. არადა, კანონი არ განარჩევს მოსწავლეებს იმის მიხედვით, თუ რა ტიპის სკოლაში დადიან ისინი - საჯაროში, თუ კერძოში. კერძო სკოლებისადმი დისკრიმინაციული მიდგომის ტენდენციები ჯერ კიდევ 2009 წელს დაიწყო. 2005 წლის დადგენილება კი, კერძო და საჯარო სექტორს არ განასხვავებდა.

გაუგებარია, რატომ უნდა იღებდეს კერძო სკოლის მოსწავლე უფრო ნაკლები მოცულობის ვაუჩერს. გამოდის, მხოლოდ იმიტომ, რომ მის მშობლებს აქვთ სურვილი და შესაძლებლობა შვილს უკეთესი განათლება მისცენ. ამგვარი პოლიტიკა, განსაკუთრებით, გარეუბნებისა და რეგიონების მცირეკონტინგენტიან კერძო სკოლებს დააზარალებს. მაგალითად, საჯარო სკოლაში, სადაც 161-210 ბავშვამდე სწავლობს, ვაუჩერის მოცულობა მინიმუმ 430 ლარია. სკოლისთვის განსაზღვრულია საბაზო დაფინანსებაც - 30 ათასი ლარი. კანონით, ვაუჩერის გარდა, საჯარო სკოლისთვის კაპიტალური ხარჯებიც ანაზღაურდება. სამინისტროს სხვადასხვა პროგრამებიც ძირითადად საჯარო სკოლებზე ვრცელდება. კერძო სკოლის მოსწავლისთვის კი, ყველა შემთხვევაში, მხოლოდ 300-ლარიანი ვაუჩერია განსაზღვრული. ასეთი დისკრიმინაციული მიდგომა სკოლებში სწავლების საფასურის ზრდას განაპირობებს, რაც, ცხადია, კონკრეტულ ადამიანებს უქმნის პრობლემას - მომხმარებელს არჩევანს უმცირებს. არაკონკურენტულ გარემოში ხელმოკლე ოჯახებისთვის და საშუალო ფენის წარმომადგენლებისთვის ხარისხიანი განათლება ხელმისაწვდომი აღარ არის.

ასეთი ცვლილებები არათუ ვერ უზრუნველყოფს სკოლებში განათლების ხარისხის ამაღლებას, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, პირიქით - მისი კიდევ უფრო მეტად გაუარესების წინაპირობას ქმნის. აქ კიდევ ერთხელ იკვრება მოჯადოებული წრე. თავისუფლების, მომხმარებლის არჩევანის და კონკურენციის ყოველი შეზღუდვა კიდევ უფრო მეტი რეგულაციისა და შეზღუდვის საჭიროებას აჩენს. ბოლო დროს ამის ბევრი მაგალითი ვიხილეთ - იქნება ეს სახელმძღვანელოების კონტროლი, საატესტატო გამოცდები, დამატებითი ფასიანი სწავლების დაშვება საჯარო სკოლებში თუ სხვა. არადა, განათლება ვერასოდეს იქნება ხარისხიანი ისეთ გარემოში, რომელსაც სამართლიანი კონკურენციის ნაცვლად, ბიუროკრატები მართავენ.

9 სიყვარულის ტირანია

▲ზევით დაბრუნება


საზოგადოება

ლევან სუთიძე

0x01 graphic

კუ-კლუქს-კლანის რიტუალი
ფოტო: REUTERS ©

რთულია, მაგრამ სულ ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენ ჰოლოკოსტი საკუთარ თავზე გამოვცადეთ. მართალია კოშმარი დამთავრდა, ფიურერი მოკვდა და მისი სახელმწიფოც დაემხო, მაგრამ წარსული ჯერ კიდევ გვახსენებს თავს. ახლა პატარა ქალაქში ვცხოვრობთ. იმ დროს, როცა ჭრილობებმა შეხორცება დაიწყეს, ვიგებთ, რომ ნეონაცისტური ორგანიზაცია ჩვენს სახლებთან დემონსტრაციის ჩატარებას აპირებს.

1977 წელს ზუსტად ამ მდგომარეობაში აღმოჩნდა ამერიკის ილინოისის შტატის ქალაქ სკოუკის მოსახლეობა. ნაციონალ-სოციალისტურმა პარტიამ ქალაქში დემონსტრაცია დაგეგმა, მაგრამ მოსალოდნელი ძალადობის თავიდან ასაცილებლად აქციის ჩატარებაზე მათ უარი განუცხადეს. მას შემდეგ, რაც საშტატო სასამართლომ ძალაში დატოვა აღმასრულებელი ხელისუფლების აკრძალვა, პარტიამ უზენაეს სასამართლოს მიმართა. უზენაესმა სასამართლომ კი დაადგინა, რომ მათი დემონსტრაცია შეკრებისა და მანიფესტაციების, ასევე გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში ჯდებოდა.

გამოხატვის თავისუფლებას ამერიკის კონსტიტუციის პირველი შესწორება იცავს, რომელიც ჯერ კიდევ 1791 წელს მიიღეს. ყველა მოქალაქეს თავისუფლად შეუძლია გამოხატოს ნებისმიერი შეხედულება, თუნდაც შეურაცხმყოფელი, რასისტული, ჰომოფობიური და ანტირელიგიური. თავისუფალი სიტყვა მხოლოდ მაშინ იზღუდება, თუ ის მოქალაქეებს მყისიერი საფრთხის წინაშე აყენებს. ძალადობისკენ პირდაპირი მოწოდებაც კი, სახელმწიფოს რეაგირებისთვის საკმარისი საფუძველი არ ხდება. მაგალითად, ცნობილი რასისტული ორგანიზაციის, კუ-კლუქს-კლანის ლიდერმა ერთ-ერთ გამოსვლაში განაცხადა, რომ შავკანიანების დამარხვა და ებრაელების სახლში გაგზავნა სურდა. მიუხედავად აფროამერიკელთა და ებრაელთა მტკიცებისა, რომ ლიდერის გამოსვლა მათთვის საფრთხეს შეიცავდა - უზენაესმა სასამართლომ ლიდერს სასჯელი არ დააკისრა. შეურაცხყოფილმა მოქალაქეებმა სასამართლო ვერ დაარწმუნეს, რომ ამგვარი გამოხატვა ძალადობის აშკარა და გარდაუვალ საფრთხეს შეიცავდა. ამერიკული კანონმდებლობით გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მთხოვნელს სწორედ ეს ვალდებულება ეკისრება.

განსხვავებული მიდგომით სარგებლობს ევროპის არაერთი ქვეყანა. მათ მიაჩნიათ, რომ გამოხატვის შეზღუდვა გამართლებულია, თუ ის საზოგადოებაში შეუწყნარებლობისა და დისკრიმინაციის წახალისების საფრთხეს შეიცავს. სწორედ ამიტომ, აღნიშნული სახელმწიფოები გარკვეული ნიშნით შეურაცხყოფის გამო დასჯას აუცილებლად მიიჩნევენ. გამოხატვის თავისუფლების უკონტროლოდ დატოვებას ევროპელები ისტორიული გამოცდილების გამო უფრთხიან. ისინი თვლიან, რომ ჰოლოკოსტამდე „სიძულვილის ენამ” მიგვიყვანა. სიძულვილის რიტორიკასა და ჰოლოკოსტს შორის ლოგიკური კავშირი მართლაც არსებობს, მაგრამ ეს არა გამოხატვის თავისუფლების სიჭარბეს, არამედ მის ნაკლებობას უკავშირდება.

კონტინენტური ევროპის ისტორიას პოლიტიკური აბსოლუტიზმი გასდევს ზოლად. აქ თვითორგანიზებული საზოგადოება სახელმწიფოსთვის საფრთხის შემცველად აღიქმებოდა. არასასურველი იდეებისა და შეხედულებების გავრცელებას ხშირად კრძალავდნენ, რაც საბოლოოდ მათი იატაკქვეშეთში განდევნით მთავრდებოდა. 1925 წელს თავად ჰიტლერიც დაექვემდებარა ცენზურას. ნაცისტური გაზეთი დახურეს და პროპაგანდის ჩახშობა სცადეს, მაგრამ ფიურერისთვის ამას ხელი არ შეუშლია, ამჯერად უკვე მსხვერპლის როლში გაეგრძელებინა ხელისუფლებისკენ გზა. ამრიგად, მიუღებელი იდეების კანონით აკრძალვამ მათი გაქრობა ვერ უზრუნველყო. ღია დისკუსიას მოკლებულმა გარემომ ანტიჰუმანური იდეების გაძლიერებას შეუწყო ხელი. იატაკქვეშეთი ექსტრემისტებისთვის უფრო ხელსაყრელი აღმოჩნდა, ვიდრე ზომიერი ძალებისთვის. ზოგადად, არათავისუფალ საზოგადოებებში რეჟიმთან დაპირისპირებული ზომიერი ძალები სუსტდებიან, ერთადერთ ალტერნატივად კი ექსტრემისტები რჩებიან.

სიტყვის გამოხატვისადმი თანამედროვე ევროპული მიდგომის საილუსტრაციოდ, შემდეგი მაგალითი გამოდგება. 1994 წელს, ავსტრიაში, ოტო პრემინგერის ინსტიტუტის კინოს სახლში, ფილმ „სამოთხის საბჭოს“ ჩვენება დაიგეგმა. ფილმი მამა ღმერთს ჭირვეულ მოხუცად, ქრისტეს გონებასუსტად, ხოლო ღვთისმშობელს სულელად წარმოადგენდა. კათოლიკე ეკლესიამ კინოჩვენება შეურაცხმყოფლად მიიჩნია და ასაკრძალად პროკურორს მიმართა. სახელმწიფომ ფილმი დააყადაღა და მოგვიანებით მისი კონფისკაცია მოახდინა. ინსტიტუტმა ევროსასამართლოში იჩივლა. სასამართლომ კი დაასკვნა, რომ ავსტრიამ ადამიანები რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისგან დაიცვა და კათოლიკურ ქალაქში მშვიდობა შეინარჩუნა. მან ასევე შენიშნა, რომ გამოხატვის თავისუფლება იცავს შოკისმომგვრელ და შეურაცხმყოფელ იდეებსაც; თუმცა მოქალაქეებს ეკისრებათ ვალდებულება თავიდან აიცილონ ისეთი გამოხატვა, რომელიც „გაუმართლებლად შეურაცხმყოფელია” სხვებისათვის, ლახავს მათ უფლებებს და არ შეაქვს წვლილი საჯარო დებატებში.

ევროპისგან განსხვავებით, აშშ-ში არასდროს ყოფილა პოლიტიკური აბსოლუტიზმი. ყოველთვის ძლიერი იყო თვითმმართველობა და სამოქალაქო საზოგადოება. პარალელურად არსებობდა მრავალი კონკურენტული სამოქალაქო ინსტიტუტი, რომელიც სხვადასხვა სოციალური ჯგუფის ინტერესთა დაცვას ახერხებდა. გამოხატვის თავისუფლების გაგება იდეათა თავისუფალ ბაზარზე იდგა, რომელიც ცუდისა და კარგის, უარესისა და უკეთესის გარჩევას ინდივიდს ანდობს. ამერიკელები თვლიდნენ და თვლიან, რომ პლურალისტურ საზოგადოებაში, სადაც მრავალი მოსაზრება ერთმანეთს უპირისპირდება, მეტად არგუმენტირებული, დახმარების გარეშეც იმარჯვებს. სწორედ ღია დისკუსიის კულტურისა და საზოგადოების თვითორგანიზების დიდი გამოცდილების დამსახურებაა, რომ ამერიკელები ბევრად იმუნურები აღმოჩნდნენ სტერეოტიპული შეხედულებების მიმართ.

საქართველოში სიტყვის თავისუფლებას ორი განსხვავებული მსოფლმხედველობის მქონე ჯგუფი ებრძვის: საქართველოს საპატრიარქო, ლგბტ (ლესბოსელი-გეი-ბისექსუალი-ტრანსგენდერი) უფლებადამცველები და მათი ქომაგები. პირველს მომრავლებული რელიგიური შარჟი აშფოთებს, მეორენი კი ჰომოსექსუალთა „ავადმყოფებად“ და „პიდარასტებად“ მოხსენიებაზე წუხან. შეურაცხყოფის კრიმინალიზების მოთხოვნაში თავდაცვის სურვილი იკითხება - რატომღაც ითვლება, რომ კანონის ძალით ამა თუ იმ სოციალური ჯგუფის გრძნობების შეურაცხყოფის აკრძალვა, ამ ჯგუფებს უფრო დაცულს ხდის.

0x01 graphic

აქცია ილიას უნივერსიტეტთან

ერეკლე დეისაძის „საიდუმლო სირობის“ პრეზენტაცია ეკლესიამ გააპროტესტა და წიგნის აკრძალვა მოითხოვა. მართლმადიდებელმა ფუნდამენტალისტებმა ილიას უნივერსიტეტთან აქციაც გამართეს. მეორე დღეს იმავე ადგილას ალტერნატიული აქცია შედგა. მისი ერთ-ერთი გაცხადებული მიზანი გამოხატვის თავისუფლების მხარდაჭერა იყო. ამ აქციაზე პროტესტს ის პირებიც გამოხატავდნენ, ვინც სხვა შემთხვევებში სიძულვილის ენის კრიმინალიზებას მოითხოვენ. მათ არ ჩათვალეს წიგნის აკრძალვის საკმარის მიზეზად ის, რომ „საიდუმლო სირობაში“ მართლმადიდებელთა სიწმინდეების უხამსად მოხსენიება მორწმუნეებს შეურაცხყოფდა, განსხვავებით იმ შემთხვევებისა, როცა შეურაცხყოფილი მათთვის პრიორიტეტული ჯგუფის წარმომადგენელია.

ეს მაგალითი კარგად აჩვენებს, რა სირთულის წინაშე აღმოჩნდება „სიძულვილის ენის” წინააღმდეგ კანონი, მისი არსებობის შემთხვევაში: პოლარიზებულ ჯგუფებს შორის მას ყოველთვის ერთ მხარეს დადგომა მოუწევს. მეორე ჯგუფი, რომლის მოთხოვნები, შესაძლოა, თანაბრად ლეგიტიმური იყოს, უკმაყოფილო დარჩება და ჩაგრულობის განცდა კიდევ უფრო დიდი იქნება, ვიდრე დაუსჯელი შეურაცხყოფის შემთხვევაში.

საქართველოს საპატრიარქოს მხრიდან მკრეხელობის აკრძალვის ინიციატივა ძალიან ჰგავს მუსლიმური ქვეყნების ცოდვასთან ბრძოლის პრაქტიკას. ისლამური საზოგადოება, სადაც „სათნოებების“ ძალადობრივ დაცვას შარიათის კანონების მიხედვით სახელმწიფო უზრუნველყოფს, არის რადიკალური მაგალითი იმისა, თუ რა განსხვავებაა ერთი მხრივ, თავისუფლებაზე და მეორე მხრივ, სათნოებაზე დაფუძნებულ საზოგადოებებს შორის. ასეთ დროს სახელმწიფო ინდივიდს თავს ახვევს კოლექტიურ წარმოდგენებს „სიკეთის“ შესახებ და ამის წინააღმდეგ მიმართული ყველა მოქმედება უპირობოდ ისჯება, იმისდა მიუხედავად, აყენებს თუ არა ის რეალურ ზიანს სხვას. ამ გზით უფლებების დაცვა არა საზოგადოების კეთილდღეობას, არამედ მის ვალდებულებებით დატვირთვას გულისხმობს. რთული წარმოსადგენია, როგორ უნდა ადაპტირდეს ინდივიდუალისტურ ღირებულებებთან ის ნეგატიური თავისუფლება, რომელიც გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვით მიიღწევა.

თავისუფალ საზოგადოებაში მყისიერი საფრთხის გარეშე ადამიანების შეურაცხმყოფელი გამოსვლების დასჯა, ძალიან ჰგავს ცენზურას. ჩვენ შეიძლება განვსაზღვროთ, მკვლელობა უფრო მძიმე დანაშაულია, თუ ქურდობა, მაგრამ შეუძლებელია იმ კრიტერიუმების დადგენა, რომლებიც შეურაცხყოფის მასშტაბებსა და მის მიერ მიყენებულ ემოციურ ზიანს გაზომავს. გამოხატვის თავისუფლება არ საჭიროებს დამატებით რეგულაციებს, თავისუფალ საზოგადოებაში ისედაც მოქმედებს თვითბალანსირების მექანიზმი: არ მოუსმინო ან უკეთესი პასუხი გასცე. ტოტალიტარიზმისგან თავდაცვა საზოგადოების სასიცოცხლო ინტერესს წარმოადგენს, მის წინააღმდეგ ბრძოლის საუკეთესო იარაღი კი სამოქალაქო აქტივობა, სოციალური ინსტიტუტების გაძლიერება და თავისუფალი სიტყვის უზრუნველყოფაა.

10 ავტოსადგურის ლაბირინთებში

▲ზევით დაბრუნება


საზოგადოება

მირიან ტორონჯაძე

იანვრის დასაწყისში თბილისში პირველი თოვლი მოვიდა, თუმცა გუნდაობისა და თოვლში სხვა სახის გართობის მოყვარული ადამიანებისათვის საკმარისი ნამდვილად არ არის. თუკი თქვენ მათ რიცხვს მიეკუთვნებით, სამთო კურორტების არჩევანი გაქვთ - გუდაური, ბაკურიანი ან ახლად გახსნილი მესტიის სათხილამურო ტრასები და გოდერძის უღელტეხილის „კურორტი ოთხი სეზონისთვის“.

ზამთრის სამთო ტურიზმის მოყვარულებს საქართველოში გამომგზავრებას ჟურნალი The New York Times-ი ურჩევს. მართალია, სტატიაში საქართველოს რესპუბლიკად ვართ მოხსენებული, ნაცვლად უბრალოდ საქართველოსი, სამაგიეროდ იმ 41 ადგილს შორის, სადაც 2011 წელს ტურისტი აუცილებლად უნდა წავიდეს, საქართველოს მაღალმთიანი კურორტები მე-6 ადგილზეა. ამავე პუბლიკაციის მიხედვით, შარშანდელ სეზონზე გუდაური და ბაკურიანი 30 ათასმა ტურისტმა მოინახულა და ეს რიცხვი ისევ იზრდება.

მაგრამ როგორ შეიძლება ამ კურორტებზე მოხვედრა? ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ვებგვერდის მიხედვით, თბილისში 11 კერძო ავტოსადგურია. თუმცა საკმარისია, სასურველი მარშრუტის განრიგების დადგენა სცადოთ, აღმოაჩენთ, რომ ეს საინფორმაციო ცენტრის დახმარებითაც კი შეუძლებელია. ამიტომ შევიარაღდი ვირტუალური თხილამურებით და თბილისის ცენტრალური ავტოსადგურის სალაროს მივაშურე. თუკი აქაური ავტოსადგურების სპეციფიკის კარგად მცოდნე ადამიანი ასე თუ ისე ახერხებს სადგურზე გამეფებულ ქაოსში გარკვევას, უცხოელი ტურისტისთვის, რომელიც საქართველოში პირველადაა, მცოდნე გიდის გარეშე თითქმის შეუძლებელი ხდება ავტოტრანსპორტით სარგებლობა. საქმეს ართულებს ის, რომ სადგურებში ყველა წარწერა და სალაროებზე გამოკრული მარშრუტების განრიგი მხოლოდ ქართულ ენაზეა შესრულებული.

0x01 graphic

0x01 graphic

ყველა ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი

როგორც ადგილზე აღმოჩნდა, ავტოსადგურ შპს „დედაქალაქს” მესტიის და გუდაურის მიმართულებით პირდაპირი მარშრუტი არ აქვს, არც ჩვეულებრივი და არც მიკროავტობუსებით. მესტიის სამთო კურორტზე წასვლის მსურველებისთვის მოლარემ ალტერნატიული ვარიანტი შემომთავაზა. მიკროავტობუსი, რომელიც ჭუბერისკენ მიდის, მესტიის მგზავრებისთვის ყველაზე მისაღები ყოფილა. თუმცა საკითხავია, რამდენად მოსახერხებელია თბილისიდან ჭუბერამდე მიკროავტობუსით და შემდეგ სხვა, ადგილობრივი ტრანსპორტით მესტიამდე მგზავრობა. შედარებით ადვილია ბაკურიანში მოხვედრა. თბილისის ცენტრალური ავტოსადგურიდან ბაკურიანისკენ ყოველდღე გადის მიკროავტობუსი. გუდაურში სრიალის მოყვარულები კი მოლარემ, რომელიც ცნობათა ბიუროს ფუნქციებსაც ითავსებდა, დიდუბეში, „ოკრიბას“ ავტოსადგურისკენ გადაამისამართა.

მესტიაში გამგზავრების აუტანელი სურვილით შეპყრობილმა ისევ ავტოსადგურის გარეთ მდგომ ტაქსებს მივაკითხე. ტაქსი ზუგდიდამდე სულ რაღაც 250 ლარი ღირს, ზუგდიდიდან მესტიამდე დარჩენილი 136 კილომეტრი კი ადგილობრივი ტრანსპორტით უნდა დაფარო. მძღოლის თქმით, ზუგდიდიდან ვილისის ტაქსით მგზავრობის ფასი 15, ხოლო ნივით - 20 ლარია.

ცენტრალურ ავტოსადგურთან შედარებით, გაცილებით მეტი ქაოსი და გაურკვევლობაა დიდუბეში - გვერდიგვერდ რამდენიმე ავტოსადგურია - „ოკრიბა“, „დიდუბე“ და „ნიგე“. გუდაურსა და ბაკურიანში აქედან გამგზავრება განსაკუთრებულ სირთულესთან არაა დაკავშირებული, მიკროავტობუსით მგზავრობა 10-15 ლარი ღირს. მაგრამ მესტია კვლავ მიუწვდენელ მიზნად რჩება. ერთიანი ცნობათა ბიუროს არარსებობის გამო იძულებული გავხდი თითოეული ავტოსადგურის მოლარეები სათითაოდ გამომეკითხა. „ოკრიბაში“ ამასთან დაკავშირებით ვერაფერი მითხრეს, „დიდუბეს“ მოლარემ კი უკანვე, ვაგზლის მოედნისკენ გამაგზავნა და „ეტყობა კარგად არ გიძებნია, თორემ რამეს აუცილებლად იპოვიდიო“ დააყოლა. მოლარეებისა და ავტოსადგურის მიდამოებში კლიენტის მომლოდინე ტაქსისტების გამოკითხვის შემდეგ გამოიკვეთა საერთო სურათი. მესტიაში წასვლა შესაძლებელია, თუმცა ამ უბრალო ინფორმაციის მისაღებად ორ საათზე მეტი და 20-მდე ადამიანის გამოკითხვა დამჭირდა.

ტრანსპორტის განრიგის შესახებ ინფორმაციის მოპოვების უფრო ცივილური მეთოდია საინფორმაციო ცენტრში დარეკვა. მაგრამ 09-ში ინფორმაცია მხოლოდ ვერტმფრენის რეისზე აქვთ, რომელიც კვირაში ორჯერ, შაბათ-კვირას დაფრინავს.

ინტერნეტსაიტ skigeorgia.ge-დან ირკვევა, რომ სვანეთის მიმართულებით პეგასუს აირლაინს თვითმფრინავის რეისი აქვს დანიშნული. იგი კვირაში ხუთ რეისს ასრულებს. ორმხრივი მგზავრობის ფასი 150 ლარია. თვითმფრინავი დანიშნულების ადგილამდე ჩაფრენას საათ-ნახევარს ანდომებს.

თუკი ამ ყველაფრის შემდეგ თქვენ მაინც მოახერხეთ დანიშნულების ადგილამდე ჩაღწევა, რომელიც ამ კონკრეტულ შემთხვევაში სვანეთია, დაბინავების პრობლემები ნაკლებად შეგაწუხებთ. ინტერნეტის დახმარებით ნებისმიერი ადგილიდან შესაძლებელია ინფორმაციის ნახვა და ადგილების დაჯავშნა, როგორც მესტიის სასტუმრო თეთნულდში, ასევე 20-მდე საოჯახო სასტუმროში.

სვანეთის კურორტებისადმი გაზრდილი ინტერესის და გაძლიერებული პიარკამპანიის ფონზე გასაკვირია ასეთი მოუწესრიგებლობა. მით უმეტეს, რომ ავტოსადგურები კერძო კომპანიების მფლობელობაშია. მათ შორის კონკურენციას, წესით, სერვისის გაუმჯობესებისკენ უნდა მივყავდეთ. ამ ეტაპზე ავტოსადგურები ტურისტულ ბაზარზე გაჩენილ ახალ მოთხოვნებს ვერ პასუხობენ. პრობლემის გადაწყვეტამდე არც სადგურებზე სახელმწიფო რეგულაციის თავს მოხვევა მიგვიყვანდა. ეს არასამართლიანი კონკურენციის რისკს გაზრდიდა და არჩევანთან ერთად, ხარისხის ამაღლების სტიმულსაც შეამცირებდა. ჯერჯერობით კი აღტაცებას მხოლოდ ტურისტების მონდომება და მოხერხებულობა იწვევს, რის ხარჯზეც, მიუხედავად მგზავრობის სერვისებთან დაკავშირებული ყველა სირთულისა, „უცხოელ ტურისტთა რაოდენობა განუხრელად იზრდება“.

11 ჯაზში მხოლოდ მგლინავები არიან

▲ზევით დაბრუნება


საზოგადოება

ნინო მაჭარაშვილი

გსურთ იცოდეთ, როგორი უნდა იყოს პროფესიონალი ჯაზის შემსრულებელი, ესტრადის მომღერალი, მასაჟისტი თუ მგლინავი? რა არის ის უნივერსალური კრიტერიუმები, რომლებიც განსხვავებული პროფესიების სტანდარტს სისტემატიზებულ ჩარჩოში აქცევს?

მაშინ პროფესიული სტანდარტების ამსახველი ოფიციალური დოკუმენტი სწორედ თქვენთვისაა.

ეს დოკუმეტი 2010 წლის 31 დეკემბერს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა დაამტკიცა. მასში აღწერილი 107 პროფესიული სტანდარტი საინჟინრო, სახელოვნებო, ჯანდაცვის, ბიზნესის ადმინისტრირებისა და სოციალური მეცნიერებების მიმართულებებს მოიცავს.

როგორც პროფესიული განათლების შესახებ კანონი იუწყება, პროფესიული სტანდარტი არის დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს კონკრეტული პროფესიის მიზნებს, ამოცანებს და იმ პროფესიულ ცოდნას, უნარ-ჩვევებსა და კომპეტენციებს, რომლებსაც ამა თუ იმ სპეციალობის ადამიანი საქმიანობისას უნდა ფლობდეს.

