![]() |
ცხელი შოკოლადი №14 |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: შავერდაშვილი შორენა, გვახარია გიორგი, ნავერიანი სანდრო, ბაბუაძე თამარ, კიკალეიშვილი სალომე, კორძაია-სამადაშვილი ანა, მახარაძე ირაკლი, ტურაშვილი დათო |
თემატური კატალოგი ცხელი შოკოლადი |
თარიღი: 2006 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: მარტი რედაქტორი: შორენა შავერდაშვილი არტ რედაქტორი: ლიზა ასათიანი ფოტო: დავით მესხი, ლევან ხერხეულიძე, ნიკო ტარიელაშვილი სტილისტი: გაგა ლომიძე ილუსტრაცია: მაია სუმბაძე/გიორგი მარი დიზაინი: დავით თეთრაძე, მიხეილ დგებუაძე, თორნიკე ლორთქიფანიძე რეკლამების მენეჯერი: ნატა ფედოსეევა დისტრიბუცია: ნიკა ანთიძე ნომერზე მუშაობდნენ: ანა კორძაია-სამადაშვილი თამარ ბაბუაძე სალომე კიკალეიშვილი გიორგი გვახარია სანდრო კაკულია დათო ტურაშვილი აკა მორჩილაძე დავით გურგენიძე სანდრო ნავერიანი გამომცემელი შპს „ემ ფაბლიშინგი“ მისამართი: თბილისი 0105, ფალიაშვილის ქ. 108 ტელ./ფაქსი: 23 37 31 ელ-ფოსტა: mpublishing@caucasus.net © „M Publishing“ საავტორო უფლებები დაცულია. ჟურნალში გამოქვეყნებული მასალების ნაწილობრივი ან მთლიანი გამოყენება აკრძალულია. რეკლამის განთავსება შპს „მსა თბილისი“ მისამართი: ფალიაშვილის ქ. 108 ტელ./ფაქსი: 23 37 31 ელ-ფოსტა: msa@msa.ge სტამბა შპს „სეზანი“ მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზ. 140 ტელ.: 35 70 02 ელ-ფოსტა: lika@cezanne-web.com |
![]() |
1 რედაქტორისგან |
▲ზევით დაბრუნება |
ვიდრე ამერიკას გზააბნეული კოლუმბი მიადგებოდა და ეს კონტინენტი სულ რაღაც 200 წელიწადში მსოფლიოს ჰეგემონად იქცეოდა, იქ ჰარმონიულად ცხოვრობდა მშვიდობის მოყვარე, ბუნებასთან შეხმატკბილებული ხალხი. მათ კარგად იცოდნენ მიწისა და ცის ფასი, ცხოველებისა და ფრინველების ენა და აბა როგორ წარმოიდგენდნენ, რომ მათ კონტინენტზე გადმოსახლებულები მიწებს წაართმევდნენ, რეზერვაციებში გამოამწყვდევდნენ და თითქმის სულ გაჟლეტდნენ. ამ ხალხს „ინდიელებად“ იცნობენ და ეს ისევე პარადოქსულია, როგორც მათი ცხოვრება.
თამარ ბაბუაძე მინესოტას შტატის ქალაქ ბემიჯის ესტუმრა. ამ 12,000-იან ქალაქს სამი რეზერვაცია აკრავს, მათ შორის ლიჩის ტბის რეზერვაცია, სადაც ოჯიბვეს ტომის ინდიელები ცხოვრობენ. ოჯიბველია თამარის მეგობარი კრისი - ჩვენი მასპინძელი და გიდი. კრისის მეგზურობის წყალობით შევძელით რეზერვაციის მონახულება, სადაც ნამდვილად არ უყვართ ჟურნალისტები - ისინი ხომ უფრო ამძაფრებენ იმ სტერეოტიპებს, რამლებიც ჰოლივუდისა და „ველური დასავლეთის“ შესახებ არსებული ლიტერატურის წყალობით, უკვე კარგა ხანია მთელს მსოფლიოში დამკვიდრდა. ამიტომ, ჩვენ ძალიან შევეცადეთ ჟურნალისტებზე მეტად ანთროპოლოგები ვყოფილიყავით და თქვენთვის მოგვეთხრო ამბავი ისე, როგორც ამას თავად „ინდიელი ამერიკელები“ ჰყვებიან.
ამ მოგზაურობიდან „ბაბუს“ დღემდე უცნაური სევდა მოჰყვება - „ინდიელთა სევდა“ - წართმეული მიწების, დაკარგული კულტურისა და თავისუფლების სევდა. „ცხელი შოკოლადის“ ამ ნომრის სპეც-პროექტის - „პირველი ამერიკელების“ - კითხვისას ამ განწყობით ალბათ თქვენც მოინუსხებით.
რაც შეეხება ამ ნომრის სხვა „ღირსშესანიშნავ“ ამბებს: გიორგი გვახარია, თავის „ცრემლიანი სათვალით“ „ცხელი შოკოლადის“ ბევრი მკითხველისათვის საყვარელ ავტორად იქცა. მათთვის, და არა მხოლოდ მათთვის, ამ ნომერში გთავაზობთ 56-ე „ბერლინალეს“ ცხელ-ცხელ მიმოხილვას, რომელიც ისეთი მრავალმხრივი და უნიკალურია (არა მხოლოდ კინოს მოყვარულთათვის), რომ პირობას გაძლევთ, მსგავსს ვერსად გადააწყდებით.
ამ ნომრის აღმოჩენაა დიზაინერი დემნა გვასალია, ანტვერპენის სამეფო სამხატვრო აკადემიის სტუდენტი. დემნას მოდელებისა და ჩანახატების პატარა კატალოგს ამ ზაფხულს გადავეყარე და მას მერე, ველოდით მის სტუმრობას თბილისში. ჩვენი პროგნოზით, დემნა სულ მალე მსოფლიო მოდის სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე ორიგინალურ და პოპულარულ სახედ იქცევა. ეს ჩვენი პირველი პროგნოზია. ვნახოთ, გვეხერხება თუ არა ეს საქმე.
ანა კორძაია-სამადაშვილი და ნიკო ტარიელაშვილი წარმოგიდგენთ სპეც-პროექტს „ნეტარ არიან თბილისელი მორწმუნენი“. ამ სპეც-პროექტის გმირები საქართველოში წარმოდგენილი 7 ტრადიციული რელიგიის მიმდევრები არიან. ამ მრავალფეროვნების გარეშე, ხომ ძალიან მწირი იქნებოდა ჩვენი რეალობა.
დაბოლოს, მინდა გაცნობოთ, რომ „თითქმის“ დასრულდა ჩვენს ვებ-გვერდზე (www.shokoladi.ge) მუშაობა. ასე რომ, შეგიძლიათ ვირტუალურ სამყაროშიც მოგვინახულოთ და გაგვიზიაროთ თქვენი შენიშვნები და კომენტარები. მოგვწერეთ, კიდევ რისი ხილვა გსურთ shokoladi.ge-ზე და ჩვენ თქვენს აზრს აუცილებლად გავითვალისწინებთ.
დროებით!
შორენა შავერდაშვილი
![]() |
2 ჩვენი ავტორები |
▲ზევით დაბრუნება |
გიორგი გვახარია
მართლაც მაგარი გამოგონებაა ეს Microsoft Word!
„შოკოლადისთვის“ მორიგ „სათვალეს“ როცა ვკრეფ, ყოველი აბზაცის შემდეგ „Word count“-ში შევდივარ, რათა არ გავცდე 19 000 ნიშანს და სიზუსტის მოყვარული ავტორის იმიჯი არ დამენგრეს.
რამდენი ხანია ასე ვბეჭდავ და პირველად მხოლოდ ახლა მივხვდი, რომ ეს სანუკვარი, 19 000 ნიშნიანი ტექსტი შემიძლია ეიზენშტეინივით დავყო, დავანაწევრო და გავიგო, ტექსტის რომელ ნაწილში აღმოჩნდა ღვთაებრივი პროპორცია, „ოქროს კვეთი“. თუკი ყველანაირ შემოქმედებას საფუძვლად უდევს ტრავმატული სიტუაცია, რომლის „დამალვასაც“ ავტორი ტექსტში ცდილობს (მგონი ლაკანმა თქვა ეს სიბრძნე), ან უფრო მარტივად რომ ვთქვათ, თუკი „სათვალის“ გაუთავებელი წერა მხოლოდ და მხოლოდ სუბლიმაციის ამბავია, ამ ტექსტშიც იქნება რაღაც „დამალული“, რომელიც თქვენი მონა-მორჩილის გაშიფვრაში დაგეხმარებათ.
თქვენი რომ ვიყო, აუცილებლად გავიხსენებდი მათემატიკას და დავინტერესდებოდი ამ დამალული ტექსტით. განა „პატარა დაანგარიშება“ არა სჯობს 19 000 ნიშნიანი სტატიის კითხვას, სადაც ავტორი ყველაფერს ბოლომდე არ ამბობს, ხანდახან სიტყვა ბანზე გადააქვს, ხანდახან კი მაგარი მაჩოს თამაშს იწყებს?
ცხადია, ჩემს კომპიუტერში ვერ შემოძვრებით და ვერანაირად ვერ გაყოფთ 19 000-ს 1.61803398875...-ზე. არც იმის მჯერა, რომ ისე გაინტერესებთ, რა დავმალე ამ ტექსტში, რომ მზად ხართ თქვენს Microsoft Word-ში აკრიფოთ ეს წერილი და მერე დაიწყოთ გაყოფა.
ამდენს როგორ გაკადრებთ!
მაგრამ ხომ შეგიძლიათ უხეშად დაყოთ ეს ყველაფერი პროპორციაზე ორი - სამთან, აღნიშნოთ „ოქროს კვეთი“ და გაარკვიოთ, რის დამალვას ცდილობს ეს გვახარია მისი ცხოვრების ყველაზე მტკივნეული პერიოდის მოგონებაში.
მეც ვნახავ ახლა. მაინტერესებს, რა წამომცდა ტექსტის იმ მონაკვეთში.
სანდრო ნავერიანი
P.S. ახალი ავტორი ვარ. შესაბამისად, ყველაფერი ახალია, თავის ფოტოიან-სვეტიანად.
მართლა თუ გაინტერესებთ ჩემი ამბავი, ალბათ, პირველ რიგში იმას მკითხავთ, თუ როგორი საძაგელი ბავშვობა მქონდა, მშობლები რას აკეთებენ და ათასგვარ დავიდ კოპერფილდისებურ აბდაუბდას, მაგრამ სულ არ მეპიტნავება ამეების გახსენება, ჯერ ერთი იმიტომ, რომ ცუდად გაგვხდის მეც და თქვენც და მეორე - ვისი რა საქმეა, რას აკეთებენ ჩემი მშობლები.
ოჰო, რა წავუსელინჯერე!
ყველაფერი ასე დაიწყო: ბაბუ (ჩემს მარჯვნივ ან მარცხნივ რომ არის, აი ის) მოვიდა და მითხრა: „ცხელი შოკოლადიო“, კონკურსიო, მწერლობაო, მიდიო, ტვინიო და რამე. კარგია-მეთქი. იმავე საღამოს დედაჩემმა (დეე, მიყვარხარ!) ზუსტად იგივე მითხრა. აბა რა-მეთქი და მერე:
ცხრა ნოემბრის გათენებული ღამე და შედეგი: ჩემი ფოტო (რომელშიც ჟირაფივით კისერი მაქვს) წარწერით „სანდრო ნავერიანი“. და მერე: თვენახევრიანი ლოდინი და 26 დეკემბრის საღამო: ანა კორძაია-სამადაშვილი და სანდრო კაკულია საზეიმო ვითარებაში, საზეიმო ხმით და სახეებით აცხადებენ გამარჯვებულს, რომელიც მე ვიყავი. კარგი იყო, უსინდისო ვიყო, მართლა მაგარი იყო.
ცოტა რამ ჩემზე: ყველაფერს გავიღებდი იმისთვის, რომ ცხოვრებაში ერთხელ მაინც თავისუფალ ადამიანს შევხვდე. სამი ცალი ოცნება მაქვს. პირველი: ადანაიას (ჩემი მეგობარია) ბაბუასავით მეც ჩავსრიალდე თხილამურებით ფუნიკულიორიდან ბაკურიანში. მეორე: ხუროს (ჩემი მეგობარია) ბაბუასავით ცოტა ხანს ყვირილაზე მეც ვიყო „პირატი“. და მესამე: ყოველღამე ამნეზია მემართებოდეს, რომ აღარასოდეს დავლიო ტკბილი მოგონებების სადღეგრძელო.
ორი დღე, სიგარეტს თავი დავანებე. რო ამბობენ, სიგარეტს თავს თუ დაანებებ, გასუქდებიო - ტყუილია. ერთი დაბანა ვარ დარჩენილი და აწი ან სიგარეტის მოწევა უნდა დავიწყო ისევ, ან პრინციპით „პა პრაზნიკამ“ ვიბანაო.
სულ ესაა, მეტი არაფერი!
თამარ ბაბუაძე
რომ დამეწერა Financial Times-ისთვის, დავწერდი სხვანაირად. Wall Street Journal-ისთვისაც სხვანაირად დავწერდი და ყველა სხვა დანარჩენისთვის... - ვფიქრობ ახლა ამ ვიღაცისთვის ამბიციურ ფიქრებს, და მე კი სევდა მეძალება. ეტყობა, პირველი ამერიკელებისგან გადმომედო და ვეღარასდროს მოვიშორებ.
და ალბათ ამ სევდის ბრალია, რომ მათზე ზუსტად ისე დავწერდი, როგორც თქვენთვის დავწერე და მხოლოდ იქ დავწერდი, სადაც ჩემს და ჩემი ძველი ამერიკელების განცდებს გაუგებდნენ; მხოლოდ მათთვის, ვინც პარალელებს გაავლებდა, სურათს განაზოგადებდა, მსოფლიოს დღევანდელ წყობას თვალს გადაავლებდა და რაღაცეებზე (და ძალიან მნიშვნელოვან რაღაცეებზე) წამით მაინც ჩაფიქრდებოდა.
სტერეოტიპები დავანგრიოთო - იყო თხოვნა, რითაც რეზერვაციების თითოეული მცხოვრები გვხვდებოდა. როგორ მოვახერხეთ ეს მე და ფოტოგრაფმა ალექსანდრე კვატაშიძემ, არ ვიცი. სამაგიეროდ ვეცადეთ, ჩვენი სათქმელი ვთქვით და ახლა შედეგს დაველოდებით.
ART-ი
ავტორი: სალომე კიკალეიშვილი
ფოტო: ნიკო ტარიელაშვილი
ბალიშების PARTY
კინოთეატრი „რუსთაველი“.
12 თებერვალი. 14:00 - 22:00.
რაც მართალია, მართალია და ეს ორიგინალური სახელი, მე არ მომიფიქრებია! გამოსვლისას, კარებში გავიგე ვიღაცის აღფრთოვანებული წამოძახილი - ვაა, ბალიშების party... რა მაგარიააა...
ისე ყველაფერი მართლა ასე იყო, და თუ იმ დღეს სხვა მიზეზით, მაგალითად ბილეთის საყიდლად ან გემრიელი ყავის დასალევად შეაბიჯებდით კინოთეატრის ფოიეში, მაშინ ბალიშების ერთდღიან, მაგრამ ნამდვილ party-ზე ამოჰყოფდით თავს.
„რუსთაველის“ ფოიეს შუაგულში, ამაღლებულ ადგილას და აქა-იქ, გრძელ სკამებზე ფენა-ფენად „მიმოყრილი“ ათასნაირი ბალიში... ბატიკის, თექის, აპლიკაციური თუ ნაქსოვი... ზოგი კონსერვატიულად, სადად „ჩაცმული“, ზოგი თინეიჯერულად აჭრელებული და ზოგიც სექსუალური, კოკეტი ქალივით მორთულ-მოკაზმული... ამ ხელნაკეთი ბალიშების გამოფენის ორგანიზატორი ხელოვნების ნამუშევრების სალონი „DANO“-ა, რომელმაც 25 მონაწილის გაკეთებული დეკორატიული ბალიშების და მუთაქების გამოფენა-გაყიდვა გამართა. მთავარია, არ დაგნანებოდათ საგანგებოდ გამოწყობილ ბალიშებში 40-დან 150 ლარამდე გადახდა, და რომელიმე მათგანი სამუდამოდ დაიდებდა ბინას თქვენს სახლში.
მოკლედ, იმ დღეს სანახავი მართლა ბევრი იყო; მთელი დღის მანძილზე, რიგ-რიგად ჩამწკრივებულ დამთვალიერებელს ექსტრემალურ პირობებში უხდებოდა ბალიშების დეტალურად შესწავლა და მათი გემრიელად მოჯმუჯვნა, ამ უკანასკნელთ კი... ამ ყველაფრის ღირსეულად ატანა!
OPERA ოპერასთან
ინტერიერის დიზანი „ოპერა“.
9 თებერვალი. 19 : 00.
Cassina - მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ავეჯის იტალიური მარკა.
Cappellini - წამყვანი იტალიური ავეჯის მარკა.
Ivano Redaelli - ინტერიერის აქსესუარების მარკა. 9 თებერვალს, რევაზ ლაღიძის ქუჩაზე, ოპერასთან, ახალი „opera“ გაიხსნა. ინტერიერის დიზაინის სახლი, რომელმაც საკმაოდ ვიწრო წრეში, საკუთარი სახლის მოკრძალებული პრეზენტაცია მოაწყო. ახლად გახსნილი „opera“-ს დიზაინს კი, ისეთი ბრენდების შოუ რუმები ამშვენებდა, როგორიცაა მსოფლიოს წამყვანი ინტერიერის და ავეჯის დიზაინის ფირმები Cassina, Cappellini და Ivano Redaelli.
Cassina - ეს იყო შავ-წითელ ფერებში გადაწყვეტილი, მკაცრი ფორმებით შექმნილი სასტუმრო ოთახის დახვეწილი, დიდებული დიზაინი...
Cappellini - მსუბუქი ფერები და მყუდრო გარემო...
Ivano Redaelli - უნაზესი ფერთა გამით შექმნილი ნატის, ნაქსოვი ანდა სულაც ლამას ბეწვით შექმნილი აქსესუარები: თეთრეული თუ საწოლი ოთახის აქსესუარები...
ფუფუნების და კომფორტის ამ „სახლს“, განსაკუთრებულ ელფერს სძენდა სტუმართათვის მორთმეული თეთრი ღვინო, ობიანი ფრანგული ყველი და ყურძნის მაცდური მარცვლები...
გილოცავთ,
დღეს ვალენტინობაააა...
კლუბი „ნოა-ნოა“.
14 თებერვალი. 22 : 00.
როცა ვალენტინობისას, მსოფლიოს სატელევიზიო არხები, მთელი დღის მანძილზე გადმოსცემდნენ, თუ სად და როდის გაიყიდა ყველაზე მეტი საჩუქარი, და ბოლოს და ბოლოს, რომელ ქვეყანას ეკუთვნის კოცნის რეკორდის მოხსნა, თბილისში, „ნოა-ნოა“-შიც მიდიოდა დღესასწაულისთვის მზადება. ყველა მაგიდას ხომ საკუთარი, ინდივიდუალური გულის ფორმის გასაბერი ბუშტები უნდა ჰქონოდა... თითოეულ ნამცხვარში სათითაოდ უნდა ჩაედოთ სიურპრიზებით, სურვილებით და წინასწარმეტყველებებით სავსე მესიჯები... რადგან, ვალენტინობის შესანიშნავ საღამოზე მოსულ თითოეულ სტუმარს, თავი ყველაზე, ყველაზე ბედნიერ და განსაკუთრებულ ადამიანად ეგრძნო.
სტუდია „გრიმ-მასკას“ მიერ მორთულ დარბაზში მოფარფატე ამურები ცეკვავდენენ, რომლებიც ან ზედ დაგახატავდნენ სიყვარულის მარადიულ სიმბოლოს ან პირდაპირ დაგიდგებოდნენ და - აი, ასე ჰქენიო... და ნაზად კოცნიდნენ ერთმანეთს. იქედან გამომდინარე, რომ ამ მშვენიერ დღესასწაულზე არც არავინ იყო მარტო, ამურების თხოვნა - აი, ასეო... არავის გასჭირვებია.
ნაცნობი მელოდიები სიყვარულზე...
ნაზად მოფარფატე ამურები...
ძალიან მაგარი მესიჯები ნამცხვრებში...
გილოცავთ, დღეს ხომ ვალენტინობაა...
„ესმა“
თი-ბი-სი ბანკის საგამოფენო დარბაზი
9 თებერვალი. 18 : 00.
„ახლა, ჩემს ფერწერასთან დაკავშირებით ერთი მომენტი მახსენდება, რომელსაც განუხრელად მიველტვი, მაგრამ გამომწვევ მიზეზზე არ დავფიქრებულვარ - ეს არის გამომსახველობის დიდ სიძლიერემდე მიყვანა, ისეთ სიძლიერემდე, რომ ის საჭიროებს უფრო და უფრო შორ მანძილს აღსაქმელად; დაშორებაში ისე მცირდება ფართობი-სივრცე (ჩემი არცთუ ისე მცირე ზომის ნამუშევრების), რომ თვალის ერთი მოვლებით აღიქმება. თუმც, ჩვეულებრივ, სურათი ზედმეტად დაშორებისას კარგავს თავის ფერულ გამომსახველობით აზრს და თუ არის კონკრეტულ-ხაზობრივი გადაწყვეტა, მისი შინაარსობრივი ლოგიკაც იშლება, - ჩემი სურათები იმ ზედმეტი სიშორიდან ჩანან, როგორც რეალობის ინტენსიური ნაგლეჯები.“
ესმა ონიანი. ნაწყვეტი ესსედან.
მისმა მეწამული ფერის რეალობის ნაგლეჯებმა, ამჯერად ბანკის საგამოფენო დარბაზის კედლებზე დაიდეს ბინა - „დედა ცხვირსახოცით“, „დედა კრეპდეშინის კაბაში“, „ბებია და ბაბუა“ თუ ანა აბაშიძის პორტრეტი. მეგობრები, ახლობლები, ოჯახის წევრები, მოგონებები - ყველაფერი გაყინული, დროში შეჩერებული და შემდეგ მეწამული ფერებით გაცოცხლებული, ძლიერი მანერით შესრულებული. ეს - მხატვრის და პოეტის, ესმა ონიანის გარდაცვალების შვიდი წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენაა - „ესმა ონიანის სამყარო“. ხოლო სანამ, საგამოფენო დარბაზის კარს შეაღებდით და ესმას სამყაროში შეეცდებოდით შეხედვას, მანამდე შესასვლელში ძველი მოლბერტი დაგხვდებოდათ, ზედ დაყრილი ნახმარი საღებავებით, ფუნჯებით და გამხმარი მცენარეებით... გეგონებოდა, აქვეა სადღაც გასული... ჰა და ჰა, ახლა შემოვაო.
გეიშას დღიურები და ბოდისუში ქართველებისთვის
კინოთეატრი „ამირანი“. ჯი ემ სი ჯგუფი.
9 თებერვალი. 18 : 00.
როდესაც ამერიკის კინოაკადემიამ „ოსკარების“ ნომინანტთა სია გამოაცხადა, რეჟისორმა და ქორეოგრაფმა ბობ მარშალმა სიამაყით ამოიხვნეშა და გაიფიქრა - „ჩიკაგოში“ მიღებული „ოსკარები“ მააქვს? მაქვს. ახლა, „გეიშას დღიურშიც“ ხომ მივიღებ ხუთი ნომინაციიდან ერთი-ორს და მაგარი კაციც ვიქნებიოოო.
თუ ჩვენი მკითხველი ბრძანდებით და კინო ანონსებსაც კითხულობთ, მაშინ გეცოდინებათ, რომ ამ ფილმზე ჰოლივუდის წამყვანი ხალხი მუშაობდა, მათ შორის პროდიუსერის ამპლუაში სთივენ სპილბერგი, და საერთოდ... საყვარელი და ეგზოტიკური აღმოსავლეთი კიდევ ერთხელ აჟღერდა ჰოლივუდურად.
ამ თვის ყველაზე მნიშვნელოვანი კინოჩვენება კინოთეატრ „ამირანში“, ყველაზე უჩვეულოდ დაიწყო. შიშველი ქალით, ზედ დაწყობილი უგემრიელესი სუშით და საკეთი. კინოთეატრის აღმოსავლურ სტილში მოწყობილ ფოიეში, ჯი.ემ.სი. ჯგუფი და მისი პირველი იაპონური რესტორანი „ტოკიო“, კინომოყვარულებს სუშით და პერფორმანსით - ბოდისუში გაუმასპინძლდა. ეს ერთ-ერთი უძველესი იაპონური რიტუალია, რომლის დროსაც გეიშას სხეულზე, ბამბუკის ფოთლებით შენიღბული სუში თავსდება. აქაც ყველაფერი ასე იყო.
როგორც გავიგე, ანუკა მურვანიძემ და მისმა „გრიმ-მასკ“ სტუდიამ ჯერ საკეთი გაჭყიპა საწყალი ქართველი „გეიშა“, რომ ეს უკანასკნელი გაყინულ ფოიეში მართლა არ გაყინული, მერე ლამაზად მიმოხატა (ანუკას ეს ხომ ყველაზე კარგად ეხერხება) და ზედ სუშებიც დააწყო. თუმცა, მადა ჭამაში მოდისო და... ცოტა ხანში, ქართველი „გეიშას“ ტანზე მარტო ბემბუკის ფოთლებსღა თუ შენიშნავდით...
პიესების არაოფიციალური ბაზრობა სარდაფში
თეატრალური სარდაფი / რუსთაველი
25 - 28 იანვარი. 14 : 00.
ეს ყველაფერი ზუსტად იმ დღეს დაიწყო, როცა დილით გამოღვიძებულ, ქათქათა თოვლისგან გადაპენტილ საქართველოს დედაქალაქში აღარც სახლები, აღარც ქუჩები და აღარც ადამიანები ჩანდნენ. თუმცა, იმ დღეების გაძნელებულ სატრანსპორტო ცხოვრებას, მაინც არ შეუშლია ხელი მათთვის, ვინც ერთგულად, ოთხი დღის მანძილზე დადიოდა თეატრალურ სარდაფში და საქართველოში პირველად ჩატარებულ „თანამედროვე ქართული პიესების კითხვას“ ესწრებოდა. ისმენდა საინტერესო თუ უინტერესო პიესებს და კითხვის შემდეგ, ლაშა ბუღაძესთან ერთად გამართულ დისკუსიებზე სიტყვითაც გამოდიოდა.
ბასა ჯანიკაშვილის „მეტრო“ (სწორედ იმ დღეს, ბასას პიესების კრებულის „სანამ ერთმანეთს გავიცნობდით“ პრეზენტაცია გაიმართა), ნინო ბასილიას „საიმედობის თეორია“, თამარ ბართაიას „დაგვიანებული დღიური“, სანდრო კაკულიას „სეანსი“, გიო მგელაძის „გაიღიმეთ, ჩიტი გამოფრინდება...“, ზაზა ბურჭულაძის „დედა“ და ლაშა ბუღაძის „ვიდრე მთავარ გმირს ეძინა“ - წარმოდგენილი პიესები არც თეატრალურ სივრცეში დადგმულა და არც უკვე კარგად მივიწყებულ ცნება - რადიო დადგმად არსებობს. სწორედ ამიტომაც გაიმართა ეს შეხვედრები, რომელიც საშუალებას მისცემდა რეჟისორებს, უშუალოდ გაცნობოდნენ თანამედროვე ქართულ დრამატურგიას. ამ ბოლო დროს ხომ შექსპირის და დასავლეთის დრამატურგების გარდა, სხვა არაფერი იდგმებაო - გაიჟღერა განაწყენებულად.
სანდრო კაკულიას „სეანსი“ გერმანულ ექსპრესიონისტულ ფილმს „ექიმი კალიგარის კაბინეტი“ გაგახსენებდა, რომლის ისტორია ბოლოში მაყურებლისთვის ისევე უცნაურად ტრიალდება, როგორც კაკულიას პიესა; ბასა ჯანიკაშვილის „მეტრო“ - საინტერესო ამბავი, რომლის სამი გმირი, სამი მოქმედების დროს, სამჯერ იცვლის როლს... თუმცა, შედეგი თუ ბედისწერა - ყველგან ერთია; ზაზა ბურჭულაძის შავი იუმორი და „დედა“ კინო-ჩანახატს, თუ სინოფსისს უფრო ჰგავდა.
საინტერესო და ძალიან დინამიური იყო გიო მგელაძის და ლაშა ბუღაძის პიესები. მგელაძის პიესა „გაიღიმეთ, ჩიტი გამოფრინდება...“ მხიარული, თითქოსდა ზედაპირული, ვიღაცისთვის ძალიან უწმაწური, მაგრამ ამ დროს საოცრად სევდიანი და მრავლისმთქმელი იყო. ეს ხომ ერთი სახლის, ერთი ქვეყნის თუ ერთი თაობის ამბავია, სადაც ნანკა „ოთხ თითზეა გახსნილი“; სადაც ლოვიკას უყვარს ქეთუთა და ქეთათო; ქეთათოს უყვარს ლოვიკა და ქეთუთა; ხოლო ქეთუთას უყვარს ლოვიკა და ქეთათო; ნარკომანი პრაკაზას საყვარელი ფრაზა - „ჩემი დედას შევეცი“ კი, მთელ პიესას მიყვება ლაიტმოტივად... მათ გარდა, აქ ძალიან ბევრი ადამიანია, მათი ისტორიები კალეიდოსკოპური სიჩქარით იცვლება, და შენც ასეთივე სისწრაფით მოგზაურობ მათთან ერთად სართულებზე. მაგრამ ასეთ თაობას, ასეთ სახლს თუ ასეთ ცხოვრებას არა აქვს მომავალი. ის განწირულია და ამიტომ, ნანკა სამ კაცთან „გაკეთებულ“ შვილს კი არა, ერთ დიდ წყლის ბუშტს აჩენს! მოგვიანებით, მამების მიერ მიწაში ჩამარხული ბუშტი კი ჰაერში აფრინდება, აფრინდება და... ზემოთ, ცაში გასკდება. იქიდან კი - „გაიღიმეთ, ჩიტი გამოფრინდება...“! თუ ავტორს და ამ შემთხვევაში, პიესის შესანიშნავ წარმდგენს გიო მგელაძეს დავუჯერებთ, აქ სულ სამი სექსია. ერთხელ ისეთი, კუბრიკთან რომაა „მექანიკურ ფორთოხალში“, მეორედ ისეთი „ერთხელ ამერიკაში“ რომაა, და მესამედ ბრანდო რომ... „უკანასკნელ ტანგოში“ შნაიდერს. მართალი გითხრათ, პირადად მე უფრო კინო დავინახე, ვიდრე თეატრალიზებული სანახაობა, სცენა... თუმცა გიოს თქმით, რომელიც თვლის, რომ საჭიროა მეტი ექსპერიმენტი სცენაზე, და უფრო მეტი რადიკალიზმი, ვინ იცის? რა გამოვა ამ საინტერესო პიესიდან და როგორი სპექტაკლი შეიძლება გაკეთდეს? ბუღაძის „ვიდრე მთავარ გმირს ეძინა“... არა, ისე ეს მარტო სათაური არ გეგონოთ, მართლა ასე იყო - ვიდრე მთავარ გმირს ეძინა, მთელი ამბავი სცენაზე მანამდე გათამაშდა. წარმოიდგინეთ, სექსის მერე; კაცს სძინავს, აბაზანაში შხაპის მისაღებად შესულ ქალს კი გაურკვეველი წარმოშობის მამაკაცი უვარდება სააბაზანოში, რომელიც ეჩხუბება, თუ რატომ არ იხმარეს პრეზერვატივი... რატომ უნგრევს ამ კაცს (მის ლექტორს) ოჯახს, და საერთოდ თანახმაა თუ არა... დროზე უნდა განაცხადოს... იცის კი?! რამდენი ფული დაუჯდება ცურვაზე ტარება, კარგი სკოლა, ამდენი და ამდენი ცალი კედი და შარვალი... მოკლედ, ეს გაურკვეველი წარმოშობის მამაკაცი, მისი ორი წუთის წინ ჩასახული შვილი აღმოჩნდება, რომელსაც არაფერი, ისე, გარკვევა უნდა, დაიტოვებს თუ არა ბავშვს, რადგან თუ არა... მაშინ, სხვაგან ეჩქარება და....
ამ ტიპის შეხვედრები უდაოდ საჭირო და აუცილებელია თანამედროვე ქართული დრამატურგიის განვითარება-პოპულარიზაციისთვის. რა დაიდგმება და ვინ გააცოცხლებს ამ პიესებიდან თუნდაც ერთი-ორს სცენაზე - მომავლის საკითხია. თუმცა, მანამდე მარტია, და ლაშა ბუღაძის თქმით, ამ დროს კიდევ უფრო მასშტაბური და სერიოზული „თეატრალიზებული კითხვები“ გაიმართება.
![]() |
3 „დედამიწა მიყვარს მე“! |
▲ზევით დაბრუნება |
ნიაზ დიასამიძე
ავტორი: თამარ ბაბუაძე
ფოტო: ნიკო ტარიელაშვილი
ერთი-ერთი, ორი-ორი,
სამი-სამი...
სუფთად ისმის?
მგონი, კი.
ნუ, თუ არადა, თავიდან
ჩავწერთ.
გავხურდეთ ჯერ.
მე ისედაც ვერ ვჯდები.
კაი, წავიდა.
ჯგუფი 33ა.
„არ მახსოვს, როდის დაიწყო ცხოვრება“...
ამ შემთხვევაში ჩემს ცხოვრებას რომ არ ვგულისხმობ? ზოგადად ცხოვრება, რა. აბა, ვის ახსოვს, როგორ იწყება ყველაფერი? არც არავის. დასაწყისი არ ყოფილა, ცხოვრება სულ იყო.
მე ყველაფერი კადრებად მახსოვს. ერთი კადრი 1 წლის ასაკიდან, მეორე კადრი - 2 წლის ასაკიდან. სუნები, შუშაბანდები, ოთახები... ვთქვათ, მახსოვს დიდი ოთახი, ბევრი წიგნი, ტყავაკრული, „გუბკებიანი“ კარი - ხმაური რომ დაიკავოს, ვაღებ კარს და ვხედავ ბაბუაჩემს, ზის მაგიდასთან და რაღაცას თარგმნის, ეს რაღაცა „ვეფხისტყაოსანია“. მერე წყვეტს მუშაობას და მეთამაშება. იმ ოთახში არაფერი შეცვლილა, დღემდე ისეა, როგორც ბაბუაჩემის დროს. ამიტომ ის აურა, კარის შეღების მომენტს სულ მახსენებს ხოლმე.
ნიაზ დიასამიძის ნახატი
„დარაბებს სივრცე ჯობია, სახლი არ ნიშნავს კარს“.
სახლში სიმყუდროვეს ადამიანები მიქმნიან. 33ა-ში ყველაფერი მიყვარს იმიტომ, რომ ბავშვობიდან ვიცნობ. მთავარი კომფორტი ერთად ყოფნაა, შვილის, მეუღლის, დედის, მამის, მეგობრების.
მაგრამ სახლში ყოფნა სხვადასხვა დროს მიყვარს. დილას ვერ ვჩერდები, ვიღვიძებ და ეგრევე გარეთ უნდა გავიდე, ისედაც მთელი ღამე იმ კედლებში გავატარე. ღამე სახლი კარგია. ამ დროს ტელევიზორი მიყვარს. ვთქვათ, ვამონტაჟებ. ტელევიზორი სულ ჩართული მაქვს. რამდენი ფილმი მექნება ისე ნანახი, რომ პერსონაჟებს სახეზე ვერ ვცნობ იმიტომ, რომ თან ვამონტაჟებ, თან ფილმს ვუსმენ. და მერე ყველა ნამუშევარზე იმ ფილმების განწყობა მახსენდება, იმ მომენტში რომ ვუყურებდი. თან საინტერესოა - ოთახში შენ თვითონ აკეთებ მონტაჟს და გვერდზე გიდგას ყუთი, რომელშიც მონტაჟების მთელი რია-რიაა, ხან ფელინის გადააწყდები, ხან „სი-ენ-ენ“-ზე გადართავ და ნახავ, იქ როგორ ხდება ეს ყველაფერი.
გიტარა. სტარტი.
„33ა“-ს დასაწყისი იყო ის მომენტი, როცა პირველად მოვისმინე რაღაც და ისე მომეწონა, რომ მეც მომინდა გამეკეთებინა. პრინციპში, გიტარამ შემითრია. 15 წლის ვიყავი, ალბათ, როცა სხვანაირად ჩამრჩა ყურში ელექტროგიტარის ჟღერადობა. ჰენდრიქსი, პეიჯი - ვბაძავდი. წავედი და ვიშოვე. ვიღაც ყიდდა. რა იქნებოდა მაშინ, რუბლები თუ კუპონები? მოკლედ, აღარ მახსოვს, 50 მანეთი თუ ლარი მივეცი. მოვაყოლე დინამიკიც და წამოვედი სახლში. გიტარაზე სულ ორი აკორდის აღება ვიცოდი, ეგ იყო და ეგ. არადა, ჰენდრიქსობა მინდოდა. მერე გავარკვიე, რომ ჩემი მეზობელი ზურაც მუღამშია, ოღონდ იმას ბასი მოწონს, თან სახლშიც აქვს უფროსი ძმის ბასი - გდრ-დან. და ასე დავიწყეთ ერთად რაღაცეების კეთება.
პირველად დედაჩემი და მეზობელი დიასახლისები გვისმენდნენ. ძალაუნებურად ასე მოხდა - სახლში მქონდა სარეპეტიციო და მაშინ ვუკრავდით, როცა სხვები სამსახურებში მიდიოდნენ და შინ მხოლოდ დიასახლისები რჩებოდნენ. ჩვენც ჩვენი სამსახური გვქონდა, რა. მიკროფონი გვაკლდა და „ნაუშნიკს“ ვიყენებდით მიკროფონად. მერე „ბარაბანი“ დაგვჭირდა. მეზობელ ბიჭებს ჩავუტარეთ ტესტი, გიგი - მეორე ეზოდან, ზაზა - ჩემი ეზოდან. მთავარი რიტმის გრძნობა იყო, ამას ვეძებდით. მერე კაკადუც გაიჩითა. მოვიდა და რაღაცნაირად ჯგუფად შევიკარით.
უცხოური სიმღერების გადამღერებას მალევე დავანებეთ თავი, ერთი-ორი გავაკეთეთ და ჩავთვალეთ, რომ ვიცოდით. მერე ჩვენსას ვაკეთებდით. მერე ისე დაემთხვა, რომ მე პარიზში წავედი სამი თვით, ბებიასთან და იქ ჩავწერე სიმღერა. იქვე, უბანში ვიპოვე რაღაც სტუდია, ლენონის სახელობის იყო, ბიჭები ისხდნენ, დამეხმარნენ და ჩავწერე. ჩამოვედი, მოისმინა გიო მგელაძემ და თქვა, რომ ზუსტად ასეთი მუსიკა უნდოდა თავისი ფილმისთვის „ჰოტელ კალიფორნია“. მაშინ მივხვდი, რა მაგარი რამე მოხდა ჩემს თავს. პირველად გავიაზრე, რომ ჩემი მუსიკა არა მარტო ჩვენთვის იყო საჭირო, არამედ სხვებისთვისაც - ანუ მსმენელი გვეყოლებოდა.
„პირველი გვერდი - ყველაფერი წინ არის“/ლექსი
ხო, ეგრე იყო - ჯერ მუსიკა და მერე ლექსი. მქონდა სათქმელი და არ ვიცოდი, როგორი ფორმა მიმეცა. მინდოდა მეთქვა, რომ არის რაღაცეები, რაც ყველას გვაერთიანებს, მაგალითად ის, რომ ყველას გვიყვარს თოვლი და ყველას გვიყვარს მზე. კოტე ყუბანეიშვილთან მივედი. ვისხედით ორი-სამი დღე და დავწერეთ ეს ლექსი. მივხვდი, რომ ძალიან მომეწონა ეს პროცესი. თან კოტემ მზა ლექსი კი არ ჩამაბარა, გზა მომცა და ლექსის წერის ელემენტარული რაღაცეები ამიხსნა. მერე გაგა ნახუცრიშვილთან მივედი და მასთან ერთად გავაკეთე ლექსი მეორე სიმღერისთვის - „მე არ მომქონდა რატომღაც ვარდი, მაგრამ ყოველთვის ვფიქრობდი შენზე“. უამრავი ნაწერი დამიგროვდა. დღესაც რომ ვათვალიერებ, შეიძლება ერთი სიტყვა ვიპოვო ისეთი, რომ თავიდან ჩავეჭიდო და ახალი ლექსი დავწერო. უამრავი მასალა მაქვს, რომელსაც ჯერ არ შევხებივარ. მოკლედ, თავიდან ჩემთვის იყვნენ კოტე და გაგა, მერე სხვები. ვაჟა, გალაკტიონი, მაიაკოვსკი...
ნიაზ დიასამიძის სტუდია
„მეორე გვერდი - მსგავსად სიზმარის“/კინო და სცენა
„ჰოტელ კალიფორნია“ დღემდე ჩემი ძალიან საყვარელი ფილმია. ეს არის გიოს ერთი გასროლა - მოკლემეტრაჟიანი ფილმი, მთლიანად განწყობებზე აგებული. პრინციპში, ემოციის ერთი დიდი მოზღვავებაა, რომელიც მთავრდება სიმღერით - „ყველას უყვარს თოვლი, ყველას უყვარს მზე“ მერე უკვე „ოცნებების სასაფლაოსთვის“ დავწერეთ მუსიკა. ეს კიდევ სულ სხვა რამ იყო. ძირითადი თემა უკვე ნაპოვნი გვქონდა, როცა მე და გოგა ხაინდრავამ საუბარში ერთად აღმოვაჩინეთ, რომ კარგი იქნებოდა ხალხური საკრავების გამოყენება, გამოვიდოდა ხალხური და თანამედროვე ჟღერადობის სინთეზი. ასეც გავაკეთეთ, ჭიპონი, აკორდეონი, ელექტრო გიტარა - ყველა ერთად იყო. ამ ყველაფერს ჩემი ხელით ვაკეთებდი და იმდენად საინტერესო პროცესი იყო, ისეთი სიახლე, რომ დღემდე მახსოვს განცდა.
თან ეს საკრავები რაღაც საოცრებაა. ყველა სულიერია და ყოველ ახალ დღეს სხვადასხვანაირია. იმას არ ვამბობ, რომ გიტარის ჟღერადობა ტემპერატურის შესაბამისად იცვლება. არა, უბრალოდ, მართლა, რომ დაუკვირდე, ყოველდღე, ყოველ ახალ შეხებაზე, ყოველ ახალ სცენაზე სულ სხვანაირ ტიპებად იქცევიან ხოლმე.
ხოოო, და რაც შეეხება ფილმებს. ორივე ფილმი, გიოსიც და გოგასიც „33ა“-სთვის ნამდვილი ბიძგი იყო. მათი დამსახურებაა, რომ მუსიკაში დავრჩი და ახალი რაღაცეების კეთება მომინდა. მერე ამ ორი ფილმის მუსიკით და კიდევ რამდენიმე დამატებული სიმღერით პირველი ალბომიც ჩავწერე, ეს უკვე ბასას და გიორგის დახმარებით. გარეკანი, შეფუთვა - თვითონ გავაკეთე. მე და გოგა დევდარიანი ვიღებდით ფოტოებს და ერთადერთი კომპიუტერული ჩარევა ის იყო, რომ სიტყვა „ფალიაშვილის“ ნაცვლად გარეკანის ფოტოზე „ჯგუფი“ დავწერეთ.
წინ სცენა გველოდა. კინო ხო ვნახეთ, სტუდიაშიც ხო ვიმუშავეთ, სცენა კიდე... პირველად რომ გასვლა შემძლებოდა, დავლიე. ამიტომ მაშინდელი ორი ფესტივალი „ხელები“ და „მარგარიტა“ მოჩვენებასავით მახსოვს. „ხელებზე“ რომ პირველად გავედი, რაღაც არ მომეწონა, და ასე გაუფრთხილებლად ავდექი და ჩამოვედი. ისე, როგორც სტუდიაში მოვიქცეოდი - გავჩერდი, რა... ახლა სცენაზე გასვლის წინ აღარ ვსვამ. პირიქით, წინასწარ მივდივარ, ვნახულობ სცენას, კლუბს, ვიქმნი განწყობას და მერე გამოვდივართ.
„დედამიწა მიყვარს მე...“
თოვლიც მიყვარს, მზეც მიყვარს, დედამიწა მიყვარს, რა. ისე, ფრანკოფონი ვარ. ბებია მადლენის გენებმა თავისი ქნა. როცა ბაბუაჩემი გარდაიცვალა, ბებია თავის სამშობლოში დაბრუნდა და მას შემდეგ იქ ცხოვრობს. ყველაფერი ფრანგული ჩემთვის ისევე მშობლიურია, როგორც ქართული. უბრალოდ, აქ ვცხოვრობ და იქაურობა სულ მენატრება. ფრანგული გემოვნება თვალისაც, გემოსიც - ჩემია; კინოც მომწონს, მანქანის დიზაინიც, ქუჩის მოწყობაც და უბრალოდ, კაფეში, მაგიდაზე რაღაც ნივთის დადების მანერაც. შეიძლება ეს განწყობა მერე სიმღერებზე და არანჟირებაზეც მოქმედებს. ისედაც, მათემატიკური ფორმულა რომ გამოვიყვანოთ, ფრანგულს პლუს ქართული, უდრის რაღაც შედეგს და ეს შედეგი ორივეს ბრალია - საქართველოსიც და საფრანგეთისაც და დანარჩენი დედამიწისაც მთლიანად. ერთადერთი, საითაც გული არ მიმიწევს - აზიაა და ცხელი ქვეყნები. ამ ქვეყნებს რაღაცნაირად ისედაც ვგრძნობ, აქ ვართ, ეტყობა, რა, ძალიან ვგავართ მათ და იმიტომ.
ახლა ფინეთის მუღამი მაქვს. სკანდინავიაში მინდა წავიდე, მაგრამ აუცილებლად ზამთარში, ბოლომდე რომ ვნახო ის, რაც სანახავია.
„მიყვარს... პარიზში“...
გოგოები პარიზში? კარგია, გოგოები პარიზში, მაგრამ პარიზელი გოგო არასდროს მყვარებია. ყოველთვის აქედან მივდიოდი შეყვარებული და მერე იქ მენატრებოდა ხოლმე. თვითონ პარიზი კი ტურისტული სანახაობა ჩემთვის არასდროს ყოფილა. შეიძლება სახლში ვიჯდე, გარეთ სულ არ გავიდე და მაინც მიყვარდეს.
პირველად ხუთი წლის ვიყავი, რომ ჩავედი და პარიზი იმ სათამაშოების გამო მომეწონა, რაც იქ დამხვდა. ეს რაღაც ფერადი მასა. არა, ყველა ჩემი თბილისური ბურთი და ველოსიპედი დღემდე მიყვარს, მაგრამ ის მაინც სხვა იყო. პირველი გაოცების მერე შევეჩვიე.
