The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ტაბულა №99


ტაბულა №99


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: ბასილაია მიხეილ, ავალიანი დიმიტრი, უგულავა სალომე, ჯანაშია სიმონ, კოკიჩაიშვილი თეონა, ჯგერენაია ემზარ, ჯაფარიძე ზურა, ჩერგოლეიშვილი თამარ, ახლოური ნინა, კაკაბაძე შოთა, გუნია ირაკლი, ჩაფიჩაძე გუგა, ჩხიკვაძე ანი, კროული ჯოზეფ, ტორონჯაძე მირიან, ჭავჭავაძე ილია, ჯაბიძე სოსო, მაჩაბელი გიორგი, თალაკვაძე ზურაბ, ფირცხელანი გიორგი, კოვზირიძე დავით, კიკალეიშვილი სალომე, ფოტიადისი ჯონ, მესხი დავით, ესებუა ნიკა, ხარბედია მალხაზ
თემატური კატალოგი ტაბულა
საავტორო უფლებები: © თამარ ჩერგოლეიშვილი
თარიღი: 2012
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: 2012 | 7 - 13 მაისი მთავარი რედაქტორი: თამარ ჩერგოლეიშვილი / აღმასრულებელი რედაქტორები: ნინი გოგიბერიძე, სალომე კიკალეიშვილი / რედაქტორები: ქეთი მსხილაძე, ელენე კვანჭილაშვილი, ლევან რამიშვილი, დავით კოვზირიძე, ნინო მაჭარაშვილი / უცხოელი მრჩეველი: ბარბარა სვანი / ჟურნალისტები: დიმიტრი ავალიანი, გიორგი კეკელიძე, სალომე უგულავა, მაკა გამცემლიძე, ავთო ქორიძე, ნინა ახლოური, თეონა ტურაშვილი, ირაკლი კიკნაველიძე, ლევან სუთიძე, თეონა კოკიჩაიშვილი, სიმონ მაჩაბელი, ლაშა გოდუაძე, ზურაბ თალაკვაძე, ნიკა ესებუა, ანანო სხირტლაძე, მიხეილ ბასილაია, ლარა ჯამარაული, ირაკლი გუნია / ვები: სანდრო თარხან-მოურავი, ლევან მეტრეველი, ნათია სოფრომაძე, ეკა წამალაშვილი / კორექტორი: ნინო საითიძე / არტრედაქტორი: ბაჩა მალაზონია / დიზაინი & პრეპრესი: კახა დოლიძე, ნიკა კუპრაშვილი / ფოტორედაქტორი: დიმა ჩიკვაიძე / ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი / გამომცემელი: სამოქალაქო განათლების ფონდი / დირექტორის მოადგილე: გიორგი ფრუიძე / ოფის მენეჯერი: ანანო ვარდოსანიძე / გაყიდვები და მარკეტინგი: გიორგი ჭეიშვილი / ყოველკვირეული ჟურნალი ტაბულა, ტელ: + 995 32 2420 300, e-mail: info@tabula.ge / სტამბა: BILNET Printing, Dudullu Organize Sanayi Bölgesi, 1. Cadde No: 16 Umraniye, 34696 Istanbul- TURKIYE, ტელ.: +90 216 444 4403, ფაქსი: +90 216 365 9907 / © 2012 საავტორო უფლებები დაცულია, ჟურნალში გამოქვეყნებული მასალების გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია. ფოტო გარეკანზე: ერნსტ გრეგორი ©



1 სიტყვასიტყვით

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

მიღებულია ასეთი ტერმინი, რომ ცოლი და ქმარი თანასწორუფლებიანია. საღმრთო წერილი ამბობს, რომ ოჯახში მთავარი არის ქმარი... უნდა ვიცოდეთ, რომ ადამიანის ბედნიერება, უპირველეს ყოვლისა არის ერთმანეთის სიყვარული, ერთმანეთის პატივისცემა. მაგალითად, მეუღლე, ქმარი, მოვიდა სამსახურიდან, შენ უნდა შესთავაზო დასვენება, ფეხების დაბანა, უნდა შესთავაზო საჭმელი. ქმარს სითბო უნდა აჩვენო.

  • პატრიარქი ილია მეორე საკვირაო ქადაგებისას ოჯახის მოწყობასა და ქალის როლზე საუბრობს. 29 აპრილი.

0x01 graphic

„უწმიდესი არის ადამიანი, რომელიც ყველანაირ თანასწორობაზე, ცხოვრებისეულ საკითხებზე და ოჯახისეულ პრობლემებზე ჩვენზე მეტად არის შეწუხებული. ამიტომაც მისი ყველა სიტყვა, ყველა მოქმედება ერის გაჯანსაღებისკენაა მიმართული. ჩემი მთავარი ინტერესი ამ შემთხვევაში ის რის, რომ სახელმწიფომ შეასრულოს ის მოვალეობა, რომელიც გენდერის დაცვის კუთხით აკისრია“

  • ქალთა უფლებების დამცველი ნინო ციხისთავი ეხმიანება პატრიარქის საკვირაო ქადაგებას. 30 აპრილი.

0x01 graphic

„ეს შადრევანი ჩემი მოგონილია. ამიერიდან ყველამ ერთად მლანძღოს ეს რა მორიგი საშინელება გააკეთაო. ამ კოლხური ფიგურების მუზეუმიდან მოტანა და გადიდებაც ჩემი იდეა იყო ჩემი იდეა იყო. სხვათა შორის, ვერა ქობალიაც კოლხია და რომელ ცხოველს გაგონებთ?

  • პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისში ვიზიტისას ქალაქის სიახლეებზე, მათ შორის საკუთარ არქიტექტურულ იდეებზეც ისაუბრა.

30 აპრილი.

0x01 graphic

„იფიქრეთ იმ მილიონებზე, რომლებსაც ჩვენი მაღაზიები და სასტუმროები მოგვიტანს, თუ ამსტერდამიდან ჰოლანდიელი კონსერვატორების მიერ დამფრთხალი ყველა ტურისტი აქ ჩამოვა ფულის დასახარჯად.“

  • ბრიტანეთში მწვანეთა პარტიის მდივანი ბენ დანკანი ქალაქ ბრაიტონში მარიხუანის ლეგალიზების წინადადებით გამოდის. მისივე თქმით, კვლევები აჩვენებს, რომ მარიხუანა შეიძლება იყოს სახიფათო, მაგრამ ნაკლებად საშიშია, ვიდრე მანქანის ტარება ან ქუჩაზე გადასვლა.

0x01 graphic

„ჩვენ გვინდა დიდი პროექტები ამ დიდი ქვეყნისთვის საფრანგეთისთვის. ჩვენ არ გვინდა შური, ჩენ არ გვინდა ეგალიტარიზმი, ჩვენ არ გვინდა სიმწარე, ჩვენ არ გვინდა სიძულვილი, ჩვენ არ გვინდა კლასობრივი ბრძოლა. ჩვენ არ გვინდა სოციალიზმი“

  • საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი მეორე ტურის წინ აფრთხილებს ამომრჩევლებს, რომ სოციალისტური ტენდენციების შენარჩუნებით ქვეყანა საბერძნეთის ბედს გაიზიარებს და ღრმა ეკონომიკურ კრიზისში აღმოჩნდება.

1 მაისი.

0x01 graphic

„თქვენ შეიძლება არ ეთანხმებოდეთ, შეიძლება ფიქრობდეთ, რომ ასეთი პრაქტიკა სიბინძურეა. ყველაფერი შეიძლება იფიქროთ, მაგრამ ეს ბავშვები უნდა გიყვარდეთ და სიყვარულით მიმართავდეთ“.

  • ქრისტიანული სამაუწყებლო ქსელის (CBN) დამაარსებელი პეტ რობერტსონი პასუხობს შეკითხვას, თუ რას ფიქრობს ქრისტიანი ბავშვების მიერ სკოლაში ლგბტ ბავშვების დაცინვაზე. რობერტსონი ახსენებს მაყურებელს, რომ ქრისტიანებისთვის დაუშვებელია კრიტიკული დამოკიდებულების აგრესიით გამოხატვა. სკოლაში მოსწავლეების მიერ ერთმანეთის სხვადასხვა ნიშნით შევიწროება აშშ-ში ხშირად განიხილება და საზოგადოებრივ ჯგუფთა ურთიერთდამოკიდებულებას ასახავს.

25 აპრილი.

2 ნორმალური კანდიდატი

▲ზევით დაბრუნება


არენა

მიხეილ ბასილაია

0x01 graphic

ფრანსუა ოლანდი

ფრანსუა ოლანდის პოლიტიკური დებიუტი ჟაკ შირაკთან დაპირისპირებით დაიწყო. 1981 წელს ორივე საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე დეპარტამენტ კორეზში იბრძოდა ნაციონალურ ასამბლეაში (პარლამენტის ქვედა პალატა) მოსახვედრად.

შირაკი იმჟამად პარიზის მერი იყო, მანამდე კი პრემიერი (ეს თანამდებობა მას შემდეგაც ეკავა, 1986-88 წლებში), აგრეთვე შინაგან საქმეთა და სოფლის მეურნეობის მინისტრი. 1981 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ის გოლისტების კანდიდატი იყო, მაგრამ პირველივე ტურში დამარცხდა სოციალისტ ფრანსუა მიტერანთან და ლიბერალ ვალერი ჟისკარ დ'ესტენთან. მეორე ტურში შირაკმა პიროვნულად დაუჭირა მხარი ჟისკარს, მაგრამ უარი განაცხადა, რომ იმავეს გაკეთება თავისი მომხრეებისათვის მოეწოდებინა.

მემარჯვენე ამომრჩევლის გახლეჩა ფრანსუა მიტერანს ელისეს სასახლის დაკავებაში დაეხმარა. მადლიერების ნიშნად, მომდევნო საპარლამენტო არჩევნებზე, მის საარჩევნო ოლქში შირაკს სოციალისტებმა ძლიერი კონკურენტის ნაცვლად ადმინისტრაციის ნაციონალური სკოლის წინა წლის კურსდამთავრებული, 26 წლის ფრანსუა ოლანდი დაუპირისპირეს.

0x01 graphic

ფრანსუა მიტერანი და ფრანსუა ოლანდი. 1981 წელი

ჩემ წინააღმდეგ გამოაგზავნეს ოპონენტი, რომელიც უფრო ნაკლებად არის ცნობილი, ვიდრე მიტერანის ძაღლი - ლაბრადორი, სახელად ბალტიკი, - თქვა მაშინ შირაკმა. დღეს 79 წლის ყოფილი პრეზიდენტი ხმას არა თანაპარტიელ ნიკოლა სარკოზის, არამედ თავის ძველ მოწინააღმდეგეს აძლევს. შირაკი ოლანდს ნამდვილ სახელმწიფო მოღვაწედ მოიხსენიებს მაშინ, როცა სარკოზის ნერვიულსა და იმპულსურს უწოდებს.

შირაკსა და სარკოზის შორის ურთიერთობებში ბზარი ჯერ კიდევ 1995 წელს გაჩნდა, როცა სარკოზიმ მაშინდელ საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარი შირაკის კონკურენტს, იმჟამინდელ პრემიერს ედუარდ ბალადიურს დაუჭირა.

შირაკის მიერ მისი კონკურენტის მხარდაჭერის კომენტირებისას სარკოზი ამბობს, რომ დაუშვებელია ექსპლუატაცია გაუწიონ მოხუც ადამიანს, ვისი მენტალური ჯანმრთელობაც სპეკულაციის საგანს წარმოადგენს. საუკეთესო გზა, პატივი ვცეთ ჟაკ შირაკს და იმ რთულ მდგომარეობას, რომელშიც იმყოფება, იქნება ის, თუ მას ლაპარაკს არ ვაიძულებთ, - განუცხადა გაღიზიანებულმა სარკოზიმ სახელმწიფო რადიოს არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე. თავის წარმატებას ოლანდი დიდწილად არა შირაკის მხარდაჭერას, არამედ იღბალს უნდა უმადლოდეს. ერთი წლით ადრე, საპრეზიდენტო ფავორიტად იმჟამად საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორი და ყოფილი ფინანსთა მინისტრი დომინიკ სტროსკანი ითვლებოდა. და რომ არა ნიუ იორკში ამტყდარი სექსუალური სკანდალი, ოლანდი წლევანდელი არჩევნების მთავარი მოქმედი გმირი ვერ გახდებოდა.

ზომიერი მემარცხენე ოლანდი საარჩევნო კამპანიამდე ფრანგული საზოგადოების ყურადღების ცენტრში იშვიათად ხვდებოდა. მას სამთავრობო პოსტი არასდროს ეკავა და აქამდე უფრო იმით იყო ცნობილი, რომ სეგოლენ რუაიალის პარტნიორი გახლდათ.

2007 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე სოციალისტური პარტიის კანდიდატი რუაიალი სარკოზისთან დამარცხდა. რამდენიმე თვეში, 34-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, ის და ოლანდიც დაშორდნენ. მათ 4 შვილი ჰყავთ. ოლანდის მარტოობა დიდხანს არ გაგრძელებულა - ფრანგულმა პუბლიკამ მალევე გაიგო მისი და ფრანგი ჟურნალისტის, ვალერი ტრირვილერის ურთიერთობის შესახებ.

სოციალისტების ლიდერს საფრანგეთში სხვადასხვა მეტსახელებით მოიხსენიებენ ხოლმე. მომხრეები მას მუსიე ნორმალს უწოდებენ და ამით ექსცენტრული კონკურენტის, პრეზიდენტ ბლინგ ბლინგის ესკაპადებისგან გადაღლილ ამომრჩეველზე აპელირებენ. მოწინააღმდეგეები კი, სოციალისტების ლიდერის სისუსტისა და მერყეობის ხაზგასასმელად, მას კარამელის პუდინგის სახელს, Flanby-ს ეძახიან. მათი მტკიცებით, ოლანდი უფერული და უხერხემლო პოლიტიკოსია და კრიზისულ ვითარებაში ქვეყნის გაძღოლას ვერ შეძლებს.

მართალია, ქარიზმითა თუ ლიდერობის უნარით ოლანდი არ გამოირჩევა, მაგრამ მას უშუალო და გულკეთილ ადამიანად მიიჩნევენ. სოციალისტთა ლიდერმა ამომრჩეველს თავი ექსპრომტად მოფიქრებული ხუმრობებით დაამახსოვრა. საარჩევნო კამპანიის დასაწყისში მან ორი პირობა დადო - რომ წონაში დაიკლებდა და საკუთარ იუმორს მოთოკავდა. პირველი შეასრულა, მეორე - ვერა. გამოკითხვების მიხედვით, არჩევნების პირველ ტურში ოლანდს მისი ამომრჩევლების 38-მა პროცენტმა ხმა პირადი სიმპათიების გამო, 60-მა პროცენტმა კი სარკოზისადმი უარყოფითი დამოკიდებულების გამო მისცა.

საარჩევნო კამპანიისას ოლანდი ბევრს საუბრობდა სოციალურ სამართლიანობაზე და თავის მოწინააღმდეგედ არა რომელიმე პიროვნებას, არამედ ფინანსურ სამყაროს აცხადებდა. ის გადასახადების 75%25-მდე გაზრდას აპირებს, ევროპის ფისკალური პაქტის გადასინჯვას ითხოვს, ეწინააღმდეგება ქამრების შემოჭერის პოლიტიკას და ბიუჯეტის დაბალანსებას მხოლოდ 2017 წლისთვის გეგმავს. მისი მეთაურობით სოციალისტები აპირებენ, რომ სარკოზის მიერ 2 წლით გაზრდილი საპენსიო ასაკი კვლავ 60 წლამდე დასწიონ.

ერთია წინასაარჩევნო რიტორიკა, მეორე კი ის რეალობა, რომელიც საპრეზიდენტო მარათონის გამარჯვებულს დახვდება. ეკონომიკური კრიზისის პირობებში პოლიტიკოსებს მანევრირების საშუალება მკვეთრად შეზღუდული აქვთ. ამას ემატება ევროკავშირის მიერ დაწესებული ჩარჩოები, რისი გადახედვაც ფრანგ პოლიტიკოსებს სხვა ევროპული ქვეყნების, პირველ რიგში გერმანიის თანხმობის გარეშე არ შეუძლიათ. ამ თანხმობის მოპოვება მათთვის არც ისე იოლი იქნება.

სოციალისტების ეკონომიკური პოლიტიკა გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის შეშფოთებას იწვევს. ამიტომაც იყო, რომ არჩევნებზე ის დაუფარავად უჭერდა მხარს სარკოზის. მიუხედავად ამისა, მიმომხილველები იმედოვნებენ, რომ ფრანკო-გერმანულ პარტნიორობას სერიოზული საფრთხე არ ემუქრება. ევროზონის ფინანსური კრიზისიდან გამოსვლისთვის ფრანგ და გერმანელ პოლიტიკოსებს საერთო ენის გამონახვის გარდა სხვა გამოსავალი, უბრალოდ, არ გააჩნიათ.

საგარეო პოლიტიკაში ოლანდისა და სარკოზის შეხედულებები მკვეთრად არ განსხვავდება. არჩევნების შედეგის მიუხედავად, ფრანგული დიპლომატიის ვექტორი დიდად არ შეიცვლება, თუმცა ოლანდის პირობებში პარიზის საერთაშორისო აქტივობა შედარებით მოკრძალებული იქნება. სოციალისტების ლიდერი აპირებს, რომ 3,600 ფრანგი სამხედრო ავღანეთიდან წლის ბოლომდე გამოიყვანოს.

0x01 graphic

ფრანსუა ოლანდი 1954 წლის 12 აგვისტოს საფრანგეთის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ რუანში დაიბადა. განათლება პრესტიჟულ უნივერსიტეტებში - კომერციის უმაღლეს სკოლაში (საფრანგეთის წამყვანი ბიზნესსასწავლებელი), ადმინისტრაციის ნაციონალურ სკოლასა და Sciences Po-ში (სოციალურ მეცნიერებებში საფრანგეთის მოწინავე უნივერსიტეტი და კვლევითი ცენტრი) აქვს მიღებული.

1979 წელს, ოლანდი სოციალისტურ პარტიაში გაწევრიანდა. 1981 წელს შირაკთან მარცხის შემდეგ, მან პრეზიდენტ მიტერანის მთავრობაში ეკონომიკურ მრჩევლად გადაინაცვლა. სწორედ მაშინ დაუახლოვდა წარმოშობით კორეზელ ფინანსთა მინისტრს ჟაკ დელორს, რომელიც შემდგომში ევროკომისიის პრეზიდენტი (1985-1994) გახდა. წარმოშობით კორეზიდან არიან ჟაკ შირაკი და მისი მეუღლე ბერნადეტიც. ეს მხარე მნიშვნელოვანი პირებით ასეთი ცნობილი მხოლოდ XIV საუკუნეში თუ იქნებოდა - რომის პაპები კლემენტ VI (1342-1352), ინოკენტი VI (1352-1362) და გრიგორი XI (1370-1378) სწორედ იმ დეპარტამენტიდან იყვნენ. 1988 წელს ოლანდმა თავისას მიაღწია და, როგორც იქნა, პარლამენტში მოხვდა. კორეზის დეპარტამენტის დეპუტატი 5 წლის მანძილზე გახლდათ, სანამ 1993-ში საფრანგეთს ეგრეთ წოდებული ლურჯი ტალღა გადაუვლიდა - სოციალისტებმა საყოველთაო არჩევნებში მძიმე მარცხი იწვნიეს. 1997 წელს მან პარლამენტში თავისი ძველი ადგილი დაიბრუნა და სოციალისტური პარტიის პირველი მდივანიც გახდა.

2001-2008 წლებში ოლანდი დეპარტამენტის ადმინისტრაციული ცენტრის, პატარა ქალაქ ტულეს (16 ათასი მცხოვრებლით) მერიც იყო. პარალელურად, ის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, გენერალური საბჭოს პრეზიდენტიცაა.

3 წარმატებული რადიკალი

▲ზევით დაბრუნება


არენა

მიხეილ ბასილაია

0x01 graphic

მარინ ლე პენი

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის სენსაციად მარინ ლე პენი იქცა. რადიკალი მემარჯვენე პარტიის, ნაციონალური ფრონტის ლიდერმა ხმათა 18%25 მოაგროვა. ეს პარტიისთვის სარეკორდო მაჩვენებელია. მთავარი მემარცხენე და მემარჯვენე პარტიების კანდიდატების სისუსტის ფონზე მიმომხილველები ლე პენს არჩევნების ნამდვილ გამარჯვებულად მიიჩნევენ. სწორედ მის ამომრჩევლებზეა დიდწილად დამოკიდებული საფრანგეთის მომავალი პრეზიდენტის ვინაობაც.

პირველმა ტურმა ცხადყო წამყვანი პარტიებიდან ელექტორატის რადიკალური პარტიებისკენ გადადინების ტენდენცია - ლე პენმა და რადიკალმა მემარცხენე კანდიდატმა ჟან-ლუკ მელანშონმა საერთო ჯამში 29%25 მიიღეს, ანუ უფრო მეტი ხმა, ვიდრე ცალკე აღებულმა ოლანდმა ან სარკოზიმ.

მარინ ლე პენი 1968 წელს პარიზში დაიბადა. ჟან-მარი ლე პენის 3 ქალიშვილიდან ის ყველაზე უმცროსია. ფრანსუა ოლანდისგან განსხვავებით, მისი პირადი ცხოვრება სტაბილურობით არ გამოირჩეოდა - 8 წლის ასაკში ლე პენების ბინაში მოწყობილ აფეთქებას გადაურჩა. 16 წლის მარინმა ძალიან განიცადა უდედოდ დარჩენა - პიერეტ ლე პენმა ოჯახი მიატოვა და ჟან-მარის პირად ბიოგრაფთან ერთად გაიქცა.

თავად მარინი ორჯერ გათხოვდა და ორჯერვე განქორწინდა. როგორც ჟურნალისტი ერიკ პაპი აღნიშნავს, მისი ოჯახი ნაციონალური ფრონტი იყო. პირველი მეუღლე პარტიასთან დაახლოებული ბიზნესმენი გახლდათ, მეორე - პარტიის წევრი. ორი ქორწინებიდან მას 3 შვილი დარჩა. მარინის ახლანდელი პარტნიორი, ლუი ალიო, ნაციონალური ფრონტის ვიცეპრეზიდენტია.

ლე პენს განათლება საფრანგეთის წამყვან სამართლის სკოლაში, პანთეონ-ასას უნივერსიტეტში აქვს მიღებული. სწავლის დამთავრების შემდეგ პარიზში იურიდიულ პრაქტიკას ეწეოდა, საჯარო ადვოკატი იყო. აღსანიშნავია, რომ ზოგჯერ იმ არალეგალი იმიგრანტების დაცვაც უწევდა, ვისაც კერძო ადვოკატის დაქირავების საშუალება არ გააჩნდათ. მარინ ლე პენის კოლეგები ამბობენ, რომ მამამისის რეპუტაციას შესანიშნავად უმკლავდებოდა, თავად ჟან-მარი კი ყოველთვის ეუბნებოდა ქალიშვილებს: „არ არის ადვილი, იყო ლე პენის შვილი, უნდა შეეგუოთ!“.

ჟან-მარი ლე პენმა ნაციონალური ფრონტი 1972 წელს დააარსა - როდესაც მარინი 4 წლის იყო. მან მამამისის საარჩევნო კამპანიაში პირველად 13 წლისამ მიიღო მონაწილეობა, ნაციონალურ ფრონტს 18 წლის ასაკში შეუერთდა, პარტიის ლიდერი კი 2011 წელს გახდა. მაშინ მარინი მამამისმა დაახასიათა, როგორც მისგან განსხვავებული პიროვნება, 40 წლით ახალგაზრდა ქალი, რომელიც თანამედროვეობას უფრო შეესაბამებოდა.

მარინის უპირველესი მიზანი პარტიის დეტოქსიკაცია იყო. პირველ რიგში, ეს ქსენოფობიური და ანტისემიტური გამოხტომების აღკვეთას მოითხოვდა. მაგალითად, თუკი ჟან-მარი გაზის კამერებს ისტორიის უმნიშვნელო დეტალს უწოდებდა, მარინმა ნაციზმი გაუგონარ ბარბაროსობად შერაცხა.

0x01 graphic

მარინ და ჟან მარი ლე პენები

ნაციონალური ფრონტი ყოველთვის იმიგრაციის და კრიმინალის კონტროლის მოთხოვნასთან იყო დაკავშირებული. ის დაარსების დღიდანვე ნაციონალისტური და ანტიიმიგრანტული დღის წესრიგის გამო პოსტფაშისტურ, ანტირესპუბლიკურ პოლიტიკურ ძალად ითვლებოდა და სხვა პოლიტიკურ ძალებს ერთგვარ იზოლაციაში ჰყავდათ.

ლე პენის პარტია პროტექციონისტულ, ანტიკაპიტალისტურ, ანტიამერიკულ, ანტიევროკავშირულ, ანტიგლობალისტურ პოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბდა. იგი ერთდროულად უკიდურესი მემარჯვენე და უკიდურესი მემარცხენე იდეოლოგიის მატარებელია. წინასაარჩევნო გამოკითხვების მიხედვით, ლე პენის ამომრჩეველთა ნახევარი სარკოზისათვის, ხოლო მეხუთედი ოლანდისთვის აპირებდა ხმის მიცემას.

კომუნისტური პარტიისგან განსხვავებით, ნაციონალური ფრონტი ფრანგულ პოლიტიკაში კეთროვან პოლიტიკურ ძალას წარმოადგენს. მის გარშემო სანიტარული კორდონი მოქმედებს - თუ რომელიმე ოლქში მისი კანდიდატი მეორე ტურში გადის, დანარჩენი პარტიები ყოველთვის მის წინააღმდეგ ირაზმებიან.

სანიტარული კორდონის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი 2002 წლის საპრეზიდენტო არჩევნები იყო, როცა უფროსმა ლე პენმა სოციალისტ ლიონელ ჟოსპენზე მეტი ხმა დააგროვა და მეორე ტურში ჟაკ შირაკს შეხვდა. საპრეზიდენტო არჩევნები ანტიფაშისტურ რეფერენდუმად იქცა და არაპოპულარულ შირაკს მაშინ ფრანგი ამომრჩევლის 82%25-მა დაუჭირა მხარი.

დროთა განმავლობაში ნაციონალური ფრონტის იდეოლოგიური ბაზა გაფართოვდა. მარინ ლე პენის პარტიის სათავეში მისვლის შემდეგ, ნაციონალური ფრონტისთვის წამყვან საკითხებად იქცა ევროინტეგრაციით გამოწვეული ფრანგული დემოკრატიის ეროზია და ეკონომიკის დაკნინება. მარინ ლე პენი ამომრჩეველს საფრანგეთის ინდუსტრიის მხარდასაჭერად პროტექციონისტულ პოლიტიკას, ევროს ნაცვლად ეროვნული ვალუტის, ფრანკის აღდგენას დაჰპირდა.

საგარეო პოლიტიკის მხრივ, უმცროსი ლე პენი მოითხოვს ავღანეთიდან ფრანგი სამხედროების დაუყოვნებლივ გამოყვანას. მისი განცხადებით, საფრანგეთი არასოდეს უნდა ჩარეულიყო ამერიკის მიერ დაწყებულ ომში. ლე პენს რუსეთთან ურთიერთობების გაღრმავებაც სურს. ის მოსკოვთან პარტნიორობის აუცილებლობას საფრანგეთის ენერგოუსაფრთხოებით ხსნის.

იმიგრაციის წინააღმდეგ კამპანიისთვის რასისტული შეფერილობის მოსაცილებლად მარინ ლე პენმა აქცენტი სეკულარიზმის პრინციპებისა და ცხოველთა უფლებების დაცვაზე გადაიტანა. ნაციონალური ფრონტის განახლებული რიტორიკის სამიზნე გახდა არა უმცირესობათა წარმომადგენლების პიროვნება და მათი რწმენა, არამედ კონკრეტული ქმედებები - ქუჩაში მასობრივი ლოცვა, ე.წ. ჰალალი ანუ მუსლიმური ტრადიციების შესაბამისად საქონლის დაკვლა.

ამგვარი მანიპულაციების წყალობით, მარინმა ელექტორატი გააფართოვა, პარტია ქალაქებში მცხოვრები საშუალო კლასის მოქალაქეთათვის უფრო მისაღები გახადა და ახალგაზრდების გულიც მოიგო - ყველაზე ახალგაზრდა ფრანგი ამომრჩევლების ხმების უმეტესობა სწორედ ნაციონალური ფრონტისკენ წავიდა.

მიუხედავად იმისა, რომ დედაქალაქის პრესტიჟულ უბანში გაიზარდა, მარინ ლე პენის ქარიზმა მუშათა კლასის ამომრჩევლებს ყოველთვის იზიდავდა. წლევანდელ არჩევნებზე მუშათა კლასის ხმათა 35%25 სწორედ ნაციონალური ფრონტის ლიდერს ერგო. ლე პენის მხარდამჭერთა შორის არიან ფერმერებიც.

განსაკუთრებით კარგად ლე პენი საფრანგეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე დეპარტამენტებში გამოვიდა, სადაც მისი საშუალო შედეგი 35-40 პროცენტს შორის მერყეობდა. ამ რეგიონებში ბოლო ათწლეულების მანძილზე მადნეულის მოპოვება და მასთან დაკავშირებული მრეწველობა დაკნინდა, ათეულ ათასობით ადამიანმა კი სამუშაო დაკარგა.

ნაციონალური ფრონტის რეიტინგის გარდა, ლე პენის გაზრდილი პოპულარობა სარკოზიზეც აისახა - არალეგალი იმიგრანტების დეპორტაცია გახშირდა, შეიქმნა ნაციონალური იდენტობის სამინისტრო (რომელიც მალევე გაუქმდა), წინასაარჩევნოდ კი პრეზიდენტი ამომრჩევლებს ევროპის შიგნით უვიზო მიმოსვლის შესახებ შენგენის შეთანხმების გადახედვას, იმიგრაციის ორჯერ შემცირებასა და ფრანგული ცხოვრების წესის დაცვას დაჰპირდა.

ექსპერტთა ნაწილის მოლოდინის საწინააღმდეგოდ, მეორე ტურისთვის ლე პენმა სარკოზის მხარი არ დაუჭირა. პრეზიდენტმა უარი თქვა საარჩევნო გარიგებაზე, რის შედეგადაც საპარლამენტო არჩევნებზე ნაციონალურ ფრონტს სანიტარული კორდონი მოეხსნებოდა - თუ რომელიმე ოლქში გოლისტი კანდიდატი მეორე ტურში ვერ გავიდოდა, მისი პარტია ნაციონალური ფრონტის კანდიდატს დაუჭერდა მხარს.

ნაციონალური ფრონტის ამბიციურ ლიდერს უფრო მეტი სურს, ვიდრე საპრეზიდენტო არჩევნებზე ერთჯერადი წარმატება - ლე პენი ივნისში საპარლამენტო არჩევნებს უმიზნებს (ამჟამად პარტიას საფრანგეთის 925-წევრიან პარლამენტში 1 წევრიც არ ჰყავს). ის იმედოვნებს, რომ მეორე ტურში სარკოზის დამარცხებით პრეზიდენტის პარტია, გაერთიანებული სახალხო მოძრაობა დასუსტდება. ეს გარესპექტაბელურებულ ნაციონალურ ფრონტს შესაძლებლობას მისცემს, თავი მთავარ ოპოზიციურ ძალად გამოაცხადოს.

4 ნაბიჯი კონფრონტაციისკენ

▲ზევით დაბრუნება


პოლიტიკა

დიმიტრი ავალიანი

სოხუმმა და მოსკოვმა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას შეუტიეს. თან სოხუმი არა მხოლოდ ევროპელი დამკვირვებლების წინააღმდეგ გამოდის, არამედ ევროპელ დიპლომატებთან კონტაქტებს დემონსტრაციულად გაურბის.

0x01 graphic

24 აპრილს გალში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში დაგეგმილი მორიგი შეხვედრა აფხაზური მხარის მიზეზით ჩაიშალა. ეს მექანიზმი, რომელიც ჟენევის მოლაპარაკებების პროცესში ჩამოყალიბდა, მხარეებს შორის ინფორმაციის გაცვლას ითვალისწინებს. ასევე ეწყობა მხარეთა რეგულარული შეხვედრები საერთაშორისო შუამავლების მონაწილეობით.

