![]() |
თავისუფლება № 4 (16) , აპრილი, 2003 |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: კინწურაშვილი თამარ, ანდერსონი ჯონ ვუორდ, ღაჭავა ნინო, ცინცაძე კალისტრატე (კათალიკოს-პატრიარქი) |
თემატური კატალოგი თავისუფლება |
საავტორო უფლებები: © თავისუფლების ინსტიტუტი |
თარიღი: 2003 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: რედკოლეგია: დავით ზურაბიშვილი ლევან რამიშვილი თამარ კინწურაშვილი მაია ოქრუაშვილი სოზარ სუბარი დიზაინი: ბესიკ დანელია თავისუფლების ინსტიტუტის გამოცემა ყველა საავტორო უფლება დაცულია თბილისი 380008 გრიბოედოვის 23 ტელ: 93 66 15 ფაქსი: 93 67 84 ელ-ფოსტა:liberty@liberty.ge |
![]() |
1 ინფორმირებული არჩევანი |
▲ზევით დაბრუნება |
თამარ კინწურაშვილი
რეჟისორ თემურ ჩხეიძეს რომ ჰკითხო, ერთადერთი, რაც ქართველ ხალხს დღეს არ აკლია და მოჭარბებულადაც კი აქვს, ეს მედიის საშუალებებით მეტისმეტი უხვსიტყვაობა და ინფორმაციის მოჭარბებაა.
დღეს რომ აშშ-ს მეთექვსმეტე პრეზიდენტი აბრაამ ლინკოლნი გააცოცხლო და ჰკითხო, რა უშველის დღევანდელ საქართველოსო, ის ალბათ უთუოდ გაიმეორებს საკუთარ ქვეყანაში თითქმის საუკუნენახევრის წინათ თქმულს:
,,მიეცით ხალხს შესაძლებლობა, იცოდეს ფაქტები და ქვეყანა უსაფრთხო იქნებაო.“
ფაქტების ცოდნის ყველაზე ხელმისაწვდომი საშუალება კი, მოგეხსენებათ, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებია. მართალია, ,,კომუნისტისა“ და ,,Правда“-ს გარდა დღეს საქართველოში სხვა ჟურნალ-გაზეთებზეც (თუნდაც ,,კოქტეილზე“) მიგიწვდება კაცს ხელი, ტელევიზორის პულტის ღილაკები კი შესაძლოა, ყველა ტელეარხს ვერც კი გასწვდეს, მაგრამ თავისთავად საინფორმაციო საშუალებათა სიმრავლე, სამწუხაროდ, საზოგადოების ინფორმირებულობის მაჩვენებელი სულაც არ არის. არადა, თავისუფალ საზოგადოებაში ინფორმაციის ფასი იმაზე მეტია, ვიდრე თუნდაც საგაზეთო ჯიხურში გაზეთის შეძენისას ერთჯერადად გადახდილი 50 თეთრი.
ხალხის მმართველობა, ანუ რასაც ჩვენ დემოკრატიას ვუწოდებთ, სწორედ ინფორმირებული მოქალაქეების მეშვეობით მიიღწევა. ინფორმირებული მოქალაქე აკეთებს ინფორმირებულ არჩევანს. მართალია, დღეს კალენდარულად არჩევანის გაკეთების დრო არ არის, მაგრამ იმის დრო უთუოდაა, რომ ამომრჩეველთა ინფორმირებულობაზე, უფრო ზუსტად იმაზე ვისაუბროთ, თუ როგორ უნდა გააშუქოს მედიამ არჩევნები.
,,NEWS“-ი და ,,VIEWS“-ი
კაცმა რომ თქვას, წესით, ჟურნალისტი არჩევნების პერიოდშიც იგივეს უნდა აკეთებდეს, რაც არჩევნებამდე უნდა ეკეთებინა, ანუ
● აწვდიდეს საზოგადოებას ზუსტ, მიუკერძოებელ და უტყუარ ინფორმაციას;
● ერთმანეთისგან მიჯნავდეს ფაქტებსა და კომენტარს;
● ერთი წყაროს ნათქვამს მეორესთან მაინც ამოწმებდეს, დიქტაფონის ფუნქცია(რასაც ჩასძახებ, იმასვე ამოგძახებს) რომ არ შეიძინოს;
● თავისი აზრი მკითხველს ისე არ უნდა მოახვიოს თავს, რომ ის მაინც არ გააგებინოს, სინამდვილეში რა მოხდა...
ერთი სიტყვით, არჩევნები იქნება ეს თუ იმერეთში ასფალტის დაგება, ჟურნალისტი პროფესიულ სტანდარტს უნდა იცავდეს.
ჟურნალისტიკის ანა-ბანა ანუ ამბის გადმოცემა დემოკრატიულ ქვეყნებში გადაბრუნებული პირამიდის პრინციპზეა აგებული და რაც არ უნდა ელემენტარულად მოგეჩვენოთ, პასუხს სცემს მარტივ შეკითხვებს - ვინ? რა? სად? როდის? რატომ? როგორ? რატომ და როგორ ვერ გეტყვით, მაგრამ გადაბრუნებული პირამიდა ქართულ ჟურნალისტიკაში ხშირად პირდაპირი მნიშვნელობით გადაბრუნებულად ესმით, რის შედეგადაც ჩვენი საინფორმაციო საშუალებებიდან ყველაფერს გაიგებ, ყველაზე მთავარის - ,,ახალი ამბის“ - გარდა. პარიზის უნივერსიტეტის პროფესორის ჟან კლოდ ბერტრანის შეფასებით,
,,მათ (ქართველ ჟურნალისტებს რედ.) თავიანთი თავი პოლიტიკური არენის შემოქმედებად და მსახიობებად წარმოუდგენიათ და არა ინფორმაციის მომპოვებლებად და გამავრცელებლებლად.“
რაც არ უნდა კარდაკარ დაიარონ არჩევნების წინ პოლიტიკოსებმა ამომრჩევლები და თუნდაც მტრედებით აფრინონ სოფლიდან სოფელში ,,უსტარები“, თუკი ინფორმაციის მომპოვებლები და გამავრცელებლები, ჟურნალისტების სახით, ამბის გადმოცემის ნაცვლად საკუთარ აზრებს შემოგვასაღებენ და რაც მთავარია, არ ექნებათ ნეიტრალური დამოკიდებულება გასაშუქებელი მოვლენებისადმი, ამით მხოლოდ მომხმარებელი დაზარალდება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ,,news“-სა (ახალი ახალი ამბავი) და ,,views“-ს (თვალსაზრისი) შორის სადემარკაციო ხაზის გავლება კეთილგანწყობის გამოვლინებაა იგივე მკითხველის, მსმენელისა თუ მაყურებლისადმი, რომლებიც ზრდასრული ადამიანები არიან და თავად შეუძლიათ, განსაჯონ მტყუანმართალი, ანუ: ინფორმაციის მიღების შემდეგ დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილება, რამდენად დამაჯერებელია საინფორმაციო საშუალებით იმავე თემაზე გავრცელებული ესა თუ ის თვალსაზრისი. ამას კი ნამდვილად ვერ მოახერხებენ, თუკი მიუკერძოებელი და ობიექტური ფაქტების ნაცვლად, საინფორმაციო საშუალებებიდან მხოლოდ სუბიექტურ მოსაზრებებს და მზა რეცეპტებს მიიღებენ.
თავისუფალი ინფორმაციის შეზღუდული მომხმარებელი
დოკუმენტს, რომელიც საქართველოში საჯარო დაწესებულებების კარს ნებისმიერი მსურველისთვის, მათ შორის ჟურნალისტებისთვისაც, აღებს, ინფორმაციის თავისუფლების აქტი (ადმინისტრაციული კოდექსის მესავე თავი) ჰქვია და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, ხელისუფლების გამჭვირვალეობის, ერთი სიტყვით, თავისუფალი საზოგადოების მთავარი გარანტია. მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტები ხშირად წუწუნებენ, ინფორმაციის მოპოვებისას შექმნილ სირთულეებზე, სასამართლო პრაქტიკაში თითზე ჩამოსათვლელია შემთხვევები, როცა იგივე ჟურნალისტები საჯარო დაწესებულებებს ინფორმაციის შეფერხების გამო უჩივიან.
პრობლემა, რომელიც, ერთის მხრივ, მედიის, ხოლო, მეორეს მხრივ, ხელისუფლების მიერ არარეალიზებულ უფლებას ეხება, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის 2002 წლის ანგარიშშიცაა ასახული:
,,ადმინისტრაციული კოდექსი შეიცავს ინფორმაციის თავისუფლების მუხლს, რომელიც ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სამთავრობო სხდომების და დოკუმენტების თავისუფალ გაცნობას. თუმცა, ამ საქმით ძალზე ცოტა ჟურნალისტია დაკავებული. ხელისუფლება სათანადოდ ვერ ასრულებს ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული ინფორმაციის თავისუფლების მოთხოვნებს,“
- ნათქვამია ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და შრომის ბიუროს მიერ მომზადებულ მოხსენებაში.
ჩვენში საზოგადოებაც და მათ შორის, ჟურნალისტებიც შეგუებულნი არიან და ხშირად ურეაგიროდ ტოვებენ სახელმწიფო მოხელეთა ისეთ განცხადებებს, როგორიცაა
,,მოვა დრო და ყველაფერს ვიტყვი...“
,,მაქვს მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც ყველაფერს ნათელს მოჰფენს...“
,,საზოგადოება მალე შეიტყობს მეტად საინტერესო ფაქტებს...“
თუკი სახელმწიფო მოხელე საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობს და მას მხოლოდ ოპონენტის დასაშანტაჟებლად იყენებს, ან ,,უკეთეს დროს“ ელოდება, მით უარესი. სხვა რომ არაფერი, ოფიციალური მოხელე უბრალოდ მოვალეა, არ დაუმალოს საზოგადოებას მისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია.
პრეცედენტი, რომელიც შვედმა ჟურნალისტებმა შექმნეს და შვედი ჩინოვნიკებისთვის კარგი გაკვეთილი აღმოჩნდა, პრემიერ-მინისტრობის მაძიებელ ქალბატონ, მონა სალენს უკავშირდება. როდესაც ჟურნალისტებმა მონა სალენს ჰკითხეს, გამოიყენა თუ არა სახელმწიფოს ფული პირადი მიზნით (შვილისათვის პამპერსის თუ შოკოლადის შესაძენად) , მან ეს ფაქტი უარყო. მაშინ ჟურნალისტებმა მათ ხელთ არსებული ინფორმაცია ოფიციალური არხებით გადაამოწმეს და როცა აღმოაჩინეს, რომ ქალბატონი, რომელიც შესაძლოა, მათი ქვეყნის პრემიერი გამხდარიყო, ტყუილს ამბობდა, ისეთი კამპანია ააგორეს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, რომ ამ უკანასკნელმა თავადვე გამორიცხა საკუთარი კანდიდატურა პრემიერობის მაძიებელთა რიცხვიდან. შესაძლოა, ბევრისთვის ეს მაგალითი პამპერსებივით წვრილმანი აღმოჩნდეს, თუმცა, შვედეთში, სადაც ინფორმაციის თავისუფლების აქტით თავს იწონებენ და მედიას მესამე ხელისუფლებას უწოდებენ, ეს პრეცედენტი მნიშვნელოვინია იმდენად, რამდენადაც საჯარო პირს ტყუილის თქმის სურვილს აკარგვინებს.
მესამე ხელისუფლებაზე რა გითხრათ და, თუკი ქართულ ჟურნალისტიკას მეოთხეზე მაინც აქვს პრეტენზია, მან ერთგვარი საზოგადოებრივი მეხსიერების მკვებავის ფუნქცია უნდა შეასრულოს. იგივე არჩევნების დროს კონკრეტული ფაქტებით შეიარაღებულმა არა თუ თვითონ უნდა დაივიწყოს, რას ჰპირდებოდა ამომრჩეველს ესა თუ ის პარტია და კანდიდატი წინა არჩევნებზე, არამედ საზოგადოებასაც შეახსენოს, თუ ვინ ვინ არის. ნებისმიერ კომენტარზე მეტად ამომრჩევლისათვის იმ კონკრეტული დაპირებების შეხსენება ფასობს, რომელთა შესრულებაზე პოლიტიკოსებს არჩევნებიდან არჩევნებამდე უნდა ეზრუნათ.
,,ძველი ცოდვების“ გახსენება არა ერთ პოლიტიკოსს დაუჯდა ძვირად და მედიაც რეალურ ძალაუფლებას სწორედ ასეთი პრეცედენტების შექმნის შედეგად იმკვიდრებდა. ამჯერად უოტერგეიტის საყოველთაოდ ცნობილი სკანდალის ნაცვლად, მაგალითად იმ ანალოგიას მოვუხმობთ, რომელსაც, ერთის მხრივ, ინდოეთსა და მეორეს მხრივ, ლანჩხუთში ჰქონდა ადგილი:
რაჯივიდან რომანამდე
რა შეიძლება ჰქონოდათ საერთო ინდოელ რაჯივ განდისა და ლანჩხუთელ რომან კვაჭაძეს, გარდა იმისა, რომ ორთავეს ცოდვა ჟურნალისტების კისერზე ჰკიდია?
1987 წელს შვედურმა რადიოკომპანია ,,ექომ“ არაერთი მოხელე ამხილა, როცა სამხედრო-სამრეწველო საწარმო ,,ბუფორსთან“ დაკავშირებულ კორუფციულ ფაქტებს მოჰფინა ნათელი. როგორც გაირკვა, ,,ბუფორსმა“ სოლიდური ქრთამი გადაიხადა იმისათვის, რომ ინდოეთის მთავრობისგან საველე ჰაუბიცების დიდ პარტიაზე შეკვეთა მიეღო. ამ სკანდალის აგორების შემდეგ სიტყვა ,,ბუფორსი“ შვედეთში კორუფციის ერთგვარ სინონიმადაც კი იქცა. საქმე რადიოეთერით ფაქტების გაჟღერების დონეზე არ დასრულებულა. ,,ბუფორსის“ სკანდალმა მნიშვნელოვნად აზარალა როგორც საწარმოს იმიჯი მსოფლიო ბაზარზე, ასევე შვედეთის მთავრობა და სოციალ-დემოკრატები. ზიანი მიადგა ულოფ პალმეს, როგორც მშვიდობისმყოფელის იმიჯსაც, რომელიც როგორც მოგვიანებით გაირკვა, თავისი ვიზიტების დროს არამარტო მშვიდობის საკითხზე, არამედ იარაღის მიწოდების შესაძლებლობაზეც აწარმოებდა მოლაპარაკებებს.