მერე თვითონ ქალაქი. პარიზი ისეთია, ძალით მოგაშიებს. საერთოდ რომ არ გშიოდეს, ოცი მეტრის მოშორებით რომ გქონდეს ფუნთუშა ნაჭამი, გაივლი მეორე ოც მეტრს და ისეთი არომატიც წამოვა საიდანღაც... მაგრამ ეგ უფრო ზედა უბნებში ხდება, მე უფრო სენა მიყვარს. მთელი დღე შეიძლება იარო და არ დაიღალო. ეგ, ალბათ, იქაური არქიტექტორების პროფესიონალიზმია, ისეა ქალაქი დაგეგმილი, რომ მანძილი სხვანაირად იზომება. მე მართლა წარმოუდგენელ მანძილს გავდიოდი ხოლმე და ეგ იმიტომ, რომ „როლიკები“ მეხმარებოდა. 15-16 წლის ვიყავი, მეკეთა „როლიკები“ და დავქროდი. ისეთი გრძნობაა - თან ფეხით ხარ, თან გაცილებით უფრო სწრაფად დადიხარ, ვიდრე ჩვეულებრივი ფეხით მოსიარულე. თან ტროტუარზე არ შეიძლება სიარული, მანქანების რიგებში უნდა იდგე. ტრანსპორტი ხარ, რა... და „როლიკებით“ მეტროში - ეგ კიდევ სულ სხვა რამეა. იმ გვირაბებში ქროლვა... მთავარია, არავის დავეჭირე, თორემ აკრძალული იყო მეტროში „როლიკებით“ ჩასვლა.
ამ გრძნობას ერთადერთ ექსტრიმს შევადარებ მარტო - თხილამურზე დგომას. მოკლედ, მაგარია პარიზი „როლიკებით“, ყველას გირჩევთ, რა.
P.S. მამა-შვილის დიალოგიდან.
ნიაზი: ნახე, ეს ფოტო, აი შენხელა ვიყავი მაგ ფოტოზე, პირველად პარიზში რომ წავედი.
თემიკო: ჩემხელა? რამხელა?
- ხუთი წლის.
- როგორ წახვედი?
- ფეხით.
- ფეხით? აუ, არააა.
- ოო.
- შენმა მშობლებმა გაგიშვეს? მეც შემიძლია წავიდე პარიზში?
პლანი რომ მაქვს დათესილი, ხელს ნურავინ ახლებს
დღეს რა ვთქვა პლანზე? ეს იყო პირველი სიმღერა, რომელიც იმით ავავსე, რითაც თვითონ ვიყავი იმ პერიოდში სავსე. ვამბობდი, რომ ყველას უყვარს თოვლიც და მზეც; რომ პლანიც მიწაში ამოდის და ნაძვიც. ამიტომ, არ შეიძლება, შენს განსასჯელად იყოს. მაგრამ დღეს იმას არ გეტყვი, წადი და მოწიე-თქო. ეგ როგორ გითხრა, როცა მეც აღარ მართობს პლანი. საერთოდ, ძლიერი ნარკოტიკები არ მიყვარს და არც არასდროს მყვარებია და ეს პლანი კი, გინდა, არ გინდა, მაინც შეგხვდება ცხოვრებაში და რაღაცას თავისებურად დაგანახებს, რა. თუ არ შეგხვდება და მით უკეთესი.
„მინდა გიყვარდე, მაი(ნც)“...
მაი? არა, ჩანაწერია ეგეთი, არ ისმის ბოლომდე, თორემ „მაინც“-ს ვამბობ. კაი სიმღერაა ისე, მაგრამ პირადულია ძალიან და პირადული რაღაცეები არ მინდა. ასე რომ, გავიარეთ.
სახლში გვიან დავბრუნდები, მეძინება დაღლილს და ქუჩიდან ყოველ დილას ყეფა მესმის ძაღლის
ფალიაშვილი ჩემი სახლის გაგრძელებაა. ერთ-ერთი ოთახია, რა, გავალ სახლიდან, ჩავალ ეზოში, გეგეშიძის ბაღში, ქუჩაზე და კიდევ სახლში ვარ.
ჰე, ღმერთო!
არა, „ვეფხისტყაოსანი“ ბაბუაჩემის გავლით არ აღმომიჩენია. პირიქით, სულ ახლახანს აღმოვაჩინე. სკოლაში საერთოდ არ მესმოდა, მერე ლექსებისთვის დამჭირდა და ცოტა ზედაპირულად მაშინ შევეხე. „ჰე, ღმერთო...“ - ჩემთვის მთელი ტექსტის განწყობა ზუსტად აქ არის დაგროვილი. თუმცა, დღეს ვხვდები, რომ რუსთაველი ბოლომდე არც იმ პერიოდში მესმოდა, როცა ამ სიმღერას ვწერდი. მერე მოულოდნელად დისკს გადავაწყდი, გურამ საღარაძე კითხულობს მთელ პოემას. ჩავიწერე კომპიუტერში და მას მერე სულ ვუსმენ, დილას, საღამოს, და განსაკუთრებით ღამით - როცა ყველას ძინავს. სიჩუმეში ყველაზე კარგად ისმის „ვეფხისტყაოსანი“. ჩავრთავ და წავიდაა. არ ვიცი, ეტყობა კითხვა მიჭირს და ასე უკეთ აღვიქვამ.
სავსე იყო მთვარე, ვერ დავიძინე ღამე საათი არის შვიდი, დილა გათენდა მშვიდი
გალაკტიონამდეც სიმღერების წერის დროს მივედი. როცა წერის პროცესი წავიდა და მეხუთე, მეექვსე სიმღერა გავაკეთე, აი, მაგ დროს შევხვდი გალაკტიონს. წიგნი გადავშალე და მე თვითონ გავეცანი. ერთი სიმღერა მაშინ მთლიანად გალაკტიონის ტექსტზეც გავაკეთე, „ტყე მთვარეზე ნავის“, მაგრამ დღეს ის ჩანაწერი არ მომწონს, ახლა სხვა ვერსია მაქვს და შეიძლება თავიდან ჩავწერო.
გალაკტიონთან ყოველთვის მიწევს დაბრუნება. ამაში მისტიკური არაფერია, არც რომანტიკული. პრაქტიკული თვალსაზრისით, რა - მაგარი პოეტია, წერას და კითხვას მასწავლის და ისე ვეურთიერთები, როგორც გენიოსებს - ჩვეულებრივი ადამიანები.
ველოსიპედი
ველოსიპედზე ხუთი წლიდან ვზივარ. ახლაც მყავს. უფრო შაბათ-კვირას დავდივარ. მაგრამ თბილისში არაკომფორტულია - ერთი კამაზი ჩაგივლის გვერდით და დამთავრებულია ყველაფერი.
თხილამური
აი, თხილამური ამიტომ უფრო მაგარია. წარმოიდგინე, „კანატკები“ რო ბენზინზე იყოს...
გენი არტში
მეგობრებმა ერთად მოვიფიქრეთ. სულ ორჯერ გაიმართა, მაგრამ ხალხმა, მგონი, შეიყვარა. იმდენი ხალხი ირევა ხოლმე, ჩამოსულიც, აქაურიც, რომ გგონია, ფესტივალის დამთავრების შემდეგ მათი სახეებიც აღარ დაგამახსოვრდება. არადა, ყველაფერი მთავრდება და ყველა შენი მეგობარი ხდება. „არტ გენი“ დროში მოგზაურობაა, ლოკალურად - ერთ ადგილას ხარ და უკუღმა მოგზაურობ ყველგან. წელს გვინდა, მეზობლებიც ჩავრთოთ - შავი ზღვის ქვეყნები და ახალი დარგებიც დავუმატოთ - ტექსტილი, კულინარია... ფიქრი უკვე დავიწყეთ და მგონი, რაღაც უკეთესი გამოგვივა.
დახატული ფიქრები
პროფესიით სამრეწველო გრაფიკოსი ვარ და ამ პროფესიას ყველაზე კარგად მაშინ ვიყენებ, როცა ალბომების ყდების გაკეთების დრო დგება. ისე, ხშირად მაქვს ხატვის
პერიოდები. შავი ტუშის კალმით. ზოგჯერ ყველაფერს თავს ვანებებ, ვზივარ და ბლოკნოტში ჩემთვის ვხატავ. მაგრამ მერე მალევე ვუბრუნდები მუსიკას იმიტომ, რომ დღეს მუსიკა საქმეა, რომელიც მაცხოვრებს. ხატვაში რისი თქმა მინდა, ჯერ ვერ გავიგე. სიურეალისტური აზრებია, ხან ფერებით ვთამაშობ, ხან ფორმებით და ხშირად ვფიქრობ ხოლმე იმაზე, რომ შეიძლება რამე უცნაური ფორმის შენობა ან სკამი დახატო - აქამდე არარსებული და მერე რაღაცეები ისე განვითარდეს, რომ მსგავსი ფორმის ნივთები რეალურადაც შექმნან. ეს ფიქრები მაგრად მართობს ხოლმე.
ამ ერთსაც მოვწევ და დავუცდი ღამეს ღამე რომ მოვა, ვუმღერებ რამეს!
ახლა ეგეთი ტემპი მაქვს. ღამე არ მძინავს და მერე გვიან ვიღვიძებ. შემიძლია ეგ რეჟიმი შევცვალო, ოღონდ საქმეს უნდა დასჭირდეს. ისეც ყოფილა, რომ დილის ათ საათზე სტუდიაში უკვე ჩართული მქონია აპარატურა და მუშაობა დამიწყია, თან ყოველდღე, მთელი ხუთი თვის განმავლობაში. ეგეთი რამე ბევრჯერ ყოფილა და, იმედია, კიდევ იქნება. ისე, მგონი ახლა მოდის მაგის დრო. ახალი ალბომისთვის ჩასაწერი მასალა დამიგროვდა. ახლა კი, ღამე ვმუშაობ, რა; შეიძლება ეს რაღაცის კეთება არც არაფრის კეთებაში გადაიზარდოს საბოლოო ჯამში, მაგრამ ერთი-ორ საქმეს მაინც ვგეგმავ ხოლმე. ზამთარია, რა და დღე მძინავს. აი, გამოვიზამთრე, ხეში წყალიც ჩადგა და ახლა უკვე შეიძლება ადრე გაღვიძება გაზაფხულისთვის. გაუმარჯოს! დაასხი! დავლიეთ!
ასანთი არ გაქვს? არა, მე კი იშვიათად ვეწევი, მაგრამ ახლა მომინდა.
ისე, მართლა სუფთად იწერდა? რომ დაწერ, მერე ვნახოთ ერთად, რა გამოვიდა.
კი, მგონი სუფთად იწერდა.
და თუ არა, არა უშავს, ეს ხო პირველი გვერდი იყო და ყველაფერი წინ არის, მსგავსად მდინარის...
![]() |
4 დემნა გვასალია/fully dressed... |
▲ზევით დაბრუნება |
ავტორი: სალომე კიკალეიშვილი
დაბადების ადგილი:
სოხუმი, საქართველო. 25.03.1981
სამუშაო გამოცდილება:
2000-2001 საქართველოს ტელევიზიის პირველი არხის, ინგლისურენოვანი საინფორმაციო გადაცემის კორესპონდენტი.
2003: „Cock-A-Doodle-Do“ - კომერციული კოლექცია Labels Inc.-სთვის. ანტვერპენი. ბელგია.
ასისტენტი - ვერონიკ ბრანქუინის, დრიეს ვან ნოტენის და ჰაიდერ აკერმანის ჩვენებებზე.
2004: „Nukri & Natella“ კომერციული კოლექცია Labels Inc.-სთვის. ანტვერპენი, ბელგია.
ასისტენტი - რაფ საიმონსის და დრიეს ვან ნოტენის ჩვენებაზე.
2005: „Fake“ კომერციული კოლექცია Labels Inc.-სთვის. ანტვერპენი, ბელგია.
პროექტები:
2003. ქვედაბოლოების გამოფენა, მოდის ფორუმი. ანტვერპენის მუზეუმი. ბელგია.
2004: ანტვერპენის მოდის განყოფილების აქსესუარების პროექტი Louis Vuitton-ისათვის.
დიზაინის, პროდუქციის და ვიტრინების დეკორაცია Scabal-ისათვის (მამაკაცის ელიტური ტანსაცმლის კომპანია). ბრიუსელი, ბელგია.
დიზაინი, პროდუქცია და ფოტოგადაღება ნიუ იორკში VISION FRAGMENTS კალენდარისთვის.
მოდის, ფოტოგრაფიის გამოფენა MODO BRUXELAE-ს მოდის კვირეულზე. რიუსელი,
ბელგია.
2005: თანამშრომლობა კომპანია YKK-სთან.
„Vitrine on paper“- ვიტრინების დეკორაციის პრეზენტაცია დიზელის მაღაზიაში. ანტვერპენი, ბელგია.
2005: IFF - პარფიუმერული პროექტი. ანტვერპენი, ბელგია.
სილუეტის და ფოტოგადაღების დიზაინი პრესისთვის.
მოდა და პრიზები:
2001: მამაკაცის და ქალის კოლექციის პირველი ჩვენება; თბილისი, საქართველო.
2001: მეორე ადგილი. ბერიკონი, კავკასიის მოდის ფესტივალი. თბილისი, საქართველო.
2004: ქრისტინ მათის პრიზი მამაკაცის ყველაზე შთამბეჭდავი კოლექციისათვის.
მთავარი პრიზი, წლის კოლექცია IT'S THREE-ს საერთაშორისო მოდის ფესტივალზე. მამაკაცის კოლექცია.
ფინალისტი „Weekend Le Vif“-ის მოდის ფესტივალზე. ბრიუსელი, ბელგია.
2005: „Coccodrillo prize“ საუკეთესო ფეხსაცმლის დიზაინისათვის. ანტვერპენი, ბელგია.
IFF-ის პარფიუმერული პროექტის გამარჯვებული. ანტვერპენი, ბელგია.
KONINKLIJKE ACADEMIE VOOR SCHOLE KUNSTEN VAN ANTWERPEN/ანტვერპენის სამეფო სამხატვრო აკადემია
1663 წელს, წმ.ლუკას სახელობის მხატვართა, მოქანდაკეთა და წიგნის გამომცემელთა გილდიის მაესტრო დავიდ ტენიერმა, ესპანეთის მეფე ფილიპე IV-ეს ლამაზად შეფუთული წერილი გაუგზავნა. თქვენ ძალიან კარგი მეფე ბრძანდებით და იქნებ ჩვენს საყვარელ ანტვერპენში ერთი საზოგადო და თან უფასო აკადემია გაგვიხსნათო. აი ისეთი, როგორიც რომსა და პარიზშიაო... აქ შეიკრიბებიან მხატვრები, მოქანდაკეები, ხელოვნების ხალხიო... ეს ყველაფერი კი მათ წინსვლასა და განვითარებაში დაეხმარებაო... წერილი, როგორც წესი იყო, ისე დაამთავრა - პატივისცემით, თქვენს უბრწყინვალესობასო.
ეტყობა წერილმა თავისი საქმე ჰქნა, რადგან სულ მალე ანტვერპენში, ერთი სიმპათიური სახლის შესასვლელზე ასეთი მინაწერი გაკეთდა: „Koninklijke Academie voor Schole Kunsten van Antwerpen“-ო.
ევროპის ერთ-ერთმა უძველესმა, ანტვერპენის სამეფო სამხატვრო აკადემიამ, რომელიც მსოფლიოს 7 საუკეთესო დიზაინის სკოლაში შედის, 80-იანების ბოლოს მოდის სამყაროში ფურორი მოახდინა. ეს მაშინ მოხდა, როდესაც კურსდამთავრებულმა ექვსმა დიზაინერმა ლონდონის მოდის კვირეულზე საკუთარი კოლექცია წარმოადგინა. მას მერე დრიეს ვან ნოტენს, ვალტერ ვან ბეირენდონკს, ანნ დემოლემეისტერს, დირკ ბიკემბერგსს, მარინა იეეს და დირკ ვან სენს მსოფლიო „ანტვერპენელთა ექვსეულს“ დაარქმევს, ხოლო მათი აკადემია - მსოფლიო ყურადღების ცენტრში მოექცევა.
აქ ყოველ ცისმარე დღეს „ბუმბერაზი“ ბელგიელი დიზაინერები დააბიჯებენ და ათასი ჯურის ადამიანს მოდის ხელო(ვნე)ბას ასწავლიან. ყოველი კურსის ბოლოს კი, შემაჯამებელ ჩვენებას აწყობენ, რომლის სანახავად და გასაშუქებლად მსოფლიოდან 6000-მდე სტუმარი ჩამოდის. შემდეგ სტუდენტთა ე.წ. „დაფილტვრასაც“ ახერხებენ და 70-80 პირველკურსელიდან, როგორც წესი, ცხრა, ან ჰა, ჰა, ათი ამთავრებს აკადემიას.
ფოტო: დავით მესხი
დემნა პატარა ბინაში ცხოვრობს. ანტვერპენიც ხომ პატარა ქალაქია?! პატარა ქუჩებით, პატარა სახლებით... ჰოდა, მისი ბინაც პატარაა; ანტვერპენული ბინაა. უკვე მეოთხე წელია, რაც ყოველდღე დადის „ბუმბერაზ ბელგიელებთან“: ლექციები, მუშაობა ატელიეში... სხვადასხვა კონკურსები და fashion-ის გიჟური რიტმები... იმ დღეს, ასე უთხრეს ბელგიის პრინცესა მოდის აკადემიაში და აბა, თქვენ იცით! კარგად ჩაიცვით, თმები დაივარცხნეთ და ადამიანებს დაემსგავსეთო... ოო, მოიცა რა! კიდევ უფრო ჭრელი პარიკები დაიხურეს და უორჰოლს რომ შეშურდებოდა, ისეთი გარეგნობით გამოცხადდნენ მისაღებ ოთახში.
მაგარია ანტვერპენი... ბავრი რამ შეიცვალა ანტვერპენში... მაგრამ... ბოშურ ცხოვრებას შეჩვეული კაცისთვის, ოთხი წელი ერთ ქალაქში?! ნამდვილად ბევრია!
სათბური
პატარაა. სახლში მუდამ ბევრი ადამიანი ირევა - დიდი ოჯახია. ბევრი ძმით, ცოლებით და შვილებით. მაგიდაზე, საკუთარი ხელით მუყაოზე დახატული და გამოჭრილი თოჯინები და სამოსი ყრია; უხარია ხატვა და რა ქნას? სახლს დიდი ეზო აქვს და ამიტომ, თუ გარეთაა, მხოლოდ საკუთარ ეზოშია - გარეთ. ცოტა უფრო იქით ან აქეთ არ უშვებენ. მაშინ პირველად დაუკავშირა ერთმანეთს ეზო და სათბური და დაასკვნა - ეზო დიიიდი სათბურია.
შიგადაშიგ ტოვებდა „სათბურს“. მაგალითად მაშინ, როცა სრულიად გაუგებარი რაღაც დაიწყო, ომიო - ასე აუხსნეს და ტყვიის წუილის განსაკუთრებულად გამძაფრებისთანავე, ძმასთან და დედასთან ერთად თბილისში, ნათესავებთან ჩამოდიოდა. ყველაფერი ასე ნელ-ნელა დაიწყო. მარშრუტებს ვგულისხმობ. სოხუმი-თბილისი, თბილისი-სოხუმი; მერე სვანეთის მთა და დიდი ხნით - თბილისი; მერე თბილისი-ოდესა-თბილისი (მამას სამსახური არ აეწყო); თბილისი-დიუსელდორფი; ამჟამად დიუსელდორფი-ანტვერპენი. ანტვერპენი-? - „როცა ბოშურ ცხოვრებას შეეჩვევი, ერთ ადგილას გატარებული ოთხი წელი, უკვე ძალიან საკმარისია. სადმე აუცილებლად წავალ“.
რა ხდებოდა ფრაზამდე - „სადმე აუცილებლად წავალ“...
დიდხანს ისიც კი არ იცოდა, რომ დიზაინერი, როგორც ასეთი, პროფესია არსებობდა. ეს სკოლის დამთავრების შემდეგ გაიგო, და პირველი დიზაინერი, რომელზეც თქვა - „აი, თურმე რას აკეთებს“ - ვალენტინო იყო. - „დიზაინერობაზე, ხომ გეუბნები, არც კი მიოცნებია. წარმოდგენა არ მქონდა, რომ ასეთი პროფესია არსებობდა. ხატვა მომწონდა და ამიტომ ფერწერაზე ჩაბარება მინდოდა. მაგრამ მერე დაიწყეს: მხატვარი რა პროფესიაა... ფული როგორ უნდა იშოვო... არანაირი პერსპექტივა არ გექნება... მოკლედ, მაშინ მოდაში იყო საერთაშორისო ურთიერთობები და ოჯახის სურვილის მიხედვით, საერთაშორისო ეკონომიურზე ჩავაბარე. დავამთავრე წარჩინებით და ოთხი წლის შემდეგ, დიდი ამბით გადავეცი მამაჩემს ჩემი დიპლომი. აჰა, შენ საჩუქარი და ახლა მე რაც მინდა, იმას გავაკეთებ-მეთქი.
ერთხელ ჩემი ძმაკაცი მოვიდა, რაღაც წვეულებას ვმართავთ და ხომ არ იცი ვინმე, ვინც რამე კოლექციას გააკეთებს, რამეს აჩვენებსო. არანაირი ცოდნა: დიზაინის, ხატვის... არავითარი გამოცდილება... მაგრამ მაინც, ეს იყო შანსი და გავაკეთე. ახლა რომ ვიხსენებ, ეს ისეთი პრიმიტიული იყო... მრცხვენია. თუ სადმე მეკითხებიან, გვაჩვენე პირველი რა გააკეთეო, - ვმალავ. ძალიან არაპროფესიონალური იყო. მაგრამ მერე იგივე ვაჩვენე... რაღაც მოდის ფესტივალი იყო „ბერიკონში“. და ამ კოლექციისთვის მეორე ადგილი ავიღე. შოკში ჩავვარდი! ძალიან გამიკვირდა!».
სწორედ ამ დროიდან, დემნას ცხოვრებაში ერთი დაუსრულებელი სასწაული იწყება. სასწაული: შემთხვევითობის, ბედის, წარმატების, ზღაპრის.
პარლამენტში, ინგლისურის კურსებზე მისულს, ენის პედაგოგი Mis L. ეკითხება:
- რომელ ფაკულტეტზე სწავლობ?
- საერთაშორისო ეკონომიურზე.
- ooh, that's good. და მოგწონს?
- რა თქმა უნდა, არა!
- აბა, რისი გაკეთება გინდა?
- დიზაინერობა მინდა! ძალიან მინდა! დეპრესია მეწყება! ჩემს მშობლებს ვაფრთხილებ, რომ როგორც კი დავამთავრებ სწავლას, სადმე წავალ. არა აქვს მნიშვნელობა - სად. სადმე. წავალ საბერძნეთში, თუნდაც;
- არ ინერვიულო, ფინანსურად მე დაგეხმარები.
რამდენიმე თვეში, სტამბულიდან ჩამოტანილი ნაჭრებით და მეზობელ ლტოლვილთან ხუთ ლარად შეკერილი სამოსით, დემნა ჩვენებას აწყობს - „მაშინ გავიცანი ია კიწმარიშვილი, რომელმაც სანაპიროზე, რომელიღაც რესტორანში ჩემი კოლექციის ჩვენება მოაწყო. პირველთან შედარებით, უფრო ჩამოყალიბებული იყო. ეს ჯერ კიდევ ის პერიოდია, როცა არც თარგის გამოჭრა ვიცი და არც კერვა. უფრო ჰობია. მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის, პორტფოლიო მაინც გავაკეთე. რა იცი, იქნებ სადმე გამომადგეს-მეთქი.“
სწორედ იმ პერიოდში, მთელი ოჯახი საცხოვრებლად გერმანიაში გადადის. დემნას დიდი იმედები აქვს: გერმანია, ევროპა... სადმე ჩავაბარებ და პროფესიონალი დიზაინერი გამოვალ! ამის გამო საგანგებოდ ჩადის დიუსელდორფში, რომელიც მოდის ინდუსტრიის თვალსაზრისით, მთელ გერმანიაშია ცნობილი - „ორ აკადემიაში ვიყავი და შევწუხდი, საშინლად არ მომეწონა. აქ რა უნდა გავაკეთო-მეთქი. გაცილებით უკეთესად ვხატავდი, ვიდრე იქაური სტუდენტები. თან, მთელი აქცენტი ტექნიკურ, საშემსრულებლო მხარეზე იყო გადატანილი, რაც არ მაწყობდა, არ მაინტერესებდა. თან, კიდევ... ისეთი თანხა ღირდა, რასაც ვერანაირად ვერ გავწვდებოდი. და მართალი რომ გითხრა, გერმანიაში არ იციან და არ აინტერესებთ ჩაცმა. მოდის ცოლ-ქმარი და გაარჩიე, ვინ ვინაა. ძაანაც რომ მოინდომო, ერთ ქალსაც ვერ ნახავ კაბაში.“
„Arbeitsamt“-ის თანამშრომლები, რომლებიც მოსახლეობას სამსახურის შოვნაში ეხმარებიან, დაყვლეპილი თვალებით უყურებდნენ ერთ უცნაურ ბიჭს. მოდის - hallo, სამსახური მინდაო... ეკითხები, გააქვს დიპლომი? გპასუხობს - დიახ, საერთაშორისო ეკონომიური წარჩინებით დავამთავრე. მაგრამ მინდა დიზაინერი გავხდე... ჰმ, უცნაურია!!! - „საშინელებაა, როცა წარმოიდგენ, რომ მთელი ცხოვრება უნდა იჯდე ბანკში და რაღაც ფურცლები და ანკეტები ავსო. ერთ საზიზღარ კაბინეტში... მაგრამ ვხვდებოდი, რომ ჩემი ჰობით აქ არაფერი გამომივიდოდა და ტრაგიკული სახით, რამდენიმე ბანკში საბუთები შევიტანე. თან გადავწყვიტე, ბარემ მაგისტრატურაშიც შევალ და ორ წელიწადში მაგისტრის დიპლომიანი ბანკის თანამშრომელი ვიქნები-მეთქი.“
Menswear /'menzwea(r)/n |U| clothers worn by men: [attrib] the menstwear department.
Suit' /su:t: aiso, in british use. sju:t/ n 1 (a) set of outer garments of the same material, usu a jacket and trousers for a man and a jacket and skirt for a woman: a `business suit o a pin-stripe lounge suit o a dress suit ie a man's formal evening suit o a trouser-suit, ie a woman's suit of jacket and trousers. (b) set of clothing for a particular activity: a' spacesuit o a diuing suit o an as'bestos suit, eg to protect sb from heat o a suit of armour.
waistcoat weiskaot: US weskit (US also vest) n close-fitting sleeveless garment, buttoned down the frond, usu worn under a jacket or coat and often forming part of a man `s suit - illus at dress.
Trousers /'traozaz: n[pl] 1 outer garment covering both legs and reaching from the waist to the ankles: a pair of grey trousers 2. (idm) catch sb with his pants trousers down - catch wear the pants trousers - wear
ამ დროს გვერდზე ქუჩაზე
Mis L. წყნარად მისეირნობს ქუჩაზე. ის ისედაც ბევრს მოგზაურობს, ჰოდა, ამჯერად სტუმრადაა ჩამოსული ყოფილ მოსწავლესთან. გაზეთების ჯიხურში თვალებით მშობლიურ Sunday-ს ეძებს. არ არის. გერმანული გაზეთი არ უნდა. Le Figaro-ს მოჰკრა თვალი და აქ ხომ სულ პოლიტიკაა... რამდენიმე ნაბიჯი გადმოდგა. არა, მოდი Le Figaro-ს მაინც ვიყიდი. იყიდა. სახლში გაზეთის თვალიერებისას აღმოაჩინა, რომ ბოლო გვერდზე ერთი მომცრო ზომის სტატიაა, მსოფლიოს საუკეთესო დიზაინის სკოლებზე. მთელი ინფორმაციით, ფასებით, წესებით და ა.შ. დემნა იმ საღამოს ნახა:
- რას აპირებ?
- რა ვიცი, სხვა გზა არ მაქვს, რამე უნდა გავაკეთო. საბუთები შემაქვს მაგისტრატურაში;
- ?
- ისევ ეკონომიური;
- რა, გინდა?
- ხომ იცი, რომ არა!
- ჰოდა, მაშინ მე დაგეხმარები. ნახე, რა წერია ფიგაროში. ერთ-ერთი სკოლა უფასო ყოფილა, წელიწადში სულ რაღაც 500 ევრო. ვცადოთ?».
„ან მდიდარი მშობლების შვილი უნდა იყო ან იაპონელი, იმისათვის, რომ 10-15 ათასი ფუნტი გადაიხადო და დიზაინის სკოლაში ისწავლო. უფასოო, რომ გავიგე - ბევრი არ მიფიქრია და იმ დღესვე დავრეკეთ. არაფრის აზრზე არ ვიყავი და არ მეგონა, რომ ასეთ მაგარ სკოლაში შევდიოდი. ფაქტობრივად, უფასო სწავლების გამო წავედი! გამოცდები ერთ კვირაში იწყებოდა და ძლივს მოვასწარი საბუთების მომზადება. ჩავედი დარწმუნებული, რომ ასე, 100 კაცი თუ იქნება-მეთქი. მივედი და... 700-800 აბიტურიენტი დამხვდა. გამოცდაზე რომ შევედი, ამოვიღე ჩემი ათი ცალი ფანქარი, ორი ფურცელი... გავიხედე და... იაპონელებმა მთელი კონსტრუქციები ამოიღეს, რითიც უნდა ეხატათ, რაღაც ინსტრუმენტებს იქნევდნენ აქეთ-იქით. მათ უკვე დამთავრებული ჰქონდათ ხატვის სკოლები, კოლეჯები... იტალიაში, ისრაელში. ეს სკოლა კი იმიჯისა და პიარისთვის სჭირდებოდათ. არაუშავს დავხატე. გამოცდის ერთ-ერთი ნაწილი ინტერვიუ იყო, რაშიც ორიანი მივიღე. რომელი ბელგიელი დიზაინერი გაგიგიაო. არც არავინ არ გამიგია-მეთქი. მანქანიდან ერთი ვიღაცის გვარს მოვკარი თვალი, დიდ მაღაზიაზე ეწერა და ის დავუსახელე. მაგრამ... ჩავაბარე. მერე გავიგე, სად მოვხვდი და ვინ მასწავლიდა! უდიდესი ავანგარდისტები, მოდის გოლიათები, „ანტვერპენის ექვსეული“... ეს ერთადერთი აკადემიაა მსოფლიოში, რომელიც ამ სპეციალობაში მაგისტრის დიპლომს გაძლევს. გარდა ამისა, აქ მთლიანად მოხსნილია ყოველგვარი კომერცია, მარკეტინგული აზროვნება. მთელი ყურადღება და აქცენტი შემოქმედებით მხარეზეა გადატანილი. იგიჟე და იყავი შენთვის.»
ეტაპები
აქ ყველაფერი ეტაპობრივად ხდება. ყოველ კურსზე ახალი პედაგოგი - ასეთია ანტვერპენის უძველესი სკოლის მთავარი წესი. მთელი პირველი კურსი დიზაინის ჩამოყალიბებაზე, ხატვაზე, ფერებსა და მატერიების შეხამებაზე მუშაობ. კოლექციის კეთებას, ანუ სილუეტებზე მუშაობას მხოლოდ მეორე კურსიდან იწყებ. სწორედ მაშინ ურჩია ვიღაცამ, მამაკაცის სამოსზე მსოფლიოში ბუმია ატეხილი და ამიტომ ყველა მამაკაცის ტანსაცმლის დიზაინერს ეძებსო. მართალია, ისიც კარგად იცოდა, რომ ამ ხაზს რომ გაყოლოდა, საკმაოდ შეზღუდული იქნებოდა: შარვალი, პიჯაკი, პერანგი, ჟილეტი... და შარვალი, პიჯაკი, პერანგი, ჟილეტი... მაგრამ მაინც ასე გადაწყვიტა. - „მარტო ამიტომ არ ხარ შეზღუდული. მამაკაცებს მეტი კომპლექსები აქვთ და ორჯერ მეტს ფიქრობენ, სანამ რაიმე ახალს ჩაიცვამენ. ჩემი სამოსი ისეთი მამაკაცისთვისაა, რომელსაც სიახლის არ ეშინია, სჯერა საკუთარი თავის, ძლიერია და ექსპერიმენტები იზიდავს. კლასიკური თარგებიდან გამოვდივარ, მაგრამ ყველაფერს ექსპერიმენტულად ვწყვეტ. კოსტიუმი - მამაკაცისთვის გენიალური გამოგონებაა. ვცდილობ კლასიკური ელემენტები გამოვიყენო, რომელიც საბოლოოდ ხან სპორტული ტანსაცმლის სახეს იღებს, ხან ახალგაზრდულის, ხანაც - საღამოს სამოსისას.
კოლექციაზე მუშაობისას თემა მეხმარება. ამისათვის მარტო ანტვერპენიც საკმარისია, ბევრ ინფორმაციას გაძლევს: აგრესია, რომანტიზმი, ისტორიული ადგილები, სიბინძურე... ეს უკანასკნელი ჩემთან ფერებითაა გამოხატული: ბინძური წითელი, ბინძური ყავისფერი. კოლექცია - ეს ხომ ვიზუალურის და ემოციის ნაზავია. მაგრამ მაინც, ყველაზე მთავარი ჩემთან სიყვარულია. და არა აქვს მნიშვნელობა, როგორი სიყვარულია - პოზიტიური თუ ნეგატიური.
თბილისის მაგალითზე ძნელია ისაუბრო, ეს ექსტრემალური მაგალითია. სხვების მსგავსად, ანტვერპენში მეც ძირითადად მეორადი მოხმარების მაღაზიებში ვიცვამ. ან თუ დიდი ფასდაკლება დაიწყება, მერე შეგიძლია ესტუმრო ბელგიელი დიზაინერების მაღაზიებს. მანამდე არც უნდა იოცნებო. ჩემი კოლექციებისგან განსხვავებით, ცხოვრებაში უფრო სადად მიყვარს ჩაცმა. მაგრამ ზოგჯერ ექსტრავაგანტურობაც კარგია. თუმცა, აქ რომ ჩამოვდიოდი, წინასწარ ვიცოდი, რა უნდა ჩამომეტანა და რა უნდა ჩამეცვა. აქ რაღაც მკაცრი ჩარჩოა... იმ დღეს გავბედე, ჩავიცვი და... ტაქსმა არ გამიჩერა!!!».
ITS
ყოველ წელს, იტალიაში, ტრიესტაში ახალგაზრდა დიზაინერთა ყველაზე პრესტიჟული და მასშტაბური კონკურსი ტარდება - ITS ანუ International Talent Support - კონკურსი, რომლის მიზანი ახალგაზრდა დიზაინერთა ფინანსური დახმარება და მათთვის პიარის შექმნაა. სხვა ქვეყნების სტუდენტთა მსგავსად, კონკურსში ანტვერპენელი სტუდენტებიც მონაწილეობდნენ. დემნას რამდენიმე უფროსკურსელი მეგობარი მიდიოდა. იცოდა, რომ კონკურსის წესების თანახმად, მეორე კურსელი ჯერ ვერ მიიღებდა მონაწილეობას, მაგრამ ძმა არ მოეშვა: ხომ იცი, როგორ მინდა იტალიაში წასვლა... თან, თუ უფასოდ გამოვა, ხომ მაგარიააა... მოდი, იცი რა ვქნათ, მე მოვამზადებ ყველანაირ საბუთს და თუ გამოვიდა, იცოდე, მეც მოვდივარ!!! - „წარმოიდგინე, ყველას 12 სილუეტი ჰქონდა წაღებული და მე? მარტო 5. ვერ მოვასწარი მომზადება.“ კონკურსზე ცუდად მოიქცა. მიკროფონი მისცეს, რამე თქვიო. დაიბნა, - სიკვდილი მერჩივნაო და ხელიდან გაუვარდა; ფინჯანი ყავა აიღო და შემთხვევით ჟიურის წევრს გადაასხა. მერე, როცა გამოაცხადეს, პირველი პრემია დემნა გვასალიას გადაეცაო... - თავი ვეღარ შეიკავა და რაღაც სისულელეები აკეთა. - „გამარჯვების შემდეგ, შემოთავაზებები მქონდა იტალიიდან, საფრანგეთიდან. მაგრამ უაზრობა იქნებოდა ყველაფრის მიტოვება, მე ხომ მხოლოდ მეორე კურსზე ვიყავი და ჯერ კიდევ ვსწავლობდი. ადრე იყო დიზაინერად მუშაობა. რა თქმა უნდა, ძალიან გაუკვირდათ, უარი რომ ვუთხარი. მომდევნო წელს, უკვე ჟიურის წევრად მიმიწვიეს. უამრავი დიდი დიზაინერი იყო ჩამოსული. უმეტესობა, რა თქმა უნდა, იტალიელი, რომლებზეც ადრე ვგიჟდებოდი. თუმცა ანტვერპენში ჩასვლის შემდეგ, მათზე წარმოდგენა ცოტა შემეცვალა. ისინი ძალიან კომერციულები და შემოქმედებითად სუსტები არიან. მართალია, იქ ბევრად სტაბილური კონტრაქტებია, გაცილებით დიდი ფული ტრიალებს, მაგრამ მე არ მიყვარს არც იტალია, არც მისი დიზაინერები და არც ხალხი. გიღიმიან, მაგრამ ზურგს უკან ისეთ რაღაცეებს გიხლართავენ... არ ვენდობი. ძალიან არაორგანიზებული ხალხია. საკმაოდ ცუდ გემოვნებად ვთვლი იმას, რასაც, მაგალითად, Dolce &Gabbana, Versace აკეთებს. ბელგიაში, ჩემს აკადემიაში, მათი ტანსაცმელი გოიმობად ითვლება.“
IFF
ეს ნიუ-იორკში სუნამოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კომპანიაა. ერთხელაც, მისი თანამშრომლები ანტვერპენის სამეფო სამხატვრო აკადემიას ესტუმრნენ, ახალგაზრდა დიზაინერებს სუნამოების შექმნის პროცესს ვასწავლითო. ასწავლეს. ოღონდ შემდეგ, საერთაშორისო კონკურსი ჩაატარეს IFF - შექმენით სუნამოს საინტერესო კონცეფცია. არ იფიქროთ გაყიდვასა და კომერციაზე, მარტო შემოქმედება, შემოქმედებაააა...
- „მე საათი-სუნამო გავაკეთე, რომელსაც ციფრების მაგივრად, 12 კაფსულა ჰქონდა. ამ 12 სხვადასხვა არომატით ხვდებოდი, რა დრო იყო. მაგალითად, დილის კაფსულა ყავის არომატით და ა.შ. იცი, რა იყო?... რუსებს აქვთ ზუსტი გამოთქმა „Счастливыე часов не наблюдают“. ეს იყო მათთვის, ვისაც არ აინტერესებს რომელი საათია, ბედნიერია და კონკრეტულ დროს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.“
როგორც კონკურსის გამარჯვებულს, ნიუ-იორკში ოთხდღიანი ვოიაჟი მოუწყვეს, რომლის დროსაც კომპანიის მენეჯერებისა და მარკეტინგის ხალხისთვის საკუთარი პროექტი უნდა წარედგინა - „ამერიკაში მოდა, როგორც ასეთი, არ არსებობს, არ ესმით. ძალიან სკეპტიკური, ბიზნეს-ხალხია. ბოლოს მითხრეს, კომპანიის პრეზიდენტს შეგახვედრებთ. იცოდე, ძალიან დაკავებული კაცია და 15 წუთში ჩაეტიეთო. კაბინეტში ალბათ ორი საათი ვიჯექი. ფირმის პრეზიდენტი თბილისელი სომხების შვილი აღმოჩნდა.“
COCCODRILLO AWARD
Coccodrillo - ანტვერპენის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და პრესტიჟული მაღაზიაა, რომელიც იმ ოქტომბერს, ვიტრინის მოკაზმვა-შელამაზებას ისეთივე მონდომებით შეუდგა, როგორც პატარა ქალაქის ყველა მაღაზია. წელიწადის ამ დროს ხომ ვიტრინების გამოფენა იწყება! ჰოდა, მიდის ერთი ამბავი, ვინ უფრო ლამაზად გააფორმებს ვიტრინას, ვინ რომელ დიზაინერს მოიწვევს... Coccodrillo-ს დამაარსებელს დიდხანს არ უფიქრია. მან ხომ რამდენიმე თვის წინ ყველაზე კრეატიული ფეხსაცმელისთვის დემნას გადასცა პრიზი. დემნას მიერ თბილისში შეკერილი ბაჩები ამაყად იწონებდნენ თავს Coccodrillodan, მაგრამ - „არა, ფეხსაცმლის დიზაინერი გავხდე? არააა.“
LOUIS VUITTON
მართალია ეს პატარა ამბავია, მაგრამ მაინც ამბავია. აკადემიაში ერთ-ერთი პროექტი ლუი ვიტონისთვის ჩანთის დიზაინის მოფიქრება იყო. ფინალში კი გავიდა, მაგრამ საბოლოოდ ვერ გაიმარჯვა, ეტყობა ჩემი ჩანთა ზედმეტად სასაცილოდ მოეჩვენათო. მართალი გითხრათ, გული დიდად არ დაწყვეტია, ლუი ვიტონი არ მიყვარს და ხუმრობით ვიმუშავე მაგ პროექტზეო. არადა, ჩანთა კი არა, პორტმანი-ხელთათმანი იყო. ერთს ჩამოიცმევდი ხელზე და პორტმანიც ზედ იყოოო.
YKK ანუ „ზმეიკები“, „ზმეიკები“, „ზმეიკები“...
„ზმეიკიანი“ სამოსი გაცვიათ? მაშინ დახედეთ, რა აწერია. კაი, შეიძლება თქვენსას არ აწერია, მაგრამ YKK, როგორც წესი, ყოველ მეორეს აწერია. - „ეს თანამედროვე კომპანია „ზმეიკებს“ აწარმოებს. როცა ITS-ზე გავიმარჯვე, მაშინ შემომთავაზეს, მათთვის რამე გამეკეთებინა. ოღონდ სულ „ზმეიკებისგან“. გავაკეთე ჟაკეტი. ქსოვილი საერთოდ არ იყო, ცარიელი „ზმეიკები“, თან YKK-ს!“.
- ბევრი გაქვს?
- რა?
- „ზმეიკები“?
- ჰმ, ვერცხლის „ზმეიკაც“ კი მაქვს!
სტაჟირება კიმ ჯონსთან
- „სხვათა შორის, ამ შაბათს კიმ ჯონსს ჩვენება ჰქონდა. ყველაფერი, რაც მის კოლექციაში ნაქსოვია, ჩემი დიზაინითაა დამზადებული. მაგრამ არ მომეწონა, ვეჩხუბე და წამოვედი. სამი წელი იმისთვის არ მისწავლია, რომ ვიღაცისთვის სუპერმარკეტიდან ლანჩი მომეტანა. რომ ჩავედი, ესკიზების კეთება დავიწყე. მერე მთხოვეს, იქნებ სენდვიჩები მოიტანოო. კარგი-მეთქი. მეორე დღესაც გამიღიმეს და იქნებ დღესაც მოგვიტანო ერთი-ორი კარგი სენდვიჩიო? თავიდანვე გეთქვათ, თუ თქვენთან სტაჟირება სენდვიჩების ტარებას ნიშნავდა-მეთქი და წამოვედი“.
მკერავი ხარ?
ისე, მთელმა ამ ისტორიამ დასაწყისში პატარა გაურკვევლობა წარმოშვა ოჯახში. გაურკვევლობა განსაკუთრებით გაღრმავდა, როდესაც ანტვერპენში ახალმა ჩასულმა, მშობლებს დაურეკა - საკერავი მანქანა მჭირდებაო. - „ვერ გაერკვნენ, რა პროფესიის ვიყავი. გამარკვიე, მკერავი ხარო? რატომ? ჩემი ვაჟი? ვერ გავაგებინე, რომ მე თუ არ შევკერავდი, მაშინ მკერავი უნდა ამეყვანა, რომლისთვისაც ფულის გადახდა მომიწევდა, რაც მაშინ არ შემეძლო. იაპონელები რომ ჩამოდიან, ათ-ათი მკერავი ჩამოჰყავთ და ზოგი თარგს ჭრის, ზოგი კერავს და ზოგი ღილს აკერებს. როცა კოლექციის შესაკერად 700 ათასი დოლარი გაქვს, მაშინ გალიანოსთან რომ მიხვიდე, ისიც გამოგიჭრის თარგს.“
მოდა, მოდა, მოდა
- „ძალიან ბინძური სიტუაციაა და ბევრი სირთულეა. სადმე რომ მიხვიდე, აუცილებლად უნდა გქონდეს კავშირები, უნდა იცნობდე ვინმეს. თუ წარმატება გინდა, წვეულებებზე უნდა იარო... ყველას უნდა უღიმოდე. ერთი მომენტია - აღიარება და თუ ამას მიაღწიე, მერე თავისით მიდის. შენ რომ DIOR-ზე დაიწყო მუშაობა, ეს უკვე აღიარებაა. მერე, თუ არ გინდა, აღარც წვეულებებზე ივლი, და აღარც არავის გაუღიმებ - სტატუსი გაქვს უკვე. ევროპაში საკმაოდ პოპულარული პროფესია გახდა და ბევრს უნდა დიზაინერობა. წარმოიდგინე, ყოველწლიურად მსოფლიოში რამდენი ადამიანი ამთავრებს დიზაინის სკოლებს?! რამდენი სამუშაო ადგილი უნდა იყოს?! მათ, ვისაც დიზაინერად უნდა მუშაობა, თორემ ქსელში... მაგალითად, H&M-ში გადაშლი ჟურნალს - აა, აი რა გაუკეთებია სტელა მაკარტნის, მე ღილს და ჯიბეს გადავაადგილებ და მზად არის! მე ეს არ მაინტერესებს. ამაში დიდ ფულს იხდიან, მაგრამ შენი, როგორც დიზაინერის პოტენციალი იკარგება. ამ სამყაროში ყველაფერი იმიჯზეა დაფუძნებული - რა იმიჯი გაქვს, როგორც ადამიანს და როგორც დიზაინერს. მე თუ Dolce&Gabbana-სთან ვიმუშავე, მერე საფრანგეთის არცერთი მოდის სახლი აღარ მიმიღებს. ამ მომენტში არ ვიცი, რა როგორ იქნება. ახლა მეოთხე კურსის ჩვენებას ვაკეთებ, რაც ჩემი სავიზიტო ბარათი იქნება.“
ანტვერპენი
„ანტვერპენმა მთლიანად შემცვალა როგორც პროფესიის მხრივ, ისე პირად ცხოვრებაში. მუდამ მაკლდა თავისუფლება, რაც ანტვერპენში გადასვლის შემდეგ მივიღე. ყველაფერი შენზეა დამოკიდებული, უნდა ისწავლო, მოასწრო ყველაფერი. ფულს შენ შოულობ, ყველაფერზე პასუხისმგებელი შენ ხარ. უკვე იმდენად შევეჩვიე დამოუკიდებლობას, რომ როცა დღესასწაულებზე ჩემებთან, გერმანიაში ჩავდივარ, ვიღლები, სახლში მინდა, ჩემთან მინდა.
ცარიელი კომპლექსი ვიყავი და საკუთარ თავზე მუშაობა იქ ვისწავლე. ვიცი, რისი გაკეთება შემიძლია, დარწმუნებული ვარ ჩემს თავში და სირთულეების გადასალახად, სწორედ ეს მაძლევს დიდ ძალას.
