The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ტაბულა №89


ტაბულა №89


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: სუთიძე ლევან, ნოდია გია, ავალიანი დიმიტრი, უგულავა სალომე, კოკიჩაიშვილი თეონა, ელერდაშვილი ვახო, ჯგერენაია ემზარ, მაჭარაშვილი ნინო, კვანჭილაშვილი ელენე, მხეიძე მარიკა, ჯანდიერი გია, გოგიბერიძე ნინი, ბასილაია მიხეილ, ტურაშვილი თეონა, გუნია ირაკლი, ჯამარაული ლარა, გამცემლიძე მაკა, თალაკვაძე ზურაბ, გოდუაძე ლაშა, დევდარიანი გიორგი, კერესელიძე მარინა, ბაგაური ირინა, ჩიხლაძე დავით, ახლოური ნინა, მესხიშვილი გიგო, ჰუანა სუპავაჩეი, ჭავჭავაძე ილია, კორინთელი გელა
თემატური კატალოგი ტაბულა
საავტორო უფლებები: © თამარ ჩერგოლეიშვილი
თარიღი: 2012
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: 2012 | 27 თებერვალი - 4 მარტი მთავარი რედაქტორი: თამარ ჩერგოლეიშვილი/აღმასრულებელი რედაქტორები: ნინი გოგიბერიძე, სალომე კიკალეიშვილი/რედაქტორები: ქეთი მსხილაძე, ელენე კვანჭილაშვილი, ლევან რამიშვილი, დავით კოვზირიძე, ნინო მაჭარაშვილი/უცხოელი მრჩეველი: ბარბარა სვანი/ჟურნალისტები: დიმიტრი ავალიანი, გიორგი კეკელიძე, სალომე უგულავა, მაკა გამცემლიძე, ავთო ქორიძე, ნინა ახლოური, თეონა ტურაშვილი, ირაკლი კიკნაველიძე, ლევან სუთიძე, თეონა კოკიჩაიშვილი, სიმონ მაჩაბელი, ლაშა გოდუაძე, ზურაბ თალაკვაძე, ნიკა ესებუა, ანანო სხირტლაძე, მიხეილ ბასილაია, ლარა ჯამარაული, ირაკლი გუნია/ვები: სანდრო თარხან- მოურავი, ლევან მეტრეველი, ნათია სოფრომაძე, ეკა წამალაშვილი/კორექტორი: ნინო საითიძე/არტრედაქტორი: ბაჩა მალაზონია/დიზაინი & პრეპრესი: კახა დოლიძე, ნიკა კუპრაშვილი/ფოტორედაქტორი: დიმა ჩიკვაიძე/ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი/გამომცემელი: სამოქალაქო განათლების ფონდი/დირექტორის მოადგილე: გიორგი ფრუიძე/ოფის მენეჯერი: ანანო ვარდოსანიძე/გაყიდვები და მარკეტინგი: ლევან ლეკიაშვილი, გიორგი ჭეიშვილი/ყოველკვირეული ჟურნალი ტაბულა, ტელ: + 995 32 2420 300, e-mail: info@tabula.ge/სტამბა: BILNET Printing, Dudullu Organize Sanayi Bölgesi, 1. Cadde No: 16 Umraniye, 34696 Istanbul - TURKIYE, ტელ.: +90 216 444 4403, ფაქსი: +90 216 365 9907/© 2012 საავტორო უფლებები დაცულია, ჟურნალში გამოქვეყნებული მასალების გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია.



1 სიტყვასიტყვით

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

„მე ჩემი წილი მოვწიე”.

  • განაცხადა 69 წლის „ბითლმა”, პოლ მაკარტნიმ, კანაფისთვის თავის დანებების გადაწყვეტილებაზე საუბრისას. ნარკოტიკებზე უარის თქმა მუსიკოსმა უმცროსი ქალიშვილის აღზრდას დაუკავშირა. 16 თებერვალი

0x01 graphic

„ქვეყანას სჭირდება მეფე! მეფე [პუტინი] მამაცი ადამიანია, რომელიც პასუხს აგებს ქვეყანაზე”.

  • ასე დაასაბუთა რესპუბლიკა თათარსტანის პრეზიდენტმა რუსტამ მინიხანოვმა რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში პუტინის მხარდაჭერა. 22 თებერვალი

0x01 graphic

„სირიაში აშშ-ის სტრატეგიული შეცდომის შემთხვევაში, შესაძლებელია ირანმა, რუსეთმა და სხვა ქვეყნებმა დამანგრეველი პასუხი გასცენ აშშ-ს”.

  • ჰოსეინ ებრაჰიმი, ირანის პარლამენტის უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. 21 თებერვალი

0x01 graphic

„ასი პროცენტით მტკიცე ვარ გადაწყვეტილებაში, ვიბრძოლო ყველაფრით, რაც გამაჩნია, ჩვენი გაერთიანებული სამეფოს ერთობის შესანარჩუნებლად”.

  • ბრიტანეთის პრემიერი დევიდ კამერონი შოტლანდიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმზე საუბრისას. 16 თებერვალი

0x01 graphic

„ჩემს დროს კონტრაცეფციისთვის ბაიერის ასპირინს იყენებდნენ - გოგოები მას მუხლებს შორის იდებდნენ და ეს ნაკლებად ძვირიც იყო”.

  • ფოსტერ ფრისი, აშშ პრაიმერის მონაწილე რიკ სანტორუმის მილიარდერი მხარდამჭერი, კონტრაცეფციაზე სანტორუმის შეხედულებების კომენტირებისას. 16 თებერვალი

0x01 graphic

„ძლიერდება რწმენა, რომ საბერძნეთი ეძებს საწოვარას. და გერმანია თამაშობს საწოვარას როლს”.

  • ვოლფრამ შრეტლი, ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი, საბერძნეთის ეკონომიკური კრიზისის კომენტირებისას. 15 თებერვალი

„თუ გარკვეული ევროპული ქვეყნების მტრული მოქმედებები გაგრძელდება, ნავთობის ექსპორტი ამ ქვეყნებსაც შეუჩერდება”.

  • აჰმად ქალებანი, ირანის ნავთობის მინისტრის მოადგილე, არ გამორიცხავს ნავთობით მომარაგების შეჩერება გავრცელდეს ესპანეთზე, გერმანიაზე და სხვა ევროპულ ქვეყნებზე. 21 თებერვალი

0x01 graphic

0x01 graphic

„საფრანგეთში გერმანული ოკუპაცია არ ყოფილა განსაკუთრებით არაჰუმანური, მიუხედავად ცალკეული გადაცდომებისა, რაც გარდაუვალია 550 ათას კვადრატულ კილომეტრზე”.

  • 17 თებერვალს სასამართლომ გადავადებული სამთვიანი პატიმრობა მიუსაჯა 83 წლის ფრანგ პოლიტიკოს ჟან მარი ლეპენს 2005 წლის ამ სკანდალური ციტატისთვის.

2 ნეტარ იყვნენ მოწყალენი

▲ზევით დაბრუნება


არენა

ეკლესიათა სოციალური მსახურება

ლევან სუთიძე

0x01 graphic

მაშინ მართალნი პასუხად ეტყვიან მას: უფალო, როდის გიხილეთ შენ მშიერი და დაგაპურეთ? ანდა მწყურვალი და გასვით შენ? როდის გიხილეთ შენ უცხოდ და შეგიწყნარეთ? ანდა შიშველი და შეგმოსეთ შენ? როდის გიხილეთ შენ სნეული, ან საპყრობილეში, და გინახულეთ? მიუგებს მეუფე და ეტყვის მათ: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: რითაც შეეწიეთ ერთს ამ ჩემს მცირე ძმათაგანს, იმით მე შემეწიეთ. (მათე 25; 37-40)

ამ ზამთარს საქართველოში ყინვამ ორი უსახლკარო ადამიანი იმსხვერპლა. ქუჩებში ხშირად შევხვდებით ბავშვებსა და მოხუცებს, რომელთაც საკვების მოძიება ნაგვის ურნებში უწევთ. ბოლო პერიოდში, დედების მიერ ნაგავში გადაყრილი ახლადდაბადებული ჩვილების ბედმა, კიდევ ერთხელ შეგვაწუხა. ქვეყანას ნახევარი მილიონი დევნილი ჰყავს. მოსახლეობის ერთი მესამედი სოციალურად დაუცველია და მკურნალობის სახსრები არ აქვს.

როგორც წესი, ჩვენს საზოგადოებაში მიღებულია, ყველაფერი ერთ დამნაშავეს - ხელისუფლებას დაბრალდეს. თუმცა ეს სინდისის დამშვიდება უფროა, ვიდრე პრობლემათა გადაჭრისკენ გადადგმული რეალური ნაბიჯი. ქვეყანაში საქველმოქმედო ორგანიზაციების წევრობა, კავკასიის ბარომეტრის 2007 წლის კვლევის მიხედვით, ნულოვან ნიშნულს უახლოვდება. გაუგებარია, რატომ უნდა იყოს ხელისუფლება უფრო ემპათიური, თუ სამოქალაქო სექტორი ამ მხრივ საერთოდ არ აქტიურობს.

აქტიური სამოქალაქო სექტორი, განსაკუთრებით კი რელიგიურ საფუძველზე შექმნილი საქველმოქმედო ორგანიზაციები, დასავლეთში სახელმწიფოზე უკეთ ახერხებენ სოციალური პროგრამების განხორციელებას. რელიგიურ ორგანიზაციებს უპირატესობა აქვთ საერო კოლეგებთან შედარებითაც. როგორც წესი, რწმენაზე დაფუძნებული ორგანიზაციების წარმომადგენლებს ადამიანების დახმარების უფრო დიდი მოტივაცია აქვთ. 90-იანი წლებიდან ამერიკის მთავრობამ, საერო ორგანიზაციებთან ერთად, „რწმენაზე დაფუძნებული ინიციატივების” დაფინანსებაც დაიწყო. რელიგიურ ორგანიზაციებს საშუალება მიეცათ სოციალური პროგრამებისთვის სახელმწიფო გრანტი აეღოთ. ეს ნაბიჯი ამ მხრივ კონკურენციის განვითარებისკენაც იყო მიმართული. რელიგიური ორგანიზაციების სახელმწიფო სოციალურ პროექტებში მონაწილეობა, პრეზიდენტ ბუშის დროს კიდევ უფრო გაიზარდა, ხოლო ობამას მმართველობის პერიოდში შენარჩუნდა.

ტაბულა საქართველოში რელიგიური ორგანიზაციების სოციალური პროექტებით დაინტერესდა. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის 30%25 საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას რეგულარულად, თვეში ერთხელ მაინც სწირავს ფულს. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მას ყოველწლიურად ორ ათეულზე მეტი მილიონი ერიცხება. ეკლესია შესაბამისი ნივთებით ვაჭრობაზე მოგების გადასახადიდანაც თავისუფლდება. ქართული მსხვილი კომპანიების უმრავლესობას კი საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის საქველმოქმედო ფონდის დონორთა ჩამონათვალში იხილავთ.

ეკლესიის საქველმოქმედო საქმიანობის გასარკვევად, საპატრიარქოსთან დაკავშირება და აღნიშნულ თემაზე ოფიციალური კომენტარის მიღება, მრავალი მცდელობის მიუხედავად, შეუძლებელი აღმოჩნდა. სასულიერო პირებსა და საინფორმაციო ცენტრებზე დაყრდნობით გამოირკვა, რომ საპატრიარქოს აქვს ბავშვთა სახლები - ბათუმში, ზესტაფონში, წავკისსა და ნინოწმინდაში. ასევე ერთი უპოვართა თავშესაფარი თბილისში და ერთიც - წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამშობიარო სახლი. თუმცა უკანასკნელი საქველმოქმედო საქმიანობად ვერ ჩაითვლება. საპატრიარქოს სამშობიარო სახლის დირექტორის (სამკურნალო დარგში), აკაკი ბაქრაძის თქმით - „ჩვენს სამშობიაროს არ აქვს განსაკუთრებული შეღავათები სოციალურად დაუცველი პირებისთვის, ისეთი შეღავათები გვაქვს, როგორც ყველა სხვა სამშობიაროს”. თუმცა ბაქრაძე აღნიშნავს, რომ განსხვავება სხვა სამშობიაროებთან შედარებით მაინც არის - „თუ პაციენტმა ფული ვერ გადაგვიხადა, ჩვენ არ ვუჩივლებთ, არადა, სხვები ჩივიან”.

რაც შეეხება საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდებს - ილია მეორეს მისივე სახელობის ფონდის მიზნების ჩამოთვლისას, არ უხსენებია სოციალურად გაჭირვებული მოსახლეობის დახმარება - „ფონდი იზრუნებს არა მარტო სულიერების განმტკიცებისთვის, არამედ კულტურისა და მეცნიერების აღორძინებისა და განვითარებისთვის, რასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის მომავლისათვის”. ფონდი მუსიკალურ ფესტივალებს ატარებს, იკვლევს პარლამენტარიზმს მსოფლიოში, ეძებს ნავთობისა და გაზის სექტორის განვითარების გზებს. ამას გარდა, პროტესტანტ ქრისტიანთა ორგანიზაცია World Vision-ის დახმარებით ახორციელებს პროექტს, რის ფარგლებშიც ახალგაზრდებს ცნობილ ადამიანებთან შეხვედრებს უწყობს - მაგალითად, ფილოლოგ ნანა კალანდაძესთან და პოეტ მიხეილ ტყებუჩავასთან, რომელსაც Youtube-ის მომხმარებლები „მებაღედ” იცნობენ.

ფონდი ანტინარკოტიკულ პროგრამასაც ახორციელებს. ჩატარდა საზოგადოების ნარკოდამოკიდებულების კვლევა. ეკლესიათა ახლოს ანტინარკოტიკული ცენტრები შეიქმნა, სადაც ტრენინგები ტარდება. დაარსდა მარტყოფისა და ფერისცვალების მონასტრების ნარკომანთა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრები. როგორც ფონდის მთავარმა მენეჯერმა, ლაშა ჟვანიამ, საინფორმაციო-რელიგიურ ინტერნეტგამოცემა ამბიონს განუცხადა, „ფონდი ახორციელებს პროექტს “ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარული”, რომლის ფარგლებშიც ფონდის ოფისში თვეში ორჯერ ბავშვთა ნახატების საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა იმართება, რომელშიც თბილისის სხვადასხვა საჯარო სკოლების უმცროსკლასელები მონაწილეობენ. შემოსული თანხით სხვადასხვა მიზნობრივ ჯგუფს ეხმარებიან”. ამაზე მასშტაბურ საქველმოქმედო მიმართულებას მოწყვლადი ჯგუფების დასახმარებლად, ფონდის საიტზე ვერ იპოვით.

საქველმოქმედო ფონდი ლაზარე საპატრიარქომ 1994 წელს დააარსა და ის მრავალ ჰუმანიტარულ პროექტში იღებდა მონაწილეობას. მათ შორის, 2008 წლის ომის დროს დაზარალებულ მოსახლეობას პროდუქტებსა და პირველადი დანიშნულების ნივთებს გადასცემდა. ამ და სხვა პროექტების განსახორციელებლად, საპატრიარქოს ისეთი კონფესიების მიერ შექმნილი ორგანიზაციები აფინანსებდნენ, რომელთაც ამბიონიდან მართლმადიდებელი ეკლესია ხშირად მწვალებლებს უწოდებდა. მაგალითად: გაერთიანებული მეთოდისტური ეკლესიის დახმარების კომიტეტი (UMCOR), შვეიცარიის პროტესტანტული ეკლესიების დახმარების ორგანიზაცია (HEKS EPER), კათოლიკური ორგანიზაცია Caritas Australia და ა.შ.

საქართველოს საპატრიარქოს დახურულობის გამო, შეუძლებელია ითქვას, არსებობს თუ არა იმგვარი საქველმოქმედო პროექტები, რომლებიც მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრების ბაზაზე მიმდინარეობს. თუმცა სტატისტიკური მონაცემებით, მრევლის ჩართულობა, ეკლესიის დიდი პოპულარულობის მიუხედავად, ძალიან დაბალია. ერთჯერად საქველმოქმედო ღონისძიებებში, სასულიერო პირებს ღარიბებისთვის ტანსაცმლისა და საჭმლის შესაგროვებლად, მოსახლეობის მხოლოდ 4.4%25 ეხმარებოდა (G-PAC). მართლმადიდებელი ეკლესია მისი გავლენისა და შესაძლებლობების მხოლოდ მცირე ნაწილს მიმართავს ქველმოქმედებაზე. უკანასკნელი წლების მანძილზე ის უფრო ეკლესია-მონასტრების მშენებლობაზე ხარჯავდა ფულს, ვიდრე სოციალურ პროგრამებზე.

აღმოსავლურ და დასავლურ ეკლესიებს შორის არსებული განსხვავება, შეიძლება რამდენიმეგვარად ავხსნათ. მართლმადიდებელი ეკლესია ტრადიციულად უფრო მისტიკაზე იყო ორიენტირებული, ვიდრე ამქვეყნიური პრობლემების გადაჭრაზე. მაგალითად, სომხური

დედა კორინა საქართველოში 12 წლის წინ ჩამოვიდა. მას შემდეგ, ლოგინად ჩავარდნილ მოხუცებსა და ავადმყოფებს ეხმარება. ის წმინდა კამილოს მსახურ დედათა კონგრეგაციის წარმომადგენელია. კამილიელთა ორდენის ყველა მონაზვნის მსგავსად, მანაც აიღო

0x01 graphic

ფოტო: დიმა ჩიკვაიძე

სამედიცინო სერტიფიკატი. თავდაპირველად აფრიკაში წასვლა სურდა, მაგრამ იერარქიამ საქართველოში გაანაწილა. ისიც, როგორც „ქრისტეს ჯარისკაცი”, თბილისის გარეუბანში დასახლდა. დედა კორინა ამბობს, რომ ინდოქტრინაციის დაბრალება მისთვის შეურაცხმყოფელია. „30 ადამიანიდან, რომლებსაც ვუვლი, მხოლოდ ერთია კათოლიკე, დანარჩენები - მართლმადიდებელი ქრისტიანები არიან. როცა ვხვდები, რომ ადამიანი სიკვდილის პირას არის მისული, მის ახლობელს ვურჩევ, სახლში მოძღვარი მიიყვანონ, მომაკვდავმა აღსარება ჩააბაროს და ისე წავიდეს ამ ქვეყნიდან”.

0x01 graphic

ფოტო: ტატუკა ჯაფარიძე

საქართველოს კარიტასი ქვეყანაში 16 წელია მოღვაწეობს. მისი დახმარებით, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი, ამბულატორიული პაციენტები პირველადი ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში სპეციალურ პაკეტს იღებენ. მასში ოჯახის ექიმისა და სპეციალისტების კონსულტაცია, დიაგნოსტიკა, ლაბორატორიული ტესტები და სხვადასხვა პროცედურები, მათ შორის ძირითადი მედიკამენტებით უზრუნველყოფა შედის. კათოლიკური ორგანიზაცია ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში პაციენტებს სახლშიც უვლის. მანვე დააფუძნა სარეაბილიტაციო ცენტრი, რომელიც გამოჯანმრთელების პროცესში მყოფ ადამიანებს ფიზიოთერაპიულ პროცედურებს სთავაზობს.

კარიტასს ორი ბავშვთა თავშესაფარი აქვს. „ჩვენი სახლი” სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან მოზარდებს ემსახურება. ხოლო მეორე, მცირე საოჯახო ტიპის სახლი, იმავე შენობის ეზოში მდგარ შენობაშია განთავსებული. ამ პროექტის ფარგლებში კარიტასი იმ მზრუნველობასმოკლებულ ბავშვებს უვლის, რომელთაც ბიოლოგიური მშობლები არ ჰყავთ. პროექტის მიზანი პატარებისთვის ოჯახურთან მიახლოებული გარემოს შექმნაა. იმავე ტერიტორიაზე, კარიტასს ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრები აქვს. იქ 6-დან 18 წლამდე მოზარდებს უვლიან, რომლებიც სიღარიბის ზღვარს მიღმა ან დევნილთა ოჯახებიდან არიან. მათ ფსიქოლოგიური ტრავმების გადალახვასა და სხვადასხვა საგანმანათლებლო ჩართულობას სთავაზობენ. ამ ორგანიზაციის „ინდოქტრინაციაზე” საუბარიც ზედმეტია. რამდენიმე წლის წინ, კათოლიკურმა საქველმოქმედო ფონდმა ამ ახალგაზრდული კომპლექსის გვერდით მართლმადიდებლური ეკლესია ააშენა. ეს იმისთვის გაკეთდა, რომ ადგილობრივი მოზარდები ღვთისმსახურებას არ მოწყვეტილიყვნენ. კარიტასს აქვს შორმანძილზე გაშვილებისა და გადაუდებელი დახმარების პროექტები.

მიუხედავად იმისა, რომ კათოლიკე ეკლესიის საქველმოქმედო მისია საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური რელიგიური მსახურებაა, მრევლის შემოწირულობაზე ეკლესიის ფუნქციონირების ძალიან მცირე ნაწილი მოდის.

ხსნის არმიაში ქართველ ახალგაზრდებს, გაჭირვებულ ოჯახებსა და მოხუცებულებს ეხმარებიან. ამ ქრისტიანულ კონფესიას კვების პროგრამა - სიცოცხლის პური - გააჩნია. პირველადი მოხმარების მშრალი საკვები პროდუქტები 450 ბენეფიციარს ურიგდება: მოხუცებს, მრავალშვილიან ოჯახებსა და გაჭირვებული სოციალური ფენის წარმომადგენლებს. ხსნის არმიის ხელმძღვანელები და მოხალისეები თბილისის ქუჩებში უსახლკაროებს ეძებენ და ცხელი სადილით უმასპინძლდებიან. ხსნის არმია სოციალურად დაუცველი ბავშვებისათვის სასკოლო ინვენტარს და ტანისამოსსაც ყიდულობს. მოხალისეები მარტოხელა, გაჭირვებულ ან ინვალიდ მოხუცებულებს ეხმარებიან. ორგანიზაციას აქვს პროექტი, რომელიც საგანგებო სიტუაციების დროს მოსახლეობის შემწეობას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში, გასულ წელს ისინი ლაგოდეხის წყალდიდობითა და მიწისძვრით დაზარალებულებს დაეხმარნენ. ხსნის არმია საავადმყოფოებში, თავშესაფრებსა და მსგავსი ტიპის დაწესებულებებში სამედიცინო ჰუმანიტარულ ტვირთებს არიგებს.

3 როგორ ვიფიქროთ დემოკრატიაზე: ნორმატივიზმი და რეალიზმი

▲ზევით დაბრუნება


გია ნოდია|სვეტი

0x01 graphic

უცხოეთში მოგზაურობის შემდეგ ინტერნეტში რომ ვიქექებოდი („აბა, რა მოხდა სამშობლოში?”), ორმა ტექსტმა მიიზიდა ჩემი ყურადღება. ერთი იყო ზაალ ანდრონიკაშვილის ბლოგი „პოლიტიკური ორთოდოქსია”, მეორე კი - ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ გაზეთ ასავალ-დასავალისთვის. ახლა დავწერ, რაში ვხედავ კავშირს მათ შორის, თუმცა ზაალ ანდრონიკაშვილის ნაწერს ბევრ რამეში ვეთანხმები, ივანიშვილის ინტერვიუმ კი - ვცდილობ, ზრდილობის ფარგლებში დავრჩე - უკიდურესად უარყოფითი ემოციები აღმიძრა.

ანდრონიკაშვილის ესეს ძირითადი თეზისი ისაა, რომ „საქართველოს პოლიტიკური პრობლემები (იგულისხმება დემოკრატიის არასათანადო განვითარება - გ.ნ.) დიდწილად კულტურული პრობლემებია”. სრულიად ვეთანხმები - ჩემი დაკვირვებით, საქართველოში მოაზროვნე ადამიანთა დიდი უმრავლესობაც ასე ფიქრობს. სავსებით ვეთანხმები იმასაც, რომ ამ კულტურული პრობლემის ძირითადი გამოვლენაა მონოლოგური (ანდრონიკაშვილის ტერმინით - „ორთოდოქსული”) აზროვნება, ან, უფრო მარტივად, განსხვავებული აზრის აუტანლობა.

ხსენებული ესე შეგვიძლია განვიხილოთ როგორც საკმაოდ წარმატებული შესრულება ინტელექტუალური სავარჯიშოსი: „შეადარეთ ქართული პოლიტიკა განვითარებული დემოკრატიების პრაქტიკას და იპოვეთ ათი განსხვავება”. თუმცა, სადავოც შეიძლება ვნახოთ.მაგალითად, დასავლური პოლიტიკური დისკურსი სულაც არ არის თავისუფალი მორალისტური ბინარული დაპირისპირებებისგან, რომელთაც ანდრონიკაშვილი ქართველებს უწუნებს. ეს სხვანაირად ვერ იქნება, რადგან ადამიანის აზროვნებაა ასე აგებული. მაგრამ ცხადია, არის განსხვავება ბინარული ოპოზიციების გამოყენებასა და მოწინააღმდეგის სრულ დემონიზაციას შორის.

ასეთი სავარჯიშოს შესრულებას აქვს ღირებულება, თუ უბრალოდ კიდევ ერთხელაც კი არ დავიწუწუნებთ, რომ „ევროპამდე ბევრი გვიკლია” (ვინ არ იცის ეს?), არამედ ვეცდებით, უფრო კონკრეტული დიაგნოზი დავსვათ და ამით თერაპიისკენ გადავდგათ ნაბიჯი.

თერაპიის გზებზე ზაალ ანდრონიკაშვილი არაფერს ამბობს. მაგრამ ვარაუდის სახით შემიძლია ვთქვა, რომ ის იმ პარადიგმაში აზროვნებს, რასაც ტაბულას რამდენიმე ნომრის წინ „ჰეგემონური დემოკრატიზაცია” ვუწოდე. ერთი მხრივ, ავტორი ზოგადად პოლიტიკური კულტურის პრობლემაზე მიანიშნებს, მაგრამ მისი საყვედურების კონკრეტული სამიზნე მხოლოდ მმართველი პარტიაა. რატომ? არა მგონია, ვერ ამჩნევდეს, რომ დემოკრატიული პოლიტიკური კულტურის შეუფერებელი ქცევა საპირისპირო ბანაკშიც შეიმჩნევა, მაგრამ იმათთან მას საქმე არა აქვს: მთავრობას მეტი მოეთხოვება. ის თუ „კარგად მოიქცევა”, დემოკრატიის სუფევაც დამყარდება.

ამას მე ვეძახი დემოკრატიულ ნორმატივიზმს: ხელისუფლება დემოკრატიულად უნდა მოიქცეს, იმიტომ რომ ასეა სწორი (ფილოსოფიურ ენაზე, იმიტომ რომ ასე მოითხოვს „კატეგორიული იმპერატივი”). განათლებული ინტელექტუალების, ანუ საზოგადოების მორალური და ინტელექტუალური ავანგარდის, ამოცანაა მთავრობა შეარცხვინოს და დასცინოს, თუ ის ამ იმპერატივის მოთხოვნებს გადაუხვევს.

მაგრამ ასეთი ინტელექტუალური ნორმატივიზმი უფრო განათლებული მონარქიის სიტუაციას შეესაბამება, ვიდრე დემოკრატიის. დემოკრატიას უფრო რეალისტური, ანუ საღი აზრის პრინციპებზე დამყარებული აზროვნება უხდება. დემოკრატია არის იქ, სადაც არსებობს სულ მცირე ორი ალტერნატული პოლიტიკური ელიტა, რომელიც თანხმდება გარკვეული თამაშის წესებზე. ამ წესების ნაწილია ის, რომ ოპონენტი არ უნდა დაამცირო, არ უნდა ეცადო მის პიროვნულ დემონიზაციას, უნდა დაუშვა, რომ შეიძლება მასაც ქვეყნის ინტერესები ამოძრავებდეს. ის „კულტურული პრობლემაც” ასე წყდება.

არცერთ განვითარებულ დემოკრატიაში ამ საბაზისო წესებს და ღირებულებებს ყველა მოთამაშე არ იზიარებს. არსებობს ჯგუფები, რომლებიც მათზე უარს ამბობენ და ფუნდამენტურ ღირებულებებს არ აღიარებენ. ისინი „მეინსტრიმის”, ანუ ძირითადი ნაკადის გარეთ არიან: მათი მარგინალიზაცია დემოკრატიული პროცესის ნაწილი და წინაპირობაა. ეს მარგინალიზაცია შეიძლება კანონით იყოს გამაგრებული (დემოკრატიებს უცდიათ კომუნისტების და ნაცისტ-ფაშისტების კანონგარეშე გამოცხადება), მაგრამ უფრო ხშირად მორალურია: მარგინალური პარტიები იღებენ მონაწილეობას არჩევნებში, მაგრამ მათთან ურთიერთობა (მაგალითად, კოალიციაში შესვლა) ერთგვარი ტაბუა. მათ ფორმალურად იტანენ, მაგრამ რეალურად სისტემაში არ უშვებენ.

რაც პრაქტიკულად არც ისე ადვილი ამოცანაა: მაგალითად, როცა ავსტრიაში ნაცისტების მიმართ სიმპათიებში შემჩნეული პარტია სამთავრობო კოალიციაში აღმოჩნდა, ევროკავშირმა მთლიანად ავსტრიის „გარიყვა” სცადა. ეს ნაბიჯი, ჩემი აზრით, პროდუქტიული ვერ გამოვიდა, მაგრამ აქ მთავარი ისაა, რომ აღიარებულია „წითელი ხაზების” არსებობის, დემოკრატიული კონსენსუსის გარეთ მყოფი ჯგუფების მარგინალიზაციის საჭიროება.

თუ ჩვენში პოლიტიკური კულტურის დეფიციტზეა ლაპარაკი, „ძირითად ნაკადსა” და მარგინალურ ჯგუფებს შორის „წითელი ხაზების” არქონა მისი ერთ-ერთი ძირითადი ნიშანია. ის პირდაპირ ებმება იმ პრობლემას, რაზეც ზაალ ანდრონიკაშვილი (სრულიად სამართლიანად) ლაპარაკობს. ურთიერთპატივისცემაზე აგებული ურთიერთობა ემყარება რაღაც საერთო ღირებულებების და წესების აღიარებას და წინასწარ გულისხმობს იმათ გარიყვას, ვინც ლიბერალურ კონსენსუსში არ ჯდება.

აი აქ შემოდის ივანიშვილის ინტერვიუ. მისი ძირითადი აზრი გამოხატულია ოპოზიციის ლიდერის შესავალ სიტყვებში: „მსურს, მადლობა გადაგიხადოთ თქვენც, თქვენს რედაქციასაც და თქვენს ჟურნალისტურ ჯგუფსაც იმ პრინციპული პოზიციებისათვის, რომელიც ბოლო წლებში აშკარად გამოხატულია „ასავალ-დასავალის” ფურცლებზე! შეიძლება, რამდენიმე გაზეთი ვერც დავასახელო, რომელიც მსგავსი ეროვნული და სახელმწიფოებრივი პოზიციებითა და პრინციპულობით გამოირჩევა”.

ვისაც გაზეთი ასავალ-დასავალი ერთხელ მაინც აუღია ხელში, ალბათ აღიარებს, რომ ის არა მხოლოდ დემოკრატიის, არამედ ზოგადად ცივილიზაციის მიღმაა. მასზე თქმა, „ფაშისტურიაო”, კომპლიმენტია. მე რომ მკითხო, მისთვის ინტერვიუს მიცემაც სირცხვილია, მაგრამ როცა დემოკრატიის დაცვის სახელით პოლიტიკაში შემოსული ლიდერი ამ გაზეთს ხაზგასმით უწონებს „ეროვნულ და სახელმწიფოებრივ პოზიციას”, მას ცალსახად გაჰყავს თავი „დემოკრატიული მეინსტრიმის” გარეთ. ამის შემდეგ ჩემთვის პირადად არავითარი მნიშვნელობა აღარა აქვს, რუსეთის დაკვეთით მოქმედებს თუ, უბრალოდ, ასეთია და რა ქნას. მთავარი დასკვნაა, რომ მისი მარგინალიზაციის სურვილი ადეკვატური პოზიციაა დემოკრატიული ღირებულებების მატარებელი ადამიანისთვის: თუ მისი „დემონიზაცია” ხდება, ის მას იმსახურებს. სამწუხაროდ, ეს მარგინალურობა მასთან ასოცირებულ ძალებსაც შეეხება.