ბოლო შეხვედრის ჩაშლის მიზეზი, აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო უწყების განმარტებით, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ხელმძღვანელის, ანჟეი ტიშკევიჩის მხრიდან სოხუმის მიმართ გამოხატული „უპატივცემულობა“ და „კონფრონტაციული პოზიცია“ გახდა. სოხუმმა პოლონელი გენერალი, რომელიც მისიას გასული წლიდან ხელმძღვანელობს, აფხაზეთში პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.

ტიშკევიჩის მხრიდან „უპატივცემულობა“ იმაში გამოიხატა, რომ მან გალის რაიონის ტერიტორიაზე (სადაც EUMM-ს მოსკოვი და სოხუმი შესვლის ნებას არ აძლევენ) ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მომხდარი მკვლელობების ფაქტებზე რეაგირება არ მოახდინა. ამავდროულად, მისიის ხელმძღვანელის საპასუხო მოთხოვნას EUMM-ის აფხაზეთში დაშვების შესახებ, სოხუმში „შანტაჟი“ უწოდეს.

სოხუმის რეჟიმის აღშფოთება იმანაც გამოიწვია, რომ ტიშკევიჩს „ჯეროვანი ყურადღების მიღმა დარჩა” საქართველოს ტერიტორიაზე „არაფორმალური შეიარაღებული ჯგუფების“ შექმნა, რის შესახებაც, სოხუმის განცხადებით, „რამდენიმე ქართველი პოლიტიკოსი იტყობინებოდა“.

შეხვედრის ჩაშლის გამო შეშფოთება ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებმა გამოთქვეს. ევროკავშირის, გაეროს, ეუთოსა და აშშ-ის წარმომადგენლებმა ყველა მხარეს მოუწოდეს, რომ არსებული პროცედურების და მექანიზმების შენარჩუნება უზრუნველყონ.

თავის მხრივ, ოფიციალურმა თბილისმა სოხუმის დემარშის გამო პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა. საგარეო უწყების განცხადებით, ეს საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციების როლის შესუსტებისკენ მიმართული ქმედებების გაგრძელებაა - მანამდე რუსეთმა საქართველოში გაეროსა და ეუთოს მისიების დახურვას მიაღწია. „ევროკავშირის მისიის წინააღმდეგ აღნიშნული და სხვა ქმედებები ცხადყოფს, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიაზე ნეიტრალური და მიუკერძოებელი საერთაშორისო მისიის არსებობა არ აწყობს“, - განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

0x01 graphic

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ კი ყურადღება გაამახვილა „უკანონო შეიარაღებული ფორმირებების“ თაობაზე ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსის „აბსოლუტურად უპასუხისმგებლო და სულელურ“ განცხადებებზე, რომლებიც, მისი თქმით, „ჩვენი ქვეყნის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტის წინააღმდეგ აგრესიული კამპანიის“ საბაბი გახდა.

ჟენევის მოლაპარაკებებზე ევროკავშირის წარმომადგენელთან, ფილიპ ლეფორთან სატელეფონო საუბრისას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა ფაქტობრივად გაიზიარა სოხუმის მოთხოვნები და განაცხადა, რომ აფხაზეთი „ჟენევის დისკუსიების სრულუფლებიანი მონაწილეა“ და სოხუმის პოზიციას „თავისი ლოგიკა აქვს“.

თუმცა, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა ქეთრინ ეშტონმა საქართველოში მისიის ხელმძღვანელს სრული ნდობა გამოუცხადა. ეშტონის პრესსპიკერის განცხადებით, „ევროკავშირის დელეგაციის შემადგენლობის განსაზღვრა სხვა მონაწილის მიერ მიუღებელია“.

სოხუმის მიერ გახმოვანებული პოზიცია გაუგებარია, რადგან EUMM აფხაზეთის ტერიტორიაზე მომხდარი რაიმე ინციდენტის გამოძიებას ვერ შეძლებს, სანამ იქ საქმიანობის შესაძლებლობა არ მიეცემა. სოხუმში საფრთხედ არც აფხაზეთის მოსაზღვრე ტერიტორიაზე რაიმე ფორმალური თუ არაფორმალური შეიარაღებული ფორმირებების შექმნა უნდა აღიქმებოდეს - მის უსაფრთხოებას ხომ რუსული საოკუპაციო ძალები იცავენ.

სოხუმის დემარში უფრო მიზეზების ძებნას და საერთაშორისო თანამეგობრობის შანტაჟს ჰგავს. მით უმეტეს, რომ სოხუმი, რომელიც თითქოს საერთაშორისო იზოლაციიდან გამოსვლით უნდა იყოს დაინტერესებული, თავს უფლებას აძლევს ევროპელ დიპლომატებს უხეში ტონით ესაუბროს.

იმავე დღეს, როდესაც სოხუმის საგარეო უწყებამ ტიშკევიჩი არასასურველ პერსონად გამოაცხადა, თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდრ ანქვაბი საქართველოში გერმანიის ელჩს, ორთვინ ჰენიგს შეხვდა. ანქვაბმა ევროპელი დიპლომატების მისამართით არაერთი საყვედური გამოთქვა და ელჩს შეახსენა, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობის საკითხის მიმართ სოხუმის პოზიცია არ იცვლება. შესაბამისად, „პოლიტიკური ვაჭრობა მიუღებელია“ და ევროპამ ჩართულობის სტრატეგიაზე დრო ტყუილად არ უნდა დახარჯოს. ანქვაბმა გერმანელ დიპლომატს კატეგორიული ტონით განუცხადა, რომ აფხაზეთი აღიარებას „არავის ეხვეწება“, მაგრამ თბილისის გავლით ევროპასთან ურთიერთობას აღარ აპირებს.

სოხუმის მთავრობის პრემიერმა ლეონიდ ლაკერბაიამ კი გერმანელ დიპლომატს განუცხადა, რომ აფხაზეთს „არსად ეჩქარება“ და თუ ვინმეს სოხუმთან ურთიერთობის გაუმჯობესება სურს, ამაზე თავად უნდა იზრუნოს.

წესით, სოხუმშიც უნდა ესმოდეთ, რომ ამგვარი რიტორიკით სასურველ შედეგს ვერ მიაღწევენ, თუმცა, როგორც ჩანს, აფხაზური რეჟიმი კონფრონტაციაზე შეგნებულად მიდის მოსკოვის წახალისებით და დამკვირვებელთა მისიის წინააღმდეგ დემარშიც ამ მიზანს ემსახურება.

კონფლიქტის ზონაში სიტუაციაზე საერთაშორისო დამკვირვებელთა ზეგავლენის შემცირებისა და არსებული, საკმაოდ მწირი მექანიზმების ჩაშლის მცდელობა პროვოკაციების რისკს ზრდის. მით უმეტეს, კავკასიაში რუსეთის აქტიური სამხედრო სამზადისის ფონზე. ქართული ოპოზიციის მხრიდან ხელისუფლების მისამართით გამოთქმული ბრალდებები კი, მოსკოვისა და სოხუმისთვის, ამგვარი პოლიტიკის განსახორციელებლად კარგი საბაბი გახდა.

5 პრეზიდენტის ახალი საგანმანათლებლო ინიციატივა

▲ზევით დაბრუნება


პოლიტიკა

სალომე უგულავა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გასულ კვირას უმაღლესი განათლების დაფინანსების მიმართულებით სიახლეებზე ისაუბრა. კერძოდ, სასტუმრო რადისონში საერთაშორისო ოლიმპიადის გახსნისას პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მომავალი წლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტების იმ სტუდენტებს, რომელთაც არ აქვთ სახელმწიფო დაფინანსება და წარმატებით დახურავენ პირველ კურსს, დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობა მიეცემათ. მან უნივერსიტეტების რექტორებს შესაბამისი პროგრამის შემუშავების თხოვნით მიმართა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, დაფინანსების ამჟამინდელი სისტემა ისედაც მერიტოკრატიის პრინციპზეა დაფუძნებული. ახალი ინიციატივა კი მათზე იქნება მიმართული, ვინც გარკვეული მიზეზების გამო ერთიან ეროვნულ გამოცდებს იმ დონეზე ვერ აბარებს, რომ დაფინანსება მოიპოვოს, მაგრამ შემდგომში „მაგრად“ სწავლობს.

მოგვიანებით, დეტალების დაზუსტებას შეეცადა პრეზიდენტის პრესსპიკერი მანანა მანჯგალაძე. მისი თქმით, გრანტის გაუმჯობესების საშუალება მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე იმ სტუდენტებს მიეცემათ, რომლებმაც მათთვის სასურველი დაფინანსება ვერ მიიღეს. ამისთვის მათ ჯიარის ტიპის (GRE) გამოცდის ჩაბარება მოუწევთ. ამ გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში კი სწავლის საფასურს თავად უმაღლესი სასწავლებლები დაუფინანსებენ. მანჯგალაძემ განმარტა, რომ პირველ ეტაპზე ამ პროგრამაში ჩართულები იქნებიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, მომავალში კი ყველა სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებელი.

თავის მხრივ, პარლამენტში სამთავრობო საათის მიმდინარეობისას ამ საკითხზე ისაუბრა განათლების და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა. მან განაცხადა, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს უნივერსიტეტებთან, რომლებიც დაფინანსების მიზნით თავად შექმნიან სპეციალურ ფონდებს. შაშკინის თქმით, ეს ფონდები მომავალ წელს აკუმულირებული იქნება და 6 მილიონ ლარს მიაღწევს. უკვე 2013 წლის ივლისში კი ჩატარდება ჯიარის ტიპის გამოცდები, რომელიც დაახლოებით 10 ათას სტუდენტს გრანტის გაუმჯობესების შესაძლებლობას მისცემს ყოველწლიურად. ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს შესაძლებლობა მხოლოდ წარმატებულ სტუდენტებს არ ექნებათ, ხოლო ვისი ქულებიც უნივერსიტეტში 91-დან 100-მდე იქნება, გამოცდის წინ ბონუსად 25 ქულა მიენიჭება.

მინისტრმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ამ ყველაფერს აკეთებენ უნივერსიტეტები, რომლებიც კერძო სამართლის იურიდიული პირები არიან, სამინისტრო კი ფასილიტატორის როლში გამოდის. ის მიუკერძოებელი კონკურსის გარანტიცაა - ტესტს გამოცდების ეროვნული ცენტრი მოამზადებს. მინისტრმა დაამატა, რომ კერძო უნივერსიტეტების მხრიდან მსგავსი ინიციატივით გამოსვლას მიესალმება.

0x01 graphic

ტაბულა შეეცადა დაეზუსტებინა, თუ ვინ შეძლებს გამოცდაზე გასვლას - მხოლოდ მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტები, თუ სხვებიც, რაზეც განათლების სამინისტროსგან პასუხი ვერ მიიღო - გამოცდების ეროვნულ ცენტრში გადაგვამისამართეს. იქ გვითხრეს, რომ არ იციან, ვინ გაივლის რეგისტრაციას და რომ ისინი მხოლოდ ტესტის მომზადებასა და გამოცდის ჩატარებას უზრუნველყოფენ.

აღსანიშნავია, რომ სტუდენტების საგრანტო კონკურსი აქამდეც არსებობდა და დღესაც არსებობს - მსურველები გრანტის გასაუმჯობესებლად გამოცდას ეროვნულ ცენტრში ისედაც აბარებენ. იქ ვარაუდობენ - სიახლე იმაში მდგომარეობს, რომ დაფინანსება გაცილებით დიდი იქნება და თან ტესტიც მოდიფიცირდება, მაგალითად, სხვადასხვა კურსის სტუდენტებისათვის განსხვავებული იქნება.

ფონდების საკითხზე სასაუბროდ ტაბულა დაუკავშირდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, ალექსანდრე კვიტაშვილს, რომელმაც აღნიშნა, რომ ინიციატივას მიესალმება და დაამატა - უნივერსიტეტს თავადაც აქვს სტიპენდიების სისტემა. გარდა საპრეზიდენტოსი, წარჩინებული სტუდენტებისთვის არსებობს შიდასაფაკულტეტო სტიპენდიაც, რაც მათ სწავლის საფასურს თითქმის მთლიანად უფარავს. რაც შეეხება იმას, თუ რა რესურსები აქვს ფონდისთვის უნივერსიტეტს, რექტორმა თქვა, რომ ჯერ გათვლილი არ აქვთ, რადგან ინიციატივა ახალია. ამ თემაზე აქამდე სამინისტროსთან მხოლოდ ზოგადი საუბარი მიმდინარეობდა და სტუდენტებისთვის დამატებითი თანხების გამოყოფის მზადყოფნაც გამოითქვა, თუმცა დეტალებზე საუბარი ჯერ შეუძლებელია. კვიტაშვილის აზრით, თუ 6-მილიონიანი ფონდი მხოლოდ თსუ-სა და ტექნიკური უნივერსიტეტის თანხებით შეივსება, ეს მათ დიდ ფინანსურ დარტყმას მიაყენებს.

ბაკალავრიატში დღეს სახელმწიფო დაფინანსება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარებულ ოთხ საგანში მიღებული ქულების მიხედვით ნაწილდება. დაფინანსება შეიძლება იყოს როგორც ნაწილობრივი - 30%25, 50%25 და 70%25-იანი, ასევე სრული - 100%25-იანი, რაც 2250 ლარს შეადგენს. სწორედ ამდენია სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლის საფასურის ზედა ზღვარი. როგორც დიმიტრი შაშკინმა განაცხადა, გრანტებში სახელმწიფო წლიურად 45 მილიონ ლარს ხარჯავს. დაფინანსება შეიძლება იმ სტუდენტებსაც ერგოთ, რომლებიც კერძო უმაღლეს სასწავლებლებში აბარებენ.

ახალი ინიციატივის მიზნად განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდა სახელდება. თუმცა გაუგებარია, რატომ უნდა მოხდეს ეს უნივერსიტეტების ფონდების აკუმულირებული თანხების მეშვეობით, მათ ხომ ისედაც შეუძლიათ წარმატებული სტუდენტების საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში წახალისება. მაგალითად, სტიპენდიებით. გარდა ამისა, ხელმისაწვდომობაზე ამგვარ ზრუნვას უარყოფითი შედეგებიც მოსდევს - სახელმწიფო უნივერსიტეტი სწავლის საფასურის ზედა ზღვარს ვერ ზრდის, დაკარგული შემოსავლების კომპენსირება კი მისაღები კონტინგენტის გაფართოებისაკენ უბიძგებს. მაგალითად, იღებენ სტუდენტებს, რომლებიც სათანადო დონეზე ვერ ფლობენ უცხო ენას (იმისთვის, რომ სრულფასოვანი განათლება მიიღონ). ამიტომ, ზოგი სახელმძღვანელოების ქართულად თარგმნის მოთხოვნით გამოდის, ზოგიერთები კი, უარეს შემთხვევაში, მაგალითად თვითმმართველობის სტუდენტები, მათ ამ მოთხოვნის გამო სცემენ კიდეც.

6 რატომ ვერ იღებენ საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის წევრი ქვეყნების ვიზებს

▲ზევით დაბრუნება


პოლიტიკა

დიმიტრი ავალიანი

ევროკავშირის ქვეყნებში გასამგზავრებლად ვიზის აღება საქართველოს მოქალაქეებს უფრო უჭირთ, ვიდრე მეზობელი ქვეყნების მცხოვრებლებს. ასეთ დასკვნამდე მივიდა ორგანიზაცია ევროპული ინიციატივა - ლიბერალური აკადემია თბილისი. მან ვრცელი ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც საქართველოს და ევროკავშირს შორის ვიზების სფეროში მიღწეული შეთანხმებების შესრულებას და უვიზო მიმოსვლის პერსპექტივებს აანალიზებს.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, საქართველოში 2009-2010 წლის განმავლობაში ვიზების გაცემის მაჩვენებლების მეზობელი ქვეყნების მონაცემებთან შედარებით, „საოცარი“ სტატისტიკა გამოიკვეთა.

კერძოდ, 2009 წელს, საქართველოში ევროკავშირის ვიზების გაცემაზე უარი აპლიკანტთა 17,2 პროცენტს ეთქვა. 2010 წელს - 15,1 პროცენტს.

ვიზებზე უარის მხრივ 2010 წელს ესტონეთი „ლიდერობდა“, რომლის საკონსულომ განაცხადების 30 პროცენტზე მეტი არ დააკმაყოფილა. გასულ წელს - ნიდერლანდები (27 პროცენტი).

როგორც ირკვევა, ეს რეგიონის მასშტაბით რეკორდული მაჩვენებელია. აღმოსავლეთის პარტნიორობის წევრ ქვეყნებსა და რუსეთში, მათ შორის ისეთ სახელმწიფოებში, რომლებსაც ევროკავშირთან ურთიერთობა საქართველოზე ბევრად ნაკლებად აქვთ განვითარებული, ვიზებზე უარის მაჩვენებელი მკვეთრად დაბალია.

შარშანდელი მონაცემებით, სომხეთში უარი აპლიკანტთა 10,8 პროცენტს ეთქვა. აზერბაიჯანში - 5, მოლდოვაში - 7, უკრაინაში - 3,4 პროცენტს. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი რუსეთსა და ბელარუსშია - 1,2 და 0,9 პროცენტი.

ევროპული ინიციატივის ხელმძღვანელმა ქეთევან ციხელაშვილმა ტაბულასთან ამ ტენდენციის შესაძლო მიზეზებზე ისაუბრა. პირველ რიგში, მისი თქმით, ეს საქართველოდან მიგრაციის მაღალი მაჩვენებელია. მეორე - ევროპის ქვეყნებში საქართველოდან თავშესაფრის მაძიებლების დიდი რაოდენობა.

თუმცა, ორგანიზაციის ხელმძღვანელის აზრით, ვერცერთი ზემოჩამოთვლილი მიზეზი საქართველოს ასეთი „გამორჩეული“ მდგომარეობის განმსაზღვრელი ვერ იქნება, რადგან ანალოგიური პრობლემები სხვა ქვეყნებისთვისაც აქტუალურია. მაგალითად, არალეგალური მიგრაციის მაჩვენებელი მაღალია მოლდოვაშიც. რაც შეეხება თავშესაფრის მოთხოვნას ევროპაში, ამ მხრივ ავღანეთის შემდეგ მეორე ადგილი რუსეთს უკავია.

„ჩვენ რეკომენდაცია მივეცით საქართველოს მთავრობასა და ევროკავშირს, ითანამშრომლონ ამ პრობლემის იდენტიფიცირებისა და გადაჭრის მიმართულებით“, - აცხადებს ციხელაშვილი.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები ჩვენს ამდენ მოქალაქეს ეუბნებიან უარს“, - უთხრა ტაბულას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ევროპული ინტეგრაციის კოორდინაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა არჩილ ყარაულაშვილმა. მისი თქმით, ევროკავშირის წარმომადგენლები ამ მდგომარეობის მიზეზს დამაჯერებლად ვერ განმარტავენ. გარდა ამისა, საქართველოს ხელისუფლება ამ საკითხს „მწვავედ აყენებს“ ევროკავშირის წინაშე. თუნდაც, ვიზების ფასილიტაციის ხელშეკრულებით შექმნილი ერთობლივი კომისიის ფარგლებში.

„არ შეიძლება, გვქონდეს სავიზო მიმოსვლის ხელშეწყობის შესახებ ხელშეკრულება და იმ ქვეყნებზე უარეს მდგომარეობაში ვიყოთ, რომლებსაც ის არ აქვთ გაფორმებული, მაგალითად ბელარუსზე, სომხეთზე და აზერბაიჯანზე“, - მიიჩნევს ყარაულაშვილი.

მისი თქმით, „ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა, მათ შორის ჩვენ მიმართ კარგად განწყობილი, ზედმეტი სიმკაცრით ეკიდება ვიზების გაცემას. ეს გვაოცებს და ვფიქრობთ, რომ მათ საკუთარ პოლიტიკას უნდა გადახედონ“.

ჩატარებული კვლევა ასევე ეხებოდა საქართველოში ევროკავშირის ქვეყნების საკონსულოების მუშაობას (საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვიზების ფასილიტაციის ხელშეკრულებისა და ევროკავშირის სავიზო კოდექსის შესრულების კუთხით). ეს ხელშეკრულება ძალაში 2011 წლის მარტიდან შევიდა და ამ შეთანხმებით ვიზების მიღების პროცედურა საქართველოს მოქალაქეთა მთელი რიგი კატეგორიებისთვის გამარტივდა - ოფიციალური დელეგაციის წევრებისთვის, ჟურნალისტებისთვის, მეწარმეებისთვის და სხვა. გაიოლდა მრავალჯერადი ვიზის გაცემის პირობებიც. სავიზო მოსაკრებელი 60-დან 35 ევრომდე შემცირდა, მოქალაქეთა 12 კატეგორია კი მოსაკრებლისგან გათავისუფლდა.

ქეთევან ციხელაშვილის თქმით, ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ საქართველოს მოქალაქეთა მიერ ვიზების აღება საკმაოდ გამარტივდა, თუმცა „ხანდახან არის გადაცდომებიც“ - მოქალაქეებს, რომლებსაც შეღავათები ეკუთვნით, ახდევინებენ მოსაკრებელს, აძლევენ მოკლევადიან ვიზებს ერთწლიანის ნაცვლად და ასე შემდეგ.

საკონსულოების მუშაობას უფრო მკაცრად აფასებს არჩილ ყარაულაშვილი. „ყველა შეხვედრაზე ვაყენებთ საკითხს - სრულფასოვნად ამოქმედდეს სავიზო მიმოსვლის გამარტივების შესახებ შეთანხმება, რადგან უამრავი დარღვევა ხდება“. კერძოდ, ძალიან ხშირად მოქალაქეები აწყდებიან უდიერ დამოკიდებულებას საკონსულოების თანამშრომლების მხრიდან. ასევე „არის შემთხვევები, როდესაც არ ირღვევა იურიდიული ნორმა, მაგრამ ირღვევა შეთანხმების სულისკვეთება. მაგალითად, როდესაც ადამიანს ვიზას ყოველ წელს უპრობლემოდ აძლევდნენ, ახლა კი, გამარტივების შემდეგ, იმაზე მეტ საბუთს სთხოვენ, ვიდრე ადრე. ამის უფლება საკონსულოს შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ ეს არ არის სამართლიანი დამოკიდებულება“.

0x01 graphic

ევროკავშირის სავიზო კოდექსი 2010 წელს ამოქმედდა და დოკუმენტი საკონსულოების მუშაობას მთელ რიგ რეგულაციებს უწესებს. მაგალითად, ითვალისწინებს აპლიკანტებისთვის ინფორმაციის სრულად მიწოდებას მათ მშობლიურ ენაზე. ასევე, საკონსულოების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას. ერთი წლის წინ კი ძალაში შევიდა მუხლი, რომელიც ვიზის გაცემაზე უარის სავალდებულო დასაბუთებასა და გასაჩივრების უფლებას გულისხმობს.

ქეთევან ციხელაშვილის განმარტებით, საქართველოში ევროპული ქვეყნების საკონსულოების მუშაობაში ყველაზე დიდი გამოწვევები სწორედ ამ პირობების შესრულებას უკავშირდება.

კერძოდ, მოუგვარებელია მოქალაქეთა ინფორმირების საკითხი. არსებული 15 საკონსულოდან ვებგვერდი თორმეტს აქვს და ექვსი მათგანი მხოლოდ უცხო ენაზეა. აპლიკანტებისთვის აუცილებელი ინფორმაცია სრულად არ არის წარმოდგენილი არც ვებგვერდებზე და არც საცნობარო დაფებზე. ვიზაზე უარის დასაბუთების ვალდებულების შესახებ ინფორმაცია კი მხოლოდ ორი საკონსულოს ვებგვერდზეა განთავსებული.

მოქალაქეებს ასევე უჭირთ საკონსულოებთან ტელეფონით დაკავშირება და საჭირო ინფორმაციის მიღება. ეს განსაკუთრებულ სირთულეებს რეგიონის მცხოვრებლებს უქმნით. დიდია შანსი, რომ საჭირო ინფორმაციაზე მიუწვდომლობის გამო აპლიკანტს უარი ეთქვას ვიზაზე არასრული დოკუმენტაციის წარმოდგენის საბაბით.

ლოდინის პერიოდი საკონსულოში მიმართვიდან მიღებამდე, რომელიც ევროპული კოდექსით ორი კვირით არის განსაზღვრული, სეზონურად სამ და ზოგჯერ რვა კვირასაც აღწევს. ზოგიერთ საკონსულოში მიღებაზე ჩაწერა მოუწესრიგებელია და მოქალაქეები „ცოცხალ რიგში“ დგებიან. ხშირად ეს ქუჩაში ხდება მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურის გამო.

ქეთევან ციხელაშვილის თქმით, კვლევამ ცხადყო, რომ ყველაზე მოწესრიგებული გერმანიის საკონსულოა.

საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ მოლაპარაკებების დაწყება ზაფხულში იგეგმება და ამ მოლაპარაკებების წინაპირობა უკვე გაფორმებული შეთანხმებების შესრულებაა.

არჩილ ყარაულაშვილის თქმით, იმ რეფორმების უმრავლესობა, რაც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლისთვის არის აუცილებელი, თბილისმა წარმატებით განახორციელა. მათ შორის - კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის, საზღვრის ინტეგრირებული მართვის და დოკუმენტების უსაფრთხოების სფეროში. ყარაულაშვილი დარწმუნებულია, რომ თბილისი უვიზო მიმოსვლის მისაღწევად სამოქმედო გეგმასაც მალე შეასრულებს და გადაწყვეტილება ბრიუსელის პოლიტიკურ ნებაზე იქნება დამოკიდებული.

თავის დროზე, ევროკავშირმა, ბალკანეთის ქვეყნებს უვიზო მიმოსვლისთვის გარკვეული პირობები წაუყენა, მათ შორის ისიც, რომ ვიზებზე უარის შემთხვევები 3 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს. არჩილ ყარაულაშვილის მტკიცებით, ევროკავშირის წარმომადგენლები თბილისს ჰპირდებიან, რომ მსგავს მოთხოვნას არ წაუყენებენ. თუმცა საქართველოს ხელისუფლებას ამგვარი სიტყვიერი დაპირება არ აკმაყოფილებს და ვიზების გაცემის პოლიტიკის შეცვლის იმედი აქვს.

7 დენის მაკშეინი: საქართველოს სტალინისთვის გადაცემით დაშვებულ შეცდომას ბრიტანეთი ახლა ასწორებს

▲ზევით დაბრუნება


პოლიტიკა

დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრი ლეიბორისტული პარტიიდან

აპრილში, დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 20 წლისთავს აღვნიშნავთ. ბრიტანეთმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოს ისტორიაში.

ეს ერი სამ ათასწლეულს ითვლის, იაზონის ოქროს საწმისი ქართველი მწყემსების ჩვევას უკავშირდება - ცხვრის ტყავით, რომელსაც მდინარეში ტოვებდნენ, ისინი ოქროს ნაწილაკებს აგროვებდნენ, უძველესი კოლხეთი კი დღევანდელ საქართველოში მდებარეობდა.

0x01 graphic

დენის მაკშეინი

მე-20 საუკუნეში ბრიტანეთმა საქართველოში დაუშვა შეცდომა, როდესაც ლიბერალმა პრემიერმინისტრმა, ლოიდ ჯორჯმა, გეოსტრატეგიული გამჭრიახობა ვერ გამოიჩინა და საქართველო ორ ყველაზე დაუნდობელ თანამემამულეს - სტალინს და მისი საიდუმლო პოლიციის ხელმძღვანელს, ბერიას დაუთმო.

რუსეთის იმპერიისგან დამოუკიდებლობის სამი წელი, 1918-დან 1921 წლამდე, ხანმოკლე, მაგრამ ერთ-ერთი საამაყო პერიოდია საქართველოს ისტორიაში. ევროპელი სოციალ-დემოკრატები შურით შესცქეროდნენ საქართველოს მთავრობას, რომელმაც შემოიღო საყოველთაო საარჩევნო უფლება და ქალებს არჩევანის უფლება მიანიჭა, სიკვდილით დასჯა კი საერთოდ გააუქმა. ამა წლის იანვარში ბრიტანეთის პარლამენტის საგანგებო კომიტეტის დერეფანში მოეწყო ფოტოგამოფენა, რომელიც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მიღწევებთან ერთად იმ ბრიტანელებს ასახავდა (მათ შორის, რამსეი მაკდონალდს), რომლებიც მაშინ საქართველოს სტუმრობდნენ.

0x01 graphic

რობინ კუკი

0x01 graphic

ბრიუს ჯორჯი

0x01 graphic

მალკოლმ რიფკინდი

მიუხედავად შეშფოთებისა, რომელიც თემთა პალატაში გამოითქვა, ლოიდ ჯორჯმა იმ მცირე სამხედრო ფლოტისა და არმიის გამოყვანის გადაწყვეტილება მიიღო, რომლებიც ბრიტანეთს საქართველოში ჰყავდა განლაგებული. თავდაპირველად, ბრიტანეთმა ისინი ანტიბოლშევიკური ძალების დასახმარებლად გაგზავნა - აი ისე, როგორც სულ ცოტა ხნის წინ სამხედრო თვითმფრინავები და გემები კადაფის დიქტატურის წინააღმდეგ აჯანყებულთა დასახმარებლად, ლიბიაში.

0x01 graphic

პრემიერი დევიდ კამერონი და პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. ლონდონი, 2011

ბრიტანეთის არმიის მეთაურებმა, რომლებიც საქართველოში იმყოფებოდნენ, ლოიდ ჯორჯს აცნობეს, რომ ბრიტანეთის გასვლის შემთხვევაში საბჭოელები ქვეყანას დაიპყრობდნენ და ქართულ დემოკრატიას ბოლოს მოუღებდნენ. თუმცა ლიბერალმა პრემიერმინისტრმა, რომლის გეოპოლიტიკური ალღო ახლოსაც ვერ მივიდოდა ადგილობრივი პოლიტიკის მართვის უნართან, საფრთხეში მყოფი საქართველო მიატოვა და ქვეყანა საბჭოთა იმპერიის ნაწილი გახდა.

ეს საკითხი პარლამენტარებმა თემთა პალატაშიც წამოსწიეს, მაგრამ ბრიტანეთს საქართველოს საქმეებში ჩარევის სურვილი განელებოდა, რადგან თავად იდგა ეკონომიკური და უმუშევრობის პრობლემების წინაშე, რომლებიც 1920 წლიდან მოყოლებული სულ უფრო მწვავდებოდა. მას შემდეგ საქართველოს, 80 წლის განმავლობაში, ბრიტანეთთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. ჩემი ყოფილი უფროსი, რობინ კუკი, პირველი ბრიტანელი მინისტრი იყო, რომელიც 2000 წელს დამოუკიდებელ საქართველოს ეწვია. მაშინ იგი საგარეო უწყებას ხელმძღვანელობდა. საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას კუკმა რუსეთი გააფრთხილა, რომ კავკასიის რეგიონში დესტაბილიზაცია არ დაეშვა.

0x01 graphic

დევიდ მილიბენდის ვიზიტი თბილისში. აგვისტო, 2008

საქართველოსა და ბრიტანეთს შორის კავშირების დასამყარებლად ყველაზე მეტი ყოფილმა პარლამენტარმა ბრიუს ჯორჯმა გააკეთა. იგი არჩევნებზე დამკვირვებელთა დელეგაციებს ხელმძღვანელობდა და შევარდნაძის პერიოდში გაყალბების შესახებ მისმა ანგარიშებმა მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო.

ბრიუს ჯორჯმა ბრიტანეთის პარლამენტში საქართველოს საკითხებზე ინტერპარტიული ჯგუფი შექმნა, რომელსაც ამჟამად მე ვთავმჯდომარეობ. ჯორჯის მსგავსად, საქართველოს მიმართ მუდმივ ინტერესს იჩენს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი მალკოლმ რიფკინდი, რომელიც დღესაც ბრიტანულ-ქართული საზოგადოების საპატიო თავმჯდომარეა.

