![]() |
ტაბულა №87 |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: ქორიძე ავთო, უგულავა სალომე, ავალიანი დიმიტრი, უგულავა გიგი, სვანი ბარბარა, სუთიძე ლევან, მაჭარაშვილი ნინო, კოკიჩაიშვილი თეონა, კვანჭილაშვილი ელენე, გამცემლიძე მაკა, აბაშიშვილი გიორგი, მეგრელიშვილი ვახტანგ, სმიტი დევიდ ჯ, ჩერგოლეიშვილი თამარ, ჩხიკვაძე ანი, მიქავა მარიამ, ფევაძე შოთა, ტურაშვილი თეონა, ბასილაია მიხეილ, ქურდაძე თამარა, ელერდაშვილი ვახო, თალაკვაძე ზურაბ, ბარათაშვილი ბიძინა, გოდუაძე ლაშა, ესებუა ნიკა, კეკელიძე გიორგი, ჯაფარიძე თეონა, ახლოური ნინა, კრიხელი დალი, ბაქრაძე ქეთი, ჭავჭავაძე ილია, ჭეფხოძე ლია |
თემატური კატალოგი ტაბულა |
საავტორო უფლებები: © თამარ ჩერგოლეიშვილი |
თარიღი: 2012 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: 2012|13 -19 თებერვალი მთავარი რედაქტორი: თამარ ჩერგოლეიშვილი/აღმასრულებელი რედაქტორები: ნინი გოგიბერიძე, სალომე კიკალეიშვილი/რედაქტორები: ქეთი მსხილაძე, ელენე კვანჭილაშვილი, ლევან რამიშვილი, დავით კოვზირიძე, ნინო მაჭარაშვილი/უცხოელი მრჩეველი: ბარბარა სვანი/ჟურნალისტები: დიმიტრი ავალიანი, გიორგი კეკელიძე, სალომე უგულავა, მაკა გამცემლიძე, ავთო ქორიძე, ნინა ახლოური, თეონა ტურაშვილი, ირაკლი კიკნაველიძე, ლევან სუთიძე, თეონა კოკიჩაიშვილი, სიმონ მაჩაბელი, ლაშა გოდუაძე, ზურაბ თალაკვაძე, ნიკა ესებუა, ანანო სხირტლაძე, მიხეილ ბასილაია, ლარა ჯამარაული, ირაკლი გუნია/ვები: სანდრო თარხან-მოურავი, ლევან მეტრეველი, ნათია სოფრომაძე, ეკა წამალაშვილი/კორექტორი: ნინო საითიძე/არტრედაქტორი: ბაჩა მალაზონია/დიზაინი & პრეპრესი: კახა დოლიძე, ნიკა კუპრაშვილი/ფოტორედაქტორი: დიმა ჩიკვაიძე/ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი/გამომცემელი: სამოქალაქო განათლების ფონდი/დირექტორის მოადგილე: გიორგი ფრუიძე/ოფის მენეჯერი: ანანო ვარდოსანიძე/გაყიდვები და მარკეტინგი: ლევან ლეკიაშვილი, გიორგი ჭეიშვილი/ყოველკვირეული ჟურნალი ტაბულა, ტელ: + 995 32 2420 300, e-mail: info@tabula.ge/სტამბა: BILNET Printing, Dudullu Organize Sanayi Bölgesi, 1. Cadde No: 16 Umraniye, 34696 Istanbul - TURKIYE, ტელ.: +90 216 444 4403, ფაქსი: +90 216 365 9907/© 2012 საავტორო უფლებები დაცულია, ჟურნალში გამოქვეყნებული მასალების გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია. გარეკანი: ტაბულა © |
![]() |
1 სიტყვასიტყვით |
▲ზევით დაბრუნება |
„იქ საკმარისადაა სხვადასხვა შეიარაღება, რომლითაც არათანაზომადი ზიანი მიადგება ნებისმიერ დამპყრობელს... ეს თვით შეშლილ სააკაშვილსაც კი სმის“.
რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსულ ბაზებზე საუბრისას. 6 თებერვალი
ჰამად ბინ ჯასემი: „ვაფრთხილებ რუსეთს, თუ ის თავს არ შეიკავებს ვეტოსგან და არ მიიღებს გაეროს გადაწყვეტილებას, ყველა არაბულ ქვეყანას დაკარგავს“.
ვიტალი ჩურკინი: „თუ ასეთ ტონში დამელაპარაკებით, ცნება „ყატარი“ დღესვე საერთოდ შეწყვეტს არსებობას“.
ყატარის საგარეო საქმეთა მინისტრი და გაეროში რუსეთის წარმომადგენელი სირიის საკითხის განხილვისას.
„ჩვენ, ნორვეგიული წინააღმდეგობის მოძრაობა, განზე წყნარად არ გავდგებით, როდესაც ჩვენივე ქვეყანაში უმცირესობად გვაქცევენ“.
ნორვეგიელი ტერორისტი ანდერს ბრეივიკი საკუთარ სასამართლო პროცესზე. 6 თებერვალი
„რატომ მოანდომებს საფრანგეთში ვიღაცას, ვისაც ყელში ჰყავს სარკოზი ამოსული, უცებ სარკოზისთვის ხმის მიცემას ტელევიზორში მის გვერდით ენჯის [ანგელა მერკელი] გამოჩენა?“
დანიელ კონ-ბენდიტი, მწვანეთა ლიდერი ევროპარლამენტში, ბუნდესკანცლერ ანგელა მერკელის მიერ საფრანგეთის საპრეზიდენტო კამპანიაში ნიკოლა სარკოზის ღიად მხარდაჭერის შესახებ. 7 თებერვალი
„როგორც კარატეს დაუმარცხებელმა ექვსგზის მსოფლიო ჩემპიონმა საშუალო წონაში, საკმაოდ კარგად ვიცი, როგორია კარგი მებრძოლი. და პოლიტიკურ რინგში არის ერთი კონკრეტული კანდიდატი, რომელიც ხელთათმანებს სხვებზე უკეთ ირგებს“.
მსახიობი ჩაკ ნორისი აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატობისთვის რძოლაში ნიუტ გინგრიჩის მხარდასაჭერად. 5 თებერვალი
„მე ალექსეი ნავალნის კი დავპატიჟებდი [ეთერში], მაგრამ თქვენ რა გგონიათ, ნებას დამრთავენ?“
ვლადიმირ პოზნერი რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში ნაჩვენებ გადაცემაში (დანარჩენ ქვეყანაზე გათვლილი ვერსიიდან რუსეთის პირველმა არხმა ფრაზა ამოჭრა)
„მსურს, მადლობა გადაგიხადოთ თქვენც, თქვენს რედაქციასაც და თქვენს ჟურნალისტურ ჯგუფსაც იმ პრინციპული პოზიციებისათვის, რომელიც ბოლო წლებში აშკარად გამოხატულია „ასავალ-დასავალის“ ფურცლებზე! შეიძლება, რამდენიმე გაზეთი ვერც დავასახელო, რომელიც მსგავსი ეროვნული და სახელმწიფოებრივი პოზიციებითა და პრინციპულობით გამოირჩევა. ეს არ არის პირფერობა... თქვენ გაქვთ მტკიცე პოზიცია და პრინციპული დამოკიდებულება რიგი მოვლენების მიმართ, რაც დასაფასებელი და ანგარიშგასაწევია. მართალია, დღემდე ვერ შევძელით შეხვედრა, მაგრამ იმედია, არ მიწყენთ. კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ ღრმა პატივისცემას თქვენი
რედაქციისადმი და ვთვლი, რომ „ასავალ-დასავალი“ ერთ-ერთი გამოკვეთილი ლიდერია ქართულ ბეჭდვით მედიაში!“
გაზეთი ასავალ-დასავალი, ექსკლუზიური ინტერვიუ ბიძინა ივანიშვილთან. 6 თებერვალი
![]() |
2 როდის დასრულდება რუსული ზამთარი |
▲ზევით დაბრუნება |
არენა
ავთო ქორიძე
ოპოზიციის საპროტესტო აქცია მოსკოვში. 4 თებერვალი
გასულ კვირას, მოსკოვის ცენტრში, კრემლის მოპირდაპირე სახლის სახურავზე, 20-მეტრიანი ყვითელი ბანერი გამოჩნდა. პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინის კიდევ 12 წლით გაპრეზიდენტების რეალურ შანსს, რუსული საზოგადოების ნაწილმა, ახალი გზავნილით - „Путин, уходи“ - უპასუხა.
მოსკოვის ბოლოტნაიაზე განვითარებულ მოვლენებს იმედით უყურებენ. თუმცა რამდენად არის რუსეთში მიმდინარე დემონსტრაციები, ფერადი რევოლუციებისა და არაბული გაზაფხულის დემოკრატიზაციის ტალღის ნაწილი, ჯერაც რთული სათქმელია.
მიუხედავად ყველაფრისა, რუსეთის დიდ ქალაქებში, განსაკუთრებით ძლიერ ყინვაში მიმდინარე დემონსტრაციები, საზოგადოებაში მომხდარი რადიკალური ცვლილების ნათელი გამოხატულებაა. აქამდე ჩუმი და შემგუებელი რუსეთის საზოგადოება ქუჩებში გამოვიდა. პოლიტიკურ ცხოვრებას გამოცოცხლება დაეტყო. არაბული გაზაფხულის რუსული ზამთრით გაგრძელება, ერთი შეხედვით, ლოგიკურია. სენატორ მაკკეინის წინასწარმეტყველება, „ძვირფასო ვლად, არაბული რევოლუცია შენს უბანს უახლოვდება“, პუტინს თითქმის აუხდა.
სამოქალაქო საზოგადოების გამოღვიძება მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავდა. მოვლენებს ხელისუფლების მსგავსად, ოპოზიციაც მოუმზადებელი შეხვდა. ნარინჯისფერ ჭირზე დიდი ხანია საუბრობენ, თუმცა რუსეთში ხალხის ქუჩაში გამოსვლას, მაინც არავინ ელოდა.
პუტინის მხარდამჭერი აქცია მოსკოვში. 4 თებერვალი
ფოტო: REUTERS ©
რუსული საზოგადოების მოთმინება საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ამოიწურა. პუტინისა და მედვედევის პარტიამ ხმათა 49%25 მიიღო. იქამდე რამდენიმე კვირით ადრე, მედვედევმა თავისი თანამდებობის პუტინისთვის დათმობაზე განუცხადა ხალხს. მან დასძინა, რომ ეს გარიგება პუტინსა და მას შორის დიდი ხნის წინ შედგა.
საზოგადოების მსგავსი აქტიურობა, რუსეთს 80-იანი წლების შემდეგ არ ახსოვს. 80-იანი წლების ეიფორია ქვეყანას 90-იანებამდე მიჰყვა. სწორედ ამ ტალღაზე დაიშალა საბჭოთა კავშირი. თუმცა მალე საზოგადოება საყოველთაო იმედგაცრუებამ მოიცვა. ომმა, კორუფციამ და კორუმპირებული ელიტების დაწინაურებამ, სამოქალაქო საზოგადოება კომაში ჩააგდო. ელცინის წარუმატებლობამ, პუტინს შანსი მისცა, ხალხში ლიბერალიზმის და დემოკრატიის დისკრედიტაცია მოეხდინა. მან პროცესი საბჭოთა კავშირის მსგავსი ავტოკრატიული რეჟიმის კონსოლიდაციისკენ შემოაბრუნა.
თუმცა ელცინის რეფორმებს ამაოდ არ ჩაუვლია. საზოგადოებამ სახელმწიფოსგან დამოუკიდებლობა იგრძნო, მიუხედავად იმისა, რომ ეს ხალხის დიდი ნაწილისთვის სიღარიბესთან და კორუფციასთან იყო დაკავშირებული. 2000-იან წლებში, ნავთობზე ფასის მატებასთან ერთად, რუსეთში თანდათან კეთილდღეობა იზრდება. მსოფლიოს ერთ მეშვიდედზე გადაჭიმული რესურსებიდან შემოსული თანხის ნამცეცები, პუტინის ელიტამ, თავისდაუნებურად, დიდ ქალაქებში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილს „გაუყო“. ამის ფონზე ნელ-ნელა საშუალო კლასი წარმოიშვა.
დღეს, დემონსტრაციების საშუალებით, სწორედ ეს კლასი იბრძვის რუსეთის პოლიტიკაზე საკუთარი გავლენის მოსაპოვებლად. შეიძლება ითქვას, პუტინის ეკონომიკური „წარმატება“, მის წინააღმდეგ მოქმედი ნელი აფეთქების ბომბი აღმოჩნდა.
კიდევ ერთი ბუმერანგი, რომელიც პუტინს დაუბრუნდა - ნაციონალიზმია. ხელისუფლებაში მოსვლისას პუტინმა ნაციონალიზმი ხალხის კონსოლიდაციისთვის გამოიყენა. ბევრ ნაციონალისტს ჩაესახა იმედი, რომ ახალი მმართველი რუსეთის ძველ დიდებას აღადგენდა და ქვეყანას საერთაშორისო არენაზე ღირსეულ მოთამაშედ აქცევდა. ამავდროულად, პუტინი ნაციონალიზმის გაღვივებით, ხალხს დასავლეთის და დემოკრატიის წინააღმდეგ განაწყობდა. ამ იდეების დისკრედიტაციით, ის საკუთარ ავტორიტარულ ძალაუფლებას ამყარებდა. პრეზიდენტი, რუსულ ეთნონაციონალიზმს, განსაკუთრებით, ჩრდილოეთ კავკასიელების მიმართ ზიზღის გაღვივებით კვებავდა.
თუმცა პუტინმა ნაციონალისტებს დაპირებები ვერ შეუსრულა. აშშ-თან გაჯიბრების ნაცვლად, რუსეთი მის პატარა მეზობლებს, ბალტიის ქვეყნებს და სამხრეთ კავკასიურ რესპუბლიკებს ძლივს ეჭიდავება. ნაციონალისტებისთვის განსაკუთრებით გამაწბილებელი ჩრდილოკავკასიური პოლიტიკა გახდა. თუ პუტინი ადრე ყველა კავკასიელს ტერორისტად და მტრად ნათლავდა, მალე მან ძველი, საბჭოთა მეთოდი გადაიღო და რესპუბლიკების სამართავად ადგილობრივ ელიტებს შეუკავშირდა. ამით ძალაუფლების ადგილობრივი დასაყრდენი მოიპოვა. პუტინი, ადგილობრივ, მის მიერვე შექმნილ ელიტას, ერთგულების სანაცვლოდ, ფედერალური ბიუჯეტიდან მოპარული ფულის წილს შეჰპირდა. თუმცა ჩეჩნეთიდან ტერორიზმი თითქმის მთლიან ჩრდილოეთ კავკასიას მოედო. აქტიურია ჩრდილოკავკასიური კრიმინალური დაჯგუფებები, რომლებიც მოსკოვში დაუსჯელად დათარეშობენ. ბევრი მათგანი სახელმწიფო ძალოვან სტრუქტურებთან პირდაპირ კავშირშია. ის, რომ ეს ელიტები საშუალო კლასის ხარჯზე იკვებებიან, ბუნებრივია, ამ უკანასკნელთ ძალიან აღიზიანებს. ამან ანტიელიტური ეთნონაციონალიზმი გააღვივა.
ქუჩაში გამოსული დემონსტრანტების დიდი ნაწილი, არა ლიბერალურ-დემოკრატიული ღირებულებებით, არამედ ეთნონაციონალისტური პოპულიზმის იდეოლოგიით არის გამსჭვალული. მოთხოვნები, გარდა პუტინის ჩამოგდებისა და რეჟიმის დემოკრატიზაციისა, ჩრდილოეთ კავკასიის მუსლიმური რესპუბლიკებისთვის სუბსიდირების შეწყვეტას უკავშირდება. ეთნონაციონალიზმის პოპულარობის გამო, ოპოზიციის გამოსვლებს ჩამოშორდა ისეთი ცნობილი დისიდენტი, როგორიც ვალერია ნოვოდვორსკაიაა.
ლიბერალების უმცირესობაში ყოფნა, მსგავსი დემონსტრაციებისას, უცნაური და აუხსნელი ფენომენი არ არის. ისეთ ავტოკრატიულ სისტემებში, როგორიც რუსეთია, გადარჩენას მხოლოდ რადიკალები თუ ახერხებენ. განსაკუთრებით მაშინ, თუ ამ რადიკალებს სახელმწიფო კვებავდა. ამის მაგალითი არაბული გაზაფხულის ქვეყნებშიც შეგვიძლია ვიხილოთ. ეგვიპტეში მუბარაქის მმართველობისას სამოქალაქო საზოგადოება, განსაკუთრებით კი მისი ლიბერალური ნაწილი, იზღუდებოდა. მუსლიმურმა საძმომ კი გადარჩენა შეძლო. მუბარაქის ჩამოგდების შემდეგ, ლიბერალები რადიკალების უმცროს კოალიციურ პარტნიორებად იქცნენ.
საბჭოთა კავშირის დაცემის დროს რუსეთში ლიბერალურ ღირებულებებს, დემოკრატიასა და საბაზრო ეკონომიკას ძალიან ცოტა ადამიანი უჭერდა მხარს. ამ მხრივ მისგან აღმოსავლეთ ევროპისა და პოსტსოციალისტური ბანაკის ქვეყნები განსხვავდებოდნენ. დღეს, Pew Research-ის ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, რომელიც ყოფილ სოციალისტურ ბანაკში დემოკრატიულ ღირებულებებს იკვლევს, რუსეთის მოსახლეობის მხოლოდ 53%25-ს მიაჩნია დემოკრატიულ სისტემაზე ქვეყნის გადასვლა პოზიტიურ მოვლენად (იგივე მაჩვენებელი 1991 წელს 61%25 იყო). დაახლოებით ასეთივე მხარდაჭერა აქვს საბაზრო ეკონომიკასაც - მთლიანი მოსახლეობის 50%25 (1991 წელს - 54%25). ლიბერალური ღირებულებების ასეთი სისუსტის პირობებში, დემონსტრანტების მთავარ იდეოლოგიად ნაციონალიზმი რჩება.
ბევრი ექსპერტი ბოლოტნაიას რუსეთის მომავლის გზაგასაყარს უწოდებს. სწორედ აქ შეიძლება გადაწყდეს, ლიბერალური ნაციონალიზმი გაიმარჯვებს, ქვეყანა დასავლეთისკენ წავა თუ ეთნიკური ნაციონალიზმი იმძლავრებს. ამ შემთხვევაში, რუსეთი კვლავ ჩრდილოეთ კავკასიასა და სხვა არარუსულ რეგიონებში ომში შეიძლება ჩაერთოს.
პუტინის დამარცხების შესაძლებლობას, დასავლეთში ბევრი სკეპტიციზმით უყურებს. საშუალო კლასი, რომელიც დემონსტრაციების მთავარ დასაყრდენს წარმოადგენს, ჯერ კიდევ მცირეა. ისინი მხოლოდ დიდ ქალაქებში არიან კონცენტრირებულნი. ამის დასამტკიცებლად, რუსეთის დემონსტრაციების რუკის ერთი შეხედვაც კი კმარა. ეს საბჭოთა კავშირის და პუტინის ზეცენტრალიზაციის „დამსახურებაა“. ქუჩაში გამოსულ ოპოზიციას საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კანდიდატიც კი არ ჰყავს.
თუმცა რუსეთში რევოლუციის წინასწარმეტყველება რომ რთულია, ამას წარსული გამოცდილება ადასტურებს. ვერც 1917 წელს - ცარისტულმა რუსეთმა და ვერც 1991 წელს - საბჭოთა ხელისუფლებამ საკუთარი დასასრულის მოახლოება ვერ იგრძნო.
![]() |
3 ისტორიული შეთანხმება საქართველოსა და თურქეთს შორის |
▲ზევით დაბრუნება |
პოლიტიკა
სალომე უგულავა
საქართველო და თურქეთი სიტყვიერად უკვე შეთანხმდნენ თურქეთში ისტორიული ქართული ძეგლების - ოშკისა და იშხნის - აღდგენაზე. თავის მხრივ, საქართველომ ახალციხეში, აჰმედიეს მეჩეთის რეაბილიტაციაში თურქი სპეციალისტები უნდა ჩართოს. ბათუმში, ქართული მხარის გამოყოფილ ნებისმიერ ტერიტორიაზე, თბილისთან შეთანხმებული პროექტის შესაბამისად, თურქები საკუთარი ხარჯებით ააშენებენ აზიზიეს მეჩეთს. ის თავის დროზე ბათუმის ცენტრში იდგა და განადგურდა. ნაგებობას მხოლოდ კულტურული ცენტრის დატვირთვა ექნება. როგორც კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, ნიკოლოზ რურუა, ტაბულასთან ინტერვიუში აცხადებს, მეჩეთში რელიგიური მსახურება არ იქნება, რადგან ეს მოლაპარაკებების დასრულებას გაართულებდა. მსახურება, თავის მხრივ, არც ოშკსა და იშხანში შესრულდება. ისტორიული ქართული ძეგლების რეაბილიტაციის ხარჯებს თავზე თურქეთი იღებს. საქართველო კი აჰმედიეს მეჩეთის აღდგენას უზრუნველყოფს. სიტყვიერი შეთანხმება მემორანდუმად გაფორმდება. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ხელშეკრულების პროექტს ერთი თვის ვადაში მოელიან. უშუალოდ სამუშაოების დაწყებას კი რამდენიმე თვე დასჭირდება - მანამდე უნდა შედგეს გუნდი და პროექტები (მათ შორის, აზიზიეს) მომზადდეს.
კულტურული ძეგლების ბედზე თურქეთსა და საქართველოს შორის მოლაპარაკება წლებია, მიდის. გასულ წელს მხარეები არა მხოლოდ ოშკისა და იშხნის რეაბილიტაციაზე, არამედ ხანძთისა და ოთხთას აღდგენაზეც საუბრობდნენ. თავის დროზე ეს ძეგლები, როგორც ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მყოფები, ისე შეირჩა. ამის სანაცვლოდ, თურქეთი საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ოთხი მეჩეთის რეაბილიტაციასა და ერთის აშენებას ითხოვდა. საბოლოოდ, შეთანხმება ორ-ორ ძეგლზე შედგა. როგორც რურუა აცხადებს, პირველი ნაბიჯის გადადგმა რომ არ გართულებულიყო, ამ ეტაპზე განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში მყოფი ოშკისა და იშხნის საკითხზე შეთანხმდნენ. სხვებზე კი მოლაპარაკება გაგრძელდება. ოშკი მეათე, იშხანი კი მეშვიდე საუკუნის ძეგლია. ყველაზე მძიმე მდგომარეობა ოშკშია. იქ გუმბათის ჩანგრევის რეალური საშიშროებაც დგას. თავის მხრივ, იშხანში სახურავი ჩამოშლილია და გუმბათიღაა დარჩენილი. ორივე ტაძარი დანგრევის პირასაა და, გუმბათებთან ერთად, კამარებიც იშლება. დაბზარულია კედლები და დაზიანებულია ფრესკები.
მოლაპარაკებების პროცესს მუდმივად ახლდა წინააღმდეგობები. თავის დროზე ბათუმში მეჩეთის აშენების იდეამ არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. მისი მთავარი მოწინააღმდეგე საქართველოს საპატრიარქო იყო. კათალიკოსი ილია მეორე ჯერ კიდევ 2008 წელს წერდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომ საქართველოში მუსლიმური საკულტო ნაგებობებისა და სასწავლებლების რაოდენობა ისედაც აჭარბებდა მუსლიმი მოსახლეობის „რელიგიურ მოთხოვნილებებს”. მისი განცხადებით, მეჩეთის აშენება მოსახლეობაში დიდ პროტესტს გამოიწვევდა. საპატრიარქომ შარშანდელი მოლაპარაკებისას წერილიც გაავრცელა, სადაც მიუთითებდა, რომ პირობებს არ ეთანხმებოდა და ეს საკითხები მათთან უნდა შეთანხმებულიყო. ამჯერად საქართველოს საპატრიარქოს თავისი პოზიცია საკითხზე ჯერ არ გამოუხატავს. თავის მხრივ, მინისტრი ნიკოლოზ რურუა აცხადებს, რომ მათ პოზიციას პატივისცემით ეკიდებიან, თუმცა, ძეგლთა დაცვა სახელმწიფოს ფუნქციაა.
![]() |
4 საქართველო-აშშ: თავისუფალი ვაჭრობის პერსპექტივა |
▲ზევით დაბრუნება |
პოლიტიკა
დიმიტრი ავალიანი
საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გასაფორმებლად, მოლაპარაკებების შესაძლებლობა, აშშ-ის პრეზიდენტმა 30 იანვარს, ვაშინგტონში ქართველ კოლეგასთან შეხვედრისას დაადასტურა. „ჩვენ შევთანხმდით მაღალი დონის დიალოგზე ორ ქვეყანას შორის იმის თაობაზე, თუ როგორ გავაძლიეროთ სავაჭრო ურთიერთობები, მათ შორის, შესაძლო თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების კუთხით“, - განაცხადა ბარაკ ობამამ.
მოწოდებები ადმინისტრაციის მიმართ, ამ გადაწყვეტილების მისაღებად, ვაშინგტონში დიდი ხანია ისმოდა. საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების ინიციატივით, ჯერ კიდევ 2009 წლის მაისში დემოკრატი სენატორი ჯონ კერი და რესპუბლიკელი დევიდ დრაიერი გამოვიდნენ. მათი განცხადებით, საგარეო აგრესიისა და შიდა ამბოხის მცდელობის ფონზე, ქვეყანას დემოკრატიული ინსტიტუტების გამყარებაში დახმარება ესაჭიროება. ამას აშშ-სთან ვაჭრობის განვითარება და ეკონომიკური წინსვლა ხელს შეუწყობდა.
თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება (FTA) ქვეყნებს შორის სავაჭრო ბარიერების მოხსნას, ინვესტიციებისა და ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ღონისძიებებს ითვალისწინებს. ამჟამად, ასეთი რეჟიმი აშშ-ს 17 ქვეყანასთან აქვს დაწესებული. ორმხრივი შეთანხმებები მიღწეულია: ავსტრალიასთან, ბაჰრეინთან, ჩილესთან, ისრაელთან, იორდანიასთან, მაროკოსთან, ომანთან, პერუსა და სინგაპურთან. გარდა ამისა, მოქმედებს რეგიონული შეთანხმებები - The North American Free Trade Agreement (NAFTA) აშშ-ს, კანადასა და მექსიკას შორის; ასევე Dominican Republic-Central America-United States Free Trade Agreement (CAFTA-DR), რომელშიც დომინიკის რესპუბლიკა, სალვადორი, კოსტა-რიკა, გვატემალა, ჰონდურასი და ნიკარაგუა მონაწილეობენ.
პირველი დოკუმენტი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ აშშ-მა ისრაელთან, ჯერ კიდევ 1985 წელს გააფორმა. ამის შედეგად, მომდევნო წლებში აშშ ისრაელის მთავარ საექსპორტო ბაზრად იქცა. 90-იანი წლების პირველ ნახევარში ქვეყანაში ეკონომიკური ბუმი დაიწყო - წარმოების ზრდამ წელიწადში საშუალოდ 7 პროცენტს, სამრეწველო ექსპორტის ზრდამ კი 9 პროცენტს მიაღწია.
NAFTA-ს შეთანხმება აშშ-ს, მექსიკასა და კანადას შორის ძალაში 1994 წლიდან შევიდა. ამით მსოფლიოში უდიდეს თავისუფალ სავაჭრო ზონას ჩაეყარა საფუძველი. ექსპერტთა შეფასებით, ბაზრების გახსნამ სამივე ქვეყანაში ეკონომიკისა და კეთილდღეობის ზრდა გამოიწვია. 1993-დან 2010 წლამდე ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 218 პროცენტით გაიზარდა. NAFTA-ს კომისიის შეფასებით, დოკუმენტის ძალაში შესვლიდან პირველ ხუთ წელიწადში, ექსპორტის ზრდის ხარჯზე, აშშ-ში 14,8 მილიონი დამატებითი სამუშაო ადგილი შეიქმნა, მექსიკაში - 2,2, კანადაში - 1,3 მილიონი.
მექსიკამ NAFTA-ს წყალობით მნიშვნელოვანი ინვესტიციების მოზიდვა შეძლო. ბევრმა უცხოურმა კომპანიამ, აშშ-ის ბაზრის ხელმისაწვდომობის გამო, წარმოება ამ ქვეყანაში გადმოიტანა. 1993-99 წლებში, მექსიკაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გაორმაგდა.
CAFTA-DR-ის ფარგლებში და ასევე ორმხრივი შეთანხმებები სხვა ქვეყნებთან, 2001 წლიდან 2011 წლამდე ამოქმედდა.
გასული წლის ოქტომბერში აშშ-ის კონგრესმა FTA-ს რატიფიცირება სამხრეთ კორეასთან, კოლუმბიასა და პანამასთან მოახდინა. ამ დოკუმენტებს ხელი ჯერ კიდევ 2007 წელს, ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის დროს მოეწერა. თუმცა, თავდაპირველად მათი რატიფიცირება დემოკრატების წინააღმდეგობას წააწყდა. ისინი, კორეული ექსპორტის (ძირითადად, ავტომანქანების) მოსალოდნელი ზრდის გამო, ამერიკული კომპანიების შესაძლო ზარალმა შეაშფოთა.
გასული წლის დეკემბერში ცნობილი გახდა, რომ ვაშინგტონი მზადაა ევროკავშირთან სავაჭრო ბარიერების მოხსნისა და ორმხრივი ვაჭრობის გააქტიურების საკითხზე დაიწყოს მუშაობა. ბარაკ ობამას მრჩევლის უსაფრთხოების საკითხებში, მაიკლ ფრომანის განცხადებით, დიალოგი შეიძლება რამდენიმე სცენარით წარიმართოს - მათ შორის აშშ-სა და ევროკავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ სრულფასოვანი შეთანხმების გაფორმების მიმართულებით.
ხშირ შემთხვევაში, ამგვარი შეთანხმებების გაფორმება როგორც შეერთებულ შტატებში, ასევე მათ პარტნიორ ქვეყნებში წინააღმდეგობას აწყდება. გასული წლის ნოემბერში აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის მოწინაღმდეგეებმა სამხრეთ კორეის დედაქალაქში მასობრივი გამოსვლები მოაწყვეს. ოპოზიციურმა დემოკრატიულმა პარტიამ დოკუმენტის რატიფიცირება დაბლოკა. თავისუფალი ვაჭრობა ხელს აძლევს საავტომობილო და მსუბუქ მრეწველობას. თუმცა ოპოზიციისა და პროფკავშირების განცხადებით, ეს მძიმე დღეში ჩააგდებს კორეულ სასოფლო-სამეურნეო წარმოებას. მათი აზრით, კორეა ამერიკული საქონლის მხრიდან კონკურენციას ვერ გაუძლებს.
აშშ-ში კორეასთან, პანამასა და კოლუმბიასთან თავისუფალ ვაჭრობას პროფკავშირები ეწინააღმდეგებოდნენ. ორგანიზაციების მოსაზრებით, შეთანხმებები ამერიკას სამუშაო ადგილების დაკარგვით ემუქრება.
საპროტესტო აქციები და გაფიცვები 2006 წელს კოსტა-რიკაშიც მიმდინარეობდა. პროფკავშირების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ FTA-თი მხოლოდ აშშ მოიგებდა, ცენტრალური ამერიკის სხვა ქვეყნები კი ამერიკულ ექსპორტზე გახდებოდნენ დამოკიდებული. საბოლოოდ, 2007 წლის ოქტომბერში შეთანხმების რატიფიკაციას რეფერენდუმზე ქვეყნის მოსახლეობის 52 პროცენტმა დაუჭირა მხარი.
დღეს საქართველოს აშშ-სთან ვაჭრობის ცალმხრივად შეღავათიანი რეჟიმი აქვს - GSP (Generalized System of Preferences). ეს რეჟიმი 3 ათასზე მეტი დასახელების ქართულ საექსპორტო პროდუქციაზე ვრცელდება.
როგორც ტაბულას საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, თამარ კოვზირიძემ განუცხადა, GSP რეჟიმი მუდმივმოქმედი არ არის და პერიოდულად გადახედვას ექვემდებარება. მასთან შედარებით, თავისუფალ ვაჭრობას ის უპირატესობა აქვს, რომ თითქმის ყველა დასახელების საქონელს შეეხება. გარდა ამისა, ეს რეჟიმი მუდმივია, რასაც ინვესტორებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.
2011 წლის მონაცემებით, აშშ ვაჭრობის მოცულობით საქართველოს მეშვიდე სავაჭრო პარტნიორია. საქართველოს ექსპორტმა აშშ-ში 143 მილიონი დოლარი შეადგინა. საექსპორტო საქონლის უდიდესი წილი GSP-ის შეღავათებით სარგებლობს. ძირითადად, ეს ფეროშენადნობები და სასუქებია. წარმოდგენილია ღვინოები, ხილის წვენები, ჯართი და ა.შ. აშშ-დან საქართველოში 245 მილიონი დოლარის იმპორტი შემოვიდა, სადაც წამყვანი ადგილი ავტომანქანებს და ხორცპროდუქტებს უკავია.
თამარ კოვზირიძის განმარტებით, ამერიკული იმპორტისთვის ბარიერები საქართველოში ამჟამადაც უმნიშვნელოა. შესაბამისად, აქტუალური არ არის ის საფრთხეები და შეშფოთება, რაც სხვა სახელმწიფოებში FTA-ის გაფორმებას ახლავს, რადგან ქვეყნის ეკონომიკა ამერიკული ექსპორტისთვის ისედაც ღიაა.
დღეისთვის კონკრეტული დარგების გამოყოფა, რომლებისთვისაც შეთანხმების გაფორმება ყველაზე მომგებიანი იქნება, რთულია. კოვზირიძის თქმით, FTA-თი შეიძლება ნებისმიერმა ბიზნესმა ისარგებლოს. ახალი სავაჭრო შეღავათების წყალობით, ინვესტორები შესაძლოა ისეთი პროდუქციის კეთებით დაინტერესდნენ, რაც აქამდე საქართველოში არ იწარმოებოდა.
აშშ-ის გამოცდილებით, FTA-ზე მოლაპარაკებების დაწყებიდან შეთანხმების რატიფიკაციასა და ძალაში შესვლამდე შუალედი, ძირითადად, ორიდან ოთხ წელს მოიცავს. თუმცა, ჩილეს შემთხვევაში ეს პროცესი 11 წელი გაგრძელდა. დოკუმენტის ძალაში შესვლის შემდეგ კი სავაჭრო ტარიფების დაწევა და საბოლოო გაუქმება წლების განმავლობაშია გაწერილი. ამისთვის შესაძლოა 10-15 წელიც იყოს გათვალისწინებული.
„თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებს ქვეყნები აფორმებენ მნიშვნელოვან პარტნიორებთან, არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური თვალსაზრისით. ევროპის ქვეყნებთან და პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებთან, ცენტრალური აზიის ჩათვლით, აშშ-ს ასეთი შეთანხმება დღესდღეობით გაფორმებული არავისთან აქვს. აქედან გამომდინარე, ამ ინიციატივას დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ეკონომიკისა და ექსპორტის ზრდის, ასევე ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობის, იმიჯისა და სტაბილურობის თვალსაზრისით“, - მიიჩნევს თამარ კოვზირიძე.
საქართველოს შანსი აქვს, თავისუფალ სავაჭრო რეჟიმს ერთდროულად აშშ-სთან და ევროკავშირთან მიაღწიოს. ამჟამად ასეთი სტატუსი მხოლოდ ისრაელს გააჩნია.
როგორც ფონდ Heritage-ის ექსპერტები - არიელ კოენი და ბრაიან რაილი, ფონდის ბლოგზე გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნავენ, საქართველო შტატების 113-ე სავაჭრო პარტნიორია. 2010 წელს საქართველოს იმპორტის დაბეგვრით აშშ-მა სულ 226 ათასი დოლარი მიიღო. შესაბამისად, FTA-ის გაფორმება ფინანსურად აშშ-ს ვერ დააზარალებს. სამაგიეროდ, მათი აზრით, „ეს საქართველოსთვის სასარგებლოა, რადგან ქვეყანა ინვესტორებისთვის მიმზიდველი გახდება. ეს იქნება სიგნალი რუსეთისათვის, რომ ვაშინგტონი თბილისს მნიშვნელოვან მეგობრად განიხილავს“.
