![]() |
სახელისა და მამის სახელის ძიების აუცილებლობა ჰომეროსის „ოდისეაში“ |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: რატიანი ნესტან |
თემატური კატალოგი სტატიები სხვადასხვა ჟურნალებიდან |
საავტორო უფლებები: © კონსულთაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC) |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
![]() |
1 სახელისა და მამის სახელის ძიების აუცილებლობა ჰომეროსის „ოდისეაში“ |
▲ზევით დაბრუნება |
ნესტან რატიანი
ჰომეროსის „ოდისეას“ მრავალჯერადი წაკითხვის შემდეგ მკითხველი ოდისევსის მონათხრობში ბევრ შეუსაბამობას შენიშნავს. მაგრამ დაკვირვებული თვალი აღმოაჩენს, რომ ამის მიზეზი ოდისევსის ბუნებაა, მისი ხასიათის ერთი თვისება, რომელსაც ზოგჯერ მოხერხებულობას, ცბიერებას, ოინბაზობას და ზოგჯერ გონიერებას უკავშირებენ. ერთი ძირითადი ტყუილი, რომელსაც გმირი არაერთგზის მიმართავს, ესაა მის მიერ სხვებისთვის თავისი საკუთარი სახელის დამალვა. ჩვენ არ ვიცით, დაუმალა თუ არა ოდისევსმა სახელი კიკონებს (ტროადან წამოსული ხომალდის შეჩერების პირველი პუნქტი), ლოტოფაგებს (მეორე პუნქტი) ან ნიმფა კალიფსოს, რადგან ტექსტში საერთოდ არაფერია მოთხრობილი მათი პირველი შეხვედრის შესახებ, თუმცა ვიცით, რომ ოდისევსის სახელი იციან ეოლოსმა (საიდან იცის მან ეს სახელი არც ამის შესახებ არაფერს გვამცნობს ნაწარმოები), კირკემ (მან თავად იცნო ვაჟკაცი) და ჰადესის მკვიდრებმა (სისხლის დალევის შემდეგ, როდესაც მათ მეხსიერება უბრუნდებათ). ოდისევსს სახელის გამხელა არ სჭირდება სირენებისთვის, სკილასა და ქარიბდისისთვის და არც კუნძულ თრინაკიაზე, სადაც მხოლოდ ჰელიოსის ნახირი ბინადრობს (ტექსტში მათი მწყემსები არ ჩანან კუნძულზე, თუმცა ისინი არსებობენ, რადგან ამის თაობაზე კირკემ ამცნო ოდისევსს და კალიფსომაც მოუყვა, რომ მეგობართა უგვანი საქციელის შესახებ მამა-ჰელიოსს ლამპეტემ უამბო). დანარჩენ ორ კუნძულზე, კიკლოპთან და ფეაკებთან კი ოდისევსი თავის სახელს სრულიად გაცნობიერებულად მალავს. ასევე სახელს არ ამხელს ითაკაზე დაბრუნებული, მაშინაც, როდესაც სახეშეცვლილი ათენა გამოეცხადება, მაშინაც, როდესაც ერთგულ მეღორე ევმაიოსს და მისთვის თავდადებულ მსახურებს ხვდება და, რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, მაშინაც, როდესაც მონატრებულ პენელოპეს ნახავს. ოდისევსისთვის ბავშვობაში სახელის შერქმევის ამბავს და ამ სახელში ჩადებულ მნიშვნელობას კი მხოლოდ მე-19 სიმღერაში ვიგებთ.