კუკის ვიზიტის შემდეგ კავშირები გამყარდა. ბოლო წლებში თბილისს მაღალი რანგის არაერთი ბრიტანელი პოლიტიკოსი ეწვია, მათ შორის გლენის კინოკი და ჯეფ ჰუნი წინა მთავრობიდან და ჯერალდ ჰოუართი და ლაიამ ფოქსი კოალიციიდან. ლიბერალ-დემოკრატი პოლიტიკოსების დელეგაცია კი საქართველოს მაისში ეწვევა.

ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველომ დიდი ნაბიჯები გადადგა. ყველაზე შესამჩნევი ცვლილება კორუფციის დამარცხებაა. ამისთვის მკვეთრი ნაბიჯები გადაიდგა, მათ შორის, პოლიციის თანამშრომელთა უმეტესობა სამსახურიდან იყო დათხოვილი, მაგრამ ამ რეფორმებმა გაამართლა. მთავრობამ დაიწყო ეკონომიკის ლიბერალიზაცია - შეამცირა გადასახადები და ბიუროკრატია, გააუმჯობესა უმწეოთა სოციალური დაცვა და დაიწყო დემოკრატიის მშენებლობა.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა თავიდანვე მიზნად დაისახა საქართველოს ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანება - საქართველოს ევროპული ოცნების ასრულება. საერთაშორისო ინსტიტუტები ქებას არ იშურებდნენ. განსაკუთრებით, მსოფლიო ბანკი, რომლის რეიტინგშიც საქართველო მე-16 ადგილზეა ბიზნესის კეთების მიხედვით. სულ ახლახან, მსოფლიო ბანკმა საქართველოს ანტიკორუფციული რეფორმები პოსტრევოლუციური ქვეყნებისთვის სამაგალითო მოდელად დაასახელა. ბოლო დროს საქართველოში მსხვილი ბრიტანული ინვესტიციები ჩაიდო, განსაკუთრებით BP-ს მიერ. საქართველოს ბანკი ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმლისტინგში მოხვდა. იმედი მაქვს, რომ საქართველოში მოქმედი ბრიტანული ბიზნესისა და საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩის, ჯუდით გოფის ხელშეწყობით ჩვენი ქვეყნების ლითონის მწარმოებელ კომპანიებს შორის თანამშრომლობა შედგება.

რა თქმა უნდა, საქართველო მსოფლიო ყურადღების ცენტრში 2008 წლის ტრაგიკული მოვლენების დროს მოხვდა. რუსეთის არმიის საქართველოში შემოჭრის სცენები ცივი ომის ყველაზე დაძაბულ წლებს გაგახსენებდა. დევიდ კამერონი ერთ-ერთი პირველი პოლიტიკური ლიდერი იყო, რომელიც მაშინ, როგორც ოპოზიციის ლიდერი, რუსულ ბომბებს არ შეუშინდა და თბილისში ჩავიდა ქართველი ხალხისადმი სოლიდარობის გამოსახატად. კამერონის ვიზიტს მალევე მოჰყვა მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის, დევიდ მილიბენდის ვიზიტი. მან, ბრიტანეთის მთავრობის სახელით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი სრული მხარდაჭერა გამოხატა.

ამ ინტერვენციის შემდეგ საქართველოს ორი რეგიონი - აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, რუსეთს აქვს ოკუპირებული, რუსულმა ჯარმა იქ მყარად მოიკიდა ფეხი. უცნაური განცდაა, როდესაც ქვეყნის დედაქალაქის, თბილისის ჩრდილოეთით ერთი საათის სავალზე, ცივი ომის ეპოქაში ხვდები და ხედავ ბლოკპოსტებს რუსეთის დროშით.

ბრიტანეთი, ალბათ, საქართველოს ყველაზე ახლო მოკავშირეა ევროკავშირის ქვეყნებს შორის, რომლის მთავრობაც NATO-ში საქართველოს გაწევრიანების პროცესის წინ წაწევას ცდილობს ჩიკაგოს სამიტზე. შარშან, მოსკოვში ვიზიტის დროს კრემლში შეხვედრებისას, დევიდ კამერონმა ღიად დასვა საქართველოს ოკუპაციის საკითხი, ამ ვიზიტის შემდეგ კი პრეზიდენტი სააკაშვილი მალევე მიიღო დაუნინგ სტრიტზე. კამერონის მთავრობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ძლიერი მხარდამჭერია.

ბრიტანეთის როგორც წინა, ასევე ახლანდელი მთავრობის დამსახურებაა, რომ საქართველო ერთ-ერთი პრიორიტეტია ბოლო ოცი წლის განმავლობაში. ქართველი მინისტრების საშუალო ასაკი 29 წელია, ბევრს განათლება ბრიტანეთში აქვს მიღებული და მათ შორის პრობრიტანული განწყობები ჭარბობს.

საქართველო პატარა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა გეოპოლიტიკური და ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით. ის მაგალითია კორუფციასთან მებრძოლთათვის, თუნდაც ჩრდილოეთ აფრიკის ახალი რეჟიმებისთვის. ჩვენს საერთო ღირებულებებს უნდა მიეწეროს ის, რომ ბრიტანეთის მთელი პოლიტიკური სპექტრი მხარს უჭერს საქართველოს და ეს მხარდაჭერა, მთავრობების ცვლილებების მიუხედავად, გრძელდება. საქართველო მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას, მაგრამ ორმხრივი ურთიერთობებითა და ქვეყნების პარლამენტებს შორის კავშირებით, მჯერა, დიპლომატიური ურთიერთობები სულ უფრო გაძლიერდება.

სტატია პირველად
PoliticsHome-ში
გამოქვეყნდა
2012 წლის 23 აპრილს

8 განათლების სისტემა საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ

▲ზევით დაბრუნება


სიმონ ჯანაშია|სვეტი

0x01 graphic

სოციალურ ქსელებში პოლიტიკოსებისა და სახელმწიფო უწყებების ვირტუალურ მეხოტბეებს არამხოლოდ მარკეტინგული დაკვეთების შესრულება შეუძლიათ. თებერვლის ბოლო დღეს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს Facebook-ის გვერდზე უცნაური მოვლენა მოხდა. სკოლების ლოგოს შემუშავების კონკურსთან დაკავშირებულ სიახლეზე, ორი საათის განმავლობაში, 160-მა ადამიანმა, 305 კომენტარი დაწერა. ბოლო კომენტარის გარდა, ყველას ერთი მიზანი ჰქონდა - საქართველოს ორი მოქალაქის დამცირება და ღირსების შელახვის საფუძველზე სახელმწიფო მოხელეების მიერ გადადგმული ნაბიჯების გამართლება.

მარტის შუა რიცხვებიდან განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს Facebook-ის გვერდზე უცნაური ჯგუფი გააქტიურდა. ბატონ დიმიტრი შაშკინს ხან დავით აღმაშენებელს ადარებენ, ხან საქართველოსა და მსოფლიოს წინაშე მის განუზომელ წვლილზე საუბრობენ. ტიპური კომენტარებია: „უმაღლესი კლასის მინისტრი ყავს ჩვენს ქვეყანას“, „განათლების სისტემაში გატარებული პოზიტიური რეფორმებით და ეფექტიანი მიღწევებით მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები ინტერესდებიან...“, „ყოველგვარ გამოთვლით მანქანებზე ანგარიშის გარეშე შეგვიძლია შევამჩნიოთ, რომ უფრო მეტი მოსწავლე უფრო ჩქარი ნაბიჯით მიეშურება სკოლისაკენ, თითქმის ვეღარავენ ბედავს ღობეზე გადახტომით უშველოს მოძალებულ სიზარმაცეს ბოლო გაკვეთილებზე, მოჩხუბარიც ნაკლებია და დამტვრეული ინვენტარიც“.

მესამე წელია, სკოლებს ოფიციალური ბრძანებით და ზეპირი მითითებით, მედიასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მკვლევრებთან თავისუფლად ურთიერთობა აუკრძალეს. სამინისტრომ სკოლებს დამოუკიდებლად სხვა გადაწყვეტილებების მიღებაც პრაქტიკულად აუკრძალა. სისტემის დისციპლინირებისთვის გაათავისუფლეს სკოლის დირექტორების ნაწილი, მათ შორის ისეთებიც, რომლებიც სულაც არ აკრიტიკებდნენ სამინისტროს, ამავდროულად, არაერთი მანდატური დააწინაურეს სკოლის დირექტორად და რესურსცენტრის ხელმძღვანელად.

ამგვარ ვითარებაში მეხოტბეების გააქტიურება თითქოს ლოგიკურიც იყო. სკოლებში მრავალი ადამიანი მუშაობს, რომელსაც გამოვლილი აქვს დრო, როდესაც პარტიისა და მისი ხელმძღვანელობის ქება-დიდება კარიერული წარმატების მისაღწევად მნიშვნელოვანი გზა იყო. თუმცა, როგორც ჩანს, საქმე სხვა, არანაკლებ უსიამოვნო მოვლენასთან გვაქვს.

ინტერნეტმეხოტბეების ჯგუფი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს Facebook-ის გვერდზე მასიურად პირველად 29 თებერვალს გამოჩნდა. ამ დღეს, 160 ადამიანი ერთდროულად შეწუხდა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს Facebook-ის გვერდზე შევიდა და საქართველოს ორი მოქალაქის წინააღმდეგ საკუთარი აზრი გამოხატა. მათ Facebook-ის პროფილებში თუ შეხვალთ, აღმოაჩენთ, რომ ისინი უბრალოდ ყალბია. მათ უმეტესობას თავის გამოსახულებად ცნობილი მსახიობებისა და მოდელების, ან ავტომობილების ფოტოები აქვთ დაყენებული. მათ აბსოლუტურ უმრავლესობას Facebook-ში მეგობარი არ ჰყავს, ან მხოლოდ მათნაირ ყალბ პროფილთან არის „დამეგობრებული“. მათი უმეტესობა 2012 წლის იანვრის ბოლო კვირაშია დარეგისტრირებული Facebook-ზე. იგივე მეხოტბეები საქართველოს პრეზიდენტის Facebook-ის გვერდზეც ასევე წერენ პათეტიკურ ტექსტებს, თუმცა უნდა ითქვას, რომ ნაკლები ინტენსივობით, ვიდრე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გვერდზე.

0x01 graphic

თემა, რომელზეც ყალბი მომხმარებლების მობილიზება მოხდა, თბილისის 53-ე სკოლიდან გარიცხულ მოსწავლესა და მის დედას მიეძღვნა. მედიის სხვადასხვა საშუალებითა და სასამართლოში დედა ჩიოდა, რომ მისი შვილი დირექტორმა უსამართლოდ დაადანაშაულა ხულიგნობაში და სკოლიდან უკანონოდ გარიცხა. ის ასევე წუხდა, რომ სხვა სკოლები შვილის მიღებაზე სამინისტროს ნებართვის გარეშე უარს ეუბნებოდნენ. პარლამენტში 27 თებერვალს გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა ეს შემთხვევა სწავლის უფლების დარღვევის მაგალითად წარუდგინეს. პრეზიდენტისგან კი მოვისმინეთ, რომ ამგვარი ხულიგნების ადგილი სკოლაში აღარ არის.

მედიისა და საზოგადოების წარმომადგენლების მძაფრი რეაქციის შემდეგ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ოფიციალურ გამოსვლაში ისაუბრა იმის შესახებ, რომ ის ზრუნავს გარიცხულ მოსწავლეზე. ამავდროულად, უდავოა, რომ სამინისტრო თავისი Facebook-ის გვერდის მეშვეობით სხვა გზავნილის გავრცელებას ფარულად ცდილობს. თუ გარიცხულ მოსწავლესთან დაკავშირებულ კომენტარებს წაიკითხავთ, რთულია არ შეგეშინდეთ, რადგან კარგად ჩანს, რომ სახელმწიფოს უზარმაზარი რესურსების მობილიზება შეუძლია იმისთვის, რომ უბრალო მოქალაქის ღირსება და უფლებები გასრისოს.

მიუხედავად იმისა, რამდენად მართალია გარიცხული მოსწავლე და მისი მშობელი, სახელმწიფოს ვალია მისი უფლებები და ღირსება დაიცვას. ჩვენ კი საპირისპიროს ვხედავთ. Facebook-ის ყალბი მომხმარებლების კომენტარებით, სახელმწიფო ცდილობს საზოგადოება შემდეგში დაარწმუნოს: ეს გარიცხული მოსწავლე არის გაუზრდელი, თითქმის კრიმინალის ჩამდენი პიროვნება, რომლის სკოლაში შეშვების წინააღმდეგია მშობლების დიდი ნაწილი.

აი, კომენტარების ნაწილი: „დიდი შეცდომა დაუშვა მაგ ქალბატონმა, შვილი გაწირა კრიმინალისთვის, თან დაუფიქრებლად. ჩემი შვილი რომ რომელიმე სკოლაში სწავლობდეს, არ მინდა თქვენი შვილიც იქ იყოს!“; „მადლობა თქვას, რომ საერთოდ რომელიმე სკოლაში იღებენ მის შვილს“; „ჩემი მეგობრის კლასში სწავლობდა ეგ ალექსიძე და როგორც იმ მოსწავლისგან ვიცი, მაგარი თავხედი და უზრდელი ბავშვია“, „მადლობა ღმერთს, ხალხი რომ ბრმა არ არის და ყველა სამინისტროს გადადგმულ ნაბიჯს ხედავს. მეტი რაღა ექნათ, მასეთი უზრდელი და თავხედი მოსწავლისთვის სამტრედიაშიც კი არ უნდა იყოს ადგილი“; „რა გადაგვაყოლეთ ბოლოსდაბოლოს ვიღაც კრიმინალ ალექსიძეს და მის უზრდელ მშობელს რა. ალექსიძის ადგილი ციხეშია, დედამისის კი ფსიქიატრიულში“.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო დღეს საზოგადოებისთვის პრაქტიკულად დახურული დაწესებულებაა. ის არ გასცემს სათანადოდ საჯარო ინფორმაციას, არ იძლევა საშუალებას, დამოუკიდებელი წყაროებიდან ვიცოდეთ თუ რა ხდება განათლების სისტემაში. ამავდროულად, ის გეგმაზომიერად აყალბებს ინფორმაციას და სახელმწიფო რესურსებს სახელმწიფოს წარმომადგენლების და არა მოქალაქეების ინტერესების დაცვას ახმარს.

როდესაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო არ იძლევა საჯარო ინფორმაციას, ან სკოლებს გაუმჭვირვალეს ხდის, შეგვიძლია ვისაუბროთ ბიუროკრატების მიერ გრძელვადიან პერსპექტივაში სისტემის არაეფექტურ მართვაზე. როდესაც ინტერნეტში სახოტბო პათეტიკური ტექსტის წერით ქმნის ილუზიას, რომ საზოგადოება აღფრთოვანებულია განათლების პოლიტიკით, შეიძლება მარკეტინგის არაეფექტურობაზე ვიმსჯელოთ. მაგრამ, როდესაც სახელმწიფო თავის რესურსებს იმისთვის იყენებს, რომ მოქალაქეები დაამციროს, მათი ღირსების შემლახველი, სიძულვილით სავსე ტექსტები გაავრცელოს, საქმე უკვე რეპრესიულ მოქმედებასთან გვაქვს.

განათლების, ან სხვა რაიმე პოლიტიკის მიზანი ვერ იქნება იმდენად დიდი, რომ სახელმწიფოს წარმომადგენლებისთვის დასაშვები გახადოს ამორალური გზით საკუთარი ნაბიჯების უპირატესობაში დაგვარწმუნოს. სახელმწიფოს მხრიდან საზოგადოებრივი აზრის კონკრეტული მოქალაქეების გასარიყად მომართვის მცდელობა კი, უბრალოდ, საშიში პრეცედენტია, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ოფიციალური თუ არაოფიციალური ინფორმაციის ძირითადი წყარო, გაუმჭვირვალე და არათავისუფალი სისტემის დამნერგავები არიან.

9 სპეციალური ანგარიში ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებების მონიტორინგის შესახებ

▲ზევით დაბრუნება


საზოგადოება

თეონა კოკიჩაიშვილი

2011 წლის დეკემბერში, სახალხო დამცველის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის სპეციალურმა ჯგუფმა 13 დიდი ზომის ბავშვთა სახლსა და 17 მცირე საოჯახო ტიპის სახლში მონიტორინგი ჩაატარა. მიზანი ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებებში მათი უფლებების დაცვის ხარისხის შემოწმება იყო. 25 აპრილს სახალხო დამცველმა პრევენციის ეროვნული მექანიზმის სპეციალური ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც მონიტორინგის შედეგებია ასახული.

მონიტორინგი ბავშვთა კეთილდღეობის რეფორმის ფარგლებში მიმდინარე დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის პარალელურად მიმდინარეობდა. ამან ჯგუფს საშუალება მისცა, შეეფასებინა ბავშვების მდგომარეობა სააღმზრდელო დაწესებულებებში და ამასთან, დაკვირვებოდა გარდამავალი პროცესის მიმდინარეობას - დიდი ზომის ბავშვთა სახლებიდან ბავშვების გადაყვანას მცირე ზომის საოჯახო ტიპის სახლებში.

წინა საანგარიშო პერიოდში განხორციელებული მონიტორინგის შემდეგ, საქართველოს სახალხო დამცველმა შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებს 58 რეკომენდაციით მიმართა. მათი ნაწილი შესრულდა - სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მრავალი დარღვევის მიუხედავად, ბავშვთა სახლებში ბავშვთა უფლებები წინა წლებთან შედარებით უკეთაა დაცული, თუმცა არის პრობლემები, რომლებიც სწრაფ რეაგირებას საჭიროებს.

0x01 graphic

წინა წლისგან განსხვავებით, მონიტორინგის განხორციელებისას, პრევენციულ ჯგუფს ბავშვთა სახლების ადმინისტრაციის ან სააგენტოების მხრიდან დაბრკოლებები არ შექმნია, თუმცა პრევენციული ჯგუფი სააღმზრდელო დაწესებულებებში ბავშვთა მიმართ არასათანადო მოპყრობის, ფიზიკური და ემოციური ძალადობის და უგულებელყოფის ფაქტებს წააწყდა. ანგარიშის მიხედვით, ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებებში დასჯის სხვადასხვა ფორმები გამოიყენება: წკეპლით ცემა, ბოთლის ჩარტყმა, კუთხეში დაყენება, ახალი ტანსაცმლის ჩამორთმევა, შეჯანჯღარება, თავში ბეჭდის ჩარტყმა, დასჯის მიზნით ფიზიკური შრომა და სხვა. დიდი ზომის ბავშვთა სახლებში ბავშვებზე ზეწოლისა და ემოციური ძალადობის შემთხვევები იყო უფლებადამცველებთან კომუნიკაციის გამოც.

სახალხო დამცველის პრევენციულმა ჯგუფმა დიდი ზომის ბავშვთა სახლებში უსაფრთხოების ნორმების დარღვევის ფაქტებიც გამოავლინა. წალენჯიხის ბავშვთა სახლში ამ ნორმების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზიც გახდა: 12 წლის აღსაზრდელმა ეზოში უყურადღებოდ დატოვებული ნაჯახით მარცხენა ხელის არათითი მოიჭრა. „საჭმელი რომ შევჭამე, პირდაპირ შევედი შეშებში. სხვებიც შედიოდნენ და მეც მინდოდა, რომ მუშა ვყოფილიყავი. საექთნოში შემიყვანეს, ჩემი თითი სად არის-მეთქი ვტიროდი. სასწრაფო გამოიძახეს და მიმაკერეს, მაგრამ მერე გაშავდა და ზუგდიდში მომაშორეს“, - იხსენებს ბავშვი.

ანგარიშის მიხედვით, სამედიცინო ბარათში ამ ფაქტის შესახებ ჩანაწერი არასრულია. ამას გარდა, დაშავებული აღსაზრდელის ჯანმრთელობის მდგომარეობას სათანადო ყურადღება დღემდე არ ექცევა: გულის პათოლოგიის გამო მას სამი წლის განმავლობაში უტარდებოდა მკურნალობა, თუმცა უკვე ორი წელია, რაც ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი არ ჩატარებია. ასევე, არ უტარდება ამპუტირებული თითის რეაბილიტაცია და მკურნალობა.

პრევენციული ჯგუფის ყურადღება მიიქცია განვითარებისთვის შეუფერებელ გარემოში ბავშვების გადაყვანის ფაქტებმა: რამდენიმე მცირე საოჯახო ტიპის სახლი სარემონტო, ნესტიანი და ცივი იყო, ავეჯი კი - დაზიანებული. ანგარიშში სახალხო დამცველი საუბრობს იმ ხარვეზებზეც, რაც ბავშვთა ადეკვატური სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფაში შეინიშნება. მოუწესრიგებელია მათი სამედიცინო დოკუმენტაცია. რიგ შემთხვევებში კი, დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის დაჩქარებამ და მოუმზადებლობამ, პროცესში ჩართულ ბავშვებს ფსიქოლოგიური ტრავმა მიაყენა, ხოლო ალტერნატიულ დაწესებულებებში ადაპტაციის პროცესი გაართულა.

გარდა ამისა, ანგარიშში საუბარია სახელმწიფოს კონტროლს გარეთ დარჩენილ ბავშვთა სახლების მდგომარეობაზეც. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სამ თავშესაფარში 300-მდე ბავშვია განთავსებული. ამ სააღმზრდელო დაწესებულებებში ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგს, ფაქტობრივად, არცერთი სახელმწიფო სტრუქტურა არ ახორციელებს. ინფორმაცია არც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს აქვს. სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა აქ არსებული არასათანადო მოპყრობის შესახებ ინფორმაცია სხვა ბავშვთა სახლებში მყოფი აღსაზრდელებისგან მოიპოვა.

11 წლის აღსაზრდელი, რომელიც ბათუმის ბავშვთა დაწესებულებაში რვა წლის განმავლობაში ცხოვრობდა, სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან საუბრისას იხსენებს, რომ რამდენიმე აღმზრდელი დასასჯელად ყურს უწევდა ან თმას წიწკნიდა, სხვები კი პირდაპირ სახეში ურტყამდნენ. მაგალითად, ერთ-ერთი აღმზრდელი 6 წლიდან სცემდა - „გამიქანა და მტკიცა, ცხვირიდან სისხლი წამომივიდა, მეც გავმწარდი და ხელში დავარტყი. შემდეგ ძალით დამაჩოქა, მუხლებზე დამაყენა ხატებთან. ამაზე ისტერიკები დამემართა, ფეხებს ვუბათქუნებდი“.

ზრუნვას მოკლებული ბავშვების მიმართ ღირსების შემლახველი მოპყრობა პრევენციულმა ჯგუფმა საჯარო სკოლებშიც გამოავლინა. ანგარიშის მიხედვით, წყნეთის ბავშვთა სახლის ფსიქოლოგის გადმოცემით, შარშან 137-ე სკოლაში ახალი კლასი შეიქმნა, სადაც მხოლოდ დევნილი ბავშვები და ბავშვთა სახლის აღსაზრდელები არიან ჩარიცხულნი. ამას ბავშვთა სახლის დირექტორიც ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ ამგვარი სეგრეგაცია მიზანმიმართულად ამ მომხდარა. ფსიქოლოგის მოსაზრებით, ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც, ბოლო 2 თვის განმავლობაში, მოსწავლეები სკოლაში არ დადიან.

ბავშვთა სახლის ადმინისტრაციის განცხადებით, ამავე სკოლაში ბავშვის მიერ დისციპლინური გადაცდომის შემთხვევაში დამკვიდრებულია სკოლიდან დათხოვნის ხშირი პრაქტიკა. ამას ბავშვები სათავისოდ იყენებენ - თუ რომელიმეს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში სკოლის გაცდენა სურს, ამის უმოკლესი გზა დისციპლინის მიზანმიმართული დარღვევაა.

ანგარიშში დასახელებულია სკოლები, სადაც ბავშვებს ჯოხის, სკამის საზურგისა და წკეპლის დარტყმით, ბეჭდის თავზე დაკაკუნებით, თმის მოწიწკვნით, რამდენიმე გაკვეთილის განმავლობაში კუთხეში დაყენებითა და სხვა მეთოდებით სჯიდნენ.

გარდა ამისა, თელავის ბავშვთა სახლის დირექტორმა და რამდენიმე აღმზრდელმა სპეციალურ პრევენციულ ჯგუფს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს თელავის მე-8 საჯარო სკოლაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. მათი გადმოცემით, სკოლის თანამშრომლები ბავშვების დიფერენცირებას იარლიყების მიწებებით ახდენენ: „ქალაქის ბავშვები“ და „ინტერნატის ბავშვები“. მცირე საოჯახო ტიპის სახლის, კარიტასის აღსაზრდელები კი თბილისის მე-12 საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებლის, ირმას გამონათქვამებს იხსენებენ: „ჭიაყელა, ღორის ტილი, ტურტლიანი, ნაძირალა“ და სხვა.

ანგარიშში დასახელებულია კონკრეტული შემთხვევები, როდესაც ქცევის დარღვევის მძიმე ფორმებისა და სავარაუდო ფსიქიკური აშლილობის მქონე ბავშვები სამზრუნველო დაწესებულებებიდან ადეკვატური სამედიცინო და სოციალური დახმარების გაწევის გარეშე იმ მოტივით გარიცხეს, რომ იქ მათი მდგომარეობის მართვა არ შეეძლოთ. რამდენიმე ასეთი აღსაზრდელის დღევანდელი მდგომარეობა და ადგილსამყოფელი მონიტორინგის ჯგუფისთვის აქამდე უცნობია.

სახალხო დამცველის ანგარიშში მითითებულია - 2011 წლის ოქტომბრის მონაცემებით, მიუხედავად კანონისმიერი ვალდებულებისა, მშობლების ზრუნვას მოკლებული რამდენიმე ასეული ბავშვის შესახებ ინფორმაცია არცერთ სახელმწიფო უწყებას არ აქვს.

10 შტრიხები სამეგრელოს ანთროპოლოგიისათვის

▲ზევით დაბრუნება


ემზარ ჯგერენაია|სვეტი

0x01 graphic

სამეგრელოში იშვიათად მივდივარ. მართალია, იქ გავიზარდე, მამისეული სახლიც მაქვს და ჩემი ოჯახის წევრებიც სიხარულითა და სიყვარულით მელოდებიან, ჩასვლის მაინც მეშინია. მეშინია, რომ სამეგრელოს ნისლი და ჭაობი, ჭაობის „ოშხივარი“ გააქრობს ჩემ მიერ წლობით ქალაქში ნაგროვებ ცოდნას, მეგრელების - ჭაობისა და ნისლის ხალხის - წიაღში ჩავრჩები და სამუდამოდ გადამეკეტება გზა ქალაქისაკენ, რომელიც ჩემთვის, უპირატესად, მოკირწყლული ტროტუარი და საკუთარი თავიდან „მიღმა სამყაროს“ განდევნის ადგილია. ქალაქი ჩემთვის ის სივრცეა, რომელიც ჩემს მეხსიერებაში ბებიაჩემის უბადლო თხრობით ჩაბეჭდილი „ძველი ფერმიმკრთალი ხილვების“ თავდასხმებისაგან მიცავს. მოკლედ, ძალიან ვუფრთხილდები უნივერსიტეტში და ქალაქის „ქვის ცივ სხეულთან“ ურთიერთობით ნასწავლ პრაგმატულობასა და ემოციის დამალვის შეძენილ უნარს. და კიდევ იმ მოგონებებს გავურბივარ, სამეგრელოს ნესტიანი ჰაერის ჩასუნთქვისას, ჩემს მეხსიერებაში რომ წამოყოფს ხოლმე თავს. ამ მოგონებათაგან ერთ-ერთი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩემთვის. მასზე სხვა დროს გესაუბრებით.

0x01 graphic

ჟან შარდენი. გრავიურა „მეგრელი თხილამურებზე“

რატომ ნისლისა და ჭაობის ხალხი? რას ვგულისხმობ ამ მეტაფორაში? ყველას გაგვიგონია მეგრელებზე გავრცელებული აზრი: „აფერისტი“. არა მგონია, მეგრელი საქართველოს სხვა რომელიმე კუთხის შვილზე მეტად იმსახურებდეს ამ ეპითეტს, მაგრამ ეს წოდება ხშირად მეგრელების მიმართ გამოიყენება (გამიგონია ანეკდოტი, სადაც „მეგრელობა“ პროფესიად და მოწოდებად არის წარმოდგენილი და არა წარმომავლობად). ამგვარი იარლიყის ერთ-ერთი მიზეზი მეგრელების ამბივალენტური, ორაზროვანი მდგომარეობა და ის კითხვებია, რომლის საჯაროდ დასმას სრულებით უსაფუძვლოდ ვერიდებით ხოლმე: „ვინ არიან მეგრელები? როგორ შეიძლება ერთდროულად მეგრელიც იყო და ქართველიც? რაღაც გაუგებარი ენაც გქონდეს („ჟღურტული - მეგრელთაგან მრუდი ლაპარაკი, გინა ჩხიკვთა და კაჭკაჭთაგან ლაპარაკი. ესე არს მეგრელთა და მისთანათა ავენოანთა ლაპარაკი“. სულხან-საბა ორბელიანი, ლექსიკონი ქართული, თბილისი, „მერანი“, 1991) და თან თავს ყველაზე აღმატებულ ქართველად აცხადებდე? ალბათ, აფერისტია?“ როგორც ჩანს, ამ ერთგვარი „უნდობლობის“, ორაზროვნების გადალახვა საქართველოს უახლეს ისტორიაში მეგრელების მთავარი პრობლემა იყო. ერთი მხრივ, მათ სურდათ ჰქონოდათ „მეგრელობა“, ერთგვარი „საკუთარი“ ლოკალური იდენტობა, განმასხვავებელი ნიშანი, როგორც ეს აქვთ სხვა ქართველებს, ხოლო, მეორე მხრივ, სხვა კუთხის მკვიდრი ქართველებისთვის დაემტკიცებინათ „ქართველობაში“ საკუთარი აღმატებულობა, ერთგვარი რჩეულობა. ზვიად გამსახურდიასადმი ემოციური დამოკიდებულება, „გარდარეული სიყვარული“ მის მიმართ, რომლითაც, ვგონებ, ყველაზე მეტად მეგრელები გამოირჩეოდნენ (სხვა კუთხის მკვიდრი ქართველები ზვიადის მომხრეობას, პირველ რიგში, მეგრელებს მიაწერდნენ. მახსოვს ჩემი მეგობრების უნდო, ეჭვებით აღსავსე მზერა: „ზვიადისტი ხომ არ არის? ხომ არ ინიღბება?“), ქართველებისათვის „უმაღლესი ქართველობის“ დამტკიცების სურვილით იყო ნაკარნახევი. „ჩვენი კუთხის შვილი ყველას შეახსენებს, თუ როგორ უნდა გვიყვარდეს სამშობლო: სწორედ მეგრელია ის, ვინც დანარჩენ ქართველობას აჩვენებს, რას ნიშნავს პატრიოტიზმი“. მეგრელების მიერ გამსახურდიასთან საკუთარი თავის გაიგივება ნიშნავდა ამბივალენტობის, ორმაგობის, „ეთერული“ მდგომარეობის გადალახვას, ერთგვარი სიმყარის შეძენას, კუთხის უმაღლესი წარმომადგენლის - ქვეყნის პირველი პირის - პრეზიდენტის ფიგურით, საქართველოს ისტორიისათვის საქართველოს ერთ-ერთი კუთხის, სამეგრელოს, მნიშვნელოვნების წარმოჩენას. მეგრელისათვის ყველაზე საწყენი ამ შემთხვევაში იყო გაუგებრობა, რომლითაც მეგრელების ქართულ-ნაცისტურ იდეას ქალაქის საზოგადოება შეხვდა (ყოველ შემთხვევაში, მისი ლიბერალური, ელიტარული და შეიარაღებული ნაწილი). მეგრელებს „აწყენინეს“. ფსიქოანალიტიკურად მათ უარი უთხრეს მამრის (კოსმოსის შემქმნელის) პოზიციაზე ქართული კულტურის შიგნით და მსახურის პოზაში ჩააყენეს. ფეოდალური მეხსიერების მატარებელი მეგრელებისათვის ეს უცნაური მოვლენა არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ საწყენი კი - ნამდვილად. ეს წყენა ჯერ კიდევ არის დარჩენილი მათს კოლექტიურ მეხსიერებაში.


