![]() |
ტაბულა №95 |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: კოკიჩაიშვილი თეონა, ტუღუში გიორგი, ავალიანი დიმიტრი, ნოდია გია, უგულავა სალომე, სოკორი ვლადიმირ, მაჭარაშვილი ნინო, სუთიძე ლევან, ჯგერენაია ემზარ, ჯანდიერი გია, კვანჭილაშვილი ელენე, ბასილაია მიხეილ, სმიტი დევიდ ჯ, ტურაშვილი თეონა, ქორიძე ავთო, ჩხიკვაძე ანი, გუნია ირაკლი, გამცემლიძე მაკა, ჭავჭავაძე ილია, გოდუაძე ლაშა, ფირცხელანი გიორგი, კოპალიანი თამარა, ქებურია გიორგი, ივანიძე სოფია, ჩიხლაძე დავით, ბაგაური ირინა, ახლოური ნინა, ესებუა ნიკა, ხარბედია მალხაზ |
თემატური კატალოგი ტაბულა |
საავტორო უფლებები: © თამარ ჩერგოლეიშვილი |
თარიღი: 2012 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: 9-15 აპრილი 2012 მთავარი რედაქტორი: თამარ ჩერგოლეიშვილი/აღმასრულებელი რედაქტორები: ნინი გოგიბერიძე, სალომე კიკალეიშვილი/რედაქტორები: ქეთი მსხილაძე, ელენე კვანჭილაშვილი, ლევან რამიშვილი, დავით კოვზირიძე, ნინო მაჭარაშვილი / უცხოელი მრჩეველი: ბარბარა სვანი / ჟურნალისტები: დიმიტრი ავალიანი, გიორგი კეკელიძე, სალომე უგულავა, მაკა გამცემლიძე, ავთო ქორიძე, ნინა ახლოური, თეონა ტურაშვილი, ირაკლი კიკნაველიძე, ლევან სუთიძე, თეონა კოკიჩაიშვილი, სიმონ მაჩაბელი, ლაშა გოდუაძე, ზურაბ თალაკვაძე, ნიკა ესებუა, ანანო სხირტლაძე, მიხეილ ბასილაია, ლარა ჯამარაული, ირაკლი გუნია / ვები: სანდრო თარხან-მოურავი, ლევან მეტრეველი, ნათია სოფრომაძე, ეკა წამალაშვილი / კორექტორი: ნინო საითიძე / არტრედაქტორი: ბაჩა მალაზონია / დიზაინი & პრეპრესი: კახა დოლიძე, ნიკა კუპრაშვილი / ფოტორედაქტორი: დიმა ჩიკვაიძე / ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი / გამომცემელი: სამოქალაქო განათლების ფონდი / დირექტორის მოადგილე: გიორგი ფრუიძე / ოფის მენეჯერი: ანანო ვარდოსანიძე / გაყიდვები და მარკეტინგი: გიორგი ჭეიშვილი / ყოველკვირეული ჟურნალი ტაბულა, ტელ: + 995 32 2420 300, e-mail: info@tabula.ge / სტამბა: BILNET Printing, Dudullu Organize Sanayi Bolgesi, 1. Cadde No: 16 Umraniye, 34696 Istanbul - TURKIYE, ტელ.: +90 216 444 4403, ფაქსი: +90 216 365 9907 / c 2012 საავტორო უფლებები დაცულია, ჟურნალში გამოქვეყნებული მასალების გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია. |
![]() |
1 სიტყვასიტყვით |
▲ზევით დაბრუნება |
„მჯერა, რომ მარიხუანას უნდა მივუდგეთ ისე, როგორც ვუდგებით ალკოჰოლს“.
ქრისტიანული სამაუწყებლო ქსელის (CBN) დამაარსებელი პეტ რობერტსონი. 7 მარტი.
„ის იდევნება დანაშაულისთვის, რომელსაც ჰქვია ვნება“.
დომინიკ სტროს-კანის ადვოკატ ანრი ლეკლერკის მტკიცებით, მისი კლიენტის მოქმედებები არ არის კრიმინალური, მიუხედავად იმისა, როგორ შევაფასებთ ზნეობრივად. სტროს-კანს ბრალად პროსტიტუციის ორგანიზებაში მონაწილეობა ედება. 27 მარტი.
„მე რომ ასეთი მონსტრის მამა ვყოფილიყავი, სირცხვილით ენას ჩავიგდებდი“.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ალან ჟუპე ეხმაურება ისლამისტი სერიული მკვლელის, მუჰამედ მერას მამის გადაწყვეტილებას, უჩივლოს საფრანგეთს შვილის დაღუპვისთვის. 28 მარტი.
„კიდევ იქნება ოპერაციები, რომლებიც მოგვცემს საშუალებას გავაძევოთ ადამიანები, რომლებსაც ამ ქვეყანაში არაფერი ესაქმებათ“.
საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი კმაყოფილია რეიდით ისლამისტური ქსელების წინააღმდეგ, რომლის დროსაც 19 ადამიანი დააკავეს. 31 მარტი.
„დღეს ერთი ჯგუფის დისკრიმინირება მოხდება, ხვალ - მეორესი, ზეგ - მესამესი. „პროპაგანდა“ ნაკლებად განმარტებადი ტერმინია. თანაც, როგორ შეიძლება დასჯადი იყოს არადასჯადი მოქმედებების პროპაგანდა?.. ეს ცარიელი პუბლიცისტიკაა, რომელსაც ყველა ისე განმარტავს, როგორც გაუხარდება“.
ადამიანის უფლებათა ინსტიტუტის დირექტორი ვალენტინ გეფტერი და სხვა რუსი უფლებადამცველები შეშფოთებულები არიან, რომ ქვეყნის სულ უფრო მეტ რეგიონში იღებენ კანონს „ჰომოსექსუალობის პროპაგანდის“ წინააღმდეგ. 2 აპრილი.
„ყველაფრის გადაბრალება რუსეთზე... იმის გამო, რომ რუსეთმა რაღაცაზე რეაქცია შეიძლება გააკეთოს, ჩვენ სიმართლე აღარ უნდა ვთქვათ? ჩემთვის მთავარი დესტა- ბილიზაციის წყარო არის სააკაშვილი“.
თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ირაკლი ალასანია. 2 აპრილი.
„შრომის კოდექსის რეფორმამ წაართვა მშრომელებს უფლებები, რომლებიც ჩვენმა მშობლებმა მოიპოვეს“.
ესპანეთში პროფკავშირების აქციების მონაწილეებს მიაჩნიათ, რომ კრიზისის საწინააღმდეგო ცვლილებებმა მნიშვნელოვნად შეასუსტა სოციალური გარანტიები. ამ აზრმა ბევრჯერ გაიჟღერა 30 მარტის გამოსვლებშიც.
![]() |
2 გიორგი ტუღუში: რეკომენდაციების გათვალისწინება ხელს უწყობს სისტემური პრობლემების აღმოფხვრას |
▲ზევით დაბრუნება |
არენა
ავტორი: თეონა კოკიჩაიშვილი
ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი
28 მარტს, სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა, პარლამენტს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის შესახებ 2011 წლის ანგარიში წარუდგინა. 645-გვერდიან დოკუმენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით საქართველოში არსებული ზოგადი ტენდენციები, ასევე მოქალაქეთა უფლებების დარღვევის კონკრეტული ფაქტებია ასახული. სწორედ ამ ტენდენციების, არსებული პრობლემებისა და სხვადასხვა სფეროში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ ესაუბრა ომბუდსმენს ტაბულა.
28 მარტს, სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა, პარლამენტს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის შესახებ 2011 წლის ანგარიში წარუდგინა. 645-გვერდიან დოკუმენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით საქართველოში არსებული ზოგადი ტენდენციები, ასევე მოქალაქეთა უფლებების დარღვევის კონკრეტული ფაქტებია ასახული. სწორედ ამ ტენდენციების, არსებული პრობლემებისა და სხვადასხვა სფეროში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ ესაუბრა ომბუდსმენს ტაბულა.
როგორ შეაფასებთ საქართველოში არსებულ მდგომარეობას ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით? ამჯერად ანგარიში კიდევ უფრო მოცულობითია, რაზე მიუთითებს ეს?
არ მინდა, ეს რამის გაუარესებას დავუკავშირო. 2011 წელს ადამიანთა უფლებების დაცვის კუთხით რამდენიმე ახალი თემა შევისწავლეთ. პენიტენციარულ სისტემაში არსებული მდგომარეობის ანალიზს ანგარიშის თითქმის ნახევარი დავუთმეთ. ეს ნიშნავს, რომ სისტემა კარგად გამოვიკვლიეთ. თემების ნაწილი, რაც 2010 წლის განმავლობაში არც ისე დეტალურად იყო შესწავლილი, 2011 წელს გახდა პრიორიტეტული. მაგალითად, ზოგადად ჯანდაცვის უფლება და სავალდებულო ჯანდაცვა. დიდი ნაწილი დაეთმო ეკომიგრანტებს, რაც წინა ანგარიშში არ იყო, აგრეთვე, ბავშვთა უფლებებს.
ბევრი ქვეყნის ომბუდსმენი ისწრაფვის, რაც შეიძლება პატარა ანგარიში გამოსცეს, განსაკუთრებით ბოლო დროს, ტექნოლოგიების განვითარებიდან გამომდინარე. ალბათ საქართველოშიც დადგება დრო, როდესაც სახალხო დამცველი ანგარიშს თეზისების სახით გამოაქვეყნებს. დღეს საზოგადოების დაკვეთაა, თითოეულ საკითხზე დეტალური ანალიზი წარმოვადგინოთ.
თქვენს ანგარიშებზე რეაგირებას თუ ახდენენ შესაბამისი უწყებები, რამდენად ითვალისწინებენ რეკომენდაციებს?
არის მიმართულებები, სადაც წინსვლა აშკარაა და სფეროები, სადაც ვითარება არ შეცვლილა ან გაუარესდა. 2011 წელს რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. მაგალითად, რეფორმა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მიმართულებით - განრიდების და მედიაციის პროგრამა; პოზიტიური ცვლილებები იყო უმცირესობათა უფლებების რეალიზების კუთხით; ასევე სამოქალაქო კანონმდებლობაში, რომელმაც რელიგიურ გაერთიანებებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დარეგისტრირების საშუალება მისცა; გამოსაყოფია საკონსტიტუციო სასამართლოს ბოლოდროინდელი გადაწყვეტილება - კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის შემთხვევაში, პირებს სარეზერვო სამსახურის ალტერნატიული სამხედრო სამსახურით ჩანაცვლების შესაძლებლობა მიეცათ. სიახლეებია პენიტენციარული სისტემის მიმართულებითაც. თუმცა, ბევრი პრობლემა ამ სისტემაში უცვლელი დარჩა და ჯერჯერობით ხელშესახები პროგრესის დანახვა რთულია.
ბავშვთა უფლებების დაცვის მხრივ გადაიდგა რამდენიმე პოზიტიური ნაბიჯი. ამოქმედდა მნიშვნელოვანი კანონები, რომლებმაც ძალადობისგან უნდა დაიცვას ქალები და ბავშვები. მაგრამ პრაქტიკაში რეალიზების შემთხვევაში არაერთი პრობლემა აღმოვაჩინეთ.
უცვლელია სურათი სასამართლოების კუთხით. ეს იყო პირველი წელი, როდესაც სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა უშუალოდ სასამართლო პროცესებზე განახორციელეს მონიტორინგი. სამწუხაროა, რომ ახალგარემონტებულ სასამართლოებშიც არ არის დაცული სტანდარტები, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს სასამართლომდე მიღწევას გაუადვილებს. შესწავლილი საქმეები ცხადყოფს, რომ სხვადასხვა სასამართლოების მიერ ადამიანთა უფლებების სტანდარტების დარღვევა კვლავ ხშირია.
ანგარიშში ძალიან დიდი ნაწილი დავუთმეთ ისეთ თემებს, როგორიცაა იძულებით გადაადგილებული პირები. აქ ბევრი პრობლემაა, როგორც სოციალურ-ეკონომიკური, ასევე საყოფაცხოვრებო პირობების განხრით. პოზიტიური ნაწილია ის, რომ 2011 წელს ხელისუფლების რამდენიმე ორგანოს მხრიდან ომბუდსმენის ანგარიშის მიმართ ყურადღება გაიზარდა და ამაღლდა რეკომენდაციების შესრულების ხარისხიც. არაერთმა უწყებამ დააკმაყოფილა სახალხო დამცველის რამდენიმე მნიშვნელოვანი რეკომენდაცია.
კონკრეტულად რომელ რეკომენდაციებს გულისხმობთ?
თუნდაც პენიტენციარული სისტემის მიმართ. მოსაზრებები გაითვალისწინეს ჯანდაცვის რეფორმის სტრატეგიის შემუშავების დროსაც. შესრულდა კონკრეტული რეკომენდაციები შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან, დაითხოვეს არაერთი თანამშრომელი, რომელთა დარღვევებზე გასულ ანგარიშში ვსაუბრობდით. ჩვენი რჩევები საფუძვლად დაედო ცვლილებებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა ბავშვზე ზრუნვა, ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა, სასამართლო ხელისუფლება. რა თქმა უნდა, ამან ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში არსებული ყველა პრობლემა ვერ მოაგვარა, თუმცა ომბუდსმენის რეკომენდაციების გათვალისწინება ხელს უწყობს სისტემური პრობლემების აღმოფხვრას.
ანგარიშის თითქმის ნახევარი თავისუფლების აღკვეთის ადგილებში ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებს ეხება. სისტემაში გარდაცვლილ პატიმართა მაჩვენებელი კვლავ მაღალია, პრობლემად რჩება ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა, რიგ დაწესებულებებში არასათანადო მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებითაც საუბრობთ. თქვენ ამ პრობლემებს ყოველთვის დიდ ყურადღებას უთმობთ. რა იცვლება ამ მიმართულებით, რამდენად ითვალისწინებენ თქვენს რეკომენდაციებს?
სისტემაში არასათანადო მოპყრობის საკითხის მოგვარებას სათანადო ნება და სურვილი სჭირდება. ეს არ არის პრობლემა, რომლის აღმოფხვრაც დაკავშირებულია ხარჯებთან და ბიუჯეტთან. მისი მოგვარება შეიძლება საკუთარი თანამშრომლების მკაცრი კონტროლით და დაუსჯელობის სინდრომის აღმოფხვრით, რაც, პირველ რიგში, სათავიდან უნდა მოდიოდეს. საქართველომ პოლიციის სისტემაში მიაღწია აშკარა გარღვევას წამების აღმოფხვრის მხრივ და ეს სათანადო რეაგირების შედეგად განხორციელდა. უამისოდ წარმატებას ვერც სასჯელაღსრულების სისტემაში მიაღწევ.
რამდენად აქვთ თქვენთან კომუნიკაცია?
ბოლო წლებში კომუნიკაცია გაუმჯობესდა. თუმცა ამით ყველა პრობლემა ვერ გადაიჭრება. ჩვენ შეიძლება ვიმსჯელოთ პრობლემაზე, მაგრამ საბოლოო შედეგი არ დადგეს. არასათანადო მოპყრობას გამართლება არ აქვს - არც დისციპლინის გამყარების და არც რაიმე სხვა მიზნებისთვის. ბევრს ვმსჯელობთ განახლებულ ინფრასტრუქტურაზე, ახლადგახსნილ დაწესებულებებზე, გაუმჯობესებულ კვებაზე, პაემნებზე, არასრულწლოვნების მიმართ დანერგილ პოზიტიურ მიდგომებზე - თუმცა არასათანადო მოპყრობა რჩება პრობლემად, რომელსაც ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაესვას წერტილი.
სისტემური პრობლემაა ჯანდაცვის კუთხითაც. განსაკუთრებით - ტუბერკულოზი. ამის აღმოსაფხვრელად მუშაობა კი მიმდინარეობს, მაგრამ დიდი დროა დაკარგული და ერთ ან ორ წელიწადში ეს ძნელად მოხერხდება. 2011 წელს დაახლოებით ათი ნიშნულით იკლო ტუბერკულოზით გარდაცვლილ პატიმართა რაოდენობამ, თუმცა ეს ძალიან შორს არის იმ სურათისგან, რომელიც საბოლოოდ სისტემამ უნდა მიიღოს. მნიშვნელოვანი პრობლემაა ვირუსული ჰეპატიტებიც. იმატა ამ მიზეზით გარდაცვლილ პატიმართა რაოდენობამ. რეალურად, დაავადებულთა რიცხვი იმაზე მეტია, ვიდრე ოფიციალურ მონაცემებშია მოყვანილი. დღემდე არაა შემუშავებული ჰეპატიტთან ბრძოლის სამოქმედო გეგმა.
სისტემაში გარდაცვლილ პატიმართა მაჩვენებელი კვლავ მაღალია. ანგარიშში მოყვანილია არაერთი ფაქტი, რომ ზოგიერთი გარდაცვლილი პატიმარი მძიმედ იყო ავად, რაც წესით საფუძვლად უნდა დაედოს სასჯელის გადავადებას, მაგრამ, ურთულესი მდგომარეობის მიუხედავად, სასჯელს კვლავ დაწესებულების შიგნით იხდიდნენ.
ანგარიშში დასახელებულია სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენელთა გვარები, რომლებსაც პატიმრები არასათანადო, უხეშ მოპყრობაში, გინებაში, ცემაში, უკანონო დასჯასა და სხვადასხვა მითითებების გაცემაში ადანაშაულებენ. მსგავს პრობლემებზე წინა ანგარიშშიც საუბრობთ, მაშინაც დაასახელეთ კონკრეტული ადამიანები, პროკურატურასაც აკრიტიკებთ იმაში, რომ გამოძიება ხშირად ჭიანურდება ან წყდება. ამ მხრივ თუ იცვლება რამე?
საქართველოში სამართალდამცავი ორგანოები გარკვეული მიმართულებებით ძალიან ეფექტურად მუშაობენ. მაგალითად, სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიება მოკლე ვადებში წარიმართება და კრიმინალთან ბრძოლას კონკრეტული შედეგი აქვს. როდესაც სახეზეა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ ადამიანის უფლებათა დარღვევა, საგამოძიებო სტრუქტურებისგან ძალიან ნეგატიურ დამოკიდებულებას ვაწყდებით. გარკვეულწილად, ხდება დაუსჯელობის წახალისება - ასეთი პირების პასუხისმგებლობის საკითხი იშვიათად დგება.
2011 წელს არასათანადო მოპყრობის რამდენიმე ფაქტზე სასამართლო ექსპერტიზა დროულად ჩატარდა, რაც წინა წელს არ მომხდარა. თუმცა, ხშირია შემთხვევები, როდესაც საგამოძიებო ორგანოები ფაქტებს დროულად არ იძიებენ. მაგალითად, 26 მაისის აქციის დაშლის შემდეგ, ადმინისტრაციული წესით დასაჯეს რამდენიმე პოლიციელი, რაც წინგადადგმულ ნაბიჯად შევაფასე. თუმცა ეს იყო არაადეკვატური ზომა, ვინაიდან, ჩემი აზრით, სახეზე იყო სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები. იმედს ვიტოვებ, რომ ჩემი რეკომენდაციები მთავარი პროკურატურის მიმართ ჯეროვნად იქნება აღქმული და შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.
ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია სამართლიანი სასამართლოს უფლებაზე. ყველაზე პრობლემურ სფეროდ სისხლის სამართალწარმოებას გამოჰყოფთ. რა არის მთავარი პრობლემა?
სურათი გაცილებით უკეთესია სამოქალაქო საქმეების კუთხით. პროგრესია ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაშიც - გარდა ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების ნაწილისა. პრობლემები, რომელიც სისხლის სამართლის სამართალწარმოებაში დავინახეთ, იმის შედეგია, რომ: ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც სასამართლო არ ითვალისწინებდა კანონის უკუძალას და არ ავრცელებდა შემამსუბუქებელ გარემოებებს სისხლის სამართლის საქმეზე. იყო შემთხვევები, როდესაც დაირღვა დაცვის უფლება, როცა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურორის კანონშეუსაბამო შუამდგომლობა. ასევე, ვნახეთ კონკრეტული ფაქტები, სადაც სასამართლომ შელახა პირის უფლებები, დაარღვია მხარეთა თანასწორობის პრინციპი და ადამიანის უფლებები, როდესაც შესაბამისად არ დაასაბუთა თავისი შუალედური თუ საბოლოო გადაწყვეტილებები.
ანგარიშში საკუთრების უფლების ხელყოფის შესახებაც საუბრობთ, რამდენიმე კონკრეტული საქმეც გაქვთ დასახელებული...
საკუთრება ანგარიშის ერთ-ერთი პრიორიტეტია. მოყვანილია ფაქტები, როდესაც, ჩვენი აზრით, ირღვეოდა საკუთრებაზე უფლება, როგორც საგამოძიებო და სასამართლო ორგანოების, ასევე ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მხრიდან. როდესაც კანონმდებლობაში არ გაქვს ჩანაწერი, რომელიც საგამოძიებო ორგანოს ამის შესაძლებლობას უზღუდავს, ეს ადამიანის უფლებათა დარღვევის მიზეზი ხდება. მაგალითად, როდესაც საგამოძიებო ორგანო ხანგრძლივი პერიოდით ამოიღებს ნივთს, აყადაღებს და მოქალაქეს სარგებლობის საშუალება აღარ აქვს. ეს, შეიძლება არაპირდაპირ, მაგრამ საკუთრების უფლების დარღვევაა. აღნიშნული პრობლემა საქართველოში ისეთი სისტემური ხასიათის აღარაა, როგორც 2006-2008 წლებში, თუმცა ცალკეული ფაქტები გვხვდება და თუ ყურადღებას არ მივაქცევთ, საგრძნობლად გახშირდება.
რამდენიმე თვის წინ ტაბულასთან საუბრისას აღნიშნეთ, რომ მკაცრი რეჟიმის საპყრობილეშიც არ გექმნებათ ისეთი პრობლემები, როგორიც ბავშვთა სახლებში. ისაუბრეთ დეინსტიტუციონალიზაციის მნიშვნელოვნებასა და პრობლემებზე, რაც ამ თემას თან ახლავს. როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი?
აპრილის ბოლოსთვის ეს ანგარიშიც საჯარო გახდება. მივაღწიეთ იმას, რომ მონიტორინგის განმავლობაში პრობლემა არ შეგვქმნია. ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ ბავშვთა სახლებსაც, რომლებიც სახელმწიფოს კონტროლს მიღმა არსებობს - საუბარია საპატრიარქოს მზრუნველობის ქვეშ მყოფ რამდენიმე ბავშვთა სახლზე. მსგავს დაწესებულებაში მონიტორინგის უფლებას სახალხო დამცველს კანონი პირდაპირ არ აძლევს. გავესაუბრეთ ბავშვებს, რომლებიც ადრე ამ სახლებში იმყოფებოდნენ. მათ სერიოზულ დარღვევებზე ისაუბრეს, ამიტომ ჩვენ ჯანდაცვის უწყებასა და საპატრიარქოს შორის გაფორმებულ მემორანდუმს შევისწავლით.
არასათანადოდ მოპყრობის ფაქტები აღმოვაჩინეთ კერძო საოჯახო ტიპის სახლებშიც. ამ მხრივ ბევრი ჩვენი რეკომენდაცია შესრულდა, თუმცა რეინტეგრაციის პროცესში მრავალი პრობლემა შეგვხვდა: ბავშვები მიაბრუნეს ისეთ სახლებში, რომლებიც მათ განვითარების ღირსეულ პირობებს ვერ უქმნიან. ხშირად ირღვევა ბავშვის ხელმისაწვდომობა ჯანდაცვის მომსახურებაზე, განათლებაზე, ნორმალურ კვებაზე. მინდა მოვუწოდო ჯანდაცვის ახალ მინისტრს, ყურადღება მიაქციოს რეფორმებს, რომლებმაც ბავშვზე ზრუნვის ნორმალური სისტემის აგებას უნდა შეუქმნას საფუძველი.
მიუხედავად უამრავი ხარვეზისა, დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის გაგრძელება აუცილებელია. საქართველოში არცერთი ბავშვი აღარ უნდა დარჩეს ეგრეთ წოდებულ დიდ საბჭოთა ტიპის ბავშვთა სახლში, სადაც ძალიან რთული იყო მათთვის იმ ოჯახური გარემოს შექმნა, რომელიც ნორმალური განვითარებისთვისაა საჭირო.
ანგარიშის თანახმად, მკვეთრად შემცირდა რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი კანონდარღვევები. რამ განაპირობა ეს?
მიზეზი სახალხო დამცველის რეკომენდაციების გათვალისწინებაა. რელიგიური მოტივით ჩადენილი დანაშაულისთვის რამდენიმე პირის დასჯამ, საბოლოო ჯამში, გამოიწვია ის, რომ 2010 წლიდან მოყოლებული, მსგავსი დანაშაულები მკვეთრად შემცირდა. დღემდე გამოუძიებელი რჩება 40-მდე ფაქტი. თუმცა, 2010 წელს დაიწყო კლების ტენდენცია და 2011-ში ჩემთვის ამ კუთხით მხოლოდ რამდენიმე ფაქტი იყო საყურადღებო. ეს მიუთითებს, რომ სიტუაცია ამ მხრივ გამოსწორდა.
სექსუალური უმცირესობების შესახებ ინფორმაცია არც ამ ანგარიშშია, რა არის მიზეზი?
სახალხო დამცველი რეაგირებს უფლებადარღვევის კონკრეტულ ფაქტებზე. 2010-11 წლებში სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლებს სახალხო დამცველისთვის არ მოუმართავთ. ყველანი ვთანხმდებით, რომ გარემო, რომელშიც ეს ადამიანები ცხოვრობენ, მათ მიმართ საკმაოდ აგრესიულია. მედიაში ხშირია ჰომოფობიური სტატიები და ისინი სახალხო დამცველის მხრიდან უყურადღებოდ არ რჩება. თუ სექსუალური უმცირესობები მეტ ინფორმაციას მოგვაწვდიან კონკრეტულ დარღვევებზე, ჩვენ გვექნება საშუალება, ანგარიშში თუნდაც ცალკე თავში ვისაუბროთ ამაზე.
სისხლის სამართლის კოდექსში შედის ცვლილება, რომლის მიხედვითაც, დანაშაულის ჩადენა რასობრივი, ენობრივი, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის ნიადაგზე, დამამძიმებელი გარემოება გახდება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ყველა დანაშაულისთვის. რამდენად დგას ამ ცვლილების შეტანის აუცილებლობის საკითხი?
ცოტა დაგვიანებულიც კი არის. ევროპის კომისიამ ეს რეკომენდაცია ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ გაუწია საქართველოს. ჩემი ინფორმაციით, ჩამონათვალს სექსუალური ორიენტაციაც ემატება. სახალხო დამცველის აპარატს დიდი წვლილი აქვს შეტანილი იმაში, რომ ეს ცვლილება პროექტში ამ სახით არის წარმოდგენილი.
14 მარტს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რამდენიმე სტუდენტმა თვითმმართველობის წარმომადგენლები ფიზიკურ ძალადობასა და ზეწოლაში დაადანაშაულა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ინციდენტში მონაწილე თვითმმართველობის წევრების მიმართ, მათი „ასაკის“ გათვალისწინებით, მხოლოდ „გაფრთხილებით“ შემოიფარგლა. მოგმართეს თუ არა თქვენ დაზარალებულმა სტუდენტებმა? ადრე თუ მოუმართავთ მსგავსი პრობლემებით?
არ მოუმართავთ, მაგრამ საკუთარი ინიციატივით დავიწყეთ ამ საქმის შესწავლა. ასე ვთქვათ, კონფიდენციალურად დატოვეს ჩვენთვის საჭირო ინფორმაცია. ჩვენ შევეცადეთ მათთან დაკავშირებას, თუმცა ამან რეალური შედეგი არ გამოიღო. მიჭირს შევაფასო, რამდენად ადეკვატური იყო სამართალდამცავი ორგანოების ქმედება, თუმცა, მინდა გითხრათ, რომ ასაკი არაფერ შუაშია. თუ სისხლის სამართლის დანაშაულს ჰქონდა ადგილი, პოლიციას შესაბამისი ზომები უნდა მიეღო. მე გაცილებით მეტი ინფორმაცია მჭირდება, რომ შევაფასო, თუ რა ტიპის დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი.
![]() |
3 დასაქმება საარჩევნოდ |
▲ზევით დაბრუნება |
პოლიტიკა
ავტორი: დიმიტრი ავალიანი
„აიღე პირველი ხელფასი შენს პირველ სამსახურში“ - სარეკლამო კლიპში გაჟღერებული ამ მოწოდებით, მთავრობამ სტუდენტთა დასაქმების ახალი პროგრამის განხორციელება დაიწყო. პროგრამა Summer job-ის ფარგლებში ზაფხულში, ერთი თვის განმავლობაში 25 ათასი სტუდენტი დასაქმდება. ანაზღაურების სახით თითოეული მათგანი 500 ლარს მიიღებს. სტუდენტთა „პირველი ხელფასის“ ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს - სულ 12 მილიონ 500 ათას ლარს.
„სტუდენტებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ თავიანთი შრომით მოიპოვონ ანაზღაურება, დაეუფლონ ახალ პროფესიებს და შემდეგ უკეთესად დაგეგმონ საკუთარი მომავალი“, - ასე განმარტა კამპანიის მიზანი პროგრამაში მონაწილე სტუდენტებთან შეხვედრისას განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა. მისი თქმით, პროგრამაში ყველა მსურველი ვერ მოხვდა, თუმცა, წლევანდელი ინიციატივა მხოლოდ პირველი ნაბიჯია და ის მომავალ წლებშიც გაგრძელდება.
25 ათასი ვაკანსია სტუდენტებს, როგორც სახელმწიფო დაწესებულებებმა და საბიუჯეტო ორგანიზაციებმა, ასევე კერძო კომპანიებმა შესთავაზეს.
მიუხედავად იმისა, რომ მონაწილეთა ონლაინრეგისტრაციის ვადა 20-დან 30 მარტამდე განისაზღვრა, პროგრამის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ცნობის თანახმად, ყველა ვაკანსია პრაქტიკულად ერთ დღეში შეივსო. უკვე 21 მარტს, 25 ათასიდან თავისუფალი მხოლოდ 35 ვაკანსია დარჩა.
სტუდენტების ნაწილს ეჭვი გაუჩნდა, რომ ვაკანსიების განაწილება წინასწარ მოხდა. ტაბულასთან ამაზე საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს უფროსმა ანალიტიკოსმა ლევან ნატროშვილმაც ისაუბრა: „გვაქვს ინფორმაცია, რომ რეგისტრაცია გართულებული იყო. რომ თვითმმართველობაში, ნაცმოძრაობის ახალგაზრდულ ორგანიზაციებსა და გამგეობებში სიების შედგენა ჯერ კიდევ რეგისტრაციის ოფიციალურად დაწყებამდე მიმდინარეობდა“, - განაცხადა ნატროშვილმა.
მისი თქმით, ეს „საგანგაშო ფაქტია“, რომელიც მიუთითებს, რომ პროგრამა „საკმაოდ პოლიტიზებულია“.
დასაქმების მასშტაბური პროგრამები მთავრობას გასულ წლებშიც განუხორციელებია. კერძოდ, 2006 წელს სახელმწიფომ უმუშევრების კერძო კომპანიებში სტაჟირება დააფინანსა. კიდევ ერთი პროგრამა მთავრობამ 2007 წლის ბოლოს წამოიწყო.
ლევან ნატროშვილი აღნიშნავს, რომ როგორც წლევანდელი პროგრამა, ასევე გასულ წლებში განხორციელებული მსგავსი ღონისძიებები წინასაარჩევნო პერიოდს ემთხვევა.
მისი თქმით, ამგვარი პრაქტიკა „უშუალო კანონდარღვევა არ არის“ და ასეთი სახის ინიციატივები მთავრობის კომპეტენციაა. „მაგრამ, ღონისძიების მასშტაბები, შინაარსი, სიმბოლიკა და ასე შემდეგ, იწვევს დიდ ეჭვს, რომ ეს პოლიტიკური ქვეტექსტის მქონე პროგრამაა, რომელიც ერთი პარტიისთვის პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ემსახურება“. ეს კი, ნატროშვილის აზრით, საარჩევნო გარემოს აზარალებს და პოლიტიკური პარტიებისთვის არათანაბარ პირობებს ქმნის.
სტრატეგიისა და განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელს ზურაბ ჯაფარიძეს ეჭვი ეპარება, რომ სტუდენტთა დასაქმების პროგრამამ ქვეყანას, ეკონომიკური თვალსაზრისით, რაიმე ეფექტი მოუტანოს. „შეიძლება ამ ახალგაზრდებმა რაღაც გამოცდილება შეიძინონ, მაგრამ საბოლოო ჯამში, ამ ფულის ხარჯვა, ცხადია, არაეფექტური იქნება. თანხები, რომელსაც სახელმწიფო გაიღებს, მან ეფექტურად მომუშავე ეკონომიკის სექტორებიდან ამოიღო“, - აღნიშნა ჯაფარიძემ ტაბულასთან საუბრისას.
მისი აზრით, პროგრამის შედეგად დასაქმების მაჩვენებელი ქვეყანაში მხოლოდ ერთი თვით გაიზრდება და „გრძელვადიან პოზიტიურ ეფექტზე ეკონომიკური თვალსაზრისით საუბარი ზედმეტია“.
