![]() |
ტაბულა №97 |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: მაჭარაშვილი ნინო, ნოდია გია, ავალიანი დიმიტრი, კვანჭილაშვილი ელენე, უგულავა სალომე, ზედანია გიგა, კოკიჩაიშვილი თეონა, ქურდაძე თამარა, ჯაფარიძე ზურა, ბასილაია მიხეილ, ჩხიკვაძე ანი, გუნია ირაკლი, ქორიძე ავთო, ჯამარაული ლარა, ტურაშვილი თეონა, ტორონჯაძე მირიან, ჭავჭავაძე ილია, ფირცხელანი გიორგი, კეკელიძე გიორგი, გოდუაძე ლაშა, ახლოური ნინა, კლდიაშვილი თინათინ, ბაგაური ირინა, ხარბედია მალხაზ |
თემატური კატალოგი ტაბულა |
საავტორო უფლებები: © თამარ ჩერგოლეიშვილი |
თარიღი: 2012 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: 2012 | 23 - 29 აპრილი მთავარი რედაქტორი: თამარ ჩერგოლეიშვილი / აღმასრულებელი რედაქტორები: ნინი გოგიბერიძე, სალომე კიკალეიშვილი / რედაქტორები: ქეთი მსხილაძე, ელენე კვანჭილაშვილი, ლევან რამიშვილი, დავით კოვზირიძე, ნინო მაჭარაშვილი / უცხოელი მრჩეველი: ბარბარა სვანი / ჟურნალისტები: დიმიტრი ავალიანი, გიორგი კეკელიძე, სალომე უგულავა, მაკა გამცემლიძე, ავთო ქორიძე, ნინა ახლოური, თეონა ტურაშვილი, ირაკლი კიკნაველიძე, ლევან სუთიძე, თეონა კოკიჩაიშვილი, სიმონ მაჩაბელი, ლაშა გოდუაძე, ზურაბ თალაკვაძე, ნიკა ესებუა, ანანო სხირტლაძე, მიხეილ ბასილაია, ლარა ჯამარაული, ირაკლი გუნია / ვები: სანდრო თარხანმოურავი, ლევან მეტრეველი, ნათია სოფრომაძე, ეკა წამალაშვილი / კორექტორი: ნინო საითიძე / არტრედაქტორი: ბაჩა მალაზონია / დიზაინი & პრეპრესი: კახა დოლიძე, ნიკა კუპრაშვილი / ფოტორედაქტორი: დიმა ჩიკვაიძე / ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი / გამომცემელი: სამოქალაქო განათლების ფონდი / დირექტორის მოადგილე: გიორგი ფრუიძე / ოფის მენეჯერი: ანანო ვარდოსანიძე / გაყიდვები და მარკეტინგი: გიორგი ჭეიშვილი / ყოველკვირეული ჟურნალი ტაბულა, ტელ: + 995 32 2420 300, e-mail: info@tabula.ge / სტამბა: BILNET Printing, Dudullu Organize Sanayi Bölgesi, 1. Cadde No: 16 Umraniye, 34696 Istanbul - TURKIYE, ტელ.: +90 216 444 4403, ფაქსი: +90 216 365 9907 / © 2012 საავტორო უფლებები დაცულია, ჟურნალში გამოქვეყნებული მასალების გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია. |
![]() |
1 სიტყვასიტყვით |
▲ზევით დაბრუნება |
„ჩვენ გავიმარჯვებთ, ბატონო ობამა. თქვენ და მე, ერთად“.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ წინასაარჩევნო მიზნისთვის ობამასთან საჯარო ვიდეოკონფერენცია გამოიყენა. მისმა „დიპლომატიური პროტოკოლის დამრღვევმა“ გამონათქვამებმა ოპონენტებისგან მძაფრი კრიტიკა დაიმსახურა. 15 აპრილი.
„საქართველოში დავბრუნდები მხოლოდ მაშინ, როდესაც იქ სხვა მთავრობა იქნება... შესაძლოა, ეს ჩემი სიკვდილის შემდეგ მოხდეს“
რეჟისორი რობერტ სტურუა ჟურნალისტებთან თავის პირველ მოსკოვურ სპექტაკლსა და საქართველოზე საუბრობს. 16 აპრილი
„სამხედრო ტექნოლოგიებში უპირატესობა იმპერიალისტების მიერ მონოპოლიზებული აღარ არის“.
ჩრდილოეთ კორეის ახალი ლიდერი კიმ იონგ უნი ინაუგურაციის შემდეგ პირველ საჯარო გამოსვლას გრანდიოზული სამხედრო აღლუმის ფონზე ატარებს. 14 აპრილი.
„ის [ობამა] აბსოლუტური კატასტროფა აღმოჩნდა ამ ქვეყნისთვის“
განაცხადა აშშ-ის ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა დიკ ჩეინიმ გულის გადანერგვის შემდეგ პირველი საჯარო გამოსვლისას. ჩეინიმ ხაზი გაუსვა, რომ რესპუბლიკური პარტიისთვის არასდროს ყოფილა საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება ისე მნიშვნელოვანი, როგორც წლეულს.
„ეს გასაოცარი იქნება ზოგიერთი ცინიკოსისთვის; მე გამოვაქვეყნე წიგნი და ახლა ბუშის ინსტიტუტი აქვეყნებს წიგნს... მათ არ ეგონათ, რომ არათუ წერა, კითხვა შემეძლო“.
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში საუბრობს თავისი ფონდის საქმიანობასა და საკუთარ პრეზიდენტობაზე. მისი თქმით, ქვეყნის მართვა საინტერესო იყო, თუმცა ოდნავაც არ ენატრება. 10 აპრილი.
„ის [მანდელა] ნამდვილად არ იყო ისეთი გულკეთილი და „წმინდანი“, როგორც მედია წარმოაჩენს“.
აცხადებს სამხრეთ აფრიკის ყოფილი პრეზიდენტი ფრედერიკ ვილემ დე კლერკი, რომელმაც ნელსონ მანდელასთან ერთად, აპარტეიდის დასრულებისთვის ნობელის პრემია მიიღო. 9 აპრილი.
![]() |
2 რაც უნდა ითქვას |
▲ზევით დაბრუნება |
არენა
ნინო მაჭარაშვილი
„რატომ ვამბობ მხოლოდ ახლა, მოხუცი, უკანასკნელი მელნით, რომ ისრაელის ატომური ძალა ემუქრება ისედაც მყიფე მსოფლიო მშვიდობას?“ - გასულ კვირას ამ სტრიქონებმა მთელი მსოფლიოს პრესა მოიარა. მათი ავტორი ცნობილი და აღიარებული გერმანელი მწერალი გიუნტერ გრასია. 84 წლის ინტელექტუალი კიდევ ერთხელ მოექცა საყოველთაო ყურადღების ცენტრში.
„რაც უნდა ითქვას“ - ლექსი ამ სახელწოდებით გერმანულ გაზეთ Süddeutsche Zeitung-ში 4 აპრილს გამოქვეყნდა. „სათქმელი“ ისრაელის ლირიკული კრიტიკა აღმოჩნდა. თუ ტექსტს უფრო დაწვრილებით გავეცნობით, იმასაც ვნახავთ, რომ „კრიტიკა“ რბილი შეფასებაა. მიუხედავად მისი ნამუშევრებისადმი საყოველთაო პატივისცემისა, გერმანელი მწერლის პოლიტიკური პამფლეტი ბევრმა შეაფასა ებრაელთა სახელმწიფოზე ღია და აგრესიულ თავდასხმად. გრასი ჩივის, რომ დასავლეთის ფარისევლობამ დაღალა, ამიტომ გადაწყვიტა, დუმილი დაარღვიოს და ხმამაღლა თქვას: ისრაელი, თავისი ბირთვული პროგრამით, მსოფლიოს საფრთხეს უქმნის და ირანზე პრევენციული შეტევის საშუალება არ უნდა მიეცეს. მწერალი ბრალს სდებს ისრაელს, რომ ის ირანის განადგურებას გეგმავს, მიზეზი კი მხოლოდ ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ არსებული ვარაუდებია. გრასი საკუთარ სამშობლოსაც აფრთხილებს. მისი თქმით, გერმანია, რომელმაც ისრაელს წყალქვეშა გემები მიჰყიდა, სახიფათო რისკზე მიდის, რადგან შესაძლოა, ირანის განადგურების დანაშაულში თანამონაწილე აღმოჩნდეს. ლექსში ასევე საუბარია ებრაელთა სახელმწიფოს კრიტიკის „ცენზურაზე“, რომელიც ანტისემიტის იარლიყის მეშვეობით ხორციელდება.
ნაწარმოების მხატვრული ღირებულება, მოცემულ შემთხვევაში, მეორეხარისხოვანი აღმოჩნდა: ყველა შეთანხმდა, რომ უმჯობესი იქნებოდა, „მელნის უკანასკნელი წვეთები“ მწერალს რაიმე უფრო ღირებულის შექმნაზე დაეხარჯა. მართლაც, გრასის პოლიტიკურ პამფლეტს ლექსად მხოლოდ სტრიქონებს შორის დარჩენილი ჰაერი თუ აქცევს. სამაგიეროდ, მძაფრი რეაქცია გამოიწვია მისმა კონტროვერსულმა შინაარსმა - როგორც ისრაელში, ასევე მწერლის სამშობლოში. ნაწილმა გრასი პოლიტიკურ სიბეცეში დაადანაშაულა, სხვებმა კი ეს ნაბიჯი ანტისემიტიზმის გამოვლინებად შეაფასეს
8 აპრილს ისრაელის შინაგან საქმეთა მინისტრმა ელი იშაიმ გრასი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა - მწერალს ქვეყანაში შესვლა აეკრძალა. მინისტრმა მისთვის ნობელის პრემიის ჩამორთმევაც მოითხოვა. „გრასის ლექსები ისრაელის და ებრაელი ხალხის მიმართ სიძულვილის გაღვივებას უწყობს ხელს. მის მახინჯ ლექსებს ისრაელში არ მიესალმებიან. შემიძლია ამისთვის ირანი შევთავაზო, სადაც მხარდამჭერი აუდიტორიის პოვნა არ გაუჭირდება“, - განაცხადა ელი იშაიმ.
როგორც მოსალოდნელი იყო, ეს ვარაუდი გამართლდა: ირანში პამფლეტი გულთბილად მიიღეს. სახელმწიფო მფლობელობაში მყოფმა ინგლისურენოვანმა სატელიტურმა არხმა PressTv-მ მომხდარი ლიტერატურულ სენსაციად შეაფასა: „გერმანიის ომისშემდგომი ისტორიის მანძილზე, ცნობილ ინტელექტუალს ასე თამამად არასდროს შეუტევია ისრაელისთვის. პოეტმა მეტაფორული ხერხებით სასიკვდილო ლირიკული დარტყმა განახორციელა“.
გრასს გამოეხმაურა ისრაელის პრემიერმინისტრი ბინიამინ ნეთანიაჰუც. მისი თქმით, სამარცხვინოა მორალური ტოლობის ნიშნის დასმა ისრაელსა და იმ სახელმწიფოს შორის, რომელიც ჰოლოკოსტს უარყოფს და ისრაელს ამოწყვეტით ემუქრება: „ეს ცოტას ამბობს ისრაელზე, ხოლო ბევრს - ბატონ გრასზე“.
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, თავის მხრივ, მიიჩნევს, რომ გრასის ნაწარმოებები კარგი მაგალითია, თუ როგორ ცდილობენ დასავლელი ინტელექტუალები ანტისემიტიზმის ხარჯზე წიგნების გაყიდვების ზრდას. ავიგდორ ლიბერმანმა ყურადღება შესაძლო შედეგებზეც გაამახვილა და არ გამორიცხა, რომ ანტისემიტური კომენტარები სწრაფად გადაიზარდოს რაიმე უფრო სერიოზულში.
მართლაც, ისრაელის საწინააღმდეგო განწყობების გაღვივების თვალსაზრისით, გარკვეული შედეგების დანახვა უკვე შეგვიძლია: თუ დაძებნით, ინტერნეტში მრავალ ბლოგს გადააწყდებით, სადაც გრასს მადლობას უხდიან, რადგან, როგორც იქნა, გაბედა და თქვა ის, „რაც უნდა თქმულიყო“. ანალოგიური პათოსითაა გაჟღენთილი სტატიების ქვეშ მკითხველთა მრავალრიცხოვანი კომენტარების სრული უმრავლესობა.
საჯარო და ოფიციალური პირების მხრიდან მკვეთრად უარყოფითმა გამოხმაურებებმა არ დააყოვნა გერმანიაშიც. ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა კულტურის კრიტიკოსმა, მარსელ რაიხ-რანიცკიმ ლექსს „საზიზღარი“ უწოდა, გრასის მთავარ მიზნად კი უკანასკნელ წლებში დაკარგული ყურადღების ხელახალი მოპოვება დაასახელა. წერილი გამოაქვეყნა საგარეო საქმეთა მინისტრმაც. გიდო ვესტერველე აღნიშნავს, რომ გერმანიას ისრაელის მოქალაქეების წინაშე განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია, ირანის და ისრაელის მორალური გათანაბრება კი გაუმართლებელია.
კრიტიკული იყო გერმანული პრესაც. Der Spiegel-მა გრასს გემოვნება დაუწუნა, ბერლინის გაზეთი taz კი წერს: „სკანდალურია არა გრასის მხრიდან ისრაელის კრიტიკა, არამედ გზა, თუ როგორ აკეთებს ამას: თავს იმ ებრაელებისთვის შეწირულ მსხვერპლად წარმოაჩენს, რომელთაც სიმართლეზე ცენზურის დადება სურთ ანტისემიტიზმის ბრალდებით. ეს ანტისემიტური სტერეოტიპია“.
მოგვიანებით გრასმა განმარტა, რომ მისი თავდასხმა ისრაელის პრემიერმინისტრის, ბინიამინ ნეთანიაჰუს პოლიტიკაზე იყო მიმართული და არა სახელმწიფოზე. გრასი ამბობს, რომ „ირანზე პრევენციულ დარტყმას შემაძრწუნებელი შედეგები ექნება“, ლექსის დაწერა კი მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც გაიგო, რომ ბერლინმა ისრაელს მიჰყიდა წყალქვეშა გემები, რომელთაც ბირთვული იარაღის გადატანის შესაძლებლობა აქვთ და შესაძლოა, ირანზე დარტყმისთვის გამოიყენონ.
რა თქმა უნდა, მწერალს, რომელიც ბევრის თაყვანისცემის ობიექტია, დამცველებიც გამოუჩნდნენ. მათი უმრავლესობა ნაწარმოების მხატვრულ ღირებულებას უარყოფს და არც შინაარსს მიესალმება, თუმცა ანტისემიტის წოდებას გადამეტებულად მიიჩნევს. ბერლინის ხელოვნების აკადემიის პრეზიდენტმა კლაუს სტაეკმა მსგავსი შეფასებები უადგილოდ შერაცხა, ყოფილმა აღმოსავლეთგერმანელმა დისიდენტმა ვულფ ბიერმანმა კი გრასის დაცვა „თავისუფალი გამოხატვის“ ეგიდით სცადა, თუმცა მისი ლექსი „მომაკვდინებელ ლიტერატურულ ცოდვად“ შეაფასა.
საბოლოოდ, დებატი სწორედ ანტისემიტიზმისა და „თავისუფალი გამოხატვის“ გარშემო გაიმართა. „ანტისემიტიზმის განაჩენი უცხო არაა“, - აღნიშნავს გრასი ლექსში. კითხვებზე პასუხის უკეთ გასაცემად, უნდა გავეცნოთ თავად მწერლის ბიოგრაფიის მნიშვნელოვან ეპიზოდებს, რომლებიც ატეხილ აჟიოტაჟს დამატებით შტრიხებს ჰმატებენ.
გიუნტერ გრასი
1927 წელს დაბადებული გრასი დღეისთვის ყველაზე ცნობილი და აღიარებულია ცოცხალ გერმანელ მწერალთა შორის. მისი ლექსების პირველი კრებული 1956 წელს გამოქვეყნდა. სახელოვან მწერალთა სიაში მოხვედრა კი 1959 წელს გამოცემულ, ბევრის მიერ შედევრად მიჩნეულ რომანს - „თუნუქის დოლი“ - მოჰყვა. ეს უკანასკნელი „დანცინგური ტრილოგიის“ ნაწილია - სამივე წიგნი ნაცისტების აღზევების პერიოდს აღწერს. ზოგადად, გრასს ფაშიზმის კრიტიკოსის სტატუსი აქვს და ითვლება ადამიანად, რომელიც თანამემამულეებს ისტორიისთვის თვალის გასწორებას აიძულებდა.
გიდო ვესტერველე
ბინიამინ ნეთანიაჰუ
მწერალს პოლიტიკური წარსულიც აქვს: 80-იანი წლების დასაწყისში გერმანიის სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში ირიცხებოდა, ასევე ჩართული იყო გარემოსდაცვით და სამშვიდობო მოძრაობებში. ის ნაჩქარევს უწოდებდა გაყოფილი გერმანიის ხელახლა გაერთიანებას. მოგვიანებით გრასმა პარტიის რიგები დატოვა, მაგრამ დღემდე სოციალ-დემოკრატიული პარტიის პოლიტიკური ხაზის ერთგულად რჩებოდა. თუმცა მისი ახალი ლექსი სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრებმაც დაგმეს და განაცხადეს, რომ აღარ სურთ, გრასმა მათ საარჩევნო კამპანიებში მიიღოს მონაწილეობა.
ნობელის პრემია მწერალმა 1999 წელს მიიღო - „შავი იუმორით გამსჭვალულ ამბებში ისტორიის მივიწყებული სახის დახატვისათვის“. პრემიის ჩამორთმევის მოთხოვნები პირველად 2006 წელს გაისმა, როცა გრასი საყოველთაო რისხვის ქვეშ მოექცა და მისი „გერმანიის ნაციონალური სინდისის“ სტატუსიც ეჭვქვეშ დადგა. ერთ-ერთ გაზეთთან საუბარში მწერალმა მოულოდნელად აღიარა, რომ 17 წლის ასაკში, მეორე მსოფლიო ომის მიწურულს, ფაშისტურ დანაყოფში - ვაფენ სს-ში მსახურობდა.
ვაფენ სს-ი (Wafen SS), რომელიც უფრო ნაცისტური პარტიის განაყოფი იყო, ვიდრე შეიარაღებული ძალების ოფიციალური ნაწილი, განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა. მეორე მსოფლიო ომის დროს მის კისერზეა ისეთი სამხედრო დანაშაულები, როგორიცაა ტყვეთა წამება საკონცენტრაციო ბანაკებში, მშვიდობიანი მოსახლეობის ეგზეკუცია, აღმოსავლეთ ევროპაში დაპყრობილი ქვეყნებიდან ადგილობრივი მოსახლეობის აყრა და სხვა.
მანამდე, მრავალი თანატოლის მსგავსად, გრასი ჰიტლერ იუგენდის წევრი იყო. ასევე მსახურობდა ნაცისტური არმიის საარტილერიო დანაყოფში. ვაფენ სს-ის რიგებში ყოფნის გამოცდილებას ამძიმებს ის, რომ აქ გაწევრიანება ნებაყოფლობითი იყო. ამიტომ, გრასის „პატიება“ რთული აღმოჩნდა - როდესაც ადამიანს არჩევანის საშუალება აქვს, ის თავის გადაწყვეტილებაზე პასუხსაც აგებს.
„აღსარება“ წინ უძღვოდა ავტობიოგრაფიული ნაწარმოების, „ხახვის გაფცქვნის“ გამოცემას - ამიტომ, ბევრმა ეს ნაბიჯი მარკეტინგულ სვლად შეაფასა. ასეა თუ ისე, მოტივისგან დამოუკიდებლად, დაგვიანებულ აღსარებას პრესა, კრიტიკოსები თუ მკითხველები ბრაზითა და გულდაწყვეტით შეხვდნენ: ახლადგამოაშკარავებული წარსული ზოგმა „ისტორიის ბოროტ ხუმრობად“ შეაფასა, სხვებში კი, ათწლეულების მანძილზე შენარჩუნებულმა დუმილმა, იმედგაცრუება გამოიწვია.
ფაშიზმთან პირდაპირ კავშირში მყოფი წარსული ისრაელზე ლირიკული თავდასხმის შემდეგ კვლავ ყველამ გაიხსენა. ისრაელი და მისი გულშემატკივრები ფიქრობენ, რომ ანტიისრაელური ლექსი გრასის ნაცისტური წარსულის ლოგიკური გაგრძელებაა. „მისგან გასაკვირი არ უნდა იყოს ერთადერთი ებრაული სახელმწიფოს მსოფლიო მშვიდობის უდიდეს საფრთხედ წარმოსახვა და არც ის, რომ წინააღმდეგია, ისრაელს თავდაცვის შესაძლებლობა ჰქონდეს“ - ეს შეფასება ნეთანიაჰუს ეკუთვნის.
უშუალოდ მწერლის პოლიტიკური პოზიციის სერიოზული ანალიზით ბევრი არ დაკავებულა და ბირთვული სტრატეგიების განხილვის ამ მცდელობას ირონიითაც კი მოეკიდნენ. გრასმა რადიოინტერვიუში დაიჩივლა, რომ მის მიმართ წამოსულმა კრიტიკამ უყურადღებოდ დატოვა „ლექსის შინაარსი“. ეს გასაკვირი არ არის: საბოლოო ჯამში, ახალი არაფერი თქმულა. ლექსი ვერც დამატებით შტრიხებს სძენს დებატს, რომელიც ისრაელის გარშემო ისედაც დიდი ხანია მიმდინარეობს: ირანზე პრევენციული თავდაცვითი დარტყმის გონივრულობის, ეფექტურობის და შესაძლო შედეგების შესახებ - სტრატეგიულ თუ მორალურ ჭრილში.
საქმეში მეტ-ნაკლებად ჩახედულმა ადამიანებმაც იციან, რომ ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება არც ისე ახლოს დგას გრასის მიერ აღწერილ სურათთან: სანქციების გამკაცრების მიუხედავად, ირანი ბირთვულ პროგრამას ახორციელებს და პარალელურად ღიად იმუქრება, რომ სიონისტებს პირწმინდად გაანადგურებს. თავის მხრივ, ისრაელი მიიჩნევს, რომ „ბირთვული ჰოლოკოსტის“ საფრთხეს, მხოლოდ გამკაცრებულ სანქციებს ვერ დაუპირისპირებს და თავად უნდა იმოქმედოს. დროის მოგების მიზნით მაინც. გასულ დღეებში ამერიკული სპეცსამსახურებისგან ისრაელის სამხედრო გეგმების შესახებ ინფორმაციის გაჟონვამ და ვარაუდმა, რომ ობამას ადმინისტრაცია ისრაელის გეგმების ჩაშლას ცდილობს, საფრთხის კონტურები კიდევ უფრო გამოკვეთა.
აქედან გამომდინარე, ირანზე პრევენციული დარტყმის შესაძლებლობა სულ უფრო იზრდება და ისრაელის ინტერესშია, ირანის შეჩერება მოხდეს მანამ, სანამ ბირთვული პროგრამა ლოგიკურ დასასრულს მიაღწევს. წინააღმდეგ შემთხვევაში, გრასის სტრიქონების არ იყოს, „ხვალ შეიძლება უკვე გვიან იყოს“.
ამიტომაც არაა გასაკვირი რეაქცია, რომელიც გრასის პარალელებს მოჰყვა: ისრაელი, რომელსაც თავის დაცვა უწევს ეგზისტენციალური საფრთხისგან, განსხვავდება ირანისაგან, რომელიც ისრაელის სახელმწიფოს და, შესაბამისად, ებრაელებს განადგურებით ემუქრება. ფაქტები ყველაფერზე მეტყველებს: ისრაელი ირანს რუკიდან გაქრობით არ დამუქრებია - ირანისგან განსხვავებით, მისი გაცხადებული მიზანი კონკრეტულად ბირთვულ შესაძლებლობებზე დარტყმაა.
სწორედ არსებული მოცემულობიდან გამომდინარე, ისრაელის კრიტიკა ებმის მისი, როგორც სახელმწიფოს გაქრობის დაშვებას. ისრაელის სახელმწიფოს განადგურება კი თავისთავად გულისხმობს ახალ „ბირთვულ ჰოლოკოსტს“ ებრაელი ერისთვის. თუ გავითვალისწინებთ, რომ გიუნტერ გრასის დამოკიდებულება ამ სქემაში ჯდება, ამის ანტისემიტურად შერაცხვაც ლოგიკურია.
რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ისრაელის პოლიტიკა ზოგადად კრიტიკას არ ექვემდებარება. პოლიტიკური დებატი, როგორც სხვა პლურალისტურ სახელმწიფოებში, ისრაელშიც ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს. მწერლის პერსონა ნონ გრატად გამოცხადების საფუძველი კი გახდა კანონი, რომელიც ისრაელს აძლევს უფლებას, ყოფილი ნაცისტები მის ტერიტორიაზე არ შეუშვას. ამრიგად, გამოხატვის თავისუფლებასთან ბრძოლის ბრალდება არარელევანტურია - გრასს ვერავინ აუკრძალავს გამოაქვეყნოს ის, რასაც თავად ჩათვლის საჭიროდ. არამოქალაქის საკუთარ ტერიტორიაზე შეშვება-არშეშვების საკითხის გადაწყვეტა კი ისრაელის პრეროგატივაა.
Die Zeit-ის გამომცემელი, იოსეფ იოფე ამბობს, რომ პოემა საუკეთესო „ევროპულ ტრადიციებში“ ჯდება - იგულისხმება ებრაელთა მიმართ პასექის წინა ცილისწამებები. მისი აზრით, გრასის უმთავრესი მოტივია გადაულახავი დანაშაულის გრძნობის დაძლევა - მიუხედავად იმისა, რომ გერმანია 1945 წლიდან დემოკრატიულ სახელმწიფოდ იქცა, ქვეყნის შელახული ღირსების აღდგენა მწერალმა ასე გადაწყვიტა: დანაშაულის ისრაელზე გადაბრალებით.
17 აპრილს, Associated Press-მა გაავრცელა ცნობა 84 წლის გრასის გერმანიის ერთ-ერთ კლინიკაში გადაყვანის თაობაზე - იმედი ვიქონიოთ, მწერალი კიდევ დიდხანს შეძლებს ლიტერატურული მოღვაწეობის გაგრძელებას.
![]() |
3 მთავრობოცენტრიზმი და ინფანტილური საზოგადოება |
▲ზევით დაბრუნება |
გია ნოდია|სვეტი
შევარდნაძის ეპოქის მთავარი წუხილი იყო, რომ სახელმწიფო გვაკლდა, რომ სუსტი თუ არშემდგარი სახელმწიფო ვიყავით. დღეს ეს აქტუალური აღარაა: მთავრობა ბევრს არ მოსწონს, ზოგს ძალიან, მაგრამ სახელმწიფოს სისუსტეს აღარავინ გლოვობს.
დღეს სხვა წუხილი უფრო გვაქვს - სუსტი ან არშემდგარი საზოგადოება. ამ სისუსტის გამოხატულება შეიძლება სხვადასხვა იყოს, მაგრამ იკვეთება დომინანტი თემა: საზოგადოება ვერ აწონასწორებს ზედმეტად მომძლავრებულ და გათავხედებულ სახელმწიფოს.
პრობლემა ნამდვილია. როდესაც საზოგადოებაზე ამ კონტექსტში ვსაუბრობთ, ვერ გავექცევით ზედსართავს „სამოქალაქო“, ამ სიტყვაზე კი საერთაშორისო დონორთა მიერ შთაგონებული და დაფინანსებული „ენჯიოები“ გაგვახსენდება. ამათი სისუსტეები თვალსაჩინოა და ბოლო ხანებში მათ ხშირად ვახსენებთ: ხელოვნურობა, ელიტურობა, დონორებზე დამოკიდებულება. ეს არ უშლით ხელს, კონკრეტული კარგი საქმეები აკეთონ, მაგრამ აშკარად აკლიათ საკუთარი საყრდენი, რაც დამოუკიდებელ სოციალურ ძალად აქცევთ. ამიტომ მიმდინარეობს ძიება საზოგადოებრივი აქტივიზმის უფრო, ასე ვთქვათ, ორგანული ფორმებისა, ამის პროტოტიპად კი მისი გულშემატკივრები „გუდიაშვილის მოედნის მოძრაობას“ ასახელებენ.
მოკლედ, ენჯიო-საზოგადოების მთავარი ნაკლია „დონოროცენტრიზმი“. ეს რომ დავინახეთ, კარგია, მაგრამ საკმარისი არ არის. გაცილებით უფრო ღრმა პრობლემა, რომელიც ავლენს საზოგადოების სისუსტეს თუ არშემდგარობას, უფრო ზუსტად - ინფანტილიზმს, არის მთავრობოცენტრიზმი. ის ადამიანები, ვინც (სამოქალაქო) საზოგადოების გაძლიერებაზე წუხან, ამავე დროს მთავრობის ხატით არიან მონუსხული და მხოლოდ მასთან მიმართებაში შეუძლიათ ამ თემაზე საუბარი. ამგვარი აზროვნება კი ახდენს იმავეს რეპროდუცირებას, რასაც ებრძვის - ავტორიტარიზმისა.
მოდით, დავიწყოთ თავიდან. ლიბერალური საზოგადოების ძირითადი ნიშანი არის ავტონომიურობა. ეს სულ მცირე სამ რამეს გულისხმობს: ის ავტონომიური ანუ თავისუფალი ინდივიდებისაგან შედგება; ის ავტონომიურია ხელისუფლების (მაგრამ არა აუცილებლად პოლიტიკის) მიმართ; და ის მრავალი ერთმანეთის მიმართ ავტონომიური წარმონაქმნის მოზაიკაა.
ლიბერალური პოლიტიკური წყობის ძირითადი იდეაა საზოგადოების პირველადობა, რაც „საზოგადოებრივი ხელშეკრულების“ ცნებითაა გამოხატული. ადამიანები ჯერ საზოგადოებად ყალიბდებიან - ანუ გარკვეული მიზნებისა და იდეების გარშემო თანამშრომლობას სწავლობენ; მერე კი გარკვეულ ფუნქციებს სახელმწიფოს აკისრებენ. ეს არ ნიშნავს, რომ ისტორიულად მართლაც ასე მოხდა: მაგრამ იმას კი ნიშნავს, რომ ადამიანებს არ სჭირდებათ სახელმწიფო იმის დასადგენად, თუ რა უნდათ, და ძალიან ბევრი რამის გაკეთება სახელმწიფოს გარეშეც შეუძლიათ.
ჩვენი სამოქალაქო აქტივისტებისთვის კი ყველაფრის ლოგიკური საწყისი სახელმწიფოა. ამ თემისადმი მიძღვნილ შეხვედრაზე ცნობილი ქართული ორგანიზაციის წარმომადგენელმა ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია ორ სახეობად დაახარისხა: ერთ მხარეს არიან watch dog-ები (ქართულად - „მოდარაჯე ძაღლები“), რომლებიც ხელისუფლებას აკონტროლებენ, მეორე მხარეს კი - think tank-ები (ანალიტიკური ცენტრები), რომლებიც მთავრობას ეხმარებიან. ანუ, ან მთავრობას უყეფ და კბენ, ან ლოკავ და კუდს უქიცინებ: მესამე გამორიცხულია. ჩემი იდენტობა მთავრობასთან ჩემი მიმართებაა. ამ მეტად კვალიფიციურ ენჯიო-აქტივისტს თავშიც არ მოსვლია, რომ იგივე „მოდარაჯე ძაღლები“ შეიძლება ბიზნესს, რელიგიურ ორგანიზაციებს, პოლიტიკურ პარტიებს, თუნდაც სხვა მათნაირ ორგანიზაციებს ჩაუსაფრდნენ, ან რომ ანალიტიკურმა ცენტრებმა თავისი ჭკვიანური აზრები მთავრობის გარდა სხვა ვინმეს შესთავაზონ.
მეორე მაგალითი: ლიბერალის ბლოგში ვახუშტი მენაბდე პირდაპირ გვეუბნება, რომ „სამოქალაქო სექტორის ღირებულება სახელმწიფოსთან კონფლიქტში გამოიკვეთება“, თანაც ის სახელმწიფოს „ერთადერთი დამაბალანსებელია“. პრობლემა მხოლოდ ისაა, რომ ამ დროს სექტორს ფეხი არ წაუცდეს და თავად არ ჩავარდეს ხელისუფლების წუმპეში, სადაც გარდუვალი გარყვნა ელის (როგორც ეს ვარდების რევოლუციამდელ სამოქალაქო სექტორს დაემართა). ამიტომ ის მუდამ ოპოზიციაში უნდა დარჩეს: ამით „პატიოსნებას“ შეინარჩუნებს და ხელისუფლებასაც აიძულებს, უფრო კარგად მოიქცეს (მენაბდის სიტყვებით, მასაც „გააპატიოსნებს”).
ბატონ ვახუშტის არც კი გახსენებია ისეთი რამეები, როგორც თვით ხელისუფლების შიგნით შეკავებისა და გაწონასწორების მექანიზმები, ან, ბოლოს და ბოლოს, პოლიტიკური ოპოზიცია: ზოგი გულუბრყვილო ადამიანი სწორედ ამათ მიიჩნევს ხელისუფლების გაურყვნელობის მთავარ წინაპირობად. თუმცა, რა გასაკვირია: საქართველოში არცერთი მათგანი არ უნახავს და ეს აბა, საიდან მოუვიდოდა თავში?
