The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

სამეცნიერო და საინოვაციო-ტექნოლოგიური განვითარების გლობალიზაცია


სამეცნიერო და საინოვაციო-ტექნოლოგიური განვითარების გლობალიზაცია


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: ჭალაგანიძე შოთა, ჭალაგანიძე ეკა
თემატური კატალოგი სტატიები სხვადასხვა ჟურნალებიდან
საავტორო უფლებები: © ფრიდრიხ ებერტის ფონდი
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება



1 * * *

▲ზევით დაბრუნება


შოთა ჭალაგანიძე
ეკა ჭალაგანიძე

თანამედროვე მსოფლიოში სახელმწიფოს ადგილი დღესდღეობით განისაზღვრება არა იმდენად მუშა ხელისა და ნედლეულის სიუხვით, რამდენადაც ადამიანის კაპიტალის ხარისხით, განათლების დონით, ცოდნის პრაქტიკული გამოყენებითა და ეკონომიკის ინოვაციური აქტივობით.

სწორედ ამიტომაა, რომ ბოლო წლებში, მსოფლიო ეკონომიკური განვითარების პროცესში, აღინიშნება მეცნიერების როლის გათვითცნობიერებისადმი ინტერესის ახალი აღმავლობა. იგი ბევრ მიზეზზეა დამოკიდებული, რომელთა შორის საჭიროა განსაკუთრებით აღვნიშნოთ თანამედროვე მსოფლიოში ცალკეული ქვეყნების არათანაბარი ეკონომიკური ზრდის ტემპები, მეცნიერებატევადი პროდუქციის ბაზაზე გლობალური კონკურენციის გამძაფრება, საბიუჯეტო დეფიციტი, რომელიც რიგ ქვეყნებში ზღუდავს სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოების სახელმწიფო დაფინანსების შესაძლებლობებს და სხვა. ამასთან ერთად, ძლიერდება ცალკეული სახელმწიფოების ეკონომიკური ზრდის ტემპების დიფერენციაცია და, აქედან გამომდინარე, ეროვნული ეკონომიკების სამეცნიერო-ტექნიკური განვითარების დონეთა შორის სხვაობა. ასე მაგალითად, წამყვანი ქვეყნების ხუთეული - აშშ, იაპონია, გერმანია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი სამეცნიერო-კვლევით და საცდელ საკონსტუქტორო სამუშაოებზე ხარჯავენ უფრო მეტ სახსრებს, ვიდრე ერთად აღებული მსოფლიოს სხვა ქვეყნები, ამასთან, აღნიშნულ ხუთეულში აშშ-ს წილი 50%-ს აღემატება.1

მეცნიერული მიღწევები და მოწინავე ტექნოლოგიები ჰქმნიან ბაზას საერთაშორისო ინტეგრაციისათვის ეკონომიკურ, პოლიტიკურ, სოციალურ, კულტურულ, ეკოლოგიურ და სხვა სფეროებში. ამავე დროს, მსოფლიო სამეცნიერო-საინოვაციო კომპლექსის ფეხზე დაყენებას და განვითარებას ახასიათებს საკუთარი კანონზომიერება, რაც აუცილებლად აისახება საქართველოს პრაქტიკაში, რომლის სამეცნიერო-საინოვაციო-ტექნოლოგიური განვითარების პერსპექტივების დასაბუთებული შეფასება შეუძლებელია მსოფლიოს ტენდენციების გათვალისწინების გარეშე და დაკავშირებულია გლობალიზაციის პროცესების ტემპების მუდმივ ზრდასთან.

ზოგადად გლობალიზაციის არსი მსოფლიო ეკონომიკის მზარდ ინტეგრაციაში მდგომარეობს. მსოფლიო მიისწრაფის ინტეგრაციის უფრო სრულყოფილი, ძირითადად საბაზრო მოგებითა და ეკონომიკური ეფექტიანობით სტიმულირებული მექანიზმებისაკენ, რომელიც ემყარება გარდაქმნის ურთიერთდაკავშირებულ მიმართულებებს: საერთაშორისო ვაჭრობა (დაბალი სავაჭრო ბარიერები და მეტი კონკურენცია), ფინანსური შემოსავალი (უცხოური პირდაპირი ინვესტიცია, ტექნოლოგიური ლიცენზირება, ფასიანი ქაღალდების ინვესტიცია, ვალი), კომუნიკაციები (მასმედია, ინტერნეტი), ტექნოლოგიური წინსვლა (ტრანსპორტი, ეკონომიკა, ბიოსაინჟინრო და მონათესავე დარგები), საზოგადოების მოძრაობა (მობილურობა), კერძოდ, შრომის სფეროში.