,,ბუფორსის“ თემის ტირაჟირებამ არა მარტო შვედეთის მთავრობა, ინდოეთის იმჟამინდელი პრემიერ-მინისტრი რაჯივ განდიც მნიშვნელოვნად აზარალა. თავად განდის არაერთხელ განუცხადებია, რომ მთავარი მიზეზი, რის გამოც, მან არჩევნები წააგო, ,,ბუფორსის“ სკანდალი იყო. ჟურნალისტების მიზეზით 1999 წლის საპარლამენტო არჩევნების წაგებას უჩივის ლანჩხუთის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი რომან კვაჭაძეც. თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ რაჯივ განდისთან შედარებით, კვაჭაძის ,,ცოდვები“ არც ისე მასშტაბურია. ისტორია კი ასეთია:
1999 წელს რომან კვაჭაძე ჯერ კიდევ ლანჩხუთის მაჟორიტარი დეპუტატი იყო, როცა რეგიონალურ დამოუკიდებელ გაზეთ ,,ლანჩხუთი Plus“-ში გამოქვეყნდა ერთი შეხედვით უწყინარი ინფორმაცია, რომელიც ,,დაცული ტერიტორიების შესახებ“ კანონპროექტში ლანჩხუთელებისთვის არასასურველი ცვლილებების შეტანის მცდელობას ეხებოდა. მართალია, ინფორმაციაში ლანჩხუთის მაჟორიტარი დეპუტატი ნახსენებიც კი არ ყოფილა, მაგრამ დეპუტატმა კვაჭაძემ სწორედ ამ ინფორმაციის გამო ჩათვალა თავი შეურაცხყოფილად და საპასუხო წერილები მეორე რეგიონალურ გაზეთში ,,ლანჩხუთის მოამბეში“ გამოაქვეყნა. მაშინ დეპუტატი ხსენების ღირსად ,,ლანჩხუთი Plus“-შიც გახადეს და ცხელ გულზე ერთი-ორი პასკვილიც მიუძღვნეს. პასუხის პასუხი რომან კვაჭაძემ სასამართლოში გაასაჩივრა. მან ჟურნალისტის ისეთი გამონათქვამები, როგორიცაა
„მატყლის საჩეჩად გაგიშვა ლანჩხუთმა პარლამენტში?“
„დავიჯერო, სამივე მოსმენის დროს გეძინა?“
„ლანჩხუთში ფეხებს გვჭრის და პარლამენტში თავსო...“
შეურაცხმყოფელად ჩათვალა და შეურაცხყოფილის პირობაზე 25 ათასი ლარიც მოითხოვა. თუმცა, დეპუტატობის მაძიებლის ერთადერთი სამდურავი ეს არ ყოფილა. როგორც სასარჩელო განცხადებაში თავად კვაჭაძემ აღნიშნა:
,,ამგვარი ,,ეპითეტები” ჩემი მისამართით გამოაქვეყნა რედაქტორმა ზაზა ნაკაშიძემ, საარჩევნო კომპანიის (სტილი დაცულია-რედ.) მიმდინარეობისას, რითაც შეილახა ჩემი როგორც მოქალაქის, ადამიანის, ასევე დეპუტატობის კანდიდატის პატივი და ღირსება. ფაქტიურად დამიკარგა რაიონის მოსახლეობის ნაწილის წინაშე ავტორიტეტი, რომელსაც შედეგად მოჰყვა ჩემი დამარცხება.“
რომან კვაჭაძე არამარტო არჩევნებზე, სასამართლოშიც დამარცხდა, სადაც მისი მოთხოვნა უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად ჩათვალეს.
РОДИНА МАТЬ ЗОВЕТ
რა პრინციპით ახდენს ჟურნალისტი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის შერჩევას, რამდენად ძლიერია ამ დროს სუბიექტური ფაქტორი და საერთოდ, რამდენად ნეიტრალურია მედია მოსალოდნელი შედეგების მიმართ?
ჟურნალისტიკის ისტორიიდან ისეთი მაგალითების მოხმობაც შეიძლება, რომლებიც კარგი გაკვეთილი აღმოჩნდა თავად მედიისათვის. ,,ღორების ყურის“ სახელით ცნობილი ისტორიის გახსენება, ალბათ, ჩვენთვის იმ მხრივ უნდა იყოს საყურადღებო, რომ ,,სახელმწიფოებრივ ინტერესებს“ წინასაარჩევნო პერიოდში ქართულ მედიასაც უთუოდ შეახსენებენ. 1961 წელს ,,ნიუ-იორკ ტაიმსის“ რეპორტიორმა ტედ შულცმა მოიპოვა ინფორმაცია, რომ ცენტრალური სადაზვერვო ბიურო ხელს უწყობდა ამერიკაში მცხოვრები ანტიკომუნისტი ემიგრანტების კუბაზე თავდასხმის ოპერაციას. ბუნებრივია, გაზეთმა ეს ინფორმაცია ღირებულ top news-ად (წამყვანი მასალა) ჩათვალა. პრეზიდენტმა ჯონ კენედიმ კი, პირიქით. მან პირადად დაურეკა ,,ნიუ-იორკ ტაიმსის“ პასუხისმგებელ გამომცემელს ორვილ დრეიფუსს და სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, პუბლიკაციაზე ვეტოს დადება სთხოვა.
ყველაზე უცნაურად ამ ისტორიაში ექსპერტები მიიჩნევენ არა იმას, რომ პრეზიდენტმა რედაქციაში დარეკა, არამედ იმას, რომ რედაქტორი პრეზიდენტის ზეწოლას დაემორჩილა და პირველი გვერდის ნაცვლად, მოარულ ხმებზე დაყრდნობითა და კონკრეტული თარიღისა და ,,სპეცსამსახურის“ მონაწილეობის მითითების გარეშე, ეს ინფორმაცია გაზეთის ბოლო გვერდებზე ისე გამოაქვეყნა, რომ ნაკლებად თვალშისაცემი ყოფილიყო.
ღორების ყურეში გადასხმის ოპერაცია კი 1961 წლის 17 აპრილს საკმაოდ ტრაგიკულად და წარუმატებლად დასრულდა. როგორც გაირკვა, ოპერაციის თაობაზე კუბის სპეცსამსახურებიც იყვნენ ინფორმირებული და ისინი 1500 კუბელ ემიგრანტს მომზადებულები დახვდნენ. ოპერაციას დიდი მსხვერპლი მოჰყვა. მეორე დღეს პრეზიდენტმა კენედიმ საჯაროდ გაიშვირა ხელი ,,ნიუ-იორკ ტაიმსის“ რედაქტორისკენ და სწორედ მას დააკისრა პასუხისმგებლობა მომხდარის გამო: გაზეთს რომ ჯონ კენედი გამოექვეყნებინა მის ხელთ არსებული ინფორმაცია, ეს თავდასხმა არ შედგებოდაო, - განაცხადა კენედიმ.
ამ ნეგატიური ინციდენტიდან ამერიკელმა ჟურნალისტებმა პოზიტიური დასკვნა გამოიტანეს: მედია მოვალეა, ყოველთვის გააშუქოსსაზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი, დოკუმენტურად დადასტურებული ინფორმაცია და არ იმტვრიოს თავი მოსალოდნელ შედეგებზე ფიქრით. ომებზე, მიტინგებზე, აქციებზე თუ სხვა მოვლენებზე პასუხისმგებელი ჟურნალისტი იმ უბრალო მიზეზის გამო ვერ იქნება, რომ მას ამ ომების, მიტინგების, აქციების თუ სხვა მოვლენების გამშუქებლის მისია აკისრია და არა ორგანიზატორის ან თუნდაც მონაწილის.
ეს მაგალითი პირადად მე საქართველოში 1999 წლის წინასაარჩევნო პერიოდს მაგონებს, როდესაც ხელისუფლებამ მოახერხა ყველას, მათ შორის მედიის, დარაზმვა ,,საერთო მტრის“ - ბათუმური ბლოკის წინააღმდეგ, რომელთანაც ეგრეთ წოდებული რუსული საფრთხე გააიგივა. სხვათა შორის, პარადოქსია, მაგრამ იმ დროს ხელისუფლებაზე მეტად ,,სახელმწიფოებრივი ინტერესებით“ ჟურნალისტები ,,აშინებდნენ“ საკუთარ თავს და ამ ,,ინტერესების“ გადასარჩენად ერთგვარ თვითცენზურასაც კი მიმართავდნენ. ტრადიციული სპეკულაციები (Рщдина Мать Зовет) ალბათ, არც ამ არჩევნებისთვის იქნება უცხო. უბრალოდ, თუ ქართველი ჟურნალისტები, ამერიკელების მსგავსად, საკუთარ შეცდომებზე ისწავლიან, დამერწმუნეთ, ხელისუფლების გამო პასუხისმგებლობას ამომრჩეველი მათ ნამდვილად არ დააკისრებს.
რას ფიქრობს ხალხი?
იმის გარკვევა, თუ რას ფიქრობს ხალხი, სახელმწიფო ტელევიზიის I არხის გარდა, საზოგადოებრივი აზრის კვლევის სამსახურებსაც უცდიათ. სოციოლოგიურ კვლევებს, ინტერაქტიულ გამოკითხვებს და საზოგადოების სახელით ლაპარაკის მცდელობას მასობრივი ინფორმაციის საშუალებები განსაკუთრებული ინტენსიობით წინასაარჩევნო პერიოდში მიმართავენ. თუმცა, ყოველთვის არ იცავენ იმ წესებს, რომელთა დაცვა დემოკრატიულ სამყაროში კვლევის შედეგების გამოქვეყნების დროს აუცილებელი პირობაა. მაგალითად, სლოვენიის ეთიკის კოდექსი კვლევის შედეგების გაშუქებისას საჭიროდ მიიჩნევს კვლევის მეთოდოლოგის მითითებასაც: სახელდობრ, თუ რამდენმა პირმა გასცა კითხვარს პასუხი, კვლევის ჩატარების დროს და ადგილს.
აშშ-ს საზოგადოებრივი აზრის კვლევათა ნაციონალური საბჭოს 5 კითხვა, რომელსაც ამ ნომერში წარმოგიდგენთ (იხ. ჟურნალისტთა საერთაშორისო ცენტრის მიერ მომზადებული გზამკვლევი, გვერდი 14) , დაეხმარება როგორც საინფორმაციო საშუალებებს, კრიტიკულად მიუდგნენ კვლევის შედეგების გაშუქებას, ასევე ჩვენც კრიტიკულად განვიხილოთ ის პრაქტიკა, რომელიც ამ მხრივ ქართულ მედიაში დამკვიდრდა.
ამ მხრივ ყველაზე ,,თვალსაჩინოდ“, ალბათ, სახელმწიფო ტელევიზიის პროგრამა ,,რა ხდება?“ გამოდგება, რომელიც ხშირად მიმართავს ქუჩაში ინტერაქტიულ გამოკითხვებს და ხალხის სახელით ლაპარაკის პრეტენზიაც აქვს. თუმცა, ეს გადაცემა აშკარად ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ კითხვა, რომლითაც ქუჩაში გამვლელებს მიმართეს, სულ სხვაგვარად იყო ფორმულირებული, ვიდრე ეს მაყურებელს ტელე ეთერით მიაწოდეს, ხოლო პასუხი კონტექსტიდან ამოგლეჯილს უფრო წააგავს. ქუჩაში შემთხვევით გამვლელთა შორის შესაძლოა, ასევე შემთხვევით სახელისუფლებო პარტიის აქტივისტებიც კი ამოიცნო. მაყურებელი ვერც იმას შეიტყობს, თუ რამდენი ადამიანის გამოკითხვა ჩატარდა და პასუხები პროცენტულად როგორ დაჯგუფდა. ალბათ, საერთოდ საკითხავია ასეთი გამოკითხვების სანდოობის პროფესიული შეფასება.
მაყურებელი, მსმენელი თუ მკითხველი ამგვარი ეჭვებით რომ არ დაიტანჯოს, დემოკრატიულ სამყაროში მედიის საშუალებები პროფესიულ სტანდარტს აწესებენ. მაგალითად, ამერიკაში გაერთიანებული პრესის მენეჯერ რედაქტორთა ასოციაცია (Associated Press Managing Editors Association) ნებისმიერი სახის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების გაშუქებისას, სხვა კომპონენტების მითითებასთან ერთად, აუცილებლად მიიჩნევს რესპონდენტის მიმართ დასმული შეკითხვის ზუსტი ფორმულირების გადმოცემას. პასუხის აღსაქმელად დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორ იყო ფორმულირებული თავად შეკითხვა. მაგალითად, ინტერვიუერის კითხვებზე -
,,ვის აირჩევთ პრეზიდენტად: შევარდნაძეს თუ ლიპარტელიანს?“
და
,,ვინ იქნებოდა უკეთესი პრეზიდენტი: შევარდნაძე თუ ლიპარტელიანი?“
- ბუნებრივია, სრულიად განსხვავებულ პასუხებს უნდა მოველოდეთ. თუმცა, თუ საინფორმაციო საშუალება ფალსიფიკაციას მიმართავს: მეორეს პასუხს პირველ შეკითხვასთან დააწყვილებს და ასე წარმოადგენს ,,ობიექტურ რეალობას“, აქ უკვე თავად საინფორმაციო საშუალების კეთილსინდისიერება დადგება ეჭვქვეშ.
მედია მოვალეა, მკითხველს არც ის დაუმალოს, თუ ვინ წარმოადგენს საზოგადოებრივი აზრის კვლევის დამკვეთს ანუ ვის უღირს ფულად ხალხის აზრი. დამკვეთის იდენტიფიცირება ეხმარება მკითხველსა თუ მსმენელს, თავად განსაჯოს, თუ რამდენად სანდოა ესა თუ ის გამოკითხვა. მაგალითად, თუ კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ X-ი რეიტინგით უსწრებს Y-ს და ამასთანავე ირკვევა, რომ კვლევითმა სამსახურმა აღნიშნული გამოკითხვა X-ის დაკვეთით შეასრულა, მომხმარებელს აქვს უფლება, ეჭვი შეიტანოს ამ შედეგების სანდოობაში, მედიის საშუალებებს კი აქვთ ვალდებულება, პატივი სცენ მომხმარებლის უფლებას: მიაწოდონ მათ ამომწურავი ინფორმაცია (გამოკითხულთა რაოდენობის, შერჩევის კრიტერიუმების, სავარაუდო ცდომილების და ა.შ.) , მათ შორის, ფინანსური წყაროს შესახებ და არ გამოტოვონ ისეთი დეტალები, რომელთა გარეშეც შესაძლოა, შედეგები რადიკალურად განსხვავებულად იყოს აღქმული.
