![]() |
ქართული კულტურის პარადიგმა (IV-Xსს.) |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: ცინცაბაძე მარინე |
თემატური კატალოგი სტატიები სხვადასხვა ჟურნალებიდან |
საავტორო უფლებები: © შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
![]() |
1 * * * |
▲ზევით დაბრუნება |
მარინე ცინცაბაძე
უძველეს ცივილიზაციათა თანაზიარი საქართველო, როგორც გზაშესაყარზე მდებარე ქვეყანა, მუდმივად განიცდიდა სხვა ქვეყნების - ირანის, რომის, სირიის, ბიზანტიის, არაბეთის კულტურების გავლენას. მაგრამ IVს-ის დასაწყისში ქრისტიანობის მიღებისას, ბიზანტიური საღვთისმსახურო პრაქტიკის არჩევანმა მთლიანად განსაზღვრა ქართული აზროვნების განვითარების გზა. ბიზანტიის იმპერიამ (IV-XVსს.) ახალი ეტაპი შექმნა მსოფლიო კულტურის ისტორიაში, სადაც ქრისტიანობის სხვადასხვა მიმდინარეობებს შორის აღმსარებლობითი დავა გადაწყდა მართლმადიდებლობის გამარჯვებით, რომელმაც განსაზღვრა დოგმატი ლიტერატურის და ხელოვნების ნიმუშების შექმნისათვის, ამავე დროს ბიზანტიური გავლენის ქვეშ შემავალ ერებს ნება ეძლეოდათ თავიანთ ნაციონალურ ენაზე ღვთისმსახურების შესრულებისა, რაც ბუნებრივად გულისხმობდა ნაციონალური კულტურის განვითარების პერსპექტივას. აღსანიშნავია, რომ ბიზანტიურ არეალში მოქცეული ქვეყნები, განვითარების სხვადასხვა დონით ითავსებდნენ ახალ მსოფლმხედველობას, კერძოდ, მაღალგანვითარებული უძველესი წარმართული კულტურის მქონე საქართველო, რომელსაც ქრისტიანობამდელ ეპოქაში ჰქონდა სახელმწიფოებრივი არსებობის გამოცდილება - თავისი რეგალიებითა და და სხვადასხვა საზოგადოებრივი სტრუქტურით, მათ შორის განათლების სისტემით, ასევე, საინჟინრო, ხუროთმოძღვრული, მუსიკალური ტრადიციით და სხვა, შესაბამისად თვითმყოფადი კულტურული წანამძღვრების არსებობით. აქედან გამომდინარე, იგი ქრისტიანობის მიღებით კი არ იწყებს თავისი კულტურას, არამედ ახალი მსოფლმხედველობრივი მიდგომით აგრძელებს თავისი კულტურის განვითარების პროცესს, რომლის დროს პარალელურად ხდება წარმართული კულტურის დაძლევა - ერთგვარი შეთავსების გზით, და ახალი მსოფლმხედველობის დამკვიდრება. ეს პროცესი ნათლად ჩანს პირველი ქრისტიანული ტაძრების ნიმუშებში, თუნდაც IVს-ის ჭერემის მცირე ზომის უგუმბათო ბაზილიკური სტილის მაგალითზე,1 რომელიც განსხვავდება იმ პერიოდის ბიზანტიურ სამყაროში დადგენილი ე.წ. „ნაკურთხი ნიმუშისაგან“.
ქართული პარადიგმის განსაზღვრისას უმთავრესი პრობლემაა საკითხის გარკვევა: რამდენად აითვისა ქართულმა კულტურამ - მწერლობისა და ხელოვნების დარგების სახით, ბერძნულ-ბიზანტიური ტრადიცია; რა მიიღო მისგან და, მიუხედავად დოგმატის დაცვისა, რა შექმნა თავისთავადი.
ქართული კულტურის ზოგადი თვისობრიობაა მისი გახსნილობა და ინფორმაციულობა სხვა კულტურათა მიღწევების მიღებისას, კერძოდ, I საუკუნიდან მსოფლიოში ქრისტიანობის არსებობისა, ქართველთა ლტოლვა ეგვიპტის, პალესტინის, სირიის, უდაბნოებისაკენ საშუალება იყო ახალი რელიგიის პირველწყაროდან გაცნობისა, შემდგომ პერიოდში, ბიზანტიის იმპერიაში ჩამოყალიბებული კულტურის რამოდენიმე კერის არსებობამ კიდევ უფრო გაზარდა ქართული კულტურისათვის საინფორმაციო წყარო, მათ შორის პალესტინის, საბაწმინდის და საბერძნეთში ათონის მთის „ივერიის“ ქართველთა მონასტერმა დიდი როლი ითამაშეს ქართული მწერლობის განვითარებაში. ამდენად, ინტენსიურმა შემოქმედებითმა საქმიანობამ თავისი შედეგი გამოიღო იმ დიდი რაოდენობით სხვადასხვა ლიტერატურული თარგმანებით, რომელთა შორის ზოგიერთს ბერძნული დედნების დაკარგვის გამო თანამედროვე ეტაპზე თვით მიენიჭათ საინფორმაციო წყაროსა და ქრისტიანული ლიტერატურის შესწავლის საკითხში პირველწყაროს მნიშვნელობა. საბაწმინდა იყო აგრეთვე არაბულ მწერლობასთან შეხვედრის ადგილი,2 ხოლო რაც შეეხება ელინურ, რომაულ სირიულ, სასანურ ირანულ კულტურებთან ქართული წარმართული კულტურის სიახლოვეს, ისინი ელემენტების სახით ქრისტიანობის პერიოდშიც კვლავ აგრძელებენ არსებობას ქართული ქრისტიანული ხელოვნების სხვადასხვა დარგებში, კერძოდ, ბოლნისის სიონის V საუკუნის ადრექრისტიანული პერიოდის (478-493წწ.) ძეგლმა, რომელიც უგუმბათო დიდი ბაზილიკური ტაძრის საუკეთესო ნიმუშთაგანია, შეასრულა ქრისტიანული