ეკონომიკის გლობალიზაცია - ეს არის ობიექტური მსოფლიო პროცესი, რომლის შეჩერებაც შეუძლებელია. იგი პლანეტას ერთიან ორგანიზმად აყალიბებს და ხელს უწყობს მისი ყველაზე დაშორებული კუთხეების განვითარებას. ეკონომიკის გლობალიზაცია - არის სისტემაშემქმნელი, მსოფლიოს სხვადასხვა ხალხებისა და ქვეყნების ეკონომიკის მზარდი ურთიერთდამოკიდებულება, რომელიც იქმნება ქვეყნებს შორის საზღვრების მოშლის, საერთაშორისო კომუნიკაციებისა და ტრანსპორტის განვითარების, უამრავი ტრანსნაციონალური კორპორაციების, საერთაშორისო საბაზრო ურთიერთობებისა და საერთო ფასეულობებზე დაფუძნებული გლობალური საზოგადოების შექმნის შედეგად. დღეს მსოფლიოს 100 განვითარებულ ქვეყანას შორის 51 ქვეყნის ეკონომიკა გახდა ტრანსნაციონალური სისტემის შემადგენელი ან ურთიერთდაკავშირებული და ინტეგრირებული ნაწილი. სხვადასხვა ქვეყნების ეკონომიკების გლობალიზაცია ან მზარდი ურთიერთდამოკიდებულება სარგებლიანობისა და დანაკარგის თანაბარი განაწილების გარანტიას არ იძლევა. თუმცა, მსოფლიო ეკონომიკის გლობალიზაცია აიძულებს სხვადასხვა ქვეყნებს ერთმანეთთან უფრო მჭიდროდ ითანამშრომლონ, რადგან გლობალური მსოფლიოს ერთ ნაწილში კოლაფსი სწრაფად გადაეცემა მეორეს.2.

გლოაბალიზაცია, თავისი არსით, მასშტაბური მნიშვნელობით გამოირჩევა. იგი გავლენას ახდენს ადამიანზე, მის ეკონომიკურ, სოციალურ, პოლიტიკურ და მორალურ-ფსიქოლოგიურ სტატუსზე, მის განწყობასა და პიროვნულ განვითარებაზე, ფასეულობებსა და მისწრაფებაზე. იგი მნიშვნელოვნად აფართოებს საერთო ინფორმაციულ სივრცეს, ხელს უწყობს მეცნიერული კვლევის ინტენსიფიკაციას, როგორც ფუნდამენტური, ისე გამოყენებითი მეცნიერების დარგში, მეცნიერულ-ტექნოლოგიური-ინფორმაციული მიღწევების სწრაფ დანერგვას პრაქტიკაში და სხვა.

ამასთან ერთად, დღესდღეობით, გლობალიზაციის მიმდინარე პროცესის შესახებ განსხვავებული შეხედულებები არსებობს. გამოითქვა მოსაზრება, რომ ეკონომიკის გლობალიზაცია (მსოფლიო სამეურნეო ინტეგრაცია) არ არის სწორხაზობრივი, არამედ წინააღმდეგობრივი, არათანაბარზომიერი პროცესია, რომელიც მუდმივად იცვლის თავის კონკრეტულ ფორმებს, რეალიზაციის მეთოდებს და, შესაბამისად, მექანიზმებს. გლობალიზაცია მოიცავს არა მხოლოდ ინტეგრაციას, არამედ დაშლასაც. გლობალიზაცია ახალი ტექნიკა-ტექნოლოგიის გამოყენებით ზრდის მასიურ უმუშევრობას, იწვევს ეროვნულ კონკურენტულ უპირატესობათა დეგრადაციას, ხელს უწყობს ანტიინდუსტრიულ განწყობილებებს, ანგრევს ეროვნულ ადამიანისეულ ინტელექტუალურ პოტენციალს, იწვევს წარმოების დაცემას ეროვნულ ეკონომიკაში, ზრდის ქონებრივ უთანასწორობას და სხვა.

მიუხედავად შეხედულობათა სხვადასხვაობისა, მეცნიერებასა და პოლიტიკაში გლობალიზაციის როლის შესახებ საერთო აზრი ჩამოყალიბდა, რომ იგი ობიექტური პროცესია, მისი გავლენით ფართოვდება სოციალურ-პოლიტიკური სფეროს ლიბერალიზაცია, ხდება საბაზრო ურთიერთობათა სრულყოფა, ასტიმულირებს წარმოებისა და შრომის ბაზრის ტრანსფორმაციას (სრულყოფის მიმართულებით), რომ გლობალიზაცია მრავალწახნაგოვანი კატეგორიაა, რომელიც აჩქარებს როგორც ადამიანებს, ასევე სახელმწიფოებს შორის ურთიერთობათა გაფართოებას, კაპიტალის, საქონლის, სამუშაო ძალის მსოფლიო ბაზრის ფორმირებას და ა.შ. ნ. ჭითანავა - გარდამავალი პერიოდის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები. თბ., 2001, მე-3 ნაწ. გვ.7

როგორც აკადემიკოსი ლ. აბალკინი აღნიშნავს, ყველა, ვინც კი მსოფლიოში დამდეგი ასწლეულის დიდი ცვლილებების შესახებ ლაპარაკობს, პრაქტიკულად ყოველთვის, აღნიშნავს გლობალიზაციის შედეგების წინააღმდეგობრიობის შესახებ. მას, საუკუნეების განმავლობაში მიმდინარე, ეკონომიკური, პოლიტიკური, სოციალური და სულიერი ცხოვრების ინტერნაციონალიზაციის პროცესის დამთავრებისაკენ მივყავართ და, მეტ წილად, საზოგადოების პლანეტარულ მოწყობას ახალ იერს აძლევს. კაცობრიობა გლობალიზაციის საფრთხის წინაშე არ არის უსუსური. მას შესწევს უნარი პლანეტარული მასშტაბით წარმატებულად და გონიერად მართოს იგი. პოტენციურად გლობალიზაციას შეუძლია მკვეთრად გაზარდოს წარმოების ეფექტურობა, შეამციროს წარმოების ზრდის ეკოლოგიური შედეგები და თანაბრად გადაანაწილოს სიმდიდრე მდიდრებსა და ღარიბებს შორის.