როგორ შეიძლება გადაილახოს ეს წყენა? ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ამ თვალსაზრისით უკვე მოხდა. ეს იყო ვარდების რევოლუცია. მეგრელებისათვის ის, უპირველეს ყოვლისა, ნიშნავდა ერთგვარ შურისძიებას შევარდნაძის რეჟიმზე, მაგრამ, ამასთან ერთად, მანვე დაანახა სამეგრელოს მკვიდრებს, რომ ერთიანი ქართული სახელმწიფოს შესაქმნელად ყველა კუთხის თანამონაწილეობაა საჭირო და არავის არ უნდა ჰქონდეს „ქართველობაზე“ განსაკუთრებული პრეტენზია ან, გნებავთ, მონოპოლია. ვარდების რევოლუციამ ქართული სახელმწიფოს შენებისათვის ახალი შანსი შექმნა. ეს კი უნდა გულისხმობდეს ქვეყნის შენებას, მომავლის ქმნას არა მეგრელების მიერ საკუთარი განუმეორებლობისა და განსაკუთრებულობის მტკიცებით, არამედ სხვა კუთხის მცხოვრებთა ყურისგდებით და მათთან ერთად საერთო ქართული წესრიგისა და თავისუფლების ქმნადობაში თანამონაწილეობით.

11 დაუბეგრავი მინიმუმი

▲ზევით დაბრუნება


ზურა ჯაფარიძე|სვეტი

0x01 graphic

დაახლოებით ორი კვირის წინ პოლიტიკური კოალიცია ქართული ოცნების წარმომადგენლებმა გააჟღერეს ინიციატივა, რომლის თანახმადაც, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში აპირებენ საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანას და ეგრეთ წოდებული დაუბეგრავი სახელფასო მინიმუმის შემოღებას. მათივე განცხადებით, დაუბეგრავი მინიმუმი საარსებო მინიმუმის ტოლი უნდა იყოს.

თავისთავად იდეა არ არის ახალი - მსგავსი რამ ეკონომიკურად ჩვენზე ბევრად წინ წასულ არაერთ ქვეყანაში არსებობს. დაუბეგრავი მინიმუმი საქართველოში რამდენიმე წლის წინაც არსებობდა და 9 ლარს შეადგენდა. მისი მომხრეები საკუთარი პოზიციის გასამყარებლად, როგორც წესი, ისეთ არგუმენტს იშველიებენ, როგორიცაა გაჭირვებულებისთვის შეღავათის მიცემა. საგადასახადო კოდექსში ასეთი ნორმის არარსებობის შემთხვევაში სახელმწიფო ისედაც ღარიბ მოქალაქეს საშემოსავლო გადასახადის სახით ართმევს გამომუშავებული ხელფასის რაღაც ნაწილს, ხოლო დაუბეგრავი მინიმუმის შემოღების შემთხვევაში, მოსახლეობის გაჭირვებული ნაწილი ოჯახში შედარებით მეტ თანხას შეიტანს.

რიტორიკის დონეზე ასეთი ინიციატივა ცალსახად ჰუმანური ჩანს. სავარაუდოდ, ის მოგებიანი უნდა იყოს პოლიტიკური თვალსაზრისითაც, თუმცა მნიშვნელოვანია გვესმოდეს, თუ რა ნეგატიური შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამ იდეის ხორცშესხმას.

0x01 graphic

ყველაზე პოპულარული საწინააღმდეგო არგუმენტი, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში უკვე არაერთხელ მოვისმინე, სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსავლების კლებაა. იმის გამო, რომ დაქირავებული შრომით დაკავებული საქართველოს მოქალაქეების შემოსავლის ნაწილი გათავისუფლდება გადასახადისგან, სახელმწიფო საშემოსავლო გადასახადის სახით უფრო ნაკლებ თანხას აკრეფს, ვიდრე ადრე ახერხებდა. თუ დაუბეგრავი მინიმუმი საარსებო მინიმუმის ოდენობას გაუთანაბრდება (დაახლოებით 155 ლარი) და გავითვალისწინებთ, რომ დაქირავებული შრომით საქართველოში დაახლოებით 620 ათასი ადამიანია დასაქმებული (ანუ ისინი, ვინც საშემოსავლო გადასახადს იხდიან), დანაკარგი წელიწადში 230 მილიონი ლარი იქნება.

ცხადია, ეს მცირე მოცულობის თანხა არ არის (დაახლოებით ბიუჯეტის 3%25), თუმცა დაუბეგრავი მინიმუმის შემოღების საწინააღმდეგოდ ამ არგუმენტის გამოყენება ნაკლებად სასურველია ერთი მარტივი მიზეზის გამო - სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსავლების მატება ან კლება არ არის კარგი კრიტერიუმი იმის განსასაზღვრად, მიზანშეწონილია თუ არა ამა თუ იმ პოლიტიკის გატარება. ბუნებრივია, ყველა მთავრობას ურჩევნია მეტი ფული ჰქონდეს დასახარჯად, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის მატებასთან ან კლებასთან ერთად პირდაპირპროპორციულად გაიზრდება ან შემცირდება მოქალაქეთა კეთილდღეობის დონე. ზოგადად, რაც მეტი ფული დარჩება კერძო სექტორში და ნაკლებს დახარჯავს სახელმწიფო აპარატი, ეკონომიკის ზრდის ტემპისთვის უკეთესია.

სინამდვილეში პრობლემები, რომლებიც თავს იჩენს დაუბეგრავი მინიმუმის შემოღებით, უკავშირდება არა იმდენად სახელმწიფო შემოსავლების დონის ვარდნას, რამდენადაც სახელმწიფოს მხრიდან საკუთარი მოქალაქეების მიმართ განსხვავებული მიდგომის გამოყენებას.

დაუბეგრავი მინიმუმის დაწესებით საგადასახადო სისტემაში გაჩნდება ეგრეთ წოდებული ხვრელი, რომლის გამოყენებასაც არაერთი დამქირავებელი შეეცდება ადამიანურ რესურსებზე დანახარჯების შესამცირებლად. მაგალითად, თუ დღეს რომელიმე პატარა, საშუალო ან მსხვილ ბიზნესს დაქირავებული ჰყავს თანამშრომლები, რომელთაც დაბეგვრის შემდეგ უხდის 300-300 ლარს (შესაბამისად, ყოველ დაქირავებულზე ბიუჯეტში რიცხავს საშემოსავლო გადასახადს - 75 ლარს), დაუბეგრავი მინიმუმის არსებობის შემთხვევაში (პირობითად 155 ლარის ოდენობით), ასეთ ბიზნესს საშუალება ექნება ფორმალურად „დაასაქმოს” ორჯერ მეტი ადამიანი და თითოეულზე გასცეს 150 ლარი. ბიუჯეტისთვის გადასახდელი თანხა (თითოეულ დაქირავებულზე 75 ლარი) დარჩება დამსაქმებლის მოგებად. ასეთი სქემის პრობლემა არა საბიუჯეტო შემოსავლების კლება, არამედ კორუფციული არსია.

იმის გამო, რომ საგადასახადო კოდექსი გადასახადისთვის თავის არიდების ასეთ შესაძლებლობას (ხვრელს) გააჩენს, კორუფცია დიდი ალბათობით გადავა საჯარო სექტორზე. საბოლოო ჯამში, სახელმწიფო ბიუროკრატების გადასაწყვეტი იქნება, რომელი დამქირავებელი ცდილობს გადასახადისთვის თავის არიდებას, ხოლო რომელი საჭიროებს რეალურად 150-ლარიან რამდენიმე ათეულ თანამშრომელს. ანუ, ვინ უნდა დაისაჯოს და ვინ - არა.

ასეთი ტიპის განსხვავებული მიდგომებით, როდესაც მაღალი შემოსავლის მქონე მოქალაქეებს სახელმწიფო სხვაგვარად უდგება, ხოლო დაბალი შემოსავლის მქონეებს სხვაგვარად, როგორც წესი, სწორედ შეძლებული მოქალაქეები სარგებლობენ. მიზეზი მარტივია - ისინი ხედავენ ხვრელებს კანონმდებლობაში და აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ დაიქირაონ ძვირადღირებული ადვოკატები და ბუღალტრები, რათა მაქსიმალურად მეტი მოგება მიიღონ შექმნილი საკანონმდებლო გარემოდან. ღარიბ მოქალაქეს ამისთვის არც საჭირო ცოდნა აქვს, არც დრო და არც რესურსი. რაც მთავარია, გადასახადის თავიდან აცილების მიზნით გაწეული ბუღალტრებისა და იურისტების შრომა არ ზრდის მოსახლეობის საერთო კეთილდღეობის დონეს, რადგან მისი მიზანი საზოგადოებაში არსებული რაიმე მოთხოვნის დაკმაყოფილება არ არის.

გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს მიერ მოსახლეობის გაჭირვებული ნაწილის სასიკეთოდ წარმოებული პოლიტიკა, რომელიც საბოლოო ჯამში მდიდრებისთვის წართმევასა და ღარიბებისთვის დარიგებას გულისხმობს დისკრიმინაცია შემოსავლის დონის მიხედვით არაფრით განსხვავდება სხვა რაიმე ტიპის დისკრიმინაციისგან, იქნება ეს კანის ფერი, სქესი თუ აღმსარებლობა. (დაუბეგრავი მინიმუმის არსიც, საბოლოოდ, ეს არის - სახელმწიფო ხარჯები დააფინანსონ შეძლებულებმა, ხოლო გაჭირვებულები არ დაიბეგრონ), სასურველ შედეგს არ იძლევა.

2002 წელს პოლიტიკური ინოვაციების ინსტიტუტმა კვლევა გამოაქვეყნა. მის მიხედვით, პროგრესულმა გადასახადმა (რომელიც შემოსავლის ზრდასთან ერთად საგადასახადო განაკვეთის ზრდას გულისხმობს) ჩაფიქრებული ეფექტი 40 წლის განმავლობაში (1957-1997წწ.) ვერ მოიტანა: მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის ყველაზე მდიდარი 10%25-ის მიერ გადახდილი საშემოსავლო გადასახადის წილი (აკრეფილი საშემოსავლო გადასახადის საერთო მოცულობასთან მიმართებაში) 15%25-ით გაიზარდა, დანარჩენი მოსახლეობის (90%25) შემოსავლის წილმა (გადასახადების გადახდის შემდეგ, მოსახლეობის შემოსავლების საერთო ოდენობასთან მიმართებაში) 13%25-ით დაიკლო.

მაგრამ დაუბეგრავი მინიმუმის, როგორც საგადასახადო ნორმის შემოღების მთავარი პრობლემა კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპის დარღვევაა. დაუბეგრავი მინიმუმის შემოღებით მოსახლეობის ერთი ნაწილი არ გადაიხდის საშემოსავლო გადასახადს, ხოლო მეორე ნაწილი - კი. ნებისმიერი საკანონმდებლო ნორმა, რომელიც მოსახლეობის ნაწილს აყენებს განსხვავებულ პირობებში, არის უსამართლო. დისკრიმინაცია შემოსავლის დონის მიხედვით არაფრით განსხვავდება სხვა რაიმე ტიპის დისკრიმინაციისგან, იქნება ეს კანის ფერი, სქესი თუ აღმსარებლობა. თუ გვინდა, რომ საგადასახადო ტვირთი შევუმსუბუქოთ მოსახლეობის გაჭირვებულ ნაწილს - შევამციროთ საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი; ყველასთვის. სხვათა შორის, ეს დასაქმებასაც ხელს შეუწყობს.

12 ბექა გოჩიაშვილი: იქ, სადაც თავისუფლება იზღუდება, მუსიკა ვერ იარსებებს

▲ზევით დაბრუნება


ტაბულა|ფოკუსი

თამარ ჩერგოლეიშვილი, ნინა ახლოური

0x01 graphic

სკოლიდან გამოდის. გარშემო, როგორ ყოველთვის, ხმაური და ბევრი ხალხია - მერვე ავენიუსა და თაიმს სქვერის რაიონში სხვას რას უნდა ელოდე. ქუჩაში დასარტყამი ინსტრუმენტის ჯოხების ხმაურით მიაბიჯებს და ჰერბი ჰენკოკზე ფიქრობს. თავში მუსიკოსის იმ ვიდეოს კადრებს ატრიალებს, რომელიც კოლექციისთვის სჭირდება. შეიძლება DVD აქ ჰქონდეთ, აი ამ ვიდეომაღაზიაში. შიგნით შედის და სანამ რაიმეს იკითხავდეს, ვიღაც ახმახი ადგება თავზე - „აქ რას აკეთებ, ყმაწვილო?“.

პასუხის გაგონებისთანავე ბავშვს ქეჩოში კიდებს ხელს და ქუჩაში აძევებს - ჰენკოკს და თინეიჯერს სექსშოფში არაფერი ესაქმებათ. ამ უკანასკნელის ადგილი არც ჯულიარდის ხელოვნების სკოლის ჯაზის ფაკულტეტზეა - ჯერ პატარაა. თუმცა ზოგადი ნორმები ორდინარულ ბავშვებს შეიძლება შეეფარდოს, ბიჭი კი ნაკლებად ჰგავს თავისი თაობისა და ასაკის მოზარდებს.

ბექა გოჩიაშვილი დღეს თექვსმეტი წლისაა, თუმცა უკვე თორმეტი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჯაზი მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. ტექნო ეპოქის შვილმა, სულ რაღაც ექვსი წლის ასაკში გადაწყვიტა, რომ ჯაზი ესწავლა. ეს უცნაურად, დაუჯერებლადაც კი ჟღერს, თუმცა...

0x01 graphic

ბექა გოჩიაშვილი, ჯალილ შოუ, დარან ბარეტი, ბასტერ უილიამსი, ლენი ვაიტი. კლუბი ბერდლენდი. ნიუ იორკი, 2011

„მამაჩემი მუსიკოსია, პიანისტი. ჯაზზე გიჟდებოდა. ორწლინახევრის რომ ვიყავი, აბსოლუტური სმენა აღმომიჩინეს, მამაჩემი რასაც უკრავდა, მეც ზუსტად იმ ტონალობაში ვმღეროდი. სამი წლის ასაკში საწოვარას ვიყენებდი. რა აღარ სცადეს მშობლებმა - წიწაკა წაუსვეს, დამიმალეს, მაგრამ ვერ გადამაგდებინეს. ერთხელ ის მამაჩემმა წამართვა და მითხრა, რომ თუ ჩემი ნივთის დაბრუნება მინდოდა, სკოტ ჯოპლინის ერთ-ერთი კომპოზიციის ნაწყვეტი უნდა გამემეორებინა. მამაჩემი ოთახიდან გავიდა და ინსტრუმენტთან მარტო დამტოვა, ცოტა ხანში კი მუსიკის ხმაზე უკან შემოვიდა - ნაწყვეტი უშეცდომოდ გავიმეორე. იმ დღესვე მთელი კომპოზიციის დაკვრა მასწავლა თავიდან ბოლომდე. ნელ-ნელა ჯაზი გახდა ჩემი საწოვარა. ოთხი წლის ვიყავი, ოსკარ პიტერსონს რომ მოვუსმინე - მისი მუსიკა ჩემს იავნანად იქცა. შემდეგ მამაჩემმა კიტ ჯარეტის კასეტა მომიტანა და მივხვდი - ეს იყო მუსიკა, რომელიც ჩემთან ყველაზე ახლოს იდგა და ჯარეტიც დღემდე ჩემი საყვარელი მუსიკოსია“.

ექვსი წლის ასაკში მშობლებმა თბილისში ჯაზის საუკეთესო პედაგოგთან, ზურა რამიშვილთან მიიყვანეს. ამ უკანასკნელმა ბექას ურჩია, ჯერ კლასიკურ მუსიკაში ევარჯიშა, რადგან ჯაზი მისთვის ადრე იყო. სამი წელი კლასიკას უკრავდა, ცხრა წლის კი რამიშვილთან დაბრუნდა - „შემდეგ ბებე ლორთქიფანიძის კლუბ „მეოცე საუკუნეში” დავიწყე დაკვრა. თერთმეტის რომ გავხდი, ლატვიაში, საულკრასტის ფესტივალზე აღმოვჩნდი, სადაც შემთხვევით ლენი უაიტი გავიცანი. უაიტი ჯაზის სამყაროში ერთ-ერთი გამორჩეული დრამერია, რომელიც ჩიკ კორეასთან ერთად მუშაობს. მაშინ ის უორქშოპს ატარებდა. მე არც ვიცოდი ვინ იყო და უბრალოდ, ჩემთვის დაკვრა დავიწყე. უცებ უაიტმა გამაჩერა და მთხოვა, სხვადასხვა ტონალობებში დამეკრა”. ცოტა ხანში უაიტმა ბექას რეპეტიციაზე მასთან ერთად დაკვრა შესთავაზა. ესეც დათანხმდა, რა თქმა უნდა.

დიდი ხნის განმავლობაში ბექას არსებობა მხოლოდ ჯაზის მოყვარულთა ვიწრო საზოგადოებამ იცოდა, სანამ 2008 წლის ივნისში თბილისს საქმიანი ვიზიტით კონდოლიზა რაისი არ ეწვია. ერთ-ერთი შეხვედრის შემდეგ, ის სადილად კოპალაში მივიდა, სადაც ბექას უნდა დაეკრა. ორი-სამი აკორდის აღების შემდეგ კონდოლიზა ახალგაზრდა პიანისტის ნიჭით აღფრთოვანდა - თავადაც პროფესიონალი მუსიკოსია და ბექას შესაძლებლობები არ გამოჰპარვია. მოგვიანებით, ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ინტერვიუში განაცხადა, რომ ბექა ყველაზე ნიჭიერი ჯაზმენია, რომელსაც ოდესმე შეხვედრია და მისი ეს ნათქვამი, დამწყები ჯაზმენის წარმატების კატალიზატორად იქცა. ამას მოჰყვა საქართველოში აშშ-ის მაშინდელ ელჩთან, ჯონ ტეფტთან შეხვედრაც, რომლის დახმარებითაც ჯოელ ჰარისონი, აშშ-ის პიანისტთა ასოციაციის პრეზიდენტი გაიცნო. ბექა ბერკლიში აპირებდა ჩაბარებას, მაგრამ ჰარისონის გაცნობის შემდეგ ჯულიარდში სწავლა გადაწყვიტა.

შეერთებული შტატების საელჩოს ხელშეწყობით, 2008 წელს ბექა მამამისთან ერთად ნიუ იორკში გაემგზავრა, სადაც ჯულიარდის სკოლისა და მანჰეტენის მუსიკის სკოლის კონკურსებში მიიღო მონაწილეობა. ის ორივეგან მიიღეს.

ასეთი პატარა ბავშვებისთვის ჯულიარდში მოხვედრა რთულია, უფრო სწორად, არარეალურიც კი - სკოლას სტუდენტების მიღების ძალიან მკაცრი წესი აქვს. ბექას ასაკის ბავშვი აქ მოსამზადებელ კოლეჯში თუ ისწავლის, ისიც იმ შემთხვევაში, თუ ამერიკაში ცხოვრობს, იქაურ სკოლაში დადის და ჯულიარდს მხოლოდ შაბათ-კვირას დაუთმობს. კენი ბრაუნი, რომელიც ჯულიარდის ჯაზისა და ფორტეპიანოს ფაკულტეტზე ასწავლის, იმდენად აღფრთოვანდა ბექა გოჩიაშვილის მონაცემებით, რომ მიუხედავად ბიუროკრატიული წინააღმდეგობისა, გადაწყვიტა გამონაკლისი დაეშვა და მოსამზადებელ სკოლაში მიეღო.

0x01 graphic

ბექა გოჩიაშვილი ჩიკ კორეას საიუბილეო კონცერტზე.
კლუბი Blue Note. ნიუ იორკი, 2012

მაშინ ბექას დასახმარებლად ჯულიარდის საგარეო ურთიერთობათა განყოფილების ხელმძღვანელს, ნონა შენგელაიას დაუკავშირდნენ. ნონამ არაფერი იცოდა ბიჭის შესახებ და თავიდან მორიგი ამბიციური, მაგრამ არაფრით გამორჩეული ქართველი მუსიკოსი ეგონა, რომელსაც, უბრალოდ, მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ხელოვნების სასწავლებელში სურდა მოხვედრა. შენგელაიას ამერიკის ელჩის ატაშემ დაურეკა და ბექას ნიჭის შესახებ მოუყვა, უთხრა ისიც, რომ სწავლას თავად დააფინანსებდნენ, მას მხოლოდ ცამეტი წლის მუსიკოსის შეკედლება ევალებოდა. ამაზე ნონამ უარი განაცხადა, არ სურდა პატარა ბავშვის მოვლის ვალდებულება საკუთარ თავზე აეღო: ქალიშვილები გაიზარდნენ, მეუღლესთან კი ახალი თაფლობის თვე ეწყებოდა - მშვიდი, წყნარი პერიოდი. „ბექას ნახვამდე ზურა რამიშვილმა დამირეკა და მითხრა, რომ მისი სახით შესანიშნავ მუსიკოსს გავიცნობდი. სკეპტიკურად ვუყურებდი ჩემთვის უცნობი ბიჭის შესაძლებლობებს და ზურას ვუთხარი, ის ალბათ ისევე უკრავს, როგორც ჰარლემის ყველა სადარბაზოში უკრავენ-მეთქი. ზურა ცოტა ხანს დაფიქრდა და მიპასუხა - „დამიჯერე, არსად არ უკრავენ ისე, როგორც ბექა უკრავსო. და მართალი აღმოჩნდა“.

ის, რომ ბექა მაინც ნონა შენგელაიასთან აღმოჩნდა, პირველ რიგში, მისი მეუღლის, გია შენგელაიას დამსახურებაა. ჯაზის მოყვარულმა ბიჭის შეკედლება მაშინვე გადაწყვიტა, როგორც კი გაიცნო და მოუსმინა - „ახლა ბექას გარეშე ვერ წარმომიდგენია. უცხო ადამიანების შვილი ისე გახდა ჩემი ოჯახის წევრი, ვერც შევამჩნიე. უმნიშვნელო კონფლიქტიც კი არ მოგვსვლია არასდროს“, - ამბობს დღეს ნონა.

ამასობაში, ბექას დაკვალიანებაში საქართველოს მთავრობაც ჩაერია. და სწორედ აქედან იწყება მის ცხოვრებაში ჯულიარდის ხანა.

0x01 graphic

კლუბი ბერდლენდი. ნიუ იორკი, 2011

„თავიდან ნიუ იორკში ძალიან გამიჭირდა, - ამბობს მუსიკოსი, - იყო ენის პრობლემები, თან გამუდმებით მენატრებოდა დედა და მეგობრები. თუმცა ნონასა და გიას გვერდში დგომით და, რა თქმა უნდა, ჯაზის დახმარებით, ყველაფერი გადავლახე. ვიცოდი, რომ აქ სწავლა ჩემთვის აუცილებელი იყო. როგორც ჩემი, ისე ქართული ჯაზის მომავლისთვის“. თუმცა ბექა მომავალს არ გეგმავს - „არ ვიცი, მომავალში რა იქნება, ჯაზმენის ცხოვრება მის მუსიკას ჰგავს, ის ერთი დიდი იმპროვიზაციაა, სადაც მომავლის დაგეგმვა სისულელეა“...

გენიოსის სტატუსი მისთვის მხოლოდ და მხოლოდ პასუხისმგებლობას ნიშნავს. ვერ იტანს, როდესაც ეუბნებიან, რომ თავში არ უნდა აუვარდეს, რადგან ამ ფრაზის არსს ვერ ხვდება. ფიქრობს, რომ თავდაჯერებულობა, სითამამე, მისი თანდაყოლილი თვისებებია. ისე, მათი შეძენა სულაც არაა რთული, განსაკუთრებით მაშინ, როცა თექვსმეტი წლის ასაკში ჩიკ კორეასთან ერთად ალბომს წერ...

0x01 graphic

ბექა გოჩიაშვილი, სტენლი კლარკი, ლენი უაიტი. ნიუ იორკი, 2012

ნიუ იორკში კორეას მოსასმენად ჯაზკლუბ Blue Note-ში, როი ჰეინსის ოთხმოცდახუთი წლის იუბილეზე მივიდა ნონასთან და გიასთან ერთად. იქ უცნაური სიტუაცია დახვდა - ხალხის უმეტესობა, ლეგენდარული მუსიკოსის მოსმენის მაგივრად, ჭამით და პარტნიორის კოცნით იყო დაკავებული. ბექა კი გაუნძრევლად იჯდა და უსმენდა. ნონა იხსენებს, რომ იმ საღამოს ვარსკვლავი ბექასთვის უკრავდა - მათ შორის უსიტყვო, ქიმიური რეაქცია წარმოიშვა. კონცერტის დასრულების შემდეგ კორეა ახალგაზრდა მუსიკოსს გაეცნო და მაშინვე მიხვდა, ვინ შეიძლებოდა ის ყოფილიყო - „შენ ხომ ის ცამეტი წლის გენიოსი ხარ, რომელზეც ლენი უაიტი ორი წლის წინ მიყვებოდა“. კორეამ მას თავისი პირადი ელექტრონული ფოსტის მისამართი მისცა და ჯაზმენების მეგობრობაც ასე დაიწყო.

გაცნობიდან რამდენიმე თვეში Blue Note-ში ისინი ერთმანეთს კვლავ შეხვდნენ და კორეამ ბექას მასთან ერთად დაკვრა შესთავაზა. ერთ-ერთ კონცერტზე სამი-ოთხი კომპოზიციის დაკვრის შემდეგ ჩიკ კორეა მაგიდასთან მივიდა, ბექას მხარზე ხელი დაადო და სტუმრებს უთხრა, ეს ბიჭი მონსტრია და დაიმახსოვრეთო. რამდენიმე დღეში კი, ისევ კონცერტის დროს, როდესაც პოლ მოტიანთან და ედი გომესთან ერთად უკრავდა, ჩიკ კორეა სამი თემის შემდეგ მიკროფონთან მივიდა და თქვა: „აქ არის ერთი ბიჭი, რომელიც ექვსი წლიდან მისმენს. ის ისეთი ნიჭიერია, რომ ახლა, დროა, მე მოვუსმინო მას”. ამ სიტყვების შემდეგ ჯაზმენმა ბექა სცენაზე მიიხმო, თავად კი მისი ადგილი დაიკავა. იმ საღამოს ბექამ პოლ მოტიანთან და ედი გომესთან ერთად თხუთმეტი წუთი დაუკრა და იქ შეკრებილი ხალხის მხურვალე აპლოდისმენტები დაიმსახურა.

თუმცა ახალგაზრდა მუსიკოსს აპლოდისმენტებით უკვე დიდი ხანია, ვერ გააკვირვებ. როგორც მისი პედაგოგი, ზურა რამიშვილი აღნიშნავს, ბექას იმპროვიზაციის უნიკალური ნიჭი, სვინგის არაჩვეულებრივი შეგრძნება და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, თანამედროვე ხედვა აქვს, რაც მუსიკოსს საშუალებას აძლევს, რომ ჯაზში ახლებური კილოები, თემები შემოიტანოს. მასწავლებელი ფიქრობს, რომ ბექას წარმატების ერთ-ერთი მიზეზი აუდიტორიის, ავტორიტეტების შიშის არქონაც არის. ეს ყველაფერი კარგად ხსნის იმას, რომ პრესტიჟულ კლუბებსა და საკონცერტო დარბაზებში ძალიან წარმატებული გამოსვლების გარდა, ბექა ბევრი დიპლომის მფლობელია. ამასთან, ის მონროს ახალგაზრდა პიანისტთა კონკურსის ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებულიცაა. ანალოგიური წარმატების შანსი ჰქონდა მონკის ინსტიტუტის ჯაზკონკურსზეც, მაგრამ ფინალში ვერ გავიდა. ჟიურის წევრებმა, დანილო პერეზმა და ჰერბი ჰენკოკმა, ბექას პირად საუბარში უთხრეს, რომ წარუმატებლობის ერთადერთი მიზეზი მისი ასაკი იყო.

ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსის კარიერა სწრაფი ტემპით ვითარდება. მან Blue Note-ში უკვე გამართა საღამოები სტენლი კლარკთან და ლენი უაიტთან ერთად, ხოლო ჩიკ კორეასთან ჩაწერილი ალბომი ამ წლის ზაფხულში გამოვა. ახლა მეორე დისკზე მუშაობს და მალე ლონდონის ლეგენდარულ ჯაზკლუბ Ronnie Scott's-ში ჩაატარებს კონცერტს, სადაც სპეციალური მიწვევით მიემგზავრება. მწერალ ქუინსი ტროუფს კი, რომელიც მაილს დევისის ცნობილი ავტობიოგრაფიული წიგნის შემქმნელია, ბექაზე ავტობიოგრაფიული წიგნის დაწერა სურს.

პარალელურად სწავლას აგრძელებს. უყვარს სოული, სტივი უანდერი, უსმენს კლასიკას, მოსწონს ქართული ხალხური და ქალაქური სიმღერები... თუმცა ჯაზზე და კიდევ, ნინიკოზეა შეყვარებული - კომპოზიცია Song to Niniko, ჩიკ კორეასთან ერთად ჩაწერა. ნინიკო მასზე ორი წლით დიდია. გაიცნო თბილისში. თავიდან მისი გარეგნობით მოიხიბლა, შემდეგ კი აღმოაჩინა ადამიანი, რომელსაც მისი ესმის და უყვარს ისეთი, როგორიც არის.

ის კი ასეთია - თავისუფლების მოყვარე, მუდამ სტანდარტების, წესების წინააღმდეგი. ალბათ ამიტომაც, ბექას ცუდად ახსენდება გრემის მუსიკალური დაჯილდოების ბანაკი, მეტიც, მას ციხეს ადარებს. ბანაკის ხელმძღვანელმა, დევიდ სიერსმა თავიდანვე იმის გამო აითვალწუნა, რომ მისი თავისუფალი დამოკიდებულება და სითამამე არ მოეწონა. გრემის მთავარ დღეს, როდესაც ყველას ფორმალურად უნდა ცმოდა, ბექა მაისურით გამოცხადდა, რისთვისაც კონცერტის შემდეგ დაისაჯა კიდეც - სიერსმა მას არა მხოლოდ ჭამა, ოთახიდან გამოსვლაც აუკრძალა, ხოლო როდესაც მის სანახავად ჩიკ კორეა მივიდა, შეხვედრის უფლება არ მისცა.

გამგზავრებისას ბექა ძალიან ცუდ ხასიათზე იყო, ავტობუსისკენ მიდიოდა და ამ დროს ვიღაცამ დაუძახა. ჩიკი იყო - ავტობუსთან ელოდებოდა. უთხრა, რომ ძალიან მოეწონა მისი შესრულებაც და ჩაცმულობაც. ისიც, რომ ყურადღება არავის მიაქცია და გააკეთა ის, რაც თვითონ უნდოდა, რადგან მხოლოდ ასეა შესაძლებელი მიზნის მიღწევა. „შეხედე, მე როგორ ვარ მოსული, - მითხრა კორეამ და მაჩვენა თავისი ჰალსტუხი, რომელზეც წითელი გულები ეხატა. ასევე პიჯაკი, რომელიც სეილზე ჰქონდა შეძენილი Old Navy-ში. მაშინ კიდევ ერთხელ მივხვდი, რამდენად კარგია, როდესაც მუსიკაში თავისუფლება გაქვს და არავინ გზღუდავს. იქ, სადაც თავისუფლება იზღუდება, მუსიკა ვერ იარსებებს. მით უმეტეს ჯაზი, რომელიც თავისუფლების სიმბოლოა, იმპროვიზაციაა და გულიდან და გონებიდან უნდა მოდიოდეს“...

13 ფოტოესე

▲ზევით დაბრუნება


საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი ესალმება ამომრჩევლებს.