ახლა? ახლა მინდა სწავლას მოვრჩე და რაც შეიძლება მალე, მოდის და ცხოვრების გიჟურ რეალობას შევეხო.“
![]() |
5 ნეტარ არიან თბილისელი მორწმუნენი... |
▲ზევით დაბრუნება |
სპეც-პროექტი:
ავტორი: ანა კორძაია-სამადაშვილი
ფოტო: ნიკო ტარიელაშვილი
მარიამ ლორთქიფანიძე, თბილისის სამხატვრო აკადემიის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტი. წინა დღით ბოდბეში ყოფილა, სულ წვრილად გვიამბო ცივ, ცივ წყალში განბანის ამბავი. „მითხრეს, ჯერ ტროპარი წაიკითხე, თორემ მერე ვეღარ შეძლებო, და მართლებიც იყვნენ - ისეთი ცივი იყო ის წყალი, სუნთქვა შემეკრა...“
ქალბატონმა ბერტა იაკობის ასულმა ედელშტაინმა მიამბო, რომ ეს მლოცველები იმათი ჩამომავლები არიან, ვინც ნაბუქოდონოსორ მეორეს გამოექცნენ იერუსალიმიდან! „ისე კი, საიდუმლოდ გეტყვი: ეროვნება საერთოდ არ არსებობს. ადამიანი ან გონიერია, ან უგუნური, ან მორწმუნე, ან ურწმუნო. ესაა და ეს“».
ნამაზი, მუსლიმთა ყოველდღიური ლოცვა. ეს კი ნამიკ კასანოვია, თბილისელი, მეიდნელი. ის უნივერსიტეტში სწავლობს და მალე აგრონომი გახდება. როგორც წესი, ნამიკი სახლში ლოცულობს, ზოგჯერ კი, ძირითადად, დღესასწაულებზე, სალოცავად აქ, მეჩეთში ამოდის.
„მოგწონს გრიგორიანული საგალობლები? გამშვიდებს, ხომ? ასე სიმღერა მხოლოდ მორწმუნეებს შეუძლიათ, იმათ, ვინც გულით ადიდებენ უფალს. თუ გინდა, თვალები დახუჭე და წარმოიდგინე: ბერები შუა საუკუნეების მონასტრის ტალანში მიდიან. გაჰყევი და შენც სიმშვიდისა და ნამდვილი შინაგანი მდუმარების სამყოფელში მოხვდები“.
ამას ასია მოჰყვა, ასტღიკ აღეკიანი. ცნობისთვის: „ასტღიკ“ ვარსკვლავს ნიშნავს.
ქართველ კათოლიკებს ფრანგებს უწოდებენ. ბევრნი არიან, სამხრეთ საქართველოში - მთელი გვარები: ფალიაშვილები, საფარიშვილები… გაგა ლომიძეს მრავალი კათოლიკე მეგობარი ჰყავს და თავადაც სიამოვნებით დადის ხოლმე სამეფო უბანში, ტაძარში. სიჩუმეა, ცისფერი შუქი, საუკეთესო ადგილი იმისთვის, რომ ათასგვარ სიკეთეზე იფიქრო.
რობერტ მერაბოვი თბილისის ლუთერანულ-ევანგელისტურ ტაძარში ყოველდღე უკრავს ორღანზე, განურჩევლად იმისა, ჰყავს მსმენელი თუ - არა. ვისთვისაც უკრავს, იმას ყოველთვის ესმის.
ვინიტატმა - ეს მისი ინიციაციის სახელია. ვინიტატმა უფალი კრიშნას ერთგულია. ღვთისმსახურების დროს საკურთხევლიდან მხოლოდ მისი ხელი მოჩანს, ხან წყლით, ხან ყვავილით, ხან ცეცხლით და ხან მარაოთი ცდილობს ღვთაებების გულის მოგებას. შემდგომ მთლიანად ჩნდება და ნიჟარას ჩაჰბერავს: მთელი დიდება შეკრებილ ერთგულებს! ჰარე კრიშნა!
![]() |
6 ვარაზი |
▲ზევით დაბრუნება |
ავტორი: სანდრო ნავერიანი
ავთო ვარაზი
მახსოვს, ჩემი პირველი დებიუტი როგორ ჩაიშალა: ვიწვალე, მივრეკე, მოვრეკე, შევუთანხმდი, მივედი, ხუთჯერ მივედი, ჩავწერე, ფოტოები წამოვიღე, მერე უკან მივიტანე, ისევ წამოვიღე, მაგრამ პირველი დებიუტი არ შედგა. გული დამწყდა, ეჭვიც შემეპარა, შემიძლია წერა თუ არა. მაშინ 24 წლის და ერთი თვის ვიყავი.
სანდრო ნავერიანი
„მახსოვს ჩემი პირველი გამოფენა როგორ ჩაიშალა: ფერადი ფანქრებით შესრულებული რამდენიმე ნახატიდან ერთ-ერთი ამოვარჩიე და სტუმრების მოლოდინში, კედელზე ჩამოვკიდე. სტუმრები მოვიდნენ და წავიდნენ ისე, რომ ჩემი ნახატი არც შეუმჩნევიათ. გული დამწყდა, ეჭვიც შემეპარა, შემიძლია ხატვა თუ არა. მაშინ ხუთი წლის ვიყავი“.
ავთო ვარაზი
წარსული და წინაპრები უპირველეს ყოვლისა!
ბაბუაჩემის საყვარელი სადღეგრძელო
ბაბუა ისეთი ცნობილი ხაბაზი იყო, დღეს მასზე იტყოდნენ - „საცხობმაგნატიაო“. რა თქმა უნდა, საკუთარი საცხობ(ებ)ი ჰქონდა. საცხობების არ იყოს, შვილებიც ბევრი ჰყავდა - ოთხი. სამი მათგანი - ისიდორე, ივანე და გიორგი - გერმანიაში სწავლობდნენ. ჰამბურგის უნივერსიტეტში ძმებმა რუსთაველის საზოგადოება დააარსეს. ისიდორემ და ივანემ, ნიკო ნიკოლაძესთან ერთად, „ჭიათურის მარგანეცის მომპოვებელი საზოგადოება“ ჩამოაყალიბეს, ხოლო გიორგიმ თბილისში პირველი წყალსადენი დააპროექტა. ძმები მეცენატობდნენ: გამოსცეს „ვეფხისტყაოსანი“ და ილია ჭავჭავაძის ნაშრომები, რომლებიც დღესაც ერთ-ერთ უძვირფასეს გამოცემად ითვლება; ბერლინში სასწავლებლად წასულ ქართველ სტუდენტებს ეხმარებოდნენ...
როდესაც ქვეყანა საფუძვლიანად გაწითლდა, ისიდორე და მისი შვილი სოსო დახვრიტეს. ივანე ირანში მიიწვიეს სამუშაოდ, წლების შემდეგ კი საქართველოში დარჩენილი მისი ოჯახი გადაასახლეს, რის გამოც ივანე ირანიდან არ დაბრუნებულა - იქვე გარდაიცვალა. გიორგი საქართველოში დარჩა. ვასილი (ოთხი ძმიდან მესამე) მაშინ ხარკოვის უნივერსიტეტში, სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლობდა. მას შემდეგ, რაც ძმები ვეღარ ეხმარებოდნენ, ძალიან გაუჭირდა და კიბის ქვეშ მოუწია ცხოვრება.
ერთხანს, ვასილ ვარაზი ჯარში კავალერისტად მსახურობდა, რის შემდეგაც... მოკლედ, რაღა ბევრი გავაგრძელო და ვასილ ვარაზი 1939 წელს ნობელის პრემიაზე წარადგინეს! ვარაზების არქივში დღესაც არსებობს ამის დამადასტურებელი ორი დოკუმენტი, ერთი შვედურ, მეორე - გერმანულ ენაზე. „ღრმად პატივცემულო ბატონო ვასილ ვარაზიშვილო! ჩვენ, კაროლის სამეფო ინსტიტუტის დავალებით, გვაქვს პატივი, 1939 წელს წარგადგინოთ ნობელის პრემიის მოსაპოვებლად, ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში. გთხოვთ...“ და ა.შ. მაგრამ, საბჭოთა ხელისუფლება, როგორც ეს ხშირად ხდებოდა ხოლმე, მაშინაც ჩაერია და ვასილ ვარაზი ნობელის პრემიის გარეშე დარჩა - ნობელის კომიტეტიდან მოწვევის მიღების შემდეგ დააპატიმრეს. მას ხშირად იჭერდნენ და დაკითხვაზე მიჰყავდათ. ამას ისიც უწყობდა ხელს, რომ ვასილ ვარაზის უფროსი შვილი ვახტანგი ომიდან არ დაბრუნებულა. ვიღაცას კი უთქვამს, ცოცხალიაო და ამის გამო იყო, რომ დაკითხვას დაკითხვაზე უწყობდნენ.
დუელი ერთი ხმლით
ავთო ვარაზს სმა უყვარდა, რის გამოც მამამისი, ვასილ ვარაზი სულ ეჩხუბებოდა, არ შეიძლება ამდენი დალევაო. მორიგი, პატარა ქეიფის დროს, ავთოს და მის ძმას, ლევანს ვასილ ვარაზი ხმლით შეუვარდა და ავთოს ომახიანად უბრძანა: მე შენ დუელში გიწვევო. ავთო თავჩაქინდრული იყო, მამის გამოწვევაზე თავი ასწია და ძალიან მშვიდად ჰკითხა: სახლში კიდევ არის სხვა ხმალი? სახლში სხვა ხმალი არ ყოფილა. ამიტომაც დუელი გადაიდო. მაგრამ სეკუნდანტებიანი დუელის ნაცვლად, ავთო ვარაზმა იმ ხმლის ისტორია მოისმინა და შემდეგ თვითონ გამოიწვია მამა დუელში, ოღონდ ფიალების და ყანწების დუელში. ასეთი დუელი ხშირად იმართებოდა. ავთო ვარაზის ძმა, ლევანი სტომატოლოგი იყო. ვასილ ვარაზის ერთ-ერთ ასეთ „ფრანგულების ქნევას“» ლევანის პაციენტი შეესწრო და გაკვირვებული კითხულობდა: ბატონო ვასილ, კი მაგრამ, რომელი საუკუნეა, დუელში რომ იწვევთ და ისიც ხმლითო. ბატონი ვასილი კი თავისას გაიძახოდა - დუელი, დუელიო. პიპინია ერისთავის ამბავია, რა.
პატარა „შავი“ სია
1951 წელს ვარაზების ოჯახი გადასასახლებელთა სიაში იყვნენ, შუა აზიის გზაზე გაყენებას უპირებდნენ. ვასილ ვარაზის მეგობარი ჩეკაში მუშაობდა, რომელმაც დიდი ძალისხმევის შედეგად, ვარაზების ოჯახს თავიდან ააცილა გადასახლება. თუმცა, იმის საშიშროება, რომ გადაასახლებდნენ კიდევ იყო. 1953 წელს „დიდი“ ბესარიონი გარდაიცვალა და ვარაზებმაც შვება იგრძნეს.
ამის შემდეგ, პეროვსკაიაზე, ვარაზების სახლში ხშირად იკრიბებოდნენ ვასილ ვარაზის მეგობრები და „ამერიკის ხმას“ უსმენდნენ. ნობელის პრემიაზე წარდგენილ და გადასახლებას უამრავჯერ გადარჩენილ ვასილ ვარაზს ისიც კი უთქვამს, როგორი მოსაწყენი გახდა ყველაფერი; რა კარგი იყო, ანტრესოლში რომ ვიკრიბებოდით და ჩუმად პოლიტიკაზე ვსაუბრობდითო.
„მხატვარი ბუნებისგან იღებს რჩევას, ივსება, იახლებს ხედვას, იაზრებს გარემოს. როცა ტილოს უჯდება, თავად არ იცის მხატვარმა, რა გამოვა მისი ნამუშევრისაგან, რადგან მხატვარი მხოლოდ მუშაობის დროს ცხოვრობს. მთავარია ნახატი გესაუბრებოდეს და სუნთქავდეს. მართალია, ნახატის ბოლო ლურსმანია, რომელზეც უნდა ეკიდოს იგი მუდმივად თუ დროებით, მაგრამ მხატვარს არ უნდა ავიწყდებოდეს, რომ იგივე ლურსმანზე მისი ცხოვრების ნაწილი ჰკიდია“.
ავთო ვარაზი
მწერალი ბუნებისგან იღებს რჩევას, ივსება, იახლებს ხედვას, იაზრებს გარემოს. როცა კალმით ხელში თაბახს უჯდება, თავად არ იცის, რას დაწერს მწერალი, რა გამოვა მისი ნამუშევრისაგან, რადგან მწერალი მხოლოდ მაშინ ცხოვრობს, როდესაც წერს. მთავარია ნაწერი გესაუბრებოდეს და სუნთქავდეს. მართალია, ნაწერის ბოლო თაროა, რომელზეც უნდა იდოს იგი მუდმივად თუ დროებით, მაგრამ მწერალს არ უნდა ავიწყდებოდეს, რომ იგივე თაროზე მისი ცხოვრების ნაწილი დევს. და კიდევ ერთი, მთავარი და ყველაზე მთავარი: აუცილებელია, რომ ცხოვრებაშივე, შენი (ანუ ჩემი) ნაწერი ვინმემ შეაფასოს და რედაქტორმა, თუნდაც კონდუქტორმა ნაწერში ჰონორარი მოგცეს.
სანდრო ნავერიანი
ეს შენ გეძღვნება, ჩემო აზიზ!
პეროვსკაიას ქუჩის დალაგებას გათენებამდე იწყებდა აზიზა. აი, ეგეთი, დამტვრეული და სხვა ენებნარევი ქართული იცოდა: რათომ სემე ზაგლი, ზაგლი რა, ადამიანი არ არი? ერთხელ, ჯერ კიდევ არ გათენებულიყო, როცა აზიზა თავის საქმეს შეუდგა. ავთოს გამოეღვიძა, ფანჯარაში გადაიხედა და ასე, წყნარად და მოწყენილი იხედებოდა. აზიზამ დაინახა და ჰკითხა: ჰა, ავთოჟან, რა გჩირს, ხატამ რამეს? უცებ, ავთომ აზიზას შეყვირა, არ გაინძრე, მანდ იდექი, კარგ ადგილას დგახარ, კარგი განათებააო. ავთომ მთელი საათი მოანდომა თავისი ყველა ნამუშევრის ქვევით ჩატანას და საგამოფენო კონსტრუქციით მათ დალაგებას.
ცოტა ხანში, ვარაზების სახლის წინ ღია გამოფენა გაიმართა, რომელიც აზიზას მიეძღვნა. ავთო ყოველ ნამუშევარს დიდი გულმოდგინებით მიადგებოდა, აზიზას მიიყვანდა და ხმამაღლა ეუბნებოდა: ეს შენ გეძღვნება, ჩემო აზიზ! ესეც, ესეც... მეზობლები გაოცებულები უყურებდნენ ავთოს, აზიზა კი ყოველი მიძღვნის შემდეგ, ჯიგარი ხარ, ავთოჯან, ჯიგარიო, - ეუბნებოდა. ერთიც ვნახოთ და აზიზა გაკვირვებული ეკითხება ავთოს, ეს რა გაგიკეთებიაო. „ეს“, რომელზეც აზიზამ ჰკითხა რა გაგიკეთებიაო, იყო პოპ-არტი, სახელად „საბჭოთა კავშირი“. „საბჭოთა კავშირი“ კი ასე შეიქმნა: ავთო ძალიან კოპწია და აზიზი ადამიანი იყო. თავის ოთახს თვითონ ალაგებდა და გვიდა ხოლმე. გამოგვილ ნაგავს მუყაოზე აგროვებდა და ისე ყრიდა. ერთხელაც დახედა მუყაოს და დააკვირდა. მუყაოზე სიგარეტის კოლოფები, ნამწვები, ეტიკეტები და რაღაც, ყოვლად უვარგისი ხარახურა ეყარა - ნაგავი, რა. მოეწონა, წებო დაასხა და ასე შექმნა „სავეცკი საიუზი“ - ნაგავი, რა. რამდენიმე დღის შემდეგ, ავთომ მთელი თავისი ნამუშევრები ნაგვის მანქანას გაატანა - გადაყარა. ბედად, მეზობელმა დაინახა ეს ყველაფერი და ავთოს ძმის მეუღლეს დაურეკა, ასე და ასეო. ქალბატონმა ჯულიეტამ, ლევანის მეუღლემ იმდენი მოახერხა, რომ ნაგვის მანქანას დაეწია და ნამუშევრები დაიბრუნა.
სანაგვიდან მუზეუმში
ნახატები, რომლებიც ავთო ვარაზმა ნაგვის მანქანაში ჩაყარა და გაატანა და რომელიც ქალბატონმა ჯულიეტამ დაიბრუნა, დღეს მსოფლიოს ცნობილ მუზეუმებში ინახება, ზოგიც ფულიან კოლექციონერს გამოუკიდებია ოთახის კედლებზე.
საფრანგეთი - გლეზერის პირადი კოლექცია
აშშ - დოჯის კოლექცია
ნიუ იორკი - თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი
ნიუ ჯერსი - ზიმერლის ხელოვნების მუზეუმი
ეს არის ჩამონათვალი, სადაც ნაგვის მანქანიდან ამოღებული ნამუშევრები მოხვდა.
ავთო ხშირად ჭრიდა და ხევდა თავის ნახატებს. ამბობდა, არავის არ მოსწონს ჩემი შემოქმედებაო. ერთი სახელოსნო არ მაღირსესო. მართლაც, ისე გარდაიცვალა, სახელოსნო არ ჰქონია. დახეულ და დაჭრილ ნახატებს შემდეგ თვითონვე აერთებდა და ამითიც დიდ სიამოვნებას იღებდა.
ვარაზი და ნიაზი
ავთო ვარაზი და ნიაზ დიასამიძე (რა თქმა უნდა, უფროსი) ძალიან ახლო მეგობრები იყვნენ. ნიაზ დიასამიძე სულ ვარაზების ოჯახში იყო. ძალიან უყვარდა მათთან ურთიერთობა. ვარაზებსაც ძალიან უყვარდათ. ერთხელ, გვიან ღამით, ნიაზ დიასამიძე ავთოს სახლის წინ დადგა და ჩვეულ სტილში და რიტმში, დაიწყო: ააავთოოო, ააავთოოო, ააავთოოო... მეზობლები უკვე მიჩვეული იყვნენ ნიაზისგან ასე გვიან გაღვიძებას, მაგრამ მაინც წაიწუწუნებდნენ ხოლმე, კაი რა, ნიაზ, ნახე რომელი საათიაო. იმ ღამეს ავთოს ძმამ გადაიხედა ფანჯრიდან და გაჩუმდი რა, კაცო, დაანებე ავთოს თავიო. ნიაზმა, შენ რა გინდა, მე შენ მეუღლეს ვეძახიო და სახელი შეცვალა: ჯუულიეტააა, ჯუულიეტააა, ჯუულიეტააა... რა გინდაო, ქალბატონმა ჯულიეტამ. რა მინდა და გავიგე ხვალიდან პურის დეფიციტი იქნება და სამი მანეთი გადმომიგდე, პურის რიგი მაქვს დაკავებულიო. ამ დროს კი ავთოს ფანჯარა გაიღო და ავთოს ფეხსაცმელმა გადმოიხედა...
ერთხელ, ავთო და ნიაზი ბავშვებს ასეირნებდნენ. იქვე, ვიღაც მათხოვარი მოწყალებას ითხოვდა. ქუჩის მეორე მხრიდან კი ნიაზს და ავთოს ვიღაც ეძახის, როგორ ხართო. ის ვიღაც კი ბაზრიდან მოდიოდა - თავზე ოთხივე კუთხეში გაკვანძული ცხვირსახოცი წაეკრა, პერანგი სიცხისგან დასველებოდა და ორივე ხელში პროდუქტებით სავსე ჩანთა ეჭირა. ნიაზი და ავთო გადავიდნენ ქუჩაზე და იმ ვიღაცას ჩანთები გამოართვეს. იმან ატეხა, არა, როგორ გეკადრებათ, ჩემით წავიღებ, არ შეწუხდეთო, მაგრამ როდესაც დაინახა, რომ ჩანთები მათხოვარს მისცეს, ყბაჩამოვარდნილი შეჰყურებდა მათ. ავთომ და ნიაზმა კი გაიხარეო, შესძახეს და ბავშვებთან ერთად სეირნობა გააგრძელეს.
თუ სჭირდები, დაგინახოს!
უცნობი ჩინელი
ავთო ვარაზის და სახლში შესასვლელი კარის ურთიერთობა, ხშირ შემთხვევაში, დაძაბული იყო. წიხლით კარის გაღება და საკეტის გატეხვა ჩვეულებად ჰქონდა. ყველაფერი ეს კი მხოლოდ და მხოლოდ საძაგელ გასაღებს ედებოდა ბრალად - ხან სად იკარგებოდა, ხან - სად. ბოლოს ყველაფერი იმით დასრულდა, რომ საკეტი საერთოდ მოხსნა კარს და ყოველდღე ღია კარის დღე ჰქონდა სახლში. „გლაზოკი“ მაინც დააყენეო, ურჩია ვიღაცამ. დავაყენებო, დაპირდა ავთო. დააყენა კიდეც, მაგრამ უკუღმა. რატომ უკუღმა? ვისაც ჩემი ნახვა უნდა, მოვა, ზარსაც არ დარეკავს ისე შემოიხედავს, დამინახავს და შემოვა, არ ვიქნები და წავა. აბა, ახლა ადექი, კარი გაუღე...
სამმანეთიანი ლენინი
ავთო ბევრს ხატავდა, მაგრამ მის ნახატებს ან ძალიან იაფად ყიდულობდნენ ან საჩუქრად მიჰქონდათ. იყო შემთხვევები, როდესაც მისი ნახატები ოჯახის წევრებსაც უყიდიათ, რომ დახმარებოდნენ. რაღაც პერიოდის შემდეგ, მივიდოდა ავთო, მჭირდება ეს ნახატიო იტყოდა, ჩამოხსნიდა და მიჰქონდა. ერთხელ, სახლში ნატურმორტი მიიტანა, რომელსაც უკან ასე ეწერა: სულ რაღაც ოცდაათი მანეთი. თქვენი „ავი თანდილი“. ავი არასოდეს ყოფილა, უბრალოდ, ეს ჟესტი რაღაც ბოდიშის მოხდის მსგავსი იყო ოჯახის მიმართ; ბოდიშის იმიტომ, რომ თავის ნამუშევრებს ასე უპასუხისმგებლოდ ეპყრობოდა. ნატურმორტი მისმა ძმამ „იყიდა“.
ერთხელ ავთოს ქუთაისის მუზეუმისთვის ლენინის დახატვა სთხოვეს. ეგრევე დათანხმდა, თუმცა ლენინის გასიებული თავის დახატვა არც უფიქრია, „დილბოს“ დაუძახა და უთხრა:
„ფული გჭირდება?“
„ფული ვის არ სჭირდებაო!“ - უთხრა დილბომ.
„ლენინს დახატავ?“
„ე, დავხატავ კი არაო...“- გაიქაჩა დილბო.
დილბომ ლენინი დახატა, ავთომ - ფული აიღო და დახარჯა. მეორე დღეს დილბო გამოეცხადა, ფულიო. „ვა, მოხვედი? აი, იქ სამმანეთიანია და აიღე, მეტი არაფერი არ დამრჩა შენი ლენინისგანო“. დილბო კარგა ხანს დადიოდა და წუწუნებდა: ია ტაკოვა ლენინა ნარისავალ, ა ონ... შტო ონ სძელალ?! რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ხუმრობით ნათქვამი იყო - დილბოს და ავთოს ერთმანეთი ძალიან უყვარდათ.
„ვარაზი ჩემთვის იგივეა, რაც თბილისი... ერთი ცოდვა აქვს ჩემს მიმართ ჩადენილი - ისე შემაყვარა თბილისი, ალბათ, მკვდარიც ვერ მოვისვენებ, თუ ამ მიწამ არ მიმიბარა. კითხვებზე ქართულად იმიტომ ვპასუხობ, ასე მგონია, ავთოს სახელს სხვანაირად არ შეეფერება. ავთომ ისე გააღარიბა თავისი წასვლით ჩემი სული, როგორც სიცოცხლეში ოდნავ დამცინავი, მაგრამ მაინც საოცრად კეთილი ღიმილით ამდიდრებდა. ვარაზმა დროს გაუსწრო. მასზე, როგორც მხატვარზე, უფრო და უფრო მეტს ილაპარაკებენ. მჯერა, იგი თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია.“
ალბერტ დილბარიანი, დილბო
მონმარტრელი მოლბერტი
ავთო ვარაზი და ალბერტ დილბარიანი ხშირად სტუმრობდნენ ქალბატონ ელენე ახვლედიანს, რომელიც, თავის მხრივ, შვილებივით უვლიდა მათ. ქალბატონ ელენესთან, სახლში, მაგიდაზე ყოველთვის იდო დიდი, აღმოსავლური სინი, რომელზეც ხილი, ტკბილეული და სასმელი ეწყო. ავთო მეგობრებთან ერთად ხშირად ადიოდა ქალბატონ ელენესთან და მოკითხვის შემდეგ, იმ სინს მიუჯდებოდა. ერთხელ ყვავილებითაც ავიდა, რაზეც ქალბატონმა ელენემ უთხრა: რად მინდა ეგ ყვავილები, გგონია ვერ ვხვდები რისთვის დადიხართ ჩემთანო. ბოლოს იქამდე მივიდა საქმე, რომ ქალბატონი ელენე ავთოს სახლში აღარ უშვებდა.
ერთხელ ავთომ ქალბატონ ჯულიეტას თხოვა, ელენესთან წამომყევიო. ქალბატონი ჯულიეტა თავიდან არ მიყვებოდა, მაგრამ როდესაც გაიგო რისთვის მიდიოდა, გაყვა. ცოტა ხანში პეროვსკაიაზე ქალბატონი ჯულიეტა და მხარზე მოლბერტგადებული ავთო ვარაზი მოდიოდნენ. ის მოლბერტი ქალბატონმა ელენემ თავისი ხელით გააკეთა და პარიზში ყოფნისას, მონმარტრზე სწორედ ამ მოლბერტზე ხატავდა. ქალბატონ ელენეს ერთხელ ავთოსთვის უთქვამს, იმ მოლბერტს მოგცემო. მხარზე მოლბერტგადებული ავთო ბავშვივით გახარებული ბრუნდებოდა შინ.
დილბოს შარვალი და ხარის თავი
ავთო ვარაზის ყველაზე ცნობილი ნამუშევრის, „ხარის თავის“ შექმნის ისტორია საკმაოდ კურიოზულია: ერთ დღეს, ავთო შინ ნასვამი მისულა და დაწოლის წინ შარვალი მოუფრიალებია. დილას რომ გაიღვიძა, შეხედა და ხარის თავი დაინახა. „აი, ეგრე, შევხედე და ხარის თავი დავინახე“-ო. ის შარვალი დილბოსგან ჰქონდა ნათხოვარი.
გაჩერებული წამი
რუსლან ღონღაძემ, ავთო ვარაზის სიცოცხლეშივე, მასზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო. ამ ფილმის ნახვის შემდეგ, ავთო ვარაზმა თქვა: ეს ჩემი დასასრულიაო. ბოლოს ეკლესიის ზარები რეკენ და კადრი ჩერდება. ყველას ეგონა, რომ ეს ფილმი ავთო ვარაზის სიკვდილის შემდეგ იყო გადაღებული, მაგრამ ეს ასე არ ყოფილა.
„და ახლა, როცა 45 წლისა ვარ, ბევრი მიხატია, ვფიქრობ... იმას, რასაც ვაკეთებ „თვითნასწავლი“ და „სხვისნასწავლი“ მხატვარი. თავისი თავის მასწავლებელი, მხატვარი თავად უნდა იყოს - თვითონ თუ არ დაინახა, ვერ შეიგრძნო, სხვა ვერ დაანახებს და ვერ შეაგრძნობინებს“.
ავთო ვარაზი
და ახლა, როცა 24 წლის და ორი თვის ვარ, ბევრი მიწერია, ვფიქრობ... და ვოცნებობ, იქნებ მეორე დებიუტი მაინც შედგესმეთქი. რა ვიცი, რა ვიცი.
სანდრო ნავერიანი
![]() |
7 სოფო ეძებს სახლს |
▲ზევით დაბრუნება |
ავტორი: ანა კორძაია-სამადაშვილი
ფოტო: ლევან ხერხეულიძე
პერსონალური გამოფენები
2004 „რაც ფარდა გვევგონა, კედელი აღმოჩნდა“, გალერეა ვილდე ვეიტენი (Het Wilde Weten), როტერდამი, ნიდერლანდები
2003 „არქიტექტურული ავტოპორტრეტი“, გალერეა ლამბერტ ტეხენბოსი (Lambert Tegenbosch), ჰოუსდენი, ნიდერლანდები
2001 „I“, გალერეა იოზინ ბოკჰოვენი (Josine Bokhoven), ამსტერდამი, ნიდერლანდები
1998 „ერთი წლის შემდეგ“, ძველი გალერეა, თბილისი
1997 „ნამუშევრები ქაღალდზე“, ძველი გალერეა, თბილისი
ჯგუფური პროექტები და გამოფენები
2005 „ეკოტოპია“ ქართველი, აზერბაიჯანელი, სომეხი და გერმანელი მხატვრების მონაწილეობით, ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმი, თბილისი
2005 „პროექტი როტერდამი“, ბოიმანსის მუზეუმი (Museum Boijmans van Beuningen), როტერდამი, ნიდერლანდები
2005 „წინა საუკუნის ქართველები“, ნინო ფურცხვანიძესთან ერ-თად, სახელმწიფო გალერეა, თბილისი
2005 „ბაზისი“, გალერეა არტისი (Artis), დენ ბოსი, ნიდერლანდები
2003-04 „გამჭოლი სახლი“, კვლევა/გამოფენა პროექტ სტრიპტან (De Strip) და ჟანა ვან ჰეესვაიკთან ერთად (ნიდერლანდები), ფლარდინგენი, ნიდერლანდები
2003 „უცხოელი/Foreigner“, ორგანიზება და მონაწილეობა, ორთვიანი პროექტი 6 ქართველი და 6 ჰოლანდიელი მხატვრის მონაწილეობით, ღვინის ქარხანა სავანე, თბილისი და ფელიქს მერიტისი (Felix Meritis), ამსტერდამი, ნიდერლანდები
2002 „ქაღალდის ქალაქი“ - პროექტი ქალაქში, განხორციელებული კუნსტ ექსპრესისა (KunstXpress) და გალერეა ტენტის მიერ (TENT), როტერდამი, ნიდერლანდები
2002 „ნამუშევრები ქაღალდზე“, გალერეა იოზინ ბოკჰოვენი (Josine Bokhoven), ამსტერდამი, ნიდერლანდები
2001 „ვაუ“, გალერეა კუნსტჰალ რემიზე (Kunsthal Remise) ამსტერდამი, ნიდერლანდები
2001 „კუნსტ რაი“ (Kunst Rai Art Fair), გალერეა იოზინ ბოკჰოვენთან ერთად (Josine Bokhoven), ამსტერდამი, ნიდერლანდები
2000 „ნამუშევრები ქაღალდზე“, გალერეა იოზინ ბოკჰოვენი (Josine Bokhoven), ამსტერდამი, ნიდერლანდები
2000 „კუნსტ რაი“ (Kunst Rai Art Fair), გალერეა ლამბერტ ტეხენბოსთან ერთად (Lambert Tegenbosch), ამსტერდამი, ნიდერლანდები
1999 „ჰენგელო“ (Hengelo Art Fair) გალერეა ლამბერტ ტეხენბოსთან ერთად (Lambert Tegenbosch), ჰენგელო, ნიდერლანდები
1998 „ქართველი მხატვრები“ გალერეა ტესანდრა (Tessandra), ჰააგა, ნიდერლანდები
ჯილდოები
1996 გამომცემლობა „დიოგენეს“ პრიზი საბავშვო წიგნის გაფორმებისთვის
1995 „ახალი სახელები XXI საუკუნე“ რუსეთის საქველმოქმედო ორგანიზაციის პრიზი
ჩვენი გმირის, სოფო ტაბატაძის პასპორტში წერია, რომ ნაციონალობით ის არის „ქართველი/ჰოლანდიელი“. უცნაური ნარევია. თავად განსაჯეთ:
ქართველს ჰკითხეს:
- მილიონი რომ მოგცენ, რას უზამო?
- ვალებს გავისტუმრებო, - უპასუხა ქართველმა.
- დანარჩენს?
- დანარჩენმა მევალეებმა დაიცადონო.
ჰოლანდიელს ჰკითხეს:
- მილიონი რომ მოგცენ, რას უზამ?
- გადავითვლი, გადავამოწმებო.
ნეტა, როგორი ქალი უნდა იყოს ჰოლანდიელ-ქართველი?
ჩემი პირადი სანტიმენტები გვერდზე რომ გადავდო, ამგვარად ჩამოვაყალიბებდი: მას ვინმე ან რამე ან მოსწონს, ან - არა. ის რამეს ან აკეთებს, ან - არა. მოკლედ, სრულიად გასამხეცებელი ფორმულირება: „კი, მაგრამ არა, მაგრამ კი, ოღონდ ოოო...“ - სოფიო ტაბატაძეს არ ახასიათებს. მაგრამ ამაში არც ჰოლანდიას მიუძღვის რამე წვლილი, არც საქართველოს. უბრალოდ, ასეთი ადამიანია.
* * *
თავდაპირველად სოფო ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში სწავლობდა, ფერწერის ფაკულტეტზე, დიპლომირებულიც გახლავთ. შემდეგ მან თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ჩააბარა, დაზგური გრაფიკის ფაკულტეტზე, და იქ მიხვდა, რომ ძალიან შეცდა.
„ნიკოლაძეში ყველაფერი გასაგები იყო: პატარა სასწავლებელია და ყველაფერი ჩანს. ვიცოდი, რომ ყოჩაღი გოგო ვიყავი, ბევრს ვმუშაობდი. აკადემია კი უზარმაზარია, და როცა დეკანატში მომიწია შესვლა - გამოცდებს გადატანა მინდოდა - აღმოვაჩინე, რომ კარიდანვე წელში მოხრილი, თავჩაღუნული უნდა შევსულიყავი, თითქოს რაღაცა განსაკუთრებული სათხოვარი მქონოდა. მერე კი დედაჩემის და დეკანის საუბარს შევესწარი, ნინო გამართული იყო, მოკლედ, ჩვეულებრივი ადამიანი... ძალიან არ მომწონდა აკადემია, იქ გამძლები ნამდვილად არ ვიყავი“. და სოფო ამსტერდამში გაემგზავრა, ნიდერლანდებში, სადაც რიტფელდის აკადემიის ხატვა-ფერწერის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა.
„ჰოლანდიაში რვა წელი ვცხოვრობდი და უკვე მიჭირდა იმის თქმა, სადაა ჩემი სახლი - საქართველოში, სადაც ოც წლამდე ვიყავი, თუ იქ, სადაც ვსწავლობდი და კიდევ რამდენიმე წელი ვიცხოვრე. ორივე ჩემშია და უკვე აღარ ვიცი, საიდან ვარ...» საქართველოში დაბრუნებამდე სოფოს ნამუშევრებში სახლის თემა სჭარბობდა. „სად არის სახლი?“, „როდის ვგრძნობ თავს სახლში?“, „ეს შინაგანი თუ ფიზიკური დაცულობის შეგრძნებაა?“
ამის შედეგი იყო თბილისის ძველი ღვინის ქარხნის ეზოში მდგომი სახლიდახლიც - გორგოლაჭებზე დამაგრებული, მოარული ქანდაკება, პროექტ „უცხოელის/Foreigner“-ის ნაწილი. „თბილისში ჩამოსულს ბაზრობა ყველაზე მეტად მომხვდა თვალში. ხელით ნაკეთები, ცისფერი ტენტით გადახურული დახლებისა და თაროების მიღმა მყოფი ადამიანები - ვინაა ის ხალხი, ვინც მთელი დღე იქ ზის. ვერ გაიგებ, სადაურები არიან. კონტაქტში მხოლოდ იმ შემთხვევაში შემოდიან, თუკი მათგან რამის ყიდვა გინდა. სხვაგან ისინი არ მხვდებიან. ჩემთვის თითქოს ახალი ფენაა, ისინიც უცხოელები.
ერთი-ორჯერ საგანგებოდ საღამოს მივედი, როცა აღარ ვაჭრობენ. ფუნქციადაკარგული, დაცარიელებული დახლები დამხვდა, ქანდაკებებივით იდგნენ. ამის მერე „სახლი-დახლის“ აშენება დავიწყე. დღისით მასზე რაღაც-რაღაცეებს დაალაგებ და გაყიდი, ღამით კი ზედ დაწვები და დაიძინებ...“
სახლის თემას ეძღვნებოდა სოფო ტაბატაძის სადიპლომო ნამუშევარიც - შპალერი. ის დღესაც რიტფელდის აკადემიის შენობის კედლებს ამშვენებს: თავის დროზე შპალერების საამქრომ სოფოს პროექტი სწორედ იმ პირობით დააფინანსა, რომ მასზე ნამუშევრები შემდგომშიც გამოიფინებოდა. სოფოს თქმით, „უფრო იმიტომ დამიბეჭდეს, რომ რიტფელდი გამოჩენილი აკადემიაა და დიპლომების დაცვის დღეებში ფართო საზოგადოებისთვისაა ღია. ასე რომ, ბევრი ხალხი ნახავდა. რომ შემორჩა, რაღაც დამატებითი ბონუსივით გამოვიდა ჩემთვის“. ერთი შეხედვით, უბრალოდ, ლამაზი შპალერია, ბაროკო და მსგავსები, მაგრამ არა! ცოტა ხანში ზედ გულს აღმოაჩენთ, ფილტვებს, თირკმელებს, სათესლე ჯირკვლებს. მოკლედ, კაცია? „კაცია,“ თავი დაგვიკრა სოფომ.
კაცი იყო ის უცნაური, ერთი მტკაველის ზომის ქანდაკებაც, რომელსაც სოფო ტაბატაძე ჰოლანდიაში მრავალი წლის განმავლობაში ბინიდან ბინაში დაატარებდა. „ეს ჩემი პირველი დიდი სიყვარულის საჩუქარი იყო,“ ჰყვება სოფო. „რაღაცნაირი ტიპი იყო ეს ქანდაკება, მავთულისა, ხელში ერთი ციდა, უპატარავესი ნიჟარა ეკავა და ზედ გამადიდებელი შუშა ჰქონდა დამაგრებული, რომ კარგად დაგეთვალიერებინა. სადაც დავდგამდი, იქ ჩემი სახლი იყო, ბინები კი მართლაც ბევრი მოვიცვალე... ახლა კი, როცა საქართველოში საბოლოოდ გადმობარგება გადავწყვიტე, - ვერ წარმოიდგენთ! მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ მოვისაკლისე. სადღაც დამრჩა, არც კი ვიცი, სად. როგორც ჩანს, დატვირთვა აღარ ჰქონდა, ისედაც სახლში ჩამოვედი...“
დღეს სოფიო ტაბატაძესთან მოხვედრა მხოლოდ ნაპრალების გავლით შეიძლება. არაფერ ღრმადინტელექტუალურსა და მეტაფიზიკურს არ ვგულისხმობ, უბრალოდ, მის სახლს „ნორმალური“ ქუჩა არ უდგება. ზუბალაშვილების ქუჩის ბოლოს ორ სახლს შორის უნდა შეეჭედოთ, ვიწრო, ვიწრო გასასვლელში, რომელსაც მხოლოდ იმ შემთხვევაში აღმოაჩენთ, თუ მისი დეტალური აღწერილობა გაქვთ. იგივე ხდება „ქვემოდანაც“, ოღონდ იქ უფრო დიდხანს გადიხართ ძველი უბნის სტიქიურად აშენებულ ნაგებობებს შორის, და საბოლოოდ ადგებით პატარა სახლს, ზამთარში თბილსა და ზაფხულში გრილს, რომელიც, სიციცქნის მიუხედავად, ორსართულიანი და ერთობ ტევადია, ორი კარიც კი აქვს, სხვადასხვა ნაპრალებში გამავალი.
ეს სახლი დედამ, ნინო ფურცხვანიძემ აღმოაჩინა და სოფოს უთხრა, ორში ერთია: ან აღფრთოვანდები, ან გამიგიჟდებიო. სოფო აღფრთოვანდა, თუმცა პირველი სართული საერთოდ არ არსებობდა, მიწით იყო ამოვსებული, ზემოთ კი - ოოო... მაგრამ ნინო არქიტექტორია, სოფო - მხატვარი, ზუსტად მოეხსენებოდათ, რასაც სჩადიოდნენ, და მიუხედავად მეგობრების დაძაბულ-შეწუხებული მზერისა და გაფრთხილებებისა, რომ სახლს მანქანა არ უდგება, საძირკველი დამპალი აქვს, სახურავი - დაქცეული, ის მაინც იყიდეს, 90-იანებისთვისაც კი სასაცილო თანხად. დღეს ნაპრალების გავლის შემდეგ, სოფოსთან მისული ყველა ადამიანი ხშირი სტუმარი ხდება - ცხადია, თუ მასპინძელს უნდა. სხვაგვარად ვერც სახლს და ვერც სოფიო ტაბატაძეს ვერ მიუდგებით.
სწორედ ამ სახლის დამსახურებაა ის, რომ რიტფელდის აკადემიის დამთავრებისა და ჰოლანდიაში გატარებული რვა წლის შემდეგ სოფიო ტაბატაძე თბილისში დაბრუნდა. „როცა მეკითხებოდნენ, სად მიდიხარ, რამ გაგამწარაო, ვპასუხობდი, რომ საქართველოში საქმე მაქვს დასამთავრებელი - სახლი“. სახლის აშენების შემდეგ ერთი წელიც არ იყო გასული, „სახლის შენება ის-ის იყო, დამთავრდა, ბოლო აგური დაიდო - და მე წავედი“, სასწავლებლად ,ამსტერდამში. კიდევ ერთი წელი და დედა ნინოც როტერდამში გადავიდა თავის მეუღლესთან ერთად. სახლი კი დარჩა. ნინომ მისი მეტ-ნაკლებად „შერგება“ მოასწრო, სოფომ - ვერა. ახლა სწორედ ამას ცდილობს - სახლის აშენებას. „მოშინაურებას ამ შემთხვევაში უფრო თბილისს და საქართველოს ვგულისხმობ, ანუ სახლს ფართო გაგებით. ნინომ ეს უკვე იგემა, მე კი - ჯერ არა“
„აქ უამრავი რამე მაქვს დასამთავრებელ-გასაკეთებელი. სულ არ მეჩქარება, უბრალოდ, გასაკეთებელია. აი, სტუმრები როცა მოდიან და ამბობენ, უი, სოფო, ეს შენი ნამუშევარია? რა კარგიაო - ეს ბევრი წლის წინანდელი ნამუშევრებია, მე ასეთი აღარ ვარ. ახლა ყველაფერი სხვანაირად უნდა გავაკეთო, სახლი მოვირგო. მაგრამ ყველაფერს თავისი დრო აქვს. ჩემს შპალერსაც გავაკრავ, როცა საჭირო იქნება, უბრალოდ, ჯერ არ მინდა... მერე კი, როცა სახლში გასაკეთებელი აღარაფერი იქნება... რა ვიცი, ალბათ სხვა სახლის ძებნას შევუდგები. ამაზე ჯერ არ ვფიქრობ“.
მაგრამ თუ იმით ვიმსჯელებთ, თუ რამდენს და რა ტემპით აკეთებს ქალბატონი სოფიო, შეგვიძლია მივხვდეთ, რომ სახლის „მორგების“ პროცესი ასე იოლადაც ვერ წარიმართება. ამჯერად ის, თბილისის სამხატვრო აკადემიის პედაგოგი, რამდენიმე პროექტზე ერთდროულად მუშაობს.
ერთ-ერთ მათგანს, „სუბუ-დიეტას“, დაკვირვებული თბილისელი დიდ სანაგვეებზე აღმოაჩენდა.
„ყველა ხომ რაღაცაზეა დამოკიდებული, ძირითადად, სისულელეებზე. ზოგი ნარკოტიკებით ცდილობს იმ რაღაცის მიღწევას, რაც ძალიან მნიშვნელოვნად მიაჩნია, ზოგი - ძირითადად, ქალები, - ფიქრობენ, რომ თუ უფრო ლამაზები იქნებიან, უფრო გამხდრები ან რა ვიცი, რამე მსგავსი, აუცილებლად ეღირსებათ ის, რაც უნდათ, ოღონდ რა უნდათ - ძნელი სათქმელია. წიგნი ჩამივარდა ხელში, დიეტების კრებული - მსგავსი არაფერი გენახოთ, და რვა „ზახოდად“ დაყოფილ B8 აბთან ერთად ორი ასეთი დიდებული დიეტაც ამოვიწერე პლაკატებისთვის - „ანუბისის“ და „ინტელექტუალთა“. რა ეს დიეტები და რა სუბუტექსი...“
ყურადღება! მოწოდება სოფიო ტაბატაძისგან!
საჩუქარი მერიას
ანუ საქართველოს მე-17 გამარჯვება
ჩვენს ქვეყანაში მომხდარ ცვლილებებს და რეფორმებს მოჰყვა სხვადასხვაგვარი დემოკრატიული ინიციატივების გაღვივება. ამათგან ერთი ძალიან საინტერესოა ჩვენთვის, მხატვრებისთვის. ამ ბოლო დროს შეგვიძლია თვალყური ვადევნოთ ისეთ მოვლენებს, როგორიცაა ზურაბ წერეთლის წმინდა გიორგის დადგმა თავისუფლების (ლენინის) მოედანზე, გია ბუღაძის ახალი სიტყვა უნივერმაღ „თბილისზე“, გივი მიზანდარის ალექსანდრე ჭავჭავაძის ძეგლი წინანდალში...
ამ ნამუშევართაგან ზოგიერთი უსასყიდლოდ გადაეცა სახელმწოფოს. ეს ფაქტი გვარწმუნებს იმაში, რომ პირველად საქართველოში შესაძლებელი გახდა ის, რომ თუკი ხელოვანი უსასყიდლოდ გადასცემს შესაბამის სამსახურებს თავის ნამუშევარს და მიუთითებს მის განსალაგებლად მაქსიმალურად საინტერესო ადგილს, ამით იგი წვლილს შეიტანს თავისი ქვეყნის შენებაში.
ზემოთ აღნიშნული შემთხვევები გვარწმუნებს ამ მოქმედების აუცილებლობაში: დროა შეიქმნას ჯგუფი, რომლის წევრებიც კვირაში ერთხელ საზეიმოდ გადასცემენ თბილის-ქალაქს ქანდაკება-საჩუქარს, და რუკაზე მიუთითებენ სასურველ ადგილს მის განსათავსებლად.
ძვირფასო კოლეგებო! გთხოვთ მოამზადოთ საჩუქარი და მოიფიქროთ მისთვის საუკეთესო ადგილი.
სოფო ტაბატაძე
გამომეხმაურეთ!
stabatadze@yahoo.com
![]() |
8 პირველი ამერიკელები |
▲ზევით დაბრუნება |
სპეც-პროექტი:
ავტორი: თამარ ბაბუაძე
ფოტო: ედუარდ კერტისი
ეპისტოლური შესავალი
From: Tamar Babuadze
To: Chris Reopelle
Date: Aug 26, 2005 5:15 PM
Subject: Re: Sweetest thing
„...რა ვქნა, არჩევანის შეგრძნება მინდა დავიბრუნო. დიდი ქალაქი მინდა, მისი სიჭრელე, ხმაური, ამბიციები, სტერეოტიპები, მაღალი ქუსლები, ამორალიზმი და დამაბნევლად ბევრი არჩევანი. ყველაფერი მინდა გამოვცადო, თორემ მგონია, რომ ნახევარი ძალით ვცხოვრობ. მოკლედ, ნიუ იორკი! შენ მაპატიე!“...