სალომე ასათიანი თავის ბლოგში ტუქსავს მთავრობას იმის გამო, რომ ის საზოგადოებას „ელაპარაკება, როგორც ბავშვს“. „ბავშვივით ლაპარაკს“ კი იმას ეძახის, როცა აუდიტორიას სათქმელს გადაუღეჭავ და მარტივ ოპოზიციებად დაულაგებ: ჩვენ წარმოვადგენთ პროგრესს, ხოლო ოპონენტები - ჩამორჩენილობას. კრიტიკა გასაგებია, მაგრამ სამიზნე - დასაზუსტებელი. ჩვენი პოლიტპროპაგანდისტების საუბარი რომ ადვილად ვარდება პრიმიტივიზმში, ამის შემჩნევა ადვილია. მაგრამ ეს ზოგადად პოლიტიკური დისკურსის ტენდენციაა: პოლიტტექნოლოგები სულ იმას ჩასჩიჩინებენ თავიანთ კლიენტებს, რაც შეიძლება მარტივი ენით აუხსნან რიგით არაინტელექტუალ ამომრჩეველს, რით არიან თავიანთ კონკურენტებზე უკეთესი. ის, რომ მაინცდამაინც მთავრობის წევრებს მოსთხოვო, ვთქვათ, „მოდერნიზაციის“ ცნების მთელი სირთულის წარმოჩენა, გულუბრყვილოა: ამას სწორედ საზოგადოება, კერძოდ მისი აკადემიური და think tank-ური ნაწილი უნდა აკეთებდეს.
მოკლედ, ამ ხედვის თანახმად, სამყაროს ცენტრი მთავრობაა, ადამიანები (ანუ მათი აქტიური ნაწილი, გაფორმებული „სამოქალაქო საზოგადოებად“ ან „სექტორად“) კი მას ან ემორჩილებიან, ან უძალიანდებიან.
ეს უფრო მაგონებს სამყაროს იმ ხედვას, რომელსაც ლიბერალიზმის მამები ებრძოდნენ: ხელისუფლება (მაშინ ამ უკანასკნელს „მონარქი“ ერქვა) ხალხის მამაა, ხალხს კი ევალება დაემორჩილოს მას, როგორც შვილები მამას უჯერებენ. ჩვენი პროგრესული ლიბერალები ამოსავლად იღებენ ამ სტრუქტურას, ოღონდ ერთი შესწორებით: ისინი მამასთან კონფლიქტს მიიჩნევენ ინდივიდის უპირობო მოვალეობად. თუ მთავრობას არ უპირისპირდები, ავტომატურად ირიცხები სამოქალაქო საზოგადოების რიგებიდან და „კონფორმისტის” იარლიყიც გეწებება. ეს სამოქალაქო სექტორ-საზოგადოებას თინეიჯერული სულისკვეთების მატარებლად აქცევს: რასაც უფროსები იტყვიან, ყოველთვის საწინააღმდეგო უნდა გააკეთო, თან ერთმანეთს იდაყვები გაკრა, ხომ მაგრები ვართო.
ამისგან განსხვავებით, ლიბერალური საზოგადოება ზრდასრული ადამიანებისგან შედგება. ისინი მთავრობას განიხილავენ როგორც ერთ-ერთ (თუმცა მნიშვნელოვან) საზოგადოებრივ მოთამაშეს მრავალ სხვასთან ერთად. თითოეულ ჩვენგანს შეუძლია (და ევალება) განსაჯოს, რა მიაჩნია მოცემულ სიტუაციაში საკუთარ თუ ქვეყნის მთავარ პრობლემებად, რისი გადაწყვეტა შეუძლია თვითონ, რისთვის სჭირდება სხვებთან შეამხანაგება „სამოქალაქო საზოგადოებად” (ცხადია, ამ სიტყვის ფართო გაგებით), და რის მოთხოვნას აქვს აზრი მთავრობისგან. აქედან გამომდინარე, ამ უკანასკნელის მოქმედებებს ხან მოიწონებ, ხან გაკიცხავ და ხან კიდევ დააიგნორებ.
მოკლედ, თუ არ გვინდა, მთავრობა ისე გვექცეოდეს, როგორც ბავშვებს, ამას მხოლოდ ერთი რამე უშველის: უნდა გავიზარდოთ.
![]() |
4 ანქვაბზე თავდასხმა: გახსნილი შეთქმულება |
▲ზევით დაბრუნება |
პოლიტიკა
დიმიტრი ავალიანი
ალექსანდრ ანქვაბზე თავდასხმა გახსნილია. ამის შესახებ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის სამართალდამცავებმა 12 აპრილს განაცხადეს, როცა აფხაზეთში, თავდასხმაში ეჭვმიტანილი ექვსი ადამიანი დააკავეს. 17 აპრილს კიდევ ერთმა ეჭვმიტანილმა, შინაგან საქმეთა ყოფილმა „მინისტრმა“ ალმასბეი კჩაჩმა, მისი დაკავების მცდელობისას, თავი მოიკლა. მეორე დღეს თვითმკვლელობა ორმა დაკავებულმა სცადა, მხოლოდ ერთი მათგანი გადარჩა.
თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტს 22 თებერვალს, გუდაუთა-სოხუმის გზაზე დაესხნენ თავს. თავად ანქვაბი გადარჩა, თუმცა თავდასხმას მისი ორი მცველი შეეწირა.
დანაშაულში ეჭვმიტანილთა დაკავება იმის გათვალისწინებით გახდა მოულოდნელობა, რომ ანქვაბზე განხორციელებული წინა თავდასხმებიდან არცერთი არ გახსნილა. მის მოკვლას 2005 წელს, ორჯერ 2007-ში და ერთხელაც 2011 წელს შეეცადნენ.
როგორც გამოძიებამ, ასევე საზოგადოებამ, აფხაზეთში ანქვაბზე თავდასხმაში „ქართული კვალის“ არსებობა იმთავითვე გამორიცხა. მთავარ ვერსიად „შიდა გარჩევა“ განიხილებოდა. თავად ანქვაბი აცხადებდა, რომ მისი მოსისხლე მტრები „მაფიოზური კრიმინალური დაჯგუფებები“ არიან, რომლებსაც „მართვადი და დამოკიდებული პრეზიდენტი სჭირდებათ“.
აფხაზი ძალოვნების დასახმარებლად გამომძიებელთა ჯგუფი მოსკოვიდან ჩავიდა. რუსული სააგენტო lifenews-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ თავდასხმის დამკვეთის ვინაობა ანქვაბისათვის თავიდანვე ცნობილი იყო და მთელი ამ დროის განმავლობაში, გამომძიებლები თავდასხმასთან მათი კავშირის დამტკიცებას ცდილობდნენ.
დაკავებულ ეჭვმიტანილთა შორის აღმოჩნდა აფხაზეთში სერიოზული გავლენის მქონე ბიზნესმენი ანზორ ბუთბა. მას 90-იანი წლების დასაწყისიდან ჰქონდა საკუთარი ბიზნესი, განსაკუთრებულ წარმატებას კი სერგეი ბაღაფშის დროს მიაღწია. ის მრავალ დარგში საქმიანობდა, მათ შორის: ვაჭრობაში, სოფლის მეურნეობასა და ხე-ტყის სფეროში.
ბუთბა, სხვადასხვა საკითხების გამო, ხელისუფლებასთან კონფლიქტს არ ერიდებოდა. თუმცა, როგორც სოხუმში ვარაუდობენ, ყველაზე მწვავე დაპირისპირების მიზეზი უნდა გამხდარიყო ბუთბას ის ბიზნესი, რომელიც ინერტული მასალის მოპოვებას უკავშირდებოდა. 2010 წელს ხელისუფლებამ მას ამ საქმიანობაზე ლიცენზია ჩამოართვა ეკოლოგიისთვის მიყენებული ზიანის მიზეზით და კარიერიც დაუხურა. სოხუმში ამბობენ, რომ ამაში დამნაშავედ ანზორ ბუთბამ მაშინდელი პრემიერმინისტრი, ალექსანდრ ანქვაბი მიიჩნია. და თითქოს პირობაც დადო, რომ სამაგიეროს გადაუხდიდა.
თუმცა, ბუთბასგან განსხვავებით, ანქვაბთან ამგვარი ფორმით ანგარიშსწორებისათვის ხელშესახები მოტივი არ ჰქონია ალმასბეი კჩაჩს, რომელიც ჯერ ვლადისლავ არძინბას პირად დაცვას, 1996-2003 წლებში კი სოხუმის მთავრობის შსს-ს ხელმძღვანელობდა.
ბუთბასა და კჩაჩს ერთი რამ აერთიანებთ - ორივე დაახლოებული იყო ოპოზიციონერ პოლიტიკოსთან და ბიზნესმენთან ბესლან ბუთბასთან. ეს უკანასკნელი ეკონომიკური განვითარების პარტიის ლიდერი და აფხაზეთში ერთადერთი დამოუკიდებელი ტელეკომპანიის, აბაზას, მფლობელია. ბესლან ბუთბამ 2009 წელს კენჭი იყარა თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტის პოსტზე, მაგრამ ხმათა მხოლოდ 8 პროცენტი მიიღო. მასთან ერთად ვიცეპრეზიდენტობისთვის ალმასბეი კჩაჩი იბრძოდა.
რაც შეეხება ანზორ ბუთბას, მას დიდი გავლენა ჰქონდა როგორც პარტიაზე, ასევე მის ლიდერზე. მონაწილეობდა ფინანსური, საორგანიზაციო საკითხების მოგვარებაში თუ დავების გადაწყვეტაში, მაგრამ ჩრდილში დარჩენას ამჯობინებდა.
ბესლან ბუთბას სახელი კი ყოფილ პრემიერმინისტრს და საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი შამბასაც უკავშირდება, რომელსაც ბუთბამ გასულ წელს ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებზე დაუჭირა მხარი.
თავდაპირველი ვერსია, რომ ტერაქტი პირად შურისძიებას და ბიზნესინტერესებს უკავშირდებოდა, კჩაჩის თვითმკვლელობის შემდეგ დამაჯერებლად აღარ გამოიყურება. აფხაზეთში ამ საქმეში დაინახეს პოლიტიკური შეთქმულების ნიშნები, რომლის უკან დიდი და ძლიერი ჯგუფი იდგა და რომლის ახალი დეტალების გამოაშკარავებას სოხუმში ახლო მომავალში ელიან. ის, რომ თავდასხმის ორგანიზატორებს წარუმატებელი ტერაქტის შემდეგ მიმალვა არ უცდიათ, შესაძლოა, იმაზე მეტყველებს, რომ მათ ძლიერი მფარველი ჰყავდათ.
ნათელია ისიც, რომ ხელისუფლებაში „წესრიგის დამყარების“ ლოზუნგით მოსული ანქვაბი, მასზე თავხედური თავდასხმის შემდეგ, იძულებული იყო, მკაცრი ზომები მიეღო. წინააღმდეგ შემთხვევაში, მის ავტორიტეტს გამოუსწორებელი ზიანი მიადგებოდა.
![]() |
5 მაურო დე ლორენზო: სასურველია ყველაფერი ნულიდან დაიწყოს |
▲ზევით დაბრუნება |
პოლიტიკა
ავტორები: ელენე კვანჭილაშვილი, სალომე უგულავა
ცოტა ხნის წინ საქართველოს ეწვია ნიუ იორკის უნივერსიტეტის ბიზნესსკოლის, სტერნის უფროსი მკვლევარი და ურბანიზაციული პროექტის დირექტორის მოადგილე მაურო დე ლორენზო. მან ქალაქ ლაზიკის საკითხთან დაკავშირებით გამართულ პირველ საჯარო განხილვაში მიიღო მონაწილეობა - საერთაშორისო კონფერენცია თავისუფალი უნივერსიტეტისა და იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებით შედგა. მაურო დე ლორენზომ ტაბულას ახალ ქალაქებზე გაუზიარა შეხედულებები:
თავისუფალი ქალაქის კონცეფცია, რომელიც პოლ რომერს ეკუთვნის, გულისხმობს ქვეყნის ტერიტორიაზე ისეთი ზონის შექმნას, სადაც განსხვავებული რეჟიმი მოქმედებს. ეს არ არის თავისუფალი სავაჭრო ზონა, სადაც მხოლოდ ბიზნესი ვითარდება. ეს სულ სხვა რამაა - იქ მიმზიდველი გარემო უნდა იყოს საიმისოდ, რომ მოსახლეობამ იცხოვროს. ასეთი ქალაქი საერთაშორისო უნდა იყოს, ანუ ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს შეეძლოს ჩასვლა და ცხოვრება. ეს არ არის აბუ დაბი და ქალაქი მდიდრებისთვის. უფრო პირიქით - საშუალო და ღარიბი კლასისთვის, მსოფლიოს განვითარებადი ქვეყნებიდან.
როგორ იქმნება ასეთი ქალაქი? ყველაფერი ეფუძნება პოლ რომერის ახალი ზრდის თეორიას, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია, რომ ეკონომიკური ზრდის მიმართულებით გარღვევა მოახდინო.
მაურო დე ლორენზო
ერთი საკითხია, რომ ურბანული მოსახლეობის ზრდა ეკონომიკურ ზრდას ეხმარება. მეორე - ქალაქებისკენ მიგრაციის ტემპი იზრდება. Gallup-ის ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, მსოფლიოში 600 მილიონ ადამიანს სურს ქალაქში გადასვლა, ამის შესაძლებლობა რომ ჰქონდეს. მიზეზი ისაა, რომ ურბანული გარემო უკეთესია მათი განვითარებისთვის. პოლ რომერის თავისუფალი ქალაქის კონცეფცია ხალხისთვის არჩევანის შექმნას გულისხმობს. ისეთ ქვეყნებში მიგრაცია, სადაც უკეთესი წესები და კანონებია, რთულია და კიდევ უფრო რთულდება. თუმცა რა მოხდება, თუ საკუთარ ტერიტორიაზე თავად შექმნი ადგილს, სადაც შეიძლება წესებს ენდო? სწორედ ეს არის ძირითადი იდეა.
ღარიბი ქვეყნებისთვის მთავარი გამოწვევა ისაა, რომ სრულყოფილი კანონების მიღების შემთხვევაშიც კი, ნდობის ხარისხი, შეიძლება, დაბალი იყოს. როგორც წესი, ასეთი ქვეყნების ინსტიტუტებს სერიოზულად არ აღიქვამენ. ამიტომ, რაღაც გარანტიები უნდა მოიფიქრო.
ასეთი ქალაქის შექმნა უკვე დაიწყო ჰონდურასმა. იქ განათლების და საიმიგრაციო კუთხით საგანგებო იურისდიქცია ვრცელდება. ქალაქის ხელმძღვანელობა თავად წყვეტს, რა ტიპის ეკონომიკური და საგადასახადო კანონმდებლობა ექნება. სისხლის სამართალს რაც შეეხება, აქაც შეიძლება განსხვავებული რეჟიმის ამოქმედება, ოღონდ ამისთვის ჰონდურასის კონგრესის თანხმობაა საჭირო.
იდეა ისაა, რომ მათ შეუძლიათ თავიანთი, განსაკუთრებული რეჟიმი ჰქონდეთ, ხოლო ის, რაც სუსტია, მაგალითად სასამართლო - ქვეყნიდან გაიტანონ იქ, სადაც სასამართლოს ენდობიან. ისინი შეთანხმდნენ მაურიტუსთან და მის სასამართლოს უზენაეს ინსტანციად იყენებენ. სხვა შემთხვევაში, ინვესტორი დაფრთხება. თუ ნდობის საკითხი პრობლემატური სფეროების გარეთ გატანით მოგვარდა, მაშინ მოსახლეობაც და კაპიტალიც ქალაქისკენ დაიძვრება. ეს მიწის გაძვირებას გამოიწვევს. სწორედ ამას მივყავართ ჰიპოთეზამდე, თუ როგორ შეიძლება დაფინანსდეს ასეთი ქალაქი.
ვფიქრობ, პირველი კითხვა, რომელიც პრეზიდენტის განცხადებას მოჰყვა ლაზიკის დაფუძნების შესახებ, იყო ის, თუ ვინ დააფინანსებს ქალაქს. ჩინეთმა და კორეამ მილიარდები დახარჯეს ახალი ქალაქის ასაშენებლად. საქართველო ჰონდურასზე გაცილებით უკეთეს მდგომარეობაშია, მაგრამ არ მგონია, ახალი ქალაქის ასაშენებლად მილიარდები ჰქონდეს გადადებული.
ჰონდურასმა ჰონგკონგის და სინგაპურის გზა აირჩია. იქ სახელმწიფოს საკუთრებაში ბევრი მიწაა, რომელიც იჯარითაა გაცემული. იჯარა შეიძლება იყოს 30-წლიანი, 100-წლიანი. მისი ფასები ყოველწლიურად მერყეობს, გამომდინარე მიწის ფასებიდან. რაც მეტ მცხოვრებს და ბიზნესს იზიდავს ქალაქი, მით უფრო იზრდება მიწის ფასი. მიღებული ფული უძრავი ქონების კერძო ბიზნესს კი არ მისდის, არამედ ბიუჯეტში ბრუნდება. სამაგიეროდ, გადასახადი არ არის, ან ძალიან დაბალია. ქალაქი ვალდებულია, გადასახადები 15%25-ის ფარგლებში შეინარჩუნოს.
დაფინანსების მოდელი ფილოსოფოსმა ჰენრი ჯორჯმა შეიმუშავა - გადასახადი მიწაზე ერთი და იგივეა მათთვის, ვინც, მაგალითად, ერთ ჰექტარ მიწაზე ცხვარს აძოვებს, და მათთვის, ვინც ამ მიწაზე ცათამბჯენს აშენებს. ამიტომ, ბუნებრივია, ადამიანს ურჩევნია ამ მიწაზე აკეთოს ის, რაც მეტ შემოსავალს მოუტანს. ეს მთავრობის დაფინანსების სამართლიანი გზაა - არ ბეგრავ ადამიანების შრომას, ინვესტიციებს, მშენებლობას და განვითარებას. შესაბამისად, ეს შესაძლებლობას იძლევა, არ გქონდეს საშემოსავლო, საინვესტიციო და მოგების გადასახადები.
ქალაქის შექმნა საქართველოს ბიუჯეტს მძიმე ტვირთად არ უნდა დააწვეს იმიტომ, რომ მსოფლიოში ქალაქებზე ძალიან მაღალი მოთხოვნაა. ყველაზე მიმზიდველი ფაქტორი ამ ქალაქში არსებული რეჟიმი იქნება - სასამართლო და კანონმდებლობა.
საქართველოს უკეთესი საწყისი პოზიციები აქვს, ვიდრე ჰონდურასს. უსაფრთხოება თქვენთან უკეთაა უზრუნველყოფილი. ინსტიტუტებიც ბევრად გამართულია. ამას ამდენი საგარეო გარანტია არ დასჭირდება - საქართველო ისედაც მიმზიდველია ინვესტიციებისთვის. ისედაც ხელსაყრელია გარემო შრომითი ურთიერთობებისთვის, ინოვაციისთვის. შესაძლოა, მხოლოდ ისეთი ტერიტორიის გამოყოფა იყოს საკმარისი, სადაც საკუთრების უფლებები უზრუნველყოფილი იქნება
და ყველა ეროვნების ადამიანს შეეძლება დასარჩენად ჩამოსვლა.
სასურველია, ყველაფერი ნულიდან დაიწყოს. შედარებით უკაცრიელ ადგილზე და ისეთ მიწაზე, რომელიც სახელმწიფოს ეკუთვნის, რათა საკუთრებასთან დაკავშირებული დავები არ წამოიჭრას. ჰონდურასში გამოინახა ათასი ჰექტარი მიწა, დაახლოებით ჰონგკონგის ზომის. ფართობი მნიშვნელოვანია, ეს არ უნდა იყოს პატარა ქალაქი - იდეაში 10 მილიონ ადამიანს უნდა იტევდეს. საქართველოში, შესაძლოა, ამ საკითხს სხვაგვარად უყურებდნენ - როგორც მივხვდი, ხუთასი ჰექტარის გამოყოფაზეა საუბარი. ჩვენი გათვლებით, ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ დიდი მასშტაბის უცხოური ინვესტიციები განხორციელდეს. თუმცა, არაა გამორიცხული, იმ მიზანს, რაც საქართველოს ხელისუფლებამ დაისახა, ასეთმა გეგმამაც უპასუხოს.
ამ რეგიონში არ არის ისეთი ადგილი, სადაც ყველას შეუძლია თავის მოყრა - მიუხედავად იმისა, თუ რომელი ქვეყნის მოქალაქეები არიან და რა ენაზე საუბრობენ. ისეთი ადგილი, სადაც უზრუნველყოფილი იქნება მცხოვრებლების უფლებები, მაღალი ხარისხის განათლება. საქართველომ შეიძლება თავისუფლების კერა შექმნას და ხალხი იმ ქვეყნებიდან შემოუშვას, სადაც თავისუფლების დეფიციტია - იქნება ეს ირანი, არაბული ქვეყნები თუ რუსეთი.
ენობრივი ბარიერი პრობლემაა - ამიტომ ახალი ქალაქი აუცილებლად ორენოვანი უნდა იყოს: ქართულ და ინგლისურენოვანი. თუ ანალიზი აჩვენებს, რომ სასამართლოსადმი ნდობა დაბალია, შესაძლოა, ეს სერვისი გადაიტანოთ რომელიმე უცხოურ სასამართლოში. უფრო რადიკალური ზომების მიღებაც შეგიძლიათ - მაგალითად, სხვა ტიპის ბიზნესსამართლის დამყარება, ისეთის, რომელსაც ინვესტორები უკეთ იცნობენ. ბიზნესი კარგადაა ადაპტირებული ანგლოსაქსურ სისტემასთან. დუბაიში ამ გზით წავიდნენ - შექმნეს საერთაშორისო ბიზნესზონა, სადაც სამართალს გადამდგარი ბრიტანელი მოსამართლეები უზრუნველყოფენ.
გვჯერა, რომ სამართლიანი და მკაფიო წესები, რომელიც ყველასთვის თანაბარ პირობებს უზრუნველყოფს, საკმარისი შეიძლება აღმოჩნდეს ხალხის და ფულის მოსაზიდად. ასეთ ქალაქს რეგიონში კონკურენტი არ ეყოლება. არ მგონია, რომ დუბაი სწორი მაგალითია, თუმცა კონკურენცია ცუდი სულაც არ არის. უკეთესობისკენ გიბიძგებს.
ცხადია, ბიზნესს და მოსახლეობას მხოლოდ დაბალი გადასახადებით ვერ მოიზიდავ. ხშირად დაბალ გადასახადებზე მნიშვნელოვანია მომავლის პროგნოზირების შესაძლებლობა. ინვესტორს უნდა შეეძლოს იმის განსაზღვრა, თუ რა მოხდება მომდევნო 10, 20 წლის განმავლობაში. ასევე, მნიშვნელოვანია განათლების სისტემის ხარისხი და უსაფრთხოება.
მხოლოდ თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნით ვერც ინვესტიციებს მოიზიდავ. საქართველოს ისედაც ძალიან კარგი საგადასახადო სისტემა აქვს. დამატებითი საგადასახადო სტიმულის შექმნა ბევრს არაფერს მოგცემთ. ბიზნესმენი იმაზეც ფიქრობს, რა კვალიფიკაციის ადამიანური რესურსის მოზიდვა შეუძლია - არიან თუ არა საკმარისი რაოდენობით ინჟინრები, ბუღალტრები; რა ღირს ადამიანის შრომა.
მნიშვნელოვანია დავიმახსოვროთ, რომ ეს არ არის მხოლოდ ბიზნესის ქალაქი, აქ მოსახლეობამაც უნდა იცხოვროს. ადამიანები თავისუფლად უნდა მიდი-მოდიოდნენ. ქალაქი უნდა რეგულირდებოდეს საგანგებო ქარტიით, სადაც მკაფიოდაა გაწერილი წესები. განსაკუთრებული რეჟიმის მქონე ახალი ქალაქის შექმნას ფსიქოლოგიური დატვირთვაც აქვს. მისი განსხვავებულობა ადამიანებს მძიმე მენტალური მემკვიდრეობისგან გათავისუფლებაში ეხმარება.
პოლ რომერი
პოლ რომერი ამერიკელი ეკონომისტი და ანტრეპრენერი პოლ რომერი ნიუ იორკის უნივერსიტეტის ბიზნესსკოლა სტერნში ეკონომიკის პროფესორად მუშაობს და ურბანიზაციის პროექტის დირექტორია. სხვადასხვა დროს მუშაობდა სტენფორდის უნივერსიტეტის საერთაშორისო განვითარების ცენტრში და ჰუვერის ინსტიტუტში. ყველაზე მეტად ეკონომიკური ზრდის საკითხითაა დაინტერესებული. რომერმა შექმნა კონცეფცია თავისუფალ ქალაქებზე და ბოლო წლებში სწორედ ამ საკითხს შეისწავლის.
ჰენრი ჯორჯი
ამერიკელი მწერალი, პოლიტიკოსი და პოლიტიკური ეკონომისტი. საფუძველი ჩაუყარა ეკონომიკურ ფილოსოფიას, რომელიც ჯორჯიზმის სახელითაა ცნობილი. ამ ფილოსოფიის მიხედვით, ადამიანებს უნდა ეკუთვნოდეთ ყველაფერი, რასაც თავად ქმნიან, ხოლო სხვა დანარჩენი, რაც ბუნებაში მოიპოვება, განსაკუთრებით - მიწა, მთელი კაცობრიობის საკუთრებაა. შესაბამისად, მიწა ყველასთვის თანაბრად, ერთი გადასახადით უნდა იბეგრებოდეს. დანარჩენი გადასახადები კი, იქნება ეს მოგების, საშემოსავლო, თუ სხვა - უსამართლო და ნაკლებ ეფექტიანია. ისინი ან უნდა შემცირდეს, ან აღმოიფხვრას. ჯორჯიზმისა და ლიბერტარიანიზმის ერთგვარი შერწყმაა ჯეოლიბერტარიანიზმი. ის იზიარებს ჯორჯიზმის პრინციპებს და ამბობს, რომ მიწის ფლობაზე გადასახადის გადახდით, ერთი მხრივ, საზოგადოებას უბრუნდება იმის საფასური, რაც მას ეკუთვნის, მეორე მხრივ კი - ეს არის ბიძგი მიწის გონივრულად გამოყენებისკენ.
![]() |
6 ახალბედა ექსპერტის ბიბლიოთეკა - არაბული რევოლუციები |
▲ზევით დაბრუნება |
გიგა ზედანია|სვეტი
გადმოცემის თანახმად, ჰენრი კისინჯერმა, რომელიც რიჩარდ ნიქსონს ჩინეთში ვიზიტისათვის ამზადებდა, პრეზიდენტს ისიც უთხრა, რომ პრემიერი ჩჟოუ ენლაი საფრანგეთის ისტორიით იყო გატაცებული. ნიქსონმაც, შეხვედრისას, საერთო ენის გამონახვის მიზნით, ჰკითხა ჩინელ პოლიტიკოსს, თუ რას ფიქრობდა ის საფრანგეთის რევოლუციის გავლენაზე. „ჯერ ძალიან ადრეა ამაზე ლაპარაკი“ - იყო ჩინეთის პრემიერის პასუხი.
სულ ახლახან გაირკვა, რომ ეს პასუხი, როგორც ჩანს, თარგმანით გამოწვეული გაუგებრობის შედეგს წარმოადგენდა - ჩჟოუ ენლაის ეგონა, ნიქსონი მას 1968 წლის ამბების შესახებ ეკითხებოდა. ამ შემთხვევაში მისი პასუხი მართლაც ლოგიკური გამოდის. მაგრამ ფრაზა ისეთია, რომ თუნდაც არავის ეთქვა, ის უნდა გამოგვეგონებინა, განსაკუთრებით კი იმ ფონზე, როდესაც დასავლურ ინტელექტუალურ წარმოებაში არაფერია იმდენად ახალი, რომ მასზე ელვისებურად რამდენიმე ათეული წიგნი არ გამოცხვეს - როგორც ეს მოხდა არაბული რევოლუციების შემთხვევაში. ვიყოთ პირდაპირები - ამ წიგნების აბსოლუტურ უმრავლესობას ღირებულება არ გააჩნია. ძირითადად ესაა ჩანახატები, რომლებიც აღწერს არცთუ ჭკვიანი ჟურნალისტების არცთუ მახვილი თვალით დანახულ მოვლენებს, გადაზელილს მათ სუბიექტურ შთაბეჭდილებებში. ამიტომაც, როდესაც ამ ნაკადში ცნობილი მეცნიერების ნაშრომები გამოერევა, მათთვის ყურადღების დათმობა ნამდვილად არაა უსარგებლო.
ემანუელ ტოდი
„ალაჰი არაფერ შუაშია“
პარიზი. 2011
ვინ იწინასწარმეტყველა საბჭოთა კავშირის დაშლა? სოციალური მეცნიერებების ყველაზე დიდი ჩავარდნა იმის ვერმიხვედრა იყო, რომ საბჭოთა კავშირს დიდი დრო აღარ ეწერა. ისინიც კი, ვინც სწორად განსჭვრიტეს მომავალი - და მათი რიცხვი არ ყოფილა დიდი - ამ პროგნოზისთვის სრულიად მცდარ დებულებებს დაეყრდნენ. მაგალითად, რუსი დისიდენტი ანდრე ამალრიკი წინასწარმეტყველებდა, რომ საბჭოთა კავშირი 1984 წლამდე ვერ მიატანდა, მაგრამ ამის მიზეზად ჩინეთთან კონფლიქტს ასახელებდა; ელენ კარერ დ'ანკოსმა იგივე პროგნოზი დააფუძნა დაშვებას, რომლის მიხედვითაც შუა აზიის რესპუბლიკებში ისლამი გაძლიერდებოდა. ორივე ეს დაშვება სრულიად არასწორი აღმოჩნდა. მაგრამ როდესაც 25 წლის ფრანგმა მეცნიერმა 1976 წელს, დემოგრაფიული მონაცემების (ბავშვთა მოკვდავობა და ა. შ.) ანალიზის შედეგად დაასკვნა, რომ საბჭოთა კავშირი არსებული ფორმით დიდხანს ვერ გაძლებდა, ის სწორი აღმოჩნდა არა მხოლოდ პროგნოზში, არამედ პროგნოზის დასაბუთებაშიც. ეს მეცნიერი ემანუელ ტოდი იყო.
ვინ იწინასწარმეტყველა საბჭოთა კავშირის დაშლა? სოციალური მეცნიერებების ყველაზე დიდი ჩავარდნა იმის ვერმიხვედრა იყო, რომ საბჭოთა კავშირს დიდი დრო აღარ ეწერა. ისინიც კი, ვინც სწორად განსჭვრიტეს მომავალი - და მათი რიცხვი არ ყოფილა დიდი - ამ პროგნოზისთვის სრულიად მცდარ დებულებებს დაეყრდნენ. მაგალითად, რუსი დისიდენტი ანდრე ამალრიკი წინასწარმეტყველებდა, რომ საბჭოთა კავშირი 1984 წლამდე ვერ მიატანდა, მაგრამ ამის მიზეზად ჩინეთთან კონფლიქტს ასახელებდა; ელენ კარერ დ'ანკოსმა იგივე პროგნოზი დააფუძნა დაშვებას, რომლის მიხედვითაც შუა აზიის რესპუბლიკებში ისლამი გაძლიერდებოდა. ორივე ეს დაშვება სრულიად არასწორი აღმოჩნდა. მაგრამ როდესაც 25 წლის ფრანგმა მეცნიერმა 1976 წელს, დემოგრაფიული მონაცემების (ბავშვთა მოკვდავობა და ა. შ.) ანალიზის შედეგად დაასკვნა, რომ საბჭოთა კავშირი არსებული ფორმით დიდხანს ვერ გაძლებდა, ის სწორი აღმოჩნდა არა მხოლოდ პროგნოზში, არამედ პროგნოზის დასაბუთებაშიც. ეს მეცნიერი ემანუელ ტოდი იყო.
ამის მერე ბევრმა წყალმა ჩაიარა. ტოდმა გადაწყვიტა საკუთარი წარმატება გაემეორებინა და ახლა უკვე აშშ-ის მზის ჩასვლა იწინასწარმეტყველა (წიგნში „იმპერიის შემდეგ“); ჩვენთვის არ უნდა იყოს უინტერესო ფაქტი, რომ ამ პროგნოზმა ის უაღრესად პოპულარული გახადა რუსეთში, სადაც აშშ-ის დაკნინებას ძლიერ ელიან. ტოდიც ძალიან გულშემატკივრობს თანამედროვე რუსეთს და რუსეთ-საქართველოს ომის დროს საკუთარ ინტერვიუებსა თუ პუბლიკაციებში აგრესიულად დაიჭირა დიდი ქვეყნის მხარე.
არაბული რევოლუციების შესახებ ტოდის თეორია მარტივია: არაბული ქვეყნები მოდერნულობაში შედიან. მოდერნიზაციის პირველი ფაქტორია ამ ქვეყნებში წერა-კითხვის გავრცელება. რევოლუცია ამ პროცესთან, ტოდის აზრით, პირდაპირ კავშირშია - საფრანგეთის რევოლუციის დროს ქვეყნის მოსახლეობის 50%25-მა წერა-კითხვა იცოდაო, იხსენებს ის. წერა-კითხვის მცოდნე ადამიანებს უკვე შეუძლიათ, მაგალითად, პროკლამაციები გაავრცელონ - ანუ მათთვის ხელმისაწვდომია პოლიტიკური კომუნიკაციის საშუალებები. მით უმეტეს ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ტუნისი და ეგვიპტე, წერა-კითხვა ახალგაზრდებმა იციან და არა - მოხუცებმა, შესაბამისად, რევოლუციას გარკვეული გენერაციული, თაობათა შორის ურთიერთობების გადასინჯვაზე მიმართული კონფლიქტის სახეც აქვს.
