![]() |
ტაბულა №88 |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: სუთიძე ლევან, ავალიანი დიმიტრი, ეკლუნდი პერ, ბეჟაშვილი ლევან, ზედანია გიგა, მაჭარაშვილი ნინო, ძოწენიძე ამირან, კვანჭილაშვილი ელენე, გამცემლიძე მაკა, მინდიაშვილი ბექა, ქორიძე ავთო, გუნია ირაკლი, ტურაშვილი თეონა, ბასილაია მიხეილ, ზურაბაშვილი თამარ, შენგელია კახა, ელერდაშვილი ვახო, სიხარულიძე შორენა, გოდუაძე ლაშა, თალაკვაძე ზურაბ, კოვზირიძე დავით, ესებუა ნიკა, ჩიხლაძე დავით, წულაძე გელა, კიკნაველიძე თამარ, კეკელიძე გიორგი, ხარბედია მალხაზ, რაუში გიორგი, ვაჟა-ფშაველა |
თემატური კატალოგი ტაბულა |
საავტორო უფლებები: © თამარ ჩერგოლეიშვილი |
თარიღი: 2012 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: 2012 | 20 - 26 თებერვალი მთავარი რედაქტორი: თამარ ჩერგოლეიშვილი/აღმასრულებელი რედაქტორები: ნინი გოგიბერიძე, სალომე კიკალეიშვილი/რედაქტორები: ქეთი მსხილაძე, ელენე კვანჭილაშვილი, ლევან რამიშვილი, დავით კოვზირიძე, ნინო მაჭარაშვილი/უცხოელი მრჩეველი: ბარბარა სვანი/ჟურნალისტები: დიმიტრი ავალიანი, გიორგი კეკელიძე, სალომე უგულავა, მაკა გამცემლიძე, ავთო ქორიძე, თეონა ტურაშვილი, ირაკლი კიკნაველიძე, ლევან სუთიძე, მირიან ტორონჯაძე, თეონა კოკიჩაიშვილი, სანდრო ჯანდიერი, სიმონ მაჩაბელი, ლაშა გოდუაძე, ზურაბ თალაკვაძე, ნიკა ესებუა, ანანო სხირტლაძე, მიშა ბასილაია/ვები: სანდრო თარხან-მოურავი, ვანო გეგია, ლევან მეტრეველი, დათო გოგოხია, ნათია სოფრომაძე/ახალი ამბები: მზია ყუფუნია, ეკა ჯანაშია/კორექტორი: ნინო საითიძე/არტრედაქტორი: ბაჩა მალაზონია/დიზაინი & პრეპრესი: კახა დოლიძე, ნიკა კუპრაშვილი/ფოტორედაქტორი: დიმა ჩიკვაიძე/ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი/გამომცემელი: სამოქალაქო განათლების ფონდი/ოფის მენეჯერი: სოფო დვალიშვილი/გაყიდვები და მარკეტინგი: გიორგი ფრუიძე, მენეჯერი: გიორგი ჭეიშვილი/ყოველკვირეული ჟურნალი ტაბულა, ტელ: + 995 32 420 300, e-mail: info@tabula.ge/სტამბა: სეზანი, მის: წერეთლის 140, ტელ: + 995 32 357002/357005, ფაქსი: + 995 32 357004/© 2010 საავტორო უფლებები დაცულია, ჟურნალში გამოქვეყნებული მასალების გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია. | პარტნიორი: მედია მენეჯმენტ სერვისი, ტელ: + 995 32 92 33 47/48/49; ფაქსი: 995 32 92 08 82, e-mail:info@mmservice.ge |
![]() |
1 სიტყვასიტყვით |
▲ზევით დაბრუნება |
„პირდაპირ გეტყვით, შეუძლებელია აფხაზების, აფხაზეთის რამეში ჩართვა… ნუ ხარჯავთ დროს, და შემიძლია დავამატო: ნუ ხარჯავთ ფულს აქ ჩამოსვლაზე“.
ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერი ალექსანდრ ანქვაბი სოხუმში ვიზიტად მყოფ ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელ ფილიპ დიმიტროვთან შეხვედრისას.ანქვაბმა ევროკავშირს„ ჩართულობის და არაღიარების“ პოლიტიკა დაუწუნა, რომელიც აფხაზეთთან აღიარების გარეშე ურთიერთობას გულისხმობს. 8 თებერვალი
„ჩვენ, რა თქმა უნდა, ვგმობთ ძალადობას, მაგრამ ნუ იქცევით, როგორც ხარი ფაიფურის მაღაზიაში”.
რუსეთის პრემიერი პუტინი დასავლეთისა დ აარაბული სახელმწიფოების სირიის პოლიტიკაში ჩარევის შესახებ. 9 თებერვალი
„ამ თავდასხმების უკან ირანი დგას და ის მსოფლიოში ტერორიზმის უმსხვილესი ექსპორტიორია“.
ისრაელის პრემიერ მინისტრი ბინიამინ ნეთანიაჰუ ნიუ დელიში ისრაელის საელჩოს მანქანის აფეთქებისა და თბილისში ისრაელის საელჩოს თანამშრომლის მანქანის აფეთქების მცდელობის შესახებ. 13თებერვალი.
„ეს თავად ისრაელის სპეცსამსახურების ნახელავია. ახლა მოჩვენებებზე ნადირობა დაიწყება. ყველაფერში დამნაშავე ირანი და ისლამისტები იქნებიან“.
მაჰმუდ აჰმადინეჟადი თბილისსა და ნიუ დელიში ისრაელის საელჩოებზე თავდასხმების შესახებ. 14თებერვალი.
თვითონ ვენედიქტოვს რომ ვკითხოთ, არის თუ არა დაკავშირებული ბოლოდროინდელი პროცესები პუტინის კრიტიკასთან, იტყვის - „არა“.
პრემიერ პუტინის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი, გაზპრომმედიის მიერ რადიოსადგურ ეხო მოსკვის დირექტორთა საბჭოს შეცვლის შესახებ.
„ის [ბინ ლადენი] ეუბნებოდა თავის შვილებსა და შვილიშვილებს, „წადით ევროპასა და ამერიკაში და მიიღეთ კარგი განათლება... იცხოვრეთ მშვიდობით და არ აკეთოთ იგივე, რასაც მე ვაკეთებ“.
ოსამა ბინ ლადენის ცოლის ძმა მოკლული ტერორისტის ბოლო წლების შესახებ.
„მე არ ვსვამ სისხლს და ბოლოს, როდესაც სარკეში ჩავიხედე, დავინახე ანარეკლი, ასე რომ, ვამპირობის თეორიას ვერ მივყვები“.
მსახიობი ნიკოლას ქეიჯი, ინტერნეტში მისი ვამპირობის შესახებ გავრცელებულ ჭორებზე. 10თებერვალი
„მინდა, თუმცა ამ სურვილს ვითრგუნავ, დავურეკო ლიოშა ნავალნის და ვთხოვო ფეთქებადი ნარევით ბოთლების კეთება მასწავლოს“.
ქსენია სობჩაკი თავისი პოლიტიკური შოუ „გოსდეპის“ დახურვის შესახებ. გადაცემა მანამ დაიხურა, სანამ ეთერში ოპოზიციის ლიდერი ნავალნი მოხვდებოდა. სობჩაკმა მხოლოდ მისი დაპატიჟება მოასწრო. 14 თებერვალი
![]() |
2 მსოფლიოს ყველაზე დევნილი რელიგია |
▲ზევით დაბრუნება |
არენა
ლევან სუთიძე
26 წლის ქრისტიანს, ზაქარია ჰუსეინ ომარ ალ-შაბააბის სომალელმა ბოევიკებმა თავი რამდენიმე დღის წინ მოკვეთეს. გვამი მეგობარმა ამოიცნო. მისივე განცხადებით, ომარმა იცოდა, რომ სიკვდილი ელოდა - ქრისტიანული ჰუმანიტარული ორგანიზაცია, რომელშიც ის მუშაობდა, ბოევიკებმა წინა წელს ამოიღეს სამიზნეში. მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანები მსოფლიო მოსახლეობის ერთ მესამედს შეადგენენ, მათზე ძალადობა ჯერ კიდევ არ არის წარსული. მეტიც, მსოფლიოში აღმსარებლობის ნიშნით დევნის 75%25 სწორედ ქრისტიანებზე მოდის.
Pew Forum-მა შარშან აღმოაჩინა, რომ 200 მილიონამდე ქრისტიანი პლანეტის იმ ასზე მეტ ქვეყანაში ცხოვრობს, სადაც მათ საკუთარი რწმენის აღიარება ძვირად უჯდებათ. ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის წარმომადგენლის, მასიმო ინტროვერნეს მონაცემებით, ყოველწლიურად საშუალოდ 100 ათასი ადამიანი სწორედ იმიტომ კვდება, რომ ქრისტიანია.
ქრისტიანთა საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის, Opeen Doors-ის 2012 წლის რეიტინგში, ქრისტიანობის ყველაზე სასტიკ მდევნელ ქვეყნებს შორის პირველ ადგილს ჩრდილოეთ კორეის კომუნისტური რეჟიმი იკავებს. მრავალი წლის განმავლობაში, ამ ქვეყნის ქრისტიანულ თემთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა. თუმცა უფლებადამცველი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, საბოლოოდ, კატაკომბურ ეკლესიასთან კავშირის დამყარება შეძლეს. სხვადასხვა მონაცემებით, ჩრდილოეთ კორეაში 50 ათასიდან 70 ათასამდე ქრისტიანი საკონცენტრაციო ბანაკებშია თავმოყრილი და გარდაუვალი სიკვდილი ელის. ქვეყანაში ბიბლიის ქონაც კი, შეიძლება, სასიკვდილო განაჩენის გამოტანის საბაბი გახდეს. ქრისტიანთა გამოსავლენად სახელმწიფო მრავალ ხერხს მიმართავს. მასწავლებლები სკოლაში ბავშვებს აიძულებენ გათქვან, თუ შეამჩნევენ, რომ მათი მშობლები „შავ წიგნს” კითხულობენ ან იესოს სახელს ახსენებენ.
ორი წლის წინ, კორეის ხელისუფლებამ 23 ქრისტიანი დააპატიმრა. მათგან რამდენიმე სახალხოდ ჩამოახრჩვეს, ხოლო დანარჩენები ჰამკიუნგის სამხრეთ პროვინციაში მდებარე საკონცენტრაციო ბანაკში გაამწესეს. „პატიმრებს საქონელზე ცუდად გვეპყრობოდნენ. ვხედავდი, თუ როგორ იღუპებოდნენ ქრისტიანები შიმშილისა და დაავადებებისგან. გავხდი არაერთი სიკვდილით დასჯის მომსწრეც. ვინც ცოცხალია, მოჩვენებას ჰგავს“, - მოუყვა Opeen Doors-ს ჩრდილოეთ კორეის საკონცენტრაციო ბანაკის ყოფილი პატიმარი. გადაჭარბებული არ იქნება, თუ ჩრდილო კორეაში ქრისტიანთა ყოფას, რომის იმპერიაში პირველქრისტიანთა ბედს შევადარებთ. პირველი სამი საუკუნის მანძილზე, სანამ იმპერატორი კონსტანტინე ქრისტიანობას სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადებდა, ისინი იმპერატორის ღმერთად აღიარებაზე უარს ამბობდნენ. ამის გამო კოლიზეუმის ლომების საკვები ხდებოდნენ. ჩრდილოეთ კორეაში კიმ ირ სენის კულტია. ის 16 წლის წინ მოკვდა, მაგრამ როგორც ქვეყნის გამათავისუფლებელს, კორეელმა ხალხმა საღვთო პატივი უნდა მიაგოს. ამ იდეოლოგიის ერთ-ერთ მთავარ მტრად ქრისტიანობაა გამოცხადებული.
ჩრდილოეთ კორეას რეიტინგში ავღანეთი, საუდის არაბეთი, სომალი და ირანი მოსდევს. ქრისტიანები ძირითადად ისლამურ ქვეყნებში იდევნებიან. წინა წელს, ამ თვალსაზრისით, არაბული გაზაფხულის ქვეყნებში, მაგალითად, ეგვიპტესა და ლიბიაში, მდგომარეობა გაუარესდა. ჩრდილოეთ და ცენტრალური აფრიკა ქრისტიანთა დევნის თვალსაზრისით ახალ „სიმაღლეებზე” ავიდა. სუდანმა და ნიგერიამ, ეგვიპტის მსგავსად, რეიტინგში რამდენიმე საფეხურით წაიწიეს წინ. პაკისტანის ქრისტიანულ უმცირესობას, ყოველწლიურად უფრო დიდი ძალადობისა და დევნის გადატანა უწევს. უნდა ითქვას, რომ რეიტინგში უარესიდან - ნაკლებ უარესამდე ქვეყნებს შორის მყიფე ზღვარი არსებობს. მონაცემები ხელმისაწვდომი ინფორმაციის საფუძველზეა შედგენელი. სავარაუდოდ, რიგ შემთხვევებში, ის ტრაგედიის სრულ სურათს ვერ ასახავს.
ნიგერიას აფრიკაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქრისტიანული უმცირესობა ჰყავს (40%25). წლების მანძილზე მუსლიმები და ქრისტიანები ქვეყანაში სამოქალაქო ომის ზღვარზე ცხოვრობენ. ისლამისტი რადიკალები ნიგერიაში ქრისტიანებს ყველა ფორმით ებრძვიან. მათ შორის ყველაზე ცნობილი ტერორისტული ორგანიზაცია ბოკო ჰარამია. ამ უკანასკნელს ქვეყანაში შარიათის კანონების დამკვიდრება და ქრისტეს მიმდევართა განადგურება სურს. წინა თვეს ბოკო ჰარამმა 54 ქრისტიანი მოკლა. ხოლო 2011 წელს ამ ორგანიზაციის წევრებმა ხუთასამდე ქრისტიანი დახოცეს და 350 ეკლესია გადაწვეს. შობა ღამეს ისინი საშობაო მესაზე შეკრებილ კათოლიკეებს დაესხნენ თავს. ტერორისტები ნიგერიაში კლავენ ყველა ქრისტიანს - პოლიტიკოსს, სტუდენტს, პოლიციელს, ჯარისკაცს და, ასევე, იმ მუსლიმ სასულიერო პირებს, რომლებიც მათ წინააღმდეგ ხმის ამოღებას ბედავენ. საერთაშორისო საზოგადოებამ ნიგერიული სამხედრო ძალების კონტრტერორისტულ ღონისძიებებში მომზადება დაიწყო.
წლის ივლისში, ქრისტიანთა უმრავლესობით დასახლებული სამხრეთ სუდანი ჩრდილოეთს გამოეყო. ამან ჩრდილოეთში მცხოვრები ერთმორწმუნეების კიდევ უფრო იზოლირებას შეუწყო ხელი. წლების მანძილზე ქვეყანა ქრისტიანებისა და ანიმისტების დევნით იყო დაკავებული, რაც 2003 წელს დარფურის გენოციდით დასრულდა. მართალია, ომარ ალ-ბაშირი, ჩრდილოეთ სუდანის ლიდერი, ჰააგის ტრიბუნალმა დამნაშავედ ცნო, მაგრამ ამან სისასტიკე ვერ შეაჩერა. სამხრეთში მცხოვრები ქრისტიანები სისტემატურად იბომბებიან და მიზანმიმართული შეტევების შედეგად კვდებიან. ხშირია ბავშვთა გატაცების შემთხვევები, რომლებიც არცთუ იშვიათად უკვალოდ ქრებიან. გაეროს მოხსენებების მიხედვით, 70 ათასამდე ქრისტიანი იძულებული გახდა, საკუთარი სახლი დაეტოვებინა. ათი წლის მანძილზე რელიგიური ნიშნით განხორციელებულ სამხედრო ოპერაციებს მილიონამდე ქრისტიანი და ანიმისტი ემსხვერპლა.
დარბევის მსხვერპლი კოპტი ქრისტიანი. ქაირო, ეგვიპტე
ტერაქტის მსხვერპლთა დაკრძალვა. აბუჯა, ნიგერია
ჰოსნი მუბარაქის რეჟიმის დამხობის შემდეგ, ეგვიპტეში ქრისტიანებზე მასობრივი შეტევები დაიწყო. ქრისტიანი კოპტები ქვეყნის მოსახლეობის 11%25-ს შეადგენენ. ისლამისტების მიერ ხალხით სავსე ეკლესიების აფეთქების, მასობრივი მკვლელობებისა თუ გაუპატიურებათა წინააღმდეგ, ისინი საპროტესტო აქციაზე გამოვიდნენ. 9 აპრილის მანიფესტაციის დროს, ეგვიპტის უსაფრთხოების ძალები სატვირთო მანქანებით შევარდნენ ხალხში და ცეცხლი გახსნეს. 24 ადამიანი დაიღუპა და 300 დაიჭრა. წლის ბოლოს, 200 ათასმა კოპტმა სიკვდილის შიშით საცხოვრებელი სახლები დატოვა. ბოლო არჩევნების შედეგებით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ისლამისტები უფრო დიდ ძალაუფლებას მიიღებენ. კოპტების მდგომარეობა სამომავლოდ შეიძლება უფრო დამძიმდეს.
Pew Forum-ის მონაცემებით, მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანობა ამ რეგიონში იშვა, ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში, ქრისტიანთა საერთო რაოდენობის 1%25 ცხოვრობს. აქედან ნახევარი სუდანსა და ეგვიპტეზე მოდის. დამძიმებული სიტუაციის გათვალისწინებით, მათი რიცხვი სამომავლოდ შესაძლოა კიდევ უფრო შემცირდეს. მსგავსი სიტუაციაა ერაყის ასირიულ-ქალდეურ თემში. ქრისტიანთა რაოდენობა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში მეოცე საუკუნიდან დღემდე - 20%25-დან 5%25-მდე შემცირდა. პირველ ათასწლეულში, ისლამის გავრცელებამდე კი ქრისტიანები აქ მოსახლეობის ძირითად ნაწილს წარმოადგენდნენ. ხუთი უძველესი საპატრიარქოდან ოთხი - იერუსალიმი, ანტიოქია, ალექსანდრია და კონსტანტინოპოლი ახლო აღმოსავლეთში მდებარეობს. მეთხუთმეტე საუკუნეში კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ, მათი რაოდენობა კიდევ უფრო შემცირდა.
2003 წლიდან, ტერორისტული აქტების შედეგად, ბაღდადში 900-ზე მეტი ერაყელი ქრისტიანი მოკვდა. ასირიელი ქრისტიანების საერთაშორისო სააგენტოს ცნობით, ათი წლის მანძილზე, ქვეყანაში სამოცდაათამდე ეკლესია დაიწვა. ამერიკული ჯარების მიერ ერაყის დატოვების შემდეგ, შესაძლოა, ერაყში ქრისტიანების კვალი გაქრეს. ქვეყანას ქრისტიანები ტოვებენ.
პაკისტანში ქრისტიანული მოსახლეობა ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ 2%25-ს შეადგენს. უმნიშვნელო რაოდენობის გამო, ქრისტიანული თემი გამუდმებულ შიშში ცხოვრობს - არამხოლოდ პაკისტანელი ექსტრემისტების გამო. ქვეყანაში მკრეხელობის ამკრძალავი კანონები მოქმედებს, რომელიც არაისლამური რელიგიური ჯგუფების წინააღმდეგ აქტიურად გამოიყენება. მკრეხელობის ინტერპრეტაცია დამოკიდებულია ინტერპრეტატორის ნებაზე. მაგალითად, ქრისტიანი შეიძლება სამების აღიარების გამო დაისაჯოს, რადგან ტრინიტრაული მონოთეიზმი ეწინააღმდეგება მუსლიმური თეოლოგიის უკიდურეს ერთღმერთიანობას. ამგვარ „მკრეხელობად“, სურვილის შემთხვევაში, ნებისმიერ ქრისტიანულ სწავლებას მიიჩნევენ. თუ ქრისტიანს უპოვიან ხატს, სადაც ის წმინდანია გამოსახული, რომელსაც მუსლიმები წინასწარმეტყველად აღიარებენ, შესაძლოა ესეც სიკვდილით დასჯის საბაბად იქცეს. მუსლიმები ადამიდან - ქრისტემდე ბიბლიურ პერსონაჟებს საკუთარ წინასწარმეტყველებად აცხადებენ, შესაბამისად, მათთვის მიუღებელია ქრისტიანული ჯვარცმაც კი. თუმცა ხშირად ამ წესებს უგულებელყოფენ - ექსტრემისტები ვერ არჩევენ, არის თუ არა ხატზე გამოსახული სწორედ ის წმინდანი, რომელიც მათი თაყვანისცემის ობიექტია.
ცოტა ხნის წინ ქრისტიან ქალს წინასწარმეტყველი მუჰამედის შეურაცხყოფაში დასდეს ბრალი და სიკვდილი მიუსაჯეს. როცა საერთაშორისო საზოგადოებამ დაარწმუნა გუბერნატორი პენდჯაბ სალმან ტასირი, მოეძებნა ქრისტიანის გათავისუფლების გზა - ის საკუთარმა დაცვის წევრმა მოკლა. დაცვის წევრი ისლამისტურმა ორგანიზაციებმა გმირად გამოაცხადეს. მოსამართლეზე, რომელმაც დანაშაულისთვის მას სიკვდილი შეუფარდა, ისლამისტურმა ორგანიზაციებმა ნადირობა დაიწყეს. ის დღესაც იატაკქვეშეთში იმალება.
აზიის ქვეყნებს შორის ჩინეთს ყველაზე დიდი, 80-120 მილიონამდე ქრისტიანული მოსახლეობა ჰყავს. დაშვებულია სულ ხუთი რელიგია: დაოიზმი, ბუდიზმი, კათოლიციზმი, პროტესტანტიზმი და ისლამი. რელიგიური თემი პარტკომმა უნდა დაარეგისტრიროს. ამგვარად ჩამოყალიბდა რელიგიურ-პატრიოტული ასოციაციები. ხელისუფლებას განსაკუთრებით აშფოთებს ისეთი რელიგიური ინსტიტუტები, რომელთაც ცენტრი საზღვარგარეთ აქვთ. მაგალითად, კათოლიკეებს ეკრძალებათ რომის პაპთან ნებისმიერი ურთიერთობა. სასულიერო პირები, რომლებიც ხელისუფლების გადაწყვეტილებას არ დანებდნენ, იატაკქვეშეთში აღმოჩნდნენ, სადაც მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ჩინეთი მათ რიცხვშია, ვინც ქრისტიანებს მკაცრ შეზღუდვებს უწესებს. ამ სახელმწიფომ Open Doors-ის რეიტინგში ერთი ადგილით გაიუმჯობესა პოზიცია, სხვა ქვეყნებში მდგომარეობის გაუარესების ხარჯზე.
გამოთხოვება კიმ ჩენ ირთან. ფხენიანი, ჩრდილოეთ კორეა
ჩვენი ქვეყანა ქრისტიანთა დევნის რეიტინგში არ არის. საქართველომ წინა წელს აღმსარებლობის თავისუფლების კუთხით მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა. პრობლემები უმცირესობებს შეეხებათ, თუმცა რელიგიური თავისუფლება ქვეყნის ყველაზე მრავალრიცხოვან ეკლესიასაც ეზღუდება. ქრისტიანთა კონფესიური ნიშნით დევნად შეგვიძლია განვიხილოთ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაციაც. მართალია, აქ სხვადასხვა მართლმადიდებლური, სქიზმატური ჯგუფი, ჩინური პატრიოტული ორგანიზაციების მსგავსად, სახელმწიფოს მხარდაჭერით სარგებლობს, მაგრამ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახურები ტერიტორიიდან არიან განდევნილნი. ხშირია მკვლელობისა და გატაცების ფაქტები - უკანასკნელად, ორი კვირის წინ, ოკუპანტებს მამა იოანა მაისურაძე გამოსტაცეს. ამ მხრივ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დევნილი კონფესიაა. მიუხედავად ამისა, მის წიაღში მოღვაწე რამდენიმე ფუნდამენტალისტური დაჯგუფება, მაგალითად, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი, სხვადასხვა დროს აქტიურად დევნიდა ქრისტიანულ კონფესიებს. მართლმადიდებელი ეკლესია საქართველოში, როგორც წესი, დუმილით ხვდება თავისი მრევლის მხრიდან შეუწყნარებლობის გამოვლინებებს. ქრისტიანთა მიერ ნებისმიერი შეუწყნარებლობა და დევნა, ამ რელიგიის ფუნდამენტური პრინციპების ღალატია - მისმა დამაარსებელმა სიცოცხლე ჯვარზე დაასრულა. ქრისტიანებმა საკმარისი გაკვეთილი უნდა მიიღონ არა მხოლოდ პირველქრისტიანთა დევნისგან, არამედ თანამედროვე მოწამეებისგანაც. თანამედროვე სამყაროში ქრისტიანთა დევნის გათვალისწინებით, ეკლესიამ, როგორც ჯგუფმა, უნდა გაიაზროს, რომ ქსენოფობიის წინააღმდეგ ბრძოლა მისი სასიცოცხლო ამოცანაც არის.
მსოფლიოს ორ მილიარდამდე ქრისტიანი, განსხვავებით მუსლიმებისგან, ნაკლებ მობილიზებულია პლანეტის სხვადასხვა კუთხეში ერთმორწმუნე ძმების დევნის შესაჩერებლად. მუსლიმები, როგორც წესი, საკუთარი ქვეყნების ფინანსური და პოლიტიკური დახმარებით სარგებლობენ. მიუხედავად იმისა, რომ კათოლიკე ეკლესია მსოფლიოს ყველაზე ცენტრალიზებული რელიგიური ინსტიტუტია, რომელსაც მილიარდზე მეტი მრევლი ჰყავს, დევნილი ქრისტიანების მიმართ გულგრილობის დაძლევა და ქრისტიანთა მობილიზება ჯერჯერობით ვერც მან მოახერხა. ისლამურმა ლობიმ დასავლეთში ტერმინი - ისლამოფობია დაამკვიდრა, რაც ქსენოფობიური გამოვლინებების ისეთ თანრიგში განიხილება, როგორიცაა ჰომოფობია, რასიზმი ან ანტისემიტიზმი. რასაკვირველია, მუსლიმების მიმართ შეუწყნარებლობა რეალური მოვლენაა, მაგრამ, როგორც დავინახეთ, ის ახლოსაც ვერ მივა პლანეტაზე მზარდი ქრისტოფობიის მასშტაბებთან. დასავლური პრესისა და ლიდერების დუმილს კი ერთგვარი თვითცენზურა განაპირობებს - მუსლიმურ ქვეყნებში ქრისტიანთა დევნის გაშუქება, მუსლიმების მიმართ სტიგმის გაღრმავების შიშით იბლოკება. სინამდვილეში კი, ქრისტიანებზე მიტანილი შეტევები, არა რელიგიათშორისი კონფლიქტი - არამედ ამ რელიგიის წარმომადგენელთა დევნა და ჩაგვრაა.
![]() |
3 ცხინვალი: „დამოუკიდებლობის“ დასასრული |
▲ზევით დაბრუნება |
პოლიტიკა
დიმიტრი ავალიანი
სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტობის გამარჯვებული კანდიდატის, ძალაუფლებაში მოსვლის მსვლელობა მარცხით დასრულდა. ალა ჯიოევას მიერ დანიშნული „ინაუგურაციის” წინა საღამოს, 9 თებერვალს, მის შტაბში შეიარაღებული ძალოვნები შეიჭრნენ და ჯიოევას დაკავებას შეეცადნენ. თვითგამოცხადებული რესპუბლიკის არშემდგარი პრეზიდენტი ადგილობრივი საავადმყოფოს რეანიმაციის განყოფილებაში მოხვდა.
ალა ჯიოევამ გასული წლის 27 ნოემბერს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, პროსახელისუფლებო კანდიდატი ანატოლი ბიბილოვი დაამარცხა. ეს უკანასკნელი მოსკოვის ღია მხარდაჭერით სარგებლობდა. „უზენაესმა სასამართლომ”, ოპოზიციონერი კანდიდატის მხრიდან დაშვებული დარღვევების საბაბით, არჩევნების შედეგები ბათილად გამოაცხადა. განმეორებითი არჩევნები 25 მარტისთვის დაინიშნა. ამ გადაწყვეტილებას მხარი ოფიციალურმა მოსკოვმაც დაუჭირა.
ჯიოევას მომხრეები, კანდიდატის გამარჯვების აღიარების მოთხოვნით, ქუჩაში გამოვიდნენ. საბოლოოდ, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის შუამავლობით ჯიოევასა და ედუარდ კოკოითის შორის შეთანხმება შედგა. 10 დეკემბერს კოკოითი გადადგა და მომავალ არჩევნებამდე ძალაუფლება „პრემიერ-მინისტრ“ ვადიმ ბროვცევს გადააბარა.
თუმცა, მალევე ჯიოევამ ხელისუფლება შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა. მისი თქმით, კოკოითის ერთგულმა დეპუტატებმა თანამდებობებზე დატოვეს ოდიოზური თანამდებობის პირები, რომელთა გათავისუფლება შეთანხმებით გათვალისწინებული იყო.
18 იანვარს ჯიოევამ შეთანხმება ბათილად გამოაცხადა, უარი თქვა 25 მარტის არჩევნებში მონაწილეობაზე და ინაუგურაციისთვის მზადებას შეუდგა. თუმცა, სულ მალე მარტო აღმოჩნდა. მის გეგმებს გაემიჯნენ უახლოესი თანამებრძოლები, კოკოითის ცნობილი ოპონენტები - თავისუფალი ჭიდაობის რუსეთის ეროვნული ფედერაციის მთავარი მწვრთნელი ჯამბოლათ თედეევი და „უშიშროების საბჭოს“ ყოფილი მდივანი ანატოლი ბარანკევიჩი.
თედეევმა „პოლიტიკისთვის ვეღარ მოიცალა“, რაც მის ბინაში მოსკოვში რუსეთის ФСБ-ს თანამშრომლებმა ჩხრეკა ჩაატარეს, თავად კი „მოწმის სტატუსით“ დაკითხეს. ბარანკევიჩმა ვიდეომიმართვები გაავრცელა. ის ალა ჯიოევას ინაუგურაციაზე უარის თქმა ურჩევდა, რეგიონში დესტაბილიზაციის თავიდან ასარიდებლად. ალა ჯიოევა თვლის, რომ მის თანამებრძოლებზე ზეწოლა განხორციელდა.
ცხინვალის ოპოზიციის მოსაზრებით, ჯიოევასა და მისი მხარდამჭერების წინააღმდეგ რეპრესიების უკან, ფორმალურად გადამდგარი ედუარდ კოკოითი დგას. ის ხელისუფლებაზე ზეგავლენას კვლავაც ინარჩუნებს. როგორც საქართველოს საგარეო უწყებამ 13 თებერვალს განაცხადა, ცხინვალში მიმდინარე მოვლენები ცხადყოფს, რომ „ოკუპირებულ ტერიტორიებზე სუფევს სრული განუკითხაობა და უპატივცემულობა კანონის მიმართ, რაზეც პასუხისმგებელი ოკუპანტი მხარეა”.
ცხინვალისა და რუსეთის ხელისუფლების შეთანხმებულმა მოქმედებამ, ოპოზიციონერი კანდიდატისა და მისი მხარდამჭერების წინააღმდეგ, რუს ექსპერტებსა და მედიაში იმედგაცრუება და აღშფოთება გამოიწვია. მათიც კი, ვინც კრემლის პოლიტიკის მომხრეა.
„ჯიოევას მიმართ ასეთი ქმედებების არანაირი აუცილებლობა არ არსებობდა. ეს უგუნურება ან პროვოკაციაა“, - განაცხადა დსთ-ს ინსტიტუტის დირექტორმა კონსტანტინ ზატულინმა. მისი აზრით, ასეთი სკანდალი რუსეთის ხელისუფლებას ხელს არ აძლევდა.
რუსი პოლიტოლოგის ანდრეი ეპიფანცევის აზრით, „ჯიოევამ არჩევნებში პატიოსნად გაიმარჯვა, რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების ქმედებები კი მოწმობს, თუ რაოდენ შორს შეიძლება წავიდეს ელიტა, როდესაც ძალაუფლების დაკარგვის საფრთხეს დაინახავს“. ეპიფანცევის თქმით, „პატარა სამხრეთ ოსეთი მაგალითს აძლევს დიდ რუსეთს“ - თუ 4 მარტის არჩევნებზე ვლადიმირ პუტინი წააგებს და დარწმუნებული იქნება, რომ პასუხს არავინ მოსთხოვს, იგი „რამე ასეთივე რადიკალურს მოიმოქმედებს“.
საკუთარი კანდიდატურა წამოაყენა „სამხრეთ ოსეთის ელჩმა რუსეთში“ დმიტრი მედოევმა. რუსული წყაროები მას კრემლის ახალ კანდიდატს უწოდებენ. გაზეთ მოსკოვსკი კომსომოლეცის მიმომხილველი მარინა პერევოზკინა აღნიშნავს, რომ ცხინვალის მოვლენები „სამხრეთ ოსეთში კრემლის პოლიტიკის ჩავარდნას ნიშნავს“. მისი აზრით, „სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოს ქმედუუნარობის დემონსტრირება მთლიანად აბათილებს რუსეთის გამარჯვებას 2008 წლის აგვისტოში”.
„დისკრედიტირებული რესპუბლიკა“ - ასე აფასებს თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში შექმნილ ვითარებას რუსი პოლიტოლოგო სერგეი მარკედონოვი. მისი აზრით, „სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოებრიობის იდეამ საშინელი დარტყმა მიიღო“. პასუხისმგებლობა რუსეთის ხელისუფლებას ეკისრება. გარდა ამისა, - აღნიშნავს მარკედონოვი, - რეგიონის მოსახლეობას ხელისუფლების ცივილიზებულად შეცვლის შესაძლებლობას ართმევენ. „ხალხი იწყებს იმის გაცნობიერებას, რომ ადგილობრივი უზურპატორების ალაგმვაში მოსკოვის იმედი ვერ ექნება”. ეს კი, მისი აზრით, „სამხრეთ ოსეთში კრემლის პოლიტიკის ყველაზე უარესი შედეგია”, რისთვისაც რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებს „მიხეილ სააკაშვილმა ორდენები უნდა დაურიგოს”.
როგორც ჩანს, მოსკოვი რეგიონის მმართველის ახალ კანდიდატურაზეც ჩამოყალიბდა. სულ „პრეზიდენტობის“ სურვილს 22 კანდიდატი აცხადებს. მათ შორის გავლენიანი ოპოზიციონერები აღარ არიან. ანატოლი ბიბილოვმა ახალ არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა. ამავე დროს, საკუთარი კანდიდატურა წამოაყენა „სამხრეთ ოსეთის ელჩმა რუსეთში“ დმიტრი მედოევმა, რომელსაც ჯერ კიდევ წინა არჩევნებამდე კოკოითის შესაძლო მემკვიდრედ ასახელებდნენ. დღეს კი რუსული წყაროები მას კრემლის ახალ კანდიდატს უწოდებენ.
ცხინვალში მოქმედ მედიაცენტრ ირის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 41 პროცენტი მომავალ არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს - იმ მოტივით, რომ არჩევანი უკვე გააკეთა. რუსეთის პოლიტიკის მიმართ რეგიონში იმედგაცრუება იზრდება. თუ ადრე მოსკოვი, ოსური მოსახლეობის მიერ დამცველად, „დამოუკიდებლობის“ გარანტად და უანგარო ქველმოქმედად აღიქმებოდა, 2008 წლის შემდეგ ეს დამოკიდებულება თანდათანობით იცვლება. ხალხი ხედავს, რომ კოლოსალური ფინანსური დახმარების მიუხედავად, ცხოვრება არ უმჯობესდება. ნებისმიერ მცდელობას, რეჟიმს პასუხი მოეთხოვოს ან ხელისუფლება შეიცვალოს, რეპრესიები მოჰყვება. ამას კრემლი უჭერს მხარს. რუსეთის ხელისუფლების მთავარი მოტივი მოხელეთა ელემენტარული კორუფციული ინტერესია. ასევე, როგორც ჩანს, კრემლს „ნარინჯისფერი საფრთხის“ წინაშე პანიკური შიში აქვს. მას არ სურს სახალხო პროტესტის შედეგად ხელისუფლების შეცვლის პრეცედენტი შეიქმნას. და ეს მიუხედავად იმისა, რომ ოსური ოპოზიცია იმთავითვე პრორუსული იყო. ასეთ ვითარებაში 25 მარტის არჩევნები ცხინვალში წმინდა ფორმალობად იქცევა. მით უმეტეს, რომ მოქმედი ოსური რეჟიმის მოწინააღმდეგეთა დაშინებას, ცხინვალში თუ რუსეთის ტერიტორიაზე, ხელისუფლება აქამდე წარმატებით ახერხებს.
ცხინვალის მოვლენების შემდეგ, მას კიდევ უფრო გაუჭირდება საკუთარი არგუმენტების დასაბუთება „ერთა თვითგამორკვევისა“ და „დამოუკიდებელი სახელმწიფოების“ მხარდაჭერის შესახებ. ამგვარი სიტუაცია ამყარებს თბილისის პოზიციას, რომ კრემლს, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, საოკუპაციო რეჟიმები აქვს დამყარებული.
![]() |
4 ფიქრები სტოკჰოლმიდან |
▲ზევით დაბრუნება |
პერ ეკლუნდი|სვეტი
პერ ეკლუნდი,ევროკავშირის ელჩი საქართველოში 2006-2010 წლებში
როგორც იქნა აცივდა, თან როგორ! ჩრდილოეთ შვედეთის შორეულ რეგიონებში ტემპერატურა -40 გრადუსამდე დაეცა. სტოკჰოლმში შედარებით ზომიერი ყინვაა - 10-დან 15 გრადუსამდე მერყეობს, თუმცა მაინც ძალიან ცივა. ფინანსურ ბაზრებზე სუსხიანი ქარი ქრის და მრავალტირაჟიანი შვედური გაზეთის ერთ-ერთი სათაური გვამცნობს: საბერძნეთის გაკოტრებამდე სამი დღე დარჩა.