პროფესიული სტანდარტები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ რეგისტრირებული პროფესიულ კვალიფიკაციათა ჩარჩოს ფარგლებში შემუშავდა. ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს ნაწილია და აქვს ამბიცია, რომ საქართველოში არსებული პროფესიული განათლების კვალიფიკაციების სისტემატიზირებას ახდენს. 2010 წლის სექტემბერში „პროფესიული განათლების შესახებ” საქართველოს კანონში შესული ცვლილებებით განისაზღვრა, რომ პროფესიული სწავლება ხუთ დონედ დაიყოფა, თითოეული საფეხურის გავლის შემდგომ კი შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომი გაიცემა. პროფესიებს, რომელთა ათვისებას ნაკლები დრო სჭირდება, ეტაპებიც ნაკლები აქვს.

სწავლების ხსენებული დონეები გარკვეული კრიტერიუმების მიხედვითაა განსაზღვრული. სწორედ დადგენილი პროფესიული სტანდარტია ის მოთხოვნა, რომელსაც ამა თუ იმ სფეროს სპეციალისტი თითოეული საფეხურის ათვისებისას უნდა აკმაყოფილებდეს. სტანდარტები ადგენენ პროფესიონალიზმის შემდეგ მახასიათებლებს: ცოდნა და მისი პრაქტიკაში გამოყენება, დასკვნის გაკეთების, კომუნიკაციის, სწავლის უნარები და ღირებულებები. სტანდარტთა ნაწილი უკვე დამტკიცებულია, დანარჩენის განხილვა მიმდინარეობს. შესაბამისი პროექტები შესაბამისი სფეროს წარმომადგენლებმა - საზოგადოებრივმა ჯგუფებმა, კონკრეტულმა სასწავლებლებმა თუ პროფესიულმა კავშირებმა წარადგინეს. მაგალითად, ჯაზის შემსრულებლის პროფესიული სტანდარტი სახელმწიფო კონსერვატორიის, საესტრადო მუსიკის შემსრულებლის კი - შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის მიერაა შემუშავებული. „შეუძლია კარგად განსაზღვრული პრობლემების ამოცნობა, მათი გადაჭრისათვის სათანადო მონაცემების იდენტიფიცირება და ანალიზი სტანდარტული მეთოდების გამოყენებით, ასევე დასაბუთებული დასკვნების გაკეთება. შეუძლია შესაბამის ინფორმაციაზე დაყრდნობით პრობლემის მოსაგვარებლად ალტერნატიული გზების განხილვა” - დასკვნის უნარის ამ სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდეს საესტრადო მომღერალი, თუ სურს, კვალიფიკაციის მეოთხე დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი აიღოს. რა კრიტერიუმებით ხდება, ვთქვათ, „დასაბუთებული დასკვნების გაკეთების” უნარის გაზომვა, ან რა იგულისხმება „განსაზღვრულ პრობლემაში” - დოკუმენტში გაწერილი არ არის. ამიტომაცაა, რომ მოყვანილი მაგალითი მცირედი ვარიაციებით გვხვდება განსხვავებული პროფესიული სფეროების თითქმის ყველა სტანდარტში. საესტრადო მუსიკის პროფესიონალის სტანდარტები რუსეთის ფედერაციის ოფიციალურ დოკუმენტებშიც კი ბევრად დეტალურადაა აღწერილი. მართალია, რაც უფრო დიდი მოცულობისაა მსგავსი დოკუმენტი, მით უფრო ხშირად ვარდება უხერხულ მდგომარეობაში მისი მკითხველი, მაგრამ მცირე მოცულობასაც თავისი მინუსები აქვს: სავარაუდოდ, არაფერი დაშავდებოდა, ჩვენს პროფკავშირებს და საგანმანათლებლო დაწესებულებებს ერთი საყოველთაო, უნივერსალური პროფესიული სტანდარტი რომ შეემუშავებინათ ელექტრიკოსისთვის, სანახაობრივ ღონისძიებათა დიზაინერისა თუ კომპიუტერის ტექნიკოსისთვის.

ოფიციალურად, პროფესიული განათლების რეფორმის სტრატეგიული მიზანი შრომის ბაზრის მოთხოვნაზე ორიენტირებული ახალი პროფესიული განათლების სისტემის შექმნაა. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის, დავით კერესელიძის თქმით, რეფორმამ ქვეყანა კვალიფიციური პროფესიული კადრებით უნდა მოამარაგოს, რომლებიც შემდგომ შრომის ბაზრის მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ და ამ საჭიროების შესავსებად უცხოელი ექსპერტების ჩამოყვანა აღარ იქნება საჭირო. როგორც ჩანს, უმუშევრობის პრობლემის პარალელურად, თავისუფალი სამუშაო ადგილები არსებობს, კვალიფიციური მოხელე კი რთული მოსაძებნია. საკითხავი ისაა, რამდენად შეესაბამება ახალი ჩარჩოთი დაწესებული სტანდარტები დასახულ მიზნებს.

მთავარი მისია, რაც ახალ წამოწყებას ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე ეკისრება, ჩვენთან არცთუ ისე მაღალი პრესტიჟის მქონე პროფესიული განათლების პოპულარიზებაა. შესაძლოა, ამ მიმართულებით აქტიურობას მართლაც მოჰყვეს სახელობო განათლებით დაინტერესებულ პირთა რიცხვის ზრდა. თუმცა, თუ შესაბამისი სასწავლებლების კვალიფიციური პედაგოგებითა და მატერიალურ-ტექნიკური რესურსით სათანადოდ აღჭურვა ვერ მოხერხდება, მზარდი პოპულარობა უკუშედეგის მომტანიც შეიძლება აღმოჩნდეს. ადამიანები, რომლებიც გადაწყვეტენ, რომ უღირთ, გარკვეული დრო და სახსრები პროფესიულ განათლებაში ჩადონ, მომავალი დასაქმების იმედით, დიდი შანსია, გაწბილებულნი დარჩნენ. შრომის ბაზარი, შესაძლოა, მზად არ აღმოჩნდეს ახალ სფეროებში ერთბაშად შემოდინებული სერტიფიცირებული სპეციალისტების სამუშაოთი უზრუნველსაყოფად. ანაც ამ ადამიანების კვალიფიკაცია - ნაქები სტანდარტების მიუხედავად - ისევ დამაკმაყოფილებელ ნიშნულს ქვემოთ დარჩეს. საბოლოოდ აღმოჩნდება, რომ დაბალი პრესტიჟის მიზეზი არა პროფესიული სტანდარტების არარსებობაში, არამედ სასწავლებელთა დაბალ დონეში უნდა გვეძებნა. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ისიც, აქვთ თუ არა შესაბამისი მოთხოვნილება დამქირავებლებს. თუ რომელიმე სპეციალობა, ვთქვათ, ამფეთქებლობა, რეგულირებული პროფესია გახდება და ამფეთქებლად მუშაობას არადიპლომირებული პირი ვერ შეძლებს, ასეთ შემთხვევაში, ამ კონკრეტულ სფეროში მართალია, ხელოვნურად, მაგრამ გაჩნდება მოთხოვნილება პროფესიულ სტანდარტზე და მის დამადასტურებელ დოკუმენტზე. მაგრამ საეჭვოა, დამსაქმებლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდეს, ფლობს თუ არა ამ დიპლომს ჯაზის შემსრულებელი ან ტანსაცმლის დიზაინერი. თუმცა ეს მთავარი პრობლემა არ არის: იმისდა მიუხედავად, შემუშავდება სტანდარტები ბაზრის მოთხოვნილებების საფუძვლიანი კვლევის შედეგებზე დაყრდნობით თუ არა, გაზრდილი რეგულაციები უკვე თავისთავად პრობლემას წარმოადგენს.

ზოგადად, რა მიზანს ისახავს სახელმწიფოს მიერ სტანდარტის დაწესება? ეს შეიძლება იყოს მომსახურებისა და პროდუქტის უვნებლობის, ან მისი ხარისხის გარკვეული დონის უზრუნველყოფა. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების შემდეგ სტანდარტების ქართული კანონმდებლობა მომსახურებისა და პროდუქტის უვნებლობაზეა მიმართული. რაც შეეხება ხარისხს, მისი დონის რეგულაციას თავისუფალი ბაზარი - სახელმწიფოს ჩარევის, კონტროლისა და მზარდი ბიუროკრატიის გარეშე - თავადაც ახერხებს. კანონმდებლობა ისედაც იცავს მომხმარებელს: ხარისხთან დაკავშირებით მისი შეცდომაში შეყვანა განიხილება, როგორც ჩვეულებრივი თაღლითობა. დამატებითი კანონები და რეგულაციები ამის პრევენციისთვის საჭირო აღარაა.

0x01 graphic

ილუსტრაცია: სოფო კირთაძე

გარდა ამისა, ყოველთვის არსებობს რისკი, რომ დადგენილმა სტანდარტებმა ბაზარზე თავისუფალ კონკურენციას შეუშალონ ხელი. რეგულირებადი ინდუსტრიის შემთხვევაში არასოდეს ვართ დაზღვეული შემდეგისაგან: მარეგულირებელ ორგანოს, რომელიც სტანდარტების დაწესების პრეროგატივას ფლობს, შეუძლია, საკუთარი მიზნებიდან გამომდინარე, რეგულაციები გარკვეულ მოთამაშეებს მოარგოს, სხვა მოთამაშეებს კი ბაზარზე შესვლის ბარიერი დაუწესოს, ან ბიზნესის კეთება გაუძვიროს.

განათლების საერთო სისტემის შექმნას და კვალიფიკაციათა ჩარჩოს მასობრივ დანერგვას აქტიურად ევროკავშირი კურირებს. განათლების ხარისხის განვითარების ცენტრში აცხადებენ, რომ ქართული რეფორმა პროფესიული განათლების სფეროში ევროპულის ანალოგია და ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოც ზუსტად იმეორებს ევროპაში დამკვიდრებულ „სიცოცხლის მანძილზე“ რვასაფეხურიან განათლებას. ევროპული ჩარჩოს მოთხოვნები ჯერჯერობით კავშირის წევრ სახელმწიფოთა უმრავლესობაშიც არაა ძალაში შესული. იმ ქვეყანათა შორის, რომლებმაც ეს სისტემა უკვე დანერგეს, საფრანგეთი და გაერთიანებული სამეფო არიან. ევროკავშირის რეკომენდაცია იყო ისიც, რომ 2010 წლის ბოლომდე საქართველოს, სულ ცოტა, 50 პროფესიული სტანდარტი შეემუშავებინა. როგორც ვხედავთ, ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემა ამ კუთხით საკმაოდ პროდუქტიული აღმოჩნდა. ოპტიმისტური გათვლებით, მსგავსი ნაბიჯები ადამიანთა ერთი ქვეყნის საგანმანათლებლო სივრციდან მეორეში გადასვლას გააადვილებს. მაგალითად, თუ საქართველოში გაცემული პროფესიული დიპლომი აღიარებული იქნება ევროკავშირში, ქართველი მასაჟისტი, რომელიც პროფესიული სტანდარტის შესაბამისად, ფლობს უნარს, „პრობლემურ ან ფორსმაჟორულ სიტუაციაში იაზროვნოს მიზეზშედეგობრივი კატეგორიებით, გადაწყვეტილება მიიღოს ეფექტურად და სწრაფად, სწორად შეარჩიოს და ჩაატაროს მანუალური მანიპულაცია“, ევროპაში სწავლას ავტომატურად შემდეგი საფეხურიდან განაგრძობს.

ევროკავშირის ქვეყნები თვითონაც არ უჩივიან დახელოვნებული ცეკვის პედაგოგის თუ ექთნის სტანდარტების ნაკლებობას. საქმე ის არის, რომ ევროპული კეთილდღეობა და სიმდიდრე, რომელიც ჩვენ გვხიბლავს, დღეს არსებული სოციალური მოდელის დამსახურება არ არის. შესაბამისად, მისი კოპირება ავტომატურად თანაბარ კეთილდღეობას არ ნიშნავს. ევროპასთან ჰარმონიზაცია საგანმანათლებლო სისტემის ლიბერალიზაციას, დერეგულირებას და პრივატიზაციას უნდა გულისხმობდეს და არა სახელმწიფო როლის ზრდას. მსგავსი „ფუფუნების” უფლება საქართველოს არ აქვს. მით უმეტეს, რომ თანამედროვე გლობალიზებულ სამყაროში არსებული კონკურენცია მაღალ გადასახადებს, ხარჯებსა და რეგულაციებს არ გვაპატიებს: კაპიტალი წავა იქ, სადაც ნაკლები წნეხი და მეტად პროგნოზირებადი გარემოა.

განათლების სფერო გამონაკლისი არ არის. თუ სხვაგან ხარისხზე ზრუნვას თავისუფალ ბაზარს, ანუ საერთო ჯამში - მომხმარებელს ვანდობთ და ეს მექანიზმი უფრო წარმატებულად მუშაობს, ვიდრე ალტერნატიული, იგივე მოხდება განათლების შემთხვევაშიც. ეს მაშინ, როცა, არსებული მდგომარეობით, საგანმანათლებლო ბიზნესგარემო საქართველოში არსებულ ეკონომიკური აქტივობის სხვა სფეროებთან შედარებით, ყველაზე ნაკლებ ლიბერალურია - მაღალია კონტროლი, რეგულაციები და ბიუროკრატია. პროფესიული სტანდარტები ამ მიმართულებით გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. სჯობს, კომიკურ სიტუაციაში არ აღმოვჩნდეთ და ერთ დღესაც, ცოცხალი შესრულებისთვის დარბაზის დათმობაზე უარი არ ვუთხრათ ჩიკ კორეას, ჰერბი ჰენკოკს ან ჯონ ზორნს. ვინ იცის, ეგებ პროფესიული სტანდარტის დამადასტურებელ საბუთს არ ფლობენ.

12 ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი non progredi est regredi

▲ზევით დაბრუნება


ეკონომიკა

ეკონომიკურად თავისუფალ საზოგადოებაში ყოველ ადამიანს აქვს სრული უფლება, საკუთარი შეხედულებისამებრ და თავისუფალი არჩევანის პირობებში, საკუთარ მიზნებს მიაღწიოს. სახელმწიფო მის საქმიანობასა და არჩევანში არ ერევა.

რამდენად ასრულებს ამ პირობებს მსოფლიოს 183 ქვეყანა და, მათ შორის, საქართველო, ამას საერთაშორისო ფონდი Heritage, 1995 წლიდან ყოველწლიურად იკვლევს. 2011 წლის კვლევის შედეგები გავლენიანი გამოცემის The Wall Street Journal-ის ფურცლებზე სულ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა. საქართველო 70.4 ქულით მსოფლიოში 29-ე, ევროპაში კი - მე-15 ადგილზეა.

ეკონომიკური თავისუფლების კვლევის ათი პარამეტრიდან - ბიზნესის, ვაჭრობის, ფისკალური, მონეტარული, საინვესტიციო, ფინანსური, შრომისა და კორუფციისგან თავისუფლება, ასევე, მთავრობის ზომა და კერძო საკუთრების დაცულობა - საქართველო მხოლოდ 2 პარამეტრის (მთავრობის ზომა, კერძო საკუთრების დაცულობა) მიხედვით ჩამორჩება (3.3 ქულით) მსოფლიო საშუალ

ო მაჩვენებელს, დანარჩენი 8 პარამეტრის მიხედვით კი 17.6 ქულით წინაა. შარშანდელთან შედარებით, საქართველოს საერთო ქულა უცვლელია, თუმცა მისი პოზიცია მსოფლიო რეიტინგში 3 ადგილით გაუარესდა. ბიზნესის, ფისკალური, შრომის თავისუფლებისა და მთავრობის ხარჯების პარამეტრები, შარშანდელთან შედარებით, საშუალოდ 2.2 ქულით შემცირდა. ამ გაუარესების უდიდესი წილი (-5.0) სამთავრობო ხარჯების ზრდაზე მოდის. კვლევის შეფასებით, 2010 წლის განმავლობაში მთავრობის ზომა მშპ-ს 36.4%25-მდე გაიზარდა. საბიუჯეტო დეფიციტის პიკი - 9.3%25 იყო, ხოლო ვალმა მშპ-ს 30%25-ს გადააჭარბა. პარალელურად, სახელმწიფო კუთვნილებაში არსებული ქონების პრივატიზების ტემპიც მნიშვნელოვნად შენელდა. მთავრობის ზომის პარამეტრის მიხედვით, საქართველოს თავის ყველა უშუალო მეზობელთან შედარებით - სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი და რუსეთი - უარესი მდგომარეობა აქვს: მეზობელი ქვეყნები საქართველოს საშუალოდ 10.9 პუნქტით უსწრებენ. ევროპის რეგიონში საქართველოზე უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ 7 ქვეყანას, მათ შორის, შვეიცარიას აქვს. მათგან სამი - სომხეთი, თურქეთი, რუსეთი საქართველოს უშუალო მეზობელია. დანარჩენ 36 ქვეყანას საქართველო საშუალოდ 21.2 პუნქტით უსწრებს, მათ შორის, დანია, გაერთიანებული სამეფო, გერმანია, ლატვია, ბულგარეთი, ბელარუსი, უკრაინა.

საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის დინამიკა

0x01 graphic

ვაჭრობის, მონეტარული და კორუფციისგან თავისუფლების პარამეტრები საშუალოდ 2.9 პუნქტით გაუმჯობესდა. ამ გაუმჯობესების უდიდესი წილი (+6.5) მონეტარულ თავისუფლებაზე მოდის. კვლევის შეფასებით, პროდუქციაზე ფასებს ძირითადად ბაზარი განსაზღვრავს, თუმცა იყო შემთხვევებიც, როცა სახელმწიფომ ფასების კორექტირება მისსავე საკუთრებაში არსებული საწარმოების მეშვეობით განახორციელა. კვლევის შეფასებით, საქართველო ენერგეტიკისა და სოფლის მეურნეობის სექტორების სუბსიდირებასაც აგრძელებს. ამ პარამეტრის მიხედვით, საქართველოს თავის ყველა უშუალო მეზობელ ქვეყანასთან შედარებით უკეთესი მდგომარეობა აქვს: მეზობელ ქვეყნებთან შედარებით საშუალოდ 4.5 ქულით წინაა. საშუალოდ 4.9 ქულით უსწრებს ევროპის რეგიონის 15 ქვეყანას, მათ შორის, ბალტიის უმეტეს ქვეყნებს, ბელარუსსა და უკრაინას. ევროპის რეგიონის 27 ქვეყანას, მათ შორის, შვეიცარიას, გერმანიას, პოლონეთს, მოლდოვას, საქართველო საშუალოდ 4.6 პუნქტით ჩამორჩება.

ეკონომიკური თავისუფლების შედარებითი ანალიზი

0x01 graphic

შარშანდელთან შედარებით, უცვლელი რჩება საინვესტიციო და ფინანსური თავისუფლებისა და საკუთრების უფლებების პარამეტრები. მათგან ყველაზე პრობლემური ისევ საკუთრების უფლებებია (40). კვლევის შეფასებით, საკუთრების უფლებების დაცვის მხრივ მთავარი პრობლემა სასამართლო სისტემის გაუმართაობა და მისადმი ნაკლები ნდობაა. განსაკუთრებით დაუცველი კი - კერძო და ინტელექტუალური საკუთრებაა. ამ პარამეტრის მიხედვით, თავისი უშუალო მეზობლებიდან საქართველოზე წინ მხოლოდ თურქეთია (10 პუნქტით). ევროპის რეგიონში საქართველოზე წინ, საშუალოდ 33.2 პუნქტით, 29 ქვეყანაა, მათ შორის, შვეიცარია, გაერთიანებული სამეფო, გერმანია. 5 ქვეყანას - სერბეთი, მოლდოვა, ხორვატია, მონტენეგრო, რუმინეთი - აქვს ზუსტად საქართველოს ტოლი - 40 ქულა. 8 ქვეყანა, მათ შორის, ბულგარეთი, ბელარუსი და უკრაინა, საქართველოს საშუალოდ 10.6 პუნქტით ჩამორჩება.

0x01 graphic

ეკონომიკური თავისუფლების კვლევა აჩვენებს, რომ ქვეყნის ეკონომიკური წარმატებისთვის აუცილებელი არ არის დიდი გეოგრაფიული არეალი ან მდიდარი ბუნებრივი რესურსები. ეკონომიკური თავისუფლების პირობებში, ინდივიდუალური თავისუფლება იზრდება. ეს საფუძველს უყრის მდგრად განვითარებასა და კოლექტიურ ბედნიერებას. ქვეყნები, სადაც თავისუფლებაა, საკუთარი ხალხისთვის უკეთეს მომავალს ქმნიან.

13 საბიუჯეტო ხარჯების შემცირება პოლიტიკურ თვითმკვლელობას არ ნიშნავს

▲ზევით დაბრუნება


ეკონომიკა

ელენე კვანჭილაშვილი

ქამრების მოჭერა რომ პოლიტიკური ხარაკირის ტოლფასია, ამის ბევრს სჯერა - პირველ რიგში თავად პოლიტიკოსებს. საზოგადოდ გავრცელებულია შეხედულება, რომ მთავრობა, რომელიც საბიუჯეტო დეფიციტს მკვეთრად ამცირებს, მომდევნო არჩევნებზე მკაცრად ისჯება: ამომრჩეველი ხმას სხვას აძლევს. თუმცა კვლევებით ეს მოსაზრება არ დასტურდება. მეტიც, მათი უმეტესობა იმაზე მიუთითებს, რომ ხელგაშლილი ფისკალური პოლიტიკის გამტარებელი მთავრობები საშუალოზე მეტად აგებენ არჩევნებს.

არჩევნების შედეგებზე ფისკალური ხელმომჭირნეობის ეფექტის უახლესი კვლევა ჰარვარდის, კალიფორნიისა და ნიუ იორკის უნივერსიტეტების მკვლევრებმა ჩაატარეს. ავტორებმა შეისწავლეს OECD-ის 19 მდიდარი ქვეყნის ფისკალური ისტორია 33 წლის მანძილზე (1975-2008). კვლევა აქცენტს აკეთებს იმ შემთხვევებზე, როცა მოცემულ პერიოდში, ამ ქვეყნებმა საბიუჯეტო დეფიციტი, სულ მცირე, მშპ-ს 1.5%25-ით მაინც შეამცირეს.

ავტორებმა გააანალიზეს ამ პერიოდში OECD-ის ამ ქვეყნებში გატარებული ფისკალური კონსოლიდაციის ყველაზე მკაცრი 10 და შემდეგ - 5 ეპიზოდი. სიაში ის ქვეყნებიც მოხვდნენ, ვისაც გლობალური ფინანსური კრიზისის შედეგადაც მოუწიათ ქამრების საგრძნობლად მოჭერა - მაგალითად, ბრიტანეთი, ირლანდია, იტალია და პორტუგალია.

ავტორებმა ფისკალური პოლიტიკის გამკაცრება დაუკავშირეს არჩევნებს, რომელიც მკაცრი პოლიტიკის პერიოდში ან მის დასრულებამდე 2 წლის განმავლობაში იმართებოდა. აღმოჩნდა, რომ ამ პერიოდში სულ 19 ასეთი არჩევნები გაიმართა. ამათგან მხოლოდ 7 ანუ 37%25 მთავრობის შეცვლით დასრულდა. მკაცრი ფისკალური პოლიტიკით გამორჩეული მთავრობების არჩევნებში გამარჯვების სიხშირე საშუალო მაჩვენებელს დიდად არ ჩამოუვარდებოდა: 1957-2008 წლებში მდიდარ ქვეყნებში გამართული ყველა არჩევნების ანალიზმა აჩვენა, რომ მთავრობების 40%25-მა ყველა ეს არჩევნები წააგო.

სულ ამ პერიოდში, 19 მდიდარ ქვეყანაში საბიუჯეტო დეფიციტის მშპ-ს 1.5%25-ით შემცირების 60 შემთხვევა იყო. აქაც, მთავრობების მიერ არჩევნების წაგების მაჩვენებელი - დაახლოებით 40%25-ია.

როგორც გამოჩნდა, ფისკალური კონსოლიდაცია პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი სულაც არ არის. აქ ჩნდება კითხვა: მაინც რა გზით ჯობს დეფიციტის შემცირება?

CATO ინსტიტუტის კვლევის მიხედვით - რომელიც გუბერნატორებს ფისკალურ გადაწყვეტილებებში ნიშნებს უწერს - ოროსანი გუბერნატორები ფრიადოსნებს სჭარბობენ. ოროსანი გუბერნატორები, როგორც წესი, დეფიციტის შესამცირებლად გადასახადების გაზრდას ირჩევენ. ფრიადოსნები კი, პირიქით, გადასახადებსაც ამცირებენ და ხარჯებსაც. კვლევა აჩვენებს, რომ რესპუბლიკელები ფისკალურად უფრო პასუხისმგებლიანები არიან, ვიდრე დემოკრატები: ხარჯების შემცირების მხრივ, საშუალოდ მათი ქულა 100-დან 53-ია, დემოკრატებისა - 48. შემოსავლების ზრდის მიხედვითაც, რესპუბლიკელები 62 ქულით ლიდერობენ. იგივე მაჩვენებელი დემოკრატებისთვის 42 ქულაა.

ქამრების მოჭერა ანუ ხარჯების შემცირება, ან გადასახადების გაზრდა დეფიციტის შემცირების ორი ყველაზე გავრცელებული გზაა. არჩევნების შედეგებზე ფისკალური ხელმომჭირნეობის ეფექტის მკვლევრებიც ფისკალური კონსოლიდაციის 10 ყველაზე გამორჩეულ ეპიზოდს სწორედ ამ გზების მიხედვით აანალიზებენ.

ირლანდიამ 1986-1989 წლებში, კანადამ 1993-1997 წლებში, ფინეთმა 1993-1998 წლებში, ბელგიამ 1982-1987 წლებში და შვედეთმა 1994-2000 წლებში ხარჯები უფრო შეამცირა, ვიდრე გადასახადები გაზარდა. კვლევა აჩვენებს, რომ ხარჯების შემცირების შემთხვევაში, მთავრობებმა არჩევნების მხოლოდ 20%25 წააგეს. იგივე მაჩვენებელი იმ მთავრობებისთვის, ვინც დეფიციტის შესამცირებლად გადასახადების ზრდის გზა აირჩია, 56%25-ია. ამომრჩეველს, როგორც ჩანს, ხარჯების შემცირების გზა უფრო მოსწონს, ვიდრე გადასახადების გაზრდა: პირველი გზა ამცირებს სახელმწიფოს მხრიდან კერძო ეკონომიკური აქტივობის მატერიალური შედეგების უზურპაციას; მეორე - იტაცებს კერძო ქონებას, აფერხებს კაპიტალის დაგროვებას და შესაბამისად, ეკონომიკურ ზრდას.