ამ სფეროში ყოველთვის იარსებებს, გადაიჭრება და ხელახლა წარმოიქმნება სხვადასხვა სახის პრობლემა.3

მთავარია კაცობრიობამ გამონახოს გზები და საშუალებები გლობალიზაციის უპირატესობისა და დადებითი მხარეების მაქსიმალურად რეალიზაციისათვის და მისი უარყოფითი სოციალურ-ეკონომიკური მხარეების დასაძლევად. ამ მიზნით სხვადასხვა ქვეყნებში მეცნიერებისა და შესაბამისი დარგების სპეციალისტების მიერ ინტენსიურად შეისწავლება აღნიშნული პროცესები. მარტო 2000 წელს გლობალიზაციის პრობლემებზე მსოფლიოში 200-ზე მეტი მონოგრაფია იქნა გამოცემული. სულ უფრო და უფრო მზარდი სისწრაფით ვრცელდება მთელს მსოფლიოში ინფორმაციის, პროდუქციის, მომსახურების, კაპიტალის და, ზოგ შემთხვევაშიб ადამიანთა ნაკადები. ამასთან, რამდენადაც თანამედროვე სახელმწიფოები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან თავიანთი მასშტაბებითა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონით, შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ მათზე გლობალიზაციის ზემოქმედებაც განსხვავებული იქნება. ეს ჰიპოთეზა აქტიურად განიხილება მსოფლიო ლიტერატურაში.

ასე მაგალითად, უმეტესობა ინდუსტრიულად განვითარებული სახელმწიფოების სტრატეგიულ მოდელსა და ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვან საფუძველს უახლესი ტექნოლოგიების დამუშავება, მათ საფუძველზე მაღალტექნოლოგიური საქონლისა და მომსახურების წარმოება, მათი საშუალებით მსოფლიო ბაზარზე გასვლა და სამეცნიერო-საინოვაციო ტექნოლოგიურ სფეროში ფორმირებადი გლობალური ეკონომიკის ჩარჩოებში საერთაშორისო ინტეგრაციის გაფართოება წარმოადგენს. აღნიშნულისათვის კი საჭიროა ადამიანთა და მატერიალური რესურსების მნიშვნელოვანი რაოდენობა და ხარჯი, რაც, მწვავე საბიუჯეტო დეფიციტისა და სახელმწიფოსა და კერძო სექტორის შეზღუდული საინვესტიციო შესაძლებლობების პირობებში, რა თქმა უნდა, ყველა ქვეყანას არ ძალუძს. სწორედ ამიტომ, მესამე სამრეწველო რევოლუცია განვითარებული მსოფლიოდან განვითარებადი მსოფლიოს მხოლოდ ცალკეულ ნაწილში ვრცელდება.

ახალი ტექნოლოგიები (მიკროელექტრონიკა, რობოტოტექნიკა, ახალი მასალები, ბიოტექნოლოგია და ა.შ.), რომლებიც მესამე ათასწლეულის ეკონომიკას განსაზღვრავენ, მეცნიერებაზე დაფუძნებულ ეკონომიკას აყალიბებს, ხოლო ეკონომიკის ახალი მოდელი მუდმივად ცვლის სახელმწიფოთა ეკონომიკურ და სოციალურ ყოფას.

ახალი ეპოქის გამომხატველად შეიძლება მივიჩნიოთ ბილ გეიტსი, რომელიც მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანად ინფორმაციული პროცესების გაკონტროლების წყალობით იქცა. იგი ტრადიციული ეკონომიკის ტრანსფორმაციისაკენ მიმართული არსებული ცვლილებების სიმბოლოა. ეს ცვლილებები, ანუ წარმოებაში მეცნიერების მზარდი გამოყენება, შეიძლება განვიხილოთ, როგორც მესამე სამრეწველო რევოლუცია.4

გლობალიზაციის მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს მსოფლიოს სამეცნიერო-საინოვაციო-ტექნოლგიური სივრცის ფორმირება. თანამდეროვე საკომუნიკაციო ტექნოლოგია უზრუნველყოფს მთლიან ოპერატიულ შეღწევას მსოფლიოს მეცნიერულ-ტექნიკურ საინოვაციო ნაკადში, მეცნიერულ-ტექნიკური მონაცემების საერთაშორისო განმანაწილებელი ბაზის და ბანკების შექმნას, საკვლევი მიზნებისათვის ეფექტურ გლობალურ მონიტორინგს, საზღვარგარეთის ინტელექტუალური რესურსების დისტანციურ გამოყენებას.