ევროპის ლიდერები სამიტს სამიტზე ატარებენ - ჯერჯერობით, უმნიშვნელო შედეგით. საბერძნეთის ხელისუფლების უუნარობა, შეასრულოს შეთანხმებები და ვადები, იმედგაცრუებას სულ უფრო აღრმავებს, საბერძნეთის მდგომარეობის შესახებ ეუთოს ბოლო ანგარიში კი, როგორც ჩანს, იმედის ნაპერწკალსაც არ აჩენს.
საბერძნეთის ცენტრალური ადმინისტრაციის შეფასება ანგარიშში საკმაოდ მკაფიოა: არ არსებობს სტრატეგიული ხედვა იმ გზისა, რომელსაც ქვეყანა უნდა დაადგეს; შეიმჩნევა ლიდერობისა და ხელმძღვანელობის ნაკლებობა და არ არსებობს სტრუქტურა, რომელიც რეფორმების გატარებაზე პასუხისმგებლობას იკისრებდა. რთული მმართველობა, რომლის ფესვებიც ოსმალეთის იმპერიაში უნდა ვეძიოთ, კორუფციისთვის ნოყიერ ნიადაგს ქმნის და რენტის მაძიებლებს კვებავს; მაღალ თანამდებობზე, ძირითადად, საშუალო ასაკის ადამიანები პოლიტიკური და არა პროფესიული ნიშნით ინიშნებიან; არ არსებობს უწყებებს შორის კოორდინაცია და თანამშრომლობა, მკაფიო საბიუჯეტო პროცედურები, სანდო სტატისტიკა. ადმინისტრაცია იერარქიული, ფორმალისტური და არაეფექტიანია.
თუ საბერძნეთის მდგომარეობაზე ეუთოს ანგარიშის წაკითხვამ ადამიანს ძილი შეიძლება დაუფრთხოს, მსოფლიო ბანკის ანგარიში - „კორუფციასთან ბრძოლა საჯარო სამსახურში - საქართველოს რეფორმების ქრონიკა“ - ოპტიმიზმს შემატებს. ეს ანგარიში გიჩვენებს, რა შეიძლება ქვეყანაში გაკეთდეს, თუ ხედვა, მიზანი და პოლიტიკური ნება არსებობს. 2003 წლის ბოლოს საქართველო შეუმდგარი სახელმწიფო იყო; 10 წელიწადზე ნაკლებ დროში იქ შთამბეჭდავი რეფორმები გატარდა. ანგარიში მოგვითხრობს რეფორმებზე საპატრულო პოლიციის, გადასახადების ადმინისტრირების, საბაჟო სამსახურის, ენერგომომარაგების უზრუნველყოფის, ბიზნესის დერეგულირების, საჯარო და სამოქალაქო რეესტრების, უმაღლეს სასწავლებლებში მისაღებ გამოცდებზე კორუფციის ამოძირკვის და მუნიციპალური მომსახურების დეცენტრალიზების სფეროებში. ანგარიშის მიხედვით, ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველომ „უპრეცედენტო ანტიკორუფციული რეფორმის“ ხანაში შეაბიჯა. თან, როგორი წარმატებით!
სასიხარულო იყო, ამას წინათ, მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონული დირექტორის, ასად ალამის, სტოკჰოლმში ხილვა. იგი შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ანგარიშის იმ ადამიანებისთვის წარსადგენად ჩამოვიდა, რომლებსაც საქართველოს გამოცდილება აინტერესებთ. ანგარიშის პრეზენტაციები ვაშინგტონსა და ბრიუსელში უკვე გაიმართა და ბატონი ალამი მომდევნო ორ წელს, ალბათ, ამ ანგარიშის წარსადგენად მოგზაურობაში გაატარებს. ეს იმის მაჩვენებელია, რომ არსებობს ჯანსაღი ინტერესი, თუ როგორ შეძლო საქართველომ გარდაქმნა კორუფციის დასამარცხებლად და იმედია, იმის მაჩვენებელი, რომ სულ უფრო მეტი აცნობიერებს, რომ კორუფცია საზოგადოებაში ავთვისებიანი სიმსივნესავითაა. და რომ მისი აღმოფხვრა შესაძლებელია და ამის გაუკეთებლობას გამართლება არა აქვს. Nike-ის ლოზუნგისა არ იყოს, Just do it! (მიდი, გააკეთე!)
საბერძნეთისთვის რადიკალური რეფორმები აუცილებელია. საქართველოს, რომელიც ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობისთვის ემზადება, საექსპორტო ბევრი არაფერი აქვს. გირჩევდით, საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების ექსპორტს მიჰყოთ ხელი - იმ ცოდნისა და გამოცდილების, რომელიც ქვეყანამ ადმინისტრაციის რადიკალურ და მიზანმიმართულ რეფორმირებაში, ელექტრონული მმართველობის შემოღებაში და კორუფციასთან ბრძოლაში დააგროვა, ანუ, იმ რეფორმების გატარებაში, რომლებმაც საქართველო ევროპაში წამყვან რეფორმატორად აქცია. საბერძნეთს და ზოგ სხვა ქვეყანას საქართველოს გამოცდილებიდან ბევრი რამის სწავლა შეუძლია.
![]() |
5 ლევან ბეჟაშვილი: ჩვენ არ და ვერ შევზღუდავთ სამოქალაქო აქტივობას |
▲ზევით დაბრუნება |
პოლიტიკა
სალომე უგულავა
დეკემბრის ბოლოს პოლიტიკური პარტიების დაფინანსების ახალი წესი ამოქმედდა. დაფინანსების მონიტორინგი კონტროლის პალატის ფუნქცია გახდა. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონით პოლიტიკურიპარტიებისთვის დაწესებული შეზღუდვები, შეიძლება, გარკვეულ შემთხვევებში ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებზეც გავრცელდეს. რა კრიტერიუმები არსებობს დაკავშირებული პირის საიდენტიფიცირებლად, შეიზღუდება თუ არა მათი გამოხატვის თავისუფლება და სამოქალაქო აქტივობები, როდის შეიძლება მედია გახდეს მონიტორინგის ობიექტი - ამ და სხვა საკითხებზე ტაბულა კონტროლის პალატის თავმჯდომარეს, ლევან ბეჟაშვილს ესაუბრა.
შეზღუდვები, რომელსაც მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონი პოლიტიკურ პარტიებს უწესებს, რიგ შემთხვევებში შეიძლება გავრცელდეს ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებზეც. გარდა კანონის ზოგადი დეფინიციებისა, თუ გაქვთ კონკრეტული კრიტერიუმები დაკავშირებული პირების იდენტიფიცირებისთვის? რა სახის კავშირზეა საუბარი?
ძირითადი კრიტერიუმი ცალკეული ფიზიკური, თუ იურიდიული პირის პოლიტიკურად დაკავშირებულ პირად მიჩნევისა და მათზე საკანონმდებლო შეზღუდვების გავრცელებისა, არის მათი საქმიანობის შინაარსი და, იმავდროულად, ამ საქმიანობაზე გაწეული ხარჯების კავშირი პოლიტიკურ მიზნებთან და ამოცანებთან. ეს არის ყველაზემნიშვნელოვანი ტესტი. არსებობს სხვა კრიტერიუმებიც - კანონმდებლობითა და საერთაშორისო პრაქტიკით დადგენილი. ძირითადი კრიტერიუმები განსაზღვრულია კანონის 26-ე პრიმა მუხლით: გარდა იმისა, რომ პირდაპირ და არაპირდაპირ დაკავშირებულ პირებად მიიჩნევა ის ორგანიზაციები და სუბიექტები, რომელთა ფინანსური საქმიანობა უშუალოდ უკავშირდება პოლიტიკური მიზნებისა და ამოცანების განხორციელებას, უნდა მოქმედებდნენ დადგენილი შეზღუდვების გვერდის ასავლელად. მაგალითად, კომერციულმა იურიდიულმა პირმა, შეიძლება, პოლიტიკური სუბიექტის სასარგებლოდ დაამზადოს სააგიტაციო მასალა. მას აკრძალული აქვს შემოწირულობების გაღება პოლიტიკური პარტიისთვის, ან მასთან დაკავშირებული პირისთვის. თუმცა, კანონის გვერდის ასავლელად, შეიძლება, დაბეჭდოსმსგავსი მასალა, რაც არ აღირიცხება პოლიტიკური პარტიის საფინანსო ანგარიშგებაში. ეს გახდება მონიტორინგის საგანი და კანონის შესაბამისად ვიმოქმედებთ.
კანონმდებლობით, დაკავშირებულ პირებად შეიძლება ჩაითვალოს ის, ვინც მოუწოდებს კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტების მხარდაჭერისკენ. შეფასების ძირითადი კრიტერიუმი, კონკრეტული მოწოდებების კავშირი უნდა იყოს ფინანსურ საქმიანობასთან.
კანონის 26-ე პრიმა მუხლის თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვები არ შეიძლება, გამოყენებულ იქნეს გამოხატვის თავისუფლებისა და სამოქალაქო აქტივობის წინააღმდეგ. სად გადის ზღვარი?
კანონი ნათლად განმარტავს, რომ დადგენილი რეგულაციები და მონიტორინგის განმახორციელებლის ქმედებები, არ უნდა ზღუდავდეს აზრის გამოხატვის თავისუფლებასა და სხვა კონსტიტუციურ უფლებებს. კრიტერიუმი არის ფინანსური საქმიანობის კავშირი მოწოდებებთან და აქტივობასთან. თავისთავად, ჩვენ არ და ვერ შევზღუდავთ სამოქალაქო აქტივობას. არასამთავრობო ორგანიზაციები დღეს აქტიურად არიან ჩაბმულები ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ბუნებრივია, ეს კანონი მათზე არ გავრცელდება.
თუ რომელიმე ორგანიზაცია მხარს უჭერს პოლიტიკურ სუბიექტს, მათ არ ეხებათ შეზღუდვები. თუმცა, ამავდროულად თუ აფინანსებენ სააგიტაციო პროპაგანდას, უხდიან ხელფასს პოლიტიკურად აქტიურ პირებს, ან პარტიის წევრებს - კანონით დადგენილი შეზღუდვები ამოქმედდება. ისინი ვალდებულები იქნებიან, დაფინანსების დადგენილი წესები დაიცვან.
კანონის შინაარსი - პოლიტიკასთან დაკავშირებული ფინანსების დარეგულირება, გადაჭარბებული ფულის მავნე ზეგავლენისაგან დაცვაა და არა რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციის, ან პირის აზრის გამოხატვის შეზღუდვა. აქ საუბარია მხოლოდ ფინანსური საქმიანობის გარკვეულ ჩარჩოებში მოქცევაზე.
ზოგადად, მონიტორინგის ორგანო ეფექტური უნდა იყოს: ხელი მიუწვდებოდეს ნებისმიერ საფინანსო ოპერაციაზე, რათა შემდგომში დაადგინოს ამ ტრანზაქციების კავშირი პოლიტიკურ აქტივობასთან. ჩვენთვის პრიორიტეტულია პოლიტიკური პარტიების საფინანსო საქმიანობა. სხვა სუბიექტების მონიტორინგის საკითხი შემდეგ დგება - თუ აღმოჩნდება, რომ მათი ფინანსები პირდაპირ, ან ირიბად უკავშირდება ცალკეული პოლიტიკური სუბიექტის მიზნებსა და ამოცანებს.
გაუგებარი აჟიოტაჟია გარკვეული არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, გაურკვეველ ინტერპრეტაციას აკეთებენ. მაგალითად, ის, რომ ამ კანონით, თუკი ფიზიკურ და იურიდიულ პირებს დაუდგინდათ კავშირი პოლიტიკურ საქმიანობასთან, აეკრძალებათ წელიწადში შემოსავლის მიღება 60 ათას ლარს ზემოთ, არ ექნებათ სესხის აღების უფლება და ა.შ. კონტროლის პალატის მონიტორინგის სამსახური ბევრად უფრო ლიბერალურად განმარტავს კანონს. ვფიქრობთ, რომ ფიზიკური და იურიდიული პირების უფლება, თავისუფალ სამეწარმეო გარემოში იმოქმედონ, მიიღონ შემოსავალი, ყველა შემთხვევაში დაცული უნდა იყოს. კანონმდებლობით დაცულია საკუთრების უფლებაც და ჩვენი მანდატი, ბუნებრივია, მის შეზღუდვაზე არ ვრცელდება. აქ არც არასამთავრობო ორგანიზაციების ტრადიციული საქმიანობა ექცევა, რომლებსაც აქვთ საკუთარი პროექტები სამოქალაქო სექტორის, ქვეყანაში პოლიტიკური, დემოკრატიული სისტემის განსავითარებლად.
ბოლოს თქვენ ფინანსური ანგარიში გამოითხოვეთ არასამთავრობო ორგანიზაცია ახალი თაობა - ახალი ინიციატივისგან. განმარტეთ, რომ ორგანიზაცია პოლიტიკურ პირებთან ასოცირების გამო არ შეგიმოწმებიათ, არამედ, სხვანაირად მათი ფინანსური საქმიანობის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ იყო. რატომ უნდა ყოფილიყო?
ყველა სხვა ორგანიზაციის ხელმისაწვდომია? ნებისმიერი ორგანიზაციის საფინანსო საქმიანობის შესახებ ინფორმაციას ჩვენ სხვადასხვა ლეგალური წყაროდან ვიღებთ. ბევრ არასამთავრობო ორგანიზაციას ვებგვერდზეც აქვს გამოქვეყნებული. ზოგი პრესის საშუალებით აქვეყნებს. ამ შემთხვევაში ვერ მოვიპოვეთ მსგავსი ინფორმაცია.
აუცილებლად უნდა ყოფილიყო ხელმისაწვდომი? რის საფუძველზე შეამოწმეთ?
ცალკეული პოლიტიკურად აქტიური პირებიც ასოცირდებოდნენ ამ ორგანიზაციის საქმიანობასთან. არსებობენ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებიც, რომელთა საქმიანობასთან ასევე ასოცირდებოდნენ პოლიტიკოსები. მათ ფინანსურ საქმიანობას მეტ- ნაკლებად ვიცნობთ. გვაქვს ინფორმაცია სხვადასხვა ლეგალური, საჯარო წყაროებიდან. ახალი თაობა - ახალი ინიციატივაში გაიგზავნაწერილი, რათა მიგვეღო ეს ინფორმაცია. დადგინდა, რომ მათ ფინანსურ საქმიანობას არანაირი კავშირი არ აქვს პოლიტიკურ სუბიექტებთან.
თავისთავად ის, რომ გარკვეულ პოლიტიკურ პირებს ოდესღაც ჰქონდათ კავშირი ამა თუ იმ ორგანიზაციასთან, რამდენადაა საკმარისი საფუძველი და დასაბუთება, რომ გამოითხოვოთ ინფორმაცია ფინანსებზე?
არ არის საკმარისი. უნდა იყოს სხვა საფუძვლებიც, ვარაუდები და დასაბუთებული ეჭვები.
ამ შემთხვევაში რა იყო, გარდა იმისა, რომ, უბრალოდ, ხელი არ მიგიწვდებოდათ?
პირველი და მთავარი, ჩვენ არ გვქონდა ინფორმაცია მათ ფინანსურ საქმიანობაზე.
ყველა სხვა ორგანიზაციაზე გაქვთ? 10 ათასამდე არასამთავრობო ორგანიზაციაა ქვეყანაში.
კი, მაგალითად, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას ვებგვერდზე აქვს გამოქვეყნებული. აქ საუბარია ძირითად აქტორებზე, რომელთაც აქტიური დაფინანსება აქვთ და პროექტებს ახორციელებენ.
თქვენ ფინანსური ანგარიში გამოითხოვეთ რესპუბლიკური ინსტიტუტისგანაც. განმარტეთ, რომ რესპუბლიკური ინსტიტუტი რესპუბლიკურ პარტიასთანაა კავშირში. მსოფლიოში არსებობს პრაქტიკა სხვადასხვა პარტიებთან დაკავშირებული ინსტიტუტების არსებობის, როგორიცაა აშშ- ის ეროვნულ- დემოკრატიული, ან საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი, ადენაუერის ფონდი და ა.შ. დაუწესდება თუ არა რაიმე შეზღუდვა რესპუბლიკურ ინსტიტუტს?
რესპუბლიკური ინსტიტუტი რესპუბლიკური პარტიის კონტროლქვეშაა. კანონის 32-ე მუხლის შესაბამისად, პარტია ვალდებულია, წლიურ საფინანსო დეკლარაციასთან ერთად წარმოადგინოს მის კონტროლქვეშ არსებული იურიდიული პირების შესახებ ინფორმაცია. ეს პირველ თებერვლამდე უნდა გაეკეთებინათ. ეს ორგანიზაცია ექცევა 26-ე პრიმა მუხლის დეფინიციაში და მასზე ვრცელდება რეგულირებები, რაც გათვალისწინებულია კანონით ფინანსური საქმიანობის ნაწილში.
სწორად აღნიშნეთ, რომ მსოფლიოში პარტიებს აქვთ მსგავსი ინსტიტუტები. ბუნებრივია, რესპუბლიკურ ინსტიტუტს აქვს სამოქალაქო აქტივობის განხორციელების უფლება, კვლევების ჩატარების და ა.შ. ამას კანონი არ ზღუდავს. ლაპარაკია რეგულირებებზე, რომელიც დაკავშირებული იქნება შემოსავლების მიღებასთან, მათ წარმომავლობასთან, ხარჯებიც არ უნდა უკავშირდებოდეს პარტიულ საქმიანობას. ფინანსური დოკუმენტაციის მიხედვით, ისინი კვლევითი საქმიანობით ნაკლებად იყვნენ დაკავებული. სულ რამდენიმე დიდი მოცულობის ტრანზაქცია ჰქონდათ და ფული დაახლოებით 2-კვირიან შუალედში დაიხარჯა.
საერთაშორისო გრანტის მიღებას თუ შეძლებენ?
კანონი ამ მიმართულებით ადგენს რეგულირებებს. მის თანახმად, რესპუბლიკურ ინსტიტუტზე იგივე შეზღუდვები ვრცელდება, როგორიც პარტიაზე. პარტიას აქვს უფლება, მიიღოს საერთაშორისო ორგანიზაციების შემოწირულობები ლექციების, სემინარების და სხვა საჯარო ღონისძიებების განსახორციელებლად. თანხები მხოლოდ ამაზე უნდა დაიხარჯოს.
ხომ შესაძლებელია, ლექციები და სემინარები პოლიტიკური მიზნით გამოიყენონ?
კანონმდებელი უშვებს ამ გამონაკლისს - თუ ლექცია იმაზეა, როგორ უნდა მობილიზდეს საჯარო თანხები, საარჩევნო პროცესს როგორ უნდა დააკვირდნენ და მსგავს საკითხებზე.
ასეთი სიტუაცია რომ განვიხილოთ - ვთქვათ, პოლიტიკურად აქტიური პირი გარკვეულ პროდუქციას, ან მომსახურებას ყიდულობს. ისინი კი, ვისაც მომსახურებაში ფულს გადაუხდიან, შემდეგ პოლიტიკურ აქტივობას განახორციელებენ - მაგალითად, ფულს შესწირავენ პარტიას. ჩაითვლებიან თუ არა ისინი დაკავშირებულ პირებად?
საერთაშორისო პრაქტიკაში არსებობს სქემები, როდესაც იურიდიულ პირს დაფინანსების უფლება არ აქვს, აძლევს ამ თანხებს ფიზიკურ პირებს და შემდგომში ეს ფიზიკური პირები აფინანსებენ პოლიტიკურ სუბიექტს. თუ დადგინდა, რომ ეს კანონის გვერდის ასავლელად, რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის ირიბად დასაფინანსებლად კეთდება - შესაბამისი სანქციებიც დაწესდება. იურიდიულ პირებს არ აქვთ დაფინანსების უფლება და მხოლოდ ფიზიკურ პირებს შეუძლიათ.
ფიზიკურ პირებსაც ვგულისხმობ, მაგალითად, ხელფასი რომ გაეზარდოთ და შეიტანონ შემოწირულობები...
პარტიები შემოწირულობების მიღებიდან სამ დღეში გვაწვდიან ინფორმაციას. ჩვენი სამსახურები კი სწავლობენ თითოეულ ტრანზაქციას. გვაქვს უფლება, შემომწირველს მოვთხოვოთ ინფორმაცია თანხის წარმომავლობაზე და მიღებული ინფორმაციით ვიმსჯელოთ, რამდენად რეალურია.
ზოგადად, რთულია მსგავსი სიტუაციების მოდელირება. გვთხოვენ, რომ კონტროლის პალატამ გარკვეული სახელმძღვანელო პრინციპები შეიმუშაოს, თუმცა ეს იოლი არაა. შეუძლებელია, ყველა შემთხვევა წინასწარ განსაზღვრო. აქტიურად ვმუშაობთ და ვიმუშავებთ არასამთავრობო სექტორთან, რომ შევძლოთ კანონის ცალკეული ნორმების კომენტირება. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა არის აკრძალული და რა არის ნებადართული - კონკრეტული მაგალითებითა და კომენტარებით. თუმცა, დაგვრჩება უფლება, რომ კონკრეტულ სიტუაციებში კონკრეტული გარემოებების შესაბამისად მოვიქცეთ.
მედია რა შემთხვევაში შეიძლება, მოექცეს თქვენი მონიტორინგისქვეშ? დასავლურ ქვეყნებში არსებობს პრაქტიკა, როდესაც მედია ღიად უჭერს მხარს კანდიდატს, ან ასევე ღიად გამოდის რომელიმეს წინააღმდეგ. გამოიწვევს მსგავსი ქცევა მედიის რაიმენაირ შეზღუდვას საქართველოში? ან რაიმე ეჭვის საფუძველი თუ გახდება თქვენთვის?
ჩვენი მონიტორინგის სამსახური არ შეეხება მედიის არც ფინანსურ საქმიანობას და არც, თავისთავად, სარედაქციო დამოუკიდებლობას. გვქონდა შემთხვევა, რომ ერთ- ერთი პოლიტიკურად აქტიური სუბიექტის ფინანსები გადაირიცხა მედიასაშუალებებში. მიუხედავად იმისა, რომ საბაზრო ფასზე ძვირად შეისყიდა მომსახურება, ჩვენ მათ არ შევხებივართ და არც კითხვები დაგვისვამს, რაში დახარჯეს ეს ფული. მონიტორინგში მედიასაშუალებებისთვის გადარიცხული თანხები მხოლოდ იმ კუთხით მოექცევა, რომ ეს თანხები გადაირიცხა პოლიტიკური სუბიექტების მხრიდან. როგორ აითვისეს, ეს ჩვენი ინტერესი არაა.
რაც შეეხება მოწოდებას, აზრისა და გამოხატვის თავისუფლებას ჩვენ არ ვეხებით. არც კანონი ადგენს შეზღუდვებს. საუბარია ფინანსების დაკავშირებაზე რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის პოლიტიკური მიზნებისა და ამოცანების განხორციელებასთან. თუ ასეთი ფაქტები დადგინდება, მხოლოდ ამ შემთხვევაში ხდება მონიტორინგის სამსახურის ჩართვა. ამ ფინანსების გარკვეული რეგულაციების ქვეშ მოქცევაზეა საუბარი. ამას მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონი ითვალისწინებს.
თუ ვნახავთ, რომ, ვთქვათ, რომელიმე ტელევიზია უჩვეულოდ ბევრ თანამშრომელს აიყვანს, რომლებიც შემდგომ ჟურნალისტური საქმიანობით კი არა, პოლიტიკური აგიტაციით იქნებიან დაკავებული; თუ ვნახავთ, რომ ისინი კონკრეტული პოლიტიკური პარტიის საარჩევნო კამპანიაში არიან ჩართულები - ამ შემთხვევაში თვალსაჩინო იქნება ფინანსების კავშირი პოლიტიკურ აქტივობასთან და მონიტორინგი ამოქმედდება. აქ არა ერთჯერად ჩართულობაზე, არამედ კამპანიურ ხასიათზეა საუბარი. თავისთავად, მედიასაშუალება არ შეიძლება, მონიტორინგის საგანი იყოს. მათი საქმიანობა დაცულია.
![]() |
6 ევრაზიული ოცნება? |
▲ზევით დაბრუნება |
პოლიტიკა
დიმიტრი ავალიანი
ქართული ოცნება ევრაზიული კავშირის შესახებ ვლადიმირ პუტინის იდეას ყურადღებით გაეცნობა. ამის შესახებ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკის ჯგუფის ხელმძღვანელმა თედო ჯაფარიძემ ინტერპრესნიუსისათვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. შეკითხვას, წარმოადგენს თუ არა საფრთხეს ქვეყნისათვის პუტინის კონცეფცია და როგორ უყურებს ქართული ოცნება ევრაზიულ კავშირს, ჯაფარიძე პასუხობს: „რაც შეეხება სხვადასხვა კონცეფციებს, მათ შორის ევრაზიული კავშირის შექმნას, ჩვენ მათ ყურადღებით გავეცნობით. მე მაინც მგონია, რომ ამ პროექტს უფრო შიდაპოლიტიკური დატვირთვა აქვს და ეს რუსეთში მიმდინარე საპრეზიდენტო კამპანიის ნაწილი უნდა იყოს“.
როგორც თედო ჯაფარიძემ ტაბულასთან საუბრისას განმარტა, ქართული ოცნება ევრაზიული კავშირის იდეას, სხვა მსგავს კონცეფციებთან ერთად შეისწავლის. „ვერ გეტყვით, [ეს იდეა] წარმოადგენს თუ არა საფრთხეს. თუმცა, საფრთხეს რუსეთის მხრიდან ყოველთვის უნდა ელოდო. შენს ოპონენტს კარგად უნდა იცნობდე და იცოდე მისი არგუმენტები. იმაში, რომ [კონცეფცია] წაიკითხო და გაეცნო, კრიმინალურს ვერაფერს ვხედავ“, - აღნიშნა ჯაფარიძემ.
ევრაზიული კავშირის იდეის გასაცნობად ბიძინა ივანიშვილის გუნდს დრო საკმაოდ ჰქონდა. რუსეთის, ბელარუსის და ყაზახეთის საბაჟო კავშირის ბაზაზე ახალი გაერთიანების შექმნის პერსპექტივის შესახებ, რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა ჯერ კიდევ 2010 წლის დეკემბერში განაცხადა.
თედო ჯაფარიძე რუსეთთან „ურთიერთობების სტრატეგიული ღერძის აღდგენას” დაკავშირებული: მოსაზრებები მინსკის და მოსკოვის შეთანხმებებზე გაფორმდა დეკლარაცია ევრაზიული ინტეგრაციის შესახებ გაფორმდა დეკლარაცია ევრაზიული ინტეგრაციის შესახებ 2011 წლის ოქტომბერში გაზეთ იზვესტიაში რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც პოსტსაბჭოთა სივრცეზე ახალი გაერთიანების - ევრაზიული კავშირის შექმნის გეგმა დეტალურად ჩამოაყალიბა. ევრაზიული კავშირის კონცეფცია ვლადიმირ პუტინის მომავალი პრეზიდენტობის მთავარ პროგრამად აღიქვეს.
პუტინის განმარტებით, მომავალი კავშირი პოსტსაბჭოთა სივრცეზე ევროკავშირის ანალოგი უნდა გახდეს - ქვეყნებს შორის მოიხსნას საბაჟო, საიმიგრაციო და სხვა ბარიერები. ყაზახეთისა და ბელარუსის გარდა, გაერთიანების ახალ წევრებად პუტინი ყირგიზეთსა და ტაჯიკეთს მოიაზრებდა. პრემიერი საგანგებოდ აღნიშნავდა, რომ ინტეგრაციის ეს გეგმა არ იმეორებს საბჭოთა მოდელს და მასში გაწევრიანება მხოლოდ ნებაყოფლობით, ყოველგვარი ზეწოლის გარეშე მოხდება.
თუმცა, რუსეთში და მის ფარგლებს გარეთ, პრემიერის ახალ პროგრამაში სწორედ საბჭოთა კავშირის აჩრდილი დაინახეს.
პუტინის იდეას მიესალმა ცნობილი რუსი ნაციონალისტი, რუსეთის იმპერიის აღდგენის მოსურნე ევრაზიული მოძრაობის ლიდერი ალექსანდრ დუგინი. მან კონცეფციას „აბსოლუტურად სწორი” უწოდა და აღიარა, რომ პუტინის სტატიაზე მუშაობაში მისი მოძრაობის წევრებიც იღებდნენ მონაწილეობას.
ყველაზე მტკივნეულად რუსეთის პრემიერის იდეები უკრაინაში აღიქვეს. პუტინის სტატიის გამოსვლამდე ამ ქვეყანამ საკუთარ თავზე გამოსცადა მეთოდები, რითიც მოსკოვი „ნებაყოფლობით” ინტეგრაციულ პროექტებში მეზობლებს ეპატიჟება. გასული წელს აპრილში პუტინმა უკრაინას ღიად შესთავაზა, უარი ეთქვა ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმებაზე და საბაჟო კავშირში გაწევრიანებულიყო. მოსკოვი მზად იყო უკრაინისთვის გაზის ფასები შეემცირებინა, უარის შემთხვევაში კი უკრაინულ პროდუქციაზე ტარიფების აწევით დაიმუქრა.
თედო ჯაფარიძე რუსეთთან „ურთიერთობების სტრატეგიული ღერძის აღდგენას” ემხრობა.
ამ ცნების პრაქტიკული რეალიზაციის მცდელობა, შეიძლება, თუნდაც უკრაინის მაგალითზე განვიხილოთ. ქვეყნის დღევანდელი ხელისუფლება შეეცადა, ევროკავშირთან ინტეგრაცია და რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობა ერთმანეთთან შეეთავსებინა. საამისოდ იანუკოვიჩის ხელისუფლებამ უარი თქვა უკრაინის NATO-ში ინტეგრაციაზე და ქვეყანაში რუსული ფლოტის ყოფნა დააკანონა. სანაცვლოდ მოსკოვისგან გაზის არაადეკვატურად გაზრდილი ფასები და ერთდროულად რამდენიმე ულტიმატუმი მიიღო. მოლდოვის წინა ხელისუფლებამ სუუამ-ში მონაწილეობა ფაქტობრივად შეაჩერა და ქვეყნის ნეიტრალიტეტის შესახებ ახალი დოკუმენტი მიიღო.
მოსკოვის მხრიდან დაპირების მიუხედავად, დნესტრისპირეთის კონფლიქტის გადაწყვეტაში პროგრესს ვერ მიაღწია.
რუსეთის არსებულ რეჟიმთან ურთიერთობების მოწესრიგება, თუნდაც საერთო ინტერესების საფუძველზე, ილუზიაა. ეს პოსტსაბჭოთა ქვეყნების ბოლო წლების გამოცდილებამ დაადასტურა. ქართულ ოცნებას ამ საკითხის შესწავლაც შეუძლია - მას შემდეგ, რაც პუტინის კონცეფციას ყურადღებით გაეცნობა.
![]() |
7 ახალბედა ექსპერტების ბიბლიოთეკა |
▲ზევით დაბრუნება |
გიგა ზედანია|სვეტი
„ექსპერტი“ თანამედროვე ქართულში იქცა სიტყვად, რომელსაც გარკვეული ირონიის გარეშე ვერ წარმოთქვამ. „ყველაფრის ექსპერტი“, „ვითომექსპერტი“, „გვეშველება რამე?“ - აი, მასთან დაკავშირებული პირველი ასოციაციები. არა, ექსპერტობასთან დასავლელ ინტელექტუალებსაც აქვთ პრობლემა: ევროპასა და აშშ-ში ხშირად საუბრობენ იმაზე, თუ როგორ ხდება აზროვნების დაყვანა-რედუცირება ექსპერტული შეხედულების გამოთქმაზე, რომელიც კრიტიკულ დამოკიდებულებას საზოგადოებაში მიმდინარე პროცესების მიმართ ლამის შეუძლებელს ხდის. მაგრამ ეს ჩვენთვის უცხო პრობლემაა - თუ დასავლეთში არსებობენ კონკრეტული სფეროების (საშინაო პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა, ეკონომიკა, კულტურა, დემოგრაფია, მედია და ა.შ.) ექსპერტები და, პლუს ამას, რამდენიმე უგზო-უკვლოდ განათლებული და ნიჭიერი ადამიანი, ვისი თვალსაწიერიც ერთ სფეროზე მეტს ფარავს, საქართველოში ყველა ყველაფერზე ლაპარაკობს, გეგონება მე-15 საუკუნის ფლორენციაში ვცხოვრობდეთ, ხოლო თბილისის ქუჩები რენესანსის ადამიანებით იყოს დახუნძლული. ოღონდ მხოლოდ გეგონება - ქართველი ბატისტა ალბერტი თუ და ვინჩი რატომღაც ჯერ არ გამოჩენილა.
ამ პრობლემის გადაჭრის იმედი უახლოეს მომავალში არ მაქვს. მაგრამ რაც მანამდე შეგვიძლია, ესაა, ქართველი „ექსპერტები“ დავავალდებულოთ, ერთი წიგნი მაინც ჰქონდეთ წაკითხული იმ საკითხზე, რომელზედაც საუბრობენ.
ვაჭარბებ? არამც და არამც. რამდენიმე წლის წინ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი იურისტი მეუბნებოდა, „სამართლებრივი სახელმწიფო“ რუსების მოგონილი ტერმინიაო. ის დღემდე ერთ-ერთ საუკეთესო სპეციალისტად ითვლება.
არა, რასაკვირველია, ექსპერტებს შორის ისეთებიც გამოერევიან, ვინც განათლება ტრენინგებითა და ბროშურებით კი არა, წიგნებით მიიღო. მაგრამ წიგნიცაა და წიგნიც. მაგალითისთვის: საბჭოთა კავშირის დროს თსუ-ში არსებობდა მეცნიერული ათეიზმის კათედრა, რომელიც 90-იანებში ფილოსოფიური თეოლოგიის კათედრად გადაკეთდა, ოღონდ ისე, რომ კათედრის გამგემ თანამდებობა უპრობლემოდ შეინარჩუნა. გამოვიდა, რომ ადამიანი, ვინც მთელი თავისი ცხოვრება იმით იყო დაკავებული, რომ იკვლევდა და ასწავლიდა რელიგიის გაქრობას სოციალიზმის პირობებში, უცბად იქცა თეოლოგიის მკვლევრად და პროფესორად. წარმომიდგენია, როგორ გამოადგა მას მანამდე წაკითხული წიგნები.
ამ ყოველივეს გათვალისწინებით, ახალ რუბრიკაში შემდეგი რაღაცის გაკეთებას შევეცდები: ავიღებ თემას, რომელიც სოციალურად თუ პოლიტიკურად აქტუალურ-რელევანტურია, შევარჩევ ამ თემის შესახებ წიგნს, რომელიც ან უკანასკნელ სიტყვას წარმოადგენს თემის შესახებ, ანაც - უკვე კლასიკური ნაშრომის სტატუსით სარგებლობს, და შევეცდები ვაჩვენო, რაში შეიძლება გამოგვადგეს ამ წიგნის ცოდნა.
მაგალითად, ისეთი წიგნისა, როგორიცაა რიჩარდ ფლორიდას „კრეატიული კლასის აღზევება“.
კრეატიული კლასი
თუ უკანასკნელ თვეებში რუსეთში მიმდინარე დისკუსიას ადევნებდით თვალს, რომელიც იქ დაწყებულ მასობრივ აქციებს შეეხებოდა, აუცილებლად და მრავალჯერ გადააწყდებოდით ტერმინს „კრეატიული კლასი“. დეკემბრის დემონსტრაციებს იმწამსვე უწოდეს კრეატიული კლასის გამოსვლა (თუ არ ვცდები, ტერმინი ამ კონტექსტში პირველად რუსული „ჯი-ქიუს“ აწ უკვე ყოფილმა რედაქტორმა ნიკოლაი უსკოვმა გამოიყენა). რასაკვირველია, ის ადამიანები, ვინც კრეატიულ კლასზე საუბრობდნენ, საკუთარ თავს უკეთებდნენ კომპლიმენტს - სინამდვილეში ხომ სწორედ ისინი იყვნენ დემონსტრანტები (თორემ კრემლის პროპაგანდა მათ კრეატიულ კლასს კი არა, სახდეპის აგენტებსა და ლიბერასტებს უწოდებს). მაგრამ სახელის დარქმევაში კრეატიული კლასი არც ისე შემოქმედებითი აღმოჩნდა - ტერმინი მათ ამერიკელი მკვლევრისგან ისესხეს, რომელმაც ის ზუსტად ათი წლის მოიფიქრა. რიჩარდ ფლორიდას მიერ 2002 წელს გამოქვეყნებულ წიგნს, რომელიც ამ თემას ეძღვნებოდა, სახელად „კრეატიული კლასის აღზევება“ ერქვა.
კრეატიული კლასის მახასიათებელია ის, რომ მისი წევრები ასრულებენ სამუშაოს, რომლის მიზანიც „საზრისის მქონე ახალი ფორმების შექმნაა“. ფლორიდა თავად ამ კლასს ორ ნაწილად ჰყოფს: სუპერკრეატიული (ზე-შემოქმედებითი) გულისგული, რომელიც მოიცავს მეცნიერებს, ინჟინრებს, მსახიობებს, დიზაინერებსა და არქიტექტორებს, გამომცემლებს, რედაქტორებს, პოეტებსა და მწერლებს, უნივერსიტეტის პროფესორებს, ხელოვანებს, მედიის წარმომადგენლებს, ენ-ჯი-ოების ინტელექტუალებს და ა.შ. სწორედ ისინი არიან ჩართულნი შემოქმედებითი პროცესის უმაღლეს საფეხურზე. ისინი ქმნიან ახალ ფორმებს და სწორედ ამაში იღებენ ფულს. მათი მთავარი ფუნქცია იმდენად არსებული პრობლემების გადაჭრა კი არ არის, რამდენადაც ახალი პრობლემებისა და საკითხების მოფიქრება.