0x01 graphic

პარიზი, ტროკადეროს მოედანი

14 გერმანელი პოლიტიკოსები ევროპის ჩემპიონატს ბოიკოტს უცხადებენ?!

▲ზევით დაბრუნება


მსოფლიო

შოთაკაკაბაძე

0x01 graphic

იულია ტიმოშენკო ხარკოვის ციხის საავადმყოფოში

წინა კვირას გავრცელდა მოშიმშილე იულია ტიმოშენკოს სურათები, რომელზეც ნათლად ჩანს ყოფილი პრემიერმინისტრის სხეულზე არსებული სისხლჩაქცევები. როგორც ტიმოშენკო ირწმუნება, მას ციხის დაცვის წევრებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, თუმცა უკრაინის პროკურატურის წარმომადგენლის, ვადიმ გორანის თქმით, სისხლჩაქცევებს მუცელში ჩარტყმასთან არავითარი კავშირი არ აქვს და ბლაგვ საგნებთან შეჯახებით არის გამოწვეული.

მიუხედავად უკრაინის ოფიციალური პირების განცხადებებისა, გავრცელებულ ინფორმაციას საკმაოდ მკაცრი რეაქცია მოჰყვა გერმანიაში, სადაც ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის (რომელსაც ამ ზაფხულს პოლონეთთან ერთად უკრაინა მასპინძლობს) ბოიკოტზეც კი ალაპარაკდნენ. გერმანულ გაზეთ Der Spiegel-ში კვირას გამოქვეყნდა სტატია, სადაც საუბარია კანცლერ ანგელა მერკელის სურვილზე, გერმანიამ უარი თქვას ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობაზე.

გერმანულმა ტაბლოიდურმა გამოცემა Bild-მა, გარემოს დაცვის მინისტრის, ნორბერტ როერტგენის სიტყვების ციტირება მოახდინა: „უკრაინის „დიქტატურამ“ ევრო 2012 საკუთარი ინტერესებისთვის ვერ უნდა გამოიყენოს. სწორედ ამიტომ, იქ მინისტრებისა და პრემიერმინისტრების ვიზიტი, მიმდინარე პირობებიდან გამომდინარე, არც უნდა განიხილებოდეს“.

იმავე აზრზეა ოპოზიციაც - გერმანიის სოციალ-დემოკრატების ლიდერმა, ზიგმარ გაბრიელმა, ხელისუფლებას ასევე მოუწოდა ბოიკოტისკენ.

საინტერესოა ისიც, რომ ბოიკოტმა შეიძლება უფრო ფართო მასშტაბებიც შეიძინოს. ხუთშაბათს გერმანიის პრეზიდენტმა, იოახიმ გაუკმა გადადო ვიზიტი იალტაში. მსგავს ნაბიჯს მიმართა ჩეხეთის პრეზიდენტმა, ვაცლავ კლაუსმაც, რომელმაც უარი თქვა უკრაინაში დაგეგმილ ცენტრალური ევროპის ქვეყნების ლიდერების სამიტში მონაწილეობაზე. კიდევ უფრო მკაცრი იყო ევროკავშირის იუსტიციის კომისარი, რომელმაც განაცხადა, რომ ბოიკოტს გამოუცხადებს ჩემპიონატის გახსნის ცერემონიალს, რადგან ადამიანის უფლებების შელახვაზე თვალს ვერასდროს დახუჭავს.

აღსანიშნავია ისიც, რომ პოლიტიკოსთა გარდა, მსგავსმა ტენდენციამ სპორტულ სამყაროშიც იჩინა თავი. გერმანული საფეხბურთო კლუბის, მიუნხენის ბაიერნის მენეჯერმა ული ჰიონესმა, უეფას პრეზიდენტს მიშელ პლატინის უკრაინის ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ ხმის ამოღებისკენ მოუწოდა. ბოიკოტის შესახებ განაცხადა დორტმუნდის ბორუსიის ხელმძღვანელობამაც.

თუმცა როგორც უკრაინის სამთავრობო წრეებში აცხადებენ, მათ იმედი აქვთ, რომ ეს მხოლოდ პრესაში აგორებული სკანდალია და არა სერიოზული კრიზისი. როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პრესსპიკერმა, ოლეგ ვოლოშინმა ინტერფაქსის უკრაინულ სააგენტოს განუცხადა, მათ არ სურთ იფიქრონ, რომ გერმანიის პოლიტიკურ ლიდერებს სურთ „ცივი ომის” დროინდელი მეთოდების გამოყენება და სპორტის პოლიტიკის ტყვეობაში მოქცევა.

ეს ყველაფერი კი მაშინ დაიწყო, როცა ტიმოშენკოს ქალიშვილმა Frankfurter Allgemeinen Sonntagszeitung-ში გამოაქვეყნა ბერლინისადმი მიმართვა, სათაურით „გადაარჩინეთ სიცოცხლე“. მასში ევგენია ტიმოშენკო აღნიშნავს, რომ უკრაინის ბედი დედამისის მომავალზეა დამოკიდებული და თუ ტიმოშენკო ციხეში დაიღუპება, მასთან ერთად მოკვდება დემოკრატიაც.

უკრაინის მთავრობაზე ზეწოლისთვის ბოიკოტის გარდა სხვა ვარიანტებიც განიხილება. მაგალითად, გერმანიის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, მიხაილ ვესპერმა, გერმანიის საერთაშორისო მაუწყებელთან (DW) ინტერვიუში აღნიშნა: „იმის ნაცვლად, რომ ძალაუფლების მქონე ადამიანები უბრალოდ გვერდზე გადგნენ, სჯობს უკრაინას ეწვიონ და ტიმოშენკო მოინახულონ“.

ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც პოლიტიკური მიზეზებით მსგავსი მასშტაბის სპორტული ღონისძიების ბოიკოტირება ხდება. ყველაზე გამორჩეული ალბათ მოსკოვის 1980 წლის ზაფხულის ოლიმპიადის ბოიკოტი იყო. მაშინ, საბჭოთა კავშირის ავღანეთში ინტერვენციის საპასუხოდ, თითქმის მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ ოლიმპიადაში მონაწილეობაზე უარი თქვა. პრობლემები შეიქმნა 2008 წლის პეკინის ოლიმპიადაზეც. შეგახსენებთ, ჩინეთის მთავრობამ ტიბეტში მიმდინარე საპროტესტო აქცია დაარბია, იყო მსხვერპლი და ამან პროტესტის ტალღა ააგორა.

რუსეთთან ენერგეტიკულ საკითხებზე მოლაპარაკებისას ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ბრალდებით 52 წლის იულია ტიმოშენკოს 7 წელი აქვს მისჯილი. ის სასჯელს ხარკოვის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდის და, მედიის ცნობით, დღემდე შიმშილობს.

15 ბირთვული დიპლომატია

▲ზევით დაბრუნება


მსოფლიო

ირანი

ირაკლი გუნია

წელიწადზე მეტი ხნის შექმნილი ჩიხის შემდეგ, ბირთვული პროგრამის საკითხზე ირანთან პირველი მოლაპარაკებები გაიმართა. სტამბოლში გამართულ შეხვედრებზე მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოები „5+1“ ფორმატით (გაეროს ხუთი მუდმივი წევრი + გერმანია) იყვნენ წარმოდგენილი. მხარეებმა კონკრეტული განცხადებებისგან თავი შეიკავეს და 23 მაისს, ბაღდადში, მოლაპარაკებათა ახალ რაუნდზე შეთანხმდნენ.

ბირთვულ დიპლომატიას არაერთგვაროვანი შეფასება აქვს. აშშ-ის პრეზიდენტის, ბარაკ ობამასთვის ის პრობლემის მშვიდობიანად გადაწყვეტის „უკანასკნელი შანსია“, როდესაც მისი ებრაელი კოლეგა ბინიამინ ნეთანიაჰუ, მოლაპარაკებებს ირანისთვის მირთმეულ „საჩუქარს“ უწოდებს.

დასავლეთის დელეგაციის ხელმძღვანელის და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისრის, ქეთრინ ეშტონის თქმით, უმთავრესი მიზანი ურანის გამდიდრების შეწყვეტაზე ირანის დარწმუნება და ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულების (NPT) ვალდებულებებზე დაყოლიებაა. მოლაპარაკების პროცესი თანაზიარობის საფუძველზე რეალურ ქმედებებს და ნდობის აღმდგენ საშუალებებს ითვალისწინებს. როგორც ცნობილია, ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულება ირანს თავის პროგრამაზე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ზედამხედველობას ავალებს. ამავე დროს, ის ურანის მშვიდობიანი მიზნებისთვის გამდიდრებაზე ირანის უფლებას აღიარებს.

NPT-ზე დაფუძნებული დიპლომატიური გადაწყვეტა ისრაელისთვის მიუღებელია. ამით ექვსი სახელმწიფო უარს ამბობს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციათა შესრულებაზე, რაც ირანისგან გამდიდრების შეწყვეტას და არაკის მძიმე წყლის რეაქტორის მშენებლობას მოითხოვს. ამ საკითხზე ობამას ადმინისტრაციის დამოკიდებულება მერყევია. თავდაპირველად, მან ბუშის ადმინისტრაციის ნულოვანი გამდიდრების პოზიცია მემკვიდრეობით მიიღო, თუმცა უკანასკნელ ხანებში NPT-ის ფარგლებში მშვიდობიანი ბირთვული პროგრამის განვითარებაზე ირანის უფლებას მაინც ადასტურებს.

LA Times-ის თანახმად, ამერიკელი ოფიციალური პირები პირად საუბრებში გამოთქვამენ მზადყოფნას, რომ ირანს 5%25-მდე გაწმენდილი ურანის გამდიდრების ნება დართონ. ეს სამოქალაქო გამოყენებისთვის ზედა ზღვარია. ამ შემთხვევაში, ირანის ხელისუფლება შეუზღუდავ ინსპექციებს, მკაცრ ზედამხედველობას და გაეროს მიერ დიდი ხნის განმავლობაში მოთხოვნილ არაერთ გარანტიას უნდა დათანხმდეს. ამგვარი პოზიცია ისრაელის ლიდერების და კონგრესის წევრთა უმრავლესობის მხრიდან საგრძნობ წინააღმდეგობას წააწყდება.

0x01 graphic

არაკის ბირთვული რეაქტორის სატელიტური ხედი

დასავლელი დიპლომატებისთვის სასწრაფო პრიორიტეტი ურანის 20%25-ზე გამდიდრების შეჩერებას და მარაგის ექსპორტირებას ენიჭება. ამგვარი შეთანხმება არ აგვარებს ბირთვულ პრობლემას, თუმცა დიპლომატიური მოგვარებისთვის საჭირო პროცესს მეტ დროს აძლევს. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ალი აკბარ სალეჰის თქმით, დათმობის სანაცვლოდ ქვეყანა სანქციების შემსუბუქებას იმედოვნებს. ამას კი დასავლეთი არ განიხილავს და პირველ ნაბიჯს ირანისგან მოელის. გარდა ამისა, New York Times-ში დაიწერა, რომ ობამას ადმინისტრაცია მოლაპარაკებათა ახალ რაუნდზე ფორდოს ატომური რეაქტორის დახურვას მოითხოვს, რაც ირანის მხრიდან დამამცირებელი და ნაკლებად სავარაუდო იქნება. ბირთვულ დიპლომატიას ის ართულებს, რომ დათმობას, შიდაპოლიტიკური ზეწოლის გათვალისწინებით, თითოეული მხარე სისუსტის ნიშნად მიიჩნევს.

ბოლო პერიოდში ირანის დამოკიდებულება შედარებით შერბილდა. უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ჰამენეიმ მეორეჯერ გაიმეორა ფატვა ბირთვული იარაღების მოპოვების აკრძალვის შესახებ. ირანის ყოფილმა პრეზიდენტმა და გავლენიანმა პოლიტიკოსმა, ალი ჰაშემი რაფსანჯანიმ ინტერვიუში განაცხადა, რომ ბირთვული იარაღის არარსებობა ირანული პოლიტიკის ნაწილია. The Washington Post-ში გამოქვეყნებულ სტატიაში საგარეო საქმეთა მინისტრმა სალეჰიმ მხარეებს შორის „ნდობისა და რწმენის აღდგენის” აუცილებლობაზე ისაუბრა. შესაძლოა, ამით ირანის პირველი პირები ცდილობენ, რომ ბირთვულ პროგრამაზე სავარაუდო შეთანხმების გამო შიდაპოლიტიკური ბაზა შექმნან.

ირანის პოზიციაზე გავლენა, სავარაუდოდ, ეკონომიკური და პოლიტიკური ფაქტორების დამსახურებაა. სანქციების დაწესების შემდეგ ირანულმა ვალუტამ, რიალმა, თავისი ღირებულების 40%25 დაკარგა, ხოლო ფინანსური ტრანსაქციები გაცილებით რთული და ძვირადღირებული გახდა. ქვეყნის ხელმძღვანელობა დანაწევრებულია და აიათოლას უმთავრეს დასაყრდენში, რევოლუციის დამცველთა არმიაში უკმაყოფილება მატულობს. გარდა ამისა, ირანის რეგიონული პოზიციები საგრძნობლად შერყეულია სირიაში მიმდინარე კრიზისის ფონზე.

ბირთვული დიპლომატიის მიმართ სკეპტიკურად განწყობილნი წარსულის გამოცდილებაზე მიუთითებენ, რაც ოპტიმიზმის საფუძველს

ნამდვილად არ იძლევა. მათი თქმით, ირანელი ლიდერები მოლაპარაკებებს დროის მოსაგებად იყენებენ და ამის ფონზე, სტაბილურად ავითარებენ ბირთვული იარაღის შექმნის შესაძლებლობებს. ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი გამუდმებით იმეორებს, რომ ქვეყანა ურანის გამდიდრებას არ შეწყვეტს და ფინანსურ სიძნელეებს რამდენიმე წელიწადს გაუმკლავდება. ბინიამინ ნეთანიაჰუს აზრით კი, სტამბოლის მოლაპარაკებები, ახალ რაუნდამდე, ირანს ურანის გასამდიდრებლად კიდევ ხუთ კვირას აძლევს. თავად ისრაელი, რომლისთვისაც ირანის ბირთვული პროგრამა დამოკლეს მახვილია, მოლაპარაკებებში ჩართული არაა.

ირანის რეჟიმმა, შესაძლებელია, ტრადიციულად იცრუოს და ატომური საწარმოს ბუნკერებში ფარულად გააგრძელოს ცენტრიფუგების დახვეწა, რაც გაეროს ინსპექტორების მუშაობას მნიშვნელობას უკარგავს.

ზემოხსენებულ ექვს სახელმწიფოს შორის არ არსებობს ერთიანი პოზიცია. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, სერგეი რიბკოვის განცხადებით, მათ ირანისთვის რეალურ შეთავაზებაზე ერთიანი ხედვა არ აქვთ. რუს და ჩინელ დიპლომატთა შეხედულებები, დანარჩენებისგან განსხვავებით, რამდენიმე ძირითად საკითხში (მათ შორის, სანქციებში) ერთიანია. მათი აზრით, ეკონომიკურ ზეწოლას შედეგი არ მოჰყოლია და ირანის მხრიდან დათმობის შემთხვევაში სანქციები სწრაფად უნდა მოიხსნას. ამგვარი გაურკვევლობა ირანს უპირატესობას აძლევს და ბირთვული დიპლომატიის წარმატებას საეჭვოს ხდის.

0x01 graphic

ევროკავშირის უმაღლესი კომისრის, ქეთრინ ეშტონის და ირანის დელეგაციის ხელმძღვანელის საეედ ჯალილის შეხვედრა მოლაპარაკებების დაწყების წინ. სტამბოლი

ობამას კრიტიკოსები ეჭვობენ, რომ მისი მიზანი ისეთი შეთანხმების მიღწევაა, რომელიც ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე კრიზისის თავიდან აცილებასა და ნავთობზე ფასების შენარჩუნებაზეა ორიენტირებული. რესპუბლიკური პარტიის უმთავრესი კანდიდატი მიტ რომნი, გამარჯვების შემთხვევაში, დიპლომატიის პარალელურად სამხედრო სფეროში მეტ ჩართულობას აპირებს. The Washington Post-ში გამოქვეყნებულ ღია წერილში, ის თავის გეგმად ასახელებს აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვასა და სპარსეთის ყურეში ავიამზიდების რაოდენობის გაზრდას. ამასთან, რომნი ისრაელის მიმართ სამხედრო დახმარების მატებას და რეგიონში ამერიკის მოკავშირეებთან გაუმჯობესებულ კოორდინაციას აპირებს.

16 ვინ იქნება რომნის მეწყვილე

▲ზევით დაბრუნება


მსოფლიო

გუგა ჩაფიჩაძე

0x01 graphic

ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო პრაიმერიზი დასკვნით ეტაპს უახლოვდება. ბოლო მონაცემების თანახმად, მიტ რომნი საგრძნობლად ლიდერობს რესპუბლიკური პარტიის შიდა არჩევნებში და ნოემბერში პრეზიდენტ ობამას წინააღმდეგ გამართულ საბოლოო კენჭისყრაში სავარაუდოდ ის წარდგება. უპრეცედენტოდ დაძაბულ რესპუბლიკურ პრაიმერიზში რომნის გამარჯვება თითქმის გარანტირებული აქვს, ახლა მთავარი ინტრიგა ისაა, თუ ვის დაასახელებს მიტ რომნი თავის მეწყვილედ ვიცეპრეზიდენტის თანამდებობაზე - „ყველა კანდიდატი ჩემს სიაშია, არავის ვიღებ იქიდან. მართალი რომ გითხრათ, სია საერთოდ არ მაქვს”, - განაცხადა რესპუბლიკელმა კანდიდატმა.

მიტ რომნი, მასაჩუსეტსის შტატის ყოფილი გუბერნატორი და პრეზიდენტობის კანდიდატი რესპუბლიკური პარტიიდან, საარჩევნო პარტნიორს სავარაუდოდ დაასახელებს აგვისტოს ბოლოს, რესპუბლიკური პარტიის ყრილობაზე, რომელიც ფლორიდის შტატის ქალაქ ტამპაში გაიმართება.

რესპუბლიკელ კანდიდატს მთავარი საარჩევნო მეგობრის დახმარებით დამოუკიდებელი ამომრჩევლის მოზიდვა მოუწევს. რომნიმ უნდა გააკეთოს არჩევანი მოძრაობა Tea Party-ს (ჩაის წვეულება) ფავორიტებსა და ამერიკის პოლიტიკური ისტებლიშმენტის სიმპათიით განწყობილ პოლიტიკოსებს შორის.

მისია არც ისე მარტივია - რომნიმ რესპუბლიკური პარტია უნდა გააერთიანოს. მას ხშირად აკრიტიკებენ მასაჩუსეტსში მოღვაწეობის დროს ამერიკელი კონსერვატორებისათვის მიუღებელი ხედვებისა და გადაწყვეტილებების გამო, რამაც მისდამი თანაპარტიელების დამოკიდებულებაში განწყობა - „ოღონდ რომნი არა” გააჩინა. რომნი პრაგმატული ისტებლიშმენტის რჩეულად ითვლება, მაგრამ მართლმორწმუნე კონსერვატორები მისი კანდიდატურის მიმართ განსაკუთრებული ენთუზიაზმით არ გამოირჩევიან. სწორედ ამიტომ, მისი მიზანი კონსერვატორების გულის მოგება და ამით პარტიის გაერთიანებაა.

64 წლის პრეზიდენტობის კანდიდატის წარმატებაში მისმა ბიზნესკარიერამ ითამაშა მნიშვნელოვანი როლი. რომნის წარსული და მოუქნელი საუბრის მანერა მერყევ რიგით ამომრჩევლებში მის მიმართ ენთუზიაზმის გაღვიძებას ხელს არ უწყობს. ვიცეპრეზიდენტმა რომნის მინუსები უნდა დააბალანსოს და ჯერ კიდევ მერყევი ამომრჩევლის მხარდაჭერა დაიმსახუროს.

ხსენებულ პოსტზე ბევრი კანდიდატი სახელდება, მაგრამ ყველაზე ხშირად პოლიტიკოსზე კეთდება აქცენტი.

0x01 graphic

პოლ რაიანი

საბიუჯეტო კომიტეტის ენერგიული და ახალგაზრდა თავმჯდომარე ვისკონსინიდან, რესპუბლიკელი პოლ რაიანი შესამჩნევი ფიგურაა მიტ რომნის საპრეზიდენტო კამპანიაში. მის მიმართ გაჩენილი სიმპათია არც რომნიმ უარყო, როდესაც თავის გამოსვლებში რაიანის საბიუჯეტო ხედვებს მხარი დაუჭირა.

პოლ რაიანი თანაბარი მხარდაჭერით სარგებლობს როგორც პოლიტიკური ისტებლიშმენტის წარმომადგენლებს შორის, ასევე Tea Party-ს აქტივისტებში.

0x01 graphic

მარკო რუბიო

ამომავალმა პოლიტიკურმა ვარსკვლავმა, წარმოშობით კუბელმა სენატორმა, კონსერვატორმა მარკო რუბიომ (ფლორიდა) რამდენჯერმე განაცხადა, რომ ვიცეპრეზიდენტის პოსტის შეთავაზების შემთხვევაში უარს იტყოდა.

სენატორ რუბიოს მხრიდან რომნის გუნდში მეორე კაცობაზე დათანხმების შემთხვევაში საპრეზიდენტო კანდიდატი დიდ სიმპათიებს დაიმსახურებს ამერიკის ესპანურენოვან მოსახლეობასა და ფლორიდის ამომრჩევლებს შორის. ბოლო ორმა არჩევნებმა ხაზი გაუსვა ესპანურენოვანი მოსახლეობის მნიშვნელობას - 2000 წელს ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა მათი ხმების 35%25 მოიპოვა, 2004 წელს მხარდამჭერთა რაოდენობა 44%25-მდე გაზარდა, ხოლო 2008 წელს, ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ობამამ 67%25 მიიღო. ობამას წინააღმდეგ გამართულ ორთაბრძოლაში მათი ხმები შესაძლებელია გადამწყვეტიც აღმოჩნდეს.

0x01 graphic

ბობ მაქდონელი

შტატ ვირჯინიის გუბერნატორ ბობ მაქდონელს შეუძლია, რომ მიტ რომნის საპრეზიდენტო მარათონში მნიშვნელოვანი დახმარება გაუწიოს. ამის მიზეზი კი კონსერვატორებს შორის მისი ცნობადობა და ურთიერთობის კარგი გამოცდილებაა.

ვირჯინია ტრადიციულად ცნობილია, როგორც რესპუბლიკური პარტიის მხარდამჭერი შტატი, მაგრამ წინა საპრეზიდენტო არჩევნებში იქ გამარჯვება დემოკრატებმა მოიპოვეს. მაქდონელმა შეძლო და 2010 წელს შტატი ისევ რესპუბლიკელების მმართველობაში დააბრუნა. ის ვირჯინიაში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

0x01 graphic

რობ პორტმენი

თანმიმდევრული საბიუჯეტო და სავაჭრო პოლიტიკის გამო სენატორი რობ პორტმენი (ოჰაიო) პოლიტიკურ წრეებში დიდი პატივისცემით სარგებლობს. იმ შემთხვევაში, თუ რომნი პორტმენს აირჩევს, ეს იქნება „პირველ რიგში, არ ავნო“-ს პოლიტიკის გატარება.

პორტმენი გამოცდილი პოლიტიკოსია - 2005 წელს ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო წარმომადგენლობაში მოღვაწეობდა, ხოლო 2006 წელს ადმინისტრაციული საბიუჯეტო ოფისის დირექტორად აირჩიეს. ამჟამად სენატორი მიტ რომნის მომხრეთა რიგებშია და განსაკუთრებულ მხარდაჭერას გამოხატავს პრეზიდენტობის კანდიდატის მიმართ, რასაც რესპუბლიკური პარტიის შიდა არჩევნებში მისი აქტიური როლი გვაფიქრებინებს.

0x01 graphic

ქრის ქრისტი

ნიუ ჯერსის ქარიზმატულმა გუბერნატორმა ქრის ქრისტიმ მიტ რომნის ადრევე განუცხადა მხარდაჭერა, მაგრამ დასძინა, რომ ის არ იყო შექმნილი მეორე კაცობისთვის. თუმცა 2011 წელს შემდეგი განცხადება გააკეთა: „იმ შემთხვევაში, თუ გუბერნატორი რომნი ჩემთან მოვა და ვიცეპრეზიდენტის თანამდებობას შემომთავაზებს, აუცილებლად მოვუსმენ, რადგან საკმარისად მიყვარს ჩემი პარტია და ქვეყანა“.

ორატორული ნიჭით დაჯილდოებული ქრისტის ნიუ ჯერსიში (ტრადიციულად, დემოკრატების შტატში) საარჩევნო წარმატებამ და ნეიტრალურ ამომრჩეველთა შორის სიმპათიამ შეიძლება გადამწყვეტი როლი ითამაშოს რომნის ბრძოლაში.

0x01 graphic

კელი აიოტი

43 წლის რესპუბლიკელი სენატორი ნიუ ჰემპშირიდან, ქალბატონი კელი აიოტი დიდი სიმპათიებით სარგებლობს პარტიის როგორც პოლიტიკური ისტებლიშმენტის წარმომადგენლებს, ასევე Tea Party-ს წევრებს შორის.

სენატორმა აიოტმა, რომელსაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ, მხარდაჭერა გამოუცხადა მიტ რომნის და ნიუ ჰემპშირში გამართულ პრაიმერიზზე პრეზიდენტობის კანდიდატის მიმართ საქებარი სიტყვებიც არ დაიშურა.

ქალთა ხმების სანაცვლოდ, ორი შვილის დედის, კელი აიოტის ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატად არჩევა შეიძლება რომნისთვის სასარგებლო გამოდგეს.

0x01 graphic

ბობი ჯინდალი

ლუიზიანის გუბერნატორი ბობი ჯინდალი ამერიკაში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კონსერვატორად ითვლება. მისი არჩევით ამერიკას პირველი ინდური წარმომავლობის ვიცეპრეზიდენტი ეყოლება.

მისგან რომნის საარჩევნო რბოლაში დახმარებაზე ხმები მას შემდეგ გაძლიერდა, რაც გუბერნატორი რესპუბლიკელთა საპრეზიდენტო კანდიდატს საჯაროდ მიემხრო. Politico-სთვის მიცემული ინტერვიუსას მან განაცხადა: „მე მაქვს სამსახური, რომელიც მინდა რომ მქონდეს, ჩვენი შემდეგი გამოწვევა საპენსიო რეფორმაა”.

ზემოხსენებული პოტენციური კანდიდატები წარმოადგენენ რესპუბლიკური პარტიის ახალ სახეს, რომელსაც პარტია მომავალში უნდა დაეყრდნოს. არჩევნებში რომნის დამარცხების შემთხვევაში, 2016 წლისთვის, პარტია სავარაუდოდ საკმარის ძალას მოიკრებს იმისათვის, რომ ღირსეული კანდიდატი წარადგინოს და არჩევნები მოიგოს. განსხვავებული სიტუაცია იქნება რომნის მოგების შემთხვევაში. დიდი შანსია, რესპუბლიკელთა გამარჯვება 2020 წლამდე გადაიდოს.

17 „ღირსების მკვლელობები“ და ისლამური ფუნდამენტალიზმი

▲ზევით დაბრუნება


მსოფლიო

ჩეჩნეთი

გუგა ჩაფიჩაძე

0x01 graphic

ჩეჩნეთის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა ეგრეთ წოდებულ ღირსების მკვლელობებს ღიად დაუჭირა მხარი. დღეს მსოფლიოში დაახლოებით 20 ათასი ქალი ხდება ამ დანაშაულის მსხვერპლი - ვინც ოჯახის სახელს შებღალავს, ახლო ნათესავები (ძირითადად მამაკაცები), სიკვდილით სჯიან. „ღირსების მკვლელობები”, უმეტესად, ახლო აღმოსავლეთსა და სამხრეთ აზიაშია გავრცელებული. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, გროზნოსა და მახლობელი სოფლების ტყეებში უამრავი გარდაცვლილი ქალის მიტოვებული სხეული აღმოაჩინეს. ჩეჩნეთის პრეზიდენტი რამზან კადიროვი საჯაროდ აცხადებს, რომ გარდაცვლილებს „მორალი ჰქონდათ დაკარგული” და ნათესავების მიერ სამართლიანად იყვნენ მოკლულები. გარდა ამისა, მან გათხოვილ ქალს ქმრის საკუთრება უწოდა და დაამატა, რომ ქალის მთავარი მოვალეობა მხოლოდ ბავშვის აღზრდაა.

„თუ ქალი მართავს ყველაფერს, ხოლო კაცი მის დაკრულზე ცეკვავს, ორივე უნდა მოკლა“, თქვა კადიროვმა, რომელიც ხშირად აცხადებს, რომ მისი მთავარი მიზანი ჩეჩნებისა და ჩეჩნეთის „ისლამისტებზე მეტად გაისლამებაა“. „ვერავინ გვეტყვის, რომ არ ვიყოთ მუსლიმები. თუ ვინმე მეტყვის - მე არ შემიძლია ვიყო მუსლიმი - ის ჩემი მტერია”, დაამატა კადიროვმა.

თანამედროვე ჩეჩნეთში სპირტიანი სასმელები აკრძალულია, ისლამური დრეს კოდი - სავალდებულო, მრავალცოლიანობას კი სახელმწიფო უჭერს მხარს. ზოგიერთი დამკვირვებელი ამბობს, რომ ისლამის ამგვარი ინტერპრეტაცია არღვევს რუსეთის კონსტიტუციაში გაწერილ ღირებულებებს, რომელთა მიხედვით აღიარებულია ქალისა და მამაკაცის თანაბარი უფლებები და ეკლესიისაგან სახელმწიფოს საქმეებში ჩაურევლობა.

„ჩვენ ვართ ტრადიციული, კონსერვატიული საზოგადოება, მაგრამ მთავრობა ზღვარს გადადის, - ამბობს უფლებების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციის, ქალთა ღირსების ცენტრის ხელმძღვანელი ლიპხან ბაზაევა, - ისინი ქალებზე წარმოუდგენელ შეზღუდვებს აკანონებენ. რუსულ კანონმდებლობაში ამგვარი დასჯის მეთოდის აკრძალვის მიუხედავად, ოჯახის მხრიდან ძალადობის შესაჩერებლად ქალებს არავითარი ბერკეტი აღარ რჩებათ”.

ჩეჩნეთში არსებულ პრობლემაზე დამკვირვებლები თანხმდებიან, რომ „ღირსების მკვლელობები” უფრო და უფრო ხშირდება. ადგილობრივ მოსახლეობაში ეს საკითხი ტაბუდადებულია, რაც მონაცემთა მოპოვებას უშლის ხელს. „ჩვენ ყოველდღე გვესმის ამგვარი ფაქტების შესახებ”, ამბობს ადგილობრივი ადამიანის უფლებათა დამცველი, რომელიც პირადი უსაფრთხოების მიზნით ვინაობის გამხელაზე უარს აცხადებს. „ჩემთვის ძალიან რთულია ამ თემის გამოკვლევა. მასზე ნატაშა ესტემიროვასთან (ადამიანის უფლებების დამცველი აქტივისტი) ერთად ვმუშაობდი, მაგრამ აღარ შემიძლია, ძალიან შეშინებული ვარ. თითქმის დავნებდი!”.

ესტემიროვას ჩეჩნეთის მთავრობასთან ადრევე დაეძაბა ურთიერთობა წამების, გატაცებებისა და არაადამიანურ ქცევებთან დაკავშირებული ფაქტების გამოაშკარავების გამო. ის 2009 წელს, ინგუშეთის მეზობელ რაიონში, ტყეში იპოვეს თავში და მკერდში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული სასიკვდილო ჭრილობების შედეგად გარდაცვლილი. ფაქტს სამართლებრივი გაგრძელება არ მოჰყოლია. ამიტომ ცოტა თუ ბედავს კადიროვის მმართველობასთან ღიად დაპირისპირებას.