0x01 graphic

ეკონომიკური მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების პირობებში, ფისკალური კონსოლიდაცია ერთადერთი გამოსავალი ხდება. უახლესმა ფინანსურმა კრიზისმა კრიზისის ჰიპოთეზა კიდევ ერთხელ დაამტკიცა: ევროპის ისტორიაში ძალიან დიდი ხნის შემდეგ, ხელისუფლებაში კონსერვატორები მოვიდნენ. არჩევნებში მათი გამარჯვება სწორედ მკაცრმა ფისკალურ-პოლიტიკურმა პლატფორმამ გამოიწვია.

მაშინ რატომ გაურბიან პოლიტიკოსები ხარჯების შემცირებას?

სულ მცირე ორი მიზეზი მაინც არსებობს. პირველი, ხელისუფლებას უბრალოდ არ სურს რისკის გაწევა. ამიტომ ფრთხილად იქცევა და ურჩევნია, ფისკალური რეფორმა დროებით გვერდზე გადადოს. მეორე, ფისკალურმა რეფორმამ შეიძლება კონკრეტული ინტერესჯგუფების უკმაყოფილება და ხანგრძლივი საპროტესტო აქციები გამოიწვიოს.

სპეციალური ჯგუფები საკუთარ ინტერესებს სახელმწიფოს მეშვეობით ატარებენ. მათთან თანამშრომლობით ხშირად თავად სახელმწიფო მარეგულირებელი ორგანოები არიან დაინტერესებულნი. ხშირად სახელმწიფო ორგანო, რომელიც ზოგადად საჯარო ინტერესების სამსახურისთვის იქმნება, თვითონ ცდილობს პოლიტიკური, კომერციული ან სხვა სარგებელი ნახოს იმ სექტორის ან ინდუსტრიისგან, რომლის რეგულირებაც ევალება.

ამ მიზნების მისაღწევად, ფართო ამომრჩეველზე მეტად ეფექტიანი კერძო ან სპეციალური ინტერესების მატარებელი ჯგუფები არიან. ასეთ ჯგუფებს, როგორც წესი, არ აკლიათ არც ორგანიზება და არც რესურსები. ადვილია მათი მობილიზება. ამასთან, პოლიტიკურად არ პასიურობენ - აქტიურობენ არჩევნებში, აფინანსებენ საარჩევნო კამპანიებს, ლობირებენ და ინიცირებას უკეთებენ კანონმდებლობას. საზოგადოების დიდ სეგმენტებს კი, პირიქით, გაბნეული ინტერესები აქვთ, იშვიათად იღებენ მონაწილეობას არჩევნებში, იშვიათად ან საერთოდ არ არიან ორგანიზებულები, მათი მობილიზება რთულია და ხშირად ფინანსური რესურსებიც არ გააჩნიათ.

ამდენად, ფართო ამომრჩევლის ინტერესები იწირება: სახელმწიფო ორგანო ატარებს მხოლოდ იმ პოლიტიკას, რომელიც მოსახლეობის ძალიან ვიწრო სეგმენტს არგია. ეს განსაკუთრებით თვალშისაცემია მაშინ, როცა სპეციალური ინტერესის ჯგუფების მიერ ლობირებული კანონმდებლობა ცვლის ან უგულებელყოფს იმ მიზნებს, რის გამოც სახელმწიფო მარეგულირებელი ორგანო შეიქმნა.

კერძო ინტერესების მიერ სახელმწიფო რეგულაციის უზურპაცია შესაძლებელი ხდება - რადგან ის ჯგუფები ან ინდივიდები, რომლებზეც სახელმწიფოს გადაწყვეტილებები მნიშვნელოვნად მოქმედებს, საკუთარ რესურსებსა და ენერგიას ახმარენ მათთვის სასარგებლო შედეგების მიღწევას. უბრალო მოქალაქეებს კი, მხოლოდ ორი არჩევანი აქვთ - გადაწყვეტილებების იგნორირება ან სახელმწიფოზე ზეწოლა - მაგალითად, დემონსტრაციების ან მიტინგების გზით.

ეს რისკი იმაზე მიუთითებს, რომ მარეგულირებელი ორგანოები ან დაცულები უნდა იყვნენ გარე გავლენისგან ან საერთოდ არ უნდა არსებობდნენ: მხოლოდ კერძო ინტერესების დამცველ სახელმწიფო ორგანოს, ბევრად უფრო მეტი უბედურება მოაქვს, ვიდრე ზოგადად, რეგულირების არარსებობას.

14 ინფლაცია კლავს

▲ზევით დაბრუნება


ტაბულა|ფოკუსი

მიშა თავხელიძე

0x01 graphic

არა, ეს გზა სინგაპურამდე ვერ მიგვიყვანს! მე იმის მეშინია, საერთოდ უკან არ დავბრუნდეთ.

2010 წლის მხოლოდ ბოლო სამი თვის განმავლობაში სინგაპურის ეკონომიკა იმდენად გაიზარდა, რამდენადაც საქართველოს ეკონომიკა მთელი წლის განმავლობაში (7 პროცენტზე ოდნავ ნაკლებით).

საქართველოს რეალური (ანუ ინფლაციაგამოკლებული) მთლიანი შიდა პროდუქტი გაიზარდა 6 პროცენტზე ოდნავ მეტით. სინგაპურისა კი - თითქმის 15-ით.

გასული წლის მხოლოდ ნოემბერში სინგაპურში იმდენი ადამიანი ჩავიდა, რამდენიც საქართველოში - მთელი წლის განმავლობაში (დაახლოებით მილიონი).

ერთადერთი, რაშიც სინგაპურს გავუსწარით, ინფლაციაა: სინგაპურში 3 პროცენტი, ჩვენთან - დაუჯერებელი 11.7! ასეთი მაღალი ინფლაცია საქართველოს 2007 წლის მერე არ უნახავს. სწორედ ეს ინფლაციის ზრდა არის, მე რომ მაშინებს.

ინფლაცია ფულის გაუფასურებაა, ანუ როცა ერთი და იგივე პროდუქტი დღეს უფრო მეტი ღირს, ვიდრე გუშინ. მაგალითად, შარშან ლუდი რომ 3.5 ლარი ღირდა, დღეს 4.30-ია; ყველი: შარშან - 6 ლარი, წელს - 9. ან, სხვანაირად რომ შევხედოთ, - ინფლაციაა, როცა ერთი და იგივე რაოდენობა ლარებით გასულ წელთან შედარებით ნაკლები რაღაცის ყიდვა შეიძლება. მაგალითად, როცა შარშან ტაქსი 4 ლარად საბურთალოდან რუსთაველზე წაგიყვანდა, წელს კი - მხოლოდ ვერაზე მიგიყვანს.

ინფლაცია ადამიანის ნორმალური ცხოვრებისთვის აუცილებელი ასეთი პროდუქტებისგან და მომსახურებისგან შემდგარ ვირტუალურ კალათაზე დაკვირვებით იზომება. ამ კალათაში უფრო მეტი წონა იმ პროდუქტებს აქვთ, რომელთა მოხმარებაზე უარის თქმა რთულია (მაგ. პური, ხორცი, ელექტროენერგია). მათზე ფასების ზრდა, დანარჩენებზე მეტად აუფასურებს ფულს.

ფასების ზრდას რამდენიმე მიზეზი შეიძლება ჰქონდეს: გადასახადების გაზრდა, მსოფლიო ბაზარზე ფასების მატება და ეროვნული ბანკის მიერ ფულის ბეჭდვა. საქართველოს შემთხვევაში სამივესთან ერთად გვაქვს საქმე.

შარშან საქართველოში გაიზარდა გადასახადები და საბაჟო განაკვეთები ზოგიერთ არაპირველადი მოხმარების პროდუქტზე. გარდა ამისა, მსოფლიო ბაზარზე გაიზარდა ხორბლის ფასი. სწორედ ამ უკანასკნელით ხსნის ჩვენი მთავრობა და ეროვნული ბანკი წლევანდელ ორნიშნა ინფლაციას და, მინდა გითხრათ, რომ ბოლომდე სიმართლეს არ ამბობს.

ამას ერთი მარტივი დაკვირვება ადასტურებს. სომხეთში, ისევე როგორც საქართველოში, შარშან გადასახადები გაიზარდა. ისევე, როგორც საქართველოში, სომხებიც მოიხმარენ იმპორტულ ფქვილს. სომხეთში წელს ინფლაცია იყო საქართველოზე 2-ჯერ ნაკლები. მიზეზი? სომხეთის მთავრობა და ეროვნული ბანკი საქართველოსაზე უფრო დისციპლინირებულია.

ეროვნული ვალუტის მსყიდველუნარიანობას მთლიანად ქვეყანაში წარმოებული პროდუქტის ან სერვისის მიმოქცევაში მთლიანად არსებული ფულის რაოდენობასთან თანაფარდობა განსაზღვრავს. თუ პროდუქციის მოცულობა იზრდება და ფულის მასა იგივე რჩება, მსყიდველუნარიანობა იზრდება (დეფლაცია), თუ პირიქით - მცირდება (ინფლაცია).

0x01 graphic

დიდი დეპრესია. აშშ
ყველა ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი

გასულ წელს საქართველოში ფულის მასა 3-ჯერ უფრო სწრაფად გაიზარდა, ვიდრე პროდუქციის ან მიწოდებული სერვისის მოცულობა. ამიტომაც არის, რომ სინგაპურსაც და სომხეთსაც გავუსწარით!

ამ საეჭვო რეკორდის შემოქმედი პირველ რიგში ჩვენი ეროვნული ბანკია - საქართველოში ფულს ის აწარმოებს. ჭარბი ფულის მთავარი მომხმარებელი კი მთავრობაა, რომელიც ამ ფულით ბიუჯეტის დეფიციტს აფინანსებს.

ერთ-ერთი მექანიზმი ზოგადად ასე გამოიყურება: ეროვნული ბანკი აძლევს ფულს კომერციულ ბანკებს (ე.წ. რეფინანსირების სესხების მეშვეობით), რომელსაც ისინი უფრო მაღალი საპროცენტო განაკვეთით მთავრობას ასესხებენ. როცა ამბობენ, რომ მთავრობა ფულს ბეჭდავს, სწორედ ამ მექანიზმს გულისხმობენ. სხვათა შორის, ეს ქართული ნოუ-ჰაუ არ არის: ბარაკ ობამას ადმინისტრაცია იმავეს აკეთებს საკუთარი ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად.

სხვა სიტყვებით, ეროვნულმა ბანკმა კანონით დადგენილი საკუთარი პირდაპირი მოვალეობა (ინფლაციის კონტროლი) ვერ ან არ მოახერხა. მთავრობამ კი იმაზე მეტი დახარჯა, რაც ჰქონდა. ეს არის ჩვენსა და სინგაპურს შორის მთავარი განსხვავება. როგორც ვთქვი, იქ მთავრობა უფრო დისციპლინირებულია.

შექმნილი სიტუაცია მოკლევადიან პერსპექტივაში რამდენიმე რისკის მატარებელია. პირველ რიგში მოსახლეობაში ინფლაციური მოლოდინები მოიმატებს - ყველამ „ვიცით“, რომ ფასები მალე კიდევ გაიზრდება, ამიტომ ჯობია, რომ ჩვენ მიერ წარმოებული პროდუქტის ფასი ჩვენვე დღესვე გავზარდოთ. მაგალითად, წელს მოვითხოვოთ მეტი ხელფასი. სწორედ ამას ცდილობენ (ინსტინქტურად) სამარშრუტო ტაქსების მძღოლები, რადგან გრძნობენ, რომ ლარების იმავე რაოდენობით, რასაც დღეს აკეთებენ, ხვალ ოჯახისთვის იმავე რაოდენობის ყველს ვეღარ იყიდიან.

მეორე ის არის, რომ ლარისადმი ნდობა კიდევ უფრო დავარდება. ვის რად უნდა ეროვნული ვალუტა, თუ მისი მსყიდველუნარიანობა დოლარზე ან ევროზე უფრო სწრაფად ეცემა? ეროვნული ბანკის მიერ გასული წლის დასაწყისში გამოცხადებული „ლარიზაციის” პროგრამაც ალბათ დავიწყებას მიეცემა.

დაბოლოს, მაღალი ინფლაცია ტურიზმს ავნებს. საქმე ისაა, რომ ეროვნულ ბანკს ასე თუ ისე მყარად უჭირავს ლარის კურსი. ამ ვითარებაში, თუ რაიმეს ყიდვას მეტი ლარი სჭირდება, შესაბამისად დასჭირდება უცხოელი ტურისტის კუთვნილი მეტი დოლარიც. ჩემი შეფასებით, თუ ინფლაცია არ მოვთოკეთ, იგივე, რაც შარშან ზაფხულში ტურისტისთვის 100 დოლარი ღირდა, წელს 125 დოლარი ეღირება. დასვენების ღირებულების ასეთი გაძვირება რომ ტურისტების ნაკადის ზრდას არ გამოიწვევს, მგონი, ცხადია.

0x01 graphic

დიდი დეპრესია. აშშ

გრძელვადიან პერსპექტივაში ინფლაცია კიდევ უფრო საშიშია. ის აფერხებს ეკონომიკურ ზრდას, რადგან კრედიტს აძვირებს და ბიზნესის მომგებიანობას “ჭამს” და, სამაგიეროდ, ზრდის სოციალურ დაძაბულობას, რადგან საშუალო ადამიანისთვის სულ უფრო და უფრო ძნელი ხდება მანამდე არსებული ცხოვრების დონის შენარჩუნება, ანუ, რასაც ჩვენთან ეძახიან, ოჯახის რჩენა. შედეგად, საზოგადოება საკუთარი დროის უფრო მეტს უთმობს დოვლათის გადანაწილებისკენ მიმართულ ძალისხმევას. საქართველოსთვის ორივე დამღუპველია, რადგან ეკონომიკური ზრდა და კეთილდღეობა ჩვენი დამოუკიდებლობის შენარჩუნების ერთადერთი საშუალება და გარანტიაა: ან სინგაპურის გზით ვივლით, ან საერთოდ ვერ ვივლით!

სინგაპურის გზით სვლა ამ შემთხვევაში მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს: მთავრობა უნდა იყოს დისციპლინირებული და არ უნდა ხარჯოს იმაზე მეტი, რაც შემოსავალი აქვს. მაგრამ, მხოლოდ მთავრობისა და ეროვნული ბანკის პატიოსანი სიტყვის იმედზე რომ არ ვიყოთ, ჩემი წინადადება იქნებოდა საქართველოში მულტისავალუტო რეჟიმის დაშვება და ლარის, როგორც ერთადერთი საგადამხდელო საშუალების, მონოპოლიის გაუქმება. აქამდე საქართველოში დოლარითაც რომ შეიძლებოდეს ანგარიშსწორება, ინფლაციის ეს პრობლემა არ გვექნებოდა და ჩემი ამხელა ტექსტის დაწერაც არ იქნებოდა საჭირო.

15 ინფლაცია 2010

▲ზევით დაბრუნება


ტაბულა|ფოკუსი

0x01 graphic

ზურა ჯაფარიძე

2010 წლის დეკემბრისთვის საქართველოში ინფლაციამ 11%25-ს გადააჭარბა. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ სწორედ ინფლაცია წარმოადგენს 2010 წლის ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემას და 2011 წლისთვის ინფლაციის შეჩერება და დაბალ ნიშნულამდე დაყვანა მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება. ამავდროულად არაერთხელ დასახელდა ინფლაციის მიზეზები და ის ე.წ. ეგზოგენურ ფაქტორებს დაბრალდა. კერძოდ, რიგ შემთხვევებში ნახსენები იყო ხორბლის ფასის ზრდა საერთაშორისო ბაზრებზე, რასაც ავტომატურ რეჟიმში მოჰყვა ფასების ზრდა სხვა სასიცოცხლო მნიშვნელობის პროდუქტებზე. რიგ შემთხვევებში კი ინფლაცია ახსნილი იქნა, როგორც ნავთობზე ფასების ზრდის თანმდევი და გარდუვალი პროცესი. სხვა პროდუქტების დასახელებებმაც გაიჟღერა, თუმცა ყველა შემთხვევაში არგუმენტაცია ერთ ხაზს მიჰყვებოდა - ჩვენ მნიშვნელოვანწილად იმპორტზე ვართ დამოკიდებული, გარკვეულ პროდუქტებზე ფასებმა მოიმატა (სადღაც შორს), შესაბამისად ჩვენთანაც გაძვირდა, შედეგად მივიღეთ მაღალი ინფლაცია, მთავრობა კი არაფერ შუაშია, რადგან, სამწუხაროდ, ინფლაციის მოთოკვის ბერკეტები არ გააჩნდა.

თავისთავად მისასალმებელია ის ფაქტი, რომ ვაცნობიერებთ რამდენად სახიფათო პრობლემაა ინფლაცია. თუმცა, თუ სწორად არ განვსაზღვრავთ პრობლემის გამომწვევ მიზეზს (ამ შემთხვევაში ასეთი მიზეზი სწორედაც რომ ერთია), ინფლაციასთან დაგეგმილი „ბრძოლა” უფრო მეტ პრობლემას შეუქმნის ქვეყნის ეკონომიკას. მსგავსი მაგალითებით, როდესაც მთავრობები ებრძვიან თვითნაკეთ ფანტომებს და ამით კიდევ უფრო აზარალებენ მოსახლეობას, სავსეა ისტორია.

რა არის ინფლაცია?

ინფლაციაზე ხშირად ისე საუბრობენ სხვადასხვა ქვეყნების მთავრობები, თითქოს ეს იყოს რაღაც ამოუცნობი ფენომენი, რომელიც სხვადასხვა მიზეზების (და მიზეზები როგორც ყოველთვის მრავალფეროვანია) გამო პერიოდულად ემუქრება ქვეყნის ეკონომიკას. რაც მთავარია, ყველა მთავრობა მას ჯიუტად და ბეჯითად ებრძვის, მაგრამ ხანდახან თავს ზევით ძალა არ არის.

სინამდვილეში ინფლაციის მიზეზი ყოველთვის არის ერთი - ფულის მასის ზრდა. და მას ყოველთვის იწვევს მთავრობა, რადგან სწორედ ქვეყნების მთავრობებს გააჩნიათ მონოპოლია ფულის ბეჭდვაზე.

როდესაც ბაზარზე იზრდება ფულის მასა, მოქალაქეებს უჩნდებათ მეტი ფული, რომელიც შეიძლება დახარჯონ პროდუქტებსა თუ მომსახურებაზე. თუ პროდუქტებისა და მომსახურების მიწოდება არ გაიზრდება, ან იმდენად არ გაიზრდება, რამდენადაც გაიზარდა ფულის მასა, მაშინ ცხადია ფასები მოიმატებს.

ადამიანი ისევე აფასებს ფულს, როგორც ნებისმიერ სხვა პროდუქტს. რაც მეტია პროდუქტის რაოდენობა, მით ნაკლებია მისი ღირებულება ადამიანის თვალში. როდესაც მოქალაქის მფლობელობაში აღმოჩნდება მეტი ფული, მისთვის თითოეული ლარის ღირებულება კლებულობს. საბოლოო ჯამში ნებისმიერი პროდუქტის ფასი ხომ ფულისა და ამ პროდუქტის გაცვლის კურსია. შესაბამისად, ფულის მასის გაზრდის შემთხვევაში ფასები მატულობს არა იმიტომ, რომ პროდუქტი დეფიციტური გახდა, არამედ იმიტომ, რომ ფული გახდა ჭარბი.

რატომ ვერ გამოიწვევდა საქართველოში ინფლაციას ხორბლის თუ ნავთობის ფასების ზრდა საერთაშორისო ბაზრებზე?

ინფლაციის სხვა, ისეთ მიზეზებზე დაბრალება, რომელთაც შეიძლება მხოლოდ დროებითი ნეგატიური ეფექტი ჰქონდეს, ისიც მხოლოდ გარკვეული ტიპის პროდუქტებზე, საკმაოდ აპრობირებული მეთოდია. ხორბალზე ფასების ზრდამ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მთლიანად იმპორტირებული იქნება, შეიძლება ფასები გაზარდოს მხოლოდ იმ პროდუქტებზე, რომელთა დასამზადებლადაც გამოიყენება ხორბალი. მაგრამ პრაქტიკულად შეუძლებელია, რომ ამან ფასების დონის ზოგადი მატება გამოიწვიოს.

გარდა ამისა, საერთაშორისო ვაჭრობის ეკონომიკურ ასპექტებში ზედმეტ წიაღსვლებს რომ თავი დავანებოთ, საქართველო არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ხორბლისა თუ ნავთობის იმპორტს ახორციელებს. სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მონაცემებით, 2010 წლისთვის ინფლაციამ ევროზონაში შეადგინა 2,2%25, ხოლო იაპონიასა და შვეიცარიაში - 0,2%25. ყველა ჩვენს მეზობელ ქვეყანაში ინფლაციის დონე საქართველოზე დაბალია. თუ მთავრობის არგუმენტაციას დავიჯერებთ, გამოდის, რომ საქართველოს მოქალაქეები ექსტრაორდინარული მონდომებით მიირთმევენ პურს და მოიხმარენ საწვავს, რადგან სხვა შემთხვევაში ხორბალზე და ნავთობზე ფასების ზრდას მეტ-ნაკლებად იდენტური გავლენა უნდა მოეხდინა ფასების დონეზე სხვა ქვეყნებშიც.

რატომ არის ინფლაცია განსაკუთრებით საზიანო და სახიფათო?

ამ კითხვაზე მარტივი პასუხი ასე ჟღერს - იმიტომ, რომ ბევრ, სხვადასხვა ტიპის პრობლემას წარმოშობს. ინფლაცია ამცირებს ლარის ღირებულებას (თუ ლარად შეგეძლოთ გეყიდათ 2 ვაშლი, ახლა იყიდით ნაკლებს), „აძვირებს” ცხოვრებას, კიდევ უფრო აღატაკებს მოსახლეობის ღარიბ ნაწილს (ახალი ფულის მასა ბაზარზე ერთიანად არ შემოდის და თანაბრად არ ნაწილდება. ახალი ფული ჯერ ხვდება ერთი სოციალური ჯგუფის ხელში, რომელიც ხარჯავს მას პირველი და რჩება მოგებული, რადგან ბაზარი ჯერ არ არის გაჯერებული ახალი ფულით და ფასები ისევ პირვანდელ მდგომარეობაშია. შემდეგ ახალი ფულის მასა ინაცვლებს სხვა ჯგუფების ხელში, რომლებიც ასევე ხარჯავენ მას სხვადასხვა პროდუქტებსა თუ მომსახურებაზე. საბოლოო ჯამში ახალი ფული არ ხვდება ან ნაკლებად ხვდება მოსახლეობის ყველაზე ღარიბი ნაწილის ხელში, რომლებიც ან შემწეობაზე არიან ან, საუკეთესო შემთხვევაში, ფიქსირებულ ხელფასზე. სწორედ მათ მოუწევთ იმავე შემოსავლებით გაზრდილ ფასებთან გამკლავება), აუფასურებს დანაზოგებს (თუ გაქვთ ბანკში დანაზოგი, რომლითაც შეგეძლოთ მაგალითად ავტომანქანის ყიდვა, ახლა, იმავეს გაკეთების შემთხვევაში, თანხის დამატება მოგიწევთ), კლავს დანაზოგის გაკეთების მოტივაციას (რა აზრი აქვს ფულის შენახვას თუ ფიქრობ, რომ მისი ღირებულება დაიკლებს), ახდენს დოვლათის უსამართლო გადანაწილებას (იგებენ ისინი, ვის ხელშიც ყველაზე ადრე მოხვდება ახალი ფული), ადამიანებს უკარგავს პატიოსანი ბიზნესის კეთების მოტივაციას და სხვა.

გამოსავალი?

ინფლაციის შეჩერება მარტივია (ცხადია, თუ ჰიპერინფლაციამდე არ არის პროცესი მისული). ამას ახერხებს თითქმის ყველა მეტ-ნაკლებად განვითარებული ქვეყანა. უბრალოდ საჭიროა შესაბამისი სურვილის არსებობა. მექანიზმი კი არც ისე რთულია - უნდა შეწყდეს ზედმეტი ფულის მასის მიმოქცევაში გაშვება, მიუხედავად იმისა, რა მნიშვნელობის პროექტებში იხარჯება ეს ფული.

16 ახალი წელი ახალი პრეზიდენტით

▲ზევით დაბრუნება


მსოფლიო

0x01 graphic

დილმა რუსეფი ინაუგურაციის ცერემონიაზე
ფოტო: REUTERS ©

Forbes-მა იგი 2010 წლის გავლენიანი ადამიანების სიის მე-16 ნომრად დაასახელა. ამ ნუსხაში მას თვით საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი (მე-17 ადგილი) და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი (მე-20 ადგილი) ჩამორჩებიან. 31 ოქტომბერს ხმათა 56,05%25-ით ბრაზილიამ იგი პირველ ქალ პრეზიდენტად აირჩია. ახალი წლის დადგომასთან ერთად კი 63 წლის დილმა რუსეფმა ოფიციალურად გადაიბარა ლათინური ამერიკის უმსხვილესი სახელმწიფოს მართვის სადავეები.

ყოფილი მარქსისტი დილმა რუსეფი 60-70-იან წლებში მემარცხენე იატაკქვეშა ორგანიზაციებში ირიცხებოდა და სახელმწიფოში არსებული დიქტატურის წინააღმდეგ იბრძოდა. 1970 წლის იანვარში სამთავრობო ძალებმა გაანადგურეს სამოქალაქო პარტიზანთა შენაერთები, ხოლო რუსეფი 3 წლით ციხეში ჩასვეს, სადაც გამუდმებით აწამებდნენ. დისიდენტობის გამო იგი უნივერსიტეტიდანაც გარიცხეს. რუსეფმა მხოლოდ 1977 წელს შეძლო უმაღლესი განათლების დასრულება, რის შემდეგაც ეკონომიკისა და სტატისტიკის ფონდში მუშაობდა. სწორედ აქედან იწყება დილმას შემდგომი პოლიტიკური საქმიანობა. სოციალისტურ ბანაკში იგი თვალსაჩინო ეკონომისტი გახდა. 2003 წლიდან მთავრობის წევრია - ენერგეტიკის მინისტრის პორტფელი ჩაიბარა.