არქიტექტურის საერთო მოთხოვნა - შიდა სივრცის გაზრდის თავლსაზრისით. მასში პირველად ქართულ ხუროთმოძღვრებაში ვხვდებით სკულპტურულ და ორნამენტულ სამკაულებს - ბარელიეფებისა და ჩუქურთმების სახით. სწორედ ტაძრის გაფორმების დეტალებში გამოვლინდა ქართული ხუროთმოძღვრების თვისობრიობა სხვადასხვა კულტურათა ელემენტების გამოყენებისა. ასე მაგალითად: ბოლნისის ტაძრის ხარის თავის გამოსახულებაში - რქებს შუა მოქცეული ჯვრით, ჩანს ელინურ-რომაული და ქართული წარმართული ტრადიციის კვალი, ასევე, კედლის მხატვრობასა და ჩუქურთმების გაფორმებას მივყევართ სასანურ ორნამენტაციის წრესთან და ნაწილობრივ სირიული ხელოვნების მოტივებთან - გეომეტრიული და მცენარეული სახეებით. ბოლნისის სიონის ტაძრის კედლის მომწვანო-ფირუზისფერმა ერთგვარად დაამკვიდრა ტრადიცია ქართული ტაძრების მიდრეკილებისა თბილი კოლორის შერჩევისაკენ. ბოლნისის სიონის ტაძრის ფერის შერჩევისას (მისი ერთგვარი დამოუკიდებელი მნიშვნელობით) ტრადიციის გაგრძელებას ვხვდებით ქართული არქიტექტურის კლასიკური პერიოდის საუკეთესო ძეგლში მცხეთის ჯვარის (586/87-604წწ.) სახით.. ამ მხრივ, თუ მცხეთის ჯვარის ტაძრის ფასადის ქვიშისფერ-ვარდისფერს შევუდარებთ ამავე პერიოდის ბიზანტიური საეკლესიო არქიტექტურის შედევრის - კონსტანტინეპოლის წმ. აიასოფიის (531-537წწ.) ტაძრის ფასადის მუქ კედლისფერს, დავინახავთ თვალშისაცემ სხვაობას. სხვაობაა აგრეთვე ტაძრის გაფორმების თვალსაზრისით, ბიზანტიურ ტაძარში აქცენტი გადატანილია ინტერიერის გაფორმებაზე, განსხვავებით მცხეთის ჯვარის შიდა და გარეთა გაფორმების თანაბარ ყურადღებაზე. მცხეთის ჯვარის მორთულობაში, ფასადის სამ სტელაზე გამოსახული ქტიტორების სამოსი გვაგონებს სასანური ხელოვნების სტილს, ხოლო ტაძრის შესასვლელის თაღზე „მფრინავი ანგელოზი“-ს კომპოზიციაში იგრძნობა ელინურ კულტურასთან სიახლოვე. ამდენად, სხვადასხვა კულტურათა ელემენტების გამოყენება ხდება, როგორც შ. ამირანაშვილი აღნიშნავს, გაქართულების გზით, ხოლო რაც შეეხება ბიზანტიურ არქიტექტურისაგან განსხვავებულობას - ტაძრის ფერის შერჩევის თვალსაზრისით,3
ქართული კულტურის პარადიგმის ერთ-ერთი ნიშანია, რომელიც ავლენს სხვაობას ერთ აღმსარებლობით არეალში მყოფი ქვეყნების მიერ ქრისტიანული არქიტექტურის ფორმათა გამომსახველობის მხრივ, ე.წ. „ნაკურთხი“ ნიმუშების შექმნის თვალსაზრისით.
ქრისტიანობის დამკვიდრების ადრეულ ეტაპზე საქართველოში ეკლესიების მშენებლობას პოლიტიკური დატვირთვა ენიჭებოდა, რადგან ირანის გავლენის ქვეშ ქვეყანაში ქრისტიანობის დაცვა ნიშნავდა ეროვნული ცნობიერების ორიენტაციის არჩევანს, რომელიც განსაკუთრებული აქტუალობით ხასიათდება ვახტანგ გორგასალის (457-502წწ.) მეფობისას. მან უმოკლეს დროში მყარი ნიადაგი შეამზადა მომავალი ერთიანი საქართველოს განვითარების სტრატეგიული კურსისთვის, კერძოდ, ანტიოქიის საპატრიარქოსაგან ქართული ეკლესიისათვის ავტოკეფალობის მინიჭებით საფუძველი ჩაეყარა სარწმუნოებრივი და ნაციონალური იდენტობის იდეას.4 შუა საუკუნეებში რელიგიური სფერო, მათ შორის აღმსარებლობითი არჩევანი, ადამიანის, საზოგადოების, გონებრივი და ზნეობრივი მისწრაფებების ერთგვარი წარმმართველი მექანიზმი იყო, რომელიც ვრცელდებოდა ასევე კულტურული ნიმუშების შექმნაზე. ქართულ ხელოვნებაში აღმოსავლური დოგმატის გათვალისწინებით ჩამოყალიბებული სტილი, აკავშირებდა მას ბიზანტიურ სამყაროსთან და ამავე დროს, განსხვავებულობასთან ერთად, ელემენტების სახით იძლეოდა გარკვეულ მსგავსებას დასავლურ საქრისტიანოსთან, კერძოდ, აღმოსავლური დოგმატის საფუძველზე ტაძრის გაფორმებისას მრგვალი ქანდაკების აკრძალვის შედეგად, ქართველ შემოქმედთა ფანტაზია გადატანილი იქნა სიბრტყობრივ სკულპტურასა და ჩუქურთმების ვირტუოზულ შესრულებაზე, რაც განსაკუთრებით გამოვლენილია IV-Xსს. ძეგლებში: ბოლნისის სიონის, მცხეთის ჯვარის, კუმურდოს, ხახულის, იშხნის და სხვათა მაგალითზე; გარდა ამისა, სწორედ აღმოსავლეთის საქრისტიანოს დოგმატის გათვალისწინებამ განაპირობა საქართველოში სამეკლესიანი ბაზილიკური ტაძრის აღმოცენება, სადაც ერთ შენობაში გაერთიანებული იყო სამი ეკლესია, როგორც საშუალება ერთ ეკლესიაში სხვადასხვა საკურთხეველთან დღის განმავლობაში წირვა-ლოცვის ჩატარებისა.