სახელის არგამჟღავნების ერთი მიზეზი ოდისევსის სიფრთხილეა; მას არ უნდა, სასიძოებმა შეიტყონ მისი დაბრუნების ამბავი და ეს მას ფრთხილს ხდის ითაკელებთან. თუმცა მას შემდეგაც, რაც ოდისევსი შეიტყობს, რომ ევმაიოსი, პენელოპე მის გაცემას არ შეეცდებიან, ის მაინც არ ღალატობს არჩეულ ტაქტიკას. ათენას შემთხვევაში კი საერთოდ გაუგებარია, რატომ ცრუობს გმირი. ათენა ჭაბუკი მწყემსის სახით ეცხადება თავის რჩეულს. ოდისევსი სრულებითაც არაა მის წინაშე ვალდებული ანგარიში ჩააბაროს საკუთარი წარმომავლობის შესახებ, მით უფრო, რომ ბიოგრაფიულ ცნობებსაც საკმაოდ დეტალურად ჰყვება (რა თქმა უნდა, გამოგონილს). ყველაზე საინტერესო კი ოდისევსის მიერ კიკლოპისთვის გამხელილი სახელია. რამდენადაც ოდისევსის მონათხრობიდან ხდება ჩვენთვის (უფრო სწორად, ფეაკებისთვის, რადგანაც ოდისევსი თავის ათწლიან ფათერაკებით აღსავსე მოგზაურობას კუნძულ სქერიაზე ყვება მეფე ალკინოეს სასახლეში) ცნობილი, ოდისევსი კიკლოპებთან ლოტოფაგების შემდეგ ხვდება. მისი აღწერით, კიკლოპები ეწევიან მესაქონლეობას, ერთმანეთისგან განცალკევებით კარჩეკეტილნი ცხოვრობენ თავიანთ ოჯახებთან ერთად და მათ არა აქვთ კანონები (ბუნებრივია, ამის შესახებ ოდისევსმა პოსტ ფაცტუმ შეიტყო, მას შემდეგ, რაც საკუთარ თავზე იწვნია ის საფრთხე, რაც შეიძლება, ადამიანს გადახდეს ქვეყანაში, სადაც არ არის კანონი, ანუ ვერანაირად ვერ გააპროტესტებ იმ უსამართლობას, რაც შეიძლება თავს გადახდეს). ოდისევსის მიერ იმის აღნიშვნა, რომ კიკლოპებს არა აქვთ კანონები, დღევანდელ დღეს შემიძლია შევადარო ისეთ სახელმწიფოს, სადაც არაა განთავსებული ჩასული სტუმრის საელჩო. ბუნებრივია, რომ ასეთ შემთხვევაში მოგზაურმა თავის თავს უნდა დააბრალოს ნებისმიერი რამ, რაც მას შეემთხვევა. თუმცა, დღევანდელისგან განსხვავებით, როდესაც მოგზაურობისთვის მხარეს ვირჩევთ, ჩვენ მის შესახებ ვცდილობთ ინფორმაციის მოპოვებას და არ გავრისკავთ ისეთ ქვეყანაში წასვლას (რაც არ უნდა გახსნილი სავიზო რეჟიმი იყოს იქ), სადაც არაა ჩვენი ქვეყნის კონსული თუ არა, რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაცია მაინც, რომელსაც გაჭირვების შემთხვევაში მივმართავთ. ოდისევსი კი, რომელიც თავისი ნებით არ ირჩევს მხარეებს გასაჩერებელ პუნქტებად, ერთი შეხედვით ვერ მიხვდება, რამდენად სამართლებრივად აწყობილ ქვეყანაში მოხვდა; მით უმეტეს, რომ ერთი შეხედვით, გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, ამ მხარეში ყველაფერი მოწესრიგებული ჩანდა. ის, რომ კიკლოპებს არ ჰქონდათ კანონი, ეს ოდისევსმა შეიტყო არა იქიდან, რომ კუნძულზე შესაბამისი არქიტექტორული ნაგებობა ან სახალხო კრების ჩასატარებელი მოედანი ვერ აღმოაჩინა, არამედ მხოლოდ მას შემდეგ, რაც თავად განიცადა სასტიკი უსამართლობა.