![]() |
5 გიგი უგულავა: ისედაც ბევრი დრო გვაქვს დაკარგული |
▲ზევით დაბრუნება |
პოლიტიკა
სალომე უგულავა
ფოტო: ხატია ფსუტური
გიგი უგულავა თბილისის პირველი მერია, რომელიც პირდაპირი წესით აირჩიეს 2010 წელს. მანამდე, 2005 წელს დაინიშნა ამ თანამდებობაზე, 2006 წელს კი, მერად ქალაქის საკრებულომ აირჩია. ტაბულა გიგი უგულავას საზოგადოებაში აქტუალურ სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის - საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, ქალაქის იერსახეზე, დასუფთავების გადასახადის ელექტროენერგიაზე მიბმაზე - ესაუბრა.
მერიას პერიოდულად საყვედურობენ საზოგადოებასთან არასათანადო კომუნიკაციის გამო. იზიარებთ ამ კრიტიკას? თუ გაქვთ ხედვა, როგორ უნდა გახდეს საზოგადოებასთან კომუნიკაცია უფრო პროაქტიული?
თავისთავად კომუნიკაციის ნაკლებობის კრიტიკა ჯანსაღია. ეს კარგია მერიისთვის გამოსაფხიზლებლად, რადგან გამოხატავს საზოგადოების - მათ შორის, მედიისა და ინტერესის ჯგუფების - მუდმივ დაუკმაყოფილებელ ინტერესს. კომუნიკაცია დაუსრულებელი პროცესია და ვერცერთი სტრუქტურა მსოფლიოში ვერ იტყვის, რომ ამ მხრივ ყველაფერი დამთავრებულია.
მეორე მხრივ, კლიშე არსებობს - იოლია, რომელიმე უწყება კომუნიკაციის ნაკლებობისთვის გააკრიტიკო. მაგალითად, ხშირად მესმის, რომ არქიტექტორული პროექტების განხილვა დახურულია. მაშინ, როდესაც უკვე 2-3 წელია ყველა პროექტი, რომელიც განხილვის სტადიაზეა, მერიის ვებგვერდის არქიტექტურის სამსახურის ინტერაქტიულ რუკაზე შეგიძლიათ ნახოთ. ამიტომ, ხშირად პრობლემა ორმხრივია.
პროაქტიულ კომუნიკაციაში ზუსტად ამას ვგულისხმობ - თუნდაც პრობლემა ორმხრივი იყოს - მერია, გარკვეულ სიტუაციებში, თავად რომ ეცადოს ამომწურავი ინფორმაციის გადაცემას და ნაკლებად იყოს მხოლოდ მოპასუხის პოზიციაში.
ძალიან ხშირად არის საკითხები - იგივე, რა მაგალითიც უკვე მოვიტანე, ინტერაქტიულ რუკაზე - რაზეც გვაქვს სიუჟეტები, სემინარები, კონფერენციები. მთელი რიგი მომსახურებებიც ონლაინ რეჟიმში გადავიდა. ამის შესახებ კამპანიებსაც ვაწარმოებთ. ჩაივლის ხოლმე ესა თუ ის კამპანია და შემდეგ სადღაც დაწერენ, მაგალითად, რომ პროექტი ისე განიხილეს, რომ ვერაფერი გაიგეს. არის კიდევ აკვიატებული, ან პოლიტიკურად მოტივირებული პოზიციაც, რომელსაც რამდენჯერმე უპასუხებ და შემდეგ თავი უნდა დაანებო. მაგალითად, ამას წინ გუდიაშვილის მოედანთან დაკავშირებით სოციალურ ქსელებში დიდი ხმაური იყო. თუ ვინმემ შეურაცხყოფილად იგრძნო თავი იმ ბიჟუტერიით, რაც გარკვეულ საიტებზე დაიდო, პირველ რიგში, მე და ჩემი თანამშრომლები ვიყავით. ამის შესახებ განმარტება, გუდიაშვილის რეაბილიტაციისა და აღდგენის გეგმა და ფოტოებიც საიტზე დაიდო. ცალკე განვმარტე მეც.
როდესაც არაერთ განმარტებას გააკეთებ ამაოდ, მაშინ, უნდა დაიბერტყო კალთები, შემოტრიალდე და წახვიდე. საბოლოოდ, ყველა სახელმწიფო უწყების წარმატების ბარომეტრი რეზულტატია. არის საკითხები, რომელთაც დისკუსია კი არა, ქმედება სჭირდება. ყოველთვის ვცდილობთ საზოგადოებრივი ინტერესი დავაკმაყოფილოთ, მაგრამ ეს დისკუსია ვერ იქნება დაუსრულებელი. ისედაც ბევრი დრო გვაქვს დაკარგული. არაერთი რამეა მისახედი - მათ შორის, თავად გუდიაშვილის ქუჩა. რეაბილიტაცია ძველ თბილისში და არა მხოლოდ აქ, საქართველოს სხვა ქალაქებშიც, ამ მასშტაბით, უახლეს ისტორიაში არ ჩატარებულა. დისკუსია დისკუსიისთვის არასოდეს გვექნება - ეს არის ჩვენი პოლიტიკური არჩევანი და ხელწერა, რომელსაც უმრავლესობა უჭერს მხარს.
გარკვეული ადამიანები და ჯგუფები პერიოდულად აკრიტიკებენ მერიას და ამბობენ, რომ ქალაქის ისტორიული იერსახე ავთენტურობასა და უნიკალობას კარგავს. თუ გაქვთ ამ მიმართულებით მკაფიო პოლიტიკა განსაზღვრული? რა იწვევს ამ დავებს?
ეს დავა არის ძალიან ჯანსაღი და სასიამოვნო, რადგან, სულ მცირე, იმაზე მიუთითებს, რომ რაღაც კეთდება. გვახსოვს დრო, როდესაც არავინ დავობდა იერსახეზე, ამა თუ იმ უბნის ქსოვილსა და შენობის ავთენტურობაზე. მეორე მხრივ, არქიტექტურა ისეთი საკითხია, სადაც ყველას თავისი აზრი აქვს. მე 99%25 შემთხვევებში საერთოდ არ ვერთვები განხილვებში. არსებობს სპეციალისტებით დაკომპლექტებული საბჭო და ისინი იხილავენ. ჩემი ამოცანაა, ადამიანმა დროზე მიიღოს პასუხი - მათ შორის, თუნდაც, უარყოფითი. პასუხი იყოს გასაგები და გამოსავალი შეთავაზებული, თუკი ასეთი არსებობს.
რეაბილიტაცია-რესტავრაცია გულისხმობს ავთენტურობის შენარჩუნებასაც. თუ იერსახეზეა ლაპარაკი, მით უმეტეს. უნდა გვახსოვდეს, რომ არ არსებულა ისტორიის მონაკვეთი, ჩვენთან, ან თუნდაც ევროპაში, რომ ამა თუ იმ ეპოქას, რაღაცა ფორმით, კვალი არ დაეტოვებინა. ეს ძეგლების ცხოვრების შემადგენელი ნაწილია. ჩვენი ამოცანა მაქსიმალური ავთენტურობის შენარჩუნებაა, დროის მტვრის გადაფხეკა და საწყის იერსახემდე მიყვანა. ეს კეთდება ძველი თბილისის რეაბილიტაციისასაც.
პროგრამა - ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე მესამე ეტაპზეა. შეგიძლიათ, შედეგები შეაფასოთ? როდემდე აპირებს მერია, ამ პროცესში ჩართული იყოს?
ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე ავტომატურად რეაბილიტაციას არ ნიშნავს. თუმცა ეს ფრაზა დამკვიდრდა და რეაბილიტაციასაც ეწოდა. პროექტი სხვა მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარებასაც ისახავს მიზნად. ომმა და მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა გამოიწვია მშენებლობების შეჩერება. გაითიშა წრე - მობინადრე, მშენებელი და ბანკი, თუ ნებისმიერი საფინანსო ინსტიტუტი. დავდექით უმუშევრობის პრობლემის გაღრმავების წინაშეც. ამიტომ, შევიმუშავეთ პროგრამა - მშენებლებს ვუთხარით, რომ ძველ თბილისში არის ავარიული სახლები, მოილაპარაკეთ მოსახლეობასთან, წარმოგვიდგინეთ წინადადებები კონკურსში. მერია გამარჯვებულს დაეხმარებოდა მშენებლობების დასრულებაში, სადაც ხალხი გადავიდოდა. ავარიული შენობა, თუ მიწის ნაკვეთი კი მუნიციპალურ საკუთრებაში გადავიდოდა. შემდეგ ის აუქციონზე გაიყიდებოდა. ორ წრეზე პროგრამამ იმუშავა. მესამე ეტაპზე მოდიფიცირდა, რომ უფრო გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი იყოს - მერია მხოლოდ იმით ერთვება, რომ ვალდებულებას იღებს 400 დოლარი გადაიხადოს 1 კვადრატულ მეტრში უკვე დასრულებული შენობის, თუ მშენებელი მოინდომებს ამას. თუმცა, მას შეუძლია, უფრო ძვირად - საბაზრო ფასად გაყიდოს. ამრიგად, ბანკი ხედავს გარანტიას, მშენებელს კი ეძლევა ფინანსები დასასრულებლად. ფართის 400 დოლარად შეძენა მერიისთვისაც მომგებიანი შეიძლება იყოს. 2-3 მილიონი ჯდება, როდესაც ფორსმაჟორული გამოსახლების შემდეგ ავარიული სახლებიდან, ხალხს ბინის ქირას ვუფარავთ. ყველა მხარე მოგებულია და, რაც მთავარია, ყველანაირი გარიგება გამორიცხულია, რადგან გასარიგებელიც არაფერია.
ამ პროგრამას სხვადასხვა მიმართულებიდან აკრიტიკებენ. მათ შორის მემარჯვენეები, რომელთა აზრითაც, ეს ბაზარზე ინტერვენცია იყო. მსოფლმხედველობით მეც მემარჯვენე ვარ. თუმცა, აქ დიდ ინტერვენციას ვერ ვხედავ. პროგრამამ შეიძლება 2-3 წელი იმუშაოს და შემდეგ ამის საჭიროება აღარ იყოს. ეს კერძო სფეროა და სასურველია, სახელმწიფო ინსტიტუტები აღარ ჩაერიონ. პირიქით, ჩვენი პოლიტიკა ემყარება პრინციპს - სადაც შეიძლება, კერძომ დახარჯოს ფული, ასეც უნდა მოხდეს. იგივე, როდესაც სკვერებზე იყო ლაპარაკი - სკვერები გაყიდეს და ა.შ., არაფერი გაყიდულა, სკვერებს კანონით ვერ გაყიდი. თუმცა, შესაძლებელია, რეკრეაციული ფუნქციების შენარჩუნებითა და ბუნებრივი კომერციალიზაციით, კერძომ აიღოს თავის თავზე მისი მოვლა იჯარით. მაგალითად, როგორც მუშტაიდის ბაღის შემთხვევაში.
მუშტაიდის ბაღის შემთხვევაში, კრიტიკა უფრო პროცესის გამჭვირვალობას ეხებოდა და იმას, რამდენად იქნება დაცული რეკრეაციული ფუნქციები. ბაღი კომპანია ჯეო გოლდს იჯარით 49 წლის ვადით გადაეცა. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ გამოიკვლია, რომ კომპანიის მფლობელი თბილისის საკრებულოს წევრი ალექსანდრე ნიკოლაიშვილია. მის კომპანიას კი მუშტაიდის ბაღი პირდაპირი განკარგვის წესით გადაეცა - კონკურენტული შერჩევის გარეშე. ორგანიზაციამ გამოითხოვა იჯარის ხელშეკრულება, თუმცა, ქონების მართვის სააგენტომ მათ უარი უთხრა გადაცემაზე. თქვეს, რომ კომერციული საიდუმლოა. აცხადებდნენ იმასაც, რომ მუშტაიდის ბაღის მსგავსი მენეჯმენტის მოდელის გამოყენებას მომავალშიც აპირებთ. როგორია ეს მოდელი? რამდენად გამჭვირვალე იქნება პროცესი მომავალში?
პირველი, რაც ხელშეკრულებაში დევს, ეს არის რეკრეაციული ფუნქციების შენარჩუნება და მოვლა-პატრონობა. კაფეების სტილის შესაბამისობასა და მსგავს საკითხებსაც მერია ითანხმებს. თუ რამის გადარჩენას და განვითარებას აქვს ფასი, სწორედ ასეთი ადგილებია.
პროცესის გამჭვირვალობას რაც შეეხება, ასეთი ტიპის კონტრაქტები არ არის დახურული. საიტზე დავდებთ ნებისმიერ ასეთ ხელშეკრულებას. აქ დასამალი არაფერია. მე ვამაყობ იმით, რომ ბიუჯეტიდან მილიონი ლარი დავზოგე და იქ დავხარჯავ ამ მილიონს ლარს, სადაც ქალაქს უფრო მეტად სჭირდება. აქ კი დახარჯავს კერძო. დღეს ჩვენ პარკების მოსავლელად 10-12 მილიონს გამოვყოფთ.
ერთ-ერთი აქტუალური საკითხი საზოგადოებრივი ტრანსპორტია. გადაჭედილი ავტობუსები მოქალაქეებს ყოველდღიურად აწუხებთ. აქამდეც საუბრობდით, რომ გარკვეული ხაზების გაუქმება იმან გამოიწვია, რომ ხანდახან ავტობუსები ქალაქის ერთი ბოლოდან მეორეში თითქმის ცარიელი გადაადგილდებოდა. თუმცა, დღეს გაცილებით მცირე მანძილზეც კი ჭირს გადაადგილება. ხაზების გაუქმებასთან ერთად გაიზარდა მგზავრობის საფასურიც, რის მიზნადაც მომსახურების გაუმჯობესება დასახელდა, რასაც შექმნილ სიტუაციას რთულად თუ დავარქმევთ. ისიც ფაქტია, რომ მომსახურების სუბსიდირება ძვირი ჯდებოდა. რა მიგაჩნიათ ოპტიმალურ გამოსავლად ამ სიტუაციაში, რომ მოქალაქეებს მსგავსი დისკომფორტი ნაკლებად ჰქონდეთ?
2005 წელს ახალი სატრანსპორტო სისტემის შექმნა დავიწყეთ. იქამდე ქალაქში ავტობუსი არ დადიოდა. იყო ქაოტურად მოძრავი სამარშრუტო ტაქსები და მეტრო. 2009 წლამდე ავტობუსების სუბსიდია 40 მილიონ ლარზე ავიდა. თუ ამას ინდივიდუალურ სუბსიდიას - შეღავათებს დავამატებთ, 60-65 მილიონია. ეს ბიუჯეტის დიდი ნაწილი - 10%25-ია, რასაც ის ვერ გაუძლებდა. ამიტომ, დავდექით აუცილებელი რეფორმის წინაშე. მიზანი იყო ინდივიდუალური სუბსიდიის შენარჩუნება, რაც თბილისის ნახევარ მოსახლეობას აქვს და, ამავე დროს, ხარჯების მინიმუმამდე დაყვანა. დავიწყეთ სიტუაციის გაანალიზება უცხოელ ექსპერტებთან ერთად, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტს ერთმანეთი შეევსო და არა მგზავრები წაერთმია. ვგულისხმობ - მეტროს, ავტობუსსა და სამარშრუტო ტაქსის. ძირითადი პრობლემა სწორედ დუბლირება აღმოჩნდა - მთელი ქალაქი მოცული არ იყო და ეს სატრანსპორტო საშუალებები ზოგან ერთმანეთს მგზავრებს ართმევდნენ. პრობლემა იყო ამოღებაც. თუმცა ავტობუსები, იმდენად გრძელი მარშრუტები ჰქონდათ, მაინც ვერ შეინახავდნენ თავს. ამიტომაც შეიცვალა სისტემა. ამასთან, გადავედით საბარათო გადახდაზე. პიკის საათებში ნამდვილად საჭიროა ავტობუსების დამატება, მაგრამ სხვა დროს არა. ზოგადად, პიკის დროს ძირითადი ნაწილი მეტროში მიდის და გვირჩევნია, მეტროს დავამატოთ. თავის მხრივ, ავტობუსების რაოდენობის მექანიკურად ზრდამ, შეიძლება, მოძრაობა გაჭედოს.
უფრო გრძელვადიანი და ძვირი პერსპექტივა არის ტრავმაის ხაზი, რასაც მხოლოდ ქალაქის ბიუჯეტი ვერ დაფარავს. უკვე დაწყებულია და ორ წელიწადში დასრულდება ახალი სადგურის მშენებლობაც. ამას აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს. ასევე ვფიქრობთ, რომ სატრანსპორტო საშუალებად საბაგიროები გამოვიყენოთ. ფუნიკულიორის საბაგირო აღდგება წლის ბოლომდე - ისევე, როგორც თავად ფუნიკულიორი. სხვა მიმართულებებსაც განვიხილავთ. ეს მნიშვნელოვანი ალტერნატივაა თბილისის რელიეფიდან გამომდინარე. ყველაფერი ერთიან საბარათო სისტემაში მოექცევა, რათა კორუფცია აღმოიფხვრას.
ნოემბერში მერიამ 5-ლარიანი ერთჯერადი სატრანსპორტო ვაუჩერები გასცა, რაზეც 5 მილიონ ლარამდე დაიხარჯა. მერიას ისედაც აქვს სხვადასხვა ტიპის სატრანსპორტო შეღავათები. შესაბამისად, ჩნდება ეჭვი, რომ ვაუჩერი ყველას ელექტორალური მიზნით გადაეცა. შეზღუდული რესურსის პირობებში რამდენად სწორად მიგაჩნიათ ამხელა თანხის დახარჯვა?
თბილისში მოქალაქეები თვეში საშუალოდ 20-25 ლარს ხარჯავენ ტრანსპორტში და ეს 5 ლარი მათთვის მნიშვნელოვანი წახალისება იყო. აქცია ელექტორალურ მიზნებს არ ისახავდა. ამ დროს არჩევნები არ ყოფილა და მომდევნო არჩევნებამდე ამდენად ადრე მსგავს აქციას, გულწრფელად გეტყვით, არანაირი ზეგავლენა არ აქვს. აქციას ჰქონდა სხვა მიზანი და ირიბი ეფექტი. გვინდოდა, წახალისებულიყო საბარათო სისტემა, რომელიც, სხვა სიკეთეებთან ერთად, კორუფციას აღმოფხვრის. ჩათვალეთ, ეს იყო პიარ-აქცია, რაც სისტემურ ეფექტს გვაძლევს.
გასული წლის ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული საკითხი იყო დასუფთავების გადასახადის მიბმა დახარჯულ ელექტროენერგიაზე. ამ გადაწყვეტილებას ბევრი კრიტიკოსი ჰყავს. არსებობს პრობლემა - თბილისში რეალურად მცხოვრები და დასუფთავების სამსახურის ბაზაში მყოფი ადამიანების რაოდენობა განსხვავდება და მერიას დარგის სუბსიდირება უწევდა. თუმცა, რატომ გადაწყდა მაინცდამაინც ელექტროენერგიაზე მიბმა? ფაქტია, რომ მოსახლეობის ნაწილს მკვეთრად გაუძვირდა გადასახადი მხოლოდ იმის გამო, რომ სხვებზე მეტ ელექტროენერგიას მოიხმარს. რამდენად სამართლიანია ეს?
კვლევები აჩვენებს, რომ თუ რამითაა მოსახლეობა კმაყოფილი, ერთ-ერთი დასუფთავების სერვისია. ხარისხის გაუმჯობესებამ გამოიწვია სერვისის გაძვირება. თუ ადრე ბუნკერებს 2 კვირაში ერთხელ ცლიდნენ და ძველ მანქანებს იყენებდნენ, დღეს კონტეინერი ყოველდღე იცვლება. ეს თანამედროვე მანქანებს მოითხოვს. ამ სფეროს 40-50 მილიონამდე სჭირდება. აქაც მივედით 60-65%25-ის სუბსიდიამდე. მომსახურება მოგვწონს, მაგრამ ამოღება პრობლემური იყო, როდესაც სულადობრივად აღირიცხებოდა. აღსანიშნავია ბაზების პრობლემა - მივედით აბსურდამდე, თითქოს 700 ათასამდე მოსახლე ცხოვრობს თბილისში. თავის მხრივ, ამ ხალხის საქმე არის დასუფთავება და არა მოსახლეობის აღწერა. გვჭირდებოდა რომელიმე პირობითი ცვლადი, რომელსაც გადასახადი მიებმებოდა. ასეთად დადგინდა ელექტროენერგიის მოხმარება. რა სურათი მივიღეთ? მოსახლეობის დაახლოებით 60%25-ს მომსახურების ფასი ან იგივე დაურჩა, ან გაუიაფდა.
ეს სისტემა უფრო სამართლიანია. რაც უფრო მეტ ელექტროენერგიას მოიხმარს ადამიანი და რაც უფრო მდიდარია, უფრო მეტ საყოფაცხოვრებო ნარჩენს გამოიმუშავებს. არ მაქვს ილუზია, რომ ეს არის აბსოლუტურად ზუსტი სურათი. თუმცა, პირობითი და საკამათოა სულადობაც. საყოფაცხოვრებო ნარჩენს ვერ აწონი. ამასთან, აღმოჩნდა, რომ თბილისში 45 ათასი ბინა არის დაკეტილი. თუმცა, გადასახადის გადახდა მაინც უწევდათ.
არსებობს მესამე ალტერნატივაც, ბევრი მინუსით - ბინის ფართობის მიხედვით დარიცხვა. ბოლომდე სამართლიანი კი არცერთი არაა. ყველა შემთხვევაში განწირული ხარ, რომ რაიმე პირობით ცვლადს მიება. ჩვენი ამოცანაა, გადასახადი იყოს მეტ-ნაკლებად სამართლიანი საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მაინც. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სისტემა ფუნქციონირებდეს, ადმინისტრირება კი შესაძლებელი იყოს. ახლა სისტემა თავსაც ინახავს და სერვისის გაუმჯობესებაზეც ფიქრობს. ეს გაზის მოხმარებას ვერ მიებმებოდა იმ მიზეზით, რომ მოხმარების ამპლიტუდა ძალიან მაღალია - ზამთარი და ზაფხული დრამატულად განსხვავდება.
ბოლოს ქალაქის განვითარების გრძელვადიან ხედვაზე მინდა გკითხოთ. როგორ ქალაქად წარმოგიდგენიათ თბილისი 15-20 წლის შემდეგ?
ჩვენ უკვე მივიღეთ განვითარების რამდენიმე გრძელვადიანი დოკუმენტი და ვაპირებთ, ქალაქის განვითარების სტრატეგიად გავაერთიანოთ. ვიზუალურად, ქალაქი უფრო მარცხენა სანაპიროზე განვითარდება. აქეთ მეტი თავისუფალი რესურსია.
მარცხენა სანაპიროზე რკინიგზის გასვლის შემდეგ დიდი ტერიტორია თავისუფლდება. რკინიგზა ისე ყოფდა ქალაქს, რომ ამ სანაპიროს განვითარების შესაძლებლობას არ აძლევდა. უნდა განვითარდეს ახალი თბილისიც - ქალაქის გასასვლელში. შეიძლება, თბილისის ერთ-ერთ მიმზიდველ რაიონად ისიც ჩამოყალიბდეს. ამაზე უკვე ვმუშაობთ. სამომავლო გამოწვევაა თბილისის აგლომერაციაში მყოფი ქალაქები და მათთან სატრანსპორტო კომუნიკაციის დამყარებაც. მაგალითად, რუსთავის მაგისტრალი, ქალაქს, თბილისს ეკონომიკურად და ცხოვრების წესით მოაბამს.
მთლიანობაში, ჩემი აზრით, თბილისი იქნება უფრო კულტურული, სამედიცინო, საგანმანათლებლო, საფინანსო, დასასვენებელი ცენტრი ქვეყნისთვის და რეგიონისთვის. უფრო ნაკლებად პოლიტიკური და ამ კონტექსტში, პარლამენტის ქუთაისში გადასვლა აბსოლუტურად სწორია.
![]() |
6 პრობლემა კომუნიკაციაში |
▲ზევით დაბრუნება |
საზოგადოება
ბარბარა სვანი
როდესაც საქმე უცხოურ მედიასთან ურთიერთობას ეხება, საქართველოს ხელისუფლებამ იცის, თუ როგორ დაამყაროს უმაღლეს დონეზე კომუნიკაცია. გაიხსენეთ მიხეილ სააკაშვილის ოსტატური ურთიერთობა დასავლელ ჟურნალისტებთან 2008 წლის აგვისტოს ომის დროს: მაშინ, ყველა წამყვანი ტელეარხით გადაცემული საქართველოს პრეზიდენტის ინტერვიუებით უამრავმა ამერიკელმა, არა მარტო აშშ-ის საზღვრებს გარეთ კიდევ ერთი „ჯორჯიის“ არსებობის შესახებ შეიტყო, არამედ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ისტორიულ თუ არსებულ ვითარებაშიც გაერკვა. მას შემდეგ, საქართველოს მაღალი თანამდებობის პირების მსოფლიო მედიასთან უზადო კომუნიკაციის წყალობით, მთელ მსოფლიოში, ხალხი რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის „ოკუპაციაზე”, კომპეტენტურად საუბრობს.
თუმცა, როდესაც საქმე ადგილობრივ მედიასთან ურთიერთობას ეხება, საქართველოს ხელისუფლებას, მსოფლიო სტანდარტების შესაბამის კომუნიკაციამდე ბევრი უკლია. რამდენიმე გამონაკლისის გარდა, საქართველოს სამინისტროებსა და სამთავრობო უწყებებს გარე კომუნიკაციის ეფექტიანი სტრატეგიები არ გააჩნიათ. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ბევრ თანამშრომელს მედიასთან პროაქტიული კი არა, რეაქტიული ურთიერთობაც არ შეუძლია. ზოგი სამინისტრო და სამთავრობო უწყება, მედიის შეკითხვებს ხშირად ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში არ პასუხობს ანდა საერთოდაც უგულებელყოფს. შესაბამისად, ქართველი ჟურნალისტები ვეღარ ახერხებენ იმ მნიშვნელოვანი საკითხების სათანადო პასუხისმგებლობით გაშუქებას, რომლებიც ქვეყნის მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებაზე გავლენას ახდენს.
საზოგადოებასთან პროაქტიული და ინტერაქტიული ურთიერთობით, ხელისუფლება საკუთარ მზადყოფნას აჩვენებს, რომ ყური დაუგდოს ხალხის ხმას და სამთავრობო პრიორიტეტები საზოგადოების ცვალებად მოთხოვნებს შეუსაბამოს. ამ მისიის შესრულებაში მთავრობის უმნიშვნელოვანესი პარტნიორი მედიაა. ის ორმაგ ფუნქციას ასრულებს - ხელისუფლების შესახებ საზოგადოების ინფორმატორისა და ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის კომუნიკატორის. საზოგადოების ინტერესები ყველაზე უკეთ მაშინ არის დაცული, როდესაც ხელისუფლება და მედია ერთმანეთის როლებსა და პასუხისმგებლობებს საზოგადოების წინაშე პატივისცემით ეკიდებიან.
მედიატექნოლოგიურმა სიახლეებმა 21-ე საუკუნის სამთავრობო კომუნიკაციებში რევოლუციური ცვლილებები გამოიწვია. ამ საუკუნეში ისეთი ევოლუციური ეტაპების მოწმენი გავხდით, რომლებსაც მედიის ამერიკელი თეორეტიკოსი, მარკ პოსტერი, „მედიის მეორე ეპოქას“ ეძახის. ეს ეპოქა ინტერნეტის გაჩენით დაიწყო და ახლა ინტერაქტიული სოციალური მედიის სახით მთელ მსოფლიოს იპყრობს. თავის წიგნში, The Second Media Age, პროფესორი პოსტერი განმარტავს, რომ მედიის პირველი ეპოქისთვის დამახასიათებელია სახელმწიფოს მიერ კონტროლირებული ინფორმაციის ცალმხრივი გავრცელება - ისეთი მედიის გზით, რომლის მიზანიც აუდიტორიაზე, როგორც ამორფულ მასაზე, ზემოქმედება იყო. მეორე ეპოქაში მედია სახელმწიფოს კონტროლს არ ექვემდებარება. მისი დემოკრატიზაცია დეცენტრალიზებული ორმხრივი კომუნიკაციის მეშვეობით მიმდინარეობს.
ამავე დროს, ახალმა მედიაპლატფორმებმა რადიკალურად შეცვალა მოქალაქეთა მოლოდინები საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით - გააძლიერა საზოგადოების თვითშეგნება, მონაწილეობით მმართველობაში საკუთარი მნიშვნელობის შესახებ. თანამედროვე ტექნოლოგიები მთავრობას საშუალებას აძლევს, სწრაფად გაავრცელოს დიდი მოცულობის საჯარო ინფორმაცია. მოქალაქეებიც სულ უფრო მეტად მოელიან თანამედროვე მთავრობისგან გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ასეთ დონეს.
პოლიტიკური, სოციალური და ტექნოლოგიური ლანდშაფტების ამ სეისმურმა ძვრებმა კომუნიკაციის იმგვარი მანერა ჩამოაყალიბა, რომლითაც ახლა მთავრობები თავიანთ მოქალაქეებთან მედიის მეშვეობით ურთიერთობენ. დღეს, გარე კომუნიკაცია წარმატებული ხელისუფლების ერთ-ერთ აუცილებელ პრიორიტეტად იქცა. ვისკონსინ-მილუოკის უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის ფაკულტეტის პროფესორი, მორდეჰაი ლი, ფიქრობს, რომ ეს ტენდენციები „ნაწილობრივ ასახავს საჯარო სექტორისთვის საინფორმაციო მედიისა და სხვა საკომუნიკაციო მეთოდების მნიშვნელობის ზრდას 21-ე საუკუნეში”. პროფესორ ლის, რომელიც საზოგადოებასთან ურთიერთობების სფეროს ერთ-ერთ წამყვან ექსპერტად ითვლება, ამ საკითხზე მრავალი სტატია აქვს გამოქვეყნებული; მისი რედაქციით გამოცემულია წიგნები: The Practice of Government Public Relations (CPR Press 2011) და Government Public Relations: A Reader (CPR Press 2008). მანვე დაწერა საჯარო ადმინისტრირებისა და საჯარო პოლიტიკის ენციკლოპედიის ერთ-ერთი თავი - Media and Bureaucracy in the United States (Taylor & Francis 2011). პროფესორის აზრით, „პრესის თავისუფლებისა და ინფორმაციის თავისუფლების შესახებ კანონები აიძულებს საჯარო მოხელეებს, ანგარიშვალდებულნი იყვნენ მედიისა და ფართო საზოგადოების წინაშე“ - როგორი ნეგატიურიც უნდა იყოს მედიის გაშუქება, „საჯარო მოხელეებმა უნდა მიიღონ ეს მკაცრი მედიაგარემო და თავი დაანებონ ამაზე ბუზღუნს“.
თანამედროვე მედიაგარემოში გზის გაკვლევისათვის, მთავრობები მთელ მსოფლიოში საზოგადოებასთან ურთიერთობების პროფესიონალებს და ყოფილ ჟურნალისტებს ქირაობენ. ისინი ხელისუფლების საზოგადოებასთან ურთიერთობების მენეჯერების,საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტების და სპიკერების ფუნქციებს ასრულებენ (დასავლეთის მთავრობები თავს არიდებენ ტერმინს „საზოგადოებასთან ურთიერთობა“, ანუ PR, ვინაიდან იგი ასოცირდება საკუთარი თავის პოპულარიზაციასთან და პროპაგანდასთანაც კი. როგორც პროფესორ ლის 2009 წლის კვლევამ დაადასტურა, მოსახლეობა „საზოგადოებასთან ურთიერთობას“ ეჭვის თვალით უყურებს). მთავრობის გარე კომუნიკაციის სფეროს პროფესიონალების - რასაც არ უნდა უწოდებდნენ მათ - ძირითადი საქმიანობა საზოგადოებასთან ურთიერთობის დამყარებაა - პროაქტიული მედიაურთიერთობების და ინტერაქტიული მედიატექნოლოგიების მეშვეობით.
პროფესორი ლი მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის ორ ზოგად კატეგორიას გამოყოფს: პრაგმატულსა და დემოკრატიულს. „პირველი კატეგორია - პრაგმატული - გულისხმობს გარე კომუნიკაციის პრაქტიკულ გამოყენებას, რომ ხელი შეუწყოს უწყების მნიშვნელოვანი მისიის განხორციელებას. New York Times-ის მესვეტემ ამ მიდგომის წინაპირობა მოკლედ ასე განსაზღვრა: „რაც უნდა დიადი იყოს მთავრობის პროგრამის მიზნები, ეს პროგრამა ვერაფერს შეცვლის, თუ ხალხმა მისი მიზნები ვერ გაიგო, - წერს პროფესორი ლი Journal of Public Affairs Education-ში, - მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის საქმიანობის მეორე კატეგორია ეხება საჯარო ადმინისტრაციის ზოგად როლს, ხელი შეუწყოს დემოკრატიის განვითარებას“.
დემოკრატიული მთავრობის უნარი - განახორციელოს საჯარო პოლიტიკა და მიაღწიოს ინსტიტუციურ მიზნებს - მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ესმის საზოგადოებას ეს პოლიტიკა და მიზნები და რამდენად უჭერს მათ მხარს. აქსიომაა, რომ ხალხი არ ენდობა იმას, რაც არ ესმის. წარმატებული მთავრობა იყენებს მედიას, როგორც საგანმანათლებლო ინსტრუმენტს, რათა ხალხს საკუთარი საქმიანობა განუმარტოს.
ათეული წლის წინ, როდესაც ევროკავშირის წევრ და წევრობის კანდიდატ ქვეყნებში ენთუზიაზმი ილეოდა, ევროკავშირმა კომუნიკაციის საკუთარი შესაძლებლობები კრიტიკულად გააანალიზა და ძალისხმევა საგარეო პროექტების შესახებ ინფორმირების დონის ამაღლებისკენ მიმართა. დღეს, ევროკავშირი მოითხოვს, რომ ყველა პროექტი, რომელსაც ის ნაწილობრივ ან სრულად აფინანსებს, სხვადასხვა მედიასტრატეგიასა და საკომუნიკაციო ღონისძიებას ითვალისწინებდეს. „ევროკავშირის საგარეო პროექტების შესახებ ინფორმირების და მათი საჯაროობის უზრუნველყოფის სახელმძღვანელოს“ (Communication and Visibility Manual for European Union External Actions) ბოლო გამოცემა ევროკავშირის ბენეფიციარებისაგან ითხოვს „ადგილზე ზემოქმედების ჩვენებას“.
ხელისუფლების გამჭვირვალობის, მონაწილეობისა და თანამშრომლობის პრაგმატული მოსაზრებები და დემოკრატიული პრინციპები, აშშ-ის პრეზიდენტის აპარატის მიერ გამოცემულ „ღია მთავრობის დირექტივას” (Open Government Directive) უდევს საფუძვლად. აშშ-ის ღია მთავრობის დირექტივა, რომელსაც პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ხელი მოვალეობის შესრულების დაწყების პირველივე დღეს მოაწერა, ქვეყნის ყველა სამინისტროსა და სამთავრობო უწყებისგან მოითხოვს, მიიღოს კონკრეტული ზომები ამერიკელ ხალხსა და მთავრობას შორის კომუნიკაციის გაუმჯობესებისთვის. ამ კონკრეტულ ზომებში შედის საჯარო ინფორმაციის ინტერნეტით გამოქვეყნება, საჯარო ინფორმაციის ხარისხის გაუმჯობესება, ღია მთავრობის კულტურის შექმნა, ინსტიტუციონალიზება და ღია მთავრობის ხელშემწყობი პოლიტიკური ჩარჩოს შექმნა. „გამჭვირვალობის, მონაწილეობისა და თანამშრომლობის სამი პრინციპი ღია მთავრობის ქვაკუთხედია“, ნათქვამია აშშ-ის ღია მთავრობის დირექტივაში.
ღია მთავრობის პრაგმატული და დემოკრატიული მიზნების მისაღწევად, საქართველოს სამინისტროებმა საზოგადოებასთან კომუნიკაცია მედიის საშუალებით უნდა გააუმჯობესონ. საქართველოს მედიამ, თავის მხრივ, მეტი უნდა იმუშაოს. ჟურნალისტებმა, ისევე როგორც სამთავრობო უწყებების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების თანამშრომლებმა, აუცილებელია, აიმაღლონ პროფესიული სტანდარტები და გააუმჯობესონ საზოგადოებასთან კომუნიკაცია. მედიის სამართლიანობა და ობიექტურობა არა მარტო მთავრობის მიმართ აყალიბებს საზოგადოების დამოკიდებულებებს, არამედ ხალხის მოსაზრებას თავად მედიის შესახებაც განსაზღვრავს.