ქართული კულტურის, კერძოდ, მწერლობისა და ხელოვნების დარგების ერთიან სისტემაში5 გააზრებისას შემდეგი სურათი წარმოგვიდგება: თუ ძველი ქართული მწერლობის ისტორიის IV-Xსს-ის პერიოდი გამოირჩევა განვითარების ერთიანი ხაზით, ქართულ საეკლესიო არქიტექტურაში შეინიშნება ძირითადად რამდენიმე ეტაპი, მათ შორის VIII-Xსს. ეს არის ქრისტიანული ტაძრების ფორმების ძიების ანუ გარდამავალი პერიოდი, რომელიც უშუალოდ უკავშირდება საქართველოს პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე სიახლეებს, კერძოდ, არაბეთის სახალიფოს მიერ ამიერკავკასიის შემოერთების მიზნით და შუა აზიაში გასასვლელად იქმნება ძლიერი პოლიტიკური და სავაჭრო პლაცდარმი „თბილისის საამიროს“ სახით. ეს იყო პირობა ცენტრისაგან მოშორებით ოთხი ქართული სამეფო-სამთავროს ჩამოყალიბების (ტაო-კლრჯეთი, ეგრის-აფხაზეთი, კახეთი, ჰერეთი),სადაც კულტურული განვითარების პროცესში იქმნება სტილისტურად განსხვავებული ე.წ. რეგიონალური არქიტექტურული სკოლები.ამავე პერიოდს ეკუთვნის, კერძოდ IXს -დან, წიგნის მინიატურის განვითარება, მათ შორის ჰადიშის სახარების (897წ.) მინიატურები - გვიან ელინისტური მანერით შესრულებული, ასევე, აღსანიშნავია ჯრუჭის სახარების (936წ.) მინიატურები, ორივე შექმნილი შატბერდის მონასტერში, გარდა ამისა იქმნება განსაკუთრებული მაღალმხატვრულობით გამორჩეული კედლის მხატვრობა, დავით გარეჯის მონასტერში შესრულებული ფრესკების სახით, რომლებიც ფერთა შერჩევის თვალსაზრისით განსხვავდებიან ამ პერიოდში შექმნილი ბერძნულ-ბიზანტიური მინიატურებისა და ფრესკებისაგან: ქართულმა ხელოვნებამ ვერ შეითავსა ბიზანტიურისათვის დამახასიათებელი ფერთა გამა, კერძოდ, ბიზანტიურის ულტრამარინ - ლურჯი, ყვითლისა და წითლის (ან გვიან შუასაუკუნეების რუსული ხელოვნების წითლისა და თეთრის) ურთიერთობა, ქართულისათვის ახლობელი გახდა მოოქროსფერო, ცისფერი, მოპირისფერო წითელი, ბაცი მწვანე, რომელიც ნიშანდობლივია იგივე სახარებაზე დართული მინიატურებისათვის, ასევე, დავით გარეჯის ფრესკების ნიმუშებისათვის, რომლებიც ავლენენ სიახლოვეს ე.წ. „კატაკომბების“ მხატვრულ სტილთან და დასავლეთ საქრისტიანოში გავრცელებულ რომანულ ფერწერასთან (X-XIIIსს.)6 მაგრამ უფრო მოქმედების რბილი გადმოცემით და წერის სიფაქიზით. რაც შეეხება VIII-Xსს. ქართული ლიტერატურის მდგომარეობას: იგი ეროვნულ ხანად არის აღიარებული ქართული მწერლობისა, კერძოდ, ამ პერიოდის ქართულ ლიტერატურაში, განსაკუთრებულად აგიოგრაფიულ დარგში, აისახა ქართული საზოგადოების მსოფლმხედველობა და მომავალი განვითარების გზები, აქედან გამომდინარე ქართული აგიოგრაფია უნდა შეფასდეს არა მარტო როგორც სპეციფიკური დარგი „ცხოვრება-წამების” ამსახველი, არამედ როგორც კულტურის განვითარების შედეგი, სადაც ნათარგმნი აგიოგრაფიული ძეგლები, შესრულებული იმ პერიოდის თითქმის ყველა საქრისტიანო ენიდან (განსაკუთრებით კიმენური რედაქციების)7 მეტყველებენ ქართული საზოგადოების აზროვნებისა და მოთხოვნილებების მაღალ დონეზე. რაც შეეხება ორიგინალურ აგიოგრაფიას, იგი განისაზღვრება როგორც ეპოქის ქრონიკალურ-დოკუმენტალური ლიტერატურის წყარო, კერძოდ: Vს-ის იაკობ ცურტაველის „შუშანიკის წამება“ - „ევანგელესა“ და „ასერგასი ფსალმუნის“ დასახელებით მიგვითითებს Vს-ში ქართულ ენაზე ბიბლიის არსებობასა და ქართულ ენაზე ღვთისმსახურების შესრულებაზე., ასევე, VIს-ის უცნობი ავტორის „ევსტატე მცხეთელის წამებაში” ფილოსოფოს არისტიდეს (IIს.)8 მოხსენიება ლაპარაკობს ფილოსოფიური ცოდნის შესახებ საქართველოში, რომელიც აქტუალური იყო ჯერ კიდევ კოლხეთის რიტორიკული სკოლის (IIIს.) არსებობიდან, რომელსაც თავისი მნიშვნელობა არ დაუკარგავს შემდგომ საუკუნეებში ევაგრე პონტოელის (IVს.), ბაკურ დიდის (Vს.) და განსაკუთრებით პეტრე იბერიელის (Vს.) მოღვაწეობის შედეგად.9 ამდენად, ქართულ რეალობაში სქოლასტიკურ-დოგმატიკური მოთხოვნილების შესრულების პარალელურად არსებობდა ფილოსოფიური პრობლემებისადმი განსაკუთრებული ინტერესი, ფილოსოფიის როგორც სასწავლო დისციპლინის არსებობის გამოძახილი. აღნიშნული ფაქტის უტყუარი საბუთია „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“, სადაც IX ს -ის დასაწყისის ავტორი, გიორგი მერჩულე ხაზგასმით აღნიშნავს ხანძთელის მიერ არა მარტო „სწავლაი ჭეშმარიტის საღრთოისა რჯულის“, არამედ „გარეშე ფილოსოფიის“, „სიბრძნე ამა სოფლისა“ სწავლების შესახებ. ამავე დროს, VIII-Xსს-ში შექმნილმა აგიოგრაფიულმა თხზულებებმა ერთგვარი ეროვნული ტრიბუნის ფუნქცია იტვირთა, ასევე, აგიოგრაფიაში გამოვლინდა ქართული მენტალობისათვის დამახასიათებელი თვისება ტოლერანტობისა, როდესაც ქართული აგიოგრაფიის გმირებად წარმოდგენილნი არიან წმინდანებად შერაცხული: სომეხი - შუშანიკი, სპარსი - ევსტატე, არაბი - აბო, ხოლო „აბოს წამების“ ავტორის იოანე საბანისძის მსოფლმხედველობა შესაშურია ყველა მაღალგანვითარებული კულტურული ტრადიციის მქონე ერისათვის - ეს არის სამყაროს ხედვა მსოფლიო სივრცის კულტურულ არეალში (ოიკუმენაში) საქართველოს ადგილის განსაზღვრის უნარით. აქედან გამომდინარე, ქართულმა აგიოგრაფიამ ქრისტიანული მწერლობის კონტექსტში წარმოგვიდგინა ქრისტიანული მწერლობის არა მარტო ერთ-ერთი ადრეული ნიმუში, არამედ მიგვითითა ადრინდელი შუა საუკუნეების პერიოდში ადამიანის უნარზე სამყაროს გლობალური გააზრებისა.
