![]() |
ენერგეტიკა №3 |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: ტაბატაძე თამარ, გოჩიტაშვილი თეიმურაზ, კალანდაძე გიორგი, ხორბალაძე თამარ |
თემატური კატალოგი ენერგეტიკა |
საავტორო უფლებები: © თავისუფლების ინსტიტუტი |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: საზოგადოებრივი ანგარიშვალდებულება ენერგეტიკის სექტორში ჩანართი №3 თებერვალი რედკოლეგია: თამარ ხორბალაძე, ნინო ზურიაშვილი, გიორგი კალანდაძე, დათო კაკაბაძე, ნინო ამონაშვილი, ვეკო ჭკადუა პროექტი ხორციელდება ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით თავისუფლების ინსტიტუტი თბილისი 0108, გრიბოედოვის 23, ტელ.: 93 66 15, ფაქსი: 93 67 84, ელ-ფოსტა: liberty@liberty.ge, www.liberty.ge |
![]() |
1 სახიფათო პრივატიზაცია |
▲ზევით დაბრუნება |
თამარ ტაბატაძე
ქვეყანაში მიმდინარე პრივატიზაციის ფონზე საქართველოს ხელისუფლება მაგისტრალური გაზსადენის შესაძლო გასხვისებაზე საუბრობს და არ გამორიცხავს, რომ მისი მფლობელი რუსული კომპანია „გაზპრომი“ გახდეს. ხელისუფლების ეს განაცხადი კეთდება იმ ვითარებაში, როცა რუსეთის „დუმა“ ღიად საუბრობს მის განზრახვაზე, გაზის მოწოდების საკითხი საქართველოზე პოლიტიკური ზეწოლისათვის და რეგიონში საკუთარი პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესებისათვის გამოიყენოს. ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით რამდენად მიზანშეწონილია გაზსადენის პრივატიზაცია და შესაძლებელია თუ არა მისი გასხვისება საქართველოს მომავალი ეკონომიკური განვითარებისა და პოლიტიკური დამოუკიდებლობის მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ფაქტორი გახდეს, - ამ საკითხებთან დაკავშირებით ვესაუბრეთ სატრანზიტო ნავთობ და გაზსადენების დამოუკიდებელ ექსპერტს, NATO-ს მიერ პერსპექტიული სამეცნიერო კვლევების ფარგლებში ორგანიზებული საერთაშორისო სემინარის „გაზის მიწოდების უსაფრთხოება“ თანადირექტორს, პროფესორ თეიმურაზ გოჩიტაშვილს.
დღესდღეობით საქართველოს ხელისუფლება საუბრობს მაგისტრალური გაზსადენის პრივატიზაციაზე და მის შესაძლო მფლობელად რუსულ კომპანია „გაზპრომს“ ასახელებს. დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, როგორ შეაფასებდით ხელისუფლების ასეთ განზრახვას?
არც ეკონომიკური და არც სტრატეგიული თვალსაზრისით მაგისტრალური გაზსადენის პრივატიზება მიზანშეწონილი არ არის, მით უმეტეს, გაუმართლებელია მისი გადაცემა რუსული კომპანია „გაზპრომისთვის“. როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით ქვეყანა მილსადენის პრივატიზების შემთხვევაში დიდ წაგებას ნახულობს. რუსეთი ისედაც მონოპოლისტია საქართველოს ენერგობაზარზე და თუ მილსადენებსაც მივცემთ, იგი აბსოლუტური მონოპოლისტი გახდება. მაგისტრალური მილსადენის მფლობელის უფლებამოსილება და ვალდებულებები საერთაშორისო პრაქტიკაში ძირითადად თავისუფალ გამტარუნარიანობაზე თანაბარუფლებიანი დაშვების პრინციპს ეფუძნება. თუმცა ასეთი ვალდებულება წარმოიქმნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მფლობელს მილსადენის დაუტვირთავი სიმძლავრეები გამოუჩნდება. ამ ფაქტორს განმსაზღვრელი როლი უნდა მიენიჭოს საქართველოს მაგისტრალური მილსადენის შესაძლო პრივატიზაციის საკითხის განხილვისას, რადგან მომავალი მფლობელი, თუკი იგი გაზის მწარმოებელიცაა და დისტრიბუტორიც, ბუნებრივია, ეცდება მაქსიმალურად დაიცვას საკუთარი ინტერესები სხვა პოტენციური მომწოდებლის შეზღუდვის ხარჯზე. კონკრეტულად, თუ საქართველოს მაგისტრალური გაზსადენები „გაზპრომის“ ზეგავლენის სფეროში მოხვდება, მაშინ საერთოდ სათუო ხდება გაზმომარაგების სხვა წყაროებიდან იმპორტის შესაძლებლობა. ფაქტიურად, მოხდება ადგილობრივი ბაზრის ყველა სექტორის მონოპოლიზირება ერთი კომპანიის მიერ. საერთოდ საქართველოს კანონმდებლობა მაღალი ძაბვის ელექტროსადენების მსგავსად მაგისტრალური გაზსადენების გაყიდვასაც კრძალავს. მილსადენის პრივატიზაციისათვის ხელისუფლებას კანონში ცვლილებების შეტანა მოუწევს რაც, ჩემი აზრით, გაუმართლებელია.
თქვენი აზრით, რა გეოპოლიტიკური მიზნები შეიძლება ჰქონდეს რუსეთს?
რუსეთი, რომელიც დღეისათვის ბუნებრივი გაზის ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია საერთაშორისო ბაზარზე, ცდილობს, უფრო გააფართოოს თავისი ზეგავლენა. განსაკუთრებულია რუსეთის პოზიცია ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მიმართ. ამ ქვეყნების გაზის ბაზარზე იგი ფაქტიური მონოპოლისტია. ამასთან, დსთ-ს სივრცეში რუსეთი გაზის პოლიტიკას ტრადიციულად, ეკონომიკურის გარდა,გეოპოლიტიკური ზემოქმედების იარაღადაც მიიჩნევს და ცდილობს ექსპანსიონისტური პოლიტიკის მეშვეობით, უზრუნველყოს დე-ფაქტო სიტუაციის გახანგრძლივება, შესაძლებლობის შემთხვევაში კი, ზეგავლენის სფეროს გაფართოება.
