The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

არჩევანი № 4, 2007


არჩევანი № 4, 2007


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: პაპუაშვილი ნუგზარ, ნიჟარაძე როინ, იაკუნინი გლებ (მღვდელი), ჩაიკოვსკი პეტრე, კროტოვი იაკობ, ლადარია ნოდარ, ბეზარაშვილი ლეილა, გადბანი რალფ, კიუნგი ჰანს, მთვარელიშვილი ნინო, სიკარი ანტონიო, ბელქანია ნოდარ, მაისტერი ერნსტ, ტომაზო ლანდოლფი
თემატური კატალოგი არჩევანი
საავტორო უფლებები: © რელიგიური საკითხების შემსწავლელი საზოგადოება
თარიღი: 2007
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: ARCHEVANI (THE CHOICE) მთავარი რედაქტორი: ნოდარ ლადარია პასუხისმგებელი რედაქტორი: ლადო გოგიაშვილი Editor in Chiet: NODAR LADARIA სარედაქციო კოლეგია Editorial Board Editor: LADO GOGIASHVILI სტილის რედაქტორი: ნატო სანაია Style Editor NATO SANAIA გამომცემელი : რელიგიური სკითხების შემსწავლელი ცენტრი



1 სოფელი ივლიტა - ნაციზმის, კლერიკალიზმისა და ეშმაკობის გზათშესაყარი

▲back to top


ნუგზარ პაპუაშვილი

იმ მოვლენებსა და პრობლემებს შორის, რომლებიც ჩვენს ქვეყანას კვლავ მძიმე ტვირთად აწევს და სახელს უტეხს, არის კათოლიკეთა უფლებების შელახვა.

თითქმის ოცი წელიწადია, რაც საქართველოს რელიგიურ-პოლიტიკურ სივრცეში ბევრ სხვა ისტერიასა და ფობიასთან ერთად ანტიკათოლიკური ფობია და ისტერია მძვინვარებს. შესაბამისი სიტყვები და მოწოდებები მართლმადიდებელი ეკლესიის ამბიონებიდანაც გაისმის და რელიგიურად პოლიტიზებული ხალხის ბაგეებიდანაც. უცნაურია, რომ მორწმუნეობაზე თავგამოდებულ პოლიტიკოსთაგან ბევრი, თითქმის ყველა, თავს დასავლურ ღირებულებათა მებაირახტედ წარმოგვიდგენს, სინამდვილეში კი მათ ამ მხრივ მარჯვენა და მარცხენა ვერ გაურჩევიათ.

უფრო უცნაური იურისტების ცნობიერებაა, პირდაპირ რომ ვთქვათ, იურისტების არაიურიდიული ცნობიერება, რამაც ისეთი საკანონმდებლო აქტების შემუშავება განაპირობა, რომლებიც ოფიციალურად და სახელმწიფოს დონეზე არამართლმადიდებლებს მართლმადიდებლების წინაშე ამცრობს და ამცირებს. მარტო იმ ხელშეკრულების გახსენება რად ღირს, რომელიც იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს საპატრიარქოს შორის 2001 წლის 20 აპრილს გაფორმდა და რომელიც მართლმადიდებელ ეკლესიას იმის უფლებას ანიჭებს, რომ სასჯელთაღსრულების ზონებში სხვა აღმსარებლობის მისიათა შესვლა-გამოსვლა ანუ შეშვება-არშეშვება განაგოს.

საქართველოში, ისე როგორც სხვა პოსტსოციალისტურ ქვეყნებსა და საბერძნეთში, განსაკუთრებით რუსეთში, სახეზეა ნაციზმისა და კლერიკალიზმის შეჯვარება. ამ მოვლენამ, გავიმეორებ, - ნაციზმისა და კლერიკალიზმის დაძმობილებამ - საქართველოსა და რუსეთში ნოყიერი ნიადაგი პოვა და, როგორც ვხედავთ, კანონის ენაზეც ალაპარაკდა. ამ ორი ქვეყნის მართლმადიდებლური ელიტა გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ერთმანეთს; აქვთ ერთი და იგივე რელიგიურ-პოლიტიკური ორიენტაცია, რის გამოც ორივე ქვეყანაში ერთი და იგივე რელიგიურ-პოლიტიკური ატმოსფეროა და გასაკვირია, რატომ ვერ უგებენ ისინი ერთმანეთს.

ხსენებულმა კანონმა და ხსენებულმა ენამ საქართველოს, ისე როგორც რუსეთს, ბევრი პრობლემა შეჰყარა და ბევრი მოქალაქე გაანაწყენა. მათ შორის არიან ქართველი კათოლიკეები, რომლებიც თვლიან, რომ მათი საკუთრების უფლება შელახულია.

სოფელ ივლიტის ეკლესიის, უფრო პროფესიულად თუ ვიტყვით, ტაძრის საკუთრების საკითხი ბოლო დროს ფართო საზოგადოებრიობის ყურადღების ცენტრში მოექცა, რასაც პირველ რიგში ჩვენს ბეჭდურ და ელექტრონულ მედიას უნდა ვუმადლოდეთ. სავალალოა და დასანანი, რომ საკითხი იმავე ცნობიერებით შუქდება, რომელმაც აღნიშნული პრობლემა წარმოშვა.

ზოგადი სახელი, რომელიც ამ ცნობიერების დასახასიათებლად გამოგვადგება, არის არასამართლებრივი და არასახელმწიფოებრივი აზროვნება. საქმე ისეთ მხედველობასა და მენტალობასთან გვაქვს, რომელიც, ჩვეულებრივ, კაცობაში შემავალ ასაკს ახასიათებს, მოძველბიჭო ტიპებს კი, რა ასაკისა და სქესისაც არ უნდა იყვნენ ისინი, იგი დანარჩენი სოციუმისაგან გამოყოფს და დღემუდამ ჩასჩიჩინებს: კანონი შენ კი არა, ვიღაც სხვამ უნდა დაიცვას! არსობრივად ეს იგივე კრიმინალური ცნობიერებაა, რომელიც დღეს ჩვენი მოსახლეობის შესამჩნევ ნაწილში ბატონობს, ერთობ ჭარბად კი იმ ნაწილს მოსძალებია, რომელსაც მართლმადიდებლობასა და პატრიოტობაზე პრეტენზია აქვს. ესეცაა მიზეზი, რომ საქართველოს პრობლემები არ აკლდება.

ადამიანები, რომელთა გამო სიტყვის გაგრძელება მოგვიწევს, სულიერ არსებათა იმ კატეგორიას განეკუთვნებიან, რომლებსაც წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) ,,ზედაპირად განათლებულებს” უწოდებს და დასძენს: ზედაპირად განათლება გაუნათლებლობაზე უარესია! აქვე შევნიშნავთ: ცალკე საკითხია, რას ნიშნავს ,,განათლება”. ყოველ შემთხვევაში ის დიპლომებსა და ცენზებს, ტერმინებით ლაპარაკსა და ინფორმაციათა აირნაკადს არ ნიშნავს, არც პროფესიულ მომზადებასა და დაოსტატებას. განათლება პირველ რიგში ზნეობრივ კრედოს და აზროვნების კულტურას ნიშნავს. ხოლო იქ, სადაც ,,განათლება” ზნეობრივ კრედოსა და აზროვნების კულტურასაა მოკლებული, საქმე ცრუგანათლებასთან, ე.ი. გაუნათლებლობასთან გვაქვს. ეს ისეთი გაუნათლებლობაა, რომელსაც სადღაც და როგორღაც განათლების პრეტენზია და ილუზია მოუხელთებია და, რადგან სხვა გზა არ დარჩენია, თავი ამა თუ იმ ამაღლებული იდეალისათვის შეუფარებია.

ცრუგანათლება კაცობრიობის მძიმე ტვირთია. მისი მეშვეობით, მართალია, უმეცრება და უწიგნურობა დროებით ინიღბება, მაგრამ ბინძურდება და იხრწნება ატმოსფერო, რომელშიც ეს ნიღაბი ამპარტავნობს და ბობოქრობს. ასეთი განათლება ხშირად, ჩვენს შემთხვევაში კი თითქმის მთლიანად, მამულითა და ,,მამული სარწმუნოებით” სპეკულიანტობს და ვერ ხვდება, რომ ასე და ამრიგად ამცრობს და აბუჩად იგდებს იდეალთა იდეალს - ჭეშმარიტებას ანუ, რაც იგივეა, ღმერთს (შდრ. იოანე 14:6).

მხედველობაში, ცხადია, პიროვნებები გვყავს, ამ შემთხვევაში - ჟურნალისტები, რომლებიც ან ვერ ასხვავებენ ერთმანეთისაგან ცრუსა და ჭეშმარიტს, ანდა ჰგონიათ, რომ ,,სამშობლოსათვის” კაცს პირფერობა და ტყუილიც კი ეპატიება ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, სამშობლო სხვაა და ჭეშმარიტება სხვა, მეტიც - სამშობლო ჭეშმარიტებაზე მაღლა დგას. .

დავუბრუნდეთ ჩვენს პირველსათქმელს.

ჩემ წინაა ორი კორესპონდენცია: 1) ცაულინა მალაზონია, ახალციხე - ,,სალოცავი საომარ ადგილად არ უნდა იქცეს. თსუ მესხეთის ფილიალში ივლიტის ეკლესიაზე მსჯელობამ სკანდალური სახე მიიღო” (გაზ. ,,სამხრეთის კარიბჭე”, 2006, 1.XI, №42) და 2) მაია იველაშვილი, ახალციხიდან - ,,დემოკრატია” ტაძრის კუთვნილების გარკვევისათვის” (გაზ. ,,24 საათი”, 2007, 8.III).

ამ სათაურებს ერთმანეთთან სამართლებრივი სივრცისაგან შორს დგომა და არასამართლებრივი ცნობიერება ანათესავებთ (თუმცა ,,24 საათის” კორესპონდენცია შედარებით ობიექტური და პროფესიულია). საომარ ადგილად არამც თუ სალოცავი, არამედ არაფერი არ უნდა იქცეს. ამის მიუხედავად ფაქტია, რომ საომარ ადგილად როგორც სალოცავი, ისე არასალოცავი მრავალგზის ქცეულა. ივლიტის ,,ეკლესიაც” ამ დღეშია. ეს ნაგებობა დაკავებული აქვს ამავე სოფლის მართლმადიდებელ ეკლესიას, რასაც აპროტესტებს ამავე სოფლის კათოლიკური ეკლესია, რადგან თვლის (და ასეცაა), რომ ეს ნაგებობა ადრე (კომუნისტებისაგან მიტაცებამდე) მისი საკუთრება იყო. ასე რომ, ეს სალოცავი ,,საომარ ადგილად” უკვე გადაქცეულია (ნამდვილი ომისაგან ღმერთმა დაგვიფაროს!) და გამოთქმა ,,არ უნდა იქცეს” ყალბია, თანაც ეშმაკური: ვითომ მიუკერძოებელი, სინამდვილეში - ერთობ მიკერძოებული. ეშმაკურია ფოტომონტაჟიც. ავტორის სულსა და ინტელექტს მისადაგებული მღვდლის სახე წარმოდგენილია ცენტრში და თანაც ფართო რაკურსით; ავტორის თვალისა და ჰორიზონტისათვის მიუღებელი პიროვნებები მიყუჟულნი არიან კუთხეში და მათ სახეს მკითხველი მრუდე სარკით ხედავს (ჩანს, ასეთია რედაქციის პროფესიონალიზმი და ზოგადი კულტურა).

ამას გარდა: სად არის პასუხი კითხვაზე - ვის გამო მიიღო ,,თსუ მესხეთის ფილიალში ივლიტის ეკლესიაზე მსჯელობამ სკანდალური სახე”? იძულებული ვარ კორესპონდენტის ტექსტი ერთი არსებითი დეტალით შევავსო. სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, როდესაც დავით აღმაშენებლის საზოგადოების წევრები, ტელეეკრანებიდან კარგად ცნობილი სახეები, გამოჩნდნენ და დარბაზში მარშით შემოვიდნენ. მათ სხდომის წამყვანებსა და გამომსვლელებს უტაქტო, უადგილო და გამომწვევი კითხვები დაუსვეს; ყველაფერს ვიდეოკამერით აფიქსირებდნენ. გვრჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ჩვენ წინაშე უშიშროების სამსახური მუშაობდა და დაკითხვას გვიწყობდა. დეკანოზმა დავით ისაკაძემ, რომელიც აქციის ხელმძღვანლად გამოიყურებოდა, დირექტორს, პროფ. შოთა ზაზაშვილს სახელისა და გვარის დასახელება მოსთხოვა და იმპერატიული შეკითხვითაც მიმართა: ვინ მოიწვია მღვდელი ზაზა თევზაძე?! (ცნობისათვის: მ. ზაზა თევზაძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ახლახან დეკანოზის ღირსებით შემოსა). სტუმრები დაგვემუქრნენ: თქვენ შესახებ მოვახსენებთ იქ, სადაც ჯერ არს! მათ ერთ-ერთი კათოლიკე მღვდლის წინააღმდეგ გაიწიეს კიდეც და, ამდენად, ღონისძიების ჩაშლა ანუ ობსტრუქციის მოწყობა მოინდომეს. ქალბატონო ცაულინა! ნუთუ თქვენთვის, განათლებული პიროვნებისათვის, ურთიერთობის კულტურაა ის, რაც საუნივერსიტეტო აუდიტორიაში დეკანოზმა დავით ისაკაძემ მოიმოქმედა? მან იქ კათოლიკე მღვდელს, ე.ი. განსხვავებული კონფესიის სასულიერო პირს, მ. გაბრიელე ბრაგანტინს ულტიმატუმი წაუყენა: თუ გინდა მწვალებლის სახელი არ დაგარქვათ, ახლავე, ჩვენ წინაშე თქვი, რომ სულიწმინდა მხოლოდ მამისაგან გამოდის!

ასე რომ, სკანდალის მიზეზად თბილისიდან ექსტრემისტული გეგმითა და მისიით ახალციხეში ჩამოსული სტუმრები მოგვევლინენ...

ვის არიგებს ჭკუას ავტორი? ცხადია, კათოლიკეებს, რომლებიც იბრძვიან, რადგან თავს დაჩაგრულად მოიაზრებენ, და არა მართლმადიდებლებს, რომლებსაც ბრძოლა არ სჭირდებათ, რადგან მათი მიზანი მიღწეულია (ტაძარი მათ ხელშია). ასეთი ტენდენციურობა მოდავე მხარეს როგორ დააშოშმინებს?

ერთადერთი გამოსავალი პრობლების სამართლებრივ ჭრილში განხილვაა. ამ მიზნით დაიწერა ის წიგნი, რომლის პრეზენტაცია-განხილვას ჟურნალისტი, თურმე, დასწრებია. წიგნის სათაურია ,,სიმართლისა და სამართლისათვის ივლიტის ეკლესიაზე” (თბ., 2006).

გვრჩება შთაბეჭდილება, რომ კორესპონდენციის ავტორს არც ეს წიგნი წაუკითხავს და ყურადღებით არც იმ გამომსვლელებისათვის მოუსმენია, რომლებმაც ამ წიგნის მაგისტრალური ხაზი განავითარეს. ამის გამო მე, აღნიშნული წიგნის თანაავტორი, იძულებული ვარ კორესპონდენტისა და მისი აუდიტორიის გასაგონად ვთქვა: 25 ოქტომბრის სხდომაზე თსუ მესხეთის ფილიალში მეცნიერებმა სარწმუნო არგუმენტები წარმოადგინეს, რომელთა თანახმად, ივლიტის სადავო ნაგებობა კათოლიკეებს ეკუთვნით და, ამდენად, ,,გამომსვლელთა უმეტესობის” შეძახილებს, როგორც ავტორი ამბობს, ტაძრის ,,მიტაცებაზე”, ,,დაბრუნებისათვის ბრძოლაზე”, ,,სახლიდან გამოყრაზე” და ა.შ. საფუძველი აქვს. ეს საფუძველი კი, მოკლედ, ასეთია: არსებობს რესტიტუციის ზოგადი კანონი, რომლის კერძო გამოხატულება საქართველოს მინისტრთა საბჭოს 1990 წლის 12 აპრილის დადგენილება და ,,საკონსტიტუციო შეთანხმების” მე-11 მუხლია. ამ დოკუმენტების ძალით საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას უბრუნდება ის ქონება, რაც მას 1921 წლის შემდეგ ჩამოერთვა. თუკი სახელმწიფომ უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნების პრეცედენტი ერთის მისამართით დაუშვა, მეორის მისამართითაც იგივე უნდა მოიმოქმედოს. ეჭვი არაა, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მესვეურებიც ასე ფიქრობენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი იესო ქრისტესა და მის საღვთო წერილს დაუპირისპირდებიან, რომელიც ღაღადებს: ნუ გავაკეთებთ, რაც არ გვინდა, გაგვიკეთონ ჩვენ! (ტობ. 4:15; მათე 7:12; ლუკა 6:31; დიდაქე 2). თუკი მართლმადიდებელთა სამრევლოებს აქვთ უფლება, მოითხოვონ ანტირელიგიური კამპანიის ჟამს წართმეული ქონება და, პირველ რიგში, საეკლესიო ნაგებობები, ასეთივე უფლება კათოლიკურ სამრევლოებსაც უნდა ჰქონდეთ, მათ შორის - სოფელ ივლიტის კათოლიკურ სამრევლოს (ეკლესიას).

დავას იმაზე, აღნიშნული ნაგებობა არასაეკლესიო დანიშნულებისამებრ გადაკეთებამდე კათოლიკური ეკლესიის ფუნქციას ასრულებდა თუ არა, მხოლოდ ცინიკოსი ან პროფესიონალი დემაგოგი თუ იკადრებს. ყველა წყარო (როგორც ლიტერატურული, ისე ზეპირი) ცალსახად და არაორაზროვნად მეტყველებს, რომ ამ სოფელში რევოლუციამდე ერთადერთი ეკლესია ფუნქციონირებდა და ეს ეკლესია კათოლიკური აღმსარებლობის იყო. მაშასადამე, ის სალოცავი, რომელიც პატივცემული კორესპონდენტის შეგონებით, ,,საომარ ადგილად არ უნდა იქცეს”, ისტორიულად კათოლიკეთა სალოცავია. რა ქვები იქნა გამოყენებული ამ სალოცავის ასაშენებლად, სამშენებლო ტექნიკის ისტორიისათვის საინტერესოა, მაგრამ ამ ქვებისაგან ამოყვანილი კედლების დღევანდელი იურიდიული მესაკუთრის გარკვევისათვის ამას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს.

არგუმენტები, რომ ამ საეკლესიო ნაგებობის ჩვენამდე მოღწეული მასალა შედგება X ს-ის წარწერიანი ქვისაგან, ანდა არსებობა საფლავის ქვებისა, რომლებზეც ვკითხულობთ სიტყვას ,,მართლმადიდებელი”, ყოველგვარ ძალას და სერიოზულობას მოკლებულია. ჯერ ერთი, ,,მართლმადიდებელს” თავიანთ თავს უწოდებენ კათოლიკეებიც და, კიდევ უფრო ხაზგასმითა და დაჟ ინებით - სომეხი მონოფიზიტები. მეორე: იმ ლოგიკით, რწმენითა და პრინციპით, რომ ეს შენობა, გინდაც მთლიანად და არა მარტო ცალკეული ქვები (დავუშვათ, მართლაც), ადრე, ერთ დროს, ოდესღაც მართლმადიდებელთა ეკლესიის საკუთრება იყო, შეიძლება დღეს რომის წმ. პეტრეს კათედრალის კუთვნილების საკითხიც გადაისინჯოს. რომელ მართლმადიდებელს არ სწამს და არ სჯერა, რომ ეს ტაძარი, მისი საფუძველი და მისი ქვები ადრე, XI ს-მდე, ,,მართლმადიდებლური ეკლესია” იყო. მეტიც - მაშინ, როდესაც აღმოსავლეთის საპატრიარქოებში ერესი და მწვალებლობა მძვინვარებდა, რომი მართლმადიდებლობის ბურჯად გვევლინებოდა. მართლმადიდებლობის სისავსეს, რომელიც რომის ეკლესიას ამკობდა და მსოფლიოს ასხივოსნებდა, შენატროდნენ აღმოსავლეთის ისეთი დიდი მამები და მოწესეები, როგორებიც იყვნენ იოანე ოქროპირი, მაქსიმე აღმსარებელი და იოანე დამასკელი. თუკი ივლიტის მართლმადიდებელთა ეკლესიის წინამძღვრის, დეკანოზ იოანე გელაშვილისა და მისი აქტივისტების გზით ვივლით, მალე ალბათ დღის წესრიგში რომის პაპის რეზიდენციის მართლმადიდებელთათვის გადაცემის საკითხსაც დავსვამთ. და მართლაც, ასევე, რა უშლით ხელს დასავლეთ ევროპელ მართლმადიდებლებს, ანდა ძველკათოლიკეებს (ისინი თავიანთ თავს სქიზმამდელი ეკლესიის ხალხად მოიაზრებენ), რომ მათი ქვეყნების ყველა ძველი, XI ს-მდელი, დღეს კი კათოლიკეთა და პროტესტანტთა სალოცავად ქცეული ტაძრის ,,დაბრუნებაზე” იფიქრონ? ივლიტის ტაძრის ამჟამინდელი მრევლის წინამძღოლებისა და მათი იდეოლოგების ლოგიკით, - არაფერი! რა შეიძლება ვთქვათ ქრისტეს შობის ტაძარზე ბეთლემში, რომლის გასაღები კათოლიკეების ხელშია? - დავიბრუნოთ!

დამეთანხმებით: კომედიამდე მივდივართ.

კომიკურია ქვების, თუნდაც წარწერიანების, მართლმადიდებლურად გამოცხადება! თუკი ქვათა ასეთი დახარისხება შესაძლებელია, თუკი ,,მართლმადიდებლური” ქვები არსებობენ, უნდა არსებობდეს კათოლიკური, ანდა ბუდისტური და, ცხადია, ათეისტური ქვებიც. ეს სხვა არაფერია, თუ არა ანიმიზმი, - წმინდა წყლის წარმართობა. ეს კომედია კი არა, ტრაგედიაა!

აზრს მართლმადიდებელი ეკლესიის ერებსა და სახელმწიფოებთან იდენტიფიკაციის შესახებ პატროლოგია (ზოგადად: მართლმადიდებლური ღვთისმეტყველება) არ იცნობს; იგი ერთგვარი ერესია. ამასთანავე: პოზიცია, რომელიც ტკეპნის ლოზუნგს: ,,საქართველო მართლმადიდებლური ქვეყანაა!”, არის არა მარტო არაეკლესიური, არათეოლოგიური და არამართლმადიდებლური აზროვნების ნიშანი, არამედ - ანტიეროვნული და, დიახაც, ანტისახელმწიფოებრივი: საქართველო მარტო მართლმადიდებლების სამშობლოა?! როგორ გვესახება მაშინ საქართველოს არამართლმადიდებელი მოქალაქეების, ქართველებისა თუ არაქართველების, საერთო ქართულ სახელმწიფოსა და კულტურაში ინტეგრაცია? თუკი ეს კულტურა ეთნიკური ქართველების და ისიც მხოლოდ მართლმადიდებელი ქართველების კულტურაა, სად არის სხვა ეთნოსისა და სხვა კონფესიის მიმდევართა ადგილი ამ სივრცეში?

აქ კი იძულებული ვარ, ქ-ნ ცაულინა მალაზონიას თანამდგომსა და თანამოაზრეს (ასეთია შთაბეჭდილება) პროფესორ მერაბ ბერიძეს გამოვეპასუხო. უცნაურია, რომ იგი, მკვლევარი, რომელმაც, როგორც თვითონ ამბობს, ,,მთელი ცხოვრება XIX საუკუნის კათოლიკე მოღვაწეთა ნაშრომების შესწავლას” მოანდომა, ერთ ანბანურ ჭეშმარიტებას ვერ ითვალისწინებს: მართლმადიდებელი ეკლესიის, როგორც ინსტიტუციისა და სოციუმის, წიაღში მოქმედი მოვლენების კრიტიკა ამ ეკლესიის, როგორც ასეთის, კრიტიკას არ ნიშნავს. ასე რომ, მისი სიტყვები ,,ეს წიგნი... არის მხოლოდ მართლმადიდებლებისა და იველაშვილის ლანძღვა”, სხვა არაფერია, თუ არა ტყუილი და მსმენელთათვის თვალებში ნაცრის შეყრა. არც მე და არც ჩემი თანაავტორი მართლმადიდებლებს და ქ-ნ თინა იველაშვილს არ ვლანძღავთ. კრიტიკის უფლება ყველას აქვს. არ მოსწონს ბ-ნ მერაბს ჩვენი ხედვა და არგუმენტები? წარმოგვიდგინოს თავისი. მის სიტყვებს ,,მე მინდა გავხაზო ამ წიგნში ანტისახელმწიფოებრივი მონაკვეთები” ერთობ ცუდი, პირდაპირ ვიტყვი, საბჭოური ჩინოვნიკის სუნი ასდის. რას ნიშნავს ,,ანტისახელმწიფოებრივი”? ამა თუ იმ სახელმწიფოს ამა თუ იმ მთავრობის (ხავერდოვანისა თუ ატლასოვანის) კრიტიკა ანტისახელმწიფოებრიობაა? თუ ასეა, კი ბატონო, ვიმეორებ: ჩემი შეფასებით, ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობის საკითხში ანტისამართლებრივ და ანტისახელმწიფოებრივ პოზიციაზე იდგა როგორც გამსახურდიას, ისე შევარდნაძის მთავრობა. სააკაშვილის მთავრობა (იმის მიუხედავად, რომ ექსტრემიზმის მასშტაბები შემცირდა) არსებითად მათსავე კვალზე დგას. ეს საკმაოდ სახიფათო კვალია, რადგან სახეზეა მართლმადიდებელთა, უფრო სწორად - მართლმადიდებლობის დამჩემებელთა მიმართ პროტექტორატი და არამართლმადიდებელთა, ე.ი. სხვადმადიდებელთა, დისკრიმინაცია. კათოლიკეთა უფლებები კვლავ უგულებელყოფილია, რაც სხვა არაფერია, თუ არა ერთი და იმავე სახელმწიფოს მოქალაქეთა რელიგიური ნიშნით დახარისხება. ვილაპარაკოთ ფაქტებით. კათოლიკეთა მსახურებისათვის განკუთვნილ ტაძრებს ბათუმში, ქუთაისში, გორსა და უდეში, ვიდრე მათ მართლმადიდებლები დაიკავებდნენ, სახელმწიფო განაგებდა. იგივე სახელმწიფო, დღეს სააკაშვილის მთავრობით წარმოდგენილი, ვალდებულია, მოაგვაროს ამ ეკლესიების მესაკუთრეობის საკითხი: ან დაუბრუნოს კათოლიკეებს მათი სულიერი წინაპრების მიერ აშენებული ტაძრები, ანდა შესთავაზოს მათ კომპენსაცია, თუნდაც მორალური, სიტყვიერი (ბოდიშის სახით). დღემდე მსგავსი არაფერი მომხდარა. პირიქით: როგორც კათოლიკეების, ისე სხვა არამართლმადიდებლების პრობლემებისა და საჩივრების განხილვის დროს ყველას პირზე ,,საკონსტიტუციო შეთანხმება” აკერია. მთავრობას ერთხელ არ გაუკეთებია კომენტარი; არც კი უცდია, გაერკვია, ეს დოკუმენტი არამართლმადიდებლებს მართლაც აყენებს თუ არა დისკრიმინაციულ მდგომარეობაში. გვრჩება შთაბეჭდილება, რომ ასეთი პრობლემების მოგვარების გზაზე საქართველოს მმართველი ელიტა ნაბიჯის გადადგმას არ აპირებს. ამიტომ თავს უფლებას ვაძლევ ვთქვა: პასუხისმგებლობა მთავრობის კისერზეა!

ნუთუ ბ-ნ მერაბს, პროფესორს, იმ დოზით და იმ ფორმით უყვარს მთავრობა, მათ შორის - ეს მთავრობა, რომ ჩემი სიტყვები: ,,კათოლიკური ეკლესიის საწინააღმდეგო კამპანია საქართველოში სახელმწიფო პოლიტიკის ნიშნებს ატარებს” - ვერ აუტანია? ბ-ნ მერაბს აინტერესებს: ,,ეს წიგნი შეიძლება გამოიცეს ვატიკანში, როგორი იქნება რეაქცია?”. ჩემი აზრით, რეაქცია ასეთი იქნება: პაპის კურია, ე.ი. ვატიკანი, საქართველოს მთავრობასა და ხელისუფლებას ივლიტის ეკლესიის თაობაზე სიმართლისა და სამართლისაკენ მოუწოდებს და, ალბათ, ჩემს სტატიასაც დაიმოწმებს, რაც ურიგო არ იქნება. ისე კი, ვატიკანს საქართველოს მთავრობასთან ამ ენით ლაპარაკი რომ უნდოდეს, აქამდეც ილაპარაკებდა, რადგან მისთვის, ეჭვი არაა, ივლიტის ეკლესიის ამბავიც ცნობილია და სხვა ეკლესიებისაც, რომლებიც დღეს მართლმადიდებელთა ხელშია და რომელთა მიმართ კათოლიკეთა პრეტენზიებს იურიდიული საფუძველი აქვს.

ვის ეკუთვნის პირველი სიტყვა ამა თუ იმ საეკლესიო შენობის კუთვნილების გარკვევაში? ესაა კითხვა, რომელიც ეკლესიოლოგიურ და სამართალმცოდნეობით პასუხს მოითხოვს. მრჩება შთაბეჭდილება, რომ გაზეთ ,,24 საათის” კორესპონდენტი ღვთისმეტყველებისა და კანონიკის საკითხებში საკმარისად ჩახედული არ არის. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი სათაურისეულ სიტყვას ,,დემოკრატია” ფრჩხილებში არ ჩასვამდა, რადგან როგორც საეკლესიო, ისე სამოქალაქო კანონები ასეთი საკითხების გარკვევის დროს ხალხის ნებას, ე.ი. დემოკრატიას, - კრებებსა და არჩევნებს - დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. გავითვალისწინოთ, რომ ეკლესიის სტრუქტურა და დოგმატიკა სწორედ კრებების მეშვეობით ჩამოყალიბდა. გავიხსენოთ: როგორ მოხდა პირველ ეკლესიათა ორგანიზება, კერძოდ წინამძღვართა დადგენა? - არჩევნებითა და კენჭისყრით (საქ. 1:26; 6:3-6). ეს სხვა არაფერია, თუ არა დემოკრატია, რაც ახალი აღთქმის და, ამდენად, ეკლესიის, აგრეთვე სამოქალაქო საზოგადოების, ფუნდამენტია.

ასე რომ, პასუხი ზემოთ დასმულ კითხვაზე ასეთია: სავსებით ბუნებრივია, რომ ამა თუ იმ ტაძრის კუთვნილების გარკვევისათვის ადგილობრივი კრება მოეწყოს, რათა ვიცოდეთ, შესაბამის ტერიტორიაზე (სოფელსა თუ ქალაქში) კვლავ ცხოვრობენ თუ არა იმ აღმსარებლობის ადამიანები, რომელი აღმსარებლობის მიმდევართა შეკრებისა და ღვთისმსახურებისთვისაც მოცემული ტაძარი აშენდა. დამოწმებული კორესპონდენცია გვატყობინებს, რომ 3 მარტს სოფელ ივლიტაში სწორედ ასეთი კრება შედგა; დადასტურდა, რომ ამ სოფელში დღესაც ცხოვრობს ის ხალხი, რომელიც მოცემულ საეკლესიო ნაგებობასთან ისტორიული ფესვებითაა დაკავშირებული და ეს ფესვები მათ გაცნობიერებული აქვთ. მათი რიცხვი სოფლის პირობაზე არცთუ ისე უმნიშვნელოა. ეს ნიშნავს, რომ ივლიტის ტაძრის კუთვნილების საკითხში პრიორიტეტი მათ - კათოლიკე ივლიტელებს - ეკუთვნით. ეს ტაძარი თანამედროვე ისტორიაში მათმა სულიერმა წინაპრებმა შემოიტანეს, რაც მათ ამ ტაძრის მესაკუთრეობის საკითხში პრივილეგიას ანიჭებს.

ამდენად, არჩევნებს, რომელიც სოფელ ივლიტაში 3 მარტს გაიმართა, კანონიერი ძალა ენიჭება, რადგან იგი მოციქულთა ეპოქისა და ეკლესიის პირველმოსახლეთა ტრადიციის ანარეკლია.

ამ ანბანურ ჭეშმარიტებასთან მიმართებაში პირდაპირ გასაოგნებელია ქ-ნ ლალი ბერიძის პოზიცია. მით უმეტეს, რომ იგი განათლებით, თურმე, იურისტია. მინდა ხაზგასმით ვთქვა: როგორც ეკლესიური, ისე იურიდიული თვალსაზრისით, სრულიად მართებულია ბ-ნ ბექა მინდიაშვილისა და ბ-ნ გიორგი მელაძის პოზიციები, ციტირებული ,,24 საათის” კორესპონდენციაში, ვინაიდან საკითხი, რომელიც ივლიტის ტაძრის თაობაზე დაისვა, დიდწილად სწორედ სოფლის მოსახლეობისა და კრების გადასაწყვეტია.

ვიმეორებ: კრებას იურიდიულად უნდა გაერკვია, სოფელ ივლიტაში დღესაც მყოფობს თუ არა კათოლიკეთა ეკლესია, ე.ი. იქაური მოსახლეობის ნაწილი, თუნდაც სამი კაცი, ახლაც დგას თუ არა კათოლიკური აღმსარებლობის მხარეზე. თუკი ტაძრის გასაღები მართლმადიდებელ მღვდელს სოფლის კრების გადაწყვეტილების საფუძველზე გადაეცა (რასაც ქ-ნ ლალი ბერიძის ,,24 საათში” ციტირებული სიტყვაც ადასტურებს), იმავე სოფლის კრება (და სწორედ კრება) დღეს უფლებამოსილია, იმავე გასაღების უკან დაბრუნება მოითხოვოს. იურიდიულად ერთობ მოუწესრიგებელი მხედველობა იკითხება ქ-ნ ლალი ბერიძის სიტყვებში: ,,წლების წინ საერთო კრების გადაწყვეტილებით მოხდა ტაძრის მართლმადიდებლებზე გადაცემა”. რას ნიშნავს ,,მართლმადიდებლებზე გადაცემა”? ვინ ვის გადასცა ტაძარი? კათოლიკეთა ეკლესიამ იგი მართლმადიდებელთა ეკლესიას გადასცა? ეს თუ ასეა, მკაფიოდ უნდა გაეცეს პასუხი შემდეგ კითხვას: სოფელ ივლიტის კათოლიკურმა ეკლესიამ ,,წლების წინ” აღმსარებლობა შეიცვალა? თუკი ასეა, სად არის დოკუმენტი ამის, ე.ი. ეკლესიის მიერ კონფესიის გამოცვლის შესახებ? თუკი ასეა, რა გამოდის? ეს ეკლესია დღეს ,,წლების წინ” უარყოფილ აღმსარებლობას უბრუნდება? თუკი ეს ასე არ არის, უნდა ვიფიქროთ, რომ ადგილობრივმა კათოლიკურმა ეკლესიამ გაჭირვების გამო (ჩანს, მშობლიური ენის მცოდნე მღვდლის არარსებობის გამო) მღვდელმსახურებისათვის მართლმადიდებელი მღვდელი მოიწვია.

მათთვის, რომლებიც კათოლიკურ და მართლმადიდებლურ რჯულმოძღვრებებს იცნობენ, აქ გასაკვირი არაფერია. გავითვალისწინოთ, რომ კათოლიკურ ეკლესიას მართლმადიდებლური ეკლესიის რწმენასა და პრაქტიკის (ლიტურგიის) ჭეშმარიტებაში ეჭვი არ შეაქვს (სხვა საკითხია, კათოლიკეები მართლმადიდებელთა რწმენისა და პრაქტიკის სისავსეს აღიარებენ თუ არა). ესაა მიზეზი, რომ რომის კათოლიკეები, ბერძნულ-აღმოსავლურ ე.ი. მართლმადიდებელ ეკლესიებში შესრულებულ საიდუმლოებებს მადლმოსილად მიიჩნევენ. გაკათოლიკებულ სულხან-საბას, მაგალითად, თავისუფლად შეეძლო შესულიყო მართლმადიდებელთა ეკლესიაში და ელოცა, ვინაიდან, ვიმეორებ, კათოლიკეებს არაფერი არ უშლით ხელს, რათა მონაწილეობა მიიღონ მართლმადიდებელი მღვდლის მიერ ბერძნული ტიპიკონისამებრ შესრულებულ მსახურებაში. ამისათვის ისინი საკუთარი რჯულის დოგმატებზე უარის თქმის საჭიროებას ვერ ხედავენ, რადგან თვლიან (და ასეცაა): რაც მართლმადიდებლებს სწამთ (ნიკეა-კონსტანტინოპოლის რწმენის სიმბოლო), ის მათაც სწამთ. თეოლოგიაში ეს ორჯერ ორია. თუკი მკითხველთა შორის მოთხოვნილება იქნება, ამ საგანს კვლავ დავუბრუნდები.

ამ შემთხვევაში ჩვენ კითხვა ასე უნდა დავსვათ: ,,წლების წინ” ივლიტელმა კათოლიკეებმა ამ პრინციპით იხელმძღვანელეს? თუ ამ პრინციპით იხელმძღვანელეს, დღეს, როდესაც ქართული ენის მცოდნე კათოლიკე მღვდელი გამოჩნდა, მათ პრეტენზიას ეკლესიის დაბრუნების თაობაზე სრული იურიდიული საფუძველი აქვს.

აქ კი, როგორც მ. იოანე გელაშვილისა და იურისტ ლალი ბერიძის სიტყვებიდან ჩანს (იხ. ,,24 საათის” კორესპონდენცია), ერთი ეშმაკობა იჩენს თავს. ესაა ,,საკონსტიტუციო შეთანხმება”. 2001-2002 წლებში, როდესაც პარლამენტში თუ მის კედლებს გარეთ ამ დოკუმენტის პროექტები იხილებოდა (და ამ პროცესში მეც ვმონაწილეობდი), ვერავინ წარმოიდგენდა, რომ დადგებოდა დრო როდესაც მავანნი და მავანნი ისე ბოროტად გამოიყენებდნენ მას, როგორც დღეს იყენებენ. საკმარისია, ნებისმიერი ადგილი (მიწის ნამცეცი თუ კედლის ნანგრევი) რაღაც მანქანების გზით ,,მართლმადიდებელ ეკლესიად” გამოაცხადო, რომ ასეთ აღმოჩენასა და პრეტენზიას იმ წამსვე ფარად და მახვილად ,,საკონსტიტუციო შეთანხმება” ამოუდგება.

იძულებული ვარ, გავიმეორო ის, რაც ზემოთ ქვებთან დაკავშირებით ვთქვი. თუკი შეიძლება, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის ცნება ქვების დონემდე დავიყვანოთ და ვამტკიცოთ, მართლმადიდებელი ეკლესია არის იქ, სადაც ,,მართლმადიდებლური ქვებია” (საფლავებისა თუ კედლების ქვები), მაშინ შეიძლება საქართველოში ნებისმიერი შენობა მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრებად გამოვაცხადოთ.

აქ ბევრი რამ შეიძლება ითქვას, მაგრამ ამჯერად თავს შევიკავებ. ვიტყვი მხოლოდ, რომ მ. იოანე და ქ-ნი ლ. ბერიძე მარტო არ არიან. ქუთაისელი კათოლიკეების სარჩელი მათი რწმენისმიერი წინაპრებისაგან დაფუძნებული ეკლესიის (ტაძრის) დაბრუნების თაობაზე საქართველოს სასამართლოებმა პირველ რიგში სწორედ ,,საკონსტიტუციო შეთანხმების” საფუძველზე არ დააკმაყოფილეს (იხ. ადამიანის უფლებების მიმოხილვა. 2003 წლის ანგარიში, თბ., 2004, გვ. 64).

დროა, მსჯელობის საგნად შემდეგი კითხვა გადავაქციოთ: თავად ,,საკონსტიტუციო შეთანხმება” არის ეშმაკური თუ მისი ეშმაკური ინტერპრეტაცია ეშმაკისავე დახმარებით ხერხდება?

2 ამას ბუნებრივი განვითარების პროცესი გვკარნახობს

▲back to top


როინ ნიჟარაძე - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი

დიდი შესავალი რომ არ გამომივდეს, პირდაპირ საქმეზე გადავალ და შევეცდები საზოგადოებას მივაწოდო პირადი მოსაზრებები ფერიის მთაზე მშენებარე ტაძრის დანგრევის გამო ამტყდარი ვაი-ვიშის გამო. ამასთან თავს უფლებას მივცემ, სულ მცირედი პოლიტიკური ექსკურსი გავაკეთო საქართველოში ბოლო ოთხი წლის განმავლობაში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებზე.

ცალსახად უნდა ითქვას, ცნობილი მოვლენების შემდეგ (დავაზუსტებ: ვარდების რევოლუციის მერე, თუმცა ძალიან არ მიყვარს ეს სიტყვა, რადგან ეს მხოლოდ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გამოვლინება იყო, შესაბამისად მოქალაქეობრივი შეგნება, ყველა კულტურულ საზოგადოებაში ბუნებრივი მაჩვენებელია საზოგადოების ჯანსაღი ფსიქოლოგიური ქცევის. რევოლუციური ცვლილებები უფრო მერე განხორციელდა) სახელმწიფო ინსტიტუტებში ჩატარებულმა რეფორმამ მინინუმამდე დაიყვანა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების გავლენა ქვეყნის შიდა პოლიტიკური პროცესების მართვაზე და სახელმწიფო აპარატი უფრო ეფექტურ და იდეოლოგიურად უფრო ცივილურ ინსტრუმენტად იქცა დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში. მიუხედავად ამისა, ბიუროკრატიული ხარვეზებისგან დაზღვეულნი დღესაც არა ვართ. სახელმწიფო სადავეები მოიმართა ქვეყნის ევროპაში ინტეგრაციისაკენ და შედეგებიც მოკლე ხანში მნიშვნელოვანი და ხელშესახები გახდა. სახელმწიფო აპარატმა მინიმუმამდე დაიყვანა იმის ალბათობა, რომ საქართველოში შეიძლებოდა შექმნილიყო პოლიტიკურად არასტაბილური გარემო, მუდმივი კონფრონტაცია სხვადასხვა საზოგადოებებს შორის და ყველაზე მთავარი მინინუმამდე შემცირდა იმის შანსი, რომ პოლიტიკური დემაგოგიით მოხდებოდა ხელისუფლების შევიწროება და უმართავი პროცესების განვითარება. სახელმწიფო აპარატმა მოიპოვა გავლენა, ხაზს ვუსვამ, სახელმწიფო აპარატმა და არა მმართველმა პოლიტიკურმა გუნდმა. აქ ასეც შეიძლება ჩამოყალიბდეს ეს პოზიცია - მმართველმა პოლიტიკურმა ჯგუფმა შეძლო, შეექმნა მყარი სახელმწიფო აპარატი, რომელიც უდაოდ მის და საზოგადოების დამსახურებად ითვლება.

მაგრამ აქ უნდა გავითვალისწინოთ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი. საქართველოში დარჩა ერთი სერიოზული ნაციონალური მანქანა - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სახით, რომელსაც გავლენა აქვს საზოგადოების ნაწილზე და ხელეწიფება გამოიწვიოს პოლიტიკურ-რელიგიური ხასიათის მსუბუქი რყევები. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ ნაციონალურ მანქანას არ ჩატარებია არათუ საფუძვლიანი, არამედ მსუბუქი ,,რემონტიც” (ფრანგული სიტყვა - შეკეთება, ვარგის მდგომარეობაში მოყვანა, დაზიანების, გაუმართაობის, ნაკლის გამოსწორება).

ამ ფონზე ნურავის გაუკვირდება, რომ ფერიის მთაზე უკანონოდ წარმოებული მშენებლობის შეჩერების მოთხოვნის არაფრად ჩაგდება შემთხვევითი ფაქტია და მხოლოდ რელიგიური გრძნობების გადმოფრქვევის საშუალებად იქცა. თუ ბოლო პერიოდს გაავანალიზებთ და ფაქტებს თავს მოუყრით შემდეგ სურათს მივიღებთ:

1) ზემო აჭარის ახლად შექმნილი ეპარქიის ინიციატივით, თან ბავშვური დაჟინებით ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდაჭარაში ჩაატარეს კონფერენცია. ეს სოფელი ცნობილია თავისი მყარი მუსლიმური ორიენტაციით, უდიდესი ნაწილი სოფლისა არის მუსლიმანი აღმსარებლობის, შესაბამისად ქრისტიანული კონფერენციის იქ ჩატარება გავეშებული ხარის წინ წითელი ნაჭრის ფრიალის ეფექტი ექნებოდა, რაც გამოიწვევდა სამოქალაქო დაპირისპირებას, უმართავ პროცესს. თუმცა ისლამურმა საზოგადოებამ შესაშური წინდახედულება და სახელმწიფოებრივი აზროვნება გამოიჩინა, რითაც სიტუაცია, საბედნიეროდ, არ დაიძაბა.

2) ზემო აჭარის ეპარქიის ეპისკოპოსად საეჭვო რეპუტაციის სასულიერო პირი მოავლინეს, მაშინ როდესაც რეგიონის სპეციფიკიდან გამომდინარე სასულიერო პირი სანიმუშო ადამიანი უნდა იყოს, თავი რომ დავანებოთ სხვა ეპარქიის ეპისკოპოსებს.

3) მთავარეპისკოპოს დიმიტრი შიოლაშვილის დაჟინებული მოთხოვნები, რომ მის ეპარქიას სახელმწიფომ გადასცეს შენობები, მიწები ზღვის სანაპიროზე, გაუწიოს ისეთივე შეღავათები, რასაც ასლან აბაშიძე უწევდა მას და საპატრიარქოს კომერციულ ინსტიტუტებს თავის დროზე. ცნობილი ამბავია, რომ ასლან აბაშიძის მეუღლის, მაგული გოგიტიძის წმინდანად შერაცხვის იდეაც კი მუსირებდა ვიწრო წრეში, ამ და სხვა შეღავათების სანაცვლოდ. მნიშვნელოვანი ის არის, რომ ეპარქია ზუსტად იმას ითხოვდა, რაც ისედაც ცხადი უნდა ყოფილიყო მათთვის, რომ ეს ქონება და მიწები ინვესტიციების მოზიდვის საშუალება იყო და შესაბამისად ეპარქიას საფუძვლიან უარს ეტყოდნენ.

4) ეპარქია ცდილობს, თავისი საქმიანობა კანონგარეშე აწარმოოს, ამის დასტურია გიმნაზიის ფინანსური საქმიანობა, როდესაც ბავშვების მშობლებს დაჟინებით არწმუნებდნენ, რომ მათი შვილები საგანმანათლებლო ვაუჩერს არ იღებენ და ბავშვების მშობლებს წლიური გადასახადი სამასი ლარი დამატებით შეჰქონდათ გიმნაზიის ბიუჯეტში, თუმცა ბავშვების განათლების მიღება გიმნაზიაში ხუთასორმოცდაათი ლარი ჯდებოდა. არანაირი ხელშეკრულება მშობლებსა და გიმნაზიის ადმინისტრაციას შორის, სამართლებლივი ურთიერთობა ეპისკოპოსის ლოცვა-კურთხევით რეგულირდებოდა, როგორც შუასაუკუნეებში. გარდა ამისა გიმნაზია საშემოსავლო გადასახადს სახელმწიფოს ბიუჯეტს პრინციპულად არ უხდიდა, სანამ საგადასახადომ მოკრძალებული საურავები და ჯარიმები არ დაარიცხა.

5) სახელმწიფომ გამოიჩინა კეთილშობილება და ეპარქიას გადასცა ე. წ. ,,პორტის ბაღი”, რომელიც მდებარეობს ქალაქის პრესტიჟულ უბანში, გოგებაშვილის ქუჩაზე. ბავშვთა ბაღი არის სერიოზული ფინანსური ორგანიზაცია, სადაც ერთი ბავშვის მოვლა ორმოცდაათი ლარი ჯდება თვეში, თუმცა თავისი შინაარსით ბაღი საქველმოქმედო უნდა ყოფილიყო და ხელმოკლე ოჯახების შვილებისთვის მზრუნველი გარემო შეექმნა. დილით გოგებაშვილის ქუჩაზე, რომ ჩაივლი ქალაქ ბათუმში არსებული ყველა საუკეთესო მოდელის ავტომობილი ბაღის წინ ჩერდება. ბათუმში ,,პორტის ბაღი” მდიდრების ბაღად ითვლება.

6) მაგული გოგიტიძის საფლავის ხელყოფა. (უნდათ საზოგადოებაში გაავრცელონ აზრი, რომ საფლავის ხელყოფა გამიზნულად ინსპირირებული იყო არამართლმადიდებლთა მიერ).

და ბოლოს

7) ფერიის მთაზე უკანონოდ მშენებარე ტაძარი, რომლითაც სურთ შექმნან კონფრონტაციული სიტუაცია სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის.

ყველა ეს ფაქტი ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია და მიუთითებს ერთ მნიშვნელოვან გარემოებაზე - საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში არიან ძალები, რომლებიც მიზანმიმართულად ცდილობენ საზოგადოებაში შეიტანონ დაპირისპირებისა და კონფრონტაციის ელემენტები, უფრო მეტიც ცდილობენ შექმნან ისეთი გარემო, სადაც კანონები და სახელმწიფო ინსტიტუტები უუნარონი და არაეფექტურნი იქნებიან. მოახდინონ ხელისუფლების დისკრედიტაცია ცნობილი ლოზუნგებით და მოწოდებებით მრევლისადმი: გვართმევენ მართლმადიდებლობას; ებრძვიან მართლმადიდებელ ეკლესიას; ანგრევენ ეკლესიებს (აქ ჯობია თქვან ტაძრებს მაინც); ებრძვიან ქართულ ფასეულობებს (და რომ ჰკითხო ამ ,,პატივცემულ ადამიანებს” რა არის ქართული ფასეულობები დალაგებულად ვერც ჩამოაყალიბებენ); ლიბერალიზმით გვართმევენ ჩვენ ტრადიციებს და ასე შემდეგ. ამას ერთი საინტერესო ლოზუნგი დაემატა: ხელები შორს ღვთის სახლისაგან. ეს ლოზუნგი ძალიან ჰგავს საბჭოთა ,,Руки прочь от Кубы”. განა საბჭოთა მენტალობის გამოვლინებასთან არ გვაქვს საქმე? მხოლოდ ლოზუნგების მისამართები შეიცვალა. აქტიურ მრევლსაც ხომ ყოფილი წითელი დირექტორები, ლენინური პარტიის ღირსეული წევრები და კომკავშირში გამობრძმედილი პროვოკატორები შეადგენენ. ყველაზე სამწუხარო ის არის, ამ საყოველთაო პრიმიტიულ გაუგებრობაში, ეკლესია მთლიანად მოშორდა რეალობას, სიკეთისა და სათნოების ქადაგების ნაცვლად პოლიტიკური იდეების დეკლარირება დაიწყო, რომელიც რუსი პოლიტიკოსების შოვინისტურ მსოფლმხედველობას თანხვდება. ნუთუ ჰგონიათ ასლან აბაშიძის და მისი ოჯახის სულიერ მოძღვარს შესწევს ძალა პოლიტიკური რყევები გამოიწვიოს აჭარაში? თუ ეს მათი უკანასკნელი გაელვებაა რელიგიურ-პოლიტიკურ ავანსცენაზე? თუ სახელმწიფოს დაშანტაჟების საშუალებით ეკონომიკურ თავისუფალ ზონას მოიპოვებს და თავის თამაშის წესებს შესთავაზებს მძევლად აყვანილ ახალგაზრდა დემოკრატიულ სახელმწიფოს?

საზოგადოება ვერაფრით ხვდება, რა განაპირობებს სტრატეგიული დანიშნულების ადგილების ტაძრების მშენებლობით დაპყრობის სურვილს, მაშინ როცა რვა ტაძრის მშენებლობის ნებართვა ხელთა აქვთ? ეს წარმართული რელიგიური გრძნობების ფრქვევა არა მგონია შემთხვევითი იყოს. არც ის არის შემთხვევითი, რომ ეპისკოპოსმა დიმიტრი შიოლაშვილმა ერთ-ერთ შეხვედრაზე უცხოელებთან (სხვათაშორის დიპლომატიურ მისიასთან) ასეთი ,,სიბრძნე” გაანდო სტუმრებს - თუ ხელისუფლება ჩვენს მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს და რაც ქონება და მიწები გვინდა არ გადმოგვცემს, ხალხს ავუჯანყებთ, მთელი საქართველოდან ხალხს დავრაზმავთ ხელისუფლების წინააღმდეგ. აბა, როგორ, მთელი ქონება ყაზახებს და თურქებს რომ მიყიდეს, ჩვენ რა არ გვეკუთვნის? ქართველ საზოგადოებას უნდა ეყოს გონიერება, ასეთ დამოკიდებულებას სწორი ანალიზი გაუკეთოს. ასეთი ანტისახელმწიფოებრივი იდეების რეალიზაციისთვის ძალღონეს არ იშურებენ ეპარქიის სულიერი მამები, ცდილობენ ზეგავლენა მოახდინონ სასურველი საკანონმდებლო ბაზის შესაქმნელად თავის სულიერ შვილებზე, რეგიონალური დონის მინისტრებზე, დეპუტატებზე, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებზე, რიგით სახელმწიფო მოხელეებზე და სანახევროდ გამოსდით კიდეც, რაც უდავოდ საგანგაშოა.

31 დეკემბრის ქუჩაზე ავტომობილით მოვდიოდი, საპირისპიროდ მომავალ ძვირადღირებულ ჯიპის მარკის რამდენიმე ავტომობილს და სამარშრუტო ტაქსს შევხვდი, რომლებიც დიდი სიჩქარით მიემართებოდნენ ფერიის მთისკენ. ყველაზე საინტერესო ავტომობილებში მსხდომ ადამიანთა სახეები იყო. ძალიან ნაცნობი სახეები, იმათ ჰგავდნენ, აბაშიძის ერთ დაძახებაზე, ჩვენი ჩაქოლვა, რომ შეეძლოთ. შეეძლოთ სასიკვდილოდ გაემეტებინათ ადამიანი, მათ ხელთ არსებული ყველა საშუალებით - ქვით, ჯოხით, მუშტით და ასე შემდეგ. განსხვავება მხოლოდ ის იყო, რომ ამ ადამიანებს ანაფორა ეცვათ და თუ გაგანადგურებდნენ მხოლოდ ღვთის სახელით. სიბნელეს ერთი ფსიქოლოგიური ქცევა აქვს და ერთი ფიზიონომიური შესახედაობა. როდემდე უნდა იყვნენ ამ ქვეყანაში ღირს მამებად ფსიქოლოგიურად გაუწონასწორებელი ადამიანები? როდემდე შეიძლება, დამნაშავეებმა ღვთის სახელით ილაპარაკონ?