ლიტერატურული წყაროების საფუძველზე („წმ. ნინოს ცხოვრება“, „ქართლის ცხოვრება”) ვიცით, რომ საქართველოში ქრისტიანული ლიტურგია სრულდებოდა IV ს-დან, გარდა ამისა, ითარგმნებოდა საღვთისმსახურო პრაქტიკის შესასრულებლად სხვადასხვა დანიშნულების ლიტერატურა. ამ მხრივ ქართულ მწერლობაში ლიტურგიული წიგნების სიმრავლე, უძველესობა და უნიკალურობა თავისთავზე მეტყველებს. კერძოდ, V-VIIსს-ში სამონასტრო წესის აღსრულებაზე ლაპარაკობს „ხანმეტი ლექციონარის”10 არსებობა, ასევე, VIII-Xსს-ის ღვთისმსახურების შესასრულებლად VIII საუკუნეში ბერძნულიდან ქართულად ითარგმნა „იერუსალიმური ლექციონარი VIIს.“11, რომელიც ბერზნული დედანის დაკარგვის გამო შემორჩენილია ერთადერთი ქართული თარგმანით. არსებობს სხვადასხვა მოსაზრება ლიტურგიული დანიშნულების ლიტერატურის შექმნის თარიღთან მიმართებაში, მათ შორის კ. კეკელიძე აღნიშნავს, VIII-Xსს-ის ლიტურგიულ მწერლობასთან დაკავშირებით: „ყველაზე მეტი თავისებურება და „ქართველობა“ ჩვენ წინაპრებს ამ ხანაში ლიტურგიულ მწერლობაში გამოუჩენიათ. ცნობილია, რომ მთელი წლის მოძრავი ლიტურგიული მასალა მოთავსებულია ოთხ დიდ წიგნში: 1) პარაკლიტონი ან ოქტაიხოსი, ან როგორც ამ პერიოდის ძეგლები სახელდებენ, ოქტაიხოსი ან ოქტაიხონი, 2) სადღესასწაულო-თუენი ან, ამ პერიოდის ტერმინოლოგიით, იადგარი, 3) მარხუანი და 4) ზატიკი. სისტემა ამ წიგნებისა შემუშავებულია საბერძნეთში, მათში მოთავსებული მასალა შეთხზულია სხვადასხვა ჰიმნოგრაფის მიერ, ყველა მართლმადიდებელი თარგმნის ამ ჰიმნებს, ქართველებიც ასე მოქცეულან, მათ უთარგმნიათ ყველა ამ წიგნებში მოთავსებული ჰიმნი, მაგრამ, ამვე დროს მათ დაუწერიათ საკუთარი ორიგინალური ქართული ჰიმნები ამ წიგნებისათვის, ესე იგი შეუთხზავთ საკუთარი ქართული ოკტოიხოსი, იადგარი,, მარხუანი და ზატიკი. ამ არაჩვეულებრივს, ისტორიაში ერთადერთ მაგალითს, განსაკუთრებით თავი უჩენია მეათე საუკუნეში...ძველ ხელნაწრებში ჩვენ გვხდება „აქებდითისა ქართულნი“, ძუელნი საგალობელნი (სინა Ν 1), რომელნიც ქართულს ან გადაქართულებულ ჰიმნებს აღნიშნავს... А ფონდის ხელნაწერი №596 ისინი დაუპირისპირებიათ სხუა ახალი ჰიმნებისათვის“.12 V-XIსს. ქართული ორიგინალური აგიოგრაფიისა და XXIსს. ნევმირებული ხელნაწერთა გათვალისწინებით შეიძლება ითქვას, რომ ქართულმა გალობამ გაიარა განვითარების რთული გზა: მარტივი ფსალმუნური გალობიდან, რთულ მუსიკალურ კომპოზიციამდე, კერძოდ, VIIIს-ში, პალესტინაში, საბაწმინდის ჰიმნოგრაფთა წრეში ქართველები ეცნობოდნენ ახალ რეფორმას ჰიმნოგრაფიაში, რვა ხმის სისტემას ანუ ე.წ. “რიტმულ პოეზიას”.13 აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში საქართველოში გალობის სწავლებას სისტემური ხასიათი აქვს, როგორც სასწავლო დისციპლინას, კერძოდ, IXს - ის დასაწყისში მცხოვრები გრიგოლ ხანძთელი სწავლობდა „ხმით სასწავლო სწავლაი საეკლესიოი“, ხოლო შემდგომ, გრიგოლ ხანზთელის მიერ დაარსებულ ტაო -კლარჯეთის სამონასტრო კერაში ყალიბდება ჰიმნოგრაფიული სკოლა, სადაც თავს იყრის საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მოსული ქართველი მეხელები- მუსიკოსები, აქვე იწერება გრიგოლ ხანძთელის (IXს. დასაწყისი) და მიქაელ მოდრეკილის (Xს.) „საწელიწდო იადგარები”,14 ეს უკანასკნელი როგორც პროფესიული მუსიკის არსებობის გამოხატულება, რომელშიც გაერთიანებულნი არიან VIII-Xს -ის ქართველი მეხელების და ბერძენ ჰიმნოგრაფთა შემოქმედების ნიმუშები, ასევე, საყურადღებოა მოდრეკილის კრებულზე დართული ავტორის „ანდერძის” მუსიკალურ-თეორიული მითითებები. აღნიშნული ძეგლი უაღრესად მნიშვნელოვანია ტექსტზე მიწერილი, ბერძნულ-ბიზანტიურისაგან განსხვავებული, ნევმებით (ნოტებით). საკითხი დგას შემდეგი: რა ჰანგზე გალობდნენ ადრეულ შუა საუკუნეებში მცხოვრები ქართველები?! თუ გავითვალისწინებთ წარმართობის დროინდელი საკულტო მუსიკის არსებობის ფაქტს - დადასტურებულს ბერძენი ქსენოფონტეს (ძვ.წ. V-IVსს.)
