![]() |
ცხელი შოკოლადი №34 |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: შავერდაშვილი შორენა, გვახარია გოგი, თოლორდავა კახა, კიკალეიშვილი სალომე, ლომაძე ნინო, სუხიშვილი თამარ, კორძაია-სამადაშვილი ანა, ტურაშვილი დათო, ცეცაძე მაია, შათირიშვილი ზაზა, ბექიშვილი ნინო, მესხი დავით, კოლბერი ელიზაბეტ, მორჩილაძე აკა |
თემატური კატალოგი ცხელი შოკოლადი |
თარიღი: 2008 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: იანვარი, 2008, მთავარი რედაქტორი შორენა შავერდაშვილი აღმასრულებელი რედაქტორი ნინო ლომაძე არტ-რედაქტორი გიორგი ნადირაძე რედაქტორ-სტილისტი ნინო ბექიშვილი კორექტორი ნინო საითიძე ნომერზე მუშაობდნენ: ანა კორძაია-სამადაშვილი, თამარ ბაბუაძე, თამარ სუხიშვილი, სალომე კიკალეიშვილი, გიორგი გვახარია, დათო ტურაშვილი, აკა მორჩილაძე, კახა თოლორდავა, ნინო ლომაძე, მაია ცეცაძე, ნინო ბექიშვილი, შორენა შავერდაშვილი ფოტო დავით მესხი, ლევან ხერხეულიძე, ქეთო ცაავა, ნიკო ტარიელაშვილი, გოგიტა ბუხაიძე ილუსტრაცია მაია სუმბაძე, გიორგი მარი დიზაინი თორნიკე ლორთქიფანიძე, კახა დოლიძე საზოგადოებასთან ურთიერთობა ლელა შუბითიძე გაყიდვების დირექტორი ნესტან ავალიანი სარეკლამო განყოფილება ანა მგელაძე რეკლამის განთავსება შპს „მსა თბილისი“, ფალიაშვილის ქ. 108 ტელ./ფაქსი: 23 37 31 ელ-ფოსტა: msa@msa.ge დისტრიბუცია ზვიად შენგელია გამომცემელი„ცხელი შოკოლადი“, „კინო-ცხელი შოკოლადი“, „ოზონი“, „ბიზნესი-ადამიანები, მეთოდები, სტრატეგიები“, „დიალოგი“. შპს „ემ ფაბლიშინგი“, თბილისი 0105, ფალიაშვილის ქ. 108, ტელ./ფაქსი: 23 37 31 ელ-ფოსტა: mpublishing@caucasus.net სტამბა შპს „სეზანი“, თბილისი, წერეთლის გამზ. 140 ტელ.: 35 70 02 ელ-ფოსტა: lika@cezanne-web.com ჟურნალი გამოდის 2004 წლის 25 დეკემბრიდან © „M Publishing“ საავტორო უფლებები დაცულია. ჟურნალში გამოქვეყნებული მასალების ნაწილობრივი ან მთლიანი გამოყენება აკრძალულია. www.shokoladi.com |
![]() |
1 რედაქტორის წერილი |
▲ზევით დაბრუნება |
რადგან ჩემი ხმა „ცხელი შოკოლადის“ ამ საახალწლო-საიუბილეო (3 წლის გავხდით) და წინაასაარჩევნო ნომერში ისედაც დიდი დოზით ისმის, გადავწყვიტე, თქვენთვის შემომეთავაზებინა ნაწყვეტი ვაცლავ ჰაველის პროფაილიდან, რომელიც 2003 წელს ჟურნალ „ნიუ-იორკერში“ გამოქვეყნდა. სამწუხაროა, რომ ეს სტატია პირველად მხოლოდ რამდენიმე დღის წინ წავიკითხე. ასე რომ არ ყოფილიყო, იანვრის ნომერში სრულ თარგმანს აუცილებლად დავბეჭდავდით, რადგან იმას ამბობს, რისი თქმაც, უკვე დიდი ხანია, ძალიან მინდა. შესაძლებელია, იყო ხელისუფალი და დარჩე ადამიანად. შესაძლებელია, აღიარო შეცდომები და შეინარჩუნო ძალაუფლება. შესაძლებელია, შენი სისუსტე ძალად აქციო. ვაცლავ ჰაველმა ეს შეძლო.
ამონარიდი დევიდ რემნიკის სტატიიდან: „გასვლა სასახლიდან: ვაცლავ ჰაველი“
„ჰაველის წინამორბედები დიქტატორები იყვნენ, ამიტომ პრეზიდენტობა დიდწილად თავადვე უნდა ესწავლა. ბევრი მაგალითით იხელმძღვანელა, განსაკუთრებით, ჩეხეთის პირველი რესპუბლიკის პრეზიდენტის, ჰუმანისტი თომაშ მასარიკის და თავისი მეგობრის, გერმანიის პრეზიდენტის, რიჩარდ ფონ ვაიცზაკერის. ჰაველი ხშირად ფიქრობდა, რომ არაადეკვატური და ყალბი იყო. პრაღის ნაცნობი ხმა, კაფკას ხმა ხშირად ჩაესმოდა და ეუბნებოდა იმას, რაც პოლიციურ სახელმწიფოში გაზრდილმა ყველა ადამიანმა ინსტინქტურად იცის - ყველაფერი ისევე ადვილად შეიძლება დასრულდეს, როგორც დაიწყო.
„მე ვარ ადამიანი, რომელსაც ერთი წუთითაც არ გაუკვირდებოდა, თუ ჩემი პრეზიდენტობის შუაწელში დამაპატიმრებდნენ და რაღაც გაურკვეველ სასამართლოზე წარმადგენდნენ, ან პირდაპირ ჯურღმულში ჩამაგდებდნენ ქვების სატეხად. არც ის გამიკვირდებოდა, თუ ციხის საკანში გამომეღვიძებოდა. მერე კი, ჩემს კოლეგა პატიმრებს მოვუყვებოდი, რა შემემთხვა გასული 6 თვის მანძილზე. რაც უფრო დაბლა ვარ, მით უფრო შესაფერისი ჩანს ჩემი ადგილი; რაც უფრო მაღლა ვარ, მით უფრო ძლიერია ეჭვი იმისა, რომ მე აქ არ უნდა ვიყო“ - აღნიშნა ჰაველმა თავის ერთ-ერთ საჯარო გამოსვლაში, პრეზიდენტად არჩევიდან 6 თვის თავზე.
ჰაველის 13 წლიანი პრეზიდენტობის მანძილზე, მრჩეველები დაუსრულებლად ურჩევდნენ, ამოეღო ან ცოტა შეერბილებინა ორჭოფობით გამსჭვალული საჯარო განცხადებები. რა გავლენას მოახდენდა ეს გამოსვლები ხალხზე, რომელიც გადაღლილი იყო თავისი ქვეყნის რადიკალური ტრანსფორმაციის მოლოდინით? თუმცა, ჰაველის გამოსვლები რედაქტირებას არ ექვემდებარებოდა. ერთადერთი მის ხელთ დარჩენილი ლიტერატურული ჟანრი საპრეზიდენტო სიტყვა იყო, ყველაზე პირდაპირი ფორმა, გამოეხატა არა მხოლოდ საკუთარი განცდები, არამედ გამორჩეულად ადამიანური პოლიტიკის სულისკვეთება. ამის წახალისება კი, არაადამიანური იდეოლოგიის ათწლოვანი მმართველობის შემდეგ, ძალიან უნდოდა. მრჩეველები მის შეჩერებას ხშირად ცდილობდნენ, მაგრამ ამ გამოსვლებს მისთვის თერაპიული ეფექტი ჰქონდა. და მაინც, ჰაველი ხანდახან პრეზიდენტზე მეტად, კაფკას ჰგავდა, რომელიც თავის დღიურებს კითხულობდა და თავის შიშებს გვიზიარებდა.
„გაუცხოების ძლიერი განცდა მაქვს… განცდა აუტანელი წნეხისა, საჭიროება ველაპარაკო ვიღაცას და დავიცვა საკუთარი თავი. მაქვს სურვილი მიუღწევადი თანმიმდევრულობისა, რომელიც მით უფრო მიმძაფრდება, რაც უფრო გაუგებარი და მეჩხერი ხდება ლანდშაფტი… პირველ რიგში, ყველაფერში აბსურდულობას ვხედავ. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ყოველთვის ჩამოვრჩები ძლიერ, თავდაჯერებულ მამაკაცებს, რომელთაც ვერასოდეს დავეწევი, რომ აღარაფერი ვთქვა მიბაძვაზე. სულ უფრო მეტად მძულს საკუთარი თავი, და მხოლოდ დაცინვას ვიმსახურებ“ - წერდა ჰაველი.
… მისი პოპულარობის რეიტინგი, როცა ის პრეზიდენტი გახდა, 80 პროცენტზე მეტი იყო; პოსტი კი 60 პროცენტიანი მხარდაჭერის ფონზე დატოვა. ასეთი გამძლეობა გმირებშიც კი იშვიათია.
…ჰაველის გამოსამშვიდობებელი სიტყვა ყველგან გადაიცა. მან მადლობა გადაუხადა მეუღლესა და მხარდამჭერებს, სხვებს კი უთხრა - „ვისაც იმედები გავუცრუე, ან უბრალოდ ვძულდი - გულწრფელად ვწუხვარ და მჯერა, რომ მაპატიებთ“. ჰაველმა მარჯვენა ხელი მაღლა ასწია, Victoria გამოსახა და თავის ქვეყანას ასე დაემშვიდობა. მისი საქმეც, როგორც პრეზიდენტისა, ამით დასრულდა.“
შორენა შავერდაშვილი
![]() |
2 ჩვენი ავტორები |
▲ზევით დაბრუნება |
გოგი გვახარია
ამ წინასაარჩევნო კარნავალში ერთი კითხვა დამებადა - რატომ არ წერენ ჩვენი პოლიტიკოსები „შოკოლადისთვის“? ეს ხომ უსამართლობაა... მე ვიწვალო, სიტყვები ვეძებო, სინონიმების ლექსიკონებში ვიქექო, ეს ხალხი კი ქუჩა-ქუჩა უნდა დადიოდეს და მხოლოდ ლაპარაკობდეს? ან თუნდაც, მღეროდეს? ცეკვავდეს?
არ დაკვირვებიხართ, როგორ უყვართ სინონიმები? იტყვიან „მლიქვნელი“...მაგრამ ერთი სიტყვით არ დაკმაყოფილდებიან და მიაყოლებენ: „ორპირი, ორგულა, ლაციცა, გაქნილი...“ იტყვიან „ჩვენი ჯიში“ და პატარა პაუზის მერე ჩამოთვლიან ხოლმე: „ჩვენი ჯილაგი, ჩვენი გუჯაბი, ჩვენი მოდგმა, ჩვენი ტომი, ჩვენი ნაშენი, ჩვენი თესლი...“
ინგა გრიგოლიაც კი ვერ აწყვეტინებს, როცა „სინონიმების სამყაროში“ დაიქოქებიან ხოლმე. ჰაერს შეისუნთქავენ, დაიწყებენ და არ გაჩერდებიან, სანამ ბოლომდე არ დაასრულებენ ჩამოთვლას.
ჰოდა, ამ ხალხმა არ უნდა წეროს და მე უნდა დავიტანჯო „სათვალის“ ტექსტებზე? მე - გამოსახულების, მაგრამ არამც და არამც სიტყვის მოყვარული, უნდა ვათენებდე ღამეებს იმისთვის, რომ „შოკოლადის“ ძალიან ჭრელ-ჭრელ მკითხველს თავი მოვაწონო?
ან, თუნდაც, თავი შევაცოდო?
ჯერჯერობით ჭრის, მგონი. საქართველოში უყვართ ადამიანის შეცოდება. სხვადასხვა მიზეზით - ზოგს უხარია („უჰ, რა კარგად მიცხოვრია, ამდენი ტკივილი რომ არ გადამიტანია!“), ზოგსაც ბაბუის, მამის, დედის, საყვარლის, შვილის ინსტინქტი ეღვიძება და გული უჩუყდება სხვის ტრავმებზე.
არ მესმის, რატომ არ აკეთებენ იგივეს ეს კანდიდატები? რა სინონიმები, რა ჩამოთვლა აუტყდათ...არ შეიძლება გვითხრან: „მე ეს ვერ შევძელი, მე ეს მივქარე. მე შევეჭიდე და უნდა შევეჭიდო ისტერიულ, გაუნათლებელ, დაბოღმილ საზოგადოებას. ძნელია ეს! დამიჭირეთ მხარი!“
ასეთ კანდიდატს ხმას აუცილებლად მივცემდი. ჩემში ხომ უამრავი ინსტინქტი ბობოქრობს - არარეალიზებული მამის, საყვარლის და, თუ გნებავთ, არარეალიზებული ბაბუის ინსტინქტიც.
კახა თოლორდავა
ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ადრე თუ გვიან ჩემთვის დიდი პატივი იქნება ამ დღის გახსენება. აი, ამ პატარა ბიჭის გამო. მას ბექა ჰქვია, გვარად გოჩიაშვილია. ის თერთმეტი წლისაა და დღეს მთელ საქართველოში მასზე კარგად ვერავინ უკრავს ჯაზს. ბექასხელა ბავშვებს ვგულისხმობ რა თქმა უნდა. მოკლედ, ამ ბიჭს აბსოლუტურად და მკაფიოდ გამოკვეთილი ვუნდერკინდული მონაცემები გააჩნია და თქვენთვის საინტერესო უნდა იყოს მასზე იმაზე მეტის გაგება, ვიდრე ახლა იცით. ეს სურათი ფოტოსესიის დროსაა გადაღებული ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში. ჩვენი თხოვნით სცენაზე უზარმაზარი როიალი გამოაგორეს. დარბაზი, რა თქმა უნდა, ცარიელი იყო, თუ არ ჩავთვლით აქეთ-იქეთ მოსიარულე დამლაგებლებს და დანარჩენ პერსონალს. სცენაზე ჩვენთან ერთად ფილარმონიის სხვა თანამშრომლებიც იდგნენ, რომლებიც ყველანაირად ცდილობდნენ დაგვხმარებოდნენ. ციოდა. წინა ღამეს ბექას სიცხემ აუწია და სესიაზე მშობლებმა სანტა-კლაუსივით შეფუთული მოიყვანეს. ჩვენ კი, ფოტოსესიის კონცეფციიდან გამომდინარე, მხოლოდ თხელ თეთრ პერანგში უნდა დაგვეტოვებინა ის. მერე კი, სქელ თოკში უნდა გაგვებლანდა და გვეთხოვა იმ უზარმაზარი როიალის გაქაჩვა ეცადა. სანამ ვემზადებოდით გვთხოვა როიალთან დავჯდები, ასე უფრო სწრაფად გავთბებიო. დაკვრა რომ დაიწყო, გარშემო მიმოვიხედე. არ ვიცი, ესმის თუ არა ბექას როგორ მომნუსხველ ეფექტს ახდენს გარშემო მყოფებზე, როდესაც ის უკრავს ხოლმე, მაგრამ დღემდე ვერ ვახერხებ თავის შეკავებას და სულელივით მეღიმება ხოლმე. ერთადერთი, რაც მაწყნარებს ისაა, რომ ნებისმიერს ასე ემართება. იმ დღეს ბექამ დროებით შეაჩერა ფილარმონიის სამუშაო გრაფიკი იმიტომ, რომ ვინც დარბაზში ან სცენაზე შემოვიდა ამა თუ იმ საქმეზე, კარგა ხანს ვერ გავიდა იქიდან. გადაღებას რომ მოვრჩით, მის გვერდზე ჩამოვჯექი და ლევანს ვთხოვე, ერთი სურათი გადაგვიღე-მეთქი. რომ იცოდეთ, როგორი იმედი მაქვს, რომ ადრე თუ გვიან ამ ფოტოთი ვიამაყებ...
სალომე კიკალეიშვილი
send sms to kordzika - ანა... როგორ ხარ? ვზივარ ახლა წაღვერში და ყოველ დღე წყაროზე დავდივარ, ამბობენ, ეგ წყალი რკინას შეიცავს და სასარგებლოაო, არადა... მე ხომ ვიცი, რაც არის სასარგებლო! სად ვიყავი, ანაა... ჩამოსვლა აღარ მინდოდა! მაგრამ არა უშავს, ადრე თუ გვიან, ისევ წავალ ინდოეთში, აუცილებლად წავალ:)
reply - ჰეი, სალომუშკა! აქამდე არ იცოდი, რომ მზე აღმოსავლეთიდან ამოდის, აღმოსავლეთიდან!:)
ინდოეთში ისეთი დაშინებული მივდიოდი, მეგონა, ქუჩაში ვერ გავიდოდი. ეს არ ჰქნაო, ის არ ჰქნაო, სანამ რამეს შეჭამ, ასჯერ მაინც იკითხე რა არისო, როგორც კი შებინდდება, გარეთ მარტომ ცხვირი არ გაყოო; კარებზე თუ მოგიკაკუნეს, პირდაპირ არ ეცე და არ გააღო, რადგან თავის დროზე ერთ ქართველს მიუკაკუნეს და კარი რომ გააღო, ზღურბლთან მაიმუნი დახვდა და ცუდად დამთავრდა ეგ ამბავიო... ამ ყველაფრის გამგონემ, ერთი წამით ვიფიქრე - რა იცი, რა ხდება, ჩემებს ხომ არ დავემშვიდობო-მეთქი. ამას თვითმფრინავში გაცნობილი კაცი დაემატა, რომელმაც „მეგობრული“ რჩევა მომცა, გარეთ რომ გახვალ, უცებ არ შეგეშინდესო... ჰოდა, შემეშინდა კი არა, თავიდან ფეხებამდე ცარიელი ფობია გავხდი, პატარა და შიშისგან თვალებდაჭყეტილი ქალი-ფობია.
მაგრამ სად ინდოეთი და სად ფობია? რა უნდა მსგავს მაიმუნობებს ქვეყანაში, სადაც სამყაროს პირველად შევხედე ფართოდ გახელილი თვალებით! სადაც ამდენი წლის მანძილზე, ვიგრძენი, რომ ცოცხალი ვარ! ცოცხალიიი! აქ ხომ გრძნობის ყველა რეცეპტორი ავტომატურ რეჟიმში გადადის და უსასრულოდ გრძნობ, ჯერ კიდევ ამოუცნობი შეგრძნებები ვულკანივით რომ ფეთქდება შენში, მთელი სხეული ახალიდან იწყებს სამყაროს აღქმას, ცხოვრებას, სიცოცხლეს! ჰოდა, ამას, აბა, რომელი ცათამბჯენის ან ლამაზ-ლამაზი სასახლეების თვალიერება შეიძლება შეადარო?!
ამბობენ, არსებობს ასეთი სინდრომი - ინდოეთით მოწამვლაო, ჰოდა, მოვიწამლე კი არა, განუკუნებელი მჭირს, განუკურნებელი!
ნინო ლომაძე
ახალი წელი ახლაღა გამახსენდა. როდესაც რედაქციაში მე და თორნიკე დავრჩით, ქუჩაში კი, ვიღაცამ ჯორჯ მაიკლის Last Christmas-ის სიმღერით ჩაგვიწუილა. ასეა, უკვე ზეიმის სუნი ტრიალებს... და არჩევნების. ისე, კაცმა რომ თქვას, რა განსხვავებაა? ზეიმით, ბოლოს, იქაც იზეიმებენ (თუ აცალეს). რაზე ფიქრობს ნეტა ეხლა თოკო? ალბათ, ხვალინდელ სტამბაზე. მუსიკის ხმა არც გაუგია, თავის „HiMAC“-შია თავით შემძვრალი და ინდიზაინის ფაილს გულდასმით აკვირდება. მე კიდევ, Last Christmas-მა ნიუ-იორკი, ნიუ-იორკმა და თორნიკემ ერთად კი - „წლის ადამიანის“ პირველი კონკურსი გამახსენა. თუმცა, ეს სულ სხვა ამბავია.
აბა, რა მოხდა წელს ყველაზე მნიშვნელოვანი? ამ კითხვით უკლებლივ ყველა „შოკოლადელი“ ჩვენს საყვარელ გამჭვირვალე (სიმბოლურია ყველაფერი) მაგიდას მივუსხედით და ჩვენ-ჩვენი ამბები საგანგებოდ მომზადებულ უზარმაზარ დაფაზე ჩამოვწერეთ. გრძელი სია გამოვიდა. მერე, წლის ყველაზე საინტერესო მოვლენების 12 გმირი შევარჩიეთ და საქმეს შევუდექით. ჰოდა, როცა ამ დღეებში საყოველთაო მხიარულების საღამოები მოგბეზრდებათ და ნაძვის ხეების ბრჭყვიალებაც თვალებს აგიჭრელებთ, გემრიელად მოკალათდით და „ძველი წლის“ გასახსენებლად ჟურნალის რამდენიმე გვერდი გადაფურცლეთ. „წლის ადამიანები“ მომდევნო გვერდებზე ამჯერადაც დაგხვდებიან.
P.S. და, ნეტავ, წელს თუ მოვა თოვლი 31-ში? ნამდვილი ახალი წელი რომ გვქონდეს, რაღაცნაირად, ჩუმი და თბილი. ისე, ასეთ ამბებს განსაკუთრებით უხდება ცოტა ხნით, სიცივისაგან დაორთქლილი ფანჯრის წინ ჩამოჯდომა, ცოტა დაფიქრება და ერთი კარგი, გემრიელი გახსენება.
თამარ სუხიშვილი
როდესაც ბრიტანელი მწერლისთვის - ივლინ ვოსთვის (მასალა იხილეთ ჟურნალში, გვ.110) უკითხავთ, უნივერსიტეტის სპორტულ შეჯიბრებებში თუ იღებდით მონაწილეობასო, უპასუხია: კიო, ვსვამდი ჩემი კოლეჯის გამარჯვების სახელზეო. ჰოდა, როცა „ცხელი შოკოლადის“ რედაქტორმა მკითხა, რას გააკეთებ ჟურნალის საახალწლო ნომრისთვისო, მეც ვუპასუხე: რას გავაკეთებ და საახალწლო სასმისით გადღეგრძელებთ-მეთქი ყველას. გაჭრა და არც გაჭრა...
რასაკვირველია, გადღეგრძელებთ. გადღეგრძელებთ ყველას, ჩემიანსა და უჩემოს და შევეცდები, ჩემი წინასაახალწლო დაძაბული გუნება-განწყობილებით თქვენი ასევე მძიმე გუნება-განწყობილება კიდევ უფრო არ დაგიმძიმოთ („შენი ვერძი რქაგრეხილი ჩემსა ვერძსა რქაგრეხილსა...“ - რაღაც ამდაგვარად გამომივიდა). გადღეგრძელებთ და გისურვებთ, რომ ქართულ მედიაში გამოჩნდნენ ობრონ ვოსავით გულწრფელი, უშიშარი, უანგარო და იუმორის ნიჭით გამორჩეული ჟურნალისტები, პოლიტიკაში კი ისეთი პოლიტიკოსები, ამ ჟურნალისტების აზრს ხანდახან მაინც რომ დაუგდებენ ყურს. გადღეგრძელებთ და გავიმეორებ ბრიტანელი ჟურნალისტის სიტყვებს: არასოდეს აღაზევოთ პოლიტიკოსები! და დატოვე დათვი ტყეში! (სახეობათა კონსერვაციის ცენტრის - „ნაკრესის“ გახმაურებული ეკოაქციის დევიზია). გადღეგრძელებთ და განსაკუთრებით ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ!
ბევრი ხომ არ მომივიდა? კარგი, მეტს აღარ დავლევ...
ანა კორძაია-სამადაშვილი
თქვენც მოგდით დაუჯერებელი sms-ები? ძალიან მაინტერესებს, ვინ მიგზავნის ხოლმე. დარწმუნებული ვარ, რომ უცხოები არიან, თორემ ოდნავ მაინც რომ მიცნობდნენ, ნამდვილად არ მომწერდნენ: „ჩემო სიყვარულო და იმედო! წმინდა (მნიშვნელობა არა აქვს, ვისი: პროხორის, კუკურის, ქნარიკას) მადლი შეეწიოს შენს ლამაზ ოჯახს. სიმშვიდე და სათნოება მრავალჟამიერ“. ან კიდევ უკეთესი: „გაუგზავნე ეს უსტარი შვიდ მეგობარს, თორემ არც სიხარული გეღირსება და არც სიყვარული“. დამწყევლეს! ვაიმე! და წარმომიდგენია, საშობაოდ და საახალწლოდ რაებს მივიღებ. დამძაბველი ამბავია.
ჰოდა, გახსოვთ „ლორელაი“? ფაქტი ისაა, რომ სევდა მერევა. პრობლემა ისაა, რომ არ ვიცი, რატომ.
თუ თავს არ ვუშველე, ეს ტყუილად ზეიმი გადამრევს და გადამიყოლებს. ბრჭყვიალა ქალაქი, უცხო სუნელი, ორკვირიანი გაბმით სმა... თან პოლიტიზირებული ახალი წელი. ესღა მაკლდა.
გავიგე, ბურიატებს შესანიშნავი წესი ჰქონიათ: საახალწლოდ ჩამოწერენ ხოლმე, რა არ უნდათ მომავალ წელს თან გაიყოლონ, და მერე ამ ფურცელს წვავენ.
გადავწყვიტე, წელს მეც ასე მოვიქცე - რამით ხომ უნდა გავერთო. ვერ წარმოიდგენთ, რამსიგრძე სია გამომდის. თან საფრთხილო საქმეა, ვინ იცის, რა პრინციპით მომაცილებს რაღაცებს განგება! ვთქვათ, ვიტყვი, არ მინდა სულელური გზავნილები-მეთქი და ისევ მობილურს მომპარავენ. სანერვიულო ადათი ჰქონიათ ბურიატებს.
სამაგიეროდ, ზუსტად ვიცი, რა მინდა. ჯანმრთელობა, ბევრი ფული და დიდი სიყვარული. ამ სამიდან ჯერჯერობით ერთი მაკლია, და თუ მომავალ წელს ესეც მომეცა, სულ ნაირ-ნაირი ქვეყნებიდან მოგწერთ ხოლმე ჩემი დიდი ბედნიერების ამბავს, და თქვენც იფიქრებთ, რომ ცხოვრება მშვენიერია: სადაც ანამ ნახა ჩანჩქერი ვიქტორია, ჩვენც ყველაფერი გვექნება!
გვექნებათ. მეც მექნება და თქვენც. აი, ნახავთ, თუ არა.
დათო ტურაშვილი
პრეზიდენტების სვეტი
საქართველოს პრეზიდენტობის სურვილი რომ ოცდაორმა ადამიანმა გამოთქვა (ფოტოც გადაიღო) და განცხადებაც შეიტანა საარჩევნო კომისიაში, ეს ამბავი, პირველად შოთა არველაძემ მითხრა ესპანეთში და მერე შეშფოთებულმა დაამატა - ნაკრებისთვის თერთმეტი ფეხბურთელი ვერ მოგვიგროვებია და საქართველოში თუ ოცდაორი კაცია, ვისაც პრეზიდენტობა შეუძლია, მაშინ ტოპმიოლერი მართლა ყ... ყოფილაო.
სიცილს რომ მოვრჩი, მერე შოთიც დავამშვიდე - ეგენი ძირითადად ერთი და იგივე ხალხია, ოღონდ სხვადასხვა სახელით და გვარით შეაქვთ განცხადებები-მეთქი.
სხვათა შორის, ზოგიერთმა ახლაც შეიტანა განცხადება ისევე, როგორც წინა არჩევნებზე და თანაც, იმავე სახელითა და გვარით. ერთ კანდიდატს კი (დანამდვილებით ვიცი), წინა საპრეზიდენტო (შეიძლება იმისწინა და უფრო ძველი) არჩევნებისთვის შეგროვებული ხელმოწერები აქვს და როცა სჭირდება, ამოიტანს ხოლმე სარდაფიდან ღიღინით და ცენტრალურ საარჩევნო კომისიასაც ღიღინით აკითხავს.
რაღაი ღიღინი ვახსენე, ბარემ სტალინსაც გავიხსენებ, რომელიც არჩევნების წინ ყოველთვის ერთი ფრაზით იმხნევებდა თავს - მთავარი ის კი არ არის, ვინ მონაწილეობს არჩევნებში, მთავარია, ხმებს ვინ ითვლისო. ჩვენ რუსებს ვერ ვანებებთ თავს და სტალინს ხომ, მით უმეტეს, კარგა ხანს ვერ შევეშვებით და ამიტომაც, ამ არჩევნების დანიშვნისთანავე პირველი ის ვიფიქრე, ნეტავ ხათუნა გოგორიშვილი ვის უჭერს მხარს-მეთქი და ეგ რომ ვიცოდე, ისიც ხომ მეცოდინება, არჩევნებში ვინ გაიმარჯვებს.
შოთა არველაძეს კი, მოგეხსენებათ, იუმორიც გოლებივით საუკეთესო აქვს და მე რას ვაჯობებდი იმ დღეს ან მერე, როცა ვალენსიიდან დამირეკავდა ხოლმე და თბილისის პოლიტიკურ ამბებს საფეხბურთო კომენტარების თანხლებით მიყვებოდა. ერთხელ, მადრიდის ავტობუსში მომისწრო შოთის ზარმა და იმდენი მაცინა, რომ მძღოლმა დაატორმუზა და ჩასვლა მთხოვა - სიცილის დროსაც თავშეუკავებელი ვარ ხოლმე (როგორც თითქმის ყველაფერში), მაგრამ იმ დღეს ისეთ ფორმაში იყო არველაძე, როგორც რამდენიმე წლის წინ, უდინეზესთან გასვლაზე რომ გადამწყვეტი გოლი გაიტანა.
ერთხელ კი პირიქით - დამირეკა და ისეთი გაბრაზებული იყო პრეზიდენტობის ერთ-ერთ ჩვენებურ კანდიდატზე, რომ ძალიან სერიოზული ხმით მომიყვა ნელსონ მანდელას ისტორია, რომელიც სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი მხოლოდ მრავალწლიანი პატიმრობის შემდეგ გახდა. შოთა არველაძეს საკუთარი თვალით უნახავს იოჰანესბურგში იმ საშინელი ციხის საკანი, სადაც ნელსონ მანდელამ ოცდაშვიდი წელი გაატარა თავისი ქვეყნისა და ხალხის სიყვარულის გამო და ის საკანი ისე აღწერა შოთა არველაძემ, რომ ნებისმიერ მწერალს შეშურდებოდა. ფეხბურთსაც რომ თავს დაანებებს, აუცილებლად წიგნი უნდა დაწეროს, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ თავისი გოლებივით, საუკეთესო საფეხბურთო წიგნის ავტორი იქნება ქართულ ენაზე და, მგონი, ნიჭიერი ადამიანების უმრავლესობა მართლა ყველაფერში ნიჭიერია. ჩემის სუბიექტური დაკვირვებით, სწორედ ეს არის კიდეც ნიჭიერი ადამიანების საერთო დამახასიათებელი თვისება და, მგონი, ამიტომაც მინდა, რომ საქართველოს პრეზიდენტი ნიჭიერი ადამიანი იყოს.
მინდა იყოს ჭკვიანიც, რადგან ჭკვიანები სხვა ქვეყნის სამსახურში არ დგებიან და, მით უმეტეს, არ ხდებიან დამპყრობელი ქვეყნის აგენტები და ლეგენდები მოაზროვნე აგენტებზე ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში მოგონილი ზღაპრებია და მეტი არაფერი.
მინდა იყოს განათლებულიც, წესიერიც და პატიოსანიც და რა სამწუხაროა, რომ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის საერთოდ არ არის დიმიტრი გელოვანი, მეტიც - იგი საერთოდ არ მონაწილეობს არჩევნებში და უბრალოდ ზოროს ცხენივით მარტოა.
რას ნიშნავს მარტოობა ზოროს ცხენივით, ეგეც პირველად შოთა არველაძემ მითხრა, ოღონდ მაშინ აიაქსში თამაშობდა, რამდენიმე თვე ძვირფასი მეუღლის გარეშე დარჩა და მაშინ აღმოაჩინა ზოროს მთავარი სადარდებელიც. რას ნიშნავს ზოროს ცხენივივით მარტო ხარმეთქი - ტელეფონში ვკითხე და აბა, კარგად გაიხსენე ფილმებში ზოროს ცხენი როგორი მოწყენილია, სულ მარტო დაეხეტება და სულ იმის მოლოდინშია, ზორო როდის დაუსტვენს და დაუძახებსო.
მგონი, ჩვენი საქმეც სწორედ ასეა და არჩევნებში კი, ვინც არ უნდა გაიმარჯვოს, ხელისუფლებაში მაინც იგივე ხალხი ხვდება, როგორც ყველგან და ყოველთვის და იგივე თუ არა, ისეთივე მაინც.
ზორო და მისი ცხენიც ხომ მექსიკელები იყვნენ და მათ სადარდებელსაც ქართველობას ხომ არ დავაბრალებთ - ალბათ, ადამიანი ყველგან ჰგავს სწორედ მას, ვისაც ხმას აძლევს ან პირიქით.
მექსიკაში კი, ახლა ზაფხულია და მე კი იქ მინდა, სადაც თბილა, რადგან სიცივეს, უბრალოდ, ვერ ვიტან...
უცნაური კი ის არის, რომ ერთადერთს, სამშობლოს სიცივეს, მაინც ყოველთვის ვუძლებდი, რადგან ყოველთვის მეგონა, რომ მაინც ყველაფერი უკეთესად იქნებოდა.
ისიც მეგონა, რომ სიცივე უფრო ასატანი იქნებოდა, ვიდრე მარტოობა ზოროს ცხენივით...
![]() |
3 კულტ-მიმოხილვა |
▲ზევით დაბრუნება |
თბილისის მერვე საერთაშორისო კინოფესტივალი
წელს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი ოქტომბრის ნაცვლად დეკემბერში გაიმართა. როგორც ფესტივალის ორგანიზატორები, ნინო ანჯაფარიძე და გაგა ჩხეიძე ამბობენ, საერთაშორისო კინოფესტივალების კალენდარი წელიწადის ამ დროს ნაკლებად დატვირთულია. გასულ წლებში თბილისში ჩამოსვლის მსურველთა რაოდენობა დიდი იყო, მაგრამ ბევრი მათგანი უფრო ცნობილ და პრესტიჟულ კინოფესტივალზე ამჯობინებდა წასვლას, შესაბამისად, მოგზაურობდნენ ფილმებიც და თავისუფალი ასლების მოპოვება რთულდებოდა.
თუმცა, თბილისის მერვე საერთაშორისო კინოფესტივალის წარმატებით ჩატარება მხოლოდ თარიღის გადაწევით არ იყო განპირობებული. წლევანდელ ფესტივალს, ბევრ საინტერესო სტუმართან ერთად, უპრეცედენტოდ ბევრი მაყურებელიც დაესწრო. საფესტივალო ფილმები კინოთეატრი „რუსთაველის“ სავსე დარბაზებში გადიოდა. საბჭოთა ეპოქის შემდეგ, კომერციულ კინოთეატრს (მის ფოიეში არსებულ კაფეს თუ არ ჩავთვლით) ამდენი სტუმარი პირველად ჰყავდა. არადა, ფესტივალის გახსნამდე ერთი კვირით ადრე მისი ჩატარების საკითხი მოულოდნელად დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.
მუნიციპალური კინოთეატრის არარსებობა და რუსეთის მიერ კინო-გაყიდვებში საქართველოზე ნაყიდი უფლებები კინოფესტივალს ტრადიციულად უქმნის პრობლემებს. ამ მიზეზით მაყურებელმა წელს ვერ იხილა ულრიჰ ზაიდლის „იმპორტ/ექსპორტი“, პიტერ გრინუეის „შუაღამის შემოვლა“, პოლ ვერჰოვენის „შავი წიგნი“, ირჟი მენცელის „ინგლისის მეფის სამსახურში“, რომელთა ჩვენება ორგანიზატორთა მიერ დაგეგმილი იყო. ქართული სადისტრიბუციო ქსელის შექმნის უპერსპექტივობასთან შედარებით, პირველი პრობლემა სახელმწიფოს კინო-პოლიტიკის შეცვლის შემთხვევაში უფრო იოლად მოგვარდებოდა.
წლევანდელ ფესტივალზე მხოლოდ რაოდენობრივი ცვლილებები არ მომხდარა. შეიცვალა კონცეფციაც საკონკურსო პროგრამასთან მიმართებაში. ამიერიდან კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ მხოლოდ დებიუტანტი რეჟისორები პირველი ან მეორე სრულმეტრაჟიანი მხატვრული ნამუშევრით.
ასევე, დეკემბრის დასაწყისში თბილისში მსოფლიო კინემატოგრაფის ცნობილმა და წარმატებულმა ადამიანებმა მოიყარეს თავი. თუკი შარშანდელი ფავორიტი სტუმრები ოსკაროსანი რეჟისორი ჰიუ ჰადსონი და ქართველი გენერლის შთამომავალი მსახიობი მარიამ დ'აბო იყვნენ, წელს სწორედ მათი რეკომენდაციით, ფესტივალს ლეგენდარული ამერიკელი რეჟისორი - ბობ რაფელსონი ესტუმრა მასტერკლასით „რეჟისორის აღსარება“. სერბეთის მაგალითის გათვალისწინებით, სადაც მასტერკლასს ათასი მსმენელი დაესწრო, რეჟისორმა და მისმა აგენტმა ფესტივალის ორგანიზატორებს მიმართეს თხოვნით მასტერკლასისათვის მხოლოდ 200-300 ადგილიანი დარბაზი შეერჩია. საქართველოში, კინოგურმანებს და კრიტიკოსებს თუ არ ჩავთვლით, ბობ რაფელსონს ძირითადად მისი ორი ფილმით იცნობენ - „ფოსტალიონი ყოველთვის ორჯერ რეკავს ზარს“ და „სისხლი და ღვინო“ (უკანასკნელს ჯენიფერ ლოპესის მონაწილეობის წყალობით). ამიტომ გაკვირვებული დავრჩი, როდესაც გადავსებულ დარბაზში კიბის საფეხურზე მომიწია ჯდომა. საბჭოთა პერიოდის საქართველოში კი მაყურებლები მის სრულმეტრაჟიან დებიუტს ანიჭებდნენ უპირატესობას, ფილმს - „ხუთი მსუბუქი პიესა“, ფილმს, რომლითაც რაფელსონმა ახალი ჰოლივუდის ერთ-ერთ ლიდერად და კონვენციების უარმყოფელ რეჟისორად დაიმკვიდრა თავი. ქართველი მასპინძლების მხრიდან მისი ჰოლივუდის ვარსკვლავად მოხსენიება რაფელსონმა გახსნის საღამოსვე გააპროტესტა: „იმიტომ, რომ ჰოლივუდის წარმომადგენელი ვარ, ისე ნუ მიყურებთ, თითქოს უცნაური ცხოველი ვიყო. ჰოლივუდიდან არც ვარ, მე კოლოდაროს წარმოვადგენ“. ფაქტია, რომ ფილმებთან ერთად მაყურებლები რაფელსონის ექსცენტრიკითაც მოიხიბლნენ - მას მეორე ლექციის ჩატარებაც გადაჭედილ დარბაზში მოუწია.
ფესტივალს წელს მეორედ ეწვია რუსული საპროდიუსერო კომპანიის „კინო ბეზ გრანიც“ პრეზიდენტი სემ კლებანოვი. შარშან სწორედ მისი კომპანიის მხარდაჭერით მოხერხდა მოსკოვიდან შვედეთის გავლით თბილისში ფილმების ჩამოტანა ევროპული კინოს ფორუმის სექციისთვის. „Прорвём блокаду!“ - ასეთი იყო საზღვრებს გარეშე მოქმედი კინემატოგრაფის მსახურთა მოწოდება 2006 წელს: „რამდენიმე დღის წინ რუსეთის მიერ შემოღებულმა სატრანსპორტო ბლოკადამ ფესტივალი არაერთი პრობლემის წინაშე დააყენა. ფილმების მნიშვნელოვანი რაოდენობა რუს გამქირავებლებს უნდა გამოეგზავნათ“...). ჩანს, საქართველოსთან თანამშრომლობას კულტურის მოღვაწეთათვის დისიდენტობის მომხიბვლელი სუნი უდის. თბილისში ის თავისი ფილმით ჩამოვიდა, თუმცა, ფილმს „გზა გალესკენ - მოხალისეთა დღიურები“ ისევე, როგორც ფესტივალზე წარმოდგენილ სხვა დოკუმენტურ ნამუშევრებს, აუდიტორია ნაკლებად სწყალობდა. არადა, დოკუმენტური ფილმების განყოფილებაში წელს რამდენიმე შესანიშნავი სურათი მოხვდა, მათ შორის, ლაილა პაკალნინას ლატვიური ფილმი „თეოდორსი“ და „ჩეხური ოცნება“ (რეჟისორები: ფილიპ რემუდა, ვიტ კლუსაკი)...
სწორედ დოკუმენტური კინოს პოპულარიზაციას და დოკუმენტალისტიკის განვითარებას ისახავს მიზნად კინოკომპანია „საქდოკი“, რომლის პრეზენტაციაც საფესტივალო დღეებში შედგა. „სანამ დროა“ - ასეთია სლოგანი კომპანიისა, რომელიც „დოკუმენტის შექმნისკენ“ მოუწოდებს კინემატოგრაფისტებს. კომპანიის წევრები უკვე სამი დოკუმენტური ფილმის პროექტზე მუშაობენ. ამასთან ერთად, ისინი მზად არიან კონსულტაცია და დახმარება გაუწიონ ქართველ რეჟისორებსა და პროდიუსერებს პროექტების განვითარებასა და საერთაშორისო ფონდებთან ურთიერთობაში. „საქდოკი“ დაკავებულია რეკლამების დამზადებითაც, თუმცა, დამფუძნებლებს (ანა ძიაპშიპა, სალომე ჯაში, გიორგი წიქარიშვილი) მიაჩნიათ, რომ დღეს საქართველოში მხოლოდ ერთი სარეკლამო კლიპის ბიუჯეტით სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის გადაღებაც შესაძლებელია.
დოკუმენტური ფილმებისგან განსხვავებით, მაყურებლების თქმით, ფესტივალის ფავორიტი იუნიფრანსის მიერ შემოთავაზებული ფრანგული მოკლემეტრაჟიანი ფილმების პროგრამა გახდა, რომელიც ორ ნაწილად იყოფოდა: „ოსტატების კოლექცია“ და „ახალი კოლექცია“. იუნიფრანსის პროგრამის კოორდინატორის, ანა ძიაპშიპას თქმით, ფილმების ფირების ასლების მოპოვებას დიდი ძალისხმევა დასჭირდა. მორის პიალას, ფრანსუა ტრიუფოს, ჟან-ლუკ გოდარის, ერიკ რომერის, ჟაკ დონიოლ-ვალკროზის პირველი ნამუშევრების დიდ ეკრანზე ხილვა კინოს მოყვარულისთვის საქართველოში თითქმის წარმოუდგენელი ფუფუნებაა.
თუმცა, საქართველოს ეროვნული კინოცენტრის დირექტორის, გაგა ჩხეიძის აზრით, არსებობს მიზეზები, რომლის გამოც ფესტივალი მხოლოდ ფუფუნება ვერ იქნება: „საერთაშორისო კინოფესტივალი ის ფორუმია, რომელზეც ინფორმაციის გაცვლა, პოტენციური პარტნიორების მოძიება და ერთობლივ პროექტებზე ფიქრი იწყება. ამ თვალსაზრისით, კინოფესტივალი ფუფუნება კი არა, აუცილებლობაა“.
ფესტივალს, ტრადიციისამებრ სამი ჟიური ჰყავდა: ოფიციალური, ფიპრესის და ფარაჯანოვის, რომელთაც 11 ფილმისგან დაკომპლექტებული საკონკურსო პროგრამიდან თავისი ფავორიტები უნდა აერჩია. მთავარი პრიზი „ოქრის პრომეთე“ და ფარაჯანოვის პრიზი „მინანქრის ბროწეული“ პოლონურ ფილმს გადაეცა, ანჯეი იაკიმოვსკის - „ხრიკებს“. ფილმს, რომლის პატარა გმირი რა ხრიკებს აღარ იგონებს, ოჯახიდან წასული მამა სახლში რომ დააბრუნოს. ვერცხლის პრომეთე გადაეცა ალექსეი პოპოგრებსკის ფილმს „მარტივი საგნები“. ფიპრესის პრიზით, ისრაელელი რეჟისორი დევიდ ვოლახის პირველი ნამუშევარი დაჯილდოვდა - „ჩემი მამა, ჩემი ღმერთი“, რომლის სიუჟეტი ულტრა ორთოდოქსულ ოჯახში ვითარდება და აბრაამის და ისააკის ისტორიის თანამედროვე ინტერპრეტაციას გაგონებს.
საკონკურსო ფილმებში მშობლისა და შვილის ურთიერთობის თემა ფიგურირებდა (ფილმები „მამაჩემი - ჩემი ღმერთი“, „მაგნუსი“, „ყველაფერი, რაც ვიცი ლოლას შესახებ“, „პინგ-პონგი“, „ხრიკები“), რაც სიმბოლურად დაემთხვა სპონსორთა რიგებში პრეზიდენტობის კანდიდატ მიხეილ სააკაშვილის სახით „ახალი მშობლის“ შეძენის ფაქტს. სააკაშვილმა მთავარი პრიზის სპონსორობა გასწია და ფულადი ჯილდოს გადაცემას დახურვის საღამოზე თავად აპირებდა. ამის გამო კინოთეატრ რუსთაველში საგანგებო მდგომარეობა შეიქმნა - შენობა მთლიანად დაცვის თანამშრომლებმა აითვისეს. დახურვაზე მოწვეულ ადამიანებს ე.წ. საკონტროლო პუნქტებზე ჩანთებს საგულდაგულოდ უმოწმებდნენ. ზოგიერთმა მაყურებელმა ამ ფაქტის გამო უარი თქვა დასწრებოდა დახურვის ცერემონიალს. ასეთი ვითარება ფესტივალის უცხოელი სტუმრებისთვისაც უჩვეულო აღმოჩნდა. თუმცა, განგაში არაფრის გამო ატყდა - სპონსორი არ მოვიდა.
ელექტრონავტი 2007
4 დეკემბერს, სამეფო უბნის თეატრში თანამედროვე საკლუბო მუსიკის მოყვარულები, ე.წ. კლაბერები „ელექტონავტ - 2007“-ის დაჯილდოების ცერემონიალზე შეიკრიბნენ. იმ დღეს საკუთარი სეტები 10-მა შემსრულებელმა ააჟღერა, თუმცა, ელექტრონული მუსიკოსების გარდა, ელექტრონავტების საღამოზე, როკ-ჯგუფებმაც დაუკრეს. დაჯილდოების ცერემონია „Festival Georgia“-ს (რომელიც სამ კომპანიას: „ჯორჯიან ივენთს“, „სტეპ-რეკორდსსა“ და „კომუნიკატორს“ აერთიანებს) ორგანიზებით ჩატარდა. საინფორმაციო მხარდამჭერი მუსიკალური ჟურნალი „ოზონი“ იყო. ეს გახლდათ ელექტრო-აკუსტიკური მუსიკის პირველი მასშტაბური ფესტივალი, რომელზეც ამ მუსიკალური ჟანრის მიმდევრები საქართველოში პირველად დაჯილდოვდნენ. ყველაზე დემოკრატიული კონკურსის მთავარი „ჟიური“ ელექტრონული მუსიკის მსმენელი იყო, რომელთა აქტიურობის საფუძველზეც ერთწლიანი ინტერნეტ-გამოკითხვის საბოლოო შედეგი დაჯამდა და ფავორიტებიც გამოვლინდნენ.
საუკეთესო ინტერნეტ გვერდის ტიტული - www.dance.ge-მ დაიმსახურა. ელექტრონული მუსიკის მხარდამჭერ კომპანიად - Kent-ი აღიარეს.
საუკეთესო რადიოგადაცემად კი: Music Holl-ი. ნიკაკოის და ტუსია ბერიძის საერთო ნამუშევარს, საუკეთესო კლიპის სტატუსი მიანიჭეს.
საუკეთესო უცხოელ მუსიკოსად Frank Nasty დაასახელეს. საუკეთესო ქართველი პრომოუტერი - გუგა ახალაძე აღმოჩნდა. საუთესო ივენთად კი „აჭარა მიუზიქ-ჰოლში“ Frank Nasty-ს ივენთი აღიარეს. საუკეთესო კლუბის ტიტული „ნაით ოფისს“ ხვდა წილად, გიო ბაქანიძეს კი ქლაბერებმა გარჯა დაუფასეს და საუკეთესო ქართველ დიჯეიდ აღიარეს. რაც შეეხება გრან-პრის, ანუ საუკეთესო ელექტრონავტს, ეს საპატიო ტიტული ნიკა მაჩაიძეს ერგო და საჩუქრად საგანგებოდ დამზადებული „ელექტრონავტის“ სიმბოლო და „ჰაიმაკის“ უახლესი მოდელის პერსონალური კომპიუტერი გადაეცა.
საუკეთესო ელექტრონული რეპერტუარის ძიების საშუალებას ფესტივალის ორგანიზატორები მსმენელს ისევ მისცემენ და გვპირდებიან, რომ ელექტრონული მუსიკის კონკურსს ტრადიციად აქცევენ.
ავტორი: მაია ცეცაძე
ფოტო: დავით მესხი
ფერწერისა და მინანქრის კომპოზიციური ინტერპრეტაცია
წითელი ლანდშაფტები, აბსტრაქტული პეიზაჟები, წახნაგოვანი ფორმის სახლი... და საერთოდ, კრისტალიზებური ფორმებით შექმნილი ფერწერა, ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული მხატვრის - ლევან ლაღიძის შემოქმედების მთავარი ხიბლია. მხატვარმა, რომელსაც არასოდეს იტაცებს „ხმაურიანი“ გამოფენები და საკუთარი ექსპოზიციის გადამოწმების მცდელობას, ძირითადად, საღამოებს უწოდებს ხოლმე, ამჯერად, წინასაახალწლოდ საკუთარი ნამუშევრები ნანა ლაღიძის ნეკეთობებთან ერთად გამოფინა. სასტუმრო „თბილისიმერიოტის“ გალერეა „შარდენის“ საგამოფენო სივრცე დეკემბერში, სულ რაღაც 2 დღით, ლევან ლაღიძის თავისთავადი ტექნიკით შეასრულებულმა ფერადოვანმა ექსპოზოციამ და მისი ნამუშევრების ინტერპრეტაციით ნანა ლაღიძის მიერ შექმნილმა მინანქრის კომპოზიციებმა გაახალისა.
ამ გამოფენისთვის ავტორებმა საგანგებოდ იმუშავეს. ნანა ლაღიძისთვის რიგით მესამე გამოფენაზე მუშაობა კი დიდი პატივიც აღმოჩნდა და, ამასთანავე, პასუხისმგებლობაც. ბატონი ლევანის ფერწერული ინტერპრეტაცია ნანას კომპოზიციურადაც ძალიან წაადგა, ახალი ინოვაციური იდეებიც გაუჩნდა და მტკიცედ გადაწყვიტა, რომ მინანქრის სამკაულების კეთება დეკორაციული კომპოზიციებით ჩაანაცვლოს.
შენდობით მოხსენიებული წინაპრები
„ესოდენის დიდების პატრონი ამ მცირეს საფლავს დავემკვიდრე. შეძრვად ხელს ნუ მყოფთ, შენდობას მიბრძანებდეთ, გევედრებით.“ - მსგავსი შინაარსის მქონე წარწერებს მხოლოდ მიტოვებულ და უკვე მტვერწაყრილ საფლავებზე თუ გადააწყდებით. ამგვარი ეპიტაფიები, საფლავის ქვაზე ამოკვეთილი ლაპიდარული ტექსტები ქართული კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილიც გახლავთ. სწორედ ეთნოკულტურის რჩეული ნიმუშების შეგროვების სურვილმა უბიძგა ამირან არაბულსა და ეთერ თათარაიძეს, რომ თითქმის მთელი საქართველო შემოევლოთ და წინაპართა საფლავები სოფელ-სოფელ მოენახულებინათ. ახლა 10 წლიანი, ინტენსიური მუშაობის შედეგი ვრცელ წიგნად აკინძეს და მკითხველს ანონიმურად მოღვაწე ეპიტაფისტებისა და უსახელო ქვითხუროების ნახელავის საფუძვლიანად გაცნობის საშუალება მისცეს. „შენდობით მომიხსენიეთ“ - ასე ეწოდება წიგნ-კატალოგს, რომელიც ავტორებმა ზურაბ ჟვანიას ხსოვნას მიუძღვნეს. ამირან არაბულსა და ეთერ თათარაიძეს წიგნის გამოცემაში ფინანსური მხარდაჭერა საქართველოს საპატრიარქოს საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა, პროკრედიტ ბანკმა, ექვთიმე თაყაიშვილის საქველმოქმედო ფონდმა, ვი თი ბი ბანკმა და სხვა ქველმოქმედებმა გაუწიეს.
ავტორების განმარტებით, ეს წიგნი ისეთივე სადა და მარტივია, როგორებიც ჩვენი წინაპრები იყვნენ. მათ საფლავებზე გაწაფული თუ გაუწაფავი ხელით გამოკვეთილი სიმბოლოები თუ ფრაგმენტები ნათლად მიგანიშნებს, რა სხვაობაა ძველსა და ახალ საქართველოს შორის. ამ მასალების შეგროვებისას კი, ავტორებს არა მარტო ესთეტიკური ინტერესი და მკითხველამდე მიტანის სურვილი, არამედ ღრმა კულტურული ფესვების ძიება ამოძრავებდათ.
იმდენ ამბავს იტევს თითოეული საფლავის ქვა, რომ წიგნში მოძიებული მასალების მხოლოდ ნაწილი შევიდა. ნაწილი ჯერ მხოლოდ თაროზე დევს და მომდევნო გამოცემას ელოდება. წიგნის მორიგ ვერსიაზე ფიქრი დღის წესრიგში უკვე დგას, თანაც, ავტორებს წინ მთიან რეგიონებში მოგზაურობა ელით, რადგანაც მოსაძიებელი ჯერ კიდევ უამრავი საფლავის ეპიტაფიაა.
ავტორი: მაია ცეცაძე
ფოტო: ქეთო ცაავა
მოკრძალებული პოეზიის ბენეფისი
მაია სარიშვილი ჯერ კიდევ 7-8 წლის გოგონა იყო, როცა რაღაცაზე ძალიან გაბრაზებული, აივანზე იდგა, ცრემლებს იწმენდდა და საკუთარ თავს პირდებოდა - აი, გავიზრდები, დიდი პოეტი გავხდები, აუცილებლად მოვაწყობ პოეზიის საღამოს, სადაც ბევრ ადამიანს დავპატიჟებ, და შენ, ჩემ ბავშვობას, მადლობას გადაგიხდიო. ბევრი წელი დასჭირდა ამ დანაპირების ასრულებას, მაგრამ ჯიუტი ადამიანების ამბავი ხომ იცით? პოეტმა ბავშვობისდროინდელი ოცნება რეალობად 16 დეკემბერს, არტ-კაფე „ქარავანში“ აქცია, სადაც ახალი კრებულის პრეზენტაცია და მკითხველებთან შეხვედრა მოეწყო. მანამდე კი, გამომცემლობა „ლინკმა“ მაიას ლექსებს თავი ერთად მოუყარა, წიგნის მხატვრულ მხარეზე ზრუნვა - მაია სუმბაძეს, რედაქტირება - თამუნა ჟღენტს მიანდო და მაია სარიშვილის ლექსების ახალი კრებული - „მიკროსკოპი“ გამოსცა. საღამოზე წიგნის გამომცემელი, ინგრიდ დეხრავე საკუთარ თავს იმ „მტაცებელ ვეფხვს“ ადარებდა, გრანტებზე და საინტერესო პარტნიორებზე რომ ნადირობს ხოლმე. ამჯერად კი, ინგრიდის „ნანადირევი“ მაია სარიშვილის პოეზია აღმოჩნდა. მართალია, პირველ ლიტერატურულ შეხვედრაზე მაია ძალიან ღელავდა, მაგრამ ავტორის მიერ წაკითხულმა ლექსებმა დამსწრეები კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ მისი ხმა - მოულოდნელი მეტაფორებითა და ფსიქოლოგიურად დატვირთულ ფრაზებით გაჯერებული ვერლიბრი თანამედროვე ქართულ პოეზიაში, მართლაც - გამორჩეულია და უნიკალური.
„კორნეტის“ გრაფიკული ეტიუდების ინსტალაცია და მარაოები
რაინერ მარია რილკეს პოემა „კორნეტის“ ქართულ-გერმანულენოვანი კრებულის გამოცემის იდეა, ვახუშტი კოტეტიშვილსა და ლევან მეხუზლას 12 წლის წინ დაებადათ. რიგი მიზეზების (ძირითადად კი, დაფინანსების უქონლობის) გამო, მათი იდეის ხორცშესხმა ვერ მოხერხდა.
ახლა, როცა პარიზში 5 წლიანი ემიგრაციის შემდეგ, მხატვარი ლევან მეხუზლა ინტენსიურ შემოქმედებით პროცესს ისევ სამშობლოში აგრძელებს, აღმოჩნდა - ამ იდეას აქტუალობა მრავალი წლის შემდეგაც არ დაუკარგავს. რილკეს პოემას მხატვარი ისევ მიუბრუნდა და უჩვეულო ტექნიკაში შესრულებული ეტიუდები ნოემბერში, „ბაია გალერეაში“ გამოფინა.
აქვე, შარდენის ქუჩაზევე, სამხატვრო აკადემიის საგამოფენო დარბაზში, ლევან მეხუზლამ მეორე, სრულიად განსხვავებული ექსპოზიცია „ესკიზები მარაოსთვის“ წარმოადგინა. დიდი ზომის ლითოგრაფიებმა, რომლებიც თავის დროზე რუსეთშია დაბეჭდილი, ამჯერად, შერეულ ტექნიკაში სრულიად ახალი ცხოვრება და ჟღერადობა შეიძინა.
ზრუნვას მოკლებული ბავშვები სხვებისთვისაც ზრუნავენ
ქუჩისა და რისკის ზღვარზე მყოფი ბავშვების ნდობის მოპოვება რთულია. მათი ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია, კიდევ უფრო რთული. არასამთავრობო ორგანიზაცია „ბავშვი და გარემო“ კი, 1995 წლიდან უკიდურესად გაჭირვებული, მიუსაფარი ბავშვების დახმარებას ცდილობს და სურს ისინი ქუჩიდან, საკუთარ დიდ „ოჯახში“ შემოიჩვიოს. აქ მათ ცხელი საკვები, სამოსი, განათლების დონის და შემოქმედებითი საქმიანობის ამაღლება და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტეგრაცია ელით.
განსაკუთრებული მონდომებით ისინი ხატვაში, ჭრა-კერვაში, მცირე თეატრალიზებული წარმოდგენების გამართვაში დაოსტატდნენ და საქმეს ისეთი ინტენსივობით შეუდგნენ, რომ მათმა ნამუშევრებმა, პროფესიონალი შემფასებლებიც კი გააოცა. დეკემბერში „ბავშვი და გარემოს“ აღსაზრდელების მოკრძალებულმა ნამუშევრებმა, სამხატვრო აკადემიის საგამოფენო სივრცეც კი „აითვისა“ და დამთვალიერებლის მოხიბვლაც შეძლო. თან, მათი ნახატები ნათელი ფერებითაა შესრულებული და პოზიტიურ განწყობასაც ტოვებს.
აქამდე მათზე არ (ან ვერ) ზრუნავდნენ, მაგრამ ახლა გადაწყვიტეს, რომ უკვე თავადაც შესწევთ სხვებზე ზრუნვის უნარი და 17 დეკემბერს, ბავშვთა მფარველი წმინდანის - ბარბარეს ხსენების დღე და დამდეგი შობა-ახალი წელი ნუცუბიძის ჩვილ ბავშვთა სახლში მყოფ აღსაზრდელებს მიულოცეს. საჩუქრად პატარებს საკუთარი ხელით დამზადებული, „ქვილთის“ ტექნიკით შესრულებული 10 საბანი და დეკორატიული ფარდები გადასცეს.
ავტორი: მაია ცეცაძე
ფოტო: ქეთო ცაავა
ქართული ფერწერა ფლორენციაში
„ლორენცო ბრწყინვალისა და დიდი ოსტატების სულით გამსჭვალული“ - ასე ახასიათებს საერთაშორისო პრესა ფლორენციის ბიენალეს, რომელიც 1-დან 9 დეკემბრამდე გაიმართა და „მსოფლიოს მისცა შესაძლებლობა იმისა, რომ კაცობრიობისა და მშვიდობის სადიდებლად უკვდავი ნამუშევრები შეექმნა“.
წელს ფლორენციის ბიენალეში მსოფლიოს 76 ქვეყნის წარმომადგენელი 840 ხელოვანი იღებდა მონაწილეობას. მხატვრები, მოქანდაკეები და ფოტოგრაფები თავიანთ დიდ თუ პატარა ქვეყნებს წარმოადგენდნენ. ხელოვნების ამ ზეიმის უმაღლესი ჯილდო ლორენცო დი მაგნიფიკოს მედალი გახლავთ.
წელს ფლორენციაში საქართველოს სახე იყო ქალბატონი თეა ბოტკოველი. მან სამი ფერწერული ნამუშევარი წარმოადგინა - „ტყის ნიმფა“ (65 X 90), „მფარველი ანგელოზი“ (50 X 75) და „განსხვავებულ სუბსტანციაში“ (65 X 85) - ამ უკანასკნელ ნამუშევარს „საქართველოს ბანკის“ კლიენტები კარგად იცნობენ, ის ვიზა ბარათზეა აღბეჭდილი. თეა მოყვა, ევროპაში ყოფნისას მუდამ აღტაცებული ვიყავი იმით, რომ სატელეფონო თუ საბანკო ბარათებზე მხატვრების ნამუშევრები იყო გამოსახულიო - და აი, ნატვრაც აუხდა. თან არა მარტო ეს ნატვრა: ფლორენციის ბიენალეზე 36-ე პავილიონში მისი ფერწერა გამოიფინა, „ბოლომდე შენახვის პირობით“. „უცნაური დამთხვევაა: ჟღენტის 36-ში ვცხოვრობ და პავილიონიც 36-ე...“ ისინი, ვინც ამ პავილიონს ვერ ეწვივნენ, „ტყის ნიმფას“ ბიენალეს კატალოგში იხილავენ, ჩვენ კი თეა ბოტკოველის ამბავს სულ მალე უფრო ვრცლად გიამბობთ.
ავტორი: ანა კორძაია-სამადაშვილი
სამი ფოტოგრაფის სამი ისტორია
გალერეა „რაციომ“ წლის ბოლო და პირველი ფოტოგამოფენისთვის, საკუთარი სივრცე სამი სხვადასხვა თაობის ფოტოგრაფების: იური მეჩითოვის, ლევან ხერხეულიძისა და გოგა ჩანადირის ნამუშევრებს დაუთმო. იმისათვის, რომ გამოფენა არ ყოფილიყო მხოლოდ ერთი თემის სიუჟეტური განვითარება, გალერეის მესვეურებმა სამივე ავტორს არჩევანში სრული შემოქმედებითი თავისუფლება მიანიჭეს. შედეგად კი, სამი ჟანრობრივად განსხვავებული ფოტოსერია მიიღეს.
იური მეჩითოვმა საკუთარ სერიას დაუდევრობის შედეგი უწოდა. 20 წლის წინ გადაღებული პორტრეტები, რომლებსაც მის ნესტიან სარდაფში, პირდაპირი მნიშვნელობით, ათოვდა და აწვიმდა, გადაახარისხა, შემდეგ დაასკანერა და ძველ ნამუშევრებს ახალი ესთეტური ხარისხი შესძინა.
ლევან ხერხეულიძის ფოტოგრაფიული პრიორიტეტი კი, ამ ეტაპზე მარტოობის თემა აღმოჩნდა. ლევანის მორიგი ექსპოზიცია მძაფრად ასახავს დღეისთვის აქტუალურ მდგომარეობას, რომელსაც ფოტოგრაფიც და ჩვენც, ხშირად ვაწყდებით ხოლმე ცხოვრებაში. მის შავ-თეთრ ფოტოსერიას შესწევს უნარი, რომ დამთვალიერებელი, ადამიანის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე ხვედრზე დააფიქროს...
რაც შეეხება გოგა ჩანადირის ექსპოზიციას, ეს გახლდათ პირველი შემთხვევა ავტორის შემოქმედებაში, როდესაც მან დოკუმენტური ფოტო საკუთარი განწყობის გამომხატველი ჩანახატებით ჩაანაცვლა. მისმა ფერადოვანმა ფოტოსერიამ (გადღაბნილი კადრებით, ჩრდილებითა თუ სხვა ტექნიკური დეტალებით), შეიძლება ითქვას, თითქმის დეკორატიული ფოტოს სახე შეიძინა. ამ „დღაბნიაობაში“ ავტორს ბევრი საინტერესო სიახლეც აღმოუჩენია.
ავტორი: მაია ცეცაძე
ჰაინრიხ ბიოლის კვირეული
სალამი იდეალისტებს!
ამ სიტყვებით მიესალმა გოგი გვახარია გოეთეს ინსტიტუტის დარბაზში შეკრებილ საზოგადოებას, და მე კიდევ ერთხელ ამიჩუყა გული გოგის იდეალიზმმა - აბა, სად დაინახა იდეალისტები?
ჰაინრიხ ბიოლს, მწერალს, ნობელის პრემიის ლაურეატს, პუბლიცისტსა და კრიტიკულ ინტელექტუალს, რომელიც 1945 წლის შემდეგ დასავლეთგერმანული საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე ღირსშესანიშნავი და შთამბეჭდავი ფიგურა გახლდათ, 90 წელი შეუსრულდებოდა.
ორშაბათს, 17 დეკემბერს, გოეთეს ინსტიტუტში მიბრძანებულებმა იხილეს გამოფენა, რომელიც თბილისელმა საზოგადოებამ თავდაპირველად ბიოლის ფონდის საზეიმო გახსნის დღეს დაათვალიერა. ის ეხება ჰაინრიხ ბიოლის ცხოვრებასა და მოღვაწეობას და, წესით, ნებისმიერ ქვეყანაში თანაბარი წარმატებით შეიძლება იყოს ნაჩვენები, რომ არა სამი ფურცელი, რომლებიც ჰაინრიხ ბიოლის საქართველოსთან ურთიერთობას ეხება. ნობელიანტი ორჯერ, 1966 და 1972 წლებში ესტუმრა საქართველოს. მას მრავალი წლის განმავლობაში ჰქონდა მიმოწერა ქართველ გერმანისტებთან, რეზო ყარალაშვილთან და ნოდარ კაკაბაძესთან. გამოფენის „ქართული ნაწილი“ სწორედ ამ ურთიერთობების შესახებ მოგვითხრობს.
რატომ მიეძღვნა ამ მოღვაწის ხსოვნას მთელი კვირეული, თან საქართველოში, რომელსაც განვითარების მოცემულ ეტაპზე თითქოს ყველაზე ნაკლებად დიდი ხნის წინათ გარდაცვლილი გერმანელი მწერლისთვის უნდა ეცალოს?
ის იყო დიდი ჰუმანისტი. ის თვლიდა, რომ ბოლომდე არაფერი აიხსნება. მაშინ, როცა პოლიტიკა, მეცნიერება, ეკონომიკა ერთმნიშვნელოვან განმარტებებს იძლევა, როცა პოლიტიკური თუ რელიგიური იდეოლოგები მტკიცედ აცხადებენ, თუ რა არის კარგი, რა არის ცუდი, ვინაა მტერი და ვინ - მოყვარე, ჰაინრიხ ბიოლი იცავს „შუალედურ სივრცეს, ნაშთებს, წინააღმდეგობებს, (ამოუცნობ) უფალს, ფიქციას“ - ეს მან ნობელის პრემიის მიღებისას წარმოთქმულ სიტყვაში ბრძანა.
ამწერალი, ნობელიანტი, საერთაშორისო პენ-ცენტრის პრეზიდენტი ჰაინრიხ ბიოლი მთელი მსოფლიოს პოლიტიკურ დევნილთა საქმეებში დიდი გზნებით ერეოდა. ის ილაშქრებდა ვიეტნამის ომის და საბჭოთა კავშირში „სხვაგვარად მოაზროვნეთა“ ჩაგვრის წინააღმდეგ, და ამაში ვერავითარ წინააღმდეგობას ვერ ხედავდა: „ჩვენ, მწერლები, ასეთებად გავჩნდით - ყველაფერში უნდა ჩავერიოთ. ვერევით მაშინ, როცა განტევების ვაცს ეძებენ და იმედებს მარხავენ. იდეალისტურად ჟღერს, მაგრამ ეს ასე არაა. ჩარევა ერთადერთი შესაძლებლობაა, რეალისტად დარჩე.“
იმავე დღეს ნაჩვენები იყო „კატარინა ბლუმის შელახული ღირსება“, რომელიც 1975 წელს ფოლკერ შლიონდორფმა და მარგარეთე ფონ ტროტამ ჰაინრიხ ბიოლის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით გადაიღეს.
ფილმი წიგნისგან განსხვავებულად იწყება და მთავრდება. მოქმედება ქრონოლოგიური თანმიმდევრობით ვითარდება და იწყება იმით, რომ ლუდვიგ გიოტერი იქ ჩადის, სადაც წვეულებაზე კატარნა ბლუმს გაიცნობს. მაშინ, როცა წიგნი კატარინა ბლუმის დაპატიმრებით მთავრდება, ფილმის დასკვნითი სცენა მოკლული ჟურნალისტის დაკრძალვას ასახავს. განსაკუთრებით ირონიულად ჟღერს „ცაიტუნგის“ გამომცემლობის ხელმძღვანელის სიტყვები, როცა ის კატარინა ბლუმის ქმედებას „პრესის თავისუფლების ხელყოფას“ უწოდებს. ბოლო კადრები უკვე სრულიად პაროდიულია - ნაცვლად ფართოდ გავრცელებული ფორმულირებისა „რეალურ ადამიანებთან მსგავსება შემთხვევითია და არა გამიზნული“, ავტორი წერს, რომ „გარკვეულ ჟურნალისტურ პრაქტიკასთან მსგავსება არც შემთხვევითია და არც გამიზნული“ - უბრალოდ, ასეა.
რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ, რომ „კატარინა ბლუმის შელახული ღირსება“ პრესის თავისუფლების და ადამიანის უფლებების თემას ეხება, მე მაინც მტკიცედ ვარ დარწმუნებული, რომ ეს არის წიგნი და ფილმი სიყვარულის შესახებ. ა.კ.ს.
შემდეგ გაიმართა დისკუსია თემაზე „პროფესია ჟურნალისტი: დამოუკიდებლობა და პასუხისმგებლობა“. დისკუსიაში მონაწილეობდნენ: დოქტორი პატრიცია ფლორი, გერმანიის ელჩი საქართველოში; ლაშა ბუღაძე, მწერალი; მარინა ვაშაყმაძე, რადიო „თავისუფლების“ ხელმძღვანელი; პაატა ზაქარეიშვილი, კონფლიქტოლოგი. დისკუსიას უძღვებოდა ბატონი გოგი გვახარია.
მთელი დისკუსიის გადმოცემით თავს არ შეგაწყენთ. საბოლოოდ დასკვნა ასეთი გამოვიტანე: თუ ჟურნალისტი წერა-კითხვის უცოდინარი არ იქნა და ოდნავ აღზრდილიცაა - დიდება პრესის თავისუფლებას!
სამშაბათს, 18 დეკემბერს, დარბაზში შეკრებილმა საზოგადოებამ პატივი მიაგო ბატონ ნოდარ კაკაბაძის და ქალბატონ ნელი ამაშუკელის ხსოვნას. ბიოლის ფონდის კოორდინატორმა, ნინო ლეჟავამ ბატონ ნოდარისა და ჰაინრიხ ბიოლის პირადი წერილები და ქალბატონ ნელის მოგონებები წაგვიკითხა.
ეს საღამო, რომელსაც ბატონი ლაშა ბაქრაძე უძღვებოდა, განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა მათთვის, ვისაც პირველად მოუწიათ მწერალ კოტე ჯანდიერთან შეხვედრა. მან წაიკითხა ნაწყვეტები მოთხრობიდან „გლობალიზაცია“, რომელიც 2006 წლის საუკეთესო მოთხრობად იყო დასახელებული.
იმ დღეს გვაჩვენეს 1976 წელს გადაღებული ფილმი „კლოუნის თვალთახედვით“ (ან „კლოუნის შეხედულებები“; სათაურის თარგმანმა დიდი ჩოჩქოლი გამოიწვია). პირველწყაროს პირდაპირი ეკრანიზაცია გვიამბობს ამბავს კლოუნისა და პანტომიმის, ჰანს შნირისა „ეკონომიკური სასწაულის ხანაში“. მსხვილბურჟუაზიული ოჯახის შვილი, ის ადენაუერის დროს თითქოს გარეშე დამკვირვებლის თვალს ადევნებს. მის სახლში თვალთმაქცურად მაღალზნეობრივი განწყობაა, მისი მეგობრები ოპორტუნისტები გახდნენ. ნაციონალ-სოციალიზმის შემდგომი ახალი საზოგადოება და საკუთარი სახელოვნებო ამბიციები მის თვალში თანაბარ მარცხს განიცდის.
რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ, რომ „კლოუნის თვალთახედვით“ არდავიწყების და კათოლიციზმის თემას ეხება, მე მაინც მტკიცედ ვარ დარწმუნებული, რომ ეს არის წიგნი და ფილმი სიყვარულის შესახებ. ა.კ.ს.
სრულიად სხვაგვარი იყო ოთხშაბათს, 19 დეკემბერს ნაჩვენები „ჰაინრიხ ბიოლი საბჭოთა ვარსკვლავის ქვეშ“ - ამას სათაურითაც მიხვდებოდით. განსხვავებული იყო დისკუსიაც. სამოქალაქო პასუხისმგებლობის შესახებ ისაუბრეს პოეტმა რატი ამაღლობელმა, „კავკასიური სახლის“ ხელმძღვანელმა, გერმანისტმა და მწერალმა ნაირა გელაშვილმა და პოლიტოლოგმა გია ნოდიამ, რომელიც მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელი გახლავთ. დისკუსიას უძღვებოდა ბატონი ლაშა ბაქრაძე.
მთელი დისკუსიის გადმოცემით თავს არ შეგაწყენთ. საბოლოოდ დასკვნა ასეთი გამოვიტანე: ადამიანი სუსტი არსებაა და ყველას გმირობა არ უნდა მოსთხოვო. ყველა ხომ ვერ იქნება ჰაინრიხ ბიოლი.
ხუთშაბათს, 20 დეკემბერს, ფილმის ჩვენებაზე მისული ხალხის დიდი ნაწილი არა იმდენად ჰაინრიხ ბიოლის თაყვანისმცემელი იყო, რამდენადაც რომი შნაიდერისა. „ჯგუფური პორტრეტი ქალბატონთან ერთად“ გადაღებულია ჰაირიხ ბიოლის რომანის „ბილიარდი ათის ნახევარზეს“ მიხედვით. ეს არის სულშიჩამწვდომი ამბავი ქალისა, რომელიც საზოგადოების წინააღმდეგობის მიუხედავად საკუთარი იდეალების შესაბამისად ცდილობს ცხოვრებას. ამ როლის შესრულებისთვის რომი შნაიდერმა 1977 წელს მრავალი ჯილდო დაიმსახურა.
მოქმედება ვითარდება 1941 წლის გერმანიაში. მიუხედავად იმისა, რომ მრავალი საფრთხე ემუქრება, მეწარმის 18 წლის ქალიშვილი ლენი ცდილობს თავის მასწავლებელს, მონაზონ რახელს დაუკავშირდეს, რომელსაც ებრაული წარმოშობის გამო მოწაფე გოგონების ‚გაფუჭება“ წარუყენეს ბრალად. არადა, რახელი ერთადერთი ქალია, რომელსაც ლენიმ თავისი და ერჰარდის სიყვარულის ამბავი გაანდო.
ერჰარდი ვერმახტში გაიწვიეს და ლენიც დანიაში გაჰყვა. მაგრამ გოგონას ბედნიერება იქაც ხანმოკლე აღმოჩნდა: ერჰარდი და ლენის ძმა სამშობლოს ღალატის ბრალდებით დახვრიტეს. შემდეგ ლენის მშობლები უკანონო ქონების გამო დააპატიმრეს. ლენი სასაფლაოს მებაღის თანაშემწის საქმეს მიჰყოფს ხელს. ერთ დღესაც მას რუსი სამხედრო ტყვე, ბორისი შეუყვარდება და მისგან ვაჟიც ეყოლება, ბორისს კი - ცხადია! - სამხედრო პოლიცია წაიყვანს.
20 წლის შემდეგ ლენი კვლავ თავისი წარმოდგენების შესატყვისად განაგრძობს ცხოვრებას. მერე რა, რომ რუსის საყვარელი იყო; მერე რა, რომ ახლა თურქის საყვარელია. დიახ, მას უყვარს მემედი, ამას არც მალავს და მაინც გაჰყვება ცოლად. ხალხმა კი რაც უნდა, ის ილაპარაკოს.
აქ, მე მგონი ყველა დამეთანხმება: ეს არის ფილმი სიყვარულის შესახებ - ა.კ.ს.
პარასკევს, 21 დეკემბერს კი ჰაინრიხ ბიოლის 90-ე წლისთავისადმი მიძღვნილი წვეულება გაიმართა, რომელიც ძალიან კარგი და სახალისო იყო. იქ გავიგონე ფრაზა, რომელმაც ძალიან გამართო: „მე ეგ კომუნისტი და მწვანე მეგონა, არადა, მაგარი კაცი ყოფილა“.
საუბარია ჰაინრიხ ბიოლზე.
ისე, მართლა ძალიან მაგარი კაცი იყო.
ავტორი: ანა კორძაია-სამადაშვილი
ფოტო: ქეთო ცაავა, თამუნა შვანგირაძე
![]() |
4 შოკოლადი გირჩევთ |
▲ზევით დაბრუნება |
სტატიის სპონსორია ლუდი 3D
ბუდა ბარი
70-იან და 80-იან წლებში, ნიუ-იორკის ჰიპურ-ალტერნატიული უბნები იმით გამოირჩეოდა, რომ იქ შედარებით იაფი იყო ცხოვრება. იაფი იყო ყველაფერი - ბინის ქირა, პატარა კაფეები, ხის მაგიდებითა და ყოველთვის ნაცნობი ოფიციანტებით, წიგნის მაღაზიები, ძველი გამოცემებითა და გამყიდველით, რომელსაც თავისი მაღაზიის ყველა წიგნი წაკითხული ჰქონდა. აქ იყო ღამის კლუბები, სადაც ღამეში 25 დოლარად ცოცხალ მუსიკასაც მოისმენდი და დილამდე, დათრობასაც მოასწრებდი. მოკლედ, ნიუ-იორკის მთელი შემოქმედებითი „ტუსოვკა“ სოჰოსა და ისტ ვილიჯში იდებდა ბინას. თუმცა, 90-იანი წლებში, ბოჰემა უკვე მეინსტრიმი გახდა, ამ უბნებშიც შემოვიდა „მძვინვარე, კორპორატიული კაპიტალიზმი“ და პატარ-პატარა კაფეები და მაღაზიები დიდმა რესტორნებმა და ბარებმა, სხვადასხვა ცნობილი ბრენდების მაღაზიებმა ჩაანაცვლა. ნიუ-იორკელი ჰიპების ახალმა ტალღამ კი, ახალი თავშესაფრის ძიება დაიწყო. და, თითქოს, მიაგნო კიდეც. ვილიამსბურგი და მიდფექინგის რაიონი… ამიტომ, რაც ახლაა ახალი და ჰიპური, ყველაფერი ამ უბნებში ცდილობს მოხვედრას. ასე მოხვდა ნიუ-იორკის „ბუდა ბარი“ მიდფექინგის რაიონში.
დათო ქეი
„ბუდა ბარში“ დგას ბუდას უზარმაზარი ქანდაკება. ერთი შეხედვით, უჩვეულო აქ სხვა არაფერია. თუმცა, თუ ყურადღებით დააკვირდები, მიხვდები, რომ კლუბ-მუზეუმში ხარ, სადაც თანაბრად საინტერესოა იაპონელ მზარეულთან გასაუბრებაც და მისი შემოთავაზებული „როლის“ დაგემოვნებაც, კედლის მხატვრობის დათვალიერებაც და დიჯეის პულტთან მოხვედრაც, სადაც ყოველ ღამე ახალი დიჯეი დგას. იმ დღეს თურქი დიჯეი ტინკა იყო.
რადგან „ბუდა ბარის“ მენეჯერი ჩემი ნაცნობი აღმოჩდა, იმ საღამოს, როცა ბარში ჟურნალ „გოთჰემის“ მიერ ორგანიზებული „100 ყველაზე წარჩინებული უცოლო მამაკაცის“ დახურული საღამო იყო, ჩვენ ბუდა ბარზე ვისაუბრეთ.
„რით არის ბუდა ბარი განსაკუთრებული? ის სხვადასხვა ელემენტების ნაზავია. კარგი მუსიკა, იტალიურ-იაპონური სამზარეულო და ინტერიერი, რომლისთვისაც მასალები სხვადასხვა ქვეყნებიდან - იტალიიდან, ინდონეზიიდან, იაპონიიდან ჩამოვიტანეთ. ავეჯი საფრანგეთიდანაა. ამ გადასაფარებლებმა ყველაზე ცოტა იმოგზაურეს - ნიუჯერსიშია ნაყიდი. ბამბუკის ხის კედლები ინდონეზიიდანაა, შანდლები - ვენეციის ღუმელებშია გამომწვარი, სუშის ბარის სვეტების დრაკონები ხელნაკეთია და არგენტინიდან ჩამოვიტანეთ… ეს ფრესკა, ამ კედელზე, სპეციალურად ჩვენი ბარისათვის ვიეტნამში დაიხატა… ბუდა საფრანგეთიდან ჩამოვიტანეთ, 3 ნაწილად, იმხელა იყო. ვიეტნამელი მოქანდაკის ნამუშევარია. ჭერი ლუვრის პირამიდების არქიტექტორის გაკეთებულია…
საჭმელიც ასეა. სხვადასხვა სამზარეულოების ნაზავია.
ნიუ-იორკის „ბუდა ბარი“ ყველაზე ორიგინალური და მაგარია! ცხადია, ობიექტური ვერ ვიქნები, მაგრამ, მგონი, ასეა. „ბუდა ბარი“ არსებობს პარიზშიც და დუბაიშიც, ბეირუთშიც იყო ერთი, მაგრამ ომის მერე დაიხურა, დაიბომბა…
პირველი „ბუდა ბარი“, სხვათა შორის, ნიუ-იორკში გაიხსნა, 1993-ში. ვარიკას ქუჩაზე, აქვე ახლოს. ძალიან პოპულარული იყო ნიუ-იორკელებში, მაგრამ, მერე, ერთმა ფრანგულმა კომპანიამ იდეა მოიპარა და პარიზში გახსნა. ამიტომ ფიქრობს ყველა, რომ პირველი „ბუდა ბარი“ პარიზში იყო.
კვირის დასაწყისს თუ არ ჩავთვლით, თითქმის ყოველ ღამე სავსეა და ღამეში დაახლოებით 1500 კაცი მოდის. სადილი 6-იდან იწყება.
რისთვის მოდიან აქ? მართალია, ეს არ არის „დაუნთაუნი“, მაგრამ მიდფექინგის უბანი უფრო და უფრო საინტერესო ხდება - იხსნება ახალი სასტუმროები, მუზეუმები, მაღაზიები. აქაურობა განსხვავებულია და ამ განსხვავების შესაგრძნობად მოდიან აქ. როგორი ხალხი დადის? ძნელი სათქმელია. დადიან უოლ სტრიტელები, ზემო ისტ საიდის ხალხი… ჩვენი სტუმრების უმრავლესობა ევროპელია, ალბათ, დაახლოებით 70 პროცენტი მაინც. ნიუ-იორკელებს თითქოს ესმით, რას ვაკეთებთ აქ, მაგრამ მთლად კარგად ვერ ამუღამებენ. ეს არ არის ტიპური ბარი, უფრო ეთნიკურია და არაა ძალიან „გაპრიალებული“. მაგიდებზე თეთრი ტილოები არ აფარია, თუ ხვდები, რას ვგულისხმობ. უფრო პანკურია, და რაღაც თვალსაზრისით, სნობურიც. კლაბერები, ვინც ჩვენთან მოდიან, კარგად ჩაცმულები არიან, ბოტასებში არ დადის ხალხი ჩვენთან... იწყებენ სადილით და მაგიდებზე ცეკვით და ხელსაწმენდების ფრიალით ამთავრებენ... შუაღამის შემდეგ, მთელი კლუბი ერთ დიდ წვეულებად იქცევა ხოლმე.
„ბუდა ბარში“ ყველაზე მნიშვნელოვანი კარგი მუსიკაა. ყველაფერი დანარჩენი ამის გარშემო ტრიალებს. სხვა რესტორნებისაგან განსხვავებით, აქ არ არსებობს „ფონის“ მუსიკა და ხალხიც ამიტომ დადის ჩვენთან. მუსიკას და დიჯეებს ძალიან დაკვირვებით ვარჩევთ. ვცდილობთ, აუთენტურები ვიყოთ ყველაფერში, მუსიკაში განსაკუთრებით.
ჩვენი თანამშრომლები? 200 კაცია დაახლოებით, მზარეულების, მუსიკოსების, ოფიციანტების, ბუღალტრების, მძღოლების და დამლაგებლების ჩათვლით. ჰო, და კოქტეილის მიმტანებიც გვყავს.
ჩემთვის ეს ბარი 24 საათიანი სამუშაო დღეა. უფრო ზუსტები რომ ვიყოთ, 18 საათიანი. დილის 10-ზე მოვდივარ, 5-6-ზე სახლში ვბრუნდები, დუშს ვიღებ, ტანსაცმელს ვიცვლი და დილის 2-3 საათამდე აქ ვარ.
ვართ თუ არა წარმატებულები? ერთი წლის წინ გავიხსენით და, ამერიკის 10 ყველაზე მსხვილ რესტორანს შორის ვართ. ჩვენი ბრუნვა დაახლოებით 20 მილიონი დოლარია წელიწადში. პირველ ადგილზეა რესტორანი ლას ვეგასში, მეორეზე - ნიუ-იორკის რესტორანია, მაგრამ ის დაუნთაუნშია და იქ სამსახურიდან გამოსული „სასტავი“ დადის, 5 საათიდან 7-მდე. ჩვენ უფრო მოდურ ადგილას ვართ, მაგრამ ჩვენთან ისინი მოდიან, ვინც სამსახურის შემდეგ სახლში შეიარა, გამოიცვალა და სასადილოდ და დროის გასატარებლად გამოვიდა. ეს ორი საათი თი თქოს არაფერი, მაგრამ მთელ წელზე რომ გადაამრავლო, შემოსავლის თვალსაზრისით სერიოზულ სხვაობას გვაძლევს - რამდენიმე მილიონ დოლარს.
ჰო, ერთი მაგიდა, დარბაზში, ერთ კაცზე დაახლოებით 100 დოლარი ჯდება. შიგნით, კუპეებში მაგიდა 1500 დოლარიდან იწყება. ამაში სასმელიც შედის.
ძალიან ფრთხილი ვარ ბარის საღამოების შერჩევის დროს. არ მინდა, „ბუდა ბარის“ რეპუტაციის დაგდება. ახლახან კრისტინა აგილერას კონცერტი იყო ჩვენთან, პრიალა ჟურნალების საღამოებიც ხშირად გვაქვს-ხოლმე. საშობაოდ „საცეკვაო ფართი“ იქნება…
ამბობენ, რომ ძალიან რთული ბიზნესია. მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ. პირიქით, ძალიან იოლია და ამას კვანტური ფიზიკის ცოდნა ნამდვილად არ სჭირდება. ვიცი, რისი ჭამა მიყვარს, ვიცი, როგორ მინდა რომ მომექცნენ, ვიცი, როგორი მუსიკა მომწონს… სულ ესაა... უბრალოდ, ზარმაცები არიან და ბევრი ძილი უნდათ. უძილობა მართლა რთულია - 4 საათი მძინავს, ჩემი ოჯახის წევრებსაც ვერ ვნახულობ ხოლმე, მაგრამ… სხვანაირად საქმე არ კეთდება.“
კვანტური ფიზიკა იქით იყოს და, ამ საქმეს ცოდნაც სჭირდება, გამოცდილებაც, დღეში 18 საათიანი მუშაობაც და, ალბათ, გამართლებაც! თუ გაგიმართლათ და ნიუ-იორკში მოხვდით, არ დაიზაროთ „ბუდა ბარში“ შევლა. თუ „კუპეს“ ვერ გასწვდებით, ბარის მენეჯერი, ქართული წარმოშობის დათო ქეი, ერთ კარგ კოქტეილსა და სუშიზე მაინც დაგპატიჯებთ. საამისოდ კი, მიდფექინგის რაიონში გავლა ნამდვილად ღირს.
შორენა შავერდაშვილი
![]() |
5 კომენტარი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
5.1 ნაციის დაბადება ბიზანტიური გეტოდან |
▲ზევით დაბრუნება |
ინტერვიუ ზაზა შათირიშვილთან
ესაუბრა ნინო ბექიშვილი
ფოტო: ლევან ხერხეულიძე
- თქვენ მიიჩნევთ, რომ 7 ნოემბერს დაიბადა ქართული სამოქალაქო ნაცია. რით განსხვავდება ეს „ნაცია“ იმ ხალხისაგან, ვინც 2003 წლის ნოემბერში იქ იდგა?
- მაშინ, 2003-ში ხალხს მართლა ეგონა, რომ ოქროს ხანა დადგა. როგორც ჟან ბოდრიარი იტყოდა, ეს იყო - სიმულაცია. უტოპიაც იყო - უტოპიური შეიძლება იყოს ძალიან რეალური რამეც, თუ ამის გაკეთება შენს ძალებს აღემატება. NGO-ცივილიზაცია, რომელიც მოვიდა ხელისუფლების სათავეში, ხალხის ინტერესებს არ გამოხატავდა, ეს იყო ელიტა, ავანგარდი, და მას ჰქონდა მოდერნისტული პროექტი - ერთი ჭეშმარიტება ერთ ტერიტორიაზე. დღეს სხვა რეალობაა, დღეს პოსტმოდერნია - ბევრი ჭეშმარიტებაა ერთ ტერიტორიაზე. 2003 წელს ქართველი ხალხი, როგორც სამოქალაქო ნაცია, არ არსებობდა. ის პარადოქსულად, დარბევის შედეგად 2007 წლის 7 ნოემბერს დაიბადა. რადგან ორი რამ თქვა: პირველი - რომ, უნდა იყოს კოლექტიური მმართველობა და მეორე - რომ, არავის არ უნდა ვაცალოთ.
- უნდა იყოს ანარქია?
- არა, არა, ანარქია რა შუაშია, უბრალოდ, როგორც კი ხელისუფლება ზღვარს გადავა, ეს მაშინვე უნდა ვთქვათ. უნდა გვეთქვა მაშინ, როცა სააკაშვილმა კონსტიტუცია 2004 წლის თებერვალში შეცვალა, როცა 2004 წლის აპრილის არჩევნები გაყალბდა…და ა. შ.
- ოპოზიიციის გარკვეული ნაწილი აღფრთოვანებით შეხვდა პატრიარქის მოწოდებას კონსტიტუციური მონარქიის შესახებ.
- როგორც დაგვიანებულია მოდერნის სახელისუფლებო პროექტი, ისევე, გუშინელი აზროვნებაა კონსტიტუციური მონარქია. კონსტიტუციური მონარქია ყოველთვის კონკრეტული ისტორიული გზის შედეგია, მისი გადმონერგვა სრულიად შეუძლებელია. ინგლისში საპარლამენტო მონარქიამ გაასწორა ის, რაც კრომველის დიქტატურის შემდეგ ხდებოდა. პატრიარქმა სწორად შენიშნა, - „მეფე მეფობს, მაგრამ არ მართავს“ ისევე, როგორც - დეიზმის ღმერთი. დეიზმის ღმერთმა, მართალია, ეს სამყარო შექმნა, მაგრამ აღარ მართავს. დეიზმი, ძირითადად, ინგლისური მოვლენაა... ინგლისური მონარქია დეიზმის ჩინებული გამოხატულებაა პოლიტიკის სფეროში...
ესპანეთში კონსტიტუციური მონარქია სიმბოლურად ბასკონიის, კატალონიისა და კასტილიის ერთიანობას გამოხატავს ესპანეთის მეფის გვირგვინის ქვეშ.
მართალი გითხრათ, ეს აზრი აფხაზებისგან ან ოსებისაგან რომ წამოსულიყო, ნამდვილად მივესალმებოდი - ბაგრატიონი ხომ „აფხაზთა, ქართველთა, სომეხთა, რანთა და ა.შ.“ მეფე იყო. ის იყო ხალხების („ეთნოსების“ - ძველი ბერძნული გაგებით) მეფე და არა - ერთი ნაციონალური ტერიტორიისა.
- რამდენად მკვეთრადაა გამოხატული დღევანდელ რეალობაში საზოგადოების პასუხისმგებლობა და აქტიურობა? არ ვგულისხმობ პოლიტიკურ პარტიებს და მათ აქტივისტებს, ვგულისხმობ საზოგადოების პასუხისმგებლობას და, თუნდაც, ამ პასუხისმგებლობის ვერბალიზაციას. ჩანან საზოგადოებრივი ჯგუფები, რომლებიც აქტიურები არიან?
- სამოქალაქო სექტორი ჩვენთან რეალურად არ არსებობდა, რადგანაც, ხალხის აზრს კი არ გამოხატავდა, არამედ, ავანგარდი, ელიტა იყო, მერე კი აღმოჩნდა, რომ ეს ტრამპლინი ყოფილა ხელისუფლებაში მოსასვლელად. სხვათა შორის, ეს გიგა ბოკერიას ჯერ კიდევ 1998 წელს ვუთხარი.
NGO-მ თავისი საქმე შეასრულა - მოვიდა ხელისუფლებაში...
- თუ შინაარსობრივ სამოქალაქო სექტორზე მეკითხებით, ეგეთი რამ საქართველოში არასდროს არ იქნება, ისევე, როგორც - იტალიაში, ესპანეთში, პორტუგალიაში, იმიტომ, რომ ეს სხვა ტიპის ხალხია. ესენი სხვანაირად თვითორგანიზდებიან. აქ ძალიან ძლიერია ნათესაური კავშირები. მაგრამ საქართველოში მაინც არსებობს სამოქალაქო საზოგადოება - ქართული სუფრა ქართული სამოქალაქო საზოგადოებაა - ამას აბსოლუტურად სერიოზულად ვაცხადებ!
სამოქალაქო სექტორი ძლიერია ისეთ ხალხებში, სადაც ადამიანები ერთმანეთისაგან დისტანცირებულები არიან, - გერმანიაში, ავსტრიაში, შვედეთში და ა. შ. ისე, მე პროფკავშირების საკითხი უფრო მაინტერესებს. ჟურნალისტებს თუ გაუჩნდებათ ეგ აზრი, კარგი იქნება. მაგრამ, ჯერ აუცილებელია საზოგადოებრივი ტელევიზია გაიყიდოს, არ შეიძლება ამ ქვეყანაში ტელევიზია საზოგადოებრივ საწყისებზე არსებობდეს, სჯობს თუნდაც სახელმწიფო ოლიგარქის ხელში იყოს, ვიდრე - საზოგადოებრივი ერქვას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის აუცილებლად აღმოჩნდება რომელიმე ლევან რამიშვილის ხელში.
- თქვენ თქვით, რომ 2003-2007 წლები ესაა ნაციონალური „37 წელი“, და რომ აქ მთავარია „შეთქმულების თეორია“. მაგრამ „37 წელი“ ყველაზე მეტად მაინც ჩაკეტილ სივრცეს და და ამ სივრცეში გლობალურ რეპრესიებს გულისხმობს. ჩვენი სივრცე კი ნამდვილად არაა ჩაკეტილი. რას იტყვით ამის შესახებ?
- ამას რა მნიშვნელობა აქვს? ყველაფერი მიდოდა ჩაკეტვისკენ, თვითიზოლაციისკენ. სიმბოლურია ისიც, რომ იმ დღეს, როცა ჩემი ინტერვიუ დაიბეჭდა „რეზონანსში“, გიგა ბოკერიამ 24 საათში თქვა - ჩვენ შეიძლება მარტონი, იზოლაციაში დავრჩეთ, მაგრამ საქართველოს გამო ყველაფერს ავიტანთო. 37 წელი ბრალდება არ არის, ეს ცნობიერების მდგომარეობაა. 37 წელი არა იმდენად ხალხის შიშია სტალინის წინაშე, რამდენადაც სტალინის შიშია ხალხის წინაშე. სტალინში ვგულისხმობ სისტემას. დღესაც სისტემასა და ბიომასას შორისაა დაპირისპირება. სისტემას უნდა, ამ ბიოლოგიისგან გააკეთოს ახალი არსება, შექმნას ახალი ადამიანი, რისი დროც უკვე წავიდა. წავიდა ნაციონალური პროექტების დრო, თუ გვინდოდა ამის გაკეთება, ეს 1917 წელს უნდა დაგვეწყო. დღეს ტრანსნაციონალური კორპორაციებისა და ტრანსნაციონალური ჰიბრიდიზმის დროა.
- არსებობს ქართულ საზოგადოებაში მოთხოვნილება ბელადზე?
- ეს ქართველი ხალხის ბრალი კი არ არის, უბრალოდ, ძალაუფლების ტიპია ასეთი. ძალაუფლება ჩვენში პიროვნებაზეა მიბმული, პიროვნებიდან მომდინარეობს. თანაც ქარიზმული რაღაცაა, და გასაგებია, რატომაც. ის, რაც ჩვენ გვგონია, რომ პლუსკვამპერფექტია, შეიძლება სულაც არ იყოს წარსული და იყოს აწმყო. ფრანგი ისტორიკოსები ლაპარაკობენ იმაზე, რომ საფრანგეთის რევოლუციის შედეგები ჯერაც არ დამთავრებულა. მე კი ვიტყოდი, რომ ჩვენთან ბიზანტიის იმპერიის დაშლა ჯერ არ დამთავრებულა. გარკვეული აზრით, საქართველოში (და არა მხოლოდ - საქართველოში!) პოსტბიზანტიური ეპოქა ჯერ კიდევ არ დამდგარა! „ბიზანტიზმი“ ესაა იზოლაციისკენ და გამოყოფისაკენ სწრაფვა „ბიზანტიზმის“ მეორე ნიშანი ძალაუფლების საკრალიზაციის ის ტიპია, რომელიც საქართველოსა და რუსეთში (და არა მარტო იქ) გვხვდება. ესაა ძალაუფლების საკრალიზაციის ბიზანტიური ტიპი და ასეთი რამ ევროპაში არასდროს ყოფილა. ევროპაში იმპერატორი (ან მეფე) ლეგიტიმაციას ეკლესიისგან იღებდა. ბიზანტიაში კი პოლიტიკური თეოლოგია შეიქმნა, რომელიც პირდაპირ ამბობდა, რომ იმპერატორი ქრისტეს მსგავსია - ანუ იმპერატორის ძალაუფლება „თვითლეგიტიმური“ გახლდათ. ამას, სამწუხაროდ, ჩვენი ისტორიკოსები ნაკლებად აქცევენ ყურადღებას. კაკო ბაქრაძე „დავიწყებულ იდეაში“ ამბობდა - ქართველებმა ბიზანტიური იდეა ვერ ავიტაცეთ და რუსებმა კი აიტაცესო. მიუხედავად ამისა, რედუცირებული, შემოკლებული სახით ეს ჩვენში მაინც იყო და არის. ბიზანტიური გაგებით, იმპერატორი თავის თავში აერთიანებს ორივე მომენტს - Imperium-ს - ძალაუფლებას, და Sacerdotium-ს - სიწმიდეს - სწორედ აქედან წამოიშვა „სამოდერჟავიეს“ კონცეპტი! ევროპაში ეს ორი რამ თავიდანვე გამიჯნული იყო. ამიტომაც, ძალაუფლების მატარებელი პერსონის მიმართ ჩვენთან არ არსებობს მშვიდი და კრიტიკული დამოკიდებულება. ის ან მხსნელია, ან - დამაქცეველი. ასეთი განწყობა იყო ზვიად გამსახურდიას მიმართ, შევარდნაძის მიმართაც. უბრალოდ, შევარდნაძემ, პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე, მშვიდად წასვლა მოახერხა. დღეს ჩვენში ინსტიტუციების კრიზისია, ვერ შეიქმნა თავისუფალი სასამართლო, დამოუკიდებელი პარლამენტი - ყველაფერი საპრეზიდენტო მმართველობაზეა მიბმული და დამოკიდებული. ტიპოლოგიურად აბსოლუტურად ერთგვაროვნად ვითარდება მოვლენები რუსეთსა და საქართველოში. პუტინის ძალაუფლებაც მსგავსი ტიპის ძალაუფლებაა - პუტინი და სააკაშვილი შეიძლება უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს, მაგრამ, გარკვეული აზრით, რუსეთი და საქართველო ერთმანეთს აირეკლავს და ეს ურთიერთმტრობა კიდევ უფრო ამყარებს ამ ძალაუფლებათა შინაგან სიღრმისეულ ერთიანობას.
არსებობს თუ არა აქედან გამოსავალი, ძნელი სათქმელია. ხელისუფლება კი შეიცვლება, მაგრამ ჩვენ რამდენ ხანს ვართ დაზღვეული მსგავსი რაღაცისგან, ვერავინ იტყვის. ჩვენი კულტურა ხომ გეტოს ტიპის კულტურაა, ჩვენი ქრისტიანობაც ხომ „ტერიტორიულია“, იზოლაციისკენ მიდრეკილია, ორინეტირებული სულაც არაა გასვლაზე, მისიონერობაზე... და როცა ქართველებს ჩვენი საკუთარი ძალაუფლება გაგვიჩნდა, მას აშკარად ბიზანტიური თვისებები აღმოაჩნდა. ბიზანტიაც, მიუხედავად იმისა, რომ იმპერია იყო, გეტოსავით იყო. მუსლიმური სამყაროს გაძლიერების შემდეგ პატარავდებოდა, პატარავდებოდა და ბოლოს მარტო კონსტანტინოპოლიღა დარჩა. რუსეთიც ხომ თითქოს ამხელაა, მასაც იზოლაციისკენ აქვს მისწრაფება - ცენტრისკენულია. ჩვენც ასევე ვართ. თან ორივენი, რუსებიც და ქართველებიც, ჩვენს განსაკუთრებულებაზე ვლაპარაკობთ. ევროპოცენტრიზმი სხვა რამაა - ევროპა ცენტრიდანულია, „ექსპანსიურია“ - ევროპა მიდის, გადის და ნერგავს თავის ღირებულებებს. ასე იყო კოლონიების პერიოდში, დემოკრატიის პერიოდშიც ასეა. ჩაადაევი რუსეთზე ამბობდა, რომ რუსეთი ისტორიიდან ამოვარდნილია - ჩვენ არა ვართ ისტორიაშიო, თეთრი ლაქა ვართო. მსგავსი რამ, გარკვეულწილად, საქართველოზეც შეიძლება ითქვას. არადა, იყო პერიოდი, როცა ჩვენ, რუსეთისაგან განსხვავებით, ერთი მთლიანი საქრისტიანოს ნაწილი ვიყავით. როცა იოანე საბანისძე წერდა „ყურესა ამა ქვეყნისასა“, ეს ნიშნავდა, რომ ქრისტიანული ოიკუმენის საზღვარზე მეციხოვნესავით ვიდექით. ჩვენს მერე მუსლიმური სამყარო იყო. ეს არ ნიშნავდა იზოლირებულობას, პირიქით...
- შევარდნაძის ეპოქაში იყო მერაბ მამარდაშვილზე საუბარი, ვთქვათ, მისი „მოშინაურების“ მცდელობა, თუნდაც მაშინ, როცა ერნსტ ნეიზვესტნის ცნობილი ძეგლი დადგეს. დღეს მამარდაშვილზე ნაკლებად საუბრობენ, როგორ ფიქრობთ, რატომ? მამარდაშვილი აქცენტს პიროვნების პასუხისმგებლობაზე, ისტორიის გააზრებასა და შეფასებაზე, ამავე ისტორიაში „ჩართულობაზე“ აკეთებდა, რამდენადაა ჩვენი საზოგადოება დღეს „ჩართული“ ისტორიაში?
- სწორედ მამარდაშვილი ამბობდა, თუ დასკვნები და გამოცდილება არ გამოვიტანეთ, შემდეგი წელი 1987 კი არ იქნება, არამედ - 1937 წელიო. საუბარი იმაზე კი არ არის, 30 მილიონი კაცი დახვრიტეს, თუ 3 კაცი მოკლეს. ლაპარაკია გარკვეულ სიტუაციაზე, სადაც არის „შეთქმულების თეორია“, სწორედ იქაა 37 წელი. ეს კონსპიროლოგიური მომენტი ნებისმიერ ელიტას ახასიათებს, უფორმო მასისგან რაღაცას გაკეთებას რომ ცდილობს...
როცა მამარდაშვილი ლაპარაკობდა ისტორიაზე, გულისხმობდა რაღაც ისეთს, რაც მარადიულია, მეტაფიზიკურია, გულისხმობდა იმას, რაც ისტორიის საფუძველში დევს. ისტორიას მამარდაშვილისთვის ორი ძირი ჰქონდა - ანტიკური და ქრისტიანული. ანტიკურში ის გულისხმობდა თავისუფლების იდეას, ქრისტიანულში - პიროვნების. პიროვნებისა და თავისუფლების გადაკვეთა წარმოშობს იმას, რასაც მამარდაშვილი ევროპასა და ისტორიას ეძახდა. პრინციპში, ეს მისთვის ერთი და იგივე იყო. ამიტომ ამბობდა - ევროპა შეიძლება იყოს ტოკიოში, მაგრამ არ იყოს - მოსკოვსა და თბილისშიო, მიუხედავად იმისა, რომ ტოკიო არ არის ქრისტიანული. მამარდაშვილი ლაპარაკობდა ძალისხმევაზე, მარტო დგომის რისკზე, აქ პროტესტანტული (ფართო, არაკონფესიური გაგებით) მარტო დგომა იგულისხმებოდა მეტაფიზიკური რეალობის, ღმერთის წინაშე. მას უყვრდა ეს გამოთქმა - „რისკიანი მარტო დგომა“. ამიტომაც, კირკეგორი ძალიან მნიშვნელოვანი იყო მისთვის. სხვებიც, მაგრამ კირკეგორთან კარგად არის ეს გამოხატული. ჩვენს ურთიერთობებში, როგორც რუსულში, ისე ქართულში, ის ხედავდა რაღაც კოლექტიურ მომენტს, როცა ყველას ესმის ერთმანეთისა და მიიჩნევდა, რომ აქედან ამოხტომა იყო აუცილებელი. მას მიაჩნდა, რომ საქართველო იმით განსხვავდება რუსეთისაგან, რომ ქართველებს გვიყვარს სიცოცხლე, მაშინ, როცა რუსული ცხოვრება ჯოჯოხეთია. სიცოცხლის სიყვარული არის რაღაცნაირი პირობა, მაგრამ არა გარანტია ევროპაში, ისტორიაში დასაბრუნებლად. რა თქმა უნდა, მისთვის ევროპა ბევრად უფრო სხვა რამე იყო, ვიდრე - ევროკაშირი, ნატო და ა. შ. მისთვის ეს მნიშვნელოვანი, მაგრამ ზედაპირული მომენტები იქნებოდა, განსხვავებით იმ სიღრმისეული დაბრუნებისაგან ევროპაში, რასაც მოვწყდით და რაზეც ის ლაპარაკობდა. შეიძლება, ჩვენი ევროპელობა ლეგენდაა, ალბათ, ასე იტყოდა მამარდაშვილი, მაგრამ ჩვენ ამ ლეგენდის მიხედვით გვესმის საკუთარი თავი და, შეიძლება, ეს ლეგენდა უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე რეალური ფაქტები. მამარდაშვილის აზროვნების და ფილოსოფიის მთავარი მომენტი ძალისხმევის მომენტი იყო. ანუ ის, რომ, თუ რაღაც ხდება, ის ყველგან ხდება ერთნაირად, და ისტორიაც, რაღაცნაირი აზრით, ყოველთვის არის. ამ მომენტს ფრთხილად ვუყურებ, და მგონია, რომ რაღაცები მაინც იცვლება. მაგალითად, ჩვენ, ქართულ საზოგადოებას არ გვესმის ნაციონალიზმის თავისებურება, ქართულის კი არა, საზოგადოდ, - ნაციონალიზმის ფენომენის თავისებურება. ჩვენ გვგონია, რომ ნაციონალიზმი ოდითგანვე არსებობს. ამ დროს, ის XVIII საუკუნის ბოლოს, XIX საუკუნის დასაწყისში ისახება და მერე ვრცელდება. ჩვენ გვგონია, რომ XIX საუკუნის ქართული ნაციონალიზმი შუა საუკუნეების ქართული სამეფოს გაგრძელებაა, სინამდვილეში ეს ასე არ არის. ერთია სამეფო, თავისი იერარქიულობით და სულ სხვა რამეა - ნაციონალიზმი. ნაცია გულისხმობს ეგალიტარიზმს, თანასწორობას. მაშინ, როდესაც ის, რაც არის ნაციამდე - სამეფო - პრინციპულად სხვანაირია - იერარქიულია და სულ სხვა წესი აქვს ლეგიტიმურობისა. ჩვენ დღეს ბევრს ვლაპარაკობთ ლეგიტიმურობაზე. მნიშვნელოვანია ის, რომ საფრანგეთის რევოლუციამდე, ლეგიტიმაციის სულ სხვა წესი არსებობდა. ლეგიტიმურობის წყარო მანამდე იყო არა ხალხი, არამედ - ღმერთი. როგორც რუსთაველი ამბობს - „მისგან არს ყოვლი ხელმწიფე, სახითა მისმიერითა“. მეფე ლეგიტიმურია იმდენად, რამდენადაც ეკლესია ადასტურებს მის ლეგიტიმურობას. მეფე ღვითისგანაა. ჯერ კიდევ წარმართ იმპერტორზე ამბობდა პავლე მოციქული - დაემორჩილეთ, სანამდეც შეგიძლიათო. მერე მეფეს თავს აჭრიან - საფრანგეთის რევოლუციას ვგულისხმობ. ეს რეალური აქციაა, მაგრამ დიდი სიმბოლური დატვირთვა აქვს. მოდის ახალი რამ, ნაცია ჯდება ამ მოჭრილი თავის ადგილას და ამბობს, რომ ახალ წესებს ნერგავს, რომელთა წინაშეც ყველა უნდა იყოს თანასწორი, აღარ არსებობს დინასტია, იერარქია, აღარ არსებობს არისტოკრატიის პრივილეგიები. ბურჟუაზია ამბობს, რომ ის არის ნაცია. სწორედ აქედან იბადება ნაციონალიზმი - ერთი კლასი - თითქოსდა ერის ნაწილი - თავის თავს მთლიანობას - მთელ ერს უიგივებს... არისტოკრატია, მეფე და სამღვდელოება ნაციის მოღალატეებად შეირაცხა...
- პრეზიდენტი ილიას პორტრეტის ფონზე აძლევდა ინტერვიუს ინგა გრიგოლიას. წელს ილიას იუბილესთვის ვეღარ მოვიცალეთ. ილია ამბობდა, რომ აწმყოს, რომელსაც წარსული არა აქვს, არც მომავალი აქვს. რამდენად შეიძლება იყოს „სიცოცხლისუნარიანი“ ილიას იდეები დღეს?
- ქართული ნაციონალიზმი, მართლაც XIX საუკუნის მეორე ნახევარში გაფორმდა. ილიას გარდა, სხვებიც იყვნენ: უფრო ადრე - თეიმურაზ ბატონიშვილი, შემდეგ - ნიკო ნიკოლაძე, იაკობ გოგებაშვილი, სხვებიც, მაგრამ ილია მართლაც არის ქართული ნაციონალიზმის მამა. ილია ერთ პირად წერილში წერდა, ქართლის ცხოვრებას ვკითხულობდი და ხალხი ვერ დავინახე, ჩვენი ისტორია მეფეთა ისტორიააო. ამ მაგალითს ხშირად ვიმეორებ ხოლმე - ვახუშტი ბატონიშვილის წიგნს ჰქვია „აღწერა სამეფოსა საქართველოისა“, ივანე ჯავახიშვილისას - „ქართველი ერის ისტორია“. ამ ორ ტექსტს შორის 130 წელია და უზარმაზარი განსხვავებაა, სადაც მეფე და სამეფო იყო - იქ ერი, ნაცია გაჩნდა... საფრანგეთის რევოლუციამ დაგვანახა, რომ მეფის მოჭრილი თავის ადგილი ნაციამ დაიკავა. მეფე იყო სუვერენი, რომელსაც ჰქონდა ნება, ის აღასრულებდა კანონებს, კანონს სჭირდება ნება, ეს მეფის ნებაა, მაგრამ ის ღვთისგან მომდინარეობს. მეტაფიზიკურად ძალიან გამართული მომენტია. კანონის უზენაესობა და ნაციის სუვერენულობა სწორედ მეფის სუვერენობის ჩანაცვლებაა, და აი იმ ლეგიტიმურობისა, რომლის წყაროც არის ღმერთი. ამიტომაც, საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ ლეგიტიმურობის კრიზისის სიტუაციაში ვართ. ფრაზა - „კანონის უზენაესობა“ - მალავს გარკვეულ მელანქოლიასა და სევდას ნამდვილი ლეგიტიმურობის - მეფის ლეგიტიმურობის მისამართით. ჩვენ ხშირად ვლაპარაკობთ იმაზე, რომ ლეგიტიმურობა შემცირდა ან გაიზარდა. არადა, ლეგიტიმურობა ან არის, ან არა, ის არ არის თვლადი. თუ ის იცვლება, მაშინ ის უკვე რეიტინგია და არა - ლეგიტიმურობა.
ჩვენ ახლა ვლაპარაკობთ იმაზე, რა პრობლემაც ონტოლოგიურად საფუძველშივე უდევს დემოკრატიას. ევროპული დემოკრატია და ნაცია ერთი და იგივეა. ილია ჭავჭავაძემ თქვა - „ენა, მამული, სარწმუნოება“ და შეეცადა ის წყვეტა, რომელიც არსებობდა სამეფოსა და ნაციონალიზმს შორის, ამ ცნებებით ამოევსო. უფრო მეტიც - ილია შეეცადა მეფის ნაცვლად ერი გამოეცხადებინა საკრალურად... ამიტომაც, მას „ერის მამა“ და „საქართველოს უგვირგვინო მეფე“ უწოდეს. ეს კვაზიმონარქისტული ეპითეტები ძალიან სიმპტომურია! სამეფოში ყველაფერი მეფისადმი ლოიალობით იზომება, მაგალითად, ერეკლეს დროს ქართველები და სომხები რელიგიურად დაპირისპირებულები კი იყვნენ, მაგრამ ნაციონალური დაპირისპირება მათ შორის არ არსებობდა. იმიტომ, რომ არ არსებობდა ისეთი ხედვის კუთხე, როგორიცაა ნაციონალიზმი. ეს დაპირისპირება შემდეგ გაჩნდა, რუსეთის იმპერიაში ჩვენი ყოფნისას, როცა ქართული არისტოკრატია და გლეხობა გაუუცხოვდა სომხურ ბურჟუაზიას. ეს ძალიან კარგად არის ნაჩვენები „ხანუმაში“, როცა ქეთოსა და კოტეს ქორწინების სახით ხდება ალქიმიური ქორწინება სომხურ ბურჟუაზიასა (რომელსაც რეალური კაპიტალი აქვს) და ქართულ არისტოკრატიას (რომელისაც სიმბოლური კაპიტალი აქვს) შორის. ისე, ჩვენ და სომხები ერთი ერი რომ გავმხდარიყავით, იდეალური იქნებოდა! ამას წინ ვერაფერი დაუდგებოდა...
მამათა და შვილთა ბრძოლა იყო არა იმდენად თაობათა შორის ბრძოლა, რამდენადაც იყო ბრძოლა მონარქიზმსა და ლიბერალურ ნაციონალიზმს შორის. მონარქიზმი გულისხმობს იერარქიულობას, ლიბერალიზმი გულისხმობს თანასწორობას; მონარქიზმი აგებულია დინასტიზმის პრინციპზე, ის არ არის ტერიტორიაზე მიბმული - სადაც მეფეა, იქაა სამეფოც. ტერიტო ტერიტორიული პრობლემები მნიშვნელოვანია შუა საუკუნეებში, მაგრამ არ არის გადამწყვეტი. ნაცია კი, ეს არის - ერთი ეკონომიკა და ერთი ნაციონალური ნარატივი ერთ ტერიტორიაზე. იმპერია თავისი არსით უპირისპირდება ნაციონალიზმს და გლობალური ფენომენია. იმპერიაში მთავარია, რომ ის ფართოვდება გარკვეული სამეფოების დინასტიურ პრინციპში შეყვანით - იმპერია გაფართოებადი მონარქიაა. ნაციონალიზმს კი სჭირდება კონკრეტული ტერიტორია და ბევრი სისხლიც იღვრება ამ ტერიტორიის დასაკავებლად. გარკვეული აზრით, ნაციონალიზმი სამოქალაქო ომსა და გენოციდს მოითხოვს. ფრანგებს დასჭირდათ საკუთარი ხალხის გენოციდი - ვანდეა, თურქებს - სომხების გენოციდი, იმიტომ, რომ ერთ ტერიტორიაზე ორ ერს ჰქონდა სხვადასხვა პროექტი. არადა, სომხები საუკუნეების მანძილზე მშვიდად ცხოვრობდნენ თურქეთის იმპერიის ფარგლებში. იმისათვის, რომ გაჩენილიყო თურქეთის სეკულარული ნაციონალური სახელმწიფო, თურქებს სომხების გენოციდი დასჭირდათ.
თუმცა, აქ სრულიად გარკვეულად უნდა აღვნიშნოთ, რომ ქართული ნაციონალიზმი მაინც განსხვავდება ევროპული ნაციონალიზმისაგან - და საქმე სულაც არაა ის, რომ ჩვენ „ეთნიკური ნაციონალიზმი“ გვაქვს, ხოლო ევროპული ნაციონალიზმი „სახელმწიფო ნაციონალიზმია“. საქმე ისაა, რომ XV საუკუნის შემდეგ ჩვენ „ბიზანტიურ გეტოს“ წარმოვადგენთ... როგორ მოხდა ეს, ცალკე საუბრის თემაა, მაგრამ ქართული ნაციონალიზმი, რომელიც XIX საუკუნეში გაფორმდა, ევროპული ნაციონალიზმისაგან განსხვავებით, სეკულარიზაციის ანუ - ეკლესიასთან დაპირისპირების გზით არ ჩამოყალიბებულა... პირიქით!
- რა განასხვავებს ევროპულ ნაციონალიზმს ქართული ნაციონალიზმისაგან?
- უპირველეს ყოვლისა, ის, რომ ქართული ნაციონალიზმი სხვა „აღმოსავლურ ნაციონალიზმებთან“ ერთად (ვგულისხმობ სერბულ, ბულგარულ, რუმინულ, რუსულ და ა.შ. ნაციონალურ ნარატივებს), სეკულარიზიციის გზით არ ჩამოყალიბებულა. სეკულარიზაცია ესაა ეკლესიის „ამორთვა“ ძალაუფლებიდან. XIX საუკუნემდე ეკლესია ძალაუფლების ლიგიტიმაციას უზრუნველყოფდა. ილიას ფორმულა - „ენა, მამული, სარწმუნოება“ - კი გვიჩვენებს, რომ ეკლესია ქართული ნაციონალური პროექტის ნაწილია როგორც „კულტურული მემკვიდრეობა“, ხოლო რეალურად - როგორც ჩვენი „იზოლაციონიზმის“, „განსხვავებულობის“ ნიშანი - ის, რომ ჩვენ „ბიზანტიურ გეტოს“ წარმოვადგენთ... ეს დღემდე ასე რჩება. საინტერესოა, რომ ეკლესია თვით სტალინმაც კი ჩართო საბჭოთა „ნაციონალურ“ პროექტში...
- საბჭოთა კავშირი არ იყო იმპერია?
- საბჭოთა კავშირი არ ყოფილა იმპერიულ პრინციპზე აგებული. ნუ დაგვავიწყდება, რომ საბჭოთა კავშირი იყო თანამედროვე გლობალიზაციის პირველი მცდელობა, გლობალიზაციის პირველი ტალღა - მოდერნისტული გლობალიზაცია (განსხვავებით დღევანდელი პოსტმოდერნული გლობალიზაციისაგან), რომელიც მარცხით დასრულდა. საბჭოთა კავშირი არის პერმანენტული რევოლუციის დამარცხების შედეგად წარმოშობილი იზოლაციონისტური ბასტიონი. 20-იანი წლების ბოლოს აღმოჩნდა, რომ პერმანენტული რევოლუცია არარეალურია (ის დამარცხდა ირანში, პოლონეთში, ფინეთში, ბევრგან). ამიტომაც, საბოლოოდ საბჭოთა კავშირი ნაციონალურ-ტერიტორიული ნიშნით მოაწყვეს, და სწორედ აქ ჩაიდო „ნელი მოქმედების ჭურვი“. საბჭოთა კავშირიც იყო ცენტრისკენული, მუდმივად იყო ორიენტირებული შენარჩუნება-შენახვაზე და, ამიტომაც, არსებობდა რკინის ფარდა - საბჭოთა კავშირი რკინის ფარდის გარეშე წამოუდგენელია! ეს იყო ნამდვილი გეტო, ესეც ბიზანტიური მემკვიდრეობაა. ეთნოკონფლიქტებიც კი სინამდვილეში ნაციონალურ-ტერიტორიული კონფლიქტებია. ჩვენც აღმოვჩნდით იმ სიტუაციაში, როცა ჩვენ და აფხაზებს ერთ ტერიტორიაზე სხვადასხვა პროექტი გვაქვს (ოსეთის სიტუაცია განსხვავებულია, მაგრამ ეს სხვა საუბრის თემაა!) - ესაა სამოქალაქო ომის სიტუაცია! ამიტომ, მძვინვარე სიტყვა გენოციდი სრულიად ბუნებრივია, ნებისმიერი ნაციონალიზმი გენოციდით მკვიდრდება.
- და რა, მეუბნებით, რომ აფხაზებს გენოციდი უნდა მოვუწყოთ?
- ნებისმიერი ნაციონალიზმი თავისი არსით შინაგანად გულისხმობს გენოციდს - სამოქალაქო ომს - ან საკუთარი ან სხვა ხალხის წინააღმდეგ. აქ მინდა ჩემი პოზიცია განვმარტო - მე ნაციონალიზმის წანააღმდეგი ვარ, რადგანაც მიმაჩნია, რომ ნაციონალიზმი ქრისტიანული ისტორიის გადაწერაა, ნაციონალიზმი უპირისპირდება ქრისტიანულ პოზიციას. ნებისმიერი ნაციონალიზმი ქრისტიანობის ჩანაცვლების მცდელობაა - „ჩემი ხატია სამშობლო...“ პირადად ჩემთვის ნაციონალიზმი ერესია! ვიმეორებ, ჩვენთან ბიზანტიის იმპერიის დაშლის პერიოდი ჯერ ბოლომდე არ დამთავრებულა... ქართული ნაციონალიზმის ჩაწერა ევროპულ კონტექსტში აი ახლა - ჩვენ თვალწინ ხდება...
- რეფორმები ხომ ტარდება? მაგალითად, განათლების რეფორმა?
- ჩვენი ხელისუფლება შეეცადა, უნივერსიტეტის ზემოდან გაკეთებას, ეს შეუძლებელია. მაგრამ რაღაცების „ზემოდან გაკეთება“ შეიძლება - რუსეთის იმპერიაში, მაგალითად, შეძლეს და გააკეთეს დამოუკიდებელი სასამართლო. გავიხსენოთ ბეილისის საქმე, 1913 წელს რუსული იმპერიის სასამართლომ გაამართლა ბეილისი. წარმოდგენაც კი მზარავს, რა მოხდებოდა, ქართულ სასამართლოს დღეს ბეილისი რომ გაესამართლებინა.
- რას უნდა დაეყრდნოს ქართული სახელმწიფოებრიობა?
- ჩვენ მოძრაობა ხელის ცეცებით გვიწევს. XIX საუკუნის დასაწყისში საფრანგეთის მოსახლეობის მხოლოდ 10 პროცენტი ლაპარაკობდა ფრანგულად, დანარჩენი - ლაპარაკობდა სხდასხვა დიალექტებზე და ერთმანეთის არ ესმოდა. 50-60 წლის განმავლობაში განათლების სიტემამ და სკოლამ ჩამოაყალიბა თანამედროვე ფრანგი ნაცია. გარკვეული აზრით, ერი ხელოვნურად კონსტრუირებადი ფენომენია, მაგრამ ეს მეტაფორულად უნდა გავიგოთ - ეს ოთხ წელიწადში ვერ კეთდება! ერი - ესაა 1) ნაციონალური ნარატივი ანუ - საკუთარი ტერიტორიის წარმოშობის ისტორია, 2) განათლების სისტემა, რომელიც ამ ნარატივის შესწავლას უზრუნველყოფს და 3) ერთი ეკონომიკა ერთ ტერიტორიაზე.
- და ჩვენ სამივე გვაქვს.
- ჰო, მაგრამ დღეს ევროპული ნაციონალიზმი გადავიდა ახალ ეტაპზე. პოსტმოდერნული გლობალიზაცია - გლობალიზაციის მეორე ტალღა - არის ევროპული ტიპის ეკონომიკის გლობალიზაცია ერთ ტერიტორიაზე კი არა - მთელ დედამიწაზე. გლობალიზმი ევროპული ნაციონალიზმის გაგრძელებაა. ჩვენ ჯერ ბოლომდე გაფორმებული არა ვართ როგორც ნაცია, და უკვე გვიწევს გლობალიზაციაში ჩართვა. ამიტომაც, დღეს რაც საქართველოში ხდება, ამას მხოლოდ ჩვენს ხელისუფლებას ვერ დავაბრალებთ. მართლია, ეს ხელისუფლება უგუნურია, პროვინციულია, მაგრამ ესაა ნაციონალიზმისა და გლობალიზმის დაპირისპირება. დღევანდელი ხელისუფლების დაპირისპირება ბადრი პატარკაციშვილთან სხვა არაფერია, თუ არა ნაციონალური ეკონომიკის დაპირისპირება ტრანსნაციონალურ კორპორაციებთან, სწორედ ამას გამოხატავს „ნიუს კორპისა“ და დღევანდელი ხელისუფლების კამათი. ისე არ გამიგოთ, თითქოს პატარკაციშვილი მომწონს, მაგრამ ბადრი არის ზეოლიგარქი, „ტრანსოლიგარქი“. ამიტომ, რაც ეპატიება ზეოლიგარქსა და ტრანსნაციონალურ კორპორაციას, ის არ ეპატიება ადგილობრივ პრეზიდენტს. არავინ გაიგოს ისე, თითქოს სამართალი არ არსებობს - ბუშმა და ჩეინიმ უამრავი ადამიანი დახოცეს ერაყში, მაგრამ მათ „ადგილობრივი“ გირგვლიანი რომ მოეკლათ, ამას არავინ აპატიებდა. ასევე არ ვაპატიეთ ეს სააკაშვილს. აფხაზებთან რომ გაგვემართა ომი, და შეგვეწყვიტა ხალხი, ამას ვაპატიებდით სააკაშვილს (პირადად მე, არ ვაპატიებდი - მაგრამ ეს სხვა თემაა!), აი, გირგვლიანი არ ვაპატიეთ. ეს ძალიან ჰგავს რასკოლნიკოვის პრობლემას - რატომ არ შეიძლება, რომ მე მოვკლა ერთი „პროცენტშიცა“, თუ ნაპოლეონმა ათასობით ადამიანი დახოცა ომებში?! საქმეც ისაა, რომ თამაშის წესები ძალიან მრავალფეროვანია, და დამოკიდებულია გარკვეულ დონეებსა და სიტუაციებზე. ის, რაც შეიძლება ერთ სიბრტყეზე, არ შეიძლება - მეორეზე. არსებობს „დონებრივი“ სამართლიანობა - სამართლიანობის სხვადასსხვა დონეები...
- საპარლამენტო რეპუბლიკა ეს ის მოდელია, რომელმაც შეიძლება გაამართლოს?
- გარკვეული აზრით, ეს ექსპერიმენტია, ჩვენ აქაც ხელების ცეცებით მივდივართ. ასეთ შემთხვევაში მთავარი პრაქტიკაა - მარქსიც ამას ამბობდა და ფუკოც. მთავარი საზომი პრაქტიკაა. საპრეზიდენტო მოდელმა არ გაამართლა, ვცადოთ ახალი. ჩავატაროთ ექსპერიმენტი. ხალხს უნდა ძალაუფლებაში მონაწილეობა. ეს უკვე ნაციაა.
- ხალხი იაზრებს ამას?
- ვერა, მაგრამ ეს სულაც არ არის აუცილებელი. რაღაცები ხდება ტანით, მგრძნობელობით. სხვა ხალხი ჩვენ არ გვყავს. დღევენდელ ხელისუფლებას უნდოდა ამ ხალხის შეცვლა და ეს უტოპია კრახით დამთავრდა.
- 5 იანვარს რას აირჩევს ეს ხალხი?
- რეალური კანონი კანონის დაწერამდე იბადება. დავინახე, რომ ეს ნაცია შედგა, ხალხი ამოქმედდა, მან გაუსწრო თავის ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც. ეს მოქმედება რეალობაა. ხალხი თვითონ გვთავაზობს თამაშის წესებს. მთავარი შედეგი არ არის, მთავარი პროცესია, ლიბერალიზმი პროცესია, თავისუფლებაც პროცესია, ისევე, როგორც ბაზარია პროცესი.
![]() |
6 წერილი ინდოეთიდან |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
6.1 ტაჯი, ტუკ-ტუკი და აიშვარია რაის თვალები ინდოეთში |
▲ზევით დაბრუნება |
ავტორი, ფოტო: სალომე კიკალეიშვილი
მიყვარს წერა, ჩემთვის წერა, სულ რაღაცას ვჯღაპნიდი ხოლმე ფურცელზე და მერე, სადღაც მივჩურთავდი. ყველაზე მაგარი, წლების მერე ამ ნაწერების აღმოჩენა, გადაკითხვა და მთელი ამ ემოციის თავიდან გავლა იყო. აეროპორტში ვზივარ, თბილისში ვბრუნდები. თვითმფრინავში ჯერ არ გვსვამენ, ჰოდა, რა უნდა ვაკეთო? ვწერ. თან იცი, რაზე ვფიქრობ? თვითმფრინავი რომ ჩამოვარდეს და მოვკვდე, იპოვიან ამ წერილებს, გამოაქვეყნებენ, ბევრ კარგს ისაუბრებენ ჩემზე და სინანულით იტყვიან - ეეჰ...
თუკი ასეთი არაფერი მოხდა, მაშინ ვერც ვერავინ აღმოაჩენს, უბრალოდ, მე ვიპოვი, გადავიკითხავ და გავიხსენებ, რაას? რას და:
აეროპორტში წავსვლამდე ორი საათი იყო დარჩენილი. მე და სანდრო ნავერიანი კომპიუტერთან ვისხედით და Google-ში მიტხუნ ჩაკრაბორტის სურათებს ვათვალიერებდით. ძალიან მთხოვა, თუ ნახავ, სურათი გადაუღე და ჩამომიტანეო.
იმ დღეს უაზროდ აჟიტირებული ვიყავი, ჯერ ერთი, ჩემი დაბადების დღე იყო, მიხაროდა, და მეორე - ბილეთით და რის ვაი-ვაგლახით ნაშოვნი ვიზით ხელში ინდოეთში მივფრინავდი, დელიში, არაბული და აზიური კინოს ფესტივალზე. აბა, ამაზე მაგარი საჩუქარი რა უნდა მენატრა?! თან, ინდურ კინოსთან და ინდოეთთან ხომ ჩემი პირადი, ძალიან ძველი მოგონებები მაკავშირებს. ყოველთვის, როცა შაბათ-კვირა მოდიოდა, ჩემი მშობლები მიზეზით - ბებიას მოენატრებოდიო, გუდა-ნაბადს ამიკრავდნენ და ორი დღით დიღომში მიკრავდნენ ხოლმე თავს. ბებიასთან კარგი იყო, ხელი-ხელ ჩაკიდებულები (8-9 წლამდე აუტანლად დამჯერი ბავშვი ვიყავი) დიღმის ეზოებში დავსეირნობდით და რადგან „ბუბლიკები“ სასარგებლო იყო, სულ კნატუნ-კნატუნით დავყვებოდი გვერდში. ყოველ კვირას, დილის 10 საათზე კინოთეატრ „გაზაფხულში“ ინდური კინოს სეანსი იწყებოდა, ჰოდა, მეც და ბებიაც ორი ბილეთით ხელში, ყოველ კვირას შესასვლელთან ვიდექით ხოლმე. სულ უკვირდა, ფილმი ჯერ მხოლოდ 15 წუთია რაც დაიწყო და როგორ ხვდები, მერე რა მოხდებაო?! მეც მიკვირდა და ვფიქრობდი, ალბათ, ძალიან მაგარი ვარ-მეთქი. არა, კინომცოდნეობაზე ჯერ არ ვფიქრობდი, მაგრამ, ჩემი თავით ძალიან ვამაყობდი. 7 წლის რომ ვიყავი, მამაჩემი დელიში წავიდა, სოციოლოგების კონგრესი თუ რაღაც ამდაგვარი იმართებოდა. იქიდან თვალებგაფართოვებული ჩამოვიდა - ვაიმე, ასეთი არაფერი მინახავსო და საჩუქრად (არა, უნდა ვაღიარო, რომ საჩუქრების არჩევა არასდროს ეხერხებოდა) სარკეებიანი ნაციონალური კაბა და შარვალი ჩამომიტანა. ერთადერთხელ ჩამაცვეს, პირველი კლასის ზეიმზე და ისიც ყველამ დამცინა - ერთი ნახეთ, ამას რა ჩაუცვამსო! კაბაზე შარვალიო, ჰა-ჰა-ჰაო! ბავშვებს ეგეთი რაღაცები არ ესმითო - დამაწყნარეს სახლში. ვიცი, შესავალი გამიგრძელდა, მაგრამ რა ვქნა, ჩემი ინდოეთი ხომ იმ სარკეებიანი კაბა-შარვლით და „გაზაფხულში“ გაშვებული ინდური კინოებით იწყება!
- „თუ პირველად მიდიხარ, არ შეგეშინდეს, არ დაიძაბო,“ - გამაფრთხილა თვითმფრინავში ჩემ გვერდით აღმოჩენილმა ქართველმა მამაკაცმა, რომელიც ნახევარი გზა (მეორე ნახევარი მეძინა) იმაზე ყვებოდა, თუ როგორ შედის ინდოეთის გამაგრილებელი სასმელების ბაზარზე მათი კომპანია, რამდენი და როგორი ლიმონათები უნდა ჩაიტანონ და ა.შ. ამ ყველაფერმა დიდად არ დამაინტერესა, მაგრამ, როგორც ზრდილობიანი ადამიანი, შეუსვენებლად ვიმეორებდი - უი, მართლა, რას ამბობთ, რა საინტერესოა! აეროპორტში შევედი თუ არა, რაღაც უცნაური სუნი ვიგრძენი, უცნაური და ძალიან მძიმე, თავი ნაპირზე ამოგდებული თევზი მეგონა და ისიც გავიფიქრე, ახლა უფრო ღრმად თუ არ ჩავისუნთქე, აქვე დასრულდება ჩემი ჯერ არ დაწყებული ვოიაჟი-მეთქი. - გრძნობ მძიმე ჰაერს? აქ სულ ასეაო - დაამატა ჰაერში გაცნობილმა ქართველმა და აეროპორტიდან გამოსვლისთანავე, ჩვენი გზები ორად გაიყო: მე ფესტივალის შავ-შავი ბიჭები დამხვდნენ, უცნობ მამაკაცს - თეთრი-თეთრი ქართველები ლიმონათის კომპანიიდან. ჰოო, ამ ღამით, ჩემი და იმ კაცის სახით, 14 მილიონიანი მოსახლით დამძიმებულ დელის, ორი ქართველი შევემატეთ, ერთი უკვე მოშინაურებული, მეორე - ჯერ კიდევ დიდ გაურკვევლობაში მყოფი.
ფესტივალის სქელ კატალოგს გადავხედე თუ არა, მივხვდი, სანახავი ფილმების გრძელი სია სწორად უნდა შემედგინა. არაბული და აზიური ფილმების გარდა, დღეში ერთი ინდური აუცილებლად უნდა მენახა. თავი გავიგიჟე, თვითონ წავალ-მეთქი „სირი ფორტში“ - დელის კინოთეატრში. ყვითელ-მწვანე რიქშა გავაჩერე და მძღოლს ამაყად მივაძახე - სირი ფორტისკენ! უცნაურია ეს რიქშა, ერთი პედალი აქვს, კარები საერთოდ არ აქვს და რაღაც უბედურ ხმაზე ხრიგინებს. - მემ, მეკითხება მძღოლი და თან როგორც დალაქი, ზუსტად ისე, სარკიდან მიყურებს; - იეს - ვუპასუხე დაყენებული აქცენტით; - თქვენს ქვეყანაში არის ტუკ-ტუკი?; გავშრი, გამომეტყველება შემეცვალა, თავში „სინიორ რობინზონის“ კადრები ამოტივტივდა, გვერდზე გავიხედე, თავი ამაყად ავწიე და ხმამაღალი ტონით ვუპასუხე - იცით რაა, არ ვიცი რაზე მელაპარაკებით და საერთოდ, ჩემს ქვეყანაში ტუკ-ტუკი არ არის-მეთქი. ცოტა ზედმეტი კი მომივიდა, У нас в советском союзе секса нет, აი, რაღაც ამის მსგავსი. უზრდელი - გავიფიქრე და მგზავრობის ბოლომდე, „ცისკარაში“, გაქვავებული მზია რომ ზის, ზუსტად ისე, ქვა და რკინასავით გამეხებული ვიჯექი. კინოში მივედი თუ არა, მივხვდი, რომ დიდი შეცდომა დავუშვი, მძღოლთან ფასზე მანამდე უნდა შევთანხმებულიყავი, სანამ დაიძვრებოდა, კარგი, არა უშავს, შემდეგში გავითვალისწინებ!