„გაზპრომის“ გააქტიურება სამხრეთ კავკასიის ბაზარზე, დსთ-ს სხვადასხვა ქვეყნებში დიფერენცირებული ფასები გაზზე, ამ ქვეყნების პოლიტიკური ორიენტაციის გათვალისწინებით, რუსეთის „დუმის“ მიერ არაერთგზის დეკლარირებული განზრახვა, გაზის მიწოდება გამოიყენონ საქართველოზე პოლიტიკური ზეწოლისათვის, და რაც მთავარია, რუსეთის დაუფარავი პოლიტიკური (აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კონფლიქტის ზონებში) და ეკონომიკური (რუსეთის ალტერნატიული ნახშირწყალბადების სატრანსპორტო მაგისტრალების გამო) ინტერესები რეგიონში, ეჭვს არ იწვევს, რომ რუსეთი პროგნოზირებად მომავალში კვლავ ერთგული დარჩება თავისი ექსპანსიონისტური პოლიტიკისა დსთ-ს, და მათ შორის საქართველოს მიმართ.
თავად რუსეთი არ მალავს, რომ ენერგობერკეტებს საქართველოსთან მიმართებაში პოლიტიკური თვალსაზრისით გამოიყენებს. ძალიან ბევრი ცდება, როცა ამბობს, რომ რუსეთი პოლიტიკური მიზნით ამ ბერკეტს არ გამოიყენებს. გაზპრომი რუსული სახელმწიფო კომპანიაა და ბუნებრივია, ის სახელმწიფო ინტერესებს დაიცავს. „გაზპრომი“ ეკონომიკურთან ერთად რუსე- თის სახელმწიფოს პოლიტიკურ ინტერესებსაც ითვალისწინებდა და მომავალშიც გაითვალისწინებს. ამიტომ, საქართველომ რუსულ მხარესთან მოლაპარაკებები გაზის სექტორში ურთიერთობის დარეგულირებისათვის, მათ შორის გრძელვადიანი მიწოდების კონტრაქტების ან სტრატეგიული ობიექტების პრივატიზაციის საკითხებში, ამ ფაქტორის გათვალისწინებითაც უნდა აწარმოოს. ანალოგიური მიდგომა უნდა განხორციელდეს ენერგეტიკული რესურსების ტრანზიტის პოლიტიკის შემუშავების დროს ზოგადადაც, რომლის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტად მიჩნეული უნდა იქნეს ბუნებრივი გაზის მიწოდების წყაროების დივერსიფიკაცია და საერთაშორისო სატრანზიტო პროექტების მხარდაჭერა, ცხადია, საქართველოს ეკონომიკური და სტრატეგიული ინტერესების გათვალისწინებით.
თეიმურაზ გოჩიტაშვილი
ეკონომიკური თვალსაზრისით რა მოგება შეიძლება ნახოს ქვეყანამ გაზსადენის პრივატიზების შემთხვევაში?
როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით მაგისტრალური გაზსადენის პრივატიზება წამგებიანია. სამხრეთ კავკასიური მილსადენიდან მიღებული გაზის საზრიანი მონეტიზაციის შემთხვევაში საშუალო წლიურმა შემოსაალმა შეიძლება 95-115 მლნ დოლარი შეადგინოს. ძირითადი მაგისტრალების გასხვისების შემთხვევაში კი, ჩვენ, ალბათ, მოგვიწევს ტრანზიტის საფასურად გაზის ნაცვლად ფულადი კომპენსაცია მივიღოთ, რაც ყოველწლიურად იგივე პირობებში საშუალოდ მხოლოდ 65 მლნ დოლარს უტოლდება. აშკარაა, რომ ასეთ შემთხვევაში ქვეყანა მნიშვნელოვანი დამატებითი შემოსავლების წყაროს დაკარგავს.
რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველოს ხელისუფლებამ იმისათვის, რომ დაცული იყოს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოება?
გააზრებული საპრივატიზაციო პროგრამის, საკანონმდებლო ინიციატივებისა და საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებული რეგულირების წესების დამკვიდრების გზით, საქართველოში შემომავალ და ტრანზიტულ მილსადენებზე, უზრუნველყოფილი უნდა იქნეს თავისუფალ გამტარუნარიანობაზე არადისკრიმინაციული დაშვების, აგრეთვე კრიტიკულ სიტუაციებში ქვეყნისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მაგისტრალების მეზობელი ქვეყნების ტერიტორიაზე განლაგებული მონაკვეთების მონიტორინგისა და გადაუდებელი აღდგენითი სამუშაოების წარმოების უფლება. აღნიშნული საკითხების დარეგულირება უნდა მოხდეს გრძელვადიანი კონტრაქტების მომზადების პროცესში, რაც საბოლოოდ ხელს შეუწყობს მოწოდების (მომწოდებლის) დივერსიფიკაციასა და კონკურენტული საბაზრო ურთიერთობების ჩამოყალიბებას.
ამ ეტაპზე მიზანშეწონილია ძირითადი მაგისტრალური მილსადენების მართვის უფლებამოსილების შენარჩუნება. ზოგადად კი უნდა გამოირიცხოს მათი გადაცემა მომწოდებელი და/ან გამანაწილებელი კომპანიებისათვის, რაც ბაზრის ლიბერალიზაციისა და ცალკეული სუბიექტების მონოპოლისტური ქმედებების პრევენციის ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა.
საქართველოს გაზის სექტორის ძირითადი ობიექტების პრივატიზაციის საკითხი, და საერთოდ, სექტორში შექმნილი მდგომარეობა, განხილულ უნდა იქნეს საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მიერ, რათა რაციონალურად დაიგეგმოს მისი შესაძლო განვითარების სცენარების მართვა, საკანონმდებლო ინიციატივებისა და ქვეყნის გრძელვადიანი სტრატეგიული ინტერესების ადეკვატური პოლიტიკური გადაწყვეტილებების საფუძველზე.
ვინ რაზე აგებს პასუხს საქართველოს ენერგეტიკაში?
ენერგეტიკის სამინისტრო აგებს პასუხს სექტორის საერთო პოლიტიკის, სტრატეგიული მიმართულებების სრულყოფაზე და საკანონმდებლო ბაზის შემუშავებაზე სექტორში მოქმედი ორგანიზაციების პროდუქტიული და სამართლებრივი თანამშრომლობისთვის.
პროექტი „საზოგადოებრივი |
![]() |
2 ორმაგი რეფორმა |
▲ზევით დაბრუნება |
გიორგი კალანდაძე
მთავრობას ენერგეტიკული სექტორის რეფორმირების ორი პროგრამა აქვს - ერთი გრძელვადიანი, რომლის ავტორადაც ენერგეტიკის სამინისტრო და პირადად მინისტრი ნიკა გილაური ითვლება, მეორე კი - მოკლევადიანი. იგი სახელმწიფო მინისტრს კახა ბენდუქიძეს ეკუთვნის. ორივე პროგრამის შედეგი საერთოა - დასრულების შემდეგ საქართველოში ენერგოკრიზისი წარსულს უნდა ჩაბარდეს. თუმცა მინისტრთა კაბინეტის ეს ორი წარმომადგენელი ასეთ შედეგამდე მისვლას განსხვავებულ ვადებში გეგმავს.