„ანაბაზისში”, ასევე, უფლისციხესა და ვანის გათხრების შედეგად მოპოვებულ მასალებში, ამავე დროს, გავითვალისწინებთ ქრისტიანული არქიტექტურის მიერ წარმართობის დროინდელ საინჟინრო, არქიტექტურული ხელოვნების გამოყენების ტრადიციას (ვიტრუვიუსი-ძვ.წ. I ს, სტრაბონი -ახ.წ. I ს.), რატომ არ შეიძლება იგივე მექანიზმის ამოქმედება ქრისტიანული გალობის გაქართულების პროცესში. მოცემულმა შედეგებმა მოგვცა უფლება შემდეგი მოსაზრების ჩამოყალიბებისა: ქართულმა გალობამ ერთგვარად თავისთავში აღმოაჩინა მელოდიური ინტონაცია და წარმოგვიდგინა ბერძნულისაგან განსხვავებული გალობა. ამ განსხვავებულობას იძლეოდა არა მარტო ქართული გალობის მელოდიური წყობა - მიდრეკილი დაღმავალი ტეტრაქორდისაკენ15, არამედ მელოდიის ჰარმონიული შედგენილობა აკორდულ ვერტიკალში მრავალი ხმის არსებობის სახით, ასევე, ბერძნულისაგან განსხვავებული ნოტაციის შექმნით, გრაფიკული მოხაზულობითა და ტექსტზე მიწერილი ნევმების განლაგების16 თვალსაზრისით. ქართული გალობის ბერძნულისაგან განსხვავებულობაზე მიგვითითებენ შუა საუკუნეებში მცხოვრები ქართველი მოღვაწენი: გიორგი მთაწმინდელი (XIს.), არსენ იყალთოელი (XI-XIIს. დასაწყისი), იოანე პეტრიწი (XIIს.), სადაც აღნიშნულია, რომ „ძლისპირნი ამათნი უცხო იყვნენ ენისა ჩვენისათვის” - წერს არსენ იყალთოელი, ხოლო იოანე პეტრიწი წარმოგვიდგენს ქართულ გალობაში ხმების აღმნიშვნელ ტერმინებს (მზახრ, ჟირ, ბამ). ამდენად, ქართული გალობა არის გამოკვეთილი ნიმუში იმისა, თუ როგორ შეიძლება ერთ აღმსარებლობით არეალში, ერთიან საფუძვლებზე, განსხვავებული შედეგების მიღება, როცა ბერძნულმა სააზროვნო სისტემამ შექმნა ერთხმიანობა, ხოლო ქართულმა მხოლოდ მრავალი ხმის არსებობა დაიმკვიდრა, რაც მუსიკალური აზროვნების სიმაღლეზე მიგვითითებს - პოლიფონიური მრავალხმიანობის სახით; განსხვავებულობა აღინიშნება ასევე უფრო გვიან პერიოდში აღმოცენებული დასავლური საქრისტიანოს „კათოლიკურ მესასა” (XIVს.) და რუსული „პარტესნოე პენიეს” (XVIIს.) ჰომოფონიური მრავალხმიანობასთან მიმართებაში.17
IV-Xსს. ქართულმა კულტურამ განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწია Xს. ბოლოს და XIს. დასაწყისში, როდესაც ქართული საზოგადოება მზად იყო დიდი პრაქტიკული ამოცანების განხორციელებისათვის, რომელიც გამოიხატა საქართველოს სამეფო-სამთავროების გაერთიანებით, რომლის დროს შემოქმედებითი ენერგიის სრული რეალიზაცია აისახა კულტურის ყველა სფეროში. ამ პერიოდის ქართული საზოგადოების ფართო მასშტაბებზე მეტყველებს ილარიონ ქართველის (Xს.) მოგზაურობა კონსტანტინეპოლის სამონასტრო-საგანმანათლებლო კერებში და განსაკუთრებით საბერძნეთში, ათონის მთის „ივერიის მონასტრის” მოწესეს ეფთვიმე მთაწმინდელის მოღვაწეობა, როდესაც იგი (არაბული ენიდან ქართულზე გადმოღებულ) „სიბრძნე ბალავარისას“ ქართულიდან თარგმნის ბერძნულ ენეზე. ეფთვიმეს მიერ შესრულებული ბერძნული თარგმანი საფუძველი გახდა მისი ლათინურ ენაზე თარგმნისა, რომელიც შემდგომ გავრცელებული იქნა ევროპელი ხალხების მწერლობაში, და დღეს იგი მსოფლიოს ხალხთა 147 ენაზეა თარგმნილი. ეს არის უნიკალური პრეცენდენტი შუა საუკუნეების მსოფლიო კულტურის ინტეგრაციის მაგალითისა. X-XIს.დასაწყისში ერთმანეთის მიყოლებით იქმნება ისეთი საეტაპო ძეგლები, როგორიცაა სინას მთის მოღვაწის იოანე ზოსიმეს „ქებაი ქართულისა ენისაი“, მიქაელ მოდრეკილის ჰიმნოგრაფიის ერთგვარი ენციკლოპედია „საწელიწდო იადგარის“ სახით, თვით ეფთვიმე მთაწმინდელის მრავლისმომცველი შემოქმედება, ასევე, დიდი კათედრალური ტაძრების მშენებლობა საქართველოს ყველა კუთხეში: აფხაზეთში - ბიჭვინთის, მოქვის, ბედიის; ოშკის განუმეორებელი ტაძარი - ტაო-კლარჯეთში, ბაგრატის გრანდიოზული ეკლესია დასავლეთ საქართველოში, თავისი მაღალხარისხოვანი მოზაიკით, ჩუქურთმებით, ფრესკებით; ალავერდი - კახეთში და სხვა.
ამდენად, IV-Xს.ს. ქართული კულტურის პარადიგმის განსაზღვრისას შეიძლება შემდეგი დასკვნის გაკეთება: ქართული კულტურის ზოგადი თვისობრიობაა მისი გახსნილობა სხვა კულტურათა მიღებისათვის და ინფორმაციულობა, იმ მხრივ რომ, მრავალრიცხოვანი უნიკალური ნიმუშების თარგმნით თვით მან შეიძინა საინფორმაციო წყაროს მნიშვნელობა. ქართულ აგიოგრაფიაში გადმოცემულმა ნაციონალურმა მენტალობამ წარმოგვიდგინა ადრეული შუა საუკუნეების ეპოქაში ტოლერანტობის ნიმუში წმინდანებად შერაცხული სომეხის, არაბის, სპარსის ცხოვრება-წამების აღწერით, რითაც გააფართოვა აგიოგრაფიული დარგის ჟანრობრივი სპეციფიკა. IV-Xსს. ქართული კულტურა, როგორც აღმოსავლური საქრისტიანოს შემადგენელი ნაწილი, ითვალისწინებდა რა დოგმატურ პრინციპებს, იგი ამავე დროს არ განთავისუფლებულა წინაქრისტიანული წარმართობის სურნელისაგან - აღბეჭდილი ქართული ხელოვნების ძეგლებში და ფილოსოფიური მოძღვრებისადმი ინტერესის გამოვლენით. ქართულმა კულტურამ ბიზანტიურ სამყაროში ჩამოყალიბებული ერთგვარი მოდელის დაცვით წარმოგვიდგინა დამოუკიდებელი სახე კულტურისა - ბგერის, ფერის, ფორმის ტრადიციით, მათ შორის ქართული პოლიფონიური მრავალხმიანობისა და თვითმყოფადი ნევმური სისტემის შექმნით, ხოლო ეფთვიმე მთაწმინდელის „სიბრძნე ბალავარისას“ ქართულიდან ბერძნულად თარგმნით და ამ გზით მსოფლიო ლიტერატურისათვის მისი გაცნობით, მოგვცა ადრეული შუა საუკუნეების ხალხთა შორის ინტეგრაციის ნიმუში.
აქედან გამომდინარე, ადრეული შუა საუკუნეების IV-Xსს. ქართული კულტურის პარადიგმის განსაზღვრის შედეგები გვაძლევს უფლებას თავი ვიგრძნოთ მსოფლიო ქრისტიანული კულტურის შექმნის თანამონაწილედ. ადრეული შუა საუკუნეების ქართული კულტურა ნათელი დადასტურებაა იმისა, თუ მაღალი კულტურის მატარებელი ერი როგორ შეიძლება ჩაერთოს დიდ გლობალურ პროცესებში - ნაციონალური სახის შენარჩუნებით. ამავე დროს შუა საუკუნეების ქართული კულტურა თანამედროვე სამეცნიერო კვლევებისათვის წარმოადგენს მნიშვნელოვან წყაროს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის აქტუალური პრობლემების შესწავლისა და გადაწყვეტისათვის.