როგორც XX საუკუნის დასასრულის მსოფლიო ეკონომიკის განვითარების ტენდენციების ანალიზი გვიჩვენებს, შემდეგი ასწლეულის საწარმოო-ტექნოლოგიური ცივილიზაციის სტრატეგიული გარდაქმნის საფუძველი, როგორც ჩანს, იქნება მეცნიერებატევადი ეკოლოგიურად უსაფრთხო ტექნოლოგიები (მეუტ) და საინფორმაციო ტექნოლოგიები. მსოფლიო ეკონომიკის ,,ინფორმატიზაციის” ტენდენციამ წარმოქმნა გლობალიზაციის საბაზო ინფრასტრუქტურის - მსოფლიო გლობალური საინფორმაციო-კომპიუტერული ქსელის - ,,ინტერნეტის” შექმნის იდეა, რომლის გამოჩენამდეც (1991წ.) გლობალური კაპიტალიზმის ბედი გაურკვეველი რჩებოდა. ეს არის მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე სწრაფად განვითარებადი საკომუნიკაციო სექტორი, რომლის მომხმარებელთა რიცხვი, როგორც ვარაუდობენ, მიმდინარე წელს 150 მილიონიდან ერთ მილიარდზე მეტად გაიზრდება. ინფორმაცია და კომუნიკაციები წარმოადგენენ იმ სფეროებს, რომელთაც ცოდნის საფუძველზე ეკონომიკური ზრდის ყველაზე დაჩქარებული ტემპები გააჩნიათ.

მსოფლიო ეკონომიკის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გლობალურმა ცვლილებებმა წარმოშვეს გლობალური პროცესების საერთაშორისო რეგულირებისა და მართვის აუცილებლობა. ფორმირდება ახალი ტექნოლოგიური მოწყობა, რომელიც დაფუძნებულია არა გარე ფორმის (კრისტალური მესერი) ზემოქმედებაზე, არამედ შრომის საგნის ღრმა სტრუქტურაზე, ატომურ-მოლეკულურ, უჯრედულ და გენურ დონეზე. XXI საუკუნეში ფართო პერსპექტივა იშლება გენური ინჟინერიის, ნანოტექნოლოგიის, ლაზერული და კომპიუტერული ტექნოლოგიების წინაშე. პირველხარისხოვანი მნიშვნელობა მიენიჭება კვლევებს, რომლებიც დაკავშირებულია ადამიანის, საზოგადოების და ბუნების ჰარმონიზაციის მყარ განვითარებასთან. ამ კონტექსტში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ტექნოლოგიური ციკლის მონაწილე ფირმებს შორის კავშირებს. 2001 წლისათვის აშშ-ის ათას მაცხოვრებელზე მოდიოდა 180 სერვერი (ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში, შვეიცარიაში, კანადაში - 100-130). 475 მლნ. კაცს, ანუ დედამიწის მოსახლეობის 8%-ს (შვეიცარიასა და სკანდინავიის ქვეყნებში - 68%-მდე მოზრდილ მოქალაქეებს) აქვს ფიჭური ტელეფონი. საქართველოში 2000 წლის მონაცემებით მობილური ტელეფონების მფლობელთა საერთო რაოდენობამ 100 ათასს გადააჭარბა, ხოლო ინტერნეტით მომსახურებაზე ყველა სერიოზული კომპანია გადავიდა. ინფორმაციის ასეთი დონე გრძელვადიან კონტრაქტებზე დაფუძნებული ვირტუალური ალიანსების შეიქმნის საშუალებას იძლევა (კერძოდ, გაერთიანებული დამოუკიდებეული ფირმების ერთიანი სისტემის ინტერაქტიული მარკეტინგით, შესყიდვით, წარმოების ორგანიზაციით, გასაღებით და გაყიდვის შემდგომი მომსახურებით). ამ ინფორმაციული რევოლუციის პირდაპირ შედეგს წარმოადგენს ელექტრონული სავაჭრო მოედნის დახმარებით საუკეთესო მომწოდებლის არჩევა. საჭირო აღარ არის სასაწყობო მარაგები, უსარგებლო შესყიდვები, უამრავი შუამავლები და სხვა.5