კახა ბენდუქიძემ თავისი პროგრამა მინისტრთა კაბინეტის წევრებს უკვე წარუდგინა. პროგრამის განხილვა ნიკა გილაურისეული რეფორმის გეგმის პრეზენტაციის მეორე დღესვე მოხდა. მთავრობამ ორივე მათგანი მოიწონა.
რეფორმირების ორივე გეგმის მთავარი მსგავსება ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის არსებული მოდელის შეცვლას შეეხება. მთავარი განსხვავება კი ენერგოსექტორში გასატარებელი საპრივატიზაციო პროცესების წარმართვაშია. კახა ბენდუქიძე რამდენიმე ენერგოსაწარმოს გარდა (ენგურჰესი-ვარდნილჰესი და გადაცემადისპეტჩერიზაცია), ყველაფრის გაყიდვის მომხრეა.
ელექტროენერგეტიკის სექტორის ბენდუქიძისეული მოდელი ასეთია: ერთიანი ენერგოკომპანია (სხვა ვერსიით, იგი შეიძლება გაიყოს ორ - აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ენერგოკომპანიებად), თბილისის სადისტრიბუციო ენერგოკომპანია, გადაცემა-დისპეტჩერიზაცია და ენგურჰესი. ეს უმსხვილესი ჰიდროელექტროსადგური, კახა ბენდუქიძის განცხადებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე სახელმწიფო საკუთრებაში უნდა დარჩეს, ისევე როგორც გადაცემა-დისპეტჩერიზაციის კომპანია. რეფორმის მიხედვით, ცვლილებას განიცდის არა მარტო ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარი, არამედ ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიაც.
მინისტრის ინფორმაციით, თბილისის გარეთ არსებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიები გენერაციის ობიექტებთან ერთად გაიყიდება, რაც ენერგოსექტორს უფრო მომგებიანს გახდის, სახელმწიფოს კი მისთვის საბიუჯეტო სახსრების გამოყოფა აღარ მოუწევს.
კახა ბენდუქიძის პროგრამის განხორციელების შემთხვევაში გარდაიქმნება დღეს არსებული „გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანია“, რომლის მართვასაც დღეს ამერიკული კომპანია „PA Consalting“-ი ახორციელებს. ბოლო კონტრაქტს „PA Consalting“-თან საქართველოს მთავრობამ შარშან შემოდგომაზე მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც, ამერიკელებმა გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანია კიდევ ორი წლის განმავლობაში უნდა მართონ.ამ კომპანიას 660 ათასი მომხმარებელი ჰყავს და მისი მომსახურების არეალი საქართველოს ტერიტორიის 70 პროცენტს ფარავს.
სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, მთავრობა „გაერთიანებული ენერგოკომპანიის“ მყიდველს საერთაშორისო პერიოდულ პრესაში გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით შეარჩევს. ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი რამ არის ცნობილი: თითქმის 100 პროცენტითაა გადაწყვეტილი, რომ ამ კომპანიას „რუსეთის ერთიან ენერგოსისტემებს“ არ მიჰყიდიან. რუსული ენერგოჰოლდინგი საქართველოში უკვე ფლობს საკმაოდ მნიშვნელოვან ენერგოაქტივებს. კახა ბენდუქიძის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობას სურს, რომ ქართულ ენერგობაზარზე ახალი მოთამაშე გამოჩნდეს. არ არის გამორიცხული, რომ ეს რომელიმე ევროპული, ან თუნდაც ქართული კონსორციუმი იყოს. კახა ბენდუქიძისეული რეფორმის განხორციელების შემთხვევაში, ენერგოსექტორი ენერგოობიექტების პრივატიზებიდან 200 მილიონ ლარს უნდა ელოდოს.
![]() |
3 თელასს ტარიფის გაზრდაზე უარს ეუბნებიან |
▲ზევით დაბრუნება |
ტარიფის დადგენის არსებულმა მექანიზმმა არ გაამართლა
თამარ ხორბალაძე
ელექტროენერგიის ტარიფის თემა საქართველოში, ტრადიციულად, ყველაზე აქტუალური და ყველაზე წინააღმდეგობრივი საკითხია. ეს თემა განსაკუთრებით გაამწვავა ელექტროენერგეტიკაში საბაზრო ეკონომიკისკენ აქტიური ნაბიჯების გადადგმამ, რაც, პრინციპში, ამ დარგის განვითარების ერთადერთი გზაა - ანუ საშუალება, რომ ქვეყნის ენერგოსექტორი მეტ-ნაკლებად ცივილიზებულ წესებზე გადაეწყოს.
დღეს საქართველოში ელექტროენერგიაზე რამოდენიმე ტარიფი მოქმედებს: თბილისში მოსახლეობისთვის 1 კილოვატსაათი ელექტროენერგია
12,18 თეთრი ღირს, კომერციული სტრუქტურებისთვის - 13,7 თეთრი, რეგიონებში ერთ კილოვატსაათ ელექტროენერგიაზე ტარიფი 8,2 თეთრია, აჭარაში მოქმედებს ე.წ. დიფერენცირებული ტარიფი, რომელიც დანარჩენი საქართველოსგან განსხვავებით, მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად, უკვე 2004 წელს ამოქმედდა.
ტარიფის დადგენის წესი
ტარიფის დადგენის ფუნქცია ელექტროენერგეტიკულ სექტორში, როგორც ცნობილია, საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას აკისრია. ტარიფის სახელმწიფო რეგულირების საფუძველი ის გახლავთ, რომ ელექტროენერგეტიკული დარგი დღეს მონოპოლიურია და, შესაბამისად, აქ საბაზრო ეკონომიკის მექანიზმები ვერ მუშაობს. სახელმწიფოს მიერ დარგის რეგულირება კი ამ სფეროში საბაზრო მექანიზმების იმიტირებასა და კომპანიების ინტერესების პარალელურად - მომხმარებელთა ინტერესების დაცვას ისახავს მიზნად.