From: Chris Reopelle
To: Tamar Babuadze
Date: Aug 26, 2005, 9:29 PM
Subject: Re: Sweetest thing
„...თუ ეგ გინდა, ესე იგი, ეგ გინდა. ყველას სხვადასხვა რამე უნდა. მე, პირადად, დიდი ქალაქის სინათლეებზე არასდროს მიოცნებია. მე ხომ გულში ერთი ინდიელი ბიჭი ვარ და მთელი ეგ მეტროპოლისების ამბავი ჩემთვის მიწის ტყუილუბრალოდ ხარჯვაა; ამაოდ აშენებული იმპერია, რომელიც ბოლოს ისევ ადამიანის სისულელის გამო უნდა დაინგრეს. და თუ ამ ადამიანებმა არ იციან, როგორ იცხოვრონ ბუნებასთან ჰარმონიაში და არა მის წინააღმდეგ, მაშინ მე ვერაფერს გავაწყობ. ეგ დიდი ქალაქები კორპორაციული მეძავების რეალობაა. და მაშინ, მაინტერესებს, სად ურჩევნია შენ ნამდვილ „მე“-ს ყოფნა? საით არის მიმართული შენი რეალური სურვილები და ამბიციები? გინდა, იმ მილიონობით ადამიანს შეუერთდე, ჭინჭებისთვის რომ იხარჯებიან? ვერ დავიჯერებ, რომ ეგ გინდა. მგონი, შენ მათგან განსხვავდები; მაგრამ რა ვქნა, თუ ეგრე არ გგონია, მაშინ მე უნდა დავჯდე და გიყურო, როგორ მიხვდები ამას თვითონ“...
From: Tamar Babuadze
To: Chris Reopelle
Date: Oct 29, 2005 9:33 PM
Subject: Re: Dang it
„კრისი-ბოიიიიიიიიიი! მაგარი რაღაც უნდა გითხრა!“...
From: Chris Reopelle
To: Tamar Babuadze
Date: Oct 30, 2005 1:41 AM
Subject: Wowee
„ეეე, შენ მართლა გიჟი ხარ!!! თვის ბოლოს, ესე იგი? აბა, დიდი ქალაქი და მაღალი ქუსლებიო? ბემიჯიში სულ 12 ათასი ადამიანი ცხოვრობს და -20-ია, გაფრთხილებ! Hell with it! COME SOOOOOOOOOOOON!!!!“...
From: Chris Reopelle
To: Tamar Babuadze
ate: Nov 22, 2005 12:07 AM
Subject: Re: UPDATE
„10:30 pm-ზე მანდ ვარ. ხო გიცნობ? თმა ქერად ხო არ შეიღებე? შე კრისი-ბოი, ინდიელო!“...
დღიურიდან. 11.11.1997
როჩესტერი, მინესოტა:
კრისს კოლეჯში რეოს ვეძახით - ეგეთი იმეილი აქვს და იმიტომ. ინდიელიაო - ვიღაცამ თქვა, თორემ თვითონ ცდილობს, ჩვენნაირი იყოს. ისე, რატო, ნეტა? ალბათ, პერიოდი აქვს ეგეთი - თინეიჯერობის, თეთრ ამერიკასთან ადაპტაცია უნდა, თეთრი ყვავივით რომ არ იგრძნოს თავი. სულ ჩუმად არის, თვალებში არ გიყურებს და რაღაც მოკრძალებულია, მეორე კრისს, ჰოენქს, ვაფშე არ გავს - ის დებილი, სულელივით ჭიხვინებს, საყვარელი და სწორხაზოვანი ამერიკელია, არც ადგილს გვითმობს გოგოებს და საშინლად აბოყინებს. ამას ვეკითხები, ე, თვალებში რატო არ მიყურებ-მეთქი. ჩვენ პატივისცემას ეგრე გამოვხატავთო - ცოტა ყოყმანის მერე მითხრა ჩუმად... ვინ ჩვენ, ვინ ჩვენ??? რაღაც ჩამაკომპლექსა ეგეთი მოწიწებით. სად შემიძლია!!! ბუმბულები!!! დღეს კაფეტერიაში შემხვდა, ხვალ ვდიჯეობ რადიოში და წამო, თუ გინდა, დაესწარიო. წავყვე? სულ მეშინია, რო დაიხრება და ხელზე მაკოცებს.
თვითმფრინავში ნანახი სიზმარი-2005:
ვითომ რაღაც უცხო, დიდ და თეთრ ოთახში, ზედ იატაკზე მძინავს, ოღონდ თვალები გახელილი მაქვს და ჭერში ჩამოკიდებულ უზარმაზარ ობობის ქსელს ვხედავ, ბუმბულებით და მძივებით მორთულს. ეს რა არის-მეთქი - ჩემთვის ვბოდავ. სიზმრების მახეო - მპასუხობს ხმა და მოითხოვს: თვალები დახუჭე, ღრმად ჩაიძინე, თუ რამე კეთილი სიზმარი დაგესიზმრა, ამ ბადეში გააღწევს, ცაში გაფრინდება და მერე იქედან რეალობადქცეული დაგიბრუნდებაო. ვემორჩილები უსიტყვოდ, თვალებს ვხუჭავ და ვხედავ სიზმარს: უზარმაზარ თოვლიან გზაზე ვარ და კონუსის ფორმის ქოხისკენ ძლივს მივდივარ, ვიცი, იქ ცეცხლი იქნება, სითბო და „ტკბილი ბალახის“ ჩაი. კრისიც იქ დამხვდება-მეთქი? - ვფიქრობ ჩემთვის და თოვლში ვეფლობი. ნეტა, იქ იყოს-მეთქი - კიდევ ვფიქრობ და ქოხს ვუახლოვდები...
ამ დროს მეღვიძება, სტიუარდესა მადგას თავზე: 15 წუთი დაგვრჩა ბემიჯიმდე, ყავა კიდევ ხომ არ გნებავთო? ვეუბნები: არა, გმადლობთ, მაგრამ იცით, ახლა მე, იმ თქვენს 15 წუთში, მეგობარი უნდა ვნახო, რომელიც შვიდი წელია, არ მინახავს-მეთქი.
>>>>
ეტყობა სიზმარი კეთილი იყო, ეტყობა ობობას ქსელში გაეტია, ცაში ააღწია და იქედან რეალობადქცეული დამიბრუნდა.
როცა ბემიჯიში დავფრინდით, თოვლიც იდო მიწაზე და ქოხში - იგივე აეროპორტის ვესტიბიულში - კრისიც იდგა, გაცილებით უფრო ინდიელი, ვიდრე შვიდი წლის წინ: მაღალი, დიდი და წელამდე თმით, ცხენის კუდივით ბზინვარე და ცხენის კუდივით შეკრული თმით. ისე ჩამიკრა გულში, როგორც ბელადმა. ეს თმა როდიდან-მეთქი? მარტო იმ წელს მქონდა მოკლედ შეჭრილი, შენ რომ აქ იყავი, თორემ მერე სულ ასე მაქვსო.
არა, მართლა ძალიან გაინდიელებულა და ახლა ჩემში ისეთივე მოწიწებას იწვევს, როგორსაც, ალბათ, დიადი ბელადი ჯერონიმო იღებდა დანარჩენებისგან.
მერე ალექსიც დავინახე ვესტიბიულ- ში - „ინდიელების პროექტის“ გადასაღებად სან ხოსედან ჩამოსული ქართველი ფოტოგრაფი. შენ ხო გიცნობ „რუსთავი-2“-დან-მეთქი. მოკლედ, მაგარი შეხვედრა იყო. სიზმარი გეგმის გადაჭარბებით ახდა. მეტიც - გაგრძელდა. მთელი ის ერთი კვირა მართლა სიზმარივით იყო და მერე მე - ნიუ იორკში დაბრუნებული, ხოლო ალექსი - უკან, სან ხოსეში წასული - ვწერდით ერთმანეთს: რაღაც ბემიჯის მიმართ საშინელ ნოსტალგიას ვგრძნობთო და ფიცს ვდებდით: ინდიელებს ინდიელები აღარასოდეს დავუძახოთ, სტერეოტიპების მთელი სია მათ მიმართ ხომ სწორედ აქედან იწყებაო. ინდიელები პირველი ამერიკელები არიან, მორჩა და გათავდაო. ჰოდა, კრისტოფერ რეოპლე - ჩემი წითელკანიანი მეგობარი - ოჯიბვეს ნაციიდან - იმ ერთ კვირაში თავიდან გავიცანი და გავიცანი ზუსტად იმ გარემოში, იმ ხალხში და იმ ბუნებაში, რომელსაც თვითონ ეკუთვნის.
აი, რა იყო და როგორ:
ისტორია
ევროპელებთან პირველი კონტაქტის დროს, ათობით მილიონ ადგილობრივ მოსახლეობას დასავლეთ ნახევარსფეროს უზარმაზარი ტერიტორია ეკავა - სამხრეთში ტიერა დელ ფუეგოდან დაწყებული, ჩრდილოეთში არქტიკული წრით დამთავრებული. საუკუნეების განმავლობაში, მათ უზარმაზარი ცივილიზაცია შექმნეს, კომპლექსური და მრავალფეროვანი კულტურითა და ცხოვრების სტილით. დაახლოებით ევროპული შუასაუკუნეების დროს, დღევანდელი სენტ ლუისის ტერიტორიაზე ისეთივე ურბანული მეტროპოლისი არსებობდა - მზარდი და ეკონომიკურად ძლიერი, როგორიც დღეს, ვთქვათ, ლონდონია.
მე-17-მე18-ე საუკუნეებიდან კი ამერიკაში ინდიელების პირველი რეზერვაციები ინგლისელმა კოლონიზატორებმა შექმნეს. რეზერვაციებში შემწყვდეული ინდიელების მოქცევაზე ქრისტიანი მისიონერები ზრუნავდნენ. ასწავლიდნენ, როგორ უნდა ეცხოვრათ წესიერად - ანუ მათებურად, როგორ ემუშავათ და როგორ ეცათ თაყვანი ღმერთისთვის. ასე იქცა რეზერვაციები - მიწის მკაცრად განსაზღვრული მონაკვეთები - პირველი ამერიკელების ახალ სამშობლოდ.
შედეგმაც არ დააყოვნა, ისტორიულმა ომებმა პირველი ამერიკელების რაოდენობა თითქმის გაანახევრა. 1900 წლისთვის - როცა აშშ-ს მოსახლეობის აღწერაში ინდიელები პირველად შეიყვანეს - მათი რიცხვი 9 მილიონიდან 250 ათასამდე იყო შემცირებული. ეს მოსახლეობის 95 პროცენტით განადგურებას ნიშნავდა. ასეთივე წარმოუდგენელი პროცენტებით კარგავდნენ ინდიელები მიწას...
თანამედროვე სიოქსის ინდიელი
ავტორი: ჯეიმს ბამა, 1978 წელი, ზეთი.
ოჯიბვეს ნაციის წარმომადგენლები დღეს რეზერვაციებში ცხოვრობენ. თუმცა, იყო დრო - რა თქმა უნდა, საუკუნეების წინ - როცა ისინი ოკეანის ნაპირას სახლობდნენ, მაგრამ დაახლოებით 1400-იან წლებში ჩრდილოეთ ამერიკის კლიმატი შეიცვალა, აცივდა და პირველი ოჯიბვეები, ოტაველები და პოტავატომები ჰურონის ტბისკენ დაიძრნენ. დაახლოებით მე-18 საუკუნიდან კი, ოჯიბვეს ტომის ინდიელები უკვე მთელ ონტარიოში, მანიტობაში, სასკაჩევანში, მიჩიგანში, მინესოტაში, ჩრდილოეთ დაკოტაში, ილინოისში, ინდიანასა და ოჰაიოში დასახლდნენ.
დღეს კანადაში პირველი ამერიკელების 600-ზე მეტი ოფიციალურად აღიარებული ნაციაა, მათგან 130-ზე მეტი ოჯიბვეს ამერიკელები არიან. ამ ჯგუფებს, სხვანაირად, ჩიპევას ინდიელებს უწოდებენ, თუმცა, ეს ორი სიტყვა - ჩიპევა და ოჯიბვე, როგორც ამბობენ, ერთი და იგივეა, უბრალოდ, ოდნავ სხვადასხვაგვარად წარმოითქმის („ო'ჩიპევა“ = ოჯიბვე). შტატებში ოფიციალურ დოკუმენტებში ყოველთვის ჩიპევას წერენ, თვითონ ამ ტომის წარმომადგენლები კი ერთმანეთს კიდევ ერთი სახელით მოიხსენიებენ - ანიშინაბე (ანიშინაუბაგ, ნეშნაბეკ), რაც „პირველ ადამიანებს“ ნიშნავს. ოტავას და პოტავატომის ტომის ინდიელებიც საკუთარ თავს ანიშინაბეს, ანუ „პირველ ადამიანებს“ უწოდებენ და, სულაც, საუკუნეების წინ ოტაველები, პოტავატომელები და ჩიპვები ერთნი იყვნენ. მათი ისტორიული სახელი „სამი ცეცხლი“ იყო.
შტატებში ფედერალურად აღიარებული ჩიპევას 22 ჯგუფი ცხოვრობს, მათგან ყველაზე დიდი ჯგუფები მინესოტაში, მონტანაში, ჩრდილოეთ დაკოტაში, ვისკონსინში არიან.
ომებისა და ფრანგებთან თუ ბრიტანელებთან გაფორმებული ხელშეკრულებების მიუხედავად, მათ თავიანთი კულტურისა და ტრადიციების მაქსიმალურად შენარჩუნება შეძლეს. დღესაც ოჯიბვეს ტომის წარმომადგენლები - სადაც არ უნდა ცხოვრობდნენ ისინი - ნადირობით, ბრინჯის შეგროვებით და ნეკერჩხლის შაქრის გამოყვანით არიან ცნობილი. ოჯიბველები ხშირად თევზაობენ, ძირითადად, თართს მიირთმევენ და ეს მათ გენეტიკურად კიდევ უფრო აძლიერებს. მათი მთავარი სამშენებლო და საყოფაცხოვრებო მასალა არყის ხის ქერქია, რითაც ამზადებენ თითქმის ყველაფერს - შესანახ ყუთებს, დანა-ჩანგალს და, რა თქმა უნდა, კანოეებს. საუკუნეების განმავლობაში, იგივე მასალით იხურებოდა მათი გუმბათის ფორმის ვიგვამებიც. როცა ოჯახი ერთი ადგილიდან აიყრებოდა, ოჯახის უფროსი ქოხის სახურავს იოლად ხსნიდა, რულონად დახვეული თან მიჰქონდა და მხოლოდ ჩარჩოს ტოვებდა.
ზაფხულში მათ ხვადი ირმის სამოსი ეცვათ, ზამთარში ამავე სამოსს ქურქს უმატებდნენ. პირველი ამერიკელების სხვადასხვა ნაციებში ოჯიბვეს ხალხი განთქმული იყო მოკასინების სილამაზითაც. ქალები ძალისხმევასა და ფერების გამოყვანის ცოდნას არ იშურებდნენ და საყვარელ კაცებს ფეხებს წითელი, ყვითელი, ლურჯი და მწვანე მოკასინებით უმოსავდნენ. მოკასინები დღეს მაღაზიებშიც იყიდება. თუმცა, არ ირღვევა ტრადიცია და გარდაცვლილ ინდიელს ფეხზე სწორედ მოკასინს აცმევენ...
გრძელ და ცივ ზამთრებს ანიშინაბეები ვიგვამში ატარებდნენ, ცეცხლის პირას ისხდნენ და ქალებს თავზე საყრელად ჰქონდათ დრო, რომ ულამაზესი საბნები შეეკერათ და ლოსის ბეწვით მოერთოთ ოჯახის წევრების სამოსი.
გრძელი ზამთრები შესანიშნავი დრო იყო გრძელ-გრძელი ამბების მოსაყოლადაც. ამ ხელოვნებას ოჯიბვეს ხალხი დღემდე შეუდარებლად ფლობს და ლეგენდების მოყოლის ტრადიციასაც ყველაზე სათუთად ინახავს. მიწაზე დაცემული პირველი თოვლი იმის ნიშანია, რომ შეგიძლია ძველი ამბების გუდას პირი მოხსნა და თბილ სახლში შეკრებილ პატარებს წინა თაობის საგმირო ისტორიები უამბო. ამ დროს არავინ იცინის, არავინ ხმაურობს, ყველა სმენად არის ქცეული და ცდილობს, თითოეული წარმოთქმული სიტყვა სიცოცხლის ბოლომდე დაიმახსოვროს, რადგან დიდმაც და პატარამაც კარგად იცის - სიტყვა უძლიერესია.
პირველი ამერიკელები, ძირითადად, გრძელ თმას ატარებდნენ, კაცებსაც და ქალებსაც თმა დაწნული ჰქონდათ, თუმცა ომიანობის პერიოდში თმას იხოტრავდნენ და მხოლოდ შუა ზოლზე იტოვებდნენ ერთ გრძელ კუდს. სკალპის აძრობის ტრადიცია ოჯიბვეს ხალხსაც ჰქონდა, მაგრამ, როგორც წესი, ისინი ტყვედ ჩავარდნილ მტერს პირდაპირ კლავდნენ და არ აწამებდნენ.
ოჯიბვეს ნაცია ჯერ ჯგუფებად და შემდეგ კლანებად იყოფოდა. ზამთრის თვეების დროს ისინი ერთმანეთისგან საკმაოდ მოშორებულ ტერიტორიაზე სახლდებოდნენ, რათა ყველა ჯგუფს თავისი შემოსაზღვრული სანადირო მიწა ჰქონოდა. უფრო თბილ თვეებში ისინი 300-400-კაციანი ჯგუფებად ერთ ტერიტორიაზე სახლდებოდნენ, რათა ერთად უკეთ ეთევზავათ, კენკრა და ველური ბრინჯი შეეგროვებინათ.
ჩიპევას ერთი ტრადიციის მიხედვით, გარდაცვალების შემდეგ, ადამიანი გადიოდა გზას, რომლის ნაპირებზეც მწიფე, წვნიანი კენკრა ხარობდა. ხილი იმდენად გემრიელად გამოიყურებოდა, რომ სულს იქვე, გზაზე დასარჩენად აცდუნებდა.
წმინდა საკვებად ოდითგანვე ითვლებოდა ველური ბრინჯიც. აგვისტოს ბოლოს და სექტემბრის დასაწყისში ოჯახები ბრინჯის მოსავლის აღებას ერთად იწყებდნენ. ბრინჯის წყლიან მინდვრებში კანოეს მამაკაცები მართავდნენ, ქალები ფეხზე იდგნენ, ხელში გრძელი ჭოკები ეჭირათ და ბრინჯის ტოტებს ჯოხის ერთი მოქნევით კანოეს ფსკერზე ყრიდნენ.
ოქტომბერსა და ნოემბერში მამაკაცები ნადირობას იწყებდნენ, ნანადირევ ცხოველს შემდეგ ცეცხლზე შებოლავდნენ და აშრობდნენ. მათი მთავარი საკაზმი ნეკერჩხლის სიროფი და შაქარი იყო. ნეკერჩხლის ნაყოფს ხის ქერქისგან დამზადებულ ყუთებში ათავსებდნენ და დაბალ ცეცხლზე დგამდნენ. ეს დიდი საოჯახო რიტუალი გახლდათ...
კრისი, ბრინჯი და...
From: shorena
To: Tamar babuadze
Date: Nov 25, 2005 1:23 PM
Subject: Daletela??
ბაბუ...
ჩაფრინდი???????
From: Tamar babuadze
To: shorena
Date: Nov 27, 2005 4:27 AM
Subject: Re: Daletela???
შორენააა, სალომეს მივწერე დიდი წერილი და მოაყოლე მე და კვატაშიძის პრიკოლები. ჯერ warming up-ი გვაქვს, მაგრამ მაინც მგონია, რომ ყველაფერი გამოგვივა. ალექსი ფოტოებზე დარდობს, მაგრამ ეგეც იქნება. პროსტა, აქ ბუმბულებით არავინ დარბის, ყველა ჩვეულებრივი ტიპია. კომპიუტერთან სხედან და ნასდაკის ინდექსზე მსჯელობენ :) ...დღეს რაღაც indian handcraft მაღაზიას შევესიეთ და მისი მინესოტელი გამყიდველი ქალი - მოკლე, ქერა თმით, სქელი გავით, უწელო ტანით, იღლიამდე აჯაჯული blue jeans-ით და კუბოკრული ფანელის საროჩკით - სუპერმოდელად გადავაქციეთ. თავზე რაღაც ბუმბულები დავახურეთ. სანამ ალექსი აქ იქნება, საკმაოდ ბევრ რამეს მოვასწრებთ, as I am sure!
კრისი ცოტა დაბნეულია - ალექსის არსებობა ნერვებს უშლის. მე „მისიანი“ ვარ, ალექსი კი მე მომყვა - ასე თვლის. მე კი პატივს მცემს, მაგრამ ალექსი მაინც აღიზიანებს, ცოტ-ცოტა ყველაფრის გამო; მეორე რიგში - ფოტოაპარატის, ფირების და უსასრულო კითხვების: „ხვალ სად მივდივართ?“ „ვინ შეგვხვდება?“ „რომელ საათზე გეცლება?“ - არ აუხსენი, რომ აქ სხვანაირად ვცხოვრობთ? რომ ეს შტატები არ არის? უთხარი, რომ როცა დრო მოვა, ყველაფერი ექნება. ვინც საჭირო იქნება, ყველა დაელაპარაკება. აქ მშვიდად უნდა იყო, ისტერიკულად არაფერი მოითხოვო, შენი სათქმელი თქვა და პასუხს დაელოდო, მოსმენა ისწავლო და თუ ღირსი ხარ, მოგეცემა, - კრისი ალექსს არაფერს პასუხობს და როცა მარტო ვრჩებით, ისევ მე მებუზღუნება თუ მასწავლის ორი ათასჯერ ნათქვამს.
მაგრამ რა ქნას ალექსმა, ან რა ვქნა მე. აქ მართლა ძნელია გაერკვე, სად ხარ. მინესოტას შუა ამერიკულ სიმბოლოებს - ფანელის პერანგებს, სიმინდს, უსასრულო გზებს, გარეუბნებში ჩადგმულ სახლებს, „პერკინს ინებს“ წლების წინ შევეჩვიე და აღარ მაღიზიანებს, მაგრამ ამ პრონვიციულ ამერიკაში კიდევ ერთი დამოუკიდებელი სამყაროს აღმოჩენა და მასთან შეგუება უკვე გვაბნევს. თანაც, ამ ორ რეალობას - ოჯიბვეებსა და მინესოტელებს - შორის იმდენად მყიფე ზღვარია, რომ აქაურები მას ვეღარც ამჩნევენ და ასე ყალიბდება ფენომენი - „მინესოტას შტატის ოჯიბვეს ნაციის ინდიელი“. ჩვენ კი ღირებულებები ერთმანეთში გვერევა. სტერეოტიპებით დანაგვიანებული გონება ვერაფრით ეგუება კომპიუტერთან მოკალათებულ გრძელთმიან ინდიელს და მერე უკვე პირიქით - ერთსართულიანი ხის სახლის რბილ ტახტზე გამოლაგებულ ოჯიბვეს ხურჯინს - ბუმბულებით, ყალიონით, თუთუნით და სხვა ათასი წმინდა ნივთით სავსეს.
ახლაც შინაგან დისკომფორტს განვიცდით. თოვლიანი გზატკეცილის ერთ მხარეს ჩალაგებული ბენზოგასამართი სადგურის, „პიცა-ჰატის“, „ჰოლიდეი ინის“, „ქეი მარტის“ გვერდით, პერკინსის ოჯახურ რესტორანში ვსხედვართ, შუა ამერიკული სამზარეულოს სიმინდისგან დამზადებულ შედევრებს ვეცნობით მენიუში და თითქოს ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს, მაგრამ ეს ანიშინაბე კრისი? თავისი გრძელი კუდით? და პირველი ამერიკელისთვის დამახასიათებელი ანტაგონისტური დუმილით?
ო, ღმერთო!
- მე ველური ბრინჯის სუფი მინდა, - ვამბობ და ვგრძნობ, კრისი უცებ ცოცხლდება. ისე მხიარულდება, რომ მზად არის, ალექსის ყველაზე მომაბეზრებელ კითხვებს რთული ქვეწყობილი წინადადებებით უპასუხოს. ხალისიანად მეკითხება:
- გიყვარს ველური ბრინჯი?
- აბა, რა - მშვიდად ვპასუხობ, „რატომ არ უნდა მიყვარდეს, ვითომ“-ის ტონით (ჰა-ჰა, უკვე ვისწავლე, სიმშვიდის შენარჩუნება და ამით ინდიელების აღფრთოვანების პროვოცირება. შედეგიც სახეზეა):
- მაგარი ხარ! ხო იცი, ველური ბრინჯი, თევზი და კენკრა ჩვენი მთავარი საჭმელია. აი, თუ სულ არ გაიყინა ტბა ლიჩ ლეიქის რეზერვაციაში, წაგიყვანთ და განახებთ, როგორ იღებენ ბრინჯს. ახლა დრო უკვე გასულია, მაგრამ მაინც. მიდი, ჭამე, ჭამე, ბეღურას გავხარ, უნდა გასუქდე.
>>>>
ბემიჯიში - კრისის 12 ათასიან ქალაქში, მინესოტას ჩრდილოეთით - ბევრი ინდიელი არ ცხოვრობს. ქალაქს უბრალოდ სამი დიდი რეზერვაცია აკრავს გარს. დასახლებას სახელიც ინდიელების ქვია. ბემიჯი ოჯიბვური სიტყვაა და მისი გრძელი ვარიანტი - ბეი-მეიჯი- გა-მაუგ - ნიშნავს ტბას, რომელსაც მდინარე კვეთს.
ეს მართლაც ასეა. ბემიჯის ტბას შუაზე მისისიპი კვეთს. და გამოდის, რომ ეს პატარა დასახლება პირველი ქალაქია მისისიპის ნაპირებზე. მისისიპი სულ რამდენიმე კილომეტრით ზევით იღებს სათავეს და მერე, ბემიჯის გავლით, იწყებს თავის 2.552 მილიან მოგზაურობას ქვევით - ახალი ორლეანისა და მექსიკის ყურისკენ...
ბემიჯის თავისი ინდიელი გმირიც ჰყავს, რომელსაც ასეც ჰქვია - ბელადი ბემიჯი. მისი ნამდვილი სახელი შეინაუიშ-კუნგია, რომელიც ოჯიბვეს ენაზე ნიშნავს „კაცს, რომელიც ზარის ხმას გამოსცემს“. ის 1833 წელს დაიბადა და წლების განმავლობაში, ბემიჯისთან ახლოს, ლიჩისა და ქესის ტბების მიდამოებში სახლობდა (ახლა აქ ორი რეზერვაციაა). შემდეგ მან ლიჩის ტბის ინდიელი ქალი პილაგერი მოიყვანა ცოლად და რვა შვილი გაუჩნდა, რომელთაგან მხოლოდ ოთხი გოგონა და ერთი ბიჭი გადარჩა. მოგვიანებით, ბელადს ცოლიც გარდაეცვალა. მგლოვიარე ინდიელმა აღარ ისურვა იმ გარემოში ცხოვრება, სადაც ბედნიერი წლები მეუღლესთან ერთად ჰქონდა გატარებული, ჩაჯდა კანოეში და ბემიჯის ტბის ნაპირზე გამოცურა. ის გახლდათ პირველი მოსახლე ქალაქისა, სადაც უკვე 1888 წლიდან თეთრებიც დასახლდნენ; ხოლო ბელადი ბემიჯი პირველი იყო, ვინც ახალ მოსახლეებს შეეგება.
დღეს ბემიჯის ცენტრში მისი დიდი ქანდაკება დგას. იქვე დგას მეორე დიდი ქანდაკებაც პოლ ბანიანის და მისი ხარისა, რომელთა შესახებ ქალაქში ცალკე ლეგენდებს ჰყვებიან.
აი, ამ ქალაქში ცხოვრობს კრისი. რამდენიმე საგანსაც ჩააბარებს და ექნება ეთნიკური და რასობრივი სწავლების დიპლომი და ბიოლოგიის სერთიფიკატი. ორივე განათლება ძალიან სჭირდება. ბიოლოგია - ბუნებას უკეთ რომ გაუგოს. ეთნიკური და რასობრივი მეცნიერება - საკუთარი ნაციის წარსული და მომავალი უკეთ რომ შეისწავლოს.
შაბათ-კვირას ძნელად აღსაზრდელი ბავშვების ცენტრში მუშაობს. ჰყავს მრავალრიცხოვანი ოჯახი, იმდენად მრავალრიცხოვანი, რომ ვინ ვისი შვილია - ამის გარკვევას მეორე დღესვე დავანებე თავი. ამაო რომ იყო მისი ფესვების ძიება მაშინ მივხვდი, როცა მითხრა: ჩვენთან ასეა - შეგვიძლია გვყავდეს ბევრი ცოლი, ბევრი შვილი და ბევრი და და ძმა იმიტომ, რომ არ არის აუცილებელი სისხლით ნათესაობა, ყველას შეუძლია ერთმანეთის და, ძმა, შვილი და დედა გახდესო. ბებიაჩემს რვა შვილი ჰყავსო და 27 შვილიშვილიო, თუმცა, ჩვენს გარდა, ნაშვილებიც უამრავი ჰყავსო და მათზეც ზუსტად ისევე ზრუნავს, როგორც თავის ნამდვილ შვილებზეო.
ამის მიუხედავად, ამ თავისუფლებაში კრისი მაინც დაიბნა. პატარა იყო, როცა ნამდვილმა მშობლებმა ის თეთრების ოჯახს მისცეს და საცხოვრებლად როჩესტერში გაუშვეს (ასეთი რამ წინათ უფრო ხშირად ხდებოდა - დანარჩენ ამერიკასთან ასიმილაციის სურვილით თუ მოთხოვნით, პატარა ინდიელ ბავშვებს ხშირად სხვა ოჯახებში ზრდიდნენ). მშობლებისგან მოშორებული კრისი დაიბნა და ვეღარ მიხვდა, ვინ იყო. ამ პერიოდში ის ბევრს სვამდა, ცოტას სწავლობდა და აღარაფერი აკლდა იმ სენის შეყრამდე, რომელსაც ამერიკაში „ინდიელთა სენს“ უწოდებენ და რომელიც გენეტიკით გადმოცემული ნაციონალური სევდით ხასიათდება - დაკარგული მიწები, წართმეული „მე“, მხოლოდ პოპ-კულტურულ სიმბოლოებში შემორჩენილი დიდი კულტურა...
თუმცა, როგორც თვითონ კრისი ამბობს, ეს გაუცხოების პერიოდი დიდხანს არ გაგრძელებულა. სმას - სენს, რომელიც ინდიელებს ნაციონალური ნიჰილიზმის გამო საუკუნეების წინ შეეყარა - თავი დაანება, თავის ნამდვილ ოჯახში უხუცესს - ბებოს - სთხოვა, მომნათლეო და ასე ნელ-ნელა მოიპოვა თავისი პირველი ბუმბულიც - რომელიც ინდიელებს განსაკუთრებული დამსახურებისთვის ან გმირობისთვის გადაეცემათ. და ასე ნელ-ნელა გახდა ის ნამდვილი ინდიელი, რომელიც ღამღამობით ჩვენებებსაც ხედავს; ხის კალათაში ჩამწვარი გრძნეული ბალახების კვამლში ლოცვებსაც ამბობს; სადმე უღრან ტყეში ე.წ. „ხვატის ქოხებშიც“ დადის სამარხვოდ
და თან თეთრების მსგავსად ცხოვრებასაც ახერხებს - სწავლობს კოლეჯში, მუშაობს და იმეილსაც ამოწმებს.
ცხადია, არც თავისი თეთრკანიანი დედ-მამა ავიწყდება. მათ სანახავად ხშირად დადის და უკვე მოახერხა იმ ფაქტთან შეგუება, რომ ოთხი დედ-მამა ჰყავს, უამრავი და-ძმა და უამრავი დეიდა და ბიძა - სისხლი რა შუაშია.
ბემიჯის სახლი მის ინდიელ მშობლებს ეკუთვნის. ახლა იქ მარტო ცხოვრობს, ბიძასთან ერთად, რომელიც მასზე 3 წლით უმცროსია და კიდევ ყველა იმ მიმსვლელ-მომსვლელთან ერთად, რომლებიც დროდადრო სტუმრობენ. კრისის კარი ხომ ყველა მოკეთისთვის ყოველთვის ღიაა. მართლა არასდროს იკეტება...
- ჩემზე არ დაწერო, რა. უბრალოდ, თქვი, რომ მასპინძელი ვიყავი. ვერც წარმოიდგენ, ჩემზე იმდენად მაგარ ტიპებს შეგახვედრებ და იმიტომ!
![]() |
9 რეზერვაციაში... |
▲ზევით დაბრუნება |
ავტორი: თამარ ბაბუაძე
ფოტო: ალექსანდრე კვატაშიძე
From: sandro naveriani
To: tamar babuadze
Date: Monday, 28 Nov, 2005 3:01 PM
Subject: ahu!!!
იმედია, ვიგვამში არ ცხოვრობ და ზედმეტსახელად მხიარული იადონი არ დაგარქვეს :))) ...
P.S. ინდიელების ჩიბაქიდან ქაჩავ არა აპაჩების ცრემლს? ლექსიკონი: ჩიბაკი - მუნდშტუკი ან ყალიონი.
ლექსიკონის P.S.-ი. ჩიბაკი და არა შიბაქი:))))))))))))))))))
From: tamar babuadze
To: sandro naveriani
Date: Tue, 29 Nov 2005 14:33:08 GMT
Subject: mokrzalebuli ciqvi
ხო, რავი. ხან მხიარული იადონი ვარ, ხან მოკრძალებული ციყვი - როცა ბელადებს ველაპარაკები, მაგალითად. გუშინ კრისმა მითხრა, you are perfect-ო - ისე უსმენ და ისე ელაპარაკები ყველას, რომ არ აფრთხობო. არადა, როგორი მგრძნობიარეები არიააან, ერთ პატარა დეტალზე შეიძლება აგიხტნენ. დღესაც რთული დღეა მაგ პონტში, ვიღაც მოხუცებს, ანუ chief-ებს, ანუ ბელადებს უნდა შევხვდე და ვაიიიი :))))
კრის რეოპლე
„სიზმრების მახე“
ჩიპევას ხალხს სჯერა, რომ ღამის ცა სიზმრებითა და სულებითაა სავსე. ამიტომ ჩრდილოეთის ტყის შვილები სახლებში სიზმრების მახეს კიდებენ. მახე ობობას ქსელივითაა. კეთილი სიზმრები ქსელის ცენტრში იოლად აღწევენ, ცუდი სიზმრები - ძაფებში იბლანდებიან, ტყვევდებიან და როგორც კი გარიჟრაჟზე სხივები ოთახში შემოაღწევს, მზის სხივებზე იწვებიან. სიზმრების მახეს მშობლები ხშირად კიდებენ ბავშვის საწოლის თავზე, პატარამ ტკბილად რომ იძინოს.
დღეს სიზმრების მახე სუვენირებად იყიდება და ბევრს მანქანაშიც უკიდია. ჩიპევას ხალხს კი სჯერა, რომ მისი ადგილი მხოლოდ სახლშია და თუ რწმენით მოეკიდები მახეს, კეთილი სიზმრების ახდენასა და ბოროტი სიზმრების განდევნაში აუცილებლად დაგეხმარება.
ვიღვიძებთ იმ დილას და კრისის სახლში კიდევ ერთი ბიძა გვხვდება - ლერი. იმ დილას ჩამოვიდა და როდემდე დარჩება, არ იცის. დიდ ფანჯარასთან დგას წელს ზევით შიშველი, ზურგს გრძელი, მბზინავი შავი თმა უფარავს და იზმორება, თოვლიან სახლებს უყურებს, ბუხარში შეშის ტკაცუნს უსმენს და ამბობს: - რა კარგია აქ. სანამ თოვლი არ დადნება, არსადაც არ წავალ!
ლერი ცალკე ფენომენია. დაბალი, დაკუნთული კაცი, ცისფერი ჯინსით, შავი ქურთუკით, შავი სახით, მგლის თვალებით, მუდამ გაშლილი, შუაზე გაყოფილი წელამდე თმით, მაგარი ყავით სავსე დიდი ჭიქით და ისეთი ხმით და ინტონაციით, დღემდე რომ ყურში ჩამესმის (შესაბამის ზედსართავს ვერ ვპოულობ და ვგულისხმობ კარგს).
- ყავა ხომ არ დაგიმატო? - ვეკითხები.
- არა, თამარ, მიიგვეჩ, - ამბობს.
- ?
- მადლობას ნიშნავს ოჯიბვეს ენაზე. ცოტა ხო უნდა ისწავლო.
ლერი დაახლოებით 40 წლისაა. კრისის ბებია ჯოისმა იშვილა და ასე გახდა კრისის ბიძა. ლიჩის ტბის კოლეჯში სწავლობს - მანამდე ჭრელი ცხოვრებით იცხოვრა, ახლა გადაწყვიტა, „მოექცეს“, ისწავლოს, იმუშაოს და ფული დააგროვოს იმისთვის, რომ უპატრონო ინდიელი ბავშვების თავშესაფარი და სკოლა გახსნას.
ლერი ამერიკულ გზებზე ნახეტიალები კაცია, 60-70-იანების მუსიკალური საუნდთრექით, ბევრი სასიყვარულო ისტორიით, ბევრი ალკოჰოლით, მოსაწევით და თავგადასავლით. ახლა „მოქცეულია“. მთლიანად ოჯიბვეს მისტიციზმშია გადავარდნილი და თავის ცხოვრებაზე თითქმის არაფერს ჰყვება.
- რომ მოინათლე, რა დაგარქვეს?
- მებრძოლი მაჩვი - მიგაზოდ მიშკაკოჯიშ.
- შენს კლანს რა ჰქვია?
- ხარის თავის კლანი.
- კრისი სხვა კლანის წევრია, ხო?
- ხო.
- ეგ სახელი როგორ დაგარქვეს?
- ვერ გეტყვი, არ შემიძლია. მე კიდევ სხვა სახელიც მაქვს. საერთოდ, ნათლობისას ორ სახელს იღებ - ერთი ბრძოლებში, ანუ ყოველდღიურ ცხოვრებაში უნდა გამოიყენო, მეორე - შენი სულიერი სახელია. ჩემი სულიერი სახელის შენთან თქმის უფლება არ მაქვს. მებრძოლი მაჩვი კი დედამ დამარქვა. მე მივეცი თამბაქო, მან კი - სახელი. მაშინ თინეიჯერი ვიყავი. სულიერად კი უფრო მოგვიანებით მოვინათლე. სულიერ სახელს ხვატის ქოხში შესვლისას ვიყენებ. ხვატის ქოხი ხო იცი? უღრან ტყეში დგას, იქ განსაწმენდად მიდიხარ. დიდი ცეცხლი ანთია, შიგნით ძალიან ცხელა და ამ სიცხეში, რაც შეიძლება მეტი უნდა ილოცო, ღმერთთან კავშირი რომ შედგეს. ამ დროს ხილვებსაც ხედავ... ეგაა, მეტს ვერაფერს გეტყვი.
- ისე, შენ გაგიმართლა - თოვლია.
- რა შუაშია?
- ზამთარი ამბების მოყოლის დროა, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც პირველი ფიფქი დაეცემა მიწას. მანამდე არაფერს გეტყოდნენ.
დაკითხვა კრისთან გრძელდება:
- შენ რა გქვია?
- მკურნალი თეთრი ცხენი. როჩესტერიდან უკან, შინ რომ დავბრუნდი, ბებია ჯოისმა დამარქვა. ოღონდ, ერთი პრობლემაა, ეს „თეთრი“ მარტივად „თეთრს“ არ ნიშნავს. უფრო „წმინდას“ ნიშნავს. მე კი არ ვიცი, ეს სიტყვა როგორ არის ზუსტად. არა უშავს, როცა დრო მოვა, გავიგებ.
- ხილვები?
- მქონია, აბა რა. ყველას გვაქვს ჩვენი ხილვები და სიზმრები.
- ერთს არ მომიყვები?
ბიძია ლერი
სიყვარულის ფლეიტა
ოჯიბვეს ენაზე მოლაპარაკე ინდიელებს სულ ორი ინსტრუმენტი ჰქონდათ, დოლი და სიყვარულის ფლეიტა. ფლეიტა ხისგან ითლებოდა და მასზე მხოლოდ მამაკაცები უკრავდნენ ქალებთან ფლირტის დროს. თითოეული ინსტრუმენტი ინდივიდუალურად მზადდებოდა, ადამიანის თითების ზომის გათვალისწინებით და, აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად უნიკალური ჟღერადობაც ჰქონდა, მხოლოდ მისი პატრონის ხასიათს გადმოსცემდა.
როგორც ამბობენ, ფლეიტა ცდუნების იდუმალ ძალას ფლობდა და მისი ჟღერადობით ყველა კაცს შეეძლო საყვარელი ქალის გულის მოგება.
- მარტო ერთს კი, იმიტომ, რომ... ხო გესმის, ეს ძალიან პირადულია.
- მესმის.
- ეს სამხრეთ დაკოტაში მოხდა, როცა ბიგ ფუტის („დიდი ფეხის“) მკვლელობის ადგილის სანახავად ჩავედი. მანქანა იქვე გავაჩერე და ის ღამე მანქანაში მეძინა. გარიჟრაჟამდე მესიზმრებოდა ცხადზე ცხადი სიზმარი, ცალ-ცალკე მეცხადებოდა ყველა ის მებრძოლი, რომელიც იმ დღეს გაწყვიტეს ჯარისკაცებმა. მოდიოდნენ სულები და მელაპარაკებოდნენ.
- მომიყევი, რა ბრძოლა იყო.
- 1890 წელს მოხდა, როცა პაინ რიჯის და როუზბადის რეზერვაციებში გენერალ ნელსონ მაილსის მეთაურობით ჯარი შევიდა. მათ ინდიელების „სულთა ცეკვა“ აკრძალეს და ამ აკრძალვის ძალით გამყარება სურდათ. მაილსს ბიგ ფუტის დაპატიმრებაც ჰქონდა ნაბრძანები. შეხლა-შემოხლას ტყვიის გავარდნაც მოჰყვა. საქმეში თეთრების არტილერია ჩაერთო და ყველას ცხრილავდა - ქალსაც, კაცსაც და ბავშვებსაც. ჟლეტვა დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა და ამ მცირე დროში 150-მდე ინდიელი დაიღუპა, 50 დაიჭრა... აი, მე იმ ადგილზე ჩასვლისას, ყველა გამომეცხადა და დამელაპარაკა.
- ეს ბუმბული, საწოლის თავზე რომ გიკიდია?
- ეს ჩემია, მე მოვიპოვე. საერთოდ, ბუმბულს ან გაძლევენ - რაღაც დამსახურებისთვის, მაგრამ თუ გზად დაგდებული იპოვე, ესე იგი, ნიშანია და მაინც შენი ხდება.
- შტატები რომ არ არსებობდეს, რა გგონია, რა იქნებოდა?
- რა უნდა იყოს, ისევ ისე ვიცხოვრებდით ბუნებასთან ჰარმონიაში, როგორც წლების წინ. არავითარი ცემენტი და აგურის სახლები. დედა-ბუნებასთან კავშირის აღდგენა მთავარია. შენ ეს არ გესმის, ხო?
- კრისტოფერ, წავედით, თამბაქოც უნდა ვიყიდოთ და ქსოვილებიც - შესახვევად, - ლერი გვაწყვეტინებს ყავის ხვრეპით და საქმიანად გადის ეზოში.
მე და ალექსს არც თამბაქოს არჩევაში გვრევენ და არც ქსოვილების. ლერი დაფიქრებული დადის რიგებს შორის და კრისსაც უსიტყვოდ ესმის მისი. დიდი ქილებიდან იღებენ თამბაქოს - აუცილებლად კენკრის არომატით და ქსოვილების დიდი თოფებიდან არჩევენ წითელს.
სახლში მაგიდასთან მე და ლერი ვსხდებით. კრისი შორიდან გვიყურებს და აშკარად ბედნიერი ჩანს. ალექსი ფოტოებს გვიღებს.
- მთვარის ციკლი ხომ არ...? - ცოტა ყოყმანის შემდეგ მეკითხება ლერი. კიდევ კარგი, სწრაფად ვხვდები კითხვის არსს და სწრაფადვე ვპასუხობ:
- არა, არა.
- იმიტომ, რომ კარგია, შენ თვითონ თუ შეახვევ, რადგან თამბაქოსთან ერთად, შენი კეთილი ფიქრებიც მოექცევა ტომსიკებში. როცა სტუმრად მივალთ და მე მასპინძელს გაგაცნობ, შენ უნდა გაუწოდო ეს შეკვრა, გაეცნო და უთხრა, რაც მისგან გინდა. ის დაფიქრდება და თუ შენთან ლაპარაკი გადაწყვიტა, თამბაქოს გამოგართმევს. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა დაუსვა კითხვები.
ვახვევ თამბაქოს პატარა გუნდებს წითელ, ოთხკუთხა ქსოვილებში და გულში ზუსტად ისე ვიმეორებ ლერის ნათქვამს, როგორც ბავშვობაში გამრავლების ტაბულას ვიზეპირებდი: 5X9, 7X3...
კრისის რჩევა კი ასეთია: „პრინციპში, ამ სტატიის მიზანიც ხომ ეგ არის. ჩვენ უნდა დავანგრიოთ სტერეოტიპები, რითაც მსოფლიო აღგვიქვამს. სტერეოტიპები, რომლებიც ჰოლივუდური ფილმების და ლიტერატურის წყალობით ყალიბდება. შენ ნახავ რეალურ ადამიანებს და მოისმენ მათ რეალურ ამბებს, ყოველგვარი გაზღაპრებისა და სენტიმენტების გარეშე თორემ მათ იფიქრეს, რომ ჩვენ ისედაც გვიყვარს სიმბოლოები და მხოლოდ ესღა დაგვიტოვეს“.
თუმცა, პატარა ზღაპარი წასვლამდე მაინც გველის. ლერის გამოაქვს შიგნიდან გამოშავებული ხის კალათა, სამზარეულოს კედლიდან ხსნის რაღაც ბალახებს, კალათაში პატარა ნამცეცებად ფშვნის და ცეცხლს უკიდებს. მოტკბო არომატის კვამლში ჯერ თვითონ ეხვევა, მერე თვალით მანიშნებს, მოდიო. კალათას ფეხებზე მიტარებს, მერე თავზე, თან ჩუმად ბუტბუტებს, იგივე რიტუალს ალექსიც გადის, კრისიც და ბოლოს - თვითონაც. მერე ფერფლი კრისს გარეთ გააქვს. თოვლიანი ხის ძირში ფანტავს და ცოტა ხანს თავჩაქინდრული იქვე დგას - ლოცვას აგრძელებს.
ლერი ორი სიტყვით ხსნის, რაც მოხდა - საქმე რომ კარგად წაგვივიდესო...
სენდი ნიკოლსი
ახლად შეუღლებულთა ლარნაკი
ამ ლარნაკს ამერიკელი ინდიელების უამრავი ტომი იყენებდა. უძველესი საქორწინო რიტუალის დროს, მკურნალი უხუცესები შეყვარებულ წყვილს საგანგებო მიქსტურას უმზადებდნენ. სასმელს ახლად შეუღლებულებისთვის დიდი სიყვარული და მარადიული ბედნიერება უნდა მოეტანა.