______________________
1. წარმართობის პერიოდის საქართველოში საკულტო შენობის ე.წ. „ცეცხლის ტაძრებში“ (გ.ყიფიანი) და „საცხოვრისის სახლებში“ (გ.ჩუბინაშვილი) არსებობდა გუმბათის ანუ „ცრუ გუმბათი“ ტრადიცია. აქედან გამომდინარე, ადრეული (IVს.) ქართული ხუროთმოძღვრების ტრადიცია ვერ შეეთავსა ადრექრისტიანული ტაძრების უგუმბათო სტილს და ქართულმა ტაძრებმა მოგვცა ბიზანტიურისაგან განსხვავებული სახე. .იხ. გ. ყიფიანი, კოლხეთისა და იბერიის წარმართული ტაძრები და ქართული ქრისტიანული ხუროთმოძღვრების საკითხები, თბ,2000; გ.ჩუბინაშვილი, რამოდენიმე თავი ქართული ხელოვნების ისტორიისა, ტფ, 1920; მისივე, ქართული ხუროთმოძღვრულ ძეგლთა ერთი რიგის დათარიღებისათვის. იხ. საქ. მეცნიერებათა აკადემიის „მოამბე“,.III, თბ.,1952.
2. IV-VII საუკუნეების არაბული კულტურა განიცდის იემენური, სირიულ-რომაული, იუდეველთა კულტურების გავლენას. VIIIს. შუა წლებში, არაბული კულტურის „ოქროს ხანაში“, როდესაც ჩამოყალიბდა ქრისტიანული არაბული მწერლობა, არაბულმა ლიტერატურამ გავრცელება ჰპოვა პალესტინის, საბაწმინდის და სინას მთის, წმ. .ეკატერინეს მონასტერში, სადაც მოღვაწეობდნენ ქართველებიც. VIII-Xსს. არაბული კულტურა ჩამოყალიბებული იქნა არაბი და მათ მიერ დაპყრობილი (ახლო და შუა აღმოსავლეთი, ჩრ. აფრიკა, სამხრეთ-დასავლეთი ევროპა) ხალხების კულტურების ურთიერთზემოქმედების პრინციპზე. არაბული კულტურა გახდა შუამავალი დასავლეთ ევროპული კულტურისათვის ანტიკური, ელინური კულტურის გაცნობისათვის. არაბული მწერლობის, მეცნიერებისადმი ყურადღება გამოიჩინეს ძველი პერიოდის (X-XIIსს.) საქართველოში. იხ. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, I, თბ., 1975, 529.
3. გ.ჩუბინაშვილი, ქართული ხელოვნების ისტორია, ტფ, 1936; შ.ამირანაშვილი, ქართული ხელოვნების ისტორია, თბ., 1963; ჯ.ამირანაშვილი, ადრეფეოდალური ხანის არქიტექტურა და რელიგიური ქანდაკების ძეგლები, თბ., 1965; ვ.ბერიძე, ძველი ქართული ხუროთმოძღვრება, თბ., 1974; დ.თუმანიშვილი, წერილები, ნარკვევები, 2001; Культура Византии . IV в. первая половина VII в, М., 1984, 573
4. ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია,. წიგნი I, თბ., 1960; მთავარეპისკოპოსი ანანია ჯაფარიძე, საქართველოს ეკლესიის ისტოორიის წყაროების პერიოდიზაცია და საეკლესიო ისტორიოგრაფია, თბ., 2002. სახ. ტექნიკური უნივესიტეტი, თეოლოგიის კათედრა. დისციპლინათაშორისო რესპუბლიკური კონფერენცია: „ეროვნულობა და სარწმუნოებრივი იდენტობა“, თეზისები. თბ., 2004.
5. И.Г. Неупокоева, История всемирной литературы. Проблема системного и сравнителъного анализа, М., 1970, 20; М. М. Бахтин, Литературно критические статьи, M.,1986, 473. см. Проблемы текста в лингвистике филологии и других гуманитарных науках; ა.სილაგაძე, ქართული ლიტერატურის, როგორც სისტემის და ლიტერატურული ნორმების საკითხი, თბ., 2000; ტ.გვალია, გეოგრაფიული ფაქტორისა და ქართული კულტურის ურთიერთმიმართების ზოგიერთი საკითხი, თბ., 1991; С.Н. Артамонов, Некоторые проблемы теории культуры, М., 1974.
6. VIII-X სს. ქართულ საკულტო არქიტექტურაში შეინიშნება განსხვავებული მიდგომა გუმბათოვანი ტაძრების შექმნისას, სხავაობა მდგომარეობს არა მარტო კომპოზიციის თვალსაზრისით, არამედ ტაძრის და საშენ მასალის გამოყენების მხრივაც. ასე მაგალითად, კახეთში იქმნება ქართული ხუროთმოძღვრების ისტორიაში ერთადერთი ორგუმბათოვანი ტაძარი გურჯაანის ყველაწმინდა (IXს.), ნაშენი რიყის ქვითა და აგურის მონაცვლეობით, დამახასიათებელი კახეთის არქიტექტურული სკოლისათვის, ასევე აღსანიშნავია შიდა ქართლში ბიეთის (IXს.) ღვინისფერი ტუფით აშენებული ნახევრად გამოქვაბულის ფორმის ეკლესია, ბიზანტიურ არქიტექტურასთან სიახლოვეს ამჟღავნებს აფხაზეთის არქიტექტურა, ასე მაგალითად ბიჭვინთის (Xს.) დიდი ტაძარი, თავისი მასიური გუმბათით, მოზაიკით, შიდა ინტერიერში მრგვალი სვეტების გამოყენებით; ფორმათა მრავალფეროვნებით გამორჩეულია ტაო-კლარჯეთის არქიტექტურა, სადაც 20-მდე ეკლესია-მონასტრიდან თავისი უჩვეულო ფორმებით აღსანიშნავია ოთხთა და პარხლის ეკლესიები. ეს უკანასკნელი კომპოზიციური აგებულებით უახლოვდება დასავლურ საქრისტიანოსათვის დამახასიათებელ გოთურ სტილს (X-XIIსს.) იხ. ვ.ბერიძე, ძველი ქართული ხუროთმოძღვრება, იგივე, 14,15,211; შ. ამირანაშვილი, ქართული ხელოვნების ისტორია, თბ., 1963; გ. აბრამიშვილი, პ. ზაქარაია, ი. ციციშვილი, ქართული ხუროთმოძღვრების ისტორია, თბ., 2000; თ.. მიბჩუანი, აფხაზეთის მატერიალური კულტურის ძეგლები და ეპიგრაფიკა, თბ., 1999; HР. Мемрисашвили, Дранда, Тб., 1980; Г.Н. Чубинашвили, Архитектура Кахетии, Тб., 1959; Р. Мемписашвили, В. Цинцадзе, Архитектура нагорной части исторической провинции Грузии-Шида Картли, Тб., 1975; П. П. Закараия, Зодчество Тао-Кларджети, Тб., 1992; ხელოვნების ლექსიკონი, თბ., 1997; დ. თუმანიშვილი, იგივე; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, VIII, თბ.,1991.