არათანასწორთა თანასწორი შანსები
არჩევნების გაშუქების მთავარი სპეციფიკა და შეიძლება ითქვას, მთავრი სირთულეც პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატებისთვის თანაბარი პირობების შექმნაში მდგომარეობს. დამოუკიდებელი მედია ამ საკითხს დამოუკიდებელად არეგულირებს (ცხადია, თუ არ ჩავთვლით საარჩევნო რეკლამაზე დამოკიდებულებას) . სირთულეს, რომელიც, ერთის მხრივ, შეზღუდული საეთერო დროითა და საგაზეთო ფართით, ხოლო მეორეს მხრივ, შეუზღუდავი პოლიტიკური რესურსებითაა განპირობებული, მედიის სხვადასხვა საშუალება სხვადასხვაგვარად აგვარებს: ზოგიერთი საინფორმაციო საშუალება კვლევითი სამსახურების მონაცემებზე დაყრდნობით განსაზღვრავს მეტნაკლებად რეიტინგულ პოლიტიკურ პარტიებს და დროსა და სივრცეს თანაბრად მათზე ანაწილებს.
IREX-ის ექსპერტი ლეა კოლენბერი ჟურნალისტებს ურჩევს წინასაარჩევნოდ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს სამი შეკითხვით მიმართონ, პასუხები ყოველგვარი რედაქტირების გარეშე, გრამატიკული შეცდომების ჩათვლით, სიტყვა-სიტყვით გამოაქვეყნონ და პოლიტიკოსთა ფოტოსთან ერთად განათავსონ. ეს საშუალებას მისცემს მკითხველს, პოლიტიკურ პარტიათა შანსები თავად შეადაროს ერთმანეთს. მეორე ვარიანტი, რომელსაც ამერიკელი ექსპერტი გვთავაზობს, ეს თემატური საკითხების განსაზღვრა (მაგალითად, როგორ აპირებენ გზების, პენსიების, ელექტროენერგიის და სხვა პრობლემების მოგვარებას) და მათ მიხედვით პოლიტიკოსთა გამოკითხვაა. პარტიათა ჩამონათვალი, რომელთაც იდენტური პასუხები ექნებათ, შესაძლოა, ერთი წინადადებითაც კი გადმოიცეს.
ტელე და რადიო კომპანიები დებატების ფორმას აძლევენ უპირატესობას და პოლიტიკოსთა შერჩევას რეგიონალური პრინციპით ახდენენ.
თუ დამოუკიდებელი მედია მეტნაკლებად თავად არეგულირებს არჩევნების გაშუქების პროცესს, თანასწორი პირობების შექმნის მხრივ ყველაზე მეტი მოეთხოვება სამთავრობო მედიას, რომელიც ბიუჯეტის ხარჯზე ანუ ამომრჩეველთა ჯიბიდან ფინანსდება. პარტიებისა და პოლიტიკოსების საეთერო დროითა და საგაზეთო ფართით უზრუნველყოფის ვალდებულება გამორიცხავს პასუხისმგებლობას პოლიტიკური რეკლამის შინაარსობრივ მხარეზე. სამთავრობო მედიის ვალდებულებებში მხოლოდ დროისა და სივრცის მათემატიკური სიზუსტით დაყოფა არ შედის. მაქსიმალურად აწონ-დაწონილად უნდა მოხდეს იგივე ოფიციალური ქრონიკის გაშუქება, რათა არჩევნებში მონაწილე სახელისუფლებო ძალები ნებსით თუ უნებლიეთ უპირატეს მდგომარეობაში არ აღმოჩნდნენ. მით უფრო, რომ საქართველოს ზოგიერთ რეგიონში მხოლოდ სამთავრობო მაუწყებლობა და პრესაა ხელმისაწვდომი და ამ რეგიონის ამომრჩევლებს მცდარი შეხედულება რომ არ შეექმნათ, თუ ისტორიული განვითარების რა ეტაპზე იმყოფებიან ან კიდევ შეზღუდული წარმოდგენა არ ჰქონდეთ ქვეყანაში არსებულ პოლიტიკური რესურსების შესახებ, თუნდაც ამიტომ არის ყველა პოლიტიკური ძალისათვის თანაბარი შანსების მიცემა აუცილებელი.
განვითარებად ქვეყნებში, სადაც რუდიმენტი, სამთავრობო მედიის სახით, ჯერ კიდევ შემორჩენილია, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზოგადად მედიაზე, განსაკუთრებით კი სახელისუფლებო საინფორმაციოსაშუალებებზე მონიტორინგის განხორციელება. ამგვარი მონიტორინგის (იხ. მედია მონიტორინგი, გვერდი 31) შედეგებიც გარკვეული ინდიკატორი იქნება იმის განსასაზღვრად, თუ რამდენად სამართლიანი არჩევნები ჩატარდა საქართველოში.
სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ ნებისმიერი შედეგის შემთხვევაში, მედიის პასუხისმგებლობა არც თუ ისე უმნიშვნელო იქნება.
![]() |
2 7 რჩევა საარჩევნო პროცესის გასაშუქებლად |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
3 საზოგადოებრივი აზრის კვლევა მანიპულაციის თუ რეალური ანალიზის ინსტრუმენტი? |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
4 ევროპის საბჭო მინისტრთა კომიტეტი მედიაში საარჩევნო კამპანიების გაშუქების საკითხებთან დაკავშირებით |
▲ზევით დაბრუნება |
წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის
რეკომენდაცია No.R (99) 15
(მიღებულია მინისტრთა კომიტეტის მიერ 1999 წლის 9 სექტემბერს, მინისტრთა მოადგილეების 678-ე სხდომაზე)
ეფუძნება რა ევროპის საბჭოს სტასუსის მე-15ბ მუხლს, მინისტრთა კომიტეტი აღნიშნავს მედიის განსაკუთრებულ როლს თანამედროვე საზოგადოებებში, განსაკუთრებით საარჩევნო პერიოდებში;
ხაზს უსვამს, რომ მედიის სარედაქციო დამოუკიდებლობის ფუნდამენტური პრინციპი განაპირობებს მედიის განსაკუთრებულ მნიშვნელობას საარჩევნო პროცესში;
მხედველობაში იღებს ბეჭდური და სამაუწყებლო მედიის სპეციფიკათა მნიშვნელოვან სხვაობას;
ხაზს უსვამს, რომ სამაუწყებლო მედიის მიერ არჩევნების გაშუქება უნდა იყოს სამართლიანი, დაბალანსებული და დამოუკიდებელი;
მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივ მაუწყებლებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრებათ მათი პროგრამებით არჩევნების სამართლიანი და ყოვლისმომცველი გაშუქების უზრუნველყოფაში, რაც იმავდროულად, პოლიტიკური პარტიებისთვისა და კანდიდატებისთვის უფასო საეთერო დროის დათმობასაც გულისხმობს;
ყურადღებას ამახვილებს საარჩევნო პროცესისათვის დამახასიათებელი ისეთი მასალების გაშუქებაზე, როგორიცაა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები, დაფინანსებული პოლიტიკური რეკლამა, პასუხის უფლება, წინასაარჩევნო პერიოდის გაშუქების უზრუნვეყოფა და დროის უზრუნველყოფა;
ხაზს უსვამს მედია პროფესიონალთა თვითრეგულირების ისეთი სისტემების ამოქმედების მნიშვნელობას - მაგალითად, პროფესიული სტანდარტის კოდექსი - რომელიც საარჩევნო კამპანიის სამართლიანი გაშუქების სტანდარტებს დაადგენს;
აღიარებს ამ სფეროში რეგულირებისა და თვითრეგულირების ნებაყოფლობით ხასიათს;
აღიარებს არჩევნების გაშუქების პროცესში შესაბამისი მექანიზმების ეფექტურობასა და მათ მნიშვნელობას დემოკრატიული არჩევნებისათვის, ითვალისწინებს წევრი ქვეყნების განსხვავებულ საკანონმდებლო ბაზას და პრაქტიკას და იმ ფაქტს, რომ ეს საკითხები, სხვადასხვა ქვეყნებში განსხვავებული კანონებით რეგულირდება.
ადასტურებს, რომ საარჩევნო კამპანიის გაშუქებაზე ფოკუსირებულმა ნებისმიერმა მარეგულირებელმა მექანიზმმა, უპირველეს ყოვლისა, პატივი უნდა სცეს ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის მე-10 მუხლით გათვალისწინებული აზრის გამოხატვის ფუნდამენტურ მოთხოვნას იმ ინტერპრეტაციით, როგორსაც მას ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლო აძლევს.
ეყრდნობა მინისტრთა მე-4 კონფერენციის No 2 რეზოლუციას (პრაგა, 1994წლის დეკემბერი) მასმედიის პოლიტიკასთან დაკავშირებით და მინისტრთა კომიტეტის No.R (96) 10 რეკომენდაციას საზოგადოებრივი მაუწყებლობის დამოუკიდებლობის გარანტიების შესახებ.
რეკომენდაციას აძლევს წევრ სახელმწიფოებს, რათა მათ ყოველი ღონე იხმარონ საარჩევნო კამპანიის სამართლიანი, დამოუკიდებელი და დაბალანსებული გაშუქების უზრუნველყოფის მექანიზმების გასაძლიერებლად და განავრცონ ეს პრინციპები ქვეყნების შინაურ კანონმდებლობასა და პრაქტიკაში (იქ, სადაც არის ამის საჭიროება) , მოიყვანონ პროცესი ქვეყნების საკონსტიტუციო კანონმდებლობასთან შესაბამისობაში.
რეკომენდაციის დამატება No.R (99) 15
რეკომენდაციის მიზანი
საარჩევნო კამპანიის სამართლიანი, დაბალანსებული და მიუკერძოებელი გაშუქების პრინციპი უნდა მოქმედებდეს წევრ სახელმწიფოებში გამართულ ყველა დონის არჩევნებზე - იქნება ეს საპრეზიდენტო, საკანონმდებლო ორგანოს, რეგიონალური და ადგილობრივი არჩევნები, ასევე რეფერენდუმი.
ამავე პრინციპებს უნდა ემყარებოდეს საარჩევნო კამპანიის გაშუქება უცხო სახელმწიფოშიც, მით უმეტეს მაშინ, როდესაც მედია ამ უცხო სახელმწიფოს მოქალაქეებს მიმართავს.
I. ბეჭდური მედია
1. პრესის თავისუფლება
მარეგულირებელი მექანიზმების საქმიანობა არ უნდა ხელყოფდეს გაზეთებისა თუ ჟურნალების სარედაქციო დამოუკიდებლობის პრინციპებს და მათ უფლებას, გამოხატონ საკუთარი პოლიტიკური პრეფერენცია.
2. სახელმწიფო გამოცემები
წევრმა ქვეყნებმა უნდა უზრუნველყონ საარჩევნო კამპანიების სამართლიანი, დაბალანსებული და მიუკერძოებელი გაშუქება სახელმწიფოს კუთვნილ ბეჭდურ გამოცემებში და გამორიცხონ ამა თუ იმ პარტიის ან კანდიდატის დისკრიმინაციის ნებისმიერი გამოვლინება.
თუ ასეთი გამოცემები აქვეყნებენ ფასიან პოლიტიკურ განცხადებებს, უნდა იყოს სრული გარანტია იმისა, რომ მთელ პოლიტიკურ სპექტრს მიუწვდება ხელი ასეთ განცხადებებზე და მათთვის გამოიყოფა მოთხოვნილი/შეკვეთილი საგაზეთო/საჟურნალო ფართი და არც ერთი მხარის მიმართ არ დაიშვება დისკრიმინაცია.
სამაუწყებლო მედია
1. ზოგადი მექანიზმი
მარეგულირებელმა მექანიზმებმა ხელი უნდა შეუწყონ საარჩევნო კამპანიის პროცესში მოსაზრებების პლურალისტურ გაშუქებას სამაუწყებლო მედიაში.
სრული დაცვით, საარჩევნო კამპანიების გაშუქების პროცესში მარეგულირებელმა მექნიზმმა უნდა იმოქმედოს იმგვარად, რომ არ ხელყოს სამაუწყებლო მედიის საშუალებათა სარედაქციო თავისუფლება და უზრუნველყოს საარჩევნო კამპანიების სამართლიანი, დაბალანსებული და მიუკერძოებელი გაშუქება სამაუწყებლო პროგრამებში. ეს ვალდებულება ერთნაირად ეკისრება, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო მედია საშუალებებს მათი გავრცელების არეალში.
იმ ქვეყნებში, სადაც ,,წინა-საარჩევნო დროის“ ცნება განმარტებულია შიდა კანონმდებლობაში, სამართლიანი, დაბალანსებული და მიუკერძოებელი გაშუქების ნორმა ამ პერიოდსაც თანაბრად მოიცავს.
2. ახალი ამბებისა და მიმდინარე მოვლენების პროგრამები
იქ, სადაც არ მოქმედებენ თვითრეგულირების მექანიზმები, წევრმა ქვეყნებმა უნდა მიიღონ ზომები, რათა საარჩევნო პერიოდში უზრუნველყონ სამართლიანი, დაბალანსებული და მიუკერძოებელი გაშუქება როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სამაუწყებლო მედიაში და იყვნენ განსაკუთრებით მიუკერძოებელნი ახალი ამბების, მიმდინარე მოვლენების გაშუქებისას, სადისკუსიო პროგრამების და ინტერვიუების გაშუქების ჩათვლით.
არავითარი უპირატესობა არ უნდა მიენიჭოს ხელისუფლების წარმომადგენლებს. ასეთ საკითხებზე თვითრეგულირების მექანიზმები დაუყოვნებლივ უნდა რეაგირებდნენ. ვითარებისდა მიხედვით, წევრმა სახელმწიფოებმა უნდა განსაზღვრონ და პრაქტიკიდან გამომდინარე გადაწყვიტონ, უნდა ჰქონდეს თუ არა საარჩევნო კამპანიაზე მონიტორინგის უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო წარმომადგენელს პროცესში ჩარევისა და შესაძლო დეფექტის აღმოფხვრის უფლება.
3. სხვა პროგრამები
განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს გადაცემები, რომლებსაც არა აქვთ პირდაპირი შეხება საარჩევნო თემატიკასთან (ახალი ამბები, მიმდინარე მოვლენები) , მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ ზეგავლენას მოახდენენ ამომრჩევლის გადაწყვეტილებაზე. 18 თავისუფლება
4. უფასო საეთერო დრო პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატებისათვის სახელმწიფო მაუწყებლობაში.
წევრმა სახელმწიფოებმა უნდა გაითვალისწინონ, მარეგულირებელი მექანიზმების საქმიანობისას, საარჩევნო პროცესში თავისუფალი საეთერო დროის ხელმისაწვდომობა სახელმწიფო მაუწყებლობაში.
იქ, სადაც თავისუფალი საეთერო დრო ხელმისაწვდომია ყველა პარტიისა თუ კანდიდატისათვის, განსაკუთრებული აქცენტი დაბალანსებაზე, მკაფიო კრიტერიუმებსა და პროცესის გამჭვირვალეობაზე უნდა გაკეთდეს.