ქორწილის დროს, წყვილი სიყვარულის სასმელს ერთი ლარნაკიდან და ერთი სასმელი ჩხირით სვამდა.
ასე იქცა საქორწინო ლარნაკი ბედნიერების სიმბოლო. ეს სიმბოლო ინდიელებისთვის დღემდე ძალიან ძვირფასია.
ქერა სენდის შესავალი
მაგრად თოვს. გზები მოყინულია. არც ქალაქში დადის ვინმე და არც გზატკეცილებზე. ბემიჯიდან გავდივართ და უკაცრიელ გზას ვადგებით. მინესოტას თოვლიან და პროვინციულ გზატკეცილებს ქესის ტბის რეზერვაციამდე მივყავართ.
ვოიაჟი სახლებში სენდი ნიკოლსით იწყება. ქერათმიან და ცისფერთვალება სენდის მეზობელი თითქმის არ ჰყავს. ტყეში, ტბის ნაპირას ჩადგმულ ხის ქოხში ცხოვრობს, ინდიელების გარდა, პოლონური სისხლიც ურევია და ექსტრიმზე გიჟდება. „რა მაგარი ამინდია, არა?“ - აუცილებელ დადასტურებას მოითხოვს ჩვენგან - შტორმულად თოვს.
ხეზე, საფრთხობელას მსგავსად, ნანადირევი ირემი უკიდია. სენდი მონადირეა. დილაუთენია მიდის სანადიროდ, კაცებს კაცურად ელაპარაკება - ხორცზე, გასროლაზე, ცხოველებზე, შტორმზე, დოინჯშემოყრილი დგას და კაცივით იცინის.
ხის მაგიდა, ხის სკამები, რკინის უზარმაზარი ღუმელი წინა საუკუნიდან, სიზმრების მახე, ჭერში ჩამოკიდებული ყვავილების კონები და ტკბილი ბალახის ჩაი: „დალიე, დალიე, ნახე, როგორ გაგაკაჟოს. თუ რამე გაწუხებს, ეგრევე მოგიხსნის ტკივილს“.
მერე, სანამ ალექსი გადააქცევდეს სუპერმოდელად, მიყვება, როგორ იყო დედამიწაზე უკუნი, როგორ გაჩნდა სინათლე, როგორ დაანაწილა ღმერთმა მიწები და როგორ სთხოვა ადამიანებს, რომ ბუნებასთან ჰარმონიაში ეცხოვრათ. ამიტომ უნდა, რომ პირველ რიგში, ბუნებას უსმინოს. იმით იკვებოს, რასაც მიწა სთავაზობს, ის იწამოს, რაც ასე ხილული და ახლობელია...
ლერი გვაჩქარებს და გვპირდება, რომ სენდისთან კიდევ დავბრუნდებით. ახლა მისი სულიერი მოძღვარი მორის ფეარბენქს-ბლანჩარდი გველოდება.
სულიერი მოძღვარი
მორის და ჯოის ფეარბენქს-ბლანჩარდების სახლში სიჩუმეს გარედან ყრუდ შემოსული ფიფქების ხმა და ქურაზე - წყლის დუღილი არღვევს. მერე მეორე სართულიდან ცოლ-ქმარიც ჩამოდიან. ვუწვდი თამბაქოს ტომსიკას და ისეთი მოკრძალებით ვუყვები ჩემი სურვილის შესახებ, თითქოს ტაძარში ვიდგე. თუმცა, პოზა არ მაქვს - ბუნებრივად მინდება ასე ველაპარაკო იმიტომ, რომ თვითონაც ერთმანეთს ასე ექცევიან.
ყურადღებით მისმენენ, მერე გაწვდილი ხელიდან თამბაქოს მართმევენ და ჯოისს სამზარეულოში შევყავარ.
მორის და იზაბელ ფეარბენქს-ბლანჩარდები
მახვილი
ინდიელების ზოგიერთ ტომში ასეთი ტრადიცია ჰქონდათ: ადამიანი საკუთარ ქონებას გვერდით ჯოხის ჩარჭობით იცავდა. როცა ინდიელი ტყეში შეშას შეაგროვებდა, მაგრამ შინ ვერ წაიღებდა, იქვე საკუთარ ჯოხს ჩაარჭობდა და შეკვრას სხვა აღარავინ ახლებდა ხელს.
თითოეულ ოჯახს საკუთარი გამორჩეული ჯოხი ჰქონდა - სხვადასხვა ფერის, დიზაინისა და მორთულობის. გარეთ დატოვებული ნივთების დაცვის ეს ტრადიცია საკმაოდ უსაფრთხო იყო. ერთმანეთის ჯოხს ყველა ცნობდა და სხვის ნივთს კი თითსაც არავინ აკარებდა.
მათ სახლში სამი ბავშვი იზრდება: კლარისა, ჯასტინი და იზაბელი. იზაბელი ყველაზე პატარაა, ორი წლის. მიუხედავად ასაკისა, სრულყოფილად ლაპარაკობს ოჯიბვეს ენაზე. ინგლისური ესმის, მაგრამ ოჯიბვე ურჩევნია. მისი სახელი ოჯიბვეს ენაზე ასე წარმოითქმის: შუ ზჰუნიაუშ - ვერცხლისფერი ღაჟოს შვილი. ღაჟო ჩიტია, რომელსაც ელვა და წვიმა მოჰყავს. ღაჟო ჩიტია, რომელიც იზაბელს იცავს და მისი ოჯახის მფარველია. დიდი ძალაა წყლის სულიც - წყლის სული ჯოისს იცავს. ჯოისი დათვის კლანიდან არის. ამიტომ, როცა ქმარს მისი დახატვა მოუნდება, ზუსტად ასე ხატავს. მორისი ძირითადად იმას ხატავს, რასაც ღამის ჩვენებებში ხედავს ხოლმე. მის ნახატებზე ყველაფერი სიმბოლურია, ყველაფერს მნიშვნელობა აქვს - დათვის ტერფსაც, მაღლა აზიდულ მიწასაც, ხეებსაც და ბუმბულებსაც. ეს იმიტომ, რომ ყველამ იცის - ოჯიბვეს ტრადიციის თანახმად, ზღვიდან ექვსი არსება გამოვიდა და ოჯიბვეს ხალხს ჩაუსახლდა. ესენი იყვნენ: ქვაქვეშია, ყანჩა, დათვი, პატარა ხარირემი, კვერნა და ღაჟო. მათ შექმნეს პირველი კლანები და მათი სიმბოლოები თაობიდან თაობას გადაეცემა. ყველაზე ძლიერი კლანი ჯოისის კლანია - დათვის. ჯოისს მუქი შავი გაშლილი თმა აქვს და მახსენდება სადღაც წაკითხული, რომ დათვის კლანის წევრებს თმა არასდროს უთეთრდებათ, არც მოხუცებულობის ასაკში.
მორისმა თითოეული ბალახის გრძნეულების ამბავი იცის და მიუხედავად იმისა, რომ უღარიბეს რეზერვაციაში ცხოვრობს - უამრავი ნარკომანითა და ლოთით სავსე რეზერვაციაში - თავს მაინც მდიდარ კაცად თვლის - თავისი ცოდნის გამო. არც ეს არის პოზა. ჯოისიც და მორისიც ისეთი გულწრფელი ტონით მეუბნებიან, რომ ძალიან მდიდრები არიან - უნებურად ვიჯერებ. „ჩვენ მანამდე არ გავღარიბდებით, სანამ მიწა იქნება მდიდარი. სანამ შეგვეძლება მცენარეებისა და ხილის შეგროვება და ნადირობა. მთავარია, სულიერად რამდენად მდიდარი ხარ“.
მნიშვნელობა მატერიალურ სიმდიდრეს არც ბავშვების აღზრდის დროს აქვს. მერე რა, რომ ჯასტინს, კლარისას და იზაბელს არ აქვთ ძვირფასი სათამაშოები. სამაგიეროდ, მათ არ ეშინიათ ცხოველების და თრითინებს, ციყვებს, ზაზუნებს და მელიებს ისევე ეთამაშებიან, როგორც პლასტმასის თოჯინებს და რკინის მანქანებს დანარჩენ ამერიკაში. იზაბელი გვერდიდან არ იშორებს თეთრი ციყვის ბეწვს - ეს მისი სათამაშოა, ღამით მის გარეშე ვერ იძინებს, დღისით კი ჩვენს გასაოცებლად მკვდარ ცხოველს ტუჩებში კოცნის. ბავშვები მამის მიერ მოკლული ირმის დიდ ბეწვსაც ისე შინაურულად ეფერებიან, რომ აშკარაა - შიში არაფრის აქვთ.
ჯოისი და მორისი ბავშვების აღსაზრდელად რეზერვაციიდან დახმარებას იღებენ და არაფერზე წუწუნებენ. მათ უფრო სხვა რამის ეშინიათ - იდუმალი ბოროტი ძალების, რომლებიც არა მარტო დედამიწაზე, სხვა პლანეტებზეც სახლობენ. ეს ბოროტი ძალები იტაცებენ ბავშვებს და მათ ყველაზე ძვირფასს - შინაგან სიმდიდრეს ართმევენ, უსულოდ ზრდიან. ეს განსაცდელები რომ არა, მორის და ჯოის ფეარბენქსბლანჩარდების ოჯახი სრულ ჰარმონიაში ცხოვრობს.
ბილი - მკურნალი და მონადირე
ქართულად ყველაზე კარგად ასე ითქმება - ბილი ლერის ძმადნაფიცია. მისი სახლიც დათოვლილ ხეობაშია, ყველა სხვა სახლისგან მოშორებით. ეზოში ჯიპი დგას, გვერდით - უკუღმა დამხობილი კანოე. ჩვენს მანქანას ორი უზარმაზარი მეძებარი ძაღლი დატრიალებს. „არ შეგეშინდეს, არ იკბინებიან“ - ვიცი, წინასწარ რასაც მეტყვიან ლერი და კრისი, ვასწრებ და საკუთარ თავს მე თვითონ ვეუბნები: „არ შეგეშინდეს, არ გიკბენენ“.
ბილი და კრისი
ინდიელების „ტკბილი ბალახი“
ტკბილი ბალახი იშვიათი მცენარეა, რომელიც სულ რამდენიმე ადგილას ხარობს. მას სპეციფიკური, მოტკბო სურნელი აქვს, რომელიც მოკრეფილ ბალახსაც კი დიდხანს არ გასდის. არომატით ჰაერი სრულად იჟღინთება, როცა ბალახს ვასველებთ, ან ვწვავთ. ინდიელები ტკბილ ბალახს უამრავი მიზნით იყენებენ, მათ შორის: კალათების და სხვა ნივთების მოსაწნავად; კარგი ბედისა და ჯანმრთელობის მოსატანად; სხვადასხვა რიტუალისთვის; ე.წ. „ხვატის ქოხისთვის“; ჰაერის, გონების და ფიქრების ცუდი ზნისგან გასაწმენდად; რიტუალური ცეკვებისთვის; წამლებისთვის; ლოცვების დროს მოსაწევი მშვიდობის ჩიბუხისთვის. ამ დროს წარმოთქმული ლოცვა პირდაპირ ცისკენ მიდიოდა იმიტომ, რომ ტკბილი ბალახის კვამლში იყო გახვეული, კვამლი კი ცისკენ მიიკლაკნებოდა. შემდეგ საქმეში ქარი ერთვებოდა და ლოცვა და კვამლი სულ ზევით - უზენაეს სულთან აჰქონდა.
ინდიელების ოთხი წმინდა მოსაწევია:
ტკბილი ბალახი, შალფეი, კედრი და თამბაქო.
არც იკბინებიან. კონტაქტი მაშინვე მყარდება და ძაღლები მხოლოდ მაშინ ბრაზდებიან, როცა გარაჟის კარს ვუხურავთ - „კრისტოფერ, ძაღლები არ შემოუშვა, ირმის გატყავება ჯერ არ დამიმთავრებია“. გარაჟში თბილა. გათბობაა ჩართული და სითბო კიდევ უფრო ამძაფრებს ირმიდან ადენილი გამხმარი სისხლის, გამომშრალი ტყავის და ხორცის სუნს. პირველ ხუთ წუთს თუ გავუძელით ამ ოხშივარს, მერე კარგად ვიქნებით - ვამბობ და მეექვსე წუთზე უკვე ისე ვგრძნობ თავს, თითქოს ჰაერი ჩემს ფილტვებს არაფერში სჭირდებოდეს.
თამბაქოს გადაცემის ცერემონიალს სწრაფად გავდივართ და ბილი დაბალ ხმაზე, ხანგრძლივი პაუზებით, გვპირდება: „რისი თქმაც შემიძლია, ყველაფერს გეტყვით“.
სამკურნალო მცენარეებით ის ხუთიოდე წლის წინ დაინტერესებულა. იპოვა მენტორი - ისეთი, როგორიც ლერისთვის მორისია და ამ მოხუცმა ბრძენმა ბილს მთელი თავისი ცოდნა გადასცა. ეს, ცხადია, გიჩი მანიიდუს - უზენაესი სულის ნებით მოხდა. ახლა ბილმა ზეპირად იცის გრძნეული მცენარეების მოკრეფის, მათგან წამლების დამზადების და მოხმარების წესები. ზუსტად იცის, რომელი ცხოველის რა ორგანო რა დაავადებას უხდება. ამბობს, რომ არ არსებობს დაავადება, რომლის განკურნებაც არ შეიძლებოდეს.
ბილის გარაჟში უამრავი ასეთი მცენარე ინახება. ტბის ნაპირას ჭარხლის მოკრეფა შეიძლება, მისი ფესვები რესპირატორულ დაავადებებს უხდება, ყელის ტკივილს არჩენს. ჭაობის ჩაი - ზუსტად გზის გადაღმაა - მუცლის ტკივილს შველის. კედარი და ლერწამი რომ აბაზანაში ჩავაფინოთ და ჩავწვეთ, კანს აცოცხლებს, დერმატოლოგიურ დაავადებებს შველის. თავისი ფუნქციები აქვს ცხოველების ორგანოებსაც, დათვის ქონს თუ რამდენიმე სხვა ინგრედიენტს შევუზავებთ, ინფექციებს განკურნავს. ასევე - კუს ბაკანი და ირმის რქა... „ყველაფრის განკურნვა შეიძლება, ასთმის, დიაბეტის, გულის სნეულებების“ - აგრძელებს ბილი და მეუბნება, რომ მასთან თანასოფლელები ხშირად დადიან. წამლებს ითხოვენ, ყველას აძლევს შესაბამის დანიშნულებას და საფასურად იმას იღებს, რასაც მისცემენ.
სარზე ჩამოკიდებული ირემი? „დიდხანს იბრძოდა. უკვე დაჭრილი იყო, მაგრამ მაინც არ ნებდებოდა, რქებით მიწას თხრიდა. ნახე, რქაც მოტეხილი აქვს. ახლა ამას გავატყავებ. მერე მისსავე ტვინს მარილში ავურევ, ამ მასით გავპოხავ, გამოვაშრობ და გამოვიყენებ“.
სამკურნალო მცენარეების მოკრეფას ბილი თავის გოგონებს ანდობს - ქალებს განსაკუთრებული ძალა აქვთ და იმიტომ. ბავშვები გარიჟრაჟზე ანდა ნაშუაღამევს მიდიან მცენარეების შესაგროვებლად და შინ მოაქვთ. წამლების დამზადებას უკვე მამა იღებს საკუთარ თავზე. „ამას წინათ, ბიჭი მომიყვანეს, ჭაობის ციება ჭირდა, საშინელ დღეში ჰქონდა კანი. ათ დღეში მოვარჩინე“.
კუთხეში ველური ბრინჯის ტომრები აწყვია. „ეს მოსავალი შემოდგომაზე ავიღეთ. შემოდგომა თევზაობის, ბრინჯის აღების, კენკრის მოკრეფის დროა. შაბათ-კვირას მივდივართ კანოეებით. მერე აქ ვაწყობთ და უმი, მწვანე ნაყოფი - აი, საბოლოოდ ასეთი ხდება“.
ბილი - მკურნალი და მონადირე
ქალაქის მერი
ველური ქარის ქუჩა, წყლის შროშანის ქუჩა, ზამთრის კენკრის ქუჩა, მზის ჩასვლის გამოქვაბულის ქუჩა - გზატკეცილებიდან ამ პატარა გადასახვევებს ვხედავ და მერე ერთ-ერთ უკაცრიელ ქუჩაზე პატარა სახლთან ვჩერდებით. აქ ელაინ ფლემინგი ცხოვრობს - ქესის ტბის ამ პატარა ქალაქის მერი. ეს ქალიც გამარჯობის თქმისთანავე სევდიანი და კეთილი ჩანს ისევე, როგორც ყველა აქამდე გაცნობილი რეზერვაციელი - მორისი და ჯოისი, ბილი და სინდი.
წითელი ტბის ნაცია
წითელი ტბის ინდიელების, ჩიპევას ნაციის ხალხის გერბს უამრავი სიმბოლო აქვს. წრე ნიშნავს ჩიპევას და კიდევ სხვა ტომების „სიცოცხლის წრეს“. ხე ნიშნავს იმას, რომ ადამიანები მათ მფარველობას მარადიულად ელიან; მიწა - სითბოს, გზას, სიმყარეს; არწივის ბუმბული - ღირსების მანიშნებელია. თვითონ არწივი იმდენად მნიშვნელოვანი ფრინველია პირველი ამერიკელებისთვის, რომ ამბობენ, დოლის თითოეულ დარტყმაში არწივის გულის ცემა აისახება.
წითელი ტბის ნაციაში შვიდი კლანი შედის, მათი სიმბოლოებია: დათვი, კუ, ქვაქვეშია, წავი, არწივი, ტყის კვერნა, ალკუნი.
რაც შეეხება ფერებს, თეთრი - ღრუბლებსა და თოვლზე მიგვანიშნებს, მწვანე - ხეებსა და სიცოცხლეზე; ლურჯი - ცასა და წყალს მოგვაგონებს, წითელი - სულს და ძლიერებას აღნიშნავს. ვარსკვლავები - წითელი ტბის ნაციის ოთხი სოფლის სიმბოლოა.
პაუზების რაოდენობა და სევდის ხარისხი ამ ქალის სახლში ერთიორად იზრდება. რატომღაც მაშინვე გვენდობა და იმას აკეთებს, რასაც უცხოების თანდასწრებით არცერთი ოჯიბვე არ გააკეთებდა - თავისი ოთახის დამალული კუნჭულიდან გამოაქვს ფერადი ძაფებით ხელით ნაქსოვი ხურჯინი და ტახტზე აპირქვავებს ყველა თავის წმინდა ნივთს - ბუმბულებს, ჩიბუხს, თამბაქოს. მერე ხსნის ჩვენს მიერ მიტანილ წითელ ტომსიკას, უკეთებს ჩიბუხს, მკლავზე უცნაურად იდებს და ნელ-ნელა ეწევა. ადენილ კვამლს ჯერ თავზე იტარებს, მერე გულზე, თითოეულ ნაფაზზე მსუბუქად ოხრავს და თვალებდახრილი, გამალებით ლოცულობს. მერე ჩვენს არსებობასაც იხსენებს და თითქმის ჩურჩულით მიხსნის: „როცა ჩიბუხს ეწევი, სიმშვიდე უნდა შეინარჩუნო, ამ დროს მშვიდობისთვის ლოცულობ და იმიტომ. თუ ნერვიულობ, ფიქრებს სწორი მიმართულებით ვერ წარმართავ“.
დასახლება, რომელსაც ელაინი ხელმძღვანელობს, თანამედროვე ინდიელების ცხოვრებას ზუსტად ასახავს. ის ცხოვრებისეული დრამები და სიხარული, რაც ელაინის ქალაქში თამაშდება, ზოგადად ინდიელებისთვისაა დამახასიათებელი.
„ეს ჩვენ შინაგანად დაგვყვება. ამ სენით ყველანი დაავადებულები ვართ, გენეტიკურად. ნაციონალური პესიმიზმი, გაურკვევლობა - სად გინდა ყოფნა, იწვევს სევდას, რომელიც ზოგს სმას აწყებინებს, ზოგს - ნარკომანობას. ამას წინათ, ორი პატარა გოგო შემხვდა ქუჩაში, თბილად მოვიკითხე. ვუთხარი, ჩვენ რომ ხურჯინის ქსოვა დავიწყეთ, მოდით და დავამთავროთ-მეთქი. კარგიო, მითხრეს, მერე წავიდნენ და დავინახე, როგორ შევიდნენ მეზობელი კაცის სახლში, რომელიც ვიცი, რომ ჩუმად ნარკოტიკს ჰყიდის...
ჩვენთან უამრავი უმუშევარია; ხდება მკვლელობები; ხშირია ოჯახური ძალადობა, აგრესია და ამ ყველაფერს იმდენად ქრონიკული სახე აქვს, რომ სადმე თუ თეთრ გოგოს გააუპატიურებენ, მაშინვე ეჭვმიტანილებად ინდიელები გამოჰყავთ. ამ სტერეოტიპების შექმნას თვითონვე ვუწყობთ ხელს. ჩემი დიდი სევდის მიზეზიც ეს არის. ძალიან მინდა მათი დახმარება. „ხვატის ქოხშიც“ ამისთვის ვლოცულობ დანარჩენ ქალებთან ერთად და საქმითაც იგივეს ვცდილობ - ლიჩის ტბის კოლეჯში საგანგებო პროგრამებია ინდიელების აღსაზრდელად, მათი შინაგანი სევდის დასაძლევად. მთავარია შეიგნონ, რომ ნარკოტიკი და ალკოჰოლი პრობლემას არ ხსნის; მთავარია, ირწმუნონ, რომ ცოდნა, რომელიც ოჯიბვეს ენაზე ზეპირად გადმოგვეცა, ჩვენი სიმდიდრეა და ამ ცოდნით უნდა ვიცხოვროთ».
ფურცლები, დოკუმენტები, კუთხეში მიდგმული კომპიუტერი და ამერიკული შტატებიდან შემოღწეული ცივილიზაცია ელაინს ხელს არ უშლის, ოჯიბვეს ცოდნა თავის შვილებსაც გადასცეს. ფასეულობებს შორის გაორება მან ადრეულ ასაკში დაძლია. თვითონაც გამოიარა ნარკოტიკის პერიოდი, გადააგდო, დააფასა ის, რაც მთავარი იყო და ახლა ქესის ტბის ღარიბ რეზერვაციაზე ზრუნავს.
თამბაქო მთავრდება, ლოცვის ექსტაზიც თანდათან გადის. ელაინ ფლემინგი გვემშვიდობება და კიდევ ერთხელ გვიმეორებს: „მშვიდობისთვის ვლოცულობდი“.
ელაინ ფლემინგი - ქალაქის მერი
![]() |
10 ყველაზე მხიარული ინდიელი |
▲ზევით დაბრუნება |
ავტორი: თამარ ბაბუაძე
ფოტო: ალექსანდრე კვატაშიძე
ჯერომ ფრაიზერი
ჯერომი ყველაზე ენაწყლიანი ინდიელია, ვინც მინესოტას რეზერვაციებში გავიცანით. არადა, კრისმა ჩვენი პროექტის გეგმაში თავიდან მის შესახებ ძალიან პათეტიკური დახასიათება ჩამიწერა: შეხვედრა ჯერომ ფრაიზერთან - ინდიელთან, იმის დასამტკიცებლად, რომ გამოსწორება გვიანი არასდროს არ არის. რისგან გამოსწორება? - კითხვა ზედმეტია. აქაური პრობლემა ალკოჰოლი და ნარკოტიკია. დიაგნოზიც ერთნაირი - თაობიდან თაობაზე გადაცემული დიდი დანაკარგის შეგრძნება.
ამ შეგრძნებას ძნელად აღწევენ თავს. ჯერომმა, ჩემი აზრით, მხიარულებით, იუმორით და საკუთარი ნაციის პრინციპების სიყვარულით დაძლია.
„მე ჰოჩანკი ვარ“ - ბუხართან ლოტოსის პოზაში ფეხმორთხმული ჯერომი ხალისიანად ჰყვება თავის ამბავს, ხმადაბლა საუბრობს, ნელა და თვალებში ყურებით (რაც აქ ასე უჩვეულოა) - ეტყობა უნდა, ყველაფერი კარგად გავიაზროთ და იმიტომ:
„ჰოჩანკი დედაჩემი იყო, მამაჩემი - დაკოტას ნაციიდან არის. მაგრამ მე ნებრასკას შტატში ჰოჩანკების რეზერვაციაში გავიზარდე და ამიტომაც ასე ვამბობ. ბემიჯიში ცხოვრება და ოჯიბვეს ხალხთან ურთიერთობა არ მიჭირს. ვინც ჩვენ გვიცნობს, კარგად იცის, რომ ჩვენი, პირველი ამერიკელების, ძირითადი ფასეულობები ძალიან ჰგავს ერთმანეთს. ასე რომ, ოჯიბვეს ტომის წარმომადგენლებიც ჩემი ძმები არიან, როგორც კრისტოფერი. მთავარია, ბუნება გიყვარდეს და მის წინააღმდეგ ცხოვრება არ მოგინდეს, თორემ სხვა არაფერი. ისე? ისე როგორ არ განვსხვავდებით ერთმანეთისგან. თუნდაც გარეგნობით. აბა, კარგად დამაკვირდი!
მოიცა და მე როგორ გაგეცანით? არა, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს და იმიტომ გეკითხებით. ძველად ასე იყო: თავის წარდგენას წინაპრებით იწყებდი. აი, ასე: გამარჯობა, მე ჯერომ ფრაიზერი ვარ. ბაბუაჩემი ამა და ამ კლანიდან არის, ჩემი მშობლები ამა და ამ კლანიდან, მეც ამავე კლანიდან და მერე ისევ - ჩემი სახელია ჯერომ ფრაიზერი.
საერთოდ წინაპრების პატივისცემა ჩვენთვის დღემდე ძალიან მნიშვნელოვანია. როცა ოთახში შენზე უფროსი ადამიანი იმყოფება, აუცილებლად უნდა ჰკითხო - რამე ხომ არ გჭირდება, წყალი ხომ არ მოგიტანო. მის სურვილებს უსიტყვოდ უნდა დაემორჩილო“.
ამ ტრადიციას, რომელსაც ჯერომი მონდომებით გვაცნობს სმენადქცეულ ალექსს და მე, პათოსი არ აკლია, მაგრამ ყალბიაო, ჩვენ დაეჭვებასაც ვერ ვბედავთ, რადგან მაგალითი სახეზეა: ახალგაზრდა ჯერომი და მისი თინეიჯერი შვილი. ისინი თითქოს მეგობრები არიან, მაგრამ მაინც იგრძნობა, რომ 16 წლის გოგო, მამას ყოვლად ტრივიალურ საყოფაცხოვრებო სიტუაციებშიც ისე ექცევა, როგორც დიდ ავტორიტეტს.
„არა, ეს მონური მორჩილება არ არის. ჩვენ, უბრალოდ, ერთმანეთს პატივისცემით ვეპყრობით და მშვიდი ტონით ველაპარაკებით. არ ვჩხუბობთ, სიტყვებს დიდი ძალა აქვს და ერთმანეთს ვუსმენთ“ - მიხსნის ჯერომი.
„მე ჩემს ენაში, ჩემს კულტურაში გავიზარდე. შემდეგ გამაშვილეს, უამრავი ოჯახი მოვიარე უამრავ შტატში, ამ წლებში ბევრი ძვირფასი რამ დავკარგე. თეთრივით ვცხოვრობდი, კოლეჯში ვსწავლობდი, გოგოებს ვიცვლიდი, ერთ-ერთი ცოლად მოვიყვანე, ტყუპი გოგო გამიჩინა. ვეძებდი სამსახურს, ვკარგავდი, მერქვა უმუშევარი და თურმე მჭირდა უფრო დიდი უბედურება - სენი, რომელიც კულტურათა შეჯახების გამო ემართება ადამიანს; ადამიანს, რომელიც კარგავს წარსულს და ცდილობს შეეგუოს სხვის აწმყოს. ეს მართლა სენია; ჩვენ ხომ რაღაც დიდი წაგვართვეს - ენა, კულტურა, უფლებები, სული... - ჩვენს რელიგიურ ცერემონიალებს ვეღარ ვასრულებდით, რადგან ეს ველურობად მიიჩნიეს და აკრძალეს. ბავშვებს სპეციალურ სკოლებში აგზავნიდნენ და იქედან საკუთარ ენადავიწყებულებს აბრუნებდნენ. ასე იყო ბებიაჩემი - სანამ სკოლაში გააგზავნიდნენ, ჰოჩანკის ენა სრულყოფილად იცოდა, სკოლიდან დაბრუნდა, მშობლიური ენა აღარ ახსოვდა. სამაგიეროდ, გამართულად და სხაპასხუპით ფრანგულად საუბრობდა.
მე ზუსტად მახსოვს ის დღე, როცა მოვინათლე - თავიდან დავიბადე. 2000 წლის 4 იანვარი იყო. მაშინ გადავწყვიტე, რომ ფესვებს ვუბრუნდები. გავიარე ალკოჰოლიზმის მკურნალობის კურსი და ახლა საერთოდ აღარ ვსვამ. მყავს საყვარელი მეუღლე, რომელიც ჩემსავით ტრადიციული ქალია, ანიშინაბეს ნაციიდან და ორივენი ტრადიციულ ცეკვებს ვცეკვავთ. ვმონაწილეობთ ცერემონიებში და ჩვენ-ჩვენს რეგალიებსაც (ასე უწოდებენ ინდიელები საცეკვაო სამოსს) თვითონ ვკერავთ. აი, ეს ოქროს არწივის ფრთაა. პატივი მერგო და მომცეს. მახსოვს, იმ მომენტში სიხარულისგან ავტირდი. და Powwow თუ იცით?
უკვე ვიცით: Powwow 1983 წლის შემდეგ იმართება. ორგანიზაცია „ნაციების გაერთიანება“ სწორედ ამ წლიდან ფუნქციონირებს იგივე მიზნით, რაც „ცხელ შოკოლადს“ წაუყენეს ჩვენმა მეგობარმა ინდიელებმა: ამერიკელი ინდიელების კულტურის და ტრადიციის გავრცელება და მათ შესახებ წლების განმავლობაში შექმნილი სტერეოტიპების დანგრევა. ყველაზე ცნობილი და ყველაზე მასშტაბური Powwow-ები წელიწადში ერთხელ ნიუ მექსიკოში, ალბაკერკეში იმართება. დათქმულ დღეებში ალბაკერკესკენ მთელი კონტინენტის ინდიელობა დიდ ურდოებად მიედინება. და შემდეგ, დოლის რიტმებზე ალბაკერკეს უდაბნოს დიდხანს გაუდის ზანზარი, მზეზე კი კიდევ უფრო ლამაზი ჩანს მთელი წლის განმავლობაში დიდი მზრუნველობით შეკერილი ფერადი რეგალიები.
ჯერომი აგრძელებს: ცეკვა ჩემმა მეუღლემ დამაწყებინა. თვითონ ყოველ დილას ლოცულობს, კვამლის ცერემონიალს ატარებს, მე კი სულ მეუბნებოდა, შენც ჩემსავით ტრადიციული უნდა იყოო. ვეკითხებოდი, რა უნდა გავაკეთო, კიდევ უფრო ტრადიციული რომ ვიყო-მეთქი? იცეკვეო! თავიდან ვყოყმანობდი. ვამბობდი, რომ ცეკვის სურვილი ოდესმე თვითონვე გამიჩნდებამეთქი. ნელ-ნელა დავიწყე რეგალიების კერვა და დღეს ტრადიციული მოცეკვავე მქვია. ჩემი რეგალია მთლიანად გამომხატავს, თუ ვინ ვარ მე. რამდენიმე ხნის წინ, ჩემი ვაჟი, სახელად დაკოტა, მეკითხებოდა - მამა, რატომ ცეკვავ? კითხვა შევუბრუნე და შვილო, შენ რატომ სვამ კითხვებს-მეთქი. ასე წარმოიდგინე: არის ერთი დიდი ბილიკი, რომელიც ყველაფერს აერთიანებს - წარსულსაც და მომავალსაც, გარდაცვლილ წინაპრებსაც და მომავალ თაობასაც. ამ ბილიკზე ყველა გავდივართ სიცოცხლისა და სიკვდილის ციკლს. ცეკვის დროს კი სწორედ ამ ორი სამყაროს შეერთება ხდება; ცეკვავ და ორ რეალობას აერთიანებ, პატივს მიაგებ წასულებს და მომავალს.
წესები? არსებობს რამდენიმე ძირითადი მოძრაობა და შემდეგ უკვე ყველაფერი თვითგამოხატვაზეა დამოკიდებული. ცეკვავ, მიჰყვები დოლის რიტმებს, რომლებიც ჩვენთვის ძალიან საკრალურია და იმ მოცემული მომენტის კონტექსტში საკუთარ სულს გამოხატავ. ახლა წამოდით, ჩემს რეგალიებს გაჩვენებთ. ძალიან მომწონს თქვენთან ლაპარაკი, კიდევ მკითხეთ რამე. ბევრი დრო გაქვთ? თუ გნებავთ, დილამდე ვისაუბროთ.
დილამდე არა, მაგრამ ბუხრის პირას ფეხმორთხმულ მდგომარეობაში, ინტერვიუ დიდხანს გრძელდება. მე და ალექსი ერთმანეთს არ ვაცლით. ფოტოგრაფი კონკრეტული საკითხებით ინტერესდება: როგორ უნდა გამოასწორო ისტორიული უსამართლობა? როგორ უნდა მოსპო სტერეოტიპები? როგორ უნდა შეძლო არსებულ სისტემაში მაქსიმალური თვითგამოვლენა და საკუთარი უფლებების დაცვა? როგორ უნდა...
ჯერომი თავს აქნევს, ზუსტად ესმის, რაც გვაინტერესებს - ამ თემებზე ხომ „მოქცევის“ შემდეგ იმდენი უფიქრია, რომ თვლა არაა. თუმცა, რასაც გვპასუხობს, ძალიან ჰგავს კრისის და კიდევ თითქმის ყველა იმ ადამიანის აზრს, რომელთაც მინესოტას რეზერვაციებსა და ბემიჯიში შევხვდით:
„ეს ბრძოლაა. ჩემი იარაღი - განათლებაა“ - ეს კრისის პასუხია.
ჯერომი კი ამბობს: „მე მარტო ვიბრძვი. ვიბრძვი ჩემი ცხოვრების წესით. ვცდილობ, ვიყო მაგალითი და საკუთარი პრინციპებით და ქმედებებით ერთ ადამიანს მაინც შევუცვალო წარმოდგენა ჩვენზე. თორემ მდგომარეობა რთულია - მეტწილად სწორედ სტერეოტიპების გამო, ინდიელები კრიმინალებად გამოჰყავთ და პროცენტულად ყველაზე მეტჯერ აპატიმრებენ... და კიდევ განათლება. ეს დროში ყველაზე გაწელილი პროცესია, მაგრამ ყველაზე ეფექტურიც“.
დასასრული
From: Alexander Kvatashidze
To: Tamar babuadze
Date: Dec 8, 2005 10:30 PM
Subject: Re: Chrelo Pepela
ეტყობა, დრიმქეჩერი მაგრად მუშაობს, ვიზა აიღო ჩემმა ცოლმა! :-)
... კამერა და კომპი დამეგობრდნენ თუ ვერა?
... რაღაც ძალიან ნოსტალგია მაქვს ბემიჯიზე... :-)
... მოდი, შევთანხმდეთ და ინდიელებს ინდიელები აღარასდროს დავუძახოთ. სტერეოტიპები ხომ კოლუმბის ამ შეცდომიდან იწყება?! მოკლედ, არავითარი ინდიელები. პირველი ამერიკელები - მორჩა და დამთავრდა.
დამშვიდობებას ვერცერთი ვერ ვიტანთ - ვერც მე, ვერც კრისი და ვერც ალექსი. ამიტომ ალექსიც ისე წავიდა, თითქოს ხვალ ისევ გვნახავდა ორივეს და ახლაც. კრისს აეროპორტისკენ მეც ისე მივყავარ, თითქოს სინამდვილეში პიცერიაში მივდიოდეთ და ერთადერთი, პიცაზე პეპერონის მოყრა-არმოყრის საკითხი გვაღელვებდეს.
მოკლედ, თითქოს ხვალაც ერთად ვიქნებით. თითქოს, ამ შვიდი წლის განმავლობაში არც არსად წავსულვარ, შესაბამისად, არც ახლა ჩამოვსულვარ და არც ახლა მივდივარ სადმე. სულ აქ ვარ და სულ აქ ვიქნები.
- თუ გინდა, ზაფხულში მანქანით წავიდეთ სხვა რეზერვაციებში, ჯერომიც წამოვა.
- ხოოო, ვთქვათ, ქვევით, ალბაკერკესკენ. ნავახოებთან.
- ანდა, ზევით, კანადაში, ყინულში ვითევზაოთ.
- წავიდეთ.
... მერე ოცდაათადგილიანი თვითმფრინავი ნელ-ნელა შორდება ბემიჯის მიწას და ვესტიბიულში დარჩენილი კრისის ცხენის კუდს უკვე ვეღარ ვარჩევ. მინეაპოლისის გავლით, წინ ნიუ იორკი მელოდება - სვაროვსკის სათამაშო.
სოფლიდან დიდ ქალაქში.
მისტიკიდან - ჰაი ტექში.
შეჩერებული დროიდან - გაფრენილ წუთებში.
ტკბილი ბალახის სამკურნალო ჩაიდან - „კოზმოს“ კოქტეილში.
ირმის ტყავის კაბიდან - ემილიო პუჩის კაბაში.
წარსულიდან - მომავალში. იმ წარსულიდან, რომელიც პირველ ამერიკელებს სურთ, რომ საკუთარ მომავლად აქციონ...
დაანგრევ, კრისტოფერ, სტერეოტიპებს? მიდი, მიდი, ნუ გადაუხვევ გზას, რომელზეც სიზმრებით, ნიშნებით და კეთილი საქმეებისთვის მონიჭებული არწივის ფრთებით მიდიხარ. შენ არ მასწავლე? რისთვისაც ილოცებ, მოგეცემა, ოღონდ, როცა დრო მოვა. თქვი შენი სურვილი და დაელოდე შედეგს, მოთმინებით აღივსე.
მე დაგეხმარები, შე კრისი-ბოი, ინდიელო!
![]() |
11 ბაფალო ბილის ველური დასავლეთის შოუ |
▲ზევით დაბრუნება |
ავტორი: ირაკლი მახარაძე
ფოტო: ავტორის პირადი არქივი
2003 წლის 18 სექტემბერს ვაიომინგის შტატის პატარა ქალაქ ქოუდიში შედგა ქოუდისა და ლანჩხუთის დაძმობილების აქტის ხელმოწერა. ამ მოვლენის ერთ-ერთი ორგანიზატორი თავად გახლდით. ამავე დროს, გრანტის მეშვეობით, საშუალება მომეცა ჩამეტარებინა კვლევა-ძიება ქ. ქოუდის ბაფალო ბილის ისტორიულ ცენტრში, სადაც გურული მხედრების შესახებ უამრავი მასალა მოვიპოვე.
ამ ქალაქს 1896 წელს საფუძველი ჩაუყარა უილიამ ფრედერიქ ქოუდიმ, იგივე ბაფალო ბილმა, გურული მოჯირითეების „ხაზეინმა“». მხედრების უმრავლესობა ლანჩხუთიდან იყო, ამიტომაც დაუკავშირდა ეს ორი ქალაქი ერთმანეთს. დაძმობილების ამ ღირსშესანიშნავ ამბავს წინ უძღოდა გურული ცხენოსნების განსაცვიფრებელი ისტორია, რომელიც 1892 წელს დაიწყო. მაშინ პირველად ქართველი მხედრები ბაფალო ბილის უაილდ უესთ შოუს - ველური დასავლეთის შოუს, ინგლისში შეუერთდნენ, ხოლო 1893 წელს კი ისინი აშშ-ში ჩავიდნენ.
ქოუდის მეტსახელი „ბაფალო“ (buff alo) ინგლისურად ბიზონს ნიშნავს. ეს მეტსახელი მან მიიღო ამერიკული რკინიგზის მშენებლობის დროს, როდესაც მუშებს ბიზონის ხორცით ამარაგებდა. 17 თვის განმავლობაში, მან 4 280 ბიზონი მოინადირა, თუმცა ლეგენდა ამტკიცებს, რომ ბაფალო ბილს მილიონი ბიზონი ჰყავს მოკლული. მოგვიანებით, როგორც მის შესახებ წერდნენ, „უილიამ ფ. ქოუდიმ აღმოაჩინა, რომ შოუ ბიზნესში უფრო მეტი ფულის შოვნა შეიძლება, ვიდრე ნადირობითა და მზვერავობით“, და 1883 წელს მან საფუძველი ჩაუყარა შოუს, რომელიც 30 წლის განმავლობაში, მთელ მსოფლიოში მოგზაურობდა და მაყურებელს ართობდა. ამ ხნის განმავლობაში, შოუს დაახლოებით 50 მილიონი ადამიანი დაესწრო. სხვათა შორის, ამერიკელებისათვის, რომლებიც მისისიპის აღმოსავლეთით ცხოვრობდნენ, ეს ნამდვილი დღესასწაული იყო იმ იაფფასიან რომანებთან შედარებით, რასაც ისინი ველური დასავლეთის შესახებ კითხულობდნენ. ზუსტად ეს გათვალა ნიჭიერმა ბიზნესმენმა ქოუდიმ და არც წააგო.
ბაფალო ბილ ქოუდი, ლონდონი, 1892 წელი
იასონ იმნაძე
შოუში მოხვედრას გურულები ნაწილობრივ მარქ თვენს უნდა უმადლოდნენ, რადგან ზუსტად მან ურჩია ბაფალო ბილს ევროპაში გამგზავრება. ამ უკანასკნელმა მაშინ გადაწყვიტა სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლების მიწვევა შოუში. 1893 წელს ბაფალო ბილის შოუს ექვსი მილიონი ადამიანი დაესწრო. ასეთი წარმატება მას არასოდეს აღარ უნახავს. აი, როგორ აღწერს „ცნობის ფურცელი“ შოუს: „ამერიკულ საკვირველ ცირკს თავის პატრონის, ბაფალო ბილის სახელი ჰქვიან: ეს ცირკი კი არა, ცოცხალი ეთნოგრაფიული გამოფენაა; სხვადასხვა ეროვნების ხალხი თავის ტანისამოსითა და იარაღით ეჩვენება მაყურებელს: ხან თავიანთ სახლ-კარსა და ოჯახში ეჩვენება, ხან მინდორში მუშაობის დროს, ხან ომსა და ბრძოლაში. წარმოიდგინეთ ისეთი უზარმაზარი ცირკი, სადაც ორასი ცხენოსანი და ორი ზარბაზანი წყვილის ცხენით თავისუფლად დაჰქრიან და დააჭენებენ, რაც ძალი და ღონე აქვთ. ამ სცენაზე კაცები ისე პატარად ჩანან, რომ ერთი კუთხიდან მეორეში ძნელად არჩევ კაცსა, ერთი კაცი განგებ დასაყვირებლად ჰყავთ დაყენებული, მაგრამ იმის საშინელ ყვირილსაც კი ძლივს იგებთ... ამ უშველებელ დარბაზში პირველ რიგის შუაგულში მჯდომ მაყურებელსაც კი ვერ იცნობთ ან კი როგორ უნდა იცნოთ, - ცირკის დარბაზი 10 ათასიდან 12 ათასამდე მაყურებელს იტევს!“
ბაფალო ბილის შოუ სთავაზობდა მაყურებელს იმას, რასაც მოგვიანებით „გამოჩეკილ“ კინემატოგრაფს არ ძალუძდა - „ველური“ დასავლეთის ცოცხალ წარმომადგენლებს (ინდიელებს, კოვბოებს), ნაღდ ხმებს და თუ გნებავთ, სურნელს, თუმცა მოგვიანებით შოუმ (სხვა მიზეზებთან ერთად), სწორედ კინემატოგრაფს ვერ გაუწია კონკურენცია და გაკოტრდა. თვითონ ბაფალო ბილი სიღარიბეში გარდაიცვალა.
სხვათა შორის, საკუთარ წარმოდგენებს ბაფალო ბილი არასოდეს უწოდებდა „შოუს“, რადგან ამტკიცებდა, რომ ეს იყო ნამდვილი „ველური“ დასავლეთი, სადაც თამაშდებოდა თეატრალიზებული სცენები - ინდიელების თავდასხმა თეთრკანიანთა მოსახლეობაზე, დილი-ჟანსის გაძარცვა, ბიზონებზე ნადირობა და მრავალი სხვა. მაყურებლისათვის ეს სამსაათიანი წარმოდგენები სრულიად ახალი ხილი იყო, ამიტომაც მთელი ამერიკა და ევროპა თავს იკლავდა, რათა შოუზე მოხვედრილიყო. ამ მშვენივრად დადგმულ სპექტაკლებში, რომელიც ამერიკული შოუ-ბიზნესის საწყისადაა მიჩნეული, კოვბოები და ინდიელები ბრძოლისა და ძარცვის სცენებს აჩვენებდნენ, ატარებდნენ შეჯიბრს ჯირითში, ლერიეტის ხმარებასა და მიზანში სროლაში. შოუ იმდენად დამაჯერებლად იყო დადგმული, რომ უამრავი მაყურებლისათვის ბაფალო ბილის „ველური“ დასავლეთი რეალურ „ველურ“ დასავლეთად აღიქმებოდა. მომდევნო წლებში ბაფალო ბილმა შოუ განავრცო და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან - ინდოეთიდან, ავსტრალიიდან, ევროპიდან - იწვევდა მონაწილეებს.
შოუს მონაწილე ინდიელი და გურული, 1896 წელი
ქართველი ცხენოსნების გამოსვლა უაილდ უესთ შოუს მთავარ წარმოდგენად ითვლებოდა. ასეთივე ინტერესს მხოლოდ ინდიელები და კოვბოები იმსახურებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ იქ მსოფლიოს მრავალი ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა. საგულისხმოა, რომ ყოველი რესპექტაბელური შოუ თავს მოვალედ თვლიდა, რათა აუცილებლად ჰყოლოდა ე.წ. კაზაკების ჯგუფი. გურულებს, სხვადასხვა მიზეზის გამო, კაზაკებს ეძახდნენ. უმთავრესი ის გახლდათ, რომ ჩვენი ქვეყანა მაშინ რუსეთის იმპერიაში შედიოდა და, აქედან გამომდინარე, თითოეულ მის მოქალაქეს რუსად თვლიდნენ.