პრეზიდენტი რუსეფის ბედი საბოლოოდ მაინც მისმა პოპულარულმა წინამორბედმა ლულა და სილვამ განაპირობა. Gallup-ის კვლევის თანახმად, ლულა და სილვამ თავისი საპრეზიდენტო ვადა 87%25-იანი მხარდაჭერით დაასრულა. მხარდაჭერის ანალოგიური მაჩვენებელი აშშ-ის პრეზიდენტს ჰარი ტრუმანს მეორე მსოფლიო ომში ნაცისტური გერმანიის დამარცხების, ხოლო ჯორჯ ბუშს - 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმის შემდეგ ჰქონდა. რუსეფი მთელი 5 წლის განმავლობაში ლულას ადმინისტრაციის უფროსად მუშაობდა და მისი უდიდესი ნდობით სარგებლობდა. ლულას კი მოქმედი კანონმდებლობით მესამე ვადით კენჭისყრაში მონაწილეობა ეკრძალებოდა. ამდენად, მშრომელთა პარტიამ საპრეზიდენტო მარათონში სწორედ ლულას რჩეული დილმა რუსეფი დაუპირისპირა სან პაულოს ყოფილ მერსა და გუბერნატორს ჟოზე სერას.

ახალი მთავრობა დილმა რუსეფის ხელმძღვანელობით პირობას დებს, რომ მისი წინამორბედის ლულა და სილვას პოლიტიკურ კურსს გააგრძელებს.

სილვას ხელისუფლებაში მოსვლიდან (2002 წელი) საშუალო კლასი 29 მილიონი ადამიანით გაიზარდა - შეიქმნა ახალი ძლიერი შიდა სამომხმარებლო ბაზარი. კიდევ 20-მა მილიონმა მოქალაქემ თავი დააღწია სიღარიბეს. ბრაზილია, რომელიც 2002 წელს ეკონომიკური კოლაფსის წინაშე იდგა და მსოფლიო სავალუტო ფონდიდან მიღებული 30 მილიარდდოლარიანი დახმარების წყალობით გადარჩა, დღეს იმავე ფონდს დაახლოებით 5 მილიარდ დოლარს აწვდის სხვა ქვეყნებისთვის ხელმისაწვდომი სესხების უზრუნველსაყოფად.

თუმცა, ბრაზილიის ტრანსფორმაციას ლულას წინამორბედმა, მემარჯვენე ფერნანდო ენრიკე კარდოზომ ჩაუყარა საფუძველი. მრავალი წლის განმავლობაში ბრაზილიას მსოფლიო პროცესებში აქტიური მონაწილეობა სურდა. იგი ერთადერთი ლათინოამერიკული ქვეყანა იყო, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის დროს ევროპას შეიარაღებული ძალები გაუგზავნა. მაგრამ მაშინ ბრაზილიას ომისშემდგომი მოლაპარაკებების მაგიდასთან ადგილი არ ერგო. ქვეყანამ თავი მხოლოდ 1990-იანი წლების შუახანებში დაიმკვიდრა. კარდოზოს მიერ დაწყებული რეფორმების წყალობით ინფლაციის ტემპი შემცირდა, ქვეყანა ღია ვაჭრობის პრინციპზე გადავიდა და მსოფლიო ფინანსურ საზოგადოებაში საკუთარი ადგილი იპოვა. ლულამ ეს კურსი 8-წლიანი შეუქცევადი ეკონომიკური ზრდით დააგვირგვინა.

0x01 graphic

ფერნანდო ენრიკე კარდოზო

2014 წელს ბრაზილიაში მუნდიალი გაიმართება. 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიადის მასპინძლობამდე კი, წინასწარი პროგნოზით, ეს ქვეყანა სიდიდით მეხუთე ეკონომიკა გახდება მსოფლიოში. ბრაზილია შაქრის შემცველი ეთანოლის უმსხვილესი მწარმოებელია. გარდა ამისა, ქვეყნის საბადოებში ნავთობის მარაგი, დაახლოებით, 5-8 მილიარდ ბარელს მოიცავს. ვენესუელის შემდეგ ნავთობის მოპოვებით ბრაზილია რეგიონში მეორე ადგილზეა. ვენესუელაში ნავთობის მარაგი მერყეობს, ამიტომ ბრაზილიის როლი ამ თვალსაზრისითაც იზრდება. ამას ემატება ისიც, რომ ვენესუელას ვაშინგტონთან პრობლემები აქვს. ლათინური ამერიკის რეგიონი კი ვაშინგტონის ყველაზე სასურველი პარტნიორია.

ექსპერტების ვარაუდით, თუ ახალ პრეზიდენტს - დილმა რუსეფს წარმატება სურს, მან ერთი მხრივ უნდა გააგრძელოს კარდოზო-ლულას დასახული ეკონომიკური განვითარების კურსი, ხოლო მეორე მხრივ აქტიური საგარეო პოლიტიკა აწარმოოს. რუსეფი სწორედ რომ მისი წინამორბედების ეკონომიკური პოლიტიკის გაგრძელებას გეგმავს. თუმცა, ამასთან, პირველი საპრეზიდენტო ვადის უმნიშვნელოვანეს ამოცანად სახელმწიფო ვალის 41%25-დან 38%25-მდე შემცირებას ისახავს. ამის მისაღწევად, იგი შეეცდება სახელმწიფოს როლის გაძლიერებას ნავთობის მრეწველობაში და, ასევე, საჯარო სახსრებით მსხვილი ბიზნესის სუბსიდირებას, სანაცვლოდ კი გადაწყვეტილების მიღების პროცესში სახელმწიფოს ჩართვას მოითხოვს.

საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით ახალ პრეზიდენტს მნიშვნელოვანი ცვლილებების გატარება მოუწევს. ლულას რწმენამ, რომ დიალოგი არის ყველა საერთაშორისო პრობლემის პასუხი, ბრაზილია აშშ-ს დააშორა და არადემოკრატიულ რეჟიმებს დაუახლოვა. განსაკუთრებით ნეგატიური იყო ამ თვალსაზრისით ბრაზილიის მიდგომა ირანთან დაკავშირებით - როგორც ადამიანის უფლებების, ისე ბირთვული პროგრამის კუთხით.

0x01 graphic

დილმა რუსეფი და ლულა და სილვა

17 ცისქვეშა იმპერია მზის ქვეშ საკუთარი ადგილის ძიებაში

▲ზევით დაბრუნება


მსოფლიო

ჩინეთი

2010 წლის უკანასკნელი სამი თვე, ჩინეთის საგარეო პოლიტიკისთვის, არცთუ ისე ნაყოფიერი გამოდგა. ქვეყანამ მოახერხა და მნიშვნელოვან პარტნიორებთან - ამერიკასთან, იაპონიასთან და სამხრეთ კორეასთან - ურთიერთობები გაირთულა. ამას გარდა, ნობელის მშვიდობის პრემიის დაჯილდოების ცერემონიალის ბოიკოტით, საკუთარი საერთაშორისო პრესტიჟიც კიდევ უფრო შელახა.

ჩინეთს კულტურული და პოლიტიკური თავისებურებები დასავლეთის ქვეყნებისგან რადიკალურად განსხვავებულ მოთამაშედ აქცევს. მასთან დაკავშირებული საგარეო საკითხების ერთ-ერთი მთავარი თემა პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღები ორგანოებისა და პირების იდენტიფიკაციაა. რიგი კვლევებისა ცხადყოფს, რომ ჩინეთის საშინაო პოლიტიკა ერთმანეთთან დაპირისპირებული აქტორებისა და ინტერესთა ჯგუფებისგან შედგება. მათ განსხვავებული საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები შეიძლება ჰქონდეთ. სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოებისა და ინტერესთა ჯგუფების გავლენა საკითხების მიხედვით განსხვავდება. სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის (SIPRI) 2010 წლის ანგარიშის მიხედვით, ზოგიერთ შემთხვევაში შეუძლებელია საგარეო პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში კონკრეტულ მოთამაშეთა როლის დადგენა. კვლევაში მითითებულია, რომ სამოქალაქო და სამხედრო უწყებები, მაგალითად ჩრდილოეთ კორეის თაობაზე, დაპირისპირებული არიან. შესაძლოა, სწორედ უწყებებს შორის კონფლიქტსა და ინტერესთა ჯგუფების მძაფრ კონკურენციას მიეწეროს ჩინეთის, ზოგ შემთხვევაში გაურკვეველი და წინააღმდეგობრივი, საგარეო პოლიტიკური პოზიცია. SIPRI-ს მოხსენებაში მოყვანილია 2001 წლის ჰაინანის ინციდენტის მაგალითი. ამერიკულმა სამხედრო თვითმფრინავმა ჩინეთის საზღვრიდან დაახლოებით 110 კილომეტრის მოშორებით ჩამოაგდო ჩინური სამხედრო თვითმფრინავი, თუმცა მიღებული დაზიანებების გამო იძულებული გახდა ჩინეთის კუნძულ ჰაინანზე დაშვებულიყო. კრიზისის ეპიცენტრში აღმოჩენილმა ხელისუფლებამ კონკრეტული ნაბიჯი რამდენიმე დღის განმავლობაში ვერ გადადგა. SIPRI-ის კვლევაში აღნიშნულია, რომ შესაძლოა, სამხედროებმა სამოქალაქო ხელისუფლებას ინციდენტთან დაკავშირებული ფაქტები დაუმალეს.

ჩინეთის გარკვეული წრეები დაინტერესებულები არიან, ქვეყანა დასავლური კონსპირაციების მსხვერპლად წარმოაჩინონ. მედიას პერიოდულად მოიცავს ანტიდასავლური ისტერია. ინტერნეტისა და მასობრივი საინფორმაციო საშუალებების გავრცელების პირობებში საზოგადოებრივი აზრის მნიშვნელობაც გაიზარდა. ჩინეთის ხელისუფლება, რომელსაც არ სურს ინტერნეტ და მედიასივრცეში აგორებული უკმაყოფილების ქუჩაში გადანაცვლება, ხშირად იძულებულია არახელსაყრელი და ირაციონალური საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილებები მიიღოს.

სექტემბერში სენკაკუს სადავო კუნძულების ტერიტორიაზე იაპონიამ ჩინური სარეწაო გემი დააკავა. ჩინეთის აგრესიულმა პოზიციამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები მნიშვნელოვნად გააუარესა. იაპონიის პრემიერ-მინისტრი ნაოტო კანი ჩინეთის მიმართ თავდაპირველად არცთუ ისე გულგრილად იყო განწყობილი. ამ უკანასკნელის არამეგობრული ჟესტების შემდეგ, იაპონელებმა ძირეული ცვლილებები განახორციელეს საკუთარ სამხედრო სტრატეგიაში და გადაწყვიტეს ჩინეთის სამხედრო გაძლიერებას ანალოგიურად უპასუხონ.

დისიდენტ ლიუ სიაობოსთვის მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის მინიჭებამ ჩინეთში მორიგი ანტიდასავლური ტალღა ააგორა. როდესაც ხელისუფლებამ დაჯილდოების ცერემონიალის ბოიკოტირება გადაწყვიტა, იმედოვნებდნენ, რომ უარეს შემთხვევაში, დასავლური მედია მათ საბჭოთა კავშირს შეადარებდა. 1975 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ ანდრეი სახაროვს არ მისცა უფლება ჯილდო მიეღო. ჩინეთის ხელისუფლებამ შინაპატიმრობა მიუსაჯა სიაობოს ცოლსა და ახლობლებს, ასობით ადამიანს კი ქვეყნის დატოვება აუკრძალა, რათა ისინი ოსლოში არ ჩასულიყვნენ. ჩინეთის პოზიციამ სხვა ქვეყნებიც წაახალისა (კუბა, ირანი, ვიეტნამი, პაკისტანი...), თუმცა პეკინმა არასასურველი რეზონანსი თავიდან ვერ აიცილა. 1936 წელს ჰიტლერმა პატიმრობაში მყოფ პაციფისტ კარლ ფონ ოსიეცკისთვის მინიჭებული ნობელის მშვიდობის პრემია ვერ აიტანა. ბოიკოტის გარდა. დიქტატორმა, ნობელის „კონკურენტი“, გერმანიის ხელოვნებისა და მეცნიერების ეროვნული პრიზი შემოიღო. ჩინელებმა დეკემბრის დასაწყისისთვის მოასწრეს კონფუცის მშვიდობის პრემიის პირველი ცერემონიალის გამართვა. ჰიტლერთან აუტანელმა პარალელებმა აიძულა ჩინეთის მთავრობა გამოეცხადებინა, რომ მას არაფერი აქვთ საერთო კონფუცის მშვიდობის პრემიასთან.

0x01 graphic

ჩრდილოეთ კორეამ ჯერ თანამედროვე ბირთვული რეაქტორი აჩვენა მსოფლიოს, შემდეგ კი სამხრეთ კორეის დასახლებული კუნძული დაბომბა, რითაც ჩინეთს კიდევ ერთი თავსატეხი გაუჩინა. ჩინეთის მთავრობამ რამდენიმე დღით დააგვიანა ოფიციალური განცხადების გაკეთება. ერთი მხრივ, ეს კიმ ჩენ ირისთვის კარტ-ბლანშის მიცემად მიიჩნიეს, მეორე მხრივ კი, შესაძლოა, შინაგანი დაპირისპირებების გამო ჩინეთის ხელისუფლებამ ვერ მიიღო კონკრეტული მოქმედების გადაწყვეტილება. Wikileaks-ის წყაროებში ჩრდილოეთ კორეა ჩინეთის თავგასულ ბავშვად არის მოხსენიებული. ჩინეთის პოლიტიკური ელიტის ნაწილი უკვე დაიღალა კიმ ჩენ ირის რეჟიმით. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები 2006 წლიდან გაფუჭდა, როდესაც ჩრდილოეთ კორეელებმა ჩინელებთან შეუთანხმებლად ერთობლივი საზღვრის სიახლოვეს ბირთვული იარაღი გამოსცადეს. ჩინელებს კორეელების არც დინასტიური რეჟიმი მოსწონთ და არც ის ფაქტი, რომ ქვეყანა ჩინეთის ეკონომიკურ დახმარებაზე სრულად არის დამოკიდებული. თუმცა პეკინის აგრესიული საგარეო პოლიტიკის მომხრეები ჩრდილოეთ კორეის არსებობას „ამერიკის დაბალანსებით” ამართლებენ.

ჩინეთს თანმიმდევრული საგარეო პოლიტიკის გასატარებლად, პირველ რიგში შინაგანი წინააღმდეგობების გადალახვა მოუწევს. გაძლიერების მიუხედავად, დასავლური მედიაკრიტიკისადმი ის კვლავ მგრძნობიარეა. საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებისას ერთმანეთს კონკურენციას სხვადასხვა სამთავრობო ორგანოები და ინტერესთა ჯგუფები უწევენ. 2012 წლისათვის, შესაძლოა, მდგომარეობა გართულდეს, როდესაც ახლანდელ პრეზიდენტ ჰუ ძინტაოსა და პრემიერ-მინისტრ ვენ ძიაბაოს ახალი კადრები შეცვლიან. შიდაპოლიტიკური დაპირისპირებები, თავად ჩინეთის გარდა, სხვა ქვეყნებსაც ურთულებს მდგომარეობას, რომელთაც პეკინთან ურთიერთობა დახლართულ ბიუროკრატიულ ლაბირინთებში უწევთ. როგორც ჩანს, ამბიციების მიუხედავად, ჩინეთი კიდევ წლების მანძილზე გაჰყვება დენ სიაოპინის კურსს, რომელიც გლობალური საკითხების გადაწყვეტაში ლიდერობის თავიდან აცილებას, ფრთხილი საგარეო პოლიტიკის გატარებასა და ეკონომიკურ განვითარებაზე კონცენტრირებას გულისხმობს.

18 ისრაელი - მეტი გამჭვირვალობათუ მაკარტიზმი

▲ზევით დაბრუნება


მსოფლიო

0x01 graphic

ბინიამინ ნეთანიაჰუ ქნესეთში

ისრაელმა ახალი წელი ახალი პოლიტიკური დაპირისპირებით დაიწყო. იანვრის დასაწყისში ქნესეთმა არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების წყაროს შემოწმების შესახებ კანონი მიიღო. ისრაელის მემარჯვენე პარტიები აცხადებენ, რომ უფლებადამცველი ორგანიზაციები ხშირ შემთხვევაში დაფინანსებას არაბული ქვეყნებიდან იღებენ და ისინი ისრაელის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებენ. მემარცხენე ჯგუფები კი ამ ინიციატივას „მაკარტიზმს“ ადარებენ.

2001 წლის დურბანის ოდიოზური კონფერენციიდან მოყოლებული არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ისრაელის წინააღმდეგ კოორდინირებული სტრატეგიით მოქმედებს - საერთაშორისო არენაზე ამ ქვეყნის იზოლაცია და დემონიზაცია. ისრაელის და პალესტინის გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციები აქტიურად არიან ჩაბმულები ამ სტრატეგიის განხორციელებაში, მაგრამ მათი პრეტენზიები და მიზნები დღემდე კრიტიკის მიღმა რჩება. სამაგიეროდ პოლარიზებას და სერიოზულ საერთაშორისო აღშფოთებას იწვევს ქნესეთის ახალი ინიციატივა. ანტიდემოკრატიულობის იარლიყი უკვე მიეწება საგამოძიებო კომისიის შექმნის იდეას. სამწუხარო კი ისაა, რომ იდეოლოგიური სპექტრის ორივე ბოლოს მდგარი ძალები იგნორირებას უკეთებენ საკითხის სირთულესა და მის მნიშვნელობას.

კომისიის შექმნა მმართველი კოალიციის ინიციატივა იყო. ინიციატორების აზრით, ასეთი კომისია მეტ გამჭვირვალობას უზრუნველყოფს: არასამთავრობო ორგანიზაციების მთავარი მიზანი ხომ ადამიანთა უფლებებზე და შესაბამისად, საზოგადოების კეთილდღეობაზე ზრუნვაა. საზოგადოება კი ღირსია ორგანიზაციების დამფინანსებლების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია ჰქონდეს. აქტუალურობა ამ კანონის მიღებამ მას შემდეგ შეიძინა, რაც უფლებადამცველი ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული ანგარიშები არა ადამიანის უფლებათა დაცვისკენ, არამედ ისრაელის ინტერესების წინააღმდეგ იყო მიმართული. კანონის მომხრეები აცხადებენ, რომ ისეთი ორგანიზაციები, როგორებიცაა ბ'ცელემი, ადამიანის უფლებათა ასოციაცია ისრაელში და საჯარო კომისია წამების წინააღმდეგ, დაფინანსებას არაბული წყაროებიდან იღებენ. დამფინანსებლების მთავარი მიზანი კი ისრაელის ინტერესების შელახვაა.

„ამ ორგანიზაციებს სულაც არ ადარდებთ ადამიანთა უფლებები. მათ არასდროს უმუშავიათ ქალთა უფლებებზე არაბულ საზოგადოებებში, არც საუდის არაბეთში დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ გამოუქვეყნებიათ რამე. ამ ორგანიზაციების მთავარი მიზანი ისრაელის თავდაცვითი ძალებისთვის ტერორიზმთან ბრძოლაში ხელის შეშლაა”, - ნათქვამია პარტიის - ჩვენი სახლი ისრაელი - მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უფლებადაცვითი ორგანიზაციების მიერ გავრცელებული ინფორმაცია ხშირად ისრაელის წინააღმდეგ საერთაშორისო მასშტაბის ბოიკოტს იწვევს. მაგალითად, გოლდსტაინის კომისიამ ბ'ცელემისა და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მოხსენებების საფუძველზე ისრაელს ორი წლის წინ ღაზის სექტორში ომის დანაშაულების ჩადენაში დასდო ბრალი.

ადამიანის უფლებათა დამცველები ისრაელში აცხადებენ, რომ ქნესეთის მიერ მიღებული კანონი მათი ორგანიზაციების მიმართ საზოგადოებაში ზიზღსა და უნდობლობას შექმნის. მათივე განცხადებით, ისრაელის ინტერესებს საფრთხეს უქმნის არა მათი დაფინანსების წყაროების არცოდნა, არამედ ისრაელის მთავრობის მიერ ადამიანის უფლებების ხშირი დარღვევა.

ისრაელის კანონის შესახებ კომენტარი ამერიკის ებრაელთა კომიტეტმაც გააკეთა: „კონკრეტული ჯგუფების მიზანში შერჩევითი ამოღება ისრაელის პოლიტიკურ და ლეგალურ ტრადიციებს ეწინააღმდეგება. ეს სასიკეთო ვერ იქნება ახლო აღმოსავლეთში ერთადერთი დემოკრატიისათვის. თუ არსებობს ეჭვი, რომ უცხო მთავრობები, შესაძლოა მტერიც, ისრაელში სამოქალაქო და პოლიტიკურ ორგანიზაციებს აფინანსებს, ამგვარი დაფინანსების წყაროების საჯაროდ ქცევაზე დებატები მთელ პოლიტიკურ სპექტრში უნდა მიმდინარეობდეს”.

ისრაელის ანალოგიური კანონმდებლობა ამერიკის შეერთებულ შტატებსაც გააჩნია. ის უცხოელ აგენტთა რეგისტრაციის აქტის სახელით არის ცნობილი. კანონი იმ პირებისა და ორგანიზაციების, მათი დაფინანსების წყაროების განსაჯაროებას მოითხოვს, რომლებიც უცხო მთავრობის პრინციპების და ინტერესების შესაბამისად მონაწილეობენ პოლიტიკურ ან კვაზიპოლიტიკურ საქმიანობაში. თუმცა, ისრაელის კანონისგან განსხვავებით, აშშ-ის კანონმდებლობა ინდივიდებსა და ორგანიზაციებს თავად აძლევს საშუალებას მოახდინონ ასეთი სახის ინფორმაციის საჯაროდ დეკლარირება.

2005 წელს არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობის შესახებ აქტი ევროკომისიამაც მიიღო. აქტს ევროპის გამჭვირვალობის ინიციატივა ეწოდება და მისი მიზანი ევროკავშირის რესურსების ბენეფიციარების შესახებ ინფორმაციის საჯაროობაა. თუმცა, ევროპა, რომელიც ხშირად სხვებს უთითებს დემოკრატიის დეფიციტზე, დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ ძირითად წესებს სამწუხაროდ თავადვე არღვევს. მაგალითად, წარმოუდგენელია ინფორმაციის მოპოვება იმ პროცესის შესახებ, თუ როგორ ფინანსდება ევროკავშირის მიერ იეშ დინი (ისრაელის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც პალესტინელების უფლებებს იცავს), ადალაჰი (ისრაელში არაბული უმცირესობის სამართლებრივი დახმარების ცენტრი) და სხვა მსგავსი ორგანიზაციები. არადა, სწორედ ეს ორგანიზაციები ცდილობენ სისრულეში მოიყვანონ დურბანის სტრატეგია ისრაელის იზოლაციის კუთხით.

უფრო მეტიც, ახლახან NGO Monitor-მა და The Jerusalem Post-მა გამოავლინეს, რომ ჰოლანდიის ხელისუფლება მხარს უჭერდა და აფინანსებდა ისრაელის საწინააღმდეგო ელექტრონულ ინტიფადას. ჰოლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი გააოცა იმის აღმოჩენამ, რომ მისივე მთავრობა ებრაელებსა და არაბებს შორის კონფლიქტის გაღვივებას უწყობდა ხელს. სამწუხაროდ, ასეთი მაგალითები ჰოლანდიასა და მთელს ევროპაში მრავლად გვხვდება.

_____________________________________________________________________________

ტერმინი მაკარტიზმი სენატორ ჯოსეფ მაკარტის სახელს უკავშირდება. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აშშ-ში საბჭოთა კავშირის ჯაშუშების აღმოჩენასთან ერთად გაჩნდა მუდმივი შიში, რომ კომუნისტებს აშშ- ის სახელმწიფო სტრუქტურებში აქვთ გადგმული ფესვები. სენატორმა ჯოსეფ მაკარტიმ განაცხადა, რომ მას ჰქონდა აშშ- ის სახელმწიფო დეპარტამენტის 205 კომუნისტი თანამშრომლის სია. ამას მოჰყვა საგამოძიებო კომისიის შექმნა. პრეზიდენტმა ჰარი ტრუმანმა გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი იყო ფედერალური სამსახურის თანამშრომლის გათავისუფლება, თუ მის ერთგულებაში ეჭვის შეტანის მყარი საფუძველი არსებობდა. დღეს ამ ტერმინს უარყოფითი დატვირთვა აქვს და გულისხმობს პოლიტიკური ოპონენტების უსაფუძვლო და მუდმივ დადანაშაულებას ქვეყნის ღალატში.

2001 წლის აგვისტოში სამხრეთ აფრიკის ქალაქ დურბანში ჩატარდა პირველი მსოფლიო კონფერენცია რასიზმის წინააღმდეგ. კონფერენციაზე საუბარი იყო რამდენიმე საკამათო თემაზე, მათ შორის ისრაელის მოქმედებებზე. დელეგატებს სურდათ ისრაელი რასისტულ და აპარტეიდულ ქვეყნად წარმოეჩინათ, ხოლო სიონიზმი - რასისტულ იდეოლოგიად. პროტესტის ნიშნად კონფერენცია აშშ- ის და ისრაელის დელეგაციებმა დატოვეს. საბოლოო დოკუმენტი აღარ შეიცავდა იმ ტექსტს, რომლის წინააღმდეგაც აშშ და ისრაელი გამოდიოდნენ. თუმცა, ამავდროულად, არასამთავრობო ორგანიზაციებმა მიიღეს სტრატეგია, რომელშიც საუბარი ისრაელზეც იყო. სტრატეგიის 245-ე მუხლში საუბარია ისრაელის მიერ ეთნიკური წმენდის და აპარტეიდის ჩატარებაზე, რომელთა მთავარი სამიზნე ქალები, ბავშვები და ლტოლვილები გახდნენ. 425-ე მუხლი ისრაელის, როგორც აპარტეიდული ქვეყნის, სრულ იზოლაციაში მოქცევას ისახავს მიზნად. 426-ე მუხლში კი დაგმობილია ყველა ქვეყანა, რომელიც ისრაელს დაეხმარება.

გოლდსტაინის კომისია - გაეროს კომისია, რომელიც ღაზის სექტორში 2008-2009 წელს მომხდარ ფაქტებს იძიებდა. კომისიას ხელმძღვანელობდა სამხრეთ აფრიკელი მოსამართლე რიჩარდ გოლდსტაინი. კომისიამ 2009 წლის სექტემბერში გამოაქვეყნა მოხსენება, რომელშიც ორივე მხარე, ისრაელი და ჰამასი, ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებში ამხილა. მოხსენების თანახმად, ისრაელმა არაპროპორციული ძალა გამოიყენა და ომის დროს სამოქალაქო სამიზნეებს უტევდა. სამოქალაქო სამიზნეებზე თავდასხმაში ჰამასიც დაადანაშაულეს.