ტარიფის დადგენა ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დღეს სხვადასხვა კომპონენტების შესაბამისად ხდება, მათ შორის ისეთების, როგორიც, ვთქვათ, „თელასის“ ტარიფის შემთხვევაში არის: ფაქტიური განაწილების ზღვარი, ჭარბი ინვესტიციების კომპონენტი, ეკონომიკური საქმიანობის გადასახადის გაუქმების კომპონენტი, დღგ-ის (ანუ საგადასახადო ტვირთის კომპონენტი) კომპონენტი, განსხვავება ფაქტიურსა და საქართველოს საბითუმო ბაზრის ტარიფს შორის, 2003 წელს სემეკის დადგენილებებით განაწილების ტარიფის შემცირების კომპონენტი და ასე შემდეგ. საბოლოოჯამში, ამოსავალი ტარიფის დადგენისას, კომპანიების მიერ გაწეული ხარჯების ოდენობა გახლავთ.
ელექტროენერგეტიკის დამოუკიდებელი მარეგულირებელი კომისიის მიერ ამ კომპონენტების საფუძველზე ორი წლის წინ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, დღეისთვის საქართველოში ეგრეთ წოდებული დიფერენცირებული ტარიფი უნდა მოქმედებდეს.
ეს ტარიფი თბილისისთვის ასე გამოიყურება: 100 კილოვატი ელექტროენერგიის მოხმარების შემთხვევაში მოსახლეობას უნდა გადაეხადა 12,18 თეთრი; 200 კილოვატი ელექტროენერგიისმოხმარების შემთხვევაში - 13,73 თეთრი; 200 კილოვატიდან 400 კილოვატამდე მოხმარების შემთხვევაში - 15,29 თეთრი, 400 კილოვატზე ზევით ელექტროენერგიის მოხმარების შემთხვევაში კი - 16,85 თეთრი.
თუმცა ამ ტარიფის ამოქმედება 2003 წლიდან მოყოლებული რამოდენიმეჯერ გადაიდო. მოტივაცია სხვადასხვაგვარი გახლდათ - „ეი-იეს თელასში“ 2003 წელს შემოსული ინვესტორის, „რაო“-ს მოთხოვნა იყო, რომ საკითხის შესწავლამდე დიფერენცირებული ტარიფის ამოქმედება გადავადებულიყო. შედეგად ხსენებული ტარიფის ამოქმედება 2005 წლის 15 მაისამდე გადაიდო. თუმცა მანამ-დე „ეი-ი-ეს თელასმა“ ტარიფში
თავისი წილის გაზრდა მოითხოვა. (საერთოდ, ბოლო პერიოდში, ენერგოტარიფის საკითხის წამოწევა, როგორც წესი, „თელასის“ მოთხოვნებს უკავშირდება). ამიტომ სატარიფო პრობლემატიკას დღეს „თელასის“ მაგალითზე განვიხილავთ.
თელასის წილი ტარიფში
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის ინფორმაციით, დღეისათვის სემეკის მიერ კომპანიას დამტკიცებული აქვს წილი 1 კვტ. სთ-ზე 7,207 თეთრის ოდენობით (დღგ-ის გარეშე), რომელიც მიმდინარე წლის 15 მაისიდანუნდა ამოქმედებულიყო. იმის გამო, რომ ელექტროენერგიის საფეხურებრივი ტარიფის შემოღება თბილისის მოსახლეობისთვის სს „თელასის“ თხოვნით რამდენჯერმე გადაიდო, მომხმარებელი ელექტროენერგიის გადასახადს დღემდე შემცირებული ტარიფით (12,18 თეთრი) იხდის. ამიტომ სემეკის ბოლო გადაწყვეტილებამდე, ფაქტობრივად, სს „თელასის“ წილი მოქმედ ტარიფში 1 კვტ.სთ-ზე 6,6 თეთრი (დღგ-ის გარეშე) იყო.
თუმცა, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, „ეი-ი-ეს თელასმა“ გასული წლის მაისში ტარიფში თავისი მარჟის გაზრდა მოითხოვა და სემეკში შესაბამისი განაცხადი წარადგინა.
ამ განაცხადის თანახმად, „თელასი“ კომისიას თბილისელი მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის ტარიფში თავისი წილის 7.207 თეთრიდან 11.140 თეთრამდე გაზრდას სთხოვს, თუმცა თანახმაა, მოსახლეობამ დენის საფასური გაზრდილი ტარიფით მხოლოდ 2006 წლიდან გადაიხადოს. მარჟის გაზრდის საფუძვლად კომპანია „თელასის“ მიერ გასულ წლებში გაწეულ ინვესტიციებს, მძიმე საგადასახადო რეჟიმს და სხვაარგუმენტებს ასახელებს. გაწეული ხარჯების დასადასტურებლად კი სემეკის კონსულტანტი დამოუკიდებელი აუდიტორული კომპანია „იუბისი“-ს აუდიტორული დასკვნას იშველიებს.
მთელი წლის განმავლობაში კომპანია დაჟინებით ცდილობდა საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვ-ნული კომისიისგან (სემეკი) მის მიერ გაწეული ხარჯების დამტკიცებას. ეს ხარჯები, ექსპერტთა აზრით, დენის ტარიფში მათი ასახვის შემთხვევაში, არსებულ ტარიფს თითქმის 4 თეთრით გაზრდიდა. კომისიის მიერ „თელასის“ მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ტარიფის გაზრდის აუცილებლობა სულ რაღაც ერთ წელიწადში დადგებოდა. ამასთან, „თელასს“ ტარიფის საშუალებით მანიპულირების დამატებითი საშუალება მიეცემოდა, რადგან გასული ხარჯების ამოღების მოთხოვნის სრული უფლებაც ექნებოდა.
მას შემდეგ, რაც „თელასმა“ ტარიფის გაზრდა მოითხოვა, ენერგეტიკის მარეგულირებელმა სტრუქტურებმა კომპანიის მიმართ ყურადღება გააორმაგეს.
„თელასის“ მაღალი ტარიფის წინააღმდეგ გალაშქრება კი რამდენიმე ექსპერტმა გარისკა. მათ შორისაა ენერგეტიკის მომხმარებელთა უფლებების საზოგადოებრივი დამცველი დავით ებრალიძე, რომელიც მიიჩნევს, რომ „თელასს“ არათუ ტარიფის გაზრდის მოთხოვნის უფლება არ ჰქონდა, არამედ მისი შენარჩუნებაც გაუჭირდება, თუ სახელმწიფო სტრუქტურები მის საქმიანობას გულდასმით შეისწავლიან. ამის საბუთად კი „თელასის“ ახალ („რაო“) და ძველ („ეი-ი-ესი“) მფლობელს შორის დადებული გარიგების დეტალები და კანონი „ელექტროენერგეტიკისა და გაზის შესახებ“ მოჰყავს. მომხმარებელთა უფლებების დამცველმა გამოაქვეყნა სქემა, რომელშიც კანონის შესაბამისად არის გათვლილი თელასის მარჟის სავარაუდო ოდენობა. ამ დასკვნის თანახმად, სამომხმარებლო ტარიფში თელასის წილი 5 თეთრის ფარგლებში უნდა დადგინდეს.