რაკი ლაპარაკია დღესდღეობით წამყვან ოპოზიციურ ფიგურაზე, გამოდის, რომ დემოკრატიის თვალსაზრისით ვითარება ტრაგიკული ყოფილა. ამ ვითარებაში, არც ისე იოლია ჩამოვაყალიბოთ ნორმატული მოთხოვნებიც ხელისუფლების მიმართ. კი, მას მაინც უნდა ვუკიჟინოთ, პატივი სცეს ოპოზიციას, როგორც ინსტიტუტს; მაგრამ ვერ ვთხოვთ, პატივისცემა გამოხატოს რეალური ოპოზიციის ძირითადი მოთამაშის მიმართ.

4 სავალდებულო სამხედრო სამსახურის ვადა 15 თვემდე იზრდება

▲ზევით დაბრუნება


პოლიტიკა

დიმიტრი ავალიანი

0x01 graphic

ფოტო:REUTERS ©

სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ კანონში შესაბამისი ცვლილებების პროექტი განსახილველად პარლამენტს წარედგინა. დღეისათვის წვევამდელები 12 თვეს მსახურობენ.

როგორც ტაბულას კანონპროექტის ინიციატორმა, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრმა კახა სუხიშვილმა განუცხადა, ამ ინიციატივის მიზანი შეიარაღებული ძალების NATO-ს სტანდარტებთან  მიახლოებაა. „წვრთნების პროგრამა, ტაქტიკური, თეორიული და ფიზიკური მეცადინეობები, რაც თავდაცვის სამინისტროს მიერ არის განსაზღვრული, 12 თვის ვადაში ვერ თავსდება”, - აღნიშნა სუხიშვილმა. დეპუტატის თქმით, ამის გამო საწვრთნელი პროგრამის დამატებით გავლა, უკვე რეზერვისტებს უწევდათ.

სუხიშვილის მტკიცებით, 15 თვე მინიმალური ვადაა. მისი თქმით, კანონპროექტი ევროპის ქვეყნების გამოცდილებას ეფუძნება.

დღეისთვის NATO-ს 28 სახელმწიფოს  შორის, სავალდებულო სამხედრო სამსახური მხოლოდ ოთხ მათგანში - ესტონეთში, თურქეთში, საბერძნეთსა და ნორვეგიაში - მოქმედებს.

თურქეთის შეიარაღებულ ძალებში სავალდებულო გაწვევა 15 თვით ხდება - უმაღლესი განათლების არმქონე პირებისთვის. უმაღლესი განათლების მქონენი კი, 12 თვის განმავლობაში ოფიცრებად, ან 6 თვით - რიგითებად მსახურობენ.

ნორვეგიაში სამხედრო სამსახურის ვადა 19 თვეა. თუმცა, აქედან მხოლოდ 12 თვეა სავალდებულო. კიდევ 7 თვის განმავლობაში წვევამდელთა დაახლოებით ნახევარი, ნებაყოფლობით, სამსახურს სარეზერვო ქვედანაყოფებში განაგრძობს.

საბერძნეთში სავალდებულო სამხედრო სამსახურის ვადა 9 თვით განისაზღვრება. ესტონეთში - 8-დან 11 თვემდე, ჯარის სახეობისა და წვრთნების პროგრამის მიხედვით. ქვეყნის მთავრობა სამსახურის ვადის 6 თვემდე შემცირების საკითხს განიხილავს, თუმცა მთლიანად საკონტრაქტო სამსახურზე გადასვლას ჯერჯერობით არ გეგმავს.

გერმანიაში სამხედრო გაწვევა მხოლოდ გასულ წელს შეჩერდა. ერთი წლით ადრე კი სამსახურის ვადა 9-დან 6 თვემდე შემცირდა. თუმცა, გერმანიაში გაწვევა არ გაუქმებულა - შესაბამისი კანონმდებლობა ძალაში რჩება და საჭიროების შემთხვევაში გაწვევის განახლება არის შესაძლებელი. იგივე წესი მოქმედებს აშშ-ში, სადაც გაწვევა 1973 წელს შეწყდა. თუმცა, პოტენციურად გასაწვევ მოქალაქეთა რეგისტრაცია კვლავაც სავალდებულოა.

სავალდებულო სამხედრო სამსახურზე დასავლეთ ევროპის ქვეყნების უმრავლესობამ უარი 90-იან წლებში, ცივი ომის დასრულების შემდეგ თქვა. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა კი - 2000-დან 2008 წლამდე.

გაწვევა დღემდე მოქმედებს ევროპის ნეიტრალურ ქვეყნებში. ფინეთში წვევამდელები 6-დან 12 თვემდე მსახურობენ (წვრთნების პროგრამისა და მისანიჭებელი სამხედრო წოდების მიხედვით). ავსტრიაში - 7 თვეს. შვეიცარიაში წვევამდელები პერიოდულად რამდენიმეთვიან ან რამდენიმეკვირიან წვრთნებს გადიან. თუმცა, აქვთ შესაძლებლობა, ამის ნაცვლად 300-დღიანი უწყვეტი სამსახური აირჩიონ.

მუდმივი საგარეო საფრთხის პირობებში მყოფ ისრაელში შეიარაღებულ ძალებში მამაკაცებს (3 წლით) და ქალებსაც (2 წლით) იწვევენ.

საქართველოში წელიწადში ორი - საგაზაფხულო და საშემოდგომო გაწვევა ხორციელდება. გაწვევის გეგმა პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებულებით მტკიცდება - თავდაცვის სამინისტროს, ასევე შსს-სა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მოთხოვნების შესაბამისად. 2012 წლის საგაზაფხულო გაწვევის გეგმის მიხედვით, თავდაცვის სამინისტროს რიგებში გაწვევას 2337 მოქალაქე ექვემდებარება, შსს-ში - 1300, სასჯელაღსრულების სამინისტროს ქვედანაყოფებში - 650.

საქართველოს შეიარაღებულ ძალებში რეფორმების დაწყების შემდეგ, ჯარის კონტრაქტით მოსამსახურეებით დაკომპლექტება დაიწყო. 2007-2009 წლებში თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფებში გაწვევა მხოლოდ ერთხელ - 2008 წლის გაზაფხულზე განხორციელდა (1900 წვევამდელი). მთლიანად საკონტრაქტო არმიაზე გადასვლას სამხედრო უწყება 2009 წელს გეგმავდა.

თუმცა, რეგულარულ სამხედრო ნაწილებში წვევამდელთა გაწვევა 2010 წლიდან ისევ განახლდა. 2010 წელს შეიარაღებულ ძალებში 2 ათასი წვევამდელი გაიწვიეს. 2011 წელს კი გაწვევის გეგმა გაიზარდა. სულ გასულ წელს 13 ათასამდე მოქალაქე გაიწვიეს, აქედან უშუალოდ შეიარაღებულ ძალებში - 7 ათასამდე.

კანონის თანახმად, გაწვევას საქართველოს ყველა მოქალაქე (18-დან  27 წლამდე) ექვემდებარება, მათ გარდა, ვინც შეღავათებით ან გადავადების უფლებით სარგებლობს. გასული წლის საშემოდგომო გაწვევის გეგმა მთლიანად შესრულდა - 7 ათასზე მეტი წვევამდელი გაიწვიეს. სამხედრო სამსახურისგან გადავადება 8 ათასზე მეტმა სტუდენტმა მიიღო. საქართველოს რეგიონებიდან ახალწვეულები დაახლოებით თანაბარი ოდენობით გაიწვიეს. 2700 წვევამდელი ტერიტორიული პრინციპით - საცხოვრებელი ადგილის მიხედვით იმსახურებს. დანარჩენები - ყაზარმული წესით.

240-მა ადამიანმა ალტერნატიული სამსახური არჩია. 18-თვიან შრომით სამსახურს ისინი სამაშველო და სახანძრო სამსახურებში, ასევე ჯანდაცვის დაწესებულებებში გაივლიან.

დღეისთვის გაწვევას დაქვემდებარებულთა რიცხვი, შეიარაღებული ძალებისა და სხვა უწყებების მოთხოვნებს აღემატება. გაწვევას ამჟამად რეგიონული მართვისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს, რომელიც გეგმას თითოეული ადმინისტრაციული ერთეულის მიხედვით ანაწილებს. თუ ვის გაიწვევენ - მკაცრი  კრიტერიუმი არ არსებობს - გამწვევი კომისიები ამას ადგილზე წყვეტენ.

კახა სუხიშვილის თქმით, მიმდინარე წლის გაწვევის გეგმა მნიშვნელოვნად გაიზრდება - სულ 17 ათასამდე მოქალაქე დაექვემდებარება. მათგან 10 ათასამდე, უშუალოდ შეიარაღებულ ძალებში მოხვდება.

დეპუტატის განმარტებით, მომავალ წლებში, დემოგრაფიული მიზეზებით, შეიარაღებული ძალები შესაძლოა რესურსის დეფიციტის წინაშეც აღმოჩნდნენ. მომდევნო წლებში გასაწვევთა რაოდენობა მხოლოდ 24 ათასი იქნება, აქედან ნახევარს, სავარაუდოდ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ გაიწვევენ.

წვევამდელები დღესდღეობით რეგულარული ჯარის ნაწილებში მსახურობენ, თუმცა, კონტრაქტით მომსახურეებისგან განსხვავებულ  წვრთნების პროგრამას გადიან. საერთაშორისო მისიებში, მათ შორის ავღანეთის ოპერაციაში, მხოლოდ კონტრაქტით მომსახურეები იგზავნებიან ნებაყოფლობით.

კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, ის მხოლოდ შემდეგი, საშემოდგომო გაწვევის დროს გაწვეულებზე გავრცელდება. შესაბამისად, ეფექტს შეიარაღებული ძალების მომზადების თვალსაზრისით, მომავალი წლის ბოლოსთვის გამოიღებს.

საქართველოში შეიარაღებული ძალების დაკომპლექტების დღეს მოქმედი წესი, ძირითადად შეესაბამება ცალკეული განვითარებული ქვეყნების, მათ შორის NATO-ს წევრთა, გამოცდილებას. თუმცა, ეწინააღმდეგება რამდენიმე წლის წინ დეკლარირებულ მიზანს, რაც მთლიანად პროფესიულ არმიაზე გადასვლას ითვალისწინებს. ამის ნაცვლად დღეს თავდაცვის სამინისტრო ახალწვეულთა რაოდენობას და მათი სამსახურის ვადას ზრდის.

კახა სუხიშვილის თქმით, დღეს კონტრაქტით 4 ბრიგადაა დაკომპლექტებული, თუმცა, „მთლიანად საკონტრაქტო არმიაზე გადასვლა ფუფუნება იქნებოდა. ეს დიდ საბიუჯეტო ხარჯებთან არის დაკავშირებული, რისი საშუალებაც სახელმწიფოს დღესდღეობით არ აქვს”.

მისი თქმით, სახელმწიფოს უარი არ უთქვამს მთლიანად პროფესიულ არმიაზე გადასვლაზე. თუმცა კონკრეტული ვადის დასახელება შეუძლებელია.

5 მასწავლებლობის მსურველთათვის ბარიერები მცირდება

▲ზევით დაბრუნება


პოლიტიკა

სალომე უგულავა

0x01 graphic

მასწავლებლობის უფლების მოსაპოვებლად, უმაღლესი განათლების მქონე მსურველთათვის მუშაობის, სულ მცირე, ერთწლიანი სტაჟი, ან მაძიებლობის პერიოდის გავლა, სავალდებულო აღარ იქნება. ამას ზოგადი განათლების შესახებ კანონში ცვლილებების კანონპროექტი ითვალისწინებს. გამოცდილების ბარიერის მოხსნას, განათლების სამინისტროში იმით ხსნიან, რომ მასწავლებლობის მსურველის ცოდნისა და უნარების შესამოწმებლად, სასერტიფიკაციო გამოცდები საკმარისად მიაჩნიათ. მართალია, მასწავლებლის მაძიებლობის პროგრამის გავლა სავალდებულო აღარ იქნება, თუმცა არც მისი გაუქმება იგეგმება. ამ პროგრამაში ახალბედები გამოცდილი, მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლების ზედამხედველობის ქვეშ გადიან საცდელ პერიოდს. იგი 2010 წლიდან მოქმედებს.

სამინისტროს მხრიდან, მასწავლებლობის მსურველთათვის გამოცდილების ბარიერის მოხსნა, მისასალმებელია. თუმცა, სავალდებულო სერტიფიცირება, რომელიც 2014 წლის ბოლომდე ყველამ უნდა გაიაროს როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლაში მასწავლებლობის უფლების მოსაპოვებლად, უსარგებლო რეგულაციაა. ეს მასწავლებლების პროფესიონალიზმის ზრდას ვერ უზრუნველყოფს და მათი განვითარების ხელისშემშლელადაც შეიძლება იქცეს. მინიმალური კომპეტენცია და სწავლების მეთოდების გარკვეულ დონემდე ცოდნა, კარგი პედაგოგობის გარანტია არ არის. სტანდარტიზებულმა გამოცდებმა, რომელიც მაპროფილებელ საგანსა და პროფესიულ უნარებში ტარდება, შეიძლება მასწავლებლების სწავლების მეთოდების სტანდარტიზებაც გამოიწვიოს და პედაგოგები ერთმანეთს „დაამსგავსოს”.

არაერთი კვლევა ადასტურებს, რომ მასწავლებლების სერტიფიცირებას, მოსწავლეების მოსწრებასთან პირდაპირი კავშირი არ აქვს. როგორც სერტიფიცირებული, ასევე არასერტიფიცირებული მასწავლებლების მოსწავლეები ხშირად მსგავს შედეგებს აჩვენებენ. მაგალითად, სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორმა ერიკ ჰანუშეკმა ამ საკითხზე 171 კვლევის შედეგი შეაჯამა. მათგან 157-მა კონკრეტულ შედეგთან - მათ შორის მოსწავლეების მიღწევებთან - სერტიფიცირების მნიშვნელოვანი კავშირი არ დაადასტურა. უმთავრესი ფაქტორი კონკრეტული მასწავლებლების არა სტატუსი, არამედ პრაქტიკაში სწავლების უნარები აღმოჩნდა. მასთან შედარებით, შედეგებთან გაცილებით უმნიშვნელო კავშირი ჰქონდა მასწავლებლის გამოცდილებასაც. არც პედაგოგების სამეცნიერო ხარისხები ახდენდა რეზულტატებზე შესამჩნევ გავლენას.

ბუნებრივია, მასწავლებლის ცოდნა და უნარები სწავლებისას უმნიშვნელოვანესია. უბრალოდ, საქმე ისაა, რომ სერტიფიცირება ამას ნაკლებად ცდის და უზრუნველყოფს. საუკეთესო ასპარეზი მასწავლებლისთვის სწორედ პრაქტიკაა, საუკეთესო შემფასებელი კი, არა რომელიმე ცენტრალიზებული ორგანო, თუ გამოცდა - არამედ დამქირავებელი, ანუ სკოლა.

შესაბამისად, მასწავლებლების პროფესიონალიზმის გასაზრდელად, სკოლებს შორის  კონკურენტული, თავისუფალი გარემო უნდა შეიქმნას. ამის საპირისპიროდ, დღესდღეობით სამინისტრო საჯარო სკოლებს, მაგალითად, უდგენს მასწავლებელთა დაქირავების სტანდარტებს, უმტკიცებს სახელფასო ფონდს. ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ რეგულირებებისა, რაც უკანასკნელ პერიოდში წესდება. ამ დროს კი, რაც მეტი თავისუფლება მიეცემათ სკოლებს, თუნდაც მასწავლებლის დაქირავება-გათავისუფლებისას, მით უფრო მეტი სტიმული ექნებათ უკეთესი კადრების მოსაზიდად, ან შესანარჩუნებლად. ეს მათი სამუშაო პირობების გაუმჯობესებასაც შეუწყობს ხელს, რაც, თავის მხრივ, განათლების სფეროში უფრო მეტ პროფესიონალს მოიზიდავს. ამ შემთხვევაში, სერტიფიცირება ბევრი ადამიანისთვის მხოლოდ უსარგებლო ბარიერი შეიძლება იყოს. თავის მხრივ, უფრო თავისუფალ გარემოში, მოქმედ და მომავალ მასწავლებლებსაც საკუთარი თავის გასავითარებლად მეტი სტიმული ექნებათ.

6 ახალი მესია მესიანიზმის წინააღმდეგ

▲ზევით დაბრუნება


პოლიტიკა

სალომე უგულავა

ბიძინა ივანიშვილმა პარტნიორებთან ერთად კოალიცია ქართული ოცნება დააფუძნა. მასში მისი აქამდე გაცხადებული პარტნიორები არიან გაერთიანებული - საქართველოს რესპუბლიკური პარტია, ირაკლი ალასანიას ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატები და ეროვნული ფორუმი. რაც შეეხება კონსერვატორებსა და ხალხის პარტიას, ისინი დამფუძნებლები არ არიან. თუმცა, კოალიციაში მათ კობა დავითაშვილი და ზვიად ძიძიგური წარმოადგენენ. პრეზენტაციაზე ივანიშვილმა საზოგადოებას კოალიციის სამოქმედო 12-პუნქტიანი დეკლარაციაც გააცნო.

გარდა იმისა, რომ კოალიციას უმეტესად ქართული პოლიტიკის ძველი, უცვლელი სახეები წარმოადგენენ, სიახლე არც რიტორიკის დონეზე ყოფილა. ივანიშვილის კოალიცია თვისობრივად ახალს საზოგადოებას ვერაფერს სთავაზობს. იმაზე, რაც დეკლარაციაშია ჩამოთვლილი - იქნება ეს უმუშევრობისა და სიღარიბის დაძლევა, ქვეყნის გამთლიანება, თუ ჯანდაცვისა და განათლების ხელმისაწვდომი სისტემის შექმნა - საქართველოში არსებული პოლიტიკური პარტიების უმრავლესობა წლების განმავლობაში თანხმდებოდა და ახლაც თანხმდება. მით უმეტეს, რომ ივანიშვილი და მისი კოალიცია მათი გადაჭრის კონკრეტულ გზებს არ გვთავაზობს. ალბათ, ერთადერთი დეკლარირებული სიახლე ის იყო, რომ კოალიცია აპირებს საქართველოში პოლიტიკური მესიანიზმი დაამარცხოს. ეს უკანასკნელი უცნაურ დაპირებად გამოიყურება თავად ივანიშვილის პერსონის გათვალისწინებით. პრეზენტაციისას ირაკლი ალასანიამ კოალიციის ლიდერს ქართული ოცნების მაგალითიც უწოდა.

რა შანსები აქვს ბიძინა ივანიშვილსა და მის კოალიციას იმ პირობებში, როდესაც საზოგადოებას სიახლეს ვერ სთავაზობს, რთული შესაფასებელია. ბოლო წლებში, არსებულმა პოლიტიკურმა პარტიებმა - ერთმა და იმავე პოლიტიკურმა სახეებმა მსგავსი ლოზუნგებით, ტაქტიკით, უცვლელი რიტორიკითა და სხვადასხვა ლიდერის წინამძღოლობით - არაერთხელ სცადეს ხელისუფლებაში მოსვლა. მათი გზები ხან კანონიერი და ხანაც უკანონო იყო, თუმცა, ყველა შემთხვევაში, მარცხი განიცადეს. ივანიშვილს სხვებისგან ფინანსური შესაძლებლობები განარჩევს. თუმცა, ქვეყანას მსგავსი გამოცდილება უკვე აქვს - პოლიტიკური ძალაუფლების მოპოვებას საქართველოში რამდენიმე წლის წინ მასზე მდიდარი ბადრი პატარკაციშვილი ეცადა. გარდა ამისა, პოლიტიკური ფინანსები რეგულირდება პროცესების მონოპოლიზაციის თავიდან ასარიდებლად. შესაბამისად, ივანიშვილს თანხების ლიმიტირებულად ხარჯვა უწევს და მოუწევს.

თავის მხრივ, მილიარდერი, რომელსაც ჯერ საკუთარი პარტია არ აქვს, დარწმუნებულია, რომ საპარლამენტო არჩევნებში დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს. ბოლო პერიოდში საზოგადოებრივი აზრი რამდენიმე ორგანიზაციამ გამოიკვლია. გამოკითხვებში დაისვა კითხვა, თუ ვის მისცემდნენ ხმას, „ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს”. ამ ორგანიზაციებიდან ნეიტრალური საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტია (IRI). გასული წლის ბოლოს ჩატარებული გამოკითხვის მონაცემებით, რომელიც მედიაში გავრცელდა, ივანიშვილის პარტიას ხმას მოსახლეობის 18%25 მისცემდა. მას, ძირითადად, აქამდეც ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლების ხმები ერგო. ტრადიციულად, მმართველი პარტიის წინააღმდეგ კონცენტრირება კვლავ ერთი ლიდერის გარშემო მოხდა.

0x01 graphic

7 ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისები

▲ზევით დაბრუნება


საზოგადოება

თეონა კოკიჩაიშვილი

0x01 graphic

საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის კოალიციამ კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. ანგარიში ფსიქიკური ჯანმრთელობის თემზე დაფუძნებული სამსახურის ეფექტიანობას აფასებს. კვლევაში ამ მომსახურებისთვის საჭირო ადამიანური და ფინანსური რესურსების მოცულობაცაა ასახული.

თემზე დაფუძნებული მკურნალობა ბინაზე მომსახურებასა და რეაბილიტაციის ცენტრების გახსნას გულისხმობს. კვლევაში ფსიქიატრიული დახმარების სახელმწიფო პროგრამის 200 მოსარგებლე მონაწილეობდა. თითოეულს ფსიქიკური აშლილობა აქვს. ისინი პროექტით გათვალისწინებულ გეოგრაფიულ რაიონში ცხოვრობენ.

ინტერვენციის ჯგუფთან, ცხრა თვის განმავლობაში, მუშაობდა ფსიქიატრების, ექთნების, ფსიქორეაბილიტაციის სპეციალისტების, სოციალური თერაპევტებისა და სოციალური მუშაკებისგან შემდგარი ჯგუფი. მულტიდისციპლინური გუნდი, საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებასთან ერთად, დამატებით ფსიქოტროპულ მედიკამენტებს, ფსიქოსოციალურ რეაბილიტაციასა და სოციალურ თერაპიასაც იყენებდა. პაციენტებთან, რომლებიც ბინაზე ვიზიტს საჭიროებდნენ - ფსიქიატრის, ექთნის, სოციალური მუშაკის, ფსიქოლოგ-ფსიქოთერაპევტისა და მძღოლისაგან შემდგარმა მობილურმა ჯგუფმა იმუშავა.

კვლევამ აჩვენა, რომ არსებულ ამბულატორიულ მომსახურებასთან შედარებით, პილოტირებულ თემზე დაფუძნებული სერვისი, მაღალი ეფექტიანობით გამოირჩევა. ის 50%25-ით ამცირებს ფსიქიატრიულ სტაციონარში გატარებულ საწოლდღეების რაოდენობას, აუმჯობესებს პაციენტთა ფსიქიკურ მდგომარეობასა და სოციალური ფუნქციონირების ხარისხს. კვლევის ავტორების მტკიცებით, ამ სერვისების დაფინანსების შემთხვევაში, სახელმწიფოს სტაციონარული მკურნალობის ხარჯებიც შეუმცირდება.

ფსიქიკური ჯანმრთელობის თემზე დაფუძნებული ამბულატორიული სამსახურის შექმნა, საშუალო რესურსების ქვეყნისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციაცაა. ეს მოდელი ევროპასა და ამერიკაშია აპრობირებული. გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან, დასავლეთის ბევრ ქვეყანაში, თემზე დაფუძნებული ფსიქიკური ჯანმრთელობის სამსახურები შეიქმნა. ამას ფსიქიატრიული საწოლების რაოდენობის შემცირებაც მოჰყვა. ბოლო 30 წლის განმავლობაში, 100 ათას მოსახლეზე საწოლების რაოდენობა, საშუალოდ, 200-250-დან 50-150-მდე შემცირდა.

საქართველოში, საწოლების რაოდენობა 1980-იანი წლებიდან 100 ათას მოსახლეზე 150-დან 33-მდე დავიდა. კოალიციაში მიიჩნევენ, რომ საწოლების რაოდენობის შემცირებასთან ერთად, საავადმყოფოს გარე ფსიქიატრიული სამსახურები არ განვითარებულა. ანგარიშის მიხედვით, ფსიქიკური ჯანდაცვის სერვისის ერთ-ერთი ნაკლი, მის შემადგენელ სხვადასხვა კომპონენტებს (პირველადი ჯანდაცვა, ფსიქიატრიული ამბულატორია, სტაციონარი და ფსიქო-სოციალური სერვისები) შორის კოორდინაციისა და თანამშრომლობის დაბალი დონეა. ამის გამო პაციენტი სპეციალისტთან ვერ ხვდება. დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროცესი ჭიანურდება. ხან პაციენტი ერთ სერვისს ისე შორდება, რომ მეორეს ვეღარ აღწევს. მაგალითად, სტაციონარიდან გაწერილი ადამიანი დაგვიანებით ან საერთოდ არ აკითხავს ამბულატორიას. შეწყვეტილი მკურნალობა კი, რიგ შემთხვევებში, ფსიქიკური მდგომარეობის გამწვავების მიზეზი ხდება.

საქართველოში ფუნქციონირებს ფსიქიატრიული ამბულატორიების ქსელი - ფსიქო-ნევროლოგიური დისპანსერები. ის ადგილზე და პაციენტის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით კონსულტირებასა და მკურნალობას უნდა უზრუნველყოფდეს. თუმცა, ანგარიშში ნათქვამია, რომ ბიუჯეტის სიმცირის, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სიმწირისა და სპეციალისტების ნაკლებობის გამო, სახელმწიფო ფსიქიატრიული პროგრამით გათვალისწინებული ვალდებულებების სრულად შესრულება ვერ ხერხდება. ამის ერთ-ერთი მიზეზი კი ქვეყნის ტერიტორიაზე სერვისების არათანაბარი განაწილებაა. ლიცენზირებულ ექიმთა უმეტესობა თბილისშია კონცენტრირებული, ხოლო რეგიონებში კადრების დეფიციტია.

ანალიზმა აჩვენა, რომ ბიუჯეტში შესაბამისი რესურსების არსებობიდან გამომდინარე, შესაძლოა სრულად ან ეტაპობრივად განხორციელდეს თემზე დაფუძნებული, ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების სამი სხვადასხვა პროგრამა-პაკეტი: მედიკამენტები ფსიქიკური და ქცევითი აშლილობის მქონე პაციენტებისთვის, ფსიქიკური რეაბილიტაცია და მობილური ჯგუფი.

პროექტის შედეგების შეფასების მიზნით ჩატარებულმა კვლევამ დაადასტურა, რომ მსგავსი მიდგომის შემთხვევაში, პაციენტთა მიერ სტაციონარში გატარებული დღეების რაოდენობა თითქმის ნახევრდება.

მონაცემებზე დაყრდნობით, თუ სახელმწიფოს მიერ, მოკლევადიან (მწვავე) სტაციონარებში პაციენტთა მკურნალობაზე დღეში დახარჯულ თანხად საშუალოდ 40-60 ლარს ავიღებთ - შეიძლება გამოითვალოს ის ეკონომია, რაც თემზე დაფუძნებული ფსიქიკური ჯანდაცვის სერვისების სრულად ამოქმედების შემთხვევაში იქნება. 9-თვიანი პერიოდის ერთ წელზე განზოგადებისა და 100-კაციანი საკვლევი ჯგუფის პაციენტთა მთლიან რაოდენობაზე (14, 600 ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანი) გადაანგარიშების შედეგად გამოდის - აღნიშნული პროგრამის სრულად დაფინანსების შემთხვევაში სახელმწიფო სტაციონარში მკურნალობის ხარჯებს ერთ წელიწადში დაახლოებით 2 მილიონ ლარამდე შეამცირებს.

კოალიციის საქმიანობის მიზანი იმ რეფორმების ხელშეწყობაა, რომლებიც დეინსტიტუციონალიზაციისა და თემზე დაფუძნებული ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების გაუმჯობესებისაკენაა მიმართული. კოალიციამ სამი წლის წინ ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკა შეიმუშავა. კვლევის ერთ-ერთი ავტორი, გიორგი გელეიშვილი ამბობს, რომ მას შემდეგ დოკუმენტი ჯანდაცვის სამინისტროსა და პარლამენტში მოგზაურობს, თუმცა რაიმე სახის ოფიციალური სტატუსი ჯერ არ შეუძენია.

ფსიქიატრიული რეფორმა

ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს რეფორმა 2010 წლიდან შემდეგი მიმართულებებით მიმდინარეობს: ინფრასტრუქტურის განვითარება; სამედიცინო კადრების ექთნების, ექიმების, ასევე სხვა დამხმარე სპეციალისტების პროფესიული განვითარების მხარდაჭერა; მწვავე და გადაუდებელი მკურნალობის უზრუნველყოფა ზოგადი პროფილის საავადმყოფოებში; გრძელვადიანი და სარეაბილიტაციო სერვისებისათვის თავშესაფრების მშენებლობა და აღჭურვა; ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიატრიული სერვისების განვითარების ხელშეწყობა. დაწყებულია თემზე დაფუძნებული სერვისების დამკვიდრება და განვითარება. ჰოსპიტალიზაციამდე და ჰოსპიტალიზაციის შემდეგ, ყველა პაციენტს უნდა ჰქონდეს თანამედროვე ამბულატორიულ მომსახურებაზე ფინანსური და გეოგრაფიული წვდომა.

ქალაქ თბილისში განყოფილებების რეაბილიტაცია/ რეკონსტრუქცია 3 მულტიპროფილურ, 1 სპეციალიზებულ და რეგიონებში 3 სპეციალიზებულ კლინიკაში განხორციელდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის თბილისში არსებული ყველა ფსიქიატრიული კლინიკის/ განყოფილების პერსონალი გადამზადებულია. რეგიონებში (ქ. რუსთავი, ქ. ბათუმი, ქ. ქუთაისი) განვითარებულ ინფრასტრუქტურებში კი ადამიანური რესურსების გადამზადებაა დაგეგმილი - თემზე დაფუძნებული განყოფილებების ასამოქმედებლად.

რეფორმის ფარგლებში გათვალისწინებულია ქალაქების - თელავის, ლანჩხუთისა და სენაკის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრების რეაბილიტაცია და აღჭურვა. გათვალისწინებული იქნება თემზე დაფუძნებული სერვისების დანერგვა-განვითარებისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურა და ადამიანური რესურსები.

რეფორმის მიმდინარეობასთან დაკავშირებით, 2011 წლის 20 ივნისიდან, რეაბილიტირებულ დაწესებულებებში სტაციონარული მომსახურების დაფინანსების მეთოდოლოგია შეიცვალა. დაწესებულების მიერ მიღებული დაფინანსება ნამკურნალევი პაციენტების რაოდენობაზე იქნება დამოკიდებული. ამან მინისტრის, ანდრია ურუშაძის თქმით, უკვე შეამცირა სტაციონარული საწოლდაყოვნების ხანგრძლივობა. მიმწოდებელს კი, მკურნალობის პროცესში, ძვირადღირებული მედიკამენტების გამოყენება შეუძლია.

8 ნაცნობი სიტყვები თუ ყალბი მეგობრები?!