19 პალესტინის აღიარება

▲ზევით დაბრუნება


მსოფლიო

0x01 graphic

იანვრის დასაწყისში ჩილე ლათინური ამერიკის მეშვიდე ქვეყანა გახდა, რომელმაც პალესტინის დამოუკიდებლობა, 1967 წლის საზღვრებში, ოფიციალურად აღიარა. 2010 წლის მიწურულს პალესტინა ცნეს ბრაზილიამ, შემდგომ - არგენტინამ, ბოლივიამ და ეკვადორმა. ურუგვაი, პარაგვაი, ელ სალვადორი და პერუ იმავეს გაკეთებას მომავალ თვეში აპირებენ. აღიარებების უკანასკნელ ტალღამდე პალესტინა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ უკვე ცნო კუბამ, ვენესუელამ, ნიკარაგუამ და კოსტა- რიკამ. ისრაელი შიშობს, რომ ლათინურ ამერიკაში დაწყებული ეს ტალღა შეიძლება შეუქცევად დიპლომატიურ ცუნამად იქცეს. პალესტინა ლათინურ ამერიკაში მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. მოლაპარაკებები მაშინ შეწყდა, როცა ისრაელმა უარი განაცხადა დასავლეთ სანაპიროზე ებრაული სამოსახლოების მშენებლობების შეჩერებაზე. ამის შემდეგ პალესტინელმა დიპლომატებმა მთელი ძალისხმევა ლათინური ამერიკის ქვეყნებში უნილატერული აღიარების მოპოვებისკენ მიმართეს. მნიშვნელოვანია, რომ ლათინური ამერიკის ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნების ლიდერებმა პალესტინა 1967 წლის შვიდდღიანი ომის წინა პერიოდის საზღვრებში აღიარეს, ანუ აღმოსავლეთი იერუსალიმის ჩათვლით. ეს კიდევ უფრო ართულებს ისრაელის მდგომარეობას საერთაშორისო არენაზე, ვინაიდან იერუსალიმის საკითხი ებრაული სახელმწიფოსათვის პრინციპული მნიშვნელობისაა.

ჩილეში პალესტინის აღიარების საკითხზე დიდი პოლემიკა არ გამართულა. ყველა იდეოლოგიის პოლიტიკური პარტია ამ საკითხის შესახებ თანხმდებოდა. ამას პოლიტიკური მიზეზიც ჰქონდა: ჩილეში 300 ათასი პალესტინელი ცხოვრობს - ყველაზე დიდი ჯგუფი ახლო აღმოსავლეთის გარეთ. პალესტინელები ჩილეში ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის დასაწყისში დასახლდნენ. მათი უდიდესი ნაწილი კომერციულ საქმიანობაში ჩაერთო. შედეგად პალესტინელებმა დიდ წარმატებას მიაღწიეს და დღეს ჩილეს პოლიტიკურ და აკადემიურ ელიტას წარმოადგენენ. ასეთი ძლიერი ლობის პირობებში პინერას მთავრობას გაუჭირდა პალესტინის პრეზიდენტის მაჰმუდ აბასის შემოთავაზებაზე უარის თქმა.

თუმცა ლათინურ ამერიკაში აგორებულ ტალღას მხოლოდ პალესტინურ ლობის ვერ მივაწერთ. ჩილეს გარდა, რეგიონის სხვა ქვეყნებში, რომელთაც უკვე გააკეთეს აღიარების განცხადება, პალესტინელები მწირად არიან წარმოდგენილნი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ბრაზილიის მიერ ინიციატივის ხელში აღება გამოდგა. სწორედ ბრაზილიის მიერ პალესტინის დამოუკიდებლობის ცნობას მოჰყვა ერთგვარი ჯაჭვური რეაქცია. ეს გადაწყვეტილება მეორე საპრეზიდენტო ვადის დასრულებამდე რამდენიმე დღით ადრე პრეზიდენტმა ლულა და სილვამ გაახმოვანა. საგულისხმოა, რომ უკანასკნელ პერიოდში ბრაზილია და ლათინური ამერიკის სხვა ქვეყნები სულ უფრო მეტად დაშორდნენ აშშ- ის საგარეო პოლიტიკურ კურსს. მაგალითად ბრაზილია-ირანის დამთბარი ურთიერთობებიც კმარა. ეს იმ ფონზე, როდესაც აშშ და დასავლეთ ევროპა ირანისთვის სანქციების დაწესებაზე მსოფლიო ლიდერებს არწმუნებენ. ჩანს, ბრაზილიამ რეგიონული ლიდერის როლი შეითავსა და ლათინური ამერიკის დანარჩენი ქვეყნები მის მაგალითს მისდევენ.

ჩილეს და სხვა ლათინური ქვეყნების მიერ პალესტინის უნილატერულად აღიარება მათსავე რეპუტაციას აყენებს ჩრდილს. ეს აჩვენებს, რომ ქვეყნები საერთაშორისო ინსტიტუტების გვერდის ავლით იღებენ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს და საერთაშორისო სისტემის არსებით ცვლილებებს იწვევენ.

ლათინური ამერიკის ქვეყნები ზოგადად რისკის ზონაა ისეთი ქვეყნებისთვის, რომელთაც სეპარატიზმის პრობლემა აწუხებთ. ამის მაგალითად საქართველოც გამოდგება. ოთხი ქვეყნიდან ორი, რომელიც აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებს, ლათინურ ამერიკაშია.

20 ქართული სამშენებლო ბაზარი 2010

▲ზევით დაბრუნება


ბიზნესი

ძირითადი ტენდენციები

2010 წელს მთელი საქართველოს მასშტაბით, 317 საცხოვრებელი ობიექტის მშენებლობა დასრულდა. შარშან საცხოვრებელი ფართების მშენებლობაზე სულ 1800 ნებართვა გაიცა. სამშენებლო კრიზისის მთავარ მიზეზად, დეველოპერები ბანკების მხრიდან კრედიტების გაცემის შეზღუდვას ასახელებენ. ეს ერთადერთი მიზეზი არ არის. ამ პროცესში სამშენებლო კომპანიების არასწორი მენეჯმენტიც დიდ როლს თამაშობს.

მშენებლობაზე გაცემული ნებართვები: რაოდენობა

0x01 graphic

გლობალურ ფინანსურ კრიზისამდე, რომელიც ბანკების მხრიდან დაკრედიტების შემცირების მთავარი მიზეზი გახდა, საქართველოში უძრავი ქონების ბუმი იყო. ამას ორი რამ განაპირობებდა: ქვეყნის ეკონომიკის სტაბილური ზრდა და უძრავ ქონებაზე ხელოვნურად მომატებული მოთხოვნა.

მთლიანი შიდა პროდუქტი 2005-2008 წლებში ყოველწლიურად საშუალოდ 1.9 მილიონი ლარით იზრდებოდა. ეკონომიკური ზრდის ტემპებს მოჰყვა უძრავ ქონებაზე ფასების სწრაფი მატება. ხშირ შემთხვევაში დაუანგარიშებელი რჩებოდა ის, თუ რამდენია სხვაობა მშენებლობის ღირებულებასა და მის გასაყიდ ფასს შორის. სამშენებლო კომპანიები უძრავ ქონებაზე მაღალ ფასებს ახალი უძრავი ქონების დიდი მოცულობის შესაქმნელად იყენებდნენ, მის დასაფინანსებლად კი - პირამიდის სქემას.

პირამიდის სქემა ასე მუშაობდა: იქმნებოდა მცირე მასშტაბის ამხანაგობა, რომელიც კონკრეტული პროექტის შესრულებაზე ვალდებულებას იღებდა. მასში გაწევრიანებულ მომხმარებელს კი ამხანაგობის ანგარიშზე ფართის ღირებულების შესაბამისი თანხა უნდა შეეტანა. ამხანაგობის თავმჯდომარე სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელი იყო. იგი კონკრეტული პროექტისთვის განსაზღვრულ თანხას თვითნებურად განკარგავდა: ამხანაგობის კუთვნილი თანხა, ხშირად სხვა პროექტის დაწყებასა და განხორციელებას ხმარდებოდა.

გამოდიოდა, რომ ხშირ შემთხვევაში ჰაერი იყიდებოდა - ჯერ არაშენებულ სახლში - უკვე სართულები. ამან გამოიწვია ის, რომ დეველოპერებს გამორჩათ ფართი, რომლის ცალკე გაყიდვაც შეუძლებელია - მაგალითად, ლიფტების, სადარბაზოსა და კიბის უჯრედები. ეს ჯამში საშუალოდ მთელი ფართის 25%25-ს იკავებს. გარდა ამისა, სამშენებლო ობიექტს, როგორც წესი, 15%25 მხოლოდ კედლების სისქე აკლდება.

0x01 graphic

რეალურად უმეტეს შემთხვევებში ისე გამოვიდა, რომ მთელი ფართის სულ მცირე 40%25 დაუფინანსებელი დარჩა. ამასთან, გაჩნდა ჭარბი სამშენებლო ფართი. უძრავი ქონების ბაზარზე კი - სამომავლო მოთხოვნის გაზრდის ზედმეტად ოპტიმისტური მოლოდინი შეიქმნა. შედეგად, დეველოპერები ბანკის კრედიტებზე დამოკიდებულები გახდნენ.

2008 წელს გლობალური ფინანსური კრიზისი დაიწყო. ამ ფონზე ბანკებმა სამშენებლო კომპანიებისათვის კრედიტების გაცემა მნიშვნელოვნად შეამცირეს. კომპანიები დაწყებულ მშენებლობებს ვეღარ ამთავრებდნენ. საქართველოს 3.9%25-იანმა ეკონომიკურმა ვარდნამ კი მყიდველების მიერ თანხის დაზოგვა გამოიწვია და დასრულებული პროექტების რეალიზებაც გაჭირდა. ამ ყველაფერს სამშენებლო სექტორის კრიზისი მოჰყვა.

2009 წლის მეორე ნახევრიდან უძრავი ქონების ბაზარზე დადებითი ტენდენციები ჩნდება. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რამაც სამშენებლო ბაზრის მდგომარეობის გამოსწორებას ხელი შეუწყო, მთავრობის გადაწყვეტილებაც გახდა: ბანკებიდან კრედიტის მისაღებად მთავრობა დეველოპერებს გარანტად უდგებოდა. კომპანიებს გაუმარტივდათ სესხის მიღება, ბანკებს კი - ნაკლებად რისკიანი სესხების გაცემა. ნაწილობრივ ამით აიხსნება ისიც, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით დასრულებული 317 საცხოვრებელი ბინიდან, უდიდესი წილი - 126 ბინა თბილისში დასრულდა.

2010 წელს უძრავი ქონების ბაზარი წინა წელთან შედარებით საშუალოდ 14.1%25-ით გაიზარდა.

21 ბიზნესი - ამბები

▲ზევით დაბრუნება


ამბები

ტაბუირებული ანგარიში

0x01 graphic

ერთი კვირის წინ სოციალურ ქსელ Twitter-ზე ირანის სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ანგარიში გამოჩნდა. ამ ფაქტმა ირანელი ბლოგერების პროტესტი გამოიწვია, რადგან ირანში რამდენიმე თვეა ნებისმიერი სახის სოციალური ქსელით სარგებლობა აკრძალულია.

„თუ სოციალური ქსელებით სარგებლობა აკრძალულია, რატომ აქვს სულიერ ლიდერს მათზე ანგარიში გახსნილი?!” - საჯაროდ გააკრიტიკა ხამენეის ქმედება ოპოზიციის ლიდერმა მირ ჰოსეინ მუსავიმ.

2009 წლის არჩევნების შემდეგ, მთავრობამ ირანელებს Facebook-ზე და Twitter-ზე დარეგისტრირება აუკრძალა. ოფიციალურ მიზეზად ამ ვებსაიტების ამერიკელიმფლობელები დასახელდა. ირანში ასობით ჟურნალისტი და ბლოგერი კომენტარების დატოვების ან უბრალოდ ანგარიშის ფლობის გამო დააპატიმრეს. ყველაზე ახალგაზრდა, 18 წლის სკოლის მოსწავლე ბლოგერი პოლიციამ ირანში 2 თვის წინ დააკავა. ირანიდან ერთი მილიონი ბლოგერია დარეგისტრირებული, მაგრამ მათგან აქტიური მხოლოდ 10%25-ია. ამის მიზეზი კომპიუტერების სიმცირე და მთავრობის მკაცრი კონტროლია. „მწვანე მთავრობა” აკრძალულ საიტებზე შესვლის მცდელობასაც კი მკაცრად სჯის. ირანში სპეციალური ვებპოლიციაც არსებობს, რომლის მთავარი მოვალეობა მოქალაქეების „ამერიკული საცდურისგან” დაცვაა.

მკვლელობა შობის წინ

0x01 graphic

ნიუ იორკში მომხდარი მკვლელობა გახსნილია. ცოტა ხნის წინ New York City Hotel-ის დამლაგებელმა ნომერში ცნობილი პორტუგალიელი ჟურნალისტის, 65 წლის კარლოს კასტროს ცხედარი იპოვა. ექიმის დასკვნით, კასტრო გაგუდეს. სიკვდილამდე კასტრო ხელკეტით სცემეს და სასქესო ორგანო მოაჭრეს. პოლიციამ ეჭვმიტანილად 21 წლის მამაკაცი, მოდელი რენატო სეაბრა ცნო, რომელიც დაკავებისთანავე ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ჟურნალისტის მეგობრების განცხადებით, კასტრო და სეაბრა ერთად იყვნენ, მაგრამ ამ ინფორმაციას მოდელის დედა უარყოფს: „ჩემი შვილი ყოველთვის აცხადებდა, რომ ჰეტეროსექსუალი იყო”. ეჭვმიტანილთან შეხვედრაზე მისმა ყველა ნათესავმა უარი თქვა, დედის გარდა. „ჩვენ არ გვეგონა, თუ რენატო „ისეთი” იქნებოდა”, - განაცხადა სეაბრას ძმამ.

მოკლული და მკვლელი ამერიკაში დეკემბერში ჩავიდნენ. მათ შობის გატარება ნიუ იორკში ჰქონდათ დაგეგმილი. მეგობრების თქმით, წყვილს შორის რაიმე განსაკუთრებული კონფლიქტი არ მომხდარა. მათი აზრით, კასტრო და სეაბრა ეჭვიანობის საფუძველზე იყვნენ წაკიდებულნი.

ამ დროისთვის მკვლელობის მიზეზი უცნობია.

საახალწლო ზღაპარი

0x01 graphic

ალბათ ვერავინ წარმოიდგენს, თუ როგორ შეიძლება სიკვდილს ცხვირის დაცემინებით გადაურჩეს. იტალიელი დარკო სანჯერმენო მრავალსაათიან ოპერაციას, სწორედ ერთმა დაცემინებამ გადაარჩინა. როგორც Guardian-ი იუწყება, ყველაფერი ახალი წლის ღამეს დაიწყო. 31 დეკემბერს, 12 საათზე სახლიდან გამოსულ დარკო სანჯერმენოს დღესასწაულის აღსანიშნავად გასროლილი 22-კალიბრიანი ტყვია პირდაპირ საფეთქელში მოხვდა. ოჯახის წევრებმა ის საავადმყოფოში წაიყვანეს. სისხლში მოთხვრილი დაშავებულის გადარჩენა ვერავის წარმოედგინა. ნათესავების გასაკვირად, დარკომგზაში ლაპარაკი დაიწყო. საავადმყოფოში, ექიმის ლოდინისას კი დააცემინა და ტყვია მარჯვენა ნესტოდან გადმოუვარდა. როგორც შემდგომმა გამოკვლევებმა აჩვენა, ტყვიამ მარჯვენა თვალის უკან გაიარა, თავის ქალამ მისი ტრაექტორია შეცვალა და საბოლოოდ ცხვირის ფოსოში აღმოჩნდა.

სანჯერმენოს თვალზე ერთი ოპერაციის გაკეთება მაინც დასჭირდება. ექიმების განცხადებით, პაციენტი კარგადაა და მარჯვენა თვალს არ დაკარგავს.

22 დასავლური პერსპექტივა

▲ზევით დაბრუნება


ტაბულა|რაზა

სტივენ ფ. ჯოუნსი
ამჰერსტი, მასაჩუსეტსი

თავის წიგნში აღმოსავლეთმცოდნეობის შესახებ, რომელიც გამოქვეყნდა ოცდაათი წლის წინ, ედვარდ საიდი თვლიდა, რომ დასავლეთის მიერ აღმოსავლეთის აღქმა ევროცენტრულ ცრურწმენას ეფუძნებოდა, რაც ევროპის კოლონიზატორულ და იმპერიულ ამბიციებს კვებავდა. 21-ე საუკუნეში, ამგვარი დასავლური ამბიციები რადიკალურად შემცირდა, მაგრამ რამდენად შეიცვალა დასავლეთის დამოკიდებულება „აღმოსავლეთის მიმართ”? ჯერ კიდევ არსებობს აღმოსავლეთის ცივილიზაციასთან დაკავშირებული არაერთი მოსაზრება - განსაკუთრებით კი მის ისლამურ ნაწილზე - რასაც სერიოზულად მცდარი პოლიტიკისკენ მივყავართ. ეს მოსაზრება ასევე სხვა მიმართულებითაც მუშაობს. ევროპის აღქმას და ამგვარი მოსაზრების მნიშვნელობას შეუძლია პოლიტიკის დამახინჯება და ვესტერნიზაციის რეფორმის გადაქცევა კონტროლის ინსტრუმენტად. არჩევნების გამოყენება ხელისუფლების ლეგიტიმაციისათვის პოპულარული მოსაზრების პროპაგანდირების ნაცვლად კარგ მაგალითს წარმოადგენს. საქართველო ცხადყოფს ორივე ამ ტენდენციის არსებობას - როდესაც დასავლელები არასწორად აფასებენ ქართულ რეალობას და ქართველები არასწორად განმარტავენ დასავლურ ღირებულებებს და მოდელებს.

ტიპ ო'ნილი, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა ქვედა პალატის თავმჯდომარე 70-იან წლებში, მახვილგონივრულად აღნიშნავდა, რომ „ყველა პოლიტიკა ლოკალურია“. ამით ის გულისხმობდა, რომ ეროვნული პოლიტიკის მაკროგანმარტება არაადეკვატური იყო.

ეროვნულ დონეზე გადაწყვეტილებების მიღება არ ხდება ავტონომიურად: ისინი დაკავშირებული არიან ადგილობრივ საკითხებთან, ინტერესებთან და ჯგუფებთან. ჩვენ ეს გვესმის აშშ-ში და ევროპაში, ხოლო როდესაც საქართველოსკენ ვიხედებით, ჩვენ ვიყურებით ეთნიკურობის, რელიგიის და პოლიტიკური კულტურის მოუხერხებელ ჩარჩოებში და ვეღარ ვხედავთ რთულ ადგილობრივ საკითხებს, რომლებიც დაკავშირებულია სკოლებთან, დასაქმებასთან და ჯანდაცვასთან, რომლებიც უფრო მნიშვნელოვანია და განსაზღვრავენ საქართველოს პოლიტიკურ ქცევას. მაგალითად, საქართველოში ნაციონალიზმის ყურადღებით ანალიზი - რასაც ჩვენ იშვიათად ვიღებთ დასავლელი დამკვირვებლებისაგან, რომლებიც სწრაფად გმობენ ქართველებს მათი სამხრეთული ვნებების გამო - იძლევა იმ კლიშეების საპირისპირო დასკვნას, რასაც დასავლურ პრესაში ვკითხულობთ. ქართული ნაციონალიზმი, როგორც ამას ვეცნობით დასავლურ პოპულარულ პრესაში და ასევე სამეცნიერო სტატიებშიც, წარმოადგენს საქართველოს ისტორიის მამოძრავებელ ძალას. მაგრამ ეს არასწორი აღქმაა.

ისტორიულად, ქართული ნაციონალიზმი - მისი პოლიტიკური ფასადი - სუსტი იყო და არა ძლიერი დასავლურ ნაციონალიზმთან შედარებით (გერმანია ჰიტლერის დროს ან საფრანგეთი ნაპოლეონის დროს); ის არასდროს ყოფილა ექსტრემალური; საქართველოში კონფლიქტები უმეტესწილად გამოწვეულია არა ეთნიკური საბაბით, არამედ სახელმწიფოებრიობის რღვევით და ზევიდან მანიპულაციებით; ხოლო ნაციონალიზმი შეიძლება იყოს ერთობის, ისევე როგორც ფრაგმენტაციის, მნიშვნელოვანი წყარო. შევარდნაძის დროს უფრო მეტი ნაციონალიზმი რომ ყოფილიყო, სავარაუდოდ უფრო ნაკლები კორუფცია იქნებოდა და სახელმწიფოც ნაკლებად დანაწევრდებოდა.

დასავლელები ეთნიკურობას ზედმეტად დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ საქართველოში სხვა მხრივაც. ჩვენ გვიყვარს საპარლამენტო წარმომადგენლების დათვლა. დღესდღეობით პარლამენტის 150 წევრიდან 6 არაქართველია; ჩვენ დასავლეთში მივიჩნევთ, რომ ეროვნული უმცირესობები არასაკმარისადაა წარმოდგენლილი საქართველოში. შესაძლოა, მაგრამ არის კი სწორი პარლამენტის შერჩევა ჩვენი ყურადღების ობიექტად? ანიჭებენ ეროვნული უმცირესობები მნიშვნელობას მათი საპარლამენტო წარმომადგენლების ეთნიკურ წარმომავლობას? არაქართველი მოსახლეობა მარნეულში ან ახალქალაქში შეიძლება ხმას აძლევდეს თავიანთი ეროვნების მქონე პირს, მაგრამ ისტორიულად ისინი უმეტესწილად ქართველებს აძლევენ ხმებს. მათ სურთ დეპუტატები, რომლებიც მათ რეგიონში სამუშაო ადგილებს მოიტანენ. ხშირად, იმავე ეროვნების წარმომადგენლები ნაკლებად ჩანან ასპარეზზე, ვინაიდან ისინი ცალკე კლანებზე მუშაობენ, ან უუნაროები და უკონტაქტოები არიან. ჩვენ იმავე დასკვნას ვაკეთებთ ცენტრალურ მთავრობაში წარმომადგენლების ეთნიკური იდენტობის შესახებ. შაშკინი, განათლების მინისტრი, რუსული წარმომავლობისაა. მაგრამ ამას ქართველები ან ადგილობრივი რუსები რაიმე მნიშვნელობას ანიჭებენ? ან ეს ფაქტი რაიმე ზეგავლენას ახდენს მის მიერ საგანმანათლებლო რეფორმის ადმინისტრირებაზე ან მის მიერ კაბინეტის გადაწყვეტილებებში მონაწილეობაზე?

რაც შეეხება ეკონომიკას, დასავლეთის არასწორი ინტერპრეტაცია კატასტროფული იყო, რასაც საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი ახლა აღიარებს. ისინი აღიარებენ, რომ ეკონომიკურ რესტრუქტურიზაციას სოციალური შედეგები აქვს, რასაც შეუძლია პოლიტიკური სტაბილურობის და დემოკრატიის ხარისხის დაზიანება. მასობრივი პრივატიზაცია და დერეგულირება ამჟამად დასავლეთის ქვეყნების უმეტესობამ უკუაგდო, როგორც წარუმატებელი ექსპერიმენტი, რამაც კაპიტალიზმი კრიზისამდე მიიყვანა. საქართველოში ეს “დასავლური” პოლიტიკა ჯერ ისევ გამოიყენება, როგორც ერთადერთი ალტერნატივა - თუმცა ის კორუფციას უქმნის კარგ ნიადაგს და ვერ ქმნის სამუშაო ადგილებს. ამას ემატება ეკონომიკური ინფორმაციის უფრო ზოგადი პრობლემა და ჩვენ მიერ მისი გამოყენების გზები. ეკონომიკური სიჯანსაღის დასავლური განსაზღვრებები ნაკლოვანია - ჯოზეფ ე. სტიგლიტსი (კოლუმბიის უნივერსიტეტი) და ამარია სენი (ჰარვარდის უნივერსიტეტი) სერიოზულ ეჭვს გამოთქვამენ ჩვენ მიერ მშპ-ს გამოყენების სისწორეზე, როდესაც ვაფასებთ ისეთი ქვეყნის ეკონომიკას, როგორიცაა საქართველო. მშპ წარმოადგენს პროდუქციის წარმოების და არა ეკონომიკური კეთილდღეობის განმსაზღვრელს. იგივე შეიძლება ითქვას უმუშევრობის შეფასების შესახებ (დასავლეთის ყველა ქვეყნის ხელისუფლება მიუთითებს აბსურდულ 12-13%25-ს საქართველოში). დასავლეთის შეფასების მეთოდები ამახინჯებენ ჩვენ მიერ საქართველოს ეკონომიკის აღქმას. შესაბამისად, ჩვენ მიერ შემოთავაზებული გადაწყვეტილებები სცდება მიზანს.

დაბოლოს, დასავლელებს აქვთ საქართველოს ხელისუფლების მიმართ უცნაური, მაგრამ პროგნოზირებადი მცდარი წარმოდგენა. პირველად ჩვენ ვიხილეთ გამსახურდია, როგორც მამაცი ანტისაბჭოთა მებრძოლი და ადამიანის უფლებების დამცველი, თუმცა შემდეგ მივხვდით, რომ ის იყო ავტორიტარული პოპულისტი. შევარდნაძეს მივესალმეთ როგორც პროდასავლურ რეფორმატორს, მაგრამ შემდეგ გავაცნობიერეთ, რომ ის იყო კორუმპირებული „აპარატჩიკი”, რომელიც ვერ განთავისუფლდა საბჭოთა მენტალიტეტისაგან. და ბოლოს, აღმოვაჩინეთ სააკაშვილი, რომელმაც განათლება კოლუმბიის უნივერსიტეტში მიიღო, რაც აშკარა ნიშანი იყო იმისა, რომ ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა. დღეს კი ექსპერტები საუბრობენ არარაციონალურ ადამიანზე. ჩანს, დასავლეთი სწორად ვერ აფასებს ქართველ ლიდერებს და მხოლოდ იმ ასპექტებზე ამახვილებს ყურადღებას, რისი დანახვაც თავად სურს. ეს კი საბოლოოდ იმედგაცრუებას იწვევს და ქართულ-დასავლურ ურთიერთობებს ძაბავს. საქართველოს პოლიტიკისადმი ამ „ქარიზმატულ” მიდგომას უნდა ჩაენაცვლოს უფრო ფართო სოციალური და ინსტიტუციონალური მიდგომა, რომელიც ასახავს საქართველოს საზოგადოების და არა ელიტის შედარებით მცირე წრეების ცვლილებას. ტომას კაროთერსი თავის წიგნში „კრიტიკული მისია” (2004) არ ეთანხმება, რომ დასავლეთის ტრანსფორმაციის პარადიგმა - მოსაზრება, რომ ქვეყანა, რომელიც კომუნიზმს შორდება, დემოკრატიისაკენ მიიწევს - გამარტივებულია. დასავლეთმა მილიარდობით დოლარი დახარჯა დემოკრატიის მშენებლობაზე საქართველოში, რადგან მან არ მიაქცია ყურადღება ეკონომიკური და კულტურული ცხოვრების მნიშვნელობას.