5. ფასიანი პოლიტიკური განცხადებები
ბევრ ქვეყნებში, სადაც ფასიანი პოლიტიკური განცხადებები მიღებული პრაქტიკაა, მარეგულირებელმა მექანიზმებმა უნდა უზრუნველყონ:
- თანაბარი ფასები და ეთერის მოცულობა მთელი პოლიტიკური სპექტრისათვის;
- მაყურებლის ინფორმირება იმის თაობაზე, რომ ის ფასიან პოლიტიკურ განცხადებას უყურებს ან ისმენს;
შესაძლოა, წევრმა ქვეყნებმა, მარეგულირებელი მექანიზმების საშუალებით, განსაზღვრონ სამაუწყებლო დროის ის ლიმიტი, რომლის შესყიდვის უფლება პოლიტიკური განცხადებებისთვის ექნებათ პოლიტიკურ პარტიებსა თუ კანდიდატებს.
ბეჭდურ და სამაუწყებლო მედიასთან დაკავშირებული საერთო ღონისძიებები
1. წევრმა ქვეყნებმა უნდა მიიღონ ზომები, რათა მარეგულირებელმა მექანიზმებმა აკრძალონ ფარული რეკლამირება ან საარჩევნო განცხადებების გავრცელება არჩევნების წინა დღეს;
2. საზოგადოებრივი აზრის კვლევები
მარეგულირებელმა ან თვითრეგულირების მექანიზმებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ მედიაში საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნების შემთხვევაში საზოგადოებისათვის იმ აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების საჭიროებაზე, რომელზე დაყრდნობითაც მკითხველს/მაყურებელს/მსმენელს კვალიფიციური დასკვნის გაკეთების საშუალება ექნება. კერძოდ, საზოგადოებამ უნდა იცოდეს:
- რომელი პოლიტიკური ან სხვა ორგანიზაციის მიერ არის დაკვეთილი და დაფინანსებული ეს გამოკითხვა;
- რომელმა ორგანიზაციამ ჩაატარა გამოკითხვა;
- როგორია შესაძლო ცდომილების მასშტაბი;
- დრო ან დროის მონაკვეთი, როდესაც მოეწყო გამოკითხვა.
ყველა სხვა ასპექტთან მიმართებაში, რა სახით ან რა ფორმატით გაავრცელონ გამოკითხვის შედეგები, გადაწყვეტილებებს რედაქციები დამოუკიდებლად ღებულობენ;
არჩევნების დღემდე ერთი ან რამოდენიმე დღით ადრე საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების (არჩევნების სავარაუდო შედეგების) გამოქვეყნება/გავრცელებასთან დაკავშირებული შეზღუდვების დადგენა წევრ ქვეყნებში დასაშვებია ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის შესაბამისად, მხოლოდ იმ ინტერპრეტაციით, როგორსაც მას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო აძლევს. წევრმა ქვეყნებმა შესაძლოა, იხელმძღვანელონ რეკომენდაციით, რომლის თანახმად, იკრძალება ე.წ. ეგზით-პოლის შედეგების გახმოვანება ყველა საარჩევნო უბნის დახურვამდე.
საარჩევნო პერიოდში მედიის დაცვის ღონისძიებები
1. ხელისუფლების ჩაურევლობა
ხელისუფლების წარმომადგენლებმა თავი უნდა შეიკავონ ჟურნალისტურ საქმიანობაში ნებისმიერი სახის ჩარევისაგან;
2. მედიის დაცვა არამართლზომიერი ზეწოლის, დაშინებისა და თავდასხმებისაგან
ხელისუფლებამ ყველა ღონე უნდა იხმაროს, რათა უზრუნველყოს ჟურნალისტის უსაფრთხოება და შეუქმნას პირობები პროფესიული მოვალეობის განსახორციელებლად. იმავდროულად, ამ ზომებმა არ უნდა შეზღუდოს ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობა.
![]() |
5 გარდაქმნების მიზნით მექსიკური გაზეთები მიუკერძოებლობას მიმართავენ |
▲ზევით დაბრუნება |
ჯონ ვუორდ ანდერსონი
,,The Washington Post“-ის უცხოურიბიუროს გამოცემა
მედია-ჯგუფი Reforma აწესებს სტანდარტს, თუ როგორ უნდა გაშუქდეს არჩევნები
მონტერეი, მექსიკა, 22 ივნისი - 1985 წლის ნოემბერში გავრცელდა ხმები, რომ მექსიკის მმართველი ინსტიტუციონალური რევოლუციური პარტია (PRI) მონტერეის გარეუბნებში მერის არჩევნების შედეგებზე აქტიური ზეგავლენის მოხდენას აპირებდა. გაზეთ El Norte-ს გამბედავმა გამომცემელმა ალეხანდრო ხუნკომ ამ გეგმის წინააღმდეგ გაილაშქრა.
თითოეულ საარჩევნო უბანთან ხუნკომ მრიცხველით აღჭურვილი თითო-თითო ადამიანი დააყენა, რათა საარჩევნო უბანში ხმის მისაცემად მისულ ამომრჩეველთა რაოდენობა აღერიცხათ. მართალია, კალკულაციის შედეგების მიხედვით ხუნკო არჩევნების შედეგებზე ვერ იმსჯელებდა, მაგრამ, სხვა თუ არაფერი, არჩევნებში მონაწილეთა ჯამური რაოდენობის შემოწმებას და შეჯერებას მაინც შესძლებდა. ამ მეთოდმა გაამართლა. მომდევნო დღეს El Norte იუწყებოდა, რომ მმართველმა პარტიამ იმაზე გაცილებით მეტი ხმა მიიღო არჩევნებზე, ვიდრე საარჩევნო უბნებში მისული და აღნუსხული ამომრჩეველი დაფიქსირდა.
ეს იყო ერთგვარი გარდამტეხი რეპორტაჟი, რომლის წყალობით, ხუნკოს მედია-ჯგუფ Reforma-ს საგაზეთო იმპერია ყველაზე დაფასებული და გავლენიანი საგაზეთო ჯგუფი, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ძალა გახდა, რომელიც მექსიკაში გარდაქმნებს განაპირობებდა. ხუნკოს ოთხმა მთავარმა გაზეთმა - განსაკუთრებით კი ყოველდღიურმა ღეფორმა-მ, რომლის გამოცემაც ქ. მეხიკოში 1993 წლის დასასრულისთვის დაიწყო, - მექსიკური ჟურნალისტიკა ძირეულად გარდაქმნა, დააწესა რა ახალი სტანდარტები აგრესიული, მაგრამ უმრავლესობისთვის მისაღები, მიუკერძოებელი რეპორტაჟებისთვის, რომელთაც ფერადი, ეფექტური გამოსახულებები კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის.
ცოტა ვინმე თუ მოელოდა ამ წლის საპრეზიდენტო არჩევნების მასობრივ გაყალბებას. მაგრამ 2 ივლისის არჩევნების მოახლოებისა და წინასაარჩევნო ბრძოლის გამწვავებასთან ერთად, ხუნკო და მისი ოთხი გაზეთი - Reforma მეხიკოში, El Norte მონტერეიში, Mural გუადალახარასა და Palabra სალტილიოში - თავს არაფერზე დებენ.
ამ გაზეთების პირველ გვერდებზე იბეჭდება განცხადებები, რომლებიც არჩევნებთან დაკავშირებით დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, მკითხველს მოუწოდებს, სპეციალურ სატელეფონო ნომრებზე დარეკოს. 18-კაციანი ჯგუფი რადიო და სატელევიზიო პროგრამების მონიტორინგს ახდენს იმის გასარკვევად, თუ როგორ შუქდება წინასაარჩევნო კამპანია და გადააჭარბეს თუ არა კანდიდატებმა ნებადართულ ლიმიტს. არჩევნების დღეს სატელიტური ტელეფონით აღჭურვილი 100 კორესპონდენტი მექსიკის ყველაზე მიყრუებულ რეგიონებში გაემგზავრება - იქ, სადაც არჩევნების გაყალბების საფრთხე ყველაზე დიდია - რათა გააშუქოს ნებისმიერი პრობლემა.
გაზეთების ამ ჯგუფის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა, ანალიტიკოსთა უმრავლესობის აზრით, მთელს მექსიკაში ყველაზე სანდოა. გამოკითხვებმა ცხოვრების წესის, რეიტინგის, ეკონომიკისა და არჩევნების შესახებ მექსიკა პოლიტიკურად განავითარა და აიძულა კანდიდატები და პარტიები ამომრჩეველთა დამოკიდებულებისა და ამა თუ იმ საკითხისადმი უპირატესობების გამოსავლენად თავადაც დაეწყოთ საზოგადოებრივი აზრის აქტიურად გამოკითხვა.
ალეხანდრო ხუნკო
2 ივლისს მედია-ჯგუფი Reforma თავად ჩაატარებს ეგზიტ პოლებს, რათა მოახდინოს მიღებული შედეგების ოფიციალურ მონაცემებთან შედარება. იანვრიდან მოყოლებული, საპრეზიდენტო კანდიდატების რეიტინგის გამოვლენის მიზნით, მედია-ჯგუფი ატარებდა ყოველთვიურ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებს. დღეს გამოქვეყნებული ბოლო საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების თანახმად, PRI-ის კანდიდატ ფრანსისკო ლაბასტიდა ოჩოას გამოკითხულთა 42 პროცენტი ანიჭებს უპირატესობას, მაშინ როდესაც მემარჯვენე-ცენტრისტული ეროვნული მოძრაობის პარტიის (PAN) კანდიდატს ფისენტე ფოქსს მხარს უჭერს 39 პროცენტი, 16 პროცენტი კი - მემარცხენე დემოკრატიული რევოლუციური პარტიის (PRD) კანდიდატს კუაუტემოკ კარდენასს.
როდესაც ხუნკოს (იგი მედია-ჯგუფის ფლაგმანი გაზეთის, El Norte-ს გამომცემელი 1975 წელს, 25 წლის ასაკში გახდა) ჰკითხეს, თუ რა ღირს ჟურნალისტიკა პრინციპით, ,,ხარჯს ნურაფერზე დაზოგავ“, ამ უკანასკნელმა თავი მოიკატუნა და აღნიშნა, რომ ბიზნესი და ჟურნალისტიკა წარმატებულია, როცა ზუსტი და უტყუარი ინფორმაციისათვის საჭირო ხარჯებს არ დაიშურებ.
,,გულახდილად რომ გითხრათ, ფასი ნამდვილად არ მაღელვებს. ჩვენ არა ვართ საჯარო კომპანია და ამდენად არა ვართ ანგარიშვალდებული უოლსტრიტის ანალიტიკოსებისა თუ ინვესტორების წინაშე,“ - ამბობს ხუნკო.
Reforma-ს დამოუკიდებელი სტილი და საზოგადოებრივი ნდობის ქომაგის რეპუტაცია ისეთი წარმატებული იყო, რომ მის მაგალითს მრავალმა სხვა გამოცემამაც მიბაძა; შედეგად მექსიკურმა პრესამ რევოლუციური ცვლილება განიცადა და მკითხველს ამ წლის საპრეზიდენტო წინასაარჩევნო კამპანიის, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მძაფრია მექსიკის მთელ ისტორიაში, უჩვეულოდ ცოცხალ, ინფორმირებულ და ზოგჯერ არც თუ ისე სახარბიელო სურათს სთავაზობდა. დედაქალაქის გაზეთები ყოველდღიურად ეჯიბრებიან ერთმანეთს საარჩევნო პროცესში დარღვევების გამოვლენაში: ფოტოებზე გამოსახულია პოლიციის მანქანები, რომლებიც ამომრჩევლებისათვის საჩუქრებს დაატარებენ; ჯარს ბრალს დებენ სასოფლო რაიონებში საგზაო პოსტებზე ოპოზიციის მხარდამჭერთა დატერორებაში; სახელმწიფო მოსამსახურეებს სამუშაო საათებში მმართველი პარტიის სასარგებლოდ აგიტაციის გაწევა ბრალდებათ.
რამოდენიმე წლის წინ, მსგავსი რეპორტაჟები დღის შუქს ვერასდროს იხილავდა. როგორც წესი, ქრთამის სანაცვლოდ კორესპონდენტები ახალი ამბების დამახინჯებას ან მიჩუმათებას მიმართავდნენ. რედაქტორები სამთავრობო დაფინანსებაზე იყვნენ დამოკიდებული. გაზეთების მესაკუთრეები ემადლიერებოდნენ მთავრობას, რომელიც საგაზეთო ქაღალდის მარაგს აკონტროლებდა და არ ანთავსებდა სამთავრობო რეკლამებს იმ გაზეთებში, რომლებიც ხელისუფლების კეთილგანწყობით არ სარგებლობდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ შეიცვალა, ძველი გამოცდილება დღესაც ძალაშია. მრავალი გაზეთი სახელმწიფოს და საარჩევნო კამპანიის ხარჯზე არსებობს, ხოლო დაბალანაზღაურებადი კორესპონდენტები და გავლენიანი მესვეტეები, რომელთაც ცოტას უხდიან, კვლავინდებურად განაგრძობენ შემწეობების მიღებას. ქალაქ მეხიკოში გამომავალი გაზეთი Excelsior მყარად იცავს PRI-ის ბანაკის პოზიციებს, ხოლო La Jornada-ას ფურცლებიდან კვლავინდებურად მემარცხენათა იდეოლოგია ჟონავს.
ამ კვირას გადადგა ჯოშ თიუნმენი, მექსიკის ერთადერთი ინგლისურ ენოვანი გაზეთ News-ის რედაქტორი. გადადგომის მიზეზად მან დაასახელ ის, რომ გამომცემელმა, რომელიც PRI-ის მხარდამჭერია, მას გაზეთში წამყვანი ოპოზიციური პარტიის PAN-ის კანდიდატის, ფოქსის შესახებ სტატიებისა და ფოტოების გამოქვეყნება აუკრძალა. თიუნმენის განცხადებით, გაზეთში ასევე იბეჭდებოდა კანდიდატების მიერ დაფინანსებული შეკვეთილი სტატიები, რომლებიც რეკლამის აღმნიშნვნელი ნიშნის გარეშე ქვეყნდებოდა.
,,მან მიიღო გადაწყვეტილება, დაეტოვებინა გაზეთი, და ეს მისი გადაწყვეტილებაა,“ - განაცხადა დანიელ პარკინსონმა, გაზეთ News-ის მთავარმა რედაქტორმა, - ,,ნამდვილად არ მაინტერესებს ამაზე საუბარი“.
უფრო მეტიც, რეფორმირების პათოსი არ აიტაცა ტელე და რადიო ინდუსტრიამ, რომელიც დამოკიდებული იყო მთავრობაზე მაუწყებლობის ნებართვის მიღების მხრივ და რომელიც მექსიკელთა უმრავლესობისათვის ახალი ამბების მთავარ წყაროს წარმოადგენს. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები აჩვენებს, რომ სამაუწყებლო მედია, განსაკუთრებით სასოფლო რაიონებში, ძალზედ ტენდენციურია PRI-ის სასარგებლოდ. ბოლო საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების თანახმად, სამხრეთულ ჩიაპასის შტატში PRI რადიო-ეთერის 57 პროცენტს მოიცავს, მაშინ როდესაც PAN-სა და PRD-ზე, შესაბამისად, 11 და 18 პროცენტები მოდის.