▲ზევით დაბრუნება


ვახო ელერდაშვილი|სვეტი

0x01 graphic

უცხო ენების შესწავლა ზოგისთვის ჰობია, ზოგისთვის კი − საჭიროება. ხანდახან ისეც ხდება ხოლმე, რომ ენა, რომელიც არც გვაინტერესებს და არც გვჭირდება, მოდის და იპყრობს ჩვენს ტვინს და გონების საკუჭნაოებს უსარგებლო სიტყვებით ავსებს. ყველაზე საინტერესო ეს პროცესი მაშინაა, როდესაც ე.წ. ყალბ მეგობრებს ვაწყდებით. ეს ის სიტყვებია, რომელთა მნიშვნელობასაც გვგონია რომ მივხვდით, სინამდვილეში კი ისინი დიამეტრულად საპირისპირო ცნებებს გამოხატავენ. ყალბი მეგობრები დიდი ხანია შენიშნეს მეცნიერებმა, გლამურული ფრანგული სახელწოდება Faux-amis (ფრ. „ყალბი მეგობრები”) უწოდეს, მათ შესწავლას შეუდგნენ და ათასი ტერმინი მოიგონეს კლასიფიკაციისათვის, როგორიცაა პოლისემია, ჰომონიმია და მრავალი სხვა. თუმცა მოუხელთებელი ყალბი მეგობრები კლასიფიკაციის ჩარჩოებში ვერ ეტევიან და ჩვენს გაოცებას განაგრძობენ. მათ წარმოშობას ლინგვისტიკაში სიტყვების მოგზაურობებს უკავშირებენ, როდესაც სულ სხვადასხვა გზის გავლით, ერთი სიტყვა განსხვავებულ მნიშვნელობებს იძენს. მაგალითად, როგორიცაა სიტყვები კაიფი და ქეიფი. პირველი არაბულიდან რუსულის გავლით მოხვდა ქართულში, მეორე კი − სპარსულის გავლით. რეალურად კი, ორივე ერთ არაბულ ფუძეს უკავშირდება, რომელიც „სიამოვნებას და ტკბობას” ნიშნავს.

ყალბი მეგობრების დათვური სამსახური ყველაზე მეტად მონათესავე ენებში იჩენს თავს. ასე მაგალითად: ჩეხურში Pozor ყურადღებას ნიშნავს, Pozorny კი − ყურადღებიანს, Zakaz − აკრძალვაა, Sleva − ფასდაკლება, Urok − პროცენტი, hodina − საათი, mesto − ქალაქი და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში რუსულის ცოდნა არათუ გვეხმარება, პირიქით − ხელს გვიშლის. ეს არამხოლოდ ჩეხურის შემთხვევაშია ასე. უკრაინულის, სლოვაკურის, ბულგარულის თუ ხორვატულის შესწავლისას პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, ისაა, რომ რუსული უნდა დავივიწყოთ. იმავეს თქმა შეიძლება რომანული ჯგუფის ენებზეც. მთელი ლექსიკონებია შედგენილი სიტყვებისა, რომლებიც ცალ-ცალკე უნდა დავისწავლოთ, ვინაიდან მათ იტალიურ, ფრანგულ, პორტუგალიურ და ესპანურ ენებში განსხვავებული მნიშვნელობა აქვთ. ასე მაგალითად: embarrassé ფრანგულში დარცხვენილ, შეწუხებულ და უხერხულ სიტუაციაში მყოფ ადამიანზე ითქმის, ესპანურში კი embarazada ფეხმძიმე ქალბატონების მისამართით გამოიყენება. კიდევ ერთი მაგალითის გახსენება შეიძლება, რომელიც ინგლისური და ჰოლანდიური ენების ურთიერთობას ასახავს: ერთ სოციალურ რეკლამაში ბავშვი დაფაზე წერს: „Mama, die, die, die…” − ინგლისური ენის ცოდნას შეცდომაში შევყავართ. ინგლისურად ეს ფრაზა ითარგმნება, როგორც „დედა, მოკვდი, მოკვდი, მოკვდი”, სინამდვილეში კი die მდედრობითი არტიკლია და ამ შემთხვევაში დედას აღნიშნავს: „დედა, რომელიც, რომელიც, რომელიც...”

ხშირად ყალბი მეგობრები პოლიტიკური სპეკულაციების არენად იქცევა ხოლმე. ასე მაგალითად, რამდენიმე კვირის წინ მთელი ქართული მედია არკვევდა იმას, თუ „რა იგულისხმა პრეზიდენტმა ობამამ სიტყვა formal-ში”. დღემდე ვერ შეთანხმდა პოზიცია და ოპოზიცია ამ სიტყვის ზუსტ მნიშვნელობაზე. პრობლემა ისაა, რომ სიტყვა formal ამ შემთხვევაში არ ნიშნავს „ფორმალურს” და მხოლოდ ფორმალურად წააგავს მას.

უფრო კურიოზული შემთხვევების გახსენებაც შეიძლება პირადი დაკვირვებიდან: 2002 წელს ბაქოში მომიხდა წასვლა. პირველად მოვხვდი უცხო ქალაქში და სწორად მაშინ დავავადდი ქუჩაში წარწერებზე დაკვირვებით. ბევრი ნაცნობი სიტყვაც შევნიშნე, მაგალითად, ბანკომატებზე ეწერა: 7/24 saat nağd pul. მათ შორის იყო ერთი ყალბი მეგობარიც, რომელიც დღემდე არ მავიწყდება: ბაქოს სარკინიგზო ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიასთან შევნიშნე წარწერა: Sex Master. ჯერ შევცბი, რადგან ასეთ წარწერას ბაქოში არ ველოდი, თუმცა შემდეგ ამიხსნეს, რომ სიტყვა Sex აზერბაიჯანულში „ცეხს” ნიშნავს (გნებავთ საამქროს) და ყველაფერი თავის ადგილას დადგა. არის შემთხვევები, როდესაც საერთაშორისო სიტყვები იმდენადაა ჩვენს ტვინში გამჯდარი, რომ ვერაფრით ვეგუებით სხვა სიტყვებს. ახლაც მახსოვს რამდენი ხანი ვეძებდი ალმა-ათაში ყოფნისას აფთიაქს, როდესაც ქუჩაში ყინვა მინუს 20 გრადუსს აღწევდა. ვერაფერი მსგავსი Pharmacy-ისა და Аптека-სი რომ ვერ ვიპოვე, მერე დავუშვი, რომ ყაზახურში შეიძლება რამე განსხვავებული რქმეოდა და ბოლოს ვიპოვე Дріхана!

ინტერნაციონალურ საზოგადოებებში ყალბი მეგობრები ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვხვდება. პირადად შევესწარი როგორ ლაპარაკობდნენ ხორვატი, ბულგარელი და სლოვაკი თავ-თავის ენაზე და ერთმანეთის მშვენივრად ესმოდათ. თუმცა ყველაზე დიდი დრო მათ საუბარში მაინც იმ სიტყვების განმარტებაზე იხარჯებოდა, რომლებიც ამ ენებში ერთნაირად ჟღერს და სხვადასხვა მნიშვნელობა აქვს.

უცხო ენების ცოდნა საჭიროა, თუმცა ყალბი მეგობრების არსებობა არ უნდა დაგვავიწყდეს.

9 ემზარ ჯგერენაია: ახლანდელი არჩევნები სოციოლოგების ომიც იქნება

▲ზევით დაბრუნება


საზოგადოება

ესაუბრა ნინო მაჭარაშვილი
ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი

0x01 graphic

რა გამოწვევების წინაშე დგას თანამედროვე ქართული საზოგადოება? რა არის დაბალი სამოქალაქო აქტივიზმის მთავარი მიზეზები? პოლიტიკურ განწყობებზე, მოლოდინებზე, სოციოლოგიურ კვლევებსა და საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე, ტაბულა სოციოლოგ ემზარ ჯგერენაიას ესაუბრა. გთავაზობთ მასთან ინტერვიუს.

  • როგორ შეაფასებდით დღეს ქართული საზოგადოების მდგომარეობას, მის ადგილს ზოგად, გლობალურ კონტექსტში?

ქართულ საზოგადოებას დავახასიათებდი, როგორც დაგვიანებულ ერს, დაგვიანებულ საზოგადოებას. მას დამოუკიდებელი პოლიტიკური ცხოვრების ძალიან ხანმოკლე გამოცდილება აქვს. პირველი რესპუბლიკის ეფემერული დამოუკიდებლობა სწრაფად დავკარგეთ, არ ჩამოყალიბდა სამოქალაქო საზოგადოება. შემდეგ, კომუნისტურ ეპოქაში, ქვეყანა ზევიდან იმართებოდა, არ არსებობდა სამოქალაქო მოძრაობა. შესაბამისად, სამოქალაქო აქტივობის, პროტესტის გამოთქმის, თვითორგანიზაციის დაბალი უნარი გვაქვს. ჩავიხედოთ ჩვენს კულტურაში, მაგალითად, XVI-XVIII საუკუნის ლიტერატურაში და ვნახოთ, რაზე მუშაობდნენ ქართველი ინტელექტუალები. ამავე დროს, თვალი გავადევნოთ ევროპის ინტელექტუალურ მოძრაობას, თუ რა ხდებოდა იქაურ უნივერსიტეტებში. დიდ განსხვავებას დავინახავთ. იდეებს შორის, რომელსაც ჩვენი კულტურა ძირითადად პოეტური ენით გადმოსცემს, სოციალურ იდეებსაც ვიპოვით, მაგრამ არასოდეს დასმულა კითხვები, რომელიც, მაგალითად, თომას ჰობსმა დასვა თავის დროზე. თუნდაც ის, თუ როგორ არის წესრიგი შესაძლებელი.

  • დღესაც არ ისმება ეს კითხვები?

ისინი, ვისაც თეორიულად ევალება ამ კითხვების დასმა, ინტელექტუალური პაექრობა ამ საკითხებზე, არ კამათობენ. ყველაფერი პოლიტიზებულია: ცოტანი არიან თავისუფალი ინტელექტუალები, რომლებიც ლაპარაკობენ, როგორც დარგის წარმომადგენლები, მეცნიერები და არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის ან მოძრაობის სასარგებლოდ. ყველას, მათ შორის ინტელექტუალსაც, შეიძლება ჰქონდეს გარკვეული პოლიტიკური ვნება, გატაცება ან ინტერესი, მაგრამ მისი ნეიტრალიზაცია ვერ ხერხდება. ამის მიღმა მყოფი ადამიანებისთვის ადგილი მცირეა - არავინ საუბრობს, ასე ვთქვათ, „ობიექტურად” - თუკი ასეთი რამე სოციალურ მეცნიერებაში შესაძლებელია. ჩამორჩენის ერთ-ერთი მომენტი სწორედ ესაა: ჩვენი საზოგადოება არ კამათობდა წესრიგის, თავისუფლების საკითხებზე. პრობლემა ისაა, რომ ჩვენთან წესრიგი იყო ყოველთვის ზევიდან: ერთ დროს, კოლონია ვიყავით, მერე საბჭოთა რუსეთის ნაწილი და ა.შ. იყო რაღაც სუსტი მოძრაობები დამოუკიდებლობისათვის, მაგრამ ამას ხშირად სპონტანური და დაუგეგმავი ხასიათი ჰქონდა. მე ვიტყოდი, ეს მაინც პოლიტიკური მოძრაობა იყო და არა საზოგადოებრივი.

  • როგორ ფიქრობთ, როგორია ტენდენცია, იცვლება მსგავსი მდგომარეობა?

დღესაც საქართველოში არის წესრიგი ზევიდან. ის ხელისუფლების მიერაა დამყარებული.

დავუშვათ, რომ დღეს არ არსებობს ძლიერი პოლიტიკური ცენტრი, რომელიც ახორციელებს თავის ძალაუფლებას საზოგადოებაზე - რას მივიღებთ? აღმოჩნდება, რომ საზოგადოებას თვითორგანიზების არანაირი ძალა არ აქვს. ამ ტიპის კულტურაა: რაც ჩვენ შეგვიძლია, არის ქელეხების და ქორწილების ორგანიზება - ჭირისა და ლხინის მენეჯმენტი. ეს არის საზოგადოება, რომელიც ზევიდან ელოდება წესრიგს. შესაბამისად, ხელისუფლებას წესრიგი ესმის, როგორც მაქსიმალური კონტროლი. საზოგადოებას ამაზე პროტესტი აქვს, მაგრამ სახელმწიფოს ალტერნატიულ წესრიგს ვერ სთავაზობს.

რაღაც აზრით, ამ მდგომარეობას ხელისუფლება იყენებს: ის სთავაზობს გარკვეული ტიპის წესრიგს საზოგადოებას. საზოგადოება არ იღებს ამ წესრიგს, რადგან მის ქმნადობაში ნაკლებად მონაწილეობს. წესრიგი „ჩემი” არის მაშინ, როცა მის შექმნაში ვმონაწილეობ. თუნდაც, როდესაც მონაწილეობის ილუზია მაქვს. მაგალითად, ბევრს ლაპარაკობენ, რომ ქალაქის მშენებლობის, არქიტექტურის საკითხებს მთავრობა არ უნდა წყვეტდეს და რომ ეს პროფესიონალებისა და საზოგადოების საქმეა.

  • ანუ საზოგადოების, ასე ვთქვათ, გააქტიურება ისევ ხელისუფლების ინიციატივით უნდა მოხდეს?

გონიერი ხელისუფლება ზრუნავს, რომ საზოგადოებრივი ინიციატივები გაძლიერდეს. ამის რაღაც ნიშნები არის. მაგალითად, კორპუსებში შეიქმნა ამხანაგობები, მერიამ გამოყო ცოტა ფული იმისთვის, რომ ჩვენი მონაწილეობით სადარბაზოები მოვაწყოთ. რაღაც გაკეთდა, მაგრამ საზოგადოების მონაწილეობა ამ საქმეში ძალიან დაბალია. მას ეს საერთო, საზოგადოებრივი სივრცე, სადაც ყველანი დავდივართ, არ აინტერესებს. აპროტესტებენ ბაღების გადაცემას კერძო პირებისთვის, ამბობენ, რომ „ბაღს ართმევენ საზოგადოებას”. მოდით, თქვას საზოგადოებამ, ინიციატივიანმა ადამიანებმა: მე ჩავიბარებ ამას. აღმოჩნდება, რომ ისინი მას ვერ მოუვლიან. რჩება ერთადერთი რამ - ან კერძო პირს უნდა მისცე ეს ყველაფერი, ან სახელმწიფოს უნდა დაუბრუნდეს და მან მართოს. დაბალი თვითორგანიზაციის უნარი და ხშირ შემთხვევაში, მისი არქონა, ხელისუფლებისთვის არის კარტ-ბლანში, რომ მან საზოგადოებაზე მაქსიმალური ძალაუფლება განახორციელოს. თუ ვამბობთ, რომ ძალაუფლება ჭარბია, საზოგადოება ვაძლევთ ხელისუფლებას ამის ნებას. ის ფიქრობს, რომ მან უნდა მოაწესრიგოს გარემო, თუკი არ არის ვიღაც სხვა, ვინც ამას შეძლებს. ხელისუფლება დატვირთულია უამრავი ვალდებულებით, რომელიც არა მისი, არამედ საზოგადოების საქმეა. ამის გამო განვითარების პერსპექტივა დაბალია.

  • არ შეინიშნება რაღაც ძვრები უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე ამ მიმართულებით?

ვერ დავასახელებ მნიშვნელოვან მაგალითს, რომელზე დაყრდნობით ვიტყოდი, რომ საზოგადოება იცვლება, გაუჩნდა ინტერესი. არ არსებობს მოძრაობა რაღაც საერთო საზოგადოებრივი სიკეთის შესაქმნელად ისე, რომ მასში ხელისუფლება არ ჩაერიოს. ეს არის პრობლემა.

  • გავაგრძელოთ ამ თემაზე: თვითონაც აღნიშნეთ, რომ სამოქალაქო აქტივიზმი, სამოქალაქო საზოგადოება სუსტია, კვლევებიც ადასტურებს, რომ თუნდაც არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ დაბალია ნდობა, ცნობადობაც. იმავეს ვერ ვიტყვით ვარდების რევოლუციამდელ პერიოდზე, როდესაც უფრო ძლიერი იყო სამოქალაქო საზოგადოება. რა შეიცვალა მას შემდეგ?

ის, რასაც ჩვენ სამოქალაქო საზოგადოებას ვეძახდით და ვეძახით, იყო სამოქალაქო საზოგადოება ზევიდან. არასამთავრობო ორგანიზაციები გახლდათ ინტელექტუალების მოძრაობა, ადამიანების, რომელთაც ფონდებთან ურთიერთობა, პროექტების წერა ისწავლეს და ა.შ.

  • ასეთი ადამიანები დღესაც არიან. რატომ არიან ისინი უფრო სუსტები?

მრავალი მიზეზია: ბევრი, ვინც სამოქალაქო სფეროში აქტიურობდა, ვარდების რევოლუციის შემდეგ ხელისუფლებაში აღმოჩნდა. ეს მაშინ, როდესაც ჩვენს ქვეყანას არ აქვს დიდი რესურსი. სრული ილუზიაა, რომ აქ დიდი რესურსია. დღეს პოლიტიკურ სპექტრს რომ დავაკვირდეთ, დავინახავთ, რომ მეორე, ვთქვათ, ბიძინა ივანიშვილის მხარეს, დიდი რესურსი ვერ იქნება.

  • თუმცა, მაინც შესაძლებელია, მისი არჩევანის შეფასება მოვახდინოთ.

შეფასება შეიძლება, მაგრამ თავისთავად, არჩევანი მცირეა. დღეს მეტი რესურსი ხელისუფლების მხარესაა.

რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციებისადმი ნდობას: არსებობს ვარდების რევოლუციამდელი სოციოლოგიური კვლევები, არსებობდა გარკვეული ნდობა არასამთავრობოების მიმართ, მაგრამ ის არ იყო მაინცდამაინც მაღალი.

  • ცნობადობა უფრო მაღალი იქნებოდა. ესეც ხომ ინდიკატორია, რომელიც მათ აქტიურობას ასახავს?

ერთ-ერთი ინდიკატორი არის: უნდა გიცნობდნენ რომ გენდონ, მაგრამ შეიძლება გიცნობდნენ და არ გენდობოდნენ. არასამთავრობო ორგანიზაციები და სოციალური მოძრაობები არ არის საკუთრივ ქართული საზოგადოების შინაგანი დუღილის, დისკუსიის და რეფლექსიის შედეგი - იმპორტირებული, გარედან მოტანილია. ამიტომ, საშუალო სტატისტიკური ქართველი გეტყვით, რომ ისინი არიან მასონები, ვიღაცის ინტერესებს ემსახურებიან. ჩვენ არ ვართ რაციონალობის პრინციპებზე ორგანიზებული საზოგადოება.

  • თუმცა, ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობთ, რომ ტენდენცია ასეთია - საზოგადოება უფრო რაციონალური ხდება.

დიახ, ამას საფუძვლად უდევს ეკონომიკური რაციონალობა. საბჭოთა ეპოქაში ადამიანები ისე იბადებოდნენ და კვდებოდნენ, რომ ფულს არასდროს ითვლიდნენ. დღეს ეკონომიკური მდგომარეობა ადამიანებს აიძულებს, იანგარიშონ. ჩემი თაობის ადამიანები ხარჯვაში რაციონალურნი არ ვართ, მაგრამ მე მყავს სტუდენტები, რომლებიც რაციონალურად გეგმავენ ფინანსებს. ეკონომიკური რაციონალობა შეიძლება სხვა რაციონალობის საფუძველი გახდეს, მაგრამ ჩვენი კულტურა მაინც არ არის დასავლური ტიპის. განსხვავებით კულტურისგან, სადაც ადამიანს აქვს თვითშეგნება, რომ ის სამყაროს ცენტრია და შეუძლია შეცვალოს ყველაფერი თავის ირგვლივ, აქ არის დამოკიდებულება - მოვლენ და შეგვცვლიან. ეს არ არის სწორი. გარედან ვერავინ შეგქმნის. ეს შეგნება შიგნით უნდა იყოს. ამიტომ ჩვენ საზოგადოებაში გვჭირდება მეტი „self-made man-ი” - ასე ვთქვათ, უწარსულო ადამიანი.

  • როგორ ჩნდებიან ასეთი ადამიანები?

ისინი საზოგადოებაში არიან, მათ თავიანთ სფეროში გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს - ცხოვრება აიძულებთ, რომ შექმნან საკუთარი თავი. ასეთ ადამიანებზე უნდა იყოს გათვლა. მაგალითად, დასავლურ საზოგადოებაში, წარმატებისთვის ადგილი არ არის ადამიანებისთვის, რომელთა ცხოვრებაში კარიერა არ ჩანს და ზღაპრის პერსონაჟივით უცებ ხდებიან გმირები.

ჩვენი კულტურის კიდევ ერთი პრობლემაა საკუთრებისადმი დამოკიდებულება. არამარტო ის, რომ, დავუშვათ, ხელისუფლება ვიღაცის საკუთრებაში ერევა და ზღუდავს. თუ ეს მართლაც ასეა, არ მიკვირს: ჩვენს კულტურაში საკუთრება ღირებულებას არ წარმოადგენს. მაგალითად, როცა ბავშვი მეზობლის ეზოში ხილს იპარავს, ეს მიიჩნევა კარგ, „ბავშვურ” ქცევად. არ ვასწავლით მას, რომ ეს ვიღაცის საკუთრებაა და ხელყოფა არ შეიძლება. თუ ამდაგვარი ტიპის წესრიგს, რომელიც ჩვენი შინაგანი მუშაობის შედეგი არ არის, გარედან გვთავაზობენ, მტრულად ვუპირისპირდებით და ვებრძვით.

  • საუბრის დასაწყისში პოლიტიკური სპექტრი ახსენეთ. ერთ-ერთ ძველ ინტერვიუში თქვენ ამბობთ, რომ საზოგადოება ვერ ხედავს ალტერნატიულ პოლიტიკურ ცენტრს. როგორ ფიქრობთ, შეიცვალა თუ არა მდგომარეობა ამ მხრივ?

ჩემი დაკვირვებით და გარკვეული კვლევებითაც, საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური მოძრაობა ალტერნატიული პოლიტიკური ძალაა. მიუხედავად იმისა, რომ იქ არიან ადამიანები, რომელთაც ჩვენ უკვე ვიცნობთ, მათ შორის შევარდნაძის პოლიტიკური გარემოცვიდან. სხვა საკითხია, როგორ მოხერხდება ეკონომიკური კაპიტალის პოლიტიკურ კაპიტალში გადატანა, ან რა მოტივები ამოძრავებს იქ მყოფ მოქალაქეებს. მაგალითად, საშუალო სტატისტიკურ ადამიანს აქვს მოლოდინი, რომ ფულის დიდი მასის მქონე ადამიანს შეუძლია მისი ცხოვრება ერთ წამში შეცვალოს, მიიღოს რამე სარგებელი აქედან.

  • ანუ მოთხოვნები და მოლოდინები, ზოგადად, ლიდერის მიმართ არარაციონალურია?

დიახ, ამომრჩევლის მოთხოვნები კვლავ არარაციონალურია. მან დახარჯა გარკვეული თანხა საზოგადოებისთვის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ერთ დღეში რადიკალურად შეცვლის ყველაფერს. ცვლილება შეიძლება ცუდსაც ნიშნავდეს და რადიკალურად კარგსაც. საზოგადოება ფრთხილი და რაციონალური უნდა იყოს, ილუზიებით არ უნდა გამოკვებოს საკუთარი თავი.

ზოგადად, თანამედროვე ქართველ ადამიანს უამრავი მითი აქვს თავში. მაგალითად, დარწმუნებული ვარ, ბევრს აქვს ილუზია, რომ შეიძლება, დაბრუნდეს „საბჭოთა სამოთხე”. დრო უკან ვერასდროს წავა. მაგრამ რჩება გამოცდილება - რომელიც მიიღო ჩემმა თაობამ საბჭოთა პერიოდში და სამოქალაქო თვალსაზრისით, სრულიად უსარგებლო აღმოჩნდა.

  • მოახლოებულ არჩევნებს შევეხეთ. ამ მხრივ აქტუალური თემაა საზოგადოებრივი აზრის სოციოლოგიური კვლევები. ხშირად ხდება, რომ სხვადასხვა სოციოლოგიური კვლევის ცენტრები განსხვავებულ შედეგებს, რეიტინგებს დებენ. რამდენად დიდია ამ შედეგების გავლენა საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე და რა ინდიკატორებით უნდა განსაზღვრონ ადამიანებმა, რომელ კვლევას ენდონ და რომელს - არა?

ნდობა დასავლური საზოგადოებების უმთავრესი ელემენტია. იქ არსებობენ ინსტიტუციები, რომელთაც აქვთ ნდობის მაღალი რეიტინგი, ადამიანები ამ ინსტიტუტებს ენდობიან. მაგალითად, როცა კლინიკაში მივდივარ, ვეძებ კლინიკას, რომელსაც მაღალი რეიტინგი აქვს. როცა ვირჩევ უნივერსიტეტს, ვენდობი გამოკითხვის შედეგებს, რეიტინგებს. ჩვენი ჩამორჩენა სწორედ ამაშია: არ ვენდობით სისტემებს და ინსტიტუტებს, იმიტომ რომ ეს ინსტიტუტები მყარი ავტორიტეტის მქონეები არ არიან.

რიცხვები და სტატისტიკა ადამიანებზე სერიოზულად მოქმედებს: მაგალითად, ინტერნეტგამოკითხვა არ არის რეპრეზენტატული და საიმედო. მაგრამ თუ მის შედეგებს სადმე წარადგენენ, ის საზოგადოებაზე იმუშავებს. სოციოლოგიური მონაცემებით მანიპულირება ადვილია. შეიძლება რაღაც ჯგუფი შედეგებს იყენებდეს თავისი მიზნებისთვის, ამ მანიპულაციის ხარისხის დადგენა კი რთულია - ყველა პროფესიულად ვერ დაინტერესდება კვლევის მეთოდოლოგიით. სტატისტიკა ხშირადაა ურთიერთგამომრიცხავი და ვიღებთ უნდობლობას ამ ინსტიტუტების მიმართ. დარწმუნებული ვარ, ახლანდელი არჩევნები, რაღაც აზრით, სოციოლოგების ომიც იქნება. ჩვენ მივიღებთ სრულიად განსხვავებულ შედეგებს. ამას უნდა აკეთებდნენ კვალიფიციური მეცნიერები, ინსტიტუტები, გაზიარებულ და აღიარებულ მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით.

0x01 graphic

  • რას ფიქრობთ სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობაზე და ტენდენციებზე, რომელიც ამ მიმართულებით არსებობს? ეს თემა უკანასკნელ ხანებში განსაკუთრებით აქტუალური გახდა, ოშკის და იშხნის გარშემო ატეხილი ხმაურის ფონზე.

ურთიერთობა საკმაოდ დაძაბულია. თუმცა მათ ერთმანეთი რაღაცნაირად სჭირდებათ. შეიძლება, სახელმწიფოს სჭირდებოდეს ეკლესიის რეიტინგი, ხოლო ეკლესიას - ლოიალობა სახელმწიფოსგან და გარკვეული დახმარებები. მაგრამ ეკლესიას შეუძლია ნებისმიერ დროს თქვას უარი იმ სიკეთეზე, რასაც დღეს სახელმწიფოსგან იღებს - თუკი მათ მოთხოვნებს და ხშირ შემთხვევაში, სიხარბეს, ვინმე სხვა დააკმაყოფილებს.

ჩემი აზრით, როცა საქმე ეხება ეთნიკურ უმცირესობებს, სამოქალაქო უფლებებს, ეკლესიას უფრო იმპერიალისტური და არასამოქალაქო წარმოდგენები აქვს, ხოლო თანამედროვე ქართულ სახელმწიფოს - უფრო სამოქალაქო. პოლიტიკოსების რიტორიკაში თანდათან იდევნება ეთნიკურობაზე აქცენტის დასმა, პრაქტიკულად აღარ გვხვდება ნაციონალისტური, წმინდა ნაცისტური ხასიათის გამონათქვამები. საზოგადოებაც მეტ-ნაკლებად მობილიზებულია, არ დაუშვას მსგავსი გამონათქვამები. საერთოდ, მართლმადიდებლობა, სოციალურად განუვითარებელია - არ აქვს სოციალური მოძღვრება. არ გააჩნია დოქტრინა, როგორი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს სახელმწიფოსთან და საზოგადოებასთან. არ ვიცით, რა წარმოდგენები აქვს ეკლესიას სოციალური ცხოვრების, სოციალური სამართლიანობის შესახებ.

  • უმცირესობები ახსენეთ. როგორ ფიქრობთ, ტოლერანტულია ქართული საზოგადოება?

ქართული ტოლერანტობა ძალიან დიდი მითია, რომელიც სჭირდება ყველას - ხელისუფლებას, საზოგადოებას, სჭირდება ნაციონალურ სახელმწიფოს. ჩვენ ვიგონებთ მითებს, რომ მე-12 საუკუნეში დემოკრატია გვქონდა. ჩვენნაირი საზოგადოებები გამწარებით ეძებენ საყრდენს წარსულში, რომ თანამედროვე მდგომარეობას მოუძებნონ საფუძველი.

  • თუმცა ტოლერანტობის „მითს” საფუძველიც უნდა ჰქონდეს.

მითის საფუძვლად მიაჩნიათ ის, რომ თბილისში ერთად დგას სინაგოგა, სხვადასხვა კონფესიების ეკლესია, მეჩეთი და ა.შ. როდესაც ეს ეკლესიები ააშენეს, არ არსებობდა ის, რასაც ერი-სახელმწიფო ჰქვია. მონარქიამ არ იცის, რა არის ნაციონალიზმი - მონარქი ყველას მონარქია, ყველას ხელს გაუწოდებს, ვინც მის სუვერენობას აღიარებს. რახან ნაციონალური სახელმწიფო არ გვქონია, არ ვიცით, ტოლერანტულები ვართ თუ არა, ან ვიყავით თუ არა.

უმრავლესობამ უკან უნდა დაიხიოს და დათმოს, როცა ეთნიკურ ჯგუფებს ეხება საქმე, მსგავსი შეგნება არ არსებობს - ეს შეურაცხყოფად აღიქმება.

ჩვენ ვერ შევძელით სისტემის შექმნა, წესრიგის ფორმირება, არ გვაქვს მკაცრი, კარგად აწონ-დაწონილი, გააზრებული წარმოდგენა წესრიგზე - შესაბამისად, არ გვაქვს წარმოდგენა, რას ნიშნავს თავისუფლება. თავისუფლება გვესმის, როგორც თვითნებობა, ხოლო წესრიგი, როგორც ძალადობა. ამიტომ სკოლაში არიან მანდატურები, რომლებიც ახალგაზრდების ასოციალურობას ბოჭავენ, ხოლო საზოგადოება აღიქვამს, როგორც მათ შვილებზე ძალადობას. თუ ამას მოვაშორებთ, მივიღებთ დაღუპულ ახალგაზრდებს, რადგან არც მათ და არც მშობლებს, სოციალური წესრიგის გენერირება და შექმნა არ შეუძლიათ. ჩვენი საზოგადოებისთვის თავისუფლება ფამილარობას ნიშნავს, ხოლო ხელისუფლებისთვის წესრიგი გაიგება მაქსიმალურად. ეს უპირისპირდება და გამორიცხავს ერთმანეთს.

10 სავალდებულო დაზღვევა

▲ზევით დაბრუნება


ეკონომიკა

ელენე კვანჭილაშვილი, მარიკა მხეიძე

0x01 graphic

ფოტო: REUTERS ©

პრეზიდენტ ობამას მიერ გამოცემული ხელმისაწვდომი ჯანდაცვის აქტი, მისი დამტკიცების დღიდან კამათის და უკმაყოფილების საგანია. აქტი სრულად 2014 წლიდან ამოქმედდება და საყოველთაო დაზღვევის ვალდებულებას ითვალისწინებს. ის, ვინც უარს იტყვის, დაჯარიმდება. დღეს ამერიკაში მილიონობით ადამიანს სამედიცინო დაზღვევა არ აქვს. ნაწილი ახალგაზრდა და ჯანმრთელია, შესაბამისად, ამაში ფულის დახარჯვა არ უნდა. ზოგს კი ხელს ფინანსების ნაკლებობა უშლის.