მოდერნიზაციის მეორე ფაქტორად ტოდი შობადობის კლებას ასახელებს, რომელიც იწვევს იმას, რომ ოჯახის შიგნით ქალსა და მამაკაცს შორის ურთიერთობები იცვლება და ადამიანებს მეტი შესაძლებლობა ეძლევათ, დაგეგმონ საკუთარი და საკუთარი ოჯახის ცხოვრება.
სწორედ ამ ორი ფაქტორის გადაკვეთით აიხსნება, ტოდის მიხედვით, როგორც ევროპული რევოლუციები მე-17 და მე-18 საუკუნეებში, ისე არაბული რევოლუციები 2011 წელს.
ტოდის კონცეფციაში საკრიტიკო ბევრია, მაგრამ ერთი მომენტი განსაკუთრებით იპყრობს ყურადღებას - ფრანგი დემოგრაფის მიხედვით, ირანი არაბულ ქვეყნებს მოდერნიზაციის ტემპის მიხედვით დაახლოებით 30 წლით უსწრებდა, შესაბამისად, ირანის რევოლუციაც 1979 წელს მოხდა და არა - შარშან. მაგრამ სწორედ აქ უნდა ვიკითხოთ - მოდერნულობის რა ცნება აქვს ტოდს, რომელიც მას შესაძლებლობას აძლევს, ირანის რევოლუციაც მოდერნულობის ფარგლებში განიხილოს? მით უმეტეს, რომ არაბულ გაზაფხულს წინ უსწრებდა ოპოზიციის ფართომასშტაბიანი გამოსვლები ირანში. მოკლედ, პრობლემა ცხადია - ტოდის მიდგომა ზედმეტად ზოგადია იმისთვის, რომ მისი გამოყენებით შეიძლებოდეს რაიმე კონკრეტული პოლიტიკური მოვლენისა თუ პროცესის ადეკვატურად აღწერა. რამდენად ადეკვატურია მისი მოდელი თუნდაც ზოგადობის დონეზე, ჯერ კიდევ გასარკვევია. სოციოლოგიის ისტორიაში ჩახედული ადამიანისათვის ნათელია, რომ ტოდის თეორია სინამდვილეში 50-იან წლებში გავრცელებული მოდერნიზაციის თეორიის ერთ-ერთი სახეობაა, თანაც ბევრად უფრო პრიმიტიული, ვიდრე მისი 60 წლის წინანდელი თეორიული წინამორბედები.
ჯეფრი ალექსანდერი
„ეგვიპტის პერფორმატიული რევოლუცია. ესეი კულტურული ძალაუფლების შესახებ“
ნიუ იორკი. 2011
ჯეფრი ალექსანდერი სამეცნიერო საზოგადოებაში ბევრად უფრო სერიოზული ფიგურაა, ვიდრე ტოდი. მან დაიწყო, როგორც კლასიკური სოციოლოგიური თეორიის სპეციალისტმა, მაგრამ შემდგომში გადაინაცვლა კულტურის სოციოლოგიაში და სპეციალური გამოკვლევები უძღვნა სამოქალაქო საზოგადოებასა და ობამას გამარჯვებას.
თუ ტოდი გვეუბნებოდა, თუ რატომ მოხდა არაბული რევოლუციები - და, თანაც, ამას აკეთებდა უაღრესად მარტივ ფაქტორებზე აპელირებით, ალექსანდერის ინტერესია, გამოიკვლიოს, როგორ მოხდა ეს რევოლუციები, უფრო სწორად კი, ეგვიპტის რევოლუცია, რომელსაც ეთმობა მისი წიგნი.
სათაურში სიტყვა „პერფორმატიული” შემთხვევით არ მოხვდა. ალექსანდერი რევოლუციას თეატრალურ ტერმინებში განიხილავს. მისთვის საინტერესო არაა ის „რეალური“ ფაქტორები, რომლებმაც რევოლუცია „გამოიწვიეს“ - მაგალითად, დემოგრაფიული ცვლილებები ან წერა-კითხვის გავრცელება. მას აინტერესებს საზრისები, მნიშვნელობები, რეპრეზენტაციები, სიმბოლური კონსტრუქციები - მხოლოდ მათი გავლით შეიძლება „რეალური ფაქტები“ მოხვდეს ისტორიაში.
რას ნიშნავს ეს კონკრეტულად? ალექსანდერი აანალიზებს იმ ენას, რომელსაც იყენებდნენ როგორც მუბარაქი, ისე მისი მოწინააღმდეგეები და გამოყოფს მასში მორალურ კლასიფიკაციებს. მუბარაქისთვის, მაგალითად, რეჟიმი საკრალურია, ხოლო პროტესტი - პროფანული. რეჟიმთან მისთვის ასოცირდება პატრიოტიზმი, სიმშვიდე, უსაფრთხოება, თანამედროვეობა, რაციონალობა, ხოლო პროტესტთან - ჯაშუშები, ძალადობა, ქაოსი, პრიმიტიულობა. მუბარაქის ოპოზიცია იმავე ბინარულ ოპოზიციებს იყენებს (უკაცრავად სიტყვების ამ უნებლიე თამაშისთვის!), მაგრამ ღირებულებებს პოზიციებს უცვლის - რეჟიმი მისთვის პროფანულია, ხოლო პროტესტი - საკრალური, ყველა შესაბამისი მოდიფიკაციით.
ამ მორალური კლასიფიკაციების საფუძველზე, ორივე მხარე აგებს ხსნისა და დაკნინების ნარატივებს, რომელთა სუბიექტი ორივე შემთხვევაში ეგვპიტეა. (საინტერესო დეტალი: პროტესტანტების თხრობაში მუბარაქი და მისი რეჟიმის წარმომადგენლები წარმოჩინდებიან, როგორც მთავარი პრობლემა ათასწლოვანი ეგვიპტური ისტორიის მანძილზე). ამის შემდეგი ნაბიჯი ამ საზრისებისა და ღირებულებების დადგმაა, რასაც პროტესტანტები ახერხებენ მათ მიერ დაკავებულ ტაჰრირის მოედანზე - დემონსტრაციებით, ნიშნებით, წარმოთქმული სიტყვებით და ა. შ.
ალექსანდერი შორსაა გულუბრყვილობისგან. მას ესმის, რომ მთელ ამ სიმბოლურ ბრძოლას არა უბრალოდ ორგანიზატორები სჭირდება, არამედ - გარკვეულწილად მანიპულატორებიც. მაგრამ არის წიგნში ადგილები, სადაც მეჩვენება, რომ მისი “ლიბერალური აჯენდა” (ამერიკული აზრით) მძლავრობს. ტექსტის ცენტრალური თეზისი რომ ავიღოთ, რომელიც ბინარულ მორალურ კლასიფიკაციას ეხება, ალექსანდერი, როგორც მეცნიერი, დამაჯერებლად აჩვენებს, რომ რეჟიმის მომხრეებისა და რეჟიმის მოწინააღმდეგეების მოდელები ერთმანეთისგან არ განსხვავდება. ორივე ბანაკი იყენებს ბინარულ, ორობით მოდელს, რომლის მიხედვითაც ერთ მხარესაა საკრალურობა და სიწმინდე, ხოლო მეორე მხარეს - პროფანულობა და დაბინძურების საფრთხე. მაგრამ ამ შემთხვევაში ხომ არაა საჭირო მეტი სკეპტიციზმი და დისტანცია იმ პროცესების აღწერისას, რომლებსაც ეძღვნება წიგნი? პროცესები, რომლებიც ეგვიპტეში წიგნის გამოქვეყნების შემდეგ ვითარდება, ნამდვილად იძლევა ამის საფუძველს.
ასეა თუ ისე, ფაქტი ერთია - როგორც ტოდი, ასევე ალექსანდერი ოპტიმისტურად არიან განწყობილნი არაბული რევოლუციების მომავლის მიმართ. იგივე ეხება მესამე წიგნის ავტორს, რომელიც შემდეგში უნდა განვიხილოთ.
ჟან-პიერ ფილიუ
„არაბული რევოლუცია.
ათი ლექცია დემოკრატიული ამბოხის შესახებ”
პარიზი. 2011
ფილიუ ახლო აღმოსავლეთის სპეციალისტია. მას ეკუთვნის მონოგრაფიები ალ-ყაიდისა და ჯიჰადის შესახებ. ამიტომ მისი წიგნი უნდა გამოირჩეოდეს ანალიზის სიღრმითა და, სავარაუდოდ, ისეთ ინტუიციებს გვთავაზობდეს მასალაში, რომელთა აღმოჩენა არასპეციალისტებისათვის შეუძლებელი იქნებოდა.
ამ მხრივ ოდნავი იმედგაცრუება გველის. ფილიუ წიგნში თავის ათ ლექციას, ასე ვთქვათ, ათი გაკვეთილის სახით იძლევა - თითოეული ჩამოყალიბებულია თხრობითი წინადადების სახით, რაც საკმაოდ უჩვეულოა. სამაგიეროდ თავად წინადადებების შინაარსი არაა ორიგინალური და მათ ბევრ სხვა ავტორთან გადავაწყდებით, ვინც არაბული რევოლუციების თემაზე წერდა პრესასა თუ სპეციალიზებულ ჟურნალებში.
აი, არაბული გაზაფხულის ეს ლექცია-გაკვეთილებიც: ა) „არაბები არ არიან გამონაკლისი“ - იგულისხმება, რომ დემოკრატიის ძახილი ახლო აღმოსავლეთშიც ისე აღწევს, როგორც სხვაგან; ბ) „მუსლიმები მხოლოდ მუსლიმები არ არიან“ - იგულისხმება, რომ რევოლუციებს უკან სხვა, ბევრად მნიშვნელოვანი ფაქტორები დგას, ვიდრე რელიგიაა; გ) „ახალგაზრდები ფრონტის წინა ხაზზე არიან“; დ) „სოციალურ ქსელებს გაზაფხული არ მოჰყავთ“; ე) „ულიდეროდ შეიძლება გამარჯვება“; ვ) „დემოკრატიის ალტერნატივა ქაოსია“; ზ) „ისლამისტები კედელთან არიან მიყენებულნი“- იგულისხმება, რომ მათ უნდა მიიღონ პლურალიზმის ფაქტი, რადგან ისინი ვერ აკონტროლებენ რევოლუციის პროგრამას; თ) „ჯიჰადისტები დიქტატორებზე მეტად არ აინტერესებთ“ - იგულისხმება ის, რომ ავტოკრატიათა დაცემას ტერორიზმის მიმზიდველობაც ეწირება მსხვერპლად; ი) „პალესტინა ისევ გულშია“ - იგულისხმება, რომ არაბულ სამყაროს არც რევოლუციების მერე დაავიწყდება ღაზის პრობლემა; კ) „რენესანსი დომინოს პარტია არაა“ - იგულისხმება, რომ რევოლუციები არაბული სამყაროს აღორძინებას მოასწავებს და არა - „ვირუსს“, რომელიც ერთი ქვეყნიდან მეორეზე გადადის.
რა შეიძლება ითქვას ამ ათი გაკვეთილის შესახებ? როგორც მინიმუმ, ის, რომ თითქმის ყველა მათგანი ძალიან ოპტიმისტურია, ზედმეტად ოპტიმისტურიც კი. ეს ცნობილი ფაქტია პოლიტიკის მეცნიერებაში - ანალიტიკოსები ერთი კონკრეტული მოვლენის გავლენის ქვეშ ექცევიან და თეორიებსაც ხშირად ერთ მოვლენაზე აგებენ. ასე იქცა 1989 წელი ისტორიის დასასრულის თარიღად, 2001 წელი - ტერორიზმის ეპოქის დასაწყისად, 2011 წელი - არაბული სამყაროს გამოღვიძების თარიღად; ეს ტენდენცია გაგრძელდება - თუ არაბული რევოლუციების შედეგი ისეთი კეთილისმყოფელი არ იქნა, როგორსაც ელოდნენ, თამამად შეგვიძლია ვიწინასწარმეტყველოთ სტატიებისა და წიგნების ახალი ნაკადი იმის შესახებ, როგორ არ ამართლებს ზოგადად რევოლუციები.
ეს პოლიტიკური მეცნიერების და, ზოგადად, ადამიანის შესახებ ცოდნის ნაკლია. მაგრამ ასევე იმის თვალნათელი დადასტურებაა, რომ თავისუფლების წინააღმდეგ ჯერ არავის უთქვამს დასკვნითი სიტყვა, არავის აღმოუჩენია საბოლოო კანონი, რომელიც საზოგადოების განვითარების აუცილებელ გზას აღწერდა; ეს ნიშნავს, რომ ჯერ კიდევ არავის უარუყვია ის აზრი, რომ ადამიანები თავისუფალნი არიან, აკეთონ ისტორია, თუმცა, რასაკვირველია, არა მხოლოდ საკუთარი ნება-სურვილის მიხედვით.
პათოსით რომ არ მომიხდეს დასრულება, ერთ საყურადღებო ფაქტს მივაპყრობ ყურადღებას: ყველა არაბულ რეჟიმს, რომელიც დაემხო თუ შეირყა 2011 წელს, სინამდვილეში ერთი მნიშვნელოვანი ნიშანი აერთიანებდა. თითოეული მათგანის საწყისი ლეგიტიმურობა ეყრდნობოდა მოდერნიზაციის იდეას, მაგრამ თითოეული მათგანი საბოლოოდ - რამდენიმე ათწლეულის ისტორიის შემდეგ - გადაგვარდა სულთანისტურ რეჟიმად. სულთანისტური რეჟიმი პოლიტოლოგიურ ლიტერატურაში განისაზღვრება, როგორც პოლიტიკური მოწყობა, რომელშიც კერძო და საჯარო არაა გამიჯნული, არსებობს ოჯახური ძალაუფლება და დინასტიური მემკვიდრეობა, ეკონომიკური წარმატება დაკავშირებულია მმართველთან პირად ურთიერთობაზე და მმართველი იქცევა მხოლოდ საკუთარი ნება-სურვილის შესაბამისად, უპიროვნო მიზნებისა და რაციონალური იდეოლოგიის ქონის გარეშე. ტუნისის, ეგვიპტისა და სირიის რეჟიმები ბოლო წლებში უფრო და უფრო ინტენსიურად აჩვენებდნენ ყველა ამ ნიშანს, რაც მათი დელეგიტიმირების საფუძვლად იქცა. ჩემ მიერ განხილული სამივე წიგნი უგულებელყოფს ამ ძალიან მნიშვნელოვან პოლიტიკურ ფაქტორს. არადა, მის გარეშე ან მხოლოდ უზოგადეს ტენდენციებზე საუბარი მოგვიხდება, რომლებიც კონკრეტულ ხდომილებებზე ბევრს არაფერს გვეუბნება, ანაც - ძალიან კონკრეტული საზრისებისა და სიმბოლური კონსტრუქციების შესწავლა, იმისი ახსნის გარეშე, რატომ იყვნენ ეს უკანასკნელნი წარმატებულნი ზოგიერთ ქვეყანაში და წარუმატებელნი - სხვაგან.
![]() |
7 შოპინგის სამამულო თავისებურებანი |
▲ზევით დაბრუნება |
საზოგადოება
თეონა კოკიჩაიშვილი
„მოდა თევზის გაყიდვას ჰგავს: ახალი თევზის მსგავსად, უკანასკნელი ტენდენციის ფერების გათვალისწინებით შეკერილი ქურთუკი სწრაფად და მაღალ ფასად იყიდება. გუშინ დაჭერილი კი უნდა ჩამოფასდეს ან საერთოდ აღარ გაიყიდოს“, - ამბობს Inditex-ის დამაარსებელი ამანციო ორტეგა. მისი ცნობილი ბრენდები - Zara, Pull&Bear, Massimo Dutti, Bershka, Stradivarius, Oysho - მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება, წლიური შემოსავალი კი 2 მილიარდ ევრომდეა.
ამ და სხვა ცნობილი ბრენდების სამოსს თბილისის ბაზრობებზე, სავაჭრო ცენტრებსა და მაღაზიებშიც შეხვდებით, თუმცა ხშირ შემთხვევაში, ხელთ შეგრჩებათ ეგრეთ წოდებული პატენტი. სამოსის შერჩევის შესახებ კვლევითმა კომპანიამ ACT 2009 წელს კვლევა ჩაატარა. მისი მიხედვით, საქართველოს დიდ ქალაქებში, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შესაძენად ყველაზე პოპულარული სავაჭრო ადგილი ბაზრობაა. სწორედ აქ დადის გარდერობის განსაახლებლად ურბანული მოსახლეობის უმრავლესობა (67%25). თუმცა, მათ მიერ დახარჯული თანხა, ზოგადად მოსახლეობის მიერ ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე დახარჯული თანხის მხოლოდ ერთ მეათედს შეადგენს.
საზღვარგარეთ ტანსაცმელსა თუ ფეხსაცმელს საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 2%25 ყიდულობს - სამაგიეროდ, დახარჯული თანხა ბევრად აღემატება ამავე მიზნით გაწეულ ადგილობრივ დანახარჯებს. საქართველოში ყველაზე ხშირად ტანსაცმელს სეზონურად იძენენ. ქალაქის მცხოვრებლების 27%25 ტანისამოსს სამ თვეში ერთხელ ყიდულობს. ზრდასრული მოსახლეობის 23%25 კი ამბობს, რომ ტანსაცმელს არ ყიდულობს არც თავისთვის და არც ოჯახის წევრებისთვის.
ჯერ კიდევ ხშირად შეხვდებით ადამიანებს, ვინც ადგილობრივი შოპინგით უკმაყოფილოა. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ ბოლო წლებში თბილისში სხვადასხვა ხარისხისა და ღირებულების ტანსაცმლის მაღაზიები მომრავლდა. ზოგიერთში ტანსაცმლის შეძენა ბაზრობაზე იაფადაც კი შეიძლება.
2012 წლის თებერვალში ACT-იმ პროდუქტის სახეობების მრავალფეროვნება გამოიკვლია. აღმოჩნდა, რომ თბილისელები სამოსის არჩევანს დიდად არ უჩივიან: გამოკითხულებმა სამოსის და აქსესუარების მრავალფეროვნება ხუთიდან 4.1 ქულით შეაფასეს. საინტერესოა ისიც, რომ ამ საკითხში მამაკაცების და ქალების მოსაზრება დაემთხვა. ბაზრობებსა და სავაჭრო ცენტრებს კვლავ ბევრი სტუმრობს, თუმცა, არის რამდენიმე მაღაზია, სადაც ხალხის ნაკადი მთელი დღის განმავლობაში არ წყდება. მეტიც, ზოგიერთ ადგილებში ტანსაცმელი ხელიდან ხელში გადადის, გასახდელთან კი რიგი დგას - განსაკუთრებით იქ, სადაც დაბალი ფასები ან 50-70%25-იანი სეზონური ფასდაკლებაა.
სამოსის დაბალი ფასითა და ხალხმრავლობით გამოირჩევა მაღაზიები: შოდი, მალსი, მელიზი, შანა, პიაზა იტალია... აქ ფასები 8 ლარიდან იწყება და ხშირად, ხარისხი და მომსახურებაც შესაბამისია. მაგალითად, მაღაზია მალსი თბილისში სამ ადგილასაა, თუმცა მყიდველთა სიმრავლის გამო ტანსაცმლის მშვიდად შერჩევა თითქმის შეუძლებელია. ფასი დაბალია, თუმცა, რაიმე გამორჩეულის პოვნა გაგიჭირდებათ. ერთმანეთზე დაყრილ სამოსში, შეიძლება, გაგიმართლოთ და ცნობილი ბრენდის იარლიყით რაიმე საინტერესოს წააწყდეთ. კიდევ უფრო გაგიმართლებთ, თუ თქვენ მიერ მოწონებული სწორად შეკერილი, დაულაქავებელი და დაუხეველი აღმოჩნდება.
უკანასკნელ წლებში არჩევანი განსაკუთრებით საშუალო შემოსავლის მქონე მომხმარებლისთვის გაიზარდა. ქალის, კაცის და ბავშვის შედარებით მაღალი ხარისხის საერთაშორისო ბრენდების ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში კომპანია ნოვო ჯგუფია. ის მომხმარებელს სთავაზობს ცნობილ ბრენდებს: MANGO, Mexx, SISLEY, UNITED COLORS OF BENETON. საქართველოში MANGO-ს სახელობითი მაღაზიაა, თუმცა ესპანური ბრენდის სამოსზე შესაძლოა ამოიკითხოთ: Made in China, Made in Pakistan ან Made in Turkey. მიუხედავად ამისა, ეს ფასზე და ფასდაკლებების დროს მყიდველთა რაოდენობაზე არ აისახება. საშუალო შემოსავლის მქონე ადამიანებს ქალის, მამაკაცის და ბავშვის სამოსის შერჩევა შეუძლიათ Next-ში, ასევე ახალგახსნილ ბრიტანული ბრენდების მაღაზიებში: Peacocks, River Island.
Adress your shopping address - ამ სლოგანით შემოიყვანა კომპანია Adress-მა 2007 წლიდან საქართველოში ცნობილი ბრენდები: Promod, Tom Tailor, Gerry Weber, Celio, 123, Etam, DPAM. „Adress“ არის ადგილი ნებისმიერი ასაკის, შემოსავლის და სქესის ადამიანისთვის, რომელსაც სურს თანამედროვედ, კომფორტულად და მოდურად ჩაცმული იყოს“ - მიაჩნიათ კომპანიაში. თუმცა, ეს მაღაზიები მხოლოდ საშუალო და მაღალშემოსავლიანი მომხმარებლისთვისაა განკუთვნილი.
საშუალო შემოსავლის მქონე მომხმარებლებს ცნობილი ბრენდების ჯინსისა და სამოსის შეძენა შეუძლიათ Levi's-ის, Dockers-ის, Lee-ს, Wrangler-ის, Rifle-ის, Burlington-ის, Falke-ის ჯინსის გალერეებში. საქართველოში მათი ოფიციალური დისტრიბუტორი ექსკლუზიური პარტნიორია კომპანია თრეიდლაინი. აქ ფასები 50-180 ლარამდე მერყეობს. მაღაზიები Diesel და Replay მაღალშემოსავლიან სეგმენტზეა გათვლილი: ფასები 100-დან 900 ლარამდეა. თუმცა, ამ ბრენდების ოფიციალურ გვერდებზე ქვეყნების ჩამონათვალში საქართველოს ვერ ნახავთ.
თბილისში მომრავლდა მხოლოდ ბავშვებისთვის განკუთვნილი მაღაზიები, რომლებიც საშუალო და მაღალშემოსავლიანი სეგმენტისთვისაა განკუთვნილი. 10 წლამდე ბავშვების და ორსულებისთვის აუცილებელ ყველა სახის პროდუქციას სთავაზობს მომხმარებელს ბრიტანული ბრენდის მაღაზია Mothercare. მსოფლიოში 3 300-ზე მეტი ამ ბრენდის მაღაზიაა. 12 წლამდე ბავშვთა მაღალი ხარისხის ტანსაცმელია ბრიტანული ბრენდის მაღაზიაში Yoopidoo London. იტალიური ბრენდების კოლექციებიდან, 14 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის მაღალი ხარისხის ტანსაცმლის ყიდვას მაღაზია Balduci-შიც შეძლებთ.
თბილისში მაღაზიების უმეტესობა რამდენიმე ცენტრალურ ქუჩაზეა კონცენტრირებული: პეკინი, ჭავჭავაძე, რუსთაველი, აღმაშენებელი. თუმცა, მალე შესაძლოა, სავაჭრო უბანი „თბილისი მოლი“ გახდეს. დიღომში უკვე დასრულებულია 185 ათასი კვ.მ. ფართის კომპლექსის მშენებლობა. ახალი სავაჭრო ცენტრი კომპანია რაკიინ დეველოპერმა აფთაუნ თბილისის პროექტის ფარგლებში ააშენა. ახლახანს ამ ცენტრში ცნობილი ბრენდების მაღაზიები გაიხსნა, მათ შორის: Zara, Pull&Bear, Massimo Dutti, Bershka, Stradivarius, Oysho. როგორც მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის უფროსი ზვიად არჩუაძე ამბობს, საკონსულტაციო ფირმა, ჩამოთვლილის გარდა, სხვა მრავალი ახალი ბრენდის შემოყვანაზე მუშაობს. მისი თქმით, უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკება 60-მდე ბრენდთან. მათ შორისაა H&M-იც, რაც საშუალო შემოსავლის მყიდველს განსაკუთრებით გაახარებს.
![]() |
8 იცით თუ არა, რომ… |
▲ზევით დაბრუნება |
ეკონომიკა
თამარა ქურდაძე
თუ თქვენი შემოსავალი თვეში დაახლოებით 700 ლარს შეადგენს, იმ პრივილეგირებული კლასის ნაწილი ხართ, რომელსაც მოსახლეობის საშუალო ფენა ეწოდება. უბრალოდ, პრივილეგიები, რომლითაც ვსარგებლობთ, ადვილად შესამჩნევი არ არის და არც ჩვენ ვიწუხებთ თავს ზედმეტი ფიქრით.
უფასო განათლება, სახელმწიფო გრანტები უნივერსიტეტში, ტროტუარი, რომელზეც ყოველდღე დავდივართ, თავისთავადი გვგონია. რა თქმა უნდა, ყოველი ჩვენგანი იხდის გადასახადებს, მაგრამ სავარაუდოდ ცოტა თუ დაფიქრებულა, როგორ ნაწილდება საზიარო რესურსები.
უხეში არითმეტიკა:
საქართველოს მოსახლეობა - 4.5 მილიონი ადამიანი
გადასახადის გადამხდელთა რაოდენობა - 1.6 მილიონი ადამიანი (Geostat, 2010)
საშუალო ხელფასი - 700 ლარზე ცოტა ნაკლები
საგადასახადო განაკვეთი - 20%25
წლიური შემოსავალი ბიუჯეტში ჩვენი ხელფასებიდან - 700 × 0.2 × 12 × 1.600.000 = 2.688.000.000 ლარი
სახელმწიფო ბიუჯეტი 2010 წელს - 5.421.500.000
სხვაობა = დაახლოებით 2.700.000.000 ლარი
ანუ, ყოველწლიურ ინფრასტრუქტურულ, საგანმანათლებლო და სამომხმარებლო კომფორტში ჩვენი წილი მაქსიმუმ 50%25-ია. საიდან მოდის დარჩენილი 2.7 მილიარდი ლარი? ალბათ, ყველას გვყავს ერთი ნაცნობი მაინც, ვინც რომელიმე წარმატებულ კომპანიას უდგას სათავეში. თუ ასეთ ნაცნობს შემთხვევით სადმე შეხვდით, აუცილებლად გადაუხადეთ მადლობა - თქვენი სასწავლო გრანტის და ყვითელი ავტობუსით მგზავრობის ნახევარი მისი გადახდილია.
როგორც წესი, სახელმწიფოს მიერ გადასახადების აკრეფა ხდება იმ მიზნით, რომ ქვეყნისთვის სასარგებლო პროდუქტებს (ჯანდაცვა, განათლება, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა) მოხმარდეს და ამ პროდუქტების ხარჯი ყველაზე თანაბრად გადანაწილდეს.
სინამდვილეში, საზოგადოების გარკვეულ ნაწილს ისეთი ხარჯების გაწევა უწევს, რომელთაგანაც თავად სარგებელს ვერ ნახულობს. თუ თქვენ ხართ წარმატებული საწარმოს მფლობელი, მაღალი ალბათობით გყავთ მანქანა ან გემსახურებათ მძღოლი; აქედან გამომდინარე, იშვიათად (ან არასდროს) ისარგებლებთ საჯარო ტრანსპორტით, რომელშიც ყოველწლიურად იხდით გარკვეულ თანხას.
ამავე დროს, თუ მუშაობთ ბანკში, გაქვთ ანაზღაურება 800 ლარი და ყოველდღიურად სამსახურში მისასვლელად სარგებლობთ მეტროთი, გილოცავთ, თქვენ განსაკუთრებული პრივილეგიით სარგებლობთ და გეძლევათ საშუალება გამოიყენოთ მეტროს მომსახურება ნახევარ ფასად - თქვენივე ბანკის მმართველის ხარჯზე. ბანკის მმართველზე არანაკლებ დაზარალებული გამოდის პატარა ქალაქში მცხოვრები დაბალი შემოსავლის მქონე ადამიანი.
ბანკის მმართველისათვის, რომლის შემოსავალიც შესაძლოა თვიურ 10 000 ლარს შეადგენდეს, 20%25 იმდენად დიდი დანაკლისი არ არის, რამდენადაც, ქონების ზრდასთან ერთად, იკლებს თითოეული ლარის გაღების ზღვრული ხარჯი. ანუ, თუ თქვენი შემოსავალია 10 000 ლარი, იხდით საშემოსავლო გადასახადს 2 000 ლარის ოდენობით. გრჩებათ 8 000 ლარი და 2 000-ის დანაკლისი თქვენი ცხოვრების დონეზე შესამჩნევ გავლენას არ ახდენს. სხვა შემთხვევაა, თუ თქვენი ხელფასი 300 ლარია და აქედან 60 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტში მიდის. ამ დროს 60 ლარის სხვაობასაც კი შესამჩნევი გავლენა აქვს ცხოვრების დონეზე. მით უმეტეს, თუ ამ 60 ლარიდან უმეტესი სარგებელი სხვას ხვდება წილად.
მსგავსი ტენდენცია შეინიშნება სოციალური კეთილდღეობის გასაზრდელად მიმართულ სხვა რეგულაციებშიც. მაგალითად, ავიღოთ მინიმალური სახელფასო განაკვეთი. ყველაზე მეტ სარგებელს საშუალო ფენა ნახულობს. მინიმალური სახელფასო ნიშნულის არსებობა უარყოფით გავლენას იქონიებს როგორც დაბალი, ისე მაღალი შემოსავლების მქონე ადამიანებზე, თუმცა ხელშეუხებელს ტოვებს საშუალო ფენას - მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელსაც ეს რეგულაცია არ შეეხება.
ნეგატიური ეფექტების უკეთ დასანახად, შეგვიძლია განვიხილოთ ახალგახსნილი საწარმო, რომელსაც საკმარისი ბიუჯეტი აქვს, რომ დაასაქმოს ასი ადამიანი და გადაუხადოს ხელფასი 150 ლარის ოდენობით.
150 > 0
თუ სახელმწიფო აწესებს სახელფასო მინიმუმს 200 ლარის ოდენობით.
200 > 150
ამ შემთხვევაში არსებული ბიუჯეტით, საწარმოს ასის ნაცვლად, მხოლოდ სამოცდათხუთმეტი ადამიანის დასაქმება შეეძლება.
75 < 100
უმუშევარი რჩება პოტენციური მუშახელის 25%25, ასევე იკლებს საწარმოს ეფექტიანობა და, საბოლოო ჯამში, მოგება.
პოტენციურად, იმ მოგების რეინვესტირებით, რომელსაც საწარმო კარგავს დამატებითი რეგულაციების გამო, შესაძლებელი იქნებოდა დამატებითი მუშახელის აყვანა ან არსებული ხელფასების გაზრდა. ზარალდება არაკვალიფიციური მუშახელი, რომელსაც გამოცდილების გაღრმავების საშუალება ერთმევა.
დაუსაქმებელი რჩება მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც თანახმაა იმუშაოს 150 ლარზე. მაგრამ უფლება არ აქვს, რადგან ეს ლეგალურ მინიმუმზე ნაკლებია.
მეწარმე კარგავს პოტენციალს, აწარმოოს მაღალი ხარისხის პროდუქცია შედარებით დაბალ ფასად, რაც ჯამში გაზრდის მოსახლეობის კეთილდღეობას. განსაკუთრებით სარგებლიანი კი ეს დაბალი შემოსავლების მქონე მოსახლეობისთვის იქნება - მაღალი ხარისხის პროდუქციას მიიღებს ხელმისაწვდომ ფასად (არსებული ხელფასის პირობებშიც კი).
საშემოსავლო გადასახადის მსგავსად, რესურსების ეფექტიან გადანაწილებაზე მოქმედებს ბრუნვის გადასახადი, იგივე დღგ. ყოველი ამორტყმული ჩეკი და გაყიდული პროდუქტი დამატებით 18%25-ით ბეგრავს ბიზნესს და მომწოდებელს 18%25-ით უძვირებს წარმოებას. ანუ, მეწარმე ექცევა ორმაგი დაბეგვრის წნეხის ქვეშ და მომხმარებელსაც არანაკლებ აზარალებს, მიუხედავად იმისა, რომ დღგ მიმართულია მწარმოებელი კომპანიის ბრუნვის დაბეგვრისკენ. ისევ და ისევ, ყველაზე მეტად დაზარალებული თავად ბიზნესმენი და დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახები რჩებიან. გაძვირებული პროდუქცია უარყოფითად აისახება დაბალ შემოსავალზე მცხოვრებ ოჯახებზე. როდესაც თქვენი შემოსავალი შეადგენს 300 ლარს, და თვეში მოიხმართ 130 ლარის ღირებულების საკვებს, დანახარჯი დაახლოებით 25 ლარით გეზრდებათ.
მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული გადასახადი მიმართულია ბიზნესისკენ, საგადასახადო წნეხი თითქმის თანაბრად ნაწილდება როგორც მეწარმეზე, ასევე მომხმარებელზე და ამცირებს საზოგადოებრივ დოვლათს.
ეკონომიკის, როგორც მეცნიერების ხიბლი იმაშია, რომ მარტივი გეომეტრიული ნახაზით შეჯამებაა შესაძლებელი.
პირველ ნახაზზე გამოსახულია წარმოება დაბეგვრის გარეშე, მეორეზე კი - დაბეგვრის შემდეგ. დაბეგვრის შედეგად გამოწვეული დანაკარგები გეომეტრიულადაც ნათლად ჩანს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ყველაზე მეტად დაზარალებული რჩება მომხმარებელი, რადგან გადასახადის სიმძიმე მას უფრო დააწვა ტვირთად, ვიდრე მწარმოებელს (ყვითელი ფერის ფართობი მეტად შემცირდა გადასახადების დაწესების შედეგად, ვიდრე რუხი). ეს ორი ფიგურა იმაზე მეტ ინფორმაციას გვაძლევს, ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლება გამოჩნდეს: მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც ახლოს არის გადაკვეთასთან, არის ნაკლებად შეძლებული სეგმენტიდან. სწორედ ისინი ხვდებიან საგადასახადო დარტყმის ქვეშ. მეორე ნახაზის მიხედვით, მოსახლეობის ეს ნაწილი გადასახადების დაწესების შემდგომ საერთოდ ვერ ახერხებს კონკრეტული პროდუქციის შეძენას. გადასახადებიდან შემოსული თანხით კი, როგორც საჯარო ტრანსპორტისა და მინიმალური ხელფასის მაგალითზე ჩანს, ყველაზე მეტ სარგებელს ისევ საშუალო შემოსავლის მქონე მოსახლეობა ნახულობს.
კანონზომიერება, რომ მოსახლეობის საშუალო ფენა ავტომატურად ხდება პრივილეგირებული ჯგუფი, ჩიკაგოს უნივერსიტეტის სამართლის და ეკონომიკის პროფესორმა, აარონ დაირექტორმაც შენიშნა. შედეგად, ჩამოყალიბდა დაირექტორის კანონი საჯარო სარგებლის გადანაწილების შესახებ და ემპირიულად დამტკიცდა ის, რაც საჯარო ტრანსპორტისა და მინიმალური ხელფასის მაგალითზე ნათლად ჩანს.
სახელმწიფო რეგულაციების შედეგად, რომელიც საჯარო კეთილდღეობის დონის გაზრდას უნდა ემსახურებოდეს, საშუალო შემოსავლის მქონე მოსახლეობა ყველაზე მეტ სარგებელს ნახულობს და ყველაზე ნაკლებად ზარალდება. ამ მტკიცების ლოგიკური საფუძველი დემოკრატიული მმართველობის და ამომრჩეველთა უმრავლესობის ხასიათიდან გამომდინარეობს. ვინაიდან ამომრჩეველთა აბსოლუტური უმრავლესობა საშუალო ფენის წარმომადგენელია, პოლიტიკური პარტიების საარჩევნო პროგრამები სწორედ ამ კლასზეა მორგებული და, შესაბამისად, საზოგადოების ამ ფენის ინტერესების გამტარებელია.
შედეგად, სახელმწიფო შემოსავლების უმეტესი ნაწილი საშუალო ფენას ხმარდება მაღალ და დაბალშემოსავლიანი ოჯახების ხარჯზე. ანუ, საზოგადოების შეძლებული ნაწილი კარგავს იმ თანხებს, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა წარმოების გაფართოება, დამატებითი მუშახელის დაქირავება, ხარისხიანი და შედარებით იაფი პროდუქციის წარმოება. ხოლო დაბალშემოსავლიანი, ნაკლებად კვალიფიციური მუშახელი კარგავს დასაქმების შანსს და უწევს დამატებითი ხარჯების გაღება, რომელთაგან პირად სარგებელს ყველაზე ნაკლებად ნახულობს (საჯარო ტრანსპორტის მაგალითი).
რა თქმა უნდა, გამოყენებული ნახაზები მხოლოდ მიახლოებაა რეალობასთან და არა რეალობის აღწერა, თუმცა დასკვნა ერთია: არ აქვს მნიშვნელობა, გადასახადი მწარმოებლისკენაა მიმართული თუ მომხმარებლისკენ - დაწესებული გადასახადით მიღებულ ზარალს ორივე თითქმის თანაბრად ინაწილებს. ვინ უფრო მეტად ზარალდება, კონკრეტული პროდუქტის მოთხოვნის ელასტიკურობაზეა დამოკიდებული, თუმცა ამის განხილვა მოსაბეზრებელ ტექნიკურ დეტალად გადაიქცევა.
შემოსავლების მიხედვით სარგებლისა და დანახარჯის შეფარდება გრაფიკულად ასე გამოიყურება:
თუ ამ პერსპექტივიდან კიდევ ერთხელ გადათვლით თქვენს რეალურ „შემოსავალს“, მიხვდებით, რომ იმაზე ბევრად უკეთ ცხოვრობთ, ვიდრე ოდესმე წარმოგედგინათ!
![]() |
9 ურბანიზაცია და ჰონდურასის ექსპერიმენტი |
▲ზევით დაბრუნება |
ეკონომიკა
ელენე კვანჭილაშვილი
ქალაქი ტეგუსიგალპა. ჰონდურასი
უკეთესი ეკონომიკური შესაძლებლობების აღმოსაჩენად სოფელს სულ უფრო მეტი ადამიანი ტოვებს და ქალაქში გადადის საცხოვრებლად. თუ 1950 წელს გლობალური მოსახლეობის 70%25 სოფლად ცხოვრობდა, გაეროს წინასწარ გათვლებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ 2050 წლისთვის ამ სურათის სარკულ ანარეკლს მივიღებთ: მსოფლიო მოსახლეობის ამდენივე პროცენტი ახლა უკვე ქალაქებში იცხოვრებს.
ურბანიზაცია ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ფაქტორია. კვლევები აჩვენებს, რომ მაღალი ურბანიზაციის ქვეყნებში ადამიანებს მეტი შემოსავალი აქვთ: ქვეყნის ურბანული მოსახლეობის 5%25-იანი ზრდის პარალელურად, ეკონომიკური აქტივობა ერთ სულ მოსახლეზე 10%25-ით იზრდება.
ზოგიერთმა ქვეყანამ შეიძლება მზარდი ურბანიზაციის ტენდენცია პოლიტიკური სტაბილურობის და რადიკალური რეფორმირების მიზნებისთვისაც გამოიყენოს. აკადემიურ წრეებში დაგროვილი თუ განვითარებად ქვეყნებთან უშუალო მუშაობით მიღებული გამოცდილების შედეგად, სპეციალური სტატუსის მქონე ქალაქების თემა ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გააქტიურდა.
სპეციალური სტატუსის მქონე ქალაქი სხვა ქალაქებისგან იმით განსხვავდება, რომ ცარიელ ადგილას შენდება და აქვს საკუთარი წესები, რომლებიც ამ ქალაქში მცხოვრებლების და ინვესტორების ურთიერთობებს არეგულირებს. ეს წესები შეიძლება მთლიანად განსხვავდებოდეს დანარჩენი ქვეყნის წესებისგან. მეტიც, ქალაქმა შეიძლება სხვა ქვეყნებისგან იყიდოს პრაქტიკა, რომელიც მის ქვეყანაში არ ვარგა - მაგალითად, სასამართლო გარჩევები ანდოს ბრიტანეთის სასამართლოს, რომელიც მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა; საზოგადოებრივი წესრიგი - ისეთი ქვეყნის პოლიციას, სადაც კორუფცია თითქმის არ არის და ასე შემდეგ. ეს ქალაქს შესაძლებლობას აძლევს ქვეყნის გარეთ გაიტანოს მართვის ნებისმიერი კომპონენტი, რომელიც სუსტია და განვითარებას ხელს უშლის.
სპეციალური სტატუსის მქონე ქალაქებთან დაკავშირებით ორი მთავარი კითხვა ჩნდება: ვინ უნდა ააშენოს ქალაქი და ვინ უნდა იცხოვროს ამ ქალაქში.
Credit Suisse-ის და გაეროს ბოლო კვლევების მიხედვით, ურბანიზაციის მაღალი მაჩვენებლის გამო ქალაქებზე მოთხოვნა, 2050 წლამდე, ყოველწლიურად გაიზრდება.
გაეროს გათვლებით, 2012 წელს მსოფლიოში 65 მილიონი ადამიანი გადაწყვეტს სოფლის მიტოვებას და ქალაქში დაბრუნებას. ეს საფრანგეთის მთელი მოსახლეობის ტოლია. ამ ადამიანების 90%25 უპირატესობას განვითარებადი ქვეყნების ქალაქებს მიანიჭებს.
რაც შეეხება კითხვას, თუ ვინ უნდა ააშენოს ახალი ქალაქები, აქ ორი სავარაუდო პასუხი არსებობს - ან მთავრობამ, ან კერძო ინვესტორებმა და ამ ქალაქის პოტენციურმა მცხოვრებლებმა. პირველ შემთხვევაში, ახალი ქალაქი გადასახადების გადამხდელებს დააწვება კისერზე და ქვეყნის ეკონომიკისთვის მძიმე ტვირთი გახდება. მეორე შემთხვევაში - სრულად გაამართლებს სპეციალური სტატუსის ქალაქის კონცეფციას: ის ეტაპობრივად, თავად მოსახლეებისა და ინვესტორების მიერ უნდა აშენდეს. მათ ცარიელ ადგილას მოზიდვას კი ის საერთაშორისო გარანტიები უზრუნველყოფს, რომლებიც ახალ ქალაქში თამაშის წესებს განსაზღვრავს.
კარგად გაწერილი თამაშის წესები და მათი შესრულების გარანტიები გლობალურ ბაზარზე მთავარი კონკურენტული უპირატესობაა. სხვადასხვა ინდექსებს თუ შევხედავთ, ვნახავთ, რომ მსოფლიოში არცთუ ცოტაა ქალაქი, სადაც ინფრასტრუქტურა გამართულია, მაღალი ეკონომიკური ზრდაა, ლიბერალურია ბიზნესგარემო. თუმცა გამართული ინსტიტუტებით, ჯანსაღი სასამართლო სისტემით, დაბალი სამთავრობო ხარჯებით და მაღალი ინდივიდუალური თავისუფლებით ბევრი ქვეყანა ვერ დაიკვეხნის. ამიტომაც, კვლევიდან კვლევამდე ტენდენცია უცვლელი რჩება: მიუხედავად იმისა, რომ განვითარებადი ქვეყნები უფრო სწრაფად იზრდებიან, მათი ურბანიზაციის ტემპიც უფრო მაღალია და შესაბამისად, ეკონომიკური ზრდის კუთხით პროგნოზებიც - უკეთესი, ინვესტორები მაინც, როგორც წესი, განვითარებული ქვეყნების ბაზრებს ანიჭებენ უპირატესობას, რადგან აქ თავს უფრო დაცულად გრძნობენ. ხშირად მოგების მარჟაზე მნიშვნელოვანი იმის შეგრძნებაა, რომ ეს მოგება ნამდვილად ინვესტორთან დარჩება: დაბალ გადასახადებთან ერთად, ინვესტორს სტაბილურობის განცდაც უნდა ჰქონდეს. ეს კი ინსტიტუტების განვითარების გარეშე ვერ მიიღწევა.
ზოგჯერ ინსტიტუტების განვითარება არსებულ გარემოში ვერ ხერხდება. მაგალითად, ჰონდურასში ყოველი ახალი ხელისუფლება მიიღწევა. თავის ახალ წესებს ადგენდა, არასტაბილური განვითარების პირობებში კი ქვეყნიდან ინვესტიციები იდევნებოდა. შარშან, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ჰონდურასში ყველაზე მეტი მკვლელობა მოხდა. მათი დიდი ნაწილი ნარკოტრეფიკს უკავშირდება, ეს ყველაფერი კი აფრთხობს ტურისტებს და ინვესტორებს, ქვეყანას მნიშვნელოვან შემოსავალს უკარგავს და განვითარებას აფერხებს. სწორედ ამიტომ, ჰონდურასმა საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ სპეციალური სტატუსის მქონე ქალაქების ექსპერიმენტი საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე განეხორციელებინა.
სპეციალური სტატუსის ქალაქისთვის აუცილებელი საკონსტიტუციო ცვლილებები უკვე გატარებულია. ახლა იმ ქვეყნებთან მიდის მოლაპარაკებები, ვისი ინსტიტუტებიც ჰონდურასს ყველაზე მეტად იზიდავს. თავისუფალი უნივერსიტეტის მოწვევით საქართველოში ვიზიტის შემდეგ, ჰონდურასის წარმომადგენლები საქართველოს პოლიციის სისტემითაც დაინტერესდნენ.
ჰონდურასის პრეზიდენტის აპარატის უფროსი, ოქტავიო სანჩეზ ბარიენტოსი დარწმუნებულია, რომ ქვეყანაში ისეთი ადგილის გაჩენა, სადაც კრიმინალის დონე დაბალია, ინვესტორებისთვის მიმზიდველი პირობაა. მისი თქმით, ახალი ქალაქის მშენებლობას და ამოქმედებას რამდენიმე ათწლეული დასჭირდება: „ეს ძალიან საინტერესო ექსპერიმენტია მათთვის, ვისაც კაპიტალიზმის სჯერა“.
Credit Suisse მსოფლიოს წამყვანი საინვეტიციო ბანკი, სათავო ოფისით ციურიხში. კონსულტაციებს უწევს როგორც ინდივიდუალურ კლიენტებს, ისე სხვა ბანკებს და ფინანსურ ორგანიზაციებს. კლიენტებს სთავაზობს პროფესიულ რჩევებს, როგორ და რაში დააბანდონ ფული, როგორ მართონ საკუთარი აქტივები და ასე შემდეგ. დანერგილი აქვს ონლაინბანკინგი და სხვა თანამედროვე საბანკო სერვისები. 2010 წელს ბანკის სუფთა მოგება იყო 5.1 მილიარდი შვეიცარიული ფრანკი.
ჰონდურასი სახელმწიფო ცენტრალურ ამერიკაში. 2010 წლის მონაცემებით, ქვეყნის ტერიტორიაზე 8.2 მილიონი ადამიანი სახლობს. დამოუკიდებელია 1821 წლიდან. მანამდე ქვეყნის დიდი ნაწილი ესპანეთის მიერ იყო დაპყრობილი. სახელმწიფო ენა - ესპანური. რეგიონულ ენებად აღიარებულია ინგლისური და ინდიელთა ენები. 2009 წელს გადაიტანა მძიმე პოლიტიკური კრიზისი: ხელისუფლება ძალადობრივი გზით შეიცვალა, რის შედეგადაც ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ, რომლის წევრიც ჰონდურასი იყო, მასზე უარი თქვა. 2009 წლის არჩევნებზე ქვეყანამ ახალი პრეზიდენტი - პორფირიო ლობო აირჩია. მან ამომრჩევლისგან ორი მთავარი მანდატი მიიღო: ქვეყნის აღდგენა საერთაშორისო ორგანიზაციების წევრად და ისეთი ინსტიტუტების აშენება, რომლებიც მომავალში მსგავს პოლიტიკურ კრიზისს აღარ დაუშვებენ.
![]() |
10 „ქველმოქმედება“ - სახელმწიფო vs კერძო |
▲ზევით დაბრუნება |
ფოკუსი
ზურა ჯაფარიძე
ქველმოქმედების შვიდი აქტი. პიტერ ბრეიგელ უმცროსი
ის, თუ რითი უნდა შემოიფარგლებოდეს სახელმწიფოს საქმიანობის არეალი, მუდმივი კამათის საგანია. ადამიანთა ნაწილი, რომელთაც მეც მივეკუთვნები, თვლის, რომ სახელმწიფო აპარატი უნდა იყოს რაც შეიძლება პატარა ზომის; საკითხთა ჩამონათვალი, რომელთა გადაწყვეტაშიც ბიუროკრატები უნდა ერეოდნენ - მაქსიმალურად მოკლე; ხოლო ამა თუ იმ საჯარო უწყების ძალაუფლება - რაც შეიძლება შეზღუდული. ინდივიდუალური თავისუფლება, როდესაც სახელმწიფოს არ აქვს უფლება, იძულებით გადაადგმევინოს მოქალაქეს ისეთი ნაბიჯები, რომელსაც ის საკუთარი ნებით არ გადადგამდა, კეთილდღეობისკენ სწრაფვის უმთავრესი წინაპირობაა.
ასეთი ხედვა არც ისე პოპულარულია. ადამიანების მნიშვნელოვანი ნაწილი თვლის, რომ სახელმწიფოს სხვა ფუნქციებიც უნდა ჰქონდეს, იქნება ეს ეკონომიკის რომელიმე სექტორის (მაგალითად, საქართველოში პოპულარული სოფლის მეურნეობის) განვითარების ხელშეწყობა, სპორტისა და „ახალგაზრდობის საქმეთა“ ან „კულტურის“ კურირება თუ მოქალაქეთა დასაქმება (რაც ეკონომიკური თვალსაზრისით აბსურდია, მაგრამ ეს სხვა სტატიის თემაა).
ცხადია, ეს მხოლოდ საქართველოში არ ხდება. მსგავსი შეხედულებები პოპულარულია ჩვენზე გაცილებით უფრო „წინ წასულ“ დასავლურ ქვეყნებშიც. ზოგადად, ამას მარტივი ახსნა აქვს: ა) ადამიანებს საკუთარი პრობლემების სხვის ხარჯზე, სხვების მიერ გადახდილი გადასახადებით მოგვარება ურჩევნიათ (სახელმწიფოს, როგორც ინსტრუმენტის გამოყენება სწორედ ამას ნიშნავს), ბ) მთავრობებს „მზრუნველი მამის“ როლის მორგება აძლევთ ხელს, რადგან ეს პოლიტიკური დივიდენდების მოპოვების თითქმის უმტკივნეულო გზაა. შედეგად, ფეხბურთის მწვრთნელი ითხოვს მეტ საბიუჯეტო თანხებს ფეხბურთის წარსული დიდების დასაბრუნებლად, „კულტურის მუშაკი“ - კულტურის ასაყვავებლად, სოფლად მცხოვრები - სოფლის ასაღორძინებლად, „ქართველი ერი“ - ქართული ენის, ხოლო საპატრიარქო - რწმენის გადასარჩენად. მთავრობაც ენთუზიაზმით ირგებს ყველაფერზე მზრუნველის როლს... და ფულს ყველაფერში ვხარჯავთ. საქართველოში ამ პრობლემას მავნე საბჭოთა მემკვიდრეობაც ემატება - „მძლე კავშირი ძმური“ ხომ ყველა ფუნქციასა და როლს ითავსებდა, მზრუნველი მამაც იყო და მსაჯულიც.
ერთ-ერთი ასეთი ფუნქცია, რომელსაც სახელმწიფოს აკისრებენ როგორც ვალდებულებას, ქველმოქმედებაა. ნარატივი საკმაოდ მარტივია - ადამიანები ეგოისტები არიან, თავისუფალი ბაზარი არასრულყოფილია, შესაბამისად, თუ სახელმწიფო არ ჩაერია და არ გაწია ქველმოქმედება, მდიდრები უფრო გამდიდრდებიან, ღარიბები უფრო გაღარიბდებიან, იზეიმებს ეგრეთ წოდებული სოციალური დარვინიზმი და ეს დამთავრდება იმით, რომ უკიდურესად გაჭირვებულები შიმშილით დაიხოცებიან. დაბოლოების მეორე ვერსიაც არსებობს, სადაც უკიდურესად გაჭირვებულები, მას შემდეგ, რაც ძალიან მომრავლდებიან, ჯანყდებიან და უქონელთა დიქტატურას ამყარებენ. თუმცა, ამჯერად შევეშვები მსჯელობის ასეთი ჯაჭვის ვერსიების ჩამოთვლასა თუ კრიტიკას და დავუბრუნდები ქველმოქმედებას, როგორც სახელმწიფოს ფუნქციას.
ქველმოქმედება, როგორც ადამიანური თანაგრძნობისა და/თუ სოლიდარობის გამოხატულება, შეიძლება იყოს მხოლოდ ნებაყოფლობითი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ქველმოქმედება შეიძლება ვუწოდოთ მხოლოდ ისეთ შემთხვევას, როდესაც ერთი ადამიანი ეხმარება მეორეს და ამ პროცესში ჩართული ორივე მხარე მოქმედებს საკუთარი ნებით. თუ დახმარების გამცემი მხარე იძულებულია გასცეს დახმარება და/ან მიმღები მხარე იძულებულია მიიღოს ის - ეს ვერ ჩაითვლება ქველმოქმედებად. როდესაც სახელმწიფო ეწევა „ქველმოქმედებას“, ის მოქალაქეებს ართმევს გადასახადებს და შემდეგ, რამდენიმე ბიუროკრატის გემოვნების მიხედვით „ეხმარება“ მათ, ვისაც საჭიროდ (პოლიტიკურად მომგებიანად) ჩათვლის. ცხადია, ძნელია ამას ქველმოქმედება ეწოდოს, რადგან დარიგებული დახმარება წარმოადგენდა სხვა მოქალაქეების საკუთრებას მანამ, სანამ მას სახელმწიფო ამოიღებდა გადასახადების სახით.
2010 წელს, 44 მილიარდი დოლარი გადაირიცხა ჰაიტის მოსახლეობის და სახმარებლად. ეს თანხა, სრულად, კერძო შემოწირულობებისგან შედგებოდა.
ცალკე პრობლემაა, რამდენად შესწევს სახელმწიფოს უნარი, რომ ყველას დაეხმაროს? ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს, რომელ სახელმწიფოზე ვსაუბრობთ, რადგან „ღარიბისა“ და „გაჭირვებულის“ ზუსტი დეფინიციის მოძებნა ყველგან და ყოველთვის რთულია. შესაბამისად, გასაკვირი არაა, რომ კონკრეტულ შემთხვევებში გადაწყვეტილების მიღება იმის თაობაზე, თუ ვინ უნდა მიიღოს დახმარება და რა ოდენობით, ხდება არბიტრარულად. ხოლო როდესაც დახმარების სახელმწიფო პროგრამებზეა საუბარი - გადამწყვეტი ფაქტორი, უმეტესწილად, სამიზნე აუდიტორიის, იგივე ელექტორალური რესურსის, ზომაა. არც ის უნდა გაგვიკვირდეს, რომ სახელმწიფოში „ქველმოქმედების” ინსტინქტი განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდებში იღვიძებს. ქველმოქმედების თითოეულ აქტზე მედიის დახმარებით პოლიტიკური დივიდენდების ჩაწერაც ამ ყველაფრის ბუნებრივი გაგრძელებაა, რაოდენ გამაღიზიანებლადაც არ უნდა ჩანდეს ეს ყველაფერი ტელეეკრანზე.
ერთ-ერთი არგუმენტი, რომლითაც ხშირად ამართლებენ სახელმწიფო „ქველმოქმედებას“ - ქართულ საზოგადოებაში სოლიდარობის გრძნობის ნაკლებობაა. თითქოს საქართველოს მოქალაქეებს ნაკლებად გვაწუხებს თანამოქალაქეების ბედი ან იმდენად გვიჭირს, რომ სხვებზე ზრუნვისთვის საჭირო რესურსი არ გვაქვს. რთულია იკამათო იმაზე, რომ საქართველო ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით ჯერ კიდევ შორს არის სასურველისგან, თუმცა აქედან გამომდინარე იმის მტკიცება, რომ საქართველოს მოქალაქეები ვინმესთან შედარებით ნაკლებად სოლიდარულები არიან, უბრალოდ, აბსურდია. ამის რაიმე სახის მტკიცებულება ბუნებაში არ არსებობს. მაგრამ ასეც რომ იყოს, სახელმწიფოს ჩარევა და ჩვენ მაგივრად, ჩვენივე ფულით ქველმოქმედებით დაკავება, უფრო სოლიდარულებს გაგვხდის? ალბათ, უფრო პირიქით.
თანაგრძნობა ინდივიდუალური განცდაა. ის მხოლოდ კონკრეტულ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს. სახელმწიფოს ან რომელიმე სამინისტროს ვერ ექნება თანაგრძნობის განცდა. ისევე, როგორც ადამიანი ვერ გადაულოცავს თანაგრძნობის განცდას დაქირავებულ სოციალურ მუშაკს, რომელიც დახმარებას არიგებს. სინამდვილეში სახელმწიფო ქველმოქმედება ადამიანის ბუნებრივ ინსტინქტებს აუკუღმართებს და არღვევს ტრადიციულ სოციალურ კავშირებს. ნაცვლად იმისა, რომ მოქალაქემ თავად იფიქროს სხვის დახმარებაზე (რაც ნორმალური ადამიანური განცდაა), ის ამას სახელმწიფოს საქმედ მიიჩნევს. ქვეყნის პასუხისმგებლობად და არა საკუთარ საზრუნავად. დახმარების მიმღები კი სულ უფრო მეტად ხდება დამოკიდებული საჯარო ბიუროკრატიაზე და სულ უფრო ნაკლებად ინარჩუნებს კავშირებს ოჯახის წევრებთან, ნათესავებთან, მეგობრებთან თუ მეზობლებთან.
სახელმწიფო დახმარების პროგრამების ყველაზე დიდი ნაკლი პასუხისმგებლობის მექანიზმების არარსებობაა. როდესაც კერძო პირი საკუთარ ფულს რომელიმე საქველმოქმედო ორგანიზაციას სწირავს, ყურადღებით ეკიდება იმას, თუ რაში და რამდენად ეფექტურად დაიხარჯება მისი ფული. დახმარების გამწევი მოტივირებულია, აკონტროლოს საქველმოქმედო ფონდის საქმიანობა იმიტომ, რომ ვიღაცამ მისი შრომით მოპოვებული რესურსი არ გაფლანგოს. თუ გაწეული დახმარების სანაცვლოდ ეს კერძო პირი ვერ მიიღებს მოსალოდნელ შედეგს, მეორედ იმავე ფონდს თანხას აღარ შესწირავს და მოიძიებს სხვა ორგანიზაციას, რომელიც იმავე საქმეს უკეთესად გააკეთებს. შესაბამისად, საქველმოქმედო ფონდები იმყოფებიან კონკურენტულ გარემოში, რაც აიძულებთ, სულ უფრო ეფექტური გზები ეძიონ.
მაგრამ რა ხდება, როდესაც ქველმოქმედებას სახელმწიფო ახორციელებს? იმის შემოწმება, რამდენად ეფექტურია ესა თუ ის დახმარების პროგრამა, უბრალოდ შეუძლებელია. ნებისმიერი სახელმწიფო პროგრამის მიმართ კითხვების გაჩენის შემთხვევაში, სახელმწიფო ბიუროკრატია მოიფიქრებს ახალ, უფრო დახვეწილ, უფრო მიმზიდველ პროგრამას, რომელსაც კიდევ უფრო მეტი საბიუჯეტო სახსრები დასჭირდება. და ასე გაგრძელდება უსასრულოდ. გარდა ამისა, ყველა ასეთ სახელმწიფო პროგრამას სჭირდება ადმინისტრირება, რაც გულისხმობს ქველმოქმედებისთვის განკუთვნილი თანხების ნაწილის შესაბამისი საჯარო სტრუქტურების შენახვაზე დახარჯვას. ანუ ფული, რომელიც ერთი შეხედვით, გამოიყო ვიღაცების დასახმარებლად, დაიხარჯება კონკრეტული სახელმწიფო მოხელეების ხელფასებზე, გადამზადებაზე, მივლინებებზე და ასე შემდეგ.
Lutheran Services in America რელიგიური ორგანიზაციაა, რომელიც წლიურად თითქმის 17 მილიარდი დოლარის შემოწირულობას იღებს.
ზოგადად, ქველმოქმედება არსებობს მხოლოდ იქ, სადაც არსებობს კერძო საკუთრება. რაც უფრო მეტად არის დაცული კერძო საკუთრება, მით მეტია სახელმწიფოში ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც სხვებს ეხმარებიან. ლოგიკა მარტივია - თუ ადამიანს არ აქვს საშუალება, გააჩნდეს საკუთრება და ყველაფერი ეკუთვნის სახელმწიფოს (ანუ არავის), ის ვერ დაეხმარება სხვას. სწორედ ამიტომ, სოციალისტურ ქვეყნებში ქველმოქმედებაზე დახარჯული თანხების მოცულობა გაცილებით ნაკლებია თავისუფალ ქვეყნებთან შედარებით. მეტიც, იმ ქვეყნებშიც, სადაც ეკონომიკა ძირითადად საბაზრო პრინციპებზეა დაფუძნებული, მაგრამ მაღალია სახელმწიფოს მიერ დოვლათის რედისტრიბუცია, ქველმოქმედებაზე გაწეული კერძო ხარჯების მოცულობა ასევე დაბალია. მიზეზი აქაც მარტივია - გადასახადების რაოდენობა და განაკვეთები იმდენად მაღალია, რომ მოქალაქეს ქველმოქმედებისთვის თანხა აღარ რჩება.
როდესაც ცენტრალურად დაგეგმილ ეკონომიკასთან შედარებით თავისუფალი ბაზრის უპირატესობაზე საუბრობენ, ხშირად მოჰყავთ აშშ-ის მაგალითი. თუმცა, საინტერესოა, რომ აშშ იმის კარგი მაგალითიცაა, თუ როგორ მოქმედებს თავისუფალი ბაზრის პრინციპები ქველმოქმედებაზე. ამერიკაში ყოველ წელს ქვეყნდება ქველმოქმედების სტატისტიკა (Giving USA, the Annual Report on Philanthropy). 2011 წლის ანგარიშის მიხედვით:
ერთი ამერიკელი ქველმოქმედებაზე საშუალოდ ხარჯავს იმდენივეს, რამდენსაც 3 ფრანგი, 7 გერმანელი ან 14 იტალიელი
2009 წელს, როდესაც მსოფლიო ფინანსურ-ეკონომიკურმა კრიზისმა პიკს მიაღწია, ამერიკელებმა ქველმოქმედებაზე დახარჯეს 280 მილიარდი დოლარი
2010 წელს, იმავე მაჩვენებელმა 291 მილიარდი დოლარი შეადგინა, აქედან 212 მილიარდი კერძო პირების შემოწირულობები იყო
2010 წლის შემოწირულობების 35%25 მიიღეს რელიგიურმა ორგანიზაციებმა, რომლებიც საქველმოქმედო საქმიანობის ავანგარდში არიან. 42 მილიარდი დოლარი მიიღეს სხვადასხვა საგანმანათლებლო ინსტიტუტებმა
იმავე წელს, დაახლოებით 44 მილიარდი დოლარი (15%25) გადაირიცხა ჰაიტის მოსახლეობის დასახმარებლად (2010 წლის იანვარში ჰაიტი მიწისძვრამ პრაქტიკულად გაანადგურა). ეს თანხა, რომელიც სრულად კერძო შემოწირულობებისგან შედგებოდა, რამდენჯერმე აღემატება სხვა სახელმწიფოების მიერ ჰაიტისთვის გაწეულ დახმარებას
ამერიკაში მოქმედებს მილიონამდე საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომლებიც წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლებით აგროვებენ თითქმის 1.5 ტრილიონ დოლარს. ეს კი უფრო მეტია, ვიდრე ამერიკის მთავრობის მიერ აკრეფილი საშემოსავლო გადასახადის საერთო ოდენობა
Lutheran Services in America ერთ-ერთი რელიგიური ორგანიზაციაა, რომელიც ქველმოქმედებითაა დაკავებული და წლიურად თითქმის 17 მილიარდი დოლარის შემოწირულობას იღებს. ეს ორგანიზაცია რომ მსოფლიოს 500 ყველაზე დიდი კომპანიის ჩამონათვალში შედიოდეს, 152-ე ადგილს დაიკავებდა
საერთო შემოწირულობების მეოთხედი (25%25), ამერიკელთა ყველაზე მდიდარ 10%25-ზე მოდის
ერთ ამერიკულ ოჯახზე საშუალოდ მოდის 2,000 დოლარის შემოწირულობა
ერთი ამერიკელი ქველმოქმედებაზე საშუალოდ ხარჯავს იმდენივეს, რამდენსაც 3 ფრანგი, 7 გერმანელი ან 14 იტალიელი
ტრადიციულად, თავისუფალი ბაზრისა და პატარა მთავრობის მომხრე ამერიკელი კონსერვატორები ქველმოქმედებაზე გაცილებით მეტს ხარჯავენ, ვიდრე ეგრეთ წოდებული პროგრესულები, რომლებიც სახელმწიფოს მიერ სხვისი ფულით განხორციელებულ საქველმოქმედო პროგრამებს უჭერენ მხარს.
![]() |
11 ქვეყანა ქაოსში |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო
მალი
მიხეილ ბასილაია
კაპიტანი ამადუ სანოგო
აფრიკის დასავლეთში მდებარე ქვეყნის, მალის პრობლემები 22 მარტს სახელმწიფო გადატრიალებით დაიწყო და 6 აპრილს გაგრძელდა ტუარეგი სეპარატისტების მიერ ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარე აზავადის რეგიონის დამოუკიდებლობის გამოცხადებით.