- „იცით, დააგვიანეთ, ეს ხომ მსოფლიო პრემიერაა და ბილეთები გუშინ დამთავრდა“ - მითხრა ფესტივალის ბიჭმა. ვაი, იქნებოდა, ახლა ამ ინდური პრემიერის ხელიდან გაშვება! - გავიფიქრე ჩემთვის, თან კატალოგში ხომ დიდი ასოებით წერია, ფილმის ყველა ვარსკვლავი პრემიერას ესწრებაო! მაინც წავედი. კარებთან მივედი და რას ვხედავ? თავზე ბრიოლინწასმული, ლაკის ფეხსაცმელებიანი, პრიალა კოსტიუმში, ფერად-ფერადი თვლებით დამშვენებული ჰალსტუხიანი და შავ სათვალეებიანი კაცები დგანან - ესენი უეჭველად ვარსკვლავები იქნებიან-მეთქი გადავწყვიტე და გვერდზე დავუდექი. არ შევცდი. ცოტა ხანში კარები საგანგებოდ გაიღო და ერთ რიტმში, ნელი მიხვრა-მოხვრით, ზანტად შევედით დარბაზში. მაყურებელი ტაშით შეგვეგება, უფრო სწორედ, მათ შეეგება და ჩაბნელებულ ეკრანზე წარწერები გამოჩნდა. - შენ რა, ინდური გესმის? - შუა ფილმის დროს მკითხა გვერდზე მჯდომმა ინდოელმა რეჟისორმა, რომლის გაცნობა პირველივე დღეს მოვასწარი; - არა; - აბა, ჩვენნაირად რატომ გეცინება ყველაფერზე; - რა ვიცი, აბა, ბავშვობიდან ვიცნობ ინდურ კინოს, - ვუპასუხე დაბნეულად - ჰო, ისე ტუკ-ტუკი რას ნიშნავს, ხომ ვერ მეტყვი? - ტუკ-ტუკი? შემოკლებით ასე ვეძახით რიქშა ტაქსებს“. ვაი! შემრცხვა! მე კიდევ...
ერთ რამეს მივხვდი, ინდოელებთან ერთად ინდური კინოს ყურებას არაფერი სჯობს. მერე რა, რომ სანამ კინოში შეხვალ, საკმაოდ უსიამოვნო პროცედურას გადიხარ, ქალებს და კაცებს ცალ-ცალკე გჩხრეკენ, ჯიბეებში ხელებს გიყოფენ და თითქმის ყველაფერს სპეციალურ სეიფებში გატოვებინებენ. ერთადერთი, კბილებს არ გიმოწმებენ, თორემ ისე... სამაგიეროდ, არ ვიცი, მსგავსი კათარზისის მიღება სადმე თუ შეიძლება კიდევ. თითოეული გმირის წარბის აქაჩვაზე ისე კვდება დარბაზი სიცილით, რომ... რა პრესის ვარჯიში და რის იოგა... თან, რაც მთავარია, იქ არ არსებობს მე, შენ, ის, იქ არის მხოლოდ - ჩვენ. ტირის ერთი? ტირის ყველა! იცინის ერთი? იცინის ყველა! ჰოდა, რადგან ამ ინდურ კინოებში, ძირითადად, ან ტირიან ან იცინიან, ამიტომ, გინდა არ გინდა, შენი გუნება-განწყობა, ეკრანზე ნაჩვენები ამბის პირდაპირპროპორციულია. მთელმა დარბაზმა, ჯერ იყო და, ერთად ბევრი ვიცინეთ, მერე ყველამ ერთხმად ბევრი ვიტირეთ, ფილმის გმირებმა კი ხან გვიცეკვეს, ხან გვიმღერეს და ხან წარბები გვიქაჩეს დიდი ეკრანიდან. კარგი იყო. იცი, რა თქვეს ფილმში? - „თუ ქალი კაცს ვერ იშოვის, მთელი ცხოვრება ტირისო. თუ ქალმა კაცი იშოვა, მთელი ცხოვრება ატირებსო“, ესეც შენ ცხოვრებისეული სიბრძნე, აი ასე! დარბაზიდან გამოვედი თუ არა, მეორე რიგში ჩავდექი და არაბი რეჟისორის ნიკი კარიმის ფილმზე შევედი. ოო, დავიტანჯე, დეგენერატმა ქმარმა მიატოვა, ეს განიცდის, მაგრამ არ ამჟღავნებს, სამსახურში პრობლემები აქვს... იმ ინდური მსოფლიო პრემიერის მერე სად მქონდა მაგის თავი? გამოვედი. ყოველთვის, როცა შენობიდან გამოდიხარ, გგონია, რომ, ჰოპ, და ვიღაცამ გავარვარებულ ტაფაზე დაგაგდო. თან კაშკაშა მზის ფონზე ეს ჩემი თმა შუქნიშანივით ანათებს და - მეემ... აუუ... მეემ - გესმის გაუთავებლად. ცდილობ, ღრმად ისუნთქო, მაგრამ სულ ტყუილად, არც არაფერი ჩადის შენს უბედურ ფილტვებში და არც იქიდან ამოდის რაიმე. დელის რუკა ბევრი ვატრიალე და გადავწყვიტე, რომ სანამ ღამის სეანსი დაიწყებოდა, კენჯი მიძოგუჩის „სირცხვილის ქუჩას“ უჩვენებენ, კუტუბ მინარის სანახავად წავსულიყავი. ისე, თბილისში რომ ჩამოვედი, მერე აღმოვაჩინე, რომ კუტუბ კი არა, კუტბ მინარი ჰქვია, თურმე. არა უშავს, ხდება ხოლმე. ფასზე წინასწარ შევთანხმდი - პიპტი? ნო, ნო, პორტი, პორტი, კარგად ვივაჭრე, თან მთავარი ისაა, რომ ამ დროს თავი ენერგიულად უნდა აქიცინო და „ნო, ნოს“ თქმისას ხელები მოიშველიო, რაღაც, უფრო ინდურად გამოდის. თან, იცით რა, პირველივე დღეს, ჩავედი თუ არა, თავი, ყველაზე ცოტა, მერლინ მონრო მეგონა, ოღონდ მართლა! ქუჩაში რომ დადიხარ, ტრიალდებიან, რიქშაში ზიხარ და მისი ღია გვერდებიდან ხან ვინ გიკრავს თვალს და ხან ვინ. ვაიმეე, საკუთარ თავზე აქამდე რა ცუდი წარმოდგენა მქონია-მეთქი, გავიფიქრე, ჩემდა უნებურად. თუმცა... მერე, ნელ-ნელა მივხვდი, რომ მერლინ მონრობა არაფერ შუაშია, უბრალოდ, 14 მილიონში უცხოელი რომ ხარ, ძალიან მოჩანს და... ეგაა რა, მეტი არაფერი.
უცნაური მძღოლი შემხვდა, მთელი გზა თავისთვის ლაპარაკობდა, ერთი ფეხი მოკეცილად, სკამზე ედო, „ფლოსტიც“ იქვე ეგდო და შიშველ თითებს რიტმში ათამაშებდა. ვაა, ეს ვისი თვალებია - ვკითხე, როგორც კი სარკეზე საგანგებოდ გაკრული ლამაზი თვალების ფოტო დავინახე; გაოცებულმა გამომხედა, როგორ არ იცი, - აიშვარია რაი, მითხრა ცოტა გაბრაზებული ტონით. ეტყობა, ამაში რაღაც მოულოდნელობის ეფექტი დევს, აბა, რატომ გაიკრა მაინც და მაინც სარკეზე? როცა სარკეში ჩახედვა სჭირდება, აიხედავს და ვის ხედავს? ჩემს თვალებს კი არა, აიშვარიას თვალებს, აიშვარიას! მერე ინდური ინგლისურით მითხრა: ერთ წამს მაცადეთ, მემ, რაღაცას გამოვიტან მაღაზიიდანო. მე რა ვიცოდი, რომ ასეთი საშიში იქნებოდა რიქშაში დარჩენა. რატომ? რიქშა დაღმართზე გააჩერა, გადმოვიდა, მიიხედმოიხედა, იპოვა პატარა, მუჭის ოდენა ქვა, ქვა კი არა, კენჭი და დაუდო ბორბალს ქვემოდან, არ დაგორდესო. ეს დავინახე თუ არა, ჰაერი ბლომად შევისუნთქე და გავიყინე, კი არ გავიყინე, მთელი სხეული გამოვრთე და ისევ მზია გავხდი, რომ რაიმე უნებლიე მოძრაობას იმ კენჭის ძალა არ შეესუსტებინა. ასე, 5-10 წუთი მაინც ვიჯექი. - ყველაფერი ხომ კარგად არისო, მკითხა დაბრუნებულმა მძღოლმა, ვერაფერი ვუპასუხე, რადგან უჰაეროდ ყოფნამ თავისი შედეგი გამოიღო და გონზე მოსასვლელად დრო დამჭირდა. კუტბ მინართან ჩამოვედი და შესასვლელი ბილეთის ასაღებად, სალაროსთან მივედი. ერთ ფანჯარას ეწერა - უცხოელებისთვის, მეორეს - ადგილობრივებისათვის. რა თქმა უნდა, პირველთან მივედი, ჩაბნელებულ ფანჯარაში თავი ენერგიულად შევყავი და ვაი, ვიღაცის ფეხები, ისევ ენერგიულად რიტმში მოთამაშე თითებით! უცბად გამოვიწიე. მოლარე კაცმა ზანტად ჩამოიღო ფეხები ფანჯრიდან, ეტყობა, ანიავებდა და - რა გინდაო, მკითხა; - იცით რა, მე ჟურნალისტი ვარ, აი, ჩემი მოწმობა და უფასოდ მეკუთვნის შეშვება-მეთქი; - რაო? გავაგრძელე: - ჟურნალისტებისთვის უფასოა მუზეუმებში და მსგავს ადგილებში სტუმრობა და... - მერე, რა გინდაო? - აი, ლისაბონში, ბერლინში, მიუნხენში, პარიზში, ათენში (ვიფიქრე, ეს რაიმე წონას მომცემდა) სულ ასე დავდივარ და, იცით, ეე, ალო, შესვლა თუ გინდა, ფული გადაიხადეო. გადავიხადე. შესასვლელში გამაგრილებელი წვენი ვიყიდე, იმ იმედით, რომ გამაგრილებელი ჰქვია და ცოტას მაინც გამაგრილებდა, თუმცა... ნურას უკაცრავად! ბევრი ბოდიალის შემდეგ, გადავწყვიტე, ცოტა დამესვენა და ქვის შენობაში ჩამოვჯექი. პირდაპირ სკამზე ვიღაც კაცს გემრიელად ეძინა და ხმამაღლა ხვრინავდა. ისე დავიღალე, მეც კი წავუძინებმეთქი, გავიფიქრე. რა ვქნა, მაპატიეთ, სულ გავიფიქრე-გავიფიქრეს რომ ვწერ, მაგრამ, მარტო დავდიოდი და ვფიქრობდი, აბა, სხვა რა უნდა მექნა? „კუტბ მინარი მსოფლიოში ყველაზე დიდი ქვის მინარეთია, მისი სიმაღლე 72,5 მეტრს ითვლის და შუა საუკუნეების ინდო-ისლამური არქიტექტურის ბრწყინვალე ნიმუშს წარმოადგენს, რომელსაც იუნესკო გულდასმით უფრთხილება“ - ეწერა ბროშურაში. ვიღაც მომიჯდა, მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია. უბრალოდ, ვიგრძენი, რომ დაჯდა და ნელ-ნელა ჩემკენ დაიწყო მოჩოჩება, ვერ მივხვდი. საზურგეს მივეყუდე, რომ თვალთა ხედვის არეალი გამფართოვებოდა და... ვიღაც ბიჭი მიზის გვერდზე, თან ხელი ნელ-ნელა მოაქვს ჩემკენ, ისე, რომ არ მიყურებს, თითქოს ხელის გადახვევა უნდა. უცებ, რაღაც ანიშნა მოშორებით, ჯგროდ შეგროვილ შავტუხა ბიჭებს და რომ დაიწყო ფოტო აპარატებით უსასრულო ჩხაკა-ჩხუკი... როგორც კი ჩემთან ფოტო სესიას მორჩა, ადგა და სულ კუნტრუშით გაიქცა სიცილისგან ჩაბჟირებულ მეგობრებთან. უი, რა სასაცილოა - ჩავიბურტყუნე და ნანგრევების თვალიერება გავაგრძელე.
მეორე დღეს დასვენება მოვიწყვე. გადავწყვიტე, რომ დიდი არაფერი დაშავდებოდა თუ დილის სეანსებს გავაცდენდი და სასტუმროში დავრჩი. აუზზე გავედი. წყალში ერთი „იაღლიში“ მომივიდა, აუზის ძირს ფეხით სულ ვწვდებოდი და, აბა, რას წარმოვიდგენდი რომ ერთ ადგილას ღრმავდებოდა?! საიდან უნდა მცოდნოდა?! მოკლედ, გადავრჩი, ოღონდ ისეთი სახით ამოვფოფხდი წყლიდან, გეგონება წყლის ქვეშ ცურვის ასეთი სპეც. ჩანაფიქრი მქონდა. დელის მხურვალე მზეს მივეფიცხე, გრეიფრუტის ცივი წვენი მოვყლუპე და ჭირსაც წაუღია ყველაფერიმეთქი, გავიფიქრე, ისე, სიტუაციიდან გამომდინარე. ოფიციანტმა „India Today“-ს ახალი ნომერი მომიტანა - ხომ არ ინებებთო; შუა-მეთქი, მივუგე და ჟურნალის ფურცვლა დავიწყე. ინდოელი მიშა ცაგარელის გვერდები გულდასმით დავათვალიერე და აი, ტესტიც! მიყვარს ტესტები, თან წერია - გაინტერესებთ, რამდენ ხანს იცოცხლებთ? აბა რა! კი, არა, კი, არ ვიცი - ჩავწერე და, ქულების დათვლას შევუდექი. ვაი, 47 წლამდეო... თავიდან გავაკეთე, იგივე გამოვიდა... 47, 47, 47... გავბრაზდი, სირი ფორტში ჯობდა წასვლა! აშკარად!
კიმ კი-დუკის ფილმზე დავრჩი. „კიმ კიდუკი პაზოლინის ჰგავს და თან იმამურასო, ოღონდ, უკეთესი ტექნიკით იღებსო“ - გამოაცხადა ფილმის ჩვენებამდე ფესტივალის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა. ასეთი საინტერესო შედარება ცხოვრებაში არ მომისმენია. კორეელთან ამჯერადაც იგივე მოხდა, რაც მის სხვა ფილმებში, ქალებმა კაცებს ვერ გაუგეს, კაცებმა ქალებს და იყო ერთი დიდი ტრაგედია. - „რა დროს ფილმია, წამო, ძველ დელიში მივდივართ“ - ჩამჩურჩულა ლოტფიმ და მეც ბედნიერი სახით გავყევი გარეთ. ლოტფი, აბდელია გვარად, ტუნისელია. ერთ-ერთ ტუნისურ ფილმში მთავარ როლს ასრულებს და ფილმთან ერთად, მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ბევრ ფესტივალზე აქვს აღებული პრიზი. ისე, დელის ფესტივალზე „Osian's Cinefan“-ზეც აიღო პრიზი, თან სულ იმეორებს, ტუნისელი სთარი ვარ და ეს, ჯერ მხოლოდ დასაწყისიაო. არადა, ხომ არ მივახლი, რომ არის რა. მოგზაურობა მეგობრების მანქანით დავიწყეთ, რომლებმაც უცბად შემოგვატარეს ძველი პეჟოთი დელი და ფანჯრიდან დაგვანახეს პარლამენტის შენობა, ინდოეთის ჭიშკარი... მთელი ქალაქი ტერაკოტის და ოხრას ფერების ნაზავს წარმოადგენს და უცბად, ჭრელა-ჭრულა სარებში გამოწყობილი ინდოელი ქალები... ძალიან ლამაზია! როგორც კი ძველ დელიში ავღმოჩნდით, ველო რიქშებზე გადავჯექით და დაიწყო, მაგრამ რა დაიწყო! ორსამ სართულიანი სახლები დგას, სახლებსაც ვერ დაარქმევ, პიზას კოშკივით გადახრილგადმოხრილია ყველა. ქუჩები უბედურად წვრილია, ასე, ოთხი ადამიანი თუ გაივლის გვერდიგვერდ. თან არ დაგავიწყდეთ, რომ გარშემო 5-6 მილიონი ისე დააბიჯებს, როგორც არაფერი. რის ვაივაგლახით ატრიალებს ველოს მძღოლი პედლებს, აქეთ-იქიდან ეს 6 მილიონი გიყურებს და თვალს არ გაცილებს, დავპატარავდი, სულ შევიჭეჭყე რიქშაში და იქიდან უკვე მე კი არა, ჩემი ორი შეშინებული თვალი იყურებოდა. უცებ დავინახე, გვერდზე მეორე ველო რიქშამ ჩაგვიარა, ოღონდ, იქიდან ოთხი შეშინებული თვალი და ჩანთაში ჩაჭეჭყილი, მაგრამ ობიექტივ ამოშვერილი ფოტოაპარატი მოჩანდა. - უი, ნახე, ჩვენნაირები - ვუთხარი ლოტფის. ხმაურია, გარშემო მაღაზიებია, სადაც საჭმელები, ნაჭრები და მე რომ მიყვარს, ისეთი ბრჭყვიალპრიალა სამკაულები იყიდება. შესვლა რომ მოგინდეს, ველოდან ჩამოსვლა არც დაგჭირდება, ფეხს გადაყოფ და მაღაზიაში ხარ. მთელი გზა გრძნობ, როგორ გადებენ ხელებს ფეხზე, ზურგზე, უცებ, ისე, რომ რეაგირებას ვერ ასწრებ, ანდა, რა უნდა ჰქნა?! „თეთრი ხარ, უცხოელი და შეხება უნდათო“. კარგიაა, შეხება უნდათ, თურმე, მე? მინდა? ისე, ლოტფიც მაგ დღეშია. ცხელა... თან საშინლად ნოტიო ჰაერია და იცი, რამდენჯერ ვიფიქრე, ახლა გული არ უნდა წამივიდეს, არ უნდა წამივიდეს, არ შეიძლება! არა! ამ წვრილ ქუჩებში ყველას ისეთი დამხეცებული აქვს მოძრაობა, რომ სულ ტყუილად ველოდე, აი, ახლა ან ჩვენ ამოვტრიალდებით, ან ჩვენს წინ მიმავალები, ან ვიღაცას გადავჭყლეტთ-მეთქი. ჯამა მასჯიდთან ჩამოვედით. როგორც იქნა, ბრბოში გზა გავიკვლიეთ და ფეხშველებმა ბევრი, ძალიან ბევრი ვიბოდიალეთ. ჰო, არც აქ გაჭრა ამან: „ჟურნალისტი ვარ, გამიშვით-გამატარეთ“.
აქამდე მეგონა, ასეთი რამ მხოლოდ კიპლინგთან შეიძლება მომხდარიყო; ქუჩა, სახლები, მანქანები, რიქშები... ადამიანები მოძრაობენ. თავს ოდნავ თუ აწევ, სახლებზე, კედელ-კედელ მოსეირნე მაიმუნებს დაინახავ - „ფრთხილად იყავი, კარგად დაიჭირე ჩანთა, ეს მაიმუნები გაწვრთნილები არიან და რამე თუ მოგპარეს, მორჩა... ერთადერთი, მაიმუნ პოლიციელებს თუ გამოვიგონებთ, თორემ ისე, ამათ კაციშვილი ვერ დაიჭერსო“ - მითხრა ჩვენმა მასპინძელმა. მაგრად დავიჭირე კი არა, სულ ცხრა-ცხრა ფენად შემოვიხვიე კისერზე. არადა, მეგონა, სპილოებს უნდა ესეირნათ ქუჩებში. რაღაც ძალიან იდიოტურად გამომივიდა, იმ დღეს აპარაჯიტას ვკითხე, სპილოების ნახვა მინდა და სად უნდა ვნახო-მეთქი? გაიკვირვა - ზოოპარკშიო; - ეგრე ხომ ნანახი მყავს, მე ზედ მინდა დაჯდომა, ზედ-მეთქი; რა ვიცი, აქ არ დადიანო - ისე მითხრა, გეგონება პარიზში ვიყავით.
ძველი დელიდან სასტუმროში ისეთი დაღლილები დავბრუნდით, რომ წინა დღეს ჩემი და ლოტფის გეგმები - ხვალ იაპონიის ელჩი მიღებას მართავს და აზრზე ხარ, რამდენ სუშის გვაჭმევენო, დავივიწყეთ და ხმაამოუღებლად მივფორთხდით ჩვენ-ჩვენ ოთახებთან. ტელევიზორი ჩავრთე, ჯერ საინფორმაციოს ვუყურე, დიქტორი რაღაცას მთელი ემოციით მიყვებოდა და მეც ხმას ავუწიე - სირცხვილი, სირცხვილი და კიდევ ერთხელ სირცხვილი, სირცხვილი მუმბაის! მძღოლმა 9 წლის ბიჭს მანქანა დაარტყა და არ გააჩერაო! რაც მთავარია, გავარკვიე, რომ ბიჭი გადარჩა და სხვა არხზე გადავრთე. მთელი 10 წუთი ინდოელ ჟურნალისტთან ერთად იმას ვარკვევდი, თუ რატომ თქვა უარი სალმან ხანმა, ტუჩებში ეკოცნა აიშვარია რაისთვის ერთ-ერთ გადაღებებზე. რადგან მაინც ვერაფერი გავარკვიე, ტელევიზორის ღილაკს თითი დავაჭირე და ჩახ რუხ ხანს ვუყურე, რომელიც ამერიკის დროშის ფონზე იდგა და „preety woman“-ს სულ ცეკვა-ცეკვით მღეროდა. ეე, ნავერიანმა ხომ მკითხა, ეგ კლიპი როგორ არ გაქვს ნანახიო? მგონი, ნავერიანიც ინდური ფილმების ფანია, ხო იცი!
ვერ ნახავ ჟურნალს ან ბილბორდს, რომელზეც ჩახ რუხ ხანი ან ამიტაბ ბაჩანი არ იყოს გაკრული. ჰა, ჰა, უკიდურეს შემთხვევაში, ამიტაბ ბაჩანის შვილი. სხვადასხვა კომპანიების და მათი პროდუქციის რეკლამას ეს სამეული აკეთებს - „რა ვიცი, აბა, რა გითხრა?! ჩახ რუხ ხანი ძალიან პოპულარულია, განსაკუთრებით ევროპაში, აი, გერმანიაში ხომ საერთოდ, ნუ იტყვი... რა ნახეს ამ კაცში, მართლა ვერ ვიგებ“ - მითხრა რეჟისორმა ნარეშ შარმამ - „საერთოდ, ჩვენ კინოთი დიდ ფულს ვშოულობთ, წელიწადში ასე 400-600 ფილმს მაინც უშვებს ბოლივუდი. ვცვლით დეკორაციებს, მსახიობებს, ტანსაცმელს, ქვეყნებს, ვიღებთ შვეიცარიაში, ამერიკაში. ძალიან გვიყვარს მრავალფეროვნება, ოღონდ, გარეგნული მრავალფეროვნება, თორემ ისე, ყველგან ერთი შინაარსია. ზოგჯერ, იცი, რას ვფიქრობ, კიდევ კარგი ინგლისმა დაგვიპყრო და არა საფრანგეთმა. რატომ? ინგლისური საერთაშორისო ენაა და ახლა უკვე ყველას ვაგებინებთ, რა გვინდა. ჰო, ისე, ადრე თუ ინგლისმა დაგვიპყრო, ახლა მწერებმა შეგვჭამეს, მაგრამ...“ დიალოგში ლატვიელი რეჟისორი ჩაერთო, რომელმაც ჩინურ კინოზე დაიწყო ლაპარაკი, იმაზე, თუ როგორი პოპულარული გახდა ჩინური კინო მსოფლიოში, როგორი წარმატებით იღებენ პრიზებს ჩინური ფილმები მსოფლიოს სხვადასხვა კინოფესტივალებზე, მაშინ, როცა ინდური კინო.... მოკლედ, მრავალმნიშვნელოვნად დაასრულა, მიდი, ახლა შენ გააგრძელეო. - „იცი, რას გეტყვი, ჩინეთი ჩვენზე დიდია და ჩვენ მას მერე ვართ, მაგრამ არა უშავს, ესეც დროის საკითხია. ჩინური ფილმები ცნობილია? ჩვენც გავხდებით ცნობილები! ჩინელები რაღაცებს იგონებენ? ჩვენც გამოვიგონებთ! ყველაზე მთავარი ხომ შთაგონებაა, ჰოდა, ჩვენც ამ შთაგონებას ჩინეთისგან ვიღებთ, გვაცადეთ, ბატონებო, გვაცადეთ!!!“ - უპასუხა ნარეშმა. ამ პასუხის გამგონე ლატვიელი ცოტა დაიბნა და უკომენტაროდ, თეთრი ღვინის წრუპვა-წრუპვით დაგვტოვა. ჰო, ისე ერთი საინტერესო რამ გავარკვიე, რომ ინდოეთში არა მხოლოდ ბოლივუდი, არამედ... სახელი დამავიწყდა... ტოლივუდი თუ რაღაც ამდაგვარი ყოფილა. ისიც თავისი ვარსკვლავებით და დიდი, დიდი კინოწარმოებით. აი, ასე.
მწერებზე გამახსენდა. ღამე მანქანით მოვდიოდი და ერთი უცნაური ნიშანი დავინახე. საგზაო ნიშანს ჰგავდა, მრგვალი, წითელი კანტით და შუაში გადასმული წითელი ხაზით. უბრალოდ, ვერ გავიგე ნიშანის შუაგულში რატომ ეხატა თვალებდაჭყეტილი კოღო! არა, არ შემშლია, კოღო იყო! არ უკბინოთ - არ გიკბინოთ თუ... არ ვიცი! ღამე ფეხით გავლა თითქმის შეუძლებელია. ადამიანებს ან დიდი მანქანების სახურავებზე სძინავთ, ან სულაც, ტროტუარზე. ზოგს თხელი ნაჭერი უფენია, ზოგი ისე, პირდაპირ წევს გავარვარებულ ასფალტზე. თან ზუსტად ხვდები, ვისთან რა სიტუაციაა, ზოგ ადგილას სამნი წვანან: დედა, მამა, შვილი, იქით სადღაც მარტო კაცია, მარტოა და... იქით ქალი და ბავშვი... გარშემო კი მანქანები გრიალებენ და ასიგნალებენ, ღმერთო ჩემო, სულ ასიგნალებენ. ზოგჯერ მგონია, რომ მოსწონთ ეს ამბავი. ჩაჯდებიან თუ არა თავიანთ მანქანებში, ხელს აჭერენ სიგნალს და სანამ დანიშნულების ადგილამდე მივლენ, არც ერთი არ უშვებს ხელს. საგიჟეთია.... უცებ გვერდზე ძროხა ჩაგივლის, იქვე დაინახავ, როგორ ბანს ტროტუარზე მამა შვილს თავს და ამ დროს, კიდევ მოტოციკლეტიანი ბიჭი ჰაეროვან კოცნას გიგზავნის! რა არის?!
ისე, იმ დღეს თავი ინდური კინოს გმირი მეგონა. ყოველი ფილმის ბოლოს ხომ, როგორც წესი, წვიმს და გმირები წვიმაში ფეხშველები დარბიან! ჰოდა, მეც ასე მომივიდა, საშინელი წვიმა წამოვიდა, დიდი ამბით ერთ-ერთ ბაზარში ვიყავი წასული, ხელი უნდა შემეღება ხნით. „ეს წვიმა კიდევ დიდ ხანს არ გადაიღებსო“ - მითხრა აპარაჯიტამ. არადა, ისევ რაღაც მიღებაზე გვაგვიანდებოდა. ნახევარი დელი ფეხშველებმა შემოვიარეთ და უცბად, ისე მომინდა მათ ენაზე დამეწყო ლაპარაკი, იდიოტივით ვიღიმებოდი და კაცმა არ იცის, რა მიხაროდა ასე ძალიან.
არ მინდა წასვლა! მაგრამ უკან ისე როგორ დავბრუნდე, რომ მსოფლიოს შვიდ საოცრებაში შესული ტაჯ-მაჰალი არ ვნახო?! აპარაჯიტამ რაღაც ტურისტულ სააგენტოში დარეკა და ჩემთვის ადგილი დაჯავშნა. დილის 7-ზე გამომიარეს. პატარა მანქანაა, აი, ჩვენ „მარშრუტკებს“ რომ ვეძახით ისეთი. ჩემ გარდა კიდევ ხუთნი სხედან. უცნაურია, ყველა ინდოელია! ჩემსავით, ფოტოაპარატით და ზურგჩანთით მოდიან აგრაში. მერე გავარკვიე, ესენი ლოს-ანჯელესიდან ინდოეთში ჩამოსული ინდოელები არიან. რამდენიმე წლის წინ რომ წავიდნენ და ახლა - ჩემი ინდური ძალიან ცუდია, სულ დამავიწყდა, oh, really-ს? cool-ს რომ გაიძახიან ყოველ მეორე წინადადებაში. 4 საათი ისე ვიარეთ, რომ არც ერთი ცარიელი მიწის ნაკვეთი, ნაკვეთი კი არა, მიწის მტკაველი არ შეგვხვედრია. სულ დასახლებული პუნქტებია, სულ! ჩახ რუხ ხანი და ბაჩანი აქაც არიან, რა თქმა უნდა! გზაში უცნაური სადალაქო დავინახე, აქამდე ასეთი არაფერი მინახავს. კაცს ქუჩაში გამოუტანია სკამი, კლიენტის მოლოდინში თავად ზის ზედ და ფეხები დაბალ კედელზე აქვს აწყობილი. კედელზე მომცრო ზომის სარკე ჰკიდია და ერთი და განახათ, რა ოსტატურად ათამაშებს ხელში მაკრატელს - აბა, აბა, ვინ პირველიო...
ტაჯ-მაჰალს როგორც კი მივუახლოვდით, მანქანიდან გადმოგვსვეს და ფეხით წავედით. მაგრამ იცი, რა... ტაჯ-მაჰალზე შეუძლებელია სიტყვით მოყვე, ხელით დაწერო ან თუნდაც ჟესტების ენაზე გამოხატო რაიმე. ტაჯ-მაჰალი უნდა ნახო! ჩვენს იქ ყოფნაში ამინდი ცხრაჯერ მაინც შეიცვალა და ყოველ ჯერზე, ტაჯ-მაჰალის თეთრი მარმარილოს კედლები სხვადასხვა ფერად აკიაფდა. გიდი გვერდიდან არ მცილდებოდა და ინდური ინგლისურით მიჰყვებოდა რაღაცებს, ვუსმენდი, აბა რა მექნა?! ხომ ვერ ვეტყოდი არ მესმის შენი ინგლისური და ჩუმად იარე ჩემ გვერდით-მეთქი?! რაც გავიგე, ის ისედაც ვიცოდი, რომ ეს სიყვარულის ტაძარია, რომ ის შაჰ ჯაჰანმა რიგით მესამე ცოლს - მუმთაზ მაჰალს აუშენა, მას შემდეგ, რაც ეს უკანასკნელი, მეთოთხმეტე შვილის მშობიარობას გადაჰყვა. იქიდან აგრას ციხესიმაგრე დავლაშქრეთ და დაღლილები, მაგრამ ბედნიერები ჩავსხედით „მარშუტკაში“. არასდროს მეგონა, რომ 4 საათი გაუჩერებლად შემეძლო ლაპარაკი. წინ ვიჯექი და მარტო მე ვხედავდი, პერიოდულად როგორ ყვინთავდა საჭესთან ჩვენი მძღოლი. შიგადაშიგ დამფრთხალი თვალებით გადავხედავდი ხოლმე უკან მსხდომ მგზავრებს და ჩუმად ვანიშნებდი - ვიღუპებით, ეძინება-მეთქი. ისინი კი მხრებს იჩეჩდნენ - არ ვარგა ეგო. ჰოდა, მეც მთელ ხმაზე გავკიოდი, აღარ მახსოვს რას და როგორ, ოღონდაც კი, იმ მძღოლის ყურადღება მიმექცია და ის შავი კაცი თვალდახუჭული აღარ დამენახა.
ძლივს მოვასწარი სასტუმროში მისვლა, ბარგის აღება და აეროპორტში გავარდნა. გიჟივით შევვარდი ინდირა განდის სახელობის აეროპორტში. - „belly dancer?“ - მკითხა აეროპორტის მოსამსახურე პერსონალმა, არა-მეთქი - ვუპასუხე, მაგრამ საკუთარ თავს სარკეში რომ შევხედე, ცოტა შემეშინდა, აღარაფერი მეცხო ძველი სალომესი. გული დამწყდა, რომ მოვდიოდი, მაგრამ საკუთარი თავი მაინც ვანუგეშე, ან წინა ცხოვრებაში ვიყავი ინდოელი, ან მომავალში ვიქნები-მეთქი და ბარგი ჩავაბარე.
P.S. ისევ აქ ვარ. თვითმფრინავს რაღაც სჭირს და ცოტას ხომ დაგველოდებითო - გვკითხეს მგზავრებს, - აბა, რა ჯანდაბას ვიზამთო - ვუპასუხეთ ისევ ერთხმად.
ნავერიანს ფოტო ვერ ჩამოვუტანე, მიტხუნ ჩაკრაბორტი ვერ ვნახე. სამაგიეროდ, ბევრ ინდურ ფილმს ვუყურე და ჩემთვის, ისევ ისეთი სარკეებიანი კაბა და შარვალი ვიყიდე. ჰო, ჩემს ფოტოს კაცს ტელეფონით ვკითხე - ერთ კარგ ტაჯ-მაჰალს ხომ ამიშენებ-თქო და კიო - მიპასუხა.
![]() |
7 ინტერვიუ |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
7.1 დინოზავრი თაიმს სკვერზე |
▲ზევით დაბრუნება |
შეხვედრა ჟურნალ „ნიუ-იორკერის“ რედაქტორთან, დევიდ რემნიკთან
ავტორი: შორენა შავერდაშვილი
რეპორტაჟები შეერთებული შტატებიდან
მომზადდა „თი ბი სი“ ბანკის მხარდაჭერით
1998 წელს დევიდ რემნიკი ამერიკის ყველაზე ავტორიტეტული ჟურნალის, „ნიუ-იორკერის“ რიგით მეხუთე რედაქტორი ხდება. მის არჩევას ამ პოსტზე ჟურნალის თანამშრომლები 5 წუთიანი ტაშით ხვდებიან. 9 წლიანი რედაქტორობის მანძილზე, რემნიკმა მოახერხა ის, რომ თითქმის საუკუნოვანი ტრადიიციისა და უნიკალური გამოცდილების ჟურნალი, რომელიც ამერიკის კონტრკულტურას თუ ლიტერატურულ პროცესებს განსაზღვრავდა, კიდევ უფრო აქტუალური და ავტორიტეტული გაეხადა კრიტიკული საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში. რემნიკის რედაქტორობის პერიოდშივე მიაღწია ჟურნალის ტირაჟმა მილიონ ეგზემპლარს.
„არა მგონია, „ნიუ-იორკერი“ ოდესმე უკეთესი ყოფილიყოს. უფრო საინტერესო, უფრო წარამტებული. კვირიდან-კვირამდე დევიდი ახერხებს თავი მოუყაროს საინტერესო მწერლებისა და ისტორიების საუკეთესო კომბინაციას, მარგინალურიდან მეინსტრიმამდე. ამის კეთება კი, იოლი არ არის. როცა „ნიუ-იორკერი“ იწყებოდა, მაშინ ბევრი სხვა კარგი ჟურნალი გამოდიოდა. ახლა ასეთი ჟურნალები ძალიან ცოტაა და ეს ცოტაც - გადაშენების პირას. დევიდისნაირი რედაქტორები, ალბათ, აღარც არსებობენ“ - ამბობს მაიქლ სპექტერი, რემნიკის დიდი ხნის მეგობარი, კოლეგა და ჟურნალის ერთ-ერთი ავტორი.
„ნიუ-იორკერის“ ჟურნალისტურ გამოძიებებზე დაყრდნობით, „ნიუ-იორკ თაიმსი“ ხშირად აკეთებს ხოლმე საპასუხო საგაზეთო სტატიებს ამერიკის ადმინისტრაციის „ინსაიდერულ“ ახალ ამბებზე ან უცხოეთის რეპორტაჟებზე ერაყიდან და ავღანეთიდან. „რატომ არის ერაყი ბუშის საერთაშორისო მოკავშირეების პოლიტიკური სიკვდილი“, ან „როგორ ცვლის ამერიკა ირანთან ურთიერთობის პოლიტიკას“ - „თაიმსის“ ეს ჰედლაინები პირდაპირ პასუხობს ხოლმე „ნიუ-იორკერის“ გამოძიებებს. „ჩვენ კონკურენტები ვართ, მაგრამ ეს მიღებული პრაქტიკაა. იმდენად ხშირად ვხდებით წყარო „თაიმსისთვის“, რომ როცა ეს არ ხდება, თან გაზეთის პირველ გვერდზე, უკვე გვიკვირს ხოლმე და ვბრაზდებით, რომ ჩვენი თემა არ განავრცეს, ანუ არ ჩათვალეს საკმარისად მნიშვნელოვნად“ - ამბობს რემნიკი - „თუმცა, „ნიუ-იორკ თაიმსი“ ხომ არ არის ვალდებული „ნიუ-იორკერის“ ქსეროქსის მანქანა იყოს?
„იცი, ძვირფასო, ახლა რაც მჭირდება, კონგოზე 10,000 სიტყვიანი სტატიის წაკითხვაა“
„ეს არის ჟურნალი, რომელიც 10,000 სიტყვიან სტატიებს აქვეყნებს აფრიკის რესპუბლიკებსა და საპენსიო სისტემაზე, სადაც თითქმის არ არის სურათები და თავიდან ბოლომდე შავ-თეთრია. როგორ იყიდება „ნიუ-იორკერი“ კვირაში მილიონ ეგზემპლარზე მეტი? - წერს გაზეთი „გარდიანი“.
ეს ის კითხვაა, რომელზე პასუხიც არავის აქვს. თუ რემნიკის წინამორბედი, თინა ბრაუნი 80-იანების და 90-ების ამერიკის სულისკვეთებას პასუხობდა და სამსახურში მხოლოდ პოპულარული მწერლები აჰყავდა უზარმაზარ ჰონორარებზე, ჟურნალის პრომოუშენისათვის ცნობილი ადამიანების საღამოებს მართავდა (რამაც ჟურნალს წლიური 20 მილიონიანი დანაკარგი მოუტანა) და უარს ამბობდა ყველა სტატიაზე,აზიდან ერთად გამოვედით, ყველას რომელიც ტრენაჟორზე ვარჯიშის დროს მის ყურადღებას ვერ იპყრობდა, რემნიკმა კი საერთაშორისო რეპორტაჟები, სუბკულტურებისა და მარგინალური თემების კვლევები დაამატა ჟურნალს. ეს მაშინ, როცა სატელევიზიო ახალი ამბები ამერიკაში სამომხმარებლო, გასართობი ხასიათის გახდა და სულ უფრო ნაკლებად აშუქებდა გლობალურ მოვლენებს. „ჩემი გამოცდილება რეპორტიორის და უცხოეთის კორესპონდენტის გამოცდილებაა, მაგრამ რთულია, განასხვავო შენი ბუნებრივი მიდრეკილებები იმისაგან, რასაც დროის მოთხოვნა ჰქვია. ჩემი რედაქტორობის პერიოდი კრიზისს დაემთხვა - გახანგრძლივებულ, ჩახლართულ, ტრაგიკულ, თითქოს დაუსრულებელ კრიზისს, რომელიც მოიცავს 11 სექტემბრის პრეისტორიას, 11 სექტემბერს, ერაყს, ავღანეთს, დაძაბულ ურთიერთობებს ამერიკასა და თითქმის მთელ დანარჩენ მსოფლიოს შორის“ - ამბობს რემნიკი და ამით, თავის პრინციპულ გადაწყვეტილებაზე მეტად, დროსთან თითქოს ბუნებრივ ადეკვატურობას უსვამს ხაზს. როგორც „ნიუ-იორკერის“ ერთ-ერთი ავტორი, მალკომ გლედველი აღნიშნავს, „ჩვენ, მოულოდნელად, ძალიან სერიოზულ დროში ვცხოვრობთ, სადაც გაჩნდა მოთხოვნა სერიოზული მოვლენების სერიოზულ გააზრებაზე“.
ისევ „გარდიანი“: „თუმცა, როგორ შეიძლება რემნიკის სარედაქციო სტრატეგიას ბუნებრივი ვუწოდოთ, მაშინ, როცა მას სხვა არავინ მიმართავს? რაც არ უნდა ხშირად აკრიტიკებდეს თავის წერილებში პრიალა ჟურნალის, „Vanity Fair“-ის რედაქტორი, გრეიდონ კარტერი ბუშის ადმინისტრაციას, მას მაინც ხშირად უწევს გარეკანის ვარსკვლავის „ბიკინებში“ გადაღება. მაშინ, როცა გამომცემლობა „კონდე ნასტის“ სხვა სართულზე („კონდე ნასტი“ ორივე ზემოხსენებული ჟურნალის მფლობელია - შ.შ.), „ნიუ-იორკერს“ გარეკანზე სეიმორ ჰერშის გამოძიებები გამოაქვს და მაინც, წლიური 10 მილიონი მოგება აქვს. პოპ-კულტურის აღზევების ხანა არანაირად არ დასრულებულა და როგორ ახერხებს რემნიკი ამას?
რემნიკს კარგად ესმის ამ მოჩვენებითი მისტერიის, ამიტომაც, სარედაქციო გადაწყვეტილებების მისაღებად ფოკუს-ჯგუფებს არასოდეს იყენებს. როგორც თვითონ ამბობს, გენიოსობა არ სჭირდება იმის მიხვედრას, რომ მისი მკითხველების ასი პროცენტი, სამსახურიდან სახლში დაბრუნების მერე, გასაღებს არ დადებს და არ იტყვის, „იცი, ძვირფასო, ახლა რაც მჭირდება, კონგოზე 10,000 სიტყვიანი სტატიის წაკითხვაა“. „ასე რომ, ბეჭდავ ამას და იმედი გაქვს, რომ რასაც დაუყოვნებლივ გადახედავს მკითხველი, კომიქსები, უფრო მოკლე სტატიები და კულტურული მოვლენების მიმოხილვებია. მერე, მეორე დილით, სამსახურისაკენ მიმავალ გზაზე, ვიღაც ამ წერილსაც გადაეყრება და, მისი სიგრძის მიუხედავად, თავიდან ბოლომდე წაიკითხავს“ - ხსნის რემნიკი. ასე რომ, ის, რაც ერთი შეხედვით ელემენტალური ლოგიკაა, რემნიკის ყველაზე წარმატებული ექსცენტრიზმია.“
1. რემნიკი მეუღლესთან ერთად; 2. რემნიკი და სეიმორ ჰერში „ნიუ-იორკერის“ 2007 წლის ფესტივალზე; 3. ვუდი ალენთან; 4. ჯონ სტიუარტთან; 5. რემნიკი მისი ბოლო წიგნის „რეპორტაჟები“ პრეზენტაციაზე; 6. ორჰან ფამუქი რემნიკთან და მის მეუღლესთან ერთად; 7. ჰილარი კლინტონთან და ალეკ ბოლდვინთან ერთად; 8. გარი კასპაროვთან „ნიუ-იორკერის“ 2006 წლის ფესტივალზე; 9. ჯონ აბდაიკთან ერთად
„პოსტის“ რეპორტიორი, მოსკოვის ბიურო, პულიცერის პრემია, მუჰამედ ალი და სხვა
დევიდ რემნიკი ჰილსაიდში, ნიუ ჯერსიში, ებრაელების ტრადიციულ ოჯახში დაიბადა. მისი მშობლები სტომატოლოგი და სკოლის მასწავლებელი იყვნენ და გარანტირებული უზრუნველი მომავლისათვის, უნდოდათ, დევიდი ან ექიმი გამხდარიყო, ან იურისტი. ცხადია, სახლი სავსე იყო წიგნებით. მრავალხმრივი ინტერესები ბავშვობიდან ჰქონდა. „ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ არ შეიძლებოდა ერთდროულად უოლტ უიტმენი და ნიუ-იორკის ბეისბოლის გუნდი მოგწონებოდა. ასეთი ტიპის დიქოტომია ყოველთვის ხელოვნურად მეჩვენებოდა. თუ ლიტერატურა გიყვარს, არ შეიძლება სპორტიც გაღელვებდეს. რაც სრული აბსურდია“.
პრინსტონის უნივერსიტეტის „შედარებითი ლიტერატურის“ ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, რემნიკმა 10 წელი „ვაშინგტონ პოსტში“ გაატარა. ამ დროს ის წერდა გაზეთის „მეტროს“, „სტილის“ და „სპორტის“ სექციებისთვის. მისი პირველი წერილი მწერალ ტრუმან კაპოტეს ძალიან დახვეწილი და ღრმად გააზრებული პორტრეტი იყო. რემნიკის ცხოვრება რადიკალურად მას მერე შეიცვალა, რაც ის 1988 წელს „ვოშინგტონ პოსტის“ მოსკოვის ბიუროს კორესპონდენტი გახდა. ის ამ პოსტს ნაწილობრივ პირადი ინტერესის გამოც დათანხმდა - მისი ორივე ბაბუა რუსი-ებრაელი იყო და ენის სწავლა და თავისი წარმომავლობის უკეთ გააზრება უნდოდა. ქორწინებიდან 2 თვის თავზე, რემნიკი და მისი მეუღლე, ეშერ ფეინი, „ნიუ-იორკ თაიმსის“ კორესპონდენტი მოსკოვში გადაბარგდნენ საცხოვრებლად. დევიდმა მოსკოვში 4 წელი გაატარა, საიდანაც საბჭოთა კავშირის ნგრევაზე წერდა სტატიებს და ამ პერიოდის ისტორიის უნიკალური პუბლიცისტური კალეიდოსკოპი შექმნა. მან ყველა დროის ყველა ჟურნალისტის რეკორდი მოხსნა, როცა „ვაშინგტონ პოსტის“ ერთ ნომერში სამი სტატია ჰქონდა და სამივე პირველ გვერდზე. სამივე ერთი ქვეყნიდან - საბჭოთა კავშირიდან.
მისმა პირველმა წიგნმა, „ლენინის სამარხი: საბჭოთა იმპერიის უკანასკნელი 10 დღე“ რემნიკს 1994 წლის პულიცერის პრემია მოუტანა. 3 წლის თავზე დაწერა მეორე წიგნი რუსეთზე - „აღდგომა: ბრძოლა ახალი რუსეთისათვის“, რომელიც უკვე ელცინის რუსეთზე მოგვითხრობს.
„ვაშინგტონ პოსტის“ შეფასებით, „რემნიკს აქვს უნიკალური ნიჭი საჯარო პირებზე წეროს ისე, რომ მკითხველი ბოლომდე ჩაწვდეს მათ გულსა და გონებას და,ამავდროულად, ზუსტად და ნათლად აღწეროს ის ისტორიული თუ კულტურული კონტექსტი, სადაც ეს ადამიანები ცხოვრობენ“. მაიკ ტაისონი, ალ გორი, ტონი ბლერი, ვლადიმირ პუტინი, ალექსანდრ სოლჟენიცინი, ვაცლავ ჰაველი, ბენიამინ ნეთანიაჰუ, იასირ არაფატი, ამოს ოზი, ქეთრინ გრეიჰამი, - ეს პროფაილები და ესეები „ნიუიორკერში“ სხვადასხვა დროს ქვეყნდებოდა და ,რემნიკის სხვა საუკეთესო სტატიებთან ერთად, მის ბოლო წიგნში, „რეპორტაჟები: წერილები ნიუ-იორკერიდან“ არის თავმოყრილი.
ის წერს ყველაფერზე, რაც აინტერესებს - პოლიტიკა, სპორტი, ისტორია, რუსეთი, ახლო აღმოსავლეთი, ლიტერატურა. „30 წლების ინტელექტუალივით ხარ: ყველაფერზე წერ, დაწყებული პოლიტიკიდან ბოქსით დამთავრებული“ - უთხრეს რემნიკს ერთერთ ინტერვიუში. „ბოქსი შემთხვევითი ამბავია, უბრალოდ შეუძლებელია მუჰამედ ალით არ მოიხიბლო და მისი ფენომენი ჯეროვნად არ შეაფასო“ - უპასუხა მან.
აქვე, ინსპირაციისათვის, ამონარიდი წიგნიდან: „მუჰამედ ალი და ამერიკელი გმირის აღზევება“:
„ალი ამერიკული მითია, რაც უამრავი ადამიანისათვის ბევრ რამეს ნიშნავს: სიმბოლო რწმენის, სიმბოლო თავდადების და უკომპრომისობის, სიმბოლო მშვენიერების, ტაქტიკისა და გამბედაობის, სიმბოლო რასობრივი სიამაყის, მჭერმეტყველების და სიყვარულის. ალის ფიზიკური მდგომარეობა შოკის მომგვრელია, არა მხოლოდ იმის გამო, რომ ის აჩქარებული ფორმაა იმისა, რისიც ჩვენ ყველას გვეშინია - სიბერის პროგრესიის, ცხოვრების საფრთხისა და მოულოდნელობის. ალიში ჩვენ იმ ადამიანის სისუსტეს ვხედავთ, ვისი საქმეც პლანეტის ყველაზე უშიშარ ადამიანად ყოფნა იყო. მაგრამ ალის ავადმყოფობის ამბავი არახალია და აღარც ისეთი განსაცვიფრებელი, და მიუხედავად იმისა, რომ მისი მოძრაობები ხისტია და საჯარო გამოსვლებიც თითქმის აღარ აქვს, ის მაინც ახერხებს, შთააგონოს ყველა ადამიანი ყველა აუდიტორიაში თუ სცენაზე, ყველა სტადიონზე, ყველგან, სადაც მიდის. ვიდრე ალი გადასახლებიდან დაბრუნდებოდა და ხელახლა მოიპოვებდა ჩემპიონის ტიტულს, მისკენ მიმართული თითქმის მთელი აგრესია განელდა. ნაწილობრივ იმიტომ, რომ ბევრი ხედავდა, როგორი გულწრფელი იყო, მიუხედავად იმისა, მისაღები იყო თუ არა მათთვის „ისლამური ნაცია“. ის აცინებდა მათ. და ბოლო-ბოლო, დრო შეიცვალა, მართლა შეიცვალა, ან ზოგიერთები შეიცვალნენ…
როცა ლისტონის და პატერსონის ორთაბრძოლებს ვუყურებდით, ვკითხე, როგორ გინდა, რომ დაამახსოვრდე ხალხს-მეთქი. მაშინ არ მიპასუხა. მოგვიანებით, როცა ჯერ კიდევ შეეძლო ლაპარაკი, ალიმ ამ კითხვაზე უპასუხა: „გეტყვით, როგორი მინდა, რომ გახსოვდეთ: როგორც შავკანიანი, რომელმაც მოიპოვა ჩემპიონობა მძიმე წონიანებში, ვისაც იუმორის გრძნობა ჰქონდა და ყველას კარგად ექცეოდა. როგორც კაცი, რომელიც ზემოდან არასოდეს არ უყურებდა მათ, ვინც მას აღმერთებდა და რომელიც დაეხმარა თავის ხალხს იმდენად, რამდენადაც შეეძლო - როგორც ფინანსურად, ისე თავისუფლებისთვის, სამართლიანობისთვის და თანასწორობისთვის ბრძოლაში. როგორც კაცი, რომელიც არასოდეს შეარცხვენდა მათ. როგორც კაცი, რომელმაც ისლამის მეშვეობით სცადა მათი გაერთიანება. და თუ ძალიან ბევრს ვითხოვ, მაშინ დავჯერდები იმასაც, თუ მომიგონებენ როგორც გენიალურ ბოქსიორს, რომელიც თავისი ხალხის მქადაგებელი და ჩემპიონი გახდა. და არა უშავს, თუ დაავიწყდებათ, როგორი ლამაზი ვიყავი.“
რემნიკის კითხვისას ხვდები, რომ მისი სტატიების გმირები, მუჰამედ ალის მსგავსად, თითქმის ყოველთვის დინების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ, ისინი ვიზიონერები არიან, ცვლიან სამყაროს თავის გარშემო და მკითხველისთვისაც ინსპირაციის წყარო ხდებიან.
შეხვედრა ალტერ-ეგოსთან
დევიდ რემნიკთან შეხვედრაზე არც მიოცნებია. მაგრამ „ნიუ-იორკერის“ ფესტივალზე მივდიოდი და რადგან მაქსიმალისტი ვარ, ვიფიქრე, იქნებ რემნიკთან ინტერვიუც მეცადამეთქი. ყველა წესის დაცვით ავაწიოკე მისი პირადი სამდივნო, ჟურნალის „პიარისა“ და ფესტივალის საორგანიზაციო სამსახურები. ძალიან დატვირთული გრაფიკი აქვს, მაგრამ, იქნებ, რამე მოგიხერხეთო. თბილისშიც და ნიუ-იორკში ჩასვლის მერეც, მოთმინებით ველოდი პასუხს დეტალებით, „ინტერვიუ ამა და ამ დღეს, ამა და ამ საათზე, აქა და აქ“. თუმცა ი-მეილი არ ჩანდა. მაგრამ, ვიდრე ხელს ჩავიქნევდი, ფესტივალის ერთ-ერთი ღონისძიების მერე, ჟურნალის ვეტერანი მკითხველების და რემნიკის ნაცნობების ალყა გავარღვიე და ინტერვიუ პირდაპირ ვთხოვე. „ქართველი ჟურნალისტის“ სტატუსმა გაჭრა. „с удовольствием“, რუსულად მიპასუხა. ეს კვირა მძიმე მაქვს, ახლა ხომ არ გცალია, ნახევარი საათით ყავაზე დაგპატიჟებდიო. რატომღაც..!
დარბაზიდან ერთად გამოვედით, ყველას ზრდილობიანად, მაგრამ ნიშნის მოგებით ვუღიმოდი, განსაკუთრებით, რემნიკის ასისტენტებს, რომლებიც გაკვირვებას ვერ მალავდნენ მისი გეგმების ასეთი მოულოდნელი შეცვლის გამო და ხელში რაღაც ქაღალდებს აჩეჩებდნენ. ასე აღმოვჩნდი სრულიად მოულოდნელად, სრულიად აჟიტირებული, უახლოეს „სტარბაქსში“ დევიდ რემნიკთან ერთად, მთელი საათით და 10 წუთით!
„ვაკეთებ იმას, რაც მგონია, რომ არსებითია. მხოლოდ ამის კარგად კეთებისთვის მაქვს დრო“ - რემნიკი. ინტერვიუ.
რით იყო საინტერესო მოსკოვის პერიოდი თქვენს ცხოვრებაში?
რემნიკი: მოსკოვში გაგანია „პერესტროიკის“ დროს ვიყავი. ხალხი, ვისაც მაშინ ვიცნობდი, ან უკვე გარდაცვლილები არიან, ან საზღვარგარეთ გადახვეწილები, პენსიაზე გასულები ანდა, ციხეში გამომწყვდეულები. საქართველოსთან ახლა კიდევ უფრო ნაკლები მაკავშირებს. ერთადერთი, ამ ბოლო დროს სააკაშვილის რამდენიმე შეხვედრაზე ვიყავი აქვე, ვაშინგტონში. თქვენი პრეზიდენტი რიჩარდ ჰოლბრუკის ფანი ჩანს… თუმცა, ვიცი, ჩემთან საქართველოზე სალაპარაკოდ არ მოსულხარ, ამიტომ გისმენ.
ისევ მოსკოვს რომ დავუბრუნდეთ...
რემნიკი: ჰო, ახლა 48 წლის ვარ. „ვაშინგტონ პოსტში“ რომ ვმუშაობდი, ოცდარაღაცა წლის ვიყავი. ვწერდი სპორტზე, კრიმინალურ ქრონიკაზე, ჟურნალებზე და რაზე აღარ. 1987 წელს რედაქციაში გამოაკრეს შეტყობინება, რომ „ვაშინგტონ პოსტი“ „პერესტროიკის“ გამო აფართოებდა თავის მოსკოვის ბიუროს - ერთი კაციდან ორ კაცამდე. ცოტა რუსული უკვე ვიცოდი და ძალიან მინდოდა მეტი მესწავლა, თან, იქ წასვლა არავის უნდოდა, ძალიან ცივაო. ასე რომ, მოსკოვში 1988 წლის იანვარში გავემგზავრე და დავბრუნდი მაშინ, როცა კრემლიდან საბჭოთა კავშირის დროშა ჩამოხსნეს. ჩემი იქ ყოფნის დროს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, როგორც საბჭოთა იმპერიაზე და მოყანყალებულ სისტემაზე დაკვირვება, ისე უკრაინის, ბალტიისპირეთის და საქართველოს ეროვნული მოძრაობების პროცესების გააზრება. მარტო საქართველოში, ალბათ, 10-ჯერ ვარ ამ პერიოდში ნამყოფი.
ფანტასტიკური დრო იყო. რუსეთში ყოფნა მაშინ ველურ დასავლურ ფილმში ყოფნას ჰგავდა. ჩადიხარ მეტ-ნაკლებად მშვიდობიან იმპერიაში (გამონაკლისებს არ ვგულისხმობ), რომელიც იშლება, იცვლება და იხსნება დანარჩენი საყაროსათვის ისე, როგორც არასოდეს. ყველას უნდოდა და მზად იყო ამაზე ელაპარაკა. მაშინ, როცა ვაშინგტონში, გაცილებით რთული იყო ჟურნალისტისათვის მუშაობა. ველაპარაკებოდი არა მხოლოდ ლიბერალური ინტელიგენციის 4-5 წარმომადგენელს, არამედ „პოლიტბიუროს“ წევრებს, „ცეკაკაპაესესის“ ხალხს, არაფორმალებს, გლეხებს, ყველას. ეს აბულაძის „მონანიების“ პერიოდი იყო. ზოგადად, მონანიების პერიოდი. ასე რომ, ჩემი ინტერვიუების და მოგზაურობის წყალობით, იმპერიას მისი ყველა კუთხეკუნჭულიდან ვაკვირდებოდი.
ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ დასავლური პრესის ძალიან მცირერიცხოვანი კორპუსი იყო მოსკოვში. 2-3 კაცი „ნიუ-იორკ თაიმსიდან“, 2 კაცი „ვაშინგტონ პოსტიდან“, სააგენტოების ხალხი. მაშინ, როცა რამდენი კორესპონდენტი მუშაობს კონგრესში? უამრავი. ასე რომ, ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ახალი ამბავი თავიდან ბოლომდე მე მეკუთვნოდა. მეკუთვნოდა არა, მაგრამ რეპორტიორისთვის სამოთხე იყო მაშინდელი საბჭოთა კავშირი. შეგეძლო შენი სახლის წინ სკამზე მჯდარიყავი და მხოლოდ ადგილობრივი გაზეთების, „მოსკოუ ნიუსის“, „იზვესტიას“ და „ლიტერატურნაია გაზეტას“ კითხვითაც კი, სახლიდან ფეხის მოუცვლელად, დღეში 2 სტატია დაგეწერა. და სხვათა შორის, მაშინ გაცილებით საინტერესო პრესა იყო რუსეთში, ვიდრე ახლა. მაშინ იწყებოდა „ეხო მასკვიც“. რეგიონული რეპორტაჟები გაცილებით სუსტი იყო - ინტერნეტიც მაშინ იდგამდა ფეხს. ახლა თუ შეგიძლია მოსკოვში იჯდე და მთელი რეგიონის ახალი ამბებს ინტერნეტით ღებულობდე, ჩემს დროს ინტერნეტი არ ფუნქციონირებდა, ამიტომ, 14 რესპუბლიკას ერთნაირად კარგად ვერ ვაშუქებდით.
მოსკოვიდან რომ დავბრუნდი, ვიცოდი, რომ მზად ვიყავი და მინდოდა, წიგნის დაწერა საბჭოთა კავშირის ნგრევაზე. „ლენინის სამარხი“ 10 თვეში დავწერე.
მისი კითხვისას, ისეთი შეგრძნება გიჩნდება, რომ „ინსაიდერის“ დაწერილია.
რემნიკი: ჰო, რაღაც პერიოდის მერე, სტუმარი აღარ ხარ. როგორც ახლა შენ მოხვედი მეშვიდე ავენიუდან მეხუთეზე, მეც ასე დავდიოდი მოსკოვის ქუჩებში. მოვშინაურდი. თუმცა, ადგილობრივი ვერასოდეს ხდები. ამის ილუზია არ უნდა გქონდეს. ისე კი, უდავოდ ფანტასტიკური წლები იყო და თუ რამემ შეცვალა ჩემი ცხოვრება რადიკალურად, ეს მოსკოვია.
ამ წიგნით გარკვეულწილად დაგვირგვინდა თქვენი მოსკოვური ეპოპეა. მერე რა ხდება თქვენს ცხოვრებაში?
რემნიკი: დავბრუნდი და „ნიუ-იორკერში“ დავიწყე მუშაობა. სამსახურში ახალმა დანიშნულმა რედაქტორმა, თინა ბრაუნმა ამიყვანა. თინა ძალიან კარგად მექცეოდა. შეიძლება ითქვას, მანებივრებდა კიდეც. მიუხედავად იმისა, რომ პირადად მას რუსეთის პოლიტიკა ნაკლებად აინტერესებდა, წელიწადში 2-3-ჯერ მაინც ვბრუნდებოდი მოსკოვში მივლინებით. ასე რომ, გარკვეულწილად არ დავკარგე რუსეთთან კავშირი. ჩემი ბოლო ვიზიტი მოსკოვში სულ ახლახან იყო, გარი კასპაროვის პროფაილისათვის, რომელიც, თითქოს, პრეზიდენტობის კანდიდატობას აპირებს.
აქვს კი მას რამე შანსი?
რემნიკი: არა, რაღა თქმა უნდა. და ეს მასაც კარგად ესმის. ის არ არის იმის ილუზიებში, რომ პუტინს დაამარცხებს. კასპაროვის მიზანი პოლიტიკური კონტექსტის, განსხვავების, არჩევანის შექმნაა. მისი პოზიცია ინტელექტუალური ოპოზიციონერობაა. ის ამიტომაც იყრის კენჭს და ეს მისასალმებელია. ამ სტატიით მინდოდა დამეწერა რუსეთის ამჟამინდელ პოლიტიკაზე მისი გადმოსახედიდან, მისი შანსების გაზვიადების გარეშე. როგორც პოლიტიკური პარტია „სხვა რუსეთის“ ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი, რომელიც აერთიანებს ლიბერალებს, ნეო-ბოლშევიკებსა და ყველას, ვისაც პუტინის კრიტიკა უნდა, კასპაროვი მხოლოდ ნომინალურად განსაზღვრავს ოპოზიციურ პოლიტიკას იმ ქვეყანაში, სადაც, სინამდვილეში, არ არსებობს რეალური პოლიტიკა გარდა იმისა, რაც მისი ამჟამინდელი პრეზიდენტის ორ ყურს შუა არსებულ ენიგმატურ სივრცეში ხდება. უმრავლესობის ხედვა პუტინზეა ფოკუსირებული, პუტინზე და პუტინიზმზე. თუმცა, ჩვენთვის, დასავლეთისთვის, რთულია აკრიტიკო რუსეთის ხელისუფლება. გარდა იმ ბუნებრივი რესურსებისა, რაც რუსეთს აქვს, რუსეთის კოზირი ამერიკის, როგორც საერთაშორისო მოთამაშის დემორალიზაციაა. ასე რომ, დასავლეთის კრიტიკას პუტინი კრიტიკითვე პასუხობს: „შეხედეთ ამერიკას და ნუ მიკითხავთ დემოკრატიის გაკვეთილებს. შეხედეთ აბუ გრეიბს, გუანტანამოს, სხვა უამრავ რამეს“. და ჩვენდა ძალიან სამწუხაროდ, მისი ეს სიტყვები უსაფუძვლო ნამდვილად არ არის.
1998 წელს დავუბრუნდეთ. როგორ გახდით „ნიუ-იორკერის“ რედაქტორი?
რემნიკი: 1993-1998 წლამდე ვწერდი „ნიუიორკერისათვის“. ყოველ დღე ვწერდი, ბევრს ვმოგზაურობდი. და მერე, თითქმის ერთ ღამეში, თინას წასვლის მერე, ამირჩიეს რედაქტორად. მანამდე ცხოვრებაში არც ერთი გვერდი არ მქონდა გარედაქტირებული. თუ არ ჩავთვლით, სკოლის გაზეთს, რომელიც ძალიან ცუდი იყო.
გქონიათ იმის შეგრძნება, ბავშვობაში, რომ ოკეანეში შეგიცურიათ, ტალღას დაუფარიხართ და არ ყოფილხართ დარწმუნებული, ისევ სუნთქავდით თუ არა?! ჩემი რედაქტორობის პირველი წელი დაახლოებით ასე იყო. მაგრამ მას მერე ბევრი წელი გავიდა.
რა შეიცვალა „ნიუ-იორკერში“ თქვენი 9 წლიანი რედაქტორობის პერიოდში?
რემნიკი: ვფიქრობ, რომ ბევრ ცვლილებას სამყარო გახვევს თავს. არა მგონია, 90-აინ წლებში ჟურნალს ამდენი ეწეროს საერთაშორისო მოვლენებზე. ახლო აღმოსავლეთი, სამხრეთ აზია, გარემოს დაცვის საკითხები, რაც სულ უფრო და უფრო სერიოზული თემა ხდება ჩვენთვის. ბევრს ვწერთ ვაშინგტონზე, გასაგები მიზეზების გამო - 11 სექტემბერი და ასე შემდეგ. ასე რომ, ეს შეიცვალა. ასევე, ჩემი რედაქტორობისას დავიწყეთ ჟურნალის ვებ-გვერდი და მას მერე ის უმჯობესდება და უმჯობესდება. ასევე ბევრი ცვლილებაა იმაში, თუ როგორ ვმუშაობთ და ვავრცელებთ ჟურნალს. მაგალითად, ზიხარ თბილისში, კრეფ www.newyorker.com და ჟურნალის ორ მესამედს ონლაინ რეჟიმში კითხულობ. მალე, იმედი მაქვს, ჩვენს საიტზე მთელი ჟურნალი დაიდება, თუ მოვახერხეთ და მოვიფიქრეთ, ამისათვის ფული როგორ გადაგახდევინოთ. ესეც ცვლილებაა.
იმედი მაქვს, ჟურნალი იმაზე სასაცილოა, ვიდრე იყო. თუმცა, ეს ძალიან რთულია. ლიტერატურა ჯერ კიდევ მნიშვნელოვანი კომპონენტია ჩვენი ჟურნალისათვის და ეს ასე იქნება იქამდე, ვიდრე ჩემს სიტყვას აქ რამე ფასი აქვს. ეს მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა სხვა ჟურნალმა ლიტერატურაზე ხელი ჩაიქნია.
ბევრ საათიანი სამუშაო დღეები გაქვთ?
რემნიკი: კი, მაგრამ მე ოჯახიც მყავს.
სამი შვილი გყავთ.
რემნიკი: ჰო, ინტერნეტი სასაცილო რამეა. ბევრი რამე იცი. უფროსი 17 წლისაა, უმცროსი 8-ის.
როგორი უერთიერთობა გაქვთ შვილებთან? ცდილობთ, მათ თქვენი ინტერესები მოახვიოთ თავზე?
რემნიკი: არა მგონია. თუმცა, თუ მიცდია, არ გამომსვლია. ისე, ჩემთან აღმზრდელობითი რჩევებისათვის არ უნდა მოხვიდე, მაგრამ უფროს ბიჭს, ალბათ, ყველაზე მეტად აინტერესებს ჩემი აკვიატებები - ისტორია, ლიტერატურა. თუმცა, ძალიან დიდი შეცდომაა შვილებს პირში ჩასჩარო შენი სურვილები. უბრალოდ, უნდა შეუქმნა ისეთი გარემო, სადაც მათ ეცოდინებათ, რომ ყველაფრის კეთება შეიძლება, რაც საინტერესოა, გარდა იმისა, რაც არალეგალურია.
სამუშაო დღეებზე მკითხე. მე არ ვაგროვებ მარკებს, არ ვთევზაობ, არ ვთამაშობ გოლფს, არ ვაკეთებ იმას, რასაც სხვები აკეთებენ. მე ვკითხულობ, ვწერ, დროს ვატარებ მეგობრებთან და ოჯახთან ერთად და ყველაფერი დანარჩენი უმნიშვნელოა, პიცის ცომის ნარჩენია. ვაკეთებ იმას, რაც მგონია, რომ არსებითია. მხოლოდ ამის კარგად კეთებისთვის მაქვს დრო. ესეც, ღმერთმა უწყის, რამდენად წარმატებულად. თუმცა, ვცდილობ.
ლეგენდები დადის იმაზე, რომ თქვენ ძალიან სწრაფად წერთ სტატიებს. მარკ სინგერი ამბობდა, დევიდი ერთი კვირით მიდის მივლინებაში და 12,000 სიტყვიან სტატიას უკანა გზაზე, თვითმფრინავშივე ამთავრებსო.
რემნიკი: ძალიან სწრაფად ვწერ და უმოწყალოდ ეფექტურად ვიყენებ დროს. ჩემი ერთერთი გმირი, ლიბლინგი ამბობდა, რომ ის წერდა იმათზე კარგად, ვინც წერდა უფრო სწრაფად, და უფრო სწრაფად, ვიდრე ისინი, ვინც წერდნენ უფრო კარგად. მე ლიბლინგის მეასედიც არ ვარ, მაგრამ ეს პრინციპი ცოტათი ჩემზეც ვრცელდება.
ერთ-ერთ ინტერვიუში წავიკითხე, რომ თვლით, რომ ძალიან იღბლიანი ხართ. მაგრამ რატომ, აღარ ეწერა……
რემნიკი: იღბლიანი ვარ იმიტომ, რომ ჩემი პირველივე სამსახური „ვაშინგტონ პოსტში“ იყო. თავიდან პოლიციაზე ვწერდი, მაგრამ მერე მითხრეს, კრიმინალური ქრონიკის წერა არ გამოგდის, იქნებ სპორტი გეცადაო.
ეს როგორ მოახერხეთ? კარგი უნივერსიტეტი დაამთავრეთ და ამიტომ მოხვდით „პოსტში“?