სულ ახლახან, მას კიდევ ერთი სადავო თემა დაემატა - აქტის საფუძველზე აშშ-ის ჯანდაცვის მინისტრმა ბრძანება გამოსცა. მისი მიხედვით, ეკლესიების მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციებს, იქნება ეს საავადმყოფო, სასწავლებელი, თუ სხვა რამ, საკუთარი თანამშრომლებისთვის ისეთი სადაზღვევო პაკეტის შეძენა დაევალათ, რომელიც აბორტის და კონტრაცეფციის ხარჯების დაფარვასაც გულისხმობს. ეს მაშინ, როდესაც ბევრი კონფესიისთვის აბორტი და კონტრაცეფცია მორალურად მიუღებელია. გასაკვირი სულაც არ არის, რომ რელიგიურმა ორგანიზაციებმა გადაწყვეტილება სინდისზე ძალადობად მონათლეს.

ობამა გამოუვალ სიტუაციაში აღმოჩნდა - საარჩევნო წელს მას არც მორწმუნე ამომრჩევლის დაკარგვა სურს და არც ფემინისტების განაწყენება. პრეზიდენტი ერთგვარ კომპრომისზე წავიდა - რელიგიურ დაწესებულებებს პირდაპირი მოთხოვნა მოუხსნა. სამაგიეროდ, მან სადაზღვევო კომპანიები დაავალდებულა, რომ ამ ორგანიზაციების თანამშრომლებს აბორტისა და კონტრაცეფციის მომსახურება უფასოდ შესთავაზონ. ობამას ბუღალტრული ილეთი, რელიგიურმა ორგანიზაციებმა სწორი მიმართულებით გადადგმულ, მაგრამ არასაკმარის ნაბიჯად მიიჩნიეს. ბუნებაში უფასო არაფერია. შესაბამისად, სავარაუდოდ, სადაზღვევო კომპანიები აბორტისა და კონტრაცეფციის ღირებულებას, საბოლოო ჯამში, მაინც რელიგიურ ორგანიზაციებს დააკისრებენ. ბუღალტრულ საბუთებში კი ამას არ მიუთითებენ.

ეს თემა, ობამას სადაზღვევო ინიციატივის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟის მცირე დეტალია. ამჟამად, ხელმისაწვდომი ჯანდაცვის აქტის განხილვა უზენაეს სასამართლოში მიმდინარეობს. ამერიკის 26 შტატი მოცემული კანონის არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს. ერთი მხრივ იმიტომ, რომ, მათი მტკიცებით, ხელმისაწვდომი ჯანდაცვის აქტით ფედერალური მთავრობა შტატის უფლებამოსილებაში იჭრება. ჯანდაცვისა და დაზღვევის რეგულირება კი შტატის პრეროგატივას წარმოადგენს. მეორე მიზეზი კი ისაა, რომ კანონი ინდივიდუალურ თავისუფლებას ლახავს. მოწინააღმდეგეები შიშობენ, რომ ამ ტენდენციის ლოგიკურ გაგრძელებად, შესაძლოა, თითოეული ამერიკელისთვის ყოველდღიურად ბოსტნეულისა და ხილის მიღების ვალდებულება მივიღოთ.

ობამას ადმინისტრაცია ამტკიცებს, რომ გადაწყვეტილება მართებულია, რადგან ბაზარი ჯანმრთელობის დაზღვევის ხელმისაწვდომობას ვერ უზრუნველყოფს.

არჩევანის თავისუფლება, ისტორიულად, ამერიკის ჯანდაცვის მთავარი პრინციპი იყო. ინდივიდები საკუთარ ჯანდაცვაზე თავად აგებდნენ პასუხს და არჩევანიც მათ ხელში იყო - სურდათ დაზღვევას შეიძენდნენ, სურდათ თითოეულ შემთხვევაში საკუთარი ჯიბიდან გადაიხდიდნენ. როგორც მილტონ ფრიდმანი თავის ერთ-ერთ სტატიაში იხსენებს, საავადმყოფოში მოხვედრის შემთხვევაში, პირველი კითხვა იყო „რა გჭირთ?” და არა - „რა ტიპის დაზღვევით სარგებლობთ?”.

მეორე მსოფლიო ომის დროს მდგომარეობა შეიცვალა - დაწესდა ფასებისა და ხელფასების კონტროლი. დამსაქმებლებს აეკრძალათ თანამშრომლებისთვის სახელმწიფოს მიერ განსაზღვრულ განაკვეთზე მაღალი ხელფასის მიცემა. ამან კადრების მოზიდვისა და შენარჩუნების პრობლემა შექმნა. თუმცა, საკანონმდებლო ხვრელი იოლად მოიძებნა - დამსაქმებლებმა თანამშრომლებისთვის არაფულადი სიკეთეების შეთავაზება დაიწყეს. მათ შორის ყველაზე გავრცელებული, ჯანმრთელობის დაზღვევა აღმოჩნდა. არსებული რეალობა კონგრესმაც გაითვალისწინა - დამსაქმებელს თანამშრომლების ჯანმრთელობის დაზღვევაში გადახდილი ფული იმ ხარჯში ჩაუთვალა, რომლის გამოქვითვაც მოგების გადასახადიდან მოხდებოდა. ინდივიდუალური დაზღვევის მყიდველს საგადასახადო შეღავათი არ შეხებია.

საგადასახადო რეჟიმებს შორის უთანასწორობის შედეგად, თითქმის ყველა, სამედიცინო დაზღვევას დამსაქმებლის მეშვეობით იღებს. მათ ინდივიდუალური პაკეტის შეძენის სტიმული დაკარგული აქვთ. ეს ვითარება, სამედიცინო მომსახურების ღირებულების ზრდის ერთ-ერთი განმაპირობებელი გახდა. პაციენტებს სამედიცინო მომსახურების ხარჯებს დამსაქმებელი უფარავს. შესაბამისად, ისინი ფასების მიმართ ნაკლებად მგრძნობიარენი გახდნენ. ამან სამედიცინო დაწესებულებებს შორის, მომსახურების ღირებულების კუთხით კონკურენცია მკვეთრად შეასუსტა. დაზღვევის ფასი გაიზარდა, რამაც ეს პროდუქტი ბევრისთვის ხელმიუწვდომლად აქცია.

დაზღვევის ფასის მომატებას, კიდევ რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. ერთი ის, რომ შტატებს შორის კონკურენცია აკრძალულია - მომხმარებელს არ აქვს უფლება, სხვა შტატში მოქმედი კომპანიის უფრო იაფი პოლისი იყიდოს. ამასთანავე, ყველა სადაზღვევო კომპანია ვალდებულია, მინიმალურ პაკეტში შეიტანოს სამედიცინო შემთხვევათა ფართო კატეგორია. პაკეტი სავალდებულოა. შესაბამისად, გამოდის, რომ მისი მყიდველი იმაზე მეტს იხდის, ვიდრე მაშინ გადაიხდიდა - მისთვის არასასურველი დამატებითი სერვისები გათვალისწინებული რომ არ ყოფილიყო. კიდევ ერთი მიზეზი, რაც სადაზღვევო მომსახურების გაძვირებას იწვევს, სასამართლოა. საქმე ისაა, რომ ამერიკული კანონმდებლობა არ აწესებს ლიმიტს მორალური ზიანის ასანაზღაურებლად. შეერთებულ შტატებში ხშირად ჩივიან სამედიცინო შეცდომის გამო. არცთუ იშვიათად, სასამართლოს მიერ სამედიცინო დაწესებულებაზე დაკისრებული ჯარიმა, ასტრონომიულ მასშტაბებს იღებს. ეს ორგანიზაციები იძულებულნი არიან, ერთი მხრივ, შეიძინონ სასამართლო დაზღვევა; მის ღირებულებასაც, საბოლოო ჯამში, ისევ მომხმარებელი იხდის. მეორე მხრივ, დაუდევრობაში ბრალდების თავიდან ასაცილებლად, პაციენტებს არასაჭირო პროცედურებს უტარებენ. კვლევები მოწმობს, რომ სამედიცინო ხარჯების მესამედი სწორედ ასეთ თავდაცვით მკურნალობაზე მოდის.

შეერთებული შტატების მოსახლეობა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინშია. განაჩენი ზაფხულამდე გახდება ცნობილი.

11 გადაგვარჩენს თუ არა სოფლის მეურნეობა?

▲ზევით დაბრუნება


გია ჯანდიერი|სვეტი

0x01 graphic

ამ თემას იმიტომაც მივუბრუნდი, რომ აღმოვაჩინე, საქართველოში არა მხოლოდ ქართველები, არამედ უცხოელებიც მისი პროპაგანდით არიან დაკავებული. ქართველებისაგან განსხვავებით - რომელთაც არითმეტიკის ცოდნა დავუწუნე ამას წინათ - შესაძლებელია იფიქრო, რომ უცხოელები, წესით, უფრო კარგად უნდა ერკვეოდნენ, რამდენადაა შესაძლებელი აგრარული სექტორის წარმატება. სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ ასე არ არის, თუმცა ქვემოთ მოცემული ინფორმაცია მათთვის ცნობილი უნდა იყოს, რაიმე ფორმით მაინც.

ქართველები, რომელთაც უცხოეთში არ უმოგზაურიათ, ვერ წარმოიდგენენ, რა ხარისხობრივი განსხვავებაა ჩვენსა და იქაურ აგრარულ წარმოებას შორის. ჩვენი ექსპერტებისა და „მარშრუტკებში” მოჭორავე ადამიანების აზრით, აგრარული სექტორის გადარჩენა მარტივია: ხორბლის თესლის დარიგება გლეხებისთვის, მექანიზაციის (წმინდა კომუნისტური პერიოდის ტერმინოლოგიაა) ან მელიორაციის განვითარება, საწვავის დარიგება, მოსავლის სახელმწიფოს მიერ შესყიდვა-ჩაბარება, მინერალური სასუქებით მომარაგება და სხვა.

ამ დროს, როგორც ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდისას გავერკვიე, გლეხს ეს საკითხი აშკარად უფრო კარგად ესმის. მას საქმის წამოწყება საერთოდ არ უნდა, მანამდე სანამ გასაღების ბაზარს არ გაარკვევს. ამით საკმაო ეკონომიკურ გამჭრიახობას ამჟღავნებს კიდეც - უფრო მეტს, ვიდრე ბევრი ექსპერტი.

აღნიშნულ საკითხზე უკვე ბევრი ვისაუბრე ადრე. ახლა გამოცდა სხვა პოსტულატს მოვუწყოთ. რას მოგვცემს საერთოდ სოფლის მეურნეობის განვითარება, თუნდაც ყველაზე წარმატებულ ტექნოლოგიებსა და მენეჯმენტს რომ ვეზიაროთ - თანაც გამოვტყდებით, ეს არცთუ ისე მალე მოხდება, ცოდნისა და რესურსების უკმარობის გამო. საერთოდაც რას ნიშნავს წარმატებული აგრარული სექტორი? რომელი ქვეყნებია ყველაზე წარმატებული? რამდენად პროდუქტიული და ეფექტიანია მათი წარმოება?

ამ ანალიზისათვის ყველაზე ხელმისაწვდომი, აშშ-ის ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს მონაცემებია (CIA Fact-Book). ირკვევა, რომ მსოფლიოში ყველაზე პროდუქტიული ქვეყნები აგრარულ სექტორში აშშ, კანადა და ავსტრალიაა. მათთვის, მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა, ერთ დასაქმებულზე გადათვლით აგრარულ სექტორში 100 ათას დოლარს აჭარბებს. მეორე ეშელონში არიან დასავლეთევროპული ქვეყნები და იაპონია, რომელთათვისაც იგივე მონაცემი 30 ათასიდან 50 ათას დოლარამდე მერყეობს. საქართველოს მაჩვენებელი მეტისმეტად სუსტია - დაახლოებით 1.6 ათასი დოლარი, ხოლო ჩვენი მეზობლების, თურქეთისა და რუსეთის - 10 ათას დოლარზე მეტი. პირველი რიგის ქვეყნების ლიდერობა, როგორც ჩანს, აგრარული მიწის გაცილებით უფრო დიდი ფართით აიხსნება, რომელიც თითოეულ ფერმერს ეკუთვნის. ევროპა და საქართველოც უფრო მცირემიწიანია. ამითვე შეიძლება აიხსნას რუსეთის შედარებითი წარმატება. ხოლო თურქეთი, რომელიც დიდ ყურადღებას უთმობს აგრარულ სექტორს, ამავე და სხვა მიზეზით ჯერჯერობით მეტ წარმატებას ვერ აღწევს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ აგრარული სექტორის სუბსიდირებით ევროკავშირი ლიდერობს. თუმცა ამის შესაძლებლობას მას მისი სიმდიდრე აძლევს.

ზემოთქმული უკვე საკმაოდ მრავლისმეტყვლია: ქართული სოფლის მწარმოებლურობა 20-ჯერ დაბალია, ვიდრე ევროპის. ამის მიზეზი ძირითადად ეკონომიკურია - მაგალითად, ჩვენი მსგავსი თურქეთის დონის მისაღწევად, მწარმოებლურობა 7-8-ჯერ მაინც უნდა გავზარდოთ. ეს მაინც არ იქნება იმის საწინდარი, რომ მაღალ კონკურენტუნარიანობას მივაღწიოთ. ბაზარზე ფასები უბრალოდ თვითღირებულების მიხედვით რომ დგინდებოდეს (როგორც ეს კლასიკური ეკონომიკის მიმდევრებს ეგონათ), რამდენჯერაც მწარმოებლურობა დაბალია, იმდენჯერ მაღალი უნდა იყოს თვითღირებულებც და ფასიც. თუმცა, ფასი სუბიექტურია და ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდების მიხედვით დგინდება. ამის შედეგად ყველაზე მეტ ზიანს ის იღებს, ვისაც პროდუქცია ძვირი დაუჯდა და იძულებულია გაცილებით იაფად გაყიდოს. სწორედ ესაა აგრარულ სექტორში სუბსიდიების გაცემისას ევროპის ამგვარი მონდომების მიზეზი.

საინტერესოა ამ საკითხის მეორე მხარე - როგორ შეიძლება ევროპასა და საქართველოში იმავე პროდუქტიულობის მიღწევა? მაგალითად, აშშ-ის დონეზე მიწის ნაკვეთების კიდევ უფრო მეტად გამსხვილებით. თუმცა, ამ შემთხვევაში, მათ მოუწევთ რამდენიმე ასეული ათასი დასაქმებულის გამოთავისუფლება. საილუსტრაციოდ შევხედოთ ასეთ მონაცემებს - აგრარულ სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა და პროპორცია საერთო დასაქმებულთა შორის, და აგრარული სექტორის როლი მშპ-ში, სხვადასხვა ქვეყნებში:

აშშ - - - - - - - - - - - - - - - 1 მილიონი, 0.7%25, 1.2%25
ავსტრალია - - - - - - - - - - 0.4მ., 3.6%25 3.9%25
ბრიტანეთი - - - - - - - - - - - 0.4 მ., 1.4%25, 0.7%25,
გერმანია - - - - - - - - - - - - 1 მ., 2.4%25, 0.9%25
საფრანგეთი - - - - - - - - - - 1მ., 3.8%25, 1.7%25
თურქეთი - - - - - - - - - - - - 6.6მ., 30%25, 10%25
რუსეთი - - - - - - - - - - - - - 7მ., 10%25, 4%25
ჩინეთი - - - - - - - - - - - - - - -300მ., 39%25, 10%25
საქართველო - - - - - - - - - - -0.9მ., 55%25, 10%25

ახლა, არითმეტიკა გავიხსენოთ და ამ რიცხვების მოშველიებით შევეცადოთ გავარკვიოთ, რა შედეგი ექნებოდა საქართველოსათვის აგრარულ სექტორში ინვესტირებას, ყველაზე მაღალი ტექნოლოგიებისა და ხარისხიანი მენეჯმენტის გამოყენებას.

1. მაღალი პროდუქტიულობა მიიღწევა მხოლოდ იმ ქვეყნებში, სადაც აგრარულ სექტორში დასაქმებულთა პროპორცია საერთო დასაქმებულთა შორის ნაკლებია, ვიდრე 5%25.

2. უფრო მაღალი შედეგის მიღწევა შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ ერთ დასაქმებულზე მეტი სამოქმედო ტერიტორიაა.

3. აგრარულ სექტორში მაღალი მწარმოებლურობის ქვეყნებში ამ სექტორს უკავია საერთო მშპ-ის 5%25-ზე ნაკლები.

განვითარების დღევანდელი დონის, სიჩქარისა და რესურსული შესაძლებლობების გამო, საქართველო, ყველაზე კარგი პერსპექტივით, 15-20 წელიწადში დაეწევა თურქეთის დღევანდელ დონეს პროდუქტიულობის თვალსაზრისით. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი აგრარული მშპ ფაქტობრივად გაოთხმაგდება. ეს, ამავდროულად, აგრარულ სექტორში დასაქმებულთა 25%25-ით შემცირებას გამოიწვევს. უმუშევართა რიცხვს უნდა შეემატოს 400 ათასი ადამიანი. აგრარული სექტორის ასეთი ბუმის პირობებში, გამოთავისუფლებული სამუშაო ძალის მისაღებად დანარჩენი სექტორები უნდა გაიზარდოს ისეთი სიჩქარით, რომ თურქულ ეკვივალენტს მიაღწიოს. ანუ დღევანდელთან შედარებით დაახლოებით 4-ჯერ უფრო მეტად. სხვა შემთხვევაში, სერვისებისა და მრეწველობის სექტორები 400 ათასი ადამიანის დასაქმებას ვერ მოახერხებს.

აქ ბუნებრივად გაჩნდება კითხვა, რისთვისაც ეს მთლიანი ტექსტი დავწერე: თუ ეს ყველაფერი იმისთვის უნდა მოხდეს, რომ აგრარული სექტორის წილი მშპ-ში კვლავ 10%25 შევინარჩუნოთ, მშპ ერთ დასაქმებულზე აგრარულ სექტორში 10000 დოლარამდე, ხოლო დანარჩენ ინდუსტრიებში 40000 დოლარამდე უნდა გავზარდოთ, ხომ არ სჯობს, შევეშვათ აგრარული სექტორის პროპაგანდას და ჯერ დანარჩენ სექტორებს მივხედოთ ამის ნაცვლად, რათა იქ მივაღწიოთ მაღალ შედეგებს? და მზად ვიყოთ აგრარული სექტორიდან გამოთავისუფლებულთა მისაღებად?

0x01 graphic

12 ომი დასასრულის გარეშე

▲ზევით დაბრუნება


ტაბულა|ფოკუსი

ნინი გოგიბერიძე

0x01 graphic

23 თებერვალს, რუსეთის ფედერაცია სამშობლოს დამცველის დღეს ზეიმობს. ჩეჩნეთში ამ მოვლენას განსხვავებული ემოციით ხვდებიან.

68 წლის წინ, სწორედ 23 თებერვლის ღამეს, საბჭოთა რეჟიმმა ჩეჩენი და ინგუში ხალხის შუა აზიაში დეპორტაცია დაიწყო. მასში НКВД-ს, НКГБ-სა და სამხედრო კონტრდაზვერვის СМЕРШ-ის ათასობით ოპერატიული თუ საჯარისო დანაყოფი მონაწილეობდა. ერთ დღე-ღამეში, 400 ათასზე მეტი ჩეჩენი და ინგუში, საკვების, სასმელისა და სამედიცინო დახმარების გარეშე, წინასწარ გამზადებულ სარკინიგზო ეშელონებში მოათავსეს. ისინი ყაზახეთისა და ყირგიზეთის უკაცრიელი სტეპების გზას გაუყენეს.

დეპორტირებულთა დაახლოებით 10%25 გზაშივე დაიღუპა. ხალხში ტიფი გავრცელდა. გარდაცვლილებს მატარებლის ლიანდაგებთან, თოვლში მარხავდნენ - ტრანსპორტიდან 5 მეტრზე მეტი მანძილით დაშორება, ადგილზე დახვრეტით ისჯებოდა. გადასახლებულთა მდგომარეობას მგზავრობის ხანგრძლივობაც ამძიმებდა. 1944 წლის თებერვალში დაძრული პირველი ეშელონი, დანიშნულების ადგილზე, მხოლოდ მარტის შუა რიცხვებში ჩავიდა.

სტალინური დეპორტაცია მრავალ ეთნოსს შეეხო: მათ შორის ინგუშებს, ყარაჩაელებს, ბალყარელებს, ყალმუხებს, ყირიმის თათრებს, ე.წ. თურქ-მესხებს, კორეელებს, ფინელებს და სხვებს. ჩეჩნების შემთხვევა დანარჩენებისგან იმით გამოირჩევა, რომ მათი ტრაგედია დღემდე არ დასრულებულა - დაწყებით კი სტალინამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო.

0x01 graphic

ჩეჩნების 1944 წლის თებერვლის დეპორტაციის ქრონიკა

ჩრდილო კავკასიაში რუსები 1801 წლიდან გააქტიურდნენ - მას შემდეგ, რაც ცარისტულმა იმპერიამ საქართველო საბოლოოდ დაიპყრო. დაჩქარდა სამხედრო გზის მშენებლობა, რომლითაც „დედა რუსეთი” ახალ კოლონიას დაუკავშირდებოდა. გზის გაყვანისას, მიმდებარე სოფლები, მათ შორის ჩეჩნეთში, გადაწვეს. მათი მობინადრეები კი გადაასახლეს. თუმცა კავკასიის მთიანეთის დამორჩილების ინტენსიური კამპანია მოგვიანებით დაიწყო - მაშინ როდესაც რუსეთმა თურქეთთან, სპარსეთთან და ნაპოლეონის წინააღმდეგ ომი დაასრულა.

კოლონიზაციის პროცესში, რუსეთის იმპერია, ერთი მხრივ, „ცეცხლისა და მახვილის” პოლიტიკას ატარებდა, მეორე მხრივ კი, დაპყრობილი ხალხების მმართველი ფენის მოსყიდვას ცდილობდა. ელიტის სახით დასაყრდენი რუსებმა ჩეჩნეთში ვერ მოძებნეს, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ასეთი რამ იქ არ არსებობდა. ჩეჩნური საზოგადოება ნაკლებად იერარქიული იყო. ის ძირითადად კლანების, იგივე ტეიპების სახით გახლდათ მოწყობილი - მილიონნახევრიან ჩეჩნეთში დღემდე 150-ზე მეტი ტეიპია. შესაბამისად, ამ ხალხის დაპყრობა რუსებს ძალიან დიდი ფასი დაუჯდათ.

ჩეჩნურ წინააღმდეგობას სოციალურის გარდა რელიგიური ფაქტორებიც ასაზრდოებდა. საგულისხმოა, რომ წარმართული ტრადიციები, ჩეჩნეთში ისლამმა გვიან, XVIII-XIX საუკუნეებში ჩაანაცვლა. აქ სუფისტური ისლამის რამდენიმე ორდენი, იგივე ტარიკატები გავრცელდა. მათ შორის ყველაზე გავლენიანი ნაკშბანდი იყო. ამ მიმართულებამ ცარიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. შამილი სწორედ ნაკშბანდის მიმდევარი იყო.

რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, ჩეჩნები 1834 წელს დაღესტნელი რელიგიური ლიდერების მიერ დაწყებულ ომს შეუერთდნენ. მათ, შამილის ხელმძღვანელობით, ერთიანი თეოკრატიული სახელმწიფო, ე.წ. იმამატი შექმნეს.

ჩრდილო კავკასიის კოლონიზაციის პროცესში ქართველებს გამორჩეული როლი ჰქონდათ. თავადაზნაურობის დიდმა ნაწილმა, განსაკუთრებით 1832 წლის შეთქმულების გაცემის შემდეგ, ცარისტულ რუსეთს აღუთქვა ერთგულება. საუკუნეების მანძილზე ლეკიანობით შეწუხებული ქართველები ჩრდილოკავკასიელებთან რუსეთის მხარდამხარ იბრძოდნენ. შამილის წინააღმდეგობის ჩახშობაში, თავი განსაკუთრებით გრიგოლ ორბელიანმა გამოიჩინა. პოეტის სამხედრო ღვაწლი რუსეთის იმპერიის ხელისუფლებამ არაერთი ჯილდოთი აღნიშნა - გარკვეული დროით ის კავკასიის მთავარმართებლადაც დაინიშნა.

შამილის შემდეგ ჩეჩნეთში სუფისტური ისლამის სხვა ორდენი - კადირია გავრცელდა. ბოლშევიკების მოსვლამდე კადირიას დიდი გავლენა ჰქონდა. განსხვავებით ნაკშბანდისგან, რომელიც ღმერთთან მიახლოების გზას საზოგადოების გარდაქმნაში ხედავდა, კადირია ადამიანის შინაგან სამყაროზე იყო ორიენტირებული. ეს გარემოება ხელს აძლევდა რუსეთს, ჩეჩნეთში სიმშვიდისა და მორჩილების უზრუნველსაყოფად.

ჩეჩნები ბოლშევიკების გამოჩენას ცუდად არ შეხვედრიან. მათი საერთო მტერი ცარიზმი იყო. ბოლშევიკებიც, თავისი მხრივ, არ ერჩოდნენ მანამდე, სანამ თეთრ არმიას საერთო ძალებით უმკლავდებოდნენ. რუსეთში სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ, კავკასიის მთიანეთის სოვიეტიზაციის პროცესში, პირველმა წინააღმდეგობებმა იჩინა თავი. 20-იანი წლების მანძილზე, ამბოხებების ახალმა ტალღამ იფეთქა და წლების მანძილზე გაგრძელდა. ამ დროს უკავშირდება ჩეჩნებისთვის „ბანდიტების” იარლიყის მიკერება და მთელი ხალხის კრიმინალებად გამოცხადება.

სტალინს ჩეჩნური საკითხის საბოლოო გადაწყვეტა სურდა. საბაბი მეორე მსოფლიო ომმა მისცა. საბჭოთა ხელისუფლებამ ჩეჩნები ნაცისტურ გერმანიასთან კოლაბორაციონიზმში დაადანაშაულა. ამ საფუძვლით ჩეჩნეთ-ინგუშეთის ავტონომიური რესპუბლიკა გააუქმეს, თითქმის მთელი მოსახლეობა კი ცენტრალურ აზიაში გადაასახლეს.

პარადოქსია, თუმცა ფაქტია, რომ ჩეჩნების ეროვნული თვითშეგნების ამაღლებას, უნებლიეთ, სწორედ რეპრესიებმა შეუწყო ხელი. საერთო, ეთნიკურმა ტრაგედიამ, გააძლიერა ეროვნული სოლიდარობა.

0x01 graphic

იმამი შამილი შვილთან და სიძეებთან ერთად

დეპორტირებულების რეაბილიტაცია 1956 წელს, ხრუშჩოვის პერიოდში დაიწყო. გადარჩენილი ჩეჩნების დაახლოებით 80%25 უკან დაბრუნდა. თუმცა საბჭოთა ხელისუფლებისთვის ეს რეგიონი კვლავ პრობლემად რჩებოდა. კომუნისტურ პარტიაში პროცენტულად ძალიან ცოტა ჩეჩენი გაწევრიანდა; უმრავლესობას არ ჰქონდა უმაღლესი განათლება; მოსახლეობას ამ პერიოდშიც ისევ ტეიპები აერთიანებდა, ეს უკანასკნელნი კი გავლენის მოსაპოვებლად ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ.

თუმცა, ჩეჩნეთის პრობლემამ, ახალი სიმძლავრით თავი საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად იჩინა. სწორედ ამ პერიოდში იფეთქა ეროვნულ-განმათავისუფლებელმა მოძრაობამ, რომლის სათავეშიც არა ინტელექტუალური ელიტა, არამედ სამხედროები აღმოჩნდნენ. დუდაევი, რომელიც მოგვიანებით დამოუკიდებელი ჩეჩნეთის პირველი პრეზიდენტი გახდა, საბჭოთა სამხედრო-საჰაერო ძალების გენერალი იყო. მან ადვილად მოახერხა სრულიად დეზორგანიზებული რუსული ჯარის გაუვნებელყოფა და ჩეჩნეთიდან გასტუმრება - 1992 წელს, იქ რუსი ჯარისკაცი აღარ იდგა.

ჩეჩნეთს სახელმწიფოს მშენებლობის გამოცდილება არ ჰქონია. დაიწყო კლანთაშორის დაპირისპირება, რასაც კრემლიც უწყობდა ხელს. რუსებმა ოპოზიციის შეიარაღებაც მოახერხეს. მაგრამ პრორუსული კლანები დამარცხდნენ. ამ ფონზე, 1994 წლის 1 დეკემბერს, მოსკოვმა ინტერვენციის გადაწყვეტილება მიიღო.

0x01 graphic

ჯოხარ დუდაევი

0x01 graphic

ასლან მასხადოვი

0x01 graphic

რამზან კადიროვი

პირველმა ჩეჩნურმა ომმა წელიწადი და 9 თვე გასტანა. რუსეთმა ვერ მოახერხა ჩეჩნეთის დაპყრობა და ამ ბრძოლაშიც დამარცხდა. დღემდე უცნობია, თუ რამდენი რუსი სამხედრო და მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა საბრძოლო მოქმედებებს. შედეგად, ხასავიურტის შეთანხმებას მოეწერა ხელი, რაც რუსეთის არმიის გაყვანას, ჩეჩნეთის სტატუსზე მოლაპარაკების დაწყებას, მანამდე კი მის დე ფაქტო დამოუკიდებლობასთან შეგუებას გულისხმობდა.

ჩეჩნების ნაწილობრივი წარმატება რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა: ისინი შინ იბრძოდნენ. გარდა ამისა, რუსეთის არმიას არ გააჩნდა შესაბამისი მოტივაცია, ყვაოდა კორუფცია, გაჩაღებული იყო იარაღით ვაჭრობა. ტყვია-წამალი ფულზე ან ალკოჰოლზე იცვლებოდა. ამ პერიოდში რუსეთში ჯერ კიდევ არსებობდა თავისუფალი პრესა. მედია მკაცრად აკრიტიკებდა რუსეთის პოლიტიკას და ხელს უწყობდა ჩეჩნების მიმართ სიმპათიების გაღვივებას - როგორც რუსულ, ისე საერთაშორისო საზოგადოებაში.

თუმცა ეს ბრძოლა ცალსახა წარმატებით ვერ დაგვირგვინდა. კლანებს შორის სისხლიანმა დაპირისპირებამ, ჩეჩნური საზოგადოების ნაციონალისტური იდეის ირგვლივ გაერთიანება შეუძლებელი გახადა.

ამ ფონზე, ასპარეზზე რელიგიური ფაქტორი გამოდის. ამჟამინდელი პრეზიდენტის მამამ, აჰმად კადიროვმა, როდესაც იგი ჩეჩნეთის მთავარი მუფტი იყო, რუსეთის წინააღმდეგ საღვთო ომი - ჯიჰადი გამოაცხადა. ამავე ეტაპზე დაიწყო რუსეთის წინააღმდეგ რელიგიური ბრძოლის ინტერნაციონალიზაცია. ტრადიციული სუფისტური ისლამის გვერდით ვაჰაბიტები გამოჩნდნენ და უუფლებო ახალგაზრდების დიდი ნაწილის მიმხრობა შეძლეს. ჩეჩნეთში ბევრი ემისარი ჩავიდა სხვადასხვა ისლამური ქვეყნიდან. მათი მეშვეობით, ახალგაზრდა ჩეჩნები სასწავლებლად სპარსეთის ყურის სახელმწიფოებში და პაკისტანში გაემგზავრნენ. ისინი უკან რადიკალური იდეოლოგიით შეიარაღებულები დაბრუნდნენ.

0x01 graphic

უსული ტანკების კოლონა გროზნოს მისადგომებთან. 1995

ვაჰაბიტების გაძლიერებამ შიდა რელიგიური განხეთქილება გამოიწვია. ამან, ჩეჩნების ნაწილს, ძირითადად სუფისტური ტარიკატების მიმდევრებს, ვაჰაბიტების წინააღმდეგ, რუსების მხარეს გადასვლისკენ უბიძგა.

ჩეჩნური წინააღმდეგობის ფორმატი მთლიანად შეიცვალა. დამოუკიდებელი ეროვნული სახელმწიფოს შექმნა მეორე პლანზე გადავიდა და ბრძოლის მთავარ მიზნად იმარატის თეოკრატიული სახელმწიფოს შექმნა გამოცხადდა. კონვენციური ომი ტერორისტულმა კამპანიამ ჩაანაცვლა.