ამ სუპერკრეატიული გულისგულის გარდა, კრეატიული კლასი მოიცავს ასევე „კრეატიულ პროფესიონალებს“, რომლებიც ცოდნის ინდუსტრიებში მუშაობენ: მაღალი ტექნოლოგიები, ფინანსური სერვისები, იურიდიული და ჯანდაცვის პროფესიები, ბიზნესის მენეჯმენტი. ეს ადამიანები ჩართულნი არიან პრობლემების გადაწყვეტის მოძებნის პროცესში, რისთვისაც ფორმალური განათლების ძალიან მაღალი დონე სჭირდებათ.
საინტერესო ისაა, რომ ამ კრეატიულ კლასს ღირებულებათა ახალი სისტემა აქვს, რომელიც სერიოზულ გავლენას ახდენს ზოგადად საზოგადოების სტრუქტურაზე. ამ ღირებულებების მთავარი ღერძებია:
ინდივიდუალობა. განსხვავებით 50-იანი წლების ორგანიზაციული კულტურისგან, რომელშიც ფასობდა კონფორმულობა არსებული წესების მიმართ და ყოველი გადახრა მათგან აღიქმებოდა, როგორც არასასურველი და კარიერისათვის სახიფათო მოვლენა, კრეატიული კლასის წევრები ავლენენ განსაკუთრებულ მიდრეკილებას ინდივიდუალიზმისკენ. ნონკონფორმიზმი მათთვის ცენტრალურ ღირებულებად იქცევა.
მერიტოკრატია. კრეატიული კლასი ამბიციურია, მისი წევრების მიზანია დაწინაურება - ოღონდ უნარებისა და გაწეული შრომის მიხედვით. კრეატიული კლასის წევრები აღარ განსაზღვრავენ საკუთარ თავს ფულის მიხედვით, რომელსაც შოულობენ. რასაკვირველია, ფული მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არაა ერთადერთი კრიტერიუმი. ინტელექტი, კრეატიულობა, განათლება - აი, რა ფასობს კრეატიულ კლასში.
რიჩარდ ფლორიდა
მრავალფეროვნება და ღიაობა. მრავალფეროვნების მნიშვნელობა ადვილი გასაგებია - როგორც კი მერიტოკრატია ხდება ადამიანების შეფასებისა და დაფასების პრინციპი, უკანა პლანზე გადადის ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა რასა, ეთნიკურობა, სქესი, სექსუალური ორიენტაცია თუ გარეგნობა. სხვათა შორის, რიჩარდ ფლორიდამ სპეციალური „გეი ინდექსიც“ კი შეიმუშავა იმაზე დაყრდნობით, რომ ქალაქებში, რომლებშიც კრეატიული კლასის განსაკუთრებული კონცენტრაციაა, ასევე ადგილი აქვს ჰომოსექსუალთა კონცენტრაციას. ეს, რასაკვირველია, იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანები, ვინც მაღალი ტექნოლოგიების სფეროში მუშაობენ, ჰომოსექსუალები არიან. მიზეზი მარტივია - კრეატიული კლასის წარმომადგენლები სექსუალურ უმცირესობებს ნეგატიური სტერეოტიპების გარეშე აღიქვამენ, ამიტომაც უმცირესობების ინტეგრაცია დიდი კრეატიული პოტენციის მქონე ქალაქებში უფრო ადვილია, ვიდრე სხვაგან.
რამდენად მნიშვნელოვანია ეს კრეატიული კლასი? როგორია მისი წილი, მაგალითად, აშშ-ის ეკონომიკაში? რიჩარდ ფლორიდას მონაცემები ძალიან შთამბეჭდავია. აი, ისინიც:
2000 წლისთვის აშშ-ის დასაქმების სტატისტიკა ასე გამოიყურებოდა:
კრეატიული კლასი - მთლიანი სამუშაო ძალის 30%25
აქედან სუპერკრეატიული გულისგული - 12%25
მუშათა კლასი (ანუ მრეწველობაში დასაქმებული ადამიანები) - 26,1 %25
მოსამსახურე კლასი (სერვისის სფეროში დასაქმებული ადამიანები) - 43,4 %25
სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ადამიანები - 0,4 %25
კრეატიული კლასის წილი ყოველთვის ასე მაღალი არ ყოფილა. 1900 წლის აშშ-ში ეს კლასი სამუშაო ძალის მხოლოდ 10%25-ს წარმოადგენდა, 1940 წელს - 14%25-ს, ხოლო 1980 წელს - უკვე 19%25-ს. ტენდენცია ერთმნიშვნელოვანია და ამ კლასის ზრდისკენ მიუთითებს. ამის პარალელურად, ასევე განუხრელად იზრდება „მოსამსახურე კლასი“, სერვისის სფეროში დასაქმებული ადამიანების ერთობლიობა, რადგან კრეატიულ კლასს, საკუთარი სამუშაოს უაღრესად დიფერენცირებული და მომთხოვნი ბუნების გამო, აღარ რჩება დრო უფრო მონოტონური საქმიანობების შესასრულებლად. შესაბამისად, მოსამსახურე კლასიც იზრდება - 1900 წელს დაახლოებით 17%25-დან 2000 წელს დაახლოებით 43%25-მდე. სამაგიეროდ, რადიკალურად მცირდება სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ ადამიანთა რიცხვი (1900 წელს - 37,5%25, 2000 წელს - 0,4%25) და საგრძნობლად მცირდება მრეწველობაში დასაქმებულ ადამიანთა რიცხვიც.
ეს ანალიზი საქართველოსთვის იმდენადაა მნიშვნელოვანი, რამდენადაც გვაჩვენებს, რომ ჯერჯერობით იმ საზოგადოებებისგან, რომლებთან ინტეგრაციაც მიზნად დავისახეთ, სტრუქტურულად საკმაოდ განვსხვავდებით. ავიღოთ, მაგალითად, 2010 წლის სტატისტიკური მონაცემები საქართველოში სამუშაო ძალის განაწილების შესახებ:
სოფლის მეურნეობა - მთლიანი სამუშაო ძალის 52,2%25
მრეწველობა - 6,5%25
მომსახურება - 41,3%25
განსხვავებით ამერიკული სტატისტიკისგან, ქართულ მონაცემებში კრეატიული კლასიც მოსამსახურე კლასის ნაწილად განიხილება. სამწუხაროდ, სტატისტიკური მონაცემები იმის შესახებ, თუ ამ მომსახურე კლასის 41 პროცენტიდან რამდენი მოდის კრეატიულ კლასზე, არ არსებობს. მაგრამ ეს არაა მთავარი პრობლემა, რომელიც ამ სტატისტიკის გარეშეც მშვენივრად ჩანს. საქმე ისაა, რომ თუ სოფლის მეურნეობაში დაკავებული ადამიანების უდიდესი ნაწილი არ გადავა მრეწველობისა და მომსახურების სფეროში, საქართველოს ეკონომიკა ვერ გახდება თანამედროვე. ჩვენს ქვეყანაში გავრცელებული იდეები, რომელთა მიხედვითაც „სოფელი გადაგვარჩენს” და „პური ჩვენი არსობისა მიწათმოქმედებით უნდა მოვიპოვოთ”, მხოლოდ თავგზას გვიბნევს. დასავლური ტიპის კრეატიული კლასის გაჩენისათვის საჭიროა ქალაქები, სადაც ამ კლასის წევრების კონცენტრაცია მოხდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, დავრჩებით იმ მდგომარეობაში, რომელშიც დღეს ვართ - ჩვენთანაც არიან ადამიანები, რომლებიც მეტ თავისუფლებას, ავტონომიურობასა და ჰედონიზმს მოითხოვენ; იდეებითა და ღირებულებებით, რომლებიც კრეატიულ კლასს ეკუთვნის, თითქოს გაჟღენთილია ატმოსფერო; მაგრამ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ამ იდეებისა და ღირებულებების მატარებლები იქნებოდნენ, ძალიან მცირეა. მათთვის კლასის დარქმევა საქართველოში ჯერჯერობით გადაჭარბება იქნებოდა.
დაბოლოს, რიჩარდ ფლორიდას კონცეფციას - ისევე როგორც ნებისმიერ სხვა თეორიას სოციალურ მეცნიერებებში - ბევრი კრიტიკოსი ჰყავს. აკრიტიკებენ როგორც იმ მონაცემების სიზუსტეს, რომელსაც ფლორიდა ეყრდნობა, ისე მათი ინტერპრეტაციის ადეკვატურობას. მიუხედავად ამისა, ეს კონცეფცია მნიშვნელოვანია საკუთარი დიაგნოსტიკური ღირებულებით. ფლორიდას მიერ აღწერილი კრეატიული კლასი სხვა ავტორების მიერ სხვა სახელებით აღწერილ მოვლენას ძალიან ჰგავს. იქნება ეს ფასელის „იქს კლასი“, ინგლჰარტის „პოსტმოდერნული ღირებულებები“ და მათი მატარებელი ადამიანები, თუ ბრუქსის „bobo” (ბურჟუაზიული ბოჰემა, როგორც ახალი მაღალი კლასი) - სინამდვილეში ყოველი ეს ტერმინი ერთი და იმავე ცვლილების აღსაწერადაა შექმნილი. ფლორიდას ეს წიგნი, ისევე როგორც სხვა ნაშრომები, რომლებიც ამ ახალი კლასის გაჩენას ეძღვნებოდა, ბესტსელერად იქცა; როგორც ჩანს, მართლაც არსებობს ბევრი ადამიანი, ვინც საკუთარ თავს ამ ახალ აღწერებში ამოიცნობს. ხოლო გააგრძელებს თუ არა კრეატიული კლასი აღზევებას მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ამას მომავალი გვიჩვენებს.
![]() |
8 უსახელო „ჰაკტივისტები” |
▲ზევით დაბრუნება |
საზოგადოება
ნინო მაჭარაშვილი
„ჩვენ ვართ უსახელოები. ჩვენ ლეგიონი ვართ. არ ვპატიობთ. არ ვივიწყებთ. გველოდეთ“ - ეს იდუმალი მესიჯი, ინტერნეტის მომხმარებლებისთვის კარგადაა ცნობილი.
კიბერაქტივისტები, იგივე „ჰაკტივისტები“, ანარქისტები, უსაქმურები - ამ მრავალფეროვანი ეპითეტებით ჰაკერების ჯგუფს, Anonymous-ს მოიხსენიებენ. მათ სავიზიტო ბარათს, გაი ფოქსის ნიღაბს, ყველგან გადააწყდებით - ინტერნეტში, საპროტესტო აქციებზე აშშ-ში, არაბეთსა თუ რუსეთში. თუ შეიტყვეთ, რომ რომელიმე კომპანიის ან სამთავრობო საიტს შეუტიეს, სავარაუდოდ, ეს სწორედ Anonymous-ის ნახელავია.
დაჯგუფების პირველი ხმაურიანი „საქმე“ 2008 წელს, საიენტოლოგთა ეკლესიის საიტებზე იერიშია. ჰაკერთა რისხვა ეკლესიამ მას შემდეგ დაიმსახურა, რაც Youtube-იდან ტომ კრუზთან ინტერვიუს აღება მოითხოვა, საავტორო უფლების დარღვევის მოტივით. ეს ჯგუფმა ცენზურად შეაფასა.
დღეისთვის დაჯგუფების აქტივშია: თავდასხმა Sony-ზე, Amazon-ზე, Paypal-სა თუ ამერიკის ბანკზე. ცოტა ხნის წინ, Anonymous-ის რუსულმა ფრთამ, შეტევა პუტინის ახალგაზრდულ ორგანიზაცია Наши-ზეც განახორციელა და ბლოგერების მთავრობის სასარგებლოდ მოსყიდვის მცდელობები სააშკარაოზე გამოიტანა.
უკანასკნელი, ყველაზე „მსხვილი“ ოპერაცია, აშშ-ის ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს საიტის გათიშვა იყო. მოგვიანებით გავრცელებულ ვიდეოში, ჯუფის წარმომადგენელი ამბობს, რომ მიზანი მთავრობაზე თავდასხმა არ ყოფილა. მათ სურთ, შესაბამისმა ორგანოებმა ბავშვთა პორნოგრაფიის აღკვეთაზე მეტად იზრუნონ, ყურადღებას კი ამ გზით იქცევენ. Anonymous-ი გამუდმებით ემუქრება ისრაელსაც.
ხშირად კიბერმუქარები „ლეგიონის“ სახელით ვრცელდება - ასე დაემუქრნენ რამდენიმეჯერ Facebook-საც. ჯგუფის წევრებს უკვე დასრულებული შეტევის შედეგებზეც უწევთ თავის მართლება. მაგალითად, Anonymous-მა ჯერ ჩაიდინა და შემდეგ უარყო გახმაურებული შეტევა Stratfor-ზე. მაშინ ჰაკერებმა 4000-მდე საკრედიტო ბარათის ნომერი, პაროლი და მისამართი მოიხელთეს. ამიტომ, არავინ იცის, რას აკეთებს „ლეგიონი“, თვითონ Anonymous-მაც კი. პასუხი კითხვაზე, თუ ვინ არის Anonymous-ი, ამგვარია: ყველა და არავინ.
ამბობენ, რომ ქსელის ცენტრში მცირე ჯგუფია, რომელიც მთავარ გადაწყვეტილებებს იღებს. უფრო ფართოდ გავრცელებული ვერსიით, მათ არ ჰყავთ ლიდერი ან მაკონტროლებელი ორგანო. გადაწყვეტილებებს ინდივიდუალურად იღებენ - ნებისმიერ ანონიმს შეუძლია, იდეა შესაბამის ინტერნეტფორუმზე გაავრცელოს. ვინც დაეთანხმება და დრო ექნება, უერთდება მორიგ შეტევას. ფორუმებზე და ჩეთში კოორდინაციის შემდეგ, რიგითი ანონიმები ძალებს შეტევის ობიექტისკენ მიმართავენ. ჯგუფის ზომა მუდმივად უცნობია - ყველას შეუძლია, ერთ დღეს ამორფული კავშირის წევრი გახდეს, მომდევნო დღიდან კი - მისი არსებობაც დაივიწყოს.
„სამართლიანობისთვის“ ბრძოლას ბევრი რომანტიკულ გმირობადაც აღიქვამს. ინტერნეტმეკობრეობის საწინააღმდეგო კანონპროექტის, SOPA-ს გარშემო ატეხილი აჟიოტაჟის ფონზე, ანონიმთა აქტივიზმი გაბრაზებული ინტერნეტმომხმარებლის ნამდვილ შურისგებად იქცა. Megaupload-ის დახურვის შემდეგ, უსამართლობის გრძნობით აღსავსე ადამიანები მოუთმენლად ელოდნენ Anonymous-ის მორიგ ანონსს Twitter-ზე: აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს, საავტორო უფლებების ოფისის და სხვა მსხვილი საიტები ერთმანეთის მიყოლებით ითიშებოდა.
დაჯგუფებას ახალ კულტურადაც მიიჩნევენ. ჟურნალი Wired-ი წერს, რომ ეს ფენომენი ანთროპოლოგებს დააინტერესებდათ: გაერთიანებას საკუთარი იდიომები, იკონოგრაფია და უცნაური, ურთერთსაწინააღმდეგო მოქმედებები ახასიათებს. ამას ემატება შავი იუმორი და მათი საფირმო ფრაზა - „ჩვენ ამას სიცილისთვის ვაკეთებთ”.
ვინაიდან ნეტში ვინაობის დაფარვა არც ისე რთული საქმეა, ნებისმიერ თინეიჯერს, რომელიც ბრძოლის რომანტიკული ჟინითაა აღვსებული, შეუძლია შეუერთდეს „ლეგიონის” ანარქიას. ის, რაც განსაკუთრებულ რისკს არ გულისხმობს, გმირობადაც ვერ ჩაითვლება: ახალგაზრდები, რომელთაც ბევრი თავისუფალი დრო აქვთ, ერთობიან. ბევრი მიიჩნევს, რომ ჰაკერთა ჯგუფი ჩვეულებრივი ინტერნეტკრიმინალებისგან შედგება. მართლაც, უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლას ხშირად არცთუ სამართლიანი „გაუთვალისწინებელი შედეგები“ აქვს. მაგალითად, გასულ წელს SONY-ზე ცნობილი შეტევის შემდეგ, ათასობით მომხმარებლის პირადი მონაცემები (მათ შორის - საბანკო ანგარიშები), არცთუ საიმედო ხელში აღმოჩნდა.
გარდა ამისა, ჯგუფი, რომლის ერთ-ერთი მთავარი დევიზი გამოხატვის თავისუფლებისთვის ბრძოლაა, ხანდახან ცდილობს, თავისი შესაძლებლობები სწორედ მის წინააღმდეგ მიმართოს. მაგალითად, Fox news-ს მასიური შეტევით ემუქრებოდნენ, თუ ის „დაიკავე უოლ სტრიტის“ აქციების „აბუჩად აგდებას“ არ შეწყვეტდა.
კიბერარმიასთან შეერთება თითოეულ ჩვენგანს შეუძლია. თუმცა, სჯობს, ჯერ დაფიქრდეთ, იმავე სერვერზე ხომ არ მიგაქვთ იერიში, სადაც თქვენივე პირადი ინფორმაცია ინახება. სხვა მხრივ, Anonymous-ი უკვე მოდური ტრენდია: წელიწადში გაი ფოქსის ათი ათასობით ნიღაბი იყიდება - ირონიულად, თითოეული გაყიდული ნიღბიდან მოგებას, მასზე საავტორო უფლების მფლობელი, Warner Bros-ი იღებს.
![]() |
9 თუ გინდათ წარმატებული იყოთ, ნუ ივლით სკოლაში |
▲ზევით დაბრუნება |
საზოგადოება
ამირან ძოწენიძე
მარკ ცუკერბერგი 2011 წელს ჰარვარდში დაბრუნდა. 2004 წლის შემდეგ, რაც მან, ბილ გეიტსის მსგავსად, სწავლა მიატოვა და საქმეს მოკიდა ხელი, აქ პირველად იმყოფებოდა. ცუკერბერგს ჰარვარდის დიპლომი არ სურდა - ის სტუდენტებს იმ მიზნით შეხვდა, რომ საუკეთესოები თავისთან წაეყვანა. მარკთან შეხვედრა მხოლოდ 200-მა ბედნიერმა მოახერხა. როგორც ამბობენ, მსურველი იმდენი იყო, რომ ლატარია გათამაშდა. აუდიტორია ყურადღებით უსმენდა ჯინსებიან მილიარდერს. Facebook-ის შემქმნელი ამტკიცებდა, წარმატების მისაღწევად ჰარვარდის მიტოვებაა აუცილებელიო.
ბილ გეიტსი (Microsoft), სტივენ ჯობსი (Apple), მაიკლ დელი (Dell), ლოურენს ელისონი (Oracle), ეიკუ ბატისტე (ყველაზე მდიდარი ბრაზილიელი, 30 მილიარდი დოლარი), შელდონ ადელსონი (უმდიდრესი ებრაელთა შორის - 22,5 მლრ დოლარი) აზიმ პრემში (უესტ ინდია კორპ, 22 მლრ დოლარი), აბრამოვიჩი (ყველაზე მდიდარი რუსი), ტედ ტერნერი (CNN-ის მფლობელი), ჰენრი ფორდი, ბერნარდო ბერტოლუჩი, მარკ ტვენი, ვაჟა-ფშაველა, ილია ჭავჭავაძე, რეი კროკი (მაკდონალდსის შემქმნელი), ელვის პრესლი, ფრენკ სინატრა, ლუი არმსტრონგი, ჩარლი ჩაპლინი, მადონა, პელე, მარადონა, მაიკლ ჯორდანი, ტაიგერ ვუდსი, მიხაელ შუმახერი, მესი, რონალდუ, ზიდანი, პოლ მაკარტნი, ჯონ ლენონი, ჯორჯ ჰარისონი, მიკ ჯაგერი, კიტ რიჩარდსი, ემინემი, კურტ კობეინი, ნიკოლ კიდმანი, ალ პაჩინო, ჯენიფერ ლოპესი, ამ სიის გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება. ამ წარმატებულ ადამიანებს ერთი რამ აერთიანებთ - „უმაღლესის“ დიპლომი არ აქვთ. ხოლო ზოგიერთს საშუალო სკოლაც არ დაუმთავრებია.
სკოლა ციხეს უფრო ჰგავს, ვიდრე საგანმანათლებლო დაწესებულებას, ხოლო მასწავლებლები ზედამხედველებს. იქ მშობელი ბავშვს იმიტომ უშვებს, რომ დროებით მაინც, თავი აარიდოს მასზე ზრუნვას - ბერნარდ შოუ თანამედროვე სკოლებზეც იმავე აზრის იქნებოდა. რა შეიცვალა? ამ ქვეყნად არაფერია მუდმივი, გარდა განათლების სისტემისა - ის ისეთივე დარჩა, როგორიც შუა საუკუნეებში იყო. სადისტის თვისებებით უნდა გამოირჩეოდე, ინფორმაციულ ერაში, როცა, მაგალითად, iphone-ი გამოსვლისთანავე უკვე მოძველებულია, აიძულო ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე ადამიანი, 12 და შემდეგ კიდევ ოთხი, ან სულაც მეტი წელი ე.წ. განათლების მისაღებად დაკარგოს. სისტემა, რომელიც არ უშვებს კონკურენციას, კერძო ინიციატივასა და საკუთრებაზე არაა დაფუძნებული, მაჩანჩალობისთვისაა განწირული. სკოლების რემონტის თუ ახლის აშენებისთვის, კომპიუტერებისთვის დახარჯული თანხა - წყალშია გადაყრილი.
განათლება ისაა, რაც მას შემდეგ გრჩება, როცა ყველაფერი გავიწყდება, რაც კი სკოლაში გისწავლია - ეს აინშტაინმა თქვა. განათლება და სწავლა ერთმანეთისგან განსხვავდება. ის, რასაც ჩვენ განათლების სისტემას ვეძახით, არის სწავლება. სწორედ სწავლების სისტემის რამდენიმე დეტალს და საქართველოში მისი ორგანიზების საკითხს მინდა შევეხო.
დავიწყოთ ჩვენი სიამაყით - ერთიანი ეროვნული გამოცდებით: ადამიანი, რომლისთვისაც თავისუფლება ბუნებით მინიჭებული უფლებაა, უკვე დასახელებაში აღმოაჩენს მისთვის მიუღებელს. მაინც რას ნიშნავს „ერთიანი“ და რატომ უნდა იყოს დაწესებული საყოველთაო გამოცდები იმისათვის, რომ პროდუქტი შეიძინო (ამ შემთხვევაში სწავლა)? ეს სისტემა არაფრით განსხვავდება ტალონით კარაქის განაწილებისაგან.
თუ პატივს ვცემთ თავისუფლებას, მაშინ ადამიანმა თავად უნდა აირჩიოს, რა სჯობს მისთვის. მათ შორის ის, რა და როგორ ასწავლოს შვილებს. „ერთიანი გამოცდების” დანერგვით მათ ჩამოერთვათ (თუმცა, კომუნისტებიდან მოყოლებული, არც არასდროს ჰქონიათ) არჩევანის უფლება - იყიდონ და გაყიდონ სწავლა. იმავე მოტივითა და წარმატებით შეიძლება, ერთი მხრივ, ყველის გამყიდველების სერტიფიცირება მოვახდინოთ და პარალელურად, ყველის მყიდველებს გამოცდები მოვუწყოთ. შემდეგ კი ეს გავავრცელოთ ადამიანური საქმიანობის ნებისმიერ სფეროზე. მომხიბლავი პერსპექტივაა - უკან საბჭოთა კავშირისკენ, ევროკავშირის გავლით.
კრიტიკას ვერ უძლებს ერთიანი გამოცდების შემოღების ანტიკორუფციული მოტივიც. კორუფცია არის იქ, სადაც მთავრობისა და ადამიანის გადაკვეთა ხდება. როგორ ფიქრობთ, რატომ არაა ყველით ვაჭრობისას კორუფცია? იქნებ იმიტომ, რომ იქ სამთავრობო რეგულაციები არ არსებობს?
ბილ გეიტსი
მარკ ტვენი
ილია ჭავჭავაძე
ჩარლი ჩაპლინი
ჯონ ლენონი
ეროვნული გამოცდების მოუქნელობაზე ბევრის თქმა შეიძლება. მაგალითად, ყოველ ზაფხულს, როცა ჩვენთან გამოცდები ტარდება, მათემატიკაში, ინფორმატიკაში და ა.შ. მსოფლიო ოლიმპიადები ეწყობა. ამ ოლიმპიადებში გამარჯვებულ ახალგაზრდებზე, მათ შორის ქართველებზე, მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში დიდი მოთხოვნაა. ეს მაშინ, როდესაც ჩვენს არაკორუმპირებულ სასწავლო სისტემაში, ისინი იმ წელს ინსტიტუტებში ვერ ირიცხებიან.
ეროვნული გამოცდები სწავლების სისტემის ერთადერთი პრობლემა არ გახლავთ. თუ „მიუშვებ“, ბიუროკრატია სულ უფრო გაიზრდება - ხალხის თავისუფლების ხარჯზე. ასე მოხდა ჩვენს შემთხვევაშიც: სწავლების სისტემაში წლიდან წლამდე იზრდება რეგულაციები. იზღუდება სახელმძღვანელოების არჩევა. ბიუროკრატია იქამდე მივიდა, რომ წიგნებზე ფასების ზედა ზღვარს აწესებს - მშვიდობით, კონკურენციავ! თან იმ მოტივით, რომ სოციალურად დაუცველებს უჭირთ - გვპირდებიან, რომ უახლოეს წლებში სახელმძღვანელოები არ შეიცვლება. საუკუნოვანმა ბიზნესიმპერია კოდაკმა თავი გაკოტრებულად გამოაცხადა. ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ მათ ერთი წლით დააგვიანეს ციფრული აპარატების გამოშვება. აი, ასეთ დროში ვცხოვრობთ. ყველაფერი სწრაფად იცვლება, ჩვენი ბიუროკრატები კი 5-7 წლით გვიგეგმავენ ცხოვრებას.
თანაც, რას ვასწავლით ამ სახელმძღვანელოებიდან? პინკ ფლოიდის ერთი ცნობილი სიმღერის პერიფრაზს თუ გავაკეთებთ, ცხოვრებას ნამდვილად არ ვასწავლით. ცხოვრება „პროზაა“, ეს წიგნები კი სავსეა „პოეზიით“. ესთეტიკის განვითარებისთვის იქნებ ეს ცუდი არც არის, თუმცა მეოცე საუკუნის უდიდესი კაციჭამიებიდან ერთი მხატვარი და ვაგნერის თაყვანისმცემელი იყო, მეორე „გაფრინდი შავო მერცხალოს” უსმენდა და ვარდის გაფურჩქნულ კოკორზე წერდა.
„სკოლებში რაც შეიძლება მეტი ტექსტი უნდა მივცეთ სასწავლად, რათა ფიქრის დრო არ ჰქონდეთ“, - წერდა ლენინი ლუნაჩარსკის. „მე არ შემიძლია, ვინმეს რაიმე ვასწავლო, მე შემიძლია, მხოლოდ დავაფიქრო ადამიანები“, - მე ჰელენ კელერს ვეთანხმები, თქვენ?
ცხოვრება მძიმე ყოველდღიურობაა, რუტინაა - იქ მიზანდასახულობას ვერაფერი შეცვლის. მას ვერც ტალანტი (წარუმატებელი ტალანტი ჩვეულებრივი ამბავია), ვერც გენიალურობა (არარეალიზებულ გენიოსებზე ლეგენდები დადის), ვერც სწავლა-განათლება (ქვეყანა ნასწავლი ხელმოცარულებითაა სავსე) ჩაანაცვლებს. „ამიტომ, ჩემო მეგობარო, წინ გასწიე“- ეს სიტყვები რეი კროკს ეკუთვნის, მაკდონალდსის სულისჩამდგმელს, რომელმაც სკოლა 15 წლის ასაკში მიატოვა.
სტანდარტული რჩევა, რომელსაც ბავშვს მზრუნველი მშობელი აძლევს, ამგვარია: იარე სკოლაში, დააგროვე კარგი ქულები და ეძებე მაღალანაზღაურებადი, უსაფრთხო სამსახური. მილიონერების მასწავლებლის ზედმეტი სახელით ცნობილი კიოსაკი, ამას ახალგაზრდისთვის ყველაზე საშიშ რჩევას უწოდებს. უცხო ენისა და, საერთოდ, ნებისმიერი რამის სწავლის წინააღმდეგი არ ვარ, თუმცა გენიალური ბენჟამინ ფრანკლინის დაცინვის საგანიც არ უნდა გავხდეთ: „ის ნასწავლი იყო, მას შეეძლო ცხენი ცხრა ენაზე გადაეთარგმნა, მაგრამ უმეცარი იყო, იმიტომ რომ ძროხა იყიდა საჯირითოდ“.
![]() |
10 112: ამერიკული 911 ქართულად |
▲ზევით დაბრუნება |
ეკონომიკა
ელენე კვანჭილაშვილი, მაკა გამცემლიძე
იანვარში, საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს მობილურზე შემდეგი შინაარსის მოკლე ტექსტური შეტყობინება მიუვიდათ: „2012 წლის პირველი იანვრიდან მთავრობის 489-ე დადგენილებით 112-ის საფასური 20/50 თეთრი დაგექვითებათ ანგარიშიდან, თუ თვის განმავლობაში ნომრიდან გახარჯული თანხა აღემატება 5 ლარს“.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - 112 - ნოემბერში შეიქმნა. ცხელი ხაზი 2012 წლის გაზაფხულიდან ამოქმედდება: საქართველოს მოქალაქეებს სასწრაფო დახმარების, სახანძრო-სამაშველო და საპატრულო პოლიციის გამოძახება ერთი ნომრის აკრეფით, ნებისმიერ დროს შეეძლებათ.
112-ს, კანონის მიხედვით, რამდენიმე წყარო დააფინანსებს: სახელმწიფო ბიუჯეტი, ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტი და ცხელი ხაზის მომსახურების საფასური - 20 ან 50 თეთრი, რომელიც თვეში 5 ლარზე მეტის მხარჯავ აბონენტებს ავტომატურად ჩამოეჭრება.
ჯერჯერობით, ბიუჯეტიდან თანხები გამოყოფილი არ არის. სანამ ცხელი ხაზი ამოქმედდება, მანამ 112-ის ბიუჯეტის შევსება საქართველოს მოქალაქეებს მობილურ ტელეფონებზე დახარჯული თანხის მიხედვით მოუწევთ. იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკური პირი ტელეფონით 5 ლარზე მეტს ხარჯავს, ის თვეში 20 თეთრს გადაიხდის. ამ გადასახადს არ გადაიხდიან ერთიან ბაზაში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების წევრები, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 ათასს არ აღემატება. სამაგიეროდ, ორმაგად დაიბეგრებიან იურიდიული პირები, რომელთაც თვეში 5 ლარზე მეტის დახარჯვის შემთხვევაში, ანგარიშიდან 50 თეთრი ჩამოეჭრებათ. ეს იმ შემთხვევაშიც მოხდება, თუ ინდივიდი საერთოდ არ გამოიყენებს 112-ის სერვისს. ამასთან, ინდივიდი იმდენჯერ დაიბეგრება, რამდენ ფიქსირებულ ნომერს და მობილურ ტელეფონსაც ფლობს.
112 ამერიკული 911-ის ანალოგია. ამერიკას 911 სისტემის მართვის დიდი გამოცდილება აქვს. პირველი ასეთი საკომუნიკაციო ხაზი 1968 წელს გაიხსნა. ამერიკაში ციფრების ეს შეთანხმება უკვე კარგა ხანია, რაც საჯარო უსაფრთხოების სინონიმად იქცა. ხარვეზები მაინც არსებობს. 911 სერვისის მთავარი კრიტიკა საგადასახადო წნეხის არასწორ გადანაწილებას ეხება: ის, ვინც მობილურზე ბევრს საუბრობს, მაგრამ 911-ის სერვისით შეიძლება საერთოდ არ სარგებლობს - მომსახურების საფასურს იხდის. მაშინ, როცა შეიძლება ადამიანი ხშირად სარგებლობდეს სერვისით, მაგრამ მობილურის ლიმიტზე მეტს არ ხარჯავდეს და, შესაბამისად, საერთოდ არ იბეგრებოდეს.
შეერთებულ შტატებში მობილური ნომრის საშუალო მოსაკრებელი 72 ცენტი ანუ 1.2 ლარია. მხოლოდ ტეხასის შტატში მობილური ტელეფონიდან ყოველწლიურად საშუალოდ 7.9 მილიონი ზარი გადის. შესაბამისად, 911 სისტემის ბიუჯეტი ყოველწლიურად 5 მილიონ დოლარზე მეტით ივსება.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიხედვით, ქვეყანაში მობილურ ქსელებს სულ 3.7 მილიონი აბონენტი ჰყავს. აქედან რამდენი აბონენტი ხარჯავს ყოველთვიურად საშუალოდ 5 ლარზე მეტს, ვერც კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ და ვერც მობილურმა ოპერატორებმა მოგვაწოდეს. საშუალო ტარიფით ანგარიშის შემთხვევაში, 112-ის ბიუჯეტი ყოველთვიურად მაქსიმუმ 841.8 ათასი ლარით შეივსება. მხოლოდ ინდივიდუალური დაბეგვრის შედეგად, 112-ის ყოველწლიური ბიუჯეტი, ყველაზე მეტი, 10.1 მილიონი ლარი იქნება.
![]() |
11 ფიქლის პერსპექტივა |
▲ზევით დაბრუნება |
ეკონომიკა
ელენე კვანჭილაშვილი
ბოლო ათწლეულის განმავლობაში ფიქლის გაზი გეოპოლიტიკურ არენაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშე გახდა. მისი წარმატების ისტორია ამერიკას უკავშირდება. თუმცა ბოლო დროს ევროპა აქტიურად ცდილობს ამერიკის რეკორდის მოხსნას. ენერგოდამოუკიდებლობისა და უსაფრთხოებისთვის საკუთარ ტერიტორიაზე არსებულ ფიქლის გაზს ითვისებს.
ევროპა დიდწილად რუსეთზეა დამოკიდებული. ვლადიმირ პუტინის პირად კომპანიად წოდებული ენერგოგიგანტი გაზპრომი კი ბინძურად თამაშობს. გამონაკლისი არც თებერვლის თვე გამოდგა. 2009 წლის მსგავსად, რუსეთმა ევროკავშირის ცხრა ქვეყანას - იტალიას, პოლონეთს, ავსტრიას, სლოვაკეთს, ჩეხეთს, ბულგარეთს, საბერძნეთს, უნგრეთსა და რუმინეთს გაზის მიწოდება მოულოდნელად 25%25-ით შეუმცირა.
ევროპის ტერიტორიაზე აღმოჩენილი ფიქლის გაზის რეზერვები ნამდვილი ხსნაა. უახლესი შეფასებებით, ევროპის რეზერვები 194.8 ტრილიონ კუბურ მეტრ ფიქლის გაზს შეიცავს. ამერიკასთან შედარებით, ეს მოცულობა 68 ტრილიონით ნაკლებია. ამერიკის ფიქლის რევოლუცია 20 წელია დაიწყო. შედეგები ამერიკამ მხოლოდ რამდენიმე წლის წინ იგრძნო. 2000 წლიდან წარმოება 12-ჯერ ანუ 1.5 ტრილიონ კუბურ მეტრამდე გაიზარდა. სხვადასხვა გათვლებით, 2035 წლამდე ეს მაჩვენებელი შეიძლება გაორმაგდეს. ფიქლის გაზმა წარმოების ხარჯები ხუთმაგად შეამცირა. აქამდე ამერიკა თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტზე იყო დამოკიდებული. მალე ის შეიძლება გაზის ექსპორტიორი ქვეყანა გახდეს.
ევროპის პირველადი ამოცანა რუსეთზე დამოკიდებულების შემცირება და ადგილობრივი მოთხოვნის დაკმაყოფილებაა. ფიქლის გაზის პოტენციალის ათვისების მხრივ, უკრაინა და პოლონეთი განსაკუთრებით აქტიურობენ. 2011 წლის ნოემბრიდან, რაც გაზსადენი - ჩრდილოეთის ნაკადი - საზეიმოდ გაიხსნა, ფიქლის გაზი მათთვის კიდევ უფრო ღირებული გახდა. ჩრდილოეთის ნაკადი რუსეთის პრემიერ-მინისტრის ვლადიმირ პუტინის და გერმანიის ყოფილი კანცლერის გერჰარდ შროდერის ინიციატივაა - ბუნებრივი გაზი ბალტიის ზღვის ფსკერის გავლით რუსეთიდან პირდაპირ გერმანიას მიეწოდება. ეს გზა ფასს ამცირებს. თუმცა პოლონეთი და უკრაინა ტრანზიტული ქვეყნების ფუნქციას, შესაბამისად, შემოსავალს და გავლენის ბერკეტებს კარგავენ. აქედან გამომდინარე, თავიანთი რეზერვების დამუშავება ევროპის სხვა ქვეყნებზე ადრე გადაწყვიტეს.
აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს (EIA) უახლესი, 2011 წლის კვლევის მიხედვით, ამ ორ ქვეყანას შორის ფიქლის გაზის უფრო მეტი - 5.3 ტრილიონი კუბური მეტრი - მარაგი პოლონეთს აქვს. პოლონეთი ყოველწლიურად საშუალოდ 14 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს მოიხმარს. არსებული რეზერვებით 200-300 წლის მანძილზე ადგილობრივი მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდება.