მეეჭვება, სრულყოფილი დემოკრატია აშენდეს იმ ქვეყანაში, რომლის დომინანტური აღმსარებლობა თავის წიაღში საწინააღმდეგო აზრს ვერ იტანს. ამას ბუნებრივი განვითარების პროცესი გვკარნახობს. ჩათვალეთ ერთი მართლმადიდებელი პროტესტანტი უკვე გყავთ ჩემი სახით, მით უმეტეს წმინდა გიორგი ათონელის ცხოვრება და მოღვაწეობა ამის თქმის საშუალებას მაძლევს.

3 მართლმადიდებლური ტალიბანის ისტორიული გზა

▲back to top


ჩვენ სულიერად მართლმადიდებელი ტალიბები გვანათლებენ

მღვდელი გლებ იაკუნინი
ლადო გოგიაშვილის თარგმანი

გაგრძელება. დასაწყისი იხ. „არჩევანი“ №3, 2007

მსოფლიო მართლმადიდებლობაში, განსაკუთრებით კი მძაფრად რუსულში, გამოიკვეთა უკიდურესი ფლანგები - ,,ლიბერალ-დემოკრატები”, ერთი მხრივ, და, მეორე მხრივ, მათი მოწინააღმდეგენი - კონსერვატული რადიკალ-ექსტრემისტები, რომელთა იდეური ბელადი იყო სანკტ-პეტერბურგის მიტროპოლიტი იოანე სნიჩევი. მართალია, მიტროპოლიტი 1995 წელს გარდაიცვალა, მაგრამ მისი საქმე ცოცხლობს და იმარჯვებს. მათ რიგებში მოიაზრება სინოდის წევრი მმართველი მღვდელმთავრების უმრავლესობა, სამრევლო მღვდლები და მონაზონთა კორპუსის ძირითადი მასა მაშინ, როცა მცირერიცხოვანი რეფორმატორები მოსკოვის საპატრიარქოს მიერ იდევნებიან - მღვდელი ალექსანდრე მენი მოკლეს, მისი წიგნების გაყიდვა ტაძრებში ფიზიკურად აკრძალულია, ერთი ან ორი გამონაკლისის გარდა. ფართოდ არის ცნობილი, როგორ სდევნიან მამა გიორგი კოჩეტკოვს და მის მრავალრიცხოვან მრევლს მხოლოდ იმის გამო, რომ შეეცადნენ თავიანთი სამრევლოს ცხოვრებაში დაემკვიდრებინათ ყველაზე უფრო მომწიფებული რეფორმა, კერძოდ კი -ღვთისმსახურების ჩატარება რუსულ ენაზე.

ინფორმაციის ერთადერთი ორგანო, რომელიც პირობითად შეიძლება მივაკუთვნოთ ზომიერად ლიბერალურ მიმართულებას, არის ქრისტიანული საეკლესიო-საზოგადოებრივი არხი რადიო ,,სოფიაზე”, რომელმაც 1997 წელს პატრიარქ ალექსი II-გან მკაცრი გაფრთხილება მიიღო: ,,ჩვენ ვთვლით, რომ რმე-ს მღვდელმსახურთა მონაწილეობა აღნიშნულ რადიო არხ ,,სოფიაზე”, დაუშვებელია, რადგანაც ეს არხი ეწინააღმდეგება მართლმადიდებლური რწმენის სულს”.

რაც შეეხება ფუნდამენტალისტ ფანატიკოსთა მძლავრ ფრთას, იგი წარმოადგენს აბსოლუტურ უმრავლესობას რმე-ში და აკონტროლებს მრავალრიცხოვან საინფორმაციო საშუალებას, რომლებიც მათ იდეოლოგიას გამოხატავენ: რადიოსადგური და გაზეთი ,,რადონეჟი”, ОРТ-ზე შაბათობით მიტროპოლიტ კირილეს რელიგიური პროგრამა, გაზეთი ,,Русь провославная” და ,,Русь державная”, ტელეპროგრამა და ჟურნალი ,,Русский дом”, სპეცჩანართი კომუნისტურ გაზეთში ,,Завтра,“ და უკიდურესად მარგინალური და მცირეტირაჟიანი გაზეთები ,,Я - русский”, ,,Мы - русские”, ,,Наше отечество”, ,,Пульс Тушина”, ,,Дуэль” და სხვა.

უფრო ზომიერი გამოცემებია, სადაც ხშირია გამოხტომები სხვაგვარად მადიდებელთა და ლიბერალთა წინააღმდეგ: ,,Православная Москва”, ,,Московский церковный вестник”. რაც შეეხება პროვინციულ პრესას, ადგილობრივი ტალიბანის ბეჭდვითი ორგანოები ურიცხვია! ჩამოვთვალოთ მოსკოვის საპატრიარქოს მართლმადიდებელი ,,ტალიბანის” ,,მრწამსის” ძირითადი პრინციპები:

მსოფლმხედველობის რეტროსპექტრულობა - მუდმივად უკან ხედვა და წარსულის საკრალიზაცია - ნამდვილი ჭეშმარიტება მხოლოდ წარსულ დიდებაშია;

ძველი სტილის (იულიუსის კალენდრის) ჭეშმარიტებაში აბსოლუტური, შეურყეველი რწმენა. ფუნდამენტალისტები პრინციპული მეძველსტილეები არიან;

ღვთისმსახურების თანამედროვე ენებზე ჩატარების დაუშვებლობა, ანუ რუსებისათვის რუსულ ენაზე ღვთისმსახურების დაუშვებლობა;

საღვთისმსახურო განაწესში რაიმე ცვლილებების შეტანის დაუშვებლობა;

ფსკოველი სტარეცის ფილოთეოსის (XV ს.) იდეისადმი - ,,მოსკოვი - მესამე რომი” - ბრმა ერთგულება;

და აქედან გამომდინარე:

რუსეთში მონარქიის, იმპერიის აღდგენის პოლიტიკურ-რელიგიური წყურვილი და ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ,,სიმფონიის” აღდგენის სურვილი, რომელიც თითქოსდა არსებობდა 1917 წლამდე;

მებრძოლი ანტიეკუმენიზმი. მოთხოვნა, რომ რმე-მ დატოვოს ეკლესიათა მსოფლიო საბჭო (ბულგარეთისა და საქართველოს ეკლესიის კვალად);

უკიდურესი მტრობა სხვაგვარად მადიდებელთა - კათოლიკეთა, პროტესტანტთა და სხვათა მიმართ;

დასავლეთისადმი მტრობა. იქაური პოლიტიკური და საზოგადოებრივი წყობის, კულტურის მტრობა. განსაკუთრებით აშშ-სა და ნატოს მტრობა;

დემოკრატიის, დემოკრატიული თავისუფლების, ადამიანის უფლებებისა და განსაკუთრებით სინდისის თავისუფლების პრინციპების მიუღებლობა. რმე-ს მღვდელმთვართა კრებამ, რომელიც 2000 წლის აგვისტოში გაიმართა, მიიღო კონცეფცია, რითაც გამოხატა სინდისის თავისუფლების პრინციპების უკიდურესი მიუღებლობა. ,,სინდისის თავისუფლების პრინციპის იურიდიული დამტკიცება ნიშანია საზოგადოების მიერ რელიგიური მიზნებისა და ღირებულებების დაკარგვისა, მასობრივი აპოსტასიისა და ეკლესიის საქმის მიმართ ინდიფერენტული დამოკიდებულებისა”.

ანტისემიტიზმი და რწმენა იმისა, რომ რუსეთის ყველა უბედურებაში დამნაშავე ებრაელები არიან. მართლმადიდებელი ,,ტალიბანების” სულიერი მასწავლებელი, მიტროპოლიტი იოანე სნიჩევი იყო საეკლესიო რეფორმების მომხრეებზე დევნის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი - იგი ასევე იყო ანტისემიტი და სჯეროდა ,,სიონელ ბრძენთა ოქმების” ნამდვილობისა, მსოფლიო შეთქმულებისა რუსეთისა და მართლმადიდებლობის - ანტიქრისტესა და სატანის წინააღმდეგ ბრძოლის ჭეშმარიტი მედროშის - წინააღმდეგ. ამგვარად, მიტროპოლიტმა იოანემ, ანტისემიტიზმის ამ იდეოლოგმა 1995 წელს ჩამოაყალიბა ასეთი თეოლოგიური მიგნებანი ნაციონალურ საკითხთან მიმართებაში: ,,ახლა რუს ადამიანს ებრაელი ევლინება მსაჯულადაც და ჯალათადაც. რუსი ადამიანი ამტკიცებს: ურიებმა დაღუპეს რუსეთი ...”. რმე-ში ლიბერალურ-რეფორმატორული მიმართულება მას მიაჩნდა ღმერთთან ბრძოლად: ,,დარწმუნდნენ რა, რომ შეუძლებელია ეკლესიის დანგრევა პირდაპირი ძალადობით, ღმერთთან მებრძოლები მთელ ძლისხმევას მიმართავენ მართლმადიდებლობის შიგნიდან გახრწნაზე - სამოციქულო, წმიდა მამათა სწავლებისათვის ერეტიკული შეხედულებებისა და სხვა ,,სიბრძნეების ინექციის” გზით.

ჩამოთვლილმა ჭეშმარიტებებმა 90-იანი წლების ბოლოსათვის სულ უფრო და უფრო მეტად გახლიჩა საეკლესიო ხელმძღვანელობა, რამაც ხელი შეუწყო ხელმძღვანელობის დიდი ნაწილის ექსტრემისტულ-კონსერვატიულ, ულტრანაციონალისტურ პოზიციებზე გადასვლას.

0x01 graphic

ტალინის მიტროპოლიტი ალექსი რიდიგერი ხალხთა მეგობრობი ორდენით დაჯილდოების შემდეგ. „ЖМП“ 1979, №5,გვ.11.

სრულიად რუსეთის კლერიკალიზაცია კანალიზაციის გარეშე

1998 წელს რუსეთის გაქრისტიანების 1000 წლისთავის პომპეზური აღნიშვნის შემდეგ, მოსკოვის საპატრიარქო მთელი მსოფლიოს დასანახად დაუღალავად ახდენს რუსეთში არნახული რელიგიური აღორძინების დეკლარირებას. თუმცაღა სინამდვილეში ხალხის რწმენის აღორძინების ნაცვლად ხდება ჩანაცვლება - საზოგადოებისა და სახელმწიფოს სულ უფრო ძლიერი კლერიკალიზაცია და სახელმწიფო- ბიუროკრატიული აპარატის მხრიდან ამ პროცესის მუდმივი, აქტიური მხარდაჭერა იწვევს ,,კულტის მსახურთა” როლის გაძლიერებას. განსაკუთრებით კი უმაღლესი იერარქიული რგოლის როლის გაძლიერებას სახელმწიფოსა და საზოგადოების სოციალურ-პოლიტიკურ ცხოვრებაში.

როგორც სამართლიანად შენიშნა ერთმა თანამედროვე ღვთისმეტყველმა:

,,კლერიკალიზაცია არის მოვლენა, რომლის დროსაც ქურუმთა ელიტა გამოდის შუამავლად საზოგადოებასა და ზეცას შორის და შესაბამისად საზოგადოებისაგან და სახელმწიფოსგანაც კი მოითხოვს საკუთარი აბსოლუტური განსაკუთრებულობის ბრმა რწმენას და ექსკლუზიურ უფლებას - იყვნენ ერთადერთი ჭეშმარიტების გამომხატველნი ბოლო ინსტანციაში”. აქედან მომდინარეობს მოსკოვის საპატრიარქოს სულ უფრო მზარდი და წარმატებული მცდელობები უკანონო ჩარევისა სახელმწიფოსა და საზოგადოების ცხოვრება-მოღვაწეობაში.

რუსეთი კონსტიტუციის მიხედვით საერო სახელმწიფოა, სადაც აღიარებულია რწმენის თავისუფლება, რელიგიური და იდეოლოგიური მრავალფეროვნება. მიუხედავად ამისა, სახელმწიფო ხელს უწყობს მოსკოვის საპატრიარქოს საზოგადოების ახალი იდეოლოგიით ,,დაბოლებაში” - ეს არის რმე-ს მიერ ინტერპრეტირებული მართლმადიდებლური რწმენა (როგორც უწინ - კომუნისტური).

მოსკოვის საპატრიარქოს ლობისტებმა შეძლეს ,,სინდისის თავისუფლების შესახებ” დისკრიმინაციული კანონის დამტკიცება პარლამენტისა და პრეზიდენტ ელცინის მეშვეობით. აღნიშნული კანონი ძალაში შევიდა 1997 წლის სექტემბერში. ამ კანონმა ფაქტობრივად სერიოზული შეღავათები და უპირატესობები მიანიჭა მოსკოვის საპატრიარქოს. ამით გულმოცემული რმე არა მხოლოდ ცდილობს წარმატებით მოახდინოს სასულიერო სფეროს პრივატიზება, არამედ ხელყოს სამოქალაქო თავისუფლებები. ერევა ხელისუფლების ორგანოების მუშაობაში, ცდილობს ,,ჩანერგვას” სახელმწიფო და საზოგადოებრივ სტრუქტურებში და პარალელურად ყველა სფეროდან წარმატებით აძევებს თავის რელიგიურ კონკურენტებს.

ამ ახალი კანონის საფუძველზე უფლებებში იზღუდებიან არა მხოლოდ ე.წ. ,,ეგზოტიკური სექტები”, არმედ ეყრდნობა რა ცრუ კანონიკურ პოსტულატებს, მოსკოვის საპატრიარქო ითხოვს განსაკუთრებულ როლს სასიცოცხლო სივრცის ,,მწყსისათვის” და აიძულებს სამოქალაქო ხელისუფლებას, მოახდინოს სხვა დანარჩენი კონფესიების ყოველმხრივი დისკრიმინაცია.

ამავდროულად მოსკოვის საპატრიარქოს უსასყიდლოდ გადაეცემა უშველებელი მიწის ნაკვეთები და ყოველგვარი უძრავი ქონება, მათ შორის არარელიგიური დანიშნულებისაც, რომელიც არასოდეს ეკუთვნოდა ეკლესიას.

კათოლიკური ეკლესია მრავალი წელია წარუმატებლად ცდილობს დაიბრუნოს სამლოცველოები მოსკოვში, ორიოლში, პიატიგორსკსა და კისლოვოდსკში, აგრეთვე სხვა ქალაქებში. ბაპტისტებმა, ორმოცდაათიანელებმა, ადვენტისტებმა კი უარი მიიღეს თხოვნაზე - ეყიდათ ან არენდით აეღოთ მიწის ნაკვეთები ან შენობები.

რელიგიური დისციპლინების სწავლება ,,რელიგიათმცოდნეობის” შირმით მოსკოვის საპატრიარქოს მღვდელმსახურთა მიერ ფართოდ ინერგება უმაღლეს სასწავლებლებში, მათ შორის სამხედრო აკადემიებშიც კი.

ზოგიერთ რეგიონში (სმოლენსკი, კურსკი, მოსკოვის ოლქი და სხვა) სახელმწიფო საშუალო სკოლებში ზოგადსაგანმანათლებლო დისციპლინებში შეტანილია საღვთო სჯულის სწავლება.

მიმდინარეობს შეიარაღებული ძალების ფართომასშტაბიანი კლერიკალიზაცია. ტარდება ოფიციალური ცერემონიები (დროშების, რაკეტების, ხომალდების, ჩეჩნეთის ომში მიმავალი ჯარისკაცებისა და საბრძოლო იარაღის კურთხევა), რაც არის კანონის ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ”, რომელიც კრძალავს სამხედრო ნაწილებში რელიგიურ საქმიანობას, სერიოზული დარღვევა.

იგივე შეიძლება ითქვას პენიტენციარულ სისტემაზეც, რომლის ტერიტორიაზეც შენდება მხოლოდ და მხოლოდ მართლმადიდებლური ტაძრები. ციხეებიდან და ბანაკებიდან იდევნებიან მხოლოდ ის მღვდელმსახურები, რომლებიც არ შედიან მოსკოვის საპატრიარქოს სტრუქტურებში.

პოსტკომუნისტური საზოგადოების სულიერი აღორძინების ჩანაცვლება გარეგანი მართლმადიდებლური კლერიკალიზაციით, უეჭველად გამოიწვევს ახალ სულიერ კრიზისს საზოგადოებაში იმ საეჭვო რწმენის ფონზე, რომ თითქოს ქვეყანაში მოსახლეობის 60-70 პროცენტი მართლმადიდებელი მორწმუნეა. უფრო ზუსტია შსს-ს სტატისტიკა, რომელიც ამტკიცებს, რომ ,,ქრისტეს შობის” საეკლესიო დღესასწაულზე მოსკოვის ტაძრები (ასეთი სულ 500-მდეა) მოინახულა 200 ათასმა ადამიანმა (ანუ მოსახლეობის 1,5%25). თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ დღესასწაულზე მრავალი ადამიანი მხოლოდ ცნობისმოყვარეობის გამო მიდის ტაძარში, რეალურად მორწმუნეთა რაოდენობა გაცილებით ნაკლები იქნება.

მართლმადიდებლური კლერიკალიზმი, ცდილობს რა სახელმწიფო და საზოგადოება გადაჩეხოს შუა საუკუნეებში, სინდისის თავისუფლების ხელყოფის გარდა ხშირად ამწვავებს ნაციონალურ საკითხებს, როდესაც რუს მართლმადიდებლებს ფაქტობრივად მიაკუთვნებს სრულფასოვან ადამიანთა კატეგორიას, ხოლო არარუსებს და ,,ურწმუნოებს” - მეორეხარისხოვან ადამიანთა რიცხვს, რითაც ნაყოფიერ ნიადაგს უქმნის სულიერ-ნაციონალურ აპარტეიდს.

ვიღაცამ თქვა - რმე ხომ სექტაა და თანაც საზარელი - ის ხომ დესტრუქციულია! და მზაკვრულად ჩაიქირქილა - ტოტალიტარულიც !!!

ბოლო დროს მოსკოვის საპატრიარქომ გააჩაღა ისტერიული კამპანია ახალი რელიგიური მიმდინარეობების წინააღმდეგ, რადგანაც არცთუ უსაფუძვლოდ მრავალ მათგანს საკუთარ კონკურენტად აღიქვამს. ბრალს სდებს რა სხვა რელიგიურ ორგანიზაციებს - რომ თითქოს ისინი ხელყოფენ საკუთარ წევრთა პიროვნულ უფლებებს და უზღუდავენ მათ ძირითად სამოქალაქო უფლებებს, საპატრიარქო მოქმედებს ცნობილი მეთოდით ,,დაიჭი ქურდი!”. მოსკოვის საპატრიარქომ სახელმწიფოებრივ დონეზე დაამტკიცა კაბალური წესდება საკუთარი სამრევლოებისათვის, მოახდინა საეკლესიო თემების ქონების სრული ექსპროპრიაცია, ჯიუტად ეწინააღმდეგება საეკლესიო სასამართლოს შემოღებას. ასეთი ქმედებებით საკუთარი მსახურები ყმებად აქცია. ,,წითელი ეკლესია” თვითონ გადაიქცა ტიპურ ტოტალიტარულ სექტად.

საფუძვლიდანვე დარღვეულია მართლმადიდებლური კრებითობის პრინციპები. რმე-ს დაფუძნებისთანავე 1943 წელს უარყოფილ იქნა 1917-18 წლების ადგილობრივი კრების მიერ დამკვიდრებული ეპისკოპატის არჩევითობის პრინციპი. აგრეთვე ლიკვიდირებულ იქნა სამრევლო უხუცესთა არჩევის წესი, რომელიც საბჭოთა ხელისუფლების დროსაც კი ფორმალურად მაინც არსებობდა. ბოლო დროს მიღებული სიახლეების შედეგად საეკლესიო საკრებულოების თავმჯდომარეებს მრევლის წევრები კი არ ირჩევენ, არამედ მათი დანიშვნა შეუძლია მმართველ ეპისკოპოსს. ასეთი მაგალითები უკვე მრავლად მოიპოვება. პატრიარქმა დანიშნა დეკანოზი ოლეგ კლემოიშევი ერთდროულად წინამძღვრადაც და უხეცესადაც მამა გიორგი კოჩეტკოვის ყოფილ სამრევლოში. მრავალი ეპარქიიდან მოდის საჩივარი საეპარქიო სამმართველოებაზე, რომლებიც სამრევლოებს აიძულებენ მიიღონ ახალი წესდებები, სადაც დაშვებულია უხუცესთა პირდაპირი, ,,ზემოდან” დანიშვნის შესაძლებლობა. 1997 წლის დეკემბრის ბოლოს, მოსკოვის საეპარქიო კრებაზე გამოსვლისას ალექსი II-მ საპატრიარქო ტოტალიტარიზმს კანონიკური ბაზა მიუსადაგა, დაამახინჯა რა მოციქულთა წესების 39-ე მუხლის შინაარსი, რომელიც ამბობს: ,,პრესვიტერებმა და დიაკონებმა ეპისკოპოსების ნების გარეშე არაფერი მოიმოქმედონ”. პატრიარქმა უბრალოდ გააფართოვა ნორმის მოქმედების არეალი, რომელიც ეხება მხოლოდ საღვთისმსახურებო მოქმედებების შესრულებას, და პირდაპირ დაემუქრა სამღვდელოების იმ წარმომადგენლებს, რომლებიც გარისკავენ და სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს მიმართავენ ზემდგომი საეკლესიო ხელისუფლების გარეშე. განა გასაკვირია, რომ პატრიარქი მოციქულთა 39-ე წესის ასეთ განმარტებას თვლის ,,ფუნდამენტურ საეკლესიო კანონად”. მომავალში ეს დებულება დამტკიცებულ იქნა მომდევნო სამღვდელმთავრო კრების მიერ.

იმავე კრებაზე პატრიარქი დაემუქრა შტატის გარეთ მყოფ ანდა მღვდელმოქმედებააკრძალულ სამღვდელო პირებს ,,საეკლესიო დისციპლინარული პასუხისმგებლობით” ნებისმიერი იმ გამონათქვამისათვის, რომელიც არ ემთხვევა მის თვალსაზრისსს. ხოლო 1999 წლის 29 დეკემბერს წმინდა სინოდმა ეს იდეა ,,სრულყო” და განსაკუთრებით მიუთითა მღვდლებს მათ გარშემო ისეთი საკრებულოების შექმნის დაუშვებლობის შესახებ, სადაც ადგილი ექნებოდა კრიტიკულ დამოკიდებულებას უმაღლესი საეკლესიო ხელისუფლების მიმართ. საინტერესოა, როგორ უნდა მოახერხოს ამ ხელისუფლებამ საკუთარი მისამართით კრიტიკის აკრძალვის თანხვედრა სახარების მოწოდებასთან: ,,თუკი შენი ძმა შესცოდავს, მიდი და ამხილე იგი” (მათე 18, 15-17).

პანაღიიან ჩეკისტებს სურთ სამღვდელოთა შორის იხილონ ,,მართლმადიდებელი შამანები”, რიტუალების უაზროდ აღმსრულებლები, რომლებიც ყოველმხრივ ხელს შეუწყობენ XIX საუკუნის სოფლის მოსახლის დონეზე დაკონსერვებული ცრურწმენებისა და მაგიზმის გაფურჩქვნას და რაც მთავარია - იქნებიან მათი მონები. ხსენებულ დოკუმენტში პატრიარქმა ალექსიმ მოახდინა ,,წითელი საპატრიარქოს” ახალი თეოლოგიის ფორმულირება, როდესაც ზოგიერთი მღვდელმსახურის მიერ ,,სინდისის თავისუფლების შესახებ” ახალი კანონის გაკრიტიკების გამო განაცხადა: ,,პირები, რომლებსაც აქვთ განსხვავებული აზრი, სულ ცოტა ვალდებულნი არიან თავი შეიკავონ საჯაროდ ამ აზრების განხილვისაგან. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი დაისჯებიან საეკლესიო დისციპლინარული სასჯელით ... კანონები, რომლებიც მკაცრი სასჯელით ემუქრება მღვდლებს, უსპობს მათ საერო ხელისუფლებასთან თვითნებური მიმართვის შესაძლებლობას, ზემდგომი საეკლესიო ხელისუფლების ნებართვის გარეშე.” ახალი კანონის კრიტიკისათვის შტატგარეთ იქნა გაყვანილი სანკტ-პეტერბურგის სასულიერო აკადემიის ინსპექტორი, იღუმენი ბენიამინ ნოვიკი.

ეს უკვე ფეოდალიზმი კი არა, მონათმფლობელობაა!

რითი არ არის ტოტალიტარული სექტა! წესდება რმე-ს მართვის შესახებ, მისი სამოქალაქო წესდება, სამრევლოების ტიპური წესდება თავისი მკაცრი სუბორდინაციული მოთხოვნებით აყალიბებს საეკლესიო წყობას, რომელიც საფუძველშივე ეწინააღმდეგება მართლმადიდებლურ კანონიკურ სამართალს - კერძოდ კი - რმე-ს 1917-18 წლების ადგილობრივი კრების დადგენილებებს, საეკლესიო სტრუქტურას, რომელიც შეესაბამება არა ,,წმიდა კათოლიკე სამოციქულო ეკლესიას”, არამედ გასამხედროებულ, უსიტყვო მორჩილებაზე აგებულ სტრუქტურას. რმე-ს მოქმედი წესდების სტილისტიკაც კი ნათლად მოწმობს ამის შესახებ. მაგალითად, რმე-ს სამრევლოს ტიპური წესდების I პუნქტი ასე იკითხება: ,,სამრევლო არის რელიგიური გაერთიანება. იგი წარმოადგენს რმე-ს პირველად სტრუქტურულ ქვედანაყოფს”, ხოლო რმე-ს სამოქალაქო წესდების IV პარაგრაფი ღაღადებს: ,,რმე არის ერთიანი, ცენტრალიზებული რელიგიური გაერთიანება, რომელიც თავის თავში მოიცავს იერარქიულად დაქვემდებარებულ სტრუქტურულ ქვედანაყოფებს... და ა.შ.“. სახელმწიფო უშიშროების შიდა სამომსახურეო წესდებიდან ხომ არის ნასესხები ეს პუნქტები?

მოქმედი წესდების მიხედვით, მმართველი მღვდელმთავრის ნებართვის გარეშე სამრევლო აქტივის ე.წ. ,,ათეულის” შექმნაც კი დაუშვებელია.

მოსკოვის საპატრიარქოს ტოტალიტარული მიდრეკილებების გაძლიერებას ხელი შეუწყო აგრეთვე სამრევლოებისათვის უძრავი და მოძრავი ქონების, ყველა შენობა-ნაგებობის, რელიგიური დანიშნულების ნივთების, ფინანსების, მიწის ნაკვეთებისა და სხვათა ჩამორთმევამ და უმაღლესი საეკლესიო ხელისუფლების ცენტრალიზებულ მმართველობაში გადაცემამ. ამ პროცესმა ხელი შეუწყო პატრიარქისა და სინოდის ხელში განუზომელი ძალაუფლების კონცენტრაციას. სწორედ ეს ანტიკანონიკური საეკლესიო ნომენკლატურული პრივატიზაცია - სამრევლოების საკუთრებიდან ქონების ამოღება - ქმნის ტოტალიტარიზმის მძლავრ ფუნდამენტს და ხელს უწყობს საპატრიარქოს ხელმძღვანელობას განახორციელოს კონტროლი საეკლესიო ცხოვრების ყველა მიმართულებაზე.

მოსკოვის საპატრიარქოს ტოტალიტარულ სექტად გადაქცევის გზაზე გადამწყვეტი ნაბიჯი იყო 2000 წელს გამართული სამღვდელმთავრო კრების უზურპატორული გადაწყვეტილებები - კერძოდ, რმე-ში ადგილობრივი კრებისაგან სამღვდელმთავრო კრებას გადაეცა ძალაუფლების მთელი სისრულე და ამასთან ერთად უკვე აღარ არის აუცილებელი ადგილობრივი კრებების მოწვევის თარიღის წინასწარ დადგენა, რაც იყო რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური მოწყობის ,,წმიდათა წმიდა” (რმე-ს უკანასკნელი ადგილობრივი კრების, რომელიც 1990 წელს გაიმართა, განმარტებით - ადგილობრივი კრება უნდა შეიკრიბოს აუცილებლობის წესით არანაკლებ ერთხელ 5 წელიწადში).

ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით ,,ტოტალიტარული სექტების” წინააღმდეგ აბსურდული ბრალდებების წამოყენებისას, საპატრიარქო თვითონ ცდილობს დაიკავოს უპირატესი მდგომარეობა სახელმწიფოში და კვლავ შეავსოს მისთვის ჩვეული ნიშა სახელმწიფო უშიშროების სფეროში. თუკი კომუნისტური რეჟიმისას სკკპ-ს ადგილი მისთვის მიუწვდომელი იყო და სახელმწიფო სამსახურის ხაზით იგი კმაყოფილდებოდა მხოლოდ აგენტურული საქმიანობით, დღეს იგი პრეტენზიას აცხადებს საზოგადოების სულიერი ცხოვრების სრულ მონოპოლიაზე და სახელმწიფოს თავს ახვევს თავის წამყვან როლს სახელმწიფო უშიშროების უზრუნველყოფაში სულიერ სფეროში.

0x01 graphic

ენამწარე რელიგიურ მონსტრს ნატოს განადგურება სურს

ქრისტიანობაში მკვლელობა ყოველთვის ცოდვად ითვლებოდა. თუმცაღა სამართლიან ომში მოწინააღმდეგის მოკვლა ანდა ბოროტმოქმედის მოკვლა, რომელსაც სურს დანაშაულის ჩადენა - ასეთი მკვლელობების მონანიება შესაძლებელი იყო აღსარებისას. ცალკეული მღვდელმსახურები იმასაც კი აცხადებდნენ - ,,მოკვლა შეიძლება მადლი იყოსო” (ჟურნალი ,,Штурм” 11-12, 1996). საბჭოთა პერიოდში ხელისუფლების მოთხოვნით იერარქები შეაჩვენებდნენ ამერიკულ ფრთოსან რაკეტებს, თუმცაღა საბჭოთა ბირთვული რაკეტები რომ ,,მართლმადიდებლურ, კურთხეულ რაკეტებად” ეღიარებინათ, ადრე არავინ დაფიქრებულა - არც რელიგიის საქმეთა საბჭოში და არც სკკპ ცკ-ს პროპაგანდის განყოფილებაში! აი მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა ალექსი II-მ სტრატეგიული დანიშნულების რაკეტების მართვის ცენტრი რომ მოინახულა, ადგა და ამ რაკეტების ზეციურ მფარველად წმიდა ბარბარე დანიშნა - ალბათ იმ მიზნით, რომ რაკეტა, ღმერთმა არ ქნას და მიზანს - ვაშინგტონს ან პარიზს არ ასცდეს. საყოველთაო მსოფლიო რუსულმა სახალხო კრებამ შორს ჩამოიტოვა კომუნისტური პროპაგანდა. ამ სახალხო კრების შესახებაც დეტალურად იქნება საუბარი მომდევნო თავში, ის ერთ-ერთი ყველაზე უფრო ფუნდამენტალისტური მართლმადიდებლური ორგანიზაციაა, რომლის სათავეშიც დგას მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი ალექსი II და რომელმაც მემკვიდრეობად მიიღო ბევრი ნიშანდობლივი შტრიხი რევოლუციამდელი რუსი ხალხის კავშირისა.

ამ ,,რუსულმა კრებამ” უკვე განაცხადა საკუთარი პრეტენზიების შესახებ სახელმწიფო ხელისუფლების მოპოვებასთან დაკავშირებით და იმის შესახებ, რომ არ ცნობს მსოფლიოში არსებულ საზღვრებს.

1996 წლის 12 ნოემბერს მიტროპოლიტ კირილეს მიერ პატრიარქ ალექს II-ის კურთხევით მოწვეულ ნახევრადდახურულ სხდომაზე, რომლის შესახებაც ნაწილობრივ ინფორმაცია გაავრცელა მხოლოდ გაზეთმა ,,Сегодня” (13.11.96) კრების მონაწილეებმა დასახმარებლად მიმართეს და აკურთხეს ცნობილი რაკეტები შშ - 18. ეგზალტირებული შავრაზმელები, როგორც ჩანს, თანდათან გარდაიქმნენ ავღანელ ტალიბებად, რომლებიც მთელ სამყაროს ემუქრებიან ,,მართლმადიდებლური შარიათით”.

ოცდაათი წლის განმავლობაში დასავლელი ობივატელი ცხოვრობდა შიშით - რომელიმე გაუწონასწორებელი ან გადამთვრალი სკკპ-ის გენერალური მდივნის ნებით საბჭოთა ატომური რაკეტები მოაწყობდნენ მსოფლიოს კომუნისტურ აღსასრულს. მაგრამ კომუნისტური ეპოქა დასრულდა, საბჭოთა კავშირი დაიშალა და ობივატელმა შვებით ამოისუნთქა, მაგრამ ... სულ ტყუილად! იდეოლოგიის დარგში ცენტრალური კომიტეტის მდივნები შეცვალეს ახალმა ,,მხედრებმა” - სამიტროპოლიტე კუნკულ-ბარტყულებში, რომელთაც ხელში ეჭირათ არა ღვთის სიტყვა, არამედ რაკეტები შშ - 18. მიტროპოლიტმა კირილე გუნდიაევმა გამოაცხადა, რომ ნატოს გაფართოებაში ხედავს ანტიქრისტეს მოსვლის ბიბლიურ ნიშნებს. რმე-ს ახალმა იდეოლოგმა უარყო რა ღვთის ნება, ახლებურად განმარტა მესამე რომის, წმინდა რუსეთის გეოპოლიტკური იდეალები: ,,რუსეთი ქვეყანა კი არა - კონტინენტია”.

შეიარაღებულ ძალებთან ურთიერთობის სინოდალური განყოფილების წარმომადგენელმა, დეკანოზმა კონსტანტინე ტანტარინცევმა გააღრმავა უფროსი ამხანაგის აზრები - ანათემას გადასცა პაციფიზმი და გამოაცხადა, რომ ბირთვული იარაღი მხოლოდ მაშინ არის პირველყოფილი ცოდვის მატარებელი, თუ იგი შექმნილია მართლმადიდებული ლოცვის გარეშე. ქრისტეს მღვდელმა მოუწოდა მრევლს - ტაძრის საჭიროებისათვის მორწმუნეთა მიერ შეგროვებული შემოწირულობის ნაწილი გადაერიცხათ სარაკეტო-ბირთვული კომპლექსის საჭიროებებისათვის. ასე რომ, აშშ-ის ბირთვული იარაღი, რომელიც შექმნილია მართლმადიდებლური ლოცვის გარეშე - ,,სატანისტურია”.

ამ ბარბაროსობის მწვერვალად გაიჟღერა იდეამ - რადგანაც საბჭოთა რაკეტები შენდებოდა ,,არზამას-16”-ში და რადგანაც ამ ადგილებში ერთი საუკუნით ადრე ცხოვრობდა წმიდა სერაფიმე საროველი, სწორედ იგი უნდა ყოფილიყო ზეციური მფარველი მასობრივი განადგურების იარაღისა. კიდევ უარესი: უამრავი საჯარო გამოსვლისას რაკეტებს, რომლებიც შექმნილი იყო მრავალი მილიონი მშვიდობიანი ადამიანის გასანადგურებლად, უწოდებდნენ ,,მფარველ ანგელოზებს”. ეს კი ახალი საღვთისმეტყველო აღმოჩენაა - ადრე მართლმადიდებლობაში ითვლებოდა, რომ არსებობს ანგელოზთა ცხრა დასი, მაგრამ ახლა მოსკოვის საპატრიარქოში აღმოაჩინეს მეათე.

ბოლო დროს ხშირად საუბრობენ იმის შესახებ, რომ 1949 წელს სტალინისა და ბერიას მიერ შექმნილი მოსკოვის საპატრიარქო მორალურად რყვნის რუსულ საზოგადოებას და წარმოადგენს საფრთხეს ნაციონალური უშიშროებისათვის. თუმცაღა ახლა ნათელი ხდება - ეს რელიგიური მონსტრი საშიშია მთლიანად მსოფლიო თანამეგობრობისათვის, მშვიდობისათვის მთელს მსოფლიოში. მას შეუძლია იარსებოს მხოლოდ ისეთი ტოტალიტარული დიქტატურის პირობებში, რომელმაც იგი შვა, როგორც ერთ-ერთმა ინსტრუმენტმა აზროვნების, სინდისისა და რელიგიის თავისუფლების წინააღმდეგ ბრძოლისა; როგორც მსოფლიო ტირანიის ერთ-ერთმა საშუალებამ მესამე რომის დროშის ქვეშ. ხოლო მათ გასანადგურებლად, რომლებიც არ ეთანხმებიან ამ აღორძინებულ ფეოდალურ ინკვიზიციას, მოუხმობენ ზეციურ ცეცხლსა და გოგირდს - ,,მართლმადიდებლურ ბირთვულ იარაღს”.

ვიდრე რუსეთის სახელმწიფო არ შეწყვეტს მართლმადიდებლობის შიდა საქმეებში ჩარევას, არ შეწყვეტს მხოლოდ სტალინური საპატრიარქოს მატერიალური და სხვა საშუალებებით გაძლიერებას და პარალელურად სხვაგვარად მადიდებელი მორწმუნეების დისკრედიტაციასა და განადგურებას და არ მისცემს მართლმადიდებელ მორწმუნეებს საერთაშორისო ვალდებულებით გარანტირებულ უფლებას - ,,მოახდინონ საკუთარი ორგანიზება საკუთარი იერარქიული ინსტიტუციონალური სტრუქტურის შესაბამისად; აირჩიონ და დანიშნონ საკუთარი პერსონალი საკუთარი საჭიროებისა და სტანდარტის მიხედვით”, ფსევდო ეკლესიური სტრუქტურა მომავალშიც მოახდენს სიტუაციის დესტაბილიზაციას რუსეთშიც და მთელ მსოფლიოში.

,,მოსკოველ ბრძენთა ოქმები

1993 წლის ივნისში დანიელ წინასწარმეტყველის სახელობის მონასტერში ჩატარდა I საყოველთაო რუსული კრება, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ რმე-ს პირველი პირები - პატრიარქი ალექსი II და მიტროპოლიტი კირილე გუნდიაევი, რომელთა თვალსაწიერმა გასულ წლებში, ერთ-ერთი ანალიტიკოსის გამოთქმა რომ ვიხმაროთ, თანდათან დაიწყო გარდაქმნა აგრესიული ნაციონალიზმისა და მებრძოლი კლერიკალიზმის ,,მავნებლურ ნაზავად”.

1995 წლის 1-3 თებერვალს შედგა II საყოველთაო რუსული კრების სხდომა. რმე-ს პირველი პირების - პატრიარქისა და მიტროპოლიტ კირილეს გარდა, კრებას სათავეში ედგნენ ცნობილი რუსი ნაციონალ-პატრიოტები: განიჩევი, კოლჩენკო, ნაროჩინსკაია, ბურლიაევი, რუცკოი, სტერლიგოვი, კონსტანტინოვი, რიჟკოვი, რასპუტინი, ბელოვი, ვოლოდინი და სხვა ანტიდემოკრატრები და ნაციონალ-დერჟავნიკები.

0x01 graphic

პატრიარქი ალექსი I და ეთიოპიის პრინცი-იმპერატორი ჰაილესელასიე

შემაჯამებელი დოკუმენტი შეიცავდა ქვეყანაში გატარებული ნაციონალური პოლიტიკის მკვეთრ კრიტიკას და იქვე იყო განცხადებული მოსკოვის საპატრიარქოს მზადყოფნის შესახებ - სათავეში ჩადგომოდა ყველა რუსულ ნაციონალურ მოძრაობასა და ორგანიზაციას, განსაკუთრებით მათ, რომლებიც პრეტენზიას აცხადებდნენ უახლოეს მომავალში რუსული მსოფლიო ყრილობის მოწვევასა და ჩატარებაზე: ,,მხოლოდ საყოველთაო მსოფლიო ყრილობას რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურობით შეუძლია საყოველთაო თანხმობით, მოიწვიოს მეფედ ღვთის რჩეული.” რა სტატუსი ექნება ამ ,,ღვთის რჩეულს”, შეიძლება ვივარაუდოთ შემდეგი პოსტულატიდან, რომელიც ამავე კრებაზე იქნა მიღებული: ,,მონარქია არის ოპტიმალური, ისტორიულად აპრობირებული მრავალსაუკუნოვანი ფორმა სახელმწიფო ხელისუფლებისა რუსეთში”. სხვათა შორის, მონარქიის უპირატესობებზე, როგორც სახელმწიფო მოწყობის უფრო მაღალ ფორმაზე, საუბარია აგრეთვე სოციალური კონცეფციის საფუძვლებში, რომელიც რმე-ს მღვდელმთავართა კრებამ მიიღო 2000 წელს.

მესამე ,,საყოველთაო კრებამ” გადადგა კიდევ ერთი ნაბიჯი ეთნოკონფესიონალური შოვინიზმის გაძლიერების გზაზე. ,,ეთნიკური რუსების მდგომარეობა რიგ სახელმწიფოებში, სხვადასხვა ნაციონალისტური ძალები, ანტირუსული განწყობები - ეს ყველაფერი საჭიროებს ადეკვატურ რეაქციას რუსული სახელმწიფოს მხრიდან”. ,,რუს ერს აქვს გაერთიანების უფლება”. ანალოგიურმა როშვამ და ტირილმა გაყოფილ ხალხზე ხომ არ შეუქმნა საფუძველი მესამე რეიხის შექმნას და ხომ არ გამოიწვია ავსტრიის, ელზასის, სუდეტისა და გდანსკის ანშლიუზი? ანდა ხომ არ მიგვიყვანა მეორე მსოფლიო ომამდე?

აი, კიდევ რამდენიმე შემოქმედებითი ნიმუში მესამე კრებისა: ,,კრება ვარაუდობს უახლოეს მომავალში გამართოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების შეკრება ფედერაციის სუბიექტთა და პოლიტიკურ ძალთა მონაწილეობით, რათა შეიმუშაონ სამშობლოს კრიზისული მდგომარეობიდან გამოყვანის ერთობლივი ღონიშძიებების პრინციპები.

კრება მზად არის საკუთარ თვზე აიღოს ასეთი ფორუმების ორგანიზებისა და ჩატარების ინიციატივა, ანუ ჩაატაროს საყოველთაო ყრილობა საკუთარი ,,გოდუნოვის” ასარჩევად.

ისმის კითხვა - სად არის დემოკრატიული საერო სახელმწიფოს კონსტიტუცია? - აი ისიც, კლერიკალური ნაციონალიზმის ზეიმი!

მეექვსე საყოველთაო კრებას პატივი დასდო - დაესწრო და სიტყვით მიმართა პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა. თავის მიმართვაში პრეზიდენტი მოუწოდებდა მონაწილეებს რელიგიური ტოლერანტობისაკენ ახალ პირობებში! ,,ჩვენთვის აუცილებელია საზოგადოებრივი ერთიანობა ქსენოფობიისა და ძალადობის წინააღმდეგ, ყველაფერ იმის წინააღმდეგ, რაც კვებავს ტერორიზმის იდეოლოგიას ... ჩვენ ვალდებულნი ვართ ამ ყველაფერს დავუპირისპიროთ სულიერება და მოთმინება.”

მაგრამ ალექსი II-ის სიტყვაში საზოგადოებრივი ერთიანობის გზა დასახულია ასე: ისინი თითქოსდა არ არიან ერთიანობის წინააღმდეგნი, მაგრამ მხოლოდ მათი ბრძნული წინამძღვრობით. ,,რუსეთი და მთელი მართლმადიდებლური ცივილიზაცია უნდა გახდეს ერთ-ერთი ცენტრთაგანი მსოფლიოში გადაწყვეტილებების მიღებისა (ალბათ უნდოდა ეთქვა, ერთადერთიო - გ. ი.), კეთილი ზემოქმედება უნდა მოახდინოს მის აწმყოსა და მომავალზე. წინასწამეტყველური აღმოჩნდება დოსტოევსკის სიტყვები, რომელიც ამბობდა, რომ ჩვენი ქვეყანა ,,ეტყვის მთელ მსოფლიოს, მთელს ევროპულ კაცობრიობასა და ცივილიზაციას თავის ახალ, ჯანმრთელ, მსოფლიოსათვის მანამდე არ გაგონილ სიტყვას”.

განდიდების ხიბლში ჩავარდნილ ალექსი II-ს დაავიწყდა, რომ მოსკოვის საპატრიარქომ თავის დროზე, 1949 წელს უკვე თქვა - რუსეთისა და ეკლესიის სახელით - მანამდე არ გაგონილი სიტყვა - საპატიო მისალმება-მილოცვა ყველა დროისა და ხალხის ღვთივგამორჩეულ ბელადს, დიდ სტალინს, მისი დაბადების 70 წლის იუბილეზე! და არ აღმოჩნდა მაშინ რმე-ში არც ერთი მმართველი ეპისკოპოსი, რომელიც გამოიჩენდა მამაცობას და არ მოაწერდა ხელს ამ სამარცხვინო დოკუმენტს.

0x01 graphic

1945 წლის რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის კრება

,,კრებიდან კრებამდე” იზრდება მოსკოვის საპატრიარქოს ლტოლვა უზომო ძალაუფლების მოსაპოვებლად. მას უკვე არ აკმაყოფილებს კლასიკური იდეა - ,,მოსკოვი - მესამე რომი”, რომლის მიხედვითაც მართლმადიდებელი ,,ბასილევსი”, როგორც უფროსი ძმა, გულში იხუტებს ეკლესიას (სტალინი უდროოდ გარდაიცვალა, თორემ, ვინ იცის...). და ოცნებობს რმე დასავლური ცეზაროპაპიზმის განხორციელებაზე, რომელიც კათოლიკურმა ეკლესიამ შუა საუკუნეებშიც კი ვერ შეძლო განეხორციელებინა. მაგრამ საპატრიარქო ფარულად ოცნებობს - იქნებ მესამე რომი მაინც განხორციელდეს - მეოთხეს ხომ არ უწერია არსებობა. ტყუილად კი არ შეიყვარა ასე რიგად მოსკოვის საპატრიარქომ პატრიარქი ნიკონი - სწორედ ნიკონს სურდა თავის ვასალად ექცია მორჩილი მეფე ალექსი და ემართა სახელმწიფო ეკლესიის სახელით, ანუ რუსეთში აეღორძინებინა აღმოსავლური წესის ცეზაროპაპიზმი.

ყველაფრით კარგია ახალი პრეზიდენტი - ეკლესიურად ბრძენდება, სულიერი მოძღვრის თქმით, მონასტრების სამაგალითო მომლოცველია, სულიერ დარიგებებს ბერ-მონაზვნებთან საუბრით ღებულობს, თვითონ ჰგავს კეთილ მორჩილს ... შეიძლება სულ მალე აღიქვას კიდეც ,,ღვთის ხმა” და ისმინოს უწყება, სწორედ მაშინ აღსრულდება ოცნება რუსული მართლმადიდებლობის საყოველთაო დიდებისა. ეტყობა დაავიწყდა მის უწმიდესობას, რით დამთავრდა პუშკინის ცნობილი ზღაპარი მებადურისა და თევზის შესახებ. ნაკლებ სავარაუდოა, რომ ოქროს თევზმა კვლავ მოინდომოს მართლმადიდებელი მბრძანებლის მონობა.

კიდევ ერთხელ გავიხსენოთ სასულიერო პირებისა და მრევლის საზეიმო მისალოცი მსოფლიო ხალხების ბელადს, გენერალისიმუს იოსებ სტალინს მისი 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით 1949 წლის 21 დეკემბერს, რომელსაც ხელს აწერდა რმე-ს ყველა მღვდელმთავარი, რომელთაგან ბევრს საკუთარ ზურგზე ჰქონდა გამოცდილი სტალინური გულაგები. მრავალრიცხოვან მილოცვებსა და საჩუქრებს შორის ეს დოკუმენტი იუბილარისათვის ალბათ ყველაზე ფასეული იყო. ეს იყო აპოთეოზი.

პიარი არცთუ ისე კარგად მიდის - ამოუხსნელი ამოცანა

საზოგადოების თვალწინ ხდება პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ,,ხელისუფლების ვერტიკალის” გაძლიერება და სრულიად ბუნებრივია, რომ პრეზიდენტის პოლიტიკური შეხედულებების ფორმირებაზე სერიოზულ გავლენას ახდენს მისი მსოფლმხედველობა. ამდენად აბსოლუტურად გასაგებია ის ყურადღება, რასაც იმსახურებს მოულოდნელი და ურთიერთგამომრიცხავი ცნობები პუტინის რელიგიურობის შესახებ.

ჯერ კიდევ 2000 წლის სექტემბერში CNN -ის პირდაპირ ეთერში ცნობილი შოუმენ ლარი კინგის შეკითხვაზე - ,,გჯერათ ზეციური ძალებისა? პუტინმა უპასუხა: მე მჯერა ადამიანის, მჯერა მისი კეთილი აზრების. მჯერა, ჩვენ ყველანი იმისათვის გავჩნდით, რომ ვაკეთოთ სიკეთე”. ეს იყო ღირსეული ჰუმანისტის ღირსეული პასუხი. მაგრამ თანდათან მედიაში გამოჩნდა ასეთი ფოტოები: პუტინი ლოცვისას; ტაძრების, მონასტრების მოლოცვისას; როგორ ესაუბრება ბერებს! და თქვენ წარმოიდგინეთ, პუტინის მიერ ნიუ - იორკში წმიდა ნიკოლოზის მართლმადიდებლური ტაძრის მონახულების ამსახველი კადრებიც კი, როდესაც იგი ტერორიზმის მსხვერპლთა პანაშვიდს დაესწრო.

2001 წლის 30 აგვისტოს ერთ-ერთ ინტერვიუში პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა მაქსიმ მეიერმა საინტერესო რამ თქვა (იხ. ჟურნალი ,,არჩევანი” №2, 2007). კერძოდ, მან არც მთლად კარგად მოიხსენია არქიმანდრიტი ტიხონ შეკუნოვი და მას თვითმარქვია უწოდა. შეკითხვაზე, მართლა არის თუ არა მამა ტიხონი პრეზიდენტის სულიერი მოძღვარი, მეიერმა უპასუხა: ,,ეს არ შეესატყვისება სიმართლეს არც პრეზიდენტთან და არც მის მეუღლესთან დაკავშირებით”. ამასთან მეიერმა რმე-ც ასე მოიხსენია - ,,მას ბევრი ენდობა. ჩვენთვის ცნობილია, რა ხდება რეალურად ეკლესიაში, მაგრამ ადამიანებმა ამის შესახებ არაფერი იციან. ეკლესია დაკავებულია მხოლოდ ინტრიგებით, ფულიანი საქმეებითა და ხელისუფლებასთან ურთიერთობების მოგვარებით, მაშინ როდესაც მისი საძირკველი იშლება, დნება.” სწორედ ამ გამონათქვამებისათვის მაქს მეიერი დაუყოვნებლივ დათხოვნილ იქნა პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან. 2006 წლის 8 დეკემბერს პრეზიდენტ პუტინის საბერძნეთში ვიზიტთან დაკავშირებით გაზეთ Известия -ში გადმობეჭდილი იყო ათენის გაზეთ ,,ხორაში” დაბეჭდილი ინტერვიუ არქიმანდრიტ ტიხონ შეკუნოვთან, სადაც იგი საზეიმოდ ადასტურებდა, რომ პუტინი და მთელი მისი ოჯახი არიან სამაგალითო ქრისტიანები. თანაც გაზეთმა შევკუნოვი წარადგინა როგორც პუტინის სულიერ მოძღვარი.

თუკი პრეზიდენტი პუტინი მართლაც გახდა მართლმადიდებელი მორწმუნე, ეს მოვლენა მართლაც მისასალმებელია, ისევე როგორც ფაქტი, რომ რწმენაზე მოქცეულ ქვეყნის ხელმძღვანელებს სულიერი მოძღვრები ჰყავთ. მართალია, ეს პირადი ცხოვრების სფეროს განეკუთვნება, მაგრამ ის ფაქტი, რომ პრეზიდენტის სულიერ მოძღვრად ცხადდება პოლიტიზებული პიროვნება, რომელსაც უკავია ანტიდემოკრატიული პოზიცია, მრავალ ადამიანში იწვევს განგაშს. არქიმანდრიტი ტიხონი აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა მღვდელ გიორგი კოჩეტკოვისა და მისი მრავალრიცხოვანი სამრევლოს გაძევებაში, რის შედეგადაც თვითონ დაიკავა ლუბიანკაზე მდებარე ტაძარი. არქიმანდრიტი ტიხონი არის სულიერი ლიდერი ფუნდამენტალისტურ-ნაციონალისტური მიმართულების ტელეპროგრამისა Русский дом. აი, რამდენიმე გამონათქვამი, რომელიც მოწმობს არქიმანდრიტ ტიხონის მსოფლმხედველობას: 1998 წელს გამოაქვეყნა სტატია ,,შენგენის ზონა”, რომელიც საპროგრამო დოკუმენტი გახდა ფუნდამენტალისტებისათვის - მხეცის რიცხვთან - 666 მებრძოლთათვის. ეს სტატია გამოქვეყნებულ იქნა აგრეთვე ბარკაშოვის ,,Русский порядок”-ში: ,,მე გამაოცა ნიუ-იორკში ციფრის 666-ის სიმრავლემ ... სამი გიგანტური ექვსიანი კიაფობს ცათამბჯენებზე, ტაქსების სახურავებზე, ტელეფონის აპარატიც კი ამ ციფრით იყო შემკული... “.

აი, რას ამბობს არქიმანდრიტი ცენზურის შესახებ: ,,ცენზურა - ეს არის ნორმალური ინსტრუმენტი ნორმალურ საზოგადოებაში, რომელმაც უნდა მოსპოს ექსტრემალური. პირადად მე, რასაკვირველია, ცენზურის მომხრე ვარ როგორც რელიგიურ, ასევე საერო სფეროში”.

რას წარმოადგენს ჟურნალი Русский дом, ადვილი გასაგებია მისი ერთი პუბლიკაციიდანაც კი - № 12, 2001. სტატიაში საჭირბოროტო თემაზე (12 დეკემბერი რუსეთის კონსტიტუციის დღეა) ,,ლიბერალური კონსტიტუციის არაჭეშმარიტება”, მავანი ა.ნ საველიევი ასე ადიდებს” ქვეყნის ძირითად კანონებს: ,,რუსეთის კონსტიტუცია გამოდის საერთო რუსული პრინციპებიდან თანასწორუფლებიანობისა და ერთა თვითგამორკვევის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ რუსი ხალხი, რომელმაც შექმნა რუსეთი და შეადგენს მისი მოსახლეობის 85 პროცენტს, დაყენებულია ერთ სიბრტყეზე მცირე ერებთან”. ,,რუსეთის კონსტიტუციის მთელი 1 თავი - კონსტიტუციური წყობის საფუძვლები - სრული სიცრუეა. ყველა ის პუნქტი, რომელიც ჩაწერილია ამ თავში, არასდროს შესრულებულა”.

,,რუსეთის კონსტიტუციის მთელი მეორე თავი - ,,ადამიანის უფლებები და თავისუფლებები” სრული სიცრუეა”. ,,კონსტიტუციაში დეკლარირებული სინდისის თავისუფლება ხდება უსინდისობის თავისუფლება”. ,,ელცინის კონსტიტუციის ყველა საზიზღრობის ჩამოთვლა უბრალოდ შეუძლებელია”, - ასეთი სენტენციებით მთავრდება პანეგირიკი მოქმედი კონსტიტუციის შესახებ.