კრიზისული სიტუაცია თვეების მანძილზე მწიფდებოდა. სეპარატისტული მოძრაობის გააქტიურებას ცენტრალურმა ხელისუფლებამ ვერაფერი დაუპირისპირა, რის გამოც სამხედროებმა, კაპიტნის ჩინის მქონე 40 წლის ამადუ სანოგოს მეთაურობით, გადატრიალება მოაწყვეს - ხელისუფლებას ჩამოაშორეს პრეზიდენტი ამადუ ტუმანი ტურე. მალის მოსახლეობას ტურეს გაძევებით გული ნამდვილად არ დასწყვეტია, რადგან მთავრობა კორუფციაში, ნარკოტიკებითა და იარაღით უკანონო ვაჭრობაში იყო ჩაფლული. ტურე მალის პრეზიდენტის პოსტს 2002 წლიდან იკავებდა და 2010 წელს გადატრიალების ორ მცდელობასაც გადაურჩა.
ამადუ ტუმანი ტურე
ტურეს გაძევების მიუხედავად, კაპიტანმა სანოგომ აზავადის გათავისუფლების ნაციონალურ მოძრაობას (MNLA) ვერაფერი დაუპირისპირა. MNLA-მ რიგრიგობით აიღო ქალაქები: კიდალი, გაო და ტიმბუქტუ. მის სამხედრო კამპანიაში მონაწილეობას იღებდნენ სხვა ექსტრემისტული ჯგუფებიც, მათ შორის ალ-ყაიდას მოკავშირე ისლამისტური ორგანიზაცია ანსარ დინი (ითარგმნება, როგორც რწმენის დამცველები). ალ-ყაიდას ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონულ შტოსთან ურთიერთობებში MNLA-ც არის ეჭვმიტანილი, თუმცა ამ ბრალდებას მოძრაობის ლიდერები გულმოდგინედ უარყოფენ.
MNLA მალის არმიაზე უკეთ არის შეიარაღებული და ორგანიზებული. მას ზურგს უმაგრებენ ლიბიიდან გადმოხვეწილი ტუარეგი მებრძოლებიც, რომლებიც მუამარ კადაფის მხარეს იბრძოდნენ. MNLA-მ აზავადის დამოუკიდებლობა 6 აპრილს გამოაცხადა, ერთ დღით ადრე კი მალის არმიასთან ცეცხლი ცალმხრივად შეწყვიტა. დამოუკიდებლობის გამოცხადებით, MNLA-ს სურდა ეჩვენებინა, რომ ქვეყნის ჩრდილოეთს სწორედ ის აკონტროლებს და არა ანსარ დინი ან სხვა რომელიმე მოძრაობა. გავრცელებული ინფორმაციით, ზოგიერთ რაიონში ისლამისტმა ექსტრემისტებმა შარიათი შემოიღეს. დამოუკიდებლობის გამოცხადებით MNLA-მ სცადა ECOWAS-ის (დასავლეთ აფრიკის სახელმწიფოთა ეკონომიკური თანამეგობრობა) სავარაუდო სამხედრო ჩარევისთვის დაესწრო.
MNLA-ს ენთუზიაზმი საერთაშორისო საზოგადოებამ არ გაიზიარა და აზავადის დამოუკიდებლობა გამორიცხა აფრიკის კავშირმაც. ასევე მოიქცნენ ყოფილი მეტროპოლია საფრანგეთი, ევროკავშირის ქვეყნები და ამერიკის შეერთებული შტატებიც. აზავადის დამოუკიდებლობა ხელს არც მალის მეზობელ სახელმწიფოებს აძლევს, სადაც ასევე სახლობენ ტუარეგები - ლიბიას, ნიგერს, ალჟირსა და ბურკინა-ფასოს. მეორე მხრივ, აზავადში ტუარეგების გარდა ცხოვრობენ არაბები და სონღოისა და ფულბეს ტომის ხალხები.
MNLA-ს დამოუკიდებლობამ მალის სამხედრო ხუნტა გამოუვალ მდგომარეობაში ჩააგდო. ის, პრაქტიკულად, საერთაშორისო იზოლაციაში იყო მოქცეული. გადატრიალების შემდეგ, ECOWAS-მა მალის წევრობა შეუჩერა და ფინანსური სანქციები დაუწესა, ხოლო მეზობელმა ქვეყნებმა მალისთან დიპლომატიური და სავაჭრო კავშირებიც გაწყვიტეს. სამხედროების ინიციატივას, ეგრეთ წოდებული ნაციონალური კონფერენციის ჩამოყალიბების თაობაზე, მალის პოლიტიკური ძალები არ გამოეხმაურნენ. სანოგო იძულებული გახდა ხელისუფლება გადაეცა პარლამენტის სპიკერ დიონკუნდა ტრაორესთვის, რომელიც პრეზიდენტის მოვალეობებს შეასრულებს. ECOWAS-თან ხელმოწერილი შეთანხმებით სამხედროებმა ამნისტია მიიღეს, ქვეყანას სანქციები მოეხსნა და ხელისუფლების სათავეში ექსპრეზიდენტ ტურეს დაბრუნება გამოირიცხა. მალიში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები აპრილის ბოლოს უნდა გაიმართოს.
დიონკუნდა ტრაორე
ტრაორე, პირველ რიგში, აზავადის საკითხის მოგვარებას ეცდება. ამაში მას დაეხმარება ECOWAS-ი, რომლის წევრი ქვეყნების ლიდერები მშვიდობისმყოფელთა 3000-იანი სამხედრო კონტინგენტის გამოყოფაზე შეთანხმდნენ. საფრანგეთმა კონფლიქტში სამხედრო ჩარევა გამორიცხა. საგარეო საქმეთა მინისტრის, ალან ჟუპეს განცხადებით, პრობლემა მოლაპარაკებებით უნდა მოგვარდეს. ამავე დროს, ფრანგებმა სურვილი გამოთქვეს, რომ სამშვიდობო მისიას ლოჯისტიკური დახმარება აღმოუჩინონ.
ჯერჯერობით აზავადი მსოფლიოს ქვეყნებს არ უცვნიათ, რაც MNLA-ს მოლაპარაკებებზე წასვლის შანსებს ზრდის. დასავლეთის ქვეყნების უპირველეს საზრუნავს არა MNLA, არამედ რეგიონში ისლამისტური ექსტრემიზმისა და ალ-ყაიდას ფეხის მოკიდების საფრთხე წარმოადგენს. შესაძლოა, მალის ცენტრალურმა ხელისუფლებამ MNLA-ს გაფართოებული ავტონომია შესთავაზოს, სანაცვლოდ კი ანსარ დინის წინააღმდეგ მოქმედება მოითხოვოს.
საჰარის უდაბნოსა და აფრიკის ტროპიკულ სარტყელს შორის მოქცეულ საჰელის რეგიონში ტუარეგების საერთო რაოდენობა 5 მილიონს აღემატება. ანთროპოლოგების ვარაუდით, ისინი აფრიკის ჩრდილოეთში მცხოვრები ბერბერების არაბებთან და შავკანიან აფრიკელებთან ასიმილაციის შედეგად წარმოიშვნენ. ტუარეგები საჰელში ფრანგი კოლონიზატორების გამოჩენამდე დომინირებდნენ, დამოუკიდებელი სახელმწიფოსთვის კი 1960-იანი წლების შემდეგ იბრძვიან.
ტუარეგები საჰარის უდაბნოს დასავლეთ/შუა ნაწილსა და საჰელში მცხოვრები მომთაბარე ხალხია. ისინი ბერბერულ ენა ტუარეგზე (ტამარშექზე) საუბრობენ და კონსონანტური დამწერლობა (რომელიც მხოლოდ თანხმოვნებს გადმოსცემს) აქვთ. ტუარეგები არაბებმა ისლამზე მოაქციეს. მათი დიდი ნაწილი სუნიტი მუსლიმია, თუმცა ძველი წეს-ჩვეულებების ნაწილს ინარჩუნებენ. ტუარეგები გამორჩეული არიან ჩაცმულობით. ქალებისგან განსხვავებით, მამაკაცები ატარებენ თავსაბურავებს, რომელიც მთელ სახეს (თვალების გარდა) უფარავთ. ტუარეგებში სოციალური სტატუსი დედის ხაზით განისაზღვრება.
ტუარეგები შუა საუკუნეებში საჰარის გასწვრივ მდებარე საქარავნო გზებს აკონტროლებდნენ. მე-11 საუკუნეში მდინარე ნიგერთან მათ დააარსეს ქალაქი ტიმბუქტუ, რომელიც რეგიონულ სავაჭრო ცენტრად იქცა. 1960-იან წლებში, როდესაც აფრიკას დეკოლონიზაციის ტალღამ გადაუარა, ტუარეგები 5 სხვადასხვა სახელმწიფოში (მალი, ალჟირი, ლიბია, ნიგერი, ბურკინა-ფასო) გაიფანტნენ. მათ მომთაბარე ცხოვრების წესს ხელს უშლის გვალვები, რაც შიმშილს იწვევს. 1980-იანი წლების მალის და ნიგერის მძიმე ჰუმანიტარული კრიზისი ტუარეგების მხრიდან ავტონომიის მოთხოვნის გააქტიურების მიზეზი გახდა.
![]() |
12 ბოს საგა გრძელდება |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო
ჩინეთი
მიხეილ ბასილაია
ბო სილაი
გავლენიან ჩინელ პოლიტიკოსთან, ბო სილაისთან დაკავშირებული სკანდალი ჩინეთში ახალ ძალას იკრებს. ის კომუნისტური პარტიის ჩუნცინის მუნიციპალიტეტის კომიტეტის მდივნობიდან ერთი თვის წინ გადააყენეს, რაც ჩინეთის პოლიტიკურ ელიტაში გამძაფრებული დაპირისპირების გამოხატულებად შეფასდა. მას შემდეგ სიტუაცია თითქოს ჩაცხრა, თუმცა აპრილში პოლიტიკური ინტრიგის დამატებითი დეტალები გამჟღავნდა. ამჯერად საზოგადოებას მთავარ როლში ბოს მეუღლე - გუ კაილაი მოევლინა.
10 აპრილს ჩინურმა სამთავრობო მედიასაშუალებებმა ორი ახალი ამბავი გაავრცელეს. პირველის მიხედვით, ბოს სერიოზულ (თუმცა დაუკონკრეტებელ) დანაშაულში ედება ბრალი. მას კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრობა შეუჩერეს და პოლიტბიუროდან გარიცხეს. მეორე ამბის მიხედვით კი, ბოს მეუღლე გუ ნოემბერში ჩუნცინში გარდაცვლილი ბრიტანელი ბიზნესმენის, ნილ ჰეივუდის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი.
გუ კაილაის, რომელიც პოლიტიკურ სკანდალამდე ქმარმა მზრუნველ მეოჯახედ დაახასიათა, მასთან დაახლოებული პირები ჩინეთის ჯეკი კენედის უწოდებდნენ (ამერიკის პრეზიდენტის, ჯონ კენედის მეუღლე - ჟაკლინ კენედი). მისი ნაცნობები აღნიშნავდნენ, რომ გუ გავლენიან ქმარს არც განათლებასა და არც პოლიტიკურ ამბიციებში არ ჩამორჩებოდა. იურიდიული განათლების მქონე გუმ, სახელი გაითქვა 1990-იან წლებში, როცა ამერიკაში, იურიდიული პრობლემების მქონე ჩინური კომპანიების სასამართლო პროცესები მოიგო. ამის შესახებ მან მოგვიანებით წიგნიც დაწერა. აღსანიშნავია, რომ გუ ზოგჯერ სხვა სახელს, ჰორუს ლ. კაის იყენებდა. ჰორუსი ცის, ომისა და ნადირობის უძველესი ეგვიპტური ღვთაების სახელწოდებაა.
გუ კაილაი
The Wall Street Journal-ის ჩატარებული გამოძიების მიხედვით, გუს ბიზნესი, ჩინეთის გარდა, ამერიკასა და ბრიტანეთშიც ვრცელდებოდა. მისი იურიდიული კომპანია ჩინეთში საქმიანობის დაწყების მსურველ უცხოურ კომპანიებს კონსულტაციას უწევდა. გუს შემოკრებილი ჰყავდა მეგობართა და მრჩეველთა ვიწრო წრე, რომელთა შორის ბრიტანელი ნილ ჰეივუდიც იყო. ის ჩინეთში 1990-იან წლებში მოხვდა და ბოს ოჯახს ქალაქ დალიანში დაუახლოვდა. მაშინ პარტიული თანამდებობა ბოს სწორედ იქ ეკავა. ჰეივუდი მის ვაჟს, გუაგუას, პრესტიჟულ ბრიტანულ სკოლებში განათლების მიღებაშიც დაეხმარა.
გუმ საზოგადოებრივი ყურადღების ცენტრიდან ჩრდილში ბოს კარიერულ წინსვლასთან ერთად გადაინაცვლა, თუმცა ბიზნესი და იურიდიული საქმიანობა არ შეუწყვეტია. მასთან დაახლოებული პირები აღნიშნავენ, რომ ბოლო წლებში გუ დეპრესიით იტანჯებოდა, პარტნიორებთან კი ურთიერთობები გაუფუჭდა და მათ ღალატში ადანაშაულებდა. ჰეივუდის მეგობრებმა The Wall Street Journal-ს განუცხადეს, რომ გუსთან ურთიერთობების გაუარესების პარალელურად, ბრიტანელი ბიზნესმენი თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობდა.
ჰეივუდი გასული წლის ნოემბერში გარდაიცვალა ჩუნცინში. ადგილობრივი პოლიციის გამოძიების მიხედვით, სიკვდილის მიზეზი ალკოჰოლის გადაჭარბებული დოზა იყო, თუმცა ჩინური სამთავრობო მედიის ვერსიით, დაიწყო საქმის ხელახალი გამოძიება და მას მკვლელობის კვალიფიკაცია მიენიჭა. გუს გარდა, ჰეივუდის მკვლელობაში ეჭვმიტანილია ბოს ოჯახთან დაახლოებული ჟან სიაჟუნი. გავრცელებული ინფორმაციით, გუსა და ჰეივუდს შორის ურთიერთობა ბიზნესსაკითხებზე შეუთანხმებლობამ დაძაბა.
სკანდალი თებერვალში მომწიფდა, როდესაც ჩუნცინის პოლიციის ყოფილმა შეფმა და ბოს მარჯვენა ხელმა ვან ლიძუანმა, ქალაქ ჩენდუში ამერიკულ საკონსულოს მიაკითხა. მან პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვა და, სავარაუდოდ, ამერიკელებს გუს შესახებაც უამბო. როგორც ამბობენ, ბოსა და ვანს შორის შავმა კატამ მაშინ გაირბინა, როდესაც ამ უკანასკნელმა, ბოს მისი მეუღლის ჰეივუდის მკვლელობასთან კავშირის შესახებ აუწყა. საბოლოოდ ვანი ჩინეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს ჩაბარდა. შესაძლოა, ის სილაის წინააღმდეგაც გამოიყენონ.
ჩინეთის პოლიტიკურ ელიტასთან დაახლოებული პირები აღნიშნავენ, რომ ამ მასშტაბის პოლიტიკური კრიზისი ქვეყანას 1989 წლის ტიანანმენის სისხლიანი მოვლენების შემდეგ არ ახსოვს. ბოს, პოპულარობის გარდა, მაოს თანამებრძოლი კომუნისტი რევოლუციონერის შვილობა უმაგრებდა ზურგს. ამას გარდა, ის კომპარტიის მარცხენა ფლანგის სასურველი პერსონაც იყო, რომელსაც ჩინეთის ეკონომიკური ლიბერალიზაცია არ მოსწონს. სამაგიეროდ, ბოს ცენტრიდან კონტროლირებადი ეკონომიკური მოდელი და მაოისტური მისწრაფებები აღაფრთოვანებდა.
ნილ ჰეივუდი
მიმომხილველთა ნაწილი, ბოს პოლიტიკური ასპარეზიდან ჩამოცილების შემდეგ, პოლიტიკურ და სამხედრო ელიტას შორის ურთიერთობების გამწვავებას ელოდა. ბოს ჩინეთის არმიასა და უსაფრთხოების ძალებში მხარდამჭერები ჰყავდა. ჩუნცინის მერის, ჰუან ქიფანის თქმით, მას რეგიონულ სამხედრო ნაწილებზეც მიუწვდებოდა ხელი. ნაციონალისტურად და ანტიამერიკულად განწყობილ სამხედროებს ბო მისი იდეოლოგიური პოზიციის გამო მოსწონდათ. პოლიტბიუროს მუდმივი კომიტეტის წევრი და ჩინეთის უსაფრთხოების სამსახურების ხელმძღვანელი ჟუ იონკანი კი ბოს თანამოაზრედ ითვლებოდა.
ჩუნცინის პარტიული თანამდებობიდან ბო ერთი თვის წინ გადააყენეს, მისი მდგომარეობის შესახებ დამატებითი დეტალები კი მთავრობამ მხოლოდ ახლახან გაამჟღავნა. ეს პარტიაში არსებულ განხეთქილებაზე უნდა მიუთითებდეს - ფრაქციები ბოს მომავლის შესახებ ვერ თანხმდებიან. მის მოწინააღმდეგეთა ბანაკს, სავარაუდოდ, პრეზიდენტი ჰუ ძინტაო და პრემიერმინისტრი ვენ ძიაბაო უდგანან სათავეში. მათთვის უპირველესი პრიორიტეტია, რომ შემოდგომაზე ქვეყნის მართვის სადავეები სი ძინპინს მშვიდად გადაეცეს. მთავრობა სტაბილურობისა და ერთიანობის ფასადის შენარჩუნებას ცდილობს. ჯერჯერობით უშედეგოდ.
![]() |
13 ეკონომიკური კრიზისის თავიდან აცილების გზების ძიებაში |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო
ანი ჩხიკვაძე
პრემიერმინისტრი იოშიჰიკო ნოდა
იაპონიის პრემიერმინისტრმა იოშიჰიკო ნოდამ, სამომხმარებლო გადასახადების გაზრდის კანონპროექტი განსახილველად პარლამენტს წარუდგინა. ინიციატივის მიხედვით, გადასახადები 2014 წელს 5%25-დან 8%25-მდე გაიზრდება, ერთი წლის შემდეგ კი 10%25-მდე აიწევს. კანონპროექტი მიზნად ისახავს სამთავრობო ვალის შემცირებას, რაც ამ დროისთვის ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტზე ორჯერ მეტია.
იაპონიის ეკონომიკა უკანასკნელი ორი ათწლეულის განმავლობაში არ იზრდება. უმუშევრობა 2000 წელთან შედარებით მაღალია. სოციალური უსაფრთხოების დანახარჯებმა 1990-2010 წლებში ორჯერ იმატა და ქვეყნის საჯარო ვალის ზრდა გამოიწვია. მოსახლეობის ნახევარი 45 წელს ზემოთაა, პენსიებისა და ჯანდაცვის ხარჯები კი მოსახლეობის დაბერებასთან ერთად კიდევ უფრო აიწევს.
დღეს იაპონიის სამომხმარებლო ტვირთი ერთ-ერთი ყველაზე დაბალია ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის წევრებს შორის. ინიციატივის მომხრეების აზრით, გადასახადის გაზრდა აუცილებელია როგორც ფისკალური სტაბილურობის შესანარჩუნებლად, ასევე მოსახლეობის დაბერების შედეგად, სოციალური უსაფრთხოების პროგრამებზე მზარდი დანახარჯების დასაფარად.
კანონპროექტის ოპონენტები თვლიან, რომ გეგმა დეფლაციას გამოიწვევს. გარდა ამისა, 1997 წელს, სამომხმარებლო გადასახადების ორპროცენტიანი ზრდა ეკონომიკური რეცესიის მნიშვნელოვანი განმაპირობებელი ფაქტორი იყო. ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ბევრია დარწმუნებული, რომ ცვლილება მდგომარეობას გააუარესებს.
კანონპროექტი უკვე იქცა მნიშვნელოვანი დაპირისპირების მიზეზად. დეკემბერში, როდესაც პრემიერმა ნოდამ წინადადება პირველად გააჟღერა, იაპონიის დემოკრატიული პარტია (DPJ) 9 წევრმა დატოვა. პარტიის დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ კანონპროექტის მიღება მათ ამომრჩევლებში პოპულარობას დააკარგვინებს. შიდაპარტიული უთანხმოების გარდა, მმართველი ჯგუფი წინააღმდეგობას აწყდება მთავარი მეტოქისგან - ლიბერალ-დემოკრატიული პარტიისგანაც (LDP).
ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის აზრით, პრემიერმინისტრი და DPJ ფისკალური პრობლემების მოსაგვარებლად არასწორ გზას ირჩევენ. LDP-ის წევრები პრემიერისგან ვადამდელი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ. LDP პარლამენტის ზემო პალატას აკონტროლებს და სწორედ ამიტომ, ინიციატივის დამტკიცებისთვის მის თანხმობას დიდი მნიშვნელობა აქვს.
მდგომარეობიდან გამოსავალი ამ ორ პარტიას შორის შესაძლო კოალიციის ჩამოყალიბებაა, თუმცა იდეოლოგიური სხვაობის გათვალისწინებით, არცერთ მათგანს არ სურს მეორესთან ითანამშრომლოს. იაპონური მედიის ცნობით, ნოდა LDP-ის ლიდერს, სადაკაზუ ტაგინაკის შეხვდა პირისპირ. რაზე ისაუბრეს ლიდერებმა, ძნელი სათქმელია, თუმცა სავარაუდოდ, LDP მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება ნოდას კანონპროექტს, თუ ეს უკანასკნელი ქვემო პალატას დაშლის. ქვემო პალატაში უმრავლესობა DPJ-ს უკავია.
სანამ ორი ძირითადი პარტია ერთმანეთის კრიტიკითაა დაკავებული, მოსახლეობა მათ მიმართ ნდობას კარგავს. გაზეთ Yomiuri-ს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ამომრჩეველთა 16 პროცენტი მხარს უჭერს DPJ-ს, 17 პროცენტი კი LDP-ს. 50 პროცენტი არცერთ პარტიას არ ემხრობა. ეს სიტუაცია ხელსაყრელ პირობებს უქმნის ახალ პარტიებს, რომ პოლიტიკურ ასპარეზზე გამოვიდნენ - ერთ-ერთი მათგანია ოსაკას მერის, ტორუ ჰაშიმოტოს რესტავრაციის პარტია. ის მემარჯვენე ფლანგზეა, ემხრობა მთავრობის შეზღუდულ როლს და მუშათა გაერთიანების მიმართ სკეპტიკურადაა განწყობილი. ამიტომაც, ექსპერტთა აზრით, LDP-მ შესაძლოა ჰაშიმოტოსთან გამონახოს საერთო ენა.
![]() |
14 სამხრეთ კორეის არჩევნებში კონსერვატორები იმარჯვებენ |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო
ირაკლი გუნია
სამხრეთ კორეის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა კონსერვატორულმა პარტიამ მოულოდნელ გამარჯვებას მიაღწია. კონსერვატორები არაპოპულარული პრეზიდენტის, ლი მიონ ბაკისგან დისტანცირებას შეეცადნენ. დეკემბერში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის პარტიაში გამოიკვეთა ახალი კანდიდატი პაკ კინ ჰე, რომელიც გამარჯვების შემთხვევაში ქვეყნის პირველი ქალი პრეზიდენტი გახდება.
პაკ კინ ჰე
მმართველმა პარტიამ - სენური - ხმების 42,8%25 და 300-წევრიან ეროვნულ ასამბლეაში 152 ადგილი მიიღო. ლიბერალურ ოპოზიციურ პარტიას და მის მემარცხენე კოალიციურ პარტნიორს კი, შესაბამისად, 127 და 13 ადგილი ერგოთ. ჩრდილოეთ კორეასთან გართულებული ურთიერთობების გარდა, არჩევნების მთავარი თემა შიდა ეკონომიკური საკითხები გახდა.
პრეზიდენტი ლი მიონ ბაკი
ჯერ კიდევ ერთი თვის წინ, ოპოზიციური კოალიციის წარმატება გარდაუვალი ჩანდა, ვინაიდან პრეზიდენტ ლი მიონ ბაკის ადმინისტრაციის ირგვლივ არსებული კორუფციული სკანდალების და არასაკმარისი კეთილდღეობის ფონზე, მმართველი პარტიის შანსები საგრძნობლად მცირდებოდა. სამხრეთ კორეის ყოფილი პრეზიდენტის პაკ ჩონ ჰის (1961-1979) ქალიშვილმა, პაკ კინ ჰემ მცირე ხანში მოახერხა სენურის რეაბილიტაცია. პარტია, კონსერვატორული ბაზის კონსოლიდაციას, ჩრდილოეთ კორეის მხრიდან ბირთვული საფრთხის წინ წამოწევით შეეცადა და ლიბერალი ოპონენტები ჩრდილოეთ კორეის დაშოშმინებაში და აშშ-სთან ალიანსის ჩაშლაში ამხილა.
ან ჩეულ სუ
თავის მხრივ, ოპოზიცია უძლური აღმოჩნდა, რომ ანტისამთავრობო უკმაყოფილება საკუთარი გამარჯვებისთვის გამოეყენებინა. ბევრი ზომიერად განწყობილი ამომრჩეველი გააუცხოვა აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაუქმების პირობამ. არჩევნებმა ვაშინგტონსაც აარიდა პოტენციური თავის ტკივილი, რადგან ოპოზიციური პარლამენტი ხელშეკრულების გადახედვას მოითხოვდა. ლიბერალები ჩრდილოეთ კორეის მიმართ პრეზიდენტ ლი მიონ ბაკის მკაცრ პოლიტიკას აკრიტიკებენ და კონტაქტების გახშირებას უჭერენ მხარს. მათთვის წამგებიანი აღმოჩნდა ის, რომ არჩევნებმა ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტის წარუმატებლად გაშვების ფონზე ჩაიარა.
ოპოზიციის დამარცხების ერთ-ერთი მიზეზი ის გახდა, რომ არჩევნებში ახალგაზრდები, ეგრეთ წოდებული ტვიტერის თაობა ვერ მიიზიდა. პოლიტიკურად აქტიური ახალგაზრდა სამხრეთ კორეელებისთვის პაკ კინ ჰე უქარიზმო პოლიტიკოსია, რომელიც უფროს თაობაში მამამისის პერიოდის ნოსტალგიას უფრო ეყრდნობა, ვიდრე საკუთარ პლატფორმას. აიპადების და ლეპტოპების ხანაში ქაღალდის ბლოკნოტის ტარების ჩვეულების გამო, ახალგაზრდებმა მას „პრინცესა ბლოკნოტით“ შეარქვეს.
დეკემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში 60 წლის პაკ კინ ჰეს მთავარი კონკურენტი, სავარაუდოდ, სეულის ეროვნული უნივერსიტეტის ტექნოლოგიის პროფესორი, ან ჩეულ-სუ იქნება. დამოუკიდებელმა კანდიდატმა პოპულარობა მცირე ხნის წინ მოიპოვა პოლიტიკოსთა და ბიზნესმენთა დაუნდობელი კრიტიკის გამო. ან ჩეულ-სუმ სამხრეთ კორეის ერთ-ერთი პირველი ანტივირუსული კომპიუტერული პროგრამა შექმნა და მილიონობით კორეელში უფასოდ გაავრცელა. 2012 წლის თებერვალში მან გამოაცხადა, რომ სოციალურ და ეკონომიკურ უთანასწორობასთან საბრძოლველად ქველმოქმედებას იწყებდა. ერთ-ერთი ყველაზე ხელგაშლილი სამხრეთ კორეელი დონორი ახალგაზრდების ფავორიტი საპრეზიდენტო კანდიდატია, თუმცა მას კამპანიის დაწყების შესახებ ჯერ არაფერი უთქვამს.
![]() |
15 რუსი ჯაშუშები გაერთიანებულ სამეფოში |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო
ავთო ქორიძე
რუსეთს დღეს იმდენივე ჯაშუში ჰყავს გაერთიანებულ სამეფოში, რამდენიც ცივი ომის დროს. ბრიტანეთში რუსეთის საელჩოს თანამშრომლების ნახევარი, სავარაუდოდ, შპიონაჟშია ჩართული, რის შესახებაც ადგილობრივი უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა გამოცემა Daily Telegraph-ს განუცხადეს.
გაერთიანებულ სამეფოში რუსეთის ორმოცი ჯაშუში მუდმივად მუშაობს. მათი უმრავლესობა სახელმწიფოსთან დაკავშირებულ ინფორმაციას აგროვებს, დანარჩენები კი ლონდონში მყოფ რუს ოლიგარქებს და ბრიტანულ კომპანიებს უთვალთვალებენ. თუმცა, გარდა „უწყინარი” შპიონაჟისა, რუსი ჯაშუშები რუსეთის ხელისუფლებისთვის მიუღებელი პირების ლიკვიდაციითაც არიან დაკავებულნი. გასულ თვეში ლონდონში ცნობილ რუს ბანკირს, გერმან გარბუნცოვს ესროლეს. გარბუნცოვი საავადმყოფოშია და მის სიცოცხლეს დღემდე საფრთხე ემუქრება. ბრიტანელი სამართალდამცავები საქმის დეტალებს ჯერ არ ახმაურებენ.
გასულ კვირას ბრიტანულმა გამოცემა Sunday Telegraph-მა ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსი ჯაშუშები ლონდონში მყოფი ჩეჩენი სეპარატისტის, ახმედ ზაკაევის მკვლელობას ცდილობდნენ. გაზეთის ცნობით, ჩეჩნეთის ლიდერ რამზან კადიროვს თავისი კონკურენტების შავი სია აქვს და მათ თავიდან მოსაშორებლად ჯაშუშებს იყენებს.
რუსი ჯაშუშების დაკავება თითქმის ყოველწლიურ ტრადიციად იქცა. შარშან ბრიტანელმა სამართალდამცავებმა ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს კატია ზატულივეტერი, რომელსაც ბრიტანეთის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის წევრთან ჰქონდა რომანი. თუმცა, საბოლოოდ, ზატულივეტერს ეს ბრალდება არ დაუმტკიცდა. უსაფრთხოების სამსახურის დასავლელი ექსპერტები აცხადებენ, რომ რუსეთის ჯაშუშობის „ხარისხმა“ მნიშვნელოვნად დაიწია და სულ უფრო ადვილი გამოსარკვევი ხდება, მაგრამ საფრთხეს მაინც წარმოადგენს.
გაერთიანებული სამეფოს უშიშროების სამსახურში ვარაუდობენ, რომ მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში რუსეთი ჯაშუშების რაოდენობას გაზრდის და უკეთ „მიადევნებს თვალს“ ოლიმპიადასა და დედოფლის საიუბილეო ცერემონიალს.
გარდა ბრიტანეთით დაინტერესებისა, რუსეთი იქ „მოღვაწე“ ჯაშუშებისგან აშშ-ზეც იღებს ინფორმაციას. აშშ-სა და ბრიტანეთს ახლო ურთიერთობა აქვთ და გაერთიანებული სამეფოს უსაფრთხოების სამსახურები ხშირად ისეთ მონაცემებს ფლობენ, რომელიც სხვა ქვეყნებისთვის დახურულია.
2007 წელს ბრიტანეთის უსაფრთხოების სამსახურის MI5-ის დირექტორმა ჯონათან ივანსმა განაცხადა, რომ მიუხედავად ცივი ომის დასრულებისა, ის მაინც ზრდიდა რესურსებს რუსეთის, ჩინეთის და სხვა ქვეყნების ჯაშუშებისგან სამეფოს დასაცავად: „ცოტა გულდასაწყვეტია, რომ ამაზე ბევრი რესურსის ხარჯვა გვიწევს მაშინ, როცა შეგვეძლო, იგივე ძალისხმევა, საერთაშორისო ტერორიზმის საშიშროებასთან საბრძოლველად გამოგვეყენებინა“.
გაერთიანებულ სამეფოსა და რუსეთს შორის ურთიერთობა ბოლო რამდენიმე წელია დაიძაბა. მდგომარეობა მას შემდეგ გამწვავდა, რაც 2006 წელს ლონდონში ალექსანდრ ლიტვინენკო მოკლეს და მთავარი ეჭვმიტანილის, ანდრეი ლუგოვოის ექსტრადიციასთან დაკავშირებით სირთულეები შეიქმნა.
დასავლეთში ჯაშუშობის მხრივ დღეს მოწინავე ადგილებზე რუსეთი და ჩინეთი არიან. სწორედ ამის გამო, ბევრი სკეპტიკურად უყურებს რუსეთის განცხადებებს ცივი ომის დასრულების შესახებ.
![]() |
16 შვეიცარია გერმანელი საგადასახადო ინსპექტორების დაპატიმრებას ესწრაფვის |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო
ლარა ჯამარაული
შვეიცარიამ ეკონომიკური შპიონაჟის ბრალდებით სამი გერმანელი ჩინოვნიკის დაპატიმრების ორდერი გასცა. არაა გამორიცხული, რომ მათზე საერთაშორისო ძებნაც გამოცხადდეს.
2010 წელს სამმა გერმანელმა თანამდებობის პირმა, სახელმწიფოს სახელით, 2.5 მილიონ ევროდ შეიძინა დისკი, რომელზეც შვეიცარიული ბანკის, Credit Suisse-ის გერმანელი კლიენტების საბანკო რეკვიზიტები იყო განთავსებული. ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ, გერმანიის საფინანსო ორგანოებმა, გადასახადებისთვის თავის ამრიდებლებს მოუწოდეს, რომ ოფიციალური გამოძიების დაწყებამდე გამოჩენილიყვნენ. ხელისუფლების მოწოდებას ათი ათასზე მეტი ადამიანი გამოეხმაურა, თუმცა საგულისხმოა, რომ დისკზე დატანილი ინფორმაციის მიხედვით, მხოლოდ 1100 პირის მონაცემები იყო ცნობილი.