2006 წლის აგვისტო-ოქტომბერში, კერძო კომპანიებში სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობა 50 ათასმა ადამიანმა მიიღო. სამთვიანი სტაჟირებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან თითო მონაწილეს 450 ლარი შეხვდა. სულ პროგრამაზე 24 მილიონი ლარი დაიხარჯა.
კიდევ უფრო მასშტაბური იყო 2007 წლის დეკემბერში დაწყებული გადამზადების პროგრამა. ამჯერად იქ 100 ათასზე მეტ მოქალაქე მონაწილეობდა. თითოეულმა მათგანმა სამთვიანი გადამზადების განმავლობაში 600 ლარი მიიღო, რაც ბიუჯეტს, მხოლოდ ანაზღაურებაზე, 60 მილიონი ლარი დაუჯდა.
2006 წლის პროგრამა მთავრობამ წარმატებულად შეაფასა. როგორც ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მაშინდელმა მინისტრმა ლადო ჭიპაშვილმა თქვა, მუდმივი სამუშაო ადგილი პროგრამის 10 ათასმა მონაწილემ მიიღო.
მსგავსი გათვლები მთავრობას არ წარმოუდგენია 2007-2008 წლის პროგრამისთვის. ამავდროულად, საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, საბოლოოდ ამ პროგრამის მონაწილეთა მხოლოდ 10 პროცენტი დასაქმდა.
საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს ანგარიშის თანახმად, 2007-2008 წლის „დასაქმების პროგრამაში“ მონაწილე კომპანიების დიდმა ნაწილმა არაადეკვატურად დიდი რაოდენობის ვაკანსიები გამოაცხადა, რაც უმეტესად საგადასახადო ორგანოების თხოვნით ხდებოდა. იყო ასევე გარიგების შემთხვევები, როდესაც „დამსაქმებელი“ ანაზღაურების ნაწილს იტოვებდა, „დასაქმებული“ კი კომპანიაში საერთოდ არ ცხადდებოდა.
ზურაბ ჯაფარიძის აზრით, დასაქმების და მსგავსი პროგრამების - მათ შორის კომპიუტერის, ინგლისურის შესწავლის - ეფექტიანობა საეჭვოა. „ზოგადად, ასეთი სახელმწიფო პროგრამების მთავარი მინუსი ისაა, რომ ეს არ არის კერძო ინიციატივა და, შესაბამისად, არაა გათვლილი, რამდენად მომგებიანი თუ წამგებიანი იქნება“.
მისივე თქმით, სახელმწიფო, როგორც წესი, პროგრამის ეფექტიანობის შეფასებას არც მისი დასრულების შემდეგ აკეთებს. „დაუჯერებელია, ამ პროგრამებს რაიმე ეკონომიკური ეფექტი ჰქონოდათ. პირიქით, ფული, რომელიც ამოღებულია ეკონომიკიდან და რამდენიმე ბიუროკრატის გადაწყვეტილებით იხარჯება სტუდენტების დასაქმებასა თუ სხვა ამგვარ პროგრამებზე, ეკონომიკას უფრო აზიანებს“.
ოფიციალური სტატისტიკა მოწმობს, რომ თვალსაჩინო შედეგი დასაქმების პროგრამებს არ მოჰყოლია: 2006 წელს, წინა წელთან შედარებით, დასაქმებულთა რაოდენობა ქვეყანაში მხოლოდ 3 ათასი ადამიანით გაიზარდა, 2007 წელს 43 ათასით შემცირდა, 2008-ში კი - 103 ათასით.
სტუდენტების დასაქმების პროგრამას, წინა პროექტების მსგავსად, მხოლოდ მოკლევადიანი პოლიტიკური და სოციალური ეფექტი შეიძლება მოჰყვეს. დასაქმების ზრდის ერთადერთი გზა ინვესტიციების მოზიდვა და კერძო სექტორის განვითარებაა. სახელმწიფოს ჩარევის შედეგი კი მხოლოდ გაზრდილი საბიუჯეტო ხარჯები და ამომრჩეველთა ნაწილის დროებითი კმაყოფილებაა.
![]() |
4 ამერიკა, გვაცალე ოცნება! |
▲ზევით დაბრუნება |
გია ნოდია|სვეტი
ქართული ოცნების და მისი გულშემატკივრების რეაქცია ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის რეიტინგებზე გაცილებით უფრო მკაფიოდ აჩვენებს მის სისუსტეს, ვიდრე თავად კვლევის შედეგები, რომელთა თანახმადაც გამოკითხულთა მხოლოდ 11 პროცენტი აპირებს, ოქტომბერში ამ კოალიციას მისცეს ხმა.
როდესაც ამ რამდენიმე თვის წინ ასპარეზზე პოლიტიკოსი ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა, პოზიტიური რეაქციები ორი სახისა იყო. პირველი იყო მარტივი და გასაგები: აი დევგმირი, რომელიც გველეშაპს დაგვიმარცხებს და ახალ და ბედნიერ ქვეყანას აგვიშენებს. ამ ადამიანებთან საკამათო არაფერი მაქვს: ისინი ზღაპრულ სამყაროში ცხოვრობენ, ოღონდ, სამწუხაროდ, ბედნიერ დასასრულს ვერასოდეს ეღირსებიან.
ჩემთვის უფრო პრობლემური მეორე ჯგუფია, რომელშიც ბევრი საკმაოდ განსწავლული ინტელექტუალი შედის. ის გაცილებით უფრო დახვეწილი არგუმენტაციით შეეგება სიახლეს: მთავარი ის კი არაა, როგორი პოლიტიკოსია ივანიშვილი (ანუ: „ჩვენც კი გვესმის, რომ მას ბევრი სისუსტე აქვს”), მთავარია, ხელისუფლებას ჰქონდეს საპირწონე, ბალანსი, რომ მან არ ჩათვალოს, რომ მისთვის ყველაფერი დასაშვებია. ივანიშვილთან ერთად ციდან ჩამოვარდა შანსი იმისა, რომ საქართველოში უფრო დაბალანსებული პოლიტიკური სისტემა შეიქმნას. „მე არა ვარ ივანიშვილის მომხრე, მაგრამ მისი მოსვლის შემდეგ ჩვენ სულ სხვა საქართველოში ვცხოვრობთ (ანუ ისეთში, სადაც არსებობს ხელისუფლების საპირწონე). ამიტომ ყველა, ვინც პრინციპში დემოკრატიის მხარეზეა, ამას უნდა მიესალმოს” - ასე შეგვიძლია შევაჯამოთ ეს პოზიცია.
თეორიულად, აბსოლუტურად სწორია: თუკი რამე აკლია ჩვენს ხელისუფლებას, ეს, პირველ რიგში, ძლიერი (შიდა) ოპონენტია, რომელსაც ის იძულებული იქნება, ანგარიში გაუწიოს. თუკი რამე აკლია ზოგადად ჩვენს დემოკრატიას - ეს არის შეჯიბრი სერიოზულ პოლიტიკურ ძალებს შორის. მაგრამ ეს თუ გვინდა და უნდა გვინდოდეს, არ ნიშნავს, რომ ჩვენც რაღაც ზომით „ოცნების“ ტყვეობაში აღმოვჩნდეთ: გაწონასწორებული პოლიტიკური სისტემები მაგიით და მენცარობით ვერ იქმნება.
დღეს უკვე დადასტურდა: იმედი, რომ ბიძინა ივანიშვილის მოსვლით არსებითად შეიცვლებოდა ძალთა თანაფარდობა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის (ცხადია, ამ უკანასკნელის სასარგებლოდ), მირაჟი აღმოჩნდა. პირიქით, დავინახეთ, რომ ხელისუფლების რეიტინგმა იმატა. ივანიშვილმა მხოლოდ დროებით შექმნა ოპოზიციის გაძლიერების ილუზია და სავსებით შესაძლებელია, რომ, გრძელვადიან პერსპექტივაში, აზარალა საქართველოში დაბალანსებული პოლიტიკური სისტემის შექმნის პერსპექტივა.
ძირითადი გაკვეთილი, რაც აქედან შეიძლება გამოვიტანოთ, შემდეგია: მეოცნებეობა და მირაჟები ცუდია, ხოლო რეალობის დანახვის უნარი - კარგი. ეს მსჯელობა იქნებ ტრივიალური მოგვეჩვენოს, მაგრამ არც ისე მარტივადაა საქმე. 1960-იანი წლების დასავლური მემარცხენე იდეოლოგია, რომელიც გლობალური კულტურის კომპონენტად იქცა, იმას გვასწავლიდა, რომ უტოპია კარგია, რომ უნდა გავბედოთ და შეუძლებელი მოვითხოვოთ, ხოლო ვინც რეალობასთან გვაბრუნებს და ოცნებაში ხელს გვიშლის, ცუდი და რეაქციონერია.
მეორე მხრივ, აბა საბჭოთა კავშირი რა იყო, თუ არა უდღეურ ინტელექტუალ-მეოცნებეთა ესკიზებით აგებული რკინა-ბეტონის კონსტრუქცია, რომლის ნარჩენი არმატურა დღესაც ჯართად გაგვაქვს მეზობელ ქვეყნებში? კომუნისტური იდეოლოგია კი უარვყავით, მაგრამ რომანტიკული მეოცნებეობის კულტი, რომელიც მას საფუძვლად ედო, ასე ადვილი დასაძლევი არაა. კომუნიზმი აღარ გვინდა, მაგრამ იმაზე ოცნებას კი ვერ ვიშლით, რომ ორ წელიწადში ავაშენებთ დემოკრატიას, რომლითაც ევროპას თვალს დავუბრმავებთ.
არ ვიცი, საბოლოოდ რით დამთავრდება ქართული ოცნების ოდისეა, მაგრამ ამერიკის ელჩისადმი მიძღვნილი ეპისტოლე იმსახურებს, ჩვენი პოლიტიკური აზროვნების ძეგლად დარჩეს. აქ პირდაპირ და წრფელად არის ნათქვამი: ბიძიებო, კი გიფასებთ, რომ პირსისხლიანი სააკაშვილის რეჟიმისგან გვიცავთ და თქვენი ელჩი დროდადრო ხმას იმაღლებს ჩვენს დასაცავად, საერთოდ, ისევ თქვენს იმედზე ვართ, მაგრამ სიმართლეს რომ გვეუბნებით, გვიტყდება, და გაგვიგეთ, რა! გეხვეწებით, არჩევნებამდე მაინც გვაცალეთ, ჩვენც დავბოლდეთ და ხალხიც დავაბოლოთ!
ის, რომ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები საქართველოში ძალიან იშვიათად ტარდება და ეგზოტიკურ ცხოველად რჩება, რომლის დანახვაზე ბევრს კვლავ ელეთმელეთი ემართება, ძალიან სერიოზული პრობლემაა, რომლის სიღრმეც ბოლომდე არ გვესმის. მათი თითქმის არარსებობა საშუალებას გვაძლევს ყოველი წინადადების შემდეგ გავიმეოროთ, რომ „ხალხი ამას მოითხოვს“ და „ხალხს ეს აწუხებს“ და არც კი შევეცადოთ იმის შემოწმებას, სინამდვილეში რა უნდათ და რას ფიქრობენ ჩვენი თანამემამულეები.
სოციოლოგიური გამოკითხვები არასრულყოფილი იარაღია, რომლის შედეგების ინტერპრეტაციას სიფრთხილე და საღი აზრი სჭირდება. მაგრამ ეს არის სარკე, ურომლისოდაც თანამედროვე საზოგადოებას ისევე აღარ შეუძლია ცხოვრება, როგორც ტელევიზორის ან მობილური ტელეფონის გარეშე. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ისინი ახდენს „ხალხის“ ცნების დემისტიფიკაციას, ანუ „განჯადოებას“. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დემოკრატიაში „ხალხი“ ყველაზე სახიფათო ცხოველია: მე-20 საუკუნეში სწორედ მისი სახელით მოხდა ყველაზე მეტი დანაშაული.
რიგით ამერიკელს, რომელსაც შეუძლია, ლამის ყოველდღე დააკვირდეს, როგორ იცვლება მის თანამოძმეთა შეხედულებები ნებისმიერ საკითხზე, რომელმაც იცის, რამდენი პროცენტით იწევს თუ მცირდება რომელიმე ლიდერის პოპულარობა მისი ყოველი ნაბიჯის და განცხადების შემდეგ, ადამიანების რა ნაწილი წუხს ამა თუ იმ პრობლემაზე და რამდენს „კიდია“ - პოლიტიკოსები ისე ადვილად ვერ დააბოლებენ. თორემ დემაგოგი, რომელიც „ხალხის“ ცნებით მანიპულირებას მოინდომებს, ყველგან ბევრია.
პროტესტი გამოკითხვების წინააღმდეგ არის ბრძოლა მაგიური და, საბოლოოდ, ავტორიტარული პოლიტიკის შესანარჩუნებლად. სამწუხაროა, მაგრამ რეალობაა: ამ ბრძოლაშიც კვლავ ამერიკის იმედად ვრჩებით!
![]() |
5 ომბუდსმენი მესხების რეპატრიაციის შესახებ |
▲ზევით დაბრუნება |
პოლიტიკა
ავტორი: სალომე უგულავა
სახალხო დამცველის მიერ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვასთან დაკავშირებულ წლიურ ანგარიშში საბჭოთა კავშირის მიერ 1940-იან წლებში საქართველოდან იძულებით გადასახლებული მესხების რეპატრიაციის საკითხიცაა შესწავლილი. ანგარიშში აღნიშნულია, როგორც ამ პროცესში მიღწეული პროგრესი, ასევე ხარვეზები და პრობლემური მიმართულებები - მათ შორის, რეპატრიაციის პროცესის გახანგრძლივება, სტატუსის მინიჭების პროცესში განსაზღვრული ვადებისა და პროცესზე სასამართლო კონტროლის არარსებობა.
ანგარიშის მიხედვით, საერთაშორისო დონეზე ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად, რეპატრიაციის პროცესი 2012 წლამდე უნდა დასრულებულიყო, თუმცა რეპატრიანტის სტატუსის მაძიებელთა განცხადებებს დევნილთა სამინისტროში ახლაც განიხილავენ. სულ სამინისტროში სტატუსის მაძიებელთა 5 841 განაცხადია შესული - 8900 პირზე. აქედან განიხილეს 337 აპლიკაცია და 333 აპლიკანტი დაკმაყოფილდა, ორმა სტატუსის მიღებაზე უარი განაცხადა, ერთი გარდაიცვალა, ერთი კი საქართველოს მოქალაქე აღმოჩნდა. მთლიანობაში რეპატრიანტის სტატუსის მაძიებელთა ნახევარზე მეტი აზერბაიჯანიდანაა, დანარჩენები - ყირგიზეთიდან, თურქეთიდან, ყაზახეთიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან და უზბეკეთიდან.
სახალხო დამცველის აპარატი ერთ-ერთ მთავარ საკანონმდებლო ხარვეზად რეპატრიანტის სტატუსის მინიჭებისას კონკრეტული ვადების არარსებობას მიიჩნევს. კერძოდ, არ არის განსაზღვრული ვადა, რომლის განმავლობაშიც შსს და სხვა უწყებები ამზადებენ და აგზავნიან დასკვნას დევნილთა სამინისტროში რეპატრიანტისთვის სტატუსის მინიჭების მიზანშეწონილობაზე. კონკრეტული დრო განსაზღვრული არც სამინისტროსთვისაა, რომელიც, თავის მხრივ, უკვე სტატუსის მინიჭება-არმინიჭებაზე იღებს გადაწყვეტილებას. ანგარიშში აღნიშნულია, რომ მათ დევნილთა სამინისტროსგან გამოითხოვეს ინფორმაცია აპლიკაციის განხილვის ვადებზე და პასუხად მიიღეს, რომ ის არცერთ დოკუმენტში არ არის გაწერილი. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ განცხადებების განხილვისთვის გონივრული ვადების დადგენა აუცილებელია.
გარდა ამისა, უარის მიღების შემთხვევაში, რეპატრიანტის სტატუსის მიღების მსურველს არ აქვს ხელმისაწვდომობა სასამართლოზე. „თუ რეპატრიანტის სტატუსის მინიჭების კანონიერება არ დაექვემდებარება სასამართლოს კონტროლს, სახელმწიფომ, ამ შემთხვევაში კი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, შესაძლოა დაუსაბუთებელი, ან არასწორი გადაწყვეტილება მიიღოს. ამასთან, ბუნდოვანია, რა ლეგიტიმურ მიზანს ემსახურება აღნიშნული შეზღუდვა, რაც მის პროპორციულობასაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს“ - ვკითხულობთ ანგარიშში.
სახალხო დამცველი არსებულ პრაქტიკაზე და რეპატრიაციის პროცესში გამოვლენილ პრობლემებზეც საუბრობს - მათ შორის, სტატუსის მიღების მსურველთათვის დოკუმენტაციის წარდგენისას არსებულ დაბრკოლებებზე.
მსგავსი წუხილები ახალი არაა. დევნილთა სამინისტროს აქამდეც არაერთხელ მოუწია მათზე პასუხის გაცემა. იქ მიაჩნიათ, რომ ზოგადად, დროის გაჭიანურებაზე კრიტიკა უსაფუძვლოა, რადგან იმ ადამიანებს, რომლებსაც უხარვეზო აპლიკაცია ჰქონდათ, უმოკლეს ვადაში მიენიჭათ სტატუსი. ეს კი მათ, თავის მხრივ, საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული გზით მიღების შესაძლებლობას აძლევს.
გარდა ამისა, კანონის მიხედვით, თუ რეპატრიაციის მსურველი მისგან დამოუკიდებელი ობიექტური მიზეზით ვერ მოახერხებდა რომელიმე დოკუმენტის მოპოვებას, მას ამის შესახებ უნდა განეცხადებინა და მიზეზი მიეთითებინა. რეპატრიაციის კანონში პროცედურების გასამარტივებლად ცვლილებებიც შევიდა. მაგალითად ის, რომ აპლიკანტებისთვის ხარვეზების გამოსასწორებლად დამატებითი 4 თვე განისაზღვრა.
ვინაიდან დეპორტაციის დამადასტურებელი საბუთი ობიექტური მიზეზების გამო შეიძლება დაკარგულიყო, მისი არმქონე აპლიკანტების მიმართ განსხვავებული მიდგომა შეიმუშავეს. გასული წლის შემოდგომაზე შეიქმნა უხუცესთა საბჭო, რომლის მიზანია რეპატრიაციის სტატუსის მაძიებლის, ან მისი წინაპრის საქართველოდან იძულებით გადასახლების ფაქტის დადასტურება.
სახალხო დამცველი ყურადღებას ამახვილებს რეპატრიანტების ინტეგრაციის ხელშეწყობის საჭიროებაზეც. ვინაიდან უწყებათაშორისი სამთავრობო საბჭო ჯერ კიდევ მუშაობს მესხების საინტეგრაციო პროექტზე, ის საბჭოს ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური კუთხით აწვდის რეკომენდაციებს. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს, მაგალითად, რეპატრირებულთათვის ქართული ენის შესწავლას.
ანგარიშში დეპორტირებული მესხების მიგრაციაზეცაა საუბარი - მათი მცირე ნაწილი საქართველოში 60-80-იან წლებში დაბრუნდა საკუთარი ნებით. 2005 წლის მონაცემებით, ისინი დაახლოებით ექვსასნი იყვნენ და ძირითადად იმერეთსა და გურიაში სახლობენ. გარდა ამისა, მოიხსენიებენ ეგრეთ წოდებულ თვითრეპატრირებულებსაც, რომლებიც ბოლო წლებში საკუთარი ნებით შემოვიდნენ ქვეყანაში და რიგ შემთხვევებში, დევნილთა სამინისტროსათვის სტატუსის მისაღებად არ მიუმართავთ.
აღნიშნულია ისიც, რომ საქართველოში ზემოხსენებულ პირთა არარეგულარული მიგრანტების სტატუსით ცხოვრების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია, რომ სამინისტრომ, შესაბამისი სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით, ეს პირები მოიძიოს და მისცეს საშუალება, დაარეგულირონ და კანონის ფარგლებში მოაქციონ საქართველოში ყოფნის საფუძველი თუ სტატუსი.
ამჟამად ამ ადამიანებზე ვრცელდება საქართველოს კანონი „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“. ხოლო მათთვის მოქალაქეობის მინიჭების საკითხს არეგულირებს საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“.
![]() |
6 ივანიშვილის კოალიცია დესტაბილიზაციის ნიშნებს ავლენს |
▲ზევით დაბრუნება |
პოლიტიკა
ვლადიმირ სოკორი
შეურიგებელი ოპოზიციის ანტისამთავრობო კამპანია საქართველოში თითქმის ციკლური რეგულარულობით, ინსტიტუციური სახელმწიფოს წინააღმდეგ გალაშქრებით მთავრდება (1990-იანი წლების პირველი ნახევარი, 2007 წლის და შემდგომი „საზაფხულო შეტევები“). მოტივები იცვლება, საერთო მახასიათებლები კი - მათ შორის, მოჭარბებული ემოციურობა და არარეალური პოლიტიკური წარმოდგენები - არა. და სავარაუდოდ, კიდევ დიდხანს დარჩება უცვლელი. მომავალ საპარლამენტო არჩევნებში, საქართველოს დასავლურ ორიენტაციას მილიარდერი ბიძინა ივანიშვილის კოალიცია, ქართული ოცნება, ორმაგი გამოწვევის წინაშე აყენებს. ეს გამოწვევა, ერთი მხრივ, წარსულზე ორიენტირებული შეხედულებებიდან, მეორე მხრივ კი, დესტაბილიზაციის ფარული მუქარიდან მომდინარეობს.
პოლიტიკური გაერთიანება მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს (ანუ, მრეწველები) - საქართველოს კონვულსიური 90-იანი წლების გადმონაშთი - ბიძინა ივანიშვილის საარჩევნო კოალიციის ბოლო შენაძენია. მრეწველები დასავლეთისგან პროტექციონიზმის და რუსეთის ბაზარზე ორიენტირების მომხრენი არიან. ამ პოლიტიკური გუნდის ლიდერმა, მდიდარმა მეწარმემ გიორგი თოფაძემ, 2010 წლის თბილისის მერის არჩევნებში ხმათა 5.2 პროცენტი მაინც მიიღო. ივანიშვილის ქართულ ოცნებაში გაწევრიანებულმა თოფაძემ მიმდინარე საკითხებზე საკუთარი შეხედულებები შემოგვთავაზა.
საქართველოსთვის აშშ-ის ეკონომიკურ დახმარებაზე თოფაძემ განაცხადა: „საკუთარი მრეწველობა რატომ გავანადგურეთ? ეს ჩვენი ამერიკელი „მხარდამჭერების“ გამო მოხდა... მოდი, იმაზე ვილაპარაკოთ, ამერიკამ ჩვენს ქვეყანას რა გაუკეთა. რატომ ჩაგვძირეს? ვალებში რატომ ჩაგვითრიეს? მე და ჩემი კოლეგები ამაზე უკვე 15 წელია ვსაუბრობთ“. რუსეთთან დაკავშირებით მან აღნიშნა: „რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა უნდა მოვაგვაროთ. იქ საქართველოსადმი ნოსტალგიური დამოკიდებულება ახლაცაა შემორჩენილი“. საქართველოს NATO-ში გაწევრიანების სურვილზე თოფაძე ასე ფიქრობს: „მე არ მომწონს, ქართველები რომ ავღანეთში იბრძვიან. NATO-სთან დაკავშირებითაც საკუთარი შეხედულება მაქვს... NATO-ში გაწევრიანებისთვის მიმართულმა ძალისხმევამ ჩვენი ქვეყანა გაანადგურა... აშკარაა, რომ რუსეთს (საქართველოს მიმართ) ულტიმატუმის მაგვარი პოზიცია აქვს და ჩვენც NATO-სა და დაკარგულ ტერიტორიებს შორის უნდა გავაკეთოთ არჩევანი. ამ საკითხზე შევთანხმდებოდით, რომ არა ამჟამინდელი მთავრობა, რომელიც არჩევანს აკეთებს“ (Prime-Time, 19 მარტი; ალია, 20 მარტი).
15 მარტს, ივანიშვილი და მისი მთავარი მოკავშირეები, ირაკლი ალასანია და დავით უსუფაშვილი, დასავლელი დიპლომატების დიდ ჯგუფს არწმუნებდნენ, რომ საქართველოს მთავრობა ოპოზიციის დევნასა და დაშინებას სირიის მსგავსი სცენარით აპირებს. ყველაზე მეტი ალასანიამ ილაპარაკა: „სანამ არ არის გვიან და არ მიგვიღია ახალი ჰომსი ზუგდიდში [დასავლეთ საქართველო], ან საქართველოს სხვა რომელიმე კუთხეში, მოგმართავთ - დაიწყეთ მოქმედება“. ის ამტკიცებდა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და სამართალდამცავი ორგანოები უკანონო გასამხედროებულ ჯგუფებს აყალიბებენ და „სამოქალაქო ომისა და კონფრონტაციისთვის“ ემზადებიან. „[პრეზიდენტი] სააკაშვილი არ ამზადებს ნიადაგს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის; ის პოლიტიკური ოპოზიციის ოფიციალურად დასასჯელად ემზადება. თქვენი ჩარევის და დახმარების გარეშე, კონფრონტაციის თავიდან აცილება რთული იქნება. თქვენი რეაქცია ძალიან ძლიერი, მტკიცე უნდა იყოს“ (Civil Georgia, 15, 16 მარტი).
16 მარტს, ალასანიამ ჟურნალისტებს გაუმეორა, რომ არჩევნების წინ საქართველოს პრეზიდენტი თავდაცვის სამინისტროსა და სამართალდამცავ ორგანოებს გასამხედროებული ქვედანაყოფების შექმნას ავალებს (Civil Georgia, 16 მარტი). ამ განცხადების პასუხად, აშშ-ის ელჩმა, ჯონ ბასმა, პოლიტიკოსებს [ვინაობის დაუსახელებლად] მოუწოდა, თავი შეიკავონ ისეთი ბრალდებებისგან, „რომლებიც ფაქტებით არ არის გამყარებული“ (Civil Georgia 20 მარტი).
20 მარტს, ალასანია, სპეციალურად მოწვეულ პრესკონფერენციაზე დიდი კონვერტით წარდგა. მისი თქმით, კონვერტში ის „მტკიცებულებები“ იდო, რომლებსაც „პატრიოტი მოქალაქეებისგან“თვეების განმავლობაში აგროვებდა. ალასანიას მტკიცებით, დოკუმენტები დეტალურ ინფორმაციას შეიცავდა თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების გასამხედროებული ქვედანაყოფების შესახებ, რომლებიც სამეგრელოში (დასავლეთ საქართველო) შტაბებში არიან დისლოცირებულნი. გარდა ამისა, მას ჰქონდა „საფუძვლიანი ეჭვი, რომ ასეთი დაჯგუფება თბილისშიც იქმნება“ ოპოზიციის დევნისა და დაშინებისთვის. ალასანიამ მოუწოდა პრეზიდენტ სააკაშვილს, „მიიღოს გადამჭრელი ზომები, რათა ეს შეიარაღებული ჯგუფები სასწრაფოდ დაიშალოს“ და „საიდუმლო“ დოკუმენტები ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გაუგზავნა შეფასებისა და დაუყოვნებელი რეაგირებისათვის (Civil Georgia, 20 მარტი).
23 მარტს, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭომ ალასანიას „მტკიცებულებები“ საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნა საჯარო განხილვისთვის. ეს ეგრეთ წოდებული უკანონო გასამხედროებული ჯგუფები რეზერვის სისტემის ნაწილი აღმოჩნდა, ტერიტორიული თავდაცვის იმ კონცეფციის თანახმად, რომელიც თავდაცვის სამინისტრომ 2011 წელს შეიმუშავა. აღნიშნული ტერიტორიული ქვედანაყოფები არც გასაიდუმლოებულია და არც შეიარაღებული, მათ არც შტაბები აქვთ (წევრები სახლებში ცხოვრობენ). რეზერვისტთა აღრიცხვის პროცესი საჯაროა და მათი რიცხვი უკვე 40,000-ს აღწევს, დასახული მიზანი კი 100,000-ია. ეს კონცეფცია 2008 წლის აგვისტოს ომის გამოცდილების შედეგად შემუშავდა, რადგან მაშინ, ცენტრალიზებულმა სარეზერვო სისტემამ არ გაამართლა და რუსეთის შემოჭრის წინააღმდეგ რეზერვის მობილიზება ვერ მოხერხდა. ქვეყნის თავდაცვის 2011 წლის კონცეფციის თანახმად, ახალი სისტემა სოფლების დონემდეა დეცენტრალიზებული. სარეზერვო წვრთნებში მონაწილეობა ნებაყოფლობითია. მონაწილეებს არც ანაზღაურება ეძლევათ (სავალდებულო და პროფესიული სამხედრო სამსახურისგან განსხვავებით). ალასანიას სიაში ჩამოთვლილი „უკანონო შეიარაღებული დაჯგუფებების“ ხელმძღვანელები, რეალურად, თავდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროების მაღალჩინოსნები არიან, რომლებსაც ტერიტორიული სარეზერვო სისტემის მართვა ევალებათ (Civil Georgia, 23 მარტი).
პრეზიდენტმა სააკაშვილმა და სხვა ოფიციალურმა პირებმა ამ ბრალდებებზე პოლემიკას თავი ფრთხილად აარიდეს. მათი რეაქცია ზერელე იყო, რათა პოტენციური დაძაბულობა განემუხტათ.
ერთ-ერთ მომდევნო განცხადებაში, ალასანიამ თქვა, რომ ივანიშვილის ქართულმა ოცნებამ შეიძლება არჩევნების შედეგები არ ცნოს. კოალიციამ „მსოფლიოში ცნობილ ორგანიზაციას“ ეგზიტპოლების ჩატარება დაუკვეთა. „ჩვენ და საერთაშორისო საზოგადოება არ ვაღიარებთ არჩევნების შედეგებს, თუ ოფიციალური შედეგები ამ ეგზიტპოლის შედეგებს არ დაემთხვევა“. ეს გაფრთხილება იმ გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნებას დაემთხვა, რომელიც აშშ-ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით, წელიწადში ორჯერ ტარდება. ამ კვლევის მიხედვით, მმართველ ნაციონალურ მოძრაობას მოსახლეობის 47%25, ხოლო ივანიშვილის ქართულ ოცნებას (რომელშიც ალასანიას პარტიაც შედის) 10%25 უჭერს მხარს. ივანიშვილმა მონაცემებს უნდობლობა გამოუცხადა (ახალი თაობა, 19 მარტი; Civil Georgia, 21, 27 მარტი).
ალასანია ივანიშვილის უმთავრესი მოკავშირეა. მილიარდერმა ის გაერთიანებაში ჯერ კიდევ კოალიციის ოფიციალურად დაფუძნებამდე გააწევრიანა. ალასანია თავისი პარტიის, ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების ლიდერია. 2010 წლის ადგილობრივ არჩევნებზე, ალასანიამ, როგორც თბილისის მერობის კანდიდატმა, ხმათა 19%25 მიიღო (ოპოზიციის ელექტორატი ყველაზე მეტად თბილისშია კონცენტრირებული), ხოლო მისმა პარტიამ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 8%25 მოაგროვა. მიმდინარე საარჩევნო კამპანიაში ალასანია მშობლიურ სამეგრელოს რეგიონზეა ფოკუსირებული. ამ რეგიონის ელექტორატი პრეზიდენტ სააკაშვილისა და მმართველი პარტიის ერთ-ერთი დასაყრდენია. ალასანიას უსაფრთხოების და დიპლომატიურ სამსახურებში ხანგრძლივი მუშაობის გამოცდილება აქვს, თუმცა, როგორც ჩანს, ოპოზიციისთვის კანონიერება და ეროვნული ინტერესები ერთჯერადი მოხმარების ცნებებია.
![]() |
7 მცირე შესაწირავი ყალბი ღვთაებისათვის |
▲ზევით დაბრუნება |
საზოგადოება
ეკომარხვა
ნინო მაჭარაშვილი
31 მარტს, თბილისის დროით 20:30 საათზე, დედაქალაქის ღირსშესანიშნაობები და სხვადასხვა ობიექტები ჩაბნელდა. ელექტროენერგია გაითიშა თეატრებში, სამინისტროებში, სასტუმროებისა და რესტორნების ნაწილში. სიბნელემ მოიცვა ნარიყალას ციხესიმაგრე, ძველი თბილისის და რუსთაველის გამზირზე მდებარე შენობები, ასევე თავისუფლების მოედანზე აღმართული წმინდა გიორგის ქანდაკება. პომპეზური ციმციმი შეწყვიტა ანძამაც.
აღწერილი სურათი უახლესი ისტორიიდან არცთუ ისე სასიამოვნო ასოციაციებს იწვევს. თუმცა ამჯერად, ქალაქის ჩაბნელების მიზეზი ენერგოკრიზისი არ ყოფილა - საქართველო მასშტაბურ მწვანე აქციაში მონაწილეობდა.
დედამიწის საათი - ასე მოიხსენიება ყველაზე გრანდიოზული საერთაშორისო გარემოსდაცვითი აქცია, რომელსაც საქართველო წელიწადში ერთხელ, მსოფლიოს 140-მდე სახელმწიფოსთან ერთად უერთდება. დედამიწის საათი პირველად 2007 წელს, მსოფლიოს ველური ბუნების ფონდმა (WWF) ავსტრალიაში აღნიშნა. აქცია სიმბოლურია და თითოეულ ჩვენგანს მოუწოდებს, ერთი საათით გამოვრთოთ ნათურები და ელექტრომოწყობილობები. მიიჩნევა, რომ ასე მეტი ადამიანი მიაპყრობს ყურადღებას გლობალურ დათბობას და საზოგადოების ცნობიერება ამ მიმართულებით ამაღლდება. „ცნობიერების ამაღლების“ მიზანი პლანეტის გადარჩენაა - გარემოს ადამიანების დამღუპველი გავლენისგან დაცვა სჭირდება, კლიმატის ცვლილებას კი - შეჩერება. შედეგად, დათქმულ დროს, ბნელდება ეიფელის კოშკი, ეგვიპტის პირამიდები, ბუკინგემის სასახლე, ქრისტეს ქანდაკება, გაეროს შტაბბინა და სხვა.