სულიერი მოძღვრის ზეგავლენა სულიერი შვილის მსფოლმხედველობაზე შესაძლოა განუზომლად დიდი იყოს. პრეზიდენტ პუტინს არ ემუქრება სპეცსამსახურების მიერ გადაბირების საშიშროება (როგორც ეს დაემართა ცნობილ პოლკოვნიკ ტროფიმოვს), მაგრამ არის კი გარანტია, რომ კონსტიტუციის გარანტი გაუძლებს იმ ანტიკონსტიტუციური იდეების ცდუნებას, რომლებიც ასე უხვადაა პროპაგანდირებული Русский дом-ში და რომლის იდეოლოგიც არის პრეზიდენტის სულიერი მამა-მოძღვარი, არქიმანდრიტი ტიხონ შევკუნოვი.

დასკვნა

დე არ შედრკეს მკითხველის გული ამ ირონიისაგან. ირონიის საფარველი მაძლევს საშუალებას დავძლიო მძიმე ტკივილი რუსული მართლმადიდებლობის მძიმე ბედის გამო.

აი, უკვე 30 წელია მე ღიად ვიცავ ჩემს ეკლესიას მისი დამანგრეველი შიდა და გარე მტრებისაგან. ყოველგვარი მორიდების გარეშე ვცდილობ ვილაპარაკო მის ავადმყოფობებზე და ვფიქრობ, რომ მრავალრიცხოვან წყლულებს მკურნალობა სჭირდება, სხვა შემთხვევაში სიკვდილი გარდაუვალია.

მორწმუნეებმა, მართლმადიდებელმა ქრისტიანებმა, რომლებიც თვითონ შეადგენენ ეკლესიას მის სავსებაში და მთელმა რუსულმა საზოგადოებამ აუცილებლად უნდა იცოდეს მთელი სიმართლე მოსკოვის საპატრიარქოს შესახებ, რომელმაც საკუთარი თავი გამოაცხადა ათასწლოვანი რუსული მართლმადიდებლობის სამართალმემკვიდრედ.

1969 წელს, ჩემი პირველი ღია წერილის (მღვდელ ნიკოლოზ ეშლიმანთან ერთად) შემდეგ, რომელიც საბჭოთა კავშირში ეკლესიის მდგომარეობას ეხებოდა, სახელმწიფო უშიშროებამ პატრიარქ ალექსი I-ის ხელით ამიკრძალა მღვდელმსახურება 21 წლით და მოიქცა უფრო ჰუმანურად, ვიდრე პატრიარქი ალექსი II და მისი სინოდი, რომლებმაც საკუთარი ინიციატივით განმკვეთეს სამღვდელო ხარისხიდან, ხოლო ოთხი წლის შემდეგ, 1993 წელს საერთოდაც განმკვეთეს ეკლესიიდან.

გადაწყვეტილებები, რომლებიც უხეშად ფეხქვეშ თელავენ მსოფლიო და რუსული მართლმადიდებლობის კანონებს, მე არ ვაღიარე. ვრჩები მართლმადიდებლური აღორძინების ეკლესიის მრევლად და ველი უმაღლესი საეკლესიო ინსტანციის - ადგილობრივი კრების, ერთადერთი მართლზომიერი ორგანოს, რომელსაც შეუძლია ჩემი საკითხის გადაწყვეტა, სამართლიან გადაწყვეტილებას.

მართლმადიდებლობის აღორძინების გარეშე წარმოუდგენელია რუსეთის აღორძინება, მაგრამ ჭეშმარიტი აღორძინება, ეს არის არა სტატისტიკური ანგარიშები სახელმწიფოსაგან გადაცემული ტაძრების შესახებ, არა ნაკურთხი ოფისების რაოდენობა და არც სახელმწიფო ნომენკლატურის დიდი კელაპტრებით დემონსტრაციული დასწრება მსახურებებზე.

ჭეშმარიტი აღორძინება - ეს არის საზოგადოების სულიერი თვითშეგნება, უზენაესი ზნეობრივი ორიენტირების შეძენა, რაც წარმოუდგენელია მონანიებისა და დანაშაულებრივი წარსულისაგან განშორების გარეშე.

ასეთი მისწრაფებების მაგალითი უნდა ეჩვენებინა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას, რომელსაც ძალზედ ბევრი აქვს მოსანანიებელი. თუმცაღა მოსკოვის საპატრიარქოს ჯიუტად არ უნდა აღიაროს სიმართლე საკუთარი თავის შესახებ, ანგარების გამო ამახინჯებს საკუთარ ისტორიას, თხზავს მითოლოგიას წმიდა ვლადიმერისაგან საკუთარი წარმომავლობის შესახებ და სხვა.

რუსეთის უმაღლესი საბჭოს კომისიის მიერ КГБ-ს არქივების ნაწილის გამოქვეყნების შემდეგ, სადაც იყო დოკუმენტების რმე-ს უმაღლესი სამღვდელოების აგენტურული საქმიანობის შესახებ, საპატრიარქო 1992 წელს საჯაროობის ზეწოლით იძულებული გახდა თვითონ შეექმნა თავისი კომისია ამ ფაქტების გამოსაძიებლად, რომლის მეთაურად დაინიშნა კოსტრომის ეპისკოპოსი ალექსანდრე. მაგრამ გასული წლების განმავლობაში ამ კომისიამ არ წარმოადგინა არანაირი კვალი საკუთარი მოღვაწეობისა. სიჩუმით გვერდი აუარეს 1994-2000 წლების სამღვდელმთავრო კრებებსაც. უეჭველია, საპატრიარქოს კომისიის არსებობას (მოცემული მომენტისათვის იგი ფორმალურადაც კი არ არის გაუქმებული), ჭეშმარიტ მიზნად აქვს არა ეკლესიის წინაშე სიმართლის განცხადება რმე-ს ხელმძღვანელობის სამარცხვინო დამსახურებების შესახებ ,,სოციალისტური სამშობლოს” წინაშე, არამედ სიმართლის დაფარვა.

მოსკოვის საპატრიარქოს ლიდერები არ აღიარებენ და არც უარყოფენ თავიანთ მრავალწლიან მუშაობას КГБ?-ში და ფიქრობენ, რომ ვერავინ აიძულებთ ამის აღიარებას. ამით პატრიარქი და სინოდი კვლავ და კვლავ ამჟღავნებენ დანაშაულებრივ, უსულგულო დამოკიდებულებას მრევლის მიმართ, ხალხისაგან მოწყვეტას. ეკლესიის იერარქებისაგან მხოლოდ ლიტვის მთავარეპისკოპოსმა ქრიზოსტომოსმა შეძლო გმირულად, საჯაროდ ეღიარებინა თავისი აგენტურული წარსული და მეტსახელი ,,რესტავრატორი”.

1992 წელს გკჩპ-ს გამომწვევი მიზეზებისა და გარემოებების შემსწავლელმა საპარლამენტო კომისიამ გამოიტანა კერძო განსაზღვრება რეკომენდაციით, რათა შეწყვეტილიყო სამღვდელოების გამოყენება საიდუმლო აგენტებად სპეცორგანოების მიერ. (იხ. დანართი.). ჩემი წინადადების საფუძველზე რუსეთის უმაღლესმა საბჭომ მიიღო ამჟამადაც მოქმედი შესწორებები კანონმდებლობაში, რითაც მღვდელმსახურები ჩართული იყვნენ იმ ადამიანების კატეგორიაში (ისევე, როგორც პროკურორები, მოსამართლეები, დეპუტატები), რომელთა გადაბირება სპეცორგანოების მიერ აკრძალულია. თუმცაღა საპარლამენტო კომისიის მიერ წარმოდგენილი წინადადება თვითონ ეკლესიის მიერ, რომლის შიდა კანონები პირდაპირ უკრძალავენ სამღვდელოებას შეთავსებით იმუშაონ ჩამშვებად, საპატრიარქოს მიერ მიღებული არ იყო. მოსკოვის საპატრიარქოსაგან განსხვავებით, თავისუფალმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ, რომელსაც მეთაურობდა სუზდალის მიტროპოლიტი რუსანცოვი, მღვდლად კურთხევამდე წარმოსათქმელ ტექსტში შეიტანა მღვდლის ფიცი, რომლის მიღებითაც მომავალი მღვდელი უარს ამბობს ითანამშრომლოს სპეცსამსახურებთან.

სსრკ-ს დამხობის შემდეგ საპატრიარქო დამარცხებას დამარცხებაზე ღებულობს ,,ახლო საზღვარგარეთში” - უკრაინის, ესტონეთის, მოლდავეთის სამრევლოების დიდი ნაწილი გამოეყო მოსკოვის საპატრიარქოს იმის გამო, რომ მოსკოვის საპატრიარქოს დღემდე არ გააჩნია თვითგანწმენდისა და აღორძინების სურვილი. გასაკვირი არ არის, რომ ამ ეკლესიათა ცნობიერებაში რმე წარმოადგენს კომუნო-საბჭოთა ტოტალიტარიზმის ორეულს.

სერიოზული სულიერი ზეგავლენა საზოგადოებაზე მოსკოვის საპატრიარქოს არც რუსეთში აქვს და არც მის გარეთ.

ტოტალიტარული რეჟიმის ნაშიერი მოსკოვის საპატრიარქო, რომელმაც უარი განაცხადა კრებით მოწყობაზე, თვითონ არის ტოტალიტარული ტიპის ორგანიზაცია. ბუნებრივია, რომ იგი ვერ პოულობს თავის ადგილს თავისუფალ, დემოკრატიულ საზოგადოებაში. ამით აიხსნება მისი ლტოლვა კომუნისტური და ნაციონალ-პატრიოტული ტიპის პოლიტიკური წარმონაქმნებისაკენ, რომელთაც აქვთ ანალოგიური, ტოტალიტარული სტრუქტურა.

ქრისტიანული ეკლესია მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე მრავალჯერ ყოფილა მძიმე კრიზისში, მაგრამ სიცოცხლის უნარიანი რჩებოდა და გამოდიოდა კრიზისიდან მხოლოდ ეკლესიის აღორძინების საქმეში მორწმუნე საზოგადოების ფართოდ მონაწილეობის შედეგად. არ შეიძლება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ტრაგიკული ბედი იყოს გამონაკლისი ამ ისტორიული კანონზომიერებიდან.

რუსეთში მართლმადიდებელი ეკლესიის აღორძინება იმ სახით, როგორითაც იგი უნდა იყოს წარმოდგენილი, შეუძლებელია ღრმა შინაგანი რეფორმებისა და 1917-18 წლების ადგილობრივი კრების დემოკრატიულ პრინციპებზე დაბრუნების გარეშე. აუცილებელია პატრიარქისა და წმიდა სინოდის განუზომელი ძალაუფლების გაუქმება. უნდა აღდგეს სასულიერო პირთა არჩევითობის კანონიკური წესი იერარქიის მთელ ვერტიკალზე. ამის გაკეთება შეუძლებელია საპატრიარქოს უმაღლესი ხელისუფლების ლუსტრაციის გარეშე - პირებმა, რომლებიც ,,გაქაჩულნი იყვნენ” უმაღლეს საეკლესიო თანამდებობაზე სპეცსამსახურების მიერ, პასუხი უნდა აგონ მორწმუნეთა წინაშე უღრმთო რეჟიმთან თანამშრომლობის გამო ან თუნდაც საჯაროდ მოინანიონ საკუთარი, იუდას მსგავსი წარსული. მხოლოდ კომუნიზმის ნარჩენებისაგან განთავისუფლებით ეკლესია შეძლებს გახდეს საზოგადოებრივი ძალა, განიხვოს ბაგენი ქადაგებისათვის, იყოს მაგალითი მსოფლიოსათვის თავისი კეთილი საქმეებით. სხვაგვარად რმე საბოლოოდ გახდება რელიქტური ეთნოგრაფიული ნაკრძალი, საყოფაცხოვრებო, რიტუალური მომსახურების კომბინატი მოუხეშავი და არაეკლესიური ხალხისათვის.

4 პეტრე ჩაიკოვსკის წერილი კიევის სასულიერო აკადემიის რექტორისადმი საეკლესიო გალობის შესახებ

▲back to top


ნოდარ ლადარიას თარგმანი

თქვენო ყოვლად უსამღვდელოესობავ!

გევედრებით, თქვენო ყოვლად უსამღვდელოესობავ, დიდსულოვნად მომიტევეთ კადნიერება, რომლითაც გავბედე თქვენდამი წერილობით მიმართვა, მაგრამ ამას მაიძულებს ძლიერი სულიერი მოთხოვნილება, ქაღალდზე გადმოვღვარო ის სამწუხარო შეგრძნებები, რაც უკვე მრავალგზის განმიცდია თქვენთვის ახლობელ გარემოებათა მიზეზით და თქვენ მოგახსენოთ ის, რისი გადმოცემა პირველ წუთებში საგაზეთო სტატიის ფორმით მეწადა. თუმცაღა ეს უკანასკნელი განზრახვა უფრო მომწიფებული განსჯის შედეგად უარვყავი, ჯერ ერთი, იმიტომ, რომ მკითხველი საზოგადოების მასისაგან თანაგრძნობას ვერ მოვიპოვებდი და რომც მომეპოვებინა, ამისაგან არავითარი სარგებლობა არ იქნებოდა, მეორეც, იმიტომ, რომ ყველაზე ნაკლებად მსურდა თქვენთვის ან ვინმესთვის სულ მცირედი უხერხულობის მიყენებაც კი იმ სამწუხარო და პერიოდულად გამეორებადი ფაქტის საჯარო გაკიცხვით, რომელზედაც ახლა ვაპირებ ლაპარაკს.

მე არ ვცხოვრობ კიევში, მაგრამ წელიწადში ორჯერ ან სამჯერ ჩამოვდივარ ხოლმე დროებით და ყოველთვის ვცდილობ, კიევში კვირა დილას მოვხვდე, რათა ბრატსკის მონასტერში გვიან წირვას შევესწრო და მონაწილეობა მივიღო თქვენ მიერ გულისამაჩუყებელი მშვენიერებით აღსრულებულ ლიტურგიაში. ყოველთვის, როცა ამას ვახერხებ, წირვის დასაწყისში გულის სიღრმემდე შემძრავს ხოლმე ის გამოუთქმელი მშვენიერება საზოგადოდ სამღვდელმთავრო წირვისა და განსაკუთრებით კი თქვენ მიერ აღსრულებულისა. მაგრამ ყოველ ჯერზე წმინდა აღტაცების შეგრძნება ნელ-ნელა გრილდება და, ბოლოს და ბოლოს, იმედგაცრუებული, შეშფოთებული და საყვედურით სავსე გამოვდივარ ტაძრიდან ისე, რომ აღარ ველოდები აღსავლის კარის გახსნას ზიარების საგალობლის შემდეგ.

ამის მიზეზი კი სხვა არაფერია, თუ არა ბრატსკის სამონასტრო გუნდის გალობა. თქვენ, შესაძლოა, გაგიკვირდებათ, ყოვლადუსამღვდელოესო, რომ ეს გალობა, რომელიც კიევში არაჩვეულებრივად მშვენიერის სახელითაა ცნობილი, მე მაღიზიანებს, მამწუხრებს და მაძრწუნებს კიდეც. მაგრამ საქმე ისაა, რომ მე - რუსი მუსიკოსი, რომელსაც უცდია რუსული საეკლესიო გალობისთვის გარჯა და საკმაოდ ბევრიც უფიქრია ამ საგანზე - საუბედუროდ, გავბედავ და ვიტყვი, რომ ღვთისმსახურებისადმი წაყენებულ მოთხოვნებში საზოგადოებრივი გაგების დონეზე მაღლა ვდგავარ და, ყოველ შემთხვევაში, გემოვნებაც დიამეტრულად საწინააღმდეგო მაქვს იმასთან შედარებით, რაც ახასიათებს არა მარტო მართლმადიდებელ საზოგადოებას, არამედ სამღვდელოების უმრავლესობასაც. ისტორიულ დეტალებში შეუსვლელად მოკლედ მოგახსენებთ, რომ გარემოებათა საბედისწერო თანხვედრის გამო, ჩვენთან გასული საუკუნის ბოლოდან დამკვიდრდა XVIII საუკუნის იტალიური მუსიკის გულის მომასუყებელი და დამტკბარი სტილი, რომელიც, ჩემი აზრით, საზოგადოდ არ აკმაყოფილებს საეკლესიო სტილის პირობებს, მაგრამ განსაკუთრებით შეუთავსებელია ჩვენი მართლმადიდებლური ღვთისმსახურების სულისკვეთებასა და წყობასთან. ეს მით უფრო სამწუხაროა, რომ ჩვენამდე მოაღწია ძველი რუსული ეკლესიის თავდაპირველმა გალობამ, რომელიც თავის თავში შეიცავს არა მარტო საერთო მუსიკალური მშვენიერების, არამედ სრულიად თვითმყოფადი საეკლესიო-სამუსიკო ხელოვნების ყველა ელემენტს. თვენს ყოვლადუსამღვდელოესობას რომ მთელი სისრულით ავუხსნა ჩვენი საეკლესიო მუსიკის უბადრუკ მდგომარეობაზე ჩემი თვალსაზრისი, იძულებული ვიქნები შევიდე ტექნიკური საკითხების უკიდეგანო ზღვაში, რაც მხოლოდ დაგღლიდათ. ამიტომ მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ როგორც მუსიკოსსა და მართლმადიდებელ ქრისტიანს, ვერასოდეს დამაკმაყოფილებს ჩვენს ეკლესიებში დამკვიდრებული საგუნდო გალობა, როგორ კარგადაც არ უნდა იყოს შერჩეული ხმები და როგორი დახელოვნებულიც არ უნდა იყოს გუნდის მმართველი რეგენტი. მაგრამ რა უნდა ვქნათ! ისტორიას ვერ გადააკეთებ და მე უნებურად ვურიგდები საეკლესიო მუსიკის ჩამოყალიბებულ სტილს იქამდეც კი, რომ არ ვითაკილე ბორტნიანსკის, ესოდენ ყალბი და უცხო ნიადაგზე აგებული მიმართულების მაინც ნიჭიერი შემომტანის თხზულებათა ახალი გამოცემის რედაქტირება. ვიმეორებ, ვურიგდები, მაგრამ მხოლოდ გარკვეულ ფარგლებში. არსებობს იმდენად უცნაური და იმდენად არანორმალური მოვლენები, რომ არ შეიძლება არ აღშფოთდე.

გული გავიმაგრე და მოვისმინე გასულ კვირადღეს (26 სექტემბერს) ის უცნაური, მაზურკის მაგვარი, გულისარევამდე მანერული სამჯერადი ,,უფალო შეგვიწყალე”, რომელსაც ბრატსკის მონასტრის გუნდი გალობდა მრჩობლი კვერექსის დროს. გაცილებით მეტი მოუთმენლობა გამოვიჩინე, როცა იგალობებოდა ,,მოწყალება სოფლისა” და საღვთისმსახურო გალობის შემდგომი მიმდევრობა მანამ, სანამ შეასრულეს ,,შენ გიგალობთ” (ჩემთვის უცნობი ავტორის მუსიკა). როცა იგალობეს ,,ღირს არს”, ერთგვარი ნუგეშისცემა იყო ჩემთვის, რადგან მისი ჰანგი ძველი გალობის ნიშნებს ატარებდა და შესრულებულ იქნა სადად, პრანჭვის გარეშე, როგორც შეჰფერის სატაძრო გალობას.

მაგრამ როცა აღსავლის კარი დაიხურა და მგალობლებმა ნაჩქარევად, ერთ აკორდზე დააგუგუნეს ,,აქებდეთ უფალსა”, თითქოს მოიხსნეს უფლის დიდების მძიმე ტვირთი და იმის გამო, რომ გრძნობდნენ ვალდებულებას, გამასპინძლებოდნენ შეკრებილ პუბლიკუმს საკონცერტო მუსიკით, ძალა მოიკრიბეს და დაიწყეს უნიჭოდ შეთხზული, ტაძრისათვის უადგილო ვოკალური ფოკუსებით აღსავსე, უცხო კილოზე აგებული, საშინლად ხანგრძლივი, უაზრო და უგვანო კონცერტის შესრულება, მე კვლავ ვიგრძენი მრისხანების ტალღა, რომელიც გალობის გაგრძელებასთან ერთად სულ უფრო იზრდებოდა.

ხან რაღაცას წამოიძახებდა ველური ღრებით სოლო ბანი, ხან დაიწივლებდა მარტოხელა დისკანტი, ხან გაისმოდა რომელიღაც იტალიური დავლურიდან აღებული ფრაზის ნაგლეჯი, ხან არაბუნებრივი სიტკბოთი დაიღვრებოდა ტლანქი, შიშველი და ბრტყელი ჰარმონიზაციით გაწყობილი საოპერო სასიყვარულო მოტივი, ხან მთელი გუნდი გაირინდებოდა გადაჭარბებულად ჩუმ პიანისიმოზე, ხანაც ბოლო ხმაზე მოჰყვებოდა ღმუილს...

ჰოი, უფალო, როდის, რომელ წამს მიმდინარეობს ეს მუსიკალური ორგია? სწორედ მაშინ, როცა სრულდება მთელი ღვთისმსახურების უმთავრესი საქმე - როცა თქვენ, ყოვლადუსამღვდელოესო, და თანამსახურნი თქვენნი ეზიარებით ქრისტეს ხორცსა და სისხლს... ნეტავ ბორტნიანსკის კონცერტების შესრულებით მაინც შემოფარგლულიყვნენ.

ეს უკანასკნელნიც არაა რუსული სულისკვეთებისა: მათშიც შევიდა სრულიად საერო, უფრო მეტიც, სცენური და საოპერო ხერხები, მაგრამ აქ წესიერება მაინც არის დაცული და, ყოველ შემთხვევაში, მათი შემთხზველი ნიჭიერი და გულწრფელი რელიგიური გრძნობით შთაგონებული მუსიკოსი იყო, ზოგიერთი მათგანი კი ნამდვილად მშვენიერია. მაგრამ ის, რისი მოსმენაც მომიხდა გასულ კვირას, იმდენადვე მკრეხელური და უმსგავსოა, რამდენადაც უბადრუკი და საცოდავი მუსიკალური თვალსაზრისით.

რატომ ვწერ ყოველივე ამას თქვენს ყოვლადუსამღვდელოესობას? იმიტომ, რომ მსურს გამოვთქვა სათქმელი და იმიტომაც, რომ სწორედ თქვენ მიმართ, თუმცა კი არა მაქვს პირადად გაცნობის ბედნიერება, ვატარებ გულში სიყვარულისა და მოწიწების თბილ გრძნობას, იმიტომ, რომ მაქვს მცირე იმედი რამდენადმე მაინც შევუწყო ხელი ჩვენს საღვთისმსახურებო გალობაში შეღწეული ბოროტების აღმოფხვრას. სწორედ ამის გამო ვბედავ თავი ვინუგეშო აზრით, რომ იქნებ შევძლო თქვენი სამოძღვრო ყურადღების მიქცევა იმ უსიხარულო მოვლენაზე, რომლის აზრს მიჩვევის მიზეზით აქამდე ვერ ამჩნევდით. ყოველ შემთხვევაში, სულითა და გულით გევედრებით, მომიტევოთ ჩემი კადნიერება. არაფერი არ ამოძრავებდა ჩემს კალამს, გარდა მშობლიური ეკლესიისადმი და მშობლიური ხელოვნებისადმი ერთგულებისა...

დასასრულს, რათა კიდევ უფრო აშკარად ვაჩვენო თქვენს ყოვლადუსამღვდელოესობას, რაოდენ მავნებელია პუბლიკუმის კონცერტებით გართობის ჩვეულება, შემდეგს დავსძენ. როცა ღვთის ტაძრიდან გამოვდიოდი, რადგან ჩემი სმენა და სული შეურაცხყოფილი იყო ბრატსკის სამონასტრო გუნდის მიერ გაწაფულად შესრულებული მუსიკალური ოხუნჯობებით, ჩემთან ერთად ტაძრიდან ჩოჩქოლით გამოდიოდა მთელი ბრბო ადამიანებისა, რომლებიც, თუ გარეგნობით ვიმსჯელებთ, საკმაოდ განათლებული და მაღალი წოდებისა უნდა ყოფილიყვნენ. მაგრამ ტაძრიდან სულ სხვა მოსაზრებით გამოდიოდნენ. მათი სიტყვებიდან მივხვდი, რომ ეს ბატონები ტაძარში მოვიდნენ არა ლოცვისთვის, არამედ სასეიროდ. ისინი კმაყოფილნი იყვნენ კონცერტით და ძალიან აქებდნენ მგალობლებსა და რეგენტს. ჩანდა, რომ მხოლოდ კონცერტისთვის მოსულიყვნენ და როგორც კი ის დასრულდა, მაშინვე გულმა ტაძრიდან გარეთ გაუწია. ეს სწორედ რომ პუბლიკუმი იყო - სალოცავად კი არ მოვიდნენ, არამედ ნახევარი საათის მხიარულად გასატარებლად... ნუთუ მართლმადიდებელი ეკლესია სხვასთან ერთად ქარაფშუტა ხალხის უაზრო გართობასაც უნდა ემსახურებოდეს?

პეტრე ილიას ძე ჩაიკოვსკი
1882 წლის 29 სექტემბერი

5 რამე-რუმე ამბები

▲back to top


იაკობ კროტოვი
თამარ არაბულის თარგმანი

პრეზიდენტ პუტინის მიმართვიდან კარლოველებისა და მოსკოვის საპატრიარქოს გაერთიანებასთან დაკავშირებით:

,,დადგა ახალი ჟამი რუსეთის ისტორიისა! რუსეთი კვლავ დიდი გაჭირვებით ასცდა ბოლშევიზმის უფსკრულს. კვლავ ჩნდება ღმერთისთვის სათნო საფუძველი სამშობლოს, ხალხისა და სახელმწიფოს გაგებისა. ორი ეკლესიის გაერთიანება სახავს გზას, რომელიც სოციალური და ნაციონალური წინააღმდეგობების გადალახვას მოასწავებს. იმის შეგნება, რომ მიმდინარეობს რუსეთის ცხოვრების საფუძვლების განახლება, ამტკიცებს აზრს, რომ მართლმადიდებლობის მაცოცხლებელი ძალები მოგვანიჭებენ ერთადერთ ხსნასა და განახლებას გახლეჩისა და დაცემისაგან ღვთაებრივი ხელმძღვანელობითა და განგების ნებით. უფალი 1990-იან წლებში დაწყებულ წეს-ჩვეულებების, პროფესიების, ოჯახებისა და სახელმწიფოს რღვევასა და გახრწნას აღმოფხრავს.

ჰა? როგორია?

თავს უფლება მივეცი და მსუბუქად შევასწორე, იცით რა? - 1933 წლის მარტში ,,გერმანიის ევანგელისტური ახალგაზრდობის” ხელმძღვანელობამ გამოსცა მიმართვა, რომელშიც წერია:

,,დადგა გერმანიის ისტორიის ახალი ერა! გერმანია კვლავ დიდი გაჭირვებით ასცდა ბოლშევიზმის უფსკრულში დანთქმას. კვლავ ჩნდება ღმერთისთვის სათნო სამშობლოს, ხალხისა და სახელმწიფოს გაგების საფუძველი. ნაციონალ-სოციალისტური მოძრაობა კაფავს გზას, რომელიც გვპირდება კლასობრივი, წოდებრივი, გვაროვნული წინააღმდეგობების გადალახვას. ამ დროს გერმანიის ევანგელისტურმა ახალგაზრდობამ უნდა იცოდეს, რომ მისი ხელმძღვანელობა სიხარულით ეტყვის - ,,დიახ!” ნაციონალ-სოციალისტურ გამოსვლებს. იმის გააზრება, რომ მიმდინარეობს მთელი ერის სასიცოცხლო საფუძვლების განახლება, ამტკიცებს, რომ სასიცოცხლო ძალები ევანგელიზმისა ამჟამად ერთადერთია, რომელიც ღვთაებრივი ხელმძღავნელობითა და განგების ნებით გადაგვარჩენს დაშლა-დაცემისაგან და დაიწყება განახლება. უფალი მოსპობს პროფესიების, ოჯახებისა და სახელმწიფოს დაშლა-გახრწნის დაწყებულ პროცესს”.

რას აკეთებს პაპისტი (რომელიც ერთდროულად შეიძლება კათოლიკეც იყოს და, თქვენ წარმოიდგინეთ, ქრისტიანიც კი; ,,პაპიზმი” ინტელექტუალური ეგზემის სახესხვაობაა), როცა პაპს ადანაშაულებენ, რომ იგი ჰიტლერიუგენდში მონაწილეობდა? - იგი პაპის გამართლებას ცდილობს, იწყებს მისი მემუარებისა და ოფიციალური ბიოგრაფიის ციტირებას და ლიბერალებისა და სეკულარისტების ხრიკებისა და ოინების გამო ოხვრას (რადგან დღეს ეს პერსონაჟები მასონებსა და ებრაელებს აღნიშნავენ). რას აკეთებს ნორმალური ადამიანი? - დასაწყისისათვის ჰიტლერიუგენდის ისტორიას სწავლობს.

ჰიტლერიუგენდი ,,ფორმალურად რჩებოდა ორგანიზაციად, რომელშიც შესვლა, გაწევრიანება და გაერთიანება ნებაყოფლობითი იყო”. ამის გაგება ძალიან ადვილია რუსეთის ცხოვრების მაშინდელ და უფრო გვიანდელ წლებთან ანალოგიით: ფორმალურად, პიონერთა რიგებში და კომკავშირში შესვლა იყო არა მარტო აუცილებელი, არამედ აღიქმებოდა როგორც პრივილეგია, ერთგვარი ჯილდო კარგი სწავლისა და ქცევისათვის. არაფორმალურად კი, პიონერობაზე ან კომკავშირზე უარის თქმა ადამიანს საეჭვო პიროვნებად აქცევდა, აღარ აძლევდა უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვის შესაძლებლობას, მაგრამ დაჭერა-დაპატიმრებასა და სკოლიდან გარიცხვას არ ითვალისწინებდა.

გერმანიაში კი, ყველაზე მეტი, რაც ემუქრებოდა პირს, რომელიც უარს იტყოდა ჰიტლერიუგენდში შესვლაზე, იყო ჰიტლერიუგენდის შესახებ კანონის მეორე დამატება, მიღებული 1939 წლის 25 მარტს, რომელიც ჯარიმას აკისრებდა ,,ახალგაზრდული სამსახურისათვის თავის არიდების გამო”. ენა იყო სავსებით საბჭოური: ,,ჰიტლერიუგენდში სამსახური გერმანელი ერისათვის საპატიო სამსახურია”. მე-12 პარაგრაფის ,,ა” ქვეპუნქტიც ღაღადებდა: ,,ბრძანების ამ პარაგრაფის წინასწარგანზრახვით დამრღვევი პირი უნდა დაჯარიმდეს 150 მარკით და მიეცეს პატიმრობაში”.

უნდა აღინიშნოს, რომ სასჯელი განსაზღვრულია არა ,,უკლონისტებისათვის”, ანუ იმათთვის, რომლებმაც გადაუხვიეს ამ გზიდან, არამედ მათთვის, რომლებიც ,,განზრახ ეწინააღმდეგებიან” ბრძანებას. ქვეპუნქტი ,,გ” განსაზღვრავდა, რომ ახალგაზრდობა შესაძლოა, ჩაბმულ იქნას საკუთარი ვალის აღსრულების საქმეში, რაც მას ეკისრება ამ ბრძანების საფუძველზე პოლიციის ადგილობრივი სამმართველოების საშუალებით.

რატცინგერის შემთხვევაში მას ჯარიმით არავინ ემუქრებოდა და საქმე არც პოლიციის განყოფილების ჩარევამდე მისულა.

რა თქმა უნდა, რატცინგერი არ იყო არც ნაცისტი და არც აქტიური წევრი ჰიტლერიუგენდისა, მაგრამ მაინც, მისი გაწევრიანება ჰიტლერიუგენდში არც ისე გარდაუვალი იყო, როგორც ამის წარმოდგენას რატცინგერის ბრმად დამცველები ცდილობენ. თავად რატცინგერი არც ამტკიცებდა, რომ ჰიტლერიუგენდში შესვლა გარდაუვალი იყო. ის ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ შევიდა ნებაყოფლობით, ეკონომიკური მოსაზრებების გამო: ,,სწავლების დაბალი გადასახადი, რომელიც მაშინ ჩემთვის აუცილებელი იყო, ენიშნებოდათ ჰიტლერიუგენდის წევრებს” (,,Die Welt” 21 აპრილი 2005 წელი).

რატცინგერის დამცველები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ სწორედ ნაციზმის ეპოქაში ცხოვრებამ გაამხნევა იგი და ახალი სული შთაბერა პაპს ბოროტებასთან ბრძოლის გზაზე. საკითხავია, ხომ არ ებრძვიან ტოტალიტარიზმს ტოტალიტარისტული საშუალებებით. და პაპ პაჩელის (პიუს XI) არავინ უსაყვედურებდა და არ მიანიშნებდა მის გულგრილობასა და ნაციზმის მიმართ დათმობებზე, თავის საეკლესიო პოლიტიკაში იგი იოანე XXIII-ის მსგავსი რომ ყოფილიყო. თუკი გერმანელი კათოლიკეები სახელს გაითქვამდნენ ნაციზმთან ბრძოლაში, პრეტენზიებიც აღარ იქნებოდა, მაგრამ ,,ახალგაზრდული კათოლიკური ორგანიზაციების წიაღში შემუშავდა ისეთი იდეოლოგია, რომელიც ძალიან ახლოს იყო ნაციონალ-სოციალიზმთან, - წერდა ა. ვასილჩენკო და იმოწმებდა კათოლიკეებს, რომლებიც ხოტბას ასხამდნენ ნაციზმს, ,,როგორც ისეთი ლიბერალური სახელმწიფოს დაძლევა, რომელსაც პოლიტიკა სხვადასხვა მსოფლმხედველობათა ტაქტიკურ კომპრომისებად ესმოდა”. კარდინალმა მიხაელ ფონ ფაულხაბერმა, რომლის დიოცეზშიც იყო სემინარია, სადაც სწავლობდა რატცინგერი, ჰიტლერთან მიღებისას განაცხადა: ,,ეკლესია უყურებს ფიურერს, როგორც ღვთისაგან არჩეულ ძალაუფლებას, რომელსაც ჩვენ უნდა ვაფასებდეთ და პატივს ვცემდეთ”. ფაულხაბერი იყო მტკიცე, ურყევი მონარქისტი და ნაციზმს დემოკრატიისაგან გადარჩენის საშუალებად მიიჩნევდა.

ანტილიბერალური რიტორიკა საერთოა ჰიტლერისა და რატცინგერისათვის. ,,უძრავი სამხედრო იერარქიული სტრუქტურა საშუალებას იძლევა მაქსიმალურად ეფექტურად შესრულდეს ფუნქციები, რომლებიც ჰიტლერიუგენდს პარტიამ დააკისრა”. ასე ახასიათებს ჰიტლერიუგენდს ვასილჩენკო. გასაოცარია მსგავსება საეკლესიო ორგანიზაციის იდეალთან, რომელიც, როგორც ეტყობა, ასე ასულდგმულებს პაპ ბენედიქტე XVI-ს.

ყურადსაღებია თავად ჰიტლერიუგენდის აქცენტი ,,ახალგაზრდობაზე”. როცა საეკლესიო ორგანიზაციის ცხოველმყოფელობის კრიტერიუმად (ტაძრების რაოდენობასთან ერთად) ცხადდება ახალგაზრდული ორგანიზაციების ზრდა-განვითარება და სრულყოფა - ეს ტიპური მატერიალისტური, უფრო მეტიც, ტოტალიტარული აზროვნებაა, რომლისთვისაც არ არსებობს პიროვნება, არსებობს მხოლოდ ბიოლოგიური ობიექტის გარე პერიმეტრის ნაერთი: ასაკი, განათლება და ა. შ. ახალგაზრდული ორგანიზაციების შექმნა - თანამედროვე მოვლენების ერთი დამახასიათებელი თვისებაა, ცხოვრების ინდუსტრიალიზაციის ნაწილია, რომლის დროსაც განათლება და აღზრდა იდევნება ოჯახებიდან და გადაეცემა საზოგადოებას, ბოლოს სახელმწიფოსაც კი. ტოტალიტარიზმი, ნორმალური ბურჟუაზიულობისგან განსხვავებით, აქცენტს სწორედ სახელმწიფოზე აკეთებს, საზოგადოება კი უბრალოდ ნადგურდება.

იმ ადამიანებს შორის, რომლებიც ჰიტლერიუგენდში ფულის გამო შევიდნენ (სახელმწიფო გამოყოფდა სტიპენდიებს, უპირველესად, ამ ორგანიზაციის წევრებისათვის), იყო ვალტერ შელენბერგი, შემდგომში ჯაშუშობისა და დივერსიების სამმართველოს უფროსი.

6 წმინდა სიცრუე

▲back to top


ნოდარ ლადარია, ლეილა ბეზარაშვილი

პირველ ათასწლეულში პიროვნების წმინდანად შერაცხვის ინიციატორი თვით მორწმუნე ერი იყო, კანონიზაციის უფლება მხოლოდ მოგვიანებით გადავიდა პაპების ხელში. წმინდანთა ნაწილების, რელიკვიების კულტი კი უფრო ადრეც არსებობდა, თანაც არა მარტო ქრისტიანთა შორის. მაგალითად, ბუდას სიკვდილის შემდეგ მიმდევართა შორის განაწილდა მისი ფერფლი, ძვლები, თმები, კბილები და კვერთხი. მუსლიმებიც ინახავდნენ მოჰამედის წვერის ბეწვებს. მხოლოდ იუდაიზმში არ არსებობდა რელიკვიების კულტი, რადგან ყოველი, ვინც კი გვამს შეეხებოდა, შვიდი დღის განმავლობაში უწმინდურად იყო მიჩნეული.

ანტიკურ სამყაროში არსებობდა წარმართული გმირების კულტი - მათ საფლავებზე მოდიოდნენ განკურნების იმედით, ინახავდნენ მათ ძვლებს, ზოგჯერ კი მდიდრულ ლუსკუმებში დებდნენ და ისე გამოჰქონდათ საზეიმო პროცესიით. მაგრამ ქრისტიანებისაგან განსხვავებით, წარმართები არ ანაწევრებდნენ რელიკვიებს და არ ვაჭრობდნენ წმინდა ნაწილებით. სწორედ ამ პირვანდელმა, ჯერ კიდევ წარმართულმა კულტმა განსაზღვრა წმინდა ნაწილთა თაყვანისცემის სახე და აქცია რელიკვიები ეკლესიის გავრცელებისა და განმტკიცების ერთ-ერთ ინსტრუმენტად.

წარმართთაგან განსხვავებით, ქრისტიან წმინდანთა ნაწილები ერთ ადგილს არ ინარჩუნებენ. მოწამის ნეშტის პირველი გადაადგილება მოხდა ანტიოქიაში 354 წელს, როცა მწინდა ბაბილას ცხედარი გადაასვენეს დაგნიში, რათა ჩაენაცვლებინათ აპოლონის ადგილობრივი კულტი. ამის შემდეგ კირილე ალექსანდრიელმა გადაატანინა სხვა ქალაქში ორი მოწამის ცხედარი, რათა იქაურებს დავიწყნოდათ იზიდას თაყვანისცემა. 386 წელს წმ. ამბროსი მედიოლანელმა აღმოაჩინა მოწამე გერვასისა და პროტასეს ძვლები და ყველა კუთხეში გააგზავნა მათი ფრაგმენტები.

ამის შემდეგ გავრცელდა წმინდა ნაწილების საკურთხეველში შენახვის წესი და ყველა ტაძარს სურდა მიეღო რომელიმე რელიკვია. ტრაპეზმაც თანდათანობით სარკოფაგის ფორმა მიიღო.

წმინდა ნაწილებზე დებდნენ ფიცსა და აღთქმას, თან მიჰქონდათ ომში. მათ დასაუფლებლად მართავდნენ ლაშქრობებს. XIII საუკუნემდე შესაძლებელი იყო წმინდა ნაწილებით თავისუფალი ვაჭრობა. დასავლეთის ეკლესია იმ დრომდე ვერ აკონტროლებდა ამ პროცესებს.

VI საუკუნეში წმინდა თეოდორიტემ და გრიგორი დიდმა (560-604) განაცხადეს, რომ ძვლის სულ მცირე ნატეხიც ისეთივე საღვთო ძალის მქონეა როგორც წმინდანის მთელი ჩონჩხი. ამის შემდეგ წარწყმედისაგან დასაცავად რელიკვიებს უკვე მიცვალებულებს ატანდნენ საფლავში, მაგრამ განსაკუთრებით გაიზარდა კომერციული საქმიანობა და დაიწყო რელიკვიების ფალსიფიცირება, როცა რელიკვიებად ასაღებდნენ არა მარტო ადამიანის, არამედ ცხოველთა ძვლებსაც.

ჯოვანი ბოკაჩოს ,,დეკამერონის” ერთ-ერთი პერსონაჟად გამოყვანილი ჰყავს რელიკვიების ვაჭარი. ის ცდილობს გაასაღოს ,,მთავარანგელოზ გაბრიელის ფრთა”, მაგრამ როდესაც ლუსკუმას გახსნის, აღმოაჩენს, რომ შიგ ჩადებული ფარშევანგის ფრთა ვიღაც მასავით თაღლითებმა ნახშირის ნატეხებით შეუცვალეს. ვაჭარი არ დაიბნევა და იქვე მანაცხადებს, რომ ეს იმ ცეცხლის ნარჩენია, რომელზედაც წმინდა ლავრენტი აწამეს.

მას შემდეგ, რაც 431 წელს, ეფესოს საეკლესიო კრებაზე დადგინდა ღვთისმშობლის დოგმატი, ქრისტიანთა სახლებში პირველად შევიდა წმინდა მარიამის გამოსახულებები, ხოლო VII საუკუნოდან ღვთისმშობელი გახდა ქრისტიანული შეიარაღებული ძალების მფარველი. V და VI საუკუნეებში აყვავდა ღვთისმშობელთან დაკავშირებული რელიკვიებით ვაჭრობა: გაჩნდა მრავალი სამოსი, რომელსაც მარიამის კუთვნილად აცხადებდნენ, მიუნჰენში კი გამოფენილი იყო ღვთისმშობლის სავარცხელი. მაგრამ ყველაზე საოცარი იყო ღვთისმშობლის რძე, რომლის ასეულობით ლიტრი მცირე ტევადობის ამპულებში დაფასოებული ჩამოჰქონდათ პალექსტინიდან ჯვაროსნებს. საინტერესოა ამ ტიპის რელიკვიის წარმოშობა: ახლო აღმოსავლეთსა და ეგვიპტეში არსებობდა ლეგენდა, რომლის მიხედვით, ჰეროდეს რისხვისაგან ეგვიპტედ ლტოლვისას წმინდა ოჯახმა თავი შეაფარა ერთ მცირე გამოქვაბულს. ყრმა იესოს შიოდა, წმინდა მარიამს კი მღელვარებისგან რძე დაუშრა. ღვთისმშობელმა ილოცა და ჩვილის გამოსაკვებად გამოქვაბულის კედლებიდან რძემ გამოჟონა. ახლო აღმოსავლეთში მართლაც არის კარსტული მღვიმეები, რომელთა კედლებიდან ჟონავს მინერალური მარილებით გაჯერებული მოთეთრო წყალი - სწორედ მას აგროვებდნენ ამპულებში ჯვაროსნები.

XVI საუკუნეში, რეფორმაციის დროს პროტესტანტებმა გააუქმეს რელიკვიათა თაყვანისცემა, მაგრამ ამის საწინააღმდეგოდ, კათოლიკური ეკლესიის ტრიდენტის კრებამ ხელახლა დაამტკიცა რელიკვიების კულტი: წმინდა ნაწილთა თაყვანისცემასა და მასთან დაკავშირებული პილიგრიმობას საგრძნობი ეკონომიკური მნიშვნელობა ჰქონდა. მაგრამ პილიგრიმობა არ არის საკუთრივ ქრისტიანული ტრადიცია: ის ცნობილი იყო ძველ ეგვიპტესა და ჩინეთში, ასევე ანტიკურ საბერძნეთშიც. თუ დღეს დასავლეთის ქრისტიანები განკურნების იმედით საფრანგეთის ქალაქ ლურდში მიეშურებიან იქაურ წყალში განსაბანად, ანტიკურ სამყაროში იმავე როლს ასრულებდა პელოპონესის ქალაქი ეპიდავროსი, რომელიც ძველი წელთაღრიცხვის VII-V საუკუნეებში მართლაც რომ ანტიკური ლურდი იყო სამკურნალო აბაზანებითა და პილიგრიმების სასტუმროებით. მსგავსებას კიდევ უფრო აძლიერებდა ანტიკურ ქურუმთა სტრატეგია: რაც უფრო დიდია ტაძრისთვის შემოწირული მსხვერპლი, მით უფრო სარწმუნოა განკურნება.

ძველი წელთაღრიცხვის II საუკუნიდან ბალნეოლოგიური პილიგრიმობის ობიექტად იქცა ეგვიპტური სერაპისი, სადაც 42 ტაძარი და საავადმყოფო ააგეს. წმინდა პახომი, ქრისტიანული ბერ-მონაზვნობის ერთ-ერთი ფუძემდებელი მოქცევამდე ექიმი იყო და სერაპისს ემსახურებოდა.

იმპერატორ კონსტანტინეს რელიგიური რეფორმის შემდეგ წარმართი გმირების საფლავებზე მიმოსვლა შესუსტდა, სამაგიეროდ, იმპერატორის დედამ, წმინდა ელენემ IV საუკუნეში დააფუძნა ქრისტიანული პილიგრიმობა და ტრადიციულ მოსალოც ადგილად აქცია იერუსალიმი. ამას მოგვიანებით დაემატა რომი.

ბევრს არ შეეძლო შორეულ და სახიფათო მოგზაურობაში გამგზავრება, ამიტომ პილიგრიმობის, ასე ვთქვათ, რეგიონულ ცენტრებს უზრუნველყოფდა სხვადასხვა სახის რელიკვიები: ქრისტეს ცხოველმყოფელი ჯვრის უამრავი და უმრავლესად ყალბი ფრაგმენტი უპირველესი იყო სათაყვანებელ საგანთა სიაში, რადგან სწორედ ჯვრის აღმოჩენა იყო დაკავშირებული წმინდა ელენეს იერუსალიმში მოგზაურობასთან. სწორედ IV საუკუნიდან იქცა ჯვარი ქრისტიანობის უმთავრეს სიმბოლოდ, მანამდე ამ ადგილზე იყო თევზი: უადრეს ქრისტიანულ გამოსახულებებში, სადაც თითქმის არ არის ჯვარი, უმთავრესი ადგილი სწორედ თევზს ეკუთვნის. ამ სიმბოლოს კვალი დღესაც შეიძლება აღმოვაჩინოთ, რადგან პაპის ტიარას თევზის თავის ფორმა აქვს. ამ თვალსაზრისით ისიც აღსანიშნავია, რომ ჯვარს პირველად გამოსახავდნენ არა როგორც წამების იარაღს, არამედ გამარჯვების ნიშანს, ამიტომაც ჯვარი იყო ოქროსი და ძვირფასი თვლებით შემკული. ეს ბუნებრივიცაა, რადგან სიმბოლოს წარმოშობა იმპერიულ ძალაუფლებას უკავშირდება.

ამის შემდეგ გავრცელდა ქრისტეს სისხლისა და ჩუჩას თაყვანისცემა. ეს უკანასკნელიც საკმაოდ გავრცელებული რელიკვია იყო შუა საუკუნეებში (დღეს კათოლიკურ სამყაროში დაფიქსირებულ წმინდა ჩუჩათა რიცხვი რვამდე აღწევს) და 1426 წელს ქალაქ ანტვერპენში დაფიქსირებულია მისი სახელობის წმინდა ძმობაც კი.

პალესტინის ბერებს შეეძლოთ პირდაპირ ეჩვენებინათ ნებისმიერი ადგილი, რომელიც კი მოხსენიებული იყო საღვთო წერილში. ბიბლიის ლათინურ ენაზე მთარგმნელს, წმინდა იერონიმეს სჯეროდა, რომ იქ შემონახული იყო იესო ქრისტეს ნაკვალევიც კი. შესაძლოა ამის გამო გავრცელდა ჯვაროსანთა დროს იერუსალიმიდან მიწის წამოღების ტრადიცია, რომელიც ისე გაძლიერდა, რომ ყველა წმინდა მაღლობს ვაკედ ქცევის საფრთხე დაემუქრა. ამ მხრივ საგულისხმოა XIX საუკუნის რუსი მწერლის, ვასილი როზანოვის მოგონება: მას დივეევოში, წმინდა სერაფიმე საროველის მონასტერში აჩვენეს ქვა, რომელზედაც, გადმოცემის თანახმად, ხანგრძლივად ულოცია წმინდანს; ორი წლის შემდეგ, როცა როზანოვი კვლავ დაბრუნდა დივეევოს, მას უკვე სხვა ქვა აჩვენეს, რადგან პირველი მორწმუნეებს გაეზიდათ ნაწილ-ნაწილ.

რელიკვიების დანაწევრება, რომელიც VI საუკუნეში თეოდორიტემ და გრიგორი დიდმა აკურთხეს, მანამდეც იყო გავრცელებული, მაგრამ ოფიციალური ხელისუფლება, როგორც საერო ასევე საეკლესიო, მას ეწინააღმდეგებოდა. სამაგიეროდ, მორწმუნე ერი დანაწევრების მომხრე იყო: როგორც კი ვინმე აღიარებული ასკეტი და წმინდა ცხოვრების კაცი გარდაიცვლებოდა, მაშინვე ცდილობდნენ მისი გვამის მოპარვას, რათა შემდეგ მცირე ნაწილებად დაეჭრათ და სახლებში წაეღოთ. როცა 459 წელს გარდაიცვალა მთელ საქრისტიანოში ცნობილი სასწაულმოქმედი სვიმონ მესვეტე, მის ცხედარს დაგლეჯისაგან იცავდა ექვსასი ანტიოქიელი ჯარისკაცი. და რადგან გვამის მოპოვება ძნელი იყო, ხალხი წმინდანთა სამყოფელის გარშემო მტვერს აგროვებდა. აღწერილია XIX საუკუნის მოსკოველი სალოსი ივან იაკოვლევიჩი, რომელიც დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა საზოგადოების ყველა ფენაში: ივან იაკოვლევიჩი დღენიადაგ საცვლების ამარა ქვიშაზე იჯდა და საპირფარეშოში გასვლაზეც არ იწუხებდა თავს. მის შარდში არეული ქვიშა დიდგვაროვან მოსკოველ ქალებს შინ მიჰქონდათ და მცირე რაოდენობით საჭმელში ურევდნენ...

რა თქმა უნდა, მოსკოველი არისტოკრატია მუქთად არ იღებდა ესოდენ ძვირფას ძღვენს: ამის სანაცვლოდ სალოსის საცხოვრებელში მდიდრული შემოწირულობები გროვდებოდა. ასევე იყო ძველ დროშიც: ნეტარი ავგუსტინეს ნაწერებიდან ცნობილია, მაგალითად, წმინდა მენას რელიკვიები ეგვიპტეში. აქ წყლითა და ზეთით სავსე ამპულების ვაჭრობა იყო გაჩაღებული. თანდათანობით წმინდანის საფლავზე აგებული ტაძარი ისე გამდიდრდა, რომ იმპერატორმა ზენონმა მისი ყაჩაღებისაგან დასაცავად 1200 ჯარისკაცი გამოყო.

უკვე ვახსენეთ კირილე ალექსანდრიელის მიერ გადატანილი ორი წმინდანის ნაწილები. ეს მოვლენა IV საუკუნეში იმისათვის მოხდა, რომ ჩაენაცვლებინათ იზიდას კულტი, ასევე კონსტანტინოპოლში თაყვანს სცემდნენ ქრსიტიან მკურნალებს, კოზმასა და დამიანეს, რომლებმაც შეცვალეს კასტორისა და პოლუქსის წარმართული კულტი. მოგვიანებით მათი ნაწილები გადაიტანეს მიუნჰენში.

გარდა ძვლებისა და არტეფაქტების ფალსიფიკაციისა, ძველთაგანვე გავრცელებული იყო ტექსტების გაყალბებაც. ეს პრაქტიკა არსებობდა ანტიკურ საბერძნეთსა და რომში, ძველ ინდოეთსა და ეგვიპტეში, ნაწერებს აყალბებდნენ სპარსელები და ებრაელებიც. განსაკუთრებით ხშირი იყო ტექსტის ავტორად ცნობილი და აღიარებული პიროვნების დასახელება. ძნელი სათქმელია, განზრახ იქმოდნენ ამას, თუ უნებლიედ, შეგნებულად ცრუობდნენ, თუ ალალად მიაწერდნენ ავტორობას. როდესაც ფილოლოგიური მეთოდები არ არსებობს და კრიტიკული მიდგომა ჯერ შემუშავებული არ არის, ამგვარი კითხვების დასმა აზრს კარგავს.

მართალია, ძველ რომაელებს შორის ლიტერატურული ფალსიფიკაცია მაინცდამაინც გავრცელებული არ ყოფილა, ცნობილია, რომ სახელგანთქმულმა მკურნალმა, კლავდიუს გალენმა (129-199) აღმოაჩინა რამდენიმე ნაყალბევი ტექსტი, რომელიც მას მიეწერებოდა. 1583 წელს ვენეციაში აღმოაჩინეს თხზულებები, რომელთა ავტორად აღნიშნული იყო ციცერონი, ხოლო ძველი ათენის სახელგანთქმულ კანონმდებელსა და პოეტს, სოლონს ბრალად ედება ჰომეროსის ,,ილიადაში” ერთი სტრიქონის ჩამატება, რის შედეგად მის გვარს უჩნდებოდა პრეტენზია კუნძულ სალამინის მფლობელობაზე.

გაცილებით უფრო ხშირი იყო რელიგიური ტექსტების გაყალბება. რომაელი რიტორი, კვინტილიანე ამბობდა, რომ შეუძლებელია იმის უარყოფა, რაც არასოდეს არსებობდა და მხოლოდ რწმენის საგანია. ადამიანები ბოროტად იყენებდნენ ამ გარემოებას და აყალბებდნენ წინასწარმეტყველებებს, ორაკულებს, სასწაულებრივ მოწმობებს. ამ მხრივ, გასაგები ხდება, რატომ მიეწერება ელინიზმის ეპოქაში შექმნილი წიგნები ბიბლიურ მეფე სოლომონს. დღეს შეიძლება ბევრი გააკვირვოს იმან, რომ, მაგალითად, ,,ეკლესიასტე” ბიბლიურ კანონში მხოლოდ ახალი წელთაღრიცხვის 96 წელს შეიყვანეს. ასევე ელინიზმის ხანას ეკუთვნის სხვა ბიბლიური წიგნებიც. მაგალითად, დანიელ წინასწარმეტყველის წიგნს თანამედროვე ფილოლოგია ძველი წელთაღრიცხვის 164 წლით ათარიღებს, როცა იუდეაში ანტიოქე ეპიფანე მეფობდა, ხოლო თვით წინასწარმეტყველი დანიელი ცხოვრობდა ძველი წელთაღრიცხვის VI საუკუნეში ბაბილონის სამეფო კარზე. ცნობილი ქრისტიანი მწერალი, დიონისე ალექსანდრიელი, რომელიც 265 წელს გარდაიცვალა, უარყოფდა, რომ აპოკალიფსის ავტორი შეიძლებოდა ყოფილიყო მოციქული იოანე. ასევე საეჭვოა პავლე მოციქულის სახელით ცნობილი ეპისტოლეებიდან უმრავლესობის ავტორობა.

მართლაც მრავალფეროვან, რთულსა და ბოლომდე გაურკვეველ სურათს წარმოგვიდგენს ახალი აღთქმის ფილოლოგია. მართალია, ეს სირთულე და მრავალფეროვნება ვერაფერს დააკლებს სახარებათა ღვთივშთაგონებულობის რწმენას, რადგან არსად არაა ზუსტად განმარტებული, კონკრეტულად როგორ უნდა შეიქმნას ღვთივშთაგონებული ტექსტი. რატომ არ შეგვიძლია ვიწამოთ, რომ ამგვარი წიგნის შექმნას საუკუნეები და ავტორთა თაობები სჭირდება?

ტექსტების ცვლილების ერთ-ერთი მიზეზი იყო მათი ტირაჟირების ერთადერთი საშუალება - გადაწერა. ყოველი ასეთი პროცესი შეცდომათა დაგროვების მიზეზი ხდებოდა: ზოგჯერ გადამწერი განგებ ან უნებლიედ ტოვებდა რაიმე ნაწყვეტს, ან საკუთარ შენიშვნას ჩაურთავდა, რომელსაც შემოდგომი გადამწერი ორიგინალური ტექსტის ნაწილად მიიჩნევდა და საგანგებოდ აღარ გამოჰყოფდა. ცნობილია შემთხვევები, როცა მონასტრის ან ეპარქიის ქონების ან ავტორიტეტის გასაზრდელად არა მარტო ყალბ რელიკვიებს ქმნიდნენ, არამედ ყალბ ჰაგიოგრაფიასაც. მაგალითად, არსებობს ეგრეთ წოდებული ,,პილატეს ეპისტოლე”, რომელშიც იუდეის ყოფილი პროკურატორის, პონტიუს პილატეს სახელით დადასტურებულია ქრისტეს ჯვარცმა, სიკვდილი და მკვდრეთით აღდგომა. ამის გამო კოპტური ეკლესია პონტიუს პილატეს წმინდანად აღიარებს.

ძალიან გავრცელებული პრაქტიკა იყო ყალბი მარტიროლოგების, ანუ მოწამეთა ცხოვრებების შედგენა, სადაც ყოველი მოწამის სახელზე არსდებოდა საეპისკოპოსო კათედრა და, შესაბამისად, ყოველ საეპისკოპოსო კათედრას მიეწერებოდა მოციქულებრივი საწყისი. მაგალითად, გერმანიის ქალაქ ტრირში, სადაც დღეს ინახება იესო ქრისტეს კვართად წოდებული რელიკვია, გააყალბეს საეკლესიო კრების დადგენილებები, რათა ქალაქი კიოლნი არ გამხდარიყო სამიტროპოლიტო კათედრა. საერთოდ, ეპისკოპოსთა სიები საკმაოდ დიდი გაურკვევლობის საბაბია: რომის ეპისკოპოსთა სახელები საეჭვოა 235 წლამდე, რაც შეეხება კონსტანტინოპოლს, აქ IX საუკუნეში იქნა გამოცხადებული პირველ ეპისკოპოსად წმინდა ანდრია პირველწოდებული.

ამავე მიმართულებით მართლაც ურიცხვია მაგალითის მოყვანა შეიძლება, მაგრამ მაინც უპასუხოდ დარჩება მთავარი შეკითხვა: რას ამტკიცებს სიყალბის ამდენი მოწმობა? მიუკერძოებელი განსჯით, არაფერს არსებითს: მხოლოდ იმას, რომ საკაცობრიო ისტორიის მრავალსაუკუნოვანი ისტორია ისე წარიმართა, რომ საგნის ან ტექსტის ავთენტურობას ღირებულების მნიშვნელობა არ მინიჭებია. ეს მხოლოდ ახალი დროის, დასავლური ინდივიდუალიზმის განვითარების ნაყოფია.

XIV საუკუნეში შეიძლება გვეთქვა, რომ ორივე ერთნაირად გულწრფელი ქრისტიანი იყო: ის, ვინც გამვლელი თაღლითისაგან მამასისხლად ყიდულობდა ,,მთავარანგელოზ გაბრიელის ფრთას” და ისიც, ვინც გულიანად იცინოდა ,,დეკამერონში” აღწერილ ამ ამბავზე. მაგრამ XIX საუკუნისთვის უკვე საშინელ სულიერ ძალადობად შეიძლება განვიხილოთ ის გარემოება, რომ იტალიის განათლებულ ოჯახებში ეკლესიის ,,ხათრით” დეკამერონის წიგნი მორცხვად იმალებოდა კარლო კოლოდის ,,პინოქიოს თავგადასავლის” ყდაში და ისე იდგა თაროზე, რომ სახლის საკურთხებლად შემოსული პადრე უხერხულ მდგომარეობაში არ ჩავარდნილიყო.

და თუ შუა საუკუნეების ადამიანს, თუნდაც გენიალურსა და საუკუნეების მეხსიერებაში შემორჩენილს, არ უნდა ვუსაყვედუროთ გულუბრყვილობა, არ უნდა დავაბრალოთ თაღლითობა, დღევანდელ თუნდაც უბრალო და არაფრით გამორჩეულ მოკვდავს, უკვე აღარ ეპატიება არც მიამიტობა და არც კრიტიკული აზროვნების დეფიციტი. რადგან თუ რეგულარული და ლოკალური სასწაულების რწმენა ქრისტიანობის გუშინდელი დღეა, საყოველთაო განათლება და სულიერი თავისუფლება მის მომავალს წარმოადგენს.

7 სახელმწიფო და რელიგია ევროპაში(დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ჰოლანდია) შედარებითი ანალიზი

▲back to top


რალფ გადბანი
თენგიზ დალალიშვილის თარგმანი

შესავალი

უპირველეს ყოვლისა, შევეცდები, აღვწერო ევროპაში სახელმწიფოსა და რელიგიის ურთიერთდამოკიდებულების ზოგადი სურათი. ევროპელები, ფორმალურად, ურთიერთობის სამ ტიპს განიხილავენ:

სეპარაციის სისტემაში სახელმწიფო და რელიგია მკვეთრადაა ერთმანეთისაგან გამიჯნული. ასეთი სისტემა არსებობს საფრანგეთში, ირლანდიაში, ბელგიასა და ჰოლანდიაში.

კონკორდატისა და შეთანხმების სისტემაში ურთიერთობები ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის შეთანხმების საფუძველზეა დარეგულირებული. კონკორდატის სისტემას კათოლიკური ეკლესია იყენებს, შეთანხმების სისტემას კი - პროტესტანტული ეკლესია. კონკორდატისა და შეთანხმების პრაქტიკა დამახასიათებელია გერმანიის, იტალიისა და ესპანეთისათვის.

სახელმწიფო ეკლესიის (Staatskirche) სისტემაში სახელმწიფოს მეთაური ამავე დროს ეკლესიის მეთაურიცაა. მსგავსი სისტემა დღეს გავრცელებულია ნორვეგიაში, დანიასა და ინგლისში. 2000 წლამდე იგი არსებობდა შვედეთშიც.

ასეთ კლასიფიკაციას შეცდომაში შევყავართ, ვინაიდან იგი რელიგიების დისკრიმინაციას და ერთი რომელიმე რელიგიის პრივილეგირებას აძლევს ბიძგს. ბელგიასა და ირლანდიაში, სადაც არ არსებობს კონკორდატის პრაქტიკა, კათოლიკური ეკლესიის პოზიციები გაცილებით უკეთაა დაცული, ვიდრე სხვა რომელიმე ქვეყანაში. ინგლისის ეკლესია სახელმწიფო ეკლესიაა, მაგრამ არ სარგებლობს მხარდაჭერით სახელმწიფოს მხრიდან. განსხვავებული ვითარებაა გერმანიაში. როგორც ვიცით, ირლანდიასა და საფრანგეთში სეპარაციის სისტემა მოქმედებს. მიუხედავად ამისა, ირლანდიელები თავიანთ კონსტიტუციაში წმინდა სამებას აღიარებენ. რაც შეეხება ფრანგულ კონსტიტუციას, იქ განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ლაიციზმს. სეპარაციისა და შეთანხმებათა სისტემებში რელიგიები დოქტრინალური და ორგანიზაციული თავისუფლებებით სარგებლობს. სხვა ვითარებაა სახელმწიფო ეკლესიის შემთხვევაში. სახელმწიფო ეკლესიას აქვს მხოლოდ დოქტრინალური თავისუფლება. ეკლესიის ორგანიზაციას განსაზღვრავს სახელმწიფო (მაგ. ეპისკოპოსების დანიშვნა). ცნობილია, რომ სეპარატისტული მოდელი მკვეთრად ემიჯნება იმ სისტემებს, რომლებშიც არ არსებობს შეთანხმებების პრაქტიკა. თუმცა იგი რელიგიებთან ურთიერთობებს იმავე კრიტერიუმებით არეგულირებს, რაც სხვა სისტემებისთვისაა დამახასიათებელი.

ჩვენ მიერ ზემოთ აღნიშნული კლასიფიკაცია ისტორიული თვალსაზრისით უფროა საინტერესო. სახელმწიფო ეკლესიის იდეა პროტესტანტულ ქვეყნებში დაიბადა, კონკორდატის პრაქტიკა - კათოლიკურ ქვეყნებში, სეკულარულმა სახელმწიფოებმა კი ეკლესიისა და სახელმწიფოს ერთმანეთისაგან გამიჯვნა არჩიეს. მაგრამ დროთა განმავლობაში მოხდა ამ ტრადიციების უნიფიცირება. სეკულარიზმმა ფართოდ გაიდგა ფესვები ევროპაში. ვატიკანის მეორე კრებამ პოზიციები დაათმობინა კათოლიკურ ეკლესიას სახელმწიფოსთან ურთიერთობებში. მწვავედ აღარ იდგა ფრანგული ანტიეკლესიური ლაიციზმის საკითხი. აქედან გამომდინარე, დღეს უკვე შეგვიძლია ვისაუბროთ ევროპულ მოდელზე, რომელიც მთელ ევროპაში ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობებს არეგულირებს. ეს მოდელი სამი ძირითადი პუნქტისაგან შედგება: აღმსარებლობის თავისუფლება, სახელმწიფოს ნეიტრალური პოზიცია და სახელმწიფოსა და ეკლესიის კოოპერაცია.

1. აღმსარებლობის თავისუფლება ჯერ საერთაშორისო და ევროპულ სამართალს, ხოლო შემდგომ ნაციონალურ კონსტიტუციურ სამართალს ეფუძნება. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ევროპული სამართალი კონსტიტუციურ სამართალზე მაღლა დგას. ცალკეული ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს უფლება არა აქვთ მიიღონ ისეთი კანონები, რომელიც წინააღმდეგობაში იქნება ევროპულ სამართალთან. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მიმართოს ევროპულ სასამართლოს. ევროპაში ყველა სახელმწიფოს როდი აქვს კოდიფიცირებული კონსტიტუცია, მაგრამ ადამიანის უფლებების დაცვა და ეკლესიის სახელმწიფოსაგან გამიჯვნა ყველასათვის თანაბრად სავალდებულოა. სავალდებულოა რელიგიის თავისუფლების უზრუნველყოფაც. რელიგიის თავისუფლებას ეხება ,,საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ” (მიიღეს 1966 წლის 19 დეკემბერს), რომლის XVIII მუხლშიც ვკითხულობთ:

თითოეული ადამიანი სარგებლობს აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლებით. ეს უფლება შეიცავს თავისუფლებას - საკუთარი შეხედულებისამებრ ჰქონდეს თუ მიიღოს რელიგია ან მრწამსი და თავისუფლად აღიარებდეს თავის რელიგიასა და მრწამსს როგორც ცალკე, ისე სხვებთან ერთად, საჯარო თუ კერძო წესით, ასრულებდეს და გამოხატავდეს საკუთარ რელიგიას ლოცვით, მოძღვრებითა და სწავლებით.

არავინ უნდა დაექვემდებაროს იძულებას, რომელიც ლახავს მის თავისუფლებას - ჰქონდეს ან მიიღოს საკუთარი არჩევანის რელიგია ან მრწამსი.

რელიგიისა და მრწამსის აღიარების თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ კანონით დადგენილ შემთხვევებში და საზოგადოების უშიშროების, წესრიგის, ჯანმრთელობისა და მორალის, ისევე როგორც სხვა პირთა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მიზნით.

აღმსარებლობის თავისუფლებაზე საუბარია ასევე ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპის კონვენციაში” (მიღებულ იქნა 1950 წლის 4 ნოემბერს). კონვენციის IX მუხლში ვკითხულობთ:

თითოეულ პიროვნებას აქვს მრწამსის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლების უფლება; ეს უფლება მოიცავს რელიგიისა და რწმენის შეცვლის თავისუფლებას, როგორც ინდივიდუალურად, ისე სხვებთან ერთად, საჯარო თუ კერძო წესით, თავისუფლებას, ასრულებდეს თავის რელიგიას ან რწმენას აღმსარებლობით, მოძღვრებით, რიტუალების შესრულებითა და დაცვით.

ადამიანის რელიგიისა და რწმენის გამოხატვის თავისუფლება ექვემდებარება მხოლოდ ისეთ შეზღუდვებს, რომელიც განსაზღვრულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე საზოგადოებრივი წესრიგის, ჯანმრთელობისა და ზნეობის, ან სხვათა უფლებებისა და თავისუფლებათა დასაცავად.

რელიგიის თავისუფლება საზოგადოებრივი წესრიგის, ჯანმრთელობის, მორალისა და სხვათა უფლებების სახელით იზღუდება. რელიგიის თავისუფლება ხომ მხოლოდ და მხოლოდ პიროვნების სინდისის უსაზღვრო თავისუფლებაა. შეგვიძლია ვიწამოთ ის, რაც გვსურს. შეზღუდვა ეხება მხოლოდ და მხოლოდ რწმენის გამოხატვას. ის, რომ მე პოლიგამიას ვემხრობი, არ არის აკრძალული, მაგრამ თუ ამ იდეას პრაქტიკულად აღვასრულებ, დავისჯები.

2. სახელმწიფოს ნეიტრალური პოზიცია. ამ პრინციპის მიხედვით, სახელმწიფომ თავი უნდა შეიკავოს რელიგიურ საკითხებში ჩარევისაგან, რადგან არ წარმოადგენს კვალიფიციურ სუბიექტს. სახელმწიფომ უნდა აღიაროს რელიგიური ერთობების კომპეტენცია და უზრუნველყოს მათი ავტონომია.

ამ თვალსაზრისით, რელიგიური ერთობები გაცილებით მეტი უფლებებით სარგებლობენ, ვიდრე სხვა ტიპის გაერთიანებები. რელიგიური ერთობა თავად წყვეტს რწმენის საკითხებს და თავადვე განსაზღვრავს თავისი ორგანიზაციის ფორმებს. ჩვეულებრივი გაერთიანებებისაგან განსხვავებით, რელიგიური ერთობები არ არიან ვალდებულნი, თავიანთ ურთიერთობებში დაიცვან დემოკრატიის პრინციპები. იმ სახელმწიფოებში, სადაც ეროვნული ეკლესიები არსებობდნენ, პოლიტიკურმა ელიტამ თვითშეზღუდვის პრინციპი პრაქტიკულად განახორციელა, რამაც ეროვნული ეკლესიების გაუქმება გამოიწვია. მსგავსი რამ მოხდა, მაგალითად, შვედეთში 2000 წლის 1-ლ იანვარს. რელიგიური ერთობების ავტონომია გულისხმობს შემდეგს: ერთობების დევნა და აკრძალვა მათი რელიგიური მოძღვრებების გამო დაუშვებელია. რელიგიურ გაერთიანებას შეუძლია უგულშემატკივროს ისლამური სახელმწიფოს იდეას და არ იქნას ამის გამო პასუხისგებაში მიცემული. თუ თემის ერთ-ერთი წევრი დანაშაულს ჩაიდენს, გაასამართლებენ მას, როგორც ინდივიდს, და არა მის თემს.

3. კოოპერაცია სახელმწიფოსა და რელიგიურ ერთობებს შორის ნებისმიერ ევროპულ სახელმწიფოში არსებობს. მას მიკერძოება ახასიათებს. სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური მხარდაჭერის უზრუნველყოფა, სახელმწიფო მედია, რელიგიური აღზრდა-განათლება საჯარო სკოლებში - ეს ის სფეროებია, სადაც ყველა რელიგიური ერთობა თანაბარი პრივილეგიებით ვერ სარგებლობს. არსებობს ზოგადი წესი: რაც უფრო ახლოს დგას რელიგიური ერთობის მიზნები სეკულარული სახელმწიფოს მიზნებთან, მით უფრო ძლიერია კოოპერაცია და პირიქით.

ამ ქვეთავის ბოლოს შეგვიძლია გავაკეთოთ მარტივი დასკვნა: ფუნდამენტური უფლებები ყველასათვის, კოოპერაცია რჩეულთათვის.

დიდი ბრიტანეთი

დიდ ბრიტანეთში არ არსებობს დაწერილი კონსტიტუცია და კონსტიტუციური სასამართლოს მსგავსი ინსტიტუტი. უზენაესი ინსტიტუცია ლორდთა პალატაა, რომელსაც არა აქვს უფლება შეცვალოს ან შეაჩეროს პარლამენტის მიერ მიღებული კანონები. ლორდთა პალატაში მოქმედებს ხუთი ლორდით დაკომპლექტებული იურიდიული კომიტეტი, რომელიც უზენაესი სასამართლოს ავტორიტეტით სარგებლობს. კომიტეტი განიხილავს იმ შემთხვევებს, რომელსაც სააპელაციო სასამართლო დაუშვებს. იგი არ იღებს ისეთ სარჩელებს, რომელიც ამა თუ იმ კანონის გაუქმებას ეხება. გერმანიისაგან განსხვავებით დიდ ბრიტანეთში არ არსებობს საკონსტიტუციო სარჩელის პრაქტიკა. საკონსტიტუციო პრობლემები ინგლისში მოგვარებულია პოლიტიკურად, მაგრამ არა იურიდიულად. პარლამენტი უბრალო უმრავლესობით იღებს ახალ კანონებს ან ცვლის ძველს. დიდი ბრიტანეთის სამართლებრივი სისტემა არ ცნობს კონსტიტუციის უზენაესობის პრინციპს. უმაღლეს ძალაუფლებას პარლამენტი ფლობს. პარლამენტის მიერ მიღებული კანონები კი ქმნიან კონსტიტუციას. აქედან გამომდინარე, პარლამენტის, როგორც უზენაესი ინსტანციის, მიერ მიღებული კანონები ვერ იქნება არაკონსტიტუციური. 1972 წელს ინგლისის პარლამენტმა მიიღო ,,The European Communities Act”, რის შემდეგაც ევროკავშირის სამართალი ავტომატურად გახდა ეროვნული სამართალი. 1998 წლამდე ინგლისში არ არსებობდა კანონი, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვას საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით უზრუნველყოფდა. პირველი ნაბიჯი 1998 წელს გადაიდგა. პარლამენტმა მიიღო ადამიანის უფლებათა აქტი, რითაც მოახდინა ადამიანის უფლებათა და ფუნდამენტურ თავისუფლებათა დაცვის ევროპის კონვენციის რატიფიკაცია. აღმსარებლობის თავისუფლება ერთ-ერთია ფუნდამენტურ თავისუფლებათაგან.

1533 წელს ინგლისის მეფე ჰენრი VIII რომის პაპს დაუპირისპირდა და საკუთარი, ანგლიკანური სახელმწიფო ეკლესია დააფუძნა. ეს ეკლესია ,,ინგლისის ეკლესიის” სახელწოდებითაა ცნობილი. მასში გაერთიანებულია: ,,უელსის ეკლესია”, ,,შოტლანდიის ეპისკოპალური ეკლესია” და ,,ირლანდიის ეკლესია”. დიდ ბრიტანეთში დამოუკიდებლად არსებობს ,,შოტლანდიის ეკლესია”, რომელიც მეორე სახელმწიფო ეკლესიაა ამ სახელმწიფოში. XVIII საუკუნის შემდეგ ინგლისის ეკლესია ვეღარ ახდენს გავლენას პოლიტიკაზე და ყურადღებას სოციალური ცხოვრების სხვადასხვა ასპექტზე ამახვილებს. ამდენად, ის არის ერთადერთი ეკლესია, რომელიც დაზღვეული აღმოჩნდა მკრეხელობისაგან. გარკვეულმა პრობლემებმა იჩინა თავი რუშდის საქმესთან დაკავშირებით. 1944 წლისა და 1988 წლის განათლების კანონის მიხედვით, სკოლებში ქრისტიანული რელიგიის სწავლება სავალდებულო გახდა. ყოველი სასწავლო დღე სკოლებში ქრისტიანული ლოცვით იწყებოდა. ანგლიკანური ქორწინება ოფიციალურად იქნა აღიარებული. დროთა განმავლობაში ანალოგიური პრივილეგიები კათოლიკეებმა და ებრაელებმაც მოიპოვეს. მათ უფლება მისცეს, ჰქონოდათ საკუთარი კონფესიური სასწავლებლები, რომლებსაც მატერიალური დახმარება სახელმწიფოსგან უნდა მიეღოთ.

რაც შეეხება მუსლიმებს, ინგლისში მათი უფლებები 1998 წლამდე იგნორირებული იყო. მუსლიმანებთან ურთიერთობა შეიძლება სამ ფაზად დავყოთ. პირველი ფაზა 1980-იანი წლების დასაწყისამდე გრძელდება. სახელმწიფოს ოფიციალურმა პოლიტიკამ მიზნად დაისახა ადამიანთა ინტეგრაცია კულტურული განსხვავების მიუხედავად, რასაც შედეგად ასიმილაცია მოჰყვა. მეორე ფაზაში განხორციელდა მულტიკულტურობის იდეა, რასაც სახელმწიფოს ავანსცენაზე ახლად გამოსულმა მეორე თაობის წარმომადგენლებმა მისცეს ბიძგი. ამ იდეას, ერთი მხრივ, ნაციონალურმა პოლიტიკამ შეუქმნა სერიოზული წინააღმდეგობა, ვინაიდან ისლამი მაშინ იგნორირებული იყო, მეორე მხრივ, მას ანტიდასავლური ისლამიზმის ფართოდ გავრცელებამ შეუშალა ხელი. ამავე პერიოდში დიდ ბრიტანეთში საუბარი დაიწყეს მულტიკულტურალიზმის გაგებაზე საერთობო (gemeinschaftlich) კულტურის კონტექსტში. ეს პროექტი არ ცნობდა ინდივიდის მოთხოვნილებებს. იგი უფრო საზოგადოებების სეპარაციას ითვალისწინებდა. დიდ ბრიტანეთში ვროპული სტანდარტებისადმი ადაპტაციის პროცესი 1998 წლიდან დაიწყო. სახელმწიფო ეკლესიამ დაკარგა პრივილეგიები და სხვა რელიგიებს გაუთანაბრდა.

ეს ფაზები, ნაწილობრივ, ნაციონალური პოლიტიკით იყო ნაკარნახევი. ყველაზე მთავარი ამ შემთხვევაში არის ის, რომ სახელმწიფო არ აღიარებდა ისლამს, როგორც რელიგიას და აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, უგულებელყოფდა მუსლიმანთა ინტერესებსა და მოთხოვნებს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. დიდ ბრიტანეთში მუსლიმანთა ცხოვრებას კანონთა ორი ჯგუფი არეგულირებდა. ერთი ჯგუფი მოიცავს მოქალაქეობისა და იმიგრაციის კანონებს. პირველი კანონი, ,,The nationality Act”, რომელიც 1948 წელს მიიღეს, იყო ძალიან ლიბერალური. მან მწვანე შუქი აუნთო იმიგრანტებს. ვითარება შეიცვალა 1962 წლის შემდეგ. კანონები, რომლებიც XX ს-ის 60-იანი წლების შემდეგ დიდ ბრიტანეთში გამოიცა, აბრკოლებდნენ იმიგრაციის პროცესს. ჩამოვთვლით ამ კანონებს: ,,The Commonwealth Immigrants Act” 1962, ,,The Commonwealth Immigrants Bill” 1968, ,,The immigration Act” 1971, ,,The Nationality Act” 1981. მეორე ჯგუფი ნორმებისა ანტირასისტული კანონებისაგან შედგება. 1960-იან წლებში, როდესაც იმიგრაციის გამო დღითი დღე მატულობდა მღელვარება, საზოგადოებაში თავი იჩინა რასიზმმა. ამიტომ აუცილებელი გახდა ანტირასისტული კანონების მიღება. 1965, 1968 და 1976 წლებში დაამტკიცეს ,,The Race Relation Act”. ეს კანონები ადამიანებს ეთნიკური ნიშნით ყოფდა და არ აღიარებდა რელიგიას. შეიქმნა მეტად უცნაური სიტუაცია. კვების საკითხებში მუსლიმანები ინდოელ ინდუსებსა და კარიბელ ქრისტიანებთან ერთად გააერთიანეს, რადგანაც მათ მუქი ფერის კანი ჰქონდათ. ერთმა ინგლისელმა დამქირავებელმა, რომლისთვისაც ერთი და იგივე იყო ისლამი და ტერორი, სამუშაო არ მისცა მუსლიმანს. იგი გაასამართლეს არა ისლამის, არამედ აზიელების დისკრიმინაციისათვის. დაზარალებული მუსლიმანი ინდოეთიდან იყო (დიდი ბრიტანეთის მუსლიმანთა 90%25 ინდური სუბკონტინენტიდანაა). რუშდის შემთხვევას თუ განვიხილავთ, მუსლიმანებს არავითარი საბაბი არ გააჩნდათ ,,სატანური ლექსების” ავტორის წინააღმდეგ, ვინაიდან ანგლიკანებისაგან განსხვავებით ისლამი არ იყო დაზღვეული მკრეხელობისაგან. ამიტომ 1989 წელს მუსლიმანები დაბეჯითებით ითხოვდნენ ეთნიკური თემის სტატუსის მოხსნას. ეს მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. მუსლიმანები სიკხებისა და ებრაელების მაგალითით ხელმძღვანელობდნენ. ასეთი ტიპის ნაციონალური პოლიტიკა ნეგატიურად აისახა ისეთ საკითხებში, როგორიც იყო, მაგალითად, კერძო ისლამური სკოლების ლეგალიზაცია. თუმცა ბევრ საკითხში მაინც არსებობდა მუსლიმანთა ინტერესების განხორციელების შესაძლებლობები.

1998 წელს დიდ ბრიტანეთში ვითარება ევროპული სტანდარტების შემოსვლამ შეცვალა. მუსლიმანებმა მოიპოვეს საკუთარი სკოლების გახსნის უფლება. დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ ცნო და დააფინანსა კიდეც მუსლიმთა დაწყებითი სკოლები: ისლამია ლონდონში (1994 წელს იგი სახელმწიფომ არ აღიარა) და ალ-ფურგანი ბირმინგემში; ბრედფორდში გაიხსნა ფევერშემის კოლეჯი. 1999 წელს ინგლისის ხელისუფლებამ მუსლიმან სასულიერო პირებს ციხეებისა და საავადმყოფოების კარიც გაუღო. ასე რომ, ისლამი კათოლიციზმსა და იუდაიზმს გაუთანაბრდა. 2001 წელს მოსახლეობის აღწერაში შეტანილ იქნა ისლამისადმი კუთვნილების კრიტერიუმიც. ოფიციალურ მოხსენებაში, რომელიც 11 სექტემბრის შემდეგ გამოვლენილ რასისტულ შემთხვევებს ეხებოდა, მუსლიმანებზე განხორციელებული თავდასხმების ფაქტებიცაა ჩამოთვლილი.

მიუხედავად ისლამის ნაციონალურ დონეზე იგნორირებისა, დღეს მუსლიმანები გაცილებით მეტი უფლებებით სარგებლობენ ინგლისში, ვიდრე სხვა რომელიმე ევროპულ სახელმწიფოში, რისი მიზეზიც დიდ ბრიტანეთში არსებული დეცენტრალიზებული სისტემა გახლავთ. ნაციონალური კანონები ღიად ტოვებენ ყოველდღიურ ცხოვრებასთან დაკავშირებულ საკითხებს. მათი განხილვა ლოკალურ დონეზე ხდება ჩვეულებითი სამართლის გათვალისწინებით. კომუნალური ორგანოები ფართო უფლებამოსილებებით სარგებლობენ განათლების, კეთილდღეობის, ეკონომიკის, ჯანმრთელობისა თუ ურბანიზმის საკითხებში.

ასე რომ, მუსლიმთა გაერთიანება რელიგიური თემის მაგიერ კომუნალურ-საყოფაცხოვრებო ორგანიზაციად იქცა. დომინირებდა მეჩეთთა გაერთიანება (1980-იან წლებში მათი რიცხვი 500 აღწევდა, ხოლო 1990-იან წლებში 900-მდე გაიზარდა). 1980-იანი წლების პირველ ფაზაში მუსლიმანებმა ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად მრავალ კომუნასა და ქალაქში მოახერხეს თავიანთი მოთხოვნების (ისლამური სასაფლაოები, ისლამური დაკრძალვა) დაკმაყოფილება. 1947 წლიდან ისლამური მეჩეთები ინგლისური ქალაქების იერ-სახეს ავსებენ. პატარა მეჩეთებს ავტოსადგომებზე ადგილები გამოეყო. ოფიციალურად იქნა აღიარებული ისლამური ქორწინება. არსებობს ორი სასამართლო გადაწყვეტილება, რომელშიც მუსლიმანთა ჩვეულებით სამართალზე დაყრდნობით ურვადის გადახდა სავალდებულოდ იქნა მიჩნეული.

1980-იან წლებში დიდ ბრიტანეთში მულტიკულტურალიზმის გაფართოებასა და საზოგადოებრივ ასპარეზზე მეორე თაობის გამოსვლასთან ერთად საზოგადოებაში მყარად დაიწყო ფეხის მოკიდება ისლამმა. დიდ ბრიტანეთში მეორე თაობა გაცილებით მეტი ნდობით სარგებლობდა მუსლიმანთა წრეში, ვიდრე მათი წინამორბედები. აქედან გამომდინარე, მათ შეეძლოთ მუსლიმანური ინტერესთა ჯგუფები საზოგადოებრივი ცხოვრების შემადგენელ ნაწილად ექციათ. ეს ასეც მოხდა. მუსლიმანები ჩართულნი იყვნენ პოლიტიკური ინსტიტუტების საქმიანობაში და მნიშვნელოვანი თანამდებობები ეჭირათ კომუნებში. საკმაოდ ძლიერი იყო მათი პოზიციები ისეთ ქალაქებში, როგორებიცაა ბრედფორდი, ლეიჩესტერი და ბირმინგემი.

ვითარება გართულდა 1979 წლის შემდეგ, როდესაც გავრცელება დაიწყო ისლამიზმმა. რუშდის საქმის (1989) შემდეგ მუსლიმანებს შორის ფართო გასაქანი პოვა ანტიდასავლურმა გრძნობებმა. ჰომეინის მოთხოვნას, სიკვდილით დაესაჯათ რუშდი, ბევრი მიესალმა და მათ შორის ისლამის რჯულზე შემდგარი ბრიტანელი მომღერალი სტივენსიც (Youssef Islam). რასისტული განწყობები დღითი დღე მძაფრდებოდა. კონფესიური პოლარიზაცია სახეზე იყო. სპარსეთის ყურის ომის შემდეგ ბრიტანელები აღარ იყვნენ ლოიალურად განწყობილნი მუსლიმანების მიმართ. ავღანეთის ომში დაახლოებით 600 მუსლიმანი ბრიტანელი იბრძოდა ტალიბების მხარეს, რის გამოც ინგლისის საზოგადოებაში კიდევ უფრო შემცირდა ნდობის ხარისხი მუსლიმანების მიმართ. მულტიკულტურალიზმი, რომელიც ინტეგრაციისათვის ყველაზე ხელსაყრელი შანსი უნდა ყოფილიყო, ესენციალისტური საერთო კულტურული გაგების გამო უმთავრეს დაბრკოლებად აღიმართა ინტეგრაციის გზაზე. მან სეპარატიზმი გააძლიერა. 1990-იანი წლებიდან მოყოლებული გერმანიაში სოციალური მეცნიერებების წარმომადგენლები ინტენსიურად საუბრობენ დეზინტეგრაციაზე. სახელმწიფოსა და რელიგიის ურთიერთდამოკიდებულის სამი ევროპული მოდელიდან დიდი ბრიტანეთის პოლიტიკური დისკურსის ნაწილს წარმოადგენს მესამე, ანუ სახელმწიფოსა და რელიგიის კოოპერაციის სისტემა. ისღა დაგვრჩენია, იმედი დავიტოვოთ, რომ 1998 წლიდან მოყოლებული დიდი ბრიტანეთის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოება დემოკრატიის საფუძვლების, უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, რელიგიის თავისუფლებისა და რელიგიისა და რწმენის საკითხებში სახელმწიფოს ნეიტრალური პოზიციის თაობაზე დისკუსიას მისცემს ბიძგს, რაც ახალი სტიმული იქნება ინტეგრაციისათვის.

საფრანგეთი

საფრანგეთი ლაიცისტური რესპუბლიკაა. 1905 წელს, სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის მძაფრი დაპირისპირების შემდეგ, საფრანგეთში გამოვიდა კანონი, რომელმაც სახელმწიფოსა და რელიგიის ურთიერთობები დაარეგულირა. ამ პერიოდიდან მოყოლებული საფრანგეთის სამართლებრივი სისტემა სახელმწიფოსა და ეკლესიას მკაფიოდ მიჯნავს ერთმანეთისაგან. სახელმწიფო უზრუნველყოფს სინდისისა და აღმსარებლობის თავისუფლებას საზოგადოებრივი წესრიგის ფარგლებში. სახელმწიფო არ აღიარებს არც ერთ რელიგიას და არ აფინანსებს მათ. ამიტომ კონკორდატები და ხელშეკრულებები სრულიად ზედმეტი აღმოჩნდა. 1801 წელს დადებული კონკორდატი საფრანგეთის მხოლოდ სამ პროვინციაში: ელზასში, ლოტარინგიასა და ვოგეზშია შენარჩუნებული რელიგიებს აქვთ საკუთარი ორგანიზაციები: საფრანგეთის ეპისკოპოსთა კონფერენცია, პროტესტანტული ფედერაცია, ინტერეპისკოპალური ორთოდოქსული კომიტეტი, იუდაისტური ინსტიტუტების წარმომადგენელთა საბჭო და ბუდისტთა კავშირი. წარმოდგენილი არ არის მხოლოდ ისლამი (არადა მას საფრანგეთში მილიონამდე მიმდევარი ჰყავს), ვინაიდან მუსლიმანები ვერ თანხმდებიან საერთო წარმომადგენლობაზე. რელიგიები საფრანგეთში თანასწორი უფლებებით სარგებლობენ იმის მიუხედავად, თუ რა რაოდენობის მიმდევარი ჰყავს თითოეულს.

მიუხედავად ამისა, ძირითადად ისტორიული მიზეზების, ასევე თავისი სიდიდისა და გავლენის გამო უპირატესობა კათოლიკურ ეკლესიას ენიჭება. კერძო სკოლების უმრავლესობა კათოლიკურია და მათ სახელმწიფო აფინანსებს. საფრანგეთში მხოლოდ ერთი ისლამური სკოლა ფუნქციონირებს. საკულტო ნაგებობები, რომლებიც 1905 წლამდე სახელმწიფო მფლობელობაში იყო, საკუთრებაში გადაეცა კათოლიკურ ეკლესიას, რომელიც მათ მოვლა-პატრონობაზეც ზრუნავს. 1987 წელს მიღებული კანონი ითვალისწინებს საგადასახადო შეღავათებს ეკლესიური ასოციაციებისა და გაერთიანებებისათვის განკუთვნილ შემოწირულობებზე. ამ კანონით ყველაზე მეტი სარგებელი კათოლიკურმა ეკლესიამ ნახა. 1905 წელს საფრანგეთში გამოიცა კანონი, რომელშიც სპეციფიკურ რელიგიურ ორგანიზაციებზეა საუბარი. კანონის მე-4 მუხლი განმარტავს, რომ საკულტო ორგანიზაციამ სათანადო რელიგიის საკულტო წესების მიხედვით უნდა იმოქმედოს. 1924 წელს კათოლიკურმა ეკლესიამ ამ მუხლზე დაყრდნობით დიოცეზური ასოციაციების აღიარების უფლება მოიპოვა. ამ კანონით დაშვებული ორგანიზაციები არანაირ მხარდაჭერას არ იღებენ სახელმწიფოს მხრიდან, თუმცა მათ უფლება აქვთ, მიიღონ შემოწირულობები და საჩუქრები, რაც არ იბეგრება სახელმწიფოს მიერ.

რელიგიურ ჯგუფებს ორგანიზაციის შექმნის შესაძლებლობებს აძლევს ასევე 1901 წელს გამოცემული კანონი. ეს კანონი იმთავითვე კათოლიკური ეკლესიის წინააღმდეგ იყო მიმართული. მე-13 მუხლის მიხედვით დაუშვებელი იყო რელიგიური კონგრეციების დაფუძნება კანონით გათვალისწინებული ნებართვის გარეშე. მოგვიანებით ეს კანონი რამდენადმე შეარბილეს. აგრესიული დამოკიდებულება სახელმწიფოსა და რელიგიას შორის მშვიდობიანმა ლაიციზმმა შეცვალა. 1901 წლის კანონი როგორც მკვიდრი, ისე უცხოელი მოსახლეობის ორგანიზაციების დაფუძნების საკითხსაც არეგულირებს. 1930-იან წლებში საფრანგეთში უცხოელთა ორგანიზაციების დაფუძნება შინაგან საქმეთა სამინისტროს თანხმობაზე იყო დამოკიდებული. ეს გასაგებია: ფრანგები ცდილობდნენ, თავიდან აერიდებინათ გარედან მომავალი ფაშიზმის საფრთხე. ამ ფაქტმა მოგვიანებით სერიოზული დაბრკოლება შეუქმნა მიგრანტებს საკუთარი ორგანიზაციების შექმნის საკითხში. 1981 წელს გაუქმდა აკრძალვის დეკრეტი, რაც შედეგი იყო მუსლიმანთა გამოსვლებისა. ისინი საკუთარი ორგანიზაციების დაფუძნების უფლებას ითხოვდნენ. 1901 წლის კანონი ამ ორგანიზაციების კულტურული და სოციალური აქტივობების დაფინანსებასაც ითვალისწინებს. ფინანსდება მათი რელიგიური აქციებიც, ვინაიდან საფრანგეთში რელიგია კულტურის საკითხია. 1987 წლის კანონი ამ ორგანიზაციებს დამატებით შემოწირულობებისა და საჩუქრების მიღების უფლებას ანიჭებდა. ამ კანონმა საფრანგეთში ორგანიზებული ისლამის განვითარებისათვის საკმაოდ მყარი ფინანსური გარანტიები შექმნა.

მიუხედავად ასეთი გარანტიებისა, საფრანგეთში ჯერ კიდევ არ არის გარკვეული ისლამური წარმომადგენლობის საკითხი. დანარჩენი ხუთი დიდი რელიგია კი ორგანიზებულია. ყოველ მათგანს ჰყავს თავისი, სახელმწიფოს მიერ აღიარებული წარმომადგენელი. ისინი თავიანთი თემების ინტერესებს სხვადასხვა საკონსულტაციო გაერთიანებებსა თუ საჯარო დაწესებულებებში (მაგალითად, კულტის სოციალური ბანკის სამთავრობო საბჭოში) წარმოადგენენ. მუსლიმანებს კი არავინ ჰყავთ ისეთი, რომელიც მუსლიმანთა ინტერესებს დაიცავდა. მთავარი დაბრკოლება თავად მუსლიმანთა შორის არსებული უთანხმოება გახლავთ. საკმაოდ დიდია აზრობრივი განსხვავება ეთნიკურ ჯგუფებს, პოლიტიკურ მიმდინარეობებსა თუ მამებისა და შვილების თაობებს შორის. საფრანგეთის ხელისუფლება შეეცადა, შეექმნა ახალი რელიგიური ელიტა, რომელიც ისლამის თეოლოგიურ დონეს აამაღლებდა. ეს მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. ალი მერადის მიერ 1989 წელს წარმოდგენილმა პროექტმა, რომელიც თეოლოგიური ფაკულტეტის შექმნას ითვალისწინებდა, დღემდე ვერ პოვა ფართო გასაქანი. საფრანგეთში, 1905 წლის კანონის საფუძველზე, ისლამის სხვა რელიგიებთან გათანაბრების საკითხი დღემდე დღის წესრიგში დგას.

ამ კუთხით საინტერესო იქნება თუ მუსლიმანების მიმართ კათოლიკური ეკლესიის დამოკიდებულებაზე ვისაუბრებთ. 1970-იანი წლების ბოლომდე კათოლიკური ეკლესია მუსლიმანებს მოკავშირეებად მოიაზრებდნენ ლაიცისტური სახელმწიფოს წინააღმდეგ. ეკლესია ეხმარებოდა მათ შესაძლებლობების ფარგლებში. კათოლიკეებმა მუსლიმანებს დაუთმეს საკულტო შენობები, რათა ამ უკანასკნელთ საკუთარი ღვთისმსახურების საშუალება ჰქონოდათ. 1981 წლის შემდეგ, როდესაც ისლამმა მასობრივად იწყო გავრცელება საზოგადოებაში, ისლამისტების ზეგავლენით შეიცვალა მუსლიმანთა დამოკიდებულება კათოლიკური ეკლესიის მიმართ. კათოლიკური ეკლესიის კეთილგანწყობა სისუსტისა და დაცემის ნიშნად მიიჩნიეს. მათი აზრით, სწორედ ამის გამო მიუყიდიათ კათოლიკეებს თავიანთი საკულტო შენობები ძლევამოსილი მუსლიმანებისათვის. მუსლიმანთა მხრიდან ასეთმა რეაქციამ ძირეულად შეცვალა კათოლიკური ეკლესიის დამოკიდებულება ლაიცისტური სახელმწიფოს მიმართ. თუ ადრე კათოლიკური ეკლესია ლაიციზმს მტრობდა, ამჯერად მის თავგამოდებულ დამცველად მოგვევლინა. კათოლიკეების არგუმენტი ასეთი იყო: ლაიცისტური სახელმწიფო რელიგიათა თანაარსებობის შესაძლებლობებს იძლევა. კათოლიკურმა ეკლესიამ, 1905 წლის კანონზე დაყრდნობით, ისლამის კონფესიად აღიარებას დაუჭირა მხარი.

1981 წელს საფრანგეთში გამოიცა კანონი ასოციაციების შესახებ. ამ კანონმა საზოგადოებაში ისლამის ფორმირება დაუშვა. ამის შემდეგ მოვლენები საფრანგეთში ნაწილობრივ ისე განვითარდა, როგორც დიდ ბრიტანეთში. ეს ის პერიოდია, როდესაც მთელ ევროპაში, ერთი მხრივ, მულტიკულტურალიზმის, ხოლო, მეორე მხრივ, ისლამიზმის იდეოლოგიამ იწყო გავრცელება. 1980-იანი წლების დასაწყისში ჩატარებული კვლევები გვიჩვენებენ, რომ ფრანგების მეორე თაობის წარმომადგენელთა შორის მუსლიმანთა ინტეგრაცია თითქმის სრულად განხორციელდა. კვლევებმა შემდეგი ტენდენციები გამოავლინა: მამები თავს მუსლიმანებად მიიჩნევენ, შვილების მეოთხედი კი არა. მშობელთა ნახევარი, შვილებისა კი მხოლოდ 3%25, ასრულებდა ყოველდღიურ რელიგიურ მოვალეობებს. ყურანს კითხულობდა შვილების მხოლოდ 13%25. მშობლების შემთხვევაში კი ეს ციფრი 45%25-ს უდრიდა. ოფიციალურ დღესასწაულებს შვილების სამი მეოთხედი აღნიშნავდა. უფრო საინტერესოა მოგვიანებით (1883 წ.) ჩატარებული კვლევები, რომელთა მიხედვითაც, მუსლიმანი მამაკაცების მხოლოდ 10%25 ესწრებოდა საკვირაო ლოცვებს მეჩეთში.

მულტიკულტურალიზმმა და ისლამიზმმა ხელი შეუწყო ისლამური იდენტობის შექმნას, იდენტობისა, რომელმაც მოგვიანებით ესენციალისტური თვისება შეიძინა და ფრანგულ საზოგადოებაში რასიზმს მისცა ბიძგი. ამის გამო 1986 წელს საფრანგეთის პარლამენტში ფეხი შეაბიჯა პარტიამ, ნაციონალური ფრონტი. მუსლიმანებმა დიდი სარგებელი ნახეს იმ მოვლენებიდან, რომელიც ამ პერიოდში საფრანგეთში განვითარდა. 1980-იანი წლების დასაწყისში საფრანგეთში დაიწყო დეცენტრალიზაციის პროცესი და ბევრ კომუნაში საკმაოდ მნიშვნელოვანი თანამდებობები სწორედ მუსლიმანებმა დაიკავეს. ამის გამო ისლამური ორგანიზაციები ადგილზე, პარიზისაგან დამოუკიდებლად აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს თავიანთი მოთხოვნების თაობაზე. მოთხოვნები ძირითადად მეჩეთებს, ისლამურ სასაფლაოებსა და მსხვერპლშეწირვას ეხებოდა. მოლაპარაკებები, როგორც წესი, პოზიტიური შედეგებით მთავრდებოდა.

დღეს საფრანგეთში საკითხი შემდეგნაირად დგას: რა მასშტაბებით უნდა გაუხსნას კარი ლაიცისტურმა სისტემამ რელიგიებს? უნდა დაუშვას თუ არა საფრანგეთის ხელისუფლებამ გამონაკლისი მუსლიმანებთან მიმართებაში და გააფორმოს მასთან კონკორდატი? ფიქრობენ, რომ კონკორდატი მუსლიმანებს დაეხმარება, რათა გაუთანაბრდნენ სხვა რელიგიებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ: საფრანგეთის ლაიცისტური სახელმწიფო ვეღარ უგულებელყოფს რელიგიებს.

ჰოლანდია

ჰოლანდიაში სახელმწიფო და რელიგია, საფრანგეთის მსგავსად, ერთმანეთისაგან გამიჯნულია. დაუშვებელია ასევე რელიგიური თემების საშინაო საქმეებში ჩარევა. ისინი თანაბარი უფლებებით სარგებლობენ იმის მიუხედავად, თუ რა რაოდენობის მიმდევარი ჰყავს და რა ხნის ისტორია აქვს ყოველ მათგანს. ეს პრინციპები ქვეყნის კონსტიტუციითაა გარანტირებული.

როგორც ვნახეთ, საფრანგეთის მთავრობა ერთმნიშვნელოვნად კრძალავს რელიგიების დაფინანსებას. ჰოლანდიის სახელმწიფოს კი, საფრანგეთისაგან განსხვავებით, შეუძლია გაითვალისწინოს საზოგადოებრივი ინტერესები (თუკი ის იარსებებს) და დახმარება აღმოუჩინოს რელიგიურ თემებს ინფრასტრუქტურის შექმნაში. არსებობს ერთადერთი პირობა: ყველამ უნდა დაიცვას სხვა ჯგუფებთან მიმართებაში თანასწორობის პრინციპი. ამ სისტემას დაზღვევის სისტემას უწოდებენ.

დაზღვევის სისტემა ჩამოყალიბდა XIX ს-ის ბოლოს, როდესაც პროტესტანტებსა და კათოლიკეებს შორის გაიმართა დავა განათლებასთან დაკავშირებით. დავა დასრულდა იმით, რომ განათლების თავისუფლება კონსტიტუციით იქნა გარანტირებული. ეს ნიშნავს იმას, რომ საჯარო სკოლებთან ერთად დაუშვეს კერძო კონფესიური სასწავლებლებიც ასპროცენტიანი სახელმწიფო დაფინანსებით. ამასთან ერთად, კონფესიური სასწავლებლები არ უნდა დაქვემდებარებოდნენ სახელმწიფოს კონტროლს. დაზღვევის სისტემა გარდა განათლებისა, მოიცავს ასევე კეთილდღეობას, ჯანდაცვას და მედიას.

პროგრესული სეკულარიზაციის შედეგად ამ სისტემის რელევანტობა მნიშვნელოვნად შემცირდა, ვინაიდან უპირატესობა პროფესიულ და პოლიტიკურ კუთვნილებას მიანიჭეს. როდესაც საზოგადოებაში მუსლიმანები გამოჩნდნენ, ქრისტიანებს, განსაკუთრებით პროტესტანტებს, დაზღვევის სიტემის აღდგენის იმედი ჩაესახათ. ისინი ამ შემთხვევაში საკუთარ თავზე ზრუნავდნენ. ამიტომ ქრისტიანები გულმოდგინედ ეხმარებოდნენ მუსლიმანებს ინფრასტრუქტურის შექმნაში. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეთნოსი ვერ იქნებოდა დაზღვეული. დაზღვეული შეიძლება ყოფილიყო მხოლოდ რელიგია. რაც შეეხება სხვა პოლიტიკურ სფეროებს, იქ ეთნოსია მთავარი და არა რელიგია. 1995 წელს ჰოლანდიაში ფუნქციონირებდა 22 ისლამური სკოლა, სადაც მხოლოდ 3,6%25 თურქი და მაროკოელი მოსწავლე იღებდა დაწყებით განათლებას. ეს მეტყველებს იმაზე, რომ მუსლიმანთა უმრავლესობა არ არის დაინტერესებული ასეთი სკოლების არსებობით. გარდა ამისა, რელიგიური პრაქტიკა ძალიან სუსტია სკოლებში. ზოგიერთ სკოლას სალოცავი კუთხეც კი არ აქვს. მშობლებს არ სურთ თავიანთი შვილები რელიგიურ სასწავლებლებში ატარონ. მათ იციან, რომ ასეთ შემთხვევაში მათ შვილებს იზოლაციის საფრთხე ემუქრება. მათ მჭიდრო ურთიერთობები უფრო სჭირდებათ ჰოლანდიელებთან. მათ აქვთ უფლება, გახსნან უფრო მეტი სკოლა, მაგრამ არ სარგებლობენ ამ უფლებით. გარდა ამისა, ჰოლანდიის საჯარო სკოლებში დასაშვებია რელიგიის სწავლება. თუ ათი მოსწავლის მშობელი რელიგიის გაკვეთილების ჩატარებას მოითხოვს, სახელმწიფო ვალდებულია, გამოყოს პედაგოგი და ხელფასიც გადაუხადოს მას. თუმცა 1995 წელს ჰოლანდიაში ასეთი პრაქტიკა მხოლოდ 2 სკოლაში დაფიქსირდა.

1975 წელს, სეკულარიზაციის შედეგად, გაუქმებულ იქნა 1962 წელს გამოცემული დეკრეტი ეკლესიებისა და სინაგოგების დაფინანსების შესახებ. 1976 წელს ჰოლანდიის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, დაეფინანსებია მეჩეთები. ეს იყო დროებითი და მუსლიმანთა დისკრიმინაციის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკა. გადაწყვეტილება გაუქმდა 1983 წელს. ეს გადაწყვეტილება შეეხო იმ იმიგრანტების მეჩეთებს, რომელთა მშობლიურ ქვეყნებთანაც ჰოლანდიის მთავრობას მუშახელის რეკრუტირების თაობაზე ხელშეკრულება ჰქონდა დადებული. ეს ქვეყნები იყო: მაროკო, ტუნისი და თურქეთი. ამ პერიოდში ჰოლანდიაში 49 მეჩეთი და სალოცავი ფუნქციონირებდა; 1989 წელს კი მათი რაოდენობა დაახლოებით 300-მდე გაიზარდა. ჩამოიყვანეს იმამებიც, რომლებიც 1986 წელს იმავე სტატუსით სარგებლობდნენ, რითაც მღვდლები და რაბინები.

მუსლიმანებმა თავიანთი მოთხოვნების დაკმაყოფილება, ხანდახან სასამართლოს მეშვეობითაც, კომუნების დონეზე მოახერხეს. ის, რომ ნაციონალურ დონეზე არავინ იცავს მუსლიმანთა ინტერესებს, მუსლიმანთა შორის არსებული უთანხმოებით არის განპირობებული. ჰოლანდიაში ეთნიკური განსხვავებას გაცილებით დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, ვიდრე სხვა რომელიმე სახელმწიფოში.

1983 წლის ოფიციალურ მოხსენებაში უმცირესობების შესახებ ჰოლანდიის მთავრობა მულტიკულტურული საზოგადოების შექმნის აუცილებლობაზე საუბრობს. ყურადღება უნდა გამახვილებულიყო უმცირესობათა (საბოლოო ჯამში მუსლიმანთა) კულტურულ ფონზე. საუბარია რელიგიაზე. ჰოლანდიის ხელისუფლება თვლიდა, რომ რელიგიის მეშვეობით ადამიანებში თავმოყვარეობის გაღვიძება სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წევრთა ემანსიპაციას შეუწყობდა ხელს. სახელმწიფოს გენერალურმა პოლიტიკურმა კურსმა კულტურული პლურალიზმისა და ეთნიკური უმცირესობების მხარდაჭერაში პოვა ასახვა. 10 წლის შემდეგ ჰოლანდიელებმა ამ კურსს მკვეთრად გადაუხვიეს. შემობრუნება 1994 წელს დაიწყო. იმიგრანტებს მოთხოვნა წაუყენეს: ისინი მაქსიმალურად უნდა ჩართულიყვნენ ინტეგრაციის პროცესში. იმიგრანტებს, რომლებიც არ წარმოადგენდნენ ევროკავშირის რომელიმე სახელმწიფოს, ჰოლანდიური ენის (500 საათი) და სოციოლოგიის კურსები (100 საათი) უნდა გაევლო, რათა ჰოლანდიის შესახებ საბაზისო ცოდნას დაუფლებოდნენ. 1994 წლიდან ჰოლანდიელებს აღარ ხიბლავდა მულტიკულტურული მიდგომა. სახელმწიფომ ყურადღება ინტეგრაციასა და საზოგადოების საერთო ფუნდამენტურ ღირებულებებზე გაამახვილა. თუმცა ჰოლანდიაში შემდგომ ბევრს საუბრობდნენ იმაზე, რომ ინტეგრაციის სასარგებლოდ ბევრი არაფერი გაკეთებულა. 11 სექტემბრის შემდეგ ევროპაში ისლამოფობიამ იფეთქა. ჰოლანდიაში ამ დროს სხვადასხვა რელიგიისა და ეთნოსის წარმომადგენლები ღირებულებების გაერთგვაროვნებასა და დაკარგვაზე ჩიოდნენ, რის გამოც მულტიკულტურული სოციალური მოდელი კვლავ აქტუალური გახდა. ჰოლანდიელებმა, საბოლოო ჯამში, უარი თქვეს ისეთ სოციალურ ერთობაზე, რომელიც რასიზმსა და ქსენოფობიას ფართო გასაქანს მისცემდა. რელიგია აღიარებულ იქნა, როგორც უმნიშვნელოვანესი სოციალური ფაქტორი. ინტეგრაციამ ამჯერად უკანა პლანზე გადაიწია. ჰოლანდიაში დემოკრატიულ ფუნდამენტურ უფლებებზე დაიწყეს ფიქრი. იასმინ ალიბაი-ბრაუნი თავის წიგნში - ,,მულტიკულტურალიზმისაკენ” - წერს: ,,...მულტიკულტურული დისკურსის, პოლიტიკისა და სტრატეგიების სამმა ათწლედმა მხოლოდ და მხოლოდ ზედაპირული ცვლილებები მოგვცა. ჩემი აზრით, თავი უნდა დავაღწიოთ ძველ ბრიტანულ მულტიკულტურალიზმს და წინ უნდა წავიდეთ”. ნუთუ ეს ნიშანია პოსტმოდერნიზმის დასასრულისა?

8 კონფლიქტი ძალაუფლებასა და მორალს შორის

▲back to top


ჰანს კიუნგი
თენგიზ დალალიშვილის თარგმანი

კაცობრიობის ისტორიაში ძალაუფლებასა და მორალს შორის არსებული მუდმივი დაძაბულობის პირობებში, ნუთუ მორალმა ნამდვილად დაკარგა თავისი ადგილი? ამ კითხვაზე დადებით პასუხს იძლევიან მაკიაველისტი პოლიტიკოსები და პუბლიცისტები. ვინ არის ის, ვინც საგარეო პოლიტიკაში განსაზღვრული ეთიკური ,,ღირებულებების“ შენარჩუნებას ითხოვს, - ,,მქადაგებელი“ და ,,წინასწარმეტყველი“? ვინ არის ის, ვინც პოლიტიკას წმინდა ინტერესებზე აგებს, - ცივი და ინტელიგენტი ,,სტრატეგი“? ნუთუ შეუძლია უმნიშვნელო ინტერესებს, გავლენა მოახდინოს ძალაუფლებისა და მორალის შეხმატკბილებულ ურთიერთობებზე? ნუთუ ეს უმნიშვნელო ინტერესები გაცილებით ძლიერი აღმოჩნდება ხოლმე, ვიდრე მორალური პოსტულატები?

ძალაუფლება და ადამიანის ამბივალენტური ბუნება

ძალაუფლებისა და მორალის ურთიერთმიმართების საკითხი მეტად რთულ პრობლემას წარმოადგენს. თუმცა არც ერთ ცნობილ პოლიტოლოგს ამ საკითხის თემატიზაცია არასოდეს მოუხდენია. საერთაშორისო ურთიერთობებისადმი მიძღვნილ უახლეს ლიტერატურაშიც რეალისტების (მაგრამ არა მორალისტების) ფილოსოფია დომინირებს. ისინი ავითარებენ მორგენთაუს პოლიტიკურ იდეებს, ძალაუფლებისა და მორალის ურთიერთმიმართების თაობაზე კი არაფერს ამბობენ. ჩვენ ამ საკითხს გვერდს ნამდვილად ვერ ავუქცევთ, პირიქით, განსაკუთრებით ჩავუღრმავდებით მას და ანალიზის დროს მოკლე ანთროპოლოგიურ წიაღსვლებსაც აუცილებლად მოვიშველიებთ.

ის აზრი, რომ ადამიანი არის ,,zoon politikon“, ანუ ,,საზოგადოებრივი არსება“, არისტოტელედან იღებს სათავეს, მაგრამ პირველად ნიცშემ და მასთან ერთად მაქს ვებერმა და ჰანს მორგენთაუმ გაიაზრეს ის, რომ ამ ,,პოლიტიკურ არსებას“ ,,ძალაუფლებისადმი სწრაფვა“ ახასიათებს. უნდა ვიცოდეთ, რომ ძალაუფლების გაგება პოლიტიკაში ყოველთვის ადამიანის ტიპზეა დამოკიდებული:

ვინც ოპტიმისტი განმანათლებლისა და გულწრფელი ლიბერალის მსგავსად, ადამიანს თავისი ბუნებით განიხილავს, როგორც კარგს, გონიერს, რომელსაც შეიძლება მისცე განათლება და აღზარდო; ის, ვინც კოსმოსს მოწესრიგებული ფორმით აღიქვამს, პოლიტიკაში ადამიანის პროგრესისა და სამყაროს გაუმჯობესების პერსპექტივებს ხედავს. ასეთი პიროვნებისათვის ძალაუფლება სიკეთესა და კეთილდღეობას წარმოადგენს. კონტრშეკითხვა: არის თუ არა შესაძლებელი, რომ სიკეთისაგან და ამ სიკეთით გამსჭვალული ადამიანისაგან ბოროტება იშვას?

ვინც პესიმისტი ანალიტიკოსისა და იდეოლოგიური კრიტიკით დაკავებული ფილოსოფოსისა თუ თეოლოგის მსგავსად, ადამიანს თავისი ბუნებით განიხილავს, როგორც გარყვნილს, ზნედაცემულს, უგუნურსა და საშიშს; ვინც სამყაროს ქაოტური ფორმით აღიქვამს, მისთვის პოლიტიკა ყოველთვის ბინძური და გარდაუვალი ბოროტება იქნება. ამიტომ ძალაუფლებას ის განიხილავს, როგორც ბოროტებასა და რაღაც დემონურს. კონტრშეკითხვა: არის კი ძალაუფლების პოლიტიკური გამოყენების ყოველი აქტი ცუდი და აუცილებლად ბოროტებით გამსჭვალული?

ჭეშმარიტების რეალისტური ხედვა ორმაგი რეალობის - ბოროტებისა და სიკეთის - სამყაროს აღიარებს და ადამიანშიც ორთავეს ნაზავზე მიუთითებს. ადამიანი არც ანგელოზია და არც ეშმაკი. ამბობენ: ადამიანი ეშმაკი რომ ყოფილიყო, მმართველობა შეუძლებელი იქნებოდაო. ან კიდევ: ადამიანი რომ ანგელოზი იყოს, მმართველობა საჭირო აღარ იქნებოდაო. მაგრამ ადამიანი გონებასა და უგუნურებას, სიკეთესა და ბოროტებას შორის მდგარი კომპლექსური და ამბივალენტური არსებაა, რომელშიც ეგოიზმი და სიკეთე ერთადაა შერწყმული. მას შეუძლია ძალაუფლება როგორც კარგი, ისე ცუდი საქმისათვის გამოიყენოს - დიდი თუ მცირე მასშტაბებით, პირად ცხოვრებასა თუ პოლიტიკაში.

და მაინც, რა არის ძალაუფლება? ზოგადად რომ ვთქვათ, ძალაუფლება არის უფლებამოსილება, შესაძლებლობა, გნებავთ თავისუფლება, რომელიც სხვა ადამიანებისა თუ მათი ქცევების გაკონტროლებას ისახავს მიზნად. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, მაქს ვებერის კლასიკური სოციოლოგიური განმარტების მიხედვით: ძალაუფლება არის სოციალურ ურთიერთობებში საკუთარი ნების მოწინააღმდეგეზე თავის მოხვევის თითოეული შანსი და არ აქვს მნიშვნელობა იმას, თუ რას ეფუძნება ეს შანსები.“ მაშასადამე, შესაძლებელია ,,ვინმემ ადამიანის პოზიტიური თვისებები და მისი აზროვნების სტრუქტურა ისეთ პირობებში ჩააყენოს, რომ მოცემულ სიტუაციაში საკუთარი ნება განახორციელოს“.1 ყოველ ადამიანს ხომ თავისებური ხასიათი აქვს. შესაბამისად, ყოველ მათგანში არის ხშირად გამოუყენებელი თუ მინიმალური ძალაუფლება. ძალაუფლების გარეგანი გამოხატულების არქონა არ ნიშნავს შინაგანი ძალისა და ძლიერების დაკარგვას, რაც ყველაზე მეტად სწორედ ყოვლისშემძლე დიქტატორებს აშინებთ. ისინი ფიქრობენ, რომ მოწინააღმდეგეების დამორჩილებას მხოლოდ მათი ფიზიკური ლიკვიდაციით თუ შეძლებენ...

ძალაუფლება და ძალაუფლების პოლიტიკა, აღნიშნული გაგებისაგან განსხვავებით, სინამდვილეში, ადამიანის არსიდან იღებს სათავეს და, ბუნებრივია, ნაწილობრივ, მის ამბივალენტურ ხასიათს უკავშირდება:

ადამიანის ძალაუფლება შეიძლება კარგი, ჭეშმარიტად ადამიანური, ჰუმანური, და საკეთილდღეო აღმოჩნდეს საზოგადოებისათვის. ასეთ შემთხვევაში, სულ მცირე, სამშვიდობო პოლიტიკის განხორციელება უკვე შესაძლებელია.

ადამიანის ძალაუფლება ცუდი, არაადამიანური და არაჰუმანურიც შეიძლება იყოს, რაც, ბუნებრივია, საზოგადოებისათვის საზიანო იქნება. არაჰუმანური ძალაუფლების პოლიტიკას მრავალგვარი უარყოფითი გამოვლინება ახასიათებს.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პოლიტიკაში ძალაუფლება ამბივალენტური არსების - ადამიანის ხელში ყველგან და ყოველთვის ვერ იქნება მხოლოდ პოზიტიური ან მხოლოდ ნეგატიური კუთხით გამოყენებული. აქედან გამომდინარე, უცნაური იყო კაცობრიობის მცდელობა - ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისათვის ძალაუფლების მფლობელები დაეპირისპირებინა.

აღმოჩენები ძალაუფლების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ

XX საუკუნეში საერთაშორისო ურთიერთობების კვლევა გეოგრაფიის, ეკონომიკის, ფსიქოლოგიის, სოციოლოგიის, ფილოსოფიისა და სწრაფად განვითარებადი პოლიტოლოგიის ფარგლებში დაიწყო. თუ რამდენად ნაყოფიერია ძალაუფლებისა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების შეძლებისდაგვარად ფართო პოლიტოლოგიური კვლევა თანამედროვეობისა და მომავლისათვის, ამას შვეიცარიელი პოლიტოლოგის, ალოის რიკლინის (St. Gallen) ისტორიულ-ფილოსოფიური ანალიზი სამაგალითოდ გვიჩვენებს. ის შესაშური სიცხადითა და სისტემატურობით გვიხსნის, თუ რა საშუალებებს მიმართავდნენ დასავლური ცივილიზაციის მამები ანტიკურ საბერძნეთში, რათა ძალაუფლების გამოყენება როგორმე დაერეგულირებინათ. ,,ცდებისა და შეცდომების“ სამიათასწლოვან პროცესში ევროპამ ძალაუფლების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ ექვსი დიდი აღმოჩენა გააკეთა, აღმოჩენა, რომელიც ,,დღეს სამართლებრივი და სოციალური, დემოკრატიული სახელმწიფოს არსებით შინაარს წარმოადგენს“: ,,ადამიანის მიერ მოფიქრებული, ექსპერიმენტებით შემოწმებული და მუდმივად განვითარებადი პოლიტიკური ინოვაციები“ ,,ცივილიზაციის ისტორიაში სულ მცირე, ისეთივე მნიშვნელობისაა, როგორც, მაგალითად, სტამბის, ორთქმავლის ან კომპიუტერის გამოგონება“.2 რიკლინი თავის მკაფიო დასკვნებში სწორედ იმ ექვსი აღმოჩენის თაობაზე საუბრობს, რომელიც ინსტიტუციონალიზებული პოლიტიკური ეთიკის სახით დღემდე ინარჩუნებს თავის მნიშვნელობას.

პირველი აღმოჩენა: ძალაუფლების შეზღუდვა კონსტიტუციითა და კანონებით. ძალაუფლების შეზღუდვა მმართველთა კანონმორჩილების პრინციპითაც შეიძლება. თვითნებობის წინააღმდეგ კანონის უზენაესობის (ნომოკრატია) ფილოსოფიური დასაბუთება ჯერ კიდევ პლატონთან გვხვდება. არისტოტელემ კი ეს იდეა განავითარა და ერთმანეთისაგან გამიჯნა კანონი და (უპირველეს ყოვლისა, დაუწერელი) კონსტიტუცია. უნდა ბატონობდნენ კანონები და არა ადამიანები! კანონი კი თავის მხრივ, კონსტიტუციასთან უნდა მოდიოდეს შესაბამისობაში. პირველი დაწერილი კონსტიტუცია ჯერ კიდევ მოდერნის დასაწყისში (1654 წელს, ოლივერ კრომველის დროს) გვხვდება, თუმცა მისი განხორციელება, ზოგადად, XIX-XX საუკუნეებში გახდა შესაძლებელი.

მეორე აღმოჩენა: ძალაუფლების დანაწილება შერეული კონსტიტუციისა თუ ძალაუფლების გადანაწილების პრინციპით. სახელმწიფოში მონოკრატიული, ოლიგოკრატიული და დემოკრატიული ელემენტებისაგან შემდგარი კონსტიტუციის იდეაც პლატონს ეკუთვნის. მოგვიანებით ის არისტოტელემ, პოლიბიოსმა, ციცერონმა, თომა აქვინელმა და იტალიური რენესანსის წარმომადგენლებმა განავითარეს. სხვადასხვა ურთიერთმაკონტროლებელ ორგანოებს შორის ძალაუფლების ამდაგვარი გადანაწილების მეტნაკლებად რეალისტური იდეა XVI საუკუნეში დონატო ჯიანოტის (მან ერთმანეთისაგან გამიჯნა სახელმწიფოს ოთხი ფუნქცია და გადაწყვეტილების მიღების სამი ფაზა) მიერ იქნა წამოყენებული, ხოლო XVIII საუკუნეში მონტესკიე მას - უკვე თანამედროვე ფორმით - ფეოდალურ აბსოლუტიზმს უპირისპირებს. თუმცა ის ტერმინს: ,,séparation des pouvoirs“ ჯერ კიდევ არ იყენებს თავისუფლად და საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლების დიფერენცირებასაც არ ახდენს მკაფიოდ. მიუხედავად ამისა, ამ პერიოდიდან მოყოლებული აშკარა გახდა, რომ არაკონტროლირებადი ძალაუფლება, ძალაუფლების კონცენტრაცია და, პირველ ყოვლისა, ძალაუფლების მონოპოლია თითოეული ადამიანის თავისუფლებას უქმნის საფრთხეს და ამიტომაც ძალაუფლება ძალაუფლებითვე უნდა შეზღუდულიყო (Que le pouvoir arête le pouvoir).

მესამე აღმოჩენა: ძალაუფლების შეზღუდვა ხელშეუხებელი ფუნდამენტური უფლებებით. ის აზრი, რომ არსებობს ხელშეუხებელი და ფუნდამენტური უფლებები, რომელიც ზესახელმწიფოებრივია (მაგრამ სახელმწიფო უნდა იცავდეს მას) და თვით ადამიანის ბუნებაშია გამყარებული, პირველად განმანათლებლობის ეპოქაში გაცხადდა. თუმცა მისი საფუძვლები ანტიკურ პერიოდსა და ქრისტიანობაში ძევს. ამ აზრს, უპირველეს ყოვლისა, ჯონ ლოკთან და 1976 წლის ამერიკაში მისი იდეებით შთაგონებული დამოუკიდებლობის ფილოსოფიის ტექსტებში ვხვდებით (თომას ჯეფერსონი გააზრებულად საუბრობს საკუთრების უფლების თაობაზე), რომლებიც საფრანგეთის რევოლუციის (1789) ადამიანის უფლებების დეკლარაციის იდეალად მოგვევლინა. 1948 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ მსოფლიოს ადამიანის უფლებათა უნივერსალური დეკლარაციას წარუდგინა. დღეს იგი თითქმის ყველა თანამედროვე კონსტიტუციაშია დაცული. იოანე XXIII-მ და ვატიკანის მეორე კრებამ (1962-65) ადამიანის უფლებები კათოლიკურ ეკლესიაშიც დაამკვიდრა. რომი ხომ მას ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ღვთისგმობად მიიჩნევდა.

მეოთხე აღმოჩენა: ძალაუფლების შეზღუდვა შესაბამისობის პრინციპით. სახელმწიფოს და საერთოდ ძალაუფლების მატარებელს მხოლოდ ლეგიტიმური მიზნების შესაბამისი საშუალებების გამოიყენების უფლება აქვს. მან უნდა დაიცვას საშუალებათა შესაბამისობის (გადამეტების აკრძალვა) პრინციპი, როგორც ეს თანამედროვე სისხლის სამართალშია მოცემული. თუმცა საერთაშორისო სამართალში ამ პრინციპთან ერთად, სანქციების (საპასუხო ზომა), რეპრესალიებისა და თავდაცვის უფლების გამოყენებისას, უწინარეს ყოვლისა, სახელმწიფოთა თვითდახმარების პრინციპის გათვალისწინება ხდება. ჩვენს დროში ძალაუფლების შეზღუდვის პრინციპი ყოველგვარი კანონმდებლობის, კანონის გამოყენებისა და სასამართლო პრაქტიკის სამართლებრივ ფუნდამენტს წარმოადგენს.

მეხუთე აღმოჩენა: ძალაუფლების განხორციელებაში საყოველთაო მონაწილეობა. აქ დემოკრატიის ის ფორმა იგულისხმება, რომელიც ათენში არსებობდა: ძალაუფლების მატარებელთა და ადრესატთა მინიმალური იდენტობა. ეს პრინციპიც მოდერნში, - უპირველეს ყოვლისა, ინგლისური პარლამენტის, ფრანგული და ამერიკული რევოლუციების ფონზე - განხორციელდა. XX საუკუნეში კი მან სრულყოფილი სახე მიიღო. გასულ საუკუნეში საყოველთაო საარჩევნო უფლება სახელმწიფოს ყველა ზრდასრულ მამაკაც მოქალაქეს, ხოლო მოგვიანებით უკვე ქალებსაც მიენიჭა.

მეექვსე აღმოჩენა: ძალაუფლების დაბალანსება ძალაუფლების მფლობელთა მხრიდან ზეწოლის შემცირებით. სამართლიანობა მოითხოვს, რომ ძალაუფლების მფლობელთა მხრიდან ზეწოლა აღიკვეთოს. ზეწოლას შეიძლება ადგილი ჰქონდეს ძლიერ და სუსტ ინდივიდებსა და ჯგუფებს, პრივილეგირებულ და არაპრივილეგირებულ ადამიანებს, დამქირავებელსა და მოსამსახურეს, დასაქმებულ და შრომის პროცესს მოწყვეტილ ადამიანებს შორის. ძალაუფლების შეზღუდვა არასოდეს არაა ადვილი. ამიტომ სახელმწიფომ და სხვა ინსტიტუტებმა კეთილსინდისიერად უნდა გააწონასწოროს ის. აქ გზა ფორმალისტურ ეგალიტარიზმსა და სოციალურ-დარვინისტულ უტილიტარიზმს შორის უნდა მოიძებნოს, როგორც ეს ჩვენს დროში სამართლიანობის დიდმა თეორეტიკოსმა ჯონ როულზმა სცადა.

ეს აღმოჩენები, რომლებიც ძალაუფლების დარეგულირებას ისახავს მიზნად, მნიშვნელოვანია სწორედ საგარეო და მსოფლიო პოლიტიკისათვის. თუმცა ყველა ეს აღმოჩენა, უპირველეს ყოვლისა, განსაზღვრული ხალხისა თუ სახელმწიფოსთვისაა რელევანტური. მაშ, როგორ უნდა მოხდეს ძალაუფლების დარეგულირება ერებს შორის? ამაზე უკვე იზრუნეს ჰანს მორგენთაუს შთამომავლებმა და მისი თეორიისაგან განსხვავებული, ,,ნეორეალისტური“ პოლიტიკური თეორია შექმნეს.

ეთიკის ,,მეცნიერულიუგულებელყოფა

ჰანს მორგენთაუს ამერიკელი პოლიტოლოგები ,,მამა-დამფუძნებელს“ უწოდებენ (სტენლი ჰოფმანი). მიუხედავად ამისა, ,,პოლიტიკური რეალიზმის“ წარმომადგენელთა შორის მორგენთაუს თეორიის მიმართ კრიტიკული განწყობა იმთავითვე არსებობდა. კრიტიკა, უპირველეს ყოვლისა, იმ ცენტრალურ ცნებას ეხება, რომელსაც საერთაშორისო ურთიერთობები უნდა განემარტა. კრიტიკოსთა აზრით, ეს ცნება ბუნდოვანია და სიზუსტეც აკლია:

ძალაუფლების ცნება არის ძალიან ფართოდ გაგებული (ნიცშეს გავლენაზე მაშინ არავინ საუბრობდა). ამ ცნების მიხედვით, ძალაუფლებისადმი სწრაფვა ადამიანის ბუნების ზოგადი ხასიათი და თვითმიზანია. მან უგულებელყო ადამიანში სხვა ჰუმანური და პოზიტიური თვისებები, რომელთა წყალობითაც ომებს სახელმწიფოებს შორის ინტენსიური ხასიათი არ აქვს.

ძალიან ზოგად წინაპირობას წარმოადგენდა ასევე რაციონალობის პრინციპი საერთაშორისო ურთიერთობებში: ეს პრინციპი არც შესაძლო ირაციონალიზმსა და არც საინფორმაციო დეფიციტსა თუ სიმულაციებს არ ითვალისწინებს.

ძალთა წონასწორობა უნივერსალურ ცნებად წარმოგვიდგა: ის მხოლოდ არსებული წონასწორობის თაობაზე გვიქმნის წარმოდგენას, მაგრამ არა ზოგადად ძალთა შეჯახების ნებისმიერ სიტუაციაზე.

ამგვარი უადგილო განზოგადებებიდან გამომდინარე კონფლიქტი გარდაუვალი იყო. მისი თავიდან აცილება მხოლოდ ახალი, ,,უფრო მეცნიერული“ თეორიების შექმნით თუ იქნებოდა შესაძლებელი. ასე და ამრიგად მოევლინენ სამყაროს ,,ახალი რეალისტები“ ანუ ,,ნეორეალისტები“. ისინი კლასიკოსი რეალისტებისაგან (მორგენთაუ, კისინჯერი) ბევრად განსხვავდებიან. მსოფლიო პოლიტიკაში მზარდი უთანხმოებისა და თანამშრომლობის ასახსნელად ისინი არა ადამიანის ბუნებას, არამედ მსოფლიო პოლიტიკის, როგორც ასეთის, კონკურენციაზე ორიენტირებულ ანარქიულ ხასიათს მიმართავენ. სტაბილურობისა და დესტაბილიზაციის, ომისა და მშვიდობის მუდმივი მონაცვლეობის ახსნა საერთაშორისო სისტემათა თეორიის მეშვეობით ხდება. აღნიშნული თეორია სისტემაში არსებულ სტრუქტურებსა და ძალთა განაწილებაზეა ორიენტირებული. სტრუქტურალისტურ სისტემათა თეორიას ძალაუფლებისა და ძალთა წონასწორობის თაობაზე მყარი თეორია უნდა შეექმნა. იმ დიდ წინამორბედთა შემდეგ, რომლებიც მორგენთაუს ადრევე აკრიტიკებდნენ, ნეორეალისტური სინთეზი, საბოლოოდ, 1979 წელს კენეთ ნ. უოლცმა წარმოადგინა და დღემდე ის ავტორიტეტული თეორიაა. საყოველთაო აზრის მიხედვით, უოლცმა საერთაშორისო პოლიტიკის მჭიდრო და დედუქციური თეორიის შექმნა მოახერხა: მორგენთაუს ყოვლისმომცველი ,,სუბიექტივიზმისა“ და ,,საღი აზრის“ (,,common sense“) მაგივრად, მან მსოფლიო პოლიტიკის ჯერ კიდევ მზარდი რაციონალიზაციის პრინციპი აირჩია.

ზოგიერთ კრიტიკოსს ნეორეალისტური სინთეზის მიმართაც გაუჩნდა უკმარისობის გრძნობა. ჰარვარდის უნივერსიტეტის პოლიტოლოგმა რობერტ ო. კიოჰენმა გამოაქვეყნა დისკუსიის მასალები შემდეგ პრობლემატურ საკითხებთან დაკავშირებით: ძალაუფლება და ძალთა წონასწორობა; საგარეო პოლიტიკის მიმართ საშინაო პოლიტიკის მნიშვნელობის უგულებელყოფა; სტრუქტურალისტური სისტემათა თეორიის სისტემურ-იმანენტური სირთულეები საერთაშორისო ურთიერთობებში მიმდინარე ცვლილებებთან დაკავშირებით; დაბოლოს, პოზიტივისტურ მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით ისტორიის უგულებელყოფის ტენდენცია, ისტორიისა, რომელსაც, საბოლოო ჯამში, ყველა საერთაშორისო სისტემა ეფუძნება. ნეორეალიზმის, როგორც კომპლექსური პოლიტოლოგიური თეორიის თაობაზე მე აქ არაფერს ვიტყვი. ჩვენ უბრალოდ გვაინტერესებს ბოლო კრიტიკული პუნქტი: ისტორიის, ან სულ მცირე, მისი პირველხარისხოვანი ასპექტების იგნორირება. კიოჰენის აზრით, ,,უოლცისეული ნეორეალიზმის მიმართ ფართოდ გავრცელებული და განსხვავებული გრძნობები დაუკმაყოფილებლობისა“ კლასიკური რეალიზმის თეორიასთან (რომელიც დღის წესრიგში ატომური ომის საშიშროებას აყენებს) ერთად, უწინარეს ყოვლისა, ,,მსოფლიო პოლიტიკის შეფასების კრიტიკული იდეალიზმის ტრადიციებიდან იღებს სათავეს.“ მაგრამ რა არის აქ ,,კრიტიკული“ და რა ,,იდეალისტური“? ჰარვარდის გონიერი ინტელექტუალი თავად მიგვითითებს ყოველგვარი ნეორეალისტური პოზიციის სისტემურ სისუსტეებზე, მაგრამ თავადაც გამოუვალ მდგომარეობაში ვარდება, როდესაც ისტორიის თაობაზე რიჩარდ კ. ეშლის, გინდა არ გინდა, სამართლიან შეკითხვაზე მიდის საუბარი. შეკითხვა ასეთია: ,,ვინ და როგორ შეძლებს ისტორიის ინტეგრირებას იმ ტიპის თეორიაში, რომელიც მე შევქმენი?“

სინამდვილეში: საერთაშორისო ურთიერთობათა ყველა ეს ნეორეალისტი (თუ როგორც ხშირად უწოდებენ) თეორეტიკოსი დღესდღეობით (მორგენთაუსა და კისინჯერისაგან განსხვავებით) ეკონომიკურ ინფრასტრუქტურებზე, ფორმალური თუ არაფორმალური საერთაშორისო ორგანიზაციების როლსა და ურთიერთდამოკიდებულების პრობლემატიკაზე უფროა ორიენტირებული. ამასთან ერთად, ისინი, პოზიტივისტურ-სტრუქტურალისტურ მეთოდოლოგიასა და რედუქციის საფუძველზე, ისტორიის პირველხარისხოვან ასპექტებს, უპირველეს ყოვლისა კი, მსოფლიო პოლიტიკური კონფლიქტების ეთნიურ, ეთიკურ და რელიგიურ განზომილებებს უგულებელყოფენ. ნეორეალისტურ დისკურსს კარგად რომ დავაკვირდეთ, გარკვეულ წილად, შეიძლება ნეოსქოლასტიკა მოგვაგონდეს: ამდენი განმარტებები, სიზუსტეები, განმასხვავებელი ნიშნები და ამავე დროს ამდენი აბსტრაქტულობა, ირეალურობა, ცნებებისა და აზრების აკრობატიკა. მსგავსი რამ ნაკლებად ,,აკადემიურ“ მორგენთაუსთანაც კი (სხვათა შორის იგი პრაქტიკოს პოლიტიკოსებს გაცილებით მეტს სთავაზობდა) არ გვხვდება.

საინტერესოა, შეძლებს თუ არა სტრუქტურალისტური სისტემათა თეორია 1989 წლის ევროპული რევოლუციებისა და ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის დამაჯერებლად ახსნას მაშინ, როდესაც ის ეთნიკური, ეთიკური და რელიგიური განზომილებების განზოგადებას ,,სისტემური“ საფუძვლებიდან ახდენს? გამართლებულია ამგვარი განზოგადება? იქნება კი ეს თეორია, როგორც ჭეშმარიტად რეალისტური და როგორც მსოფლიო პოლიტიკის ,,პრობლების გადაწყვეტაზე ორიენტირებული თეორია“, მისი მეცნიერული გამოყენებისას, საკმარისად დამაჯერებელი?

ამ მიმართულების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი, პრინსტონის უნივერსიტეტის პოლიტოლოგი, რობერტ გილპინი დარწმუნებულია, რომ ,,რეალიზმს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა თაობის მეცნიერებში, ბევრი ვერ ეწყობა.“ რატომ? ,,იმიტომ, რომ ის საუკეთესო შემთხვევაში ამორალურ მოძღვრებას შეიცავს და უარეს შემთხვევაში კი ნებართვისათვის კვლას, ომის წარმოებასა და ძარცვა-გლეჯის გიჯურ აქტს უშვებს?“ ეს ბოლო ხედვა არ არის მართებული. რეალისტები არ არიან ,,ამორალური მონსტრები“. და მაინც, გილპინის აზრით, ,,აშკარად ძნელია გაამართლო“3 აზრი მათი ,,მორალური ნეიტრალობის“ თაობაზე, რომელიც ამორალობას ემიჯნება.

თავად გილპინი, რომელსაც ომისა და მსოფლიო პოლიტიკური ცვლილებების, პოლიტიკური ეკონომიისა და ასევე სამონეტო პოლიტიკის თაობაზე ისტორიული პერსპექტივების გათვალისწინებით უამრავი წიგნი აქვს დაწერილი, ნეორეალისტურ თეორიაში მორალის საკითხის თაობაზე გასაოცარ უკმაყოფილებას ამჯღავნებს. მაკიაველის ,,მორალის“ დამოწმება აქ ნამდვილად არ არის საკმარისი, მით უმეტეს, თუ მის მიმართ გილპინის აშკარა დისტანციაზე მივუთითებთ: ,,რეალიზმის ეს ამორალური ვერსია, რომელიც სახელმწიფოს უმაღლეს ავტორიტეტს აღიარებს და არანაირ ეთიკურ პრინციპებს არ უკავშირდება, რეალიზმის ჩემეულ გაგებას არ წარმოადგენს.“

რა დასკვნა უნდა გავაკეთოთ აქედან? რეალისტური თეორიების პოლიტიკური ,,რჩევების“ კუთხით განხილვისას გილპინის ბოლოდროინდელი ლტოლვა ,,აღსარებისადმი“ ნაკლებად დაგვეხმარება: ის ხომ ,,კაბინეტის ლიბერალი“ გამოდის, რომელსაც ,,ლიბერალური ღირებულებების“ - დაუკვირდით თანმიმდევრობას - ,,ინდივიდუალიზმის, თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების“ სწამს. თითქოს ყოველგვარ ამორალობას პოლიტიკაში ინდივიდუალიზმითა და თავისუფლებით არ ამართლებდნენ და თითქოს დღესაც არ ხდებოდეს ამგვარი რამ! თითქოს ლიბერალებმა არ უნდა გაიაზრონ ის, რომ პოლიტიკური მორალი განსაზღვრულ თავისუფლებებთან და უფლებებთან ერთად მოვალეობებსა და გარკვეულ მასშტაბებსაც მოიცავს.

აქ დასმული კითხვები, რომლებიც არა მხოლოდ პიროვნებებს, არამედ ერებსა და მათ პოლიტიკასაც ეხება, პასუხებს ითხოვს. მომდევნო ქვეთავში პოლიტიკისა და ეთიკის თაობაზე რამდენიმე არსებით შენიშვნას გავაკეთებ და ამით დავამთავრებ. ეს შენიშვნები ახალი და უახლესი ისტორიის აქტუალურ საკითხებზე ერთგვარ პასუხებს წარმოადგენს.

მარადიული დაძაბულობა პოლიტიკასა და ეთიკას შორის

რეალისტური პოზიცია საკუთარ ჭეშმარიტებას ფლობს. მისი უარყოფა არ შეიძლება. პოლიტიკა რომ აბსტრაქტულ იდეალებს, ცრუ იმედებსა და უტოპიურ სურვილებს აჰყვეს, მაშინ ის ილუზიური იქნება. იდეოლოგიებს, რომლებიც ძალთა ურთიერთდამოკიდებულებას ნიღბავს და ფარავს, იდეოლოგიის კრიტიკით უნდა აეხადოს ფარდა. პოლიტიკური რეალობა, რომელიც არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება იგივდებოდეს საღ აზრთან, უნდა იყოს ზუსტად ისე აღქმული, როგორიცაა ის სინამდვილეში.

სტრუქტურალისტური სისტემათა თეორიის გამზიარებელი პოლიტოლოგებიც საკითხს ამგვარადვე აყენებენ: Pპოლიტიკური სტრატეგიები და გადაწყვეტილებები არ შეიძლება უბრალოდ მეტი ,,მეცნიერებით“, ,,მეცნიერული სისტემითა“ და ,,მეცნიერული“ ფორმულებით, ხოლო პოლიტიკოსები ,,ექსპერტებით“ შეიცვალოს. ბისმარკს თუ მოვიხმობთ, თავად პოლიტიკა ხომ არა მეცნიერება, არამედ ახალი ვითარების დროულად და ინტუიციურად შეცნობის ხელოვნებაა, რაც ყველაზე სწორ გზას წარმოადგენს. ნებისმიერი სახის მეცნიერული გააზრება განსაზღვრული დოზით სუბიექტურობის გარკვეულ რისკს მაინც შეიცავს. მეორე მხრივ, პოლიტიკური სტრატეგიებისა და გადაწყვეტილებების ჩანაცვლება არც უფრო მეტი ,,მორალითა“ და მორალური რეკომენდაციებით, ხოლო პოლიტიკოსების ჩანაცვლება მორალისტებითა და ეთიკოსებით არ შეიძლება.

სციენტისტების, ეკონომისტების, ლეგალისტებისა და მორალისტების მოსაზრებებისაგან განსხვავებით უფრო მიზანშეწონილი იქნება, თუ პოლიტიკის განსაზღვრული ავტონომია იქნება აღიარებეული. პოლიტიკა არც მეცნიერულ ლოგიკას, არც ეკონომიკურ კანონებს, არც სამართლებრივ ნორმებსა და არც მორალისტურ იდეალებს არ შეიძლება ტოტალურად ექვემდებარებოდეს. ნებისმიერ შემთხვევაში ერთი რამ ცხადი გახდა: პოლიტიკასა და ეთიკას შორის არსებობს მარადიული დაძაბულობა, რაც უნდა შენარჩუნდეს. ეს ნიშნავს შემდეგს:

,,იდეალისტებმა“ უნდა გაითვალისწინონ, რომ ეთიკისადმი პოლიტიკის სრული სუბორდინაცია საკუთრივ პოლიტიკის კანონებთან არ მოვა შესაბამისობაში, იქნება უსამართლო და ირაციონალური. ძალაუფლებისა და ინტერესების უგულებელყოფა დაუშვებელია: ,,მორალურად“ შთაგონებული ჯვაროსნული პოლიტიკისა და მისი ექსცესების გამოცდილებიდან გამომდინარე, საქმისადმი ფრთხილი დამოკიდებულება გვმართებს.

რეალისტებს კი არ უნდა მოეხდინათ იმ აზრის კორექტირება, რომლის მიხედვითაც ეთიკისადმი პოლიტიკის სრული დისტანცირების შემთხვევაში თავად ეთიკის საყოველთაო მნიშვნელობა დადგება ეჭვქვეშ და ამორალიზმსაც ვერ ავიცილებთ თავიდან. პოლიტიკაში ღირებულებების, იდეალებისა და მასშტაბების უგულებელყოფა არ ეგების. ინდივიდუალისტურ-ჰედონისტური საზოგადოებისა და მილიტარისტული საგარეო პოლიტიკის გამოცდილებიდან გამომდინარე ეთიკური პასუხისმგებლობის გათავისება საჭირო და აუცილებელია.

პოლიტოლოგებმა კი რეალისტურად უნდა გაარკვიონ ის, თუ რა არის ადამიანის ამბივალენტური რეალობა და მისი სამყარო. ამასთან ერთად მათ პროგნოზებიც უნდა გააკეთონ და ყურადღება ადამიანის ჰუმანურობასა და ძალაუფლებასთან მიმართებაში კაცობრიობის უდიდეს და ამოუწურავ შესაძლებლობებზე უნდა გაამახვილონ. პოლიტიკური ქცევის ყველაზე დიდ კრიტერიუმად არა რეალობა (რაც პოლიტიკაში შეიძლება სიმხეცედ მოგვევლინოს) არამედ ჰუმანურობა უნდა იქცეს, ჰუმანურობა, რომელიც მორალის გვირგვინია.

ვინაიდან პოლიტიკაში საქმე მხოლოდ ძალაუფლებასა და სისტემას არასოდეს ეხება და ვინაიდან იქ ყურადღების ცენტრში ადამიანი დგას, პოლიტიკის მხოლოდ პოლიტიკოსებისა და პოლიტოლოგებისადმი მინდობა შეუძლებელია. მოდერნის ყოველგვარი გამოცდილება პოლიტიკის ახალი, ეთიკურად გამსჭვალული პარადიგმის შექმნის აუცილებლობას ადასტურებს. სამომავლოდ ამ საკითხზე ფიქრი ნამდვილად ღირს.

9 ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება

▲back to top


ლარისისი და სხვები საბერძნეთის წინააღმდეგ

მასალა მოამზადა ნინო მთვარელიშვილმა

დიმიტრიოს ლარისისი დაიბადა 1949 წელს და ცხოვრობს ვიოტას ტანაგრაში. სავას მანდალარიდესი დაიბადა 1948 წელს და ცხოვრობს აგრია ვოლუში. იოანის სარანდისი დაიბადა 1951 წელს და ცხოვრობს კამატეროს ატიკისში.

ისინი მსახურობდნენ ოფიცრებად საბერძნეთის სამხედრო-საჰაერო ძალების ერთ ქვედანაყოფში და მიეკუთვნებოდნენ ორმოცდაათიანელთა ეკლესიის პროტესტანტულ-ქრისტიანულ დენომინაციას, რომლის თანახმად, თითოეული მორწმუნე ვალდებულია ეწეოდეს ევანგელიზაციას.

მფრინავმა ანტონიადისმა მათ წინააღმდეგ სასამართლოში საჩივარი შეიტანა. ის აღნიშნავდა, რომ 1986 წელს იგი გადაიყვანეს ზემოაღნიშნულ პირთა ქვედანაყოფში და იმყოფებოდა სატელეტაიპო სამსახურში, სავას მანდალარიდესის დაქვემდებარებაში. სავას მანდალარიდესმა და დიმიტრიოს ლარისისმა მოახერხეს მისი რელიგიურ დისკუსიაში ჩართვა, უკითხავდნენ ბიბლიის ნაწყვეტებს და მოუწოდებდნენ ორმოცდაათიანელთა ეკლესიის რწმენის მიღებისკენ. მანდალარიდესი ეუბნებოდა მას, რომ სექტის ზოგიერთ წევრს ღვთაებრივი ძალის დახმარებით ენიჭებოდა უცხო ენებზე საუბრის უნარი. ყოველთვის, როდესაც მფრინავი ანტონიადისი ბრუნდებოდა შვებულებიდან, მას ზემოაღნიშნული პირები ეკითხებოდნენ: დადიოდა თუ არა იგი ორმოცდაათიანელთა ეკლესიაში. ამასთან, ვინაიდან ისინი მასზე ზემდგომი ოფიცრები იყვნენ, ის თავს ვალდებულად თვლიდა, მონაწილეობა მიეღო მსგავს საუბრებში.

ათენის სამხედრო-საჰაერო ძალების მუდმივი ტრიბუნალისთვის მიცემულ ჩვენებებში მფრინავმა კოკალისმა მიუთითა, რომ ის მსახურობდა ლარისისის, მანდალარიდესისა და სარანდისის ქვედანაყოფში 1987 წლიდან 1988 წლამდე, თუმცა არც ერთ მათგანთან პირდაპირ დაქვემდებარებაში არ იმყოფებოდა. ისინი ახერხებდნენ მის საღვთისმეტყველო კამათში ჩაბმას; თავდაპირველად მალავდნენ იმ ფაქტს, რომ არ იყვნენ მართლმადიდებელი ქრისტიანები, მაგრამ შემდეგ დაიწყეს ამ რწმენის ზოგიერთი ძირითადი პრინციპის კრიტიკა და მფრინავ კოკალისს ურჩევდნენ, მიეღო მათი აღმსარებლობა; ასევე, სთხოვდნენ შვებულების დროს ორმოცდაათიანელთა ეკლესიაში სტუმრობას, რადგან იქ ხდებოდა ,,საოცრებები”, მათ შორის, როგორ იძენდნენ მორწმუნეები უცხო ენებზე საუბრის უნარს და სთავაზობდნენ ორმოცდაათიანელთა გაზეთს წასაკითხად.

კოკალისის განცხადებით, ოფიცრები ყოველთვის თავაზიანად ექცეოდნენ მას, თუმცა მათი მოწოდებები უხერხულ მდგომარეობაში აყენებდა მფრინავს.

მფრინავმა ნიკოლაოს კაფკასმა სააპელაციო სამხედრო ტრიბუნალის წინაშე განაცხადა, რომ მსახურობდა სამხედრო ქვედანაყოფში, სარანდისის დაქვემდებარებაში. მასზე არ ხდებოდა რაიმე ფსიქოლოგიური ზემოქმედება და არ აიძულებდნენ გამხდარიყო ორმოცდაათიანელთა ეკლესიის წევრი. Kაფკასი თვითონ მივიდა სარანდისთან და ჰკითხა, თუ რა იყო მისი შინაგანი სიმშვიდის მიზეზი, რაზედაც ამ უკანასკნელმა უპასუხა, რომ ეს სახარების კითხვის შედეგი იყო. ლარისისა და სარანდისის წინადადებით მან დაიწყო ბიბლიის კითხვა, შენიშნა მასსა და მართლმადიდებლური ეკლესიის სწავლებას შორის განსხვავებები. კაფკასი რჩევას ეკითხებოდა მათ, როცა ბიბლიასთან დაკავშირებით კითხვები უჩნდებოდა და მათი პასუხები ყოველთვის დამაჯერებელი იყო. ისინი არასდროს აძლევდნენ მას ორმოცდაათიანელთა ლიტერატურას და არ სთავაზობდნენ მათ ეკლესიაში მისვლას.

მფრინავი კაფკასის მამამ, ალექსანდროს კაფკასმა, სასამართლოში განაცხადა, რომ მისმა შვილმა შეიცვალა სარწმუნოება და მიიღო ორმოცდაათიანელთა აღმსარებლობა სწორედ სამხედრო-საჰაერო ძალებში მსახურობის დროს, შეიცვალა მისი ქცევაც, ის აღარ ხვდებოდა მეგობრებს, დიდ დროს ატარებდა საკუთარ ოთახში ბიბლიის შესწავლასა და კასეტებზე ჩაწერილ ქადაგებათა მოსმენაში. ნიკოლაოსმა მამას უთხრა, რომ გაიცნო ორი ოფიცერი, ისინი ნამდვილი ქრისტიანები იყვნენ. ნიკოლაოსის მშობლები გაყვნენ ორმოცდაათიანელთა ეკლესიის ერთ-ერთ წირვაზე, რის შემდეგაც ის წავიდა სახლიდან და საცხოვრებლად გადავიდა ათენში. 20 დღის შემდეგ დაბრუნდა შინ და კვლავ მოექცა მართლმადიდებლურ აღმსარებლობაზე. მან უთხრა მამას, რომ ოფიცრებმა ისარგებლეს მისი მდგომარეობით მასზე ზეწოლის მიზნით და დარწმუნების მეთოდებით ის მოაქციეს ორმოცდაათიანელთა რწმენაზე. მათ უთხრეს, რომ მისცემდნენ დათხოვნის უფლებას, თუ ის მათ ეკლესიაში წირვაზე დასწრების პირობას მისცემდა. ნიკოლაოსი კვლავ გადავიდა ორმოცდაათიანელთა სარწმუნოებაზე. მამამ აღნიშნა, რომ მის შვილს არ ჰქონდა ნებისყოფა და ისე იქცეოდა, როგორც სექტის წევრები უთითებდნენ.

კაპიტან ილიას ბაირამისის განცხადებით, მისი ერთ-ერთი ნათესავი ხარალამპოს აპოსტოლიდისი ორმოცდაათიანელთა ეკლესიის წევრი იყო. ერთხელ ის გაბრაზდა საკუთარ ცოლზე, რადგან მასში სატანა დაინახა. ამ დროს დაუძახეს მანდალარიდესის, რომელმაც დააწყნარა აპოსტოლიდისი. მანდალარიდესმა დაიწყო ქადაგება ამ უკანასკნელის ოჯახის წევრებისა და მეზობლების წინაშე და მოუწოდებდა მათ ორმოცდაათიანელთა სარწმუნოებაზე გადასვლას.

ანასტასია ზუნარამ ადმინისტრაციული გამოძიებისთვის მომზადებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ მისი მეუღლე შევიდა ორმოცდაათიანელთა ეკლესიაში, რამაც მისი ოჯახი დანგრევამდე მიიყვანა. ზუნარა შეეცადა გაეგო მისი მეუღლისთვის და რამდენჯერმე მიაკითხა ორმოცდაათიანელთა ეკლესიას. ამ დროის განმავლობაში მანდალარიდესი და სარანდისი არაერთხელ მივიდნენ მასთან და ცდილობდნენ მის დაყოლიებას, მათ რწმენაზე გადაყვანას. მათ აცნობეს ანასტასიას, რომ ის და მისი შვილები ეშმაკით იყვნენ შეპყრობილნი. ამის გამო ქალს ფსიქოლოგიური პრობლემები შეექმნა და ყველანაირი კავშირი გაწყვიტა ორმოცდაათიანელთა ეკლესიასთან.

1992 წელს ლარისისი, მანდალარიდესი და სარანდისი წარდგნენ საჰაერო-შეიარაღებული ძალების მუდმივი ტრიბუნალის წინაშე ათენში, რომელიც შედგებოდა ოფიცრებისა და იურისტისგან. მათ ასამართლებდნენ პროზელიტიზმისთვის. სასამართლომ უარყო დაცვის მოსაზრება იმის შესახებ, რომ კანონი პროზელიტიზმის თაობაზე იყო არაკონსტიტუციური და სამივე პირი დამნაშავედ ცნო პროზელიტიზმისთვის. ლარისისის მიმართ გამოტანილ განაჩენში სასამართლომ აღნიშნა, რომ ბრალდებულმა თავის ქვედანაყოფში ჩაიდინა პროზელიტიზმი, რადგან მას მიზნად ჰქონდა მფრინავი ანტონიადისის რელიგიურ რწმენაზე გავლენის მოხდენა და მისი შეცვლა. მან ბოროტად გამოიყენა მისი ნდობა და შეეცადა დაერწმუნებინა თავისი ქვეშევრდომი, რათა გამხდარიყო ორმოცდაათიანელთა ეკლესიის წევრი. ის საღვთისმეტყველო დისკუსიებს მართავდა, აქეზებდა მფრინავს ბიბლიის კითხვისკენ და ურჩევდა მას სწვეოდა ათენში ორმოცდაათიანელთა სექტის ეკლესიას. მან პროზელიტიზმის დანაშაული ჩაიდინა ასევე მფრინავ კოკალისთან, რომელიც იმავე ქვედანაყოფში მსახურობდა. ის ცდილობდა დაერწმუნებინა მფრინავი კოკალისი, გამხდარიყო მისი სექტის წევრი, მან ბოროტად გამოიყენა მისი გულუბრყვილობა, გამოუცდელობა და ეუბნებოდა მას, რომ მის ეკლესიაში ზოგიერთმა ადამიანმა წმინდა სულის ზემოქმედებით უცხო ენაზე დაიწყო ლაპარაკი. ის ჩაერია მფრინავ კაფკასის რელიგიურ შეხედულებებში და ჩაიდინა პროზელიტიზმის დანაშაული. ის მუდმივად, დაჟინებით და მომაბეზრებლად აყალიბებდა თავის შეხედულებებს, რომლებიც ეხებოდა ორმოცდაათიანელთა სექტას, კითხულობდა და ხსნიდა ბიბლიას საკუთარი რწმენით. სასამართლოს განაჩენით, მას მიესაჯა 13 თვით თავისუფლების აღკვეთა და შეეცვალა ჯარიმით.

მანდალარიდესის მიმართ გამოტანილი განაჩენით, ბრალდებულმა ჩაიდინა პროზელიტიზმის დანაშაული. მან რელიგიის თაობაზე კამათში გამოიყენა ძალაუფლება, რომელსაც ის ახორციელებდა მფრინავ გეორგიოს ანტონიადისზე. ის აქეზებდა მფრინავს, რომ არ შეესწავლა არაფერი სახარების გარდა, სადაც მისი სიტყვებით, ის იპოვიდა ჭეშმარიტებას, რომელიც განსხვავდებოდა მართლმადიდებლური დოგმებისგან. ის აგრეთვე ცდილობდა საღმრთო წერილის ნაწყვეტების მოხერხებული და ორმოცდაათიანელთა სექტის სწავლების შესაბამისი განმარტებით დაერწმუნებინა იმაში, რომ მართლმადიდებლური სარწმუნოება არ იყო სწორი და უნდა მიეღო მისი მრწამსი.

ამავე განაჩენის თანახმად, მანდალარიდესმა ანასტასია ზუნარას შემთხვევაშიც ჩაიდინა პროზელიტიზმის დანაშაული, ისარგებლა რა მისი გამოუცდელობითა და ინტელექტუალური სისუსტით. მან რამდენჯერმე სცადა ჩარეულიყო და შეეცვალა მისი რელიგიური მრწამსი. მას ბრალი იმაში ედებოდა, რომ პროზელიტიზმის დანაშაული ჩაიდინა კაპიტან ილიას ბაირამისის მიმართ. ის მივიდა ბაირამისის ძმის სახლში, სადაც ორმოცდაათიანელთა ეკლესიის მიმდევარი, ბაირამისის ცოლისძმა საკუთარ ცოლში სატანას ხედავდა. მანდალარიდესმა დაამშვიდა იგი და ისარგებლა შემთხვევით. ის შეეცადა იქ მყოფთა რელიგიური რწმენა შეეცვალა. Mან დაიწყო ქადაგება ორმოცდაათიანელთა ეკლესიის მრწამსის შესახებ.

მას მიესაჯა 12 თვით თავისუფლების აღკვეთა, თუმცა ეს სასჯელი შეიცვალა ჯარიმით.

სარანდისის მიმართ გამოტანილ განაჩენში სასამართლომ აღნიშნა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა პროზელიტიზმის დანაშაული. მან სცადა მფრინავ კოკალისის რელიგიურ შეხედულებებზე ზეგავლენის მოხდენა. ისარგებლა რა მისი ნდობით, მან მრავალჯერ სცადა დაერწმუნებინა მფრინავი იმაში, რომ მართლმადიდებლური ეკლესიის სწავლება მცდარი იყო რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით, როგორიცაა საღვთისმსახურო იერარქია და სულიწმინდის ძალა.

ასევე, მან პროზელიტიზმის დანაშაული ჩაიდინა ანასტასია ზუნარასთან ცდილობდა რა შეეცვალა მისი რელიგიური შეხედულებები. მან მოხერხებულად ისარგებლა მისი გამოუცდელობით რელიგიურ საკითხებში, მისი განათლების დაბალი დონით და ცდილობდა დაერწმუნებინა ის მონათლულიყო და გამხდარიყო მისი სექტის წევრი.

მას პროზელიტიზმის დანაშაულის ჩადენა დაუმტკიცდა მფრინავ ნიკოლაოს კაფკასთან მიმართებაშიც. საბოლოოდ, მას მიესაჯა 14 თვით პატიმრობა, თუმცა ეს სასჯელი შეეცვალა ჯარიმით.

სამივე განმცხადებელმა სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა სამხედრო ტრიბუნალის სააპელაციო სასამართლოში. თუმცა სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში უარყო დაცვის მხარის არგუმენტი იმის შესახებ, რომ ბრალდებულები მხოლოდ თავიანთ კონსტიტუციურ უფლებას ახორციელებდნენ. ამასთან, სასამართლომ ძალაში დატოვა განაჩენთა უმრავლესობა.

განმცხადებლებმა აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრეს საკასაციო წესით. საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სინდისის თავისუფლება რელიგიურ საკითხებში და რწმენის თავისუფლება, რომელიც დაცულია მოქმედი კონსტიტუციით, გაეროს საყოველთაო დეკლარაციით, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით არ ირღვეოდა. ვინაიდან ჩარევა ეხებოდა არა ადამიანის რელიგიურ მრწამსს, რომელშიც ყველა თავისუფალია, არამედ ზღუდავდა მცდელობას სხვა პირის რელიგიურ მრწამსში ჩარევისა, მისი შეცვლის მიზნით.

ქვეყნის შიდა კანონმდებლობა

საბერძნეთის კონსტიტუციის მე-13 მუხლის თანახმად:

1. სინდისის თავისუფლება რელიგიურ საკითხებში ხელშეუვალია. პირადი და პოლიტიკური უფლებებით სარგებლობა არ არის დამოკიდებული პიროვნების რელიგიურ რწმენაზე.

2. თავისუფალია ნებისმიერი ცნობილი რელიგიის აღმსარებლობა; პიროვნება თავისუფალია დაუბრკოლებლად მოახდინოს მისი რელიგიის აღმსარებლობა და ისარგებლოს კანონის დაცვით. რელიგიური რიტუალების შესრულებამ ზიანი არ უნდა მიაყენოს საზოგადოებრივ წესრიგს ან საზოგადოებრივ მორალს. პროზელიტიზმი აკრძალულია.”

,,პროზელიტიზმის შესახებ” კანონის თანახმად, ნებისმიერ პიროვნებას, რომელიც განახორციელებს პროზელიტიზმს, შეიძლება შეეფარდოს ტუსაღობა და ფულადი ჯარიმა 1000 დრაჰმიდან 50 000 დრაჰმამდე; ამასთან იგი ექვემდებარება პოლიციის ზედამხედველობას ექვსი თვიდან ერთ წლამდე ვადით, რაც განისაზღვრება სასამართლოს მიერ პიროვნების დამნაშავედ ცნობის შემდეგ.

,,პროზელიტიზმში” იგულისხმება პიროვნების რელიგიურ რწმენაში ჩარევის ნებისმიერი, პირდაპირი თუ არაპირდაპირი მცდელობა, რაც მიზნად ისახავს ამ რწმენის დაკნინებას ნებისმიერი სახის ცდუნების ან მორალური თუ მატერიალური დახმარების დაპირების, ცრუ საშუალებებით ან შესაბამისი პირის გამოუცდელობის, ნდობის, საჭიროების, დაბალი ინტელექტის ან გულუბრყვილობის გამოყენებით.

ამ დანაშაულის ჩადენა სკოლაში, სხვა საგანმანათლებლო ან ფილანტროპულ დაწესებულებაში წარმოადგენს დამამძიმებელ გარემოებას.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შეფასება

განმცხადებლებმა საჩივრით მიმართეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს. ისინი აღნიშნავდნენ, რომ კანონი პროზელიტიზმის შესახებ ეწინააღმდეგებოდა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-7 მუხლს, რომლის თანახმად:

,,1. არავინ იქნება ცნობილი დამნაშავედ სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში რაიმე ქმედების ან დაუდევრობის გამო, რომელიც არ წარმოადგენდა სისხლის სამართლის დანაშაულს ეროვნული ან საერთაშორისო სამართლის მიხედვით იმ დროისთვის, როდესაც ის იქნა ჩადენილი. ასევე არ იქნება გამოყენებული იმაზე უფრო მკაცრი სასჯელი, რომელიც გამოიყენებოდა იმ დროისთვის, როცა სისხლის სამართლის დანაშაული იქნა ჩადენილი.

2. ეს მუხლი ხელს არ შეუშლის ნებისმიერი პირის გასამართლებას ან დასჯას რაიმე ქმედების ან დაუდევრობისთვის, რომელიც იმ დროისთვის, როცა ის იქნა ჩადენილი, ითვლებოდა სისხლის სამართლის დანაშაულად ცივილიზებული ერების მიერ აღიარებული სისხლის სამართლის ძირითადი პრინციპების მიხედვით.”

განმცხადებლები ამტკიცებდნენ, რომ საბერძნეთის კანონმდებლობა არღვევს პრინციპს, რომელიც მე-7 მუხლშია ჩადებული, კერძოდ, მხოლოდ კანონს შეუძლია დაადგინოს დანაშაული და მიუყენოს მას სასჯელი, რადგან შეუძლებელი იყო წინასწარ თქმა, თუ რა ქმედებებს მოჰყვებოდა პროზელიტიზმში დადანაშაულება.

განმცხადებლები აღნიშნავდნენ, რომ მათთვის ბრალდების წაყენება, მათი გასამართლება და დასჯა პროზელიტიზმისთვის იყო კონვენციის მე-9 მუხლის დარღვევა, რომლის თანახმად:

,,1. ყველას აქვს უფლება აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლებაზე; ეს უფლება მოიცავს რელიგიის რწმენის შეცვლის თავისუფლებას, პიროვნების თავისუფლებას, მარტო თუ სხვებთან კავშირში და საჯაროდ თუ კერძოდ გამოამჟღავნოს თავისი რელიგია ან რწმენა ღვთისმსახურებით, სწავლებით, აღმსარებლობით და რიტუალების შესრულებით.

2. ადამიანის რელიგიისა და რწმენის გამომჟღავნების თავისუფლება ექვემდებარება მხოლოდ ისეთ შეზღუდვებს, რომლებიც განსაზღვრულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, საზოგადოებრივი წესრიგის, ჯანმრთელობის ან ზნეობის ან სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად.”

საბერძნეთის სახელმწიფოს წარმომადგენელთა განცხადებით, განმცხადებლებმა ბოროტად გამოიყენეს ეს ზეგავლენა, რომელიც მათ ჰქონდათ, როგორც სამხედრო-საჰაერო ძალების ოფიცრებს და ამ ქმედებებს ისინი სჩადიოდნენ სისტემატურად და მრავალჯერ. მათ წინააღმდეგ მიღებული ზომები კი გამართლებული იყო აუცილებლობით, რათა შეენარჩუნებინათ შეიარაღებულ ძალთა პრესტიჟი და ეფექტური ფუნქციონირება და დაეცვათ თითოეული სამხედრო მოსამსახურე იდეოლოგიური ზეწოლისგან.

განმცხადებელთა თქმით, ევანგელიზაციის პრაქტიკა უფროსსა და დაქვემდებარებულს შორის არ შეიძლება გატოლებოდა ნდობის ბოროტად გამოყენებას. მათ აღნიშნეს, რომ სამხედრო მოსამსახურეები ზრდასრულები იყვნენ, რომლებიც მზად იყვნენ ქვეყნისთვის თავი გაეწირათ და არ არსებობდა რაიმე საბუთი იმისა, რომ განმცხადებლები თავისი მდგომარეობით სარგებლობდნენ.

ევროპული სასამართლოს შეფასებით, ევროპული კონვენცია ისევე გამოიყენება სამხედრო პირების მიმართ, როგორც სამოქალაქო პირების მიმართ. მიუხედავად ამისა, მისი ინტერპრეტაციისას და მისი დადგენილებების გამოყენებისას, როგორსაც მიეკუთვნება მოცემული შემთხვევა, აუცილებელია მხედველობაში მიეღოთ სამხედრო ცხოვრების განსაკუთრებული ხასიათი და მისი გავლენა შეიარაღებული ძალების ცალკეულ წევრებზე.

სასამართლო თვლის, რომ საბერძნეთის ხელისუფლება უფლებამოსილი იყო მიეღო დაცვის გარკვეული ზომები ქვეშევრდომ მფრინავ-სამხედრო მოსამსახურეებზე ზეწოლის აღსაკვეთად, რომელსაც საკუთარი რელიგიური შეხედულებების გასავრცელებლად მათზე ახდენდნენ განმცხადებლები. ამასთან, მიღებული ზომები არ იყო განსაკუთრებულად მკაცრი და ატარებდა უფრო პრევენციულ, ვიდრე დამსჯელ ხასიათს, რადგან დადებული სასჯელი სისრულეში უნდა ყოფილიყო მოყვანილი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი ჩაიდენდნენ ახალ დანაშაულს მომდევნო სამი წლის განმავლობაში.

განმცხადებლები ამტკიცებდნენ, რომ მათ წინააღმდეგ მიღებულმა ზომებმა დაარღვია მათი სიტყვის თავისუფლება და ევროპული კონვენციის მე-10 მუხლი, რომლის თანახმად:

,,1. ყველას აქვს თავისი შეხედულების თავისუფალი გამოთქმის უფლება. ეს უფლება შეიცავს საკუთარი აზრისადმი მიმხრობას, სახელმწიფო ორგანოების მხრიდან ჩარევას გარეშე ინფორმაციისა და იდეების მიღებისა და გავრცელების უფლებას.”

თუმცა ევროპულმა სასამართლომ ჩათვალა, რომ ამ მუხლთან დაკავშირებით არ იდგა მისი ცალკე განხილვის აუცილებლობა.

განმცხადებლები ამტკიცებდნენ, რომ ისინი იყვნენ დისკრიმინაციის მსხვერპლნი კონვენციის მე-14 მუხლის დარღვევით, რომლითაც:

,,კონვენციაში ჩამოყალიბებული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობა უზრუნველყოფილია სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმომავლობის, ეროვნული უმცირესობებისადმი მიკუთვნების, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადების ან სხვა ნიშნების ნიადაგზე ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე.”

საბერძნეთის სახელმწიფოს აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.

ევროპული სასამართლოს შეფასებით, განმცხადებლებს არ წარუდგენიათ რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა რომ შეიარაღებული ძალების ოფიცერი, რომელიც შეეცდებოდა მოექცია თავისი ქვეშევრდომები მართლმადიდებლურ სარწმუნოებაზე ისეთივე მეთოდით, რომლითაც ხელმძღვანელობდნენ განმცხადებლები, განიცდიდა სხვანაირ მოპყრობას.

შესაბამისად, ევროპულმა სასამართლომ ზემოაღნიშნულ საქმეში დაადგინა, რომ არ ყოფილა კონვენციის მე-7 და მე-9 მუხლების დარღვევა მფრინავ ანტონიადისის, კოკალისის, კაფკასის მიმართ, კონვენციის მე-9 მუხლი დაირღვა მანდალარიდესისა და სარანდისის წინააღმდეგ მიღებულ ზომებში პროზელიტიზმისთვის სამოქალაქო პირთა მიმართ; ამასთან მოპასუხე სახელმწიფოს დაევალა მათთვის არამატერიალური ზარალისთვის 500 000 დრაჰმის გადახდა, ასევე, 6000 ფუნტი სტერლინგი გაწეული ხარჯებისთვის.

10 წმინდა ხუან დე ლა კრუსი

▲back to top


ანტონიო სიკარი
ეკა ჯანაშიას თაგმანი

1542 წელს, ლუთერის სიკვდილამდე ოთხი წლითა და ტრიდენტის კრების დაწყებამდე სამი წლით ადრე, პატარა კასტილიურ სოფელ ფონტივეროსში დაიბადა ხუან დე იეპესი. მისი ცხოვრება და მოღვაწეობა გახდა ცოცხალი პასუხი (ცხადია, არა ერთადერთი, მაგრამ ყველაზე ღრმა და გადამწყვეტი), რომელიც უფალს სურდა ხალხისთვის გაეცა მე-16 საუკუნის მეორე ნახევრის არეულ და რთულ პერიოდში. მას უწოდებდნენ ,,მისტიკურ მასწავლებელს” და ამ ადამიანმა მართლაც შექმნა მისტიკური პოეზიის ყველაზე ამაღლებული ნიმუშები ესპანურ (და არა მხოლოდ) ლიტერატურაში.

ჩვენ ,,ღრმა” პასუხი ვახსენეთ და მართლაც, ამ წმინდანის ცხოვრების აღწერისა და მისი ნაწარმოებების კითხვისას ძნელია დაინახო, რომ მისი დროის ეკლესია მოცული იყო რეფორმაციის თუ სხვა რამ კრიზისებით.Mმის თხზულებებში მინიშნებაც კი არაა იმაზე, რომ საფრანგეთში სასტიკი რელიგიური ომები მიმდინარეობს, რომ ევროპელები ცეცხლითა და მახვილით იპყრობენ ახალ მიწებს, რომ ესპანეთში მძვინვარებს ინკვიზიცია. ამ თხზულებებში თითქმის არ ასახულა ტრიდენტის კრებაზე და მის შემდეგ მიმდინარე ცხოველი კამათი მონასტრებისა და ღვთისმსახურთა რეფორმირების შესახებ - ყველაფერი ის, რაზედაც ცრემლებს ღვრიდა ტერეზა ავილელი, რომელიც ხუან დე ლა კრუსზე ლამის 30 წლით უფროსი იყო და რომელმაც ეს ახალგაზრდა ბერი თავის პირველ თანამებრძოლად და თანამოაზრედ აირჩია კარმელიტების ძველი ორდენის რეფორმირების საქმეში.

ხუან დე იეპესი, მოგვიანებით სახელდებული ,,დე ლა კრუსად”, თითქოს სხვა სამყაროში ცხოვრობს: მან იპოვა საკუთარი თავი ყოველდღიურ ცხოვრებაში, პირველყოვლისა ღარიბი ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაში, (მოსწონდა მონასტრების მშენებლობაზე მუშაობა ქვის მთლელის შეგირდად). სულიერ ასპარეზზეც იპოვა საკუთარი თავი, რადგან თითქმის ყოველთვის ეჭირა ხან თემის წინამძღვრის, ხანაც ორდენის ახალი წევრების აღმზრდელის თანამდებობა. უპირველესად კი მან იპოვა საკუთარი თავი იმათი სულიერი წინამძღოლობის საქმეში, რომლებიც მიმართავდნენ მას და ითხოვდნენ უფლისკენ მოქცევას, ღვთის მთელი გულით სიყვარულის სწავლას.

მისი პიროვნებისა და მთელი მისი მოღვაწეობის გასაღებად შემოგთავაზებთ საღვთო წერილს - ეს გაცილებით არსებითი და ღირებული ათვლის წერტილია, ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს.

ყველა ქრისტიანმა იცის, რომ ბიბლიაში კაცთა მოდგმის ხსნის ისტორიაა მოთხრობილი. სხვა სიტყვებით, ეს არის ბედნიერი სიყვარულის ისტორია, რომლით განმსჭვალულმა ღმერთმა ადამიანი თავის ხატად და მსგავსად შექმნა. ეს არის ისტორიები გულმოწყალე სიყვარულისა, რომლითაც ღმერთი დადაბლდა თავის დაცემულ ქმნილებამდე და აღადგინა მასთან აღთქმა (თავიდან თავის რამდენიმე მეგობართან - აბრაამთან, პატრიარქებთან, მოსესთან, შემდეგ კი მთელ ხალხთან); ეს არის ისტორია ღმერთის ძის, კაცობრიობის მაცხოვრისა, რომლის ჯვარცმითა და მკვდრეთით აღდგომით უნდა იქცეს მთელი კაცობრიობა მისივე სასძლოდ - ეკლესიად, რომელიც ჯვარცმული უფლის ნეკნიდან გადმოსული წყლისგან დაიბადა და რომლის დანიშნულებაა განუწყვეტელი განმტკიცება იესოსთან ცოლქმრული სიყვარულის მსგავსად.

0x01 graphic

წმ. ხუან დე ლაკრუსი. გრავიურა წიგნიდან. 1635 წ.

ამიტომაც მთელი წმინდა წერილის ისტორია განმსჭვალულია ცოლქმრული სიყვარულის სიმბოლიკით, უფრო რეალურით, ვიდრე თავად რეალობაა, და ამიტომაც ქრისტიანობაში ქალისა და მამაკაცის სიყვარული ხდება საიდუმლო, ცოცხალი ნიშანი, ხორცშესხმული სიმბოლო სხვა უფრო დიადი სიყვარულისა.

ამის შესახებ ამბობს ქრისტიანული სარწმუნოება: ,,ღმერთი სიყვარულია. ვინც სიყვარულში სუფევს, ის ღმერთში სუფევს და მასში სუფევს ღმერთი”.

რას ვპოულობთ მრავალრიცხოვან ბიბლიურ წიგნებში? ქმნილების ღმერთთან ურთიერთობის ისტორიას. ისტორიას, რომელშიც აღბეჭდილია ადამიანური ცხოვრების ყველა მოვლენა: დაბადება და სიკვდილი, წარმატება და მარცხი, მშვიდობა და ომი, მწუხარება და სიხარული, ცოდვა და გამოსყიდვა, შენება და ნგრევა. ბიბლიაში არის ეს ყველაფერი და მისი მთავარი მოქმედი გმირები სრულად განსხვავებული ადამიანები არიან: მეფენი და წინასწარმეტყველნი, მეომარნი და ბრძენნი, მდიდარნი და ღარიბნი, მართალნი და ცოდვილნი, ყველასაგან გამორჩეული და სრულიად ჩვეულებრივი ადამიანები.

მაგრამ უნდა ითქვას, რომ საღვთო წერილის ყველა წიგნს შორის არის ერთი განსაკუთრებული, ყველაზე გამორჩეული, შინაარსით უნიკალური, რომელიც მისი გულის მსგავსია: მასში არის ახსნა და ცხოველმყოფელი წყარო ყველა სხვა წიგნებისა, ყველა სხვა მოვლენებისა - ეს არის ,,ქებათა ქება”.

რას იპოვის ამ წიგნის ყურადღებიანი მკითხველი? გრძელ, ბრწყინვალე პოემას სიყვარულზე: ეს შეიძლება იყოს მართალი მოთხრობა ყმაწვილ მიჯნურთა წყვილზე, შეიძლება იყოს რჩეული ერისადმი იაჰვეს უსაზღვრო სიყვარულის სიმბოლური პოემა, შეიძლება იყოს წინასწარმეტყველება უფლის ძის ხორცშესხმის შესახებ.

როგორც არ უნდა იყოს მისი შინაარსი, ,,ქებათა ქება” ჩვენი ბიბლიის შემადგენელი ნაწილია და როგორც ძველ, ისე ახალ აღთქმას სრულიად ასხივოსნებს. ნათელს ფენს მთელს ბიბლიასა და მის მშვენიერებაში პოულობს პასუხსა და ნუგეშს ნებისმიერი ტრაგედია.

რაღაც მსგავსი - გაცილებით უფრო ,,მსგავსი”, ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს - მოითხოვა ღმერთმა ხუან დე ლა კრუსისგან ეკლესიის ისტორიისთვის ჭეშმარიტად გადამწყვეტ მომენტში: მან მოითხოვა ბერისგან ,,ქებათა ქების” გაგრძელება და, უფრო მეტიც, გადაფასება. მაგრამ იმისათვის, რომ მას ახლებურად წაეკითხა ბიბლია, უფალმა აიძულა იგი თავად განეცადა ეს პოემა საკუთარი არაჩვეულებრივი ცხოვრების გამოცდილებით, რომელიც თვითონ იყო იესო ქრისტეს მიბაძვა, მის სიყვარულთა თანაზიარი.

არსებითი უკვე ითქვა. მხოლოდ ისღა დაგვრჩენია, მივყვეთ ხუან დე ლა კრუსის ცხოვრების ისტორიას. ჩვეულებრივ, მისი ბიოგრაფები არ აქცევენ ყურადღებას იმ მინიშნებას, რომელიც ჩადებული იყო ამ დიდი მისტიკოსის დაბადებაში.

როდესაც დანტემ გადაწყვიტა დაეწერა საკაცობრიო მნიშვნელობის მარადიული პოემა, მან გმირული არჩევანი გააკეთა: პოემა მშობლიურ ენაზე შექმნა. არადა იმ დროის ტრადიციით პოემა უნდა დაეწერა ლათინურ ენაზე, რომელიც ,,მარადიულ, შეურყვნელ” ენად ითვლებოდა. თუმცა დანტემ დიადი საქმე წამოიწყო - თავისი ცხოვრებისეული გამოცდილება ხალხურ ენაზე გადმოსცა და საკუთარი არჩევანი ასე ახსნა:

,,ჩემი ძვირფასი მშობლიური ენა ამ ენაზე მოლაპარაკე ჩემი მშობლების კავშირის ერთ-ერთი ელემენტი იყო და როგორც ცეცხლი ავარვარებს რკინას მჭედლისათვის, რომელიც შემდეგ ამ რკინისგან დანას ჭედავს, ასევე მშობლიური ენა იყო თანამონაწილე ჩემი დაბადებისა და არის თანამონაწილე ჩემი არსებობისა”

რაღაც მსგავსი უნდა ვთქვათ სასიყვარულო პოეზიის ენის შესახებაც - რომელიც ასევე ერთადერთია თავისი არსით და რომელიც გახდება თავმდაბალი, მორჩილი, შეუმჩნეველი, საკუთარი ხორცის უკიდურესობამდე დამთრგუნველი ბერის ენა. ,,ქებათა ქება”, რომელიც ხუან დე ლა კრუსმა ბერული მოღვაწეობისას გააგრძელა, დედისეულ სახლში დაიწყო.

დედისეულში იმიტომ, რომ მამამისს ჩამოართვეს შვილებისათვის სახლის მიცემის უფლება.

ხუანის მამა გონზალო დე იეპესი ქალაქ ტოლედოს წარჩინებული გვარის შთამომავალი იყო. იგი იმ დროს ფრიად შემოსავლიან საქმეს, აბრეშუმით ვაჭრობას მისდევდა. საქმიანი მოგზაურობისას მან ახალგაზრდა, ლამაზი, ობოლი და ღარიბი ფეიქარი კატალინა ალვარესი გაიცნო. გონზალო იეპესს შეუყვარდა ახალგაზრდა ქალი და მიუხედავად მშობლების კატეგორიული წინააღმდეგობისა, ცოლად შეირთო, რის გამოც მშობლებმა მას მემკვიდრეობა ჩამოართვეს. ასე გახდა გონზალო ისეთივე ღარიბი, როგორიც მისი მეუღლე იყო და კატალინას მოუწია ქმრის შეფარება საკუთარ ღარიბულ სახლში. მანვე ასწავლა გონზალოს ხელობა.

შეეძინათ სამი შვილი. საშინელი სიღატაკის მიუხედავად, ოჯახში გასაოცარი სიყვარული და სიმშვიდე სუფევდა.

ხუანის დაბადებიდან ძალიან მალე მამამისი მძიმედ დაავადდა. მისმა ორწლიანმა ავადმყოფობამ შეიწირა ოჯახის უკანასკნელი დანაზოგი.

დაქვრივების შემდეგ კატალინას სამი შვილის გამოსაკვები სახსარიც კი არ გააჩნდა. იგი ძუძუმწოვარა ხუანით ხელში, ორ პატარა შვილთან ერთად ფეხით წავიდა ტოლედოში, რათა ქმრის მდიდარი ოჯახისთვის დახმარება ეთხოვა, თუმცა უშედეგოდ. არაფერი მისცეს. გაუბედურებულ ოჯახს კვლავ უჭირდა, ამიტომაც დაიწყეს ხეტიალი დიდ ქალაქებში, სადაც უფრო ადვილი იყო დახმარების მიღება.

კატალინას უფროსი ვაჟი ფრანსისკო ამ ხეტიალში გაიზარდა და უკვე თავად ეხმარებოდა ოჯახს, მეორე ვაჟმა - ლუისმა ვერ გაუძლო ღატაკ ცხოვრებას, უქონლობას და გარდაიცვალა, ხოლო ხუანი ობოლთა თავშესაფარში გაგზავნეს, სადაც იგი თან სწავლობდა და თან მადინე დელ კამპოში, ათაშანგით დაავადებულთა კლინიკაში მსახურობდა.

ბოლოს და ბოლოს, უბედური ოჯახის საქმეები გამოსწორდა და მათ უმალ დაიწყეს იმ ადამიანების დახმარება, რომლებსაც მათზე მეტად უჭირდათ - იშვილეს მიტოვებული ბავშვი და მას სიკვდილამდე უვლიდნენ.

ჩვენი მოთხრობა მოკლეა და არასრული, მაგრამ უნდა ვცადოთ და მცირედ მაინც შვიგრძნოთ ის უჩვეულო ატმოსფერო, რომლითაც პატარა ხუანი სუნთქავდა: ეს იყო შინაგანი სიმდიდრით და გარეგნული სიღარიბით, სიყვარულითა და ტანჯვით გაჟღენთილი ატმოსფერო, რომელშიც სიმდიდრე და სიღარიბე, სიყვარული და ტანჯვა სამუდამოდ დაუკავშირდა ერთმანეთს.

და ეს სამართლიანია არა მხოლოდ ხუანისთვის, არამედ მისი უფროსი ძმის, ფრანსისკოსათვისაც, რომელიც ხუანს მთელი ცხოვრება ,,ამქვეყნად ყველაზე მეტად” უყვარდა და რომელიც ღრმა სიბერეში, 77 წლისა გარდაიცვალა და ისიც წმინდანად შეირაცხა, თუმცა ნაკლებად ცნობილია.

გამოჩენილი ლიტერატურული კრიტიკოსი დამაზო ალონზო, ხუან დე ლა კრუსის პოეზიის კომენტირებისას საკუთარ თავს ეკითხებოდა - შეძლებდა კი პოეტი განუმეორებელი ენისა და ესოდენ ფაქიზი წარმოსახვის ფლობას, თუკი ახალგაზრდობის წლებში არ განიცდიდა ,,ყმაწვილი ქალის მშვენიერ თვალთა” განმგმირავ ძალას? აქ აშკარაა პოეტის მისტიკურ ეგზალტაციაში მიწიერ განცდათა გამოძახილის ძიება. მაგრამ იქნებ კრიტიკოსს დაავიწყდა, რომ ხუან დე ლა კრუსის ბიოგრაფიაში, შესაბამისი გამოცდილება საკუთარი ოჯახის დაბადების ისტორიაა - ,,ქებათა ქებიდან” რაღაც განმეორდა მის ბავშვობაში და მისი ,,მშობლიური ენის” ნაწილი გახდა.

როდესაც ხუანს 21 წელი შეუსრულდა, მის მიერ განცდილი სიყვარულის, სიღარიბისა და სიბრძნის გამოცდილება გარდაისახა მოწოდებად, გამხდარიყო კარმელიტი მოწესე: კარმელის ღვთისმშობლისთვის მიეპყრო მზერა და მთელი ძალები შეელია ღვთის განჭვრეტის, ლოცვისა და ხორცის დათრგუნვისთვის.

მონასტერში მიღებული აღზრდიდან მის ცხოვრებაზე დიდი გავლენა მოახდინა ორდენის სულიერი განაწესის ერთმა მოთხოვნამ: ,,თუ გინდა შეიმოსო სიყვარულით და მიაღწიო შენი გზის მიზანს, რათა დარწყულდე ჭვრეტის წყაროდან..., უნდა მოერიდო არა მხოლოდ იმას, რაც აკრძალულია, არამედ ყველაფერ იმასაც, რაც ხელს გიშლის, გიყვარდეს უფრო მგზნებარედ”.

ამრიგად, ხუანს დაუდგა მოწესეობისა და სალმანიკას სახელგანთქმულ უნივერსიტეტში ფილოსოფიისა და ღვთისმეტყველების სწავლის წლები. სწავლა სიხარულს ანიჭებდა. ხუანი დაჯილდოებული იყო გამჭრიახი გონებითა და მტკიცე ლოგიკით, ხოლო ლოცვა და ასკეტიზმი ხელს უწყობდა სულიერ და ფიზიკურ სრულყოფას (საცხოვრებლად პატარა ბნელი სენაკი მხოლოდ იმის გამო აირჩია, რომ მისი ერთადერთი ფანჯრიდან მოჩანდა კლიროსი და იქ დიდ დროს ატარებდა შემოქმედის ჭვრეტაში ჩაღრმავებული).

თუმცა ძნელი იყო უნივერსიტეტის მოჭარბებულად ხმაურიანი ცხოვრების შეთავსება სიყვარულის მისტიკურ გამოცდილებასთან და ჯვართან, რითაც, ღვთის ნებით, აღბეჭდილი იყო ხუანის დაბადება.

სამღვდელო ხარისხის მიღებამდე ცოტა ხნით ადრე მან ლამის ორდენიც კი შეიცვალა, ვინაიდან მივიდა დასკვნამდე, რომ მისი მოწოდება უფრო მეტად სრული განდეგილობა და მჭვრეტელობაა, მაგრამ სწორედ მაშინ გაიცნო ტერეზა ავილელი. 1567 წელი იდგა.

უჩვეულო პიროვნული ავტორიტეტით დაჯილდოებული კარმელიტი მოწესე ქალი მასზე 30 წლით უფროსი იყო. ზურგს უკან ძიების ხანგრძლივი და მტანჯველი წლები ჰქონდა. მისი სული მხოლოდ მას შემდეგ დამშვიდდა, რაც რამდენიმე წლის წინ კარმელიტების დედათა მონასტრების რეფორმირება დაიწყო და სურვილი ჰქონდა ეს მონასტრები ,,დედამიწის პატარა სამოთხეებად” ექცია, სადაც იცხოვრებდა ,,კეთილ ადამიანთა საზოგადოება” ანუ ისინი, რომლებიც უკვე ამ სოფლად ცდილობენ ღვთის განჭვრეტას ხალასი რწმენის თვალით.

ტერეზას სურდა, მის რეფორმას მოეცვა ორდენის მამათა შტოც, უფრო მეტიც, მიიჩნევდა, რომ ეს კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე დედათა შტოს რეფორმა, ვინაიდან მამაკაცებს შეეძლოთ მჭვრეტელობისა და მისიონერობის გაერთიანება.

ხუანი დათანხმდა, ყოფილიყო მისი თანამებრძოლი და გაეზიარებინა მისი ბედი: ის გაემგზავრა სალამანკაში, რათა დაესრულებინა სწავლა და მიეღო ხელდასხმა. ამასობაში კი ტერეზამ დაიწყო პატარა მონასტრის ძებნა, სადაც პირველი რეფორმირებული კარმელიტები იცხოვრებდნენ.

მან საკუთარი ხელით გამოჭრა და შეუკერა ხუან დე ლა კრუსს უხეში შალის ღარიბული ბერული კაბა.

ახალი ცხოვრება დაიწყო დურველში. ეს ისეთი მიყრუებული სოფელი იყო, რომ ტერეზამ პირველ ჯერზე მთელი დღე მოანდომა მის ძებნას.

მონასტრად გადააკეთეს ძველი ნაგებობა: სხვენზე, სადაც მხოლოდ თავდახრილი შეიძლებოდა დგომა, მოაწყვეს გუნდის ადგილი, შემოსასვლელში კი კაპელა. გუნდის ადგილის კუთხეებში მოაწყვეს ორი სენაკი, ვიწრო და დაბალჭერიანი. პატარა თანაბარ ნაწილებად გაყოფილი სამზარეულო იმავდროულად სატრაპეზოს დანიშნულებასაც ასრულებდა. კედლებზე ყველგან ხის ჯვრები და ქაღალდის გამოსახულებები ეკიდა.

მამა ხუანმა მონასტრის წინ მოედანზე დადგა დიდი ჯვარი, რომლის ხილვაც შორიდანვე შეეძლო ყველას. ახალ მონასტერში განმარტოებულნი ეწეოდნენ არაჩვეულებრივად მკაცრ ცხოვრებას. მონასტრიდან ისინი მეზობელ სოფლებში გადიოდნენ - უქადაგებდნენ და აზიარებდნენ ყოველგვარ სულიერ საზრდოს მოწყვეტილ გლეხებს.

მონასტრის სანახავად ჩამოსული ტერეზა ღრმად იყო შეძრული. მისი სიტყვებით, ეს ახალი ადგილი მას ,,ბეთლემის წინკარად” მოეჩვენა.

ხუანმა - ამჯერად უკვე საკუთარი თავისუფალი ნებით - კვლავ ააღორძინა თავის გარშემო საკუთარი ბავშვობის ატმოსფერო, სადაც სიყვარული ერწყმოდა ნებაყოფლობით არჩეულ ტანჯვასა და სიღარიბეს. მისი მონასტრული ცხოვრება ისე ეხმიანებოდა მის ბავშვობას, რომ რამდენიმე ხნით თავისთან საცხოვრებლად საკუთარი ოჯახიც იხმო: ვიდრე ძმები ქადაგებდნენ, დედამისი კატალინა საძმოს წევრებისთვის ამზადებდა უბრალო საჭმელს, ძმა ფრანცისკო ალაგებდა ოთახებს და ლოგინებს, ხოლო ძმის ცოლი ანა რეცხავდა თეთრეულს.

ასე იშვა კარმელის მთის რეფორმირებული მონასტერი, რომელიც ჩაიფიქრა და რომლის შექმნაც სურდა წმინდა ტერეზას, ხოლო საძმოს ცხოვრების გამოცდილება ისეთი ღრმა და მდიდარი იყო, რომ არჩეული გზისადმი ერთგულება სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნეს.

1577 წლის დასასრული ახლოვდებოდა. თითქმის ხუთი წელი იყო გასული, რაც ხუან დე ლა კრუსი ავილაში ცხოვრობდა. წმინდა ტერეზამ, რომელიც მისი ნების წინააღმდეგ კარმელიტთა დიდი, არარეფორმირებული დედათა მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა, თავისთან იხმო ხუან დე ლა კრუსი და მოწესეთა სულიერი აღზრდის საქმე ჩააბარა. ისინი ერთად მუშაობდნენ და მშფოთვარე მონასტერი, სადაც 130 მონაზონი ცხოვრობდა, ნელ-ნელა ხდებოდა ისეთი, როგორიც უნდოდათ რომ ყოფილიყო - ლოცვისა და სიყვარულის სავანე. მაგრამ ორი უდიდესი რეფორმატორის ერთობამ მოამწიფა იმათი უკმაყოფილება, რომლებიც მათ უნაყოფო ავანტიურისტებად მიიჩნევდნენ.

იმ დროს საეკლესიო იერარქია იყო არამდგრადი და წინააღმდეგობრივი: იყო პაპის სახელით მოქმედი ლეგატი, მაგრამ ასევე იყო ორდენის გენერლის წარმომადგენელიც, რომლის ძალაუფლებასაც ასევე ცნობდა წმინდა საყდარი. ამათ გარდა იყვნენ ესპანეთის მეფის, ფილიპე მეორის მრჩევლები და წარმომადგენლები, რომლებიც ასევე მოქმედებდნენ რომაული ჩვეულების თანახმად და რომიდან მიღებული უფლებამოსილებით. გარკვეული დროიდან უკვე შეუძლებელი გახდა გარკვევა, ვის უნდა გაეცა ბრძანებები და ვინ და როგორ უნდა დამორჩილებოდა მათ.

როგორც არ უნდა იყოს, ორდენის გენერლის წარმომადგენელმა, რომელსაც დაუყოვნებლივ დაემორჩილნენ მოუთმენელი ხელქვეითები, გასცა ბრძანება - დაეპატიმრებინათ და ციხეში ჩაეგდოთ ხუან დე ლა კრუსი.

იმ დროს ეკლესიის ცხოვრებაც ისე იყო მოწყობილი, როგორც სამეფოსი და მონასტრებშიც არსებობდა დილეგი ურჩი ძმებისთვის.

თუმცა ხუანს უჩვეულო სისასტიკით სწორედ ორდენის ძმები მოექცნენ და არა მეფის მოხელეები: გათოკეს, მერე კი ისევე შეურაცხყვეს, როგორც დატუსაღებული ქრისტე და წაიყვანეს ტოლედოში, სადაც ტახოს ნაპირებზე აღმართული იყო დიდი მონასტერი. ხუანი ჩააგდეს პატარა, კედელში ამოტეხილ საკუჭნაოში, რომელიც ხანდახან საპირფარეშო ორმოს მაგივრობას სწევდა და სანამდე არასდროს წვდებოდა მზის შუქი. მხოლოდ ვიწრო, სამი თითის სიგანის ღრიჭოდან მოჩანდა მეზობელი შენობა და მხოლოდ შუადღისას შეეძლო ხუანს წაეკითხა თავისი ჟამნი - ერთადერთი ნივთი, რომელიც დაუტოვეს.

იქ მან თითქმის ცხრა თვე პურზე და წყალზე გაატარა (ხანდახან ერთ ან ნახევარ სარდინას თუ აძლევდნენ), ერთსა და იმავე ტანსაცმელში, რომელიც ტანზე ალპებოდა და გარეცხვა კი არ შეეძლო. ყოველ პარასკევს მას წკეპლავდნენ მთავარ სატრაპეზოში, ისე ძლიერად, რომ იარები რამდენიმე წლის შემდეგაც არ შეხორცდა. აბრალებდნენ, რეფორმისთვის მხოლოდ იმიტომ იბრძვის, რომ სურს ძალაუფლება, უნდა, რომ მას ეთაყვანებოდნენ, როგორც წმინდანს. მას ტანჯავდნენ ტილები და წვავდა ციება.

წმინდა ტერეზამ, რომელმაც მომხდარის შესახებ ყველაფერი იცოდა, ფილიპე მეორეს მისწერა საშინელი სიტყვები:

,,ფეხსაცმლიანებს (არარეფორმირებული კარმელიტები), როგორც ეტყობა, არაფრისა ეშინიათ, არც კანონის და არც ღმერთის. მე მთრგუნავს ის აზრი, რომ ჩვენი მამები ამათ ხელში არიან... მერჩივნა, მავრების ხელში ჩავარდნილიყვნენ, ისინი შესაძლოა უფრო გულმოწყალენი ყოფილიყვნენ მათდამი...”

და აი მოხდა სასწაული: გაიხსნა ხუან დე ლა კრუსის ღრმა, პირადი მოწოდება. ღმერთმა მას ანდო მის თანამედროვე ეკლესიაში ,,ქებათა ქების” ცოცხალი კომენტირება.

შემზარავ წყვდიადში, ტყვეობის ღრმა უკუნში მყოფი ხუან დე ლა კრუსის გულიდან იბადებიან მხურვალე, სინათლით აღსავსე ლექსები სიყვარულზე. მათში გამოყენებულია ბიბლიური სახეები, მაგრამ სტილითა და ფორმით ისინი იმ დროის პოეზიას მიეკუთვნებიან.

ლექსებს ის გონებაში თხზავს და ქმნის სახეებით, სიმბოლოებით, გრძნობებით არაჩვეულებრივად მდიდარ სამყაროს: სამყაროს, სადაც სილამაზე წარმოჩინდება როგორც ქრისტეს მაძიებელი სულის ძახილი.

ღამე - საშინელი წყვდიადი ტყვეობაში, რომელიც ცდილობს შთანთქას საბრალო, ღონემიხდილი და დევნილი ბერის სული (მას აწვდიდნენ ცრუ ცნობებს, რათა დაერწმუნებინათ, რომ ყველაფერი დაკარგულია და დაწყებული საქმე დაიღუპა), - იქცა იმის პირობად, რომ შედგომოდა უფლის გამოცხადებისკენ მიმავალ გზას და უკან მოეტოვებინა ყველაფერი, რასაც შეეძლო დიადი წამოწყებისაგან მისი დაშორება.

ეს ,,მთელი სამყაროს დიადი მარტოობაა”, ღრმა მდუმარება, რომელშიც ისმის, როგორ მოედინება ღვთისაგან გადმოდენილი მაცოცხლებელი წყლის წყაროები და ეს დინება არის რეალობა - ,,თუნდაც უკუნი ღამე იყოს”. წყვდიადში, ,,თუნდაც უკუნი ღამე იყოს”, ადამიანმა იცის, რომ წყლისა და მიწის წყურვილს დაიოკებს, რომ კამკამა წყალი არასდროს აიმღვრევა და რომ ის, ბოლოს და ბოლოს, ყველა ქმნილებას დაარწყულებს, თუნდაც ,,ახლა უკუნი ღამე იყოს”

ღამეა: ღამე, როდესაც ყველას ძინავს, ტყვე კი ცდილობს გაიქცეს, მიუხედავად უფსკრულის საფრთხისა (ისევე, როგორც თავად ხუან დე ლა კრუსი კინაღამ დაიმტვრა, როდესაც ფანჯრიდან გადავარდა ტახოს ქვიან სანაპიროზე); ღამეა, როცა ,,ვერავინ გხედავს” და ვერც შენ ხედავ ვერავის, მაგრამ გულში ანთია გზის მანათობელი შუქურა, რომელიც გინათებს იმაზე უკეთ, ვიდრე ,,შუადღის მზე”.

ამ უსაშინლესი თვეების განმავლობაში, სატუსაღოს ჯურღმულის წყვდიადში, ხუან დე ლა კრუსი ღმერთის გამოცხადების ბიბლიურ სამყაროში თავის გზას იწყებს ისე, თითქოს ღმერთმა ღვთაებრივი მადლის ძალით გადაიყვანა იქ და ბიბლიის ერთ-ერთი მთავარი გმირი გახადა.

იგი, მეფსალმუნის მსგავსად, თავს ბაბილონის მდინრეებზე მჯდომ დევნილად გრძნობს, სადაც მისგან ყველა სამხიარულო ჰანგებს მოითხოვს, მას კი აღარ შეუძლია სიმღერა.

,,ბაბილონის მდინარეების ჭვრეტისას ვიჯექი და ვტიროდი, ცრემლებით მიწას ვალბობდი შენს გახსენებაზე, ჩემო მშობლიურო სიონ, ჩემო ძლიერო სიყვარულო”.

ხუანი, დევნილებაში მყოფი და მგლოვიარე, ასევე იხსენებს თავის სამშობლოს, მაგრამ ძველი აღთქმის ჰიმნებში მისთვის ისმის ქრისტეს აღდგომის უწყება:

,,სიყვარულმა დაჰკოდა და განგმირა ჩემი გული. ვთხოვე სიყვარულს, მოვეკალი, რადგან ასე ღრმაა მისგან ჭრილობა. ვუბრძანე ცეცხლს, მომდებოდა, რადგან ასე მწველია იგი. საკუთარ თავში ვკვდებოდი და მხოლოდ შენში შემეძლო სუნთქვა. ისევ და ისევ შენთვის ვკვდებოდი და შენთვის აღვსდგებოდი მკვდრეთით. ერთი შენი მოწოდებაც კმაროდა სიცოცხლის დასაკარგად და მოსაპოვებლად”.

ნათელი ხილვებისათვის მოწოდებული უბედური ტყვე თხზავს რომანსებსაც, რომელთა ოდნავ მონოტონური რიტმი იმის დადასტურებაა, თუ რა რთული იყო ლექსების ზეპირად დამახსოვრება. რომანსის ფორმას აძლევს ხუანი იოანეს სახარების დასაწყისს: ,,პირველად იყო სიტყვა”, წარმოადგენს მას მამასა და ძეს შორის სიყვარულით აღსავსე დიალოგად და აქსოვს მას ქრისტეს შობის მოთხრობაში.

სახარების ისტორია წარმოდგენილია, როგორც მამის მიერ მოწყობილი საქორწინო დღესასწაული, რომელიც შვილს უძღვნის თავის ქმნილებას, და როგორც ძის საქორწინო საჩუქარი, რომელიც აძლევს საკუთარ სხეულს მსხვერპლად, რათა გამოისყიდოს ქმნილება და დაუბრუნოს მამას. ამ დღესასწაულის ცენტრშია მარიამი (მას ეძღვნება რომანსის ბოლო სიტყვები): მარიამი გაოცებით აკვირდება რაღაც სასწაულებრივსა და არნახულს: ბავშვად გადაქცეული ღმერთი ტირის ადამიანური ცრემლებით, ადამიანის სული კი ღვთაებრივ სიხარულს განიცდის.

ხუან დე ლა კრუსის ლექსებიდან საუკეთესოა ცნობილი ,,სულიერი ქება”, რომლის სოლომონის ,,ქებასთან” შედარებისა თვით ავტორსაც არ ეშინოდა და აღიარებდა, რომ ლექსი სულიწმინდის შთაგონებით დაწერა, ვინაიდან სხვაგვარად ვერ შეძლებდა, ბიბლიური ტექსტის განმარტებას, იმდენად მდიდარია ამ ლექსის სტროფები ,,მისტიკური სიბრძნით”:

,,ვინ აღწერს, რისი შეგრძნების უნარს ანიჭებს იგი შეყვარებულ სულებს, რომლებშიც სუფევს? ვინ შეძლებს სიტყვებით იმის გამოხატვას, რისი განცდის უნარს ანიჭებს იგი? და სურვილებს, რომელსაც აღძრავს? უეჭველია, არავის შეუძლია ეს. იმასაც კი, რომლის თავსაც ეს ყველაფერი ხდება”.

ხუანი, მისივე სიტყვებით, გახდა ერთ-ერთი იმათგანი, ვინც ,,სულის სიდიადის გამო გასცემს ფარულ საიდუმლოს”. ფსიქოლოგიურადაც ძნელი ასახსნელია, როგორ შეუძლია დილეგში გამომწყვდეულ და ფიზიკური უძლურების უკიდურეს ზღვარზე მყოფ ადამიანს, იპოვოს წყარო საკუთარ თავში სათავე ასეთი სუფთა, ნათელი, მგზნებარე, სიცოცხლით აღსავსე პოეზიისთვის, რომელიც ასე მდიდარია ყვავილებით, ხმებით, მოგონებებით, სურვილებით, ტანჯვით, მოუთმენელი მისწრაფებით. აი მხოლოდ რამდენიმე სტროფი:

0x01 graphic

წმ. ხუან დე ლა კრუსი, ჯვარცმა. დაახ. 1577 წ. ავილა, მონასტერი დე ლა ინკარნასიონ.

- ,,ჰოი, ბროლივით სუფთა წყაროვ, უცაბედად მაინც დამანახა შენს ვერცხლისფერ შხეფებში სასურველი თვალები, რომელთა ხატი ჩემს გულში ღრმადაა აღბეჭდილი!”.

- ,,ჩემი სატრფო ჰგავს ბორცვებს, უღრანი ტყეებით შემოსილ უკაცურ ველებს, ტრიალ მინდვრებს, მოჩუხჩუხე ნაკადულებს, ნიავის ნაზ ქროლვას... დასვენებულ ღამეს, როდესაც ის ცისკრის ნათლისკენ იხრება, უდაბნოში აჟღერებულ დახშულ მუსიკას, სიყვარულის განმამტკიცებელ და აღმძრავ ტრაპეზს”.

- ,,თუ ჩემს ხმას ვერ გაიგონებთ, თუ ჩემი ნახვა და პოვნა შეუძლებელი იქნება, თქვით, რომ გზა ამებნა, რომ სიყვარულით ვარ შეპყრობილი და ხეტიალში ვისურვე დაღუპვა”.

ეს არის მოტრფიალე სულის სიმღერა, რომელიც თითქმის იჭერს და აგრძელებს - ახალ აღთქმასა და ეკლესიურ სახეებში - ,,ქებათა ქებას”, ამავე დროს შეიცავს იმ მრავალრიცხოვანი კომენტარების გამოძახილსაც, რომლებიც ეკლესიის მამებმა ამ ბრწყინვალე და საიდუმლოებით მოცულ წიგნს მიუძღვნეს.

როდესაც ცხრა თვის შემდეგ ამაღლების დღესასწაულის წინა ღამეს ხუან დე ლა კრუსმა მოახერხა ციხიდან გაქცევა, მიუხედავად ტახოს ქვიან ნაპირზე დავარდნის დიდი საფრთხისა, მან თავშესაფარი იპოვა ტოლედოში კარმელიტთა ორდენის დედათა სავანეში, შემდეგ კი ბეასეს მონასტერში.

როდესაც იგი მისაღებში შევიდა, მონაზვნები შეძრწუნდნენ მისი ხილვით. ისინი ამბობდნენ: ,,ის მკვდარს ჰგავდა - მხოლოდ ძვალი და ტყავი დარჩენოდა და ისეთი ნაწამები იყო, რომ ხმას ვერ იღებდა. ფერმიხდილი და გამოფიტული იყო, როგორც მიცვალებული. რამდენიმე დღე საკუთარ თავში ჩაკეტილმა გაატარა და საოცრად ცოტას ლაპარაკობდა”.

მის გასამხნევებლად და მტანჯველი დუმილის დასარღვევად მონასტრის წინამძღვარმა ორ ახალგაზრდა მორჩილს უბრძანა ემღერათ საეკლესიო საგალობლების რამდენიმე სტროფი.

იგალობეს ერთი განდეგილის მიერ შეთხზული სევდიანი სიმღერა. მასში იყო სიტყვები: ,,ვისაც არ განუცდია მწუხარება ამ ცრემლით აღსავსე ცხოვრებაში, არასოდეს შეუგრძნია მადლი და არასოდეს შეუგრძნია სიყვარული, რადგან მწუხარება შეყვარებულთა სამოსელია”.

და აი რას ყვება მომხდარის შესახებ ორი ახალგაზრდა მონაზონი:

,,მისი მწუხარება იმდენად დიდი იყო, რომ მის თვალთაგან უხვად წამოსული ცრემლები სახეზე ნიაღვრად ჩამოსდიოდა. ერთი ხელით ის გისოსს დაეყრდნო, მეორეთი კი გვანიშნებდა, სიმღერა შეწყვიტეთო”.

მაგრამ ყველაზე მეტად ისინი იმან გააკვირვა, რის გამოც ხუანი ტიროდა. მან უთხრა მორჩილებს: ,,ვწუხვარ იმის გამო, რომ ღმერთი ცოტა სატანჯველს მიგზავნის მისი სიყვარულის უფრო ღრმად შესაცნობად”.

მრავალი წლის შემდეგ, როდესაც იმავე წინამძღვარმა შეახსენა დილეგში გატარებული დრო, ხუანმა თავი გააქნია და ჩუმად უთხრა: ,,ანა, შვილო ჩემო, ყველა იმ კეთილისმყოფელი ნიჭის საზღაური, რომელიც ღმერთმა იქ გამომიგზავნა, არ შეიძლება მხოლოდ პატიმრობით, თუნდაც მრავალწლიანი პატიმრობით იყოს ანაზღაურებული”.

და ეს ,,მხოლოდ” ნიშნავს, რომ პატარა, დახუთული დილეგი მის ცნობიერებასა და მეხსიერებაში იქცა რაღაც შეუმჩნეველ და უმნიშვნელო რამედ იქ მომხდარ სასწაულთან შედარებით!

ტოლედოს პატიმრობის შემდეგ მან მხოლოდ 14 წელი იცოცხლა. ამ ხნის განმავლობაში იგი იყო მრავალი მონასტრის წინამძღვარი და სარგებლობდა საყოველთაო სიყვარულითა და პატივისცემით, თუმცა კი მაღალ იერარქებს ყოველთვის მეორე პლანზე ჰყავდათ.

ყველა, ვისაც ის უყვარდა, ადასტურებს ერთ თითქმის შეუძლებელ რამეს: ერთი მხრივ, ხუანი ეზიდებოდა ასკეტური ჯვრის მთელ სიმძიმეს, მეორე მხრივ, სადაც ის იმყოფებოდა, ცოცხლად და ცხადად იგრძნობოდა ქრისტეს აღდგომის მოზეიმე განწყობა - სინაზის, გულჩვილობის, გაგების ატმოსფერო. მას შესწევდა უნარი, მომხიბლავად და სასურველად ექცია ყველაზე მძიმე და მწარე გზაც კი.

,,შეყვარებული სული, - წერდა ხუანი, - არის სული ფაქიზი, რბილი, თავმდაბალი და მომთმენი”.

ამაშია ქმნილებასა და შემოქმედს შორის კავშირის საიდუმლო, მაგრამ ამ წმინდანის ცხოვრებისეული გამოცდილებისა და თხზულებებისადმი მიძღვნილ კვლევებში, სათანადო ყურადღება არ ექცეოდა და არ იყო კარგად გაგებული, რომ საუბარია არა მის ,,სისტემაზე”, არამედ მის მიერ აღდგომის საიდუმლოს ღრმა მისტიკურ განცდაზე: გოლგოთის (დილეგის) საიდუმლო, საიდანაც აღსდგა სიტყვა, როგორც შთაგონებული, ცხოველმყოფელი პოეზია.

ხუანი ყველას ასწავლის, რომ სიკვდილი შეიძლება ნიშნავდეს სიცოცხლეს, მაშინ, როცა ზოგჯერ სიცოცხლეს უწოდებენ იმას, რაც სინამდვილეში სიკვდილია.

ხუან დე ლა კრუსი ცნობილია იმით, რომ მიაღწია გარეგნულად ერთმანეთის საწინააღმდეგო ორ სიმაღლეს: უმაღლეს მშვენიერებას თავის პოეტურ ნაწარმოებებში და უმაღლეს ასკეტურ სიმკაცრეს საკუთარი პოეზიის კომენტარებში. თუმცა ამ გარეგნული წინააღმდეგობის გაგება და სწორად ახსნა შეიძლება მხოლოდ იმის განსჯით, თუ როგორ შეერწყა ეს ორი სამყარო ერთმანეთს ჯერ მის ბავშვობაში, შემდეგ კი - სიყმაწვილეში.

ამავე დროს ხუანი ძველებურად იზიდავდა მათ სულებს, რომლებსაც სურდათ საკუთარ თავზე შეეგრძნოთ და შეეთვისებინათ მისი მისტიკური გამოცდილება - ეკლესიის ქრისტეს სასძლოდ უშუალო და სულიერი აღქმა.

ტერეზას დაარსებულ მონასტრებს, რომლებიც მისი სულითა და სურვილის შესაბამისად ცხოვრობდნენ, რა თქმა უნდა, სურდათ ხუან დე ლა კრუსი საკუთარ წინამძღვრად ეხილათ. და შეიძლება ითქვას, რომ სწორედ მათ გამო დათანხმდა იგი, გამოემზეურებინა უჩვეულო და გასაოცარი მისტიკური გამოცდილება, საიდანაც იშვა მისი სულიერი წინამძღვრობა.

ამასვე ითხოვდნენ მისთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანები, და ამიტომაც მან მთელი დარჩენილი ცხოვრება მიუძღვნა მცდელობას, აეხსნა და განემარტა საკუთარი პოეტური სიტყვა. ამისათვის იყენებდა მთელ თავის ცოდნას, მათ შორის საღვთისმეტყველოსაც. ძალისხმევა არ დაუკლია, რათა გადმოეცა საკუთარი ლექსების თეოლოგიური, ფილოსოფიური, ფსიქოლოგიური ანალიზი (ხუანი კი უჩვეულო ლოგიკური გონებით იყო დაჯილდოებული), ცდილობდა აეხსნა ის, რისი გამოხატვაც შეუძლებელია.

ასე დათანხმდა იგი - ქრისტეს სასძლოს სიყვარულით - გაეღარიბებინა საკუთარი უხრწნელი პოეზია და დაეყვნა ის იდეებამდე, პრინციპებამდე, დასკვნებამდე.

ჩვენ ვამბობთ ,,გაეღარიბებინა”, რადგანაც ლაპარაკია სულიწმინდისგან შთაგონებული მისი ბიბლიური და პოეტური სიტყვის ძალის დაკნინებაზე. თუმცა კულტურულ-ისტორიული თვალსაზრისით მისი ტრაქტატები, რა თქმა უნდა, საინტერესოა, ვინაიდან გამორჩეულია ნიჭითა და ინელექტუალური ძალმოსილებით.

ასე შექმნა ხუანმა თავისი ცნობილი ასკეტური ტრაქტატები.

პარადოქსულია, მაგრამ დილეგიდან უკვე გათავისუფლებულმა ხუანმა შექმნა ახალი ლექსი, სადაც დაუბრუნდა ტყვეობის საშინელ განცდას - მოგონებას ღამეზე, როცა უნდა განეხორციელებინა სახიფათო გაქცევა სიყვარულის საძებნად. ეს ახალი პოეტური ნაწარმოები ასევე კომენტირებულია ორ ცნობილ ტრაქტატში: ,,კარმელის მთაზე ასვლა” და ,,ბნელი ღამე”, რომლებიც წარმოადგენს ერთი მთლიანი თხზულების ორ ნაწილს.

ამგვარად, კომენტარები შექმნისთანავე ეჯაჭვებიან ერთმანეთს და შეუძლებელია როგორც მათი გაცალკევება, ასევე რომელიმე მათგანისთვის უპირობო პირველობის მინიჭება: სიკვდილი და აღდგომა განსაზღვრულ რიტმში ადგილმონაცვლობენ, მაგრამ აღდგომის საიდუმლოში შემავალი სული ერთდროულად უნდა ემსგავსოს ცოცხალ, ჯვარცმულსა და მკვდრეთით აღმდგარ ქრისტეს და ის, რასაც იგი მისგან მოითხოვს და მასში აღბეჭდავს, მხოლოდ სიყვარულში პოულობს თანდათანობით გამოხატულებასა და ახსნას.

ამგვარად, ხუან დე ლა კრუსის მიერ უჩვეულო, ძნელად აღსაქმელი ჰარმონიით დაწერილი ტრაქტატების სტილიც კი მოწმობს, რომ მათში ადამიანი გამოუთქმელ საიდუმლოს ეხება.

ხუან დე ლა კრუსისთვის ეს საკმაოდ მტანჯველი შრომა იყო. შეძლებისდაგვარად ავითარებდა თავის იდეებს, თუმცაღა მას არასდროს გამოსდიოდა საკუთარი პოეზიის, მის მიერ შექმნილი სახეებისა და ნათელი აზრების სიღრმეებში შეღწევა. ის თავის იდეებს უმკაცრესი სქემების ჩარჩოებში აქცევს, თუმცა მაინც არ გამოსდის ამომწურავი და გასაგები განმარტებები. ის ცდილობს ,,ახსნას” მკაფიო გამიჯვნის შემოტანით, ცდილობს გათვალოს ფიქრთა წყობა და, ბოლოს და ბოლოს, იბლანდება მათში. ზოგჯერ ის ვარდება დეტალურ ახსნა-განმარტებებსა და პროსტრაციულ გადახრებში, ზოგჯერ ისინი ძალიან მოკლეა. ის პოეზიის კომენტირებას ახდენს პროზაულ თხზულებებში და ამჩნევს, რომ პროზის რკინის ლოგიკა აიძულებს იმ წყობის შეცვლას, რომლის თანახმადაც თავდაპირველად ამოიფრქვა პოეზია. ის უკმაყოფილოა კომენტარებით, მარავალჯერ გადაწერს და, ბოლოს და ბოლოს მოულოდნელად წყვეტს მათ.

მისი ბოლო დიდი ტრაქტატიც კი, ტრაქტატი პოეზიაზე სახელწოდებით ,,სიყვარულის ცოცხალი ცეცხლი” - ასევე გადაკეთებულია ორჯერ - პირველ რედაქციაში ტრაქტატი მოულოდნელად წყდება იმ ადგილას, სადაც ხუანი ცდილობს განმარტოს ბრწყინვალე სტრიქონი საკუთარი ლექსიდან, როდესაც სული ეუბნება სულიწმინდას: ,,რა ნაზად მიზიდავ შენკენ!”. და თითქმის მოულოდნელად კომენტარი წყდება:

,,...სულიწმინდა აღავსებს სულს სიკეთითა და დიდებით, ამგვარად იზიდავს მას თავისკენ და ძირავს ღვთის სიღრმეებში იმაზე მეტად, ვიდრე შეიძლება ამის აღწერა და შეგრძნობა. ამიტომაც აქ ვასრულებ”

მეორე რედაქციაში მას მოუწია შეერბილებინა და გაესწორებინა დასასრული: ,,იზიდავს სულს თავისკენ უფრო მეტად, ვიდრე შეიძლება გამოხატო და იგრძნო, ძირავს მას ღვთის სიღრმეებში, პატივი და დიდება მას. ამინ”

აუცილებლად უნდა დავაზუსტოთ: ხუან დე ლა კრუსის საღვთისმეტყველო კომენტარები საკუთარ პოეტურ ნაწარმოებებზე აღინიშნება უჩვეულო სიღრმითა და ბრწყინვალებით, თუმცა მართალია ურს ფონ ბალთაზარი, რომელიც წერდა: ,,ყველაფერი მშვენიერია და ჭეშმარიტი, მაგრამ რა უიმედოდ კოჭლობს განმარტება, რომელიც ვერ ეწევა ხილვებს! (...) ხუანი სრულიად მართალია, როდესაც ლაპარაკობს რწმენის სასწავლებელი თხზულებების შესახებ, როგორც თავისი პოეზიის ბუნდოვან კომენტარებზე, რომელიც ჩამორჩება ამ პოეზიას”.

შეიძლება აქ სწორედ დროული იყოს ხუან დე ლა კრუსის ნათქვამი სიტყვები ზეციერ მამაზე, რომელმაც წარმოთქვა თავისი სიტყვა და აღარ სურს, რომ კიდევ რამე ჰკითხონ:

,,თუკი ჩემი სიტყვის, ანუ ჩემი ძის მიერ მე გამცნე მთელი ჭეშმარიტება და თუ აღარ მაქვს შენთვის სხვა გამოცხადება, როგორ უნდა გიპასუხო ან მოგივლინო სხვა რამ? მხოლოდ მას მიაპყარი მზერა: მასში მე გამცნე და გამოგიცხადე ყველაფერი, მასში შეიძენ უფრო მეტსაც კი, ვიდრე ითხოვ და გსურს” (2შ 22, 5).

აქ ჩვენ შეგვეძლო გვეფიქრა, რომ ადამიანმა მიაღწია სულიერი გამოცდილების მწვერვალს, მაგრამ ბიბლია გვასწავლის, რომ არც ერთ ადამიანს, ვიდრე ცოცხალია, არ შეუძლია თქვას, რომ ბოლომდე ჩაწვდა ჯვრისა და აღდგომის საიდუმლოს: ,,მე ვავსებ ჩემს სხეულში ქრისტეს მწუხარებათა დანაკლისს”, - ამბობდა პავლე მოციქული.

ამგვარად, როგორც საკუთარი ცხოვრების დასაწყისსა და გაფურჩქვნის პერიოდში, აგრეთვე სიცოცხლის ბოლოსაც ხუან დე ლა კრუსი კვლავ აღმოჩნდა სიკვდილისა და აღდგომის იმ საიდუმლოს წინაშე, რომელსაც საკუთარი თავი მიუძღვნა.

ბოროტი განზრახვით თუ გაუგებრობის გამო, მისი ზოგიერთი ძმათაგანი - ამჯერად არა ისინი, რომლებმაც უარყვეს რეფორმა, არამედ მისი საკუთარი ,,ფეხშიშველი” ძმათაგანი, რომლებიც აღზარდა, რომლებიც ისე უყვარდა, როგორც საკუთარი შვილები, ვისითაც ამაყობდა და ,,ეკლესიის საუკეთესო ადამიანებს” ეძახდა - აღსდგნენ მის წინააღმდეგ.

მაგრამ მრავალი შეკავშირდა მის გარშემო და იცავდნენ მას, თუმცა მის მცირერიცხოვან მოძულეთა ხელში იყო ძალაუფლება და ზოგიერთმა მათგანმა მისი ორდენიდან გაძევებაც კი სცადა.

მაგრამ იმ მძიმე დღეებში არავის სმენია ხუანისგან მამხილებელი ან საკუთარი თავის დასაცავი სიტყვები. ძმებმა მხოლოდ ერთხელ გაიგონეს ჩუმად, თავისთვის როგორ წაიკითხა მან ფსალმუნიდან - ,,დედაჩემის ძმები იბრძოდნენ ჩემს წინააღმდეგ”.

როდესაც ხუანს ჩამოართვეს ყველა თანამდებობა, მან დაიწყო მშვიდი, ყოველდღიური ცხოვრება და როგორც ყოველთვის, სიხარულითა და მორჩილებით შრომობდა. იმ დღეებში დაწერილ ერთ-ერთ წერილში იგი ამბობს:

,,დღეს დილას თურქულ ბარდას ვკრეფდით. რამდენიმე დღის შემდეგ გავლეწავთ მას. უმჯობესია ეს მკვდარი ქმნილებები გეჭიროს ხელში, ვიდრე იყო იარაღი ცოცხალ ქმნილებათა ხელში”.

ეს არის მის მიერ თქმული ერთადერთი სიტყვები იმ საშინელ უსამართლობაზე, რომლის მსხვერპლიც თვითონ გახდა: მას ცილს სწამებდნენ ყველაზე შეურაცხმყოფელი ფორმით, აშინებდნენ მონაზვნებს და აიძულებდნენ მათ დაედანაშაულებინათ იგი ამორალურ ქმედებებში.

მაგრამ საუბარია არა ფილოსოფიურ აპათიაზე ან ქედმაღლურ ზიზღზე: ის საშინლად იტანჯებოდა, მაგრამ არავის ადანაშაულებდა და თავს არ იცავდა.

ერთხელ ერთ-ერთმა ძმამ, რომელიც მასთან ახლოს იყო, თვალცრემლიანმა უთხრა: ,,მამაო, როგორ საშინლად გდევნით თქვენ მამა დიეგო ევანგელისტი!”. თითქოს აქ შეიძლებოდა გულის მოოხება, მაგრამ მაშინ ხუანს მწარე სიტყვები უნდა ეთქვა იმის შესახებ, თუ ვინ იყო ორდენში მისი ზემდგომი. მან შეხედა თავის ახალგაზრდა ძმას, რომელსაც მუდამ რწმენაში მორჩილებას შეაგონებდა და უთხრა: ”შენმა სიტყვებმა მე გაცილებით მეტი ტკივილი მომაყენა, ვიდრე ყველა დევნამ!”.

ერთ-ერთ მონაზონს, რომელიც ასევე სწერდა მას იმის შესახებ, რაც ხდებოდა, იგი ურჩევდა: ,,არაფერზე იფიქროთ გარდა იმისა, რომ ყველაფერი ღვთის მიერ არის წინასწარ მოზადებული. მიიტანეთ სიყვარული იქ, სადაც არ არის და თქვენ სიყვარულითვე გიპასუხებენ”.

როცა ყველაფერი კარგად მიდიოდა, ერთ თავის მცირე თხზულებაში სახელწოდებით ,,გაფრთხილება” ხუან დე ლა კრუსი ასწავლიდა: ,,მოექეცი შენს აღმზრდელს არანაკლები მოკრძალებით, ვიდრე ღმერთს, ვინაიდან თვით ღმერთმა დააყენა ის ამ ადგილზე!”

უკვე რამდენიმე წელი იყო გასული მას შემდეგ, რაც ხუან დე ლა კრუსმა თავისი ბოლო ნაწარმოები ,,სიყვარულის ცოცხალი ცეცხლი” დაწერა, რომელსაც ის სიცოცხლის უკანასკნელ თვეებში არედაქტირებდა.

სიყვარული, რომელიც აკავშირებს ღმერთს ქმნილებასთან და ქმნილებას ღმერთთან, წარმოდგენილია უკვე არა როგორც გზა მიზნისკენ, არა როგორც ვნებიანი სწრაფვა, არამედ როგორც განუყოფელი, მგზნებარე ფლობა: თავად სულიწმინდა უერთდება სულს და ანთია მასში იქამდე, ვიდრე ისინი ორივენი არ შეირწყმებიან ერთიან ცეცხლად.

ეს არის ყველაზე ვნებიანი სასიყვარულო ხვევნა, როგორიც კი შესაძლებელია დედამიწაზე და რომელიც მოიცავს ყველა არსებას: ღმერთი, თუ შეიძლება ასე ითქვას, იღვიძებს სულში და მთელი ქმნილი სამყარო იღვიძებს მასში: მხოლოდ თხელი საფარველი აშორებს ქმნილებას უკვდავებისაგან - საფარველი, რომელიც სადაცაა ნაფლეთებად იქცევა.

აღდგომის საიდუმლოს მსგავსად, ჩვენთვის გამოცანად რჩება, როგორ ერწყმოდა ერთმანეთს ხუანის გულში ყველაზე ამაღლებული და სასიხარულო მისტიკური განცდები და დამამცირებელი ცხოვრებისეული გამოცდილება ღალატისა, ლანძღვისა, ფიზიკური და სულიერი ტანჯვისა.

49 წლის ასაკში ხუანი მძიმედ დაავადდა. ტერფზე უკურნებელი წყლული გაეხსნა. მას შესთავაზეს თავად აერჩია ადგილი, სადაც მოუვლიდნენ და მან აირჩია ერთადერთი მონასტერი, რომლის წინამძღვარიც მის მიმართ იყო უკიდურესად არაკეთილგანწყობილი: ამ წინამძღვარმა გამოუყო მას ყველაზე ვიწრო და ღარიბი სენაკი, არ ზრუნავდა მისთვის საჭირო წამლების მიტანაზე, არაერთხელ დაამადლა უბადრუკი დანახარჯი მკურნალობაზე და მის მეგობრებს არ აძლევდა მისი მონახულების უფლებას.

ავადმყოფობა ედებოდა მთელ სხეულს, რომელიც იფარებოდა წყლულებით. ექიმს, რომელიც ხუანს მკურნალობდა და ცოცხალ ძვალს უფხეკდა, ეჩვენებოდა, რომ შეუძლებელია ასე ძლიერად და ასე მორჩილად იტანჯებოდე.

სიკვდილი ახლოვდებოდა: დადგა 1591 წლის 13 დეკემბერი, პარასკევი. ხუანი დარწმუნებული იყო, რომ შაბათს გამთენიისას აღესრულებოდა, კარმელის ღვთისმშობლის ხსენების დღეს.

წინა დღეს ის შეურიგდა თავის წინამძღვარს: ითხოვა დაეძახათ მისთვის, ისეთი უშუალობით, რომლის წარმოდგენაც კი გაგვიჭირდება, უთხრა მას: მამაო, ვემუდარები თქვენს მაღალღირსებას, ქრისტეს გულისთვის, მომცეთ წმინდა ქალწულის შესამოსელი, რომელსაც ვატარებდი, რადგანაც მე ღარიბი და უპოვარი ვარ და არაფერი გამაჩნია, რითაც დამმარხავენ”

შეძრწუნებულმა წინამძღვარმა აკურთხა იგი და გამოვიდა სენაკიდან. შემდეგ ხედავდნენ, როგორ ტიროდა ის, ,,თითქოს ლეთარგიული, მომაკვდინებელი ძილისგან გაიღვიძა”.

საღამოს ხუანმა მოითხოვა მიეტანათ მისთვის ევქარისტია, თან სიტკბოებით აღსავსე სიტყვებს ჩურჩულებდა და როდესაც წმინდა ზიარება უკან მიჰქონდათ, თქვა: ,,ღმერთო, ამიერიდან აღარ გიხილავ ხორციელი თვალებით”.

ახლოვდებოდა ღამე და ხუანი ირწმუნებოდა, რომ ის ,,ცისკრის ლოცვას ზეცაში შეასრულებდა”.

თორმეტის ნახევრისთვის მონასტრის ძმები შეიკრიბნენ მის სასთუმალთან და ხუანმა ითხოვა, წაეკითხათ ,,De profundis”: მან დაიწყო ფსალმუნის კითხვა და ბერები მას ხმას აყოლებდნენ. შემდეგ დაიწყეს მონანულთა ფსალმუნების კითხვა.

ხუანთან პროვინციელი მღვდელი მამა ანტონიოც ჩავიდა - ის 81 წლის იყო - რომელთან ერთადაც დურველს ჩაუყარა საფუძველი. ანტონიომ იფიქრა, რომ ყველა შრომის გახსენება, რაც ხუანმა ორდენის რეფორმირებისთვის გააკეთა, მას შვებას მოუტნდა: ,,მამაო, - უპასუხა მას ხუანმა, - ახლა არ არის ამაზე საუბრის დრო, მხოლოდ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სისხლის მეოხებით მაქვს ცხოვნების იმედი”

დაიწყეს მომაკვდავთათვის ლოცვების კითხვა, მაგრამ ხუანმა შეაწყვეტინა და უთხრა: ,,მე ეს არ მინდა, მამაო, წაიკითხეთ რამე ქებათა ქებიდან”. და ვიდრე კელიაში ჟღერდა ლექსები სიყვარულის ამ პოემიდან, ხუანი მოჯადოებულივით ოხრავდა: ,,რა ძვირფასი მარგალიტებია!”

შუაღამისას დაიწყეს ცისკრის ზარების რეკვა და როგორც კი მომაკვდავმა გაიგონა მათი ხმა, სიხარულით შესძახა: ,,დიდება უფალს, მე წავალ ზეცაში მისთვის დიდების აღსავლენად!”

შემდეგ მან ყურადღებით მოათვალიერა დამსწრეები, თითქოს ემშვიდობებოდა მათ, ეამბორა ჯვარცმას და ლათინურად თქვა: ,,უფალო, შენ გაბარებ ჩემს სულს”.

ასე აღესრულა იგი. მისი გარდაცვალების შემსწრენი ყვებოდნენ, რომ ნაზმა შუქმა და ძლიერმა კეთილსურნელებამ აავსო სენაკი.

ღვთის განსაკუთრებული წყალობით ხუან დე ლა კრუსმა, ეკლესიის ისტორიაში ისე, როგორც სხვამ არავინ, მთელი თავისი არსება, ცხოვრებისეული გამოცდილება, საკუთარი სხეული მისცა ღვთის სიტყვას, რათა ის კვლავ აჟღერებულიყო როგორც სიყვარულის სიტყვა მის ლექსებშიც.

დასასრულ, გადავიკითხოთ ხუან დე ლა კრუსის მიერ დაწერილი ერთ-ერთი ბრწყინვალე ფურცელი, რომლითაც ის ამთავრებს ,,შეყვარებული სულის ლოცვას”:

,,რატომ აყოვნებ ამდენ ხანს, როცა შეგიძლია მყისიერად შეიყვარო უფალი მთელი გულით? ჩემი ზეცა და ჩემი მიწა. ჩემი ხალხი. ჩემი მართლები და ჩემი ცოდვილები. ჩემი ანგელოზები და ჩემი ღვთისმშობელი. მთელი მყობადი ჩემია. თავად ღმერთია ჩემი და ის ჩემთვის არის, ვინაიდან ქრისტე ჩემია და ის სრულად ჩემთვის არის.

რას ითხოვ და ეძებ სულო ჩემო? ეს ყველაფერი შენია და შენთვის არის.

არ შეჩერდე უმნიშვნელოზე და არ დაკმაყოფილდე ნამცეცებით, რომელიც მამის ტაბლიდან ცვივა. გადი გარეთ და იამაყე შენი დიდებით! ჩაიმალე მასში, დატკბი მისით და მიიღებ იმას, რასაც ითხოვს გული შენი”.

11 ,,კრავის თაყვანისცემის” ასოციაციური ფონი ტომას ელიოტის ,,ჰიპოპოტამში”

▲back to top


ამას წინად ისევ მოვინახულე ვან ეიკის ,,მისტიკური კრავითან ამჯერად ელიოტის შესაძლებელ ალუზიებზე ვფიქრობდი.… და ეს განსცავიფრებელი იყო... უცებ ელიოტის ჰიპოპოტამმა შემოაბიჯა ტაძარში...

რაფაელ ინგელბიენი. პირადი წერილიდან.

ტომას ელიოტის 1920 წელს გამოქვეყნებული კრებულ, ,,ლექსების” ძირითადი თავისებურებაა ფართოდ გააზრებული ირონიული კონტრასტი, რომელიც მასში შემავალი ყველა ნაწარმოების მხატვრულ სისტემას მსჭვალავს. ზოგი მკვლევარი ამ კრებულზე დაყრდნობით ელიოტს პოეტ-სატირიკოსად მიიჩნევს, რაც შეცდომაა - ,,ოთხი კვარტეტის” ავტორი სატირიკოსი არასოდეს ყოფილა. სატირა კონკრეტულ სოციალურ მისამართსა და მკაფიოდ გამოხატულ იდეოლოგიურ ტენდენციას გულისხმობს, ელიოტი კი ამ კრებულშიც უფრო სიღრმისეულ მსოფლმხედველობრივ განზოგადებათა პოეტად, მჭვრეტელობითი (თუმცა ირონიული) მუზის მსახურად გვევლინება, ვიდრე სატირიკოსის კალმით აღჭურვილ, ,,მამხილებელ” შემოქმედად. მართალია, სახეთა ძერწვისას ის უხვად იყენებს გროტესკს, ზოგჯერ (და არა მარტო ამ კრებულში) ისეთ მოტივებსაც, რაც სოციალურ სატირად აღიქმება, მაგრამ საბოლოოდ, ელიოტი ყოველთვის ელიოტად რჩება - ყველა მეტ-ნაკლებად ,,კონკრეტულ” კონფლიქტს ის გლობალურ, საყოველთაო, მარადიულ პრობლემათა პლანში განაზოგადებს. მისი ლექსის ყოველ სიტყვასა თუ ინტონაციას ისეთი სიღრმისეული და საგანგებო მნიშვნელობა ენიჭება, რომ საბოლოოდ, უშუალო-ირონიული ეფექტის ნაცვლად, წინა პლანზე რთული აზრობრივ-ემოციური ქვეტექსტით დატვირთული, მრავალწახნაგოვანი მხატვრული სტრუქტურა წამოიწევა, რომლის აღქმაც მხოლოდ სატირის ან ირონიის ნიშნით შეუძლებელია. გამონაკლისს ალბათ ერთადერთი ლექსი ,,ჰიპოპოტამი” (1917) შეადგენს, რომელიც ნაკლებადაა გადატვირთული ასოციაციებით და რომლის მძაფრი ირონია უშუალოდ კათოლიკურ ეკლესიას ეხება.

0x01 graphic

,,ჰიპოპოტამის” ირონია და სარკაზმი მომაკვდინებელია, თუმცა კითხვისას მხედველობაშია მისაღები, რომ არსებითად, ლექსი არც ათეისტურია და არც ანტირელიგიური, ის ანტიკლერიკალურია. უნდა ითქვას, რომ ანალოგიური განწყობილებითაა აღსავსე იმავე პერიოდში შექმნილი ბევრად უფრო რთული, რემინისცენციებით დახუნძლული ლექსი ,,ბ-ნ ელიოტის საკვირაო წირვაც”, სადაც პოეტი უკვე სულ სხვა, თეოლოგიურ სიღრმეებს სწვდება. მაგრამ თუ ,,საკვირაო წირვაში” სახეთა კონტრასტულობა რთულად არის ნიუანსირებული და ასოციაციურ ნართაულებშია გაბნეული, ,,ჰიპოპოტამში” ირონია თვალში საცემი, ხოლო სატირა და გროტესკი ძალზე მკაფიო და კონკრეტულია. ლექსში უხვადაა იუმორიც - ,,ცოტა მსუბუქი, სახუმარო რაღაც დავწერეო”, - ამბობს პოეტი დედისადმი მიწერილ წერილში, თუმცა უნდა ვივარაუდოთ, რომ იმჟამინდელი მკითხველის მიერ ,,ჰიპოპოტამის” იუმორი მთლად ასე ,,მსუბუქად” ვერ აღიქმებოდა. Lაშკარა კომიკურობასთან ერთად, ლექსი აღსავსეა გესლიანი გროტესკით, რაც ვიქტორიანული პოეზიის მშვიდ და მაამებლურ ტრადიციებზე გაზრდილი მკითხველისათვის უთუოდ მოულოდნელი და უცხო იქნებოდა. მით უმეტეს, როდესაც ეს გროტესკი არც მეტი, არც ნაკლები, ეკლესიას ეხებოდა.

0x01 graphic

დღეს ,,ჰიპოპოტამი” აღიქმება როგორც მახვილგონივრული, მძაფრად ირონიული ლექსი, რომლის ანტიკლერიკალური თემატიკა ოდნავ უცნაური, მაგრამ მოდერნისტული პოეტიკის ზოგად კონტექსტში სავსებით მოაზრებადი ფორმითაა გადმოცემული. ის ნამდვილად არ წარმოადგენს ათეისტურ პამპფლეტს, მაგრამ აშკარაა, რომ ეკლესია, ქრისტეს მისტიკური სხეული (corpus Domini nostri) და ამქვეყნად სულიერი საწყისის განსახიერება, ელიოტს ლამის კარიკატურული სახით გამოჰყავს. იმავე ,,საკვირაო წირვისაგან” განსხვავებით, ,,ჰიპოპოტამში” ირონიისა და სარკაზმის ობიექტად თეოლოგიური დოქტრინები და მათი ავტორები კი არ წარმოგვიდგებიან, არამედ ეკლესიის სოციალური სახე, საზოგადოებაში მისი როლი და დანიშნულება. უპირველეს ყოვლისა, პოეტის ირონია ეხება ეკლესიას, როგორც სოციალურ ინსტიტუტს. ამგვარი ,,სოცილოგიზმი” ელიოტის პოეზიაში იშვიათია და ,,ჰიპოპოტამი” ამ მხრივაც ერთგვარ გამონაკლისად აღიქმება. აქ თავს იჩენს კათოლიკური ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული ახალგაზრდა ელიოტის შინაგანი პროტესტიც (ჭეშმარიტი ეკლესია, the True Church ტექსტში მთავრული ასოებით არის გამოყოფილი, რაც კათოლიკურ ტრადიციას შეესაბამება და არა ანგლიკანურს ან პროტესტანტულს).

ლექსის მთლიან კონტექსტში უსაზღვროდ ირონიულად ჟღერს ეპიგრაფი, რომელიც წმ. ეგნატე ანტიოქიელის ეპისტოლეს ფრაგმენტს წარმოადგენს. ეს ფრაგმენტი დედანშიც გამორჩეულად ღვთისმსახურებს ეხება (ის მრევლის მიმართ ერთგვარი დარიგებაა იმის თაობაზე, თუ რა მოწიწებით უნდა მოეპყრან ისინი მღვდლებს), თუმცა როგორც ელიოტის ეპიგრაფი, ის სრულიად საპირისპირო სულისკვეთებას გამოხატავს: ,,შესაბამისად, ყველამ თაყვანი ეცით დიაკვნებს ისევე, როგორც თაყვანს სცემთ იესო ქრისტეს, რადგან ეპისკოპოსი უფლის სახეა, ხოლო მღვდლები კი, ღვთის საკრებულო და მოციქულთა დასი. მათ გარეშე სახელწოდება ,,ეკლესია” არ დაირქმევა. მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენც ასე ფიქრობთ.” საქმეც ის არის, რომ ,,ჰიპოპოტამის” გამომსახველობით საშუალებათა მთელი ერთობლიობა სწორედ იმის გამოხატვისაკენ არის მიმართული, რომ მისი ავტორი სულ სხვანაირად ,,ფიქრობს”. ასევე ირონიულია და კონტექსტუალურად სრულიად სახეშეცვლილი მოციქულ პავლეს ეპისტოლეს ფრაგმენტიც (კოლასელთა მიმართ, 4:16), რომელიც ლექსს მეორე ეპიგრაფად აქვს წამძღვარებული: ,,როცა ამ წერილს წაიკითხავენ თქვენთან, ისე მოიქეცით, რომ ლავდიკიელთა ეკლესიაშიც წაიკითხონ, [ხოლო რომელიც ლავდიკიელთათვისაა გაგზავნილი, თქვენც წაიკითხეთ.]”, რაც იმის მინიშნებაა, რომ თუმცა ლექსი კათოლიკურ სამღვდელოებას ეხება, არსებითად ის ანგლიკანურ სამღვდელოებასაც გულისხმობს. ლავდიკიელთა ეკლესია კი სწორედ ის ,,ნელ-ტფილი”, ანუ მორალური სახის უქონელი ეკლესიაა, რომლის შესახებაც ქრისტე ამბობს იოანეს გამოცხადებაში: ,,ვიცნი საქმენი შენნი, რამეთუ არცა გრილი ხარ, არცა ტფილი. ჯერ-იყო, რაჲთამცა, ანუ გრილი იყავ, ანუ ტფილი. არამედ ესრეთ ნელ-ტფილი ხარ და არცა გრილი, არცა ტფილი. მეგულების აღმოგდებაჲ შენი პირისაგან ჩემისა” (3:15-16). ანუ არსებითად, ზნეობრივ ფასეულობათა დეგრადაციაში სდებს მას ბრალს და მონანიებისაკენ მოუწოდებს.

თემატურად ლექსი საკმაოდ მარტივია: ის წარმოადგენს ჰიპოპოტამისა და ეკლესიის გავრცობილ შედარებას, სადაც პოზიტიური დატვირთვა მთლიანად ჰიპოპოტამის სახეზეა გადატანილი. უწყინარი ცხოველი ზანტად ისვენებს წუმპეში, ის, როგორც ღვთისგან შექმნილი ყველა არსება, მხოლოდ სისხლი და ხორცია, ,,დუნე და ხრწნადი”. ეკლესია კი, ამასოფლად ზეციური სასუფევლის სიმბოლო, სალი კლდესავით მტკიცეა, რამეთუ მას სწორედ ,,კლდეში გაუდგამს ფუძე” (სახარების ირონიული რემინისცენციაა: ,,და მე გეუბნები შენ, რომ: შენ ხარ პეტრე, და ამ კლდეზე ავაშენებ ჩემს ეკლესიას.” მათე, 16:18).

ზურგგანიერი ჰიპოპოტამი
ტალახში წევს და ისვენებს ზანტად,
თითქოს მკვრივია იმისი ტანი,
რა არის სისხლის და ხორცის გარდა.

სისხლი და ხორცი დუნე და ხრწნადი
მგრძნობიარეა და შოკს ვერ უძლებს;
უფლის ტაძარი აწვდილა ცამდის,
რადგანაც კლდეში გაუდგამს ფუძე.

(. ზაალიშვილის თარგმანი)

ეკლესიის უსაზღვრო შესაძლებლობებისა და მისი ყოვლისმომცველი თვითკმაყოფილების ფონზე ჰიპოპოტამი უმწეო და დაუცველია; მისთვის ყოველდღიური საზრდოს შოვნაც პრობლემაა, ის მანგოსაც კი ვერ სწვდება ხეზე. ეკლესიას კი შორეული ქვეყნებიდან ატმებითა და ბროწეულებით ამარაგებენ და ის ისეა გამსუნაგებული, რომ უკვე ძილშიც შეექცევა საკვებს. გულუბრყვილო ჰიპოპოტამს მხოლოდ დაწყვილების ჟამს თუ აღმოხდება უცნაური ,,მოდულაციები”, ჩვენ კი ყოველ კვირას ვისმენთ, თუ როგორ ზეიმობს ეკლესია ღმერთთან ურყევ კავშირს:

0x01 graphic

At mating time the hippo's voice
Betrays inflexions hoarse and odd,
But every week we hear rejoice
The Church, at being one with God.

The hippopotamus's day
Is passed in sleep; at night he hunts;
God works in a mysterious way -
The Church can sleep and feed at once.

ირონია აქ ,,სოლომონის ქებათა ქების” ფარული რემინისცენციითაც გამოიხატება: ჰიპოპოტამს სწორედ შეწყვილების სეზონში აღმოხდება ხოლმე თავისი ,,მოდულაციები”, ეკლესია კი (,,ქებათა ქების” ტრადიციული ინტერპრეტაციის თანახმად, იგივე ,,ქრისტეს სასძლო”) სისტემატურად ზეიმობს ღმერთთან თავის ერთობასა და ურყევ კავშირს. ლექსის ფინალში ჰიპოპოტამი, კათოლიკე წმინდანის მსგავსად, ზეცას ამაღლდება და აპოთეოზს აღწევს, მას ანგელოზები ოსანას უგალობენ, ხოლო ეკლესია კი ქვემოთ რჩება, ,,მომწამვლელ ბურუსში გახვეული”.

ელიოტის რამდენიმე სხვა ლექსის მსგავსად, ,,ჰიპოპოტამიც” შეიქმნა, როგორც ტეოფილ გოტიეს (1811-1875) ხსოვნისადმი ერთგვარი სახუმარო ,,მიძღვნა”. ფრანგი პოეტის მარტივი ლექსთწყობა (ტრადიციული საზომით გამართული, გარითმული სტროფები) იზიდავდა თავისი ლაკონურობით ახალგაზრდა ელიოტს და მან, ეზრა პაუნდის რჩევით, შექმნა გოტიეს ერთგვარი ,,მიბაძვები”, რომლებიც მოგვიანებით კრებულში შევიდა. ამ ,,მიბაძვათაგან” ყველაზე თვალშისაცემი სწორედ ,,ჰიპოპოტამია”, რადგან ის უშუალოდ გოტიეს იმავე სახელწოდების ლექსს.

(,,L'Hippopotame”, 1833-38) უკავშირდება, თუმცა უნდა ითქვას, რომ ერთი სახალისო დეტალის გარდა, ეს მსგავსება სათაურისა და ლექსთწყობის იმიტაციით ამოიწურება. სახალისო დეტალი კი ის არის, რომ გოტიეს მსგავსად, რომელიც თავის ლექსში საკუთარ თავს ჰიპოპოტამს ადარებს (Je suis comme l'hippopotame), ელიოტსაც მოჰყავს ფარული ასოციაცია, რომელიც მის და ჰიპოპოტამის ირონიულ შედარებას შეიცავს. თუ ნეორომანტიკოსი გოტიე ეპატაჟს იწვევდა ფრანგ მკითხველში ჰიპოპოტამთან შედარების უშუალო დეკლარირებით, ელიოტს, იმჟამად ლოიდის ბანკის კლერკს, თავის ლექსში ლუის კეროლის (1832-1892) ,,გიჟი…მებაღის სიმღერის” ასოციაცია შეაქვს, სადაც სწორედ ბანკის კლერკია გაიგივებული ჰიპოპოტამთან.

He thought he saw a Banker's Clerk
Descending from the bus:
He looked again, and found it was
A Hippopotamus
,,If this should stay to dine”, he said
There won't be much for us!”

(.ზაალიშვილის თარგმანი)

ეს ახალგაზრდა პოეტის ერთგვარი ღიმილიანი ,,მოკითხვაა”, რომელსაც ის წინა საუკუნის პოეზიის მეტრს, ,,ემალებისა და კამეების” ავტორს, პარნასელ ტეოფილ გოტიეს უგზავნის.

ცხადია, ავანგარდისა და პოსტმოდერნის ექსცენტრიკით განებივრებულ დღევანდელ ინტელექტუალს უჩვეულო შედარებები ნაკლებად გააკვირვებს, მაგრამ ლექსის დაკვირვებული აღქმისას თვით ყველაზე მომთხოვნ მკითხველს თითქოსდა უკვე ნაცნობი პოეტიკა უზადო ტექნიკურ სრულყოფილებად წარმოუდგება, და რაც მთავარია, მის აღქმაში ნაწარმოების სრულიად ახალი განცდით-ინტელექტუალური სიღრმე წარმოჩინდება. საინტერესოა, რომ ერთი შეხედვით საკმაოდ მარტივი ,,ჰიპოპოტამი”, რამდენიმე ბიბლიური და ლიტერატურული რემინისცენციის გარდა, ძმები ჰუბერტ და იან ვან ეიკების მიერ შექმნილი გენტის წმ. ბავოს ტაძრის საკურთხევლის (,,კრავის თაყვანისცემა” (1427-1428)) მეტად მნიშვნელოვან ფერწერულ ასოციაციასაც შეიცავს. შეიძლება ითქვას, რომ სხვა ყველაფერთან ერთად, ,,ჰიპოპოტამი” ჩრდილოური რენესანსის ამ ამ ყველაზე ცნობილი ფერწერული ნაწარმოების ერთგვარ პაროდიასაც წარმოადგენს. ცნობილია, რომ გენტის საკურთხეველი იოანეს სახარებისა და აპოკალიფსისის (იოანეს გამოცხადების) თავისუფალ ფერწერულ ინტერპრეტაციას წარმოადგენს, ხოლო იოანეს გამოცხადება კი (ისევე, როგორც სახარება) თავის მხრივ, ელიოტის ,,ჰიპოპოტამის” ერთ-ერთ ასოციაციურ ფონს შეადგენს.

გორდონის ბიოგრაფია ცხადყოფს, რომ პირველი მსოფლიო ომის დაწყების წინ, 1914 წელს, პოეტმა მოინახულა გენტი, ისევე, როგორც ბელგიის სხვა, დიდი ფერწერული ტრადიციებით ცნობილი ქალაქები - ანტვერპენი და ბრიუგე. როგორც ჩანს, გენტის საკურთხეველს პოეტზე შთაბეჭდილება მოუხდენია, რადგან ლექსში უხვადაა გაბნეული მასთან დაკავშირებული ასოციაციური დეტალები. ჰიპოპოტამი სწორედ კრავის სისხლით განიბანება ,,თოვლივით თეთრად”, მას ,,ყველა წამებული ქალწული ეამბორება”, ის ჩანს წმინდანთა გარემოცვაშიც, სადაც ,,ოქროს ქნარზე უკრავს”. ანგელოზთა გუნდი მას ,,ჰოსანას უგალობს,“ ხოლო როდესაც ის ,,ფრთებს გამოიბამს” და ზეცად ამაღლდება, მამა ღმერთის ,,ზეციურნი მკლავნი” სწორედ მას მოეხვევიან:

I saw the potamus take wing
Ascending from the damp savannas,
And quiring angels round him sing
The praise of God, in loud hosannas.

Blood of the Lamb shall wash him clean
And him shall heavenly arms enfold,
Among the saints he shall be seen
Performing on a harp of gold.

He shall be washed as white as snow,
By all the martyr'd virgins kist

ყველა ამ პოეტური სახისა თუ დეტალის ვიზუალური ანალოგები აღბეჭდილია გენტის საკურთხეველზე. განსაკუთრებით სახიერია წამებულ ქალწულთა დასი, სწორედ ის წამებული ქალწულები, ელიოტის ლექსში ჰიპოპოტამს რომ ეამბორებიან. ცენტრალური პანელის ხელმარცხნივ გამოსახულია წმინდანებად შერაცხულ რელიგიურ მოღვაწეთა (რომის პაპები, კარდინალები, ეპისკოპოსები, დიაკვნები) გუნდი, ანუ თავად ეკლესია, რომელიც შეადგენს ელიოტის ირონიის ძირითად ობიექტს, მაშინ, როდესაც ქალწულთა დასს პანელის მარჯვენა ზედა ნაწილი უჭირავს. მთავარი პანელის ცენტრში გამოსახულია კრავი, რომელსაც გულიდან სისხლი სდის - ხსნის სიმბოლო და სწორედ ის სისხლი, რომლითაც ელიოტის ჰიპოპოტამი ,,განიბანება” (,,გაირეცხეს თავიანთი სამოსი და გაასპეტაკეს ისინი კრავის სისხლით” გამოცხადება, 7:14). საკურთხევლის ზედა პანელები მგალობელსა და ორღანზე დამკვრელ ანგელოზთა გუნდს წარმოსახავს. მათგან ერთ-ერთი ოქროს ქნარზეც უკრავს (მგალობელ ანგელოზთა გუნდის გამოსახვა ევროპულ რელიგიურ ფერწერაში საერთოდ იშვიათია და ქნარზე დამკვრელი ანგელოზი ასეთ გუნდში მხოლოდ გენტის საკურთხეველში გვხვდება). ერთი სიტყვით, ლექსში ასოციაციურად მოტანილია მრავალი ფერწერული დეტალი, რომელიც გენტის საკურთხევლის სხვადასხვა პანელს აღწერს, ხოლო თვით კრავი ლამის ,,ჩანაცვლებულია” ჰიპოპოტამის სახით, რომელიც ბოლოს ზეცას ამაღლდება. საკურთხევლის ფერწერული დეტალები კომპოზიციურად ისევე ,,გარს აკრავს” ცენტრში გამოსახულ კრავს, როგორც ამ დეტალთა ამსახველი პოეტური სახეები ელიოტის ლექსში წარმოსახულ ჰიპოპოტამს.

ლექსის აღქმისას საკურთხევლის ექსტრატექსტუალური ასოციაცია იმდენად მძაფრია, რომ ჰიპოპოტამი გენტის საკურთხევლის ,,ფარულ პერსონაჟად” მოჩანს, რომელიც მასში ელიოტს შემოჰყავს და ამით შლის საკურთხევლის იდეალური სამყაროს დახვეწილ კომპოზიციას. ანდა პირიქით: გენტის საკურთხეველი თვითონ იქცევა ელიოტის ლექსის მთავარ ასოციაციურ ფონად. ინტერტექსტუალური სპეციფიკა აქ იმაში მდგომარეობს, რომ ის სინთეზი, რომელიც საბოლოოდ მკითხველის ცნობიერებაში აღიბეჭდება, არაერთგვაროვან სტრუქტურათა ასოციაციურ სინთეზს წარმოადგენს - ესაა ფერწერისა და პოეზიის, აპოლოგიისა და მისი პაროდირების, რელიგიური აღტყინებისა და ირონიული გროტესკის სინთეზი, რომელიც ასოციაციურ სახეთა დონეზე გამოიხატება. ტექსტში ნახსენები ფერწერული ტილოს დეტალი მისი დეტალი კი აღარ არის, არამედ ამ ტილოს ასოციაციაა, რომელსაც ელიოტი ირონიულ პოეტურ სახედ იყენებს. ზუსტად ასევე, საკურთხევლის ასოციაციაში პოეტს ,,შეჰყავს” ლიტერატურული სახე - ჰიპოპოტამი, რომელიც, ცხადია, მხოლოდ იმ შემთხვევაში იქცევა ამ ,,ასოციაციური საკურთხევლის” ნაწილად, თუ საქმე რეალურ საკურთხეველს კი არ ეხება, არამედ მის ასოციაციებს, ელიოტის ლექსში ფერწერულ სახეთა ვებვალურ ეკვივალენტს. შედეგი ისაა, რომ რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, ელიოტის პოეზიაში ჩახედული მკითხველისათვის გენტის საკურთხევლით ტკბობისას ,,ჰიპოპოტამის” ასოციაცია თითქმის ისევე ცოცხალია, როგორც ფერწერის მცოდნე მკითხველისათვის - საკურთხევლის ასოციაცია, როდესაც ის ,,ჰიპოპოტამს” კითხულობს. რამდენად ,,ამდიდრებს” ყოველივე ეს თვით გენტის საკურთხევლის აღქმას, ძნელი სათქმელია, მაგრამ ვისაც ,,ჰიპოპოტამი” წაუკითხავს, ძმები ვან ეიკების შედევრის ხილვისას უცილობლად გაუღვივდება ელიოტის ლექსის ღრმად პაროდიული, ირონიული განწყობილებაც, რაც მეოცე საუკუნის მოდერნიზმისა და მე-15 საუკუნის ჩრდილოური რენესანსის ეპოქათა შორის უშველებელი კონტრასტის გამომხატველია და, ცხადია, შესაბამის ემოციასაც აღძრავს. როგორც თვით ელიოტი აღნიშნავს ესეში ,,კრიტიკის დანიშნულება,” თანადროული ლიტერატურა ზუსტად ისევე განსაზღვრავს წარსულის შედევრთა აღქმას, როგორც წარსულის მხატვრული ქმნილებები განსაზღვრავენ ლიტერატურის თანამედროვე სახეს.

0x01 graphic

12 ფრანც ბრენტანო და მისი მოწაფეები: ჰერმან შელი

▲back to top


ნოდარ ბელქანია

,,არჩევანისწინა ნომერში ( 3, 2007) დაიბეჭდა ფსიქოლოგ ნოდარ ბელქანიას სტატია ,,ფილოსოფოსის პორტრეტი - ფრანც ბრენტანო“, რომელიც ცნობილი გერმანელი ფილოსოფოსის და ფსიქოლოგის - ფრანც ბრენტანოს გარდაცვალებიდან 90- წლისთავს მიეძღვნა. წინამდებარე სტატიაში განხილულია ბრენტანოს ერთ-ერთი გამოჩენილი მოწაფის, კათოლიკური რეფორმიზმის მამამთავრის, გერმანელი თეოლოგის ჰერმან შელის ტრაგიკული ბედი და თავის მასწავლებელთან მისი ურთიერთობა.

ბრენტანო უაღრესად თბილ ურთიერთობებს ამყარებდა მოწაფეებთან. როგორც წესი, ისინი მისი მეგობრები ხდებოდნენ და ეს მეგობრობა ხშირად მთელი ცხოვრება გრძელდებოდა. რასაკვირველია, მას „აპოსტატებიც“ ჰყავდა (მაგალითად, მაინონგი და ჰუსერლი), თუმცა ისინი მასწავლებელს სიცოცხლის ბოლომდე დიდ პატივს სცემდნენ და მასწავლებელიც, თავის მხრივ, შინაგანი ტაქტით ეპყრობოდა მათ. ყველაზე მეტი ახლობლობა ვიურცბურგელ მოწაფეებთან აკავშირებდა. ცნობილმა ფსიქოლოგმა კარლ შტუმფმა (1848-1936) დროულად თქვა უარი მღვდლობაზე - დატოვა სასულიერო სემინარია და თავიდან აიცილა მასწავლებლის ტრაგიკული ბედი. ბრენტანოს საკუთარი თავისთვის ვერ ეპატიებინა, რომ საყვარელ მოწაფე ანტონ მარტის (1847-1914) არ გადაათქმევინა მღვდლად კურთხევის სურვილი. ეს უკანასკნელი მღვდლად ეკურთხა 1870 წელს თავის სამშობლოში, შვეიცარიაში, რათა უკვე 1873 წელს ბრენტანოს ბედით შეძრულს თავადვე აეღო ხელი მღვდლობაზე. ბრენტანოს ხელშეწყობით მარტი 1876 წელს ჩერნოვიცის, 1877 წელს კი პრაღის უნივერსიტეტის პროფესორი გახდა. პაპის ნუნციუსის წინააღმდეგობის გამო ბრენტანომ ვერ შეძლო მისთვის გადაებარებინა ვენის უნივერსიტეტის პროფესურა. ბრენტანოს მაგალითით გულგატეხილმა მარტიმ, როგორც ყოფილმა სასულიერო პირმა, საერთოდ უარი თქვა ოჯახის შექმნაზე, თუმცა ამის დიდი სურვილი ჰქონდა. ბრენტანოს პორტრეტის კიდევ ერთი საინტერესო შტრიხი, რომელმაც ერთგვარი დრამატიზმი შესძინა მარტისთან ურთიერთობას: ბრენტანოსთვის დამახასიათებელი იყო მეტად თამამი და მოულოდნელი აზრები ფილოსოფიასა და ფსიქოლოგიაში. ის, მაგალითად, პოლემიკაში ჩაება ედუარდ ცელერთან, ბერძნული ფილოსოფიის ამ აღიარებულ მეტრთან, რომელსაც მიაჩნდა, რომ უსაფუძვლოა ბრენტანოს მიერ არისტოტელესთვის კრეაციანიზმის მიწერა და მწვავედ გააკრიტიკა არისტოტელეს „ნუს პოიეტიკოს-ის” (ქმედითი სულის) ცელერისეული გაგება, თუმცა ფაქტობრივი ვითარება არ არის ცალსახა და სიმართლის დადგენა მეტად ძნელია. ასევე გაუგებარი და უსამართლო იყო პლოტინის, როგორც ფილოსოფიის, ბრენტანოსეული შეფასება (იხ. მისი წერილი პლოტინზე: „როგორი ფილოსოფოსი ქმნის ზოგჯერ ეპოქას“) ან ნიცშეს მისეული შეფასება („ბელეტრისტულად მბზინავი ეფემერა“). მეორე მხრივ, აზროვნების ამ ორიგინალობის წყალობით მან არა ერთი და ორი მნიშვნელოვანი იდეით გაამდიდრა მეცნიერება და შექმნა მიმდინარეობები ფილოსოფიასა და ფსიქოლოგიაში. მას შესწევდა უნარი საოცარი გონებამახვილობით დაეცვა გამოთქმული აზრი მაშინაც კი, როდესაც ის სადავო და სუბიექტური იყო. მთელ მის მოღვაწეობას გამოკვეთილი, ძლიერი პიროვნების ბეჭედი ესვა, რასაკვირველია, აუცილებელი შუქ-ჩრდილებით. მისთვის არც აზრების მოულოდნელი შეცვლა იყო უცხო. და აი, თავისი მოღვაწეობის ბოლო პერიოდში ფრანც ბრენტანო მივიდა ყველასათვის მოულოდნელ დასკვნამდე, რომ ე.წ. „არარეალურის“ წარმოდგენა შეუძლებელია და რომ ის მხოლოდ ენობრივ ფიქციად უნდა ჩაითვალოს, ვინაიდან რეალურ, საგნობრივ სინამდვილეში მას არაფერი შეესაბამება. ბრენტანოს ამ გვიანდელ მოძღვრებას შემდეგ „რეიზმი“ (ლათ.: რეს - საგანი, ნივთი) ეწოდა. არადა ანტონ მარტის მთელი ფილოსოფია სწორედ ამ „არარეალურის“ ცნებას ემყარებოდა. „არარეალურის“ არსებობიდან ამოდიოდნენ მისი სხვა მოწაფეებიც - შტუმფი, ჰუსერლი, მაინონგი, ოსკარ კრაუსი და ადრინდელი ბრენტანოც ამას ასწავლიდა. მის ფილოსოფიაში აღნიშნული „კოპერნიკისეული შემობრუნების“ (კრაუსი) შემდეგ ბრენტანო მისთვის ჩვეული შეუპოვრობით შეეცადა ახალი კონცეფციის სისწორეში დაერწმუნებინა მარტი და კრაუსი. გამოქვეყნებულია ამ დრამატული პოლემიკის ამსახველი კორესპონდენცია. მიუხედავად კრაუსის პირვანდელი დიდი წინააღმდეგობისა, ბრენტანომ სიცოცხლის ბოლოს (1916) მაინც მოახერხა მისი გადარწმუნება და ახალი მოძღვრების შეუვალი ოპონენტი მისი მგზნებარე დამცველი გახდა. მასწავლებლისთვის მეტად სამწუხაროდ, მარტიმ ამგვარი მეტამორფოზა ვერ შეძლო, ალბათ იმიტომაც, რომ ეს მთელი მისი ნააზრევისთვის ხაზის გადასმას ნიშნავდა. ეს ბრენტანოსთვის მეტად მტკივნეული იყო, მაგრამ მარტის ის ყველაფერს პატიობდა. 1914 წელს ანტონ მარტი მოულოდნელად გარდაიცვალა პრაღაში. სიბრმავისა და მომქანცველი გზის მიუხედავად, ბრენტანო მანამ ვერ დაწყნარდა, სანამ მეუღლის თანხლებით პრაღაში არ ჩავიდა, რათა მხურვალედ ელოცა თავისი საყვარელი მოწაფის საფლავთან.

უფრო მძიმე იყო მისი მეორე ვიურცბურგელი მოწაფე ჰერმან შელის (1850 - 1906) ხვედრი. მან ვერ თქვა უარი მღვდლის წოდებაზე, დარჩა ეკლესიაში და სიცოცხლის ბოლომდე იტანჯებოდა როგორც კათოლიკე-რეფორმატორი, რომელსაც ეკლესიამ ჩვეული ულმობლობით გადაუტეხა ხერხემალი. ეს იყო ბედი ერეტიკოსისა, რომელმაც უკან დაიხია და ამით სატანჯველად გაიხადა დარჩენილი ცხოვრება.

ჰერმან შელი ვიურცბურგის უნივერსიტეტში ფილოსოფიასა და თეოლოგიას სწავლობდა. აქ ის იმდენად მოიხიბლა ბრენტანოს ლექციებით, რომ მისი თავდადებული მოწაფე გახდა. მისი კავშირი ბრენტანოსთან არსებითად 1871 წლიდან მის გარდაცვალებამდე (1906 წლის 31 მაისი) გრძელდებოდა, თუმცა ზოგჯერ ხანგრძლივ პაუზებსაც მოიცავდა. მათი მიმოწერა საოცარი დოკუმენტია ახალი დროის დისიდენტობისა კათოლიკურ ეკლესიაში. ბრენტანო უაღრესად დიდ პატივს სცემდა შელს, როგორც თავის ერთ-ერთ უნიჭიერეს მოწაფეს. როდესაც ბრენტანომ, რომელსაც შინაგანად უკვე გაწყვეტილი ჰქონდა ეკლესიასთან კავშირი, მას 1872 წლის 21 სექტემბერს მღვდლად კურთხევა მიულოცა, მასწავლებლის გრძნობები მეტად ამბივალენტური იყო. ის წერდა: „თუ თქვენი ეს ნაბიჯი ღმერთის წინაშე და ღმერთთან ერთადაა გადადგმული, შესაძლოა ზოგი ბრძოლისა და ტკივილის გადატანა მოგიხდეთ, მაგრამ უბედურებისგან უსათუოდ დაცული იქნებით“. ეს სიტყვები წინასწარმეტყველური აღმოჩნდა და ბრენტანო საკუთარ გამოცდილებას ემყარებოდა. აკი წერს კიდეც „იესოს მოძღვრებაში: „პროფესიის არჩევისას ყველაზე ამაღლებული ინტერესების მსახურების სურვილით ვხელმძღვანელობდი“. მაგრამ შემდეგ დასძენს: „რომ არა უჩვეულო მოვლენა, გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმა გამიჭირდებოდა“. ჰერმან შელმა ეს გადამწყვეტი ნაბიჯი ვერ გადადგა, თუმცა მისი წიგნები ეკლესიამ აკრძალულთა სიაში შეიტანა. მისი ყოყმანი ბრენტანოსთვის გაუგებარი იყო.

მათი მიმოწერა შეწყდა ბრენტანოს ეკლესიასთან განხეთქილების დროიდან და მხოლოდ 12 წლის შემდეგ განახლდა, როცა შელმა თავის მასწავლებელს 1885 წელს კათოლიკურ დოგმატიკაზე თავისი წიგნის პირველი ტომი გაუგზავნა. ეს წიგნი ნათელს ხდის ბრენტანოსა და შელის განსხვავებას ქრისტიანობის ზოგიერთი ფუნდამენტური საკითხის გაგებაში. წიგნის გაცნობის შემდეგ ბრენტანო შელს წერს: „დოგმატიკოსის მთელი სიბრძნე ისაა, რომ ასეთ შემთხვევებში (იგულისხმება სამების დოგმა - ნ. ბ.) სიტყვებს გამოაცალოს აზრი, შეუძლებელი გახადოს მათი გაგება. რამეთუ გაგება ხომ მხოლოდ იქამდე ვრცელდება, სანამდეც გამოცდილება. ვინაიდან ყველა ჩვენი ცნება ამ უკანასკნელიდან მოდის. ამ საზღვრის მიღმა კი უამრავი სიტყვა არსებობს, რომელთაც აზრი არ შეესაბამება. ამგვარი სიტყვები განსაკუთრებით მაშინ მოჭარბდება ხოლმე, როცა წინააღმდეგობებს ვაწყდებით. თეოლოგიას, რომლის ბორკილებიც მე უკვე დავამსხვრიე, ოდესღაც რამდენიმე სტრიქონი მივუძღვენი, რომლებიც ახლა ისევ გამახსენდა:

Sobald ich Theologe bin,
leugn,, ich im Dogma jeden Sinn,
welchen der Lai damit verbunden;
mache alles zum leeren Wort;
und, wenn jeglicher Sinn verschwunden,
dann ist glücklich der Widersinn for

სანამ თეოლოგი ვარ,
დოგმაში უარვყოფ ყოველგვარ აზრს,
რომელსაც იქ მოყვარული პოულობს;
ყოველივეს ვაქცევ ცარიელ სიტყვად;
ხოლო როცა ყველა აზრი დაკარგულია,
საბედნიეროდ უაზრობაც ქრება.

ბრენტანო ზედმიწევნით იცნობდა კათოლიკური თეოლოგიის ისტორიას და კარგად იცოდა, რომ შელის მცდელობა ახალ ფილოსოფიაზე დაეფუძნებინა თეოლოგია, ეკლესიის მხრიდან მოწონებას ვერ დაიმსახურებდა. „მაგრამ ჭეშმარიტების სუფთად და გულწრფელად მაძიებელ სულს ღმერთი არ გასწირავს. დაე, შეცდომაშიც ღმერთი იყოს თქვენი მფარველი. ჩემთვის ზნეობრივი ხასიათი ბევრად მაღლა დგას ჭეშმარიტებასა და გაგებაზე იმისათვის, რომ თუნდაც ძალაუნებურად დაგაეჭვოთ თქვენი უსაფუძვლო რწმენის სისწორეში. ვითარება ისეთია, რომ მსგავსი ეჭვი უცილობლად გაგხვევდათ მძიმე კონფლიქტებში, რომელთაგან ღირსეულად გამოსვლაც ბევრის ხვედრი არ ყოფილა“. შელის რწმენას ეკლესიისადმი ბრენტანო „უსაფუძვლოს“ უწოდებდა, თავად შელს კი ამის აღიარება არ სურდა.

ბრენტანო 1897 წლის ერთ-ერთ წერილში მეტად კრიტიკულ აზრებს გამოთქვამდა ეკლესიაზე: „მეცნიერული პროგრესის შიშს კიდევ ჩავთვლიდი ობიექტურად გამართლებულად, ეკლესიის მიერ სახის შენარჩუნება უმაღლეს მიზნად რომ მიმაჩნდეს. მაგრამ სუბიექტურად ასეთ შიშს მხოლოდ სიბეცე და სიყალბე ან სულაც სამარცხვინო სულიერი სიზანტე უდევს საფუძვლად. ისე, რაც მართალია, მართალია, ცხვრების ძოვება ბევრად უფრო იოლია, ვიდრე სულიერად აქტიური ადამიანების გაძღოლა. მაგრამ ისიც ცხადია, რომ მეცნიერების გარეშე ეკლესია დიდხანს ვერ შეინარჩუნებს სახეს“.

