![]() |
ტაბულა №96 |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: ჭიაბერაშვილი ზურაბ, ავალიანი დიმიტრი, უგულავა სალომე, ჯგერენაია ემზარ, სუთიძე ლევან, კვანჭილაშვილი ელენე, გამცემლიძე მაკა, ჩერგოლეიშვილი თამარ, ბასილაია მიხეილ, ტურაშვილი თეონა, გუნია ირაკლი, ფევაძე შოთა, ტორონჯაძე მირიან, ჭავჭავაძე ილია, გოდუაძე ლაშა, თალაკვაძე ზურაბ, მაჩაბელი გიორგი, ესებუა ნიკა, ჯაფარიძე თეონა, გრიგალაშვილი ნათელა, ბაგაური ირინა, კეკელიძე გიორგი, ახლოური ნინა, ხარბედია მალხაზ, რაუში გიორგი |
თემატური კატალოგი ტაბულა |
საავტორო უფლებები: © თამარ ჩერგოლეიშვილი |
თარიღი: 2012 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: 2012 | 16 - 22 აპრილი მთავარი რედაქტორი: თამარ ჩერგოლეიშვილი / აღმასრულებელი რედაქტორები: ნინი გოგიბერიძე, სალომე კიკალეიშვილი / რედაქტორები: ქეთი მსხილაძე, ელენე კვანჭილაშვილი, ლევან რამიშვილი, დავით კოვზირიძე, ნინო მაჭარაშვილი / უცხოელი მრჩეველი: ბარბარა სვანი / ჟურნალისტები: დიმიტრი ავალიანი, გიორგი კეკელიძე, სალომე უგულავა, მაკა გამცემლიძე, ავთო ქორიძე, ნინა ახლოური, თეონა ტურაშვილი, ირაკლი კიკნაველიძე, ლევან სუთიძე, თეონა კოკიჩაიშვილი, სიმონ მაჩაბელი, ლაშა გოდუაძე, ზურაბ თალაკვაძე, ნიკა ესებუა, ანანო სხირტლაძე, მიხეილ ბასილაია, ლარა ჯამარაული, ირაკლი გუნია / ვები: სანდრო თარხან-მოურავი, ლევან მეტრეველი, ნათია სოფრომაძე, ეკა წამალაშვილი / კორექტორი: ნინო საითიძე / არტრედაქტორი: ბაჩა მალაზონია / დიზაინი & პრეპრესი: კახა დოლიძე, ნიკა კუპრაშვილი / ფოტორედაქტორი: დიმა ჩიკვაიძე / ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი / გამომცემელი: სამოქალაქო განათლების ფონდი / დირექტორის მოადგილე: გიორგი ფრუიძე / ოფის მენეჯერი: ანანო ვარდოსანიძე / გაყიდვები და მარკეტინგი: გიორგი ჭეიშვილი / ყოველკვირეული ჟურნალი ტაბულა, ტელ: + 995 32 2420 300, e-mail: info@tabula.ge / სტამბა: BILNET Printing, Dudullu Organize Sanayi Bölgesi, 1. Cadde No: 16 Umraniye, 34696 Istanbul - TURKIYE, ტელ.: +90 216 444 4403, ფაქსი: +90 216 365 9907 / © 2012 საავტორო უფლებები დაცულია, ჟურნალში გამოქვეყნებული მასალების გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია. |
![]() |
1 სიტყვასიტყვით |
▲ზევით დაბრუნება |
„რატომ ვამბობ მხოლოდ ახლა, მოხუცი, უკანასკნელი მელნით, რომ ისრაელის ატომური ძალა ემუქრება ისედაც მყიფე მსოფლიო მშვიდობას?“
ფრაგმენტი გერმანელი ნობელიანტის, გიუნტერ გრასის ლექსიდან, რომელშიც მწერალი მწვავედ აკრიტიკებს ისრაელს და მსოფლიოს მის წინააღმდეგ ხმის ამაღლებისკენ მოუწოდებს. გერმანიაში ეს ლექსი ცხარე დებატების საგანი გახდა.
6 აპრილი.
„ისრაელისა და ირანის ერთ ზნეობრივ დონეზე მოთავსება აბსურდულია და არა ორიგინალური“.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი გიდო ვესტერველე ნობელის ლაურეატ გიუნტერ გრასს აკრიტიკებს ისრაელის საწინააღმდეგო შინაარსის ლექსისთვის.
8 აპრილი.
„არის ვაჟკაცური პოლიტიკური გადაწყვეტილებების დეფიციტი. შევადაროთ, რა პოლიტიკური ფონი არსებობდა იმ დროს, როცა ბალტიის ქვეყნები NATO-ში მიიღეს - გვახსოვს მაშინდელი პოლიტიკური ფიგურები... განსხვავებას დღევანდელობასთან ყველანი ვამჩნევთ“.
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძე საუბრობს იმაზე, რომ საქართველო იძულებულია, დაელოდოს დასავლური პოლიტიკური ძალების მზაობას, რათა NATO-ში მიიღონ. მისი თქმით, მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი, რუსეთის პოლიტიკის სახით, უცვლელია, საქართველო კი აუცილებელ პირობებს უკვე აკმაყოფილებს.
8 აპრილი.
„9 აპრილის ტრაგედიისას იყო თუ არა ლებედი თბილისში, ეს არც ვიცი და არც არის საინტერესო. მეამაყება, რომ ელცინის საარჩევნო შტაბის წევრი ვიყავი და მის საარჩევნო კამპანიას ვაფინანსებდი.
მე მოვნახე მექანიზმი, როგორ უნდა გაემარჯვა იმ დროს ელცინს... ლებედი იქ მექანიზმად იყო გამოყენებული, რადგან მან კომუნისტების ხმების დაბალანსება მოახერხა და საბოლოოდ ელცინმა გაიმარჯვა. მე ამაში დიდი წვლილი მიმიძღვის, რასაც დღესაც სიამაყით ვიხსენებ“.
ასე პასუხობს ბიძინა ივანიშვილი ბრალდებას, რომ რუსეთში ცხოვრებისას აფინანსებდა გენერალ ალექსანდრ ლებედს, რომელსაც საქართველოს წინაშე დანაშაული მიუძღვის. ბიზნესმენის თქმით, ლებედის წარმატება მისთვის მნიშვნელოვანი არ იყო, ხოლო ელცინის მხარდაჭერით რუსეთი „კომუნისტურ რევანშს“ გადაარჩინა.
9 აპრილი.
„ვფიქრობ, რუსეთი მედიიდან მიღებულ, შელამაზებულ სურათზე უარესია. ნაწილობრივ იმ კანონების გამო, რომლებიც ზოგიერთ ადამიანზე ნათლად და მწვავედ წერას ართულებს“.
Economist-ის საერთაშორისო გამოცემის რედაქტორი ედვარდ ლუკასი რუსულ რეალობასა და პუტინის რეჟიმზე საუბრობს. მარტში ლუკასმა გამოსცა წიგნი თანამედროვე რუსეთზე და მის ურთიერთობაზე დასავლურ სამყაროსთან.
„საქართველოში კათოლიკე ეკლესიის მრევლი ისტორიულად იყო და დღესაც არის ჩვენი ქვეყნის ევროპული არჩევანის ერთგული საყრდენი“.
მიხეილ სააკაშვილი საქართველოში მცხოვრებ სომხებსა და კათოლიკეებს აღდგომას ულოცავს და ქვეყნის წინსვლაში მათ წვლილზე საუბრობს.
8 აპრილი.
![]() |
2 ზურაბ ჭიაბერაშვილი: კარგი საძირკველია ჩადებული |
▲ზევით დაბრუნება |
არენა
15 მარტს საქართველოს შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრად ზურაბ ჭიაბერაშვილი დაინიშნა. მინისტრმა უკვე წარმოადგინა სამოქმედო გეგმა, სადაც საუბარია ჯანდა ვის და სოციალურ სფეროში არსებულ პრიორიტეტებზე, პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე. უფრო დაწვრილებით, ამ საკითხებზე, ზურაბ ჭიაბერაშვილს ტაბულა ესაუბრა.
ფოტო დიმა ჩიკვაიძე
ესაუბრა: ნინო მაჭარაშვილი
მარტს საქართველოს შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრად ზურაბ ჭიაბერაშვილი დაინიშნა. მინისტრმა უკვე წარმოადგინა სამოქმედო გეგმა, სადაც საუბარია ჯანდაცვის და სოციალურ სფეროში არსებულ პრიორიტეტებზე, პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე. უფრო დაწვრილებით, ამ საკითხებზე, ზურაბ ჭიაბერაშვილს ტაბულა ესაუბრა.
ერთი თვეც არ არის, რაც შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ჩაიბარეთ. ბევრისთვის თქვენი გამოჩენა ამ პოსტზე, შესაძლოა, მოულოდნელიც იყო. ფლობთ თუ არა დაწვრილებით ინფორმაციას საქართველოში შესაბამისი სფეროების და არსებული პრობლემების შესახებ?
ბოლო ერთი თვის განმავლობაში შევხვდი მრავალ ადამიანს, სოციალური დაცვის, ჯანდაცვის, ასევე სადაზღვევო სექტორის წარმომადგენლებს. ეს პერიოდი სრულიად საკმარისია იმ სპეციფიკის აღსაქმელად, რაზეც ჩვენი ჯანდაცვა, სოციალური დახმარების სისტემა დგას და საკმარისია ამ სფეროებში არსებული პრობლემების დანახვისთვისაც. რთული სფეროებია, მაგრამ იმედიანად ვარ განწყობილი, რადგან კარგი საძირკველია ჩადებული: სახელმწიფომ ჯანდაცვის სისტემის სადაზღვევო პრინციპებზე გადაყვანა შეძლო და ამის ბაზაზე დაიწყო ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის განახლება. ჩვენ, პრაქტიკულად, მთელ საქართველოს ვფარავთ სრულიად ახალი ან რეაბილიტირებული საავადმყოფოებით, რითიც მოქალაქეებისთვის ჯანდაცვის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა უზრუნველვყავით. ძირითად გამოწვევად ფინანსური ხელმისაწვდომობა რჩება.
რა მექანიზმით აპირებთ ფინანსური ხელმისაწვდომობის ზრდას?
აქ მნიშვნელოვანი, ეგრეთ წოდებული ოჯახების ქულათა შეფასების სისტემა ჩამოყალიბდა. ოჯახს შეაქვს განაცხადი და ეუბნება სახელმწიფოს, რომ თავს დაბალშემოსავლიან ან შემოსავლის არმქონედ თვლის და მისგან დახმარება სჭირდება. შემდეგ სოციალური აგენტი მიდის ოჯახში და მას გარკვეული კრიტერიუმების საფუძველზე აფასებს. მთლიანობაში, სისტემა მოქმედებს და მისი მეშვეობით 800 ათასზე მეტი ადამიანი სახელმწიფოსგან იღებს სოციალურ დახმარებას. ეს საკმაოდ ძლიერი მექანიზმია ყველაზე გაჭირვებულების დასახმარებლად.
სამოქმედო გეგმაში ერთ-ერთ პრიორიტეტად სოციალურად დაუცველებისთვის შეფასების ქულათა სისტემის დახვეწასაც მოიაზრებთ. რა პრობლემები აქვს დღევანდელ სისტემას?
რეგიონებში სიარულისას ვნახე, რეალურად როგორ ცხოვრობს ხალხი, ვისაც სოციალურად ვეხმარებით. ჩვენი ამოცანაა, ამ ადამიანებს არა მხოლოდ დავეხმაროთ, არამედ შევქმნათ წინაპირობები, რომ სიღარიბიდან გამოვიდნენ. ამიტომ ქულათა შეფასების სისტემა კიდევ უფრო კარგად უნდა მოვარგოთ რეალობას. მაგალითად, საზღვრისპირა რაიონებში ასეთი პრობლემაა: დღევანდელი მოდელით, თუ ოჯახის რომელიმე წევრმა გადაკვეთა საქართველოს საზღვარი, ითვლება, რომ შემოსავალი აქვს და ქულები ისე მატულობს, რომ ოჯახმა შეიძლება სოციალური დახმარება დაკარგოს. შესაბამისად, ქულათა შეფასების სისტემაში საზღვრის კვეთის საკითხის გადახედვას ვფიქრობთ.
ხომ არ გამოიწვევს კრიტერიუმების გამარტივება იმას, რომ გაიზრდება სოციალურად დაუცველთა რაოდენობა? თანაც, ქულათა სისტემა იდეალური ვერ იქნება და გარკვეული სტატისტიკური ცდომილება ნებისმიერ შემთხვევაში იარსებებს.
შეიძლება რაოდენობა ოდნავ გაიზარდოს, მაგრამ ჩვენ უნდა დავეხმაროთ მათ, ვისაც რეალურად უჭირს. სახელმწიფო ერთი მხრივ აცხადებს, რომ კომპიუტერი 21-ე საუკუნეში აღარ არის ფუფუნების საგანი, სჭირდებათ ბავშვებს, რომ სრულფასოვანი განათლება მიიღონ. ქულათა შეფასების სისტემაში კი კომპიუტერის ქონა ავტომატურად იწვევს ქულათა მატებას და ეს სოციალური ბაზიდან ამოვარდნის მიზეზი შეიძლება გახდეს.
სადავოა, თუ ვისი ბრალია, როდესაც ოჯახი ქულათა ზედა ზღვარს გადაცდება. ეკონომიკური ზრდის პირობებში საზოგადოებას სხვა ტიპის მოთხოვნები უჩნდება. მნიშვნელოვანია, სისტემა ფეხს უწყობდეს ჩვენს ცხოვრებას.
დავუბრუნდეთ ჯანდაცვის სფეროს. რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება საავადმყოფოების პრივატიზებაა. ამ პირობებში, ინვესტორებს სახელმწიფოს მხრიდან ზედმეტი აქტიურობა ხელს ხომ არ შეუშლის, რომ თავისუფლად აწარმოონ ბიზნესი და, შესაბამისად, საავადმყოფოების განვითარების მეტი სტიმული ჰქონდეთ?
პირიქით, სახელმწიფოს მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა ამ სფეროში ინვესტიციების მოზიდვის წინაპირობა შექმნეს. როდესაც უბრალოდ სახელმწიფოს საკუთრებაში მყოფი საავადმყოფოები არსებობდა, ინვესტორი უნდა მოსულიყო, ჩაედო ფული და დალოდებოდა, როდის მოვიდოდა მის კართან პაციენტი. ამიტომ მას უჭირდა პირველი ნაბიჯის გადადგმა და გათვლა, დაიტვირთებოდა თუ არა საავადმყოფო.
სახელმწიფოს მიერ სოციალური ბაზის შექმნით და ამდენი ადამიანის დაზღვევით ცხადი გახდა - ჩვენ ამ სისტემაში ძალიან დიდ რესურსს ვდებთ. წარმოიდგინეთ, რამხელა თანხას გასცემს სახელმწიფო სადაზღვევო კომპანიებზე. ამან მათ მისცა სტიმული, რომ გადაედგათ ნაბიჯი, მოეზიდათ დამატებითი ინვესტიციები და მოკლე დროში განეახლებინათ ჯანდაცვის ინფრასტრუქტურა. ახლა, საქართველოს მასშტაბით, პრაქტიკულად ყველა რაიონში გვაქვს განახლებული, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი საავადმყოფოები.
თავადაც აღნიშნეთ, რომ დაზღვევისთვის დიდი თანხებია გამოყოფილი. სამოქმედო გეგმაში ამბობთ, რომ წლის ბოლოს ყოველი მეორე მოქალაქე მაინც იქნება დაზღვეული. რა გათვლებს ემყარება ეს გეგმა? აქვს სახელმწიფოს ამის რესურსი, თუნდაც, ფინანსური?
ახლა სახელმწიფო 800 ათასზე მეტ ადამიანს აზღვევს. პირველი სექტემბრიდან ამას დაემატება უკლებლივ ყველა პენსიონერი, ისინიც, რომლებიც საშუალო ან მაღალი შემოსავლის ოჯახებში ცხოვრობენ და სოციალური დახმარება არ სჭირდებათ. ასევე, 0-დან 5 წლამდე ბავშვები. წლის ბოლომდე, მხოლოდ სახელმწიფოს მიერ, დაზღვეული იქნება მილიონ ექვსასი ათასზე მეტი ადამიანი, რასაც ემატება კერძო დაზღვევის მქონე მოქალაქეები.
რესურსი, ბუნებრივია, დათვლილია. სხვა შემთხვევაში, სახელმწიფო არ გადადგამდა ამ ნაბიჯს. ვალდებულებებს, რაც ხალხის წინაშე ავიღეთ, შევასრულებთ.
თუ სახელმწიფო სულ უფრო მეტ ადამიანს დააზღვევს, ხომ არ გაუქრებათ მათ მოტივაცია, თავად იზრუნონ საკუთარ ჯანმრთელობაზე, თავად აირჩიონ სადაზღვევო კომპანიები? და, საბოლოოდ, ეს კერძო სფეროში კონკურენციას ხომ არ შეაფერხებს?
სახელმწიფოს მიერ დაზღვეულთა უმეტესობა ის კატეგორიაა, რომელსაც საკუთარი ჯიბიდან ამ დაზღვევის ყიდვა არ შეუძლია.
კონკურენციას ეს ხელს არ შეუშლის. იმის პარალელურად, რომ სახელმწიფო ჯანდაცვაში მიმართავს რესურსებს სადაზღვეო კომპანიების გავლით, ეს უკანასკნელნი თვითონ აფართოებენ კერძო დაზღვევის ბაზას.
ჩვენთან ჯანმრთელობის დაზღვევის კულტურა დაბალია. მის საჭიროებას მაშინ ვხვდებით, როცა პრობლემა დადგება. სექტემბრიდან, მრავალ ოჯახში, რომელიც არ თვლის საჭიროდ დაზღვევის პოლისის შეძენას, ერთ ადამიანს მაინც, მოხუცს ან ბავშვს, დაზღვევა ექნება. როცა ისინი დაიწყებენ პოლისის გამოყენებას, ოჯახში მოტივაცია გაჩნდება, სხვებიც დაეზღვიონ და კომპანიები კერძო ბაზასაც გააფართოებენ.
თუ გავითვალისწინებთ, რომ გადასახადებს იხდის ყველა, მათ შორის სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობაც, გამოდის, რომ ღარიბებს უწევთ შეძლებული ფენების სუბსიდირება, რომ მათაც მიიღონ სახელმწიფო დაზღვევა. არადა, ეს ყველაფერი სოციალური სამართლიანობის სახელით კეთდება.
ადამიანები, რომლებსაც სახელმწიფო ეხმარება და სხვა შემოსავალი არ გააჩნიათ, გადასახადებსაც, პრაქტიკულად, არ იხდიან. პირიქით, ქვეყანაში არის კატეგორია, რომელსაც აქვს შემოსავალი და ბიუჯეტში გადასახადს იხდის. ყველანი ვთანხმდებით - ჩვენ მიერ გადახდილი გადასახადიდან ნაწილი სოციალური დახმარებისა და სადაზღვევო პოლისების სახით უნდა მივმართოთ გაჭირვებულთა დახმარებაზე. ამიტომაა ეს სისტემა სოლიდარობასა და ურთიერთდახმარებაზე აგებული.
რატომაა აუცილებელი, სახელმწიფომ დააზღვიოს მაქსიმალურად მეტი ადამიანი და არა კონკრეტულად სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობა?
პენსიონერები დაზღვევისათვის მაღალი რისკჯგუფია. ამ ჯგუფის დაზღვევას კომპანიები უფრთხიან, არადა, მას ყველაზე მეტად სჭირდება ყურადღება. სახელმწიფო ამბობს: ჩვენ ვზრუნავთ მომავალზე და მოხუცებზე. მნიშვნელოვანია, ყველა მათგანი დაზღვეული იყოს.
სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციას რაც შეეხება - რაზე დაყრდნობით ამბობთ, რომ აქ პრობლემებია?
დღეს ახალი კლინიკების მენეჯმენტი ატარებს ტესტს, რომ კვალიფიციური ადამიანები სისტემის მიღმა არ დარჩნენ, ხოლო არაკვალიფიციურნი - შიგნით. ამასთანაა დაკავშირებული თითოეული პაციენტის ჯანმრთელობის რისკი.
უნდა გვესმოდეს, რომ პაციენტი შეიძლება კვალიფიციურ მედპერსონალსაც გამოეცალოს ხელიდან. ყველა დაავადებას აქვს სიკვდილიანობის გარკვეული პროცენტული მაჩვენებელი, რომელსაც ვერცერთი ჯანდაცვის სისტემა ვერ გაექცევა. საზოგადოებას უნდა ავუხსნათ, რომ კვალიფიციური ექიმები გვყავს, მაგრამ თუ არიან არაპროფესიონალები, ისინი დატოვებენ სისტემას.
სახელმწიფო აქაც მზადაა დახმარებისთვის. გეგმაში გვაქვს მედპერსონალის ტრენინგცენტრის გაკეთება, სადაც არსებული კონტინგენტი რეგულარულად გაივლის კვალიფიკაციის ამაღლების კურსებს. იმის გამო, რომ პერსონალის შეცდომას მაღალი საფინანსო სანქციები მოჰყვება, თავად სადაზღვევო კომპანიები და საავადმყოფოების მენეჯმენტი ცდილობენ, სამედიცინო კადრები მუდმივად მოამზადონ. ეს მნიშვნელოვანია. უნდა გვჯეროდეს, რომ როდესაც საავადმყოფოს კარს შევაღებთ, მივიღებთ კვალიფიციურ მომსახურებას.
რატომ თვლით, რომ ამას სახელმწიფო უნდა კურირებდეს და კვალიფიკაციის დონეს თავად დასაქმების ბაზარი ვერ დაარეგულირებს?
დასაქმების ბაზარი ამას დღეს ახერხებს, მაგრამ რადგან ამ მიმართულებით ბევრი პრობლემა დავინახეთ, სახელმწიფო კერძო სექტორს გვერდში დაუდგება. თუ კერძო სექტორს ამაზე დასჭირდება, ვთქვათ, ხუთი-შვიდი წელი, სახელმწიფოს ჩარევით ეს ვადები უნდა შევამციროთ. ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას რისკის ქვეშ ვერ დავაყენებთ.
რაც შეეხება მედიაციის სამსახურს, რომელიც იცავს დაზღვევის მქონე მოქალაქეებს. რისთვისაა საჭირო ორგანო, რომელიც ჩაერევა ადამიანის, საავადმყოფოს და სადაზღვევო კომპანიის ურთიერთობაში?
სწორედ ეს ურთიერთობა უნდა დაარეგულიროს თამაშის წესებმა, რომელსაც საზოგადოებას მალე გავაცნობთ. აქ იგულისხმება, რომ საავადმყოფოში შესულ ადამიანს არ შეიძლება სამედიცინო მომსახურებაზე უარი უთხრან. არანაირი მოტივით. იმის მიუხედავად, თუ რომელი სადაზღვევო კომპანიის პოლისი აქვს მას.
ხომ არ აზარალებს ეს წესი ფინანსურად საავადმყოფოებს?
არანაირად. საავადმყოფო დაინტერესებულია, რომ მას პაციენტები მიმართავდნენ. მისი ფინანსური მდგრადობა სწორ ბიზნესსტრატეგიასა და პაციენტთა რაოდენობაზეა დამოკიდებული. პაციენტი კი მას მაშინ მიმართავს, როცა იცის, რომ საავადმყოფოში არიან კარგი და კვალიფიციური ექიმები, სათანადო სამედიცინო ტექნიკა და შესაბამისი სერვისი.
მაშინ რა მოტივაცია აქვთ საავადმყოფოებს, რომ დაზღვეულებს არ მოემსახურონ?
პრობლემა შეიძლება გახდეს სამართლებრივი და ფინანსური დავა საავადმყოფოსა და სადაზღვევოს შორის. შეიძლება დაზღვეული ადამიანი საავადმყოფოში მივიდეს, საავადმყოფომ მასზე დახარჯოს რესურსი, სადაზღვევო კომპანიამ კი თქვას, რომ მისი პოლისი გაწეულ მომსახურებას არ ითვალისწინებდა და თანხას არ დაფარავს.
ხშირად დავაა მკურნალობის ადეკვატურობის თაობაზეც. მეტი ანაზღაურების მისაღებად, საავადმყოფომ პაციენტს შეიძლება აუცილებელზე მეტი პროცედურა ჩაუტაროს. სადაზღვევო კი დაინტერესებულია, მომსახურებაში რაც შეიძლება ნაკლები გადაიხადოს. მსგავსი დავები რომ არ წარმოიშვას და არ დაზარალდეს დაზღვეულების ჯანმრთელობა, საჭიროა არსებობდეს თამაშის წესები, რაც ყველას მომგებიან მდგომარეობაში დატოვებს.
მაგრამ თუ თავად სადაზღვევო კომპანიებს შორის იარსებებს კონკურენცია და არ იქნება რეგიონული მონოპოლიები, მათივე ინტერესში შევა ერთმანეთთან მოაგვარონ მსგავსი დავები, სახელმწიფოს ჩარევის გარეშე.
რეგიონული სადაზღვევო მონოპოლიები, პრაქტიკულად, აღარ გვექნება: რომელი სადაზღვევო პოლისიც არ უნდა გქონდეთ, რაიონულ საავადმყოფოში მომსახურებას გაგიწევენ. ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება პრობლემები არის, მაგრამ დღეს უკვე ასე ხდება. მოქალაქეების დაზღვევაზე სახელმწიფო ძალიან ბევრ ფულს ხარჯავს და ვალდებულიცაა თვალი მიადევნოს, იღებენ თუ არა მოქალაქეები ამ თანხის შესაბამის მომსახურებას.
სამოქმედო გეგმაში ნახსენები იყო „ჭკვიანი რეგულირება“. უფრო დაწვრილებით, რა იგულისხმება ამაში?
კლინიკებში უნდა დაინერგოს სტანდარტები და უნდა შევაფასოთ, რამდენად შეესაბამება ამ სტანდარტებს მომსახურების ხარისხი. ძველ საავადმყოფოებში „რეგულირება“ ადვილი იყო: მძიმე მდგომარეობა და ხარისხი თვალნათლივ ჩანდა. ახალ საავადმყოფოებში, სადაც დაცულია სალიცენზიო პირობები და გამართულად მუშაობს სამედიცინო ტექნიკა, მომსახურების ხარისხის საკონტროლებლად საჭიროა ჭკვიანი რეგულირება. ამ რეგულაციის არსებითი ნაწილი საავადმყოფოებში პროტოკოლების დანერგვა იქნება. ესაა მკურნალობის სტანდარტები, რომლებიც ადგენს, კონკრეტულად რა პროცედურები უნდა გატარდეს ამა თუ იმ დაავადების შემთხვევაში. ასე ადვილად შევძლებთ გაკონტროლებას, გაკეთდა თუ არა ყველაფერი პაციენტის სამკურნალოდ.
ეს მომგებიანია ექიმებისა და ექთნებისთვისაც - მათ ვეღარავინ შეედავება, რომ პაციენტს რამე დააკლეს. თუ პაციენტი მედპერსონალს უჩივლებს, ის მიუთითებს პროტოკოლზე, რომელიც აღიარებულია შესაბამისი დარგის ასოციაციის მიერ.
მეორე მხრივ, ეს კარგი იქნება სადაზღვევო კომპანიებისთვისაც - საავადმყოფოსთან კონტრაქტის შესრულების პირობებს ადვილად გააკონტროლებენ. თუ პროტოკოლი დანერგილია, მარტივია მკურნალობის ტარიფის დადგენაც.
იმ პირობებში, როცა სახელმწიფო ჯანდაცვის სფეროში საკუთარ თავზე საკმაოდ ბევრ პასუხისმგებლობას იღებს, შეგვიძლია თუ არა ვთქვათ, რომ ჯანდაცვის პოლიტიკის მთავარ მიზნად ისევ მომსახურების სფეროს ლიბერალიზაცია რჩება? იგულისხმება, თუნდაც, საავადმყოფოების სახელმწიფო მართვისგან გათავისუფლება.
რა თქმა უნდა. ოღონდ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არსებობს საზოგადოებრივი ჯანდაცვა - სფეროები, რომელსაც სახელმწიფო ხელიდან ვერასდროს გაუშვებს. ფსიქიატრია და შიდსის მკურნალობა ყოველთვის დარჩება სახელმწიფოს ხელში. სხვა შემთხვევაში, სწორედ ეს ხდება: საავადმყოფოები დამოუკიდებელი ბიზნესერთეულებია.
შევეხოთ ფარმაცევტულ სფეროსაც. ანდრია ურუშაძემ ტაბულასთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ წამლების ბაზრის დერეგულაციაზე მუშაობა გაგრძელდებოდა. რეფორმამ უკვე მოიტანა შედეგი იმ თვალსაზრისით, რომ კონკურენციამ და ახალმა აფთიაქებმა წამლის ფასები დასწია. თქვენ როგორ გესახებათ ეს პროცესი?
ამ მიმართულებით ჩვენი პოლიტიკა გაგრძელდება. აქ ერთ მნიშვნელოვან პრობლემას ვხედავთ: წამალი გაიაფდა, ზოგიერთი 30%25-ითაც კი, მაგრამ ჯანდაცვის საერთო ხარჯებში მედიკამენტებზე ჯერ კიდევ არაადეკვატურად დიდი წილი მოდის. ბაზრის ლიბერალიზებით ჯანდაცვის საერთო დანახარჯებში მედიკამენტების ხვედრითი წილის შემცირებას უნდა მივაღწიოთ, ხოლო ამბულატორიული მომსახურების ხვედრითი წილი უნდა გაიზარდოს - სასურველია, მძიმე დაავადებები ადრეულ ეტაპზევე აღმოვაჩინოთ.
როგორია თქვენი ხედვა შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებით?
ჩვენ ლიბერალური შრომის კოდექსი გვაქვს. საქართველოს სწრაფი ეკონომიკური ზრდა სჭირდება. უმუშევრობის პრობლემას ინვესტორებისთვის მიმზიდველი ეკონომიკური გარემოთი ვპასუხობთ, რაც ახალი სამუშაო ადგილების გაჩენას იწვევს. რომ არა მიმზიდველი ბაზარი და ინვესტიციები, ბიუჯეტში ჯანდაცვის ხარჯების გასაწევად შემოსავალი არ გვექნებოდა.
ამის მიუხედავად, მომავალში შეიძლება აქაც გახდეს საჭირო მდგომარეობის თავიდან შეფასება. ჩვენ თავს ვარიდებთ ზედმეტ რეგულირებას, მაგრამ სადაც საჭიროა, მზად ვართ ნებისმიერი წინადადება განვიხილოთ. თუმცა ამ ეტაპზე ვფიქრობთ, რომ შრომის კოდექსი ქვეყნის მოთხოვნებს პასუხობს.
![]() |
3 დიდი მანევრები საქართველოს საზღვრებთან |
▲ზევით დაბრუნება |
პოლიტიკა
ავტორი: დიმიტრი ავალიანი
რუსეთი კავკასიაში საკუთარ სამხედრო ძალებს აძლიერებს და მოსკოვი ამ ფაქტის დამალვას არც ცდილობს. პირიქით, რუსულ წყაროებში დეტალური ინფორმაცია ქვეყნდება რუსული მანევრების, შეიარაღებისა თუ სამხედრო გეგმების შესახებ.
მილიტარიზაციის პროცესი საქართველოს საზღვრებთან თუ ოკუპირებულ ტერიტორიებზე წლებია გრძელდება, მაგრამ ამჯერად პროცესს სხვა საშიში ფაქტორებიც ემატება. 2008 წლის მსგავსად, წელსაც მთელი რიგი გარემოებების თანხვედრა ხდება - საარჩევნო პერიოდი რუსეთში, აშშ-სა და საქართველოში; ასევე საერთაშორისო პრობლემა, რომელსაც საქართველოზე ზეგავლენის მოხდენა შეუძლია - 2008 წელს ასეთი პრობლემა კოსოვო გახდა, ახლა კი დაძაბულობა ირანის გარშემო წარმოიშვა. ეს დაძაბულობა, დიდი ალბათობით, შეიძლება სამხედრო კონფლიქტში გადაიზარდოს.