![]() |
7 რევოლუცია თუ რეფორმა აქტივიზმის დილემა საქართველოში |
▲ზევით დაბრუნება |
საზოგადოება
ლევან სუთიძე, ნინო მაჭარაშვილი
საქართველოში ინტერესთა ჯგუფების სისუსტესა და სამოქალაქო ჩართულობის დაბალ ხარისხზე ხშირად საუბრობენ. მსგავსი შეფასება საფუძველს მოკლებული არ არის: სამოქალაქო საზოგადოებასა და მნიშვნელოვან სოციალურ ინსტიტუტებს - პოლიტიკურ ისტებლიშმენტს, ბიზნესსექტორს, საგანმანათლებლო დაწესებულებებსა თუ მედიას შორის გაუცხოება იგრძნობა.
ამის მიზეზები მრავალმხრივია. აღნიშნულ ინსტიტუტებს დემოკრატიული ანგარიშვალდებულებების გამოცდილება არ აქვთ. პოლიტიკურ სპექტრს მოსმენის კულტურა აკლია, რაც კომუნიკაციის ხარისხზე აისახება. ბიზნესსექტორიც ე.წ. ცეხავიკობისა და კორუფციული სისტემის მემკვიდრეა და ქველმოქმედებას არ მიმართავს - საკუთარ რესურსს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში თუ დებს რაიმე იდეაში.
გაუცხოებულია სამოქალაქო საზოგადოება და ეკლესიაც: საქართველოს საპატრიარქოს ვექტორი ჩრდილოეთით არის მიმართული. მაშინ, როცა არასამთავრობო სექტორის მნიშვნელოვანი ნაწილი დასავლელ დონორებზეა მიბმული - შესაბამისად, დეკლარირებულად მაინც, დასავლური ფასეულობების მატარებელია. საპატრიარქოს ეს უკანასკნელნი ირაციონალურ შიშებს აღუძრავენ. ამის გამო ეკლესიის იერარქები სამოქალაქო საზოგადოებას არცთუ იშვიათად ესხმიან თავს.
პრობლემის კიდევ ერთი მხარე მედიაა, რომელიც რეაქტიულ რეჟიმში მუშაობს. მედია, როგორც წესი, პოლიტიკური ისტებლიშმენტისგან აღებულ მასალას აშუქებს, საზოგადოების პრობლემები კი ყურადღების მიღმა რჩება.
ამ ფონზე, ხელისუფლების დარწმუნებაში, სამოქალაქო საზოგადოებასა და ინტერესთა ჯგუფებს არაერთი მარცხი განუცდიათ. წარუმატებლობის მიზეზად ხშირად ხელისუფლების შეუვალობა და კერძო ინიციატივების მიმართ ჩაკეტილობა სახელდება. პრობლემის ამდაგვარი ახსნის მიზეზი შეიძლება გასულ ათწლეულს მიღებულ გამოცდილებაში ვეძებოთ. ამ პერიოდში სამოქალაქო საზოგადოება ბევრად ძლიერი იყო, ვიდრე დღეს. მაგალითისთვის თავისუფლების ინსტიტუტი და მასთან ასოცირებული ჯგუფებიც კმარა. წარსულში მათი წარმატება, რიგ შემთხვევებში, აჩენს განცდასაც, რომ წინა ხელისუფლება უფრო ღია და დემოკრატიული იყო.
რეალურად, „ვარდების რევოლუციამდე“ სამოქალაქო საზოგადოების სიძლიერე სხვა რამეს უკავშირდებოდა: ინტერესთა ჯგუფები საკუთარი აქტივობითა და მოქმედების ტაქტიკით, ხელისუფლებას მათი იგნორირების საშუალებას არ უტოვებდა. წარმატებას მნიშვნელოვნად ისიც განაპირობებდა, რომ იგივე თავისუფლების ინსტიტუტი მოკავშირეებს ყველგან ეძებდა, დაწყებული მთავრობითა და პარლამენტით, და ეკლესიით, სტუდენტებითა და მასწავლებლებით დამთავრებული. შესაბამისად, ხელისუფლებაზე ზემოქმედების ბევრად ძლიერი ბერკეტები ჰქონდა, ვიდრე დღეს სხვა ჯგუფებს გააჩნიათ.
მაშინ, რიგი მიზეზების გამო, სამოქალაქო აქტივობა რევოლუციით დასრულდა. ამას მოჰყვა სამოქალაქო სექტორიდან მნიშვნელოვანი ძალის ხელისუფლებაში გადადინება. ხოლო მათ, ვინც დარჩა, ან მომდევნო პერიოდში გაჩნდა, წარსული გამოცდილებიდან გამოსვლა გაუჭირდა - სამოქალაქო აქტივობის რევოლუციური ფინალი, დღემდე ბევრს ლოგიკურ აუცილებლობად ეჩვენება.
სწორედ მსგავსმა არარეალისტურმა დამოკიდებულებამ გამოიწვია, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში, სამოქალაქო საზოგადოება იმედგაცრუებული დარჩა - ცვლილების იმედი დაკარგა და თვითვიქტიმიზაცია დაიწყო. სამოქალაქო აქტივისტებს რეალობასთან უტოპიური და რევოლუციური განწყობებით შეგუების ცდუნება გაუჩნდათ.
ამგვარი რევოლუციური უტოპიზმისთვის ნებისმიერი კომპრომისი და თანამშრომლობა, არსით ამორალურია. კომპრომისი არა ტაქტიკის, არამედ ზნეობის საკითხად განიხილება. შესაბამისია მიზანიც - ყველაფერი, ან არაფერი. მიზანი განაპირობებს მოქმედების ტაქტიკასაც. ასეთ დროს კომუნიკაციის სტრატეგია „არამარკეტინგულია“ - ულტიმატუმის ენით საუბარი მათ პოლიტიკოსებისთვის იდეის მიყიდვაში ხელს უშლის.
რევოლუციურ-უტოპისტური ჯგუფები, მით მეტ თვითკმაყოფილებას განიცდიან, რაც უფრო ყრუა მათი ღაღადების მიმართ უდაბნო. შესაბამისად, სტაბილურ პოლიტიკურ სიტუაციაში, მსგავსი მიზნების მქონე ჯგუფები, როგორც წესი, უყურადღებოდ რჩებიან. შედეგი, რომელზეც ორიენტირებულნი არიან, ზედმეტად „დიადია“ არსებული რეალობისთვის და მიუღწეველი რჩება. იმის შანსი, რომ მსგავსი განწყობის მქონე ჯგუფს, რაიმე ტიპის თანამშრომლობა გამოუვიდეს არსებულ პოლიტიკურ ისტებლიშმენტთან, ფაქტობრივად, ნულის ტოლია.
ამის საპირისპიროდ, შეიძლება გამოვყოთ მეორე, რეფორმისტული ჯგუფები. მათი სტრატეგიაც, განსხვავებით რევოლუციონერებისა, მარკეტინგულია. რეალურად, ნებისმიერი რადიკალური ჯგუფი, სწორი სტრატეგიის ქონის შემთხვევაში, შეიძლება აღმოჩნდეს წარმატებული. ამისათვის მან უნდა მოახერხოს მეორე მხარის (ხელისუფლების) დარწმუნება, რომ მისი პოზიციის გათვალისწინება, ორივესთვის ხელსაყრელია. ამგვარი ჯგუფი ნაბიჯ-ნაბიჯ სიარულს არჩევს - რაც კომპრომისებს გულისხმობს. „სწორი სტრატეგია“ მაქსიმალურად ფართო კოალიციის შექმნის ამოცანაც არის. მიუხედავად განსხვავებული ინტერესებისა, კოალიციის ფარგლებში ურთიერთობების აწყობა და ნდობის გაჩენა, ქმნის ალბათობას, რომ მომავალში, ერთ-ერთი მათგანისთვის პრიორიტეტულ საკითხს სხვებიც დაუჭერენ მხარს.
აბსტრაქტული მიზნების დასახვა აუფერულებს იმ შედეგსაც, რომელსაც, შესაძლოა, რაღაც ეტაპზე, ინტერესთა ჯგუფმა მიაღწიოს: ამის მაგალითად გუდიაშვილის სკვერის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი გამოდგება. მერიისგან დამატებითი განმარტებების მიუხედავად, კულტურული მემკვიდრეობის ქომაგებმა ღია კარის მტვრევა პერფორმანსის რანგში აიყვანეს და პროტესტი თვითმიზნად აქციეს.
საზოგადოება კომპლექსურია - მის წევრებს განსხვავებული ინტერესები, მიზნები და ამოცანები აქვთ. ისინი ხანდახან ერთმანეთთსაც ეწინააღმდეგებიან. შესაბამისად, ხელისუფლება, თუნდაც სურვილის შემთხვევაში, თითოეული ჯგუფის ინტერესის გათვალისწინებას და დაკმაყოფილებას ვერ შეძლებს. პოლიტიკური ძალა არჩევანს აკეთებს - მან უნდა გადაწყვიტოს, რომელი ჯგუფის ინტერესის წამოწევა უღირს და რომლის - არა. ეს ინტერესთა ჯგუფებს შორის გავლენების მოპოვებისთვის ბრძოლაში კონკურენციას აჩენს. მათ პოლიტიკურ ბაზარზე საკუთარი იდეის, ინიციატივისა თუ ინტერესის „სარფიანად“ გაყიდვა უწევთ. თავის მხრივ, პოლიტიკოსებისთვის, სწორედ ამ პროდუქტის ფასია პრიორიტეტი.
მაგალითად, ბუნებაზე ან ისტორიულ მემკვიდრეობაზე ზრუნვა, შესაძლოა, გარკვეული ჯგუფისთვის პრიორიტეტი იყოს, მაგრამ ამომრჩეველთა უდიდესი უმრავლესობა ხელისუფლებისგან ეკონომიკურ ზრდას და დასაქმებას ითხოვს. ბუნებრივია, თუ მწვანეებისა და კულტურული მემკვიდრეობის დამცველთა დაკმაყოფილების ფასი ეკონომიკური განვითარების შეჩერებაა, ასეთ ფასს პოლიტიკოსი არ გადაიხდის. მას არჩევნების მოგება გაუჭირდება - ანუ ამ პროდუქტის ყიდვა არ უღირს.
ხელისუფალი ყოველთვის დაინტერესებულია მხარდამჭერთა რიცხვის გაზრდით. მას მაქსიმალურად ფართო წრისთვის დამაკმაყოფილებელი გადაწყვეტილების მიღება სურს. კონსტრუქციულად განწყობილ ჯგუფებს მეტი შანსი აქვთ შედეგების მისაღწევად. მათთან კომპრომისზე წასვლა ხელისუფლებას ბევრად ნაკლები „ფასი“ უჯდება, ვიდრე მათთან თანამშრომლობით მიღებული, შესაძლო მოგებაა. მაგალითად, რელიგიურმა უმცირესობებმა საკუთარი ინტერესების სისტემატური ადვოკატირებითა და თანმიმდევრული მოქმედებებით, სახელმწიფო და საკუთარ ინტერესებს შორის თანაკვეთის პოვნა მოახერხეს. რელიგიური გაერთიანებების შესახებ მიღებულმა კანონმა, რომელსაც ისინი დიდი ხნის მანძილზე მოითხოვდნენ, სახელმწიფოს მნიშვნელოვანი საერთაშორისო სარგებელი მოუტანა, ხოლო ჯგუფებს - სასურველი შედეგი.
სწორი სტრატეგიის შემთხვევაში, გავლენის მოპოვება მცირე ჯგუფებსაც შეუძლიათ. ეს თავის მხრივ შეიცავს რისკსაც, რომ აქტიურმა უმცირესობამ, საკუთარი ნება პასიურ უმრავლესობას მოახვიოს თავს. რიგ შემთხვევებში, უმცირესობას, ბრძოლის მოგების, უმრავლესობის წევრზე დიდი ინტერესი აქვს.
მაგალითად, სკოლის პედაგოგებს, რომლებიც რიცხოვნობით მშობლებისა და მოსწავლეების რაოდენობას მნიშვნელოვნად ჩამოუვარდებიან, განათლების რეფორმისას აქტიურობის მეტი მოტივაცია ჰქონდათ. მშობლებისა და მოსწავლეებისთვის საჯარო განათლების ბენეფიტები ათეული წლის ან უფრო მეტის შემდეგ მოდის, ხოლო მასწავლებლისთვის ეს შედეგი ყოველთვიურია. საქართველოში პედაგოგებმა ამ მხრივ გაიმარჯვეს კიდეც. რასაკვირველია, ეს არ ნიშნავს, რომ გამარჯვება ყოველთვის სასარგებლოა - მაგრამ უმცირესობა უმრავლესობასთან შედარებით, ამგვარ უპირატესობას ფლობს.
სწორედ მოქმედების არასწორი ტაქტიკაა ის მთავარი მიზეზი, რის გამოც არასამთავრობო ორგანიზაციათა უმრავლესობა კვლავ წარუმატებელი რჩება. Policy, Advocacy and Civil Society Development in Georgia ( G-PAC)-ის 2011 წლის კვლევის მიხედვით, მათი საქმიანობისა და მოსახლეობის ნამდვილი წუხილის თანაკვეთა მინიმალურია. ამ ორგანიზაციებს მხოლოდ ქვეყნის მოსახლეობის 18%25 ენდობა. სახელმწიფო სტრუქტურებისა და პრეზიდენტის რეიტინგი კი ძალიან დიდია.
არასამთავრობო ორგანიზაციათა უმრავლესობა არავის წარმოადგენს, გარდა საკუთარი თავისა და დონორისა. მათ სამიზნე აუდიტორიასთან სუსტი უკუკავშირი აქვთ. ხელისუფლებასთან თანამშრომლობა დამოუკიდებლობის დაკარგვად ან რეპუტაციის შელახვად აღიქმება. როგორც წესი, არასამთავრობო ორგანიზაციათა დიდ ნაწილს, საკუთარი საქმიანობის წარმართვა, პოლიტიკურ ისტებლიშმენტთან სრულ ანტაგონიზმში ესმის. ეს მის წარმატებას კიდევ უფრო ამცირებს.
![]() |
8 როგორ გავუმკლავდეთ გრიპს |
▲ზევით დაბრუნება |
საზოგადოება
თეონა კოკიჩაიშვილი
თუ მოულოდნელად ყელის ტკივილი, ცემინება დაგეწყოთ, თან გამცივნებთ, კუნთებსა და სახსრებში გტეხთ, სხეული რამდენიმე ადგილას გტკივათ, შრომისუნარიანობაც დაგიქვეითდათ - ავად ხდებით. თქვენ გამონაკლისი ნამდვილად არ ხართ. გვიან შემოდგომაზე, ზამთარსა და ადრეულ გაზაფხულზე მსგავსი ჩივილები მთელ ჩრდილოეთ ნახევარსფეროს პოპულაციას აქვს. ვირუსი სწორედ ამ პერიოდში მრავლდება. მთავარია, გამოსაჯანმრთელებლად რამდენიმე დღე გამონახოთ და მკურნალობა სწორად წარმართოთ.
როგორც წესი, ყველაფერს, რაც სასუნთქი გზების დაზიანებით მიმდინარეობს, გრიპს უწოდებენ. ვირუსოლოგები და ეპიდემიოლოგები ირწმუნებიან, რომ გრიპის ვირუსის სამი ტიპი არსებობს: A, B და C. დანარჩენი, დაახლოებით 200-ზე მეტი ტიპის ვირუსი კი, უბრალოდ გაციებას იწვევს. ექიმები მათ გაციების ვირუსებს უწოდებენ (მაგალითად, რინოვირუსი, ადენოვირუსი და ა.შ.). გაციება სულაც არ ნიშნავს სხეულის გადაციებას - მისი გამომწვევიც ვირუსია.
გრიპი სასუნთქი გზების მწვავე ინფექციური დაავადებაა, პერიოდულად, როგორც ენდემიად ან პანდემიად ვრცელდება. ადამიანის დაავადება სამივე ტიპის გრიპის ვირუსს შეუძლია, მაგრამ B და C ტიპები პანდემიას არ იწვევს. ვირუსი ცოცხალი ორგანიზმია, მას მასპინძლად ცოცხალი ორგანიზმი სჭირდება - რათა გამრავლდეს და მომავალში იმავე ან სხვა ადამიანს გადაეცეს. ეს ვირუსები დროთა განმავლობაში ეგუებიან ამა თუ იმ გარემოს და სახეს შესაბამისად იცვლიან. A ტიპის ვირუსს სრული სახეცვლილება შეუძლია. ამგვარი ვირუსის მიმართ პოპულაციას იმუნიტეტი არ აქვს. შესაბამისად, სწრაფად ვრცელდება, ენდემიას ან პანდემიას იწვევს.
თუ რა ვირუსია გავრცელებული, რომელი გრიპის შემთხვევათა მატება იქნება მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში - ეპიდემიოლოგები და ვირუსოლოგები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან იგებენ. მისი მონაცემებით, ბოლო რამდენიმე წელია ცირკულირებს ე.წ. ფრინველისა (H5N1) და ღორის (H1N1) გრიპი. საქართველოში წელს ფრინველისა და ღორის გრიპის ერთეული შემთხვევები აღირიცხა.
გრიპისა და გაციების სიმპტომები განსხვავებულია. სხვადასხვაგვარია გაციების ვირუსთან და გრიპთან ბრძოლის მეთოდებიც. მთავარია, ზუსტად განსაზღვროთ, თუ რომელი ვირუსით დაინფიცირდით. სიმპტომების მიხედვით მათი განსხვავება არც ისე რთულია. გრიპს აუცილებლად ახლავს მაღალი ტემპერატურა (38,5-ზე მეტი), სხეულის რამდენიმე ნაწილში ძლიერი ტკივილი, დაღლილობა, საერთო სისუსტე, უმადობა, ხშირად ერთვის გართულებებიც (ყურის ანთება, პნევმონია). გაციების ვირუსი უფრო მსუბუქად მიმდინარეობს: არ არის აუცილებელი მაღალი ტემპერატურა, კუნთებისა და სახსრების ტკივილი. გაციების დროს პაციენტს უჭირს ცხვირით სუნთქვა, ტემპერატურა არ აღემატება 38,5-ს. ეს პროცესი პაციენტმა შეიძლება ფეხზეც გადაიტანოს.
როგორც წესი, ვირუსი ყველაზე მძიმედ, მოხუცებულებსა და ბავშვებში მიმდინარეობს. იაშვილის კლინიკის დირექტორის მოადგილე, ივანე ჩხაიძე მშობლებს მეტი ყურადღებისაკენ მოუწოდებს. იგი მიიჩნევს, რომ მშობლები ხშირად გადაჭარბებულ მკურნალობას მიმართავენ: დაბალი სიცხის შემთხვევაშიც კი, პირველ დღეებშივე იწყებენ ბავშვისთვის სიცხის დამწევი საშუალებების, ანტიბიოტიკებისა და ვიტამინების მიცემას. „ვირუსის შემთხვევაში ბავშვების მკურნალობას განსაკუთრებით ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ, კლასიკურად მიმდინარეობის დროს, გადაჭარბებული დოზით მედიკამენტების მიცემას, სჯობს, მკურნალობა პრეპარატების გარეშე წარიმართოს“. მისივე თქმით, ხუთი დღის განმავლობაში დაბალი ტემპერატურა, თუ სხვა გართულებები არ ახლავს თან, სრულიად ნორმალურია. აუცილებელი არც ბავშვის სრული ულუფებით გამოკვებაა. უმჯობესია, ხშირ-ხშირად და ადვილად მოსანელებელი საკვები მივცეთ. სასურველია, დიდი რაოდენობით თბილი სითხე დავალევინოთ. გარდა ამისა, მშობელი აუცილებლად უნდა დააკვირდეს ბავშვის განავალს. თუ ის წყლიანი ან სისხლიანია, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს - „დღის განმავლობაში 3-4-ჯერ, წყლის შემცველი განავალი ძალიან საშიშია, ამან შეიძლება ბავშვის (განსაკუთრებით ერთ წლამდე ასაკის) მდგომარეობა რამდენიმე საათში დაამძიმოს“.
ტემპერატურის მატება, ცხვირიდან გამონადენი, ცხვირცემინება ორგანიზმის დამცველობითი რეაქციაა. ამით სხეული უცხო ორგანიზმის (ამ შემთხვევაში, ვირუსის) შემოჭრას ეწინააღმდეგება. ტემპერატურის მაჩვენებელი ვირუსის ტიპსა და მის აგრესიულობაზე, ასევე ორგანიზმის რეაგირების უნარზეა დამოკიდებული. მაღალი ტემპერატურა, როგორც წესი, კარგი იმუნური პასუხის მაჩვენებელია. სიცხის დამწევი მაღალი ტემპერატურისას, პაციენტმა ნორმის მკაცრად დაცვით უნდა მიიღოს - სულ მცირე, ექვსაათიანი ინტერვალით. ხოლო მცირეწლოვნებმა - მხოლოდ ბავშვებისთვის განკუთვნილი მედიკამენტები უნდა დალიონ. პატარებისთვის დაშვებული სიცხის დამწევი საშუალება, პარაცეტამოლი და მისი შემცველი პრეპარატებია. ასევე ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები - მაგალითად, იბუპროფენი. ბავშვებში სიცხის დამწევი აუცილებლად სიროფი და სანთელი უნდა იყოს. „არცერთი პრეპარატი, რომელიც პატარებისთვის გამოიყენება, არ შეიძლება გაყოფილი ტაბლეტი იყოს, თქვენ დოზას ზუსტად ვერ განსაზღვრავთ და შესაძლოა მეტი დოზა მისცეთ, რაც დაუშვებელია“, - ამბობს ივანე ჩხაიძე. ნებისმიერი სიცხის დამწევი, შედეგს მინიმუმ ნახევარი საათის შემდეგ იძლევა. დაუშვებელია რამდენიმე ჯგუფის მედიკამენტის შერევა. პედიატრების რჩევით, თუ ბავშვს სიცხეს ვერ უგდებთ, ეფექტიანი და სრულიად უსაფრთხო მეთოდია ოთახის ტემპერატურის წყლით ხელების დასველება და გულ-მკერდის მიდამოებისა და კიდურების დაზელვა.
ექიმები ბავშვებში არც სურდოს საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენებას გვირჩევენ. ამის ნაცვლად, უმჯობესია ფიზიოლოგიური ხსნარი და ტამპონი, რომლის შეძენაც ნებისმიერ სააფთიაქო ქსელშია შესაძლებელი, მოხმარება კი შეუზღუდავად შეგიძლიათ. დაუშვებელია ანტიბიოტიკით თვითნებური მკურნალობა და ვიტამინების დალევა. გრიპი მხოლოდ რამდენიმე დღეს გრძელდება, ვიტამინებს კი მიღების თავისი წესი აქვს - საჭიროა, სულ მცირე, ერთთვიანი კურსის ჩატარება.
![]() |
9 გადასახადების გადახდის სიმარტივის ინდექსი 2012 |
▲ზევით დაბრუნება |
ეკონიმიკა
საქართველოში გადასახადების გადახდა გამარტივდა
ელენე კვანჭილაშვილი, მაკა გამცემლიძე
მსოფლიო ბანკმა, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ (IFC) და აუდიტორულმა საკონსულტაციო კომპანიამ - PriceWaterhouseCooper - გადასახადების გადახდის სიმარტივის 2012 წლის ინდექსი გამოაქვეყნეს. რეიტინგის მიხედვით, საქართველო 183 ქვეყანას შორის 39-ე, ხოლო ევროპის 44 ქვეყანას შორის, მე-12 ადგილზეა. საქართველოს ინდექსი მსოფლიო და ევროპის საშუალო მაჩვენებლებზე მაღალია.
კვლევა, მცირე და საშუალო ზომის ადგილობრივი კომპანიებისთვის, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გადასახადების გადახდის სიმარტივეს ზომავს. 2012 წლის კვლევა ერთმანეთს ადარებს მსოფლიოს 183 ქვეყნის საგადასახადო სისტემებს სამი დამოუკიდებელი ინდიკატორის მიხედვით: გადასახადების რაოდენობა, მათი საშუალო განაკვეთი და ბიუროკრატიულ პროცედურებზე დახარჯული დრო. მისი მიხედვით, საქართველოში სულ 4 გადასახადია. მათი საშუალო განაკვეთი 14%25-ია. საჭირო დოკუმენტების შეგროვება-შევსებას კი საშუალოდ 152 საათი სჭირდება.
გადასახადების გადახდის სიმარტივის მიხედვით, საქართველო ყველა თავის უშუალო მეზობელ ქვეყანაზე - სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი და თურქეთი - საშუალოდ 50 ადგილით წინაა. მცირე და საშუალო ზომის ადგილობრივი კომპანიები, საშუალოდ 13-ჯერ ნაკლებ გადასახადს იხდიან. ამ გადასახადების საშუალო განაკვეთი კი, მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, 74%25-ით დაბალია. გადასახადების გადახდისთვის აუცილებელი დოკუმენტაციის შეგროვება-შევსებისთვის საჭირო დროის მიხედვით, საქართველო ჩამორჩება სამ მეზობელ ქვეყანას - აზერბაიჯანს, რუსეთსა და თურქეთს.
წინა წელთან შედარებით, რეიტინგში საქართველომ 22 საფეხურით წინ წაიწია. მთავარი მიზეზი დღგ-ს გადამხდელებისთვის გადასახადების გადახდის გამარტივება და საგადასახადო დეკლარაციების ელექტრონულად შევსების სისტემის ამოქმედებაა. ეს უკანასკნელი 2012 წლის ინდექსისთვის ყველაზე დამახასიათებელი რეფორმაა: ელექტრონული დეკლარაციების სისტემა 66 ქვეყანამ დანერგა.
სამი საერთაშორისო ორგანიზაცია ინდექსს 7 წლის მანძილზე ყოველწლიურად აქვეყნებს. მოცემულ პერიოდში 60%25-ზე მეტმა ქვეყანამ გაამარტივა გადასახადების გადახდა. მსოფლიო მასშტაბით კი ამ მიმართულებით 244 რეფორმა გატარდა.
2006 წელთან შედარებით, 2011 წელს გადასახადების საშუალო განაკვეთი გლობალურად 8.5%25-ით, ბიუროკრატიისთვის საჭირო დრო 54 საათით და გადასახადების საშუალო რაოდენობა 5-ით შემცირდა.
საშუალო ზომის ადგილობრივ კომპანიას მსოფლიო მასშტაბით საშუალოდ ყოველწლიურად 28.5 გადასახადის გადახდა უწევს. თითქმის შვიდ კვირას ანდომებს გადასახადების გადახდისთვის საჭირო დოკუმენტაციის შეგროვება-შევსებას და თავისი მოგების საშუალოდ 44.8%25-ს გადასახადებში იხდის. საშუალო ზომის ადგილობრივ კომპანიებს ბიუროკრატიაზე ყველაზე ნაკლები დრო - 195 საათი - OECD-ის ქვეყნებში, ხოლო ყველაზე მეტი - საშუალოდ 382 საათი - ლათინურ ამერიკასა და კარიბის ზღვის ქვეყნებში ეხარჯებათ. კომპანიები ყველაზე მეტ გადასახადს - ყოველწლიურად საშუალოდ 38-ს - ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, ხოლო ყველაზე ცოტას - საშუალოდ 13-ს - OECD-ის ქვეყნებში იხდიან.
გადასახადების რაოდენობის განაწილება
წყარო: PwC
![]() |
10 მკაცრი ადმინისტრირებიდან ნდობის აღდგენამდე - შემოსავლების სამსახურის გამოწვევები |
▲ზევით დაბრუნება |
ეკონომიკა
გიორგი აბაშიშვილი
შემოსავლების სამსახურმა 2010 წლის ბოლოს გამოცხადებული ახალი კურსის ანგარიში გამოაქვეყნა. ის მკაცრი ადმინისტრირებიდან ლიბერალური მიდგომების დანერგვას და ამ გზით, საგადასახადო ორგანოებსა და ბიზნესებს შორის ნდობის აღდგენას ისახავს მიზნად.
ანგარიში აჩვენებს, რომ ლიბერალური მიდგომების უმეტესობა, მათ შორის, პრინციპი - Good Faith ანუ პატიოსნება (როცა გადამხდელი თავისუფლდება სანქციისგან, თუ მან შეცდომა დაუშვა და გადასახადების დამალვას არ აპირებდა); წინასწარი გადაწყვეტილება (როცა გადამხდელს უფლება აქვს, წინასწარ შეათანხმოს თამაშის წესები და დაბეგვრის რეჟიმი შემოსავლების სამსახურთან) ან სამართლიანი ადმინისტრირება (როცა საგადასახადო კონტროლის ზოგიერთი ღონისძიება საგადასახადო ორგანოს მაგივრად, შეიძლება განახორციელოს კერძო სამართლის სუბიექტმა) - ამართლებს: 2010 წელთან შედარებით, 2011 წელს შემოსავლები გაზრდილია, საგადასახადო წნეხი - შემცირებული.
თუმცა, ახალი კურსის საპრეზენტაციო და საანგარიშო ვერსიებს შორის რამდენიმე მნიშვნელოვანი განსხვავებაცაა.
2010 წლის ბოლოს, როცა ახალი კურსის შესახებ შემოსავლების სამსახურმა პირველად ამცნო მოსახლეობას, დაგეგმილი იყო რამდენიმე ახალი ინიციატივა, მათ შორის:
მცირე ბიზნესისათვის გამარტივებული საგადასახადო რეგულირების შემოღება - დადგინდა საგადასახადო შეღავათები - ბრუნვის 3%25 ან 5%25;
საგადასახადო ომბუდსმენი - ინსტიტუტი გადამხდელის ინტერესებისა და უფლებების წარმოდგენისა და დაცვისათვის, ასევე დარღვეული უფლებების აღდგენისათვის;
პირადი საგადასახადო აგენტი - აგენტი იცავს გადამხდელის ინტერესებს შემოსავლების სამსახურში, უწევს მას კონსულტაციას და ეხმარება საგადასახადო ვალდებულებების შესრულებაში;
გაფრთხილება დაჯარიმების ნაცვლად - სალარო აპარატის გამოუყენებლობის შემთხვევაში, ფულადი ჯარიმის ნაცვლად გადამხდელის მიმართ შესაძლებელია გამოიყენონ გაფრთხილება და ა.შ.
შემოსავლების სამსახურის 2011 წლის საანგარიშო ვერსიის მიხედვით, ყველა ამ პუნქტის აღსრულება ადრე დაანონსებული მიდგომებისგან განსხვავდება. მაგალითად, ახალი კურსის საპრეზენტაციო ვერსიაში აღნიშნული იყო, რომ სალარო აპარატის გამოუყენებლობის შემთხვევაში, იმოქმედებდა პრინციპი - გაფრთხილება დაჯარიმების სანაცვლოდ. თუმცა, შემოსავლების სამსახურის ანგარიშში გაფრთხილებაზე საუბარი საერთოდ არ არის: პირველადი ჯარიმის ოდენობა - 500 ლარი - იგივე დარჩა, ხოლო განმეორებითი ქმედებისთვის დაწესებული 1500 და 2500 ლარიანი სანქციები, 500 ლარამდე შემცირდა.
ანგარიში აჩვენებს, რომ კიდევ უფრო გართულდა მცირე ბიზნესისთვის განკუთვნილი შეღავათების სქემა. ტერმინოლოგიურ სიუხვეს - მიკრო და მცირე ბიზნესი, რამდენიმე ტიპის ახალი ფიქსირებული გადასახადიც დაემატა, რომლებიც ძირითადად უკვე არსებულების ალტერნატიული ვარიანტია. გაუგებარია რატომ უნდა შეეხოს შეღავათები მხოლოდ ბიზნესის ცალკეულ სეგმენტებს და რატომ არ შეიძლება შეღავათიანი გარემო ბიზნესის ყველა სეგმენტზე გავრცელდეს. ასევე, გაუგებარია ხელისუფლების ინიციატივა - საშემოსავლო გადასახადისაგან ასაკობრივი ნიშნის მიხედვით გაათავისუფლოს ახლადდასაქმებულები. უმჯობესი იქნებოდა ხელისუფლებას უკვე დიდი ხნის წინანდელი დაპირება შეესრულებინა და საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი შეემცირებინა. ასე ადმინისტრირებაც გამარტივდებოდა და მთლიანი გარემოც გაჯანსაღდებოდა. ამასთან, საქართველო კიდევ უფრო წინ წაიწევდა იმ რეიტინგებში, რომლებიც ქვეყნის მიერ გატარებულ ლიბერალურ მიდგომებს ზომავს. ეს რეიტინგები ინვესტორებისთვის სერიოზული სახელმძღვანელოა. შესაბამისად, ქვეყანაში მეტი ინვესტიცია შემოვიდოდა, რაც შემოსავლებზეც დადებითად აისახებოდა.
ანგარიშიდან კარგად არ ჩანს, იმუშავა თუ არა პირადი საგადასახადო აგენტის ინიციატივამ. მას უნდა დაეცვა გადამხდელის ინტერესები შემოსავლების სამსახურში, გაეწია მისთვის კონსულტაცია და დახმარებოდა საგადასახადო ვალდებულებების შესრულებაში. ზუსტად ამ მიზნებს ითავსებს კიდევ ერთი ახალი რგოლი - საგადასახადო ომბუდსმენი. ამიტომ გაუგებარია, რა საჭიროა ფუნქციების გადაფარვა. რეალურად, საგადასახადო კოდექსი რომ გამართული იყოს და ორმაგი ინტერპრეტაციის საფრთხეს არ შეიცავდეს, არცერთი ეს რგოლი საჭირო არ გახდებოდა.
მეორე მხრივ, შემოსავლების სამსახურისთვის დღის წესრიგიდან არ მოხსნილა ბუნდოვანი და ორაზროვანი დებულებების მინიმუმამდე დაყვანის აუცილებლობა. ეს პუნქტი ბიზნესსექტორთან თანამშრომლობის გაუმჯობესებასთან ერთად, ანგარიშის სამომავლო ღონისძიებების ჩამონათვალში მოხვდა.
![]() |
11 ქართული ოცნება |
▲ზევით დაბრუნება |
ვახტანგ მეგრელიშვილი|სვეტი
გთავაზობთ „ქართული ოცნების“ ჩემეულ ვერსიას, თუმცა არც ბატონ ივანიშვილს მოვთხოვ ჰონორარს, თუ გაიზიარებს. მგონი ჯერჯერობით ვერავინ გაიგო რას ნიშნავს „ქართული ოცნების“ მისეული ვარიანტი და როგორც იტყვიან, ბაზარზე ნიშა თავისუფალია. ვიდრე რამე კონკრეტულს გვეტყოდეს, ყველას შეგვიძლია პირადი ოცნება გავასაღოთ საერთო ეროვნულ ოცნებად. მაშ ასე, ივანიშვილი რომ ვიყო, ასე ვიფიქრებდი:
„ქართული ოცნება“ - თავისუფლება და კეთილდღეობაა.
ცოტა ვიპოპულისტებ, ერთ სიტყვას - „პასუხისმგებლობას“ გამოვტოვებ. არ უყვარს ხალხს ამ სიტყვის მოსმენა. დიდი ცოდვაც არაა, თავისუფლება გულისხმობს პასუხისმგებლობას. სხვანაირად თავისუფლება სიგიჟეა და ეს ხომ ვერ იქნება ქართული ოცნება?
კეთილდღეობა თითქოს უფრო გასაგებია - კარგი ცხოვრების მსგავსია, მაგრამ არა მხოლოდ მატერიალური თვალსაზრისით. უნდა გჯეროდეს, რომ თავისუფლების გარეშე ფუფუნებაშიც ბედნიერი ვერ იქნები. კეთილდღეობა ცოტა ბედნიერების ელემენტებსაც შეიცავს. რას იტყვით? ცუდი არ არის, აბა რისი ოცნებაა თუ ცოტა ბედნიერების ნაწილაკებიც არ ექნება?!
რას ნიშნავს თავისუფლება? განმარტება გვჭირდება.
ეს ხომ არჩევანის თავისუფლება და საკუთრების უფლებაა. არ ივარგებს თანამოქალაქეებზე ძალადობა. ხომ თავისუფალი ბაზრის წყალობით გავხდი ის, ვინც გავხდი. ხალხმა ნებით მომცა ფული იმ სიკეთის სანაცვლოდ, რაც გავუკეთე ან ვუკეთებ. ჩემი კეთილდღეობაც არჩევანის თავისუფლების შედეგია. იგივე მინდა სხვებისთვისაც.
ქართველებს ასეთი მარტივი რაღაცები წესით უნდა ესმოდეთ და ზედმეტი ჩიჩინის გარეშეც დაიჯერონ. ნუთუ აქამდე არ სჯეროდათ? საერთოდ რა პრობლემა აქვთ? თავისუფლება აკლიათ. ვიღაც მათ ნაცვლად არასწორ გადაწყვეტილებებს ირჩევს და კეთილდღეობასაც ამიტომ ვერ მიაღწიეს.