უცნობია, რამდენი მოხალისე შეუერთდა პლანეტის გადარჩენის საქმეს საქართველოში, თუმცა, ღამის განმავლობაში, ელექტროენერგიის დაზოგვა ბევრს საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდაც მოუწია - თბილისის უბნებში დენი ერთმანეთის მიყოლებით, დაახლოებით ნახევარი საათით ქრებოდა. თელასის ცხელ ხაზზე აბონენტებს ეუბნებოდნენ, რომ გამორთვა დედამიწის საათს უკავშირდებოდა. მომდევნო დღეს, ტაბულასთან საუბარში კომპანიის წარმომადგენელმა ეს კავშირი კატეგორიულად უარყო. საბოლოოდ, ცხელი ხაზის ოპერატორების ამბავი საიდუმლოებით მოცული დარჩა - ოფიციალურმა უარყოფამ შეამსუბუქა კომპანიის პასუხისმგებლობა აქციაში აბონენტების ძალდატანებით ჩართვაზე. ასეა თუ ისე, მომხიბვლელად არც საჯარო შენობებისა და საკვანძო ადგილების ჩაბნელება ჟღერს - შესაძლოა, არ გსიამოვნებდეთ ბნელ საჯარო შენობებსა და ძეგლებთან გავლა, მაგრამ არავინ დაგიდევთ, რომ თქვენ, როგორც გადასახადების გადამხდელს, მათზე ისეთივე უფლება გაქვთ, როგორც გლობალური დათბობის წინააღმდეგ მებრძოლებს.
ადამიანების იძულებითი ჩართვა და ამ გზით მათი თავისუფლების შეზღუდვა აქციის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. გარდა ამისა, ის არაეფექტურია დასახული მიზნის მისაღწევად. თავად მიზანიც, რბილად რომ ვთქვათ, საკამათოა.
ფოტო: REUTERS ©
რომც გვწამდეს, რომ ცივილიზაცია ფატალურ ზიანს აყენებს გარემოს, დენის გამორთვა, შესაძლოა, უფრო საზიანოც აღმოჩნდეს. ელექტრონათურის გამომგონებელ თომას ედისონამდე არსებული განათების საშუალებები მეტ ენერგიას ხარჯავს. ამიტომ, ნათურის ნაცვლად სანთლის და ლამპების გამოყენება ენერგიის ფლანგვა გამოდის.
სხვა ქვეყნების მსგავსად, თბილისში დედამიწის საათის პატივსაცემად გამართულ აქციაზე სანთლები აანთეს. შესაძლოა, პლანეტის გულშემატკივრებმა არ იციან, მაგრამ გარემოსთვის უსაფრთხო არც სანთლებია. მათი უმეტესობა მზადდება პარაფინის ცვილისგან, რომელიც ნავთობისგან მიიღება და წვისას სხვადასხვა კანცეროგენურ ნივთიერებებს გამოყოფს. ხშირად ფითილი ტყვიასაც შეიცავს - წვისას გამოყოფილი ტოქსიკური ბოლი კი ადამიანებისა და ცხოველებისთვის სასარგებლო ნამდვილად არაა. გამოუსადეგარია ფანარიც, რომელიც ბატარეაზე მუშაობს. ყველა ელექტრომოწყობილობას ვერც მაღაზიები და სხვადასხვა ობიექტები გამორთავენ - ასე მათი უსაფრთხოება სერიოზული რისკის ქვეშ დადგება. გარდა ამისა, კომპანიები, რომლებიც ელექტროენერგიას ერთი საათით თიშავენ, შემდეგ ჩვეულებრივად განაგრძობენ მის მოხმარებას - ამრიგად, შუქის ჩაქრობით გამოწვეული ზიანი უფრო ხელშესახებია, ვიდრე მოგება. კომპანიებისთვის ეს პრესტიჟის საქმეცაა: აქციაში მონაწილეობა მათ ფასს ზრდის - ეს კი ნიშნავს, რომ მომავალში მეტი რესურსის გამოყენებას შეძლებენ.
ამ გაუთვალისწინებელი შედეგებიდან გამომდინარე, დედამიწის საათის დადებითი შედეგების გაზომვა პრაქტიკულად შეუძლებელია. გამოდის, რომ მიზანი ელექტროენერგიის რეალური დაზოგვა არ არის. თვითმიზანი ჩამქრალი ნათურებია.
სანუგეშო არც აქციის სიმბოლური მნიშვნელობაა. საერთო ჯამში, მისი მონაწილეები მთავრობებისგან დაბინძურებისა და ენერგიის გამოყენების წინააღმდეგ „რაიმეს გაკეთებას” მოითხოვენ. მათ სურთ, რომ შესაბამისმა პირებმა, ლეგალური მანდატის გამოყენებით, ინდივიდებს რესურსების თავისუფლად გამოყენება შეუზღუდონ. აქ მნიშვნელოვან წინააღმდეგობას ვაწყდებით: ინოვაციები, ტექნოლოგიები და ყველა სიკეთე, რითაც ვსარგებლობთ, რესურსების გამოუყენებლად ვერ შეიქმნებოდა. არ იარსებებდა არც ის ტექნოლოგიები, რომლებიც ახლა გარემოს დაცვაზე ზრუნვის საშუალებას გვაძლევს და მათი შემდგომი განვითარება ასევე საჭიროებს რესურსებს. ადამიანების მიერ ელექტროენერგიის მოხმარება ბიზნესებს მოტივაციას უჩენს, ის უფრო იაფად მიაწოდონ მომხმარებელს. ამისთვის, ფულს აბანდებენ კვლევებსა და ექსპერიმენტებში, ახალი ტექნოლოგიის შექმნისას კი - მის კომერციალიზაციაში. დენის მოხმარების გარეშე გაქრება მოთხოვნაც, შესაბამისად, გაქრება ახალ ტექნოლოგიებში ინვესტირების სტიმულიც.
დედამიწის საათი გლობალური დათბობის მითის ნაწილია. კლიმატის ცვლილებას ციკლური ხასიათი აქვს და მასში ახალი არაფერია. ახალი კვლევები ადასტურებს, რომ შუა საუკუნეებში დედამიწაზე ტემპერატურა დღევანდელზე მაღალი იყო. თანაც, გასული საუკუნის 80-იან წლებამდე, დარგის მეცნიერები სამყაროს გლობალური გამყინვარებით ემუქრებოდნენ, მოგვიანებით კი ჩვენება დათბობით შეცვალეს. აღსანიშნავია, რომ 90-იანების ბოლოდან დათბობის ტენდენცია შეწყდა - 10 წელიწადია, ტემპერატურა აღარ მატულობს.
ანთროპოგენული დათბობა რომ რწმენის სფეროა და საფუძვლად არამეცნიერული დასკვნები უდევს, კლიმატგეიტის ცნობილმა სკანდალმაც დაადასტურა. 2009 წელს East Anglia-ს უნივერსიტეტის კლიმატის კვლევის ჯგუფის სერვერიდან 3000-მდე ელექტრონულმა წერილმა „გაჟონა“. მიმოწერა ცხადყოფს, რომ წამყვანი მეცნიერები მალავდნენ ინფორმაციას, რომელიც გლობალურ დათბობას ეჭვქვეშ აყენებდა.
მრავალი სხვა ფაქტორისა და აღიარების მიუხედავად, თემა მომგებიანია პოლიტიკოსებისთვის, რომ არაფერი ვთქვათ უზარმაზარ ფულზე, რომელიც ამ საქმეში ტრიალებს და მონაწილეებს სასიცოცხლოდ დაინტერესებულებად აქცევს. საბოლოოდ, თუნდაც ნახშირბადის გამონაბოლქვზე ლიმიტის დაწესება, ეკონომიკას ზიანს აყენებს, გარემო კი კვლავ ბინძურდება - ნაკლებად ევროპაში, მაგრამ უფრო მეტად ქვეყნებში, სადაც მსგავსი რეგულაციები არ არსებობს და გარემოსთვის „მავნე“ ბიზნესებმაც გადაინაცვლეს.
საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრმა მისდაუნებურად სწორი პარალელი გაავლო 90-იანი წლების საქართველოსთან, როდესაც ქვეყანამ „უდიდესი წვლილი შეიტანა პლანეტის გაჯანსაღების საქმეში“. რთული სათქმელია, რამდენად წაადგება დედამიწის საათს არგუმენტად - ელექტროენერგია, რომელზეც უარს ამბობენ, სამყაროს განვითარებული და ცივილიზებული ნაწილის მფლობელობაში მყოფი სიკეთეა, ჩამორჩენილი ნაწილი კი ამას მოკლებულია. სხვათა შორის, თუ ღამის დედამიწას დახედავთ, ამ ნიშნით ყველაზე „მაღალი ცნობიერების“ მქონე ქვეყანა ჩრდილოეთ კორეაა - პლანეტის მოციმციმე სურათზე ის შავ ლაქად მოჩანს. „დედამიწის საათს“ აქ ყოველ ღამეს აღნიშნავენ.
სხვათა შორის, გლობალური დათბობისადმი სკეპტიკურად განწყობილნი, მათ შორის Competitive Enterprise Institute (CEI), დედამიწის საათის პარალელურად „ადამიანური მიღწევების“ საათს აღნიშნავენ: „ჩვენ ვზეიმობთ ინდივიდუალურ თავისუფლებას. ვაფასებთ მიღწევებს და ინოვაციებს, რომელთა მეშვეობით ადამიანებმა ცხოვრება გაიუმჯობესეს. შეკრიბეთ მეგობრები თბილ სახლში, უყურეთ ტელევიზორს, მიიღეთ ცხელი აბაზანა, დალიეთ ლუდი, დაურეკეთ საყვარელ ადამიანებს ტელეფონზე, მოუსმინეთ მუსიკას. დღეს საუკეთესო დროა სიცოცხლისთვის. აქამდე კი მოგვიყვანა ადამიანის თავისუფლებამ, გამოიყენოს რესურსები და სცადოს, შექმნას, შეცვალოს“.
![]() |
8 აგენტი მიტროპოლიტები |
▲ზევით დაბრუნება |
საზოგადოება
ლევან სუთიძე
ბულგარეთში საეკლესიო კრიზისია. სასულიერო პირთა და მრევლის ნაწილი იმ მიტროპოლიტების გადადგომას მოითხოვს, რომელთა საბჭოთა უშიშროების ორგანოებთან და სამხედრო დაზვერვასთან თანამშრომლობაც, სპეციალურმა სახელმწიფო კომისიამ დაადგინა. მათი თქმით, ეპისკოპოსების გადადგომას „სახარება, დოგმატები და წმინდა კანონები“ მოითხოვენ.
ბულგარეთის პატრიარქი მაქსიმე მიტროპოლიტებთან ერთად პარასკევის მესაზე. სოფია
როგორც ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, ბულგარულმა კომისიამ, რომელიც საბჭოთა სპეცსამსახურებთან მოთანამშრომლე მოქალაქეების გამოვლენას ისახავს მიზნად, გამოაქვეყნა მონაცემები რელიგიური ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან დაკავშირებით. შედეგმა მრევლი შეძრა. სპეცსამსახურებთან კავშირში არ აღმოჩნდა თხუთმეტიდან მხოლოდ ოთხი მართლმადიდებელი მიტროპოლიტი, მათ შორის პატრიარქი მაქსიმეც. დანარჩენები КГБ-სთან სხვადასხვა ფორმით თანამშრომლობდნენ. ბულგარეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ლუსტრაციის დაწყებისთანავე მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ნაციონალური უსაფრთხოების დეპარტამენტისთვის გადაეცა ყველა აუცილებელი მასალა, რომელიც საბჭოთა დროს გადაბირებული სასულიერო პირების შესახებ მოეპოვებოდა. თუმცა კეთილი ნების აქტმა მღელვარება ვერ შეაკავა.
მონაცემების გამოქვეყნებამდე ცნობილი იყო, რომ საბჭოთა სპეცსამსახურებთან მხოლოდ ორი ბულგარელი ეპისკოპოსი თანამშრომლობდა. მათ შორის ერთმა, მიტროპოლიტმა იოსებ ბოსანოვმა, თავად აღიარა კომისიის საქმიანობის დაწყებამდე დიდი ხნით ადრე. აგენტურის დოსიეთა გახსნის შემდეგ კი, ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიისადმი მოსახლეობის ნდობამ მნიშვნელოვნად იკლო. ნდობის რეიტინგი, ანალიზისა და მარკეტინგის ცენტრის სოციოლოგიური გამოკითხვის თანახმად, 2012 წელს 45.9%25-დან 34,7%25-მდე შემცირდა. სავარაუდოდ, უფრო დეტალური ინფორმაციის გამოქვეყნების შემთხვევაში, რეიტინგი კიდევ შემცირდება.
კომისიამ დაადგინა, რომ სამი მიტროპოლიტის დოსიე სპეცსამსახურებმა კომუნისტური რეჟიმის დამხობამდე ცოტა ხნით ადრე გაანადგურეს, თუმცა კომისიამ აღმოაჩინა და გათქვა ბარათები, სადაც მათი მეტსახელებია დატანილი. ცნობილია ისიც, რომ ვარნის მიტროპოლიტმა კირილმა 1990 წელს თავად სცადა დოსიეს განადგურება, მაგრამ მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. რა პრინციპით სპობდნენ სპეცსამსახურები პოლიტიკური და რელიგიური პირების დოსიეებს, უცნობია, თუმცა ზოგიერთი ექსპერტი ფიქრობს, რომ დოსიეების განადგურება აგენტის განსაკუთრებული მნიშვნელობის საქმიანობაზე მეტყველებს.
სლივენის მიტროპოლიტმა იოანიკემ თქვა, რომ „გაკვირვებული და შეურაცხყოფილია“ ინფორმაციით, თითქოს ის „კირილევიჩის“ ფსევდონიმით თანამშრომლობდა პოლიტიკური მიზნებისთვის. ანალოგიური განცხადება გააკეთა ველიკო-ტირნოვოს მიტროპოლიტმა გრიგორიმ. მან აღნიშნა, რომ ფსევდონიმი „ვანო“ არასდროს სმენია. „მე ნუ მეკითხებით, ჰკითხეთ მათ, ვინც დოსიე შექმნა. ყოველივე ეს ჩემთვის სიახლეა. თან წერენ, რომ არავის გავუშვივარ სამსახურიდან და ამჟამადაც მოქმედი აგენტი ვარ, ამიტომ მაინც ვერაფერს ვიტყვი“, - ირონიულად განაცხადა მეუფე გრიგორიმ. მაგრამ ისინი, ვის ბიოგრაფიაშიც მეტსახელებზე მეტი იპოვეს, ასეთივე თამამები არ ყოფილან.
როგორც ცნობილია, გასაიდუმლოებული დოსიეები უმთავრესად იერარქების ერთმანეთსა და პატრიარქზე დასმენებს შეიცავს. ასევე ინფორმაციებს სინოდის დაჯგუფებებსა და უცხოელებზე, რომელთანაც კონტაქტშიც აგენტები შედიოდნენ. მაგალითად, ვრაჩანის მიტროპოლიტმა კალინიკმა მოხსენებაში ჩაწერა, რომ პატრიარქი ეგოისტია და არ შეეფერება თავის პოსტს, ხოლო ერთ-ერთმა მიტროპოლიტმა უცხოეთში ვიზიტისას სამონაზვნო აღთქმა გატეხა. ის ასევე წერდა, როგორ ივსებოდა ეკლესიები აღდგომის დროს და ვინ ურთიერთობდა უცხოელებიდან სასულიერო პირებთან. კომისიის მოხსენების გამოჩენის შემდეგ, მეუფე კალინიკმა შენდობა ითხოვა საკუთარ ეპარქიაში მყოფი მორწმუნეებისა თუ ურწმუნოებისგან, რომლებიც მის შესახებ გამოქვეყნებულმა ინფორმაციამ შეურაცხყო.
დოსიეების გახსნის შემდეგ ასევე ცნობილი გახდა, რომ ვარნის მიტროპოლიტი კირილი, მეტსახელად „კოსაჩევი“, ჩართული იყო ოპერაცია „ციტადელში“, რაც ათონის მთაზე მდებარე ბულგარულ მონასტერ ზოგრაფში ბულგარული სპეცსამსახურების კონტროლის განხორციელებას ემსახურებოდა. ამავე ოპერაციის მიზანი იყო ზოგრაფის სიმდიდრის ხელში ჩაგდება. მიტროპოლიტი კირილი, მეორე მონოზონ ნათანაილთან ერთად, რომელიც შემდეგ ასევე მიტროპოლიტი გახდა, კომუნისტურმა სპეცსამსახურებმა ახალგაზრდობაში გადაიბირეს. 1976 წელს მიტროპოლიტ კირილს მისცეს სპეციალური ფოტოაპარატი მონასტრის სტუმართა და ზოგადი რელიგიური ფონის შესასწავლად. ზოგრაფში ის აგროვებდა ინფორმაციას არა მხოლოდ სხვა მონასტრებზე, არამედ ბერძნული ეკლესიის გავლენაზე, საბერძნეთის არმიასა და სპეცსამსახურებზე. აგენტ „კოსაჩევის“ ზედმეტი აქტიურობის გამო, ის ბერძნულმა კონტრდაზვერვამ გაშიფრა და ქვეყანა დაატოვებინა. მისივე დოსიეებიდან შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ ათონის მთაზე სამონაზვნო კაბის ქვეშ არაერთი აგენტი იყო დაყუდებული. და არამხოლოდ ბულგარეთიდან.
![]() |
9 ბაღები და წესრიგი |
▲ზევით დაბრუნება |
ემზარ ჯგერენაია |სვეტი
ისტორია ტირანია, ის ჩვენგან მუდმივად მოითხოვს ვიყოთ თანამედროვენი. წარსულისაგან ჩვენ მხოლოდ ნანგრევების, ძეგლების, კიჩის ან რეტროს მოთმენა შეგვიძლია. მუზეუმები ყველაზე კარგად წარმოგვიდგენს რეალობასთან ამგვარ დამოკიდებულებას. თანამედროვეობა სამუზეუმო ექსპონატად აქცევს გუშინწინდელ, თუნდაც ყოველდღიური საქმიანობისთვის განკუთვნილ ნივთს, და არა მარტო ნივთს, არამედ იდეებს, იდეათა შემქმნელ ადამიანებსაც. დღეს ხშირად გავიგონებთ, რომ „კლასიკა მოსაწყენია, კლასიკური ნაწარმოები, როგორც წესი, სქელტანიანია, მის წასაკითხად დრო არ მყოფნის“. სამაგიეროდ, ადვილად ვკითხულობთ „ბლოგებს“, „პოსტებს“. ეს ჟანრი შესაძლებლობას გვაძლევს ვწეროთ ისე, როგორც ვსაუბრობთ, ყურადღება არ მივაქციოთ სინტაქსს და პუნქტუაციას. მთავარია კომუნიკაცია და არა „მაღალი შტილი“, და კიდევ საკუთარი „სხეულის“ საჯაროდ გამოფენა. დემოკრატია ხომ ერთგვარი ექსჰიბიციონიზმია, საკუთარი სულისა და სხეულის Exhibition, რომლის უკანაც თითოეული ჩვენგანის საბაზრო განზრახვა და ინტერესები დგას: „მნახეთ როგორი ვარ, მიყიდეთ; ეგებ, მიყიდოთ ვინმემ“. „იყავი მუდამ თანამედროვე“, „იყავი მუდმივად ინფორმირებული“ - ვინც ამ მოთხოვნას არ უპასუხებს, ისტორიის სანაგვეზე აღმოჩნდება, ისტორიის სანაგვე კი კვლავ მუზეუმია.
ისტორიის ასეთი გაგება ევროპული განმანათლებლობის, განსაკუთრებით კი, ფრანგული განმანათლებლობის პირმშოა. წარსულის სამუზეუმო ექსპონატად ქცევა თანამედროვეობის უსისხლო შურისძიებაა ისტორიის, წარსულისა და ტრადიციის მიმართ. რევოლუცია ამ შურისძიების რადიკალური ფორმაა. განმანათლებელთა იდეით შთაგონებულმა მასობრივმა პროტესტმა - ფრანგულმა რევოლუციამ - ერთმანეთს დაუპირისპირა გონება და ტრადიცია. „გონებას ყველაფერი ძალუძს, თუ დღეს არა, ხვალ Ratio ყველა საკითხს გადაჭრის, ყველა პრობლემას მოაგვარებს“. გონებისადმი ამგვარი ნდობის გამოცხადების პროდუქტი იყო რუსული კომუნიზმი და გერმანული ნაციზმი, მათი იდეოლოგიური და რასობრივი ევგენიკით.
ამგვარი საშიში გატაცების საფრთხე ჯერ კიდევ XVIII საუკუნეში შენიშნა ედმუნდ ბერკმა. მან ერთმანეთს შეადარა ინგლისური და ფრანგული ბაღი, როგორც პოლიტიკისა და სახელმწიფო მოწყობის, წესრიგისა და აზროვნების ორი განსხვავებული ფორმა. ინგლისური ბაღი ბუნებრივი წყაროებით, ლაბირინთისებური ნარგავებით, ძველი ნაგებობის ნაშთებით მეტაფორულად წარმოგვიდგენს სახელმწიფოს, გნებავთ, წესრიგის იმ ტიპს, რომელიც რაციონალიზმს, გეომეტრიულ სიმეტრიასაც აღიარებს და დროით გამოცდილ ურთიერთობის ფორმებსაც, რომელსაც ჯ.კ. ჩესტერტონი „გარდაცვლილთა დემოკრატიას“, ანუ ტრადიციას უწოდებდა.
განსხვავებულია ფრანგული ბაღი და, შესაბამისად, წესრიგისა და სახელმწიფოს ფრანგული გაგება. ფრანგული ბაღი წმინდა გეომეტრიულ პრინციპებზეა აგებული. აქ მებაღე მხატვარივით მოქმედებს. ის მთლიანად ასუფთავებს ლანდშაფტს, მოაცილებს ყველა ძველ ნაგებობას და მცენარეულობას და მათემატიკური გამოთვლებით, მიწისმზომელის იარაღით - თეოდოლიტით - აღჭურვილი, სრულებით ახალ, ხელოვნურ სინამდვილეს ქმნის. ფრანგმა მშენებლებმა (სახელმწიფოს მშენებლებმა - ე.ჯ.), აღნიშნავს ბერკი, უკუაგდეს რა ეჭვები, როგორც უსარგებლო ხარახურა, საკუთარი მებაღე-დეკორატორების მსგავსად, რომლებიც ყოველ მცენარესა და სკულპტურას ზუსტად განსაზღვრულ ადგილზე სვამდნენ, შექმნეს საერთო და ადგილობრივი კანონმდებლობა სამი პრინციპის საფუძველზე: პირველს მათ უწოდეს ტერიტორიული პრინციპი, მეორეს - ხალხთმოსახლეობის პრინციპი და მესამეს - სამოქალაქო გადასახადების პრინციპი. პირველი პრინციპის განსახორციელებლად მათ ქვეყანა დაყვეს ოთხმოცდასამ კვადრატად. ამ კვადრატებს მათ დეპარტამენტები დაარქვეს. დეპარტამენტები, თავის მხრივ, დაყვეს 1720 ნაწილად, ანუ კომუნებად. კომუნები კიდევ უფრო მცირე ნაწილებად - კანტონებად, რომელთა რიცხვი 6400-ს შეადგენს. მოკლედ, ფრანგებმა სახელმწიფოს მოსაწყობად მთლიანად გამოიყენეს ემპიდოკლესა და ბუფონის სისტემები. ასეთი დაყოფა, ფიქრობს ბერკი, არც განსაკუთრებული აღტაცების და არც გაკიცხვის საფუძველია, მაგრამ გეომეტრიის და სიმეტრიის სოციალურ ცხოვრებაში გადატანამ არა მარტო მოქალაქეებზე გადაჭარბებული კონტროლის მექანიზმი შექმნა, არამედ ბუნებრივად, ზემოდან ყოველგვარი კარნახის გარეშე შექმნილი ცხოვრების წესისა და სამეურნეო-ეკონომიკური ურთიერთობების რღვევა გამოიწვია. ეს არის ის, რასაც შეიძლება ვუწოდოთ ტრადიციასთან კავშირის რადიკალური გაწყვეტა, ანუ მოდერნულობა - თანამედროვეობა. როგორც ჩანს, ადამიანთა შორის თანასწორობა გეომეტრიული და მათემატიკური პრინციპებით ვერ დამყარდება, და თუ მაინც შევეცდებით მის დამკვიდრებას ზუსტი მეცნიერებების საფუძველზე, აუცილებლად მივალთ სახელმწიფოს მხრიდან წესრიგზე გადაჭარბებულ ზრუნვამდე და, შესაბამისად, თავისუფლების შეზღუდვამდე.
მაგრამ როგორია ქართული ბაღი? ან შევძლებთ კი „ჩვენი ქართული” ბაღი გავაშენოთ, შევქმნათ ქართული წესრიგი, თუ ეკლექტიზმს უნდა მივმართოთ და ექსპერიმენტების მეშვეობით ოდესმე აღმოვაჩინოთ ის, რაც ჩვენს გამოცდილებას და ტრადიციას მოერგება? ან ასეთი კითხვა სულაც არ უნდა დავსვათ და ვიმოქმედოთ ისე, როგორც მოქმედებდნენ ჩვენი წინაპრები - ლერწამივით დამყოლნი და მერყევნი ქარიან ამინდში. ქარი კი ნამდვილად ძლიერია. ეს გლობალიზაციის ქარია, აჩქარებული დრო, როგორც ამბობს ენტონი გიდენსი. ეტლი („ჯაგერნაუტი“), რომელიც დაიძრა და გაჩერება არ ძალუძს.
![]() |
10 ტაბუ - რითი ჰგავს ევროპის კავშირი საბჭოთას? |
▲ზევით დაბრუნება |
გია ჯანდიერი|სვეტი
„რაც უფრო მეტს გეგმავს სახელმწიფო, მით უფრო რთულდება ინდივიდის მიერ დაგეგმვა“.
ფრიდრიხ ფონ ჰაიეკი
ეჭვგარეშეა, რომ საქართველო ევროპისკენ უნდა წავიდეს. ის, რაც ამ მიმართულებას ამყარებს, უძველესი ევროპული კულტურაა, რომელიც ადამიანს და მის თავისუფლებას მთავარ ღირებულებად აღიარებს. აქედან გამომდინარე, ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის გასაგებია, რატომ არ მოგვწონს რუსული კოლექტივიზმი, მაგრამ მე-20 საუკუნეში ევროპის კოლექტივიზმისკენ მიდრეკილება, სულ მცირე, დამაფიქრებელია.
მაგალითად შეიძლება ავიღოთ საპენსიო სისტემა, რომელიც გერმანიაში იშვა მე-19 საუკუნის მიწურულს და დამყარებულია თაობათა სოლიდარობაზე, რაც გამორიცხავს როგორც ადამიანის პირად თავისუფლებას, ისე პასუხისმგებლობასაც. ეს სისტემა დღეს დიდი კატასტროფის წინაშე დგას და ეს ყველა ევროპელი პოლიტიკური ლიდერისთვის ცნობილია. თუმცა ისინი ამ სისტემის პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილებების მიღებას არ ჩქარობენ: ჯერ ერთი, უკვე აღებული ვალდებულებები ძალიან მძიმეა (საქმე გვაქვს ჩვეულებრივ პირამიდასთან) და მეორეც - არავის სურს, საკუთარ თავზე აიღოს ასეთი გადაწყვეტილების პოლიტიკური პასუხისმგებლობა.
სხვა მაგალითი მსოფლიოში პოპულარულ საყოველთაო განათლებას ეხება: მისი არსებობა სრულიად სცდება ადამიანის ეთიკის ნორმებს - ხალხს სწავლას აძალებენ, რადგან ეს, თითქოსდა, საზოგადოების ინტერესს (კოლექტივს) სჭირდება.
ორიგინალური არ ვიქნები, თუ ვიტყვი, რომ ევროპამ მკვეთრად გადაუხვია მარცხნივ, კოლექტივიზმისკენ და თავად გახდა ამის პროპაგანდისტი. კოლექტიურ აზრს ნახავთ ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში, როგორიცაა კონსტიტუციური მოწყობა - მაგალითად, პარლამენტი და კაბინეტი (რასაც ჩვენში მთავრობას ეძახიან). ეს კოლექტიური გადაწყვეტილების მიმღები ორგანოებია და მათში ინდივიდუალური პასუხისმგებლობა კოლექტიურმა ჩაანაცვლა, ამან კი უამრავი უპასუხისმგებლო გადაწყვეტილების მიღება გამოიწვია. როგორც საჯარო არჩევანის თეორეტიკოსები განმარტავენ, სარგებელი კონკრეტული პირებისაა, ხოლო პასუხისმგებლობა - ბუნდოვანი და გაფანტული. პოლიტიკოსებისთვის განსაკუთრებით მარტივია სახელმწიფო ვალების აღება: სარგებელი სწრაფია, გადახდა მომავალში იქნება საჭირო და, სავარაუდოდ, ამის გაკეთება სხვას მოუწევს, ხოლო პასუხისმგებლობა ნულოვანი გახლავთ - ყველას ხომ არ დასჯიან?
კოლექტიურობისკენ გადახრამ ევროპა ბიუროკრატიის ბატონობამდე მიიყვანა და პოლიტიკოსები ამის გარეშე უკვე უსუსურები არიან. სხვა თუ არაფერი, საკუთარი შეცდომები ვის უნდა გადააბრალონ?! რასაკვირველია, ბიუროკრატიასაც ურჩევნია ასეთი უპასუხისმგებლო „უფროსის” არსებობა. ჯამში კი, ერთსაც და მეორესაც უყვართ სახელმწიფო და მისი საქმიანობის გამართლებას ყველანაირად ცდილობენ დაგეგმვის, ორგანიზების, მართვის, ჩარევის და რეგულირების აუცილებლობით - აბა, რისი სახელმწიფო/მთავრობაა, თუ ყველაფერზე პასუხისმგებლობა არ იკისრა? ყოველივე ეს სხვანაირად ასე ჟღერს - სახელმწიფო სწორედ იმისთვისაა, რომ ჩვენ ნაცვლად იფიქროს, გადაწყვიტოს, დაგეგმოს და გააკეთოს - როგორც ფრიდრიხ ჰაიეკი ამბობდა: „რაც უფრო მეტს გეგმავს სახელმწიფო, მით უფრო რთულდება ინდივიდის მიერ დაგეგმვა“.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ერთ-ერთი პირველი სიურპრიზი ის იყო, რომ დასავლეთი დიდი ენთუზიაზმით გადაერთო ცენტრალურ სახელმწიფო დაგეგმვაზე. მეტიც, თუ ყოფილი საბჭოელებისგან არ გვიკვირს, რომ მთავრობა ეკონომიკის მარეგულირებლად, ბიუჯეტი - ეკონომიკის სინონიმად, ხოლო პრემიერი/პრეზიდენტი ეკონომიკის დირექტორად მიაჩნდეთ, დასავლეთ ევროპისა თუ ამერიკისგან, გამოვტყდები, ასეთ რამეს ნამდვილად არ ველოდი. შემდგომში კიდევ არაერთხელ დავრწმუნდი, რომ ევროპა ბევრ რამეში ძალიან ჰგავს წყეულ საბჭოთა კავშირს.
ასე მაგალითად, ჯერ კიდევ 1998 წელს, საფრანგეთის სენატში ევროს შესახებ დისკუსიაზე ვასაბუთებდი, რამდენად ცუდად მუშაობდა საერთო ვალუტა საბჭოთა კავშირში. ფულის თეორიაში გაუთვითცნობიერებელი მკითხველისთვის ვიტყვი, რომ ფული (და არა ოქრო ან ვერცხლი), თუ ის სახელმწიფოს მიერაა დაბეჭდილი, მთავრობისადმი ნდობაზე და მის პოლიტიკაზეა დამოკიდებული, რამდენად ბევრს გამოუშვებს მიმოქცევაში.
ფულის სიმყარე და კონვერტაციის უნარი სხვა უცხოურ ვალუტებში ასევე დამოკიდებულია იმაზე, თუ რა შეიძლება ამ ფულით ქვეყანაში იყიდო. ამიტომ ეკონომიკის ქცევა, მისი პროდუქციის საექსპორტო კონკურენტუნარიანობა სერიოზულ გავლენას ახდენს ქვეყნის ფულზე (ეს არ ეხება ოქროს ფულს). სწორედ ამიტომაა საერთო ვალუტა ასეთი პრობლემატური: ამ შემთხვევაში ფულს დამატებითი ფუნქცია უჩნდება - დოვლათის გადანაწილების, ანუ სუბსიდირების. მაგალითად, საბჭოთა კავშირის შემთხვევაში, საბჭოთა რუბლს ზურგს ფაქტობრივად მხოლოდ მისი ბუნებრივი რესურსები უმაგრებდა. კავშირში შემავალი ის რესპუბლიკები, რომლებიც ვერაფერს ჰმატებდნენ საექსპორტო პოტენციალს, სუბსიდირებულნი იყვნენ სხვებისგან (თუმცა, ზოგჯერ ვხვდებოდით უკუ-სუბსიდირების შემთხვევებს, მაგალითად, ფასების ხელოვნურ სისტემას).