რემნიკი: კარგი უნივერსიტეტი კი დავამთავრე, მაგრამ ეს არაფერ შუაშია. კარგი უნივერსიტეტი კარგ იურიდიულ სკოლებში ჩაბარებაში დაგეხმარებათ. გაზეთებში ეს არავის აინტერესებს. ფეხებზე ჰკიდიათ. შეგიძლია თუ არა წერა? შეგიძლია თუ არა კარგი ამბის მოტანა? მე ორჯერ ვიყავი იქ ინტერნატურაზე და ამდენი მოვახერხე.
ასევე იღბლიანი ვარ იმიტომ, რომ მოსკოვში მოვხვდი. 28-29 წლის ვიყავი და ჩავედი დაუჯერებელ ამბავში. ალბათ, იქ ურიგოდაც არ ვაკეთებდი ჩემს საქმეს და ამან ფუნდამენტურად შეცვალა ჩემი ცხოვრება. „ნიუ-იორკერში“ მუშაობის იდეაც და ამ ჟურნალთან ასოცირებული თავისუფლებაც ძალიან მომხიბლავი იყო. ასე რომ, ჩემს პროფესიულ ცხოვრებაში, მართლა ძალიან გამიმართლა.
„ნიუ-იორკერთან“ საუკეთესო თანამედროვე მწერლები თანამშრომლობენ. რთულია მათთან ურთიერთბა?
რემნიკი: მათთან უერთიერთობა ჩემი საქმეა. ჩემი დროის ნახევარზე მეტიც ამაზე მიდის. ისე, დღეს სეიმორ ჰერში ერთ-ერთ ასეთ ამბავს იხსენებდა, გახსოვს? ერაყზე ბოლო სტატიის რედაქტირებისას, წამომიხტა, ხელები ჰაერში აისროლა და შესძახა: „მორჩა, ჩემი ფეხი აღარ იქნება აქ, თქვენი დედაც!“ და ოთახიდან შურდულივით გავარდა. ზუსტად ორ დღეში დავურეკე და მისი ახალი გამოძიების თემაზე, ირანის ატომურ სადგურებზე და მის წყაროებზე ვილაპარაკეთ.
ფანტასტიკური რესპონდენტები გყოლიათ. გამოარჩევდით ვინმეს?
რემნიკი: ბევრი ცნობილი ადამიანის დასახელება შემიძლია. მაგრამ უცნობებთან უფრო საინტერესო და ღირებულია მუშაობა, მათთან უფრო მეტი დროის გატარების საშუალება გეძლევა. რაც უფრო ცნობილია რესპონდენტი, მით უფრო ხელოვნური და მოზომილია საუბარი. უფრო ფრთხილობენ, უფრო მეტი აქვთ დასაკარგი. კითხვების აცილების უფრო მეტი გამოცდილებაც აქვთ, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ, ვცდილობ, ჩემი რესპონდენტებს მათი ცხოვრების იმ ეტაპზე შევხვდე, როცა ისინი უფრო გახსნილები არიან, როცა თავის „პიარ“ სამსახურებით არ არიან გარშემორტყმული, როცა წააგეს, გადადგნენ და ბევრი აღარაფერი აქვთ დასაკარგი. როცა წარმატების ზენიტი გადავლილია და ისინი ისევ ადამიანები ხდებიან. ასე იყო ალ გორთან, როცა მან არჩევნები წააგო, უფრო სწორად, მოიგო, მაგრამ ვერ გახდა ქვეყნის პრეზიდენტი. მას სწორედ იმ დროს შევხვდი, როცა ის ცდილობდა გამორკვეულიყო ამ წარუმატებლობის შემდეგ რა უნდა ეკეთებინა. ეს ის პერიოდი იყო, როცა ლექციებს კითხულობდა გარემოს დაცვის თემებზე. ყველა ლექცია ამ სიტყვებით იწყებოდა: „გამარჯობა, მე შეერთებული შტატების მომავალი პრეზიდენტი ვიყავი“. აუდიტორია იცინოდა. ის კი პასუხობდა: „სხვათა შორის, ეს არ არის სასაცილო“…
ვაცლავ ჰაველს შევხვდი მაშინ, როცა ის თავის ჯადოსნურ საპრეზიდენტი კარიერას ასრულებდა და პრაღის სასახლის დასატოვებლად ემზადებოდა. სოლჟენიცინს მაშინ ვესტუმრე, როცა მისი ოჯახი ჩემოდნებს ალაგებდა და რუსეთში ბრუნდებოდა…
„სოლჟენიცინი ვერმონტში“ ჩემი ერთ-ერთი საყვარელი პროფაილია…
რემნიკი: სოლჟენიცინი, სოლჟენიცინი…ძალიან საინტერესო ადამიანია. რატომღაც, მის ცოლს მოვეწონე და ვერმონტში, თავის სახლში დამპატიჟა. მაგრამ თვითონ სოლჟენიცინთან ბევრი დრო არ გამიტარებია. სულ ორჯერ შევხვდი. ძალიან უცნაურია, მეცხრამეტე საუკუნეში ცხოვრობს ჯერ კიდევ. ბევრი მასზე აგდებულად ლაპარაკობს და მესმის, რატომაც. მაგრამ მგონია, რომ ის მაინც ჰეროიკული ადამიანია.
ასევე ძალიან საინტერესო იყო მწერალ ფილიპ როფზე მუშაობა… თუ ის სხვა დროს ძალიან მხიარული და ენაწყლიანი ადამიანია და „ნიუ-იორკერის“ რედაქციაში სტუმრობისას თავის გარშემო იკრებს ყველას, ვინც კი იმ წუთას რედაქციაში ჭაჭანებს, მონიკა ლევინსკის ზაფხულში, როფი ვერ იყო ხასიათზე. იმ ზაფხულს კითხვის ქვეშ დადგა სიტყვა „არის“ მნიშვნელობა, იმ ზაფხულს ვლაპარაკობდით და ვფიქრობდით, რას ნიშნავდა ღალატი, ტყუილი, მატყუარას მცდელობა თვალი გაესწორებინა ამ თავზარდამცემი სიმართლისათვის. მაშინ ფილიპ როფმა თავი მოიფხანა და თქვა: მგონი, კლინტონი უნდა ადგეს და საჯარო განცხადება გააკეთოს, სადაც ყველაფერზე ილაპარაკებს - გრძელ და რთულ ქორწინებაზე, თავის სისუსტეებზე, შეცდომებზე და იქნებ გაებედა კიდეც და რიტორიკული კითხვა დაესვა მაყურებლისთვის: ნუთუ მარტო ვარ ამ განცდებში? ცხადია, პოლიტიკოსები ასე არ იქცევიან, მაგრამ როფი გამოვიდა ინიციატივით, რომ ჟურნალს დაეწყო დისკუსია ამ თემაზე. საბოლოოდ, თვითონ ვეღარ მოიცალა ამ საქმისათვის, იმიტომ, რომ წერდა წიგნს, ტრილოგიის მესამე ნაწილს, სადაც მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ამერიკაზე იყო საუბარი… მოკლედ, მასთან მუშაობაც ძალიან საინტერესო იყო.…
დრო ამოიწურა
ჩვენი ინტერვიუს დაწყებიდან ერთი საათისა და 10 წუთის მერე, რემნიკს მეუღლემ დაურეკა. „სამწუხაროდ, უნდა დაგემშვიდობო, მთელი კვირაა მე და ეშერს ერთმანეთი არ გვინახავს, გუშინ დაბრუნდა ბეირუთიდან და პაემანი გვაქვს დანიშნული“. ვერ გავაპროტესდებდი, სამწუხაროდ. „იღბალს გისურვებ, ჩემნაირ რესპონდენტს საკუთარ თავსაც არ ვუსურვებდი“.
მე კი, მაინც ძალიან კმაყოფილი ვიყავი. გარდა იმისა, რომ თქვენ ახლა წაიკითხეთ სტატია მსოფლიოს ყველაზე მაგარი ჟურნალის ყველაზე მაგარ რედაქტორზე, გამორთული დიქტოფონის ფონზე რემნიკისაგან მოვისმინე ის, რისი გაგებაც ძალიან მჭირდებოდა და რის მერეც არც ერთი სარედაქციო გამოწვევის აღარ შემეშინდება. ამას კი, თქვენი ნებართვით, ჩემთვის შევინახავ.
![]() |
7.2 თავისუფლების ამარა |
▲ზევით დაბრუნება |
ავტორი: შორენა შავერდაშვილი
სტატიის გენერალური სპონსორია
ფარმაცევტული კომპანია „ჯიპისი“ და ლიტერატურული კონკურსი „წერო“
რეპორტაჟები შეერთებული შტატებიდან
მომზადდა „თი ბი სი“ ბანკის მხარდაჭერით
„ცხელი შოკოლადის“ წინა ნომერში ჟურნალ „ნიუ-იორკერის“ ფესტივალზე მოგიყევით და დაგპირდით, სალმან რაშდის და ორჰან ფამუქის საუბრის ჩანაწერს „თემაზე“ სამშობლო, შემდეგ ნომერში შემოგთავაზებთ-მეთქი. ვასრულებ პირობას.
მიყვარს, როცა ადამიანი აზროვნების პროცესში გრთავს და მგლის თავზე სახარებას კი არ კითხულობს, შენც მოაზროვნე ადამიანად მიაჩნიხარ, თავის შეხედულებებსა და მოსაზრებებს ისე გაწვდის, როგორც თანასწორს და ფიქრის შანსს შენც გიტოვებს. სწორედ ასეთი მოსაუბრე აღმოჩდა ორჰან ფამუქი და სრულიად მოვიხიბლე. თუ მის წიგნებში ნელნელა, აუჩქარებლად იქარგება სიტყვები და ყველაფერს ნოსტალგიური და სევდიანი ელფერი დაჰკრავს, საუბრის დროს ის ჩქარობს, ხმაურობს, ბრაზობს, აპროტესტებს, ქაოტურ აზრებს აყალიბებს და ასოციაციებისთვის თანმიმდევრობის მიცემას ცდილობს. ასეთი კონტრასტი წარმოსახვით ფამუქსა და „რეალურ დროში“ მოსმენილ ფამუქს შორის ნამდვილად მოულოდნელი იყო. თუმცა, ნობელის ლაურეატი მწერალი საუბარშიც უამრავჯერ უბრუნდება ერთსა და იმავე აზრს და სათქმელს რუდუნებით ქარგავს.
რაშდი, მეორეს მხრივ, რაფინირებული მოსაუბრეა. მოზომილი შეფასებები, მოზომილი ტემპერამენტი და ბევრი ცინიზმი! რაშდი, ფამუქისგან განსხვავებით, საკუთარ აზრებში არასოდეს იხლართება. ის მკაფიოდ და ლაკონურად აყალიბებს სათქმელს.
„ნიუ-იორკერის“ ფესტივალის ლიტერატურული საღამოების ფარგლებში შედგა ეს შეხვედრაც. მწერლები საუბრობენ „მშობლიურზე“, „შინ“ დარჩენისა და „გზაზე დადგომის“ ურთიერთსაწინააღმდეგო ვნებებზე, ანარქისტობასა და პასუხიმგებლობაზე, ლიტერატურასა და აზროვნების საწყისებზე.
საუბარი მწერლებს შორის: სალმან რაშდი და ორჰან ფამუქი თემაზე - სამშობლო. საუბარს უძღვება „ნიუ-იორკერის“ ლიტერატურული რედაქტორი
ორჰან ფამუქი 2006 წლის ნობელის პრემიის ლაურეატია ლიტერატურაში. ის უმეტესწილად სტამბოლში ცხოვრობს და თურქეთის წამყვანი მწერალი და სპიკერია. მოქმედება მის ბესტსელერ რომანებში - მათ შორის, „ჩემი სახელია წითელი“, „შავი წიგნი“ და „თოვლი“ თითქმის ექსკლუზიურად თურქეთში ვითარდება და მათში ხშირად ისმის კითხვები კულტურულ და რელიგიურ იდენტობაზე, თურქეთის ისტორიასა და აწმყოზე. მემუარში - „სტამბოლი: ქალაქის მოგონებები“ და ესეების ბოლო კრებულში -„სხვა ფერები“ ფამუქი თავისი თანამემამულეების დაუვიწყარ სახეებს ქმნის. იმავდროულად, მას არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვს თავის სამშობლოსთან. მისი გულწრფელობისა და საჯარო გამოსვლების წყალობით, ხშირად თავდასხმის ობიექტი ხდება, როგორც პრესის, ისე ნაციონალისტური ჯგუფების მხრიდან. 2005 წელს, ფამუქის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე მისი ერთ-ერთ საჯარო გამოსვლის გამო, სადაც მან ოტომანების იმპერიას სომხების გენოციდში დასდო ბრალი. საქმე მოგვიანებით დაიხურა, მაგრამ მის წინააღმდეგ მიმართულმა აგრესიამ და თავდასხმების შიშმა, ფამუქი აიძულა მშობლიურ ქალაქში პოლიციის დაცვის ქვეშ ყოფილიყო.
სალმან რაშდი დაიბადა ბომბეიში, განათლება ინგლისში მიიღო. პაკისტანში ცხოვრობდა იქამდე, ვიდრე საბოლოოდ ლონდონსა და ნიუ-იორკში არ დაიდო ბინა. მისი მეოთხე რომანი „სატანური სტროფები“, რომელიც 1998 წელს გამოქვეყნდა და ნაწილობრივ, მუჰამედის ცხოვრებით იყო შთაგონებული, ლონდონში მცხოვრებ 2 ინდოელ ემიგრანტზე გვიყვება. რაც ამ წიგნის გამოქვეყნებას მოჰყვა, ყველას კარგად მოგეხსენებათ - მუსლიმურმა სამყარომ ის ღვთის შეურაცხყოფად შერაცხა და აკრძალა. დაიწყო საპროტესტო დემონსტრაციები, ირანის აიათოლა ჰომეინმა გამოსცა ფატვა - ბრძანება რაშდის მოკვლის თაობაზე. რაშდი წლების განმავლობაში იმალებოდა, თუმცა, მას შემდეგ ისეთი საყოველთაოდ აღიარებული რომანები დაწერა, როგორებცაა „მავრის უკანასკნელი ამოსუნთქვა“, „მიწა ფეხქვეშ“, „შუაღამის შვილები“, „მრისხანება“; ასევე, პუბლიცისტური წერილები და ესეები. მისი ჯილდოებიდან, რომელთა ჩამოთვლას აქ არ დავიწყებთ, აღსანიშნავია 2007 წლის დასაწყისში მიღებული „ბრიტანეთის იმპერიის რაინდის“ ტიტული.
რა ასოციაციები გიჩნდებათ სამშობლოსთან დაკავშირებით. ჯერ კიდევ არის თურქეთი და ინდოეთი თქვენი სამშობლო, თუ წლების მანძილზე შეიცვალა თქვენი დამოკიდებულება ამ ქვეყნების მიმართ?
რაშდი: ვფიქრობ, რომ სახლი ის ადგილია, სადაც იზრდები. შინ ყოფნის განცდა სხვაგან არსად გიჩნდება. ჩემთვის ბომბეია ჩემი სახლი, მაგრამ არა ბომბეი ზოგადად, არამედ ბომბეი - ერთ კონკრეტულ დროს. ვფიქრობ, დღევანდელი ქალაქი ძალიან განსხვავდება იმ ქალაქისაგან, სადაც მე გავიზარდე, თუმცა, ის მაინც ძალიან მიყვარს. მაგრამ სახლის განცდა დროსთან და სივრცესთან არის დაკავშირებული. მიუხედავად ამისა, როცა ინდოეთში ვბრუნდები, ყოველთვის მაქვს შეგრძნება, რომ სახლში ვბრუნდები.
მშობლიურის განცდის დიდი ნაწილი ლინგვისტურიცაა. ინდოეთში ჩასვლისას ვხვდები ხოლმე, რომ ენა, ჯერ კიდევ მახსოვს, მაგრამ დღეს, ამ წუთას, ის სადღაც მეხსიერების სხვენშია გამოკეტილი. ინდოეთში კი ,ისევ მახსენებს ხოლმე თავს. სახლში ყოფნა გარკვეულწილად ამასაც ნიშნავს - იბრუნებ უნარს დაისადგურო შენს მშობლიურ ენაში.
ფამუქი: მეც მსგავსი პასუხი მაქვს. ცხადია, ჩემი სამშობლო თურქეთია, განსაკუთრებით, სტამბოლი. მე არც აქ ვგრძნობ უცხოდ თავს, მაგრამ… ასევე ძალიან არ მიყვარს, როცა მეუბნებიან, გადასახლებაში ხარო. ხაზი გაუსვით, ჰა! არ ვამბობ, რომ დევნილი ვარ. ყოველთვის შემიძლია თურქეთში დაბრუნება. კი, იქ გარკვეულწილად მიწევს პირად უსაფრთხოებაზე ზრუნვა, ზედმეტად ბევრი მუქარა მესმის ჩემი მისამართით, მაგრამ… ისევ დავუბრუნდეთ იმას, თუ რატომ ვთვლი ჩემს სამშობლოს ჩემს სამშობლოდ. მგონია, რომ სამშობლო საწყისებია. ახალდაბადებული ცხოველივით ხარ, მგრძნობელობა გამძაფრებული გაქვს, ყველაფერს ისრუტავ და შთაბეჭდილებებს ჰარდ-დისკზე წერ. მოგვინებით, ამას იხსენებ, აფასებ, აანალიზებ მთელი დარჩენილი ცხოვრება. შეიძლება, ფროიდისეულად ჟღერდეს ეს ყველაფერი, მაგრამ ეს პირველი შთაბეჭდილებებია - ენა, კულტურა და ყველაფერი ის, რასაც კუთვ ნილების აურა აქვს, თანამედროვე დედის შეგრძნება. სახლი იქაა, სადაც დედაა. დედაჩემი ჯერ კიდევ იქ ცხოვრობს და მირეკავს ხოლმე, „დღეს ინტერვიუ გაქვს, ძვირფასო, არ დაგაგვიანდეს.“ სახლი იქაა, სადაც ეს დედობრივი ხმა გესმის, სადაც დაცული ხარ, სადაც კარტეზიანული ცნობიერება იწყება. სახლი სამყაროს დასაწყისია და ვეთანხმები სალმანს - ჩემთვის მშობლიური თურქეთის კონკრეტული პერიოდია. მაგალითად, როცა წიგნში „სტამბოლი“ ჩემი მოგონებები დავწერე, თურქი მწერლების ახალმა თაობამ და მეგობრებმა მითხრეს, რომ ახლანდელი სტამბოლი ასეთი შავ-თეთრი აღარ არის, ის უფრო მხიარული ადგილიაო. მაგრამ მე სწორედ სევდიანი სტამბოლი მიყვარს, მიყვარს ჩემი მოგონებები. ასე რომ, სახლი დედაა, საწყისებია, მოგონებებია, და რაღა თქმა უნდა, მშობლიური ენაა. ერთადერთი მშობლიური, რაც მობილურია - ენაა. ჩემი ენა ყოველთვის ჩემთანაა, შემიძლია მარსზე გავფრინდე, ან ციმბირში და სამხრეთ ამერიკაში წავიდე - იქ, სადაც ყველაზე შორია, მაგრამ თურქული ენა ყოველთვის ჩემთანაა, ყოველთვის ჯიბეში მიდევს და სულში მაქვს. მე ამ ენაზე ვწერ. ის ჩემი სახლია.
ამ ყველაფერთან სერიოზული მიჯაჭვულობა მაქვს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სახლში ყველაფერს მშობლიურად აღვიქვამ. ასევე არ ვამბობ, რომ ეს მშობლიურია, დანარჩენი ყველაფერი კი - უცხოა და მეორეხარისხოვანი. პირიქით, ჩემი სახლის მშობლიურობას მაშინ უფრო უკეთ აღვიქვამ, როცა არ ვარ თურქეთში. „შავი წიგნი“ ამერიკაში დავწერე და იქ ყველაზე რადიკალურად გამძაფრებული მქონდა თურქად ყოფნის განცდა, ჩემი იდენტობის სიმძაფრე. ყოველთვის მქონდა ეს პრობლემები და მშობლიურზე ფიქრი პირველად მაშინ დავიწყე, როცა 1985 წელს ნიუ-იორკში, მეუღლესთან ერთად ჩამოვედი, რომელიც კოლუმბიის უნივერსიტეტში დისერტაციას იცავდა. პირველად სახლი ფუნდამენტურად მაშინ გავაცნობიერე, როცა სახლში არ ვიყავი.
თქვენს რომანებში ყველგან მოგზაურობთ, მაგრამ მაინც მუდამ ინდოეთსა და თურქეთში ბრუნდებით. რამდენად გარდაუვალია ეს მიზიდულობა?
რაშდი: ვფიქრობ, რომ სამშობლო ის არის, რაც მე მერგო, როგორც მწერალს. ხანდახან შემიქცევია მისთვის ზურგი, მაგრამ ყოველთვის მაბრუნებს უკან. ხანდახან ეს პროცესი ომს ემსგავსება, ხანდახან გინდა დაწერო სხვა რამეზე, მაგრამ ქრონიკულ გაწევ-გამოწევაში ხარ ჩართული. ეს გარდაუვალია. ორჰანის აზრი მინდა გავაგრძელო: არც მე მაქვს „გადასახლებულის“ განცდა, ერთადერთხელ იყო, თითქმის 10 წლიანი პერიოდი, როცა ვერ ვბრუნდებოდი ინდოეთში, ცნობილი მიზეზების გამო. ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რატომაც ვამაყობ „მავრის უკანასკნელი ამოსუნთქვით“ ,არის ის, რომ ეს ერთადერთი რომანია, რომელიც ინდოეთზე, ინდოეთში ჩაუსვლელად დავწერე. და როცა ინდოელებმა წაიკითხეს ეს წიგნი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპლიმენტი მითხრეს - ესე იგი, შემოპარვა მოახერხე, არა? სხვა შემთხვევაში, როგორ გეცოდინებოდა ეს ყველაფერი?
ინდოეთზე წერა მაშინ უფრო იოლია, როცა იქ არ ხართ?
რაშდი: არა, რთული იყო. „შუაღამის ბავშვებში“ უფრო იოლი იყო. ლონდონში რომ არ მეცხოვრა, ვერც კი მექნებოდა ეს აბსურდული მისია, ერთ წიგნში დამეწერა მთელ
ქვეყანაზე,. ამხელა ინდოეთში როცა ცხოვრობ, ერთ ქუჩას შეიძლება მიუძღვნა მთელი წიგნი. ნახევარი მილიარდი ადამიანის ერთ წიგნში ჩატევა სიგიჟეა და ვფიქრობ, ცოტა დისტანცირებული უნდა იყო, მასზე წერა რომ გაბედო.
ფამუქი: ვწერ სახლზე, იმიტომ, რომ მხოლოდ ეს ვიცი. სტამბოლზე ვწერ იმიტომ, რომ იქ გავატარე ჩემი ცხოვრების 50 წელი. და როცა მთხოვთ, რომ ჰუმანიზმზე ვილაპარაკო, ვიწყებ ჰუმანიზმზე ლაპარაკს ისე, რომ არ მავიწყდება - მხოლოდ სტამბოლზე ვსაუბრობ. მაგრამ ეს განსჯის საგანია. თუ სამშობლოში არყოფნას ასე დრამატულად და გაზვიადებულად შევხედავთ და დავიჯერებთ, რომ არსებობს სამშობლო და დანარჩენი სამყარო, მაშინ რეპრეზენტაციის მახეში გავებმებით.
ვწერ სტამბოლზე, იმიტომ, რომ ჰუმანიზმს სტამბოლში ვეზიარე. ჩემი მიზანია არა თურქების დახასიათება, თუ როგორ გამოიყურებიან ან იქცევიან ისინი - ეს მაშინაც კი არ მიფიქრია, როცა სტამბოლიდან ფეხს არ ვიცვლიდი. ყოველთვის მქონდა განცდა, რომ ვწერდი კაცობრიობაზე. როცა ჩემი წიგნების თარგმნა დაიწყეს, ყველამ აღნიშნა, რომ თურქებზე და სტამბოლზე ვწერდი. მე კი მეგონა, რომ კაცობრიობაზე ვწერდი. ეს სწორედ ის პრობლემაა, რაც სამშობლოს თემასთან დაკავშირებით მაწუხებს. ჩვენ ყველას გვაქვს სამშობლოს განცდა. ეს გარდაუვალია, თითქმის ცხოველური ინსტინქტია. მაგრამ ჩემი ცნობიერი, რომელიც უფრო აწონილ-დაწონილია, უფრო ჭკვიანია და მართავს ჩემს არსებას, მეუბნება, რომ, როცა საზღვარგარეთ ყოფნისას სახლზე მეკითხებიან, არ მინდა ხაზი გაუსვა განსხვავებას სახლსა და სხვა ადგილებს შორის. როგორც კი ამას აკეთებ, მაშინვე მის რეპრეზენტირებას იწყებ.
რაშდი: ერთხელ მორიგ შარში გავეხვიე… ჩემმა ერთ-ერთმა წიგნმა ძალიან კეთილგანწყობილი შეფასებები მიიღო „ნიუ-იორკ თაიმს ბუქ რევიუსგან“. კრიტიკოსმა გამოიყენა ფრაზა, რომელიც მერე ყველა გამომცემელმა აიტაცა - „რაშდის წიგნების კითხვისას ხვდები, რომ კონტინენტმა იპოვა ხმა“. დანარჩენი კონტინენტი ძალიან გაბრაზდა ამის გამო. „რა, ის ერთადერთია, ვინც ლაპარაკობს? რა ვუყოთ ამ კონტინენტზე 17 ენაზე დაწერალ 200 წლიან ლიტერატურას? და ამ ლიტერატურული მემკვიდრეობის ფონზე, შენ იპოვე მისი ხმა? ჩვენ რაღას ვაკეთებდით მთელი ამ ხნის მანძილზე?“ - ისმოდა ყოველი მხრიდან.
ფამუქი: აქ მხოლოდ რეპრეზენტირების პრობლემა არ არის… აქ სხვა წნეხიც არსებობს. სიყვარულზე წერ და გეუბნებიან, რომ „თურქულ სიყვარულზე წერ.“ იმხელა ზეწოლაა, რომ მას ან უგულებელყოფ, ან იმდენ ენერგიას და ნებას ხარჯავ მის იგნორირებაში, რომ ბოლოს, მაინც რაღაცნაირად დეფორმირებული ხდები. ასე რომ, ვფიქრობ, რომ სახლი სახლია და მასზე ბუნებრივად უნდა ვილაპარაკოთ. საბოლოო ჯამში, შენი სახლი სამყაროა, სახლი იქ არის, სადაც კაცობრიობაა და საიდანაც ადამიანებს უყურებ. თუ კაცობრიობის ნაწილი არ ხარ, მაშინ არც სამშობლო გაქვს. ლიტერატურის გამოწვევაც ეს არის. ძალიან ცოტა რამ ვიცი ცხოვრებაში. ვიცი ჩემი სამეზობლო, ჩემი ოჯახი, ჩემი მეგობრები. ჩემი ყველა თურქი მეგობარი მეუბნება, ყველაფერი რაზეც წერ, ორჰან, ავტობიოგრაფიულიაო. ვპასუხობ: ეგრეა, მაგრამ არავის უთხრათ-მეთქი. ლიტერატურა ფანტასტიკური სწორედ ამითაა - ცვლი დეტალებს, ანზოგადებ შენს გამოცდილებას, კუთხეს უცვლი რეალურ ადამიანებს და, საბოლოო ჯამში, საკუთარი ავტობიოგრაფია კი არა, ზოგადსაკაცობრიო ამბავი გამოდის.
რაშდი: დედაჩემმა ყველას ბინძური ჭორი იცოდა - ჭორაობის გარსია მარკესია - მას ჰქონდა ფანტასტიკური, რამდენიმე თაობაზე ჩახლართულად აწყობილი სტრუქტურა იმისა, თუ ვინ ვის რა გაუკეთა. ის გენიალური წყარო იყო ჩემთვის. ერთხელ გამომიცხადა, აღარ მოგიყვები არაფერს, იმიტომ, რომ მერე შენ ამ ყველაფერს შენს წიგნებში წერ და ამის გამო მე მხვდებაო. აქ, ალბათ, იმ აზრს ვუბრუნდებით, რომ სახლი დედასთან ასოცირდება. მაგრამ ერთი კონტექსტი, რომელშიც ეს იდეა პრობლემატურია, მწერლების წარმომავლობას ეხება, განსაკუთრებით, მესამე მსოფლიოს მწერლებს. რატომღაც ამერიკელ ან ევროპელ მწერლებს შეეძლოთ წასულიყვნენ და ეცხოვრათ იქ, სადაც მოისურვებდნენ, მაგრამ მაინც ამერიკელ მწერლებად რჩებოდნენ. თუ სკოტ ფიტცჯერალდი ცხოვრობს რივიერაზე, ჯოისი ცხოვრობს ტრიესტში ან ჰემინგუეი - პარიზში, ეს ჩვეულებრივი ამბავია და ამით ისინი ამერიკელი მწერლის სტატუსს არ კარგავენ. მაგრამ თუ ინდოელი მწერალი ლონდონში ან ნიუ-იორკში ცხოვრობს, ეს პრობლემაა. და არა მხოლოდ ეს - არსებობს მოლოდინი, რომ მხოლოდ ინდური მასალის გამოყენებით უნდა წერო, მაშინ, როცა, დასავლელ მწერლებს ყოველთვის ჰქონდათ თავისუფლება, ეწერათ ყველაფერზე, რაზეც მოისურვებდნენ. ერთხელ მკითხეს, რა აზრის ვიყავი აფრიკულ ხელოვნებაზე, მხოლოდ იმიტომ, რომ ერთერთ წიგნში აფრიკულ ხელოვნება მომქონდა მაგალითად. შეკითხვაც კი საწყენია. თუ ამერიკელ მწერალს სურს აფრიკული ხელოვნების მოდელად გამოყენება, ეს არაფერი. და თუ ინდოელ მწერალს უნდა დასავლური წყაროს გამოყენება შთაგონებისათვის, მაშინ ის უკვე ეჭვმიტანილია არააუთენტურობაში. ასე რომ, არსებობს ეს ორმაგი სტანდარტი და ჩვენ მას უნდა გავუმკლავდეთ. ინდოეთის შემთხვევაში, არსებობს უზარმაზარი დიასპორა, რომელსაც თავის კულტურა ჩამოუყალიბდა. ინდოელები უკვე ყველგან არიან. ინდური გამოცდილებაა როგორც ნაციონალური, ისე ინდური დიასპორის გამოცდილებაც. ვერ წარმომიდგენია, რატომ არ შეიძლება სილიკონ ველზე მცხოვრებმა მწერალმა დაწეროს კარგი რომანი ინდურ სოფელზე? ეს ხომ ბუნებრივი რეფლექსიაა. ინდოეთი ხომ კომპლექსურია.
თქვენ ორივენი წერთ თქვენი სამშობლოების ისტორიულ პერიოდებზე. ანუ, წყაროდ იყენებთ როგორც ისტორიას, ისე ფოლკლორს.
რაშდი: ჰო, კარგია, როცა ძველი კულტურის წარმომადგენელი ხარ.
ფამუქი: აჰა! აბა, რას ფიქრობთ ამაზე?
რაშდი: ბოდიში, ამერიკა!
ყოველთვის ვხალისდები ხოლმე, როცა აქ ყოფნისას ჩემი თანამგზავრები თითს გაიშვერენ რაღაც მეცხრამეტე საუკუნის შენობისკენ და მეუბნებიან, როგორი ძველია ის.
ფამუქი: ჩემთვის სამშობლოსთან დაკავშირებული ყველაზე ძვირფასი, არაა მისი ისტორია. ისტორია მნიშვნელოვანია, მაგრამ ის ისეთი ხელოვნური რამეა… იცვლება პოლიტიკა, იცვლება ისტორიაც. ამიტომ, შენ ცდილობ შენი ისტორია იპოვნო. სამშობლოს თემა აუთანტურობის იდეასაც ეხება. პირველი ხმები, პირველი სუნები, პირველი სიმღერები, პირველი შეგრძნებები შენს სახლში გიჩნდება. ამიტომ, ყველაფერ დანარჩენს ცოტა ხელოვნურობის ელფერი დაკრავს. მაგრამ თქვენი გონება უნდა გაუძალიანდეს ამ ინსტინქტს. თუ ზედმეტად დიდ დატვირთვას მიანიჭებ შენი პირველი შეგრძნებების, დედობრივი განცდებისა და ადრეული შთაბეჭდილებების განუმეორებლობას, აუთენტურობას და მშობლიურობას, მაშინ მახეში ებმები. ამ ყველაფრის პატივისცემა ერთგვარი ტაბუა და შენც ამის გაკეთებისკენ მოგიწოდებენ. მაგრამ ამით შეურაცხყოფას აყენებ დანარჩენ კაცობრიობას. შენი სამშობლოს მშობლიურობის გაზვიადებით რისკავ უარყო დანარჩენი სამყაროს ადამიანური გამოცდილება.
რაშდი: მოდით, ასე შევხედოთ ამ ამბავს. ყველანი ვტოვებთ ჩვენს მშობლიურ სახლს. ყველანი ვიზრდებით ჩვენი მშობლების სახლში და მერე, რაღაც ეტაპზე, ვქმნით საკუთარ ოჯახს. ასე რომ, სახლის იდეა არ არის მხოლობითი. ის ნარატიულია. გვაქვს სახლი, რაც მოგვეცა და გვაქვს სახლი, რასაც თავად ვქმნით. და ისინი, ვინც არასოდეს ტოვებენ მშობლების სახლს, ცოტა საწყლები არიან.
ფამუქი: არ გეთანხმები! ვაპროტესტებ! არავითარ შემთხვევაში!
რაშდი: როგორც იქნა, რაღაცაზე არ ვეთანხმებით ერთმანეთს, ორჰან!
ფამუქი: ვეცდები ავხსნა ჩემი დამოკიდებულება. როცა „სტამბოლი“ დავწერე, ძირითადად, სტამბოლში ვცხოვრობდი. მნიშვნელოვანი ის კი არ არის, ფიზიკურად სად ცხოვრობ. მთავარია, რომ შენი სამშობლოს გააზრებისას გამოიყენო ის კრიტერიუმები, რომლებიც შეიძლება არ იყოს შენი კულტურის ნაწილი. შეიძლება სამშობლოში, შენს სახლში ცხოვრობდე, მაგრამ გულწრფელად გრძნობდე დისკომფორტს შენ გარემოსთან. იყო მორალური, ნიშნავს - არ გრძნობდე თავს ისე, როგორც საკუთარ სახლში, სადაც არ უნდა იყოს ეს შენი სახლი. იმისათვის, რომ თავი საკუთარ სახლში არ იგრძნო, უნდა გქონდეს განსხვავებული კრიტერიუმები, განსხვავებული იდეები, რომლებიც არ არის „მშობლიური“ და „ჩვეული“. ამ შემთხვევაში, სადაც გინდა იქ იცხოვრე. შეიძლება, შენი მისამართი არ შეიცვალოს - ნეტავ, ჩემი მისამართი არასოდეს იცვლებოდეს, ამას არაფერი აჯობებდა - მაგრამ მთავარია, არ გქონდეს კონფორმისტული გონება და გქონდეს განსხვავებული შეხედულებები, კითხულობდე განსხვავებულ წიგნებს, გქონდეს განსხვავებული კრიტერიუმები - ეს არის გადამწყვეტი. ძალიან ზედაპირულია ყოფა, როცა სამშობლოში ხარ და ყველაფერს ეთანხმები. სამყაროს განსხვავებული ხედვა იმ წიგნებიდან მომაქვს, რომელსაც მარტოდ ყოფნის დროს ვკითხულობ. ამ უტოპიური იდეებით ვართობ ჩემს გონებას და ყველაფერს ამ იდეების კონტექსტში ვაანალიზებ. ამ სამუშაოს შესრულებით, მგონი, სამშობლოს უფრო უკეთ აღვიქვამ, ვიდრე ისინი, ვისაც დისკომფორტი და პროტესტი თავისი გარემოს მიმართ არასოდეს გასჩენიათ.
რაშდი: ურთიერთსაწინააღმდეგო იმპულსები ყველა ადამიანშია. არსებობს სახლში ყოფნის და გაქცევის სურვილი, ფესვების ქონის და წასვლის ოცნება. ჩვენ ყველას გვაქვს კომფორტის, სიმყარის, ფამილარული ეგზისტენციის შეგრძნება, როცა ვართ იქ, სადაც შინ ყოფნის განცდა გვიჩნდება. ასევე არსებობს აჩქარების, საკუთარი თავის და სხვისი აღმოჩენის სურვილი, რომელსაც ასევე მძაფრად ვესწრაფვით ჩვენი ცხოვრების მანძილზე. თუმცა, სამშობლოში ყოფნის, ფესვების ქონის ოცნება უფრო პრივილეგირებულია ჩვენს კულტურაში. ჩვენ ვთვლით, რომ ეს კარგია. ჩვენ უნდა მივეკუთვნოთ იმ ადგილს, სადაც შემთხვევით დავიბადეთ. წასვლის ოცნება, განზრახ ნაპოვნი გასასვლელის იდეა უფრო პრობლემატურია და საეჭვო. მაგრამ ეს ისაა, რაც ჩემთვის ძალიან საინტერესოა… შემოქმედებით პროდუქციას რომ გადახედო, იქნება ეს კინო, წიგნები თუ მუსიკა, ჩვენ იმ ხელოვანებს მოვყავართ აღტაცებაში, ვინც „წავიდა“, „დატოვა“. როგორც კი გზას დაადგები, არაფორმალის, ბანდიტისა და კრიმინალის ბედი გხიბლავს, იმ ადამიანის ბედი, ვინც გზიდან უხვევს. ჩვენი ოცნებაც ეს არის. თითქოს, ჩვენი არაწარმოსახვითი „მე“ ცდილობს ააშენოს სახლისა და „მიკუთვნების“ იდეა, ჩვენს წარმოსახვით „მეს“ კი ანარქისტობა უნდა. აი, ეს წინააღმდეგობა მოქმედებს თითოეულ ჩვენგანში.
თქვენთვის, როგორც მწერლებისათვის, რა უფრო მნიშვნელოვანი იყო, თქვენი წარმომავლობა თუ მწერლების საერთაშორისო საზოგადოება?
ფამუქი: მგონი, ორივე. მწერლად ყოფნა ამიტომაც არის საინტერესო - იღებ ზოგად, უნივერსალურ ღირებულებებს წიგნებიდან, გჯერა მათი და გინდა ისინი შენს სამშობლოშიც დაამკვიდრო. ეს ზოგადსაკაცობრიო იდეები საინტერესოა, იმიტომ, რომ ისინი სამშობლოში არ გვაქვს და სამშობლო საინტერესოა, იმიტომ, რომ იქ არ არის ეს უნივერსალური ღირებულებები. მთელი შემოქმედებითობაც, წიგნების წერის იმპულსიც ეს არის - გრძნობ ვალდებულებას წერო, ეძებო, აღმოაჩინო ის იდეები, რომლებიც უნივერსალურია. როცა ახალი იდეების დამკვიდრებას იწყებ, გეუბნებიან: ეს შენი „ევროპული“ იდეები აქ არ მუშაობს, აქ თურქეთიაო, და პირიქით, დასავლეთში გეუბნებიან, თურქული მემკვიდრეობა გაქვს, რაც ჩვენთვის ეგზოტიკურიაო. ამის მიმართ ჩემი პროტესტი ბევრჯერ გამომითქვამს. როცა ჩემი ახალი წიგნი გამოდის, იწერება რეცენზია - თუ სასიყვარულო ისტორიაა, აღნიშნავენ, ფამუქი თურქულ სიყვარულზე წერსო. მე კი მგონია, რომ სიყვარულზე ვწერ. ასე რომ, ამ „შინ“ და „გარეთ“-ს შორის ქრონიკული ჭიდილია. კაცობრიობას, ცხადია, ორივე სჭირდება - შენი მიკუთვნება როგორც უნივერსალურ ღირებულებებან, ისევე შენს კონკრეტულ სამშობლოსთან.
დიდი პრივილეგია, რაც დასავლელ მწერლებს აქვთ, ის პრივილეგია, რაც ბალზაკის დროს ფრანგულ ლიტერატურას ჰქონდა და ახლა ინგლისურენოვან ლიტერატურას აქვს, ისაა, რომ დასავლელი მწერლები, ერთდროულად, სახლშიც არიან და - „უნივერსალებშიც“. როცა ამას ჩემი „პერიფერიიდან“ ვუყურებ, გულწრფელად ვბრაზობ და მინდა გავიბრძოლო ამის წინააღმდეგ. ზოგიერთი პრივილეგირებული ავტორისათვის, სახლი იქ არის, სადაც მათ კაცობრიობის სახელით, თითქმის პლატონური უნივერსალებით შეუძლიათ ლაპარაკი და იმავდროულად იქ არიან, სადაც თავისი პატარა ქუჩის სუნი და ფერები შეუძლიათ შეიგრძნონ. ეს მხოლოდ იმ ქვეყნებში ხდება, რომლებიც მართავენ მსოფლიოს და აკონტროლებენ კულტურულ სამყაროს… თუმცა, ეს უკვე სხვა მხრივ ხდება პრობლემატური.
რაშდი: როცა დამწყები მწერალი ვიყავი, არ მინდოდა მეწერა ინდოეთზე, როგორც ინდოელ მწერალს. ჩემს პირველ გამოქვეყნებულ რომანში, რომელიც საშინელი ქაქი გამოვიდა, დავესესხე სუფიზმს, მაგრამ მოქმედება დასავლურ გარემოში, თითქმის ფანტასტიკურ კონტექსტში გადავიტანე. ამით მინდოდა მეთქვა, რომ სუფიზმი და მსგავსი ფილოსოფიები არ არის მხოლოდ კონკრეტული კულტურის დამახასიათებელი, რომ ისინი აქტუალობას არც ერთ კონტექსტში არ კარგავენ. ამ მცდელობის რეზულტატი საშინლად ცუდი წიგნი იყო, რომლისაც, ახლა საშინლად მრცხვენია და ჩემი გამომცემლები მახსენებენ, ნუღა ლაპარაკობ ამ რომანზეო. მაგრამ ამ გამოცდილებამ მაიძულა ფუნდამენტურად გადამეხედა ჩემი, როგორც მწერლის დამოკიდებულებებისათვის და, შედეგად, ჩემს საწყისებს დავბრუნებოდი. გადავწვიტე, რომ იმაზე დამეწერა, რაც გულთან უფრო ახლოს მქონდა და რაც ვიცოდი. იქამდე, ვიდრე მივხვდებოდი რა იქნებოდა „შუაღამის ბავშვები“, ვფიქრობდი, რომ ჩემს ბავშვობაზე დავწერდი რომანს. ამ წიგნის გააზრების პროცესში წარმოდგენაც კი არ მქონდა იმაზე, რომ, საბოლოოდ, ის მიიღებდა სხვა დატვირთვასაც - საჯარო განზომილებას. უბრალოდ, დავრწმუნდი, საკუთარი თავი რომ მეპოვა, მშობლიურთან უფრო ახლოს უნდა მივსულიყავი. ასე რომ, ჩემთვის ეს შინ დაბრუნება ის გასაღები გახდა, რომელმაც კარი გამიღო. როცა ამ კარში გახვალ, მერე სადაც გინდა იქ შეგიძლია წახვიდე, მაგრამ ჩემთვის ეს „მშობლიური“ რომ არ აღმომეჩინა, ვერ ვიპოვედი საწყისს, წიგნის პირველ წინადადებას.
შეიძლება თუ არა მწერლის წარმოდგენა მისი ქვეყნის გარეშე? იარსებებდა თუ არა ბორხესი არგენტინის გარეშე, ან პრუსტი - საფრანგეთის გარეშე, ან ფოლკნერი - ამერიკის გარეშე?
ფამუქი: რა თქმა უნდა, არა. მაგრამ თქვენი კითხვა პასუხსაც გულისხმობს.
რაშდი: ჰემინგუეი იარსებებდა ამერიკის გარეშე.
ფამუქი: მაგრამ ეს გულისხმობს იმას, რომ ამერიკელებს რაღაც იმპერიული ხედვა აქვთ, რომ ისინი ყველგან „შინ“ გრძნობენ თავს. მოგზაურეობენ, მაგრამ უცხო ქვეყნებში არავინ ეკითხებათ, „რატომ ხარ აქ“? თითქოს ამერიკელებისთვის ყველგან ყოფნა ბუნებრივია. მაშინ, როცა ბოლო 25 წლის მანძილზე, ზუსტად მილიონჯერ მკითხეს, „ნიუ-იორკში“ პირველად ხომ არ ხართო.
რაშდი: როცა რამე კომენტარი წამომცდება იმაზე, თუ, მაგალითად, რამდენად აქვს რუდი ჯულიანის შანსი გახდეს რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატი, მეუბნებიან, აჰა, ესე იგი, მიგაჩნია, რომ გესმის ამერიკული პოლიტიკა? ჩემი პასუხია: დიახ! ეს მართლაც უცნაური განსხვავებაა, რომლის ანალიზიც მსოფლიოს ისტორიის, იმპერიალიზმისა და კოლონიალიზმის ისტორიის გააზრებასთან მიგვიყვანს. ნაგულისხმებია, რომ დასავლელი მწერლები მსოფლიო მწერლები არიან, ხოლო აღმოსავლელი მწერლები თავის რეგიონში უნდა იყვნენ გამოკეტილი.
ფამუქი: სალმან, სამწუხაროდ ეს არა მხოლოდ დაშვებაა, ეს ფაქტია. ჩვენ უნდა ვებრძოლოთ ამ ტენდენციას და „ფაქტი“ „დაშვებით“ ჩავანაცვლოთ.
რაშდი: ანუ, ერთი ფაქტი მეორეთი ჩავანაცვლოთ. ეს ძალიან კარგად მქონდა გაცნობიერებული, როცა „მრისხანებას“ ვწერდი. იქ კონფრონტაციაზე ვწერ და, ამის გამო, უფრო მეტი უსიამოვნება შემემთხვა: ესე იგი, რა, ის ჩამოვიდა და ახლა ჩვენ ჩვენს თავზე გვიყვება?
ფამუქი: მოკლედ, ჩვენს სამშობლოზე გვეკითხებიან იმიტომ, რომ მიაჩნიათ, რომ ჩვენ აქ „შინ“ არ ვართ. მოდი, მათ ვკითხოთ ეს.
რაშდი: მაქვს სახლი და, სხვათა შორის, მანჰატენზე. და იქ უკვე დიდი ხანია ვცხოვრობ.
თვლით, რომ ამერიკელი მწერალი ხართ?
რაშდი: არა, ტრადიციული გაგებით, ცხადია, არ ვარ ამერიკელი მწერალი. მაგრამ ამ ქალაქის ყველაზე დიდი ხიბლი ის არის, რომ ყველას, ვისაც აქ თავისი ამბავი ჩამოაქვს, ის ავტომატურად ნიუ-იორკის ამბავი ხდება ხოლმე. ნიუ-იორკში ცხოვრების სიამოვნებაც ეგ არის, რომ აქ მსოფლიოს ამბებია თავმოყრილი და ეს ამბები ერთი ქალაქის ამბები ხდება. სწორად ასეთი წიგნის დაწერა მინდოდა. ვერ დავწერდი რომანს ბიჭზე, რომელიც 40-იანი და 50-იანი წლების ნიუ-იორკში იზრდებოდა. მაგრამ შემიძლია დავწერო ნიუ-იორკელზე, რომელიც ახლახან ჩამოვიდა და რომლის ამბავიც ამ ქალაქის ისტორიის ერთ-ერთი შრე ხდება. ეს უკვე ჩემი თემაა.
ფამუქი: ახლა, როცა უკვე ჩამოვედით ნიუ-იორკში, როცა უკვე აქ ვართ, ჩემთვის საინტერესო ერთ-ერთი თემა პასუხისმგებლობის თემაა. როცა სახლში ხარ, შენს ქვეყანაში, ყველას კარგად უნდა მოექცე. აქ კი, ეს ვალდებულება არ გაქვს.
რაშდი: მე კი მეგონა, რომ სახლი ის ადგილია, სადაც ზუსტადაც რომ არ არის აუცილებელი კარგად მოქცევა, ადგილი, სადაც ყველაფრის მიუხედავად გიტანენ და უყვარხარ.
ფამუქი: კარგი, მაგრამ გაგიზიარებთ ჩემს ერთერთ დეფინიციას, რასაც ამ ბოლო დროს გადავეყარე … ღონისძიება მქონდა ნიუ-იორკის საჯარო ბიბლიოთეკაში და იქ ერთ-ერთმა დამსწრემ მკითხა, რით განსხვავდება თქვენთვის ნიუ-იორკი სტამბოლისგანო? ჩემი ძალიან ინსტინქტური პასუხი იყო, რომ სახლში, თურქეთში მე ყველაფერზე ვგრძნობ პასუხისმგებლობას, აქ კი, ამ პასუხისმგებლობის გრძნობისაგან თავისუფალი ვარ. აქ რომ საკმარისად დიდი ხანი ვიცხოვრო, ალბათ, მეც გამიჩნდება ეს დოსტოევსკისეული განცდა, რომ ყველაზე და ყველაფერზე ვაგებ პასუხს. აქ ვგრძნობ, რომ შინ არ ვარ, იმიტომ, რომ ეს პასუხისმგებლობა თან არ წამომიღია და აქ მხოლოდ საკუთარი თავისუფლების ამარა ვარ. სახლში გაწვება მიკუთვნების და პასუხისმგებლობის განცდა ყველაფერზე, რაც გარშემო ხდება და ყველა კითხვაზე მოგეთხოვება პასუხი. მით უფრო, რომ იქ, სადაც მე ვცხოვრობ, არის ასეთი სტერეოტიპი, თუ მწერალი ხარ, მაშინ ყველაფრის პროფესორი ხარ. უნდა ფლობდე ყველა ინფორმაციას და პასუხი გქონდეს ყველა იმ კითხვაზე, რაც ქვეყნისა და ერის წინაშე დგას. მაშინ როცა, აქ უფრო მეტ თავისუფლებას გრძნობ. ხარ მწერალი, წერ წიგნებს, იძლევი ინტერვიუებს, პრომოუშენს უწევ შენს წიგნებს და წიგნის ხარისხი ერთადერთი რამეა, რაზეც პასუხს აგებ. შეიძლება, ამიტომაც, ჯერ არ გამიჩენია აქ მტრები, არ ვგრძნობ პროტესტს არაფრის მიმართ. ჯერჯერობით მხოლოდ დამკვირვებელი ვარ. თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ მომავალში უფრო რადიკალური განცხადებები გავაკეთო ამა თუ იმ მოვლენისა თუ იდეების მიმართ.
რაშდი: ძალიან ამიჩუყა გული ორჰანის პასუხისმგებლობის გრძნობამ!
ფამუქი: შენზეც ვგრძნობ პასუხისმგებლობას, სალმან!
რაშდი: მე კი - არა! ყოველთვის უპასუხისმგებლო ადამიანი ვიყავი. შენ ამბობ, რომ აქ ყოფნით, თითქოს ჩამოიხსენი პასუხისმგებლობის სიმძიმე და განთავისუფლდი. მე კი, ყოველთვის უპასუხისმგებლობის მომხრე ვიყავი. მაგრამ ის ამბავი, რომ მწერლებმა ყველაფერი უნდა იცოდნენ, მართლა აბსურდია. როცა ვმოგზაურობ, დაუსრულებლად მეკითხებიან, როგორ ხედავთ ახლო აღმოსავლეთის პრობლემის მოგვარების საკითხსო. როგორც ჩანს, მე ყველა კითხვაზე მაქვს პასუხი და რა უცნაურია, რომ მსოფლიოს მთავრობები ვერასოდეს აცნობიერებენ, რომ ახლო აღმოსავლეთის პრობლემის გადასაჭრელად, მე უნდა მკითხონ აზრი. ის, რომ მწერლებს აქვთ პასუხები, მითია, და ეს მითი ჩვენ უნდა გავაძლიეროთ, ორჰან!
ფამუქი: აუცილებლად. ამას არ ვაკეთებთ ახლა?
რაშდი: ამ მითის ზედმეტად დეკონსტრუქცია ამ აუდიტორიას წინაშე ცოტა საშიშია.
თქვენ, ორივე, შედარებით სეკულარული ადამიანები ხართ, მაშინ როცა თქვენს ქვეყნებში რელიგიას ცენტრალური ადგილი უჭირავს. ამის გამო ნაკლებად „შინ“ ხომ არ გრძნობთ იქ თავს?
რაშდი: არა, იმიტომ რომ ყოველთვის არის ვიღაც, ვინც შენნაირად ფიქრობს. ორივე ქვეყანაში არსებობს სეკულარიზმის ტრადიცია.
ფიქრობთ, რომ რელიგია თქვენს ქვეყნებს ორად ყოფს?
რაშდი: არა, უბრალოდ გრძნობ, რომ რაღაც დისკუსიის ნაწილი ხარ. ეს არა-ლიტერატურული პასუხია თქვენს კითხვაზე. ლიტერატურული პასუხი კი ის არის, რომ არ აქვს მნიშვნელობა, გჯერა თუ არა რამის. თუ წერ ადამიანებზე, რომელთაც სწამთ ღმერთის, ეს გულწრფელად უნდა გადმოსცე შენს ხელოვნებაში. ძალიან ცუდი მწერალი იქნებოდი, მხოლოდ საკუთარი მსოფლმხედველობის მატარებელი გმირების შექმნა რომ შეგეძლოს. უნდა მოახერხო და სხვის გონებაში შეძვრე. ამიტომ, პროზის წერისას, არ ვფიქრობ ჩემს რელიგიურ მრწამზე ან მის ნაკლებობაზე. უბრალოდ, ვცდილობ ჩემმა გმირებმა თავისი ცხოვრებით იცხოვრონ და თუ ისინი რელიგიური ადამიანები არიან, ხომ კარგი. თუ არა და - არა.
თქვენ, ორივე, კარგად გათვითცნობიერებული ხართ ისლამში. თქვენს წიგნებში რელიგიას ცენტრალური ადგილი უჭირავს. ბოლო რომანში „თოვლი“, ორჰან, თქვენ წერთ იმაზე, თუ როგორ შედის არარელიგიური ადამიანი ძალიან რელიგიურ გარემოში. თითქმის ფუტურისტული დამოკიდებულებაა. აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ რელიგია თქვენთვის მნიშვნელოვანია, მიუხედავად იმისა, რომ თქვენს პირად ცხოვრებაში ის არ არის მნიშვნელოვანი.
ფამუქი: ლიტერატურა გაძლევს იმის საშუალებას, იდენტიფიცირება მოახდინო შენგან განსხვავებულ ადამიანებთან. სწორედ ისაა საინტერესო, წერო ადამიანზე, რომელსაც შენგან განსხვავებული პოლიტიკური და კულტურული შეხედულებები აქვს. „თოვლში“ არის გმირი, რომელიც ფუნდამენტალისტი მუსულმანია და ძალიან ვეცადე, მასთან იდენტიფიცირება მომეხერხებინა იმისათვის, რომ ის, როგორც იტყვიან, კარგ ადამიანად წარმომეჩინა. მიუხედავად იმისა, რომ გონების კუნჭულში გაქვს ღირებულებები, რომელიც განსჯის ამ ადამიანს, წერის დროს მაქსიმალურად უნდა ეცადო დაივიწყო ეს ღირებულებები და შენი გმირის ხმას და სწორ ტონალობის მიაგნო. ეს არის ლიტერატურის გამოწვევაც.
მინდა, დავუბრუნდე იმას, რაზეც ადრე ვსაუბრობდით. კაფკა არის მწერალი, რომელიც ყველგან შინ არის. სალმან, შენ თქვი, რომ ის ადამიანი, რომელიც არასოდეს ტოვებს მშობლიურ სახლს, უბედური ადამიანია. მე კი მგონია, რომ ის არის უბედური, ვინც ყველგან შინ გრძნობს თავს. ყველგან დედას და ძმას ხედავს.
რაშდი: ორჰანის დედას დღეს, ალბათ, ნათელი გადასდის, იმდენჯერ ვახსენეთ.
რამდენიმე წლის წინ დავწერე ესე ჯადოქარ ოზზე და იქ ვთქვი, რომ ერთადერთი, რისიც ამ წიგნში არ მჯერა, ის ადგილია, სადაც დოროთი ამბობს, სახლზე უკეთესი ადგილი არ არსებობსო. ყოფილხართ კანზასში? შავ-თეთრი ქალაქია. ცარიელი. სად კანზასი და სად ჯადოსნური სამყარო! ეს აბსურდია! რა თქმა უნდა, უამრავი ადგილია სახლზე უკეთესი. თუ ოზის გაგრძელებებს წაიკითხავთ, მიხვდებით, რომ დოროთი ბრუნდება ოზში, სახლდება იქ და მერე თავისი ბიძაც თან მიჰყავს. ასევე, არ მომწონს, როცა ბოლოს დოროთი აცნობიერებს, - იმისათვის, რომ ის ესწავლა, რაც ისწავლა, შინიდან წასვლა საერთოად არ იყო საჭირო. რა თქმა უნდა, სრული სისულელეა. უნდა წასულიყო!
გეუბნებიან ხოლმე, რომ თქვენ ზედმეტად „ვესტერნიზებული“ ხართ და, ამის გამო, აღარ ეკუთვნით თქვენს ქვეყანას?
რაშდი: არა, ჩემს ოჯახს და მეგობრებს მოვწონვარ.
ფამუქი: მე ხშირად მეუბნებიან ამას. მაშინაც კი მეუბნებოდნენ, როცა სულ თურქეთში ვცხოვრობდი. ადამიანს უთხრა ის, რომ ის აღარ ეკუთვნის თავის ქვეყანას, პოლიტიკური იარაღია, რომელსაც მძიმე „არტილერიული თავდასხმისათვის“ იყენებენ. ეს პრობლემისგან თავის არიდებაა. არასოდეს ვუსმენ ხოლმე იმათ, ვინც მეუბნება, რომ მე აღარ ვეკუთვნი სტამბოლს, ან ჩემს სამეზობლოს, ან ჩემს ოჯახს. ვიცი, რომ ეს პოლიტიკური რიტორიკაა ვინმესთან საომრად, ან ვინმეს საჯარო დისკრედიტაციისათვის. თითქოს, ჩემი გამოცდილება ამ რეალობას არ ეკუთვნის. ამ დროს, სწორედ ჩემი განცდების, ჩემი პროტესტის მეშვეობით უფრო მძაფრად და ნათლად შევიგრძნობ რეალობას.
რაშდი: ვეთანხმები ორჰანს, რომ პოლიტიკური იარაღია შენი იდეების, შენი დამოკიდებულების, შენი ნაშრომის დისკრედიტირ ება. ინდოეთის აკადემიურ წრეებში მყავს მეგობრები, რომლებიც ლიტერატურული პროგრამების მოდერნიზებასა და განახლებას თანამედროვე ავტორებით ცდილობენ. ამ დროს ჩნდება კითხვა: და ვინ არის „საკმარისად“ ინდოელი იმისათვის, რომ მოხვდეს სასწავლო ნუსხაში? მოკლედ, ბევრი პრობლემაა…
… რადგან გვაცნობეს, რომ დრო ამოიწურა, დასასრულ, ორჰან, მოდი, არ ვუღალატოთ პირველ ჩვენებას და ვთქვათ, რომ ჩვენ, მწერლებმა, მართლა ყველაფერი ვიცით. ჩვენ გვაქვს პასუხი ყველა კითხვაზე!
ფამუქი: არავითარ შემთხვევაში!
![]() |
8 ფოტო-პროექტი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
9 ისტორია |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
9.1 ქარიშხლის მიმართულებით |
▲ზევით დაბრუნება |
ავტორი: კახა თოლორდავა
ფოტო: ლევან ხერხეულიძე
ყველაფერი, რაც გესმის, განაპირობებს იმას, თუ რა მიმართულებით იმოძრავებ. შენი
საქმე მხოლოდ ისაა, რომ მუსიკას მიენდო. ხოლო თუ მუსიკას გაყვები, მაშინ
ნებისმიერი მიმართულებით შეძლებ მოძრაობას.
სთივ ლეისი
ცხოვრების რიტმი ჯაზის რიტმია, საყვარელო. აი, ასე დაგვცინიან ღმერთები ჩვენ
ლენგსთონ ჰიუზი
„წყალს ნუ უკრავ! უბრალოდ დაკრული ერთი ფრაზა არ გამაგონო! მექანიკას მოერიდე. აი ასე! მარცხენა ხელი შენი ბიგ-ბენდია, გაიგე? იმღერე, იმღერე! შენ ვარჯიშობ, არ უკრავ!“ უზარმაზარ ოთახში პიანინოსთან ორნი სხედან, კაცი და პატარა ბიჭი. მასწავლებელი და მოწაფე. მასწავლებელი ჩემი მეგობარი ზურა რამიშვილია, დიდებული მუსიკოსი და პედაგოგი. მისი მოწაფე კი ბექაა. ბექა გოჩიაშვილი. ის თერთმეტი წლისაა. მუსიკის გაკვეთილს სწორედ ამ ბიჭის გამო ვესწრები. მან უკვე იცის, რომ მასზე სტატიის დაწერას ვაპირებ. აქ მოსვლამდე ვფიქრობდი, ჩემმა იქ ყოფნამ გაკვეთილის სრულფასოვან მსვლელობას ხელი არ შეუშალოს-მეთქი (ბავშვია მაინც), მაგრამ ზურამ დამაწყნარა, მაგას ვერაფრით შეაშინებო. მართალი იყო. რა თქმა უნდა, ვხვდები, რომ ჩემი იქ ყოფნა რაღაცნაირად მოქმედებს ბექაზე, მაგრამ არ იმჩნევს. თუმცა, შეიძლება ვცდები კიდეც და ეხლა მას ჩემთვის ნამდვილად არ ცხელა. ალბათ, ასე უფრო უნდა იყოს. ამ წუთში ის მუსიკას და ზურას დარიგებებს მიყვება. თვალები დახუჭული აქვს, თავი გვერდზე გადაგდებული. პერიოდულად, რთულ პასაჟს რომ „გადააწყდება“ ხოლმე, კიდევ უფრო მაგრად ხუჭავს თვალებს და იმანჭება, აი ისე, ნამდვილ ჯაზმენებს რომ გამოსდით. ისეთი გამომეტყველება უხდება, თითქოს ეს-ესაა ტირილს დაიწყებსო. არადა, „დასამანჭად“ ნამდვილად აქვს საქმე, - ის ჩარლი ფარქერის „Billie's Bounce“-ს უკრავს, ძალიან რთულ ჯაზ-სტანდარტს. მე და ვალერი, ბექას მამა, იქვე ოთახში ვსხედვართ და ვუსმენთ. დროდადრო ჩანაწერებს ვაკეთებ და საერთოდ, ნამდვილი პროფესიონალი ჟურნალისტივით და ჯაზის ექსპერტივით მიჭირავს თავი, მაგრამ რაღაც მომენტში ვხვდები, რომ არც ეს ჩანაწერები მჭირდება და მკაცრი შემფასებლის როლის თამაშიც მიჭირს. ერთადერთი, რასაც გაკვეთილის მსვლელობისას ვცდილო, ისაა, რომ საიდანღაც მოვარდნილი სიხარულის ღიმილი ჩავახშო ჩემში, თორემ ბექამ რომ დამინახოს, შეიძლება, ზურა გამიბრაზდეს. არადა, ამისთვის თითქოს მზად უნდა ვყოფილიყავი; მე ხომ დღეს პირველად არ ვუსმენ ბექას დაკრულს? სულ პირველად ის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, პროგრამა „ღამის საუბრებში“ მოვისმინე. ზურა ქარუმიძესთან იყო სტუმრად თავის მასწავლებელთან და თამაზ ყურაშვილთან ერთად. იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ რამდენიმე კვირის შემდეგ ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრად მიწვეულმა წამოვაყრანტალე კიდეც ამ ბავშვის საქართველოში დარჩენა არ შეიძლება-მეთქი. მეორედ ბექას კონსერვატორიის დიდ დარბაზში მოვუსმინე ამერიკის საელჩოს მიერ გამართულ კონცერტზე. კიდევ კარგი, დარბაზში ბნელოდა და ღიმილთან შებრძოლებაც არ დამჭირდა, თანაც შევამჩნიე, რომ ჩემ გვერდით მჯდომი ზურა ქარუმიძეც ზუსტად ჩემნაირი გაბადრული უსმენდა ბექას დაკრულს. მოგვიანებით გავიგე, რომ მასწავლებელმა სერიოზულად დატუქსა ბექა კონსერვატორიის კონცერტის შემდეგ, - მუსიკაზე ნაკლებად ფიქრობდი, მაყურებელზე ცდილობდი ეფექტის მოხდენასო (აკი მოახდინა კიდეც.!). და აი დღეს, დეკემბრის პირქუშ საღამოს, უკვე მესამედ მიწევს მისი მოსმენა, ამჯერად უფრო შინაურ სიტუაციაში. სწორედ გამიგეთ, აქ იმაზე არაა საუბარი თუ რამდენად დახვეწილი და სრულყოფილი შეიძლება იყოს თერთმეტი წლის, წარმოშობით კახელი ბიჭის დაკრული ჯაზი. მას ჯერ რა თქმა უნდა არ შეუძლია დაკრულის სიმდიდრით და მრავალფეროვნებით ჯაზის მოყვარულთა გაკვირვება, რომ არაფერი ვთქვათ, ამ მუსიკის პირადულით გამდიდრებაზე. ამისთვის მას ჯერ არც საკმარისი „ლექსიკური მარაგი“ აქვს და არც გამოცდილება. აკომპანიმენტში და ჰარმონიაშიც მოიკოჭლებს. ყველაფერი ეს მოგვიანებით მოვა ან შეისწავლება. აქ საუბარი მასში ჩადებული პოტენციის ინტენსიურობით გამოწვეულ ღიმილზე და სიხარულის შეგრძნებაზეა. აქ ის შეუდარებელია. სწორედ ამით გაკვირვებს და გხიბლავს ეს ბიჭი. „ის თერთმეტი წლისაა, ის მხოლოდ თერთმეტი წლისაა, ამის დედაც ვატირე. ის მხოლოდ თერთმეტი წლისაა,“ - მოსვენებას არ გაძლევს შინაგანი ხმა და მეც იძულებული ვხდები კიდევ ერთხელ ვაღიარო, - „ჰო, ის მხოლოდ თერთმეტისაა, მაგრამ მას ჯაზისთვის აუცილებელი ყველა ინგრედიენტის თანდაყოლილი შეგრძნება აქვს. ბლუზი და სუინგი ისე ჰარმონიულად თანაარსებობენ მასში, როგორც ნებისმიერ უკვე ჩამოყალიბებულ ჯაზმენში“. აი ახლაც, გაკვეთილის მსვლელობისას, ფარქერის და ჰენქოქის ურთულესი თემების დაკვრის შემდეგ, ის ისეთი თავდაჯერებით ეპყრობა ბლუზს, რომ სუნთქვა გეკვრის. „კარგია, - უდგამს ცალკეულ ფრაზებს ზურა, - მარცხენა და მარჯვენა ხელით დაკრული ერთმანეთს უნდა ამართლებდნენ. ახლა შეეცადე მელოდიური მდგომარეობა შეუცვალო ამ ყველაფერს, რისთვის სწავლობ ამ აკორდებს თუ არ გამოიყენე? აი ასე, ან ასე, გაიგე“? „აბა რა“! - მოკლედ პასუხობს ბექა და ეცინება. დავაკვირდი, როდესაც ზურას დახმარებით რაღაც თავისთვის ახალს გადააწყდება ხოლმე, სიხარულით ეცინება. ისინი დაკვრას აგრძელებენ ,ვალერი კი ჩუმად მეუბნება, რომ დღეს ბექა თავის ახალ თემას შეასრულებს პირველად. აჰა, ესე იგი, ის მუსიკის წერასაც ცდილობს უკვე, არა? ეს ნამდვილად არ ვიცოდი. „კარგი, მოდი ახლა შენ ახალ თემაზე რომ მეუბნებოდი ის დამიკარი“ - ეუბნება ზურა ცოტა ხნის შემდეგ. ბექას სახე ებადრება. „რა იყო, რა გაცინებს“? - ეკითხება ზურა. „ამ თემას My Teacher (ჩემი მასწავლებელი) დავარქვი“ - პასუხობს ბექა. ზურა ცდილობს, არაფერი შეიმჩნიოს. ის მხოლოდ ქოჩორს უჩეჩავს ბიჭს. „მიდი აბა, დაიწყე“ - ეუბნება ბექას. მოკლედ ვიტყვი: ის, რასაც შემდეგ ბექა უკრავს, იმდენად ლამაზი, ლაღი და ადვილად დასამახსოვრებელი თემაა, რომ არც ერთი ჯაზმენი არ ითაკილებდა მის შესრულებას და განვრცობას. ის პირველად ასრულებს თავის ამ კომპოზიციას და ძალიან ცდილობს. ერთხელ-ორჯერ ისევ ისეთ სახეს „კერავს“, რომ მგონია, ჰა და ჰა, ტირილს დაიწყებს-მეთქი. მერე კი, როდესაც ბექა თემის გარშემო იმპროვიზაციას შეუდგება, იმდენად არა-ბავშვურად „გიჟურ“ ტემპს ირჩევს და ისე თამამად უჭირავს ეს პულსაცია მთელი კომპოზიციის განმავლობაში, რომ ამჯერად, ზურა ვეღარ იკავებს თავს. რაღაც მომენტში, ისე, რომ ბექამ არ დაინახოს, ზურა თავს დაბლა ხრის, ჩვენი მიმართულებით იყურება, თვალებს ატრიალებს და სწორედ ისეთი ბედნიერი ღიმილით ეღიმება, რომლის ჩახშობასაც მთელი საათის განმავლობაში ვცდილობდი. ბექა დაკვრას აგრძელებს, ჩვენ სამნი კი, ზურა, ვალერი და მე უკვე დაუფარავად ვუღიმით ერთმანეთს.