მარცხნიდან: ცეცხლოვანი დათვი შოუს სხვა მონაწილეებთან ერთად, XIX საუკუნის დასასრული
ლუკა ჩხარტიშვილი გუნდთან ერთად, ლონდონი, 1897 წელი
გურულები 30 წელზე მეტხანს გამოდიოდნენ ამერიკული ცირკებისა და შოუების არენებზე, თითქმის მთელი მსოფლიო მოიარეს, საყოველთაო აღიარება მოიპოვეს და დიდი გავლენა იქონიეს კოვბოებზე. „ველური“ დასავლეთის ცნობილი მკვლევარი და ისტორიკოსი დი ბრაუნი წერდა: „ცხენზე ჯირითი როდეოში შემოიტანეს თავზეხელაღებულმა კაზაკებმა. კაზაკების თავბრუდამხვევი ტრიუკებით დაინტერესებულმა კოვბოებმა ეს გაითავისეს და შემდგომ თავისებური ვარიანტი წარმოადგინეს ამერიკულ როდეოში.“
საქართველოში გავრცელებული აზრის მიუხედავად, გურულებს საზღვარგარეთ საკუთარი ცხენები არ მიჰყავდათ (მარტო ერთი მხედრის გადაყვანა ევროპიდან ამერიკაში 320 დოლარი ჯდებოდა, რაც მაშინ უზარმაზარი თანხა იყო. თანაც, რამდენადაც ვიცი, ამერიკაში ცხოველების შეყვანაზე კარანტინი არსებობდა), მათ შოუს ცხენები ეძლეოდათ. ლონდონის Daily Telegraph-ის 1892 წლის 2 ივნისის ნომერში ვკითხულობთ: „...მათ თან არ ჩამოუყვანიათ თავიანთი ბანჯგვლიანი, ველური პატარა ბედაურები. ერლს ქორთში ისინი თავის სასწაულებრივ ტრიუკებს წარმოადგენენ ინდიელთა პონებზე“. აღნიშნავდნენ, რომ კაზაკებს ყველაფრის გაკეთება შეუძლიათ ცხენზე (განსაკუთრებით გაჭენებულ ცხენზე თავდაყირა დგომა აოცებდა) და, ამავე დროს მიუთითებდნენ, რომ მათ არ შეუძლიათ გაუხედნავ ცხენზე ჯირითი ისე, როგორც კოვბოებს და ინდიელებს. ამიტომაც, ხშირად გურულებს ბრწყინვალე აკრობატებს უწოდებდნენ. ამერიკელი ისტორიკოსი სერა ჯეი ბლექსთოუნი წერდა, რომ შოუს ცხენებს სჭირდებოდათ გარკვეული დრო, რათა მიჩვეულიყვნენ იმ უცნაურ ილეთებს, რასაც გურული „კაზაკები“ აკეთებდნენ.
„...ქალაქში ჩამევიდა დიდი ცირკი, იანკები შოვს რომ უძახიან. კვირა დღე იყო. მე და ჩემი აფხანაკები სეირის საყურებლათ.... ვეებერთელა ვაკე ადგილი იყო. ირგვლივ ხალხი იჯდა. ამფერი ცირკი მისდღემჩი არ მქონდა ნახული. იმხელა იყო, კაცი კაცს ხმას ვერ მიაწვდენდა... ჯირითობდენ სალდათები, გერმანელები, ფრანცუზები.... სიდან არ იყვენ ჩამოსულები... ინდიელები გამოჩდნენ, ღრიალით დააყაჩაღენ თეთრი ფერმერები. მერე მევიდა ჯარი. სულზე მიუსწრენ. ჯარი სროლილობდა ტყვიას და ყვიროდენ, სა გაგვექცევა მაი ინდიელებიო.... ერთიანად გაჟუჟეს იგენი. ატყდა დიდი ტაში. ყმაყოფილი დავრჩით.“
(ეს ნაწყვეტი ამოღებულია უცნობი გურული მოჯირითეს დღიურიდან, რომელსაც ჩემმა ქალიშვილმა სალომემ ნიუ იორკში მიაკვლია. ეს დღიური გამოვეცი სათაურით - „ერთხელ ამერიკაში“).
თავის დროზე, ჩვენი ცოდნა ,,ველური» დასავლეთის, ინდიელებისა და ინდიელთა ომების შესახებ მხოლოდ გერმანულ-რუმინულ-იუგოსლავიური წარმოების მდარე და უსუსური ვესთერნებით, გოიკო მიტიჩითა და ლეონარდ პელტიერით შემოიფარგლებოდა. მას შემდეგ, რაც მე-19 საუკუნის ბოლოს ინდიელები „მოარჯულეს“ და ცოცხლად გადარჩენილები რეზერვაციებში შეყარეს, ბევრი მათგანის სულისმოსათქმელ და ფულის გასაკეთებელ საშუალებად, ველური დასავლეთის შოუ იქცა.
ინდიელთა ბევრი ცნობილი ბელადი და მეომარი, მათ შორის - მჯდომარე ხარი, შავი ცხენ-ირემი და ჯერონიმო - ამ წარმოდგენებში მონაწილეობდა. ხშირად ისინი თავიანთი პოპულარობით ამერიკის ყოვლისშემძლე ადამიანებს ჩრდილავდნენ. მაგალითად, 1905 წელს ჯერონიმო, როგორც საპატიო სტუმარი, პრეზიდენტ თეოდორ რუზველტის ინაუგურაციისადმი მიძღვნილ აღლუმში მიიწვიეს. როგორც თანამედროვეები აღნიშნავენ, პრეზიდენტი აღარავის აღარ ახსოვდა. ყველას სურდა ჯერონიმოს გასაუბრებოდა და ხელით შეხებოდა. ამ ლეგენდარულმა მეომარმა იმ დღეს უამრავი ავტოგრაფი დაარიგა - თითო 25 ცენტად. ინაუგურაციის შემდეგ, ჯერონიმო პრეზიდენტს შეხვდა და სთხოვა, რეზერვაციიდან საკუთარ სახლში, არიზონაში დაებრუნებინა, მაგრამ პრეზიდენტმა იგი უარით გაისტუმრა.
ცნობილია ფოუნი ბილის შოუს 1905 წლის პლაკატი (ჩემი დაინტერესება გურული „კაზაკებისადმი“ ჟურნალ National Geographic-ში დაბეჭდილი ამ პლაკატით დაიწყო), სადაც ცენტრში გამოსახულია პრერიის ინდიელთა თავსაბურავით შემკობილი აპაჩი ჯერონიმო (სინამდვილეში აპაჩები პრერიებში არ ბინადრობდნენ და ასეთ თავსაბურავს არ ატარებდნენ), პლაკატის მარცხენა მხარეს, ზედა კუთხეში კი გამოსახულია „კაზაკი პრინცი“ ლუკა ჩხარტიშვილი (prince/ინგლ./თავადი. ასე მოიხსენიებდნენ მოჯირითეთა გუნდების მეთაურებს, მიუხედავად იმისა, თუ რა წარმომავლობა ჰქონდათ. მოჯირითეები კი უმთავრესად გლეხები იყვნენ. ეს, რაღა თქმა უნდა, მაყურებელთა ინტერესის გასაღვივებლად კეთდებოდა).
საერთოდ, გურულებსა და შოუს სხვა მონაწილეებს თბილი ურთიერთობა ჰქონდათ. ყველაზე უფრო ჩვენებურები ბურებთან და ინდიელებთან მეგობრობდნენ. ამერიკული გაზეთი New York Daily Tribune 1901 წლის 14 აპრილს იუწყებოდა: „პრინც ლუკას ბრწყინვალე ჯირითი ბაფალო ბილის შოუს მთავარი სანახაობაა. პრინცი ჩამოვიდა ბათუმიდან... იგი შოუს 9 წლის წინათ შეუერთდა. ლუკამ გვითხრა, რომ პრინცი მას თანამემამულეებმა შეარქვეს, ისევე როგორც ინდიელები არქმევენ თავიანთ ბელადებს სახელებს, თუმცა იგი თავადი არ არის, მაგრამ ეს წოდება არავისთვის შურის საგანი არ გამხდარა... მთელ შოუში არ მოიძებნება მასზე უფრო ამაყი ადამიანი, მისი ყველაზე დიდი მეგობარია ინდიელთა ბელადი შავი მელია...“
გასაჭირში გურულები და ინდიელები ხშირად ეხმარებოდნენ ერთმანეთს. აი, რას წერს უცნობი გურული მოჯირითე: „ფილადელფიაში ჩევედით. მეორეჯერ მოვხთი. იქინე ბევრი ნაცნობები დამხთა. გავიცანი ერ გადაბრაწული ციცაი მერილუ... მე მანიკოს ვუძახდი ჩვენებურათ. გადმეკიდა ერ იტალიელი, აი ჩემი ქალიაო. მანიკომ უთხრა, დამთავრდა ჩვენს შორის ყოლისფერი, დამეთხუეო. მაშვინ მთლა გასკტა გულზე, არ დიეთხუა. მე გასუმ, მე გაჭუმო, უჩივის. რა ბიძია, ყრუი ხომ არ ხარ, არ უნდიხარ-მეთქი, ვუთხარი. რაცხა მომაძახა იტალიურად. რას პრაწავ მაგ თვალებს-მეთქი. გამეიწია, მომიქნია მუშტი და მომხთა თვალში. ეგონა დავეცემოდი. ცალი თვალი დამეფსო, მარა უცფათ ვდღლიზე და ვაყრევინე კპილები. გამოენთო მისი აფხანიკები. ბედად შოვის კაცები იყვენ, ორი მექსიკელი და ინდიელი. შეიქნა ნამეტარი ბდღვნაი, ძლივს გაგვაშორეს“. მაგრამ იქვე აღნიშნავს: „ინდიელებს უყვართ ნამეტარი სმაი და ...ზოგიერთი ინდიელი რუსივითაა, ეიმყრალებენ ვისკით პირს, მთლა დაკარქავენ გონებას. ნამეტარი გლახა თრობა იციენ...“
სიფხიზლით მაინცდამაინც არც გურულები გამოირჩეოდნენ. ერთი ამერიკული გაზეთი აღწერს შემთხვევას, როდესაც დილაუთენია, ცხრის ნახევარზე, ვინმე მიულერის სალუნში, იქ მყოფთ შიშის ზარი დასცა წითელი ღვინით გამომთვრალმა კაზაკმა. იგი ხანჯლით ემუქრებოდა მოქალაქეებს და სალუნიდან აგდებდა. მისი ამხანაგები ცდილობდნენ მის დამშვიდებას, მაგრამ ამაოდ. მოვიდა პოლიციელი და მთვრალი ხანჯლით მისკენაც გაიწია. ის პოლიციაში წაიყვანეს და მის გამოფხიზლებას ელოდებოდნენ, რათა დაეკითხათ.
„...აქ გაიმართა დოღი კაზაკებს, ინდიელებს, მექსიკელებსა და არაბებს შორის, რომელიც ველური სტეპების მაცხოვრებელთა გამარჯვებით დასრულდა.“ (Minneapolis Journal, 1896 წ. 15 სექტემბერი) წაგებისაგან გულმოსული ინდიელები ხშირად ჩხუბს გურულებთან იწყებდნენ, თუმცა ბოლოს ყველაფერი სუფრით მთავრდებოდა.
გურულებისა და ინდიელების მადის შესახებ წერდნენ, რომ მათ ქვა რომ გადააყლაპო, იმასაც მოინელებენო. ბაფალო ბილის შოუს მთავარი მზარეული ერთ საგაზეთო ინტერვიუში ამბობდა: „...ჩვენ ყოველდღე ვამზადებთ 800-დან 1000-მდე ბიფშტექსს... ო, ბიჭები ბიფშტექსის ნამდვილი მტრები არიან! კაზაკებს და ინდიელებს ხორცი დღეში სამჯერ უნდათ და ისინი მას ღებულობენ!“
შოუს უკლებლივ ყველა მონაწილე - კოვბოი, ინდიელი, არაბი თუ მექსიკელი - ჟურნალ-გაზეთებს გამოგონილ, მეტწილად სისხლიან ისტორიებს უყვებოდა საკუთარი თავის შესახებ. არც გურულები ჩამორჩებოდნენ მათ. სხვადასხვა გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში ლუკა ჩხარტიშვილი სიამაყით ჰყვებოდა, თუ როგორ მოკლა თავდაცვის მიზნით დონის კაზაკი. სხვადასხვა ვერსიაში მოკლულ მტერთა რიცხვიც იცვლებოდა, ერთიდან ოცამდე.
გურულების და ინდიელების ურთიერთობის ყველაზე საინტერესო მაგალითი გაზეთმა St. Louis Daily Globe Democrat-მა დაბეჭდა (თავისუფალ დროს ისინი ერთად თამაშობდნენ ბანქოს, მაგიდის ჩოგბურთს და, რა თქმა უნდა, სვამდნენ). მისი თქმით, ამერიკაში დაარსდა ყველაზე უცნაური გოლფ-კლუბი, სადაც გაერთიანებული იყო ფოუნი ბილის უაილდ უესთ შოუს 9 წევრი: ინდიელები, ფილიპინელები, იაპონელები, მექსიკელები და ამერიკელი კოვბოები. კლუბის პრეზიდენტად კი არჩეულია პრინცი ლუკა. ასე რომ, გურული გლეხები და ამერიკელი აბორიგენები ერთად ეზიარნენ შოტლანდიელების მიერ შემოღებულ ამ არისტოკრატულ სპორტს...
ამერიკაში ყოფნისას, დაძმობილებისადმი მიძღვნილ დიდ სუფრაზე მონტანას შტატში მცხოვრებ ქროუს ინდიელთა ბელადს, უილიამ ბიგ დეის შევხვდი, რომელიც ოჯახითურთ გვეწვია. ბევრი ვისაუბრეთ. ჩემი წიგნის, „უაილდ უესთის მხედრები“-ს ინგლისური ვერსია ვაჩუქე, სხვადასხვა ფოტო ვაჩვენე; ერთერთ მათგანზე, სადაც ინდიელები და გურულები არიან გამოსახული, მან ქროუს ინდიელი „ცეცხლოვანი დათვი“ ამოიცნო. ბიგ დეიმ მითხრა, რომ მის ბავშვობაში მონტანას შტატში, ვაიომინგის საზღვართან ახლოს, ცხოვრობდა ერთი წვერებიანი კაცი, რომელსაც „რაშენს“ ანუ რუსს ეძახდნენ. სავარაუდოდ, იგი უაილდ უესთ შოუში გამოდიოდა. ისიც მითხრა, რომ მას გრძელი ხმალი ჰქონდაო. სამწუხაროდ, „რაშენის“ არც სახელი და არც გვარი არ იცოდა. მორიგი სადღეგრძელოს შემდეგ, ბელადს ვუთხარი, რომ ჩვენ ალბათ ნათესავები ვართ-მეთქი (მხოლოდ მაშინ დაეტყო მის აუღელვებელ სახეს გაკვირვება), რადგან არსებობს ჰიპოთეზა, რომ უხსოვარ დროს ინდიელთა შორეული წინაპრები ამერიკის კონტინენტზე ზუსტად კავკასიიდან გადასახლდნენ. აღმოჩნდა, რომ ინდიელებს ჩვენებურად უყვართ მწვანილი და მისალმებისას ერთმანეთს გამარჯვებას უსურვებენ...
ბოლოს ქართული ღვინით, ბიზონის სტეიკითა და ახლადშეძენილი „ნათესავით“ კმაყოფილი ბელადი თბილად დაგვემშვიდობა.
რაც კარგები ვართ, გურულები და ინდიელები ვართ!
www.georgians.ge
![]() |
12 ბერლინალე 2006 |
▲ზევით დაბრუნება |
56 ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალი
გამაგრებული სექსინალე
ავტორი: გიორგი გვახარია
„ბერლინი ლამაზი ქალაქია!“ - ასეთი რაღაც მგონი არავის უთქვამს ისტორიაში. ამსტერდამზე იტყვიან, პრაღაზე, რომზე, პარიზზე ხომ იტყვიან და იტყვიან, მაგრამ ბერლინისთვის ასეთი ეპითეტი არავის ემეტება.
„ბერლინი მაგარი ქალაქია!“ - აი, ამას კი ხშირად გაიგებს კაცი. ბერლინის ფანები, როგორც წესი, ვერ ხსნიან, რამ „გაამაგრა“ ასე ომის დროს სრულიად დანგრეული გერმანიის დედაქალაქი, რომელსაც ყველაფერთან ერთად, 30 წელი გახლეჩილ და „გაორებულ“ სივრცეში არსებობა მოუხდა.
გახლიჩეს, ორად გაჰყვეს, აქეთ „ხრუშჩოვკები“, იქით სავაჭრო ცენტრები ააშენეს, მაგრამ ამ „სიმაგრეს“ მაინც ვერაფერი მოუხერხეს. კედლის იქითაც და აქეთაც განუწყვეტლივ იგრძნობოდა 20-იანი წლების კონსტრუქტივიზმისა და 30-იანი წლების ფსევდოკლასიციზმის ღონიერება, ქვისა და ბეტონის კულტი, რამაც პოეტურ სახეთა მოყვარულთ არაერთხელ ათქმევინა „ბერლინი - მამრია!“
„ბერლინალეზე კარგ ფილმებს უჩვენებენ!“ - არც ასეთი რაღაც გამიგია ბერლინის ფესტივალზე აკრედიტებული ჟურნალისტებისგან. კანზე იტყვიან, შედევრების დათვალიერებააო, ვენეციის ფესტივალზე - ნამდვილი „არტჰაუზის“ ზეიმიაო, ბერლინალეს კინოპროგრამების ხსენებაზე კი კინომცოდნეები ისე იჯღანებიან, თითქოს „ჭ“ კლასის კინოფორუმზე იყოს ლაპარაკი.
არადა, „ბერლინალე“ - „ა“ კლასის ფესტივალია, წლის პირველი მთავარი კინოდათვალიერება. იმასაც ამბობენ უკვე, ახალი „კინოწელი“ ისეთი იქნება, როგორიც იქნება „ბერლინალე“.
„მაგარია ბერლინალე!“ - აი, ამას კი იტყვის ყველა, ვისაც ერთხელ მაინც ჰქონდა ბედნიერება, თებერვლის ცივ ბერლინში გულზე დაეკიდა აქაური აკრედიტაციის საბუთი და პოტსდამის მოედანზე, „ბერლინალე პალასტის“ სამიათასკაციან დარბაზში მოხვედრილიყო.
პოტსდამის მოედანი დასავლეთისა და აღმოსავლეთის გულში მდებარეობს. მას მერე, რაც სამყაროს დაშლადანაწევრების მომხრეებმა გადაწყვიტეს ორად დაეყოთ ბერლინი, ამ გულმა მოქმედება შეწყვიტა. აბა, ორ ბერლინს ერთი გული ხომ არ ექნებოდა? მაგრამ, გაორებულმა ქალაქმა, მოგეხსენებათ, მაინც დაიბრუნა მთლიანობა. ბერლინის კედლის აღების შემდეგ, ხელახლა დააპროექტეს „ბერლინის გული“ - „მაგარი გული“, 20-იანი წლების კონსტრუქტივიზმის სტილში, ლითონისა და მინის გაუთავებელი კომბინაციებით, სუპერთანამედროვე „სონი ცენტრის“ კინოდარბაზებით, სავაჭრო ცენტრით და, რა თქმა უნდა, „ბერლინალე პალასტით“.
შარშან, ბერლინის კინოფესტივალის გახსნამდე რამდენიმე დღით ადრე, „ბერლინალეს“ დირექტორმა, დიტერ კოსლიკმა საქვეყნოდ განაცხადა, წლევანდელი ფესტივალის მთავარი თემები იქნება სექსი, სპორტი და პოლიტიკაო... ფესტივალის დახურვაზე, როცა ჟიურიმ საუკეთესო ფილმად სამხრეთ აფრიკული კინოოპერა „კარმენი“ ცნო (ეს სურათი დღემდე არ გამოსულა მსოფლიო ეკრანებზე), კოსლიკმა აღიარა, რომ ბერლინალეზე მაინც ვერ დაიცვეს ბალანსი სექსს, სპორტსა და პოლიტიკას შორის, სექსი მაინც მეტი გამოგვივიდა, ვიდრე სპორტი და პოლიტიკაო.
მოკლედ, „მაგარი ფესტივალი“ შარშან ნამდვილ „სექსინალედ“ იქცა, რასაც პროგრამაში ჰოლივუდის ბლოკბასტერების ნაკლებობამაც შეუწყო ხელი. ჰოლივუდში ხომ მაინცდამაინც არ უყვართ სექსი. უფრო სწორად, „მაგარი სექსი“.
ეკრანზე არ უყვართ, რა თქმა უნდა. თორემ ცხოვრებაში, ჩვენ რა ვიცით, უყვართ თუ არ უყვართ? უფრო სწორად, მართლა უყვართ, თუ მართლა არ უყვართ?
წლევანდელი „ბერლინალეს“ დაწყებამდე კოსლიკმა ისევ გამართა პრესკონფერენცია, ისევ გაიხსენა სექსი, სპორტი და პოლიტიკა და დაიფიცა, 56-ე ბერლინალეზე ყველაფერი შეიცვლება, აქცენტი ამჯერად რეალისტურ პოლიტიკურ კინოზე გაკეთდებაო. იმის თქმა კი ვეღარ გაბედა, გილოცავთ, ბერლინის ფესტივალი წელს ისევ „ოსკარის“ გენერალური რეპეტიცია გახდება, წელს ისევ ამერიკული ფილმებით „გავამაგრებთ“ წლის პირველ კინოდათვალიერებასო (სწორედ ამერიკული კინოს მეტისმეტი სიყვარულის გამო დაატოვებინეს თანამდებობა „ბერლინალეს“ წინა დირექტორს, მორიტც დე ჰადელნს).
ამდენი დაკონკრეტება საჭირო აღარ იყო. ჯერ კიდევ შარშან გახდა ნათელი: თუკი ბერლინში ჰოლივუდს ისევ ბოიკოტს გამოუცხადებდნენ, „ბერლინალე პალასტისა“ და „სონი-ცენტრის“ კინოთეატრების სალაროებთან ხალხი აღარ დაიკავებდა რიგებს. შესაბამისად, სპონსორებიც უარს იტყოდნენ ბერლინის კინოფორუმის დაფინანსებაზე და მსოფლიოს უძველეს კინოფორუმს რეპუტაცია მთლად შეერყეოდა. თანაც გერმანიას, მოგეხსენებათ, წელს სულ სხვა პატრონი ჰყავს - ძალიან მაგარი და ძალიან პატიოსანი ქალი, ოჯახის დედა - ანგელა მერკელი, რომელმაც, ადრე თუ გვიან, შეიძლება მემარცხენე „ბერლინალესთვისაც“ მოიცალოს და იკითხოს, როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს სოციალ-დემოკრატიული ვაკხანალია ქვეყნის მთავარ კინოფორუმზე, რომლის ჩასატარებლად მილიონობით ფული იხარჯება? თუკი გერმანიამ პოლიტიკური კურსი შეიცვალა (პუტინი გერმანიის ახალი კანცლერისთვის მხოლოდ „პოლიტიკური პარტნიორია“, ჯორჯ ბუში კი - „მეგობარი“), რატომ არ უნდა აისახოს ყველაფერი ეს ბერლინის კინოფორუმზე?
ამ ძალიან პატიოსანმა ქალმა, რომელიც ქართველებს დაგვპირდა, აუცილებლად შეგიყვანთ ნატოშიო (იმ დღეს ჩემმა კოლეგამ, ნინო როდონაიამ რიტორიკულკითხვიანი მესიჯი გამომიგზავნა, „ვინ ეკითხება მერკელს?“), ბავარიული წესიერების ამ განსახიერებამ, ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება მოინდომოს, მოუხმოს თანაპარტიელ ქრისტიან-დემოკრატებს და სთხოვოს კიდეც, თანამედროვე მსოფლიო კინოში მიმდინარე პროცესებზე მოხსენება მოამზადონ (რასაკვირველია, „ბერლინალეს“ დარდით, თორემ მართლა ვინ ეკითხება მერკელს, რა ხდება მსოფლიო კინოში?).
დასხდებიან ასე, ტრადიციული ფასეულობების მეხოტბენი, გადახედავენ 2005/2006 წლის კინოპროდუქციას და ბარაქიანად აუჩქარდებათ მაგარი ქრისტიანულ-დემოკრატიული გულები; ეს რა ხდება თურმე მსოფლიო კინოში? ნუთუ ჰოლივუდმაც კი უარი თქვა მისთვის ჩვეულ ზნეობრივ სისპეტაკეზე? ეს „კუზიანი მთა“ რაღაა? თავს მოიჭრიან კინოაკადემიკოსები, კოვბოური ძმობის ამ შეურაცხყოფას „ოსკარი“ რომ მიანიჭონ! ანდა როგორ ბედავენ შეერთებული შტატების პოლიტიკურ კურსზე ქილიკს ეს გამაძღარი, ერთბაშად გამდიდრებული ამერიკელი კინემატოგრაფისტები?
ერთს იკითხავენ, მერე დარწმუნდებიან, რომ გამოსავალი არ არსებობს - კინემატოგრაფისტთა სამყაროში დღეს მხოლოდ მელ გიბსონს, ან, დიდი-დიდი არნოლდ შვარცენეგერს თუ აუჩუყდება გული მემარჯვენეთა პათოსზე... და ხელს ჩაიქნევენ - ჯანდაბამდე გზა ჰქონია ჰოლივუდსაც, თავისი „ოსკარებით“ და „ოსკარების“ გენერალურ რეპეტიციასაც - ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალს.
ისე, ჩვენში დარჩეს, რაში დასჭირდა დიტერ კოსლიკს ეს ჩამოთვლა - სექსი, სპორტი და პოლიტიკა. ვინ თქვა, რომ ამ სამი „ფენომენის“ გაერთიანება არ შეიძლება; ვინ თქვა, რომ გარკვეული თვალსაზრისით, სექსი - პოლიტიკა არ არის, პოლიტიკა - სპორტი, სპორტი კიდევ - სექსი?
წელს, მაგალითად, „ბერლინალეს“ გახსნიდან მეორე დღეს, ტურინში ზამთრის ოლიმპიადის ცეცხლი დაანთეს. დღის განრიგს თუ სწორად გაანაწილებდით, დილით და შუადღეზე ნახავდით ფესტივალის საკონკურსო ფილმებს, საღამოს ტელევიზორს მიუჯდებოდით და ჰოკეის მატჩებით, ან ფიგურული სრიალით დატკბებოდით (ეს მხოლოდ და მხოლოდ გემოვნების ამბავია), ღამით კი მოხვდებოდით ბერლინის ფესტივალის პარალელური პროგრამის, „ტედის“ სეანსებზე. „ტედი“, ანუ „დათუნია“ - ჰომოსექსუალთა და ლესბოსელთა ფილმების კინოფორუმია, რომელმაც წელს დაარსების 20 წლისთავი იზეიმა. წლევანდელ პროგრამაში „ტედის“ ყველა ლაურეატი მოხვდა, მათ შორის პედრო ალმოდოვარის „სურვილის კანონი“, რომელშიც ანტონიო ბანდერასს ფრიად პიკანტურ სცენაში მოუხდა გადაღება. დარწმუნებული ვარ, ალმოდოვარის ეს სურათი ბანდერასის ქართველმა თაყვანისმცემლებმა (მანდილოსნებმა, რა თქმა უნდა) რომ ნახონ, ბევრს, ძალიან ბევრს გაუსკდება გული.
კიდევ ერთი ვაჟკაცის, ჯორჯ ქლუნის თაყვანისმცემლებს კი შეუძლიათ მშვიდად იძინონ. „ტედისთან“ ქლუნის არაფერი აქვს საერთო - წლევანდელი „ბერლინალეს“ სპეციალურ პროგრამაში ჩართულ სურათში „სირიანა“ იგი CIA-ის აგენტის, რობერტ ბაირის როლს ასრულებს. ბაირი ხვდება, რომ ახლო აღმოსავლეთის რომელიღაც ქვეყნის პრინცის მკვლელობაშია ჩათრეული. ფილმის ერთ ეპიზოდში სკამზე მიბმულ ბაირს სცემენ და თავით მიწას ახეთქებენ. ამბობენ, რომ ამ ეპიზოდის გადაღების დროს, ჯორჯ ქლუნის ისე დაუზიანდა თავის ქალა, რომ დიდხანს აწუხებდა თავის ტკივილები; იმდენად ძლიერი ტკივილები, რომ „მაგარი კაცი“ თვითმკვლელობაზეც ფიქრობდა თურმე.
სასოწარკვეთილებაში ვარდება მისი პერსონაჟიც. ბაირი ხვდება, რომ ისტორიის მამოძრავებელი ძალა სხვა არაფერია, თუ არა ნავთობის ბიზნესი, რომელშიც ჩართულნი არიან ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების სამეფო კარის წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციები, შეერთებული შტატების სპეც-სამსახურები, მუსულმანი ფუნდამენტალისტები. ნავთობის ომს თავისი დაუწერელი კანონები აქვს, თავისი აზარტი (როგორც სპორტში). თუკი ირაციონალური აღმოსავლეთი და რაციონალური დასავლეთი ყველანაირი ხერხებით ცდილობენ ერთმანეთის დამორჩილებას, მაშინ რატომ არ შეიძლება ვითომ ამ ომს „სექსი“ ვუწოდოთ?
ბერლინი მამრიაო, ასე ამბობს „გენდერულად მგრძნობიარე ხალხი“, მაგრამ ბერლინი - დასავლეთის და აღმოსავლეთის გზაჯვარედინადაც რჩება.
„აღმოსავლეთის“ გაგება აქ ძალიან პირობითია. კედლის დანგრევამდე, ბერლინის ფესტივალზე „აღმოსავლეთად“ საბჭოთა და კომუნისტური ბლოკის სხვა ქვეყნები ითვლებოდა. „ბერლინალეზე“ ძალიან ხშირად იმარჯვებდნენ საბჭოთა, 90-იანი წლების დასაწყისიდან კი - ყოფილი საბჭოთა კინემატოგრაფისტები. 1993 წელს აქ თემურ ბაბლუანმაც გვასახელა - მისი „უძინართა მზე“ „ვერცხლის დათვით“ დაჯილდოვდა. მაგრამ მას შემდეგ, რაც აღმოსავლეთის ამ ქვეყნებშიც „უძველესი ევროპელობა“ მოინდომეს, კინოში კი ევროპელებად მაინცდამაინც ვერ გამოიჩინეს თავი, „ბერლინალემ“ ამ რეგიონის მფარველობა დემონსტრაციულად შეწყვიტა და კურსი შორეულ აღმოსავლეთზე - ჩინელებზე, იაპონელებზე, ტაივანელებზე - აიღო. წელს უკვე ირანელებიც (ამერიკელების შემდეგ) ბერლინის კინოფორუმის ყველაზე სასურველი სტუმრები გახდნენ.
„ბერლინალეს“ ამ მარადიულ კონტრაპუნქტს - „დასავლეთი-აღმოსავლეთი“ წელს თავად ცხოვრებამ მისცა ბანი - 56-ე „ბერლინალე“ მუჰამედის კარიკატურების სკანდალის ფონზე გაიმართა.
დასავლეთმა (უფრო მეტად ევროპამ) იმის მტკიცება დაიწყო, რომ თავისუფალ სამყაროში პრესაც თავისუფალია და ვერავინ მიუთითებს მედიას, რაზე შეიძლება ქილიკი და რაზე - არა. მაგრამ ეს არგუმენტი დამაჯერებლად არ ჟღერდა... თუკი ევროპაში არავის აქვს უფლება, ნაცისტების დანაშაული გადაჭარბებულად მიიჩნიოს (ნაცისტების დაცვის უმნიშვნელო მცდელობაც კი გერმანიაში კანონითაა აკრძალული), რატომ არ ისჯება ის ხალხი, ვინც მილიონობით ადამიანის რწმენას შეურაცხყოფს? თუკი რომელიმე ებრაელი რაბინის კარიკატურას ფაშიზმის აღორძინების მცდელობად აღიქვამენ, რა დააშავეს მაშინ მუსულმანებმა? ვიღაცისთვის თავისუფალია ეს პრესა და ვიღაცისთვის - არა?
მაგრამ ასეთი უხერხული კითხვები არც დასავლეთში უყვართ. 1998 წელს ფრანგმა ინტელექტუალებმა მიწაში ჩადეს მიშელ უელბეკის რომანი „ელემენტარული ნაწილაკები“, რომელშიც ჩვენი დროის ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა მწერალმა დასავლური ლიბერალური ფასეულობანი აბუჩად აიგდო და ევროპას უახლოეს ხანში ფიზიკური განადგურება უწინასწარმეტყველა. ამ ნაწარმოების გმირები 1968 წლის თაობის შვილები არიან... იმ თაობისა, რომლისთვისაც სექსუალური რევოლუცია მართლაც რომ აზარტად იქცა. აზარტი კი აბნელებს გონებას და ათავისუფლებს ვნებებს. აზარტმა არ იცის, რას ნიშნავს პასუხისმგებლობა.
შვილები ამბოხს უწყობენ მშობლებს, მერე თავად აჩენენ შვილებს, მაგრამ „რევოლუციონერებს“ ბავშვებისთვის არ სცალიათ. ბავშვები უპატრონოთა სახლებში იყრებიან. სძულთ თავიანთი ჰიპი მშობლები და მშობლების ლიბერალური იდეები. ასეთი ბავშვები, მშობლების ჯიბრზე, რასისტები, ქსენოფობები, სექსუალური მანიაკები ხდებიან... უელბეკის რომანის და ამ რომანის მიხედვით გადაღებული გერმანული ფილმის, „ელემენტარული ნაწილაკების“ მთავარი გმირების მსგავსად.
გერმანელი რეჟისორის, ოსკარ როჰლერის ეს სურათი წლევანდელი „ბერლინალეს“ ერთ-ერთ ყველაზე სკანდალურ ფილმად მონათლეს... უფრო სკანდალურად, ვიდრე იტალიური ფილმი „ბაი, ბაი ბერლუსკონი“ (სათაურში ყველაფერია ნათქვამი), ვიდრე ირანული „თამაშგარე მდგომარეობა“ (ირანელი გოგონა აქ ქალისთვის აკრძალულ ზონაში, სტადიონზე ცდილობს შეღწევას), ვიდრე დანიური სურათი „საპონი“ (კინოხელოვნება აქ ტრანსსექსუალების დამცველის როლში გვევლინება) და უფრო სკანდალური, ვიდრე წლევანდელი ფესტივალის ყველაზე წარმატებული ფილმი, ბრიტანელი რეჟისორის, მაიკლ უინთერბოთომის „გზა გუანტარამოსკენ“, რომლის მთავარი გმირები, უდანაშაულო ბრიტანელი მუსულმანები ტყვედ ჩაუვარდებიან ამერიკელ ჯარისკაცებს და სამყაროს ახალი სენის შედეგებს თავიანთ თავზე განიცდიან. ამ სენს მაიკლ უინთერბოთომმა ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე „ტერორიზმის შიში“ უწოდა. აღმოჩნდა, რომ ტერორიზმის შიშმა არანაკლები ბოროტება შეიძლება მოუტანოს სამყაროს, ვიდრე თავად ტერორიზმმა.
კადრი ფილმიდან: „ახალი სამყარო“.
ყველა ეს ფილმი ძალიან აქტუალურია, პოლიტიკურად ძალიან მწვავე, მაგრამ ხმაური „ბერლინალეზე“ მხოლოდ „ელემენტარულმა ნაწილაკებმა“ გამოიწვია. გერმანულმა ფილმმა, თავისი გამომწვევი ცინიზმითა და აგრესიულობით, აშკარად დაჩრდილა „ბერლინალესთვის“ ტიპიური და უკვე გულისგამაწყალებელი პოლიტკორექტული კინო, თვით დიდი ამერიკელი რეჟისორის, ტერენს მალიკის „ახალი სამყარო“ - ინდიელი გოგონას, პოკაჰონტასის ლეგენდის ეკრანიზაცია.
თუკი ჰოლივუდის ყველაზე გამორჩეული ანტიგლობალისტის, ტერენს მალიკის ფილმის ჩართვა „ბერლინალეს“ პროგრამაში არავის გაკვირვებია, „ელემენტარული ნაწილაკების“ პათოსმა დააბნია ყველა, ვინც დარწმუნებული იყო, რომ ბერლინალეს დირექცია ვერასდროს გაბედავს დასავლური ფასეულობების მასხრად აგდებას.
მაგრამ ბერლინი არც კანია და არც ვენეცია. ომის შემდგომი გერმანიისთვის დამახასიათებელი თვითკრიტიკული დამოკიდებულება საკუთარი კულტურისა და ისტორიისადმი (რაც ხშირად თვითგვემაში გადაიზრდება), არ გულისხმობს მხოლოდ ნაცისტური წარსულის გადაფასებას. მას შემდეგ, რაც აქ ნაცისტურ, შემდეგ კი კომუნისტურ იდეოლოგიას გაემიჯნენ; მას შემდეგ, რაც დაინგრა ბერლინის კედელი და გამთლიანდა გერმანიის გული, თვითკრიტიკის ეს პათოსი ბერლინალეზე კიდევ უფრო მეტად გამძაფრდა.
თავისთავად ის ფაქტი, რომ სკანდალური ფრანგული რომანის „ელემენტარული ნაწილაკების“ ეკრანიზაცია გაბედეს გერმანელებმა და არა ფრანგებმა, უკვე ბევრს ნიშნავს (თუმცა ფილმის პრემიერის შემდეგ გამართულ ძალიან ხმაურიან პრეს-კონფერენციაზე ჟურნალისტებმა ეს ფაქტი არ შეიმჩნიეს)... არადა, „ელემენტარული ნაწილაკები“, ასე თუ ისე, გააცოცხლებდა ფრანგულ კინოს, მთლიანად ფრანგულ საზოგადოებას, რომელიც დღეს, მოგეხსენებათ, პოლიტიკურ სტაგნაციას განიცდის. საგულისხმოა, რომ წინა წლებისგან განსხვავებით, „ბერლინალე-2006“-ის პროგრამაში მოხვდა მხოლოდ ერთი ფრანგული ფილმი, კლოდ შაბროლის „ძალაუფლების კომედია“ (ფრანგები განაწყენებული არიან „ბერლინალეზე“, შარშან კონკურსში 7 ფრანგული სურათი იყო ჩართული, მაგრამ ჟიურიმ ეს ფილმები უბრალო დიპლომითაც კი არ აღნიშნა.)
ფილმის სათაურითაც მიხვდებით, ვის დასცინის მსოფლიო კინოს კლასიკოსი. თუკი იმასაც გავიხსენებთ, რომ კლოდ შაბროლი დღემდე ინარჩუნებს ყველაზე ცინიკური კინემატოგრაფისტის სახელს, ხოლო მთავარი როლის შემსრულებელი, იზაბელ იუპერი - ყველაზე ჭკვიანი ევროპელი მსახიობი ქალისას, გასაგები გახდება, თუ რატომ მოხვდა ეს სურათი ბერლინის ფესტივალის პროგრამაში. ისიც გასაგები გახდება, რატომ აირჩია „ბერლინალეს“ დირექციამ (რომელიც თვითკრიტიკის უნარის წყალობით, კიდევ უფრო ძლიერი კინოფორუმი გახდა) წლევანდელი ჟიურის თავმჯდომარედ ბრიტანელი მსახიობი შარლოტა რემპლინგი - ლუკინო ვისკონტის მუზა, 60 წლის ქალი, რომელიც ამბობს, სარკეში რომ ჩავიხედავ, ყოველთვის შევიცხადებ ხოლმე, ღმერთო ჩემო, ნუთუ ეს მე ვარ, სულ მავიწყდება, რომ უკვე 60 წლის ვარო...
ამას წინათ, ვუდი ალენმა „იდეალური ვახშამი“ აღწერა; ბედნიერი ვიქნებოდი, ფრანც კაფკასთან და შარლოტა რემპლინგთან ერთად მევახშმაო... შარლოტას პასუხმა არ დააყოვნა: „ვუდი ალენთან ერთად მეც სიამოვნებით ვივახშმებდი, მაგრამ არ ვიცი, მოინდომებდა თუ არა ჩვენთან ერთად ვახშამს კაფკა...“
შარლოტა რემპლინგი აღიარებს, რომ მთელი ცხოვრება უცნაურ ქალებს თამაშობს და „ჩვეულებრივი პერსონაჟის“ განსახიერებაზე ყოველთვის უარს ამბობს. თავის დროზე, ეს ვნება მას ძალიან ძვირად დაუჯდა; ლილიანა კავანის ფილმში „ღამის პორტიე“ თავისი პირველი როლის შემდეგ, მას ძალიან უხერხულ კითხვებზე მოუხდა პასუხის გაცემა - რატომ ითამაშა როლი ებრაელი ქალისა, რომელსაც საკონცენტრაციო ბანაკში ნაცისტი ჯალათი შეუყვარდება? რა არის ეს ფილმი - ნაცისტების გამართლება? იმის მტკიცება, რომ ჯალათიც და მსხვერპლიც, ორივე ერთნაირად „აქტიურობს“ ადამიანში? და რომ ნაციზმი არა სოციალური, არა პოლიტიკური, არამედ მხოლოდ და მხოლოდ ბიოლოგიური მოვლენაა?
მაგრამ შარლოტამ რთულ კითხვებსაც გასცა პასუხი და პუბლიკის შოკირება გააგრძელა. „ღამის პორტიეს“ შემდეგ, მის პერსონაჟს შეუყვარდა... მაიმუნი, ნამდვილი შიმპანზე, ნაგისა ოსიმას ფილმში „მაქსი, ჩემი სიყვარული“ (მაიმუნს სწორედ მაქსი ჰქვია), და კიდევ ერთი სკანდალი გადაიტანა. მერე პირად ცხოვრებაშიც ჰქონდა პრობლემები - მეუღლემ, კომპოზიტორმა ჟანმიშელ ჟარმა მიატოვა. შარლოტა რემპლინგი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოხვდა, თვითმკვლელობაც სცადა. შემდეგ კი შემთხვევით გაიცნო ფრანსუა ოზონი და კინოს დაუბრუნდა.
წელს უკვე ბერლინის კინოფესტივალის ჟიურის ჩაუდგა სათავეში, პრეს-კონფერენციაზე იმის თქმასაც არ მოერიდა, რა დროს ესთეტიკაა, რა დროს მხატვრული მიგნებებია, სამყარო ინგრევა, კინომ პოლიტიკური ელფერი უნდა შეიძინოსო.
ბერლინში შარლოტა რემპლინგი პირადად დაესწრო ბენეტ მილერის ფილმის, „კაპოტეს“ ევროპულ პრემიერას... არადა, არავინ ავალდებულებდა. ფილმი, რომელსაც წელს არაერთ „ოსკარს“ უწინასწარმეტყველებენ, „ბერლინალეს“ კონკურსგარეშე პროგრამაში იყო ჩართული.
მაშინ, როცა ბერლინალეზე ჩამოსული კინოვარსკვლავები მერილ სტრიპი, ნატალი პორტმანი, კაროლ ბუკე, ჯორჯ ქლუნი, იზაბელა როსელინი „ბერლინალე პალასტის“ წინ, წითელ ხალიჩაზე დგომითა და ავტოგრაფების დარიგებით ერთობოდნენ, შარლოტა რემპლინგი კინოს უყურებდა. „კაპოტეს“ ისტორიამ ისე ააღელვა, რომ სურათის დასრულების შემდეგ თავი ვერ შეიკავა და რამდენჯერმე შემოსძახა „ბრავო“ (ჟიურის თავმჯდომარეს ასეთი ქცევა აკრძალული აქვს). აბა როგორ არ მოეწონებოდა ვისკონტისა და ვუდი ალენის მუზას ფილმი მწერალზე, რომელიც ჯერ პირადად გაემიჯნა ფილისტერულ საზოგადოებას, შემდეგ კი ამ საზოგადოების აბუჩად აგდება გაბედა.
არ ვარ გენდერულ-კულტუროლოგიური მეტაფორების მოყვარული, არ ვიცი „მამრია“ თუ „მდედრი“ ბერლინი (და „ბერლინალე“), მაგრამ იმაში კი დარწმუნებული ვარ, რომ შარლოტა რემპლინგი, ტრუმენ კაპოტე, ისევე როგორც ამ ქალაქის ძველი და ახალი კინემატოგრაფიული პერსონაჟები - მარლენ დიტრიხი, ბილი უაილდერი, ჰარიეტ ანდერსონი, ანჯეი ვაიდა (ანდერსონსა და ვაიდას წელს საპატიო „ოქროს დათვები“ გადასცეს) - ის პერსონაჟები, რომელთაც არასდროს ეშინოდათ თავისუფალი აზრის, რომელთაც ჰქონდათ ქილიკის უფლება, რადგან საკუთარი თავის მიმართაც ირონიულები იყვნენ - სწორედ ეს ხალხი ქმნის ბერლინისა და „ბერლინალეს“ სახეს.
ამაყიაო, ამ ხალხზე ვერავინ იტყვის. „სილამაზე“ - სტილს გულისხმობს, სტილი კი საზღვრებში მოქცევაა, კედელია. ბერლინის კედელი 15 წლის წინ დაინგრა. ბერლინმა უარი თქვა ესთეტიკურ კატეგორიებზე, დათმო სტილი - თავისუფლების სასარგებლოდ.
ამიტომაცაა მაგარი „ბერლინალე“!
![]() |
13 ესპანური ფოტომოთხრობები |
▲ზევით დაბრუნება |
დათო ტურაშვილი
კანტაბრია, ესპანეთი
მოძმე ესპანეთი
(„შენ, ბიჭო ანაგურელო...“)
ესპანეთში, ისევე როგორც საქართველოში, ძალიან ხშირია ადგილის სახელისაგან ნაწარმოები გვარები და მადრიდის უნივერსიტეტისაკენ მიმავალ ერთ-ერთ ქუჩასაც იმ ესპანელი მეცნიერის სახელი ჰქვია, რომელიც წარმოშობით ესპანეთის ანაგურიდან იყო. ამ ანაგურელი კაცის ღვაწლი ესპანელმა ხალხმა ჯეროვნად დააფასა და მისი გვარიც, დიდი ასოებით, უნივერსიტეტისკენ მიმავალ გზაზე, აუცილებლად შემოგხვდებათ. ირაკლი ანდრიაძეც, მადრიდის უნივერსიტეტის ქართველი სტუდენტი, ყოველ დილით ლექციებზე ავტობუსით მიმავალი, ფანჯრიდან რომ ანაგურელი კაცის გვარს კითხულობს, შესაბამისი ქართული სიმღერის ღიღინს იწყებს, მაგრამ ისეთი მშვენიერი ხმა აქვს, რომ მძღოლიცა და თანამგზავრებიც („შენ, ბიჭო ანაგურელო“-ს რომ ჩაამთავრებს ხოლმე), მერე სხვა სიმღერის შესრულებას თხოვენ. თუმცა, ირაკლი ანდრიაძეს ლექციებზე ეჩქარება და აღფრთოვანებულ მსმენელებს ბოდიშს უხდის. ესპანელმა მსმენელებმა, რა თქმა უნდა, არ იციან, რომ ეს სიმღერა ესპანელ ანაგურელს კი არა, ქართველ ანაგურელს ეძღვნება და, რასაკვირველია, არც ის იციან, რომ ესპანეთსა და საქართველოში, არათუ ადგილების სახელები, იდენტური გვარებიც კი მრავლადაა. გვარები მეორდება ყველგან, თითქმის მთელს ესპანეთში და განსაკუთრებით კი ესპანეთის იმ პროვინციებში, სადაც ძველი იბერიული დასახლებები იყო. მაგრამ ქართული გვარების აღმოსაჩენად, მადრიდიდან შორს წასვლა (დაინტერესებულ ადამიანებს) არც დაჭირდებათ, რადგან მადრიდის მთავარ ქუჩაზე ფოთელი რომან მელიას ესპანელი მოგვარეების სასტუმრო აუცილებლად შემოხვდებათ. სხვათა შორის, ფოთი - ადგილის სახელიც არის კანტაბრიაში, ჩრდილოეთ ესპანეთში, თუმცა ტოპონიმიკის გასაოცარ მსგავსებაზე სხვა დროს შევაწუხებთ მკითხველს, რადგან ახლა გვარების იდენტურობაზე ვსაუბრობდით და მართლაც შეუძლებელია დავაბრალოთ შემთხვევითობას ქართულ-ესპანური პარალელები. ესპანეთში უამრავი გვარია, რომლებიც ქართულ გვარებს ძალიან გვანან, მაგრამ ისეთი გვარებიც ბევრია, ესპანეთსა და საქართველოში ზუსტად რომ მეორდება და ჩვენებურმა ეგუტიებმა და ბერიტაშვილებმა, ლორიებმა და ლაბაურებმა, ალასანიებმა და კაიშაურებმა, შორიდან მაინც რომ მოიკითხონ თავიანთი მოძმე და მოგვარე ესპანელები, კარგი იქნება. ევროპაში ნათესავების მოძიება ჩვენ უფრო გვჭირდება, ვიდრე ესპანელებს და მათთან ყველანაირი კავშირის დამყარებაც ჩვენ უფრო უნდა გვაინტერესებდეს, ვიდრე მათ, მაგრამ (სამწუხაროდ) უკანასკნელი ორი საუკუნის მანძილზე, მეგობრებსა და მეკავშირეებს სულ სხვაგან ვეძებდით. მხოლოდ გზააბნეულ ხალხს შეიძლება დაემართოს ის, რაც ჩვენ სამოცდაათი წლის მანძილზე გვჭირდა, როცა დამპყრობელ ქვეყანას - „მოძმე რუსეთს“ ვეძახდით და სინამდვილეში არანაირი ნათესაობა არ გვაკავშირებდა რუსებთან, რელიგიური სნობიზმის გარდა. პირადად, არცერთ სხვა ენაში არ შემხვედრია და იქნებ სხვა ხალხის სამეტყველო ჩვევაში არც არსებობს მიმართვა - „ძმაო“ (რუსებმა კავკასიელებისგან შეითვისეს) და თუ აუცილებლად გვინდა, რომ ვიღაცას ასე მივმართოთ, მაშინ ესპანეთს ყველაზე მეტად ეკუთვნის ეს წოდება და ასეც მოვიხსენიოთ ხოლმე - „მოძმე ესპანეთი“.