ანალოგიურ სურათს დღევანდელ ევროკავშირშიც ადვილად შენიშნავთ. ევროს საშუალებით, წარმატებული გერმანელები სუბსიდირებას უკეთებენ ბერძნებს, პორტუგალიელებს და სხვებს. ამ შემთხვევაში ევროს გერმანიის კონკურენტუნარიანი ეკონომიკა უწევს მხარდაჭერას. საბჭოთა კავშირში სუბსიდირების მიზანი იყო ქვეყნის პოლიტიკური კავშირის შენარჩუნება - სუბსიდირების უარყოფა კი დიდ იმპულსს მისცემდა მის დაშლას. დღევანდელ ევროპაში ამას სოლიდარობის მიზეზით ამართლებენ, თუმცა ცხადია, რომ ყველას ევროპული კავშირის დაშლის შიში აქვს. ხოლო თუ ევროკავშირის დაშლა ასეთი მარტივია, ისიც ცხადი ხდება, რომ მისი ხელოვნური შენარჩუნება იქ მცხოვრებლებს ძალიან ძვირი უჯდებათ. აქ ასეთი სიტუაციაა - ან ევრო, ანუ საერთო ვალუტა და ეკონომიკური მხარდაჭერა სუსტებს, ან ყველა თავისთვის.
ჯერ კიდევ ორი წლის წინ იყო ცხადი, რომ საბერძნეთის „დახმარებას“ მხოლოდ მისი პრობლემების გადაწყვეტის გადავადება მოჰყვებოდა, მაგრამ პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, პრობლემის მიზეზების მკურნალობას მისი დროებით გაუტკივარება არჩიეს. ახლა ამ პრობლემის გადაწყვეტის ერთადერთ გზად ფისკალური ცენტრალიზაციისკენ სწრაფი მოძრაობაა მიჩნეული, რაც ყოფილ საბჭოელებს ასევე კარგად გვახსოვს.
საბჭოთა კავშირი დახურული ეკონომიკური სივრცე იყო, რადგან ის მხოლოდ საკუთარ სატელიტებთან ვაჭრობდა. ეს მას (როგორც იქ ეგონათ) საკუთარი ეკონომიკის დასაცავად სჭირდებოდა და მრავალ პროპაგანდისტულ მეთოდს იყენებდა ამის გასამართლებლად - ზოგჯერ ეს ანტიბურჟუაზიული იდეოლოგიით ხდებოდა, ზოგჯერ კი დასავლეთის შეთქმულების თეორიების მომიზეზებით.
დღეს განვითარებული ქვეყნებიც ხშირად სარგებლობენ პროტექციონიზმის პოლიტიკით. ხანდახან ეს ხერხი ისეთი ქვეყნის დასასჯელადაც გამოიყენება, რომელიც საერთაშორისო წესებს არღვევს. ისიც ფაქტია, რომ ამ მეთოდებს ხშირად პოლიტიკური მიზნებით იყენებენ - ნახეთ, როგორ ექცევა დღემდე რუსეთი საქართველოს. მაგრამ თუ ეს არ გვიკვირს იმ რუსი პოლიტიკოსებისგან, რომლებიც მეგობრებს არ ეძებენ და ყველას დამორჩილებას ცდილობენ, ევროპის კავშირისგან ასეთი მოქცევა ნამდვილად გასაოცარია.
სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ ვაჭრობის სფეროში ევროპის კავშირთან დაკავშირებული ჩვენი მოლოდინი გადაჭარბებული აღმოჩნდა. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით. სრულიად მოულოდნელი იყო თუნდაც იმის აღმოჩენა, რომ მას სავაჭრო პოლიტიკაში არ ექნებოდა დაწერილი წესები და ასეთ საკითხებს ბუნდოვანი, ღია ინტერპრეტაციის მქონე მიმოწერით აგვარებდა. მის მიერ წამოყენებული მოთხოვნები ვაჭრობის პირობების გასაუმჯობესებლად, ხშირ შემთხვევაში, არანაირ კავშირში არ არის ვაჭრობასთან (პირიქით, ზოგი საკითხი, რომელიც ნამდვილად კავშირშია, საერთოდ არ განიხილება). ქვეყნებს მოეთხოვებათ, რომ ჰქონდეთ ისეთივე მარეგულირებელი სისტემა, როგორც საკუთრივ ევროკავშირს. არადა, მკაფიო და დაწერილი წესები ძალიან სასარგებლო იქნებოდა თუნდაც იმისთვის, რომ იცოდე: რა, როდის, როგორ და რატომ შეიძლება შეიცვალოს მომავალში, ან როდის და რომელი მხარე არღვევს არსებულ შეთანხმებებს.
ევროკავშირის რეგულაციები ისეთივე ბიუროკრატიულია, როგორც საბჭოთა კავშირის. მის ხელმძღვანელ ორგანოებში ისევ არ სჯერათ ადამიანის რაციონალური ბუნების და მიაჩნიათ, რომ სახელმწიფოს მამობრივი ზრუნვის გარეშე ადამიანები მრავალ სისულელეს ჩაიდენენ. კიდევ, საბჭოთა იდეოლოგიის მსგავსად მიაჩნიათ, რომ კაპიტალისტები გაუმაძღარი ადამიანები არიან და ამის გამო ადვილად გასწირავენ სხვებს, მიაწვდიან მათ მოწამლულ პროდუქტებს, სახიფათო აპარატურას, გაანადგურებენ ბუნებას, შექმნიან მონოპოლიებს, დაჩაგრავენ მშრომელებს... სწორედ ეს იყო საბჭოთა ანტიბურჟუაზიული იდეოლოგია.
ახლახან ასეთ ინფორმაციას წავაწყდი: ათენში, წიგნების მაღაზიის კაფეში კლიენტმა ყავა მოითხოვა და მიმტანი სხვა ბარში წავიდა ყავის მოსატანად, რადგან მის კაფეს ყავის მომზადების ლიცენზია არ ჰქონდა. ხოლო როდესაც ამავე კლიენტს წიგნის ყიდვა მოუნდა, მას უპასუხეს, რომ დააგვიანდა - ამ მაღაზიის ლიცენზია 18-საათამდე იძლეოდა წიგნის გაყიდვის კანონიერ უფლებას. სახელმწიფომ იზრუნა ადამიანებზე, რომ მათ მხოლოდ მის მიერ გაკონტროლებული ყავა დაელიათ და თავი არ გადაეტვირთათ წიგნების კითხვით.
მეორე მაგალითს ტურინის ცნობილ რესტორანში - კაბირიას ღამეები - მე თვითონ გადავეყარე: როდესაც ხელის დაბანის შემდეგ გამშრალება დავაპირე, ხელსაწმენდ აპარატზე (რომელიც რატომღაც არ მუშაობდა) შევნიშნე წარწერა, რომ ის დამზადებული იყო ევროპული ნორმატივის დაცვით. ასე ხდება, როდესაც ადამიანი იძულებულია ფორმალურად დაიცვას ხელოვნური და გადაჭარბებული საკანონმდებლო ნორმები.
ევროპის კავშირი(ც) სრულად პოლიტიზებულია, იქაც სახელმწიფოა ყველაფერზე პასუხისმგებელი; ადამიანი ნელნელა კარგავს საკუთარ თავისუფლებას და პასუხისმგებლობას. მთავრობა კი, პირიქით, იზრდება, შეცდომას შეცდომაზე უშვებს, მერე საკუთარი ხალხის ხარჯზე ცდილობს ამ შეცდომების გამოსწორებას, რადგან ნავთობი და გაზი არ აქვს იმდენი, რაც ყოფილ საბჭოთა კავშირს და მეტი ვალის აღების საშუალებაც აღარაა.
როდესაც ამ საკითხებზე საქართველოში ვცადე(თ) დისკუსიის გამართვა, ბევრმა შეშფოთება გამოთქვა და საუბარიც კი არასასურველად ჩათვალა. ისინი ფიქრობენ, რომ ან ეს საკითხები არ წარმოადგენს პრობლემას, ან ჩვენი გასარჩევი არაა. კრიტიკისადმი ასეთ სიფრთხილეს პირველად არ შევხვედრივარ - 2005 წელს ავსტრიაში, კონფერენციაზე გამოსვლისას, ვენის უნივერსიტეტის ერთმა პროფესორმა დაიჩივლა, რომ შეუძლებელი იყო ევროკავშირის გაკრიტიკება პრესაში, რაც ჩემთვის სერიოზული სიურპრიზი იყო.
სამაგიეროდ, ცოტა ხნის წინ ბრიტანეთის და ჩეხეთის ლიდერებმა უარი თქვეს ევროპის ახალ ფისკალურ და ეკონომიკურ შეთანხმებაზე ხელის მოწერაზე. სწორედ ეს მაფიქრებინებს, რომ ერთხელაც ევროპა დაუბრუნდება იმ საფუძვლებს, საიდანაც დაიწყო მისი გაერთიანება: ადამიანთა, სავაჭრო საქონლის, კაპიტალის და სერვისების თავისუფალი გადაადგილების პრინციპებს.
![]() |
11 ანტიკაპიტალისტი მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის სავარძელში |
▲ზევით დაბრუნება |
ეკონომიკა
ელენე კვანჭილაშვილი
ჯიმ იონგ კიმი და აშშ-ის პრეზიდენტი ობამა
აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის თანამდებობაზე დარტმუტის კოლეჯის პრეზიდენტი ჯიმ იონგ კიმი წარადგინა. ბევრისთვის ამერიკის პრეზიდენტის არჩევანი მოულოდნელი იყო: კიმი ამერიკული წარმოშობის კორეელია, ფინანსები მისი ძლიერი მხარე არ არის, ექიმია და საერთაშორისო ორგანიზაციის მართვის გამოცდილება ნაკლებად აქვს. სამაგიეროდ, ბევრი რამ იცის ჯანდაცვის სახელმწიფო სისტემის მუშაობის შესახებ - როგორც გლობალურად - განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში, ისე აშშ-ში.
ვარაუდობენ, რომ კიმი იდეალური კანდიდატი შეიძლება აღმოჩნდეს გლობალურ საფინანსო არენაზე მსოფლიო ბანკის როლის მთლიანად შესაცვლელად და განვითარების სააგენტოდ მის გადასაქცევად. ამ შემთხვევაში მსოფლიო ბანკის მთავარი დატვირთვა, განვითარებადი ქვეყნების ინსტიტუტების მშენებლობაში და თავისუფალ ბაზარზე ორიენტირებული პოლიტიკის გატარებაში დახმარების მაგივრად, მათი პირდაპირი ფინანსური დახმარება იქნება.
აქამდე მსოფლიო ბანკის კლიენტებისთვის ამ ორგანიზაციის მიერ შეგროვილი ცოდნა და ეკონომიკური ზრდის მისაღწევად გამოვლენილი საუკეთესო პრაქტიკის მაგალითები უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე პირდაპირი დაფინანსება.
ბევრი ეკონომისტის შეფასებით, პირდაპირი დაფინანსების მოდელი განვითარებადი ქვეყნების უმეტესობისთვის სულ უფრო არარელევანტური ხდება. სხვადასხვა გათვლებით, დონორთა დაფინანსება ამ დახმარების მიმღები საშუალო სტატისტიკური ქვეყნის შემოსავლის 1%25-ზე ნაკლებს შეადგენს. პარალელურად, მცირდება იმ სახელმწიფოთა რაოდენობაც, სადაც ერთ სულზე საშუალო წლიური შემოსავალი 1000 აშშ დოლარზე ნაკლებია. ბოლო 10 წლის მანძილზე, მათი რიცხვი 63-დან 35-მდე შემცირდა. ამ 35 დაბალშემოსავლიანი ქვეყნისთვის საერთაშორისო ფინანსური დახმარება მთლიანი ეროვნული შემოსავლის 10%25-ს შეადგენს. საერთაშორისო ორგანიზაციების ყოველწლიურად მზარდი ფინანსური დახმარების ბიუჯეტის მიუხედავად, არსებობს უღარიბესი ქვეყნები, სადაც ერთ სულზე საშუალო შემოსავალი დღეში 3 აშშ დოლარზე ნაკლებია.
სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე, სულ მცირე, ორი ზოგადი დასკვნის გამოტანა შეიძლება. ჯერ ერთი, აშშ უკვე ისედაც მილიარდობით და ტრილიონობით დოლარს ხარჯავს სიღარიბის აღმოსაფხვრელად. მაგალითად, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, USAID-ი, კერძო თუ საქველმოქმედო ფონდები. მეორეც - რამდენი მილიარდი და ტრილიონი დოლარიც უნდა დახარჯოს ამერიკამ, სიღარიბის აღმოსაფხვრელად ეს საკმარისი მაინც არ იქნება.
ეკონომისტების დიდი ნაწილის აზრით, დესპოტური და კორუმპირებული რეჟიმის ხელში, საერთაშორისო ორგანიზაციების ფინანსური დახმარება პროგრესის შემაფერხებელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ხდება. ეს ფული შერჩევითად ნაწილდება ისეთი ეკონომიკური ინსტიტუტების დაცვაზე, რომლებიც მხოლოდ ელიტის ინტერესებს გამოხატავენ და ახალი კონკურენტებისთვის ბაზარს კეტავენ. ამ ფორმით შექმნილი სიმდიდრე კი, დიდი ალბათობით, კიდევ უფრო მეტად ზრდის იერარქიულ, ავტორიტარულ სახელმწიფოს, რადგან პოლიტიკური თუ ეკონომიკური რეპრესიები აუცილებელი ხდება ელიტის სიმდიდრის შესანარჩუნებლად. მეორე მხრივ, თამაშის წესების კარგად გაწერის შემთხვევაში, ბაზარი უფრო ღია და კონკურენტუნარიანია. თუ კერძო უფლებები დაცულია, კონტრაქტების აღსრულება ხდება, ახალი კომპანიების გახსნა ადვილია, შრომის კანონმდებლობა მოქნილია, მაშინ ჩვეულებრივი მოქალაქისთვის დასაქმების და თვითრეალიზების მეტი შესაძლებლობები არსებობს. დოვლათი, რომელიც ქვეყანაში იქმნება, არა რომელიმე ერთი ჯგუფის, არამედ ყველას საკუთრება ხდება. შესაბამისად, სიღარიბე რეალურად მცირდება.
ამდენად, გაუგებარია, რატომ სჭირდება ამერიკას და დანარჩენ მსოფლიოს კიდევ ერთი განვითარების სააგენტო.
ჯიმ იონგ კიმი 5 წლის იყო, როცა სამხრეთ კორეიდან მისი ოჯახი აშშ-ის აიოვას შტატში საცხოვრებლად გადავიდა. ჯერ კალათბურთელობა უნდოდა, მერე - ფილოსოფოსობა. თუმცა სტომატოლოგმა მამამ მას უფლება არ მისცა, სამედიცინოს გარდა, სადმე ჩაებარებინა. კიმმაც ჰარვარდის სამედიცინო სკოლა დაამთავრა და განვითარებად, ღარიბ ქვეყნებში გავრცელებულ დაავადებებთან დაიწყო ბრძოლა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ შიდსის მკურნალობის მისი მეთოდი ერთ-ერთ მთავარ მიდგომად დანერგა. კიმის თერაპიის კოქტეილმა - შვიდი სხვადასხვა ანტიბიოტიკის მიქსით სახლში მკურნალობა - ჰაიტიში წამლებისადმი რეზისტენტული ტუბერკულოზით განკურნების შემთხვევები 80%25-ზე მეტად გაზარდა. ამ მიღწევების გამო ბევრს მიაჩნია, რომ ის სხვა თანამდებობაზე - მაგალითად, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის პრეზიდენტად უფრო ეფექტური კანდიდატურა იქნებოდა.
კიმი სახელმწიფო ჯანდაცვის მომხრეა. პრეზიდენტ ობამას მიერ ინიცირებულ ხელმისაწვდომი ჯანდაცვის აქტში - Obamacare - სავალდებულო დაზღვევის უნივერსალურობა მოსწონს, თუმცა ხელმისაწვდომობა აეჭვებს. კიმის ბიოგრაფიისა და შეხედულებების გათვალისწინებით, ბევრი ვარაუდობს, რომ ის შემთხვევით შერჩეული, მოულოდნელი კანდიდატი სულაც არ არის. განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა ამერიკის 26 შტატი უზენაესი სასამართლოსგან Obamacare-ის არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს. სარჩელის მთავარი არგუმენტი ის არის, რომ ხელმისაწვდომი ჯანდაცვის აქტით ფედერალური მთავრობა, ერთი მხრივ, შტატის უფლებამოსილებაში იჭრება, ხოლო მეორე მხრივ, ინდივიდუალურ თავისუფლებას ლახავს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ჩნდება ეჭვი, რომ მსოფლიო ბანკის ახალი პრეზიდენტის მთავარი მიმართულება შეიძლება ცენტრალიზებული სამედიცინო სისტემის განვითარება გახდეს. ეს დანარჩენ მსოფლიოში კერძო ჯანდაცვის სისტემის განვითარებას ხელს შეუშლის.
„ამ წიგნის მიზანია, მკითხველს დაანახოს თუ რა გავლენა აქვს საერთაშორისო ორგანიზაციების - მათ შორის, მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია - და მდიდარი სახელმწიფოების მიერ გატარებულ ეკონომიკური ზრდისკენ მიმართულ პოლიტიკას მოსახლეობის ჯანმრთელობაზე“.
„ამ წიგნში მოყვანილი კვლევები ადასტურებს, რომ მშპ-ს ზრდისკენ და კორპორატიული მოგებისკენ მიმართულმა პოლიტიკამ გლობალურად მილიონობით ქალისა და მამაკაცის ცხოვრება გააუარესა“.
„ქაც, სადაც ნეოლიბერალურმა მიდგომებმა ეკონომიკური ზრდის სტიმულირება მართლაც გამოიწვია, ამ ზრდას სარგებელი არ მოუტანია მათთვის, ვინც უღარიბეს პირობებში ცხოვრობს. ასეთი მსოფლიო მოსახლეობის მეოთხედია“
„კონკრეტული მაგალითების საფუძველზე ნათლად ვაჩვენეთ, რომ სხვადასხვა მთავრობის მიერ არჩეული თავისუფალი ბაზრის პრინციპები და ეკონომიკური ზრდა ბიზნესების მოგების ზრდას და ტრანსნაციონალური ფინანსური და კორპორატიული ინტერესების გავლენის გაზრდას ემსახურება. ეს ყველაფერი ხშირად იმათ ხარჯზე ხდება, ვინც დაუცველი და პრივილეგიებს მოკლებულია“
„ჩომსკი აღნიშნავს, რომ [თავისუფალი ბაზრის პრინციპზე დაფუძნებული] ყველა ინსტიტუტი ადამიანის ნებას ემორჩილება და მათი გაუქმებაც ისეა შესაძლებელი, როგორც სხვა ტირანული ინსტიტუტების“.
Dying for Growth: Global Inequality and the Health of the Poor (გვ. 6-7; 363; 390), გამომცემლობა Common Courage Press, რედაქტორი და შესავალი/ - დასკვნის ავტორი: ჯიმ იონგ კიმი
![]() |
12 დარტყმის ქვეშ |
▲ზევით დაბრუნება |
ფოკუსი
მიხეილ ბასილაია
იქნება თუ არა ომი ირანში? ამ კითხვის აქტუალურობა აქამდე თუ დღითი დღე მატულობდა, ცოტა ხნის წინ განვითარებულმა მოვლენებმა ის თვისობრივად სხვა განზომილებაში გადაიყვანა. იქმნება შთაბეჭდილება, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტის მხრიდან სამხედრო დაპირისპირების აცილებისკენ გადადგმული თითოეული ნაბიჯი, სამხედრო დაპირისპირების ალბათობას კიდევ უფრო მეტად ზრდის.
ამერიკული სპეცსამსახურებიდან პრესაში გაჟონილი ინფორმაციის თანახმად, ომი არა მხოლოდ დროში, არამედ სივრცეშიც გვიახლოვდება - Foreign Policy-ში 28 მარტს გამოქვეყნდა მოხსენება, რომლის ავტორიც ამერიკელ სამოქალაქო და სამხედრო მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ირანზე შეტევისთვის აზერბაიჯანმა ისრაელს თავისი სამხედრო აეროდრომები გადასცა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი
„ბატონო ობამა, საფრთხე ირანია და არა ისრაელი“, - ასეთი შენიშვნით გამოეხმაურა მოხსენებას ჯონ ბოლტონი, ამერიკის ყოფილი ელჩი გაეროში, რომელსაც რესპუბლიკური პარტიის გამარჯვების შემთხვევაში, სახელმწიფო მდივნობის ერთ-ერთ შესაძლო კანდიდატად განიხილავენ. საქმე ისაა, რომ ამერიკის პრეზიდენტის კრიტიკოსები, როგორც შეერთებულ შტატებში, ისე ისრაელში, გაჟონვას თეთრი სახლის მიერ სანქცირებულად მიიჩნევენ. ისინი შიშობენ, რომ საარჩევნო მიზნებიდან გამომდინარე, ბარაკ ობამა ისეთ ნაბიჯებს დგამს, რაც ამერიკის მოკავშირეებს აზარალებს, ხოლო მის სანდოობას ეჭვქვეშ აყენებს.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ისრაელის სამხედრო გეგმების შესახებ საიდუმლო ინფორმაცია შეერთებული შტატების სახელმწიფო დაწესებულებების გავლით პრესაში ხვდება. ინფორმაციის გაჟონვის მასშტაბისა და მასში მრავალი სამოქალაქო თუ სამხედრო პირის მონაწილეობის გამო ჩნდება ეჭვი, რომ ობამას ადმინისტრაცია ისრაელის სამხედრო გეგმების ჩაშლის მიზანმიმართულ კამპანიას ეწევა.
თებერვალსა და მარტში, ამერიკული გამოცემები, ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით, ისრაელის მხრიდან ირანზე დარტყმის შესაძლო სცენარებზე ალაპარაკდნენ. საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა ადმინისტრაციის წარმომადგენლების და მოსადის შეფის თამირ პარდოსის შეხვედრის დეტალების შესახებ. გამოქვეყნდა ირანზე დარტყმის სავარაუდო დროც - აპრილი, მაისი ან ივნისი. პენტაგონიდან პრესაში ირანზე სამხედრო დარტყმის სიმულაციის შესახებ ინფორმაციაც მოხვდა, რომლის მიხედვითაც კრიზისი ირანიდან მეზობელ ქვეყნებზე გადაინაცვლებს და რეგიონი ფართომასშტაბიან სამხედრო კონფლიქტში ჩაერთვება.
Bloomberg-ში გაჟონა კონგრესის კვლევითი სამსახურის დახურულმა მოხსენებამ, რომლის ავტორებიც ამტკიცებენ, რომ ისრაელის მხრიდან ირანზე დარტყმები სასურველ შედეგს არ მოიტანს და ბირთვულ პროგრამას მხოლოდ 6 თვით გადაავადებს. ვარაუდობენ, რომ ამ ანგარიშის გამოქვეყნებით თეთრი სახლი, უპირველესად, ნეთანიაჰუზე შიდაპოლიტიკური ზეწოლის გაძლიერებას ისახავს მიზნად. ამავდროულად, იმ კონგრესმენების პოზიციების დასუსტებასაც იმედოვნებს, რომლებიც ირანის ბირთვული პროგრამის შესაჩერებლად ქმედითი ღონისძიებების გატარებას ითხოვენ.
შარშან, ირანის ბირთვულ პროგრამაზე მომუშავე მეცნიერების ლიკვიდაციის შემდეგ, კვლავ ანონიმურ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით, ამერიკულმა პრესამ ეს დივერსიები ისრაელის სპეცსამსახურებს დაუკავშირა. ამას თეირანის ოფიციალური რეაქცია პრეზიდენტის კრიტიკოსები გაჟონვას თეთრი სახლის მიერ სანქცირებულად მიიჩნევენ. ისინი შიშობენ, რომ საარჩევნო მიზნებიდან გამომდინარე, ობამა ისეთ ნაბიჯებს დგამს, რაც ამერიკის მოკავშირეებს აზარალებს, ხოლო მის სანდოობას ეჭვქვეშ აყენებს. მოჰყვა. აჰმადინეჟადის მთავრობამ ისრაელის დივერსიული კამპანიის ხელშეწყობაში ბაქო დაადანაშაულა. აზერბაიჯანმა ბრალდება უარყო. თეირანისა და ბაქოს ურთიერთობა კიდევ უფრო მეტად მას შემდეგ დამძიმდა, რაც აზერბაიჯანში ისრაელისა და ამერიკის საელჩოების წინააღმდეგ ტერაქტების მომზადებასა და ირანის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული 22 ადამიანი დააკავეს.
საგულისხმოა, რომ ჯაშუშების დაკავებიდან რამდენიმე დღეში, თბილისში, პოლიციამ ისრაელის ელჩის მძღოლის მანქანაზე დამონტაჟებული ბომბი გააუვნებელყო.
მიმომხილველთა ნაწილი ამტკიცებს, რომ ისრაელი გამონაკლისი არ არის - ობამას ადმინისტრაცია მოკავშირეების საიდუმლოების გამჟღავნებაში ადრეცაა შემჩნეული. ისინი დიდ ბრიტანეთთან დაკავშირებულ ინციდენტს იხსენებენ, როდესაც ბირთვული შეიარაღების შესახებ მოლაპარაკებებში რუსეთის დასაყოლიებლად, თეთრმა სახლმა პუტინის რეჟიმს გაერთიანებული სამეფოს ბირთვული იარაღის შესახებ ინფორმაცია გადასცა.
თუმცა შეერთებული შტატების მაშინდელმა ქმედებამ არა იმდენად დიდი ბრიტანეთი, რამდენადაც ობამას ადმინისტრაციის რეპუტაცია დააზარალა. უკანასკნელი ანგარიში კი, უპირველესად, აზერბაიჯანს და ისრაელს აყენებს დარტყმის ქვეშ.
სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის მიხედვით, აზერბაიჯანს საბჭოთა დროიდან შემორჩენილი 4 მოქმედი და 4 მიტოვებული ავიაბაზა აქვს, რომლებიც ისრაელს სამხედრო ოპერაციისთვის შეიძლება გამოადგეს. Foreign Policy-ს ცნობით, ისრაელი აზერბაიჯანულ ბაზებს არა ირანის დასაბომბად, არამედ ბომბდამშენთა და გამანადგურებელთა საწვავის შესავსებად და სამაშველო მისიებისთვის გამოიყენებს. ამ შემთხვევაში, ისრაელს არ დასჭირდება ჰაერში საწვავის შევსება - მით უმეტეს, რომ ამისთვის მას ისედაც მწირი შესაძლებლობები აქვს. სანაცვლოდ, შეძლებს მეტი იარაღის წაღებას, რაც თავისთავად ირანის ბირთვული ობიექტების განადგურების ალბათობას გაზრდის.
ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი ბირთვული გამდიდრების ობიექტზე
Foreign Policy ამ შეთანხმებას ისრაელსა და აზერბაიჯანს შორის თებერვალში გაფორმებულ 1.6-მილიარდიან კონტრაქტს უკავშირებს, რომლის მიხედვითაც აზერბაიჯანი უპილოტო საფრენ აპარატებს და ანტისარაკეტო სისტემებს მიიღებს. მათ თანამშრომლობას ისიც ამყარებს, რომ ისრაელი ბაქო-ჯეიჰანის მილსადენით ტრანსპორტირებული ნავთობის ერთ-ერთი მთავარი მომხმარებელია.
ზემოხსენებულმა პუბლიკაციამ აზერბაიჯანელი ოფიციალური პირების მწვავე რეაქცია გამოიწვია. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მოხსენებას ცილისწამება და აზერბაიჯანის წინააღმდეგ აგორებული ბინძური კამპანია უწოდა. ბაქომ საერთაშორისო საზოგადოებას ნახიჭევანის დეკლარაცია გაახსენა, რომლის მიხედვითაც თურქეთი, აზერბაიჯანი და ირანი შეთანხმდა, რომ საკუთარ ტერიტორიას არ დაუთმობდნენ მესამე ძალას, ერთმანეთის წინააღმდეგ მოქმედებებისთვის.
ვარაუდობენ, რომ ამ გაჟონვამ, შესაძლოა, აზერბაიჯანს ურთიერთობა გაურთულოს არა მხოლოდ ირანთან, არამედ თურქეთთან და რეგიონის სხვა მუსლიმურ სახელმწიფოებთან.
ბუნებრივია, დაზარალდა ბაქო-ვაშინგტონის ურთიერთობა. თუმცა ეს პროცესი 2009 წელს თურქეთ-სომხეთის დაახლოების ჩავარდნილი მცდელობის შემდეგ დაიწყო. მაშინ შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ სცადა, თურქეთი სომხეთისთვის ყარაბაღის ოკუპაციის გამო გამოცხადებული ბლოკადის მოხსნაზე დაეთანხმებინა. ამას ემატება ისიც, რომ შეერთებულ შტატებს აზერბაიჯანში ელჩი არ ჰყავს - რასაც ბაქო ქვეყნისადმი გულგრილობად აღიქვამს.
უდავოა, აზერბაიჯანთან ერთად დაზარალდა ისრაელიც - როგორც სამხედრო, ისე დიპლომატიური თვალსაზრისით. ნეთანიაჰუს გაურთულდა საჭიროების შემთხვევაში აზერბაიჯანის ტერიტორიის გამოყენების შესაძლებლობა.
მიმომხილველები თვლიან, რომ ამ გაჟონვით აიათოლების რეჟიმის საქმე გაკეთდა - ირანის ხელისუფლებამ უკვე იცის თუ რამდენად ინფორმირებულია ამერიკა და ისრაელი ირანის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების შესახებ. ნათელი გახდა ისიც, თუ რა კრიტერიუმს იყენებს ამერიკა და ისრაელი ირანის ბირთვული პროგრამის შესაფასებლად. შესაბამისად, ირანმა ისიც იცის, რა დამალოს.
ოპონენტები ობამას ორმაგ თამაშში ადანაშაულებენ. არჩევნებში მას ებრაელი ამომრჩევლის და განსაკუთრებით დონორების მხარდაჭერა სჭირდება. ამიტომ საჯაროდ აღიარებს ისრაელის სუვერენულ უფლებას თავი დაიცვას. მეორე მხრივ, ომის მოწინააღმდეგეთა გულის მოგებას ცდილობს. ამას გარდა, დაძაბულობის შემდგომი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში კიდევ უფრო გაზრდის ნავთობის ისედაც მომატებულ ფასებს. ეს უარყოფითად იმოქმედებს შეერთებული შტატების ეკონომიკაზე, რაც ობამას არჩევნებში გამარჯვებას გაურთულებს.
Foreign Policy-ს პუბლიკაციიდან მეორე დღეს - 29 მარტს The New York Times-მა გამოაქვეყნა სტატია, სადაც ობამას გარემოცვის ანონიმური წარმომადგენლები წუხილს გამოთქვამენ იმასთან დაკავშირებით, რომ წინასაარჩევნო კამპანიის წნეხის ქვეშ მყოფ პრეზიდენტს იმაზე აგრესიული ლექსიკის გამოყენება უწევს, ვიდრე მისი პოლიტიკა ითვალისწინებს.
ობამას დამცველები ცდილობენ მომხდარში პოზიტიური მხარე დაინახონ. ისინი ამტკიცებენ, რომ ისრაელის სამხედრო გეგმების შესახებ ინფორმაციის გაჟონვა, ირანს ომის რეალურობაში დაარწმუნებს და დათმობებისკენ უბიძგებს. თუმცა კრიტიკოსები ამ ოპტიმიზმს არ იზიარებენ და თვლიან, რომ Foreign Policy-ს პუბლიკაციამ საპირისპირო ეფექტი იქონია - ირანელები უფრო მეტად დარწმუნდნენ, რომ ამერიკა ირანის ბირთვული პროგრამის შესაჩერებლად სამხედრო ძალის გამოყენებას არ აპირებს, ხოლო ისრაელი მარტოა. შესაბამისად, კომპრომისზე არ წავლენ. ეს კი, თავის მხრივ, ისრაელს გაუზრდის მოტივაციას პრევენციული თავდაცვის უფლებით ისარგებლოს და „ბირთვული ჰოლოკოსტის“ თავიდან ასაცილებლად იმოქმედოს.
ობამას წინასაარჩევნო მანევრების კრიტიკა კიდევ უფრო გააქტიურდა მას შემდეგ, რაც მისი და რუსეთის პრეზიდენტის, დმიტრი მედვედევის დიალოგი გამჟღავნდა. ორი ქვეყნის ლიდერები ერთმანეთს 26 მარტს სამხრეთ კორეაში, ბირთვული უსაფრთხოების სამიტის ფარგლებში შეხვდნენ. ჩართული მიკროფონის წყალობით, მათი ხანმოკლე საუბარი საზოგადოებამ მოისმინა. ამერიკის პრეზიდენტი მედვედევს არჩევნების შემდეგ მეტ მოქნილობას და კომპრომისებს დაჰპირდა.
მიკროფონის ინციდენტმა გააძლიერა ეჭვები იერუსალიმში - გაჩნდა შიში, რომ ობამა არჩევნების შემდეგ „მოქნილ“ პოლიტიკას საზოგადოების ზურგს უკან არა მხოლოდ რუსეთს, არამედ სხვა ქვეყნებს, მათ შორის ირანსაც ჰპირდება. ვარაუდობენ, რომ ამან შესაძლოა ისრაელი აიძულოს არჩევნებამდე იმოქმედოს, იქამდე სანამ თეთრი სახლის ბინადარს ხელფეხი შეკრული აქვს და „მოქნილ“ პოლიტიკას ვერ ატარებს.