დავით ლეჟავა
სემეკის გადაწყვეტილება
15 ოქტომბერს სემეკმა სს „თელასის“ სატარიფო განაცხადის წარმოდგენის პროცესი დასრულებულად ჩათვალა და გამოაცხადა მისი ადმინისტრაციული საქმის წარმოების დაწყება. მარეგულირებელი კომისიის ინფორმაციის თანახმად, იმის გამო, რომ სემეკმა განაცხადის შემოტანის დღიდან (30 აპრილი) რამდენიმე თვის დაგვიანებით მიიღო სს „თელასისაგან“ ტარიფის დასადგენად აუცილებელი სრულყოფილი დოკუმენტაცია, მათ შორის კომპანიის ფინანსური ანგარიშგების ამსახველი დოკუმენტი, „თელასის“ ტარიფის დადგენის ათვლის წერტილად 2004 წლის 27 სექტემბერი ჩაითვალა, შესაბამისად, ტარიფის დადგენის საბოლოო ვადამ 2005 წლის თებერვლის ბოლომდე გადაიწია.
ათთვიანი განხილვების შემდეგ, კომისიამ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფში
„თელასის“ მარჟის 0,3 თეთრით შემცირება გადაწყვიტა. კომისიის გადაწყვეტილება ძალაში მხოლოდ მას შემდეგ შევა, რაც ენერგოსექტორის მთავარი არბიტრი შესაბამის დადგენილებას მიიღებს.
თუ ასე მოხდა, მაშინ, სავარაუდოდ, დენის ტარიფში „თელასის“ მარჟა, 6,6 თეთრის ნაცვლად, მხოლოდ 6,256 თეთრით განისაზღვრება.სემეკმა დაავალა „თელასს“ 4 მარტამდე ძაბვის მომხმარებლების კატეგორიების მიხედვით განაწილების, გადაცემისა და სამომხმარებლო ტარიფის გაანგარიშებების წარდგენა.
კომისიაში აცხადებენ, რომ „თელასის“ წილის 0,3 თეთრით შემცირება თბილისელებს წელიწადში 20 მილიონ ლარს დაუზოგავს. თუმცა მოსახლეობისთვის ტარიფში „თელასის“ მარჟის შემცირება ისე საგრძნობი არ იქნება, რადგან რეალურად, ერთი კილოვატსაათის ღირებულება მხოლოდ0,02-ით შემცირდება. კომერციული სტრუქტურებისთვის კი, რომლებიც დიდ სიმძლავრეებს მოიხმარენ, განსხვავება უფრო საგრძნობი იქნება. მათ ტარიფი, სავარაუდოდ, 1,3 თეთრით შეუმცირდებათ.
კომისიამ ტარიფის გაანგარიშების ძველი მეთოდიკით ისარგებლა და გადაწყვეტილებას საფუძვლად „თელასის“ ნასყიდობის ხელშეკრულება და „ელექტროენერგეტიკისა და გაზის შესახებ“ კანონის მე-4, 43-ე და 44-ე მუხლები დაუდო.
რაც შეეხება სამომხმარებლო ტარიფს, რომელიც ამ დროისთვის 12,18 თეთრს შეადგენს, ის ჯერჯერობით უცვლელია.
გარდა ამისა, სემეკ-მა დაავალა „თელასს“, 2005 წლის 1 აპრილამდე წარედგინა კომისიისათვის 2004 წლის სრულ საფინანსო ანგარიშგებაზე დაფუძნებული ახალი სატარიფო განაცხადი. სავარაუდოდ, 4 მარტს, ანუ „თელასის“ მხრიდან ახალი გაანგარიშებების წარდგენის შემდეგ, კომისია სამომხმარებლო ტარიფთან დაკავშირებითაც მიიღებს გადაწყვეტილებას.
„თელასი“ აღნიშნული გადაწყვეტილების კოდავით მენტირებისგან ამ ეტაპზე თავს იკავებს, მას „გაუგებარს“ უწოდებს და აცხადებს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით დასაბუთებულ კომენტარს სემეკის ოფიციალური დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ გააკეთებს.
მომხმარებელთა უფლებების დამცველი კი აცხადებს, რომ მიუხედავად შედეგისა, თავად გადაწყვეტილება უკანონოა და მას სასამართლოში აუცილებლად გააპროტესტებს.
ასეთია დღეს არსებული ვითარება. ეს ვითარება ცხადყოფს, რომ საქართველოს ხელისუფლება აღარ არის განწყობილი, უპირობოდ დააკმაყოფილოს „თელასის“ მოთხოვნები, რაც იმასაც ნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში ტარიფის ზრდა, სავარაუდოდ, არ მოხდება. თუმცა ეს დიფერენცირებული ტარიფის ამოქმედებას არ გამორიცხავს და არ გამორიცხავს არც იმას, რომ სემეკის ბოლო გადაწყვეტილება ტარიფთან დაკავშირებით სასამართლოში გახდეს სადავო.
პრობლემა, რომელიც „თელასის“ ტარიფის საკითხს სცდება
„თელასთან“ დაკავშირებულ ისტორიას არაერთგვაროვნად აფასებენ ქართველი ექსპერტები. მიუხედავად იმისა, რომ „თელასი“ ელექტროენერგეტიკული ბაზრის მხოლოდ ერთი მოთამაშეა, მასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები არ შეიძლება განხილულ იქნეს ცალკე, მთლიანი სახელმწიფო ენერგეტიკული პოლიტიკის კონტექსტიდან ამოგლეჯილად.
„თელასისადმი“ წარმოებული პოლიტიკა ქმნის წარმოდგენას საქართველოში არსებულ საინვესტიციო პოლიტიკასთან დაკავშირებით, რისი მკვეთრად განსაზღვრა და ზუსტი იდენტიფიცირება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს, როცა ქვეყნის ხელისუფლება ელექტროენერგეტიკული ობიექტების სასწრაფო პრივატიზების შესახებ აკეთებს განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოში უდავოდ გაძნელდება სერიოზული ინვესტორების მოზიდვა, რაც არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ ენერგეტიკული უსაფრთხოების თვალსაზრისითაც საკმაოდ სახიფათო გახლავთ.
ამ პოლიტიკაში, ცხადია, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია ტარიფის დადგენის წესი, რომელიც, ექსპერტთა ნაწილის აზრით, საქართველოში შესაცვლელია.