რამდენიმე დღის შემდეგ, მეტრო „ახმეტელიდან“ ამოსული ეკლესიის მიმართულებით მივაბიჯებ და გლდანის უჟმურ „არქიტექტურულ ძეგლებს“ ვათვალიერებ. ვერც კი ვიხსენებ, როდის ვიყავი აქ უკანასკნელად, თუმცა, ახლა ამას მნიშვნელობა არა აქვს. თბილისი და მისი გარეუბნები ცალკე თემაა მე კი, დღეს აქ ბექას და მის ოჯახთან შესახვედრად ვარ. ეს ჩვენი პირველი შეხვედრიდან სულ რამდენიმე დღის შემდეგ ხდება. შუალედში, იმისთვის, რომ უფრო კარგად მცოდნოდა, ვის ველაპარაკები, კიდევ ერთ ჩემს მეგობარს და ჯაზის ენთუზიასტს, მერაბ ლორთქიფანიძეს შევხვდი, რომელმაც წელს ზაფხულში ბექა ლატვიის პატარა ქალაქ საულკრასტეში წაიყვანა ყოველწლიურ ჯაზ-მასტერკლასზე და ფესტივალზე მონაწილეობის მისაღებად სხვა ქართველ მუსიკოსებთან ერთად. ( „ეს ჩემი ვალია“, - მითხრა მან, როდესაც დავურეკე და ვთხოვე, მოდი, შევხვდეთ, ბექაზე რამე მომიყევი მეთქი. იცით, ამ ისტორიის უცნაური ხიბლი სწორედ იმაშია, რომ მისი მთავარი პერსონაჟები ჩემი მეგობრები და საოცრად კარგი ადამიანები არიან). მერე კი... არა, მოდი, თავიდან დავიწყებ. საულკრასტეს ფესტივალის დამაარსებელი ერთი ლატვიელი დრამერია, რომელმაც ბავშვებისა და მოზარდებისთვის ჯაზ-მასტერკლასების მოწყობა ჯერ კიდევ ათი წლის წინ გადაწყვიტა. კარგი ინიციატივა იყო და ადგილიც შესაფერისი შეარჩია, პატარა, ზღვისპირა ქალაქი, სადაც ბავშვები მთელი კვირის განმავლობაში ცხოვრობენ პეციალურად ამ ფესტივალისთვის დაქირავებულ კომპლექსში. დილის საათებში მასტერკლასები ეწყობა ხოლმე, საღამოობით კი, კონცერტები და ჯემ-სეშენები. ფესტივალზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოდიან კარგი, ძალიან კარგი და დიდებული მუსიკოსები. ისინი მასტერკლასებსაც ატარებენ და კონცერტებსაც უკრავენ. წელს ივლისში საულკრასტეში სხვებთან ერთად დიდებულმა ამერიკელმა მუსიკოსებმაც მოიყარეს თავი: ვიქტორ ბეილი, სახელგანთქმული ბასისტი და Weather Report-ის ყოფილი წევრი, ბენი მაუფინი, საქსოფონისტი და საოცარად დახვეწილი ბას-კლარნეტისტი, რომელიც ჰერბი ჰენქოქის, როი ჰეინზის, ჰორეს სილვერის, ლი მორგანის, მაქქოი თაინერის და მაილზ დევისის ალბომებზე უკრავდა, შარშან კი წლის ერთ-ერთი საუკეთესო სოლო ალბომი „Penumbra“ ჩაწერა, ლენი უაითი, აგრეთვე სახელგანთქმული დრამერი და Return to Forever-ის ყოფილი წევრი (სხვათა შორის, ორივე ეს მუსიკოსი უკრავდა მაილზის ეპოქალურ ალბომზე „Bitches Brew“) და ჯეფ ენდრიუსი, კიდევ ერთი დიდებული ბასისტი (ჩამოთვლას აღარ დავიწყებ თუ ვისთან უკრავდა და უკრავს ის)... მოკლედ, კარგი კამპანია შეიკრიბა. „ჩვენებს კონცერტი 26 ივლისს ჰქონდათ. ამერიკელები, ენრიუსის გარდა, 27-ში ჩამოდიოდნენ, - მიყვება მერაბი. - ბექას დაკრული ჩვენების გარდა, რა თქმა უნდა, არავის ჰქონდა მოსმენილი, თუმცა ვიღაც-ვიღაცები რეპეტიციებზე რომ შემოეხირებოდნენ ხოლმე და ბექას უსმენდნენ, დარეტიანებული გადიოდნენ დარბაზიდან. ოცდაექვსში ქართული ბენდის კონცერტზე კლავიშებზე ჯერ გია რაქვიაშვილმა დაიწყო, ასე გადავწყვიტეთ, მერე კი, სცენაზე ბექა გამოვიდა. არავინ ელოდა კონცერტის მსვლელობისას ასეთ ტრიუკს; ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, ფურორი მოახდინა. ხომ გესმის, მიდის კონცერტი, მერე კი, სცენაზე ვიღაც პატარა ლაწირაკი გამოდის და ისეთების დაკვრას იწყებს, რომ შოკში ვარდები“. ამ ისტორიას რომ მიყვება, მერაბს ზუსტად ისეთივე სიამაყით ეღიმება, როგორც ზურას რამდენიმე დღის წინ. კონცერტის შემდეგ კი ჯეფ ენდრიუსი მერაბს მივარდა და პირდაპირ მიახალა, ამ ბავშვს მე მივხედავო, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ჯერ კიდევ ყველაფერი წინ იყო. მეორე დღეს ლენი უაითს მასტერკლასი ჰქონდა დრამერებისათვის. მერაბის დაჟინებული მოთხოვნით მასტერკლასს ბექაც დაესწრო. საუბარი რომ დასრულდა, მოზარდები სცენაზე ავიდნენ უაითისათვის ავტოგრაფების გამოსართმევად. სანამ უაითი მათ ესაუბრებოდა. ბექა ინსტრუმენტს მიუჯდა და დაკვრა დაიწყო. „მეგრული კივილი გსმენია? - სიცილით მეკითხება მერაბი. - ჰოდა, თუ გსმენია, სწორედ ასე კიოდა ლენი უაითი... მთხოვა ჩვენი ბენდის რეპეტიციაზე მომიყვანეთ აუცილებლადო“. რა თქმა უნდა, მიიყვანა. ბეილიმ, მაუფინმა და მათმა პიანისტმა უკვე იცოდნენ, რომ მათთან ერთად რეპეტიციაზე ვიღაც პატარა ბავშვს უნდა დაეკრა საქართველოდან. სანამ ინსტრუმენტებს აწყობდნენ, უაითი ბენდის პიანისტს ეშაყირებოდა ცოტაც დამაცადე და უმუშევარს დაგტოვებო. დაკვრა დაიწყეს და ცოტა ხანში უაითმა მერაბს ანიშნა, ბავშვი სცენაზე ამოვიდესო. „ასეთი სიტუაცია იყო, - აგრძელებს მერაბი, - უაითმა იცოდა ვისთანაც ქონდა საქმე, დანარჩენებმა კი არა. მაგათ იმდენ იმედის მომცემ ბავშვთან აქვთ საქმე, რომ ერთით მეტი, ერთით ნაკლები, არაფერს წყვეტს. არც ბეილის, არც მაუფინს და არც, მით უმეტეს, მაგათ უნგრული წარმოშობის პიანისტს დიდი ენთუზიაზმი არ ეტყობოდათ სახეზე. ბექა რომ სცენაზე ავიდა. რა დავუკრათო, შეეკითხნენ. გადაწყდა, რომ All The Things You Are დაუკრავენ. დაიწყეს და აი, აქ უნდა გენახა ბეილის და დანარჩენების სახეები. ყბები ჩამოუვარდათ! ბეილი თვალს არ აშორებდა ბავშვს, სანამ უკრავდნენ. მაუფინი ხან ბექას უყურებდა, ხან მე, ხან კი გაბადრულ უაითს, რომელმაც ეს სიურპრიზი მოუწყო მათ“. მერაბს ისევ ეღიმება. ამ ბავშვის ადგილი არც ევროპულ და არც სხვა რომელიმე ამერიკული ქალაქის მუსიკალურ სასწავლებელში არაა, მხოლოდ ნიუ-იორკში უნდა მოხვდესო, ასე გადაწყდა ერთხმად და ყველანაირი დახმარებაც შესთავაზეს. არ ვიცი, რაზე ფიქრობდა ამ დროს ბექა. „შენ საერთოდ წარმოდგენა გაქვს, ვისთან ერთად დაუკარი დღეს?“ - სიცილით შეეკითხა ბექას პავკა კვაჭაძე, მისი კიდევ ერთი მენტორი და დიდებული მუსიკოსი... ამასობაში მე ისევ გლდანში ვარ, ეკლესისასთან ვდგევარ, ამ ამბავს ვიხსენებ და ბექას ველოდები. შორიდან დავინახე ჩემკენ მომავალი ბიჭი, გზადაგზა ქურთუკს იკრავდა. დამინახა და ნაბიჯს აუჩქარა. ქოშინით მომიახლოვდა. „გამარჯობა“ - ვუთხარი და გავუღიმე. „გაგიმარჯოთ“ - მიპასუხა და გამიღიმა. ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით.
ცივა. მე და ბექა გლდანის ერთ-ერთი მიკრო-რაიონის ქუჩაში მივაბიჯებთ მისი სახლის მიმართულებით. ბექა ოდნავ გაციებულია და ამიტომაც, ჩვენი ხანგრძლივი სეირნობა გადაიდო. მინდოდა სკოლა ეჩვენებინა, სადაც სწავლობს, ადგილები, სადაც მეგობრებთან ერთად ატარებს ხოლმე დროს. ღმერთო, როგორი ერთფეროვანია გარშემო ყველაფერი! „სკოლა, აი, იქითაა, - თითით მანიშნებს ქუჩის მოპირდაპირე მხარეს. - აქ კი, მე და ჩემი მეგობრები ვიკრიბებით ხოლმე. ფეხბურთს კი, აი, იქ, იმ მოედანზე ვთამაშობთ“. ბიჭებმა ჩაგვიარეს. „პრივეტ ბეშქერ“ - ეუბნება ერთი. ჰეჰ, ზედმეტი სახელიც ქონია! ნეტავ, ამ ბიჭებმა თუ იციან ვუნდერკინდული მონაცემების მეგობარს რომ ელაპარაკებიან, ვფიქრობ ჩემთვის. ალბათ, არა. ბექა არაფრით გამოირჩევა მათგან. ის ერთი ჩვეულებრივი გლდანელი ბიჭია. ჯანმრთელი, ჩამჯდარი, შავტუხა ბიჭი გახსნილი ღიმილით. ისინი თბილისურად, ხელის ჩარტყმით და კოცნით ესალმებიან ერთმანეთს. „წავედით ბეშქერ, - ვეუბნები, როდესაც ბიჭები მიდიან. ვიცი, რომ ბექას ოჯახში გველოდებიან, ამიტომაც, ჯერ ბევრს არაფერს ვეკითხები. გზაში ვიგებ, რომ სულ რაღაც, სამი თუ ოთხი წლის იყო, ვალერიმ პირველად რომ შეამჩნია მუსიკალური ნიჭი თავის უმცროს შვილს. ვალერიმ ეს ისტორია სრულად მოგვიანებით მომიყვა. ისიც მუსიკოსია და ბექას დედა, სოფიკოც. ვალერი რესტორან „თეთრ სახლში“ უკრავს კლავიშებზე, აკორდეონზე და დუდუკზე. ისტორია კი ასეთია: ერთხელაც, როდესაც ქალები ბაზარში წავიდნენ, ვალერიმ სამი წლის ბექა მუხლებზე დაისვა პიანინოსთან და სქოთ ჯოფლინის რეგთაიმი დაუკრა. შემდეგ კი, შვილის თითები აიღო ხელში და იგივე თემა დააკვრევინა. და მოხდა ის, რაც როგორც ვხვდები, ნებისმიერი მუსიკალური ოჯახის მითის ნაწილია, - ბექამ რამდენიმე ფრაზის დამოუკიდებლად გამეორება მოახერხა. „არ ვიცი, არ ვიცი“ - მეუბნება ჩემი შინაგანი ხმა, მაგრამ რას გაიგებს უბრალო მოკვდავი, რა ხდება ვუნდერკინდი ბავშვის თავში? ბექა და მე უკვე კიბეებზე ავდივართ. ზევით ხმაური ისმის. მასპინძლებს კარი უკვე გაუღიათ და გველოდებიან. დღეს ყველანი სახლში არიან - ვალერი, სოფიკო, ბექას უფროსი ძმა ლაშა და ბექას ბებია და ბაბუა დედის მხრიდან. ჩვენ ერთმანეთს ვეცნობით. ვთხოვ, ცოტა ხნით მარტო დამტოვონ ბექასთან სასაუბროდ. ჩვენ ოთახში შევდივართ, დანარჩენები სამზარეულოში ქუჩდებიან. დიდხანს არ გვისაუბრია, მაგრამ აი ყველაფერი ის, რაც მან მიამბო, მოკლედ და ნათლად: სკოლაზე: „კარგად არ ვსწავლობ. მუსიკის გამო ხშირი გაცდენები მიწევს ხოლმე. მათემატიკის არაფერი გამეგება.“ მუსიკის პირველ მასწავლებელზე: ბატონი თენგიზ ჩიტაიშვილი. კლასიკურ მუსიკას ასწავლიდა. სწორედ მისი მეშვეობით შეასრულა ჰაიდნის კონცერტი რვა წლის ბექამ გერმანიის ერთერთ ქალაქში. „მე თუ დღეს მუსიკა მიყვარს და თითები გახსნილი მაქვს, მისი დამსახურებაა“. საკუთარ ტემპერამენტზე: „წყნარი კაცი არა ვარ, მაგრამ ჩხუბი არ მიყვარს. თუ შემაგინებენ ვიჩხუბებ. ისე კი, ჩემი საქმე მუსიკაა და არა ჩხუბი“. მომავალის შიშზე: „არანაირი შიში არა მაქვს, ღმერთი ჩემთანაა“. სიზარმაცეზე: „ვერ ვიტყვი, რომ თავს ვიკლავ და ვიცი, რომ ზარმაცი ვარ. ვაღიარებ. ტყუილს არ ვიტყვი, მაგრამ ამ ბოლო დროს ცოტა მოვუმატე. მთავარია დავჯდე და ვიმეცადინო“. უფროს ძმაზე: „მე რომ დაკვრას ვიწყებ, ეგ სახლიდან გარბის ხოლმე ბურთით ხელში“. თავში ავარდნაზე: „არა, თავში ავარდნის არანაირი მომენტი არა მაქვს. როცა ძაან მაქებენ, არ მიყვარს. „ყოჩაღ“ საკმარისია. მოვლენა და აღმოჩენა ხარო რომ მეუბნებიან, არ მიყვარს“. როკ და ჯაზ მუსიკაზე: „მამაომ მითხრა სატანური მუსიკააო“. ქეით ჯარეთზე, მის საყვარელ მუსიკოსზე: „მე ჯარეთი არა ვარ, მაგრამ ერთხელ, სახლში მარტო რომ დავრჩი, წარმოვიდგინე, რომ ჩემი ბენდი მყავს და მასავით ფეხზე დამდგარი ვუკრავდი და თან ხმამაღლა ვაყოლებდი ხმას“. საკუთარ მუსიკალურ სტილზე: „მე ჯერ ჩემი საკუთარი სტილი არა მაქვს“. ჯაზზე: „ჯაზი ჩემი ცხოვრებაა, მაგრამ არ ვაფანატებ“. ნოტების კითხვის უნარზე: „ადრე უფრო მიჭირდა, მაგრამ ვაუმჯობესებ. არა, ნოტებს რომ ვკითხულობ,მუსიკა თავში არ მესმის“. შენიშვნის შიშზე: ერთხელ, ზურამ რომ დამტუქსა, დავიძაბე, მაგრამ მითხრა რა ყურები ჩამოყარე, მე ერთხელ დაგტუქსე და ამერიკაში რომ წახვალ, იქ ნახე რას გიზამენო“. კონსერვატორიაში ავადხსენებულ კონცერტზე: „კონსერვატორიაში ემოციებს ავყევი, არადა,ზურა სულ მეუბნება პაუზებს მიაქციე ყურადღებაო. არ დავუჯერე“. ბითლზებზე: „სულ ერთხელ მაქვს მოსმენილი“. თელონიუს მონქზე: „ჯერ ვერ გავუგე“. მეცადინეობაზე: სამეცადინოდ რომ დავჯდები, ჯერ თითქოს ხასიათზე არა ვარ, მაგრამ დავიწყებ თუ არა, კარგ ხასიათზე ვდგები ხოლმე“. მშობლებზე: „ხელს მიწყობენ მაგრად“.. საკმარისია ბექას პორტრეტისათვის? მგონი, საკმარისია. საუბარი რომ დავასრულეთ, ოჯახის დანარჩენი წევრები რიგრიგობით შემოვიდნენ ოთახში. კი გავაფრთხილე ვალერი ჩემს გამო რამეზე არ შეწუხდე-მეთქი, მაგრამ ვინ მოგისმინა, - მამამისის და თავისის სიმამრის დაწურული ღვინოები გამოიტანა. ქალებმა სუფრა გაშალეს. სხვა რა გზა მქონდა, ახლა ღვინით გავაგრძელეთ საუბარი. ვალერი ისევ ბექაზე მიყვება: „ნატვრა ამისრულდა, ჯაზი მაინტერესებდა და სულ მინდოდა ჩემი რომელიმე შვილი ჯაზმენი გამოსულიყო. მეც მინდოდა, ჯაზის დაკვრა რომ მესწავლა და ბატონ თენგიზ ჩიტაიშვილს ვთხოვე, ვინმეს ხომ არ იცნობ-მეთქი.
ნუკრი აბაშიძესთან დამაკავშირა, იმან კი ზურა რამიშვილთან მიმიყვანა. მაშინ პირვლად გავიგე ქით ჯარეთის შესახებ. ზურამ ბევრი რაღაცები მასწავლა. მოგვიანებით, ბექა რომ შემეძინა და წამოიზარდა, იმას, რის გარჩევასაც მე სამი კვირა ვანდომებდი, ბექა რამდენიმე საათის განმავლობაში ითვისებდა. ზურას ვუთხარი ჩემი უმცროსი შვილი ასეთი და ასეთია-მეთქი. მომიყვანეო. მივუყვანე“... დანარჩენი უკვე იცით. ბექა ზურასთან ექვსი წლის ასაკში მიიყვანეს. ზურამ ვალერის ურჩია, კლასიკაზე სიარული გააგრძელოს და სამი წლის შემდეგ მომიყვანეთო. მიუყვანეს. მერე რა მოხდა, ესეც იცით. ჩვენ სადღეგრძელოებს და საუბარს ვაგრძელებთ. ბექა ამ დროს უკვე პიანინოსთან ზის და უკრავს თან წამდაუწუმ რაღაცებს მეკითხება, - ხან ერთ ჯაზ-სტანდარტზე, ხან მეორეზე. და უკრავს. ბევრს. თავდავიწყებით. ვუსმენ და კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ ეს ბავშვი დროზე უნდა გაეცალოს აქაურობას. მხოლოდ იმიტომ, რომ საჭირო კონტექსტში მოხვდეს და იქ გაირკვეს რამდენად ღრმაა მისი მონაცემები. „რას ამბობ, - მიყვებოდა ზურა, - იცი, როგორი ტემპებით მიდიოდა წინ? არადა, ჯაზი საერთოდ მოსმენილი არ ჰქონდა, უბრალოდ ნებისმიერ თემაზე ახერხებდა იმპროვიზირებას. ცხრა წლის იყო მაშინ. მაგხელა რომ ვიყავი, „გარშოკით“ ხელში დავრბოდი აქეთ-იქით... ჰო, ვიცი რომ მკაცრი ვარ, მაგრამ ასეა საჭირო. იქ რომ მოხვდება წყალში გადააგდებენ და ან გამოცურავს ან ვერა, ამიტომაც, მოუმზადებელი რომ მოდის, ვალერისაც კი ეშინია ჩემი“. ჩვენ უკვე კარგა ბლომად დავლიეთ, მაგრამ მაინც მუსიკაზე და ბექაზე ვსაუბრობთ, არადა, ლაშაც, ბექას უფროსი ძმაც ოთახშია. „ხომ არ ეჭვიანობს ბექაზე?“ - ვეკითხები ვალერის. „მგონი, ბექა უფრო ეჭვიანობს მაგაზე, ისე თამაშობს ფეხბურთს“ - იცინის ვალერი. - ჩემთვის მაგის გატანილ გოლებზე მოყოლილ ისტორიებს ზუსტად ისეთივე მნიშვნელობა აქვს, როგორც ბექას დაკრულს“. ოთახში ახლა უკვე ოჯახის ყველა წევრია შეკრებილი. ის კი არა, სოფიკოს და, მისი მეუღლე და მათი ბავშვებიც აქ არიან. ბექა დაკვრას აგრძელებს. ჩვენ ვსაუბრობთ. მიყვებიან, რომ თუ ბექა ამერიკაში წავიდა, დედა გაჰყვება. უდედოდ ვერ ძლებს. შევამჩნიე კიდეც, სანამ პიანინოს მიუჯდებოდა როგორ სიყვარულით დაადო დედას ხელი ხელზე. ჩვენ საუბარს და სიცილს ვაგრძელებთ. მერე კი ჩემი წასვლის დროც დგება. „ერთი სადღეგრძელო მაქვს, ბატონო კახა, - მეუბნება ვალერი. ხელისგულზე ღვინით სავსე ჭიქას უდგას. „გისმენთ“ - ვეუბნები. „მოდი ქით ჯარეთს გაუმარჯოს!“ - ამბობს ვალერი. „მაგ დიდი ადამიანის დღეგრძელობა იყოს“ - ეპასუხება სადღეგრძელოს ბექას ელმავალმშენებელი ბაბუა ბორია.
ესაა და ეს. თუმცა, მაინც დარწმუნებული ვარ, რომ ამ ისტორიას დასასრული არა აქვს. ის მხოლოდ ახლა იწყება. მომდევნო დღეები ინტერნეტში გავატარე იმის ძიებაში, თუ რას ამბობენ მეცნიერები ვუნდერკინდ ბავშვებზე და რამდენადაა ეს ფენომენი შესწავლილი. იმდენი ვიკითხე, რომ კინაღამ დავბრმავდი, მაგრამ ერთადერთი, რაც აღმოვაჩინე ისაა, რომ ამ მხრივ მეცნიერებაში დიდი ქაოსი და გაურკვევლობა სუფევს. ტერმინის დეფინიციაზეც ვერ შეთანხმებულან. ყველაზე მიღებული განმარტება მაინც ესაა: ვუნდერკინდი ის ბავშვია, ვისაც მძლავრი და ფოკუსირებული ტალანტი გააჩნია ადრეული ასაკიდან და დაუოკებელი სწრაფვა ამ ტალანტის რეალიზებისათვის. ამ მხრივ ბექა ხვდება და, ამავე დროს, ნაწილობრივ ვერ ხდება ამ კატეგორიაში. ის მძლავრი ნიჭითაა დაჯილდოებული, მაგრამ ჯერ კიდევ გასარკვევია, რამდენად მოახერხებს ამ მონაცემების გაღრმავებას. თანაც, ვუნდერკინდებიც არიან და ვუნდერკინდებიც. მათი ნიჭი ისე მრავალფეროვნად ვლინდება ხოლმე და ვუნდერკინდი ბავშვის იმდენი ტიპი არსებობს, რომ ყველას შესწავლა, უბრალოდ, შეუძლებელი იქნებოდა. ის კი არა, თუ ინტერნეტში არსებულ მასალებს დავუჯერებთ, მაშინ აღმოჩნდება, რომ სამეცნიერო ლიტერატურაში მხოლოდ სამი მნიშვნელოვანი ნაშრომი არსებობობს ამ თემაზე და მხოლოდ 20 შემთხვევაა ამომწურავად შესწავლილი. თანაც, მხედველობაში უნდა მივიღოთ ისიც, რომ ამ შემთხვევაში, სპორტული ნიჭით დაჯილდოებულ ბავშვებზე საუბარი არაა. მათი რიცხვი იმდენად დიდია, რომ კიდევ უფრო მეტ გაურკვევლობას შემატებდა ისედაც არეულ-დარეულ სურათს. კიდევ კარგი, ბექა მათ რიცხვს არ მიეკუთვნება, ვისაც ღმერთმა მუსიკის ნიჭის გარდა „პაკეტში“ სხვა დანარჩენი უცნაური უნარები და ჩვევები მოაყოლა, მაგალითად, აუტიზმი ან ტელეფონების წიგნის დაზეპირების უნარი. ასეთები ბევრნი არიან. ეს კიდევ რაა, ზოგ ვუნდერკინდ ბავშვს ფეხსაცმლის თასმების დამოუკიდებლად შეკვრის უნარიც არა აქვს. დანარჩენები ძალიან ადრეული ასაკიდან იწყებენ, მაგალითად ხატვას, როგორც ეს ერთ ჩინელ გოგონას უანგ იანის დაემართა, რომელმაც ფერად-ფერადი მაიმუნების ხატვით დაიწყო „კარიერა“ სამი წლის ასაკში, მაგრამ შემდეგ ეს ნიჭი სადღაც გაიფანტა და გაქრა. ცალკე საკითხია ვუნდერკინდი ბავშვების და მათი მშობლების ურთიერთობა ან ამ უკანასკნელთა პასუხისმგებლობის მნიშვნელობა ბავშვის შემდგომ ზრდაში. მოკლედ, ყველაფერი ეს ძალიან საინტერესო და საიდუმლოებით მოცული ისტორიებია, მაგრამ მოდი ისევ ბექას დავუბრუნდეთ. ამ წუთში მას არ ჭირდება ყველაფერ ამის ცოდნა. სამაგიეროდ, დადგა დრო, როდესაც მან უნდა გადაწყვიტოს რას აპირებს მომავალში. ხუმრობა ხომ არაა, ვუნდერკინდი ჯაზმენი ბავშვი აბსოლუტურად „არა-ჯაზურ“ საქართველოში? ზურა ქარუმიძე, მწერალი და ჯაზის დიდი ენთუზიასტი ხუმრობს ხოლმე, თუ ქართველი ვუნდერკინდი ჯაზმენი უნდა გაჩენილიყო ამისთვის, გურია უფრო შესაფერისი ადგილი იყო ვიდრე კახეთიო. სად გურია თავისი ჩახვეული კრიმანჭულებით და ქარაფშუტული სილაღით და სად დინჯი და ვაზის ფოთლოვანი კახეთი? ამიტომაცაა, ბექას კახელ ბაბუას შვილიშვილის დაკრული რომ არ ესმის და სულ იმას ამბობს, ეს ჯაზი რაღა ოხრობააო... არადა, სულ რამდენიმე ხანში, თუ ყველაფერი ისე მოხდა როგორც მისი ოჯახის წევრები, მასწავლებლები და კეთილი ადამიანები ვარაუდობენ და ის ნიუ-იორკში მოხვდა, მაშინ ეს ის ბექა უკვე ვეღარ იქნება, ვინც სულ რაღაც ერთი თვის წინათ გავიცანი. იქ არაფერი ეცოდინებათ იმის შესახებ, თუ გლდანის რომელ მოედანზე თამაშობდა ფეხბურთს, კახეთის და ქართლის რომელ სოფლებში ჩადიოდა ბებიებთან და ბაბუებთან დასასვენებლად და არც ის, თუ სად ეძებონ საქართველო რუკაზე. დასაწყისისთვის ის მათთვის მხოლოდ ის მასალა იქნება, რასაც მათ ფორმა უნდა მისცენ და, დამერწმუნეთ, იმ ადამიანებმა ძალიან კარგად იციან, თუ როგორ მიაღწიონ ამას. თუ ზურა რამიშვილი ასმაგის გაკეთებას თხოვს, ისინი ათასმაგს მოსთხოვენ უბრალოდ იმიტომ, რომ სწორედ ამაში უხდიან მათ ფულს. რა თქმა უნდა, როდესაც ვამბობ ეს ის ბექა ვერ იქნება-მეთქი, მხოლოდ და მხოლოდ იმ ბექას ვგულისხმობ, ვინც დღეს თავისი მონაცემებით ყველას აკვირვებს. როგორც ადამიანი, იმედი მაქვს, რომ ის ისეთივე ლაღ, გახსნილ, მოსიყვარულე და მომღიმარ კაცად დარჩება. ჩვენ ერთად ვიცინოდით, როდესაც ის თავის სიზარმაცეზე მიყვებოდა, მაგრამ, ალბათ, უკვე დადგა იმის დრო, ნელნელა დაიწყოს ფიქრი იმაზე, თუ რას აპირებს ცხოვრებაში. ვიცი, ბევრი მისი ასაკის ბავშვისთვის ასეთ რამეებზე ფიქრი ნაადრევია, მაგრამ სულ რამდენიმე დღის წინ ელდერ ჯანგიროვთან ინტერვიუს ვკითხულობდი და სწორედ მისმა სიტყვებმა დამარწმუნეს იმაში, რომ მე მართალი ვარ. ჯანგიროვიც ბექასხელა იყო, დაკვრა რომ დაიწყო; ერთი უბრალო ყაზახი ბიჭი ბიშქეკიდან. დღეს კი, თვრამეტი წლის ასაკში, უკვე თავისი სტილი აქვს და მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ ფესტივალებზე და საკონცერტო დარბაზებში უკრავს ჯაზს. აი, რას ამბობს ის: „თორმეტი წლის რომ გავხდი, კიდევ უფრო დავრწმუნდი იმაში თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო მუსიკა ჩემს ცხოვრებაში. ამას მივხვდი თუ არა, დღეში რვა საათი დაკვრა დავიწყე. მოგვიანებით, მეცადინეობაზე დახარჯული დრო დღეში ჯერ თორმეტ, მერე კი თოთხმეტ საათამდე გავზარდე. ზოგჯერ, რაღაცას რომ დავისახავდი, მთელ დღეს ვანდომებდი იმის მიღწევას და მხოლოდ მაშინ ვეშვებოდი ინსტრუმენტს, როდესაც დავრწმუნდებოდი, რომ ეს ბარიერიც დაძლეულია. ძალიან ადრე მივხვდი იმას, რომ დღეს თუ რამე არ გავაკეთე, ხვალ თავისით არაფერი მოვა...“ მზად არის ბექა ამისთვის? მზად არის თავისი ბავშვობის მთელი დრო ფორტეპიანოს და მუსიკას შეალიოს? მზად არის დაივიწყოს ვიღაც მამაოს სიტყვები, მისთვის რომ უთქვამს, ჯაზი სატანური მუსიკააო და თავით გადაეშვას ამ საოცრად მრავალფეროვან და საინტერესო მუსიკაში, რომელსაც თითქოს არც დასაწყისი აქვს და არც დასასრული? თუმცა, მთლად ასე არაა საქმე. ჯაზი პირველად მაშინ შეაშინებს, როდესაც რაღაც მომენტში ეჭვი გაუჩნდება, რომ უკვე ყველაფერი დაკრულია. ბექამდე ბევრი საოცარი ჯაზმენი „ეჭიდავებოდა“ საფორტეპიანო ჯაზს და ცდილობდა თავისი ხმა ეპოვნა ამ ინსტრუმენტზე, დაწყებული, თუნდაც, ართ თეითუმით და ელდერ ჯანგიროვით დამთავრებული. და იცით რა? ბექასთვის ერთი კარგი რამ მაქვს სათქმელი, - მათ ეს მოახერხეს. არ ვიცი როგორ, მაგრამ მოახერხეს. ჯაზ-სტანდარტების უმრავლესობა სხვადასხვა დროს შექმნილი პოპულარული სიმღერებია, მაგრამ მოდი და უბრალო პოპ-სიმღერად აღიქვი ის სიღრმეები, რომელსაც თელონიუს მონქი, ბად ფაუელი, ბილ ევანსი, მაქქოი თაინერი ან თუნდაც ბექას საყვარელი ქით ჯარეთი აღწევენ. ისინი წარსულის ჰიტებს იმიტომ კი არ უკრავენ, რომ საკუთარის შექმნა არ შეუძლიათ (ბევრი თავის საკუთარ კომპოზიციებსაც ასრულებს და მერე, უკვე ეს კომპოზიციები იქცევიან სტანდარტებად ხოლმე), არამედ იმიტომ, რომ იციან, - ეს ყველაზე დიდი გამოწვევაა მათთვის. სტანდარტების შემთხვევაში ისინი დიდი ოსტატების ენერგეტიკულ ველში ხვდებიან; ხუმრობა ხომ არაა დაუკრა ის, რასაც შენამდე ათეულობით დიდი მუსიკოსი უკრავდა? ოღონდ, დაუკრა ისე, როგორც ეს არცერთ მათგანს არ გაუკეთებია! რაღაც შენი შემატო მუსიკას და ასეთი სახით „შეაგდო“ ის მომავალში. ბექას შემთხვევაში, ეს შეიძლება მოხდეს ან შეიძლება არა, მაგრამ ცდად ნამდვილად ღირს. მას ისიც არ უნდა დაავიწყდეს, რომ ჯაზი ის მუსკაა, რომელსაც სწავლის პერიოდში სულ უნდა უსმენდე თუნდაც იმიტომ, რომ „სხვადასხვა ენებზე“ ალაპარაკდე, ხოლო მერე კი, რომ წამოიზრდები, ყველაფერი ნასწავლი უნდა „დაივიწყო“ (დიდმა მუსიკოსებმა ზედმეტი სიმძიმით რომ არ დაგრთგუნონ) და ამ ქაოსში შენი თავი, შენი ბგერა, შენი ხმა მოძებნო. თუ ბექას ეს გამოუვიდა, მისი პასუხისმგებლობაც ათმაგად გაიზრდება... თუმცა, მოდი, ჯერ ამას შევეშვათ. იმ დროისათვის, თუ ეს მართლა მოხდა, მას უკვე ჩემზე კარგად ეცოდინება, რა და როგორ გააკეთოს. მაგრამ, ამავე დროს, მან ცხოვრებაც უნდა მოასწროს და, რაც მთავარია, მოახერხოს თავისი ცხოვრების მისივე მუსიკაში „შეთრევა“. ვიცი, ადრე თუ გვიან, ის არა მარტო მოსმენას, არამედ ბევრ კითხვასაც დაიწყებს მუსიკაზე და მუსიკოსებზე და სწორედ მაშინ მიხვდება, რომ ყველა დიდი მუსიკოსი თავის ცხოვრებას უკრავდა და უკრავს. ცარიელი ვირტუოზობა არავის აღარ აინტერესებს დღეს. შეიცვალა გარემო, შეიცვალა ხმები ჩვენ გარშემო, შეიცვალა მუსიკალური ტექნოლოგიები, და მუსიკოსებიც ცდილობენ ახალ გარემოს მოერგონ. ზოგს გამოდის, ზოგს არა. ზოგს ნიჭი არ ყოფნის, ზოგს ზედმეტი ტაში ღუპავს, ზოგს კი ზედმეტი ფული (არადა, არაა ჯაზი „ფულიანი“ მუსიკა!). მოკლედ, ზედაპირზე ყველა ვერ ჩერდება. ჩერდებიან ისინი, ვინც მთელი ცხოვრება მიუძღვნა ამ მუსიკას და მერე ეს ცხოვრება მუსიკაშივე „შეაჩერა“. თუ ბექა ამას მოახერხებს, მაშინ მისი მუსიკა სავსე იქნება ყველაფერი იმით, რაც მას უნახავს და გამოუცდია. იქ იქნებიან მისი ოჯახის წევრები და მეგობრები, მისი სიყვარული მათ მიმართ და მათი მისდამი სიყვარული, მისი ბინა გლდანში, სათამაშოები, ოთახის კუთხეში მდგარი პიანინოს ფერი, დედამისის გამომცხვარი ნამცხვრის გემო, გაკვეთილების მსვლელობის დროს იქვე ჩამომჯდარი მამის სახე, ის გოგონა, ვინც მას პირველად შეუყვარდება, მისივე შიშები და სიხარული, სიზმრები და ოცნებები, მისი ბებიების და ბაბუების ღიმილი და ყურადღება, თბილისი, კახეთი, ქართლი, საქართველო, ნიუ-იორკი, პარიზი, ბერლინი და ყველა ის ადგილი სადაც ის შეიძლება მოხვდეს. გააჩნია, რა ექნება „მოსაყოლი“ დანარჩენი სამყაროსათვის... მზადაა ეს პატარა ბიჭი ამისთვის? პასუხი ამ შეკითხვაზე მალე უნდა გასცეს და თუ საკუთარ თავს გამოუტყდება, რომ ამისთვის მზადაა, მაშინ უნდა მიაწვეს. ჩვენ აქედან დავეხმარებით, ჯერ ოჯახი, მასწავლებლები, ნათესავები, ახლობლები და ნაცნობები, მერე კი, შეიძლება მთელი საქართველოც. ვერ ხედავთ რა ამბავია ატეხილი „ევროვიზიაზე“ გამოსული ქართველების გარშემო?.. მოკლედ, იმედი მაქვს ამ სტატიის დაწერას არასდროს ვინანებ. იმედი მაქვს, რომ როდესღაც ერთ უფასო ბილეთს მომცემს თავის კონცერტზე, რა მნიშვნელობა, აქვს მსოფლიოს რომელ კუთხეში მოხდება ეს. იმ დროისთვის ის უკვე მსოფლიო მოქალაქე იქნება.
![]() |
9.2 ცოტა დაუჯერებელი კაცი დავითი |
▲ზევით დაბრუნება |
ავტორი: ანა კორძაია-სამადაშვილი
ფოტო: პირადი არქივი
„ო, ლაღი ველდი,“ ფიქრობდა პატარა ლომი, „ეს, ალბათ ,უზარმაზარი გალიაა, ოღონდ ჭერი არა აქვს. ოღონდ გისოსები მაინც აქვს, მაგრამ ძალიან შორს, ვერც კი დაინახავ, ოღონდ ნამდვილად აქვს - სხვაგვარად ხომ გადარეული ადამიანები შემოცვივდებოდნენ. ო, ლაღი ველდი...“
ყველაზე მაგარი წიგნიდან „კაპიტანი კროკუსი“
როგორი უნდა იყოს კაცი?
მშვიდი.
ღონიერი.
კეთილი.
გულუხვი.
მამაცი.
ცოტა მაინც ლომებზე მონადირე.
გამოგვივიდა დავით ჟორჟოლაძე.
არ ვიცი, შეიძლება ღამღამობით სახლიდან იპარება და ქუჩის ბავშვებს და მოხუც მათხოვრებს ერჩის ხოლმე, მაგრამ იმ ღირსშესანიშნავ დღეს, რომლის შემდეგაც გაუჩერებლად ვყვები, რომ ზებულონ სტრუმპი არ მომკვდარა და ტყუილად არ ვოცნებობდი ჯო ჰანტერზე - სადაც ერთი დადის ამქვეყნად ასეთი, ესე იგი, კიდევ იქნება ერთი საჩემო, - იმ დღეს, თბილისის ზოოპარკში, მსგავსი არაფერი შემიმჩნევია.
...ქალაქ თბილისში ცხოვრობდა ერთი ბიჭი, დავითი, რომელმაც სკოლის დამთავრების შემდეგ უმაღლეს სასწავლებელში მოსკოვში ჩააბარა. ამ სასწავლებელს ჰქვია ВАИ - ვაი. საავიაციო ინსტიტუტი. დავითი უნდა გამხდარიყო... ძალიან რთული სახელია, გასაგებ ენაზე ნიშნავს, რომ რაკეტები უნდა ეშენებინა. მაგრამ მან გადაწყვიტა, რომ ამას არც ფული მოჰქონდა და არც სიხარული, და მიუხედავად იმისა, რომ თავისი საქმის ჩინებულ მცოდნედ ითვლებოდა, თავგადასავლების საძიებლად და გასამდიდრებლად იქ გაემგზავრა, სადაც ყველას გვიოცნებია - აფრიკაში. თქვენი არ ვიცი, მე კი ვოცნებობდი: О тебе, моя Африка, шёпотом в небесах говорят Серафимы…
* * *
კონტინენტი - აფრიკა, მხარე - აღმოსავლეთ აფრიკა, ქვეყანა - ტანზანია. მისი ოფიციალური დედაქალაქი დოდომაა, სადაც ძველი დედაქალაქიდან სამთავრობო ორგანიზაციები გადაიტანეს, მაგრამ მთავარი ქალაქი მაინც დარ-ელ-სალაამია.
ჩრდილოეთიდან ტანზანიას კენია და უგანდა ესაზღვრება, სამხრეთიდან - მოზამბიკი, მალავი და ზამბი, დასავლეთიდან - კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ბურუნდი და რუანდა. აღმოსავლეთით ტანზანიის საზღვარი ინდოეთის ოკეანეა - ეჰ...
აფრიკის სამი ყველაზე დიდი ტბა - ტანგანიკა, ნიასა და ვიქტორია - ნაწილობრივ ტანზანიის მიწაზეა. ქვეყნის დიდი ნაწილი პლატოა, დაახლოებით 1290 მეტრი ზღვის დონიდან. ჩრდილო-დასავლეთ საზღვარზე აღმართულია კილიმანჯარო, აფრიკის უმაღლესი წერტილი - 5895 მეტრის სიმაღლისა. მთელი ბავშვობა სალაპარაკო თემა გვქონდა: აფრიკაში ხომ ძალიან ცხელა, რატომ არ დნება მის მწვერვალზე თოვლი?
კიდევ ტანზანიას ორი კუნძული ეკუთვნის, ზანზიბარი და პემბა. რაც ჩამოვთვალე, მგონი, სავსებით საკმარისია საიმისოდ, რომ Fernweh დაგემართოს კაცს, რაც მდაბიურად „შორეთის ტკივილად“ შეიძლება ვთარგმნოთ. ეს კეთილი სენი, როგორც ჩანს, ჩვენს გმირს მწვავე ფორმით სჭირს, თორემ სხვაგვარად როგორ აიხსნება ის ფაქტი, რომ 1995 წელს მეგობართან ერთად დარ-ელსალაამიდან თბილისისკენ მანქანით დაიძრა. მარშრუტი ალაგ-ალაგ იცვლებოდა და საბოლოო ჯამში მგზავრობამ ორი თვე გასტანა: ტანზანია - კენია - ეთიოპია - ერეტრია - სუდანი - ეგვიპტე - სუდანი - საუდის არაბეთი - ეგვიპტე - ისრაელი - იორდანია - ისრაელი - საბერძნეთი - ბულგარეთი - სერბეთი - ბულგარეთი - რუმინეთი - მოლდავეთი - დნესტრისპირეთი - უკრაინა - რუსეთი - საქართველო.
ჰო, კიდევ ტანზანიაში არის ქალაქი ტანგა ზღაპრული სანაპიროებითა და გოგირდის წყლებით; საშუალო წლიური ტემპერატურა 27 გრადუსია; სერენგეტის ეროვნულ პარკში ზებრები, ანტილოპები, მარტორქები, ჰიპოპოტამები, ჟირაფები, ლომები, ავაზები და მსგავსნი დაიარებიან - მაიმუნებსა და მსგავს წვრილფეხობაზე აღარაფერს ვიტყვი, და ამ პარკში გარეული ცხოველების ბუნებრივი სეზონური მიგრაცია ხდება.
გასკდი, გულო! ჩაიქეცი, სისხლო! ო, დედა, როგორ მინდა ტანზანიაში!
ვიძახო და ვიყო ასე... აი, დავით ჟორჟოლაძე კი წავიდა. ის, ვისთანაც ჩავიდა, სულ მალე გაიქცა ცხელი ქვეყნიდან, რადგან, დავითის თქმით, აფრიკაში თავიდან ყველა ყველაფერს აგებს. დავითი დარჩა და დღეს ტანზანიის მკვიდრი ერთადერთი ქართველია და მთელს აფრიკაში ერთადერთი თეთრი მამაკაცი ბრძანდება, ვინც სრულიად კანონიერად ცხოველებს იჭერს - სიტყვა „საფარის“ მოვერიდები; არ ხოცავს. იჭერს და თუ გაინტერესებთ, რა არსებები არიან მის მიერ დაჭერილი აარდვარკი და დიკდიკი, თბილისის ზოოპარკში მიბრძანდით. იქ ნახავთ და, მე მგონი, გაოცდებით.
დავითის საზოგადოება „აფრიკის ცხოველები“ 1998 წლიდან წარმატებით მუშაობს და აფრიკულ ცხოველებს - ძუძუმწოვრებს, ფრინველებს, რეპტილიებს, ათასგვარ ცოცხალ არსებას მთელს მსოფლიოში აგზავნის.
თავად დავითი პატარა ცხოველებს აღარ დაგიდევთ. ის დიდებზე „ნადირობს“ - ანტილოპებზე, გარეულ კამეჩებზე, ჟირაფებზე და, როგორც თავად ფამილარულად უწოდებს, კატებზე: ავაზებზე, გეპარდებზე და ლომებზე.
ნადირობა ხდება თოფით, რომელიც ისვრის არა ტყვიას, არამედ ნემსს: მოხვდება ცხოველს და ცხოველი იძინებს. მაიმუნები მას ტუტუცურად ექცევიან - სანამ დაიძინებენ, აუცილებლად ამტვრევენ, იმიტომ, რომ მაიმუნები არიან. მუხანათურად იქცევა აფრიკული გარეული კამეჩიც: შეიძლება გეგონოს, რომ გაითიშა, ის კი წამოხტება და ეს არაა კარგი ამბავი. რაც შეეხებათ ლომებს, ტკბილად იძინებენ: „კატაა, რა“.
დევნა ძალიან ხანმოკლეა, სულ ორი წუთი. თურმე, მეტი არ შეიძლება, იმიტომ, რომ ცხოველს გული თუ მეტისმეტად აუჩქარდა, შეიძლება ამ ამბავს გადაჰყვეს. დიდხანს გრძელდება მისი შერჩევა, მასთან „გაცნობა“, მიპარვა და სხვა და სხვა - ხომ წაგიკითხავთ სათავგადასავლო წიგნები? ზუსტად ასეთი ამბავია, ოღონდ, ახლა ცხენებით კი არ მისდევენ, არამედ ჯიპებით.
უწინ დავითი ლასოთი იჭერდა ცხოველებს, ახლა უკვე ესვრის და აძინებს. პირველი „ნანადირევი“ ანტილოპა ყოფილა, დიდი ხნის წინათ, 1993-ში. მას მერე იმდენნი იყვნენ, რომ, მგონი, დიდად აღარ ახსოვს.
ცხადია, აღარც ცხოველებს ახსოვთ დავითი, არა იმიტომ, რომ ბევრ დავითს იცნობდნენ, არამედ იმის გამო, რომ მოკლე მეხსიერება აქვთ. ასე, თბილისის ზოოპარკში მცხოვრებ ხალებიან აფთრებს არანაირი გრძნობა არ გაუმჟღავნებიათ მის მიმართ, ვის სახლშიც გაიზარდნენ და ვინც მათ იმას ასწავლიდა, რაც დედას უნდა ესწავლებინა - ახალ მომვლელს, დენისს ეთამაშებოდნენ. მათთან მეგობრობისთვის თავი არც დავითს მოუკლავს - გვერდით გალიაში სხვა აფთრები ეგულებოდა, ზოლებიანი, რომლებიც ახლახან თბილისში ჩამოიყვანა.
დავითი გალიაში შევიდა და მისი მაგალითით გულმოცემულმა მეც შევაბიჯე, ოღონდ გისოსის პირველ რიგს არ გავცილებივარ - მაინც აფთარია, რა ვიცი. აფთრები არ ჩანდნენ, ყუთში შემძვრალან, მგზავრობის შემდეგ სტრესი ჰქონიათ. ისხდნენ ყუთში და გამოსვლა არ უნდოდათ. დავითმა სთხოვა, გამოდითო. იმათ, არ გამოვალთო. დავითი ყუთს დასწვდა და გაისმა დიდი ფხაჭუნი: გამაგრდნენ და იძახდნენ, არ გამოვალთო. დავითმა ყუთს მისცხო და აფთრები გამოცვივდნენ. დიდები ყოფილან. არა, 25 კილო არიანო, დამამშვიდა დავითმა. ნუ იტყვი, დიდი ნუგეშია.
ერთი აფთარი გაიქცა და კუთხეში დაყუნცდა, ზუსტად ისე მიაჩერდა კედელს, ნაძირალა მასწავლებლის მიერ დასჯილი მოსწავლე რომ შვება ხოლმე, თან კანკალებდა და, ცოტა არ იყოს, შემეცოდა. მეორემ კი ჩაიდინა საშინელება, რომელმაც დამარწმუნა, რომ რაც არ უნდა იძახოს დავითმა, ეს ამქვეყნად ყველაზე გულითადი და სიმპათიური ცხოველიაო, აფთარი აფთარია: ჯაგარი აეშალა, თავზარდამცემი ხმა გამოსცა და ცუდი, ო, ძალიან ცუდი კბილები გამოაჩინა.
მე ვყოფილვარ ლაჩარი. ადრენალინმა ისე მომასხა, ვარაზისხევში ძაღლები აყმუვლდნენ. ძალიან მომინდა მოკურცხვლა, მაგრამ ეს კაცი ისე მშვიდად იდგა, რომ შეძლებისდაგვარად ღირსეულად გავედი გალიიდან, მთლადაც არ წავიხდინე თავი. მერე დავითმა დენისს უთხრა, ხილი უყვართ და საზამთროზე გიჟდებიან, აჭამე ხოლმეო. რას არ გაიგებს კაცი.
რომ დაგძგერებოდა? არაო. ვაჰ და მაინცმეთქი? ამხელას კისერში ხელი რომ ჩავავლო, მოვიქნევო, აი, ზრდასრული რომ იყოს, გამიჭირდებოდაო - თურმე ის ნადირი კიდევ გაიზრდება! და რომ დაეფხაჭნე, ნემსები უნდა გეკეთებინა-მეთქი? მხრები აიჩეჩა. არაო. რაც ნაკლებს ფიქრობ ასეთებზე, მით უკეთესიო. და საერთოდ, აფთრები ყველაზე კარგი ცხოველები არიანო.
რა ვიცი, აბა... თუმცა, უნდა ითქვას, რომ ტელევიზორში ნანახი აფთრებისგან განსხვავებით, ესენი ლამაზები იყვნენ. მართლა.
მერე ტერარიუმში წავედით, გველებთან, ხვლიკებთან და მსგავს კოშმარებთან. ახლა იქ დავითის მიერ გამოგზავნილი პითონიც ცხოვრობს. დავითმა მითხრა, მაინცდამაინც დიდი და საშინელი არაა, ოთხი მეტრი იქნებაო. ვნახე. დიდია და უსაშინლესი.
ამ პითონს ჯერ კიდევ აფრიკაში ყოვლად ბრიყვული ამბავი შეემთხვა: ერთ დღეს გველს მომვლელი თვალში არ მოუვიდა და გაჯავრებულმა ხელიდან დიდი რკინის ჯოხი გამოსტაცა. გამოსტაცა და ჩაყლაპა. გულგახეთქილი მომვლელი დავითთან მიქანდა და მოახსენა, რომ ცუდად იყო საქმე. პითონი მართლაც სავალალო დღეში იყო. მას ესროლეს, დააძინეს და მერე ჩამოკიდეს, კინაღამ ვთქვი, ფეხებით-მეთქი. გველი მოდუნდა და ჯოხი როგორც ჩაყლაპა, ისე გადმოაგდო უკან.
კიდევ დავითთან მაიმუნი ცხოვრობს. ოდესღაც დედამ მიატოვა და ჩვილივით გამოზარდეს, შპრიცით ასმევდნენ რძეს. ეს მაიმუნი ძალიან გაუზრდელია, მაიმუნია, რა: გერმანულ ნაგაზებს, რომლებიც დავითის კარ-მიდამოს იცავენ, ნერვებს უშლის, ხან ყურებში წაარტყამს, ხან კუდზე მოქაჩავს და მერე დავითის ზურგსუკან იტუზება, აქაოდა, მე და დავითს ვინ მოგვერევაო.
* * *
როცა დავითი ამბებს ჰყვებოდა, ვფიქრობდი, რომ უბედნიერესი კაცია: ცხოვრობს იქ, სადაც სულ თბილა, აქვს უზარმაზარი მიწაწყალი, ჰყავს ორი შვილი, ბევრს მოგზაურობს და ძალიან მოსწონს ისინი, ვისთანაც სულ აქვს საქმე - ცხოველები. სამოთხეა, ჰო?
თურმე, არა. ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე, აფრიკაში არ წავიდოდიო. უწინ რომანტიკა იყო, ახლა კი სამუშაოა და მოვიწყინეო. აი, ეს შეიხიც რეკავს, რეკავს, ჟირაფი უნდა და ასეთ ტემპში ჟირაფი საიდან მოვუყვანოო... მართლა სამ წუთში ერთხელ რეკავდა.
ეჰ, დავით. ჩემი ტელეფონიც სამ წუთში ერთხელ რეკავდა, ოღონდ ჟირაფი და მსგავსი სილამაზეები არავის უხსენებია. მაინც ტანზანია ჯობია, ჩემო ბატონო.
* * *
სულ მალე თბილისის ზოოპარკში ორი თეთრი ლომი იცხოვრებს, გოგო და ბიჭი. ალბინოსები კი არ არიან, ასეთებად ჩაიფიქრა ღმერთმა. დავითმა თქვა, ისინი ისეთი მშვენიერი მხეცები არიან, მათი ნახვის მერე ყველა ლომი ნათრევ კატად მოგეჩვენებაო.
ვნახოთ.
ბოდიში, უხერხული კითხვა კია, დავით, მაგრამ შუბლზე ეს ნაიარევი რა ამბავია?
ვიფიქრე, მიამბობს ახლა ლომებზე, ავაზებზე, ველურ ტომებზე! არა. ბავშვობაში ველოსიპედით დაეჯახა რაღაცას.
გამიხარდა. იმედისმომცემი ამბავია. მაშ, შესაძლებელი ყოფილა! რაც მე ველოსიპედით დავშავებულვარ! მაშ, ოდესმე მეც აღმოვჩნდები ლაღ ველებზე, ვნახავ კილიმანჯაროს და ვინ იცის, თეთრ ლომსაც. საახალწლოდ ამას ჩავიფიქრებ, რა იცი, რა ხდება.
P.S. დავითი მართლა არსებობს. არ გამომიგონებია. შეგიძლიათ იხილოთ www.africananimals.biz.
![]() |
9.3 როგორ გადაწყვიტა ჰილარი კლინტონმა სენატის დაპყრობა |
▲ზევით დაბრუნება |
ავტორი: ელიზაბეტ კოლბერი
ინგლისურიდან თარგმნა თამარ ბაბუაძემ
© პირველად გამოქვეყნდა ჟურნალ „ნიუ-იორკერში“, 2003 წელს.
ჰილარი კლინტონი ბოლო დროს სტაბილურად პირველია. ბევრი ვარაუდობს, რომ დემოკრატიული პარტიაც ფსონს 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე სწორედ ჰილარიზე დადებს. მისი საპრეზიდენტო კანდიდატურის წარმატებას თავისი საფუძვლიანი მიზეზები აქვს. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ყოფილი პირველი ლედის თანმიმდევრული კურსი და უცვლელი პოლიტიკური იმიჯია. ამ კურსს და იმიჯს ჰილარი კლინტონი, უკვე წლებია, ინარჩუნებს. ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა სენატორობა გადაწყვიტა.
სტატია, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ, სწორედ ამ პერიოდს მოიცავს - სენატის არჩევნებს და კლინტონის, როგორც სენატორის, საქმიანობას. რადგან ავტორის მთავარი თემა ჰილარი კლინტონის საქმიანობაა, ამიტომ წინასწარვე გაფრთხილებთ, რომ ეს არ გახლავთ ამერიკის ყოფილი პირველი ლედის და ერთ-ერთი მთავარი საპრეზიდენტო კანდიდატის დამტკბარი პორტრეტი - სენტიმენტალური შტრიხებით გაჯერებული, ცხოვრებისეული კადრებით სავსე და კლინტონის შინაგანი სამყაროს შეცნობის ამბიციით გამსჭვალული. თუმცა ვფიქრობ, ეს წერილი სწორედ ამიტომაა უფრო საინტერესო წასაკითხი. ერთი შეხედვით, მშრალი შეფასებებისა და საქმიანი და პოლიტიკური მსჯელობის მიღმა უამრავი ჩვენთვისაც აქტუალური საკითხი იმალება. ამიტომ პარალელების გავლება ქართულ საარჩევნო რეალობასთან ნამდვილად ღირს. როგორი შეიძლება იყოს საარჩევნო (და ასევე საკანონმდებლო) გარემო და როგორი გვაქვს ჩვენ - სტატიის წაკითხვის შემდეგ სწორედ ამ კითხვებზე შევძლებთ ამომწურავი პასუხის გაცემას. ცხადია, ჰილარი კლინტონის მაღალ საარჩევნო კულტურაზე წერილში საგანგებოდ ყურადღება არაა გამახვილებული, რადგან ეს კულტურა იქ არავის უკვირს. თუმცა კი, მსგავსი დეტალები, ქართველ მკითხველს სხვაგვარი ინტერპრეტირების საშუალებას ნამდვილად მისცემს.
ისიც გასათვალისწინებელია, რომ არჩევნები, რომელზეც წერილშია საუბარი, სენატისაა და არა პრეზიდენტობის, ამომრჩეველთან ურთიერთობის დონე კი მაინც ასეთი მაღალია.
ჰილარი კლინტონი საზოგადოებრივ რადიოში დებატების დროს. 2007
1993 წლის 26 იანვარს, თეთრ სახლში დასახლებიდან ექვსი დღის შემდეგ, ჰილარი როდჰემ კლინტონი ჟაკლინ კენედი ონასისს შინ ეწვია. პირველი ლედი ონასისმა მეხუთე ავენიუზე საკუთარ ბინაში მიიღო. სასტუმრო ოთახში, რომლის ფანჯრებიც ნიუ იორკის ცენტრალურ პარკს გადაჰყურებს, კლინტონს მსუბუქი საუზმე მიართვეს. ორ ქალბატონს მანამდე ერთმანეთი ერთიორჯერ ჰყავდათ ნანახი, მაგრამ კლინტონი ონასისს იმ იშვიათ ამერიკელ ქალად მიიჩნევდა, რომელსაც გულწრფელად შეეძლო მისი გასაჭირის გაგება. ორი საათის განმავლობაში საუბარი ბევრ თემას შეეხო, მათ შორის, ისაუბრეს საფრთხეებზე, რომლებიც ქარიზმატულ ლიდერებს ემუქრებათ და ბავშვების აღზრდის პრობლემაზეც ისაუბრეს, რაც საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოქცევის შემდეგ ჩნდება ხოლმე. ბოლოს, ქალბატონები სამოსსაც შეეხნენ. თითქმის ყველაფერი, რაც თეთრ სახლში დასახლების პირველ დღეებში კლინტონმა გააკეთა, დაუნდობლად გაუკრიტიკეს - არც პრეზიდენტის კაბინეტის გვერდით ოთახში გადასვლა მოუწონეს და არც - შლაპების არჩევანი (ჩაიდნის მსგავსი ქმნილება, რომელიც ჰილარის პრეზიდენტის ფიცის დადების ცერემონიალზე ეხურა, ერთ-ერთ სტატიაში დაახასიათეს, როგორც მფრინავი თეფში, რომელიც მიწაზე პირდაპირ თავით დაეშვა). კლინტონმა ონასისს ჰკითხა, მოდის კონსულტანტებს ხომ არ მივენდო, როგორც ამას ბევრი მირჩევსო. ონასისმა კი პირველ ლედის შეშფოთებით უპასუხა: „არა, თქვენ ბუნებრიობა უნდა შეინარჩუნოთ“.
ონასისის რჩევა კლინტონმა მშვენივრად გაიგო, მაგრამ დაბრუნდა თუ არა ვაშინგტონში, ის მაშინვე დაივიწყა. ამ დროისთვის უკვე გადაწყვეტილი იყო, ჰილარი კლინტონს ჯანდაცვის რეფორმაზე მომუშავე საპრეზიდენტო სპეც-კომისიისთვის უნდა ეხელმძღვანელა, რაც, თავის მხრივ, პირველი ლედისთვის უპრეცედენტო თანამდებობა გახლდათ. ამიტომ უამრავი ჟურნალისტი იღწვოდა, ახალ თანამდებობაზე დანიშნულ პირველ ლედისთან პირველი ინტერვიუ ჩაეწერა. იმის ნაცვლად, რომ შანსი პოლიტიკური მიმომხილველისთვის ან თუნდაც ჯანდაცვის სფეროს ჟურნალისტისთვის მიეცა, კლინტონი სასაუბროდ „თაიმსის“ კერძების მიმომხილველს მარიან ბაროსს დაუჯდა. მალე „თაიმსის“ პირველ გვერდზე ბაროსის მასალა გამოქვეყნდა, რომლის მთავარი თემაც კულინარია გახლდათ; კერძოდ კი ის, რომ კლინტონმა თეთრი სახლის ფრანგული მენიუ ამერიკული სტილის კერძებით გადაახალისა. სტატიას თანდართული ჰქონდა ფოტო, რომლის გადაღებებზეც კლინტონმა დონა კარანის მხრებმოშიშვლებულ საღამოს კაბაში იპოზიორა.
წესით, მეორე აქტი ამერიკულ პოლიტიკაში არ უნდა არსებობდეს. თუნდაც იმიტომ, რომ ამომრჩეველი სულსწრაფია და ამდენ ხანს ვერ ითმენს, ანდა იმიტომ, რომ უყურადღებობით გამოირჩევა და საზოგადოების წარმოსახვაში ერთხელ ჩამოყალიბებული შთაბეჭდილება, სხვა ალბათობების დაშვებას გამორიცხავს (ვთქვათ, მაიკლ დუკაკისი ტანკში, ანდა გერი ჰარტი მდიდრული იახტის „მანქი ბიზნესის“ გემბანზე). არაგულწრფელობის რეპუტაციასაც აღარაფერი შველის, რადგან ღირსების დაბრუნების ყოველი მცდელობა საზოგადოებაში აღიქმება, როგორც მორიგი არაგულწრფელი ნაბიჯი.
ჰილარი კლინტონის მეორე ვადა კი, მაინც დაიწყო. იმის მიხედვით, თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს ან სამი წლის წინ, სენატში არჩევით მოხდა, ანდა ცოტათი ადრე - როცა ბილ კლინტონის ღალატის ამბავი გაცხადდა. ასეა თუ ისე, ჰილარის მეორე ვადამ ტრიუმფალურ პიკს ამ ზაფხულს მიაღწია, მემუარების „ცოცხალი ისტორიის“ გამოქვეყნების შემდეგ. ეს წიგნი გავრცობილი მსჯელობაა ყველა იმ თავსატეხის შესახებ, რაც პირველი ლედის სტატუსს მოაქვს. „ჯეკი კენედის ფარული მინიშნება გავითვალისწინე და გადავწყვიტე ჩემი ახალი მდგომარეობით მაქსიმალური სიამოვნება მიმეღო“ - ასე იხსენებს წიგნში ჰილარი ონასისთან შეხვედრას; პრესაში მისი კაბის დაწუნებას კი კრიტიკოსების ვიწრო წარმოსახვას მიაწერს: „ყურადღებას კერძებსაც ვაქცევდი, რითაც თეთრ სახლში სტუმრებს ვუმასპინძლდებოდი და ასევე, ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებაზეც ვზრუნავდი, რათა ის თითოეული ამერიკელისთვის ყოფილიყო ხელმისაწვდომი“. მხოლოდ შტატებში ჰილარის მემუარების მილიონნახევარი ეგზემპლარი გაიყიდა და გადააჭარბა კიდეც რვა მილიონ დოლარს, რომელიც გამომცემლობა „საიმონ ენდ შუსტერმა“ წიგნში ჩადო (მემუარები 35 უცხო ენაზეც ითარგმნა და გამოიცა). მეტიც, ამ წიგნს ორმაგი ეფექტი მოჰყვა: ერთი მხრივ, გავრცელებულმა ხმებმა კლინტონის საპრეზიდენტო კამპანიაში ჩართვის შესახებ წიგნის გაყიდვებს შეუწყო ხელი. მეორე მხრივ კი - აურაცხელმა გაყიდულმა წიგნმა ამ ხმების კიდევ უფრო უკეთ გავრცელება უზრუნველყო.
როგორ შეძლო ჰილარი კლინტონმა საკუთარი იმიჯის ასეთი შთამბეჭდავი რეაბილიტაცია, გაურკვეველია, მით უფრო, იმ ფონზე, როცა მისი მეუღლის ადმინისტრაციის მრავალი წარმომადგენელი, დღემდე ბილ კლინტონის პრეზიდენტობისას მიღებულ ყველაზე ცუდ გადაწყვეტილებებს ჰილარის აწერს. ამას ასეც ხსნიან: ჰილარი კლინტონი გაცილებით უფრო საღად აზროვნებს, როცა საქმე მის პირად კარიერას ეხება, ვიდრე - მეუღლისას. თვითონ ჰილარი კლინტონი კი „ცოცხალ ისტორიაში“ წერს, რომ ყველა ის პრობლემა, რაც მას პირველი ლედობის პერიოდში თავს დაატყდა, საშინელი გაუგებრობის შედეგი იყო და სხვა არაფერი.
სენატორი კლინტონი და მისი გუნდი ლათინური ასო L-ს ფორმის იმავე ოფისში დაბინავდნენ, რომელიც მთელი 25 წლის განმავლობაში კლინტონის წინამორბედს დენიელ პეტრიკ მოინიჰანს და მის ჯგუფს ეკავა. კლინტონის კაბინეტი L-ის ერთ-ერთ ბოლოშია მოთავსებული და სივრცითა და ჰაერითაა სავსე. ოთახს მარმარილოს ბუხარი ამშვენებს, რომელიც ოთხ დეკორატიულ და თხელ მორს იჭერს. კედლები ბაც ნარცისისფერ ტონშია შეღებილი და მორთულია აქსესუარებით, რომლებიც ოთახის შეფარულ ქალურობას უსვამს ხაზს. სკამებზე პატარა, მახვილკუთხა ბალიშებია დამაგრებული, ერთ-ერთ ბალიშზე კლინტონის 1996 წელს გამოქვეყნებული წიგნის It Takes a Village-ის გარეკანია დაკერებული, მეორე კი გაწყობილია წარწერით: „სენატორი ჰილარი“. როგორც პოლიტიკოსების კაბინეტების უმრავლესობაში, აქაც ბევრი ფოტოა, მაგრამ სტანდარტული, დაყენებული კადრების ნაცვლად, რომლებზეც პოლიტიკოსები ცნობილ ადამიანებთან ერთად პოზირებენ, ჰილარის გამოფენილი აქვს ფოტოები, რომელთა შორისაა, მაგალითად, რობერტ კენედის პორტრეტი - ისიც ნიუ-იორკის სენატორი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ნიუ-იორკის შტატი მისი მშობლიური არ ყოფილა; იქვეა ბილ კლინტონის სახასიათო ფოტო - ყოფილი პრეზიდენტი ზურგით კამერისკენ დგას და ოვალური კაბინეტის ფანჯრიდან იყურება; იქვეა ჰილარისა და ელეონორ რუზველტის პორტრეტიც. ისე, ოფისი დიდად არაფრით გამოირჩევა - მოინიჰანს ბევრი შანსი ჰქონდა, საკუთარი სამუშაო კუთხე განეახლებინა, მაგრამ ეს არ გააკეთა. კლინტონსაც, როგორც ახალბედა სენატორს, ძველი ოფისი შერჩა.
გვიანი მაისის ერთ დილას ვაშინგტონში ჩავედი, კლინტონთან ერთად მთელი დღე რომ გამეტარებინა. ათის ნახევარზე ოფისში შევხვდი. კაბინეტში იჯდა და თუნუქის ქილიდან ცივ ყავას წრუპავდა. ამ დილაადრიან სენატორი, მაინცდამაინც, ფორმაში არ ჩანდა. ხოლო როცა კაბინეტში გარემოს დამცველთა ჯგუფის E2-ს წარმომადგენლები შევიდნენ, კლინტონი ისე გამოიყურებოდა, თითქოს, ჯერაც გაღვიძებას ცდილობსო. მათი საკითხები უამრავ თემას მოიცავდა - ოკეანეებში თევზაობაზე დაწესებული ლიმიტის გადაცდენიდან დაწყებული, ბუშის საკანონმდებლო პროგრამით დამთავრებული. კლინტონი ყავის წრუპვა-წრუპვით ეთანხმებოდა მათ მოსაწყენ მოსაზრებებს საწყლოსნო ცხოვრებასა და პრეზიდენტის ინიციატივებზე: „ადმინისტრაცია ხელიდან არ უშვებს არც ერთ შანსს, სუფთა ჰაერისა და სუფთა წყლის კანონები რომ შეასუსტოს“, - განაცხადა სენატორმა ბოლოს და, დასკვნის სახით, იმედი გამოთქვა, რომ „ეს მათი პირველი შეხვედრაა, რომელიც მომავალში რეგულარულ ხასიათს მიიღებს“. დასასრულს, გარემოს დამცველებს ბოდიში მოუხადა და კაპიტოლიუმში დანიშნულ პრესკონფერენციაზე წავიდა.