მიმდინარე საუკუნის დამდეგს მსოფლიო ეკონომიკის გლობალიზაცია, მისი ექსპანსიის მასშტაბების ზრდა, განვითარების ეკოლოგო-ტექნოლოგიური და სოციალურ-ეკონომიკური დომინანტები ზემოქმედებას გაუწევენ სტრატეგიას, ეროვნულ პრიორიტეტებსა და გეოპოლიტიკას. მეცნიერებატევადი ეკოლოგიურად უსაფრთხო ტექნოლოგიები (მეუტ) და ეკონომიკის ინფორმატიზაცია მოითხოვენ პროფესიულ მომზადებასა და განათლების უფრო მაღალ დონეს. სამუშაო ადგილები, რომლებზეც ყველა ოპერაცია ავტომატიზებულია და რომელთათვისაც შეიძლება შექმნილია ალგორითმი, მოითხოვს ინფორმაციის ნაკადში ორიენტირების ცოდნას, ვარიანტების შედარებისა და არასტანდარტული გადაწყვეტილებების მიღების უნარს. ეს ცოდნა დამოკიდებულია პიროვნების განვითარების დონეზე, მის შემფასებლურ ორიენტაციაზე, საერთო კულტურაზე. XXI საუკუნის დასაწყისში განსაკუთრებით დეფიციტური პროფესიებია - ხარისხის მართვის სპეციალისტები, ლოგისტიკა, ფინანსური მენეჯმენტი, მარკეტინგი, ინფორმაციის დაცვა, დამუშავება, მონტაჟი და ტექნიკური სისტემის გამართვა. ინტელექტუალური კაპიტალი ხდება ფირმის მთავარი საკონკურენტო უპირატესობა. ამით აიხსნება, რომ გასული საუკუნის ბოლოსა და ახალი საუკუნის დასაწყისისათვის დამახასიათებელია ახალი ცოდნისკენ სწრაფვა, რაც საზოგადოებისათვის სულ უფრო ძვირადღირებულ სიამოვნებას წარმოადგენს. მუშა ხელის ბაზრის ,,ინტელექტუალიზაციამ” წარმოქმნა ნაპრალი მცოდნეებსა და არამცოდნეებს, მდიდრებსა და ღარიბებს შორის, რამაც განვითარებულ ქვეყნებში შეიძლება უმუშევრობა გამოიწვიოს და კრიტიკული პრობლემა წარმოქმნას. ამიტომ, თანამედროვე პირობებში, განათლებაში ჩადებული დაბანდება ინვესტიციის გაცილებით მნიშვნელოვანი და ეფექტური სახეა.

ამ მიმართულებით ინტერესს იმსახურებს ე.წ. დისტანტური სწავლების გამოცდილება, რომელიც საშუალებას იძლევა შემცირდეს მისი ღირებულება (საჭირო აღარ იქნება შენობის შენახვის ხარჯები), გახდეს უფრო მიზანმიმართული (სტანდარტული ლექტორის ნაცვლად - ინდივიდუალური დამრიგებელი), აირჩიოს საუკეთესო მასწავლებლები (დამოუკიდებლად მათი საცხოვრებელი ადგილისა) და, რაც მთავარია წარმოებისაგან მოუწყვეტლად აწარმოოს სპეციალისტების გადამზადება ყველაზე შორეულ რაიონში. ყოველივე ეს რეალურს (და რენტაბელურს) გახდის პერსონალის სისტემატურ სწავლებას, მისი მთელი შრომითი ცხოვრების განმავლობაში.

როგორც აღვნიშნეთ, ბოლო პერიოდში სამეცნიერო-საინოვაციო-ტექნოლოგიური განსხვავება შესამჩნევლად გაიზარდა განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებს შორის, რომელთა თანამედროვე დონე და მიღწევები მნიშვნელოვნად ასტიმულირებს გლობალიზაციას. ამასთან დაკავშირებით, ურიგო არ იქნებოდა, შეგვეხსენებინა ცნობილი ავსტრიელი ეკონომისტის ი. შუმპეტერის მოსაზრება კაპიტალისტური საზოგადოების ეკონომიკურ ისტორიაში ინოვაციის როლის შესახებ, რომელიც მან წარმოადგინა, როგორც ეკონომიკური საშუალება, რომელსაც მეწარმე იყენებს უფრო მაღალი მოგების მისაღებად.6

დღეს, განვითარებულ ქვეყნებში, ინტენსიური საინოვაციო-ტექნოლოგიური განვითარების პირობებში შიდა ბაზრების ლიბერალიზაცია იძულებულს ხდის სამრეწველო კომპანიებს, განსაკუთრებით მაღალი ტექნოლოგიების სფეროში, მთელი ძალებით იბრძოლონ სწრაფადცვალებად ბაზარზე. განვითარებულ ქვეყნებში 80-90 წლებში მრეწველობის მეცნიერებატევადი დარგების ზრდის ტემპები საშუალოდ 1,5-2-ჯერ აღემატებოდა სამრეწველო ტემპებს მთლიანობაში. თუმცა, ეკონომიკის ტრადიციულ დარგებშიც კონკურენტუნარიანობის შენარჩუნება ასევე დამოკიდებულია ეფექტური, მოწინავე ტექნოლოგიების სწრაფად დანერგვის უნარზე.

გლობალურ საინოვაციო-ტექნოლოგიურ განვითარებაში წამყვანი როლი უკავიათ ძლიერ ტრანსნაციონალურ კორპორაციებს. მათი სტრატეგია უცხოური სამეცნიერო-ტექნიკური ქვედანაყოფების შექმნიდან, რომელთაც შეუძლიათ სამეცნიერო-ტექნიკური რესურსების აკუმულირება და მეცნიერებატევადი პროდუქციის გასაღების უზრუნველყოფა, გადაერთო ქსელური სტრუქტურების შექმნაზე, რომელიც სხვადასხვა ქვეყნების რესურსების რაციონალურად კომბინირების საშუალებას იძლევა და ეროვნული სამეცნიერო-საინოვაციო კომპლექსების და სხვადასხვა ქვეყნების სამეცნიერო-ტექნიკური პოტენციალის სასურველი მიმართულებით განვითარებას არეგულირებს. გლობალიზაციის შედარებით ყველაზე დაწინაურებულ ფორმას წარმოადგენს საერთაშორისო და საერთოკორპორაციული ტექნოლოგიური ალიანსი, რომელსაც, როგორც წესი, კონტროლს უწევენ მსოფლიო წამყვანი ფინანსური ჯგუფები. სამეცნიერო-ტექნიკურმა პროგრესმა, განსაკუთრებით ახალი საინფორმაციო და ტელესაკომუნიკაციო ტექნოლოგიების შექმნის სფეროში, უზრუნველყო ერთიანი საერთაშორისო ფინანსურ-ეკონომიკური ორგანიზმის ფორმირება, აგრეთვე ხელი შეუწყო საზოგადოებრივი ცხოვრების დემოკრატიზაციას, ეროვნული კულტურების დაახლოებასა და ადამიანისა და გარემოს ურთიერთზემოქმედების პრობლემისადმი ერთობლივი მიდგომის ჩამოყალიბებას.