პროექტის „საზოგადოების ანგარიშვალდებულება ენერგეტიკის სექტორში“ დირექტორი დავით ლეჟავა აცხადებს, რომ ტარიფის დადგენის დღეს არსებულმა მექანიზმმა არ გაამართლა, რადგან მან საბაზრო მექანიზმების შექმნას ვერ შეუწყო ხელი. საუბარია იმაზე, რომ არსებული წესის თანახმად, მარეგულირებელი კომისია ითვალისწინებს ინვესტორის მიერ გაწეული ხარჯების ოდენობას და მას აქცევს ტარიფის დადგენის ამოსავალ წერტილად. პარალელურად კი არ არსებობს რეალური ბერკეტები იმის გაკონტროლებისა, თუ რამდენად საჭირო და აუცილებელი იყო ამ ინვესტიციების გაწევა, რამდენად ადეკვატური იყო გაწეული ხარჯები რეალური საბაზრო ფასების და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, დავით ლეჟავა თვლის, რომ ხელისუფლებამ უნდა შეიმუშაოს ტარიფის დადგენის ახალი წესი, რომელშიც კომპანიის მიერ გაწეული ხარჯები მხოლოდ ერთ-ერთი კომპონენტი იქნება და იარსებებს საშუალება, რომელიც რეალურად ჩატარებული სამუშაოების საბაზრო ღირებულების განსაზღვრას და, შესაბამისად - ენერგოკომპანიების ინტერესებისა და, პარალელურად - მომხმარებლის ინტერესების დაცვას მოემსახურება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველთვის იარსებებს საშიშროება იმისა, რომ ენერგოკომპანიამ ჭარბი ინვესტიციების გათვალისწინება მოითხოვოს ტარიფში, მარეგულირებელმა კომისიამ კი, დღეს არსებული კანონისა და ტარიფის დადგენის წესის არასრულყოფილების გამო, ვერ მოახერხოს ამ მოთხოვნისთვის კანონიერი არგუმენტების დაპირისპირება. ეს კი ან მომხმარებელთა უფლებების შებღალვას, ან - ინვესტორისადმი არასამართლიანი მიდგომის შესახებ საუბრებს დაუდებს საფუძველს და, შესაბამისად, საქართველოში ისედაც არასრულყოფილ საინვესტიციო გარემოს კიდევ უფრო გააუარესებს.
საზოგადოებრივი განწყობა
გასულ წელს ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 48,3 პროცენტი თვლის, რომ ენერგოსექტორის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა ის გახლავთ, რომ ელექტროენერგიის ტარიფი ძალიან მაღალია. თუმცა ასეთი შეფასების პარალელურად, ძალიან საინტერესოა, რომ რესპონდენტების უმრავლესობის განცხადებით (62 პროცენტზე მეტი), თუ ისინი აღმოჩნდებიან მაღალ ტარიფსა და 24 საათიანი ენერგომომარაგების არჩევანის წინაშე, 24 საათიან ელექტრომომარაგებას აირჩევენ. ეს შედეგი იძლევა ერთგვარი დასკვნის გაკეთების საშუალებას იმასთან დაკავშირებით, რომ მომხმარებელთა 62 პროცენტს გააჩნია საკმარისი ფინანსური რესურსები, რათა გაზრდილი ტარიფი დაფაროს, თუმცა საინტერესოა, რომ თავად რესპონდენტები 24 საათიანი ენერგომომარაგების შემთხვევაში მათ მიერ გადახდილი თანხის მაქსიმალურ ზღვრად რეალურ ფასებთან შედარებით საკმაოდ მიზერულ თანხებს ასახელებენ:
გამოკითხულ რესპონდენტთა 4,8 პროცენტი ამბობს, რომ 24 საათიანი ენერგომომარაგების შემთხვევაში იმ თანხის მაქსიმუმი, რომლის გადახდასაც შესძლებდა მისი ოჯახი, არის მაქსიმუმ 5 ლარი. რესპონდენტთა 24,1 პროცენტის აზრით, თანხის მაქსიმუმი არის 10 ლარი. 15,7 პროცენტი ასახელებს - 15 ლარს, 17,6 პროცენტი - 20 ლარს და მხოლოდ 5,5 პროცენტი ასახელებს მაქსიმალურ თანხას - 30 ლარს.
კიდევ უფრო მიზერულია რესპონდენტთა უმრავლესობის მიერ, მაგალითად, ზამთრის სეზონში გადახდილი თანხები, განსაკუთრებით კი თბილისის მიღმა „დარჩენილ“ საქართველოში:
თბილისში ზამთარში ელექტროენერგიისთვის 5 ლარამდე გადასახადს იხდის მომხმარებელთა 9,1 პროცენტი, 10 ლარამდე გადასახადს - 18 პროცენტი, 15 ლარამდე - 38,5 პროცენტი, 20 ლარამდე - 14,3 პროცენტი.
გორში 5 ლარს იხდის - 21,3 პროცენტი, 10 ლარამდე - 35 პროცენტი, 15 ლარამდე - 19,3 პროცენტი, 20 ლარამდე . 15 პროცენტი. დაახლოებით მსგავსი სიტუაციაა რუსთავში.
სამაგიეროდ, ფოთში 5 ლარამდე იხდის 64 პროცენტი, 10-მდე - 21 პროცენტი. ქუთაისში 30 პროცენტი 15 ლარამდე გადასახადს „სწვდება“, ზუგდიდში კი გამოკითხულთა უმრავლესობის - 84 პროცენტის მიერ გადახდილი თანხა 5 ლარს არ აჭარბებს.
ცხადია, რომ თავისთავად ასეთი საზოგადოებრივი განწყობა საკმაოდ კარგ ნიადაგს ქმნის იმისათვის, რომ ტარიფის თემა სხვადასხვა პოლიტიკურმა ჯგუფებმა პოლიტიკური სპეკულაციებისთვის გამოიყენონ, რისი საკმაოდ კარგი მაგალითიც გახლდათ 2003 წლის განმავლობაში ტარიფთან დაკავშირებით ატეხილი არაერთი სკანდალი. სხვათა შორის, სემეკის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, ამ განწყობაზე ერთგვარი პასუხი გახლავთ.
ვინ რაზე ვაგებთ პასუხს საქართველოს ენერგეტიკაში
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი) აგებს პასუხს ტარიფების განსაზღვრაზე, ენერგოსექტორში მოქმედი ორგანიზაციების ლიცენზირებაზე, კომპანიების მიერ ლიცენზიის პირობების შესრულების კონტროლზე, ენერგეტიკის სექტორში მოქმედი ორგანიზაციების საქმიანობის რეგულირებაზე.