პრესკონფერენცია 2004 წლის თავდაცვის კანონს ეხებოდა, რომელსაც ჯერაც ვერ მიეღწია კონგრესამდე. რამდენიმე თვით ადრე კლინტონი სენატის შეიარაღებული სამსახურის კომიტეტში გაწევრიანდა. როცა ვკითხე, რატომ სურდა ამ პოსტზე დანიშვნა, ასე მიპასუხა: „ვფიქრობ, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ მიმართული ომი გრძელვადიანი ამოცანაა და ამ ფონზე მნიშვნელოვანია, ვიცოდე, ზუსტად როგორი იქნება ჩვენი სამხედრო პასუხი და ვართ თუ არა საჭიროებისამებრ დაცულნი. ისიც ნათელია, რომ მოქმედი ადმინისტრაცია, არჩეული სტრატეგიით, ფედერალურ ბიუჯეტს თავდაცვის გარდა, ყველაფერზე ზოგავს. მე კი ვფიქრობ, შეცდომაა, დავივიწყოთ ჩვენი ქვეყნის უამრავი საშინაო თუ საგარეო პრიორიტეტი. თუმცა, რადგანაც უზარმაზარ დეფიციტსა და დაგროვილ ვალს მაინც აქეთ მივყავართ, მინდა, გავერკვე, როგორ უნდა დაიხარჯოს თანხა“. სხვებმა, დემოკრატების ჩათვლით, სათქმელი უფრო მარტივად და მოკლედ მოჭრეს: მათი თქმით, ნაციონალურ უსაფრთხოებაზე ზრუნვით კლინტონი, უბრალოდ, საკუთარ რეზიუმეში არსებული სიცარიელის ამოვსებას ცდილობს.
ჰილარი კლინტონი აიოვას შტატის მხარდამჭერთა შეხვედრაზე. 2007
ბილ კლინტონი ჰილარის მხარდამჭერთა შეხვედრაზე ნიუ-იორკში. 2007
ვინაიდან კლინტონი უმცროსი სენატორია, სენატის პრესკონფერენციებზე ხშირად ყველაზე ბოლოს გამოდის. ახლაც კონფერენციაზე, რომელიც თავდაცვის კანონში შესწორებას ეხებოდა (ამ შესწორების მიხედვით ეროვნული გვარდიის წევრები და რეზერვისტები სამხედრო ჯანმრთელობის დაზღვევის სისტემაში უნდა გაეერთიანებინათ), კლინტონი იძულებული იყო, რიგში ჩამდგარიყო და ჯერ შესწორების დანარჩენი მხარდამჭერებისთვის მოესმინა. ისინი იყვნენ: სენატორი პატრიკ ლიჰი ვერმონტის შტატიდან, სენატორი ტომ დეშლი სამხრეთ დაკოტადან და სენატორი ლინდსი გრემი სამხრეთ კაროლინადან. გამოცდილი პოლიტიკოსები ხშირად არც უსმენენ სხვა გამომსვლელებს, ვიდრე ისინი მჭევრმეტყველურად მსჯელობენ ათასგვარ ბანალურ საკითხზე, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი, მაგალითად, იმაზე, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისთვის თავგანწირული სამხედროების სათანადოდ დაფასებას. კლინტონს მუდამ ეტყობა, რომ გატაცებით უსმენს თავის კოლეგებს. ახლაც, თანხმობის ნიშნად ენერგიულად უქნევდა თავს დეშლის, ლიჰის და გრემს, ვიდრე ისინი დაუღალავად ამტკიცებდნენ, რომ აუცილებელია, გვარდიელები და რეზერვისტები ჯანმრთელობის დაზღვევის მიღების აუცილებლობაში დაარწმუნონ. ბოლოს, როცა მისი გამოსვლის ჯერიც დადგა, კლინტონმა თქვა: „ამ კანონის მთავარი სათქმელი ესაა - „თქვენ ჩვენი ქვეყნისთვის ისეთი ძვირფასი რესურსი ხართ, რომ ჩვენგან სხვაგვარ მოპყრობას იმსახურებთ“. შემდეგ კლინტონმა მადლობა გადაუხადა კოლეგებს, განსაკუთრებით კი, გრემს - კანონის მხარდამჭერთა კვარტეტის ერთადერთ რესპუბლიკელ წარმომადგენელს და აღნიშნა ისიც, რომ გრემი თავადაც მსახურობდა ეროვნულ გვარდიაში.
კლინტონს ცნობილი ადამიანის აურა მუდამ სდევს თან. ამაზე ხმამაღლა არავინ ლაპარაკობს, მაგრამ სწორედ ეს აურა განსაზღვრავს მთელ მის ურთიერთობებს. რესპუბლიკელი გრემიც, როცა პრეს გალერეაში ქალბატონი კლინტონის გვერდით იჯდა, ატაცებულიც ჩანდა და თან, ოდნავ დარცხვენილიც - როგორც პატარა ბავშვი, პრანჭვისას რომ წაასწრეს. „უნდა გითხრათ, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როცა რაღაც გავიტანე“, - გამოაცხადა გრემმა. „ვეცდები, უფრო ხშირად ვესაუბრო ხოლმე სენატორს ნიუ-იორკიდან“. აშკარა იყო, გრემს ვერ გადაეწყვიტა, როგორ მიემართა ყოფილი პირველი ლედისთვის და საუბრის ერთ მომენტში, უბრალოდ „მან“-ითაც მოიხსენა. კლინტონი კი, თავის მხრივ, გრემს, უბრალოდ, სახელს - ლინდსის ეძახდა. ის აბსოლუტურად მშვიდი და გაწონასწორებული ჩანდა, და თუ გრემის დაბნეულობას ამჩნევდა - და სავარაუდოა, რომ ამჩნევდა - ეს, ალბათ, ცოტათი ართობდა კიდეც.
კლინტონის სენატში არჩევის პირველივე ხანებში დამწყები სენატორისადმი გაჩნდა კითხვა - როგორ წარმოგიდგენიათ სენატში მუშაობა, თუ გავითვალისწინებთ თქვენი და თქვენი მეუღლის წარსულში დაძაბულ ურთიერთობას ამ ორგანოსთან. კლინტონმა აღნიშნა, რომ არ ღელავდა. „მგონი, კარგად მიმიღებენ“, - განაცხადა მან არჩევნების შემდეგ მანჰეტენზე გამართულ პირველივე პრესკონფერენციაზე, - „ბევრ რესპუბლიკელთან წარსულშიც ხშირად მიმუშავია. ახლაც ველოდები იმ დროს, როცა ორპარტიული თანამშრომლობის საფუძველზე მათთან ერთად კვლავაც ვიმუშავებ არა მხოლოდ ნიუ-იორკისთვის, არამედ იმ შტატებისთვის აქტუალურ თემებზეც, რომელთაც ეს სენატორები წარმოადგენენ“.
იმავე დღეს, მაშინდელმა უმრავლესობის ლიდერმა, სენატორმა ტრენტ ლოტმა განაცხადა: „ერთ რამეს გეტყვით, როცა ეს ჰილარი სენატში მოვა, თუ საერთოდ მოვიდა - იმიტომ, რომ იქნებ, მეხი დაეცეს და ვერ შეძლოს - ჩვენ მუდმივად შევახსენებთ მას, რომ ის მხოლოდ ასიდან ერთ-ერთია“.
თუმცა, მსგავსი კომენტარების მიუხედავად, კლინტონის სიმშვიდე და თავდაჯერებულობა ძირითადად მაინც საფუძვლიანი იყო. შეიარაღებული ძალების ბიუჯეტში შესწორების გარდა, რომელიც მან ლინდსი გრემთან ერთად გაიტანა, ჰილარი უამრავი სხვა წინადადების ინიციატორიც გახლდათ, მათ შორის: ორეგონის შტატის რესპუბლიკელ სენატორ გორდონ სმიტთან ერთად მედდებისთვის სამუშაო ადგილების გასაზრდელად შემუშავებული ზომები; ოკლაჰომას შტატის ასევე რესპუბლიკელ სენატორ დონ ნიქლსთან ერთად უმუშევართა დახმარების გაზრდა; ხოლო ვირჯინიის შტატის რესპუბლიკელ სენატორ ჯონ უორნერთან ერთად იმ ადამიანების დახმარებაზე ზრუნვა, რომლებიც ხანდაზმულ ანდა, უნარშეზღუდულ ნათესავებს უვლიან. ბევრი ის პოლიტიკოსი, რომელიც წინათ კლინტონის სახელს ჩირქს სცხებდა - მაგალითად, ოკლაჰომას შტატის რესპუბლიკელი სენატორი ჯეიმს ინჰოუფი - ახლა ჰილარის საკუთარ მეგობრად მოიხსენებენ. ხოლო დოკუმენტების იმ სქელ საქაღალდეში, რომელიც კლინტონის ხელქვეითებმა გამომიგზავნეს, იყო ამაღელვებელი ციტატების მთელი კომპილაციაც. ქების რამდენიმე წერილი იმ კონგრესმენებსა და სენატორებს ეკუთვნოდათ, რომლებიც წინათ ჰილარი კლინტონს ცხარედ ეკამათებოდნენ, ან მისი მეუღლის იმპიჩმენტს უჭერდნენ მხარს, ანდა ორივეს წარმატებით ახერხებდნენ.
„მგონი, საქმეს თავს მშვენივრად ართმევს“, - აღიარა მერე ტრენტ ლოტმაც, - „ვფიქრობ, ცდილობს რაც შეიძლება ღრმად გაერკვეს საკითხში და საშინაო დავალება ფრიადზე შეასრულოს, თან ცდილობს, თავმდაბალი და თავაზიანიც იყოს“.
იმ დღეს კი შემდეგი შეხვედრა კლინტონს ასა ჰაჩინსონთან ჰქონდა - ნაციონალური უსაფრთხოების დეპარტამენტში საზღვრებისა და ტრანსპორტის უსაფრთხოების ოფისის ხელმძღვანელთან. ჰაჩინსონი არკანზასელია, ყოფილი კონგრესმენი. გრემთან ერთად ბილ კლინტონის იმპიჩმენტის პროცესში ისიც ერთ-ერთი მენეჯერის როლს ასრულებდა. მასთან შეხვედრა ახლა თვითონ ჰილარი კლინტონმა მოინდომა და ჰაჩინსონი საკუთარ ოფისში მიიღო. საუბრის თემა გახლდათ მცირე აეროპორტებში უსაფრთხოების საკითხი. დიალოგის დასასრულ, კლინტონით გულწრფელად აღფრთოვანებული ჰაჩინსონი მიუბრუნდა სენატორს და უთხრა: „გილოცავთ, თქვენ რასაც მიაღწიეთ, უდიდესი გამარჯვებაა“.
„ასეთი კარგი პერიოდი ცხოვრებაში არასდროს მქონია“, - მიუგო კლინტონმა, - „ეს ყველაფერი ჩემს თავს ხდება? ვეკითხები ჩემს თავს ყოველ დილას და ლოყას ვიჩქმეტ“.
კლინტონის მოგზაურობა სენატისკენ შედარებით ოფიციალურად 1999 წლის 7 ივლისს დაიწყო. იმ დღეს ჰილარიმ განაცხადა, რომ კამპანიის საწარმოებლად შტაბს ქმნიდა. ამ განცხადების გასაკეთებლად მან ნიუ-იორკის ჩრდილოეთში, ერთ პატარა დასახლებაში პინდარს ქორნერზში მდებარე დენიელ პატრიკ მოინიჰანის ფერმა აირჩია. მოინიჰანმა და კლინტონმა ჯერ სკოლის შენობაში მოითათბირეს, შემდეგ კი ახლადმოთიბული თივის მინდვრისკენ გაეშურენ, სადაც უკვე გაეშალათ სპეციალური სამაგრები კამერებისთვის. კლინტონმა ის კითხვები წამოსწია წინა პლანზე, რომლებიც მისიაზრით, ყველას აწუხებდა: „რატომ სენატი? რატომ ნიუ-იორკი? და რატომ მე?“ ბოლოს პრესიდან აკრეფილი რამდენიმე კითხვაც არ დაივიწყა. თუმცა, რაც ილაპარაკა, პასუხებს დიდად არ ჰგავდა, რადგან, მართალია, ხშირად წარუმატებლად, მაგრამ მაინც - თავის არიდებას ცდილობდა.
კლინტონის პრესკონფერენციაზე თან მეგობარი წავიყვანე, რომელიც პინდერს ქორნერზთან ახლოს ცხოვრობდა. მის გარდა, ადგილობრივი მცხოვრებლებიდან ღონისძიებას თითქმის არავინ ესწრებოდა, ამიტომ, ჩემი მეგობრის კომენტარი თითქმის მთელმა პრესამ ჩაწერა. ერთმა ტელეჟურნალისტმა ჰკითხა, სჭირდებოდა თუ არა ნიუ-იორკს სენატორად პირველი ლედი. მან კი, ისე, რომ ვერც გაიაზრა, რით დამთავრდებოდა ეს ყველაფერი, უპასუხა: „ნიუ-იორკს ჰილარი კლინტონი არ სჭირდება, მაგრამ ვფიქრობ, რომ ნიუ-იორკელების უმრავლესობა მხარს უჭერს სწორედ მის კანდიდატურას“. საღამოს საინფორმაციო გამოშვებაში კი მისი კომენტარის მხოლოდ პირველი ნახევარი გაუშვეს.
ორი საპრეზიდენტო კანდიდატის შეხვედრა ფილადელფიაში. 31.10.2007
უხეშ, აშკარა შეცდომებს რომ თავი დავანებოთ, - როგორიცაა, „იანქიზ“ კეპით სიარული და იასირ არაფატის ქვრივის სუჰა არაფატის გულში ჩაკვრა - კლინტონის საარჩევნო კამპანიას თავიდანვე შავ ლაქად დაჰყვა ძველი, ღიად დარჩენილი კითხვები მისი ვინაობის შესახებ. ერთი მხრივ, პირველი ლედი თავის ვინაობას ვერსად გაურბოდა; და მეორე მხრივ, სწორედ მისი ვინაობა იყო პრობლემა. კლინტონის იმიჯი სასწაულებრივად ამაღლდა მონიკა ლევინსკის სკანდალისა და ბილ კლინტონის იმპიჩმენტის საქმის შემდეგ. მიუხედავად ამისა, ბევრი (მათ შორის იყვნენ კლინტონის უახლოესი მეგობრებიც) ამტკიცებდა, რომ ტანჯული და მოტყუებული ცოლის მიმართ ხალხის თანაგრძნობა არ გახლდათ მყარი და სანდო საფუძველი, რაზეც საარჩევნო კამპანია უნდა აგებულიყო. ჰილარი კლინტონის სენატისკენ სწრაფვა აუცილებლად აცდუნებდა სხვებს, კლინტონის ადმინისტრაციის დროს მომხდარი მრავალრიცხოვანი სკანდალები ამოექექათ და ხელახლა გამოეძიათ. ამ უსიამოვნო მოგონებებში შედიოდა უაითუოთერის სკანდალიც და პირველი ლედის შესახებ გავრცელებული არცთუ სასიამოვნო შეფასებებიც („ლედი მაკბეტი აბადოკში“ მათ შორის ყველაზე გავრცელებული ფორმულირება გახლდათ). კამპანიის ერთ ეტაპზე კლინტონის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელებმა გადაწყვიტეს, გამოესწორებინათ კლინტონის რეიტინგი გარეუბნელ ქალებს შორის და უეჩესტერის საგრაფოში ქალებით დაკომპლექტებული ფოკუს-ჯგუფები შექმნეს. ეპითეტები, რითაც ეს ქალბატონები კლინტონს ახასიათებდნენ, იყო: გამჭრიახი და პრაგმატულად მოაზროვნე, მიმწოლი და ცივი. ერთმა ქალმა ასეც თქვა: „ჰილარის ეშინია, ჩვენს წინაშე სისუსტე გამოამჟღავნოს“, მეორემ კი - ასე: „სინამდვილეში ვერც ვხვდებით, ვინ არის ჰილარი კლინტონი“.
კითხვას, ვინ არის ჰილარი კლინტონი, კლინტონის საარჩევნო კამპანიამ კითხვის შებრუნებითვე უპასუხა. დაიგეგმა ე.წ. „მოსმენის ტური“ - კლინტონის უბრალოებისა და თავმდაბლობის წარმოსაჩენად დადგმული შოუ, რომელიც ნიუიორკის მოქალაქეებზე იყო გათვლილი. ამ ტურით კლინტონმა ამომრჩევლებს საარჩევნო კამპანიის სახეცვლილი ვერსია შესთავაზა. იმის ნაცვლად, რომ მხარდამჭერებისთვის პუნქტებად ჩამოყალიბებული შეხედულებები გაეცნო, კლინტონი ნიუ-იორკის შტატში მოგზაურობისას თვითონ შეუდგა სხვების შეხედულებების შეგროვებას. ის ამომრჩევლებისგან აზრის გამოთქმას ითხოვდა (როგორც საარჩევნო კამპანიის ერთმა ყოფილმა კონსულტანტმა ამიხსნა, „მოსმენის ტურის“ უკან ერთი კონკრეტული თეორია იმალებოდა - „ხალხს სურდა, სცოდნოდა, რომ ეს კამპანია მათთვის იყო და არა კლინტონისთვის“).
ვიდრე გაღიზიანებული ჟურნალისტები წუწუნებდნენ, კლინტონის საარჩევნო კამპანიას ტკივილგამაყუჩებელი ტაბლეტის ეფექტი აქვსო, ამომრჩევლებს ეს არ აღელვებდათ. ისინი ჰილარი კლინტონს იმედიანად უყურებდნენ. მათ წინაშე იდგა ქალი, რომელსაც შეეძლო რასაც მოისურვებდა, ის ეკეთებინა, მას კი კატარაუგუსის საგრაფოში ინტერნეტ-მომსახურების გაუმჯობესება სურდა. საარჩევნო შეხვედრების ფარგლებში კლინტონს ათიოდე შეხვედრაზე მაინც გავყევი. ერთხელ, ბაფალოში ვიზიტისას, ადგილობრივი რადიოს ცოცხალ ეთერში კლინტონს ჰკითხეს, ოდესმე წოლილა თუ არა ვინს ფოსტერთან. მისი გუნდის წევრები ამ ინტერვიუმ გააცოფა, თვითონ კლინტონს კი აღელვება არ დატყობია. მშვიდად განაგრძო განრიგით გათვალისწინებული ღონისძიებები და ბაფალოს მოხუცებულთა სახლში დაგეგმილ სადილზე მივიდა. ის ყოველ მაგიდასთან ჩერდებოდა და ყველა მსურველს ხელის ჩამორთმევით ესალმებოდა, თითქოს, სულ ცოტა ხნის წინ არაფერი უსიამოვნო არ მომხდარიყოს. ერთმა ქალბატონმა კანდიდატთან მისალმებისას დაიწუწუნა, ახალგაზრდები სამსახურის ძებნისას აქ საშინელ სირთულეს აწყდებიანო - მსგავსი უკმაყოფილება კლინტონს ათასჯერ თუ არა, ასჯერ მაინც ჰქონდა მოსმენილი. მაგრამ ამ ქალბატონმა კლინტონთან დაშორების შემდეგ მაინც დაასკვნა: „როცა ელაპარაკები, ის ყურადღებით გისმენს, და შენც იჯერებ, რომ შენი სათქმელი მართლა აინტერესებს, ანუ მხოლოდ თავიდან მოცილების მიზნით არ გეთანხმება“.
გამოადგებოდა თუ არა ჰილარი კლინტონს მოსმენის საოცარი ნიჭი რუდოლფ ჯულიანის დასამარცხებლად, უცნობია. იყო ეტაპი ჯულიანის საარჩევნო კამპანიაში, როცა ის კლინტონს სერიოზულ მეტოქედ არც განიხილავდა. თუ შემთხვევით ახსენებდა, მხოლოდ იმ მიზნით, რომ მასხრად აეგდო. ჯულიანის ამოჩემებული თემა, ძირითადად, კლინტონის არაგულწრფელობა იყო - საზოგადოებას თავს აჩვენებს, როგორც ნიუიორკის ცნობილი ბეისბოლის გუნდის „იანქიზის“ ფანსო, როგორც ნამდვილ ნიუ-იორკელს და როგორც გულწრფელ ადამიანსო - ამტკიცებდა ის. მერი დაჟინებით იმეორებდა და მის ნათქვამს შემდეგ სხვებიც ციტირებდნენ, რომ კლინტონს ნიუ-იორკის სენატორობის ერთადერთი ინტერესი ჰქონდა - პოსტი მორიგი კარიერისტული ნახტომისთვის გამოეყენებინა. „თუ ის ნიუ-იორკში გაიმარჯვებს, შემდეგ რაც მოხდება, მხოლოდ დროის ამბავი იქნება - აუცილებლად პრეზიდენტობისთვისაც დაიწყებს ბრძოლას“ - აცხადებდა ნიუ-იორკის რესპუბლიკელთა ლიდერი უილიამ პაუერსიც.
კლინტონის მიმართ ჯულიანისებური მიდგომა აირჩია რიკ ლაციომაც - ლონგ აილენდელმა კონგრესმენმა, რომელმაც საარჩევნო ბრძოლაში ჯულიანი მას შემდეგ შეცვალა, რაც გაირკვა, რომ ნიუ-იორკის მერი პროსტატის სიმსივნით იყო ავად. ლაციო აცხადებდა, „მეტსის“ კეპი პირველად ექვსი წლისამ დავიხურეო“. თუმცა, ლაციოს ჯულიანის კლასი აკლდა, ამიტომ, კლინტონის კრიტიკა დიდად არ გამოსდიოდა. ბევრ დემოკრატს სჯერა, რომ სწორედ ლაციოს, როგორც კანდიდატის, სისუსტემ და არა კლინტონის ქარიზმამ განსაზღვრა საარჩევნო ბრძოლის საბოლოო შედეგი. აშკარად წინასწარ ჩაფიქრებულ დაპირისპირებაში, რომელიც ბაფალოში გამართული დებატების დროს მოხდა, ლაციო პირდაპირ მიეჭრა კლინტონს და მოსთხოვა, ხელი მოეწერა დოკუმენტზე, რომელიც ფედერალური საარჩევნო კანონით დაურეგულირებელ ფულად შემოწირულობებს კრძალავდა. „როცა ლაციომ სცენა გადაჭრა და კლინტონისკენ დაიძრა, ის საშუალო სტატისტიკურ ქმარს ჰგავდა, სამზარეულოდან რომ გამოდის, ცოლისკენ მიემართება და ხმა მრისხანებით უთრთის“ - ასე დაახასიათა ეს ინციდენტი ერთმა ცნობილმა ნიუიორკელმა დემოკრატმა, - „მათ კლინტონს ისეთი კარგი საქმე გაუკეთეს, რასაც თავის თავს ვერაფრით გაუკეთებდა. ის სასიამოვნო და სიმპათიური გამოაჩინეს“.
სენატი გახლავთ ორგანო, რომელიც მთლიანად კანონებით და ტრადიციებით იმართება. ტრადიციებში შედის ერთი ასეთიც - ახალბედა სენატორი აუცილებლად უნდა ეწვიოს დასავლეთ ვირჯინიის შტატის დემოკრატ სენატორს რობერტ ბერდს. ბერდი სენატში, უკვე 50 წელია, მსახურობს, როგორც თვითონ ამბობს, ყველა დანარჩენ სენატორზე უფრო ხანგრძლივად, თუ არ ჩავთვლით ორ სხვა წევრს, რომლებიც სენატში მისი დაარსების დღიდან მსახურობდნენ. ბერდი სენატის კანონების სრულუფლებიან ექსპერტადაც ითვლება. კლინტონი მას სენატამდეც კარგად იცნობდა. მათი ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა 1993 წელს მოხდა, კლინტონისთვის ძალიან დაძაბულ დროს, როცა ის ჯანდაცვის რეფორმის პრეზიდენტის სპეც-კომისიას ხელმძღვანელობდა. პირველ ლედის ერთ-ერთი კანონპროექტის გასატანად, ბერდის მხარდაჭერა სჭირდებოდა, მაგრამ მაშინ ბერდმა ჰილარი კლინტონს უარი უთხრა. ამით ხანდაზმულმა სენატორმა კლინტონის ინიციატივაზე - შეგნებულად თუ შეუგნებლად - დამღუპველი გავლენა იქონია. კანონპროექტი ჩავარდა, კლინტონის იმედებიც, შემოეღო უნივერსალური ჯანმრთელობის დაზღვევის სისტემა, წყალში ჩაიყარა.
„ჰილარი კლინტონი თავიდანვე არ გამხდარა ჩემი ფავორიტი, - მითხრა ამასწინათ ბერდმა, როცა კაპიტოლიუმში, საკუთარ კაბინეტში ვეწვიე, - „მაგრამ ახლა კი, ნამდვილად ჩემი ფავორიტია, რადგან ძალიან მომწონს საკითხებისადმი მისი მიდგომა. მომწონს მისი გულწრფელობა. მომწონს მისი თავდაჯერებულობა“. ბერდი ამბობს, რომ ის კლინტონის ბეჯითი შრომითა და ღირსების შეგრძნებით მოხიბლულია. როცა 2000 წლის ნოემბერში ახალბედა სენატორი ტრადიციისამებრ ბერდს ესტუმრა, ბერდმა პირდაპირ უთხრა, რომ მისი შრომისმოყვარეობა და ურთიერთობების პატივისცემაზე დამყარება იქნებოდა ის თვისებები, რითაც კოლეგები კლინტონს შეაფასებდნენ. „ვფიქრობ, შესანიშნავი სტუდენტი გამოდგა“, - ასკვნის ბერდი.
პირველი საკანონმდებლო ინიციატივა, რაც კლინტონმა სენატს წარუდგინა, გახლდათ შვიდი კანონპროექტისგან შემდგარი პაკეტი, რომელიც, მისივე სიტყვებით, „ჩრდილოეთ ნიუ იორკსა და საერთოდ მთელ ქვეყანაში სამუშაო ადგილების გაზრდას შეუწყობდა ხელს“. ეს იყო პაკეტი, რომლითაც ჰილარი კლინტონი ასრულებდა საარჩევნო კამპანიის დროს დადებულ პირობას და რომელიც, ბევრ სხვა საკითხთან ერთად ითვალისწინებდა ტექნოლოგიური კავშირის შექმნას პერიფერიულ დასახლებებში. 2001 წლის 1 მარტს საკანონმდებლო პაკეტის წარდგენისას, კლინტონმა კოლეგებს მოკლე ცნობებით სავსე საქაღალდეები და სხვადასხვა ფერად დაყოფილი რუკები დაურიგა, ამ რუკებზე აღნიშნული იყო, თუ როგორ ისარგებლებდნენ დანარჩენი სენატორების შტატები კლინტონის ინიციატივით.
საერთო ჯამში, თავისი „საინაუგურაციო“ საკანონმდებლო მცდელობებისთვის კლინტონს მაღალი ნიშნები დაუწერეს. არა იმიტომ, რომ მისი იდეები შორსმჭრეტველური, ან ორიგინალური იყო - პირიქით. ბევრი სხვა დამწყები სენატორის მსგავსად, კლინტონმა სენატის პირველი წლები ძირითადად ფედერალური თანხების ნიუ-იორკისკენ მიზიდვას შესწირა.
„ხალხი ფიქრობდა, ღმერთო, ის ხომ პირველი ლედია, ალბათ, ბევრ რამეზე აიბზუებს ცხვირს“ - მითხრა გერი დუგლასმა, პლატსბურგ-ნორთ ქანთრის სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა, რომელიც ერთ-ერთ პროექტზე კლინტონთან ერთად მუშაობდა, - „ის კი, არა მხოლოდ პასუხობს ჩვენს სატელეფონო ზარებს, შიგადაშიგ, თვითონაც გვირეკავს ხოლმე“. დუგლასმა ისიც დასძინა, რომ მასზე დიდი შთაბეჭდილება კლინტონის ხელქვეითებმაც მოახდინეს. შემდეგ იგივე აზრი ბევრი ჩემი სხვა წყაროსგანაც მოვისმინე. სხვა ოფიციალურმა პირებმა ისიც კი მითხრეს, რომ არ არსებობდა არც ერთი, თუნდაც მცირე ზომის, ეკონომიკური განვითარებისკენ მიმართული პროექტი, რომელსაც კლინტონი უყურადღებოდ ტოვებდა. მაგალითად, შარშან, ადგილობრივი სოფლის მეურნეობის პროპაგანდისთვის, მან კაპიტოლიუმში საგანგებო ღონისძიება მოაწყო, სახელწოდებით ნიუ-იორკული ფერმის დღე. მსგავსი ღონისძიება წინა თვეშიც გაიმეორა. ორივეჯერ სტუმრებს ნიუ-იორკში მოყვანილი სოფლის მეურნეობის პროდუქტებით გაუმასპინძლდა. „კლინტონი ნიუ-იორკში დაყენებული ღვინისა და მოყვანილი პროდუქტის ნამდვილი მისიონერია“, - მითხრა ნიუ-იორკის ღვინისა და ყურძნის ფონდის პრეზიდენტმა ჯიმ ტრეზისმა.
ყველა კანონმდებელმა, რომელთაც კლინტონის შესახებ აზრი ვკითხე, ის ისევე ქებით დაახასიათა, როგორც - სენატორმა ბერდმა. მათი თქმით, კლინტონი ერთგულად ესწრება კომიტეტის მოსმენებს, პატივისცემით ეპყრობა უფროს კოლეგებს და, საერთოდ, ცდილობს სხვებს წინ უხეშად არ გადაუდგეს. „ჩვენს შეხვედრებზე - ნიუ-იორკის დელეგაციის წევრები ხშირად ვაწყობთ ხოლმე ასეთ შეხვედრებს - ის ისე უბრალოდ და უპრეტენზიოდ ზის ხოლმე დარბაზში, როგორც ერთერთი ჩვენგანი“, - მითხრა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ლონგ აილენდიდან, პიტერ კინგმა, - „წინ გამოხტომას და შენთვის სათქმელის წართმევას არასდროს ცდილობს. რადგან იცის, რომ პრესის ყურადღებას ისედაც მიიპყრობს. მის ფოტოს გაზეთში ისედაც დაბეჭდავენ.
კლინტონისა და გრემის შესწორების დამტკიცებიდან რამდენიმე კვირა იყო გასული, როცა ვაშინგტონში კვლავ ჩავედი. ის დღე მთლიანად 2004 წლის ნაციონალური უსაფრთხოებისთვის გამოყოფილი თანხების შესახებ კანონს ეთმობოდა. 11 სექტემბრიდან მოყოლებული, კლინტონს უამრავი მიზეზი დაუგროვდა იმისთვის, რომ დროის დიდი ნაწილი ნაციონალური უსაფრთხოების საკითხისთვის დაეთმო. უფრო კონკრეტულად კი, ამ მიმართულებით ნიუ-იორკში მეტი თანხა მიეზიდა. კლინტონის ძალისხმევა იყო გადამწყვეტი, როცა საშინელი ტრაგედიიდან მალევე, სენატორებმა ნიუ-იორკისთვის ოცი მილიარდი დოლარის გამოყოფა შეძლეს. გასულ ზამთარში, რამდენიმეთვიანი ლობირების შემდეგ, კლინტონმა კიდევ ერთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიაღწია - დამატებით გამოიყო 90 მილიონი დოლარი ტერაქტების დროს მომუშავე მაშველების ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაკონტროლებლად.
„ეს ისეთი ჩახლართული საკითხი იყო, რომ კლინტონს შეეძლო ეთქვა - ასეთი არაფერი მინახავსო და ხელი ჩაექნია, მიუხედავად ამისა, მას უკან მაინც არ დაუხევია“, - მითხრა უნიფორმიან მეხანძრე ოფიცერთა ნიუ-იორკის ასოციაციის პრეზიდენტმა პიტერ გორმანმა, - „სწორედ ეს თვისება მაოცებს მასში. ის გახლავთ ქალი, რომელსაც ჩვენთვის მნიშვნელოვანი არც ერთი საკითხი არ აშინებს“.
კლინტონს „ცოცხალი ისტორიის“ წერაში მწერალთა ჯგუფი ეხმარებოდა. წერდა ღამ-ღამობით და უქმეებზე, როცა კი სენატორის გადატვირთული დღის განრიგი ამის საშუალებას აძლევდა. ერთხელ ვკითხე, როგორ მოახერხა წიგნისთვის საჭირო ამდენი დეტალის დამახსოვრება. დავინტერესდი, დღიურს ხომ არ აწარმოებდით-მეთქი. მან კი ისე, სხვათაშორის მითხრა: „არა, დღიური რომ მქონოდა, აუცილებლად სასამართლოს განხილვებზე მოხვდებოდა“.
„ცოცხალი ისტორია“ ილინოისის შტატის პატარა და წყნარ ქალაქ პარკ რიჯში გატარებული ბავშვობით იწყება: „მამაჩემი ხმელ-ხმელი აღნაგობის, თვითნასწავლი და კონსერვატორი რესპუბლიკელი იყო და ძალიანაც ეამაყებოდა ეს“, - წერს კლინტონი და შემდეგ მოკლედ აღწერს, თუ როგორ შეუყვარდა იელის იურიდიული სკოლის თანაკურსელი, რომელიც „სიცოცხლის ჟინს და ენერგიას ერთი გამოხედვით აფრქვევდა“. თუმცა, წიგნის 534 გვერდის უმრავლესობა, მაინც სულ სხვა თემას - კლინტონის პირველი ლედობის წლებს ეხება. არის თავები, რომლებშიც განხილულია, თუ როგორ ცდილობდა კლინტონი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის გადასინჯვას, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები ქალების ცხოვრების გაუმჯობესებას, და იმ სკანდალებთან გამკლავებას, რომლებიც, დრო და დრო, ამ წლების განმავლობაში სულ იჩენდა ხოლმე თავს. კლინტონი წიგნში ეხება თითქმის ყველა ბრალდებას, ძირითადად, ერთი მიზნით - ნათლად რომ ახსნას, თუ მაინც რომელი მისი ნაბიჯი აღიქვა საზოგადოებამ არასწორად.
თუმცა, წიგნის ყველაზე ცნობილი ნაწილი, ცხადია, ლევინსკის სკანდალს უკავშირდება, იმ ეპიზოდის ჩათვლით, როცა კლინტონმა მეუღლის აღსარება პირველად მოისმინა. ჭორი პრეზიდენტისა და ლევინსკის რომანის შესახებ 1998 წლის 21 იანვარს გასკდა. იმ დღეს პრეზიდენტმა მეუღლე დილაადრიან გააღვიძა და უთხრა: „მისმინე, დღეს გაზეთები ისეთ რაღაცას წერენ, შენც რომ უნდა იცოდე“. იმ დილას ბილმა სასტიკად უარყო ლევინსკისთან რამენაირი კავშირი, ექვსი დღის შემდეგ კი ჰილარი „თუდეი“ შოუში გამოვიდა და წამყვანს მეტ ლოიერს უთხრა: „ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი, რომელიც ყველას პირზე აკერია, რომლის გარკვევას, ახსნასაც და რომელზე წერასაც ცდილობენ დღეს, გახლავთ მემარჯვენეთა ფართომასშტაბიანი კონსპირაცია, რომელიც ჩემი მეუღლის წინააღმდეგ ააგორეს. ეს კამპანია იმ დღიდან ბობოქრობს, რაც მან პრეზიდენტობის საკუთარი კანდიდატურა დაასახელა“. შემდეგი შვიდი თვის მანძილზე უამრავი საპირისპირო ხასიათის მტკიცებულება დაგროვდა, ჰილარი კლინტონს კი მაინც ღრმად სწამდა, რომ მისი მეუღლე პოლიტიკური სარჩულის მქონე ბოროტი ჭორების მსხვერპლი იყო. მერე კი, 15 აგვისტოს დილას, ის ბილ კლინტონმა ისევ ადრე გააღვიძა, ამჯერად იმის სათქმელად, რომ ლევინკისთან „მიუღებელი ინტიმური ურთიერთობა“ მართლა აკავშირებდა.
„სუნთქვა შემეკრა, ვტიროდი და თან ვუყვიროდი, „რას ნიშნავს ეს? რას მეუბნები? რატომ მომატყუე?“ წიგნის პრეზენტაციამდე ერთი კვირით ადრე წიგნის ეს ნაწყვეტი „ესოშიეიტიდ პრესმა“ გადაბეჭდა და გაავრცელა, რითაც წიგნის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გააცხოველა. პრეზენტაციამაც წარმატებით ჩაიარა.
კლინტონი მისი სტატუსისთვის უჩვეულოდ აქტიურად ეწეოდა წიგნის საპრომოუტერო კამპანიას. ჯერ გამოდიოდა ნიუ-იორკში, ვაშინგტონსა და ფილადელფიაში, მოგვიანებით კი, ზაფხულის შედარებით მსუბუქ დღეებში ლითლ როქსა და სიეტლსაც ეწვია (წიგნის ტურნეს შემდეგ გაირკვა, რომ 45 ათასი ეგზემპლარზე მოუწერია ხელი). პირადად მე, პირველი ლედის მემუარების პრეზენტაციას უეჩესტერის საგრაფოს ქალაქ ჩაპაქუაში დავესწარი, სადაც კლინტონები ცოტა ხნის წინ დასახლდნენ. ღონისძიება საჯარო ბიბლიოთეკის შენობაში გაიმართა, დასწრება მხოლოდ ბილეთებით იყო, ამიტომ უბილეთოდ დარჩენილი ასზე მეტი ცნობისმოყვარე იქვე, ავტოსადგომზე იყო შეკრებილი. გარეთ ეშმაკის წითელ ფორმაში გადაცმული კაციც შევნიშნე, რომელსაც ხელში ეჭირა პლაკატი, წარწერით: „სული ჰილარის მივყიდე“. შიგნით კი, კლინტონი ღონისძიების დაწყებისთვის ემზადებოდა. შეკრებილთა შორის რამდენიმე ნაცნობს მოჰკრა თვალი და ღიმილით დაუქნია ხელი. შემდეგ წიგნიდან რამდენიმე ნაწყვეტი წაიკითხა - ერთი იყო პირველი ლედის ვიზიტი სამხრეთ აზიაში, მეორე ეხებოდა ჩელსის სტენფორდში დატოვებას. მერე კი, მემუარების ბოლოსწინა თავზე შეჩერდა, რომელსაც ჰქვია - „გაბედე ბრძოლა“ და ეხება კლინტონის გადაწყვეტილებას, კენჭი იყაროს სენატში.
„ცოცხალ ისტორიაში“ ერთი უცნაური ტენდენცია ფიქსირდება, თითქოს სენატის არჩევნებში ჩართვა კლინტონის პირადი ამბიცია არ ყოფილა. კლინტონი ამბავს ისე ჰყვება, თითქოს, თავისი კანდიდატურა მხოლოდ სხვების ძალდატანების გამო წამოაყენა. კლინტონის ვერსიის მიხედვით, მის საბოლოო გადაწყვეტილებაზე გავლენა ყველაზე წარმოუდგენელმა ადამიანმა მოახდინა, კერძოდ კი, ერთმა სკოლის მოსწავლე გოგონამ, კალათბურთელმა სოფია ტოტიმ. ერთ დღეს კლინტონს კომპანია HBO-მ პრომო-გადაცემა მოუწყო სათაურით „გაბედე ბრძოლა“. კლინტონის წარდგენის პატივი სოფია ტოტის ხვდა: „ის იყო, ხელი უნდა ჩამომერთმია სოფიასთვის, როცა ჩემსკენ გადმოიხარა და ყურში მიჩურჩულა: „გაბედეთ ბრძოლა, მისის კლინტონ, გაბედეთ“. მისმა საქციელმა ისე დამაბნია, ვერაფერი მოვიმოქმედე. წამოვედი ღონისძიებიდან და ჩემთვის ვფიქრობდი: „შეიძლება, რომ თვითონვე შემეშინდეს იმის, რის გაკეთებასაც უამრავ ქალს ვურჩევდი? რატომ ვყოყმანობ, რატომ ვერ გადამიწყვეტია ამ ბრძოლაში ჩართვა? რატომ არ ვუდგები საკითხს უფრო სერიოზულად? იქნებ, მართლა უნდა გავბედო ბრძოლა!“
უამრავი პირადული თემის მიუხედავად - სკანდალები, დილის საუბრები მეუღლესთან საძინებელში, საკუთარ ძალებში დაეჭვება - „სიცოცხლის ისტორია“ მაინც არ გახლავთ ისტორია ჰილარი კლინტონის ცხოვრების შესახებ; ის უფრო პოლიტიკური აქტია. წიგნი გვთავაზობს კლინტონის ქმედებების ანგარიშს. ამ ამბების უმეტესობა კლინტონმა შეგნებულად ამოშალა გონებიდან, მაგრამ წიგნში მათ მაინც მოუყარა თავი ერთი მიზნით: თუ მომავალში კვლავაც წამოიჭრება კითხვები, უკან რომ მიუბრუნდეს და დაიმოწმოს.
ერთ პარასკევ დღეს, როცა კლინტონი წიგნის ტურნეს ბოლო ნაწილს ამთავრებდა, მისი სამომავლო მიზნების შესახებ ჭორი აგორდა. ინტერნეტში გაჟონილი ხმების მიხედვით, კლინტონი იწვევდა სასწრაფო თათბირს თავის წამყვან მრჩევლებთან, მათ შორის, მეუღლესთანაც, რათა პრეზიდენტად კენჭისყრის იდეაზე ემსჯელა. ფინგერ ლეიქსში გამართულ პრესკონფერენციაზე კლინტონმა უარყო ცნობა თათბირის დანიშვნის შესახებ და დასძინა, რომ ის საკუთარი მხარდამჭერებისთვის უბრალოდ სამადლობელ სადილს აწყობდა. მერე კი დამაჯერებელი ხმით დაამატა, „ვიმეორებ უკვე 975-ჯერ ნათქვამს, რომ გამოვრიცხავ პრეზიდენტის საარჩევნო კამპანიაში ჩართვას“. რამდენიმე საათის შემდეგ ჭორი ერთ-ერთ გამოსვლაში კვლავაც მტკიცედ უარყო. თუმცა, ამ ოფიციალურმა განმარტებებმა ჭორი მაინც ვერ გაანელა. პარასკევს გავრცელებული ხმა კლინტონის საპრეზიდენტო ამბიციების შესახებ შაბათკვირასაც აქტუალური იყო, უკვე ორშაბათს კი, ჭორმა გზა „ნიუ-იორკ პოსტის“ პირველ გვერდამდეც გაიკვლია. „პოსტის“ პუბლიკაციაში, რომლის სათაურიც იყო „ჩემი გოგო“, მოხმობილი იყო გუბერნატორ მარიო კუომოს სიტყვები: თუ კლინტონი პრეზიდენტად კენჭისყრაზე მართლაც იფიქრებს, მას „თვალის დაუხამხამებლად მივემხრობი“. ერთი კვირის შემდეგ დანიშნული სადილი ზუსტად იმ შინაარსის აღმოჩნდა, როგორც კლინტონმა დააანონსა. თუმცა, ახალი წყება ჭორები ამ სადილის შემდეგაც აგორდა. კლინტონმა თავის მხარდამჭერებს გამოუცხადა - მოგვიანებით კი ამტკიცებდა, ვიხუმრეო - თუ როგორი მნიშვნელოვანი იქნებოდა მათი დახმარება მისი შემდგომი კამპანიის დროს, „რაც არ უნდა იყოს ის“.
კლინტონის სამომავლო გეგმების შესახებ ინტერესი ბოლო დროს კიდევ უფრო გაცხოველდა იმ ფონზე, რომ დემოკრატების ფრთა საგრძნობლად შესუსტდა. სხვათა შორის, კუომომ საქვეყნოდ მიღებული მოსაზრება გაიმეორა, როცა თქვა, რომ დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერისთვის მებრძოლი საპრეზიდენტო კანდიდატები ლუღლუღის მეტს არაფერს აკეთებენ. ამ ფონზე კი ბილ კლინტონმა თავისი მეუღლის მხარდამჭერებს გამოუცხადა, რომ დემოკრატიულ პარტიას ორად ორი ვარსკვლავი ჰყავდა - გენერალი უესლი კლარკი და ჰილარი. როცა მალევე კლარკმა საკუთარი კანდიდატურა დაასახელა, გავრცელდა ხმები, რომ კლინტონები მას უჭერდნენ მხარს - ჰილარის კანდიდატურისგან ყურადღების გადატანის მიზნით. ჭორებმა ისეთი სერიოზული სახე მიიღო, რომ ბილი იძულებული გახდა ხმების გასაფანტად რამდენიმე სხვა კანდიდატიც დაესახელებინა. (ჰილარიმ, თავის მხრივ, Christian Science Monitor-ის ორგანიზებულ ღონისძიებაზე ჟურნალისტებს განუცხადა, მხოლოდ „მდიდარი ფანტაზიის აბსურდული ნაყოფია“ და სხვა არაფერი ცნობა იმის შესახებ, რომ კლინტონები კლარკს უჭერენ მხარს).
აღსანიშნავია, რომ კლინტონის საპრეზიდენტო ამბიციების შესახებ ხმების გავრცელების საფუძველი ერთი ადრინდელი დასკვნა გახდა, რომლის მიხედვითაც ჰილარი კლინტონი ნიუ-იორკში მხოლოდ ინტერნეტ კავშირის გასაუმჯობესებლად არ ჩასულა. ცოტა ხნით გვერდზე რომ გადავდოთ მისი გულწრფელი დაინტერესება ნიუ-იორკელების პრობლემებით, ჰილარი კლინტონმა ბოლო ერთი წლის მანძილზე რამდენიმე ისეთი ნაბიჯი გადადგა - მათ შორისაა, მემუარების გამოქვეყნებაც - რომლებიც მის საპრეზიდენტო ამბიციებზე, მართალია, პირდაპირ არ მეტყველებენ, მაგრამ მსგავსი ინტერპრეტაციისთვის საფუძველს მაინც ქმნიან (ერთ-ერთი სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგად, რომელიც წიგნის გამოქვეყნებამდე ცოტა ხნით ადრე ჩატარდა, ნიუ-იორკელი ამომრჩევლის 28 პროცენტი ფიქრობდა, რომ მემუარების დასაწერად კლინტონის მთავარი მოტივაცია იყო საპრეზიდენტო არჩევნებისთვის სამზადისი, ხოლო 27 პროცენტი ფიქრობდა, რომ მას მხოლოდ მომხდარის შესახებ საკუთარი ვერსიის დაფიქსირება სურდა). გასულ იანვარს, სენატში გატარებული ორი წლის თავზე, კლინტონმა საკმაოდ პრესტიჟული თანამდებობა ჩაიბარა - გახდა სენატის დემოკრატთა იმ კომიტეტის თავმჯდომარე, სადაც დაჩქარებული ტემპით განსახილველ კანონპროექტებს არჩევენ. ეს გახლავთ თანამდებობა, რომელიც კლინტონს სენატის დემოკრატების წამყვანი ფრთის მოთამაშედ აქცევს, ანუ ის უფლებამოსილია, პარტიის მთავარი პოლიტიკური გზავნილები განსაზღვროს. ბოლო პერიოდში კლინტონი დემოკრატიული პარტიის ყველაზე წარმატებული ფანდ-რეიზერიც გახდა - მასავით ეფექტურად და აქტიურად ამა თუ იმ საკითხის გადასაჭრელად თახნებს ვერავინ იზიდავს. ვაშინგტონში საკუთარ რეზიდენციაში მან თანხების მოსაზიდად რამდენიმე ღონისძიება დემოკრატ სენატორებსაც გაუმართა, სხვა დემოკრატებისთვის კი საბანკო ჩეკები საკუთარი პოლიტიკური ღონისძიებების კომიტეტიდან HILLPAC-იდან გამოწერა. ამ ფონდმა 2003 წლის პირველ ექვს თვეში უფრო მეტი თანხა მოიზიდა, ვიდრე დანარჩენი დემოკრატების ასეთივე კომიტეტებმა. სულ ბოლოს, კლინტონმა თანხების მიზიდვის ოპერაციებისთვის ვებ-საიტიც გახსნა (friendsofhillary.com), სადაც აღნუსხულია ის ფაქტები, თუ როგორ ცვლის ზოგად სურათს ჰილარი სხვადასხვა სფეროში - სოფლის მეურნეობიდან დაწყებული, ქალთა პრობლემებით დამთავრებული. იქვეა განთავსებული ჰილარის მისამართით გაგზავნილი წერილები, რომელთა ავტორებიც სენატორს პრეზიდენტად კენჭისყრისკენ მოუწოდებენ. როგორც თვითონ კლინტონს უყვარს ხოლმე აღნიშვნა, ის ნიუ-იორკის შტატის პირველი სენატორია, რომელიც სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტში მსახურობს. სხვათა შორის, ეს გახლდათ თანამდებობა, რომლისთვისაც ჰილარი კლინტონმა სენატის ბიუჯეტის კომიტეტში დათმო ადგილი. ამასწინათ, ერთ ნიუ-იორკელ პოლიტიკურ ექსპერტს ვკითხე, საქვეყნო ინტერესების გარდა, თუ მოუძებნიდა ჰილარის არჩევანს რამე სხვა მიზეზს. მიპასუხა, რომ ამ გადაწყვეტილებით გაოცებული იყო: „ჩემი ხომ გესმის, იქნებ ეს იმ ლონგ აილენდელი რიგითი ჯარისკაცებისთვის გააკეთა, რომლებიც ოცი წლის წინ ტეხასში გადასახლდნენ?“
კლინტონმა ასევე გადამწყვეტი როლი ითამაშა ახალი ლიბერალური კვლევითი ცენტრის „ამერიკული პროგრესის ცენტრის“ დაფუძნებაშიც. ორგანიზაციას ბილ კლინტონის ადმინისტრაციის შტაბის ხელმძღვანელი ჯონ პოდესტა ხელმძღვანელობს.
ინსტიტუტი ექსკლუზიურად დემოკრატიულ პარტიაზე გათვლილი არ არის, თუმცა ბევრი დემოკრატი ღიად გამოთქვამს იმედს, რომ ხსენებულ ცენტრში მათი პარტიისთვის გაცილებით უფრო საინტერესო პროგრამას შეიმუშავებენ - და თუ 2004 წლამდე არა, 2008-მდე მაინც (კლინტონის ერთმა მეგობარმა მითხრა, რომ ჰილარი საპრეზიდენტო არჩევნებში მომავალ წელს კენჭისყრას არ აპირებდა, თუმცა, მან იქვე ისიც დაამატა, რომ ჰილარი „ძალიან მტკიცედ არასდროს გამორიცხავს“ არჩევნებში მონაწილეობას რომელიმე სხვა საარჩევნო წელს).
ერთ დღეს, როცა სენატში გამოსასვლელად საკუთარ რიგს უცდიდა, კლინტონს ვკითხე, თუ რა აზრის იყო დემოკრატების პოლიტიკის ახლანდელ მდგომარეობაზე. „ჩემი აზრით, ჩვენმა პარტიამ ძალიან ცუდად გადაიტანა ეს ორმაგი დანაკარგი - ერთის მხრივ, თეთრი სახლის დაკარგვა და მეორეს მხრივ - კონგრესისა. მსგავსი პრეცედენტი აქ არავის ახსოვს. თუმცა, ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რადგან ვფიქრობ, რომ მოქმედი ადმინისტრაციის პოლიტიკა ზედმიწევნით მცდარია; და მაშინ, როცა პრესის ინტერესი განელდება, დარჩება მხოლოდ ფაქტები და მტკიცებულებები იმის ასახსნელად, მაინც როგორ ცხოვრობს დღეს ხალხი. მე კი მჯერა, რომ დროც და მტკიცებულებებიც ჩვენს მხარესაა“, - მიპასუხა მან.
კენჭისყრის დროს კლინტონმა მხარი დაუჭირა ერაყის წინააღმდეგ ძალის გამოყენებას. საერთოდ ის ძალიან ფრთხილობს, ბუშის სამხედრო გადაწყვეტილებებში შეიტანოს ეჭვი. თუმცა, პრეზიდენტს ის ყველა სხვა საკითხში აკრიტიკებს, მათ შორის, ომის შემდგომი სიტუაციის კონტროლშიც. რამდენიმე ხნის წინ, როცა ერაყში ოპერაციების გასაგრძელებლად ბუშმა დამატებითი თანხები მოითხოვა, კლინტონმა თქვა: „ჩემთვის 87 მილიარდი დოლარი არა მხოლოდ ერაყის ანგარიში გახლავთ - ეს არის არშემდგარი ადმინისტრაციის ანგარიშიც“. ბოლო დროს კლინტონი ბუშს ეკონომიკურ გადაწყვეტილებებშიც სდებს ბრალს. „ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ადმინისტრაციის მიერ არჩეული გზა მკურნალობის არასწორი მეთოდია“, - მითხრა მან, - „ისინი ერთნაირ დიაგნოზს უსვამენ და ერთნაირად მკურნალობენ ყველაფერს: ესაა გადასახადების შემცირება, გადასახადების შემცირება და კიდევ გადასახადების შემცირება“. ამასობაში კი - ფიქრობს კლინტონი - საშინაო უსაფრთხოების სფეროში ადმინისტრაციის წინდაუხედაობის გამო კიდევ ერთი 11 სექტემბრის წინაშე ქვეყანა აბსოლუტურად დაუცველია. „ამიტომ, ხან სასოწარკვეთა დამრევს ხოლმე ხელს, ხანაც გაგულისება და განცვიფრება - რატომ არ ვაკეთებთ მეტს“, - დასძინა მან, - „ვინ იცის, შეიძლება ძალიან, ძალიან, ძალიან გაგვიმართლოს და 11 სექტემბერი აღარ განმეორდეს, მაგრამ სუფთა სინდისით თუ ვმსჯელობ, თავს ამით ვერ დავიიმედებ“.
ბუშის ადმინისტრაციის კრიტიკა არა მხოლოდ კლინტონის მხრიდან ისმის. მისი პოზიცია ძალიან ჰგავს დემოკრატების უმრავლესობის პოზიციას, მათ შორის კი, იმ დემოკრატების უმრავლესობის აზრსაც, რომლებიც საპრეზიდენტო მარათონში არიან ჩართულნი. თუმცა, დროდადრო, კლინტონი გადაუხვევს ხოლმე საერთო გეზიდან და საკუთარ გზას ირჩევს.
გაზაფხულის ერთ შუადღეს, მანჰეტენზე რუზველტის კლინიკაში წავედი, კლინტონს იქ მედდებთან ჰქონდა შეხვდედრა. „კარგად მოგეხსენებათ, რომ ზოგ ჩვენგანს სხვებზე მეტი ზრუნვა და მხარდაჭერა სჭირდება“, - უთხრა მათ კლინტონმა, - „ზოგი ჯანმრთელი იბადება, ზოგი არა. ზოგის ცხოვრებას ტრავმები, ავარიები და სხვა დრამატული მოვლენები განსაზღვრავს. მაგრამ არც ერთმა ჩვენგანმა არ იცის, რა გველის ხვალ. ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩვენ ყველანი ერთმანეთთან ვართ დაკავშირებული. ჩვენს შორის გაბმულია ურთიერთობების ფართო ქსელი, და ჩვენც - არა მხოლოდ რელიგიური ანდა მორალური მოსაზრებების, არამედ პრაქტიკული მიზეზების გამოც - ვალდებულნი ვართ ერთმანეთს გვერდში ამოვუდგეთ. ეს გვერდით დგომა ჩვენი შანსიცაა“.
კლინტონმა ისიც აღნიშნა, რომ ქვეყნის პრიორიტეტები „იცვლებოდა“. შემდეგ კი ხაზი გაუსვა მსხვერპლის გაღების, თავგანწირვის მნიშვნელობასაც - „ვფიქრობ, რომ სწორედ ეს თვისება აძლიერებს ქვეყანას“ - და საზოგადოებას „სამომავლო უპირატესობის“ კონცეფცია წარუდგინა, რომლის მიხედვითაც ხვალინდელი დღე დღევანდელთან შედარებით უფრო მნიშვნელოვანი უნდა იყოს. უკვე გამოსვლის დასასრულს კი, კლინტონმა ეჭვქვეშ დააყენა ყველაზე ძირეული ამერიკული ფასეულება - საკუთარი ძალების რწმენა. „იმედი მაქვს, არ გვავიწყდება, რომ ძლიერი ადამიანის იდეა შესანიშნავი იდეაა კინოსა და წიგნებისთვის, მაგრამ რეალურად, ძალიან ცოტა ადამიანი თუ ახერხებს სხვისი თანადგომის გარეშე ცხოვრებას“.
იმავე ღონისძიებაზე კლინტონმა კლინიკის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს უთხრა: „მომწონს ეს ტერმინი - პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, მაგრამ სიმართლე გითხრათ, თვითონ სიტყვა „პრეზიდენტი“ მირჩევნია“.
კლინტონთან ინტერვიუ, ინტერნეტში მისი საპრეზიდენტო გეგმების შესახებ გაჟონვიდან მეორე დღეს უნდა ჩამეწერა. ეს ჩემი მეორე ინტერვიუ იყო. მანქანაში უნდა გვესაუბრა, სანამ სქინითელესიდან ნიუ-იორკის შტატის ბაზრობაზე სირაკუზში ჩავიდოდით. წინა ღამე სასტუმროში გავატარე და როცა დილას სასტუმროს მისაღებში ანგარიში უნდა გამესწორებინა, გაირკვა, რომ ნომრის გასაღები დამკარგვოდა. ამოვატრიალე ჩემოდანი, ლოგინი და ოთახის კუთხეები, მაგრამ გასაღებს მაინც ვერ მივაგენი. ბოლოს მიმღების მორიგეს ბოდიში მოვუხადე და ვუთხარი, რომ აუცილებლად უნდა წავსულიყავი, რადგან ჰილარი კლინტონთან ინტერვიუზე მეჩქარებოდა. „იმ ჰილარი კლინტონს გულისხმობთ?“ - მკითხა მან. დავუდასტურე. „თუ ეგრეა, იცოდეთ არ აღელდეთ და საკუთარი ცოდნის გამომჟღავნება არ მოინდომოთ. იყავით ის, რაც ხართ“.
კლინტონის თქმით, მის შესახებ „მილიონობით სიტყვაა“ დაწერილი, მისი მემუარები კი, სიტყვების ამ საერთო ჯამს კიდევ 200 ათას ერთეულს უმატებს. თუმცა, ამ წერილებიდან საუკეთესოები და ყველაზე ამომწურავებიც კი, თითქოს დაუსრულებელი ჩანს. იგივე შეიძლება ითქვას, „ცოცხალ ისტორიაზეც“. ერთ-ერთ პუბლიკაციაში, რომელიც კლინტონის სენატის საარჩევნო კამპანიაში შედიოდა, პრობლემა ასე იყო დასმული: „ჩვენ ვიცით ყველაფერი - და ამ დროს არაფერი - მის შესახებ“.
პირველი ინტერვიუს დროს კლინტონს ვკითხე, თუ როგორ შეიცვალა მისი ცხოვრება თეთრი სახლის შემდეგ. მისი მეგობრისგან ვიცოდი, რომ ახლა, როცა საკუთარ პოლიტიკურ ოფისს ხელმძღვანელობდა, კლინტონი გაცილებით უფრო თავისუფლად გრძნობდა თავს.
„ასე არ ვიტყოდი“, - უარყო მან, - „საკუთარი ოფისი ბილ კლინტონის გაპრეზიდენტებამდეც მქონდა, სრულიად დამოუკიდებლად ვმუშაობდი. მაგრამ, პირველ ლედის სამსახურს ვერაფერს შევადარებ. ეს სამსახური არ არის; ეს უფრო როლია, ანდა მდგომარეობა, რომელიც გამუდმებით იცვლება, როცა კი ახალი ადამიანი ირგებს მას არჩევნების გზით, რომელშიც დღემდე, მუდამ ქმარი იღებდა მონაწილეობას და პრეზიდენტი ხდებოდა“.
„რთული იყო ამ მდგომარეობას მორგება“, - განაგრძო იქვე, - „ამიტომ, ახლანდელი ჩემი საქმიანობა იმ საქმესთან დაბრუნებაა, რომელსაც თეთრ სახლში გატარებული რვა წლის წინ ვაკეთებდი. პირველი ლედი ეს განსაზღვრებაა. მას თავისი ვალდებულებები აქვს. რაღაცების გაკეთება, უბრალოდ, გევალება და შენც მაქსიმალურად ცდილობ, კარგად გააკეთო. ასე რომ, ჩემს ახლანდელ სამსახურში ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს. ეს უკვე სამსახურია. პირველი ლედობა კი - არა“.
ვკითხე, რამდენად შეიცვალა მისი შეხედულებები თეთრი სახლიდან სენატში გადაბარგების შემდეგ: „ვფიქრობ, ძალიან გამიმართლა, ეს ორი განსხვავებული ამპლუა რომ გამოვცადე, რადგან ძალიან ბევრ თემაზე უკეთესი წარმოდგენა შემექმნა და ამ საკითხებთან ზუსტი მიდგომაც ვისწავლე“, - მიპასუხა მან, - „ჩემი მეუღლის პრეზიდენტობის რვაწლიან ვადაში უამრავი რამ ვისწავლე ვაშინგტონზე, ნაციონალურ პოლიტიკასა და საკანონმდებლო პროცესზე. ბევრი შეცდომა დავუშვი და ამ შეცდომებზეც ვისწავლე. იმედი მაქვს, სწავლა მართლა შევძელი“. შემდეგ კლინტონმა საუბარი ისევ თავისი ყოფილი სტატუსის სირთულეებზე გადაიტანა. „არა მგონია, არსებობდეს რამე, რაც თეთრი სახლიდან წამოსვლის იდეას შეგაგუებს“, - მითხრა მან, - „ის ხომ ნებისმიერი სხვა გამოცდილებისგან უამრავი სინათლის წელიწადით შორს დგას“.
პირველი ლედის ოფისის წინაშე არსებულ არასწორად დაყენებულ მოთხოვნებს „ცოცხალ ისტორიაში“ ბევრი ეპიზოდი ეთმობა. „რუკაზე დაუტანელ ტერიტორიაზე მიხდებოდა მუშაობა და საკუთარი გამოცდილებით, ჩემს შესახებ გავრცელებული ურთიერთსაწინააღმდეგო შეხედულებების მიზეზი თვითონვე გავხდი“, - წერს ის ერთგან. „ჯერ კიდევ ვშინაურდებოდი და ვცდილობდი, გამომეცნო, რას ნიშნავს, იყო ამერიკის პირველი ლედი“, - აღნიშნავს მეორეგან. შეიძლება, მართალიც იყოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ პირველი ლედის როლს საჭიროა მსუბუქად მიუდგე, მაგრამ კლინტონი იყო პირველი ქალი, რომელმაც ჩათვალა, რომ სწორედ პრეზიდენტის ცოლს ევალებოდა ამერიკული ჯანდაცვის სისტემის გარდაქმნა. რაც კლინტონის მონათხრობს აკლია და, სხვათა შორის, არა უნებლიედ, ისაა, რაც სენატში მისვლის მისეულ ახსნას აკლდა - ჰილარი კლინტონის პირადი ამბიციის რაიმე ფორმით მაინც ხსენება.
მიზეზებს კლინტონი მხოლოდ გარშემო უტრიალებს და ბოლომდე მათ შესახებ არსად წერს. ამიტომ, მხოლოდ სქესთა როლის შესახებ ზოგად მსჯელობას სჯერდება. „ჩვენ იმ ეპოქაში ვცხოვრობდით, როცა ადამიანთა ნაწილს ჯერაც არ სჯეროდა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ასპარეზზე მოღვაწე ძალაუფლების მქონე ქალების, ქალი-მმართველებისა და ქალი-ლიდერების“, - წერს ის, მაგრამ ამ ზოგადი მსჯელობის დროსაც კი, ის აზრს ისე ღრმად და საფუძვლიანად არ ავითარებს, როგორც შეეძლო. ცხადია, უსამართლობაა, ქალისთვის მიუღებლად ჩათვალო ის ამბიციები და სურვილები, რომელთა მამაკაცში დანახვაც აღგაფრთოვანებს. მაგრამ ამ ორმაგ სტანდარტზე რომ უკმაყოფილება გამოთქვა, ეს ნიშნავს აღიარო ის, რის დავიწყებასაც კლინტონი ასე ბეჯითად ცდილობდა - რაზეც, მისი სენატორის სტატუსიც შესანიშნავად მეტყველებს.
ერთი სიტყვით, ჩვენი მეორე ინტერვიუს დროს, გადავწყვიტე, ბედი მეცადა - იქნებ როგორმე კლინტონის ბუნდოვანი განცხადებებით გაჯერებული მსჯელობა ძალაუფლების მქონე ქალების შესახებ, უფრო გამეღრმავებინა. თავიდან ვკითხე, სხვადასხვანაირად დაარიგებდა თუ არა ჭკუას პოლიტიკის კარიერის სტარტზე მყოფ ახალგაზრდა ქალსა და კაცს. კლინტონმა მიპასუხა: „ქალის შემთხვევაში არსებობს უამრავი, წვრილ-წვრილი, ერთი შეხედვით უმნიშვნელო, მაგრამ სინამდვილეში ძალიან მნიშვნელოვანი შტრიხები - როგორებიცაა: ვარცხნილობა, გარდერობი, ფეხსაცმლის ქუსლის სიმაღლე, რომლითაც მარმარილოს იატაკზე უნდა იარო და ეს შტრიხები აუცილებლად უნდა იცოდე“.
კითხვა: ურჩევდა თუ არა ჰილარი ჩელსის პოლიტიკაში ჩართვას?
პასუხი: „არასდროს ვისაუბრებ ხმამაღლა იმაზე, თუ რის გაკეთებას ვურჩევ ჩემს გოგონას“.
კითხვა: ექცეოდნენ თუ არა მას, როგორც ქალს, განსხვავებულად სენატში?
პასუხი: „დღემდე შთაბეჭდილების ქვეშ ვარ - აქ ძალიან კოლეგიალური გარემო დამხვდა“.
ინტერვიუდან მალევე დუაით ჯონსონს ვესაუბრე - მარკეტინგული საკითხების კონსულტანტს, რომელიც კლინტონის სენატის საარჩევნო შტაბმა დაიქირავა იმ მიზნით, რომ ჯონსონს დაედგინა, თუ რატომ ჰყავდა ასე ცოტა მხარდამჭერი კლინტონს გარკვეულ ჯგუფებში - კერძოდ კი, პერიფერიებში მცხოვრებ ქალებში - რომელთა ხმების მოპოვებაც აუცილებელი იყო. ჯონსონმა ასეთი რამ მითხრა: „როცა ძლიერი, ძალაუფლების მქონე ქალი ხარ, ორგვარად აღგიქვამენ. ადამიანებისთვის ან ხარ დედა - რადგან დედებიც ასეთი ძლიერი და უშიშარი ქალები არიან და ისინი ჩვენ გვიყვარს, ანდა - მანიპულატორი, კარსმომდგარი ყველა შანსის გამომყენებეული ამბიციური ძუკნა“. ჯონსონის ამ შეფასების შესახებ აზრი კლინტონსაც ვკითხე.
ჯერ წამით შეყოვნდა. შემდეგ კი მიპასუხა: „მგონი, კიდევ უფრო სიღრმისეული ხედვაა საჭირო. დარწმუნებული ვარ, არსებობენ ადამიანები - ისევე, როგორც არსებობდნენ ადამიანები, რომელთაც ვერაფრით მიიღეს სამოქალაქო უფლებების რევოლუცია და ის ფაქტი, რომ ყველა ადამიანი თანასწორია - რომლებიც ცხოვრობენ და მოქმედებენ სტერეოტიპებით, მაგრამ არა მგონია, ეს ტენდენცია დღესაც ასეთი გავრცელებული და აქტუალური იყოს“.
ბოლოს, როცა უკვე ბაზრობას მივადექით, ვკითხე, ოდესმე ხომ არ უნატრია, რომ ჰილარი კლინტონის შესახებ აღარცერთი სტატია აღარ დაწერილიყო. გაიღიმა. „მართალი გითხრათ, ხანდახან ეგ სურვილი მართლა გამიელვებს ხოლმე თავში“.
სენატში შესვლის პირველივე წლიდან ჰილარი კლინტონი ნიუ-იორკის შტატის ბაზრობაზე საზეიმო მიღებას აწყობს ხოლმე, რომელზე დასწრებაც მხოლოდ მოსაწვევებითაა შესაძლებელი. სტუმრებს შორის, როგორც წესი, არიან ადგილობრივი ამხანაგობების ლიდერები, ცენტრალური ნიუ-იორკის ოფიციალური პირები და კიდევ სხვებიც. მაგალითად, შარშანდელი მიღების თემა სოფლის მეურნეობა იყო და ამიტომ სტუმართა შორის რამდენიმე მერძევე ფერმერიც მოხვდა. წელს ჰილარი კლინტონმა სამხედრო თემა აარჩია. მიღებამდე პირადი შეხვედრა ჰქონდა დანიშნული, ამიტომ სადილზე მასზე ადრე მივედი. იმ დღეს ისე ცხელოდა, მიწას ოხშივარი ადიოდა და ამიტომ, ჩემი არ იყოს, ბევრმა უნიფორმიანმა სამხედრომ ბაზრის მოედნის გახურებული ჰაერისგან თავდასაცავად მიღებაზე ადრე მოსვლა არჩია. შტატის „სიერა“ კლუბის ყოფილი თავმჯდომარე რი ჯეზერი თავის რაბინ მეუღლესთან დენიელთან ერთად იჯდა. „როცა დედაჩემი გარდაიცვალა, როცა ფეხზე ოპერაცია გავიკეთე და ინფექცია შემეჭრა, ჰილარი სულ მირეკავდა. ის მზრუნველი ქალია. არადა, ჟურნალისტები ამტკიცებენ, რომ ცივია. არ მესმის მათი“.
ჯეზერმა ონონდაგას საგრაფოს ერთი წამყვანი ოფიციალური პირი, რესპუბლიკელი ნიკ პირო გამაცნო. როგორც ჩანს, პირო ჰილარის მიღებაზე პარტიათა შორის თანამშრომლობის გამო იყო მიწვეული. „ჰილარის შესახებ შუალედური აზრი არ არსებობს“, - მითხრა მან, - „ხალხი ან მთლიანად მისკენაა, ანდა მთელი შეგნებით ეწინააღმდეგება მას. ძალიან ბევრ ადამიანს სჯერა, რომ ის პრეზიდენტად მართლა იყრის კენჭს“.