პოლონეთმა შიდა მოთხოვნა რომ უზრუნველყოს, რუსეთს ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები საგრძნობლად შეუმცირდება. ქვეყნის მთლიანი მოთხოვნის 80%25 რუსეთიდან იმპორტირებულ გაზზე მოდის. პოლონეთმა თუ გაზი ექსპორტზე გაიტანა, რუსეთმა შეიძლება სხვა ბაზრებიც - უკრაინა, ბალტიის ქვეყნები - დაკარგოს. გაზპრომის მთელი ბიზნესმოდელი ეჭვქვეშ დადგება.
ამ დრომდე გაზის სასურველი, მომგებიანი რაოდენობის მიღება, ვერ ხერხდება. ბოლო ორი წლის განმავლობაში მსოფლიოს უმსხვილესმა კომპანიებმა - Exxon, Lane Energy, 3Legs Resources და BNK Petroleum - პოლონეთსა და უკრაინაში ფიქლის გაზის მხოლოდ მცირე მოცულობას მიაგნეს. მსგავსი შედეგების შესახებ, შარშან, შვედეთში Shell-მა, 2010 წელს კი უნგრეთში Exxon-მა განაცხადა. საფრანგეთმა და ბულგარეთმა ფიქლის გაზის მოპოვების მეთოდი - მაღალი წნევის წყლის ჭავლით ქანების დაშლა და გაზის გამოთავისუფლება - გარემოს დაცვის მოსაზრებებით აკრძალეს.
თუმცა ფიქლის გაზის რეზერვების ათვისების მთავარი წინაღობა მაინც მისი წარმოების ფასია. ამერიკასთან შედარებით, ევროპაში ფიქლის გაზის წარმოება უფრო ძვირია. ევროპული გეოლოგია ამერიკულზე ნაკლებად მიმზიდველია. ფიქლის წარმონაქმნები მიწის ქვეშ უფრო ღრმადაა ჩამარხული და ამოღება რთულია. ამერიკას ნავთობის და გაზის წარმოების ხანგრძლივი ისტორია აქვს. შესაბამისად, დაგროვდა ცოდნაც და ტექნიკაც. ევროპას ასეთი რამ არ გააჩნია. 2008 წელს, ეკონომიკური კრიზისის პერიოდში, ამერიკაში 1600 ფიქლის გაზის რეზერვების ათვისების მთავარი წინაღობა მისი წარმოების ფასია. ჭაბურღილი მუშაობდა. ევროპაში მხოლოდ ასი. ამერიკის უფრო კონკურენტული ბაზარი ფასს ამცირებს. Deutsche Bank-ის შეფასებით, ევროპაში გაზის ერთი ჭის საშუალო ფასი 14 მილიონი აშშ დოლარია. ეს სამჯერ უფრო ძვირია, ვიდრე ამერიკაში. ამერიკის გაზის ინდუსტრია უფრო დერეგულირებულია - მინერალები მიწის მფლობელის საკუთრებაა. ევროპაში კი, როგორც წესი, სახელმწიფოს ეკუთვნის. ამერიკელი კერძო მესაკუთრეები ფულზე და მოგებაზე ფიქრობენ. ევროპაში კი - ჭის გაბურღვასთან დაკავშირებულ ძალისხმევაზე. ამერიკაში, შიდა ტერიტორიაზე მილსადენების ქსელის გამო, ფიქლის გაზის მიწოდება ადვილია. ევროპას ასეთი ქსელი არ აქვს.
კიდევ ერთი მოთამაშე, რომელიც ფიქლის გაზის ბაზარზე შეიძლება გამოჩნდეს, ჩინეთია. ამ ქვეყანას, წინასწარი გათვლებით, შესაძლოა ევროპასა და ამერიკაზე მეტი მარაგი ჰქონდეს. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს (EIA) 2011 წლის კვლევის მიხედვით, ჩინეთში 383.1 ტრილიონი კუბური მეტრი ფიქლის გაზია. პოტენციალის ათვისების კუთხით, ჩინეთი დღეს იქაა, სადაც ამერიკა 2001 წელს იყო: კვლევების ჩატარებამდე, თხევადი ბუნებრივი გაზის ტერმინალებს და საერთაშორისო მილსადენებს აშენებს. თუმცა, ბოლო დროს, ქვეყნის უმსხვილესი გაზის მწარმოებელი და დისტრიბუტორი კომპანია PetroChina 200 ჭის აშენებაზე აქტიურად ალაპარაკდა. ჩინეთის მიერ ფიქლის გაზის ბაზარზე გამოჩენა ირანის შემოსავლებს შეამცირებს: ქვეყანა ნავთობის და გაზის დიდ წილს ჩინეთზე ყიდის. ეს რუსეთისთვის კიდევ ერთი ცუდი ამბავია: თუ ევროპა, ამერიკა და ჩინეთი საკუთარ ტერიტორიაზე მეტ გაზს აღმოაჩენენ, მსოფლიოს ენერგეტიკული რუკა შეიძლება სტაბილური გახდეს.
![]() |
12 თავისუფალი უნივერსიტეტის რჩევები რუანდას ბიზნესის გამარტივებაში ეხმარება |
▲ზევით დაბრუნება |
ეკონომიკა
რეფორმების ექსპორტი
ელენე კვანჭილაშვილი
სუბსაჰარული აფრიკის სახელმწიფოს - რუანდას ბიზნესის რეფორმის გატარებაში, რჩევებს თავისუფალი უნივერსიტეტის კვლევისა და კონსულტაციის ჯგუფი აძლევს. რუანდის განვითარების საბჭო (RDB) შედეგებით კმაყოფილია: ქვეყანამ მსოფლიო ბანკის ბიზნესის წარმოების სიადვილის ყოველწლიურ რეიტინგში წინა წელთან შედარებით 183 ქვეყანას შორის 50-დან 45-ე ადგილზე გადაინაცვლა.
დაკავშირებული: 2012 წლის ბოლომდე კიდევ 10 ჰიდროელექტროსადგურის აშენება დაიწყება მდიდარი ადამიანის სტერეოტიპში გაჩენილი ბზარი განვითარებადი ბაზრებიდან კაპიტალი გაედინება თავისუფალი უნივერსიტეტის რჩევების გათვალისწინებით, რუანდამ გაამარტივა: ბიზნესის დაწყება, სამშენებლო ნებართვების გაცემა, ქონების დარეგისტრირება და საზღვრებს გარეთ ვაჭრობა. RDB-ის შეფასებით, რეფორმების შედეგად, ქვეყნის ეკონომიკაში საგრძნობლად შემცირდა არაფორმალური სექტორი, გაიზარდა ქონების დარეგისტრირების რიცხვი და კრედიტი კი უფრო ხელმისაწვდომი გახდა.
მსოფლიო ბანკის კვლევის მიხედვით, 2012 წლის რეიტინგში რუანდა თავის რეგიონში - სუბსაჰარულ აფრიკაში - ბიზნესის წარმოების სიადვილის მიხედვით, მავრიკის შემდეგ, მეორე ადგილზეა და 78 ადგილით უსწრებს უგანდას. ეს უკანასკნელი, ინვესტიციების მოზიდვის კუთხით, ბოლო წლებში მის მთავარ კონკურენტად ითვლებოდა. თავისუფალი უნივერსიტეტის დახმარებით, რეფორმირებულ სფეროებში - ბიზნესის დაწყება, ქონების რეგისტრაცია და კრედიტზე ხელმისაწვდომობა - რუანდა რეგიონში ნომერი პირველი ქვეყანაა.
რუანდას საქართველოს ნდობის, სულ მცირე, ორი მიზეზი აქვს. პირველი, ორი წლის წინათ გაუჩნდა: ქვეყნის ყველაზე მსხვილი ბანკის, Kigali-ს თავმჯდომარე, 2009 წლის ოქტომბრიდან, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ლიბერთი ბანკის აღმასრულებელი დირექტორი ლადო გურგენიძეა. ბანკი, გლობალური ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, საკუთარ სტაბილურ ზრდასა და გაფართოებას, პირველ რიგში, სწორედ ორგანიზებულ და ეფექტიან მენეჯმენტს მიაწერს.
მეორე მიზეზი საქართველოს რეფორმების სტაბილურობაა. 2010 წელს, რუანდა მსოფლიო ბანკის მიერ შედგენილი ბიზნესის წარმოების რეიტინგის მიხედვით, პირველი რეფორმატორი სახელმწიფო იყო. ამ წელს ქვეყანამ, 2008 წელთან შედარებით, 1.1-ჯერ შეამცირა გადასახადების ადმინისტრირების, ხოლო 7-ჯერ, მშენებლობისთვის საჭირო ნებართვის მიღების დრო. რუანდამ სტანდარტული კონტეინერის ექსპორტ-იმპორტის პროცედურები გაანახევრა. 2011 წელს, იმავე კვლევის მიხედვით, რეფორმების სტაბილურობით საქართველომ აჯობა: ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ყველაზე მეტი რეფორმა გაატარა და რეიტინგში საკუთარი შედეგები წლიდან წლამდე გააუმჯობესა.
თავისუფალი უნივერსიტეტი რუანდას კონსულტირებას განაგრძობს. პრიორიტეტების ჩამონათვალში გაკოტრების პროცედურების გამარტივება, ინვესტორთა დაცვის გაუმჯობესება და საგადასახადო სისტემის ლიბერალიზაციაა.
ეკონომიკური პროფილი
რეგიონი:
სუბსაჰარული აფრიკა
შემოსავლის კატეგორია:
დაბალი
მოსახლეობა:
10.3 მილიონი
მთლიანი ეროვნული
შემოსავალი ერთ სულზე:
540 აშშ დოლარი
რუანდა და რეგიონის ქვეყნები ბიზნესის წარმოების რეიტინგში
წყარო: World Bank
![]() |
13 გადამწყვეტი ბრძოლა ოშკისთვის |
▲ზევით დაბრუნება |
ფოკუსი
ბექა მინდიაშვილი
მოლაპარაკებათა სიზიფე
თურქეთში, ისტორიული ტაო-კლარჯეთის ქართული ტაძრების გადარჩენაზე პარიტეტული მოლაპარაკებები თურქულ და ქართულ მთავრობებს შორის 2005 წელს დაწყებულა, მაგრამ პირველსავე ჯერზე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო ამ მოლაპარაკებების მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი გამხდარა. „ძეგლები უნდა აღდგეს, მაგრამ შეთანხმება უნდა მოხდეს მხოლოდ თანაბარ პოზიციაში მყოფი სახელმწიფოების დონეზე. 2005 წელსაც, როდესაც ამ საკითხზე მოლაპარაკება დაიწყო, თურქულ მხარეს ასეთივე მოთხოვნები ჰქონდა. ჩვენ მაშინაც მკვეთრი პოზიცია გამოვხატეთ, თუმცა, როგორც მახსოვს, არა ოფიციალურად, არამედ - კულუარებში. პრობლემაზე ლაპარაკიც მყისვე შეწყდა”, - აცხადებდა საპატრიარქოს მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი.
2007 წელს თურქეთთან მოლაპარაკება განახლებულა და 2008 წლის გაზაფხულისთვის შეთანხმება ფაქტობრივად მიღწეულიც ყოფილა. მაშინ სამი ძეგლის: ოშკის, იშხნისა და ხანძთის რესტავრაციაზე იყო საუბარი, ხოლო სანაცვლოდ საქართველოში უნდა შეკეთებულიყო კვირიკესა (ქობულეთი) და ახმედიეს (ახალციხე) მეჩეთები, ბათუმში კი ქართული მხარის მიერ მითითებულ ტერიტორიაზე აზიზიეს მეჩეთის ასლი უნდა აღედგინათ. თავიდანვე მოლაპარაკება ძეგლების მხოლოდ და მხოლოდ კულტურული ფუნქციით აღდგენას ითვალისწინებდა.
საპატრიარქომ ეს პირობებიც გააპროტესტა. მაშინ, 2008 წლის 20 ივნისს, კათალიკოს-პატრიარქმა საქართველოს იმჟამინდელ პრემიერ-მინისტრს ასეთი შინაარსის წერილი მისწერა: „მიგვაჩნია, რომ როდესაც საქართველოში ფუნქციონირებს 240-ზე მეტი ჯამე და მეჩეთი (მათგან 140 აჭარის ტერიტორიაზე), 8 მედრესე, აღარაფერს ვამბობთ საერო სასწავლებლებზე, ხოლო თურქეთში ერთი ქართული ტაძარიც არ მოქმედებს, აღნიშნული სახით ხელშეკრულების დადება გაუმართლებელია. ... რაც შეეხება თურქული მხარის მოთხოვნებს - ცნობილია, რომ ბათუმის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მართლმადიდებელი ქრისტიანია. მიუხედავად ამისა, ბათუმში უკვე ფუნქციონირებს საკმაოდ დიდი მეჩეთი, რომელიც შეესაბამება მუსლიმური მრევლის რაოდენობას ... ყოფილი „აზიზიეს მეჩეთის“ ადგილზე დღეს საცხოვრებელი კორპუსებია აშენებული და მათი დანგრევა ვერ მოხერხდება, ხოლო ბათუმის სხვა უბანში, ტერიტორიის გამოყოფა და იქ აღნიშნული მეჩეთის ასლის აგება, ფაქტიურად ახალი მეჩეთის აშენებას ნიშნავს, რაც ადგილობრივი მოსახლეობის დიდ პროტესტს გამოიწვევს. ჩვენ თავს ვალდებულად ვთვლით ამის შესახებ გაგაფრთხილოთ“.
საპატრიარქოს წინააღმდეგობამ მოლაპარაკებათა მეორე რაუნდიც ჩაშალა. ამასობაში, 2008-2010 წლებში, ოშკის სამხრეთი კედლიდან მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ბარელიეფები ჩამოვარდა და დაიკარგა, კიდევ უფრო მეტად დაზიანდა მისი უნიკალური გუმბათი. ჩამოიქცა ხანძთის გუმბათიც, დოლისყანის ტაძრის კედლიდან გაქრა მზის საათი. ღრმა ბზარები გაუჩნდა იშხნის კედლებს.
2010 წელს მოლაპარაკება მესამედ განახლდა. 2011 წლის დასაწყისისთვის შეთანხმება ფაქტობრივად მიღწეული იყო და უკვე არა სამი, არამედ ოთხი ტაძრის რეკონსტრუქციას ითვალისწინებდა. ოშკს, იშხანსა და ხანძთას ოთხთა ეკლესიაც დაემატა. საქართველოში კი სამი მეჩეთი და ერთი თურქული აბანო უნდა შეკეთებულიყო, ხოლო ბათუმში - აზიზიეს მეჩეთის აღდგენა უნდა დაწყებულიყო. 2011 წლის გაზაფხულისთვის ამ ოთხი ქართული ტაძრის რესტავრაციის დაწყებაც იგეგმებოდა, რასაც რესტავრატორები, მათივე თქმით, მთლიანობაში 5 წელიწადს მოანდომებდნენ. მაგრამ საპატრიარქოს რეაქციამ ამჯერადაც არ დააყოვნა. მის მორიგ საპროტესტო განცხადებაში მკაფიოდ იყო ნათქვამი, რომ მიღწეული შედეგი მისთვის სრულიად მიუღებელი იყო და ხელისუფლებას მოლაპარაკების საკუთარ პირობებზე წამოსვლას სთავაზობდა: „მაშინ, როდესაც საქართველოში ახლად გახსნილი უამრავი მეჩეთი და ჯამე ფუნქციონირებს, ამათ სანაცვლოდ ჩვენს მეგობარ ქვეყანაში რატომ არ შეიძლება გაიხსნას თუნდაც 2-3 ქართული მონასტერი (მათ ამოქმედებას ხომ მრევლი არ სჭირდება) და რატომ გვთავაზობს თურქული მხარე ამის განხორციელებას მხოლოდ ნაცვალგების საფუძველზე, თანაც 5/4 შეფარდებით?... საქართველოს საპატრიარქო უპირველესად მიიჩნევს ქალაქ არდაშენისა და ხახულის ტაძრების აღდგენას; სხვა სარესტავრაციო ეკლესიების შერჩევა კი შეიძლება სახელმწიფოს შესაბამისმა სტრუქტურებმა გადაწყვიტონ საპატრიარქოსთან შეთანხმებით“.
ამავდროულად, საპატრიარქო მოლაპარაკების პროცესში ჩართვასა და ყველა პირობის მასთან შეთანხმებას მოითხოვდა. იგი აცხადებდა, რომ საქართველოს ამ ოთხი ეკლესიის ბედზე ზრუნვა თურქული მხარისა და იუნესკოსთვის უნდა გადაებარებინა, ხოლო ხელისუფლებას სხვა ტაძრებზე უნდა დაეწყო ხელახალი მოლაპარაკება.
„თავიდანვე შევნიშნავთ, რომ ისეთი მნიშვნელობის ძეგლები, როგორიცაა ოშკი, ხანძთა, ოთხთა, იშხანი ... იუნესკოს ეგიდითაც შეიძლებოდა აღდგენილიყო და ამისათვის შესაბამისი ნაბიჯები აქამდეც შეიძლებოდა გადადგმულიყო. მოლაპარაკებები კი თურქულ მხარესთან სხვა ტაძრების რესტავრაციასთან დაკავშირებით უნდა გვეწარმოებინა“(18 იანვარი, 2011 წელი ).
სულ მალე, 2011 წლის 4 თებერვალს, საპატრიარქომ მეორე განცხადებაც გაავრცელა, რომლითაც ირკვევა, რომ, როგორც ჩანს, საქართველოს მთავრობა თავიდან საპატრიარქოს მოთხოვნების გათვალისწინებას არ აპირებდა:
„ჩვენ ვიმედოვნებდით, რომ ა.წ. 18 იანვრის განცხადების შემდეგ საპატრიარქო ჩართული იქნებოდა იმ მოლაპარაკებებში, რომელიც თურქეთ-საქართველოს შორის მიმდინარეობს ტაძრებისა და მეჩეთების აღდგენის შესახებ, სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა და პროცესი კვლავ ეკლესიის ინტერესების გათვალისწინების გარეშე ვითარდება, რაც ჩვენთვის მიუღებელია, რადგან ხახულისა და არდაშენის გადმოცემის, - ანუ ამ სახის ნაცვალგების, - გარეშე მეჩეთების მშენებლობის დაწყება გაუმართლებლად მიგვაჩნია.
ოშკის ტაძარი
ფოტო: დიმა ჩიკვაიძე
გვინდა განვმარტოთ, რომ არდაშენი არ არის მხოლოდ ტაძარი; იგია ისტორიული ლაზეთის საეპისკოპოსოს ერთ-ერთი ცენტრი და, აქედან გამომდინარე, მისი აღდგენა არა მარტო არდაშენის, არამედ მთელი ამ მხარის, - ლაზეთის, ქართული ეთნოკულტურისა და საეკლესიო სივრცის განუყოფელ ნაწილად წარმოჩენას ნიშნავს“.
ამის შემდეგ, 21 თებერვალს, ნიკა ვაჩეიშვილმა შეთანხმების ამოქმედების მთავარ ფაქტორად „საზოგადოებრივი აზრი და მისი აქტიურობა” დაასახელა, რაც იმას ნიშნავდა, რომ თუკი ხელისუფლება ტაო-კლარჯეთის ძეგლებთან დაკავშირებით ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერის მოპოვებას ვერ შეძლებდა, შეთანხმების ამოქმედებას ისევ საფრთხე დაემუქრებოდა. ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ ტაძრების გადარჩენაზე მაშინ არც საზოგადოებას უაქტიურია და დაანონსებული საგაზაფხულო სამუშაოებიც არ დაწყებულა.
ძნელი სათქმელია, რატომ, მაგრამ 2012 წელს გამართული მოლაპარაკებებისას ტაძრებისა და მეჩეთების რაოდენობა ოთხიდან ორამდე შემცირდა. საქართველოს მხრიდან დარჩა ოშკი და იშხანი, თურქეთმა კი ახალციხეში ჯაყელების მეჩეთის რესტავრირება და აზიზიეს მეჩეთი მოითხოვა. ალბათ, ხელისუფლებამ საპატრიარქოს გასაჩუმებლად ამ კომპრომისზე წასვლა გადაწყვიტა.
მიუხედავად ამისა, 2012 წელს, იანვრის მიწურულს მოლაპარაკებების დადებითად დასრულების გახმაურებისთანავე, საპატრიარქომ ახალი და ხელისუფლებისადმი ყველაზე მკაცრი განცხადება გაავრცელა. მან მთავრობა კონსტიტუციური შეთანხმების უხეშ დარღვევაში დაადანაშაულა, „რადგან საქართველოს საპატრიარქო, რომელიც არის ყველა ქართული ეკლესია-მონასტრის მესაკუთრე, არ იყო და არ არის ჩართული ოფიციალურ მოლაპარაკებებში”.
ამასთან ერთად, საპატრიარქომ, ამჯერად, ხახულისა და არდაშენის თემით მოლაპარაკების პროცესში ჩაბმის მაგივრად, მხოლოდ არდაშენის აღდგენა და ამ ტერიტორიაზე საეპისკოპოსოს საქმიანობის განახლების პირობა წამოაყენა. როგორც ეტყობა, ეს ნაბიჯი მან ოთხი მეჩეთიდან ორზე დასვლის საპასუხოდ გადადგა და თავისი მხრიდანაც კომპრომისად მიიჩნია. მაგრამ „თუ ამის განხორციელება რაიმე მიზეზით თურქული მხარისთვის მიუღებელია, ჩვენთვისაც ყოვლად მიუღებელია ოშკის და იშხნის გადარჩენის საბაბით ბათუმში ჩვენი ისტორიის მძიმე პერიოდის სიმბოლოს, აზიზიეს მეჩეთის მშენებლობა“, - დაამატა ბოლოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ადმინისტრაციულმა ორგანომ, ხოლო ოშკი და იშხანი, ჩვეულებისაებრ თვისისა, ისევ თურქეთსა და იუნესკოს გადაულოცა მოვლა-საპატრონებლად.
* * *
ქვემოთ შევეცადე საპატრიარქოს მთავარი მოთხოვნები და არგუმენტები გამომეყო და, როგორც იტყვიან, კრიტიკულად შემეფასებინა ისინი.
ვისია?
საპატრიარქოსთვის მიზანშეუწონელია, საქართველო ოშკისა და იშხნის (მანამდე ხანძთისა და ოთხთა ეკლესიისაც) გარშემო წარმართავდეს მოლაპარაკებას. იგი ამ ძეგლებზე ზრუნვას იუნესკოსა და თურქეთის პასუხისმგებლობად მიიჩნევს. საპატრიარქოს ეს პოზიცია, რბილად რომ ვთქვათ, უცნაურია. თითქოს იმთავითვე ცხადი უნდა იყოს, რომ ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლების გადარჩენა თურქეთთან ერთად, საქართველოს ვალდებულებაცაა. ამის ახსნა და გაგება მეტისმეტად მარტივია - ეს ასეა, იმიტომ, რომ ტაო-კლარჯეთის ხუროთმოძღვრება ქართული რელიგიური კულტურის ნაწილი და გვირგვინია. საქართველოს სახელმწიფოს ამ მისიის შესრულებას მისი წარსულის, აწმყოსა და მომავლის გარდა, კონსტიტუციური შეთანხმების მეათე თავიც აკისრებს, რომლის თანახმად, სახელმწიფო მოვალეა „აწარმოოს მოლაპარაკება შესაბამის სახელმწიფოებთან მათ ტერიტორიაზე არსებული ყველა ქართული მართლმადიდებლური ტაძრის, მონასტრის, მათი ნანგრევის, სხვა საეკლესიო ნაგებობის, აგრეთვე, საეკლესიო ნივთების დაცვის, მოვლა-პატრონობისა და საკუთრების თაობაზე“.
საპატრიარქო იუნესკოსთან დაკავშირებითაც არ ავლენს მართებულ პოზიციას. იუნესკო საკითხის გადაჭრაში იმ მარტივი მიზეზის გამო ვერ ჩაებმებოდა, რომ ამ დაწესებულებაში ამა თუ იმ ძეგლის შესახებ განაცხადის გაკეთება მხოლოდ იმ ქვეყანას შეუძლია, რომლის ტერიტორიაზეცაა ძეგლი განთავსებული. ამრიგად, რა თქმა უნდა, თურქეთი უნდა ყოფილიყო განმცხადებელი მხარე. მაგრამ, საქმე ისაა, რომ ამ ეტაპზე, თურქეთს იუნესკოსთვის მხოლოდ და მხოლოდ რვა ძეგლი აქვს წარდგენილი. ამავდროულად, ეს უკანასკნელი მარტოდმარტო მისთვის „გადაცემული” ძეგლების სიის შედგენითაა დაკავებული და რესტავრაციის პროცესში საერთოდ არ მონაწილეობს. თანაც ამ ორგანიზაციის დაინტერესების არეალში მხოლოდ ის ძეგლები შედის, რომლებზეც სახელმწიფო იღებს ზრუნვის პასუხისმგებლობას - უვლის და პატრონობს მათ. ამ სპეციფიკის გამო, ვერც ოშკი და ვერც სხვა ქართული ტაძარი იუნესკოს მეთვალყურეობის ქვეშ ვერ აღმოჩნდება მანამდე, სანამ თურქეთი ოფიციალურად არ დაიწყებს მათ მოვლა-პატრონობას. ასე რომ, საქართველოსთვის, ტაძრების გადასარჩენად სასწრაფო მოქმედების დაწყება თურქეთთან პირდაპირი მოლაპარაკების გზით უფრო იოლია, რასაც, მეორე მხრივ, შესაძლოა, თურქეთის მიერ, მაგალითად, ოშკის იუნესკოსთვის წარდგინებაც მოჰყვეს შედეგად. მაგრამ, საბოლოო ჯამში, ასეც რომ არ იყოს, იუნესკო, როგორც ეს ბაგრატის ტაძრის რეკონსტრუქციის პროცესის დროს გამოჩნდა, არანაირ ბერკეტს არ ფლობს, რომ რეალური ზემოქმედება მოახდინოს სახელმწიფოს ნება-სურვილზე. გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია ვერც ფინანსურ ჯარიმას დააკისრებს ურჩ ქვეყანას, ვერც ეკონომიკურ ემბარგოს დაადებს მას და სადამსჯელო ჯარების შეყვანაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. რაც არ შეუძლია, არ შეუძლია.
თანაბარზომიერება და ნაცვალგება
საპატრიარქო „თანაბარზომიერ“ მოლაპარაკებებში არდაშენის ბაზილიკის აგებასა და ლაზეთის თუ ტაო-კლარჯეთის ეპარქიის სრულფასოვანი აღდგენის საკითხზე მოლაპარაკებების გამართვას გულისხმობს. თანაც „ნაცვალგების“ მისეულ გაგებას იგი იმით ხსნის, რომ საქართველოში უამრავი მოქმედი მეჩეთია და ისინი, ამავდროულად, მუსლიმთა საკუთრებას წარმოადგენენ.
შემოთავაზებული „ნაცვალგების” პრინციპი, ცოტა არ იყოს, ღიმილის მომგვრელია, რადგან დღეს, 21-ე საუკუნეში, საკითხის ამ პრიზმაში განხილვა თანამედროვე სახელმწიფოს არაცივილიზებულობის მანიშნებელია და შუა საუკუნეთა ცნობიერების გამოვლინებადაც შეიძლება შეფასდეს. შუა საუკუნეებში რელიგია და სახელმწიფო გაუმიჯნავი იყო და ხანგამოშვებით, ერთიმეორისადმი მონური დაქვემდებარების მოდუსით არსებობდნენ. იქიდან გამომდინარე, რომ თურქეთიცა და საქართველოც თეოკრატიული კი არა, თანამედროვე, დასავლური ტიპის სეკულარული სახელმწიფოებია, საქართველოში რაიმე თურქული რელიგიური ინტერესის ან, პირიქით, თურქეთში ქართული სამთავრობო რელიგიური მისწრაფების დაკმაყოფილებაზე მოლაპარაკება ანტიკონსტიტუციური იქნებოდა; მით უმეტეს, რომ ეს საგარეო რელიგიურ-კონფესიური ინტერესი არც თურქეთს გააჩნია და არც საქართველოს. ამიტომ, ამ კუთხით არათუ თანაბარზომიერ, არამედ საერთოდ ვერანაირი ზომის მოლაპარაკებას ეს ორი სახელმწიფო ვერ წარმართავდა. მოლაპარაკების ერთადერთი კონტექსტი კულტურულ-ისტორიული შეიძლებოდა ყოფილიყო.
და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, დაუშვებელია, საქართველოს მეჩეთები და მედრესეები განხილული იყოს რომელიმე სხვა ქვეყნის ინტერესის მატარებელ „ობიექტებად”. ისინი საქართველოს მუსლიმების რელიგიურ მოთხოვნებს ემსახურებიან. ამიტომ ამ არგუმენტზე დამყარებული „ნაცვალგების” პრინციპით რომელიმე სხვა ქვეყანასთან მოლაპარაკებაში ჩაბმა და თქმა, რომ აი, მეც მაქვს ქართული რელიგიური ინტერესი, საკუთარი მოქალაქეების რელიგიით ვაჭრობა გამოვიდოდა და სხვა არაფერი. საქართველოს მუსლიმებს ეს თავმოყვარეობასა და ღირსებას შეულახავდა, რადგან საკუთარ მთავრობას მათთვის უნდა ეთქვა - თქვენ თურქებისა ხართ. საქართველოში მუსლიმებს, როგორც, ვთქვათ, მართლმადიდებელებს, კათოლიკეებსა და იეჰოვას მოწმეებს ისედაც აქვთ და უნდა ჰქონდეთ კიდევაც კონსტიტუციური უფლება კანონიერად აშენონ და გახსნან მეჩეთები და ეკლესია-სალოცავები. ამ საქმისთვის ხელის შეშლაა სწორედ ანტიკონსტიტუციური, ანტისახელმწიფოებრივი და ანტიქართული ქმედება.
უშუალოდ არდაშენის ბაზილიკაზე კი რა შეიძლება, ითქვას. ვიკიპედიაში ამ ტაძრის შესახებ ინფორმაციას ვერ მოიპოვებ, ვერც ავტორიტეტული ცნობარები გვაწვდიან რაიმე ღირებულ ცნობას. ხელოვნებათმცოდნეები და ისტორიკოსები აცხადებენ, რომ არდაშენი არც მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და მისი ქართული წარმომავლობაც დაუდასტურებელია - სადავო ტაძრის ნანგრევია და ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, არაკორექტული იქნებოდა მისი ბედის სახელმწიფოთა შორის განხილვა.
იშხანი
ფოტო: დიმა ჩიკვაიძე
შანტაჟი თუ რეალური საფრთხე
საპატრიარქო ბათუმში მეჩეთის ნებისმიერი ფორმით აღდგენაში საშიშროებას ხედავს. იგი აცხადებს, რომ ამ პროცესს შესაძლოა ადგილობრივი მართლმადიდებელი მოსახლეობის წინააღმდეგობა მოჰყვეს და მუსლიმებისა და მართლმადიდებლების ურთიერთობა დაიძაბოს.
ეს თუ მართლაც ხიფათია, მაშინ საპატრიარქომაც და სახელმწიფომაც ყველაფერი უნდა იღონონ და არ დაუშვან რელიგიური შუღლის გაღვივება. თანაც იმ შეუვალი პირობით, რომ რელიგიური უმცირესობების უფლებები სრულყოფილად იქნება დაცული და რეალიზებული. უმცირესობათა უფლებების დაცვა თანამედროვე დასავლური, ლიბერალურ-დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთი საფუძველთაგანია. ამავე დროს, ეს არის ეკლესიის, როგორც მოყვასის სიყვარულსა და განსხვავებულის პატივისცემაზე დაფუძნებული კრებულის მისიაც. თუმცა ერთიც არის, რომ აჭარასა და მთელ საქართველოში მეჩეთები შენდებოდა და შენდება, მათ წინააღმდეგ შეუწყნარებლობას კი, ამ დრომდე, როგორც წესი, მოკლე ფეხები ჰქონდა ხოლმე. ამიტომ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ამ საფრთხით ხელისუფლების შეშინება მისი დაშანტაჟების მცდელობას უნდა წააგავდეს.
მოლაპარაკების მხარეები
რაკი მოლაპარაკებები იმ ტაძრების გარშემო მიდიოდა, რომლებსაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კონსტიტუციური შეთანხმების საფუძველზე, თავის საკუთრებად თვლის, საპატრიარქო კონსტიტუციური შეთანხმების უხეშ დარღვევად აფასებს, რომ იგი სრულფასოვნად არ იყო მოლაპარაკების პროცესში ჩაბმული.
კონსტიტუციური შეთანხმება გვეუბნება, რომ ეს ასე არ არის, რადგან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო სამართლებრივად მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული მართლმადიდებლური ისტორიული მატერიალური მემკვიდრეობის მესაკუთრეა, ხოლო საქართველოს ფარგლებს მიღმა არსებული ქართული მართლმადიდებლური ტაძრები მის საკუთრებას არ წარმოადგენს. ამავდროულად, ცხადია, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას სრული უფლება აქვს თურქეთის მთავრობის წინაშე დამოუკიდებლად დასვას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს რეგისტრაციისა და ქონების დაბრუნების საკითხიც, რაც 2011 წლის 26 სექტემბერს მოიმოქმედა კიდევაც.
ძნელი დასადგენი არც ისაა, მართლა არღვევს (უხეშად) თუ არა ხელისუფლება კონსტიტუციურ შეთანხმებას. პასუხის მისაღებად საკმარისია მარტივი ოპერაციის შესრულება - ხსენებული შეთანხმების ხსენებული მეათე მუხლის ხელმეორედ წაკითხვა. საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს შორის კონსტიტუციურ შეთანხმებაში შავით თეთრზე წერია, რომ სახელმწიფოა ვალდებული „აწარმოოს მოლაპარაკება შესაბამის სახელმწიფოებთან მათ ტერიტორიაზე არსებული ყველა ქართული მართლმადიდებლური ტაძრის, მონასტრის, მათი ნანგრევის, სხვა საეკლესიო ნაგებობის, აგრეთვე, საეკლესიო ნივთების დაცვის, მოვლა-პატრონობისა და საკუთრების თაობაზე“.
ასე და ამგვარად, ამ ტიპის, ანუ საერთაშორისო ხასიათის მოლაპარაკება, სახელმწიფოს ექსკლუზიური უფლებაა და ამ პროცესში საპატრიარქოს ჩაბმა სახელმწიფოს ნება-სურვილზეა დამოკიდებული. თუკი სახელმწიფო მიიჩნევს, რომ სხვა სახელმწიფოსთან მოლაპარაკება საპატრიარქოსთან შეუთანხმებლად უნდა აწარმოოს, იგი კიდევაც აწარმოებს მას.
მაგრამ, როგორც გამოჩნდა, სინამდვილეში, პრობლემა ის იყო, რომ 2005 წლიდან მოკიდებული, მას შემდეგ, რაც თურქეთსა და საქართველოს შორის დაიწყო მოლაპარაკება, საქართველოს ხელისუფლება, ბოლო დრომდე, ყოველ ჯერზე, ანგარიშს უწევდა ხოლმე საპატრიარქოს, უთანხმებდა მას მოლაპარაკების საეტაპო შედეგებს. ამან განაპირობა, რომ მოლაპარაკებები პერიოდულად ჩიხში შედიოდა, წყდებოდა და უკვე მიღწეული შედეგების გადახედვა იწყებოდა.
ეტყობა, სწორედ ეს იყო მიზეზი, რომ ოშკისა და სხვა ტაძრების რეკონსტრუქცია ასე უპასუხისმგებლოდ დაგვიანდა. 2005-ში ან თუნდაც 2008-ში რომ დაეწყოთ ძეგლების შეკეთება, დღეს უკვე პროცესი შეიძლება დასრულებულიც ყოფილიყო; ხანძთის გუმბათიც, შესაძლოა, არ ჩამოქცეულიყო; ოშკს არ დაეკარგა უმშვენიერესი ბარელიეფები და ოთხთა ეკლესიაცა და ხანძთაც მოლაპარაკების თემატიკიდან არ გასულიყო.
ოშკის ტაძარი
აზიზიეს დილემა
პასუხი უნდა გაეცეს კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს შეკითხვას. არის თუ არა აზიზიეს მეჩეთში, როგორც ფეთქებადსაშიშ დროს იტყვიან ხოლმე, ჩადებული „თურქული” პოლიტიკური ნაღმი? ბოლოს და ბოლოს, რისი სიმბოლოა აზიზიე - ნუთუ დაპყრობის?
მართალია, ბათუმის პირველი მეჩეთების ისტორია ოსმალთა ბატონობის ხანას უკავშირდება და აზიზიეც 1863 წელს სულთან აზიზის დედის, ვალიდე ხანუმის ინიციატივით აიგო, მაგრამ თურქული იმპერიალიზმი წარსულს ჩაბარდა და დღესდღეობით, თურქეთსა და საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური მეგობრობა აკავშირებს. ამიტომაც, დაუშვებელია, მოლაპარაკებათა შედეგმა მეგობრებს შორის ბზარი გააჩინოს. პირიქით, ბათუმში აზიზიეს მეჩეთის აღდგენა, ისევე როგორც ნგრევას გადარჩენილი და განახლებული ოშკი და იშხანი, ისტორიულ-კულტურული დატვირთვის გარდა, სასურველია, ახალი შინაარსითაც შეივსოს. ეს ტაძრები და ჯამეები მშვიდობისა და თურქულ-ქართული მეგობრობის სიმბოლოები უნდა გახდეს.