ხელშეკრულება უნდა დავუდო. თუ ძალაუფლებას მომცემენ, მათი არჩევანის თავისუფლებას დავიცავ, კეთილდღეობა ჩემი საქმე არ არის, თვითონ შექმნან. პასუხისმგებლობას ავიღებ სახელმწიფო მანქანა ისე დავაპატარაო, რომ თავისუფალ არჩევანში ხელი ვერ შეუშალოთ, ოღონდ მათაც უნდა მოაწერონ ხელი, რომ თანამოქალაქეებზე ძალადობას არ მოითხოვენ. იქნებ ამ ხელშეკრულებას კონსტიტუცია დავარქვათ და დიდი ტირაჟით დავბეჭდოთ?
არჩევანი თავისუფალი იქნება თუ სახელმწიფოს არ ექნება მათი შეზღუდვის უფლება. გამოდის, რომ მხოლოდ ისეთი რამეები უნდა ვაკეთო, რასაც ეს ხალხი თვითონ ვერ იზამს. რას არ უნდა დავპირდე, ოცნების პრინციპს რომ არ შევეწინააღმდეგო?
ეს სახელმწიფო ბევრ ფულს ართმევს ადამიანებს იმაშიც კი, რაშიც ისინი თავადაც მშვენივრად ერკვევიან. „შპარგალკად“ 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს გამოვიყენებ.
მაგალითად - განათლება და კულტურა. როგორ შეიძლება ამ ბიზნესების დასაფინანსებლად ხალხს ფულს სძალავდნენ? ჩვენი ოცნების მთავარ პრინციპს 100%25-ით ეწინააღმდეგება. რომელ სპექტაკლში, ვისი დაწერილი წიგნის წაკითხვაში და ვისი სურათის ნახვაში გადაიხდიან ფულს, თვითონ გაარკვევენ. შეიძლება, მომავალი თაობა როგორ გავზარდოთ, ამას ჩინოვნიკები ადგენდნენ? თანაც სავალდებულო განათლებაო? სადაა არჩევანის თავისუფლება? ასე არც კეთილდღეობას უნდა ველოდეთ. 600 მილიონი თვითონ დაიტოვონ და შვილებსაც თავად მიხედონ. სახელმწიფო მამა კი არა, ბიუროკრატების კორპორაციაა, შვილებზე მშობლებმა იზრუნონ.
ეკონომიკა - როგორ შეიძლება ეკონომიკა იმართებოდეს? ნონსენსია. მსოფლიოში ყველაზე წარმატებულ გამყიდველების ჯგუფს დავიქირავებ და თუ რამეა დარჩენილი სახელმწიფოს საკუთრებაში, იმასაც გვარიან ფასად გავაყიდინებ. არც ახლადაშენებულ პრეზიდენტის სასახლეს და პარლამენტის შენობებს დავტოვებ. ვინც უკეთეს პირობებს შემოგვთავაზებს, იმისგან ვიქირავებთ საოფისე ფართებს. ამაშიც ხალხს კარგა ბლომად ფული დაეზოგება.
სოფლის მეურნეობას, სახელმწიფო ტელევიზიას, ადგილობრივ ხელისუფლებას, სპორტს, ინფრასტრუქტურას, ბიუროკრატიას ღარიბებისათვის წართმეული ფულით აფინანსებდე, სირცხვილია. არა, ეს ჩვენი ოცნება ვერ იქნება. უამრავი შესაძლებლობა ყოფილა თავისუფლების გასაზრდელად.
ერთი ხელის მოსმით შეგვიძლია, წელიწადში დავზოგოთ ბიუჯეტის დაახლოებით ნახევარი, ოთხი მილარდი ლარი და ეს მხოლოდ დასაწყისია.
ყველაფერი ასე მარტივად არ გამოვა. ამ ქვეყანაში მოხუცები ცხოვრობენ, ზოგიერთს შვილები არ ჰყავს, მათ ახალგაზრდობაში ოცნება ვერ აუხდათ. თავისუფლები არ იყვნენ, თან ბევრჯერ დააყაჩაღეს სხვადასხვა ჯურის მთავრობებმა. დახმარება სჭირდებათ. ჩემთვის ნათელია, რომ მათი დახმარება რელიგიურმა და საქველმოქმედო ორგანიზაციებმა უნდა გადაიბარონ, მაგრამ საზმაუსავით ერთი ხელის მოსმით ამ პრობლემას ვერ გადავწყვეტთ.
საგზაო ინფრასტრუქტურის, პოლიციის და სასამართლოს გაყიდვის მოფიქრებას, კარგი სპეციალისტები და დრო უნდა. გეცოდინებათ, ფული საკმაოდ მაქვს და ყველაზე ძვირადღირებულ სპეციალისტებს ვაწყებინებ ამ საკითხებზე მუშაობას.
ფულის გაუფასურების პრობლემების თავიდან ასაცილებლად, გავაუქმებ კანონს, რომელიც ლარს ერთადერთ გადახდის საშუალებად აცხადებს. მერე ეროვნული ბანკის ქონაც უაზრობა იქნება. თავისუფალი ხალხი თვითონ მშვენივრად მიხვდება მწვანე დოლარიანი ჯობია თუ მოვარდისფრო ევრო. ან იქნებ ორივე ნაგავია და ვინმე ინოვატორი საქმოსანი ოქროს და ვერცხლის ქართულ ფულს დააბრუნებს ბაზარზე ქაღალდის ფულის ნაცვლად. ხელოვნური ინფლაციის პრობლემაც სამუდამოდ ისტორიას ჩაბარდება.
ამ ყველაფერს შემდეგ, ოცნებაც მთლად ოცნება აღარ იქნება და რეალობას დაემსგავსება. ერთ წელიწადში გადასახადები განახევრდება. ჩინოვნიკების მიერ საკუთარი არსებობის გასამართლებლად მოგონილი უაზრო შეზღუდვების გაუქმება დავამატოთ და ახალი ზელანდიის, ტაივანის, სინგაპურის, ჩინეთის და ინდოეთის კონკურენტები ვიქნებით ინვესტიციების მოზიდვის საქმეში. შვილების თავდებობით ფულს აღარ ვისესხებთ, სხვა მთავრობების მიერ შევიწროებული ბიზნესმენები ბევრად მეტს საკუთარი ნებით მოიტანენ.
პროსტიტუციის და ნარკოტიკების ლეგალიზაციაზეც უნდა მოვაწერინო ხალხს ხელი. ვიცი, არ მოეწონებათ. არც მე მომწონს, მაგრამ საკუთრების უფლებას რა ვუყო? სხეული თუ არაა კაცის საკუთარი, მაშინ ბიზნესის ან სახლის საკუთრება ხომ საკუთრების კონცეფციის პროფანაციაა. უნდა ავუხსნა, რომ ორმაგი სტანდარტით შორს ვერ წავალთ, მორალურ ღირებულებებს უმრავლესობა უმცირესობას ძალით თავზე ვერ მოახვევს. თუ პრობლემად ჩათვლიან, სხვა გზები ეძებონ, ახლა ეკლესია მახსენდება, შეიძლება სხვა საშუალებაც გამოიყენონ. ბოლოს და ბოლოს, საკუთარ ქმედებაზე ყველამ თავად აგოს პასუხი. ასეთ კომპრომისზე თუ წავალ, პანდორას ყუთი გაიხსნება და მაშინ ჩვენს ოცნებასაც უნდა დავემშვიდობოთ.
რაც ყველამ ერთად უნდა ვაკეთოთ, ჩვენი თავისუფლების გარეშე მტრებისგან დაცვაა. ჩვენი კეთილდღეობის შემხედვარე, მტერიც შეიძლება უფრო გაგვიმრავლდეს ან გაგვიავდეს. უმრავლესობა ნებაყოფლობითაც გადაიხდიდა ამ საქმისთვის ფულს. ფულს კი არა, თავისუფლების დასაცავად სიცოცხლესაც არ დაიშურებენ. ვიცოდით თურმე ადრე ეს საქმე ქართველებმა. ისე, უსაფრთხოება გვარიანი ფული ღირს და ყველამ თანაბრად უნდა გადავიხადოთ. ამ საქმეში იძულებაც არ არის ალბათ დასაძრახი, ჩვენ ხომ თავისუფლების, წარმატების და წარუმატებლობის თანაბარი შესაძლებლობებით ერთნაირად ვისარგებლებთ. ამისთვის იმაზე მეტსაც გადავიხდით, ვიდრე აქამდე ვიხდიდით და გვემეტებოდა.
რა გამოდის, მთელი საქმე გარდამავალი პერიოდის მენეჯმენტი ყოფილა, მერე კი მხოლოდ თავდაცვა და ქვეყნის წარმომადგენლობითი ფუნქციის შესრულება რჩება? არც ისე ცოტაა. მშვენიერი ოცნება გამოვიდა ჩემი აზრით - გაყიდვაზე პოლიტიკური მარკეტინგის საუკეთესო სპეციალისტები დღე და ღამე მუშაობენ.
![]() |
12 ირანი - საუბარი ომზე |
▲ზევით დაბრუნება |
ფოკუსი
დევიდ ჯ. სმიტი
შესაძლოა, ირანი დასავლეთთან კონფრონტაციისკენ მიექანება, მაგრამ ამ წუთისთვის ომზე საუბარი ნაადრევია. ნებისმიერი მოსაზრება, თითქოს ვაშინგტონი და თბილისი რაღაც თავდასხმას გეგმავენ, უბრალოდ, ტყუილია. ყველაფრის მიუხედავად, სიტუაცია სერიოზულია - ის დრო, როდესაც ომზე საუბარი ნაადრევი ჩანს, შეიძლება სწრაფად გავიდეს. შესაბამისად, 2012 წელი უმნიშვნელოვანესი წელია. ირანი კი თბილისიდან ისევე ახლოა, როგორც სოჭი - ამიტომაც, ეს ყველაფერი საქართველოსთვის მნიშვნელოვანია. მთავარი პრობლემა, რასაკვირველია, რეჟიმია, რომელიც ირანის ისლამურ რესპუბლიკას ამჟამად მართავს. რეჟიმი, რომელსაც რევოლუციის მისეული ბრენდის ექსპორტირება სურს; ტერორისტულ ორგანიზაცია ჰეზბოლას რეგულარულად ეხმარება, ხოლო ჰამასს - არარეგულარულად; ნებისმიერ სახელმწიფოს, რომელიც აიათოლების მსგავსად არ აღიქვამს მოვლენებს, ემუქრება; ერაყისა და ავღანეთის საქმეებში ერევა; ახლო აღმოსავლეთში არეულობებს უწყობს ხელს. ეს ბოლო ამბოხებების დროსაც სცადა, რომლებსაც „არაბული გაზაფხული“ ეწოდა. სულ ცოტა ხნის წინ, ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი ამერიკის მეზობლად გამომწვევად მოქცევასაც არ მოერიდა - ვენესუელას, ნიკარაგუას, კუბასა და ეკვადორს ეწვია. ამ ყველაფერთან ერთად, ირანი ბირთვული იარაღის შექმნას ცდილობს.
ასეთი რეჟიმის ხელში ბირთვული იარაღი პრობლემას წარმოადგენს. ფანტაზიის დიდი უნარი არ სჭირდება იმის წარმოდგენას, როგორ გააძლიერებს ბირთვული იარაღი თეირანს. თუ აქამდე მსოფლიო ერიდებოდა და არ ჩქარობდა ირანთან კონფრონტაციას, ადვილი წარმოსადგენია, როგორ შეაშინებს მას ირანის რეაქტიული რაკეტის ან მის მიერ დაფინანსებული ტერორისტების ხელში ატომური ბომბის პერსპექტივა.
არ გეგონოთ, რომ როდესაც დასავლეთი, შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით, ვერ ახერხებს ირანის ბირთვული ამბიციების მოთოკვას, რეგიონის სხვა სახელმწიფოები - თურქეთი, საუდის არაბეთი, ეგვიპტე - არ ფიქრობენ საკუთარ ბირთვულ შესაძლებლობებზე. არასტაბილურ ახლო აღმოსავლეთში ეს კატასტროფის რეცეპტი იქნება.
ამ საფრთხის სიმწვავესა და რეალურად დადგომის დროის თაობაზე, წლების განმავლობაში უთანხმოების შემდეგ, შეერთებული შტატები, ევროკავშირი და სხვა თანამოაზრე სახელმწიფოები საერთო დასკვნამდე მივიდნენ. ირანის ბირთვული იარაღის საფრთხე სერიოზული და გარდაუვალია. გაანგარიშებები, თუ როდის შექმნის ეს ქვეყანა ბირთვულ იარაღს, ცხრა და თხუთმეტ თვეს შორის მერყეობს - ამიტომ 2012 წელი ამ მხრივ უმნიშვნელოვანესია.
შესაბამისად, ეს წელიწადი დაძაბულად დაიწყო. ომის თავიდან აცილების სურვილით მოტივირებულმა დასავლეთის სახელმწიფოებმა, ირანზე სანქციები გაამკაცრეს. 2011 წლის 29 დეკემბერს, ირანის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, მოჰამედ რეზა რაჰიმი სანქციების გამკაცრებას მუქარით გამოეხმაურა: „ერთი წვეთი ნავთობი არ გაივლის ჰორმუზის სრუტეში“. ეს სტრატეგიული მნიშვნელობის სრუტე სპარსეთის ყურეს ომანის ყურესთან, არაბეთის ზღვასა და ინდოეთის ოკეანესთან აკავშირებს.
ჰორმუზის სრუტე ყოველდღიურად 17 მილიონ ბარელ ნავთობს (მსოფლიოს ზღვით გადაზიდული ნავთობის ერთი მესამედი) ატარებს არა მარტო ირანიდან, არამედ მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ნავთობმწარმოებელი საუდის არაბეთიდან, ერაყიდან და სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნებიდან. ირანის მუქარას პენტაგონმა უპასუხა, რომ „ჰორმუზის სრუტით გემების გატარების ხელის შეშლას არ დაუშვებს“.
3 იანვარს ამერიკის ავიამზიდი, USS Stennis, სპარსეთის ყურიდან გამოვიდა. ირანის არმიის გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა, ატოლა სალეჰიმ კი ვაშინგტონს მწარედ უკბინა: „ამერიკის სამხედრო გემს, რომელიც ჰორმუზის სრუტის გავლით ომანის ყურეში გავიდა, ვურჩევთ, სპარსეთის ყურეში არ დაბრუნდეს“.
მაჰმუდ აჰმადინეჟადი და უგო ჩავესი
თითქმის სამი კვირის შემდეგ, აშშ-ის კიდევ ერთი ავიამზიდი, USS Lincoln-ი, ბრიტანეთის და საფრანგეთის სამხედრო ხომალდების თანხლებით, ყურეში შევიდა. ახლა ირანი არა მარტო ავიამზიდ Lincoln-ის საბრძოლო შემადგენლობის, არამედ მეორე, ავიამზიდ USS Vinson-ის საბრძოლო შემადგენლობის წინაშე აღმოჩნდა. მეტიც, ამერიკა მე-5 ფლოტის მთავარ ბაზას მანამაში (ბაჰრეინი) ინარჩუნებს - რასაც სპარსეთის ყურის სხვა სახელმწიფოები მიესალმებიან.
ასეთ ვითარებაში ირანის „მწარე კბენა“ სულელურად მოჩანს. არანაკლებ სულელური, თუმცა სახიფათო ქცევაა ირანის რევოლუციის მცველებით დაკომპლექტებული მცირე ზომის, სწრაფი გემებით დასავლეთის სამხედრო ხომალდების სიახლოვეს ცურვა. არც 2007 წელს ბრიტანეთის სამხედრო ხომალდის დაკავების მსგავსი მცდელობა შეიძლება გამოირიცხოს. მიუხედავად დასავლეთის ფლოტის თავშეკავებისა, ყურეში შეტაკება მაინც შესაძლებელია. ირანი კი ჯიუტად აგრძელებს თავის ბირთვულ პროგრამას.
მომავალ საფრთხეზე საუბრები მთელ მსოფლიოში ისმის. მასაჩუსეტსის ყოფილმა გუბერნატორმა და საპრეზიდენტო არჩევნებზე რესპუბლიკელების სავარაუდო კანდიდატმა, მიტ რომნიმ, განაცხადა, რომ ირანის მცდელობა, გადაკეტოს ჰორმუზის სრუტე, „საომარ მოქმედებად ჩაითვლება“ და ამომრჩეველს დაჰპირდა, რომ „მიტ რომნის არჩევის შემთხვევაში, ირანს ბირთვული იარაღი არ ექნება“. მეორე კანდიდატი, წარმომადგენელთა პალატის ყოფილი სპიკერი ნიუტ გინგრიჩი, დაეთანხმა, მისი აზრით, სამხედრო მოქმედების გარდა სხვა ალტერნატივა, ალბათ, არ იქნება.
თუმცა, ორივე კანდიდატი თანხმდება, რომ ჯერ ყველა სხვა ზომაა მისაღები. ოფიციალური ვაშინგტონის პოზიცია კი შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარემ, არმიის გენერალმა მარტინ დემპსიმ, ისრაელში ბოლო ვიზიტიდან დაბრუნების შემდეგ გამოხატა. „ვფიქრობ, - განაცხადა გენერალმა, - საუბარი, რომ ეკონომიკური და დიპლომატიური მიდგომა არაადეკვატურია, ნაადრევია“.
გასაკვირი არ არის, რომ ისრაელში უწყვეტად კამათობენ იმაზე, თუ როგორ უნდა შეჩერდეს ბირთვული იარაღის შექმნისაკენ ირანის სწრაფვა. თუმცა ისრაელში ამაზე საუბარს ნამდვილად კამათის ხასიათი აქვს და არა თავდასხმისკენ სწრაფვისა, როგორც ამას ხშირად სხვა ქვეყნები წარმოაჩენენ. ამ ქვეყანაში, ზოგის აზრით, ირანზე თავდასხმა, შესაძლოა, ეგზისტენციური საჭიროება იყოს - თეირანის მხრიდან შურისძიების საფრთხე გაზვიადებულია და რომ, ნებისმიერ შემთხვევაში, საშიშროება მხოლოდ გაიზრდება, თუ ირანი ბომბს შექმნის. თუმცა ზოგი ფიქრობს: შეუძლია კი ქვეყანას ეფექტიანი დარტყმების განხორციელება, დაეხმარება თუ არა მას ამერიკა და ამოწურულია თუ არა ყველა სხვა შესაძლებლობა. 18 იანვარს, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ეჰუდ ბარაქმა, თქვა, რომ ომის შესაძლებლობის განხილვა ჯერჯერობით „შორეული პერსპექტივაა“.
გაუთვალისწინებელი მოვლენების თავიდან ასაცილებლად, დასავლეთის ქვეყნები, როგორც ჩანს, ირანზე ზეწოლას მთელი 2012 წლის განმავლობაში გააგრძელებენ; შეხედავენ, მოიტანს თუ არა სანქციები რაიმე შედეგს. ამ თვალსაზრისით, ევროკავშირმა ახლახან უპრეცედენტო სანქციები დაამტკიცა - აკრძალა ირანული ნავთობის ტრანსპორტირება, შესყიდვა თუ იმპორტი და გაყინა ამ ქვეყნის ეროვნული ბანკის ის აქტივები, რომლებსაც ევროპაში ფლობს.
ევროკავშირი ამჟამად ირანის ნავთობის ექსპორტის 18%25-ის იმპორტიორია.
ინდოეთმა და ჩინეთმა, შეიძლება, ირანის ის ნავთობი იყიდოს, რომლის იმპორტზეც ევროკავშირი ამბობს უარს. ამასობაში, პეკინი და მოსკოვი ყველაფერს აკეთებენ დასავლეთის სანქციების ხელის შესაშლელად. ირონიულია, მაგრამ ირანის წაქეზებით - შეეწინააღმდეგოს სანქციებს - ამ ქვეყნებმა შეიძლება ის შედეგი მოიმკან, რისი თავიდან აცილებაც, მათივე განცხადებით, სურთ. ეს, ალბათ, წლის ბოლოსთვის გვეცოდინება.
![]() |
13 ხვალ იყო ომი |
▲ზევით დაბრუნება |
ტაბულა|ფოკუსი
ბირთვული ირანი
თამარ ჩერგოლეიშვილი
„თქვენ გვერდზე გადექით, ჩვენ გვაცალეთ“, - ასე უთხრა ისრაელის წარმომადგენელმა შეშფოთებულ შეერთებულ შტატებს, ირანზე მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ, - ვკითხულობთ Washington Post-ის წერილში, რომელიც 2 თებერვალს გამოქვეყნდა და ობამას ახალი თავსატეხის შესახებ გვამცნო.
ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ხამენეი
როგორც ირკვევა, ამერიკის თავდაცვის მდივანი, ლეონ პანეტა აპრილში, მაისში ან ივნისში, ისრაელის მიერ ირანზე დარტყმას ვარაუდობს - ბინიამინ ნეთანიაჰუს მთავრობა შიშობს, რომ თუ უახლოეს მომავალში არ ჩაერია, ირანის ბირთვულ სახელმწიფოდ ქცევა გარდაუვალი გახდება. ისლამური რესპუბლიკის მიერ ურანის გამდიდრების პროცესი ისეთ ფაზაში შევა, რომ შეერთებული შტატების გარდა, ვერცერთი ქვეყანა ვეღარ შეაჩერებს. ისრაელს კი არ სურს, საკუთარი ბედი ობამას ადმინისტრაციას მიანდოს.
ომის საფრთხემ საქართველოს მოსახლეობაც ააღელვა. ეს კანონზომიერია, თბილისიდან ირანის საზღვრამდე არცთუ შორია - სულ რაღაც 700 კილომეტრი.
ამ ფონზე, ობამა-სააკაშვილის შეხვედრამ კონსპიროლოგებს დამატებითი სტიმული მისცა, ქართველი ერის საზარბაზნე ხორცად ქცევაზე ნაირ-ნაირი შეთქმულების თეორია აეგო. მგზნებარე მამულიშვილებმა ფარდა ახადეს ხელისუფლების მზაკვრულ გეგმას და გამოააშკარავეს ახალი, კომფორტული საავადმყოფოების რეალური დანიშნულება. მალე, ალბათ კოპიტნარის აეროპორტის რეაბილიტაციის ჭეშმარიტ მიზანსაც შევიტყობთ - აქ მფრინავი სპილოების ესკადრილია განლაგდება.
მაგრამ სერიოზულად თუ ვიმსჯელებთ, ცხადია, გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით, ირანში მიმდინარე საომარი მოქმედებები გარკვეული დოზით ჩვენც შეგვეხება - არ უნდა გამოვრიცხოთ შეერთებული შტატებისა და ისრაელის მოქალაქეებისა და ობიექტების წინააღმდეგ მიმართული ტერორისტული აქტების საფრთხე. ამის დასტურად აზერბაიჯანში ირანის სპეცსამსახურების მიერ რამდენიმე კვირის წინ ისრაელის ელჩის მკვლელობის მცდელობის ფაქტიც გამოდგება.
ზოგიერთი დამატებით პრობლემად მიიჩნევს ირანსა და საქართველოს შორის უვიზო რეჟიმს, რომელიც 2010 წლიდან მოქმედებს. მაგრამ, რეალურად, სავიზო რეჟიმის გამკაცრება შესაძლო საფრთხეს ვერ გაანეიტრალებს. ვიზა მხოლოდ მიგრაციის კონტროლს ემსახურება და პოტენციური ტერორისტებისგან ვერ დაგვიცავს - ამისთვის სპეციალური სამსახურები არსებობს.
შესაძლოა, უფრო შორს მიმავალი შედეგიც დადგეს. ირანს შეუძლია, მასზე თავდასხმის პასუხად, ჰორმუზის სრუტეზე გამავალი სავაჭრო გზის პარალიზება სცადოს, რომლის მეშვეობითაც ახლოაღმოსავლური ნავთობი დანარჩენ სამყაროს მიეწოდება. არ უნდა გამოირიცხოს დივერსიები მეზობელი ქვეყნების ნავთობის საბადოებზე. ეს ნავთობის ფასს მკვეთრად გაზრდის, რაც მსოფლიო ეკონომიკაზე აისახება - იხეირებენ ისეთი ავტორიტარული ნავთობმომპოვებელი ქვეყნები, როგორიცაა რუსეთი და ვენესუელა. ვარაუდობენ იმასაც, რომ ირანზე შეტევა მუსლიმური სამყაროს რადიკალიზებას გამოიწვევს. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ შიიტურ ირანსა და მის სუნიტურ მეზობლებს შორის ისტორიული ანტაგონიზმიდან გამომდინარე, ამ რადიკალიზებას შეზღუდული ეფექტი ექნება - მართალია, სახალხო მასები მხარდაჭერას გამოუცხადებენ, მაგრამ სუნიტი მმართველები ნიანგის ცრემლებით შემოიფარგლებიან.
დღეს, შეერთებული შტატების ხელისუფლება ირანთან სამხედრო დაპირისპირების კატეგორიული წინააღმდეგია. თუმცა აშკარაა, რომ თუ ისრაელმა დაარტყა და ირანმა უპასუხა, წინასაარჩევნო პერიოდში ამერიკის პრეზიდენტს ძალიან გაუჭირდება „გვერდზე გადგომა“ - მართალია, ებრაელთა ხვედრითი წილი ამერიკის მოსახლეობის დაახლოებით 2%25-ია, მაგრამ მერყევ შტატებში მათ ხმებს კრიტიკული მნიშვნელობა აქვს. მით უმეტეს, რომ რესპუბლიკელები ირანის თემას აქტიურად იყენებენ თავიანთ კამპანიაში. ებრაელი ამომრჩევლის მხარდაჭერის გარდა, ობამას ხელმეორედ არჩევის შანსებზე დიდ გავლენას მოახდენს ის, თუ როგორ აისახება ნავთობმომპოვებელ რეგიონში სამხედრო კონფლიქტი ამერიკის ეკონომიკაზე. შესაბამისად, თეთრი სახლის ამჟამინდელი რეზიდენტი რთული ამოცანის წინაშე დგას - თუ საომარი მოქმედებების თავიდან აცილება სურს, მან ისრაელს სამხედრო იერიში როგორმე უნდა გადააფიქრებინოს.
კომენტატორები ვარაუდობენ, რომ ლეონ პანეტას მიერ, მოკავშირე ისრაელის გეგმების გამჟღავნება სწორედ ამ მიზანს ემსახურება - ამერიკის ხელისუფლება ისრაელისგან დისტანცირებას ახდენს და, ამავდროულად, აფრთხილებს მას, რომ თუ განზრახვაზე ხელს არ აიღებს, მის გეგმებს საჯაროს გახდიან. სხვა შემთხვევაში, რატომ უნდა მოსვლოდა თავში აზრად შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანს მოკავშირე სახელმწიფოს შესაძლო მოქმედებების შესახებ ინფორმაციის გავრცელება, თანაც დროის მითითებით? არიან ისეთებიც, ვინც მიიჩნევს, რომ ეს ყველაფერი ბლეფია ირანის შესაშინებლად, თუმცა ეს ვარაუდი, ირანის პოლიტიკის გათვალისწინებით, დამაჯერებლად არ გამოიყურება.
Washington Post-ის მიხედვით, შეერთებული შტატების ხელმძღვანელობა ცდილობს დაარწმუნოს ისრაელის ხელისუფლება, რომ ჯერ კიდევ არ ამოწურულა მშვიდობიანი რესურსი პრობლემის გადასაჭრელად და ირანს სანქციებს უმკაცრებს. თუმცა ამ მიდგომის სუსტი მხარე ის არის, რომ ისლამური რესპუბლიკის ეკონომიკა და მოსახლეობა ზარალდება, მაშინ როდესაც თავად ბირთვული პროგრამის განხორციელება არ ფერხდება.
ისრაელში ომის პერსპექტივას არ უარყოფენ. ისინიც კი, ვინც ადრე ირანთან პირდაპირ სამხედრო კონფრონტაციას არ ემხრობოდა, დღეს ზომების მიღების აუცილებლობაზე საუბრობს - „არ ვარ დარწმუნებული, რომ როდესაც მომენტი დადგება, ჩვენ მარტო არ აღმოვჩნდებით. სწორედ ამიტომ, ისრაელმა თავის თავს უნდა მიხედოს“, - განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების ყოფილმა სარდალმა გაბი აშკენაზიმ, რომელიც მანამდე ირანზე შეტევის მოწინააღმდეგედ ითვლებოდა.
ისრაელი თვლის, რომ ცაიტნოტშია. საქმე ისაა, რომ ირანი ურანს სხვადასხვა ადგილას ამდიდრებს, ხოლო შემდეგ ქომის პროვინციაში, მთის ქვეშ განთავსებულ ბუნკერში ინახავს. ისრაელს, ამერიკისგან განსხვავებით, არ აქვს ისეთი ჭურვები, რომლებიც ბუნკერში ჩააღწევს - ითხოვს და არ აძლევენ. ამიტომ იმ ადგილების დაბომბვას გეგმავს, სადაც გამდიდრება ხდება - სხვა შემთხვევაში, ირანი საკმარის ურანს დააგროვებს ქომის ბუნკერში, იარაღის დასამზადებლად და შემდეგ უკვე, ისრაელი ვერაფერს დააკლებს.
ირანული რაკეტა „ქადერი”
Washington Post-ზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ისრაელი მოკლევადიან სამხედრო ოპერაციას გეგმავს. ექსპერტთა უმეტესობა თანხმდება, რომ ისრაელს, მხოლოდ საკუთარი ძალებით, ირანის ბირთვული პროგრამის ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრის საშუალება არ გააჩნია და მხოლოდ დროს მოიგებს. ირანი რამდენიმე წელიწადში ზიანის აღმოფხვრას მოახერხებს და ატომური იარაღის შექმნას განაგრძობს. ისრაელს ეჭვი ეპარება, რომ ისლამური რესპუბლიკა ფართომასშტაბიან შურისძიებას შეძლებს. ვარაუდობენ, რომ ირანი პასუხად ჰეზბოლას, ჰამასს და სხვა ტერორისტულ ორგანიზაციებს წააქეზებს. ნეთანიაჰუს მთავრობა მიიჩნევს, რომ ამ ჯგუფებს საკმარისი შეიარაღება აქვთ იმისთვის, რომ ებრაული სახელმწიფოს მსხვერპლმა ხუთასს მიაღწიოს.
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბინიამინ ნეთანიაჰუ
ისრაელის მოქმედებების განსასჯელად, მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ ბირთვული ირანი ებრაელი ერის ყოფნა-არყოფნის საკითხია. ირანის რეჟიმი თავის წმინდა მოვალეობად მიიჩნევს სიონისტთა განადგურებას და ამის შესახებ დაუფარავად საუბრობს. „სიონისტური რეჟიმი კიბოა, რომელიც უნდა მოიკვეთოს და მოიკვეთება კიდეც“, - განაცხადა რამდენიმე დღის წინ აიათოლა ხამენეიმ. ეგზისტენციალური საფრთხის შედეგები ებრაელებმა საკუთარ თავზე იწვნიეს ჰოლოკოსტის შედეგად. როგორც ამერიკელი კომენტატორი, ჩარლზ კრაუტჰამერი აღნიშნავს: “ებრაელებს მსგავსი მუქარა ესმოდათ 60, 80 წლის წინათაც, მაგრამ მაშინ, მსოფლიომ ეს არ დაიჯერა. ამჯერად, ისინი აღარ გარისკავენ… ირანზე შეტევაც უზარმაზარი რისკია. მაგრამ, ამის ასახსნელად საჭიროა ებრაელთა მენტალიტეტი გავიაზროთ. 1967 წლის მაისში ისრაელი მტრებით იყო გარშემორტყმული და სრულიად მარტომ გადაწყვიტა შეეტია ეგვიპტის საჰაერო ძალებისთვის… შეტევა წარმატებული აღმოჩნდა, ისრაელმა [ექვსდღიანი] ომი მოიგო…“
მაშინ როდესაც მთელი მსოფლიო შეშფოთებულია, ებრაულ სახელმწიფოში პანიკის ნიშანწყალი არ იგრძნობა. ისრაელის მთავრობა ცივი გონებით ანგარიშობს რა იქნება უკეთესი მათი სახელმწიფო ინტერესებისთვის.
„ომი ბოროტებაა, - ამბობს ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიკოსი ნიალ ფერგუსონი, - მაგრამ პრევენციული ომი შესაძლოა ნაკლები ბოროტება აღმოჩნდეს, ვიდრე დაშოშმინების პოლიტიკა… ბირთვული ირანი ყველას ძვირი დაგვიჯდება“.
![]() |
14 ფოტოესე |
▲ზევით დაბრუნება |
დიდთოვლობა ევროპაში
კოლიზეუმი, რომი, იტალია
![]() |
15 ახალი დიდი თამაში |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო
ამერიკა და ჩინეთი
ანი ჩხიკვაძე
დიდი თამაში მე-19 საუკუნეში ბრიტანეთისა და რუსეთის იმპერიებს შორის დაწყებულ მეტოქეობას ეწოდება, რომელმაც მე-20 საუკუნის პირველ მესამედამდე გასტანა. დაპირისპირების არეალი ცენტრალურ აზიას, სპარსეთსა და ავღანეთს მოიცავდა. რუსეთი ინდოეთის ოკეანეზე გასვლას ცდილობდა, ბრიტანეთს კი არ სურდა უმთავრესი კოლონიის დაკარგვა. შემდგომში ტერმინი მოცემულ რეგიონში დიდი ქვეყნების ინტერესების შეჯახების სინონიმად იქცა.
ბოლო 30 წლის მანძილზე, ჩინეთის გიგანტური ტემპებით, ინდოეთისა და აზიის მცირე ზომის სახელმწიფოების ეკონომიკური აღმავლობის ფონზე, მსოფლიოს პოლიტიკურმა ცენტრმა, ნელ-ნელა ატლანტიდან წყნარი ოკეანისკენ გადაინაცვლა. 21-ე საუკუნის ე.წ. ახალ დიდ თამაშში, მთავარ როლებს ამერიკა და ჩინეთი ითამაშებენ. ამერიკა ავღანეთში ტერორიზმთან ბრძოლას 2014 წელს დაამთავრებს და სამხედრო ბიუჯეტს მომავალ 10 წელიწადში 400 მილიარდი ამერიკული დოლარით შეამცირებს. პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ საგარეო პოლიტიკურ ყურადღებას აღმოსავლეთ აზია-წყნარი ოკეანის რეგიონისკენ გადაიტანს.
სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია
სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია ჩინეთ-ამერიკის კონკურენციის უპირველესი არენა იქნება. ჩინეთი თავისი გავლენის განვრცობას, პირველ რიგში, სწორედ ამ რეგიონში შეეცდება. მეორე მხრივ, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მდებარე მალაკის სრუტე მსოფლიოს უმსხვილესი სავაჭრო კვანძია - გლობალური ვაჭრობის მოცულობის 40%25 (ჩინური ნავთობიმპორტის ჩათვლით) სწორედ აქ გადის. სავაჭრო წრებრუნვა 5.5 ტრილიონ დოლარს აღწევს, რომლის 20 პროცენტზე მეტი ამერიკაზე მოდის.
ამერიკა დაინტერესებულია რეგიონში საზღვაო სავაჭრო ხაზების თავისუფლებითა და უსაფრთხოებით, პოტენციური საფრთხე კი ჩინეთია. 2011 წელს ამერიკელებმა გააღრმავეს სამხედრო თანამშრომლობა ფილიპინებთან, ავსტრალიას კი დაახლოებით 2,500 ამერიკელი ჯარისკაცისა და ავიაციის განლაგებაზე შეუთანხმდნენ. მათ უკვე აქვთ მსხვილი სამხედრო ბაზები იაპონიაში, სამხრეთ კორეასა და ინდოეთის ოკეანეში მდებარე კუნძულ დიეგო გარსიაზე.
ჩინეთის ნავთობის იმპორტის ნახევარზე მეტი მალაკის სრუტეზე მოდის. ქვეყანას სპრატლის კუნძულებსა და მის ბუნებრივ რესურსებზეც აქვს პრეტენზია, რასაც რეგიონის სხვა სახელმწიფოები არ ეთანხმებიან. ჩინეთი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და ინდოეთის ოკეანეში გავლენის განმტკიცებას ე.წ. მარგალიტების მწკრივით ცდილობს. პეკინი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სანაპიროებიდან აფრიკამდე პორტების მშენებლობას აფინანსებს.
სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია ინდოეთისა და იაპონიის ყურადღებასაც იქცევს. ორივე ქვეყანას რეგიონი ეკონომიკური შესაძლებლობების გამო აინტერესებს. ისინი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებთან (ავსტრალიის ჩათვლით) და სამხრეთ კორეასთან ამერიკის მოკავშირეებად მოიაზრებიან.
ჩინეთის მთლიანმა შიდა პროდუქტმა 2010 წელს იაპონიისას გადააჭარბა. 2010 წლის მიხედვით, ამ ქვეყნის ნომინალური მშპ, მსოფლიო ბანკის მონაცემებით, დაახლოებით 6 ტრილიონი ამერიკული დოლარი იყო, იაპონიისა - 5.5, ინდოეთის, სამხრეთ კორეის, ავსტრალიისა და ინდონეზიის ერთად აღებული კი - 4.4 ტრილიონი.