როდესაც ოდისევსი მხლებლებთან ერთად კუნძულზე მოხვდება, ისინი საკმაოდ კარგად მოინადირებენ, რადგან ადგილები გარეული თხების სიმრავლით გამოირჩეოდა. ითაკელებს შეუძლიათ მარაგი შეავსონ ხომალდზე და გაეცალონ კუნძულს, მაგრამ ოდისევსი ინტერესს გამოიჩენს და ერთი ხომალდით რამდენიმე ამხანაგთან ერთად მეორე კუნძულზე (აქვე შევნიშნავ, რომ ჰომეროსი კუნძულს ხმარობს არა მხოლოდ იმ გაგებით, რა მნიშვნელობასაც დღეს ჩვენ ვდებთ ამ სიტყვაში, არამედ იმ ტერიტორიის აღსანიშნავადაც, რომელიც ნაწილობრივაც იყო წყლით შემოსაზღვრული) გადავა, იქ, სადაც კიკლოპები ბინადრობენ. აი, სწორედ ამ კუნძულზე დახვდება მას კიკლოპი პოლიფემოსის გამოქვაბული. ოდისევსი, რბილად რომ ვთქვათ, ცუდად იქცევა დაუპატიჟებელი სტუმრის როლში. მოსულები არა მარტო კიკლოპის მომზადებულ ყველს დააგემოვნებენ, არამედ მარაგიდანწასაღებადაც გაამზადებენ. ამის შემდეგ ოდისევსი მეგობრებს აუხირდება, რომ მასპინძლის ნახვა სწადია. როგორ არ ემუდარებიან მხლებლები, გაეცალონ გამოქვაბულს, მაგრამ ჯიუტი ითაკელი თავისას არ იშლის და ელოდება პოლიფემოსის დაბრუნებას. აქვე შევნიშნავ, რომ ოდისევსს არა მარტო იმის ინტერესი აქვს, ნახოს ის არსება, ვისი საცხოვრებელიც დაარბია ან მადლობა მაინც გადაუხადოს, რომ მის ნახელავს გემო გაუსინჯეს, არამედ მასპინძლისგან დასაჩუქრებას ელის და ამას პირდაპირ აღნიშნავს. სახლში მობრუნებულ კიკლოპს რატომ უნდა გაეხარდეს მისი დამრბევების დანახვა, რომ მათი დასაჩუქრებაც კი მოუნდეს, ცოტა გაუგებარია. მალე პოლიფემოსიც დაბრუნდება,1 თავდაპირველად იგი არც ისე ძალიან განრისხდება დაუპატიჟებელი უცხოების დანახვაზე, მაგრამ, როგორც კი ოდისევსი მიუთითებს მას, თუ როგორ უნდა მოექცეს ზევსისგან მოვლენილ სტუმრებს, ზუსტად დაიცვას რა სტუმართმოყვარეობის წესები,