იმავე დილას, გაზეთმა „სირაკუს პოსტ-სტანდარტმა“ პატარა ცნობა გამოაქვეყნა და მკითხველს აცნობა, რომ ნიუ-იორკის ბაზრობას მეუღლესთან ერთად ბილ კლინტონიც დაესწრებოდა. მსგავსი რამ რამდენჯერმე ადრეც მომხდარა, ამიტომ ხალხი კლინტონის გამოჩენას ახლაც ელოდა. ბაზრობის სტუმრებმა საშინელ სიცხეში შენობასთან მოიყარეს თავი. ბილის გამოჩენას ჰილარის ასისტენტებიც ელოდნენ, მაგრამ ყოფილმა პრეზიდენტმა გადაწყვიტა, რომ ჩრდილოეთ ნიუიორკში წასასვლელად არ ეცალა, რადგან საკუთარი მემუარების წერით იყო დაკავებული.
ამ ეტაპზე უკვე რთულია, განსაზღვრო, რა როლს ასრულებს ბილი ჰილარის კარიერაში. წყვილი საზოგადოების წინაშე იშვიათად ჩნდება. პირადად მე, ისინი ერთად ერთადერთხელ ვნახე - სასტუმრო Four Season-ში, მანჰეტენზე, ჰილარის წიგნის აღსანიშნად მოწყობილ წვეულებაზე. იმ საღამოს ბილმა პუბლიკას გამოუცხადა, რომ „ცოცხალი ისტორია“ იყო „ზუსტი და გულწრფელი ამბავი იმ ადამიანისა, რომელმაც, ჩემი აზრით, პირველი ლედობის ხანაში გაცილებით უფრო მეტი გააკეთა გაცილებით მეტი ადამიანისთვის, ვიდრე ნებისმიერმა სხვა ქალბატონმა, რომელიც ამ სტატუსს ოდესმე ფლობდა“. ჰილარიმ კი, თავის მხრივ, აზრი ასე ჩამოაყალიბა: „უკან რომ ვიყურები, ვხვდები, ცხოვრებას ისე ვერ გავატარებდი და ვერ ვიქნებოდი ის ადამიანი, რომელიც დღეს ვარ, ჩემ გვერდით რომ არ ყოფილიყო ჩემი ქმარი“. ამ წერილისთვის ბილ კლინტონთან ინტერვიუს ჩაწერა რამდენჯერმე ვცადე, ბოლოს იმეილით კითხვებიც გავუგზავნე. რამდენიმე კვირის შემდეგ, პასუხები იმეილითვე დამიბრუნდა. კითხვაზე, აოცებდა თუ არა მას ეუღლის კარიერა სენატში, ყოფილმა პრეზიდენტმა ასე მიპასუხა: „ერთადერთი რამ მაოცებს - გაცილებით უკეთ ართმევს თავს ყველაფერს, ვიდრე წარმოვიდგენდი. ეს კი რაღაცაზე აშკარად მეტყველებს“. ხოლო კითხვაზე, თუ მისი აზრით, რა შესძინა მისმა მეუღლემ სენატს, მან ასეთი სია დამიწერა:
1. მას უყვარს ადამიანები და ზრუნავს მათ პრობლემებზე;
2. მას კარგი კანონების შექმნა შეუძლია;
3. ძალიან ნიჭიერია და ძალიან შრომისმოყვარე;
4. ის არასდროს ყრის ფარ-ხმალს და რისიც სჯერა, მისთვის ბოლომდე იბრძვის;
5. ყოველთვის ეძებს ახალ მოკავშირეებს, თვით რესპუბლიკელთა რიგებში;
6. მას უყვარს თავისი ქვეყანა და შტატი;
7. ის მუდამ ფიქრობს იმაზე, თუ როგორი ცხოვრება ექნებათ ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებს.
როცა კლინტონი დარბაზში შევიდა, ნემსის ჩასავარდნი ადგილიც აღარსად იყო. არადა, ადგილები 400-ზე მეტ ადამიანზე იყო გათვლილი. სენატორმა სიტყვა იმის აღნიშვნით დაიწყო, თუ „რამხელა პატივი“ იყო მისთვის სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტში მუშაობა. შემდეგ გაიხსენა, როგორ ითანამშრომლა სენატორ გრემთან ერთად, ნაციონალური გვარდია და რეზერვისტები ჯანმრთელობის დაზღვევით რომ უზრუნველეყო. „შეიძლება, ზოგ თქვენგანს ახსოვდეს, რომ სენატორ გრემსა და მე ხშირად განსხვავებული მოსაზრებები გაგვაჩნია“, - აღნიშნა მან, - თუმცა, ამ თემაზე ჩვენ აბსოლუტურად ერთნაირად ვფიქრობდით“. ბოლოს, პუბლიკის აპლოდისმენტების ფონზე, კლინტონმა ყველას მოუწოდა, ებრძოლათ, რათა კანანდაიგუას შტატის მახლობლად მდებარე ვიცე-ადმირალის კლინიკა დახურვას გადაერჩინათ.
„ეს შემთხვევა ერთ გლობალურ საკითხს უკავშირდება: რა არის ჩვენი, როგორც ქვეყნის, პრიორიტეტები? რა არის ის, რაც მუდამ მიზანში ამოღებული უნდა გვქონდეს და რასაც მუდამ უნდა ვაფასებდეთ, რა არის ის, რისთვისაც თანხები არ უნდა დავიშუროთ? ნამდვილად იმედგაცრუებული ვარ იმის გამო, სულ რაღაც ორწელიწად-ნახევარში მიღწეული ბიუჯეტის ზრდა, უზარმაზარ და რაც მთავარია, მზარდ დეფიციტად იქცა. და მე, უბრალოდ, იძულებული ვარ, თავაზიანად არ დავეთახმო იმ ეკონომიკურ პოლიტიკას, რასაც მოქმედი ადმინისტრაცია ახორციელებს. ვერ ვხედავ შექმნილ სამუშაო ადგილებს; მეტიც, ჰერბერტ ჰუვერის შემდეგ ასეთი მდგომარეობა სამუშაო ადგილების მხრივ არასდროს გვქონია, ჰუვერის ეპოქა კი, ვერ ვიტყვი, რომ ჩვენი ქვეყნისთვის საუკეთესო დრო იყო“.
მიღების შემდეგ, კლინტონმა მეზობელ შენობაში პრესკონფერენციის ჩასატარებლად გადაინაცვლა. იქაურობაც ხალხით იყო გადაჭედილი. ზოგს ჯერაც ეგონა, რომ ჰილარის ბილთან ერთად ნახავდა. მიკროფონი ვაშლებითა და ვაშლის პროდუქტებით სავსე სტენდის უკან იყო დამაგრებული, იქვე იდგა ნარინჯისფერ ტაფტის კაბაში გამოწყობილი გოგონა შარფით, რომელზეც ეწერა: „უილიამსონის ვაშლის ყვავილობის დედოფალი“ და იცდიდა. სიცხემ ხალხს აიძულა, ვაშლის წვენით სავსე კოლოფებს მისდგომოდა. კლინტონმა პუბლიკას ახალი პროგრამის შესახებ აცნობა, რომლის მიხედვითაც, „ჯენერალ მილსი“ ნიუიორკული ვაშლის ბრენდების სანაცვლოდ, ფულს შტატის სკოლებს შესწირავდა.
„ჩვენ მთელ მსოფლიოში ყველაზე გემრიელი ვაშლები მოგვყავს, ჩვენი სტუდენტები და ბავშვები კი, მსოფლიოში ყველაზე კარგები არიან. ასე რომ, გამოდის, მშვენიერი კომბინაციაა“, - თქვა კლინტონმა. შემდეგ პრესის რამდენიმე კითხვას უპასუხა, ერთი მათგანი მის მეუღლეს ეხებოდა- „წელს აქ ჩამოსვლა, უბრალოდ, ვერ მოახერხა“, - მოკლედ მოუჭრა მან ჟურნალისტს და შემდეგ პუბლიკას შეერია. ხალხი ფოტოაპარატების წინ პოზირებას და ავტოგრაფს სთხოვდა. ხელის მოსაწერად ზოგი „ცოცხალ ისტორიას“ აწოდებდა, მაგრამ, იყო ასევე ბეისბოლის ბურთები, ბაზრობაზე აღებული ბროშურები, ძველი გაზეთებისა და კონვერტების ნაგლეჯები. ერთმა კაცმა ჟურნალ „თაიმის“ ძველი ნომერი გაუწოდა, რომლის ყდაზე დაბეჭდილი ფოტოდანაც კლინტონი მრისხანედ იყურებოდა, იქვე იყო სათაური: „სიმართლე უაითუოთერის შესახებ“. ფოტოს დანახვა კლინტონს არ ესიამოვნა, მაგრამ ხელი მაინც მოაწერა. „როდის მომეცემა შანსი, საპრეზიდენტო არჩევნებზეც მოგცეთ ხმა?“ - ჰკითხა მერე ერთმა ქალმა. მეორემ კი დაამატა - „თქვენ ჩვენ ძალით და იმედით გვავსებთ“.
თანდათან, კლინტონმა მეზობელი შენობისკენ გაიკვლია გზა, სადაც „პროგრესის ცენტრია“ განთავსებული. მაგიდები დაფარული იყო სახელდახელოდ შექმნილი ბარათებით, რომელთა ნაწილიც ბავშვებზე იყო გათვლილი და მსგავს თემებს მოიცავდა: „იცოდით თუ არა, რომ ნიუ-იორკს მსოფლიოში უგრძესი ფასიანი ავტოსტრადა აქვს?“ (გუბერნატორ თომას დიუის სახელობის ტრანზიტული გზატკეცილი 559 მილის სიგრძისაა).
ერთი შეხედვით, ისე ჩანს, რომ მეუღლისგან განსხვავებით, ჰილარი კლინტონი ენერგიას მხარდამჭერთა მრავალრიცხოვანი ბრბოსგან არ იღებს. ეს მისი პირადი დისციპლინაა, თუმცა, როცა კამერების წინ პოზიორობს, ანდა მემილიონედ აძლევს თაყვანისმცემელს ავტოგრაფს, ყოველთვის მაქსიმალურად ჩართული ჩანს, ყოველთვის გულიანად იღიმება. ერთმა ქალმა, რომელიც „ცოცხალი ისტორიის“ კითხვისას ჩაპაქუაში გავიცანი, საკითხი ასე დასვა: „ყველა, ვისაც შეუძლია, საზოგადოებრივ სამსახურში იდგეს ისევე, როგორც დგას ჰილარი, ნამდვილი გმირი იქნება“.
საკუთარ ოფისში დაახლოებით ნახევარი საათი დაჰყო, შემდეგ კლინტონს საქველმოქმედო საღამოზე ეჩქარებოდა. სანამ შენობიდან გამოვიდოდა, ინსპექტორთა კაბინასთან შეჩერდა, ფოტოც გადაიღო იქაურ თანამშრომლებთან და ავტოგრაფებიც დაარიგა. ბაზრობაზე ყოფნისას მას საიდუმლო სამსახურის დაცვასთან ერთად ათობით სამხედრო იცავდა. ბოლოს კლინტონთან დასამშვიდობებლად ყველანი კართან ჩამწკრივდნენ. მანქანაში ჩაჯდომამდე კლინტონმა მათ მადლობა გადაუხადა და უკლებლივ ყველას სათითაოდ ხელი ჩამოართვა.
![]() |
9.4 არასოდეს აღაზევოთ პოლიტიკოსები! |
▲ზევით დაბრუნება |
ავტორი, ფოტო: თამარ სუხიშვილი
„ბეჭდების მბრძანებლის“ ავტორმა და, ამავდროულად, ოქსფორდის უნივერსიტეტის ინგლისური ენის პროფესორმა ჯ.რ.რ. ტოლკიენმა მამაჩემს უთხრა, რომ ჩვენი გვარი - Waugh (ვო) Wales-ის (უელსი) მხოლობითი რიცხვის ფორმაა და გამომსახველობითად ნიშნავს ერთ (მოსაწყენ, უღიმღამო) უელსელს. მამამ ეს ამბავი დიდი ამბით ახარა უელსის პრინცესა დაიანას, მაგრამ მისდა გასაოცრად პრინცესამ, როგორც ჩანს, ვერაფერი გაიგო...“
შენი საქციელი ვოს სახელს სრულიად არ შეეფერება, - ხშირად გაისმოდა ხოლმე ტრადიული შეგონების ეს ფრაზა ვოების დიდ ოჯახში. როგორც ჩანს, ოჯახის უხუცესს აზრადაც არ მოსვლია ოქსფორდის ინგლისური ენის ლექსიკონში ჩაეხედა და სიტყვის მნიშვნელობა ამოეკითხა, - ხუმრობს ალექსანდრე ვო, - თორემ ასეთი მგზნებარებით აღარ ახსენებდა ვოს სახელს.
წარმოშობით „ვო“ კელტური სიტყვა უნდა იყოს და თავის დროზე, სავარაუდოდ, „უცხოს, განდგომილს“ ნიშნავდა, მერე კი - უბრალოდ ერთ უჟმურ უელსელს.
ალექსანდრე ვო - მოკლე ბიოგრაფიული ცნობები. დაიბადა 1963 წელს. სანამ მწერალი გახდებოდა, არაერთი პროფესია გამოიცვალა, ერთხანს ღვინის ბიზნესშიც იყო ჩაბმული. „პრინციპში ყველაფერი ვცადე, რაც შემეძლო“. ჯერ მუსიკას ასწავლიდა მანჩესტერის უნივერსიტეტში, ორი წლის განმავლობაში იმპრესარიოდ და მუსიკალურ აგენტად მუშაობდა. მერე ოპერის მთავარი კრიტიკოსი იყო „მეილ ონ სანდეისა“ ლონდონის „ივნინგ სტანდარტში“. „ბოლოს (სხვათა შორის, საკმაოდ გვიან) მივხვდი, რომ უნდა მეწერა, თანაც ოჯახისთვის შემოსავალი მჭირდებოდა.“
დაწერილი აქვს რამდენიმე წიგნი მუსიკის შესახებ. მათ შორის, ბესტსელერი - „კლასიკური მუსიკა: მოსმენის ახალი გზა“ (Classical Music: A New Way of Listening), რომელიც ოთხ ენაზეა თარგმნილი. თავის დროზე წარმატება ხვდა წილად მის რომანებსაც: „დრო“ (Time) და „ღმერთი“ (God).
იღებს დოკუმენტურ ფილმებს „ბი-ბი-სი 4“-სთვის. არის გამომცემელი, მხატვარი და ილუსტრატორი. მისმა მიუზიკლმა - „ბედნიერი მგზავრობა!“ (Bon Voyage!) - ვივიან ელისის მე-12 პრიზი მოიპოვა საუკეთესო მიუზიკლისათვის. ამჯერად დიდ ბრიტანეთში, სომერსეტში, ცხოვრობს, მეუღლესა და სამ შვილთან ერთად...
ერთი ჩემი სნობი ბრიტანელი მეგობარი რომ არა, ჩემს რესპონდენტს ვერ შევხვდებოდი. სწორედ ჯეინმა გადმომცა „სანდეი ტაიმსის“ ლიტერატურული ფესტივალის პროგრამა, რომელშიც საკუთარი თავის პატივისმცემელი ბრიტანული სნობური საზოგადოებისთვის ღირსშესანიშნავი ღონისძიებები მარკერით იყო მონიშნული. მარკერით მონიშნულ ღონისძიებათა შორისაც გარკვეული იერარქია იყო დაცული, ფერებით განსხვავებული. ჯეინი ძოწისფერზე გიჟდება, საღამოს კაბაც ძოწისფერი აქვს და ფეხსაცმელიც. ჰოდა, რჩეულთა შორის რჩეული ღონისძიებაც ამავე ფერის მარკერით გაეფერადებინა.
ასე აღმოვჩნდი „ბი-ბი-სი 4“-ის ფილმის პრეზენტაციაზე, რომელიც ალექსანდრე ვომ საკუთარი ნაწარმოების მიხედვით გადაიღო. რომანი, რომელსაც სახელად „მამები და შვილები“ (Fathers and Sons) ჰქვია, დიდ ბრიტანეთში ცნობილ მწერალთა ოჯახური დინასტიის ცხოვრებას ეხება. თავად ავტორიც ამ დინასტიის შთამომავალია. „მამები და შვილები“ არა მხოლოდ ძირძველი არისტოკრატული შტოს დაფარულ საიდუმლოებებს ახდის ფარდას, არამედ, მთელი ეპოქის ისტორიაა - სხვადასხვა დროს, სხვადასხვა მწერლის თვალით დანახული, რომელიც, „სანდეი ტაიმსის“ ლიტერატურულ კრიტიკოსებს თუ დავუჯერებთ, „ყველა მამამ და შვილმა უნდა წაიკითხოს“.
მამები და შვილები
რომანის ბოლო თავში - „მამაჩემი“ ალექსანდრე ვო წერს: „ბევრი წიგნი წამიკითხავს მამებისა და შვილების შესახებ. ამ მარადიული კონფლიქტის თემაზე საუბრისას, პირველ რიგში, დაუფარავი ბრალდებები წამომიტივტივდება ხოლმე გონებაში, მაგალითად, ისეთი, მორიც თომსენის ექსტრაორდინარულ ავტობიოგრაფიაში („ჩემი ორი ომი“) რომაა. არასოდეს დამავიწყდება რომანის პირველი ფრაზა: „ეს არის წიგნი ჩემი ცხოვრების ორი საშინელი კატასტროფის - მეორე მსოფლიო ომისა და მამაჩემის შესახებ...“
„თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ავტორს მამა სძულდა ან, პირიქით, აღმერთებდა მას. მამაშვილურ ურთიერთობაში კონფლიქტი ყოველთვის არსებობს. ეს კონფლიქტი ბავშვური ნდობით იწყება, რასაც ზოგჯერ გმირის ხატის შექმნაც კი მოსდევს და მერე ხშირად ილუზიები იმსხვრევა... ეს იმის ბრალია, რომ მამა უფრო ძლიერია, ვიდრე შვილი. დიდი ხნის განმავლობაში მამა იღებს გადაწყვეტილებას შვილის მაგივრად, მამა ირჩევს შვილის საცხოვრებელ ადგილს, მამა ზრუნავს მის განათლებაზე, შვილი კი ეწინააღმდეგება და ებრძვის მშობელს. ეს ბიოლოგიური პროცესივითაა; მშობლებისა და შვილების ბრძოლა რაღაც დარვინული ამბავია და ისიც სრულიად ბუნებრივია, რომ ეს ბრძოლა არასოდეს მთავრდება...
მწერალთა ოჯახური დინასტიის ისტორიაც ამ მამაშვილური ურთიერთობების ჭრილშია დანახული. კაცმა რომ თქვას, ეს ისტორია სწორედ ამ კონფლიქტებიდან იწყება:
„ჩვენ ყველანი მწერლები იმიტომ გავხდით, რომ ჩვენი მამების გული მოგვეგო. ეს არც შენიშვნაა და არც სიამაყით ნათქვამი. უბრალოდ, ფაქტი დავაფიქსირე, მეტი არაფერი. ჩვენი ოჯახის ისტორიას რომ გადავხედე, კიდევ უფრო დავრწმუნდი ამ სიმართლეში. ასეა, ვწერდით იმიტომ, რომ ჩვენს მამებზე შთაბეჭდილება მოგვეხდინა.“
დინასტია
ვოების ლიტერატურული დინასტიის სათავეში დოქტორი ალექსანდრე ვო დგას, საკუთარ ოჯახსა და შთამომავლობაში „ალექსანდრე სასტიკის“ სახელით ცნობილი. მას მოსდევს ართური - გამომცემელი, პოეტი, კრიტიკოსი და ბიოგრაფი. როდესაც ართურს სიტყვა „სადისტის“ მნიშვნელობა განუმარტეს, მას უთქვამს: გასაგებია, სადისტი ის არის, რაც მამაჩემიაო. ართურს მოსდევს მისი საყვარელი პირმშო ალეკი - ტრაგიკული ბედის ახალგაზრდა კაცი, რომელიც პირველივე სკანდალური რომანითა („ახალგაზრდობის მირაჟი“, The Loom of Youth) და არანაკლებ სკანდალური ცხოვრების წესით გახდა ცნობილი და მისი უმცროსი ძმა, მამის სიყვარულით არცთუ განებივრებული ივლინი, რომელსაც თავდაპირველად კრიტიკოსები უნდობლად და თითქოს დაყვედრებით მოიხსენიებდნენ ართურის ვაჟად და ალეკის ძმად; თუმცა, სულ მალე ამავე კრიტიკოსებმა მისი შემოქმედების წლები ვოების დინასტიის აღორძინების ხანის სახელით მონათლეს. მაგრამ ივლინ ვო არც ამას დასჯერდა. მან არა მხოლოდ ოჯახური დინასტიის, არამედ ბრიტანული მწერლობის საზღვრებიც კი გაარღვია: „ერთადერთი ბრიტანელი გენიოსი კომიკოსი ბერნარდ შოუს შემდეგ“, „საუკუნის უდიდესი რომანისტი“... მეტს აღარ გავაგრძელებ. ივლინის ვაჟმა ობრონმა ოჯახის ლიტერატურული ტრადიციიდან ოდნავ გადაუხვია და ჟურნალისტიკა აირჩია. კრიტიკოსთა ერთი ნაწილი ობრონ ვოს ნამდვილ გენიოსად განიხილავდა. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ობრონი მამაზე ბევრად უკეთესი მწერალიც კი იყო, რომელმაც შექმნა თანამედროვეობის კომიკური რომანი და რომ არცერთ თანამედროვე მწერალს დედამიწის ზურგზე არ გაუკეთებია ისეთი ადამიანური კომენტარი ამ ცხოვრებაზე, როგორიც ობრონ ვომ გააკეთა. 2001 წელს ობრონ ვოს გარდაცვალებამ მის მრავალრიცხოვან მკითხველებს, მართლაც, ძალიან დასწყვიტა გული. სწორედ მამის სიკვდილმა გადააწყვეტინა ალექსანდრე ვოს, დაეწერა წიგნი მამებსა და შვილებზე და იქვე, ეპილოგში, თავისი შვილისთვის ასეთი დარიგებაც დაეტოვებინა: „გეამაყებოდეს შენი გვარი, მაგრამ იცოდე, ეს იმას არ ნიშნავს, თითქოს, უსათუოდ მწერალი უნდა გამოხვიდე, რომ ეს შენი მოვალეობაა, ანდა შენი ბედისწერა. ასე არ არის. რა აზრი აქვს წერას, თუ არაფერი გაქვს სათქმელი, ანდა არ იცი, როგორ თქვა...“ ამ სიტყვების ადრესატი ჯერ პატარაა, ჯერ არც მამის წიგნი წაუკითხავს და არც ვოების ლიტერატურულ ბედისწერაზე უფიქრია. ასე რომ, ჯერჯერობით არ ვიცით, კიდევ რამდენ თაობას გაჰყვება ეს ბედისწერა...
ვინაიდან წარმოდგენა არ მქონდა, რა ფორმით სთხოვენ ჟურნალისტები ინტერვიუს თავიანთ რესპონდენტებს ცერემონიებისა და გადაჭარბებული ზრდილობის მოტრფიალე ბრიტანულ საზოგადოებაში, ავდექი და ფილმის ჩვენების შემდეგ რეჟისორს პირდაპირ მივეჭერი და ინტერვიუ ვთხოვე, არა - მოვთხოვე. გამიმართლა, არც იმას ჰყვარებია დიდი ცერემონიები: სიამოვნებითო, - და იქვე შევთანხმდით. მერე თავისი ფეხით დიდი ხალისით მოვიდა სტუმრად ჩემს კოლეჯში. არც ის წამოუწუწუნია, ცოტა დრო მაქვს და მეჩქარებაო. მიდი და თქვი ამის მერე - ეგ სნობი არისტოკრატიო. მისტერ ვო მარტო საინტერესო მოსაუბრე კი არა, ძალიან უშუალო და მხიარული კაცი აღმოჩნდა.
როგორც მითხრა, იმდენად გულახდილი ბიოგრაფია გამოუვიდა, რომ მოსაყოლი პრინციპში აღარაფერი დარჩა, ან თუ დარჩა, ესე იგი, იმის მოყოლას არც აპირებს. თუმცა, მაინც დიდხანს ვისაუბრეთ, მის წინაპრებზეც, ახალ წიგნზეც და ზოგ სხვაზეც...
მოგონებები ივლინ ვოზე
„რაც გავაკეთე, ბრწყინვალედ გავაკეთე,“ - ვოს დიდ თავმდაბლობას ვერ დავწამებთ. თუმცა, ტყუილი არ უთქვამს: გაკეთებით მართლაც ბევრი გააკეთა და თანაც ბრწყინვალედ: რომანები - „შავი ბოროტება“ (Black Mischief), „დაცემა და დასასრული“ (Decline and Fall), „ერთი მუჭა მტვერი“ (A Handful of Dust), ტრილოგია „პატიოსნების მახვილი“ (Sword of Honour) და კიდევ მრავალი სხვა. განსაკუთრებით პოპულარული, მაინც, „დაბრუნება ბრაიდსჰედში“ გახდა, რომელიც მწერალმა 1945 წელს დაწერა, იუგოსლავიიდან ჩამოსვლის შემდეგ. ივლინ ვო იქ ბრიტანეთის სამხედრო მისიაში მსახურობდა და ავიაკატასტროფის დროს სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს. 1981 წელს ამ რომანის მიხედვით ცნობილი სერიალი გადაიღეს, ჯერემი აირონსისა და ანტონი ენდრიუსის მონაწილეობით. ნოსტალგიური ამბავი სილამაზისა და სიმახინჯის შესახებ დღესაც ძალიან პოპულარულია, განსაკუთრებით, ბრიტანეთის სტუდენტურ წრეებში. ჩემი სნობი მეგობარი ამ ფილმზე მთლად ჭკუას კარგავს, თუმცა, მე მაინც ჯეინზე უფრო კომპეტენტურ კრიტიკოსებს დავიმოწმებ: „ნაბიჯი ულტრათანამედროვეობიდან „ულტრამონტინიზმამდე“ (რომის პაპის აბსოლუტური ავტორიტეტის აღიარებამდე), „მანერულობის მეტამორფოზა ანტიმანერულობად“. რაღაც ძალიან გადაპრანჭული ჩანს, მგონი, ეს კრიტიკოსებიც სნობები უნდა იყვნენ.
ვოს გარდასახვამ სახტად დატოვა მთელი ლიტერატურული სამყარო. რას უნდა გამოეწვია მწერლის მეტამორფოზა ულტრათანამედროვეობის „აბსურდული კარიკატურიდან“ კათოლიციზმის „ნამდვილ სამყარომდე“? მედია რაღაც განსაკუთრებულ სენსაციას ელოდა. ჟურნალისტები დიდხანს და მონდომებით ცდილობდნენ მწერლის გარდასახვის საიდუმლოს ამოხსნას. ივლინმა კი მარტივად განმარტა: მივხვდი, რომ თანამედროვე სამყარო ქრისტიანობასა და ქაოსს შორის არჩევნის წინაშე იდგაო.
ისე, მე მწერლის სხვა, შინაურული, განმარტება უფრო მომწონს: „წარმოდგენაც კი არ გაქვთ, რა საზიზღარი ადამიანი ვიქნებოდი, კათოლიკე რომ არ ვყოფილიყავი. ის კი არადა, ალბათ, ადამიანიც კი ვერ ვიქნებოდი ზებუნებრივი ძალის დახმარების გარეშე.“
მართლაც რომ, აუტანელი ხასიათი ჰქონდა. თუმცა, გარშემო მყოფთათვის ყველაზე აუტანელი და მიუღებელი მისი უხეში და მართალი პირდაპირობა გახლდათ. ალბათ ამიტომაც არ ეხატებოდათ გულზე საბჭოურ სივრცეში. ამას ქართული საბჭოთა ენციკლოპედიიდან ამოწერილი ეს ციტატაც მოწმობს: „მისი [ივლინ ვოს] სატირა შეზღუდულია დადებითი საწყისისა და ეთიკური პრინციპების უქონლობის გამო.“ (მქუხარე ხანგრძლივი ტაში. ყველანი ფეხზე დგებიან!)
„საშინლად გულწრფელი იყო, მოურიდებლად პირდაპირი. ყველაფრის თქმა შეეძლო, პირდაპირ მოგახლიდა ყველაზე უსიამოვნო სიმართლეს. რაღა თქმა უნდა, ყველა ადამიანი ასეთი რომ იყოს, სამყარო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, სრულიად აუტანელი და საშინელი იქნებოდა. მაგრამ, ამავე დროს, ასეთი ადამიანების არსებობა სამყაროს უფრო აკეთილშობილებს და მრავალფეროვანს ხდის. ჩვენ ხომ ძალიან ხშირად არ ვამბობთ იმას, რასაც ვგრძნობთ.“
მის პიროვნებაში შერწყმული იყო, ერთი მხრივ, საოცარი გულწრფელობა და პირდაპირობა და, მეორე მხრივ, - კათოლიციზმის რწმენა, რომელიც ბევრს მწერლის სნობურ ახირებად ეჩვენებოდა და ამის გამო ხშირადაც აკრიტიკებდნენ ხოლმე.
ერთი კრიტიკოსი წერდა: ივლინ ვოს პიროვნებაზე სრული წარმოდგენა რომ შეგექმნათ და მისი ექსტრაორდინარული ხასიათის თვისებებს რომ ჩასწვდეთ, ამისათვის არქეოლოგისა და ფსიქიატრის ალღოთიც უნდა გამოირჩეოდეთო.
„ნამდვილად ძალიან ექსცენტრული და რთული პიროვნება იყო. ივლინის მიერ ცხოვრებაში გადადგმული არაერთი ნაბიჯი უფრო საკუთარი ოჯახის წინააღმდეგ მიმართული რეაქცია იყო. მამამისი მის უფროს ძმაზე ალეკზე გიჟდებოდა, ამტკიცებდა, რომ სწორედ ალეკი იყო მთელი დედამიწის ზურგზე ყველაზე კარგი მწერალი, ივლინს კი იგნორირებას უკეთებდა... ამიტომაც ვფიქრობ, რომ ივლინის ქცევა, პირველ რიგში, აჯანყება იყო საკუთარი ოჯახის წინააღმდეგ. მერე კი მოხდა ისე, როგორც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე. ბოლოს ის მამამისს დაემსგავსა...“
ივლინი რომ გარდაიცვალა, ალექსანდრე ძალიან პატარა იყო. ამიტომ, სახელოვანი პაპა ბავშვობის მოგონებების მხოლოდ რამდენიმე ფრაგმენტიდან ახსოვს. როგორც ამბობდნენ, პირს ისე არ გააღებდა, რამე სახუმარო რომ არ ეთქვა. თუმცა, მცირეწლოვან შვილიშვილთან თამაშის დროს მისი იუმორის გრძნობა და მხიარულება ლომივით ღრიალსა და ოთხზე თოხარიკით სირბილში უფრო გამოიხატებოდა.
„მაინცდამაინც ბევრი არაფერი მახსენდება. მახსოვს, როგორ მეთამაშებოდა, მახსოვს წიგნი, რომელიც მე მომიძღვნა, კიდევ რაღაც წერილები. ბავშვობაში ძალიან მეამაყებოდა, მისი შვილიშვილი რომ ვიყავი. მთელი გარემო, რომელშიც გავიზარდე, ივლინით იყო გაჯერებული. ის იყო ჩვენი ცხოვრების დამახასიათებელი ნიშანი. მისი სახელი მუდმივად თან გვდევდა. ყოველთვის არსებობდა რაღაც ან ვიღაც, რაც პაპას მახსენებდა: ხან ფილმს აჩვენებდნენ ტელევიზიით, ხან სტატიას აქვეყნებდნენ გაზეთში, ხან ვოს რომელიმე რომანის ახალი გამოცემა იბეჭდებოდა, ხანაც უბრალოდ მასზე ლაპარაკობდნენ... მერე, 12-13 წლის ასაკში, მისი წიგნების კითხვაც დავიწყე. თუმცა ყველაზე მეტი ივლინის შესახებ მაშინ გავიგე, როცა ამ წიგნის წერას შევუდექი.“
ჩანაწერებიდან, სხვების მონაყოლიდან თუ ყურმოკრული ამბებიდან ივლინის ცხოვრების, მისი ხასიათის ბევრი საინტერესო დეტალი ამოკრიფა. იმაშიც დარწმუნდა, რომ ივლინის პიროვნების შეფასებისას ბევრ რამეში ცდებოდნენ: არც ისეთი წარმატებითა და ფუფუნებით განებივრებული ცხვირაწეული სნობი ყოფილა, როგორც ამას თანამედროვეები ხატავდნენ.
„ქველმოქმედი კაცი იყო. სულ გასცემდა, მუდმივად სწირავდა შესაწირავს კათოლიკურ ეკლესიას, ეხმარებოდა ღარიბ ბავშვებს - სკოლაში სიარული რომ შესძლებოდათ, ხელს უმართავდა უქონელ მწერლებს... საკუთარი თავიც არ ავიწყდებოდა: ყოველთვის ჰქონდა კარგი ღვინო, ლამაზი პიჯაკები, აგროვებდა ძვირად ღირებულ ფერწერულ ტილოებს, განსაკუთრებით ვიქტორიანული ეპოქის ფერწერა უყვარდა... ომის მერე კი, გადასახადები რომ ავარდა, ძალიან გაუჭირდა.“
ერთხელ ვირჯინია ვულფმა საყვედურიც კი გამოთქვა: ივლინ ვო ნამდვილ სოციალურ პრობლემებს ყურადღებას არ აქცევსო. ასეთი „ბრალდებები“ სხვებიც იყო: „თვითმხილველები იხსენებენ, თუ როგორი ყურადღებიანი იყო ხალხის მიმართ, როგორ უსმენდა მათ ნაამბობს; მაგრამ, რატომღაც ყველამ დაივიწყა მისი ეს თვისება და ხალხის წარმოდგენას ივლინ ვო გაბღენძილი არისტოკრატი სნობის სახით შემორჩა. არადა, მას ყოველთვის აინტერესებდა უბრალო ხალხის ცხოვრება, ამ ცხოვრების დეტალები, ნებისმიერი საცნაური და უცნაური ისტორია, რადგან თუ გინდა, რომ კარგი მწერალი იყო, ხალხს უნდა აკვირდებოდე, მოუსმინო, ისწავლო...“
„ძალიან, ძალიან ბევრი მეგობარი ჰყავდა. თუმცა, მასთან ურთიერთობა ბევრს აშინებდა. რა თქმა უნდა, ამჩნევდა, რომ გაურბოდნენ და სწყინდა. ბოლოს საძაგელი ხუმარას როლის თამაშიც მობეზრდა, თითქოს დაიღალა. სევდაც შეეპარა. რაღაც გაუცხოების გრძნობა გაუჩნდა...“
ალბათ, ამ გაუცხოების გრძნობამ ათქმევინა: როდესაც ადამიანი ცხოვრებაში ცნობისწადილს კარგავს, ე.ი. იმ ასაკს მიაღწია, ავტობიოგრაფია რომ უნდა დაწეროსო.
„ბოლო წლებში ძალიან დეპრესიული გახდა. მანამდე სულ ხალისიანი და სიცოცხლით სავსე იყო. კარჩაკეტილი ცხოვრებით არასოდეს უცხოვრია: ომშიც წავიდა, ჯუნგლებშიც მოგზაურობდა, არანაირ ხიფათს არ ერიდებოდა, ყველაფერს აკეთებდა, მათ შორის, ბევრ სისულელესაც. ბოლოს კი თითქოს ყველაფერზე ხელი ჩაიქნია. სიკვდილზე ხშირად ფიქრობდა. თავის ძველ რომანებს ჩაჰკირკიტებდა და რევიზიას უკეთებდა.“
„ახლა, მის ბიოგრაფიას რომ გადავხედე, შემიძლია ვთქვა, რომ ყველაფერში თანავუგრძნობ ჩემს პაპას, კათოლიციზმის გარდა. დიდი მორწმუნე არ ვარ. კიდევ ერთ რამეს ვერ ვპატიობ - ჯარში სამსახურის დროს მძიმედ დაჭრილი მამაჩემი საავადმყოფოში რომ არ მოინახულა...“
პოლიტიკოსთა რისხვა
მამა - ობრონ ვო, „დეილი ტელეგრაფის“ შეუცვლელი მიმომხილველი. მის სტატიებს ასევე ხშირად ბეჭდავდნენ: „სპექტეიტორი“, „პრაივიტ აი“ და „ივნინგ სტანდარტი“. 40 წლის განმავლობაში ბრიტანელი მკითხველი დილაობით ჩაის სმას ობრონ ვოს კომენტარით იწყებდა. 40 წლის განმავლობაში ყოველ დილას ბრიტანელ პოლიტიკოსებს „დეილი ტელეგრაფის“ გადაშლა მეხის გავარდნასავით ეშინოდათ.
„Papa - ასე ვეძახდით ოჯახში, მუდმივად ყურადღების ცენტრში იყო, მის შესახებ ყველგან ლაპარაკობდნენ, მის ციტატებს იმოწმებდნენ. მამას ნაწერები გემრიელი იუმორით, დახვეწილი ინგლისური ენითა და დაწყობილი ლოგიკით გამოირჩეოდა. ობრონ ვოს სტატიები ისეთი მსუბუქი და ღიმილისმომგვრელი იყო, რომ ერთი შეხედვით თითქოს ბავშვურად გულუბრყვილოც კი ჩანდა; მაგრამ მსუბუქი ხუმრობის მიღმა გონივრული ანალიზი იკითხებოდა. ეს იყო შეუვალი კომბინაცია პოლიტიკოსების გასამასხარავებლად. ასეთი პოზიცია ჰქონდა: ვერ იტანდა პოლიტიკოსებს, იმ ადამიანებს, რომლებიც მიგვითითებენ, რა უნდა ვაკეთოთ. სძულდა პოლიტიკა, მთავრობა, კანონები...
რასაკვირველია, მტერიც ბევრი ჰყავდა. ის სრულყოფილად ფლობდა ყველაზე გამანადგურებელ იარაღს - სიცილს, რომელიც მართლაც რომ მომაკვდინებელი იარაღია. წარმოიდგინეთ, უამრავი ადამიანი იცინის შენზე და შენ პასუხის გაცემაც კი არ შეგიძლია. სიცილით ნებისმიერ ადრესატს მიწასთან გაასწორებდა. ამის ჭეშმარიტი ოსტატი გახლდათ. თუმცა, მამამისისგან განსხვავებით, უხეში არასოდეს ყოფილა.“
ობრონ ვოს სიცილის ყველაზე სკანდალური რეალიზაცია 70-იან წლების რავალპინდის მოვლენები იყო, როდესაც მისი ქილიკნარევი სტატიით აღშფოთებულმა მუსულმანებმა ბრიტანეთის საკონსულოს ბიბლიოთეკა დაწვეს...
თითქოსდა სკანდალური უნდა ყოფილიყო 1983 წლის ნობელის პრემიის ისტორიაც. დეკემბერში, როდესაც ცნობილი რომანის - „ბუზთა ბატონის“ ავტორი უილიამ გოლდინგი შვედეთში პრემიის ასაღებად ჩავიდა, Spectator-მა ობრონ ვოს სტატია გამოაქვეყნა, რომელიც გოლდინგს პლაგიატში სდებდა ბრალს, ნაწარმოების პირველწყაროდ უ.ლ. ჯორჯის „დილის შვილებს“ (Children of the Morning) ასახელებდა, იქვე ლიტერატურული მტკიცებულებებიც მოჰყავდა, ბოლოს კი ცინიკურად დაასკვნიდა: „ჯორჯს მეორე ქორწინებიდან ორი ვაჟი დარჩა. რაღა თქმა უნდა, გოლდინგს იმას ვერ მოვთხოვ, რომ ფულადი პრემია იმათაც გაუნაწილოს, მაგრამ ის კი კარგი იქნებოდა, შვედეთიდან ჩამოსვლის შემდეგ ჯორჯის ვაჟებს თევზის კონსერვს ან რამე ასეთს მაინც თუ გაუგზავნიდაო.“
„მამაჩემს ეგონა, რომ ამას სკანდალი მოჰყვებოდა, მაგრამ შეცდა. როგორც ჩანს, დრო ისე სწრაფად გარბის, იმდენი რამ იცვლება, რომ ხალხსაც ნელ-ნელა, მაგრამ საფუძვლიანად ყველაფერი ავიწყდება. ასე რომ, არც არაფერი მომხდარა.“
ჟურნალისტების დიდი ნაწილისგან განსხვავებით, ობრონ ვო კიდევ ერთი თავისებურებით გამოირჩეოდა. ის არასოდეს მანიპულირებდა თავისი პროფესიით, მას არასოდეს ჰქონია მეოთხე ხელისუფლების ამბიცია და არც არასოდეს მიუჩნევია, რომ მედია ის ძალაა, რომელიც ქმნის მოვლენებს და რომელსაც მსოფლიოს გადატრიალება ძალუძს.
„ფიქრობდა, რომ ჟურნალისტიკის არსი, თუ, რა თქმა უნდა, ასეთი რამ საერთოდ არსებობს, მკითხველის გართობა, თავშექცევა და სიამოვნებაა; და თუ ჟურნალისტიკას რაიმე სტრუქტურული ფუნქციური არსი აქვს, მაშინ ეს არსი სწორედ პოლიტიკოსთა გაცამტვერებაში მდგომარეობს. არასოდეს, არასოდეს, არასოდეს, - ამბობდა ხოლმე, - არასოდეს აღაზევოთ ისინი! არასოდეს დაეხმაროთ პოლიტიკოსების აყვავების პროცესს! მხოლოდ ზეწოლა! მხოლოდ ამით მოახერხებთ, რომ ხელისუფლებამ თავის ძალაუფლებას არ გადაამეტოს. საშინლად აღიზიანებდა ის კოლეგები, რომლებმაც ვითომდა რაღაც მორალური ტვირთი იკისრეს, სამყაროს გაკეთილშობილების ტვირთი.“
ობრონ ვო, მართლაც, ბევრ ადამიანს დააკლდა. „დეილი ტელეგრაფმა“ მესამე მსოფლიო ომის დაწყებასავით ამცნო მისი გარდაცვალება მკითხველს.“
მონატრება
„მამის სიკვდილის შემდეგ განსაკუთრებით მომეძალება ხოლმე წარსულის მონატრების ნოსტალგიური გრძნობა. ალბათ, ეს ასეც უნდა იყოს. როცა ოჯახის პირველი წევრი მიდის ამ ქვეყნიდან, განსაკუთრებული ნოსტალგიის გრძნობა გეუფლება, იწყებ ფიქრს იმაზე, თუ რისთვის ცხოვრობ, რა არის საერთოდ ცხოვრების არსი...“
ბავშვობის ერთი მოგონება განსაკუთრებით ჩარჩა გონებაში: „სკოლაში მივდიოდი. ძალიან მზიანი დღე იყო. ვერ გეტყვით, რომ იმ დღეს ძალიან ბედნიერი ვიყავი. მაგრამ მახსოვს, რატომღაც ჩემს თავს ვუთხარი, აი, დიდი ხნის მერე, უკან გამოიხედავ და ეს შენი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი წუთები იქნება-მეთქი. არ ვიცი, რატომ ვთქვი, იქნებ სწორედ იმიტომაც, რომ, მაინცდამაინც, ბედნიერი არ ვიყავი, მინდოდა, ცუდი ფიქრებისთვის თავი დამეღწია და ჩემს მეხსიერებაში კარგი მოგონებები დამეტოვებინა...“
ვოების ნოსტალგიური მოგონებების ერთი ნაწილი ოქსფორდს უკავშირდება, ადგილს, რომელსაც გარკვეული დროით ტოვებენ, როგორც ბრაიდსჰედს და მერე ისევ უბრუნდებიან. „ივლინის მამას - ართურს თავზარი დაეცა, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ოქსფორდში რომ ჩავიდა. ამდენი ცვლილება ვერ აიტანა. მას ჯერ კიდევ ეტლებითა და ცხენებით მოსიარულე ხალხი ახსოვდა.“ ივლინმა თავისი ნოსტალგია რომანში გაგვიზიარა და „ქვეყნის მომავლის სიმბოლური სახე დახატა“.
ალექსანდრე ვოს ოქსფორდთან ერთი არცთუ სასიამოვნო მოგონება აკავშირებს. ახლაც ახსოვს იმ პროფესორის სახელი და გამომეტყველება, რომელმაც უნივერსიტეტში მიღებისას გასაუბრებაზე მისი კანდიდატურა დაიწუნა: „ეს ჩემთვის დიდი იმედგაცრუება იყო, თანაც, ძალიან გავბრაზდი. ყოველ ჯერზე, როცა ოქსფორდში მივდივარ, რისხვისა და სიბრაზისგან ვიწვი. ჰო, ცოტა ვაჭარბებ, მაგრამ არც მთლად უმაგისობაა. ბრაზი მაინც ვერ მოვინელე, მწყინს. ისე მომწონს აქაურობა, წარმომიდგენია, როგორ მეყვარებოდა ეს ადგილი, აქ რომ მესწავლა. ყველაზე უცნაური კი ის არის, რომ დღემდე ვერ გამიგია, რატომ არ მიმიღეს. გული მწყდება.“
გული ბევრ რამეზე წყდება: იმაზე, რაც იყო წარსულში და ახლა აღარ არის, ისევე როგორც ართურ ვოს დასწყდა გული, ცხენებშებმული ეტლების მაგივრად პირველი ავტომანქანა რომ დაინახა.
დაბრუნება ოქსფორდში
ოქსფორდს მაინც დაუბრუნდა, უფრო მოგვიანებით, თანაც არა სტუდენტის როლში. ამასწინათ, მარჯვენა ხელი სტკიოდა და მარცხენათი დაიწყო დაკვრა ფორტეპიანინოზე. და უცებ პოლ ვიტგენშტეინი გაახსენდა, ამბავი ცალხელა მუსიკოსისა, რომელმაც I მსოფლიო ომში მარჯვენა დაკარგა. გადაამოწმა და დააზუსტა, რომ აქამდე არავის გახსენებია, პოლ ვიტგენშტეინზე წიგნი დაეწერა. ჰოდა, რაღა სხვას დალოდებოდა, გადაწყვიტა, ამ საქმისთვის თავად მოეკიდა ხელი. სამი წელი მოანდომა მისი ქალიშვილის ძებნას, რომელსაც ბოლოს ამერიკაში მიაკვლია. იპოვა მუსიკოსის ნაცნობები. მასალის მოძიება ძნელი იყო, მუსიკოსს საკმაოდ გასაიდუმლოებული ცხოვრება ჰქონდა. ჩანაწერებიც ბევრი არაფერი დაუტოვებია. ბოლოს ოქსფორდის ბიბლიოთეკაში მემუარებს ჩაუჯდა და... როგორც თავად ამბობს, წერის დროს ყველაზე მძიმე და ხანგრძლივი ფიქრის პროცესია, როცა კარგად ნაფიქრი და გააზრებული გაქვს სათქმელი, წერით უფრო სწრაფად გეწერება. ასე რომ, ამ ლოგიკით რომანი უკვე დამთავრებულ-გამოცემული უნდა ჰქონდეს.
ცოტა სნობურად მინდა დავასრულო. ჰოდა, ავდგები და ჩემი წიგნის გარეკანზე დაწერილ ავტოგრაფს გამოვამზეურებ: „თამარს, იმ ძალიან ბედნიერი დღის სამახსოვროდ, როდესაც ვსაუბრობდით მამებზე, შვილებზე, ჭეშმარიტებაზე, ცხოვრებაზე... ყველაფერზე! ავტორისაგან. თარიღი უცნობია. 28 ?“
ესეც ასე. ჯეინი გულზე არ გასკდება?!
![]() |
10 სპეც-პროექტი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
10.1 წლის ადამიანები |
▲ზევით დაბრუნება |
ავტორი: ნინო ლომაძე
ვიზაჟი: სტუდია „გრიმ-მასკა“
„წლის ადამიანები“ - ასე დავარქვით ჩვენს სპეც-პროექტს ჯერ კიდევ შარშან, როდესაც ახალი წლის დამდეგს, გასული წლის ერთგვარი შეჯამება და ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენების კიდევ ერთხელ გახსენება გადავწყვიტეთ. ამჯერად, 2007 წლის ქრონიკას კიდევ უფრო ყურადღებით გადავხედეთ და გრძელი ეპისტოლეს მსგავსი მრავალფეროვანი სია მივიღეთ, საიდანაც ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თორმეტი კატეგორია გამოვყავით. ამ მოვლენების ავტორები კონკრეტული ადამიანები არიან: ისინი სხვებზე მეტს ფიქრობენ, აქტიურად მოქმედებენ და დანარჩენებზე თავდაჯერებულად მიიწევენ წინ. ისინი ჩვენი შთაგონების წყაროც ხშირად ხდებიან, რადგან, შესაძლოა, უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც ცვლიან სამყაროს თავის გარშემო.
პროექტის გენერალური სპონსორია „საქართველოს ბანკი“
ფოტო: ლევან ხერხეულიძე
წლის სამოქალაქო აქტივისტი
ნინია კაკაბაძე
ყველაზე მეტი ღიად დაფიქსირებული მოქალაქეობრივი პოზიცია და კრიტიკული თვალსაზრისი.
100-ზე მეტი პუბლიკაცია და რეპორტაჟი ყველაზე აქტუალურ თემებზე (გაზეთი „24 საათი“, ჟურნალი „ანაბეჭდი“, „რადიო უცნობი“ - გადაცემა „თავისუფალი აზრი“ და რადიო „ამერიკის ხმა“).
გოეთეს ინსტიტუტისა და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მიერ გამართული საჯარო შეხვედრების და დისკუსიების ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მონაწილე და მომხსენებელი.
სტამბოლში გამართული ქართულ-აფხაზური შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე და მომხსენებელი.
2007 წლის ნოემბრის მოვლენებთან და მედია კრიზისთან დაკავშირებით „საგანგებოდ“ მოწყობილი „მედია კონფერენციის“ იდეის ავტორი და ერთ-ერთი ორგანიზატორი.
ფოტო: ლევან ხერხეულიძე
წლის საზოგადოებრივი დისკუსიების პლატფორმა - ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი
ნინო ლეჟავა - ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის დირექტორის მოადგილე, სასტიპენდიო და დემოკრატიზაციის პროგრამების კოორდინატორი
ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი საქართველოში თავისუფალი, სამართლიანი და ტოლერანტული საზოგადოების ჩამოყალიბებას 2003 წლიდან უწყობს ხელს და, თავისი ერთ-ერთი პროგრამის ფარგლებში, ყოველ მეორე ოთხშაბათს მოქალაქეებს სხვადასხვა თემაზე საჯარო დისკუსიაში მონაწილეობის მისაღებად ეპატიჟება. წელსაც, საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესი დისკუსიების მრავალფეროვანმა და აქტუალურმა თემატიკამ გამოიწვია. საჯარო შეხვედრები კვლავაც ხალხმრავალი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი ქართული სამოქალაქო ცნობიერების ფორმირებაში აქტიურად მონაწილეობს. განსაკუთრებით მწვავე და საინტერესო გახლდათ დისკუსიები თემებზე: დედაქალაქის ტოპონიმიკა: ახალი უბნები, ახალი ქუჩები; რელიგიური უმცირესობები; ხელოვნება და ძალაუფლება; ჰატამზაიტ: ბოდიშის კამპანია - რატომ უნდა მოვუხადოთ ბოდიში აფხაზებს?; ჰომოფობია, როგორც სოციალური პრობლემა; გზა NATO-საკენ: ქართული რეალობის შეფასება; ინფორმაციის თავისუფლება - საგანგებო მდგომარეობა; პროფესია ჟურნალისტი: თავისუფლება და პასუხისმგებლობა; საზოგადოება და სამოქალაქო პასუხისმგებლობა.
ფოტო: ნიკო ტარიელაშვილი
წლის რეჟისორი
დიტო ცინცაძე
2007 წელი გერმანიაში მოღვაწე ქართველი კინორეჟისორისთვის წარმატებული აღმოჩნდა. მის სატელევიზიო ფილმს, „რევერსი“ საქართველოში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ჩვენი ქვეყნისთვის საკმაოდ უჩვეულოდ, ფილმის სანახავად კინოთეატრში ბევრი მაყურებელი წავიდა და შეფასებებიც არაერთმნიშვნელოვანი იყო, მათ შორის, კრიტიკოსების მხრიდანაც. ამას გარდა, დიტო ცინცაძის გერმანულქართულ ფილმს, „კაცი საელჩოდან“ არც საერთაშორისო დონეზე მოჰკლებია აღიარება. ფილმი წარმატებით აჩვენეს ლოკარნოსა და მარდელ-პლატას საერთაშორისო კინოფესტივალებზე და პრიზებითაც აღინიშნა (საუკეთესო მამაკაცი მსახიობისა და საუკეთესო სცენარის ნომინაციებში).
დიტო ცინცაძე წარმატებით ახერხებს, იყოს თანაბრად საინტერესო, როგორც ქართველი, ასევე დასავლელი მაყურებლისთვის, გადაიღოს თანამედროვე კინო. მაყურებელი მისგან უხერხულ თემებზე გულახდილ თხრობას ელის და ეს მოლოდინი ხშირ შემთხვევაში არ უცრუვდება.
ფოტო: ლევან ხერხეულიძე
წლის ფესტივალი - „CLOSE ENCOUNTERS 2007-2008“ - აქტუალური მუსიკის ფესტივალი
მანანა ახმეტელი
„Close Encounters 2007-2008“ - წელს მეორედ გაიმართა კლასიკური ელექტრონული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი. თუმცა, პირველთან შედარებით, წლევანდელი ფესტივალი გაცილებით უფრო მასშტაბურიც იყო და აქტუალურიც. ის ევროპაში მიმდინარე შემოქმედებითი პროცესების, ტექნიკური ნოვაციების, საინტერესო ექსპერიმენტების, მუსიკალური ავანგარდიზმის უახლესი ტექნოლოგიური სიახლეების ქართულ მუსიკალურ სივრცეში შემოტანას ისახავდა მიზნად და, ამასთანავე, დღევანდელი ევროპული მუსიკის სამყაროში ქართველი მუსიკოსების ინტეგრირების პირველი სერიოზული მცდელობა გახლდათ. ფესტივალის ფარგლებში ქართველ მუსიკოსებთან ერთობლივი კონცერტები გამართეს თანამედროვე მუსიკის ისეთმა ცნობილმა, უკვე კლასიკოსებად აღიარებულმა შემსრულებლებმა, როგორებიც არიან: ნილს ვოგრამი (ტრომბონი), ფილიპ შაუფელბერგერი (გიტარა), ლუკას ნიგლი (დასარტყამი), ჯონ ეკჰარტი (კონტრაბასი), კარლჰაინც შტოკჰაუზენი, იანის ქსენაკისი. ასევე გაიმართა გია ყანჩელის „ღამის ლოცვების“, მიხეილ შუღლიაშვილის სექსტეტის და ზვიად ბუცხრიკიძის ნაწარმოების მსოფლიო პრემიერები.
ფესტივალის ორგანიზატორები გახლდნენ: თამრიკო კორძაია, რეზო კიკნაძე, მანანა ახმეტელი, ანა კრაიერი და ფელიქს პროფოსი
ფოტო: ლევან ხერხეულიძე
წლის ლიტერატურული კერა - ლიტერატურული არტ კაფე „ქარავანი“
ლიტერატურული საღამოების ორგანიზატორი ლელა შუბითიძე
უკვე ერთი წელია, ყოველ კვირა დღეს, ლიტერატურული შეხვედრები, დისკუსიები და საღამოები „ქარავანში“ ტრადიციად დამკვიდრდა და ფურცელაძის N10 ლიტერატურის გურმანთათვის თავშეყრის საყვარელ ადგილად იქცა. სალონური შეხვედრების ციკლი მწერლისა და მთარგმნელის, გიორგი ლობჟანიძის შემოქმედებითი საღამოთი დაიწყო და შემდეგ, დავით წერედიანის, ზაზა თვარაძის, ჯემალ აჯიაშვილის, ლია სტურუას, ვახუშტი კოტეტიშვილის, შოთა იათაშვილის, გაგა ნახუცრიშვილის, მაია სარიშვილის და მრავალი სხვა ავტორის საინტერესო საღამოებით გაგრძელდა.
ფოტო: დავით მესხი
წლის ყველაზე მასშტაბური ღონისძიება - თბილისის მე-8 საერთაშორისო კინოფესტივალი „პრომეთე“
საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორი - გაგა ჩხეიძე თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის დირექტორი - ნინო ანჯაფარიძე
წელს, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალ „პრომეთესაც“ უპრეცედენტოდ მრავალფეროვანი და მასშტაბური პროგრამა ჰქონდა. ფესტივალის ფარგლებში თბილისს ეწვია სამოცზე მეტი ცნობილი სტუმარი. მათ შორის, ლეგენდარული ამერიკელი რეჟისორი ბობ რაფელსონი („ფოსტალიონი ყოველთვის ორჯერ რეკავს ზარს“ და „სისხლი და ღვინო“), ცნობილი სცენარისტი და პროდიუსერი კლერ დაუნსი, რეჟისორი, სცენარისტი და ფოტოგრაფი ულრიკე ოტინგერი, გერმანელი რეჟისორი - სონია ჰაინენი, როტერდამის საერთაშორისო ფესტივალის წარმომადგენელი ბიანკა ტაალი და კიდევ მრავალი სხვა.
საკონკურსო ფილმების გარდა, მაყურებლის დიდი ინტერესი საფესტივალო პროგრამამ გამოიწვია, სადაც ევროპული კინოს ფორუმი (ახალი ევროპული ფილმები), ჰორიზონტები (ახალი ფილმები მთელი მსოფლიოდან), ქართული პანორამა (ახალი ქართული ფილმები), ამიერკავკასიური დოკუმენტური ფილმები (აზერბაიჯანი, საქართველო, სომხეთი), დოკუმენტური ფილმები, რეტროსპექტივა, სპეციალური ჩვენებები, ახალი გემანული კინო, მასტერკლასები და სემინარები გახლდათ წარმოდგენილი.
ფოტო: ლევან ხერხეულიძე
წლის უფლებათა დამცველი
საქართველოს სახალხო დამცველი - სოზარ სუბარი
- „სახალხო დამცველის წერილის საფუძველზე, შსს გენერალურ ინსპექციაში გამომძიებელ ნიკოლოზ ხუციშვილის მიმართ, დისციპლინური წარმოება დაიწყო და შენიშვნა გამოეცხადა“
- „სახალხო დამცველმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრს უფლებადარღვეული პირის თანამდებობაზე აღდგენის რეკომენდაციით მიმართა“
- „სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ პარლამენტის შენობის წინ, რიყესა და ტელეკომპანია „იმედის“ წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის დარბევისას არ არსებობდა რეზინის ტყვიების გამოყენების სამართლებრივი უფლება“
- „საქართველოს სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, უზრუნველყოს საქართველოს იმ მოქალაქეთა არჩევნებში მონაწილეობის უფლება, რომლებიც კოსოვოსა და ერაყში იმყოფებიან“
- „სახალხო დამცველი სააღსრულებო დეპარტამენტისაგან სასამართლო გადაწყვეტილების დროულად აღსრულებას ითხოვს“
- „სახალხო დამცველი ტელეკომპანია „თრიალეთის“ მიმართ განხორციელებული ქმედების შესწავლას ითხოვს“
- „სახალხო დამცველი ტელეკომპანია „იმედის“ ქონების დაყადაღებაზე ბრძანების გამცემი მოსამართლის დისციპლინურ პასუხისმგებლობას მოითხოვს“
ეს მხოლოდ ერთი კვირის მანძილზე მოქალაქეთა განცხადებების საფუძველზე გაკეთებული მიმართვების მოკლე ჩამონათვალია. 2007 წლის განმავლობაში სახალხო დამცველის ოფისში შესული განცხადებების რაოდენობამ გასულ წლებთან შედარებით 300%25-ით იმატა. ეს ფაქტი კი, საზოგადოების მხრიდან ომბუდსმენის აპარატის მიმართ იგივე 300%25-ით გაზრდილ ნდობას ადასტურებს. მიზეზი მარტივია: ისინი არიან ყველგან, სადაც ადამიანის უფლებები ირღვევა.
ფოტო: დავით მესხი
წლის კულტურული კერა - გოეთეს ინსტიტუტი საქართველოში
ვერნერ ვიოლ, თამთა გოჩიტაშვილი, ნათია მიქელაძე-ბახსოლიანი
გოეთეს ინსტიტუტი საქართველოში უკვე თოთხმეტი წელია არსებობს და ის ქართული საზოგადოებისთვის გერმანიის და, ზოგადად, თანამედროვე ევროპის კულტურული, საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური ფასეულობების დამკვიდრებას ემსახურება. გასულ წლებთან შედარებით, 2007 წელს, ინსტიტუტის სამუშაო გრაფიკი გაცილებით დატვირთული, ხოლო ღონისძიებათა ნუსხა - უჩვეულოდ გრძელი გახლდათ. 2007 წელი გოეთეს ინსტიტუტში გერჰარდ რიხტერისადმი მიძღვნილი საღამოთი, იფა-ს (უცხოეთთან ურთიერთობის ინსტიტუტის) მონოგრაფიული გამოფენით და დისკუსიით დაიწყო. შემოდგომაზე კი, იფა-ს კიდევ ერთი გამოფენა მოეწყო და დამთვალიერებელმა ბაუჰაუზის ორმოცზე მეტი შესანიშნავი ფოტო ნახა. მნიშვნელოვანი პროექტი გახლდათ „საუბრები ლუსტრაციაზე“. გოეთეს ინსტიტუტმა, მაისში, ეროვნულ მუსიკალურ ცენტრში, ჯაზის მოყვარულებს ახალგაზრდული ტრიო „ემ“-ის კონცერტით, საინტერესო საღამო მოუწყო. აღსანიშნავია გერმანული ფილმის კვირეული, Made in Germany, რომელიც, ტრადიციულად, საერთაშორისო კინოფესტივალის „პრომეთეს“ ფარგლებში ტარდება, წელს შვიდი ახალი გერმანული ფილმი იყო ნაჩვენები. გარდა ამისა, მთელი წლის განმავლობაში გოეთეს ინსტიტუტმა ჩაატარა მრავალი სემინარი და ვორკ-შოპი ისეთ თემებზე, როგორებიცაა: თეატრალური განათება, თანამედროვე ცეკვის თეატრი, ექსპერიმენტალური ფილმი, კინო და არქიტექტურა და ა.შ.
ფოტო: გიორგი ნადირაძე
წლის არტ-აქცია - „კავკასიური რეკვიემი“
ქეთევან კორძახია
2006 წელს ქეთევან კორძახიას, ხელოვნებათმცოდნის და გალერისტის მიერ უშგულში განხორციელდა ლენდ არტის პროექტი „ვირტუალური არმია“ - პაციფისტური აქცია, რომელშიც მონაწილეობას 6 ქვეყნის ხელოვანები იღებდნენ. წელს, ამ პროექტის შედეგად, კომპოზიტორმა თომას ჰაიბერმა, ფოტოგრაფმა გერჰარდ შაბელმა და მწერალმა ანა კორძაია-სამადაშვილმა წარმოადგინეს „კავკასიური რექვიემი“, - „წარმოდგენა ხანში შესული მოცეკვავე ქალისა და სიმფონიური ორკესტრისათვის“. ისევე, როგორც „ვირტუალური არმია,“ „კავკასიური რეკვიემიც“ ამტკიცებს, რომ „სჯობს დაკავდე სიყვარულით, ვიდრე ომით“. მომავალ წელს „კავკასიურ რეკვიემს“ უკვე ქართველი მაყურებელიც იხილავს.
ირაკლი შავგულიძე, თამარ სუხიშვილი, ლევან ბუთხუზი, ბეჟან ლორთქიფანიძე
წლის ეკო-აქცია - უპრეცედენტო ეკო-აქცია. 2007 წლის 29 აპრილი
ორგანიზატორი - სახეობათა კონსერვაციის ცენტრი „ნაკრესი“
გამთენიისას თბილისის აეროპორტიდან სამი მურა დათვი საგანგებო საჰაერო რეისით თბილისი - მაასტრიხი ჰოლანდიაში გაემგზავრა. რამდენიმე საათში მობილურ ტელეფონზე ტექსტური შეტყობინებაც მოვიდა: დათვები მშვიდობით ჩამოფრინდნენ. დღესდღეობით, სამი დათვი, რომელთაც სამშობლოში ევთანაზიის განაჩენი გამოუტანეს, ქალაქ რენენის „უვეჰანდსის“ ზოოპარკთან არსებულ დათვების თავშესაფარში ცხოვრობს.
როცა რუსთავის გაუქმებული ზოოპარკის ბინადარი დათვების სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრა, მათი პატრონობა ჯერ ზოოპარკის დირექტორმა, მერე კი „ნაკრესმა“ იტვირთა. ეს არასამთავრობო ორგანიზაცია, უკვე კარგა ხანია, საქართველოში ტყვე დათვების პრობლემაზე მუშაობს. ჰოლანდიელი პარტნიორის - ფონდ Aლერტის-ის დახმარებით, ეკო-აქციაც დაიგეგმა. „ნაკრესის“ პროექტი „ტყვე დათვების გადარჩენის ინიციატივა“ 2007 წლის ყველაზე გახმაურებული ეკო-პროექტი გახდა.
ფოტო: ლევან ხერხეულიძე
2007 წლის საუკეთესო გამოცემა - „მე-20 საუკუნის ქართული მოთხრობის ანთოლოგია“
შემდგენელი - თამაზ ვასაძე
თამაზ ვასაძემ „მე-20 საუკუნის ქართული მოთხრობის ანთოლოგიაში,“ გასული ასწლეულის ქართველი მწერლების რჩეულ, მაგრამ შედარებით უცნობ ნაწარმოებებს მოუყარა თავი. ასეთებია: ნიკო ლორთქიფანიძის „საბა“, დავით კლდიაშვილის „მიქელა“, არჩილ სულაკაურის „დიდთოვლობისას“, ოთარ ჩხეიძის „უხსენებელი“, რეზო ჭეიშვილის „გია“. თითქმის ყველა მათგანმა, თავის დროზე, ლიტერატურულ წრეებში ხმაურიანი და მწვავე დისკუსიები გამოიწვია და ერთგვარ მოვლენებადაც კი იქცა. მოგვიანებით, მოთხრობებთან ერთად, ზოგიერთი მწერალიც აღარავის გახსენებია. ანთოლოგიაში ისეთ ნაწარმოებსაც გადააწყდებით, ათეული წლები არსად რომ არ დაბეჭდილა. მკითხველი, ამ წიგნით, ისევ გაიხსენებს მოთხრობებს: ჯემალ თოფურიძის „დიოსკურია ზღვაში ჩაძირული ქალაქია“, მერაბ აბაშიძის „აქეთ მაშხალები, კვაზიმოდო!“, სოსო პაიჭაძის „ბაქანი ბოტანიკური ბაღი“, გიორგი ბაქანიძის „ორმოცი დღე და ორმოცი ღამე“ - და დარწმუნდება, რომ დიდი მწერლების სათქმელს აქტუალობა და სინამდვილესთან კავშირი დღესაც არ დაუკარგავს.
ფოტო: დავით მესხი
წლის სპორტული წარმატება - საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები
2007 წელს, საქართველოს რაგბის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე უკვე მეორედ იასპარეზა. ქართველი „ბორჯღალოსნები“ საფრანგეთის, არგენტინის, ირლანდიის და ნამიბიის ქვეჯგუფში მოხვდნენ. მსოფლიოს ორ ფავორიტ გუნდთან - არგენტინასთან და, განსაკუთრებით, ირლანდიასთან ღირსეულად ითამაშეს (ყველასათვის მოულოდნელად, პატარა ანგარიშებით წააგეს), ნამიბიის ნაკრები დაამარცხეს და ჩამპიონატი მეცამეტე ადგილით დაასრულეს. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი გახლავთ, რადგან ჩვენი ნაკრები იმ ოცდაექვს გუნდს შორის მოხვდა, ვისაც მსოფლიო ჩემპიონატზე ოდესმე უასპარეზია.
![]() |
11 უახლესი ისტორია |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
11.1 წიგნიდან იყო და არა იყო რა |
▲ზევით დაბრუნება |
ავტორი: დათო ტურაშვილი
ფოტო: გოგიტა ბუხაიძე, გოგი ცაგარელი
დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსს, რასაკვირველია, ჩვენამდე და ჩვენ გარდა, სხვა დამცველებიც ჰყავდა (მათ შორის, მოსკოვშიც) და (მაგალითად) იქ მოღვაწე ქართველი გენერალი არჩილ გელოვანი, გარეჯის გადარჩენას ჯერ კიდევ სტალინის დროს ცდილობდა. თუმცა, ყველაზე გამორჩეული და ენერგიული ამ თვალსაზრისით, მაინც ზვიად გამსახურდია იყო, რომელმაც გარეჯში სამხედრო პოლიგონის წინააღმდეგ ჯერ კიდევ გასული საუკუნის სამოციანი წლების თვითგამოცემებში გაილაშქრა. სამოცდაათიან წლებში მას სხვებიც შეუერთდნენ, მაგრამ გასაგები მიზეზების გამო, ნაციონალური მოძრაობა მაშინ, ისეთი მასიური და მრავალრიცხოვანი, როგორც ოთხმოციანი წლების ბოლოს, რა თქმა უნდა, ვერ იქნებოდა. ამიტომაც, ჩვენი მშობლების თაობიდან ერთეულების ძალისხმევა და თავგანწირვა, შეიძლება, გაცილებით მნიშვნელოვანი იყო თავისუფლების გზაზე, ვიდრე ჩვენი დროის საყოველთაო აღტკინება.