ისევე, როგორც 2008 წელს, წელსაც რუსეთის შეიარაღებული ძალები საქართველოს საზღვრებთან დიდი სამხედრო მანევრების ჩატარებას გეგმავენ. კავკასია-2012 უპრეცედენტო მასშტაბის სტრატეგიული წვრთნაა, რომელშიც შეიარაღებულ ძალებთან ერთად ყველა ძალოვანი სტრუქტურის მონაწილეობაა დაგეგმილი. მასში ჩაერთვებიან საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, ასევე სომხეთში დისლოცირებული რუსული ძალები.
მართალია, მსგავსი მანევრები რუსულ შეიარაღებულ ძალებს საქართველოს საზღვრებთან სხვა დროსაც განუხორციელებიათ, მაგრამ წლევანდელ წვრთნებს ძველებისგან არა მხოლოდ მასშტაბი, თარიღიც განასხვავებს. კავკასია-2012 სექტემბერში დაიწყება, მაშინ როდესაც წინა წლებში მანევრები ივლის-აგვისტოში ტარდებოდა.
იმის შესახებ, რომ რუსული მანევრები მიზნად საქართველოზე ზემოქმედებას ისახავს, 2 აპრილს საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა: „[საქართველოში] არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ჩვენმა მეზობელმა დიდი სამხედრო სწავლებები დანიშნა სექტემბრის მეორე ნახევარში და ეს დამთხვევა ნამდვილად არ არის“. სააკაშვილის თქმით, წვრთნები საარჩევნო პერიოდში საქართველოს მოქალაქეთა დაშინებას ემსახურება.
რუსული წყაროები ამ მანევრებს ირანის გარშემო შექმნილ დაძაბულობას უკავშირებენ. გასული წლის დეკემბერში ნეზავისიმაია გაზეტა, კომპეტენტურ წყაროებზე დაყდნობით იუწყებოდა, რომ ახლო აღმოსავლეთში სამხედრო კონფლიქტის მოლოდინში მოსკოვი სამხედრო სამზადისს შეუდგა. კერძოდ, ნოემბერში დაიწყო სომხეთში რუსული ბაზის „ოპტიმიზაცია“ - ქვეყნიდან გაიყვანა სამხედროების ოჯახის წევრები და ქვედანაყოფებს დისლოკაციის ადგილები შეუცვალა. ასევე დეკემბრიდან გადაიყვანეს განსაკუთრებულ საბრძოლო მზადყოფნაზე აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსული საოკუპაციო ნაწილები.
გამოცემას მოჰყავს გადამდგარი რუსი გენერლის, იური ნეტკაჩოვის მოსაზრება. მისი მტკიცებით, ირანში კონფლიქტის დაწყების შემთხვევაში, რუსეთი სომხეთში არსებულ ბაზასთან კავშირის უზრუნველყოფას საქართველოს ტერიტორიის გავლით, ძალის გამოყენებით შეეცდება.
მომავალი წვრთნის სცენარიც, გამოცემის ცნობით, სწორედ ირანის კონფლიქტის მოლოდინზე იქნება აგებული.
რუსეთის ხელისუფლებას ირანის კონფლიქტზე რეაგირების გეგმა მზად აქვს. სტატია ამის შესახებ მარტში რუსულმა გაზეთმა კომერსანტმა, დიპლომატებზე და სამხედრო წყაროებზე დაყრდნობით გამოაქვეყნა. ერთ-ერთმა წყარომ გამოცემასთან საუბარში ისიც აღნიშნა, რომ რუსეთს „ხვრელების ამოვსება“ მოუწევს, რაც „ჯარისკაცების სიცოცხლის ფასად“ დაუჯდება. ფაქტობრივად, რუსმა მაღალჩინოსანმა დაადასტურა, რომ რუსული გეგმა შეიარაღებული კონფლიქტისთვის მზადებას გულისხმობს.
მანევრები, რომელიც კავკასია-2012-ის მოსამზადებელ ეტაპს წარმოადგენს, რუსული შეიარაღებული ძალების სამხრეთის დაჯგუფებაში რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. გააქტიურდა დაჯგუფების მომარაგება უახლესი შეიარაღებით - მართვის ავტომატური სისტემებით, ზალპური ცეცხლის დანადგარებით და ასე შემდეგ.
მარტში რუსეთის სადესანტო ჯარების სარდალმა, გენერალმა შამანოვმა განაცხადა, რომ ნოვოროსიისკის მახლობლად საბრძოლო ვერტმფრენების ბაზა გაიხსნება. მისი აუცილებლობა კი „სამხრეთ ოსეთში და აფხაზეთში დაძაბულობის ზრდამ“ განაპირობა.
კავკასია-2012-სთვის მზადების ფარგლებში ინტენსიური მანევრები, გადამზადება და გადაიარაღება მიმდინარეობს ისეთ ქვედანაყოფებში, როგორიცაა სტრატეგიული ავიაცია და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა. ეს კი მოწმობს, რომ რუსეთის არმია უცხო სახელმწიფოს რეგულარულ ძალებთან კონვენციური ომისთვის ემზადება, რადგან ვერც სტრატეგიულ ბომბდამშენებს და ვერც საზენიტო დანადგარებს ტყეში მეამბოხეების წინააღმდეგ ვერ გამოიყენებს. თანაც იანვარში, სამხრეთის სამხედრო ოლქში, სპეციფიკური წვრთნა ჩატარდა, რომელიც საწვავის შორ მანძილზე მიწოდების მიზნით მილსადენის გაყვანას ითვალისწინებდა.
დღეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში 11 ათასამდე რუსი სამხედრო მოსამსახურეა დისლოცირებული და ამ ბაზებზე რუსეთის ხელთ არსებული ყველაზე თანამედროვე შეიარაღებაა განლაგებული. მათ შორის, Т-90 ტიპის ტანკები, Точка-У-ს ტიპის ტაქტიკური რაკეტები (მოქმედების რადიუსი 120 კილომეტრი), ზალპური ცეცხლის დანადგარი Смерч (90 კილომეტრი), ასევე საზენიტო სარაკეტო კომპლექსი С-300.
ფაქტობრივად, 2008 წლის შემდეგაც, რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის შესაძლებლობების კიდევ უფრო გაფართოებაზე ზრუნავს. ეს მაშინ, როცა თბილისს მილიტარიზაციისთვის არანაირი საბაბი არ მიუცია - საქართველომ ძალის გამოუყენებლობის ცალმხრივი პირობა დადო, ადმინისტრაციულ საზღვრებზე კი სიტუაციას ევროკავშირის დამკვირვებლები აკონტროლებენ.
სამხედრო ექსპერტთა აზრით, საქართველოზე შესაძლო შეტევის წარმატებით დასრულებისთვის ეს ძალებიც არ არის საკმარისი, რუსეთიდან დამატებითი შენაერთების მობილიზებას კი დრო დასჭირდება. თუმცა მანევრების პერიოდში, 2008 წლის მსგავსად, რუსეთს ექნება შესაძლებლობა, რომ საქართველოს საზღვრებთან წინასწარ განალაგოს დიდი ძალები.
ნებისმიერ სამხედრო აგრესიას ფორმალური საბაბი სჭირდება. მოსკოვს ამისთვის რამდენიმე შესაძლებლობა აქვს - მოაწყოს პროვოკაცია ადმინისტრაციულ საზღვრებზე; „იპოვოს“ ქართული კვალი ჩრდილოეთ კავკასიაში მიმდინარე შეტაკებებში; ისარგებლოს შიდა არეულობით და ჯარები „აჯანყებული ხალხის“ მხარდასაჭერად დაძრას; მაგრამ ყველაზე რეალური, სავარაუდოდ, ირანში კონფლიქტის დაწყების შემთხვევაში საქართველოზე „დერეფნის გაჭრა“ იქნება.
ამის შესახებ წერს რუსი სამხედრო ექსპერტი პაველ ფელგენგაუერი Eurasia Daily MONITOR-ში. ის მიმოიხილავს რუსული ჯარების სამხედრო სამზადისს და აღნიშნავს, რომ თბილისში კრემლის სამხედრო აქტიურობას საქართველოში მოახლოებულ არჩევნებს უკავშირებენ.
„მოსკოვს, რასაკვირველია, არჩევნებზე სააკაშვილის დამარცხება გაუხარდებოდა, მაგრამ ირანის ომი მისთვის გაცილებით მნიშვნელოვანი საკითხია“, - აღნიშნავს ექსპერტი. მისი აზრით, რუსეთმა შესაძლოა იმით ისარგებლოს, რომ დასავლეთის ყურადღება ირანზე იქნება გადატანილი - წამოიწყოს შეტევა, რათა არ დაუშვას სამხრეთ კავკასიაში ამერიკული ბაზების განლაგება და ხელში ჩაიგდოს კონტროლი ენერგეტიკულ დერეფანზე. „და როგორც ბონუსი, საბრძოლო მოქმედებების შედეგად, შესაძლოა, სააკაშვილის რეჟიმიც გაანადგუროს“, - მიიჩნევს ფელგენგაუერი.
თბილისში რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი აგრესია ჯერჯერობით რეალურად არ მიაჩნიათ. „ვფიქრობ, საერთაშორისო ფაქტორების გამო, ამ მომენტში არ არსებობს მუქარის მყისიერად განხორციელების წინაპირობები. არ მაქვს საფუძველი ვიფიქრო, რომ რუსეთის მხრიდან გადადგმული იქნება რაიმე იმანენტური, სრულმასშტაბიანი ნაბიჯები“, - განაცხადა 2 აპრილს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ ეხო მოსკვისთან საუბრისას. ამავდროულად, მისივე თქმით, მოსკოვს 2008 წელს დაწყებული „საქმის“ ბოლომდე მიყვანა აქვს განზრახული.
![]() |
4 ივანიშვილს არჩევნებში კენჭისყრის უფლება მიეცემა |
▲ზევით დაბრუნება |
პოლიტიკა
სალომე უგულავა
მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოქალაქე არ არის, სავარაუდოდ, შემოდგომაზე მაინც შეძლებს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. ამის საშუალებას იძლევა ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის მიერ პარლამენტში წარდგენილი ინიციატივა, რომელსაც მმართველი გუნდი მხარს უჭერს. ინიციატივა გულისხმობს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანას, რაც საქართველოში დაბადებულ პიროვნებას, რომელიც ქვეყანაში ბოლო ათი წლის მანძილზე ცხოვრობს და ამჟამად ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეა, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლებას ანიჭებს.
ამ საკითხს აქამდე ინიცირებულ კიდევ ერთ საკონსტიტუციო ცვლილებასთან ერთად განიხილავენ - სადეპუტატო ასაკი ოცდახუთიდან ოცდაერთ წლამდე დაიწევს. ინიციატივების განხილვა მაისამდე გაგრძელდება.
როგორც ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი, გიორგი თარგამაძე აღნიშნავს ტაბულასთან საუბარში, ცვლილება საჭიროა იმისათვის, რომ საარჩევნო პროცესში მოქალაქეობის საკითხზე არ კონცენტრირდნენ და მნიშვნელოვანი საკითხები ყურადღების მიღმა არ დარჩეს. ასევე იმისთვისაც, რომ სამოქალაქო დაპირისპირებას საფუძველი გამოეცალოს - „განსაკუთრებით იმ მაღალი რისკების ფონზე, რომლებიც შემოდგომისთვის რუსეთის მხრიდან აშკარად გამოვლენილ სიმპტომებს უკავშირდება“. მან ისიც აღნიშნა, რომ ამ გზით უფრო კონკურენტული საარჩევნო გარემო შეიქმნება. თარგამაძე არ გამორიცხავს, რომ ცვლილება შეეხოს აშშ-ის მოქალაქეებსაც, თუ ისინი ინიციატივით განსაზღვრულ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ.
მმართველი პარტიის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ივანიშვილისთვის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მინიჭებით, მის მოქალაქეობასთან დაკავშირებულ სპეკულაციებს და პოლიტიკურ წიაღსვლებს ბოლო მოეღება. ისინი აცხადებენ, რომ მოქალაქეობის საკითხი სამართლებრივია, მათი პრიორიტეტი კი ისაა, რომ საარჩევნო გარემო იყოს გახსნილი და კონკურენტული. სწორედ ამიტომაა მისაღები თარგამაძის ინიციატივა. თავის მხრივ, ივანიშვილმა თარგამაძეს ხელისუფლების ადვოკატი და დანამატი უწოდა.
თარგამაძე ინიციატივით მას შემდეგ გამოვიდა, რაც 4 აპრილს, სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხზე დასკვნა გამოსცა. დასკვნაში ნათქვამია, რომ ივანიშვილმა საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების პროცედურას უნდა მიმართოს.
იუსტიციის სამინისტრო განმარტავს - საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად ორი პროცედურა არსებობს. ერთია ნატურალიზაცია, რომელიც ეხება იმათ, ვინც სხვა ქვეყნის მოქალაქე არ არის. მეორე პროცედურა კი ორმაგი მოქალაქეობა გახლავთ. ივანიშვილმა პირველი გზა აირჩია და შესაბამისი განაცხადი წლის დასაწყისში წარადგინა, თუმცა ის კვლავ საფრანგეთის მოქალაქეა და სხვა ქვეყნის მოქალაქის მიერ ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მიღებას ჩვენი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, ამ გზით მოქალაქეობა არავის მიუღია.
აღსანიშნავია, რომ მოქალაქეობის მოთხოვნა შეუძლია მას, ვინც კანონით დადგენილ პირობებს აკმაყოფილებს. თუმცა, მიენიჭება თუ არა ის მსურველს, ამის გადაწყვეტა სახელმწიფოს დისკრეციული უფლებაა. ორმაგი მოქალაქეობის მინიჭებაზე გადაწყვეტილებას საქართველოს პრეზიდენტი იღებს. ივანიშვილი მისთვის თხოვნით მიმართვას არ აპირებს, ამავდროულად კი ამბობს, რომ 21 აპრილს პარტიას დააარსებს, როგორც საქართველოს მოქალაქე, კოალიცია ქართული ოცნება კი ბლოკად ჩამოყალიბდება და დაერქმევა: ივანიშვილი - ქართული ოცნება
მოგვიანებით ივანიშვილის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განმარტა: „პირობა არ დაირღვევა. ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ 21 აპრილს დააფუძნებს პარტიას და დააფუძნებს, როგორც საქართველოს მოქალაქე. ამაში იგულისხმება ის, რომ საქართველოს მოქალაქეობა ბევრად უფრო მეტია, ვიდრე პასპორტის ქონა. ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის იყო, არის და იქნება საქართველოს მოქალაქე. ქაღალდზე შეიძლება ამას მარტო პრეზიდენტი წყვეტს, მაგრამ ვფიქრობთ, საქართველოს პასპორტი და მოქალაქეობა ბიძინა ივანიშვილს ქართველმა ხალხმა უკვე მიანიჭა“.
![]() |
5 ყარაულის ცვლა |
▲ზევით დაბრუნება |
პოლიტიკა
ცხინვალი
დიმიტრი ავალიანი
ლეონიდ თიბილოვი
ცხინვალის რეგიონში პოლიტიკური კრიზისი დასრულდა და ედუარდ კოკოითის შემცვლელის ვინაობა გაირკვა. 8 აპრილს, თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ლეონიდ თიბილოვმა გაიმარჯვა. ადგილობრივი КГБ-ს ყოფილმა მაღალჩინოსანმა ხმათა 54 პროცენტი მიიღო, ხოლო მისმა კონკურენტმა, ომბუდსმენმა დავით სანაკოევმა - 43 პროცენტი. არჩევნების ლეგიტიმურობას არც თბილისი და არც საერთაშორისო თანამეგობრობა არ აღიარებენ.
ლეონიდ თიბილოვი 80-იანი წლებიდან საბჭოთა КГБ-ში მსახურობდა, 1992 წელს კი თვითგამოცხადებული რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელი გახდა. მას შემდეგ იგი ცხინვალის მთავრობის ვიცეპრემიერი და შერეული საკონტროლო კომისიის თანათავმჯდომარე იყო, ასევე მუშაობდა კერძო სტრუქტურებში, ბოლო პერიოდში კი ცხინვალის ხელისუფლებაში „პოსტკონფლიქტურ საკითხებში“ კონსულტანტის მოვალეობას ასრულებდა. აქტიურ პოლიტიკაში ლეონიდ თიბილოვს მონაწილეობა ბოლო არჩევნებამდე არ მიუღია.
ამჯერად „საპრეზიდენტო არჩევნების“ შედეგების გამოცხადებას ცხინვალში უკმაყოფილება არ მოჰყოლია. დამარცხებულმა დავით სანაკოევმა თიბილოვს გამარჯვება მიულოცა.
საარჩევნო ვნებათაღელვა ცხინვალში გასული წლის ნოემბერში დაიწყო. მაშინ გაიმარჯვა ოპოზიციონერმა ალა ჯიოევამ, რომელმაც სახელისუფლებო კანდიდატი ანატოლი ბიბილოვი დაამარცხა. თუმცა ედუარდ კოკოითის რეჟიმმა ჯიოევა ხელისუფლებაში არ მიუშვა - ადგილობრივმა „უზენასემა სასამართლომ“ არჩევნების შედეგები გააუქმა, რასაც ოფიციალურმა მოსკოვმაც დაუჭირა მხარი. ჯიოევა ამ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა, თავი არჩეულ პრეზიდენტად გამოაცხადა და კრემლის მაღალჩინოსნები მასზე ზეწოლაში დაადანაშაულა. მისმა მომხრეებმა ცხინვალში მასობრივი საპროტესტო აქციებიც გამართეს.
თებერვალში ჯიოევას „ინაუგურაცია“ ძალოვნებმა ძალის გამოყენებით ჩაშალეს, თავად კანდიდატი დააკავეს და საავადმყოფოში დაცვის ქვეშ მოათავსეს. ხოლო იქიდან მხოლოდ ხელახალი არჩევნების წინა დღეს გამოუშვეს.
ახალი არჩევნების თაობაზე ჯიოევამ განაცხადა, რომ პროცესი კრემლის კონტროლქვეშ მიმდინარეობს და მოსკოვმა კანდიდატთა „სელექციური შერჩევა“ განახორციელა. 25 მარტს, არჩევნების პირველ ტურში, თიბილოვისა და სანაკოევის გარდა, კენჭს კომუნისტი სტანისლავ კოჩიევი და „სამხრეთ ოსეთის ელჩი რუსეთში“ დმიტრი მედოევი იყრიდნენ. ამ უკანასკნელს კრემლის კანდიდატად მოიაზრებდნენ, თუმცა მეორე ტურში გასვლისთვის მას ხმების უმნიშვნელო რაოდენობა დააკლდა.
ხელახალ არჩევნებში მონაწილე კანდიდატებიდან ოპოზიციას რეალურად არცერთი წარმოადგენდა. მოსახლეობას, რომლის დიდი ნაწილი რეჟიმით უკმაყოფილოა, არჩევანი მხოლოდ დაშვებულ კანდიდატებს შორის უნდა გაეკეთებინა. წინასაარჩევნო კამპანიისას ლეონიდ თიბილოვს მხარი კოკოითის გავლენიანმა ოპონენტებმა, ჯამბოლათ თედეევმა და ანატოლი ბარანკევიჩმა, ასევე ჯიოევას მომხრეთა ნაწილმა დაუჭირეს.
როგორც თიბილოვმა შედეგების გამოქვეყნების შემდეგ განაცხადა, იგი მზადაა, მომავალ მთავრობაში ადგილები შესთავაზოს როგორც დავით სანაკოევს, ისე ალა ჯიოევას. ამ უკანასკნელმა კი აღნიშნა, რომ მომავალი „პრეზიდენტისადმი“ დამოკიდებულებას ხელისუფლებაში მისი პირველი ნაბიჯების მიხედვით ჩამოაყალიბებს. ისიც და დავით სანაკოევიც საკუთარი პარტიების დაფუძნებას გეგმავენ.
ცხინვალში ამბობენ, რომ ოპოზიციური პარტიების, ასევე მოსახლეობის ოპოზიციურად განწყობილი ნაწილის დამოკიდებულება თიბილოვისადმი იმის მიხედვით განისაზღვრება, თუ რა კადრებით გადაწყვეტს ის მთავრობის დაკომპლექტებას. თავად გამარჯვებულმა კანდიდატმა თქვა, რომ „ხალხის ნდობის მთავრობას“ შექმნის.
დავით სანაკოევი
რეჟიმის ოპონენტები საფრთხეს იმაში ხედავენ, რომ ედუარდ კოკოითი, შესაძლოა, ახალ ხელისუფლებაშიც შეეცადოს საკუთარი კადრების გაყვანას. მეტიც - სანამ კოკოითი მმართველი პარტიის - ედინსტვო - ლიდერად რჩება, საპარლამენტო უმრავლესობასაც აკონტროლებს და არაა გამორიცხული, სამხრეთ ოსეთში „საპარლამენტო რესპუბლიკის“ შემოღება და ხელისუფლებაში დაბრუნება დააპიროს.
თიბილოვი ამომრჩევლებს კანონის უზენაესობას და რეფორმებს ჰპირდება. ერთ-ერთი მთავარი დაპირება კი 2008 წლის შემდეგ ცხინვალის აღსადგენად გამოყოფილი რუსული თანხების დატაცების გამოძიებასა და „მოპარულის უკან დაბრუნებას“ ითვალისწინებს.
თუმცა საეჭვოა, თიბილოვმა როდესმე შეძლოს ამ პირობის შესრულება, რადგან თანხების დატაცების კორუფციული სქემები ცხინვალის რეგიონში რუსი მაღალჩინოსნების მიერ კონტროლდება. სამხრეთ ოსეთის „პრემიერ-მინისტრი“, ტრადიციულად, პირდაპირ რუსეთიდან ინიშნება. „პრეზიდენტის“ ლოიალობის მთავარი კრიტერიუმი კი არა რუსეთის პოლიტიკის მიმართ მისი ერთგულება (ამ მხრივ პრობლემას მოსკოვს არცერთი კანდიდატი არ შეუქმნიდა), არამედ მოქმედი „თამაშის წესების“ გაზიარებაა. ეს წესები აშკარა წინააღმდეგობაშია ადგილობრივი საზოგადოების მთავარ დაკვეთასთან, რომელიც წესრიგის დამყარებას და კორუფციის აღმოფხვრას გულისხმობს.
კიდევ უფრო საეჭვოა თიბილოვის დაპირებების შესრულება იმ ფონზე, როცა თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლებას კრემლმა „ზემდგომი“ დაუნიშნა. ეს არის სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობებში რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელი, ჩრდილოეთ ოსეთის მეთაური თეიმურაზ მამსუროვი, ფიგურა, რომელიც ცხინვალის რეგიონის მოსახლეობაში ძალიან არაპოპულარულია.
ასევე საეჭვოა, რეჟიმის ახალმა ლიდერმა კონფლიქტის მოგვარების საკითხში თუ თბილისთან მოლაპარაკებებში რაიმე ინიციატივა გამოიჩინოს. „ზემდგომი ორგანოები“ ამ მიმართულებასაც მკაცრად გააკონტროლებენ.
![]() |
6 მორიგი შეტევა სიტყვის თავისუფლებაზე |
▲ზევით დაბრუნება |
პოლიტიკა
სალომე უგულავა
ცოტა ხნის წინ პარლამენტში წარადგინეს კანონპროექტი, რომელიც ინფორმაციის თავისუფლების შეზღუდვას ითვალისწინებს - მედიის წარმომადგენლების დაჯარიმებას იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებულის მაიდენტიფიცირებელ ფოტოს, ან ვიდეოგამოსახულებას გაავრცელებენ. ინიციატივას, რომლის ავტორი საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი რატი მაისურაძეა, უმრავლესობა მხარს არ უჭერს.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც დღის წესრიგში მსგავსი საკითხი დგება. შეზღუდვების მომხრეებს არგუმენტად ის მოჰყავთ, რომ ჟურნალისტები ბრალდებულთა მაიდენტიფიცირებელი მასალის გავრცელებით ამ ადამიანების უდანაშაულობის პრეზუმფციას არღვევენ, ასევე, ბრალის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში, მათ პატივსა და ღირსებას ლახავენ. მსგავსი მიდგომა ხშირად მცდარ დაშვებებს ეფუძნება და შეიძლება გაცილებით დიდი ზიანის მომტანი იყოს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.
საქართველოს კანონმდებლობით, სასამართლო სხდომების საჯაროობა გარანტირებულია. პროცესები ღიაა ნებისმიერი მსურველისთვის და მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ გამონაკლის შემთხვევებში შეიძლება დაიხუროს. ბოლო დროს, მართლმსაჯულების სისტემაში საჯაროობის თვალსაზრისით სახიფათო პრაქტიკა გამოიკვეთა. მაგალითად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ვებგვერდზე განთავსებულ საქმეებში მოქალაქეთა სახელების და გვარების ნაცვლად, მათი ინიციალებია მითითებული. ეს, პირადი ცხოვრების დაცვის მოტივით, საჯაროობის პრინციპს არღვევს და ადამიანებს საჯარო ინფორმაციაზე კანონით გარანტირებულ ხელმისაწვდომობას უზღუდავს. უზენაესი სასამართლოს ქცევა გაუგებარია იმიტომაც, რომ სასამართლო პროცესის დამსწრეებისთვის ეს ინფორმაცია -- სახელებისა და გვარების ჩათვლით - ისედაც ხელმისაწვდომია.
ღიაობა სამართლიანი სასამართლოს აუცილებელი ატრიბუტია. ამის ნაწილია მედიაც, რომელიც პროცესს აშუქებს და მის კიდევ უფრო მეტ გამჭვირვალობას უწყობს ხელს. ის, გამოაქვეყნოს თუ არა ბრალდებულის მაიდენტიფიცირებელი მასალები, მედიის თვითრეგულირების სფეროს განეკუთვნება და თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება გარემოებებიდან, საქმის სპეციფიკიდან და საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე.
მცდარია აზრი, რომ ამგვარი მასალის გამოქვეყნება აპრიორი იწვევს ბრალდებულის პატივისა და ღირსების შელახვას, თუნდაც შემდგომში სასამართლომ გაამართლოს. მედიას ფოტო და ვიდეომასალა ამბის მოსაყოლად სჭირდება. ამბის თხრობისას ფაქტების გადაცემის გარდა, შეიძლება, გამოითქვას ვარაუდები და ეჭვები - მათ შორის, არა მხოლოდ იმაზე, რომ პირი დამნაშავეა, არამედ მის უდანაშაულობაზეც. ამასთან, ბრალდებულის მაიდენტიფიცირებელი მასალის გავრცელებამ საქმის წინსვლაც შეიძლება განაპირობოს - მაგალითად, გამოჩნდნენ ახალი მოწმეები.
ჟურნალისტური საქმიანობის და, ზოგადად, გამოხატვის თავისუფლების შესაზღუდად აკრძალვების შემოღება, ხელისუფლების ხელში მნიშვნელოვან ბერკეტად შეიძლება იქცეს, რაც დააზარალებს მედიასაც და საზოგადოებასაც. აღსანიშნავია ისიც, რომ მედია უდანაშაულობის პრეზუმფციას ვერ დაარღვევს. ეს მხოლოდ სასამართლოს ხელეწიფება - ხელისუფლების იმ შტოს, რომელიც პირის ბრალეულობა-უდანაშაულობაზე იღებს გადაწყვეტილებას.
თავის მხრივ, ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩვეულებრივ პრაქტიკად ითვლება, როდესაც სასამართლოს შენობამდე ბრალდებულის სამართალდამცავების თანხლებით გადაადგილებას მედიის წარმომადგენლები იღებენ - ეს გადაიცემა პირდაპირ ეთერში და ჟურნალისტები კითხვებსაც სვამენ. ამგვარ სიტუაციაში ხვდებიან ცნობილი ადამიანებიც - დაწყებული მსახიობებით, დამთავრებული ბიზნესმენებით და ფინანსისტებით. პრაქტიკა, რომელიც Perp walk-ის სახელითაა ცნობილი, ყველაზე მეტად ნიუ იორკთანაა ასოცირებული. Perp walk-ს კრიტიკოსებიც ჰყავს. ისინი ფიქრობენ, რომ ამგვარი ფოტო და ვიდეოგადაღება ბრალდებულთა შეურაცხყოფაა და ხელს უწყობს როგორც წინასწარი განწყობების ჩამოყალიბებას, ასევე შემდგომ სტიგმატიზებას.
დაკავებული დომინიკ სტროს - კანი სასამართლოში მიჰყავთ
ამ საკითხზე დისკუსია განსაკუთრებით გააქტიურდა შარშან, როდესაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის იმჟამინდელი პრეზიდენტი, დომინიკ სტროს-კანი ნიუ იორკში გაუპატიურების მცდელობის ბრალდებით დააკავეს. სასამართლომდე გზის რეპორტიორების წინაშე გავლა მასაც მოუწია და გაუპარსავი, ბორკილებდადებული სტროს-კანის ამ მდგომარეობაში ხილვა მისი თანამემამულე ფრანგების ნაწილისთვის საკმაოდ უსიამოვნო აღმოჩნდა. 2000 წლიდან ამგვარი მასალის მედიით გავრცელება საფრანგეთში აკრძალულია და ჟურნალისტებს ამისთვის აჯარიმებენ კიდეც.
აშშ-ში, გარდა იმისა, რომ გადაადგილებისას ბრალდებულის გადაღება მედიას აკრძალული არ აქვს, ჟურნალისტებს სამართალდამცავები ხშირად თავად უთანხმებენ მარშრუტის დეტალებს. პროცესის გამჭვირვალობის ხელშეწყობასთან ერთად, მათ იმის ჩვენებაც სურთ, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი, სუპერმოდელი, თუ რიგითი მოქალაქე. სამართალდამცავები კრიტიკას მოკლედ პასუხობენ: თუ არ გინდათ ამ გზის გავლა, ნუ დაარღვევთ კანონს.
თავის მხრივ, ბრალდებულს მედიის წინაშე განცხადების გაკეთების შესაძლებლობაც ეძლევა. Perp walk-ის პრაქტიკის დამცველები იმასაც აღნიშნავენ, რომ თუ პირი უდანაშაულო გამოდგა, საქმის გამჭვირვალედ გაშუქება საზოგადოებასაც და სამართალდამცავებსაც სარკეში ახედებს - სამომავლოდ მეტი სიფრთხილისა და დაკვირვებისკენ უბიძგებს.
აშშ-ში (და არამხოლოდ) იქმნება სპეციალური ვებგვერდებიც, სადაც ხელმისაწვდომი ინფორმაციის საფუძველზე თავს უყრიან მასალებს პირების დანაშაულებრივ წარსულზე. ამგვარი საიტების ნაწილით სარგებლობა ფასიანიცაა. მათ ფუნქციონირებას ბევრი იმ მოტივით აკრიტიკებს, რომ მოქალაქეთა დისკრიმინაციას ეწევიან - უკვე სასჯელმოხდილებს სტიგმატიზებას უწევენ და შემდგომ რეაბილიტაციაში ხელს უშლიან. თუმცა, ამის საპირწონე უფრო მნიშვნელოვანი რამაა - საზოგადოებრივი ინტერესი და უსაფრთხოება. სამსახურში აყვანისას, თუ რაიმე სხვა პირადი კონტაქტის შემთხვევაში, მსგავს ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა ადამიანებს რისკების გათვლაში ეხმარება. და კიდევ - ამგვარ ინფორმაციაზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობა პოტენციური დამნაშავეებისთვის შემაკავებლად შეიძლება იქცეს.
![]() |
7 „გვირგვინი“ და „ხალხი“ ქართული ნაციონალიზმის ფორმირების შესახებ |
▲ზევით დაბრუნება |
ემზარ ჯგერენაია|სვეტი
ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩაფლულ თანამედროვე ადამიანს საკუთარი ქვეყნის წარსული სტატიკურად და ერთხელ და სამუდამოდ გაფორმებულ რეალობად წარმოუდგება.