კიკლოპის მოთმინების ფიალა აივსება და ერთ მგზავრს გადასანსლავს, თანაც ისე, რომ მისგან ძვლებსაც კი არ დატოვებს. ზოგიერთი მკვლევარი ვარაუდობს, რომ მანამდე კიკლოპი არ ყოფილა კანიბალი, პირიქით, ცხოვრების წესიდან გამომდინარე, ის მხოლოდ რძის პროდუქტებს მიირთმევს. მაშ, რატომ არღვევს ჩვეულ რაციონს და რატომ სანსლავს ადამიანს? ეგებ კიკლოპი მოსულების ყველანაირ კვალს შლის, მოკვლა ან წახემსების შემდეგ ძვლების დატოვება ბუნებრივად გულისხმობს მომავალში საფლავის გაჩენასაც. საფლავის არსებობამ კი რაღაც დროის შემდეგ საძებნელად (და საფლავის არსებობის შემთხვევაში აუცილებელი, სავალდებულო რიტუალების შესასრულებლად) წამოსული ნათესავის გამოჩენაც შეიძლება გამოიწვიოს, მხარეში კი აშკარად არ უყვართ მოსულები და პოლიფემოსსაც არ უნდა, რომ მოსულებს მომავალში ,,კუდები” მოჰყვნენ. თუკი დეტალებს აღარ ჩავუღრმავდებით და ისევ ოდისევსის სახელს მივუბრუნდებით, ვნახავთ, რომ ოდისევსი კიკლოპს ეტყვის მოგონილ სახელს, რომელიც ბერძნულად არის ,,უტის”, ხოლო ქართულად ითარგმნება როგორც ,,არავინ”. ძალიან უცნაურია, ოდისევსს განესაზღვრა, რომ ეს სახელი ასე გამოადგებოდა შემდგომში. მას შემდეგ, რაც იგი პოლიფემოსს ამოუშანთავს ერთადერთ თვალს, აღრიალებულ კიკლოპთან შეშფოთებული მეზობლები მოცვივდებიან და შეკითხვაზე, ვინ აწყენინა, მიიღებენ უწყინარ პასუხს, არავინ. გულში ხარობს თავისი საზრიანობით გამარჯვებული ოდისევსი, მაგრამ ამ სიხარულს უკვე ხმამაღლა გამოხატავს მას შემდეგ, რაც კიკლოპის გამოქვაბულს თავს ბოლომდე დააღწევს: გემზე ასული უკანასკნელ ძალ-ღონეს მოიკრებს და გასძახებს (თანაც იცის, რომ ამ შეძახილმა, შეიძლება გაშმაგებული პოლიფემოსის ნასროლ ლოდებს ვერ გადაარჩინოს), რომ მისი სახელი ოდისევსია და არა უტისი და მისმა მოხერხებულობამ დააჯაბნინა მძლავრი კიკლოპი. თუკი გავიხსენებთ, რომ ბერძნულ ენაში უარყოფითი ნაწილაკი უ-სთან ერთად არის მე-ც და სიტყვა „უტისში“ ამ უ-ს მე-ს ჩავანაცვლებთ, მივიღებთ „მეტისს“, რაც ქართულად ითარგმნება როგორც „ნურავინ“ და იმავდროულად მივიღებთ მინიშნებას ერთ-ერთ ღვთაებაზე. მეტისი ზევსის თავიდან შობილი ათენას დედა იყო, რომელიც გონიერებისა და საზრიანობის ნიმუშს წარმოადგენდა და სწორედ დედის მხრიდან ამგვარი ნათესაობის გამო იყო, რომ მომდევნო საუკუნეებში ბერძნები ხშირად ხუმრობდნენ კიდეც, რომ ერთადერთი ნათელი აზრი, რომელიც ზევსის თავიდან იშვა, ათენა იყო.
ბოლო პუნქტი, სადაც ოდისევსი იძულებით შეჩერდება ითაკაში ჩასვლამდე, სქერიაა. აქ ფეაკები სახლობენ და მათი ცხოვრების წესი ნაოსნობაა, ძალიან სწრაფლმავალი ხომალდები ჰყავთ და, როგორც ჩანს, ტექნიკის სხვა მიღწევებსაც იცნობენ (მაგალითად, მათი მეფის სასახლეს მექანიკური ძაღლები (რობოტები?) იცავენ, რომლებიც ჰეფესტოს ნახელავია). ამ კუნძულზე სტუმარი არ უყვართ, მაგრამ ოდისევსს საკმაოდ კარგად შეხვდებიან. სტუმარი ფეაკებს თავის სახელს არ უმხელს. შესაძლოა, იგი ფრთხილობს, რადგან არ იცის, რა კუნძულზე მოახვედრა ბედმა. ხომ შეიძლება, აქ ტროელთა მოკავშირეები ბინადრობენ და არ გაეხარდეთ ტროას დამაქცევლის მიღება? მაგრამ ოდისევსი თავის სახელს არც მას შემდეგ ამხელს, რაც გაიგებს, რომ ფეაკები უსმენენ აედს, რომელიც ტროას დანგრევის საგმირო ამბებს უმღერის, ე. ი. აქ სიმპატია უნდა ჰქონდეთ ბერძნების მიმართ. და აი, მხოლოდ მაშინ (და ეს მესამე დღეს დადგება), როდესაც ოდისევსი საბოლოოდ დარწმუნდება, რომ ამართლებს თავის სახელს (სც. გმირის სახელს), იგი ამჟღავნებს, რომ ოდისევსია და თავისი თავგადასავლის მოთხრობას იწყებს. ეს თავგადასავალი, რა თქმა უნდა, მსმენელს ისე მიეწოდება, რომ ოდისევსი შეუდარებელი გმირი აღმოჩნდეს, თორემ უნდა შევნიშნოთ, რომ დაკვირვებული თვალი ამ მონათხრობში ძალიან ბევრ ტყუილსა და შეუსაბამობას აღმოაჩენს. ამის აღმოჩენა ფეაკებს არ შეუძლიათ გასაგები მიზეზების გამო, ისინი ხომ მონათხრობს ერთხელ ისმენენ და სრულიად მოხიბლულნი არიან ოდისევსის ორატორული ნიჭითა და ლამაზად მოყოლის უნარით.
მაინც რაში სჭირდებოდა ოდისევსს სახელის დამალვა ამდენჯერ? ალბათ, იმიტომ, რომ სახელს მოპოვება და შემდეგ ამ მოპოვებულ სახელს გამართლება უნდა. სანამ ოდისევსი ბოლომდე არ რწმუნდება, რომ იგი ღირსია, თქვას თავისი სახელი, იმსახურებს ამ სახელს და არ არცხვენს, მანამდე არ ამხელს ვინაობას. მხოლოდ მას შემდეგ, რაც მისი აზრით, ყველა წინაპირობაა შექმნილი იმისთვის, რომ სახელი ,,ოდისევსი” არ შერცხვეს, ამ სახელის პატრონი აღიარებს, რომ თავადაა ოდისევსი.
მეორე ხაზი, რაც „ოდისეას“ ტექსტში შეინიშნება, ესაა მამის სახელის გამართლება. ტექსტში ტელემაქოსის ითაკიდან გამგზავრება თითქოს სრულიად გაუმართლებელია. რაში დასჭირდა ათწლიანი ლოდინის შემდეგ ოდისევსის ვაჟს ამ მგზავრობის წამოწყება? მაგრამ უკვე დასაწყისში ღმერთების საუბრიდან ირკვევა, რომ ორესტემ, აგამემნონის ძემ, შური იძია მამის მკვლელობის გამო. ასევე ორესტეს საქციელს იხსენებენ გმირები ნესტორთან საუბარშიც. ცხადი ხდება, რომ ორესტემ მამის სახელი გაამართლა, რასაც ჯერ ვერ ვიტყვით ტელემაქოსზე. ტელემაქოსს ისიც ვერ დაუდგენია, ნამდვილად ოდისევსის შვილია, თუ - არა. აბა, რას უნდა ნიშნავდეს მისი პასუხი ათენასადმი, როდესაც ის ამბობს, რომ, როგორც მას დედა ეუბნება, ის ოდისევსის ვაჟი უნდა იყოს, სხვა უტყუარი საბუთი კი არ არსებობს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ელენეს მიერ ტელემაქოსის ცნობა. მას შემდეგ, რაც სპარტაში მენელაოსთან ჩასული ტელემაქოსი სასახლეში შეხვდება ძლევამოსილ ატრიდს, მას ეკითხებიან სახელს და წარმომავლობას. ის-ის იყო, ტელემაქოსმა დააპირა თავისი ვინაობის გამხელა, რომ დარბაზში მშვენიერი ელენე შემოდის. იგი დაინტერესდება მოსულთა ვინაობით და, სანამ პასუხს მოისმენდეს, აღნიშნავს, რომ სტუმარი მას ტელემაქოსს ახსენებს. საიდან უნდა გაახსენოს სტუმრის გარეგნობამ ელენეს ტელემაქოსი გაუგებარია, როდესაც მას, რომც ჰყოლოდა ადრე ჭაბუკი ნანახი, ტელემაქე თოთო ბავშვი თუ იქნებოდა. ნამდვილად სასაცილოა, ოცწლიანი პაუზის შემდეგ ვინმეს ამოცნობა, მით უფრო, რომ ოცი წელი თოთო ბავშვს საგრძნობლად შეცვლიდა. მაგრამ ელენეს მიერ ტელემაქოსის ამოცნობა, შესაბამისად მენელაოსის და მანამდე ნესტორის მიერ ტელემაქოსის აღიარება ოდისევსის ვაჟად, ტექსტში უმნიშვნელოვანესი საკითხია. თანაც, თუკი იმასაც გავიხსენებთ, რომ მანამდე ტელემაქოსს სერიოზულად არავინ აღიქვამს, თვით პენელოპეც, მშობელი დედაც კი. მაშ, რას უნდა ნიშნავდეს პენელოპეს გაოცება, როდესაც ტელემაქოსმა პირველად გაუბედა და შეეწინააღმდეგა დედას, როდესაც მან მომღერლებს დედის საწინააღმდეგოდ სიმღერის გაგრძელება მოსთხოვა. ან რას უნდა ნიშნავდეს ითაკელი ხალხის ის გაოცება (და, შესაძლოა, სიხარულიც), როდესაც ოცწლიანი შესვენების შემდეგ ტელემაქოსი ათენას შთაგონებით გაბედავს და კრებას მოიწვევს. ამ კრების თაობაზე ვერ ვიტყვით, რომ ის წარმატებული აღმოჩნდა ტელემაქოსისთვის, თუმცა ერთი ფუნქცია კი შეასრულა: ტელემაქოსმა პირველად განაცხადა (რა თქმა უნდა, არა ღიად), რომ იგია სრულუფლებიანი მემკვიდრე და, შესაბამისად, მამის სახელსაც ვერავინ შეეცილება.
ამდენად, როგორც მოკლე მიმოხილვიდან ვნახეთ, ჰომეროსის „ოდისეაში“ მნიშვნელოვანია არა მარტო საკუთარი სახელის, არამედ მამის სახელის მოპოვებაც. და ამის განხორციელება, რაც თითქოს არანაირ პრობლემასთან არ უნდა იყოს დაკავშირებული, არც ისე ადვილია. ოდისევსი მუდმივად ფრთხილია თავისი სახელის გამჟღავნებისას; ტელემაქოსის შემთხვევაში კი, სახელი ცნობილია, მოსაპოვებელი არაფერი არ არის, მაგრამ სირთულეს წარმოადგენს მამის სახელის შენარჩუნება. მარტო დედის ნათქვამი, რომ მამა არის ოდისევსი, აშკარად არ კმარა. მამის მეგობრები კი სწორედ ისინი არიან, ვისაც ამის დადასტურებაც და უარყოფაც შეუძლიათ.