როდესაც ვახასიათებთ სამეცნიერო და საინოვაციო-ტექნოლოგიურ სფეროში გლობალიზაციის თანამდეროვე პროცესებს, საჭიროა გამოიყოს რიგი ასპექტები. უწინარეს ყოვლისა ეს ტენდენციები ასახვას ჰპოვებენ უშუალოდ, საკვლევი სამუშაოების შინაარსსა და მიმართულებებში. ფუნდამენტური მეცნიერება თავისი არსით იმთავითვე წარმოადგენს ინტერნაციონალურს, რომელიც გადალახავს სახელმწიფოთაშორისო საზღვრებს და ხდება საკაცობრიო თვითშემეცნებისა და მსოფლიოს განვითარების პროგნოზირების ზოგადსაკაცობრიო საშუალება. გამოყენებითი კვლევებისა და დამუშავებების სფეროში უფრო ნათლად სჩანს მსოფლიო დონის ტექნოლოგიების შექმნის ორიენტაცია, რომელთაც გააჩნიათ გასაღების საერთაშორისო ბაზარი და მსოფლიოს ცალკეული ქვეყნებისა და რეგიონების საწარმოო და სოციალური სისტემების ინტეგრირების უნარი.

მეცნიერებატევად პროდუქციას მსოფლიო ბაზრის ჩარჩოებში, გააჩნია სხვადასხვა ტექნოლოგიური სპეციალიზაცია. ჩამოყალიბდა შრომის საერთაშორისო განაწილება, რომელიც ქვეყნებს საშუალებას აძლევს კონცენტრაცია გაუკეთოს რესურსებს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების იმ მიმართულებით, სადაც ისინი ფლობენ განვითარებულ პოტენციალს. შედეგად ძლიერდება სახელმწიფოებს შორის ტექნოლოგიური ურთიერთდამოკიდებულება. ასე, მაგალითად, გამოთვლითი და საოფისე ტექნიკის წარმოების მოცულობის მიხედვით ლიდერია აშშ, იაპონიას - გაბატონებული მდგომარეობა უჭირავს ელექტრონულ მრეწველობაში, შვეიცარია - აბსოლუტური ლიდერია ფარმაცევტულ მრეწველობაში. მსხვილი ექსპორტიორია ავია-კოსმოსურ ტექნიკაში - აშშ, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი.

თანამდეროვე პირობებში სამეცნიერო-საინოვაციო ტექნოლოგიების სფეროს გლობალიზაციისათვის დამახასიათებელია სხვადასხვა ორგანიზაციულ-ეკონომიკური ფორმები. გრძელდება საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნოლოგიური კორპორაციების პირველადი ფორმების ხარისხობრივი განვითარება - საერთაშორისო პროგრამებისა და პროექტების დამუშავება და რეალიზაცია, მეცნიერებისა და სპეციალისტების საერთაშორისო გაცვლა. ამასთან ერთად, ძალას იკრებს ინტეგრაციის უფრო ღრმა ფორმები - საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევითი კოლექტივები, მეცნიერების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის უნიკალური ობიექტები, რომლებიც საერთაშორისო საკუთრებას წარმოადგენენ, ერთობლივი საწარმოები, რომლებშიც ამუშავებენ და აწარმოებენ მეცნიერებატევად პროდუქციას. შეიქმნა სამეცნიერო-სანოვაციო საქმიანობის საკოორდინაციო მექანიზმი. საერთაშორისო ტექნიკური პროექტები და პროგრამები მუშავდება და რეალიზაცია უკეთდება სახელმწიფოთაშორისი და ფირმებშორისი შეთანხმებებისა და რეგიონული ინტეგრაციული ინსტიტუტების ( ჩ, თ ჩ და ა.შ) ჩარჩოებში, ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების - გაერო, იუნიდო, იუნესკო და სხვ. ეგიდით. ტარდება რეგულარული არაოფიციალური შეხვედრები სახელმწიფო სტრუქტურების ხელმძღვანელებს შორის, რომლებიც დიდი შვიდეულის ქვეყნებში მეცნიერების განვითარებას კურირებენ.