ნორდ ოსტისა და ბესლანის ტრაგედიებმა, წინააღმდეგობას დაღი დაასვა და ჩეჩნებს თავისუფლებისთვის მებრძოლი, ჩაგრული ერის იმიჯი მოუსპო. ცხადია, რომ ეს ყველაფერი ტიბეტის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლისგან შორს დგას. არც ჩეჩენი ბოევიკები ჰგვანან ბუდისტ ბერებს.

რუსეთის ხელისუფლება ჩეჩნეთში შექმნილ ვითარებას საკუთარი პოზიციების გასაძლიერებლად იყენებდა. ელცინის შერყეული ავტორიტეტისა და საზოგადოებრივი უკმაყოფილების ფონზე, ჩეჩნებისგან საფრთხობელას შექმნა დაიწყო. ყველას გვახსოვს რუსეთის

სხვადასხვა ქალაქში საეჭვოდ აფეთქებული საცხოვრებელი სახლები, რაც ჩეჩენ რადიკალებს დაბრალდათ. ამას დაემატა „აფხაზეთის გმირის”, შამილ ბასაევის გადასვლა დაღესტანში, რაც რუსეთმა მეორე ჩეჩნური ომის დაწყების საბაბად გამოიყენა. სწორედ ამ ვითარებაში, ფედერალური უშიშროების სამსახურის უფროსი პუტინი დაწინაურდა. ის ჯერ პრემიერი გახდა, ხოლო შემდეგ - პრეზიდენტი.

მას შემდეგ 12 წელი გავიდა. პრემიერი პუტინი ისევ პრეზიდენტობისთვის ემზადება. უზარმაზარი მსხვერპლის მიუხედავად, ჩეჩნეთის საკითხი დღემდე არ მოგვარებულა. ჩრდილო კავკასიაში წლიდან წლამდე მატულობს როგორც დამნაშავეობის, ისე ტერორისტული აქტების სტატისტიკა. ქვეყანა, რომელსაც მსოფლიო პოლიტიკური პროცესების მართვის ამბიცია აქვს, ჩრდილო კავკასიის პატარა რეგიონში წესრიგს ვერ ამყარებს. კრემლი მოჩვენებით კონტროლს ადგილობრივი ლიდერების მოსყიდვის გზით ინარჩუნებს.

ჩეჩნეთის ამჟამინდელი მმართველი, უმცროსი კადიროვი, პუტინს ერთგულებას იმით უმტკიცებს, რომ ყოველ არჩევნებზე რუსეთის მმართველი პარტიის საარჩევნო ყულაბაში ჩეჩნური ხმების 100%25-ს აგდებს. რუსეთი მისგან დამოუკიდებლად ამ რეგიონში ვერაფერს აკეთებს, ხოლო კადიროვს სრული კარტ-ბლანში აქვს არა მხოლოდ ჩეჩნეთში, არამედ მოსკოვშიც კი.

ჩეჩნური კლანების თავგასულობა რუსულ ნაციონალიზმს ასაზრდოებს. ამას ემატება საზოგადოების ანტიკორუფციული განწყობა. ჩრდილოკავკასიური ელიტების გამოკვება რუსულ საშუალო კლასს მობეზრდა. მით უფრო, რომ ისინი ამაში დიდ ეფექტს ვერ ხედავენ: შეკავების ნაცვლად, ტერორიზმი ხომ თითქმის მთელ ქვეყანას მოედო.

ჩრდილოეთ საზღვარზე არასტაბილური ვითარება ჩვენი ქვეყნისთვისაც მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ბუნებრივია, საქართველო დაინტერესებულია მის მეზობლად მშვიდობიანი და კეთილგანწყობილი გარემო შეიქმნას. თუმცა, ქართველებსა და ჩეჩნებს არაერთი ნეგატიური მოგონება აქვთ დასაძლევი - ცარისტულ კოლონიზაციაში ქართველები მონაწილეობდნენ, ჩეჩნური ფორმირებები კი ჩვენ წინააღმდეგ ჯერ აფხაზეთში ომობდნენ, ხოლო შემდეგ აგვისტოს ომში გამოიჩინეს თავი.

სავარაუდოდ, ამ უარყოფითი მემკვიდრეობის დაძლევას ისახავს მიზნად საქართველოს ჩრდილოკავკასიური პოლიტიკა, რომელიც ახლა იდგამს ფეხს - შეღავათიანი სავიზო რეჟიმი, ჩრდილო კავკასიელებისთვის ქართულ უნივერსიტეტებსა და სკოლებში სწავლისა და სამეცნიერო მუშაობის შესაძლებლობა, ჩრდილოეთ კავკასიის საინფორმაციო იზოლაციის გასარღვევად ახალი სატელევიზიო არხის (ПИК) შექმნა, ჩერქეზი ხალხის გენოციდის აღიარება - ეს ყველაფერი ერთი ჯაჭვის რგოლებია. თუმცა, ფაქტია, რომ სისტემური ხედვა და თანმიმდევრული პოლიტიკა, საქართველოს ამ მიმართულებით ბოლომდე არ აქვს ჩამოყალიბებული.

0x01 graphic

გროზნო პირველი ჩეჩნეთის ომის შემდეგ. 1996

ნაკშბანდი - ერთ-ერთი სუფისტური ტარიკატი. მისი მისტიკური საფუძველი სუფი ბახა ად-დინა ნაკშბანდის (1318-1389) უკავშირდება. მეცხრამეტე საუკუნეში ამ მიმდინარეობამ ჩრდილოეთ კავკასიაში შეაღწია და ნაკშბანდიანა-ხალიდიად მოიხსენიება. ეს რელიგიური წარმოდგენები, სუფისტური სრულყოფილების მიღწევის დოქტრინისგან განსხვავებით, ინდივიდუალური და სულიერი ცხოვრების ასპექტებს ნაკლებ ყურადღებას უთმობს და სოციალურ აქტივობაზეა ორიენტირებული. მუსლიმებმა სოციალური უსამართლობის წინააღმდეგ უნდა იბრძოლონ - როგორც მუსლიმი მჩაგვრელების, ისე დამპყრობლის წინააღმდეგ. ნაკშბანდი შამილისა და ჩეჩენი ხალხის ბრძოლისუნარიანობის ერთ-ერთი რელიგიური საფუძველი იყო.

კადირია - ასევე სუფისტური ტარიკატია. ის სპარსმა აბდ ალ-კადირო ალ ჯილანიმ დააარსა (1077-1166). სუფიზმს ეთიკურ სწავლებად განმარტავს და მის თეოსოფიურ ელემენტებს არ აღიარებს. კადირია ჩრდილო კავკასიაში მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს, შამილის შემდეგ გავრცელდა. ამ მიმართულებისთვის, ნაკშბანდისგან განსხვავებით, სოციალური სამართლიანობისა და დამპყრობლის წინააღმდეგ ბრძოლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არ არის. კადირიასთვის უპირატესი ადამიანის სულიერი ცხოვრებაა.

ვაჰაბიზმი - შეგვიძლია პროტესტანტიზმს შევადაროთ, რომელიც ტრადიციულ რელიგიურ წეს-ჩვეულებებსა და რიტუალებს უარყოფს, არ აღიარებსსიწმინდეებსდა ალაჰის თაყვანისცემის უშუალო ფორმას ავრცელებს. ამ რელიგიური წარმოდგენების ჩრდილოეთ კავკასიაში დიდი წარმატებით გავრცელებას, სოციალური საფუძველი აქვს. იქ ტრადიციული ისლამი მუსლიმებს დიდ გადასახადებს აკისრებს. ქორწინების შეწირულობას ისინი რამდენიმე წლის განმავლობაში იხდიან. სავალდებულოა შეიხისთვის ფულის გადახდა, სიწმინდეების მოვლისთვის შესაწირის გაღება და . ამასთან, არ არსებობს ამ გადასახადებისგან თავის დაძვრენის საშუალებები - როგორც წესი, ყველამ კარგად იცის, თუ რამდენი ცხვარია შენს ფარაში. ვაჰაბიზმის მიღება ამ გადასახადების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯიც არის. ამიტომ, ის ჩრდილოეთ კავკასიაში პოპულარობით სარგებლობს.

13 ფოტოესე

▲ზევით დაბრუნება


WorldPress Photo-ს 2011 წლის გამარჯვებული ფოტო.
ავტორი: სამუელ არანდა - REUTERS ©

0x01 graphic

14 ტადიჩი ორ ცეცხლს შუა

▲ზევით დაბრუნება


მსოფლიო

სერბეთი

მიხეილ ბასილაია

0x01 graphic

სერბეთის პრეზიდენტ ბორის ტადიჩის პრობლემები ამინდმა უფრო გაართულა. დიდთოვლობისა და ყინვების გამო, ოცზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ტადიჩზე, ამინდის მსგავსად, არც მისი პოლიტიკური მომავალია დამოკიდებული. მარტის დასაწყისში ბრიუსელი გადაწყვეტს, მიანიჭებს თუ არა სერბეთს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს. შემდეგ კი ტადიჩს საპარლამენტო არჩევნები ელის. 14-15 თებერვალს კოსოვოს სერბებით დასახლებულ ჩრდილოეთ რაიონებში ჩატარებული რეფერენდუმი პრეზიდენტს ოპტიმიზმის საფუძველს არ აძლევს.

ევროკავშირს სერბეთის კანდიდატი ქვეყნის სტატუსზე გადაწყვეტილება, დეკემბერში უნდა მიეღო. ბრიუსელმა დალოდება არჩია. კოსოვოს მთავრობა ჩრდილოეთში, სერბებით დასახლებულ 4 მუნიციპალიტეტს ვერ აკონტროლებს. პრიშტინას მცდელობებს, ამ ტერიტორიებზე საკუთარი იურისდიქცია გაევრცელებინა, ადგილობრივი მოსახლეობისგან ბარიკადების აგება და NATO-ს მშვიდობისმყოფელებთან შეტაკებები მოჰყვა. დეკემბერში რამდენიმე გერმანელი სამხედრო დაშავდა. ეკონომიკური კრიზისიდან გამოსავლის ძიებით დაკავებულმა ევროპელებმა, გადაწყვეტილების მიღება გადადეს.

სერბული მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციამ 14-15 თებერვალს რეფერენდუმი ჩაატარა. მოსახლეობის 99%25-მა პრიშტინას ხელისუფლების ლეგიტიმურობის აღიარებაზე უარი თქვა. რეფერენდუმის შედეგებს იურიდიულად სავალდებულო ძალა არ აქვთ. სერბული მოსახლეობა ეჭვობს, რომ ბელგრადმა ისინი ევროკავშირში შესვლის პერსპექტივაზე გაცვალა. მათ სერბეთის ხელისუფლებისათვის თავის შეხსენება სურდათ.

ბორის ტადიჩმა საპარლამენტო არჩევნები 6 მაისამდე უნდა დანიშნოს. მან ფსონი ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვებაზე გააკეთა. ტადიჩი რეფერენდუმსაც ეწინააღმდეგებოდა. მისი ოპოზიცია ევროკავშირის გადაწყვეტილებას ჩასაფრებული ელის. თუ ევროკავშირის ერთ-ერთ ძირითად მოთხოვნას, რეგიონულ შეკრებებზე კოსოვოს ჩართვას დათანხმდება, პრეზიდენტს მოღალატის იარლიყის მიკერება ემუქრება. ტადიჩმა უნდა გადაწყვიტოს, მიიღებენ თუ არა კოსოვოს სერბული მუნიციპალიტეტები სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას. მეორე მხრივ, რთული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, ევროკავშირის წევრობის კანდიდატობა ტადიჩისთვის ერთადერთი იმედია. 2009 წლის შემდეგ, უმუშევრობა 14-დან 24%25-მდე გაიზარდა. ექსპერტების ვარაუდით, უარყოფითმა სავაჭრო დეფიციტმა და საგარეო ვალის ზრდამ ქვეყანა, შესაძლოა, საბერძნეთის გზას გაუყენოს.

ტადიჩი პროევროპულ პოლიტიკოსად ითვლება. მის ოპონენტებს შორის არიან ნაციონალისტური ძალები, რომლებიც პრორუსული ორიენტაციით გამოირჩევიან. სერბეთის პროგრესულ პარტიას, რომელიც 2008 წელს სერბეთის რადიკალურ პარტიას გამოეყო, 30%25-იანი მხარდაჭერა აქვს. არჩევნებში მონაწილეობის ენთუზიაზმს მოსახლეობა არ ამჟღავნებს. შესაბამისად, პროგრესული პარტიის გამარჯვება მოულოდნელი არ იქნება. მეორე მხრივ, თუ ვერცერთი პარტია ხმათა მნიშვნელოვან რაოდენობას ვერ მოაგროვებს, ქვეყანაში, შესაძლოა, დაძაბულობა გამძაფრდეს. მიმომხილველთა შეფასებით, ასეთი მდგომარეობა სერბეთში 2000 წლის შემდეგ არ ყოფილა. მაშინ ხელისუფლებას ექსპრეზიდენტი სლობოდან მილოშევიჩი ჩამოშორდა.

სერბეთისგან განსხვავებით, ხორვატიამ უკვე მიიღო ევროკავშირში შესვლის თანხმობა. იანვარში ხორვატებმა რეფერენდუმიც ჩაატარეს. მოსახლეობის ორმა მესამედმა თანხმობა განაცხადა - ქვეყანა ევროკავშირში ოფიციალურად 2013 წლის 1 ივლისს გაწევრიანდება. ბალკანეთის ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანება შორსმიმავალი გეგმის ნაწილია. მისი მიზანი ეთნიკურად და რელიგიურად მრავალფეროვანი, კონფლიქტებით დახუნძლული რეგიონის სტაბილიზაციაა. ჩერნოგორიას უკვე აქვს კანდიდატის სტატუსი და ბრიუსელთან წევრად გახდომის შესახებ მოლაპარაკებებს, სავარაუდოდ, წლის ბოლოსთვის დაიწყებს. კანდიდატის სტატუსი აქვს მაკედონიასაც. ალბანეთი მოლაპარაკებებს აგრძელებს. ბოსნიის ახალი მთავრობა ევროკავშირის წევრობის ფორმალური განაცხადის გაკეთებას აპირებს. ტადიჩის ევროპული ოცნების მომავალი კი ბრიუსელში ორიოდე კვირაში გამოჩნდება.

15 სიკვდილი მკრეხელობისთვის

▲ზევით დაბრუნება


მსოფლიო

საუდის არაბეთი

თეონა ტურაშვილი

0x01 graphic

ადამიანის უფლებების შეზღუდვის გამო, საუდის არაბეთი საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა არაერთხელ გააკრიტიკეს. ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა გაზეთ ალ-ბილადის ყოფილი მესვეტის, ჰამზა კაშაგარის დაკავებაა. მას ისლამის შეურაცხყოფის ბრალდებით, სიკვდილით დასჯა ემუქრება. Human Rights Watch-ი და Amnesty International-ი კი საუდის არაბეთის ხელისუფლებისაგან ჟურნალისტისთვის ბრალდებების მოხსნასა და მის გათავისუფლებას ითხოვენ.

კაშაგარიმ, სოციალურ ქსელ Twitter-ზე, ორი კვირის წინ, მუჰამედ მოციქულის დაბადების დღესთან დაკავშირებით კომენტარი დაწერა. იგი წმინდანს წარმოსახვით ესაუბრებოდა. „...შენ შესახებ ბევრი რამ არ მესმის. მე შენ წინაშე თავს არ მოვიხრი, არც ხელზე გეამბორები. ამის მაგივრად, ხელს ჩამოგართმევ თანასწორივით. მე შენ მეგობარივით დაგელაპარაკები. ყველა დიდი ღმერთი, რომლებსაც თაყვანს ვცემთ, ყველა სურვილი, რასაც მოუთმენლად ველით, ჩვენი წარმოსახვის ნაყოფია. ვერცერთი საუდის არაბელი ქალი ჯოჯოხეთში ვერ მოხვდება, რადგან შეუძლებელია იქ ორჯერ წასვლა”, - წერდა კაშაგარი. ამას საუდის არაბელების მხრიდან მყისიერი უარყოფითი რეაქცია მოჰყვა: 24 საათის განმავლობაში ამ პოსტს 30 ათასზე მეტი ნეგატიური კომენტარით უპასუხეს. მართალია, კაშაგარიმ კომენტარი წაშალა, საკუთარი ქმედებისთვის ბოდიში მოიხადა და ამ ნაბიჯს შეცდომა უწოდა, მაგრამ აღნიშნული ფაქტი ხელისუფლების განხილვის საგანი გახდა. პირველ რიგში, იგი სამსახურიდან დაითხოვეს. საუდის არაბეთის მეფემ მისი დაკავების ბრძანება გასცა. ისლამურმა ფატვას კომიტეტმა კაშაგარის შარიათის კანონებით გასამართლება მოითხოვა.

საუდის არაბეთს დაწერილი სისხლის სამართლის კანონმდებლობა არ გააჩნია. ქვეყანაში რელიგიურ საფუძველზე ადამიანთა გასამართლება მიღებული პრაქტიკაა. მკრეხელობა ღვთის წინაშე ჩადენილი იმ ექვსი დანაშაულის რიცხვს მიეკუთვნება, რომლებზეც ყურანით გათვალისწინებული განსაკუთრებული დამსჯელი ღონისძიებები ვრცელდება. მათ შორის ერთ-ერთი სიკვდილით დასჯაა.

კაშაგარიმ, მის მიმართ ამგვარი ბრალდების წაყენებისა და ფიზიკური ანგარიშსწორების შიშით, ქვეყანა დატოვა და თავი მალაიზიას შეაფარა. მიუხედავად ამისა, საუდის არაბეთის პოლიციამ მალაიზიის სამართალდამცველებთან თანამშრომლობით ჟურნალისტი კუალა ლუმპურის აეროპორტში დააკავა. ის თავშესაფრის მისაღებად ახალ ზელანდიაში მიფრინავდა.

აღნიშნულმა ინციდენტმა საერთაშორისო ორგანიზაციების შეშფოთება გამოიწვია. ისინი ორივე მხარეს (საუდის არაბეთი და მალაიზია) ადამიანის უფლების დარღვევაში ადანაშაულებენ. AI-მა კაშაგარის „სინდისის პატიმარი” უწოდა. HRW-ის მტკიცებით, თუ დაკავებულს საუდის არაბეთში სიკვდილით დასჯიან, მალაიზია ამის თანამონაწილე გახდება. ორ ქვეყანას დეპორტაციის შესახებ ხელშეკრულება არ აქვს გაფორმებული, რის გამოც მალაიზიას კაშაგარის საუდის არაბეთისთვის გადაცემა არ ევალებოდა. თანაც, ეს ქვეყანა მკრეხელობას სისხლის სამართლის დანაშაულად არ განიხილავს.

კაშაგარის ინციდენტი კონსერვატიული საუდის არაბეთის მიმართ დაგროვილ უკმაყოფილებებს ეხმიანება. გასულ თვეს გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისრის ოფისმა, იგი სიკვდილით დასჯილთა რაოდენობის სამჯერ გაზრდის გამო გააკრიტიკა. ქვეყნის მოსახლეობის 90%25-ს სუნიტი მუსლიმები შეადგენენ. შეზღუდულია ეთნიკური, რელიგიური უმცირესობების როლი: სამთავრობო პოსტს არცერთი შიიტი ფლობს. Freedom House-ის მიხედვით, 2011 წელს საუდის არაბეთი პრესის, ინტერნეტის, პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებების თავისუფლების მაჩვენებლებით, არათავისუფალ კატეგორიაში მოხვდა.

16 ეგვიპტელი გენერლები თავიანთ ლაბირინთში

▲ზევით დაბრუნება


მსოფლიო

ირაკლი გუნია

0x01 graphic

0x01 graphic

ფელდმარშალი ჰუსეინ ტანტავი

ევვიპტისა და აშშ-ის 30-წლოვანი ალიანსი ჩაშლის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. ამის მიზეზი ეგვიპტის სამხედრო მმართველობის გადაწყვეტილება გახდა. მათ არასამთავრობო სექტორს ფარული ომი გამოუცხადეს. ეგვიპტურმა მხარემ არაკომერციული ჯგუფების 43 თანამშრომელი, მათ შორის 19 ამერიკელი, კრიმინალურ სასამართლოს გადასცა. მათ წინააღმდეგ, უცხოური ფონდების მიერ ქვეყანაში არეულობის გაღვივების ბრალდებით, გამოძიება წამოიწყეს. თავის მხრივ, აშშ ეგვიპტეს დახმარების შეწყვეტით დაემუქრა. ამან მოკავშირის სტატუსი რისკის ქვეშ დააყენა, რაც ახლო აღმოსავლეთის რეგიონული სტაბილურობის ქვაკუთხედს წარმოადგენს.

ეგვიპტესა და აშშ-ს შორის უთანხმოება გასული წლის მიწურულს დაიწყო. ეგვიპტურმა უსაფრთხოების ძალებმა რეიდი მოაწყვეს ადამიანის უფლებების დამცველი და პროდემოკრატიული ჯგუფების ოფისებზე. მათ შორის იყო - Freedom House, National Democratic Institute (NDI), International Republican Institute (IRI). მუბარაქის გადადგომიდან ერთი წლის შემდეგ ეგვიპტეში პროტესტი არ წყდება. ეგვიპტის სამხედრო მმართველობას ლიბერალური და სეკულარული ჯგუფები დემოკრატიისკენ გადასვლის შეფერხებაში ადანაშაულებენ. ძალადობის ახალ ციკლს ხელი მთავრობის უმოქმედებამ შეუწყო. მათ ვერ აიცილეს საფეხბურთო მატჩის შემდეგ ამტყდარი ბუნტი, რომელმაც 74 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

მიმომხილველთა აზრით, გენერლები წარუმატებლობების გადასაფარავად, არასამთავრობო ორგანიზაციების სახით განტევების ვაცს ეძებენ. კრიტიკის თავიდან ასარიდებლად ისინი „უცხოურ ხელებზე” მიუთითებენ, თითქოს რაღაც ძალები მათ წინააღმდეგ მიმართული დემონსტრაციების უკან დგანან და ქვეყნის დესტაბილიზაციას ფინანსურად უზრუნველყოფენ. წინამორბედი რეჟიმის მსგავსად, მმართველი გენერლები ეჭვის თვალით უყურებენ ადამიანის უფლებების დამცველ ორგანიზაციებს. ეს უკანასკნელნი აქტიურად აშუქებენ სამხედროთა მიერ, დაახლოებით 12 ათასი სამოქალაქო პირის დაკავების და დაპატიმრებულთა წამების ფაქტებს.

NGO კრიზისის გამო, მრავალმა ამერიკელმა კონგრესმენმა, ეგვიპტისადმი წლიური დახმარების გადახედვა და შესაძლო გაუქმება მოითხოვა. ეგვიპტე - ავღანეთის, პაკისტანის, ერაყისა და ისრაელის შემდეგ - ამერიკული დახმარების სიდიდით, მეხუთე მიმღები სახელმწიფოა. სენატორების - ჯონ მაკკეინის, ჯოზეფ ლიბერმანის და სხვათა ერთობლივი განცხადებით, „ქვეყნისადმი კონგრესის დახმარება, მათ შორის ფინანსური შემწეობა, საფრთხეშია”.

აშშ-ის დახმარება ეგვიპტისადმი, ამ უკანასკნელის მხრიდან 1979 წლის კემპ-დევიდის შეთანხმების დაცვის ერთ-ერთ პირობას წარმოადგენს. ამ ხელშეკრულებამ ისრაელთან 30-წლიანი ომი დაასრულა. სანაცვლოდ, ერთ დროს, საბჭოეთის მოკავშირიდან, ეგვიპტე რეგიონში აშშ-ის ერთ-ერთ დასაყრდენად გარდაიქმნა. ქვეყანა ისლამისტ სამხედროებს ებრძოდა, არაბ-ისრაელის სამშვიდობო პროცესში შუამავლობდა და აშშ-ს ტერორიზმთან ომში ეხმარებოდა. ეგვიპტისადმი შემწეობის შეწყვეტა ხელშეკრულებას საფრთხეს უქმნის, რადგან ერთი მხრიდან პირობის დარღვევა, მეორე მხარეს მისი გადახედვის საფუძველს აძლევს. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი რადიკალი ეგვიპტელი პოლიტიკოსი ხელშეკრულების ანულირებას მოითხოვს, ამის ალბათობა მაინც ნაკლებია.

სამხედრო საბჭო შიშობს, რომ დემოკრატიული გარდაქმნა, ფინანსურ აქტივებზე და პოლიტიკაზე მის დომინანტურ როლს შეზღუდავს. ეგვიპტის არმიას ხშირად ბიზნესკონგლომერატს ადარებენ, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის 40%25-ს აკონტროლებს. საზოგადოების მხრიდან ზეწოლის გამო, სამხედრო საბჭომ თავის ადრინდელ გადაწყვეტილებას გადახედა. მან საპრეზიდენტო არჩევნები 2013 წლის იანვრის ნაცვლად, 2012 წლის ივნისში დანიშნა. ეგვიპტეში საპარლამენტო არჩევნები ნახევრადაა დასრულებული. ჯერ მხოლოდ ქვედა პალატა, ხალხის ასამბლეა არის არჩეული. ზედა პალატის, შურას საბჭოს არჩევის შემდეგ, მარტიდან, ახალ კონსტიტუციაზე მუშაობა უნდა დაიწყოს. ეგვიპტელებისთვის მთავარი გამოწვევა ისეთი კონსტიტუციის შემუშავებაა, რომელიც სამხედროებს არჩეულ სამოქალაქო ოფიციალურ პირებს დაუქვემდებარებს. ამასთან, აღმასრულებელი პირის მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენების თავიდან ასაცილებლად, გარანტიებს უზრუნველყოფს.

0x01 graphic

17 ამერიკა უზბეკეთისთვის სამხედრო დახმარების აკრძალვას ხსნის

▲ზევით დაბრუნება


მსოფლიო

თეონა ტურაშვილი

ობამას ადმინისტრაციამ უზბეკეთზე დაწესებული სამხედრო დახმარების აკრძალვა მოხსნა. ეს ნაბიჯი ქვეყნის სტრატეგიული მდებარეობით - ავღანეთთან სიახლოვით არის განპირობებული. ამას ემატება პაკისტან-აშშ-ის ბოლოდროინდელი ურთიერთობის გამწვავება და ავღანეთთან საზღვრის ჩაკეტვა. ექსპერტთა ნაწილი ვაშინგტონის გადაწყვეტილებას, ამის პასუხად განიხილავს. საგულისხმოა რუსეთის გააქტიურება ცენტრალური აზიის ქვეყნებთან დაკავშირებით.

0x01 graphic

შეზღუდვის მოხსნის გადაწყვეტილებას სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა, ხელი 18 იანვარს მოაწერა. საბოლოოდ დასამტკიცებლად კონგრესის ორივე პალატის თანხმობაა საჭირო. კანონპროექტის მიხედვით, ვაშინგტონი უზბეკეთისთვის არალეტალური თავდაცვითი იარაღის (GPS-ის სისტემა, თერმული სენსორები სასაზღვრო პოლიციისთვის, ჯავშანი, ღამის თვალსაფარი) მიწოდებას შეძლებს. რაც შეეხება იარაღს, ჭურვებსა და სხვა საბრძოლო მასალას, ადმინისტრაციის თქმით, აკრძალვის მოხსნა ამ ტიპის აღჭურვილობაზე არ გავრცელდება. მომავალ წელს ამერიკა უზბეკეთისთვის 100 ათასი დოლარის ოდენობის დახმარების გამოყოფას აპირებს. მომდევნო წლებში თანხა კიდევ უფრო გაიზრდება. აღნიშნული დახმარება უზბეკეთის თავდაცვითი შესაძლებლობების ამაღლებას მოხმარდება - სასაზღვრო და ავღანეთში მიმავალი სახმელეთო, სატრანზიტო სისტემის, ჩრდილოეთის მიწოდების ქსელის (NDN) უსაფრთხოების უზრუნველყოფას. ამ უკანასკნელზე აშშ დაახლოებით 315 მილიონ დოლარს ხარჯავს, რაც მისი მნიშვნელობითაა განპირობებული: NDN ავღანეთში ჩასული ტვირთის 40%25-ს ატარებს.

ტაშკენტი ამ ქსელის საკვანძო მონაწილეა. ამერიკელი მაღალჩინოსნების ინფორმაციით, NDN-ის 98%25 სწორედ უზბეკეთზე გადის. მათივე გამოთვლებით, ავღანეთისკენ მიმავალი უზბეკეთის სახმელეთო გზა, ყირგიზეთის საჰაერო მარშრუტთან შედარებით, სატრანსპორტო ფასებს მნიშვნელოვნად ამცირებს. დღეს NDN არალეტალურ სამხედრო ტვირთს ატარებს. მომავალში დასავლეთი ავღანეთიდან ჯარების გამოსაყვანად, სწორედ ამ მარშრუტის გაფართოებასა და გამოყენებას გეგმავს.

მარშრუტის მნიშვნელობა აშშ-პაკისტანის ურთიერთობაში ბზარის გაჩენის შემდეგ გაიზარდა. ორ ქვეყანას შორის უთანხმოების გაჩენის მიზეზი, ამერიკის საჰაერო ძალების მიერ საზღვარზე ნოემბერში განხორციელებული თავდასხმის დროს, 24 პაკისტანელი ჯარისკაცის სიკვდილი გახდა. ამის შემდეგ ოფიციალურმა ისლამაბადმა ქაბულთან საზღვარი ჩაკეტა. შედეგად, ავღანეთში NATO-ს ჯარებისთვის, პაკისტანის გავლით ტვირთის მიწოდება შეფერხებულია.

საგულისხმოა ცენტრალური აზიის ქვეყნებთან სამხედრო თანამშრომლობის კუთხით რუსეთის გააქტიურება. ოქტომბერში მიღწეული შეთანხმებით, რუსული ბაზა ტაჯიკეთში კიდევ 49 წელი დარჩება. მიმდინარეობს მოლაპარაკებები ყირგიზეთის კანტის ბაზის მოსკოვისთვის დათმობასთან დაკავშირებით.

2003 წელს ამერიკამ უზბეკეთს დახმარება ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების გამო შეუწყვიტა. ქვეყნის პრეზიდენტს, ისლამ კარიმოვს, რელიგიური ჯგუფების გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაში, ოპოზიციური პარტიების დევნაში, საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის მოქმედების თავისუფლების შეკვეცაში ადანაშაულებდნენ. ამას დაერთო 2005 წლის ანდიჯანის გამოსვლების დროს სამთავრობო ძალების მიერ დემონსტრანტების დარბევა და მათი მხრიდან უფლებამოსილების გადამეტება. ვაშინგტონის მიერ აღნიშნულ ინციდენტზე გამოძიების დაწყების მოთხოვნას ტაშკენტმა უპასუხა. აშშ-ს უზბეკეთში სამხედრო ბაზა დაუხურა. კარიმოვის რეჟიმი თავს ყოველთვის ტერორისტებთან და ექსტრემისტებთან ბრძოლის არგუმენტით იმართლებდა. დღეს შეზღუდვების მოხსნას, ამერიკელი მაღალჩინოსნები ქვეყანაში ადამიანის უფლებების გაუმჯობესებით ხსნიან. სახელმწიფო დეპარტამენტმა 20 იანვარს კონგრესს ამის დამადასტურებელი ანგარიშიც კი წარუდგინა. მისი მიხედვით, ქვეყანამ არალეგალურ შრომით ტრეფიკინგთან ბრძოლისას მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. გამოუშვეს პოლიტიკური პატიმრები. მიუხედავად ამისა, უფლებადამცველი ორგანიზაციების მტკიცებით, ქვეყანაში ვითარება ამ მხრივ არ გაუმჯობესებულა.

ამერიკის საკანონმდებლო ორგანოში უზბეკეთისთვის სამხედრო დახმარების განახლების შესახებ გადაწყვეტილება დამტკიცდება. იგი 2013 წლის სექტემბრამდე იქნება ძალაში და ყოველ ექვს თვეში ერთხელ განახლდება.