,,გაზეთები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, მაგრამ, მეორეს მხრივ, სატელევიზიო ახალი ამბები სულ უფრო და უფრო უარესდება.“
- ამბობს ომერო არიდხისი, მექსიკელი პოეტი და გარემოს დამცველი, მწერალთა ორგანიზაცია PEN Internatopnal- ის პრეზიდენტი.
თითქოს ისეთ არხს ვუყურებთ, რომელსაც პროპაგანდის სამინისტრო მართავდეს.
ჯერ კიდევ მანამ, ვიდრე 1990 წელს მთავრობა საგაზეთო ქაღალდზე თავის მონოპოლიას ბოლოს მოუღებდა და ჟურნალისტებისათვის ქრთამის გადახდას შეწყვეტდა, ხუნკომ თავის გაზეთებში მკაცრი სტანდარტები და ის გამოცდილება დანერგა, რომელიც მან 1960-იან წლებში ტეხასის უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის სწავლის პერიოდში შეიძინა. 62 წლის წინ ბაბუის მიერ დაფუძნებულ El Notre-ში ის 1969 წელს დაბრუნდა და ფოტორეპორტიორად დაიწყო მუშაობა. მას შემდეგ, რაც გამომცემელი გახდა, ის ეთიკური სტანდარტების დამკვიდრებას შეუდგა, რაც კორესპონდენტს ქრთამის აღებას უკრძალავდა.
,,ჟურნალისტები იღებდნენ რეკლამას იმ სტრუქტურებიდან, რომელთა საქმიანობასაც აშუქებდნენ, ბეჭდავდნენ შეკვეთილ ახალ ამბებს, პარალელურად ბიზნესსაც ეწეოდნენ და განათლების სამინისტროსთან ,,საქმიანი ურთიერთობაც“ ჰქონდათ, როცა იგივე განათლების მინისტრის საქმიანობას აშუქებდნენ,“ - აღნიშნა მან.
1993 წელს, როდესაც ხუნკომ გაზეთ Reforma-ს გამოცემა დაიწყო, რაც ზოგიერთი მონაცემით 50 მილიონი აშშ დოლარი დაჯდა, მან სამსახურში უპირატესად უმაღლესდამთავრებული ახალგაზრდები დაიქირავა. ქრთამის გაჩენის ცდუნება რომ არ გაუჩნდეთ, ხუნკო თანამშრომლებს მთელს მექსიკაში ერთ-ერთ ყველაზე მაღალ ხელფასს უხდის: თვეში დაახლოებით 1 500 აშშ დოლარს - დამწყებ რეპორტიორებს, 3 000 აშშ დოლარს კი - წამყვან ჟურნალისტებს. დღეისათვის მის გაზეთებში სულ 1 070 კორესპონდენტია დასაქმებული, ყოველდღიური ტირაჟი კი 460 000 ეგზემპლარს აღწევს.
,,ლათინურ ამერიკაში დიდი იყო პროცესების დემოკრატიულად წარმართვისა და პრესის თავისუფლების დამკვიდრების მცდელობა. ცოტათი მოვახერხეთ კიდევეც ეს,“
- აცხადებს ხუნკო, და შენიშნავს, რომ გაზეთ Reforma-ის გამოცემიდან ერთი წლის შემდეგ იძულებული გახდა, საკუთარი დისტრიბუციის ქსელი შეექმნა, რათა თავიდან აეცილებინა ზეწოლა გაზეთების გამყიდველთა პროფკავშირის მხირდან, რომელიც დედაქალაქში ყველა სხვა გაზეთს ავრცელებს და რომლის უკანაც PRI დგას.
,,მართალია, დიდი ხარჯი გავიღეთ, მაგრამ ხარჯიცა და რისკის თანდათანობით მცირდება.“
![]() |
6 ქალების არჩევნების უფლება და ინგლისის პარლამენტი |
▲ზევით დაბრუნება |
ისტორია
ილია ჭავჭავაძე
ათმა წელიწადმა გაიარა მას აქეთ, რაც ქალებმა პირველად არჩევანის უფლება ითხოვეს ინგლისის პარლამენტში. მაშინ ეს თხოვნა ჯონ სტუარტ მილლმა შეიტანა ლონდონის პალატაში. არზაზედ 1500 კაცს ეწერა ხელი.
მას აქეთ ეს საქმე არამცთუ არ შემწყდარა, არამედ საკვირველად გაძლიერდა, სიმტკიცე და სიბეჯითე მოემატა, უფრო გავრცელდა და თითქმის მთელს საზოგადოებას მოედო. ეს გარემოება მით უფროა საკვირველი, რომ ამ ათის წლის განმავლობაში ქალებს ყოველწლივ შეჰქონდათ პარლამენტში ერთი და იგივე თხოვნა და პარლამენტი ყოველწლივ ერთსა და იმავე უარს ეუბნებოდა. აბა ვის არ გაუგრილდებოდა გული და ვინ არ დაჰკარგავდა სასოებას? მაგრამ ლონდონის ქალებმა კარგად იციან, რომ ინგლისში ყოველგვარი ცვლილება შეუძლებელია, თუ ამ ცვლილებამ საზოგადოების აზრი არ მიიზიდა და არ დაიყოლია. საზოგადოების აზრის გამოცვლა და დაყოლიება, თუ თქვენც იტყვით მკითხველო, ადვილი საქმე არ არის და ჩქარა არ მოხერხდება. საზოგადოება არამცთუ მარტო იმისთანა მძიმე საქმეში, როგორიც ქალთათვის საპოლიტიკო უფლების მინიჭებაა, არამედ მცირე საქმეშიაც ძნელად ჰსთმობს ჩვეულებრივს, გათელილს გზას და დიდის ჭოჭმანებით გამოდის ახალზედ. ბევრს ტანჯვას და ვაი-ვაგლახს გამოივლის ახალი აზრის მქადაგებელი, ბევრს რისხვას და შეჩვენებას განიცდის, ვიდრე დაიყოლიებს საზოგადოებას და ჩააგონებს თავის საკუთარ რწმენას. ახლის აზრსა და რწმენის მიმდევარს დიდი სიმტკიცე ხასიათისა და დიდი სასოება გამარჯვებისა უნდა ჰქონდეს, რომ გული არ გაუგრილდეს და ხელიდამ არ გაუშვას მის მიერ დაწყებული საქმე. ამგვარი სიმტკიცე და სასოება ინგლისის ქალებმა გამოიჩინეს ამ ათის წლის განმავლობაში. იგინი წერაბეჭდვით და ლაპარაკით განუწყვეტლად ქადაგობდნენ და, თუმცა პარლამენტი უარს ჰყოფდა მათ თხოვნას, ამ ქადაგებას უნაყოფოდ არ ჩაუვლია. ეხლა მათ თხოვნას, რომელიც ბრაიტის ხელით წარუდგინეს პარლამენტს, 430 000 პირს უწერია ხელი. მაშინ როდესაც ათის წლის წინათ 1 500 კაცს ეწერა ხელი.
საზოგადოება არამცთუ მარტო იმისთანა მძიმე საქმეში, როგორიც ქალთათვის საპოლიტიკო უფლებების მინიჭებაა, არამედ მძიმე საქმეშიაც ძნელად ჰსთმობს ჩვეულებრივს, გათელილს გზას და დიდის ჭოჭმანებით გამოდის ახალზედ. ბევრს ტანჯვას და ვაი-ვაგლახს გამოივლის ახალი აზრის მქადაგებელი, ბევრს რისხვას და შეჩვენებას განიცდის, ვიდრე დაიყოლიებს საზოგადოებას და ჩააგონებს თავის საკუთარ რწმენას. ახლის აზრსა და რწმენის მიმდევარს დიდი სიმტკიცე ხასიათისა და დიდი სასოება გამარჯვებისა უნდა ჰქონდეს, რომ გული არ გაუგრილდეს და ხელიდამ არ გაუშვას მის მიერ დაწყებული საქმე. |
აი რაში მდგომარეობს ქალების გულისტკივილი ამ შემთხვევაში.
5 თიბათვეს (24 მაისს) ქალების დეპუტაცია მივიდა მინისტრ ნორტკოტთან და თხოვნა წარუდგინა. ეშვორტის ქალმა უთხრა, რომ ბევრგან უმთავრესი ნაწილი მამულ-დედულისა ქალების საკუთრებაა და ადგილობრივთა მოხელეთა ამორჩევისათვის კენჭი აქვსთ მინიჭებულიო, დეპუტატების ამორჩევისათვის კი არა აქვთ უფლება. ეს უსამართლობააო და ამიტომ გთხოვთ პარლამენტში ჩვენ მოგვემხროთ, როდესაც ჩვენი თხოვნა განირჩევაო.
ნორტკოტმა უპასუხა:
,,საქმე რომ მარტო დედააზრზედ იყოს მიგდებული, მაშინ, რასაკვირველია, ქალებსაც უნდა ჰქონდეთ იგივე უფლება, როგორიც კაცებსა აქვთ. ხოლო ამ შემთხვევაში საქმე სხვაფრივ უნდა გაიშინჯოს. ჯერ უნდა გამოვიკვლიოთ, თუ რა შედეგი ექმნება ამ ცვლილებას, რომელსაც თხოულობთ, და მერე - კაი დრო შეგირჩევით თუ არა მაგ თხოვნის წარსადგენად და გასარჩევად. პირველ შეხედვით მართლა უსამართლობაა, რომ ქალებს არჩევანში არა აქვსთ მონაწილეობა, როდესაც იგინი იმავე ხარჯს იხდიან სახელმწიფოს წინაშე, როგორსაც კაცები. იმ არზაში, რომელიც ეხლა პარლამენტშია შეტანილი, მოხსენიებულია, რომ ქალებს არჩევანის უფლება ყველა იმ შემთხვევაში უნდა მიეცეთ, რა შემთხვევაშიაც კაცებს ეძლევათ, გარდა ქმრიანის ქალებისა. ეს უკანასკნელი პირობა შესანიშნავია და კარგი დაკვირვება და შესწავლა უნდა, რომ კაცმა მოიაზროს მისი ყოველგვარი შედეგი. უნდა მოგახსენოთ, რომ უდროო დროს დაიწყეთ ეს საქმე. მე იმ პირთა აზრისა არ გახლავარ, რომელნიც ამბობენ, რომ ქალებს კენჭის ხმარება ხეირიანად არ შეუძლიანთო. მაგრამ, როგორც წინათ მოგახსენეთ, პარლამენტი, ვიდრე თქვენ თხოვნას აგისრულებთ, კარგა უნდა დააკვირდეს და შეისწავლოს ყოველივე ის, რაც თქვენ მიერ თხოვნილს ცვლილებას შეუდგება.“
ქალებს რომ ეგ სურვილი აუსრულდეს, რა შედეგი ექნება? ქალთათვის არჩევანის უფლების მინიჭება მავნებელია თუ საკეთილო? ამ კითხვის ვრცელი პასუხი მოკლე მიმოხილვაში, რასაკვირველია, შეუძლებელია, ცალკე წერილის ღირსია. აქ მხოლოდ მოგახსენებთ, თუ რა ითქვა იმ კითხვის შესახებ ლონდონის პარლამენტში.
6 თიბათვეს, როდესაც ამ საგანზედ ბაასი გაიმართა, პარლამენტში ახალი არა თქმულა რა. რაც ათის წლის განმავლობაში თქმულა ქალების უფლების წინააღმდეგ, ყველა ის განიმეორეს ეხლაც. ხელმეორედ დაიწყეს ლაპარაკი, რომ ქალებს რომ არჩევანის უფლება მივცეთო - ოჯახობა დაირღვევაო, ქალებს სინაზე დაეკარგებათო, კაცებისაგან რაინდულს პატივისცემას დაჰკარგავენო, საზოგადოებრივი ზნეობა დაეცემაო და სხვა. ეს რაინდული პატივისცემა, ერთის დეპუტატის სიტყვით, იმაში მდგომარეობს, რომ კაცები უკეთესს ადგილს ქალებს უთმობენ ყველგან, საცა კი ერთმანეთს შეხვდებიანო, დღესასწაული იქნება, თუ დიდი რამ თამაშიო. ეს პატივისცემა უპირატესობააო ქალებისათვის და თუ ამ უპირატესობის დაკარგვა არა ჰსურთო, არჩევანის უფლებისაგან ხელი უნდა აიღონო!
გარდა ამისა კიდევ სხვა ბევრი უცნაური საბუთი მოიყვანეს ქალების თხოვნის ინააღმდეგ. მაგალითებრ, დეპუტატმა ჰენბერიმ სთქვა, რომ თუ უქმრო ქალებს მივეცით კენჭიო, მაშინ არა ქალი არ გათხოვდებაო, არჩევანის უფლება გაუთხოვრობის ჯილდო იქნებაო. ამავე დეპუტატმა სთქვა, სხვათა შორის, შემდეგი: „თუმცა ქალები ჭკუა-გონებით კაცებს არ დაუვარდებიან, მაგრამ მათის მოქმედების ასპარეზი სულ სხვა არის.
ამის გარდა, სად უნდა შეისწავლონ ქალებმა ის საპოლიტიკო საგნები, რომელთა თაობაზედაც კენჭი ჩამოიტარება ხოლმე. ორში ერთი: ან ხალხში უნდა გამოვიდნენ და საპოლიტიკო ყრილობებში მონაწილეობა მიიღონ, ან არა-და ახალი საპოლიტიკო მოძღვრები გამოჩნდებიან, რომელნიც ფეხს შესდგამენ ოჯახობაში, რომ ჩვენ ქალებს პოლიტიკა ასწავლონ. ისიც უნდა აღვიაროთ, რომ საზოგადო საქმეებში მომეტებული მნიშვნელობა თანდათან ძალას ეძლევა. ამ შემთხვევაში რა შემწეობას უნდა მოველოდეთ ქალთაგან. გულის სისუსტის პოლიტიკას ისეც დიდი გავლენა აქვს ამჟამად და წინადადების მიღების სემდეგ ხომ უფრო გაძლიერდება“. აქ უფ. ჰენბერი იმ მოძრაობაზედ ამბობს, უსათუოდ, რომელიც ომის წინააღმდეგ არის მიმართული. ეს გულშემატკივარი პოლიტიკა უფ. ჰენბერს ქალურ საქმედ უცვნია!
მეორე დეპუტატმა კი სთქვა, რომ თუ ქალებს არჩევანის უფლება მივეცითო, დიდად მავნებელი იქნებაო, და აი რად. თუ ქალები პირდაპირს მონაწილეობას მიიღებენ არჩევანში (უსათუოდ ასეც იქნება) , მაშინ ოჯახობის ლაზათი დაიკარგებაო; და თუ შინიდგან გარეთ არ გამოვლენო, მაშინ უცოდინარნი დარჩებიანო. ამ შემთხვევით - სამღვდელოება ისარგებლებსო და ქალების შემწეობით არჩევანზედ გავლენას იქონიებსო.
ყველა ამ პირთა უპასუხა დეპუტატმა ფორსაიტმა, რომელმაც სთქვა შემდეგი:
,,რაც უნდა სთქვან, მაინც არც ერთი საქმე იმდენად წინ არ წამდგარა, როგორც ქალების არჩევანის უფლების საქმეა წამდგარი. თუმცა ხსენებული წინადადება ქალებს არ დაიხსნის ყოვლის მწუხარებისაგან, მაგრამ იმას ხომ მიანიჭებს, რასაც თხოულობენ. ტყუილი თქმა არის ვითომ ეს წინადადება ქმრიანის ქალების განთავისუფლებაც მოასწავებსო. რაც შეეხება მას, ვითომ ახალნი მოძღვრები პოლიტიკისა გაჩნდებიანო, ეს აზრიც უსაფუძვლოა: ვითომ რა დაუშლით ქალებს იკითხონ ჟურნალ-გაზეთები, წიგნები და სხვა, ე.ი. იმავე გზით ისწავლონ პოლიტიკა, რა გზითაც კაცები სწავლობენ. ეჭვი არ არის, რომ ქალები ისე გონივრულად მოიხმარებენ არჩევანის უფლებას, როგორც ამომრჩეველნი კაცები“
გარდა ამისა, ფორსაიტმა სთქვა, რომ ქალები არჩევანის უფლებას იმიტომ კი არა თხოულობენ, რომ ქალები არიანო, არამედ იმიტომ, რომ საკუთრება აქვსთ და სახელმწიფოს წინაშე ხარჯს იხდიანო. ინგლისში ყველა მამულის პატრონთა შორის ქალები მეშვიდე ნაწილს შეადგენენო, ყველა ხარჯს იხდიან და დეპუტატის ამორჩევის უფლება კი არა აქვთო. ამის გამართლება არავის არ შეუძლიანო. მე დარწმუნებული ვარო, სთქვა ფორსაიტმა, რომ დრო მოვა, როდესაც ამ წინადადების წინააღმდეგთა სათაკილოდ გაუხდებათ თავისი ცრუმორწმუნეობა, როგორც სათაკილოდ გაუხდათ მათ, რომელნიც ამტკიცებდნენ, რომ ქალებს განათლება არ უნდა მიეცეთო.
ბოლოს წამოდგა ბრაიტი და სთქვა:
,,ადრე თუ გვიან პარლამენტი იძულებული იქნება კენჭი უყაროს ჩემს წინადადებას, რადგანაც ამ წინადადებას მომხრე ემატება თანდათან. გარდა ამისა, უნდა მოგახსენოთ, რომ პარლამენტი ხეირიანად ვერც-კი დასდებს ქალების შესახებ კანონს, თუ მათ პირდაპირ წარმომადგენელი არ ეყოლებათ პარლამენტშიო.“
![]() |
7 მედია მონიტორინგი |
▲ზევით დაბრუნება |
მომზადებულია ბრიტანული ორგანიზაცია Article XIX-ის მასალების მიხედვით
არჩევანის უფლება
როდესაც არჩევანის გასაკეთებლად მოქალაქე ხმის მისაცემ კაბინაში შედის, ის ყველაზე მნიშვნელოვანი უფლების რეალიზაციას ახდენს. არჩევანის უფლება ბევრ საერთაშორისო დოკუმენტიშია აღიარებული, მათ შორის ადამიანის უფლებების უნივერსალურ დეკლარაციასა და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტში:
აზრის გამოხატვის თავისუფლება, ინფორმაციის ხელმისაწვდომობა
არჩევნების დროს აუცილებელია საზოგადოების სამი სექტორის - პოტენციური ამომრჩევლის, მედიის და პოლიტიკური პარტიების - გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლების უფლებათა დაცვა. კერძოდ:
● იმისათვის, რომ მოხდეს საარჩევნო უფლების სრული რეალიზაცია, საჭიროა, ამომრჩეველი კარგად იყოს ინფორმირებული. ამომრჩეველი დამოკიდებულია ამომწურავი და ზუსტი ინფორმაციის მიღებაზე. ის იღებს ინფორმაციას მრავალი წყაროდან, როგორიცაა: წინასაარჩევნო შეხვედრები, დებატები, წინაასაარჩევნო კანპანიისათვის განკუთვნილი ლიტერატურა, კარდაკარ მოარული პოლიტიკური აქტივისტები, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები და არაფორმალური საუბრები.
● იმისათვის, რომ მედიამ ინფორმაცია მიაწოდოს ამომრჩეველს, მას უნდა ჰქონდეს საშუალება, შეუზღუდავად მოიპოვოს და მიიღოს ინფორმაცია, გააკრიტიკოს და დებატებში გამოიწვიოს ყველა პოლიტიკური ძალა, როგორც სამთავრობო, ისე ოპოზიციურო პარტიებიდან, ცენზურისა და პოლიტიკური ზეწოლის გარეშე.
● კანდიდატები, პოლიტიკური პარტიები და სხვა პოლიტიკური ძალები დამოკიდებულნი არიან იმაზე, თუ რამდენად მიიტანენ თავიანთ სათქმელს ,,მესიჯს“ ამომრჩეველამდე. ამისათვის, მათ უნდა ჰქონდეთ სათანადო საეთერო დრო და შესაძლებლობა, ყოველგვარი მანიპულაციის გარეშე შეასრულონ ეს ამოცანა.
საარჩევნო პროცესში მედიას ცენტრალური ადგილი უკავია. რომ არ არსებობდნენ კომუნიკაციის ისეთი საშუალებები, როგორიცაა ტელევიზია, რადიო, გაზეთი, ჟურნალი, საინფორმაციო სააგენტო, ბროშურა და სხვა მრავალი, პოლიტიკური პარტიები და ამომრჩევლები იძულებული იქნებოდნენ, თავად მოეპოვებინათ ინფორმაცია.
გარდამავალ ქვეყნებში სახელმწიფოს მემკვიდრეობით ერგო მედიის ბევრი საშუალება, რის გამოც ამ ქვეყნებში ძალზედ საგრძნობია სახელმწიფოს მხრიდან მედიის საკმაოდ დიდი სეგმენტის კონტროლი. საარჩევნო პერიოდში მნიშვნელოვანია, რომ სახელისუფლებო მაუწყებლობის საშუალებებმა სრულად და მიუკერძოებლად გააშუქონ საარჩევნო კამპანია. ბევრ ქვეყანაში არჩევნებზე ზედამხედველობას დამოუკიდებელი საარჩევნო კომისია აწარმოებს,რომელიც გამოსცემს სახელმძღვანელო პრინციპებს მედიისათვის. ეს პრინციპები სამ ასპექტს მოიცავს:
● პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატებისთვის პოლიტიკური რეკლამის ხელმისაწვდომობა, რათა მოხერხდეს ხალხთან პირდაპირი კომუნიკაციის დამყარება;
● ბეჭდური და ელექტრონული მედიის მიერ პარტიებისა და კანდიდატების აქტივობების გაშუქება, ახალი ამბებისა და სპეციალური პროგრამების მეშვეობით;
● სამოქალაქო განათლების პროგრამები, ხმის მიცემის პროცედურებისა და ამომრჩეველთა არჩევნებში მონაწილეობის შესახებ.
მედია მონიტორინგი
არსებობს ზოგადი წესები, რომლებიც მონიტორინგის დროს მედიის ყველა საშუალებაზე შეიძლება გავრცელდეს:
I. მონიტორინგის დროს ყურადღება უნდა გამახვილდეს ცენზურის ყველა ფორმაზე. ხელისუფლებამ ხელი არ უნდა შეუშალოს ინფორმაციისა და მოსაზრებების ნაკადის თავისუფალ მიმოქცევას; საარჩევნო რეკლამისა და ბეჭდური მასალის გავრცელებას.
II. ხელისუფლებამ ასევე უნდა უზრუნველყოს მედიის დაცვა სხვა ძალების მხრიდან ჩარევისაგან. მაგალითად, თუ ჟურნალისტს ემუქრებიან და თავს ესხმიან პოლიტიკური პარტიის წევრები, სახელმწიფომ უნდა მიიღოს პოზიტიური ზომები ასეთი ფაქტების აღსაკვეთად. თუ უშიშროების ძალები ან პარტიული აქტივისტები ცდილობენ აუდიო ან ვიდეო ჩანაწერების განადგურებას, ან ხელს უშლიან თავად ჩაწერის პროცესს აპარატურის განადგურების გზით, ხელისუფლება მოვალეა, მიიღოს ყველა ქმედითი ზომა, რათა გარანტირებული იყოს გამოხატვის თავისუფლება.
III. მონიტორინგი გულისხმობს საარჩევნო კამპანიისა და ახალი ამბების მესიჯების როგორც შინაარსობრივ, ასევე ენისა და სტილის თვალსაზრისით გაანალიზებას. თუმცა, ცხადია, აქცენტი შინაარსობრივ მხარეზე კეთდება. ეს უკანასკნელი საშუალებას იძლევა, დადგინდეს, რა ინფორმაციას შეიცავს მესიჯი; მესიჯის ხანგრძლივობა; ვისი ციტირება მოხდა; რა ინფორმაცია დარჩა კადრს მიღმა, ანუ რა არ გაშუქდა და სხვა მრავალი. მაგალითად, მონიტორინგის ანგარიშში აუცილებლად უნდა გამახვილდეს ყურადღება ისეთ ფაქტებზე, როდესაც:
● ახალ ამბებში მოხსენიებულია თანამდებობის პირი და ამავე დროს არ არის აღნიშნული, რომ ის არჩევნებში იღებს მონაწილეობას და რეალურად წარმოადგენს ერთ-ერთ კანდიდატს. მაგალითად, ,,პრეზიდენტი სკოლის გახსნის ცერემონიალს დაესწრო...“ ,,უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ახალი ხიდის გახსნის ნიშნად ლენტი გაჭრა...“ წინასაარჩევნო პერიოდში ასეთი სახის გაშუქება არათანაბარ პირობებში აყენებს სახელისუფლებო ძალებს;
● მმართველ პარტიას რეკლამისათვის 2 წუთი ეთმობა, ხოლო ოპოზიციურ პარტიებს - თითო-თითო;
● ტელე ეთერით უჩვენებენ პრეზიდენტობის/დეპუტატობის კანდიდატის ფოტოს, ხოლო მოქმედის - ვიდეო კადრებს;
● ადგილობრივ ენაზე გაშუქებული ახალი ამბავი არ შეესაბამება უცხო ენაზე თარგმნილ იმავე ინფორმაციას. მაგალითად, უცხოენოვანი გამოცემებისა და ტელე თუ რადიოგადაცემების ძირითადი მომხმარებელი ადგილობრივი დიპლომატიური კორპუსი და დონორი ორგანიზაციებია. აფრიკაში მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა ისეთი შემთხვევები, როდესაც ევროპულ ენებზე მომზადებული ახალი ამბები რადიკალურად განსხვავდებოდა ადგილობრივი მომხმარებლისთვის მომზადებული ინფორმაციისგან.
გაცილებით რთულია ფარული მესიჯების მონიტორინგი, ამისათვის მონიტორინგის განმხორციელებელს კარგად უნდა ესმოდეს:
● ტელე და საგაზეთო რეპორტაჟების ენა;
● საარჩევნო კამპანიის ტექნოლოგია;
● ადგილობრივი კულტურული და ისტორიული ფასეულობები.
მესიჯის ფარული მნიშვნელობის გასაგებად საჭიროა დადგინდეს:
● როგორ არის დაკავშირებული სხვადასხვა მოვლენები/საგნები ერთმანეთთან;
● რა მოვლენა გაშუქდა და რა არ გაშუქდა (საინფორმაციო სააგენტოები ყოველ დილით ავრცელებენ დღის მოვლენების ანონსებს, რაც დაეხმარება მონიტორინგის განმხორციელებელს გაარკვიოს, თუ რა მოვლენების იგნორირება მოახდინა ამა თუ იმ საინფორმაციო საშუალებამ) ;
● ფაქტების სიზუსტე. შესაძლოა, მონიტორინგის განმხორციელებელი ფლობდეს ინფორმაციას ამა თუ იმ მოვლენის შესახებ პირველწყაროდან ან სხვა ისეთი წყაროდან, რომელიც საინფორმაციო საშუალებაში დასახელებული არ არის. ასეთ შემთხვევაში უნდა მოხდეს შედარება და ყურადღება უნდა გამახვილდეს, თუ რამდენად ზუსტად არის გადმოცემული აღნიშნული ფაქტი; გაშუქების დროს, რომელ მხარეს ეძლევა უპირატესობა;
● ავლენს თუ არა ახალი ამბის ავტორი სიმპათიას გასაშუქებელი მოვლენის ან კანდიდატის მიმართ;
● რა ტიპის სიტყვებს იყენებს ავტორი მესიჯის მნიშვნელობის გადმოსაცემად;
● არის თუ არა მესიჯი ბუნდოვანი ან გადატვირთული არაარსებითი დეტალებით. ინფორმაციის ბუნდოვანი გადმოცემა ზოგჯერ გამიზნულად ხდება, რათა მიიჩქმალოს ის არსებითი, რაც ამომრჩევლისთვის საინტერესოა. მაგალითად, ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ,,პოლიციასთან შეტაკების დროს სამი ადამიანი დაიღუპა“, მაგრამ იქვე არ არის აღნიშნული, თუ ვის მიერ იყო პროვოცირებული ეს შეტაკება, რა იყო შეტაკების მიზეზი და ვინ არის მკვლელი.
● როგორ არის მოწოდებული ინფორმაცია. მაგალითად, თუ დისკუსიის დროს მმართველი პარტია აცხადებს, რომ ოპოზიციის გამარჯვებას შედეგად ძალადობა მოჰყვება, ყურადღება უნდა გამახვილდეს, ხომ არ არის მოთავსებული ეს ინფორმაცია საერთაშორისო ამბების შემდეგ, რომელიც უცხო ქვეყნებში არეულობებსა და გენოციდის ფაქტებს ეხება.
იმისათვის, რომ დადგინდეს, რამდენად სრულად და ზუსტად არის გაშუქებული ესა თუ ის მოვლენა სახელისუფლებო მედიაში, საჭიროა მონიტორინგის განმხორციელებლები რეგულარულად ეცნობოდნენ მედიის კერძო საშუალებებსაც, რაც მათ ფაქტების შედარების საშუალებას მისცემს. ფარული მესიჯებისა და პოლიტიკოსთა გამოსვლების ქვეტექსტის დასადგენად მონიტორინგის განმხორციელებლებმა არა მარტო მედიის საშუალებებში საარჩევნო პროცესის გაშუქებას უნდა მიადევნონ თვალი, არამედ ზოგჯერ შესაძლოა, თავადაც დაესწრონ პოლიტიკოსთა დებატებსა თუ საჯარო გამოსვლებს.
პირები, რომლებიც მონიტორინგს ახორციელებენ, კარგად უნდა იცნობდნენ საარჩევნო კომისიის ან სხვა ორგანოს მიერ მედიისათვის დადგენილ სახელმძღვანელო პრინციპებს.
მონიტორინგის შედეგად შესაძლოა გაირკვეს:
● რამდენად სამართლიანია მედიის ესა თუ ის საშულება;
● რამდენად მიუკერძოებელია(ვის ინტერესებს ატარებს) ;
● რა ფინანსები დახარჯეს პოლიტიკურმა პარტიებმა, ცალკეულმა კანდიდატებმა
საარჩევნო პერიოდში პირდაპირ თუ ფარულ რეკლამაზე. ამისათვის საჭიროა საინფორმაციო საშუალებებიდან სარეკლამო პრაის-ლისტების გამოთხოვა, რის საფუძველზეც განისაზღვრება, თუ რამდენი საეთერო დრო, საგაზეთო ფართი შეიძინა ამა თუ იმ პოლიტიკოსმა/პარტიამ წინასაარჩევნო კამპანიის დროს. ფარული რეკლამის ტარიფები, რომელიც, როგორც წესი, არაოფიციალურია და არც აღირიცხება, აღემატება საინფორმაციო საშუალებების მიერ ოფიციალურად დადგენილ ტარიფებს, ამდენად მონიტორინგის განმხორციელებელმა ჯგუფმა შესაძლოა, მხოლოდ მიახლოებითი სურათი შექმნას, თუ რა თანხები დაიხარჯა ფარულ რეკლამაზე. ქართული კანონმდებლობა ითვალისწინებს არჩევნებზე გაწეული ხარჯების დეკლარირებას და დაფინანსების წყაროს მითითებას. ოფიციალურად დეკლარირებული მონაცემების და მონიტორინგის მასალების შედარების შედეგად შესაძლებელი გახდება რეალური სურათის შექმნა და არსებობის შემთხვევაში, შეუსაბამობების გამოვლენა.
ტელევიზია
გარდამავალი დემოკრატიის ქვეყნებში, სადაც გაზეთების ტირაჟები საკმაოდ დაბალია, გავრცელების არეალი კი არც ისე ფართო, ტელევიზია მნიშვნელოვან როლს თამაშობს საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში. ამდენად მონიტორინგის დროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს, აქვს თუ არა ყველა კანდიდატს თანაბარი საეთერო დრო და რამდენად ზუსტად არის გადმოცემული მათი მესიჯები.
მონიტორიგის დროს უნდა განისაზღვროს:
რა სახელმძღვანელო პრინციპები გამოსცა საარჩევნო კომისიამ იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს პოლიტიკური პარტიების/ კანდიდატებისთვის სამთავრობო საინფორმაციო საშუალებების ხელმისაწვდომობა (კანდიდატების საეთერო დროითა და საგაზეთო ფართით უზრუნველყოფის ვალდებულება, რომელიც გამორიცხავს პასუხისმგებლობას პოლიტიკური რეკლამის შინაარსობრივ მხარეზე) ?
პირდაპირი ეთერით გადაიცემა პროგრამა თუ ხდება ჩანაწერის ტრანსლირება?
აძლევს თუ არა ტელევიზია/რადიო საშუალებას კანდიდატს/პარტიას, წარმოაჩინოს საკუთარი პოლიტიკური პლატფორმა და თვალსაზრისი?
აძლევს თუ არა ტელევიზია/რადიო საშუალებას ამომრჩეველს, ჩამოუყალიბდეს საკუთარი აზრი ამა თუ იმ კანდიდატის, საარჩევნო პლატფორმისა და პოლიტიკური პარტიის შესახებ?
აქვს თუ არა ყველა პარტიას და კანდიდატს თანაბარი საეთერო დრო და იდენტური პროგრამული ფორმატი?
გადაიცემა თუ არა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების პროგრამები დღის ერთი და იმავე დროს?
დაფინანსებულია თუ უფასოა საეთერო დრო?
გათვალისწინებულია თუ არა შეღავათი რომელიმე პოლიტიკური პარტიისთვის სარეკლამო საეთერო დროის/ფართის შესყიდვის დროს?
იყენებს თუ არა სახელისუფლებო პარტია სხვა დამატებით საეთერო დროს/საგაზეთო ფართს?
ხდება თუ არა თვითნებურად პროგრამის/წერილის ფორმატის შეცვლა?
საარჩევნო კამპანიის და არჩევნების გაშუქება
მონიტორიგის შედეგად უნდა გამოვლინდეს, რამდენად იცავენ საინფორმაციო საშუალებები პროფესიულ სტანდარტებს:
დაცულია თუ არა საერთო რაოდენობრივი ბალანსი თითოეული პარტიისა და კანდიდატის აქტივობის გაშუქებისას?
არსებობს თუ არა საერთო ხარისოხბრივი ბალანსი თითოეული პარტიისა და კანდიდატის აქტივობის გაშუქებისას?
პოზიტიური თუ ნეგატიური რაკურსით არიან წარმოჩენილი კანდიდატები?
რომელი პარტია/კანდიდატი ფიგურირებს მუდმივად ახალი ამბების პირველ ბლოკსა თუ საპირველგვერდო წამყვან სტატიებში?
სარგებლობენ თუ არა ხელისუფლების წარმომადგენლები თავიანთი თანამდებობრივი პრივილეგიით სამთავრებო აქტივობების გაშუქების დროს, რაც საეთერო დროით გადამეტებით სარგებლობაში გამოიხატება და რამდენად აქტუალურია ამა თუ იმ სამთავრობო აქტივობის გაშუქება?
მონაწილეობენ თუ არა კანდიდატები გასართობ პროგრამებში, სარგებლობენ რა უფასო საეთერო დროით?
ერთნაირად შუქდება თუ არა სხვადასხვა პარტიის/კანდიდატის წინასაარჩევნო შეხვედრები?
აქვთ თუ არა თანაბარი პირობები კანდიდატებს სპეციალურ საინფორმაციო პროგრამებში, საეთერო დროის, დამოკიდებულების, შეკითხვების დასმის... თვალსაზრისით?
ავლენს თუ არა ინტერვიუს წამყვანი მიკერძოებულობას რომელიმე კანდიდატის/პარტიის მიმართ?
აძლევს თუ არა დებატები ამომრჩეველეს არსებით ინფორმაციას, რომელიც კანდიდატის/პარტიის იმიჯს, პლატფორმას, მოსაზრებებს წარმოაჩენს და რომლის საფუძველზეც ამომრჩეველი გააკეთებს ინფორმირებულ არჩევანს?
შუქდება თუ არა საინფორმაციო საშუალებებით საზოგადოებრივი აზრის კვლევები და წინასწარი პროგნოზები?
არის თუ არა საზოგადოებრივი აზრის კვლევის დამკვეთი დამოუკიდებელი სააგენტო?
მიეწოდება თუ არა ამომრჩეველს ინფორმაცია კვლევის დროს დაშვებული სტატისტიკური ცდომილების, გამოკითხულთა ოდენობის, გეოგრაფიული არეალის, დამკვეთისა და სხვა კონტექსტუალური მონაცემების შესახებ.
არის თუ არა მაყურებლისთვის/მკითხველისთვის ცხადი, რომ ერთი გამოკითხვა რეალურ სურათს ვერ ქმნის?
ხდება თუ არა ,,ეგზით პოლების“ (ამომრჩეველთა არაფორმალური გამოკითხვა, რომელიც ხმის მიცემის შემდეგ ტარდება) გაშუქება?
ხდება თუ არა მოსახლეობის ინფორმირება უახლესი და ზუსტი ცნობებით ხმების დათვლის მიმდინარეობის პროცესში?
რამდენად ოპერატიულად და ზუსტად ხდება საბოლოო შედეგების ტელევიზიისა და რადიოს მეშვეობით გადაცემა?
რამდენად ზუსტად ხდება სადაო შედეგების მიზეზების შესახებ ინფორმაციის გაშუქება?
რეგიონალური სპეციფიკა
რეგიონებში მონიტორინგის განმხორციელებლებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ, ხდება თუ არა ელექტროენერგიის გათიშვა საინფორმაციო პროგრამების ან ოპოზიციის კანდიდატების სატელევიზიო გამოსვლების დროს. ელექტროენერგიის გათიშვის გარდა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად ახდენენ თბილისიდან ტრანსლირებული დამოუკიდებელი ტელე არხების გადაცემების გადაფარვას ადგილობრივი პროგრამებით თუ გასართობი ტელეფილმებით, ზოგჯერ კი ანძის გათიშვასაც კი მიმართავენ, რითაც რეგიონის მოსახლეობას ალტერნატიული ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას უსპობენ. ამავე მიზნით და რეგიონალური პრინციპით ხდება ზოგჯერ არასასურველი გაზეთების ტირაჟების ამოღება.
![]() |
8 გადავარჩინოთ ,,ძველი ქალაქი“! |
▲ზევით დაბრუნება |
რეგიონი
ნინო ღაჭავა
ქუთაისში საპროტესტო აქციაზე სტუდენტები და არასამთავრობო ორგანიზაციები რადიო “ძველი ქალაქის” გადასარჩენად გამოვიდნენ.
17 აპრილს, ღამით რადიო “ძველი ქალაქის” გადამცემი ანტენა მოიპარეს. თუმცა, რადიოკომპანიის წინააღმდეგ მიმართული კამპანია გაცილებით ადრე დაიწყო:
25 იანვარს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მაუწყებლობა შეუჩერა რადიო “ძველ ქალაქს”, რისი საფუძველიც მოქალაქეების - მაია ფესტვენიძისა და ნატო გიორბელიძის სასარჩელო განცხადება გახდა. მოსარჩელეთა მტკიცებით, “ძველი ქალაქის” ანძა ზიანს აყენებდა ადამიანის ჯანმრთელობას. 31 იანვარს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ რადიოს მაუწყებლობლობა აღუდგინა. 14 თებერვალს, თბილისიდან ქუთაისში ჩასულმა სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ რადიოკომპანია სანიტარული ნორმების ფარგლებში მაუწყებლობდა და ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანო არ იყო. 28 მარტს კი, ქუთაისში რუსთაველის გამზირისა და მიმდებარე ქუჩების მოსახლეობამ რადიო “ძველი ქალაქის” გადამცემი ანტენა დააზიანა: დაახლოებით ოცამდე ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი პრესის სახლის შენობის სახურავზე აიჭრა, ნაჯახით ანტენა დაამტვრია და ხუთსართულიანი შენობის სახურავიდან გადააგდო.
სწორედ ეს საკითხები გახდა 31 მარტს ,,თავისუფლების ინსტიტუტში“ გამართული პრეს კლუბის სესიის მთავარი თემა. სესიაზე მოწვეულმა ტელეკომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ ვახტანგ აბაშიძემ განაცხადა, რომ ,,ძველ ქალაქს“ ლიცენზია წესების სრული დაცვით აქვს აღებული და არავითარი სამართლებრივი საფუძველი მაუწყებლობის შეჩერებისათვის არ არსებობს. მიუხედავად ამისა, ქუთაისის საკრებულოსთან, ადგილობრივი მთავრობისა და მერიის ინიციატივით, შეიქმნა კომისია, რომელმაც დაასკვნა, რომ რადიო ,,ძველი ქალაქის“ ანტენა ჯანმრთელობისთვის მავნეა. კომისიის შემადგენლობაში ქუთაისის ტექნიკური უნივერსიტეტის სპეციალისტები შევიდნენ.
ვახტანგ აბაშიძე პრეს-კლუბის სესიაზე
რაც შეეხება თავად ინციდენტს, ის მოიკვლია ქუთაისის პოლიციის პირველმა განყოფილებამ, რომელმაც მოკვლეული მასალები 5 აპრილს ქუთაისის სამხედრო პროკურატურას გადაუგზავნა, რადგანაც ჩათვალა, რომ იკვეთებოდა სამხედრო პირის დანაშაული. თავის მხრივ, 8 აპრილს სამხედრო პროკურატურამ მასალები ქალაქის პროკურატურას გადაუგზავნა. სამხედრო პროკურორის მოადგილის ფრიდონ სვანიძის განმარტებით, ქალაქის პროკურატურაში საქმის გადაგზავნის მიზეზი ის არის, რომ სამხედრო პირის დანაშაული არ გამოიკვეთა. 10 აპრილს ქალაქის პროკურატურამ მასალები გადაუგზავნა ქუთაისის საგამოძიებო სამსახურს, რომელმაც პოლიციის მიერ მოკვლეული მასალების საფუძველზე, ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა. სამსახურის უფროსის ჯუმბერ ლელაძის თქმით, მათ სამთვიანი საგამოძიებო ვადა აქვთ, მაგრამ შეეცდებიან კანონიერი გადაწყვეტილება გაცილებით ადრე მიიღონ. ლელაძის თქმით, გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები უკვე ჩატარებულია, გარკვეულ მოქმედებებში კი მან მხოლოდ მოწმეების დაკითხვა დაასახელა. პროცესი, რომელიც ,,პინგ-პონგის“ პრინციპით ერთი უწყებიდან მეორეში გადადის, მისი აზრით, არ ჭიანურდება.
იურისტი განმარტავს აკაკი მინაშვილი:
ტელე და რადიო მაუწყებლობის სფეროში წარმოშობილ ურთიერთობებს აწესრიგებს ,,კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“ საქართველოს კანონი. ამ კანონის 33-ე მუხლის მიხედვით,
,,კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში მომსახურების გასაწევად ფიზიკური ან იურიდიული პირის საქმიანობა ხორციელდება ამ საქმიანობის უფლების - ლიცენზიის საფუძველზე.“
კანონის მოქმედება ვრცელდება ასევე მაუწყებლობაზეც, რაც აღნიშნულია კიდეც კანონის 36-3 მუხლის 2 პუნქტის დ.ე ქვეპუნქტში:
,.კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში ლიცენზირებას ექვემდებარება... საეთერო ტელე-რადიო მაუწყებლობა.“
ლიცენზიას ამ სფეროში გასცემს მარეგულირებელი ეროვნული კომისია. მის ფუნქციებში არა მარტო ლიცენზიების გაცემა, არამედ ამ სფეროს რეგულირება და ლიცენზიის პირობების დაცვაზე ზედამხედველობა შედის. კანონის 34-ე მუხლში წერია:
„კომისია აკონტროლებს ლიცენზიით განსაზღვრული პირობების დაცვას.“
კანონის თანახმად, ლიცენზიის გაცემის ერთ-ერთი პირობაა, მაუწყებლობის განხორციელებისას, ტექნიკური საშუალებები ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის დადგენილ სტანდარტებს შეესაბამებოდეს. ტექნიკურ საშუალებებში შედის სამაუწყებლო ანძაც, რომელიც თავისთავად გარკვეული გამოსხივების მქონე ობიექტია. ამ ფაქტორს ითვალისწინებს მოქმედი კანონი და 361-ე მუხლში აღნიშნავს, რომ თუ ლიცენზიით ნებადართული საქმიანობის განხორციელება საჭიროებს სამშენებლო-საპროექტო სამუშაოების ჩატარებას და ზეგავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე ან ბუნებრივ გარემოზე, ლიცენზიის მაძიებელმა კომისიას უნდა წარუდგინოს სამშენებლო-ტექნიკური დოკუმენტაცია, კომისიის მიერ დადგენილი წესით. ამ დოკუმენტების წარდგენის და მისი სტანდარტებთან შესაბამისობის შემოწმების გარეშე, კომისია ვერ გასცემს ლიცენზიას.