გასული საუკუნის ოთხმოციანი წლების ბოლოს კი, როცა ნებადართული ლიბერალიზაცია საბჭოურ პროვინციებსაც შეეხო, ბუნებრივია, რომ სითამამე (როგორც ადამიანური თვისება), ჩვენი საზოგადოების გაცილებით დიდ ნაწილს შინაგან მოთხოვნილებად ექცა. მაგრამ მანამდე, როცა რეჟიმი არნახული სისასტიკითა და დაუნდობლობით გამოირჩეოდა, სამართლიანობისა თუ თავისუფლების ხმამაღალი წყურვილი მხოლოდ ერთეულებს ჰქონდათ. ის ერთეულები, მართლაც, გამორჩეულები იყვნენ და საზოგადოების დიდი ნაწილი, თუ აქტიურად არ ერეოდა მაშინდელ ეროვნულ მოძრაობაში, ფაქტია, რომ აშკარად თანაუგრძნობდა ქართველ დისიდენტებს. ფაქტია ისიც (თუმცა გადმოცემით ვიცი), რომ სწორედ თანაგრძნობის გამო, 1978 წელს ზვიად გამსახურდიას სატელევიზიო მონანიებამ იმდროინდელი საზოგადოების საკმაო ნაწილში გულწრფელი სინანული და წყენა გამოიწვია. ჩვენი სტუდენტობის დროს (მიტინგებამდე) სიონის ეზოში (როგორც წესი კვირაობით), უფროსი და საშუალო ასაკის ძველი დისიდენტები იკრიბებოდნენ ხოლმე და კარგად მახსოვს, რომ ზვიად გამსახურდია, მუდამ განცალკევებით, სევდიანი და ჩაფიქრებული იდგა. ჩვენ ვიცოდით, რომ ეს იყო ზვიად გამსახურდია და თავის დაკვრით ან ხელის ჩამორთმევით ვესალმებოდით ხოლმე. მაგრამ იყვნენ ადამიანები, რომლებიც მას გამარჯობასაც არ ეუბნებოდნენ და მე ეს, უბრალოდ, არ მომწონდა, რადგან მაშინაც მჯეროდა და ახლაც მწამს, რომ ერთადერთი, ვის მიმართაც ადამიანი მკაცრი და მომთხოვნი უნდა იყოს, საკუთარი თავია.
ამიტომაც, მგონია, რომ იმ განცხადების გავრცელება მაშინდელ თბილისში, რომელსაც მერაბ კოსტავა აწერდა ხელს ზვიად გამსახურდიას მხარდასაჭერად, სრულიად ზედმეტი იყო, რადგან უკეთილშობილესი მერაბ კოსტავა არათუ ბავშვობის მეგობრის ნაცვლად, ნებისმიერი ქართველის გამოც ჩაჯდებოდა ციხეში, თუნდაც, ათი წლით. ეს ყველამ მშვენივრად იცოდა საქართველოში და მერაბ კოსტავამ, მართლაც, ათი წელი გაატარა ციმბირის ყველაზე ცივ ბანაკებში ზვიად გამსახურდიასაგან განსხვავებით. ალბათ, ამის გამო გაჩნდა კიდეც ცნობილი შავი ხუმრობა მაშინვე, როცა გამსახურდიას მომხრეებმა 1978 წლის გამსახურდიას სატელევიზიო მონანიება საბჭოთა რეჟიმის ზეწოლას დააბრალეს. ძეწოლა, რასაკვირველია, ყოველთვის იყო, მაგრამ ქართველების ნაწილმა მაინც არ დაიჯერა, რომ ის ნემსები, რომელიც გამსახურდიას გაუკეთეს ზემოქმედების მიზნით, ცოტა ჰქონდა საბჭოთა ხელისუფლებას და სწორედ მაშინ გაუთავდათ, მერაბ კოსტავას რომ დაუპირეს დისკრედიტაცია.
იყო სხვა ვერსიებიც, მაგრამ სრულიად ზედმეტი, რადგან ზვიად გამსახურდია მაინც გახდა საქართველოს პრეზიდენტი და ქართველებმაც სწორედ ის დაიჯერეს, რისი დაჯერებაც თვითონ სურდათ.
მეც იმთავითვე მჯეროდა, რომ ადამიანი კეთილი არსება უფროა, ვიდრე ბოროტი და პირველივე მიტინგზე ისეთი სისასტიკით დაგვარბიეს, რომ გულწრფელად გამიკვირდა.
პირველი მიტინგი, როცა სასტიკად დაგვარბიეს და გაკვირვებულები დავრჩით, 1987 წლის 27 დეკემბერს დიდუბის პანთეონში ჩატარდა, მიუხედავად იმისა, რომ მიტინგის მონაწილეები და მხარდამჭერები ძალიან ცოტანი ვიყავით და დამსწრეთა ძირითად ნაწილს უშიშროების წარმომადგენლები შეადგენდნენ. უნივერსიტეტიდან ვიყავით კურსელები და მეგობრები: ლაშა ხეცურიანი, კახა ბუაჩიძე და მე, და მონაწილეთაგან ყველაზე აქტიურები - გია ჭანტურია და ირაკლი შენგელაია მახსოვს. მახსოვს, უჩა ძიძავაც, რომელიც სერიოზული მონდომებით ჩხუბობდა მილიციელებთან და პირადად, გაშლილი ხელის გემო და სიმწარე პირველად სწორედ იმ დღეს გავიგე. თუმცა, მუშტი, რა თქმა უნდა, მანამდეც მომხვედრია, მაგრამ გაშლილ ხელს ნამდვილად არ ველოდი, ისევე, როგორც ასეთ სისასტიკესა და დაუნდობლობას ჩვენი მილიციის მხრიდან. თუმცა, მაშინდელი ხელისუფლების ქცევასა და ამგვარ რეაქციას გულბოროტებით ნამდვილად არ ვხსნიდი და, თუ რუსეთში უკვე იგრძნობოდა (თუნდაც უმნიშვნელო) ლიბერალიზაცია, საქართველო კვლავ რჩებოდა (უპირველესად, გონებრივი დეფიციტის გამო) საბჭოური აბსურდის ბასტიონად. აბსურდში კი, ყველაზე მკვეთრად თვალშისაცემი (რაც არსებობდა) იყო შიში, საშინელი შიში ყოველგვარი ცვლილებების მიმართ და მაშინდელ ხელისუფლებასაც, წარმოუდგენლად ეშინოდა ნებისმიერი მიტინგის. სიმართლე რომ ვთქვა, მიტინგების დიდი ტრფიალი არც არა სოდეს ვყოფილვარ და ყველა საპროტესტო აქცია, რაც სტუდენტობის დროს მოვაწყეთ, ჩვენის მხრივ იძულებითი ნაბიჯი იყო და იმ ჩვენს პირველ მიტინგამდეც, კარგა ხანს ვიარეთ რედაქციიდან რედაქციამდე წერილით ხელში. იმ წერილშიც არაფერი განსაკუთრებული (ან საშიში) ნამდვილად არ ეწერა - იყო თხოვნა და მოთხოვნა ხელისუფლებისადმი, დასანგრევად არ გაეწირათ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი. მაგრამ წერილი, რა თქმა უნდა, არავინ დაბეჭდა (არცერთმა გაზეთმა) და როგორც მაშინ ამბობდნენ ხოლმე, ჩვენც იძულებულები გავხდით, უკიდურესი ზომებისათვის მიგვემართა.
მიტინგისათვის მზადება, ჩვენი ჭკუით, კონსპირაციულად დავიწყეთ, მაგრამ ინფორმაციამ მაინც გაჟონა და რამდენიმე დღით ადრე მერაბ კოსტავამ გვთხოვა, სადმე სასაუბროდ შევხვედროდით. წავედით თედო ისაკაძე და მე, შევხვდით მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიას მთაწმინდაზე, ეგრეთ წოდებულ ახალ გზაზე. კოსტავა დუმდა, არაფერი უთქვამს, გამსახურდიამ კი პირდაპირ გვკითხა, რატომ ვაპირებდით მიტინგის ჩატარებას მათ გარეშე (სიტყვა „ნებართვა“ არ უხსენებია - ცოდვას ვერ ვიტყვი). მე არაფერი მითქვამს, ვდუმდი გაოგნებული. ისაკაძე შეეცადა იმის ახსნას, რომ სამშობლო ყველასია და გამოუვიდა თუ არა, ზუსტად არ მახსოვს. მახსოვს ჩემი კითხვა - საიდან გაიგეს ინფორმაცია ჩვენი მიტინგის შესახებ. მაინტერესებდა პასუხი, რადგან მაშინ თბილისში იყო ძალზედ მოარული აზრი იმის შესახებ, რომ ყველა ინსტიტუტში, კურსსა თუ ჯგუფში, უშიშროებას ვიღაც ჰყავდა თავისიანი და ჩემი მოკლე ჭკუით, იქნებ ამოვიცნო-მეთქი.
ერთმანეთს საკმაოდ თბილად დავშორდით (კონსპირაციის ფარგლებში), უფრო მეტიც, გამსახურდიამ ბოლოს გაგვიღიმა და იხუმრა კიდეც - იქნებ მიტინგზე მოსვლაც დამიშალოთო. მაგდენს ნამდვილად ვერ ვიკადრებდით და ჩვენც გაღიმებულებმა სულგრძელად დავპატიჟეთ ჩვენს პირველ მიტინგზე, რომელიც 1988 წლის 24 თებერვალს, უნივერსიტეტის წინ ჩატარდა. ხალხი, რა თქმა უნდა, ბევრი არ დასწრებია და ეს გასაგებიც იყო, რადგან მაშინ, ჯერ კიდევ საშიში იყო ყოველგვარი ანტისაბჭოური აქტიურობა და დამსჯელი აპარატიც ჯერ ისევ ძლიერად მოქმედებდა. რასაკვირველია, უფროსი თაობის დისიდენტები მობრძანდნენ და მიტინგს დაესწრნენ. იქვე იდგნენ და როგორც შევთანხმდით, სიტყვით გამოსვლა არ მოუთხოვიათ. არც ვიცი, როგორ მოვიქცეოდით, ამის სურვილი რომ გასჩენოდათ, მაგრამ ძალიან გვინდოდა ეს ყოფილიყო მხოლოდ სტუდენტური მიტინგი, რადგან ვგრძნობდით, რომ ასეთ შემთხვევაში გაცილებით რთული პრობლემა ვიქნებოდით ხელისუფლებისათვის. თავად კი, ამას ადვილად იმიტომ მივხვდი, რომ პირველივე დაბარებაზე (სადაც ჯერ არს) თქვენი ლიდერები დაასახელეთო - მითხრეს. რამდენჯერმე კითხვა რომ გამიმეორეს და ვერც ერთხელ ვერავინ დავასახელე, ჩათვალეს, რომ ვერ გამომტეხეს და ვერც დაიჯერებდნენ, რომ ლიდერებს მხოლოდ იმ უბრალო მიზეზის გამო არ ვასახელებდი, რომ ლიდერი, უბრალოდ, არ გვყავდა. მათთვის წარმოდგენაც კი ძნელი იყო იმისა, რომ სხვების კარნახის გარეშე დამოუკიდებლად ვაზროვნებდით და გადაწყვეტილებებსაც ვიღებდით. მათთვის, ვისაც მთელი ცხოვრება მონობასა და სხვების დიქტატში ჰქონდა გატარებული, მართლა ძნელი დასაჯერებელი იყო, რომ ჩვენ, მეორეკურსელი ლაწირაკები, დამოუკიდებელ ნაბიჯებს ვდგამდით და თანაც, ამ ნაბიჯების არ გვეშინოდა. (სხვათა შორის, ყელში რომ ამომივიდა ერთი და იგივე შეკითხვა, რამდენიმე ლიდერი ბოლოს მაინც დავასახელე: ილია ჭავჭავაძე, ვაჟა-ფშაველა, გრიგოლ ხანძთელი, შოთა რუსთაველი, ნიკო ფიროსმანი და ა. შ.
სხვათა შორის, ერთ-ერთი მოწადინებული დამსწრე, ისეთი მონდომებით აწვალებდა ამ დროს კალამს, რომ არ გამღიმებოდა, ალბათ, გამარჯვებული სახით ჩაიწერდა კიდეც იმ მშვენიერ სიას...).
ჩვენს ლიდერებს კი იმიტომ ეძებდნენ, რომ სატელევიზიო გადაცემისთვის უკვე მომზადებული ჰქონდათ შესაბამისი ფრაზები მიტინგის შემდეგ: „აიყოლიეს რა...“, „ჩაითრიეს რა“, „შეაცდინეს რა“ და ა. შ.
სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ (როგორი პატარა ჭკუაც არ უნდა მქონდეს), მაინც საკუთარი ჭკუის წვალება მირჩევნია სხვების კარნახით ცხოვრებას და დარწმუნებულიც ვარ, რომ ღმერთი ადამიანს სწორედ იმიტომ აჩენს, ტვინი რომ გაანძრიოს და იაზროვნოს...
მგონი, ამის ყველაზე მეტად ეშინოდა საბჭოთა ხელისუფლებას და იმ ჩვენი პირველი მიტინგის შემდეგ, სასწრაფოდ მოიწვიეს მაშინდელი ცეკას ბიუროს კრება, როგორმე მიტინგის ფაქტი რომ აღარ განმეორებულიყო და მოძრაობაც მასიური არ გამხდარიყო.
იმ დღესაც გარეჯში, კერძოდ ნათლისმცემლის მონასტერში ვმუშაობდით, როცა ჰორიზონტზე მანქანა გამოჩნდა უცნობი ადამიანებით და დასვრილი ჯინსებითა და ჭუჭყიანი ბათინკებით გამოქვაბულიდან პირდაპირ ცეკაში, ბიუროს სხდომაზე „ვოლგით“ მიგვაშავეს. შესვლისთანავე მივხვდი, რომ გარეჯის საკითხს ჩვენს გასაგონად და მოსასმენად განიხილავდნენ, რათა ეჭვი არ შეგვპარვოდა, რომ ისტორიულ ძეგლზე ხელისუფლება სერიოზულად ზრუნავდა. საკითხის განხილვისას, უცებ, პაუზა გააკეთეს და ერთ-ერთმა (ალბათ ინსტრუქტორმა) სასწრაფო ელვა ანუ დეპეშა წაგვიკითხა, რომელსაც ვიღაც მშობელი მაშინდელ ცეკას მდივანს ჯუმბერ პატიაშვილს უგზავნიდა და შველას თხოვდა - ვიღუპები, ჩემი ბავშვი ზვიად გამსახურდიამ ჩაითრია და იქნებ, როგორმე მიშველოთო.
აშკარა იყო, ყველაზე მეტად ჩვენს გასაგონად წაიკითხეს მშობლის ცრემლები და ცეკას მდივნები სიტყვის თქმასა და უმკაცრესი აზრის გამოხატვას არ აცლიდნენ ერთმანეთს - აი, გამსახურდიამ ბავშვებიც დაღუპა და საჭიროა მისი იზოლაცია და ა. შ.
ჩემსავით თუ არა, არანაკლებ ტალახიანმა ფიქრია ჩიხრაძემ შემატყო, გინების დაწყებას რომ ვაპირებდი, დამასწრო და ხელი ასწია - შეკითხვა მაქვსო. ის ბავშვი რამდენი წლისაა, გამსახურდიამ რომ ჩაითრიაო. ჩაიხედეს ფურცლებში და ოცდაცხრა წლის გახლავთ, სკოლის პედაგოგიაო...
ისეთი ხარხარი ამიტყდა, ახალჩაძინებული ალექსი ინაური გავაღვიძე და პატიაშვილმაც ისე დაუბრიალა თვალები ელვამომარჯვებულ (ალბათ) ინსტრუქტორს, იმ დეპეშას, ჩვენი რომ არ მორიდებოდა, იქვე სხაპასხუპით შეჭამდა, ალბათ, ის გათეთრებული ინსტრუქტორი...
სწორედ იმ დღეს და იქ, პირველად ვნახე ცოცხალი ინაური და იმ ბიუროს სხდომაზე მას, მართლა ჩაეძინა. ოღონდ, ეძინა ცალთვალდახუჭულს და მეორე ღიად, ალბათ, სამორიგეოდ ჰქონდა დატოვებული. თუმცა, ბატონი ალექსი მაშინ უკვე ასაკოვანი კაცი იყო და ზემოთქმულში არაფერია გასაკვირი. მიუხედავად წლებისა, მისი ისევე ეშინოდათ, როგორც მანამდე და სახელის ხსენებაც კი შიშის ზარს სცემდა ისედაც დაშინებულ ყურს. მაგრამ პირადად, სამიოდე თვის შემდეგ იმ ჩვენი პირველი მიტინგიდან, უფრო ახლოს გავიცანი ალექსი ინაური და მომეჩვენა, რომ როგორც ჩვენში იტყვიან ხოლმე, უკვე მომტყდარი იყო. ყოველ შემთხვევაში, ნაღდად არ შემშინებია და ჩვენი შეხვედრა და გაცნობაც უცნაურად და უჩვეულოდ მოხდა...
მათ შორის, ვისაც მადლობა ეთქმის ჩვენი სტუდენტობის დროინდელი გარეჯისათვის, უპირველესად ალავერდელ მიტროპოლიტ დავითს (ერობაში ირაკლი მახარაძეს), რომელიც ოჯახთან ერთად რამდენიმე წლის მანძილზე ცხოვრობდა დავითის უდაბნოში და გარეჯის გადარჩენაშიც უდიდესი ღვაწლი მიუძღვის.
მეუფე დავითის უმცროსი შვილი გიორგი მხოლოდ რამდენიმე თვისა იყო, როცა თბილისიდან გარეჯში წაიყვანეს და იგი იქ გაიზარდა. ზაფხულობით თელავში, დედულეთში მიყავდათ ხოლმე და იქიდან გემრიელი კახური აქცენტით ბრუნდებოდა. გიორგის პატარაობიდან აჩვევდნენ ლოცვაზე დგომასა და ეკლესიის მიმართ მოწიწებას და მისთვის, პატრიარქზე დიდი ადამიანი სამყაროში არ არსებობდა, რომლის ფოტოებიც ყველა ოთახში იყო გაკრული. ერთხელაც სამზარულოში სამი წლის გიორგი მახარაძემ შემოაბოტა და კახური მახვილებითა და თელავური აქცენტით გვახარა - კათოლიკოზი ჩამოიდაო...
ჩვენ მოულოდნელობისაგან დავიბენით კიდეც, რადგან უწმინდესის ჩამობრძანებას, როგორც წესი, წინასწარ გვატყობინებდნენ ხოლმე. გამოვვარდით სახლიდან და იქვე, შენობასთან გაჩერებულ მანქანასთან ალექსი ინაური დავინახეთ. ფორმა ეცვა და, როგორც ჩანს, მოწიწებით რომ გაუღეს მანქანის კარი, პატარა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ სწორედ ეს იყო კათოლიკოსი და ამიტომაც ექცეოდნენ ასეთი ხაზგასმული მოკრძალებით. ცოცხალი ინაურის დანახვაზე, რა უნდა მეფიქრა, მაგრამ ჩემს დასაჭერად თუ თვითონ ალექსი ინაური (თავისი მანქანით) შეწუხდებოდა, რას წარმოვიდგენდი. მაგრამ ხელი რომ ჩამოგვართვა და როგორი დაუჯერებელიც არ უნდა იყოს, ასე ვთქვათ გაგვიღიმა, ერთი ძველი, რუსულენოვანი ანეგდოტი გამახსენდა. ველურ, ამერიკულ დასავლეთში, კოვბოების პატარა ქალაქში, გიჟივით დააჭენებს ცხენს იარაღასხმული მხედარი. ქალაქში ახლადჩამოსული კაცი თვალს გააყოლებს მხედარს და ვინ არისო იკითხავს:
- „неуловимый Джо!“ - ეტყვიან სერიოზულად.
- „А почему не могут его поймать?“ - გაიკვირვებს ახლადჩამოსული.
- „А кому он на хуй нужен!..“
არც ისეთი ამპარტავნები ვიყავით და არც ისეთი ბრიყვები, რომ მართლა გვეფიქრა - ჩვენს დასაპატიმრებლად თვითონ უშიშროების მთავარი გენერალი ჩამოვიდოდა თბილისიდან და ინაურმა ბერთუბანში გაყოლა გვთხოვა ნიკო ნიკოლოზიშვილს და მე. რომ დავრწმუნდით, დაპატიმრებას ნამდვილად არ გვიპირებდა, გზაში თავი არ დაგვიზოგავს და, რაც კი ცუდი გაგვახსენდა საბჭოთა რეჟიმზე, ყველაფერი ჩამოვთვალეთ.. სიმართლე ვთქვა, ხმა არ ამოუღია და აშკარად, ეს უფრო ცუდი იყო. ხანდახან მოიხდიდა ხოლმე ქუდს და უზარმაზარი თვალებით გვაკვირდებოდა. მგონი, გიჟები უფრო ვეგონეთ, ვიდრე დისიდენტები და უფრო გავთამამდი - ბერთუბნის მონასტერი „ძვირფასი“ ქართველი კომუნისტების წყალობით ოციანი წლებიდან აზერბაიჯანის ტერიტორიაზე აღმოჩნდა და გასაგები მიზეზების გამო, ალბათ, ყველაზე მეტად დაინგრა და განადგურდა. ალექსი ინაურსაც საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე, გზაში უკვე თქმულის შემდეგ, ისიც რომ შევაპარე, ბოდიში და ბერთუბანი ხომ არ დაგვებრუნებინა-მეთქი, გენერლის ქუდი კიდევ ერთელ მოიხადა, მარჯვენა ხელი მოიჩრდილა და, რამდენს ლაპარაკობ, ბიჭო, არ დაგიჭირონო - ღიმილნარევი ხმით მითხრა. თქვენ თუ არ დამიჭერთ, სხვა ვინ ოხერი-მეთქი...
იმ დღეს ცოცხალი ალექსი ინაური კი მეორედ ვნახე, მაგრამ მანამდე უამრავი რამ მსმენოდა მის შესახებ და ბერთუბნიდან უკან მომავალ გზაზე ისიც კი ვთხოვე, ნიკიტა ხრუშჩოვის დაკავების ამბავი მოეყოლა. გადმოცემით ვიცოდი, რომ ხრუშჩოვის დაპატიმრების ოპერაციას ინაური ხელმძღვანელობდა, მაგრამ ბატონმა ალექსიმ უარი გვითხრა, ჯერ ადრეა და რომ მომხსნიან, ყველაფერს მოგიყვებიო. თქვენ ვინ მოგხსნით-მეთქი, - აღარ მიწუწუნია და რამდენიმე წლის შემდეგ (როცა საქართველოს უშიშროების ხელმძღვანელი აღარ იყო), მისი დაპირება გამახსენდა (სინამდვილეში არც დამვიწყებია) და სახლში მივაკითხე „იბერვიზიის“ ოპერატორთან ერთად...
![]() |
12 ცრემლიანი სათვალე |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
12.1 გადახრა |
▲ზევით დაბრუნება |
ილუსტრაცია: მაია სუმბაძე
1998
გიორგი გვახარია
ნაწილი ოცდამეექვსე
„I did not have sexual relations with that woman, Miss Lewinsky. There
is no sexual relationship”
რა ბედნიერებაა, როცა ხვდები, რომ ცოტა მაინც გესმის ინგლისური, ანუ, ცოტა მაინც არ გრძნობ თავს საბჭოთა ადამიანად. აკი, მოგვმართა კიდეც შალვა რამიშვილმა ერთ-ერთ „ფსიქოში“: „ძვირფასო ქართველო ინტელექტუალებო, ღრმადპატივცემულო „ფსიქოს“ მაყურებლებო, ნუ ცდილობთ ყველას მოჭრას თქვენს თარგზე, ნუ გაკიცხავთ მათ, ვისაც უყვარს ბროლის ჭაღები და უპატიოსნოდ შოულობს ფულს... კულტურა არის ფუფუნების საგანი. ჯერ ისწავლეთ ინგლისური და კომპიუტერი, იმუშავეთ, იყიდეთ პური, გაძეხით და კულტურის მოთხოვნილება თავისთავად გაჩნდება“
„ტიტო და მე“ - ასე ერქვა სერბულ ფილმს, რომელსაც იმ გადაცემაში ვარჩევდით. თუმცა, შალვას სამიზნე არა იმდენად ბროზ ტიტო და ყოფილი იუგოსლავია, რამდენადაც ქართული-საბჭოთა კულტურა გახდა, უფრო სწორად, ქართული-საბჭოთა ინტელიგენცია, რომელსაც ინგლისური და კომპიუტერი დიდად არ ეხატებოდა გულზე, მაგრამ ძალაუფლებას მაინც ვერ თმობდა - ჯერ ჯაბა იოსელიანს გაჰყვნენ და შევარდნაძე ჩამოიყვანეს (რომელსაც ათქმევინეს - „გადავარჩინოთ კულტურა და კულტურა გადაგვარჩენს ჩვენ!“), მერე ჯაბა იოსელიანი ტერორისტად გამოაცხადეს... 98 წელს მისი სასამართლო პროცესი დაიწყო. კულტურის მუშაკები „კურიერსა“ და „მოამბეში“ ყოველ საღამოს შესცქეროდნენ სასამართლოს გალიაში ჩამწყვდეულ „ქართველ რობინ-ჰუდს“, რომელსაც, ახლა, უახლესი საქართველოს ისტორიის ყველა უბედურება დაბრალდა.
თუმცა, კულტ-მუშაკები ამ დროისთვის ვეღარც შევარდნაძეში ხედავენ უზრუნველი ცხოვრების გარანტიებს. დაინახეს რა, როგორ ერთიანდებოდა ქართული ოპოზიცია ასლან აბაშიძის გარშემო (21 ივნისს ბათუმში დიდი პოლიტიკური სმა-ჭამა გაიმართა), მათაც ბათუმში მოუხშირეს ვიზიტებს. „ბატონი ასლანი შესანიშნავი, ნიჭიერი ადამიანია!“ - განაცხადა „ალიას“ კორესპონდენტთან საუბარში ლიანა ისაკაძემ.
არა. აბსოლუტური იდიოტიზმია მტკიცება, თითქოს საქართველო ლათინური ამერიკის იმ ქვეყნებს ჰგავს, სადაც სახელმწიფო გადატრიალება და პოლიტიკური ლიდერების ცვლა, ცხოვრების ნორმაა. ყოველ შემთხვევაში, ჩვენს, ქართულ ინტელიგენციას საერთო არაფერი აქვს, მაგალითად, ჩილელ პოეტებთან, 98-ში თავისას რომ მიაღწიეს და დააპატიმრებინეს პინოჩეტი. ჩვენებურების უმრავლესობა უფრო ანტონიო გრამშის „ინტელიგენციის ფორმულის“ უნივერსალურობას ამტკიცებს, ანუ იმას, რომ საკუთარი აგონიის ჟამს, ის ხალხი, ვინც თავიანთ თავს „კულტ-მუშაკს“ უწოდებს, როგორც წესი, ცდილობს ყველას მოახვიოს აზრი, რომ ქვეყანა ინგრევა... არადა, გრამშის თუ დავუჯერებთ, ამ დროს ინგრევა მხოლოდ და მხოლოდ ამ ხალხის მიერ დამკვიდრებული ფასეულობები და ის კულტურა, რომელსაც ერის გადარჩენის პრეტენზია ჰქონდა.
ესაა ცხოვრება! რაღაც საკითხებში შალვამემარჯვენესა და ანტონიო-მემარცხენესაც კი (იტალიის კომუნისტური პარტიის დამაარსებელს) შეიძლება ერთიანი პოზიცია ჰქონდეთ. ლიანა ისაკაძე და ასლან აბაშიძეც შეიძლება გააერთიანოს რამემ. თუნდაც, მუსიკის სიყვარულმა! თავის მხრივ, თითქმის მთელი ქართული პოლიტიკური სპექტრიც შეიძლება გაერთიანდეს - მემარცხენეები, კომუნისტები, ტრადიციონალისტები, ლიბერალები... თუკი, მაგალითად, „ქათქათა ბათუმში“ დიდი პოლიტიკურ-კულტურული სმა-ჭამა გაიმართება.
რას იზამ? ადამიანებს, პოლიტიკოსებს და იმათაც, სილამაზეს რომ ემსახურებიან, ისტერიულად ეშინიათ მარტოობის.
გაერთიანების ამ საერთო ტენდენციის ფონზე გამონაკლისები მაინც იყო. მაგალითად, 1998 წლის სახელმწიფო ტელევიზია და „რუსთავი 2“. უფრო სწორად, ამ ორი ტელეკონკურენტის საინფორმაციო პროგრამები, „მოამბე“ და „კურიერი“. პირველი მთელი წელი იმეორებს, როგორ აგვაშენებს საქართველოზე გამავალი ნავთობსადენი და რამდენ სიკეთეს მოგვიტანს „აბრეშუმის გზა“, მეორე - ამ სიკეთეებს მაინც და მაინც არ ცნობს. უფრო სწორად, არ სჯერა. იქმნება ყველა პირობა იმისთვის, რომ ტელემაყურებლად ქცეული სრულიად ქართული საზოგადოება ორად გაიხლიჩოს - „რომანტიკოს-ოპტიმისტებად“ და „რეალისტ-პესიმისტებად“. მაგრამ „კურიერის“ მზარდი რეიტინგით თუ ვიმსჯელებთ, „აიწონა-დაიწონას“ პერსპექტივა ქვეყანაში არ არსებობს; რომანტიკოსი-ოპტიმისტების რიგებს ნელ-ნელა ის ხალხიც ტოვებს, ვინც არცთუ ისე დიდი ხნის წინ, ფიოდორ მიხაილოვიჩი წაიკითხა და დაიჯერა - „Красота спасет Мир!“
არ ვიცი, როგორ ითარგმნა ეს ინგლისურად. ჩემი ინგლისური დიდი-დიდი ამ ფრაზას გაწვდეს - „There is no sexual relationship“... თანაც, ორმაგად ამაყი ვარ - არა მარტო ამ ინგლისური სიტყვების მნიშვნელობა ვიცი, არამედ, მესმის, რისი თქმა უნდოდა ბილ კლინტონს! მთელი არსებით მესმის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, რომელიც მიიჩნევს, რომ მის ლევინსკისთან „ორალური ცელქობა“ არ არის ის, რასაც განზოგადების მოყვარულებმა „sexual Relationship“ უწოდეს... ჰო, განაზოგადეს, რათა უფრო გაემარტივებინათ ცხოვრება. არადა, აღმოჩნდა, რომ სამყარო სავსეა ნიუანსებით, რომელთა არსს იურისტი ვერასდროს ჩაწვდება, თუკი ხანდახან ფიოდორ მიხაილოვიჩს არ გადაიკითხავს, თუკი, არ გაიაზრებს, რომ სილამაზე მხოლოდ ის არაა, რასაც ეგრეთ წოდებული „ინტელიგენცია“ ქადაგებს, თუკი, არ იტყვის უარს ფორმულებზე და განსახვავებულობის, ე.ი. ნიუანსების შეცნობას არ დაიწყებს.
1998 წელს ჯაზის ნიუანსების მხურვალე თაყვანისმცემელმა, პრეზიდენტმა კლინტონმა დიდი საქმე გაუკეთა კაცობრიობას - დაწყებული მის ლევინსკით, რომელიც ამ სკანდალის მერე სახელგანთქმული ქალი გახდა, დამთავრებული მთელი პლანეტით, მათ შორის, საქართველოთი, სადაც უმანკო „მოამბემაც“ კი პირველი სიუჟეტები არა აბრეშუმის გზის უტოპიას, არა გალიაში ჩამწყვდეულ ჯაბა იოსელიანს, არამედ მონიკას ლურჯ კაბაზე აღმოჩენილ კლინტონის სპერმას მიუძღვნა. დიდი საქმე გაუკეთა თავის სამშობლოსაც - კლინტონის სექსუალური თავგადასავლებით გახალისებულმა სრულიად მსოფლიომ ერაყის პირველი დაბომბვა საერთოდ არ შეიმჩნია.
სექსუალური სკანდალი, როგორც ჩანს, არც ეროვნებას ცნობს და არც პოლიტიკურ სისტემას. საბჭოთა კავშირშიც კი, სადაც, მოგეხსენებათ, ამტკიცებდნენ, „სექსი არა გვაქვსო“, რეალური საბჭოთა კომუნისტის სექსუალურ ცელქობას ერთხელ გაზეთი „პრავდაც“ კი გამოეხმაურა. 80-იანი წლების დასაწყისში რამდენიმე ცნობილმა ფიგურისტმა გოგონამ საბჭოთა კავშირის სპოტკომიტეტს ღია წერილით მიმართა. ისინი ამტკიცებდნენ, რომ მათი მწვრთნელი, სტანისლავ ჟუკი „რასპუტნი“ ცხოვრებას ეწევა - ვარჯიშებზე მთვრალი მოდის და, რაც მთავარია, მოსწავლეების შეცდენას ცდილობს. რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს, წერილი მთავარ საბჭოთა გაზეთში დაიბეჭდა. ჟუკი, რომლის სახელს საბჭოთა ფიგურული სრიალის აღმავლობას უკავშირებდნენ, პარტიიდან გარიცხეს და სიცოცხლის ბოლომდე სამუშაოს გარეშე დატოვეს. თუმცა, არ დაუპატიმრებიათ - გოგონებმა ვერ დაამტკიცეს, რომ ჟუკს მათთან „sexual Relationship“ ჰქონდა. სტანისლავ ჟუკი, როგორც ჩანს, კლინტონზე უფრო წინდახედული აღმოჩნდა - გოგონების „ბლიოსტკებიან“ კაბებზე სპერმის ლაქები არ ყოფილა. თავად საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელი კი, რომლის სახელს ირინა როდნინას ოლიმპიური გამარჯვებები უკავშირდება, თავს ასე იმართლებდა: „რა სისულელეა. ვინ აპირებდა მაგათ შეცდენას. მე მწვრთნელი ვარ და მაქვს უფლება, შევეხო ხოლმე ჩემს მოსწავლეებს“.
კლინტონისა არ იყოს, სტანისლავ ჟუკის ამბების გახსენებაც ორმაგ სიამაყეს აღძრავს ჩემში; ჯერ ერთი მიხარია, რომ იმ საბჭოთა (და პოსტსაბჭოთა) მოქალაქეებისგან განსხვავებით, რომლებმაც ლამის ჩაქოლეს „წითელსახიანი“ მწვრთნელი (სმა რომ უყვარდა, თავადაც აღიარებდა), კარგად მესმის, ოლიმპიური ჩემპიონების აღმზრდელის „შეხება“ - ერთ-ერთი ყველაზე მისტიკური აქტია. ხომ გახსოვთ? შეხებას დავრდომილი აუყენებია, უსინათლოსთვის თვალი აუხელია, მკვდარი გაუცოცხლებია... ამაყი იმიტომაც ვარ, რომ ამ პლანეტაზე მცხოვრები ადამიანთა აბსოლუტური უმრავლესობისგან განსხვავებით, არა მარტო ფიგურული სრიალის ნიუანსებში, არამედ სპორტის ამ სახეობის სამზარეულოშიც ჩინებულად ვერკვევი... სრულიად დარწმუნებული ვარ, ამ ქვეყნიდან (ე.ი. ამ პლანეტიდან) წასვლის წინ, აღსარებაზე, როცა მღვდელი მეტყვის, სულ „არა, არას“ და „არ ვიცი, არ ვიცის“ რატომ გაიძახი, ნუთუ არაფერია, რაზეც ნამდვილად შეგიძლია თქვა, კი, კი, ვიციო, წამოვდეგები საწოლიდან, გავშლი ხელებს „ფლიპის“ პოზაში და განვაცხადებ: „კი, კი. ერთი რამე ნამდვილად ვიცი - ფიგურული სრიალი!.“
იცით, რატომ არის კარგი ფიგურული სრიალის ცოდნა და სიყვარული? ჯერ ერთი, ზამთრის არ გეშინია. უფრო პირიქით, მოუთმენლად ელი იანვარს, როცა ფიგურისტებს ახალი სეზონი ეწყებათ. თუკი მეოცე საუკუნის მიწურულის საქართველოში ცხოვრობ, ე.ი. მთელი დღე მეცხრე ბლოკის „შელოცვით“ ხარ დაკავებული, არის საშიშროება წყვდიადში აღმოჩნდე იმ დროს, როცა განათებულ დარბაზებში ფიგურისტები ევროპის, ან მსოფლიო ჩემპიონობისთვის იბრძვიან. მაგრამ მეოცე საუკუნე და ტექნიკური პროგრესი საშუალებას გაძლევს ეს პრობლემაც ადვილად გადაწყვიტო - იყიდო პატარა გენერატორი, ჩაასხა ბენზინი და გამოქაჩო. ჩაირთვება ტელევიზორი, გამოსრიალდებიან ფიგურისტები და დაგავიწყდება, სად ცხოვრობ!
ფიგურული სრიალის სიყვარული უძილობის პრობლემასაც ადვილად გადაგიწყვიტავთ.
მეოცე საუკუნის დასრულებამდე ორი წლით ადრე, როცა საქართველოში ელექტროენერგიის კრიზისმა კულმინაციას მიაღწია, როცა „მოამბისა“ და „კურიერის“ წამყვანები განუწყვეტლივ იხდიან ბოდიშს „ძაბვის ვარდნის“ გამო, უძილობა და ნევროზი ლამის ეროვნული სენი გახდა. არადა, ჩვენს „პესიმისტ-რეალისტებს“ ფიგურული სრიალი რომ ჰყვარებოდათ, ადვილად წარმოიდგენდნენ, როგორ სრიალებენ განათებულ დარბაზში, ყინულის ქათქათა მოედანზე და ტკბილადაც ჩაეძინებოდათ.
მე გახლავართ ცოცხალი მაგალითი; საბჭოთა ეპოქის „გადმონაშთი“, რომელმაც რუსული ენა ღრმა ბავშვობაში, ფიგურული სრიალის კომენტატორების მოსმენით ისწავლა, მერე, მეოცე საუკუნის მიწურულს, ზოგიერთ ინგლისურ სიტყვასაც დაეუფლა „აიეტში“ ჩართული „ევროსპორტის“ კომენტატორების წყალობით; ბოლოს კი, როცა ტელევიზიებმა ფიგურულ სრიალზე გული აიცრუეს - კომპიუტერს მიადგა და ინტერნეტში დაიწყო ფიგურისტების თვალთვალი.
მადლობა ბებიაჩემ ვერას, რომელმაც 5 წლიდან შემაჩვია ამ დიდებული სპორტის ყურებას. რომ არა ფიგურული სრიალი, აბა, ვინ შემაყვარებდა მუსიკას, ვინ მასწავლიდა აზარტის, ე.ი. კინემატოგრაფიულ ლექსიკონს თუ დავესესხებით, „სასპენსის“ ხილვის სიამოვნებას (ამას ჰქვია „ფიგურული სრიალიდან - კინომდე) დაბოლოს, ვინ მაზიარებდა უმცირესობაში დარჩენის უპირატესობას; როცა ხვდები, რომ მარტოობა სასჯელი კი არა - მადლია!
ჰო. ფიგურულ სრიალს და კინოს საერთო არაფერი აქვს. ყოველ შემთხვევაში ჩემთვის. არიან, რა თქმა უნდა, ადამიანები, რომელთაც სიამოვნებთ კიდეც კინოში მარტო სიარული და განმარტოებით ფილმის ყურება. მაგრამ, სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ეს გადახრაა - კინო კოლექტიური აღქმისთვისაა გაჩენილი!
ფიგურული სრიალი კი - ერთი დიდი გამონაკლისია. ზიხარ (ან წევხარ) შენთვის, იკეტები ოთახში, თიშავ ტელეფონებს... მარტოობისგან სიამოვნების ჟრუანტელი გივლის, მაშინაც კი, თუ ადამიანებთან ურთიერთობა ყველაზე დიდ ბედნიერებად მიგაჩნია... და ერთადერთხელ, მაშინ როცა მარტო ხარ, აღარ იმეორებ იმას, რაც ყველაზე ხშირად გითქვამს, ან გიფიქრია - „ღმერთო ჩემო, რატომ მიმატოვე!“
მარტოობა ხომ სასჯელი არაა? თუკი სამყაროს არ ენდობი, თუკი გგონია, რომ შენს „ჭეშმარიტ მეს“ ვერავინ გაუგებს, დარჩები მარტო, აბა რა! ასეთ ხალხს, როგორც წესი, ძალიან მნიშვნელოვანი რამე ჰგონია თავისი ეს „ჭეშმარიტი მე“. ასეთ ხალხს შეარქვეს სწორედ ნარცისები. თუმცა, ჩვენს თავს ყურადღებით თუ დავუკვირდებით, თუკი სიმართლის არ შეგვეშინდება, აუცილებლად ვაღიარებთ, რომ ასეთი ნარცისი ყველაში ცხოვრობს, ყველას აქვს „გადანახული“ რაღაც, რასაც არავის უზიარებს - რაღაც ძალიან სანუკვარი. ძალიანაც კარგი, თუკი საქართველოში ფიგურული სრიალი არავის ესმის, თუკი უმრავლესობას სპორტის ეს სახეობა „ბალეტ ნა ლდუ“ (როგორც მამაჩემი ამბობს ხოლმე) ჰგონია. ძალიან კარგი, რომ მსაჯობის ძველი სისტემა გამოცვალეს და „6 - 0“-ის დანახვის მოთხოვნილებაც კი ჩაუკლეს პუბლიკას. დღეს ფიგურისტებს სხვა სისტემით აფასებენ. სიამოვნებით აგიხსნიდი, საყვარელო მკითხველო, ამ სისტემას. ამისათვის ერთი შეჯიბრების ერთად ნახვაც საკმარისია - დავჯდები (ან დავწვები), გიამბობ ფიგურისტებზე, მათ ძველ წარმატებებსა და წარუმატებლობაზე, გაგინმარტავ, რა განსხვავებაა, მაგალითად „ლუცსა“ და „სალხოვს“ შორის, ანდა, რას ნიშნავს „ტვილზები“ ცეკვებში.
მაგრამ არ ვაპირებ, ეხლა, შეგაყვარო ჩემი ყველაზე სანუკვარი სამყარო. მართალია, თავი მემარცხენედ მიმაჩნია, მართალია, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ კერძო საკუთრებას ბოროტება უფრო მეტი მოაქვს, ვიდრე სიკეთე, ფიგურული სრიალი - ჩემი სამყაროა, ჩემი საკუთრება, რომელსაც არავის გავუყოფ.
თანაც, ხომ ვიცი, რომ ვერ გამიგებ, ან, უბრალოდ, არ დამიჯერებ. როგორ დაგარწმუნო, მაგალითად, რომ ჯეინ ტორვილისა და კრისტოფერ დინის დიდი სპორტიდან წასვლა 1984 წლის ზამთრის ოლიმპიადის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე დიდი სტრესი იყო ჩემს ცხოვრებაში? როგორ დაგაჯერო, რომ ამ ინგლისური წყვილის ყველა ჩანაწერი შენახული მაქვს და ზეპირად ვიცი მათი პროგრამები? როგორ დაგაჯერო, რომ 1993 წლის მიწურულს, როცა ჯეინმა და კრისტეფორმა განაცხადეს, დიდ სპორტს ვუბრუნდებითო, სიხარულისგან უძილობა დამეწყო, ვლოცულობდი (რასაც ძალიან იშვიათად ვაკეთებ), რომ მალე დადგეს ევროპის ჩემპიონატი, შემდეგ კი ოლიმპიადა... როცა ხელახლა ვიხილავდი ჩემს რჩეულებს.
მარინა მაშინ ცოცხალი აღარ იყო. ჩემი ყველაზე ახლო მეგობარი, მარინა მამულაშვილი, რომელსაც მეგობრებმა მეორე სახელიც მოვუგონეთ - „მიშა“... ვერაფრით ვიხსენებ, ეს „მიშა“ რატომ გაჩნდა. შეიძლება იმიტომ, რომ ბიჭებთან უფრო მეგობრობდა, ვიდრე გოგოებთან, შეიძლება იმიტომ, რომ ჰოკეი (! ) და ფეხბურთი უყვარდა და ხშირად იმეორებდა, გამაგებინეთ, რატომ არ შეიძლება, ქალი იყოს ფეხბურთის კომენტატორიო.
თუმცა, მე და მარინა არა ფეხბურთმა და, მით უმეტეს, ჰოკეიმ, არამედ ფიგურულმა სრიალმა დაგვამეგობრა. 70-იანი წლების ბოლოს ერთმანეთი როცა გავიცანით ამ, ჩვენს ძალიან ძალიან ინტიმურ სამყაროზე ერთი-ორი სიტყვა გავცვალეთ და მივხვდით, რომ მარტოობის განცდა ძალიან დიდი ილუზიაა და რომ სადღაც, არცთუ ისე შორს, ყოველთვის იმყოფება ადამიანი, რომელიც შენს „გადახრებს“ არა პათოლოგიად, ანომალიად, არამედ სრულიად ბუნებრივად აღიქვამს, რომელთანაც არ დაგჭირდება კუკუ-დამალობანას თამაში.
მარინას დიაბეტი ჰქონდა. შაქარი როცა აუწევდა, სრულიად ექსცენტრიული ხდებოდა ხოლმე. უსულო საგნების მრავლობით რიცხვში მოხსენიება უყვარდა („რა კარგი სიგარეტები არიან“ და ა.შ), ხანდახან თავის პატარა „ფიგურას“ (ეს სიტყვაც მისი ლექსიკონიდანაა) ისე შეკუმშავდა, რომ სულ ციცქნა ხდებოდა. ამ დროს ხითხითს იწყებდა და ამბობდა: „რა საყვარელი ვარ! ხომ საყვარელი ვარ?“. თბილისში ადამიანს ვერ ნახავდით „მიშა“ რომ არ ყვარებოდა. თუმცა, უნივერსიტეტში და ხელნაწერთა ინსტიტუტში, სადაც უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ დაიწყო მუშაობა, უფრო მეტად მისი „ექსცენტრიულობის“ გამო აფასებდნენ. ძალიან სერიოზული კი, მარინა მხოლოდ მაშინ იყო, როცა ფიგურულ სრიალს უყურებდა.
ჩემთან ერთად.
ფეხბურთსაც ხომ ასე უყურებენ ჭეშმარიტი გულშემატკივრები - „ნახე, რა ქნა?“, „გამაზა!“, „გეყოფა ეხლა, ტრაკის თამაში“... ასეთი რეპლიკების გაცვლა-გამოცვლა ურთიერთობის ფორმაა. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთი, ტარკოვსკის ფილმებისა არ იყოს, გაუთავებელ მთქნარებას იწვევს ჩემში, სანახობის კოლექტიური აღქმა (განსაკუთრებით, როცა ასეთივე კოლექტიური კომენტარები მოჰყვება ხოლმე), იმ შეხების ერთ-ერთ გამოვლინებად მიმაჩნია, რომლის დეფიციტს მუდმივად განიცდიან ადამიანები. მათ შორის ბილ კლინტონიც.
მაგრამ მარინასთან ერთად ფიგურული სრიალის ყურება, მაინც, სულ სხვა სიამოვნება იყო. ჩვენ სულ სხვა ენაზე ვლაპარაკობდით; მაგალითად, როცა კომენტატორი, გვარად სარქისიანცი, იტყოდა „звучит наша русская калинка“ ერთმანეთს თვალს ვუკრავდით და სულ სიცილ-სიცილში გადაგვქონდა ყოველივე საბჭოთას მიმართ ჩვენი აგრესია. იყვნენ, რა თქმა უნდა, რუსი ფიგურისტები, რომლებიც მოგვწონდა და ვგულშემატკივრობდით კიდეც, მაგრამ, ზოგადად, ფიგურული სრიალის საბჭოთა სკოლა - „ბლიოსტკებიანი“ კაბებით, „კალინკებითა“ და „ლეზგინკებით“, მუხინას ქანდაკების განუწყვეტელი იმიტაციით (ხომ გახსოვთ, „მუშა და კოლმეურნე ქალი“ ვედეენხაზე?) - მთელი ეს მარაზმი რაღაც ძალიან უცხოდ, და, ამავე დროს, თავსმოხვეულად მიგვაჩნდა. ფიგურული სრიალი ჩვენთვის ერთგვარი ტესტი გახდა ადამიანთა გამოსაცნობად; საკმარისია საბჭოთა კავშირის ჰიმნზე ატირებული სპორტსმენის დანახვაზე ვინმეს ეთქვა „ვაა, ჩვენებმა მოიგეს?“, ეს „ვინმე“ მაშინვე ამოიშლებოდა ჩვენი ნაცნობ-მეგობრების წრიდან. და არა იმიტომ, რომ განსაკუთრებით გვაწუხებდა საბჭოთა იმპერიის ძალადობა. უბრალოდ, ინტუიცია გვეუბნებოდა - ძალიან ყალბი, ძალიან შეთითხნილია ის, რასაც ვიღაც ვიღაცეები „საბჭოთა ფიგურულ სრიალს“ უწოდებდნენ.
არ იფიქრო, ძვირფასო მკითხველო, რომ აკვიატებული გვქონდა ეს გრძნობა. ბალეტზე, მაგალითად, ასეთი არაფერი გვემართებოდა. უფრო პირიქით; 70-იანი წლების ბოლოს, მოსკოვის დიდ თეატრში, ორივეს, მეც და მარინასაც ღაპა-ღუპით წამოგვივიდა ცრემლები ხაჩატურიანის „სპარტაკზე“... ეს სულ სხვა პათეთიკა იყო - მონობისგან განთავისუფლების ბუნებრივი, ადამიანური ვნება, რომელიც იმ ქართველებში, „ჩვენებმა მოიგესო“ რომ ამბობდნენ, სრულიად ჩაკლული იყო.
„ტესტი მონობაზე“ ფრიად სახალისო რამ გახლდათ. სრულიად მოულოდნელი შედეგებით.
ეს ტესტი არაერთხელ ჩაგვიტარებია ბიჭვინთის კინემატოგრაფისტთა სახლში, სადაც მე და მარინა ყოველ ზამთარს სტუდენტურ არდადეგებს ერთად ვატარებდით. აქ იკრიბებოდა მთელი ქართულისაბჭოთა ელიტა, რომელსაც „დომ ტვორჩესტვოს“ ოროთახიან ლუქსებში უყვარდა დასვენება. ბიჭვინთის ლუქსებში ყველა სიკეთესთან ერთად ტელევიზორებიც იდგა. ჰოდა, ჩვენ მეტი რა გვინდოდა - დავუმეგობრდებოდით ამ ხალხს, ერთ-ორ ტკბილ სიტყვას ვეტყოდით „დასტაევსკიზე“, მერე კი ფიგურული სრიალის ყურებას ვთხოვდით ხოლმე. პირველი რეაქცია ყველას ერთნაირი ჰქონდა: „რა? ფიგურული სრიალი?...“. ნუ, ბუნებრივი იყო მათი გაკვირვება. თუმცა, უარს არასდროს გვეუბნებოდნენ და ჩვენც, მე და მარინა, საღამოებს უკვე ტელევიზორთან, კულტმუშაკების გარემოცვაში ვატარებდით.
„ჩვენები არიან?“... ამას ყოველთვის კითხულობდა მასპინძელი.
1984 წელს, როცა ჯეინ ტორვილმა და კრისტოფერ დინმა, ოლიმპიადაზე, რუსების მრავალწლიან ბატონობას მოუღეს ბოლო, „ფიგურულ სრიალზე“ თეატრის ერთი ყმაწვილი რეჟისორი გვმასპინძლობდა. თეატრალურ ნიჭზე რა მოგახსენოთ, მაგრამ ეს კაცი რეჟისორისთვის აუცილებელი ერთი თვისებით მაინც გამოირჩეოდა - დაკვირვება უყვარდა. როცა ხვდებოდა, რომ მე და მარინა მისთვის უცხო ენაზე ვლაპარაკობდით, გაოგნებული გვათვალიერებდა, მაღლა სწევდა და ათამაშებდა თავის დიდრონ, შავ წარბებს. თავიდან აზარტში შევიდა, მოდით, ერთად შევაფასოთ ფიგურისტებიო, მაგრამ რამდენიმე დღეში მისი ცნობისმოყვარეობა ღია აგრესიაში გადაიზარდა. განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც მარინამ მისთვის ჩვეულ „ექსცენტრიულ გამოხტომებს“ მიმართა და საბჭოთა-კომუნისტური სტილის შაყირი დაიწყო.
ის საღამოს, როცა გენიალური „ბოლეროს“ დასრულების შემდეგ ტორვილი და დინი გამარჯვებას ზეიმობდნენ, ვეღარ მოითმინა და გვითხრა: „რატომ ხართ ასეთი სნობები, რას მიმტკიცებთ?“. ღმერთი, რჯული, არაფერს ვუმტკიცებდით. უბრალოდ, საქართველოში ოდითგანვე უზრდელობად ითვლებოდა ხალხში „უცხო ენაზე“ ლაპარაკი, საქართველოში ოდითგანვე ღიზიანდებოდნენ იმაზე, რაც არ ესმოდათ. ჩვენ კი, იმათზე გაბრაზებულებმა, თვალცრემლიან საბჭოთა ფიგურისტებზე რომ გაიძახოდნენ, „ჩვენები ტირიანო“, ცოტა წავიცელქეთ. წავიუზრდელეთ - გვარებს ვაბრახუნებდით, საცეკვაო „ტვიზლების“ ხარისხს ვარჩევდით, მუსიკალურ განათლებას ვავლენდით. ძალიან გვინდოდა, ნერვები აშლოდა, რათა დარწმუნებულიყო, რომ უმცირესობა კი არის უმცირესობა, მაგრამ უმრავლესობის გაღიზიანება მაინც შეუძლია. თანაც, მისსავე ტერიტორიაზე.
ჩემპიონატი რომ დამთავრდა, ამ ყმაწვილს მხოლოდ სასადილოში ვხვდებოდით ხოლმე. ცდილობდა, ეღადავა ჩვენზე; „Как дела у Чайковского?“ - ქილიკობდა, თავის ჭკუაში.
საბჭოთა ინტელიგენციის ეს კლასიკური სიმბოლო ჯერ 1994 წელს მომაგონდა, როცა ჯეინ ტორვილი და კრისტოფერ დინი ზამთრის ოლიმპიადაზე გამოგვეცხადდნენ თავიანთი უნიკალური პროგრამით (მაგრამ დამარცხდნენ), მერე კი 98 წლის ნოემბერში, როცა რუსულმა ტელეარხებმა სტანისლავ ჟუკის გარდაცვალების ამბავი გვაუწყეს. ჟუკის „გარყვნილი მანერები“ რუსებს აღარ გაუხსენებიათ. პირიქით, სულ იმას იმეორებდნენ, რომ ამ კაცმა საბჭოთა ფიგურული სრიალი „მსოფლიო ასპარეზზე“ გაიყვანა.
უცნაური დამთხვევა მოხდა. სწორედ ნოემბერში დაიწყო ახალი შეტევა „ფსიქოზე“. ამ შეტევის ერთ-ერთი ორგანიზატორი კი ჩვენი სათვალიანი ყმაწვილ-კაცი აღმოჩნდა. საერთოდ, „ფსიქოს“ რატომღაც ის ხალხი გადაემტერა, ვისაც წესით და რიგით უნდა დაეცვა გადაცემა საპნის ოპერებით განებივრებული დიასახლისებისგან და ჰოლივუდის „ბოევიკებზე“ გაზრდილი ქართველი ძველი ბიჭებისგან. მაგრამ საქართველო ხომ პარადოქსების ქვეყანაა - შევარდნაძის ინტელიგენციამ, იმ ყმაწვილკაცის თამადობით, სულ მუსრი გაავლო გადაცემას. ამ ხალხთან ჭიდილი ძალიან მეზარებოდა. მით უმეტეს, მარინა აღარ მყავდა გვერდით, რამე, ძალიან ექსცენტრული რომ მომეფიქრა.
98 წლის ზამთრის ოლიმპიადასაც მარტომ ვუყურე. კომენტარების, ქილკისა და ხმამაღალი გინების გარეშე. ოთხიდან სამ სახეობაში ისევ რუსებმა გაიმარჯვეს. მიუხედავად იმისა, რომ ღრმა ბავშვობიდან ვუყურებ „სრიალს“, პირველად სწორედ 98 წელს გავიაზრე, რომ აღარავის ვგულშემატკივრობ და ოლიმპიადას მხოლოდ და მხოლოდ ჩვევა მაყურებინებს - მხოლოდ და მხოლოდ განმარტოების სურვილი და „უნიკალურობის“ განცდა. ეს ვნება თვითტკბობაში რომ არ გადაიზარდოს, მუდმივად უნდა გახსოვდეს, რომ ამ პლანეტაზე შენნაირი „გადახრილი“ არც თუ ისე ცოტაა. ესენი თუ არა, ისინი მაინც ხომ გაგიგებენ?
98-ში საქართველოში ინტერნეტის ბუმი დაიწყო. მე, პირადად, ორ მისამართზე შევდიოდი ყველაზე ხშირად - ფიგურული სრიალის ინგლისურენოვან ფორუმზე, სადაც ხალხი ისევ ჯეინ ტორვილსა და კრისტოფერ დინს მისტიროდა და პრეზიდენტ კლინტონის მხარდამჭერთა კლუბში, სადაც უმრავლესობა ერთსა და იგივეს იმეორებდა - „ჩვენ გვესმის შენი ბილ, ეს არ იყო „სეხუალ რელატიონს“, შენ, უბრალოდ, სტრესებისგან გინდოდა განთავისუფლება - შეხება გინდოდა!“
ამდენი ინგლისური ვიცოდი. თუმცა, არაფერი დამიპოსტია. ბავშვობიდან მეშინოდა გრამატიკული შეცდომების. რუსები კი ამ ფორუმებზე არ შემოდიოდნენ.
![]() |
13 პირადი ენციკლოპედია |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
13.1 სადგურის მადონა |
▲ზევით დაბრუნება |
ერთხელ, ჩემმა მეგობარმა მიუზიკლისთვის სიუჟეტის დაწერა მთხოვა. ხოდა დავწერე. არაფერი გამეგება ამ მიუზიკლების.
ავტორი: აკა მორჩილაძე
ილუსტრაცია: გიორგი მარი
პერსონაჟები:
ჩამოწერილი ორთქლმავალი ვალოდია გაგნიძე - ეს არის ძველი ორთქლმავალი, რომელსაც აღარავინ იყენებს მრავალი წელია. ის დაგდებულია სადგურის ჩიხში, გამოცლილი აქვს გულ-მუცელი და არის მეტად დარდიანი და კრუსუნა. პატრონი ერთადერთი ჰყავს, ბებერი მემანქანე ხარაზა, რომელიც, ოდესღაც, ამ ორთქლმავლით დაატარებდა შემადგენლობებს. ხარაზა მოინახულებს ხოლმე და წმენდს, მაგრამ ვალოდია ძლიერ განიცდის, რომ რელსებზე გაგულავება აღარ შეუძლია. მისი ოცნება ეს არის, რომ ბაქანზე გამოსრიალდეს და ხარაზას სულ იმას ეწუწუნება, კარგად კი მივლი, მაგრამ გულ-მუცელში ნაწილები შემიკეთეო. ვალოდია გაგნიძე მარტო შეშაზე, ან ნახშირზე მუშაობს და რომც გააკეთონ, შეშა იქნება საშოვნელი.
გვარდიელების მეთაური ჯემალა - სადგურზე მალიმალ ჩამოივლის ხოლმე გვარდიელების ათეული, რომლის მეთაურიც არის ჯემალა. ჯემალა სერიოზული, გვარიანად ბრიყვი, მაგრამ კეთილი კაცია. სამხედროული ტრაბახი უყვარს და ჩხუბში სწრაფად ებმება ხოლმე. აქვს ერთი ლიმონკა და როცა ჩხუბი მოსდის, წაიძრობს და იმის გასახსნელად იქაჩება. ცხადია, ბოლოს ირკვევა, რომ ლიმონკა არ უნდა აფეთქდეს.
მომპარავი ბიჭი სტრელო - ეს არის თვრამეტ-ცხრამეტი წლის ბიჭი, რომელიც ვაგზლის მომპარავთა გუნდის წევრია, ძალიან მარდი და ნიჭიერი, მოსწრებული სიტყვა-პასუხით. მისი გამზრდელია ბაზრის მპარავთა მეთაური რაფო, რომელიც ჭკუას არიგებს ხოლმე. სტრელო თავზეხელაღებული ბიჭია, მაგრამ ჯერ მაინც ბავშვია. კაი მასალას რომ ეძახიან, ისეთი. თუმცა, რა გამოვა ამ მასალისგან, გაურკვეველია.
მარტოხელა გოგო მადონა - მადონა არის გულუბრყვილო, ჩვიდმეტი წლის გოგო, უპატრონო, რომელიც ნათესავთან ცხოვრობს სადგურის ახლოს. მას ყველა იცნობს სადგურზე და ყველას თან ეცოდება, თან უყვარს. მადონა ყოველდღე გადის პერონბაქანზედ და იქ ვიღაცას ელოდება. დიდი მეოცნებე გოგოა და ყოველთვის ყვება ერთი და იგივე ამბავს, რომ მკითხავმა უთხრა, რომ ხედავს მატარებლიდან ჩამოსულ ბიჭს, რომელსაც ის დიდი ხანია უყვარს და, თუ მადონა დროზე დაუხვდება ბაქანზე, ისინი ერთმანეთს შეხვდებიან და ეს ლამაზი ბიჭი, ამ გოგოს წაიყვანს საუცხოო და დიდებულ ქვეყანაში.
მეძავთა გაერთიანებული გუნდი - ესენი ვაგზლის ბოზები არიან, რომლებიც ბევრს მღერიან, ცეკვავენ და ნაირგვარ რთულ სიტუაციებში გაებმებიან ხოლმე. მათი პანიკა მაშინ იწყება, როცა გვარდია მოდის.
გვარდიელთა გაერთიანებული გუნდი - ესენი კიდევ ოტროველა სოფლელი ბიჭები არიან, რომლებიც მარშით დაიარებიან, ოღონდ თავგზა ებნევათ, როცა მეძავთა გუნდს დაინახავენ და ველური ყიჟინით დასდევენ ხოლმე მათ. აქა-იქ ამ ორ გუნდს შორის რომანებიც იბმევა.
მედუქნეთა გაერთიანებული გუნდი - მეყვავილე, მეხაჭაპურე, ოქროს გამყიდველი, ლუდის ჩამომსხმელი, მატარებლის ბილეთების გამყიდველი და ა.შ. ამათ უწევთ ბრძოლა ქურდ ბიჭებთან და პოლიციელთან, რომელიც სულ რაღაცის მათხოვრობაშია.
ძველი სარკინიგზო მექანიკოსი ხარაზა - ძველი მემანქანე, ახლა ხელოსნად მუშაობს მატარებლებზე. კეთილი კაცია, ძველი ყაიდისა, რკინიგზელის გაცვეთილ ფორმაში ჩაცმული, ცდილობს, როგორმე მადონას უპატრონოს, ნაირგვარ წერილებს წერს ქალაქის გამგეობას, რომ გოგოს მიხედვა სჭირდება. მას დასცინიან ხოლმე, რადგან ძალიან ძველმოდური კაცია, მაგრამ ჯიუტია და სრულიად უტეხი, ამიტომ, ბევრი გრძნობს, რომ ხარაზასთან სიფრთხილე მართებს.
ქუჩის მქადაგებელი ლოთი გოძია - ლოთი გოძია გიჟი უნდა იყოს. ვაგზლის ერთ კუთხეში, ქვაფენილზე ცხოვრობს დიდ ყუთში, მთელი თავისი ავლადიდება ძირს აქვს გაშლილი. გოძიას გადახუხვა უყვარს და აქვს ძალიან ტრაგიკული ხმა, ხშირად ორი კაპიკისთვის წარმოთქვამს მეტად უცნაურ, სასიყვარულ ო ლექსებს, რომელთა ავტორიც თვითონაა. გოძიას ნივთებიდან მთავარია ძველი ტელეფონი, რომლითაც ის შეკრებილთა წინაშე წარმოდგენებს მართავს. ამ ტელეფონით ელაპარაკება პრეზიდენტს, ღმერთს, ნაპოლეონს, ბუბა კიკაბიძეს და მერე მოსეირეებს მოუთხრობს. ამ ტელეფონს ის ერთხელ, გადამწყვეტ მომენტში გამოიყენებს მადონას დასახმარებლად.
სქელი მეპონჩიკე თამარა - კეთილი, თახთახა და უტვინო ქვრივი, რომელიც სულ კაცებზე ლაპარაკობს.
ჯიბის ქურდების გაერთიანებული გუნდის ატამანი რაფო - აპასნი პასაჟირია. ძალიან ჭკვიანი და ჩუმი, დიდი გავლენა აქვს მომპარავ ბიჭებზე და, საერთოდაც, სადგურის ნამდვილ პატრონად მიიჩნევენ. დანიანი კაცია, კეპი ახურავს.
მილიციონერი - უბედური ხნიერი პუსტაპუსტა. ფაქტიურად გამათხოვრებული. თუმცა, მაინც ჩაიდენს გმირობას.
მოლაპარაკე მთვარე - მისი მოლაპარაკეობა არავინ იცის მადონას გარდა, ხოლო მადონამ არ იცის, რომ მთვარის ნაცვლად ლოთი გოძია ელაპარაკება ღამღამობით, დაცლილ პერონზე.
მოლაპარაკე გვირგვინი ყვავილების დახლზე - ეს არის შემჭკნარი და ულამაზო გვირგვინი, რომელიც არავინ იყიდა საპანაშვიდედ და ახლა დახლზეა გამოდებული, როგორც ნიმუში. ძალიან დეპრესიული ვინმე გახლავთ და ერთთავად სიკვდილზე ლაპარაკობს პირადი ენციკლოპედია და მეტად დამთრგუნველად მოქმედებს ხოლმე მადონაზე.
პერონის ხალხი - სულ ნაირ-ნაირი, ინტელიგენტებიდან ძაღლიშვილებამდე, ამათ შორის იჭყლიტება ხოლმე მადონა, როცა პერონზე გადის ოცნების ბიჭის შესახვედრად. ხან იქეთ გაისვრიან, ხან აქეთ გამოისვრიან.
წიგნების გამყიდველი დოცენტა - სათვალიანი ორმოციოდე წლის კაცი, რომელიც ძალიან განიცდის, რომ წიგნებს არავინ ყიდულობს. უვლის თავის დახლს, რომელსაც ხან ვინ გადუყირავებს, ხან ვინ. ჩხუბიც ამის გამო მოსდის. მალიმალ დასტაცებს ხოლმე ხელს რომელიმე წიგნს და იქედან ციტატას წამოისვრის. ემტერება გოძიას, რომელიც თავის კონკურენტად მიაჩნია. მეპონჩიკე თამარა ეკურკურება და თან დასცინის. ეს ვერ ხვდება მის კურკურს.
ბოზების უფროსი გულიკო - სახიფათო და ვერაგი ქალი, უცნობებთან დაშაქრულად მოლაპარაკე, გოგოების ნამდვილი რისხვა. ძუნწი. ისე, რომ თავს არ უტყდება, შეყვარებულია რაფოზე. მადონაზე თვალი აქვს დადგმული, უნდა, რომ თავის მეძავთა რიგებში ჩარიცხოს და ამ საქმეში რაფოს დახმარებას სთხოვს.
მოქმედება წარმოებს ვაგზალზე და მის სარემონტო ჩიხში ომიანობის დროს.
საკუთრივ ამბავი ზოგადად:
მთელი ქვემოთ მოთხრობილი ამბავი მიმდინარეობს წვრილწვრილ ყოფით, ხალისიან ეპიზოდთა ფონზე.
ამბის არსი იმაში გახლამთ, რომა, გვარდიელების მეთაური ჯემალა შეყვარებული ყოფილა მადონაზე, მაგრამ მადონა განაგდებს მას და აღუწერს, თუ როგორია მისი შეყვარებული, რომელიც მკითხავმა დაანახვა.
ცხადია, ჯემალა არა ცხრება და ათასგვარ საჩუქრებით და მოთაფლვებით ცდილობს, რომ გოგო თავისკენ მოაბრუნოს.
მაგრამ მადონაზე შეყვარებული გახლამს ჯიბის ქურდი სტრელცოც, რომელსაც უფრო ვაჟკაცურად, ანუ უთქმელად უყვარს გოგო, ისე, რომ არავინ იცის. სტრელცომ არ იცის, რომ ჯემალას უყვარს გოგო და ჯემალამ არ იცის, რომ სტრელცოს უყვარს გოგო. მადონას დიახაც გამოსდის სტრელცოსთან ურთიერთობა. უფრო იმიტომ, რომ ბიჭი მოთმენით უსმენს მის ნალაპარაკევს.
ერთხელ ღამით, სტრელცოს გოძია დაუძახებს თავის ბუდრუგანიდან და ეტყვის, რომ მიუხვდა გოგოს შეყვარებას. გოძია ურჩევს, რომ ბიჭი არ შაეწინააღმდეგოს ქალის აზრებსა და მოლოდინს და მეტიც, მიეხმაროს, გამოჰკითხოს.
მალევე სტრელცო ოქროს ვაჭარს ბეშედს ააცლის და მადონას აჩუქებს, რომ იმ ბიჭმა გამოგიგზავნა ვიღაცის ხელითო.
მადონა, დიახაც დიდი მოლოდინით, ყოველ ცისმარე გადის პერონზე, ყველას ეუბნება, რომ ბიჭი არ უნახავს, მაგრამ ისინი თვალებით იცნობენ ერთმანეთს.
გულიკო მოდის სადგურზე და დათაფლულად ელაპარაკება მადონას, ჩემთან წამოდი, მოგივლიო, ისაო, ესაო, მოკლედ, კერავს. ამას ხარაზას თამადობით მთელი სადგური ეწინააღმდეგება, ხოლო გულიკოს კი გააგდებენ.
მადონა ღამით ბაქანზე რჩება და ოცნებობს, რაშიც მთვარესავით ელაპარაკება გოძია.
მთელი ეს დრო საოცნებო ბიჭი არ ჩანს.
ხარაზა კი ჩიხში თავის ძველ ორთქლმავალს ეფერება. ის გადასწყვეტს მის შეკეთებას.
გულიკო სთხოვს რაფოს, გოგოს დათრევაში დახმარებას. ბოლო ის არი, რომ მატარებლით ჩამოივლიან და წაიყვანენ.