როგორც InoPressa იტყობინება, რამზან კადიროვი აქტიურად ცდილობს ჩეჩნეთის, როგორც განვითარებული მუსლიმური რეგიონის წარმოჩენას. მისი მთავრობა პროპაგანდას უწევს ისლამს და ამკვიდრებს ჩეჩნურ ტრადიციებს.

თავდაპირველად ისლამიზაცია ნებაყოფლობითი იყო: ქალების მიერ ჩადრის ტარება პრემიებით ჯილდოვდებოდა, მაგრამ ახლა ყველა ქალი და გოგონა, მიუხედავად მრწამსისა და შეხედულებებისა, ვალდებულია, სასწავლო და სახელმწიფო დაწესებულებებში მუსლიმური წეს-ჩვეულებების შესაბამისად მოიქცეს.

რუსული კანონმდებლობის გვერდის ავლით, ჩეჩნური სკოლები ვალდებულები არიან, რომ ისლამი გაავრცელონ. პრაქტიკულად ყველა სკოლაში არსებობს სალოცავი ოთახი და მოქმედებს მკაცრი დრეს კოდი, ყველა მოსწავლე გოგონა ჩადრით დადის. ამ განაწესით ბევრია უკმაყოფილო, ვინაიდან ეს მკვეთრი დაშორებაა ადგილობრივ ტრადიციებთან. ადრე გათხოვილ ჩეჩენ ქალებს თმას პატარა თავსაფრით უფარავდნენ, მაგრამ დღეს, ჩეჩნეთში, მუსლიმური წეს-ჩვეულებები მეტი პოპულარობით სარგებლობს - სპირტიანი სასმელები პრაქტიკულად აკრძალულია, მთავრობა მხარს უჭერს მრავალცოლიანობას, სქესთა სეგრეგაცია საპარიკმახეროებსა და სპორტულ დაწესებულებებშიც კი ჩვეულ ნორმად ყალიბდება.

18 ინდოეთის საპრეზიდენტო არჩევნები

▲ზევით დაბრუნება


მსოფლიო

ანი ჩხიკვაძე

25 ივლისს, ხუთწლიანი ვადის ამოწურვისთანავე, ინდოეთის ამჟამინდელი პრეზიდენტი პრატიბა პატილი ოფისს დატოვებს. შეგახსენებთ, რომ პატილი ინდოეთის პირველი ქალი მეთაურია. არჩევნების მოახლოებასთან ერთად, უკვე დაიწყო საუბრები პრეზიდენტობის ახალ კანდიდატებზე. პრეზიდენტის უფლებები საპარლამენტო ასამბლეის გახსნით და სხვადასხვა შტატის გუბერნატორების დანიშვნაზე ბეჭდის დასმით შემოიფარგლება და ის შეიარაღებული ძალების მეთაურადაც მიიჩნევა. თუმცა საინტერესოა, რომ თუ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ უმრავლესობას ვერცერთი პარტია ვერ მოიპოვებს, მას აქვს უფლება გადაწყვიტოს, თუ რომელი პარტიის ლიდერობით შეიქმნას საპარლამენტო კოალიცია. სწორედ ამიტომ, საპარლამენტო არჩევნებისას ორი მთავარი პარტიის დაპირისპირებაში პრეზიდენტს მნიშვნელოვანი როლი აქვს.

0x01 graphic

ინდოეთის პრეზიდენტი პრატიბა პატილი

ინდოეთის საკანონმდებლო ორგანოში ეროვნული კონგრესის პარტიას ადგილთა 31 პროცენტი უკავია, ხოლო მის ოპოზიციურ ინდოეთის სახალხო პარტიას - ბხარატია ჯანატას - 24 პროცენტი. The Center for Media Studies-ის განცხადებით, იმის გამო, რომ უმრავლესობა არცერთ პარტიას არ აქვს, საპრეზიდენტო არჩევნების ბედი, შეიძლება, რეგიონალურმა პარტიებმა გადაწყვიტონ. ორივე მთავარ პარტიას ისეთ კანდიდატზე მოუწევს არჩევანის შეჩერება, რომელიც სხვა პარტიებისთვისაც მისაღები იქნება. ეროვნულ კონგრესს გამარჯვების შანსი მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება, თუ საერთო ენას გამონახავს ნაციონალისტურ კონგრესთან, გაერთიანებულ პროგრესულ ალიანსთან და სამაძვაჯის პარტიასთან.

ინდოეთის პრეზიდენტს პარლამენტის წევრები და შტატების საკანონმდებლო ასამბლეები ირჩევენ. ამ სისტემით, შტატებს არჩევნებში მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობა აქვთ და პრეზიდენტის არჩევა მხოლოდ პარლამენტში უმრავლესობაში მყოფ პარტიაზე არაა დამოკიდებული. თუმცა პარლამენტის წევრების ხმებს შედარებით მეტი წონა აქვს - ერთი პარლამენტარის ხმა შტატების კანონმდებლების 708 ხმის ტოლია. არჩევნებამდე სამი თვით ადრე, ლობისტები და სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფები ცდილობენ, რომ საკუთარ კანდიდატთა სახელები გააჟღერონ.

რაისინის ბორცვზე განთავსებული საპრეზიდენტო სახლისთვის მებრძოლ სახეებს შორის არიან: ვიცეპრეზიდენტი ჰამიდ ანსარი, ფინანსთა მინისტრი პრანაბ მუხერჯე, სახალხო პალატის სპიკერი მეირა კუმარი, პრემიერის მრჩეველი სემ პიტროდა, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე შახაბუდინ იაქუბ ქურეიში, ბხარატია ჯანატას ყოფილი ლიდერი აბდულ კალამი, თავდაცვის მინისტრი და ყოფილი პრეზიდენტი კურიან ანტონი. ვარაუდობენ, რომ ამ უკანასკნელის კანდიდატურას ბევრი მხარდამჭერი ეყოლება. ზოგი ფიქრობს, რომ არჩევნებში დასავლეთ ბენგალის ყოფილი მმართველი და მაჰათმა განდის შვილიშვილი, გოპალ კრიშნა განდიც მიიღებს მონაწილეობას.

პრეზიდენტ პატილის საყვედურობენ, რომ დაპირება, თავისი პრეზიდენტობის დროს მხოლოდ ცერემონიალური პროცედურებით არ შემოიფარგლებოდა, ვერ შეასრულა. მიიჩნევენ, რომ მისი გადაწყვეტილებების უკან ხშირად ყოფილი პრემიერმინისტრის ქვრივი და გაერთიანებული პროგრესული ალიანსის პრეზიდენტი სონია განდი იდგა.

მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები კარგი შესაძლებლობაა პოლიტიკური სურათის აღსაქმელად. ექსპერტების მოსაზრებით, პრეზიდენტი უნდა აირჩეს არა რელიგიური, კასტური თუ ეთნიკური კრიტერიუმებით, არამედ წარსული ადმინისტრაციული გამოცდილების გათვალისწინებით. ბევრს, მათ შორის სოფლის მეურნეობის მინისტრ შარად პავადს, მიაჩნია - შემდეგი პრეზიდენტი უნდა იყოს ზეპარტიული, რომ პარტიათა შორის კონსენსუსი იოლად შედგეს.

19 ჯოზეფ კროული: საქართველოში ბიზნესის კეთება მარტივი და მოგებიანია

▲ზევით დაბრუნება


ბიზნესი

ესაუბრა ელენე კვანჭილაშვილი

ფოტო დიმა ჩიკვაიძე

0x01 graphic

ინვესტიციები ფოთის პორტში 2011 წლამდე ფოთის პორტს არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო საინვესტიციო კომპანია Rakia ფლობდა. 2010 წელს კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ პორტი მათთვის სტრატეგიული აქტივი არ იყო და მართვას, მისგან ერთჯერადი მოგების მიღება ერჩივნათ. შარშან პორტის 80%25 AP Moller ჯგუფში შემავალმა, პორტებისა და ტერმინალების ოპერირების სფეროში მსოფლიოში წამყვანმა კომპანიამ - APM Terminals-მა იყიდა. ის 63 ქვეყანაში 56 ტერმინალსა და 154 სახმელეთო-სატრანსპორტო ობიექტს ფლობს. სხვადასხვა დროს, სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსებზე მიღებული აქვსწლის ოპერატორისადა ყველაზეუსაფრთხო ოპერატორისგლობალური ჯილდოები.

ფოთის პორტის ახალი მმართველი - კომპანია APM Terminals- - მომდევნო ორი-სამი წლის განმავლობაში პორტის განვითარებაში, სულ მცირე, 100 მილიონი დოლარის ინვესტირებას გეგმავს. საქართველოს ესტუმრა კომპანიის მმართველი დირექტორი ჯოზეფ კროული, რომელიც 90-იან წლებში საქართველოში ჰუმანიტარული დახმარების შემოსვლას უწევდა კოორდინაციას. 1999 წელს, საზღვაო-საკონტეინერო კომპანია Sea Land- საზღვაო გადაზიდვების უმსხვილესმა კომპანია Maersk-მა შეიძინა. ის, APM Terminals-თან ერთად, გადაზიდვებისა და ნავთობის დანიური ჰოლდინგის, AP Moller-ის შვილობილი კომპანიაა. მას შემდეგ, რაც APM Terminals-მა ფოთის პორტის აქციების საკონტროლო პაკეტი შეისყიდა, კროული საქართველოში სამუშაოდ დაბრუნდა. ტაბულა მას პორტის სამომავლო პერსპექტივებზე გაესაუბრა.

რა შეიცვალა საქართველოში 90-იანი წლების შემდეგ?

დღევანდელი და მაშინდელი საქართველოს შედარება შეუძლებელია. დღეს გაქვთ ეკონომიკა და არ გაქვთ კორუფცია, არ გეშინიათ ღამით სიარულის. დღეს ბევრი ისეთი სიკეთით სარგებლობთ, რაც მაშინ არ გქონდათ. წარსულში სახლში შუქის მოსვლა გიკვირდათ, დღეს კი ის გაოცებთ, ონკანიდან ცხელი წყალი თუ არ წამოვა. ამიტომ შედარება არ გამოდის, სხვადასხვა კატეგორიებია, განვითარების სულ სხვა დონეა.

ბიზნესის კუთხით თუ შევხედავთ, თქვენს ქვეყანაში არ არის კრიმინალი - ეს ფანტასტიკურია. როცა ჯერ კიდევ ამ რეგიონში ინვესტირების შესაძლებლობას ვიხილავდით, ერთმა კოლეგამ თქვა, რომ ქვეყანა იმის მიხედვითაც უნდა აგვერჩია, თუ სად უფრო ნაკლები იყო გზაზე - ტრასაზე თუ რკინიგზაზე - ქურდობის შემთხვევები. როცა ვუთხარი, რომ საქართველოში ასეთი შემთხვევები არ არსებობს, არ დამიჯერა. ეს ბუნებრივიცაა, ის ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნის სტერეოტიპის გავლენის ქვეშ იყო - როგორ, ასეთ ქვეყანაში ხომ აუცილებლად უნდა იყოს კრიმინალი, - ჯერ ეჭვით მოიფხანა თავი, მაგრამ მერე ჩამოვიდა და ყველაფერი თავისი თვალით ნახა.

ეს რეალური ცვლილებაა: ამ ქვეყანაში უკვე არსებობს მთავრობა, წესები კი, რომლებსაც ეს მთავრობა ადგენს, მართლა სრულდება. ადამიანები თავიანთ სიტყვას არ გადადიან - ამას ბიზნესში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ბიუროკრატიული სისტემაც მარტივია: პრობლემის შემთხვევაში, მიუწვდომელი არავინაა, დიდხანს ლოდინიც არ გჭირდება. რაც მთავარია, ბიზნესკლიმატი ერთ დღე-ღამეში, ყველასთვის მოულოდნელად არ იცვლება. ყველა შეთანხმებას ძალა აქვს. სწორედ ეს თანმიმდევრული პოლიტიკა ხდება იმის გარანტი, რომ ბიზნესი თავისი ინვესტიციებისთვის საქართველოს ირჩევს, თავის ფულს აქ აბანდებს და სხვა ინვესტორებსაც იზიდავს.

რატომ გადაწყვიტეთ ფოთის პორტში ინვესტირება?

ფოთის პორტის უპირატესობა იმდენად აშკარაა, რომ ბევრი ლაპარაკი არც სჭირდება. საკმარისია რუკას დახედოთ. ფოთის პორტი სტრატეგიული აქტივია: აბრეშუმის გზის გასწვრივ, ევროპასა და აზიას შორისაა განლაგებული. ეს მოგებიანი მდებარეობაა. APM Terminals-ის მიზანია პორტი უკეთ განავითაროს, მისი ეფექტიანობა და პროდუქტიულობა გაზარდოს.

შარშან 7 მილიონ ტონაზე მეტი ტვირთი გადავამუშავეთ. კვლევა აჩვენებს, რომ პორტს ყოველწლიურად 9-12 მილიონი ტონა ტვირთის გადამუშავება შეუძლია, თუმცა დაგეგმილი სამუშაოების ჩატარების შემდეგ, ვფიქრობთ, ბრუნვა 16-18 მილიონ ტონამდე გაიზრდება. ამ შედეგს მაქსიმუმ წელიწად-ნახევრის შემდეგ ველოდებით.

რა გზით აპირებთ ეფექტიანობის და პროდუქტიულობის გაზრდას?

ჩვენ გვინდა შავ ზღვაზე მივიღოთ უმაღლესი კლასის თანამედროვე პორტი. ამისთვის უნდა გავაუმჯობესოთ:

პირველი - ინფრასტრუქტურა: 90-იან წლებშიც ვარ ნამყოფი პორტში და მას შემდეგ განსაკუთრებულად არაფერი შეცვლილა. ჩვენ ვაპირებთ, ვიყიდოთ ახალი ტექნიკა, გავზარდოთ საბაჟო ტერმინალი, გავაფართოოთ და გავაღრმაოთ პორტის მისადგომი, რომ მომავალში ნებისმიერი ზომის ტვირთის მიღება შეძლოს. მომდევნო ორი-სამი წლის განმავლობაში ამ მიმართულებით 100 მილიონი დოლარის დახარჯვას ვგეგმავთ.

მეორე - ადამიანური რესურსების მართვა: სწორი ადამიანი სწორ ადგილას - ეს არის ჩვენი დევიზი.

მესამე და ჩვენთვის, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი - უსაფრთხოების უზრუნველყოფა: ყოველი ჩვენი თანამშრომელი შინ ჯანმრთელი უნდა ბრუნდებოდეს და ტრავმის მიღების შიში არ უნდა ჰქონდეს.

ეს ყველაფერი ჩვენი მთავარი მიზნის მიღწევის გარანტი უნდა გახდეს: მომხმარებლებმა სწორედ ფოთი უნდა აირჩიონ თავიანთი ტვირთის გადასაზიდად.

ვინ არის რეგიონში ფოთის პორტის კონკურენტი?

ძირითად კონკურენტად შეიძლება ნოვოროსიისკის პორტი ჩაითვალოს, თუმცა დღეისათვის რუსეთმა ჯერ კიდევ ვერ შეძლო ბიუროკრატიის გამარტივება.

გასულ კვირას ყველაზე მსხვილი პოტენციური ინვესტორი გვეწვია იაპონიიდან. განსაკუთრებით დაინტერესდა რა დრო სჭირდება საქართველოში ტვირთის განბაჟებას, რადგან ეს მთელ მსოფლიოში პრობლემაა. რომ ვუპასუხე, დაახლოებით საათი, საათ-ნახევარი-მეთქი, იფიქრა, ვეხუმრებოდით. ეს დიდი უპირატესობაა: როცა ბიზნესმენმა იცის, რომ საბაჟო მას პრობლემებს არ შეუქმნის, უფრო თავდაჯერებულია და ინვესტირების ნაკლებ რისკს ხედავს.

რისკები ახსენეთ - რუსეთთან არსებული დაძაბულობა რამდენად მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო საქართველოში ინვესტიციების ჩადების გადაწყვეტილების მიღების დროს?

ეს ნამდვილად არ ყოფილა მთავარი რისკი. რა თქმა უნდა, ვიცით, რომ ეს რისკი არსებობს. თუმცა გვჯერა, რომ საღი აზრი და პრაგმატული მიდგომა უფრო ძლიერია. მთელ მსოფლიოს აძლევს ხელს, რომ ამ რეგიონში სიმშვიდე იყოს. უფრო დიდი რისკი ისაა, რომ ფოთის პორტი საკმაოდ ძველია. უსაფრთხოების უზრუნველყოფა კი ჩვენი ოპერირების ლიცენზიაა: სადაც ამის მიღწევა არ შეგვიძლია, იქ არ უნდა ვიმუშაოთ.

საქართველოში ბიზნესგარემოს სიკეთეები და ტექნოლოგიის ნაკლებობა არაერთხელ ახსენეთ. ეს ტენდენცია საერთაშორისო ინდექსებშიც იჩენს თავს. ხელისუფლების ოპონენტები ხშირად გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსით აპელირებენ, სადაც ყველაზე დაბალი ქულები ინოვაციასა და ტექნოლოგიურ განვითარებაში გვაქვს. ინვესტიციების მოზიდვისთვის ეს ხელისშემშლელი ფაქტორია?

არა მგონია, ეს გადამწყვეტი იყოს. ყოველ შემთხვევაში, ჩვენთვის ნამდვილად არ ყოფილა. საბედნიეროდ, გვაქვს იმის რესურსები, რომ თავად დავნერგოთ ინოვაციური მიდგომები და გავაუმჯობესოთ ტექნოლოგია. ამ პირობებში ყველაზე მთავარი არის დრო - რაც შეიძლება სწრაფად გვინდა გეგმების განხორციელება. საქართველოს ბიზნესგარემო, მარტივი რეგულაციები და მინიმალური ბიუროკრატია ამის საუკეთესო წინაპირობაა, ასეთ გარემოში ბიზნესის კეთება მარტივი და მოგებიანია.

აქ დიდი ხნით ჩამოვედით, ფოთის პორტი იმიტომ არ შეგვიძენია, რომ უფრო მაღალ ფასად გავყიდოთ და ერთჯერადი მოგება ვნახოთ. ჩვენ გვინდა, ფინანსური წარმატება საქართველოში დაბანდებულმა ინვესტიციამ მოგვიტანოს. ამასთან, გვჯერა - როგორც ქვეყანას, ისე მთელ რეგიონს, სარგებელს მოვუტანთ. ჩვენი სლოგანია: გავზარდოთ გლობალური ვაჭრობა. განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკური ზრდისთვის დღეს ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

20 ავტონომიური ავტომობილები საწვავის დაზოგვისთვის

▲ზევით დაბრუნება


ტექნოლოგიები

მირიან ტორონჯაძე

0x01 graphic

საინფორმაციო ტექნოლოგიები, რომელთა მასშტაბებიც მზარდი ტემპით მატულობს, უკვე ავტოწარმოებაშიც ღრმადაა გამჯდარი. მათი მეშვეობით დღევანდელი ავტომობილები იმ მანქანების აჩრდილსღა წარმოადგენს, რომლებიც 100 წლის წინ დადიოდნენ ქუჩებში. საინფორმაციო ტექნოლოგიები (IT) მძღოლისთვის კარგ დამხმარედ იქცა, რაც არა მხოლოდ მგზავრობისას ფეისბუქელი მეგობრებისთვის მარშრუტის გაზიარებით შემოიფარგლება. IT-ის დახმარებით შესაძლებელია ავტომობილების უფრო მაღალეფექტური მოდელების შექმნა, რომლებიც დიდი ოდენობით საწვავის დაზოგვას შეძლებენ.

საწვავის ეკონომია და უსაფრთხო მგზავრობა ორი ყველაზე დიდი პრობლემაა, რომლებიც მომრავლებული ავტომობილების გამოა აქტუალური. მართალია, არსებობს ჰიბრიდული მანქანები, სადაც კომპიუტერით მართული ძრავა წვას შესამჩნევად ამცირებს, მაგრამ ამ სფეროში ლიმიტი უკვე თითქმის მიღწეულია. ახლა ჯერი ადამიანური ფაქტორის გამორიცხვაზეა. ამის შესახებ ჯერ კიდევ 15 წლის წინ თქვა Volvo-ს ერთმა ინჟინერმა. მან კითხვაზე „შესაძლებელია თუ არა ავტომობილების 100%25-იანი უსაფრთხოების მიღწევა“, უპასუხა - „დიახ, თუკი მას ადამიანები არ მართავენ“.

პროექტი მთლიანად კომპიუტერიზებული ავტომობილის შესახებ დეტროიტელ ინჟინრებს ჰქონდათ General Motors-იდან, თუმცა მისი სირთულიდან გამომდინარე, ჩავარდა. ამ პროექტის მიხედვით, ყველა ავტომობილის ბორტი უნდა აღჭურვილიყო რთული კონსტრუქციის კომპიუტერით, რომელსაც ერთ, მთავარ კომპიუტერთან ექნებოდა კავშირი. სწორედ ის მოახდენდა მანქანების ავტომატურ მართვას. პროექტის განხორციელების შემთხვევაში, ქუჩებში თითქმის იდეალურ მოძრაობას მივიღებდით - ყველა საგზაო საცობი ხომ ადამიანური ფაქტორითაა გამოწვეული, ცენტრალური მართვა კი ამ პრობლემას აგვარებს. თუმცა, მეორე მხრივ, ავტომფლობელს თავისუფალი გადაადგილების საშუალება ეზღუდება. სისტემის ამუშავებისთვის კი საჭიროა, რომ ყველა მანქანა საჭირო ტექნოლოგიით იყოს აღჭურვილი, რაც ძვირი და, ამავდროულად, რთულად მისაღწევი მიზანია.

არსებობს საწვავის დაზოგვისა და მოძრაობის უსაფრთხოების გაზრდის მეორე მიმართულებაც - როდესაც ყველა ავტომობილის ერთ, მთავარ კომპიუტერთან დაკავშირება სავალდებულო აღარ არის და ამ ტექნოლოგიების დანერგვა უფრო მარტივი და იაფია, ვინაიდან კომპიუტერების პროცესორების სიმძლავრე სწრაფად იზრდება, ტექნოლოგიები კი იაფდება. ამის გამო თანამედროვე მანქანების უმეტესობას უკვე აქვს კრუიზკონტროლის „ჭკვიანი” სისტემა, რომელიც გარემოს რადარით ამოწმებს, სახიფათო მანძილზე სხვა ავტომობილის აღმოჩენის შემთხვევაში მძღოლს აფრთხილებს, საჭიროების მიხედვით კი ავტომობილის მართვაშიც ერევა და სისწრაფეს ამცირებს.

ყველაზე დიდი წარმატება ავტონომიური ავტომანქანების შექმნაში მაინც Google-ს აქვს. ჯერ კიდევ შარშან, Google-ის ინჟინრებმა შექმნეს უმძღოლო ავტომობილის საცდელი მოდელი, რომელმაც როგორც გამოსაცდელ მოედანზე, ასევე რეალურ პირობებში საკმაო წარმატებით ჩააბარა გამოცდა. Google-ის უმძღოლო მანქანა, ინჟინრების მეთვალყურეობით, ამერიკის გზატკეცილებზე რამდენიმედღიან ტურნეში გაუშვეს. ამ ხნის განმავლობაში მას არ დაუშვია არცერთი შეცდომა, არ გადაუჭარბებია სისწრაფისთვის და არ შეუქმნია საავარიო სიტუაცია. ამ ექსპერიმენტმა დაამტკიცა, რომ ავტოტრეფიკის ოპტიმიზებისთვის სავალდებულო არაა, გზაზე მოძრავ ყველა ავტომობილს ავტომატური მართვის სისტემა გააჩნდეს.

სამომავლოდ იგეგმება ისეთი სისტემის შექმნა, რომლის დახმარებითაც მანქანა, GPS-ის მეშვეობით, ცენტრალურ კომპიუტერს გადასცემს მონაცემებს მდებარეობის, მიმართულების და სიჩქარის შესახებ. ცენტრალური კომპიუტერი კი სხვადასხვა ავტომობილებიდან მიღებული ინფორმაციის დამუშავებით გამოთვლის საგზაო საცობის წარმოშობის ალბათობას და მისი თავიდან არიდების მიზნით, მძღოლს ოპტიმალურ მარშრუტს მიაწვდის.

საცობები, მძღოლის მიერ ზედმეტად გამოყენებული მუხრუჭი ან მანქანის აჩქარება საწვავის გაფლანგვის ყველაზე დიდი მიზეზებია. მხოლოდ ამერიკის მასშტაბით, საგზაო საცობებში ერთი წლის განმავლობაში 7.6 მილიარდ ლიტრზე მეტი საწვავი იხარჯება ტყუილად. BMW-ს ინჟინრის, კრუიზკონტროლის სისტემების დამუშავებაში ჩართული ვერნერ ჰუბერის გამოთვლებით, საკმარისია ყოველი მეხუთე მანქანის მსგავსი სისტემით აღჭურვა, რომ საცობების რაოდენობა მკვეთრად შემცირდეს, ყველა ავტომობილზე მისი დაყენებით კი საწვავის მოხმარებამ შეიძლება 83%25-ით იკლოს.

21 კერძო და სათემო მიწათმფლობელობა

▲ზევით დაბრუნება


არქივი

ილია ჭავჭავაძე

კერძო საკუთრების დაცვა მეცხრამეტე საუკუნეში პოლიტიკური მოდა ნამდვილად არ ყოფილა. ადამიანები ან ბატონყმობას ამართლებდნენ ან საერთოდ მიწების ნაციონალიზაცია სურდათ. ილია მათგან განსხვავებულია. კერძო საკუთრება - ადამიანის ყველაზე დიდი სურვილი და ძალა - მისთვის პირველ ადგილზე დგას, სწორედ მის გარშემო ტრიალებს მთელი ეკონომიკა და პოლიტიკა.

ილია გოლაშვილი ეკონომისტი

ვინც ჩვენებურს სოფლებს და მათს ეკონომიურს განწყობილებას და ვითარებას დაჰკვირვებია, ერთს დიდს ნაკლს შეჰნიშნავდა, ეს დიდი ნაკლი უფრო ძლიერ თავს იჩენს იმისთანა სოფლებში, საცა მომეტებული ნაწილი მკვიდრთა სახელმწიფო გლეხკაცობაა, ანუ, როგორც უწინ იტყოდნენ, სახასო. ამისთანა სოფლებში მიწათმფლობელობას ორგვარი თვისება შეჰრჩენია დროთა განმავლობაში, და რამოდენადაც დიდი ხანი გასულა, იმოდენად ეს ორგვარი თვისება მიწების მფლობელობისა უფრო განვითეულებულა და განმტკიცებულა გლეხკაცობის თვალში. ეხლანდელი სოფელი რომ გაშინჯოთ მიწათმფლობელობის თვალით, ჰნახავთ, რომ თითქმის ყოველი სახასო სოფელი მიწათმფლობელობის კვალობაზედ ორს დიდს ნაწილს წარმოადგენს. ერთი ნაწილი მიწებისა, უფრო უკეთესნი, უფრო შემუშავებულნი და უფრო მომცემნი, მკვიდრთა გლეხთაგან სათვითოოდ დაჩემებულნი არიან, კერძოდ განსაკუთრებულნი და საშვილიშვილოდ დაჭერილნი. ამგვარს მიწებს ზოგან ნაფუძარს ეძახიან და უფრო ხშირად კი საბლიას მამულებს. ამგვარი მიწები ჩვენთა გლეხკაცთა თვალში არაფრით და არა-ნიშნით არ განირჩევიან კერძო საკუთრებისგან, თუმცა კი, გლეხს რომ ჰკითხოთ, იგი მიწები სახასონი და სახელმწიფონი არაინ. ამისთანა მიწები მემკვიდრეობით გადადის ერთიდამ მეორეზედ. გლეხი, პატრონი მიწისა, აგირავებს, ჰყიდის ერთმანეთში თავისუფლად და დაუბრკოლებლივ. ჩვენს გლეხკაცობას არამაც თუ არ მოუთავსებია გულში, არამედ ფიქრადაც თავის-დღეში არ მოსდის, რომ ამგვარ მიწის აღებ-მიცემობაში, გადასვლა-გადმოსვლაში ვინმე წინ დაუდგება და ხელს შეუშლის.

აი ის დიდი ნაკლი ჩვენის სოფლის ეკონომიურ განწყობილებისა, რომელიც დღეს ჩვენის სოფლის ტკივილს შეადგენს და რომელიც მიწათმფლობელობის საქმეს ერთის მხრით ძლევამოსილად კერძო საკუთრებისკენ მიეზიდება, და მეორეს მხრით შესანიშნავის მარცხით - სათემოსკენ.

22 ყურადღება: შემდეგი გაჩერება ვიქტორ სანეევი

▲ზევით დაბრუნება


სპორტი

ოლიმპიური თამაშების დღეებში ლონდონის მეტროს 361 სადგურს უდიდეს სპორტსმენთა სახელები დაამშვენებს. პროექტი „ლეგენდარული ოლიმპიელები“, რომელიც ქალაქის ტრანსპორტის სამმართველოს ეკუთვნის, დროებითია და თამაშების დასრულების შემდეგ ყველა გაჩერებას თავისი სახელი დაუბრუნდება.

ლონდონის მეტროს ახალ რუკაზე ხაზები სხვადასხვა დისციპლინის მიხედვითაა აღნიშნული და სადგურების სახელებიც ასეა შერჩეული.

სასიამოვნოა, რომ მძლეოსანთათვის განკუთვნილი არენებისკენ მიმავალ ხაზზე ერთ-ერთი სადგური სიგრძეზე ხტომაში სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის, ვიქტორ სანეევის სახელობის იქნება - საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენის სახელი შინდისფერ ხაზზეა დატანილი.

0x01 graphic

ოლიმპიური თამაშების ისტორიაში ყველაზე წარმატებული სპორტსმენის, მაიკლ ფელპსის სახელი თამაშების მთავარ სადგურს, სტრატფორდს ეწოდა. იქვეა ლეგენდარული მოკრივის მუჰამედ ალის სახელობის გაჩერება. ლონდონის სტუმრებს დროებით მოუწევთ ანხელ დი მარიადან ჯეი-ჯეი ოკოჩამდე მგზავრობა; კობი ბრაიანტიდან ლებრონ ჯეიმსზე გადაადგილება; როჯერ ფედერერიდან რაფაელ ნადალამდე მისვლა...

იმ ათლეტთა სახელები, რომლებმაც ოლიმპიურ თამაშებზე 5 და მეტი ოქროს მედალი მოიპოვეს, სიმბოლურად 3 ვარსკვლავითაა აღნიშნული.

„ჩვენ გვიყვარს სპორტი და ვამაყობთ ლონდონით! 361 ადამიანის შერჩევა ნამდვილად არ იყო იოლი - ოლიმპიადას ხომ უამრავი ლეგენდარული პიროვნება ახსოვს, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ამ გამოწვევას მეტ-ნაკლები წარმატებით გავართვით თავი“, - აღნიშნეს პროექტის ავტორებმა ალექს ტრიკეტმა და დევიდ ბრუკსმა.

ტრიკეტი BBC-ის საერთაშორისო სპორტული ამბების რედაქციის ხელმძღვანელია, ბრუკსი კი სპორტის ისტორიკოსი, ჟურნალისტი და არაერთი წიგნის ავტორი.

Olymic Legends Map

0x01 graphic

23 საქართველოს 24- ლიცენზია

▲ზევით დაბრუნება


სპორტი

სოსო ჯაბიძე

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა სოსო ჯაბიძემ ლონდონის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა. ის 24-ე სპორტსმენია, რომელიც ჩვენს ქვეყანას ოთხწლეულის მთავარ სპორტულ თამაშებზე წარადგენს.

ჯაბიძემ ჩინეთის ქალაქ ტაიუანის საერთაშორისო ტურნირზე 96 კგ-მდე წონით კატეგორიაში მესამე ადგილი კი დაიკავა, მაგრამ ოლიმპიადის საგზურის მოსაპოვებლად დამატებითი შეხვედრის გამართვა მოუხდა - ქართველმა სპორტსმენმა უნგრელი ბალაშ კიში დაამარცხა.