ბევრი ფიქრობს, წარსული არ იცვლება, იცვლება მხოლოდ აწმყო. მაგრამ სხვადასხვა ეპოქის ისტორიის სახელმძღვანელოების ერთი თვალის გადავლება ნათლად დაგვანახებს, რომ წარსული მუდმივად იცვლება. იტალო სვევო აღნიშნავდა: „წარსული მუდამ ახალია. ცხოვრების წინსვლასთან ერთად ის მუდმივად იცვლება. მისი ერთი ნაწილი, რომელიც დავიწყებაში გადაგდებულად მოსჩანს, კვლავ წამოტივტივდება, მეორე კი - დავიწყებას ეძლევა, რადგან ის ნაკლებად მნიშვნელოვანია. აწმყო არის წარსულის დირიჟორი, როგორც ორკესტრის წევრი. მას, აწმყოს, ეს ბგერა სჭირდება და არა სხვა რომელიმე. და ამგვარად წარსული წარმოგვიდგება ზოგჯერ მოკლედ, ზოგჯერ კი გრძლად“. ისტორია მუდმივად განიცდის გადაწერას, ხელახალ გააზრებას, და რადგანაც ისტორია მეხსიერებაა, ის ყოველთვის საგნებთან, გეოგრაფიულ ადგილებთან, ტექსტებთან, არქიტექტურასთან, არქივებთან, მუზეუმებთან, ბიბლიოთეკებთან და, გნებავთ, ასაკოვან ხეებთანაც არის დაკავშირებული. სწორედ ამის გამო, ყოველი ახალი პოლიტიკური იდეოლოგია არქიტექტურასა და კონკრეტულ გეოგრაფიულ ადგილებს, მათთან დაკავშირებულ მეხსიერებას უმართავს ბრძოლას, მით უმეტეს, თუ ეს იდეოლოგია რადიკალურად ახალია. თავის მხრივ, ახალი იდეოლოგია მეხსიერების ახალ ადგილებს და ისტორიის იმ ეპიზოდებს წამოსწევს, რომელიც აქამდე მივიწყებული იყო და უმნიშვნელოდ მიიჩნეოდა.
შუა საუკუნეების მეხსიერება და სიმბოლიკა დაკავშირებულია მონარქთან. მეხსიერების, ისტორიის აკუმულაცია ხდება მონარქის სხეულის ირგვლივ. ძეგლების, პოეზიის, მხატვრობის მიზანი მონარქის ხსოვნის უკვდავყოფაა. აქ მთავარი ცნებებია: „ბატონი“, „ვასალი“, „ქვეშევრდომი“. ძალაუფლების ლეგიტიმატორი არის ეკლესია, რომლის მოძღვრების თანახმად, „არ არსებობს ხელმწიფება, თუ არა ღვთისაგან, ხოლო არსებულნი ღვთისაგან არიან დადგენილნი“ (რომ.13.1). დავით აღმაშენებლის მიერ („ქუთაისელი ბიჭი“, როგორც მას უწოდა ერთმა ინტელექტუალმა) სამშობლოს გაგება ჯერ შორს არის იმ გაგებისაგან, რომელიც თერგდალეულების მიერ კონსტრუირებულმა ნაციონალიზმმა მოიტანა. შესაბამისად, შუა საუკუნეებისა და ფეოდალური სტრუქტურისათვის უცხოა „სუფთა სისხლის“, „გენეტიკურად ქართველის“ კონცეპტი. მეფე არის მეფე ყველა იმ ადამიანისა, რომელიც ქრისტიანია და მას, როგორც სუვერენს, აღიარებს. რატომ? „რადგან თქვენ ყველანი ღვთის შვილები ხართ ქრისტე იესოში რწმენით. რადგან, რაკი ყველანი მონათლეთ ქრისტეში, ქრისტეში შეიმოსენით. აღარ არის არც იუდეველი, არც ელინი... რადგან თქვენ ყველანი ერთნი ხართ ქრისტეში“ (გალ.26).
ფეოდალიზმი, შუა საუკუნეები, ძალაუფლების ღვთაებრიობისა და წარმომავლობის, ეთნიკური კუთვნილების მეორეულობის ამ სახარებისეულ კონცეფციას ემყარება. ევროპული ფეოდალიზმი განვითარების ორ ეტაპს გაივლის: პირველ ეტაპზე ფეოდალიზმი წარმოდგენილია მრავალი მცირე მოცულობის სათავადოების (საგრაფოები და ა.შ.), ასე ვთქვათ, დამოუკიდებელი ძალაუფლების წერტილების სახით. თითოეული ეს სათავადო/საფეოდალო მიწის გარკვეულ ნაწილს განკარგავს. იდეალურ-ტიპური თვალსაზრისით, ამგვარად მოწყობილი საზოგადოება დამოუკიდებელი ფეოდალების გაერთიანებაა. ეს ნიშნავს, რომ თითოეულ ამ საფეოდალოში ფეოდალი თვითონ, დამოუკიდებლად, განკარგავს თავის მიწას, აღასრულებს სამართალს, თვითონ, უმაღლესი ხელისუფალის ჩაურევლად, აგვარებს პრობლემებს თავის მეზობლებთან. მეზობელი სათავადოს თავდასხმის შემთხვევაში თვითონვე იცავს საკუთარ უფლებასა და საკუთრებას. მეფის ამოცანა მდგომარეობს სამეფოს, როგორც მთელის, დაცვასა და სამეფოს უსაფრთხოებაზე ზრუნვაში. თუ სამეფოს საფრთხე დაემუქრება, ის იწვევს ფეოდალთა საბჭოს, კრებს ფეოდალებისაგან შედგენილ არმიას.
სხვა დროს, მშვიდობის პირობებში, მეფე ერთ-ერთი ფეოდალთაგანია და პრობლემებს სხვა ფეოდალებთან ურთიერთობაში იმავე მეთოდებით წყვეტს, რა მეთოდებსაც „რიგითი“ ფეოდალები ერთმანეთთან ურთიერთობისას მიმართავენ. საყოველთაო, ყველგანშემღწევი და ყველაფრის მაკონტროლებელი ძალაუფლება ძალზე სუსტია, რადგან თვით ფეოდალების ორმხრივი დამოკიდებულებაა სუსტი; ჯერ კიდევ არ არსებობს ბატონობის ისეთი ტექნიკები, როგორიცაა, მაგალითად, მმართველობითი ბიუროკრატია ან მსგავსი ინფრასტრუქტურა, რომელთაც შეუძლიათ უწყვეტი, თანმიმდევრული კონტროლის განხორციელება.
ასეთი სოციალური და პოლიტიკური სისტემის პირობებში არ არსებობს ერთიანი ნაციონალური მეხსიერება და არც ისეთი ძეგლები, რომელთანაც საერთო ნაციონალური მეხსიერება იქნებოდა დაკავშირებული. სარაინდო რომანი და ეპოსი საერთო ნაციონალურ ეპოსად და მეხსიერების რეზერვუარად კი არ გვევლინება, არამედ რაინდული ეთიკისა და ფეოდალური სტრუქტურის ასახვად. ამიტომ „ვეფხისტყაოსანი“ შუა საუკუნეებში აღიქმება არა საერთონაციონალურ ეპოსად (როგორც ეს ჰგონია თანამედროვე ქართველს), არამედ რაინდულ-ეთიკურ კოდექსად, რომლის მთავარი სულისკვეთება არის მეგობრობა და არა კონკურენცია. აქედან გამომდინარე, სრულებით ცხადი ხდება „ვეფხისტყაოსნის“, როგორც სამზითვო წიგნის და ფეოდალიზმის მთავარი ამბის - რაინდობის, ურთიერთკავშირი და მიზანი: რაინდული ეთოსის დაცვა და მის მიხედვით ცხოვრება.
ფეოდალიზმის მეორე ეტაპზე ეს ვითარება განიცდის რღვევას, რასაც განაპირობებს, ერთი მხრივ, მოსახლეობის რიცხვის ზრდა და, მეორე მხრივ, მიწის რესურსებისადმი ხელმისაწვდომობის შანსების კლება. ეს იმას ნიშნავს, რომ იზრდება მოსახლეობა, მაგრამ მიწის რესურსები იგივე რჩება. შედეგად, საზოგადოებრივი სტატუსის შესანარჩუნებლად ფეოდალები იძულებულები ხდებიან ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და მიწისათვის ერთმანეთთან იბრძოლონ. ფორმირებას იწყებს ქალაქები და ე.წ. თავისუფალი, ფეოდალური სტრუქტურიდან „ამოვარდნილი“ და „არაღიარებული“ სოციალური ფენა - ვაჭრებისა და ხელოსნების სახით. თანაბარი უფლებების მქონე ბატონების (არისტროკრატიის) ლაბილური სტრუქტურა წონასწორობას კარგავს და იწყება ბრძოლა პირველობისათვის, რომელიც არც ფეოდალების სურვილებს პასუხობს და არც მათ მიერ არის დაგეგმილი. ამ, აქამდე უცნობ, კონკურენციულ ბრძოლაში თანდათანობით ყალიბდება რაინდების იერარქიული საზოგადოება, სადაც გამარჯვებული რაინდები ძალას სხვა რაინდებისაკენ მიმართავენ. ამ პროცესის პირველი ფაზის შედეგს წარმოადგენს მეფის ძალაუფლება, აბსოლუტური მონარქი, რომელსაც სრულებით მონოპოლიზებული აქვს ძალაუფლება. ეს ნიშნავს, რომ ადამიანის მიერ ადამიანის წინააღმდეგ გამოყენებული იარაღი - ფიზიკური ძალადობა - მეფის მონოპოლია, მისი პრეროგატივა ხდება. ამ ძალადობის კონტროლი კი არცთუ ისე ადვილია, რადგან ქვეშევრდომებს სამეფო ხელისუფლების კონტროლის მექანიზმები არ აქვთ. ძალაუფლებისათვის კონკურენტულ ბრძოლაში დამარცხებულები ძალაუფლებისათვის კონკურენტულ ბრძოლაში გამარჯვებულების კარზე დაქირავებულების მდგომარეობაში აღმოჩნდებიან და ამ საშუალებით ახერხებენ საკუთარი ეკონომიკური და საზოგადოებრივი მდგომარეობის, შესაბამისად, სოციალური სტატუსის უზრუნველყოფას. თანდათანობით ყალიბდება ბიუროკრატიული აპარატი, საფუძველი ეყრება სახელმწიფოს ახალ კონცეფციას, სადაც ძალაუფლება ხორციელდება არა იარაღის, არამედ ბიუროკრატიული აპარატის მეშვეობით. და კარზე დაქირავებულთა ეს ფენა, ქალაქის ბურჟუაზიასთან ერთად, შემდგომ დაამხობს სამეფო ხელისუფლებას. სწორედ ისინი, ბიუროკრატები და თავისუფალი ფენები - ბურჟუაზია მოამზადებს იმ გადატრიალებას, რომელიც შემდგომ შექმნის თანამედროვე „ერ-სახელმწიფოს“ (Nation-State) ერთიანი სამოხელეო აპარატით, არჩევითი ხელისუფლებით, ერთიანი მეხსიერებით, რომლის უწყვეტობას უზრუნველყოფს განათლების საერთო სისტემა და მედია. ასპარეზზე გამოდის „მოქალაქე“, ავტონომიური არსება, რომლის უფლებები საერთო წარმომადგენლობითი ორგანოს, პარლამენტების მიერ გამოცემული დაწერილი და გამოქვეყნებული კანონმდებლობებითაა დაცული. არავინაა ქვეშევრდომი, არამედ ყველა მოქალაქეა. ამ პროცესს თან ახლავს სამოქალაქო ომები და ამ ომების მეხსიერება, რომელიც ნაციონალური მეხსიერების ერთ-ერთ უმთავრეს კომპონენტს შექმნის. მოკლედ, დასავლური ნაციონალური და ლიბერალური ტრადიცია იქმნება „ტკივილის“ (სამოქალაქო ომების ტკივილი, უფლებებისათვის მებრძოლი ჯგუფებისა და ინდივიდების ტკივილი) ან „გამოგონებული ტკივილის“ მეხსიერებით.
ქართული ნაციონალიზმის ფორმირებასაც ასეთი პროცესი უნდა გაევლო, მაგრამ ისე „ბუნებრივად“ არ წარიმართა, როგორც ევროპაში. ქართული ნაციონალიზმის ფორმირება, ევროპულისაგან განსხვავებით, ქვეყნის შიგნით მიმდინარე სოციალური კანონზომიერებების, სტრუქტურული ტრანსფორმაციის შედეგად კი არ მოხდა, არამედ ინტელექტუალების ინტერვენციის მეშვეობით. ცხადია, ძალზე მნიშვნელოვანი როლი ამ თვალსაზრისით ითამაშეს „თერგდალეულებმა“, განსაკუთრებით კი ილია ჭავჭავაძემ. „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ“, მწერლობამ და გაზეთებმა (ანუ, როგორც სოციოლოგები ვიტყვით, „სოციალიზაციის აგენტებმა“) ფეოდალური საქართველოს მოსახლეობას, ადრე ფეოდალურად დაქუცმაცებული ერთეულების მკვიდრებს, ერთიანი ნაციონალური მეხსიერება და ერთიანი ისტორიის განცდა შეუქმნა. „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“, ზოგადად, „თერგდალეულების“ ზეგავლენა იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ სამეგრელოში ჩასულმა ილია ჭავჭავაძემ გაკვირვებულმა აღნიშნა: სამეგრელოში ჩავედი, საქართველო კი ვნახეო. ამ დროიდან მოყოლებული, კახელისა და მეგრელის თავში არსებობს ერთიანი საქართველოს ტკივილებით აღსავსე ისტორია, რომელსაც უწყვეტად კვებავს ისტორიისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოები, განათლების ერთიანი სისტემა და მნემოტექნიკის (დამახსოვრების ტექნიკის) ისეთი საშუალებაც კი, როგორიცაა ქართული სუფრა, სადაც საქართველოს ისტორია მითოპოეტურ ფორმაში წარმოგვიდგება. თუ შუა საუკუნეებში ხელისუფლების ლეგიტიმაცია ხდება ეკლესიის მეშვეობით, ნაციონალიზმის ეპოქაში წინა პლანზე გამოდის ხალხი. ხალხი ხდება ძალაუფლების წყარო. ამიტომ სრულიად კონტექსტუალურია ილია ჭავჭავაძის მოსაზრება: „ჩვენი „ქართლის ცხოვრება“ ხალხის ისტორია კი არ არის, მეფეთა ისტორიაა, და ხალხი კი, როგორც მომქმედი პირი ისტორიისა, ჩრდილშია მიყენებული“. ილიამ ამ გამონათქვამით ერთმანეთს დაუპირისპირა „გვირგვინი“ და „ხალხი“, თუმცა ფეოდალური საქართველოს დატოვებული მემკვიდრეობა ახალი იდეოლოგიის - ნაციონალიზმის - მეხსიერების ინტეგრალურ ნაწილად და ეროვნულ სიამაყედ აქცია. ამგვარად გაგებული ნაციონალიზმის მთავარი მეტაფორა არის ხე, რომლის თითოეული ფოთოლი არის ინდივიდი. ხის ვარჯი საერთო ნაციონალურ მეხსიერებას განასახიერებს, ხოლო ფოთოლი თითოეული ჩვენგანის ნაციონალურ თვითგახსენებას. ნაციონალიზმის მოთხოვნაა, რომ ეს ფოთოლი ჯანსაღი იყოს, არ დაჭკნეს (გამუდმებული ზრუნვა და კონტროლი დემოგრაფიაზე), სხვა მეტაფორაც არსებობს: საქართველო, როგორც ჩონგური, რომლის არცერთი სიმი არ უნდა გაწყდეს, ხოლო მასზე ხელის ჩამოკვრამ ჰარმონიული ხმა უნდა გამოსცეს.
![]() |
8 სამაუწყებლო ბაზრის ლიბერალიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯი |
▲ზევით დაბრუნება |
საზოგადოება
საკონსტიტუციო სასამართლო
ავტორი: ლევან სუთიძე
გასულ კვირას საკონსტიტუციო სასამართლომ საკაბელო მაუწყებლობის დაწყებისთვის კანონით დადგენილი ლიცენზირების წესი არაკონსტიტუციურად ცნო. ამით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სახალხო დამცველის სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. ომბუდსმენი ითხოვდა, თანამგზავრული და საკაბელო მაუწყებლობის დაწყებისთვის დაწესებული შეზღუდვები არაკონსტიტუციურად გამოცხადებულიყო. გიორგი ტუღუში მიიჩნევს, რომ საკაბელო ქსელისა და თანამგზავრის საშუალებით განხორციელებული მაუწყებლობის გარკვეული რეგულირება დასაშვებია, თუმცა ამისთვის ნებართვის, ანუ ლიცენზიის მიღების აუცილებლობა გაუმართლებლად ზღუდავს აზრისა და ინფორმაციის გავრცელების თავისუფლებას.
სასამართლომ ძალაში დატოვა და კონსტიტუციის 24-ე მუხლთან შესაბამისად მიიჩნია სანებართვო სისტემის არსებობა თანამგზავრული მაუწყებლობის შემთხვევაში.
მოპასუხე მხარე, საქართველოს პარლამენტი, ამტკიცებდა, რომ მიუხედავად იმისა, მაუწყებელი შეზღუდულ რესურსს იყენებს თუ არა, „ტექნოლოგიური ნეიტრალიტეტის“ პრინციპის დაცვისთვის ლიცენზირება აუცილებელია. მოპასუხე ამბობდა, რომ მედიის ბუნებიდან გამომდინარე - მოახდინოს ძლიერი გავლენა ადამიანთა განუსაზღვრელ რაოდენობაზე - „უცხოური ინტერესების ან პოლიტიკური ჯგუფების გავლენისგან მაუწყებლობის დაცვისთვის“, ლიცენზირების წესი ძალაში უნდა დარჩეს. სასამართლომ ეს არგუმენტი უკუაგდო იმ მოტივით, რომ კანონმდებლობა საჯარო ინტერესების დაცვისათვის ისედაც საკმარის გარანტიებს შეიცავს.
საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა - როდესაც საქმე ეხება საეთერო სიხშირეს, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული შეზღუდული რესურსია, ის სამართლიანად უნდა განაწილდეს. თუმცა, ეს არგუმენტი არ გამოდგება იმ შემთხვევაში, როცა ვსაუბრობთ საკაბელო ქსელზე. ამ უკანასკნელის ბუნება საეთერო მაუწყებლისგან არსებითად განსხვავდება: მაშინ, როცა საეთერო სიხშირე განსაზღვრული რაოდენობით არსებობს, საკაბელოს შემთხვევაში, რაოდენობა შეუზღუდავია - ნებისმიერს შეუძლია, სურვილის შემთხვევაში, საკაბელო ქსელი გააკეთოს ისე, რომ სხვებს ამის საშუალება არ წაართვას. სწორედ ამ გარემოებებს დაეყრდნო სასამართლო და დაადგინა, რომ ლიცენზირების დავალდებულება არღვევს გამოხატვის თავისუფლებას და არაკონსტიტუციურია.
იმ პირობებში, როცა ბეჭდური და ონლაინ მედია ბევრად პლურალისტურია, ვიდრე სამაუწყებლო, აღნიშნული გადაწყვეტილება ბაზრის ლიბერალიზაციისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ბეჭდური და ახალი მედიის პლურალიზმს სწორედ შემდეგი ფაქტორები განაპირობებს: საეთერო მაუწყებლისგან გასხვავებით, ისინი არც ბუნებრივად შეზღუდულ რესურსს წარმოადგენენ და არც რაიმე სახის რეგულაციას ექვემდებარებიან. ტელევიზიის შემთხვევაში, სიხშირეთა განსაზღვრული რაოდენობა და ლიცენზიის საჭიროება მას ნაკლებად მრავალფეროვნად აქცევს. შესაბამისად, საკაბელო ქსელის რეგულაციისგან გათავისუფლება ამ სივრცესაც პლურალიზმისკენ წაიყვანს. ეს მნიშვნელოვანია, რამდენადაც საქართველოში საკაბელო ტელევიზიებთან წვდომა მოსახლეობის საკმაოდ დიდ ნაწილს აქვს: საკაბელო ოპერატორების აბონენტი, ქვეყნის მასშტაბით, თითქმის ყოველი მეოთხე ოჯახია, დიდ ქალაქებში კი ეს მაჩვენებელი 40%25-ს აღწევს. თბილისში ეს რიცხვი გაცილებით მაღალია - მომხმარებელთა საერთო რაოდენობის 80%25 სწორედ აქ არის კონცენტრირებული. ლიცენზირებული საკაბელო მაუწყებლების რაოდენობა კი, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ინფორმაციით, 17-ს შეადგენს.
თავდაპირველად, კანონით ლიცენზირება მოეთხოვებოდათ მხოლოდ საკაბელო ოპერატორებს, მაგალითად, როგორიცაა სილკ ტვ, აიეტი, კავკასუს ტვ და ასე შემდეგ. მოგვიანებით შემოვიდა საკაბელო ოპერატორის ავტორიზაციის ცნება. მაუწყებლის ლიცენზირების პრაქტიკაც აქედან იღებს სათავეს, თუმცა ეს მხოლოდ ქართულ საკაბელო მაუწყებლებს ეხებოდა და არ ვრცელდებოდა უცხოურზე. მაგალითად, თუ CNN-ს, BBC-ს, Discovery-ს და სხვა არხებს საქართველოში ლიცენზიის გარეშე მაუწყებლობა შეუძლიათ, ეს წესი არ ვრცელდებოდა მაესტროზე, თრიალეთზე და სხვა საკაბელო მაუწყებლებზე, რაც მათ არათანაბარ მდგომარეობაში აყენებდა.
ტელეკომპანია მაესტრომ, რამდენიმე წლის წინ, ევრიკის სიხშირე დატოვა და საკაბელო ქსელში მაუწყებლობის ლიცენზია მოიპოვა. მას შემდეგ, რაც ტელეკომპანიამ საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების ეთერში გაშვება დაიწყო, დაირღვა ლიცენზიის პირობა, რაც თავდაპირველად მხოლოდ შემეცნებით-გასართობი გადაცემების გაშვებას ითვალისწინებდა. ახალი საზოგადოებრივ-პოლიტიკური (საერთო) ლიცენზიის მოდიფიცირებაზე მაესტროს კანონის მიხედვით უარი ეთქვა, რადგან ბოლო ერთი წლის მანძილზე მან სანქცია მიიღო ლიცენზიის დარღვევისთვის. საბოლოოდ, პრობლემა საქართველოს პარლამენტში გადაიჭრა და მაესტროს „პოლიტიკური ნების“ საფუძველზე მაუწყებლობის მოდიფიცირების უფლება მისცეს.
სასამართლომ თქვა, რომ თუ საკაბელო სიგნალი ვრცელდება მხოლოდ ქვეყნის შიგნით, თანამგზავრული მაუწყებლობა ქვეყნის საზღვრებს სცილდება. ეს კი, საკონსტიტუციო სასამართლოს აზრით, „შესაძლებელია გასცდეს კერძო პირებს შორის ურთიერთობას, სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებთან მოვიდეს შემხებლობაში და საერთაშორისო სამართლის ინტერესის საგნად იქცეს“.
სასამართლოსვე თქმით, საერთაშორისო ურთიერთობის წარმართვაში, ხელისუფლების განსაკუთრებული პრივილეგიიდან გამომდინარე, სახელმწიფოს უფლებამოსილება უფრო მასშტაბური უნდა იყოს. ამ შემთხვევაში, გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა სახელმწიფოსთვის ლეგიტიმური საფუძველი შეიძლება გახდეს.
საქმე ისაა, რომ მაუწყებლების პარალელურად არსებობს ინტერნეტი, რომელიც არ ცნობს სხვადასხვა ქვეყნის სუვერენულ საზღვრებს და მისი გამოყენებით, ათასობით კილომეტრით დაშორებულ მრავალ ადამიანთან ინფორმაციის გაცვლა დაბრკოლების გარეშეა შესაძლებელი. დიდი ხანია, ის მედიასიგნალის გავრცელებისთვისაც გამოიყენება. შესაბამისად, რთულია გარჩევა, რა პრინციპით შეგვიძლია განვასხვაოთ თანამგზავრული მაუწყებლობა ინტერნეტმაუწყებლობისგან, გარდა ტექნოლოგიური განსხვავებისა.
სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ ტრადიციული მაუწყებლების გვერდით ახალი, სერიოზული ალტერნატივის გამოჩენა საკმარისი არ არის იმისთვის, რომ თანამგზავრული სისტემით მაუწყებლობის მარეგულირებელი ნორმები არაგონივრულად ან არაკონსტიტუციურად ჩაითვალოს. თუ გავითვალისწინებთ, რომ უცხოური ტელევიზიები თანამგზავრის მეშვეობით საქართველოში უპრობლემოდ, ყოველგვარი ლიცენზიის გარეშე მაუწყებლობენ, სასამართლოს გადაწყვეტილება ამ ნაწილში გაუგებრად გამოიყურება.
საერთო ჯამში, ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ მნიშვნელოვანი პრეცედენტი შექმნა. 2015 წლიდან საქართველოში ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა იგეგმება, ციფრული მაუწყებლობის დროს კი „ძველ სიგნალს“ ციფრული სიგნალი ცვლის.
ციფრული სიხშირის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ ტრადიციული საეთერო სიხშირეებისგან განსხვავებით, პრაქტიკულად, შეუზღუდავია. აქედან გამომდინარე, 2015 წლიდან საკონსტიტუციო სასამართლოს, შესაძლოა, კიდევ ერთხელ მოუწიოს ამ თემასთან დაბრუნება და საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის კონსტიტუციურობის საკითხის განხილვა - ამჯერად უკვე სასამართლოს მიერვე შექმნილი პრეცედენტის საფუძველზე.
![]() |
9 კირილმა ჯადოქრებზე ნადირობის სეზონი გახსნა |
▲ზევით დაბრუნება |
საზოგადოება
ავტორი: ლევან სუთიძე
რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ წინა კვირას უპრეცედენტო დოკუმენტი მიიღო. ცირკულარში ნათქვამია, რომ ეკლესიისა და უშუალოდ პატრიარქ კირილის წინააღმდეგ მიზანმიმართული საინფორმაციო კამპანია მიმდინარეობს. უმაღლესმა იერარქიამ დოკუმენტის ყველა ამბიონიდან წაკითხვა ბრძანა.
„ანტიეკლესიურ ძალებს მართლმადიდებლობის გაძლიერება და ნაციონალური თვითშეგნების გამოღვიძება აშინებთ... მათ შორის არიან ისეთებიც, ვინც ძალაუფლებას ფლობს და მზადაა ფინანსური, საინფორმაციო და ადმინისტრაციული რესურსი იერარქებისა და სასულიერო პირების დისკრედიტაციისთვის გამოიყენოს“, ნათქვამია დოკუმენტში. კირილის აზრით, ამ ძალებს „აგრესიული ლიბერალიზმის“ ცრუ ფასეულობათა გამავრცელებლებიც მიეკუთვნებიან. მათ წინააღმდეგ, მოსკოვის საპატრიარქო 22 აპრილს შეკრებს მრევლს, რომელიც დედაეკლესიას „ლოცვით თანადგომას“ გამოუცხადებს.
ცირკულარის მიღება კრიტიკის წინააღმდეგ მრევლის დასარაზმად დასჭირდათ. ამას წინ უძღოდა გახმაურებული შემთხვევა პანკჯგუფ Pussy Riot-თან დაკავშირებით. პანკმომღერლებს, რომელთაც შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ, კირილმა პირადად უწოდა დემონთა საყვირი და ის მართლმადიდებლებიც დაგმო, ვინც ეკლესიის პოზიცია ბოლომდე არ გაიზიარა.
კირილმა ჯერ კიდევ პრეზიდენტობის კანდიდატ პუტინს ღიად დაუჭირა მხარი და, როგორც შეფასდა - ღმერთის შემდეგ მეორე კაცად გამოაცხადა. ხოლო იმისთვის, რომ პუტინს მისთვის მესამე კაცობა კვლავ ებოძებინა, ყველას ანახა, რომ არც პუტინისა და არც პირადად მის შეურაცხყოფას შენდობა არ ექნება. თუმცა ამ ნაბიჯის შემდეგ გაირკვა, რომ დასასჯელი სამიზნე ზედმეტად უსუსურად გამოიყურება და ეკლესიას, ჩაგრულის ნაცვლად, მჩაგვრელად აჩენს. ახალი დოკუმენტი სწორედ ამ შეცდომის გამოსწორებას ემსახურება, გოგონების მნიშვნელობას აზვიადებს და ცდილობს, ისინი ანტიეკლესიური კამპანიის პირველ მერცხლებად წარმოგვიდგინოს.
ცოტა ხნის წინ, კირილი კიდევ ერთ სკანდალში გაეხვია - ცნობილი გახდა, რომ მან ერთ-ერთი ინტერვიუს დროს იცრუა, როცა თქვა, რომ 28-36 ათას ევრომდე ღირებულების საათს არ ატარებს. ბლოგერებმა საპატრიარქოს ოფიციალურ ვებგვერდზე აღმოაჩინეს, რომ პატრიარქის ერთ-ერთი ფოტო დამუშავებულია და მისი ხელიდან წაშლილია საათი, რომელსაც მაგიდის გლუვი ზედაპირი ირეკლავს. ამის შემდეგ კირილის განცხადება, რომ „მისი მოკრძალებული პერსონის მისამართით“ გამიზნული შეტევა მიმდინარეობს, ღიმილისმომგვრელად იქცა.
აქ პრინციპულად ახალი არაფერია. იზოლაციონისტური რელიგიური ორგანიზაცია ხშირად ირჩევს ოპონენტების დემონიზების გზას. თუ საქართველოს ეკლესიისთვის 2009 წელს, საზოგადოების ნაწილის მიერ გაგზავნილ კითხვებს გავიხსენებთ, იდენტურ შეფასებებს წავაწყდებით. საპატრიარქომ თქვა, რომ ხელმომწერებს „საზოგადოების ნაწილად“ არ მიიჩნევს. ისინი გაურკვეველი „მტრული ძალების“ ნაწილად გამოიყვანეს. „დემონების“ წინააღმდეგ მრევლი დაირაზმა და ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს, ძალის დემონსტრირება სცადა.
იერარქიამ მაშინაც და ახლაც, საქართველოშიც და რუსეთშიც, ზოგადი სიტყვების გამოყენებით სამწყსოს უთხრა, რომ არსებობენ მტრული ძალები - ფსევდოლიბერალები, რომელთაც საზოგადოების ფასეულობათა სისტემის თავდაყირა დაყენება სურთ. მაგრამ ერთია, შექმნა მტრის ხატი კონკრეტული ადამიანებისგან, ხოლო მეორე და უარესია, შექმნა მტრის კონტურები, სადაც მრევლის ნებისმიერ წევრს, გემოვნების მიხედვით, ნებისმიერში შეუძლია ეკლესიის მტრის ამოცნობა. ეს კონტურები, სამწუხაროდ, დასავლური ცივილიზაციის ფასეულობებს ემთხვევა.
![]() |
10 ადგილობრივი დანაზოგების დაბალი დონე დაშესაძლო შედეგები |
▲ზევით დაბრუნება |
ეკონომიკა
ელენე კვანჭილაშვილი
ადგილობრივი დანაზოგები: საქართველო და სხვადასხვა შემოსავლების ჯგუფები
სამთავრობო და კერძო დანაზოგები საქართველოში (მშპ-ს %25, 2004-10)
ბოლო დროს საერთაშორისო ორგანიზაციები ყურადღებას ამახვილებენ მაღალ ხარჯებზე და დაბალ დანაზოგებზე. საყოველთაო შეფასებით, საქართველოში დღეს სამომხმარებლო ხარჯი საკმაოდ მაღალია - მშპ-ს 80%25. მსოფლიო განვითარების ინდექსის (WDI) მონაცემებით, 1990-იან წლებთან შედარებით, ეს მაჩვენებელი საშუალოდ 20%25-ით გაიზარდა.