თუ გვსურს, რომ თავიდან ავიცილოთ შეცდომების გამეორება და შედეგად არ მივიღოთ საქართველოში დემოკრატიის მარცხი, ჩვენ, დასავლეთში ყურადღება უნდა გადავიტანოთ დემოკრატიის პარადიგმიდან (რომელიც, როგორც მარქსმა აღნიშნა, ფოკუსირებულია პოლიტიკურ სუპერსტრუქტურაზე) ეკონომიკის, კულტურის და პოლიტიკის ურთიერთდამოკიდებულების სრულყოფილ შემეცნებაზე. ჩვენ არ უნდა ვიკითხოთ, არის თუ არა ესა თუ ის რეფორმა დემოკრატიული, არამედ უნდა ვიკითხოთ - აქვს თუ არა ჩვეულებრივ მოქალაქეს საშუალება ხელი მიუწვდებოდეს ელექტროენერგიაზე, ექიმის მომსახურებაზე, ესაუბროს მის მიერ არჩეულ პარლამენტის წევრს ან არის თუ არა ის ეკონომიკურად დაცული. ეს ფუნდამენტური საკითხები შეადგენენ დემოკრატიას; დემოკრატიის ქულებით განსაზღვრა და ეკონომიკის რიცხვებით გამოანგარიშება უზრუნველყოფს დემოკრატიის ფორმალურ არსებობას და ბაზრის წარმოსახვითობას, რაც საქართველოს მოქალაქეებისათვის ვერ იქნება სიკეთის და სარგებლობის მომტანი.

23 მესი მეორედ, მარტა მეხუთედ

▲ზევით დაბრუნება


სპორტი|ფეხბურთი

0x01 graphic

ანდრეს ინიესტა, ლიონელ მესი და ხავი ერნანდესი

ფიფამ 2010 წლის საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელა: ბარსელონას არგენტინელმა ლიდერმა ლეო მესიმ შარშან მოგებული ტიტული შეინარჩუნა, ქალთა შორის კი მთავარი ჯილდო ბრაზილიელმა მარტამ ზედიზედ მეხუთედ მოიგო.

წლეულს ფიფამ და პოპულარულმა ფრანგულმა ყოველკვირეულმა ჟურნალმა ფრანს ფუტბოლმა წლის საუკეთესო მოთამაშე ერთად პირველად დააჯილდოვეს ოქროს ბურთით. ბოლო წლებში ფიფას და ფრანგული გამოცემის ლაურეატები ერთი და იგივე ფეხბურთელები იყვნენ, რამაც ამ ორი რეფერენდუმის გაერთიანება გამოიწვია.

ფიფას ოქროს ბურთზე სამი მოთამაშე იყო წარდგენილი: მესის თანაკლუბელები ხავი და ანდრეს ინიესტა, რომლებმაც ბრწყინვალე საკლუბო სეზონის გარდა წლის მთავარ ტურნირზე, მსოფლიო ჩემპიონატზეც გაიბრწყინეს - ხავი ტურნირის გამარჯვებული ესპანეთის ნაკრების უდავოდ საუკეთესო მოთამაშე იყო, ინიესტამ კი ფინალში ოქროს გოლი გაიტანა.

მწვრთნელებმა, ეროვნული ნაკრების კაპიტნებმა და ჟურნალისტებმა უპირატესობა ლეო მესის მიანიჭეს: არგენტინელმა ხმათა 22,65 პროცენტი მიიღო. მეორე ადგილზე ანდრეს ინიესტა გავიდა (17,36), მესამეზე კი ხავი (16,48).

„სიმართლე გითხრათ, არ ველოდი თუ დღეს გავიმარჯვებდი. აქ ყოფნითაც ბედნიერი ვიყავი - სამ საუკეთესოს შორის მოხვედრა ჩემთვის დიდი მოულოდნელობა იყო, ოქროს ბურთს კი მართლა არ ველოდი. რა გითხრათ? ძალიან მიხარია და ბედნიერი ვარ!” - პრესკონფერენციაზე არგენტინელს ემოციების დაფარვა არც უცდია.

მიუხედავად იმისა, რომ ლეომ სამხრეთ აფრიკაში, მსოფლიო ჩემპიონატზე სუსტად იასპარეზა, ბარსელონასთან ერთად ორი გუნდური და უამრავი ინდივიდუალური ტიტული მოიგო: გაზაფხულზე ესპანეთის ჩემპიონატი, ზაფხულში - ქვეყნის სუპერთასი. ამას გარდა, გახდა პრიმერადივიზიონის და ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირი, მოიგო ევროპის ოქროს ბუცი, დასახელდა ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად, ლეგიონერად და სამხრეთამერიკელ მოთამაშედ და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, სამშობლოში მეხუთედ მიანიჭეს არგენტინის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული. საინტერესოა ისიც, რომ 2010 წელს ლეო მესიმ კლუბსა და ნაკრებში 58 გოლი გაიტანა! გარდა ამისა, მესი პირველი ფეხბურთელია კევინ კიგანის შემდეგ, ვინც მსოფლიო ჩემპიონატი ჩააგდო (კიგანს 1978 წელს საერთოდ არ უთამაშია არგენტინაში) და ოქროს ბურთი მაინც გადასცეს.

ფიფას ჯილდოს ოცწლიან ისტორიაში მესი პირველი არგენტინელი და ბარსელონას მეხუთე წევრია, მთავარი პრიზი რომ მოიგო: 1994 წელს რომარიომ გაიმარჯვა, 1996 წელს რონალდომ, 1999 წელს რივალდომ, 2004 და 2005 წლებში კი რონალდინიომ.

ლეომ ფიფას მთავარი ჯილდო მეორედ 23 წლისამ მოიგო, მასზე ერთი წლით უფროსმა მარტამ კი მეხუთედ - 2006 წლიდან დაწყებული, ბრაზილიელი გოლეადორი პირველობას არავის უთმობს. შარშან მარტამ ბრაზილიის ნაკრებთან ერთად სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატში იმარჯვა - ტურნირის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა, ამერიკულ გოლდ პრაიდთან ერთად კი ყველა საკლუბო ტიტული მოიპოვა.

ფიფამ წლის საუკეთესო მწვრთნელებიც გამოარჩია: მილანის ინტერთან ერთად ყველაფრის მომგებმა პორტუგალიელმა ჟოზე მოურინიომ მსოფლიოს ჩემპიონ ესპანელ ვისენტე დელ ბოსკეს და ბარსელონას თავკაცს ხოსეპ გვარდიოლას აჯობა, ქალთა შორის კი ასეთი პრიზი პირველად გაიცა და მას მსოფლიოს ჩემპიონი გერმანიის ნაკრების მწვრთნელი სილვია ნეიდი დაეუფლა.

0x01 graphic

მარტა

ჰოლანდიური ფეხბურთის ლეგენდამ, ფიფას 1992 წლის რეფერენდუმის გამარჯვებულმა მარკო ვან ბასტენმა 2010 წლის სიმბოლური ნაკრები წარუდგინა სტუმრებს: მეკარე - იკერ კასილასი (ესპანეთი, რეალი); მცველები - კარლეს პუიოლი, ხერარდ პიკე (ესპანეთი, ბარსელონა), მაიკონი, ლუსიო (ბრაზილია, ინტერი); ნახევარმცველები - უესლი სნეიდერი (ჰოლანდია, ინტერი), ხავი, ანდრეს ინიესტა (ესპანეთი, ბარსელონა); თავდამსხმელები - ლეო მესი (არგენტინა, ბარსელონა), დავიდ ვილია (ესპანეთი, ბარსელონა), კრიშტიანუ რონალდუ (პორტუგალია, რეალი).

ფიფას პრეზიდენტის სპეციალური პრიზი სამხრეთაფრიკელ არქიეპისკოპოსს დესმონდ ტუტუს გადაეცა სამშობლოში ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატის მხარდაჭერისთვის, სამართლიანი თამაშის პრიზით კი ჰაიტის 17-წლამდელ გოგონათა ნაკრები დაჯილდოვდა: მიუხედავად სამშობლოში დატრიალებული ტრაგედიისა - მიწისძვრამ თითქმის მთლიანად გაანადგურა ქვეყანა - გუნდმა მსოფლიო ჩემპიონატზე მაინც იასპარეზა.

ლეგენდარული უნგრელი გოლეადორის ფერენც პუშკაშის სახელობის ჯილდო წლის ულამაზესი გოლისთვის მიუნხენის ბაიერნის და თურქეთის ნაკრების ნახევარმცველ ჰამიტ ალტინტოპს გადაეცა - ევრო 2012-ის შესარჩევ ტურნირში მან ყაზახეთის ნაკრებს მართლაც ულამაზესი გოლი გაუტანა.

ბოლოსთვის კი ერთი საინტერესო ფაქტიც: ფრანს ფუტბოლს კვლავ დამოუკიდებლად რომ ჩაეტარებინა გამოკითხვა, ოქროს ბურთს ლეო მესი ვერ მოიგებდა - ჟურნალისტებმა არგენტინელი მხოლოდ 18-ჯერ დაასახელეს პირველ ადგილზე, ხავი 36-ჯერ, ინიესტა და სნეიდერი კი 35-35-ჯერ...

საქართველოს ნაკრების მწვრთნელის თემურ ქეცბაიას სამეული

1. ხავი, 2. არიენ რობენი, 3. დიეგო ფორლანი

საქართველოს ნაკრების კაპიტნის კახა კალაძის სამეული

1. ლეო მესი, 2. ანდრეს ინიესტა, 3 .ჟულიო სეზარი

ქართული მედიის სამეული

1. დავიდ ვილია, 2. დიეგო ფორლანი, 3. მიროსლავ კლოზე

ფიფას რეფერენდუმის გამარჯვებულები

1991 - ლოთარ მათეუსი (გერმანია; ინტერი), 1992 - მარკო ვან ბასტენი (ჰოლანდია; მილანი), 1993 - რობერტო ბაჯო (იტალია; იუვენტუსი) 1994 - რომარიო (ბრაზილია; ბარსელონა), 1995 - ჟორჟ ვეა (ლიბერია; პარი სენ-ჟერმენი & მილანი), 1996 - რონალდო (ბრაზილია; პსვ ეინდჰოვენი & ბარსელონა), 1997 - რონალდო (ბრაზილია; ბარსელონა & ინტერი), 1998 - ზინედინ ზიდანი (საფრანგეთი; იუვენტუსი), 1999 - რივალდო (ბრაზილია; ბარსელონა), 2000 - ზინედინ ზიდანი (საფრანგეთი; იუვენტუსი), 2001 - ლუიშ ფიგუ (პორტუგალია; რეალი), 2002 - რონალდო (ბრაზილია; ინტერი & რეალი), 2003 - ზინედინ ზიდანი (საფრანგეთი; რეალი), 2004 - რონალდინიო (ბრაზილია; ბარსელონა), 2005 - რონალდინიო (ბრაზილია; ბარსელონა), 2006 - ფაბიო კანავარო (იტალია; იუვენტუსი & რეალი), 2007 - კაკა (ბრაზილია; მილანი), 2008 - კრიშტიანუ რონალდუ (პორტუგალია; მანჩესტერ იუნაიტედი), 2009 - ლეო მესი (არგენტინა; ბარსელონა), 2010 - ლეო მესი (არგენტინა; ბარსელონა).

24 ბებერი ბიჭები

▲ზევით დაბრუნება


სპორტი|კალათბურთი

ზურაბ თალაკვაძე

ერთ გასახდელში, პატარა ონავარი რაჟონ რონდო დიდი სამმაგი დუბლის შემდეგ ჟურნალისტებს ესაუბრება. იქვე, სამასაჟო მაგიდაა დაკავებული და ზედ ისტორიაა წამოწოლილი. ბებერი, დამსახურებული, ბუნჩულა, დასვირინგებული ისტორია. ამ ისტორიას ეცინება, როდესაც ის პატარა, ცელქი ტიპი ტრადიციებზე, ლტოლვაზე და ჩემპიონის დიდ გულზე ეჭორავება ჟურნალისტს. შაკი თვითონ არის ტრადიცია. თუ სელტიქსი ფლეი ოფს ვერ მოიგებს, მისტერ ო'ნილი წავა. მეორე გასახდელში ჭაღარა, ბუზღუნა მწვრთნელი კუთხეში დგას, ესმის ყველაფერი, არ უსმენს არაფერს და ფიქრობს, როდის, სად მოუვიდა შეცდომა. იქვე კიდევ ერთი ჩვეულებრივი ინტერვიუ მიდის. ინტერვიუ მშვიდ კაცთან, რომელიც მშვიდად საუბრობს კალათბურთზე. მერე, პაუზას აკეთებს და: „მან ეს იცის, მაგრამ მაინც... დიდ პატივს ვცემ. ყოველთვის დიდ პატივს ვცემდი”. ტიმ დანკანის სიტყვები. ბოსტონში, ბილ რასელი სამწამიანში უილტ ჩემბერლენს უხეშად ეფერებოდა. ჯონ ჰავლიჩეკი დამტვრეული ძვლებით ფინალებს იგებდა. ბობ კოუზი მთელი ბოსტონი იყო. ლარი ბერდმა მწვანე ისტორია გადაწერა და მერე წავიდა. სელტიქსის ისტორიულ ქვეთავებში სხვებიც იყვნენ, არიან, იქნებიან. ბოსტონი კალათბურთის ისტორიაა. ასაკში შესული პერსონაჟია, რომელიც კაფეში ზის, ჩაის მიირთმევს და ბევრს რამეს იხსენებს. ბევრ რამეს ვეღარ იხსენებს. მერე, მიმტანს ანგარიში რომ მიაქვს, ათდოლარიანს აძლევს, შვილო, ხურდა დაიტოვეო, ეუბნება და გასვლის წინ ეღიმება. მის სახეზე, ნაოჭებში მთელი ისტორიაა.

0x01 graphic

ტიმ დანკანი

სელტიქსის მესვეტე მალე კიდევ ერთხელ დაფიქრდება, კეფას მოიფხანს და ახალი სვეტის დაწერას დაიწყებს. პატარა სვეტი დიდ კაცზე. აი, იმაზე, გასახდელში რომ წამოწოლილიყო. შაკზე.

მესვეტეების კონკურსი რომ გამოცხადდა, სან ანტონიოს ალამოსთან ძირითადად, კოვბოები და მექსიკელები მივიდნენ. ქამრები ღიპის ქვეშ აქვთ გადაჭიმული და ტექსასური ამბების განხილვა მიდის. არ იციან, რატომ შეიკრიბნენ, მაგრამ განცხადებაში ერთი სიტყვა წაიკითხეს და ეს საკმარისია. SPURS. დღეს დიქტორი კიდევ ერთხელ გამოაცხადებს პირველ ხუთეულს და ბოლოსკენ, მშვიდად წარადგენს 21-ე ნომერს. …And number 21, team captain, Tiiiiiiiiim Duncannnnnnnnnn. სელტიქსმა ბოსტონში 105:103 მოუგო სპურსს. სან ანტონიოს და ბოსტონის VS-ის შემდეგ ტიმიმ შაკს კომპლიმენტი გაუგზავნა.

ტიმი და შაკი.

შაკი და ტიმი.

ამ გენერაციის რასელი და ჩემბერლენი. ან, პირიქით. ბილი უილტს პატივს სცემდა და მოედანზე ამცირებდა. ბილი იყო ჩემპიონი და უილტი - ასქულიანი იმედგაცრუება. გამოდის, რომ ო'ნილი და დანკანი თან ახლოს არიან რასელ-ჩემბერლენთან და თან, ძალიან შორს.

დანკანი ოთხჯერ გახდა ჩემპიონი. შაკიც.

დანკანი თავისი თაობის ყველაზე სერიოზული მეოთხე ნომერია. შაკი ცენტრების ცენტრშია. ერთი ტრიალით ყველაფერს ვეღარ აგვარებს, მაგრამ მაინც შაკია.

კობი ორივეზე ნიჭიერია, უკვე ხუთჯერ მივიდა თეთრ სახლში ჩემპიონის ბეჭდით, მაგრამ მაინც უკან არის. შაკი კობიზე ჭკვიანია, შაკი კობიზე დიდია და ლეიკერსში ო'ნილი რასელობდა. კობი ყოველთვის მეორე იყო. მერე აწიკვინდა, ელ ეის ბოსები ქალაჩუნურად მოატყუა და შაკი მაიამიში გააშვებინა.

სწრაფად დაბერდნენ ო'ნილი და დანკანი. შაკი ასაკმა დააბერა და ტიმი - გრეგ პოპოვიჩმა. სპურსი უფრო სწრაფ, მოძრავ კალათბურთზე გადავიდა, სამწამიანში ბურთი ნაკლებად ჩადის და ტიმიც შეტევაში მესამე ოფციაა.

შაკი ბოსტონის ბებრების პანსიონატში სიამოვნებით მიიღეს. სელტიქსისთვის სეზონი აპრილიდან იწყება და აპრილიდან რაც ხდება, შაკს მაგ თემაზე ოთხი სადოქტორო აქვს დაწერილი. ბოსტონი ფლეი ოფია და შაკი იქ სულ ყვავის ტუზი ან ჯოკერი იყო.

0x01 graphic

შაკილ ო'ნილი

არ უძმაკაციათ, თითქმის ყველაფერში განსხვავებულები არიან, მაგრამ ერთმანეთს მაინც პატივს სცემენ.

დანკანი: „შაკი ლიგის სახეა. მე მაგდენს ვერ ვქაჩავდი. შაკი ლოს ანჯელესში ჯეკ ნიკოლსონთან ერთად ტომ კრუზის ფილმის პრემიერაზე დადიოდა. მე გრეგ პოპოვიჩისთვის სალათის ფოთლებს ვამზადებდი, გრეგს რომ დევიდის (რობინსონის) საყვარელი კერძი მოემზადებინა. შაკთან ერთად მოგონებების ოკეანე მაქვს. ხან ის იდგა ფეხზე, ხან - მე, მაგრამ თუ რომელიმე იღლებოდა და გამოცურვა არ შეეძლო, ერთმანეთს ყოველთვის ვეხმარებოდით. შაკი ჩემი მოტივაცია იყო. ჩვენ ლიგის ბაობაბები ვართ. მალე ვინმეს ხელს შევუშლით და მოგვჭრიან. ეს დღე მალე დადგება”.

შაკი: „ტიმი კარგი ბიჭია. ალბათ, მასთან ერთად ღამის კლუბში ვერასოდეს წავიდოდი. იმდენად მშვიდი და მორცხვია, რომ მოცეკვავე გოგონას ვერ შეხედავდა, მოერიდებოდა. ტიმისთან ერთად წვეულებაზე წასვლაც მოსაწყენია. მაგრად ვიღლებოდი, როდესაც All Stars მიდიოდა და ტიმი ისევე თამაშობდა, როგორც - რეგულარულში. უბრალოდ, თუ შვილებმა იმ კალათბურთელის დასახელება მთხოვეს, ვისაც ყველაზე დიდ პატივს ვცემდი, ეს ტიმ დანკანი იქნება. Respect, bro”.

38 წლის შაკი წელს თითქმის ყველაფერში პირად ანტირეკორდებზე მიდის. ბურთს თითქმის ვეღარ ტენის და უფრო ხშირად, მას ატენიან. 34 წლის დანკანს ორივე მუხლი აწუხებს. პოპოვიჩი ლიდერს ასვენებს და ტიმი დასვენებულიც დაღლილია. უბრალოდ, ორივემ იცის, რომ მთავარი ამბები ცოტა მერე იქნება.

ჯერ ერთჯერადი სეანსებისთვის გადაღებული ფილმების სერია და სერიალები მიდის. სთოუნი, პარკერი, არონოვსკი და დე პალმა აპრილიდან დაანონსდებიან. ბლოკბასტერებში დამსახურებით და სიყვარულით დაღლილი, მოხრილი ბაობაბებიც იქნებიან. სხვებზე იშვიათად გამოჩნდებიან კადრში, მაგრამ ეს ყველაზე ღრმა, თბილი, დომინანტური და უბრალო ეპიზოდები იქნება. შაკის და ტიმის ეპიზოდები.

... ასაკში შესული პერსონაჟი სადარბაზოსთან ცოლს ელოდება. ჩაის მიღების აუცილებელი სეანსის შემდეგ ძველ კინოთეატრში, რაღაც პრემიერაზე უნდა წაიყვანოს მეუღლე. მანამდე, ავტობუსში დიდი ხნის სიყვარულს და მეგობარს ხელს გადახვევს, გაზეთს გადაშლის და სპორტულ სიახლეებს გაეცნობა. თვალში მოხვდება ჰედლაინი, რომ შაკმა კარიერა დაასრულა. ოდნავ პატარა შრიფტით ტიმის კარიერის ჰეფი ენდიც იქნება ნახსენები. შუქნიშანზე წითელია ანთებული. მოხუცი იხსენებს ძველ დროს. ბოსტონში რედ აუერბახის სიგარას და ლარი ბერდის უშნო ულვაშს. მეჯიქ ჯონსონის პასს და ქარიმის ლიფსოს. და ახსენდება შაკი. ტიმთან ერთად. ერთმანეთს ისევე ავსებდნენ, როგორც ის და მისი არაჩვეულებრივი მეუღლე. ცოტა ადრე რომ ეთამაშათ, თითქმის ლარი და მეჯიქი იქნებოდნენ. მაშინ კალათბურთში მეტი სითბო და ნაკლები დოზით პიჟონობა იყო.

სეზონის ბოლოს შაკილ ო'ნილი კარიერას ამთავრებს. მალე დანკანიც გაყვება და კალათბურთიც ისეთივე ცივი და უემოციო გახდება, როგორც ტილდა სვინტონის გამოხედვა.

25 საახალწლო ციებ-ცხელება ტანგოს მოტივებით

▲ზევით დაბრუნება


ბიძინა ბარათაშვილი|სვეტი

0x01 graphic

გასულ ორშაბათს 2010 წლის საუკეთესო ფეხბურთელები და მწვრთნელები გამოვლინდნენ. ჟურნალისტებისა და ფიფას ერთობლივმა გამოკითხვამ ერთადერთი „დაგეგმილი“ წარმატება ბრაზილიელ ლამაზმან მარტას არგუნა, რომელმაც მეხუთე ოქროს ბურთი მოიპოვა და თუ ასე გააგრძელა, შეუძლია, აქტიური კარიერის დასრულებისთანავე, საიუველირო საქმით დაკავდეს...

ლიონელ მესისა და ჟოზე მოურინიოს ნიჭიერებაში (ან გენიალობაში) ეჭვი არავის ეპარება, მაგრამ მათი გამარჯვება გვაფიქრებინებს, რომ მუნდიალის მოგების ფასი ნელ-ნელა ნიველირდება! თავად განსაჯეთ - ფეხბურთელთა სამი ნომინანტიდან ორი (ინიესტა და ხავი) სამხრეთ აფრიკიდან მსოფლიოს ჩემპიონთა ტიტულით დაბრუნდა, ანდრეს ინიესტამ კი ფინალში ოქროს გოლიც გაიტანა, მაგრამ პრიზი გერმანიასთან შერცხვენილ არგენტინელს ერგო! იგივე განმეორდა მწვრთნელთა ჭიდილშიც - კი ბატონო, მოურინიოს ინტერმა დამსახურებულად მოიგო ჩემპიონთა ლიგა, მაგრამ ვისენტე დელ ბოსკემ ხომ ფიფას თასი მოიპოვა!

მეორე მხრივ, ფაქტია, რომ მესიც და „განუმეორებელი“ ჟოზეც თავიანთი შესაძლებლობებითა და ოსტატობით ნებისმიერ მეტოქეზე მაღლა დგანან.

უბრალოდ, არსებული ტრადიციის მიხედვით, მსოფლიო პირველობების წლებში სწორედ ამ ტურნირის შედეგებს ენიჭებოდა გადამწყვეტი მნიშვნელობა... მაგრამ, უკანასკნელი მუნდიალებისა და განსაკუთრებით სამომავლოდ რუსეთ-ყატარში დანიშნული ჩემპიონატების ჭრილში, ახალი ტენდენცია სრულიად ლოგიკური ჩანს. მართლაც, ზეპ ბლატერი უკვე ალაპარაკდა ასპარეზობის ზამთარში ჩატარების თაობაზე, რათა ყატარული ზაფხულის ხვატს გადაარჩინოს პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელები, რომლებსაც ოთხი წლით ადრე რუსეთის ტრამალებში ხეტიალი მოუწევთ! კაცმა არ იცის, ვინ გამოიჩენს თავს ამ არანორმალურ პირობებში, ასე კი, მთელი წლის მანძილზე გამოვლენილი ტალანტი ფასდება.

დეკემბრის მიწურულს მონტევიდეოს გაზეთ ელ პაისის მიერ გამოკითხულმა ჟურნალისტებმა ჯერ ევროპელები შეაფასეს, მერე კი თავისიანები. საინტერესოა, რომ „ევროპული“ ნაწილი ზუსტად დაემთხვა ფიფას გალას შედეგებს. აქაც მესი-მოურინიოს წყვილმა გაიმარჯვა.

სამხრეთ ამერიკაში კი უძლიერესის ტიტული და ოქროს ბურთი ბრაზილიური ინტერნასიონალის არგენტინელ ლიდერ ანდრეს დ'ალესანდროს ერგო, რომელმაც არც თანამემამულე ხუან ვერონს დაანება მიჯრით მესამე მოგება და მორიგი “ახალი პელე” - ნეიმარიც უშანსოდ დატოვა.

წლის მწვრთნელის გამოვლენისას კი უკვე მუნდიალის შედეგები იქნა გათვალისწინებული. “სელესტეს” ნახევარფინალში გაყვანისთვის ურუგვაელმა ოსკარ ტაბარესმა კუთვნილი ჯილდო მიიღო და საგრძნობლად გაასწრო არგენტინულ კვარტეტს, რომელშიც ჩილესა და პარაგვაის ნაკრებებში წარმატებით მომუშავე მარსელო ბიელსა და ხერარდო მარტინოც მოხვდნენ.

წლის მოვლენად ურუგვაის მიერ 1950 წლის ჩემპიონატზე გამარჯვების 60-წლისთავი მონათლეს, რამაც ერთი ამბის მოყოლა მომანდომა.