გადადგმულია მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რომელიც მიმართულია საერთაშორისო სამეცნიერო-საინოვაციო ინფრასტრუქტურის ისეთი შემადგენლების უნიფიკაციის მიზნით, როგორიცაა სტანდარტები, სერთიფიკაციის სისტემები, ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის მექანიზმი და ა.შ. სწრაფი ტემპებით ვითარდება სამეცნიერო ტექნოლოგიური კომპლექსის საერთაშორისო საფინანსო ინფრასტრუქტურა-საბანკო ქსელი, ფონდები, ვენჩურული და სადაზღვევო კომპანიები, ასოციაციები და ა.შ., რომლებიც სამეცნიერო-ტექნოლოგიური და საინოვაციო პროექტების ინვესტირებაზე არიან სპეციალიზებული. მეცნიერებისა და სამეცნიერო ორგანიზაციების საქმიანობა სულ უფრო მეტად მსოფლიო საერთო პრაქტიკას ეყრდნობა და საერთაშორისო ერთიანი კრიტერიუმებით ფასდება.

სამეცნიერო და საინოვაციო-ტექნოლოგიური გლობალიზაციის ძირითად საპროგნოზო მიმართულებებად შეიძლება წარმოდგენილ იქნეს, როგორც:

● ტექნოლოგიების პრიორიტეტული დამუშავებები, რომლებიც უზრუნველყოფენ ქვეყნებს შორის საინფორმაციო ურთირთმოქმედებას და საინფორმაციო საზოგადოებაში გადასვლას;

● გლობალური მეტატექნოლოგიების დამუშავება (ტექნოლოგიური და სოციალური ინოვაციების ინტეგრირება);

● ინტელექტუალური რესურსების საერთაშორისო მობილურობის რადიკალური ინტენსიფიკაცია;

● მსოფლიო სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების ნაწილობრივი რეგულირების საერთაშორისო მექანიზმის ფორმირება, უწინარეს ყოვლისა ეკოლოგიური პრობლემების მიზნით, ასევე ,,მესამე მსოფლიოს” ქვეყნების ტექნოლოგიური ჩამორჩენილობის შემცირება;

● საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნოლოგიურ ინფრასტრუქტურაში მცირე და საშუალო მეცნიერებატევადი ბიზნესის ორგანული ჩართვა;

● ინტერნეტ-ტექნოლოგიებისა და კომპანიების განვითარება, რომლებიც სამეცნიერო-საინოვაციო ციკლის სხვადასხვა სტადიაზე მოახდენს სხვადასხვა ქვეყნების ინტელექტუალური რესურსების აკუმულირებას;

● მსოფლიო სამეცნიერო-ტექნოლოგიური კომპლექსის განვითარების პროცესის რეგულირებაში ტრანსნაციონალური კორპორაციების და სახელმწიფო სტრუქტურების ურთიერთმოქმედებისა და საწინააღმდეგო ქმედების შეთანხმება.

ჩამოთვლილი მიმართულებები შესაძლებლობას იძლევა ზოგადად შევაფასოთ მსოფლიოს სამეცნიერო-ტექნოლოგიურ არენაზე ქვეყნის ადგილის პერსპექტივა.7

როგორ გვესახება სამეცნიერო და საინოვაციო-ტექნოლოგიური განვითარების გლობალიზაციის მომავალი ნაბიჯები, მიმართულებები და წინაპირობები საქართველოში. იგი ვითარების ნებისმიერი განვითარების პირობებში გლობალური ტენდენციის გავლენის ზემოქმედებას განიცდის, რაც ურთიერთქმედებაში იქნება საზღვარგარეთის სამეცნიერო-საინოვაციო სისტემებთან. მაგრამ საერთაშორისო ინტეგრაციის მასშტაბები და სიღრმე, რაც მთავარია, მისი ეკონომიკური და სოციალური შედეგები დამოკიდებული იქნება ბევრ ობიექტურ, თუ სუბიექტურ ფაქტორებზე. კერძოდ, სამეცნიერო-ტექნოლოგიურ სფეროში ინტეგრაციისა და გლობალიზაციის ტენდენციის ხასიათი უმეტესად განისაზღვრება ქვეყანაში ფორმირებული სოციალურ-ეკონომიკური მოდელით. გლობალურ მექანიზმში ეფექტურად ჩართვის უფრო ხელსაყრელი პირობები, ალბათ შეიქმნება არა განვითარების უკიდურესი ვარიანტების შემთხვევაში - ზედმეტი ლიბერალიზაციის, ან სახელმწიფო ჰიპერტროფირებული ეკონომიკის, არამედ საბაზრო ურთიერთობებში სახელმწიფო რეგულირების ზომიერი ჩართვით, რომელიც უზრუნველყოფს ეტაპობრივად შექმნას საინოვაციო სისტემა, მსოფლიო ტენდენციებისა და ეროვნული მეცნიერების, საინჟინრო და საგანმანათლებლო ტრადიციების გათვალისწინებით.

ცხადია, ამ პრობლემების მოგვარება თამანედროვე პირობებში მარტო საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდონობით შეუძლებელია და საჭიროა ამ მიმართებით მსოფლიოში მიმდინარე პროცესებისა და მოწინავე საზღვარგარეთული გამოცდილების მიზანდასახული შესწავლა და მათი გამოყენება ჩვენი ქვეყნის თავისებურებების გათვალისწინებით.