7. კ.კეკელიძე, ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, I, 1980; ელ. ხინთიბიძე, ქართულ-ბიზანტიური ლიტერატურის ურთიერთობის ისტორიისათვის, თბ.,1982; ვ. ასათიანი, ანტიკური და ბიზანტიური ტრადიციები ძველ ქართულ მწერლობაში, თბ.,1996; მისივე, ქართულ-ბერძნულ-ბიზანტიური კულტურული ურთიერთობის საკითხი, თბ., 2003.
8. ქართული მწერლობა, I, თბ., 1987.
9. ო.ლორთქიფანიძე, ძველი კოლხეთის კულტურა, თბ.,1972; მ. ბერძენიშვილი, ქალაქ ფაზისის ისტორიისათვის, თბ., 1969; საქართველოს ისტორიის ნარკვევები, I, 1970, 422; გეორგიკა, I , 1965; ქართული ფილოსოფიური აზრის ისტორია, I, 1996; ბ. ხურცილავა, დიდი ბაკური ქართული ასომთავრული დამწერლობის ფუძემდებელი, თბ., 2003; ი. ლოლაშვილი, არეოპაგიტიკის პრობლემები, თბ.,1972; შ. ნუცუბიძე, IV,1976; VII, თბ.,1983; ს. ყაუხჩიშვილი, ბიზანტიური ლიტერატურის ისტორია, თბ.,1979.
10. უძველესი იადგარი, გამოსაცემად მოამზადეს, გამოკვლევა, და საძიებლები დაურთეს ელ. მეტრეველმა, ც. ჭანკიევამ და ლ. ხეცურიანმა, თბ., 1980.
11.. К. Кекелидзе, Иэрусалимский Канонарь VII в. Тб, 1910.
12. კ. კეკელიძე, ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, I, 1980, 55.
13.. „ძლისპირნი (X-XI სს.)“, გამოსცა და გამოკვლევა დაურთო ელ. მეტრეველმა, თბ., 1971; Е Герцман, Византииское музыкознание, Л., 1988.
14.. მიქაელ მოდრეკილის ჰიმნები (X ს.), ტექსტი გადმოწერა დედნიდან და გამოსცა ვ. გვახარიამ, II, თბ.,1979; შ 425; ნ.ნაკუდაშვილი, ჰიმნოგრაფიული ტექსტის სტრუქტურა, თბ., 1979; ე.ჭელიძე, გრიგოლ ხანძთელის მემკვიდრეობის გამო, იხ. ჟურნალი „მნათობი“, თბ., 1984, №10; ნ.სულავა, „ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის”, იხ. ჟურ. „ლიტერატურული ძიებანი“, XXIV,თბ., 2001
15.. კ.როსებაშვილი, გალობის ტრადიციისათვის საქართველოში, იხ. კონსერვატორიის სამეცნიერო შომების კრებული, თბ.,1979.
16. ქართულმა ხელნაწერებმა შემოგვინახეს X-XI სს. დათარიღებული ნევმირებული ძეგლები, მათ შორის შ 425, A 603, A 596, შინ 1, (იოანე ზოსიმეს), წვირმული „საწელიწდო იადგარი” და სხვა. აღნიშნულ ძეგლებში მიწერილ ნევმების შედარებისას ბერძნულ ნევმებთან ირკვევა შემდეგი: ქართული საგალობლის ტექსტებში ნევმები ტექსტის არა ყოველ მარცვალზეა აღნიშნული, არამედ დაშორებით, რაც მგალობელისათვის იმპროვიზაციის საშუალებას იძლეოდა. გარდა ამისა, ქართული ნევმები მეტ მსგავსებას ავლენენ ბერძნულ ეკფონეტიკურ (საკითხავების და არა საგალობლის) ნიშნებთან. ქართულ საგალობლებს აქვთ 22 ნიშანი, რომლებიც განლაგებულნი არიან, ბერძნულისაგან განსხვავებით, ტექსტს ზემოთ და ქვემოთ, რაც მიუთითებს რამდენიმე ხმის არსებობაზე საგალობელში. იხ. ჟავახიშვილი, ძველი ქართული მუსიკის ისტორიის ძირითადი საკითხები, თბ., 1980; მ. იაშვილი, ქართული მრავალხმიანობის საკითხისათვის, თბ.,1975; კრებული - „სასულიერო და საერო მუსიკის მრავალხმიანობის პრობლემები“, თბ., 2001; კრებული - „ბიზანტიური გალობის ისტორიული გზა საქართველოში”, ნაწილი პირველი, თბ., 2001; კრებული - „ქართული საეკლესიო გალობა“, თბ., 2002; ე. ონიანი, ნევმირებული დამწერლობა და ნევმირების სისტემა ღვთისმსახურების ქართულ პრაქტიკაში, თბ., 2001 (საკანდიდატო დისერტაცია); სახ. კონსერვატორია. ქრისტიანობის 2000 წ.. მიძღვნილი კონფერენციის მასალები: „სასულიერო და საერო მუსიკის მრავალხმიანობის პრობლემები“,თბ., 2001.
17. ქართული მრავალხმიანი გალობა პოლიფონიური სახისაა, სადაც აკორდულ ვერტიკალში (ქართლ-კახური კილო: კვარტა-კვინტური და გურულ-იმერული: სექსტა-სეპტიმური წყობის) თითოეულ ხმას თავისი განვითარების გზა აქვს, რომელიც კადანსის დასასრულს უნისონურ ხმოვანებაში ერთიანდება., ხოლო რუსული მრავალხმიანობა (უკრაინულის, პოლონურის გავლენით), შექმნილი XVII ს-ში, სადაც აკორდულ ვერტიკალში მე-2 ხმა მიყვება პირველს, გაბმული ბანით და კათოლიკური გრიგორიანული მესა (ტერციული წყობით) - ჰომოფონიური წყობისა არიან. .იხ. Музыкальный энциклопедический словарь, М., 1991, 106, 150, 612.
18.. მ. დოლაქიძე, ილარიონ ქართველის ცხოვრება და მოღვაწეობა, თბ., 1980.21.
19. კ.კეკელიძე, ქართული ლიტერატურის ისტორია, I, თბ.,1980; ელ. ხინთიბიზე, ქართულ-ბიზანტიური ლიტერატურული ურთიერთობის ისტორიისათვის, თბ., 1982.
![]() |
2 საძიებელი |
▲ზევით დაბრუნება |
თანამედროვე ლიტერატურამცოდნეობა
სილაგაძე ა, თანამედროვე ლიტერატურის ისტორიის როგორც სისტემის და ლიტერატურის ნორმების საკითხი, თბ.,2000; Неупокоева И.Г, История всемирной литературы. Проблеы системного и сравнительного анализа, М, 1976; Лотман Ю.М, Структура художественного текста, М, 1970; Артамонов С.Н, Некоторые проблемы теории культуры,; Бахтин М.М, Литературно критические статьи, М, 1986.