ჩინეთი, მოსახლეობის მიხედვით, მსოფლიოს უდიდესი ქვეყანაა 1.3 მილიარდზე მეტი ადამიანით. მას ინდოეთი დაახლოებით 120 მილიონით ჩამორჩება. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სახელმწიფოები, იაპონიის, სამხრეთ კორეისა და ავსტრალიის მოსახლეობა კი ჯამში 800 მილიონს აღწევს.
ჩინეთი სამხედრო სფეროში ამერიკაზე დაახლოებით 6-ჯერ ნაკლებს ხარჯავს, მაგრამ მისი სამხედრო ბიუჯეტი (2010 წლის მონაცემებით, დაახლოებით 110 მილიარდი ამერიკული დოლარი) იაპონიის, ინდოეთისა და სამხრეთ კორეის სამხედრო ხარჯებს ერთად აღებულს აღემატება.
ჩინეთს მისმა საგარეო პოლიტიკურმა მეტოქეებმა, ამერიკის გარეშე, შეიძლება პოლიტიკური ალიანსები და ეკონომიკური ინტეგრაცია დაუპირისპირონ. თუმცა სამხედრო სფეროში კონკურენცია გაუჭირდებათ. ამერიკული სამხედრო ბაზები ძალთა ბალანსის ქვაკუთხედს წარმოადგენენ. მეორე მხრივ, ვაშინგტონი სხვა რგოლებს ერთმანეთთან აკავშირებს.
საკუთარ როლს ითამაშებს ნაციონალიზმი. ისტორიული ნარატივი აზიური ქვეყნების საგარეო პოლიტიკებისთვის უცხო არ არის. ჩინეთის გაძლიერებას ნაციონალისტური რიტორიკის გააქტიურება მოჰყვა. სულ რამდენიმე ათეული წლის წინ, აზიის ნაწილი ევროპელთა კოლონია იყო, რასაც მეორე მსოფლიო ომის დროს იაპონიის აგრესია, 1960-იან წლებში კი ვიეტნამის ომი მოჰყვა. ახლა ვითარება შეიცვალა, თუმცა ისტორიული გამოცდილება აზიაში ინტეგრაციის სასარგებლოდ არ მუშაობს.
ცენტრალური აზია
ცენტრალურ აზიას, მე-19 საუკუნის დიდ თამაშთან შედარებით, ნაკლები ყურადღება ეთმობა. ისლამური ექსტრემიზმის გავრცელების პოტენციური კერა და ენერგეტიკული რესურსებით მდიდარი რეგიონი კონტინენტის ფეთქებადსაშიში ზონაა. ამერიკის პრეზიდენტ ჯიმი კარტერის (1977-1981) მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ზბიგნევ ბჟეზინსკი ამ რეგიონს აზიის ბალკანეთს უწოდებდა.
ცენტრალური აზია რუსეთის გავლენის ქვეშ მე-19 საუკუნეში მოექცა. თუმცა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მისი პოზიციები შესუსტდა. ამერიკელებმა ცენტრალური აზიის გადემოკრატიულება განიზრახეს. 2001 წლის 11 სექტემბრის შედეგად, მიდგომა შეიცვალა და აქცენტი ადგილობრივ მთავრობებთან სამხედრო ალიანსებზე გაკეთდა. ამერიკელი ჟურნალისტი ჯეიმს ბრუკი შენიშნავს, რომ რეგიონში ამერიკელები რუსეთის გასაკეთებელ საქმეს აკეთებდნენ - იცავდნენ რა მას ისლამური ექსტრემიზმისგან. ავღანეთიდან გასვლის შემდეგ, ამერიკელებს რეგიონით დაინტერესების ერთით ნაკლები მიზეზი ექნებათ.
ცენტრალური აზიის ნავთობითა და ბუნებრივი აირით, პირველ რიგში, ჩინეთია დაინტერესებული. რეგიონის ნავთობის მარაგი 17, ზოგიერთი გათვლებით კი 47 მილიარდ ბარელს შეადგენს. თუმცა მხოლოდ საუდის არაბეთს 250 მილიარდ ბარელზე მეტი ნავთობის რეზერვები აქვს. კასპიის ზღვის აუზი ვერ შეცვლის ახლო აღმოსავლეთს, მაგრამ შეუძლია შეამციროს ჩინეთის დამოკიდებულება საზღვაო გზებით მიღებულ ნავთობზე.
1878 წლის პოლიტიკური კარიკატურა.
„დამიცავი ჩემი მეგობრებისგან!”
მსოფლიოში ბუნებრივი აირის პროდუქციის 5%25 ცენტრალური აზიიდანაა. რეგიონის უმსხვილეს რეზერვებს თურქმენეთი ფლობს, თუმცა მონაცემები განსხვავებულია. 2011 წლის ენერგეტიკული კონსალტინგისა და აუდიტის კომპანიის Gaffney, Cline&Associates-ის შეფასებით, თურქმენეთის გაზის რეზერვები, სულ მცირე, 13 ტრილიონ კუბურ მეტრს შეადგენს (მე-4 ადგილზეა მსოფლიოში).
2009 წელს დასრულდა გაზსადენის მშენებლობა, რომელიც თურქმენულ გაზს ჩინეთამდე მიიტანს. პროექტს უზბეკეთი და ყაზახეთიც შეუერთდნენ. გაზსადენი დაახლოებით 2,200 კილომეტრის სიგრძისაა და წელიწადში 40 მილიარდი კუბური მეტრი აირის გამტარუნარიანობა აქვს. ყაზახეთიდან ჩინეთამდე 2,200-კილომეტრიანი ნავთობსადენიც მიდის.
წლების მანძილზე, რუსეთი თურქმენეთისგან მსოფლიო ბაზარზე არსებულ ფასებთან შედარებით ბევრად იაფად ყიდულობდა გაზს, შემდეგ კი ძვირად ჰყიდდა ევროპაში. 2008 წელს რუსეთმა ევროპაში 170 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი გაყიდა, რომლის 25 პროცენტს თურქმენული, 10 პროცენტს კი ყაზახური და უზბეკური გაზი შეადგენდა. თურქმენეთ-ჩინეთისა და თურქმენეთ-ირანის გაზსადენების გახსნის შემდეგ, რუსეთის ენერგომონოპოლია კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.
ავღანეთი და პაკისტანი
აზიის კიდევ ერთი პრობლემური ადგილი მუდმივად არასტაბილური, ეთნოკონფლიქტებით დატვირთული ავღანეთია. ის, ერთი მხრივ, ცენტრალური აზიიდან ინდოეთის ოკეანეზე გამავალ გზაზე მდებარეობს, მეორე მხრივ კი, სამხრეთ აზიის ქვეყნებისთვის, ცენტრალურ აზიასთან დამაკავშირებელ რგოლს წარმოადგენს. ცენტრალურ აზიაში შეღწევით დაინტერესებული იქნება ინდოეთი, რომელმაც ავღანეთის ამჟამინდელ ხელისუფლებასთან დაახლოება დაიწყო. შესაძლოა, 2014 წელს ამერიკელთა გასვლის შემდეგ მათი ადგილი სწორედ ინდოეთმა დაიკავოს. ინდოეთის გავლენის ავღანეთში განვრცობას პაკისტანი ეწინააღმდეგება, რომელიც ჩინეთის მოკავშირეა. ამერიკა ბირთვული იარაღით აღჭურვილი და ეთნორელიგიური კონფლიქტების კიდევ ერთი პოტენციური კერის, პაკისტანის სტაბილურობითაა დაინტერესებული. ჩინეთს კი პაკისტანის გავლით ინდოეთის ოკეანეში გასვლა და სამხრეთ აზიაში მისი ინდოეთის საპირწონედ გამოყენება სურს.
მიანმა და ჩრდილოეთ კორეა
ჯერ კიდევ მე-20 საუკუნეში მყოფი მიანმა, შესაძლოა, აზიის სხვა ჩამორჩენილი რეგიონების განვითარების სტიმულად იქცეს. ათწლეულების მანძილზე სამხედრო ხუნტის მმართველობის შემდეგ ქვეყანას სამოქალაქო ხელისუფლება ჰყავს, რომელმაც გარკვეული დემოკრატიული რეფორმების გატარებაც დაიწყო. მიანმას 2011 წლის დეკემბერში ჰილარი კლინტონიც ესტუმრა. ჩინელები და ინდოელები მიანმაში ინფრასტრუქტურულ პროექტებს უხვად აფინანსებენ. მიანმის გავლით, შესაძლოა, რამდენიმე წელიწადში დელი და ბეიჯინი პირდაპირი საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალებით დაუკავშირდნენ ერთმანეთს.
დღის წესრიგში იქნება ბირთვული იარაღით აღჭურვილი ჩრდილოეთ კორეაც. ჩინეთი ეცდება მის ტოტალიტარულ რეჟიმს სიცოცხლე გაუხანგრძლივოს და ამით ამერიკასა და იაპონიასთან ურთიერთობაში დამატებითი ბერკეტი შეინარჩუნოს. ჩრდილოეთ კორეის რეჟიმის ჩავარდნისა და ქვეყნის სამხრეთთან შეერთების შემთხვევაში, აღმოსავლეთ აზიაში ბალანსი ჩინეთის საწინააღმდეგოდ შეიცვლება.
ძველი და ახალი დიდი თამაში
შეიძლება პარალელების გავლება ჩინეთის ახლანდელ აღმასვლასა და მე-19 საუკუნეში აზიაში იაპონიის, ევროპაში კი გერმანიის გაძლიერებას შორის. ბრიტანეთის იმპერიასთან გერმანიის კონკურენციას პირველი მსოფლიო ომი მოჰყვა. იაპონია კი მეორე მსოფლიო ომის დროს ჰიტლერული გერმანიის მოკავშირე იყო, რაც მთელი რიგი აზიური სახელმწიფოების, მათ შორის, ჩინეთის ოკუპაციით დასრულდა. 21-ე საუკუნეში მსგავსი მასშტაბის კონფლიქტი ნაკლებ მოსალოდნელია ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულების გამო. თუმცა აზიაში ცხელი წერტილების სიმრავლიდან გამომდინარე, ლოკალური კონფლიქტები გამორიცხული არ არის.
მე-19 საუკუნის დიდი თამაშის მსგავსად, როდესაც ბრიტანეთის იმპერია ავღანეთის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფოებრივი წარმონაქმნებისა და სპარსეთის მეშვეობით ცდილობდა რუსეთის შეჩერებას, ამერიკა მოერიდება ჩინეთთან პირდაპირ კონფრონტაციას. ის ე.წ. offshore balancing-ის სტრატეგიას დაეყრდნობა და ჩინეთის დაბალანსებას ლოკალური აქტორების - ინდოეთის, იაპონიისა და სხვა ქვეყნების მეშვეობით შეეცდება. თუმცა ახალ დიდ თამაშში შედარებით პატარა სახელმწიფოებს უფრო აქტიური მოქმედების საშუალება მიეცემათ. ცენტრალური აზიის ქვეყნებს ენერგეტიკული ბაზრების გახსნით რუსეთსა და ჩინეთს შორის ლავირების შანსი ექნებათ. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სახელმწიფოები კი რეგიონულ ორგანიზაცია ASEAN-ში ინტეგრაციის გაღრმავებით საკუთარი პოზიციების გაძლიერებას შეეცდებიან. საბოლოოდ, გიგანტების კონკურენციით ყველაზე მეტად, შესაძლოა, შედარებით მცირე ზომის ქვეყნებმა იხეირონ.
![]() |
16 ჩინეთმა პრეზიდენტად კონსერვატიული ვროოპტიმისტი აირჩია |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო
მარიამ მიქავა
საული ნიინისტო არჩევნებში გამარჯვებას მეუღლესთან ერთად ზეიმობს
ფინეთის რიგით მე-12 პრეზიდენტი, ხმათა 62,7%25-ით საული ნიინისტო გახდა. ის ცენტრისტულ-მემარჯვენე, ნაციონალურ-კოალიციური პარტიის წარმომადგენელია. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 5 თებერვალს ჩატარდა. მასში მონაწილეობა ამომრჩეველთა 69%25-მა მიიღო. პრეზიდენტობის მეორე კანდიდატი მწვანეთა პარტიის ლიდერი, ყოფილი გარემოს დაცვის მინისტრი, არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის პეკკა ხაავისტო იყო. მან ხმათა 37,3%25 დააგროვა.
ფინეთის მოქმედი პრეზიდენტი
პირველად იუხო კუსტი პაასიკივის მმართველობის შემდეგ (1946-56 წწ.), ფინეთის ხელისუფლებაში კონსერვატიული ძალის წარმომადგენელი მოვიდა. პროფესიით იურისტ, 63 წლის პრეზიდენტს სახელმწიფო აპარატში მუშაობის დიდი გამოცდილება გააჩნია. 1977 წელს ის მშობლიური ქალაქის, სალოსის, საბჭოში აირჩიეს. 10 წლის შემდეგ ფინეთის პარლამენტის წევრი გახდა. 1995-96 წლებში იუსტიციის მინისტრის, ხოლო 1996-2003 წლებში ფინანსთა მინისტრის პოსტი ეკავა. შემდეგ ევროპული საინვესტიციო ბანკის დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა. 2006 წელს ნიინისტომ საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღო მონაწილეობა, თუმცა მეორე ტურში ადგილი ტარია ხალონენს დაუთმო.
ევროკავშირში არსებული კრიზისი დღითი დღე მწვავდება. შესაბამისად, წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობისას, ამ საკითხთან დაკავშირებულ პოზიციას დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა. ფინეთი ევროპის ერთ-ერთი სახელმწიფოა, რომელიც ევროზონას თავიდანვე შეუერთდა. მაშინ ფინანსთა მინისტრი ნიინისტო იყო. ფინეთს ევროზონის ქვეყნებში AAA რეიტინგი გააჩნია და 17 ქვეყანას შორის, ფისკალური თვალსაზრისით, ყველაზე სტაბილურია. ნიინისტო ევროოპტიმისტის პოზიციას თავგამოდებით იცავდა. ის ფინეთის ევროზონიდან გამოსვლის მომხრეებსა და ახლანდელი კრიზისის დარეგულირების მექანიზმებს აკრიტიკებდა. მისი სიტყვებით, ბრიუსელი ეფექტურად ვერ აკონტროლებს ევროზონის სახელმწიფოების საბიუჯეტო ხარჯებს. „ფინელებს კარგად ახსოვთ საკუთარი ქვეყნის დისციპლინირებული ფისკალური ისტორია. მათთვის რთულია იმის ახსნა, თუ რატომ უნდა იხადონ სხვისი ვალები, რომელთა დაგროვებასთან კავშირი არ გააჩნიათ“, - განაცხადა ბატონმა ნიინისტომ. მიუხედავად სავალო კრიზისისა, პრეზიდენტის შეხედულებით, ფინეთი ევროზონაში უნდა დარჩეს.
პრეზიდენტის პარტიამ გასული წლის აპრილში საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა და ახლა ფართო სახელისუფლებო კოალიცია გააჩნია, რომელშიც სოციალ-დემოკრატებიც გაერთიანდნენ. ბევრი ფინელი მიიჩნევს, რომ ნიინისტოს, ევროკავშირის ერთიან სავალუტო პოლიტიკაში, ფინეთის ინტერესების დაცვა შეუძლია.
ევროოპტიმისტი რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარების მომხრედაც გამოდის. „ძალიან მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს დიდ მეზობელ - რუსეთთან. ვფიქრობ, რომ ჩვენ მაქსიმალურად პრაგმატულები უნდა ვიყოთ. ფინეთში ძალიან ბევრი რუსი ტურისტია, ასევე ბევრ ფინელს რუსეთში საქმიანი ინტერესები და ბიზნესი აქვს. ისეთი პირობები უნდა შევქმნათ, რომ ურთიერთობები უპრობლემოდ განვითარდეს”, - განაცხადა ნიინისტომ. რუსეთში დეკემბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ მან აღნიშნა, რომ ის დარღვევებით და ფალსიფიცირებით ტარდებოდა. მასობრივი საპროტესტო გამოსვლები დადებითად შეაფასა - „ეს განვითარებადი დემოკრატიის სიმბოლოა“.
ფინეთის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია 1 მარტს შედგება.
![]() |
17 ირანის სპეცსამსახური ბაქოში ისრაელის ელჩზე ტერაქტს ამზადებდა |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო
აზერბაიჯანი
შოთა ფევაძე
აზერბაიჯანის დედაქალაქში, რამდენიმე კვირის წინ, ისრაელის ელჩის მკვლელობის ბრალდებით რამდენიმე პირი დააკავეს. აზერბაიჯანის უშიშროების მინისტრის განცხადებით, ერთ-ერთ დამნაშავეს ირანის სპეცსამსახურებთან ჰქონდა კავშირი. მას ამარაგებდნენ იარაღით და ელჩის მკვლელობის შემთხვევაში შესაბამის ანაზღაურებასაც ჰპირდებოდნენ. ვარაუდობენ, რომ ეს ირანის პასუხი იყო ბირთვულ პროგრამაში ჩართული მეცნიერის მკვლელობისთვის. თეირანი ისრაელს ადანაშაულებს.
ირანი პირველად არ არის ბრალდებული შეკვეთილ მკვლელობაში. რამდენიმე თვის წინ აშშ-ში აღკვეთეს შეთქმულება - ისრაელისა და საუდის არაბეთის საელჩოებზე თავდასხმა იგეგმებოდა.
საგულისხმოა, რომ ირანმა ანგარიშის გასწორება სწორედ აზერბაიჯანში სცადა. ეს უკანასკნელი, ალბათ ყველა სხვა ისლამური ქვეყნისგან განსხვავებით, ისრაელთან მჭიდრო ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სამხედრო კავშირს ინარჩუნებს.
აღსანიშნავია, რომ ნავთობის 1/3-ს ისრაელი აზერბაიჯანისგან იღებს; 2008 წელს აზერბაიჯანის ექსპორტმა (ძირითადად, ნავთობი) ისრაელში 3.6$ მილიარდი შეადგინა. ეს ქვეყნები თავდაცვით სფეროში, მაგალითად, უპილოტო თვითმფრინავების წარმოებაში თანამშრომლობენ. ისრაელს აზერბაიჯანის სამხედრო ძალების მოდერნიზებაშიც დიდი წვლილი მიუძღვის. აზერბაიჯანის სიდიდით მეორე სატელეფონო ოპერატორი, ისრაელიდან შემოდინებული ინვესტიციების შედეგია.
ირანის მხარის უარყოფითი დამოკიდებულება ისრაელ-აზერბაიჯანის დაახლოებასთან დაკავშირებით, ბუნებრივია. თეირანი ყველანაირად ცდილობს გაწყვიტოს მისთვის სახიფათო კავშირი. ის ვერ შეძლებს რეგიონალური ლიდერის როლის შესრულებას, თუ ბაქო და იერუსალიმი ზედმეტად დაახლოვდებიან. ნიშანდობლივია, რომ ისლამური რესპუბლიკისთვის, სეკულარული აზერბაიჯანის არსებობაც კი, უსიამოვნო ფაქტია, იმის გათვალისწინებით, რომ ირანის მოსახლეობის 16%25 ეთნიკურად აზერბაიჯანელია. ამასთანავე, აზერბაიჯანიცა და ირანიც შიიტური ქვეყნებია.
რელიგიური სოლიდარობის გამოა, რომ დღეს ისრაელში არ არსებობს აზერბაიჯანის საელჩო, ხოლო ბაქო საერთაშორისო არენაზე ძირითადად ისრაელის საწინააღმდეგო რეზოლუციებს აძლევს ხმას. თუმცა ორი ქვეყნის ურთიერთობაზე ეს არ მოქმედებს. როგორც აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი WikiLeaks-ის დოკუმენტების მიხედვით იტყოდა, მათი ურთიერთობა აისბერგის მსგავსია: ცხრა მეათედი ზედაპირს ქვეშაა.
მდგომარეობა უფრო მძიმეა აზერბაიჯანის მოკავშირე ქვეყნის, თურქეთის შემთხვევაში. თუ ირანის მოთხოვნებს აზერბაიჯანი ასე თუ ისე უმკლავდება, თურქეთის მოთხოვნებს ის გულგრილად ვერ შეხვდება. აზერბაიჯანის ხელისუფლება დილემის წინაშე დადგა. ისრაელსა და თურქეთს შორის ურთიერთობა დაიძაბა. ისრაელის არმიამ, 2010 წელს იერიში მიიტანა ჰუმანიტარულ გემზე, რომელსაც პალესტინელთა ტერიტორიაზე ტვირთი მიჰქონდა. შედეგად თურქეთის რამდენიმე მოქალაქე დაიღუპა.თურქეთმა ისრაელს ბოდიშის მოხდა და ღაზის სექტორზე ემბარგოს მოხსნა მოსთხოვა. მდგომარეობა იმდენად დაიძაბა, რომ მხარეებმა თავიანთი ელჩებიც კი გაიწვიეს ქვეყნებიდან.
![]() |
18 კოსმეტიკური დემოკრატიზაცია |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო
ყაზახეთი
თეონა ტურაშვილი
ყაზახეთის საპარლამენტო არჩევნები, პირველად ქვეყნის ისტორიაში, ნავთობით მდიდარ ქალაქ ჟანაოზენში არსებული არეულობის ფონზე ჩატარდა. შედეგად, მმართველი ელიტის სტრატეგიაში გარკვეული ცვლილებები შეინიშნება. თუ აქამდე რეჟიმი მთლიანად პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევის პიროვნებაზე იყო დამყარებული, ახლა აქცენტი პარლამენტისა და სამთავრობო კაბინეტის როლის ზრდაზე გაკეთდა. თუმცა, რეალური ცვლილებების განხორციელება ელიტის პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული, რადგან მმართველი პარტია ხელისუფლების ყველა შტოზე დომინირებს.
აქამდე ნაზარბაევის პარტია (Nur Otan) 98 ადგილით საკანონმდებლო ორგანოში ერთადერთ ძალას წარმოადგენდა. 15 იანვრის არჩევნების შემდეგ კი, ყაზახეთს სამპარტიანი პარლამენტი ჰყავს. Nur Otan-ს 83 მანდატი ერგო (ხმათა 80%25). 7%25-იანი ბარიერი გადალახეს Ak Zhol-ისა (8 მანდატი) და კომუნისტურმა (KNPK) პარტიებმა (7 მანდატი). თუმცა, ორივე მათგანი ნაზარბაევის პოლიტიკას ემხრობა. მაშინ როცა ნამდვილმა ოპოზიციურმა ძალამ, სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ (ODSP) მხოლოდ 1,4%25-იანი მხარდაჭერა მიიღო. პარალელურად, თავისუფლად მოქმედების საშუალება ეზღუდებოდათ სხვა ოპონენტებსაც: რეგისტრირების საშუალება არ აქვს პარტიას Alga, რომელსაც ლონდონში გაქცეული ოლიგარქი აფინანსებს. ოპოზიციური Rukhaniyat-ის პარტიას კი, საეჭვო პროცედურული დარღვევის მიზეზით, კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებაზე უარი განუცხადეს. საგულისხმოა, რომ ოპოზიციური სპექტრი მოსახლეობაში დიდი პოპულარობით მაინც არ სარგებლობს: მათ არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად, მხოლოდ რამდენიმე ასეული ყაზახის შეკრება მოახერხეს.
სუსტი ოპონენტების ფონზე, ნაზარბაევს რეალური მოწინააღმდეგე დღეს არ ჰყავს. მოსახლეობა ეკონომიკური და სოციალური კეთილდღეობის გაუმჯობესების გამო, მისადმი ლოიალურადაა განწყობილი. ერთ სულ მოსახლეზე, მთლიანი შიდა პროდუქტი 2011 წელს 13 ათასი დოლარი გახლდათ. ფინანსური კრიზისის მიუხედავად, ქვეყანამ 7%25-იანი ეკონომიკური ზრდა აჩვენა, რაც ძირითადად მისი ნავთობისა (30 მილიარდი ბარელი - მსოფლიოში მეთერთმეტე ადგილი) და გაზის (3,3 ტრილიონი კუბური მეტრი) მარაგების მეშვეობით მოხერხდა.
ამგვარი მაჩვენებლების მიუხედავად, ანალიტიკოსთა ნაწილი რეჟიმის ლეგიტიმურობის შედარებით შემცირებაზე მიანიშნებს. კერძოდ, მართალია, ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობის აქტივობა არჩევნებზე 70%25-ს შეადგენდა, თუმცა დიდ ქალაქებში (მაგალითად, 53%25 ასტანაში, 41%25 ალმა-ათაში) ამ მაჩვენებელს მკვეთრად ჩამორჩებოდა. ამის მიზეზი კორუფციის მაღალი დონე და ინსტიტუტების სისუსტეა. ხშირია ქვეყნის სასამართლო სისტემაში პოლიტიკური ჩარევის შემთხვევები.
დაგროვილი პრობლემების საპასუხოდ, ნაზარბაევმა პოზიტიური ცვლილებების განხორციელება დაიწყო. თავად ჩავიდა ჟანაოზენში, რეგიონს ახალი გუბერნატორი დაუნიშნა, დაშავებულ მომიტინგეებს ზარალის ანაზღაურებას დაჰპირდა. მთავრობამ მათი პრობლემების (ცუდი პირობები, დაბალი ხელფასები) წარმოქმნის მიზეზად, ქალაქის ყოფილი და უკვე დაპატიმრებული ორი მერის მიერ სოციალური პროგრამებისთვის გამოყოფილი თანხის მითვისება დაასახელა. უფრო მეტიც, პრეზიდენტმა საკუთარი სიძე, ტიმურ კულიბაევი ქვეყნის მთავარი ენერგოკომპანიის (KazMunaiGaz KMG) ხელმძღვანელობიდან გაათავისუფლა. ეს ხალხის წინაშე ყველას ანგარიშვალდებულების ილუსტრაცია გახლდათ. თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ კულიბაევმა ენერგოსექტორზე გავლენა ამით დაკარგოს, რადგან მისი მომხრეები კვლავაც მაღალ პოსტებს იკავებენ. გარდა ამისა, ქვეყნის პრემიერმა, კარიმ მასიმოვმა მთავრობის შემადგენლობა გადაახალისა, რის შედეგადაც დღევანდელ კაბინეტში რეფორმების მომხრეთა რიცხვი გაიზარდა.
მმართველი ელიტა იმედოვნებს, რომ ძალაუფლება მომავალში ინსტიტუტებზე ან მმართველ პარტიაზე უნდა გადავიდეს. თუმცა, ეს თავად ელიტის პოლიტიკურ მზაობაზეა დამოკიდებული. თანაც, ქვეყანაში საკვანძო გადაწყვეტილებებს, მთავრობა კვლავაც პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან კოორდინირებით იღებს.
საპროტესტო აქცია ალმა-ათაში
![]() |
19 ბრიტანეთის შემდეგ ჩეხეთიც უარზეა |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო
ევროკავშირის ფისკალური პაქტი
მიხეილ ბასილაია
ჰერმან ვან რომპუი
დევიდ კამერონი
პეტრ ნეჩასი
როგორც ჩანს, ევროკავშირის ფისკალური დისციპლინის შეთანხმებას, 27 წევრი ქვეყნიდან, მხოლოდ 25 მოაწერს ხელს. ფისკალური კონტროლის გამკაცრების ხელშეკრულება ბრიტანეთმა ჯერ კიდევ დეკემბერში უარყო. მას შემდეგ, დანარჩენ 26 სახელმწიფოს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობდა.
30 იანვარს ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ნეჩასმა განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ქვეყანა ამ ეტაპზე პაქტს ხელს არ მოაწერს. თუმცა ნეჩასი არ გამორიცხავს, რომ ხელშეკრულებას მომავალში შეუერთდება. მოლაპარაკებების გარეშე აცესიას შეთანხმების მე-15 პუნქტი ითვალისწინებს. ნეჩასმა ხელშეკრულებაზე უარის თქმის მიზეზებიც დაასახელა. ევროკავშირის 27 ქვეყნიდან 17 ევროზონის წევრია (მათი ვალუტა ევროა). ხელშეკრულების მიხედვით, ევროზონის ქვეყნების სამიტებზე მონაწილეობის მიღება ევროკავშირის დანარჩენ წევრებს შეზღუდული ექნებათ. ამას გარდა, ნეჩასის აზრით, ხელშეკრულება არასაკმარის ყურადღებას უთმობს საჯარო ვალს. კიდევ ერთი მიზეზი რატიფიკაციასთან დაკავშირებული სირთულეებია. ჩეხეთის პრეზიდენტმა ვაცლავ კლაუსმა განაცხადა, რომ ხელშეკრულებას ვეტოს დაადებს. თუმცა მას პრეზიდენტობის ვადა 2013 წელს გასდის, რამაც რატიფიკაციის საკითხი, შესაძლოა, დღის წესრიგიდან მოხსნას.
იანვრის ბოლოს ბრიუსელში გამართულ სამიტზე ხელშეკრულებას სხვა ქვეყნებიც ეწინააღმდეგებოდნენ. ევროზონის სამიტებში მონაწილეობის შეზღუდვის გამო არც პოლონელებს სურდათ შეთანხმების ხელმოწერა. ჩეხეთის მსგავსად, არც პოლონეთი არის ევროზონის წევრი. საბოლოოდ მხარეებმა კომპრომისს მიაღწიეს: ევროზონის სამიტებში ევროკავშირის დანარჩენი ქვეყნები, სულ მცირე, წელიწადში ერთხელ მიიღებენ მონაწილეობას. მეორე მხრივ, მათ შეეძლებათ იმ სამიტებში ჩართვა, რომელთა მთავარი თემა ევროკავშირის კონკურენტუნარიანობის გაზრდა და ევროზონის არქიტექტურის შეცვლა იქნება.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპუიმ განაცხადა, რომ 25 ქვეყნის ხელმოწერაც წარმატებაა. მან ევროპის ერთიანობაზეც ისაუბრა. ენთუზიაზმი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კამერონმა არ გაიზიარა. მისი აზრით, ხელშეკრულება ევროკავშირს კრიზისს ვერ დააძლევინებს, რადგანაც ორგანიზაციის საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანობას არ ეხება.
კამერონი, ხელშეკრულებაზე უარის თქმის მიუხედავად, ბრიტანელმა ევროსკეპტიკოსებმა მაინც გააკრიტიკეს. თავდაპირველად მას არ სურდა ხელშეკრულების იმპლემენტაციის უზრუნველყოფითა და მისი პირობების შესრულების ზედამხედველობით, ევროკომისია და ევროპის მართლმსაჯულების სასამართლო დაკავებულიყვნენ, რადგან ხელშეკრულებას ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყანა არ შეუერთდება. თუმცა ბრიუსელის სამიტზე კამერონმა პოზიცია შეარბილა. მან ბრიტანელები დაამშვიდა - ხელშეკრულება ბრიტანეთს ვალდებულებებს ვერ დააკისრებს. პრემიერის განცხადებით, ის ქორის თვალით დააკვირდება ხელშეკრულებასთან დაკავშირებული მოვლენების განვითარებას.
ხელშეკრულების მიზანი ხელმომწერ ქვეყნებში დაბალანსებული ბიუჯეტის უზრუნველყოფაა. საბიუჯეტო დეფიციტის ზღვარის გადაჭარბების შემთხვევაში, ქვეყნებს შესაბამისი მექანიზმებიც უნდა ჰქონდეთ შემუშავებული. პაქტის პირობების დარღვევის შემთხვევაში, ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოს შეეძლება ქვეყანას ჯარიმა დააკისროს, ჯარიმამ შეიძლება ამ სახელმწიფოს მთლიანი შიდა პროდუქტის 0.1 პროცენტს მიაღწიოს. ევროზონის წევრი ქვეყნების დაჯარიმებიდან ამოღებული თანხები ე.წ. ევროპული სტაბილურობის ფონდში გადაირიცხება, რომელიც ივლისში შეიქმნება. დანარჩენი სახელმწიფოების მიერ გადახდილი ჯარიმები კი პირდაპირ ევროკავშირის ბიუჯეტში გადაირიცხება.
![]() |
20 უარესის მოლოდინში |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო
სირია
მიხეილ ბასილაია
1982 წლის 3 თებერვალს სირიის ამჟამინდელი ლიდერის, ბაშარ ალ-ასადის მამამ, ჰაფეზ ასადმა ქალაქ ჰამაში დაწყებული აჯანყების ჩასახშობად სამხედრო ძალა გაგზავნა. საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ წარმოებულ სამხედრო კამპანიას 10 ათასი ადამიანი შეეწირა. 2012 წლის 4 თებერვალს გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთმა და ჩინეთმა ვეტო დაადეს რეზოლუციას, რომელიც სირიაში ასადის ხელისუფლების შეცვლას უჭერდა მხარს. რეზოლუცია, შესაძლოა, სულაც არ ყოფილიყო ასადისთვის მომაკვდინებელი დარტყმა. თუმცა ვეტომ შექმნა შთაბეჭდილება, რომ სირიის რეჟიმს ჯერ კიდევ შენარჩუნებული აქვს ლეგიტიმურობა საერთაშორისო საზოგადოების თვალში.
ბაშარ ალ-ასადი და სერგეი ლავროვი. დამასკო
ის სირიის ხელისუფლებისათვის საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელებისათვის მწვანე შუქის ანთებად მიიჩნიეს. რეზოლუციის განხილვის მომენტში სამთავრობო ძალები ქალაქ ჰომსს ბომბავდნენ. მეორე დღეს მისმა სამხედრო ნაწილებმა დედაქალაქ დამასკოს გარეუბნებს საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს. გაეროში ამერიკის წარმომადგენლის, სიუზან რაისისა და სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის კრიტიკას კი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ისტერიული უწოდა.
გასული წლის მარტიდან საპროტესტო აქციების საპასუხო რეპრესიებს 7 ათასი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა. თუმცა სირია არ არის მორიგი არაბული ქვეყანა, სადაც მოსახლეობა საკუთარი ავტორიტარული მთავრობის გადაგდებას ცდილობს. ამ ქვეყნის რეჟიმის სიცოცხლის გახანგრძლივება, საკუთარი პოლიტიკური ინტერესების სასარგებლოდ, ირანსა და რუსეთს სურთ. აქ სუნიტური არაბული ქვეყნებისა და შიიტური ირანის ინტერესები იკვეთება. ამერიკას შეუძლია თეირანის რეგიონულ ამბიციებს ბოლო მოუღოს და ახლო აღმოსავლეთის სტაბილურობის საფრთხე გაანეიტრალოს.
სუნიტურ არაბულ სამყაროში, სირია ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც შიიტურ ირანს ღიად უჭერს მხარს. სირიის მოსახლეობის 70 პროცენტზე მეტი სუნიტია, ასადის წინააღმდეგ ამბოხებულების ბირთვსაც სუნიტები წარმოადგენენ. თუმცა პოლიტიკური ელიტა შიიზმის განშტოებას, ალავიტების სექტას მიეკუთვნება. ირანი სირიის გავლით ტერორისტულ ორგანიზაციებს - ჰეზბოლასა (ლიბანში) და ჰამასს (ღაზაში) - აიარაღებს. ასადის რეჟიმის დაკარგვის შემთხვევაში, აჰმადინეჟადის რეჟიმის რეგიონულ გავლენას საფუძველი გამოეცლება. ჰეზბოლას პოზიციები ლიბანში საგრძნობლად შესუსტდება, ჰამასს კი ეგვიპტიდან დახმარების მიღების იმედად ყოფნა მოუწევს.
არაბული ქვეყნების ლიგა, რომელიც დიდი ხნის მანძილზე არადემოკრატიული ქვეყნების ლიდერების შეკრებისა და საუბრის ადგილს წარმოადგენდა, ცდილობს საკუთარი ძალები ასადის ხელისუფლების წინააღმდეგ მაქსიმალურად გამოიყენოს. გაეროს უშიშროების საბჭოში დაბლოკილი რეზოლუცია, სწორედ ამ ორგანიზაციამ წამოაყენა. სუნიტურ არაბულ ქვეყნებს, პირველ რიგში, საუდის არაბეთს, შიიტური ირანის რეგიონული დომინაციის თავიდან აცილება უნდათ. ამ შემთხვევაში, ისრაელისა და არაბული ქვეყნების ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა. ისრაელს, თავის მხრივ, სტაბილური სირია სურს, რომელიც ირანის მოკავშირე არ იქნება და ტერორისტულ ორგანიზაციებს არ შეაიარაღებს.
ბოლო წლებში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუმჯობესების მიუხედავად, სირიას თურქეთიც განუდგა. ამ უკანასკნელისთვის სირია არაბულ სამყაროში გავლენის განვრცობის შანსს წარმოადგენს.
გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრებიდან, ასადს ღიად მხოლოდ რუსეთი უჭერს მხარს. კრემლს არაბული ქვეყნებიდან მეგობრად მარტო სირია შემორჩა. ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან მის იარაღს, სირიისა და ირანის გარდა, უკვე დიდი ხანია არავინ ყიდულობს. რუსებმა ასადს იარაღი იანვარშიც მიჰყიდეს. დასავლეთის ქვეყნები კი სირიისთვის სამხედრო ემბარგოს დაწესებას ცდილობენ. ამ ქვეყნის საპორტო ქალაქ ტარტუსში, რუსეთს პოსტსაბჭოთა სივრცის გარეთ ერთადერთი სამხედრო ბაზაც აქვს.
მოსკოვის ვეტო ცხადყოფს, რომ ლიბიის შემდეგ, საკუთარი გავლენის კიდევ ერთ ქვეყანაში დაკარგვის ეშინია. 7 თებერვალს სერგეი ლავროვი საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელ მიხაილ ფრადკოვთან ერთად სირიაში ჩავიდა და ბაშარ ალ-ასადს შეხვდა. რუსეთს სურს ოპოზიციასთან მოლაპარაკებით ასადს ხელისუფლება შეუნარჩუნოს. თუ რეჟიმის გადარჩენა შეუძლებელია, მაშინ ოპოზიციურ ძალებთან გარკვეული საერთო ენა მაინც გამონახოს. იმავეს გაკეთებას ეცდება ირანი.
უშიშროების საბჭოში რეზოლუციის ჩავარდნის შემდეგ, სირიაში მდგომარეობის კიდევ უფრო გამწვავებას ელიან. ამერიკელებმა სირიის დედაქალაქ დამასკოდან საკუთარი დიპლომატები გამოიყვანეს. მდგომარეობა, შესაძლოა, ასადის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის სრულმასშტაბიან სამხედრო კონფლიქტში გადაიზარდოს. მოვლენების არასასურველი სცენარით განვითარების შემთხვევაში, სირია, სავარაუდოდ, გრძელვადიან კონფლიქტში აღმოჩნდება. სირიის მეზობელ ლიბანში სამოქალაქო ომი 1975-1990 წლებში გრძელდებოდა. მოვლენების ასეთი განვითარებით დაინტერესებული იქნება ირანი. ამ უკანასკნელს სირიაში გავლენის შენარჩუნება და ტერორისტების დახმარების გაგრძელება შეეძლება.
კონფლიქტის გამწვავების შემთხვევაში სირია სახელმწიფოებრივი ფრაგმენტაციის საფრთხის წინაშეც შეიძლება აღმოჩნდეს. ალავიტები (და სხვა სექტები) დამასკოს დაკარგვის შემთხვევაში ეცდებიან იმ ტერიტორიებზე შეინარჩუნონ გავლენა, სადაც მათი მოსახლეობაა კონცენტრირებული. ასეთი ფრაგმენტაციის მაგალითი ისევ ლიბანია. იქ ხელისუფლება რელიგიურ სექტებს შორის არის გაყოფილი.
მთავარი ოპოზიციური გაერთიანების, სირიის ნაციონალური საბჭოს ლიდერის, ბურჰან ღალიუნის განცხადებით, ასადის რეჟიმის მოშორების შემდეგ ირანთან სირიის განსაკუთრებული ურთიერთობები დასრულდება, ჰეზბოლას მხარდაჭერა კი შეწყდება. მეორე, შედარებით მცირე ზომის ოპოზიციური ჯგუფი ნაციონალური კოორდინაციის კომიტეტია. ამ უკანასკნელს ნაციონალური საბჭო ისლამისტების სიმრავლის გამო არ მოსწონს. სუნიტი მოსახლეობა ორივე ოპოზიციური ძალის დასაყრდენია. მათ დაახლოებას არაბული ქვეყნები, კერძოდ კი ყატარი და საუდის არაბეთი, ცდილობენ.
სირიის ოპოზიციის ამოცანა იმ ალავიტებისა და ქრისტიანების მიმხრობაა, რომლებიც ასადის პოზიციას იჭერენ. ნაციონალურ საბჭოს სურს ე.წ. სირიის თავისუფალი არმია საკუთარ პოლიტიკურ კონტროლს დაუქვემდებაროს. მისი შტაბი თურქეთში მდებარეობს და ასადის ჯარებიდან გამოქცეული ჯარისკაცებისგან შედგება. თუმცა ოფიცერთა რაოდენობა მცირეა. არმიის ოფიცერთა კორპუსი ძირითადად ალავიტებისგან შედგება. სირიის თავისუფალი არმიის წევრების რაოდენობა 10 ათასიდან 30 ათასამდე მერყეობს. მისმა მეთაურმა, პოლკოვნიკმა რიად ასაადმა განაცხადა, რომ ამჟამინდელი რეჟიმის ჩამოგდება მხოლოდ სამხედრო ძალით თუ მოხერხდება.
ექსპერტთა შეფასებით, ბაშარ ალ-ასადს უკვე ვერაფერი იხსნის. თუმცა კიდევ რამდენ ხანს გაძლებს მისი რეჟიმი, შესაძლოა, დასავლეთის მიერ მისი ოპონენტების მხარდაჭერაზე იყოს დამოკიდებული. ჰილარი კლინტონმა სირიაში სამხედრო ჩარევა გამორიცხა. ამის სურვილი არც ევროპელებს აქვთ. ზოგიერთი ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ ჰეზბოლამ და ირანმა სირიაში საკუთარი მებრძოლები გაგზავნონ ასადის დასახმარებლად.
პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაციას, ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული გართულებული მდგომარეობის გარდა, კიდევ ერთი ახლოაღმოსავლური პრობლემის გადაჭრა მოუწევს. სირიელებმა კი უკვე ძვირი საფასური გადაიხადეს.
![]() |
21 თქვენ ალბათ ხუმრობთ, მისტერ კრუგმან! |
▲ზევით დაბრუნება |
ბიზნესი
თამარა ქურდაძე
პოლ კრუგმანი
ეკონომიკურ პოლიტიკაზე პოლ კრუგმანის გამოსვლებს რომ ვუსმენ, მარკ ტვენის ცნობილი სიტყვები მახსენდება: „სიგარეტისათვის თავის დანებება ძალიან ადვილია... დამიჯერეთ, მე ეს ათასჯერ მაინც გამიკეთებია“. კრუგმანს იმავე წარმატებით შეუძლია აღნიშნოს: „სახელმწიფო დანახარჯების გაზრდით ეკონომიკის ხანგრძლივი სტიმულირება ძალიან ადვილია... დამიჯერეთ, ეს მთავრობას ათასჯერ მაინც გაუკეთებია“.
ანტიჩინურ პროპაგანდისტთა აკადემიური ფრთის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი, პოლ კრუგმანი, Financial Times-ის მსოფლიოს 100 მოაზროვნის სიაში შევიდა. კრუგმანი ამტკიცებს, რომ ჩინეთი კონკურენტუნარიანობას უმეტესწილად იმის ხარჯზე ინარჩუნებს, რომ იქაური იუანის კურსი მიბმულია ამერიკულ დოლარზე. ეკონომისტის აზრით, დოლარის ინფლაციის პერიოდში, ამერიკის საექსპორტო მაჩვენებლის გაზრდისა და ჩინური იმპორტის შემცირების ნაცვლად, ამ უკანასკნელის პროდუქცია კიდევ უფრო იაფდება. ეს, რა თქმა უნდა, ტექნიკურად სწორი შენიშვნაა, თუმცა, შერჩევითად, ჩინური საქონლის 25%25-ით დაბეგვრას მაინც არ ამართლებს. არ ვიცი ფლობს თუ არა მისტერ კრუგმანი iPod-ს ან Nike-ის ფეხსაცმელს, მაგრამ ფაქტია, რომ ორივე პროდუქტის ფასი ჩინეთში აუთსორსინგის შესაძლებლობის გარეშე, საკმაოდ გაიზრდებოდა. მტკიცებულება, რომ მხოლოდ ჩინეთი ნახულობს მოგებას ამ გარიგებით, უხეში შეცდომაა: iPod-ის გაყიდვებიდან შემოსული მოგების, სულ ცოტა, 55%25 ამერიკაში ბრუნდება და თვის ბოლოს Apple-ის პროგრამულ დეველოპერებს, დიზაინერებს და მარკეტოლოგებს ერიცხება სახელფასო ანგარიშზე. რომ არა ჩინეთის ქარხნები, ამ უკანასკნელთა რიცხვიც და სახელფასო მაჩვენებელიც საგრძნობლად შემცირდებოდა. ანაც iPod-ი იმდენად ძვირი ეღირებოდა, რომ მის შეძენას მხოლოდ ერთეულები თუ შეძლებდნენ.
იმის ნაცვლად, რომ ამერიკამ ჩინეთში წარმოებულ პროდუქციაზე ტარიფები დააწესოს და თავისუფალი ვაჭრობა აღკვეთოს, ურჩევნია კონკურენტუნარიანობა სხვა რესურსების ხარჯზე გაზარდოს და ბაზრის უხილავ ხელს ენდოს. მომხმარებელი საუკეთესოდ გადაწყვეტს არსებული პროდუქტი სად, როდის, როგორ და რა ფასად შეიძინოს.
მეორე მხრივ, ამერიკას შეეძლება, საკუთარი კონკურენტული უპირატესობა სხვა მხრივ განავითაროს. იაფი მუშახელის ხარჯზე დაზოგილ რესურსებს ეს ქვეყანა, როგორც წესი, ინოვაციური ტექნიკის დანერგვაში აბანდებს. ეს ზრდის წარმოებას და დიფერენცირებულ ბაზარს ქმნის. დასაქმების შესაძლებლობა კი იზრდება.
თვალსაჩინოებისთვის ავიღოთ Nike, რომლის ქარხანა ამერიკაში აშენდა და წარმოება დაიწყო. შემდეგ ჩინეთმა უცხოური კომპანიების ქარხნებისათვის საზღვრები გახსნა და მათ ხელსაყრელი პირობები შესთავაზა. Nike-მაც დაშალა ქარხანა და იქ გადავიდა. დაახლოებით 10 ათასი ადამიანი სამუშაოს გარეშე დარჩა. უკმაყოფილო ხალხმა ბიზნესმენს პატრიოტიზმი დაუწუნა და საპროტესტო ტალღა ააგორა.
განვიხილოთ ამ პრობლემისადმი ორგვარი მიდგომა: მთავრობის ჩარევით, კერძოდ, უმუშევრებისთვის სოციალური დახმარების დარიგებით და მის გარეშე.
პირველ შემთხვევაში, შრომითი ბაზრის გაჯანსაღებას მეტი დრო დასჭირდება. როდესაც ქარხნის თანამშრომელს, რომელიც გაათავისუფლეს სამსახურიდან, იმის გამო რომ წარმოება დაიკეტა, სულ მცირე, მომდევნო თორმეტი თვის განმავლობაში აქვს გარანტირებული სოციალური დახმარება, მისი მოტივაცია, რომ ბაზარს დაუბრუნდეს, კვალიფიკაცია აიმაღლოს ან თუნდაც ახალი სამსახური იშოვოს, 12-ჯერ მაინც დაიკლებს. ასეც რომ არ მოხდეს, სამსახურის ძიების პროცესს აქტიურად არ მოეკიდება, რადგან ეს აუცილებლობას არ წარმოადგენს: შეიძლება სოციალური დახმარების ხარჯზე, ცხოვრების ადრინდელ დონეს ვერ დაეწიოს, მაგრამ ამას რამით აუცილებლად დააბალანსებს - თუნდაც, მეტი თავისუფალი დროით. შესაბამისად, სოციალურ დახმარებასაც კვალიფიკაციის ასამაღლებლად ან ახალი სამსახურის საძებნელად კი არა, თავის გამოსაკვებად და გასართობად გამოიყენებს. რაც მეტი დრო გავა, მით უფრო დამოკიდებული გახდება მთავრობის დახმარებაზე და მეტს მოითხოვს მისგან.
სოციალური დახმარების გარეშე, Nike-ის ყოფილი თანამშრომელი, რომელიც სამსახურს კარგავს, უფრო მოტივირებული ხდება, საკუთარი კონკურენტუნარიანობა გაზარდოს. ბაზარზე მის მსგავსად კიდევ 9,999 ადამიანია დარჩენილი და ყველა იმავე პროფილით ეძებს სამსახურს. ამ შემთხვევაში, Nike-ის ყოფილი თანამშრომელი საკუთარ კვალიფიკაციაზე ზრუნვას აქტიურად შეუდგება. შედეგად, სამუშაო ბაზარზე დარჩება მეტად კვალიფიციური კადრი, რომელიც მუდმივად ცვლად საბაზრო პირობებს უფრო ზუსტად მოერგება.
აქ, როგორც წესი, ჩნდება კითხვა: რა ქნას ადამიანმა, რომელიც ოჯახში ერთადერთი შემომტანია, კარგავს სამსახურს და არ აქვს სახსრები იმისთვის, რომ კვალიფიკაცია აიმაღლოს? თავისუფალი ბაზარი ასეთ შემთხვევებშიც თვითმკურნალია. აუცილებლად შეიქმნება დამსაქმებელთა ბიუროები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, თვითონ დიდი კომერციული ფირმებიც დაიწყებენ ხელსაყრელი პირობებით მსურველების გადამზადებას.
Nike-ს ქარხანა ჩინეთში
ორივე სცენარი რეალობასთან უხეში მიახლოებაა, რადგან ბაზარი კომპლექსური მექანიზმია და უმეტეს შემთხვევაში ზუსტი გათვლების გაკეთება შეუძლებელია. თუმცა ცხადია, პირველ შემთხვევაში გვრჩება არაკვალიფიციური კადრი და გადასახადის გადამხდელთა არასწორად მიმართული რესურსები. მეორე შემთხვევაში - უფრო კვალიფიციური კადრი და რესურსები, რომელიც ამ კადრების პროფესიულ ზრდას მოხმარდება. ეს, თავისთავად, დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის სხვა პროფესიის ადამიანებისთვისაც.
გარდა ამისა, ის ქვეყანა, სადაც აუთსორსინგი ხორციელდება, იაფფასიანი წარმოების ხარჯზე დროთა განმავლობაში სტრუქტურულ განვითარებას განიცდის. გაუმჯობესებულ პირობებში წარმოების ხარჯებიც თანდათან გაიზრდება. შეიძლება ინდუსტრიული სახელმწიფოების დონეს მალევე ვერ გაუტოლდეს, მაგრამ ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც ამერიკაა, მიმზიდველობა დაკარგოს. ამ შემთხვევაში ბაზარი ქარხანას ან უკან ამერიკაში გადმოამისამართებს, ან სხვა რომელიმე დაბალგანვითარებად ქვეყანაში. ამ უკანასკნელის ეკონომიკურ ზრდაზე ინდუსტრიალიზაცია მხოლოდ დადებით გავლენას მოახდენს, რის შედეგადაც მსოფლიო მოსახლეობა იხეირებს. ეს იმის მიუხედავად მოხდება - ერთეული მომხმარებელი ამის გაანალიზებას შეძლებს თუ - ვერა.
მაგალითად, ერთ-ერთმა ამერიკელმა ავეჯის მწარმოებელმა ქარხანა ჩინეთში გადაიტანა, მაგრამ დღესდღეობით წარმოების ამერიკაში დაბრუნებას გეგმავს. ეს განაპირობა ჩინეთში საათობრივი ანაზღაურების 50 ცენტიდან (2000 წელს) 3,5 დოლარამდე (2010 წელს) გაზრდამ, ასევე სხვადასხვა პოლიტიკურმა ბარიერებმა და ბაზარზე ამერიკული პროდუქციის მოთხოვნის მატებამ.
როგორც ეს მაგალითები აჩვენებს, ცნება - სხვისი სამუშაო ადგილები - არ არსებობს. ეს სამუშაო იმდენად არის ჩინეთის, რამდენადაც - ამერიკის. მხოლოდ ის ფაქტი, რომ კომპანიას ამერიკული ფესვები აქვს, არ უნდა გახდეს ამ წარმოების იქვე დატოვების აუცილებელი პირობა.
დიდი შეცდომა, რომელსაც კრუგმანის მსგავსად მოაზროვნე ეკონომისტები გათვლებში უშვებენ, არის იმის წარმოდგენა, თითქოს ცენტრალურ ბიუროს უკეთ ძალუძს მოქალაქეთა ალტერნატივების განსაზღვრა, ვიდრე თავად ამ მოქალაქეებს და მათ პოტენციურ დამსაქმებლებს. ყოველთვის უკეთესია ეკონომიკის განვითარება ორგანული იყოს და არა სხვადასხვა ტარიფებით შეზღუდული ანუ ისეთი, როგორსაც დოქტორი კრუგმანი ითხოვს. ბაზარი ყოველთვის მოახდენს რესურსების ეფექტიან გადანაწილებას ისე, რომ ხალხი საბოლოოდ მოგებული დარჩება.
![]() |
22 სოციალური ქსელები და ინტერნეტის 1%25-ის კანონი |
▲ზევით დაბრუნება |
ტექნოლოგია
ვახო ელერდაშვილი
მას შემდეგ, რაც სოციალური ქსელები ყოველდღიურობის ნაწილი გახდა, თითოეული ჩვენგანი ერთობ პროზაული პრობლემის წინაშე დადგა. არსაიდან წამოიჭრა რიტორიკული შეკითხვა, რომელიც დაუყოვნებლივ და აუცილებელ პასუხს საჭიროებს. შეკითხვა შემდეგია: როგორ მოვახერხოთ, რომ ჩვენი მეგობრების რაოდენობა სოციალურ ქსელში არც იმდენად დიდი იყოს, რომ უინტერესო სპამმა წაგვლეკოს და არც იმდენად პატარა, რომ მოწყენილობისაგან მოვკვდეთ?! ეს კი უპირატესად ჩვენთვის საინტერესო ადამიანების დახარისხებისკენ გვიბიძგებს, თუმცა რა პრინციპით უნდა მოხდეს მათი დახარისხება, კვლავაც უცნობია.
ამ პრობლემას უფრო შორსმიმავალი ფესვები აქვს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს და რთული სისტემების კვლევებს უკავშირდება. ეს კვლევები თანამედროვე მეცნიერებაში სინერგიის სახელით არის ცნობილი. უხეშად რომ განვმარტოთ, სინერგია ზესისტემური კანონზომიერებაა, რომელიც სისტემის შემადგენელი ნაწილებისაგან დამოუკიდებლად არსებობს და სისტემას თავისუფლების დამატებით ხარისხს ანიჭებს. ამის ნათელი მაგალითი ჰაერში ჟანგბადის შემცველობაა: მიუხედავად იმისა, რომ ნახშირორჟანგისა და ჟანგბადის გამომმუშავებელი ერთეულების (მცენარეების და სხვა ცოცხალი არსებების) რაოდენობა დედამიწაზე მუდმივი არაა, ჰაერში ჟანგბადის შემცველობა მაინც 21%25-ის ფარგლებში რჩება.
როგორც აღმოჩნდა, სოციალურ ქსელებში ადამიანები სამ ძირითად კატეგორიად იყოფიან. ეს კლასიფიკაცია სათავეს Web 2.0-ის შექმნიდან იღებს, როდესაც მომხმარებელთა ფართო მასებს ინტერნეტში საკუთარი ინფორმაციის იოლი განთავსებისა და კომენტირების საშუალებები მიეცათ. მიუხედავად იმისა, რომ მაგალითად ვიკიპედიის სტატიის დაწერა, ან Youtube-ში ვიდეოს ატვირთვა ფიზიკურად ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია, ამას, როგორც აღმოჩნდა, მათი ძალიან მცირე ნაწილი აკეთებს. უმრავლესობა მაინც მხოლოდ ინფორმაციის მოხმარებითაა დაკავებული. იგივე ითქმის სოციალურ ქსელებში ჩვენს აქტივობაზეც: ძალიან დიდი ნაწილი კითხულობს, ვიდრე წერს და აკომენტებს. ეს ფაქტორი კი აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ მეგობრების სიის ფილტრაციის დროს.
ინტერნეტის მომხმარებლების გენერირებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად, ბენ მაკკონელმა და ჯეკი ჰუბამ ჯერ კიდევ 2005 წელს მოულოდნელი კანონზომიერება დაადგინეს, რაც მას შემდეგ არაერთხელ დამტკიცდა ემპირიულად. კანონზომიერება იმაში მდგომარეობს, რომ მხოლოდ 1%25 ქმნის ინფორმაციას, 10%25 ამ ინფორმაციას მცირედით ცვლის, ან კომენტარს ტოვებს და დანარჩენი 89%25 კი პირდაპირი გზით მოიხმარს ისე, რომ საკუთარი არსებობის არანაირ კვალს არ ტოვებს. გადანაწილება „1-10-89” ბოლო წლებში დიდი განსჯისა და განხილვის საგანს წარმოადგენს ინტერნეტის ბლოგებსა და ფორუმებზე, სადაც ინფორმაციის მწარმოებელთა 1%25 დანარჩენ კომენტატორ 10%25-ს საყვედურობს მათი მცირერიცხოვნების გამო.
სოციალურ ქსელებში მეგობრების სიის ფორმირება, ზემოხსენებული ინტერნეტის 1%25-ის ემპირიული კანონის გათვალისწინებით, როგორც აღმოჩნდა, ძალიან ეფექტურია. თუ შერეულ ვარიანტებს გამოვრიცხავთ, იდეალურ შემთხვევაში სულ ორი შესაძლო სცენარის წარმოდგენა შეიძლება: 1) მომხმარებელი და კომენტატორი მეგობრების სიაში შლიან ყველა მომხმარებელს და მხოლოდ ინფორმაციის მწარმოებლებს და კომენტატორებს ტოვებენ; 2) ინფორმაციის მწარმოებლები კი შლიან ინფორმაციის მწარმოებლებს და საკუთარი კომენტატორებისა და მკითხველების პირისპირ რჩებიან. სინერგეტიკული კანონზომიერების ცოდნა ამგვარად სისტემის უკეთ გააზრების საშუალებას გვაძლევს და სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში გვეხმარება. სწორად ამ გზითაა შესაძლებელი, რომ არც სპამი გვახრჩობდეს და არც მოწყენილობა გვაწუხებდეს.
![]() |
23 ებრაელთა შესახებ |
▲ზევით დაბრუნება |
არქივი
ილია ჭავჭავაძე, 1988 წელი
თანამედროვე დასავლეთისთვის კარგად ნაცნობი პრობლემა - ანტისემიტიზმი, ამ ფორმებს საუკუნეების განმავლობაში იძენდა. მეცხრამეტე საუკუნე თითქოს ებრაელთათვის შვების ხანა უნდა ყოფილიყო, მაგრამ პირიქით მოხდა. ევროპაში უფრო მეტად გაძლიერდა მათი დევნა, საბოლოოდ კი ჰოლოკოსტამდე მივიდა. ილია ჭავჭავაძე სწორედ ამის შესახებ აფრთხილებს მკითხველებს, როცა გერმანიასა და ავსტრიაში გაძლიერებულ ანტისემიტიზმს ახსენებს. ილია, როგორც ლიბერალი, ღიად ეწინააღმდეგება ებრაელთა დევნას და დანაშაულად მიიჩნევს.
ლია ჭეფხოძე
არც ერთ ერს არ გამოუვლია იმდენი სატანჯველი და წამება, რამდენიც ებრაელთა ერს თავს გადაჰხდენია. ამ ოდესმე დიდებულს და სახელგანთქმულს ერს ბედმა ხელიდგან გამოსხლიტა სამშობლო და თვითმყოფელობა და განაბნია იგი მთელის დედამიწის ზურგზე, ჩაათესლა უცხო ქვეყნებში, სადაც ებრაელებს მოელოდა ყოველგვარი ტანჯვა და წვალება. აზიასა და ევროპაში, აფრიკასა და ამერიკაში, ყველგან ერთი და იგივე ბედი სდევნიდა უბედურს ერსა, რომელიც იბრძოდა და იბრძვის ყოველნაირის საშუალებით, რათა თავი დაიცვას და არ გახდეს მსხვერპლი ძულებისა და წამებისა. ამდენი ხანია ეს ერი მოგზაურობს მთელს დედამიწის ზურგზე და ამ ხნის განმავლობაში არა ყოფილა ისეთი სატანჯველი, რომელიც ებრაელებს არ გამოეცადოთ. აბა რომელი საბუთი არ უხმარიათ და ხელზე არ დაუხვევიათ ებრაელთა სადევნელად? არ მოიპოვება ისეთი ისტორიული უსამართლოება, რომელსაც ებრაელები არ დაეჩაგროს. სდევნიდნენ ებრაელებს - ვითარცა ერს, სდევნიდნენ - ვითარცა თავისებურისა და განსაკუთრებულის რჯულის მაღიარებელთ, სდევნიდნენ - ვითარცა უსამართლო ეკონომიურის წესწყობილების წარმომადგენელთ და სხვა ერთა ეკონომიურ მჩაგვრელებს. მდევნელები ხან ერთს საბუთს აძლევდნენ უპირატესობას, ხან მეორეს და არასოდეს არ დამცხრალა სიძულვილი ებრაელთადმი.
ეხლა კი, ოდესაც ეგოდენს ჰღაღადებენ კაცთმოყვარეობაზე, იმავე საბუთების ძალით სდევნიან იმათ იქაც კი, სადაც თითქოს ადგილი არ უნდა ჰქონდეს სიძულვილსა და დაუნდობლობას. ეს რამდენი ხანია ევროპაში არსებობს ეგრეთწოდებული ანტისემიტიური, ესე იგი ებრაელთა მოწინააღმდეგე მოძრაობა, რომელიც სცდილობს რაც შეიძლება მეტად შეავიწროვოს და დასჩაგროს ებრაელნი. ნამეტნავად ავსტრიასა და გერმანიაშია ძლიერი იგი მოძრაობა, ისეთ წრეშიაც კი, რომლისგანაც ნაკლებად მოსალოდნელი და საფიქრელი იყო.
ანტისემიტიურს მოძრაობას ძალიან დაუფიქრებია გერმანიის მმართველობაცა, ამასა ჰმოწმობენ ზოგიერთი გაზეთები, რომელნიც ლაპარაკობენ ებრაელთა ყოფა-მდგომარეობაზე. ეს გაზეთები ამბობენ, რომ სხვა ქვეყნებშიაც თანდათან ძლიერდება ანტისემიტიური მოძრაობაო. ამის მიზეზი ეროვნული სიძულვილი და რელიგიური ფანატიზმი კი არ არის, არამედ ეკონომიური ძლიერება ებრაელთა.
![]() |
24 მანუ და პალა დესიო |
▲ზევით დაბრუნება |
სპორტი|კალათბურთი
ზურაბ თალაკვაძე
პალა დესიო ჟალგირისთან გარჩევამდე ერთი საათით ადრე გაივსო. ზედა იარუსებიდან ორი ძველი დროშა გადმოკიდეს. დროშები, წინა გენერაციების თინეიჯერები რომ იცნობდნენ და ამ თაობის თინეიჯერებმა რომ უნდა იცოდნენ. კანტუს დროშები. პალა დესიო კანტუს არენაა და მალე ევროლიგის კიდევ ერთი თამაში ჩაივლის. კანტუში ქართული ინტერესიც დევს. იქ მანუჩარ მარკოიშვილი და გიორგი შერმადინი არიან. ჟალგირისთან ორივე იქნება და ანდრეა ტრინკიერი ჯერ პირველ ხუთეულზე ფიქრობს.
ფოტო: REUTERS ©
მანუ ტრინკიერისთან მიდის. ტრინკიერი გამოუძინებელი ქიმიკოსივით დგას. აბურძგნული თმა, ნომრიანი სათვალე, ნახევრად ამოჩეჩილი, ცოტა დაღეჭილი პერანგი და დიდი დაფა. მწვრთნელებს რომ უჭირავთ, ის დაფა. ტრინკიერის იმ დაფასთან ერთად ეღვიძება. დაფა ანდრეას ძმაკაცია. კანტუში ჯერ მწვრთნელია და მერე ყველა მოთამაშე. წელს, ბარსელონადან ჯანლუკა ბაზილე მივიდა და კალათბურთის დელ პიეროც ყველაფერზე თავს უქნევს ტრინკიერის. მანუმ ქოუჩს მოუსმინა, გასაგები გაიგო და მოთელვაზე დაბრუნდა.
ტრინკიერიმ მარკოიშვილი შარშან უფრო დატვირთა. მანუ მეორე ნომერია. რბილი მაჯით, მაღალი საკალათბურთო ინტელექტით, ჩამოყალიბებული პროფის აზროვნებით, მაგარი მუხლებით. მარკოიშვილი ნდობას და გამოცდილებას აგროვებს და ტრინკიერი ამას აფასებს. ეს ჟალგირისშიც იციან.
მანუმ ჟალგირისთან თავიდან ეგრევე ორი ფოლი მიიღო. მწვრთნელი ჩვენს კაცს ასვენებს. ბოლო მეოთხედში მარკოიშვილი ისევ ხუთეულშია და კანტუმ მინუს 13 ამოქაჩა, ჟალგირისს პიჟონური კალათბურთისთვის წამოარტყა. კანტუ თამაშში 51:64-ის შემდეგ მარკოიშვილმა დააბრუნა. ჩააგდო ოთხი მეტრიდან. აიღო ბურთი დაცვაში. ჩასვა სამი მეტრიდან, დააშვებინა შეცდომა მანტას კალნიეტისს. შევიდა და ლიტვურ უბანში კიდევ ორი ქულა დაირტყა. თავისი ფოლით და ის 1 ქულაც წამოიღო. სამ წუთში მარკოიშვილი 7 ქულას იღებს. პალა დესიოში მანუ დაიმარცვლა. ბოლო ქულა შერმადინმა აიღო და კანტუმ 79:78 მოიგო.
მარკოიშვილი: „გაგვიმართლა. ჟალგირისი ფიზიკურად ჩვენზე უკეთ არის მომზადებული, ჩვენზე აგრესიული, მაღალი გუნდია. წელს რამდენიმე თამაშში მძიმე, აგრესიულ დაცვასთან პრობლემები გვქონდა. ბარსელონას ბარსელონაში ვუგებდით და ვერ გავქაჩეთ. ბარსელონამ აგრესიით, უკეთესი დაცვით მოგვიგო. იგივე კალათბურთი წავიდა ჟალგირისთან. უბრალოდ, საკუთარ დარბაზში უფრო გაგვიმართლა, ვიდრე ესპანეთში“.
კანტუ ძველი გუნდია. კანტუზე ძველი იტალიელები დადიოდნენ და ახლებმა უფრო ბო მაკალები იციან, ვიდრე ის, კარგი ბიჭები.
რეალის შემდეგ კანტუს ევროპაში ყველაზე ბევრი ევროპული ფინალი აქვს მოგებული. ევროლიგას ჩემპიონთა თასი ერქვა და კანტუმ ის თასი ორჯერ (1982-83) აიღო.
სულ ადრე, პირველი მოგებული ფინალი ყრუ მწვრთნელს, ლუიჯი ჩიჩორიას უკავშირდება. 1942. კანტუ მუსოლინის თასს იგებს და თასს მუსოლინისგან იღებს. სამი წლის მერე, აპრილში ბენიტო მუსოლინი კომოს ტბასთან იტალიელმა პარტიზანებმა აიყვანეს. დუჩე მორჩა. კანტუც მორჩა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, კანტუ მესამე ლიგამდე ეშვება, მერე მოდის სპონსორი და 1954-ში კანტუ ისევ ზედა ეშელონშია. ტომ ბერჯესთან, კარლო რეკალკატისთან და ბორის სტანკოვიჩთან ერთად, გუნდი იტალიის ჩემპიონი ხდება. კანტუ მთელი იტალია იყო.
დღეს ამ კლუბის ერთ-ერთი ლიდერი მარკოიშვილია.
ანდრეა ტრინკიერი
მარკოიშვილი: „კანტუს ტრადიციები კარგად ვიცი. გუნდს იტალიაში ბევრი გულშემატკივარი ჰყავს. რაღაც პერიოდში რომამ, ვირტუსმა, სკავოლინიმ, მონტეპასკიმ გაგვასწრეს და დღეს, კანტუ ისევ იტალიური კალათბურთის ერთ-ერთი ლიდერია. მონტეპასკიში მეტი ინვესტიცია დევს და მეტი შესაძლებლობით უფრო სერიოზულ მოთამაშეებს ყიდულობენ. კანტუ ნაკლებით მეტის აღებას სწავლობს, ეჩვევა, ცდილობს სტაბილურობის დაბრუნებას. შარშან იტალიის ჩემპიონატში მონტეპასკისთან ფინალი წავაგეთ და ცოტა მეტი გამოცდილებით, ალბათ, სერიის შემოტრიალება შეიძლებოდა. ტრინკიერი ძალიან ჭკვიანი მწვრთნელია. სწრაფად ითვისებს ყველაფერს. სულ რაღაცას ინიშნავს, იმახსოვრებს, უყურებს სხვა თამაშებს. მასთან მუშაობა სასიამოვნოა“.
კანტუს ლეგენდა პიერლუიჯი მარძორატია. 22 სეზონი, ბევრი მოგებული ფინალი, ავტოკატასტროფა და ხერხემალზე ორი ოპერაციის შემდეგ აღდგენილი კარიერა. მარძორატი 1969-91 წლებში იყო კანტუში. მარძორატი კანტუ იყო. პიერლუიჯისთან ერთად იტალიის ნაკრებმა 32 წლის წინ მოსკოვში, ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი დაიტოვა.
მარძორატის იტალიის ნაკრებში 278 თამაში ჰქონდა. ბევრ წუთში ნიჭიერმა ფლეიმეიქერმა 2 209 ქულა აკრიფა. 1976-ში მარძორატი ევროპის საუკეთესო მოთამაშეა. ცისფერი გუნდი პიერლუიჯისთან ერთად სამჯერ (1971, 1975, 1985) გადის ევრობასკეტზე მესამეზე. ფიბას დიდების დარბაზი (2007), ევროპის ყველა დროის 50 საუკეთესო მოთამაშის კლუბის წევრი, პოპულარული გოგონებში და არაპოპულარული თამაშის დროს. ძირითადად, სხვა გუნდებისთვის. 54 წლის მარძორატიმ ექვსი წლის წინ კანტუს იუბილეზე (კლუბი 70 წლის გახდა) ოფიციალურ თამაშში მიიღო მონაწილეობა, ორ წუთში ორი ქულა აიღო და კანტუმ ბენეტონს 70:69 მოუგო.
პალა დესიო - კანტუს საშინაო არენა
დღეს მარძორატი ბაზილეა. ჯანლუკა თავის წუთებს იღებს, მანუს წუთებსაც იღებს და ტრინკიერი ვეტერან გენიოსს ენდობა.
მარკოიშვილი: „ბაზილე ლეგენდაა. 37 წლის არის და თითქმის ყველაფერი აქვს მოგებული. კანტუში კარიერის დასამთავრებლად არ მოსულა და 20-25 წუთს ქაჩავს, ათ ქულამდეც იღებს. შარშან მეტი დრო მქონდა და თუ მწვრთნელი თვლის, რომ ამ ეტაპზე ბაზილემ, ან ვინმე სხვამ ჩემზე მეტი უნდა ითამაშოს, პრობლემა არ არის, მწვრთნელის ნებისმიერ გადაწყვეტილებას მივიღებ, გავიგებ. კანტუ არ არის რომელიმე გამორჩეული ინდივიდუალისტის კლუბი. ყველას თავისი დრო, დატვირთვა აქვს და ტრინკიერიმ იცის, რომ ბოლო წუთზე ყველას შეუძლია ენდოს. ამ განწყობით, ამ ნდობით შარშან იტალიაში მეორე ადგილზე გავედით. იმედი მაქვს, დრო გამეზრდება და მერე, სეზონი რომ მორჩება, შევხვდები მწვრთნელს, დავილაპარაკებთ. კანტუსთან სეზონის ბოლომდე მაქვს 1+1 კონტრაქტი და კლუბთან ხელშეკრულების გაგრძელების უფლება იმ კონტრაქტით მე მრჩება“.
კანტუ ოთხჯერ იგებს საპორტას თასს (1977, 1978, 1979, 1981). მარძორატისთან ერთად.