მაღალი ხარჯი - იქნება ეს სამომხმარებლო თუ სამთავრობო - ავტომატურად ნიშნავს მცირე რაოდენობის დანაზოგებს. დანაზოგების არსებობა, თავის მხრივ, დიდ წილად განაპირობებს კაპიტალის შემდგომ ინვესტირებას და მომავალ ეკონომიკურ ზრდას.
თუ დანაზოგი არ არსებობს, ვალდებულებები უნდა დაფინანსდეს ან პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით, ან ვალით. ორივე შემთხვევაში მატულობს უცხოურ კაპიტალზე დამოკიდებულება, რაც კრიზისულ პერიოდში ქვეყნის რისკებს ზრდის.
მიუხედავად იმისა, რომ გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ სამთავრობო ხარჯებმა შემცირება დაიწყო, სამომხმარებლო ხარჯები მაინც მაღალი რჩება.
კვლევითმა ორგანიზაციამ - ACT Research - საქართველოში დანაზოგების მიმართ დამოკიდებულება და დაზოგვის პრაქტიკა შეისწავლა:
უფრო ხშირად და უფრო მეტს ზოგავენ ის ადამიანები, ვისი ოჯახის შემოსავალიც თვეში 700 ლარზე მეტია.
დასაქმებული ადამიანი უფრო ზოგავს, ვიდრე უმუშევარი და თან, დიდი ალბათობით, ფულს ბანკში ინახავს.
ადამიანი, ვისი ხელფასიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაიზარდა, უფრო ზოგავს ბანკში, ვიდრე ის, ვისი ხელფასიც იგივე დარჩა ან ხელფასი შეუმცირდა.
ადამიანი, რომელსაც ფულს უცხოეთიდან უგზავნიან, უფრო ზოგავს, ვიდრე ის, ვინც უცხოეთიდან ფულად გზავნილებს არ იღებს.
ACT-ის უახლესი - 2011 წლის კვლევა აჩვენებს, რომ მოსახლეობის 84%25, როგორც წესი, ფულის დაზოგვას ვერ ახერხებს. ამას ისიც ემატება, რომ 66%25 ფულს მისი აღებიდან მოკლე დროში ხარჯავს, 76%25 კი ამ ტკიცებს, რომ ხშირად უხდება გაუთვალისწინებელი ხარჯის გაღება. ეს ციფრები შეიძლება იმაზე მიუთითებდეს, რომ საქართველოს მოსახლეობა ფულს არასისტემურად ხარჯავს.
თუმცა საინტერესო უფრო სხვა რამაა: მიუხედავად იმისა, რომ სამომხმარებლო ხარჯები ასე მაღალია, მოსახლეობას ვალები მაინც არ აწუხებს - მხოლოდ 34%25-მა დააფინანსა საკუთარი საჭიროებები მთლიანად ვალის ხარჯზე, 73%25 მაქსიმალურად ცდილობს, რომ ვალი არ დაიდოს, ხოლო 79%25-ს ურჩევნია ბიზნესი მაშინ დაიწყოს, როცა საკუთარი ფული ექნება.
ის, ვინც მაინც ზოგავს ფულს, ამას ორი ძირითადი მიზნით აკეთებს: უძრავი ქონების შესაძენად და შვილებისთვის განათლების უზრუნველსაყოფად. ამასთან, უძრავ ქონებაში მეტი აბანდებს, ვიდრე შვილების განათლებაში. შვილების განათლებაში ფულის დაბანდება, როგორც წესი, თბილისსა და დიდ ქალაქებში პრიორიტეტია. სოფლად ფულს უმეტესად სოციალური პირობების გაუმჯობესებისთვის ზოგავენ.
თბილისში და დიდ ქალაქებში ფულს ბანკებში ინახავენ, ხოლო სოფლად უპირატესობას სახლში არსებულ ეგრეთწოდებულ სამალავებს ანიჭებენ. საინტერესოა ისიც, რომ რესპონდენტების 15%25-მა ამ კითხვას არ უპასუხა. მათი დიდი წილი სოფლიდანაა.
ბანკის არჩევანს ძირითადად საპროცენტო განაკვეთების ოდენობა განსაზღვრავს. ეს გავლენას ახდენს დასაზოგი ვალუტის არჩევანზეც. ACT-ის კვლევის მიხედვით, სოფლად უპირატესობას ლარში დაზოგვას ანიჭებენ, რადგან ლარზე საპროცენტო განაკვეთი უფრო მაღალია. თბილისში და დიდ ქალაქებში კი დოლარში ან ევროში გახსნილი დეპოზიტი უფრო მეტია. მთელი ქვეყნის მასშტაბით, მომხმარებლები უფრო ისეთ დეპოზიტებს ხსნიან, საიდანაც თანხის გატანა ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი.
2004 წლიდან მოყოლებული დანაზოგები სულ მცირდებოდა. მაღალი ეკონომიკური ზრდის პირობებშიც კი - 2006-2007 წლებში - ადგილობრივი დანაზოგები 6-7%25-ით შეიკვეცა. და ეს მიუხედავად იმისა, რომ მაშინ შემოსავლების ზრდა მშპ-ს ზრდას აღემატებოდა.
WDI-ს მონაცემებით, საქართველოს დანაზოგები ამ პერიოდშიც დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნების დონეზე იყო. სტატისტიკური მონაცემების ანალიზი აჩვენებს, რომ მაშინ ხარჯების დაფინანსება პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით ხდებოდა, რის გამოც საბიუჯეტო დეფიციტი საკმაოდ მაღალი იყო.
გლობალური ფინანსური კრიზისის ფონზე, შემცირდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. ამდენად, თუ საქართველოს უნდა, რომ მომდევნო ათწლეულში მაღალი ეკონომიკური ზრდა ჰქონდეს, უცხოური კაპიტალის მოზიდვის პარალელურად, მასზე დამოკიდებულება უნდა შეამციროს. ამის ერთ-ერთი გზა დანაზოგების რაოდენობის გაზრდაცაა.
![]() |
11 მდიდარი ადამიანის სტერეოტიპში გაჩენილი ბზარი |
▲ზევით დაბრუნება |
ეკონომიკა
ავტორები: ელენე კვანჭილაშვილი, მაკა გამცემლიძე
ბევრს ჰგონია, რომ თუ მდიდარი ხარ, მაშინ ყოფითი პრობლემები არ გაწუხებს, ფეხი ფეხზე გაქვს გადადებული, არაფერს აკეთებ და უდარდელად ცხოვრობ. ნობელის პრემიის ლაურეატმა, ეკონომისტმა დანიელ კაჰნემანმა ეს სტერეოტიპი თავისი კვლევით მნიშვნელოვნად შეარყია.
აღმოჩნდა, რომ მდიდარი ადამიანები დროის უმეტეს ნაწილს აუცილებელი საქმეების კეთებას უთმობენ: ისინი, ღარიბებთან შედარებით, თითქმის ორჯერ ნაკლებად დადიან საყიდლებზე, ატარებენ დროს ოჯახთან ან ვარჯიშობენ. ბლეკბერიზე მიჯაჭვულები, ინტერნეტქსელში დაკარგულები და საქმიანი ვიზიტებით გადატვირთულები, ხშირად სტრესულ მდგომარეობაში ვარდებიან. მათი განტვირთვის მთავარი საშუალება ფეხების მასაჟია: კვლევამ აჩვენა, რომ წელიწადში 100 ათას დოლარზე მეტი შემოსავლის მქონე ადამიანები დროის მეხუთედს სწორედ ამგვარ რელაქსაციას უთმობენ.
კაჰნემანის და მისი კოლეგების კვლევიდან კარგად ჩანს - თუ ადამიანს სურს, დაგროვილი სიმდიდრე არა მხოლოდ შეინარჩუნოს, არამედ გაზარდოს კიდეც, მუდმივად უნდა მუშაობდეს. ამის მთავარი მიზეზი გლობალური კონკურენციაა. ფაქტია, რომ ყველაზე მომგებიან მსხვილ ინვესტიციებს, როგორც წესი, თან ახლავს საკმაოდ მაღალი რისკი, მოგების მისაღებად კი ინვესტორებს ამ რისკების სწორად დაბალანსება, ბევრი ფიქრი და შრომა სჭირდებათ.
მიუხედავად იმისა, რომ კაჰნემანის და მისი კოლეგების მსჯელობა ლოგიკურია, უდარდელი მილიონერის სტერეოტიპი საზოგადოებაში მაინც გამჯდარია. ამის მთავარი მიზეზი გამდიდრებასთან დაკავშირებული ინფანტილური ილუზიებია. კვლევა აჩვენებს, რომ გამდიდრება თავისთავად არ შეიძლება იყოს ერთადერთი მიზანი. მიზანი საქმის წარმატებით კეთებაა, სიმდიდრე კი - ამის შედეგი. მეტიც, ვინც მუდმივად გამდიდრებაზე ოცნებობს, სულ იმის წარმოდგენაშია, როგორ მოვა დრო, როცა საკუთარ სახლში ბრტყელეკრანიანი ტელევიზორის ყურებით დატკბება, სპორტის სხვადასხვა სახეობებით გაერთობა და, ზოგადად, ფუფუნებაში იცხოვრებს.
აღმოჩნდა, რომ ვისი შემოსავალიც წელიწადში საშუალოდ 20 ათასი აშშ დოლარია, თავისუფალი დროის მესამედს პასიურ დასვენებაში ატარებს. ამ ადამიანებისთვის დასვენების ყველაზე პოპულარული ფორმა ტელევიზორის ყურებაა.
![]() |
12 ახალი გაზსადენი ევროპის გზაზე |
▲ზევით დაბრუნება |
ეკონომიკა
ელენე კვანჭილაშვილი
კასპიურ გაზს ევროპამდე მისასვლელად ახალი შესაძლებლობა გაუჩნდა - ტრანსანატოლიური გაზსადენი (TANAP). ახალი პროექტის მიმართ ერთდროულად იზრდება, როგორც აზერბაიჯანში თავმოყრილი გაზის მწარმოებლების, ისე ტრანზიტული კომპანიების და ევროპელი იმპორტიორების ინტერესი. ყველა მოთამაშეს პროექტის მთავარ ინვესტორთან - აზერბაიჯანთან მოუწევს შეთანხმება.
გაზსადენი საქართველო-თურქეთის საზღვართან აიღებს სათავეს და თურქეთ-ბულგარეთის საზღვრამდე გაგრძელდება. იქ მას შეუერთდება სხვა მილსადენი, რომლის მეშვეობითაც გაზი ცენტრალურ ევროპამდე, ან იტალიამდე მიაღწევს.
დამხმარე მილსადენისთვის ცენტრალურ ევროპაში უკვე გამოჩნდა სამი კონკურენტი: სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის მილსადენი (SEEP) აზერბაიჯანს კასპიური გაზის ვენამდე მიტანას სთავაზობს. ტრანსადრიატიკული მილსადენი (TAP) კასპიური გაზის საბერძნეთის, ალბანეთის და ადრიატიკის ზღვის გავლით იტალიის ნახევარკუნძულამდე ტრანსპორტირების პირობას დებს. არსებობს კასპიური გაზის ტრანსპორტირების კიდევ ერთი გზა - Nabucco-ს შეკვეცილი ვარიანტი: თურქეთ-ბულგარეთის საზღვრიდან ვენამდე. ვარაუდობენ, რომ აზერბაიჯანისთვის სწორედ ეს მარშრუტი იქნება ყველაზე მომგებიანი.
Nabucco-ს მილსადენის ახალი კონფიგურაცია (Nabucco-West) ყველა იმ ქვეყანას გაივლის, რომლებიც რუსეთის გაზის გიგანტზე - Gazprom-ზე - ყველაზე მეტად არიან დამოკიდებული: ბულგარეთს, რუმინეთს, უნგრეთს, ავსტრიას და გერმანიას. ამ ქვეყნებისთვის კასპიური გაზის მარაგებზე წვდომა მხოლოდ სავაჭრო ან ტრანზიტული ინტერესის საგანი არ არის - მათ თავიანთი ენერგოსექტორის დივერსიფიცირების რეალური შანსი უჩნდებათ. ბულგარეთმა, მაგალითად, Nabucco-West-ს ეროვნული პრიორიტეტის სტატუსი მიანიჭა. ეს სტატუსი ქვეყანას შესაძლებლობას უქმნის, Nabucco-West-ის ბულგარული მონაკვეთის მშენებლობაზე ნებართვები და ლიცენზიები გამარტივებული წესით გასცეს. გეგმის მიხედვით, საბოლოოდ სწორედ ეს ნაწილი დააკავშირებს ტრანსანატოლიურ მილსადენს ცენტრალურ ევროპამდე.
Nabucco-ს მილსადენის ახალი კონფიგურაცია ყველაზე მიმზიდველ ვარიანტად კიდევ რამდენიმე ფაქტორის გამო შეიძლება ჩაითვალოს: ჯერ ერთი, Nabucco-ს ქვეყნებს შორის უკვე არსებობს მთავრობათაშორისი შეთანხმებები, ასევე ჰარმონიზებული ევროპული საკანონმდებლო და რეგულირების რეჟიმი. Nabucco-ს ქვეყნების გაზის ქსელები თითქმის ბოლომდეა ურთიერთდაკავშირებული, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს გაზის ტრანსპორტირებას. ევროკავშირი ამ ქვეყნებში Gazprom-ზე დამოკიდებულების შემცირებას მთლიანად მხარს უჭერს. შესაბამისად, ენერგოდივერსიფიკაციის მაღალი საჭიროების გამო, იქ აზერბაიჯანულ გაზზე ყველაზე დიდი საბაზრო მოთხოვნაა.
ევროპის მხრიდან ენერგოდივერსიფიკაციაზე და, შესაბამისად, კასპიურ გაზზე მოთხოვნა თითქმის ათწლეულია უკვე არსებობს. ტრანსანატოლიურ მილსადენს სხვა მსგავს პროექტებთან შედარებით ის უპირატესობა აქვს, რომ ამ პროექტში ჩართული მთავარი ქვეყანა - აზერბაიჯანი - თავად არის მოტივირებული პროექტის წარმატებით განხორციელებაში. ჯერ ერთი, აზერბაიჯანს გაზის საკმარისი რაოდენობა აქვს, რომ ამ პროექტის მთავარი ინვესტორი გახდეს. მეორეც, აზერბაიჯანის ეროვნულ ინტერესში შედის, რომ მსოფლიო ბაზარზე გაზის ექსპორტიორის პოზიციები გაიმყაროს. ამ კუთხით ევროპასთან ხანგრძლივვადიან კონტრაქტს გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება.
პროექტის მთავარი დოკუმენტის, აზერბაიჯან-თურქეთის მთავრობათაშორისი ურთიერთგაგების მემორანდუმის მიხედვით, ტრანსანატოლიური მილსადენის საკონტროლო პაკეტის მფლობელი, ასევე მთავარი ინვესტორი და მილსადენის ოპერატორი აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია იქნება. მას 80%25-იანი წილი ეკუთვნის, თურქეთის მილსადენების სახელმწიფო კომპანია - Botas-ი და ნავთობკომპანია - Turkish Petroleum-ი კი10-10%25-ს ფლობენ.
სხვადასხვა გათვლებით, TANAP-ის მშენებლობა 5-დან 6 მილიარდ აშშ დოლარამდე დაჯდება. მშენებლობის ხარჯის დიდი ნაწილის დაფარვას აზერბაიჯანი ნავთობის ექსპორტით მიღებული შემოსავლებით აპირებს. სრული დატვირთვის შემთხვევაში, მილსადენი ევროპისკენ 30 მილიარდი კუბური მეტრი გაზის გატარებას შეძლებს.
![]() |
13 ლაზიკა - შესაძლებლობა და გამოწვევა |
▲ზევით დაბრუნება |
ფოკუსი
თამარ ჩერგოლეიშვილი, ელენე კვანჭილაშვილი
„ადავწყვიტეთ, ანაკლიასა და ყულევს შორის დავაფუძნოთ ახალი დიდი ქალაქი, რომელსაც დავარქმევთ ლაზიკას“ - შეგვატყობინა საქართველოს პრეზიდენტმა მისთვის ჩვეული შემართებით გასული წლის მიწურულს და დაგვპირდა, რომ ამ ქალაქში სულ რაღაც ათ წელიწადში ნახევარი მილიონი ადამიანი იცხოვრებს. ახალი ამბავი შეუმჩნეველი თითქმის არავის დარჩენია - როგორც ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით თებერვალში ჩატარებული კვლევა მოწმობს, ლაზიკის შესახებ მოსახლეობის 84%25-ს აქვს გაგონილი. თუმცა ერთია რამდენმა გაიგო და მეორე რა გავიგეთ - გარდა იმისა, რაც ზემოთ ვთქვით, ვიცით ის, რომ ლაზიკაში იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყება და შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში ბიუჯეტიდან 200 მილიონი ლარი გამოიყოფა პროექტის დასაფინანსებლად, წელიწადში 50 მილიონი ლარის ოდენობით. საღი აზრიც საკმარისია იმის დასადგენად, რომ ეს თანხა ზღვაში წვეთია იმ მასშტაბის პროექტისთვის, რაზეც სააკაშვილი საუბრობს. მაგრამ ხელისუფლება გვარწმუნებს, რომ დანარჩენს ინვესტორები გაიღებენ. რატომ მოაწყდებიან ინვესტორები ლაზიკის ასაშენებლად, განსაკუთრებით გაგანია მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ფონზე - არავის აუხსნია.
მთავრობას პასუხი არც იმ კითხვაზე გაუცია, თუ „ატომ ახალი ქალაქი, როცა ძველებისთვის ვერ მიგვიხედავს“ არც ის ვიცით, საიდან მოდის 10 წელიწადში ნახევარი მილიონი მოსახლე და რატომ, მაშინ როდესაც, მაგალითად, ჩიკაგოს ამ ნიშნულის მისაღწევად 47 წელი დასჭირდა. თუმცა NDI-ს კვლევითვე დგინდება, რომ იმას, რაც ლაზიკის შესახებ ვიცით, მოსახლეობის 59%25 დადებითად აფასებს.
ამ საკითხის პირველი საჯარო განხილვა რამდენიმე დღის წინ შედგა თავისუფალი უნივერსიტეტისა და იუსტიციის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაზე. ამ ღონისძიების ერთ-ერთი მონაწილე იყო პრეზიდენტების - რეიგანის და უფროსი ბუშის თანაშემწე მაიკლ კლუგმანი. თავის დროზე, ის თეთრ სახლში ლათინური ამერიკის საკითხებზე მუშაობდა, ხოლო დღეს ამავე რეგიონში დამოუკიდებელი კონსულტანტის რანგში მოღვაწეობს. მაიკლ კლუგმანმა თავისი შეხედულებები ახალი ქალაქების კონცეფციაზე ტაბულას გაუზიარა:
ამას წინათ New York Times-ის ჟურნალისტს ვესაუბრე და მალევე მივხვდი, რომ მას ახალი ქალაქის შექმნა სამშენებლო სამუშაოებად წარმოედგინა. ეს არასწორია. ეს ქალაქი იურისდიქციად უნდა წარმოვიდგინოთ. როდესაც რონალდ რეიგანმა ამერიკა მთაზე მოელვარე ქალაქს შეადარა - მას ბეტონსა და რკინაზე სულაც არ უფიქრია, პრეზიდენტმა მაგნიტივით მიმზიდველი ადგილი იგულისხმა, რომელიც ღირებულებებით, იდეებით და ინსტიტუტებით იზიდავს.
ახალი ქალაქი ინვესტიციებისთვის, საცხოვრებლად და სამუშაოდ ხელსაყრელი უნდა იყოს. ის კერძო კაპიტალის ხარჯზე უნდა განვითარდეს. ეს ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, თუ გვსურს ახალმა ქალაქმა ეკონომიკური ძრავის ეფექტი შეიძინოს და ქვეყნის ბიუჯეტს ტვირთად არ დააწვეს. სხვა შემთხვევაში მივიღებთ ბრაზილიას ან ასტანას. იქ მთავრობა აშენებს, იმიტომ რომ არ არსებობს იდეა და ინსტიტუტები, რომლის გამოც შენებაში მონაწილეობის მიღების სურვილი კერძო ინვესტორებს გაუჩნდებათ. ქალაქი ხალხმა უნდა ააშენოს. ისეთმა ხალხმა, რომელსაც შექმნა და შენება უნდა. მარტო ამ გზით შეიძენს ის სიცოცხლისუნარიანობას.
მხოლოდ თავისუფალ ეკონომიკურ ზონად ქცევა ლაზიკის შემთხვევაში საკმარისი არ იქნება - ასეთი ტერიტორიები გაქვთ და მათი რიცხვი განუხრელად იზრდება. გარდა ამისა, თქვენ ისედაც კარგი პოზიცია გიჭირავთ მსოფლიო ბანკის რეიტინგსა და ეკონომიკური თავისუფლების სხვა ინდექსებში. ამ მხრივ თქვენი კონკურენტუნარიანობა საკმარისად მაღალია და მეტი თავისუფლება ბევრს არაფერს მოიტანს. რაღაც ახალია საჭირო.
ამასთან, დაბალი გადასახადის მქონე ზონა მსოფლიოში ბევრია, მაგრამ ასეთ ადგილებში ინვესტირებული ფულის ოდენობა მთლიანობაში დიდი არ არის. კაპიტალი ძირითადად იმ ქვეყნებში მიდის, სადაც უკეთესი სასამართლო, ეფექტიანი მთავრობა და პოლიტიკური სტაბილურობაა უზრუნველყოფილი. ამ ელემენტების გარეშე მსხვილ ინვესტიციებს ვერ მოიზიდავთ. ამიტომ მნიშვნელოვანია, შეიქმნას ისეთი იურისდიქცია, სადაც ინვესტორს სტაბილურობის მაქსიმალური განცდა ექნება, როგორც სამართლებრივი და ეკონომიკური, ისე ადმინისტრაციული და პოლიტიკური თვალსაზრისით.
რეფორმების შედეგად ეკონომიკის ლიბერალიზაციისა და საჯარო ადმინისტრაციის დახვეწის მიმართულებით საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს. ამ კუთხით ლაზიკა კარგ სასტარტო პირობებშია. რაც შეეხება სამართლებრივ მხარეს, აქ დამატებითი გარანტიები იქნება საჭირო.
პრეზიდენტი რეიგანი და მარკ კლუგმანი
მარკ კლუგმანი
საქართველომ სასამართლო სისტემის დახვეწის კუთხით მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა. დღეს, თქვენ ბევრ ქვეყანაზე უკეთესი სასამართლო გაქვთ. მაგრამ ინვესტორი მას არ იცნობს, გაცნობა ეზარება, არ არის დარწმუნებული, რომ დავის შემთხვევაში ადგილობრივ ინტერესთა ჯგუფებთან თანაბარი პირობები ექნება. ამიტომ, ლაზიკაში ინვესტირების მსურველებს უნდა შეეძლოთ, სამართლებრივი დავები იმ სისტემაში გადაწყვიტონ, რომელსაც იცნობენ და ენდობიან.
ასეთი გამოცდილება არსებობს - დუბაი. მის დამფუძნებლებს სურდათ ეს ქალაქი საერთაშორისო ფინანსურ ცენტრად ქცეულიყო. მაგრამ, ვინ გარისკავდა დიდი ოდენობით ფულის ისეთ ქვეყანაში ჩადებას, სადაც გარანტია იმისა, რომ ადგილობრივ გავლენიან პირთან დაპირისპირების შემთხვევაში თანაბარ პირობებში აღმოჩნდები, არ გაქვს? ამიტომ, ადგნენ და ახალი სასამართლო შექმნეს, სადაც საუკეთესო რეპუტაციისა და გამოცდილების მქონე ჰონ კონგელი და ბრიტანელი გადამდგარი მოსამართლეები მიიწვიეს. ამასთანავე, კაპიტალი უზრუნველყოფილი. ისინი დავების გადაწყვეტისას არა ადგილობრივი, არამედ ბრიტანული სამართლით ხელმძღვანელობენ, რომელიც ბიზნესწრეებისთვის ყველაზე კარგად ნაცნობია და მაღალი რეპუტაციით სარგებლობს.
მსხვილი კონტრაქტების შემთხვევაში სასამართლო დავის ადგილი ისედაც შეთანხმებით განისაზღვრება. მხარეები წინასწარ ირჩევენ ლონდონის არბიტრაჟს ან პარიზის საერთაშორისო ვაჭრობის პალატას. მაგრამ რა ქნას საშუალო მასშტაბის ინვესტორმა, ან ადგილობრივმა მეწარმემ?
სასამართლო სისტემის ქვეყნიდან გატანა ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც თანაბარ და სამართლიან პირობებს შექმნის. ბრიტანელი მოსამართლისთვის ქართველი გავლენიანი და რიგითი მოქალაქე უფრო თანაბარია, ვიდრე ადგილობრივისთვის.
შესაბამისად, ლაზიკის წარმატების გადამწყვეტი ფაქტორი ისაა, თუ რამდენად შეძლებთ ინვესტორთა დარწმუნებას. ისინი, როგორც წესი, რისკზე მიდიან, თუ იციან რა ტიპის რისკი შეიძლება შეხვდეთ. თუ არ არიან დარწმუნებულნი, რომ ერთ დღეს მთავრობა მათი ქონების კონფისკაციას არ მოახდენს, მით უფრო, რომ ასეთი რამ ბევრ ქვეყანაში ხდება, ინვესტორთა ყურადღების მიპყრობა რთული იქნება.
დღეს, ახალი - 21-ე საუკუნის ქალაქის პროექტს ჰონდურასი ახორციელებს. გვატემალა ფიქრის სტადიაშია. თქვენს რეგიონში მსგავსი არაფერი არსებობს, მაგრამ ლაზიკას აქვს პოტენციალი, ასეთად იქცეს.
დუბაი
21-ე საუკუნის ქალაქის პროექტის განხორციელება სჯობს ნულიდან დაიწყოს. არსებულის ტრანსფორმირება ბევრად რთულია. ძველი ქალაქების უმრავლესობა ისე დაიგეგმა, მანქანა არავის ენახა. თბილისის ისტორიული შენობების დიდი ნაწილი იმ დროსაა აშენებული, როდესაც ელექტროენერგია არ არსებობდა. ახალი ქალაქის აშენებას ბევრი უპირატესობა აქვს, იმიტომ რომ ახალი ტექნოლოგიებით და თანამედროვე პირობების გათვალისწინებით შეგიძლია დააპროექტო.
მნიშვნელოვანი ფაქტორია ისიც, რომ დაუსახლებელი მიწა იაფი ღირს. განსხვავებით არსებული ქალაქების უძრავი ქონებისგან. როდესაც კაპიტალს ასეთ პროექტში აბანდებ, ურბანიზაციის სწორად განვითარების შემთხვევაში, ძალიან დიდი მოგების შანსი ჩნდება. თუმცა, ამას შეიძლება 20-30 წელი დასჭირდეს.
ასტანა
თუ ლაზიკა 21-ე საუკუნის ქალაქი იქნება, მაშინ ის დუბაის გაუწევს კონკურენციას. თუმცა ბევრისთვის დუბაის თავისი მინუსები აქვს - კლიმატი ცუდია, ამას გარდა, ეს ქალაქი ევროპულ კულტურულ საზღვრებს მიღმაა. თქვენი მდებარეობა ამ თვალსაზრისით ბევრად ხელსაყრელია.
ურბანიზაციასა და ეკონომიკურ პროგრესს შორის კავშირი არსებობს. საგულისხმოა, რომ იმ ქვეყნებში, რომელთა მთლიანი შიდა პროდუქტი სულ მოსახლეზე 10 ათას დოლარს აღწევს, ქალაქად მინიმუმ 65%25 ცხოვრობს. თქვენთან ეს მაჩვენებელი ჯერ 50%25 არ გასცდენია. ეკონომიკურ ზრდასთან ერთად, ურბანიზაციის ტემპი გაიზრდება.
ამ პროცესს პრობლემებიც ახლავს თან. ცუდია, თუ მიგრაცია მხოლოდ ახალი ქალაქის მიმართულებით მოხდება. ეს დისპროპორციული განვითარების საფრთხეს გააჩენს. მიყვებოდნენ, რომ საბჭოთა სისტემაში, იმისთვის რომ მეტრო, ოპერა და 50 ათასკაციანი სტადიონი ჰქონოდა, ქალაქის მოსახლეობა მილიონი მაინც უნდა ყოფილიყო. ამიტომ ზრდიდნენ ქალაქებს ხელოვნურად, რომ ამ ობიექტებისთვის დაფინანსება მიეღოთ.
ალბათ ამით აიხსნება, რომ საქართველოში თბილისი დისპროპორციულად მრავალრიცხოვანია, ყველა დანარჩენი ქალაქი მასთან შედარებით ძალიან პატარაა. მაშინ, როდესაც ქვეყნების უმეტესობაში ყველაზე დიდ ქალაქს, არცთუ ძალიან დიდი სხვაობით, მოსდევს მეორე, შემდეგ მესამე.
გასათვალისწინებელია კიდევ ერთი გარემოება - ლაზიკა საოკუპაციო ხაზთან ძალიან ახლოს მდებარეობს. საერთაშორისო ეკონომიკური ინტერესი ამ ტერიტორიას მეტად დაცულს გახდის. უფრო შორეულ პერსპექტივაში კი ისეთივე ეფექტი შეიძლება იქონიოს მეზობელზე, როგორიც ჰონგკონგმა მოახდინა ჩინეთზე. ყველა შიშობდა, რომ ჩინეთი თავისუფალ ჰონგკონგს მიიტაცებდა. სინამდვილეში მან დაინახა, რომ ჰონგკონგის მაგალითი მუშაობს, ამიტომ მასთან ახლოს გამოძებნა ტერიტორია, სადაც ჩინური სტანდარტით ცოტა, სულ რაღაც 100 ათასი მოსახლე ცხოვრობდა. დღეს ამ ქალაქის მოსახლეობა მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ტემპით იზრდება და უკვე 10 მილიონს შეადგენს. პროექტმა, როგორც ჩანს, იმუშავა, იმიტომ რომ შენჟენის კვალდაკვალ, ჩინეთში არაერთი თავისუფალი ქალაქი შეიქმნა.
ასე რომ, ლაზიკაზე როცა ვფიქრობ, ვერ გავურბივარ იმ აზრს, შესაძლებელია თუ არა, რომ ამ ქალაქმა იგივე ეფექტი იქონიოს რუსეთზე, რაც ჰონგკონგმა მოახდინა ჩინეთზე. მგონია, რომ - კი!
სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ ლაზიკა არა როგორც სამშენებლო პროექტი, არამედ როგორც იურისდიქცია განვიხილოთ. იმაზე ვიფიქროთ რა ტიპის პირობები შევქმნათ, რომ ინვესტორი ენდობოდეს მის ადმინისტრაციას, სასამართლოს და არ უფრთხოდეს პოლიტიკურ არასტაბილურობას.
თავის დროზე, მე რონალდ რეიგანთან ვმუშაობდი სფიჩრაითერად და არამხოლოდ. თბილისში მისი ძეგლი ვნახე - მომეწონა. ბუნებრივი ზომა მას ძალიან ჰუმანურს ხდის. როგორც წესი, ლიდერებს ფეხზე აყენებენ ხოლმე, რათა უფრო ძლევამოსილებად გამოჩნდნენ. ეს ზის, მოშვებული და კმაყოფილია, თითქოს მოსწონს საქართველოში რასაც ხედავს და დარწმუნებული ვარ, ლაზიკის იდეასაც მოიწონებდა. იმიტომ რომ ეს შესაძლებლობა და გამოწვევაა.
რონალდ რეიგანი პრეზიდენტობის განმავლობაში ყოველწლიურად აქვეყნებდა დატყვევებულ ერთა პროკლამაციას. ამ ერებს შორის იყო საქართველო, ბალტიისპირეთი, უკრაინა, პოლონეთი და ასე შემდეგ. მაშინ, აკადემიური წრეების რაფინირებული წარმომადგენლები წუხდნენ, რომ რეიგანი ცუდად იქცევა, რომ ასე არ შეიძლება, რომ ის წარსულში ცხოვრობს - საქართველო ხომ დამოუკიდებელი 1921 წლის შემდეგ არ ყოფილა.