18 ცვლილებების ორი მხარე

▲ზევით დაბრუნება


მსოფლიო

თურქეთი

მიხეილ ბასილაია, ლარა ჯამარაული

0x01 graphic

უკვე მე-11 წელია, სამართლიანობისა და განვითარების პარტია (AKP) თურქეთის ხელისუფლებას სათავეში უდგას. ამ დროის განმავლობაში AKP-მ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის შეცვლა და შიდა პოლიტიკური გარდაქმნების დაწყება მოასწრო. 2010 წელს პარტიამ მოქმედი კონსტიტუციის შეცვლის შესახებ რეფერენდუმი ჩაატარა და მოსახლეობის თანხმობაც მიიღო. ახალი კონსტიტუციის მეშვეობით, თურქეთის ხელისუფლება შეზღუდავს სამხედროთა ძალაუფლებას - 1982 წელს, კონსტიტუცია სამხედრო მმართველობის პირობებში შეიქმნა. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნაში მთავრობას მეტი უფლებები მიენიჭება. შეიმჩნევა მოლოდინი ადამიანის უფლებათა გაუმჯობესების მხრივაც.

მუსტაფა ქემალ ათათურქის მიერ ჩამოყალიბებული სეკულარული სახელმწიფოს საყრდენს სამხედროები წარმოადგენდნენ. რესპუბლიკის გამოცხადებიდან (1923 წელს) დღემდე 4 სამხედრო გადატრიალება მოეწყო (ბოლოს - 1997 წელს). სასამართლო სისტემაც მათი გავლენის ქვეშ იყო მოქცეული. სამხედროების, უსაფრთხოების სამსახურების მაღალჩინოსნებისა და სასამართლო სისტემაში მათთან დაახლოებული პირების კოალიციას, ე.წ. ღრმა სახელმწიფოდ მოიხსენიებენ. AKP-ს პოლიტიკა კი სწორედ მისი დემონტაჟისკენ არის მიმართული. ეს ბოლო წლების მანძილზე მრავალი გადამდგარი თუ სამსახურში მყოფი სამხედრო პირის დაპატიმრებაში გამოიხატება.

AKP-ს რეფორმებმა თურქეთის ეკონომიკურ წარმატებას შეუწყო ხელი. Cato Institute-ის მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში, ქვეყანა 2005 წელს 83-ე, 2009 წელს კი 55-ე ადგილზე იყო. Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში, მონაცემების წლიდან წლამდე გაუმჯობესების შემდეგ კი - 73-ე ადგილზე, საშუალოდ თავისუფალ ქვეყანათა შორისაა. მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების სიადვილის ინდექსში, თურქეთი 71-ე ადგილს იკავებს.

პრემიერ-მინისტრ ერდოღანსა და AKP-ს ქვეყნის ისლამიზაციაში სდებენ ბრალს. თუმცა თურქეთი ახლოაღმოსავლური სახელმწიფოებისთვის დემოკრატიისა და რელიგიის შეხამების მისაბაძ მაგალითად იქცა. ეკონომიკური წარმატება თურქეთს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის. ანკარამ საგარეო პოლიტიკაში ორიენტირი დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ შეცვალა. ევროპა გაფართოებით, თურქეთი კი ლოდინით გადაიღალა. თურქები ევროკავშირში გაწევრიანებას 1980-იანი წლებიდან ელოდნენ.

პოზიტიური შიდა პოლიტიკური ცვლილებების ფონზე, თურქეთი ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციათა ყურადღების ცენტრშია. ხელისუფლებას პოლიტიკური ოპოზიციის, პრესის, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების, ქალთა უფლებების დარღვევის გამო აკრიტიკებენ.

მედიის წარმომადგენლები ანტისამთავრობო პოზიციისთვის იდევნებიან. თურქი ადამიანის უფლებათა დამცველების მტკიცებით, ხელისუფლება პრესის თავისუფლებას დაშინების, დაპატიმრებებისა და ფინანსური მაქინაციების საშუალებით ზღუდავს. 2011 წლის მარტში, ნობელის პრემიის ლაურეატი, თურქი მწერალი ორჰან ფამუქი, შვეიცარიის გაზეთში გამოქვეყნებული განცხადებისთვის დააჯარიმეს. პროზაიკოსი წერდა, რომ თურქებმა 30 ათასი ქურთი და ერთი მილიონი სომეხი მოკლეს. გასული წლის დეკემბერში პოლიციამ დაახლობით 40 ადამიანი, მათ შორის ჟურნალისტები, ქურთი სეპარატისტების ჯგუფთან შესაძლო კავშირის გამო დააკავა. მიმომხილველების აზრით, დაპატიმრებების მიზეზი ქურთების უფლებების ღიად მხარდაჭერაა.

ხელისუფლება ინტერნეტცენზურასაც არ ერიდება. 15 ათასზე მეტი ვებგვერდი დაბლოკილია. ორი წლის მანძილზე, აკრძალულთა რიცხვში YouTube-იც შედიოდა. საიტზე განთავსებული ზოგიერთი ვიდეო ათათურქს შეურაცხყოფდა. თურქეთის კანონმდებლობა მთავრობის, სახელმწიფოსა და თურქი ერის შეურაცხყოფისთვის, ადამიანის სისხლის სამართლის პასუხისგებაში გადაცემას ითვალისწინებს.

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ, თურქეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ პრესისა და გამოხატვის თავისუფლების დარღვევის გამო, 2009 წელს 7 ათასამდე, 2011 წელს კი დაახლოებით 9 ათასი სარჩელი მიიღო. 1998 წლიდან დღემდე, მან ადამიანისუფლებათა ხელყოფისათვის, ამ ქვეყნის წინააღმდეგ დაახლოებით 1,600 განაჩენი გამოიტანა.

თურქეთში გენდერული დისკრიმინაციის გამოვლინებები, ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციებს მოდუნების საშუალებას არ აძლევს. ხშირია ოჯახური ძალადობის გამო ქალთა თვითმკვლელობა. 550 პარლამენტარს შორის მხოლოდ 50 ქალია. 2010 წლის Global Gender Gap-ის კვლევაში, თურქეთი ქალთა უფლებების დაცულობის მხრივ 134 ქვეყანას შორის, 126-ე ადგილზე გავიდა.

ძალადობის მსხვერპლი არიან სექსუალური უმცირესობებიც. 2009 წელს მათი უფლებების დამცველმა ადგილობრივმა ორგანიზაცია Lambdaintanbul-მა მოიგო სასამართლო პროცესი, რომელშიც საკუთარ დახურვას ასაჩივრებდა. თუმცა რამდენიმე ხნის შემდეგ ორგანიზაციის ერთ-ერთი აქტივისტი წამებით მოკლეს.

0x01 graphic

პრემიერ-მინისტრი ერდოღანი და გენშტაბის უფროსი გენერალი ბაშბუკი
ფოტო: REUTERS ©

რელიგიური თავისუფლების კუთხით მდგომარეობა შედარებით უკეთესია. AKP-ს ხელისუფლებაში მოსვლამდე სეკულარული პოლიტიკური ელიტა არა მარტო უმცირესობებს, არც სუნიტ მუსლიმებს სწყალობდა. AKP-მ შეამსუბუქა კანონები, რომლებიც რელიგიურ თვითგამოხატვას ზღუდავდნენ. 2011 წელს მთავრობამ გადაწყვიტა რელიგიური უმცირესობებისათვის, 1936 წლის შემდეგ ჩამორთმეული ქონება დაებრუნებინა. თუმცა რელიგიურ ჯგუფებს არ აქვთ უფლება სახელმწიფო დაწესებულებებში, მათ შორის უნივერსიტეტებში, რელიგიური მრწამსი გარეგნული ნიშნებით გამოხატონ. კანონები რელიგიურ ლიდერებს მთავრობისა და კანონების გაკრიტიკებასა და გალანძღვას უკრძალავს. პირადობის მოწმობაში რელიგიურ კუთვნილებას ისევ აღნიშნავენ.

თურქული ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის, Mazlumder-ის ანგარიშის მიხედვით, ჯარში დისციპლინის დარღვევის მოტივით, ისჯებიან ჯარისკაცები, რომლებიც რელიგიურ რიტუალებს აღასრულებენ.

პრობლემებია სასამართლო სისტემაშიც. საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Amnesty International-მა 2010 წელს ანგარიში გამოაქვეყნა. მისი მიხედვით, სახელმწიფო მოხელეების მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის მრავალი შემთხვევა გამოძიებული არ არის. მართლმსაჯულებაზე ზეგავლენა მოსამართლეების დანიშვნისა და დაფინანსების საშუალებით ხდება.

ბოლო წლების მანძილზე თურქეთში პოლიტიკოსები, საზოგადო მოღვაწეები და სამხედროები ერგენეკონად წოდებულ ორგანიზაციაში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს. ამ უკანასკნელის მიზანი თურქეთის ახლანდელი ხელისუფლების ჩამოგდება იყო. ოთხწლიანი გამოძიების განმავლობაში, სასამართლოს სამასი ეჭვმიტანილიდან არცერთისთვის არ გამოუტანია განაჩენი.

ერდოღანის მმართველობის პერიოდში თურქეთის მოდერნიზაციის ტემპი დაჩქარდა. საგარეო პოლიტიკის ფოკუსის აღმოსავლეთისკენ მიმართვის მიუხედავად, ქვეყანას დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის ხიდად მიიჩნევენ. თუმცა დასავლეთში შიშობენ, რომ AKP თავს შეიკავებს ისეთი რეფორმებისგან, რაც მის ძალაუფლებას შეზღუდავს. პარტიამ შესაძლოა, თურქეთი ქემალიზმის უარყოფითი ელემენტებისგან გაათავისუფლოს, მაგრამ სანაცვლოდ, საკუთარი მმართველობის უარყოფითი ელემენტები არ აღმოფხვრას.

19 გერმანიის შემდეგი პასტორი პრეზიდენტი

▲ზევით დაბრუნება


მსოფლიო

ირაკლი გუნია

გერმანიის მთავრობა და ორი მთავარი ოპოზიციური პარტია, ქვეყნის პრეზიდენტის თანამდებობაზე საერთო კანდიდატზე მორიგდნენ. ის ყოფილი დისიდენტი, პროტესტანტი პასტორი და ადამიანის უფლებების აქტივისტი იოაჰიმ გაუკი იქნება. თანამდებობა   ცერემონიულ დატვირთვას უფრო ატარებს. ყოფილი პრეზიდენტი კრისტიან ვულფი კორუფციული სკანდალის გამო გადადგა.

0x01 graphic

იოაჰიმ გაუკი

0x01 graphic

კრისტიან ვულფი
ყველა ფოტო: REUTERS ©

ოპონენტები პრეზიდენტის გამოცვლას მერკელის პირად მარცხად მიიჩნევენ. 2010 წელს გერმანიის მოქმედი კანცლერი, გაუკის პოპულარობის მიუხედავად, თანაპარტიელი და შედარებით უცნობი ვულფის კანდიდატურას ემხრობოდა. წინამორბედ პრეზიდენტს, ჰორსტ კოლერს, თანამდებობის დატოვება საკამათო კომენტარის გამო მოუხდა, რომელიც ავღანეთში გერმანული არმიის (ბუნდესვერის) როლს ეხებოდა. მისი თქმით, გერმანიის სამხედრო მისიები, საზღვარგარეთ ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესებს იცავდა. ვულფის არჩევით მერკელმა საკუთარი პარტიის შიგნით ანგარიშგასაწევი კონკურენტი ჩამოიცილა. მერკელის მთავრობის წევრების აღიარებით, ამჯერად იგი გაუკის კანდიდატურას, კოალიციაში მყოფი თავისუფალი დემოკრატების პარტიის ლიდერის და ქვეყნის ვიცე-კანცლერის, ფილიპ როსლერის მხრიდან ზეწოლის გამო დაეთანხმა. ამით მერკელმა კოალიციის რღვევა თავიდან აიცილა. მას საშუალება მიეცა ევროზონის კრიზისზე ზრუნვა გაეგრძელებინა. მერკელს გაუკთან პირადი მეგობრობა და კომუნისტურ სახელმწიფოში ცხოვრების გამოცდილება აკავშირებს.

კრისტიან ვულფის, გერმანიის ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნის ვადა ყველაზე ხანმოკლე აღმოჩნდა. გამომძიებლებმა ბუნდესტაგს კორუფციული ბრალდებების გამო მისი იმუნიტეტის შეჩერება მოსთხოვეს. ვულფს ბრალად ედება ქვედა საქსონიის პრემიერობის დროს ძალაუფლების გადამეტება და ადგილობრივ ბიზნესმენებთან შეუფერებელი კავშირები. გერმანულ მედიაში მის პატივსაცემად ნეოლოგიზმიც (Wulffen) გაჩნდა, რაც აშკარა ტყუილის თქმის გარეშე არაპირდაპირობას ნიშნავს. სამარცხვინო დასასრულის გარდა, კრისტიან ვულფის პრეზიდენტობა ღირსშესანიშნავი იქნება მისი განცხადებით. პოლიტიკოსმა თქვა, ისლამი ქრისტიანობასთან და იუდაიზმთან ერთად გერმანიის ნაწილიაო. ამით ვულფმა მულტიკულტურალიზმის მომხრეთა სიმპათიები და კონსერვატორთა რისხვა დაიმსახურა.

ლუთერანი პასტორი გაუკი ერთ-ერთი თვალსაჩინო პირი იყო მშვიდობიან საპროტესტო მოძრაობაში, რომელმაც ბერლინის კედლის დაცემაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. ქვეყნის გაერთიანების შემდეგ გაუკი ფედერალურ სააგენტოს ჩაუდგა სათავეში. ეს უწყება აღმოსავლეთ გერმანიის სადაზვერვო სამსახურის (შტაზი) არქივების კვლევას შეუდგა. მან ძველი რეჟიმის წარსული დანაშაულების გამოაშკარავებით სამართლიანობისთვის მებრძოლის რეპუტაცია მოიპოვა. გაუკი, ახალ წიგნში, თავის უმთავრეს პოლიტიკურ ფასეულობად თავისუფლებას აღიარებს. იგი იცავს კაპიტალიზმს, როგორც სისტემას, რომელსაც საკუთარი შეცდომების გამოსწორება შეუძლია. ანტიკაპიტალისტებს პოლიტიკოსი რომანტიკოსებს უწოდებს.

ახალ პრეზიდენტს საგანგებო ასამბლეა 18 მარტს აირჩევს, რაც პარტიათა მხარდაჭერის გამო, გაუკისთვის ფორმალობა გახდება. იოაჰიმ გაუკის გაპრეზიდენტების შემთხვევაში ქვეყნის ორ მთავარ თანამდებობაზე აღმოსავლეთ გერმანელები იქნებიან. სახელმწიფოს გაერთიანების მხოლოდ 21 წლის შემდეგ, მოვლენათა ამგვარ განვითარებას, სახელმწიფო ტელევიზია ZDF-მა „პოლიტიკური სასწაული” უწოდა.

20 განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკური ზრდა მცირდება

▲ზევით დაბრუნება


ბიზნესი

კვლევა

ელენე კვანჭილაშვილი, მაკა გამცემლიძე

საერთაშორისო ორგანიზაციებმა - მსოფლიო ბანკმა (WB) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) - ევროპისა და ცენტრალური აზიის განვითარებადი ქვეყნების 2012-13 წლების ეკონომიკური ზრდის პროგნოზები გამოაქვეყნეს. ორივე ორგანიზაციის მიხედვით, 2011 წელთან შედარებით, 2012 წელს ეკონომიკა საშუალოდ 1.25%25-ით შემცირდება. 2013 წელს ეკონომიკური მაჩვენებელი უმნიშვნელოდ იმატებს. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) უახლესი, 2011 წლის სამი კვარტლის მონაცემების მიხედვით, საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ 6.2%25-ით გაიზარდა.

ევროზონის ქვეყნების ინვესტიციების დინამიკა %25-ულად ინვესტიციების მთელ მოცულობასთან და მშპ-სთან

0x01 graphic

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

ევროზონის ქვეყნებთან ვაჭრობის დინამიკა %25-ულად ვაჭრობის მთელ მოცულობასთან და მშპ-სთან

0x01 graphic

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

რეგიონში ეკონომიკის ზრდის სტაგნაციას ორგანიზაციები იმით ხსნიან, რომ ორი წლის განმავლობაში, ევროზონის კრიზისს განვითარებად ქვეყნებზე მეტი გავლენა ექნება. ამ მხრივ უფრო მეტად ის სახელმწიფოები დაზარალდებიან, რომელთა ფინანსური სექტორიც ევროზონის ქვეყნებზეა დამოკიდებული. კვლევების მიხედვით, ცენტრალური აზიისა და ევროპის რეგიონის სახელმწიფოები, ევროზონის ქვეყნებთან აქტიურად ვაჭრობენ. მათი წილი, რეგიონში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მთლიან მოცულობაში, მაღალია.

კვლევების მიხედვით, ევროპის და ცენტრალური აზიის ქვეყნებს, ეკონომიკური ზრდის ტემპების შენარჩუნებისთვის, 2012 წელს, საშუალოდ რეგიონის მშპ-ის 16%25-ის ოდენობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები სჭირდებათ. 2011 წლის მონაცემებით, 2010 წელთან შედარებით, ამ რეგიონში 45%25-ით ნაკლები ინვესტიცია ჩაიდო. კლების უდიდესი წილი სწორედ ევროზონის ქვეყნებზე მოდის.

საქსტატის 2011 წლის სამი კვარტლის მონაცემების მიხედვით, ევროკავშირიდან საქართველოში 413.5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემოვიდა. აქედან ევროზონის ქვეყნების წილი 59.1%25, ხოლო მთლიანი მოცულობის 38.5%25-ია.

კლების ტენდენციას აჩვენებს რეგიონისა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ვაჭრობაც. 2008-2010 წლებში რეგიონის ექსპორტის 50%25 სწორედ ევროზონის სახელმწიფოებზე მოდიოდა. მას შემდეგ, რაც ამ ქვეყნებმა იმპორტი შეზღუდეს - რუმინეთი, ლიტვა, ლატვია, მაკედონია და ბულგარეთი განსაკუთრებით დაზარალდნენ.

საქსტატის მიხედვით, 2011 წელს ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს ექსპორტ-იმპორტი 2.477 მილიარდი აშშ დოლარი იყო. აქედან ევროზონის წარმომადგენელთა წილი 60.2%25-ს შეადგენს. მთლიან საგარეო ბრუნვაში ევროზონის ქვეყნების წილი 16.1%25-ია.

ორივე კვლევა ხაზს უსვამს, რომ ევროპის რეცესიამ და განვითარებად ქვეყნებში ეკონომიკურმა სტაგნაციამ, შეიძლება ერთმანეთზე მოახდინოს გავლენა. ეს, ბაზრების ნდობას, სავარაუდოდ, კიდევ უფრო შეამცირებს. მოგებული ის ქვეყანა რჩება, ვისაც დივერსიფიცირებული ვაჭრობა და ინვესტიციებისთვის ხელსაყრელი გარემო აქვს.

21 ხმოვანი სათვალეები უსინათლოთათვის

▲ზევით დაბრუნება


ტექნოლოგია

ვახო ელერდაშვილი

0x01 graphic

გასული საუკუნის 60-იან წლებში, პოლონელმა ფანტასტმა, სტანისლავ ლემმა, ტექნოლოგიების რაობაზე და დანიშნულებაზე დაიწყო ფიქრი. შედეგად, სამყაროს ფუნდამენტური ნაშრომი „ტექნოლოგიის ჯამი” მოევლინა. უმთავრესი თემა თანამედროვე ტექნოლოგიებით შექმნილი ილუზიები და ადამიანის მიერ ამ ილუზიების აღქმა გახლავთ. კრაკოველმა ორაკულმა, როგორც მას კოლეგები უწოდებდნენ, ინფორმაციის ალტერნატიული წყაროებით (როგორიცაა შეხება, სმენა, ყნოსვა) შექმნილ ილუზიებს ფანტომატიკა უწოდა. მან იწინასწარმეტყველა, რომ მომავლის ტექნოლოგიები ყალბ შეგრძნებებზე იქნებოდა ორიენტირებული. შეგრძნებების პროთეზებით შეიარაღებული ადამიანები ვეღარ განარჩევდნენ რეალურ სამყაროს ილუზორულისგან. იდეა, რომლის ტექნოლოგიური გადაწყვეტაც შემდგომში ძმებმა ვაჩოვსკებმა შემოგვთავაზეს ტრილოგიაში „მატრიცა”, სათავეს პლატონის გამოქვაბულის პრობლემიდან იღებს; რასაც ადამიანები ხედავენ, მხოლოდ ჩრდილებია გამოქვაბულის კედლებზე და ის, რაც რეალობას წარმოადგენს, მათი მზერისთვის მიუწვდომელია. ლემის წინასწარმეტყველება, რომ ვირტუალური სამყარო (მისი სიტყვებით - ფანტომატიკა) ჩაანაცვლებდა რეალობას, ფიქტიურად ინტერნეტის შექმნის შემდეგ ახდა. ფაქტობრივად კი, მას შემდეგ შეესხა ხორცი, როდესაც იერუსალიმის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ხმოვანი სათვალე წარუდგინეს ფართო საზოგადოებას.

გასულ კვირას იერუსალიმის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ შექმნილი ახალი მოწყობილობის, Sensory Substitution Device-ის (შემოკლებით SSD), ე.წ. ხმოვანი სათვალის პრეზენტაცია მოეწყო. სათვალე უსინათლოებს გარესამყაროს აღქმაში ეხმარება და ვიზუალურ ინფორმაციას ხმოვან სიგნალებად გარდაქმნის. ადამიანს ექმნება ილუზია, რომ „ხედავს”, თუმცა უმეტესწილად ეს რეალობის ანასახია ბგერების ზღვაში. სათვალის მუშაობის პრინციპი გამოსახულების სეგმენტაციის ალგორითმებს ეფუძნება. ის სათვალის ცენტრში დამონტაჟებული ვიდეოკამერიდან მიღებულ ვიზუალურ ინფორმაციას ამუშავებს, გამოყოფს ფონს და ცენტრალურ ფიგურებს და ინფორმაციას ფიგურების შესახებ ხმოვან სიგნალებში შიფრავს. იერუსალიმის უნივერსიტეტის მეცნიერების მტკიცებით, სულ მცირეოდენი ვარჯიშია საჭირო, რათა ადამიანი ახალ ხმოვან სამყაროს მიეჩვიოს და გარშემომყოფი საგნების, სახეების და წარწერების შესაბამისი ხმოვანი სიგნალების ტონალობები განარჩიოს, რომელთა საშუალებითაც ტვინი გარესამყაროს მოდელს ააგებს და ამით ადამიანს თავისუფალი გადაადგილების და მოქმედების საშუალება მიეცემა.

პროექტის ხელმძღვანელმა, დოქტორმა ამირ ამედიმ განმარტა, რომ კვლევის მიზანი მხოლოდ ხმოვანი სათვალის შექმნა არ იყო. მათ სურდათ ტვინის აქტივობის შესწავლა და მასზე დაკვირვება აუდიო და ვიზუალური ინფორმაციის მიღების პროცესში. შესწავლის ობიექტს, ამ შემთხვევაში, ტვინის მხედველობითი ქერქი წარმოადგენდა, რომელსაც უშუალოდ ხმოვანი სათვალის მოხმარების დროს აკვირდებოდნენ. ნეიროფიზიოლოგიაში მანამდე ცნობილი ფაქტის მიხედვით, ვიზუალური ინფორმაცია ტვინში ორი პარალელური გზით მიემართება. მათგან პირველი, ვენტრალური ნაკადი ცდილობს გასცეს პასუხი შეკითხვას - „რა?” და მეორე - დორსალური ნაკადი ობიექტების სივრცულ-დროით პარამეტრებს შიფრავს და ცდილობს უპასუხოს შეკითხვებზე - „სად? როდის?”. უსინათლო ადამიანებს ტვინის იმ ადგილას, სადაც ეს ორი ნაკადი მიემართება, არანაირი აქტივობა არ შეენიშნებათ. თუმცა რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, დაკვირვებამ აჩვენა, რომ ხმოვანი სათვალით მიღებული ინფორმაცია უსინათლო ადამიანების ტვინის მხედველობის ქერქში ამავე ნაკადებით ხდება. და ეს იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც ადამიანი დაბადებიდან ბრმაა. ეს ნიშნავს, რომ ტვინი სენსორული კი არა, „ოპერაციული” მოწყობილობაა და იმაზე უფრო მეტად მოქნილია, ვიდრე მეცნიერებს აქამდე წარმოედგინათ.

22 წოდებათა თანასწორობის შესახებ

▲ზევით დაბრუნება


არქივი

ილია ჭავჭავაძე

ილიამ ეს წერილი წოდებათა თანასწორობის შესახებ 1888 წელს გამოაქვეყნა. ამან ქართველი თავადაზნაურობის აგრესია და ხმაური გამოიწვია. თავადი ილია ჭავჭავაძე თავად გამოვიდა საკუთარი უპირატესობების წინააღმდეგ და ყველას გასაგონად დაგმო წოდებათა არსებობა მეცხრამეტე საუკუნის საქართველოში. სწორედ ამ თვისებით - სამართლიანობითა და პირდაპირობით გამოირჩეოდა ილია თავის თანამედროვეთაგან. სწორედ ამიტომაა ის თანამედროვე საქართველოს დამფუძნებელი მამა.

გელა კორინთელი
ისტორიკოსი

ჩვენი გულითადი რწმენა ყოველთვის ისა ყოფილა და არის, რომ ერის წარმატება, ქონებრივი თუ გონებრივი, შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა ერი წოდებათა დაუყოფელად, დიდპატარაობის გაურჩევლად და გამოუკლებლად ერთიანის მეცადინეობითა და გარჯით ჰსცდილობს ცხოვრების გზა გაიკვლიოს და ბურთი ბედისა გაიტანოს წუთისოფლის მოედნიდამ ყველამ ერთად საყოველთაოდ. ცალ-ცალკე წევა ცხოვრების უღელისა, ცალ-ცალკე ხვნა და მკა, ცალ-ცალკე თლა ლხინისა თავისაკენ და ჭირისა სხვისაკენ, მარტო თავის თავის ხსოვნა და სხვისი დავიწყება მომაკვდინებელია კაცთა საურთიერთო ცხოვრებისა და საცა ეგ ურთიერთობა არ არის, იქ არც იგი კრებულია, რომელსაც ერი ჰქვიან.

ტყუილად ჰფიქრობენ, ვითომც კაცთა ურთიერთობაში შესაძლებელი იყოს რომელმამე წოდებამ ცალკე ბინა გაიკეთოს, ცალკე ინტერესები შემოიღობოს, შემოიფარგლოს და ამით რაიმე ხეირი და სიკეთე ჰნახონ საბოლოოდ. ამისთანა წყობა და აგებულობა საზოგადოებისა, თუ ერისა, დიდხანს თავს ვერ დაიჭერს და, ვითარცა ქვიშაზედ აგებული სახლი, პირველ ქარის შებერვაზედვე დაიფუშება. ამისი მაგალითი და საბუთი ისტორიაში ერთი და ორი არ არის. ქვეყანაზედ მარტო იმ ერს გამოუტანია თავი ათასგვარ განსაცდელთაგან, რომელსაც თავის დროზედ შეუტყვია და მიუგნია, რომ ერთის რომელისამე წოდების წინ წაწევა არაფრის მაქნისია, თუ დანარჩენი ერიც წინ არ წაწეულა, პირიქით ერთის წოდების წინ წაწევას დანარჩენის უკან დაწევა მოჰყოლია.

ჩვენდა სამწუხაროდ, ჩვენი თავადაზნაურობა ჯერ ამ მოძღვრებას ვერ მისწვდომია და, როგორც ერთი ცალკე წოდება ჩვენის ერისა, ხშირად ცალკე იწევს და ცალკე ითლის. ჩვენ კი ვიტყვით, რომ მისი დღეგრძელობა, კეთილდღეობა, ბედნიერება, სახელი და დიდება სწორედ და მთლად იმაშია, რომ ეს მოძღვრება გულში ჩაიჭდიოს და ერთს წუთსაც გონებიდამ არ მოიშოროს, რომ თუ სხვანი კარგად იქნებიან, მარტო მაშინ იგიც კარგად იქნება. ჭეშმარიტსა და საბოლოვო წარმატებას სათავე აქა აქვს.

23 ჩვენი კაცი ევროპაში

▲ზევით დაბრუნება


სპორტი|კალათბურთი

ზურაბ თალაკვაძე

თორნიკე შენგელია უკვე ჩამოყალიბებული კალათბურთელია უზარმაზარი პერსპექტივით და თუ ბოლომდე ასეთი მონდომებული იქნება, ბოლომდე მივა. ბოლომდე, ანუ ამერიკულ ლიგამდე. შენგელია 20 წლისაა და პატარებში შაკივით დასეირნობდა. თოკომ შარშან, სარაევოში, ოცწლამდელების B დივიზიონში ბავშვებთან დიდების კალათბურთი ითამაშა და საქართველოს ნაკრებს ერთი დივიზიონი აჩუქა, A დივიზიონამდე აგვწია. მერე უფროსების გარჩევები მოდის და შენგელია არ იკარგება, სათქმელს ამბობს. FIBA Europe ავტორიტეტული, კალათბურთში სერიოზული ხალხის ორგანიზაციაა. ამ ხალხმა დაამთავრა ონლაინგამოკითხვა და გულშემატკივრებმა, ევროპაში, სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ თორნიკე შენგელია დაასახელეს. მაგარია.

0x01 graphic

თორნიკე შენგელია გულშემატკივრებმა ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ აღიარეს

რთულია გააკეთო ის, რაც გინდა და არ იცი, როგორ. პატარებში 40 ქულის, 21 მოხსნის, უკომპლექსო თამაშის მერე, შენგელიასთან მოდის უფროსი ბიძა და ჭკუას ასწავლის. უფროსი ბიძა ევროპის ჩემპიონატია. იქ დანიელი და რუმინელი თინეიჯერების კოხტა სავარძლებში მძიმედ ეშვებიან კირილენკოები, ლორბეკები, მაკალებები. იქ დიდი ბიჭების კალათბურთი წავიდა და შენგელიამ დიდივით ითამაშა. პატარაა და დიდივით ირბინა. ცოტა შეუჩვეველი, ცოტა მოუმზადებელი იყო და ნაკრებს ბევრი აჩუქა. შენგელიამ მოუმატა, ბონუსი დასვა და თოკო კარგი იყო.

შარლერუა კალათბურთში სიენაა. მილანები და იუვენტუსები იქვე გოლფით ისვენებენ და შარლერუა ქვაფენილზე დარბის, ტრენაჟორებზე კუნთურ მასას იღებს, სიტუაციას ეჩვევა. შარლერუაში შენგელია თითქმის პირველი კაცია. კალათბურთით პირველია და დანარჩენ ამბებში, თოკოზე წინ ბელგიელები და ერთჯერადი ამერიკელები დგანან. კრისტოფ ბეგინიც შარლერუაში იღლება. კრისტოფ ბეგინმა წინა საკვალიფიკაციოში ბლომად ჩაგვიყარა და კარგად იცენტრა. ლიტვაში, ევროპის ჩემპიონატზე ბეგინი თოკომ, ჩვენმა ნაკრებმა და ჩვენმა მაღლებმა გადაჭრეს. შენგელია შარლერუაში მეოთხე ნომერია. ისედაც მეოთხე ნომერია და თუ საჭიროა, იცენტრებს.

ევროპის ჩემპიონატზე ჩვენმა კაცმა 8.8 ქულა, თითქმის 5 მოხსნა აიღო და მომენტებში ძალიან კარგი იყო. თოკომ აკრიფა ფოლები რუსეთთან და ეს მოსულა. იქ დევიდ ბლატმა 19 წლის ბავშვზე კალათბურთის დოუელი, ანდრეი კირილენკო მიუშვა. თოკომ ბერძნებს, უკვე მეორე ეტაპზე 25 წუთში 11 ქულა მიარტყა. ფინეთთან შენგელია 28 წუთში 12 ქულას, 6 მოხსნას, 2 მაგარ პასს კრავს.