რეალურია თუ არა ეს სურვილი? რაც უნდა გასაკვირი იყოს, ამაზე პასუხს საქართველოს საპატრიარქოსა და რუსეთის ურთიერთობის მაგალითი შეიძლება იძლეოდეს. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ოკუპანტია; მიუხედავად იმისა, რომ იგი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიაზე, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, ექსპანსიონისტურ რელიგიურ პოლიტიკას მიმართავს და ხელს უშლის საპატრიარქოს იურისდიქციის სრულფასოვან აღდგენას; მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთში ქართულ ეკლესია-მონასტრებში ქართული კვალი მიზანმიმართულად იშლება და ილორს უკვე რუსული ხახვისებრი გუმბათი ხურავს, საქართველოს საპატრიარქო ჯიუტად ისევ რუსულ-ქართულ ძმობასა და ერთმორწმუნეობაზე ღაღადებს.
ამიტომაც, თურქეთისა და აზიზიეს მეჩეთისადმი საქართველოს საპატრიარქოს დამოკიდებულების შეცვლა არათუ შესაძლებელია და აუცილებელი, არამედ, გარკვეულწილად, ეს მის მორალურ ვალდებულებასაც წარმოადგენს - მტრული რუსეთისგან განსხვავებით, თურქეთი მეგობარი ქვეყანაა და სამომავლოდ მის მთავრობასთან საქართველოს ხელისუფლებას კიდევ უფრო ფართო მოლაპარაკებების პერსპექტივა ეშლება - ხანძთა, ოთხთა ეკლესია, ბანა, დოლისყანა, ოპიზა, ტბეთი, ხახული, პარხალი, შატბერდი, არტანუჯი ახალ შეთანხმებებს ელიან.
მარტივია, ტაო-კლარჯეთის ტაძრები ჯერ ხომ ფიზიკურად უნდა გადარჩეს, რომ მათ წმინდა საკურთხევლებზე ოდესმე „ქართულითა ენითა ჟამიც შეიწირვოს და ლოცვაი ყოველი აღესრულოს“.
![]() |
14 ჰამასი ახალ პარტნიორებს ეძებს |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო
პალესტინა
ავთო ქორიძე
პალესტინის პრემიერი მაჰმუდ აბასი, ყატარის შეიხი ხალიფა ალ ტანი და ჰამასის ლიდერი ხალიდ მაშალი
ჰამასი ახალ პოლიტიკურ მოკავშირეებს ეძებს და პოლიტიკური სტრატეგიის სავარაუდო ცვლილებაზე საუბრობს. ეს ახლო აღმოსავლეთში ძალთა ბალანსის ცვლილების შედეგი შეიძლება იყოს. ერთი მხრივ, ჰამასის მთავარი პარტნიორი სირია სამოქალაქო ომში არის ჩართული და სრულიად იზოლირებულია. მეორე მხრივ, არაბული რევოლუციის შემდეგ რეგიონში მუსლიმურმა საძმომ, სუნიტურმა ისლამისტურმა ორგანიზაციამ მეტი გავლენა შეიძინა. თურქეთის სამართლიანობის და განვითარების პარტია, რომელიც ისლამისტური ტენდენციებით ხასიათდება, ახლო აღმოსავლეთში უფრო აქტიურ პოლიტიკას ატარებს. ამას ემატება წელს ღაზის სექტორში დაგეგმილი არჩევნები, რის გამოც წინა პლანზე წამოიწია ორ ფრაქციას, ჰამასსა და ფატჰს შორის ურთიერთობის მოგვარების მცდელობამ.
პალესტინის მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ჰამასსა და ფატჰს შორის შეუთანხმებლობაა. ამ პრობლემის გადაჭრა მხარეებმა რამდენჯერმე სცადეს, თუმცა პროგრესს ჯერ ვერ მიაღწიეს. თებერვლის დასაწყისში ჰამასის ლიდერი ხალიდ მაშალი პალესტინის პრეზიდენტს, ფატჰის ლიდერს მაჰმუდ აბასს ყატარის დედაქალაქში მთავრობის ჩამოყალიბების პრობლემაზე სასაუბროდ შეხვდა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მაჰმუდ აბასი, ახალი არჩევნების ჩატარებამდე კოალიციური მთავრობის პრემიერ-მინისტრი იქნებოდა. ეს შეთანხმება ბევრისთვის იმედის მომცემი გახდა. თუმცა, მალევე, ღაზაში მყოფი ჰამასის წევრები დაუპირისპირდნენ.
შეთანხმების ბედი ჯერ გადაწყვეტილი არ არის. თუმცა მას შეიძლება პალესტინის მომავალზე დიდი გავლენა ჰქონდეს. თუ ჰამასის პოლიტიკაში რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება არ მოხდა, ეს პალესტინისთვის შეიძლება უფრო დამაზიანებელი იყოს. ჰამასი არ აღიარებს ისრაელის არსებობის უფლებას. ორგანიზაცია ამ ქვეყნის გასანადგურებლად მილიტარისტულ მეთოდებს მიმართავს. დასავლეთში ჰამასს ტერორისტულ ჯგუფად მიიჩნევენ. ფრაქციებს შორის შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, ისრაელსა და პალესტინას შორის ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბება.
თუმცა გაჩნდა მოსაზრება, რომ ჰამასი პოლიტიკას ცვლის და გამორიცხული არ არის, ძალადობაზე უარის თქმა გადაწყვიტოს. არაბული რევოლუციების ფონზე დაწინაურებული, არამილიტარისტული ისლამისტური მუსლიმური საძმო და თურქეთში მმართველი სამართლიანობის და განვითარების პარტია, შეიძლება ჰამასისთვის წარმატების მაგალითად იქცეს. ამავდროულად, მისი ტრადიციული პარტნიორები, სირია და ირანი, რეგიონში განსაკუთრებით დასუსტდნენ. ეს ჰამასს ახალი მხარდამჭერების ძებნას აიძულებს.
ორგანიზაციის პოლიტიკის ცვლილების შესახებ სპეკულაციები მოძრაობის ლიდერის, მაშალის განცხადებებმა გამოიწვია. მისი განცხადებით, ჰამასის უმთავრესი სტრატეგია არაძალადობრივი წინააღმდეგობა უნდა გამხდარიყო. ჰამასის ერთ-ერთი წევრის თქმით, მაშალი ცდილობს ჰამასის წევრების დარწმუნებას, ყველაფერი ცარიელი ფურცლიდან დაიწყონ, რადგან იზოლაცია პალესტინას აზიანებს.
პოლიტიკის ცვლილების მცდელობას, მაშალის მიერ ახალი პარტნიორების ძებნაც მოწმობს. იანვრის ბოლოს მაშალმა ჰამასის სათავო ოფისი სირიის დედაქალაქ დამასკოში მიატოვა და ახალი პოლიტიკური ცენტრის ძიება დაიწყო. სირია ირანთან ერთად ჰამასის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მხარდამჭერი იყო. თუმცა სამოქალაქო ომის გამო, ორგანიზაცია ასადის რეჟიმს გაემიჯნა. ასადის რეპრესიების მთავარი მსხვერპლი სუნიტი მუსლიმები არიან. ამ უკანასკნელთა პოლიტიკური ორგანიზაციის, მუსლიმური საძმოს თანადგომა კი ჰამასისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ახალი გზის ძებნისას ჰამასის გზამკვლევად ასადის რეჟიმის ყველაზე დიდი კრიტიკოსი, ყატარი იქცა. ამით ყატარი ასადის სრულ იზოლაციაში მოქცევას ცდილობს. მეორე მხრივ კი, ჰამასის ახლო აღმოსავლეთის დიპლომატიაში ჩართვა სურს. ამ მცდელობის პირველი გამოვლინება, ყატარის ინიციატივით მაშალის იორდანიაში ჩასვლა იყო. ორგანიზაცია იორდანიიდან დაახლოებით ათი წლის წინ გააძევეს. ეს პირველი შემთხვევაა, როცა მონარქიამ მასთან საუბარი გადაწყვიტა. იორდანიისთვის მნიშვნელოვანია ახლო აღმოსავლეთის დიპლომატიაში უფრო აქტიური გახდეს და ისლამისტები მოლაპარაკების მაგიდასთან დასვას. თუმცა იორდანიის ინფორმაციის მინისტრმა, რაკან მაჯალიმ, გამორიცხა ჰამასის მიერ იორდანიაში სათავო ოფისის გახსნის შესაძლებლობა. მაშალმა კი განაცხადა, რომ ჰამასი მზად არის „პატივი სცეს ყველა შეზღუდვას, რომელთაც ორივე მხარე დაუწესებს ურთიერთობას“ და „იორდანიის უსაფრთხოება და სტაბილურობა“ სურს.
განსაკუთრებულ მნიშვნელობას რეგიონში გააქტიურებული თურქეთი იძენს. ჰამასის პრემიერი თურქეთის პრემიერს რამდენიმე კვირის წინ სტამბოლში შეხვდა. მოლაპარაკებების შედეგად გაირკვა, რომ თურქეთი ჰამასისთვის მთავარი დამფინანსებელი გახდება. ორგანიზაცია დაფინანსების უმთავრეს ნაწილს ირანისგან იღებდა - წელიწადში დაახლოებით 250 მილიონს. თუმცა, გავრცელებული ცნობით, გასულ წელს ეს თანხა ჰამასს არ მიუღია. ამის მიზეზი ირანის ეკონომიკური კრიზისი შეიძლება იყოს. ორგანიზაცია დაფინანსების ალტერნატიულ წყაროებს ეძებს. ღაზის სექტორში ჰამასის ლიდერის, ისმაილ ჰანიეს ცნობით, თურქეთი ღაზას 300 მილიონი დოლარის დახმარებას დაჰპირდა.
ეს ისრაელისთვის არცთუ ისე სასიხარულო ამბავია. თურქეთი რეგიონში დასავლეთის მთავარი პარტნიორია. ახლა ანკარა ისლამისტებს უახლოვდება. ქვეყანამ დასავლეთისგან დამოუკიდებელი და მისი საწინააღმდეგო პოლიტიკის გატარებაც კი დაიწყო. თუმცა არსებობს საპირისპირო აზრიც. მასზე ფინანსური ბერკეტების მოპოვების შემთხვევაში, შეიძლება თურქეთმა ჰამასს ძალადობაზე უარი ათქმევინოს.
მაშალის ახლო აღმოსავლეთში მოგზაურობებით ცხადი ხდება: ჰამასი ნელ-ნელა შორდება თავის ტრადიციულ პარტნიორებს, სირიას და ირანს. თუმცა ორგანიზაციის მიერ უახლოეს მომავალში ძალაზე უარის თქმა, ზედმეტად ოპტიმისტური პროგნოზია.
მაშალის ინიციატივამ ჰამასის წევრების დიდი ნაწილი უკმაყოფილო დატოვა. ორგანიზაციის ერთ-ერთმა ლიდერმა მაჰმუდ ზაჰარმა განაცხადა, რომ კონფლიქტის მიმართ დამოკიდებულებაში არაფერი შეცვლილა.
ჰამასში კვლავ რადიკალური ფრთა დომინირებს, რაც თავად მაშალის პოლიტიკური კარიერის დასასრულზე მეტყველებს. გავრცელდა ცნობები, რომ ის ჰამასის ლიდერის თანამდებობას დატოვებს.
ჰამასის ახალი მოლაპარაკებით ჩანს, რომ ახლო აღმოსავლეთში ირანი და სირია გავლენას ნელ-ნელა კარგავენ. სანაცვლოდ, რეგიონში უფრო აქტიურდება თურქეთი, ეგვიპტე, იორდანია და ყატარი. მოახდენს თუ არა ეს გავლენას ჰამასის იდეოლოგიაზე, იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად შეინარჩუნებენ ეგვიპტე, თურქეთი და სხვა პარტნიორები პროდასავლურ პოლიტიკას.
ჰამასის ლიდერი ისმაილ ჰანიე
![]() |
15 ისლამისტური ტერორი ნიგერიაში |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო
ირაკლი გუნია
„დასავლური განათლება ცოდვაა“ - ამგვარად ითარგმნება ნიგერიული ისლამისტური ტერორისტული ორგანიზაციის, ბოკო ჰარამის სახელწოდება. უკანასკნელ ხანებში ჯგუფი განსაკუთრებით გააქტიურდა. შობის დღესასწაულზე ქრისტიანულ ეკლესიებზე მათმა ტერაქტებმა ათეულობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ბოკო ჰარამი თავის უმთავრეს მიზნად შარიათის მკაცრი ინტერპრეტაციის ქვეშ არსებული ისლამური სახელმწიფოს შექმნას აღიარებს. გავრცელდა მოსაზრებები მათი საერთაშორისო ტერორისტულ ქსელთან და ალ-ყაიდასთან თანამშრომლობის შესახებაც.
ტერაქტის ადგილი. აბუჯა, ნიგერია
ფოტო: REUTERS ©
შობის დაბომბვები უკანასკნელია დიდხნიან ძალადობის კამპანიაში, რომელიც ნიგერიის მთავრობის და ქრისტიანული მოსახლეობის წინააღმდეგ არის მიმართული. ამ მხრივ, 2011 წელი ყველაზე სისხლიანი გამოდგა. Associated Press-ის მონაცემებით, უკანასკნელ წელს ბოკო ჰარამი 504 ადამიანის სიკვდილზეა პასუხისმგებელი. მათი თავდასხმის სამიზნეები უმთავრესად პოლიციის შენობები, სამხედრო ბარაკები, ეკლესიები და ბანკებია, გასული წლის აგვისტოში დედაქალაქ აბუჯაში მდებარე გაეროს ოფისში ბომბი აამოქმედეს.
ნიგერიის მზარდმა შფოთიანობამ საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება მიიპყრო. რომის პაპმა ბენედიქტე XVI-მ და მსოფლიოს ლიდერებმა დაგმეს მომხდარი ტერაქტები. აშშ-მა დაიწყო ნიგერიული სამხედრო ძალების მომზადება კონტრტერორისტულ ღონისძიებებში და მათი სათანადო იარაღით აღჭურვა. ბოკო ჰარამის სწრაფმა წინსვლამ ტერორისტულ ტექნოლოგიებში და თვითმკვლელ ამფეთქებელთა გამოყენებამ გარეშე მხრიდან დახმარების ეჭვები გააჩინა. აშშ-ის ოფიციალური პირების თქმით, ბოკო ჰარამს, შესაძლოა, ჩრდილოეთ აფრიკაში მოქმედ ისლამური მაღრიბის ალ-ყაიდასთან და სომალის ფუნდამენტალისტურ მოძრაობა ალ-შაბააბთან კავშირები ჰქონდეს.
ნიგერიაში რელიგიურ დაყოფას ხანგრძლივი ტრადიცია აქვს. 160 მილიონი მცხოვრებით, ის აფრიკის ყველაზე ხალხმრავალი სახელმწიფოა, სადაც ისლამი და ქრისტიანობა თითქმის თანაბრადაა გავრცელებული. მუსლიმებით დასახლებულ ჩრდილოეთ ნაწილის თორმეტ შტატში დღეისათვის შარიათის კანონმდებლობაა შემოღებული. ბევრი ჩრდილოეთ ნიგერიელისთვის ქრისტიანი პრეზიდენტი გუდლაქ ჯონათანი არალეგიტიმურია, რადგან მან მუსლიმურ ჩრდილოეთსა და ქრისტიანულ სამხრეთს შორის ძალაუფლების გადაცემის არაფორმალური როტაციის პრინციპი დაარღვია. 2011 წლის აპრილის არჩევნების შედეგების გამოცხადებას ჩრდილოეთში 800 ადამიანის მკვლელობა მოჰყვა. გუდლაქ ჯონათანმა ირგვლივ საკუთარი ტომის, იჯავის, წარმომადგენლები შემოიკრიბა და დაუმორჩილებელი რეგიონის მიმართ მკაცრი სამხედრო სტრატეგია არჩია. ამან ჩრდილოეთი ნაწილი მოქმედ პრეზიდენტს კიდევ უფრო დააშორა.
რელიგიური ექსტრემიზმი ნიგერიაში 1970-იანი წლებიდან იღებს სათავეს, როდესაც ღარიბ მოსახლეობაში რადიკალური მაიტაცინის მოძრაობა გახდა პოპულარული. 2002 წელს მუსლიმმა ფუნდამენტალისტმა მუჰამედ იუსუფმა ბოკო ჰარამის სახელით ცნობილი რელიგიური კომპლექსი დააარსა, რომლის მიზანი სეკულარულ სახელმწიფოსთან ბრძოლა და ჯიჰადისტთა აღზრდა გახდა.
ნობელის პრემიის ლაურეატი ნიგერიელი მწერალი, ვოლე შოიინკა ჟურნალ Newsweek-ში გამოქვეყნებულ წერილში აღნიშნავს, რომ სასტიკი მღელვარების ახლანდელი სეზონი ისეთმა ეკონომიკურმა ფაქტორებმა წარმოშვა, როგორიცაა უმუშევრობა, ცუდი მმართველობა, გახარჯული რესურსები, სოციალური მარგინალიზაცია, კორუფცია. რელიგიური აღმზრდელების გავლენის ქვეშ მყოფი უამრავი ღარიბი და უმუშევარი ახალგაზრდა, ბოკო ჰარამის რეკრუტირებისთვის პოტენციური სამიზნე ხდება. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ნიგერიელთა ნახევარი და ახალგაზრდების 71%25 უმუშევარია. Human Rights Watch-ის 2011 წლის აგვისტოს მოხსენების შენიშვნით, კორუფცია იმდენადაა გავრცელებული ნიგერიაში, რომ მან საზოგადოებრივი მომსახურება მილიონობით მოქალაქისთვის კრიმინალურ წამოწყებად გადააქცია. სოფლის მეურნეობიდან ნავთობის ექსპორტირებაზე დაფუძნებულ ეკონომიკაზე გადასვლამ, განსაკუთრებით მუსლიმური ჩრდილოეთი დააზარალა. იქაური მოსახლეობის 72%25 სიღარიბის ქვეშ აღმოჩნდა. უმძიმესი სოციალური ფონი ქვეყნის ამ ნაწილში ექსტრემიზმის ნოყიერ ნიადაგს ქმნის.
![]() |
16 თალიბანი მოლაპარაკებებზე თანხმდება |
▲ზევით დაბრუნება |
თეონა ტურაშვილი
ავღანელი თალიბები
ფოტო: REUTERS ©
თალიბანსა და აშშ-ს შორის ყატარში სპეციალური ოფისის გახსნაზე სამშვიდობო მოლაპარაკებები გაიმართა. შეთანხმების მიღწევის შესახებ ინფორმაცია პირველად თალიბანმა გაავრცელა. დიალოგის განახლებას გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ თალიბანის უმაღლესი მეთაურის, მოლა ომარის „ძებნილ ტერორისტთა“ სიიდან ამოღებას უკავშირებენ. თალიბანმა პირობა დადო, რომ ყატარის ოფისს პროპაგანდისა და რეკრუტირებისთვის არ გამოიყენებს. მიუხედავად ამ ნაბიჯებისა, ბევრი ეჭვქვეშ აყენებს თალიბანისა და ავღანეთის მთავრობის შერიგების პერსპექტივებს.
სკეპტიკურად განწყობილთა შორის ავღანური საზოგადოება გამოირჩევა. მართალია, ქვეყნის პრეზიდენტმა, ჰამიდ ყარზაიმ დადებითად შეაფასა პოლიტიკური ოფისის გახსნა, მაგრამ მას ოპონენტების პოზიციის გათვალისწინებაც მოუწევს. როგორც ცნობილია, ავღანეთი ეთნიკური სიჭრელით გამოირჩევა. მოსახლეობის უმრავლესობას პუშტუნები (42%25) წარმოადგენენ, თალიბანის მოძრაობა ძირითადად ამ ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლებითაა დაკომპლექტებული. აღსანიშნავია, რომ თავად ყარზაიც პუშტუნია. დანარჩენ ეთნოსებს შორის გამოირჩევიან ტაჯიკები (27%25), ჰაზარები (9%25), უზბეკები (9%25), აიმაკები (4%25), თურქმენები (3%25). სწორედ მათ შექმნეს ჩრდილოეთ ალიანსი, რომელიც თალიბების რეჟიმს 1990-იან წლებში დაუპირისპირდა. მათ შორის უნდობლობა დღემდე არსებობს. ბევრი შიშობს, რომ უმცირესობების მხარდაჭერის გარეშე დიალოგი ქვეყანაში ეთნიკურ შუღლს გააღვივებს, რაც სამოქალაქო ომში გადაიზრდება.
ავღანელები ეჭვქვეშ აყენებენ თალიბების მოლაპარაკებებისადმი დაინტერესებასაც და აცხადებენ, რომ მათი მთავარი მოტივი თალიბანი მებრძოლების გათავისუფლებაა. ომარმა სამშვიდობო პროცესის განახლების წინაპირობად გუანტანამოს ციხიდან ავღანელი პატიმრების გაშვება და ქვეყნიდან დასავლეთის ძალების სრული გაყვანა დაასახელა. სხვადასხვა გამოთვლების მიხედვით, ამერიკელებმა დღემდე დაახლოებით 800 თალიბანელი მებრძოლი გაათავისუფლეს და მათი უმეტესობა კვლავაც ტერორისტულ საქმიანობას დაუბრუნდა. წინა თვეში აშშ-ის ეროვნული სადაზვერვო სამსახურის მიერ პრეზიდენტ ბარაკ ობამასთვის წარდგენილი ანგარიშის მიხედვით, თალიბანის მთავარ მიზანს კვლავაც ავღანეთის ხელისუფლების დამხობა წარმოადგენს. თალიბანისა და ყარზაის რეჟიმის შერიგებას წლების განმავლობაში ცდილობენ. თალიბებმა პოზიციების დათმობაზე უარი განაცხადეს. გასულ წელს დიალოგი სწორედ თალიბანის მიერ ავღანეთის ყოფილი პრეზიდენტის, ბურჰანუდინ რაბინის მკვლელობის გამო ჩაიშალა. ობამას კრიტიკოსები ეჭვობენ, რომ მოძრაობის მთავარი მამოძრავებელი დროის მოგების სურვილია. მოლაპარაკების წახალისების მიზნით, NATO-ს ძალები თალიბანზე სამხედრო ზეწოლას შეარბილებს. ეს თალიბანს 2014 წლამდე პოზიციების გამაგრების შესაძლებლობას მისცემს. უნდობლობას მათი ლიდერის, მოლა ომარის პიროვნებაც განაპირობებს.
ომარმა თალიბანი 1994 წელს, ავღანეთიდან საბჭოთა ჯარების გაყვანის შემდეგ წარმოქმნილი ქაოსის საპასუხოდ, დააარსა. მოძრაობამ 1996 წელს ქაბულის აღებაც მოახერხა. მის ბიოგრაფიაში ყველაზე საგანგაშო დასავლეთისთვის ალ-ყაიდას ყოფილ ლიდერთან, ბინ ლადენთან მჭიდრო კავშირებია. მიჩნეულია, რომ თალიბანმა სწორედ ბინ ლადენის ფინანსური დახმარებით მოახერხა ქაბულის ხელში ჩაგდება. თალიბების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ბინ ლადენი ყანდაარში გადავიდა და საწვრთნელი ბანაკების მოწყობას შეუდგა. გავრცელებული ცნობით, ბინ ლადენსა და ომარს ნათესაური კავშირებიც გააჩნიათ. ბევრს სჯერა, რომ ომარმა ცოლად მოიყვანა ბინ ლადენის ქალიშვილი, მაშინ როცა ეს უკანასკნელი ომარის შვილზეა დაქორწინებული. 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ბინ ლადენმა სწორედ ომარისგან მიიღო: მან უარი განაცხადა ალ-ყაიდას ლიდერის დასავლეთისთვის გადაცემაზე, რაც ავღანეთში NATO-ს ჯარების შეჭრის მიზეზი გახდა.
2001 წელს ომის დაწყების შემდეგ ომარი პაკისტანში გაიქცა. დღეს მისი ადგილსამყოფელი უცნობია. სავარაუდოდ, იგი ავღანეთ-პაკისტანის საზღვარზე იმყოფება. დასავლეთის ლიდერები პაკისტანის უწყებათაშორის დაზვერვას (ISI) მის მფარველობაში ადანაშაულებენ. აღსანიშნავია, რომ თალიბებმა პაკისტანთან კავშირების დამყარება ჯერ კიდევ 1990-იან წლებში მოახერხეს. ISI დაჯგუფებას წლების განმავლობაში ფინანსური და შეიარაღების კუთხით ამარაგებდა. რადიკალი მეამბოხეების მხარდაჭერის მთავარი მამოძრავებელი ავღანეთის შიდა პროცესებზე გავლენის შენარჩუნებაა. პაკისტანს სტაბილური ავღანეთი ნაკლებად აძლევს ხელს. ეს უკანასკნელი ინდოეთის პოტენციური მოკავშირე გახდება. პაკისტანი შიშობს, რომ ინდოეთი ავღანელ პუშტუნებს მის ტერიტორიაზე მცხოვრები იმავე ეთნიკური ჯგუფის წასაქეზებლად გამოიყენებს. ეს ქვეყანას ტერორისტებთან, მათ შორის ომართან, თანამშრომლობისკენ უბიძგებს.
ომარმა პაკისტანის პროვინცია ბელუჯისტანში ავღანეთიდან გამოქცეული თალიბებისგან შემდგარი მოძრაობა, ე.წ. Quetta Shura დააარსა. მთავარი მიზანი ქაბულზე კონტროლის აღდგენა გახდა. ავღანელ ამბოხებულებს ავღანეთის ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის გასაგრძელებლად ფინანსურ, სამხედრო, ლოჯისტიკურ დახმარებას უწევდა. საჭირო თანხებს სპარსეთის ყურის ქვეყნებში დონორების მოძიებით ახერხებდა. მან პაკისტანიდან თალიბანის სამხედრო და პოლიტიკური სტრუქტურების რეორგანიზაცია მოახდინა. ეწინააღმდეგება დასავლეთის რეგიონში ჩართულობას, ავღანეთის მთავრობას კი დასავლეთის მარიონეტად განიხილავს. ავღანეთში თალიბანს დაახლოებით 25 ათასი მეამბოხე უცხადებს ლოიალურობას. ბევრი შიშობს, რომ NATO-ს ჯარების გამოსვლის შემდეგ, ისინი ფეხს უფრო მოიკიდებენ.
ჰამიდ ყარზაი
მულა ომარი
საგულისხმოა ობამას კრიტიკოსების მოსაზრებებიც. მათ აზრით, დიალოგის ინიცირებით გამომჟღავნდა, რომ პრეზიდენტს ავღანეთის პრობლემაზე შორსმიმავალი სტრატეგია არ აქვს და ამ ინიციატივით უბრალოდ ჯარების გამოყვანის გამართლება სურს. აღნიშნულ საკითხს წინასწარდაგეგმილი ხედვა სჭირდება. მათი მიზანი - 2014 წლისთვის მხარეების შერიგება - მისაღებია, თუმცა ადმინისტრაცია შიდა და გარე აქტორების ქმედებებსა და ინტერესებს არ ითვალისწინებს. კერძოდ, მიიჩნევა, რომ თალიბანთან დიალოგი არაპუშტუნი მოსახლეობის მარგინალიზაციას კიდევ უფრო გაამძაფრებს. რეგიონული ძალებიდან კი საკვანძოა პაკისტანის კონსტრუქციული როლი. ობამას კრიტიკოსებს სჯერათ, რომ პირველ რიგში პაკისტანთან ურთიერთობის დალაგება და ავღანეთის საკითხში მისი გარანტირებული მხარდაჭერაა აუცილებელი.
ზოგი იმასაც უსვამს ხაზს, რომ ყატარში ოფისის გახსნა, თალიბანის საერთაშორისო ლეგიტიმაციას გაზრდის. გუანტანამოს ციხიდან თალიბების გათავისუფლებას - მათ, როგორც ერთ-ერთი მხარედ და არა როგორც რადიკალურ მეამბოხეებად, წარმოჩენად რაცხავენ. ბევრი არადამაჯერებლად მიიჩნევს თალიბანის დაპირებას, ყატარში საკუთარი პროპაგანდის გაწევის უარყოფის შესახებ. ზოგი მიიჩნევს, რომ ვაშინგტონი საკუთარ მტერს დიალოგის დაწყებას ეხვეწება. მიზეზად კი ადმინისტრაციის მოკლევადიან ინტერესს, დაპირებულ დროში ჯარების გამოყვანას, აცხადებენ. უფრო მეტიც, მათ მტკიცებით, ობამას პოლიტიკა ავღანეთში ჯარისკაცების რაოდენობის დათვლითაა დაკავებული, მაშინ როცა ომის მთავარი მიზანი ჯერ კიდევ მიუღწეველია.
ზოგი ობამას კრიტიკას თავად თალიბანის თავისებურებებზე აგებს. 2010 წლის შერიგების მოლაპარაკებების მცდელობა მათ აფიქრებინებთ, რომ მოძრაობის ყველა ფრთის მოლაპარაკების მაგიდასთან დასმა რთულია. ყველაზე კარგ შემთხვევაში, შერიგების მცდელობებზე მხოლოდ დაბალი რანგის ლიდერები თანხმდებიან, მაშინ როცა საკვანძო ფიგურები დიალოგს თავს არიდებენ. გარდა ამისა, თალიბანი თავდასხმებსა და ბრძოლით სტრატეგიაზე უარს არ აცხადებს.
მოძრაობის მხრიდან მოლაპარაკებისადმი ინტერესის გამოხატვა ალ-ყაიდასთან დისტანცირების მცდელობაა. თუმცა მათ შორის აქამდე არსებული კავშირების გათვალისწინებით, ბევრი შიშობს, რომ თალიბების მომძლავრებით შესაძლოა ალ-ყაიდამაც ისარგებლოს. ამიტომაც, სკეპტიკურად განწყობილები, თალიბების წინაპირობების მიღებას და დიალოგის დაწყებას აშშ-ის დამარცხებულად წარმოჩენად აფასებენ. მათი მოსაზრებით, ამით დასავლეთი დაკარგავს ყველა იმ მიღწევას და პოზიტიურ ცვლილებას, რაც ავღანეთში სამხედრო ოპერაციის შედეგად მოხერხდა. ამან შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს ამერიკის იმიჯზე მის მოკავშირეებთან, განსაკუთრებით კი ავღანეთის ოპერაციებში ჩართულ ქვეყნებთან, ურთიერთობაში. საქართველო ერთ-ერთია, რომელიც დასავლეთს ამ ოპერაციაში უწევს დახმარებას. დღეისათვის ოფიციალურ თბილისს 150 ჯარისკაცი ქაბულში, 750 კი ჰელმანდის პროვინციაში ჰყავს გაგზავნილი. აღსანიშნავია, რომ ეს უკანასკნელი თალიბების ერთ-ერთ მთავარ დასაყრდენად ითვლება.
![]() |
17 ანტიჩავესი |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო
ვენესუელა
მიხეილ ბასილაია
ვენესუელაში საპრეზიდენტო არჩევნები 7 ოქტომბრისთვისაა დაგეგმილი. მმართველი, ერთიანი სოციალისტური პარტიის კანდიდატი დიდი ხნით ადრე იყო ცნობილი. ამჟამინდელი პრეზიდენტი უგო ჩავესი მესამე ვადით, კიდევ 6 წლით ეცდება პრეზიდენტის სავარძლის დაკავებას. ჩავესი სიმსივნეს კუბაში მკურნალობდა. პოლიტიკოსი, მისივე თქმით, საბოლოოდ გამოჯანმრთელდა და გამარჯვების უპირველესი პრეტენდენტი იქნება. მთავარმა ოპოზიციურმა ძალამ, დემოკრატიულმა გაერთიანებამ (MUD) საკუთარი კანდიდატი პრაიმერით გამოავლინა. ის 39 წლის ენრიკე კაპრილესია. პრაიმერიში მან ხმათა 60 პროცენტზე მეტი მიიღო, მთავარმა ოპონენტმა, პაბლო პერესმა კი 20 პროცენტზე ნაკლები.
ენრიკე კაპრილესი
2002 წელს ჩავესი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას გაუმკლავდა. ოპოზიცია ჩავარდნილმა მცდელობამ დაასუსტა და დაქსაქსა. 2005 წლის საპარლამენტო არჩევნებს ოპოზიციურმა ძალებმა ბოიკოტი გამოუცხადეს და საბოლოოდ საკანონმდებლო ორგანოში ადგილების გარეშე დარჩნენ. 2006 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის მათ ერთიანი კანდიდატის წამოყენება სცადეს. თუმცა მათი ალიანსი პოლიტიკოსების ნაცვლად მედიის, ბიზნესისა და პროფკავშირების წარმომადგენლებისგან შედგებოდა. მაშინ ოპოზიციამ საკუთარი კანდიდატი, მანუელ როსალესი, მოლაპარაკებების შედეგად აირჩია. ჩავესმა როსალესი დიდი სხვაობით დაამარცხა.
ჩავესის ოპონენტებმა არჩევნებში მარცხის მიზეზები გააანალიზეს და 2008 წელს კოალიცია MUD ჩამოაყალიბეს. მათ გაერთიანება ჩილეს კონსერტასიონის კოალიციის მოდელზე შექმნეს, რომელმაც აუგუსტო პინოჩეტის მმართველობა დაასრულა. 2010 წელს MUD-მა ვენესუელის საკანონმდებლო ორგანოს შუალედურ არჩევნებზე წარმატებას მიაღწია და 165 ადგილიდან 67 დაისაკუთრა.
MUD-მა საკუთარი პროგრამაც გამოაქვეყნა. წარმატების შემთხვევაში, გაერთიანება მრავალფეროვანი რეფორმების გატარებას აპირებს. აღდგება ხელისუფლების დანაწილების პრინციპი, ზღვარი გაივლება აღმასრულებელ ხელისუფლებასა და მმართველ პარტიას შორის, ცენტრალური ბანკი კი დამოუკიდებლობას დაიბრუნებს. ნავთობის სახელმწიფო კორპორაცია, პირველ რიგში, ენერგეტიკული და არა სოციალური უზრუნველყოფის საკითხებით დაკავდება. ამ უკანასკნელზე პასუხისმგებლობას კი, პარტიიდან შესაბამისი სამინისტროები გადაიბარებენ. პროგრამაში სახელმწიფოს მიერ ჩამორთმეული ქონების ადრინდელი მფლობელებისათვის დაბრუნებაზე, ფისკალური კონტროლის შემსუბუქებასა და არაკონსტიტუციური კანონების გაუქმებაზეა საუბარი. მსგავსი მრავალმხრივი რეფორმების დაპირებით MUD-ი ერთიან ძალად წარმოჩენას ცდილობს.
მიუხედავად ამისა, MUD-ი მაინც განსხვავებული პოლიტიკური ორიენტაციის მქონე ძალთა კრებულია. კაპრილესი მემარჯვენე ცენტრისტად, პერესი კი მემარცხენე ცენტრისტ პოლიტიკოსად მიიჩნევა. ზულიას შტატის მმართველ პერესს იმედი ჰქონდა, რომ მხარს ჩავესის ყოფილი მომხრეები დაუჭერდნენ. ისინი ამჟამინდელი პრეზიდენტის მმართველობით უკმაყოფილონი არიან. კაპრილესმა, ასაკის მიუხედავად, უკვე მოასწრო ყოფილიყო ბარუტას მერი, მირანდას შტატის გუბერნატორი და ვენესუელის კონგრესის ვიცე-პრეზიდენტი. 2002 წლის გადატრიალების მცდელობის შემდეგ, ის 4 თვითაც დააპატიმრეს. კაპრილესი პერესს ადანაშაულებს, რომ მან და მისმა მომხრეებმა, ქვეყანაში შესაძლებელი გახადეს ჩავესის მმართველობა. პერესს ის ძალები ემხრობიან, რომლებიც ვენესუელაში ჩავესის მოსვლამდე დომინირებდნენ.
უგო ჩავესი
კაპრილესს, ვენესუელის ეკონომიკური პრობლემების ჩავესის საწინააღმდეგოდ გამოყენების შანსი აქვს. სამხრეთ ამერიკაში ვენესუელა ყველაზე მაღალი ინფლაციით გამოირჩევა, ქვეყანაში არ არის საკმარისი რაოდენობის პირველადი მოხმარების პროდუქტი. ჩავესს საპრეზიდენტო კამპანიაში ხელი, შესაძლოა, საკუთარმა ჯანმრთელობამაც შეუშალოს. მაგრამ ის არჩევნებზე ადმინისტრაციულ რესურსებს გამოიყენებს, საარჩევნო კომისიებს საკუთარი მომხრეებით დააკომპლექტებს, სამთავრობო ფულით კი საკუთარ კამპანიას დააფინანსებს. გარდა ამისა, მისი ქარიზმატული რიტორიკა, ვენესუელაში ჯერ კიდევ პოპულარულია. ადგილობრივი გამოკითხვების მიხედვით, ჩავესს მოსახლეობის 50 პროცენტზე მეტი უჭერს მხარს. კაპრილესმა პრეზიდენტს ხანგრძლივი სიცოცხლე უსურვა, რათა ამ უკანასკნელმა თავად ნახოს ქვეყანაში სასიკეთო ცვლილებები. საფუძვლიანია თუ არა ახალგაზრდა ლიდერის ოპტიმიზმი, ოქტომბერში გამოჩნდება.
![]() |
18 ისლამისტები სალეჰის შემდეგ |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო
იემენი
მიხეილ ბასილაია
იანვარში, იემენის აწ უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა ალი აბდულა სალეჰმა თანამდებობა დატოვა. ერთწლიანი საპროტესტო გამოსვლები დასასრულს მიუახლოვდა. იემენში, ისევე როგორც სხვა არაბულ ქვეყნებში, ავტოკრატიული მმართველობის დასრულების შემდეგ, პოლიტიკურ ასპარეზზე მრავალფეროვანი პოლიტიკური ძალები გამოვლენ. სალეჰი საკუთარ ოპონენტებს აფრთხილებდა, რომ მისი წასვლის შემდეგ ქვეყანაში ისლამისტები მოიკიდებდნენ ფეხს. უღარიბესი არაბული ქვეყანა ალ-ყაიდასა და სხვა რადიკალური ჯგუფებისათვის მიმზიდველი სამიზნეა.