კანტუ ოთხჯერ იგებს კორაჩის თასს (1973, 1974, 1975, 1991). იმ გუნდის მწვრთნელები არნალდო ტაურისიანო (1969-79) და ფაბრიციო ფრატესი (1990-92) იყვნენ. კლუბმა ორჯერ გაშალა ფლეში საკონტინენტთაშორისო თასზე (1975, 1982). კანტუ ლეგენდაა. იტალიური ლეგენდა. ის, ძველი ტორინო რომ იყო, ისეთივე ლეგენდა. ტორინო ტურინში იუვენტუსზე მაგრად უყვარდათ და კანტუ იტალიაში იტალიის ნაკრებზე საყვარელი, იტალიური გუნდი იყო. 1991 წლის კორაჩზე, კანტუმ ფინალში ორივე გარჩევა მოუგო რეალს. ჯერ 73:71. მერე 95:93, დამატებით დროში. ამ ევროლიგაზე კანტუმ პირველი ეტაპი გაიარა და ფლეი-ოფში გასვლის შანსი აქვს.
მარკოიშვილი: „ბარსელონა ჯგუფის ფავორიტია. ნავაროს გარეშე მაინც მოგვიგო და ნავაროსთან, ლორბეკთან ერთად თელ-ავივში მაკაბის უგებს. როგორც გითხარით, ჟალგირისთან გაგვიმართლა, და თუ ცოტა შეცდომას დავუშვებთ, მაკაბისთან მოგებაც შეიძლება. ამ ევროლიგაზე ორი ფავორიტია. ცსკა და ბარსელონა. სერიოზული გუნდია პანათინაიკოსი, მონტეპასკიმ მოუმატა, მადრიდში რეალს 88:69 მოუგო. დანარჩენებს ერთმანეთთან თანაბარი შანსები გვაქვს. როგორც უნდა მორჩეს ეს ევროლიგა, კანტუსთვის ტურნირი ყველა ვარიანტში წარმატებულია. პირველ ეტაპზე, საკუთარ დარბაზში ხუთიდან ოთხი თამაში მოვიგეთ, მხოლოდ ფენერბახჩესთან წავაგეთ. Top 16 დაიწყო და აქაც ვიგებთ. სხვა გუნდებს ჩვენზე მაგარი სპონსორები, მოთამაშეები ჰყავთ. ჩვენ ერთმანეთი გვყავს. და ტრინკიერი. მწვრთნელი ჩვენი მეგობარი, ოჯახის წევრი, ყველაზე სანდო ადამიანია. კანტუმ ბევრი მომცა და ყველაფერს ვაკეთებ კლუბის წარმატებისთვის. კანტუ განსაკუთრებული კლუბია“.
მანუ ევროლიგაზე არასრულ 20 წუთს იღებს. არასრულ ოც წუთში 8.3 ქულას, 2.3 მოხსნას და 2.2 პასს იღებს. დაცვაში მაგრად ზის, სამიანების 40 პროცენტს აგდებს, სანდო პერსონაა. დრო შემცირდა, პროფესორი ბაზილე ჩვენი კაცის წუთებს იღებს და მარკოიშვილი არ წუწუნებს, საქმეს ბოლომდე აკეთებს.
პალა დესიო ჟალგირისთან გარჩევამდე ერთი საათით ადრე გაივსო. ზედა იარუსებიდან გადმოკიდეს ორი ძველი დროშა. ის დროშები, წინა გენერაციების თინეიჯერებმა რომ იცოდნენ და ამ გენერაციის თინეიჯერებმა რომ უნდა იცოდნენ. კანტუს დროშები. პალა დესიო კანტუს არენაა და ევროლიგის კიდევ ერთი თამაში აითვისა. კანტუში ქართული ინტერესიც დევს. იქ მანუჩარ მარკოიშვილი და გიორგი შერმადინი არიან. ჟალგირისთან ორივე იყო და ჟალგირისთან ორივემ დაგლიჯა. ანდრეა ტრინკიერი ჯერ ისევ პირველ ხუთეულზე ფიქრობს.
![]() |
25 აღარ მინდა კლასიკო! |
▲ზევით დაბრუნება |
ბიძინა ბარათაშვილი|სვეტი
2012 წელი კიდევ ორი ესპანური კლასიკოთი დაიწყო და მადრიდისტებმა მორიგი იმედგაცრუება მივიღეთ. მოურინიოს ეპოქაში რეალმა 11-ჯერ სცადა კატალონიელთა დამარცხება და ძირითად დროში ამის გაკეთება ჯერაც ვერ მოახერხა. ერთადერთ წარმატებად სამეფო თასის შარშანდელი ფინალის დამატებითში რონალდოს მიერ გატანილი გოლი რჩება, რომელმაც მადრიდელებს თასი მოაპოვებინა. ისიც სიბელესისკენ მიმავალ სერხიო რამოსს ავტობუსის ბორბლებში ჩაუვარდა და გატყდა!
ესპანური ფეხბურთის გრანდების დაპირისპირება უკანასკნელ დროს გროტესკულ ხასიათს იღებს - ჯერ ერთი, ბოლო ორ სეზონში კლასიკოები ისეთი სიხშირით იმართება (11), რომ სრულიად დაიკარგა საფეხბურთო დღესასწაულის მოლოდინის ეფექტი; თან, რაც უნდა კარგად ითამაშოს რეალმა (იგი სუპერთასზეც და თასის ბარსელონურ მატჩშიც სჯობდა მეტოქეს), გამარჯვება მაინც ბარსელონას რჩება! წინ კი მეორე წრის მატჩია და ვინ იცის ჩემპიონთა ლიგის მორიგი ჯახიც...
მართალია, შიდა პირველობაში რეალი მნიშვნელოვნად უსწრებს საძულველ მეტოქეს და ალბათ ჩემპიონიც გახდება, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ სეზონში მოახერხოს კლასიკოების წარუმატებელი სერიის შეწყვეტა. ეს კი გარკვეულწილად გააუფერულებს საერთო ტრიუმფს. აღარ ვაპირებ ისედაც მტკივნეული თემის მაზოხისტურ (როგორც ყველა მადრიდისტასთვის) ანალიზს. ვიტყვი მხოლოდ ერთს - ჩემი მოკრძალებული აზრით, ბარსელონას წარმატების მთავარი მიზეზი შემადგენლობის დიდი ნაწილისა და, რაც მთავარია, თვითონ გვარდიოლას საკლუბო პატრიოტიზმში უნდა ვეძიოთ. კატალონიელებმა კარგად აითვისეს სწორედ რეალის მიერ გასული საუკუნის 80-იან წლებში დანერგილი ტრადიცია - ძირითადი აქცენტი კლუბის აღსაზრდელებზე გადაიტანეს და ლოგიკურ შედეგს იმკიან. საპირისპიროდ ამისა, მადრიდელებმა დაივიწყეს „კვინტა დელ ბუტრეს“ გამოცდილება, მადრიდი პორტუგალიურ-თურქულ ფერებში გადაღებეს და ეს ბაბილონის გოდოლიც ლოგიკურად თავზე ენგრევათ!
დღეს მეტი სიმძაფრით გვახსენდება რეალის ყველაზე წარმატებული მწვრთნელები: მიგელ მუნიოსი, ვისენტე დელ ბოსკე და ლუის მოლოვნი - სამივე ნაღდი მადრიდისტა! პირველმა რეალში 10 წელი ითამაშა, 4 ჩემპიონატი და 3 ჩემპიონთა თასი მოიგო, მერე გუნდი ჩაიბარა და კიდევ 9-ჯერ გააჩემპიონა, თან 2 ჩემპიონთა თასი, 3 სამეფო თასი და ერთი საკონტინენტთაშორისო თასიც მოაპოვებინა; 5-გზის ჩემპიონი დელ ბოსკეს მონაპოვარი უფრო მწირია, მაგრამ, ეპოქის გათვალისწინებით, არანაკლებ შთამბეჭდავი: 2-2 ჩემპიონატი და ჩემპიონთა ლიგა + საკონტინენტთაშორისო თასი; და ბოლოს, ყველაზე საინტერესო ტიპი - ლუის მოლოვნი, რომელსაც ფეხბურთელობისას 1950 წლის მუნდიალზე უთამაშია, რეალში კი 4 ჩემპიონატი აქვს მოგებული, მაგრამ სამეფო კლუბის მწვრთნელად მუდამ პაუზის შესავსებად, ე.წ. დროებით მშველელად მოჰყავდათ და ეს არასოდეს გაუპროტესტებია, რადგან კლუბის ნამდვილი „ინჩა“ იყო. არადა, იმ 4 მოკლე პერიოდის მანძილზე, რეალს 3 ჩემპიონატი, 2-2 უეფას და ესპანეთის თასი ააღებინა!
დღეს პრიმერაში 2 მსგავსი მაგალითი გვაქვს: ესპანიოლსა და მადრიდის ატლეტიკოს თავიანთი ყოფილი არგენტინელი სიმბოლოები - მაურისიო პოჩეტინო და დიეგო სიმეონე წვრთნიან. ამ ეტაპზე ორივე კლუბი ჩემპიონთა ლიგის საგზურს უმიზნებს. პოჩეტინო 2009 წლიდან თავკაცობს კატალონიელებს და 2 წელია ლა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა სპეციალისტად სახელდება, ხოლო ატლეტიკოს ბოლო დუბლის (1996) სულის ჩამდგმელმა სიმეონემ კრიზისში მყოფი კლუბი ძველებურად აათამაშა, მოგება გაახსენა და ბრძოლის ჟინი გაუღვიძა.
ამ ფონზე სრულიად განწირულად ჩანს ლუის ენრიკეს მიერ რომადან მეორე ბარსელონას „გამოჭრის“ მცდელობა, დინამოში კი უკვე მიხვდნენ, რომ ალექს გარსია ნიჭით მნიშვნელოვნად ჩამოუვარდებოდა თანაქალაქელ ანტონიო გაუდის, უბრალო ბარსელონელია და თბილისში ხეირიანს ვერაფერს ააშენებდა.
მოკლედ, ყველას ურჩევნია ტრადიციებს გაუფრთხილდეს, საკუთარი სახე შეინარჩუნოს და არ იქცეს ვიღაცის კარიკატურად.
ფეხბურთის მამებს კი უმორჩილესად ვთხოვ, როგორმე შეამცირონ კლასიკოების რაოდენობა. გვეყოფა!
![]() |
26 მოგზაურები |
▲ზევით დაბრუნება |
სპორტი|ფეხბურთი
ლაშა გოდუაძე
რატომ იცვლიან ფეხბურთელები კლუბებს?
ამ კითხვაზე პასუხის გაცემა რთულია და ალბათ, იმდენი პასუხი მოიძებნება, რამდენი მოთამაშეცაა დედამიწაზე.
ზოგს კლუბის დონე არ აკმაყოფილებს - ძლიერ ლიგაში სურს თამაში, სხვას უკეთეს პირობებს სთავაზობენ, მესამეს სათადარიგოთა შორის ყოფნა მობეზრდა, ვიღაცა კარიერას ასრულებს და სულაც არაა წინააღმდეგი საფეხბურთო სიბერეში მილიონები გამოიმუშაოს...
დღეს, როცა საფეხბურთო სამყაროში საზღვრები პირობითი ცნება ხდება, ჩვეულებრივი ამბავია მოთამაშის ტრანსფერი ოთხ-ხუთ კლუბში, მაგრამ დროდადრო ისეთებსაც ვხვდებით, ლამის ყოველ სეზონში რომ იცვლიან გუნდს.
რატომ ხდება ასე? პასუხის გაცემა, ალბათ, ასეთ ფეხბურთელებსაც გაუჭირდებათ...
ჯორჯ ბესტი
ამ წერილის მიზანი სულაც არაა ხსენებული ფენომენის ამოხსნა. ჩვენ, უბრალოდ, გვსურს მათ შესახებ მოგითხროთ, კარიერის მანძილზე ლამის მთელი მსოფლიო და უამრავი კლუბი რომ შემოიარეს.
„ჩემი ფულის 90%25 ქალებში, სასმელსა და სპორტულ მანქანებში დავხარჯე. დანარჩენი გავფლანგე“, - ეს სიტყვები ჯორჯ ბესტს ეკუთვნის. არაერთი ბრიტანელი ჟურნალისტი მას ინგლისის ჩემპიონატის ყველა დროის საუკეთესო მოთამაშედ მიიჩნევს.
ზლატან იბრაჰიმოვიჩი
ჩრდილოირლანდიელი ჯადოქარი 27 წლის იყო, მანჩესტერ იუნაიტედიდან რომ წავიდა. ამ ასაკში ბევრი დიდი ფეხბურთის თამაშს იწყებს, ბესტს კი ოლდტრაფორდულ კლუბში 470 მატჩში 179 გოლის გატანა, პირველობის, თასის, ჩემპიონთა თასის მოგება და ევროპის უძლიერესი ფეხბურთელის ტიტულის მოპოვება უკვე მოესწრო.
1974 წლამდე მანჩესტერ იუნაიტედი ბესტის ერთადერთი კლუბი იყო. ის 1963 წლიდან თამაშობდა ლეგენდარული მენეჯერის სერ მატ ბასბის ხელმძღვანელობით, მაგრამ როცა კარიერა დაასრულა, და ეს ათი წლის შემდეგ მოხდა, მისი გუნდების რაოდენობა ოცს აღწევდა - მათ შორის ბევრი იყო ძალიან უცნაური, ასე ვთქვათ, არასაფეხბურთო ქვეყნის. ალისფერი ეშმაკუნებიდან ალკოჰოლის უზომო სიყვარულის გამო დათხოვნილმა ბესტმა ჯერ სამხრეთ აფრიკის ჯიუვიშ გუილდში ითამაშა, მერე კორკ სელტიკი იყო, შემდეგ ჩრდილო ამერიკის საფეხბურთო ლიგა და ლოს ანჯელეს აცტეკსი, ფორტ ლოდერდეილ სტრაიკერსი, სან ხოსე ეარსქუეიქსი, დეტროიტ ექსპრესი...
1984 წელს ტობერმორ იუნაიტედში დაასრულა კარიერა, იქამდე კი ჰონგკონგის ორ კლუბში, ავსტრალიასა და სამშობლოშიც ითამაშა.
2005 წლის 20 ნოემბერს გაზეთმა News of the World გარეკანზე საავადმყოფოში გადაღებული მომაკვდავი ჯორჯ ბესტის ფოტო დაბეჭდა ფეხბურთელისავე თხოვნით - „ჩემსავით ნუ მოკვდებით”. ლეგენდარული შვიდიანი ხუთი დღის შემდეგ გარდაიცვალა...
ზუსტად იმ დღეებში იტალიელი თავდამსხმელი კრისტიან ვიერი თავის მეათე კლუბში აგორებდა ბურთს: სკუადრა აძურას ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო გოლეადორმა 33 წლის ასაკში ზუსტად ამდენი გუნდი გამოიცვალა, თუმცა ფეხბურთიდან წასვლამდე კიდევ სამი კლუბის მაისური მოირგო.
მან კარიერა 1991 წელს დაიწყო ტორინოში, მაგრამ სეზონზე მეტხანს არც იქ გაჩერდა და არც მომდევნო შვიდ კლუბში: ტორინო პიზამ შეცვალა, პიზა - რავენამ, შემდეგ ვენეცია, ატალანტა, იუვენტუსი, მადრიდის ატლეტიკო და ლაციო იყო.
1999 წელს მილანის ინტერმა დედაქალაქური კლუბის საბანკო ანგარიში 32 მილიონი გირვანქით შეავსო - ვიერი მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე გახდა! მან შავ-ლურჯთა შორის ზედიზედ ექვსი სეზონი გაატარა, მერე კი „მეორე წრეზე“ წავიდა...
დღეს ის ექსფეხბურთელია და სამოდელო ბიზნესშია: პაოლო მალდინისთან ერთად მაღაზიათა ქსელს - Sweet Years - ფლობს. ვიერისგან განსხვავებით პაოლომ მთელი კარიერა - ზუსტად 25 წელიწადი - მშობლიურ მილანს უერთგულა...
ბესტი დღესაც ჩინებულად ახსოვთ დიდ ბრიტანეთში - ვეტერანები და ჟურნალისტები დროგამოშვებით ტკბილად იგონებენ ჩრდილო ირლანდიელს, იტალიის ნაკრების ტიფოზებიც დროდადრო იხსენებენ ვიერის, მაგრამ ვეჭვობთ, რომ გერმანელი მეკარის ლუც პფანენშტილის არსებობა არათუ ბრიტანელ და იტალიელ მიმომხილველებს, მის უამრავ თანამემამულესაც არ გაუგია. 1973 წლის 12 მაისს, გერმანიის ქალაქ ცვაიზელში დაბადებული ბიჭი დღეს გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნშია შესული: 21-წლიანი კარიერის განმავლობაში მან პროფესიონალი ფეხბურთელის სტატუსით ყველა კონტინენტზე ითამაშა და თან, არც მეტი, არც ნაკლები, 25 კლუბის მაისურით!
პფანენშტილის კარიერა დაწვრილებით აღწერას ნამდვილად იმსახურებს. ის პირველად 1991 წელს, მეხუთე ბუნდესლიგის კლუბ ბად კიოტცტინგის კარში ჩადგა, მერე კი დაიწყო და დაიწყო: მალაიზიის პენანგი, ინგლისის უიმბლდონი და ნოტინგემ ფორესტი, სამხრეთ აფრიკის ორლანდო პაირატსი, ფინეთის ტამპერე და ჰაკა, გერმანიის მესამე ბუნდესლიგის ვაკერ ბურგჰაუზენი, სინგაპურის გეილანგ იუნაიტედი, ახალი ზელანდიის დუნედინ ტექნიკალი, ინგლისის ბრედფორდ პარკ ავენიუ და ჰადერსფილდ თაუნი, კვლავ სამშობლო - მეექვსე ბუნდესლიგის შამი, ნორვეგიის ბერუმი, კანადის კალგარი მუსტანგსი, ახალი ზელანდიის ოტაგო იუნაიტედი, ალბანეთის ვლაჟნია, სომხეთის ბენტონიტი, კანადის ვანკუვერ უაითქეფსი...
2008 წელს მან ბრაზილიის კლუბ ატლეტიკო იბირამასთან გააფორმა ხელშეკრულება, რამდენიმე დღეში მოედანზეც გავიდა, ამით კი პირველი ფეხბურთელი შეიქნა სპორტის მეფის ისტორიაში, ყველა კონტინენტზე რომ ითამაშა! სამხრეთ ამერიკაში დიდხანს არ გაჩერებულა, ბრაზილიის რანგით მესამე ლიგაში ჩატარებული 12 მატჩის შემდეგ კვლავ განაგრძო მოგზაურობა: ნორვეგიის ფლეკეროი იდრეტსლაგი მანგლერუდ სტარმა შეცვალა, სკანდინავიური კლუბები ნამიბიის რამბლერსმა, სამხრეთაფრიკული ქვეყანა კუბამ...
2010 წლის დასაწყისში პფანენშტილმა კარიერა დაასრულა და ნამიბიის ნაკრებში მეკარეთა მწვრთნელად დაიწყო მუშაობა, ზაფხულში, მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთი გერმანული ტელეარხის კომენტატორი იყო, ზუსტად ერთი წლის წინ კი ბუნდესლიგის კლუბ ჰოფენჰაიმის სკაუტი გახდა და მას შემდეგ ამ გუნდშია.
ლუც პფანენშტილის არსებობა თუ პირველად შეიტყვეთ, ბრაზილიელი რივალდო კარგად გეცოდინებათ. გერმანელს და ბრაზილიელს მხოლოდ ერთი რამ აქვთ საერთო - ფეხბურთელის კარიერა ორივემ 1991 წელს დაიწყო. სხვა მხრივ, ისინი ძალიან განსხვავდებიან: პფანენშტილმა ერთი თასიც ვერ აღმართა, ვიტორ ბორბა ფერეირამ, იგივე რივალდომ კი საფეხბურთო სამყაროში არსებული ყველა ჯილდო მოიგო მთავარი გუნდური ტიტულით, ფიფას ოქროს თასით დაწყებული უმაღლესი ინდივიდუალური ჯილდოთი, მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშის პრიზით - ფიფას ბრილიანტის ბურთი - დასრულებული.
მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტთა 1999 წლის რჩეულის საუკეთესო წლებმა დიდი ხანია ჩაიარა და მისი დროების მთავარი ვარსკვლავებიც - ფრანგი ზინედინ ზიდანი, პორტუგალიელი ლუიშ ფიგუ, ბრაზილიელი რონალდო - წლების წინ წავიდნენ ფეხბურთიდან, ის ჯიუტად არ ტოვებს მინდორს: 13 იანვარს, ანგოლის დედაქალაქ ლუანდაში, კლუბ კაბუსკორპთან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ხელშეკრულება 31 დეკემბერს იწურება.
„მიხარია, რომ კარიერას ახალ გუნდში გავაგრძელებ!“ - განაცხადა რივალდომ, ვისთვისაც კაბუსკორპი პირველი აფრიკული, ისე კი მეცამეტე გუნდია.
რატომ მაინცდამაინც ანგოლა? ამ კითხვას ბრაზილიელი ჟურნალისტები პასუხობენ: რივალდოს გასამრჯელოდ წელიწადში 4 მილიონი დოლარი აღუთქვეს, 40 წლის ფეხბურთელისთვის კი ეს ზღაპრული ხელფასია! არახალია, რომ სამხრეთამერიკელი ვეტერანი ათენის ოლიმპიაკოსიდან წასვლის შემდეგ არჩევანს მხოლოდ ფინანსური კუთხით აკეთებს. მაგალითად, 2008-2010 წლები მან უზბეკეთში, ტაშკენტის ბუნიოდკორში გაატარა - ყოფილი ნეფტაგაზმონტაჟქურუვჩის მესვეურები მას სეზონში 5 მილიონ ევროს უხდიდნენ...
რივალდოს ხელფასის შედარება ზლატან იბრაჰიმოვიჩის შემოსავალთან არც ღირს: შვედეთის ნაკრების თავდამსხმელს თავისი რიგით მეექვსე კლუბი, იტალიის ჩემპიონი მილანი სეზონში 11 მილიონ 700 ათას ევროს უხდის!
და თუ ამ მხრივ სკანდინავიელი ერთ-ერთი პირველია მსოფლიოში, ძვირადღირებული ტრანსფერების ჩამონათვალში მას ბადალი არ ჰყავს: 2001 წლის ზაფხულში ამსტერდამის აიაქსმა იბრას მალმიოს 8,9 მილიონი ევრო გადაუხადა. სამი წლის შემდეგ ტურინის იუვენტუსმა 16 მილიონი ევრო გაიღო, ორ წელიწადში, კალჩოპოლის სკანდალის შემდეგ კი, შვედი ვარსკვლავი მილანის ინტერს 24,8 მილიონად დაუთმო. 2009 წლის აგვისტოში იბრაჰიმოვიჩმა ბარსელონაში გადაინაცვლა - კატალონიელებმა 46 მილიონი ევრო გაიღეს და 20 მილიონად შეფასებული კამერუნელი თავდამსხმელი სამუელ ეტოოც დათმეს. საერთო ჯამში, გარიგება 69,5 მილიონად შეფასდა! ერთ წელიწადში შვედეთის ექვსგზის და იტალიის სამგზის საუკეთესო მოთამაშემ კვლავ გამოიცვალა კლუბი: მილანმა ჯერ საცდელი ვადით აიყვანა, შარშან ზაფხულში კი ბარსელონადან საბოლოოდ გამოისყიდა 24 მილიონ ევროდ.
დავთვალოთ: 5 ტრანსფერი და 143,6 მილიონი ევრო! შვედი მითიური მიდასივითაა - სადაც მივიდა, ყველას მოაგებინა! აქვე ისიც ვთქვათ, რომ 2003-04 წლების სეზონიდან დაწყებული, კლუბი, სადაც იბრაჰიმოვიჩი თამაშობდა, უცილობლად იგებდა ჩემპიონატს: აიაქსის, იუვენტუსის, ინტერის, ბარსელონას და მილანის მაისურით შვედმა ზედიზედ 8-ჯერ მოიგო პირველობა!
სამწუხაროდ, ჯერ არცერთ ქართველ ფეხბურთელს არ გამართლებია ასე. საქართველოს ნაკრების წევრები კლუბს კლუბზე იცვლიან, მაგრამ ეს სხვა ფენომენია, წმინდა ქართული - უმეტეს შემთხვევაში მოთამაშეებს „ხვალინდელ ქათამს დღევანდელი კვერცხი ურჩევნიათ“ და გუნდიდან გუნდში რამდენიმე ათასი დოლარით მეტი გასამრჯელოს გამო გადადიან. ხშირად ვერც კარგ „პადიომნიზე“
ამბობენ უარს და საეჭვო რეპუტაციის კლუბებს უკავშირებენ ბედს.
სხვანაირად ყველა თვალსაზრისით დალაგებული გერმანიიდან კამჩატკაზე ტრანსფერს ვერ ახსნი და ვერც ვერასდროს მიხვდები, რატომ უნდა დატოვო, ვთქვათ, დანია და წყალწაღებული ვლადიკავკაზის ალანიას მაისური მოირგო?!
ერთ ასეთ ნაბიჯს მეორე მოსდევს, მეორეს მესამე და წლების შემდეგ, კარიერის დასასრული რომ დგება, ფეხბურთელის გუნდების ჩამონათვალში ჩნდება ვლადივოსტოკის ლუჩ-ენერგია, ვლადიკავკაზის ალანია, მახაჩყალის ანჟი, ბარნაულის დინამო, ნალჩიკის სპარტაკი, მოსკოვის ოლქის სატურნი და ხიმკი, გროზნოს ტერეკი, სიმფეროპოლის ტავრია, იაროსლავლის შინიკი...
კრისტიან ვიერი
რივალდო
ლუც პფანენშტილი
ქართველ „მოგზაურთა“ სამეული:
1 მიხეილ აშვეთია (თავდამსხმელი, 34 წლის; 14 კლუბი 4 ქვეყანაში)
საქართველო - ქუთაისის ტორპედო და რწმენა, წყალტუბოს სამგურალი, თბილისის დინამო; რუსეთი - ვლადიკავკაზის ალანია, მოსკოვის ლოკომოტივი, როსტოვი, ყაზანის რუბინი, მახაჭყალის ანჟი, ბარნაულის დინამო, ნიჟნი ნოვგოროდი; გერმანია - იენის კარლ ცაისი; დანია - კოპენჰაგენი
2 გიორგი ლომაია (მეკარე, 32 წლის; 12 კლუბი 5 ქვეყანაში)
საქართველო - თბილისის კოდაკო, დინამო 2, დინამო, მერანი 91, ლოკომოტივი, რუსთავის ოლიმპი; რუსეთი - მოსკოვის სპარტაკი, მოსკოვის ოლქის ხიმკი, ვლადივოსტოკის ლუჩ-ენერგია; გერმანია - იენის კარლ ცაისი; უკრაინა - ლვოვის კარპატი; აზერბაიჯანი - ბაქოს ინტერი
3 ალექსანდრე ამისულაშვილი (მცველი, 29 წლის; 11 კლუბი 4 ქვეყანაში)
საქართველო - თელავის კახეთი, ქუთაისის ტორპედო, სამტრედიის იბერია, თბილისის დინამო; უკრაინა - კიევის დინამო 2, დნიპროპეტროვსკის დნიპრო, სიმფეროპოლის ტავრია; რუსეთი - იაროსლავლის შინიკი, ნალჩიკის სპარტაკი, კრასნოდარი; თურქეთი - ქაისერისფორი
![]() |
27 3 გოგონა დრაკონის ტატუთი |
▲ზევით დაბრუნება |
კულტურა
ნიკა ესებუა
2004 წელს სტიგ ლარსონმა, ტრილოგია „მილენიუმი“ ერთ-ერთ შვედურ გამომცემლობაში მიიტანა, სადაც მას წიგნების დაბეჭდვაზე უარი უთხრეს. როგორც შემდეგ აღმოჩნდა, ამ გამომცემლობამ დაახლოებით ისეთი შეცდომა დაუშვა, როგორიც 1995 წელს დიდ ბრიტანეთში 8 სხვა კომპანიამ, რომლებმაც ჯოან როულინგს ჯადოქარ ჰარი პოტერზე „სულელური ზღაპარი“ დაუწუნეს. საბოლოოდ, წიგნი Norstedts-მა დაბეჭდა. ლარსონი თავისი წიგნების გამოქვეყნებას ვერ მოესწრო, ის 2004 წლის 9 ნოემბერს გარდაიცვალა, „მილენიუმის“ ტრილოგიიდან პირველი წიგნის, „გოგონა დრაკონის ტატუთი“ გამოსვლამდე ერთი წლით ადრე. ნაწარმოები მსოფლიო ბესტსელერად იქცა.
ნუმი რაპასე
2009 წელს რეჟისორმა ნილს არდენ ოპლევმა, სტიგ ლარსონის პირველი წიგნის ეკრანიზაცია შექმნა. „გოგონა დრაკონის ტატუთი” ყველა დროის შემოსავლიან სკანდინავიურ ფილმად იქცა.
2011 წელს დევიდ ფინჩერმა „მილენიუმის“ ტრილოგიის პირველი წიგნის თავისი ვერსია გადაიღო და „უცხო 3“-ის რეჟისორობის შემდეგ, ალბათ, კარიერაში ყველაზე დიდი შეცდომა დაუშვა.
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ჟურნალისტმა სტიგ ლარსონმა წიგნის დაწერა გადაწყვიტა. მთავარ თემებად შვედი ნეონაცისტები და ქვეყანაში ქალთა ძალადობის პრობლემები აირჩია. ნეონაცისტების თემა ლარსონს მთელი ცხოვრება აწუხებდა. არსებობს მოსაზრება, რომ ჟურნალისტი გულის შეტევით არ გარდაცვლილა და ის ნეონაცისტებმა მოკლეს. მეორე თემის არჩევაში უმნიშვნელოვანესი როლი ლარსონის ბავშობისდროინდელმა ინციდენტმა იქონია: 14 წლის იყო, როდესაც ქალის გაუპატიურებას შეესწრო და მას შემდეგ სინდისი ქენჯნიდა, რომ გოგონას, სახელად ლისბეთს, ვერ დაეხმარა. ლარსონმა სწორედ ლისბეთი დაარქვა სახელად თავისი წიგნის მთავარ პერსონაჟს. ისიც ძალადობის მსხვერპლია. ლისბეთ სალანდერი XXI საუკუნის პეპი გრძელიწინდაა. ლინდგრენის კლასიკურ პერსონაჟზე ბევრად არასაბავშვო. მამაკაცთა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი, საზოგადოებისგან გარიყული, პირსინგებითა და ტატუებით სავსე 25 წლის გოგო, რომელიც კომპიუტერული გენიოსია. მაშინ, როდესაც საქმე კომპიუტერის დაჰაკვას, ინფორმაციის მოძიებას ეხება, მას შვედეთში ბადალი არ ჰყავს. ლარსონის წიგნების მეორე პროტაგონისტის, მიკაელ ბლუმკვისტის, პროტოტიპი ასტრიდ ლინდგრენის შექმნილი პერსონაჟი, კალე ბლუმკვისტია. აქაც მწერალი ტრანსფორმაციას მიმართავს და „კალეს“ 40-45 წლის მამაკაცად წარმოგვიდგენს, მუდამ სიმართლის ძიებაში მყოფ ჟურნალისტად, რომელიც თავისი მიამიტობის მსხვერპლი აღმოჩნდება. სტიგ ლარსონის პირველი წიგნი ვანგერების გვარის იდუმალებით მოცულ წარსულზე, ლისბეთის ძალადობით აღსავსე ცხოვრებასა და ბლუმკვისტის ჟურნალისტურ გამოძიებაზეა. ეს სამი ამბავი ერთმანეთში იხლართება და კვანძი ნელა, მაგრამ საოცრად საინტერესოდ იხსნება. ნილს არდენ ოპლევმა მოახერხა, წიგნის შვედურ ეკრანიზაციაში ნაწარმოების ატმოსფერო გადმოეცა. მას ამაში მსახიობების - ნუმი რაპასეს (სალანდერი) და მიქაელ ნიუკვისტის (ბლუმკვისტი) ბრწყინვალე დუეტი დაეხმარა. რეჟისორი შეეცადა პირველწყაროდან არ გადაეხვია და თითქმის დეტალურად აღწერს წიგნს. შვედური ფილმი სტიგ ლარსონის წიგნის ღირსეული ეკრანიზაციაა, რომლის მინუსიც რიგ ეპიზოდებში სუსტი დრამატურგია და ნაწარმოების მეორეხარისხოვანი პერსონაჟების უგულებელყოფაა. აი, დევიდ ფინჩერის 2011 წლის ჰოლივუდური რიმეიქი კი სრულიად გაუგებარია. არა, ფილმი ტექნიკურად მშვენიერია, ისე როგორც ეს ფინჩერს და მის გუნდს ეკადრება - ძალიან კარგი ოპერატორული ნამუშევარი, ტრენტ რეზნორის მუსიკა ატმოსფეროს ბრწყინვალედ ქმნის, რეალისტური ძალადობის სცენები სისხლს გაგიყინავთ, მაგრამ სურათი ახალს არაფერს გვთავაზობს. ერთი ჩვეულებრივი რიმეიქია. შვედური ფილმი და წიგნი რომ დავივიწყოთ, ამერიკული „გოგონა დრაკონის ტატუთი“ 160-წუთიანი დეტექტივია, დაძაბულობის და სასპენსის გარეშე. ის, რაც ლარსონთან ყველაზე საინტერესოდ იხსნებოდა - ვანგერების მრავალრიცხოვან ოჯახში სავარაუდო დამნაშავის პოვნა, ფინჩერისეულ ვარიანტში ყველაზე იოლი საქმე აღმოჩნდა. ლარსონის წიგნში ათამდე ადამიანი ეჭვმიტანილია, ვანგერების ოჯახის ნებისმიერი წევრი შეიძლება მთავარი დამნაშავე იყოს, ფინჩერი კი, ვანგერის ოჯახიდან მხოლოდ 2-3 პერსონაჟს გვაცნობს, საიდანაც დამნაშავის ამოცნობა არც ისე რთულია.
„გოგონა დრაკონის ტატუთი“ R რეიტინგიანი (18 წლამდე ასაკის ადამიანებისთვის ყურება აკრძალულია) დეტექტივია. ერთი შეხედვით, ზუსტად ის ჟანრი და მოცემულობა, რომელშიც დევიდ ფინჩერს თანამედროვე კინოში ბადალი არ ჰყავს. „შვიდი”, „თამაში”, „ზოდიაქო” ამ რეჟისორის ნამუშევრებია და სხვა რეჟისორების დეტექტივების ავ-კარგიანობის საზომად შეიძლება გამოვიყენოთ. ამ ნამუშევრებში პერსონაჟების ურთიერთობა, მათი თითოეული ნაბიჯი მიზეზშედეგობრივია. არ არსებობს ზედმეტი ეპიზოდი, ზედმეტი კადრი. ატმოსფერო მუდამ პირქუშია და დინამიკა ნელი, მაგრამ სწორედ ეს უცნაურად მიმზიდველი მოვლენების ნელი განვითარება ქმნიდა განუმეორებელ ფინჩერისეულ ეფექტს, რომელიც ამ ფილმში მთლიანად დაკარგულია.
დენიელ კრეიგი და რუნი მარა
ის, რაც ძალიან კარგად ჩანს ლარსონის წიგნში, ძალიან ძნელია გაიგოთ ფინჩერისეულ ნამუშევარში. მაგალითად, ლისბეთის ლტოლვა მიქაელ ბლუმკვისტის პერსონაჟისადმი. როგორ „დაჰაკავს“ მიქაელი ლისბეთის გულს, ფილმში არ ჩანს - ნაჩვენებია მხოლოდ კარგად გადაღებული სექსის სცენები და ფილმის ბოლოს დამწუხრებული ლისბეთი. შვედურ ფილმში თუ ნუმი რაპასეს გარდა, სხვა მსახიობებიც მშვენივრად თამაშობენ, ფინჩერის ნამუშევრის ერთადერთი ღირსება რუნი მარას (ლისბეთი) პერსონაჟია. რაპასეს მსგავსად, მარამაც შეძლო და ეკრანზე სწორედ ის პეპი გრძელიწინდა გააცოცხლა, რომლის შესახებაც სტიგ ლარსონმა 3 წიგნი დაწერა.
ფინჩერის რიმეიქში საუკეთესო ეპიზოდი საწყისი ტიტრებია, Immigrant Song-ის ტრენტ რეზნორისეული ქავერით, კერენ ოუს შესრულებით. ტიტრები ლისბეთის ღამის კოშმარს ჰგავს და დევიდ ფინჩერის იმ უდიდეს პოტენციალს გვიჩვენებს, რომელიც ამ ფილმში არ ჩანს.
სტიგ ლარსონისთვის „გოგონა დრაკონის ტატუთი“ საბედისწერო ნამუშევარი, ნილს არდენ ოპლევისთვის კარიერის ჰაილაითი, დევიდ ფინჩერისთვის კი კარიერაში იშვიათი, უხარისხო „ტატუ“ გამოდგა.