0x01 graphic

ნიკოლა მიროტიჩი

0x01 graphic

იონას ვალანჩუნასი

კალათბურთში მშვიდად ვართ. იგორ კოკოშკოვი ამერიკულ ტერიტორიაზე ესწრება ლექციებს და იქ ათვისებული ინფორმაცია ჩვენთან, თორნიკესთან, ზაზა ფაჩულიასთან, ყველასთან მოაქვს. თუ სადღაც რაღაც გვაკლდება, ვინიშნავთ და მერე იმავე შეცდომას არ ვუშვებთ. კალათბურთში სუსტს მოუგებ. იქ დაწოლა არ მოსულა. საბონისი პეტროვიჩს არაფერს არ აძლევდა და დრაჟენი საბასს ისე, კალათბურთით უგებდა. კოკოშკოვის ბანდამ აჭრა ლიტვაში ბელგია, უკრაინა, რაღაც ვერ გათვალა ბულგარეთთან და მეორე ეტაპის ვიზაც მოგვცეს.

ლიტვაში კარგი იყო. კარგი იყო შენგელია და პატარებში, დიდებზე ახალგაზრდებში, თორნიკე ერთ-ერთი საუკეთესოა.

გულშემატკივრებისგან განსხვავებით, ახალგაზრდებში ექსპერტებმა პირველი ადგილი იონას ვალანჩუნასს დაუტოვეს. ლიტველი მაგარი ბიჭია. ამერიკაში წასვლა ერთი წლით გადადო და მანამდე ლიეტუვოს რიტასში აზრზე მოვა, კაცებთან კაცურად თამაშს ისწავლის. ვალანჩუნასი ცენტრია და უკვე ტორონტოს ეკუთვნის.

სერიოზული ნიჭი დევს ნიკოლა მიროტიჩში. ცოტა ბრექი, უკვე ზედმეტად პოპულარული მონტენეგროელი ესპანეთის ოცწლამდელებშია და მალე გასოლებთან, კალდერონთან, ნავაროსთან ერთად ივახშმებს. მიროტიჩი რეალში ასაკს და რეალს უსწრებს. ევროლიგაზეც იცნობენ, პატივს სცემენ. შენგელია ამ ევროლიგაზე ორჯერ გადის მიროტიჩზე. პირველი ტესტი თორნიკემ 11 ქულით და 9 მოხსნით დახურა, მიროტიჩს 9 ქულა, 3 მოხსნა და 3 პასი აქვს. მეორე თამაშში ნიკოლამ 12+2 დასვა. შენგელიას ისევ 11 ქულა მოაქვს. თავისი 5 მოხსნით.

0x01 graphic

ენეს კანტერი

უკვე ამერიკაშია თურქი ენეს კანტერი და იუტაში თავის წუთებს, ყურადღებას და ნაკერებს იღებს. კანტერი ცოტა მოუქნელი პერსონაჟია და მოუქნელ გუნდში ამერიკულ რესტლინგს ეჩვევა. მალე უკეთესი იქნება. თურქეთის ნაკრებში სამი მაღალი დობერმანი დგას - კანტერი, ომერ აშიქი და სემიჰ ერდენი. კანტერი ცენტრია.

ძირითადად, დიდებში ეს ბიჭები და შენგელია გავლენ შემდეგ დონეზე. ალბათ, ცისფერი გუნდის ფლეიბოი, ალესანდრო ჯენტილეც ვარსკვლავის სივის მიიღებს. იტალიელები პატარებში თითო პოტენციურ ნოვიცკის სულ პოულობენ.

FIBA Europe დიდების ტერიტორიაზეც გავიდა და საუკეთესო ნოვიცკი გახდა. ნავარომ ესპანეთს ბევრი მისცა, მაკალებმა მაკედონიას - ყველაფერი. ნოვიცკი სხვა დონეა. ნავარომ ევრობასკეტი მოიგო, დირკმა ლებრონს შემოარტყა. ნოვიცკი 685 ქულით პირველია და მერე, ათეულში ზიან ნავარო (460), მაკალები (191), პო გასოლი (169), კირილენკო (146), ტონი პარკერი (131), დიმიტრის დიამანტიდისი (129), ნიკოლა ბატუმი (32), დუშკო სავანოვიჩი (27) და მეორე გასოლი (20).

დიდების ტერიტორიაზე მალე ჩვენი ბიჭიც შევა. თავის ასაკში, ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო მაღალი ტერორისტი, რომელიც უმატებს და არ ისვენებს. არ დადის კინოში და ღამის კლუბებში, არ იღებს რედ ბულის და არყის პოპულარულ, ქართველი სპორტსმენების საყვარელ მიქსტს, არ ეკეტება ჭკუა ვერსაჩეს ძვირ ძონძებზე. თორნიკე შენგელია მაგარი მოთამაშეა.

ჩვენი სურვილია, უკეთესი გახდეს.

გახდება.

24 ლინემატოგრაფი

▲ზევით დაბრუნება


სპორტი|კალათბურთი

ზურაბ თალაკვაძე

0x01 graphic

ნიუ იორკში სპაიკ ლიმ ისევ ვარდისფერი სათვალე გაიკეთა. ალექს როდრიგესი მერაია ქერის აღარ აწუხებს, სხვა გასართობი აქვს. ჯასთინ ტიმბერლეიკი ძმაკაცის პიცერიაში უნდა წასულიყო და დაავიწყდა, რომ ძმაკაცი ჰყავდა. თავისი პიცერიით. ნიუ იორკში ნიუ იორკმა როიალ ფლეში გაშალა. ნიქსმა ჯერემი ლინი გაშალა.

მედისონ სკვერ გარდენი მოგონებებს აგროვებს და დალპობის პირას მისული გაყინული დიდი ვაშლი ახალ გასართობს გაკვირვებული აკვირდება. ჯერემი ლინმა ნიქსს ჯერ ერთი თამაში მოაგებინა. ნიქსს გაეცინა. ლინმა მეორე მოიგო. ნიქსი ჰამაკიდან წამოდგა, გაიზმორა, მესამე თამაშის მოგების სურვილი გაუჩნდა. ლინმა მოიგო მესამე, მეოთხე, მეხუთე. ნიქსიც ათამაშდა. ტაივანელი, რომელიც ამერიკელია და ჰარვარდი აქვს დამთავრებული, კალათბურთს მაგრად თამაშობს. არ პიჟონობს. აკეთებს ყველაფერს, რაც ნასწავლი აქვს და ჯერემი ლინმა უკვე ბევრი იცის.

ჯერემი კალათბურთს ბრექობის და სვირინგების გარეშე თამაშობს.

12 თებერვალს მისტერ ლინი აღმოსავლეთის კონფერენციაში პირველი კაცი გახდა. ერთ კვირაში ნიქსმა ოთხივე ტესტი აიღო, ჯერემიმ 27.3 ქულა, 8.3 პასი და 2.0 ჩაჭრა აკრიფა. სერიოზული სტატისტიკაა. ლინმა სტატისტებთან ერთად მაგარი სტატისტიკა დაირტყა.

ლინი პირველ ოთხ სტარტში 109 ქულას იღებს. ლინმა ალენ აივერსონის რეკორდი მოხსნა. თავის 7 პასთან ერთად. ლინი ლიგის ისტორიაში პირველია, ვინც პირველ ოთხ სტარტში მინიმუმ 20 ქულას და 7 პასს კრავს. 10 თებერვალს, ჯერემიმ ლეიკერსთან 38 ქულა დასვა. ლეიკერსთან. ლინმა. კობი ბრაიანტთან. ლინმა. კობისთან პირველწლიანი ღლაპები ავტოგრაფებზე დგებიან რიგში. ლინმა კობის თავი დაუქნია, კალათბურთის დონისგან კალათბურთის თამაშის ნებართვა აიღო და შეუბერა.

როგორც იცოდა, ისე შეუბერა და ნიუ იორკმა ჯეკ ნიკოლსონის ფავორიტებს 92:85 უკბინა.

მედისონში ჩადის იუტა და ლინმა ჯაზი თავისი დისტორშენით გადაფარა, 28 ქულა, 8 პასი და 2 ჩაჭრა დადო. ნიქსი 99:88 იგებს.

8 თებერვალს ლინი ვაშინგტონშია. ობამას რარიტეტული იუმორი ერთი საღამოთი არაპოპულარულია. ხალხს არ ეცინება. ვაშინგტონელები ალექს ოვეჩკინზე არ ჭორაობენ. ვაშინგტონში ლინია და ბიჭმა ელეგანტური დრიბლინგით ისევ მოიგო. 107:93.

ლინი თავის კალათბურთს თამაშობს და მალე ნიქსი უფრო მოაზროვნე გუნდი იქნება.

თუ გინდა კაცის ხასიათის გამოცდა, მიეცი ძალაუფლება, თქვა ადრე აბრაამ ლინკოლნმა. ნიქსმა ძალაუფლება, ნდობა და ამ რეგულარულის პერსპექტივა ჯერემი ლინს მისცა. ლინმა ნდობა გაამართლა და ნიქსი ისევ თავისუფლად თამაშობს, კალათბურთით ისვენებს, იგებს. ნიქსი იგებს და ლინთან ერთად ნაკლებ სულელურ შეცდომას უშვებს. კარმელო ენტონის, ამარე სტაუდმაიერის, ბაირონ დევისის, ტაისონ ჩენდლერის, მაიკ დ'ანტონის გუნდი არაოფიციალურად ამ ტაივანელი ჰარი პოტერის გუნდია. ჯერემის თავისი ჯადოსნური ჯოხი გამქრალი აქვს, ჯერ მალავს. ჯერ საკმარისია ის, რაც ჰარვარდში და მაიკლ ჯორდანის დივიდიებიდან ისწავლა.

ლინი ნიქსამდე ორ გუნდში მიდის. ბიჭი ზედმეტი იყო ჰიუსტონში. როკეტსმა კევინ მარტინს და კაილ ლოურის მესამე სწრაფი ტერორისტი არ დაუძმაკაცა. ლინი ზედმეტია გოლდენ სტეიტში და იქ, ოკლენდში, ნიჭს ძირითადად ვერ ამჩნევენ. გოლდენ სტეიტმა რობერტ პერიშის და კრის უებერის მერე, კიდევ ერთი ნიჭიერი ლეკვი გააგდო. ლეკვი მედისონ სკვერ გარდენმა დაიტოვა, გემრიელი სენდვიჩი აჭამა და ჯერემი ლინი უკვე რეალური მტაცებელი, ყველაფერზე აცრილი დინგო გახდა.

ლინი აგროვებს ვიდეოთამაშებს. ბევრი ვიდეოთამაში აქვს.

ლინი აგროვებს კომიქსების სერიას ჰელბოიზე. ბევრი კომიქსი აქვს.

ლინი აგროვებს ვიდეომასალებს მაიკლ ჯორდანზე. მაგარი კადრები აქვს. ლინიც მაგარი კადრია. თუ არ დაილეწება, მალე ვიდეოთამაშს ჯერემიზე გააკეთებენ, ბავშვები ლინზე კომიქსების შეგროვებას დაიწყებენ. ჯორდანი სხვა თემაა.

ლინი: „ნიქსში მენდობიან და ამას ვაფასებ. როდესაც გუნდში კარმელო, ამარე და ტაისონი გყავს, ყოველთვის მეოთხე, მეხუთე ოფცია ხარ. მწვრთნელმა დამაყენა პირველ ხუთეულში და მიდი, გაერთეო. ვერთობი. თან ვთამაშობ. თან ვიგებთ. სეზონის ბოლომდე კიდევ ბევრი თამაში გვაქვს მოსაგები. ნიქსიც შეიცვალა”.

აღმოსავლეთში ლებრონი, უეიდი და ბოში აპრილიდან უსახელო ნაძირლებივით მიხედავენ საქმეს.

დუაიტ ჰოვარდი ჯერ უნდა დალაგდეს, რა უნდა, სად უნდა, რატომ უნდა.

ატლანტა ალ ჰორფორდის გარეშე კუთხეში დგას და თუ მოტრიალდება, თითებში ეგრევე სახაზავი ხვდება.

მილუოკიმ ენდი ბოგატი ისევ სარეაბილიტაციო ცენტრში გაუშვა და უბოგატოდ, მილუოკიც სარეაბილიტაციო გუნდია.

ჩიკაგოში სუდანელი ძველი ბიჭი, ლუოლ დენგი ადრე ცხვრებით ვაჭრობდა და დღეს, დერიკ როუზზე შეუცვლელია. ეს უკვე შემდეგი თემაა. დენგი რიგში დგას.

0x01 graphic

რჩება ნიქსი. ასაწყობი და ცოტა აჭრილი კარმელო ენტონი ჯერ ვერ გაიქცა, ცუდი პროცენტით და ნატკენი მაჯით ისვრის. ამარე სტაუდმაიერმა ძმა დაკარგა.

და ნიქსში ჯერემი ლინი მონახეს. ლინმაც ნიქსი გაშანსა და გუნდს ფლეი-ოფში გასვლის შანსი აჩუქა.

ნიქსისთვის ლინიც საჩუქარია.

25 საქმე ცივი გონებით უნდა ვაკეთოთ

▲ზევით დაბრუნება


სპორტი|ფეხბურთი

ლაშა გოდუაძე

0x01 graphic

ზამთრის შესვენების შემდეგ თბილისის დინამომ საქართველოს ჩემპიონატი ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით განაახლა: ესპანელი სპეციალისტი ალექს გარსია დუბლშემადგენლობის ყოფილმა თავკაცმა გიორგი დევდარიანმა შეცვალა.

მისი ხელმძღვანელობით დინამომ 2012 წელს გამართული პირველივე ოფიციალური მატჩი მოიგო: ჩემპიონატის XIX ტურში, რუსთავში, კონკურენტი მეტალურგი 2:0 დაამარცხა.

ტაბულა გიორგი დევდარიანს კლუბის საწვრთნელ ბაზაზე შეხვდა.

  • თბილისის დინამოს მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ესპანეთში გამართული შეკრების მიწურულს დაინიშნეთ. საწვრთნელ შეხვედრებში კლუბს ესპანელი სპეციალისტი ალექს გარსია ხელმძღვანელობდა, თქვენი თავკაცობით კი გუნდმა მხოლოდ ვარჯიშები ჩაატარა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საინტერესოა, რამდენად აკმაყოფილებს დინამო თქვენს მოთხოვნებს?

მთავარია, დღეს კლუბმა ის მოთხოვნები დააკმაყოფილოს, რასაც, პირველ რიგში, ქვეყანა და მისი მეპატრონე ითხოვს. ჩემი სურვილები მხოლოდ ამის შემდეგ მოდის - დინამო ხომ მხოლოდ გიორგი დევდარიანის არ არის?! მეოცე საუკუნეში გუნდი თბილისის ერთგვარი სავიზიტო ბარათი გახდა, მაგრამ ამ ეტაპზე ვერ დგას სასურველ დონეზე - წინააღმდეგ შემთხვევაში, არ მოხდებოდა ის ცვლილებები, რაც ბოლო ერთ თვეში განხორციელდა. რაც შეეხება იმას, თუ რამდენად აკმაყოფილებს ჩემს მოთხოვნებს, გეტყვით, რომ აქამდე ჯერ ადრეა - ის დრო, რაც მე კლუბში ვარ, ნამდვილად არ არის საკმარისი საიმისოდ, რომ გუნდის საერთო დონე ჩემს მოთხოვნებს შეესაბამებოდეს.

  • დღევანდელი მზადყოფნის გათვალისწინებით, სეზონის ბოლოს რა შედეგი იქნება თქვენთვის მისაღები?

როგორ გითხრათ... უეფას საგზურის მოპოვება.

  • ევროპის ლიგას გულისხმობთ?

დიახ.

  • მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, დუბლშემადგენლობიდან, რომელსაც აქამდე ხელმძღვანელობდით, პირველ გუნდში ორი მოთამაშე დააწინაურეთ: არჩილ ტვილდიანი და თედო კაკულია. მანამდე ალექს გარსიამ გადაიყვანა ძირითადში დუბლების სამი წევრი... ახალგაზრდა მოთამაშეებზე აქცენტი თქვენი პოლიტიკაა თუ ეს ნაბიჯები დინამოში კონკურენციის ზრდას ემსახურება?

დუბლშემადგენლობამ შარშანდელი პირველობა მაღალ დონეზე ჩაატარა და ცხადია, ახალგაზრდებს თავის გამოჩენის შანსიც მივეცით. ამ ნაბიჯის გადადგმა გვაიძულა გუნდში შექმნილმა მდგომარეობამაც - სამწუხაროდ, ბევრი ტრავმირებული გვყავს. რაც შეეხება კონკურენციის ზრდას, არც უამისობაა - ფეხბურთელები აუცილებლად უნდა იბრძოდნენ ძირითად შემადგენლობაში მოხვედრისთვის.

  • ზაფხულში დინამომ დიდი თანხა დახარჯა ესპანელ ფეხბურთელებში. მოლოდინი, რომ მათი დახმარებით კლუბი შიდა სარბიელზე მაინც უკონკურენტო იქნებოდა, არ გამართლდა. ახლახან, ესპანეთში საწვრთნელ შეკრებაზე დინამომ კიდევ ერთი ესპანელი ლეგიონერი დაიმატა. დინამოს დღევანდელი შედეგების გათვალისწინებით, მოსალოდნელია თუ არა ესპანელი ფეხბურთელების რაოდენობის შემცირება?

ყველა მათგანს კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი აკავშირებს და ხელმძღვანელობის გადასაწყვეტია მათი დარჩენა-გაშვების საკითხი...

  • მაგრამ მათი ბედი თქვენს აზრზეც ხომ არის დამოკიდებული?

იცით, თუ არ ჩავთვლით ჩისკოს, რომელიც მართლა მაღალი კლასის მოთამაშეა და ყოველდღიურად ამტკიცებს იმას, რომ გუნდისთვის ნამდვილად საჭირო ფიგურაა, არ ვთვლი, რომ სხვები შეუცვლელები არიან. მათი საწინააღმდეგო ნამდვილად არაფერი მაქვს, მაგრამ რომ ვთქვა, რომ ქართველებს ორი-სამი თავით სჯობნიან, არ ვიქნები მართალი.

  • ალექს გარსიას ხელმძღვანელობით თბილისის დინამომ უეფას ევროპის ლიგაზე საკმაოდ შთამბეჭდავად ითამაშა, მაგრამ სამწუხაროდ, საქართველოს ჩემპიონატში და თასის გათამაშებაში აღებული ტემპი ვერ შეინარჩუნა: თასის გათამაშებიდან გამოვარდნას თავი რომ დავანებოთ, რამდენიმე შეხვედრაში გაუმართლებლად დაკარგა ქულები, რის გამოც დღეს ჩემპიონატში საკმაოდ ჩამორჩება ლიდერ ზესტაფონს. თქვენი აზრით, რამ გამოიწვია ეს ჩავარდნა?

0x01 graphic

მეტალურგი - დინამო 0:2, ჩისკოს გოლი

ევროპის ლიგაზე დინამოს ნამდვილად სასურველი მეტოქეები შეხვდა. თუ არ ჩავთვლით საბერძნეთის აეკ-ს, რომელთანაც გუნდი გათამაშებას გამოეთიშა, სხვები ნაღდად არ მიეკუთვნებოდნენ თუნდაც ევროპის საშუალო დონის კლუბებს. ჩემი აზრით, დინამოს თამაში ევროპის ლიგაზე არ იყო განსაკუთრებულად შთამბეჭდავი, მიმაჩნია, რომ კლუბს სასწაული არ მოუხდენია, მაგრამ ამავდროულად, ცხადია, დასაფასებელია ის საქმე, რაც ალექს გარსიამ და ფეხბურთელებმა გააკეთეს. მოდით ასე ვთქვათ: ვთვლი, რომ დინამოს მეტოქეები ნამდვილად არ იყვნენ იგივე ზესტაფონზე თუ რუსთავის მეტალურგზე ძლიერნი...

  • მაგრამ, ზესტაფონელებს და რუსთაველებს თავი რომ დავანებოთ, დინამომ საქართველოს ჩემპიონატში ისეთ კლუბებთან დაკარგა ქულები, რომლებიც ნამდვილად არ იყვნენ იგივე მოლდოვის მილსამიზე, უელსის ლანელიზე თუ ისლანდიის რეიკიავიკზე ძლიერნი...

იცით, საქართველოს ჩემპიონატს ახასიათებს ასეთი უცნაური მოულოდნელობები...

  • იქნებ უფრო კონკრეტულად ვთქვათ: რის ხარჯზე დაამარცხა დინამომ მოლდოვის, უელსის და ისლანდიის კლუბები და რატომ ვერ აჯობა მათი დონის და უფრო სუსტ მეტოქეებს საქართველოს ჩემპიონატში და თასზე?

ვფიქრობ, ევროპის ლიგის თამაშების შემდეგ, ბიჭებმა ვერ მოახერხეს შიდა სარბიელისთვის სათანადოდ განწყობა. ევრომატჩებისთვის კლუბში ყველა მოტივირებული იყო, ფეხბურთელები მთელი ძალით თამაშობდნენ - მაქსიმალურად იხარჯებოდნენ, მერე კი, ვთქვათ, მარტვილის მერანთან და ზუგდიდის ბაიასთან თამაშისას, ჩანს, აღარ ჰქონდათ ასეთივე განწყობა. შესაძლოა, მეტოქეები არ დააფასეს სათანადოდ...

  • ანუ, ჩემპიონატში ლიდერთან საგრძნობი ჩამორჩენა და თასის გათამაშებაში მარცხი არასაკმარისი მოტივაციით უნდა ავხსნათ?

გარკვეულწილად, ალბათ ასეა.

  • როგორ ფიქრობთ, რა უნდა გაკეთდეს ამ ნაკლის აღმოსაფხვრელად?

პირველი და ყველაზე მთავარი ისაა, რომ თითოეულ დარჩენილ მატჩს, როგორც ფინალურ შეხვედრას, ისე უნდა მივუდგეთ! ამავდროულად, საქმე ცივი გონებით უნდა ვაკეთოთ: არასასურველი შედეგებიდან სათანადო დასკვნები უნდა გამოვიტანოთ, რომ კვლავ არ დაგვიცდეს ფეხი. გუნდში ყველამ უნდა გაიაზროს, რომ იოლი გასეირნება არასდროს გვექნება - თუნდაც იგივე აუტსაიდერებმა, რომლებსაც კონკურენტად არავინ აღიქვამს, შესაძლოა, ძალიან დიდი პრობლემები შეგვიქმნან. მათთვის დინამოსთან ფრეც მიღწევაა და საამისოდ ყველაფერს გააკეთებენ, ჩვენ კი მხოლოდ მოგება გვსურს. ასეთ დროს, თუ ყურადღება წამით მაინც მოადუნე, მარცხის შანსი იზრდება. აქედან გამომდინარე, მოტივაციასთან ერთად მაქსიმალური კონცენტრაციაც აუცილებელია... რამდენიმე კვირაა, რაც ამ გუნდის მთავარი მწვრთნელი ვარ და ნელ-ნელა ვხვდები, რაოდენ საპასუხისმგებლო საქმე მაბარია - დინამოსგან ხომ ყოველთვის პირველობას ითხოვენ. მართალია, წარმატება ადვილად არ მოდის, მაგრამ არაფერს დავიშურებთ, რომ გავიმარჯვოთ!

  • თქვენი გაწვრთნილი გუნდები, საფეხბურთო კლუბი თბილისი იქნებოდა ეს თუ საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები, შემტევი ფეხბურთით გამოირჩეოდნენ. დინამოშიც თქვენი პრინციპების ერთგული დარჩებით?

რა თქმა უნდა!

  • და რამდენად მზად არიან დღეს დინამოელები თქვენი მოთხოვნების შესასრულებლად?

0x01 graphic

დინამომ 2012 წელი გამარჯვებით დაიწყო

დღეს გუნდში არასახარბიელო მდგომარეობაა: ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელი გვყავს, მაგრამ მჯერა, როცა გუნდი სრულად შეიკრიბება, დინამო ნამდვილად ითამაშებს იმ ფეხბურთს, რომელსაც მისგან მთავარი მწვრთნელი და, ზოგადად, გულშემატკივრები ითხოვენ.

  • დღევანდელი შემადგენლობიდან თქვენი ხელმძღვანელობით არაერთს უთამაშია სხვადასხვა გუნდებში. რამდენად დაგეხმარებათ ეს ფაქტორი წარმატების მიღწევაში?

ვთვლი, რომ ეს პლუსია, მაგრამ არ ვფიქრობ, ეს გადამწყვეტი მომენტი იყოს. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ადრე გიორგი დევდარიანთან თამაშობდა და ამის გამო რაიმე შეღავათი ექნება, ეს სისულელეა - ასეთი რამ არასდროს მოხდება! ზოგადად, მიმაჩნია, რომ რაც უფრო კარგად იცნობ ფეხბურთელებს, მით უფრო მეტია წარმატების შანსი.

  • რუსეთსა და უკრაინას თუ არ ჩავთვლით, პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან უეფას ჩემპიონთა ლიგაში უკვე ბელარუსის და მოლდოვის ჩემპიონებმაც ითამაშეს. ბოლო ათწლეულების განმავლობაში მუდმივად საუბრობდნენ, რომ დინამო მზად იყო ჩემპიონთა ლიგისთვის, წელს თუ არა, გაისად მაინც შეაღებდა საოცნებო ლიგის კარს, მაგრამ სამწუხაროდ, ამ წარმატებას ჯერ ვერც დინამომ მიაღწია და ვერც სხვა ქართულმა კლუბმა. თქვენ, როგორც საქართველოს ყველაზე ტიტულიანი კლუბის მწვრთნელი, როგორ ფიქრობთ, რა არის საჭირო ამ წარმატების მისაღწევად?

ძნელია ამ კითხვაზე პასუხის მოკლედ გაცემა... ჩემი აზრით, ორი მნიშვნელოვანი ფაქტორია გასათვალისწინებელი. პირველი: ის, რომ საქართველოს ჩემპიონი ლიგაში მოხვედრას ვერ ახერხებს, პირველობის დაბალი დონით აიხსნება. წარმოუდგენელია მხოლოდ ორი-სამი კლუბი იყოს წელგამართული და საერთაშორისო ასპარეზზე წარმატების იმედი გვქონდეს - როცა გუნდებს შორის საგრძნობი სხვაობაა, ეს უარყოფითად აისახება საერთო დონეზე - კი არ იზრდება, პირიქით, ეცემა. არის მეორე მომენტიც: მწვრთნელებს უნდა მივცეთ დრო, რომ გუნდი სათანადოდ მოამზადონ. ხანგრძლივი თანამშრომლობის ნათელი მაგალითი იყო ზესტაფონის და გია გეგუჩაძის ურთიერთობა - მწვრთნელი წლიდან წლამდე ამზადებდა კლუბს და გარკვეული პროგრესიც იყო. ზოგადად, თუ გუნდს არ ექნება განვითარების კონკრეტული გეგმა, მხოლოდ დროს დაკარგავს. ასეთ შემთხვევაში ყველაფერი, მათ შორის მწვრთნელების ხშირი ცვლა, არაფრისმომტანი იქნება.

26 საფეხური. ალექსანდრე რეხვიაშვილი

▲ზევით დაბრუნება


კულტურა

მარინა კერესელიძე

ასე ჰქვია გამოფენას, რომელიც თანამედროვე ხელოვნების ცენტრმა თბილისმა კინორეჟისორ ალექსანდრე რეხვიაშვილის შემოქმედებას მიუძღვნა. ფართო აუდიტორიისათვის უცნობი მისი ფერწერული ნამუშევრების, კოლაჟებისა და ესკიზების გვერდით, პლაზმებზე დემონსტრირებული თუ უშუალოდ თეთრ კედლებზე ერთდროულად პროეცირებული ხუთი მხატვრული ფილმისაგან შემდგარი უჩვეულო ექსპოზიცია ერთგვარი ექსპერიმენტია. ის მაყურებელს ალტერნატიულ სივრცეში ამ თვითმყოფადი ხელოვანის მხატვრული სამყაროს აღქმის შესაძლებლობას სთავაზობს.

0x01 graphic

ქალი და ღამე

ფრაგმენტი ალექსანდრე რეხვიაშვილის ძველი ინტერვიუდან: „ყოველთვის ვიღებ რაიმე ამბავს, რომელშიც, რაღაც მორალური კონცეფციის გარდა, არის ფორმისადმი პიროვნული დამოკიდებულება. მე ყოველთვის ვანგრევ სიუჟეტს. < ... > ფორმალურ მხარეს ჩემთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან ახალი ფორმა ძველი, ტრადიციული კონცეფციის უხილავ მხარეს წარმოაჩენს. როგორც კუბიზმში. კუბიზმი არის საგნის აღქმა ერთდროულად რამდენიმე წერტილიდან. ვცდილობ იგივე გავაკეთო კინოში - უხილავი მხრიდან დავინახო ნივთები და მოვლენები, და ამის მიღწევას მინიმალური საშუალებებით ვცდილობ...”

გამოფენის ორგანიზატორებმა კინოხელოვანის შემოქმედების პრეზენტაციის მოულოდნელი ფორმა აირჩიეს. ამან დაინტერესებულ მაყურებელს ოცდღიანი ექსპერიმენტის განმავლობაში „ერთდროულად რამდენიმე წერტილიდან დაანახა” ალექსანდრე რეხვიაშვილის ფილმების ენობრივი სტრუქტურის თავისებურებანი.

ეს გამოფენა, რომელიც 1 მარტამდე გაგრძელდება, საბაბია კიდევ ერთხელ ვთქვათ, რომ ალექსანდრე რეხვიაშვილი გამორჩეული მოვლენაა ქართულ კინოში; შეიძლება ითქვას, უნიკალურიც კი - როგორც რეჟისორის ეთიკით, ისე პოეტიკით.

0x01 graphic

კადრი ფილმიდან „XIX საუკუნის ქართული ქრონიკა”

0x01 graphic

კადრი ფილმიდან „მიახლოება”

0x01 graphic

კადრი ფილმიდან „გზა შინისაკენ”

ალექსანდრე რეხვიაშვილის ორი მოკლე („ნუცა”, „მწვანე მდელო”), ოთხი სრულმეტრაჟიანი მხატვრული („XIX საუკუნის ქართული ქრონიკა”, „გზა შინისაკენ”, „საფეხური”, „მიახლოება”) და ხუთი დოკუმენტური („აღთქმული მიწა”, „სამკუთხა წრეში”, „რუსული პალესტინა”, „უკანასკნელნი”, „იგორ სანოვიჩი. ესკიზები პორტრეტისათვის”) ფილმი და მაღალი პროფესიონალიზმით აღბეჭდილი საოპერატორო ნამუშევრები (გიორგი შენგელაიას „ალავერდობა”, ელდარ შენგელაიას „მიქელა”, ლეილა გორდელაძის „ძაღლი”) განსაკუთრებული ელვარებით ამდიდრებენ ქართულ კინოს.

0x01 graphic

პორტრეტი

0x01 graphic

ალექსანდრე რეხვიაშვილი

„კინემატოგრაფს უშუალო კავშირი აქვს იმ რეალობასთან, რომელშიც ცხოვრობ. ძალიან ახლოს და ღრმად უნდა იცნობდე იმ გარემოს, რომელსაც იღებ. ერთადერთი ადგილი, სადაც ქართული ფილმების გადაღება შეიძლება, საქართველოა. < ... > საკუთარი ნიადაგიდან მოწყვეტა კინემატოგრაფში სავალალო შედეგის მეტს ვერაფერს მოიტანს. < ... > „ვგიკი” რომ დავამთავრე, მოსკოვში დარჩენა და მუშაობა შემომთავაზეს. საბედნიეროდ, კარგი ურთიერთობა მქონდა შესანიშნავ ადამიანთან და დიდ კინორეჟისორთან მიხეილ კალატოზოვთან. რჩევა ვკითხე: გერასიმოვი მოსკოვში დარჩენას მთავაზობს და როგორ მოვიქცე-მეთქი. იქაურ კინემატოგრაფიულ ცხოვრებაში ღრმად ჩახედულმა დაუფიქრებლად მიპასუხა: აქ არ დარჩე, საქართველოში წადიო. მეც უყოყმანოდ დავემორჩილე და საქართველოში წამოვედი. ამისთვის სიცოცხლის ბოლომდე მადლიერი ვიქნები მისი, იმიტომ რომ ჩემი შეხედულებებით კინოზე და ცხოვრებაზე იქ ვერასოდეს ვერაფერს გადავიღებდი...”