იემენში ანტისამთავრობო პროტესტი ისლამისტებს არ დაუწყიათ. თუმცა ამჟამად ყველაზე პოპულარული ისლაჰის კოალიციაა. მისმა ერთ-ერთმა წევრმა, თავაქოლ კარმანმა 2011 წელს პოლიტიკური აქტივიზმისთვის ნობელის პრემიაც მიიღო მშვიდობის დარგში. ისლაჰი იემენურ მუსლიმურ საძმოდ მიიჩნევა, მაგრამ მასში სხვადასხვა ადგილობრივ ტომთა ლიდერებიც შედიან. ისლაჰი სუნიტურ ძალებს აერთიანებს და სხვა ისლამისტური გაერთიანებების ფონზე ზომიერ მოძრაობად მოჩანს. ის 2011 წლის იანვარში დაწყებული საპროტესტო აქციების რადიკალიზმს არ იზიარებდა და თავიდან სალეჰთან კომპრომისზეც იყო მზად. ისლაჰმა, საკუთარი ორგანიზებულობის წყალობით სხვა ოპოზიციური ძალები დაჩრდილა. მოსახლეობის მობილიზაციის შესაძლებლობებისა და ტომობრივი ლიდერების მხარდაჭერის გამო, მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე, კოალიცია გამარჯვების უპირველესი კანდიდატი იქნება.
რადიკალურ ისლამიზმს სალაფიტები წარმოადგენენ. სალაფიზმი სუნიტური ისლამური მოძრაობაა. ისინი პროტესტს ეწინააღმდეგებოდნენ და სალეჰის მხარდაჭერას ქვეყანაში სტაბილურობის საჭიროებით ხსნიდნენ. თუმცა სალეჰის წასვლის შემდეგ, უკვე ახალ პოლიტიკურ გარემოში, საკუთარი პოზიციების გამყარებას ცდილობენ. იემენის ზოგიერთ რეგიონში, მაგალითად ქალაქ ტაიზში, მათი გავლენა განსაკუთრებით ძლიერია. იემენელ სალაფიტებს ეგვიპტეში ალ-ნურის პარტიის წარმატება წაახალისებს. ამ კონსერვატიულმა ისლამისტურმა პოლიტიკურმა მოძრაობამ, რომელიც შარიათის შემოღებას ემხრობა, საპარლამენტო არჩევნებზე ხმათა 28%25 მიიღო და მეორე ადგილზე გავიდა.
ჩამოუყალიბებელი პოლიტიკური გარემო იემენელი ჯიჰადისტებისთვის ხელსაყრელი იქნება. ისინი ალ-ყაიდასთან კონტაქტების გაღრმავებას ეცდებიან. ჯიჰადისტების დათრგუნვით საუდის არაბეთიცაა დაინტერესებული. მრავალი მებრძოლი იემენში სწორედ 24-მილიონიან ქვეყანაში მოსახლეობის 55%25 სუნიტია და ისინი ქვეყნის სამხრეთში ცხოვრობენ. შიიტები, რომელთა წილი 40 პროცენტს აჭარბებს, ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით სახლობენ. საუდის არაბეთიდან გამოდევნის შემდეგ გადავიდა. 2011 წლის სექტემბერში ამერიკელებმა მოახერხეს ანვარ ალ-აულაქის, ალ-ყაიდას ერთ-ერთი გავლენიანი ფიგურისა და არაბეთის ნახევარკუნძულზე ორგანიზაციის მთავარი დასაყრდენის განადგურება. თუმცა საფრთხე ისევ არსებობს. როგორც მკვლევარი ლორენ ბონეფოი აღნიშნავს, უპილოტო თვითმფრინავებით ჩატარებული ოპერაციები, შესაძლოა, საკმარისი არ აღმოჩნდეს მის აღმოსაფხვრელად.
იემენელი შიიტები ზაიდიზმის სკოლის მიმდევრები არიან. ზაიდისტი ამბოხებულები ჰუთის მოძრაობის სახელითაც არიან ცნობილი. ისინი ქვეყნის ჩრდილოეთ და ჩრდილო-დასავლეთ რეგიონში ცხოვრობენ და იემენის ცენტრალურ ხელისუფლებას უკვე წლებია ებრძვიან. ამჟამად ჰუთი იემენის ორ ჩრდილოეთ პროვინციას, სადაასა და ალ-ჯავფს აკონტროლებს. შესაძლებლობის შემთხვევაში ის არც დედაქალაქ სანაზე იერიშის მიტანაზე იტყვის უარს. სალეჰის წასვლის შემდეგ, ჰუთის მოძრაობამ პოლიტიკური პარტიაც ჩამოაყალიბა. თუმცა სუნიტებთან საერთო ენის ნახვა, სავარაუდოდ, მაინც გაუჭირდებათ.
იემენს სექტარიანული დაპირისპირებისა და არასტაბილურობის გრძელი ისტორია აქვს. 1990 წელს ისლამური ჩრდილოეთი და კომუნისტური სამხრეთი გაერთიანდნენ. მას შემდეგ ქვეყანაში ბრძოლები არ შეწყვეტილა - საპროტესტო აქციების დროსაც მიმდინარეობდა. 24-მილიონიან ქვეყანაში მოსახლეობის 55%25 სუნიტია და ისინი ქვეყნის სამხრეთში ცხოვრობენ. შიიტები, რომელთა წილი 40 პროცენტს აჭარბებს, ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით სახლობენ. ამას გარდა, ქვეყანაში არაერთი შედარებით მცირერიცხოვანი ისლამური სექტაა, არამუსლიმთა რაოდენობა კი 2 პროცენტს არ აღემატება. სექტარიანული დაპირისპირების გამო, ძლიერია სეცესიონისტური მოძრაობები. ტომთა ბელადებსაც საკუთარი პოლიტიკური მიზნები ექნებათ. იემენი, რომელსაც რომაელები ნაყოფიერ, ბედნიერ არაბეთს უწოდებდნენ, ახლო აღმოსავლეთის მორიგი ცხელი წერტილი შეიძლება გახდეს. ძველი სახელწოდების გასამართლებად, ქვეყანას წინ შორი გზა ელის.
ფოტო: REUTERS ©
![]() |
19 აჰმადინეჟადი ბირთვული პროგრესის თაობაზე |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო
ირანი
თამარ ზურაბაშვილი
„უახლოეს დღეებში მსოფლიო ბირთვულ სფეროში რამდენიმე დიდი მიღწევის მოწმე გახდება“, - მიმართა პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა 11 თებერვალს, ისლამური რევოლუციის 33-ე წლისთავისადმი მიძღვნილ მრავალათასიან აქციაზე თეირანში შეკრებილ ხალხს. მან ქვეყნის ახალ ბირთვულ მიღწევებზე ისაუბრა და დასავლეთის ქვეყნებთან სადავო პროგრამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების განახლებისათვის მზადყოფნა გამოთქვა. თუმცა გადაჭრით განაცხადა, რომ ირანი დიალოგს მხოლოდ თანასწორობისა და სამართლიანობის პირობებში დათანხმდება. აჰმადინეჟადის მტკიცებით, ირანი არასოდეს იტყვის უარს ურანის გამდიდრების პროცესზე, რომლის საშუალებითაც ის რეაქტორებისათვის და იარაღისათვის აწარმოებს მასალას. 33-ე წლისთავი შეკრებილ ხალხს ირანში სტუმრად მყოფმა ჰამასის პრემიერ-მინისტრმა, ისმაილ ჰანიამაც მიულოცა. მან პირობა დადო, რომ არასოდეს აღიარებს ირანის და ჰამასის დაუძინებელ მტერს, ისრაელს.
თეირანის საზეიმო შეკრებაზე, ირანმა დეკემბერში ავღანეთის საზღვართან ახლოს დაკავებული აშშ-ის თვითმფრინავის RQ-170-ის მოდელიც წარმოადგინა. სახელმწიფო ტელევიზიამ უპილოტო თვითმფრინავის დაკავების ფაქტი ამერიკის შეერთებული შტატების „გლობალური ქედმაღლობის“ წინაღმდეგ, ირანის შეიარაღებული ძალების გამარჯვებად შერაცხა.
ვაშინგტონის სანქციებმა, მათ შორის ნავთობის ემბარგომ (რომელიც ირანის საგარეო შემოსავლების 80%25-ს შეადგენდა) და ქვეყნის ცენტრალური ბანკის აქტივების გაყინვამ, გაეროს სანქციების 4 რაუნდმა და ბოლო დროს ევროკავშირის ეკონომიკურმა სანქციებმა, ვერ შეძლეს ირანის შეჩერება. თეირანის თქმით, ახლა ისინი იძულებულნი არიან, თვითონ აწარმოონ ის, რისი შეძენაც საერთაშორისო სანქციების შედეგად, უცხოურ ბაზარზე აეკრძალათ. მაგალითად, იანვარში პირველად გამოშვებული ბირთვული საწვავის მილები. 2012 წელს აჰმადინეჟადი გეგმავს ბაშერის სამხრეთ პორტში, რუსეთის მიერ აშენებული ატომური ელექტროსადგურის გახსნასაც.
ისრაელი შეშფოთებულია ირანის შესაძლებლობებით. ნეთანიაჰუს მთავრობის რწმენით, სანქციები მხოლოდ დროს მოაგებინებს თეირანს, რომ თავისი ბირთვული შესაძლებლობები მიწისქვეშ, ისრაელის სამხედრო იერიშისაგან დაცულ ადგილას განავითაროს.
აშშ და სხვა მოკავშირეები თვლიან, რომ ისრაელმა თავი უნდა შეიკავოს ნებისმიერი სამხედრო შეტევისაგან, რომ სანქციებს ასამუშავებლად მეტი დრო მისცეს.
![]() |
20 კახა შენგელია: ადამიანი, პირველ რიგში, თავისი საქმის პროფესიონალი უნდა იყოს |
▲ზევით დაბრუნება |
ბიზნესი
ესაუბრა მაკა გამცემლიძე
ბოლო 60 წლის მანძილზე გლობალიზაციამ ასობით მილიონი სამუშაო ადგილი შექმნა. მათი უმრავლესობა განვითარებად ქვეყნებზე მოდის. თუმცა გლობალიზაციის დაჩქარებული ტემპის პირობებში - რაც ძირითადად ტექნოლოგიების და მენეჯმენტის პრაქტიკის დახვეწამ გამოიწვია - დასაქმების ბაზარზე კონკურენცია გაიზარდა. სამუშაოს საშოვნელად, შენი შრომა ან ძალიან იაფი უნდა ღირდეს, ან პროფესიონალი უნდა იყო. საქართველოს ბაზარზე დღეს მოთხოვნადი პროფესიების, დასაქმებისთვის საჭირო თვისებების და გლობალური კონკურენციის შესახებ, ტაბულა კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტს კახა შენგელიას ესაუბრა.
რომელი პროფესიებია დღეს ბაზარზე მოთხოვნადი?
დღეს ბაზარზე ბიზნესის, ტექნოლოგიების, სამართლისა და ტურიზმის სპეციალობებია მოთხოვნადი. რაც უფრო მეტად წინ მიდის ქვეყანა ეკონომიკურად, მით მეტი მოთხოვნაა კვალიფიციურ კადრზე. თუმცა, როცა ესა თუ ის დარგი სწრაფად იზრდება, კადრების მომზადების პროცესი ბაზარზე გაზრდილ მოთხოვნას ჩამორჩება. მაგალითად, ტურიზმი ახალგაზრდა დარგია და კადრიც ცოტაა. რაც შეეხება ბიზნესს, სამართალს და ტექნოლოგიებს, უკვე შეგვიძლია საქართველოში კადრების პოვნა და მათ შორის ჩვენი კურსდამთავრებულებიც არიან.
მეორე მხრივ, ეს პროფესიები შედარებით გაჯერებულია და კონკურენციაც უფრო მაღალია. შესაბამისად, ამ კუთხით დასაქმებაც უფრო რთულია. თქვენ რა ტენდენციას ამჩნევთ?
დასაქმება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელია ჩვენთვის, რადგან ამით განისაზღვრება უნივერსიტეტის პრესტიჟი და, ასე ვთქვათ, სწავლების დონე. დღეს არ არსებობს არცერთი სამსახური - ბიზნესი იქნება ეს თუ სახელმწიფო სექტორი - სადაც ჩვენი სტუდენტი არ მუშაობს. დასაქმების დონე თითქმის 100%25-ს აღწევს. მესამე კურსიდან მოყოლებული თითქმის ყველა სტუდენტი მუშაობს. დაახლოებით 10%25 კი მიდის და სწავლას უცხოეთში აგრძელებს.
როგორ ფიქრობთ, რატომ არის უცხოეთში სწავლაზე სტაბილურად მაღალი მოთხოვნა?
საზღვარგარეთ სწავლა ადამიანს ძალიან ბევრ რამეს ჰმატებს. უფრო ფართოდ უხელს თვალებს - რა ხდება ევროპაში, ამერიკაში, აზიასა თუ აფრიკაში. ვფიქრობთ, სამომავლოდ შემოვიღებთ ასეთ პრინციპს: ყველა მეოთხეკურსელისთვის სავალდებულო იქნება, სულ მცირე, ერთი სემესტრით საზღვარგარეთ სწავლა. ამერიკაში და ევროპაში ბევრი კონტაქტი გვაქვს. მათ შორისაა, ამერიკაში ჯორჯიის უნივერსიტეტი, დიდ ბრიტანეთში ჩესტერის უნივერსიტეტი, საფრანგეთში გრენობლის ბიზნესსკოლა. ამას ემატება ავსტრია, ბალტიის სამი ქვეყანა, გერმანია, ესპანეთი, პორტუგალია, იაპონია, კორეა, ბრაზილია, არგენტინა. სტუდენტების საზღვარგარეთ სწავლების დაფინანსების და სხვა დეტალები ჯერ ბოლომდე გაწერილი არ გვაქვს. თუმცა ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ.
მაინც რატომ არის უცხოეთში განათლების მიღება ასე მნიშვნელოვანი?
როცა საზღვარგარეთ განათლებამიღებული ადამიანი თავის ქვეყანაში ბრუნდება, მას სულ სხვა მოტივაცია და მსოფლმხედველობა აქვს. ყველა მეოთხეკურსელისთვის სავალდებულო იქნება, სულ მცირე, ერთი სემესტრით საზღვარგარეთ სწავლა. როგორც წესი, დიდი ნაწილი მართლაც ბრუნდება და უფრო კვალიფიციური, პრაქტიკული უნარ-ჩვევებით არის აღჭურვილი. ასეთი ადამიანები კი არა მხოლოდ ადგილობრივად, გლობალურადაც უფრო კონკურენტულები არიან და დასაქმების ბაზარზე მათზე მოთხოვნა მაღალია.
რა თვისებები სჭირდება ადამიანს ოცდამეერთე საუკუნეში, რომ ის გლობალურ ბაზარზე კონკურენტული იყოს?
ძალიან კარგად უნდა იცოდეს უცხო ენა. შეეძლოს ანალიტიკური აზროვნება და გუნდური მუშაობა. უნდა იყოს აქტიური და სტრესულ სიტუაციას თავს ადვილად ართმევდეს. სტუდენტი ამ უნივერსიტეტს ვერ დაამთავრებს, თუ მან, სულ მცირე, ორი უცხო ენა არ იცის. მესამე კურსიდან სწავლებას ვიწყებთ უკვე მთლიანად ინგლისურად. ამიტომ ჩვენთან სავალდებულოა Toefl-ის ჩაბარება. მომავალში საუნივერსიტეტო ტესტის შედგენას ვაპირებთ, რომ სტუდენტებს არ მოუწიოთ ცალკე იმ თანხის გადახდა, რაც Toefl-ის ტესტის ჩაბარება ჯდება.
ბევრი ტიპის უნივერსიტეტთან გაქვთ შეხება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. როგორი მოდელია უფრო წარმატებული?
ამერიკული. ეს გულისხმობს გუნდურ მუშაობას, პროექტების კეთებას, ყოველკვირეულ მკაცრი გამოკითხვის მეთოდს. ჩვენი სტუდენტები ამ მოთხოვნებზე იზრდებიან. ფიქრი და მუშაობა აუცილებელია მათი განვითარებისთვის. ადამიანი, პირველ რიგში, თავისი საქმის პროფესიონალი უნდა იყოს.
კავკასიის უნივერსიტეტი
დაარსდა 2004 წელს კავკასიის ბიზნესის სკოლის ბაზაზე. აერთიანებს ბიზნესის, სამართლის, მედიის, ტექნოლოგიების, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, სახელმწიფო მართვისა და ტურიზმის სკოლებს. მომავალი წლიდან ჯანდაცვის ადმინისტრირების სკოლა დაემატება. სწავლობს 3 ათასზე მეტი სტუდენტი, მათ შორის, სტუდენტები მსოფლიოს 26 ქვეყნიდან. უნივერსიტეტის დევიზია: ცოდნა თავისუფლების საწინდარია.
![]() |
21 ინფორმაციის შენახვის უსწრაფესი რევოლუციური მეთოდი |
▲ზევით დაბრუნება |
ტექნოლოგია
ვახო ელერდაშვილი
ინფორმაციის რაოდენობის ექსპონენციალურმა ზრდამ ახალი თავისტკივილი გაუჩინა ადამიანებს. დიდი მოცულობის მონაცემთა ბაზების დაარქივებას და „ბეკაპირებას“, თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით საათები და ზოგჯერ დღეები სჭირდება. ძალიან ხშირად ეს დრო მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ხანდახან დიდი კომპანიების ბედ-იღბალსაც კი წყვეტს. რამდენიმე ტერაბაიტის, თუნდაც გიგაბაიტის, კოპირება, თვალის დახამხამებაში ჯერ კიდევ ფანტასტიკის სფეროა, სწორად ამიტომ, ჰოლივუდში, კვლავაც იღებენ ფილმებს, სადაც მთავარი გმირი დიდი რაოდენობის ინფორმაციას, მყარი დისკიდან ინფორმაციის ჩამწერ პორტატიულ მოწყობილობაზე ხელის ერთი მოძრაობით იწერს და კმაყოფილი ღიმილით შორდება კომპიუტერს. წლიდან წლამდე ეს პრობლემა უფრო აქტუალური ხდება, ვინაიდან დედამიწაზე წარმოებული ინფორმაცია წარმოუდგენელი ტემპებით იზრდება. ჩვენ გაცილებით სწრაფ საშუალებებს ვსაჭიროებთ და ეს ციფრული ტექნოლოგიების აქილევსის ქუსლად იქცა.
გასულ კვირას, იორკის უნივერსიტეტის საერთაშორისო სამეცნიერო ჯგუფმა, რომელიც ესპანელი, შვეიცარიელი, რუსი, უკრაინელი, იაპონელი, ნიდერლანდელი და ინგლისელი მეცნიერებისგანაა დაკომპლექტებული, ჟურნალ Nature Communications-ში რამდენიმეწლიანი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. მოთხრობილია ინფორმაციის შენახვის ახალი მეთოდის აღმოჩენის შესახებ, რომელიც თანამედროვე მეთოდისგან - გარე ელექტრომაგნიტური ველის ზემოქმედების შედეგად, მყარი სხეულის შემადგენელი ნაწილაკების მაგნიტური პოლუსების ცვლილებისგან - განსხვავდება. ინფორმაციის ჩაწერის პროცესი, ანუ მაგნიტური პოლუსების ცვლილების სიჩქარე ათასჯერ აღემატება თანამედროვე საშუალებებს. ახალ მეთოდში სითბოს იყენებენ, რომელსაც ლაზერის სხივის საშუალებით გადასცემენ ნაწილაკს, ეს მაგნიტურ პოლუსებს ადგილებს უცვლის და, შესაბამისად, ინფორმაციის შენახვას განაპირობებს.
იორკის უნივერსიტეტის წარმომადგენელმა, ფიზიკოსმა ტომას ოსტლერმა განმარტა: „ბოლო საუკუნეების განმავლობაში მიჩნეული იყო, რომ სითბო მყარი სხეულის მაგნიტურ თვისებებს ანადგურებს, ჩვენ საპირისპირო ვაჩვენეთ და მაგნიტურ დამაგროვებელზე ინფორმაციის შესანახად, ელექტრომაგნიტური ველის გამოყენების ნაცვლად, უფრო მძლავრ საშუალებას მივაგენით. ერთი ბიტი ინფორმაციის დასაფიქსირებლად ლაზერის სხივი გამოიყენება. ეს რევოლუციური მეთოდი საშუალებას გვაძლევს, ტერაბაიტი ინფორმაცია რამდენიმე წამში ჩავწეროთ, რაც ასჯერ და ათასჯერ აღემატება თანამედროვე მყარი დისკების შესაძლებლობებს. ვინაიდან ჩვენ საამისოდ არ ვიყენებთ ელექტრომაგნიტურ ველს, ეს მეთოდი უფრო ნაკლებ ენერგიას მოიხმარს და, შესაბამისად, უფრო ენერგოეფექტური იქნება”.
მუშა მოდელი ლაბორატორიულ პირობებში უკვე შექმნილია და ინფორმაციის ჩაწერის დაუჯერებელი სიჩქარე, 100 გიგაბაიტი/წამში მიღწეულია, - გვახარეს იორკის უნივერსიტეტის საერთაშორისო კვლევითი ჯგუფის წევრებმა. თუმცა ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ახალი ტექნოლოგია კომერციულად მომგებიანი და გამართლებული იქნება. მათი თქმით, ვინაიდან გარე ელექტრომაგნიტური ველის ნაცვლად ლაზერის გამოყენება ახალი რევოლუციური მეთოდია, რომელიც ახალი ტიპის ინფრასტრუქტურის განვითარებას საჭიროებს, ამიტომ ძველი ტექნოლოგიის ახლით ჩანაცვლების პროცესი სწრაფი არ იქნება და ბევრ შემაფერხებელ ფაქტორს ითვალისწინებს. იორკის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ისიც დასძინეს, რომ მყარი დისკების მწარმოებელ კომპანიებთან, Fujitsu-სა და Seagate-თან მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია. ყველაზე კარგ შემთხვევაში, ახალი ტიპის ტექნოლოგია ბაზარზე რამდენიმე წელიწადში გამოჩნდება. მანამდე კი, ისღა დაგვრჩენია, რომ დაველოდოთ, თუ როდის გადაიწერება ფილმების არქივი ერთი მყარი დისკიდან მეორეზე.
![]() |
22 რას ჰქვიან თავისუფლება? |
▲ზევით დაბრუნება |
არქივი
ვაჟა-ფშაველა
თავისუფლება ვაჟა-ფშაველას შემოქმედებისა და ცხოვრების მუდმივი მიზანი და საფუძველია. ალუდასა და ჯოყოლას ვნების, დაცემისა და აღდგომის დასაბამი თავისუფლებისაკენ ლტოლვა და მისი მოპოვების ტკივილია. თავისუფლება ხომ ისეთი რამაა, რასაც მუდამ ვკარგავთ, მაგრამ ყოველთვის ვეძებთ, ვიბრძვით მისთვის, რადგან მასზე უკეთესი მართლა არაფერი გაგვაჩნია.
შორენა სიხარულიძე
ლიტერატურის კრიტიკოსი, ვაჟა-ფშაველას ბიოგრაფი
თავისუფლება ვაჟა-ფშაველას შემოქმედებისა და ცხოვრების მუდმივი მიზანი და საფუძველია. ალუდასა და ჯოყოლას ვნების, დაცემისა და აღდგომის დასაბამი თავისუფლებისაკენ ლტოლვა და მისი მოპოვების ტკივილია. თავისუფლება ხომ ისეთი რამაა, რასაც მუდამ ვკარგავთ, მაგრამ ყოველთვის ვეძებთ, ვიბრძვით მისთვის, რადგან მასზე უკეთესი მართლა არაფერი გაგვაჩნია. შორენა სიხარულიძე ლიტერატურის კრიტიკოსი, ვაჟა-ფშაველას ბიოგრაფი როცა ჩვენს ნაცნობს, ან ნათესავს ატუსაღებენ, დაუყოვნებლივ მივესწრაფებით მის სანახავად ისე, როგორც სნეულისა. თან ვნანობთ: „ახ, რა ცუდი საქმე მოუვიდაო!“ რადა? რისთვის? იმისთვის, რომ კაცს წაართვეს თავისუფლება, წაართვეს ისეთი რამ, რითაც ადამიანი შეაწუხეს, წაართვეს სიხარული და მისცეს ვაება-ტანჯვა. თავისუფლება და ბედნიერება ერთი და იგივეა. დატუსაღებული ადამიანი უბედურადა გრძნობს თავსა: ვერა ჰსვამს და სჭამს თავის ნებაზე, ვერ ადგება, ვერც დაწვება ისე, როგორც თვითონ უნდა; ვერც ტანთ იცვამს, რაც მოსწონს იმას; ვერა ჰხედავს იმას, ვინც უყვარს, ვერ აკეთებს იმას, რის გაკეთებაც სულით და გულით სწყურია; თავის ნებაზე ვერ დაილაპარაკებს, თავისუფლად ფეხს ვერ გადასდგამს. უბედურ ყოფაშია ტუსაღი ჩავარდნილი. გვესმის ჩვენც მისი მდგომარეობა და გვებრალება. რაღა უნდა ვსთქვათ, როცა დატუსაღებულია მთელი საზოგადოება, ერი, სახელმწიფო?
ადამიანი თავისუფალი იბადება. უცქირეთ ბავშვს როგორ თავისუფლად მოქმედობს, როცა შეიძლებს მოძრაობას, ეპოტინება ყველაფერს, რასაც თვალი დ ყური მიუწვდება; იქნევს ხელებს და ფეხებს, როცა აკვანში აწვენს დედა და ხელებზე არტახებს უჭირებს. მხოლოდ დიდების მოსაზრება, დაშლა, დაშინება ჰკვეცავს ფრთებს ბავშვის თავისუფალ მოქმედებას, რომელიც უსამზღვრო თავისუფლებისაკენ მიისწრაფის...
გაიზრდება, მოვა გონებაზე და მაშინ ხომ შინაურ უფროსებთან ერთად უჩნდება გარეთ სხვა უფროსი - საზოგადოება აუარებელი ზნე-ჩვეულებით, აზრებით, წესებით, რომელთა შორის მრავალი უვარგისი და პირდაპირ დამღუპველია ადამიანისა, შემბოჭველი იმის თავისუფლებისა, საღის მსჯელობისა. მშობლები, საზოგადოება და უხეირო სკოლები აჩვევენ ყრმას ისეთს აზროვნებას, რაც უხშავს მას გონებას, უნერგავს ცხოვრებისათვის მავნე აზრებს, აჩვევს გონებას მორჩილებას, მოთმენას, უკლავს სიყვარულს თავისუფლებისადმი. ასე: ადამიანი მოსისხლე მტერი ხდება ბუნებისა; იმის მაგივრად, რომ ხელი შეუწყოს და განავითაროს ეს ძვირფასი განძი - თავისუფალი გრძნობა, მისცეს მას გონივრული მიმართულება, ცდილობს დაახშოს, მოსპოს იგი, სრულიად ამოაგდოს ძირიან-ფოჩვიანად ადამიანის გულიდან. ამ დროს საზოგადოება ვერა გრძნობს რამდენად მოსისხლე მტერი ხდება იგი თავის თავისა. რატომ? მიტომ, რომ ხეს ტოტებს აჭრის, ქერქს აცლის გარშემო ტანზე, რის გამო იგი ხელს უწყობს შტოების გახმობას, რასაც ადრე თუ გვიან თვით ხის გახმობაც მოსდევს. დიაღ, გამხმარია, ხმელია ის საზოგადოება, რომელთა წევრებიც მონურად, ყეყეჩ-ჩერჩეტად არიან აღზრდილნი და არ უყვარსთ თავისუფლება, ჰხდება თავის თავის მტერი, სთელავს ფეხით თავისივე ბედნიერებას. ამისთანა საზოგადოება თუ სახელმწიფო ბუდეა ყოველნაირს უსამართლობისა, ადვილად ჩნდებიან დაჩაგრულნი და მჩაგვრელნი, გაცარცულნი და მცარცველნი და იმართება მათ შორის ბრძოლა. დღეს ჩვენა ვართ მოწამე და მონაწილენი ამისთანა ბრძოლისა. ბედნიერებაწართმეული ნაწილი საზოგადოებისა (კლასი) ებრძვის მეორეს, რომელმაც მისი ბედნიერება მიითვისა, მისი თავისუფლება და ქონება. მჩაგვრელნი დღევანდლამდის თავისუფლად იქცეოდენ: ფული, მიწა, ფაბრიკები, ქარხნები, სახლები იმათ ხელშია. ეს სულ მოტყუილებით, მტარვალობით, სხვისთვის თავისუფლების ჩამორთმევით მოიპოვეს. დღეს დაჩაგრულმა ნაწილმა იგრძნო ეს უსამართლობა, აახილა თვალები, გაიღვიძა მის გულში დაძინებულმა თავისუფლების სიყვარულმა, დღეს იგი ამბობს: დამიბრუნეთ წართმეული ბედნიერებაო!
თავისუფლება მტარვალთაგან (უმცირესობა) ხალხისათვის (უმრავლესობა) წართმეული, ბედნიერებაა. თუ ერთს ადამიანს სტანჯავს, სჩაგრავს ტუსაღობა, თავისუფლების წართმევა, ფრინველს და ცხოველსა ჰკლავს, რა თქმა უნდა ხეირს არ დააყრის არც საზოგადოებას, რომელიც ადამიანთა კრებულია. როცა დამონებაში იმყოფება ქვეყანა, თავისუფლებას მოკლებული, იგი დამწყვდეულია ციხეში.
![]() |
23 პლანეტა ბარსა |
▲ზევით დაბრუნება |
სპორტი|ფეხბურთი
ლაშა გოდუაძე
კატალონიელების ეკვადორელი გულშემატკივარი
2000 წელს ფლორენტინო პერესი პირველად გახდა მადრიდის რეალის პრეზიდენტი.
სამეფო კლუბის სათავეში მისვლის შემდეგ, სასტუმრო რიცში გამართულ მიღებაზე, მილიარდერმა ბიზნესმენმა თქვა: „არ მინდა ვინმეს ვაწყენინო, მაგრამ სიმართლეს ყველამ თვალი უნდა გაუსწოროს - რეალი საუკეთესო საფეხბურთო ბრენდია მსოფლიოში!“
თუ ვინმეს გულზე მოხვდა მისი სიტყვები, პირველ რიგში, კატალონიის სიამაყეს - საფეხბურთო კლუბ ბარსელონას. და თითქოს ეს არ კმარაო, მცირე ხანში რეალის ახალმა პრეზიდენტმა კამპ ნოუდან საუკეთესო ფეხბურთელი, პორტუგალიელი ლუიშ ფიგუ გადაიყვანა. ეს, მშვენივრად ხვდებით, ცეცხლზე ნავთის დასხმა იყო!
ავღანეთის „ბარსელონა”
პორტუგალიელის სარეკორდო ტრანსფერით - 2000 წლის ზაფხულში რეალმა მასში 58,5 მილიონი ევრო გადაიხადა - პერესმა „გალაქტიკოს“ შენება დაიწყო. ფიგუს გენიოსი ფრანგი ზინედინ ზიდანი მიჰყვა უფრო შთამბეჭდავი გარიგებით - 76 მილიონი ევრო, 2002 წელს -- მსოფლიო ჩემპიონატის ბომბარდირი და საუკეთესო ფეხბურთელი ბრაზილიელი რონალდო, 2003 წელს - ინგლისელი სუპერვარსკვლავი დევიდ ბექემი და სამეფო კლუბიც, მანამდე ვალები რომ ახრჩობდა, მომგებიან კორპორაციად იქცა.
მაგრამ თუ პრეზიდენტის პოლიტიკით მადრიდის რეალის საბანკო ანგარიშები ყოველწლიურად იზრდებოდა, იქ, მინდორზე, თეთრებმა მთავარ კონკურენტს - ბარსელონას დაუთმეს პოზიციები. დღეს საუკეთესო საფეხბურთო ბრენდი ბარსელონაა და ეს სადავო რომ არაა, ესპანელი ჟურნალისტის, კარლეს სალმურის ძალიან საინტერესო და მრავლისმთქმელი კოლექციაც ცხადყოფს.
საინფორმაციო სააგენტო La Vanguardia-ს დოკუმენტური მასალების განყოფილების მთავარმა რედაქტორმა ახლახან დაასრულა კვლევა, რომელიც ზემოთქმულს ამტკიცებს: ბოლო წლების განმავლობაში მან ათასამდე ფოტო შეაგროვა, რომელიც ყველა კონტინენტზეა გადაღებული და მასზე ბარსელონას მაისურით ან საკლუბო ატრიბუტიკით შემოსილი ხალხია აღბეჭდილი. ჟურნალისტმა ეს მასალები საინფორმაციო სააგენტოების - როიტერი, ასოშეიტედ პრესი, ფრანს პრესი, ეფე - არქივებში მოიძია.
ერთ მშვენიერ დღეს სალმურიმ რედაქციის საერთაშორისო პოლიტიკის განყოფილებაში მისული ფოტოებიდან რამდენიმე კადრი შეარჩია, რომელზეც ბარსელონას მაისური ჩანდა. მალე მათ კიდევ რამდენიმე დაემატა და ნელ-ნელა კოლექციაც შეივსო.
დღეს არქივი უამრავ საინტერესო ფოტოს ითვლის: ერთზე აღბეჭდილია თაკარა მზის ქვეშ ბარსას ქოლგით მდგარი ერაყელი - ამ ფოტომ The International Herald Tribune-ის გარეკანი დაამშვენა; მეორეზე იემენის სამთავრობო ძალების მიერ დახვრეტილი ამბოხებულები - ერთ-ერთი ბარსას მაისურშია; მესამეზე ლიბიელი პარტიზანი ბარსას კეპით ბენზინგასამართ სადგურზე... სალვადორის ყველაზე საშიში დაჯგუფების - მარა სალვატრუჩას 18 წლის წევრი - ბარსას შარფი აქვს წაკრული... საკლუბო ტრუსებში გამოწყობილი მოზეიმე სუდანელები... პატარა პალესტინელი ბიჭუნა მესის მაისურით მეჩეთში, ყურანის კითხვისას... ლტოლვილი სირიელი თურქეთის სამხრეთით მდებარე ქალაქ ჰატაიში - მხარზე ბარსელონას პირსახოცით...
სალმურის კოლექციაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ბრაზილიის ჩრდილოეთით, პატარა ქალაქ სან-ფელისში გადაღებულ ფოტოს: მდინარე ამაზონის თვალუწვდენელ აუზში ჩაკარგული ერთ-ერთი მიყრუებული სოფლის მცხოვრებნი, კაიაპოს ტომის ხალხი სამედიცინო შემოწმებაზეა, ერთ-ერთი კი ბარსას მაისურშია. როგორ მიაღწია ბარსელონამ იქ? არავინ იცის...
არც ბარსელონას მაისურში გამოწყობილი სახელგანთქმული ადამიანების ფოტოების ნაკლებობაა: შოტლანდიელი მსახიობი, მისტერ ჯეიმს ბონდი - შონ კონერი; სამხრეთ აფრიკის ექსპრეზიდენტი, პოლიტიკოსი ნელსონ მანდელა; მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ფორმულა 1-ში, გერმანელი ავტომრბოლი სებასტიან ფეტელი; ამერიკელი რეჟისორი სპაიკ ლი და მისი თანამემამულე, მუსიკოსი ბრიუს სპრინგსტინი; NBA-ს ვარსკვლავი და მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი კალათბურთელი კობი ბრაიანტი; Microsoft-ის დამფუძნებელი, მილიარდერი ბილ გეიტსი; ისრაელის პრეზიდენტი შიმონ პერესი და პალესტინელთა ლიდერი მაჰმუდ აბასი...
„ბარსა ყველაზე პოპულარული საფეხბურთო კლუბია და გუნდიც ზუსტად პასუხობს ხალხის სიყვარულს - იუნისეფთან გაფორმებული უპრეცედენტო კონტრაქტი ამის დასტურია“, - ამბობს კარლეს სალმური.
2006 წლიდან ბარსელონა გაეროს ბავშვთა ფონდს ყოველწლიურად მილიონ-ნახევარი ევროთი ეხმარება. ის, რომ კატალონიური გუნდი მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში დიდი პატივისცემით სარგებლობს და პოპულარულია, გარკვეულწილად, ამ ნაბიჯის დამსახურებაცაა.
შესაძლოა, ჩვენ არ მოგვეწონოს კლუბის მესვეურთა სატრანსფერო პოლიტიკა ან გავღიზიანდეთ, როცა გუნდი პრიმერადივიზიონის მაჩანჩალასთან უსახურად ითამაშებს, მაგრამ ერთ საკითხში აუცილებლად უნდა შევთანხმდეთ - დღეს ბარსელონა საუკეთესო ბრენდია.
სანდრო როსელი, ბილ გეიტსი და ხოსეპ გვარდიოლა
და თუ ზემოთქმულში მაინც ეჭვი გეპარებათ, შეგახსენებთ, რომ კარლეს სალმურის ფოტოკოლექცია არასაფეხბურთო თემაზე მთელ მსოფლიოში გადაღებულ ათასამდე ფოტოს ითვლის.
მათ, ვისაც არ იცნობენ ან არ უყვართ, კარს არ უღებენ.
ბარსელონამ კი ყველგან შეაღწია.
იქაც კი, სადაც არც იციან, რა არის ფეხბურთი და რას ნიშნავს ბარსა.
Facebook & Twitter
დედამიწაზე დაახლოებით 7 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს.
ამ 7 მილიარდიდან Facebook-ის და Twitter-ის სოციალურ ქსელებში თითქმის მილიარდ 500 მილიონი ადამიანია გახვეული.
და ამ თითქმის მილიარდ-ნახევრიდან 25 მილიონზე მეტი საფეხბურთო კლუბ ბარსელონას ოფიციალური გვერდების მომხმარებელია: Facebook-ზე კატალონიურ კლუბს 21.376.981 ადამიანი ანიჭებს უპირატესობას, Twitter-ზე - 3.741.040!