ოპოზიციაც და მთავრობაც სკანდალის საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენებას ცდილობს, ვინაიდან მალე ბუნდესტაგმა შვეიცარიასა და გერმანიას შორის საგადასახადო შეთანხმება უნდა დაამტკიცოს. ხელშეკრულების მიხედვით, გერმანიის მოქალაქეებს, რომლებიც გადასახადების არიდების მიზნით შვეიცარიულ ბანკებში დიდი ოდენობის თანხებს ინახავენ, ამნისტია და ანონიმურობა გარანტირებული ექნებათ. საპასუხოდ, შვეიცარიის ბანკები ვალდებულებას იღებენ, რომ მათთან დამალული კაპიტალი 25%25-ით დაბეგრონ, რასაც გერმანიის ბიუჯეტში გადარიცხავენ.
შეთანხმების პროექტი ასევე ითვალისწინებს გარანტიებს გერმანელი საგადასახადო ინსპექტორებისთვის. ისინი ეკონომიკური შპიონაჟისა და საბანკო საიდუმლოების გამჟღავნების ბრალდებებისგან არიან დაცულნი.
ამასთან დაკავშირებით, გერმანიის ფინანსთა მინისტრის ვოლფგანგ შოიბლეს პრესმდივანმა განაცხადა, რომ საგადასახადო შეთანხმების დროულად დამტკიცების შემთხვევაში, შვეიცარიაში ძებნილი გერმანელი ჩინოვნიკების საკითხი გადაწყდება.
კანონპროექტს ოპოზიციური ძალები აკრიტიკებენ. საკანონმდებლო ორგანოს ზედა პალატაში მმართველ კოალიციას უმრავლესობა აღარ აქვს, ამდენად, ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე ბუნდესრატში კანონის მიღება გაჭირდება. სოციალ-დემოკრატები და მწვანეები მიიჩნევენ, რომ ქვეყნებს შორის საგადასახადო შეთანხმება მეტისმეტად ლიბერალურია, რადგან ის გადასახადებისგან თავის ამრიდებლებს სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან ათავისუფლებს.
სოციალ-დემოკრატებს მიაჩნიათ, რომ იმ სამ ჩინოვნიკს, რომლებსაც ეკონომიკურ შპიონაჟში ედებათ ბრალი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისთვის გაწეული სამსახურისთვის ღირსების ორდენი ეკუთვნის.
![]() |
17 სტრასბურგის სასამართლომ რუსეთი დაადანაშაულა |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო
ლარა ჯამარაული
ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, კატინის საქმეში რუსეთმა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია დაარღვია, როცა გამოძიებისთვის საჭირო დოკუმენტების წარდგენაზე უარი განაცხადა. ასევე, მოსკოვის პასუხი ტრაგედიის მსხვერპლთა ნათესავების მცდელობებზე, გაერკვიათ სიმართლე, სასამართლომ არაადამიანურ მოპყრობად შეაფასა.
ევროპული სასამართლოს თქმით, მოსკოვმა საქმესთან დაკავშირებით გარკვეული მასალები გაავრცელა, თუმცა ძირითადი ნაწილი პოლონური მხარისთვის კვლავ მიუწვდომელია.
რუსეთის წინააღმდეგ სარჩელით ევროპულ სასამართლოს თხუთმეტმა პოლონელმა მიმართა. ისინი მოსკოვს გამოძიების სათანადოდ ჩაუტარებლობაში სდებდნენ ბრალს და მოითხოვდნენ, რომ დადგინდეს - ვინ არის პასუხისმგებელი 1940 წელს კატინის ტყეში 22 ათასი პოლონელის დახოცვაზე.
სასამართლოს თქმით, მოსარჩელეები ორმაგად არიან დაზარალებულები. მათ დაკარგეს ნათესავები, რომელთა გარდაცვალების შესახებ სიმართლე 70 წლის შემდეგაც უცნობია. სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთს დაზარალებულებისთვის ზიანის ანაზღაურება არ დაეკისრა, თუმცა მოსარჩელეების მიერ გაწეული ხარჯების დაფარვა მოუწევს.
სასამართლოს, ისევე როგორც პოლონურ მხარეს, მიაჩნია, რომ კატინში მომხდარი წარმოადგენს ომის დანაშაულს, თუმცა რუსეთს გამოძიების გაგრძელებას ვერ აიძულებს.
აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რეფორმირება განსჯის ხშირი საგანია. ბრიტანეთის ინიციატივით, მას ძალაუფლება უნდა შეუმცირდეს, რის ხარჯზეც შიდა სასამართლოების როლი გაიზრდება.
ათწლეულების განმავლობაში კატინის ტრაგედია რუსეთ-პოლონეთის ურთიერთობებში ყველაზე მტკივნეულ საკითხს წარმოადგენს. 2010 წელს რუსეთის პარლამენტში პირველად აღიარეს, რომ მასობრივი მკვლელობის ბრძანება სტალინმა გასცა - მანამდე, საბჭოთა მთავრობა კატინში მომხდარს ნაცისტებს აბრალებდა.
1990 წელს რუსეთმა მასობრივი მკვლელობების გამოძიება დაიწყო და 2004 წელს შეწყვიტა. მოსკოვი ევროპულ სასამართლოს, ისევე როგორც გარდაცვლილების ნათესავებს, არგუმენტაციაზე უარს ეუბნება.
რუსეთის იუსტიციის მინისტრმა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე კომენტარისაგან თავი შეიკავა და განმარტა, რომ კატინის საქმის გამოძიება შიდა კანონმდებლობის შესაბამისად შეწყდა.
პოლონეთის მთავრობამ კი განაცხადა, რომ ეს მოსკოვის მხრიდან საერთაშორისო სამართლის იგნორირების პირველი შემთხვევა არ არის.
ევროპული სასამართლოს თქმით, რუსეთს არ სურს კატინის მასობრივი მკვლელობის ფაქტად აღიარება და მომხდარის „გაურკვეველი ვითარებებით“ შენიღბვას ცდილობს.
რუსეთის დუმის ყოფილ საბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობებზე პასუხისმგებელი კომიტეტის თავმჯდომარის, ლეონიდ სლუცკის შეფასებით, ევროპულმა სასამართლომ ამ გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა პოლონელები. თან ისე, რომ რუსეთის უკმაყოფილება არ გამოეწვია.
კატინის ტრაგედიას პოლონეთის ისტორიის კიდევ ერთი სამწუხარო მოვლენა უკავშირდება - 2010 წელს პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი და 95 მგზავრი რუსეთის დასავლეთში ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპნენ. ისინი კატინში მიდიოდნენ ტრაგედიის 70 წლისთავისთვის პატივის მისაგებად.
ლავრენტი ბერიამ, 1940 წლის 5 მარტს, პოლონეთის ოფიცერთა კორპუსის ყველა წევრის ლიკვიდაციის შესახებ წინადადება ოფიციალური დოკუმენტის სახით წარმოადგინა, რასაც საბჭოთა პოლიტბიურომ, იოსებ სტალინის მეთაურობით, ხელი მოაწერა. შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატმა ბრძანება 1940 წლის აპრილსა და მაისში აღასრულა. მსხვერპლთა რაოდენობამ 22 ათასს მიაღწია. პოლონელი ოფიცრები და ინტელექტუალები კატინის ტყეში, ასევე კალინინისა და ხარკოვის ციხეებში დახვრიტეს.
![]() |
18 მერყევი ეკონომიკა |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო
ბრაზილია
თეონა ტურაშვილი
პრეზიდენტი დილმა რუსეფი ახალი მაგისტრალის მშენებლობაზე
დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს შორის ბრაზილია ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ სახელმწიფოდ მიიჩნევა - მსოფლიო კრიზისის ფონზე, მისი ეკონომიკური მაჩვენებლები არათუ შენარჩუნდა, არამედ, ხშირ შემთხვევაში, გაუმჯობესდა კიდეც. მიუხედავად ამისა, ანალიტიკოსთა ნაწილი ამგვარი ტენდენციის გაგრძელებას ნაკლებად ელის. მათი თქმით, ფუნდამენტური რეფორმების გარეშე ბრაზილია კვლავ პრობლემების წინაშე აღმოჩნდება.
სიდიდით დღეს ბრაზილია მსოფლიოში მეექვსე, ლათინურ ამერიკაში კი პირველი ეკონომიკაა. ამ მაჩვენებლით ის უკვე დიდ ბრიტანეთსაც სჯობნის და თან, რეგიონის მთლიანი მშპ-ის 40%25-ის მფლობელია - მშპ ერთ სულ მოსახლეზე 10 ათას დოლარს უდრის. ამგვარად, ღარიბი და მდიდარი მოქალაქეების შემოსავლებს შორის არსებული ნაპრალი თანდათან მცირდება და ეს საშუალო კლასის მოძლიერებაზე მიუთითებს - მათი რაოდენობა 95 მილიონამდე გაიზარდა.
დღეს ბრაზილია გაეროში მუდმივი წევრობის მიღებას ითხოვს. ასევე სურს, თანაბარი პარტნიორის სტატუსი დაიმკვიდროს ისეთ დიდ მოთამაშესთან ურთიერთობისას, როგორიც აშშ-ია. ამაზე მეტყველებს ბრაზილიის ლიდერის, დილმა რუსეფის ვაშინგტონში ვიზიტი ბარაკ ობამასთან (თვის პირველ ნახევარში). რუსეფმა ამერიკელ კოლეგას, ფაქტობრივად, პირდაპირ უთხრა, რომ უკმაყოფილოა დაბალგანაკვეთიანი მონეტარული პოლიტიკის გამო. ეს სტრატეგია, რომელსაც ამერიკა და ევროპული ქვეყნები დღეს მიმართავენ, ვალუტის მაღალი კურსის პირობებში, ბრაზილიის ექსპორტირებულ საქონელს ნაკლებად კონკურენტულს ხდის.
ეკონომისტების ნაწილი პრობლემას არა გარე ძალების მონეტარულ პოლიტიკაში, არამედ თავად ბრაზილიის ეკონომიკურ თავისებურებაში ხედავს. კერძოდ, ისინი მთავარ გამოწვევად მის რეგულატორულ პოლიტიკას და რეფორმებისადმი ნაკლებ ინტერესს ასახელებენ. როგორც ცნობილია, ბრაზილია ეკონომიკაში პროტექციონულ პოლიტიკას ამჯობენებს, ეს კი ვალუტის მაღალ კურსს განაპირობებს და, შედეგად, მსოფლიო ბაზარზე ბრაზილიური პროდუქცია ძვირდება.
მთავრობა ამგვარ პოლიტიკას საკუთარი პროდუქციის დაცვის მიზეზით ამართლებს. თავის დროზე, მაღალი საპროცენტო განაკვეთის გამო, ბრაზილია მიმზიდველი ქვეყანა აღმოჩნდა ინვესტორებისთვის, რამაც ბოლო წლების განმავლობაში კაპიტალის დიდი რაოდენობის შედინებას შეუწყო ხელი. თუმცა ადგილობრივმა პროდუქციამ სათანადო კონკურენციის გაწევა ვერ შეძლო, ხელისუფლებამ კი საკუთარი წარმოების ეფექტურობის გაზრდის ნაცვლად, საგარეო გაცვლით ბაზარზე ჩარევა და უცხოური კაპიტალისთვის გადასახადების გაზრდა ამჯობინა.
ბრაზილიისთვის კიდევ ერთი თავსატეხია ბუნებრივ რესურსებსა (მაგალითად, რკინის მადანი) და მათი ექსპორტიდან შემოსულ თანხებზე მაღალი დამოკიდებულება. შედეგად, დიდია სხვადასხვა პროდუქციაზე მსოფლიო ფასის გავლენა, რაც ეკონომიკის ზრდის ტემპს ხელს უშლის. მართლაც, თუ 2010 წელს ეკონომიკამ 7,5%25-იანი ნამატი აჩვენა, მომდევნო წლისთვის ეს კოეფიციენტი 2,7%25-მდე დავიდა. ეკონომისტთა ნაწილი შიშობს, რომ შესაძლოა ქვეყნის განვითარების ტემპი შენელდეს.
ამ გამოწვევის დასაძლევად ინვესტიციების მოზიდვაა საჭირო, რაც ქვეყნის ეკონომიკას უფრო კონკურენტუნარიანს გახდის. დღეს, მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების ინდექსის მიხედვით, ბრაზილია 183 სახელმწიფოდან 126-ე ადგილზეა. ამ ვითარების გამოსასწორებლად სერიოზული რეფორმებია საჭირო: საგადასახადო სტრუქტურების გამარტივება, დანახარჯების შემცირება, შრომითი რეგულაციების შერბილება. ასევე უმნიშვნელოვანესია განათლების, ჯანდაცვის, ინფრასტრუქტურის განვითარების როლიც. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანას მიღწეული წარმატებების შენარჩუნებაც კი გაუჭირდება.
![]() |
19 ტელეკომუნიკაციები და გლობალური კონკურენტუნარიანობა |
▲ზევით დაბრუნება |
ბიზნესი
ელენე კვანჭილაშვილი
უახლესი საერთაშორისო კვლევებით, 2003 წლიდან მოყოლებული საქართველოში ტელეკომუნიკაციების სექტორი იზრდება და სულ უფრო მეტად პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს, თუმცა ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად ახალი ტექნოლოგიების უფრო აქტიურად დანერგვაა საჭირო. ამ მიზნის მიღწევა ეფექტურად მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ უნივერსიტეტებში მეტი დრო დაეთმობა კვლევას და ახალი ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაცია კერძო სექტორისთვის მისაწვდომი იქნება.
BuddeComm-ის შეფასებით, 2003-2011 წლებში ამ სექტორში ყველაზე მეტად - დაახლოებით 7-ჯერ - გაიზარდა მობილური ტელეფონების მოხმარება, ხოლო დაფარვის ზონამ მთელი საქართველო მოიცვა. ამასთან, მესამე თაობის მობილურ სერვისს მილიონ მომხმარებელზე მეტი გამოუჩნდა.
კონკურენცია გაიზარდა ფიქსირებულ სატელეფონო ბაზარზეც: როგორც კვლევა აღნიშნავს, ამის მთავარი მიზეზი ქვეყანაში სახელმწიფო ოპერატორების - საქართველოს ტელეკომი და საქართველოს ელექტროკავშირი - პრივატიზება იყო. შედეგად, ბოლო შვიდი წლის მანძილზე, საქართველოს ტერიტორიაზე 270-ზე მეტი ლიცენზირებული სერვისპროვაიდერი და ქსელური ოპერატორი გამოჩნდა.
გაუმჯობესდა ინტერნეტის გამოყენებაც - კვლევის შეფასებით, 2010 წლის მდგომარეობით, მოსახლეობის 30%25-ზე ოდნავ მეტს მიუწვდება ხელი ინტერნეტზე. მომხმარებელთა შორის ყველაზე პოპულარულია ფიქსირებული სიჩქარის ინტერნეტი - ამ სერვისით მომხმარებელთა 90%25 სარგებლობს.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მონაცემებით, ინტერნეტს საქართველოში 690 ათასზე, მობილურ ქსელს - 3 მილიონზე, ხოლო ფიქსირებულ ქსელს 1 მილიონზე მეტი აბონენტი ჰყავს.
თანამედროვე სამყაროში ძნელია წარმოიდგინო ადამიანი, რომელსაც მობილური და ინტერნეტი არ სჭირდება. ისინი დიდწილად განსაზღვრავენ ადამიანის კონკურენტუნარიანობას: მობილურის და ინტერნეტის გარეშე დღეს შეუძლებელია ეფექტური კომუნიკაცია გქონდეს სხვებთან, იშოვო მაღალანაზღაურებადი სამუშაო, იყო ყველგან და ყოველთვის ინფორმირებული. რაც უფრო მეტ ადამიანს BuddeComm -ინსტიტუტები. მიუწვდება ხელი კომუნიკაციის ამ საშუალებებზე, მით უფრო ეკონომიკურად აქტიურია საზოგადოება. შესაბამისად, მეტია ქვეყნის შემოსავალი და მაღალია ცხოვრების დონე.
მაღალი ეკონომიკური ზრდისთვის მხოლოდ ერთი, თუნდაც ჯანსაღი ტელეკომუნიკაციების სექტორი, რა თქმა უნდა, არასაკმარისია, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი ის ფაქტორი, რომლის გარეშეც ეკონომიკური ცხოვრება, უბრალოდ, შეუძლებელია. უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად და ქვეყნის კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად კარგად გამართულ ტელეკომუნიკაციებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
საქართველოს გლობალური კონკურენტუნარიანობის შეფასებისას, ქვეყნის ყველაზე სუსტი მხარე ტექნოლოგიური მზაობა და ინოვაციაა. ამ კომპონენტების მიხედვით, ჩვენ ყველა უშუალო მეზობელს - სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი და თურქეთი - ჩამოვრჩებით.
გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის მიხედვით, რომელსაც მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი ორ წელიწადში ერთხელ აქვეყნებს, საქართველო (მსოფლიოს 143 ქვეყანას შორის) ფიქსირებული სატელეფონო ხაზების მიხედვით - 85-ე, მობილური ქსელებით - 104-ე, ფიქსირებული სიჩქარის ინტერნეტის გამოყენებით - 72-ე, ხოლო ინტერნეტტრეფიკის მიხედვით - 62-ე ადგილზეა. ამასთან, მდგომარეობა გაცილებით უკეთესია იქ, სადაც კომპიუტერებით და ინტერნეტით აღჭურვა მთავრობამ თავის თავზე აიღო. კერძოდ, საჯარო სკოლებში ინტერნეტის ხარისხის მიხედვით, საქართველო 67-ე ადგილზეა.
კვლევაში ნათლად ჩანს, რომ მთავრობა უფრო ცდილობს დანერგოს თანამედროვე ტექნოლოგიები თავის უწყებებში (76-ე ადგილი), ვიდრე უნივერსიტეტები (126-ე ადგილი) და კერძო კომპანიები (124-ე ადგილი). უნივერსიტეტების და კერძო კომპანიების დაბალი ტექნოლოგიური განვითარება ურთიერთგადაჯაჭვულია. კვლევა აჩვენებს, რომ რადგან ქვეყანაში მეცნიერების და კვლევის განვითარების დონე დაბალია (მე-100 ადგილი) და ცოტა ტრენინგცენტრი არსებობს (115-ე ადგილი), კომპანიებს მეტი დრო სჭირდებათ ახალი ტექნოლოგიების მოსაძებნად, დასანერგად და ასათვისებლად (115-ე ადგილი). ყოველივე ეს, თავის მხრივ, ინოვაციის შესაძლებლობას აფერხებს (103-ე ადგილი).
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის და BuddeComm-ის შეფასებით, ტელეკომუნიკაციების სექტორის განვითარება ხელს შეუწყობს საქართველოს ტექნოლოგიურ მზაობას და ინოვაციას, რითიც ქვეყანას მსოფლიო ბაზარზე უფრო კონკურენტულს გახდის.
BuddeComm - კვლევისა და კონსულტაციის კომპანია. ორიენტირებულია ტელეკომუნიკაციების ბაზრის და ეკონომიკაში მისი როლის შესწავლაზე. ის მსოფლიოს 190 ქვეყანაში 500 კომპანიას უწევს კონსულტაციას. ყოველწლიურად აქვეყნებს 100-მდე პუბლიკაციას. კომპანიის უმსხვილესი მომხმარებლები არიან აშშ-ის, კანადის, ბრიტანეთის, ნიდერლანდების, ავსტრალიის, ახალი ზელანდიის, სამხრეთ კორეის, სინგაპურის, იაპონიის, ტანზანიის და ნიგერიის მთავრობები. ასევე, მსოფლიოს წამყვანი სატელეკომუნიკაციო და IT კომპანიები და ფინანსური ინსტიტუტები.
კონკურენტუნარიანობის 12 კომპონენტი
წყარო:World Economic Forum.The Global Competitiveness Report 2011-2012
![]() |
20 SamSung galaxy Tab 2 უფრო იაფი, ვიდრე სხვები |
▲ზევით დაბრუნება |
ტექნოლოგია
მირიან ტორონჯაძე
2012 წლის თებერვლის ბოლოს ბარსელონაში გამართულ მობილური მოწყობილობების მსოფლიო კონგრესზე Samsung-მა Galaxy Tab 2 წარმოადგინა. ერთი თვის თავზე კი განაცხადა, რომ სიახლე გასაყიდადაც მალე გამოჩნდება. Galaxy Tab 2-ის ოფიციალური გაშვება ბაზარზე 11 აპრილს შედგა, თუმცა, ჯერჯერობით, მხოლოდ ამერიკის მასშტაბით.
როგორც ცნობილი გახდა, ეს მოწყობილობა (ტაბლეტური კომპიუტერისა და ტელეფონის ნაზავი), ისევე როგორც მისი პირველი ვერსია, ორნაირი კომპლექტაციით გამოვა: 7-დუიმიანი (17.8 სმ) და 10.1-დუიმიანი (25 სმ) ეკრანით. ხოლო მისი ფუნქციონალი ოდნავ განსხვავებული იქნება პირველი თაობის Galaxy Tab-ისგან. 7-დუიმიანის ფასი 250 დოლარს შეადგენს და შეკვეთაც უკვე 12 აპრილიდანაა შესაძლებელი. 10.1-დუიმიანი 400 დოლარი ეღირება, წინასწარი შეკვეთა კი 2 მაისს დაიწყება.
ვინაიდან Samsyng Galaxy Tab 2 (7-დუიმიანი) ანდროიდმოწყობილობაა, მისი შედარება ყველაზე ლოგიკურია Amazon Kindle Fire-სა და Barnes&Noble Nook Tablet-თან, რომლებიც ანალოგიურ სისტემაზე მუშაობენ. ამ უკანასკნელის ფასიც 250 დოლარია, ამაზონის ტაბლეტი კი 199 დოლარი ღირს. ამ სამ ტაბლეტს ბევრი საერთო აქვთ: ერთნაირი ზომის ეკრანი, შიდა მეხსიერება, რომელიც 8 GB-ის ტოლია და ეკრანის გაფართოება 1024×600 პიქსელი. მაგრამ, კონკურენტებისგან განსხვავებით, Galaxy Tab 2-ს ინფრაწითელი პორტიც აქვს, რომლის გამოყენებითაც ტაბლეტი დისტანციური მართვის პულტად იქცევა - ამ ფუნქციის დახმარებით შესაძლებელია ტელევიზორის და სხვა დისტანციურად მართვადი მოწყობილობების კონტროლი.
გარდა ამისა, Galaxy-ს განსხვავებული ოპერაციული სისტემაც აქვს, Android 4.0 Ice Cream Sandwich. ეს მაშინ, როცა მის ორ კონკურენტზე Gingerbread-ის ბაზაზე აწყობილი საკუთარი სისტემები აყენია, რაც, ხშირ შემთხვევაში, მომხმარებელს პრობლემებს უქმნის. ეს პრობლემები კარგად იქნება ცნობილი მათი ქართველი მფლობელებისთვის, რადგან ზემოხსენებული სისტემა არცთუ ისე ადვილად ლოკალიზდება, თუნდაც ქართულად.
ტაბლეტის უფრო დიდი, 10.1-დუიმიანი ვერსია განსაკუთრებით მიმზიდველი, ალბათ, ფასით იქნება. სხვა განსაკუთრებული რამ, გარდა 16 GB ჩაშენებული მეხსიერებისა და გარე, microSD ბარათების წაკითხვის უნარისა, მას არ გააჩნია. მეტიც, წინამორბედებისაგან განსხვავებით, რომლებიც 1.2-გიგაჰერციანი პროცესორებითაა აღჭურვილი, Galaxy Tab 2-ები მხოლოდ 1 გიგაჰერცით უნდა დაკმაყოფილდნენ. ეს, ცხადია, მათ წარმადობაზე უარყოფითად აისახება. გაუმჯობესება დიდად არც გარეგნულ მხარეს ეტყობა. მეორე თაობის ტაბლეტები ისეთივე ზომის და წონისაა, როგორიც 2011 წელს გამოშვებული Galaxy Tab-ები.
ამის გათვალისწინებით Samsung-ი შეეცადა ახალი შეთავაზება ოდნავ მაინც მიმზიდველი გაეხადა და აქცენტი პროგრამულ ნაწილზე გააკეთა. გარდა ანდროიდის ოპერაციული სისტემისა, რომელიც მართლაც შესანიშნავია, ახალ ტაბლეტებს რამდენიმე მცირედი, შეიძლება ითქვას, წამახალისებელი პროგრამაც მოჰყვება. მაგალითად, ფაილების გაზიარების ცნობილი სისტემის, Dropbox-ის ერთწლიანი გამოწერა, 50 GB ადგილით ვირტუალურ სერვერებზე და ინფრაწითელი პორტის სამართავი პროგრამა, რომელიც თქვენს რამდენიმე ასეულდოლარიან ტაბლეტს ტელევიზორის პულტად აქცევს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ Galaxy Tab 2-ები Wi-fi სისტემითაცაა აღჭურვილი, თუმცა ამით დღეს ძნელად თუ გააოცებ ვინმეს. სწორედ ამ უსადენო ინტერნეტის ფუნქციის დახმარებითაა შესაძლებელი ტაბლეტის Samsung-ის ზოგიერთ, ახალი თაობის ტელევიზორთან სინქრონიზება და ტელეგამოსახულების Tab-ში მიღება.
საბოლოო ჯამში, Samsung-ის ეს მცდელობა, დაამხოს Apple-ის ჰეგემონია ტაბლეტური კომპიუტერების ბაზარზე, დასაფასებელია. რამდენად გაამართლებს ორი ახალი მოწყობილობა მწარმოებლის იმედებს, ამას უახლოესი მომავალი და ტაბლეტების გაყიდვების დინამიკა გვაჩვენებს.
![]() |
21 სააღდგომო წერილი, სააღდგომო წერილი |
▲ზევით დაბრუნება |
არქივი
ილია ჭავჭავაძე - მწერალი, პოეტი, „საზოგადო მოღვაწე“, ბანკირი, პოლიტიკოსი, განმანათლებელი, რეფორმატორი - ამ ადამიანის შესახებ თითოეულ ეპითეტს ხშირად გაიგებთ. ჩემი აზრით, ილია პირველ რიგში დიდი ქრისტიანი იყო, ფართო გაგებისა და ღირებულებების. მისი თითოეული მოსაზრება გაჟღენთილია დიდი ჰუმანურობით, სიყვარულითა და პატივისცემით ადამიანის სინდისისა და უფლებებისადმი.
დეკანოზი ირაკლი ელიაშვილი
ილია ჭავჭავაძე
ტფილისი, 4 აპრილი
„ჩვენ გვესმის და ადვილად გამოსაცნობიც არის, რისთვის გვიხარიან იესო ქრისტეს შობის დღე, გვესმის ეს დიდი დღე რისთვის არის დიდი, რისთვის არის ყოველწლივ სიხარულით და მილოცვით მისაგებელი, რისთვის არის სადღესასწაულო დიდისა და პატარისათვის. ამ დღით დაიბადა სიკვდილითა სიკვდილის დამთრგუნველი და ცხოვრების მომნიჭებელი მაცხოვარი ქვეყნისა, ღმერთი ყოვლად მოწყალებისა და ყოვლად მხსნელის სიყვარულისა. ღმერთი ნუგეშისმცემელი უძლუროსა და უღონოსი, დავრდომილთა აღმადგენელი, სნეულთა მაურვებელი, ცოდვილთა შემწყნარებელი, მაშვრალთა და ტვირთმძიმეთა მეოხ-პატრონი და მწყალობელი. მან აღამაღლა ღირსება და პატივი ადამიანისა იქამდე, სადამდინაც მისდა მოსვლამდე ვერ მიმწვდარიყო ადამიანის შეშინებული გონება და გაუღვიძებელი გრძნობა. „ვით მამა ზეცის იყავ შენც სრულიო“, უმოძღვრა კაცს და ამით გვამცნო, რომ კაცი შემძლებელ არის აღსლვად ღვთაების სისრულემდე. რაოდენი დიდებაა და პატივი კაცის ბუნებისა ამ ექვს სიტყვაში, ღვთისა ბაგეთაგან წარმოთქმულში!.. იღვაწე და ღვთის სისრულემდე შენც შეგიძლია ახვიდე და მიახწიოო. ესოდენი განდიდება და აღმატება ადამიანის ღირსებისა ჯერ მინამდე არა ადამიანს არ გაეგონა და საკვირველია განა, რომ ყოველ ამის შემდგ ყოველწლივ იესო ქრისტეს შობის დღეს დიდებით ვადიდებთ, ერთმანეთს სიხარულით ვულოცავთ, ვმხიარულობთ და თვითოეულის გული მოწყალებისათვის და მადლისათვის სძგერს“.
ქრისტე აღზდგა! აღზდგა მაცხოვარი კაცობრიობისა! მთელის ქვეყნის ქრისტიანობა ჰგალობს დიდებულს საგალობელს ქრისტეს აღზდეგისას. დიდი და პატარა სიხარულით ჰღაღადებს: „ქრისტე აღზდგა მკვდრეთით, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მომნიჭებელი“. ქრისტიანობამ იცის - რისთვის აქებს და ადიდებს ამ დღეს: მკვდრეთით აღზდგა ქრისტე და აღადგინა თვისი კაცთა მხსნელი მოძღვრება, თვისი ახალი ცხოვრების მომნიჭებელი აღთქმა.
რით მოგვანიჭა ცხოვრება მკვდრეთით აღდგომილმა ღმერთმა, ქვეყანაზედ მოვლინებულმა, ვითარცა ჭეშმარიტი ძე კაცისა? ძველის მოძღვრებისაგან განდიდებულს, გაპატიებულს ხორცს, რომელსაც მარტო „კბილი კბილისა წილ ჰშიოდა და თვალი თვალისა წილ“, მოკვდინებული ჰყვანდა სული, რომელიც მარტო ყოვლად მხსნელის სიყვარულის სხივითა ჰნათობს, ჰთბება, ჰყვავის, სცოცხლობს და სულდგმულობს. აი ეს მკვდარი სული აღზდგა მკვდრეთით ქრისტეს აღდგომითა. რა საცხოვარი ძალი იყო ესოდენ ძლიერი, რომ მკვდარი სული მკვდრეთით აღადგინა? ეს იყო და არის მარტო ერთი მცნება, რომელიც ფესვად გაედგა, საძირკვლად დაედვა მთელს მშვენიერს, დიდებულს, მართლადა ცხოვრების მომნიჭებელს მოძღვრებას ქრისტესას: „გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“.
აი, მხსნელი კაცობრიობისა! აი, მაცხოვარი!.. ამას გარედ ადამიანს შველა არა აქვს, თუ უნდა, რომ კაცად, ღვთის სახედ და მსგავსებად დარჩეს. ამ ყოვლად მაცხოვარს, ყოვლად მხსნელს ფესვზედ ამოვიდა, გაიშალა, გადაჰფინა შტოები, აყვავდა მთელი იგი დიადი ხე ახალის ცხოვრებისა, რომელსაც ახალი აღთქმა, ქრისტიანობა ჰქვიან და რომელსაც ეს მცნება, როგორც მზე, ანათებს და ათბობს. ამ მცნებამ გააპო კაცობრიობის ცხოვრება ორ დიდ ნაწილად და შუა გაუტარა დიდი კვალი სამზღვრადა. კვალს იქით დარჩა მოძღვრება შურისძიებისა, სამაგიეროს გადახდისა, ჯავრისა და მრისხანებისა, და კვალს აქედ - მოძღვრება ურთიერთობისა, ურთიერთის სიყვარულისა, შენდობისა, მიტევებისა, მშვიდობისა, შეწყნარებისა. იქ რისხვა და მსჯავრია, აქ მშვიდობის ყოფა და მიტევება!
„არა კაც კლა, არა იმრუშო, არა იპარო, და არა ცილი სწამო, არა გული გითქმიდეს არარაზედ, რაიც იყოს მოყვასისა შენისა“, - ამბობდა ძველი მოძღვრება ძველის ცხოვრებისა. რა არის ეს - ნუ მოჰკლავ, ნუ მოიპარავ, ნუ იმრუშებ, ნუ ცილს სწამებ, ნუ შეიშურვებ? ეს ის არის, რომ ნუ იქმ ბოროტსაო. მოვიდა ახალი აღთქმა, ახალი მოძღვრება ახალის ცხოვრებისა და გვეუბნევა: არამც თუ ნუ იქმ ბოროტსა, ჰქმენ კეთილიო. ნუ იქმ ბოროტსა მცნებაა ძველისა, ჰქმენ კეთილი, მცნებაა ახალისა და ამით განირჩევა ძველი აღთქმა ახალისაგან. დიდი მანძილია ბოროტის არაქმნისა და კეთილის ქმნის შორის. ერთმანეთს არასფერში არა ჰგვანან. ბოროტის არაქმნა იგია, რომ არ მიაყენო ვნება მოყვასსა, კეთილის ქმნა იგია, რომ სიკეთე მიანიჭო, სიკეთე უყო. საკმაო არ არის, რომ კაცი არ მოჰკლა, უნდა აცოცხლო კიდეც; საკმაო არ არის არა გამოსწირო რა, უნდა შესძინო კიდეც; საკმაო არ არის არა ცილი სწამო, უნდა მართალს მიუწყავდე კიდეც; საკმაო არ არის არა გული გითქმიდეს მოძმის კეთილისათვის, უნდა გიხაროდეს, მხიარულობდე კიდეც, უნდა შველოდე, ხელს უწყობდე; საკმაო არ არის არა გძულდეს მოძმე, უნდა გიყვარდეს კიდეც, საკმაო არ არის არყოფა ბოროტისა, უნდა კეთილის ყოფა; საკმაო არ არის ბოროტისათვის ხელ-ფეხი შეიკრა, უნდა სიკეთისათვის ხელი, ფეხი გაშალო, ამოქმედო.