პროექტი „საზოგადოებრივი |
ვინ რაზე ვაგებთ პასუხს საქართველოს ენერგეტიკაში
საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარი აგებს პასუხს ელექტროენერგიის საბითუმო ყიდვა-გაყიდვის ურთიერთობების მართვაზე, რაც გულისხმობს გაყიდული და შესყიდული ელექტროენერგიის აღრიცხვას, მომხმარებლებს შორის განაწილებას და სადისტრიბუციო კომპანიების, ასევე ბაზრის პირდაპირი მომხმარებლების მიერ გადახდილი თანხების გადარიცხვას, გენერაციის, დისპეჩერიზაციაგადაცემის კომპანიების ანგარიშებზე.
პროექტი „საზოგადოებრივი |
ვინ რაზე ვაგებთ პასუხს საქართველოს ენერგეტიკაში
სადისტრიბუციო ენერგოკომპანიები აგებენ პასუხს მათ მიერ მიღებული ელექტროენერგიის მომხმარებლისთვის მიწოდებაზე, მომხმარებლის მიერ გახარჯული ელექტროენერგიის აღრიცხვაზე, შესყიდული ელექტროენერგიის საფასურის ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრისათვის გადახდაზე და ხარისხიან მომსახურებაზე. თბილისს ემსახურება თელასი, კახეთის რეგიონს - კახეთის სადისტრიბუციო ენერგოკომპანია, აჭარის რეგიონს - აჭარის სადისტრიბუციო ენერგოკომპანია, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად დანარჩენ რეგიონებს - გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანია.
პროექტი „საზოგადოებრივი |
![]() |
4 იდეალურიდან რეალურისაკენ |
▲ზევით დაბრუნება |
გიორგი კალანდაძე
ენერგოსექტორის მთავარ მონაწილეებს ახალი კანონპროექტი ნანახი არც კი აქვთ. ენერგეტიკის სამინისტრო მათთვის ენერგობაზარზე თამაშის ახალი წესების გაცნობას მოგვიანებით გეგმავს. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტზე ჯერ მხოლოდ სამინისტროს ექსპერტები მუშაობენ.
კანონპროექტის ავტორთა შეფასებით, ცვლილებებმა ძირეულად უნდა შეცვალოს ის წესები, რომლითაც უკვე 5 წელია, რაც ენერგობაზარი რეგულირდება. სწორედ 5 წლის წინ მიიღო პარლამენტმა, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების დაჟინებული მოთხოვნის შედეგად, კანონი „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“.
ხსენებული კანონის მიხედვით, ენერგეტიკულ სექტორში გაჩნდა ახალი მოთამაშეები ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა (სემეკი) და ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის სახით. ენერგეტიკის სამინისტროს მიერ მომზადებულ ცვლილებათა პროექტში მთავარი შესწორება სწორედ საბითუმო ბაზრის ფუნქციებს შეეხება.
ალექსანდრე ხეთაგური
მოქმედი კანონით, საბითუმო ბაზრის მეშვეობით ხორციელდება საქართველოს ერთიან ელექტროენერგეტიკულ სისტემაში შემავალი ყველა ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული და საქართველოში იმპორტირებული მთელი ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვა. ამის შედეგად მიღებული თანხები აკუმულირდება საბითუმო ბაზრის ანგარიშზე, რომელიც შემდეგ ყიდვაგაყიდვის მონაწილეებს უნაწილდებათ. თუმცა გამანაწილებელი კომპანიების მიერ ელექტროენერგიის საფასურის ამოღების დაბალი მაჩვენებლის გამო, ელექტროსადგურები, როგორც წესი, გვიან და არასრულად იღებენ მათ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ღირებულებას.
ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის მონაცემებით, 2004 წელს საქართველოს ენერგოსისტემამ გამოიმუშავა 6,902 მილიარდი კვტსტ. ელექტროენერგია, აქედან - 6,027 მილიარდი კვტსთ. ჰიდროელექტროსადგურებმა და მხოლოდ 874 მილიონი კვტსთ . თბოსადგურებმა. შარშან ენგურჰესმა გამოიმუშავა 2,739 მილიარდი კვტსთ ელექტროენერგია.
ოფიციალური მონაცემებით, დღეისათვის ელექტროენერგიის მომწოდებლებისადმი საბითუმო ბაზრის დავალიანება 640 მილიონ ლარს შეადგენს, ხოლო ბაზრის მიმართ მომხმარებლებისა კი - 580 მილიონ ლარს. ასეთი მდგომარეობა იმითაა გამოწვეული, რომ ბაზრის ვერც ერთი მონაწილე ვერ ან არ იხდის ელექტროენერგიის საფასურს.
„ასეთი სტრუქტურა და კანონმდებლობა, იდეალურ სიტუაციაზეა გათვლილი, როდესაც მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის ამოღება თითქმის 100 პროცენტს შეადგენს, - ამბობს კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხეთაგური, - საქმე ისაა, რომ დღეს მოქმედ კანონში არსად არ არის ნათქვამი, თუ რა ხდება ისეთ ვითარებაში, როდესაც მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის ამოღების მაჩვენებელი დაბალია და იგი საშუალოდ 55-60 პროცენტს შეადგენს.“
იდეალურიდან რეალურისაკენ ნაბიჯის გადასადგმელად კანონპროექტის ავტორებს მიზანშეწონილად მიაჩნიათ საბითუმო ბაზრის ფუნქციების ტრანსფორმაცია. კერძოდ, ყველა პირდაპირმა საბითუმო მომხმარებელმა ელექტროენერგიის შესყიდვა განახორციელოს პირდაპირი კონტრაქტების საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში, საბითუმო ბაზარს მიენიჭება ე.წ. დამბალანსებლის ფუნქცია - იგი დაამტკიცებს ელექტროენერგიის და სიმძლავრის ბალანსებს, შემდგომ კი აქედან გამომდინარე, განსაზღვრავს, რა რაოდენობის ბაზისური და პიკური ელექტროენერგიაა საჭირო ენერგოსისტემისათვის.
ამ ბალანსის დამტკიცების შემდეგ ენერგოკომპანიებს შეეძლებათ პირდაპირი კონტრაქტების გაფორმება, რომლებიც საბითუმო ბაზარში დარეგისტრირდება. რაც შეეხება ელექტროენერგიის მიწოდებისა და სხვა მომსახურების ღირებულებას, მისი დაფარვა საბითუმო ბაზრის ანგარიშის გვერდის ავლით, უშუალოდ პირდაპირი კონტრაქტების საფუძველზე განხორციელდება.