ორივე ქსელში კატალონიის სიმბოლო ლიდერია და აქედან მარტივი დასკვნაც: ბარსელონა ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელების ყველაზე პოპულარული საფეხბურთო კლუბია!
საფეხბურთო კლუბების ათეული
Facebook-ზე (მომხმარებელი)
1.ბარსელონა........................................... 21.376.981
2.მადრიდის რეალი ..............................20.351.777
3.მანჩესტერ იუნაიტედი .....................19.961.486
4.ლონდონის არსენალი........................ 7.740.591
5.ლონდონის ჩელსი ..............................7.405.514
6.ლივერპული ........................................7.231.126
7.ტურინის იუვენტუსი ........................7.101.434
8.მილანი ..................................................6.212.535
9.სტამბოლის გალათასარაი ................6.078.660
10.დორტმუნდის ბორუსია .................2.853.174
საფეხბურთო კლუბების ათეული Twitter-ზე
1.ბარსელონა ..........................................3.741.040
2.მანჩესტერ იუნაიტედი .....................2.729.691
3. მადრიდის რეალი .......................2.464.341
4.ლონდონის ჩელსი .......................1.110.594
5.ლონდონის არსენალი .................946.855
6.ლივერპული ..................................493.501
7.სტამბოლის გალათასარაი ..........466.638
8.სტამბოლის ფენერბახჩე .............295.873
9.მილანი ...........................................176.297
10.სტამბოლის ბეშიქთაში .............53.783
![]() |
24 დიდი კუში |
▲ზევით დაბრუნება |
სპორტი
ზურაბ თალაკვაძე
მაიკ ტაისონი
მაიკ ტაისონი მინსკის აეროპორტში მოიბუზა, გიდს ელოდება. მინსკში, ორსაათიან აქციაში მაიკს რამდენიმე ათას ევროს აჩუქებენ. ფოტოსესიაც იქნება. აქცია ერთ-ერთი ბელარუსი მილიარდერის შვილის დაბადების დღეს დაარქვეს. მაიკთან ერთად იქ პაველ ბურეც მივა. მაიკის გიდმა სუპერმარკეტიდან ჩიფსი, რამდენიმე პრეზერვატივი და რამდენიმე გაზეთი წამოიღო. მაიკის სტანდარტული შეკვეთა. მაიკმა კალორიები უნდა მიიღოს, ჩიფსი იაფია და მაიკიც იაფი გახდა. პრეზერვატივი საჭიროა. მინსკშიც. გაზეთიც საჭიროა. ხანდახან მაიკიც ეცნობა პრესას.
სასტუმრომდე ჯერ დროა. ტაისონი გაზეთს უყურებს, მუხლს იფხანს და ჩიფსს მიირთმევს. პირველ გვერდზე ცოტა საინტერესო, ცოტა არანორმალური გარეგნობის და ცოტა სექსუალური გოგონაა. ვიკა აზარენკა. ჩოგბურთელია. მაიკი კითხულობს, რომ ამ გოგომ ცოტა ხნის წინ მელბურნში მარია შარაპოვას მოუგო ფინალი. 80 წუთში მოუგო და 2 369 000 დოლარიც დაირტყა. მაიკს ჩაეცინა. არა, სერიოზული ფულია. მაიკს არ ახსოვს, რის გამო ეცინება, მიზეზს იხსენებს. კითხვის პროცესში გაახსენდება.
ტაისონმა აზარენკას ჰონორარი გიდს ჩამოაყრევინა. გოგონამ ერთ წუთში 16 ათასი დოლარი აიღო. მაგარია.
იმ სვეტში ავტორს კიდევ რამდენიმე მილიონერი გაახსენდა. მაიკი წამოწვა და გაზეთი გიდს ესროლა, მიდი, წაიკითხე, მოგისმენო. მაიკმა ტექსასიდან მინსკში სიამის კნუტი წამოიყვანა. ვიღაცამ უთხრა, სტრესს ხსნისო. ტაისონი კნუტს ეფერება და გიდს უსმენს.
მელბურნში, სადაც აზარენკამ ფინალის ერთ წუთში 16 ათასი დოლარი მოხსნა, კიდევ ერთი ფინალი იყო. ნოვაკ ჯოკოვიჩმა, რომელიც სერბია, მოუგო რაფაელ ნადალს. სვეტში არ ეწერა, ნადალი სადაურია და მაიკს ეს არც აინტერესებს. მოკლედ, ჯოკოვიჩმა ნადალს ხუთ სეტში, თითქმის ექვს საათში გადაუჯოკრა და იგივე ჰონორარი აიღო, რაც აზარენკამ. უსამართლოა, ფიქრობს მაიკი. შარაპოვამ წაგებული ფინალის ერთ წუთში უფრო მეტი ქეში მოხსნა, ვიდრე ჯოკოვიჩმა - მოგებულ ფინალში. სერბმა ტურნირზე შვიდი მატჩი გაძლო და თითოში სადღაც, სამ საათამდე იდგა კორტზე. წუთში 1 746 დოლარი გამოუვიდა.
ალექს ოვეჩკინი. მაიკს რუსი ახსოვს. მაიკთან ერთად ნიჭიერი რეპერი, რომელიც ჰოკეისაც ნორმალურად თამაშობს, ორჯერ მოსკოვში, ღამის კლუბის პრეზენტაციაზე და კიდევ რაღაც საღამოზე იყო. რუსმა მაიკს კოქტეილი უყიდა.
ოვეჩკინმა პიტსბურგის მილან მიხალეკს დაარტყა და ლიგამ ბიჭი სამი თამაშით დასაჯა. დისკვალიფიკაციით ოვიმ 156 ათასი დოლარი დაკარგა. გიდმა გადაჩოთქა. რუსს რეგულარულში 82 თამაში აქვს, ოვეჩკინი სეზონში 9.5 მილიონს იღებს, იხდის გადასახადებს და წუთში 1 930 დოლარი აქვს. ნორმალურია, მაგრამ იმ აზარენკამ უფრო მეტი აიღო.
მაიკმა კობი ბრაიანტიც იცის. მაგარი ტიპია. კობი და მაიკი სილვესტერ სტალონეს ბოლო „შედევრის” ჩვენებაზე იყვნენ. სტალონემ მაიკს კობი გააცნო, კობიმ მაიკს თავისი კეპი აჩუქა. მაიკმა გაიხადა პერანგი და მარჯვენა იღლიასთან, კობის ავტოგრაფი დაუტოვა. კობი და მაიკი ძმაკაცობენ.
ბრაიანტსაც 82 თამაში აქვს. თუ ტრავმას არ მიიღებს და 40 წუთამდე გაძლებს, კობის საბანკო ანგარიშზე წუთში 7 012 დოლარი ჯდება. ოვეჩკინზე ბევრს შოულობს, გაიფიქრა მაიკმა, ფისოს კომპაქტურ თავზე თათი გადაუსვა და ჩიფსი დაღეჭა.
ერთ წუთში 9254 დოლარი. ტაისონმა აგენტს მიუმესიჯა, ანჟის გენერალური მონახე და ჩემზე დაელაპარაკე, იქნებ რამე კონტრაქტი მომცენო. ფერნანდო ალონსო. ფორმულა 1. ცნობილი ტიპია. ისე, ჩვეულებრივი ხალხისთვის ცნობილი და მაიკისთვის უინტერესო. გარანტირებული კონტრაქტით ალონსოს ერთ სეზონში 15 მილიონი დოლარი აქვს. წინა სეზონში ალონსომ 19 რბოლაში მიიღო მონაწილეობა, დაიღალა. თითო რბოლა 100-150 წუთს მიდის. საჭესთან სახიფათო და რუტინული გადატვირთვისთვის, ალონსოს წუთში 6 800 დოლარს აძლევენ. ნორმალურია.
ვიკა აზარენკა
დიდიე კუში
სამუელ ეტო'ო რუსეთში მაქსიმ გალკინზე პოპულარული ბიჭია. მაიკმა სამუელი არ იცის. ერთი სამუელი, რივერა, ადრე მაგარ ჰაშიშს აძლევდა და სხვა სამუელს მისტერ ტაისონი ვერ იხსენებს, არ ახსენდება. ეტო'ოს ანჟისთან სოლიდური კონტრაქტი აქვს, ერთ სეზონში 25.7 მილიონი. შარშან, კამერუნელმა ფლეიბოიმ 11 თამაშში ირბინა, 929 წუთი დაფარა. ერთ წუთში 9 254 დოლარი. ტაისონმა აგენტს მიუმესიჯა, ანჟის გენერალური მონახე და ჩემზე დაელაპარაკე, იქნებ რამე კონტრაქტი მომცენო.
სამუელ ეტო'ო მეუღლესთან ერთად
პირველ ადგილზე ვიღაც უცნაური ტიპია იულ ბრინერივით მაგარი თავით. ის ტიპი დიდიე კუშია. კიცბიუელში კუშმა, რომელიც შვეიცარიიდან არის (მაიკმა შვეიცარია მოინიშნა), მოიგო სწრაფდაშვება და 91 ათასი დოლარი. ეტო'ოსთან შედარებით, ჯიბის ფულია. უბრალოდ, კუშმა მთელი ეს კუში 73 წამში მოხსნა. ჯეკპოტია, ფიქრობს მაიკი. კუში ერთ წუთში 86 ათას დოლარს შოულობს. თან ერთობა, თან იქვე მაგარი ქალები დგანან.
მაიკი დაიძაბა, გიდს ლიმუზინში გამყოფი შუშა აუწია, გაებუტა. მაიკი მისტერ ბინივით უნდა ცელქობდეს და 5, უკეთეს ვარიანტში 7 ათას დოლარს მიიღებს. ვიღაც კუში თხილამურებით ეშვება და ერთ წუთში თითქმის ოცჯერ მეტს იღებს.
მაიკმა კნუტს გადახედა. კეპში ჩაყრილ ჩიფსს ლოკავს, პაპრიკას ეჩვევა.
მძღოლმა ლიმუზინი გააჩერა, საწვავი უნდა დაამატოს. მაიკი მანქანიდან გადმოდის.
აუ, ვიღაცა ერთ წუთში ამ ტიპებზე მეტს ნაღდად ხსნიდა და მაიკი იმ ვიღაცას იხსენებს. ანუ, ვერ იხსენებს. მძღოლმა მანქანა დაძრა, მაიკმა შუშა დაუშვა, გიდს შეურიგდა, ჩიფსი აჭამა.
მაიკს გაახსენდა. 1988-ში მაიკლ სფინქსმა, რომელიც მაგარი მოკრივე იყო, 91 წამში უკეთეს მოკრივესთან წააგო.
იმ მოკრივემ სფინქსის გათიშვით 20 მილიონი დოლარი იშოვა და ის მოკრივე მაიკ ტაისონი იყო.
![]() |
25 ქუჩიდან მოსული კრივის ელჩი |
▲ზევით დაბრუნება |
სპორტი|კრივი
ზურაბ თალაკვაძე
ანჯელო მირენა მეორე მსოფლიო ომიდან ორი ნატყვიარით დაბრუნდა. ცოტა შენელებული, ვიდრე ომამდე. ცოტა მოწყენილი, ვიდრე ომამდე. მეორე მსოფლიო ომიდან იტალიელი კრივში მიდის. იცვლის გვარს და ხდება დანდი. ანჯელო დანდი. დედიკოს რომ არ გაეგო, რინგზე ცხვირპირს რომ გაუერთიანებდნენ. დანდი კრივთან დაძმაკაცდა, სულ ერთად დადიოდნენ. ერთად შედიოდნენ პაბში და იქ ირლანდიელებთან ერთად პულსის დაკარგვამდე თვრებოდნენ. ერთად ეხვეოდნენ მორცხვ გოგონებს და კრივის ისტორიებს უყვებოდნენ. კრივმა ანჯელო დანდის მუჰამედ ალი გააცნო. შუგარ რეი ლეონარდიც. ჯორჯ ფორმენიც. კარმენ ბაზილიოც.
მუჰამედ ალი და ანჯელო დანდი
ანჯელო დანდი მუჰამედ ალის მწვრთნელი, კრივის პელეს მეგობარი გახდა. ისიც პაბში გაიცნო, სადაც გაუპარსავი ალი ერთ -ერთი ვარჯიშის მერე მიადგა. მანამდე, ტელეფონით დაღალა, მისტერ დანდი, ხუთი წუთი დამითმეთ და მეტ დროს არ წაგართმევთო. იმ პაბში, პირველ შეხვედრაზე დანდიმ ალის 1 საათი მისცა. მერე, ცოტა მეტი მისცა. ცოტა მერე - ყველაფერი.
ალისთან ერთად დანდი ჰაერში, რკინიგზაზე, ბორანზე, გემზე ცხოვრობს. ერთად მიფრინავენ 1974-ში ზაირში, სადაც მუჰამედმა ჯორჯ ფორმენი დააგდო. ეს იყო The Rumble in the Jungle. ერთი წლის შემდეგ, მეგობრები ფილიპინებზე ჩადიან. ალის და ჯორჯ ფრეზერის მესამე გარჩევამდე, დანდისთან მიდიან იტალიელი ძველი ბიჭები. თუ ალი პირველ სამ რაუნდში დაწვება, დანდი დიდ ფულს მიიღებს. ანჯელომ იტალიელებს იტალიურად დაახვევინა. მერე იყო Thrilla in Manila და ალი მსოფლიო ჩემპიონია.
დანდი ალისთან ერთად არ იღლება. დანდისთან მიდის ირლანდიელი ჟურნალისტი და მისტერ დანდი, სერ, მუჰამედი ათ წუთს ხომ ვერ დამითმობსო, ეკითხება. ანჯელომ, ბიჭი გვერდზე დაისვა და უთხრა, ალი ათ წუთს არავის არ აძლევს. თუ მზად ხარ, დიდ ჩემპიონთან სასაუბროდ, მუჰამედი ერთ საათს მოგცემს და ათი წუთით, წადი, ჯორჯ ფორმენს დაელაპარაკეო. ირლანდიელის და ალის დიალოგი რამდენიმე საათს მიდის. საუბარს დანდიც დაესწრო.
დანდისთვის ალი ნიჭიერ და ცელქ ახალგაზრდად დარჩა. ალი გახდა დიდი ჩემპიონი და ანჯელო მისი საუკეთესო მეგობარი, მამა, მრჩეველი იყო. 1959-ში დანდი უილი პასტრანოს წვრთნიდა და ახალგაზრდა კასიუს კლეიმ ხუთ წუთში ერთი საათი წაართვა. მერე, კასიუსი ოლიმპიადიდან (1960) ოქროს მედალს ჩამოიტანს და დანდისთან, მაიამი ბიჩის დარბაზში წავა. და დარჩება.
დანდი კრივში ქუჩიდან მივიდა.
დანდისთან ალიც ქუჩიდან მივიდა. წელს, 17 იანვარს ანჯელო დანდიმ მუჰამედს დაბადების დღეზე, კენტაკიში ჩააკითხა. მოიკითხა მეგობარი და ოჯახში დაბრუნდა. 1 თებერვალს ანჯელო დანდის საწოლთან მთელი ოჯახი იყო. ოჯახმა დიდი კაცი გააცილა.
კრივიდან ელჩი წავიდა.
![]() |
26 პასი |
▲ზევით დაბრუნება |
დავით კოვზირიძე|სვეტი
პასი ფეხბურთის კარკასია. ინტელექტუალური კარკასი.
ეს არის ფეხბურთის შემადგენელი ის იშვიათი დეტალი, რომელიც მაქსიმალურად გამოცლილია ბუნებრივი იმპულსებისგან და ყველაზე მეტადაა დამოკიდებული გონებრივ განვითარებაზე.
წარმოიდგინეთ - ბურთით მირბიხარ, მცველები დაგდევენ და შენ ისინი აუცილებლად უნდა აკონტროლო - წინ, უკან, მარცხნივ, მარჯვნივ. თან ბურთი არ უნდა გაგეპაროს. პარალელურად უნდა დააკვირდე თანაგუნდელების მოძრაობას, ვინ საიდან იხსნება, რა სისწრაფით გარბის, თამაშგარეში ხომ არაა, მცველი ხო არ ასწრებს დაკეტვას, რა სიმძლავრით უნდა დაარტყა, რომ პასი საჭირო ადგილას დახვდეს. ეს წამებში ხდება და ამ წამებში ტვინი აურაცხელი რაოდენობის ინფორმაციას ამუშავებს - სწორედ გადამუშავების შედეგად კეთდება პასი. სწრაფად მომუშავე ტვინი კარგი პასის გარანტიაა და თუ შემტევთა ჯამური ინტელექტი დაცვაში მყოფთა ინტელექტზე მაღალია, მაშინ პასი ყველაზე თავხედი სპერმატოზოიდივით ყველგან ძვრება. და იბადება გოლი.
რაც უფრო ზუსტი, ბევრი, მოულოდნელი და ორიგინალური გადაცემა კეთდება, მით უფრო მყარია კარკასი. და რაც უფრო მყარია კარკასი, მით უფრო ძლიერია გუნდი. მარტივია - ზუსტი პასი ბურთს შენთან უფრო დიდხანს ტოვებს. ხოლო თუ იოჰან კრუიფის ფილოსოფიას ვენდობით, ფეხბურთში მთავარი სწორედ ეს, ბურთის ფლობა გახლავთ. ფაქტი კამპ ნოუზეა.
თუმცა პასს მეორე ბოლოც აქვს და როგორც კარგ მთქმელს უნდა კაი გამგონი, ისე კარგი პასის მიმცემს უნდა შესაბამისი მიმღები. წინააღმდეგ შემთხვევაში კომბინაცია იშლება და აღებ-მიცემობას სხვა იწყებს. ამ ორ წერტილს შორის (ავტორი და ადრესატი) კი ფეხბურთის მთელი დედააზრი დევს: 11 კაცის ერთ ენაზე ლაპარაკი. რაც შეიძლება დიდხანს. რაც შეიძლება საინტერესოდ. ეს ჰარმონია მხოლოდ ფეხბურთში არაა მთავარი. უამისოდ არც მუსიკაში გამოვა რამე, არც ფიზიკაში, არც ჭამაში და არც სექსში.
ჩემი და ფეხბურთის რომანი ყიფოს პასით დაიწყო, მერე სოკრატესმა აიტაცა, ზიკომ გაალამაზა, პლატინიმ გააფერადა, მარადონამ დახაზა, ლაუდრუპმა ჩახლართა, გაზამ აურია, ქინქიმ მოხატა, ზიდანმა დაარბილა, ინიესტამ გაახულიგნა და ხავიმ საიდუმლოდ აქცია. ეს ბიჭები პასებით წერდნენ ისტორიას. გოლიდან გოლამდე. წლიდან წლამდე. ისინი ქმნიდნენ და ამრავალფეროვნებდნენ თავიანთ ეროვნულ თუ საკლუბო პას-კულტურას: ბრაზილიურს, არგენტინულს, ფრანგულს, ბრიტანულს, დინამოურს, მილანურს, ლივერპულურს, რეალურს, ბარსელონურს. მათ შეძლეს საკუთარი გუნდების ერთ ენაზე ალაპარაკება და სამაგიეროდ, საფეხბურთო სამყაროს ლინგვისტურად დაყოფა. ადამიანის საფეხბურთო გემოვნებაც იმაზეა დამოკიდებული, თუ რომელი ენა ესმის მას.
სამხრეთისკენ პასი ისეთივე თბილი, დინამიური და ხშირია, როგორც ზოგადად ურთიერთობა. თუმცა აქაცაა განსხვავებები: ბრაზილიური, პლაჟებზე გამოთლილი პასი ისეთი ოხერია, მცველებს სულ ჰგონიათ, რომ ბურთი ნელა დაგორავს და ჩაჭრას მოასწრებენ. არ გამოდის. წამის და სანტიმეტრის მეათასედი ყოველთვის ბრაზილიელის მხარესაა.
არგენტინელებს პატარ-პატარა, გამაბრუებელი „გაკატავება” უყვართ. აი, ისეთი, სერბებს რომ გაუგორეს 2006 წელს.
დღევანდელი ესპანეთი ბარსელონური ჩამოსხმისაა - აგორავებს, აგორავებს, აგორავებს და უცებ მსაჯი უსტვენს. გოლია. ვერც იგებ, როგორ და როდის.
იტალიამ შეიძლება ერთი პასით გადაგიჭრას ვენები, რადგან იქ საკუთარ ნახევარზე ფუსფუსი, სხვისი პასების ამოხსნა უყვართ, მოსწონთ საკუთარ სახლში ურთიერთობა და არ მოსწონთ, როცა გარეთ გასვლას აიძულებ.
ჩრდილოეთში მატულობს სიზუსტე და კლებულობს სიხშირე. მაგალითად, გერმანელები ქარიშხალივით უტევენ და სულ რამდენიმე შიდაეროვნული სიზუსტის პასი სჭირდებათ შენს გამოსათაყვანებლად.
ფრანგებს გრანდიოზული ფიდერი უნდა ჰყავდეთ, რომ მის გარშემო იტრიალონ და ორჯერ უკვე იტრიალეს კიდეც გემრიელად.
ბრიტანეთისკენ მეორე სართულზე ცხოვრობენ - ყველაფერი, რაც საინტერესოა, ჰაერში ხდება და ამ საჰაერო ბზრიალსა და თავების ძებნაში მათ ბადალი არ ჰყავთ. არსებობს კიდევ ერთი, უკარკასოთა კატეგორია, რომელშიც საკუთარი ენა და დამწერლობა დაავიწყდათ და დღემდე ინგლისურს და კომპიუტერს სწავლობენ.
![]() |
27 ჰარივედერჩი |
▲ზევით დაბრუნება |
სპორტი|ფეხბურთი
ლაშა გოდუაძე
ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ფაბიო კაპელო 8 თებერვალს, ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის დაწყებამდე ოთხი თვით ადრე, თანამდებობიდან გადადგა. იტალიელი სპეციალისტი ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის (ისა) მესვეურებს შეხვდა და გადაწყვეტილება გააცნო.
„კარგი ადამიანი და ტოპ მწვრთნელი. ჩინებული იქნება, თუ ჩვენებურით შეცვლიან. ჩემი ხმა ჰარი რედნაპს“.
„მას ძალიან დიდი ამაგი აქვს ჩემზე. გული დამწყდა, რომ წავიდა. მგონი, ახლა ინგლისელის მოყვანა ჯობს“.
პირველი გამოხმაურება მანჩესტერ იუნაიტედის და ნაკრების ნომერ პირველ ფორვარდს უეინ რუნის ეკუთვნის, მეორე კი ლონდონის არსენალის ამომავალ ვარსკვლავს ჯეკ უილშირს. ორივეს სიტყვები სოციალურ ქსელ Twitter-ის მეშვეობით გავრცელდა.
კაპელოს გადაწყვეტილება არამხოლოდ ბრიტანული საფეხბურთო სამყაროსთვის აღმოჩნდა შოკისმომგვრელი. ყველამ ჩინებულად იცის, რომ ასეთი სამსახურიდან, როგორც წესი, საკუთარი სურვილით არ მიდიან: როცა ფეხბურთის სამშობლოს ნაკრებს ხელმძღვანელობ და თან, ბრწყინვალე ანაზღაურებით - 6 მილიონი გირვანქა წელიწადში - ყველაფერზე შეიძლება იფიქრო ადამიანმა, გუნდიდან წასვლის გარდა, მაგრამ...
რამდენიმე დღით ადრე ისა-მ ჯონ ტერის ნაკრების კაპიტნის სამკლავური მთავარი მწვრთნელის დაუკითხავად ჩამოართვა. შეგახსენებთ: ლონდონის ჩელსის ცენტრალური მცველი ქუინზ პარკ რეინჯერსის ფეხბურთელის ანტონ ფერდინანდის (მანჩესტერ იუნაიტედის უკანახაზელის, რიო ფერდინანდის ძმა) რასისტული შეურაცხყოფის გამო დასაჯეს.
ფაბიო კაპელომ ჩათვალა, რომ მის კომპეტენციაში უხეშად ჩაერივნენ და აღარ ისურვა იქ მუშაობა, სადაც ასეთ მნიშვნელოვან თემაზე არაფერს დაეკითხნენ.
ისა-ს თავმჯდომარე დევიდ ბერნშტეინთან და გენერალურ მდივან ალექს ჰორნთან ხანმოკლე შეხვედრის შემდეგ, უემბლის სტადიონიდან გამოსულმა ფაბიო კაპელომ ჟურნალისტებს მხოლოდ ხუთი სიტყვა აკმარა: „ინგლისს ვტოვებ. მეტს არაფერს გეტყვით“. მეორე დღეს ბრიტანული პრესის პირველი გვერდები მხოლოდ ამაზე წერდნენ, გაზეთმა THE SUN კი მოვლენისადმი მიძღვნილი წერილის სათაურით - Arryvederci - ერთგვარი მინიშნებაც გააკეთა ნაკრების სავარაუდო მომავალ მწვრთნელზე, ტოტენჰემ ჰოთსფურის მენეჯერ ჰარი რედნაპზე.
რედნაპის გარდა, ვისაც იმ დღეებში გადასახადების დამალვაზე ყველა ბრალდება მოუხსნეს, კიდევ სამი სპეციალისტი დასახელდა: რეალის პორტუგალიელი მწვრთნელი ჟოზე მოურინიუ, ჰოლანდიელი გუუს ჰიდინკი - მან თავად გამოთქვა სურვილი - და ინგლისის 21-წლამდელთა ნაკრების ხელმძღვანელი, გუნდის ექსფეხბურთელი სტიუარტ პირსი.
უახლოეს ამხანაგურ შეხვედრაში, 29 თებერვალს უემბლიზე ჰოლანდიასთან, ნაკრებს სწორედ პირსი გაიყვანს.
როდის მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას ისა, ჯერჯერობით უცნობია.
ფაბიო კაპელო: მეხუთე და მეორე
1946 წლამდე ინგლისის ნაკრებს საფეხბურთო ასოციაცია მართავდა, სამი ლომის (გუნდის მეტსახელი) პირველი რეალური მწვრთნელი კი უოლტერ უინტერბოთომი გახლდათ, ვინც 1946-1962 წლებში ხელმძღვანელობდა გუნდს.
ფაბიო კაპელო ინგლისის ნაკრების მე-16 მწვრთნელი იყო, XXI საუკუნეში კი მეხუთე. ამავდროულად, შვედი სვენ-გორან ერიქსონის შემდეგ, ის გუნდის მეორე უცხოელი თავკაცი გახლდათ.
იტალიელი სპეციალისტი პირველია, რომელმაც ამ საუკუნეში გუნდი თავისი ნებით დატოვა - აქამდე ყველა მწვრთნელს საფეხბურთო ასოციაცია ათავისუფლებდა.
კევინ კიგანი (ინგლისი; 1999-2000): გაათავისუფლეს გერმანიასთან უემბლიზე წაგებული მატჩის შემდეგ
პიტერ ტეილორი (ინგლისი; 2000): ნაკრებს მხოლოდ ერთ მატჩში უხელმძღვანელა
სვენ-გორან ერიქსონი (შვედეთი; 2001-2006): გერმანია 2006-ის დასრულებისთანავე დაითხოვეს
სტივ მაკლარენი (ინგლისი; 2006-2007): გუნდი ევრო 2008-ზე ვერ მოხვდა და გაუშვეს
ფაბიო კაპელო (იტალია: 2008-2012): გადადგა საკუთარი სურვილით.
![]() |
28 ზაზა ურუშაძის გასეირნება ყარაბაღში |
▲ზევით დაბრუნება |
კულტურა
ნიკა ესებუა
ლევან თუთბერიძის „გასეირნება ყარაბაღში” 2005 წელს გამოვიდა. სურათი, რომელიც 90-იანი წლების დასაწყისის თბილისელ ბიჭებზე და ყარაბაღში მათ თავგადასავალზე მოგვითხრობდა, ბოლო პერიოდის ქართულ კინოში, ერთ-ერთ ყველაზე შემოსავლიან ფილმად იქცა. 2009 წელს ქართველებმა მეორეჯერ „გაისეირნეს ყარაბაღში”, ოღონდ ამჯერად ვანო ბურდულის დახმარებით და ნაკლებად წარმატებულადაც. 2012 წლის 1 მარტს კი „გასეირნება ყარაბაღში 3” გამოვა და მაყურებელი პირველ თანამედროვე ქართულ ტრილოგიას იხილავს. ამჯერად, რეჟისორი ზაზა ურუშაძეა.
წინა ფილმებისგან განსხვავებით, „გასეირნება ყარაბაღში 3”-ში მოქმედება აწმყო დროში ვითარდება. მთავარი გმირი გოგლიკო (მიშა მესხი) ციხიდან გამოდის. გოგლიკოს ძალიანაც უნდა მოერგოს დღევანდელი ცხოვრების რიტმს, მაგრამ უჭირს საზოგადოებასთან ადაპტაცია. „ჩემთვის, „გასეირნება ყარაბაღში 3” დამოუკიდებელი ნამუშევარია, რომელიც პოპულარული ფილმების ერთგვარი გაგრძელებაა. იდეა მომეწონა, ამიტომ გადავწყვიტე ამ სურათზე დამეწყო მუშაობა. სცენარზე უტა ბერიამ და ირაკლი სოლომონიშვილმა იმუშავეს, მის დაწერაში მე და ლევან კორინთელმაც (პროდიუსერი) შევიტანეთ წვლილი. შევეცადე გადამეღო ფილმი, რომელიც მხოლოდ კომერციაზე არ იქნებოდა გათვლილი. ბოლო ხანებში ძალიან ცუდი ტერმინი დამკვიდრდა საქართველოში - კინო მხოლოდ ლოკალური ბაზრისთვის. თავმოყვარე პროდიუსერი და რეჟისორი ფილმს კონკრეტული მაყურებლის სეგმენტისთვის არ უნდა იღებდეს. თუ მუშაობის პროცესში ფიქრობ, რომ კინოს მხოლოდ თბილისის ორი კინოთეატრისთვის გააკეთებ, ის მხატვრული ფილმი ნამდვილად არ გამოვა. რა თქმა უნდა, უტოპიურია გათვლა, რომ ქართული პროდუქცია მსოფლიო კინოთეატრების ეკრანებზე გამოვა. თუმცა, მთავარია, რეჟისორმა ღირებული მხატვრული ფილმი გადაიღო და ვფიქრობ, ეს შევძელი კიდევაც, რაც მთელ ტექნიკურ ჯგუფთან ერთად მსახიობების დამსახურებაცაა, რომლებიც ძალიან კარგად თამაშობენ”, - ამბობს ზაზა ურუშაძე.
თუ „გასეირნება ყარაბაღში“ პირველი თანამედროვე ქართული ბლოკბასტერია (ამ სიტყვის ყველაზე მოკრძალებული გაგებით), ზაზა ურუშაძის „სამი სახლი” XXI საუკუნის კარგი ქართული ფილმია. „სამ სახლს“ მომღერალი ქალის და ახალგაზრდა ბიჭის სასიყვარულო მელოდრამა მოჰყვა, „დარჩი ჩემთან“ კი, რეჟისორის თქმით, მისი ექსპერიმენტი იყო.
კინოცენტრში კონკურსი გამოცხადდა, მაშინ მხოლოდ ერთ პროექტს აფინანსებდნენ. „სამი სახლი” თავიდან ერთ ისტორიად მქონდა ჩაფიქრებული, თუმცა შემდეგ სხვა სტრუქტურა დავინახე: ფილმი სამ ნოველად დავყავი და ერთი სურათის გარშემო გავაერთიანე. ფილმის რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერიც მე ვარ. როცა გადაღებებს, მონტაჟს მოვრჩი და გახმოვანების პროცესს შევუდექი, სწორედ მაშინ გამოჩნდნენ პროდიუსერები არჩილ გელოვანი და ლევან კორინთელი. მათი დახმარებით, სურათი პრაღაში დასრულდა, რაც საბოლოო ჯამში „სამი სახლის” ხარისხზე აისახა. ამ ფილმთან შედარებით კონტრასტული ნამუშევარია „დარჩი ჩემთან”, რომელზე მუშაობასაც საერთოდ არ ვგეგმავდი და პროდიუსერებს თავიდან უარი ვუთხარი. შარშან კინოცენტრში კიდევ ერთი პროექტი მოვიგე და ჩემი ახალი სურათის - „მანდარინები” - გადაღება უნდა დამეწყო. ეს ესტონური კოპროდუქციაა და რაღაც პრობლემები შეიქმნა, რომლის გამოც პროექტზე მუშაობა გადაიდო. იმდენად მომზადებული და მოწადინებული ვიყავი, რომ საბოლოოდ დავთანხმდი ფილმზე „დარჩი ჩემთან“ მუშაობას. მიმაჩნია, რომ რეჟისორი არანაირ გამოწვევას არ უნდა ერიდებოდეს და თავი ნებისმიერ ჟანრში უნდა მოსინჯოს. ერთია, როდესაც საავტორო კინოს აკეთებ და ამისგან უდიდეს სიამოვნებას იღებ, მაგრამ ყველაზე მთავარი რეჟისორის სავარძელში ჯდომა და პროექტზე მუშაობაა. „დარჩი ჩემთან” გაცილებით რთული გადასაღები აღმოჩნდა, ვიდრე „სამი სახლი” და ეს, პირველ რიგში, ჟანრიდან, მელოდრამიდან, გამომდინარე. ნამუშევარი ჩემთვის ექსპერიმენტივით იყო, მაინტერესებდა მარტივი დრამატურგიით და სიუჟეტით კინო თუ შედგებოდა“.
ზაზა ურუშაძეს 2012 წელი დატვირთული აქვს. ორ ახალ პროექტზე მუშაობს. მისი თქმით, ომის თემატიკას სპეციალურად არ ირჩევს, უბრალოდ ისე აღმოჩნდა, რომ ორივე ფილმი ომის ფონზე განვითარდება.
„რეჟისორისთვის უდიდესი სიამოვნება ფილმის გადაღებაა და საბედნიეროდ ეს წელი დატვირთული მაქვს. სულ მალე დავიწყებ მუშაობას ჩემს ახალ სურათზე - „მტერი”, რომლის მოქმედებაც რუსეთ-საქართველოს ომის ფონზე განვითარდება. ეს იქნება ნამუშევარი სხვადასხვა ეროვნების პერსონაჟებით და „სტუმარ-მასპინძლის” თემით, სადაც ომი უბრალოდ განვითარებული მოვლენების ფონია. ამის შემდეგ, დეკემბერში „მანდარინებზე” დავიწყებ მუშაობას, მოქმედება ამჯერად აფხაზეთის ომის ფონზე განვითარდება. სპეციალურად ამ ფილმისთვის გურიაში უზარმაზარი დეკორაციები გავაკეთეთ, რომლის მსგავსიც ბოლო წლებში საქართველოში ნამდვილად არავის შეუქმნია“.
ზაზა ურუშაძის ფილმი „მტერი“ 2012 წლის შემოდგომაზე გამოვა, „მანდარინები“ - 2013 წლის გაზაფხულზე, მანამდე კი, პირველი მარტიდან, მაყურებელს კინოთეატრებში „გასეირნება ყარაბაღში 3“-ის ნახვა შეეძლება.
![]() |
29 გარი ოლდმანის სმაილი |
▲ზევით დაბრუნება |
კულტურა|რეცენზია
ნიკა ესებუა
მეოცე საუკუნის 70-იანი წლების დასაწყისი. „ცივი ომის“ პერიოდი. დიდი ბრიტანეთის საიდუმლო სადაზვერვო სამსახურის (SIS) მთავარი საქმე საბჭოთა აგენტების გამოვლენა და საბჭოთა დაზვერვის დასუსტებაა. SIS-ის ადამიანი, სახელად კონტროლი (ჯონ ჰარტი) ხელმძღვანელობს; გამოცდილი აგენტი, რომელსაც ეჭვი აქვს, რომ მის სამსახურში საბჭოთა აგენტია. ის ჯაშუშის ძებნას იწყებს და უნგრეთში თავის ერთ-ერთ აგენტს ჯიმ პრიდოს (მარკ სტრონგი), საიდუმლო ოპერაციაზე გაუშვებს. თუმცა ოპერაცია ფატალურად დასრულდება, კონტროლი პენსიაზე გადის და მალე გულის შეტევით კვდება. საბჭოთა ჯაშუში კი კვლავ ჩრდილშია და ბრიტანული დაზვერვის შიგნიდან გამოხრას აგრძელებს.
სწორედ ამ დროს თამაშში ჯორჯ სმაილი (გარი ოლდმანი) შემოდის. სმაილი დაზვერვის ერთ-ერთი საუკეთესო თანამშრომელია - საშუალო ასაკის მამაკაცი, რომლის სახეზეც ვერანაირ ემოციას ვერ ამოიკითხავთ. მისი თითოეული ნაბიჯი კარგად გათვლილი სვლაა. სმაილი ერთადერთი ადამიანია, ვინც სრულ ქაოსში სიმშვიდეს ინარჩუნებს. მან იცის, რომ საბჭოთა აგენტი კონტროლის კაბინეტის ხშირი სტუმარი იყო, ეს კი ეჭვმიტანილების ხუთკაციან წრეს ქმნის. პერსი ალელაინი (ტობი ჯონსი), როი ბლანდი (კიარან ჰაინდსი), ტობი ესტერჰეიზი (დევიდ დენსიკი), ბილ ჰაიდონი (კოლინ ფირტი) და თვითონ ჯორჯ სმაილი, რომელიც კონტროლს ეჭვმიტანილების სიაში ჰყავდა.