თავის ერთ-ერთ უმთავრეს მოკავშირე ისრაელთან ასეთი რთული ურთიერთობები ამერიკას 1956 წლის სუეცის კრიზისის შემდეგ არ ჰქონია. მაშინ, ამერიკის პრეზიდენტი დუაიტ ეიზენჰაუერი მოკავშირეების - ბრიტანეთის, საფრანგეთის და ისრაელის მოთოკვას ცდილობდა, რომ ეს ქვეყნები ეგვიპტესთან სუეცის არხის ნაციონალიზაციის გამო სამხედრო დაპირისპირებაში არ შესულიყვნენ. ომის თავიდან აცილება ვერ მოხერხდა, თუმცა საფრანგეთი და ბრიტანეთი ამერიკის ზეწოლით იძულებულნი გახდნენ სამხედრო მოქმედებები შეეწყვიტათ და ეგვიპტე დაეტოვებინათ. განსხვავებით ისრაელისგან, რომელიც კიდევ ერთი წელი ინარჩუნებდა პოზიციებს სინას ნახევარკუნძულზე.
ისტორიას სხვა მაგალითებიც ახსოვს, როდესაც ისრაელმა შეერთებული შტატების მოთხოვნა უგულებელყო.
1981 წელს, შეერთებული შტატების წინააღმდეგობის ფონზე, ისრაელმა ბირთვული იარაღის განვითარების ეჭვების გამო, საჰაერო იერიშით ერაყის ოსირაკის ბირთვული რეაქტორი გაანადგურა. იგივე განმეორდა 2007 წელს. მაშინ ისრაელმა სირიის ბირთვული რეაქტორი დაბომბა.
როგორც 1981, ისე 2007 წელს თეთრი სახლი იერუსალიმის სამხედრო გეგმებს არ ემხრობოდა, თუმცა დღევანდელისგან განსხვავებით, მისი გეგმების საბოტირება ასე აშკარად არ უცდია.
![]() |
13 ფოტოესე |
▲ზევით დაბრუნება |
პოლიციის სპეცრაზმი ალყაში აქცევს ფეხბურთის ფანებს.
ლვოვი, უკრაინა
![]() |
14 რას ნიშნავს სინამდვილეში #нтвлжет? |
▲ზევით დაბრუნება |
დევიდ ჯ. სმითი|სვეტი
#нтвлжет - ანუ НТВ იტყუება, რუსეთის ახალი პრეზიდენტის, ვლადიმირ ვლადიმირის ძე პუტინის ოპოზიციის ახალი კამპანიაა. პროტესტის მიზეზად ტელეკომპანია НТВ-ს დოკუმენტური ფილმი „პროტესტის ანატომია“ იქცა. ფილმს New York Times-მა ფსევდოდოკუმენტური უწოდა „კრემლის ოპონენტების წინააღმდეგ მიმართული უკვე ცნობილი უხეში მეთოდების ნაკვალევით“. #нтвлжет აჩვენებს, რომ რუსი ხალხის გარკვეულ ნაწილს არ სურს კრემლში პუტინის ტრაგიკომიკურ დაბრუნებაზე თვალი დახუჭოს. Газпром-ის მფლობელობაში მყოფი ტელევიზიის წინააღმდეგ აგორებული ინტერნეტპროტესტი რუსული პოლიტიკის სატელევიზიოდან ონლაინსივრცეში გადანაცვლების ნიშანია.
2011 წლის სექტემბერში ამერიკელმა ავტორმა რალფ პეტერსმა Washington Post-ში დაწერა: „პუტინის გენია იწყება გასული საუკუნის „დიდი“ დიქტატორების მართვის მეთოდების გაანალიზებით: საჭიროა მხოლოდ საჯარო, და არა პირადი ცხოვრების კონტროლი. პუტინი მიხვდა, რომ ადამიანებს ამქვეყნიური წუხილების შესახებ საუბარი სჭირდებათ და სამზარეულოს მაგიდასთან არყის სმისას ამის ნება რომ ჰქონდეთ, ეს სახელმწიფოს არანაირ ზიანს არ აყენებს. პუტინის რუს ხალხთან უსიტყვო შეთანხმება ასეთია: მათ შეუძლიათ დახურულ კარს მიღმა აკეთონ და ილაპარაკონ რაც უნდათ, მთავარია, ეს ქუჩაში არ გამოიტანონ“.
თუმცა, როგორც ჩანს, ძალოვნები მიხვდნენ, რომ რუნეტი - ინტერნეტის რუსულენოვანი ნაწილი - ვირტუალურ ქუჩას უფრო ჰგავს, ვიდრე ვირტუალურ სამზარეულოს მაგიდას. ხალხს შეუძლია ილაპარაკოს პრობლემებზე სოციალური მედიის და ბლოგების გამოყენებით, მაგრამ მათ ასევე შეუძლიათ სხვები დაარწმუნონ, გამრავლდნენ და ორგანიზება გაუწიონ საპროტესტო მოძრაობას.
„[რუნეტის] უკონტროლო გამოყენებამ შეიძლება მასიური საფრთხე შეუქმნას რუსეთის უსაფრთხოებას“, - განაცხადა გასულ გაზაფხულს ФСБ-ს კიბერცენტრის ხელმძღვანელმა ალექსანდრ ანდრეიეჩკინმა.
კრემლი ცალი თვალით აკვირდებოდა სოციალური მედიით გამოწვეულ მოვლენებს საზღვარგარეთ. „შეხედეთ, რა მოხდა ახლო აღმოსავლეთსა და არაბულ სამყაროში, - თქვა პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა, - სწორედ ასეთ სცენარს ამზადებდნენ ჩვენთვისაც, და ახლა კიდევ უფრო მეტად ეცდებიან გეგმის სისრულეში მოყვანას“. თუმცა კრემლის მეორე თვალი დუმასა და საპრეზიდენტო არჩევნებზე იყო კონცენტრირებული. 2011 წლის მარტსა და აპრილში, ახლა უკვე კარგად ნაცნობმა ახალგაზრდა და კრიმინალმა ჰაკერებმა DDoS ტიპის შეტევები განახორციელეს LiveJournal-ის ბლოგზე, Новая Газета-სა და Rospil.info-ზე, რომელიც კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ ბლოგერ ალექსეი ნავალნის ეკუთვნის (DDoS ტიპის შეტევა, მფლობელების ინფორმირების გარეშე ათასობით კომპიუტერის ბოტნეტში გაერთიანებით ხდება. ბოტნეტის მმართველის ბრძანების შემდეგ იქ გაერთიანებული ყველა კომპიუტერი უამრავ მოთხოვნას უგზავნის სამიზნე ვებგვერდს, მანამ, სანამ ეს ვებგვერდი არ დაიტბორება და ფუნქციონირებას ვეღარ შეძლებს).
„უსაფრთხოების სამსახურის გარდა ამას თითქმის ვერავინ შეძლებდა“, - განაცხადა სახალხო თავისუფლების პარტიის ლიდერმა ბორის ნემცოვმა. 2011 წლის შეტევა იყო გაფრთხილება რუსეთის ინტერნეტმომხმარებლებისთვის, რომ რუნეტს ძალიან ყურადღებით აკონტროლებენ.
4 ოქტომბრის დუმის არჩევნების დროს, როგორც მოსალოდნელი იყო, DDoS შეტევები განხორციელდა 30-მდე ვებგვერდზე, რომლებიც მეტ-ნაკლებად ოპოზიციასთან ასოცირდებოდა. საიტებს შორის იყო LiveJournal-ი, ახალი ამბების პორტალები slon.ru, zaks.ru, Новая Газета-ს, New Times-ისა და Коммерсантъ-ის გაზეთების ვებგვერდები, ჟურნალი Большой Город, რადიო ЭХО Москвы და სატელევიზიო არხი Дождь. საარჩევნო პროცესებზე დამკვირვებელი ორგანიზაცია ГОЛОС ასევე მოხვდა შეტევის სამიზნეებს შორის, განსაკუთრებით კი მისი Kartanarusheniy.ru, პროექტი, რომლის მთავარი მიზანიც საარჩევნო უბნებზე დარღვევების ინტერაქტიულ რუკაზე წარმოჩენა იყო.
თუმცა საკითხი, რომელიც რამდენიმე თვით ადრე ასე მნიშვნელოვნად იყო წარმოჩენილი ძალოვნების მიერ, ონლაინოპოზიციის შევიწროების დეკემბრის მცდელობაში პროპორციულად ასახული არ იყო. ზოგიერთი ვებგვერდი გათიშული იყო, თუმცა მათ შესახებ სხვაგან შეიძლებოდა წაკითხვა. ამ საიტებზე ასევე შესაძლებელი იყო მოქალაქეების მიერ გადაღებული ვიდეოების ხილვა, რომლებშიც ჩანდა საარჩევნო ყუთებში ბიულეტენების ჩაყრა. შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ ძალოვნებმა და მათმა ჰაკერმა მეგობრებმა რუნეტის შესაძლებლობები სათანადოდ ვერ გათვალეს.
საარჩევნო დარღვევების გამოსააშკარავებლად სოციალური მედიის წარმატებით გამოყენების შემდეგ, ოპოზიციამ იგივე მეთოდები ასიათასობით ადამიანის მობილიზაციისა და რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში ქუჩაში გამოყვანისთვის გამოიყენა.
პუტინი გაკვირვებული ჩანდა. არჩევნებიდან ათი დღის შემდეგ სატელევიზიო გამოსვლაში მან ქუჩაში გამოსული დემონსტრანტების თეთრ ლენტებს დასცინა. „სიმართლე გითხრათ, - თქვა მან, - როცა ტელევიზორის ეკრანს შევხედე და დავინახე, რომ ვიღაცას მკერდზე რაღაც ჰქონდა ჩამოკიდებული, მეგონა შიდსთან ბრძოლის კამპანია იყო. მაპატიეთ, მაგრამ ეს „რაღაც“ პრეზერვატივს მივამსგავსე“.
ამავდროულად, 4 მარტის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადების პროცესში, პუტინის ბანაკმა გადაწყვიტა შეერთებოდა ინტერნეტერას ახალი ვებგვერდით „ვლადიმირ პუტინი 2012“. ვებგვერდზე გამოსახული იყო სპორტულ ტანისამოსში გამოწყობილი პუტინი და მის ფონზე თოვლიანი მთა.
როგორც ჩანს, პუტინის ხალხს კომპიუტერის ეკრანი ტელევიზორის ეკრანში აერია. სატელევიზიო გადაცემა ერთი მიმართულებით მიდის, ინტერნეტში კი ადამიანები თავიანთ აზრს გამოხატავენ. ერთადერთი, რაც პუტინის გუნდმა უარყოფითი კომენტარების ქარიშხლის შესაჩერებლად მოიფიქრა, ამ კომენტარების წაშლა იყო.
თუმცა რუსეთის მოქალაქეთა უმრავლესობა ინფორმაციას კვლავ ტელევიზიით იღებს და მას შემდეგ, რაც ყველა სერიოზული ოპონენტი რამდენიმე თვით ადრე ჩამოიშორა, პუტინმა არჩევნები მარტივად მოიგო.
მარტში DDoS ტიპის შეტევები ნაკლებად ეფექტური იყო. შეიძლება წინასაარჩევნო რეიტინგებით გაბრუებულმა პუტინის ხალხმა გადაწყვიტა, რომ ძველი, გამოცდილი მეთოდი - საარჩევნო ურნაში ბიულეტენების ჩაყრა - საკმარისი იქნებოდა. არც ისაა გამორიცხული, რომ 4 დეკემბრის DDoS შეტევების სირცხვილის შემდეგ, მათ საკუთარ კიბერშესაძლებლობებს გადახედეს. თუმცა, რაც უნდა იყოს ამის მიზეზი, საინტერესოა, რომ ეს თავდამსხმელები (ზოგის აზრით, სპონტანური კიბერპატრიოტები) ვიღაცის თითების ერთი გატკაცუნებით შეჩერდნენ.
ისინი დაბრუნდებიან, მაგრამ ონლაინოპოზიცია ბრძოლას აგრძელებს - #нтвлжет მისი უკანასკნელი მცდელობაა. სისტემა კვლავ სატელევიზიო პოლიტიკით იბრძვის, თუნდაც ისეთით, როგორიც დოკუმენტური ფილმი „პროტესტის ანატომია“ იყო. თუმცა გაჩნდა ახალი ფაქტორი - როგორც პუტინის ვებგვერდი, НТВ-ს პროგრამაც ინტერაქტიული გახდა. პირდაპირი მნიშვნელობით არა, მაგრამ სატელევიზიო პროგრამაზე ონლაინკომენტარებმა და პროტესტმა, НТВ მცირე დროით მაინც ინტერაქტიულად აქცია.
მაშინ, როცა რუსეთის მოსახლეობის ნახევარს უკვე აქვს ინტერნეტთან წვდომა და ყოველდღიურად 10,000-იანი მატებაა, პოლიტიკა ონლაინსივრცეში გადადის. ეს ფაქტორი ვლადიმირ ვლადიმირის ძის მესამე პრეზიდენტობას, წინა ორისგან ძალიან განსხვავებულს გახდის.
![]() |
15 ჩეხეთი საეკლესიო ქონების რესტიტუციას იწყებს |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო
ავტორი: სალომე უგულავა
წმ. ნიკოლოზის ეკლესია. პრაღა
ჩეხეთის პარლამენტში განიხილება კანონპროექტი, რომელიც ეკლესიებისთვის იმ საკუთრების ნახევარზე მეტის დაბრუნებას ითვალისწინებს, რაც 1948 წლის შემდეგ კომუნისტების მიერ იყო ნაციონალიზებული. რესტიტუციის გეგმის ღირებულება დაახლოებით 134 მილიარდ ჩეხურ კრონას, ანუ 7 მილიარდ დოლარს აღწევს.
ქონების დიდ ნაწილს ნაკვეთები, ტყეები შეადგენს და მათი ღირებულება 75 მილიარდი კრონაა. გარდა ამისა, მთავრობა ეკლესიებს შეუთანხმდა - მომდევნო 30 წლის განმავლობაში 59 მილიარდ კრონას გადაუხდის იმის სანაცვლოდ, რაც მათ ვერ დაუბრუნდებათ, რადგან მესამე მხარეს ეკუთვნის.
გეგმას საზოგადოებაში მხარდაჭერა ფაქტობრივად არ აქვს. საზოგადოებრივი აზრის დეკემბრის გამოკითხვები მოწმობს, რომ აღნიშნული კანონპროექტის მიღებას ჩეხების 69%25 ეწინააღმდეგება. კანონპროექტს ბევრი კრიტიკოსი ჰყავს, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც წლეულს მთავრობა ბიუჯეტის 24 მილიარდი კრონით შემცირებას აპირებს.
თავის მხრივ, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ნეჩასმა თქვა, რომ თუ სახელმწიფო ქონებას არ დააბრუნებს, ყველა შემთხვევაში სასამართლო დავა მოუწევს. მისივე განცხადებით, ისინი დარწმუნებულები არიან, რომ სასამართლოში წააგებენ და ცდილობენ, თავიდან აირიდონ ამ პროცესთან დაკავშირებული ხარჯები.
დავა განახლდა იმაზეც, თუ ვინ ისარგებლა, როდესაც სახელმწიფომ ეკლესიებს საკუთრება ჩამოართვა. 1948 წლიდან დღემდე ეკლესიების ადმინისტრაციულ ხარჯებს სახელმწიფო ფარავს და ხელფასებსაც იხდის.
კათოლიკე ეკლესიის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ საეკლესიო ქონებით სახელმწიფო სამჯერ მეტ შემოსავალს იღებს, ვიდრე ხარჯავს. აღნიშნავენ იმასაც, რომ თავის დროზე კომუნისტებმა შეთანხმების გარეშე მიიტაცეს მათი ქონება. ყველაზე მეტი საკუთრება და თანხა (მთლიანის 80%25-მდე) სწორედ კათოლიკე ეკლესიას ერგება. დანარჩენს სხვადასხვა რელიგიური ჯგუფები გაინაწილებენ.
ზოგადად, ათზე მეტი მილიონი ჩეხიდან მხოლოდ 5-7%25-ია აქტიური მრევლი. ქვეყანაში სულ უფრო იკლებს იმ ადამიანთა რაოდენობაც, ვინც საკუთარ თავს რომელიმე რელიგიასთან აიგივებს. მაგალითად, თუ 1991 წელს 4 მილიონი ასეთი ადამიანი იყო, გასულ წელს რაოდენობა 1 მილიონამდე ჩამოვიდა, 15 ათასმა მოქალაქემ კი განაცხადა, რომ მათი რელიგიური კუთვნილება არის „ჯედაის რაინდები“, რაც უფრო მაღალი მაჩვენებელია, ვიდრე ქვეყანაში მუსლიმების, ბუდისტების, ინდუსების და იუდეველების საერთო რაოდენობა.
გარიგებას მუნიციპალური ლიდერები მიესალმებიან, რათა კომუნები გამოცოცხლდეს. ფედერალურ მთავრობას საკუთრების და საეკლესიო მიწების საკითხის მოგვარება სურს იმისთვის, რომ მიწებს მკაფიო ლეგალური სტატუსი ჰქონდეს სამთავრობო და კერძო პროექტებისათვის.
![]() |
16 მმართველი პარტიის რეიტინგი ეცემა |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო
უკრაინა
თეონა ტურაშვილი
ვიქტორ იანუკოვიჩი
უკრაინას ოქტომბერში მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნები ელის. მართალია, წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად 90 დღეს გასტანს, მისთვის მზადება თითქმის ყველა პოლიტიკურმა ძალამ უკვე დაიწყო. ხელისუფლება პოპულისტური დაპირებებით და ოპონენტთა მიმხრობით ცდილობს საკუთარი პოზიციების განმტკიცებას, ოპოზიციურ სპექტრს კი მმართველი რეგიონების პარტიისთვის (PRU) სათანადო წინააღმდეგობის გასაწევად, გაერთიანება და ქვეყანაში დაგროვილ პრობლემებზე აპელირება დარჩენია. ოპოზიციისთვის იმედისმომცემია წინასწარი გამოკითხვების შედეგები: პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის პარტიის რეიტინგი საგრძნობლად დაეცა.
დღეისთვის PRU მოსახლეობაში 14-18%25-იანი მხარდაჭერით სარგებლობს და ეს მაჩვენებელი ყოველთვიურად მცირდება. საპირისპიროდ, მთავარი ოპოზიციური პარტიის, იულია ტიმოშენკოს მემარჯვენე-ცენტრისტული ბატკივშინას (Batkivshchyna) რეიტინგი 15%25-მდეა ასული. მზარდი მხარდაჭერით გამოირჩევა იულია ტიმოშენკოს მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრის, არსენი იაცენიუკის ცენტრისტული ცვლილებების პარტიაც (Front for Changes) - მომხრეთა 8%25-იანი მონაცემები 11%25-მდე გაზარდა. 5%25-იანი ბარიერის გადალახვას, სავარაუდოდ, კიდევ რამდენიმე პარტია მოახერხებს: პიოტრ სიმონენკოს პრორუსული და მემარცხენე, კომუნისტური პარტია (5,3%25), ვიტალი კლიჩკოს პროევროპული და კორუფციასთან მებრძოლი, უკრაინის რეფორმების დემოკრატიული ალიანსი (UDAR - 5,1%25). ეს იმის მანიშნებელია, რომ გაერთიანებისა და კომპრომისის მოძებნის შემთხვევაში, ერთიანი ოპოზიცია მმართველი ძალისთვის მნიშვნელოვანი წინააღმდეგობის გაწევას შეძლებს.
ვიტალი კლიჩკო
მმართველი პარტიის რეიტინგის ვარდნა, ერთი მხრივ, ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებით აიხსნება. გლობალური კრიზისის ფონზე დაეცა ზრდის მაჩვენებელი, ვითარების გამოსწორებას კი გაზრდილი კორუფცია, პირადი საკუთრების დაუცველობა, მთავრობის მხრიდან ეკონომიკურ საქმიანობაში ხშირი ჩარევა და სასამართლოზე პოლიტიკური ზეწოლა აფერხებს. გარდა ამისა, მთავრობამ საბიუჯეტო დეფიციტის აღმოსაფხვრელად სოციალური დანახარჯების შემცირება დაიწყო, რასაც მოსახლეობის უკმაყოფილება მოჰყვა.
პიოტრ სიმონენკო
ამას ემატება ერთგვარი წარუმატებლობა საგარეო პოლიტიკაში. კერძოდ, იანუკოვიჩის მთავარი დაპირება რუსეთთან და დასავლეთთან დაბალანსებული ურთიერთობის გატარება გახლდათ, საბოლოო ჯამში კი, შავის ზღვის ფლოტში სამხედრო ბაზის 2042 წლამდე დათმობის მიუხედავად, კიევს მოსკოვთან გაზის ფასზე კვლავაც დავა აქვს. რაც შეეხება ასოცირებული შეთანხმების შესახებ ევროკავშირთან ხუთწლიან მოლაპარაკებას, დემოკრატიული ცვლილებების ნაკლებობის გამო ის უშედეგოდ დასრულდა.
ბატკივშინას აქტივისტების აქცია
აქედან გამომდინარე, რეგიონების პარტიისთვის მთავარი ბერკეტი საარჩევნო სისტემაში გატარებული მთელი რიგი ცვლილებები (მაგალითად, შერეულ სისტემაზე გადასვლა), ასევე მედიასა და სახელმწიფო რესურსებზე არსებული კონტროლია.
სერგეი ტიგიპკო
იანუკოვიჩის უმთავრეს მიღწევად მიიჩნევა ლიბერალური ძლიერი უკრაინის (SU) ლიდერისა და პრემიერ-მინისტრის მოადგილის, სერგეი ტიგიპკოს მიმხრობა, საკუთარ რიგებში მეორე კანდიდატად ჩაწერა და მისი პარტიის დაშლა. იგი მოსახლეობაში დაახლოებით 3-4%25-იანი მხარდაჭერით სარგებლობდა. ამასთან ერთად, რეგიონების პარტიასთან გაერთიანება არ გამორიცხა გაერთიანებული ცენტრის (United Center) ლიდერმა, ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იუშენკოს ბანაკის წევრმა და საგანგებო სიტუაციების მინისტრმა ვიქტორ ბალოგამ.
არსენი იაცენიუკი
გარდა ამისა, ბოლო დროს მმართველი ძალა მოსახლეობის გულის მოსაგებად პოპულისტურ დაპირებებსაც - პენსიების გაზრდა, საბჭოთა პერიოდში ბანკში შენახული ფულის დაბრუნება - არ იშურებს, მსგავსი ინიციატივებისთვის კი ბიუჯეტიდან 2 მილიარდი დოლარის გამოყოფაა საჭირო.
ხელისუფლების ამგვარმა გააქტიურებამ ოპოზიციას, გარკვეულწილად, გაერთიანების საჭიროება დაანახა - ოპონენტები უკვე ღიად საუბრობენ არჩევნებში ერთიანი ძალებით მონაწილეობის უპირატესობაზე. მაგალითად, მერის არჩევნებში დამარცხების შემდეგ UDAR-ის ლიდერმა განაცხადა, რომ მსგავსი შეცდომა აღარ უნდა დაუშვან (მაშინ რეგიონების პარტიის კანდიდატმა ხმათა 38,6%25 მიიღო. ერთიანი კანდიდატის შემთხვევაში კი ოპოზიცია 40,05%25-ს მიიღებდა).
ჯერჯერობით უცნობია, რამდენად მოახერხებს ოპოზიციური სპექტრი ერთიანი პოზიციის შემუშავებას. თუმცა ცხადია, რომ მას დროც ცოტა აქვს და არც ხელისუფლება ზის უმოქმედოდ - ისიც აქტიურად ცდილობს პოტენციური პარტნიორების რეგიონების პარტიის გარშემო გაერთიანებას.
![]() |
17 უნგრეთის პრეზიდენტი პლაგიატის გამო გადადგა |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო
ავტორი: ავთო ქორიძე
მას შემდეგ, რაც პლაგიატის გამო დოქტორის ხარისხი ჩამოართვეს, უნგრეთის პრეზიდენტი პალ შმიტი თანამდებობიდან გადადგა. სკანდალმა მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანსაც.
პლაგიატის სკანდალის დაწყების შემდეგ შმიტმა სატელევიზიო ინტერვიუში თქვა, რომ გადადგომას არ აპირებდა, რამაც საჯარო პროტესტი გამოიწვია, შედეგად კი, პრეზიდენტმა ორშაბათს გადადგომის შესახებ განაცხადა. შმიტის თქმით, ის თავისუფალ დროს ახალი სადოქტორო ნაშრომის დაწერას დაუთმობს.
გასულ კვირას ბუდაპეშტის სემელვეისის უნივერსიტეტმა შმიტს ფიზიკის დოქტორის ხარისხი ჩამოართვა და მიზეზად ის დაასახელა, რომ მისი ნაშრომი მეცნიერული და ეთიკური სტანდარტების დარღვევით იყო შესრულებული. აკადემიური საბჭოს განცხადებით, შმიტის ტექსტის დიდი ნაწილი სხვა მეცნიერების თეორიებიდან იყო გადაღებული.
პრეზიდენტს უნგრეთში პარლამენტი ირჩევს და ამ თანამდებობას მხოლოდ სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. შმიტი 2010 წელს გაპრეზიდენტდა ხუთწლიანი ვადით.
შმიტის გადადგომის შემდეგ მმართველმა პარტიამ - ფიდესმა - გაავრცელა განცხადება, რომ ახალი პრეზიდენტის არჩევას მაქსიმალურად მოკლე ვადაში ეცდება. ოპოზიციურმა სოციალისტურმა პარტიამ უკვე წამოაყენა ლასლო სოლიომის კანდიდატურა.
შარშან პლაგიატის გამო გერმანიის თავდაცვის მინისტრი კარლ-თეოდორ ცუ გუტენბერგი გადადგა. 2011 წლის მარტში მას ბაიროითის უნივერსიტეტმა დოქტორის ხარისხი ჩამოართვა. სკანდალს სხვა გერმანელი პოლიტიკოსების ნაშრომების გამოკვლევაც მოჰყვა, მათ შორის ევროპის პარლამენტის წევრის სილვანა კოხ-მერლინის და ბავარიის ყოფილი პრემიერის შვილის, ვერონიკა სასის. კანონმდებელმა მათიას პრიოფროკმა თავად მიმართა უნივერსიტეტს და საკუთარი ნაშრომის გამოკვლევა სთხოვა, რადგან რამდენიმე უნებურ შეცდომას არ გამორიცხავდა.
კოხ-მერლინის ნაშრომში ვებგვერდმა VroniPlag-მა, რომელმაც ცუ გუტენბერგი პლაგიატში დაადანაშაულა, აღმოაჩინა, რომ საჭირო ციტირებების 25%25 გამოტოვებული იყო. სასის ტექსტში კი პოპულარული ონლაინენციკლოპედიის, Wikipedia-ს მასალებიც იყო გამოყენებული. ამ ენციკლოპედიის გამოყენება აკადემიურ ნაშრომებში არამეცნიერულად ითვლება, რადგან მასზე სტატიების შეცვლის საშუალება თითქმის ყველა მომხმარებელს აქვს.
დოქტორის ხარისხი პოლიტიკური უპირატესობაა, რომელსაც გერმანელი და სხვა ევროპელი პოლიტიკოსები ხშირად საარჩევნო კამპანიისას იყენებენ. შესაბამისად, პლაგიატის გამორკვევაც პოლიტიკურ ინსტრუმენტად იქცა.
გასულ წელს ამერიკელმა პროფესორმა დორა კლარკ პეინმა ჩაატარა კვლევა სამეცნიერო წრეებში პლაგიატის მასშტაბის გარკვევის მიზნით. პეინმა პლაგიატი 10 ან მეტი სიტყვის ციტირების გარეშე გადატანად განმარტა და აღმოაჩინა, რომ ამერიკაში დაწერილი ყოველი 5 სადოქტორო ნამუშევრიდან ოთხში მისი ნიშნები ჩანდა. პროფესორის თქმით, ამის მთავარი მიზეზი განათლების სისტემის შედარებით ქვედა საფეხურებზე აკადემიური პატიოსნებისა და მუშაობის უნარების განუვითარებლობაა.
![]() |
18 კუბა დიდი გარდაქმნების ზღვარზე |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო
ანი ჩხიკვაძე
ფიდელ კასტრო და რომის პაპი ბენედიქტე XVI
26 მარტს, ბენედიქტე XVI კუბას სამდღიანი ვიზიტით ესტუმრა და სანტიაგოში ღია ცისქვეშ წირვა ჩაატარა. პაპმა კუბას განახლებული, ღია და უკეთესი საზოგადოების აშენებისკენ მოუწოდა. „მჯერა, რომ ამ ისტორიულად მნიშვნელოვან მომენტში კუბა მომავლისკენ იყურება და ჰორიზონტის განახლებასა და გაშლას ცდილობს”, - განაცხადა ბენედიქტე XVI-მ.
საზეიმო წირვას დაესწრო დაახლოებით 200 ათასი ადამიანი, რომელთა დიდი ნაწილიც პარტიის მიერ მობილიზებული თუ ძალით მიყვანილი იყო. რეჟიმის წინააღმდეგობაში შემჩნეული მოქალაქეები კი მესაზე არ დაუშვეს. კუბა Freedom House-ის 2012 წლის მონაცემებით, ყველაზე რეპრესირებულ ქვეყნებს შორის ხვდება. კასტროების ტანდემი იქ ყველანაირ განსხვავებულ აზრს ახშობს და მკაცრად უსწორდება.
ფიდელ კასტროს დროიდან მოყოლებული, რეჟიმის მსხვერპლი ათიათასობით ადამიანი გახდა. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი და Amnesty International-ი იმედებს ამყარებდნენ, რომ პაპი პოლიტიკური პატიმრების საკითხს დასვამდა და განიხილავდა ალან გროსის შესაძლო განთავისუფლებას. ალან გროსი, USAID-ის პროგრამის ფარგლებში, კუბაში სატელიტურ ტელეფონებსა და კომპიუტერულ ტექნიკას ავრცელებდა. მას სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულში დასდეს ბრალი და 15 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.
კუბაში ჩაფრენამდე, პაპმა მარქსიზმს დღევანდელი რეალობისთვის შეუსაბამო უწოდა. ამან კუბის პოლიტბიურო განარისხა, თუმცა, რა თქმა უნდა, ამ კომენტარს კუბელ ხალხამდე არ მიუღწევია. ზოგიერთების აზრით, პაპის ეს ვიზიტი ეკლესიას და სახელმწიფოს შორის ურთიერთობების გაუმჯობესების წარმოსაჩენად დაიგეგმა - ათეისტური სახელმწიფო „ხალხისთვის განკუთვნილი ოპიუმისთვის“ ადგილის მოძებნას ცდილობს. კუბელთა უმრავლესობას კათოლიკური ეკლესია ხალხსა და მთავრობას შორის შუამავლად მიაჩნია, თუმცა სხვები მას ხშირად აბრალებენ რეჟიმთან ზედმეტ სიახლოვეს. როგორც ფლორიდის შტატის სენატორმა მარკო რუბიომ აღნიშნა: „საკუთარი სამოქმედო სივრცის მოპოვების ნაცვლად, ეკლესია შეიძლება დიქტატორულ რეჟიმთან დათმობებზე წავიდეს“.
რაზე ისაუბრეს დახურულ კარს მიღმა რაულ კასტრომ და პაპმა, უცნობია, თუმცა ამ უკანასკნელისგან უფრო მკვეთრ კრიტიკას ელოდნენ. იოანე პავლე II-ის მიერ კომუნისტი დიქტატორების წინააღმდეგ გამართულ ჯვაროსნულ ლაშქრობებთან შედარებით, ბენედიქტე XVI აშკარად ნაკლები სითამამით მოქმედებს.
90-იან წლებში იოანე პავლე მეორის კრიტიკამ შედეგი გამოიღო - აღმოსავლეთ ევროპამ, მისი მშობლიური პოლონეთის ჩათვლით, კარი გაუღო დემოკრატიულ რეფორმებს და თავისუფალ ბაზარს. დღეს კუბაც ნელი ნაბიჯებით მიემართება ეკონომიკის ლიბერალიზაციისკენ. რაულ კასტროს გადაწყვეტილებით, 2012 წლის ზამთრიდან მოყოლებული, კუბელებს შეუძლიათ სახლების და მანქანების ყიდვა-გაყიდვა, სასოფლო მეურნეობები სახელმწიფო საკუთრებიდან ინდივიდუალურ საკუთრებაში გადავიდა, თუმცა იქ წარმოებულ პროდუქციას ძალიან დაბალი ფასი აქვს.
2015 წლისთვის საჯარო სამსახურში მყოფ ნახევარ მილიონამდე ადამიანს დაითხოვენ. რაულ კასტროს თქმით, სახელმწიფო სამსახურში მყოფი „ყოველი მეხუთე ზედმეტია“ და სამუშაოს ძებნა კერძო სექტორში მოუწევს.
უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში კუბელებს მიეცათ საშუალება, ჩაერთონ „არასახელმწიფოებრივ აქტივობებში“, ანუ წამოიწყონ მცირე ბიზნესი. ერთი წლის განმავლობაში 148 ათასიდან 330 ათასამდე გაიზარდა თვითდასაქმებულთა რიცხვი, თუმცა მაღალი გადასახადები და ნედლეულის იმპორტის აკრძალვა ინდივიდუალურ ინიციატივებს ამცირებს. შედეგად, მიუხედავად ცვლილებებისა, მთლიანობაში ქვეყნის ეკონომიკა არ იზრდება და უცვლელია ინდივიდუალური შემოსავლის დონე, ხოლო სამომხმარებლო პროდუქციის 80%25 იმპორტირებულია.
90-იანი წლების ბოლოს საბჭოური დახმარების შეწყვეტის შემდეგ, კუბაში მძიმე ეკონომიკური კრიზისი იყო. მდგომარეობას 1960 წლიდან დაწესებული ამერიკული ემბარგოც ართულებდა. ვითარების გაუმჯობესების მიზნით, ფიდელ კასტრომ მცირე საოჯახო ბიზნესის არსებობა დაუშვა, თუმცა მას შემდეგ, რაც უგო ჩავესი ნავთობის მიწოდებას დათანხმდა, მოხდა ნებადართული კერძო საკუთრების ნაციონალიზაცია და ცენტრალიზაცია. ის დრო კუბელებს კარგად ახსოვთ და მცირე ბიზნესის წამოწყებას ლოგიკურად უფრთხიან.
ეკონომიკურისგან განსხვავებით, ჰორიზონტზე პოლიტიკური ცვლილებები არ ჩანს. რაულ კასტრო შიშობს, რომ პოლიტიკურმა რეფორმებმა შეიძლება მისი რეჟიმის დამხობა განაპირობოს. აკრძალულია კომუნისტური პარტიის გარდა სხვა პარტიის არსებობა. პრობლემაა ხელისუფლების დაბერებაც - იქ საშუალო ასაკი 70 წელია, ანუ კუბის მთავრობა ბრეჟნევის დროინდელ პოლიტბიუროზე ერთი წლით ხანდაზმულია.
ექსპერტთა ნაწილი კომუნიზმის ამ ციხესიმაგრეს ჩინეთის მსგავს მომავალს უწინასწარმეტყველებს, სადაც კაპიტალისტური ეკონომიკის კვალდაკვალ, პარტია კვლავ ინარჩუნებს გავლენას ცხოვრების ყველა სხვა ასპექტზე. მეორე ნაწილი კი პერესტროიკის მსგავსი სცენარის განვითარებას ვარაუდობს. როგორი იქნება კუბის მომავალი, რთული სათქმელია, თუმცა აშკარაა, რომ კასტროთა დიქტატურამ დრო მოჭამა და აღსასრულს უახლოვდება.
![]() |
19 ობამას ფავორიტი პოლიტიკოსი საკუთარმა პარტიამ უარყო |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო
ირაკლი გუნია
ისრაელის მთავარი ოპოზიციური პარტია კადიმა ლიდერს იცვლის. ცენტრისტულმა პარტიამ ისრაელის მეორე ქალ პრემიერს, ციპი ლივნის, ყოფილი თავდაცვის მინისტრი შაულ მოფაზი არჩია. პალესტინურ მხარესთან სამშვიდობო მოლაპარაკების მომხრე ლივნის აგრესიულად განწყობილი ფიგურით ჩანაცვლება ამომრჩევლის განწყობას ასახავს. ირანის ბირთვული პროგრამის ირგვლივ არსებული ცხარე დებატების ფონზე, ისრაელის პოლიტიკური ლანდშაფტი მარჯვნივ ინაცვლებს.
შაულ მოფაზი
პარტიულ პრაიმერიზში შაულ მოფაზმა ციპი ლივნი დამაჯერებლად, 20%25-ზე მეტი სხვაობით დაამარცხა. 2009 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, კადიმამ ყოფილი ლიდერის ხელმძღვანელობით ხმების უმრავლესობის მოგროვება შეძლო, თუმცა ლივნის უკომპრომისო პოზიციის გამო, პარტია კოალიციური მთავრობის ნაცვლად ოპოზიციაში აღმოჩნდა. ანალიტიკოსები ახალი ლიდერისგან უფრო პრაგმატულ პოლიტიკას და მოქმედი პრემიერის, ბინიამინ ნეთანიაჰუს პარტია ლიკუდთან კოალიციის შექმნას ელიან.
53 წლის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს, ციპი ლივნის, რომელსაც სადაზვერვო სამსახურში (მოსადი) მუშაობის გამოცდილებაც აქვს, ისრაელში პრინციპული პოლიტიკოსის იმიჯი აქვს. რამდენიმე წლის წინ ჟურნალმა TIME მას „ისრაელის სუფთა ქალბატონი” უწოდა. უკანასკნელი არჩევნების შემდეგ, მან მემარჯვენე და რელიგიურ პარტიებთან დათმობაზე უარის თქმის გამო, მთავრობის ფორმირება ვერ მოახერხა. მიმომხილველები ლივნის, მისი პრინციპებისადმი ერთგულების გამო, სწორი პოლიტიკური ინსტინქტების არარსებობაში ადანაშაულებენ. ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ, ლივნის ნეთანიაჰუსთვის სერიოზული წინააღმდეგობის გაწევის უნარი არ აღმოაჩნდა, ხოლო მშვიდობისმყოფელის პოზიციის გამო, სამშობლოზე მეტად ის უფრო დასავლურ მედიასა და პოლიტიკურ წრეებში იყო პოპულარული. უცხოეთში დასაყრდენის ძიებით, ლივნი დაშორდა ადგილობრივ ამომრჩეველს, რომელსაც ბირთვული ირანის პრობლემა უფრო აღელვებდა. პარტიულ პრაიმერიზში წარუმატებლობის შემდეგ კი მისი პოლიტიკიდან წასვლასაც ვარაუდობენ.
ციპი ლივნი
ლივნისგან განსხვავებით, 63 წლის შაულ მოფაზი ცენტრისტული პარტიის მარჯვენა ფრთას მიეკუთვნება. 2000-იანების დასაწყისში, არაბული ინტიფადის სისხლიან წლებში, ის თავდაცვის მინისტრი იყო. დროებითი პალესტინური სახელმწიფოს მოწყობისთვის მოფაზს საკუთარი გეგმა აქვს, რომელიც ღაზის სექტორის დამატებით, ებრაული დასახლებების აუღებლად, დასავლეთ სანაპიროს 60-65%25-ს ითვალისწინებს. ირანში დაბადებული სეფარდი მოფაზი იშვიათი გამონაკლისია ებრაულ პოლიტიკურ ელიტაში, სადაც უმეტესობა წარმომავლობით აღმოსავლეთ ევროპიდანაა.
პარტია კადიმა 2005 წელს იმჟამინდელმა პრემიერმა არიელ შარონმა დააარსა. ლიკუდიდან წამოსვლა და ახალი პარტიის ჩამოყალიბება მას ღაზის სექტორიდან ებრაული დასახლებებისა და სამხედრო ძალების გამოთავისუფლების შემდეგ მოუწია. კადიმა პარტიული კადრებით ლეიბორისტებიდან და ლიკუდიდან შეივსო, მათ შორის იყვნენ მოფაზი და შარონის მაშინდელი პროტეჟე ლივნი. კადიმა სამშვიდობო ხელშეკრულების მისაღწევად პალესტინელებთან აქტიური თანამშრომლობით გახდა ცნობილი, რის გამოც, არაბული მედიისთვის, ციპი ლივნი ნეთანიაჰუსთან შედარებით, ორი ბოროტებიდან ნაკლებს წარმოადგენდა.
2006-2009 წლებში მმართველი პარტია შაულ მოფაზს არასახარბიელო მდგომარეობაში გადაეცა და გამოკითხვების თანახმად, ბოლო პერიოდში კადიმას რეიტინგი თითქმის განახევრდა. მემარცხენედ განწყობილი ამომრჩევლის თვალში, 2011 წლის ზაფხულში სოციალური ხასიათის პროტესტების დროს ციპი ლივნის ინერტულობამ პარტია მნიშვნელოვნად დააზარალა.
დღევანდელ ებრაულ პოლიტიკურ არენაზე დომინირებს ნეთანიაჰუ, რომლის პერსონალური რეიტინგიც 50%25-ს უახლოვდება. ირანის ბირთვული საფრთხის არსებობა მის პოზიციებს კიდევ უფრო ამყარებს, რადგან ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის ფონზე, ებრაელ ამომრჩეველს ირანის საკითხი სულ უფრო აღელვებს. ეს ფაქტორი კი სამშვიდობო დიალოგის მომხრე ძალების რეიტინგზე დადებითად არ აისახება. ლივნის ნაცვლად მოფაზის არჩევით, კადიმა ნეთანიაჰუსთან თავდაცვით საკითხებზე კონკურენციას იმედოვნებს, რასაც არაბული გაზაფხულის შემდეგ შექმნილი არასტაბილურობა მეტ აქტუალობას სძენს.
![]() |
20 შუვალოვი - მინიგარქიდან ოლიგარქამდე |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო
კორუფცია რუსეთში
ავთო ქორიძე
„შუვალოვი ქურდი“ - ამ ჰეშტაგით გაავრცელა რუსმა ბლოგერმა და აქტივისტმა, ალექსეი ნავალნიმ, სოციალურ ქსელ Twitter-ზე რუსეთის ვიცეპრემიერის, იგორ შუვალოვის კორუფციაში მამხილებელი საბუთები. ბლოგერის თქმით, მის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტები აჩვენებს, რომ რუსეთის ვიცეპრემიერის მფლობელობაში მყოფი ოფშორული კომპანია კორუფციული გარიგებების საშუალებით ათეულობით მილიონ დოლარს იღებდა კომპანიებისგან, რომლებიც, ბლოგერისვე მტკიცებით, რუს მილიარდერებს - რომან აბრამოვიჩს და ალიშერ უსმანოვს ეკუთვნით.
იგორ შუვალოვი
ოფიციალური დეკლარაციის მიხედვით, 2001-2008 წლებში შუვალოვის მეუღლის შემოსავალი 48 მილიონი დოლარი იყო. წყვილი ოფიციალურად ფლობს უძრავ ქონებას რუსეთში, ავსტრიაში, გაერთიანებულ სამეფოსა და ევროპის სხვა ქვეყნებში.
ალექსეი ნავალნი
შუვალოვი მთავრობაში ბიზნესიდან მოვიდა. 1990-იან წლებში ის იურიდიულ კომპანია АЛМ-ში მუშაობდა. კომპანიის სახელი ცნობილი ბიზნესმენის, ალექსანდრ ლეონიდის ძე მამუტის ინიციალებია. მამუტი მაშინდელ რუსეთის პრეზიდენტთან, ელცინთან დაახლოებული პირი იყო, შუვალოვი კი მამუტთან მეგობრობდა, რაც მშვენივრად გამოიყენა იმ ელიტაში მოსახვედრად, რომელმაც 90-იან წლებში რუსეთის რესურსები დაინაწილა. АЛМ-ის შემდეგ შუვალოვმა ოლეგ ბოიკოსთან ერთად ბიზნესი წამოიწყო. იმავე პერიოდში დაუახლოვდა რომან აბრამოვიჩსაც. ამ ურთიერთობის შედეგად, შუვალოვმა კომპანია Cибнефть-ის პრივატიზაციით რამდენიმე მილიონი დოლარი და კომპანიის წილზე 0.5%25-იანი ოპცია მიიღო.
2003 წელს შუვალოვი ეკონომიკის საკითხებში პუტინის მრჩევლად დაინიშნა. მაშინ მას უკვე ჰქონდა 18 მილიონი დოლარი. შუვალოვის დანიშვნის შემდეგ ცოტა ხანში, რუსეთის უძრავი ქონების ფედერალურმა ფონდმა გამოაცხადა კომპანია Cибнефть-ის (რომლის აქციებზე ოპციასაც შუვალოვი ფლობდა) 20%25-ის პრივატიზაციის შესახებ.
მოგვიანებით, 2004 წელს, შუვალოვის მეუღლის მფლობელობაში ოფშორზე დარეგისტრირებულმა კომპანია Sevenkey-მ რუსეთის სახელმწიფო კომპანია Газпром-ში 17.7 მილიონი დოლარის ოდენობის აქციები შეიძინა. ბრალდების თანახმად, შუვალოვმა Газпром-ის აქციების საჯაროდ გაყიდვამდე იყიდა კომპანიის დიდი წილი, რადგან ფლობდა შიდა ინფორმაციას, რომ კომპანიის პრივატიზაცია მოხდებოდა და მის აქციებზე ფასი გაიზრდებოდა.
Газпром-ის შესაძენად თანხა Sevenkey-მ ამსტერდამის სავაჭრო ბანკის, Альфа-Банк-ის პარტნიორისგან მიიღო, რომლის მფლობელიც რუსი ოლიგარქი მიხაილ ფრიდმანია. Barrons'-ის გათვლების მიხედვით, ამ გარიგებამ შუვალოვს დაახლოებით 20 მილიარდ დოლარამდე მოუტანა. მოგვიანებით, იმავე ბანკის დახმარებით, შუვალოვმა სახელმწიფო ბანკების, VEB-ისა და Сбербанк-ის აქციები შეიძინა.
შუვალოვის Sevenkey-მ კომპანია Corus-ში 49.5-მილიონიანი ინვესტიცია განახორციელა მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელის მფლობელი, რუსი მილიარდერი უსმანოვი შუვალოვთან თანხის სათხოვნელად მივიდა. ჟურნალ Barrons'-ის გამოძიების მიხედვით, თანხა, რომელიც უსმანოვმა შუვალოვს სთხოვა, Corus-ში ინვესტიციამდე რამდენიმე კვირით ადრე Sevenkey-ის ცარიელ ანგარიშზე დაჯდა. გარიგების თანახმად, შუვალოვს 5%25-იანი მოგება უნდა დარჩენოდა, თუმცა პირველი წლის ბოლოს, 2007-ში, შუვალოვის მოგებამ კომპანიის მთლიანი მოგების 40%25-ს გადააჭარბა.
Corus-ის გარიგების გამოკვლევა რუსმა სამართალდამცავებმა მას შემდეგ დაიწყეს, რაც კორუფციული შეთანხმების შესახებ ინფორმაცია ჟურნალმა Barrons'-მა გაავრცელა. თუმცა Financial Times-ის ვერსიით, გამოძიებამ დაასკვნა, რომ გარიგებისას არცერთი კანონი არ დარღვეულა.
მთავრობისა და ბიზნესების კონსულტანტმა კორუფციის საკითხებში, გეორგი სატაროვმა Wall Street Journal-ს განუცხადა, რომ ამ შემთხვევამ კიდევ ერთხელ გამოააშკარავა რუსეთის მთავარი პრობლემა - „ზღვარი ბიზნესსა და მთავრობას შორის არ არსებობს“.
კორუფცია რუსეთის ურბანული საშუალო კლასის გაღიზიანების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ქუჩაში გამოსული დემონსტრანტები რუსეთის მთავრობას ბიზნესებთან კორუფციულ გარიგებებში ადანაშაულებდნენ.
![]() |
21 საქართველო და მსოფლიო ტურიზმის ბაზარი |
▲ზევით დაბრუნება |
ბიზნესი
რეიტინგი
ელენე კვანჭილაშვილი, მაკა გამცემლიძე
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ტურიზმის კონკურენტუნარიანობის უახლეს ინდექსში საქართველო მსოფლიოს 139 ქვეყანას შორის 73-ე, ხოლო ევროპის 42 ქვეყანას შორის - 36-ე ადგილზეა. საქართველოს ძლიერი მხარეა ტურიზმის სექტორის მართვა. კვლევის მიხედვით ეს ნიშნავს, რომ ქვეყნისთვის განსაკუთრებით პრიორიტეტულია ჯანმრთელობის, ჰიგიენისა და ზოგადად, ტურიზმის სფეროები. საქართველოს სუსტი მხარე კი ტურისტული ინფრასტრუქტურაა. ყველაზე მეტ პრობლემას ამ კუთხით საჰაერო ტრანსპორტი ქმნის.
ტურისტების გლობალური დინამიკა
(%25, 2011 წელი)
წყარო: ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაცია (UNWTO)
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის შეფასებით, 2009 წლიდან 2011 წლის დასაწყისამდე პერიოდი ტურიზმის სექტორისთვის მძიმე იყო. ამ წლებს დაემთხვა როგორც გლობალური ფინანსური კრიზისის ყველაზე მძიმე ფაზა, ისე მასშტაბური ბუნებრივი კატასტროფები - დიდთოვლობა, ისლანდიური ვულკანი თუ ცუნამი იაპონიაში.
ტურისტებისთვის მიმზიდველი ტრანსპორტი
2009-2010 წლებთან შედარებით, 2011 წელს მსოფლიოში ტურისტების რაოდენობა უფრო ნელა გაიზარდა. ამ ზრდის უდიდესი წილი განვითარებად ქვეყნებზე მოდის. მათთვის ამ სექტორს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს: ქვეყანაში ტურიზმის და სერვისის განვითარება ხომ დასაქმების და ეროვნული შემოსავლის ზრდას უწყობს ხელს. ამდენად, ტურიზმის სექტორს სიღარიბის დაძლევის მხრივ დიდი პოტენციალი გააჩნია.
ტურიზმის კონკურენტუნარიანობის რეიტინგში პირველ ხუთადგილზე ევროპის ქვეყნები არიან: შვეიცარია, გერმანია, საფრანგეთი, ავსტრია და შვედეთი. თუ ქვეყანას სურს ამ რეიტინგში წამყვან პოზიციაზე მოხვდეს, ის მდიდარი უნდა იყოს ბუნებრივი რესურსებით, აღიარებული უნდა იყოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, კარგად უნდა ჰქონდეს განვითარებული საჰაერო და სახმელეთო ინფრასტრუქტურა და კომუნიკაციის საშუალებები. ტურიზმის სექტორის მიმზიდველობას კარგად განვითარებული გასართობი და შემოქმედებითი ინდუსტრიაც ზრდის.
რეიტინგში წარმატების ეს ფორმულა საქართველოს და მისი უშუალო მეზობლების - სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი და თურქეთი - შედარების დროსაც მუშაობს. მთავარი კომპონენტი, რის მიხედვითაც საქართველო აზერბაიჯანს, თურქეთს და რუსეთს ჩამორჩება, სწორედ ბუნებრივი რესურსებია. სომხეთთან შედარებით კი, რომელსაც ჩვენ მსგავსად ბუნებრივი რესურსები არ აქვს, საქართველო რეიტინგში წინ არის.
მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, 2011 წელს ყველაზე მეტი - 503 მილიონი ტურისტი, ანუ მთელი რაოდენობის 51%25 - ევროპაში ჩავიდა, ხოლო ყველაზე ცოტა - 50 მილიონი, ანუ მთელი რაოდენობის 5%25 - აფრიკაში. ტურიზმის სექტორზე მსოფლიო მშპ-ს და ინვესტიციების 9.2%25, ხოლო ექსპორტის 4.8%25 მოდის.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2011 წელს საქართველოში სულ 2.8 მილიონი ტურისტი ჩამოვიდა.
ტურიზმის კონკურენტუნარიანობის ინდექსი-2011
ინდექსი სამ ძირითად კომპონენტს ზომავს: ტურიზმის რეგულირება, ტურისტული გარემო და ინფრასტრუქტურა და ადამიანური, კულტურული, ბუნებრივი რესურსები. ეს კომპონენტები 14 ქვეკომპონენტად იშლება - ტურისტული კანონმდებლობა, გარემოს მდგრადობა, უსაფრთხოება, ჯანდაცვა და ჰიგიენა, ტურიზმის სექტორის პრიორიტეტულობა, საჰაერო, სახმელეთო, ტურისტული და საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა, ფასი, ადამიანური რესურსი, განათლება და ტრენინგი, ხელმისაწვდომი და კვალიფიციური მუშახელი, ბუნებრივი და კულტურული რესურსები.
ტურისტული პრიორიტეტები საქართველოში
საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2011 წელს ტუისტების ყველაზე დიდი რაოდენობა თბილიში, ხოლო ყველაზე მცირე - გორში, ურეკსა და სიღნაღში ჩავიდა. ტურიტები ქვეყანას ძირითადად შვებულების გასატარებლად ან დასვენებისთვის სტუმრობენ. ყველაზე ხშირად ქართულ კერძებს და ღვინოს აგემოვნებენ, საქართველოს ბუნებას და ღირსშესანიშნაობებს ათვალიერებენ და შოპინგზე და დიან. მგზავრობისთვის ყველაზე მოსახერხებელი ტრანსპორტი ავტობუსი, მიკროავტობუსი ან საკუთარი ავტომობილია. საჰაერო ტრანსპორტით სარგებლობის შემთხვევაში, ტურისტები უცხოურ ავიახაზებს ანიჭებენ უპირატესობას. მათი შედარებით მცირე რაოდენობა იახტით, გემით და ბორნითაც მოგზაურობს. ტურისტების უდიდესი ნაწილი საქართველოში 1 დღით ჩამოდის.
![]() |
22 ბათუმის ფორტო-ფრანკოს გაუქმების შესახებ |
▲ზევით დაბრუნება |
არქივი
თუ თვალს გადავავლებთ ივერიის ფურცლებს, აუცილებლად მოგვხვდება თვალში არაერთი სტატია ევროპის ქვეყნების შიდა პოლიტიკისა თუ ეკონომიკის შესახებ. ილია, როგორც თავისი დროის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ლიბერალი, მხარს ყოველთვის უჭერდა თავისუფალ გაცვლასა და „ფრიტრედერობას“. ის ყოველთვის იდგა ლიბერალური საბაზრო პოლიტიკის მხარეს. ილიას მთავარი მოთხოვნა სამართლიანობა იყო. მას არ მოსწონდა და ღიად აკრიტიკებდა, როცა რომელიმე ეკონომიკური რეგულაცია მხოლოდ ერთ მხარეს აძლევდა მოგებას. ეს სტატია ამის კარგი მაგალითია. ალექსანდრე მელაძე ეკონომისტი
ჩვენს გაზეთში ამას წინად კორესპონდენცია იყო დაბეჭდილი ბათუმიდან და აღწერილი იყო სხვადასხვა შევიწროება საბაჟოს მოხელეთაგან. რასაკვირველია, ბევრი რამ ამისთანა თვით კანონის მიერ მიჩნეულ წესების ბრალი იყო, ხოლო ზოგი თვით მოხელეებისა. ბათუმის საბაჟოგამგეობა ცოტა არ იყოს დაგვემდურა ამ კორესპონდენციის გამო და ჩვენს კორესპონდენტსაც ტყუილი შესწამა. არ გასულა ამის შემდეგ ერთი-ორი კვირა და ახლა მოსკოვის გაზეთში დაიბეჭდა კორესპონდენცია იმავე საგანზედ და ამით სიმართლე ჩვენის კორესპონდენტისა თითქმის სიტყვა-სიტყვით დამტკიცდა. ეხლა ხომ თვითონ მთავრობამაც გამოაცხადა, რომ ეგ შევიწორებანი მართლაც არსებობდა და სხვათაშორის იგინიც შეიქმნენ მიზეზად, რომ დღეს მთავრობამ საჭიროდ დაინახა - ეგრეთწოდებული ფორტო-ფრანკო მოსპოს სამუდამოდ ბათუმში. დეპეშამ 27-ის ივნისიდამ გვამცნობა ეს ამბავი და დღეს ისევ „ფორტო-ფრანკოს“ გაუქმება უკვე ყოფილი და მომხდარი ამბავია. ინგლისური გაზეთი „times“ გულამღვრეულად ლაპარაკობს ბათუმის ფორტო-ფრანკოს გაუქმებაზედ და იქადის, რომ ინგლისიც თავის მხრით სამაგიეროს გადიხდის, შეჰკრავსო ოსმალეთის წყლების სრუტეებს საომარი ხომალდებისათვის.
ჩვენ რომ ჩვენის საკუთარის ქვეყნის ინტერესებით შევხედოთ გაუქმების საქმეს, შეგვიძლია ვსთქვათ, რომ არც ფორტო-ფრანკოს ყოფნას მოჰქონდა ჩვენთვის სარგებლობა და არც მისი არყოფნა ზარალს მოგვიტანს. რა იყო ის ფორტო-ფრანკო? ვისთვის იყო? ბათუმში შეეძლოთ უბაჟოდ შემოტანა საქონლისა და გადატანა კი უბაჟოდ არ შეიძლებოდა. ვისთვის რა ხეირი იყო? ორიოდე ვაჭრისათვის და თვით ბათუმში მცხოვრებთათვის, სხვას არავის აქედან არც რგება ჰქონდა არც გამორჩომა.
რაც შეეხება პოლიტიკას ამაზედ კი ვიტყვით, რომ ეგ თვალად ყოვლად უმნიშვნელო ამბავი ფორტო-ფრანკოს გაუქმებისა ცოტად თუ ბევრად შეამღვრევს პოლიტიკის წმინდა წყალსა და არა გვგონიან კი, რომ დიდი რამ გამოიწვიოს. პოლიტიკა ცოტად ოდნაც აპილპილდება ჩალასავით და ჩალასავიდვე უმალ ჩაქრება. კბილჩასაკიდებელ საქმედ კი გადაიქცა, თუ გლადსტონი სამინისტროდამ გადადგა და სალუსბერიმ დაიჭირა მისი ადგილი. როგორღაც ვერ მოსდის დუშაში სახელოვანს გლადსტონს. დეპეშეპი არჩევანის თაობაზედ მეტად ცუდ ამბებს მოეზიდებიან და ესეც ხომ ვიცით, რომ არჩევანზეა დამოკიდებული გლადსტონის სამინისტროს დღეგრძელობა.
ილია ჭავჭავაძე
ტფილისი, 30 ივნისი, 1886 წელი
![]() |
23 უკრაინის სტადიონები |
▲ზევით დაბრუნება |
სპორტი|ევრო 2012
ლაშა გოდუაძე
კიევის ოლიმპიური სტადიონი 1 ივლისს ევრო 2012-ის ფინალს უმასპინძლებს
ტაბულამ უკვე გაგაცნოთ ევროპის წლევანდელი ჩემპიონატის ერთ-ერთი თანამასპინძლის, პოლონეთის სტადიონები.
დღეს უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის მიერ კონტინენტის პირველობისთვის შერჩეულ ოთხ არენას წარმოგიდგენთ - პოლონეთის დარად, ევრო 2012-ის მატჩები უკრაინაშიც ოთხი ქალაქის ამდენივე სარბიელზე გაიმართება.
2011 წლის 9 ოქტომბერს უკრაინის ნაკრებმა კიევში ევროპის 2008 წლის პირველობის ფინალისტს გერმანიას უმასპინძლა. თამაში ფრედ 3:3 დასრულდა, საფეხბურთო ასპარეზობას კი წინ უძღოდა კოლუმბიელი პოპვარსკვლავის შაკირას კონცერტი.
ძლიერ მეტოქესთან სპარინგი და ულამაზესი შოუ ევრო 2012-ის მთავარი სარბიელის, კიევის ოლიმპიური სტადიონის გახსნას მიეძღვნა.
არენა, რომელიც მოსკოვის ლუჟნიკის შემდეგ სიდიდით მეორეა აღმოსავლეთ ევროპაში, 1923 წელს აიგო. თავდაპირველად ის ლევ ტროცკის სახელობის იყო, თუმცა მას შემდეგ არაერთი სახელწოდება გამოიცვალა - პოლიტიკური ცვლილებები დასახელებაში ყოველთვის ზუსტად აისახებოდა. მაგალითად, 1944-1962 წლებში სარბიელი ნიკიტა ხრუშჩოვის სახელსაც ატარებდა...
სტადიონს ოლიმპიური 1996 წელს ეწოდა და 2008 წლამდე უკრაინის თასის ფინალებს მასპინძლობდა, თუმცა შემდეგ სრული რეკონსტრუქციისთვის დაიხურა. სამუშაოების დაწყების პირველ თვეებში მშენებლები რამდენჯერმე გაიფიცნენ ხელფასების დაგვიანების გამო - ამ და სხვა პრობლემების მოგვარების მიზნით, უეფას სპეციალური კომისია სამჯერ ესტუმრა კიევს ფედერაციის მაღალჩინოსნების გასაფრთხილებლად.
დღეს სტადიონის ოფიციალური სახელწოდებაა „ეროვნული სპორტული კომპლექსი ოლიმპიისკი“. რეკონსტრუქციის შემდეგ თავიდან აშენდა დასავლეთი ტრიბუნა, ორ სართულად მოეწყო პრესცენტრი და, რაც მთავარია, სტადიონი ხელახლა გადაიხურა - დღეს ტრიბუნები მთლიანად დაცულია წვიმისგან. ოფიციალური ტევადობა 70050-ია, თუმცა ჩემპიონატის დღეებში მხოლოდ 65720 ბილეთი გაიყიდება.
ოლიმპიური სტადიონი ტურნირის ყველაზე მნიშვნელოვან შეხვედრას უმასპინძლებს: 1 ივლისს ევრო 2012-ის გამარჯვებული გამოვლინდება. ამას გარდა, იქვე გაიმართება D ჯგუფის სამი მატჩი: უკრაინა-შვედეთი, შვედეთი-ინგლისი და შვედეთი-საფრანგეთი, ასევე მეოთხედფინალი D ჯგუფის გამარჯვებულსა და C ჯგუფის მეორეადგილოსანს შორის.
ოლიმპიური სტადიონის დარად, ასევე ხუთი მატჩი გაიმართება დონეცკში, დონბას არენაზე: D ჯგუფის სამი თამაში - 11 ივნისს საფრანგეთი-ინგლისი, 15 ივნისს უკრაინა-საფრანგეთი, 19 ივნისს კი ინგლისი-უკრაინა. 23 ივნისს აქვე შედგება მეოთხედფინალი C ჯგუფის გამარჯვებულსა და D ჯგუფის მეორეადგილოსანს შორის, ხოლო 27 ივნისს პირველი ფინალისტი გამოვლინდება. დონბას არენა გახდება ყველაზე აღმოსავლეთით მდებარე სტადიონი, სადაც ევროპირველობის ფინალური ეტაპის მატჩი გაიმართება.
დონბას არენა
დონბას არენა უკრაინის ბოლოს წლების უძლიერესი კლუბის დონეცკის შახტარის საკუთრებაა. ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო არენის ოფიციალური ტევადობა 51504-ია, მაგრამ ტურნირის დღეებში მხოლოდ 50055 ბილეთი გაიყიდება.
სარბიელის მშენებლობა 2006 წელს დაიწყო თურქული კომპანია ENKA-ს მიერ, დიზაინი კი ArupSport-მა შეიმუშავა, რომელმაც მანამდე მიუნხენის ალიანც არენა, მანჩესტერის სითი ოფ მანჩესტერი და პეკინის ეროვნული სტადიონები დააპროექტა.
თავდაპირველი ბიუჯეტი 250 მილიონი დოლარით განისაზღვრა, დამატებით 30 მილიონი შენობის გარშემო რეკრეაციული ზონის მოწყობისთვის გამოიყო, საბოლოო ჯამში კი თითქმის ნახევარი მილიარდი დოლარი დაიხარჯა.
ხარკოვის მეტალისტი
სტადიონი 2009 წლის 29 აგვისტოს ოფიციალურად გაიხსნა: საზეიმო ცერემონიალი პოპვარსკვლავმა ბიონსემ დაამშვენა, რომელმაც ერთ-ერთი სიმღერა მაიკლ ჯეკსონის ხსოვნას მიუძღვნა. 2010 წლის 18 ივნისს, ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში, დონბას არენას სპეციალური პრიზი - წლის წვეულება - გადაეცა უმაღლეს დონეზე ორგანიზებული საზეიმო შოუსთვის.
ლვოვის არენა
ხარკოვის მეტალისტის სტადიონი B ჯგუფში ჰოლანდიის ნაკრების სამ თამაშს უმასპინძლებს: 9 ივნისს ნარინჯისფერები დანიელებს დაუპირისპირდებიან, 13 ივნისს მორიგ ევროკლასიკას ვიხილავთ ჰოლანდია-გერმანიის სახით, მესამე ტურში კი ბერტ ვან მაარვიკის გუნდის მეტოქე პორტუგალია იქნება.
სტადიონის მშენებლობა 1925 წელს დაიწყო საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი ლიდერის ანასტას მიქოიანის უშუალო მითითებით, 1926 წელს კი, როცა გაიხსნა, ტრაქტორი ეწოდა. 1940 წელს სახელი შეეცვალა - ქვეყნის უშიშროების კომიტეტის შეფის ფელიქს ძერჟინსკის პატივსაცემად, ძერჟინეცი დაარქვეს. 1967 წელს სარბიელმა მესამედ და უკანასკნელად იცვალა სახელი - მეტალისტი გახდა, ტევადობამ კი ათი ათას მიაღწია.
მას შემდეგ, რაც არენას ევრო 2012-ის მატჩების მასპინძლობა დაევალა, ყველაზე დიდი რეკონსტრუქცია ჩატარდა: თითქმის თავიდან აშენდა სამხრეთი და აღმოსავლეთი ტრიბუნები, გამოიცვალა მინდვრის საფარი, სრულად შეიცვალა განათება და გაუმჯობესდა გადახურვა. გახსნის საზეიმო ცერემონიალი 2009 წლის 5 დეკემბერს შედგა - იმ დღეს მეტალისტის პრეზიდენტმა ალექსანდრ იაროსლავსკიმ 50 წლის იუბილე იზეიმა.
დღეს შენობის სამხრეთ ტრიბუნის ქვეშ სამსართულიანი სავაჭრო ცენტრი მეტალისტ-არენაა, კეთილმოწყობილი ოფისები კი სხვადასხვა კომპანიებზეა გაქირავებული.