ჯერჯერობით საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 7 წონითი კატეგორიიდან მხოლოდ სამში - 66, 74, 96 - მოიპოვა ლონდონი 2012-ის ლიცენზია.

ჯაბიძემდე XXX ოლიმპიური თამაშების საგზური ამ სპორტსმენებმა მოიპოვეს:

ნინო სალუქვაძე (ტყვიის სროლა); ქრისტინე ესებუა (მშვილდოსნობა); ლუბა გოლოვინა (ბატუტზე ხტომა); მერაბ თურქაძე (კრივი); გია მაჭავარიანი, რაულ ცირეკიძე, ირაკლი თურმანიძე (ძალოსნობა); მანუჩარ ცხადაია, ზურაბ დათუნაშვილი, სოსო ჯაბიძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა); დავით მოძმანაშვილი, მალხაზ ზარქუა, დავით მარსაგიშვილი, დავით ხუციშვილი, გიორგი გოგშელიძე, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, ოთარ თუშიშვილი (ყველა თავისუფალი ჭიდაობა); ლაშა შავდათუაშვილი, ვარლამ ლიპარტელიანი, ავთანდილ ჭრიკიშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი, ლომერ ჟორჟოლიანი ან ირაკლი ცირეკიძე, ადამ ოქრუაშვილი ან ზვიად ხანჯალიაშვილი, ამირან პაპინაშვილი ან ბეთქილ შუკვანი (ძიუდო).

24 ლონდონი 2012: ფეხბურთელთა ტურნირი

▲ზევით დაბრუნება


სპორტი

ოლიმპიადის მასპინძელი დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული ნაკრები საფეხბურთო ტურნირის ოქროსთვის ბრძოლას A ჯგუფში დაიწყებს. მასპინძელთა მეტოქეები სენეგალის, არაბთა გაერთიანებული საამიროების და ურუგვაის ნაკრებები იქნებიან.

მომდევნო ჯგუფებში გუნდები შემდეგნაირად განაწილდნენ: B ჯგუფი - მექსიკა, კორეა, გაბონი, შვეიცარია; C ჯგუფი - ბრაზილია, ეგვიპტე, ბელარუსი, ახალი ზელანდია; D ჯგუფი - ესპანეთი, იაპონია, ჰონდურასი, მაროკო. მეოთხედფინალში ჯგუფების პირველ-მეორე ადგილოსნები იასპარეზებენ.

წილისყრამ, რომელიც ლონდონში შედგა, არგენტინელთა გარეშე ჩაიარა. პეკინის და ათენის ოლიმპიადის ტრიუმფატორი ალბისელესტე ლონდონის ოლიმპიადაზე საერთოდ ვერ მოხვდა.

0x01 graphic

ლონდონის ოლიმპიური სტადიონი

ოლიმპიადაზე 23-წლამდელთა ნაკრებები იასპარეზებენ. გადაწყვეტილია, რომ მონაწილეთა ოფიციალურ განაცხადში 18-18 ფეხბურთელი იქნება, რომელთაგან 15 აუცილებლად 1989 წლის 1 იანვრის შემდეგ უნდა იყოს დაბადებული. დანარჩენთა ასაკი კი შეზღუდული არაა.

საფეხბურთო ტურნირი 26 ივლისს დაიწყება: გლაზგოს ჰემპდენ პარკზე ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული ესპანეთის ნაკრები იაპონიას დაუპირისპირდება. ესპანეთი ბოლო ევროპული გუნდია, რომელმაც ოლიმპიადა მოიგო - 1992 წელს ბარსელონაში.

ლონდონი 2012-ის საორგანიზაციო კომიტეტის გადაწყვეტილებით, საფეხბურთო ტურნირის თამაშებს მანჩესტერის ოლდ ტრაფორდი, ქოვენთრის სითი, კარდიფის მილენიუმი, გლაზგოს ჰემპდენ პარკი, ნიუკასლის სენტ ჯეიმსი და ლონდონის უემბლი უმასპინძლებს. ფინალი 11 აგვისტოს სწორედ ამ ლეგენდარულ სარბიელზე გაიმართება.

ლონდონშივე შედგა ქალ ფეხბურთელთა ტურნირის წილისყრა. ჯგუფები ასე დაკომპლექტდა: A - დიდი ბრიტანეთი, ახალი ზელანდია, კამერუნი, ბრაზილია; B - იაპონია, კანადა, შვედეთი, სამხრეთ აფრიკა; C - აშშ, საფრანგეთი, კოლუმბია, ჩრდილოეთ კორეა. მეოთხედფინალში პირველ-მეორე ადგილოსნები და 2 საუკეთესო მესამეადგილოსანი იასპარეზებს.

ქალთა ტურნირი 25 ივლისს დაიწყება და 9 აგვისტოს დასრულდება, გადამწყვეტი მატჩი კი ასევე უემბლიზე შედგება.

25 დიურანის ბალეტი

▲ზევით დაბრუნება


სპორტი|კალათბურთი

გიორგი მაჩაბელი

0x01 graphic

დრიუ ფრიმენის სკოლაში კევინ დიურანი ბალეტის სექციაში იყო. მაღალი ბიჭი დედიკომ ბალეტზე შეაგდო და კევინი გარკვეულ წრეებში ყველაზე პოპულარული ბავშვი იყო.

დრიუ ფრიმენის სკოლაში იყო ფიზკულტურის მასწავლებელი, ტარას „სუნიანი“ ბრაუნი. მისტერ ბრაუნი კალათბურთის აზრზეა და ტარასს კევინის სიმაღლე, ბიჭის მოქნილი სხეული მოეწონა. მან კევინის დედა ჩიზბურგერზე დაპატიჟა და შვილი ბალეტიდან კალათბურთზე გადააყვანინა.

ბრაუნი ცვლის კევინს და ბრაუნი ცვლის საკუთარ თავს. ტარასმა კალათბურთის სკოლა გახსნა, ძმაკაცებისგან კრედიტი აიღო და კევინს მიხედა. დიურანმა ერთ-ერთი ვარჯიშის შემდეგ ბრაუნს ასეთი რამ უთხრა - ქოუჩ, თუ მაგარი გავხდები, პირველი კონტრაქტით ახალ კადილაკს გიყიდი. ბრაუნმა კევინისგან ჯერ კადილაკი მიიღო. მერე დოჯი. ცოტა ხანში კი სამსართულიანი ვილა ორლანდოში.

დიურანი ლიგის მომავალია. კევინთან ერთად ოკლაჰომამ პირველ ორ სეზონში 43 თამაში მოიგო და 121 წააგო. მესამე სეზონში კევინის ახლობლები ფლეი-ოფში გადიან ლეიკერსზე, ოკლაჰომა იმ სერიას აგებს და შარშან, უკეთესი დიურანით, უკეთესმა გუნდმა დასავლეთის კონფერენციის ფინალი გაშანსა. ის სერია დიურანს დირკ ნოვიცკიმ 4:1 მოუგო.

კევინი ოთხი წლის წინ ლიგის პირველი პირველწლიანი გახდა.

კევინი ლებრონის შემდეგ და ლებრონთან ერთად, ლიგის პირველი ფორვარდია. დღევანდელი დიურანი წინა დიურანზე ბევრად უკეთესია. მალე, შეიძლება, ყველაზე კარგი გახდეს.

ოკლაჰომამ ამ, დაპრესილი რეგულარულის ბოლო 14 თამაშიდან 7 წააგო და დასავლეთში პირველი ნომერი სან ანტონიო გახდა.

დიურანი რეგულარულის Top Scorer გახდა საშუალოდ 28.0 ქულით. კობი ბრაიანტი მეორეზე (27.9) დაჯდა. ახალგაზრდა დიურანი მესამედ იღებს რეგულარულში ყველაზე ბევრ ქულას. დიურანივით, რეგულარულის სამმაგი Top Scorer იყო მაიკლ ჯორდანი. ჯორჯ მაიქენიც. ნილ ჯონსონიც. უილტ ჩემბერლენიც. ბობ მაკადუც და ჯორჯ გერვინიც.

ამ სეზონში კევინმა რამდენიმე პერსონალური რეკორდი (8.0 მოხსნა, 3.5 პასი, 1.2 პასი) დასვა. დრიუ ფრიმენის სკოლიდან კევინი სხვა ტერიტორიაზე გავიდა. ოკლაჰომაში დიურანი პრობლემებს აგვარებს. რასელ უესთბრუქი პრობლემებს ქმნის. ჯეიმს ჰარდენი სიტუაციას აბალანსებს, დიურანთან ძმაკაცობს, ჰელბოიზე კომიქსების სერიოზული კოლექცია აქვს. ოკლაჰომაში „სუნიან“ ბრაუნსაც იცნობენ და მისტერ ბრაუნი კევინისგან კიდევ ერთ ბონუსს მიიღებს.

კევინ დიურანი ამ რეგულარულის MVP უნდა გახდეს.

არა ჯეიმსი, არა ტონი პარკერი ან კრის პოლი. კევინ დიურანი.

და მისტერ ბრაუნის ავტოფარეხში კიდევ ერთი დოჯი ან კადილაკი შესრიალდება

26 ჯორდანის პრობლემა - ჯორდანი

▲ზევით დაბრუნება


სპორტი

ზურაბ თალაკვაძე

შარლოტ ბობქეთსი ძალიან ცუდი გუნდია. რეგულარული დაიხურა და მაიკლ ჯორდანის ფრენჩაიზმა 7 თამაში მოიგო. 66 ტესტიდან - 7. უხერხულია. მისტერ ჯორდანი ბობქეთსის ორგანიზაციის ბოსია და მაიკლმა რაღაცები ვერ გათვალა. ჯორდანის გუნდმა ლიგას ახალი ანტირეკორდი დაუტოვა.

მაიკლის ოფისში სეზონის პროცესში რამდენიმე მაგარი თავისუფალი აგენტის სივი შეიტანეს. ჯორდანის ხალხი გავიდა დუაიტ ჰოვარდზე და განიერ ბიჭს მაიკლის წინადადებაზე დაბერილ ტუჩებში გაეღიმა. არ გამოვიდა ჯერალდ უოლასის ვარიანტიც. პორტლენდის მოქნილი ტერორისტი ნიუ ჯერსიში გაიქცა - მიხაილ პროხოროვისგან ორ სეზონში 17 მილიონ დოლარს და დიდ კასრში ჩაპრესილ წითელ ხიზილალას მიიღებს. ჯორდანმა ვერავინ ვერ წამოიყვანა და გუნდი დადგა.

ჯორდანი კალათბურთია და შარლოტის კალათბურთში ქუჩის, უბნების ლიგის ელემენტები უფრო დიდი დოზით იყო, ვიდრე პროფესიონალიზმი.

ჯორდანის გუნდმა სეზონი 7 მოგებით, 59 წაგებით დახურა და რაღაც მომენტში, ისტორიაც გადაიწერა. ამ ბობქეთსის კოლაფსამდე, ყველაზე ცუდი, უპერსპექტივო გუნდი ძველი (1972/73) ფილადელფია იყო. იმ სიქსერზმა რეგულარულის 82 თამაშიდან მხოლოდ 9 მოიგო. 9 მოგება ამ შარლოტთან შედარებით უკვე სერიოზული თემაა, მაგრამ იმ სიქსერზმა ჯორდანისაზე 16 თამაშით მეტი მიიღო. ბობქეთსმა რეგულარული ზედიზედ 23 წაგებით დახურა. ჯორდანის ბანდა საკუთარ დარბაზში ცუდ საკრამენტოსთან 26 ქულას აგებს. სირცხვილია.

შარლოტში ყველაზე ბევრ ქულას პირველწლიანი ფლეიმეიქერი, კემბა უოკერი (12.1) იღებს. ჯორდანმა უოკერი დრაფტზე დაირტყა და მაიკლს კემბას აყვანა როდ ჰიგინსმა ურჩია. ძველ ჩიკაგოში ჰიგინსი ჯორდანთან ერთად დარბოდა, თავმოყვარეობას, ქალაქს, ჯორდანს, ილინოისს უფრთხილდებოდა. დღეს მისტერ ჰიგინსი ბობქეთსის ორგანიზაციაში კონსილიერია, მაიკლს სეზონში 125 ათას დოლარად კარგ რჩევებს აძლევს. უოკერიც კარგი ბიჭია.

ჯორდანმა ოფისში პრივატულ გასაუბრებაზე დაიბარა შარლოტის და საფრანგეთის ნაკრების კაპიტანი ბორის დიაო. ჭკვიანი, ბუნჩულა პერსონაჟი, რომელიც პრობლემებს კი არ ქმნის, აგვარებს. ჯორდანმა ბორისს საყვედურები დაახვედრა და ფრანგისგან ფრანგული სლენგი მიიღო. დიაო გააგდეს. ბორისი სან ანტონიომ დაიმატა და გრეგ პოპოვიჩთან დიაო სუნთქავს, ისვენებს, არ იძაბება.

ჯორდანმა დაშალა გუნდის პიარმენეჯმენტი და შარლოტმაც ამ რეგულარულში ყველაზე ცოტა სეზონური აბონემენტი გაყიდა. ჯორდანის პიარბენდმა ჯორდანი ვერ გააპიარა.

ჯორდანმა წამოიყვანა 32 წლის კორი მაგეტი, რომელიც ყველა გუნდში ზედმეტი, ცუდი ბიჭი იყო. მაგეტი ერთ სეზონში თითქმის 11 მილიონ დოლარს იღებს. ჯორდანის კიდევ ერთი შეცდომა.

ჯორდანმა შარშან მთავარი მწვრთნელის რბილი სავარძელი ლარი ბრაუნს მიუჩოჩა. ბრაუნმა ცუდი გუნდით ნორმალური კალათბურთი შეუბერა და მაიკლმა ბრაუნი გაუშვა.

ჯორდანს დრაფტზე ინდიანასგან კიდევ ერთი ბიჭი ეკუთვნოდა და მაიკლს კაუი ლეონარდი არ მოეწონა. ლეონარდი ინდიანაში დარჩა და იქვე, დრაფტის პროცესში, პეისერზმა კაუი სან ანტონიოში გაუშვა. სპურსმა პეისერზს სოლიდური, სანდო მსროლელი ჯორჯ ჰილი მისცა. პოპოვიჩმა ჯეკპოტი მოხსნა. ლეონარდი ამ დრაფტზე პირველი დამცველი და ძალიან კარგი მსროლელია. კაუი სპურსის ახალი ბრიუს ბოუენი გახდა. ლეონარდმა პირველ სეზონში 7.9 ქულა, 5.1 მოხსნა, 1.3 ჩაჭრა დასვა. ჯორდანის კიდევ ერთი არასწორი ნაბიჯი.

ძველმა მაიკლ ჯორდანმა ბოსტონ სელტიქსს 63 ქულა მიარტყა. იმ ჯორდანმა 63 ქულა ლარი ბერდთან, კევინ მაქჰეილთან, ბობი პერიშთან შეაგროვა. ის ჯორდანი კოლექციონერი იყო და მაიკლს კარგი გემოვნება ჰქონდა.

იმ ჯორდანმა იუტას ფინალში მაღალი სიცხით, ნატკენი მაჯით მოუგო. ის ჯორდანი არ აგებდა.

იმ ჯორდანმა მედისონ სკვერ გარდენში შეისეირნა. კალათბურთიდან წასული კალათბურთში დაბრუნდა და ცოტა უვარჯიშებელმა, ცოტა გასუქებულმა, ნიუ იორკში 55 ქულა აკრიფა. ის იყო მედისონ სკვერ გარდენი და იქ მაიკლი ჯორდანი იყო.

იმ ჯორდანში კობი ბრაიანტის ინსტინქტი, ჯულიუს ირვინგის ინტელექტი და ლარის ინტელიგენტური აგრესია იყო და ის ჯორდანი არ აგებდა. მაიკლმა წასაგები ადრე წააგო და მერე ნავახით დადიოდა. ჯორდანმა მეჯიქის და ლარის მოგონებები გადაფარა.

ის ჯორდანი ლებრონზე მაგარი ათლეტი იყო.

ახალი ჯორდანი აჭრილია. მაიკლმა დრაფტზე აიცილა ბრენდონ რაითი, რომელიც დეტროიტში მოხვდა. კემბა უოკერი რაითზე მოძრავი ბავშვია, მაგრამ ბრენდონი უფრო პირველი ნომერია და უოკერი მეორე ნომერზე დარჩებოდა. მაიკლის მორიგი შეცდომა.

შარლოტი აქცენტს ბისმაკ ბიომბოზე აკეთებს. ბიომბო მაღალი ბიჭია, ბიომბო სამწამიანში ბენ უოლასივით ტრიალებს და ბიომბომ სროლების 49 პროცენტი გამოიყენა. თამაშიდან არა, საჯარიმოების 49 პროცენტი.

ჯორდანი ეძებს კიდევ ერთ მრჩეველს, კიდევ ერთ კონსილიერის. მაიკლმა გადაურეკა დენის როდმანს. დენისი დაკავებულია, ფინეთში ღამის კლუბი გახსნა და ძირითადად, იქ არის.

ჯორდანი გადის სკოტი პიპენზე და სკოტი მიუწვდომელია. ჯორდანისთვის მიუწვდომელი...

შარლოტ ბობქეთსი ცუდი გუნდია. შარლოტი მაიკლ ჯორდანის გუნდია და რეგულარული 7 მოგებული ტესტით დახურა. მისტერ ჯორდანი ბობქეთსის ორგანიზაციის ბოსია და მაიკლმა რაღაცები ვერ გათვალა. ჯორდანს პრობლემა აქვს.

ჯორდანის პრობლემა ჯორდანია.

27 მოგზაურთა კლუბი

▲ზევით დაბრუნება


სპორტი

გიორგი ფირცხელანი

გერმანიაში მსოფლიო ჩემპიონატი დასასრულს უახლოვდება. ბრევიკს გადაღმა ჯერ კიდევ ინგლისის ნაკრების წარუმატებლობას ზეიმობენ, ამ დროს კი, ივნისის ერთ-ერთ მზიან დღეს, ლოკალური სტეინჰაუსმური საზაფხულო შეკრებისთვის ემზადება. ავტობუსში გუნდის მთავარი მწვრთნელი, დეს მაკიოუნი ამოდის და მის პირდაპირ ჯდება. ხმას არ იღებს. უბრალოდ ზის. მაკიოუნს არ აინტერესებს რიკარდო პერეირას გმირობები ინგლისთან, არ აინტერესებს პოლ მაკარტნის იუბილე და ჯეიმს ბრაუნის სიკვდილი. ქათმის გრიპის პრობლემასაც პრობლემად არ მიიჩნევს.

ავტობუსიდან ჩამოსვლისას, მაკიოუნი უბრუნდება მის წინ მჯდომ მაკარტნისა და რიკარდოზე მოსაუბრე კოლინ კრამბს და ეუბნება: „ჩემი აქ ყოფნის პირობებში, შენ ამ გუნდში ვეღარ ითამაშებ. ჯიბიდან გადაგიხდი ხელფასს, სანამ კონტრაქტი არ ამოგეწურება. შენ აქ ვეღარ ითამაშებ!“.

მაკიოუნის მძაფრი ტონის და მუქარის მიხედვით ადვილი გამოსაცნობია, თუ რატომ ითამაშა კოლინ კრამბმა 17-წლიანი კარიერის მანძილზე 16 სხვადასხვა კლუბში. კოლინ კრამბი ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც ინგლისის ოთხივე და შოტლანდიის ასევე ოთხივე დივიზიონში უთამაშია (დავუმატოთ ჰოლანდიის ჩემპიონატი და ინგლისის კონფერენს ლიგა). კარიერა 2009 წელს, აღმოსავლეთ სტირლინგშირში დაასრულა.

კრამბის შედეგი, 17 წლის მანძილზე 16 კლუბი, ჯონ ბარიჯის მაჩვენებელთან არაფერია. ბარიჯმა კარიერა 17 წლის ასაკში, 1968-ში, ადგილობრივ უორკინგტონში დაიწყო. 46 წლისამ ბლაიტ სპარტანსი მიატოვა და ეს მისი ბოლო კლუბი იყო. 1968-1997 წლებში, ჯონ ბარიჯმა 29 კლუბი გამოიცვალა. 29 სეზონი, 29 კლუბი. სხვადასხვა დროს თამაშობდა: ბლექპულში, ასტონ ვილაში, ქუინზ პარკში, კრისტალ პალასში, ნიუკასლში და ასე შემდეგ. ჯონ ბარიჯის კარიერას, ტერი ვენეიბლზის, რონ სონდერსის, კევინ კიგანის, კრის ნიკოლის და სხვა მწვრთნელთა პირველი ნაბიჯები ახსოვს. 1971 წელს ბლექპულთან ერთად ბოლონიის სტადიო კომუნალეზე ანგლო-იტალიური თასი აღმართა. ინგლისის სამოყვარულო და პროფესიულ ლიგებში, ჯამში 1000 მატჩამდე აქვს ჩატარებული.

0x01 graphic

ჯონ ბარიჯი

0x01 graphic

ოლინ კრამბი

0x01 graphic

ლუც პფანენშტილი

თითქმის 4-დეკადიანი კარიერის შემდეგ ბარიჯი სამწვრთნელო საქმეს შეუდგა. მეკარეებს წვრთნიდა არსენალში, ლიდსში, ბოლტონში და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. ნაიჯელ მარტინი, პოლ რობინსონი და ტიმ ფლაუერსი ბარიჯის შეგირდები არიან. მწვრთნელობის შემდეგ სკაუტ სისტემამ გაიტაცა. ომანის ნაკრების და უიგან ატლეტიკსის საკმაოდ კარგი კიპერი, ალი ალ-ჰაბსი სწორედ ბარიჯის აღმოჩენილია. დღეს TEN Sport-ზე, კატლტონ პლამერთან ერთად, პრიმერა დივიზიონის და ჩემპიონთა ლიგის მატჩები მიჰყავს. 2011 წელს დაწერა ავტობიოგრაფია - Budgie. ჯონ ბარიჯს ეკუთვნის ერთი რეკორდიც, პრემიერლიგის ყველაზე ხნიერი მოთამაშეა - 1995-ში, 43 წლის და 162 დღის, მანჩესტერ სიტის კარს იცავდა ქუინზ პარკ რეინჯერსის წინააღმდეგ.

კოლინ კრამბის და ბარიჯის საქმეები უფრო ლოკალური სახისაა. ამიტომ, შედარებით გლობალურ მასშტაბებზე გადავიდეთ. მაგალითად, ლუც პფანენშტილი, რომელზეც ტაბულას ადრეც დაუწერია.

ის იჯდა სინგაპურის ციხეში, მოედანზე გარდაცვლილად გამოაცხადეს, ითამაშა 13 ქვეყნის 25 სხვადასხვა კლუბში და დღემდე ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც ფიფას ექვსივე კონფედერაციაში უთამაშია.

პფანენშტილი მიუნხენ 1860 ის და მიუნხენის ბაიერნის ახალგაზრდულ გუნდებში თამაშობდა. ახალგაზრდულ ნაკრებში 3 კეპი ჰქონდა, როდესაც გერმანიიდან მალაიზიაში წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. ბაიერნმა კონტრაქტი შესთავაზა, პფანენშტილმა მალაიზია არჩია.

კონტინენტიდან კონტინენტზე ხეტიალისას უამრავი უცნაური ამბავი გადახდა. სინგაპურში 101 დღით ციხეში ჩასვეს მატჩის გაყიდვის ბრალდებით. პფანენშტილის თქმით, ბრალმდებლის მთავარი მოტივი და არგუმენტი მისი ზედმეტად კარგი თამაში იყო. მალაიზიის შემდეგ crazy gang-ში, გადარეული ვინი ჯონსის უიმბლდონში მოხვდა. ერთხელ გუნდმა ქალაქთან ახლოს, ადგილობრივ პარკში ივარჯიშა. ვარჯიშის დროს, პფანენშტილი თანაგუნდელებმა გააშიშვლეს, ანუ crazy gang-ის წევრად მონათლეს. გერმანელმა ქალაქის ცენტრამდე 5 კილომეტრი შიშველმა ირბინა. ასევე ალბიონზე თამაშისას, უცნაურ შემთხვევას ჰქონდა ადგილი - რიგითი ბოქსინგ დეის მატჩი მიდიოდა, როდესაც მოედანზე გონება დაკარგა და პულსი გაუჩერდა. დიქტორმა სამჯერ გამოაცხადა გარდაცვლილად, რასაც მოედანზე გლოვა და მემორიალური ჩანტების დამღერება მოჰყვა. 3 საათის შემდეგ ლუცი გონს მოეგო.

პფანენშტილის კარიერა, რომელიც ფინეთიდან სამხრეთ აფრიკამდე და სომხეთიდან ახალ ზელანდიამდეა გადაჭიმული, 2011 წელს ნამიბიურ რამბლერსში დასრულდა. დღეს ის 38 წლისაა და ჰოფენჰაიმში სკაუტად მუშაობს.

სხვა ცნობილი „ჯორნიმენთა“ წრის წარმომადგენლები არიან: ტრევორ ბენჟამინი, 1995 წლიდან - 29 კლუბი. დრიუ ბროუტონი, 1996 წლიდან - 21 კლუბი. სტივ კლარიჯი, 1983-2007 - 19 კლუბი. რიჩარდ პეკქუეტი, 2000 წლიდან - 19 კლუბი. ბენიტო კარბონე, 1988-2010 - 17 კლუბი. აილტონი, 1993-2011 - 18 კლუბი. კაბა დიავარა, 1993-2011 - 17 კლუბი. ბობო ვიერი, 1991-2009 - 13 კლუბი...

ფეხბურთელთა მასიური მოგზაურობა მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს, სატრანსფერო სისტემის განვითარებასთან ერთად დაიწყო. ფეხბურთელს, რომელიც ფულის სანაცვლოდ პირველიდან მეორე ლიგაში სათამაშოდ მიდიოდა, პრესაში დაბეჭდილი კარიკატურებით აპოკალიფსის ოთხ მხედარს ადევნებდნენ. საუკუნის შემდეგ, აპოკალიფსის ოთხი მხედარი არა, მაგრამ ბაიერნის აკადემიიდან მალაიზიაში წასულ მოთამაშეს სინგაპურელი პროკურორი, ვინი ჯონსი და სელჰარსტ პარკის დიქტორი შეიძლება თავისუფლად აედევნოს.

აი, აზერბაიჯანის, უკრაინის და რუსეთის ჩემპიონატები რა სახით და ფორმით უნდა აადევნოს ქართულმა პრესამ ქართველ ფეხბურთელებს, ძნელი სათქმელია. აპოკალიფსის ოთხი მხედარი აქ ვერ გაჭრის, რაიმე უფრო მძაფრია საჭირო.

28 გვარდიოლას ღამეები

▲ზევით დაბრუნება


დავით კოვზირიძე|სვეტი

0x01 graphic

ღარც მახსოვს, როდის არ იყო გვარდიოლა. არადა, სულ ოთხი წელი გავიდა. გავიდა როგორც წამი და დატოვა საუკუნის შთაბეჭდილებები. ზუსტად ამ წამიერმა საუკუნემ დამიკარგა არაბარსელონური ფეხბურთის ყურების ინტერესი, გამომიწერა ყოველკვირეული ბურძგვლა და მოედანზე ახალი წერტილები, ახალი მარშრუტები, სხვა ემოციები მაპოვნინა. ხოსეპ გვარდიოლამ, თავის ბრილიანტებთან ერთად, ფეხბურთი თავიდან შემაყვარა!

ელეგანტურმა კაპიტანმა იოჰან კრუიფის სკოლა გაიარა, კრუიფის მსოფლმხედველობის ამოსავალი წერტილი კი, აი, ეს იყო - ჩემი გუნდი ასი პროცენტით უნდა დაიხარჯოს. სხვა შემთხვევაში ეს არ იქნება ნამდვილი ბარსელონა.

და გვარდიოლამაც გაწურა. გუნდიც და საკუთარი თავიც. გუნდს ერთი თვის წინ შევატყვე და მას გამოსათხოვარ პრესკონფერენციაზე. კაი ხნის ღამენათევებს ჰგავდნენ ორივენი.

რა ღამეები იყო, არა?

მოიგდებდნენ ბურთს და იწყებდნენ ქსოვას. ბარსა ქსოვდა და სხვები დარბოდნენ. ბარსა ქსოვდა და ვერც ამჩნევდა, რომ იქ სხვებიც იყვნენ - სუპერსტარები, რომლებიც დარბოდნენ. თან სულ ტყუილად. ქსოვა თითქოს რა საყურებელია, ამიტომ მუსიკასაც გირთავდნენ. ხან ის მაიმუნი ბავშვი. ხან ის იდუმალებით მოცული კაცი. ხან ის იდუმალებით მოცული მეორე კაცი. ხან ის თმაგაჩეჩილი კატალონიის გერბი. ხან ვინ და ხან ვინ. ქსოვა მუსიკის ქვეშ. ჰოდა, ქსოვრელებს ვეძახდი.

აი, ეგ იყო ღამეები.

ამ ბარსელონამ რაღაც ახალი გამოიგონა. რა - ჯერ არავინ იცის. ეს იყო ქუჩური ფეხბურთის, ჯაზის, იდეალური სტრატეგიის, უმაღლესი მათემატიკის, საათივით აწყობილი ადამიანური ურთიერთობების, ხულიგნობის და სიამოვნების აღებ-მიცემობის ნაზავი. ეს იყო გუნდი, რომელიც ისე იგებდა ყველგან, ყველასთან და ყოველთვის, რომ ერთხელაც არ შემოგაპარებდა ეჭვს. ეს იყო უდიადესი ფეხბურთელების ორკესტრი, რომელმაც ოთხწლიანი თასებით, მედლებით, ოვაციებით სავსე ტური ჩაამთავრა, გაჩერდა და ღრმად ამოისუნთქა.

გვარდიოლას ბარსას გაანალიზებას ჯერ კიდევ დიდი დრო უნდა. ემოციები რომ გაივლის, მერე ნახეთ თქვენ ემოციები და ევრიკას ყვირილი. ეს ოთხი წელი ხომ დაზიპული ეპოქაა და კაცმა არ იცის, რა რევოლუციური სიახლეები შეგვრჩება, როცა ამ ფაილს განვზიპავთ.

თუმცა, სანამ ეს გვიქნია, ფეხზე წამოვუდგეთ და თავი დავუკრათ 41 წლის კაცს, რომელმაც ფეხბურთი ამოატრიალა და სულ სხვა მხრიდან დაგვანახა.

ბრავო, პეპ!

29 ჯონ ფოტიადისი: ჩვენ დიზაინს ასე ვაკეთებთ

▲ზევით დაბრუნება


კულტურა

სალომე კიკალეიშვილი

0x01 graphic

ჯონ ფოტიადისის ინტერნეტსივრცეში პოვნა საკმაოდ რთულია - საძიებო სისტემა, სულ მცირე, ოთხ ჯონ ფოტიადისს მაინც გიჩვენებს. მე ნიუ იორკელ არქიტექტორ ფოტიადისს ვეძებ, რომელსაც სახლების მშენებლობასთან ერთად მუსიკის კეთება და ბლოგების წერა უყვარს. Hello Friends - მგონი მივაგენი - I'm the owner and Principal of John Fotiadis, Architect PLLC, a multi-disciplinary design firm based in New York City...

არქიტექტორი
ფოტიადისის შესახებ

ზუსტად იცის, არქიტექტორი რომ არა, მუსიკოსი გამოვიდოდა, მაგრამ შტატებში ემიგრირებულ „მშრომელ ბერძენთა“ ოჯახისთვის ეს ნამდვილი ფუფუნება იყო, ნებას არ დართავდნენ. მართალია, როგორც თავად ამბობს, მამის სურვილს მაინც გადაურჩა - მის კვალს გაჰყოლოდა, სკალპელით ხელში ეჩხიკინა ადამიანის ორგანოებში, მაგრამ... არჩევანი დროზე უნდა გაეკეთებინა. „არც არქიტექტურა გახარებიათ დიდად, მაგრამ უკეთესი არქიტექტორი გამოვედი, ვიდრე ექიმი ვიქნებოდი“, - მეუბნება საკუთარი არჩევანით კმაყოფილი.