სმაილიმ თითქოს ფილმის დასაწყისშივე იცის ვინ არის დამნაშავე, უბრალოდ, თავის დამხმარესთან, პიტერ გილემთან (ბენედიქტ ქამბერბაჩი) ერთად ყველა კვანძის ზუსტი თანმიმდევრობით გახსნას ცდილობს. მისთვის ცნობილია, თუ ვინ დგას ფარული „მღრღნელის“ უკან - საბჭოთა აგენტი კარლა. ეს უკანასკნელი მთავარი მეტოქე და აგენტია. ერთხელ შეხვდა კიდეც, მისი გადმობირება უშედეგოდ სცადა და სანთებელა აჩუქა, რომელიც მთელი ფილმის განმავლობაში ცეცხლს ყველაზე მნიშვნელოვან ეპიზოდებში ანთებს.
Tinker Tailor Soldier Spy ტომას ალფრედსონის ბრიტანული დებიუტია. შვედმა რეჟისორმა 2008 წელს Let the Right One In გადაიღო და ნამუშევარმა სრულიად დამსახურებული საერთაშორისო აღიარება მოუტანა. ეს ფილმი ვამპირებზეა. ალფრედსონმა მოახერხა შიშის და დრამის ბრწყინვალე დრამატურგიით შეკვრა და ორიგინალური კინოს გადაღება. რეჟისორი ბრიტანულ პროექტშიც ბოლომდე დაიხარჯა. Tinker Tailor Soldier Spy დრამატურგიულად გამართული, ტექნიკურად ბრწყინვალედ შესრულებული ფილმია. სიგარეტის კვამლში გახვეული ეჭვი. უნაკლოდ გაცოცხლებული 70-იანი წლების ლონდონი. ოპერატორული ნამუშევარი დაუსრულებელ დაძაბულობასა და პარანოიას აჩენს. ფერები მუდამ მუქია, პერსონაჟები იდუმალი, ყველა მთავარი მოქმედი პირის სახესაც კი ვერ ნახავთ. ეს ყველაფერი საჭირო ატმოსფეროს ქმნის, რომელიც შედარებით სუსტი სცენარის გამო, ფილმის მთლიან შთაბეჭდილებას განუმეორებლობას აკარგვინებს. სურათი ჯონ ლე კარეს ამავე სახელწოდების წიგნის ადაპტაციაა, სცენარისტებმა ვერ შეძლეს სიუჟეტის ბოლომდე გამართვა. მსვლელობისას ბევრი კითხვა ჩნდება, რომლებზეც პასუხს რთულად თუ მიიღებთ. უამრავი პერსონაჟი და მოვლენა გაურკვევლობაში გაგხვევთ, საიდან თავის დაღწევაც რთულია. ყველაზე კარგი ვარიანტი ფილმის მეორედ ნახვა იქნება. Tinker Tailor Soldier Spy ისე დამთავრდება, კულმინაციას არ მიაღწევს. მთელი ფილმი ერთ რიტმში იწყება, ვითარდება და სრულდება.
სურათის სიძლიერეს, ტომას ალფრედსონის რეჟისურის გარდა, ბრწყინვალე სამსახიობო ანსამბლი განაპირობებს. ბრიტანეთის რჩეული არტისტები კოლინ ფირტი, ტობი ჯონსი, ჯონ ჰარტი, მარკ სტრონგი, ამომავალი ვარსკვლავები ბენედიქტ ქამბერბაჩი და ტომ ჰარდი რეალისტურ პერსონაჟებს ქმნიან. თუმცა უმთავრესი გარი ოლდმანი და მისი ჯორჯ სმაილია. ოლდმანმა მისი კარიერის საუკეთესო როლი ითამაშა. მსახიობმა სრულიად დამსახურებული ოსკარის ნომინაცია მიიღო და იმედია, კოდაკის სცენაზე წელს სწორედ სმაილი გაიღიმებს.
![]() |
30 მხატვრობა თუ დეკორატიული ინტეგრაცია |
▲ზევით დაბრუნება |
კულტურა
ინტერვიუ გელა წულაძესთან
დავით ჩიხლაძე
არ ვიცი, რამდენად მოგვეწონებოდა იმ სახლში ცხოვრება, რომლის მთელ ფასადზეც რომელიმე მხატვრის ნახატი იქნებოდა დახატული. მაგრამ ქალაქს ნამდვილად გაალამაზებს ასეთი პროექტი, მით უმეტეს, რომ სარეკლამო ბანერები ისედაც ჩვენს დაუკითხვად იჭრებიან გარემოში. მავანი იტყვის, რომ არსებობს ნეიტრალური ტე რიტორიები, სადაც მხოლოდ დეკორატიული და გამოყენებითი ხელოვნება შეიძლება იყოს სტაციონარული და მუდმივი ფორმით - ხელოვნების ექსპერიმენტებისთვის კი რამე სპეციალური ადგილიც საკმარისია. ქართველი მხატვარი გელა წულაძე, რომელიც უკვე დიდი ხანია პარიზში ცხოვრობს და დღეს ბათუმს თანამედროვე სკულპტურებით ალამაზებს, თბილისისთვის საცხოვრებელი კორპუსების მოხატვის ახალ, მასშტაბურ პროექტს გეგმავს.
საიდან გაჩნდა საცხოვრებელი სახლების ფასადებზე თანამედროვე მხატვრების ნახატების გადატანის იდეა?
1980 წელს თბილისიდან წავედი და მას შემდეგ საფრანგეთში ვცხოვრობ. 1985-86 წლებში პარიზში აკადემიაში დავდიოდი და იმ დროს უკვე შევამჩნიე, რომ დიდი ფორმატები კეთდებოდა კედლებზე. ჩემს შემოქმედებაში მეც ყოველთვის დიდ ფორმატებს ვეძებდი დაეს მაინტერესებ და. 2010 წლიდან, როცა საქართველოში ქანდაკებების დადგმა დავიწყე, აქ ვერ ვპოულობდი ისეთ მოქანდაკეებს, რომლებიც მარტივი და სოციალური იდეის მქონე ნამუშევრების შექმნას შეძლებდნენ. ამიტომ, ფრანგ ხელოვანებთან ერთად მომიხდა მუშაობის გაგრძელება. მერე მომივიდა აზრი,
რომ მოქანდაკეების ნაცვლად ქართველი ფერმწერები ჩამერთო ამ პროექტში და მათ დავუკავშირდი. ამ მხატვრებს, მარჯანიშვილის თეატრის სახელოსნოს „მეათე სართულის“ ჯგუფს, 1989 წლიდან ვიცნობ, მაშინ მათი ნამუშევრები წავიღე და იუნესკოში მოვაწყე გამოფენა. სხვა ახალგაზრდებიც გავიცანი. აი, ასე დაიბადა ეს იდეა.
რომელ რაიონებზეა საუბარი?
ყველგან შეიძლება ეს იყოს, ცენტრშიც და განაპირა რაიონებშიც. ეს უფრო იმ უბნებს და კორპუსებს შეეხება, რომლებიც უღიმღამოდ გამოიყურება და გასაკეთებელია.თბილისის მერიას უკვე ისედაც აღრიცხვაზე აჰყავს ის კედლები, რომლებიც შეიძლება მოიხატოს და ვფიქრობ, ჩვენი იდეები დაემთხვა.
ვთქვათ, თექვსმეტსართულიანი კორპუსი თუ არის, მთელი ფასადი მოიხატება? და რამდენი მხრიდან იქნება სახლი მოხატული?
დიახ, მთელი ფასადი გაკეთდება და ნახატი სახლის მხოლოდ ერთ მხარეზე იქნება.
ამჯერად, დასაწყისისთვის, ავიღე 15 კორპუსი. ჯერ ერთს გავაკეთებთ. მერთან ერთად გადავწყვეტთ, თუ რომელი მხატვარი დაიწყებს პირველი მუშაობას. ერთ სახლს რომ მოვრჩებით, რაღაც გამოცდილე ბა გვექნება და მერე სხვა სახლებით და კედლებით გავაგრძელებთ. ეს პროექტი შეიძლება ხანგრძლივი იყოს და 3 წლის განმავლობაში გაგრძელდეს.
რა სტადიაში იმყოფება ამჟამად პროექტი, ნებართვა თუ გაქვთ უკვე მიღებული?
პროექტი ჯერ კიდევ განხილვის სტადიაშია. თვითონ ქალაქის მერი, გიგი უგულავაა დაინტერესებული, რომ გაკეთდეს. ამასთან, პროექტში შემოვიყვანე ვატო წერეთლის თანამედროვე ხელოვნების სკოლა და მისი სტუდენტები. ისინი მხატვრების ასისტენტები იქნება, მათთან ერთად გაივლიან პროცესს და მნიშვნელოვან გამოცდილებას მიიღებენ.
რომელი მხატვრები მიიღებენ მონაწილეობას?
მამუკა ცეცხლაძე, მურთაზ შველიძე, თემო ჯავახიშვილი, ლუკა ლასარეიშვილი, კოკა რამიშვილი, ნიკო ცეცხლაძე, კოტე სულაბერიძე, ყა რამან ქუთათელაძე, ვახო ბუღაძე, ოლეგ ტიმჩენკო, ანდრია დოლიძე, ზურა გიკაშვილი, ნიაზ დიასამიძე.
გარდა ამ პროექტისა, საინტერესოა, როგორია შენი, როგორც მხატვრის ინდივიდუალური კარიერა, რომელი გამოფენები გქონდა საფრანგეთში და რომელს გამოარჩევდი ბოლო პერიოდიდან?
ბოლოს მოსკოვში მოეწყო ჩემი გამოფენა, რომელიც პარალელურად წარმოდგენილი იყო თბილისსა და პარიზში.უფრო სწორად, პარიზში ვუშვებდი ექსპერიმენტულ ფილმს ფესტივალის ფარგლებში, რომელიც ღამით ეწყობა ხოლმე ქუჩაში და ყველა მონაწილე მხატვარს სპეციალური ადგილი აქვს გამოყოფილი. ამ ფილმს ტრანსლაციით ვაწვდიდი მოსკოვში, ასევე თბილისშიც, ვაკის პარკ ში, 33ა კლუბში.
რომელ გალერეასთან თანამშრომლობ პარიზში?
ახლა არცერთთან, ადრე ვთანამშრომლობდი „თავისუფალი ფიგურაციის“ ჯგუფთან.
შენი სკულპტურები დაიდგა ბათუმში, თბილისშიც გაქვს რომელიმე შენი სკულპტურა განხორციელებული?
კი, თბილისშიც არის, მაგრამ, უბრალოდ, ჩემი წარდგენითაა და ნამუშევარი სხვისია - ეს არის ველოსიპედი.
ასეთი ველოსიპედი კიდევ არის სადმე შესრულებული?
ორიგინალი გალერეაშია, პარიზში. საინტერესო სიმბოლიკა აქვს ამ ველოსიპედს, ორი საჭე და ორი სკამი ერთმანეთის საწინააღმდეგო მიმართულებით.
კი, იმიტომ რომ ავტორი ანაგრამის სპეციალისტია და აქ ანაგრამა ვიზუალურად არის გამოხატული. ამიტომაც ამ ნამუშევარს ანაციკლისტი ჰქვია. ეს იქ ე სკულპტურის აღწერაშიც არის მოცემული.
მარტო ის მომენტიც, რომ შეხედავ და შეიძლება გაგეღიმოს, უკვე საკმარისია. ზოგმა თქვა, რომ ეს ოპოზიციას აღნიშნავს. ვისაც რა უნდა ის იფიქროს. მთავარი ა, ახალი იდეები იყოს და ყველაფერი ერთ ადგილზე არ გაჩერდეს.
შენი ფერწერული ნამუშევრები ხშირად დიდ წერტილსა და მძიმეს და მათში არსებულ სარკმელს და ცას გვიჩვენებს...
პირველად მამაჩემმა გამაკეთებინა ეს. მან წერტილი გააკეთა დივანის თავზე და ეს იყო ჰიპნოზი. მერე, რო ცა უკვე აკადემიაში მოვხვდი, იმის მერე ამ წერტილს ვხატავ. მერე მე წერტილს მივამატე მძიმე. წერტილი უსასრულობაა და მძიმე კი ცხოვრების რაღაც ნაწილს წარმოადგენს.
თავიდან ახსენე, რომ 80-იანი წლების შუა პერიოდში თბილისში გაიცანი „მეათე სართულის“ ჯგუფის მხატვრები, საინტერესოდ მოგეჩვენა და მათი ნამუშევრები საფ რანგეთში წაიღე. დღეს რაიმე ანალოგიურად საინტერესო თუ არის აქ შენთვის?
დღეს ჩემთვის ერთადერთი ასეთი ადგილია კლუბი 33ა, სადაც მუდმივად შემოქმედებითი პროცესია. ახლა ძალიან ინდივიდუალურია ყველაფერი, ინტერნეტმა ჩაკეტა ჯგუფური მუშაობის შესაძლებლობა. სინამდვილეში, კოლექტიურობის მომენტი დღესაც მოქმედებს, მაგრამ ახალგაზრდები ამ მომენტზე არ დაფიქრებულან, რომ ძალა ერთობაშია. კლუბებშიც დავდივარ ღამის 4 საათზე, მაგრამ იქ უფრო გართობაა. ეს ბიჭები რომ ხატავდნენ ერთად, სულ სხვა რამ იყო.
ავანგარდი თუ დეკორატიული ხელოვნება, რომელს უფრო აღიარებდი ამ შეპირისპირებაში?
მე ორივეს ვაღიარებ. ახლა ისეთ ასაკში ვარ, რომ არ ვაღიარო ის ან ეს, არ გამოდის.
კორპუსების თემას რომ დავუბრუნდეთ, ეს პროექტი რაიმე კონ ცეფციაზე ააგე თუ უბრალოდ პირადი გემოვნებაა გადამწყვეტი მონაწილე მხატვრების არჩევაში?
ეს მხატვრები დღეს ქართულ მხატვრობას წარმოადგენენ. სხვა კონცეფცია აქ არ არის. შეიძლება, კიდევ უფრო მეტი მონაწილე უნდა ყოფილიყო, მაგრამ ჯერ დავიწყოთ და დანარჩენი მერე გამოჩნდება.
![]() |
31 სარა კეინის ქრისტეს სიკვდილი |
▲ზევით დაბრუნება |
კულტურა|თეატრი
თამარ კიკნაველიძე
ქვეყნად არ არსებობს წამალი, რომელმაც შეიძლება აზრი შესძინოს იმგვარ ცხოვრებას, როგორადაც მას მსოფლიოში ცნობილი ინგლისელი დრამატურგი - სარა კეინი აღიქვამდა. მისთვის საკუთარ თავთან და გარესამყაროსთან კონფლიქტი იმდენად მტკივნეული აღმოჩნდა, რომ 28 წლის ასაკში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ჩანაფიქრის განხორციელებამდე, მოსალოდნელი აღსასრულის შესახებ მოგვითხრო პიესაში, სახელწოდებით „ფსიქოზი 4:48“, რომლის პრემიერაც 9 თებერვალს, ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრში გაიმართა.
ავტორის ნაწარმოებ(ებ)ისადმი ინტერესი მსოფლიოში არ წყდება. თუმცა საქართველოში რთულად „შემოაღწია”. ამის მთავარი მიზეზი ალბათ ფორმაა, რომელშიც დრამატურგმა საკუთარი ცნობიერების ნაკადი მოაქცია. მან, ერთი შეხედვით, ქაოტურად, მაგრამ ძალიან ზუსტად და თანმიმდევრულად გვითხრა სათქმელი. ის შეიძლება თანამედროვე ადამიანს უბრალოდ კი არ აწუხებდეს, არამედ ისე სტკიოდეს, რომ თქვას: „ქრისტე მკვდარია და ბერები ექსტაზს მიეცნენ“, ანუ ისეთი დროა, რომ აღარავინ დარჩა, ვინც გულწრფელად თანაგიგრძნობს, გიერთგულებს და ცხოვრებისკენ მოგაბრუნებსო... სწორედ ამიტომ მოიხსენიებს საკუთარ თავს პიესის დასაწყისშივე „დამარცხებულ ჰერმაფროდიტად“. „ჰერმაფროდიტში“ ავტორი მითოლოგიურ პერსონაჟს გულისხმობს. ამაში დავრწმუნდებით, თუ გავიხსენებთ ბერძნულ მითს, რომლის თანახმადაც ფერია სალმაკისს ისეთი თავდავიწყებით შეუყვარდა სილამაზით გამორჩეული ჭაბუკი ჰერმაფროდიტოსი, რომ მას არასოდეს განმაშოროთო, სთხოვა ღმერთებს. მათ ვედრება შეისმინეს და ორი არსება გააერთიანეს. სარა კეინის შემთხვევაში, აღნიშნული მითი ახლებურად არის გააზრებული. მიგვანიშნებს კიდეც, რომ პოსტმოდერნისტული ეპოქის წარმომადგენელია - სადაც სიყვარულის მხოლოდ საკუთარ თავთან გაზიარების ანაბარად დარჩენილი გმირის ტრაგედიაა გამოკვეთილი. ამაზე მეტად აქტუალური და მტკივნეული რა უნდა იყოს თანამედროვე ადამიანისთვის, საზოგადოებისთვის, ახალგაზრდებისთვის, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილიც სუიციდისადმია მიდრეკილი? ამიტომაც, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია არჩევანი, რომელიც 25 წლის რეჟისორმა, მაკა ნაცვლიშვილმა სარა კეინის აღიარებული ტექსტის (თარგმნა თამუნა ჯაფარიძემ)გაცოცხლებით გააკეთა.
ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი
სარა კეინი თავის პათოლოგიურ კაეშანზე ყოველგვარი შენიღბვის გარეშე გვიყვება. იცის, რომ თავს ზუსტად ოთხსა და ორმოცდარვაზე მოიკლავს. მაგრამ ჩანაფიქრის განხორციელებამდე საშუალებას გვაძლევს ერთის გაორებულ ნაწილებთან გამართულ დიალოგს მოვუსმინოთ და დავრწმუნდეთ, რომ მართალია, მშვენივრად მოეხსენება, რასაც აკეთებს, სხვაგვარად მაინც არ შეუძლია. ავტორი „სიკვდილის წინ გამონათებულ ჭეშმარიტებას“ ეძახის ცნობიერების ნაკადს, რომელიც მის სულიერ და ფიზიკურ ტკივილს ააშკარავებს. ზემოთ აღნიშნულის გასაცოცხლებლად რეჟისორმა არჩევანი ორ მსახიობზე - მარი კიტიასა და რუსკა მაყაშვილზე შეაჩერა. შემოქმედებითი ჯგუფისთვის, ერთი მხრივ, ყველაზე რთული, მეორე მხრივ კი, აზარტული უნდა ყოფილიყო სწორედ ორად გახლეჩილი ერთის, ან პირიქით, მაყურებლისთვის ადვილად გასაგები თეატრალური ენით წარმოჩენა. ამას, ვფიქრობ, გარკვეული ხარვეზების მიუხედავად, ყველამ წარმატებით გაართვა თავი.
გაორებული ადამიანის შფოთვა და თვითმკვლელობამდელი „თავგადასავალი“ რეჟისორმა თეთრი, თავდაპირველად კონუსის ფორმით განლაგებული ბალიშებით მოფენილ სცენაზე ხან წითელ, ხანაც თეთრ კოსტიუმებში (დამდგმელი მხატვარი ნინო კიტია) გამოწყობილი მსახიობების დახმარებით გაითამაშა. ორივე ერთი მთლიანის ნაწილია და ამას რამდენიმე სცენა გამორჩეულად მიგვანიშნებს. მაგალითად: მსახიობების ზუსტად ერთნაირი ჩაცმულობა და მოძრაობა, როდესაც ერთი მეორეს გადასერილი ხელის ჩვენებას სთხოვს, მეორე კი პირველს მისსავე კიდურზე მიუთითებს და ა.შ.
ერთგვარი აღსარების მიუხედავად, არ შეგეშინდეთ, თანაგანცდას არავის გაიძულებთ! აკი თავიდანვე გვეუბნება ავტორი, ვიცი, რომ არ არსებობს სულიერი, ვინც ჩემს ტკივილს გაიზიარებს და ცხოვრებისკენ შემომაბრუნებსო. ვფიქრობ, მაკა ნაცვლიშვილის გადაწყვეტილება ზუსტი აღმოჩნდა, როდესაც მოქმედება და ამბავი მაყურებელში ორად გაყოფილი გმირის თანაგრძნობასა და თანაგანცდაზე არ ააგო. რეჟისორმა, არ ვიცი რამდენად გაცნობიერებულად, მაგრამ ფაქტია, რომ ეჭვის ქვეშ არ დააყენა დრამატურგის „სიმართლე“. აუდიტორიას მისი სათქმელი ისე გადასცა, რომ არ დაურღვევია სარა კეინის ძმის, როგორც მისი ნაწარმოებების საავტორო უფლების მფლობელის, მოთხოვნა, რომელიც ტექსტის გადაკეთებასა და შეცვლას კრძალავს.
სპექტაკლზე მისული მაყურებელი ვერ გაერთობა. მის გასაცინებლად მსახიობები არაფერს აკეთებენ, პირიქით, „მოითხოვენ” ჩურჩულით, ძალიან სწრაფად, ყვირილით ან დუმილით „ნათქვამი” სათქმელი მოისმინოს (მხოლოდ გულწრფელად) იმისგან, ვინც ზუსტად ოთხსა და ორმოცდარვაზე სიცოცხლეს თვითმკვლელობით დაასრულა. ერთადერთ შვებას, მთელი წარმოდგენის განმავლობაში, მუსიკა თუ მოგგვრით, რომელიც თავისი „მხიარულებით” ზოგს ასიამოვნებს, ზოგსაც გააღიზიანებს (მუსიკალური გამფორმებელი გიორგი აფხაზავა), მაგრამ ასეთია რეჟისორის გადაწყვეტა. ბალიშების სხვადასხვა კომბინაციით გათამაშებული სცენებიდან, პირადად ჩემთვის, ყველაზე დასამახსოვრებელი აღმოჩნდა სცენა, როდესაც მაყურებელთან შედარებით ახლოს მდგომი რუსკა მაყაშვილის მონოლოგის დროს თვალი სცენის მარჯვენა კუთხისკენ გამექცა: გაზეთის გვერდებით გაფორმებულ აბაზანაში, მაყურებლისკენ ზურგით ჩაწოლილი მარი კიტიას თავით მარცხნივ გადახრილი სილუეტი, პირადად ჩემთვის, ყველაზე მეტყველი და შთამბეჭდავი; ზუსტად გამომხატველი უმწეობის, დაუცველობის, სიმარტოვის, ავადმყოფობის, შიშის, უძლურების, სისუსტის, უსიყვარულობის, უღმერთობის, უსამართლობის, უიმედობის, რაც ასე სტკიოდა სარა კეინს, როგორც მთავარ გმირს, ავტორს, თანამედროვე ადამიანს.
მსახიობებმა მაქსიმუმი შეძლეს. ისინი ცდილობენ, რაც შეიძლება კარგად და გარკვევით წარმოთქვან ტექსტი. ამ მხრივ მართლაც გამორჩეულია (ზუსტად გადანაწილებული სუნთქვა, კარგი მეტყველება, ხმა, ტემბრი) რუსკა მაყაშვილის გრძელი მონოლოგი. შემსრულებლებისთვის ოდნავ დაუძლეველია სარა კეინის ტექსტში ძალიან ლოგიკურად და ზუსტად ჩასმული უცენზურო სიტყვების ძალიან ბუნებრივად წარმოთქმის საკითხი, რისი გამოსწორებაც ადვილად შეიძლება...
„მშვენივრად მომეხსენება, რასაც ვაკეთებ“, - ამბობს საკუთარ ნაწარმოებში ავტორი, რომელიც 1999 წლის 18 თებერვალს ნარკოტიკების გადაჭარბებული დოზით მიღების შედეგად საავადმყოფოში მოათავსეს. იქ ორი დღის შემდეგ, თავი საკუთარი ფეხსაცმლის თასმით ჩამოიხრჩო. მისი სიკვდილამდელი აღსარება შეგიძლიათ უკვე საქართველოშიც მოისმინოთ და დარწმუნდეთ, რამდენად მნიშვნელოვანია სიყვარული სამყაროში, სადაც ასე რთულია თავისუფლების მოპოვება და ძნელად მოიძებნება წამალი, რომელიც თითოეული ჩვენგანის ცხოვრებას აზრს შესძენს.
![]() |
32 სექსი ქართულ ზღაპრებში |
▲ზევით დაბრუნება |
გიორგი კეკელიძე|სვეტი
(სერია: ბატონი პის დღიურებიდან - ინტერპრეტაციის მომხრედ)
აი, სიცხე რომ გაქვს და გარეთ რომ თოვს, ყინვაა და თავი სასახლეში გეგულება, თუნდაც ჩვეულებრივ ლოგინში იწვე. სიცხე გაქვს და თამამი ხარ: საბანი სადამდეც გწვდება, ორჯერ უფრო გრძელი გგონია - და ამ ანდაზასავით ანგრევ დანარჩენსაც. აქ შეიძლება ამგვარი სლოგანიც: სიცხე ათამამებს! ამ შემთხვევაში ლიტერატურულ მიმართულებას ვგულისხმობ, თორემ ისე - სხვა ამბავშიც. მით უფრო, თუ ეს შენი საქმეა - სიტყვებთან თამაში. მერე რა, რომ ხანდახან ცეცხლთან თამაშზე უარესია - ვთქვათ კაი ბიჭურად: თუ აფერისტობ, დაიწვები. ჰოდა, მივადექი ზღაპრებსა და ანდაზებს. ვიფიქრე: ხომ არ არის პირველი ქართული ათეისტური მანიფესტი, ეს გამოთქმა: „თავს ზევით ძალა არ არის?“, ხომ არ იყვნენ პირველი პროტესტანტები გურულები, გამორიცხავდნენ უზენაესთან შუამავალს და ასე ლოცულობდნენ: „რომ ხარ - ქე ვიცი, რა მინდა - ქე იცი, აბა, შენ იცი“, ეგებ ის სცენა, არაერთ ზღაპარში, ქალი დევის სულის საამებლად ბოძს რომ ყვავილებით რთავს და მერე ცეკვავს - ეროვნული სტრიპტიზის ჩანასახია? - ახლა არ მითხრათ, ეს მეოცე საუკუნის პროდუქტიაო, ახლა არა - მერე მითხარით.
მოკლედ, ზომის გაღმა ვიმკრეხელე, ცამდე ვაწვდენდი ხელებს, ღრუბლებამდე ავედი და ბოლოს ძილში დავეცი. ახლა მიწაზე ვარ. აქ. თქვენთან. მაგრამ სხვაგვარად მაინც არ ძალმიძს.
უნდა განვაცხადო: ქართული ლიტერატურა, მიუხედავად არნახული მასალისა, ფოლკლორის ინტერეპრეტაციას კეთროვანივით გაურბის. ერთი-ორ გამონაკლისზე ნუ ვისაუბრებთ, ეს მხოლოდ და მხოლოდ სამამულო ხელოვნების ფრაგმენტულობას ადასტურებს. ხანდახან ჩვენებური ავტორები სიუზან ზონტაგთან (ეს მართლაც რომ საინტერესო ქალი, ინტერპრეტაციის წინააღმდეგ ილაშქრებდა ხომ არ იყვნენ პირველი პროტესტანტები გურულები, გამორიცხავდნენ უზენაესთან შუამავალს და ასე ლოცულობდნენ: „რომ ხარ - ქე ვიცი, რა მინდა - ქე იცი, აბა, შენ იცი“. დაკავშირებული: „ლელობურთი სააღდგომო ტრადიციული თამაში გურიაში ფასადების ანტიკური ჰარმონია და თავისუფლება: ნუთუ თბილისისთვის მოდა მეტად ვეღარ განვითარდება? იმართება რაულ ვალენბერგის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ახალგაზრდობაში) შეთქმულები მგონია. დაუსწრებლად შეთქმულები, თორემ იმსიგრძე ესეს მაგათ რა წააკითხებდა. აბა, რას უნდა მივაწეროთ, სამონასტრო კედლებზე ამონაკაწრი უნებლიე შედევრი - „თოთხმეტი წლისა აღმკვეცეს მონაზვნად, აქვე შევსრულდი სამოცდათოთხმეტის... რა ლამაზი იყავი ბიჭო“ - ფანტაზიით ჟონგლიორობის თავბრუდამხვევ შესაძლებლობას რომ იძლევა - აქამდე ერთი ავტორის ერთ ნელ-თბილ ლექსს გამორჩა.
ვიღაცას ინტერპრეტაცია მაინცდამაინც ეპატაჟური ტექსტები ჰგონია (იხილეთ მეოცეს მიწურული და აგერ ჩვენი ოცდამეერთე), ზოგს ლექსებში ასფურცელას და ცისკარას ხსენება (გაეცანით ქართული პოეზიის ანთოლოგიებს, განსაკუთრებით გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან). მოკლედ...
მე მაინც მომავლის იმედი მაქვს. ამიტომაც დავწერე ესე. ჰოდა, თქვენც ნუ მკითხავთ, რა შუაშია ეს სათაური, უბრალოდ იყავით უფრო თამამი და გაათეთრეთ ყორანი, ბატონებო და ქალბატონებო, რადგან ქვიშით არ გამოდის, სხვა რამით მაინც, ჰო, სხვა რამით მაინც.
![]() |
33 LIFE/GUIDE |
▲ზევით დაბრუნება |
კულტურა
Cloud Nothings Attack On Memor
1 პირქუში კოლეჯის როკის აუტანელი სიმსუბუქე - ასე შეიძლება ვუწო დოთ Cloud Nothingsის ახალ ალბომს, Attack On Memory. დილან ბალდიმ მუსიკის შექმნა უნივერსიტეტში 2009 წელს დაიწყო, ისე, ლექციებს შორის თავის შესაქცევად. ახლახან კი უკვე მესამე სტუდიური ალბომი გამოუშვა. Pitchfork მედიამ Attack On Memory უკვე შეიყვანა საუკეთესო ახალი ალბომების სიაში. ინდიში არეული ცოტა გრანჟი, ცოტაც ფანკროკი და პოპ პანკი და ბალდისეული ესთეტიკის ფორმულაც მზადაა. სიმსუბუქის წყალობით, მისი ამოხსნის პროცესი კიდევ უფრო სასიამოვნო გახდება.
Roberto Cavalli
2. კოქტეილის ბეჭედი იუველირთა ექსტრავაგანტური იდეების ნაყოფი და პატარა შა ვი კაბის შესანიშნავი დამატებაა. ამ ტრენდის დაბადებიდან თითქმის საუკუნე გავიდა, ის კი დღემდე აქტუალურია. თუ მას ადრე წვეულებებსა და ჩაის ცერემონიებზე ატარებდნენ, ახლა ყოველდღიურობაშიც დაიმკვიდრა ადგილი. ჟივანში, ივ სენ ლორანი, რობერტო კავალი კი კოქტეილის ბეჭდებს საინტერესო დიზაინით გვთავაზობენ.
David Cronenberg
3. როცა საქმე სამკუთხედს ეხება, არაფერია მარტივი. ყველაფერი კიდევ უფრო რთულდება, თუ საუბარი კარლ იუნგის, ზიგმუნდ ფროიდისა და მომხიბვლელი პაციენტის, საბინა შპილ რეინის ურთიერთობაზეა. რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით დევიდ კრონენბერგმა „სახიფათო მეთოდი“ გადაიღო, რომელმაც უკვე მოასწრო სხვადასხვა ფესტივალებზე ჯილდოების მიღება. ფილმში კირა ნაითლი, ვიგო მორტენსენი, მაიკლ ფასბენდერი და ვენსან კასელი თამაშობენ.
![]() |
34 თეთრების გასაჭირი |
▲ზევით დაბრუნება |
გურმანი|ღვინის კლუბი
მალხაზ ხარბედია
საქართველოში, შეიძლება ითქვას, თეთრი მშრალი ღვინოების კრიზისია. ვგულისხმობ ქართულ თეთრ, კლასიკურად დაყენებულ ღვინოებს (ევროპულს რომ უწოდებენ ჩვენში), რომლებიც, მართალია, ქვეყანაში ძალიან ფართოდ იწარმოება, მაგრამ ხარისხსა და ფასში არსებული პრობლემების გამო ვერა და ვერ შეიძინა ახალი მომხმარებელი. შესაძლოა, კრიზისი ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, რადგან უკანასკნელ წლებთან შედარებით უკუსვლა ნამდვილად არ იგრძნობა, თუმცა ამ მიმართულებით ვერც განსაკუთრებულ წინსვლას ვამჩნევ.
რამდენიმე წლის წინ უფრო იმედიანად ვიყავი განწყობილი, რადგან ახალი თაობის წინანდლები და მწვანე კახურიდან ან თითო-ოროლა ცოლიკოურიდან დაყენებული არომატული, ხალისიანი ღვინოები საფუძველს იძლეოდნენ გვეფიქრა, რომ თეთრები კიდევ უფრო დაიხვეწებოდნენ და ეს თემა გაცილებით აქტუალური გახდებოდა, მით უმეტეს ქვეყანაში, სადაც ძალიან ბევრ თეთრ მშრალ ღვინოს სვამენ. სამწუხაროდ, 4-5-წლიანმა გამოცდილებამ საპირისპირო გვაჩვენა. თეთრებმა წინ ნაბიჯი ვერ გადადგეს და მოლოდინები არ გამართლდა.
მიუხედავად იმისა, რომ დღეს თელავის მარანი, ბადაგონი, თბილღვინო, თელიანი და უკვე შატო მუხრანი და ხარებაც, სტაბილურად ნორმალურ ღვინოებს აწარმოებენ თეთრი ჯიშებიდან, ერთი ტენდენცია მაინც განსაკუთრებით თვალშისაცემია. კერძოდ კი თეთრი ღვინოების ერთგვარი უნიფიცირება. მაგალითად, დღევანდელი წინანდლები ძალიან ერთფეროვანი გახდა. მუხით იქნება თუ მუხაში დავარგების გარეშე, ამ ღვინის გასინჯვისას ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ყველა ამ ღვინოზე ერთმა მეღვინემ იმუშავა, თან საკმაოდ ზერელედ, რაც გასულ წელს, ღვინის კლუბის მიერ გამართულ წინანდლების დეგუსტაციაზეც გამოჩნდა - ეს იყო ყველაზე მოსაწყენი დეგუსტაცია, რომელიც ოდესმე ჩაგვიტარებია, რადგან ახალს და საინტერესოს ვერაფერს გადავაწყდით.
ერთი-ორი გამონაკლისის გარდა, ბოლო 2 წლის მანძილზე წარმოებულ თეთრ კლასიკურ ღვინოებს ინდივიდუალობა არა აქვთ, ხშირად შეუძლებელი ხდება მწვანისა და რქაწითლის გარჩევაც. სამაგიეროდ, ამ უფერულ, უხასიათო ღვინოებს საკმაოდ ძვირი ფასი ადევს მაღაზიებში, რაც მყიდველს კიდევ უფრო გულგრილს ხდის. ამას დაუმატეთ არასახარბიელო შენახვის პირობები, რომელიც ყველაზე ცუდად სწორედ ამ ტიპის თეთრ ღვინოებზე მოქმედებს და შედეგიც სახეზე იქნება - ბაზრის უდიდესი ნაწილი გადაჟანგულ ან ზედმეტად ხელოვნურ, გვარიანად დამუშავებულ, უგულო თეთრ ღვინოებს უკავიათ.
იქმნება შთაბეჭდილება, რომ ზოგიერთი ქართველი მეღვინე ვერ უმკლავდება ქართულ თეთრყურძნიან ჯიშებს, ან უბრალოდ არ ესმის ამ ჯიშების. შესაძლოა, ეს მეღვინეები, თითქმის ყველანი, ერთნაირად უდგებიან თეთრებს, ერთი და იგივე კულტურული საფუარი, ერთი და იგივე ტექნოლოგიური პროცესი და ა.შ. თუმცა მხოლოდ მათი ბრალი არ უნდა იყოს ეს პრობლემა. ძალიან მნიშვნელოვანია ვენახების საკითხიც: ჯერ ერთი, განსხვავებით საფერავის ვენახებისგან, რომელიც 2006 წლამდე, რუსული ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად, საკმაოდ ფართოდ გაშენდა კახეთში, თეთრი ჯიშებით გაშენებული ვენახების ზრდა უმნიშვნელო იყო. გარდა ამისა, მთელი კახეთი მიაქვს შერეულ ვენახებს, სადაც რქაწითელთან ერთად, გაუგებარი ჯიშები თუ ჰიბრიდებია შერგული, რაც ძალიან ცუდ გავლენას ახდენს საბოლოო პროდუქტის ხარისხზე, ბევრ მეღვინეს კი უბრალოდ აფრთხობს ასეთ მევენახესთან ურთიერთობა. ასევე პრობლემაა ჭარბმოსავლიანი, ზედმეტად დატვირთული ვენახებიც, სადაც 15-20 ტონა ყურძენი მოჰყავთ ჰექტარზე. ცხადია, ასეთი ნედლეულიდან შეუძლებელია ხარისხიანი ღვინის დაყენება.
თეთრების გასაჭირი მხოლოდ ამით არ ამოიწურება, მაგრამ ეს ისეთი თემებია, რომელთაც პირველ რიგში უნდა მიექცეს ყურადღება. დანარჩენზე მოგვიანებით ვისაუბროთ, მათ შორის, ქართლისა და იმერეთის რეგიონების როლზე ამ საკითხის დადებითად გადაწყვეტის საქმეში.
![]() |
35 ყველის სუპი |
▲ზევით დაბრუნება |
გურმანი|რეცეპტი
შეფ-მზარეული
გიორგი რაუში
Localino, ფალიაშვილის 14
1 ულუფა
მასალა:
50 გრ. მოცარელა
150 გრ. რძე
1 კბილი ნიორი
მარილი
პილპილი
კამა
ჯამში: 8 ლარი
მომზადების წესი:
გახეხეთ მოცარელა.
მცირე ზომის ქვაბში ჩაასხით რძე. წამოადუღეთ, დაუმატეთ გახეხილი მოცარელა, მარილი, პილპილი და დაჭყლეტილი ნიორი.
ადუღეთ 2-3 წუთი და კერძი მზად არის. გასაფორმებლად გამოიყენეთ კამა.
ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი