The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ცხელი შოკოლადი №31


ცხელი შოკოლადი №31


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: შავერდაშვილი შორენა, გვახარია გიორგი, ცეცაძე მაია, კორძაია-სამადაშვილი ანა, ტარიელაშვილი ანა, ნავერიანი სანდრო, ბაბუაძე თამარ, კინწურაშვილი ქეთევან, თოლორდავა კახა, ბუღაძე ლაშა, გაფრინდაშვილი ლელა, მორჩილაძე აკა, ლომაძე ნინო, მაკფარქუჰარი ლარისა, ვოლფი მაიკლ, ფორმანი რიჩარდ, ბიბილაშვილი ზაზა, მესხი დავით, ტურაშვილი დათო, სუმბაძე მაია
თემატური კატალოგი ცხელი შოკოლადი
თარიღი: 2007
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: ოქტომბერი, 2007, მთავარი რედაქტორი შორენა შავერდაშვილი აღმასრულებელი რედაქტორი ნინო ლომაძე არტ-რედაქტორი გიორგი ნადირაძე რედაქტორ-სტილისტი ნინო ბექიშვილი ნომერზე მუშაობდნენ: ანა კორძაია-სამადაშვილი, თამარ ბაბუაძე, სალომე კიკალეიშვილი, გიორგი გვახარია, დათო ტურაშვილი, აკა მორჩილაძე, თამარ სუხიშვილი, ქეთი სადღობელაშვილი, ნინო ლომაძე, კახა თოლორდავა, ლელა გაფრინდაშვილი, მაია ცეცაძე, ლაშა ბუღაძე, დავით ჩიხლაძე, ქეთევან კინწურაშვილი ფოტო დავით მესხი, ლევან ხერხეულიძე, ნიკო ტარიელაშვილი, ქეთო ცაავა ილუსტრაცია მაია სუმბაძე, გიორგი მარი დიზაინი დავით თეთრაძე, თორნიკე ლორთქიფანიძე მარკეტინგი ქეთა ბუაჩიძე, ლელა შუბითიძე გაყიდვების დირექტორი ნესტან ავალიანი სარეკლამო განყოფილება ნინო ძიძაძე, ანა ნადირაშვილი რეკლამის განთავსება შპს „მსა თბილისი“, ფალიაშვილის ქ. 108 ტელ./ფაქსი: 23 37 31 ელ-ფოსტა: msa@msa.ge დისტრიბუცია ზვიად შენგელია გამომცემელი „ცხელი შოკოლადი“, „კინო-ცხელი შოკოლადი“, „ოზონი“, „ბიზნესი-ადამიანები, მეთოდები, სტრატეგიები“, „დიალოგი“. შპს „ემ ფაბლიშინგი“, თბილისი 0105, ფალიაშვილის ქ. 108, ტელ./ფაქსი: 23 37 31 ელ-ფოსტა: mpublishing@caucasus.net სტამბა შპს „სეზანი“, თბილისი, წერეთლის გამზ. 140 ტელ.: 35 70 02 ელ-ფოსტა: lika@cezanne-web.com ჟურნალი გამოდის 2004 წლის 25 დეკემბრიდან © „M Publishing“ საავტორო უფლებები დაცულია. ჟურნალში გამოქვეყნებული მასალების ნაწილობრივი ან მთლიანი გამოყენება აკრძალულია. www.shokoladi.ge



1 რედაქტორის წერილი

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ეს ფოტო შორეულ „საზაფხულო არდადეგებზეა“ გადაღებული. რაღა შორეულ, ახლახანს იყო აგვისტო, მაგრამ „ცხელ შოკოლადს“ ერთი უცნაური თვისება აქვს - მისი მომზადების პროცესში გვავიწყდება წარსულიცა და მომავალიც. არსებობს მხოლოდ ის დრო და ის სივრცე, რა სივრცესაც ჟურნალის მიმდინარე ნომერი მოიცავს, ის სტატიები და თემები, რომელზეც დღეს ვმუშაობთ.

ამიტომ, უკვე საბოლოოდ გადავწყვიტეთ, „ცხელმა შოკოლადმა“ უფრო მეტად უნდა გაარღვიოს გეორგაფიული, კულტურული თუ მენტალური საზღვრები და თქვენც უფრო საინტერესო ფიქრისა და ემოციების არეალი შემოგთავაზოთ.

ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნები მხოლოდ პოლიტიკური საკითხია და საქართველოში, ვის უნდა აინტერესებდეს „რიგითი“ კანდიდატის, ბარაკ ობამას პროფაილი? ან რატომ არის მნიშვნელოვანი რუპერტ მერდოკის მედია იმპერიის ანატომია და ის, თუ რა მოჰყვება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მედია ორგანიზაციის, „ნიუს კორპის“ მიერ „უილ სტრიტ ჯერნალის“ ყიდვას?

ის ცვლილებები, რაც ბარაკ ობამას ამერიკის მომავალ პრეზიდენტად არჩევას ან „ნიუს კორპის“ ყველაზე წარმატებულ მედია ორგანიზაციად ქცევას შეიძლება მოჰყვეს, იმ სივრცეზეც აისახება, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ. პირველი სრულიად ახალ პოლიტიკურ კონტექსტსა და ღირებულებებს გვთავაზობს, მეორე - ახალ მედიაწესებს. ვფიქრობ, ჩვენი მკითხველისათვის საერთაშორისო მოვლენების ეპიცენტრში ყოფნა მნიშვნელოვანია.

ჩემი საყვარელი რუბრიკა, „კომენტარი“ ამ ნომერშიც რამდენიმე ძალიან საინტერესო თემას გთავაზობთ. კახა თოლორდავა რომ „ჯაზის ექსპერტი“ იყო, ვიცოდი. ის რომ Vanity Fair-ებისა და New Yorker-ის ჩამოსვლას ერთნაირი ენთუზიაზმით ველოდებოდით, ესეც ვიცოდი. მაგრამ პუბლიცისტური ნიჭი თუ ჰქონდა, ახლაღა გავიგე. წაიკითხეთ „გოუფუჭებიათ“ („რატომ აღარასოდეს დავისვენებ აჭარაში“) და თავად დარწმუნდებით. ან „Hey, Joe“, ძალიან ადამიანური და სენტიმენტალური კომენტარი (და არა ნეკროლოგი!) ჯო ზავინულზე.

„სილამაზის კონკრუსის“ გარშემო ატეხილ აურზაურზე ლელა გაფრინდაშვილი თავის დამოკიდებულებას გიზიარებთ, მიუხედავად იმისა, რომ „განათხოვარი“ ლიკუჩოვას ბედი ღრმად პატივცემულ ჟიურის უკვე გადაუწყვეტია.

ლაშა ბუღაძემ ამჯერად ლუჩიანო პავაროტი გამოიტირა და დაგვპრიდა, ამიერიდან ოპერაზე და ჩემს საყვარელ ტენორებზე უფრო ხშირად დავწერ და მათ სიკვდილს აღარ დაველოდებიო. ვიმედოვნებთ!

რაც ყველაზე მთავრია! „ცხელ შოკოლადს“ კიდევ ერთი შვილობილი გაუჩდა - „ლიტერატურა“! თუ აქამდე ლიტერატურული ბლოკის რედაქტორი, მალხაზ ხარბედია ჩიოდა, ქართულ პროზას ხარისხის მიხედვით კი არა, გვერდების მიხედვით ვარჩევ, მომეცით მეტი გვერდიო, ახლა საწუწუნო აღარ ექნება. 24-ის ნაცვლად, მსოფლიო და საქართველოს ლიტერატურული პროცესების განკარგულებაში 48 გევრდია, ისიც ყოველთვიურად, ისიც მხოლოდ „ცხელი შოკოლადის“ მკითხველთათვის. ამისთვის კი დიდი მადლობა ფარმაცევტულ კომპანია „ჯიპისის“. პატივცემულმა რედაქტორმა ახალი სლოგანიც კი მოიფიქრა: „ჯიპისი“ და „ცხელი შოკოლადი“ ჯანსაღი ლიტერატურული პროცესებისათვის“. როგორია?!

და კიდევ ერთი კარგი ამბავი: მრავალთვიანი რეკონსტრუქციის შემდეგ, მზადაა ჩვენი ჟურნალის ახალი, უფრო ფუნქციური და მოხერხებული ვებ-საიტი, www.shokoladi.com. გვესტუმრეთ და მოგვწერეთ თქვენი აზრი.

ისე, ვის გულშემატკივრობთ ამერიკის საარჩევნო კამპანიაში?

შორენა შავერდაშვილი

2 ჩვენი ავტორები

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

გიორგი გვახარია

ყოველთვის მინდოდა ძაღლი მყოლოდა სახლში. მაგალითად, გრაციოზული „ლევრეტკა“; აკვირდები ამ საოცრების მოძრაობებს და იჯერებ, რომ ქორეოგრაფია არ არის მხოლოდ კულტურის სფერო - ბალეტი თავად ბუნების ქმნილებაა.

მაგრამ ისიც ვიცი, როგორი სტრესია პატრონისთვის ძაღლის სიკვდილი, როგორ უჭირს განშორება იმასთან, ვისაც ყოველდღე ასეირნებდა, აჭმევდა, ეფერებოდა, უჯავრდებოდა, ზოგჯერ ურტყამდა კიდეც.