ჯონ ფოტიადისმა 2009 წელს არქიტექტურული კომპანია JFA დააარსა. 20-წლიანი გამოცდილების მქონე არქიტექტორისთვის, რომელიც ნიუ იორკის სხვადასხვა არქიტექტურულ ფირმებსა და სტუდიოებში მუშაობდა, საკუთარი კომპანიის შექმნა იყო შესაძლებლობა, ბევრი ემოგზაურა, ახალი ხალხი გაეცნო და თავისი კვალი რუკის სხვადასხვა წერტილში დაეტოვებინა.

დღეს JFA თავისი ინტერნაციონალური გუნდით აქტიურად მუშაობს ნიუ იორკში, უკრაინაში, თურქეთსა და საქართველოში. იქნება ეს საცხოვრებელი, საოფისე თუ კომერციული ნაგებობები, ქალაქის ცენტრში განთავსებული ფეშენებელური შენობები თუ ზღვის პირას, პატარა ქალაქებში „ჩადგმული“ სახლები.

ზუსტად აღარც ახსოვს, ეს საქართველოში მისი მეშვიდე თუ უკვე მერვე ვიზიტია. გახშირებული სტუმრობები სილქ როუდ ჯგუფთან ერთად დაწყებულ ორ მნიშვნელოვან პროექტს უკავშირდება: ბათუმი და წინანდალი. ეს ის ადგილებია, სადაც სულ რამდენიმე წელიწადში JFA-მ თავისი კვალი უნდა დატოვოს - „სანამ პროექტზე დაიწყებ მუშაობას, ყველაზე მნიშვნელოვანია ზუსტად იცოდე, რას ითხოვენ შენგან. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შტატების გარეთ გიწევს მუშაობა. JFA არ არის დიდი ფირმა, მაგრამ აქ არიან: ბერძნები, თურქები, ეგვიპტელები, კორეელები, ინდოელები. ყველას განსხვავებული გამოცდილება აქვს. მომწონს სხვადასხვა გამოცდილება და ახალი კულტურების შესწავლა. მომწონს იმაზე ფიქრი, რომ ჩვენ ოდნავ უკეთ ვმუშაობთ, ვიდრე სხვები“.

ამბობს, რომ ბათუმი ტრანსფორმაციის პერიოდში იმყოფება, რაც მისთვის, როგორც არქიტექტორისთვის, ძალიან საინტერესოა. მოსწონს, რომ მუშაობს ადგილზე, რომელსაც დიდი ისტორია აქვს. სერიოზული სამუშაო აქვს ჩასატარებელი - ახალი ნავსადგური და 47-სართულიანი ტრამპ თაუერი ბათუმის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილები უნდა გახდეს. ტრამპის ორგანიზაციის პროექტებზე ადრეც უმუშავია - „როცა აშენებ შენობას, რომელზეც ტრამპის სახელია, ის უნდა აკმაყოფილებდეს მთელ მსოფლიოში აღიარებულ საერთაშორისო მოთხოვნებს. ეს ის ორგანიზაციაა, რომელსაც ესმის ბრენდის ძალა და მისი მნიშვნელობა. როგორც არქიტექტორი, შენ მათ დიზაინით და მასალით წარმოადგენ“.

JFA მუშაობს წინანდალშიც. აქ რადისონის სასტუმრო და 15-მეტრიანი მიწისქვეშა დერეფანი უნდა გაკეთდეს, რომელიც 100-კაციან სასტუმროს წინანდლის ღვინის ქარხანასთან დააკავშირებს - „ჩვენ ამას ვეპყრობით, როგორც არტეფაქტს. ეს ადგილი ხომ ნამდვილი

ეროვნული საგანძურია“. ძველი მარანი და სასტუმროს შენობა კარგად შეეწყობა ორიგინალურ არქიტექტურას. ეს იქნება ისტორიული ადგილი, შეზავებული რაღაც ძალიან ახლით, თანამედროვეთი.

საქართველო, თურქეთი, უკრაინა. რითია თქვენთვის საინტერესო ამ ქვეყნებში მუშაობა?

მიუხედავად თვალშისაცემი განსხვავებულობისა, სამივე ქვეყანას ბევრი აქვს საერთო - სამივე გარდამავალ პერიოდშია, სამივე წარსულიდან გამოსვლას და თვითიდენტიფიცირებას ცდილობს. ამიტომ არქიტექტურას ძალიან სერიოზულად უყურებენ და ბევრს ფიქრობენ იმაზე, თუ რისი თქმა სურთ მისი დახმარებით მსოფლიოსთვის. ეს არის სარკე, რომელიც აჩვენებს ვინ ხარ და რა გინდა. საქართველოც ამის მაგალითია. აქ ოპტიმიზმი და ენერგია იგრძნობა. შესანიშნავი დროა, რომ მსოფლიოს ამ ნაწილში იყო არქიტექტორი და ხალხს მათი ხედვის რეალიზებაში დაეხმარო.

0x01 graphic

წინანდლის სასტუმროს პროექტი

ჩვენ ვაშენებთ რაციონალურ შენობებს - ეს თქვენი ფირმის ერთ-ერთი სლოგანია. როგორი უნდა იყოს რაციონალური შენობა?

თუ შეხედავთ ფრენკ გერის არქიტექტურას, ძალიან საინტერესო და პოეტურ მომენტებს დაინახავთ. მაგრამ მე არ ვიცი როგორ იგება ასეთი შენობები. არქიტექტურასთან მთელი ჩემი ურთიერთობა გულისხმობს პრობლემების გადაჭრას, ფუნქციონალური გადაწყვეტილებების მიღებას ელეგანტურობით, მინიმალიზმით, სილამაზით. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ დიზაინს ასე ვაკეთებთ. ფუნქციონალურობას უნდა მოჰყვეს ფორმა. როდესაც შეხედავ შენობას, უნდა მიხვდე რა ხდება იქ, რისთვისაა აშენებული.

მოთხოვნებიც შეიცვალა. ის, რაც 10 წლის წინ ეგზოტიკური და უცნაური იყო, დღეს მოთხოვნადია. თუნდაც „მწვანე“ დიზაინი, რაც მდგრად განვითარებას გულისხმობს. ასეთი შენობების აგებით მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა იზრდება და იკლებს ხარჯი. ასე რომ, ფუნქციონალური ასპექტიც მოქმედებს. მეორე არის ის, რომ ადამიანების უმრავლესობა 24-საათიან რეჟიმში მუშაობს, უკვე სულ სხვა ტემპია: მუმბაის აქვს ურთიერთობა ნიუ იორკთან, ამ უკანასკნელს ლოს ანჯელესთან და ტოკიოსთან... ამიტომ მთავარ ურბანულ ცენტრებში ცხოვრების წესი შეიცვალა. ბინები გახდა ის ადგილები, სადაც ადამიანები ტანსაცმელს იხდიან, იძინებენ და მერე ისევ გარეთ გამოდიან, სამზარეულო კი ის სივრცეა, სადაც ათბობენ საჭმელს, რომელიც სადღაც იყიდეს... ოფისები მთელი 24 საათის განმავლობაში მუშაობენ... არ ვიცი, შეიძლება ექსტრემალურად ჟღერს, მაგრამ ეს ასეა, ეს ჩემი გამოცდილებაცაა“.

აი აქ, საუბარში ნიუ იორკი შემოდის. ნიუ იორკი და მუსიკა. ეს ის ორი რამაა, რაზეც საუბარი ჯონს ნამდვილად დიდხანს შეუძლია. ამბობს, რომ ნიუ იორკი ნონსტოპ რეჟიმშია და ყველაფერი საუკეთესო სწორედ აქ შეგიძლია იპოვო. მარტივია, ნიუ იორკი ხომ მსოფლიოს დედაქალაქია - „ცხოვრობდე ნიუ იორკში და გეძინოს, წარმოუდგენელია. როგორც კი დაწვები, ეგრევე ფიქრობ - ოო, მე ერთადერთი ვარ, ვისაც ახლა სძინავს. აი, გავიღვიძებ და შანსი ხელიდან იქნება გაშვებული. რა თქმა უნდა, პლუსებთან ერთად ბევრი მინუსიცაა - აქაურობა საშინლად გადაჭედილია და ყველაფერი ერთმანეთთან კონკურენციაშია. ხანდახან ისეთი ხმაურია, რომ გინდა სამყარო გაჩერდეს. ხუთწუთიანი შესვენება გჭირდება... სულ რაღაც 5 წუთი!“.

20 წელი მანჰეტენზე ცხოვრობდა, ახლა ადგილი შეიცვალა, მაგრამ ამას უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს - ჩვევა ჩვევაა, სადაც არ უნდა იყოს, მაინც ყურის საცობებით იძინებს. გიჟური ტემპისგან თავის დასაღწევად საკუთარი მეთოდები აქვს. ვარჯიში და ტრენაჟორები, რაზეც ბლოგიც კი დაწერა და... მუსიკა.

მუსიკოსი ფოტიადისის შესახებ

პირველად შევხვდი ადამიანს, რომელიც მეუბნება - არ შემიძლია მუსიკა ფონად მქონდეს და როცა რამეს ვაკეთებ, საიდანღაც, უკნიდან მესმოდესო.

„თუ მესმის, ვჩერდები და ვუსმენ, ვუსმენ მელოდიას, ბასებს... ამასობაში სულ მავიწყდება რას ვამბობდი და რაზე მეკითხებოდი. არ გამოვა ასე“. მუსიკა არის ის, რაც ყველაზე მეტად ეხმარება მაშინ, როდესაც დასვენება სჭირდება. ეს არის საერთაშორისო ენა, რომელსაც სრულიად განსხვავებული, სხვადასხვა ენაზე მოსაუბრე ადამიანების გაერთიანება შეუძლია. სახლში საკუთარი სტუდიაც აქვს, უკრავს გიტარაზე, ბასზე, დასარტყამ ინსტრუმენტზე და კლავიშზე. მღერის და კლუბებშიც გამოდის ხოლმე. მაგალითად, კიევში, სადაც ყოველთვის, როცა კი ჩასვლას გეგმავს, საჭირო მისამართზე აგზავნის მოკლე ტექსტს - „ჩამოვდივარ ამა და ამ დღეს“. და, როგორც წესი, პატარა კონცერტიც ლოკალურად, იქვე იგეგმება. ნიუ იორკშიც ბევრი მეგობარი მუსიკოსი ჰყავს და თვლის, რომ უმართლებს, როცა მათთან ერთად დაკვრის შესაძლებლობა ეძლევა. ამბობს, რომ მუსიკა და არქიტექტურა ერთმანეთთანაა კავშირში: „აი, წარმოიდგინე, აკეთებ დიზაინის სკეტჩს და ფიქრობ კონცეფციაზე, რაღაც არ გამოდის... შეგიძლია უცებ ფანქარი დადო, დაუკრა ფორტეპიანოზე ან გიტარაზე და სწორედ აქ იპოვო უცებ პასუხი, გასაღები“.

12-13 წლის იქნებოდა, როცა როკის და ბლუზის მოსმენა დაიწყო. მას შემდეგ, ეს მისი ცხოვრების ნაწილი გახდა. ცხოვრების ნაწილს უწოდებს საბერძნეთსაც, სადაც ყოველ ზაფხულს ჩადიოდა ბებია-ბაბუასთან. კარგად ახსოვს ათენის პატარა ქუჩები, სხვანაირი ატმოსფერო, სურნელები... და როდესაც გესაუბრება, გრძნობ, როგორ ამაყობს საკუთარი წარმომავლობით, ისტორიით, ფესვებით... მგონი ვბერდები, ამ ბოლო დროს სულ ისტორიას და ჰეროდოტეს ვკითხულობო.

* * *

უნდა, რომ თუნდაც ათი წლის შემდეგ მისი კომპანია გაიზარდოს და ხალხი JF-ს ხარისხით ცნობდეს. უნდა, რომ მათი შენობები მოდასთან და მოდურობასთან არასდროს ასოცირდებოდეს - დღეს ძალიან cool იყოს, ცოტა ხანში კი დაემსგავსოს ძველ ჟაკეტს, რომლის ტარებაც აღარ მოგინდება, რადგან უკვე მოძველებული იქნება.

არ აქვს მნიშვნელობა რას აკეთებ, უნდა გახსოვდეს, რომ შენობა ადამიანებისთვისაა. ამიტომ, დიზაინი მათთვის უნდა შექმნა და არა რომელიმე კრიტიკოსის ან შენი მეგობარი არქიტექტორის დასანახად.

„პრაგმატული და რეალისტი ვარ. ფულის გარეშე ვერაფერს გააკეთებ და ეს უნდა იცოდე. თუ არ გინდა, რომ შენი პროექტი ფურცელზე დარჩეს დახაზული - როგორც ეს თავადაც არაერთხელ დამმართნია - თავიდანვე ჭკვიანურად და ეკონომიურად უნდა იაზროვნო; ზუსტად უნდა გქონდეს განსაზღვრული შენი პროექტის ღირებულება, რადგან მილიარდით ყველას შეუძლია შენობის აგება, მინიმალური სახსრებით კი ეს ძალიან რთულია“.

0x01 graphic

30 ფოტოგრაფის ერთი ფოტო

▲ზევით დაბრუნება


კულტურა

დავით მესხი

0x01 graphic

ეს ფოტო 2011 წლის სექტემბერში გადავიღე, მწვანე კონცხზე. სახლში, სადაც 4 დღე გავატარე. ამ ფოტოპროექტისთვის ეს ფოტო დაუფიქრებლად შევარჩიე, ისე, რომ სხვებისთვის არც გადამიხედავს. ზუსტად ვიცოდი, რომ ამ ფოტოს ჩვენება მინდა და ახლა ძალიან მიჭირს იმის ახსნა, თუ რატომ არის ის ჩემთვის ასე მნიშვნელოვანი. მარტივად რომ ვთქვა, უსაზღვრო ბედნიერების გამო.

31 დიზაინის ყვავილობა მილანში

▲ზევით დაბრუნება


კულტურა

0x01 graphic

გაზაფხულის შემოსვლას მილანი ყოველწლიურად დიზაინის ზეიმით აღნიშნავს - ერთი კვირის განმავლობაში ქალაქი „დაპყრობილი“ აქვთ დიზაინერებს, არქიტექტორებს, საქმიანი კონტაქტების მაძიებლებსა და სააგენტოების წარმომადგენლებს. „დამპყრობლები“ არიან ყველგან: საგამოფენო პავილიონებში, მილანის ქუჩებში, მაღაზიებში და სანამ ამ ქაოსში ცდილობენ, რომ აღმოაჩინონ ახალი სახეები და არ გამოტოვონ აღიარებული ბრენდების მიერ შეთავაზებული სიახლეები, მილანი ჩვეული მედიდურობით, უკვე 51-ედ ახერხებს მათ გაოცებას.

დაახლოებით 150 ათას კვადრატულ მეტრზე მოწყობილი გამოფენა და 300 ათასამდე დამთვალიერებელი - ეს არის მილანის საერთაშორისო გამოფენის ოფიციალური სტატისტიკა. შთაბეჭდილება კიდევ უფრო მძაფრია. მარტო ინტერიერს ეძღვნება 24 პავილიონი, სადაც ყველა ცდილობს თავის საუკეთესოდ წარმოჩენას და ამ შეჯიბრით გაოცებულს, შეიძლება თავბრუც დაგეხვეს. ხოლო როცა ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ საგამოფენო სივრცის გარეთ, მთელ ქალაქში, უამრავი ორიგინალური ღონისძიება იმართება, ადვილად ხვდები - დიზაინის „ყვავილობის“ დროს მილანს არ სძინავს. არ გვძინავს ჩვენც. თუმცა თავის დამშვიდება მაინც გვიწევს, აქ ხომ ყველაფრის ნახვას მაინც ვერავინ და ვერასდროს ასწრებს.

0x01 graphic

Vitra, Cassina, Foscarini, Tom Dixon - ისინი ინტერიერის მოდას ქმნიან.

დაუვიწყარი შთაბეჭდილებაა Foscarini-ს მიერ წარმოდგენილი შოუ-ინსტალაცია. მისი Facebook-ის გვერდზე ვკითხულობთ: „პირველყოფილი ელემენტები და მოულოდნელი განათებები, დედამიწის გული და მზის ცხოველმყოფელი სხივები, ცისფერი ცა და კაშკაშა ვარსკვლავთა გალაკტიკა, რომლებიც ენერგიის ნაწილაკებად იქცევა - ეს არის Foscarini-ს სამყარო“. არა, ის ნამდვილად იმსახურებს პირველ რიგებში ყოფნას.

ბრერა, მილანის ერთ-ერთი უბანი, წვრილი ქუჩები, უამრავი დამთვალიერებელი და ძველი სასახლის შიდა ეზოში მოწყობილი გამოფენა... გამოფენას ბაღის ავეჯის კომპანია Roda აწყობს და იქიდან გამოსვლა, საეჭვოა, ვინმეს მოუნდეს. კომპანია Kartell-მა კი საზოგადოებას, არც მეტი, არც ნაკლები, მუსიკოს ლენი კრავიცთან და ფილიპ სტარკთან ერთობლივი მუშაობის შედეგად შექმნილი სავარძლები წარუდგინა.

Fiera Milano-ს ერთ-ერთი პავილიონი ახალგაზრდა დიზაინერებს ეძღვნება. Salone Satelitte-ის სტენდებს შორის კი წარმოდგენილია ქართული კომპანია Rooms.

22 აპრილი, მილანის ინტერიერის დიზაინის კვირეული დასასრულს უახლოვდება, შთაბეჭდილებებითა და კატალოგებით დატვირთულები საქართველოში გამოსაფრენად ვემზადებით. თითქოს ცოტა ნაწყენებიც ვართ, რადგან ყველაფერი დასრულდა, მაგრამ თან კმაყოფილებაც გვეტყობა - ამ ყველაფერს ხომ აუცილებლად ექნება გაგრძელება.

32 12 ფილმი

▲ზევით დაბრუნება


კულტურა|კინო

ნიკა ესებუა

2012 წელს თიბისი ბანკი 20 წლის გახდა. იუბილესთან დაკავშირებით კომპანიამ შექმნა პროექტების სერია, რომელიც ქართული კულტურის განვითარებას ემსახურება. პირველი მათგანი იყო კალენდარი - 12 თვე 12 შემოქმედებით წყვილზე გადანაწილდა. თითოეული წყვილი შედგებოდა მწერლისა და ფოტოგრაფისგან, რომლებმაც სხვადასხვა თვეზე ორიგინალური ნამუშევრები შექმნეს. პროექტში დათო ტურაშვილი, გურამ დოჩანაშვილი, აკა მორჩილაძე, ზურაბ ლეჟავა, იური მეჩითოვი, დიმა ჩიკვაიძე, გურამ წიბახაშვილი და კიდევ არაერთი ქართველი ხელოვანი ჩაერთო.

0x01 graphic

რეჟისორი მიშა კობახიძე

კალენდარს მოჰყვა კინოფილმის იდეა. თიბისი ბანკის ფილმი 12 სეგმენტისაგან შემდგარი ნამუშევარია, რომელიც წელიწადის 12 თვეზე მოგვითხრობს. მის შექმნაში მონაწილეობას მიიღებს 12 რეჟისორი, სცენარისტი, ოპერატორი, კომპოზიტორი და მხატვარი. ნინო ჟვანია, ანა ურუშაძე, ანა ციმინტია, გია დიასამიძე, სანდრო ჯანდიერი, გიორგი აბაშიშვილი, გაგა რაზმაძე, ზურა დემეტრაშვილი, დავით ქემხაძე, ლექსო ჩხაიძე, შოთა გუჯაბიძე და გრიგოლ აბაშიძე - ეს ის რეჟისორები არიან, რომელთა იდეებიც ჟიურიმ საუკეთესოდ ცნო. ჟიური კი ცნობილი ქართველი ხელოვანებით იყო დაკომპლექტებული: ოთარ იოსელიანი, მიშა კობახიძე, გია ყანჩელი, ალექსანდრე რეხვიაშვილი და თამარ ბართაია. სწორედ მათ შეარჩიეს 600-მდე პროექტიდან 12 საუკეთესო და გამარჯვებულებს პირველი სწორედ მათი მასტერკლასები ჩაუტარდათ. მიშა კობახიძემ და ალექსანდრე რეხვიაშვილმა გადასაღებ მოედანზე მუშაობასა და შემოქმედებით ჯგუფთან ურთიერთობაზე ისაუბრეს.

„ელდარ შენგელაია და რეზო გაბრიაძე „არაჩვეულებრივი გამოფენის“ სცენარზე ორი წელი, ყოველდღე მუშაობდნენ. დიდი ხნის შრომას, სცენარის სრულყოფა მოჰყვა. თუ ფილმი კარგი არ არის, მას ვერანაირი გენიალური მუსიკა ვერ იხსნის“, - გია ყანჩელმა გამარჯვებულებს სცენარზე მკაცრი მუშაობისაკენ მოუწოდა და ურჩია, რომ გადასაღებ მოედანზე, ამ სიტყვის კარგი გაგებით, დესპოტები იყვნენ.

მასტერკლასების შემდეგ გადაღებების პროცესი დაიწყო. გია დიასამიძემ თებერვლის სეგმენტი გადაიღო. „დოჩანას ვარსკვლავი”, ასე ჰქვია მოკლემეტრაჟიან ფილმს, რომლის მთავარი პერსონაჟი მოხუცი კაცია. ეს „ვარსკვლავების მეფის” ერთი დღის ამბავია - მისი ურთიერთობა შვილიშვილებთან, ვარსკვლავებთან და გურამ დოჩანაშვილთან.

„დოჩანას ვარსკვლავისგან” განსხვავებით, დავით ქემხაძის ფილმში „ფირნი” ახალგაზრდა პროტაგონისტები არიან. მარტის სეგმენტი თინეიჯერი გოგოსა და ბიჭის ურთიერთობაზეა, რომელიც სიტყვა ფირნის გარშემო ვითარდება და თუ რატომ ჰქვია ფილმს ასე, ამას დეკემბერში გაიგებთ. ისევე, როგორც 14 წლის გიოს თავგადასავალის ფინალს. გიო გრიგოლ აბაშიძის სურათის - „კარგი გაკვეთილი” - მთავარი პერსონაჟია. ის მიენდობა უცნობ ადამიანს, რომელიც ოცნების ასრულებას დაჰპირდება. რეჟისორი მაყურებელს უყვება გიოს ერთი დღის ისტორიას, სადაც მთავარ პერსონაჟს საინტერესო და დაბრკოლებებით სავსე თავგადასავალი გადახდება.

„ეს ნაწილია იმ დიდი პროექტისა, რომელიც დაიწყო კალენდრით და დღიურით და გაგრძელდა ფილმის გადაღებით. ეს პროექტი ახალგაზრდებისთვის, დამწყები რეჟისორებისთვის არის სტიმული, მათი იდეების რეალიზაციის შესაძლებლობა, პროფესიული განვითარებისა და სასწავლო პროცესის ხელშეწყობა. თიბისი ბანკი ინვესტიციას დებს იმ სფეროში, სადაც ყველა ერიდება ფულის დაბანდებას“, - განაცხადა პროექტის კოორდინატორმა და თბილისის კინოფესტივალის დირექტორმა ნინო ანჯაფარიძემ.

პროექტის ფარგლებში უცხოელი რეჟისორების ჩამოყვანა და მათი მასტერკლასებია დაგეგმილი. თიბისი ბანკის პროექტზე მუშაობა გრძელდება, ყოველთვიური გადაღებები და მასტერკლასები გაგრძელდება, მაყურებელი კი დასრულებულ ფილმს 17 დეკემბერს იხილავს.

33 LIFE/GUIDE

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

1. ზაფხულის ბლოკბასტერების სეზონს ჯოშ უიდოუს ფილმი „შურისმაძიებლები“ გახსნის. მარველის კომიქსების რჩეული პერსონაჟები- კაპიტანი ამერიკა, ჰალკი, რკინის კაცი და თორი ერთიანდებიან, რათა ლოკის დედამიწის განადგურებაში ხელი შეუშალონ. უიდოუს ფილმმა აშშ-ში კრიტიკოსების ძალიან მაღალი შეფასებები დაიმსახურა და უკვე მარველის კომიქსების ერთ-ერთ საუკეთესო ეკრანიზაციად ითვლება.

0x01 graphic

2. ყვითელს თამამად შეიძლება ვუწოდოთ სეზონის ერთ-ერთი ყველაზე მოდური ფერი. ეს არა მხოლოდ სამოსს ეხება - Pentax-მა გამოუშვა მხიარული ყვითელი ფერის „კომპაქტური“ ფოტო კამერა K01, რომელიც ორიგინალური, რეტროსტილისდიზაინითგამოირჩევა, თუმცა ამ ნიუანსს ტექნიკურ მონაცემებთან კავშირი არა აქვს K01-ს 16-მეგაპიქსელიანი გამოსახულების მიღება შეუძლია და სამდუიმიანი LCD მონიტორითაააღჭურვილი.

0x01 graphic

3. BBC- ის რეპორტიორმა ბენანდერსონმა ახლახან გამოსცა წიგნი No Worse Enemy: TheInside Storyofthe Chaotic Strugglefor Afghanistan, სადაც დეტალურად აღწერა ავღანეთის ომში გადახდენილი ამბები.

34 ახალი ღვინის ფესტივალი უკვე მესამედ

▲ზევით დაბრუნება


გურმანი|ღვინის კლუბი

მალხაზ ხარბედია

0x01 graphic

12 მაისს, შაბათს, თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ახალი ღვინის ფესტივალი 2012 გაიმართება. ამ დღესასწაულს ღვინის კლუბი უკვე მესამეჯერ მართავს და ნელ-ნელა ამკვიდრებს ტრადიციას, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ახალი ხილი იყო საქართველოში. მეღვინეობით განთქმულ თითქმის ყველა ქვეყანაში არსებობს ახალი ღვინის ფესტივალების ტრადიცია, მარტო Beaujolais Nouveau-ს ხსენება რად ღირს, დღესასწაულისა, რომელიც აუარება ტურისტს იზიდავს საფრანგეთის ერთ პატარა რეგიონში. ასეთი დღესასწაულები იმართება ესპანეთშიც, ასევე იტალიაში, პორტუგალიაში, აშშ-ში, ახალ ზელანდიაში და სხვ.

ჩვენი ფესტივალი ერთად-ერთი სივრცეა საქართველოში, სადაც ყველა სახეობისა და ტიპის ღვინის გასინჯვა შეგიძლიათ - მსხვილი ღვინის საწარმოებით დაწყებული - მცირე და ოჯახური მარნებით დამთავრებული, უცნობი თუ ნაცნობი ჯიშები.  კლუბში გუშინ დავასრულეთ ფესტივალში მონაწილე ოჯახური მარნების შერჩევა და გაირკვა, რომ 60 პრეტენდენტიდან მხოლოდ ნახევარი, 30-მდე ოჯახური მარანი მიიღებდა მონაწილეობას ფესტივალზე.

კახეთიდან, ქართლიდან, იმერეთიდან, გურიიდან, რაჭა-ლეჩხუმიდან და ქართული მეღვინეობის სხვა რეგიონებიდან სპეციალურად ფესტივალისთვის ჩამოტანილი ღვინოები იმედია ბევრს დაამახსოვრებს თავს. ზოგი მათგანი, როგორც გითხარით, კარგად ნაცნობი ჯიშებიდანაა დაყენებული - რქაწითელს, საფერავს, მწვანე კახურს, ციცქას, ცოლიკოურს და ჩინურს ბევრი იცნობს, თუმცა მათ გარდა სხვა ჯიშებიც გვექნება - ვარდისფერი რქაწითელი, შავკაპიტო, თავკვერი, ხიხვი, ქისი, კრახუნა, უსახელოური,ჩხავერი, ოცხანური საფერე, ალექსანდროული, მუჯურეთული,ოჯალეში, კუნძა, გრძელმტევანა, ჭუმუტა, ჩიტისკვერცხა და სხვ.

ღვინის კომპანიები ისეთ ღვინოებს წარმოადგენენ ფესტივალზე, რომელიც ჯერ არავის გაუსინჯავს. „ახალი ღვინის ფესტივალის“ არსი სწორედ ამაში მდგომარეობს, პირველებმა გავსინჯოთ ახალგაზრდა ღვინო და პირველი დასკვნები გავაკეთოთ გასული წლის მოსავლის შესახებ.

გასასინჯი კი ძალიან ბევრი იქნება, ასეულობით ღვინო. სწორედ ამიტომ, ჩემი მეგობრული რჩევა იქნება ერთ კონკრეტულ ღვინოს კი ნუ დაეწაფებით ფესტივალზე, არამედ შეეცადეთ რაც შეიძლება მეტი გასინჯოთ. ფესტივალზე შესაძლებელი იქნება სპეციალური სადეგუსტაციო ჭიქების შეძენა, რომელიც პატარა, ყელსაკიდიან ჩანთაში იქნება მოთავსებული. ეს ჭიქა საშუალებას მოგცემთ ბოლომდე შეიგრძნოთ ღვინის მთელი სიკეთე, დატკბეთ ღვინის გარეგნობით, სურნელით, გემოთი და ამ გემოს ხანგრძლივობით. დაასხმევინეთ ცოტ-ცოტა და ეცადეთ კარგად დაიმახსოვროთ ის ღვინოები, რომლებიც მოგეწონებათ, დაიმახსოვრეთ სურნელები, გემოები, განცდები, ჩაინიშნეთ სოფლის სახელები, ვენახის სახელწოდებები, დაიმახსოვრეთ ჯიშები, მეღვინეების სახელები და გვარები. გასინჯვისას შეიძლება შეთვრეთ კიდევაც, მაგრამ ეს ნუ შეგაშინებთ, არაფერი სჯობს შთაბეჭდილებებით, მრავალფეროვნებით თრობას, მთვარია ერთი რომელიმე ღვინით მთვრალი არ წახვიდეთ  ფესტივალიდან, ჯობია მრავალი სხვადასხვა ღვინიდან მიღებული სიამოვნებით სავსენი დაბრუნდეთ სახლში.

არ დაგავიწყდეთ, „ახალი ღვინის ფესტივალს“ ერთი საოცარი თვისება აქვს. მას შეუძლია რადიკალურად შეცვალოს ადამიანის ცხოვრება უკეთესობისკენ. ასე მაგალითად, ზოგიერთი სტუმარი, რომელიც 2010 წელს ფესტივალის რიგითი დამთვალიერებელი იყო, 2011-ში უკვე ოჯახური მარნის სტატუსით წარსდგა, 2012-ში კი  ბოთლში ჩამოსხმულიც გამოიტანა ბაზარზე თავისი ღვინო. სხვებმა ჩხავერი, ხიხვი, საკმიელა ან განახარული გასინჯეს პირველად და გადაწყვიტეს თავიანთ მშობლიურ სოფლებში  გაეშენებინათ ეს ჯიშები...

ბევრი სხვა სიკეთეც ახლავს თან „ახალი ღვინის ფესტივალს“, გულთბილი გარემო, თავისუფალი, ლაღი ადამიანები, და იმის გაცნობიერების შესაძლებლობა, რომ არაფერი ისე არ აერთიანებს ჩვენში ადამიანებს, როგორც კარგი ღვინო. უკანასკნელი სამი წლის მანძილზე სულ უფრო ბევრი ადამიანი რწმუნდება ამაში. შეგიძლიათ წელსაც დარწმუნდეთ!

35 სპაგეტი De La Casa

▲ზევით დაბრუნება


გურმანი

0x01 graphic

შეფ-მზარეული:
გიორგი რაუში

ფალიაშვილის 14
LocaLino

2 ულუფა

მასალა:

ნახევარი შეკვრა სპაგეტი

100 გრ. ქამა სოკო

100 გრ. ლორი

150 გრ. რძე

მარილი

პილპილი
ჯამში: 10 ლარი

მომზადების წესი:

მოხარშეთ ნახევარი შეკვრა სპაგეტი და დაწურეთ.

ტაფაზე მოათავსეთ 100გრ. ქამასოკო, 100 გრ ლორი, დაასხით150 გრ. რძე, მოაყარეთ მარილი, პილპილი და წამოადუღეთ.

როდესაც მასა დუღილს დაიწყებს, დაუმატეთ მოხარშული და დაწურული მაკარონი, გადაურიეთ და მზად არის.

0x01 graphic