ასე, რომ, გვინდა თუ არა გლობალიზაციის პროცესში ჩართვა ამას დღეს უკვე აღარავინ კითხულობს. ეს არის რეალობა, ფაქტი და მას ფეხი უნდა ავუწყოთ. ეს ნიშნავს, რომ გლობალიზაციისგან მაქსიმალურად უნდა მივიღოთ ის, რაც სასარგებლოა. რეალობა გვიჩვენებს, რომ პროცესი მიდის, ჩართული ვართ მასში და არ შეიძლება დავრჩეთ პასიურ მაყურებლად. უნდა გვქონდეს გააზრებული მიზანმიმართული სტრატეგია და არც ერთი ნაბიჯი არ უნდა იყოს უსისტემო. ჟურნ. ,,ეკონომიკური რეფორმები დღეს”, #4 გვ.45,2001, თბ.

პირველ რიგში, მსოფლიოს სამეცნიერო და საინოვაციო-ტექნოლოგიურ კომპლექსში ღირსეული ადგილის მოსაპოვებლად, რაც ქვეყნის მუდმივი მიზანი და ორიენტირი უნდა იყოს, საჭიროა შემუშავდეს მიზანმიმართული და სელექტური სტრატეგია, რომლის ბაზაზე შესაძლებელი იქნება სამეცნიერო-ტექნიკური და საინოვაციო პოლიტიკის სახელმწიფოებრივი ეფექტური პოლიტიკის ფორმირება იმდაგვარად, რომ გლობალიზაციის ტემპს დავეწიოთ და ეს პროცესი ქვეყნის სასარგებლოდ გამოვიყენოთ. ქვეყანაში უნდა ჩამოყალიბდეს პოლიტიკური, ეკონომიკური, სამართლებრივი და სოციალური სტაბილური პირობები და გარემო. აუცილებელია საგანმანათლებლო და სატელეკომუნიკაციო შესაძლებლობების მაქსიმალური გაზრდა და ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხალხს და ქვეყანას გლობალურ ეკონომიკაში შესვლის საშუალებას მისცემს. ასევე აუცილებელია, უცხო კაპიტალის მოზიდვა და ღია ლიბერალურ მიდგომაზე ეკონომიკის და გარე სამყაროს ურთიერთქმედების გათვალისწინება. საქართველომ უნდა შექმნას სათანადო საინვესტიციო გარემო და მყარი გარანტიები ინვესტორებისათვის, რომლის გარეშე, საკუთარი ფინანსური ძალებით, ეკონომიკური ზრდის მიღწევა მას არ შეუძლია. გლობალურ საინტეგრაციო პროცესში მეცნიერებისა და საინოვაციო-ტექნოლოგიური საქმიანობის გარდაქმნასთან დაკავშირებული სამომავლო გეგმები ასევე დამოკიდებულია სისტემური რეფორმებისა და სტრუქტურული პოლიტიკის ხარისხზე, რომელიც ღია საერთაშორისო თანამშრომლობის ახალი ფორმების განვითარებასა და მისი მსოფლიო პრაქტიკისადმი ადაპტირებას, სამამულო მეცნიერებისა და ტექნოლოგიების კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, ინტელექტუალური პროდუქტის, მეცნიერებატევადი საქონლისა და მომსახურეობის მსოფლიო ბაზარზე გატანას, ამასთან ქვეყნის სამეცნიერო-ტექნიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფას უნდა ითვალისწინებდეს.

და ბოლოს, გვინდა აღვნიშნოთ, რომ სამეცნიერო და საინოვაციო-ტექნოლოგიური განვითარების გლობალიზაციის შესახებ ლიტერატურა, განსაკუთრებით ქართულ ენაზე, მეტად მწირია. ჩვენ შევეცადეთ უკანასკნელ პერიოდში სხვადასხვა ქვეყნებისა და ავტორების მიერ გამოქვეყნებული ნაშრომებისა და ინფორმაციების გამოყენებით, მათი შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე, მოკლედ გაგვეშუქებინა ამ მიმართებით არსებული მდგომარეობა, რომელიც მეტად სპეციფიკური და მრავლისმომცველი სფეროა. ამდენად, მას, როგორც ჩვენს პირველ ცდას, ყოველივეს სრულად წარმოჩენის პრეტენზია არ გააჩნია. ამ საქმიანობის უფრო სრულად გაშუქებისათვის მიზანშეწონილია მისი თანმდევი სხვა აუცილებელი საკითხების განხილვაც, რაც მოცემული იქნება ჩვენს შემდგომ ნაშრომებში.

___________________

1. Жрн. ,,Мировая экономика и международные отношения“, №5, стр. 55, 2000, М.

2. И.В. Прангишвили - Системный подход и общесистемные закономерности. Москва, 2000 стр. 221

 

3. Жрн. ,,Вопросы экономики“ №12, стр. 37, 2000, М.

4. Даниэл Ичбиа, Сьюзен Кнеппер - Билл Гейтс и сотворение Microsoft. 1997, Ростов на Дону

5. Жрн. ,,Российский экономический журнал,“ №3, стр.13, 2001,М

6. Й. Шумпетер - Теория экономического развития. М. 1982

7. Наука и технологии в России. Москва, 2000, стр. 9