ხოლო ჩვენი ფოტომოთხრობები კი მოძმე ესპანეთიდან, სწორედ იმის ახსნის მცდელობა იქნება ხოლმე, რაც ესპანეთსა და საქართველოს ერთმანეთთან აკავშირებს...
სეგოდია, ესპანეთი
სეგობია
სამი ათასი წლის წინ, იბერიელების მიერ დაარსებული ქალაქი სეგობია მთელს ესპანეთსა და მსოფლიოში, თავისი ლეგენდებითა და ზღაპრული არქიტექტურითაა ცნობილი და მხოლოდ ზღაპარში შეიძლება შეგხვდეს ისეთი სასახლე, როგორიც ალკასარია, რომელიც იმდენ საიდუმლოს ინახავს მიწისქვეშა დარბაზებში, რომ იმ დარბაზებამდე მისასვლელ გვირაბებს დღემდე გულმოდგინედ ეძებენ ესპანელი და უცხოელი მოხალისეები. ესპანელები დღემდე ამტკიცებენ, რომ ანიმაციის მამამ, დისნეიმ სწორედ სეგობიაში ყოფნისას, სწორედ ალკასარის სასახლის ჩანახატები გააკეთა და მისი მულტიპლიკაციური ფილმებიდან ყველასათვის კარგად ცნობილი სასახლეც სწორედ ალკასარია. ესპანელები იმასაც ამბობენ, რომ ცნობილი ამერიკული ციხეც (საიდანაც ჯერ არავინ გაქცეულა), ამერიკელებმა ალკასარის მიხედვით ააშენეს და ალკასარი მართლაც იყო ციხე, როცა ესპანურმა სამეფო კარმა (რეზიდენციისთვის) ადგილი გამოიცვალა. თუმცა სეგობიაში კამათისა და ლეგენდებისთვის სხვა საფუძველიც არსებობს და გრანდიოზული ქვის ხიდი, რომელსაც წყლის არხის ფუნქცია ჰქონდა, ოფიციალური ვერსიით, იმპერატორ ვესპასიანეს დროს, რომაელების აშენებულია. მაგრამ რომაელები დამპყრობლები იყვნენ და ბუნებრივია, რომ ამ ხიდის აგების ესპანური, მშობლიური ლეგენდაც გაჩნდა. ას სამოცდაექვსთაღიანი ხიდი, რომლის აშენებისას არანაირი დუღაბი არ გამოუყენებიათ, ნამდვილი შედევრია და ძველი იბერიელების ჩამომავლებს ამ სასწაულის შექმნა და ავტორობა, დამპყრობლებისთვის არ ემეტებათ. ამიტომაც, იბერიული სეგობია და მისი ისტორია დღემდე კამათისა და მსჯელობის საგანია ესპანეთში და ერთადერთი, რაზეც ესპანელები არ კამათობენ - შემწვარი გოჭია. ესპანელები შეთანხმებულები არიან, რომ გოჭის შეწვისა და, საერთოდ, შემწვარი გოჭის ტრადიცია მთელს ესპანეთში სეგობიადან გავრცელდა.
ესპანეთი (საქართველოს გარდა) ალბათ ერთადერთი ქვეყანაა, სადაც შემწვარ გოჭს სიამოვნებით მიირთმევენ და სხვა ქვეყნებში კი, ამ ასაკში ნებისმიერი ცხოველის მოკვლა კანონით ისჯება. ესპანეთში ასეთი კანონი არ არსებობს და პირიქით, გოჭის შეწვის მრავალი ხერხი და ტრადიცია არსებობს, მაგრამ ესპანელები თვლიან, რომ ყველაზე კარგად (მთელს იბერიის ნახევარკუნძულზე), გოჭს სეგობიაში წვავენ და ესპანეთის ნებისმიერ რესტორანში, სეგობიურად შემწვარი გოჭი გაცილებით ძვირი ღირს და მათ (შემწვარ გოჭებს) არა დანებით, არამედ თეფშებით ჭრიან. ზემოთქმულს კი, სეგობიელები თვითონ გოჭისადმი განსაკუთრებული პატივისცემით ხსნიან, თუმცა გარდაცვლილი გოჭებისთვის ალბათ უკვე სულერთია, როგორ დაჭრიან მას შემდეგ, რაც საგულდაგულოდ შეწვავენ. სამართლიანობისათვის უნდა ითქვას, რომ აჯიკაამოსმულ, თონეში შებრაწულ და მერე პირშიბოლოკგაჩრილ ქართულ გოჭებს (გემოს თვალსაზრისით), სეგობიურებიც კი ვერ შეედრებიან ესპანეთში, მაგრამ მსგავსება ის არის რომ ესპანურ გოჭს (გარეგნულად) ქართულის ფორმა აქვს და სუფრაზე ისეთ უხერხულ მდგომარეობაში შემოაქვთ, როგორც საქართველოში. ამ უხერხულობას მხოლოდ ჩვენ, იბერიელი ნათესავები - ესპანელები და ქართველები ვერ ვგრძნობთ, თორემ ვაშინგტონის აეროპორტში, აღშფოთებულ და გაოგნებულ ამერიკელ მებაჟეებს ვერაფრით არწმუნებდა დავით საყვარელიძე, რომ ის შინაური ცხოველი, რომელიც მისთვის უცნობ ქართველ მშობელს სტუდენტი შვილისთვის საახალწლოდ ამერიკაში მიჰქონდა, ჯგუფურად გაუპატიურებული ან გასაუპატიურებლად გამზადებული არ ყოფილა.
ასე არ ესმით ჩვენი და ჩვენი მოძმე ესპანელების...
მეფე ხუან კარლოსი
ფიტური
ალბათ ჩემი დეგრადირებული ცნობიერების ბრალია, რომ სამშობლოს გარეთ, სამშობლოზე აუგის თქმა კი არა, მოსმენაც მიჭირს. არადა, უცხოეთში საქართველო მხოლოდ მაშინ ახსენდებათ, როცა ჩვენს ქვეყანაში რაღაც საშინელება ხდება და ამ ზამთარს ესპანურ ტელეარხებზე საქართველოს შესახებ ისეთ საშინელ სიუჟეტებს აჩვენებდნენ, თითქოს ბუნებაში არც არსებობდეს ლაღი და მხიარული, ამაყი და ბედნიერი ქართველი და საქართველო. ამიტომაც ბავშვივით გავიხარე, როცა მადრიდის საერთაშორისო ტურისტული გამოფენის გახსნას ესპანეთის მეფე ხუან-კარლოსი პირადად დაესწრო და ესპანურ საინფორმაციო გამოშვებებშიც ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საქართველო, თავისი მშვენიერი ექსპოზიციით, პირველად მონაწილეობს მადრიდის აქციაში. ამ აქციას გამოფენა-გაყიდვისა და საერთაშორისო ბაზრობის ფუნქციაც აქვს და ერთი კვირის განმავლობაში მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ექცევა, რადგან ფიტურს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაცია მართავს და სწორედ მათი გადაწყვეტილებით, ჩვენს ქვეყანაში ტურიზმისა და სამთო ტურიზმის განვითარების მიზნით, საქართველოში ორი უმნიშვნელოვანესი პროექტი განხორციელდება. გეგმა უკვე მზადაა და ტურიზმისათვის ისეთი სამოთხე კი, როგორიც საქართველოა, დიდი ხანია არსებობს, თუმცა ამ უზარმაზარი რესურსის ათვისებასა და გამოყენებას მხოლოდ ახლა ვიწყებთ და მაინც სასიხარულოა, რომ თბილისის სასტუმროებში თავისუფალი ადგილის მოძებნა უკვე ძნელია. გარდა იმისა, რომ (შესაბამისი ინფრასტრუქტურის პირობებში), ტურიზმი გაცილებით მეტ შემოსავალს მოუტანს ჩვენს ბიუჯეტსა და ჩვენს ოჯახებს, ვიდრე ნებისმიერი, საქართველოზე გამავალი თუნდაც ყველაზე განიერი მილსადენი, ტურიზმის განვითარება ჩვენს ქვეყანაში აუცილებლად სოფლის მეურნეობისა თუ მრეწველობის იმ დარგების განვითარებასაც გამოიწვევს, რომელთაც, უბრალოდ, არ ვიყენებთ. არ შემშლია და ჩვენ სწორედ „ტრუბას“ ჩამოვეკიდეთ და რამდენიმე წლის წინ დავიჯერეთ, რომ ჩვენი მომავალი იმ „ტრუბაზე“ იქნებოდა დამოკიდებული, რომელსაც ნავთთან ერთად, დოლარებიც წამოყვებოდა, ჩვენ კი ალაგ-ალაგ (გახვრეტილ ადგილებში) ხელს შევყოფდით იმ დოლარების გამოსაღებად და მათ (მწვანე დოლარებს), იქვე აგუზგუზებულ კოცონებზე გავაშრობდით ბედნიერი საქართველოს ასაშენებლად. ასე უბრალოდ, ბავშვებივით გვატყუებდნენ უფროსები (წლების განმავლობაში) და ჩვენც, შრომას გადაჩვეული, დეგრადირებული ქართველები ხალისით ვიჯერებდით, რომ ვიღაც სხვა, კეთილი ბიძია ააშენებს ჩვენს ასაშენებელ სახელმწიფოს. ამიტომაც გამახარა საქართველოს მონაწილეობამ მადრიდის საერთაშორისო ფორუმში და ამ გამოფენის გამო, ესპანური პრესის ფურცლებსა და ტელეეკრანებზე დადებით კონტექსტში საქართველოს ხსენებამ. ზემოთქმული კი, დიდი იშვიათობაა და, სამწუხაროდ, შორიდან არცთუ მომხიბვლელი ქვეყნის შთაბეჭდილებას ვტოვებთ და ხშირად ჩვენი, უბრალოდ, არ ესმით. მაგალითად, არ ესმით, რატომ უნდა ვითხოვდეთ საქართველოდან რუსი სამშვიდობოების გაყვანას, თუ ისინი სამშვიდობოდ არიან მოსულები. სამშვიდობოდ რუსეთის არმიის არცერთი ჯარისკაცი ჯერ არსად მისულა და მხოლოდ ჩვენ მოვახერხეთ მათთვის ასეთი შეუფერებელი სახელის დარქმევა და თან გვიკვირს, რომ უკან აღარ მიდიან. დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი და ყველაფერი უკეთესად იქნება...
ჰეუნცე
(პოლონური ინტერმეცო)
ანა შტუბას, მადრიდის უნივერსიტეტის პოლონელ დოქტორანტს, ბებიამისის ბებიის სახელი ჰქვია და ეს სახელი პოლონეთის ისტორიის ნაწილია, ისევე როგორც იმ სოფლის სახელი, სადაც ანას ბებიის ბებია მეცხრამეტე საუკუნეში ცხოვრობდა. პოლონეთის ისტორიის სახელმძღვანელოებში სოფელი ჰეუნცე და ანა შტუბას ბებიის ბებია სიამაყით მოიხსენიებიან, რადგან მათ პოლონეთის განმათავისუფლებელი მოძრაობის ისტორიაში მშვენიერი, ულამაზესი ფურცელი ჩაწერეს.
როცა რუსებმა პოლონელებს თავი აღარ დაანებს (და როგორც რუსებმა იციან ხოლმე, ძალიან შეაწუხეს), პოლონელებმა რუსეთის იმპერატორის მოკვლა გადაწყვიტეს. მოგეხსენებათ, ტერორიზმი რუსების მოგონილია (ჯერ კიდევ მაშინ, მეცხრამეტე საუკუნეში) და პოლონელებმა დამპყრობლებთან ბრძოლა მათივე, მტრების მეთოდებით გადაწყვიტეს. გადაწყვიტეს და ეს რთული, მაგრამ საპატიო მისია ანა შტუბას ბებიის ბებიას დაავალეს, რადგან იმპერატორი ნიკოლოზი სტუმრობას (პოლონეთის დათვალიერებისას) სოფელ ჰეუნცეში, სწორედ მათ ოჯახში აპირებდა. რუსი იმპერატორის პატივსაცემად, მათ სახლში უნდა გამართულიყო საგანგებო სადილი და ამ სადილზე მასპინძლების ძალიან ახალგაზრდა ასულს (შეთქმულების თანახმად) ნიკოლოზი უნდა მოეკლა. შეთქმულებმა ყველაფერი გაითვალისწინეს, მაგრამ ერთი (ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალი) მაინც გამორჩათ. მშობლიური პოლონეთის თავისუფლებაზე მეოცნებე ჰეუნცელი ანა ყველაზე რომანტიულ ასაკში იყო და რუსეთის იმპერატორიც დანახვისთანავე შეუყვარდა. ცნობილია, რომ ნიკოლოზი ძალიან ლამაზი კაცი იყო და პოლონელმა ყმაწვილმა ქალმა ეს სილამაზე მოსაკლავად ვერ გაიმეტა. მართალია ჰეუნცელი ანას ყმაწვილური, რომანტიული სისუსტე პოლონეთის განმათავისუფლებელ მოძრაობას მერე ზღვა სისხლად დაუჯდა, მაგრამ პოლონელები მაინც დღემდე ამაყობენ იმით, რომ მათი ქვეყნის მთავარი მტერი მხოლოდ იმიტომ არ მოკლეს, რომ იგი ლამაზი იყო.
რუსეთის იმპერატორები (ზოგჯერ) საქართველოსაც ესტუმრებოდნენ ხოლმე, მაგრამ ქართველებს აზრადაც არ მოსვლიათ რომელიმე მათგანის მოკვლა, რადგან ქართულ თავებში სულ სხვა აზრები ტრიალებდნენ და ქართველებს სჯეროდათ, რომ თუ იმპერატორს თავს მოაწონებდნენ, რუსები იმაზე უკეთ მოგვექცეოდნენ, ვიდრე გვექცეოდნენ და მაიკო ორბელიანის ისტორიაც ამ ფუჭი და უცნაური ლოგიკისა და ოცნების ნაყოფია. ჩვენ ახლა გახსენებაც არ გვინდა მაიკო ორბელიანის თავგანწირვის და გვრცხვენია ხოლმე, როცა ამ ლამაზი ქართველი ქალისა და რუსეთის იმპერატორის ერთი ღამის ისტორია გვახსენდება, მაგრამ როცა გვახსენდება, მაშინაც კი არ ვამბობთ სიმართლეს და ქალებს ვაბრალებთ იმას, რაც კაცების ბრალი იყო მაშინ და ახლაც კაცების ბრალია.
ანა შტუბას კი რა ენაღვლება - პოლონელებს უკვე თავი ქუდში აქვთ და ტანი კი - ევროკავშირში. ჩვენ კი ისევ იგივე პრობლემა გვაქვს, რაც მაიკო ორბელიანს ჰქონდა მაშინ, როცა რუსეთის იმპერატორთან სარეცელს იყოფდა იმ იმედით, რომ იმ ღამის შემდეგ, საქართველოში უკეთესი დილა გათენდებოდა...
![]() |
14 ცრემლიანი სათვალე |
▲ზევით დაბრუნება |
გიორგი გვახარია
ნაწილი მეექვსე 1978 / 1979
არაგულგრილი ბუნება
საწყალი ფსიქოთერაპევტები. რამდენ გიჟთან აქვთ საქმე?!
თუმცა არა მგონია, მაინცდამაინც არ უყვარდეთ თავიანთი პროფესია. ანდა რატომ არ უნდა უყვარდეთ? მე თქვენ გეტყვით, მარტენის ღუმელთან დგანან, ანდა „პანელზე“» იყინებიან ხუთლარიანი კლიენტის მოლოდინში. რას მიკეთებენ ვითომ? ყველა ფორმულა ხომ მზამზარეულად ერგოთ? მერე თითქოს გაემიჯნენ ბაბუ ზიგმუნდს, ახალი კომპლექსებიც მოიგონეს („ელექტრას კომპლექსი“, მაგალითად), მაგრამ მაინცდამაინც შორს ვერ წავიდნენ. და არც უნდა წასულიყვნენ. როგორი ბანალურიცაა ადამიანი, ისეთივეა მისი სულის შემსწავლელი მეცნიერება.
რაღაც შედეგს რომ მიაღწიოს, აუცილებლად უნდა ელაპარაკო... და რომ არ ელაპარაკო? მხოლოდ რომ უყურო? რა დღეში ჩავარდება! ნეტა ყრუ-მუნჯებს თუ ჰყავთ ფსიქოთერაპევტები?
რა თქმა უნდა, ფსიქოანალიტიკოსების გაგიჟებაც შეიძლება. ზოგჯერ უნდა გაგიჩნდეს სურვილი, ისე აურ-დაურიო მაგათ ტვინი, რომ თავიანთი ფორმულებით ჩვენი მკურნალობა აღარ მოინდომონ. აი, მე რომ ვუთხრა, მაგალითად, ჩემი ცხოვრების ყველაზე ტკბილი მოგონება ბიჭვინთის კინემატოგრაფისტთა სახლია-მეთქი, რომელ ფორმულას გამოიყენებენ ჩემს დასამუშავებლად? რა თქმა უნდა მკითხავენ, როდის იგრძენი ეს ნეტარება, რამდენი წლის იყავიო. არ დავუმალავ - სიმართლეს ვეტყვი. „ჯორი“ ვიყავი უკვე მაშინ, 1979 წლის ზამთარში, რამდენიმე თვეში სტუდენტობის ტკბილ ხანასთან დამშვიდობება მიწევდა. ის ნეტარება, რომელიც ძალიან აინტერესებთ ხოლმე ფსიქოანალიტიკოსებს, ცხადია, დიდი ხნის წინ მქონდა განცდილი. მაგრამ ასეთი - იშვიათად!
არ იფიქრო, ჩემო საყვარელო, ჩემგან უკვე კარგად ნაწვალებო მკითხველო, რომ ბიჭვინთის ქვიშიანი პლაჟებისა და კამკამა წყლის ნოსტალგია მახრჩობს. თუმცაღა, რა თქმა უნდა, სიამოვნებით წამოვწვებოდი ახლა „დომ ტვორჩესტვოს“ ნაპირთან საგანგებოდ მოწყობილ „ეფკაკაზე“... იცი, რას ნიშნავს „ეფკაკა“, ქართველო მკითხველო, აღარც ბიჭვინთა რომ დაგრჩა და აღარც მისი პლაჟები? „ეფკაკა“ - ნაპირია, სადაც შიშვლები ბანაობენ და ასევე, დედიშობილა უწვებიან მზეს. რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, „ტვორჩესტვოში“, ძირითადი კორპუსიდან სულ რაღაც 100 მეტრის დაშორებით, საბჭოთა კინემატოგრაფისტებმაც მოაწყვეს ასეთი პლაჟი. ამბობენ, რომ პირველად აქ ლიუდმილა ჩურსინამ გაიხადა.... კინემატოგრაფისტთა სახლის დირექტორმა (ციციშვილის ქალი იყო), შენიშვნა მისცა, საბჭოთა ქალს ასე საქვეყნოდ გაშიშვლება არ ეკადრებაო, მაგრამ ჩურსინას პასუხი მზად ჰქონდა - კინოში მიღებენ, ოლგა ბურცევას როლში, ფილმში „Собственное мнение“, ეკრანზე თავიდან ბოლომდე გარუჯული უნდა გამოვჩნდეო. მოგვიანებით ჩურსინას ლამის მთელი „ტვორჩესტვო“ გვერდზე მიუწვა - რეჟისორები, რედაქტორები, გამნათებლები და, რა თქმა უნდა, რეჟისორების, რედაქტორებისა და გამნათებლების შვილები და შვილების ის მეგობრები, რომელთაც საბჭოთა სივრცის ერთ-ერთი ყველაზე ელიტური დაწესებულების, „ბიჭვინთის კინემატოგრაფისტთა სახლის“ საგზურები მოიპოვეს.
მეც, მათ შორის.
შეშფოთებული დირექტორი, გუგული ნიკოლაევნა (ციციშვილი) იძულებული გახდა „ტვორჩესტვოს“ შესასვლელთან უზარმაზარი აბრა დაეკიდა:
„Купаться и загорать только в купальных костюмах.
Решение Гагрского облисполкома.
1978, 8 июня“
დავინტერესდეთ, როგორ იმსჯელეს „ობლისპოლკომის“ ჩინოვნიკებმა „ეფკაკას“ თემაზე, როგორ შეიტანეს საკითხი დღის წესრიგში. ადგილობრივი ხელისუფლებისთვის „კოლექტიური გაშიშვლების“ პრობლემა, ეტყობა, მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. იმდენად მნიშვნელოვანი, რომ ეს გაფრთხილება, ავტობუსის გაჩერებაზე, კინემატოგრაფისტთა სახლთან, მთელი წლის მანძილზე ეკიდა.
ზამთარშიც ეკიდა - 1979 წლის თებერვალში, სტუდენტურ არდადეგებზე, როცა „ტვორჩესტვო“, ტრადიციულად, თბილისელმა სტუდენტებმა გავავსეთ. პირადად ჩემთვის, ეს იყო უკანასკნელი სტუდენტური არდადეგები... და რა უნდა გააკეთოს ადამიანმა, როცა იცის, რომ მის ცხოვრებაში არდადეგები აღარასდროს იქნება? აღარასდროს! უნდა მოილხინოს, რა თქმა უნდა, თავდავიწყებით... ისე, ფელინის ფილმებში რომ უყვართ სიმწრისგან მოლხენა. ბედნიერებას რომ ემშვიდობებიან. დროსტარების ხასიათზე რომ არ არიან, მაგრამ მაინც ცდილობენ მოილხინონ - მარჩელო მასტროიანის პერსონაჟივით „ტკბილი ცხოვრებიდან“.
ასეთ ლხინს მწარე „პახმელია“ და საშინელი თავის ტკივილი მოყვება ხოლმე.
1979 წლის თებერვალში ბიჭვინთის გაჩერებაზე დგომა და გაგრის „ობლისპოლკომის“ დადგენილებაზე ღადაობა ამ სტუდენტური ლხინის განუყოფელი ნაწილი იყო. შუაღამეზე, „ტვორჩესტვოს“ ბარიდან გამოსულ კარგა მაგრად შეზარხოშებულებს, ტრასაზე გასვლა და ცხონებული გუგული ნიკოლაევნას (ციციშვილის) პლაკატის ქვეშ ოინბაზობა გვიყვარდა. კარგი იქნებოდა სურათები გადაგვეღო ამ პლაკატთან, მაგრამ მაშინდელი ტექნიკა ჯერ ამის საშუალებას არ გვაძლევდა. ღამე მაინც არაფერი გამოჩნდებოდა.
თუმცა მე და ჩემს მეგობრებს „ტვორჩესტვოს“ ავტობუსის გაჩერებაზე დღისითაც გვიხდებოდა ხოლმე დგომა იმ „იკარუსის“ მოლოდინში, რომელსაც კინემატოგრაფისტთა სახლიდან ბიჭვინთის კორპუსებში მივყავდით (ეს კომპლექსი - თხუთმეტსართულიანი კორპუსები „აფსნი“, „ბზიფი“, „მაიაკი“, „ივერია“ - 1967 წელს აშენდა), თავს ვიქცევდით ხოლმე „ობლისპოლკომის“ აბრის ქვეშ დაყრილი ნაძვის გირჩებითა და აურაცხელი რაოდენობის ლოკოკინებით.
არ ვიცი, რატომ მოსწონდათ ლოკოკინებს ავტობუსის გაჩერებასთან შეგროვება. შეიძლება აქ სულ სხვა ჰაერი იყო - ბებერი ფიჭვის ხის ჰაერი. ბიჭვინთა ხომ დამსვენებლებსაც ფიჭვის სუნით იზიდავდა; ისეთი ბებერი ფიჭვისა, რომ ამ ხეების შემყურე, სულ ელოდებოდი რაღაც დინოზავრის მსგავს არსებას, რომელიც ფიჭვნარიდან პირდაპირ ზღვაში შეაბიჯებდა.
აქამდე სულ იმას ვწერდი, რა ცუდია, ტექსტს ხმა რომ არა აქვს, მუსიკას ვერ გაგებინებთ-მეთქი. ბიჭვინთაზე წერამ კი ახალი პრობლემა შემიქმნა - ძალიან მინდა იგრძნოთ ახლა ეს სუნი, ბიჭვინთის სუნი, მაგრამ მარსელ პრუსტი არა ვარ, ამ არომატის აღწერა რომ შევძლო. ამიტომ ბიჭვინთაში თუ არ ყოფილხართ, ანდა იქაურობა დაგავიწყდათ, სიტყვაზე უნდა მენდოთ - ეს სუნი ისეთია, დავრდომილს ააყენებს, სასოწარკვეთილს გაამხნევებს, იმპოტენტს აღაგზნებს, მხეცს ჩაკლავს კაცში.
იმ ზამთარს 20 გრადუსი სითბო მაინც იქნებოდა ბიჭვინთაში.
თებერვლის სითბოში, ლოკოკინებისა და ნაძვის გირჩების თვალიერებით ცოტა მაინც გადავაყოლებდი ხოლმე გულს და აღარ ვფიქრობდი იმაზე, რამაც ჩემს უკანასკნელ არდადეგებზე არაერთი ღამე გამათენებინა. რატომ მეკვეთება ფეხები ცეკვის დროს, ბარში? რატომ არ მემორჩილება კიდურები კიბეზე ასვლისას, ღამით, როცა გუგული ნიკოლაევნა (ციციშვილი) ლიფტს თიშავდა ხოლმე. უბრალოდ, გადამღალა დიპლომის წერამ და საშინლად მძიმე სემესტრმა აკადემიაში თუ უკანასკნელ არდადეგებზე ღამეების თენებამ, ბევრმა სიგარეტმა და იაფფასიანმა არაყმა მიტირა დედა? (სხვათა შორის, სპირტიანი სასმელი იმ ზამთარს 300 პროცენტით გააძვირეს).
ღმერთმა დაგიფაროთ და რამე, ძალიან მძიმე თუ შეგეყარათ, თუკი ექიმმაც ვერ დაგაიმედათ და ვერც ფსიქოთერაპევტმა მოგიხსნათ სიკვდილის შიში, თუკი არც ლოცვა შეგიძლიათ და არც იმის გწამთ, რომ „იქ“ შეიძლება მართლაც იყოს რამე, ერთი ლოკოკინა აიღეთ, ცოტა ხნით გამოიყვანეთ თავისი ციხე-სიმაგრიდან და დააკვირდით მის მოძრაობას. ანდა, ნაძვის გირჩა იშოვეთ სადმე და დიდხანს ატრიალეთ ხელში. ატრიალეთ, დააკვირდით მის პროპორციას და აუცილებლად იგრძნობთ ამ პატარა სამყაროსთან თქვენს ერთობას, ხოლო თუ კინო გიყვართ და გაგიგიათ ასეთი რეჟისორი - ლუის ბუნუელი, მაშინვე მიხვდებით, რატომ უყვარდა იმ დალოცვილ კაცს მასშტაბების მოულოდნელი ცვლა ეკრანზე... აი, მაგალითად, მისი ნაზარინი, კეთილი და ცოტა შერეკილი მღვდელი (მღვდელი რომ გქვია, შერეკილი უნდა იყო, აბა რა!) ჯერ დევნილ, ღირსებაწართმეულ მეძავებს შეიფარებს, მერე ღმერთსა და ზნეობაზე იქადაგებს მათთან, მერე კი ლოკოკინას აიღებს, ხელის გულზე დაისვამს და მიაშტერდება.
დონ ლუის ბუნუელს ლოკოკინას ნაცვლად, ამ დროს შეიძლებოდა სხვა რამე ეჩვენებინა - ეგვიპტური პირამიდები, ანტიკური ტაძრები, ლეონარდოს „მონა ლიზა“, მზესუმზირის ყვავილი. სულ ერთია, ყველაფერს მაინც ერთი პროპორცია აქვს.
ხომ გახსოვთ, იტალიელი მათემატიკოსის, ფიბონაჩის გამოგონება, „ფიბონაჩის რიცხვები“ რომ ჰქვია? 0, 1, 1, 2, 3, 5, 8, 13, 21, 34, 55, 89, 144, 233, 377, 610, 987, 1597, 2584. ყველა რიცხვი წინა ორის შეჯამებით იქმნება. და ყველა რიცხვი წინაზე გაყოფის შემდეგ იძლევა ერთნაირ, უსასრულო პროპორციას 1.61803398875... ჭკვიანმა ხალხმა ამ რიცხვს ჯერ „ღვთაებრივი პროპორცია“ დაარქვა. მერე უფრო ჭკვიანი კაცი გამოჩნდა, ლეონარდო და ვინჩი და მაგიურ პროპორციას „ოქროს კვეთი“ უწოდა. 1937 წელს კი, „კინოს ლეონარდოდ“ მონათლულმა ეიზენშტეინ მა, როცა კრემლმა ფილმის გადაღება აუკრძალა, როცა დაემშვიდობა კიდეც მეგობრებს, - მოვლენ ახლა და წამიყვანენო, - დაპატიმრების მოლოდინში უზარმაზარი სტატიის, „არაგულგრილი ბუნების“ წერა დაიწყო. „ოქროს კვეთის“ ძებნაში ყველაფერი გადაქექა - პუშკინის ლექსები, რომელშიც დაფარულ კოდს ეძებდა, ბახის „ჩაკონას“ ნოტები, ჩინური პეიზაჟები, პირონეზის ნახაზები. სურიკოვის „Боярыня Морозова“-ც
კი დაჰყო რაღაც სიბრტყეებად და აღმოაჩინა, რომ აქაც კი, არცთუ ისე ნიჭიერი მხატვრის, სურიკოვის სურათში, ყველა ხაზი ერთიანდება პროპორციაში - 0,618... ყველაზე მთავარი, ყველაზე აქტიური წერტილი, საიდანაც თითქოს გვეძახის მხატვარი, გვევედრება, აი, აქ შეაჩერეთ თქვენი მზერაო, მოროზოვას... პირთან გადის. მთავარი აქ ქალბატონი მოროზოვა კი არაა, არამედ ის, რასაც ამბობს! მთავარი პირის ბაგიდან გამოსული სიტყვაა და არა ის, თუ ვინ ამბობს ამ სიტყვას.
მერე რა, რომ ვეღარ ვაკვირდებით ბიჭვინთის ლოკოკინებს. ეს ლოკოკინები კი არა, ბიჭვინთაც აღარ დაგვრჩა ახლა! სამაგიეროდ გვაქვს სურათები, ლექსები, რომანები, ფილმები და კიდევ ბევრი რამ, რაც იყოფა პროპორციაზე „ორი - სამთან“... ჰოდა, როცა ვიგრძნობთ, რომ საშველი არაა, როცა ეჭვი შეგვეპარება იმის არსებობაში, რასაც „ნორმა“ ჰქვია, დავყოთ ის ქმნილებები, რომელიც კაცობრიობას ოდესმე შეუქმნია. დავყოთ და ვიბატონოთ მათზე. მერე კი ვნახოთ, რა ხდება ამ სურათების, ლექსების, რომანების, ფილმების „ოქროს კვეთში“, ე.ი. გავიგოთ, რა იყო ავტორისთვის ყველაზე მთავარი, რას ვერ ამბობდა პირდაპირ და რას მალავდა გულის სიღრმეში, იქ, სადაც ინახება ყველასა და ყველაფრის ნორმა, ყველასა და ყველაფრის ღვათაებრივი პროპორცია.
ხო... მუსიკა დამავიწყდა კიდევ. აქაც ხომ ლოგორითმული სპირალის მიხედვით იზრდება თემა. მუსიკის აღქმის ორგანო - ყური კი ისეთივე ფორმისაა, როგორც ლოკოკინა!
თუკი ეს სამყარო მეტისმეტად გეპატარავებათ და ყველაფერი დიდი აღგაგზნებთ, კი ბატონო, არც აქაა პრობლემა - გახედეთ გალაქტიკას და „ოქროს კვეთს“ იქაც აღმოაჩენთ.
და თუ მხოლოდ და მხოლოდ ლამაზ ქალებზე იღგზნებით, თქვენი პრობლემებით ფსიქოთერაპევტებს ნუ გაამდიდრებთ. დაიმახსოვრეთ, არ არსებობს ქალი (და კაციც), „ოქროს კვეთს“ რომ არ „ატარებდეს“ სხეულზე!
ბიჭვინთის „ეფკაკა“ გადაჭედილი იყო ასეთი ქალებით. დროდადრო, გადაღობილი პლაჟის იქით, შიშველი არტისტების სხეულზე „ოქროს კვეთის“ მიგნების სურვილი ადგილობრივ ბიჭებსაც უჩნდებოდათ. დურბინდებით მოდიოდნენ და ბუჩქებიდან აკვირდებოდნენ „ქალ-ლოკოკინებს“. მერე, როგორც წესი, „ჰიჩკოკი“ გათამაშდებოდა ხოლმე - ვუაიერიზმის ვნებას მძიმე ტრავმა მოჰყვებოდა; ქალები წივილ-კივილს და სროლას იწყებდნენ ბუჩქების მიმართულებით. ისროდნენ დამწვრობის საწინააღმდეგო კრემებს, დეზოდორანტებს, პირსახოცებს და ზოგჯერ, საცვლებსაც კი. „ეფკაკას“ კაცები უფრო სასტიკად იქცეოდნენ - პირდაპირ ქვას გაუქანებდნენ ხოლმე ადგილობრივ ვუაიერისტებს, რომელთა ძირითად ნაწილს ქართველი და აფხაზი ჯიგიტები შეადგენდნენ.
რატომ გვენანება ასე ჩვენი სხეული სხვისი თვალებისთვის? უყურონ, რა! ჩვენ ხომ არაფერი გვაკლდება ამით?
„Извините, молодой человек, но мне неудобно, когда вы на меня так смотрите“ - მომაძახა „ტვორჩესტვოს“ ჰოლში, ტელევიზორთან მოკალათებულმა ლარისა შეპიტკომ; სწორედ იმ შეპიტკომ, რომლის „ზეასვლა“ ბერლინის კინოფესტივალის „ოქროს დათვით“ აღნიშნული პირველი საბჭოთა ფილმია; იმ ლარისამ, რომელსაც ლაიზა მინელიმ „ყველაზე ლამაზი ევროპელი ქალი“ უწოდა.
ლარისას სხეულზე ვერაფერს გეტყვით. ზაფხულში ეს ქალი ბიჭვინთაში არასდროს მინახავს. თუმცა თებერვლის თბილ საღამოს, შალმოხვეული შეპიტკოს ფიგურა იმდენად გრაციოზულად გამოიყურებოდა, ისე იჯდა ეს ქალი ტელევიზორთან, რომ გარწმუნებთ, აბსოლუტურად ყველას გაგიშტერდებოდათ თვალი. მანდილოსნებსაც კი.
1979 წლის 1 იანვარს საბჭოთა ტელევიზია მთლიანად ფერად მაუწყებლობაზე გადავიდა. მანამდე საქართველოში ფერადი გადაცემები, საერთო სათაურით - „საქართველოს ფერადი ტელევიზია“, მხოლოდ რამდენიმე საათით გადიოდა ეთერში. ფერად გადაცემებს შორის ყველაზე მაღალი რეიტინგი ლიუდმილა გურჩენკოს ბენეფისს ჰქონდა. რომელიღაც სოციოლოგიური გამოკითხვით, გურჩენკოს ცეკვა-თამაშმა პოპულარობით გაუსწრო კიდეც ამ წლის და, საერთოდ, საბჭოთა კინოს ისტორიის „საკასო ლიდერს“, ვლადიმერ მენშოვის „ოსკაროსან“ ფილმს „მოსკოვს ცრემლების არ სჯერა“.
1 იანვრიდან ტელემაყურებელს შეეძლო ეხილა „ფერადი ბრეჟნევიც“», რომელსაც ავღანეთში საბჭოთა ტანკების შესვლის წინ, საზეიმოდ გადასცეს ლენინური პრემია ლიტერატურაში (მემუარებისთვის „მცირე მიწა“).
1978 წლის მიწურულს, ცენტრალური ტელევიზიით „ზეასვლაც“ უჩვენეს. თუმცა „ფერად ბლოკში“ ფილმი ვერ მოხვდა ერთი უბრალო მიზეზით - ცენზორების წინააღმდეგობის მიუხედავად, შეპიტკომ საბჭოთა კინოს ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი ფილმი შავ-თეთრ ფირზე გადაიღო.
ცენზორებთან ბრძოლა ამ გრაციოზულმა ქალმა მაგრად იცოდა. „ზეასვლის“ პირველსავე გასინჯვაზე გადაწყდა: ბელორუსი მწერლის, ვასილი ბიკოვის მოთხრობის, „სოტნიკოვის“ ეკრანიზაცია კინოთეატრებში არ გამოვიდოდა. სურათი მეორე მსოფლიო ომის დროს, ნაცისტების მიერ ჩატარებულ ერთ ოპერაციას ასახავს და გვიამბობს, როგორ ჩამოახრჩვეს გერმანელებმა პარტიზანი სოტნიკოვი, მას შემდეგ, რაც იგი ყველაზე ახლო მეგობარმა, რიბაკმა გაყიდა. „იუდა, იუდა!“ - მიაძახებს ფინალში რიბაკს მოხუცი სოფლელი ქალი, რომელიც გერმანელებმა სოტნიკოვის ჩამოხრჩობას დაასწრეს.
პრინციპში, ამ სცენის ამოჭრაზე ადვილი არაფერი იყო. მაგრამ მაყურებელი მაინც ვერ მოტყუვდებოდა, მაინც მიხვდებოდა, რომ „ზეასვლას“ არა იმდენად ბიკოვის მოთხრობა, რამდენადაც სახარების სიუჟეტი დაედო საფუძვლად. ისედაც აშკარა იყო სოტნიკოვის გარეგნული მსგავსება მაცხოვრის იკონოგრაფიულ სახესთან; ისედაც აშკარა იყო, რომ ალფრედ შნიტკემ, მთელი ცხოვრება რომ დევნიდა საბჭოთა იდეოლოგია, „ზეასვლისთვის“ რელიგიური გალობის მსგავსი მუსიკა დაწერა.
ფილმი აკრძალეს. ლარისა მინსკში ჩავიდა და „ზეასვლა“ ბელორუსიის ცეკას პირველ მდივანს, პეტრე მაშეროვს უჩვენა. მაშეროვი თავად მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში. სეანსის დროს მას ტირილი დაუწყია. მერე კრემლში დაურეკავს და „ზეასვლაზე“ პასუხისმგებლობა პირადად აუღია.
ამას მოჰყვა ბერლინის ფესტივალის მთავარი პრიზი და საერთაშორისო აღიარება. „ზეასვლა“ ეკრანებზეც გამოუშვეს და ლარისას ახალი ფილმის გადაღების უფლებაც მისცეს - შეპიტკო იმ დროის პოპულარული „ეკოლოგიური რომანის“, ვალენტინ რასპუტინის „მატიორასთან დამშვიდობებაზე“ მუშაობას შეუდგა.
ბიჭვინთის კინემატოგრაფისტთა სახლს „Дом творчество“ ერქვა, ე.ი. ეს სახლი იმისთვის არ აშენებულა, რომ კინემატოგრაფისტები „ეფკაკაზე“ გაშიშვლებულიყვნენ. იდეა ასეთი იყო - ფილმის სცენარზე მუშაობისას, „კინოშნიკებს“ დასვენების მაქსიმალური პირობები უნდა შექმნოდათ - ბუნებაში განმარტოებულიყვნენ, აფხაზური ციტრუსები მიერთვათ, სუფთა ჰაერი ესუნთქათ. საღამოობით, შეეძლოთ კინოში წასულიყვნენ, ახალი ფილმები ენახათ, ან „ტვორჩესტვოს“ ბარში ერთი-ორი ჭიქა გადაეკრათ.
ლარისა შეპიტკო ბარში, რომელიც მთლიანად ქართველ სტუდენტებს გვქონდა დაპყრობილი, არასდროს ამოდიოდა. ჩნდებოდა მხოლოდ სასადილოში და საღამოობით, საინფორმაციო პროგრამა „ვრემიას“ ყურებაში, ტელევიზორთან ამთქნარებდა.
„Мне неудобно, когда вы на меня так Смотрите“-ო, ისე მითხრა, თითქოს ცოტა მეარშიყებოდა კიდეც. მსუბუქი ღიმილით. 1979 წლის თებერვალში იგი მხოლოდ 40 წლის იყო. ამიტომ, ვითომ რატომ არ უნდა გაპრანჭოდა 21 წლის თბილისელ სტუდენტს.
მისმა რეპლიკამ ცოტა დამაბნია. ვერ ვუთხარი, ლამაზი ქალი ხართ და იმიტომ გიყურებთ-მეთქი, ისიც კი არ ვუთხარი, რომ მისი „ზეასვლა“ ზეპირად ვიცოდი. „Ой, извините“-მეთქი, ვთქვი და დაბნეული ბიჭის სახე მივიღე, თავს რომ გააქნევს და ოდნავ მოჭუტავს ხოლმე თვალებს იმის სათქმელად, რომ უბრალოდ დაიღალა და არ იცის, ეს როგორ მოუვიდა.
თბილისელი გოგო-ბიჭები ამ დროს ბარში გრიალებდნენ - „ბონი ემის“ „ბაბილონსა“ და „სანტა ესმერალდას“» რომელიღაც მაშინდელ ჰიტზე ძიგძიგებდნენ. ტელევიზორთან მე, ლარისა და სართულის ერთი მორიგე, ბერძენი ქალი ნატალია მიხაილოვნა ვისხედით (ნეტა ცოცხალია დღეს?). „ვრემია“ რომ დასრულდა, შევთავაზე, თბილისის არხზე ახლა „კინოობიექტივი“ იწყება (ასეთი სათაურით გადიოდა მაშინ ოთარ სეფიაშვილის „ილუზიონი“), მაგ გადაცემაში უცხოურ ფილმებს აჩვენებენ, თუ გინდათ გადავრთავ-მეთქი. თან გულში ვლოცულობდი, ნეტა კარგი რამე იყოს, არ ადგეს, მე გვერდზე მივუჯდები და „ზეასვლაზე“ რაღაცეებს ვკითხავ-მეთქი.
„კინოობიექტივი“ აგვიანებდა. სპეციალური საინფორმაციო გადაცემა საბჭოთა კავშირში შრომისნაყოფიერების მაჩვენებელს მიეძღვნა. აღმოჩნდა, რომ შრომისნაყოფიერების ზრდის ტემპით საქართველო 1978 წელს პირველ ადგილზე გავიდა. ვიფიქრე, ამ იდიოტურ გადაცემას ვუთარგმნი მაინც-მეთქი... მერე გადავიფიქრე, შემეშინდა მასხარად არ ავეგდეთ ქართველები.
ცოტა ხანს უყურა, მერე ნატალია მიხაილოვნას ჰკითხა, ხვალ დილით ტაქსი ხომ იქნებაო (დილით მიემგზავრებოდა), გადმომხედა, კიდევ ერთხელ შემათვალიერა, ისევ დაამთქნარა და წავიდა ისე, რომ „спокойной ночи“-ც კი არ გვითხრა.
„ტვორჩესტვოს“ სხვა მორიგეებისგან განსხვავებით, ნატალია მიხაილოვნა თბილისელებს ყოველთვის სიამოვნებით გველაპარაკებოდა ქართულად.
„ჩაგეშალა, გოგი? გემოვნება კარგი გქონია, მაგრამ მაგ ქალს ქმარი ჰყავს, აგვისტოში 24 დღე ისვენებდნენ“.
ეგ ყველაფერი ვიცოდი. ისიც ვიცოდი, რომ ლარისა შეპიტკოს მეორე ნახევარი, ელემ კლიმოვი იმხანად გრიშა რასპუტინზე იღებდა ფილმს. მაგრამ ამბავი, რომელიც „ტვორჩესტვოს“ სართულის მორიგემ მიამბო, იმ საღამოს პირველად შევიტყვე:
„სანამ თავზე დაგვადგებოდი, საინტერესო რაღაცას მიყვებოდა. დეკემბერში ვანგასთან ყოფილა, ბულგარეთში. ვანგა ხომ იცი, ვინაა?“
ყოველთვის მძულდა ჯადოქრები და წინასწარმეტყველი დედაბრები. ამიტომ, ვანგას თემის დაწყებისთანავე ადგომა დავაპირე, მაგრამ ნატალია მიხაილოვნა არ გაჩერდა
„ლარისასთვის უთქვამს, შეეშვი იმ ფილმს, ახლა რომ უნდა გადაიღო, თორემ ცუდად დამთავრდება ეგ ამბავიო... ახლა გამომიტყდა, მთელი დასვენება ჩამმწარდა. დღე და ღამე ვანგაზე ვფიქრობო“.
იდიოტი ყოფილა ეგ დედაკაცი, - ვიფიქრე ჩემთვის. ეტყობა ფასბინდერმაც იგრძნო ლარისას პრიმიტივიზმი, როცა ბერლინის ფესტივალზე ჟიურის გადაწყვეტილებას არ დაუჭირა მხარი. უფრო მეტიც, იმუქრებოდა თურმე - თუ ზეასვლას», ამ მარაზმს „ოქროს დათვით“ აღნიშნავთ, ჟიურის დავტოვებო.
ნატალია მიხაილოვნას აღარ დავამთავრებინე. დავემშვიდობე და „ბაბილონზე“ საცეკვაოდ ბარში ავედი.
მერე არდადეგებიც დამთავრდა. ექიმებმაც მითხრეს, შენი მდგომარეობა სერიოზულიაო. დიპლომიც დავიცავი და თითქმის დავკარგე სიარულის უნარი. მოსკოვში „გასაჭრელად“ უნდა წავსულიყავი, ამიტომ ვკითხულობდი ყველაფერს, რაც მოსკოვსა და რუსეთს ეხებოდა.