სამეცნიერო ლიტერატურა და წყაროები
ჩუბინაშვილი გ, რამოდენიმე თავი ქართული ხელოვნების ისტორიისა, ტფ,1920; ჩუბინაშვილი გ, ქართულ ხუროთმოძღვრულ ძეგლთა ერთი რიგის დათარიღებისათვის//მოამბე, ტ. III, თბ. 1952; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, I, თბ, 1975, ტ.VIII, თბ. 1996; ჩუბინაშვილი გ, ქართული ხელოვნების ისტორია, ტფ. 1936; ამირანაშვილი შ, ქართული ხელოვნების ისტორია, თბ; 1963; ამირანაშვილი ჯ, ადრეფეოდალური ხანის არქიტექტურა და რელიგიური ქანდაკების ძეგლები, თბ., 1965; ბერიძე ვ, ძველი ქართული ხუროთმოძღვრება, თბ., 1974; თაბორიძე მ, საუბრები ხელოვნებაზე, თბ., 1975; თუმანიშვილი დ, წერილები. ნარკვევები, თბ., 2000; ყიფიანი გ, კოლხეთისა და იბერიის წარმართული ტაძრები და ქართული ქრიატიანული ხუროთმოძღვრების საკითხები, თბ., 2000; აბრამიშვილი გ, ზაქარაია პ, ციციშვილი ი, ქართული ხუროთმოძღვრების ისტორია, თბ., 2000; მიბჩუანი თ, აფხაზეთის მატერიალური კულტურის ძეგლები და ეპიგრაფიკა, თბ., 1999; ხელოვნების ლექსიკონი, თბ., 1974; ძლისპირნი (X-XI) თბ., 1971 გამოსცა და გამოკვლევა დაურთო ელ. მეტრეველმა; მიქაელ მოდრეკილის ჰიმნები (Xს.), ტექსტი გადმოწერა დედნიდან და გამოსცა ვ. გვახარიამ, ტ. II, თბ., 1979; ნაკუდაშვილი ნ, ჰიმნოგრაფიული ტექსტის სტრუქტურა, თბ., 1996; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია ტ.V, თბ., 1983; უძველესი იადგარი, თბ., 1966, გამოსცა და გამოკვლევა დაურთო ელ. მეტრეველმა, ლ, ხეცურიანმა, ც. ჭანკიევამ; როსებაშვილი კ, გალობის ტრადიციისათვის საქართველოში//კონსერვატორიის სამეცნიერო შრომები, თბ., 1999; იაშვილი მ, ქართული მრავახმიანობის საკითხისათვის, თბ., 1975; კრებული - „სასულიერო და საერო მუსიკის მრავალხმიანობის პრობლემები“, თბ., 2001; ძველი ქართული პროფესიული მუსიკის ისტორიისა და თეორიის საკითხები//კონსერვატორიის სამეცნიერო შრომები კრებული, თბ., 1991; ონიანი ე, ნევმური დამწერლობა და ნევმირების სისტემა ღვთისმსახურების ქართულ პრაქტიკაში, თბ., 2001 (საკანდიდატო დისერტაცია); კრებული - „ბიზანტიური გალობის ისტორიული გზა საქართველოში“, ნაწილი პირველი, თბ., 2001; კრებული - „ქართული საეკლესიო გალობა“, თბ., 2000; ჯავახიშვილი ივ, ქართული მუსიკის ისტორიის ძირითადი საკითხები, თბ., 1980; ყაუხჩიშვილი ს, ბიზანტიური ლიტერატურის ისტორია, ნაწილი III, თბ., 1979; მთავარეპისკოპოსი ანანია ჯაფარიძე, საქართველოს ეკლესიის წყაროები, პერიოდიზაცია და საეკლესიო ისტორიოგრაფია, თბ., 2002; დოლაქიძე მ, ილარიონ ქართველის ცხოვრება და მოღვაწეობა, თბ., 1980; ეროვნულობა და სარწმუნოებირივი იდენტობა. დისციპლინათაშორისო რესპუბლიკური კონფერენცია. თეზისები, 2004; ხინთიბიძე ელ, ქართულ-ბიზანტიური ლიტერატურული ურთეირთობების ისტორიისათვის, თბ., 1982; ასათიანი ვ, ანტიკური და ბიზანტიური ტრადიციები ძველ ქართულ მწერლობაში, თბ., 1980; კეკელიძე კ, ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია ტ.I, თბ., 1980; ლორთქიფანიძე ო, ძველი კოლხეთის კულტურა, თბ., 1972; საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ.I, თბ., 1970; გეორგიკა, ტ.I, თბ., 1965; ქართული ფილოსოფიური აზის ისტორია, ტ.I, თბ., 1996; ხურცილავა ბ, დიდი ბაკური ქართული ასომთავრული დამწერლობის ფუძემდებელი, თბ., 2003; ლოლაშვილი ი, არეოპაგიტიკული პრობლემები თბ., 1972; ნუცუბიძე შ, შრომები, ტ.IV, თბ., 1976; ნუცუბიძე შ, შრომები, ტ.VIII, თბ., 1983; სულავა ნ, ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის//ლიტერატურული ძიებანი XXIV, თბ., 2001; ჭელიძე ე, გრიგოლ ხანძთელის ლიტერატურული მემკვიდრეობის გამო//მნათობი, თბ., 1984, N 10; Захараия П. П, Зодчество Тао- Кларджети, Тб, 1992; Мемписашвили Р, Цинцадзе В, Архитектура нагорной части исторической провинции Грузии- Шида Картли, Тб, 2000; Рчеулишвили А. Д, Купольная архитектура VIII-X вв. в Абхазии, Тб, 1980; Mеmписашвили Р, Дранда, Тб, 1980; Чубинашвили Г. Н, Архитектура Кахетии, Тб, 1959; Музыкальный энциклопедический словарь, М, 1991;Кекелидзе К, Иерусалимский канонарь VII в, Тб, 191
Paradigm of Georgian culture (IV-X centuries)
Marine Tsintsabadze
Georgia which has the old civilization in the begging of IV century in time of the Christianity, the choice of towards Byzantium divine practice has completely determined its development road. In spite of the defense of the formed in the Byzantium world it creates the independent space of then Georgian culture, in which the rich local direct before the Christianity and the use Elian, Iranian, Arabian culture elements and motives. In IV-X centuries the self being sort of Georgian Christianity culture which is created as the branches of Georgian literature and art is represented by the independent quality of sound, color, form among them by the creation of the polyphonic multi voice, besides that, as -the translated literature of the Greek- Byzantium literature it keeps then unical models of Byzantium cultural inherit, which originals are considered lost, at this time the unical precedent of the translation from Georgian into Greek, as “Wisdom of Balavari” written by Ekvtime Takaishvili, represents us the model of the existence of the culture integration in the world literature of Middle Centuries. By this mark the Georgian culture represents the actual and important source of the modern scientific researches with the point of studying of the cultural inherit.
Email: marinecincabadze.@.yahoo.com
tel: 956 585, mob. 893 628 854