![]() |
28 ვაჟას წლის მონაგარი |
▲ზევით დაბრუნება |
გიორგი კეკელიძე|სვეტი
ალბათ, დაახლოებით ისე, როგორც ამ ავტორის პოემებში, დადებითი და უარყოფითი პერსონაჟების გამორჩევის მცდელობა - ვაჟას წელიც, პირობითი სახელდებაა. 2011 იმ კაცს მიეძღვნა, ვისი ახსნა ამ დროსაც კი უჭირს, მის თანამედროვეებზე და, მით უფრო, საბჭოთა „ეგზეგეტიკაზე“ რომ არაფერი ვთქვათ. კაცს, რომელმაც მანამდე არსებული თითქმის ყველა ღირებულება საკუთარ ცეცხლში გადაადნო - ზოგიც გალღვა მის ხელში, ზოგისგან ახალი და უკეთესი გამოძერწა. ამ აზრით, შეიძლება მას რევოლუციონერიც კი ვუწოდოთ, თუმცა თვითონ, უცნაური ფშავი გლეხი იუკადრისებდა ამ სიტყვას.
პირობითობაზე ვსაუბრობდით და მიუხედავად ამისა, არაერთხელ დადასტურდა, რომ ამგვარი მიდგომა მაინც მნიშვნელოვანია. მით უფრო, ჩვენს ფრაგმენტულ დროში. მსგავსი აღნიშვნები ობიექტს - მსმენელს, მაყურებელს, მკითხველს და, შესაბამისად, გულშემატკივარსაც უმრავლებს.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ ვაჟას თხზულებების სამტომეულის და მისი ფოტოების უნიკალური ალბომის გამოცემას დაუჭირა მხარი. სამტომეულზე, რომელიც ლიტერატურის ინსტიტუტის გამომცემლობამ დასტამბა, მინისტრი, ნიკოლოზ რურუა გვესაუბრება: „2011 წელი იუნესკომ ვაჟა-ფშაველას წლად გამოაცხადა, რასაც ჩვენც გამოვეხმაურეთ გადაწყვეტილებით - გამოგვეცა მისი „რჩეულის“ რაიმენაირი ნაირსახეობა. და ეს არა ვალის მოხდისათვის, არამედ კონკრეტული მიზნისთვის - ახალგაზრდობისთვის ვაჟას ხელახალი გაცნობისათვის - გაკეთდა. მე მსურდა, რომ კედლიდან მომზირალი გაკერპებული, განდიდებული კლასიკოსიდან, ის გვექცია თანამედროვე, ნაცნობ, კარგად გაგებულ და შეგრძნებულ ადამიანად; გვეგრძნო მასთან სიახლოვე და რაღაც ძალიან საერთო მასა და ჩვენს შორის. დიზაინიც უჩვეულო შევარჩიეთ (დიზაინერი სანდრო ჩხაიძეა) და სამ სხვადასხვა ფერში, მწვანე, იისფერი და შავ-წითელი, პიქსელებით გამოხატული ვაჟა-ფშაველა გამოვსახეთ. ასე მგონია, ეს ფერები - მწვანე, ბუნებისფერი, იისფერი, და სისხლისა და მიწისფერები მისთვის განსაკუთრებით ძვირფასი უნდა ყოფილიყო. ვეცადეთ, რომ ნაწარმოებებიდანაც მისთვის ყველაზე ძვირფასები აგვერჩია, რასაც მგონი რედაქციამ თავი გაართვა. ამ პარაგრაფს კი საქართველოს დიდი მეგობრისა და ბრიტანეთის ელჩის, ოლივერ უორდროპის სიტყვებით დავამთავრებ: „ვაჟა-ფშაველა ის ცეცხლია, ჩემს ერს ასე რომ სჭირდება“.
წიგნის რედაქტორი ირმა რატიანი გახლავთ, შედგენაში კი, რედაქტორის გარდა, ამირან არაბული, მაკა ელბაქიძე, თამაზ ვასაძე, ეთერ თათარაიძე და ნანა ფრუიძე მონაწილეობდნენ. I ტომი პოეტურ ქმნილებებს, II - პროზაულ თხზულებებს, III კი პუბლიცისტურ წერილებს დაეთმო.
რაც შეეხება ალბომს. პრეზენტაციაზე, ამ გამოცემის დიზაინის ავტორმა, ბაჩა მალაზონიამ აღნიშნა, რომ ვაჟა, გარდა მისი სხვა მხრივ გენიალურობისა, უაღრესად საინტერესო, სახასიათო ფოტოსახეა. ამას ის ნაცნობი თუ უნიკალური სურათები დაგიდასტურებთ, რაც, ჩემი აზრით, ბოლო წლების ერთ-ერთ შთამბეჭდავ გამოცემას ამშვენებს. ბესიკ ხარანაული, ამ წიგნის წინასიტყვაობაში წერს: „ვაჟა თავისი გმირების დარად ტრაგიკულ-ჰეროიკულია. ასეთებს მოითხოვდა გარემო, სადაც დაიბადა და განისწავლა ბუნებისგან“ და აღნიშნავს: „უცნაურია, როგორ არ ბერდებიან ძველი ფოტოები, პირიქით, რაც დრო გადის, ახალგაზრდავდებიან, ეტყობა, ახალი თვალით რომ ვუყურებთ“.
ჩვენსავე ჟურნალში, ერთ მხატვრულ ესეში ვწერდი: „ვაჟა-ფშაველაც სიზმარია. თვალღია ქვეყანას ესიზმრა და მაშინ, როცა არ ელოდა. და ვერ ჩახვდა ქვეყანა ნასიზმრევს, შეშინებულმა დილით წყალს მოუყვა და გააყოლა. მალე წყალი უკან მოუბრუნდა. მას მერე სულ ახსოვს და ვერ ამოუხსნია. ახსოვს და არ ითვალისწინებს“. მისი მზერა ალბათ ამ წელსაც გადაცდა, თუმცა, თუკი ვინმე, ახალ თაობაში ვაჟას პოვნას შეეცდება, ეს გამოცემები უსათუოდ გაუწვდის დამხმარის ხელს.
![]() |
29 დასავლური რეჟისურა ქართულ თეატრალურ სცენაზე |
▲ზევით დაბრუნება |
კულტურა
თეონა ჯაფარიძე
„რომეო და ჯულიეტა“
წელს უკვე ორი ახალი სპექტაკლის ნახვა მოვასწარი: დევიდ გრეის პოპულარული პიესა „ყვითელი მთვარე“ რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე და „რომეო და ჯულიეტას“ მიხეილ მარმარინოსისეუ ლი ვერსია თუმანიშვილის თეატრში. ჰოდა, ორივე სპექტაკლზე მინდა გიამბოთ, რადგან მათ ამ ბოლო დროს ჩემსავით სკეპტიკურად განწყობილი მაყურებლის თეატრში დაბრუნება მოახერხეს. რამდენადაც „რომეო და ჯულიეტას“ პრემიერამ ანშლაგითა და ხმაურით ჩაიარა, იმდენად მორიდებულად, თითქმის ექსპერიმენტის დონეზე შედგა „ყვითელი მთვარის“ ჩვენება. თუმცა ამ უკანასკნელმა, ისევე როგორც „რომეო და ჯულიეტას“ ახალმა ინტერპრეტაციამ, ერთბაშად ასწია თამასა ქართულ სცენაზე. ნაცვლად პათეტიკური სტილისა და დეკორატიულობისა, მინიმალისტური სტილი, მსახიობთა ახალი ტიპი და თანამედროვე დრამატურგია შემოგვთავაზა.
„ყვითელი მთვა რე“
„ყვითელი მთვარით“ დავიწყებ: როდესაც თეატრალები ქართული თეატრის კრიზისზე საუბრობენ, ერთ-ერთ ძირითად მიზეზად თანამედროვე დრამატურგიის არარსებობას ასახელებენ. ძალიან ცოტაა ქართველ ავტორთა პიესები და კიდევ უფრო ცოტა თარგმანები. და აი, ბონის და კლაიდის გათანამედროვებულმა ამბავმა, ქართულ სცენამდეც მოაღწია. საუბარია შოტლანდიელი დრამატურგის - დევიდ გრეის პოპულარულ პიესაზე „ყვითელი მთვა რე“. პიესა, შეიძლება ითქვას, ახალია. ის პირველად 2006 წელს დაიდგა გლაზგოში Citizens Circle Studioში, იმ წლის თეატრალური სეზონის ჰიტი გახდა და მას შემდეგ წარმატებით სარგებლობს ევროპის თეატრების სცენებსა თუ ბროდვეიზე. „ყვითელი მთვარის“ გარდა, დევიდ გრეის სხვა ცნობილი პიესები - „სან დიეგო“, „ამერიკელი მფრინავი“, „არქიტექტორი“ პიესა ვრცელი და ექსტრავაგანტული სახელწოდებით - „კოსმონავტის უკანასკნელი მესიჯი ქალისადმი, რომელიც მას უყვარდა ყოფილი სსრკ-დან“ და ა.შ., დღევანდელი დასავლური თეატრალური სცენისა თუ თეატრალურ ბლოგერთა დიდ ყურადღებას იმსახურებს. ხოლო თეატრის კრიტიკოსები მას ახალი თაობის ყველაზე ამბიციურ მწერლად მოიხსენიებენ. ამის შესახებ იმიტომ შეგახსენებთ, რომ ხაზი გავუსვა ფაქტს, თუ რამდენად ახალი და დასავლურ სცენებზე „გაჰიტებული” თეატრალური პროდუქტი დაიდო ქართველი თეატრალების წინაშე. მისი თარგმანი მწერალსა და მთარგმნელს - დავით გაბუნიას ეკუთვნის. საერთოდ, ახალი პიესების თარგმნა და მათი დადგმა ექსპერიმენტულ სცენაზე რუსთაველის თეატრსა და ბრიტანეთის ნაციონალური თეატრის მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება. ეს მათი რიგით მე-7 პროექტია. ბრიტანეთის საბჭომ, BP-ის ფინანსური მხარდაჭერით, პიესის დასადგმელად ინგლისელი რეჟისორი (წარმოშობით ირლანდიელი ქალბატონი) როუშინ მაკბრინი მოიწვია. „ყვითელი მთვარე“ - ბალადა ორ თინეიჯერზე - მუსლიმ ლეილასა და „ძველ ბიჭ“ ლიზე საკმაოდ დამაინტრიგებელია. სპექტაკლის მსვლელობისას თან დაგყვება დინამიკურობის შეგრძნება: ეს, ერთი მხრივ, მსახიობთა თამაშშიც იგრძნობა - ბაჩო ჩაჩიბაია (ლი), ნინუცა მაყაშვილი (ლეილა), დავით დარჩია (ბილი, ფრენკი), ნინო არსენიშვილი (ჯენი, ჰოლი), მაგრამ დინამიკურობასა და რიტმს, უფრო მეტად ამძაფრებს თავად პიესის ტექსტი და სტრუქტურა, სადაც მონოლოგები და დიალოგები ხშირად პოეზიაში გადადის, რის შედეგადაც რითმები რიტმს იწვევენ.
„ყვითელი მთვარე”
რეჟისურა ხაზგასმულად მინიმალისტურია და წინ უფრო მეტად ტექსტია წამოწეული. სპექტაკლის ნახვისას ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ რეჟისორი თითქოს სპეციალურად, ე.წ. რიდინგებსა და წარმოდგენას შორის არსებულ ზღვარზე დგას - იმისთვის რომ ტექსტი გააშიშვლოს, მაყურებელს ხელის გულზე დაუდოს და, ფაქტობრივად, დრამატურგიისა და თარგმანის პრეზენტაცია მოახდინოს. ფაქტია, ექსპერიმენტული თეატრის სივრცე სწორედაც ექსპერიმენტებისთვის და ახალი დრამატურგიისთვისაა შექმნილი, რომელმაც ქართველი მაყურებელი 21-ე საუკუნის თეატრში უნდა მიიყვანოს და „ყვითელი მთვარეც“ ამის ერთ- ერთი მაგალითია.
„რომეო და ჯულიეტა“ მესამე მეხსიერება
რაც შეეხება მიხეილ მარმარინოსის „რომეო და ჯულიეტას“ - პროვოკაციული სპექტაკლია. არა, ეპატაჟს არ ვგულისხმობ, ეს პროვოკაციული არტის ფორმით გადმოცემული კვლევაა შექსპირის გმირებისა და მათი გარემოსი. ამ კვლევას რეჟისორი „მესამე მეხსიერების“ საშუალებით ცდილობს. სპექტაკლსაც ასე უწოდა - „რომეო და ჯულიეტა“ მესამე მეხსიერება. შექსპირის ტექსტის (ვახტანგ ჭელიძის თარგმანის) პარალელურად რეჟისორის მიერ შეთხზული ტექსტი მიდის, რომლის საშუალებითაც შექსპირის გმირების ეპოქის დეტალებში რეკონსტრუქცია ხდება - ბრეიგელის ნახატებივით. ამ ყველაფერს ერთვის დღევანდელი თბილისის ყოველდღიური ამბები თუ მსახიობთა თავისუფალი ინტერპრეტაციები, მაყურებელთან შესვლა დიალოგში. შედეგად, რომეოსა და ჯულიეტას სტერეოტიპები იმსხვრევა და უფრო გაადამიანურებული და რეალური პერსონაჟების პირისპირ ვრჩებით.
მიხეილ მარმარინოსი
დევიდ გრეი
ზოგი ამბობს, რომ სპექტაკლი საკმაოდ გრძელია, მაგრამ არა მგონია, რომ ეს იგრძნოთ, იმდენად თავბრუდამხვევად რიტმულია სცენაზე 7 მსახიობის თამაში. ისინი რიგრიგობით ირგებენ რომეოსა თუ ჯულიეტას ნიღბებს, დარბიან სცენასა და პარტერში, ხანდახან ფოიედანაც მოისმის მათი რეპლიკები. შეიძლება ხელი ჩაგკიდონ და პირდაპირ შუაგულ სცენაზეც აღმოჩნდეთ, ან კითხვით მოგმართონ - „როგორი იყო თქვენი პირველი სასიყვარულო ღამე?..“. ამგვარი თეატრალური ფორმა განსხვავებულ მანერაში თამაშს, მსახიობის ახალ ტიპს მოითხოვს - უფრო ბუნებრივს, თავისუფალი ინტერპრეტაციის თანხლებით. შედეგად, ჩვენ წინაშე სწორედ ახალი ტიპის, აქამდე ქართული სცენისთვის განსხვავებული მსახიობები დგანან თავიანთი თამაშის მანერით. მსახიობთან ერთად, მარმარინოსის „რომეო და ჯულიეტა“ ახალ მაყურებელსაც გულისხმობს - მაყურებელს, რომელიც აქტიურად ფიქრობს.
ქართულ თეატრალურ სივრცეში ორივე სპექტაკლი ახალი ტენდენციების მაუწყებელია, რომელიც ჯერჯერობით ბრიტანელმა და ბერძენმა რეჟისორებმა მოარგეს ჩვენს სცენას.
![]() |
30 Fille Fatale ანუ არასაბავშვო თამაშები |
▲ზევით დაბრუნება |
LIFE
ნინა ახლოური
როცა ექვსი წლის ვართ, ყველაზე საინტერესოდ ის თამაშები გვეჩვენება, რომლებიც ტაბუს უკავშირდება. მაგალითად, ასეთს - შევძვრეთ დედის გარდერობში, ჩავიცვათ ყველაზე ლამაზი სამოსი, ტუჩები ალისფერი პომადით მოვითხუპნოთ, მოკლედ, fille fatale გავხდეთ. კარინ როიტფელდმა (ფრანგული Vogue-ის ყოფილი რედაქტორი), თანამდებობიდან წასვლამდე CADEAUX-ის ფოტოსესიის სახით, ერთი შეხედვით, ამგვარი თამაშის ამსახველი მასალა დაგვიტოვა. პატარა ბავშვები ლეოპარდის პრინტიან ხალათებში, თვალისმომჭრელი მაკიაჟით თითქოს აღარ არის სენსაციური სანახაობა. მაგრამ შემდეგ ვაკვირდებით ვეფხვის ბეწვზე წამოწოლილ ექვსიოდე წლის გოგონას, თვალში გვხვდება თხუთმეტი სანტიმეტრის ქუსლიანი ფეხსაცმელი და სექსუალური მზერა და ვიწყებთ ფიქრს - ეს თამაშია თუ ახალი თაობის რეალური სახე? ხომ არ უნდა არსებობდეს ასაკობრივი ზღვარი ისეთი ჟურნალის წასაკითხად, როგორიც Vogue-ია? ან იქნებ, უბრალოდ, როიტფელდის უწყინარი მცდელობაა, პატარები ნამდვილ მანდილოსნებს დაამსგავსოს?
„ნახევარი საათით ადრე უნდა ავდგე დილას და ვივარჯიშო - რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა, რომ ნამდვილი მანდილოსანი გავხდე, თუ მეკობრეობა გადავიფიქრე”, - თქვა ერთხელ პეპი გრძელიწინდამ. საბრალო - ის ხომ არასოდეს გამოირჩეოდა კარგი ჩაცმულობითა და ქცევებით. ამის გამო უფროსებისგან მუდამ საყვედურს იღებდა. ეს უფროსები კი, როგორც ანტუან სენტ-ეკზიუპერი ამბობს თავის ცნობილ წიგნში, ძალიან უცნაური ხალხია. ალბათ იმიტომ, რომ ყოველთვის ცდილობენ, ბავშვები მათ დაემსგავსონ. აბა, რა წესია, გეცვას ხუთი ზომით დიდი ფეხსაცმელი, ან სხვადასხვა ფერის წინდები, აწარმოო თეთრი და ალისფერი ვარდების ომი ბიჭებთან ერთად, ტალახში ირბინო და ხის ფუღუროში იძრომიალო?
დღეს, შეიძლება ითქვას, რომ დიდებმა მიზანს თითქმის მიაღწიეს. თანამედროვე ბავშვების დიდი ნაწილი პეპისნაირ გოგოებს ნაკლებად ბაძავს. თუმცა, დილით ნახევარი საათის ვარჯიში ამისთვის საკმარისი არ ყოფილა - მოდის ინდუსტრიას წლები დასჭირდა, რომ ბავშვებისთვის ახალი იდეალი შეექმნა. ამ უკანასკნელს Bratz-ის სექსუალური და მოდური თოჯინის გარეგნობა აქვს. ის არ მოაწყობს რამდენიმედღიან პიკნიკს „დაუსახლებელ კუნძულზე“. არასოდეს ჩაიცვამს შეუფერებელ ფეხსაცმელს. ვერ გახდება მეკობრე, რადგან ასეთი აზრი თავშიც არასოდეს მოუვა. იმიტომ არა, რომ მისთვის კაპიტანი ჯეკ ბეღურა უინტერესო პერსონაჟია, უბრალოდ, მიაჩნია - ჯონი დეპი გაცილებით cool მაშინ არის, როცა რალფ ლორენის ტანსაცმელს ატარებს.
ამერიკულ სატელევიზიო შოუში - „ჭორიკანა“ - არის ეპიზოდი: მთავარ გმირს პარკში სეირნობის დროს სამი პატარა გოგონა ხვდება, რომლებიც საოცრად ჰგვანან მას, არა მხოლოდ ჩაცმულობის სტილით, ქცევითაც კი. მიიჩნევა, რომ It Girl-ის ფენომენი ბავშვებზე განსაკუთრებულ გავლენას ახდენს, თუმცა არსებობს სხვა ფაქტორებიც. ახლახან ბავშვების მოდასა და სამოსთან დამოკიდებულების უკეთ შესწავლის მიზნით, ლესტერის უნივერსიტეტის სოციოლოგმა, ჯეინ პილჩერმა კვლევა ჩაატარა. მისი ობიექტები ხუთიდან თორმეტ წლამდე ბავშვები იყვნენ, რომლებიც, როგორც აღმოჩნდა, საოცრად კარგად ერკვევიან მოდასა და აქტუალურ ტენდენციებში. ამ სფეროთი მათი ასეთი დაინტერესება კი, პილჩერის აზრით, სამი ძირითადი ფაქტორითაა გამოწვეული: ოჯახით, თანატოლების ზეწოლითა და ცნობილი, ე.წ. სელებრითი ადამიანების გავლენით.
უკანასკნელი თაობა მხოლოდ დიდებს არ ბაძავს. ამისთვის მათ თანატოლი კერპებიც ჰყავთ, რომლებსაც ასევე ცოტა აქვთ საერთო ჩვეულებრივ მოზარდებთან. კინგსტონ როსდეილი (გვენ სტეფანის ბიჭი), რომელიც ჯერ ექვსი წლისაც არ არის, უკვე ბავშვთა მოდის კანონმდებლად ითვლება. ის გაცილებით უკეთ არის ჩაცმული, ვიდრე ჯონი დეპი, დიზაინერების უკანასკნელი კოლექციებიდან სამოსს კი უფრო თავდაჯერებულად ატარებს, ვიდრე ამას რობერტ პატინსონი მოახერხებდა. ახალ ტრენდსაც ამკვიდრებს - მუქად შეღებილ ფრჩხილებს. კინგსტონს პოპულარობით არ ჩამოუვარდება სური კრუზიც (ტომ კრუზისა და კეტი ჰოლმსის გოგონა), რომელსაც უკვე fashion icon-ის სტატუსი აქვს და ექსკლუზიურ სამოსს იცვამს. ამის წყალობით ამერიკულ The Daily Beast-ზე ის 2011 წლის ყველაზე გავლენიან ბავშვად დაასახელეს.
გასაკვირი არაა, რომ დასავლური მედია თანამედროვე ბავშვებს სულ უფრო ხშირად უწოდებს მოდის მსხვერპლთა ახალ თაობას. მოდის ინდუსტრია მათ სურვილის ობიექტებად აქცევს - კოსმეტიკის მწარმოებლები სპეციალურ ხაზებს ქმნიან, დიზაინერები კი სამოსს, რომელიც ოცდაათი-ორმოცი წლის საბედისწერო ქალების იმიჯს უფრო მოერგებოდა. ფსიქოლოგების მტკიცებით, მოდის კანონმდებლების წყალობით ყალიბდება ტოტალურად სექსუალიზირებული ბავშვების თაობა. ეს მოზარდებში ისეთი მენტალიტეტის ჩამოყალიბებას გამოიწვევს, რომელიც არ შეესაბამება მათ ასაკს - ბიოლოგიური თავისებურებებიდან გამომდინარე - ბოლოს და ბოლოს, ლოლიტას ასაკისთვისაც არ მიუღწევიათ.
ნაბოკოვს ალბათ ვერ დავაბრალებთ ტენდენციისთვის საფუძვლის ჩაყრას - მისი პერსონაჟი ყოველთვის უფრო თანაგრძნობას იწვევდა, ვიდრე აღტაცებას. ბავშვის სექსუალიზაციის მცდელობა მოგვიანებით, 1975 წელს ფოტოგრაფ გარი დონალდ გროსს ჰქონდა. მან 10 წლის ბრუკ შილდსს აბაზანაში ეროტიკული ხასიათის ფოტოები გადაუღო. ამ ფოტოებსა და შილდსის პერსონაჟთან ფილმში „ლამაზი ბავშვი“ ასოციაცია მართლაც შეიძლება გაგვიჩნდეს, როცა Vogue-ის ზემოთ ნახსენებ ფოტოსესიას ვათვალიერებთ. განსხვავება ისაა, რომ ამჯერად ასაკობრივმა ზღვარმა კიდევ უფრო დაიწია. თუმცა არა, ჯერ კიდევ 90-იანების ბოლოს კელვინ კლაინს იმისთვის აკრიტიკებდნენ, რომ ბავშვებს თეთრეულის უწყინარ რეკლამაში იღებდა. ალბათ, სამართლიანი კრიტიკა იყო, რადგან მას შემდეგ მოდის ინდუსტრიაში პატარა ბავშვების მონაწილეობამ იმატა. პოდიუმზე ვნახეთ ისეთი პატარა მოდელები, როგორიც მედისონ გებრიელია - ქალი-ვამპის გარეგნობით ის თორმეტი წლის ასაკში მოდის კვირეულის სახედ იქცა. გასულ წელს როდარტეს მუზა ამავე ასაკის ელ ფენინგი გახდა. შესაბამისად, შეიცვალა მოზარდების დამოკიდებულებაც მოდის სამყაროსა და საკუთარი სხეულის მიმართ. თუმცა, როგორც ლესტერის უნივერსიტეტის კვლევის ავტორი შენიშნავს, არარეალური იქნებოდა ბავშვების ბუნება უცვლელი დარჩენილიყო მაშინ, როდესაც საზოგადოება თავად იცვლება და კონსუმერიზმისა და ცნობილი ადამიანების კულტის გავლენის ქვეშაა მოქცეული.
პილჩერს შეიძლება არ დავეთანხმოთ. სამოსი ათასწლეულების წინაც იყო საზოგადოების ინტერესის საგანი, თუმცა არავის უცდია ბავშვისგან მოდის მსხვერპლი შეექმნა. ბოლოს და ბოლოს, პატარებსაც აქვთ მოთხოვნილება კარგად ეცვათ, რაც ბუნებრივად იწვევს მათ დაინტერესებას მოდური სამოსით. ოღონდ, გაუგებარია, კაბა მოშიშვლებული მხრებით და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, ან დაბალწელიან შარვალში ამოჩრილი სტრინგი რატომ შეიძლება იქცეს კარგად ჩაცმის ეკვივალენტად ექვსი წლის ბავშვისთვის? დიდები მართლა უცნაური ხალხია. ისინი თან პედოფილიის წინააღმდეგ ილაშქრებენ, თან ბავშვების ახალ, სექსუალურ ამპლუაზე თვალს ხუჭავენ. პეპის რომ ტომ ფორდის ფოტოსესია ენახა, როგორც არასდროს, ისე დაბეჯითებით იტყოდა: „როცა დიდი გავიზრდები, მეკობრე გავხდები... თქვენ?“ თანამედროვე ბავშვი კი ვერაფერს უპასუხებდა. ის ხომ უკვე გაიზარდა დიდი.
![]() |
31 LIFE/GUIDE |
▲ზევით დაბრუნება |
კულტურა
SONY DEV5
1 ალბათ ყოველთვის ოცნებობდით ბინოკლზე, რომელიც საშუალებას მოგცემდათ, არა მხოლოდ შორ დისტანციაზე მყოფი საგნებისთვის გედევნებინათ თვალი, არამედ თითოეული წამიც დაგემახსოვრებინათ. SONY-ს ახალი - DEV5, ციფრული ბინოკლი ჩამწერის ფუნქციით სწორედ ასეთ საშუალებას წარმოადგენს. გარდა იმისა, რომ შესანიშნავი ხარისხის ოპტიკა და ავტოფოკუსის ფუნქცია აქვს, გამოსახულებას 20-ჯერ ადიდებს და, რაც ყველაზე საინტერესოა, 2D და 3D რეჟიმში გადაღებაც შეუძლია.
David Beckham Bodywear H&M
2 „ეს არის პროდუქტი, რომლის არა მხოლოდ ტარებას ვისურვებდი, არამედ ვიამაყებდი, რომ მასზე ჩემი სახელია. შედეგით ძალიან კმაყოფილი ვარ და იმედი მაქვს, H&M-ის მამრობითი სქესის მომხმარებელშიც ის ისეთივე აღელვებას გამოიწვევს, როგორც ჩემში“, - ამბობს დევიდ ბექემი, რომელმაც შვედურ კომპანიასთან ერთად საცვლების კოლექცია გამოუშვა. ბექემის სტილში მაისურებს, ქვედა საცვლებს და პიჟამას H&M-ის მაღაზიათა ქსელი მყიდველს ორი თებერვლიდან სთავაზობს. დემოკრატიული ფასებისა და კარგი ხარისხის სინთეზის გამო, ნივთები ამ კოლექციიდან არა მხოლოდ ფეხბურთელის თაყვანისმცემლებისთვის იქნება სასურველი შენაძენი.
Lanvin Marry Me! Love Edition
3 ლანვინისთვის სიყვარულს განსაკუთრებული სურნელი აქვს. ის მოცხარისა და ფორთოხლის არომატით იხსნება და ვარდის, მაგნოლიებისა და ჟასმინის ნოტების დახმარებით განსაკუთრებულ რომანტიკულ ხასიათს იძენს, კედრი და მუშკი კი მთლიან კომპოზიციას ისეთივე თბილს ხდის, როგორიც შემდეგი სიტყვებია - Marry Me! ანტუან მეზონდიემ Marry Me! Love Edition ლანვინისთვის და, რა თქმა უნდა, შეყვარებული წყვილებისთვის საგანგებოდ ვალენტინობის დღესასწაულისთვის შექმნა. ალბერ ელბაზის მოფიქრებული მხიარული დიზაინის ყუთი პარფიუმს მხიარულ განწყობას ანიჭებს, თუმცა მის შექმნას ის თვითონაც შესანიშნავად მოახერხებს.
![]() |
32 MANDARI - GEORGIAN FUSION |
▲ზევით დაბრუნება |
გურმანი|რესტო
დალი კრიხელი
მისამართი: მოსაშვილის 11
უბანი: ვაკე
ტელ: 2 30 30 30
სამზარეულო: თანამედროვე ქართული
საათები: ყოველდღე 18:00 - 02:00
ბარათები: მიიღება
ფასი: 180ლ (სადილი ორ ადამიანზე,ღვინისა და სერვისის ჩათვლით)
პარკინგი: მოსაშვილის ქუჩაზე
www.mgroup.ge
შარშან აპრილში, ერთ-ერთ ახლადგახსნილ ქართულ რესტორანში ვისხედით, თბილისის ძველ უბანში. ოთხი-ხუთი უცხოელი სტუმარი და ამდენივეც - ქართველი მასპინძელი. სადილის შემდეგ სტუმარი ინგლისელი ქალბატონი მომიბრუნდა და როგორც ხშირად ხდება ხოლმე, საუბარი კულინარიაზე გამიბა. „იქნებ ამიხსნათ, სულ ვფიქრობ და ვერ გამიგია: 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ყოველ წელს თუ არა, ყოველ მომდევნო წელს საქართველოში ჩამოვდივარ; ნაირ-ნაირ რესტორნებში მპატიჟებენ, ახლებში თუ ძველებსა და კარგად გამოცდილებში, მაგრამ სადაც არ მივდივართ, სულ ერთი და იგივე კერძებია, ერთი და იგივე გემო, წლიდან წლამდე. სწორად გამიგეთ - თითქოს მომიბოდიშა - მე ძალიან მომწონს ქართული სამზარეულო, მაგრამ ხომ გესმით რასაც ვგულისხმობ, ერთფეროვნებაა...“
როდესაც კვირის ერთ-ერთ სუსხიან საღამოს მანდარის ვესტუმრეთ, ის ინგლისელი ქალბატონი გამახსენდა, ქართული კულინარიის გაზაფხულს რომ ეძებდა და ვერ ჰპოვა. მინდოდა, პირველ რიგში მისთვის გამეზიარებინა ის სიამოვნება და სიხარული, რაც მე აქ განვიცადე. მსურდა დრო უკან დაბრუნებულიყო, რომ იმ ქალბატონისთვის თამამად მიმემართა: ნება მომეცით, მე გაზიაროთ ქართულ სამზარეულოს, „ჯერ არნახულს, გაუგონარსა და რევოლუციურს“...
ალბათ უბრალო დამთხვევა არ არის, რომ ქართული სამზარეულოს ეს ჩუმი რევოლუცია - ძველით ახალი წლის საღამოს მოხდა, როდესაც შეფ-მზარეულმა თეკუნა გაჩეჩილაძემ ემ ჯგუფის ახალი რესტორნის - მანდარის კარები გახსნა. აქ განცდილმა კულინარიულმა მრავალფეროვნებამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა: ტრადიციამ და სიახლემ კარგად ნაცნობისა და უჩვეულო არომატების საოცარი პოლიფონია შექმნა და ბოლოს ერთ მთლიანობად, ერთხმად აჟღერდა. ჭეშმარიტად: არსად ჯერ ასე არ უმღერიათ.
მანდარი - ძველქართული ლავაში-პური ყოფილა, ერბოგადასმული. კერძების მენიუ საკმაოდ მცირეა, სულ რამდენიმე მადისაღმძვრელს, ამდენივე ძირითად კერძს და ოთხ წვნიანს იტევს. თუმცა აქ მრავალფეროვნება იმ გემოებსა და არომატებშია, რომელიც მოკრძალებულ ულუფებში უხვად და მოულოდნელად არის გაბნეული. აქ მოსული სტუმარი ძალაუნებურად შეფ-მზარეულის თამაშში ებმება. ამ არომა-თამაშში, შემომქმედი სტუმრის მოლოდინს, მისწრაფებებს და მეხსიერებას ეშმაკურად გამოიწვევს: ხინკლის შიგთავსი, ოღონდ გიოზას (აზიური ხინკლის სახეობა) თხელ და ნატიფ გარსში გამოხვეული, გიჭამიათ? იგივე გარსი, ოღონდ ამჯერად კრევეტის შიგთავსით - მოგწონთ? - ქართულია? - არაქართული? ვაგემოვნებთ ბაჟეს ელარჯთან ერთად. უჩვეულო? - ნამდვილად. - ნაცნობი? - დიახ, არის რაღაც ნაცნობი, კი, როგორ არა! პრინციპში ბაჟეა. - უჩვეულო? - საკმაოდ. ბაჟე ძალიან დაბალანსებულია - თურმე ნუ იტყვით და, ნუშისაა. ელარჯი - ჰაეროვანი და ფაფუკი ბურთულები. ეს კრევეტის ხინკალი ნამდვილი შედევრია. სიტყვა მღალატობს.
ძირითად კერძებში თევზეული ჭარბობს, აქაც იგრძნობა მზარეულის მიხვედრილობა: ქართული სამზარეულო არსებითად მძიმეა - თევზეული ადვილად მოსანელებელი. თევზის არჩევანი კი ისეთი უჩვეულოა, რომ ცნობისმოყვარეობა უსათუოდ წაგძლევს. აი, მაგალითად, შავი ზღვის სარღანი, იგივე ზღვის ნემსი - მისოს სოუსში ამოვლებული და სეზამის (შირბახტის) მარცვლით მოკირწყლული: ძნელი სათქმელია რომელ მხარეს მივანიჭებდი უპირატესობას, ვიზუალურს თუ არომატულს. საქონლის ხორცის ხარჩო - მდიდრული ვარიაციაა ქართულ, ინდურ და ჩრდილო-აფრიკულ თემებზე - კუსკუსი გაცილებით საინტერესო აკომპანიმენტი აღმოჩნდა, ვიდრე ტრადიციულად ასჯერ ნაცადი ღომი. ყურადღება უნდა მიექცეს დღის კერძებსაც - ჩვენს შემთხვევაში ეს იყო შემწვარი იხვის მკერდი კომშის და კოჭას პიურესთან ერთად. უფრო უჩვეულოს და უკეთესს მხოლოდ თუ ინატრებ. სერვისი მომღიმარი და პროფესიონალურია, დღის ან მენიუს კერძების შერჩევაში ადვილად დაგეხმარებიან.
ღვინის ბარათზეც მინდოდა მეთქვა ერთი-ორი ტკბილი სიტყვა, თუმცა იმდენად გამიგრძელდა, რომ მხოლოდ ამით უნდა შემოვიფარგლო: საკმაოდ ფართო არჩევანია და განსაკუთრებით საინტერესოა ქვევრის ღვინოები, თეთრებიდან - წარაფი, ალავერდის მონასტერი, წითლებიდან - ვინოტერას საფერავი. მომავალში, საინტერესო იქნება ამ ტრადიციული ღვინოების ისეთ უჩვეულო კერძებთან შეხამება, როგორიც პეკინურ-სენაკური გოჭია (მხოლოდ წინასწარი შეკვეთით).
![]() |
33 ქიშ ლორენი |
▲ზევით დაბრუნება |
გურმანი|რეცეპტი
შეფ-მზარეული
ქეთი ბაქრაძე
4 ულუფა
მასალა:
125 გრ. კარაქი
200 გრ. ფქვილი
200 გრ. შაშხი
2 კვერცხი
125 გრ. არაჟანი
ნახევარი ჭიქა წყალი
მარილი
პილპილი
ჯამში: 15 ლარი
მომზადების წესი:
125 გრ. კარაქი გაადნეთ ოთახის ტემპერატურაზე, შეურიეთ 200 გრ. ფქვილი, გააფხვიერეთ, დაუმატეთ წყალი და გადაურიეთ. მიღებული მასისგან გააკეთეთ ბურთი და გააჩერეთ 10 წუთი.
ამასობაში აიღეთ 2 კვერცხი, ათქვიფეთ, დაუმატეთ 125 გრ. არაჟანი, კუბებად დაჭრილი 200 გრ. შაშხი, მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით.
ცომი მოათავსეთ ფორმაში და გააბრტყელეთ, დაასხით ათქვეფილი მასა, მოათავსეთ ღუმელში 200 გრადუსზე და გააჩერეთ 10 წუთი.