ლვოვის არენა ევრო 2012-ის მასპინძელი სტადიონებიდან ყველაზე პატარაა - მხოლოდ 34915 ქომაგის მიღება შეუძლია. პროექტი ავსტრიელი ალბერტ ვიმერის კომპანია ZT-მ და უკრაინულმა არნიკამ შეიმუშავეს, სარეკონსტრუქციო სამუშაოების მთლიანმა ღირებულებამ კი 287 მილიონი დოლარი შეადგინა.
გახსნის საზეიმო ცერემონიალი 2011 წლის 15 ნოემბერს გაიმართა: ქალაქის ისტორიისადმი მიძღვნილი თეატრალური წარმოდგენის შემდეგ, უკრაინის ნაკრებმა ავსტრიას 2:1 სძლია. პირველი გოლი ლვოვის არენაზე კიევის დინამოს ფორვარდმა არტემ მილევსკიმ მე-16 წუთზე შეაგდო.
სტადიონი, რომელიც 1593-ადგილიან ვიპ-ლოჟას, 640 ჟურნალისტზე გათვლილ პრესცენტრს, რამდენიმე რესტორანს და სავარჯიშო დარბაზს მოიცავს, B ჯგუფის სამ შეხვედრას უმასპინძლებს: 9 ივნისს გერმანია-პორტუგალია გაიმართება, 13 ივნისს დანია-პორტუგალია, 17 ივნისს კი დანია-გერმანია.
ქალაქის მერის ანდრეი სადოვის განცხადებით, ჯერჯერობით სტადიონის სახელწოდება არენა იქნება, თუმცა ევროჩემპიონატის დაწყებამდე მოეწყობა აუქციონი, სადაც სარბიელის სახელი გაიყიდება. უკრაინის პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ლვოვის მერია სახელის გაყიდვას წელიწადში თითქმის ორი მილიონი დოლარის სანაცვლოდ გეგმავს.
დღესდღეობით არენაზე ქალაქის საუკეთესო კლუბი კარპატი თამაშობს, რომელიც სტადიონ უკრაინასაც ფლობს.
![]() |
24 როკენროლ ფეხბურთი |
▲ზევით დაბრუნება |
სპორტი
გიორგი ფირცხელანი
პოლ გასკოინი
სამოციანების სტატიკურმა ფეხბურთმა, მომდევნო დეკადაში ტრანსფორმაცია განიცადა - დაცვაზე ორიენტირება მოდაში აღარ არის, დაცვა სიმახინჯედ ითვლება, უკან ნორმან ჰანტერისნაირი ტიპები თამაშობენ. ეს ის პერიოდია, როდესაც ჯონ ლაიდონმა ანარქია მოაწყო, სტრამერმა ქლეში შეკრა, შონ კონერი ბონდიდან წავიდა, დადლი მურმა და პიტერ კუკმა BBC-ის ცენზურა დაამხეს. მოკლედ, 70-იანებია. ამ ეპოქას ფეხბურთელებიც თავისებური ჰყავდა, უფრო სწორად, ფეხბურთელთა პატარა სეგმენტი, რომელიც თეტჩერის მმართველობის საწყის წლებში, ინგლისში არსებულმა დეპრესიულმა ფონმა შთანთქა.
სწორედ მაშინ შეიქმნა გარკვეული ფენა, როკენროლა ფეხბურთელები: ძირითადად შემტევი ნახევარმცველები, ბრიტანული ფეხბურთის ფოლკლორში ჩაძირული ხალხი, აზარტული თამაშები, ალკოჰოლი, გრძელი თმა, ელვის პრესლის იმიჯი, იაგუარი, იღლიაში გაჩრილი მის მსოფლიო, მოზღვავებული ტალანტი და ფეხბურთისადმი არასერიოზული დამოკიდებულება. ტონი კური, როდნი მარში, ჩარლი ჯორჯი, სტენ ბოულსი, რობინ ფრაიდეი, დანკან მაკენზი, პიტერ ოზგუდი, ფრენკ უორტინგტონი და რაღა თქმა უნდა, ჯორჯ ბესტი სწორედ იმ თაობის წარმომადგენლები არიან, რომლებიც მწვრთნელებს უყვარდათ, მაგრამ არ ენდობოდნენ.
სტენ ბოულსი, მანჩესტერის ჯურღმულებში გაზრდილი ბიჭი, ფეხბურთს მხოლოდ კარგი ხელფასის გამო თამაშობდა. 1975-76 წლების უეფას თასის ბომბარდირი, თავისი ეპოქის ერთ-ერთი საუკეთესო შემტევი ნახევარმცველი და, ამავდროულად, საშინელი გემბლერი. ერთხელ, ბოულსი ინგლისის ნაკრების თამაშზე არ გამოცხადდა, რადგან ძაღლების დოღზე ფსონის დადებით იყო დაკავებული. მეორედ ჰამბურგის დელეგაცია ბოულსთან კონტრაქტის გასაფორმებლად ჩავიდა ლონდონში. სტენი, სასტუმროში დათქმულ შეხვედრაზე არ მივიდა, მიზეზი ისევ ძაღლების დოღი იყო. გერმანელებმა კევინ კიგანთან გააფორმეს ხელშეკრულება.
დონ რივის ნაკრებში (ყველაზე ცუდი ინგლისის ნაკრები), ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია, მოგების შემთხვევაში თითოეულ ფეხბურთელს 200 გირვანქას უხდიდა მეტი მოტივაციისათვის. ლივერპულის და ინგლისის ნაკრების ლეგენდარული კაპიტანი, ემილინ ჰიუზი გასახდელში წამოხტა - მე გულზე რომ მახატია, აი ამ სამი ლომისთვის მოვდივარ აქ სათამაშოდ და არა ფულისთვისო. „კი ბატონო, სამი ლომისთვის ითამაშე, შენს 200 გირვანქას მე ავიღებ”, - სტენ ბოულსი.
1974 წლის ჩარიტი შილდზე დანკან მაკენზი ძირითად შემადგენლობაში ვერ მოხვდა. იქვე ტრიბუნასთან, მინი კუპერი იდგა და მაკენზი მას რამდენჯერმე გადაახტა. 70,000 მაყურებელი მისი ხტუნაობით უფრო იყო გართული, ვიდრე მიმდინარე მატჩით. არსენალის ლეგენდამ, ჩარლი ჯორმა ალფ რამსის შეაგინა (რამდენიმე წლის შემდეგ, ბრაიან კლაფსაც აგინა), რის გამოც ნაკრებში ადგილი დაკარგა. ფრენკ უორტინგტონს, 1978-79 წლების სეზონის ტოპ დივიზიონის ბომბარდირს და მაჩოს, სწამდა, რომ ელვისი იყო.
რობინ ფრაიდეის პროფესიულმა ფეხბურთმა სულ 3 წელიწადს გასტანა. ეს იყო 3 ფენომენალური სეზონი. ითამაშა რედინგში და ერთი სეზონი კარდიფში. კარიერა 25 წლისამ დაასრულა, რადგან უბრალოდ მობეზრდა ფეხბურთის თამაში. დაბრუნდა ლონდონში და ასფალტის დამგებად დაიწყო მუშაობა. ამ დროს მიუვიდა პეტიცია, რომელსაც 3,000 გულშემატკივარი აწერდა ხელს. ითხოვდნენ, რომ ფეხბურთს დაბრუნებოდა, რაზეც ფრაიდეიმ უარი განაცხადა. 1990 წელს, საკუთარ ბინაში, ჰეროინის დიდი დოზის შედეგად მიღებული გულის შეტევით გარდაიცვალა. დღემდე კარდიფის ერთ-ერთ საუკეთესო და რედინგის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად ითვლება. 1997 წელს ოაზისის ბასისტმა პოლ მაკგიგანმა და ჟურნალისტმა პაოლო ჰევიტმა დაწერეს ფრაიდეის ბიოგრაფია - „უდიდესი ფეხბურთელი, რომელიც თქვენ არ გინახავთ“.
„მე არ ვარ თეთრი პელე, ის არის შავი როდნი მარში“ - როდნი მარში. ჯორჯ ბესტის უახლოესი ძმაკაცი, ჩრდილო ამერიკის ლიგის და ინგლისური ფეხბურთის ლეგენდა. სწორედ ჩრდილო ამერიკის ლიგაში, ტამპა ბეიში თამაშისას შეარქვეს მას „თეთრი პელე“. მაშინ ფეხბურთის მეფეც ჩრდილო ამერიკის ლიგაში (დღეს MLS) თამაშობდა.
2006 წელს ჩელსის რიგითი საშინაო შეხვედრისას, გულშემატკივრებს გამოფენილი ჰქონდათ ბანერი, წარწერით Peter Osgood - The King of Stamford Bridge. ერთ-ერთმა ქართველმა კომენტატორმა, ეს წარწერა შემდეგნაირად ახსნა: „ეს პიტერ ოზგუდი, ალბათ ჩელსის ფანკლუბის ლიდერი გახლავთ“. პიტერ ოზგუდი ჩელსისთვის იგივეა, რაც მანჩესტერისთვის ბობი ჩარლტონი და ბარსასთვის კრუიფი. მისი ფერფლი სტემფორდ ბრიჯზე, შიდ ენდის მხარეს, საპენალტო ნიშნულის ქვეშ არის დამარხული.
როდნი მარში
არამარტო ბრიტანეთში, კონტინენტზეც უკრავდნენ როკ-ენ-როლს. მაგალითად, კომოელი ბესტი, ტურინის საკულტო გმირი, ლუიჯი „ჯიჯი“ მერონი. 1966 წლის მსოფლიოზე, მწვრთნელმა მას თმის შეჭრა მოსთხოვა. ჯიჯიმ არ შეიჭრა და კორეელებთან მატჩი გამოტოვა. იტალია ჯგუფში ჩარჩა. ფეხბურთთან ერთად, ავტოპორტრეტებს ხატავდა, საუკეთესო ფორმაში მყოფ ფაკეტის და მთლიანად ერერას დაცვით მექანიზმს არღვევდა. 24 წლის იყო, ფორმის პიკს უახლოვებოდა, როდესაც ტურინში გზაზე გადასვლისას მანქანამ დაარტყა. ადგილზე გარდაიცვალა. მისი საფლავის დარბევა, დერბი დელა მოლეს (ტურინული დერბი: იუვენტუსი - ტორინო) ერთ-ერთი ყველაზე მძაფრი ამბავია.
სტენ ბოულსი
ჯორჯ ბესტის გარდა, როკ-ენ-როლ ფეხბურთელს, ინგლისური ფეხბურთის დიდების დარბაზში ვერ შეხვდებით. გარეტ ბერის უფრო მეტი შეხვედრა აქვს ინგლისის ნაკრებში ჩატარებული, ვიდრე ყველა როკ-ენ-როლას ერთად. ფილ ნევილს უფრო მეტი ტიტული აქვს მოგებული, ვიდრე ყველა მათგანს ერთად.
ჯიჯი მერონი
1981 წლის ინგლისის არეულობებმა, ფოკლენდმა, ნაციონალური ფრონტის გამოსვლებმა, ხულიგანიზმმა, ეიზელმა, ჰილსბრომ, ტეილორის მოხსენებამ, ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ინგლისურ ფეხბურთზე. მოედნებზე თანდათან მცირდებოდა ფხიზელი ფეხბურთელების რაოდენობა, ყველა კონტინენტზე გარბოდა. გაქრნენ გრძელთმიანი, მხიარული და გემბლერი ტიპები.
დარჩა გაზა.
პრემიერლიგის დაარსებამ, ნელ-ნელა ყველა გამოაფხიზლა. 90-იან წლებში ინგლისური ფეხბურთი მაგარ სმოკინგში გამოწყობილ, ცხოვრებისკენ მობრუნებულ ბომჟს ჰგავდა, დახეთქილი ტუჩებით და გასახვევი თამბაქოსგან გაყვითლებული ულვაშებით. დღეს იქ მთვრალს ვერავის ნახავთ. დიდების დარბაზს უფრო მეტი პოტენციური კანდიდატი ჰყავს, ნაკრების კეპიც ყველას ახურავს. თანამედროვე ფეხბურთის მთელი რომანტიკა, ტვიტერზე, ჯო ბარტონის სტატუსებში იყრის თავს.
ჩარლი ჯორჯი დღეს ემირეიტს სტედიუმზე გიდად მუშაობს, როდნი მარში უძრავი ქონების სააგენტოს მართავს ფლორიდაში, დანკან მაკენზის მზა პროდუქტების მაღაზია აქვს ლივერპულში, სტენ ბოულსი ნოტინგემში ცხოვრობს და ძაღლების დოღის ხშირი სტუმარია.
გაქრა ფეხბურთიდან ჯო სტრამერის და სიდ ვიშესის თაობა. მათ არაფერი მოუგიათ, მუნდიალზე არ უთამაშიათ, მათ გვარებს კიგანის, შენონის და ლინეკერის გვერდით ვერ მოისმენთ. მაგრამ ისინი ყველას ახსოვს. არსენალის ლეგენდა პიტერ სტორი, ფეხბურთის თამაშთან ერთად, ფულის გაყალბებით, ავტომობილების გატაცებით და პორნოფილმების არალეგალური იმპორტით იყო დაკავებული - დიდების დარბაზის წევრია, აბა რა არის?
![]() |
25 საქართველო ევროპის ჩემპიონატზე! |
▲ზევით დაბრუნება |
სპორტი
ლაშა გოდუაძე
ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ©
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ევროპის წლევანდელ ჩემპიონატზე იასპარეზებს: ვასილ მაისურაძის გუნდმა ურთულესი ელიტ-რაუნდიდან მოახერხა ფინალური ეტაპის საგზურის მოპოვება.
პირველ ტურში ფრე ესპანეთთან - 1:1, ორი დღის შემდეგ ბოლო წამებზე მოპოვებული გამარჯვება ინგლისთან - 1:0, მესამე და ძალიან მნიშვნელოვან თამაშში კი კვლავ 1:0 უკრაინასთან.
საქართველოს ასაკობრივი ნაკრები ევროპირველობას ათწლიანი შესვენების შემდეგ უბრუნდება: მესამედ და ჯერჯერობით ბოლოჯერ ფინალურ ეტაპზე 17-წლამდელებმა 2002 წელს იასპარეზეს კობა ჟორჟიკაშვილის ხელმძღვანელობით.
თბილისის ელიტ-რაუნდში მაისურაძის გუნდმა სამი განსხვავებული შეხვედრა ჩაატარა. საბედნიეროდ, თამაშის ხარისხი ტურიდან ტურამდე უმჯობესდებოდა, რამაც საბოლოო ჯამში ნაკრებს ნანატრი საგზური მოუტანა.
ჩვენი გუნდის პირველი მეტოქე ესპანეთი იყო, ყველა ასაკობრივი ტურნირის ფავორიტი.
საქართველოს ნაკრები დასაწყისშივე დაწინაურდა - გოლი პენალტით გავიდა, მაგრამ ეს იყო და ეს: ტაიმის მიწურულიდან ესპანელები გააქტიურდნენ, ანგარიშიც გაათანაბრეს და გულახდილები რომ ვიყოთ, გამარჯვებასაც იმსახურებდნენ. ძელისთვის მორტყმული ბურთი, ძალიან სახიფათო იერიშები და მეკარე ალექსანდრე ადამიას თავგანწირული თამაში - მან გუნდი აშკარა გოლისგან ორჯერ იხსნა - ნამდვილად გვაძლევს ამის თქმის საფუძველს.
ჩვენი ბიჭების გაუბედავი მოქმედება და უხეში შეცდომები, პირველ რიგში, ფსიქოლოგიური მოუმზადებლობით უნდა აიხსნას. ამ ასაკში ფეხბურთელები იშვიათად ასპარეზობენ დიდ სტადიონებზე, მით უმეტეს ქართველი ყმაწვილები, რაც მწვრთნელმა აღნიშნა კიდეც. გასახარია, რომ ინგლისთან, განსაკუთრებით კი უკანასკნელ მატჩში უკრაინასთან, ბიჭები აღარ იყვნენ შებოჭილები და მათი თამაშიც შედარებით გააზრებული იყო.
ცნობისთვის: ეს გუნდები შარშანაც შეხვდნენ ერთმანეთს - ბაქოში, კასპიის თასზე. ისევე, როგორც ახლა, ერთი წლის წინანდელი პაექრობაც ფრედ 1:1 დასრულდა.
ესპანეთის შემდეგ ვასილ მაისურაძის გუნდი ინგლისმა გამოსცადა.
პირველ მატჩთან შედარებით აშკარად თამამი ასპარეზობა, ბრძოლა მოედნის თითოეულ მონაკვეთზე და ბურთის მოხდენილი გათამაშება მეორე ნახევარში - ეს ის დადებითი მომენტებია, რაც ბრიტანელებთან პაექრობაში დავინახეთ და რის წყალობითაც გუნდმა ასე საჭირო სამი ქულა მოიპოვა.
სწორედ ზემოთქმულით უნდა აიხსნას რამდენიმე ძალიან სახიფათო შეტევა, რომელიც, სამწუხაროდ, ინგლისელთა კარის დალაშქვრით ვერ დასრულდა. და რა თქმა უნდა, საგოლე იერიშიც, რომელმაც ჩვენი გუნდის ორი მთავარი ღირსება გააერთიანა: ბოლომდე ბრძოლა და გააზრებული კომბინაცია. გიორგი პაპუნაშვილის უძლიერესი დარტყმა, რასაც ულამაზესი გოლი და გამარჯვება მოჰყვა, თამაშის ლოგიკური დაგვირგვინება იყო.
იმავე დღეს ესპანეთმა კვლავ დაკარგა ქულები, უკრაინას ფრედ 2:2 ეთამაშა, რითაც მაისურაძის გუნდს მიზნის მიღწევა გაუიოლა - ახლა მხოლოდ ბიჭებზე იყო დამოკიდებული ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვება. მოიგებდნენ უკრაინასთან? სლოვენიის საგზური მათი გახდებოდა.
წელს ქართველი და უკრაინელი 17-წლამდელები ერთხელ უკვე შეხვდნენ ერთმანეთს: 27 იანვარს, ბელარუსის დედაქალაქ მინსკში გამართული საერთაშორისო ტურნირის გადამწყვეტი მატჩი მეტოქემ 2:0 მოიგო.
საბედნიეროდ, მაისურაძის გუნდმა საჭირო მომენტში აიღო რევანში - 1:0.
მიუხედავად იმისა, რომ დისკვალიფიკაციის გამო საქართველოს ნაკრებმა ძირითადის რამდენიმე მოთამაშე მოისაკლისა, განაცხადში კი 18-ის ნაცვლად მხოლოდ 15 მოთამაშე ჰყავდა, არ გადავაჭარბებთ თუ ვიტყვით, რომ ელიტ-რაუნდში საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა.
ჩვენთან პირველად ჩატარებული ელიტ-რაუნდი საქართველოს ასაკობრივმა ნაკრებმა პირველად მოიგო - 17-წლამდელები ამ წარმატებისკენ ორი წელი მიდიოდნენ და გასახარია, რომ მიზანს მიაღწიეს.
საქართველო ესპანეთი 1:1
„იმის ილუზია არ უნდა გვქონდეს, რომ ესპანეთსა და ინგლისზე წინ ვართ, თუმცა შრომით და მეცადინეობით შედეგის მიღწევა რომ შეიძლება, ყველამ დავინახეთ“, - განაცხადა უკრაინასთან მატჩის შემდეგ ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა.
ევროპის ჩემპიონატი სლოვენიაში 4 მაისს დაიწყება და 16 მაისს დასრულდება.
ფინალურ ეტაპზე ვასილ მაისურაძის გუნდი პირველ ჯგუფში იასპარეზებს საფრანგეთის, ისლანდიის და გერმანიის ნაკრებებთან ერთად. მეორე ჯგუფში ტურნირის მასპინძელ სლოვენიასთან ერთად ჰოლანდია, პოლონეთი და ბელგია მოხვდა.
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების ისტორია გერმანელებთან ხუთ პაექრობას ითვლის, რომელთაგან ბუნდესგუნდმა ოთხი მოიგო. ერთადერთი ფრე 2002 წელს, ევროპის ჩემპიონატზე დაფიქსირდა - 1:1.
რაც შეეხება ისლანდიას და საფრანგეთს, ამ გუნდებთან ქართველმა 17-წლამდელებმა თითო მატჩი გამართეს: კუნძულელებს 3:1 სძლიეს, ფრანგებთან კი 0:2 დამარცხდნენ.
ვასილ მაისურაძის 17-წლამდელთა გუნდი საქართველოს მეოთხე ასაკობრივი ნაკრებია, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს.
პირველები, ვინც ასეთ წარმატებას მიაღწიეს, რევაზ გაგუას 16-წლამდელები იყვნენ, რომლებმაც ევრო 97-ზე ითამაშეს. 1996 წლის ოქტომბერში გუნდმა ორი საკვალიფიკაციო შეხვედრა ჩაატარა საბერძნეთში - ფრე მასპინძლებთან (4:4) და გამარჯვება ბულგარეთთან (4:0), ჯგუფი მოიგო და გერმანიის საგზურიც მოიპოვა. ამ 8 გოლიდან ლაშა ჯაკობიამ 4 გაიტანა (ბერძნებთან ჰეთ-თრიქი შეასრულა), რამდენიმე წლის წინ ტრაგიკულად დაღუპულმა შალვა აფხაზავამ (კიევში, საწვრთნელ ბაზაზე გარდაცვლილი იპოვეს) კი - 3. ფინალურ ეტაპზე რევაზ გაგუას გუნდი, სამწუხაროდ, სამივე მატჩში დამარცხდა, ჩემპიონი კი ესპანეთი გახდა.
28 აპრილი, 1997. ევროპის U16 ჩემპიონატი. გერმანია, პოლცი, ცენტრალი. 3000
საქართველო 3:6 უნგრეთი
გოლები: ო.გველესიანი (2), ლ.ჯაკობია (22), ლ.ჯაკობია (27)
საქართველო: გ.სომხიშვილი, გ.ლოლაძე, ვ.კაკაშვილი, ე.საჯაია, პ.ჩახუნაიშვილი (გ.დეკანოსიძე 70), ზ.ხიზანიშვილი (მ.სოსელია 50), ლ.ბურდული, ო.გველესიანი, შ.აფხაზავა (ი.შენგელია 75), ლ.ჯაკობია, ა.რომანაძე
გაფრთხილება: პ.ჩახუნაიშვილი, ზ.ხიზანიშვილი
30 აპრილი, 1997. ევროპის U16 ჩემპიონატი.
გერმანია, ლიუბტვენი, ცენტრალი.
4200
საქართველო 3:5 იტალია
გოლები: ლ.ჯაკობია (8), გ.დეკანოსიძე (60), ო.გველესიანი (63)
საქართველო: გ.სომხიშვილი, გ.ლოლაძე, ვ.კაკაშვილი, ჯ.სიამაშვილი, პ.ჩახუნაიშვილი (ი.შენგელია 70), ე.საჯაია, ლ.ბურდული, ო.გველესიანი, შ.აფხაზავა (გ.დეკანოსიძე 50), ლ.ჯაკობია, ა.რომანაძე
გაფრთხილება: ე.საჯაია, პ.ჩახუნაიშვილი
2 მაისი, 1997. ევროპის U16 ჩემპიონატი.
გერმანია, ნოიკლოსტერი, ცენტრალი. 3200
საქართველო 1:5 ბელგია
გოლი: გ.დეკანოსიძე (42)
საქართველო: გ.კალანდია (გ.სომხიშვილი 10), ე.საჯაია, ვ.კაკაშვილი (მ.სოსელია 10), ჯ.სიამაშვილი, ო.გველესიანი, გ.ლოლაძე, ლ.ბურდული, გ.დეკანოსიძე, ზ.ხიზანიშვილი, ლ.ჯაკობია, ა.რომანაძე (ი.შენგელია)
გაფრთხილება: ჯ.სიამაშვილი
ორი წლის შემდეგ კონტინენტის პირველობაზე თამაშის უფლება ვახტანგ კოპალეიშვილის 18-წლამდელთა ნაკრებმა მოიპოვა. გუნდმა შესარჩევ ჯგუფში ბულგარეთს 2:1 სძლია, უნგრეთთან ფრედ 0:0 ითამაშა, ფლეი-ოფში კი, ორმატჩიან დუელში ჩეხეთი დაამარცხა - ოპავაში ფრე 2:2, ბათუმში კი 2:1. სხვათა შორის, ჩეხეთის იმ ნაკრებში ევრო 2004-ის საუკეთესო ბომბარდირი მილან ბაროში და ლონდონის არსენალის ერთ-ერთი ლიდერი ტომაშ როსიცკიც თამაშობდნენ...
ევროპის 1999 წლის პირველობას 18-წლამდელთა შორის შვედეთმა უმასპინძლა. კოპალეიშვილის გუნდმა ჯგუფში ერთადერთი ქულა მოიპოვა ირლანდიასთან, ორი მატჩი კი წააგო. კონტინენტის ჩემპიონი პორტუგალია გახდა.
19 ივლისი, 1999. ევროპის U18 ჩემპიონატი. შვედეთი, მუტალა, დროტსპარკი. 200
საქართველო 0:2 იტალია
საქართველო: ზ.ბათიაშვილი, ო.ხიზანეიშვილი, ზ.ხიზანიშვილი, ე.საჯაია, ი.დევიძე (ჯ.მუჯირი 46), ზ.მენთეშაშვილი, დ.დიღმელაშვილი, ო.გველესიანი, ლ.ნოზაძე (გ.მიქაძე 73), ლ.კორღალიძე (ლ.ბურდული 68), გ.იმედაძე
გაფრთხილება: ი.დევიძე
21 ივლისი, 1999. ევროპის U18 ჩემპიონატი. შვედეთი, ფინსპანგი, გროსვადი. 575
საქართველო 3:3 ირლანდია
გოლები: 1:1 ზ.მენთეშაშვილი (5), 2:1 ვ.გაგუა (55), 3:2 ვ.გაგუა (85)
საქართველო: ზ.ბათიაშვილი, ო.ხიზანეიშვილი, ზ.ხიზანიშვილი, ე.საჯაია, ვ.აბრამიძე, ზ.მენთეშაშვილი, დ.დიღმელაშვილი, ო.გველესიანი (ი.დევიძე 77), გ.მიქაძე (ლ.ნოზაძე 75), გ.იმედაძე (ლ.კორღალიძე 84), ვ.გაგუა
გაფრთხილება: ი.დევიძე
23 ივლისი, 1999. ევროპის U18 ჩემპიონატი. შვედეთი, ფინსპანგი, გროსვადი. 300
საქართველო 1:4 ესპანეთი
გოლი: 1:3 ვ.გაგუა (65, პენ.)
საქართველო: ზ.ბათიაშვილი, ო.ხიზანეიშვილი (ი.დევიძე 74), ზ.ხიზანიშვილი, ე.საჯაია, ვ.აბრამიძე, ზ.მენთეშაშვილი, დ.დიღმელაშვილი, ო.გველესიანი (ჯ.მუჯირი 35), გ.მიქაძე (რ.გოცირიძე 68), ვ.გაგუა, გ.იმედაძე
გაფრთხილება: გ.იმედაძე
2001 წლიდან უეფამ ასაკობრივი რეგულაცია შეცვალა: პირველად ჩატარდა ევროჩემპიონატები 17 და 19-წლამდელებში. კობა ჟორჟიკაშვილის 17-წლამდელებმა პირველობის საგზური თბილისში, ბოსნია-ჰერცეგოვინასთან (2:0) და ისრაელთან (1:0) მოგების შემდეგ მოიპოვეს. ჩვენმა გუნდმა დანიაში, ფინალურ ეტაპზეც ჩინებულად იასპარეზა - საქართველოს ასაკობრივმა ნაკრებმა პირველად მოახერხა ჯგუფიდან გასვლა, მეოთხედფინალში კი ტურნირის მომავალ ჩემპიონ შვეიცარიასთან დამარცხდა. სხვათა შორის, იმ გერმანიის ნაკრებში, რომელსაც ჩვენმა გუნდმა პირველივე შეხვედრაში ქულა გაუყო, კიოლნის ლიდერი ლუკას პოდოლსკი და ბუნდესლიგის ბომბარდირი, მიუნხენის ბაიერნის ფორვარდი მარიო გომესიც თამაშობდნენ.
28 აპრილი, 2002. ევროპის U17 ჩემპიონატი. დანია, სლაგელსე, სლაგელსე. 3500
საქართველო 1:1 გერმანია
გოლი: 1:0 ს.იაშვილი (46)
საქართველო: ზ.ჩალაძე, ა.კალაძე, ბ.მიქიაშვილი, ზ.ელიავა, შ.ჭელიძე, გ.ხოჯავა, ს.იაშვილი (ა.ყველაშვილი 75), გ.კაპანაძე (ს.გურული 41), ზ.ბარაბაძე, ზ.კვახაძე, გ.ფიფია (ვ.ღუჭაშვილი 72)
გაფრთხილება: გ.ფიფია, გ.ხოჯავა, შ.ჭელიძე
30 აპრილი, 2002. ევროპის U17 ჩემპიონატი. დანია, როსკილდი, იდრეტსპარკი. 2500
საქართველო 1:1 პოლონეთი
გოლი: 1:0 ს.იაშვილი (52)
საქართველო: ზ.ჩალაძე, ა.კალაძე, ბ.მიქიაშვილი, ზ.ელიავა, შ.ჭელიძე, გ.ხოჯავა, ს.იაშვილი, გ.კაპანაძე, ზ.ბარაბაძე, ზ.კვახაძე, გ.ფიფია
გაფრთხილება: გ.ფიფია
2 მაისი, 2002. ევროპის U17 ჩემპიონატი.
დანია, როსკილდი, იდრეტსპარკი. 2500
საქართველო 2:1 უნგრეთი
გოლი: 1:1 ს.იაშვილი (37), 2:1 ს.იაშვილი (43, პენ)
საქართველო: ზ.ჩალაძე, ა.კალაძე, ბ.მიქიაშვილი, ზ.ელიავა, შ.ჭელიძე (გ.ჭელიძე 52), გ.ხოჯავა, ს.იაშვილი, გ.კაპანაძე, ზ.ბარაბაძე, ზ.კვახაძე (ს.გურული 41), ა.ხუბუტია
გაფრთხილება: ს.იაშვილი, გ.ხოჯავა
5 მაისი, 2002. ევროპის U17 ჩემპიონატი.
დანია, სლაგელსე, სლაგელსე. 4500
საქართველო 0:3 შვეიცარია
საქართველო: ზ.ჩალაძე, ა.კალაძე, ბ.მიქიაშვილი, ზ.ელიავა, შ.ჭელიძე (გ.ჭელიძე 24), გ.ფიფია, ს.იაშვილი (ა.ყველაშვილი 59), გ.კაპანაძე, ზ.ბარაბაძე, ზ.კვახაძე, ა.ხუბუტია
გაფრთხილება: ს.იაშვილი, ა.ხუბუტია, ა.კალაძე
![]() |
26 ფასადების ანტიკური ჰარმონია და თავისუფლება: ნუთუ თბილისისთვის მოდა მეტად ვეღარ განვითარდება? |
▲ზევით დაბრუნება |
კულტურა
ინტერვიუ თამარა კოპალიანთან, გიორგი ქებურიასთან და სოფია ივანიძესთან
ავტორი: დავით ჩიხლაძე
სოფია ივანიძე, გიორგი ქებურია და თამარა კოპალიანი
ქვეყანაში, სადაც გლამურული ჟურნალების და ფეშენებელური კაფეების ბუმია, საინტერესოა რა მდგომარეობაში არიან ამ სფეროს მთავარი დემიურგები და ინსპირატორები - მოდის დიზაინერები. ფეშენ უიქების დროს ჩვენ ტელევიზიით ხშირად ვხედავთ ახალგაზრდა ქართველი დიზაინერების კოლექციებს, მაგრამ მასმედიაში მათი რეიტინგი მაინც დაბალია, თუნდაც ქართული ესტრადის ვარსკვლავების ფონზე.
თბილისის, ბათუმის და ქუთაისის ქუჩები და შენობები რესტავრაციის შემდეგ ოქტომბრის რევოლუციამდელ სახეს ისევ იბრუნებს და სადარბაზოების თავზე, ფასადებზე ანტიკურ სიმბოლიკას სულ უფრო გამოკვეთილად ვამჩნევთ. ქვაში ჩაბუდებული ბერძნული და რომაული მითოლოგიის ეს სახეები თითქოს გვახსენებენ, როგორც პლატონი იტყოდა, რომ ადამიანში მთავარი თავია, მთელი დანარჩენი სხეული კი მხოლოდ მას ემსახურება. ანდა, უბრალოდ, გვიმეორებენ, რომ კლასიკა და ანტიკური არქეტიპებია მთავარი. მაგრამ რა ვუყოთ დღევანდელ დღეს?
ახალგაზრდა ქართველი დიზაინერები ნიღბების მსგავს სიმბოლიკას საკუთარ კოლექციებში სულ უფრო ხშირად იყენებენ და კეკლუცი, ან არაენთუზიასტი მოდელების სახის დაფარვას ცდილობენ კოსტიუმების თუ ადამიანთა ზოგადობის წარმოსაჩენად. დიზაინერმა გიორგი ქებურიამ ახალი ტენდენციაც კი შექმნა - არქიტექტურული ფეშენი. მისი შთამბეჭდავი კოლექცია თითქოს დემონოლოგიის სასწავლო დისციპლინის დამხმარე ილუსტრაციაა.