1979 წლის ზაფხულში, „მატიორას“ მთელი შემოქმედებითი ჯგუფი ავტოკატასტროფაში მოყვა. ამბობენ, რომ სიკვდილის წინ ლარისამ მეგობრებს უთხრა, ჯერ მხოლოდ ერთი კადრი გადავიღეთ, სოფელში უძველესი ჭადარი მოვჭერით. მოხუცები მომვარდნენ და მითხრეს, ამისთვის აუცილებლად დაისჯებითო. იმასაც ამბობენ, ელემ კლიმოვმა თავისი ლამაზი ცოლის დაკრძალვაზე, ყველას გასაგონად იძახა, ეს გრიშკა რასპუტინმა გადამიხადა სამაგიერო, არ უნდა გადამეღო ფილმი იმ ნაძირალაზეო.
„დაისაჯა! დაისაჯა! ბუნების დაცვაზე კინოს იღებდა და თავად ჭრიდა ხეებს!“ - მოსთქვამდნენ მისტიკისა და ირაციონალურის მოტრფიალე რუსები, რომლებმაც ყველაფერი ირაციონალურის სიყვარულზე ააგეს - კულტურაც, ისტორიაც, პოლიტიკაც. თავიანთი თავი ასე დაახასიათეს: „Умом Россию не понять“ და კეკლუცობაც კი დაიწყეს ამით.
ამიტომაც ებრძოდნენ ეიზენშტეინს, მეტისმეტად რაციონალურია, სულ რაღაცას ანგარიშობს, ეს ხომ ხელოვნება არ არის, ურიულ კინოს იღებსო.
ამიტომაც ვერ გაიგეს „არაგულგრილი ბუნების“ არსი. ეს რაღა ნახაზებია, ვის გაუგია ხელოვნების დაყვანა ფორმულებამდეო.
არადა, ყველაფერი ხომ მართლაც ფორმულაა! ოღონდ ისეთი ფორმულა არა, ფსიქოლოგიის სახელმძღვანელოებში რომ წერია - მამამ შვილს ქოლგა თუ აჩუქა, ამას და ამას ნიშნავსო...
არაგულგრილი ბუნების ფორმულა - სწორედ უსასრულობის, როგორც ნორმის არსებობას ამტკიცებს; იმას ამტკიცებს, რომ არაფერი იკარგება ამ გალაქტიკაში - მათ შორის არც ბიჭვინთა და არც ბიჭვინთის ლოკოკინები.
და თუკი ძალიან, ძალიან ავად გახდით, თუკი ყველამ გადაგიწურათ იმედი, თუკი დაგწყევლეს სოფლელმა დედაბრებმა, იცოდეთ, რომ მაინც არ გაქრებით, არ დაიკარგებით. შეიძლება გადაადგილდეთ მხოლოდ. გადაადგილების კი ნუ შეგეშინდებათ. მოგზაურობას რა სჯობს! მით უმეტეს, როცა მარტო არ გიწევს მოგზაურობა; როცა მეგზური გყავს გვერდით - არაგულგრილი ბუნება.
ილუსტრაცია: მაია სუმბაძე
![]() |
15 ჩინელი ანუ ინატრე რამე VI სერია |
▲ზევით დაბრუნება |
ავტორი: ანა-კორძაია სამადაშვილი ფოტო: ლევან ხერხეულიძე
მონაწილეობდნენ: ლიზა - ნესტან ნიჟარაძე, გაგა - გიორგი ბაბალაშვილი, მამიკო -
აშა ბაქრაძე, მარიშკა - ნატალია მანჯგალაძე, მათხოვარი - ლევან ხერხეულიძე
© „M Publishing“ საავტორო უფლებები დაცულია.
ჟურნალში გამოქვეყნებული მასალების ნაწილობრივი ან მთლიანი გამოყენება
აკრძალულია.
სანამ ლიზა აღტაცებით ალაგებდა პარკებიდან გაგას მონაპოვარს, სანამ გაგას თავზე კოცნიდა და ეჟღურტულებოდა, ეს რა დედამ გაგაჩინაო, სანამ ახალი, ჭრელი გადასაფარებლის ეშხით კედლიდან ნახატებს ხსნიდა - ხომ არ შეიძლება, ირანულ ტილოს თავზე რაჯასტანელი გოპი დასცქეროდეს? არა და არა! მამიკომ სუფრა გაშალა, და მაგიდასთან მისულ ლიზას გული შეეკუმშა - ოჰ, როგორ მიყვარდი, დამპალო მამიკო! ყველის ათაბაბასდროინდელი დანა ბოლოს როდის ამოაძვრინა უჯრიდან, აღარც ახსოვდა, ამან კი...
არავინ ჭრიდა პურს ისე, როგორც მამიკო. მამიკოსთანა სალათა არავის გამოსდიოდა. მის გარდა ლიზას ჭრელი ბიოგრაფიის არცერთ მამრს არ მოსდიოდა თავში, რომ სასმელი ბოთლიდან გრაფინში გადაესხა. ეს გრაფინიც მამიკომ უყიდა მაშინ, მშრალ ხიდზე - ლიზა ათასი წელი ვერც შეამჩნევდა.
არადა, რაც ლიზამ მანამდე მშრალ ხიდზე იარა! ყველაფერი ჰქონდა გაყიდული: ვერცხლის კოვზები და დანა-ჩანგალი - წონით, ქუთაისური ბროლის ჭიქები და ლარნაკები სამ-სამ ლარად, წინაპრების ფოტოები და უნივერსიტეტის სამკერდე ნიშნები.
- ამას თითოს ათად, - უთხრა ათას შარფში გახვეულმა ქალმა ლიზას. თეფშს ისე ატრიალებდა ხელში, თითქოს ტალახიანი ყოფილიყო, და თუმცა ლიზას ეს თეფშები სძაგდა - რაში ვარგოდა? სახეზე ხომ არ დააყრიდი საჭმელს ზედ დახატულ მახინჯ ხალხს? - მაინც გული ეწურებოდა.
- რანაირად, - შფოთავდა ლიზა. - იქით რომ ეგეთები თითო ოცდახუთად აწყვია, რა, ასორმოცდაათი პროცენტი უნდა მოიგო?
- გოგო, - ქალი არ ბრაზობდა, როგორც ჩანს, ბევრი ჰყავდა ლიზასნაირი დებილი. - ის მადონაა, შენი - ჩიხური.
- ეს არაა მერე მადონა?
- კი, ოღონდ ჩიხური.
ლიზასთანა უვიცების საყურადღებოდ: მადონა სერვიზი არსებობს გერმანული, ანუ დონე, და ჩეხური, ანუ ჩიხური, ანუ ცუდი. ლიზას თავისი უვარგისი ჩიხური თეფშებისთვის ნებისმიერ თანხაზე მადლობა უნდა ეთქვა, და თქვა კიდეც.
იმ მზიან, თბილ და ბედნიერ დღეს კი, როცა იმხანად უსაყვარლესმა კაცმა, ამჟამად კი მამიკომ ყურებამდე შეყვარებულ და ნათელი მომავლის იმედით ანთებულ ლიზას უთხრა, წამო, მშრალ ხიდზე გავიაროთო, ის კინაღამ დარდს გადაჰყვა: ვაიდა, ეცნო ვინმე გამყიდველს და დაეღრიალა, ახლა რა მოიტანეო? მაგრამ გადარჩა. როგორც ჩანს, ვერ იცნეს: მშიერი თვალებით აღარ იყურებოდა, მეტისმეტად ლამაზ ქალად გრძნობდა თავს - როგორი კაცი ახლდა! და მაშინ მამიკომ ეს გრაფინი იყიდა, და ლიზა კინაღამ შეიშალა სიხარულისგან.
„რას შევინახე,“ ფიქრობდა ახლა ლიზა. „რა ჭირად მინდოდა, რა, ბოთლიდან ვერ ჩამოვასხამდი?“
კაცებმა ერთმანეთს გაუგეს. მამიკოს ასეთები არ ეშლებოდა. საერთოდაც, ეჰ... მამიკოსა და გაგას შემყურე ლიზას, რომელსაც ბოღმიან გულზე - როგორც ყოველთვის! - სასმელი კარგა მადლიანად მოჰკიდებოდა, აბსოლუტურად არაჯანსაღი აზრები მოსდიოდა თავში.
მამიკო გაგას ჰელმუტ ნიუტონის გამოფენის შესახებ უყვებოდა - გაარტყა, დამპალმა, გაგა აფრენდა ნიუტონზე. გაგა აღტაცებით შესცქეროდა, საერთოდ, აღარ ბრაზობდა, რომ ეს კაცი დახვდა. პირიქით. აი, საჩუქრებიც მოუწონა, და მამინაცვალი იყო თუ რაც იყო, მაინც ლიზას მამა იყო და...
- ...უზარმაზარი ქალები. ოთხნი. წარმოიდგინე: შედიხარ ამ შენობაში - ადრე სამხედროების კაზინო ყოფილა...
მართალია, ვერ გაიგო, რანაირად იყო ეს ახალგაზრდა მამიკო მამიკო, - ჯერ დედა არ ჰყავდა ნანახი! მაგრამ გაგას ახლა ეს აღარ აღელვებდა, ნიუტონის დიდ, ცივ ქალებზე ფიქრობდა, და ლიზამ დაასკვნა (ყველაფერი სასმელის ბრალია; ხომ მოგახსენეთ, ეგაა ყველა უბედურების თავი და თავი!): „გემოვნებაც ერთნაირი აქვთ. იმედია, ლაწირაკი დედიკოსაც მომიწონებს“.
უდრტვინველი გაგასგან განსხვავებით, ლიზამ ზუსტად იცოდა, რომ მისი ხანმოკლე, თუმცა ფრიად საეჭვო ხასიათის, მაგრამ მაინც ბედნიერება ხვალ დასრულდებოდა: დედიკო გაუძევდა გაგას, ის ნამდვილად ვერ შეძლებდა, რომ თვითონ მარტოს სძინებოდა და გვერდით ოთახში ვინმეს რამე გახარებოდა. და წავიდოდა გაგა, და სადაც წავიდოდა, ამას დიდი ფილოსოფია არ უნდოდა - ცოლუკასთან. ან მეორე ვარიანტი... ო, ამაზე ფიქრი ლიზას არ უნდოდა.
ცოტა ხანს ჩუმად იჯდა, მერე კი გადაწყვიტა, ამათ რაღას ვეპრანჭებიო, და დაიწყო:
- რა კარგი იქნებოდა, რომ მარტო ქალები და კაცები კი არ არსებობდნენ, არამედ იყვნენ, ვთქვათ, კაცები, ქალები, ბაბალაკები, კუკულიკები და ტაკარაკაკები. ჰა? რამხელა არჩევანი იქნებოდა! თქვენ კი არ მოგაფიჩინდებოდით! მეყოლებოდა ვინმე ბაბალაკა, და ისიც თუ არ გაამართლებდა, ტაკარაკაკას გავიცნობდი...
- იქნებ ქალებზე გადახვიდე, ლიზიკო? - გაგასგან განსხვავებით, რომელიც გაოგნებული უყურებდა, მამიკო ალალად გამხიარულდა.
- არა, ქალები მძულს, - თქვა ლიზამ გულწრფელად.
- მე მგონი, კაცებიც.
- არც უმაგისობაა...
- ვახ... - მამიკო ტახტზე წამოიმართა. - კარგი იყო. წავალ მე ნელ-ნელა. ნახვამდის! აბა, ხვალამდე, ლიზიკო.
„ლიზიკო. ოჰ, მამიკო, შენ მოუკვდი ჩემს დედას“.
. . .
მამა კმაყოფილი დაგვირჩა, და ქუჩაში გასვლისთანავე ეს ამბავი ტელეფონით მოახსენა თავის საყვარელ გოგოს - რა ენაღვლებოდა, რა, მე შენ გეტყვი, ვერ გადაიხდიდა:
- მოკლედ, მარიშკა, მორჩა და მოვდივარ...
დიახ, მარიშკა. იქ მარიშკა ეგულებოდა, თორემ რა ჯანდაბა უნდოდა მამიკოს ამსტერდამში! ახალგაზრდა, ლამაზ, მხიარულ მარიშკასთან მიეჩქარებოდა, რომელსაც, დედიკოსგან განსხვავებით, ყველაფერი შეეძლო, ლიზასგან განსხვავებით, მავნე ჩვევები არ ჰქონდა, რომელიც სწორედ ისეთი იყო, როგორიც მამიკოს უნდოდა და რომელსაც სწორედ ისეთი კაცი უნდოდა, როგორიც მამიკო ბრძანდებოდა.
მარიშკა შორეულ ამსტერდამში იყო. ის თავისი ოთახის ფანჯრიდან არხს გაჰყურებდა და ფიქრობდა, რომ ჭკვიანი გოგოა. „ძალიან ჭკვიანი გოგო ვარ,“ ფიქრობდა მარიშკა. „ყველა საქმეს ცოდნა უნდა.“
მარიშკა ჭკვიანი გოგო იყო და სწორად ინატრა: ფული, მოგზაურობა და სიყვარული. მხიარული ბერი ციცი კი ზუსტად ასრულებდა სურვილებს.
„ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს,“ ფიქრობდა მარიშკა, და მართალიც იყო.
ახლა რომ ლიზას მარიშკა დაენახა, ალბათ გადაბჟირდებოდა - უძახე შენ ლაწირაკი და სულელი! და რომ სცოდნოდა, რატომ ჰქონდა ასე საქმე, მთლად ელეთ-მელეთი მოუვიდოდა, და ვაიდა ჩაკვდებოდა მასში მოხუცების პატივისცემაცა და კეთილშობილური აზრებიც. კიდევ კარგი, ლიზა ამას ვე რასოდეს გაიგებს! რადგან ამჟამად ამსტერდამში მცხოვრებ მარიშკას ყველაფერი - სულ, სულ ყველაფერი! - იმ პატარა მოღიმარმა ციციმ მისცა, რომელიც ლილი-ზიზის საძინებელ ოთახში იდგა, ზურგით სარკეში ირეკლებოდა და გულით ერთობოდა ლიზას უგუნურობასა და ბრიყვულ ძალისხმევებზე.
ერთხელ, არც ისე დიდი ხნის წინათ, ის პატარა ბერი, ჯადოსნური ხოტეი, იმხანად შეყვარებული და შესაბამისად, გაშტერებული გაგას მიერ ნაჩუქარი, ლიზას სამზარეულოს მაგიდაზე იყო დასკუპებული, კოლმუხებით გამოტენილ საფერფლესა და ენციკლოპედიის ტომს შორის, და მარიშკა მას მუცელზე ნაზად უსვამდა, ლიზას აზრით, ბრიყვული მანიკიურით მორთულ თითს. „ციცი,“ ეუბნებოდა მარიშკა, „ციციკო, მე მინდა...“
და ახლა მარიშკას - მარიშკას! მაღაზიათა ქსელი ჰქონდა გახსნილი, რომელსაც თავისი მფარველის პატივსაცემად „ტილოს აბგა“ დაარქვა. თავის პატარა, სანდალოზის სუნით გაჟღენთილ მაღაზიებში მარიშკა ჰყიდდა ყველანაირ აღმოსავლურ მამაძაღლობას - მძივებს, ქვებს, თილისმებს, ქსოვილებს, ნელსაცხებლებს, წიგნებს და კომპაქტდისკებს „ეზოთერული დატვირთვით“. თვითონ მარიშკას ინდურ ჭინჭებს ვერ ჩააცვამდი, არც ზეთებს ისვამდა - კარგი ტანსაცმლისა და სუნამოს ყადრი ნამდვილად იცოდა, მაგრამ საოცარ წიგნებს კი თავადაც ეცნობოდა ხოლმე. სახლში, თაროებზე, ისეთები ელაგა, ოდესღაც მის განათლებაზე მზრუნველ ლიზას ნამდვილად სისხლი ჩაექცეოდა ტვინში: „იფიქრე და გამდიდრდი“, „როგორ გავთხოვდეთ“, „კარგი გოგოები ზეცაში ხვდებიან, ცუდები - სადაც გაუხარდებათ“... სამაგიეროდ, მარიშკას ეს წიგნები ძალიან გამოადგა, ლიზას კი არაფერში ადგებოდა თავისი „ლუდოვიკოს ხიდები“.
გაყიდვით კი მარიშკა ყველაფერს ჰყიდდა, ყარტა-ყურტასა და ბრიყვულს და მარად მუშტარის მქონეს. ამ სიკეთეს ის სწორედ იმ ქვეყნებიდან ეზიდებოდა, სადაც მანამდე მოხვედრაზე მხოლოდ ოცნებობდა - ვინ გაუშვებდა ნეტა მაშინ ინდოეთში, ლიზა? საბრალო ლიზა!
ზოგჯერ მარიშკას რაღაცეები ახსენდებოდა ხოლმე, მადლიერებითა და სევდით. დაბრუნება და მსგავსი არაფრიმომცემი ამბები აზრადაც არ მოსდიოდა, მაგრამ ხანდახან ლიზაც ახსენდებოდა, მევიოლინეც, გაგაც, სოლოლაკის ბინაც და ბებოების აივანიც. აი, ბებოებზე კი სულ არ დარდობდა მარიშკა, რადგან თავისი „ანგელოზი ბაბუშკინები“ ყველაზე სანდო კაცს გადააბარა - ხოტეის. ის მათ ნამდვილად არავის დააჩაგვრინებდა.
ძვირფასი, ძვირფასი ხოტეი! მარიშკამ სადღაც წაიკითხა, რომ მას, ვისაც იაპონიაში ხოტეი ერქვა და ჩინეთში - ციცი, ინდოეთში ბუდა მაიტრეად იცნობდნენ, რომელიც სამყაროს აწესრიგებს, რომლის წყალობითაც საყოველთაო ჰარმონია მიიღწევა, რომლის მოსვლისთანავეც აყვავების, კეთილდღეობის, კმაყოფილებისა და უდრტვინველი ცხოვრების ხანა დგება. მარიშკამ ზუსტად იცოდა, რომ ეს ასეა - მის ცხოვრებაში ჩინელმა ბედნიერება და უდარდელობა მოიტანა. ბედნიერება, უდარდელობა და სიყვარულიც კი - მამიკო!
მარიშკა თვალნათლივ ხედავდა ფოტოსურათს, რომელსაც ბებოებს გაუგზავნიდა: ის და მამიკო, თავიანთ მაღაზიაში, მამიკო - გაბრწყინებული, მარიშკა - ორსული, ორივე იღიმება, ორივე საშინლად ბედნიერია. გაგიჟდებიან ბებოები!
მაგრამ ჯერ ადრეა. ჯერ საქმე. მარიშკა სარეკლამო ტექსტს მიუბრუნდა:
„სევადა, რელიეფი, ოქრო. კუტანის სახელოსნოები, მეოცე საუკუნის დასაწყისი, მეიძის ეპოქა. სიმაღლე - 30 სანტიმეტრი. ფასი - 2 280 ევრო.
ხოტეი სიმდიდრის ღმერთია! შეიძინეთ ხოტეი და იპოვნეთ განძი ოკეანის ფსკერზე! მოიგეთ ლატარეა! დაიმსახურეთ ჯილდო!
გთხოვთ, გამარჯვებისთანავე „ტილოს აბგას“ გადაურიცხოთ მოგებული თანხის ერთი პროცენტი!“
არასოდეს არაფერი გადაურიცხავთ, მაგრამ მაინც. მთავარია, რომ ხოტეები, ბუდები, შივები და მსგავსნი მარიშკას კარგად ეყიდებოდნენ. მთლად ხუთ მილიონად არა, მაგრამ მაინც.
კიდევ კარგი, მარიშკა პრესას ნაკლებად ეცნობოდა და აუქციონებზე წანწალის მადაც არ გახსნოდა. ის ნამდვილად ვერ გადაიტანდა დრეზდენელი ხოტეის ხელიდან გაშვებისა და ამხელა ფულის დაკარგვის ამბავს. მაგრამ, როგორც უწინაც მოგახსენეთ, ციცი ყველაფერს ისე ასრულებს, როგორც სთხოვენ. ბედნიერება სთხოვეს და - ინებეთ! გაიხარე, მარიშკა! დაე, მილიონებზე სხვებმა იდარდონ.
. . .
ჰყვებიან, რომ ერთხელ, უკვე მოხუცებული, ბერი ციცი ტაძართან იჯდა, და როცა ყველამ გულგრილად ჩაუარა, თქვა: „ეჰ, ადამიანებო, ადამიანებო... ისევ ვერ მიცანით...“
. . .
რადგან საღამოს გასეირნებები კარგად ჰქონდათ დაცდილი, ლიზამ და გაგამ უბადრუკი ამინდი არად ჩააგდეს და ქუჩაში გავლა განიზრახეს. ნახევარი საათი ვერ გაეტივნენ სახლიდან, დიდ სინაზეებს ჰქონდა ადგილი: ლიზამ გაგას შარფი შეუკრა, აქაოდა, არ გაცივდეო, გაგამ ფეხსაცმელი გამოაცვლევინა, ფეხი არ დაგიცურდესო. გაგიჟდება კაცი.
- ნახე, რა კარგად აეწყო, - ამბობდა გაგა. - მარიშკას ძებნა არ მოგვიწია, რაღად გვინდა. ბებოები ვიპოვნეთ, ვიცნობთ და ვევასებით. ხოტეი სადაცაა, ვიცით. ჰოდა, თუ გინდა, მომიყევი ახლა, რას იზამ, ფულს რომ იშოვნი, და მერე მე მოგიყვები.
- უკვე მოიფიქრე, ჰო? და ჯერ რომ კოლექციონერი საპოვნელია და ხოტეი გასატანია, საყვარელო?
გაგა გაჩუმდა.
ნაგვის ყუთთან ბლომად ძაღლები შექუჩებულიყვნენ და უმისამართოდ ღავღავებდნენ. იქვე, ტროტუარზე - მაინცდამაინც ნაგავთან! ვიღაც მოხუცი კაცი იჯდა და თავის ჭუჭყიან ტომარას ჩასცქეროდა.
„უბედური,“ გაიფიქრა გაგამ და ლიზას ხელი უფრო მაგრად ჩასჭიდა. „იყინება, ნაგავში იქექება და მერე ამ ნაგავს სახლში მიათრევს... ალბათ, დასაწვავად. რომ გათბეს. თან, ალბათ, ლოთია, როგორა აქვს თვალები შეშუპებული... ბიჭო, არ დაკბინონ...“
ლიზა, არაერთგზის დაკბენილი, დაფრთხა.
- ვერ ვიტან ამ კოიოტებს, - დაიჩივლა ლიზამ. - გაზაფხული ამათ არ იციან და ზამთარი. რა დროს ქორწილებია!
- გრძელი ზამთარი იქნება.
- რაში ატყობ?
- ამათ ქორწილებში. გვიან დაიწყეს და ესე იგი გვიან გააჩენენ შვილებს.
- მეკაიფები?
- არა, მართლა. მეცხვარეებისგან ვიცი. ცხვრებიც ეგრე არიან და ძაღლებიც.
- შენ რა იცი, ბიჭო, მეცხვარეები?
- გადაღებებზე ვიყავი.
- ა. მარა მოდი, მაინც ნუ ჩავეხუტებით, იქით გადავიდეთ, ჰო?
„გრძელი ზამთარიო... ესღა მაკლდა...“ ლიზას სასმელი გასდიოდა და გუნება შესაბამისად უფუჭდებოდა და უფუჭდებოდა. „და დედაჩემი კიდევ...“
- გაგა, იცი, რა? ხვალ დედაჩემი გადმოდის.
- ვიცი, ჰო. იმ კაცმა ხომ თქვა. მერე რა? მე პრობლემა ვარ?
- არა, გაგ. პრობლემა დედაჩემია. ეგ მარტო ვერ ჩერდება, თორემ იმ ბინიდან კი არავინ აგდებს, პირიქით, ეს კაცი მიდის და არც ფულს მოაკლებს ეგ და არც არაფერს, მარა ეს ქალი მარტო ვერ ძლებს. ვამპირია. ვინმეს ხარჯზე უნდა იცხოვროს.
- შენ არ თქვი ახლა, ფულს მისცემსო?
- არა, სხვა პონტში. ენერგეტიკული ვამპირია.
- მე რა მაქვს რო, რომ წაიღოს? თუ რა, გაუტყდება, რომ რაღაცა, რა ვიცი, როგორ ვთქვა...
- ეგ ჰკიდია. შენ ვერ გაუძლებ. აი, ნახავ. გაგაფრენინებს. და წახვალ.
გაგა დაიხარა და ლიზას სახეში ჩახედა.
- და შენ გაგიტყდება?
- გამიტყდება კი არა, გავაფრენ. გავგიჟდები. - ეს თქვა ლიზამ და ტირილი დაიწყო.
ქუჩაში ბნელოდა, შუქი მხოლოდ ფანჯრებიდან გამოდიოდა. ძაღლები ღავღავებდნენ - გრძელი ზამთრის ამბავში უდროოდ აუტყდათ სიყვარული. ლიზას ეშინოდა ძაღლების და გაგას იმედი არ ჰქონდა, ძალიან ეშინოდა, რომ გაგაც დატოვებდა, გაგას კი უკვირდა და, - რა დასამალია - უხაროდა, რომ ლიზას ენანებოდა.
- რა სისულელეა, ლიზ, სად ჯანდაბაში წავალ, ჰა?
- რა ვიცი მე. ცოლთან.
- რა სისულელეა. მერე, ხუთი მილიონი? ხვალ არ ვეწვიოთ ბებოებს? ვოდკები და გრამაფონები და რამე... წამო, რა, სახლში, გავლურჯდი უკვე, და იქ მოვიფიქროთ, რა ვქნათ.
- ჰო, წამო, ოღონდ იქიდან, რა. მეშინია ამ შეყვარებული ძაღლების.
„ეჰ, ადამიანებო, ადამიანებო... ისევ ვერ მიცანით...“ - გაიფიქრა ციციმ, ტომარა შეკრა, მხარზე გადაიგდო და ქუჩას გაუყვა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში >>>
![]() |
16 მუსიკა |
▲ზევით დაბრუნება |
გიორგი მარი
FEEDER - PUSHING THE SENSES
ჯგუფი Feeder 1992 წელს ლონდონში დაარსდა. მის შემადგენლობაში შედიან ვოკალისტი და გიტარისტი Grant Nicholas, იაპონელი ბასისტი Take Hirose და დრამერი Mark Richardson. Feeder-ის პირველმა ორიგინალ-დრამერმა Jon Lee-მ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ჯგუფს ასევე ჰყავს არაოფიციალური მეოთხე წევრი - გიტარისტი Dean Tidey, რომელიც მათ ვიდეო კლიპებში არასოდეს ჩანს და მხოლოდ კონცერტებსა და სატელევიზიო Live-ებზე გამოდის მათთან ერთად.
Feeder-ის პირველი სინგლი Two colours 1995 წელს გამოვიდა. მას შემდეგ კი, 6-სიმღერიანი მინი-ალბომი swim, რომელიც პირველად 1998 წელს, ხოლო მოგვიანებით - 2001 წელს ხელახლა გამოუშვეს, რამდენიმე სიმღერის დამატებით. შემდეგ გამოდის მათი უკვე პირველი სრული ალბომი polythene (1997). ჯგუფის მეორე ალბომი yesterday went too soon უფრო წარმატებული აღმოჩნდა, ვიდრე პირველი; ხოლო 2001 წელს feeder-ის მესამე ალბომმა echo park, chart-ების პირველი ადგილი დაიკავა. მას მოსდევს ალბომი comfort in sound (2002) და 2004 წელს გამოსული ალბომი picture of perfect youth, რომელიც 2004 წლის ერთ-ერთ საუკეთესო როკ-ალბომად აღიარეს.
2005 წლის ბოლოს კი, გამოვიდა მათი ახალი ალბომი Pushing the senses, რომელიც დღესდღეობით მათი ყველაზე მეტად წარმატებული ალბომია. ალბომი ათი track-ისაგან შედგება. გამორჩეულად საინტერესო track-ებია: „trumble and fall“ , „tender“, „pilgrim soul“ და „pain on pain“. ჩემი აზრით, ალბომი კარგია და მისი მოსმენა ნამდვილად ღირს.
P.S. 2006 წლის გაზაფხულზე გამოვა Feeder-ის greatest hits ალბომი.
THE STROKES - FIRST IMPRESSION OF EARTH
ამერიკული ჯგუფი The strokes ჯერ კიდევ მანჰეტენის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეებმა: Julian Casablanas-მა (ვოკალი), Nikolai Fraiture-მ (ბასი), Nick Valensi-მ (გიტარა) და Fabrizio moretti-მ (დრამი) შექმნეს. შემდგომში Julian Casablanas-ი სწავლის გასაგრძელებლად შვეიცარიაში გაემგზავრა, სადაც მან ამერიკელი გიტარისტი Albert Hammond jr. (მომავალში უკვე The strokes-ის გიტარისტი) გაიცნო. 1999 წელს ჯგუფი უკვე ოფიციალურად ჩამოყალიბდა და ნიუ იორკში მალევე საკმაოდ პოპულარული გახდა.
2001 წელს გამოდის The strokes-ის სადებიუტო ალბომი ის This it. ეს ალბომი ძალიან წარმატებული აღმოჩნდა, თითქმის ყველა მნიშვნელოვანი ჟურნალისაგან საუკეთესო შეფასებები მიიღო და წლის საუკეთესო ამერიკული rock - ალბომი გახდა. 2003 წელს გამოდის მათი მეორე ალბომი Room on fi re, რომელიც ასევე საკმაოდ კარგად გაყიდვადი ალბომი გამოდგა და, როგორც იქნა, The strokes პირველად ჟურნალ Rolling stone-ის გარეკანზე მოხვდა. 2006 წლის იანვარში კი გამოვიდა ჯგუფის ახალი ალბომი, სახელწოდებით First impression of earth. ეს ალბომი ჟღერადობით წინა ალბომებისგან დიდად არ განსხვავდება, თუმცა საკმაოდ კარგი მოსასმენია, განსაკუთრებით სიმღერები: „juicebox“, „you only live once“, „evening sun“ და „razorblade“; ხოლო რამდენად წარმატებული გამოდგება ეს ალბომი, ალბათ, დრო გვაჩვენებს.
ROBBIE WILLIAMS - INTENSIVE CARE
Williams-ის ადრეული პოპ კარიერა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული Boy band-იდან, Take that იწყება, რომელიც 1990 წელს დაარსდა და მათი თითქმის ყველა სინგლი ბრიტანული Chart-ების პირველ ადგილზე იყო. 1995 წელს იგი ტოვებს ჯგუფს და სოლო შემსრულებლის კარიერას აგრძელებს. 1996 წელს კი უკვე უშვებს პირველ სინგლს (George Michael-ის სიმღერის cover ვერსია), სახელწოდებით „freedom“.
1997 წელს გამოდის Williams-ის პირველი ალბომი „Life thru a lens“ და სინგლი „Old before I Die“, რომელიც ბრიტანული Chart-ების მეორე ადგილს იკავებს.
მისი მეორე ალბომი „I've been expecting you“ კიდევ უფრო მეტად წარმატებული აღმოჩნდა და Brit-awards-ის ბევრ ნომინაციაზე იქნა წარდგენილი. 2000 წელს გამოდის მისი მესამე ალბომი Sing when you're winning და სინგლი „Rock dj“, რომელიც ა.შ.შ.-ში წლის საუკეთესო სინგლი გახდა. მას მოსდევს ალბომი Swing when you're winning, რომელიც 50-იანი წლების ჰიტების cover-ებისაგან შედგება. 2002 წელს გამოდის ალბომი Escapology.
და აი, უკვე სამი წლის შემდეგ, 2005 წელს გამოდის მისი მეექვსე სტუდიური ალბომი Intensive care, რომელიც, ჩემი აზრით, არ არის მისი საუკეთესო ალბომი, თუმცა არც ყველაზე სუსტია. ის საკმაოდ განსხვავდება წინა ალბომებისაგან. ამაზე ალბათ ისიც მოქმედებს, რომ მასში შესულ სიმღერათა უმრავლესობის დაწერაში დიდი წვლილი შეიტანა ჯგუფ Duran duran-ის ერთ-ერთმა წევრმა, Stephen Duff y-მ. ალბომში შესული სიმღერებიდან, ვფიქრობ, ყველაზე კარგი track-ებია „Tripping“, „Make me pure“ და „The trouble with me“. თუმცა ეს ყველაფერი ჯობია მსმენელმა განსაჯოს.
ფილმები
ავტორი: სალომე კიკალეიშვილი
ვარდისფერი პანტერა
სად: კინოთეატრი „რუსთაველი“.
როდის: მარტი.
რეჟისორი: შოუნ ლევი.
ვარდისფერ ფერთან როგორ ხართ?
და პანტერებთან?
დააა ვარდისფერ პანტერებთან?
პა-პარა-პარარარარარა-პარარარააააააააარარა - მჯერა, რომ ცხოვრებაში ერთხელ მაინც წაგიღიღინიათ ყოვლად მშვენიერი მელოდია გენიალური ანიმაციიდან „ვარდისფერი პანტერა“. რა, არა?! მაშინ ამის გამოსწორების შანსი გაქვთ. „რუსთაველი“ ხომ მარტში „ვარდისფერ პანტერას“ გიჩვენებთ!
ყურადღება, ყურადღება: მნიშვნელოვანი საფეხბურთო მატჩის დროს, სიცოცხლეს გამოასალმეს ფრანგული ნაკრების მწვრთნელი! ამ ბურუსით მოცული მკვლელობისას, ყოვლად უცნაურ ვითარებაში, მსოფლიოში ცნობილი და უძვირფასესი ბრილიანტი - „ვარდისფერი პანტერა“ გაქრა. საქმეს ცნობილი გამომძიებელი სთივ მარტინი (მუსიე კლოზო) და მისი ერთგული მეწყვილე ჟან რენო (მუსიე ჰილბერ პონტონომი) გამოიძიებენ... კვალს ნიუ იორკში მივყავართ...
კრიმინალური კომედია, მარად მომღიმარი სთივ მარტინით, ფრანგი ჟან რენოთი და უსერიოზულესი ქელვინ ქლაინით. ჰოო, ამის დავიწყება იქნებოდა? ამ ნაზავს დაუმატეთ ამერიკული პოპის იმედი - ბიონსე და მხიარული, ვარდისფერი და კრიმინალური კომედიაც გამოვა.
P.S. შეგიძლიათ მანამდე ფილმის საიტზე შეხვიდეთ და ბიონსეს ვარდისფერი კლიპი ნახოთ. ისე, დროის გასაყვანად
www.pinkpanthermovie.co.uk
დიდი გამყინვარება 2
სად: კინოთეატრი „რუსთაველი“».
როდის: მარტი.
რეჟისორი: ქრის უედჯი.
მოგენატრათ კარგი ანიმაციური ფილმი?
ბევრი სასაცილო ამბავი და უსასრულო თავგადასავლები?
გინდათ 20 ათასი წლის წინანდელ პერიოდში იმოგზაუროთ?
მამონტები, მარტორქები, ვეფხვები და ა.შ. ნახოთ?
ისე, თქვენ მათ უკვე იცნობთ - მძიმეწონიან მამონტ მენის, სულელ, ენამოჩლექილ სიდს და ორმაგ აგენტ ვეფხვ დიეგოს. „დიდი გამყინვარების“ პირველი ნაწილის გმირები ხომ არა მარტო თქვენი, არამედ მთელი მსოფლიოს ბავშვების საყვარელი ანიმაციური გმირები არიან!
ისტორიამდელი პერიოდის კეთილი, ჰუმანური და მხიარული ცხოველები, რომლებმაც ფილმის პირველ ნაწილში ჯერ იყო და გამყინვარების პირას მისულ უღრან ადგილას, უპატრონოდ დარჩენილი ბავშვი იპოვეს, მოუარეს და მშობლებს მიჰგვარეს; მერე გზაში ბევრი რამ გადახდათ და დიდ სისულელეებშიც გაჰყვეს თავი. ხოლო მეორე ნაწილში... არა, მე არ ვიცი რა ხდება მეორე ნაწილში, გარდა იმისა, რომ აქ ისევ იხილავთ ჭკვიან მენის, სულელ სიდს და ბრჭყალებიან დიეგოს. და რაც მთავარია!!! ფილმის უმნიშვნელოვანეს, მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელ, ციყვისებრთა ჯგუფის ღორმუცელა წარმომადგენელს თხილითურთ.
P.S. ისე, აქაც რაღაც სერიოზული ხდება. გლობალური დათბობა; ქვეყანას საფრთხე ელოდებაოოო...
KISS, KISS, BANG, BANG
სად: კინოთეატრი „ამირანი“.
როდის: მარტი.
რეჟისორი: შეინ ბლექი.
დიდი ჩახლართული ამბავია, რომელიც იქედან იწყება, როცა მთლად ქურდული სამყაროს მამა კი არა, ისე, საშუალო დონის, მაგრამ ძალიან სიმპათიური ქურდი ჰარი ლოქჰარტი საშობაო საჩუქრის საყიდლად სათამაშოების მაღაზიაში შევა. მერე? ოო, მერე გაუგებრობა-შემთხვევითობის ისეთ მორევში გაეხვევაა... მე თვითონ არ ვიცი რატომ, მაგრამ ჯერ დეტექტიური ფილმის კასტინგზე მოხვდება (სად ქურდი კაცი და სად მსახიობობა?), სადაც ასე ეტყვიან - ფილმში აგიყვანეთ, პოლიციელს ითამაშებ, და აჰა, ნამდვილ ინსპექტორს მიგაბარებთ, რომელიც ყველაფერს ნატურაში გასწავლისო... ჰოდა, ეს ქურდი კაცი ერთი არატრადიციული ორიენტაციის ინსპექტორთან ამოჰყოფს თავს; მერე, ძალიან სექსუალურ სტუდენტ გოგონას გააცნობენ - აი, გაიცანი... ფილმში შენი პარტნიორი იქნებაო... მერე ვიღაცეებს მოკლავენ, ვიღაცეებს ესვრიან და ვიღაცეები თავსაც მოიკლავენ...
მოკლედ, თუ გაინტერესებთ კანის კინოფესტივალის ნომინანტი ფილმი, მოგწონთ შავი იუმორი, რობერთ დაუნი უმცროსი და ველ ქილმერი; გიზიდავთ ფილმის პოსტერზე დაწერილი სლოგანი „სექსი, სიკვდილი, მისტიკა... კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ლოს ანჯელესში“, მაშინ აუცილებლად, აუცილებლად უნდა ნახოთ ეს ფილმი და თქვენ თვითონ გაარკვიოთ, რაში გაეხვია ეს პატარა გაქანების, მაგრამ ძალიან, ძალიან სიმპათიური ქურდი კაცი!
წიგნები
ავტორი: თამარ ბაბუაძე
„სანამ ერთმანეთს გავიცნობდით“
ბასა ჯანიკაშვილი
პიესები
გამომცემლობა „სიესტა“
2005 წ.
თეატრალურ სარდაფში თანამედროვე ქართული პიესების კითხვა ბასა ჯანიკაშვილის პიესით გაიხსნა. რეჟისორმა ლევან წულაძემ მსახიობებს კითხვით დაადგმევინა „მეტრო“ - ბასას 2004 წელს დაწერილი პიესა. იქვე გაიმართა კრებულის პრეზენტაცია, რომელიც ავტორმა ყველაზე ახალი ტექსტით, 2005 წელს დაწერილი პიესით „სანამ ერთმანეთს გავიცნობდით“ დაასათაურა.
მათთვის, ვისაც პიესების კითხვა უყვარს, ბასა ჯანიკაშვილის ახალ კრებულს დიდ რეკომენდაციას გავუწევ. მით უფრო, რომ მისი დრამატურგიული ტექსტები უკვე თქვენთვის კარგად ცნობილია. 1998 წელს გამოცემული პიესების და მოთხრობების კრებული „კოღო“ ხომ წიგნის მაღაზიების თაროებზე დღემდეა შემორჩენილი და ბასა ჯანიკაშვილის გაცნობა სულაც შეგიძლიათ აქედან დაიწყოთ.
ახალ კრებულში ხუთი პიესაა შესული. ყველაზე ახალია - „სანამ ერთმანეთს გავიცნობდით“, ყველაზე ძველი და ყველაზე ცნობილიც - „თითით საჩვენებელი“ (2002 წ.), რომელიც საქართველოს რაიდიოს პირველი არხის მსმენელმაც მოისმინა რადიო-დადგმის სახით და მანამდე - ედინბურგის ტრავერსეს თეატრში ლიტერატურულ კითხვაზე დამსწრე საზოგადოებამ.
„ვერნონ გენიოს ლითლი“
დიბისი პიერი
რომანი
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
2006 წ.
რა უცნაური სახელია დიბისი, არა? უცნაურია იმიტომ, რომ ეს სახელი სინამდვილეში სამი ასოს აბრევიატურაა. დ - როგორც dirty (ჭუჭყიანი), ბ - როგორც but (მაგრამ), ს - როგორც clean (სუფთა). გამოდის, რა? ავტორს ჰქვია - ჭუჭყიანი, მაგრამ სუფთა პიერი და ნიშნავს ამას: შინაგანად ჭუჭყიანი ვიყავი, ხელმოცარული კაცი, არაფერი შემეძლო, მერე წიგნი დავწერე, 2003-ში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ლიტერატურული ჯილდო, „ბუკერი“ მოვიპოვე, ვალები გავისტუმრე, წარსულს ზურგი შევაქციე და შინაგანად განვიწმინდეო... თუ რისგან გაიწმინდა ავტორი და როგორ - ამის შესახებ ვრცელი ინფორმაციის მოძიება ნამდვილად ღირს. კაცი, ფსევდონიმით დიბისი პიერი, ბოლო ათწლეულის მსოფლიო პროზის ყველაზე თვალსაჩინო, საინტერესო და არაორდინარული ავტორია და იმიტომ.
ბობოქარი წლების შემდეგ, პიერი ახლა ნამდვილი მწერალივით ცხოვრობს ცოლთან ერთად, ირლანდიის ჩრდილოეთით, ერთ ძალიან პატარა და ძალიან მწვანე სოფელში. და წერს.
მაშინ, როცა ქართველი მკითხველი ქართულ ენაზე თარგმნილ მის სადებიუტო „ბუკეროსან“ რომანს წაიკითხავს, ბრიტანეთში პიერის მეორე რომანის პრეზენტაცია გაიმართება.
ისინი კი, ვინც პიერს 2003-დანვე იცნობენ და მის „ვერნონ გენიოს ლითლზე“ ჩემსავით ფიქრობენ, რომ ბოლო დროს წაკითხულ წიგნებს შორის ეს ტექსტი ერთ-ერთი საუკეთესოა, ახალ ტექსტსაც სანთლით დაუწყებენ ძებნას და „ვერნონ გენიოს ლითლით“ კიდევ ერთხელ ისიამოვნებენ - ახლა უკვე ქართულად.
...პირდაპირ მოვითხოვ თქვენგან - არაფრით გამოტოვოთ ეს წიგნი. ვერც კი წარმოიდგენთ, წინ რამხელა სიამოვნება გელით.
ქართული ფილმები
(2002-2005)
საქართველოს კინემატოგრაფიის
ეროვნული ცენტრი 2005 წ.
ვისთვის არის ეს კატალოგი? კინომანებისთვის, კინოფილებისთვის, ფაქტების აღმნუსხველთა მოყვარულთათვის, მედიის თანამშრომლებისთვის, და საერთოდ, ყველასთვის, ვისაც უყვარს კინო და განიცდის ქართული კინოს ბედს.
კატალოგის შესავალში კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორი გაგა ჩხეიძე ზუსტად ამას წერს: „ქართული კინო კრიზისშია“ - ეს გახლდათ ყველაზე გავრცელებული ფრაზა, რომელსაც 1990 წლის შემდეგ გაიგონებდით ქართულ საზოგადოებაში კინოსთან დაკავშირებით. ადრე თუ გვიან, ყველა კრიზისი მთავრდება. ბოლო წლებში აშკარად შეინიშნება კრიზისის დაძლევის ტენდენცია»... და წინამდებარე კატალოგიც სწორედ ამ სასიამოვნო ტენდენციას ასახავს. მავანს კი გაუკვირდება კიდეც, რომ თურმე სრული „კინოუძრაობის“ ეპოქაში იმდენი ფილმი გადაღებულა, რომ მათ აღნუსხვას 200-ზე მეტი გვერდი დასჭირდა...
კატალოგში 2000-2005 წლებში შექმნილი ქართული კინოპროდუქციაა თავმოყრილი. წარმოდგენილია ყველა - ვეტერანი რეჟისორებიც და ქართული კინოს ახალი თაობაც; საპროდიუსერო კომპანიებისა და სტუდიების ჩამონათვალიც და ჟანრობრივად მოხერხებულად დალაგებული ფილმების ანოტაციებიც. კატალოგს ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ ძებნა გაგიადვილდეთ და გარწმუნებთ, წიგნში გვარებსა და ფილმების სათაურებს შორის ძებნა ძალიან სასიამოვნო პროცესი იქნება, რადგან მიხვდებით: თურმე, ქართული კინო გრძელდება.
![]() |
17 რადიო უცნობის ამბები |
▲ზევით დაბრუნება |
ავტორი: სალომე კიკალეიშვილი
ახალი, ახალი, ახალი ამბები „უცნობზე“
პირველ ადგილზე გალაკტიონ ტაბიძეა;
მეორეზე - ვაჟა-ფშაველა...
მაგიდაზე წამდაუწუმ იფურცლება ქართველ კლასიკოსთა ლექსების კრებული „შედევრები“.
სტუდიაში სამარისებული სიჩუმეა.
- დავიწყო?
- წარადგინეთ თქვენი თავი და დაიწყეთ.
- მერაბ კოკოჩაშვილი. ეს აფრიკაში მცხოვრებმა არაბმა ზუჰაირმა დაწერა... აქ სულ ერთი, პატარა ფრაზა მომწონს - „და დამეძგერა ბედისწერა, ვით ბრმა აქლემი“... წარმოიდგინეთ, უზარმაზარი საჰარა, დგას ერთი კაცი, და სწორედ იმას ეჯახება ჯგროდ წამოსული აქლემებიდან ერთ-ერთი. ბედისწერის ასეთი სახე ჯერ არსად შემხვედრია. (პაუზა). ახლა ანა კალანდაძე დავიწყო?
ახლავე აგიხსნით რა ხდება. ეს რადიო „უცნობის“ ახალი პროექტია. რა პროექტია? წარმოიდგინეთ: ზიხართ მანქანაში, უსმენთ დღის ამოჩემებულ სიმღერას, ეკა კვესიტაძის „დიალოგებს“ ანდა ჭიჭიკობიჭიკოს ლაზღანდარობას მიაქვს ყურთასმენა და... უცებ... სალომე ზურაბიშვილი გიკითხავთ ლექსს! ან დიმა ობოლაძე! ან... ან აჩიკო გულედანი! ანდა რეზი არველაძე, თუნდაც! დაიბნევით, აბა რა მოგივათ! ჰოდა ამიტომაც, წინასწარ გეუბნებით და გაფრთხილებთ - არ გაგიკვირდეთ, თუ პირველი აპრილიდან, რადიო „უცნობის“ ეთერიდან ნაცნობი ხმები უცნაურ ამპლუაში მოგევლინებიან. სხვადასხვა პროფესიის ცნობილი ადამიანები ხომ საგანგებოდ თქვენთვის წაიკითხავენ მათთვის საყვარელ და ძვირფას ლექსს ქართველ კლასიკოსთა შემოქმედებიდან; რამდენიმე სტრიქონს გეტყვიან და ერთი-ორი სიტყვით მასთან დაკავშირებულ ემოციაზეც მოგიყვებიან.
P.S. აუუ, რა საინტერესოა... ვინ ზის ნეტა ახლა, ამწუთას „უცნობის“ სტუდიაში და ლექსის სათქმელად ვინ ემზადება დიდ მიკროფონთან?