ისინი ვერ ხვდებოდნენ, რომ სინამდვილეში რეიგანი მომავალში ცხოვრობდა. მათ ხედვას რეალობა ზღუდავდა - საბჭოთა კავშირის სახით, განსხვავებით რონალდ რეიგანისგან, რომელიც ხვდებოდა და კრიტიკის მიუხედავად არ მალავდა, რომ ბოროტების იმპერია დაიშლებოდა, ხოლო ტყვე ერები გათავისუფლდებოდნენ.
![]() |
14 ფოტოესე |
▲ზევით დაბრუნება |
პალესტინელი მეთევზეები.
ღაზის სექტორი
![]() |
15 ყოფილი და ახლანდელი პრეზიდენტები შეჯახების გზაზე |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო
კოლუმბია
ავტორი: მიხეილ ბასილაია
კოლუმბიის ყოფილი პრეზიდენტი ალვარო ურიბე
2010 წელს ხუან მანუელ სანტოსმა კოლუმბიის პრეზიდენტის პოსტზე ალვარო ურიბე შეცვალა. ურიბეს მთავრობაში სანტოსი თავდაცვის მინისტრი იყო და მის მემკვიდრედაც მოიაზრებოდა. სანტოსის გაპრეზიდენტებისას კოლუმბიის როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლას არ ელოდნენ, თუმცა ორი წლის შემდეგ გაცხადდა, რომ ეს პროგნოზი არ გამართლდა.
ურიბესა და სანტოსს შორის პირველი განხეთქილება ეგრეთ წოდებულ მსხვერპლთა და მიწის რესტიტუციის კანონს მოჰყვა, რომელიც ძალაში 2012 წლის იანვარში შევიდა. სანტოსის მიერ ინიცირებული ეს კანონი კოლუმბიაში ათწლეულების მანძილზე მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტით დაზარალებულ ადამიანებზეა გათვლილი. აგრეთვე, ის რადიკალური მარქსისტული ორგანიზაცია FARC-ის (კოლუმბიის რევოლუციური შეიარაღებული ძალები) და სხვა არასახელმწიფოებრივი სამხედრო ჯგუფების ძალადობის მსხვერპლთა ნათესავებისთვის კომპენსაციას ითვალისწინებს, ხოლო კონფლიქტის გამო საცხოვრებელი ადგილებიდან გადასახლებულ ფერმერებს მიწას უბრუნებს. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტი ეხება იმათაც, ვინც კოლუმბიის უსაფრთხოების ძალების მოქმედებების გამო დაზარალდა. ექსპერტთა გათვლებით, კანონით სარგებლობა 4 მილიონამდე ადამიანს შეეძლება და პროცესი, შესაძლოა, 10 წელზე მეტხანს გაიწელოს. ურიბე აცხადებდა, რომ მთავრობა ვერ შეძლებდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარებას და არც კანონის ტერმინოლოგიას ეთანხმებოდა. მისი აზრით, FARC-ის წინააღმდეგ მოქმედება არა შეიარაღებული კონფლიქტი, არამედ ტერორიზმთან ბრძოლა იყო.
კოლუმბიის პრეზიდენტი ხუან მანუელ სანტოსი
პრეზიდენტობის პერიოდში ურიბეს მთავარი მიღწევა FARC-ის შევიწროება გახლდათ. მისი დემოკრატიული უსაფრთხოების პოლიტიკის წარმატების მიუხედავად, ამ ორგანიზაციას (რომელიც კოლუმბიას, ამერიკასა და ევროკავშირს ტერორისტული ორგანიზაციების სიაში ჰყავთ შეყვანილი) მაინც დარჩა დაახლოებით 9 ათასი მებრძოლი. ურიბეს დროს კოლუმბიის არმია FARC-ის მეთაურებზე ნადირობდა, სანტოსი კი მათ სამშვიდობო მოლაპარაკებებს სთავაზობს და იარაღის დაყრის სანაცვლოდ, სასჯელის შემსუბუქებას ჰპირდება. FARC-მა გამოაცხადა, რომ გამოსასყიდის მიღების მიზნით ადამიანებს აღარ გაიტაცებს და მძევლად მყოფი პოლიციელები და ჯარისკაცებიც გაათავისუფლა. მაგრამ ამას სანტოსი მოლაპარაკებებისთვის საკმარისად არ თვლის. მისი მომხრეების აზრით, დიალოგს კონფლიქტის საბოლოოდ დასრულება შეუძლია, ურიბეს კი მიაჩნია, რომ ტერორისტებთან სუსტი პოლიტიკის შედეგები მომავალში გამოჩნდება.
ურიბეს დროს კოლუმბიის უსაფრთხოების ძალების მიერ ჩადენილ დანაშაულებზე იურისდიქცია სამხედრო ტრიბუნალებს ეკუთვნოდათ. სანტოსმა გაითვალისწინა ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების მოთხოვნა და ურიბისტების წინააღმდეგობის მიუხედავად, ასეთ დანაშაულებზე იურისდიქცია სამოქალაქო სასამართლოებს გადასცა.
სანტოსის რეფორმები ამით არ დასრულებულა. მან გააუქმა ინვესტიციების წასახალისებლად ყოფილი პრეზიდენტის მიერ შემოღებული საგადასახადო შეღავათები. სანტოსი ნარკოტიკების ლეგალიზაციასაც ემხრობა, როდესაც მის წინამორბედს მათზე კონტროლის გამკაცრება სურდა. ბოლო ორი წლის მანძილზე დააკავეს ურიბესდროინდელი ოფიციალური პირები, რომლებსაც, ძირითადად, კორუფციასა და უფლებამოსილებების გადაჭარბებაში ედებათ ბრალი.
შეიცვალა საგარეო პოლიტიკაც. თუ ურიბეს საგარეო პოლიტიკური ორიენტირი ამერიკისკენ იყო მიმართული, სანტოსმა კურსი მეზობლებთან და სხვა ლათინოამერიკულ ქვეყნებთან ურთიერთობების გაუმჯობესებაზე აიღო. კოლუმბიამ კონტაქტები აღადგინა ეკვადორთან და ვენესუელასთან - უგო ჩავესს სანტოსი ერთგულ მეგობარს უწოდებს. აი, ამერიკასთან ურთიერთობები კი გაცივდა. ეს, ნაწილობრივ, ობამას ადმინისტრაციის მიერ 2006 წელს ხელმოწერილი ამერიკა-კოლუმბიის თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების რატიფიკაციის გაჭიანურებითაც იყო გამოწვეული. საბოლოოდ, ამერიკის კონგრესმა ხელშეკრულება 2011 წლის ოქტომბერში მიიღო.
სანტოსის რეფორმები მასსა და მის წინამორბედს შორის იდეოლოგიურ განსხვავებებსაც აჩვენებს. ურიბე მემარჯვენე, სანტოსი კი ცენტრისტი პოლიტიკოსია. სანტოსის პოლიტიკური კოალიცია აერთიანებს როგორც მემარჯვენე ურიბისტებს, ისე მემარცხენე ცენტრისტებს. სანტოსის ცვლილებების შემხედვარე ექსპრეზიდენტის თანამოაზრეები აცხადებენ, რომ ახალმა პრეზიდენტმა მათ უღალატა - ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად არჩევნებამდე თავს ურიბისტად ასაღებდა. არ გამორიცხავენ ურიბეს პოლიტიკაში დაბრუნებასაც. მართალია, მესამე ვადით პრეზიდენტი ვერ გახდება, მაგრამ შესაძლოა კონგრესში მოხვდეს.
რეფორმებმა სანტოსის რეიტინგის ვარდნა გამოიწვია, მოსახლეობის 57%25 ფიქრობს, რომ ბოლო ორი წლის მანძილზე ქვეყანაში უსაფრთხოება გაუარესდა. თუმცა სანტოსი ჯერჯერობით კვლავ ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსია კოლუმბიაში. ის კონფლიქტით დაღლილ ქვეყანას პოლიტიკური ცხოვრების ნორმალურ რიტმს უბრუნებს, რაც, უმეტესწილად, სწორედ ურიბეს პოლიტიკამ გახადა შესაძლებელი.
![]() |
16 უჩავესოდ |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო
ვენესუელა
თეონა ტურაშვილი
პრეზიდენტობის კანდიდატი ენრიკე კაპრილესი
ვენესუელაში 7 ოქტომბრისთვის საპრეზიდენტო არჩევნებია დაგეგმილი. ამჟამინდელი პრეზიდენტი და ერთიანი სოციალისტური პარტიის ლიდერი უგო ჩავესი მოსახლეობაში კვლავ პოპულარობით სარგებლობს, თუმცა მას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს და ქვეყნის კიდევ ერთი ვადით მართვას, სავარაუდოდ, ვერ შეძლებს. სხვადასხვა გათვლების მიხედვით, ლიდერს 8-12 თვის სიცოცხლე დარჩა, მისმა პოლიტიკიდან წასვლამ კი შეიძლება ქვეყანაში არეულობა გამოიწვიოს.
ქვეყნის პირველი პირი სიმსივნეს ებრძვის. ჟურნალისტ ნელსონ ბოკარანდას ცნობით, რიგით მესამე ქიმიური თერაპიის შემდეგ კუბელი ექიმები ჩავესის მდგომარეობას ძალიან სერიოზულად მიიჩნევენ. გავრცელებული ინფორმაციით, კუბელმა ექიმებმა თავიანთი შესაძლებლობები ამოწურეს და მდგომარეობის დამძიმების გამო ლიდერს მკურნალობის გაგრძელება ბრაზილიაში მოუწევს. უსაფრთხოების არასათანადო ზომების გამო, პრეზიდენტი სან პაულოს საავადმყოფოში თერაპიის კურსზე დღემდე უარს ამბობდა.
თავად ჩავესი ამტკიცებს, რომ განიკურნა და არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ქვეყნის ექვსი წლით გაძღოლას მოახერხებს. თუმცა გასულ კვირას, რელიგიურ მსახურებაზე მან ღმერთს სიცოცხლის გახანგრძლივება სთხოვა, რაც კიდევ უფრო ამწვავებს სპეკულაციებს პრეზიდენტის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ.
ვენესუელა რეგიონში ყველაზე მაღალი ინფლაციის მაჩვენებლით (30%25) გამოირჩევა. ამასთან, ქვეყანა განიცდის პირველადი მოხმარების პროდუქტების ნაკლებობას და მაღალია როგორც დანაშაულის, ისე კორუფციის დონე. ყოველივე ამას კი ოპოზიციის, დემოკრატიული გაერთიანება MUD-ის, ახალგაზრდა კანდიდატი, მემარჯვენე ცენტრისტი ენრიკე კაპრილესი თავისი პოზიციების გასაძლიერებლად იყენებს. მან უკვე დაიწყო აქტიური საარჩევნო კამპანია და ელექტორატს ძირეული რეფორმების გატარებას ჰპირდება. კერძოდ, ხელისუფლების შტოების დანაწილებას, მმართველი პარტიის და აღმასრულებელი ხელისუფლების გამიჯვნას და ეკონომიკურ საკითხებში პოლიტიკური ჩარევის შემცირებას.
ამის წყალობით ჩავესის ოპონენტი მოსახლეობის მზარდი მხარდაჭერით სარგებლობს. ბოლო გამოკითხვების მიხედვით, კაპრილესს მოქალაქეების 31%25 ემხრობა, მაშინ როცა ჩავესის რეიტინგი 50%25-იანი მაჩვენებლიდან 44%25-მდეა შემცირებული. მიუხედავად ამისა, ბევრი სკეპტიკურად უყურებს ახალგაზრდა ოპოზიციონერის გამარჯვების შანსებს, რისი მიზეზიც ჩავესის გარემოცვის ინტერესებია.
ამ გარემოცვაში ორი ჯგუფი დომინირებს. აქედან ერთი ვენესუელაზე გამავალი ნარკოტრაფიკის ქსელის მაკონტროლებელი ეროვნული გვარდიითაა დაკომპლექტებული, მეორე კი მნიშვნელოვანი ეკონომიკური ბერკეტის მქონე ნავთობრესურსებით ზურგგამაგრებული ბიზნესელიტა გახლავთ.
ეს ჯგუფები აკონტროლებენ მედიას, ბიზნესს და ადმინისტრაციულ რესურსს. ნავთობიდან მიღებული შემოსავლის მნიშვნელოვან ნაწილს ხელისუფლება სოციალურ პროგრამებზე ხარჯავს, რაც მას ღარიბი მოსახლეობის მხარდაჭერით უზრუნველყოფს.
ამ ორი დაჯგუფების მთავარ გამაერთიანებელ რგოლს სწორედ ქვეყნის პირველი პირი წარმოადგენს. მისი წასვლა ორ კლანს შორის პოლიტიკურ და, ზოგის ვარაუდით, შეიარაღებულ დაპირისპირებასაც კი გამოიწვევს.
მსგავსი უსიამოვნებების ასაცილებლად ჩავესის გარემოცვა უკვე ცდილობს, რომ ლიდერის გარდაცვალების შემდეგ მდგომარეობა არ აირიოს. ერთ-ერთ სცენარად ანალიტიკოსები ჩავესის მოადგილის ან შემცვლელის დასახელებას განიხილავდნენ, მაგრამ ეს ვარიანტი უკვე გამოირიცხა - მმართველმა პარტიამ საპრეზიდენტო კანდიდატად კვლავაც ჩავესი დაასახელა. თუმცა დაირხა ხმები, რომ ხელისუფლება და ელიტა ამ ნაბიჯით ახალი კანდიდატის საპოვნელად საჭირო დროის მოგებას ცდილობენ. ამ ვერსიის მიხედვით, დღევანდელმა ლიდერმა არჩევნებამდე უნდა იცოცხლოს, გამარჯვების შემდეგ კი სხვა მისაღები კანდიდატით ჩაანაცვლებენ. მიუხედავად ყველაფრისა, ახალი კანდიდატის ლეგიტიმურობის საკითხი კვლავაც ღიად დარჩება, რადგან ძნელი წარმოსადგენია, რომ ჩავესის ავტორიტეტის ჩანაცვლება მარტივად მოხერხდეს.
როგორც ჩანს, არჩევნების მოახლოებასთან ერთად ქვეყანაში დაძაბულობა მოიმატებს და ბევრი იქნება დამოკიდებული როგორც მმართველ ელიტაზე, ისე მოსახლეობის არჩევანზე.
![]() |
17 რა ელის ჩრდილოეთის ლიგას ბოსის შემდეგ |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო
იტალია
ავტორი: თეონა ტურაშვილი
უმბერტო ბოსი
იტალიის ოპოზიციური ძალის, ჩრდილოეთის ლიგის ლიდერი უმბერტო ბოსი ფინანსური სკანდალის გამო გადადგა და საკუთარი გადაწყვეტილება პარტიის იმიჯზე ზრუნვით ახსნა. პოლიტიკური ორგანიზაცია მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგას. ანალიტიკოსები პარტიის შიგნით ლიდერობისთვის კონკურენციის გაზრდას ელოდებიან.
ლიგის ყრილობის გადაწყვეტილებით, პოლიტიკურ გაერთიანებას დროებით ლიდერთა „ტრიუმვირატი“ უხელმძღვანელებს. მათ შორისაა ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, რობერტო მარონი. საბოლოოდ, ახალ ლიდერს შემოდგომის ყრილობაზე დაამტკიცებენ.
ბოსის გადადგომის მიზეზი გახდა თაღლითობის, ფულის მითვისებისა და გათეთრების ბრალდებები. მილანის პროკურატურის მტკიცებით, ჩრდილოეთ ლიგისთვის განკუთვნილი გადასახადის გადამხდელების ფულით ბოსის ოჯახის პირადი დანახარჯები დაფარეს. მის წინააღმდეგ საქმე აღძრული არ არის, თუმცა თავს უდანაშაულოდ აცხადებს.
აშკარაა, რომ ეს ინციდენტი პოლიტიკოსისთვის სერიოზული გამოწვევაა. 70 წლის ლიდერი თავისი პარტიის მთავარ მამოძრავებელს წარმოადგენდა. ამის გათვალისწინებით, ბევრი ამტკიცებს, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში იგი ლიგაში კვლავაც მნიშვნელოვან, პარტიის ნომერ მეორე პოზიციას შეინარჩუნებს. თუმცა, მისი გავლენა პარტიის ყოველდღიურ საქმიანობაზე შემცირდება. ექსპერტების აზრით, ეს ამბავი პოლიტიკური გაერთიანების ახალგაზრდა ლიდერებს თავის გამოჩენის საშუალებას მისცემს.
ბოსის პოლიტიკური კარიერა 1980-იანი წლებიდან იწყება, როცა ჩრდილოეთის ლიგის პარტია სეპარატისტულ სლოგანზე დაყრდნობით დააფუძნა. მისი მთავარი მიზანი ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე რეგიონების ინტერესების დაცვა იყო. ბოსის მტკიცებით, ამ მდიდარი და უკეთესი სამუშაო ეთიკის მქონე რეგიონისთვის ღარიბი, „კორუფციული და ზარმაცი“ სამხრეთ იტალია სერიოზულ ტვირთს წარმოადგენდა, ამიტომ ჩრდილოეთის იტალიისგან გამოყოფას და ახალი ქვეყნის, პადანიას შექმნასაც კი მოითხოვდა.
პოპულისტური დაპირებებით, ანტიკორუფციული მოწოდებებითა და სისტემური ცვლილებების მოთხოვნით, პოლიტიკურმა ორგანიზაციამ ამომრჩეველთა მნიშვნელოვანი ნაწილის გადაბირება მოახერხა. 1996 წლის არჩევნებში პარტიამ ხმათა 10%25-ის მოგროვება შეძლო და ყოფილი პრემიერ-მინისტრის, სილვიო ბერლუსკონის მთავრობის უმცროსი პარტნიორიც გახდა.
პოლიტიკური წარმატების პარალელურად, პარტია იდეოლოგიურ შეხედულებებს თანდათან არბილებდა. დამოუკიდებლობის ნაცვლად, იგი უკვე ავტონომიისა და ფისკალური ფედერალიზმის მოთხოვნითაც კმაყოფილდებოდა. იდეოლოგიურმა შერბილებამ და უკანასკნელმა სკანდალმა ეჭვქვეშ დააყენა პარტიის საკუთარი იდეებისადმი ერთგულება - გაჩნდა ბრალდება, რომ ორგანიზაციამ უარი თქვა მცირე ბიზნესის ინტერესების დაცვაზე და მხოლოდ თანამდებობების გადანაწილებაზე ფიქრობდა. კორუფციასთან სისტემური ბრძოლის ნაცვლად, ის თვითონ აღმოჩნდა ფულის მითვისებაში ჩართული.
ჩრდილოეთის ლიგის იმიჯს ზიანი მიაყენა სილვიო ბერლუსკონის სამთავრობო კოალიციაში ყოფნამ. პარტია ხომ ბერლუსკონის ბოლო სამი მთავრობის უმცროსი პარტნიორი იყო. სწორედ ბერლუსკონისთან თანამშრომლობას უკავშირებენ რეიტინგის ბოლოდროინდელ ვარდნას - 2008 წელს ლიგას ამომრჩეველთა 8%25-მა მისცა ხმა.
დღეს ლიგა მთავარი ოპონენტია ახალი ტექნოკრატიული მთავრობისა, რომელსაც ბევრი მტკივნეული რეფორმა აქვს გასატარებელი. ამომრჩეველს ეს მის წინააღმდეგ განაწყობს, რაც ჩრდილოეთის ლიგისთვის მომგებიანი იქნება. ამასთან ერთად, პარტიის მმართველ „ტრიუმვირატში“ ახალგაზრდა ლიდერების ფრთის წარმომადგენლის, რობერტო მარონის გამოჩენა ლიგის შიდა რეფორმების იმედს იძლევა.
![]() |
18 ტადიჩი მესამედ მოსვლისთვის ემზადება |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო
სერბეთი
ავტორი: მიხეილ ბასილაია
ბორის ტადიჩი
4 აპრილს სერბეთის უკვე ექსპრეზიდენტმა ბორის ტადიჩმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გააკეთა განცხადება და მეორე დღეს პოსტი ოფიციალურად დატოვა. საპრეზიდენტო არჩევნები 6 მაისისთვის დაინიშნა და ის საპარლამენტო და ადგილობრივ არჩევნებთან ერთად ჩატარდება.
ტადიჩს პრეზიდენტის პოსტზე რამდენიმე თვე ჰქონდა დარჩენილი. გადადგომით ის თავისი დემოკრატიული პარტიისთვის საპარლამენტო არჩევნებზე გამარჯვების შანსების გაზრდას იმედოვნებს. ტადიჩი საკუთარ პარტიაზე უფრო პოპულარულია - მისი რეიტინგი 41 პროცენტია, ხოლო კონკურენტის, ტომისლავ ნიკოლიჩის - 33.5%25. პარტიებს შორის, ნიკოლიჩის სერბეთის პროგრესული პარტია ლიდერობს 33 პროცენტით, დემოკრატიულ პარტიას კი ამ მომენტში მოსახლეობის 29%25 ემხრობა.
მარტში ევროკავშირმა სერბეთს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა და პროდასავლური ტადიჩის წინასაარჩევნო კამპანიაც სწორედ ევროინტეგრაციაზე იქნება აგებული. ექსპრეზიდენტს ოპონენტები ევროკავშირის სანაცვლოდ კოსოვოს დათმობაში ადანაშაულებენ, თუმცა მან გადადგომისას განაცხადა, რომ ევროკავშირისკენ სწრაფვის მიუხედავად, კოსოვოს სუვერენიტეტს არასდროს აღიარებს. ოპტიმისტური პროგნოზით, ევროკავშირთან მიერთებაზე მოლაპარაკებები შეიძლება უკვე დეკემბერში დაიწყოს, მაგრამ სერბეთის ევროკავშირში შესვლა, რიგი ეკონომიკური საკითხების გარდა, კოსოვოსა და მის ჩრდილოეთში მდებარე სერბებით დასახლებულ რეგიონებში (რომელსაც პრიშტინა ვერ აკონტროლებს) მოვლენების განვითარებაზეცაა დამოკიდებული.
ტომისლავ ნიკოლიჩი მესამედ ეცდება ტადიჩის დამარცხებას. საპრეზიდენტო მარათონი მან პირველად 2004 წელს წააგო, 2008-ში პირველი ტური მოუგო, თუმცა მეორეში დამარცხდა. პრორუსული პოლიტიკოსის რეპუტაციის მქონე ნიკოლიჩი 2008 წლამდე ულტრანაციონალისტური სერბეთის რადიკალური პარტიის წევრი იყო, 1998-1999 წლებში კი სლობოდან მილოშევიჩის მთავრობაში ვიცეპრემიერის თანამდებობა ეკავა. მისი გამარჯვების შემთხვევაში, მიმომხილველთა ნაწილი ვარაუდობს, რომ სერბეთს დასავლეთთან ურთიერთობები გაუფუჭდება და პროდასავლურ პოლიტიკურ კურსს პრორუსულით ჩაანაცვლებს. წინასაარჩევნოდ ის უკვე რამდენჯერმე სტუმრობდა მოსკოვს, თუმცა ნიკოლიჩი ცდილობს, მკვეთრად პრორუსული იმიჯი შეიცვალოს. მაგალითად, მან თქვა, რომ ევროკავშირში შესვლას ემხრობა, მაგრამ ეს კოსოვოს დათმობის ხარჯზე არ უნდა მოხდეს. ნიკოლიჩი და მისი პროგრესული პარტია, რომლებიც ტადიჩის მთავრობას ქვეყნის ეკონომიკურ პრობლემებსა და კორუფციაში ადანაშაულებენ, წინასაარჩევნოდ უმუშევრობის დაძლევასა და სოციალური უთანასწორობის აღმოფხვრაზე კონცენტრირდებიან.
ტადიჩისა და ნიკოლიჩის გარდა, სერბეთის პრეზიდენტობა სურთ სოციალისტური პარტიის ლიდერსა და შინაგან საქმეთა მინისტრს ივიცა დაჩიჩს, იუგოსლავიის ფედერაციის ყოფილ პრეზიდენტსა (2000-2003) და სერბეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს (2004-2008) ვოისლავ კოშტუნიცას, ლიბერალ დემოკრატიული პარტიის ლიდერს ჩედომირ იოვანოვიჩს და სერბეთის გაერთიანებული რეგიონების პარტიის წევრს, ჯანმრთელობის მინისტრს ზორან სტანკოვიჩს. კიდევ ერთი კანდიდატი იქნება პროვინცია ვოივოდინას უნგრელთა ალიანსის ლიდერი იშტვან პაშტორი, რომელმაც 2008 წელს ხმათა 2.3%25 მოაგროვა. კანდიდატების სიმრავლის მიუხედავად, ანალიტიკოსები მთავარ ბრძოლას ტადიჩსა და ნიკოლიჩს შორის ვარაუდობენ.
უფრო დაძაბული იქნება საპარლამენტო არჩევნები, სადაც, სავარაუდოდ, ვერცერთი პარტია ვერ მოახერხებს ხმათა უმრავლესობის მოპოვებას. გამარჯვების მთავარი პრეტენდენტები იქნებიან დემოკრატიული და პროგრესული პარტიები. მიმომხილველთა აზრით, პროგრესულ პარტიას ოპოზიციიდან მთავრობაში გადანაცვლებისთვის დემოკრატთა სულ მცირე 6-7 პროცენტით დამარცხება ესაჭიროება. ტადიჩის პარტია, ალბათ, ადვილად იპოვის კოალიციურ პარტნიორს და უპრობლემოდ აღმოფხვრის შედარებით მცირე ჩამორჩენას.
საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში, ტადიჩი შესაძლოა პრემიერი გახდეს. ექსპრეზიდენტების გაპრემიერების მაგალითები უკვე არსებობს რუსეთში (ვლადიმირ პუტინი 1999-2008 წლებში პრეზიდენტი, 2008-2012 წლებში პრემიერი, 2012 წლიდან ისევ პრეზიდენტი), ლიტვაში (ალგირდას ბრაზაუსკასი 1993-1998 წლებში პრეზიდენტი, 2001-2006 წლებში პრემიერი) და პაკისტანში (ზულფიკარ ალი ბჰუტო 1971-1973 წლებში პრეზიდენტი და 1973-1977 წლებში პრემიერი). ხოლო სერბეთის მეზობელ მონტენეგროში (რომელიც სერბეთს 2006 წელს გამოეყო) ფილიპ ვუიანოვიჩი ჯერ პრემიერ-მინისტრი (1998-2002) იყო, 2002 წლიდან კი პრეზიდენტია.
გაურკვეველია, ჩატარდება თუ არა არჩევნები კოსოვოს ჩრდილოეთში სერბებით დასახლებულ მუნიციპალიტეტებში. ერთი ვერსიით, შესაძლოა აქ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს, მაგრამ ადგილობრივი - არა. კოსოვოს ხელისუფლება ამ რეგიონებს ვერ აკონტროლებს, თებერვალში გამართულ (იურიდიულად სავალდებულო ძალის არმქონე) რეფერენდუმზე კი ადგილობრივმა მოსახლეობამ პრიშტინის ხელისუფლების აღიარებაზე უარი თქვა.
ტადიჩს საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ერთდროულად გამართვით საშუალება მიეცემა, რომ ისინი ქვეყნის პოლიტიკური ორიენტაციის შესახებ რეფერენდუმად აქციოს. ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსმა მას სულზე მიუსწრო, თუმცა წინასაარჩევნო გამოკითხვები ცხადყოფს - მოსახლეობისთვის მთავარი თემები არა ევროკავშირი ან კოსოვო, არამედ 20-პროცენტიანი უმუშევრობა და ეკონომიკური კრიზისია. 2004 და 2008 წლების არჩევნები ტადიჩმა ძალიან პატარა უპირატესობით მოიგო და ახლაც დანის პირზე მოუწევს გავლა.
![]() |
19 ანანის გეგმა ასადისთვის |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო
სირია
ავტორი: ირაკლი გუნია
სირიის რეჟიმის მსხვერპლთა დაკრძალვა სოფელ ტაფტანასში
სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი კოფი ანანის სამშვიდობო გეგმას დაეთანხმა. გაეროს და არაბული ლიგის საერთო ემისრის გეგმა ითვალისწინებს 10 აპრილამდე დაკავებული ქალაქებიდან რეჟიმის ძალების უკან დახევას და ცეცხლის შეწყვეტას. ასადის მთავრობამ ახალი პირობებიც წამოაყენა, რაც ამბოხებულმა მხარემ არ მიიღო. სირიის მოკავშირეების, გაეროსა და არაბული ლიგის მხარდაჭერილი ერთადერთი ინიციატივა ჩაშლის პირას აღმოჩნდა. ამასობაში კი 13-თვიანი სამოქალაქო დაპირისპირება გრძელდება და დაღუპულთა რიცხვი ათი ათასს უახლოვდება.
კოფი ანანი
გაეროს ყოფილი გენერალური მდივნის ექვსპუნქტიანი გეგმა სირიის კრიზისის მოსაგვარებლად „პოლიტიკური პროცესის“ გამართვას, სამხედრო მოქმედებების შეწყვეტას, პოლიტპატიმართა სწრაფ გათავისუფლებას, ჰუმანიტარული დახმარების დაშვებას, ჟურნალისტებისთვის სამუშაო პირობების შექმნას და თავშეყრის მეტ თავისუფლებას მოითხოვს. გეგმაზე დათანხმების მიუხედავად, 1 აპრილიდან ძალადობა არ შეწყვეტილა და აქტივისტთა მონაცემებით, დაახლოებით 360 ადამიანი დაიღუპა. პარალელურად, სირიელ დევნილთა რიცხვი გაორმაგდა თურქეთში. კოფი ანანმა სირიის ოფიციალურ პირთა მხრიდან პირობების შეუსრულებლობის გამო შეშფოთება გამოხატა.
ასადის მთავრობის მოულოდნელმა განცხადებამ სამშვიდობო გეგმის რეალიზება საფრთხეში ჩააგდო. რეჟიმი ოპონენტებისგან ბრძოლის შეწყვეტის შესახებ „დაწერილ გარანტიებს“ მოითხოვს მანამ, სანამ სამთავრობო ძალები გეგმით გათვალისწინებული ადგილებიდან უკან დაიხევენ. მოწოდება ამბოხებულებმა მალევე უარყვეს. ასადის მოთხოვნა დაემთხვა ბენედიქტე XVI-ის სააღდგომო მესას, რომელშიც მან მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდა. რეჟიმის პასუხი ადასტურებს, რომ ის უფრო აჯანყებულთა კაპიტულაციას ესწრაფვის, ვიდრე მოლაპარაკებების წინაპირობად დათქმულ დაზავებას. სირიელი და უცხოელი ანალიტიკოსების მტკიცებით, ასადს გეგმის განხორციელება არ შეუძლია.
პირველ აპრილს სტამბოლში ოთხმოცამდე სახელმწიფოსგან შემდგარი „სირიის მეგობართა“ კონფერენცია გაიმართა, სადაც, თურქეთისა და ყატარის მცდელობით, ემიგრაციაში მყოფი სირიის ეროვნული საბჭო (SNC) ამბოხებულთა ერთადერთ ლეგიტიმურ მხარედ გამოცხადდა. დასავლურ სახელმწიფოებში ეჭვობენ, რომ აღნიშნული საბჭო სირიაში საკმარისი გავლენის მქონე სანდო ალტერნატივას არ წარმოადგენს. გარდა ამისა, დასავლეთი ჯერ ყოყმანობს, რომ მხარი დაუჭიროს სპარსეთის ყურის სახელმწიფოების მოწოდებას მეამბოხეთა შეიარაღების შესახებ, რასაც შემდგომი ესკალაცია და, სავარაუდოდ, სამოქალაქო ომი მოჰყვება. კონფერენციაზე არაბული სახელმწიფოები ამბოხებულებისთვის რამდენიმე მილიონის ყოველთვიურად გამოყოფაზე მორიგდნენ. აჯანყებულებისთვის ეს პირველი საერთაშორისო დახმარებაა, რაც მათი ოფიციალური წარმომადგენლების თქმით, შავ ბაზარზე თავისუფალი სირიული არმიისთვის იარაღის შესყიდვას მოხმარდება.