შელმა 1897 წელს გამოაქვეყნა წიგნი „კათოლიციზმი - როგორც პროგრესის პრინციპი“, რომელიც პირველსავე წელს შვიდჯერ გამოიცა. მომდევნო წელს ამას დაემატა მისი მეორე წიგნი „ახალი დრო და ძველი რწმენა“. ორივე წიგნით შელი თითქოს უმტკიცებდა ბრენტანოს რომ მისი სკეპსისი კათოლიკური ეკლესიის მიმართ უსაფუძვლოა. ამ წიგნების სულისკვეთებას ნათელს ხდის ციტატა პირველი წიგნიდან, რომელიც იმავდროულად კათოლიკური რეფორმიზმის პროგრამატული დებულებაცაა: „რელიგია ეკლესიისთვის კი არ არის, არამედ ეკლესიაა რელიგიისთვის, რათა ღმერთი ბატონობდეს ყველგან, სახელდობრ, რწმენისა და თავისუფლების მეოხებით. სულიერი ფასეულობების ამქვეყნიურ-იურიდიული მართვა რელიგიის არსს ეწინააღმდეგება“. იმავე სულისკვეთების ციტატა შელის მეორე წიგნიდან: „მოსაზრება... რომელიც კათოლიკე ქრისტიანის იდეალად საეკლესიო იერარქებისადმი უპირობო მორჩილებას მიიჩნევს, რომელიც ამართლებს დიდი ხნის განმავლობაში ჭეშმარიტებად და სიკეთედ მიჩნეულის პირველ მოთხოვნისთანავე ყოველგვარი პროტესტის გარეშე დათმობას, ისეთ ადამიანებს შეიძლება ჰქონდეთ, ვისთვისაც შინაგანად უცხოა რწმენა და იდეალები“.

ამ ორმა წიგნმა შელი მოდერნიზმის - რეფორმატორული კათოლიციზმის ახალი ფაზის - ჰეროლდად აქცია. ეს შეუმჩნეველი არ დარჩენია რომის კურიას და უკვე 1899 წელს ორივე ნაშრომი კათოლიკეებისთვის აკრძალულ წიგნთა სიაში შეიტანა. ეს მძიმე დარტყმა იყო თეოლოგისთვის, რადგან ამით კათედრის ჩამორთმევის საფრთხეც გაჩნდა. შელს აუხდა ბრენტანოს წინასწარმეტყველება. ის ან ეკლესიას უნდა დამორჩილებოდა, ან საკუთარ სინდისს. ბრენტანო ცდილობს მეგობრის გამხნევებას 1899 წლის 6 მარტის წერილში: „იქნებ მანუგეშებელი იყოს თქვენთვის, თუ გეტყვით, რომ ეს კრიზისი სასიკვდილო არ არის, რომ ის უფრო ჯანსაღი ცხოვრების საწინდარი შეიძლება გახდეს. ამის თქმის უფლებას ჩემივე გამოცდილება მაძლევს. დამონებული სული ვერასდროს პოვებს შინაგან სიმშვიდეს. გათავისუფლებული კი იძენს მას და ჭარბად გრძნობს თავისთავში საპირწონეს ყველა იმ ტკივილისთვის, რომელსაც იწვევს ძვირფას ილუზიათა მსხვრევა, მეგობრობის ხიდების ნგრევა და იმ მრისხანე პარტიებისაგან დევნა, რომელთა წინააღმდეგაც უფრო მძლავრ დამცველებს ვერ მოუხმობ ჭეშმარიტებისა და თავისუფლების დაუთმობლად. მე ღმერთსა და სინდისთან ერთობით გავუძელი ყველაზე გაუსაძლისს და თანდათან განგებამაც გამიხსნა ნუგეშისა და სიხარულის სულ სხვა წყაროები. მე ვგრძნობ, თუ რაოდენ დიდია თქვენი ტკივილი, მაგრამ ის ვერ მოვა კეთილშობილი მიზნების ჩაკვლით გამოწვეულ დამრთგუნველ განცდასთან, როგორც ეს ადრეც ხშირად მიმინიშნებია თქვენთვის. ქრისტიანობა, განსაკუთრებით კათოლიკური ეკლესია, რომლის ეგრეთწოდებული ტრადიციები ყველაზე ნაკლებად მომდინარეობს იესოსგან, არ არის თანმიმდევრული. მხოლოდ თანმიმდევრული ქრისტიანობაა ღმერთის იდეასთან თავსებადი. და ადამიანის სამშვინველი იმისათვის როდია ხატად ღვთისად შექმნილი, რომ მსგავსმა მცდარმა მოძღვრებებმა სრულად დააკმაყოფილოს. თქვენი მიზნების სიწმინდე ოპტიმიზმის საფუძველს ქმნიდა თქვენში. მაგრამ ილუზია იყო - თუმცა ასეთ ვითარებაში გასაგები, - რომ ეკლესია ამგვარ ღირსეულ ინტერპრეტაციას დაუშვებდა. მომხდარმა თქვენ ამ ილუზიისგან უნდა გაგათავისუფლოთ.... ამ აზრით მე შემიძლია თქვენ მოგილოცოთ“. წერილის ბოლოს ბრენტანო იქამდეც მიდიოდა, რომ ეკლესიასთან განხეთქილების გამო მატერიალური გაჭირვების შემთხვევაში, ფინანსურ დახმარებასაც სთავაზობდა მეგობარს და არწმუნებდა, რომ „მეგობრების ქონება საერთო ქონებაა“.

ბრენტანოს წერილი დაგვიანებული აღმოჩნდა. ჰერმან შელმა ვერ გაუძლო ზეწოლას და 1899 წლის 1-ლ მარტს ეკლესიას დანებდა. შემდეგ მასწავლებელთან თავის მართლება სცადა და ამტკიცებდა თეოლოგიის ფაკულტეტი და ეპისკოპოსი სწავლების თავისუფლების ხელშეუხებლობას შემპირდნენო. ბრენტანო შელის ოპტიმიზმს ახლაც არ იზიარებდა და ჩვეული რკინისებური ლოგიკით პასუხობდა: „მიუხედავად ამისა, თქვენი მდგომარეობა მეტად უხერხულია. თქვენ დათანხმდით თქვენი წიგნების აკრძალვას. მაგრამ თქვენ გაგიჭირდებათ თავი შეიკავოთ შემდგომი პუბლიკაციებისგან. მით უმეტეს, რომ ძველ წიგნებს მკითხველი უკვე ვეღარ იხილავს. ნუთუ, თქვენ ფიქრობთ, რომ შეძლებთ არ გაიმეოროთ თქვენივე აზრები? თუ ამას ვერ შეძლებთ, მაშინ შედეგიც ნათელია! ხოლო თუკი ამას მოახერხებთ, მაშინ ეს ხომ სიყალბე იქნება?“ (1899 წლის 1-ლი აპრილის წერილი). შელი მაინც არ იტეხდა იხტიბარს, თავისი არგუმენტები მოჰყავდა. მაგრამ კლერიკალური მხრიდან მისი შევიწროება იზრდებოდა. ბრენტანო კვლავაც არ ეშვებოდა მეგობრის შეგულიანებას, საკუთარ მაგალითს იშველიებდა: „არასოდეს მინანია ეს ნაბიჯი (ეკლესიიდან გამოსვლა - ნ.ბ.). პირიქით, ღმერთს სულ უფრო ხშირად ვწირავ მადლობას იმისათვის, რომ ძალა მომცა მკაფიოდ^გამომეხატა პოზიცია. მრავალი ძველი მეგობარი განმიდგა. ეგრეთწოდებულმა ლიბერალებმა კი დანაკარგი ვერ ამინაზღაურეს, ვინაიდან მათთან ვერაფრით შევძელი დამეგობრება. ერთადერთი მეგობარიღა დამრჩა, მაგრამ ის ყველას გადასწონიდა. ისიც მიმატოვებდა, გამუდმებულად რომ არ გამენდო მისთვის ყოველივე, როგორც ამას ადრეც ვაკეთებდი. მე ვფიქრობ, იესოსთვისაც, როგორიც ის არის სინამდვილეში, ასეთი ვიყავი ყველაზე ახლობელი“ (1903 წლის 4 თებერვალი). ამ აღსარებამაც არ გაჭრა. შელს უჭირდა თვალები გაესწორებინა სინამდვილისთვის. მან 1903 წლის სექტემბერში თავისი ახალი წიგნი გაუგზავნა ბრენტანოს, სათაურით: „ქრისტე, სახარება და მისი მსოფლიო-ისტორიული მნიშვნელობა“. შელი წიგნში უფრო იეზუიტებს ებრძოდა და კათოლიკურ დოგმებს მისტიკურად ხსნიდა. ბრენტანო ამან ვერ დააკმაყოფილა და თუმცა სასწრაფო თვალის ოპერაცია ელოდებოდა და დაბრმავების საფრთხის წინაშე იდგა, მაინც სცადა კიდევ ერთხელ 1903 წლის 27 სექტემბრის წერილში გონს მოეყვანა მეგობარი. ეს მცდელობაც უშედეგო აღმოჩნდა. შელის ბოლო წერილი ბრენტანოსადმი დაკარგულია. შემონახულია ბრენტანოს 1905 წლის 1-ლი მარტით დათარიღებული პასუხი, საიდანაც ჩანს, თუ რა გულახდილი წერილი მისწერა მას ყოფილმა მოწაფემ. ბრენტანო სულის სიღრმემდე შეძრულია, მაგრამ თავის პოზიციას ძველებურადვე გამოხატავს. წერილის ბოლოს კი უაღრესად თბილ სიტყვებს პოულობს მეგობრისთვის: „როგორი მადლიერი ვარ, თქვენი ერთგული, გულწრფელი მეგობრობისთვის, ორმაგად და სამმაგად ფასეული იმ ადამიანისთვის, ვინც ამდენი უმადურობა იწვნია.... დღეისათვის გემშვიდობებით“ ეს დიდი ხნით დამშვიდობება იყო. ორი მოაზროვნის განსხვავება საგრძნობი იყო და ბოლომდე გადაულახავი დარჩა. მაგრამ ამ განსხვავებას ოდნავადაც არ შეუშლია ხელი მათი მეგობრობისთვის.

შელის ცხოვრების ბოლო წელი ძალზე მძიმე იყო. მისმა ეპისკოპოსმა პირისპირ საუბარში მას პირობა ჩამოართვა, არც ზეპირად და არც წერილობით გამოეთქვა რაიმე ეკლესიის მოძღვრების საწინააღმდეგო. გამართლდა ბრენტანოს შიში, რომ ეკლესიასთან კონფლიქტი შელის უპირობო მორჩილებით დასრულდებოდა.

1905 წლის დეკემბერში კიდევ უფრო მეტი სიმკაცრით აიძულეს შელი დაედო ინტეგრალური კათოლიციზმისადმი ერთგულების პირობა. მისი ერთი მოწაფე იგონებს: „დღესაც ჟრუანტელი მივლის ტანში, როცა მახსენდება, თუ როგორი ტკივილით მითხრა: რომ მცოდნოდა ასეთ დევნასა და დარტყმებს მივიღებდი ეკლესიისგან, რომელსაც ამდენი რამ შევწირე, არაფრით არ მოვიხრიდი ქედსო.

ჰერმან შელის ამ მძიმე დღეებს იგონებს ქრისტიანთა თემის თანადამაარსებელი ფრიდრიჰ რიტელმაიერი, რომელიც იმჟამად ევანგელისტი პასტორი იყო ვიურცბურგში: „შელი დანებდა, მაგრამ აზრი არ შეუცვლია. ამან ის მთლად გატეხა. ეს მას ეტყობოდა ქუჩაში მისალმების დროსაც კი. მისი თვალები თითქოს გეუბნებოდნენ, აუგად ნუ მომიხსენებთო“.

1906 წლის 31 მაისს ჰერმან შელი 56 წლისა გარდაიცვალა. ეკლესიის მხრიდან თავდასხმები სიკვდილის შემდეგაც არ შემწყდარა. პიუს X-მ ენციკლიკაც კი გამოსცა, რომელშიც საეკლესიო მოდერნიზმი მკაცრად იყო დაგმობილი. ეკლესიამ იმაზეც არ დაიხია უკან და გარდაცვლილის ხსოვნაც შეებღალა საზოგადოებრიობისა და მეგობრების თვალში - გამოქვეყნდა ეპისკოპოსის წინაშე მისი ადრინდელი „აღიარებანი“. 1909 წელს ვენაში გამოქვეყნებულმა პამფლეტმა მის წინააღმდეგ საბოლოოდ დაუსვა „შელის საქმეს“ წერტილი. ედუარდ ვინტერის მოსწრებული სიტყვით Roma locuta, causa finita. რომმა თქვა, საქმე დასრულდა.

პაპის 1910 წლის 1-ლი სექტემბრის ბრძანებულება (,,მოტუპროპრიო”) ყველა კათოლიკე იერარქს ვალდებულს ხდიდა დაედო ე. წ. ანტიმოდერნისტული ფიცი.

ასეთი იყო ტრაგიკული ბედი რეფორმატორი თეოლოგისა, რომელსაც ეკუთვნის სიტყვები: „ყველაზე მძლავრი იარაღი ამქვეყნად აზრია. მას დიდი ხნით გზას ვერ დაუხშობს ვერც ძალადობა და ვერც ცბიერება“ და რომელმაც, მიუხედავად ამისა, ეკლესიის ავტორიტეტსა და საკუთარ სინდისს შორის არჩევანი ეკლესიის სასარგებლოდ გააკეთა. შეეწირა კიდეც ამას - როგორც მოაზროვნე და როგორც ადამიანი.

ბრენტანოს წინასწარმეტყველება ახდა. და ეს მისი დიდი ტკივილი იყო.

ლიტერატურა:

Brentano, F. Die Lehre Jesu und ihre bleibende Bedeutung. Leipzig. 1922

Brentano, F. Die Abkehr vom Nichtrealen. Hamburg. 1977

Brentano, F. Aristoteles Lehre vom Ursprung des menschlichen Geistes. Hamburg. 1980

Kraus, O. Anton Marti. Sein Leben und seine Werke. Halle a. S. 1916

Kraus, O. Franz Brentano. Zur Kenntnis seines Lebens und seiner Lehre. Mit Beiträgen von

C. Stumpf und E. Husserl. München. 1919

Winter, E. Franz Brentanos Ringen um eine neue Gottessicht. Brünn-Wien-Leipzig. 1941

Winter, E. Herman Schell. In: Ketzerschiksale. Düsseldorf. 2002

13 ლექსები

▲back to top


ერნსტ მაისტერი
გერმანულიდან თარგმნა დათო ბარბაქაძემ

ერნსტ მაისტერი (1911 - 1979) XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე უფრო რთული, მაგრამინტელექტუალურ წრეებში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გერმანელი პოეტი იმ ლიტერატურული ტრადიციის წარმომადგენელია, რომლის დასახასიათებლად კრიტიკოსები ხშირად მოუხმობენ განსაზღვრებებს „ბნელი“, „აბსტრაქტული“, „დაშიფრული“, „ჰერმეტული“, „მისტიკური“...

განსხვავებით სხვა ევროპელი ავტორებისგან, რომლებიც, ისტორიულ სიტუაციათა და არაერთი სწორედაც რომ დაშიფრული პირობითობის მიზეზით, ფართო საზოგადოებაში სახელმოხვეჭილ ავტორებად იქცნენ, მიუხედავად მათი შემოქმედების უკიდურესი არადემოკრატიულობისა თუ მკითხველთა ფართო ფენების მიერ მათი სრული ვერგაგებისა, მაისტერს ბედმა არ გაუღიმა და როგორც სიცოცხლეში, ისე სიცოცხლის მერეც ინტელექტუალთა პოეტად დარჩა. და მაინც, გერმანული ლიტერატურისთვის მაისტერის ფილოსოფიური ლირიკის მნიშვნელობას დროდადრო თითქოს საგანგებოდ აზუსტებდნენ მისთვის ანეტე ფონ დროსტე ჰულსჰოფის პრემიის (1957), ნორდრჰაინ-ვესტფალენის დიდი სახელოვნებო პრემიის (1963), პეტრარკას პრემიის (1976), რილკეს პრემიის (1978), გარდაცვალებისთანავე კი გეორგ ბიუხნერის პრემიის (1979) მინიჭებით.

მაისტერის არსებითი „ნაკლი“, რომელმაც მისი ევროპული აღიარება შეაფერხა, მისი ეპოქის სოციალური ძვრებისადმი, პოლიტიკური ცვლილებებისადმი, ყოველთვის გამარჯვებულთა მიერ ისტორიის გადაკეთების ვნებითა და მანიპულაციებით შექმნილი „ობიექტური“ რეალობისადმი მისი სრული გულგრილობა იყო. მაისტერმა, უბრალოდ, არ მიიღო ახალი დრო და მთელი ცხოვრება გაატარა მის მიერვე ორგანიზებულ დროში, რომელსაც ავსებდა, ერთი შეხედვით, ყოველდღიური პრობლემებისგან მოწყვეტილ ფილოსოფიურ საკითხებზე გერმანული მუყაითობით ნიშანდებული მხატვრული რეფლექსია. ამას ხელს უწყობდა პოეტის ფილოსოფიური განათლებაც (ბოლოს და ბოლოს, ის ხომ ჰანს გეორგ გადამერის მოსწავლე იყო). მას მერე, რაც თეოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტი ფილოსოფიის ფაკულტეტზე გადავიდა, ფილოსოფია იქცა მისი შემოქმედების ქვაკუთხედად. მიუხედავად იმისა, რომ მეორე მსოფლიო ომის მერე ფრონტიდან შინ დაბრუნებულმა მუშაობა განაგრძო მამამისის ფაბრიკაში და მხოლოდ 60-იანი წლებიდან მოყოლებული ცხოვრობდა, როგორც თავისუფალი ლიტერატორი, მთელი მისი ცხოვრება სწორედ პოეზიაში ფილოსოფიური პრობლემების თემატიზებისა და მხატვრულად დამუშავების ცდას წარმოადგენდა.

30-იან წლების დასაწყისში, როცა მისი პირველი პოეტური კრებული „გამოფენა“ გამოიცა, მაისტერი ჯერ კიდევ საუკუნის პირველი მეოთხედის ლიტერატურულ მიმდინარეობებს უხდიდა ხარკს და გემოვნებით უთავსებდა ერთმანეთს სიურეალისტურ, დადაისტურ და ექსპრესიონისტულ ესთეტიკებს, თუმცა უკვე იგრძნობოდა მისი სწრაფვა საკუთარი სტილის ძიებისკენ და მოთხოვნილება ფორმა-შინაარსის დიალექტიკის არამოდური დამუშავებისა. ეს მისწრაფება მხოლოდ გამოცდილების გაღრმავებისა და დროის საკითხი იყო და სულ მალე მაისტერისთვის პრაქტიკულად სულერთი გახდა მისი თანადროული ესთეტიკა, მისი სტილისტური ძიებების მთავარ იმპულსად კი კლასიკური ლიტერატურა და ფილოსოფია იქცა, ხოლო თვით ფილოსოფიაში მისი

ინტერესები ექსისტენციალიზმისა და ჰერმენევტიკის მიმართულებით გაძლიერდა; ასევე, დიდ ყურადღებას უთმობდა თეოლოგიის კრიტიკულ წაკითხვას (ამ საქმეში მისი შთაგონების ერთ-ერთ მთავარ წყაროს, რუდოლფ ბულტმანის თეოლოგიური შრომები წარმოადგენდა, გამსჭვალული ახალი აღთქმის დემითოლოგიზების სულისკვეთებით). ასეთი კრიტიკული, უფრო კი მაირონიზებელი დამუშავების მეთოდს დაუქვემდებარა მან ანტიკური მითებიც.

50-იანი წლებიდან მოყოლებული, მაისტერის მთავარ ამოცანად წარმოდგა ლექსის სხეულის ისე მოწესრიგება, რომ შესაძლებელი გამხდარიყო, ერთი მხრივ, დუმილის ფენომენის - როგორც ლექსის შინაგანი მაკონსტრუირებელი ბირთვის - შენარჩუნება, მეორე მხრივ კი, თხრობითი ელემენტების მინიმუმამდე დაყვანა. აღნიშნული მიმართულებით წარმართულმა საპოეტიკო სამუშაოებმა ავტორი 70-იან წლებში ლექსის მინიმალიზების თითქმის ზღვრულ ხარისხამდე მიიყვანა. ამ სამუშაოს მან პაულ ცელანის ბოლო კრებულებამდე ბევრად ადრე ჩაუყარა საფუძველი; ასევე, პაულ ცელანისგან განსხვავებით, პირდაპირი ციტირების ან ციტატის - როგორც ახალ კონტექსტში მოთავსებისთვის დასამუშავებელი ობიექტის - მაინსპირირებელი ფუნქცია მისი სისტემური ინტერესების სფეროში არ შედიოდა. ცელანისგან განსხვავებით, რომელთანაც სუბიექტივიზმი ხშირად დახვეწილ ნიღბებს შორის კონკრეტული გამოცდილების გადამალვის სინონიმი ხდება, სუბიექტურ გამოცდილებას მაისტერის შემოქმედებაში ყოველთვის იმდენად აქვს ღირებულება, რამდენადაც ზოგადობამდე მისი აყვანა და დაუყოვნებლივ აფორისტულ დონეზე ამის დემონსტრირებაა შესაძლებელი. ამ თვალსაზრისით, მაისტერის პოეტიკა კლასიკური ფილოსოფიური ლირიკის ხაზს არ სწყდება, არ სწყდება არც ,,ენას, როგორც ყოფიერების სახლს” და არ აწარმოებს ენაზე ისეთ შეტევებს, როგორსაც ცელანი ახორციელებდა. სამოცდაათიანი წლების ბოლოს მაისტერის დახვეწილი პოლემიკა ცელანის პოეტიკასთან სწორედ კლასიკური ფილოსოფიური ლირიკის მიმართ ერთგულების გაძლიერებით აღინიშნა. ამ პერიოდში მაისტერი კიდევ უფრო ჩაუღრმავდა გვიანდელ ჰოლდერლინს, მის ელეგიებსა და ჰიმნებს, სიკვდილ-სიცოცხლის საკითხებზე მისმა მხატვრულმა რეფლექსიებმაც გაცილებით არაკატეგორიული ხასიათი მიიღო, ვიდრე ეს ხდებოდა 30-იან ან 50-იან წლებში გამოცემულ მის კრებულებში, სადაც საიქიო ცხოვრების გვიანბიბლიური მოტივები ან ხსნის სახარებისეული პარადიგმები ირონიულად გადათამაშდებოდა ლექსიდან ლექსში.

საერთოდ, მაისტერის ლირიკისთვის დამახასიათებელია ენობრივი სამყაროს მიმართ ერთგულება და ენობრივი არსენალის მიმართ ნდობა, საპირისპიროდ 60-იან წლებში ენობრივი შესაძლებლობების მიმართ ევროპულ პოეზიაში გავრცელებული უნდობლობისა. ამას ხელი შეუწყო, ექსპრესიონიზმის ესთეტიკიდან და გოტფრიდ ბენის აბსოლუტური პოეზიის პროგრამის ერთგულებიდან გამომდინარე, სათქმელის, შინაარსის გამოთქმის აუცილებლობაზე და, ზოგადად, შინაარსის ესთეტიკაზე მისი ინტერესების მიმაგრებამ. ეს შინაარსი კი აღსავსეა გერმანულ და ფრანგულ ლიტერატურებში ღრმად ფესვგადგმული სიმბოლოების ახლებური წაკითხვით, თუნდაც თრაკლის, ჰაიმის ან ფრანგი „დაწყევლილი პოეტების“ შემოქმედებაში მოძრავი პარადიგმული ხატების მიმზიდველი მხატვრული კომენტირების პრაქტიკით, პოეტური დიალოგით მათ შინაარსობრივ სისტემებთან. სამყაროს დასასრულის ესთეტიკა და ფილოსოფია, რომელიც მაისტერს განსაკუთრებით აახლოებდა ამ ავტორებთან, მის შემოქმედებაში ახალი სუნთქვით გაიშალა; მისი რეფლექსიები სიკვდილსა და სიცოცხლეზე, წარმავლობასა და დროებითობაზე ყოველთვის იყო განმსჭვალული სციენტიზმის სულისკვეთებით; ეს სულისკვეთება მხოლოდ 70-იან წლებში დათმო პოეტმა. საკითხის მეორე მხარეა, რომ მაისტერი ფორმის იშვიათი ოსტატი და ჩვენი დროის ესთეტიკური ძიებების ერთ-ერთი წინამორბედიც არის. არსებითი დანაკარგების გარეშე სხვა ენაზე მისი ტროპების ამბივალენტიზმის, ცალკეულ სიტყვათშეთანხმებათა მრავალმნიშვნელოვნებისა და გრამატიკული კონსტრუქტების ზუსტად გადატანის სურვილი რომ სრული წარუმატებლობის საწინდარია, ამაზე პოფესიონალები არასდროს დაობდნენ, შინაგანად ზუსტი ეკვივალენტების შექმნა კი მართლაც ურთულესი ამოცანაა მთარგმნელებისთვის მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან, რომლებსაც ანდამატივით იზიდავს ამ პოეტის იდუმალებით მოცული სამყარო, ყველა ნივთისა და ხდომილებისთვის განკერძოებული, არსებობის მხოლოდ მისთვის ღირებული ერთადერთი და განუმეორებელი წესის მიმნიჭებელი.

დიდია მაისტერის დამსახურება ახალ ენობრივ ბაზაზე გერმანული ფილოსოფიური ლირიკის განვითარებაში. მისი მიგნებებით გაჯერებულია არაერთი ცნობილი თანამედროვე ავტორის შემოქმედება. ჯერ კიდევ 50-იან წლებში, როცა გერმანულ სოციალურ და პოლიტიკურ პოეზიაში მოსულ დიდ ტალანტებს ათასობით მიმბაძველი გამოუჩნდა, ეპოქის კონიუნქტურა კი სწორედ სოციალურად აქტიურ ლიტერატურას ედგა მხარში, პოეტი მშვიდად განაგრძობდა მუშაობას, ერთი შეხედვით, დროითი სულისკვეთებიდან ამოვარდნილი, არაანგაჟირებული მედიტაციური ლირიკის სფეროში. ერნსტ მაისტერის სახელობის პრემია, რომელიც 1981 წლიდან არსებობს, სწორედ პოეტური ენის განვითარებაში მიღწეული განსაკუთრებული შედეგებისთვის გადაეცემათ ორ წელიწადში ერთხელ გერმანულენოვან ავტორებს.

მთარგმნელი

ადამიანთა მონოლოგი

ჩვენ სამყაროს გაჩვეული ვართ.
გვიყვარს სამყარო ჩვენი თავივით.
ანაზდად სხვად რომ ქცეულიყო ეს სამყარო,
ავტირდებოდით.

არარაში შეკითხვების სამოსახლოა.
არარაში დიდდებიან თვალის გუგები.
არარა რომ არსებულიყო,
ო, განა ახლა დავიძინებდით,
და მოსასვლელი ჩვენი სიზმარიც
ვეებერთელა ჩლუნგი ქვის ქვეშ სიკვდილს პოვებდა.

L'HOME MACHINE BLEUE II

აჯვარედინებს ყვითელ ფეხებს
ძილსმიცემული
ადამიანი. პირში მუხლი ღრმად ჩაუმუხლავს.
დაბნელებულ თვალს ესიზმრება ბნელი სხეული.
მოიგრიხება სიზმრად თავი შემოგრეხილი.
ესიზმრებიან უსაფუძვლოდ სიზმრებს სიზმრები.

მოკაკვული

ის მიდის.
ცუდი სიზმარი ჰქონდა.
ის მიდის სულმთლად მოკაკვული და აღარ
სუნთქავს.
ის მიდის.
შუბლი მუცელზე აქვს დაკიდებული.
ის მიდის.
ხოლო ჩამოყრილი ხელები მისთრევს.
ის მიდის.
მისი შუბლი მისივ ფეხებს ეხლება.
ის მიდის.
მისი თავი უკვე მის წინ მიგორავს.
და მისი თავი ლიტანიას წარმოთქვამს ასეთს:
მე მატლებმა დამისაკუთრეს.
ცუდი იყო ჩემი სიზმარი.
ის მოკაკვული ხვდება განთიადს.

სიბნელე

სიბნელეს არვინ ეკითხება,
თავს როგორ გრძნობო.
იგი არ მღერის.
მას თვალები არ გააჩნია.
სიბნელე მხოლოდ მკვდარი ძაღლია.

სიგრილე

მთვარე ყვავილობს.
განუტევა სული ზაფხულმა.
ჩემი პალტო ეგებება პირველ სიგრილეს:
წითელ სიგრილეს,
მუქწითელი ფერის სიგრილეს.
ჩემი თვალის გუგების მიღმა უკვე პირველი
ყინულოვანი არშიები გამოისახნენ:
ყვითელი, თეთრი,
მწვანე, მწვანე, მწვანე,
და შავი.

* * *

ყველაფერი საკუთარ თავს დაფუძნებია.
მე ჩემივ თავს დავფუძნებივარ.

ქალაქი ქუჩა-ქუჩა სეირნობს.
მთა შეყოლია საკუთარი თავისკენ აღმართს.
გაქანებული დირიჟაბლი-საქანელა ჰაერში
დგას გაუნძრევლად და გონს ეგება.
მდინარე ამბობს: საით მივმართო ჩემი
ინება?
უფალი ამბობს: დედა, მე მეტი აღარ ძალმიძს.
აქ ისეთი სიმხურვალეა.
შოსე ამბობს: მე ბენზინი გამომელია.
მწუხრი გარს აკრავს ქვეყნიერებას და -
საღამო მშვიდობისა - ასე მიმართავს.
დედები ერთხმად იგალობენ:
ყველაფერი საკუთარ თავს დაფუძნებია.
და იცინიან.

მელანქოლია

და არის გამომშვიდობება ყოველი სიტყვა,
გადაგდებული შესასვლელთან მკვდართა
სამყოფის,
ჩამოჩონჩხილი თავი სადაც ამღერებულა,
ჩამოჩონჩხილი თითები სადაც ასრულებენ
ამ ძველ სიმღერას:

ფითრისფერია შიდა მხარე ალისფერი ვაშლის
კანისა,
ბავშვი კი ქვოვან საფეხურზე - უფრო მეტად
გაფითრებული,
როცა მიმწუხრი ჩამოდგება, ის კი კანკალებს,
ვერ გაუგია, სად გაქრა დედა,
რომელიც მწარედ ტიროდა და
განუწყვეტლივ რომელიც ამბობს,
რომ მისი სისხლი განილევა,
რომ ის ილევა... დაილევა... გამოილევა...
სადა ხართ, არსნო, ჩვენც რომ გვიცავთ
სიტყვებთან ერთად?
ანგელოზები? - კუბოებში წვანან უკვე
ანგელოზები,
მოთქმათა მტვრით დათოვლილები.
ისინი სახლის სხვა დარბაზში განისვენებენ,
ჩამოჩონჩხილი თითები სადაც ასრულებენ
ამ ძველ სიმღერას:

ფითრისფერია შიდა მხარე ალისფერი ვაშლის კანისა...

ყვირილის პირველი ამოფრენა

ნადირის მოთქმა მონადირის
დაგრეხილ ბუკში... მაგრამ ამ გვრინის
მონადირეს რა გაეგება?
ის ბუკს კედელზე ჩამოკიდებს.
ხოლო ბუკში ნადირი ტირის,
ყრუა კედელი.

მე კი, ყვირილი, მოელვარე ბუკიდან
გავსხლტი
მწვანე კედელზე, გადავურბინე
სახეზე ძილში ჯერაც ისევ მონადირე კაცს,
წავიფორხილე მისი ცოლის შავ, გაშლილ
თმაზე, არ შევხებივარ ბიჭუნების ჯერაც წითლად
ღაჟღაჟა ლოყებს; სასოწარკვეთით განვეშორე
დაკოჟრებულ მუშტებს მარეკთა
და ხეშეშ ხელებს ძილში მბორგავი
მოხუცებული მოახლე ქალის.
უკან დარჩა ძაღლთა ყმუილი,
ღამის სარკმლიდან გარეთ გავფრინდი,
კუპრისფერ ტყეს თავს გადავევლე,
და როცა ზეცის დიდ სივრცეში წავიბორძიკე,
სწორედ ეს იყო
საზარი რამ, საბოლოოდ გაუსაძლისი.

და მე ვინანე,
ლაბირინთულ იმავ ბუკში უკუვიქეცი,
ღამეში რომ კაშკაშებდა, და ძილს მივეცი,
მწვანე კედლის სიახლოვეს, მოტირალი,
რბილ ბეწვეულზე და ნაკრტენზე
ნაღვლიანი ცხოველებისა.

დიდი ხუთშაბათი

ჭექა-ქუხილს მოკლებული სივრცის წიაღში,
მინაწკრიალა არფების ირგვლივ ლივლივებენ
თეთრი ჩიტები.

სიცოცხლის მწვანე წვენი ავსებს
გაზაფხულის ხნულთა ორნატებს;
დინება, ასე თავმოყრილი, გოლგოთისკენ
აღედინება,
რათა მოსასვლელ ალიონზე -
სისხლადდაღვრილი მზის ჩაფერფლილ
წამწამთა თვალწინ -
შეერიოს უსაშინლეს ძმარს.

თხემი! სიკვდილის ხე! უფლის ხელით
დარწეული ზეცის სასწორი
და არ ვიქნები ხვალ სამოთხეში,
არამედ გავქნი ძრწოლებს, როგორც ქვა
წისქვილისა,
და საგალობლებს ვიგალობებ მიწის მსახური.

შრომადღის მერე მაგდალენასთან ერთად
ვსეირნობ წისქვილის ტბორის მიდამოებში.
მოესურვება მაშინ ცრემლი მონანიე მზეს,
და იმ ხორბლის პურს, მე რომ დავფქვი,
მოცახცახე პირით ეხება.

ღამე ისეა, ვით სამარე! ანგელოზები, ჩემი
თანამოსახლეები,
გმინვა-კვნესად უქცევია საშინელ სიზმრებს:
ღვთისმშობელი ვერ პასუხობს სფინქსის
შეკითხვას;
ზარდამცემია, მას, განაწამებს და მომაკვდავს,
იოსები როგორ დასცინის.
ოპტიკოსია მამაღმერთი,
როგორც ერთ დროს იყო სპინოზა.
ის, ჭაღარა და თვალდავსილი,
ლინზებს ამზადებს.

ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო,
როგორ მორთულა ციონის ნუშის
ვავილებით ჩემი სიზმარი!

ხელჩართული შეტაკება ვარდების ველზე

საგანი, ყელში მოხვედრილი,
ცხლად საგემი შოკოლადი როდი ყოფილა,
ნუშის ნამცეციც არ იყო იგი,
უსაყვარლესის ტუჩებს შორის
ნაზად ნაკოცნი.

მტრის თვალის სკლერას
ქალიშვილის თეძოები დავიწყებოდა,
სიკვდილის იყო ცა, რომელსაც ჩაემქლია შავი კვერცხები,
და ჩაის ვარდიც ფურცელ-ფურცელ
გაფანტულიყო.

და მაინც,
სისხლით შეიღება კაცი ვარდებში,
სწორედ იმათში,
ეს იხილა გადაქცეულმა,
ფუთფუთებდნენ და მაღლა-მაღლა
მიიწევდნენ
ფარაჯისფრად რუხი ტილები,
რათა ვარდების ყვითელ კვალში გამარჯვება
ეზეიმათ ამოსრუტვის ამ დიდოსტატებს.

და მაღალი ცა რუხი იყო, როგორც ტილები.

ბოსელში .-სთან

სითბო იდგა შენთან, ბოსელში.
მინდვრად ზამთარი მათრახით გვცემდა.
წმინდაო ჩვილო, გამომხლტარო თოვლივით
თეთრი ვარდის გულიდან,
ჩალით შეკრულ საგებელზე მანათობელო,
შენს სანახავად მოვედით და
არა იმისთვის, რომ შენ აგკიდოთ
ეკლიანი ეს ჩვენი ძრწოლა. -
და, აი, ვდგავართ,
როგორც სამხრეთის მსუბუქ ქარში,
ოხშივარში რძელბილ ცხოველთა.
ზეთი იღვრება ოქროვანი ზეთისხილის მთის
კალთებიდან...
დავითის ქნარის ტკბილი ჰანგებიც
შენ გესტუმრნენ, ვით ნათლიები,

და ეს განა ისე არ არის, თითქოს ურიამ
ინებაო აქ დაყოვნება -
გულმართალმა მეთაურმა,
ვისაც მეფემ ცოლი წაართვა, ვირსავი იყო
მისი სახელი,
და დაორსულდა იეღოვას ღრუბლებზე იგი,
სწორედ ურიამ, ყრუ ბუტბუტით სოლომონის
სიბრძნეთა მთქმელმა?
არადა, ჩვენი ბასრი ძრწოლა რა შორს
ვირჩება,
როცა შევყურებთ, ვარდისფერი შენი ხელი
ბაგის ჩალიდან მთვარის ვერცხლისფერ
ბუკს რომ მიელტვის...

მარიამისგან ნაწინასწარმეტყველები ზეცის
ქვეშ დღესაც
თოვლის სუდარაგამოვლილი
გულკეთილი სტუმრები შენსკენ ედინებიან.
და ამასწინათ იყო ესეც, მოგინახულა
ტონიკომ, ბავშვმა, სასიკვდილო
რილობებით დაბადებულმა,
გოგონამ კუნძულ ჰიროშიმადან,
გაელვების წამს შხამიანი სოკოს ქვეშ მყოფმა,
ტონიკომ, გოგომ, დაფარული დუმილის
ხელს მინდობილმა,
ბანაკიდან ვ.-ის დუმილის.

კურდღლების ზამთარი

ვაშა და ვაშა, ჯარისკაცნო ველთა ძრწოლისა!
თქვენ, მწკრივებად და ნაწილებად
დაყოფილნო,
პარკებში თავით ჩაყუდებულნო...
კურდღელნო, ასე გაუნძრევლად
დაკიდებულნო!
ზამთრის ქარის მიუხედავად.

ჰო, ზამთრის ქარი,
მღრღნელი კბილივით მოლაპლაპე,
ვერცხლის ღრუბლებს მიმოფანტავს
ელვარე ცაზე.

ზვავს გამოვიწვევ მე
მწერვალზე,
უმცირესი ბიძგიც იკმარებს, და, აი,
ჩემი დანაშაული, გულმდიდარი ზეცის მამაო,
თავქვე მოგორავს
და, ხევისკენ დაქანებული,
იზრდება და ანადგურებს
ყინულოვანი არშიებით მორთულ ჩემს
სარკმელს, რომლის წინაც
კურდღლებია დაკიდებული.

გამოიღვიძეთ, ჯარისკაცნო ველთა
ძრწოლისა!
თავისუფლად -
სამყურებო, გამყინავად ლურჯებო, სერზე
ამოყვავილდით!
მოდით და ჩემთან ამოსკუპდით,
გემო მოიდეთ
ზამთრის ქარბუქში, ჩამოირეცხეთ
ეწვიდან სისხლი,
ანუ ჩემი დანაშაული,
და იჩქარეთ ჩემთან ერთად, ბოლოს და
ბოლოს,
თოვლის ამ ლურჯ იალაღებზე.

თევზის დაქუცმაცება

დიახ, ქაოსიც ეს არის: თევზად
გამოეცხადო სუფრას ტრაპეზად.
ნიშანს აძლევდეს გაფუფქული თვალი სხვა
სულებს.

ახლახან ჯანმრთელს, სისხლსავსეს და
თვალმოფაფხურეს
გურმანი უკვე ვნებით სავსე მზერას
გაპკურებს,
წევხარ ნარჩევი, გაშიფრული და
დაღდასმული.

და როცა უკვე აქნილიც ხარ, გამოფატრულიც,
შენს ხორცს წრე იყოფს, რომლითაც ხარ
შემორაგული.
წრე რომ იშლება, შენგან ფხა და ნაკუწი რჩება.

ეჰ, შე ნარჩენო, ბოლოს ეგ ფხაც გაგეფანტება.
გზააბნეულო, მიგდებულო, რა გემართება? -ფხეკს მზარეული კანის ლორწოს, ქოთანზე მიმხმარს.

ჩალის თაიგული

ღამეში მარტო,
მაგრამ მაინც არა ეული,
რადგან ერთგული შენ დამირჩი,
აჩრდილო ჩემო!
სამზარეულოს ნაცრისფერი,
ჩამოშლილი შპალერიდან,
მესალმები და, ჩემთან ერთად, თვალს
ადევნებ
სიმშვიდისმომგვრელ სიგარეტის ბოლს.
აი, მისი წრე შენს თავს ზემოთ როგორ
იკვრება!
მაგრამ შენ ამ დროს უსმენ თუ არა
მაღვიძარას, ზურმუხტისფრად
მომინანქრებულს,
რომელიც ერთმა დაშლილმა ხელმა
აქვე, შემინულ კარადაში,
მძინარე და ცარიელი ჭურჭლის ქვეშ დადგა,
უსმენ თუ არა მოწიკწიკეს,
ნაკუწებად გადამქცევს დროის,
რომელსაც, თითქოს, როგორც კალოს, ისე
ლეწავდეს?
ღამის მინდვრებზე სად გრძელდება
კიდევ უფრო ჩალის ღერები?
ბრმად მოიზრდება წველი ჩემი სახის
გარშემო.
წითლად კუბოკრულ სუფრაზე კი ჩემი
მაგიდის -
ბროლის ლარნაკი, ოჰ, იგი კრავს
ჩალის თაიგულს!

გარმონის ნაკეცებში

ო, ქვეყნებს შორის საზღვრის მკვიდრი ეს მუსიკოსი,
საბუდარივით თბილი ქოხის მყუდრო მოსახლე,
მიუხედავად იმ საშინელ არქტიკასთან მეზობლობისა,
არა ერთი და ორი მილით რომ იზომება...
მოხუცი კაცი, ვისი სახეც, ნაოჭებით
ამოღარული,
აღმოსავლეთის მზისებრ დიდი და
ალისფერი,
თმა-წვერში თითქმის იკარგებოდა...
გაფაშრებული, ნაცრისფერი ვისი პირიც
განუყოფლით იყო აღსავსე
და უხეში ვისი ხელებიც
შავად-ვერცხლისფერ გარმონს შლიდნენ
და კეცავდნენ ცხელი ბანის ხმად...

ერთხელ -
უკვე რომ მოეყოლა სიმღერ-სიმღერ ბევრი
ამბავი -
კაცმა ჩივილი წამოიწყო,
თუ რას მალავდნენ ამ გარმონის ნაკეცები
საკუთარ თავში.
და, აი, ეს დამამახსოვრდა:
დაფნის თესლს და პეპლის საცეცებს,
ვარდების ფერფლს და ბაღლინჯოებს,
გარდაცვლილთა სახლის ნაგავსაც,
ნამსხვრევებს მოშიშ ზარებისას,
და მტვერს ყვავილთა,
და ლურსმნებს, მათზე შემხმარ სისხლს და
იქვე ტამპონს მარადიული ჭრილობებიდან...
ო, ქვეყნებს შორის საზღვრის მკვიდრი ეს
მუსიკოსი,
საბუდარივით თბილი ქოხის მყუდრო
მოსახლე,
მიუხედავად იმ საშინელ არქტიკასთან
მეზობლობისა,
არა ერთი და ორი მილით რომ იზომება...

ვიყავი სამწყსო

ვიყავი სამწყსო
და ვკორტნიდი გამოცდილებას.

მწყემსის არგანი,
ვარსკვლავებთან შეხებადი

და - ბალახებთან: აჰა,
ისინი არიან

მწარედ რჩეულები,
უმწვანესები.

და ჩრდილი
მისი ქუდის ფარფლებქვეშ

და შუქმოსილი ხელები
მწყემსის

და მე, სამწყსო,
ამომკორტნავენებიანი.

ნაყვინთავებ ქუხილთა მერე

ნაყვინთავებ ქუხილთა მერე
ტბორები ისევ გადასწორდნენ,
ელვის ლიტერნი
უკვე ფსკერზე დაძირულან,
და,

უბრალოებას
აზროვნება დაეწყოს თითქოს, აწ
წყალნი, უწინ
სულმთლად ბნელნი, განმსჭვალულან
თევზების ვერცხლით.

ჩვენება

აქ იყო,
აი, აქ იყო მეთქი,
მეზღვაური,
ტალღებს შორის სამუდამოდ
ამომწყვდეული.

მან,
ტალღებს შორის სამუდამოდ
გამომწყვდეულმა
წყალთა სარკე გამოამტვრია
და ჩვენ გვიჩვენა,
ჩვენ გვიჩვენა, წინმსწრაფ მეზღვაურთ,
ერთი მუჭა
სირუხე ფსკერის.

დაკითხვა

ქვა
დუმილით გიწყობს
დაკითხვას.

აწ
გამოხრწნილი
ჰო და არა-დან

მკვდრეთით აღმდგარს
ძალგიძს უშიშრად

გაძვრე მსგავსი შესაქმის
ყუნწში.

14 სალოცავი

▲back to top


ტომაზო ლანდოლფი

ზღვა, ეს მტკნარი ზღვა, ასე რომ უყვართ ზაფხულის დამსვენებლებს, არანაკლებ მტკნარი შემოდგომის მზით იყო შეკმაზული და უფრო მიწისფერი ეთქმოდა, ვიდრე ლურჯი. ბევრი დაწესებულება უკვე დაეკეტათ. დაეკეტათ უმთავრესი სასტუმროები და რესტორნების უმრავლესობა. ჯერაც ღია სავაჭროები თითქოს გასაუქმებლად გაემზადებინათ. ისე კი ნაზი დღე იყო და ოდნავ გამთანგველიც.

რაღა აზრი ჰქონდა მის ჩამოსვლას ამ მივიწყებულ და უკვე დამუნჯებულ ადგილას? არავითარი, გარდა იმისა, რომ უკვე ჩამოსული იყო. არა, რაღა მაინცდამაინც დღეს გადაწყვიტა ეს მოგზაურობა? - კაცმა რომ თქვას, დღეს კი არა, გუშინ, სრულიად მოულოდნელად. აი ასე, ჩაჯდა მატარებელში და ნახევარი იტალია გამოიარა... ჰოდა, რატომღა? ვინ იცის! რაიმე ქმედების ან გრძნობის მოტივებს დაწვრილებით ვერასოდეს გამოიკვლევ; ხანდახან ერთ მიზეზსაც ვერ აღმოაჩენ... ის ქალი ასე უეცრად წარმოუდგა თვალწინ: შორიდან მოუწოდა, რომელიმე რუსალკას მსგავსად გამოიხმო ყოველდღიურობის ჯოჯოხეთიდან. ისიც გარბოდა მოწოდების საპასუხოდ... ჯანდაბას ეს პოეტური სახე, ეს სულელური პოეტური სახე.

ის ქალი! რისი იმედი უნდა ჰქონოდა იმ ქალისაგან? თვითონ თუ მოხუცი იყო, ასევე მოხუცი უნდა ყოფილიყო ის ქალიც. უფრო მეტადაც, რადგან ათი წლით უფროსი იყო. რა უნდა ქნან, ან რისი იმედი უნდა ჰქონდეთ ორ თითქმის დავრდომილ ბებერს?.. და მაინც, თავის უკანასკნელ წერილში, გამოსამშვიდობებელ წერილში (იმ დროს, როცა ოცდახუთი წლის წინათ მან გვიან შეირთო ცოლი), ქალმა სთხოვა მისთვის მოემართა, თუკი რაიმე მიზეზის გამო ცხოვრება აუტანელი გაუხდებოდა...

არა: ამას არ ეძებდა, ამგვარი შეუძლებელი ნუგეშის დარდი სულ არ ჰქონდა. აბა, მესამეჯერ რომ ვიკითხოთ, რაღა უნდოდა?

შეამჩნია, რომ თავშიშველი იყო: ქუდი, ალბათ, სასტუმროში დარჩა, ერთი კილომეტრის მოშორებით. მზე ანათებდა, მაგრამ თვის სახელში ,,რ” ერია. ჰოდა, მის ასაკში... თანაც წნევაც ხომ აწუხებდა... რაიმე მოსახერხებელი თავშესაფარიც არსად ჩანდა, ზღვისპირა ქუჩა ბრტყელი და მოტიტვლებული გაწოლილიყო უხეებოდ. ავადმყოფ წიწილასავით მიიწევდა წინ, შუბლს გაზეთით იჩრდილავდა და თავს დედიშობილად გრძნობდა: ქუჩაზე დაფენილი ქვიშა ფეხსაცმელში აღწევდა. არც გაჩერებულა იმ დიდ ვილასთან, რომლის ბედნიერი სტუმარი ასე ხშირად ყოფილა: იცოდა, რომ ქალმა გაყიდა ეს ვილა და ახლა უფრო იქით ცხოვრობდა, უფრო შორს.

აი, გამოჩნდა კიდეც, პაწაწინა, ალბათ, ერთოთახიანი სახლის შიგ და გარეთ გამომწყვდეული. გარეთ, ესე იგი, პატარა ტერასაზე, სადაც ორიოდე სკამი თუ დაეტევა. თითქმის ოცდაათი წელი არ ენახა. მაგრამ როგორ არ უნდა ეცნო მისი მიხვრა-მოხვრა, მხრების ოდნავ მკვეთრი მოხაზულობა, განსაკუთრებით კი ურჩი კულული, ოდესღაც ქერა, ახლა კი... ღმერთო ჩემო, ისევ ქერა? როგორ არ ეცნო ეს მისი უკეთესი საბაბის ღირსი სილაღე, რომელსაც ყოველთვის უმნიშვნელო საქმეებს ახარჯავდა?

არც ქალი დაბნეულა და შეშფოთებულა ზომაზე მეტად. თითქოს იცოდა და დღე დღეზე ელოდა მის გამოჩენას იქ, რათა თითქმის იმავე სიტყვებით განეგრძოთ ოდესღაც შეწყვეტილი საუბარი... რატომ, რის გულისათვის შეწყვეტილი? განა დღეს წარმოსადგენი იყო ამისათვის საკმარისი მიზეზი? - ჩვეული ხალისით დაუხვდა, გულთბილად: მასპინძლის შესაფერი მზრუნველობა გამოიჩინა, მაგრამ საკუთარი პიროვნული სითბოც (სულელები ამას ადამიანურ სითბოს უწოდებენ). სულაც არ ეტყობოდა დარცხვენა თავისი დღევანდელი უბადრუკი მდგომარეობის გამო. სახლში შეიყვანა, გულუხვად გაიმეტა მისთვის იმ საცხოვრებლის სივიწროვე და სიღარიბე.

თვალებიც იგივე ჰქონდა. არა, იმ აზრით, კი არა, რომ მათი ცნობა იყო შესაძლებელი, - ნამდვილად იგივე თვალები იყო, თუმცაღა რქოვანა უკვე ცისფერი კი არ ჩანდა, არამედ მოყვითალო და გაცრეცილი. ასევე ხელებიც, თუნდ ობიექტურად დამჭკნარი. და ყოველივე დანარჩენიც. მოკლედ რომ ვთქვათ, ცხადდებოდა, რა მცირე და უმნიშვნელო იყო რეალობის ძალა, თუკი დაცემის გარეგნული ნიშნებით გარშემორტყმულ გრძნობას შეეძლო ხელშეუხებლად შეენახა თავი და ასე ადვილად უგულებელეყო ყოველგვარი ცვლილება.

როგორც იმ მშვენიერ დროს, ახლაც მოისურვეს სადილის მომზადება იმ მცირეოდენით, რაც კი შინ მოიპოვებოდა: პომიდორის საწებელიც, როგორც ყოველთვის, უბადლო გამოვიდა. კაცი გვერდიდან არ მოშორებია, თითქოს ეხმარებაო. ამასობაშიც: ,,როგორა ხარ? ცოლ-შვილი ხომ კარგად? ხომ გაგიმართლა? - შენ კი როგორა ხარ?” და უეცრად, სრულიად მოულოდნელად...

ნეტავ რამ უბიძგა? იქნებ ქალის რომელიღაც ქცევამ, თავის დახრამ, ჩამოშლილმა კულულმა... ან, იქნებ, სულაც არაფერმა: გრძნობის ჩაქცევამ (მსგავსად სისხლის ჩაქცევისა).

- თავი გაანებე, - დაიჩურჩულა და ანთებულ ქურას ხელით ჩამოაშორა, - თავი გაანებე და მიყურე. მაპატიე, ან, თუ გინდა, ნუ მაპატიებ.

- რა იყო? - იკითხა, მაგრამ ოდნავ ხვდებოდა კიდეც.

- იცი, რა მინდა ახლა გაგიჟებით?

- არა, არ ვიცი.

- მინდა გაკოცო.

- ეგ ხომ უკვე გვიქნია.

- გაკოცო-მეთქი.

- რა სამარცხვინო ხარ. ჩვენს ასაკში!

- უფრო სამარცხვინო ხარ, ვიდრე შენ გგონია.

- ნუ მაშინებ... რა გინდა?

- გაკოცო... იქ გაკოცო, გესმის?

- გაგიჟებულხარ! - უფრო ნაღვლიანად წარმოთქვა, ვიდრე გაბრაზებით.

- მისმინე, მართლა მინდა, რომ არა ვქნა, მოვკვდები. და მერე, რატომაც არ უნდა ვქნათ, თუკი მინდა? და თან შენც თუ გინდა?

- მაგრამ ის ისეთი აღარ არის, მაშინ რომ იყო, შენ რომ მოგწონდა.

- რატომ?

- მოხუცდა. საშინლად მოხუცდა.

- შენსავით?

- ჰო, ჩემსავით.

- აბა, დარდი ნუ გაქვს. თუ შენზე ბებერი არ არის, ისევე ნორჩი ყოფილა, როგორც ჩვენი სიყვარულის პირველ დღეს იყო, უფრო მეტიც, ქვეყნიერების შექმნის პირველ დღეს. რადგან შენ თვითონაც ასეთი ხარ, დროს არ ემორჩილები. რომ გავიგო, როგორია ის ახლა, საკმარისია შენს სახეს შევხედო.

- ჩამომჭკნარია, მიმკვდარუნებული.

- მატყუებ, არ შეიძლება მკვდარი იყოს, რაც ოდესღაც ცოცხალი იყო.

- ჩამოკიდებულია.

- არ მესმის შენი.

- ბალანიც გასცვენია.

- სულელო, გინდა შემაზიზღო. მიგიხვდი, უფრო სწორად, ვიცანი შენი ეშმაკობა... აქ მოდი, მომნებდი.

- კარგო, კარგო, რა ლამაზი ხარ. რამდენი სიხარული მოგიცია ჩემთვის! თაყვანს გცემ და გაკურთხებ.

- ასე, ასე ელაპარაკები, იმავე სიტყვებით?

- უეჭველად. ჩემო პატარა სულო, ჩემო პატარა ნესტიანო სულო, ჩემი ცხოვნების საწინდარო...

- ღმერთო ჩემო, ძალიან ნუ შემაშფოთებ. მან შეიძლება დაგიჯეროს.

- ... ჩემო მარადიულო მოსაგონარო და ჩემო ახლანდელო სინამდვილევ! სხვა რა დამრჩება, ერთ დღეს რომ მოვკვდე?

- ყველანი მოვკვდებით...

- ნუ მკრეხელობ. სიკვდილს რა უნდა, თუკი ქვეყნად იყო და არის შენი ის?

- გთხოვ, გეყოფა...

- ღმერთო ჩემო, თქვენც თავი გამანებეთ ახლა: თვალს ნუ მიპაჭუნებთ, ნუ მაწუხებთ...