ალექსანდრე რეხვიაშვილის ფილმების საფუძველი ქართული სინამდვილეა - ირონიული დრამები აბსურდის ელემენტებით, რომლებიც განსხვავებულად წარმოაჩენს ქართულ სინამდვილეს და ხასიათს. მან შექმნა გრძნობით აღქმული და შემდეგ გონებით მკაცრად ჩამოყალიბებული, უაღრესად პიროვნული სამყარო, ჩამოაყალიბა პოეტურ-მეტაფორული კინოს კანონებზე აგებული საკუთარი მხატვრული სისტემა. მარტივ ფაბულაზე, იგავური განზოგადების პრინციპით აგებულ მის ფილმებში მთავარი ამბავი კი არა, პოეზიის კანონებით ამ ამბის თხრობაა, რომ კინემატოგრაფიული მხატვრული სახეების მეშვეობით ხილული გახადოს ის, რასაც მის გარეშე, ვერასოდეს დავინახავდით.

მის ფილმებში არ არის კონკრეტული დრო და ადგილი. ყოფითი დეტალებისაგან განტვირთულ, „გაუცხოებულ” სამყაროში ყოველი ნივთი, პერსონაჟი და თვით გარემო ფილმის იდეის გამოხატვას ემსახურება. შეუთავსებელ ნივთთა ერთობით ახალი რეალობის შექმნა და მოვლენათა ფარული არსის წარმოჩენა, თხრობის ასკეტური მანერა, ძუნწი დიალოგები, შენელებული, შეუმჩნევლად მფეთქავი შინაგანი რიტმი, გამოსახულების ფოტოგრაფიულობა ქმნის რეხვიაშვილის სტილის თავისებურებას, რომლის სრულყოფა რეჟისორმა თავისი შემოქმედების ესთეტიკურ პრინციპად აქცია.

კიდევ ერთი ფრაგმენტი ძველი ინტერვიუდან: „ხელოვნების ნაწარმოებში ყოველთვის მჟღავნდება მისი ავტორის სოციალური პოზიცია. ყველა მხატვრული ფილმის გადაღება საბჭოთა იდეოლოგიური წნეხის პირობებში მომიხდა. ცენზურის გამო არსებობდა უხილავი ბარიერი, რომლის იქით გასვლა იკრძალებოდა. ფილმებს ამ ბარიერის გათვალისწინებით ვიღებდი, ისე, რომ მისი გადალახვა არ მიცდია, ბევრი რამ განზრახ არ განვახორციელე, ამიტომაც ყველა ჩემი ფილმი დაუსრულებელ ესკიზებად მიმაჩნია... შემდეგ ეს დაუსრულებლობა, სათქმელის ბოლომდე ართქმა ჩემი სტილის განუყოფელი ელემენტი გახდა...”

ალექსანდრე რეხვიაშვილის ფილმების ერთ-ერთი თემა, საქართველოს რთული ისტორიაა. რეჟისორის ფილმების უმეტესობის სიუჟეტი ძალადობის ირგვლივ იკვრება. თუმცა ყველაზე სახიფათო მისთვის სულიერი ძალადობაა, რომელიც სახეს იცვლის და სხვადასხვა დროში სხვადასხვაგვარად ვლინდება. ხელოვანს სწორედ ამ ძალადობასთან პირისპირ მდგომი ადამიანი აინტერესებს, უფრო ზუსტად, მისი რეაქცია ძალადობაზე და სულიერი გზა, რომელსაც ამ უთანასწორო დაპირისპირების პროცესში გაივლის.

უპატრონო და მიუსაფარი, ღვთის ნებას დამორჩილებული ნუცასთვის („ნუცა”) ძალადობა გარდუვალი ბედისწერაა, რომელსაც ის უდრტვინველად ემორჩილება. გამოსავალს ამ ცხოვრებიდან ნებით წასვლაში პოულობს. სტუდენტი ნიკო („XIX საუკუნის ქართული ქრონიკა”) ბიუროკრატიის უსამართლობასთან შეჯახებისას სოფლის ქომაგის გზას ირჩევს. ფილმში „გზა შინისაკენ” ძალადობა ანთიმოზს თვალს უხელს ცხოვრებაზე და საკუთარი თავის შეცნობაში ეხმარება. ეს არის გზა საკუთარი თავისაკენ, რომელიც რეჟისორს ადამიანის ერთადერთ ჭეშმარიტ გზად მიაჩნია; ფილმში „საფეხური” ძალადობა სულიერი დახუთულობის ფორმით ვლინდება. ალექსის გადაწყვეტილება ძველი ცხოვრებიდან წასვლის შესახებ არის პირველი ნაბიჯი, პირველი საფეხური ახალი ცხოვრების დაწყების გზაზე. ნამუშევარში „მიახლოება”, სადაც სიუჟეტი ნანგრევებად ქცეული სახლის გამო დავის ირგვლივ ვითარდება, სულიერი დახშულობის ატმოსფეროში, ცრუ მიზნებითა და ყალბი ფასეულობებით ცხოვრების სავალალო შედეგებს ვხედავთ - პიროვნების ნგრევას და საბოლოო გადაგვარებას. ეს ერთგვარი სატირაა ჩვენს ცხოვრებაზე, რომელსაც დასავლეთში „კომუნიზმის ოდისეის აღსასრული” უწოდეს.

„ჩემი ფილმებით გამოვხატე დამოკიდებულება საბჭოთა კავშირში არსებული სინამდვილის მიმართ. აქ იყო ძლიერი სულიერი ზეწოლა, რომელიც ზედმიწევნით ინიღბებოდა. და იყო არააქტიური - ხაზს ვუსვამ - არააქტიური წინააღმდეგობა. ჩემთვის მიუღებელია ნებისმიერი სახის ბრძოლა და მებრძოლები, რომლებიც იარაღით ან თუნდაც ქადაგებით ცდილობენ საკუთარი სიმართლის დამტკიცებას”.

საბჭოთა სინამდვილე ისტორიის ნაწილად იქცა. მაგრამ ალექსანდრე რეხვიაშვილის „რთული” ფილმები გულგრილს დღესაც არ გვტოვებს. მისი მზერა მიმართული იყო არა იმწუთიერზე, არამედ იმ ჭეშმარიტებებზე, რომელიც ყოველთვის იყო და იქნება ადამიანის თანამდევი.

27 30 წელი დიდ სცენაზე

▲ზევით დაბრუნება


კულტურა|ბალეტი

ნინო ანანიაშვილის საიუბილეო დღეები თბილისში

ირინა ბაგაური

0x01 graphic

The most important ballerina of her generation - ასე მოიხსენებენ ნინო ანანიაშვილს პრესტიჟული დასავლური გამოცემები. მისი კარიერა 1981 წელს, მოსკოვის ბოლშოიში დაიწყო. მას შემდეგ იგი მსოფლიოს თითქმის ყველა პრესტიჟული თეატრის ერთ-ერთი ყველაზე სასურველი მოცეკვავეა. თაობის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ბალერინა წელს საბალეტო კარიერის ოცდაათი წლისთავს თბილისში, მსოფლიოს სხვადასხვა თეატრებიდან მოწვეულ მეგობრებთან ერთად აღნიშნავს.

საიუბილეო დღეებთან დაკავშირებით, მარტის თვეში რამდენიმე ღონისძიებაა დაგეგმილი: კულტურის სამინისტროსა და ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით, ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიხსნება ექსპოზიცია. გამოფენა ერთ კვირას გასტანს და მასზე წარმოდგენილი იქნება პრიმაბალერინას სასცენო კოსტიუმები, აქსესუარები, სხვადასხვა პრესტიჟული გამოცემები, რომლის ყდაზეც ნინო ანანიაშვილია გამოსახული. გარდა ამისა, იგეგმება მოცეკვავის ახალი ფოტოალბომის პრეზენტაცია (შემდგენელი და რედაქტორი ილია თავბერიძე).

16 მარტს, რუსთაველის თეატრში ერთმოქმედებიანი ბალეტების საღამო გაიმართება. ამ დღისთვის იგეგმება ფრედერიკ ეშტონის „მარგარიტა და არმანის” ჩვენება, რომელშიც მთავარ პარტიებს ნინო ანანიაშვილი და ვასილ ახმეტელი შეასრულებენ; ასევე ესტონელი ქორეოგრაფის - ტეეტ კასკის დადგმაც. ამ უკანასკნელს საქართველოში უკვე იცნობენ: გასული წლის სექტემბერში მან თბილისური დასისთვის ოთარ ჭილაძის პოემის „სინათლის წელიწადის” მიხედვით ერთმოქმედებიანი ბალეტი „უფრთოდ ფრენა წყვდიადში” დადგა.

ალექსანდრე დიუმა-უმცროსის რომანის „ქალი კამელიებით” მიხედვით შექმნილი „მარგარიტა და არმანი” ინგლისელმა ქორეოგრაფმა, ფრედერიკ ეშტონმა, 1963 წელს ლონდონის კოვენტ გარდენში ლეგენდარული წყვილისთვის - რუდოლფ ნურიევისა და მარგო ფონტეინისთვის - შექმნა. მას შემდეგ, მთავარი პარტიების ცეკვის უფლება თითქმის ორმოცი წლის განმავლობაში არავისთვის მიუციათ. ხელმეორედ ეს ბალეტი მხოლოდ 2000 წელს, პარიზის ოპერა გარნიეს სცენაზე დაიდგა. წამყვანი როლების შესრულება ნურიევის საყვარელ მოცეკვავეს - სილვი გილემსა და პარიზის ნაციონალური ბალეტის პრემიერს - ნიკოლა ლე რიშს მიანდეს. ნინო ანანიაშვილი მესამე ბალერინაა, ვისაც მარგარიტას პარტიის ცეკვის პატივი ერგო, მისი დებიუტი ამ როლში 2008 წელს, თბილისში შედგა.

საიუბილეო დღეები 18 მარტს, თბილისის საკონცერტო დარბაზში გამართული გალაკონცერტით დასრულდება. საღამოს პირველ ნაწილში წარმოდგენილი იქნება იური პოსოხოვის მიერ ფელიქს მენდელსონის პირველ სიმფონიაზე დადგმული ბალეტი „ანარეკლი”. ნაწარმოები ქორეოგრაფმა 2005 წელს, სან ფრანცისკოს საბალეტო დასისთვის დადგა და მას ქართველი მაყურებელი თბილისში პირველად იხილავს.

გალაკონცერტის მეორე ნაწილში წარმოდგენილი იქნება პა დე დეები და მინიატურები სხვადასხვა ბალეტებიდან. მათ ნინო ანანიაშვილთან და თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დასთან ერთად, მსოფლიოს სხვადასხვა თეატრებიდან ჩამოსული მოცეკვავეები შეასრულებენ.

0x01 graphic

მოცარტიანა. ანხელ კორელასთან ერთად

18 მარტს თბილისში ამერიკული ბალეტის თეატრის (ABT) პრემიერი, თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ქარიზმატული მოცეკვავე - ანხელ კორელა იცეკვებს. მან ქართველ მაყურებელს 2010 წელს, ვახტანგ ჭაბუკიანის საიუბილეო საღამოზე შესრულებული ორი ნომრით დაამახსოვრა თავი. ანხელ კორელა, ისევე როგორც საღამოს კიდევ ერთი ვარსკვლავი - ხოსე მანუელ კარენიო, წლების მანძილზე უწევდა ანანიაშვილს პარტნიორობას ამერიკული ბალეტის თეატრში. ამავე თეატრიდან მოიწვევენ მარია

0x01 graphic

რაიმონდა. ხოსე მანუელ კარენიოსთან ერთად

გალაკონცერტში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს სხვადასხვა თეატრებში მოღვაწე ქართველი მოცეკვავეები: ლონდონის სამეფო ბალეტის პრემიერი დავით მახათელი, ინგლისის ნაციონალური ბალეტის პრიმაბალერინა ელენე გლურჯიძე. ამერიკიდან ჩამოდიან ჯოფრი ბალეტის სოლისტები თემურ სულუაშვილი და ვიქტორია ჯაიანი.

მოსკოვის ბოლშოის დიმიტრი გუდანოვი და ევგენია ობრაზცოვა წარმოადგენენ. პეტერბურგის თეატრ მარიინსკის ყოფილი ბალერინა, ევგენია ობრაზცოვა, მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა, რამდენიმე საბალეტო კონკურსის ლაურეატი და ტიტულოვანი მოცეკვავეა. ამასთან, ის პირველი ბალერინაა, რომელსაც ნინო ანანიაშვილმა 2008 წელს, მისი და ფრანგი იუველირის, ჟილბერ ალბერის დაწესებული პრემია „ვარსკვლავი” გადასცა. გალაკონცერტზე, ანხელ კორელასთან ერთად იცეკვებს ესპანეთის კორელა ბალეტის სოლისტი, მომოკო ჰირატა და თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მოცეკვავე - უკრაინელი დენის მატვიენკო. მონაწილეები პრიმაბალერინამ პირადად მოიწვია. სტუმრებს შორის იქნებიან ისინიც, ვისთანაც ანანიაშვილს კარიერის საუკეთესო წლები აკავშირებს: პირველი პარტნიორი - ანდრის ლიეპა, დასთან, ილზე ლიეპასთან ერთად. ასევე მისი მოსკოველი მეწყვილეები - ალექსეი ფადეეჩევი და სერგეი ფილინი.

მრგვალი თარიღები გვახსენებს, რომ პროფესიული კარიერა ბალეტში ხანმოკლეა. თუმცა მე ვაგრძელებ ცეკვას და სამომავლო გეგმებიც მაქვს. ნინო ანანიაშვილი „საიუბილეო თარიღების აღნიშვნის გამოცდილება, შეიძლება ითქვას, რომ, გარკვეულწილად, დამიგროვდა. თუმცა, წლევანდელი საღამოები მაინც განსაკუთრებული, სულ სხვა მნიშვნელობის მოვლენა იქნება ჩემს ცხოვრებაში. ოცდაათი წელი სცენაზე მართლაც რომ არაა ცოტა და თანაც, ამ თარიღს სამშობლოში აღვნიშნავ. განსაკუთრებით მახარებს, რომ გალაკონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ის ადამიანები, რომლებთანაც დიდი ხნის ურთიერთობა მაკავშირებს სცენაზე. ჩამოვლენ ისინიც, ვინც ცეკვას თავი დაანება, მაგრამ ჩვენი შემოქმედებითი და მეგობრული ურთიერთობები კვლავ გრძელდება”.

რას იცეკვებენ ანანიაშვილის მეგობრები თბილისში და ვინ გაუწევს მას პარტნიორობას გალაკონცერტზე, ორგანიზატორები ამ დრომდე არ ახმაურებენ. თუმცა თავად პრიმა ბევრ სიურპრიზს ჰპირდება მაყურებელს: „ასეთ დღესასწაულებს გარკვეული სევდა ყოველთვის ახლავს თან. მრგვალი თარიღები გვახსენებს კიდეც, რომ პროფესიული კარიერა ბალეტში ხანმოკლეა. თუმცა მე ვაგრძელებ ცეკვას და სამომავლო გეგმებიც მაქვს. ამას სწორედ იმ ადამიანების თანადგომით ვახერხებ, რომლებიც მთელი ჩემი კარიერის მანძილზე თვალს ადევნებენ ჩემს მოღვაწეობას, ჩემთან ერთად უხარიათ ჩემი ყოველი წარმატება: ეს უპირველესად მაყურებელია. გალაკონცერტი კიდევ ერთხელ მომცემს საშუალებას უდიდესი მადლიერება გამოვხატო მათ მიმართ. ამიტომ დავთანხმდი მეგობრების წინადადებას სასცენო მოღვაწეობის 30 წლისთავის აღნიშვნასთან დაკავშირებით. ვნახოთ, როგორი ზეიმი გამოვა. ზოგიერთ რამეს სიურპრიზად დავტოვებ. ვეცდები, ამჯერადაც სასიამოვნო საღამო გაჩუქოთ”.

28 ბედნიერი მეოცნებე

▲ზევით დაბრუნება


გამოფენა|კულტურა

მაი ლაშაურის გამოფენა ოატ გალერიში

დავით ჩიხლაძე

0x01 graphic

13 თებერვალს, ოატ გალერი არტ კაფეში მაი ლაშაურის პერსონალური გამოფენა გაიხსნა, რომელიც ავტორმა ჯულიან კოვატჩევს, ცნობილ დირიჟორსა და არენა დი ვერონას დირექტორს მიუძღვნა. მაი ლაშაური სწორედ მან მიიწვია ვერონაში დეკორატორების სტუდიაში. ის თბილისურ გამოფენაზე საგანგებოდ ჩამოვიდა თბილისში, როგორც გამოფენის საპატიო სტუმარი.

მიუხედავად საკმაოდ ცივი ამინდების და ძველი თბილისის მოყინული ქუჩებისა, გამოფენას ბევრი დამთვალიერებელი ჰყავდა. ჩემმა მეგობარმა, ცოტა რომ დავათვალიერეთ, თქვა, ეს ქალი ბედნიერი მეოცნებეაო. ცოტა ხანში კი მართლაც აღმოვაჩინეთ ერთი ნახატი ზუსტად ამ სახელწოდებით, ოღონდ ინგლისურად Happy Dreamer. მაი ლაშაურის ეს რვეულის ფურცლის ზომის ნამუშევრები კოლაჟებია და მათზე ჩანაწერებია დამატებული, რაც პერსონალური დღიურის ხასიათს ქმნის. ტექსტები მხიარულია და აბსურდული, როგორც ბედნიერების დამადასტურებელი საბუთი. ეს წინადადებები ზოგჯერ მეორდება და მეორდება და აბსურდული იუმორის გარკვეულ დამატებით დოზას ქმნის.

ზამთარში, როცა თბილისში ირგვლივ თითქმის არაფერი ხდება, ამ გამოფენამ, შეიძლება, ბავშვობა მოგაგონოთ ანდა ზაფხულის უდარდელობა გაგახსენოთ. დადაისტური ესთეტიკა თვალშისაცემია და, რაც ყველაზე მთავარია, ეს ნამუშევრები სულაც არ არის ცივი - დამთვალიერებელთან უშუალო დიალოგის გარემოს ქმნის.

ალბათ, ძალიან ძნელია თანამედროვე ხელოვნებისა და მისი წარმომდგენი გალერეების დღევანდელ გართულებულ კონტექსტში ლირიკული, ხელნაწერი და მცირე ზომის, საკმაოდ მოწყვლადი ნამუშევრები გამოფინო. მით უმეტეს, რომ ისინი საერთოდ არ არის გაპრიალებული და დღეს ასე მოდური სარემონტო დეკორატიული მასალის შესახედაობაც არა აქვს. ასეთ შემთხვევებში კი თანამედროვე ხელოვნების ნამუშევრების ღირებულება მაშინვე ეჭვქვეშ დგება ხოლმე. მაგრამ, ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ხარისხზე ასეთი მანერული და ბიუროკრატიული აკვიატებების გვერდით, რაღაც სხვაც უნდა არსებობდეს, უფრო მნიშვნელოვანი - თუნდაც, უბრალო და მარტივი ესთეტიკური ენერგია.

შეიძლება, ამიტომაც აქვს გამოფენას ასეთი სასაცილო და გამოგონილი სათაური „ბავშვო, ნუ იფიქრებ ნიუტონზე“. აქ არაფერია ჩვენი რაციონალური ყოველდღიური ცხოვრების „წარმატებული და ზუსტი“ რუტინიდან. პირიქით, აინშტაინის მსგავსად, მხატვარიც თავისუფლად მოგზაურობს ბავშვური ემოციისა და ოცნებების და თანამედროვე ხელოვნების კონტექსტების სხვადასხვა პლასტებში. უფრო დიდ და ნამდვილ სამყაროს გვაჩვენებს.

დადაისტური და სიურრეალისტური პრიორიტეტების პარალელურად, მაი ლაშაურის გამოფენაზე ექსპერიმენტული პოეზიის შესანიშნავ და ლამაზ ტრადიციასაც ვხედავთ. საქართველოში ეს ხანდახან და ისე იშვიათად გაიელვებს ხოლმე, როგორც დიდი ხნის წინ საგულდაგულოდ დავიწყებული არაამბიციურობა და უშუალობა. ხელოვნების პროცესს, სინამდვილეში, სწორედ ასეთი გამოფენები ქმნის და არა რამე ხაზგასმით აკადემიური, დასრულებული და ჩაკეტილი. არც სხვადასხვა წამიერი და ისტერიკული ნოვაციები. გალერეები კი, ვინც ამგვარ გამოფენებს მასპინძლობს, არტისტებსაც ეხმარება და ხელოვნების მოყვარულ საზოგადოებასაც.

29 LIFE/GUIDE

▲ზევით დაბრუნება


კულტურა

0x01 graphic

Burial Kindred

1. 2012 წლისთვის დაბსტეპისა და ემბიენტის მსმენელებს უკვე ახალი საყვარელი კომპოზიცია აქვთ- Kindred. უილიამბივენი, იგივე Burial თავისი საკულტო ელექტრონული საუნდით დაბრუნდა. მიუხედავად იმისა, რომ ამჯერად მხოლოდ მინი ალბომი შემოგვთავაზა, ის ბევრ ახალ სრულ რელიზს სჯობია. Kindred-ში სამი ტრეკია შესული: Kindred, Loner, Ashtray Wasp

0x01 graphic

Justine L-Stone peach soft shiny calf leather matt python

2. ჯიმი ჩუმ სამოცდაათიანების კინემატოგრაფში შთაგონების წყაროს ძებნა დაიწყო და ის ფილმში „ჟიუსტინი” (1969წ.) აღმოაჩინა. შედეგად მივიღეთ საკმაოდ საინტერესო კოლაბორაცია ჩუსა და ანუკ ემეს შორის. ჩანთა Justine დიზაინერის გაზაფხულის კოლექციიდან სპორტული სტილისა და ელეგანტურობის სინთეზის მოყვარულებს დააინტერესებს.

0x01 graphic

Nokia Lumia

3. Nokia-მდიდი ხანია დათმო საუკეთესო მობილური ტელეფონების მწარმოებლის სტატუსი, რაშიც დიდი წვლილი მის მოძველებულ ოპერაციულ სისტემას მიუძღვის. მიუხედავად ამისა, ბრენდმა მაინც შეინარჩუნა ერთგული თაყვანისმცემლები. ახალი Lumia-ს სერია ამ უკანასკნელთა რიცხვის გაზრდის მცდელობაა. ის Android-ის სისტემას კონკურენციას მაინც ვერ გაუწევს, თუმცა, თუ WindowsPhone-ის მიმართ გულგრილი არ ხართ, Lumia ამ ოპერაციულ სისტემაზე მომუშავე საუკეთესო სმარტფონებს გვთავაზობს და გარეგნულადაც კარგად გამოიყურება.

მოამზადა ნინა ახლოურმა.

30 უბარაქო კახელები

▲ზევით დაბრუნება


გურმანი|რესტო

გიგო მესხიშვილი

0x01 graphic

კახელები - სასადილო
კახეთის გზატკეცილი 2
უბანი: ლილო
ტელ: +995 32 2 407454
მობ: +99599 2 481505/2424852
სამზარეულო: კახური, ქართული
საათები: 9:00-20:00
ბარათები: მიიღება
ფასი: 80-100ლ.(სადილი ორკაცზე, ღვინის და სერვისის ჩათვლით)
პარკინგი: რესტორნის წინ
ელ-ფოსტა:sales@kakhelebi.ge
საიტი:www.kakhelebi.ge

გადავწყვიტე თებერვალი კახური სამზარეულოსთვის მიმეძღვნა და ერთ თოვლიან-ტალახიან დღეს ლილოსკენ გავემგზავრე. რესტორანი-სასადილო „კახელები” შარშან გაიხსნა და უკვე საკმაო პოპულარობით სარგებლობს თბილისელ გურმანებში. ბევრი სამზარეულოს აქებს, სხვები ადგილს იწუნებენ. ადგილთან დაკავშირებით ერთი რამის თქმა შემიძლია, სანამ შიგნით აღმოჩნდები, ცოტათი შეიძლება დაითრგუნო კიდეც - საცხობები, მარკეტები, ათასი წვრილმანის ფარდულები, ტალახიანი შესახვევი, ნაგვიანი გზატკეცილი... ერთი სიტყვით, შესასვლელთან ჩვეულებრივი, 90-იანი წლების ლილო დაგხვდებათ, თუმცა, შეაღებთ თუ არა სასადილოს კარს (სასადილო მხოლოდ იმიტომ ჰქვია, რომ 20:00 საათზე იკეტება), მაშინვე მყუდრო მედიტერანურ-კავკასიურ გარემოში აღმოჩნდებით - ფერადი თიხის ნაჭრებით გაწყობილი იატაკი, ქვის თბილი კედლები, კოხტა ღუმელი, ძველი ფოტოები და აქსესუარები, შირმები.

შესვლისთანავე სამზარეულოს მძაფრი სუნი გვეცა, ამიტომ მისგან ცოტათი მოშორებით შევარჩიეთ ადგილი. ყველაზე განაპირა მაგიდა დაჯავშნილი იყო, ამიტომ მის გვერდით მოვთავსდით. ცოტა ხანში წამოგვყარეს, ბოდიშებით. არადა, ჩვენი მაგიდა ნამდვილად არ იყო დაჯავშნილი, არც მესამე მაგიდა იმ კუთხეში... როგორც ჩანს, ისეთ სტუმრებს ელოდნენ, რომლებსაც არ უყვართ, როდესაც მათ გარშემო ვინმე ზის. გვეწყინა, მით უმეტეს, იმ მხარეს კაციშვილი არ გაკარებია ჩვენს იქ ყოფნაში, ანუ 19:00 საათამდე.

საკმაოდ სიმპათიური, მოხერხებული და მახვილგონივრულად შედგენილი მენიუ მოგვიტანეს, დაახლოებით იმ ყაიდის იყო, გაბრიაძის რესტორანში რომ ჰქონდათ. კერძებზე მინაწერები - ხაშლამა ბურუსით, მწვადი - ასრულებენ, ათუაშვილი ნოდარა, რეხვიაშვილი ზაზა და ასეთი ჭკუამხიარული რაღაცები. ცოტათი გამოგვიკეთდა ხასიათი და შეკვეთაც უცებ მივეცით.

როგორც ჩანს, აქ დიდხანს არ გალოდინებენ. კერძები დროულად მოგვაყარეს, თუმცა პირველად რატომღაც ბოჩოლას ჩაპამიდვრებული მოვიდა (12 ლ.), ძალიან გემრიელი, ახალი და ქაფქაფა. მხოლოდ ამის შემდეგ მოგვიტანეს სალათა, სახელად ლაგოდეხი (15 ლ.), წითელი და მწვანე სალათის ფურცლები, ძალიან წვრილად დაჭრილი კიტრი და სტაფილო, სულ ცოტა ბულგარული წიწაკა, ალყა-ალყა ხახვი, ფორთოხლის, გრეიპფრუტისა და პამიდვრის პატარ-პატარა ნაჭრები, ზედ მოსხმული კახური მზესუმზირის ზეთით. კარგი იყო და მიუხედავად იმისა, რომ ბულგარულს არ შევუწუხებივარ, ჩემი ნება რომ ყოფილიყო, მაინც შევიკავებდი მისგან თავს.

„კახელებში” გამორჩეული პური აქვთ, ე.წ. მამა პური (3 ლ.), უსაფუვრო ცომისგან გამომცხვარი და თხელი ლავაში (1.50 ლ.), რასაც ვერ ვიტყვით ლოქოზე (15 ლ.), რომელიც გრილზე შევაწვევინეთ, მაგრამ იმდენად ჰქონდა გამჯდარი სიმყრალე და ჭაობის გემო, რომ ვერც ლიმონმა დაამარცხა და ვერც ნარშარაბმა ან სხვა რამ საწებელმა. მოკლედ, ლოქო ჩაფლავდა, თან ძალიან პატარა, უბარაქო პორცია მოგვიტანეს. საცოდავი შესახედავი იყო ბურუსიანი ხაშლამის პორციაც (10 ლ.), კახელებისგან არ ველოდით ასეთ ხელმომჭირნეობას. ბოლო-ბოლო, კახური ესთეტიკის ამბავია - ჯობს გააძვირო კერძი და უფრო ბარაქიანად დააწყო ნაჭრები, ვიდრე უბარაქობის მელანქოლია აჰკიდო კლიენტს. კალმახა სოკო ნიგვზის ლებნებით მორთული მოვიდა (10 ლ.), რომელიც ზედმეტად გამომშრალი და გადაბრაწული, შეიძლება ითქვას, გადამწვარიც კი იყო. მწვადი - თხელი სიფრიფანა ნაჭრები (10 ლ.). მასაც მიმწვარი ჰქონდა კიდეეები. ქაბაბი კარგი იყო (10 ლ.)

ვსვამდით ღვინოს, ჩემი მეგობარი კი ლიმონიან წითელ კომპოტსაც წრუპავდა. კახურად დაყენებულ ღვინოს არაუშავდა, არომატული იყო და განსაკუთრებული დაავადება არაფერი სჭირდა, დაილეოდა, ასევე გავსინჯეთ კაბერნე და მერლო, თუ არ ვცდები, 2 თუ 3 წლის ღვინო, რომელიც უკვე საკმაოდ გადაძველებული და გადაჟანგული იყო, ისევე როგორც 2006 წლის ბოთლის რქაწითელი, კლასიკურად დაყენებული (ე.წ. ევროპული). ყველაზე მეტად საფერავი მოგვეწონა. საერთოდ, ღვინო საკმაოდ იაფი ღირდა, ალბათ იმიტომ, რომ თავიანთი წარმოებისაა. მენიუში არ იყო აღნიშნული ჭიქის ფასი, მაგრამ როდესაც ვუთხარით, ღვინო ჭიქებითაც მოგვიტანეს და გასინჯვითაც დაუზარლად გაგვასინჯეს სხვა ღვინოები. დანაყრებულები გამოვედით და მარჯვნივ, ტალახიან ტროტუარზე შევუხვიეთ, სადაც მანქანა გვყავდა გაჩერებული.

31 ორაგულის სტეიკი

▲ზევით დაბრუნება


გურმანი|რეცეპტი

0x01 graphic

შეფ-მზარეული:
სუპავაჩეი ჰუანა

რესტორანი Thai
ი. აბაშიძის 35

1 ულუფა

მასალა:
250 გრ. ორაგულის ფილე
50 გრ. სტაფილო
50 გრ. პომიდორი
50 გრ. სოკო
50 გრ. ბროკოლი
10 გრ. ზეთი
კარაქი
შაქარი
მარილი
შავი წიწაკა

სოუსისთვის:
100 გრ. თევზის ნახარში
10 გრ. შემწვარი ნიორი
10 გრ. კარაქი
10 გრ. პომიდვრის სოუსი
5 გრ. მარილი

ჯამში: 10 ლარი

მომზადების წესი:

ორაგულის ფილე შეწვით კარაქიან ტაფაში, დაახლოებით 15 წუთი.

დაჭერით სტაფილო, პომიდორი, სოკო და ბროკოლი, მოათავსეთ ტაფაზე, მოაყარეთ მარილი, შაქარი, შავი წიწაკა, გადაურიეთ, მოასხით 10 გრ. ზეთი და შეწვით 3 წუთი.

სოუსისთვის:

თევზის ნახარში, შემწვარი ნიორი, კარაქი და პომიდვრის სოუსი მოათავსეთ მცირე ზომის ქვაბში, მოაყარეთ მარილი და ადუღეთ 5 წუთის მანძილზე.

თუ გსურთ სოუსი იყოს უფრო მეტად სქელი, სურვილისამებრ დაუმატეთ სახამებელი.

გადაიღეთ თევზი და ბოსტნეული თეფშზე, მოასხით სოუსი და კერძი მზად არის.

0x01 graphic