ანანის წარუმატებელი გეგმა მძაფრი კრიტიკის ობიექტი გახდა. არაბული ლიგის წინა სამშვიდობო ინიციატივისგან განსხვავებით, ის ბაშარ ალ-ასადს გადადგომისკენ არ მოუწოდებს და პროცესის მონაწილე მხარედ აცხადებს. The Washington Post-ის სარედაქციო საბჭოს თქმით, გეგმა ასადისთვის საფარია და საკუთარი ხალხის ჟლეტას აუცილებლად გააგრძელებს. გეგმა ჩინეთსა და რუსეთს ბრუტალური რეჟიმის მხარდამჭერის სტიგმას აცილებს მაშინ, როდესაც რუსეთი მოკავშირე სახელმწიფოში დემოკრატიული ტრანზიციით ნაკლებადაა დაინტერესებული.
არსებული რეალობის გათვალისწინებით, ასადი ძალადობას იქამდე გააგრძელებს, სანამ უფრო სერიოზულ სამხედრო წინააღმდეგობას არ შეხვდება. მოახლოებული არჩევნების წინ, ობამას ადმინისტრაცია სამხედრო ჩარევისგან თავს იკავებს და მხოლოდ ჰუმანიტარული დახმარებით შემოიფარგლება. ამ მდგომარეობაში საუკეთესო გამოსავალი იქნება სირიის ტერიტორიაზე დაცული ზონის შექმნა, სადაც სამოქალაქო დევნილები თავს შეაფარებენ და სამხედროები მოემზადებიან. თურქეთის მთავრობა ამ მხრივ დაინტერესებას გამოთქვამს, თუმცა უფრო აქტიურ მხარდაჭერას საჭიროებს მოკავშირეების, პირველ რიგში, აშშ-ის მხრიდან.
![]() |
20 მოცეკვავე ბიჭები |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო
ავტორი: შოთა ფევაძე
ავღანეთში საგრძნობლად გაიზარდა ეგრეთ წოდებული მოცეკვავე ბიჭების, იგივე ბაჩა-ბაზების რაოდენობა. ბაჩა-ბაზი სპარსულიდან ითარგმნება, როგორც ბიჭებთან თამაში და ამ „პროფესიის” ახალგაზრდები ნამდვილად არ არიან მხოლოდ უწყინარ თამაშებში ჩათრეულნი.
ბაჩა-ბაზის ტრადიცია უცხო არ არის ავღანური საზოგადოებისთვის და მისი ისტორიის ნაწილია, თუმცა საყოველთაოდ ცნობილი ის 80-იან წლებში გახდა, მაშინ, როცა ავღანელ მოჯაჰიდებს არასრულწლოვანი ბიჭები აყვანდათ სამხედრო შენაერთებში. სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა ქვეყნის სათავეში თალიბების მოსვლის შემდეგ. მათი მმართველობისას ყველა სახის ჰომოსექსუალური ურთიერთობა, მათ შორის ბაჩა-ბაზისთანაც, სიკვდილით ისჯებოდა. იმის მიუხედავად, რომ კანონები დღევანდელი რეჟიმის პირობებშიც მკაცრად კრძალავს ქორწინებამდე სექსს და „სოდომურ ცოდვას”, ბაჩა-ბაზების ყოლის ტრადიცია არასდროს ყოფილა ასე მასშტაბურად გავრცელებული.
ტრადიციამ ფეხი განსაკუთრებით მოიკიდა სამხედრო მაღალჩინოსნებში, გავლენიან ბიზნესმენებსა და უბრალოდ მამაკაცებში, რომლებსაც ამის საშუალება აქვთ. საქმე ის არის, რომ ბაჩა-ბაზის პატრონობა გარკვეულ სოციალურ სტატუსთანაა დაკავშირებული და ბატონის პრესტიჟის ამაღლებას ემსახურება.
აღსანიშნავია, რომ უმეტესობამ, ვინც ახალგაზრდებს სექსუალურ ექსპლუატაციას უწევს, არც იცის საკუთარი კანონდარღვევის შესახებ. მთელ ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომია გამეფებული და მიუხედავად სახელმწიფო მოხელეების ოფიციალური განცხადებების და მკაცრი პოზიციისა, რეალურად არაფერი იცვლება. პირიქით, მდგომარეობა უარესდება კიდეც. ავღანეთის სასამართლო და პოლიციის სისტემაში გაბატონებული კორუფცია, ამ ტრადიციის მსხვერპლთ გამოსავალს არ უტოვებს და ისინი იძულებულნი არიან, „ცეკვა და თამაში” გააგრძელონ.
ამ პრობლემის მიმართ საერთაშორისო ორგანიზაციები დიდ დაინტერესებას არ გამოხატავენ. ძირითადად, მათი ყურადღება ქალთა უფლებების დარღვევას ეთმობა, სექსუალურად ექსპლუატირებული ბიჭები კი დახმარების გარეშე რჩებიან. არ არსებობს რეალური სტატისტიკა, თუ რამდენი ახალგაზრდაა ამ საქმეში ჩართული, რადგან აღნიშნულ თემაზე ღიად არ საუბრობენ და „მოცეკვავე ბიჭების“ ცხოვრებაში ღრმად ჩახედვა მხოლოდ რამდენიმე ინტერვიუს მეშვეობით შეგვიძლია.
როგორც წესი, ბიჭებს ღარიბი ოჯახებიდან არჩევენ, ვინაიდან ამ შემთხვევაში ოჯახს დამატებითი შემოსავლის წყარო უჩნდება და გადამყიდველს წინააღმდეგობასაც არ უწევს. ახალი პატრონი ბიჭს ჯერ ცეკვას ასწავლის და ყიდის, თუ ცეკვისთვის არ გამოდგება, მაშინ სხვა დანიშნულებით გამოიყენებენ. აუცილებელი პირობაა, ბიჭს წვერი არ ჰქონდეს, შესაბამისად, წვერის ამოსვლის შემდეგ მას აღარ მფარველობენ. იმაზეც შეიძლება ლაპარაკი, რომ ეკონომიკური პრობლემების გამო, ზოგიერთისთვის ბაჩა-ბაზის მოყვანა უფრო იაფია, ვიდრე ცოლის, რადგან ისლამის მიხედვით, ამ დროს პატარძლის ოჯახისათვის გარკვეული თანხაა გადასახდელი.
![]() |
21 გლობალური დოვლათის დანიშნულების ადგილები მსოფლიოში |
▲ზევით დაბრუნება |
ბიზნესი
ელენე კვანჭილაშვილი, მაკა გამცემლიძე
გლობალური დოვლათის 2012 წლის კვლევის მიხედვით, ჩინეთში ყველაზე მეტი ისეთი ქალაქია, რომელთა ეკონომიკაც ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა. რეიტინგის ტოპ ათეულის და ოცეულის ქალაქებიდან ყველა ჩინეთსა და ინდოეთშია კონცენტრირებული, პირველი ათეული კი მთლიანად ჩინეთის ქალაქებისგან კომპლექტდება.
მიუხედავად იმისა, რომ კვლევის მიხედვით ჩინეთი და ინდოეთი მშპ-ს ზრდის ტემპს მომდევნო 40 წლის განმავლობაში შეინარჩუნებს, თავისუფალი ბაზრის ეკონომიკურ პოლიტიკაზე ორიენტირებული ქვეყნები უფრო პროდუქტიულები იქნებიან. 2050 წლისთვის ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა იქნება სინგაპურში, ჰონგკონგსა და ტაივანში.
წამყვანი საინვესტიციო ბანკების ვარაუდით, მომდევნო 40 წლის განმავლობაში BRIC-ის ქვეყნები - რუსეთი, ბრაზილია, ჩინეთი და ინდოეთი - გლობალური ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებლები აღარ იქნებიან. ამ მხრივ მათ კონკურენციას გაუწევენ ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა: ეგვიპტე, ბანგლადეში, ინდონეზია, ერაყი, ნიგერია, ფილიპინები, მექსიკა, თურქეთი, ტაილანდი და ირანი. თუმცა მანამდე იქ ფისკალური და პოლიტიკური რეფორმები უნდა გატარდეს. ეს ქვეყნები მხოლოდ მკაფიოდ განსაზღვრული თამაშის წესების პირობებში შეძლებენ გლობალურ ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას და რეიტინგებში დაწინაურებას.
კვლევის თანახმად, უფრო წარმატებული იქნება ქვეყანა, რომელიც შედარებით აქტიურად მოახერხებს თავისი მოსახლეობის ეკონომიკურ აქტივობაში ჩართვას. ამისთვის კი ტელეკომუნიკაციები და ციფრული ტექნოლოგიები ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს, ხოლო სამუშაო ძალა - კვალიფიციური. ეს ამ ქვეყნებში ინოვაციის ხარისხსაც გაზრდის.
მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში, ინოვაციური მიდგომების დანერგვას, პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებთან ერთად, ეკონომიკის ზრდისთვისაც შეიძლება გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს. რაც უფრო მეტი ქვეყანა გაჰყვება განვითარების ამ მოდელს, მით უფრო გაიზრდება ალბათობა, რომ 2050 წლისთვის, საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად, გლობალურ ეკონომიკაში ყველა ჩართული იყოს.
კვლევიდან გამომდინარე, 2050 წლისთვის მსოფლიოში 400-მდე განვითარებადი ბაზარი იარსებებს. ურბანიზაციის ტემპების გათვალისწინებით, სწრაფად განვითარებად ქალაქებში საშუალოდ 200 ათასიდან 10 მილიონამდე ადამიანი იცხოვრებს. ურბანიზაცია უმთავრესი მიზეზია, რის გამოც ამ ბაზრებზე ეკონომიკური ზრდა უფრო მაღალი იქნება.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის დასკვნით, განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით, განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკა საშუალოდ 5-ჯერ მაღალი იქნება და მომდევნო ორი წლის განმავლობაში საშუალოდ 5.5%25-ით გაიზრდება. ამავე პერიოდში განვითარებული ქვეყნების ეკონომიკური ზრდა 1%25-ზე ოდნავ მეტი იქნება. საინტერესოა ისიც, რომ განვითარებადი ქვეყნების ზრდის უდიდესი წილი აზიაზე მოდის, თუმცა გლობალურმა ეკონომიკურმა კრიზისმა უარყოფითი გავლენა ამ რეგიონზეც მოახდინა: 2010 წელთან შედარებით, აზიის ეკონომიკა საშუალოდ 2%25-ით შემცირდა.
მთავარი გამოწვევა, რომელიც მომდევნო 40 წლის განმავლობაში განვითარებადი ბაზრების წინაშე იდგება, ზრდის ტემპის შენარჩუნებაა. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ათწლეული ეს ბაზრები გლობალური ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებლები იყვნენ, მსხვილი მოთამაშეები დღემდე უმეტესად დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებს ანიჭებენ უპირატესობას. კვლევა ადასტურებს - ზემოხსენებულ ქვეყნებში ამას კერძო უფლებების დაცვის დემონსტრირების ხანგრძლივი გამოცდილება იწვევს.
გლობალური დოვლათის 2012 წლის კვლევის მიხედვით, მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში ეს ტენდენცია შეიძლება აღმოსავლეთის ქვეყნების სასარგებლოდ შეიცვალოს. ამაზე მეტყველებს აზიაში მილიონერების რაოდენობის ზრდა: რამდენიმე სხვა საერთაშორისო კვლევაზე დაყრდნობით, გლობალური დოვლათის კვლევა აკეთებს პროგნოზს, რომ 2016 წლისთვის აზიაში იმ ადამიანების რიცხვი გაორმაგდება, ვინც 100 მილიონ დოლარზე მეტს ფლობს და ჯამში 26 ათასს გადააჭარბებს. 2006 წლიდან დღემდე, ასეთი მდიდარი ადამიანების რიცხვი მსოფლიოში 29%25-ით გაიზარდა და, სავარაუდოდ, კიდევ გაიზრდება.
![]() |
22 GooGle-ის ფუტურისტული სათვალე |
▲ზევით დაბრუნება |
ტექნოლოგია
მირიან ტორონჯაძე
სამეცნიერო-ფანტასტიკური ფილმების გმირებს უამრავი ფუტურისტული მოწყობილობა აქვთ, რომლებიც მათ ცხოვრებას უმარტივებს. ერთ-ერთის რეალურ ცხოვრებაში გადმოტანა Google-მა თავის თავზე აიღო. ესაა სათვალე, რომელიც მინიკამერითაა აღჭურვილი და თავად კომპიუტერის ეკრანს წარმოადგენს. თუკი პროექტმა გაამართლა, ის ერთნაირად გაახარებს როგორც სმარტფონების მომხმარებლებს, რომლებსაც ერთი წუთითაც არ შეუძლიათ მათ გარეშე ცხოვრება, ასევე ფანტასტიკის მოყვარულებს.
პროექტ Google Glass-ზე კომპანიამ ჯერ კიდევ შარშან დეკემბერში დაიწყო მუშაობა. ყოველ შემთხვევაში, ინტერნეტში პირველი ცნობა სწორედ მაშინ გამოჩნდა. უფრო სრული ინფორმაცია მხოლოდ თებერვლის შუა რიცხვებში გავრცელდა, ოდნავ მოგვიანებით კი Google-ის სოციალურ ქსელში თავად ამ პროექტის მონაწილეების გვერდი გაჩნდა. თუმცა Google-ის სპიკერი ჯერჯერობით ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს.
პროექტის ერთ-ერთი მთავარი სულისჩამდგმელია Google-ის თანადამაარსებელი სერგეი ბრინი. სათვალის კონცეპტზე მუშაობს Google-ის გასაიდუმლოებული ტექნოლოგიური ლაბორატორია Google X lab-ი, სადაც კიდევ ბევრი განხორციელებული და განუხორციელებელი ფუტურისტული პროექტი აქვთ.
პროექტზე ჯერ მხოლოდ ესაა ცნობილი, მაგრამ მასზე მომუშავე ზოგიერთი თანამშრომლისგან მაინც გავრცელდა დამატებითი ინფორმაცია. მიუხედავად იმისა, რომ Google Glass-ი ერთი შეხედვით ძალიან რთული გაჯეტი ჩანს, რეალურად, ის ანდროიდის ოპერაციულ სისტემაზე მომუშავე სმარტფონი იქნება. სავარაუდო ფასიც სმარტფონის იქნება: 250-დან 600 დოლარამდე. შემქმნელების თქმით, ეს არის ახალი ტექნოლოგია, რომლის დანერგვითაც მომხმარებელს მიეცემა საშუალება, მცირედი ცხოვრებისეული სიხარული სოციალური ქსელების დახმარებით უფრო ადვილად გაუზიაროს მეგობრებს, განახორციელოს ზარები ან თუნდაც იმესიჯოს. და ეს ყველაფერი ხელის გაუნძრევლად.
თავად სათვალის ზედაპირი წარმოადგენს ეკრანს, რომელზე ასახული ინფორმაციაც პირდაპირ ხვდება თვალში. რა თქმა უნდა, გარე სამყაროს დანახვაც შესაძლებელია. სათვალეს გარე ქსელთან წვდომა ექნება 3G ან 4G შეერთებით. ასევე, აღჭურვილი იქნება GPS სისტემით და მოძრაობის სენსორით, რომელიც მის სივრცეში გადაადგილებას აღნუსხავს.
რაც შეეხება პროგრამულ უზრუნველყოფას, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ის ანდროიდის ბაზაზე შეიქმნება. სათვალეში ჩაშენებული დაბალი გაფართოების კამერა მუდმივად აკონტროლებს გარემოს და ინფორმაციას Google ნავიგატორში ასახავს. შესაძლებელი იქნება ახლომდებარე მეგობრების მონახვა, მათთან დაკავშირება და შეხვედრის ადგილზე შეთანხმება. ოპერაციულ სისტემაში ხმის ამოცნობის სისტემაც იქნება გათვალისწინებული (Apple-ის მიერ გამოყენებული SIRI-ს მსგავსი).
ცხადია, რომ სისტემა თავიდან მხოლოდ ინგლისურ ენაზე იქნება მორგებული. როგორც Google Glass-ის შემქმნელები ამბობენ, ის მუდმივი გამოყენებისთვის არ იქნება განკუთვნილი, თუმცა აუცილებლად გამოჩნდებიან ტექნოფილები, რომლებიც ამ მოწყობილობას ტერმინატორის სათვალედ აქცევენ. აქვე თავს იჩენს ერთი საკითხი, რომლის გადაწყვეტის მეთოდზე Google X lab-ის თანამშრომლები ჯერ კიდევ ფიქრობენ - სათვალეში ჩამონტაჟებული კამერით შესაძლებელი გახდება ვიდეოს ფარულად გადაღება და ამ გზით გადაღებული სუბიექტების პირად სივრცეში შეჭრა.
აპარატის შესაძლო უარყოფითი მხარეები უკვე შეამჩნიეს ინტერნეტის მომხმარებლებმაც. შედეგად, Google Glass-ის თემაზე საკმაოდ ბევრი კარიკატურა თუ პაროდია გამოჩნდა. Google-ის შექმნილ პრომორგოლზე გაკეთებული ვიდეოპაროდია ცხადად გვაჩვენებს, როგორ შეიძლება მოწყობილობაში ზედმეტად ჩაფლული ადამიანი იმდენად მოწყდეს გარე სამყაროს, რომ ქუჩაში მიმავალი ბოძს დაეჯახოს. ასევე საინტერესო სანახავი იქნება Google Ads-ის სარეკლამო განცხადებები, რომლებიც პირდაპირ თვალწინ ამოუხტება მომხმარებელს და ადამიანებს მუდმივი რეკლამის ფონზე მოუწევთ არსებობა. თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდებია, რადგან რეალური Google Glass-ი ჯერ არავის უნახავს მისი შემქმნელების გარდა.
![]() |
23 ფრიტრედერობის შესახებ |
▲ზევით დაბრუნება |
არქივი
მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში იშვიათად თუ ნახავდით მოაზროვნეს, რომელიც ეკონომიკურ თავისუფლებაზე წერდა, იბრძოდა მისთვის. რუსეთის იმპერიაში პროტექციონიზმი, სოციალური დაცვა და მარქსიზმი პოპულარობის პიკში იყო. ადამიანები წერდნენ, კვდებოდნენ, თავს იფეთქებდნენ ამ იდეებისთვის. ილია ჭავჭავაძე ამ დროს წერდა free trade-ის დიდ მნიშვნელობაზე, მიმოიხილავდა მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს და იბრძოდა მეტი ეკონომიკური თავისუფლებისთვის.
მაია შელია
ეკონომისტი
ჩვენი გაზეთის წინა ნომრებში ლაპარაკი ჩამოვაგდეთ ფრიტრედერობასა და პროტექციონობაზე, რომელნიც ორს სხვადასხვა ნაირს სისტემას შეადგენს შინაგანთა საქმეთა წყობისა და მსვლელობისათვის. რადგანაც დღეს არც ერთი პუბლიცისტი არ არის, რომ რომელსამე ჟურნალსა ანუ გაზეთში ან ერთს, ან მეორეს სისტემას არ ურჩევდეს თავის მთავრობასა, ამიტომაც საჭიროდ დავინახეთ ცოტად თუ ბევრად გვცოდნოდა, რაში მდგომარეობს ან ერთისა და ან მეორის არსება და ბუნება.
ამ ორსავე სისტემას ცალ-ცალკე დიდი ლიტერატურა მიუძღვის წინა. ბევრი რამ არის ერთსა და მეორეზედაც თქმული, მაგრამ ჩვენ ყოველს ამას ვერ გამოვუდგებით, რადგანაც სამეცნიერო ტრაქტატს არა ვწერთ. ამიტომაც ნუ დაგვემდურებიან, თუ ჩვენ მარტო მოკლედ ახსნას და განსაზღვრას მოვუნდებით თვითეულის სისტემისას.
ფრიტრედერობა წარმომდგარია ინგლისურის სიტყვისაგან free trade და სიტყვა-სიტყვით რომ ითარგმნოს ჰნიშნავს აღებ-მიცემობის თავისუფლებას. მოძღვრება მეცნიერობისა, რომელიც ქადაგებს აღებ-მიცემობის თავისუფლებასა, იმაში მდგომარეობს, რომ სააღებ-მისაცემო საქონელი შინაური თუ გარედამ შემოსული, ყოველის ბაჟისა და გადასახადისგან დახსნილი იყოს და არა რომელისამე კანონმდებლობისაგან შეხუთული არ უნდა იქმნას. ეს მოძღვრება იმაზეა დაფუძნებული, რომ თავისუფლად მოარული საქონელი, არ-შეხუთული არც ბაჟისა და არც რაიმე ფორმალობისაგან, ყველასათვის ადვილად მოსაპოვებელია და მისაწვდენი, - ჯერ იმის გამო, რომ გახშირებულია, და მერე იეფია, რადგანაც ბაჟისა და ან რაიმე შევიწროებისაგან განგებ ფასაწეული არ არის. მართალიც არის. ბაჟი, დიდია თუ მცირე, განგებ ზედშეკეცილი გადასახადია და რამდენადაც იგი დიდია, იმოდენად განგებ აძვირებს საქონელსა და ამ გზით საქონლის ფასი, რომელიც თავის საკუთარის არსების კანონებისაგან განისაზღვრება და დაიდგინება ხოლმე, ბაჟისა და სხვა რაიმე შევიწროების მეტნაკლებობასაც უნდა ექვემდებარებოდეს და ეკითხებოდეს. სახელმწიფო, რომლის მიზეზი და საბუთი არსებობისა სხვა არა არის რა, თუ არა მკვიდრთა კეთილდღეობისათვის მზრუნველობა, უნდა იმასა ჰსცდილობდესო, ამბობენ ფრიტრედერობის მომხრენი, რომ ცხოვრებისთვის საჭირო საქონელი ადვილად და იეფად მოსაპოვებელი იყოს ყოველის მკვიდრისთვისო, რადგანაც მკვიდრი კაცი მით უფრო ეკონომიურად ბედნიერია, რამოდენადაც უფრო სავსედ, უფრო მთლად ჰშოულობს სარჩო-საბადებელსა და რამოდენადაც უფრო ბევრს საჭიროებას ცხოვრებისას იკმაყოფილებს ადვილად და გაუჭირებლადო.
ამ მოძღვრებამ ფეხი აიდგა ევროპაში ადამ სმიტის მეცადინეობითა. ეგ ადამ სმიტი მამამთავრად ითვლება საპოლიტიკო ეკონომიის მეცნიერებისა. რა თქმა უნდა, პირველ ხანებში ეს მოძღვრება თმას ყალხზედ აუყენებდა კაცობრიობას და კაცობრიობის სვე-ბედის გამგებელთა, რომელთაც ხშირად შეჩვეული ჭირი ურჩევნიათ შეუჩვევარს ლხინსა. მით ამ ადამ სმიტის მოძღვრებას ბევრი არა დააკლდა-რა და თანდათან უფრო ძლიერ ფეხს იკიდებდა. ამ მეცხრამეტე საუკუნის პირველ ხანებში ინგლისში შესდგა კიდეც ცალკე დასი თავისუფალის აღებ-მიცემობის მომხრეებისა. სახელოვანმა ინგლისელებმა კობდენმა, ბრაიტმა და სხვებმა შეადგინეს 1831 წელსა საზოგადოება, რომელსაც ეწოდებოდა ანტიკორნლაუ ლიგა და რომელნიც თავისუფალ აღებ-მიცემობის მოძღვრების ძალით ჰთხოულობდნენ სამზღვარგარეთიდამ შემომავალს ყველაფერს ბაჟი აეხსნასო. ეს პირველი იერიში იყო პროტექციონობაზედ მიტანილი. ამ მოძღვრებას მოსარჩლენი გამოუჩნდნენ არა მარტო ინგლისში, საფრანგეთშიაც, ბევრი ცოტად თუ ბევრად სახელგანთქმულნი მეცნიერნი მიემხრნენ ამ მოძღვრებასა, მაგალითებრ, ბასტია და შევალიე. ამ მოძღვრებამ ისეთი სახელი გაითქვა, რომ ერთაშორისმა კანონმდებლობამაც კი შეიწყნარა და სათავედ დაუდვა ყოველს თვის მოქმედებასა.
ილია ჭავჭავაძე
![]() |
24 ყველაზე სწრაფები |
▲ზევით დაბრუნება |
სპორტი
ლაშა გოდუაძე
გუშინ, 15 აპრილს, შანხაიში ფორმულა 1-ის წლევანდელი სეზონის მესამე ეტაპი შედგა. სამკვირიანი შესვენების შემდეგ გამართული ჩინეთის დიდი პრიზის გათამაშებაც ისევე საინტერესოდ წარიმართა, როგორც პირველი ორი ეტაპი - ავსტრალიის და მალაიზიის.
ძალიან კარგია, რომ წლევანდელი სეზონის დასაწყისი დაძაბულია. შარშანდელი პირველობისგან განსხვავებით, როცა რედ ბულის გერმანელმა პილოტმა სებასტიან ფეტელმა ლამის საწყისი ეტაპებისთანავე გაინაღდა ჩემპიონის ტიტული, ახლა რთულია იმის თქმა, თუ ვინ გახდება სამეფო რბოლების გამარჯვებული.
ფეტელის შარშანდელი ბოლიდი რედ ბულის RB7 ფორმულა ერთის ანალიტიკოსებმა ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო სარბოლო მანქანად აღიარეს. შარშანდელ საჩემპიონო სეზონში ფეტელმა RB7-ით 11 დიდი პრიზი მოიგო, კიდევ ექვსჯერ კი კვარცხლბეკზე დადგა.
ტაბულა ფორმულა ერთის ისტორიაში 5 საუკეთესო ბოლიდს წარმოგიდგენთ.
ფერარი 500:
1952-1953 - 14 დიდი პრიზი
ფერარის ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ბოლიდმა F2004-მა ამ მოდელზე მეტი რბოლა ერთ სეზონში მოიგო, მაგრამ ამით ფერარი 500-ის კვალი ავტოსპორტის ისტორიაში წამითაც არ უფერულდება.
XX საუკუნის შუა წლებში, ფორმულა ერთის გარიჟრაჟზე, სეზონში ათი რბოლაც არ იმართებოდა, ამის გათვალისწინებით კი ფერარი 500-ის ტრიუმფი 1952 და 1953 წლებში გათამაშებული 17 დიდი პრიზიდან 14-ში, უდავოდ ბრწყინვალე შედეგად უნდა ჩაითვალოს.
ალბერტო ასკარიმ, ფერარის ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო პილოტმა, იმ წლებში ორჯერ მოიგო პირველობა, სკუდერიას კი ამდენჯერვე მოუტანა კონსტრუქტორთა თასი.
1952 წელს ასკარიმ ზედიზედ იმარჯვა ექვს ეტაპზე: ბელგიაში, საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, ჰოლანდიასა და იტალიაში, 1953 წლის სტარტზე კი არავის დაუთმო პირველობა არგენტინაში, ჰოლანდიასა და ბელგიაში. ეს მაჩვენებელი - ზედიზედ 9 ტრიუმფი - ფორმულა 1-ის უძველესი რეკორდია!
1952 წელს ფერარი 500-მა რვიდან შვიდი რბოლა მოიგო - ეს რეკორდი მას შემდეგ მხოლოდ ერთხელ განმეორდა, 1988 წელს მაკლარენ MP4/4-ის მიერ.
ლოტუს 78:
1978 - 8 დიდი პრიზი
ავტორბოლების სამყაროში საუკეთესო კონსტრუქტორად დღეს ბრიტანელი ედრიან ნიუი ითვლება. ის ერთადერთია, რომელმაც სამ გუნდს მოაგებინა კონსტრუქტორთა თასი (უილიამსი, მაკლარენი, რედ ბული). გასული საუკუნის 60-70-იან წლებში კი ასეთად არანაკლებ სახელოვანი მეორე ბრიტანელი, კოლინ ჩეპმენი მიიჩნეოდა. მისმა გუნდმა, ლოტუსმა, ფორმულა 1-ის პილოტების პირველობა ექვსჯერ, კონსტრუქტორთა თასი კი შვიდჯერ მოიგო.
1977 წლის სეზონის მიწურულს მან ჯეფ ოლდრიჯთან და მარტინ ოგილვისთან ერთად შექმნა ბოლიდი, რომელმაც გადატრიალება მოახდინა სამეფო რბოლებში: ჩეპმენმა ლოტუს 78-ში პირველად გამოიყენა ეგრეთ წოდებული „გრაუნდ-ეფექტი“, რომლის წყალობითაც მანქანა ტრასას „მოეჭიდა“ და ურთულესი მოსახვევების არნახული სისწრაფით გავლა შეძლო.
1977 წელს, ჯერ კიდევ დახვეწის პროცესში მყოფი ლოტუს 78, მიუხედავად ხუთი ტრიუმფისა, საერთო ჩათვლაში მეორე იყო, თუმცა მომდევნო წელს კონკურენტი აღარ ჰყავდა: ამერიკელმა პილოტმა მარიო ანდრეტიმ ექვსი დიდი პრიზი და ჩემპიონატი მოიგო, გუნდმა კი რვა ეტაპი და კონსტრუქტორთა თასი. საერთო ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა გუნდის კიდევ ერთმა პილოტმა, შვედმა რონი პეტერსონმა: მან სამხრეთ აფრიკასა და ავსტრიაში იმარჯვა, ამას გარდა, ხუთჯერ საუკეთესო სამეულში მოხვდა.
უილიამს FW11:
1986-87 - 18 დიდი პრიზი
ვიზუალური თვალსაზრისით, ეს ბოლიდი კონკურენტებისგან ძალიან არ გამოირჩეოდა. სამაგიეროდ, ჰონდას ბრწყინვალე ძრავის წყალობით ძალიან საიმედო და ძლიერი იყო.
1986 წელს, როცა გუნდის მფლობელი ფრენკ უილიამსი ავარიაში მოჰყვა და სამუდამოდ მიეჯაჭვა სავარძელს, ბრიტანელმა ნაიჯელ მენსელმა და ბრაზილიელმა ნელსონ პიკემ ცხრა დიდი პრიზი მოიგეს.
უილიამსმა კონსტრუქტორთა თასი კი მოიპოვა, მაგრამ პილოტებს შორის გამარჯვება მაკლარენის ფრანგ წევრ ალენ პროსტს დარჩა: სეზონის უკანასკნელ ეტაპზე, ავსტრალიაში, რბოლის ლიდერ მენსელს ფინიშამდე რამდენიმე წრით ადრე საბურავი გაუსკდა, პიკეს კი იძულებითი შესვენების შემდეგ, პროსტმა გადაასწრო და ჩემპიონიც გახდა. „პროფესორად“ წოდებულმა ფრანგმა საერთო ჩათვლაში მენსელს ორი, პიკეს კი სამი ქულით გაუსწრო!
მომდევნო წელს FW11 ორივე ასპარეზზე შეუდარებელი იყო: ისევ 9 გამარჯვება, ნელსონ პიკეს ტრიუმფი და კონსტრუქტორთა მორიგი თასი! ამას გარდა, ბოლიდმა 12-ჯერ მოიგო საკვალიფიკაციო რბოლა, 7-ჯერ კი ტრასის რეკორდი დაამყარა. ნაიჯელ მენსელი კვლავ მეორე ადგილზე გავიდა - ჩემპიონს 12 ქულით ჩამორჩა.
1987 წლის მიწურულს FW11-ზე პირველად გამოჩნდა ეგრეთ წოდებული აქტიური დაკიდების სისტემა, რამაც გუნდს რამდენიმე წლის შემდეგ ახალი გამარჯვებები მოუტანა, თუმცა უკვე სხვა, მოდიფიცირებული ბოლიდით.