ოთხმოციანი წლების შუაში ჩემი ძმაკაცი დათო კობახიძე („წიპა”) კიევში აბარებდა სარეჟისოროზე და მთავარ წინაღობად მესამე გამოცდა - მსახიობის ოსტატობა მიაჩნდა. საქმე ისაა, რომ დათოს... ენა ებმოდა და, ცხადია, დეკლამაციის ტალანტით შთაბეჭდილების მოხდენაზე ვერც კი იოცნებებდა. ჰოდა, გადაწყვიტა, ეშმაკობით გასულიყო ფონს - ახლად რეაბილიტირებული ივან ბუნინის რომელიღაც მოთხრობა მოამზადა და „ინტელექტუალის” იმიჯი მოირგო. საუბედუროდ, მის წინ გასულ 4 მოპასუხესაც იგივე აზრი მოუვიდა და მათაც მიჯრით ჩაარიკრიკეს ბუნინის ნაწარმოებები. მოულოდნელობის ეფექტი დაიკარგა! და აი, გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნილმა „წიპამ“ გამომცდელებს გამოუცხადა: „ჟორჟი ამადუ. მშვიდობით ბრაზილია!“ ცხონებულ ბრაზილიელ კლასიკოსს მსგავსი არაფერი დაუწერია! ქართველმა კი ტემპერამენტულად დაიწყო 1950 წლის ჩემპიონატის ფინალის პერიპეტიების მოყოლა და თხრობა, მერხზე ამხტარმა, საფეხბურთო ცნობარში ამოკითხული ფრაზით დაასრულა: მარაკანას ტრიბუნებზე ტიროდა 200 ათასი ბრაზილიელი, სარბენ ბილიკებზე კი დარბოდა ურუგვაელთა კაპიტანი ობდულიო ვარელა და გახევებული ხმით ბღაოდა - ურუგვაი!!!” “სელესტეს” გმირობით შოკირებულმა კომისიამ დათო კობახიძეს ხუთიანი დაუწერა და სტუდენტად ჩარიცხა...

...„წიპა 2010 წლის 30 დეკემბერს, ახალი წლის წინა დღეს კიევში დაასაფლავეს. ეს ისტორიაც მისმა მოულოდნელმა დაღუპვამ გამახსენა...

26 გემბალა კაიენ ტორნადოთი დაბრუნდა

▲ზევით დაბრუნება


ავტო

0x01 graphic

მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე თვის წინ, მისი დამაარსებელი უვე გემბალა სამხრეთ აფრიკაში, გაურკვეველ ვითარებაში მოკლეს, კომპანია გემბალა არსებობას მაინც აგრძელებს. მისმა აღმასრულებელმა დირექტორმა ანდრეას შვარცმა და ინვესტორმა შტეფენ კორბახმა სახელოვანი გერმანული სატუნინგო კომპანია აღადგინეს და ახალი შედევრიც გაამზადეს.

გემბალას სპეციალისტებმა ამჯერად ისედაც პოპულარული პორშე კაიენის დახვეწა გადაწყვიტეს და დასახულ ამოცანას თავი შესანიშნავად გაართვეს. მათ ნახელავს კი სახელად ტორნადო ეწოდა - სახელი პირდაპირ მიგვანიშნებს იმაზე, რომ ჩვენ წინაშე ნამდვილი სტიქიაა, რომელიც მის პატრონს, ექსტრემალური მართვით უზარმაზარი სიამოვნების მინიჭებას ჰპირდება.

0x01 graphic

გემბალას სპეციალისტებმა პირველ რიგში, კაიენის ძარის პანელების შეცვლაზე იზრუნეს. ჯერ ერთი, ახალი პანელები კარბონის კომპოზიტისგან დამზადდა. მეორეც, შეიცვალა მთლიანად ავტომობილის დიზაინი. მან უფრო აგრესიული სახე მიიღო. კარბონით შეიცვალა კაპოტი, წინა ფრთები, ზღურბლი, კარებები და უკანა ნაწილის ზოგიერთი დეტალი. კარბონიზაციის წყალობით, ავტომობილმა წონაში 70 კილოგრამი დაიკლო.

რა თქმა უნდა, მოდერნიზაცია კაიენის ძრავსაც ჩაუტარდა. ახალი პროგრამა შეიყვანეს ძრავის მართვის ელექტრონულ ბლოკში, რისი წყალობითაც, 4.8-ლიტრიანი ორტურბოიანი V8 აგრეგატის სიმძლავრე 500-დან 580 ცხენის ძალამდე გაიზარდა. მაქსიმალურმა მომენტმა კი 30 პროცენტით, 1000 ნიუტონმეტრამდე მოიმატა. ეგ კიდევ არაფერი, გემბალა ძრავის კიდევ უფრო გაძლიერებას აპირებს. შედგენილია ტორნადოს ტუნინგის პროგრამა, რომელიც ძრავის სიმძლავრის 670-700 ცხენის ძალამდე გაზრდას ითვალისწინებს.

კაიენის სპორტ პაკეტში ასევე შევიდა 22-დუიმიანი ბორბლები და მათში ჩამჯდარი ბრემბოს სამუხრუჭე სისტემები. წინა სამუხრუჭე დისკოების დიამეტრი 420 მილიმეტრია, უკანებისა კი - 405 მილიმეტრი.

ცვლილებები ჯერ არ შეხებია კაიენის ინტერიერს, თუმცა გემბალა აცხადებს, რომ პროექტი ჯერ ბოლომდე მიყვანილი არაა და ავტომობილის სრულყოფის მორიგი ეტაპი სწორედ სალონს შეეხება.

27 პორშეს სარბოლო ჰიბრიდი

▲ზევით დაბრუნება


ავტო

0x01 graphic

ოთხი წელია, დეტროიტის ჩრდილოამერიკული საერთაშორისო საავტომობილო შოუ პორშეს გარეშე ტარდებოდა და აი, გერმანული კომპანია კობო სენტერის საგამოფენო კომპლექსს დაუბრუნდა. ექსპონატი კი, რომლითაც შტუტგარტელები თავს იწონებენ, რბოლებისთვის მომზადებული კონცეპტუალური ჰიბრიდული კუპე 918 RSR-ია, ავტომობილი, რომელიც ჟენევის შარშანდელ გამოფენაზე წარმოდგენილი კონცეპტუალური როდსტერის დახურული ვარიანტია.

პორშეს განმარტებით, ეს არის ავტომობილი, რომელშიც შერწყმულია სარბოლ ჰიბრიდულ მოდელ 911 GT3 R-ის ტექნოლოგიური ინოვაციები და 918 სპაიდერის შესანიშნავი დიზაინი. რეალურად კი, კუპე 918 RSR არის ორადგილიანი სარბოლი ბოლიდი, რომელსაც შიდაწვის ძრავი ბაზაში აქვს მოთავსებული.

ავტომობილს მამოძრავებელ ძალას სარბოლი RS სპაიდერისგან აღებული 3.4-ლიტრიანი V8 აგრეგატი ანიჭებს, რომელიც 10 300 ბრ/წთ-ზე 563 ცხენის ძალას ავითარებს. მასთან დაკავშირებულია 6-საფეხურიანი რობოტიზებული კოლოფი, რომლის მიერ გადამუშავებული მაბრუნი მომენტიც უკანა წამყვან ბორბლებს მიეწოდება.

0x01 graphic

ფოტო: REUTERS ©

შიდაწვის ძრავის გარდა, ავტომობილს ორი ელექტროძრავიც აქვს, რომლებიც წინა ბორბლებს ამოძრავებენ. თითოეულის სიმძლავრე 102 ცხენის ძალაა. ჯამში სამივე ძრავი 767 ცხენის ძალას იძლევა. თუმცა, გერმანული კომპანიის ინფორმაციით, ელექტროძრავებს სრული დატვირთვით მუშაობა მხოლოდ რვა წამით შეუძლია, როცა სისტემა სრულადაა დამუხტული. ამ ენერგიას კი მათ მუხრუჭების კინეტიკური ენერგიის რეკუპერაციის მექანიკური სისტემა (ფ1-ის გუნდ უილიამსის მიერ შექმნილი) აწვდის, რომლის მიერ გამომუშავებული ენერგიაც მექანიკურ, მქნევარა- აკუმულატორში გროვდება, რომელიც კოკპიტში, პილოტის სავარძლის გვერდითაა მოთავსებული. პილოტს ელექტროძრავების ამოქმედება საჭის რგოლზე მოთავსებული ღილაკით შეუძია. ამ ორი ელექტროძრავის წყალობით, 918 RSR პერიოდულად სრულამძრავიანი ავტომობილი ხდება. ამასთან, ელექტროძრავებს ემსახურება ელექტრონულად მართვადი სისტემა, რომელიც მათ შორის მაბრუნ მომენტს საჭიროებისამებრ ანაწილებს. ამგვარად, უმჯობესდება როგორც ავტომობილის მანევრულობა, ასევე ის უფრო ადვილად სამართავიცაა. კუპეს სპაიდერისგან სახურავის გარდა, კარებებიც გამოარჩევს, რომლებიც ლამბორგინის სტილში, ზევით იღება. ამასთან, ისინი სახურავზეც გადადის. ორ კარებს შორის, სახურავის უკანა ნაწილში, ჰაერის ამღებია მოთავსებული, რომელიც ჰაერით ძრავს ამარაგებს. გარდა ამისა, ავტომობილი სარბოლი აეროდინამიკური პაკეტითაა აღჭურვილი, რომელშიც ყველაზე შესამჩნევი უზარმაზარი უკანა ანტიფრთაა. კუპე 19-დუიმიან ბორბლებზე დგას, რომლებსაც თითო, ცენტრალური ქანჩი კეტავს. სხვათა შორის, პორშემ უკვე გადაწყვიტა 918 სპაიდერის წარმოება. ოღონდ, ის ძალიან შეზღუდული რაოდენობით დამზადდება და თითოეული ავტომობილის ღირებულება 500 ათასი ევრო იქნება. რაც შეეხება კუპეს, მისი საგზაო ვერსიის წარმოების გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არაა, თუმცა დიდი ალბათობით შეიძლება იმის ვარაუდი, რომ სარბოლ ტრასებზე გამოჩენის შემდეგ, მისი საგზაო ვერსიის წარმოებაც დაიწყება.

28 WANTED ექსკლუზიური ინტერვიუ ტიმურ ბეკმამბეტოვთან

▲ზევით დაბრუნება


ინტერვიუ|კულტურა

გიორგი კალატოზიშვილი

0x01 graphic

ტიმურ ბეკმამბეტოვი და ანჯელინა ჯოლი გადასაღებ მოედანზე

ჯინსები, დიდი თეთრი ფერის ბოტასები და დაახლოებით ისეთი მანტო, 90-იანებში რომ ღირსეულ კონკურენციას უწევდა „ვარიონკა” ქურქებს ბაზრობაზე... ასეთ უშუალო ფორმაში წარდგა ქართველი მაყურებლის წინაშე ჰოლივუდის ყველაზე ძვირადღირებული რეჟისორების ხუთეულში შემავალი ყაზახი ტიმურ ბეკმამბეტოვი, რომელიც პირველ რიგში, ჩემი თაობის მაყურებელს ახსოვს ბანკ იმპერიალის საიმიჯო რეკლამებით (И брал Тамерлан камни и говорил он с ними...). მის რეკლამაში ჩინგიზ ყაენი და თემურ ლენგიც კი, ისეთ „თბილ ტონებშია” წარმოდგენილი, რომ ხვდები, ბეკმამბეტოვისთვის მთავარია ისტორიული ფესვები და არა ის ისტორიული კვალი, რომელიც ამ პერსონაჟებმა დატოვეს სხვადასხვა ქვეყნებში... მისთვის მნიშვნელოვანი ტრადიციაა! ტრადიცია აღმოჩნდა მთავარი ახალი წლის შემთხვევაშიც, რომელსაც რეჟისორმა სრულმეტრაჟიანი ფილმი „ნაძვის ხეები” უძღვნა.

ანდრეი კონჩალოვსკის შემდეგ („გაპარული მატარებელი”, „ტანგო და კეში”, „ოდისეა”) ბეკმამბეტოვი მეორე რეჟისორია პოსტსაბჭოთა სივრციდან, რომელიც ჰოლივუდში დამკვიდრდა. თავის „ფინანსურ სრულწლოვნებამდე”, ანუ რეჟისორული დამოუკიდებლობის მოპოვებამდე კონჩალოვსკი მუდამ ამახვილებდა ყურადღებას ჰოლივუდის პროდიუსერების ტირანიაზე და ქმნიდა მითს, რომელსაც ტიმურ ბეკმამბეტოვი ყველა თავის ინტერვიუში ასე გულმოდგინეთ ამსხვრევს. „მე - აბსოლუტურად დამოუკიდებელი რეჟისორი ვარ!” - მანიფესტივით აცხადებს ბეკმამბეტოვი და ამის დამადასტურებელი არგუმენტი და ფაქტიც მრავლად მოეძებნება.

„ღამის გუშაგს” ყველაზე წარმატებულ პროექტად მიიჩნევს. სამომავლოდ სურს გადაიღოს ფილმი 3D ფორმატში და ამბობს, რომ „ადრე ესეც წარმოუდგენელი იყო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, 100 წლის შემდეგ ჩვენ ფილმებს უკვე სიზმრებში ვნახავთ”... 20 წლის წინ ოცნებობდა თეატრზე, მაგრამ კინომ მისი ფანტაზიის რეალიზაციის გაცილებით დიდი პოტენციალი და რესურსი შესთავაზა...

  • თქვენმა ფილმმა „ნაძვის ხეები“ გამახსენა ალექსანდრ როგოჟკინის ფილმი „Операция - с новым годом“: ასეთივე მრავალფეროვანი პერსონაჟები, თანამედროვე გმირები და ანტიგმირები და, რა თქმა უნდა, უცვლელი ფასეულობები - რწმენა, იმედი და სიყვარული... თქვენი ფილმიც იმაზეა, სასწაულის რომ ყოველთვის უნდა გჯეროდეს?

ფილმი სამ რამეს ეხება: ჩვენ ყველას გვჯერა და გვწამს ტრადიციების და, ამრიგად, „ნაძვის ხეები” სიყვარულშიც უტყდება ყველა იმ ფილმს, რომელიც მანამდე გადაიღეს ახალ წელზე... მეორე - ჩვენ ყველანი ვცხოვრობთ იმ სამყაროში, რომელშიც სიბრალული და თანაგრძნობა გახლავთ სიცოცხლის დედააზრი. და მესამე - იმისათვის, რომ მიაღწიო დასახულ მიზანს, უნდა გჯეროდეს და გქონდეს მოთმინება. ესაა და ეს. თუმცა ფილმის მონტაჟის დროს სიუჟეტმა თავსატეხი მაინც გაგვიჩინა - ჩვენ დიდხანს ვისხედით და ვფიქრობდით ფილმის არსზე, მის ქვეტექსტზე - რა არის ამ სურათის მთავარი იდეა? როგორ დავაკავშიროთ ფილმის პერსონაჟები ერთმანეთთან? ბოლოს მივხვდით, რომ ის პატარ-პატარა სიკეთე, რომელსაც სჩადის უკლებლივ ყველა პერსონაჟი, კავშირია ადამიანებს შორის, რომელმაც მოგვიყვანა 21-ე საუკუნემდე. სხვა ვერაფერი მოგვიყვანდა, თუ არა თანაგრძნობა და სიკეთე. „ნაძვის ხეები“ პოსტმოდერნისტული ფილმია; როცა იცვლება დრო და ფორმა, შენ ისღა გრჩება, რომ ილაპარაკო იმ უცვლელ ღირებულებებზე, რომლის გამოხატულებაც არასოდეს შეიცვლება - ეს არის, როგორც უკვე ვახსენე, სიკეთე და თანაგრძნობა. ჩვენ თავის დროზე გამოვაცხადეთ კონკურსი საახალწლო ისტორიებზე და მაყურებლისგან უამრავი საინტერესო, სახალისო, ხანდახან დრამატიზმით აღსავსე წერილი მივიღეთ. შემდგომში ყველა ეს ამბავი თავისებური ნოველის სახით გაცოცხლდა სცენარში.

  • ერთადერთი პრიზი, რომელიც თქვენ აიღეთ - 2005 წელს მოპოვებული „ფელიქსია” მაყურებლის სიმპათიის ნომინაციაში ფილმისთვის „დღის გუშაგი”. როგორც ჩანს, არ ხართ საფესტივალო რეჟისორი... ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ თქვენთვის მთავარია კომერციული კინო და პრინციპი „გაყიდვები ერთადერთია, რასაც მოაქვს ფული, ყველაფერ დანარჩენზე ეს ფული მხოლოდ იხარჯება”?

გაყიდვები ერთადერთია, რაც უზრუნველყოფს მაყურებელს. მე კი არ მსურს ვაკეთებდე ფილმს მაყურებლის შეზღუდული რაოდენობისთვის. ვფიქრობ ეს უკვე პასუხია იმ კითხვაზე, თუ რატომ ვარ ასეთი გულგრილი ფესტივალებისადმი. კინო დაიბადა და ჩამოყალიბდა როგორც მასობრივი ხელოვნება, სანახაობა ფართო აუდიტორიისთვის და მე ნამდვილად არ მსურს 10-15 კაცისთვის ვირჯებოდე და კუთხიდან ვადევნებდე თვალყურს თანამედროვე კინოს წამყვან ტენდენციებსა და განვითარებას. ჩემთვის კინო ყოველთვის იყო და არის ის, რაც ხდება ადამიანებში და არა ეკრანზე. მოქმედება უნდა ხდებოდეს ადამიანებში - თქვენი ფილმის შემყურე მაყურებელი უნდა განიცდიდეს, ის უნდა იცინოდეს, ტიროდეს, ბრაზდებოდეს, უხაროდეს, ფიქრობდეს... რაც ეკრანზე ხდება, ეს მხოლოდ „ფერადი ჩრდილია”. თუ ფილმი არ იქმნება მასისთვის და იქმნება მხოლოდ საკუთარი ეგოს და საკუთარი მიზნების რეალიზაციისთვის - ამის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ არ მაინტერესებს.

  • ცნობილია, რომ აპირებთ 3D ფორმატში ფილმის გადაღებას სათაურით „წითელი ასფალტი” და ის ეხება არაფხიზელ მდგომარეობაში მანქანის მართვას. ჩვენთან ახლა ძალიან აქტუალურია არაფხიზელ მდგომარეობაში მართვისა და უსაფრთხოების ღვედის აუცილებლობის თემა. ეს ფილმიც ექშენი იქნება?

„წითელი ასფალტი“ იქნება საშინელებათა ჟანრი! არ ვხუმრობ! ოდესმე თუ გიმართავთ მანქანა არაფხიზელ მდგომარეობაში? ეს სრული კოშმარია! ამიტომაც ვამბობ, რომ „წითელი ასფალტი” საშინელებათა ჟანრის ფილმი იქნება. ჩვენ მივცემთ მაყურებელს იმის შესაძლებლობას, რომ 3D-ს მეშვეობით საკუთარ თავზე გამოსცადოს თუ რას გრძნობს და როგორ აღიქვამს სამყაროს მთვრალი ადამიანი. იცით, რატომ ვუწოდეთ ფილმს „წითელი ასფალტი”? შტატებში მართვის მოწმობის ასაღებად მისული მოქალაქე გარკვეული პროცედურების გავლის შემდეგ შეჰყავთ სპეციალურ ოთახში, სადაც მას უჩვენებენ ხუთწუთიან პროპაგანდისტულ დოკუმენტურ ფილმს ავტოსაგზაო შემთხვევებზე, კატასტროფებზე, რომელიც მოუწოდებს სიფრთხილისკენ; მათ უჩვენებენ ფილმს იმაზე თუ როგორ იმსხვრევა მანქანები და მასთან ერთად ადამიანების ცხოვრებაც... ძირითადი მესიჯი კი სწორედ ალკოჰოლისგან თავშეკავებაა. დარწმუნებული ვარ ის მაყურებელი, რომელიც ნახავს ჩვენს „წითელ ასფალტს“, არასოდეს დაჯდება საჭესთან მთვრალი. თუ ამაში ეჭვი გეპარებათ, დაელოდეთ ჩვენს ფილმს და გაიგებთ, რას ნიშნავს out of control.

  • ისე ლაპარაკობთ, თითქოს სოციალურ დაკვეთაზე იწყებთ მუშაობას.

ნებისმიერი კარგი ფილმი ყოველთვის სოციალური დაკვეთის პროდუქტია. კომერციულად წარმატებული ნებისმიერი ფილმი ასე თუ ისე ასრულებს სოციალურ დაკვეთას და ემსახურება ე.წ. სოციალური მარკეტინგის მიზნებს, მოახდინოს მოვლენებისა და კონკრეტული ქმედებების აქტუალიზაცია საზოგადოებაში.

  • აუცილებლად უნდა გკითხოთ ანჯელინა ჯოლიზე. მსახიობმა თქვენს ფილმზე Wanted მუშაობის დროს თავის მრავალრიცხოვან სვირინგებს კიდევ ორი ახალი შემატა - „სიმტკიცე” და „ტკივილი”. ასეთი რა უქენით?

მე მიყვებოდნენ, რომ ანჯელინა ჯოლი ფილმში Wanted მონაწილეობაზე ერთი პირობით დათანხმდა - ეს იყო პროდიუსერებისგან რეჟისორის სრული დამოუკიდებლობა შემოქმედებით პროცესში. ანჯელინა ძალიან ღრმა ადამიანია, მაქსიმალისტია. გულწრფელი და ამასთან ერთად მიზანდასახული. თუ ის რაღაცას აკეთებს - 100%25-ით სჯერა; სჯერა იმის, რომ ყველაფერს სწორად აკეთებს და ბავშვური თავდავიწყებით ეშვება სამუშაოში. ფილმზე მუშაობის დროს ანჯელინამ ხელშეკრულება გააფორმა, რომლის მიხედვით მას ეკრძალებოდა პარალელურად სხვა სურათზე მუშაობა. ვფიქრობ, ფილმის წარმატება ამ ფაქტმაც განაპირობა - ჯოლი მაქსიმალურად კონცენტრირებული იყო. ამიტომ ახალი სვირინგების დატანა ალბათ უფრო ერთგულების ფიცი იყო, რომელიც მან ამ ფილმის წინაშე დადო. არიან მსახიობები, რომლებსაც არ ახასიათებთ ზედაპირულობა.

  • ცნობილი გახდა, რომ ტიმ ბარტონთან ერთად კიდევ ერთ ახალ ფილმზე მუშაობთ - „აბრაამ ლინკოლნი - ვამპირებზე მონადირე”. ასეთი ტანდემი უკვე იმის წინაპირობას ქმნის, რომ ფილმი სანახაობრივი გამოვა და სიურრეალისტური, მაგრამ თქვენ ერთხელ ახსენეთ, რომ „აბრაამ ლინკოლნი - ვამპირებზე მონადირე“ საკმაოდ შემეცნებითი ხასიათის იქნება და სტუდენტებს ისტორიულ ექსკურსს შესთავაზებს. რას გულისხმობდით?

პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ „აბრაამ ლინკოლნი - ვამპირებზე მონადირე“ მწერალ გრემ სმიტის ამავე სახელწოდების ბესტსელერის ეკრანიზაცია იქნება და, ალბათ, ჯერ ავტორს უნდა ვკითხოთ თუ რას გულისხმობს. ამერიკის მე-16 პრეზიდენტმა აბრაამ ლინკოლნმა შტატებში მონობა გააუქმა და თუ ვინმეს ჰგონია, რომ ლინკოლნი ამ რეფორმას უმტკივნეულოდ გაატარებდა და ამ პროცესში ის ჩვეულებრივ ადამიანებს შეერკინა - ცდება. ამ ადამიანს უწევდა ბრძოლა ნამდვილ სისხლისმწოველებთან, ბიუროკრატებსა და ჩინოვნიკებთან, რომლებიც სისხლს წოვდნენ თავიანთი პოლიტიკით ჯერ კიდევ განუვითარებელ ამერიკას. კინო მითების შექმნის დიდი ხელოვნებაა. ჩვენ ვქმნით მითს ამერიკის ისტორიაში პირველი მოკლული პრეზიდენტის შესახებ. მითს ხომ ვერ მოსთხოვ დოკუმენტურ სიზუსტეს? მას არ გააჩნია ამის პრეტენზია - მითი გადმოსცემს არსს და არა ფაქტს. „აბრაამ ლინკოლნი - ვამპირებზე მონადირე” კი ის მითია, რომელიც ამერიკელებს სჭირდებათ - მათი პრეზიდენტი ებრძოდა არა უბრალო პოლიტიკურ ოპონენტებს, არამედ ძალიან სერიოზულ ძალას. ვამპირებზე მონადირე აბრაამ ლინკოლნი - მეტაფორაა ისევე, როგორც ბიუროკრატიული „Оборотни в погонах“ (ასე უწოდებენ რუსეთში კორუმპირებულ ძალოვნებს - გ.კ.).

  • საახალწლო ფილმით ჩამოფრინდით და დღეს უკვე უკან ბრუნდებით - თქვენც თქვენი ფილმის გმირებივით ახალ წელს უნდა მიუსწროთ?

რა თქმა უნდა, მაგრამ ხომ დაგპირდით „ნაძვის ხეების” პრემიერის წინ - ერთ-ერთი ჩემი ახალი ფილმის პრემიერა აუცილებლად გაიმართება ისევ თბილისში. იმედია, ეს წინასაახალწლო დღეს მოხდება...

„ნაძვის ხეების“ პრემიერამდე ერთი დღით ადრე ბეკმამბეტოვი თავის მეგობრებთან ერთად კახეთს სტუმრობდა. არახალია, რომ რეჟისორი ტრილოგიის („ღამის გუშაგი“, „დღის გუშაგი“) შეკვრას აპირებს ფილმით „ბინდის გუშაგი” და რატომღაც მგონია, რომ კახეთში ვოიაჟი უფრო იმ ლანდშაფტებისა და ჯერ კიდევ შემორჩენილი ციხესიმაგრეების შერჩევას უკავშირდება, რომლებიც, იმედია, „ბინდის გუშაგისთვის” საჭირო ატმოსფეროს შექმნიან...

0x01 graphic

კადრი ფილმიდან „ღამის გუშაგი”

0x01 graphic

კადრი ფილმიდან „დღის გუშაგი”

0x01 graphic

კადრი ფილმიდან „WANTED”

29 ფინიში მარათონულად ანუ PENმარათონი 2010 დასრულდა

▲ზევით დაბრუნება


კულტურა|ლიტერატურა

მაკა კევლიშვილი

მანამ, სანამ საქართველოში თანამედროვე ლიტერატურა ისე ადუღდება, რომ საზღვრებს გასცდება, აქვე ქართლში, საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში დიდი ამბები ხდება. იბადებიან ახალი მწერლები, იქმნება ახალი მოთხრობები და იბეჭდება ახალი გამოცემები. თუ ლიტერატურა ძალიან გიყვარს, ერთ ამოსუნთქვაზე წასაკითხი PENმარათონის გამოცემა შენთვის უკვე მზად არის, ათი რჩეული მოთხრობა ერთ წიგნში და სამი საუკეთესო ავტორი. ხომ გახსოვთ, ჩვენ დაგპირდით, რომ ლიტერატურულ კონკურსზე - PENმარათონი 2010 და მის შედეგებზე კიდევ ერთხელ მოგიყვებოდით. ასე რომ...