ტექნიკური საშუალებებისა და დადგენილი სტანდარტების შესაბამისობის შესამოწმებლად, კანონი აწესებს სპეციალურ მექანიზმს. ამ მიზნით კომისიაში იქმნება მუდმივმოქმედი ქვეკომისია. ქვეკომისიის შემადგენლობაში შედიან საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროები, რომლებიც უზრუნველყოფენ წარდგენილი სამშენებლო-ტექნიკური დოკუმენტაციის ექსპერტიზას თავიანთ უწყებებში. ქვეკომისია კომისიას წარუდგენს დასკვნას, თუ რამდენად შეესაბამება ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი სამშენებლო-ტექნიკური დოკუმენტაცია ლიცენზირებადი საქმიანობის პირობებს, არსებულ ნორმებსა და სტანდარტებს. აქედან გამომდინარე, ლიცენზიის გაცემამდე კომისია ყოველმხრივ ამოწმებს ლიცენზიის მაძიებლის მფლობელობაში არსებული ტექნიკური საშუალებების შესაბამისობას დაშვებულ ნორმებთან. ანუ ლიცენზიის მიღების ფაქტი ადასტურებს, რომ რადიო ,,ძველი ქალაქის” ტექნიკური აღჭურვილობა და მათ შორის, ანძა შეესაბამებოდა დადგენილ სტანდარტებს. კანონის 38-ე მუხლის მე-8 პუნქტი იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ:
„ლიცენზიის მფლობელს ლიცენზიით ნებადართული საქმიანობის განხორციელებისათვის არ ესაჭიროება სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობის ან მმართველობის ორგანოებისაგან რაიმე სხვა ლიცენზია ან ნებართვა, გარდა კანონით დადგენილი ლიცენზიებისა და ნებართვისა.“
ამავე დროს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრმა გამოსცა ბრძანებულება, რომელიც ტექნიკური მოწყობილობის მფლობელებს სანიტარული პასპორტების აღებას ავალდებულებდა. პასპორტების გაცემა სანიტარული ზედამხედველობის ინსპექციას დაევალა. სამინისტროს მიერ სანიტარული პასპორტის მოთხოვნა შეიძლება ჩაითვალოს დამატებით ნებართვად, რადგანაც, როგორც ბრძანებიდან ჩანს, ასეთი პასპორტის გარეშე რადიო ვერ განახორციელებს მაუწყებლობას. ლიცენზიის მოქმედების შეჩერების უფლება აქვს მხოლოდ კომისიას, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევაა ლიცენზიის პირობების შეუსრულებლობა.
,,ძველმა ქალაქმა“ ლიცენზია ჯერ კიდევ 1999 წელს მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ რადიოკომპანიამ გაიარა ტექნიკური მოწყობილობების შემოწმება (აღსანიშნავია, რომ სადავო ანძა უკვე ხუთი წელია ერთსა და იმავე ადგილზე დგას) . ,,ძველი ქალაქი“ ხელახალ რეგისტრაციაში კანონის 54-ე მუხლისა და 2000 წელს მიღებული ,,კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციისა და პირობების შესახებ“ კომისიის დადგენილების მე-2 მუხლის საფუძველზე გატარდა. აქედან გამომდინარე ლიცენზიის მიღება უკვე თავისთავად ადასტურებს იმას, რომ ქვეკომისიას დადებითი დასკვნა ჰქონდა გაკეთებული. მით უმეტეს, რომ ქვეკომისიის შემადგენლობაში შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, აგრეთვე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროების წარმომადგენლები შედიან და მათი დადებითი დასკვნის გარეშე რადიოკომპანია ხელახალ რეგისტრაციაში ვერ გატარდებოდა. ამასთანავე ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, კანონს მინისტრის ბრძანებაზე უპირატესი ძალა აქვს.
იესო ქრისტეს ჯვარცმამ და აღდგომამ კაცთა მოდგმის ცხოვრებასა და აზროვნებას ახალი განზომოლებები შესძინა. აქ პირველ რიგში პიროვნების ძირითადი უფლებებისა და თავისუფლების მაღალ რეგისტრში აყვანა იგულისხმება.
ახალი აღთქმის ერი ანუ ეკლესია იქმნება არა სისხლის, არა ენის, არა ეროვნული და სოციალური წარმომავლობის, არა მამაპაპეული ტრადიციების, არა წარსული მემკვიდრეობის, არა გენეტიკური კოდის, არამედ პიროვნული არჩევანისა და ინდივიდუალური ნების საფუძველზე. ძალადობა, ცთუნება და დაკაბალება სახარების დედააზრს ეწინააღმდეგება და იქ, სადაც პიროვნება უფლებააყრილი და დათრგუნულია, ეკლესიის ცხოველმყოფელი მისიაც დაკნინებული და ფრთამოკვეცილია. ამის მიზეზი, ბევრ სხვა ფაქტორთან ერთად, საზოგადოების მეშჩანიზმია, რაც გონებრივ სიბეცესა და ცრუმორწმუნეობაში გამოიხატება.
სააღდგომო ეპისტოლე, რომლის ტექსტს ქვემოთ ვაქვეყნებთ, დაცულია მისი ავტორის სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის კალისტრატე ცინცაძის პირად საარქივო ფონდში. 1936 წელი, როდესაც ეს დოკუმენტი შეიქმნა, ჩვენი ქვეყნის სამოქალაქო და საეკლესიო ისტორიის უმძიმეს პერიოდს განეკუთვნება. მღვდელმსახურთა და ერისკაცთა დევნამ, მორწმუნეთა სინდისის შეურაცხყოფამ არნახულ მასშტაბს მიაღწია. სპეცსამსახურები ეკლესიაში უკუღმართი ცნობიერების წახალისებას მეცადინობდნენ. წინამდებარე დოკუმენტი გვავარაუდებინებს, რომ ისინი თავისუფალი მოქმედების საშუალებას აძლევდნენ იმ მღვდლებს, რომლებიც ეკლესიას ჩამოშორდნენ, მაგრამ წესებს თვითნებურად მაინც ასრულებდნენ და სხვადასხვა ჯურის ცრურწმენებს ავრცელებდნენ. ისინი თურმე ამტკიცებდნენ: 1. ბავშვები დაიხოცებიან, თუ სასწრაფოდ არ მოინათლენ და 2. ღმერთი და წმინდანები ჩვენგან ცხვრების, თხებისა და მოზვრების შეწირვას ითხოვენო. ამ კამპანიის უკან, ცხადია, ანგარება და მერკანტილიზმი იდგა, მაგრამ მთავარი აქ ისაა, რომ ხდებოდა მასის ზომბირება და გონებრივად დაბნელება. საქმე ბნელეთის მოციქულობასთან გვქონდა, რაც ყველგან და ყოველთვის ზნეობრივი მონობის, საზოგადოების სულიერად დაპყრობისა და დაჩაჩანაკების საფუძველთა საფუძველია. ამ მოვლენას ეკლესია დაარსების დღიდან ებრძოდა და ებრძვის. ბრძოლის ერთადერთი საშუალება არის განათლება, ხალხის გათვითცნობიერება, - სახარება, იდეალი - სულიერი ატმოსფეროს გაუმჯობესება, პიროვნების ღირსებისა და ხელშეუხებლობის პატივისცემა,რაც ვერ განხორციელდება იქ, სადაც საღვთო წერილისა და ეკლესიის მამებისეული რწმენის ადგილი ცრურწმენებს უკავია, სადაც უწიგნურობა და ობსკურანტიზმი ყვავის. კათალიკოს კალისტრატეს მიზანიც უწესრიგობის, უწიგნურების, გონებრივი სიბნელისა და ობსკურანტიზმის დამარცხებაა.
ანალოგიური პრობლემები ჩვენი საზოგადოების წინაშე დღესაც დგას, რაც აღნიშნული დოკუმენტის ხელახალი პუბლიკაციის აუცილებლობას გვკარნახობს.
![]() |
9 საყვარელთა შვილთა საქართველოს ეკლესიისათა ქრისტე აღსდგა! |
▲ზევით დაბრუნება |
ისტორია
კალისტრატე ცინცაძე
წყალობითა ღმრთისაითა, მდაბალი კალისტრატე,
კათალიკოს-პატრიარქი სრულიად საქართველოისა
ჩვენამდე მოაღწია ცნობამ, რომ ზოგიერთ ყოფილ მღვდლებს უჩუმრად დაუწყიათ ქრისტიანული წესების შესრულება, შეუტანიათ არევ-დარევა საეკლესიო ცხოვრებაში და განუზრახავთ ნდობა დაუკარგონ კანონიერად დადგინებულ მღვდელმსახურთ.
ამ ცხოვართა სამოსლით მოვლინებულ, ხოლო შინაგან მტაცებელ მგელთა (მატთ, VII 15) მაგალითით უსარგებლიათ ზოგიერთ საერო პირებს და შესდგომიან საეკლესიო წესების თავისებური გაგებით შესრულებას. ზოგიერთ თქვენგანს, საყვარელნო, ეს ცრუ მოძღვარნი (2 პეტ. II. 1) , რომელნი არა ჰმონებენ (მსახურებენ) უფალსა ჩვენსა იესო ქრისტეს, არამედ მუცელსა თვისსა (რომ. XVI. 18) , რომელ არს ღმერთი მათი (ფილიპ. III. 19) , შეგიწყნარებიეს ვითარცა მსახურნი ქრისტესნი.
ცრუმოძღვრებთან ერთად თავი უჩენიათ ცრუწინასწარმეტყველთა (მატთ. VII. 15) და ქადაგთა, რომელნიც თითქოს ზეგარდმო შთაგონებისა გამო მუქარით გაფრთხილებენ: თუ ბავშვების მონათვლას დააყოვნებთ, უეჭველად დაიხოცებიანო.
ბავშვებს რომ მონათვლა უნდა, ეს ქრისტეანთათვის ჭეშმარიტებაა, მაგრამ შვილებს უნდა ვნათლავდეთ არა სიკვდილის შიშით (ებრ. II 15) (სიკვდილი არ არჩევს მონათლულს მოუნათლავისაგან) , არამედ ქრისტე მაცხოვარის მცნებაზე დაფუძნებული შინაგანი შეგნებით: რომელსა ჰრწმენეს და ნათელიღოს, იგი ცხოვნდეს (მარკ. XVI. 16; შეად. იოან. III. 3) .
თავიანთი გაფრთხილება-ქადაგებით მისან-მოზღაპრეთ (1 მეფ. XXVIII. 9) მიზნად დაუსახავთ ცთუნების შეტანა თქვენს შორის. ჭეშმარიტ არს სიტყვა უფლისა: აღდგნენ ცრუ წინასწარმეტყველნი, რათა აცთუნონ, უკეთუმცა შეუძლეს, რჩეულნიცა (მარკ.XIII. 22) .
იგივე მისან-ქადაგნი ჩააგონებენ მორწმუნეთ, თითქოს წმინდანები განრისხებულ იყვნენ მათზე და რისხვის თავიდან ასაცილებლად და წმინდანების ლმობიერსაყოფელად საჭირო იყოსზვარაკების დაკვლა.
საყვარელნო! სისხლიან მსხვერპლის შეწირვა განწესებული იყო ძველ აღთქმაში, მაგრამ იგი მოასწავებდა ქრისტე მაცხოვრის მიერ ჯვარზედ სისხლის დანთხევას, გამოსახსნელად ჩვენდა ცოდვისა, წყევისა და სიკვდილისაგან (ებრ. IX. 1-12; ეფეს I. 7; გალ. III. 13; ებრ. II. 14-15) ; თავის თავადკი მსხვერპლნი და შესაწირავნი ვერ შემძლებელ იყვნენ ცოდვით შეპყრობილ შემწირველთა გულითად სრულყოფად (სინიდისის დამშვიდებად) (ებრ. IX. 9) , იგინი მხოლოდ განამტკიცებდნენ შემწირველთა შორის რწმენასა და სასოებას მომავალ მაცხოვრისადმი. ამისთვის ვაცთა ვაცთა და ზვარაკთა (ებრ. IX.12) მსხვერპლად შეწირვის ამჟამად მქადაგებელნი აუქმებენ ქრისტეს მიერ გაღებულ მსხვერპლის მნიშვნელობას ანუ, როგორც იტყვის წმ. მოციქული, ცალიერ ყოფენ ჯვარსა ქრისტესა (I კორ. I. 17) და გვტოვებენ ჩვენ ცოდვისა ქვეშე (რომ. I I I . 9) . ნუ იყოფინ: ქრისტე ერთგზის (მსხვერპლად) მსხვერპლად შეიწირა ჩვენთვის და მოგვანიჭა საუკუნო გამოხსნა (ებრ. IX. 12, 28) , განგვიწესა უსისხლო მსხვერპლის - პურისა და ღვინის - მსხვერპლად შეწირვა, ბრძანა რა: ამას ჰყოფდით მოსახსენებელად ჩემდა (ლუკ. XII. 17-20; მატთ. XXVI. 28; I კორ. XI. 23-25) .
გლოცავ თქვენ, შვილნო ჩემნო საყვარელნო!
ეკრძალენით, ნუ ვინმე ღვთის მგმობელთა და ქრისტეს უარმყოფელთა გაცთუნნეს თქვენ (მატთ. XXIV. 4) ; განაშორენით თავნი თქვენნი ცრუმოძღვართა, ცრუწინასწარმეტყველთა, მისანმეზღაპრეთა და ქადაგთაგან; მიიქაცით სარწმუნოებრივ მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად კანონიერად დადგინებულ მოძღვართა მიმართ, რომელნიც განაგებენ ქრისტეს საიდუმლოთა და რომელთაც ბოძებული აქვთ ადგილობრივ მღვდელმთავართა ან ჩვენ მიერ ხელმოწერილი სიგელი, რათა მათგან შესრულებულ ღვთისმსახურებით მოიღებდეთ მადლსა და წყალობასა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესსა. ამინ.