მაკლარენ MP4/4:
1988 - 15 დიდი პრიზი
ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ბოლიდი: ალენ პროსტმა და აირტონ სენამ იმ წელს გამართული 16 რბოლიდან 15 მოიგეს!
ბრაზილიელი „წვიმის კაცი“ - აირტონ სენა პირველად გახდა მსოფლიოს ჩემპიონი: 8 დიდი პრიზი აღმართა და 13-ჯერ დაიწყო რბოლა პირველი პოზიციიდან. კონსტრუქტორთა თასი MP4/4-მა საოცარი უპირატესობით მოიგო - 199 ქულა დააგროვა (იმ დროისთვის ეს ყველა დროის საუკეთესო მაჩვენებელი იყო), მეორეზე კი 65 ქულით ფერარი გავიდა. საგულისხმოა, რომ ამ ბოლიდით სენა-პროსტის წყვილმა ათჯერ დაიკავა კვარცხლბეკზე პირველი-მეორე ადგილი!
MP4/4-ის კონსტრუქტორი შოტლანდიური წარმოშობის სამხრეთაფრიკელი გორდონ მარეი გახლდათ, ვინც მაკლარენამდე ბრიტანულ ბრებჰემში მოღვაწეობდა. 1988 წლის ტრიუმფი მომდევნო სეზონებშიც გაგრძელდა: სხვადასხვა კუთხით გაუმჯობესებულმა MP4/4-მა 1989-1991 წლებში კიდევ სამჯერ მოიგო კონსტრუქტორთა თასი. 1989 წელს პროსტი მესამედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი, რასაც 1990 და 1991 წლებში სენას ტრიუმფები მოჰყვა.
მარეიმ მაკლარენის ფორმულა 1-ის გუნდი 2004 წელს დატოვა და კომპანიის საგზაო ავტომობილების შემუშავებაზე გადაერთო. საქვეყნოდ ცნობილი მაკლარენ F1-ის და მერსედეს-ბენც SLR მაკლარენის მთავარი კონსტრუქტორი სწორედ მარეია.
ფერარი F2004:
2004 - 15 დიდი პრიზი
ამ ბოლიდმა სამეფო რბოლების ყველაზე ტიტულიან გუნდს 2004 წელს ზედიზედ მეექვსედ მოუტანა კონსტრუქტორთა თასი, გერმანელმა მიხაელ შუმახერმა კი, რომელმაც სეზონში 13 დიდი პრიზი მოიგო, ზედიზედ მეხუთედ, საერთო ჯამში კი მეშვიდედ და უკანასკნელად იზეიმა ჩემპიონობა!
F2004 F2002-ის გაუმჯობესებული ვარიანტი იყო: ამ უკანასკნელმა ასევე 15 რბოლა მოიგო, თუმცა 2002 წელს 14 და ერთიც 2003-ში.
ფერარის გუნდის ტექნიკურმა დირექტორმა როს ბრაუნმა 2005-ის სეზონიც F2004-ით დაიწყო, ბრაზილიელმა რუბენს ბარიკელომ პირველივე ეტაპზე შეძლო პოდიუმზე ასვლა, მაგრამ მალაიზიაში გამართული მეორე ეტაპის შემდეგ F2004-ის სახელოვანი ისტორია საბოლოოდ დასრულდა.
საერთო ჯამში, ეს სარბოლო მანქანა ერთ-ერთი უძლიერესია ფერარის ისტორიაში: 20 ეტაპიდან მოიგო 15, 14-ჯერ დაამყარა ტრასის რეკორდი, საკვალიფიკაციო რბოლა კი 12-ჯერ მოიგო!
როს ბრაუნთან ერთად ამ ბოლიდის კონსტრუქტორები იყვნენ რორი ბირნი და ალდო კოსტა.
![]() |
25 სამმაგი დოზა |
▲ზევით დაბრუნება |
სპორტი
ავტორი: ზურაბ თალაკვაძე
ოსკარ რობერტსონი
რაჟონ რონდომ მაიამისთან სამმაგი დუბლი დასვა. ლებრონის, უეიდის, ბოშის ბანდასთან სელტიქსის ლაწირაკმა ფლეიმეიქერმა 16 ქულა, 14 პასი და 11 მოხსნა აიღო. რონდო მაგარი ბიჭია. მიმდინარე რეგულარულში რაჟონს ხუთი ტრიპლ დაბლი აქვს. ადრე სამმაგებს უფრო შანსიანად აკეთებდნენ. მეჯიქის, ბერდის, მისტერ ჯორდანის დროს. ძველი ბიჭებიდან სამმაგად ცელქობდნენ ოსკარ რობერტსონი და უილტ ჩემბერლენი.
რობერტსონმა ოსკარი ადრე, 1961/62-ში დაირტყა - სეზონი სამმაგი დუბლით (30.8+12.5 მოხსნა+11.4 პასი) დახურა. იმ სეზონში ოსკარმა 41 ტრიპლ დაბლი დატოვა. ორი რეკორდი. უეინ გრეცკის რეკორდებივით რეკორდი.
უილტ ჩემბერლენმაც სერიოზული, უნიკალური, ორმაგი სამმაგი დუბლი დატოვა - 22 ქულა, 25 მოხსნა, 21 პასი. 1968, უილტის მეორე სამმაგი სერია - ზედიზედ 9 ტრიპლი და 75 ორმაგი.
კარიერულ სამმაგებში პირველ ათეულს კრავენ რობერტსონი (181, ცინცინატი, მილუოკი), მეჯიქ ჯონსონი (138, ლეიკერსი), ჯეისონ კიდი (106, დალასი, ფინიქსი, ნიუ ჯერსი, დალასი), ჩემბერლენი (78, ფილადელფია, სან ფრანცისკო, ფილადელფია, ლეიკერსი), ბერდი (59, ბოსტონი), ფეტ ლივერი (43, პორტლენდი, დენვერი, დალასი), ლებრონ ჯეიმსი (31, კლივლენდი, მაიამი), ჯონი ჰავლიჩეკი (30, ბოსტონი), გრანტ ჰილი (29, დეტროიტი, ორლანდო, ფინიქსი), მაიკლ ჯორდანი (28, ჩიკაგო, ვაშინგტონი).
მოქმედებში კიდი, ჰილი და ლებრონი სხედან. ჯეისონი და გრანტი იშლებიან, ორმოცი წლის ბიძები სამმაგებს ვერ აკეთებენ და ყველაზე მაგარი ტემპით ტრიპლებს რონდო და ჯეიმსი აგროვებენ.
17 სამმაგი აქვს კობი ბრაიანტს, 16 - კევინ გარნეტს, 12 - ლამარ ოდომს და 11 - კრის პოლს.
ტიმ დანკანი ათამდეც ვერ ქაჩავს და ფლეი-ოფში 4 სამმაგი აკრიფა. ტიმიმ ერთი სუპერტრიპლი დასვა, 9 წლის წინ, სუპერფინალში ნიუ ჯერსისთან. იმ ნეთსში კიდი, დიკემბე მუტომბო და კენიონ მარტინი იდგნენ. დანკანმა სერიის მეექვსე გარჩევაში 22 ქულა, 20 მოხსნა, 10 პასი და 8 დაფარება ჩაუშვა სან ანტონიოს ზურგჩანთაში. ტიმიმ ნიუ ჯერსი აჭრა.
ფლეი-ოფში სამმაგის აღება უფრო რთულია. რეგულარულში მსაჯები რაღაცებს ატარებენ. რეგულარულში სამწამიანშიც უფრო მშვიდად გატარებენ.
ლებრონი ყველა გარჩევაში პოტენციური ტრიპლია. კევინ დიურანმა პასებში წელს აკრიფა და დიდი შანსია, ლებრონის ზონაში შევიდეს. ჯერ ადრეა, მაგრამ სან ანტონიოს პირველწლიანი ბავშვი, კაუი ლეონარდიც სადღაც იქვე, დიდ ბიჭებთან იმოძრავებს. რონდოც.
მეჯიქ ჯონსონი და მაიკლ ჯორდანი
ადრე ტრიპლებს უფრო გემოვნებით, სხვა გემოთი აკეთებდნენ. დღეს ტრიპლ დაბლი კონტრაქტის, საერთო საქმის ელემენტია.
![]() |
26 ოლიმპიური ჰიმნი |
▲ზევით დაბრუნება |
სპორტი|ლონდონი 2012
ავტორი: ლაშა გოდუაძე
ოლიმპიური ჰიმნი საგუნდო კომპოზიციაა, რომელიც თამაშების გახსნის და დახურვის ცერემონიალებზე სრულდება.
1958 წელს, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში გამართულ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის რიგით 55-ე სესიაზე თამაშების ჰიმნი დამტკიცდა: დანიის პრინცის, აქსელის ინიციატივით, დელეგატებმა ერთსულოვნად დაუჭირეს მხარი ჯერ კიდევ 1896 წელს, პირველ ოლიმპიადაზე შესრულებულ ჰიმნს.
ტექსტის ავტორი ბერძენი პოეტი კოსტას პალამასია, მუსიკა კი ასევე ბერძენს, სპირიდონ (სპიროს) სამარასს ეკუთვნის. მაშინ, XIX საუკუნის მიწურულს, მათი ნაწარმოები საუკეთესოდ კიდევ ერთმა ბერძენმა, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პირველმა პრეზიდენტმა დემეტრიუს ვიკელასმა გამოაცხადა.
1896 წელს, ათენში გამართული თამაშები ამ ჰიმნით კი გაიხსნა, მაგრამ მომდევნო ოლიმპიადებზე ის აღარ შეასრულეს.
1932 წელს, ლოს ანჯელესის ოლიმპიადაზე ამერიკელი ბრედლი კოლერის მელოდია დაუკრეს, ერთი წლის შემდეგ კი, ვენაში გამართულ სოკ-ის სესიაზე გამოცხადდა კონკურსი ახალი ოლიმპიური ჰიმნის შესაქმნელად.
1936 წლის 30 ივლისს საუკეთესოდ აღიარეს რიხარდ შტრაუსის კომპოზიცია, თუმცა მცირე ხნის შემდეგ სოკ-მა ოლიმპიური ჰიმნი საერთოდ გააუქმა.
XX საუკუნის 50-იანი წლებიდან ყველაფერი თავიდან დაიწყო: კვლავ გამოცხადდა კონკურსი, მოისმინეს 40 ქვეყნიდან წარმოდგენილი 387 ნაწარმოები და გამარჯვებულად პოლონელი სპივაკი გამოაცხადეს. სოკ-ი პრობლემას ვერც ამჯერად გადაურჩა: სპივაკი ჰიმნის ყოველ შესრულებაში კოლოსალურ გასამრჯელოს ითხოვდა და მალე სოკ-ის აღმასრულებელმა საბჭომ მასთან თანამშრომლობა შეწყვიტა. მერე 1958 წელიც დადგა...
ჰიმნის ორიგინალური ვარიანტი 2 წუთსა და 38 წამს გრძელდება. 1983 წელს შეიქმნა მოკლე, 63-წამიანი ვერსია.
მას შემდეგ ჰიმნი ზაფხულის და ზამთრის ყველა ოლიმპიადაზე სრულდება. ოფიციალურ ვერსიად ბერძნული და ინგლისური ვარიანტებია აღიარებული, თუმცა ოთხწლეულის მთავარი სპორტული მოვლენის მდიდარ ისტორიას არაერთი საინტერესო შემთხვევაც ახსოვს:
1964 წელს ტოკიოს ზაფხულის თამაშები იაპონურ ენაზე შესრულებული ოლიმპიური ჰიმნით დაიხურა.
1980 წელს, მოსკოვის თამაშების გახსნაზე კომპოზიცია რუსულად შესრულდა, დახურვისას კი ბერძნულად.
1992 წელს, ბარსელონის ოლიმპიადის გახსნისას, ჰიმნის შემსრულებელმა ალფრედო კრაუსმა ტექსტის საწყისი ორი კუპლეტი კატალონიურ ენაზე შეასრულა, დანარჩენი კი ესპანურ-ფრანგულად. დახურვის ცერემონიალი ლეგენდარულმა პლასიდო დომინგომ დაამშვენა, რომელმაც ჰიმნი ესპანურად შეასრულა.
1998 წელს, იაპონიის ქალაქ ნაგანოში გამართულ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მუსიკა ქალაქის ორკესტრმა დაუკრა, ტექსტი კი ბავშვთა ანსამბლმა იმღერა.
2006 წელს, ტურინის ზამთრის თამაშები ჰიმნის მოკლე ვარიანტით გაიხსნა და დაიხურა.
2008 წელს, პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე ჰიმნი ორივე შემთხვევაში ბერძნულ ენაზე შესრულდა.
2010 წელს „თეთრი ოლიმპიადა” კანადის ქალაქ ვანკუვერში ჩატარდა. ჰიმნი ოლიმპიური მოძრაობის ერთდროულად ორ ოფიციალურ ენაზე - ინგლისური და ფრანგული - პირველად სწორედ მაშინ შესრულდა. მეაშა ბრუგერგოსმანმა თამაშების გახსნაზე, ხოლო ბენ ჰეპნერმა დახურვისას, ტექტის პირველი ორი, მეოთხე და მეექვსე კუპლეტები ინგლისურ ენაზე შეასრულეს, დანარჩენი - ფრანგულად...
სპირიდოს სამარასის მიერ ჯერ კიდევ XIX საუკუნის მიწურულს დაწერილი პარტიტურა დღეს შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის შტაბბინაში ინახება.
![]() |
27 ცეცხლის მოლოდინში |
▲ზევით დაბრუნება |
სპორტი
ავტორი: ლაშა გოდუაძე
საბერძნეთის ოლიმპიურმა კომიტეტმა უკვე დაასახელა ის ათლეტი, რომელსაც ლონდონის წლევანდელი თამაშების ცეცხლოვანი ესტაფეტის საწყისი მონაკვეთის გავლის პატივი ხვდა წილად: ბრიტანეთში დაბადებული ბერძენი მსოფლიოს ჩემპიონი 10კმ-ზე ცურვაში სპიროს გიანიოტისი.
გიანიოტისი, ვინც ოლიმპიური ჩემპიონობის ერთ-ერთი რეალური კანდიდატია, ერთ-ერთია იმ 500 ბერძენიდან, რომლებიც ანთებული ჩირაღდნით 10-17 მაისს საბერძნეთის რამდენიმე კუნძულს და 34 ქალაქს შემოივლიან.
„ლონდონის ოლიმპიადაზე ასპარეზობა ჩემთვის შინ დაბრუნებას ჰგავს“, - განაცხადა სპიროს გიანიოტისმა.
ოლიმპიური თამაშების ტრადიციული ატრიბუტი - ცეცხლი - საბერძნეთის ანტიკურ ქალაქ ოლიმპიაში, მითიური ზევსის ტაძართან, მზის სხივების დახმარებით 10 მაისს აინთება.
რიტუალი, რომლის იდეა თანამედროვე ოლიმპიური მოძრაობის ფუძემდებელ პიერ დე კუბერტენს ეკუთვნის, პირველად 1928 წელს, ამსტერდამის ზაფხულის IX თამაშების წინ შესრულდა.
ოლიმპიური ჩირაღდანი ლონდონი 2012-ის დელეგაციას 17 მაისს, ათენში, პანათენაიკის სტადიონზე საზეიმო ცერემონიალისას გადაეცემა. ამის შემდეგ ოლიმპიურ ცეცხლს სპეციალური ავიალაინერით დიდ ბრიტანეთში ჩაიტანენ.
ლონდონის თამაშების საორგანიზაციო კომიტეტმა უკვე გამოავლინა 7300 მოხალისე, რომლებსაც ჩირაღდნის ტარების პატივი ხვდათ წილად. კიდევ 700 იღბლიანი უახლოეს დღეებში დასახელდება.
გადაწყვეტილია, რომ ოლიმპიური ცეცხლი 70 დღის მანძილზე დიდი ბრიტანეთის ათასზე მეტ ქალაქს მოივლის, 27 ივლისს კი ოლიმპიურ სტადიონზე აგიზგიზდება.
* * *
4 მაისს ლონდონის ოლიმპიური სტადიონი ერთდღიან შოუს უმასპინძლებს, რომლის მთავარი მიზანი გულშემატკივრებისთვის სარბიელის გაცნობა იქნება.
ლოთსკ-ის (ლონდონის ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტი) თავმჯდომარემ სებასტიან კოემ განაცხადა, რომ იგეგმება რამდენიმე გასართობი წარმოდგენა არაერთი სახელგანთქმული ჩემპიონის მონაწილეობით.
...ლოთსკ-ის ოფიციალური ინფორმაციით, ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების დაჯილდოების 805 ცერემონიალზე დროშების აღმართვის პატივი ბრიტანეთის სამეფო საზღვაო, საჰაერო და შეიარაღებული ჯარების 176 მამაკაც და ქალ სამხედროს ხვდა წილად. „ძალიან მიხარია, რომ ოლიმპიადაში მივიღებ მონაწილეობას - მამაჩემი დიდ ბრიტანეთს 1956 წელს მელბურნში, 1960 წელს კი რომის ოლიმპიადაზე წარმოადგენდა“, - განაცხადა საჰაერო ძალების მაიორმა ლი კობლიმ.
...21 ივნისიდან 9 სექტემბრის ჩათვლით, ოლიმპიური თამაშების მხარდაჭერის პროგრამით, ლონდონი მხატვრული ფილმების ფესტივალს უმასპინძლებს სახელწოდებით „ლონდონი 2012 ფესტივალი“. გადაწყვეტილია, რომ კინოკომპანია XXI საუკუნე ფოქსი სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის ციფრულ ფორმატში დამუშავებულ ოსკაროსან ფილმს - „ცეცხლოვანი ეტლები” - წარუდგენს მაყურებელს. 1981 წელს ჰიუ ჰადსონის ეს ნაწარმოები ოთხი ოსკარით დაჯილდოვდა, მათ შორის საუკეთესო მხატვრული ფილმის ნომინაციაში. ასევე ცნობილია, რომ ფესტივალის დღეებში ალფრედ ჰიჩკოკის უხმო ჩანახატებიც იქნება ნაჩვენები.
...ოლიმპიური თამაშების მასპინძელი ნაგებობებიდან ყველაზე ბოლოს წყალბურთელთა აუზის მშენებლობა დასრულდა. შენობა, რომელიც 5 ათას გულშემატკივარზეა გათვლილი და სავარჯიშო და მთავარ აუზს იტევს (საერთო მოცულობა 3 მილიონი ლიტრი), დროებითია - ოლიმპიური თამაშების შემდეგ მას დაშლიან, ნაწილებს კი სხვადასხვა პროექტებში გამოიყენებენ.
![]() |
28 ვენუსის დაბრუნება |
▲ზევით დაბრუნება |
სპორტი|ჩოგბურთი
გიორგი მაჩაბელი
გოგონების პრო ტური ინტერესს კარგავს. ერთჯერადი პირველი ნომრების (კაროლინ ვოზნიაცკი), სტაბილურად არასტაბილური დომინატორების (მაშა შარაპოვა, პეტრა კვიტოვა), ბავშვობაში ჩარჩენილი ნიჭიერი ბალასტების (მარია კირილენკო, იანინა ვიკმაიერი) ერთფეროვანი ტესტები უინტერესოა. გოგონების გარჩევები კარგავს თითქმის ყველაფერს და ურეიტინგო ამბებზე სპონსორებიც არ მიდიან. WTA გახუნებული და უინტერესოა.
რეიტინგის პირველი ნომერი ვიქტორია აზარენკაა. ჩოგბურთის ჯონი როტენი კვნესაში პირველია. ბელარუსი ჩოგბურთშიც მხეცია და თუ მოინდომებს, სადღაც, მარტინა ჰინგისის ტერიტორიაზე შევა. აზარენკამ იცის, რომ ნიჭით კვიტოვაზე უკან ზის და ჩოგბურთით, მონდომებით, ხვნეშით, ჩეხზე სერიოზულია.
ჩარლსტონში WTA აქტუალურ, საინტერესო, მოქნილ ტურნირად გადაიქცა. ჩარლსტონში სერენა და ვენუს უილიამსები დაბრუნდნენ.
ვენუსი შეიცვალა. ორი ოპერაციის, აწყობილი მუხლების, მხედველობის გაუარესების შემდეგ, უფრო სწრაფ და მოძრავ გოგოშკებთან მოგება გართულდა. ვენუსი ძველი სკოლაა და ახალი თაობა კორტზე საცვლის დემონსტრირებას უფრო ახდენს, ვიდრე ფორჰენდის. ახალი თაობა არ იზრდება ძველ თაობაზე და ვენუსი დღესაც წინა გენერაციის გიგანტებს იხსენებს.
ვენუსმა მეოთხედფინალამდე იარა. იქ ოზ სემ სტოსურს პირველი სეტი დაუტოვა (3:6), მეორე წაართვა (6:4) და მესამე ვერ აიღო (4:6). სტოსურმა სიცხეში, რთულ პირობებში იყოჩაღა და ვენუსმა ვერ ირბინა, დადგა.
უილიამსი დიდი გოგოა. 17 ივნისს 32 წლის ხდება. ფორმაშია, მაგრამ დაიღალა: „სეზონს დავხურავ და მერე მოვიფიქრებ, დავრჩე თუ თამაშს შევეშვა. სერენას თამაში უნდა, ბევრს ვარჯიშობს. თითქმის ყოველთვის ერთად ვვარჯიშობთ და ვხედავ, რომ ჩემი და მზად არის დიდი სლემის ტურნირის მოსაგებად. სერენა ჩემზე უკეთესია. კარიერით, გამძლეობით”.
ვენუსს ერთეულებში 43 ფინალი აქვს მოგებული. რესპექტაბელურია. ვენუსი და სერენა ერთმანეთზე ოცდასამჯერ გადიან და ცამეტ თამაშს პატარა და, სერენა იგებს.
ვენუსი: „აზარენკა აგრესიით იგებს და მომენტებში ელეგანტურია. შარაპოვა პოპულარულია, იცის მოგება და არ იცის, რომ ნიჭი ბოლომდე უნდა გამოიყენო. კვიტოვა არასტაბილურია. იქ, თავში, რაღაც უნდა გადაატრიალოს, სქემა შეცვალოს და ბევრს, ყველაფერს მოიგებს. სერენა - უილიამსია. ჩვენ ყველაფერს ვიგებდით და სერენა მალე რეალურად მიხედავს საქმეს“.
ვენუსი ჩავა უიმბლდონზე. ნიუ იორკშიც ჩაფრინდება და US Open რამდენიმე მაგარ კონტრაქტსაც მიიღებს. ვენუსი ყველა ტურნირის ჯეკპოტია.
ჩარლსტონამდე ის პირველი ასეულის ქვედა ეშელონში (7) ზის, გაკერილ სხეულს ასვენებს, ძველ დატვირთვას აჩვევს. უილიამსი ლეგენდაა და ერთფეროვანი WTA ყველგან წითელ ხალიჩას უგებს. ის არის ჩოგბურთის მერილ სტრიპი, რომელიც ხუთჯერ იგებს უიმბლდონს და კარიერული სარეკლამო ბონუსებით, უკვე 125 მილიონ დოლარზეა ასული. სერიოზულია. როჯერ ფედერერზე, ანდრე აგასიზე, რაფაელ ნადალზე, ყველა ჩოგბურთელზე სერიოზული. ვენუს უილიამსი ჩოგბურთის დაღლილი სახეა და ჩოგბურთმა სახე ჩარლსტონში დაიბრუნა.
![]() |
29 „ხოდორკოვსკის“ რეჟისორი |
▲ზევით დაბრუნება |
კულტურა
ნიკა ესებუა
ნავთობკომპანია ЮКОС-ის მმართველი მიხაილ ხოდორკოვსკი ყველაზე მდიდარი და გავლენიანი რუსი ბიზნესმენი იყო. 2003 წელს ხოდორკოვსკი დააპატიმრეს. მიზეზად ფინანსური თაღლითობა დასახელდა, თუმცა ბევრის აზრით, მისი დაპატიმრების ერთადერთი მიზეზი პოლიტიკური ამბიციები და პუტინთან დაპირისპირება იყო.
„ხოდორკოვსკი“ - ასე ჰქვია მიხაილ ხოდორკოვსკიზე გადაღებულ დოკუმენტურ ფილმს, რომელსაც ჯერ ბერლინის 61-ე კინოფესტივალზე, შემდეგ კი მთელ მსოფლიოში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მართალია, ბერლინში პრემიერამდე ფილმი მოიპარეს (კომპანიის ოფისი გატეხეს), მისი ჩვენება მაინც შედგა - რეჟისორმა ფესტივალის მაყურებელს დისკზე შემონახული ასლი შესთავაზა. რუსეთის უმსხვილესმა კინოდისტრიბუტორებმა ფილმის შესყიდვაზე უარი თქვეს და მოსკოვში ის ერთადერთ დარბაზში, ელდარ რიაზანოვის კუთვნილ კინოთეატრში გავიდა. „ხოდორკოვსკის“ შემქმნელია გერმანელი რეჟისორი კირილ ტუში, რომელიც ამ პროექტზე 5 წელი მუშაობდა. ტუში თბილისს ეწვია და თბილისურ პრემიერასაც დაესწრო.
„ერთ-ერთ ფესტივალზე ხოდორკოვსკის შესახებ გავიგე და ვიფიქრე, რომ მასზე ფილმის გაკეთება ძალიან კარგი იქნებოდა. ხალხი მეკითხება, რატომ არ გადავიღე კინო სხვა ცნობილ პატიმარზე. პასუხი ასეთია - ხოდორკოვსკის ამბავზე მუშაობა იმიტომ დავიწყე, რომ ის მიმაჩნია კარგ, მამაც ადამიანად, რომელსაც რუსეთიდან წასვლა შეეძლო, მაგრამ დარჩენა გადაწყვიტა და თავისუფლების საფასურად გარისკა“, - განაცხადა რეჟისორმა ტაბულასთან საუბრისას.
ფილმში ნაჩვენებია ხოდორკოვსკის გზა რუსეთის უმდიდრესი ადამიანის „ტიტულამდე“, ის, თუ როგორ დაიძაბა ურთიერთობა მასსა და ვლადიმირ პუტინს შორის, როგორ ჩასვეს ციხეში 9 წლით, შემდეგ კი პატიმრობის ვადა გაუზარდეს. კირილ ტუში შეეცადა, ფილმი ერთფეროვანი და მოსაბეზრებელი არ ყოფილიყო (ხოდორკოვსკისთან შეხვედრა და ინტერვიუს ჩაწერა ვერ მოახერხა) და გადაწყვიტა, ეპიზოდები, რომელსაც ბიზნესმენის შინაგანი განცდები და განწყობა უნდა ეჩვენებინა, ანიმაციის დახმარებით გაეკეთებინა. 110-წუთიანი ფილმი ვიზუალურად გამართული და, სალომე მაჩაიძის დამსახურებით, კარგად დამონტაჟებულია.
მუშაობის პირველი წელი ყველაზე რთული გამოდგა. კირილ ტუშის არავინ თანხმდებოდა ინტერვიუზე, არავის სურდა ღიად ხოდორკოვსკიზე საუბარი. სწორედ იმ პერიოდში მოკლეს ჟურნალისტი ანა პოლიტკოვსკაია, რომელიც პუტინის მთავრობის მწვავე კრიტიკით იყო ცნობილი. შიშმა და უიმედობამ რეჟისორი პროექტის მიტოვებაზე დააფიქრა. პრობლემები შეიქმნა დაფინანსებასთან დაკავშირებითაც. გერმანიაში არ სჯეროდათ, რომ კირილ ტუში ხოდორკოვსკისთან ახლოს მისვლას მოახერხებდა და პროექტი საინტერესო იქნებოდა, ამიტომ რეჟისორს ფინანსური სახსრების მოძიება გაუჭირდა - „თავიდან ყველაფერი მარტივად იყო, მხოლოდ ერთი ადამიანის საკონტაქტო ტელეფონი მქონდა. ეს იყო მაშა ორჯონიკიძე, რომელიც მოსკოვში ხოდორკოვსკის პრესსამსახურს ხელმძღვანელობდა. დროთა განმავლობაში ყველაფერი გართულდა, კრემლი დარწმუნებული არ იყო, რომ „სწორ“ მხარეს ვიდექი და ამიტომ ხელს არ მიწყობდა ფილმის გადაღებაში. ჩემი წარმომავლობაც დაბრკოლებად იქცა. ყველას ეუცნაურებოდა, რომ გერმანელ რეჟისორს რუს ბიზნესმენზე ფილმის გადაღება სურდა. სამი წელი დამჭირდა, რომ ხოდორკოვსკის შვილი ინტერვიუზე დამეთანხმებინა. ხალხს ეშინოდა მასზე ლაპარაკის. ფილმის გადაღებაში პირდაპირ არავის შეუშლია ხელი, ალბათ იმიტომ, რომ უხეში ჩარევა ავტომატურად ნიშნავდა ამბის მედიაში გახმაურებას და ხოდორკოვსკის საქმით მეტი ადამიანის დაინტერესებას. თუმცა სხვადასხვა ბიუროკრატიული დაბრკოლება ხშირად მაფერხებდა“.
კირილ ტუში
ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ კირილ ტუშიმ სასურველი რესპონდენტები ჩაწერა, ფინანსური პრობლემებიც მოაგვარა და უამრავი სირთულის მიუხედავად, პროექტი დაასრულა. სურს გადაიღოს „ხოდორკოვსკის“ გაგრძელება - „მიხაილ ხოდორკოვსკის დაბრუნება“. სათაური „ვარკვლავური ომების“ გავლენით შეარჩია. აპირებს ინტერვიუების ჩაწერას: ვლადისლავ სურკოვთან, ვოლოშინთან, აბრამოვიჩთან, ხოდორკოვსკის პირველ მეუღლესთან - ინასთან და, რა თქმა უნდა, თავად ხოდორკოვსკისთან. მისი თქმით, გაგრძელების ბედი ფინანსებზეა დამოკიდებული.
გარდა ამისა, რეჟისორს ჟულიან ასანჟისა და WikiLeaks-ის შესახებ სურს მხატვრული ფილმის გადაღება, რადგან მიაჩნია, რომ ჯერ კიდევ ძალიან ბევრი რამ არის სათქმელი.
![]() |
30 არშაკუნის სასახლიდან სამხატვრო აკადემიამდე |
▲ზევით დაბრუნება |
კულტურა
ავტორი: თეონა ჯაფარიძე
სამხატვრო აკადემიის შენობა გასული
საუკუნის 20-იან წლებში
ჯერ კიდევ გასული საუკუნის 20-იან წლებში, სამხატვრო აკადემიის პირველი რექტორი თხოვნით მიმართავდა მაშინდელ, დამოუკიდებელი საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას, გაემაგრებინათ აკადემიის შენობა და გადაერჩინათ დანგრევისაგან. როგორც ჩანს, ამ უნიკალური შენობის საძირკველი თუ კონსტრუქცია თავიდანვე პრობლემური იყო მთაწმინდის ფერდობიდან მომდინარე მიწისქვეშა წყლების თუ შესაძლო არასწორი პროექტირების გამო. ფაქტია, რომ ცნობილი რუსი არქიტექტორი გრიგორ ივანოვი, რომელიც 1856-57 წლებში მუშაობდა პროექტზე, რიგ მიზეზთა გამო უკან, პეტერბურგში გაუწვევიათ და შენობის მშენებლობა უკვე მის გარეშე დასრულებულა 1860 წლის ბოლოს.
„შენობა ძალიან ავარიულია. ისტორიული სარკეებიანი დარბაზის ჭერი და ბათქაში იშლება. არქიტექტურული სხეული დეფორმირებულია“ - დაასკვნა კულტურული კვლევისა და კოორდინირების ცენტრმა (CRC), რომელმაც სამხატვრო აკადემიის დიდ დარბაზში ორგანიზება გაუწია დისკუსიას თემაზე „სამხატვრო აკადემიის შენობის მდგომარეობა და პერსპექტივები“ (დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს აღმოსავლური ხელოვნების სპეციალისტმა ირინა კოშორიძემ, რესტავრატორმა ნანა კუპრაშვილმა და პროექტის ხელმძღვანელმა კახა ტრაპაიძემ. მოდერატორი გახლდათ ხელოვნებათმცოდნე სოფო კილასონია).