2010 წლის 28 დეკემბერს გამომცემლობა დიოგენემ მწერლებს, ლიტერატურული კონკურსის მონაწილეებს, ჟიურის წევრებს, ჟურნალისტებს და უბრალოდ, თანამედროვე ქართული ლიტერატურის მოყვარულებსა და ქომაგებს კიდევ ერთხელ მოუყარა თავი. გეზი ისევ საგურამოსაკენ ავიღეთ, სადაც გამარჯვებული კონკურსანტების ვინაობა გამოვლინდა და სადაც დღის სინათლე პირველად იხილა ლიტერატურული კონკურსის, PENმარათონი 2010-ის კრებულმა “მგზავრის წერილები”. დაწესებული სამი პრემია 3000, 1500 და 1000 ლარის ოდენობით სამმა კონკურსანტმა გაინაწილა. ხოლო პირველ ადგილზე გასული ავტორი, პრემიასთან ერთად, ვერცხლის დიოგენეს მფლობელიც გახდა.

ლიტერატურული კონკურსი „PENმარათონი 2010“ 11-12 დეკემბერს ქართლში, საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ- მუზეუმში გაიმართა. თითოეულ კონკურსანტს 30 საათის განმავლობაში ქართულ ენაზე პროზაული ნაწარმოები უნდა შეექმნა ჟიურის მიერ მიცემული დავალების - “მგზავრის წერილების” გათვალისწინებით. მეექვსედ ჩატარებული PENმარათონი, რომელიც სათავეს 2002 წლიდან იღებს, თავისი ორიგინალური და ცოტაოდენ ექსტრემალური ფორმატით მწერლებისთვის წლიდან წლამდე საინტერესო და მიმზიდველი ხდება. „სხვა წლებთან შედარებით, ახლა მონაწილეების რაოდენობისა და ვადების მხრივ, უფრო კამერული მარათონი გვქონდა, თუმცა შედეგით მაინც ძალიან კმაყოფილები ვართ, რადგან ჩვენ უკვე გვაქვს 10 საუსაუკეთესო მოთხრობით დაკომპლექტებული ისეთი კარგი კრებული, როგორიც არის „მგზავრის წერილები”, - აღნიშნავს მარათონის ერთ-ერთი ორგანიზატორი და ჟიურის წევრი ჯარჯი აქიმიძე.

0x01 graphic

PENმარათონის გამარჯვებული ნინო გუგეშაშვილი
ფოტო: გურამ წიბახაშვილი

30-საათიანი მარათონის შედეგი განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა პირველ ადგილზე გასულ მწერალ ნინო გუგეშაშვილისთვის, რომელიც PENმ არათონში მეოთხედ იღებდა მონაწილეობას. თითოეულ კონკურსს მისთვის წარმატება და გამოცდილება მოჰქონდა, თუმცა, ამ ხნის მანძილზე, პირველი ადგილი არასდროს მოუტანია. მისი ყველა მოთხრობა, რომელიც კონკურსებზე დაიწერა, PENმარათონის ლიტერატურულ კრებულებშია შესული. „ყველაზე გვიან დავამთავრე წერა. არ ვიცოდი დავწერე თუ არა ის, რაც მსურდა. ახლაც ძალიან მაინტერესებს რა გამომივიდა, რადგან სრულად, კონკურსის შემდეგ ჩემი ნაწარმოები არ წამიკითხავს“.

„- დღეს 12 საათზე ბენზინი უნდა გადაისხას, თავისუფლების მოედანზე...

- ვინ? პრომემ.

- ჩემი ნამდვილი სახელი ამირანია, ისე ყველა პრომოთეს მეძახის, კაცს ხო თავის სახელს არ აღირსებენ!

- რატომ უნდა გადაისხას? - ცეცხლი უნდა მოიკიდოს...

- და რატომ? - რაღა რატომ, თუ ძმა ხარ, პროტესტის ნიშნად

- თქვენ სულ გაუბერეთ?! მაგან სულ გაუბერა?! და შენც წაყვები არა, როგორც ნამდვილი მეგობარი?!“

სასოწარკვეთილი ადამიანი, რომელიც გადაწყვეტს პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართოს - თავი დაიწვას; მის გარშემო გაბატონებული გულგრილობა და გარემო, რომელიც ყოველთვის ინდიფერენტულია ამგვარი ფაქტებისადმი... ასე ეცადა ნინო გუგეშაშვილი გადმოეცა თავისი სათქმელი პატარა მოთხრობით, რომელიც ადამიანებს თანაგრძნობისა და ემოციების გამოღვიძებაში დაეხმარება. ჟიურის მოწონება დაიმსახურა ბესო სოლომანაშვილის მოთხრობამაც, რომელმაც მეორე ადგილი დაიკავა, ხოლო მესამე ადგილის მფლობელი ირმა არჩუაშვილი გახდა. ირმა პროფესიით ფილოლოგია. ოთხი წელია რაც წერს, თუმცა მეგობრის დაჟინებული მოთხოვნით, PENმარათონში მხოლოდ ახლა მიიღო მონაწილეობა. მისი ნაწარმოები ავტობიოგრაფიული ელემენტებისგან შედგება, მან მოთხრობაში საკუთარ მამასთან დაკავშირებული რამდენიმე ფაქტი თუ მოგონება გამოიყენა. ფიქრობს, რომ PENმარათონში დამარცხება ან გამარჯვება სამწერლო ოსტატობის თვალსაზრისით ბევრს არაფერს ნიშნავს. უბრალოდ, ეს არის გამოცდა გარკვეულ ექსტრემალურ პირობებში, რომელსაც ზოგიერთმა მონაწილემ უკეთ გაართვა თავი.

0x01 graphic

PENმარათონის დაჯილდოების ცერემონია

30 „TOO YOUNG TO DIE TO FAST TO LIVE“

▲ზევით დაბრუნება


კულტურა

სიმონ მაჩაბელი

0x01 graphic

მალკოლმ მაკლარენის დასაფლავება

ამ ახალ წელს დავრწმუნდით, რომ ქართული პოპ-კულტურის ზენიტი ჯერ კიდევ ძალიან შორსაა. წლევანდელი მხიარულებაც სტანდარტად ქცეული მდარე გემოვნებით და ერთგვარი ზერელე კონფორმიზმით იყო გაჯერებული. ერთი პოზიტიური გამონაკლისი კი ნამდვილად შევნიშნეთ - თავისუფლების მოედანზე მოწყობილ სცენაზე ჯგუფი „დერვიშები“ გამოვიდა უკვე საკულტო სიმღერად ქცეული „სულიკოთი”.

ალბათ ქართული მასკულტურისათვის პირველი შემთხვევაა, როდესაც ფსევდოვარსკვლავური ცხოვრების გაზვიადების და პროვინციული ფეტიშიზმის მწვერვალზე ყოფნის მაგივრად, ჯგუფი თვითირონიულია. ისინი უშუალოები არიან და ისეთი „კულტურის” შექმნას ცდილობენ, რომელიც უფრო თავისუფალი და გასართობი იქნება. მათი მუსიკა გულისხმობს მსმენელს, რომელიც მათთან ერთად გამოხატავს პროტესტს ყველაფერ მოსაწყენ, უღიმღამო და ყალბისადმი. მართალია, აქ არც საზოგადოებაა გულწრფელად კონსერვატული და არც „დერვიშების” მუხტია უკიდურესად რადიკალური, მაგრამ მაინც, ამ ხულიგნობამ ლეგენდარული Sex Pistols-ი და მათ მიერ შესრულებული, ფრენკ სინატრას „My Way” გამახსენა.

ბრიტანეთში, 70-იანი წლების ბოლოს, XX საუკუნის ალბათ უკანასკნელი ძლიერი სოციალურ-კულტურული მოვლენის, პანკის დაბადება, ორი ადამიანის - მალკოლმ მაკლარენისა და ვივიენ ვესტვუდის ფანტაზიას უკავშირდება. მათ ერთად მოიფიქრეს და შექმნეს სამყარო, რომელიც სრულიად ახალ ფილოსოფიად, ანარქიზმად ან შემოქმედებით ქაოსად იქცა.

მალკოლმ მაკლარენმა მოიარა ლონდონის თითქმის ყველა სამხატვრო კოლეჯი და ვივიენ ვესტვუდთან ერთად ჩელსიში ტანსაცმლის მაღაზია Let it Rock დააარსა. ვივიენი იმ დროს სკოლის მასწავლებელი იყო. ახალი ესთეტიკის პანკის კონსტრუირება მათ, ექსპრესიული ქცევით, ერთი შეხედვით წარმოუდგენლად ველური იდეებით და ღრმა სოციალური პროტესტის გრძნობით დაიწყეს. ძირითადად ისინი სუპერორიგინალურ ტანსაცმელს და აქსესუარებს ქმნიდნენ, რომელიც რადიკალურად განსხვავდებოდა წინამორბედი ჰიპების ბოჰემური სტილისაგან. ეს იყო პორნოგრაფიით, სადო-მაზოხიზმით და სხვადასხვა ბნელი ფეტიშისტური ვნებებით შთაგონებული დეკონსტრუირებული ტანსაცმელი. მათი მაისურები, ზედ გამოსახულ გრაფიკასთან ერთად მინი-მანიფესტებს წარმოადგენდა და იმდროინდელი ყოველდღიურობის ფონზე პროკლამაციასავით გამოიყურებოდა. Sex Pistols-ი კი ამ ყველაფრის, პანკ-როკის კრისტალიზაცია იყო. ჯგუფმა, რომელმაც 9 ალბომი ჩაწერა, დიდი გავლენა იქონია თანამედროვე მუსიკაზე და ზოგადად, დასავლურ ხელოვნებაზე.

0x01 graphic

მალკომ მაკლარენი (ცენტრში) და ვივიენ ვესტვუდი (მარჯვნივ) მეგობრებთან ერთად

მალკოლმ მაკლარენი გასულ წელს, 64 წლის ასაკში გარდაიცვალა, მისი ყველაზე დიდი დანატოვარი პანკ-როკი და Sex Pistols-ია. თავის ერთ-ერთ გვიანდელ ინტერვიუში ის ამბობს: „პანკ-როკის ბრწყინვალება იყო ის, რომ ჩვენ შევძელით, საზიზღრობა მშვენიერებად გვექცია“. 80-იანი წლების დასაწყისში მაკლარენი დაშორდა ვივიენ ვესტვუდს და სხვადასხვა მუსიკალური და კინოპროექტების განხორციელებას აგრძელებდა.

0x01 graphic

ვივიენ ვესტვუდი

ვივიენს წელს 70 წელი შეუსრულდება, ის მოდის ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი დიზაინერი, ბრიტანეთის იმპერიის ორდენის მფლობელი, ეკომებრძოლი და ადამიანის უფლებადამცველია. მის ოცდაათწლიან კარიერას მსოფლიოს ცნობილი მუზეუმები გამოფენებს უძღვნიან.

0x01 graphic

მალკოლმ მაკლარენი

მალკოლმ მაკლარენის დაკრძალვას, წინ ცხენებით შებმული გამჭვირვალე კატაფალკი მიუძღოდა, კუბოზე წარწერა იყო “Too Young To Die To Fast To Live”. მას უკან ჭრელი ორსართულიანი ავტობუსი მოჰყვებოდა სლოგანით Cash for Chaos და მთელ ხმაზე Sex Pistols-ის მიერ ნამღერი „My Way” ისმოდა. ვივიენ ვესტვუდს მემორიალური სიტყვის წარმოთქმისას დარბაზიდან დაუყვირეს: „მოკეტე, ეს შენ შესახებ არაა, ეს მალკოლმს ეხება. შენ ისტებლიშმენტი ხარ”, რაზეც თვალცრემლიანმა ვივიენმა მიუგო: „ვიცოდი, რომ ასე მოხდებოდა”...

31 2011 წლის სუპერგამარჯვებულები

▲ზევით დაბრუნება


კულტურა

თეონა კოკიჩაიშვილი

0x01 graphic

ციური კაკაბაძე და იური მერაბოვი

შალვა ჩიბოშვილი 81 წლისაა. კათარზისს ხშირად სტუმრობს და თვლის, რომ ეს მისი მეორე სახლია. დღესაც ჩვეულებრივ მოვიდა, უბრალოდ, თან ოჯახის წევრები გამოიყოლა და ფანდურიც წამოიღო. მნიშვნელოვანი დღეა, კათარზისი თავისი ერთგული ბებია-ბაბუებისთვის კონკურსს მართავს. შალვა ჩიბოშვილიც ასე საზეიმოდ სწორედ ამიტომ გამოეწყო. მაყურებლისა და ჟიურის წინაშე სიმღერით კიდევ ერთხელ უნდა წარდგეს. ის ხომ სუპერბაბუის ტიტულის ერთ-ერთი კანდიდატია. დიდად არ ნერვიულობს, რადგან დარწმუნებულია, წინა წელთან შედარებით ახლა უფრო მომზადებულია და აქედან გამომდინარე, გამარჯვების შანსიც მეტი აქვს.

შალვა ჩიბოშვილის გარდა კონკურსში კიდევ 24 კონკურსანტი იღებს მონაწილეობას. ისინი სცენის უკან, პატარა ოთახში არიან შეკრებილი და ღონისძიების დაწყებას ელოდებიან. მათ შორის ყველაზე ახალგაზრდა, 70 წლის ნათია კვინიკაძეა. ღელავს, რადგან აქამდე მისი ნამღერი ახლობლების გარდა არავის შეუფასებია. დროდადრო კი იმ კარისკენ იყურება, საიდანაც ღონისძიების წამყვანი, მსახიობი ნანული სარაჯიშვილი შემორბის ხოლმე - დღეს მნიშვნელოვანი მისია აკისრია - ახალბედა მომღერლები და მოცეკვავეები უნდა გაამხნევოს. ამასობაში კონკურსი იწყება, კონკურსანტი ქალბატონები ერთმანეთს გამოსასვლელ კაბებს უფასებენ და მაკიაჟის გაკეთებაში ეხმარებიან. უკვე გამოწყობილნი კი თავს ტელეკამერების წინ იწონებენ.

სუპერბებიისა და სუპერბაბუის კონკურსი წელს მეშვიდედ ჩატარდა. წინა წლებისგან განსხვავებით, კონკურსში მონაწილეობის მიღება იმ ხანშიშესულებსაც შეეძლოთ, ვინც კათარზისის წევრი არ არის - „წელს კონკურსში მონაწილეობის მსურველთა რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა, ამიტომ ჟიურიმ ნიჭიერებს შორის ყველაზე ნიჭიერები შეარჩია“, - ამბობს კათარზისის მენეჯერი, რიტა გურჩიანი. მონაწილეებმა კონკურსის შესახებ მედიის საშუალებით გაიგეს და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდანაც კი ჩამოვიდნენ.

ტრადიციულად, სცენაზე პირველად გასული წლის გამარჯვებულები გამოვიდნენ და სტუმრებს შობა-ახალი წელი მუსიკალური ნომრით მიულოცეს. შემდეგ კი კონკურსანტები წითელბაფთიანი გიტარის, ფანდურის, დოლისა და გარმონის თანხლებით, სასიმღერო და საცეკვაო ნომრებით ენაცვლებოდნენ ერთმანეთს. ღონისძიება ორსაათ-ნახევარზე მეტხანს გაგრძელდა. დასასრულს, ჟიურის გადაწყვეტილებას მაყურებლები დარბაზში, ხოლო ერთად შეკრებილი მონაწილეები - სასადილოში, მონიტორს მიჩერებულები ელოდნენ. 2011 წლის სუპერბებია 80 წლის ციური კაკაბაძე გახდა, ხოლო სუპერბაბუა - 77 წლის იური მერაბოვი.

იური მერაბოვმა ამ ტიტულის მოპოვება წელს მეხუთედ სცადა და გაუმართლა. ამბობს - ამ გამარჯვების შემდეგ ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს დიდ წარმატებას მივაღწიეო. ხოლო წარმატებულმა დებიუტმა, ქალბატონ ციურის სუპერბებიის ტიტული მოაპოვებინა. თუმცა ერთადერთი, რაზეც გამარჯვებული წუხდა, მისი შვილიშვილები იყვნენ, რომლებიც ღონისძიების დასრულებამდე წასულან - ეტყობა არ ეგონათ, რომ გავიმარჯვებდი, ისე, არც მე ვიცოდი დღეს თუ დამასაჩუქრებდნენ, თორემ ხომ არ გავუშვებდიო, - შემოგვჩივლა ბოლოს.

როგორც კათარზისში ამბობენ, წლევანდელი კონკურსი სპონსორთა სიმრავლითაც გამოირჩეოდა. ამიტომ გამარჯვებულებსა და დანარჩენ კონკურსანტებს ბევრი საჩუქარი შეხვდათ. მონაწილეებს ფულადი ჯილდო გადასცა კომპანია თელასმა - გამარჯვებულები 300-300 ლარით, თითოეული მონაწილე კი 50 ლარითა და საახალწლო ნობათით დაასაჩუქრა. როგორც გამარჯვებულები ამბობენ, ტიტულის მოპოვება მხოლოდ საჩუქრების მიღებისთვის არ უნდოდათ. ამაყობენ, რომ ამიერიდან მათი ფოტოები კათარზისის ერთ-ერთ კედელზე, სხვა გამარჯვებულების ფოტოების გვერდით მოხვდება. ეს, მნიშვნელოვანია.

32 ხვანჭკარა და რაჭული ღვინო

▲ზევით დაბრუნება


გუმრანი|ღვინის კლუბი

0x01 graphic

ფოტო: გიორგი სამანიშვილი

რაჭა ქართული მეღვინეობის პატარა, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე ეგზოტიკური მხარეა. იგი ამბროლაურის რაიონის დიდ ნაწილს მოიცავს (ასევე ონის რაიონსაც), ვენახები კი აქ ძირითადად მდინარე რიონის ხეობაშია გაშენებული, მარჯვენა (სადაც სამხრეთისკენ დაქანებულ ფერდობებზე უკეთესი ხარისხის ღვინო დგება) და მარცხენა ნაპირებზე. ქვემო რაჭაში, ყველაზე მნიშვნელოვანი “ხვანჭკარის” მიკროზონაა. კანონის მიხედვით იგი სოფელ წესიდან იწყება და ქვიშარამდე გრძელდება, სინამდვილეში კი ზონა გაცილებით უფრო პატარაა. ძირითადი სოფლებია: სადმელი, ბოსტანა, დიდი ჩორჯო, პატარა ჩორჯო, მეორე ტოლა, პირველი ტოლა...

ნიადაგების მხრივ რაჭაში ძირითადად გავრცელებულია ნეშომპალა-კარბონატული და თიხნარი ნიადაგები, ასევე კირნარი, თიხანარევი კაჟი და თიხიანი ქვიშა. ამ ნიადაგებისთვის სპეციალური სახელებიც არსებობს (თირი-მიწა, ლისი-მიწა, ხორხი-მიწა, აყალო-მიწა და ა.შ.). კლიმატი საკმაოდ ნოტიოა, ზომიერად ცივი ზამთრით და ცხელი, შედარებით მშრალი ზაფხულით. კახეთისგან განსხვავებით, რაჭაში ვენახები მცირე ტერიტორიაზეა გაშენებული, თუმცა ეს მხარე ყველა სხვა რეგიონისგან გამოირჩევა ხარისხიანი ყურძნითა და ძალზე ღრმა, საინტერესო ღვინოებით. ყურძნის ჯიშები რაჭაში თითქმის მთლიანად ადგილობრივია. აქ ყველაზე მეტად გავრცელებულია, თეთრი ჯიშებიდან - წულუკიძის თეთრა და ცოლიკოური, წითელი ჯიშებიდან - ალექსანდროული, მუჯურეთული და რაჭული ძელშავი.

განსაკუთრებით სახელგანთქმულია ბუნებრივად ნახევრადტკბილი ღვინო „ხვანჭკარა“ (ამ სახელწოდებით იწარმოება 1932 წლიდან), რომელსაც მე-19 საუკუნეში „ყიფიანის ღვინო“ ერქვა. დღესდღეობით ხვანჭკარა იწარმოება ორი ჯიშის, ალექსანდროულისა და მუჯურეთულის შერევით. ადრე დასაშვები იყო სხვა ჯიშების შერევაც და ადგილობრივი, ძველი თაობის მეღვინეები დღესაც წურავენ ხვანჭკარას 4 სხვადასხვა ჯიშისგან (სადაც ყველაზე დიდი წილი ალექსანდროულზე და მუჯურეთულზე მოდის, თუმცა ცოტაოდენ თავკვერს, საფერავს ან ოჯალეშსაც ურევენ), ერთ-ერთი ვერსიით, კლასიკურ ხვანჭკარაში შავ კაპისტონსაც ურევდნენ თურმე. XIX საუკუნეში ხვანჭკარის ღვინოები თავად ყიფიანის ვენახებიდან, გუბერნიის საუკეთესო ღვინოებად ითვლებოდა. სინაზითა და ხავერდოვნებით მაშინდელი ექსპერტები ბურგუნდიულ ღვინოებს ადარებდნენ “ყიფიანის ღვინოს”. ამ ღვინის მემკვიდრე ღვინოები დღესაც ძალიან პოპულარულია საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.

დღესდღეობით ხვანჭკარა ძირითადად გულისხმობს დაუდუღარობას და ნარჩენი შაქრით გამოწვეულ სიტკბოს. ანუ ღვინო თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ყენდება, ტრადიციულ „საყიფიანოს“ ღვინოში კი პირიქით, ბოლომდე დადუღება იყო მთავარი. რაჭული ღვინის შესახებ მონოგრაფიის ავტორი, ლევან ფრუიძე ასეთ ღვინოს „ძველ ღვინოს” უწოდებს: “მეურნე ყველანაირად ცდილობს დუღილი ნორმალურად წარმართოს და თუ ამას ვერ აღწევს, ღვინოს დასაძველებლად არ ინახავს. ცნობილია, რომ როცა მაჭარში ალკოჰოლი თხუთმეტ გრადუსს გადააჭარბებს, დუღილი წყდება და დარჩენილი შაქარი ბუნებრივი სახით ინახება. სწორედ ამ პრინციპზე იყო აგებული (ოღონდ ემპირიულად) „ძველი ღვინის” დაყენების წესი. სწორედ ალექსანდროულისა და მუჯურეთულის მაღალმა შაქრიანობამ, რაჭველი გლეხის ღრმა დაკვირვების უნარმა და გამოცდილებამ შექმნა ისტორიულად ცნობილი „ალექსანდროულის“ ნაქები ღვინო. ამგვარად, „ხვანჭკარის” ტიპი დუღილნაკლულობამ კი არ წარმოშვა, არამედ საგანგებოდ შერჩეული ნედლეულის განსაკუთრებული სიფრთხილით დამუშავებამ და ტკბილის ბოლომდე დადუღებამ”. რა თქმა უნდა, იყო დუღილშეწყვეტილი და „მოგუდული“ ღვინოებიც, მაგრამ ნამდვილი რაჭული „ძველი ღვინის” მასალა ყოველთვის ცოტა იყო.

დღეს რაჭული ღვინო საკმაოდ არასახარბიელო პოზიციაშია, ბაზარზე არსებული ხვანჭკარების ინდივიდუალობაც (უმცირესი გამონაკლისების გარდა) ხშირად ეჭვქვეშ დგება ხოლმე, თუმცა „ღვინის კლუბი“ იმედს იტოვებს, რომ რაჭული ღვინო მალე დაიბრუნებს ძველ პოზიციებს და მომხმარებელი მშრალი ალექსანდროულის, საუკეთესო ხვანჭკარისა და წულუკიძის თეთრას ნამდვილ გემოსაც ახლიდან აღმოაჩენს.

33 ორაგული ჭარხლის კარპაჩოთი

▲ზევით დაბრუნება


გურმანი|რეცეპტი

0x01 graphic

შეფ-მზარეული
ქეთი ბაქრაძე

2 ულუფა
მასალა:
250 გრ. ორაგულის ფილე
5 ც. საშუალო ზომის ჭარხალი
125 გრ. წითელი, მშრალი ღვინო
1 კონა ტარხუნა
2 კონა ჭარხლის ფოთოლი
50 გრ. ბალზამიკოს
წითელი ძმარი
25 გრ. ზეითუნის ზეთი
1 ლიმონი
მარილი
პილპილი

ჯამში 25 ლარი

მომზადების წესი:

გაწურეთ ლიმონი და წვენი მოასხით ორაგულს. დაუმატეთ ორი სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი, მარილი, პილპილი. გააჩერეთ 10 წუთი.

ამასობაში, 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში მოათავსეთ ორაგული და შეწვით 20-25 წუთის განმავლობაში.

გახეხეთ 3 ჭარხალი და კარგად გაწურეთ. ჭარხლის წვენი ჩაასხით პატარა ზომის ქვაბში, დაუმატეთ 1 ჭიქა წითელი, მშრალი ღვინო, 50 გრ. ბალზამიკოს ძმარი, ერთი ჩაის კოვზი შაქარი, ერთი სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი და წამოადუღეთ დაბალ ცეცხლზე. როგორც კი წამოდუღდება, გამორთეთ.

დარჩენილი 2 ჭარხალი დაჭერით თხელ ფირფიტებად, მოათავსეთ ღრმა ჭურჭელში და მოაყარეთ ტარხუნის ფოთლები, გადაურიეთ და მოასხით ჭარხლის წვენისგან დამზადებული ცოტაოდენი სოუსი.

გააცხელეთ ტაფა, მოასხით ზეითუნის ზეთი, ერთი სუფრის კოვზი ჭარხლის სოუსი, დააყარეთ საშუალოდ დაჭრილი ჭარხლის ფოთლები, ურიეთ 2 წუთის მანძილზე და გადაიღეთ თეფშზე.

ჭარხლის ფოთლებს დაადეთ ღუმელში გამომცხვარი ორაგული. თევზი მორთეთ გამზადებული ჭარხლის ფირფიტებით და მოასხით სოუსი.

0x01 graphic

ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი

მასალა შეგიძლიათ შეიძინოთ სუპერმარკეტებში: პოპული (ვეკუას ქ. 3, ტელ. 24 46 35), ჯორჯიტა (წერეთლის ქ. 116, ტელ. 35 71 73), გუდვილი (ჭავჭავაძის გამზირი 34, ტელ. 24 33 02 / 03 ).