და ბოლოს, სანამ ვიტყოდე, თუ რისთვის დამჭირდა მკითხველისთვის ყოველივე ამის შეხსენება, შევეხები ერთ, ჩემი აზრით, უმნიშვნელოვანეს მომენტს. ტექსტში ოდისევსის მონათხრობიდან ვიგებთ, რომ იგი ეწვია ისეთ რეგიონებს, სადაც ჰელიოსის, მზის კულტი არსებობდა. ასეთია პირველ რიგში კირკეს კუნძული აიაია. ვრცელ ეპიზოდში, თუმცა პირდაპირ არაფერია ნათქვამი კუნძულზე კულტის არსებობაზე, მაგრამ ჩვენთვის ცნობილი ხდება, რომ კირკე არის ჰელიოსის ასული და, შესაბამისად, ამ კუნძულზე გაბატონებული იქნებოდა სოლარული კულტი (ამ საკითხზე ვრცლად ვსაუბრობ სტატიაში ,,სად ცხოვრობდა კირკე”, ,,ლიტერატურული ძიებანი”, 2007). თანაც, მეთორმეტე სიმღერა იწყება კუნძულის აღწერით, საიდანაც ცხადი ხდება, რომ აქ ეოსს აქვს ბინა და ჰელიოსის საცეკვაოც ყოფილა.
ასევე სოლარული კულტის ნიშნებს ვხედავ კუნძულ სქერიაზე, ნაოსნობაში დახელოვნებული ფეაკების კუნძულზე. აქ, თუმცა არსად არ არის საუბარი მზის თაყვანისცემაზე, მაგრამ ალკინოეს ბაღების აღწერა ძალიან წააგავს ჰელიოსის ბაღებს (სხვა ეთნოკულტურულ ტრადიციებში სწორედ ამგვარია მზის ღვთაების ბაღები). ესაა საოცარი ბაღი, სადაც ხეხილი უცნაური თანმიმდევრობით ისხამს ნაყოფს: მაშინ, როდესაც ერთი ჯიშის ხეა დახუნძლული, მეორე ყვავილობს, ხოლო მესამე კი ილევა. ასევე სოლარული კულტის ნაშთებს ვხედავ ამ კუნძულზე არსებულ თამაშებშიც. ოდისევსს მასპინძლები ბურთით შესრულებულ ცეკვას უჩვენებენ, რომელიც მოსდევს შესაბამის ჰიმნს. ეს ჰიმნი მოგვითხრობს ჰელიოსზე, რომელსაც, სხვა ღმერთებისგან განსხვავებით, ვერაფერს გამოაპარებენ ვერც მოკვდავები და ვერც უკვდავები. ბურთი კი, რომელსაც თამაშის დროს იყენებენ, მეწამულია და, ჩემი ვარაუდით, მზეს წააგავს და უკავშირდება კიდეც (ის ფაქტი, რომ კულტი თამაშში გადავიდა, ეჭვს არ იწვევს და ამის შესახებ ვრცლად ვმსჯელობ სხვადასხვა სტატიაში).
მესამე და ყველაზე მნიშვნელოვანი კუნძული, რომელიც ჰელიოსს უკავშირდება, თრინაკიაა. აქ ბინადრობს ჰელიოსის ნახირი. მიუხედავად უმკაცრესი გაფრთხილებისა, რომ ხელი არ ახლონ ნახირს, ოდისევსის მეგობრები ყურად არ იღებენ გაფრთხილებას და ჭამენ მათ მიერ მოკლულ საქონელს. ამის გამო ისინი ისჯებიან, ვერცერთი მათგანი სიკვდილს ვერ გადაურჩება. თუმცა, სანამ ჰელიოსის ნახირის ამოხოცვას დაიწყებენ, ოდისევსის თანამგზავრები პირობას იძლევიან, რომ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ღმერთს ტაძარს აუგებენ. ბუნებრივია, ამ დანაპირებს ვერ აასრულებდნენ, რადგან არცერთი მათგანი ცოცხალი არ გადარჩენილა. მაგრამ ცოცხალი გადარჩა ოდისევსი. მას „ვალი“ ჰქონდა ჰელიოსის, ისევე როგორც მასზე გამეხებული პოსეიდონის. საინტერესოა და, ალბათ, არცთუ ისე უმნიშვნელო, რომ ნაწარმოების დასაწყისში ჯერ ჰელიოსის განაწყენებაზეა საუბარი, ხოლო შემდეგ პოსეიდონის მრისხანებაზე. საინტერესოა, რატომ ავიწყდება ამის შესახებ ოდისევსს და სამშობლოში დაბრუნებული არ ფიქრობს მისთვის არათუ ტაძრის აგებაზე, არამედ მსხვერპლის შეწირვაზე მაინც. პოსეიდონის პატივისცემა იმით გამოიხატება, რომ, როგორც კი მშობლიურ მხარეში არეულ საქმებს მოაგვარებს, დაიბრუნებს ძალაუფლებას, უნდა გაემართოს შორეულ მხარეში მისიით და წერტილი დაუსვას პოსეიდონის მრისხანებას: იქ, სადაც ზღვის ნიჩაბი არ უნახავთ, ხალხს ამცნოს ამ ღმერთის არსებობისა და ძლევამოსილების შესახებ, მსხვერპლი შესწიროს ზღვის ღმერთს და საბოლოოდ მოილმობიეროს.
რატომ ივიწყებს ოდისევსი ჰელიოსს, რატომ არ მიიჩნევს მას იმდენად ძლევამოსილ ღმერთად, რომ საჭიროდ ცნოს მისთვისაც სათანადო პატივის მიგება? არადა, თითქოს სხვადასხვა რეგიონებში მოგზაურობისას იგი უნდა დარწმუნებულიყო ამ ღმერთის სიძლიერეში. აი, აქ მინდა, გავიხსენო სახელისა და მამის სახელის ძიების მნიშვნელოვანი ფაქტი, რომელზედაც მანამდე მქონდა საუბარი. რამდენადაც ვიცით, ჰელიოსი ბერძნული პანთეონის ღმერთების პირველ თაობას განეკუთვნება. ესაა ე.წ. უსახელო (ტერმინი ჩემია) ღმერთების თაობა. ამ თაობის ღმერთებს საკუთარი სახელი არ გააჩნიათ, ურანოსი პატარა ასოთი ცაა, მთავრულით კი - ღმერთი, გეა პატარა ასოთი დედამიწაა, მთავრულით კი - ქალღმერთი. ასევეა ჰელიოსიც, იგი ერთდროულად საგანსაც აღნიშნავს და საკუთარი სახელიცაა. მეორე თაობის ღმერთებს უკვე საკუთარი სახელები გააჩნიათ და ამითაც გამოირჩევიან წინა თაობის ღმერთებისაგან. აი, მესამე თაობის ღმერთებს, რომელთა რიგშიც არის პოსეიდონი, უკვე საკუთარ სახელთან ერთად მამის სახელიც აქვთ.
ეგებ საკუთარი სახელისა და მამის სახელის არქონის გამოა, რომ ჰელიოსს ოდისევსი ჯეროვან პატივს არ მიაგებს. ეგებ ბერძენისათვის სახელიცა და მამის სახელიც იმდენად ბევრს ნიშნავდა, რომ მათი ღმერთების პანთეონი ორჯერ იცვლება, იქამდე, სანამ არ დაემკვიდრნენ ღმერთები, რომელთაც თავიანთ საკუთარ სახელთან ერთად მამის საკუთარი სახელიც ჰქონდათ.
______________________
1 ამ ეპიზოდში ძალიან კარგად იხსნება პოლიფემოსის მოწესრიგებული ხასიათი, ჯერ ერთი, გამოქვაბულში მას ყველაფერი იდეალურ წესრიგში აქვს: წინასწარ გამზადებული მოწველილი რძის შესანახი ჭურჭელი, შრატჩასხმული ვარცლები ყველის ამოსაყვანად, მოწნული კალათები პროდუქტის შესანახად; მის საქონელსაც ადგილები განსაზღვრული წესითა აქვს მიჩენილი, მოზრდილნი ცალკე, ნაგვიანევნი ცალკე, სულ ახლად მოგებულები, რომლებიც ჯერ კიდევ ჯიქანს არ მოშორებიან, დედებთან ერთად.