კანონპროექტის ავტორები მიიჩნევენ, რომ ახალი წესების შემოღება მნიშვნელოვნად გამოასწორებს ენერგობაზარზე მომუშავე კომპანიების ფინანსურ მდგომარეობას. თუმცა პირდაპირი კონტრაქტების სისტემის შემოღება უშუალოდ მომხმარებელზე ნაკლებად აისახება, რადგან ცვლილებები შიდასექტორული ურთიერთობების მოწესრიგებისთვისაა განკუთვნილი. პარადოქსია, მაგრამ დღევანდელი ენერგოკრიზისის პირობებშიც კი ელექტროსადგურებს ურჩევნიათ ნაკლები ელექტროენერგია აწარმოონ, ვიდრე ეს რეალურად შეუძლიათ. ამის მიზეზი ისაა, რომ ისინი ვერ ინაზღაურებენ გამომუშავებული ელექტროენერგიის საფასურს. ეს ნაკლებად აინტერესებთ ელექტროსადგურების კრედიტორებს, მათ შორის, სახელმწიფოსაც, რადგან სადგურებმა გადასახადები წარმოებული ელექტროენერგიის ღირებულებიდან უნდა გადაიხადონ.
გამანაწილებელი კომპანიები დღეს ელექტროენერგიას საშუალო შეწონილი ტარიფით ყიდულობენ, რომელიც იაფი ჰიდრო და ძვირი თბოელექტროენერგიისა და იმპორტის ფასთა გასაშუალოებითაა დადგენილი. საქართველოში ყოველი კილოვატსაათის გაყიდვით შემოსული თანხა საბითუმო ბაზრის ანგარიშზე აკუმულირდება და ელექტროენერგიის ღირებულების დაფარვა შემდეგ ბაზარმა ამ ანგარიშიდან უნდა მოახდინოს. ენერგეტიკის სამინისტროში მიიჩნევენ, რომ უმჯობესია საშუალო შეწონილი ტარიფის გაუქმება და ნაწილობრივ რეგულირებადი ტარიფების შემოღება.
„რას ნიშნავს ზღვრული ზედა ან ქვედა ზღვარის დაწესება? მაგალითად, ზედა ზღვარი. ამ ტარიფის ქვემოთ ელექტროსადგურებსა და გამანაწილებელ კომპანიებს შეეძლებათ, არეგულირონ ფასი ორმხრივი ხელშეკრულებების საფუძველზე. ასეთი ანგარიშსწორების წესის შემოღება უზრუნველყოფს იმას, რომ სადგური რეალურად გაყიდის მის მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიას,“ - ამბობს კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი ალექსანდრე ხეთაგური. მას მაგალითად მოჰყავს ენგურჰესის შემთხვევა, რომლის ტარიფიც ერთ კილოვატსაათზე 2,16 თეთრია, მაგრამ რეალურად იღებს გამომუშავებული ელექტროენერგიის 30-40 პროცენტს. აქედან გამომდინარე, მისი ფაქტობრივი ტარიფი ბევრად ნაკლებია, გადასახადებს კი ეს ჰიდროელექტროსადგური 2,16 თეთრიდან იხდის და შესაბამისად, საბიუჯეტო ვალებიც აქვს.
ეს ცვლილება აუცილებლად დააყენებს დღის წესრიგში ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის გადახედვის საკითხს. დღეს საშუალო შეწონილი ტარიფი ერთ კილოვატსაათზე 2,667 თეთრია. ენერგეტიკის სამინისტროში მოელიან, რომ ახალი წესების ამოქმედების შემდეგ ელექტროენერგიის ფასი ჰიდროელექტროსადგურებმა შესაძლოა, შეამცირონ, რაც ბაზარზე გასაყიდი ელექტროენერგიის ღირებულებას გააიაფებს.
„ზამთარში ელექტროენერგია ძვირია, ზაფხულში - იაფი. დღეს მოქმედი კანონით, საბითუმო ბაზარმა, რომელიც მოქმედი კანონით არაკომერციული სუბიექტია, ელექტროენერგია ყოველთვის საშუალო შეწონილი ტარიფით უნდა გაყიდოს, ანუ ზაფხულში საკუთარ ანგარიშზე რეზერვი უნდა დააგროვოს, ზამთარში კი ეს რეზერვი გამოიყენოს, მაგრამ არსად მსოფლიოში არ არის გამართლებული რამდენიმე თვით ანგარიშზე ფინანსური რესურსის გაყინვა,“ . მიიჩნევს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხეთაგური
ვინ რაზე ვაგებთ პასუხს საქართველოს ენერგეტიკაში
მომხმარებელი აგებს პასუხს მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის დროულად გადახდაზე და იმაზე, რომ არ შევიდეს კორუფციულ გარიგებებში სადისტრიბუციო ენერგოკომპანიების თანამშრომლებთან ელექტროენერგიის დატაცების მიზნით.
პროექტი „საზოგადოებრივი ანგარიშვალდებულება |
ახალი წესებით, ტარიფის გასაშუალოების საკითხი, გენერაციის ობიექტებთან ორმხრივ ურთიერთობებზე გადასვლის შემდეგ, უშუალოდ გამანაწილებელი კომპანიის კომპეტენციაში გადადის. განისაზღვრება ელექტროენერგიის ყოველთვიური ტარიფი, თუმცა დადგენილ ზღვრულ ტარიფზე უფრო ძვირად დენი არ გაიყიდება. „თუკი საბაზრო ტარიფმა დაიწია და იგი სტაბილური გახდა, მაშინ ზღვრული ტარიფიც შემცირდება,“ - ამბობს ალექსანდრე ხეთაგური.
ახალი წესების ამოქმედების შემთხვევაში, იზრდება ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის ფუნქციაც. სემეკი გადავა ენერგოსექტორის მუდმივ მონიტორინგზე. ეს სამსახური ჩამოყალიბდება ერთგვარ ანტიმონოპოლიურ სტრუქტურად უშუალოდ ელექტროენერგეტიკისათვის.
„კანონის მიღებას დიდი დრო არ სჭირდება. თუმცა ახალ წესებს ჯერ ენერგოსექტორის მონაწილეები უნდა გაეცნონ. კანონპროექტში მათი პრაქტიკული რეკომენდაციები უნდა აისახოს, - თვლის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე, - ჩვენ არ გვინდა მივიღოთ ისეთი კანონი, რომელიც თეორიულად იქნება იდეალური, მაგრამ პრაქტიკაში ან არ განხორციელდება, ან დღევანდელზე უარეს პრობლემებს შექმნის.“