ძველი აღთქმა ხორცის უვნებლობისათვის ფარი იყო, ახალი აღთქმა სულის აღდგომისათვის საცხოვარი ღონეა. ამიტომაც იქ კბილი კბილის წილ არის და თვალი თვალის წილ, ესე იგი ხორცი ხორცის წილ, აქ კი სიყვარული, შენდობა და მიტევება. ესე იგი, სულის დადება მოყვასისათვის. დიდმა მოძღვრებამ ყოვლად მაცხოვარ სიყვარულისამ გაჰფანტა ბნელი, გაადნო ყინული ძველის უწყალობისა და მოავლინა იგი ნათელი და სითბო წყალობისა, ურომლისოდაც ქვეყნიერობაზედ არაფერი არა ჰხეირობს, არაფერი არ მოდის, არ იზრდება, არა ჰყვავის, არა სცხოვრობს. გაიყარა ძველი და ახალი, ბნელი და ნათელი, სიკვდილი და სიცოცხლე და მოგვენიჭა ცხოვრება, იმიტომ - რომ მკვდარ იყო სული ჩვენი და ქრისტემ აღადგინა მკვდრეთით.
აბა დაუკვირდით თვითონ ჟამს ქრისტეს აღზდეგის დღესასწაულისას, და საოცრად განსურათებულია ეს ძველისა და ახლის, სიკვდილისა და სიცოცხლის, ბნელისა და ნათელის ერთმანეთისაგან გაყრა. თითქო იგავია, თითქო განგებ არის ასე მომხდარი, რომ თვალითაც დავინახოთ ის, რასაც გულითა ვგრძნობთ, გონებითა ვხედავთ.როდის მოდის დღესასწაული ქრისტეს აღზდეგისა? თითქმის პირველ ხანს გაზაფხულისას, ესე იგი, მაშინ, როცა ზამთრისაგან გაყინული, სუდარა-მოსილი, განძრცვნილი, უმწვანო, უყვავილო, უსიხარულო, უსიცოცხლო ბუნება სიცოცხლისათვის თვალს ახელს, იღვიძებს ხელახლად ამწვანებისათვის, აყვავებისათვის, ახალის ცხოვრებისათვის. თუ ზამთრისაგან კვდება ბუნება, გაზაფხულისაგან მკვდრეთით აღზდგება ხოლმე. იქ მიძინებული სიკვდილია ძველისა, აქ მკვდრეთით აღდგომილი, ახლად გამოღვიძებული სიცოცხლეა. თუ ზამთარი სიბერეა, მიძინებისა, სიკვდილისა, გაზაფხული სახეა ახლობისა, აღდგომისა, სიცოცხლისა.
არამც თუ დრო წლისა, არამედ საათიც კი დღისა, როცა პირველად აღმოვიტყვით ხოლმე „ქრისტე აღზდგაო“. - ეს საათიც კი გვაშინებს, რის მომასწავებელია აღდგომა ქრისტესი: აღზდგა ქრისტე და ბნელი უნდა განშორდეს ნათელსა, ნათელმა უნდა იმეფოს, იხელმწიფოს. ეს ის საათია, როცა ღამე უკუიქცევა თვისის სიბნელითა და მის მაგიერ ცხოველმყოფელი დღე მოდის თვისის სინათლითა. ამოდის თუ არა ცაზედ ალიონი - ეს წინამორბედი განთიადისა და მტრედისფრად გარიჟრაჟდება გუმბათი ცისა, ზარი დღესასწაულისა გვიწვევს სადიდებლად და საგალობელად ქრისტეს აღზდეგისათვის, თითქო გვეუბნებოდეს: აღზდეგით ძილისაგან, მიდის ბნელი და მოვალს ნათელი. იხილეთ და გაიხარეთ! ეს ის საათია, როცა ღამის სიბნელე უთმობს ადგილს დღის სინათლესა, როგორც ძველის ცხოვრების ბნელმა დაუთმო ადგილი ახალის ნათელსა.
ცხოვრების მომნიჭებელ ქრისტეს აღზდეგის დღესასწაულს უკეთესი დრო ვერ შეერჩეოდა, თუ არა განთიადი გაზაფხულისა, ესე იგი, ის ხანი და საათი, როცა ცხოველმყოფელი სითბო სცვლის სიცივეს, ნათელი ბნელსა და მთელს ბუნებას აღიმილებს საცხოვარი ძალი ახლად აღორძინებისა, ახლად გაშლისა, ახლად აყვავებისა, ახლად ცხოვრებისა... მოძღვრება ქრისტესი იგივე განთიადი იყო, იგივე გაზაფხული კაცობრიობის ცხოვრებისათვის!
![]() |
22 დიდი ომის დიდი ფეხბურთი |
▲ზევით დაბრუნება |
სპორტი|ფეხბურთი
გიორგი ფირცხელანი
გავრილო პრინციპმა სარაევოში კაცი მოკლა. შემთხვევიდან ზუსტად ორ თვეში, კუნძულზე რაგბისა და კრიკეტის თამაში შეწყვიტეს. ბრიტანეთი პირველ მსოფლიო ომში ჩაება.
ამ ომის დაწყებისას, საფეხბურთო ლიგებში რეგისტრირებული იყო დაახლოებით 5000 პროფესიონალი ფეხბურთელი. თავდაპირველად, მოთამაშე იმ შემთხვევაში წავიდოდა საომრად, თუ კლუბი ფეხბურთელთან დადებულ პროფესიულ კონტრაქტს გააუქმებდა. მიუხედავად ამისა, დასავლეთის ფრონტზე გერმანიის იმპერიას 2000 პროფესიონალი აღუდგა წინ.
არტურ კონან დოილმა ფეხბურთელებს სიტყვით მიმართა: „აქ იყო თამაშის დრო, აქ იყო სამუშაო დრო და აქ იყო ცხოვრების დრო. აქ იყო ყველაფრის დრო, მაგრამ დღეს არის მხოლოდ ერთი საქმის დრო და ეს საქმე არის ომი“. ფეხბურთმა რაგბისა და კრიკეტის ბედი გაიზიარა.
1914-15 წლების სეზონი, ძლიერი პროპაგანდის და ზეწოლის მიუხედავად, მაინც ჩატარდა. ბოლო მატჩი, რომელიც საფეხბურთო ლიგის ეგიდით გაიმართა, იყო 1915 წლის ასოციაციის თასის ფინალი, იგივე „ხაკისფერი ფინალი“. ოლდ ტრაფორდზე შეკრებილ გულშემატკივართა უმეტესობას, სწორედ ხაკისფერი სამხედრო ფორმა ეცვა. ფინალში, შეფილდ იუნაიტედმა ჩელსი დაამარცხა. მატჩის ბოლოს, დერბის ლორდი ედვარდ სტენლი საომარ აგიტაციას შეუდგა: „ჩვენ უნდა შევიკრიბოთ და ვითამაშოთ ინგლისისთვის უფრო მნიშვნელოვანი თამაში“.
ჩამოყალიბდა საფეხბურთო ბატალიონი, რომელსაც ცნობილი ფეხბურთელი ფრენკ ბაქლი მეთაურობდა. ბატალიონში დაახლოებით 600 კაცი ირიცხებოდა, რომლებიც მონაწილეობდნენ სომის იერიშში (ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი ბრძოლა პირველ მსოფლიო ომში, სადაც მილიონამდე კაცი დაიღუპა). 500 ფეხბურთელი სწორედ მდინარე სომის ნაპირებზე დაეცა.
პირველ მსოფლიო ომს, პირველებიც ბევრი ჰყავდა. ტოტენჰემის და ნორთჰემპტონის ფეხბურთელი უოლტერ ტული გახდა ბრიტანეთის არმიის პირველი აფროამერიკელი ოფიცერი, დონალდ ბელი - ფრონტზე მყოფი პირველი პროფესიონალი ფეხბურთელი, სელტიკელი უილი ანგუსი კი პირველი მოთამაშე, რომელმაც ვიქტორიას ჯვარი მიიღო.
ხაკისფერი ფინალი, 1915
სქოთური ჰართსი სრული შემადგენლობით ჩაეწერა არმიაში და ედინბურგის ტაინკასელ სტედიუმიდან, პირდაპირ ფრონტის ხაზზე გადაინაცვლა.
ტედ დრეიკი სამხედროებს პენალტის დარტყმას ასწავლის
ბელგიაში, პაშენდეილთან ბრძოლაში დაიღუპა მაშინდელი საფეხბურთო ლიგის ვარსკვლავი და ინგლისის ნაკრების წევრი ედვინ ლატერონი. საფრანგეთში, არასის კამპანიაში, მოკლეს მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდა სენდი ტურნბული. ნორმანდიაში დაღუპულ ფეხბურთელთა უმეტესობა, ბელგიის ქალაქ იპრშია დაკრძალული. თითქმის ყოველ წელს, ბელგიაში მცხოვრები ბლექბერნ როვერსის გულშემატკივრები, იპრში იკრიბებიან, რათა პატივი მიაგონ ედვინ ლატერონის ხსოვნას.
მეტ ბასბი (შუაში)
პელე - კადრი ფილმიდან „გამარჯვება“
დიდი ომი 1919 წელს, ვერსალის ზავით დასრულდა.
საფეხბურთო ლიგა 4-წლიანი პაუზის შემდეგ განაახლეს. ფეხბურთი საკმაოდ მალე დაუბრუნდა ჩვეულ რიტმს. ჰერბერტ ჩეპმენმა ინგლისელებს ახლებურად თამაში ასწავლა და ბრიტანელი საფეხბურთო მისიონერები მთელ მსოფლიოს მოედვნენ. BBC-მ პირველი საფეხბურთო რადიორეპორტაჟი 1927 წელს გაუშვა: არსენალი ხვდებოდა შეფილდ იუნაიტედს. დაიხვეწა წესები, განახლდა ინფრასტრუქტურა. გრენლანდიიდან პატაგონიამდე ბურთს უკვე ყველა აგორებდა.
მაგრამ 1930-იან წლებში ევროპაში არსებულმა პოლიტიკურმა ვითარებამ ფეხბურთზეც იმოქმედა: 1934 წლის კომიკური მსაჯობის მქონე მსოფლიო ჩემპიონატი; ავსტრიის ანშლუსის შედეგად გაუქმებული “ვუნდერტიმი”; 1938 წლის ყველასგან იგნორირებული საფრანგეთის მუნდიალი და რაიხის საკონცენტრაციო ბანაკებში გამომწყვდეული ასობით ჩეხი, უნგრელი და პოლონელი მოთამაშე...
დაიწყო მეორე მსოფლიო ომი... მოხეტიალე ფეხბურთელების, დაბომბილი მოედნების და ამხანაგური მატჩების ერა. ბრიტანეთის მთავრობამ საფეხბურთო ლიგა 7 ნაწილად დაჰყო. ახალი წესის თანახმად, კლუბს გასვლითი მატჩი მაქსიმუმ 15 კილომეტრის რადიუსში უნდა ეთამაშა. მოედნების უმეტესობა სამხედრო ბაზად იყო ქცეული. იქ იდგა ჰაერსაწინააღმდეგო დანადგარები, რომლებსაც ხშირ შემთხვევაში ფეხბურთელები მეთვალყურეობდნენ. მაგალითად, ჰაიბერის ბაზას არსენალის ლეგენდა კლიფ ბასტინი მართავდა.
საფეხბურთო ლიგიდან, მეორე მსოფლიო ომში, 783 ფეხბურთელი იბრძოდა. 91 მოთამაშე ვულვერჰემტპონიდან, 76 ლივერპულიდან, 65 ჰადერსფილდიდან, 55 პრესტონიდან, 44 ჩელსიდან, 41 ვესტ ჰემიდან და ასე შემდეგ. დაახლოებით სამი ამდენი იყო დასაქმებული სხვადასხვა სახის სამხედრო და საზოგადოებრივ სამსახურში. აქ იბრძოდა ყველა, ისეთი ლეგენდები და ვარსკვლავებიც კი, როგორებიც იყვნენ ტომ ფინი, მეტ ბასბი, ნეტ ლოფტჰაუსი, ჯო მერსერი, ტედ დრეიკი და ა.შ.
ინგლისური ფეხბურთის ლეგენდა, ტომ ფინი, ჩრდილოეთ აფრიკის კამპანიაში ბერნარდ მონტგომერის მერვე არმიას გაჰყვა. მონტისთან ერთად იბრძოდა ელ-ალამეინის ბრძოლაში (სწორედ ელ-ალამეინთან დაიღუპა დიმიტრი ამილახვარი, საფრანგეთის არმიის ქართველი წევრი), ეგვიპტეში აწყობდა საფეხბურთო მატჩებს. სხვათა შორის, ერთ-ერთ ასეთ შეხვედრაში, ადგილობრივი გუნდის რიგებში, მონაწილეობა მიიღო ახალგაზრდა კინოვარსკვლავმა ომარ შარიფმა.
ბერტ ტრაუტმანი ინგლისელებს ტყვედ ჩაუვარდათ, ფრიც ვალტერი საბჭოელებს. ლუფტვაფეს პილოტი ტრაუტმანი ომის დასრულების შემდეგ კუნძულზე შეიფარეს და დღეს მანჩესტერ სიტის ისტორიაში საუკეთესო და ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ ითვლება. ფრიც ვალტერი გერმანიაში დაბრუნდა და 1954 წლის მსოფლიო ჩემპიონ გერმანიის ნაკრებს უკაპიტნა.
საფეხბურთო ლიგასა თუ ნაკრებში ომის პერიოდში აღნუსხულ სტატისტიკას ფეხბურთის ასოციაცია არ ცნობს. მაგალითად, ნიუკასლის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი 206 გოლით არის ალან შირერი, როდესაც ჯეკი მილბერნს 238 აქვს გატანილი, მაგრამ აქედან 38 - ომის პერიოდში.
ომებმა ზოგს სამშობლო წაართვა, ზოგს სიცოცხლე, ზოგს ღირსება, ზოგს ქალი, ზოგს ფეხი. მაგრამ ფეხბურთის თამაშის სურვილი, ძნელად წასართმევი რამ აღმოჩნდა. ფეხბურთს თამაშობდნენ ყველგან, საკონცენტრაციო ბანაკებში, სამხედრო ბაზებზე, რამდენიმე საათის დაბომბილ ოლდ ტრაფორდზე, ტაილანდის დატბორილ სანგრებში, მიწასთან გასწორებულ კიევში - ვერმახტის წინააღმდეგ და ასე შემდეგ. 1914 წლის შობაზე, ზედ ფრონტის ხაზზეც კი ითამაშეს - უელსური დივიზიის ნაკრები საქსონური ლეგიონის გუნდს დაუპირისპირდა.
მეორე მსოფლიო ომისა და ფეხბურთის თემაზე ჯონ ჰიუსტონმა 1981წელს გადაიღო ფილმი „გამარჯვება“ - მაქს ფონ სუდოვის, მაიკლ კეინის და სილვესტერ სტალონეს მონაწილეობით. ფილმში ასევე თამაშობენ ფეხბურთის ლეგენდები და იმ დროს მოქმედი ფეხბურთელებიც: პელე, ბობი მური, ოსვალდო არდილესი, პოლ ვან ჰიმსტი, მიკ სამერბი, ჯონ უორკი, კაზიმეჟ დეინა და სხვები...
წლის პადი კროსანი ჰართსის ფეხბურთელი იყო. ნორმანდიაში საექსპედიციო არმიას გაჰყვა, ფეხში მძიმედ დაიჭრა და ტყვედ ჩავარდა. კროსანს უთხრეს, რომ ფეხის ამპუტაცია იყო საჭირო, სხვა შემთხვევაში, გადარჩენის შანსები ძალიან მცირდებოდა. კროსანმა გერმანელ ქირურგებს მოკლედ მიუგო: “მე მჭირდება ჩემი ფეხი - მე ფეხბურთელი ვარ”. ფეხი შეუნარჩუნეს, მაგრამ მის ფილტვებში მოხვედრილმა მომწამლავმა აირმა თავისი საქმე გააკეთა.
ბილ შენკლი ნახევარი საუკუნის წინ ამბობდა, რომ ფეხბურთი ბევრად, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სიკვდილ-სიცოცხლის საქმე. ძნელი სათქმელია, ვისთვის როგორ, მაგრამ პადი კროსანისთვის ლეგენდარული მწვრთნელის სიტყვები აბსოლუტურ ჭეშმარიტებას წარმოადგენდა.
![]() |
23 ფეხბურთი, როგორც წიგნი ან პირიქით |
▲ზევით დაბრუნება |
გიორგი კეკელიძე|სვეტი
კალენდარული ფეტიში არ მახასიათებს. არც საქმის დაწყებასა და რაიმე თარიღს გამოვედევნები ხოლმე. თუმცა, ხანდახან თვითონ დაგაძალებს თავს ეს ამბავი. ჰოდა - საქართველოზე და ფეხბურთზე ვწერ. ნააღდგომევი, მიცვალებულთა დღეა - ღვინით სველი საფლავების, ღვინით სავსე სუფრების, ხალვათი ქუჩების და სხვა მისთანანის ჟამი.
ხოლო ამ მხრივ საქმე ასწლეულს თუ ითვლის. ფეხბურთს და წიგნს ვგულისხმობ. საქართველოში ამ თამაშის გასიტყვებას ვგულისხმობ ანუ. დღეს რომ მსოფლიო საგამომცემლო ბაზარზე ერთ-ერთ ხელმოსათბობ საქმედ ქცეულა. ძველი ამბები ნაკლებ თუ გეცოდინებათ. არც დიდი ინტერესი გექნებოდათ და არც არქივებში ქექვის დრო. ამაში მე წაგეხმარებით. ხელი ადვილად მიმიწვდება ბოლო-ბოლო. ცოტა უფრო ახალი, ალბათ წაგიკითხავთ ან მამა-პაპათაგან გსმენიათ. გურამ ფანჯიკიძის ბესტსელერები - „მექსიკა ბურთით და უბურთოდ“, „ფეხბურთის სამშობლოში“, „ფორცა იტალია“, „მარადონა რეი“ და სხვები. ყველა ოჯახში რომ უნდა შემოთაროებულიყო - ისეთი. „ვეფხისტყაოსანთან“, „დედა-ისტორიასა“ და საბჭოთა ენციკლოპედიის ერთი-ორ ტომთან ერთად მაინც. არ იყო ეს მარტო სპორტის სახეობისადმი მოჭარბებული ინტერესის ამბავი. ცალი თვალით, მკითხველი რკინის ფარდის მიღმა გახედვას ლამობდა. დასავლეთის დანახვა უნდოდა. სხვა საქმეა, ტექსტი აძლევდა თუ არა ამის საშუალებას, ან თუ კი - რამდენად ზუსტად. სრულიად გასაგები მიზეზების გამო. თუმცა რაღაცას მაინც შეამჩნევდით. და მართლდებოდა ერთი ქართველი პოეტის გვიანსაბჭოთა ეპიგრამა - „ფეხბურთი მარტო თამაში და მარტო ბურთი როდია“. ზოგადად კი, ჩვენი დაუძლეველი ჟინი (რომლის დაჟინებით დაძლევასაც სამამულო ნაკრები უკვე რა ხანია ცდილობს) ფეხბურთის სიყვარულისა - უფრო სხვა ესეს საქმეა. ამაზეც დავწერ.
ჟურნალი მართვე ფეხბურთზე პუბლიცისტთა შერკინებებსაც კი გვთავაზობდა. ერთი იყო ასეთი - გურამ პეტრიაშვილი და არჩილ გოგელია დავობდნენ (ორი ნაშრომისოდენა სტატიით), შეიძლებოდა თუ არა სტადიონზე ემოციური შეძახილები და გინება, თუ უფრო აკადემიური მოქცევა სჯობდა. რომელმა გაიმარჯვა, თუნდაც ოლდ ტრაფორდის მშფოთვარე არენამ განსაჯოს.
ჟურნალი ლელო სულაც 1934 წელს ჩაისახა, თუმცა მისი ფურცლები, უმეტეს შემთხვევაში, ჩრდილოეთ კორეის დღევანდელ ტელევიზიას ჰგავდა, რომლის ინფორმაციითაც, იქაურებმა ბრაზილიის ნაკრები გააკრეს ბეჭზე და ახლაც ხარობენ. „დათბობის“ მერე კრიტიკაც წამოცდათ, მაგრამ ეს „საწყობის გამგეების“ გაკიცხვის პროპაგანდის ნაწილი იყო - სხვა სიმაღლეებს იშვიათად ეხებოდნენ.
ფეხბურთის შესახებ პირველი წიგნი - „თამაშის თეორია“ - საქართველოში, 1910 წელს გამოვიდა. რუსულად. ქართულ ენაზე ფეხბურთის თამაშის წესები 1925 წლითაა დათარიღებული. მისი გაუმჯობესებული ვერსია, როგორც გარეკანზე აქვს მითითებული - „კომენტარიებით“ და გრომოვის რედაქციით, 1934 წელს გამოსცეს. ამავე წიგნში არის ინგლისური (ან რუსული) ტერმინების გადმოქართულების პირველი სერიოზული მცდელობა. გამხიარულდებით - ზოგიერთს აქ მოგიყვანთ, სტილის დაცვით:
1. გოლკიპერი (გოლერი) - კარგუშაგი ანუ მეკარე
2. ბეკი - მცველი, მომგერებელი (მარჯვენა და მარცხენა)
3. ხავბეკი - ერგმცველი
4. ფორვარდი - მარბი
5. ინსაიდი (მარჯვენა და მარცხენა) - შუამარბი (მოიერიშე ანუ მარბი, რომელიც დგას ცქიტმარბსა და გარემარბს შორის) (მარჯვენა და მარცხენა)
6. გოლი - კარში შეგდებული ბურთი
7. გოლშტანგი - კარის გვერდითი ბოძი, კარის ბჭე
8. აუტი - გარე. ბურთის გასვლა თამაშიდან მოედნის გვერდითი ან პირითი ხაზსაზღვარს იქით
9. კორნერი - ბურთის გასვლა მოედნის პირითი ხაზსაზღვარს იქით იმ გუნდის მოთამაშის ფეხზე ან სხეულის სხვა ნაწილზე გაკარების შემდეგ, რომელსაც ეკუთვნის ეს პირითი ხაზსაზღვარი
10. ოფსაიდი - თამაშგარე
11. პენდელი - თერთმეტმეტრიანი გარტყმა
12. ფოლი - უხეში ილეთი თამაშში, ჯარიმა
13. ხეინსი - ხელი, ბურთის ხელით თამაში განზრახვით
14. ფრიკეტი - ბურთის არასწორი გადმოგდება აუტიდან
15. ობერი - ზეცდენი, ბურთის გადაფრენა კარს ზევით
16. შუტი - ფეხის გარტყმა ბურთისათვის
17. პასსი - ბურთის გადაცემა პარტნიორისთვის
18 ლაიანსმენნი - პირითი ან გვერდითი ხაზსაზღვარზე მდგომი მსაჯი
19 ხავტაიმი - ერგხანი, ათწუთიანი შესვენებით განსაზღვრული თამაში ნახევარი (45 წუთის თამაში)
მსოფლიო ომის შემდეგაც დაახლოებით ასეთი წიგნები იწერებოდა. ცოტა უფრო გვიან გაჩნდა რამდენიმე სენტიმენტალური მოგონება პაიჭაძეზე, ჩოხელზე. უფრო აქეთ - მეტრეველზე, მესხზე. მერე ის ცნობილი გამოცემები, ზევითაც რომ აღვნიშნეთ. მერე დინამოს საგა, თასების თასზე და ეროვნული საფეხბურთო ფოლკლორის დაბადება. ლექსები. სიმღერები. ერთი-ორი პროზაული მცდელობაც. 90-ინების დასაწყისი შესაბამისი დუმილი იყო. ახლა ერთი-ორი კარგი ესეისტი თუ შემოგვრჩა და ამდენივე ჟურნალისტი. არც წიგნები გამოდის. არადა - დიდი მასალაა. არადა - სარბიელის თაობა ამ მხრივ დიდ იმედებს იძლეოდა. თუმცა რატომ წარსულში. ახლაც იძლევა. ფეხბურთს უსათუოდ უხდება სიტყვა. მეტიც - უსიტყვო ფეხბურთი ფერმკრთალია. მიცვალებულთა დღესავით.
![]() |
24 ჩაის მაგიდა, 6 საბურავი და ზღვის ლომი |
▲ზევით დაბრუნება |
სპორტი
ლაშა გოდუაძე
წინა ნომერში ფორმულა 1-ის ისტორიაში 5 საუკეთესო ბოლიდი გაგაცანით, დღეს კი ფორმულა 1-ის 5 ყველაზე უსახურ მოდელს წარმოგიდგენთ.
მარჩ 711: 1971
ფორმულა 1-ში ეს გუნდი 1970-1992 წლებში ასპარეზობდა. გუნდის სახელწოდება დამფუძნებლების სახელის და გვარების აბრევიატურაა: მაქს მოსლი, ალან რიისი, გრემ კოაკერი და რობინ ჰერდი.
1971 წელს გუნდმა ჩემპიონატში ორი მოდელით იასპარეზა: 701-ით და 711-ით. ჟურნალისტების და სპეციალისტების ყურადღება სწორედ 711-მა მიიქცია, რომელსაც მთავარი კონსტრუქტორების, რობინ ჰერდის და ფრენკ კოსტინის ერთი უცნაური გადაწყვეტილების გამო „ჩაის მაგიდაც“ უწოდეს - ბოლიდს უცნაური წინა ანტიფრთა გამოარჩევდა, რომელსაც ხელმძღვანელთა ჩანაფიქრით, მანქანის აეროდინამიკური თვისებები უნდა გაეუმჯობესებინა.
ჰერდის და კოსტინის ამ გადაწყვეტილების გამო მარჩ 711 ნამდვილად არ გამხდარა უკონკურენტო - ერთი დიდი პრიზიც ვერ მოიგო, მაგრამ რბოლების ისტორიაში ყველაზე უსახურ მოდელთა შორის კი ნამდვილად მოხვდა.
ტაირელ P34: 1976-1977
ფორმულა 1-ის ისტორიაში ყველაზე თუ არა, ერთ-ერთი ყველაზე უცნაური მოდელი: P34-ს 6 საბურავი ჰქონდა!
1976 წლის ჩემპიონატის დაწყებამდე ტაირელის მთავარმა დიზაინერმა დერეკ გარდნერმა უცნაური გადაწყვეტილება მიიღო: ბოლიდის აეროდინამიკური თვისებები რომ გაეუმჯობესებინა, წინა საბურავების შემცირება გადაწყვიტა. ამ ნაბიჯს მოჰყვა ის, რომ მანქანა რთულად სამართავი გახდა - ტრასას ცუდად ეჭიდებოდა, თუმცა კონსტრუქტორმა ახალი, არანაკლებ უცნაური ნაბიჯი გადადგა - საბურავების ერთი წყვილი დაამატა!
ამ მოდელის პიკი 1976 წლის შვედეთის დიდი პრიზი იყო: ჯოდი შექტერმა რბოლა მოიგო, პატრიკ დეპაილე კი მეორე ადგილზე გავიდა. შექტერი გახდა პირველი პილოტი (დღემდე ერთადერთია), ვინც ფორმულა 1-ის ეტაპი 6-საბურავიანი ბოლიდით მოიგო!
მიუხედავად ამ წარმატებისა, დერეკ გარდნერის ქმნილება, საბოლოო ჯამში, მაინც წარუმატებელი გამოდგა: 30 ეტაპზე იასპარეზა და მხოლოდ თითოჯერ შეძლო დიდი პრიზის და საკვალიფიკაციო რბოლის მოგება.
1977 წლის მიწურულს, იმის გამო, რომ 6 საბურავი უამრავ ტექნიკურ პრობლემას ქმნიდა, ტაირელმა მოდელზე საბოლოოდ თქვა უარი.
ბრებჰემ BT60B: 1991-1992
ბრიტანული გუნდის დებიუტი ფორმულა 1-ში 1962 წელს შედგა, 1992-ში კი ბრებჰემი სამეფო რბოლებს საბოლოოდ დაემშვიდობა. ბოლო ორი, განსაკუთრებით წარუმატებელი სეზონის შემდეგ ხელმძღვანელობა მიხვდა, რომ მათი დრო წასული იყო.
1991 და 1992 წლებში ბრებჰემმა თითქმის ერთი და იმავე ბოლიდით იასპარეზა: BT60B-ის წინამორბედი BT60Y-ით გუნდმა 1991 წელს მხოლოდ 3 ქულა მოიპოვა და კონსტრუქტორთა თასზე მეათე ადგილი დაიკავა. მომდევნო წელი საერთოდ კოშმარული გამოდგა - მანქანა იშვიათად ახერხებდა საკვალიფიკაციო რბოლების დაძლევას.
სეზონში საუკეთესო შედეგი - მე-11 ადგილი - უნგრეთის დიდ პრიზზე აჩვენა ფორმულა 1-ის დებიუტანტმა დეიმონ ჰილმა (მომავალმა მსოფლიოს ჩემპიონმა), რომელიც თითქმის 4 წრით ჩამორჩა გამარჯვებულ აირტონ სენას. სხვათა შორის, ჰილი სეზონის შუაში მივიდა ბრებჰემში - გუნდიდან გაშვებული 29 წლის იტალიელი ქალბატონი, ჯოვანა ამატი შეცვალა...
უილიამს FW26: 2004
გუნდის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მოდელი.
სეზონის წინ ფრენკ უილიამსი და ხელმძღვანელობა ახალ ბოლიდზე დიდ იმედებს ამყარებდა - 2003 წლის კარგი სეზონის შემდეგ პილოტების პირველობის და კონსტრუქტორთა თასის მოგება იგეგმებოდა, მაგრამ 18 რბოლიდან FW26-მა ერთადერთი მოიგო, ერთხელაც საკვალიფიკაციოში იმარჯვა.
ფრენკ უილიამსმა ფერარიდან ჯერ კიდევ 2003 წლის დასაწყისში გადაიბირა ანტონია ტერცი, რომელსაც ახალი ბოლიდების აეროდინამიკური თვისებები უნდა გაეუმჯობესებინა. ტერცი ფერარის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მანქანის, F2002-ის თანაავტორი იყო.
2004 წლის სეზონის დასაწყისში უილიამსში სწორედ ტერცის ინიციატივით შეიცვალა ბოლიდის „ცხვირი”, თუმცა ექსპერიმენტი იმდენად უსახური გამოდგა, რომ პრესამ მანქანა პრეზენტაციისთანავე აითვალწუნა - ზღვის ლომს შეადარა.
საბოლოოდ, FW26-მა კონსტრუქტორთა თასზე ფერარის, ბარ-ის და რენოს მერე მეოთხე ადგილი დაიკავა, რაც ჩავარდნად შეფასდა. წარუმატებლობის შემდეგ გუნდი დატოვა ტექნიკურმა დირექტორმა პატრიკ ჰედმა, ანტონია ტერციმ კი პრესის ზეწოლას ვერ გაუძლო და საერთოდ წავიდა ფორმულა 1-დან. უილიამსმა ორივე პილოტიც დაკარგა: კოლუმბიელმა ხუან პაბლო მონტოიამ და გერმანელმა რალფ შუმახერმა გუნდში დარჩენა აღარ ისურვეს.
ჰონდა RA107/RA108:
2007-2008
ჰონდას ძრავებს სამეფო რბოლებში არაერთი გამარჯვება უზეიმია. იაპონური ავტოკონცერნისთვის განსაკუთრებით წარმატებული გამოდგა გასული საუკუნის 80-90-იან წლებში მაკლარენთან თანამშრომლობა, მაგრამ XXI საუკუნის პირველი ათწლეულის დასასრულს ჰონდასთვის მხოლოდ კოშმარული თუ ეთქმის.
2007 წელს ბრიტანელმა ჯენსონ ბატონმა და ბრაზილიელმა რუბენს ბარიკელომ RA107-ით 17 ეტაპზე იასპარეზეს. გუნდმა მხოლოდ 6 ქულა მოიპოვა - ბატონი ორჯერ გავიდა მერვე ადგილზე, ერთხელაც მეხუთეზე.
2008 წელს, მცირე ტექნიკური დეტალებით განსხვავებულ RA108-ს კვლავ ბატონი და ბარიკელო მართავდნენ, გუნდმა ცოტათი მეტი - 14 ქულა მოიპოვა, მაგრამ საერთო ჯამში 35 რბოლაში ერთადერთი პოდიუმი (რუბენს ბარიკელოს მესამე ადგილი 2008 წელს, დიდ ბრიტანეთში) სახელოვანი გუნდისთვის სამარცხვინო იყო და სხვა არაფერი.