რა ფუნქცია აქვს ასეთ ექსტრემალურ არტისტიზმს და კონკრეტულად ნიღბებს, როდესაც ავანგარდული მოდის ასამბლეა თბილისში უკვე დიდი ხანია აღარ არსებობს და ყველას ერთნაირი პრეტენზია აქვს, რომ ხელოვნება და, მით უმეტეს, დიზაინის ხელოვნება წმინდად კომერციული უნდა იყოს?
თამარა კოპალიანი: ეს ნიღბები გასაყიდად კი არა, სანახაობისთვის და ხედვის ხაზგასმისთვის იქმნება. მე ეს კოლექცია Reflection კონკურსზე Be Next-ზე მქონდა გატანილი, სადაც ხედვა უფრო აინტერესებთ.
რა თქმა უნდა, სამწუხაროა, რომ აღარ ტარდება „ამა”, მაგრამ იმართება სხვა კონკურსები, სადაც დიზაინერები ცდილობენ იყვნენ ინდივიდუალურები და უმეტესობა მაინც ავანგარდულ კოლექციას ქმნის, რაც ხშირად გამარჯვების საწინდარიცაა.
გიორგი ქებურია: ჩემი ემოციის გადმოცემა ყველაზე მეტად ნიღბების საშუალებით მიადვილდება. ნიღაბიც რაღაც როლს ასრულებს კომერციული თვალსაზრისით - მისი საშუალებით ტანსაცმელიც უფრო დასამახსოვრებელი ხდება.
სოფია ივანიძე: ეს ნიღბები შეიქმნა კონკურს Be Next-ზე გატანილი კოლექციისთვის. სრული თავისუფლება მქონდა ჩემი იდეის მაქსიმალურად კრეატიულად გამოსახატად. ასე რომ, ჩემთვის კომერცია აქ მეათასე ხარისხში იყო.
ეს ნიღბები რომელიმე პერსონაჟებს ხომ არ წარმოადგენენ? გიორგი, შენთან საერთოდ არ ჩანს ადამიანი და მხოლოდ კაბა და ზემოთ რაიმე ფანტასმაგორიული არსების, ზოგჯერ სამთავიანის, ნიღაბია. ვინ არიან ეს არსებები?
გიორგი: ესენი არიან სიურრეალისტური არსებები, რომლებიც თბილისის მოდის კვირეულის დამწყები დიზაინერების კონკურსზე გამოვიტანე.
სოფია, თქვენ რატომ გადაწყვიტეთ მოდელების ნიღბის მიღმა დამალვა?
სოფია: ჩემი იდეა იყო არარსებული სამყარო და, შესაბამისად, ამ კოლექციას ერქვა ნევერლენდი. აქ იყვნენ ადამიანები, მოდელები, რომლებიც რეალურ სამყაროში არ არსებობენ და ამიტომაც იყვნენ დამალულნი ნიღბებს მიღმა.
სხვა ქართველ და უცხოელ დიზაინერებთან თუ შეიმჩნევა მსგავსი ტენდენცია?
თამარა: ხანდახან დიზაინერებს გვინდა, რომ მოდელებს ერთნაირი სახე ჰქონდეთ და ამისთვის ნიღაბს ვიყენებთ. მიგვაჩნია, რომ კოსტიუმი მაქსიმალურად უნდა იყოს სავსე და დატვირთული, უფრო გასაგებად გადმოსცეს დიზაინერის ჩანაფიქრი.
გიორგი ქებურია
გიორგი: საზღვარგარეთ ნიღბები აპრობირებული თემაა და ამ ხერხს ძალიან ბევრი დიზაინერი იყენებს, საქართველოში კი, ვფიქრობ, პირველი ვიყავი და ხალხს განსხვავებული ტენდენცია შევთავაზე - არქიტექტურული მოდა, რაც მერე ჩემს გაკეთებულ კოლექციებს დაეტყო. ახალგაზრდა დიზაინერებმა მალევე დაიწყეს კოლექციების მსგავსი ტექნიკით შექმნა.
იმის თქმა გსურთ, რომ ყველაფერი იმპერსონალური გახდა და ინდივიდი დაიკარგა? ანუ ჩვენს მოდელებს შეუძლიათ ჰქონდეთ გამოკვეთილი ხასიათის სახე სცენაზე მუშაობისას და საერთოდ, შედის თუ არა ეს თქვენს ინტერესში?
თამარა: მოდელის ხასიათს დიდი მნიშვნელობა აქვს. უმეტესად განსხვავებულები არიან და ამიტომაც მათი გაერთიანების სურვილი გვიჩნდება. ამისთვის ხან ნიღბებს ვიყენებთ და ხანდახან ძლიერ მაკიაჟს.
გიორგი: ხშირ შემთხვევაში, მოდელების გარეგნობა არ მაკმაყოფილებს და ნიღაბი მეხმარება, რომ კოლექციაში რომელიმე მოდელის გარეგნობამ ხელი არ შემიშალოს.
სოფია ივანიძე
სოფია: ნაწილობრივ ესეც პრობლემაა, მაგრამ ნიღბები მაგის გამო ნამდვილად არ შემიქმნია.
რას მიამატებდით ქართული ფეშენის ინფრასტრუქტურას? გაკმაყოფილებთ ის, რაც უკვე არის? ნებისმიერი მნიშვნელობით, იქნება ეს კომერციალიზაცია, წმინდა არტისტიზმი თუ ავანგარდი?
სოფია: არა, არც სათანადო სამუშაო პირობებია და არც ტანსაცმლის გაყიდვის სისტემაა გამართული. თითქმის ყველაფერი დასახვეწია.
თამარა კოპალიანი
თამარა: ყველაფერი შენი ფულით და ენთუზიაზმით უნდა აკეთო. აქ ამ სფეროს განვითარება თითქოს კარგად დაიწყო, მაგრამ წინსვლა აღარ ჩანს, პირიქით, თვალშისაცემი რეგრესია. ამის გამოხატულებაა თუნდაც ის, რომ იყო ორი ფეშენ უიქი და დღეს მხოლოდ ერთია.
გიორგი: ისეთი ქალაქისთვის, როგორიც თბილისია, მოდა ამაზე მეტად ვეღარ განვითარდება.
თამარა, რა ღონისძიებაზე იყავი ვენაში და როგორ გახდა შესაძლებელი მისი განხორციელება?
თამარა: მოწვევა იყო ორ დიზაინერზე, მე და გოლა ზუმბულიძე გაგვაგზავნეს. კულტურის სამინისტრომ დაგვაფინანსა. ჩვენი კოლექციებით ავსტრიელების დიდი მოწონება დავიმსახურეთ და წლეულსაც გველოდებიან. კოლექციები შოუ რუმშიც პოპულარობით სარგებლობდა, ბევრი რამ გაიყიდა, რაც ჩვენთვის სიურპრიზი იყო. აქ ეგრე არ ხდება.
რა არის ინსპირაციის წყარო ან მთავარი მოტივატორი კოლექციის შექმნისას?
გიორგი: მოდის, დიზაინის სიყვარული და სამომავლოდ ჩემი კოლექციის საზღვარგარეთ გატანა.
თამარა: კოლექციის კონცეფცია ყოველთვის სხვადასხვაგვარად მოდის და ეს ინდივიდუალურია. ამ კოლექციის მთავარი თემა იყო ანარეკლი, ადამიანი ირეკლავს განწყობილებებს, თუნდაც ამინდს.
სოფია: უპირველესად სიყვარული და სურვილი, რომელიც არ გასვენებს, სანამ კოლექციაში არ გადმოიტან.
რომელი დიზაინერები მოგწონთ საქართველოში?
გიორგი: ლაშა მდინარაძე (გუდუ), დათუნა სულიკაშვილი.
თამარა: დღეს თუ დიზაინერი საქართველოში რამეს აკეთებს, უკვე მოსაწონი და დასაფასებელია, მაგრამ ბევრია ისეთი, ვინც მხოლოდ ფიქრებში და ფურცლებზე ინახავს საკუთარ იდეებს. შეიძლება გენიალური იდეები ასე იკარგება.
![]() |
27 სერგეი ფილინის ახალი როლი |
▲ზევით დაბრუნება |
კულტურა
ირინა ბაგაური
რუსეთის სახალხო არტისტი, მრავალი საერთაშორისო პრიზის ლაურეატი და წარსულში მოსკოვის დიდი თეატრის (ბოლშოი) პრემიერი სერგეი ფილინი, 2011 წლიდან ამავე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზეა. სახელოვანი საბალეტო დასის მმართველი თბილისში ყოფილი პარტნიორის, ნინო ანანიაშვილისთვის 30-წლიანი იუბილეს მისალოცად ჩამოვიდა და ტაბულასაც ბევრ საინტერესო თემაზე ესაუბრა.
ჩამოხვედით ნინო ანანიაშვილის მოწვევით, რომელსაც სცენაზე დიდხანს უწევდით პარტნიორობას...
ნინო, პირველ რიგში, ჩემი მეგობარია. გარდა იმისა, რომ ის ამ რანგის ბალერინაა, ძალიან ნათელი ადამიანია. მასთან ცეკვა ყოველთვის განსაკუთრებით მიხაროდა, მუდამ ვითვალისწინებდით ერთმანეთის აზრს. ჩვენ ერთად გვიცეკვია იაპონიაში, ამერიკაში, დანიაში... რაც მთავარია, საქართველოში. ძალიან მიყვარს ეს ქვეყანა, ერთი, პასპორტი არ მაქვს, თორემ...
რატომ დაანებეთ ცეკვას თავი ნაადრევად?
ნაადრევად რატომ, 21 წლის განმავლობაში ვცეკვავდი. ოდნავ ნაჩქარევი შეიძლება იყო კიდეც, მაგრამ ასე სჯობდა. ცეკვა, რა თქმა უნდა, მენატრება. წონაშიც ნელ-ნელა ვიმატებ და სულ მინდა, ვვარჯიშობდე, ახალგაზრდა და ლამაზი ვიყო. საბედნიეროდ, დღესაც ჩემი პროფესიით ვმუშაობ, უბრალოდ ცოტა სხვა მხარეს მიწევს დგომა.
არ არის რთული, იმავე თეატრში მუშაობა და სცენაზე ყოფილი პარტნიორების ცეკვის ყურება?
რასაკვირველია. ძალიან რთულია უყურო ანანიაშვილს, რომელიც აქამდე ცეკვავს და დღემდე ფორმაშია. მიჭირს მისი ყურება, რადგან წარმომიდგენია, თავად მისთვის რამდენად ძნელია ამის კეთება. შევნატრი კიდეც, მიხარია, განვიცდი მის ამბავს. არტისტების, კოლეგების სცენაზე ყურება გაცილებით რთულია, ვიდრე ის, რომ თავად იცეკვო.
არის პარტიები, რომლის შესრულებაზეც ოცნებობდით და ვერ იცეკვეთ?
მგონი, რაც მინდოდა, ყველაფერი ვიცეკვე. რაზეც საერთოდ არ მიოცნებია, ის როლებიც კი შევასრულე. თუმცა, ალბათ კრასუსია ასეთი პარტია. 20 წლის ვიყავი, როდესაც ბოლშოის სამხატვრო ხელმძღვანელმა იური გრიგოროვიჩმა თავისთან დამიბარა და მითხრა, რომ ორ თვეში სპარტაკი უნდა მეცეკვა. გავოგნდი და ვუპასუხე, რომ ამ პარტიის შესრულებას ვერ შევძლებ, რადგან თავს სპარტაკად არ მივიჩნევ, კრასუსზე კი უარს არ ვიტყოდი-მეთქი. შენ რას მიიჩნევ, ამას არავინ გეკითხება, აქ ჩემი შეხედულებაა მთავარი, სპარტაკი შეგიძლია, არ იცეკვო, მაგრამ კრასუსს მე არ მოგცემ, რადგან შენში მზაკვრობა არ არისო - მიპასუხა. მერე ცოტა ხანს დამაკვირდა და - არა, ასე ხელაღებით ვერ ვიტყვი, შეიძლება ცხოვრებაში ყველაზე ბოროტი ადამიანიც კი იყო, მაგრამ სცენური სიბოროტე, რომელიც კრასუსს სჭირდება, ნამდვილად არ გაქვსო. მისი კაბინეტიდან გამოსულმა ვიფიქრე, რომ ჩემი კარიერა დასრულდა. საბედნიეროდ, ასე არ მოხდა და შემდგომში გრიგოროვიჩთან ერთად უამრავი პარტია მოვამზადე. თუმცა სპარტაკი მაინც არ ვიცეკვე და მანაც არაფრით მომცა კრასუსის როლის შესრულების უფლება.
თეატრში თქვენი ხელმძღვანელად მისვლის შემდეგ ხშირია სკანდალები. როგორ უმკლავდებით ინტრიგებს და ხმაურს?
სკანდალი ძალიან კარგია - საუკეთესო რეკლამაა თეატრისთვის. როგორ ვუმკლავდები? მუშაობას ვაგრძელებ.
თეატრის რესტავრაციის თემას დიდი მოთქმა-მოთქმა მოჰყვა. ისტორიული სცენის ახალ იერსახეზე რას გვეტყოდით?
მე კმაყოფილი ვარ. არც რესტავრატორი ვარ და არც ექსპერტი, შესაბამისად, კომპეტენტური არ გახლავართ. სცენა და მაყურებელთა დარბაზი ძველ იერს ინარჩუნებს, კულისებს მიღმა ნაწილი კი ნამდვილად შეცვლილია. მაგალითად, ნინო ანანიაშვილმა, რომელსაც დიდი ხანია მოსკოვში არ უცეკვია, საკუთარი თეატრი შეიძლება ვერც იცნოს. იქ სულ სხვა დერეფნები, საგრიმიოროები, სარეპეტიციო დარბაზები დახვდება.
სარეპეტიციო დარბაზის ჭერი მართლა ისე დაბალია, როგორც ნიკა ცისკარიძემ აღნიშნა?
ადრე ბოლშოიში ოთხი სარეპეტიციო იყო, ახლა შვიდია. ორ ახალ დარბაზში ჭერი ერთ მხარეს დახრილია და მოცეკვავე მამაკაცმაც მაინცდამაინც დაბალ ნაწილში არ უნდა მოინდომოს ბალერინას აწევა. ერთის თქმა შემიძლია: თეატრში, საბედნიეროდ, ჯერ არავის მიუღია ტრავმა.
თავად ნიკა ცისკარიძე როგორ გრძნობს თავს? უშვებთ მას თეატრიდან, როგორც ამბობენ, თუ არა?
ცისკარიძე, როგორც ყოველთვის, თავს არაჩვეულებრივად გრძნობს. ის ყველაფერს აკეთებს, რომ მის შესახებ ლაპარაკობდნენ და არ ივიწყებდნენ. მას, რა თქმა უნდა, არავინ გააგდებს. ნამდვილად არ მინდა გავხდე ხელმძღვანელი, რომელიც ხალხს თავს ყველაზე მეტად ცისკარიძის თეატრიდან განთავისუფლებით დაამახსოვრებინებს. მას, როგორც არტისტს, დიდ პატივს ვცემ. ასე რომ, იცეკვებს იმდენ ხანს, რამდენსაც შეძლებს.
რა შეიცვალა ბოლშოიში თქვენი სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტზე მისვლით? რა გაქვთ რეპერტუარში და როგორია თქვენი კურსი?
ამ ეტაპზე ვერ ვიტყვი, რომ მნიშვნელოვანი ცვლილებებია. ჩემი მიზანია ვიცეკვოთ ისე, როგორც დიდ თეატრს შეეფერება. დღეს ბოლშოის ორი სცენა აქვს: ახალი და ისტორიული. მთავარია აღვადგინოთ ის კლასიკური წარმოდგენები, რომლებიც მსოფლიო ბალეტის ოქროს ფონდშია შესული: მაგალითად, ჯონ კრანკოს „ონეგინი“, ჯონ ნოიმაიერის „ქალი კამელიებით“, პიერ ლაკოტის დიდი სპექტაკლები... ასეთი გრანდიოზული, ლამაზი, კოსტიუმირებული სპექტაკლები აუცილებლად უნდა იდგმებოდეს ისტორიულ სცენაზე.
ახალი სცენა კი ექსპერიმენტებისთვის, ნეოკლასიკისთვის, ავანგარდისა და მოდერნისთვისაა განკუთვნილი. ვთანამშრომლობთ ირჟი კილიანთან, მატს ეკთან, იური პოსოხოვთან, სოლ ლეონთან და პოლ ლაიტფუდთან. თეატრში რამდენიმე მსოფლიო პრემიერა იგეგმება: უეინ მაკგრეგორი ბოლშოისთვის სტრავინსკის „კურთხეული გაზაფხულის“ ახლებურ ქორეოგრაფიას ამზადებს. სიუჟეტიანი წარმოდგენის დადგმას აპირებს ჟან კრისტოფ მაიო, თუმცა, დეტალებს ჯერ არ ვახმაურებთ. თითოეული ეს სახელი ბევრის მთქმელია საბალეტო სამყაროსთვის და ვფიქრობ, ახალი სპექტაკლები საინტერესო იქნება ჩვენი მაყურებლისთვისაც.
![]() |
28 ფილიპე გრეჩულევიჩის ნულოვანი განზომილება |
▲ზევით დაბრუნება |
კულტურა
ნინა ახლოური
ნებისმიერი ადგილი წერტილია, აბსტრაქტული ობიექტი გარემოში. ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ უშუშო სათვალით ვაკვირდებით. მას არც მოცულობა გააჩნია, არც ფართობი და არც სიგრძე. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საუბარი არა ნულოვანგანზომილებიან, არამედ ჩვეულებრივ, სამგანზომილებიან მოდელზეა. ამ უკანასკნელს ხომ მაინც სუბიექტურად აღვიქვამთ და სხვადასხვანაირად გვამახსოვრდება. მას საკუთარ ემოციას, ფერს, მნიშვნელობას ვანიჭებთ. ადგილიც ის წერტილია, რომელსაც ფორმა თავად უნდა მისცე.
გალერეა შარდენში ფილიპე გრეჩულევიჩის პერსონალურ გამოფენას, რომლის ნახვა დამთვალიერებელს 30 მარტიდან 4 აპრილამდე შეეძლო, ასე ერქვა - 0 D. ფერადი კუბა, უფრო ფერადი ხეივანი, ნისლიანი პეიზაჟი - ნახატები იმ ადგილების ფრაგმენტებს წარმოადგენდნენ, რომლებიც მხატვრის მეხსიერებას განსაკუთრებულად შემორჩა. „ფრაგმენტები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მთლიანად ადგილი”, - ამიხსნა მხატვარმა. გრეჩულევიჩის სამყაროში ცოტა სახელია. მისთვის რომელიმე ხელოვანით თუ მუსიკოსით გატაცება ორი კვირის განმავლობაში გრძელდება, მერე ჩნდება სიყვარულის ახალი ობიექტი და რჩება მხოლოდ ერთი - ფრაგმენტები.
კითხვა, „ვინ არის ფილიპე გრეჩულევიჩი“, ისეთი სერიოზულობით მიიღო, თითქოს მისთვის სოკრატეს სავარჯიშო მიეცათ. „ხანდახან მახსენდება ხოლმე ვინ ვარ და მერე ისევ მავიწყდება. ამ ეტაპზე არ მახსოვს“. თუმცა, ზოგი რამ ყოველთვის ჰქონდა განსაზღვრული - ხატვა ბავშვობიდან უნდოდა. დროთა განმავლობაში ეს გატაცება არ განელებია, იცვლებოდნენ მხოლოდ ობიექტები - ადრე გოგოების ხატვა მოსწონდა, ახლა კი სახეებს ნაკლებად ხატავს. როდესაც „ბიჭი და გოგო“ დახატა, ორი გვერდიგვერდ მდგარი ხე, მიხვდა, რომ ემოცია სახეების გარეშეც შეიძლება აჩვენო. „წარმოიდგინე მსახიობის, ანუ სახეების გარეშე თეატრის გაკეთება. ახლა ასეთი უმსახიობო თეატრი მაინტერესებს“.
მიაჩნია, რომ ხელოვნებაში არ არსებობს აკადემიური განათლება, არის მხოლოდ დიდი გამოცდილების გაზიარება. „არტსკოლას აკადემია არ უნდა ერქვას, იმიტომ რომ მხატვრობაში აკადემიკოსი ვერ იქნები. შემთხვევით მოვხვდი ძალიან მაგარ ადამიანთან, მოქანდაკე ნოდარ თოფურიასთან. მასთან ხუთი წელი ვიარე, ქანდაკებასა და ფერწერას ვსწავლობდი. რომ არა ის, არცერთ სასწავლებელში არ ვივლიდი, რადგან არ ვიცი, რისთვის არის ის საერთოდ. განსაკუთრებით არტში. აქ შენთვის უნდა გაიზარდო“.
მხატვრის აზრით, თანამედროვე ნახატებს, ისევე, როგორც ყველაფერს, მედიტაცია, სიმშვიდე აკლია. დრო რომ აჩქარდა, ეს არტშიც გამოიხატა. ამიტომ უნდოდა სიჩქარე დროში გაეჩერებინა. „იფიქრე, რომ არსად გეჩქარება, მაინც ვერსად ვერ მიხვალ, ამიტომ უნდა დამშვიდდე და იცხოვრო აუჩქარებლად“ - ასეთია გრეჩულევიჩის კონცეფცია. თუმცა მხატვრისთვის დინამიკაც ძალიან მნიშვნელოვანია და ამიტომაცაა, რომ ასეთ მედიტაციურ ხელოვნებაშიც კი რთულია სტატიკურობის მომენტის პოვნა.
ადგილების ფრაგმენტების შეგროვებამდე ვირუსების სერია იყო. კომპიუტერული ვირუსები და მათი სახელები ყოველთვის ძალიან მოსწონდა და როცა ერთ-ერთი მათგანი მის კომპიუტერშიც აღმოჩნდა, გადაწყვიტა, რომ ამ საინტერესო სახელებს იმიჯიც უნდა ჰქონოდა. ასე გაჩნდა მახვილწვერიანი და პირქუში ILOVEYOU, მხიარული და ჩახლართული ხასიათის Anna Kournikova - სადენების მსგავსი ფერადი ზოლებით...
„ხატვის პროცესი საკუთარი თავით თამაშს ჰგავს. ყველა თამაშის, ყველა ნახატის მერე იცვლები. აქ შეუძლებელია წააგო, ეს სპორტი არ არის, უბრალოდ გართობაა“. ოღონდ თამაშები, მისი ზოლების არ იყოს, სულ სხვადასხვანაირია. ყოველ შემთხვევაში, უნდა იყოს. „მგონია, რომ ცხოვრებაში ბევრი რამ მეორდება და არტშიც გადადის. ეს ყველაზე უინტერესოა, რაც შეიძლება დაგემართოს. თავისუფალი ხარ, ამიტომ სულ ახლის ძიებაში უნდა იყო. ასე აღარ დავხატავ, აქ მოვკვდი“, - ამბობს ფილიპე. ნულოვანი განზომილება კი ახალი ფორმის მისაღებად არცთუ ურიგო კონდიციაა.
![]() |
29 მადონა - MDNA |
▲ზევით დაბრუნება |
კულტურა
ნიკა ესებუა
პოპის დედოფალი მუსიკას დაუბრუნდა - მხატვრული ფილმის W.E. გადაღების შემდეგ, მადონამ ახალი, რიგით მეთორმეტე ალბომი ჩაწერა.
MDNA - ასე ჰქვია მის ახალ ნამუშევარს, რომელიც 23 მარტიდან იყიდება. მადონას კარიერაში ადრეც ჰქონია ჩავარდნები და Hard Candy ამის ნათელი მაგალითია, მაგრამ ახალი ალბომი ყველაზე საშინელ კოშმარზე უარესია. პოპის დედოფლისთვის, რომელიც 30 წელია სცენაზე დგას და პოპულარობას ინარჩუნებს, B-day Song, Turn Up the Radio, Give Me All Your Luvin და ახალ ალბომში შემავალი სხვა სიმღერები, ცუდ ხუმრობას უფრო ჰგავს, ვიდრე სერიოზული მუსიკოსის ნამუშევარს.
მადონას ახალ კომპოზიციებზე ყველაზე ცუდი გავლენა ფრანგმა მუსიკოსმა მარტინ სოლვეიგმა იქონია. ფრანგი დიჯეის ბანალური, უემოციო, პლასტმასის მუსიკა ამერიკელი შემსრულებლის სულელურ ტექსტს კიდევ უფრო მძიმე მოსასმენს ხდის. „Ooh la la you're my superstar, Ooh la la love the way that you are, Ooh la la you're my superstar, Ooh la la that's what you are“ - ტრეკიდან ტრეკამდე ერთმანეთს ასეთი სასაცილო ტექსტები ცვლის. გამონაკლისი სულ 3-4 სიმღერაა (მათ შორის Girl Gone Wild და Masterpiece), რომლებიც მსმენელს მთელი ეპოქის შემქმნელ მუსიკოსს ახსენებს.
MDNA-ში ექსპერიმენტებს საერთოდ ვერ შეხვდებით. ეს არის მარტინ სოლვეიგის და Benassi bros.-ის ცუდი მუსიკის კომპლექტი, გაფორმებული მადონას ვოკალით.
ზემოხსენებული კრიზისული პერიოდებიდან მომღერალი ყოველთვის ბრწყინვალე პოპალბომებით ბრუნდებოდა და იმედია, მადონას შემდეგი კრებული Like a Virgin-ის ან Confessions on a Dance Floor-ის დონის იქნება.
![]() |
30 უახლესი ტექნოლოგიები ქართული ღვინის სამსახურში |
▲ზევით დაბრუნება |
მალხაზ ხარბედია
ალბათ დამეთანხმებით, რომ ვერანაირი გზამკვლევი, მეგობრული რჩევა თუ რეკლამა ვერ შეედრება საკუთარ პირის გემოს. იმისთვის, რომ ღვინის ავკარგიანობაში ბოლომდე დავრწმუნდეთ, აუცილებლად თავად უნდა გავსინჯოთ. მხოლოდ ასე გვეცოდინება, ღირს თუ არა მისი შეძენა.
დღესდღეობით ქართული ღვინის მომხმარებელი ძალიან დაბნეულია, მას უჭირს არჩევანის გაკეთება, ცუდად იცნობს ბოთლში ჩამოსხმულ პროდუქციას. დღე არ გავა, მეგობარმა, ნაცნობმა თუ უცნობმა არ მკითხოს, „რომელ ღვინოს მირჩევ სტუმრისთვის“, „რამე კაი თეთრი მინდა“, „ქვევრის ღვინოებში რომელი სჯობს ყველას“, „ერთი თეთრი და ერთი წითელი უნდა გავატანო...“, „ვისი ქისია ყველაზე კარგი?“. ამ დროს ყველაზე კარგი გამოსავალი იქნებოდა მეთქვა, გასინჯე და თავად აირჩიე, მაგრამ სად გასინჯოს, როდესაც თითზე ჩამოსათვლელ მაღაზიებშია ღვინის დეგუსტირების შესაძლებლობა?!
ამ პრობლემის გადაწყვეტაზე, პირველ რიგში, ღვინის მაღაზიებმა და დიდმა სუპერმარკეტებმა უნდა იზრუნონ. მართალია, ზოგიერთი ღვინის კომპანია გუდვილში და სხვა დიდ სავაჭრო ქსელშიც აწყობს თავისი პროდუქციის დეგუსტაციას და გარკვეულ ეფექტსაც აღწევს, მაგრამ თავისუფალ ნებაზე დამყარებული დეგუსტაცია მნიშვნელოვანწილად განსხვავდება სარეკლამო გასინჯვებისგან. აქ შენ არაფერი გაიძულებს ღვინო შეიძინო, იხდი გარკვეულ თანხას გასინჯვაში, სინჯავ რასაც გინდა და მხოლოდ შემდეგ იღებ გადაწყვეტილებას.
ჩვენთან ღვინის სპეციალიზებულ მაღაზიებში არაერთგან ნახავთ გახსნილ ღვინოს. ყველაზე მეტი ნიმუში გასასინჯად ყოველთვის მაღაზია ვინოთეკაშია, ასევე ღვინის სამყაროში, ღვინის გალერეაში, ღვინის სახლში... მაგრამ მთავარი პრობლემა ისაა, რომ სპეციალური აპარატის უქონლობის გამო, აქ ღვინო 2-3 დღეში იჟანგება. გარდა ამისა, ღვინოების მხოლოდ გარკვეული ნაწილია გასასინჯად წარმოდგენილი და შეიძლება ისეც მოხდეს, რომ თქვენთვის საინტერესო ღვინო ვერასდროს გახდეს ხელმისაწვდომი.
სპეციალური აპარატებით, ეგრეთ წოდებული ღვინის დოზატორებითაა (Wine Dispenser) აღჭურვილი ქინძმარაულის მარნის და კომპანია ხარებას ღვინის მაღაზიები. სამაგიეროდ, აქ მხოლოდ ერთი კომპანიის ღვინით უნდა შემოიფარგლო და ზოგიერთი ძვირფასი ღვინო სადეგუსტაციო სიაში შეიძლება საერთოდ არ შეგხვდეს.
როგორაა საკითხის გადაწყვეტა შესაძლებელი? როგორ და, თბილისის მაღაზიებში ერთი-ორი ისეთი ღვინის აპარატი უნდა გაჩნდეს, სადაც გარკვეულ საფასურად მოხდება დეგუსტაცია და ერთ ჯერზე რამდენიმე ღვინის გასინჯვა იქნება შესაძლებელი. თან, გაითვალისწინეთ, რომ ამ აპარატებში გახსნილი ბოთლი 3 კვირის განმავლობაში ინახება, ტემპერატურის რეგულირება სასმელის ტიპის მიხედვით შეიძლება და ღვინის დაჟანგვა-დაავადებაც გამორიცხულია.
მაგალითად, 10-ლარიანი ღვინიდან თხუთმეტი 50-გრამიანი პორცია გამოვა, რომელიც 1 ლარად გაყიდვის შემთხვევაში მოგებასაც დატოვებს, თუ არადა, მომხმარებელს შეიძლება ზუსტი საფასური გადაახდევინონ. ხშირად მყიდველი დიდ რისკზე მიდის, როდესაც 40-50-ლარიან ღვინოს გაუსინჯავად ყიდულობს. ეს აპარატი კი საშუალებას მოგვცემს, ვთქვათ, გავსინჯოთ 80-ლარიანი უსახელაური 5-6 ლარად და ზუსტი შთაბეჭდილება შევიქმნათ ამ ღვინის შესახებ.
კარგი იქნება, თუკი საბარათე სისტემაც დაინერგება. შიგადაშიგ შესაძლებელი იქნება თემატური დეგუსტაციების მოწყობაც. ერთ კვირას, ვთქვათ, გამოცხადდება წინანდლების დეგუსტაცია, სადაც მაღაზიაში არსებული ყველა წინანდლის გასინჯვის შესაძლებლობა იქნება, მეორე კვირას მუკუზნების დეგუსტაცია, საფერავები, ქინძმარაულები, ტვიშები და ასე შემდეგ.
შეგიძლიათ Google-ში აკრიფოთ Wine Dispenser ან Enomatic (ეს კომპანია მსოფლიო ლიდერია ღვინის სერვისის დარგში) და დატკბეთ ღვინის მაღალი კულტურით, პრაქტიკით, რომელიც უკვე კარგა ხანია არსებობს დასავლეთშიც და აღმოსავლეთშიც. კარგი იქნება, ჩვენთანაც თუ დავნერგავთ ამ სიახლეს. დარწმუნებული ვარ, სწორი მართვისა და ხარისხიანი რეკლამის შემთხვევაში, ეს წამოწყება აუცილებლად გაამართლებს. ჩვენც, ღვინის კლუბიც, დიდი სიამოვნებით ჩავერთვებოდით ამ ქსელის შექმნაში და გამართვაში, პროექტში, სადაც არა ერთი კონკრეტული კომპანიის, არამედ მთლიანად ქართული ღვინის ინტერესები იქნებოდა ჩადებული.
![]() |
31 მოხარშული მიდიები ნივრით და ლემონგრასით |
▲ზევით დაბრუნება |
გურმანი|რეცეპტი
შეფ-მზარეული:
სუპავაჩეი ჰუანა
რესტორანი Thai
ი. აბაშიძის 35
2 ულუფა
12 ც. მიდია 50 გრ. ლემონგრასი 50 გრ. ლაიმის ფოთოლი 50 გრ. გალინგალი 20 გრ. ლიმონის წვენი 6 ც. მწვანე, მწარე წიწაკა 3 კბილი ნიორი 100 გრ. ქინძი 30 გრ. შაქარი სალათის ფოთლები მარილი 200 გრ. წყალი
მომზადების წესი: ქვაბში ჩაასხით 100 გრ. წყალი. დაუმატეთ 50 გრ. ლემონგრასი, 50 გრ. ლაიმის ფოთოლი, 50 გრ. გალინგალი და აადუღეთ.
ადუღებულ წყალში ჩაყარეთ მიდიები და ხარშეთ 10 წუთი.
სოუსისთვის:
3 კბილი ნიორი, 100 გრ. ქინძი და 1 ბულგარული წიწაკა დააბლენდერეთ. მიღებულ მასას დაუმატეთ 20 გრ. ლიმონის წვენი, 30 გრ შაქარი, მარილი გემოვნებით და კარგად გადაურიეთ.
მოხარშული მიდიები მოათავსეთ ცეცხლგამძლე ლანგარზე, მოასხით გამზადებული სოუსი და გამოაცხვეთ ღუმელში 180 გრადუსზე 5-10 წუთი.
თეფშზე დადეთ სალათის ფოთლები, მოათავსეთ მასზე მიდიები და კერძი მზად არის.