საგანმანათლებლო სივრცის და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, ყოფილი არშაკუნის სასახლის რეაბილიტაციას ერთი-ორად საპასუხისმგებლოს ხდის. მით უმეტეს, რომ შენობა უნიკალური ორიენტალიზმის სტილის ტიპური ნიმუშია და ეს ერთდროულად ევროპულ და აღმოსავლურ, კერძოდ კი ირანულ სტილს გულისხმობს.
ამ ძეგლის რეაბილიტაცია მეტად სპეციფიკური სამუშაოების ჩატარებას მოითხოვს. აკადემიის პედაგოგები სტუდენტებთან ერთად უკვე თითქმის 10 წელია კომპლექსურად იკვლევენ და მუშაობენ შენობის რეაბილიტაციის პროექტზე. გადაწყვეტილია, რომ ინტერიერის აღდგენაზე იმუშავებენ მათი კოლეგები, ირანელი სპეციალისტები ისპაჰანის უნივერსიტეტიდან, რადგან თავის დროზე, მე-19 საუკუნის 50-იან წლებში, ეს ინტერიერი სწორედ ირანელი ოსტატების ხელითაა შექმნილი. ამ ფაქტზე ხელოვნების ისტორიის ცნობილი მკვლევარი ვახტანგ ბერიძეც წერს თავის „თბილისის ხუროთმოძღვრებაში“ (1963წ.): „აქ ვხედავთ მინისა და სტუკოს დეკორაციებს სარკეებიან ფონზე, სტალაქტიტურ ფრიზებსა და მუშარაბიან ღიობებს, ფერწერას კედელსა და მინაზე, მოხატულობას სპარსულენოვანი მედალიონებით. ირანულ-ისლამური მოტივები გამოყენებულია შენობის სარკმელებშიც. ეს აღმოსავლური ინტერიერი ირანელი ოსტატების მიერ უნდა იყოს შესრულებული, რომლებიც იმ დროს თბილისში ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ“.
ირანელი ოსტატები ინტერიერზე სამუშაოდ სასახლის მეპატრონეს - ვარდან არშაკუნს მოუწვევია. ის იყო მდიდარი თბილისელი სომეხი, რომელიც თავის დროზე ირანიდან გადმოსახლებულა. გარდა იმისა, რომ მე-19 საუკუნის სასახლეების ინტერიერებში აღმოსავლური სტილი მოდური იყო, ვარდან არშაკუნის იდე ფიქსი ირანში საკუთარი ფესვების ძიება ყოფილა - გადმოცემის მიხედვით, სომეხი არშაკუნიანები საკუთარ თავს პართული წარმოშობის ირანელი არშაკიდების სამეფო დინასტიის სომხური განშტოების შთამომავლებად მიიჩნევდნენ. ირანული სამეფო წარმომავლობისთვის პატივის მისაგებად, ვარდან არშაკუნს თავისი სასახლის ფასადზე ყაჯართა დინასტიის ოფიციალური სიმბოლო - ლომი და მზეც კი გამოუსახავს. ამ გამოსახულებას ჩვენამდე არ მოუღწევია, თუმცა ის შემორჩენილია გასული საუკუნის 10-იანი წლების ფოტოზე.
თავად ვარდან არშაკუნი სასახლის მშენებლობის დასრულებას ვერ მოესწრო, 1862 წელს გარდაიცვალა. სასახლე ერთხანს მისი ოჯახის მფლობელობაში რჩებოდა, მერე კი, 1869-86 წლებში, აქ „ტფილისის საარტისტო წრემ“ დაიდო ბინა. 1902 წელს სასახლის ერთი ნაწილის ახალი მფლობელი გამხდარა ნინო ქობულაშვილი, რომლის დავალებითაც ქართველ არქიტექტორს, სიმონ კლდიაშვილს, შენობის მარცხენა ნაწილი გადაუკეთებია, თუმცა აღმოსავლური ინტერიერებისთვის ხელი არ უხლია. 1922 წლიდან კი არშაკუნის ყოფილ სასახლეში სამხატვრო აკადემიაა. გასული საუკუნის 70-იან წლებში შენობას რესტავრაცია ჩაუტარდა, რამაც ფასადზე სრულიად შეუსაბამო საბჭოთა სტილისტიკის კვალი დატოვა.
პროექტზე მუშაობა ექვსი წლის წინ დაიწყო. სამხატვრო აკადემიის რესტავრაციის ფაკულტეტის პროფესორების მიერ მომზადდა ფასადისა და ინტერიერის რესტავრაციის პროექტი, არქიტექტურის ფაკულტეტმა კი კონსტრუქციის პროექტირებაზე იმუშავა. თანამედროვე ტექნოლოგიებით მოხდა შიდა სივრცის აზომვა და ნახაზები 3D ფორმატში შესრულდა ლაზერული სკანერით. საბოლოოდ, პროექტი კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულმა სააგენტომ განიხილა. დისკუსიაზე პროექტის ხელმძღვანელმა, კახა ტრაპაიძემ, პროექტის კონცეფცია გაგვაცნო:
„მთავარია, შენობა მოვარგოთ სასწავლო პროცესს. ამისთვის ფუნქციები შემდეგნაირად უნდა გადავანაწილოთ: ისტორიული ნაწილი საგამოფენო და საპრეზენტაციო სივრცედ დარჩება. აქ იქნება სამი საგამოფენო დარბაზი, ირანული დარბაზები, დიდი ბიბლიოთეკა, საცავი, აკადემიის ფონდები, რასაც სამუზეუმო რეჟიმი, კლიმატკონტროლი სჭირდება. აქ მხოლოდ გასამაგრებელი სამუშაოები ჩატარდება და ყველაფერი პირვანდელი სახით შენარჩუნდება.
სულ ქვედა სართულზე განთავსდება მაღაზია სტუდენტებისთვის, კვების ბლოკი, რესურსცენტრი, ხოლო პირველი სართული ადმინისტრაციას დაეთმობა. განსაკუთრებულ ჩარევას ბოლო სართული და გადახურვა საჭიროებს. თითქმის 50 წლის მანძილზე ხდებოდა მისი გადაკეთება, დაშენებები. ბევრგან ვხვდებით ეგრეთ წოდებულ მკვდარ ადგილებს, საიდანაც წვიმის წყალი არსად გადის. გადახურვას გავანთავისუფლებთ ზედმეტი დაშენებებისგან და გავაერთიანებთ. აქვე მოეწყობა რამდენიმე აუდიტორია და ზამთრის ბაღი. მთელ შენობაში ერთადერთი ახალი ელემენტი იქნება და ისიც 70-იანი წლების საბჭოთა ფასადის ჩასაქრობად გაჩნდება“.
დაახლოებით 6,5 მილიონი ლარი დაიხარჯება რეკონსტრუქციაზე, ხოლო 1 მილიონი შენობის ტექნიკური აღჭურვისთვის. ძეგლის კომპლექსური კვლევისა და პროექტის ხარჯი, 250 000 ლარი, სამხატვრო აკადემიამ თავად გაიღო. ფინანსურ წყაროებს კულტურის სამინისტრო მოიძიებს. თბილისის მერია კი, სავარაუდოდ, გრიბოედოვის ქუჩის ინფრასტრუქტურას მოაწესრიგებს.
სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი - კონსტრუქციების გამაგრება და გადახურვა - უახლოეს მომავალში დაიწყება და 8-9 თვეში დასრულდება. შენობის მთლიან რეაბილიტაციას კი 3 წელი დასჭირდება.
![]() |
31 ფოტოგრაფის ერთი ფოტო |
▲ზევით დაბრუნება |
კულტურა
ნათელა გრიგალაშვილი
ეს ფოტო რამდენიმე წლის წინ გადავიღე ჩემს სოფელში, თაგვეთში. ბავშვური თამაშია, ლაღი, გულწრფელი და უდარდელი, ის, რაც მერე დიდობაში წასულებს მთელი სიცოცხლის მანძილზე გვენატრება.
არის ფოტოები რომელთაც გარკვეული მხატვრული ღირებულება აქვთ და შეიძლება სხვასაც აჩვენო, მაგრამ არის ისეთი ფოტოებიც, რომელიც მხოლოდ ჩემთვისაა მნიშვნელოვანი; ნებისმიერი ფოტოს მიღმა ყოველთვის იმალება რაღაც ამბავი. ჩემთვის ფოტოგრაფია ადამიანების, მათი გრძნობებისა და ემოციების ისტორიაა. ვცდილობ, ეს ისტორიები სხვებსაც მოვუყვე.
![]() |
32 სიზმრები კამასუტრას ხეობაში |
▲ზევით დაბრუნება |
კულტურა
ირინა ბაგაური
„ჩემი სახლი ისე მაღლა დგას, ღვთის ხველება ჩაესმის“
ტონინო გუერა
„ტონინო, უნდა გამოგიტყდეთ, გვძულს პენაბილი. ხშირად ერთმანეთს ვეუბნებით: წავიდეთ, ჩავაკითხოთ, თუმცა სიშორე და სიზარმაცე არ გვაძლევს გასაქანს“ - პაოლო და ვიტორიო ტავიანები.
პენაბილი, სადაც 25 წლის წინ ტონინო გუერა დასახლდა, ცენტრალური იტალიის ერთი მიყრუებული, პატარა სოფელია, რომელიც ეტრუსკული ქალაქების უმეტესობის მსგავსად მაღლობზე, კლდეზეა გაშენებული და მთებს, ხეობებს გადაჰყურებს. სწორედ ამ ადგილას დამკვიდრდა რომიდან დაბრუნებული დიდი სცენარისტი და დედაქალაქის ელიტურ წრეებს, სოფლის გლეხკაცობაში გარევა არჩია. მეგობრების საყვედურების მიუხედავად, გუერას ჯიუტად არ მოუცვლია ფეხი იქიდან - „როგორ შეიძლება ცხოვრობდე ზღაპარში და ამან დაგღალოს“, - ასე ხსნიდა ქმრის ახირებას ტონინოს მეუღლე, ლორა.
2010 წელს, გარდაცვალებამდე ორი წლით ადრე, 90 წლის იუბილეს აღსანიშნავად, საგამომცემლო სახლმა Bompiani-მ ტონინო გუერას მთელ შემოქმედებას ერთად მოუყარა თავი და გამოსცა კრებული „კამასუტრას ხეობა - სიზმრები, ნიშნები და პოეტის მიერ შერჩეული სხვა ნაწარმოებები“. მასში შესულია გუერას პოეტური, პროზაული ნაწარმოებები, მეგობრების - დიდი რეჟისორების, მწერლებისა თუ მუსიკოსების წერილები. წიგნის ფურცლებზე ერთმანეთს ენაცვლებიან ნამდვილი და გამოგონილი პერსონაჟები: შეყვარებული ჩინელი და სამარყანდელი საჭურისები, ვარძიის მონასტრის მონაზვნები, ულვაშიანი ანგელოზი, კერამიკის მადონები, რომლებმაც სახელოსნოში მოიწყინეს და გაქცევა გადაწყვიტეს... კრებულში აღმოაჩენთ თბილისში ყოფნის დროს სერგო ფარაჯანოვისგან აღებულ ინტერვიუსაც, რომელიც შემდეგი სიტყვებით იწყება: „მაპატიე, სერგეი, მსურს საჩუქრებზე მელაპარაკო. ყოველი ლამაზი ნივთი, რომელსაც შენს ხელში გაუვლია, ბოლოს სხვის სახლში ხვდება...“
მცოცავის მოზიდვა
წიგნი თავად ავტორის მიერაა დასურათებული. ნახატებიდან ყველაზე დიდი ინტერესი თორმეტმა ეროტიკულმა ილუსტრაციამ გამოიწვია, რომელთა საფუძველზეც ავტორმა გამოცემას სათაურად „კამასუტრას ხეობა“ შეურჩია.
ოინი სავარძელში
ილუსტრაციებს ავტორის წინასიტყვაობა უძღვის, რომელიც ნახატების შექმნის ამბავს გვიყვება: „ბოლო ომის დროს, ცეცხლის გასაღვივებელი საწვავი არ იშოვებოდა და ხალხი ავეჯის ჩათვლით ყველაფერს წვავდა. ბერების სასახლეში, ძველ მონასტერში, რომელიც ტოსკანურ აპენინებში მთვარის მთებშია ჩამალული, ოჯახები ცეცხლის დასანთებად წყლითა და წებოთი ქაღალდის ბურთებს ამზადებდნენ, საამისოდ კი ბიბლიოთეკიდან მოპარულ ძველ ნაწერებსაც იყენებდნენ. ერთმა არეცოელმა ანტიკვარიატის კოლექციონერმა მენახშირისგან შეიძინა გლეხების მიერ დამზადებული ასამდე ბურთი, რომლებიც მან 1951 წლის მკაცრ ზამთარში იპოვა ჩამოქცეული სასახლის ნანგრევებში. კოლექციონერმა დიდი სიფრთხილით განაცალკევა ფურცლები და დაგრაგნილ ქაღალდებში ძველ დოკუმენტებს მიაკვლია. მათ შორის გამოირჩეოდა თორმეტი ჩანაწერი, რომლებიც ხალხურ კამასუტრას წარმოადგენდნენ და, სავარაუდოდ, აღმოსავლურ ტრადიციებში განსწავლულ ბერს შეექმნა. 1988 წელს, პენაბილიში, ანტიკვარული ნივთების გამოფენაზე არეცოელი კოლექციონერი გავიცანი, რომელმაც ამ თორმეტი ჩანაწერის შესწავლის საშუალება მომცა. ასე გადავწყვიტე მათი ილუსტრაციებად ქცევა“.
სულმოკლეობა
თვალისმომჭრელ ნახატებს ავტორმა არანაკლებ საინტერესო თორმეტი სათაური შეურჩია: „გასროლა“, „ოინი სავარძელში“, „ინტიმი ბუკის თანხლებით“, „მცოცავის მოზიდვა“, „ლიმონის გაწურვა“, „მძინარე აკომპანემენტი“, „მოჩვენებითი ძალადობა“, „ვერცხლის კოვზი“, „კვანძი“, „უყურადღებო შესვენება“, „სულმოკლეობა“ და „ჩურჩული“. ეს თამამი და ამავდროულად სახალისო, ეროტიზმით გაჯერებული ილუსტრაციები აღმოსავლური ფერებითა და ესთეტიკითაა შესრულებული. მოქმედ გმირებში კი, არცთუ სრულყოფილი პროპორციების ქალსა და ულვაშებიან მამაკაცშიც, ადვილად შეიცნობიან თავად ავტორი და მისი მეუღლე. 90 წლის ასაკში, შეკითხვაზე, თუ რას წარმოადგენდა ეს კამასუტრა, გუერამ უპასუხა:
„კამასუტრა არის ერთი ძველი რჩევა, რომელიც აღმოსავლეთიდან მოდის. ის ხშირად თავაწყვეტილი ცეკვაა, რომლის შესრულებაც მოგვიწია, ან ადრე თუ გვიან ყველას მოგვიწევს. ეს გახარჯული პასტელებიც მხოლოდ იმას ემსახურება, რომ ჩვენი ლაღი ქმედებებისას, არ შეგვრცხვეს საკუთარი სხეულის რხევის. სხეულის, რომლის ზოგიერთ ნაწილს ხშირად სასაცილო ელფერი დაჰკრავს“.
გუერა 2012 წლის მარტში, 92 წლის გარდაიცვალა. მწერლის პანაშვიდებს მისი გამოგონილი ამბების უბრალოება და ზღაპრის ელფერი დაჰკრავდა: ადრეულ გაზაფხულზე აყვავებული ხეების ფონზე, ტონინო გუერა ბოლო გზაზე უჩვეულო სიმშვიდით გააცილეს თანამემამულეებმა და ბიზანტიელი დედოფალივით გრძელ და თვალისმომჭრელად ჭრელ ლაბადაში გამოწყობილმა ლორამ.
„ერთხელ ფედერიკო ფელინის ჩემი შიში გავანდე, რომელიც გარდაცვალებას უკავშირდებოდა. ის ჩაფიქრდა და მიპასუხა: რა იცი, ტონინო, იქნებ სიკვდილი კიდევ უფრო დიდი მოგზაურობა აღმოჩნდეს“. ანდერძის მიხედვით, მწერლის ცხედარს კრემაცია ჩაუტარეს და მშობლიური სოფლის ფერდობებიდან ნიავს გაატანეს რომანიის ხეობებში სამოგზაუროდ.
![]() |
33 მკვდარი წიგნების საზოგადოება (წერილები ბიბლიოთეკიდან) |
▲ზევით დაბრუნება |
გიორგი კეკელიძე|სვეტი
„როგორც ლენინი ამბობდა, გაზაფხულის პირველი თვე მარტია“.
აბა, როგორ არ იცოდა ამ აგრონომიული სახელმძღვანელოს ავტორმა, რომ ბელადის დასტურის გარეშეც კი, საქმე ისედაც ამგვარად იყო, მაგრამ ყველგან და ყოველთვის ის უნდა გეხსენებინა. როგორც უფალს ახსენებდნენ ხოლმე. თუმცა რელიგიის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიისას, მგავსი ჩანაცვლება ახალი რელიგიური პანთეონით, ჩვეულებრივი ამბავი გახლდათ, გაჩნდნენ სხვა ღმერთები (მაგ: ლენინი, სტალინი), ნახევარღმერთები (მაგ: ბერია, მოლოტოვი), კერპები (მაგ: ჰიდრო-ჰესი, სილოსი). თქვა პოეტმაც:
„მაშ, დღეს ახალი ზეიმი გველის,
ახალს რწმენაზე დაყრდნობით მტკიცედ
ცრუმორწმუნეთა კვერცხი და პასკაც
და ცრუ აღდგომაც არქივში მივცეთ!“
სხვაგან სად მიადევნებთ თვალს ბომონთა აღზევებას და დაცემას, თუ არა საუკუნის წინანდელ წიგნებსა თუ ჟურნალ-გაზეთებში. აქ - ბიბლიოთეკაში, რომელსაც ამჯერად ეროვნულს, არცთუ ოდესღაც კი საჯაროს უწოდებდნენ, ხოლო იმ ჟამის პერიოდიკის საქმე ცოტა უკეთაა, თითო-ოროლა მკვლევარი ჩაკირკიტებს ხოლმე. აბა, „უფის კოლმეურნეობის კრების ოქმზე“ დაწერილ სტატიების კრებულს ვინ გადაშლის. ან რატომ უნდა გადაშალოს. არადა, „ეპოქის სული“ თუ რაცაა, ყველაზე მეტად აქედან გამოსჭვივის. წიგნთსაცავების სუნზე, მტვერზე და სხვა მსგავს ამბებზე ალბათ ჩემზე მეტიც გსმენიათ - თუ არ გინახავთ და გიგრძვნიათ. ჰოდა, სუნსა და მტვერს ქვევით არაერთ საოცარ ფრაზას წააწყდებით. ამისთვის კი ბიბლიოთეკის საცავის იმ განყოფილებას უნდა ჩააკითხოთ, წიგნების აკლდამას უფრო რომ მიაგავს. მათი სამარიდან „გამოსახმობად“ არავის სცხელა. მეორედ მოსვლა თუ მოხდა, არც მაშინ დაადგებათ უკეთესი დღე ამ გამოცემებს - განგების მარცხენით მოუწევთ დამკვიდრება. სხვა რომ არა, თვითონ აირჩევენ ამას - პოლიტიკური ორიენტაციის გამო.
რთმა ამგვარ ლაბირინთებში მოხეტიალე კაცმა მირჩია საბჭოთა სამედიცინო ლიტერატურისთვის შემევლო თვალი. მაგალითად - წიგნები ვენერიულ დაავადებათა შესახებ. აქაც ახსენებდნენ ლენინს, ოღონდ არა დღეს თქვენთვის ცნობილი მიზეზის გამო. ისე, მათთვის ტრადიციულად. მერე, აი, რა გინდა სულო და გულო - „...დაიწყებს გაქრობას ვენერული სენები. მაგრამ ამის გაკეთება შეუძლია მხოლოდ სოციალისტურ ნიადაგზე აშენებულ სახელმწიფოს. ეს ნიადაგი საფუძვლად უდევს ჩვენი რესპუბლიკის ამშენებლობას. ჩვენში ვენერული სენები შემცირდება მაშინ, როცა კაპიტალისტური ქვეყნებში ძველებურად იქნება გავრცელებული... ვენერული სენი არის კაპიტალისტური შენობის ჩრდილი“ (ვენერული ავადმყოფობანი. ტფილისი. 1925).
არ ვიცი რატომ ეცემოდა კაპიტალისტური ჩრდილი ჯერ კიდევ ყრმა საბჭოთა ქვეყანას და გამოვიდა თუ არა საერთოდ ამ ჩრდილიდან სიჭარმაგის ჩათვლით - მაგრამ სამეცნიერო სტატიებში მსგავსი ენით მეტყველებას ჯერ კიდევ რომ ვერ გადავეჩვიეთ, ფაქტია.
1927 წელს სახელგამმა უფრო „გაუმჯობესებული“ წიგნი გამოსცა. მისი სლოგანია: „როსკიპი მთესველი და მასულდგმულებელია ვენერიზმისა“ და სხვანი.
საინტერესოა, რომ ავადმყოფობისგან თავის დაცვის სხვა მეთოდებზეც მიუთითებდნენ. ქუთაისში გამოცემულ წიგნში „მოკლე ცნობები ვენერიულ დაავადებათა შესახებ“ (1927წ.) ექიმი ა. ვეკუა წერს - „თუმცა ბევრისგან ბევრი საშვალება იქნა ვითომ და გამოგონილი ამისათვის, მაგრამ არც ერთი მათგანი არ გამოდგა სრული გარანტიის მიმცემი... პირველი ადგილი აქ უჭირავს ეგრედ წოდებულ „კანდომებს“ (ჩვენებურად განდონებს), რომლის ხმარებაც მამაკაცის მიერ სქესობრივი აქტის დროს სხვებზე უფრო დაიფარავს მას ვენსენის შეყრისგან“.
ციტატებს რა დალევს. თქვენც დაიღლებით და მეც. რა დალევს დარგსაც, ჟანრსაც. წვანან ეს წიგნები საცავის სასაფლაოში. არავის ელიან. მე შევაღვიძებ ხოლმე და მოგიყვებით.
![]() |
34 LIFE/GUIDE |
▲ზევით დაბრუნება |
კულტურა
მოამზადა ნინა ახლოურმა
1. გაზაფხულიზაფხული 2012ის მოდის ტენდენციებმა გვაჩვენა, რომ ნეგლიჟე არა მხოლოდ ყოველდღიური და საქმიანი სტილის ნაწილად შეიძლება იქცეს, არამედ გლამურის განწყობაც ატაროს. ამიტომ, ამჯერად პიჟამა მხოლოდ პიჟამაPartyსთვის აღარაა განკუთვნილი, რის დემონსტრირებასაც ნახავთ Paul Smithის, Trussardiს, Stella McCartneyს, Haider Ackermanის, Richard Nicolsის, J.W.Andersonის, Clements Ribeiroს და სხვა ბრენდების კოლექციებში.
2. ღარიბი მხატვარი მეგობართან ერთად პოკერში ლაინერის ბილეთებს იგებს. გემზე ის ჩვიდმეტი წლის როუზს შეხვდება, რომელსაც მდიდარ საქმროზე გათხოვებას, ოკეანეში თავის დახრჩობა ურჩევნია... თუმცა რა აზრი აქვს სიუჟეტის მოყოლას, რომელიც ყველამ იცის. უმჯობესია, „ტიტანიკს” 3Dში უყურო. ჯეიმზ კემერონი ამბობს, რომ ადრეც სურდა „ტიტანიკის” ამ ფორმატში გადაღება, მაგრამ 90იანებში ტექნოლოგიების არასრულყოფილებამ შეუშალა ხელი.
3. ისტორიალი არის ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი, რომელიც უნიკალური ქართული არქეოლოგიური ძეგლების მიხედვით ქმნის ოქრომჭედლობის, მცირე პლასტიკის და კერამიკის არაჩვეულებრივ ნიმუშებს. რაჭაში აღმოჩენილი ბრინჯაოს ხანის პერიოდის ჭვირული ბალთა, ამჯერად მოჭიქული ქაშანურის თეფშად გადაიქცა. არქაული ირემის ინტერპრეტაცია ნებისმიერი ინტერიერისათვის მშვენიერი დეკორატიული და ფუნქციონალური დეტალი შეიძლება გახდეს. ისტორიალის შოურუმი ნიკო ნიკოლაძის ქუჩაზე, 7 ნომერში მდებარეობს.
![]() |
35 ქვევრის ღვინოები ღვინის კლუბში |
▲ზევით დაბრუნება |
გურმანი|ღვინის კლუბი
ავტორი: მალხაზ ხარბედია
ღვინის კლუბში მორიგი საჯარო ჭაშნიკი გავმართეთ. საჯარო იმას ნიშნავს, რომ მასში მონაწილეობა ყველა მსურველს შეუძლია, მიუხედავად იმისა, არის თუ არა იგი ღვინის კლუბის წევრი. ამჯერად ინგოროყვას 2-ში, ახლადგახსნილმა ღვინის ბარმა ქვევრის კახური ღვინოების დეგუსტაციას უმასპინძლა, სადაც ქვევრში დაყენებული თითქმის ყველა ის ღვინო იყო წარმოდგენილი (ერთი-ორი ძვირიანი გამონაკლისის გარდა), რომელიც დღეს ბაზარზეა ხელმისაწვდომი.
ქვევრის ღვინის დეგუსტაციას ჩვენ ყოველწლიურად ვმართავთ. იყო დრო, როდესაც მაღაზიებში მხოლოდ ერთი ან ორი ნიმუშის მოძიება შეიძლებოდა, ახლა კი ქვევრში დაყენებული ღვინოების რიცხვმა ისე იმატა, რომ გადავწყვიტეთ, ამ ტიპის ღვინოები რამდენიმე ნაწილად დაგვეყო და ცალკე თეთრი ჯიშებიდან დაყენებულების დეგუსტაცია ჩაგვეტარებინა, ხოლო ცალკე - საფერავების, ქართლური და დასავლეთ საქართველოს ქვევრის ღვინოების. ამჯერად მხოლოდ თეთრი საღვინე ჯიშებიდან დაყენებული კახური ღვინოები შევარჩიეთ. წარმოდგენილი იყო 12 ნიმუში: კომპანია ნაღდი ღვინის წარაფი, 2011, თელიანი ველის სამშვენისი, 2010, ხარებას ქვევრში დაყენებული ქისი და რქაწითელი, 2010, ალავერდის მარნის ბერების ღვინო, 2010, ელიზბარ თალაკვაძის წარაფი, 2009, ვაზი+-ის რქაწითელი, 2009, დერგის რქაწითელი, 2009, თბილღვინოს ქვევრის ღვინო, 2010, ხოხბის ცრემლების მწვანე და ქისი, 2010, და კომპანია ვინოტერას მწვანე, 2008.
კომპანიების ვინაობა დაფარული იყო, ღვინოები გასასინჯად დეკანტერებით გამოდიოდა და მხოლოდ ვაზის ჯიში და მოსავლის წელი ცხადდებოდა. დეგუსტაციის ბოლოს, დამსწრეთა შეფასებების მიხედვით, დეგუსტაციის საუკეთესო ღვინოები გამოვლინდა. 20-ქულიანი სისტემით შეფასებულ ღვინოებს შორის საუკეთესო შედეგი ექვსმა ღვინომ აჩვენა - ვინოტერას მწვანემ, ხარებას ქისმა, თბილღვინოს ქვევრის ღვინომ, ვაზი+-მა, კომპანია დერგმა და ალავერდის მარნის ბერების ღვინომ.
დეგუსტაციაზე ქვევრის ღვინოების საკმაოდ ფართო სპექტრი იყო წარმოდგენილი. 1. ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ჯიშები - რქაწითელი, ქისი, მწვანე. 2. განსხვავებული ტექნოლოგიები - საქმე ისაა, რომ ზოგიერთი ღვინო, ტრადიციულად, 5-6 თვის მანძილზე იყო დავარგებული ჭაჭა-კლერტზე; ზოგი იანვარში იყო მოხსნილი; სხვები - უფრო ადრეც; იყო მუხაში დავარგებული რამდენიმე ნიმუშიც და ზოგ შემთხვევაში, შესაძლოა, მუხის ეგრეთ წოდებული ჩიფსებიც გამოიყენეს. 3. წარმოდგენილი იყო სრულიად განსხვავებული მიკროზონების კახური ქვევრის ღვინოები - კარდენახი, ნაფარეული, ტიბაანი, არგოხი, მაღრაანი, ოჟიო და სხვა.
ჭაშნიკს პროფესიონალებიც ესწრებოდნენ და მოყვარულებიც. პროცესში ყველაზე მეტად ქვევრის კახურების ტიპურობაზე იყო საუბარი. ეს თემა ბატონმა თეიმურაზ ღლონტმა წამოსწია პირველი ნიმუშების გასინჯვისთანავე და ამაზე კამათი მთელი დეგუსტაციის მანძილზე არ შენელებულა. მწიფე კლერტი, ფიზიოლოგიური სიმწიფე, ღვინის ჭაჭა-კლერტზე 6-თვიანი დავარგება - ეს ის ძირითადი წინაპირობებია, რომლის გარეშეც ქვევრის ტრადიციული კახურები წარმოუდგენელია. სწორედ ამ პირობების დარღვევის გამო, რამდენიმე მონაწილემ ზოგი ნიმუში დაიწუნა, სხვებმა კი, პირიქით, სწორედ ნოვაციას და გაბედულებას მისცეს მაღალი შეფასება. მაგალითად, პირადად მე, ქვევრის ღვინოებში, რომლებიც 6 თვის მანძილზე ჭაჭა-კლერტზე ვარგდებოდა, მუხა ზედმეტად მიმაჩნია, თუმცა ყველაზე მაღალი ქულები დეგუსტაციაზე სწორედ მუხაში დაძველებულმა ღვინომ მოიპოვა.
დეგუსტაციაზე ბევრი სხვა დეტალი თუ პრობლემაც გამოჩნდა. გამორჩეული და დასამახსოვრებელი ნიმუშები ცოტა იყო - მახსოვს, შარშან გამართულ დეგუსტაციაზე გაცილებით საინტერესო შედეგები მივიღეთ და ინტრიგაც მეტი იყო. მაგრამ წლევანდელი წელი იმით იყო განსაკუთრებული, რომ ბაზარზე 10-მდე ახალი დასახელების ქვევრის ღვინო გამოჩნდა და იმედი გვაქვს, ეს ზრდა სულ უფრო საგრძნობი იქნება. რაც მთავარია, დეგუსტაციის ყველა მონაწილემ შეარჩია თავისი ფავორიტი ღვინოები და სპეციალიზებულ მაღაზიასა თუ სუპერმარკეტში შესული კი არ დაიბნევა, არამედ თამამად გააკეთებს არჩევანს.
![]() |
36 შერეული სალათა |
▲ზევით დაბრუნება |
გურმანი|რეცეპტი
შეფ-მზარეული:
გიორგი რაუში
Localino ფალიაშვილის 14
2 ულუფა
მასალა:
1 შეკვრა სალათის ფოთოლი
1 პომიდორი
1 კიტრი
50 გრ. სტაფილო
ზეთისხილი
ნახევარი ხახვი
ბალზამიკო
მარილი
პილპილი
ჯამში: 15 ლარი
მომზადების წესი:
გარეცხეთ სალათის ფოთლები, დაჭერით და მოათავსეთ თეფშზე. დაჭერით კიტრი, პომიდორი და მოათავსეთ სალათის ფურცლებზე. გახეხეთ 50 გრ. სტაფილო და დადეთ თეფშის შუაგულში, მოაყარეთ ზეთისხილი, მარილი, პილპილი და მოასხით ბალზამიკო გემოვნებით. გამზადებულ სალათას მოაყარეთ დაჭრილი ხახვი.