სეზონის დასრულებისთანავე ჰონდამ სამეფო რბოლები დატოვა, ამ ბოლიდების მთავარმა დიზაინერმა შუჰეი ნაკამოტომ კი ჰონდას სარბოლო კორპორაციაში ვიცეპრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა.
![]() |
25 როგორ დავხატოთ მუსიკა |
▲ზევით დაბრუნება |
კულტურა
ნინა ახლოური
თავიდან იყო რიცხვი.
თუ სამყაროს შეცნობა გინდა, პირველ რიგში, ის რიცხვები უნდა აღმოაჩინო, რომლებიც მას მართავენ - ამბობდნენ ძველ საბერძნეთში. იქ სჯეროდათ, რომ მათემატიკა იმ ზუსტ მეთოდს ასახავდა, რომლითაც სამყარო შეიქმნა, მასში არსებული ყველანაირი ჰარმონიის უკან კი სწორედ რიცხვები იდგნენ.
დაახლოებით 2600 წლის წინ, ამის დამტკიცებას ერთი იონიელი მოაზროვნე შეეცადა, რომელსაც სურდა გარკვეული ბუნებრივი კანონზომიერებების არსებობა სწორედ მათემატიკის საშუალებით აეხსნა. პითაგორამ, ერთი შეხედვით, მართლაც სენსაციური აღმოჩენა გააკეთა. მან ჰომეროსის სიმღერების შესწავლის საფუძველზე მათემატიკურ-აკუსტიკური თეორია შეიმუშავა და გამოთქვა აზრი, რომელმაც მომდევნო საუკუნეებში მუსიკის განვითარება განსაზღვრა. ის მარტივად ჟღერდა - არ არსებობს მელოდიის ჰარმონიულობა მათემატიკის გარეშე.
პითაგორა მათემატიკის ცხოვრების ყველა სფეროსთან დაკავშირებით რიცხვებს მისტიკურ მნიშვნელობას ანიჭებდა. ამიტომ მისი მოსაზრების აპრიორი მიღება ყველა მელომანს გაუჭირდება. მუსიკა, პირველ რიგში ემოციაა, იტყვის ზოგიერთი - ხელოვნების არცერთი სფერო არ შეიძლება იყოს მთლიანად დამოკიდებული ზუსტ მეცნიერებაზე, თუ საუბარი არქიტექტურაზე არ არის.
მიუხედავად ასეთი არგუმენტისა, ძველ ბერძენ გეომეტრთან ამ თემაზე კამათი, საბოლოოდ, მაინც სოფისტურ სახეს მიიღებდა. მათემატიკური მაქსიმა ხომ ყოველთვის უფრო დამაჯერებლად გამოიყურება. მაგალითად, ასეთი: ციფრების 1, 2, 3, 4 ტეტრაედრი საფუძვლად უდევს სხვადასხვა მუსიკალური წესრიგის დამყარებას. ეს უკანასკნელი კი რამდენიმე საფეხურისგან შედგება. მეტიც, როდესაც ოქტავა კეთილხმოვან ნაწილებად დაჰყვეს, პითაგორას მიმდევრებმა აღმოაჩინეს ყურისთვის სასიამოვნოდ აღსაქმელი კვინტა - ხუთსაფეხურიანი ინტერვალი, კვარტა... კონსონანსებზე დაკვირვების შედეგად კი მივიღეთ მათემატიკურ-აკუსტიკური თეორია, რომლის მიხედვითაც მელოდიის ჰარმონიულობა მკაცრად განისაზღვრება მათემატიკური პროპორციებით.
ამასთან, სწორედ პითაგორა იყო პირველი, ვინც განსაკუთრებით დაინტერესდა ოქროს კვეთის ფენომენით. ოქროს პროპორცია კი ბევრი კომპოზიტორის ნაწარმოებებში გვხვდება - ეს ის კულმინაციური მომენტია, სადაც ცალკეული ინტერვალები ერთდება. ოქროს კვეთა თვალნათლივ ჩანს ბარტოკთან - ქსილოფონის პროგრესია შემდეგი ინტერვალით მიმდინარეობს: 1:2:3:5:8:5:3:2:1. ეს პროპორცია არის დებიუსის ნაწარმოებში Reflets dans l'eau... და ეს არაა მხოლოდ კლასიკური მუსიკის კომპოზიტორების „აკვიატება“ - მუსიკაში ფიბონაჩის რიცხვებისა და ოქროს პროპორციის გამოყენებაზე თანამედროვე ელექტრონული დუეტის Boards of Canada-ს წევრი, მაიკ სენდისონიც საუბრობს.
„მუსიკა სულის იდუმალი არითმეტიკაა - ის ითვლის ისე, რომ ამას არც კი აცნობიერებს“, - ამბობს გოტფრიდ ლაიბნიცი. ეს გვაფიქრებინებს, რომ მუსიკა არაცნობიერის დონეზე მათემატიკური პრინციპების გათვალისწინებით იქმნება. მეტიც, ითვლება, რომ მათემატიკური და მუსიკალური აზროვნება მრავალმხრივ იდენტურია, თუმცა გონების განვითარებაზე ეგრეთ წოდებული მოცარტის ეფექტის გავლენა შესაძლოა გადაჭარბებულიც იყოს - მიამიტური საქციელი იქნებოდა, „ღამის პატარა სერენადისთვის“ რამდენჯერმე მოგვესმინა იმ იმედით, რომ ეს რთული მათემატიკური განტოლების ამოხსნაში დაგვეხმარებოდა.
ელემენტარული მათემატიკური ნიჭი კი უდავოდ საჭიროა, თუ მუსიკის დაწერა ან უბრალოდ, მუსიკალურ სკოლაში სიარული გადაწყვიტეთ - ტონებთან, ინტერვალებთან, ოქტავებთან და სიხშირეებთან ურთიერთობას გვერდს ვერ აუვლით. გერშვინის მასწავლებლის, იოსიფ შილინგერის თეორიაში მათემატიკის როლმა ექსტრემისტული ხასიათიც კი მიიღო. მან დიაგრამების ბგერებად ქცევის სისტემის შემუშავების შემდეგ დაასკვნა, რომ თუ მუსიკა მათემატიკურად რაციონალურად არის შექმნილი, მისი მხატვრული ღირებულების შესაფასებლად ეს სრულებით საკმარისია. შილინგერი ოცნებობდა გამოეგონებინა ავტომატი, რომელსაც, ფიზიკა-მათემატიკური იდეის მიწოდების საფუძველზე, შეეძლებოდა მუსიკის გენერირება ადამიანის გონების დაუხმარებლად. ასე მან მთლიანად გამორიცხა ღირებული მუსიკალური ნაწარმოების შექმნაში ინტუიციური და შემოქმედებითი აზროვნების როლი.
ამერიკელმა მუსიკოსმა მაიკლ ბლეიკმა მარტივი გამოთვლით რიცხვები პი და ტაუ ნოტებით გაშიფრა. აღსანიშნავია, რომ ტაუს მელოდია ძალიან სასიამოვნოდ ჟღერს. შილინგერის იდეა კი, მუსიკალური კომპოზიციისთვის გრაფიკული სახე მიეცა, შესანიშნავად გამოიყენეს თანამედროვე მათემატიკოსებმა. ბენჯამინ სემუელ კორენი დაინტერესდა, როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს მელოდია. ამისთვის მან ყველა ბგერას თავისი ფერი მიანიჭა და ნოტების თანმიმდევრობისა და ხანგრძლივობის გათვალისწინებით, ბახის გოლდბერგის ვარიაციები „დახატა“. გარდა იმისა, რომ ფერთა შეხამება ნახატზე ჰარმონიულია, ცენტრში ჩანს ვერტიკალური ოქროსფერი ხაზი - ოქროს კვეთა, რომელზეც უძველეს დროში პითაგორა საუბრობდა.
ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი და მათემატიკოსი მარკუს დუ სოტოი The Guardian-ისთვის დაწერილ სტატიაში ამტკიცებს, რომ მოსაზრება, თითქოს მუსიკა სუფთა ემოცია იყოს, მათემატიკა კი - ცივი ლოგიკის ნაყოფი, ნონსენსია. ისევე, როგორც მუსიკა არ შეიძლება იყოს მხოლოდ ნოტების და რიტმის ერთობლიობა, მათემატიკაც გაცილებით მეტია, ვიდრე არითმეტიკა და თვლის პროცესი, - ამბობს დუ სოტოი. მათემატიკოსები და კომპოზიტორები საქმეში მსგავს სტრუქტურებს იყენებენ, მუსიკალური თემის განვითარება კი სიმეტრიისა და გეომეტრიის წესების თუნდაც არაცნობიერ აღქმას მოითხოვს. ყველაფერთან ერთად, არც იმის დავიწყება შეიძლება, რომ მხოლოდ სიმეტრიისა და მათემატიკური პრინციპების კარგი ცოდნით Reflets dans l'eau-ს ვერ შექმნი. მაშინ მუსიკის დასაწერად დაპროგრამებული ნებისმიერი კომპიუტერული პროგრამის სახელი დებიუსი იქნებოდა.
![]() |
26 ამარტაექსპრესი - ელიტური მოდის დემოკრატიული სივრცე |
▲ზევით დაბრუნება |
კულტურა
თინათინ კლდიაშვილი
გასულ კვირას თბილისის პრესის ჯიხურები დიდი ფორმატის უჩვეულო გაზეთმა ააჭრელა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მერილინ მონროს ქართული პოპვერსია ახალი გაზეთის, ამარტაექსპრესის პირველი ნომრის მთავარი გვერდია. მოგეხსენებათ, ამარტა ქართული პრიალა ჟურნალია, რომელიც უკვე 10 წელია აშუქებს მსოფლიო და ქართული მოდის სამყაროს, ამარტაექსპრესი კი ამარტა მედიაჯგუფის ახალი პროდუქტია, რომელიც მისმა დამფუძნებელმა, ირინა ყაჭეიშვილმა წარუდგინა საზოგადოებას.
მისი თქმით, ეს არის „სოციალური პროექტი ერთ ლარად” - ინფორმაციული სივრცე ახალგაზრდებისთვის; გაზეთი მოდის, ცხოვრების სტილის და თანამედროვე იდეების შესახებ. ქალბატონ ირინას აზრით, სქელტანიანი პრიალა ჟურნალი მხოლოდ გარკვეული ტიპის მომხმარებელზეა გათვლილი, ხოლო ამარტაექსპრესი ეცდება, სახალისო და შემეცნებითი ფორმით მოგვიყვეს ყველაფერზე, რაც მოდას და სტილს შეეხება. ეს გამოცემა ახალგაზრდებსაც დაეხმარება, რომ თავად გადაწყვიტონ, რა არის აქტუალური, როგორ შეიძლება მოირგონ სასურველი სამოსი თუ აქსესუარი საკუთარი შესაძლებლობებით და გაიგონ, რომ „მოდა არაა მხოლოდ ძვირადღირებული ტანისამოსი. მოდა არის სტილი, სტილი კი ცოდნა გემოვნების შესახებ“.
გაზეთში არაერთ საინტერესო რუბრიკას შეხვდებით. გაეროს მოსახლეობის ფონდის ინიციატივით მთელი წლის მანძილზე მოეწყობა მრგვალი მაგიდა სოციალურ თემებზე, რასაც ამარტაექსპრესი გააშუქებს. პირველ ნომერში უკვე დაგხვდებათ თემა - „როდის უნდა დაიწყოს ადამიანმა დამოუკიდებლად ცხოვრება, როდის უნდა დატოვოს მშობლების სახლი?!“. დისკუსიაში რეგულარულად რვა სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას და მას ფსიქოლოგი თეა გოგოტიშვილი გაუძღვება. დათო მაჭავარიანი მოდის სამყაროს პიკანტურ ისტორიებს კომიქსად აქცევს, ბიძინა მაყაშვილი თავისი თაობის მუსიკისა და სტილის პარალელებს საავტორო სვეტებში გააერთიანებს, სალომე დადუნაშვილი კი მოდის ტენდენციებზე მოგიყვებათ. ყოველ ნომერში სხვადასხვა დიზაინერები შემოგთავაზებენ პროექტს, თუ სად და როგორ შეგიძლიათ ჩაიცვათ. მაგალითად - როგორ ჩავიცვათ 50 ლარად მეორადი ტანსაცმლის მაღაზიებში.
ფორმა, რომელითაც გაზეთის თითოეული ნომერი ეწყობა, ასევე უჩვეულოა: „შევეცდებით უშუალო სტილით ვისაუბროთ ინტელექტუალურ თემებზე და მკითხველი არ დავტვირთოთ. ამ დემოკრატიულმა მიდგომამ ანარეკლი რედკოლეგიაშიც ჰპოვა, უფრო სწორად, ჩვენ არ გვყავს რედაქტორი, არ არსებობს იერარქია, მხოლოდ კორექტორი ასწორებს ტექსტებს. ვფიქრობ, რომ ახალგაზრდებისაგან ძალიან ბევრის სწავლა შეიძლება და ჩვენი რედაქცია გახსნილია დამწყები ჟურნალისტების, კრიტიკოსების, უბრალოდ, დაინტერესებული ადამიანებისათვის. როდესაც კონკრეტული ნომრის შინაარსი ირკვევა, ყველანი ვიშლებით და ჩვენს საქმეს ვაკეთებთ. ეს მეამაყება“, - ამბობს ირინა ყაჭეიშვილი.
![]() |
27 ფოტოგრაფის ერთი ფოტო |
▲ზევით დაბრუნება |
კულტურა
ნაკანი-მამასახლისის ფოტოლაბორატორია
აფრიკიდან რომ ჩამოვიდა, მაშინ მოინათლა. ახლა სტიქაროსანია.
როცა გადაღებას მოვრჩით, წაიხემსეს.
![]() |
28 2012 „ვეფხისტყაოსნის“ წელი |
▲ზევით დაბრუნება |
კულტურა
ირინა ბაგაური
„ვეფხისტყაოსნის“ პირველ ბეჭდურ გამოცემას წლეულს სამასი წელი შეუსრულდა. პოემა, ნაბეჭდი სახით, პირველად 1712 წელს გამოიცა თბილისში, ვახტანგ მეექვსეს მიერ დაარსებულ პირველ ქართულ სტამბაში (საკრალური და სახარებისეული წიგნების კვალდაკვალ). გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ - იუნესკომ, ეს ისტორიული მოვლენა 2012 წლის საერთაშორისო მნიშვნელობის საიუბილეო თარიღების ნუსხაში შეიტანა.
დღეს რუსთაველი მსოფლიოს 37 ქვეყანაში 47 ენაზეა თარგმნილი. „ვეფხისტყაოსნის“ გამოცემების ყველაზე სრული კოლექცია საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაშია დაცული. აქ ინახება წიგნის ოთხასზე მეტი ეგზემპლარი, მათ შორის, კავკასიურ ენებზე ნათარგმნი: აზერბაიჯანულად, აფხაზურად, ოსურად, ჩეჩნურად, ადიღეურად, მეგრულად.
თითოეულ გამოცემას თავისი ისტორია აქვს. მაგალითად, ბიბლიოთეკაში დაცული რუსთაველის ჩეჩნური თარგმანი ბიბლიოგრაფიულ იშვიათობად იქცა იქიდან გამომდინარე, რომ ჩეჩნეთში ომს თითქმის ვერცერთი დიდი წიგნსაცავი ვერ გადაურჩა. მეგრულ ენაზე პოემა სოხუმში დაიბეჭდა არძინბას ინიციატივით, რომელმაც ამ გადაწყვეტილებას საფუძვლად პოლიტიკური სარჩული დაუდო. ჩილეში ესპანურად გამოცემული რუსთაველი, სამშობლოში პირველად 1962 წელს, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატიდან დაბრუნებულმა მიშა მესხმა და იოსებ ნონეშვილმა ჩამოიტანეს. აქვეა ზვიად გამსახურდიას მიერ მკაცრად გაკრიტიკებული ქეთრინ ვივიანის ინგლისური თარგმანიც. პოემა თარგმნილია იაპონურად, ჩინურად და ესპერანტოზეც კი. დღემდე არ არსებობს „ვეფხისტყაოსნის“ ბერძნული გამოცემა, მაგრამ სამაგიეროდ, საჯარო ბიბლიოთეკაში ინახება ბერძნულ ენაზე შესრულებული თარგმანი, რომელიც საბეჭდ მანქანაზეა აკრეფილი.
ეროვნულ ბიბლიოთეკაშივეა დაცული უძველესი, ვახტანგისეული გამოცემებიც. ბიბლიოთეკის ფონდების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ლევან თაქთაქიშვილის თქმით, მათი კოლექცია იმდენად მდიდარია, რომ დღეს ეს წიგნები ფასდება არა მხოლოდ სიძველით, არამედ იმითაც, თუ ვისი ნაქონია ესა თუ ის ეგზემპლარი: „დღემდე შემორჩენილია მეთვრამეტე საუკუნეში დაბეჭდილი ოცი „ვეფხისტყაოსანი“. მათგან არცერთი წიგნი არ არის სრული და ერთმანეთს ავსებენ. ერთ-ერთი ყველაზე უკეთ დაცული ეგზემპლარია ილია ჭავჭავაძის ნაქონი „ვეფხისტყაოსანი“, რომელზეც ილიასავე მინაწერებია დართული“. ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის, გიორგი კეკელიძის თქმით, სწორედ ამ ვახტანგისეული ეგზემპლარის გამოცემას აპირებს ქვეყნის მთავარი წიგნსაცავი „ვეფხისტყაოსნის“ სამასწლიან საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით.
პოემის პოპულარიზაციის მიზნით, ბოლო წლებში საქართველოში და მის გარეთ მრავალი ღონისძიება გატარდა: დაიბეჭდა „ვეფხისტყაოსნის“ ერთმანეთისგან განსხვავებული გამოცემები, თბილისის საკრებულოს დაფინანსებით, 2011 წელს დაარსდა ელექტრონული პორტალი www.rustaveli.net, რომელზეც დღემდე მიმდინარეობს პოემასთან და მის ავტორთან დაკავშირებული ყოველგვარი მასალის თავმოყრა. იგეგმება „ვეფხისტყაოსნის“ სხვადასხვა ილუსტრაციების გაციფრულებაც. 2010 წელს იტალიის დედაქალაქში, ვილა ბორგეზეში, ჰომეროსის ქუჩაზე, მოქანდაკე იაკობ ნიკოლაძის მიერ 1946 წელს ბრინჯაოში ჩამოსხმული რუსთაველის ბიუსტი დაიდგა. რომის მერიის გადაწყვეტილებით, ეს არის უკანასკნელი ექსპონატი, რომელიც განთავსდა პარკში, სადაც მსოფლიოს უდიდესი მწერლების ძეგლებია თავმოყრილი.
მიუხედავად ამისა, მსოფლიოში დღემდე პრობლემად რჩება რუსთაველის ცნობადობის საკითხი. 2010 წლის ნოემბერში, თანამედროვეობის ერთ-ერთმა უდიდესმა ინტელექტუალმა, უმბერტო ეკომ, იტალიურ ჟურნალ ესპრესოში გამოაქვეყნა სტატია, სახელწოდებით „რუსთაველი, ეს ვინღა იყო?“. იმის საილუსტრაციოდ, თუ რამდენად ცუდად იცნობენ დასავლეთში სხვა ტრადიციების მქონე უდიდეს ლიტერატურულ ნაწარმოებებს, ეკოს რუსთაველის მაგალითი მოჰყავს: „შესაძლებელია თუ არა, გლობალური სამყაროსთვის მისაღებ განათლებაზე საუბარი, როდესაც განათლებული ევროპელების 99 პროცენტი არ იცნობს ნაწარმოებს - რუსთაველის „ვეფხისტყაოსანს“ - რომელსაც ქართველები ლიტერატურის ისტორიის ერთ-ერთ უდიდეს პოემად მიიჩნევენ. და ეს მაშინ, როდესაც იმაზეც კი ვერ შევთანხმდით, ჩვენთვის უცხო ანბანის მქონე ენაზე სინამდვილეში რის ტყავზე იყო საუბარი: პანტერის, ვეფხვის თუ ლეოპარდის?“.
ლეოპარდი ჩვენგან შორს, ვეფხი და ვეფხვი კი ჩვენც დღემდე გვერევა ერთმანეთში. რაც შეეხება ევროპას - წლეულს, საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო „ვეფხისტყაოსნის“ ინგლისურ და ფრანგულ ენებზე გამოცემას აპირებს. წიგნების პრეზენტაცია კი, დასავლეთისთვის ჩვენი მესხი მელექსისა და ქართული კულტურის უდიდესი ლიტერატურული შედევრის - „ვეფხისტყაოსნის“ უკეთ გასაცნობად, გაეროს შტაბბინაში იგეგმება.
![]() |
29 მარცხენა სარკმელს მიღმა |
▲ზევით დაბრუნება |
კულტურა
ნინა ახლოური
ფოტოგრაფია მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გატაცებაა. ადამიანებს ყოველთვის სიმართლეს ეუბნება, იმ შემთხვევაშიც, თუ ამის მოსმენა არ უნდათ, რაც დიპლომატისთვის უჩვეულო, ცოტა სახიფათო თვისებაც უნდა იყოს. „ტრავიატა“ მისი საყვარელი ოპერაა, ბეთხოვენის მეხუთე სიმფონიის მეორე ნაწილი კი ერთ-ერთ ყველაზე უმშვენიერეს მუსიკალურ კომპოზიციად მიაჩნია მათ შორის, რაც კი დაწერილა. ისევე, როგორც მისი თაობის ბევრ ქალს, უყვარს ჯეინ ოსტინი. გატაცებულია რუსული ლიტერატურითაც - კითხულობს დოსტოევსკის, ასევე ძალიან საინტერესოდ მიაჩნია ტონი მორისონის, ნობელის პრემიის მფლობელი ამერიკელი მწერალი ქალის შემოქმედება. უყვარს ლაშქრობა და მთები.
ჰოლი ჰოლცერ ბასს ჩვენთან იცნობენ როგორც საქართველოში ამერიკის ელჩის, ჯონ ბასის მეუღლეს. ფოტოგრაფია მისთვის უბრალო გატაცებაზე მეტია - ფოტოგამოფენები ადრე ჩიკაგოსა და კატმანდუშიც გაუმართავს. პროფესიით თავადაც დიპლომატი, წელიწადზე მეტია, აქ ცხოვრობს და ამბობს, რომ საქართველო შემოქმედებითი მოღვაწეობისთვის შესანიშნავ სტიმულს აძლევს. „აქ ყველაფერია: მაღალი მთებიც, ურბანული გარემოც... კახეთში მშვენიერი პეიზაჟებია, დავით გარეჯში რომ ჩადიხარ, ისეთი შეგრძნება გიჩნდება, რომ საქართველოში კი აღარ ხარ, სადღაც, უდაბნოში მოხვდი. ცის ის ვარდისფერი, რომელიც აქ ზამთარში არის ხოლმე, უნიკალურია - ასეთს სხვაგან ვერ ნახავთ. ვფიქრობ, ეს მშვენიერი ადგილია ხელოვანი ადამიანისთვის“, - ამბობს ჰოლი ჰოლცერ ბასი.
მისი ფოტოგამოფენა, სახელად „მარცხენა სარკმელს მიღმა“, რომელიც ლადო გუდიაშვილის საგამოფენო დარბაზში მარტის ბოლოს გაიხსნა, ამ მოსაზრების ნათელი დადასტურებაა. „როდესაც მანქანით თუ ავტობუსით ვმგზავრობ, ჩვეულებრივ, მარცხენა მხარეს ვჯდები. შესაბამისად, მარცხენა ფანჯრიდან ვუყურებ სამყაროს“.
ზოგიერთი ფოტო მართლაც ფანჯრიდანაა გადაღებული. გამოფენა (და დიდი მოგზაურობაც) რვა მინიატურით იწყება. რას არ ნახავთ აქ - ბოთლებს ალექსანდრე ჭავჭავაძის მარნიდან, სამცხე-ჯავახეთის ტყეებს, კახურ შემოდგომას, ბათუმური სახლის ძველ ფანჯარას... არის პორტრეტებიც - ბაქოს ბაზარში აღმოჩენილი სახეების, რომლებიც ორიოდე წლის წინ აზერბაიჯანში ცხოვრების დროს გადაიღო. აქვეა კახელი მოხუცი ქალი, რომელიც ჰოლის თონეში პურის გამოცხობას ასწავლიდა და ინსტალაცია - ბორჯომის ბოთლებით გაწყობილი მაგიდა, რომელიც ქართული სუფრის ერთგვარი რეპრეზენტაციაა.
მათ, ვისთან ერთადაც ხშირად მგზავრობს, ხშირად ესმით ჰოლის „გააჩერე, ამას ფოტო უნდა გადავუღო“... და უკვე იციან, რას შეიძლებოდა ფოტოგრაფი ასე აეღელვებინა. „როცა აქ საცხოვრებლად გადმოვედი, ერთ-ერთი პირველი ვიზიტი სამცხე-ჯავახეთში მქონდა. მაშინ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა საოცრად ლამაზი, მაგრამ განსხვავებული დიზაინის ძველმა ბენზინგასამართმა სადგურებმა. ზოგიერთი თანამედროვედ გამოიყურებოდა, ზოგი კი - პირიქით. ამასთან, ყველა მათგანი ძალიან უნიკალური იყო. დღეს ხომ ვისოლის, რომპეტროლის და სხვა ბენზინგასამართი სადგურები ერთნაირია. ადრე ყველა ასეთი სადგური ოჯახების მფლობელობაში იყო, რაც გამოიხატება კიდეც მათ გარეგნულ მრავალფეროვნებაში“. მის კოლექციაში უკვე ორმოცდაათამდე ბენზინგასამართი სადგურის ფოტოა, თუმცა გამოფენაზე მხოლოდ ათია წარმოდგენილი.
გამოფენაზე წარმოდგენილი ფოტოების გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი ძუძუს კიბოს შესახებ საინფორმაციო კამპანიასა და დაავადების მკურნალობას მოხმარდება. აღსანიშნავია, რომ ჰოლი ჰოლცერ ბასი მეუღლესთან ერთად აქტიურად არის ჩართული ძუძუს კიბოს წინააღმდეგ გამართულ საინფორმაციო კამპანიაში, რადგან ეს დაავადება საქართველოში 14-დან 49 წლამდე ასაკის ქალთა სიკვდილიანობის მთავარი მიზეზია. ფოტოგრაფს მიაჩნია, რომ აღნიშნული სტატისტიკის შეცვლა შესაძლებელია, ამიტომ სურდა, ამ პრობლემაზე გამოფენით უფრო მეტად გაემახვილებინა ყურადღება. ფოტოგამოფენა ოცდაათ აპრილამდე გასტანს.
![]() |
30 მარნების უბანი სოფელ ქორეთში |
▲ზევით დაბრუნება |
გურმანი|ღვინის კლუბი
მალხაზ ხარბედია
საჩხერის თავზე, სოფელ ქორეთში, შეიძლება ითქვას, ქართული ღვინის ნამდვილი ეთნოგრაფიული მუზეუმია. მუზეუმი ღია ცის ქვეშ. ეს გახლავთ მარნების უბანი, სადაც შარვაძეების საგვარეულო ჭურებია ჩარგული და სადაც დღესაც დიდი რაოდენობით ღვინო დგება. ამ მარნების შესახებ კლუბში ადრეც ვიცოდით - ჩვენმა მეგობარმა, რამაზ ნიკოლაძემ შარშანწინ ღვინოებიც ჩამოიტანა ქორეთიდან იმერული ღვინოებისადმი მიძღვნილი სემინარისთვის (ძელშავი იყო და კიდევ ერთი, თუ არ ვცდები, ქვიშხური...), თუმცა ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.
ქორეთში რამდენიმე დღის წინ ავედით. ტურიზმის დეპარტამენტის მიერ გამოცხადებული ტენდერის საფუძველზე, ტურიზმის გეოინფორმაციული ცენტრი, ღვინის კლუბთან თანამშრომლობით, უკვე 2 თვეა საქართველოს იმ მარნებს აღვწერთ, რომლებიც პერსპექტივაში ტურისტის მიღებას შეძლებს. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში ავიარეთ ქორეთში, იქ, სადაც შარვაძეების მარნები გვეგულებოდა. ნამდვილად არ მეგონა, იქ ასეთი საინტერესო კომპლექსი თუ დაგვხვდებოდა. ესაა ქვითკირით ნაგები ძალიან შთამბეჭდავი მარნების უბანი, შუკებად დაქსელილი ბორცვი, სადაც 15-მდე ძველი და შედარებით ახალი მარანია განლაგებული.
ყველა მარანი ერთი წესითაა აგებული. მარნის ცალი მხარე ღიაა, იქვე, წინ კი ქვევრებია ჩარგული და ეს მხარე სამი მხრიდან ფიცრითაა შემოღობილი. ღობე უშუალოდ მარნის ქვითკირის კედლებს ებჯინება. ნაგებობები კრამიტითაა გადახურული. თითქმის ყველა მარანშია ბუხარი, საწნახლები (ზოგან 3-4), მეღვინეობისთვის საჭირო ხელსაწყოები, ძველი ნივთები, რომლებიც ობიექტს განსაკუთრებულ ეთნოგრაფიულ დატვირთვას მისცემენ. ქვევრები ადგილობრივია, მაგალითად, სოფელ ტყემლოვანასა და სხვა სოფლებში დამზადებული. როგორც გითხარით, თითქმის ყველა მარანი მოქმედია და ქვევრები ახლაც ღვინითაა სავსე.
მოკლედ, თვალი შევავლეთ თუ არა ამ საოცრებას, ეგრევე მოგვივიდა აზრად, რომ ეს ადგილი დაცულ ძეგლად უნდა გამოცხადდეს. განსაკუთრებით, თუკი გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ იუნესკოში წამოიწყო ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, რომელიც ქვევრის ღვინის უძველეს ქართულ ტრადიციულ მეთოდს ეხება. საქმე ისაა, რომ 31 მარტს საქართველოდან იუნესკოში გაიგზავნა დოკუმენტი (მის მომზადებაში სხვა ორგანიზაციებთან ერთად ღვინის კლუბიც აქტიურად მონაწილეობდა), სანომინაციო წინადადება, რომლითაც ქვევრში ღვინის დაყენების ქართული ტრადიციული მეთოდის საერთაშორისო აღიარება უნდა დაიწყოს. იუნესკო წინადადებას 2013 წლის შემოდგომაზე განიხილავს და როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, ქვევრში ღვინის დაყენების უძველესი ქართული მეთოდი ოფიციალურად დამკვიდრდება მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის საგანძურში.
ამ ნომინაციის მთავარი პირობა ის გახლავთ, რომ ტრადიცია არ უნდა იყოს მხოლოდ წარსულის საკუთრება, იგი აუცილებლად ცოცხლად უნდა შემოვინახოთ და საზოგადოება აქტიურად უნდა ჩაერთოს ამ არქაული კულტურის გაგრძელებაში თუ დახვეწაში. დღეს საქართველოში საკმაოდ ბევრი ასეთი კერაა. საბედნიეროდ, ჩვენთან ქვევრში ღვინოს თითქმის ყველა კუთხეში აყენებენ, განსაკუთრებით იმატა ქვევრში ღვინის დამწურავთა რიცხვმა ბოლო წლებში, მაგრამ სოფელ ქორეთის ეს მნიშვნელოვანი ძეგლი, რომელსაც ჯერ ძეგლის სტატუსიც არა აქვს, მაინც ყველასგან გამოირჩევა. „მარნების უბანი“ არის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ ცოცხლობს ტრადიცია. ამაზე კარგ დასტურს ძნელად ნახავ ადამიანი, ეს არის ქვევრში ღვინის დაყენების ტრადიციის ერთ-ერთი ყველაზე ცოცხალი ნიმუში და ილუსტრაცია.
P.S. ქორეთის მარნების კადრები შესულია 1989 წელს გადაღებულ დოკუმენტურ ფილმში „ხე მრუდე და ხე მართალი“ (რეჟ. ი. ტრიპოლსკი, კონსულტანტი რ. რამიშვილი), ფილმი გიორგი ბარისაშვილმა მომაწოდა 2 თვის წინ და მეორე დღესვე YouTube-ზე ავტვირთე. ასე რომ, თქვენც შეგიძლიათ ნახოთ. გარდა ამისა, აკრიფეთ Google-ში „მარნების უბანი სოფელ ქორეთში“, შემოდით ჩვენს ფორუმზე და დაათვალიერეთ ფოტოები, რომელიც ამ მარნის დღევანდელ მდგომარეობას ასახავს.
![]() |
31 ბადრიჯნის როლები |
▲ზევით დაბრუნება |
გურმანი
შეფ-მზარეული:
ქეთი ბაქრაძე
2 ულუფა
2 ბადრიჯანი
ნახევარი კონა პიტნა
ნახევარი კონა ქინძი
ნახევარი კონა ტარხუნა
1 კბილი ნიორი
200 გრ. მაიონეზი
მარილი შაქარი.
მომზადების წესი:
დაჭერით ბადრიჯანი თხელ, მოგრძო ნაჭრებად და შეწვით ცოტაოდენ ზეთში.
შემწვარი ბადრიჯანი გააშრეთ ქაღალდზე.
ბლენდერში ჩაასხით მაიონეზი, დაუმატეთ მწვანილი, 1 კბილი ნიორი, ნახევარი ჩაის კოვზი შაქარი, მარილი გემოვნებით და დააბლენდერეთ.
მიღებული მასა წაუსვით ბადრიჯნის ნაჭრებს, გადაახვიეთ, მოათავსეთ თეფშზე და მოასხით დარჩენილი მასა.