ვიცი ეს და ამიტომ არ მომყავს სახლში ძაღლი. თუმცა, ისიც კარგად ვიცი, გავხდები 60 წლის და ლეკვს ავიყვან - გავზრდი, გავასეირნებ, ვაჭმევ, მოვეფერები, გავუჯავრდები. შეიძლება ერთი-ორი მოვცხო კიდეც. ეს ძაღლი თხუთმეტი წელი ხომ მაინც იცოცხლებს? ჰოდა, მეც იმედი მექნება, რომ მის სიკვდილს არ მოვესწრები.

გავიდა ზაფხული. ერთ მეგობარს დედა გარდაეცვალა, მეორეს - ავად გაუხდა. სიკვდილმა და ავადმყოფობამ ისევ გამახსენა, რომ სიცოცხლეზე ფასეული არაფერია, სიცოცხლე ღირს იმად, რომ დაივიწყო წყენა და ტკივილი. ნუთუ მაინცდამაინც მსხვერპლია საჭირო იმისთვის, რომ ადამიანები ერთმანეთს დაელაპარაკონ, ერთმანეთს გაუფრთხილდნენ და გულწრფელად, ძალიან გულწრფელად ჰკითხონ ერთმანეთს „როგორ ხარ“? ნუთუ მაინც და მაინც მსხვერპლია საჭირო იმისთვის, რომ დავიოკოთ ჩვენი აგრესია, ჩვენი ისტერიული სურვილი გვყავდეს „მტერი“ და მუდმივად ვებრძოლოთ მას?

არა, ჯერ ადრეა „ლევრეტკა“. ჯერ ცხოვრებას უნდა დავაკვირდე და ის ადამიანები ვიპოვო, ვინც სისულელეების გამო დავკარგე.

0x01 graphic

მაია ცეცაძე

ხშირად შევსწრებივარ ჟურნალის მთავარ „მესვეტეებს“ რედაქტორი საავტორო სვეტის დაწერას რომ ავალებდა. გამოვტყდები და, მაშინ იმაზეც ხშირად მიფიქრია, თავად რას დავწერდი მათ ადგილას და იქამდე განვაგრძე ფანტაზიორობა, სანამ მართლა არ აღმოვჩნდი სვეტის კანდიდატთა რიგებში. მაგრამ ახლა ისეთ ეიფორიაში ვარ, რომ, მგონი, ფანტაზიამ სწორედ ყველაზე საჭირო დროს მიღალატა... რედაქციაში საქმიანი და თითქმის სირბილით მოსიარულე ხალხის დანახვა, აქამდე თუ ღიმილს მგვრიდა, ახლა ვხვდები, რომ ეს საქმე მთლად სახუმაროც არ ყოფილა.

მინდოდა მომეყოლა, როგორი სახალისო და ზოგჯერ სახიფათოც იყო ადამიანის ოთხფეხა მეგობარზე სპეც-პროექტის მომზადების პროცესი, როგორი შიშნარევი მზერით გადავხედავდით ხოლმე მე და მესხი ერთმანეთს გადაღების დროს, ყველაზე ურჩი „რესპონდენტების“ დამორჩილებისას, მაგრამ... ჩვენი შრომის შედეგს, ვრცელი კომენტარის გარეშე, ჟურნალის ამ ნომერში იხილავთ.

ამ „პუბლიცისტურ გამოსვლაში“ კი სიტყვაძუნწობა უნდა მომიტევოთ. პირველი სპეც-პროექტი და პირველი სვეტი, პირველი სერიოზული სარედაქციო დავალებისთვის, მგონი სრულიად საკმარისია.

0x01 graphic

ანა კორძაია-სამადაშვილი

თუკი სხვები ჰყვებიან, როგორი ზაფხული გაატარეს, მე მოგიყვებით, როგორი შემოდგომა მინდა, - თავს ნამდვილად ვერ გავიფუჭებ იმის მოყოლით, თუ როგორი უნიჭო აგვისტო მქონდა. მაშ, ასე: წავალ სანატორიუმში, ოცდაერთდღიანი საგზურით. იქ იქნება სამჯერადი კვება, წყნარი საათი, მინერალური წყლები და აბაზანები. კიდევ იქნება დიდი პარკი, შადრევანი, რომელშიც წყალი არ მოდის, და ბინდ-ბუნდში დავინახავ თეთრ, ალბათ თაბაშირის ქანდაკებებს - საყვირიან პიონერს, ჩოგბურთელ გოგოს, ფიზკულტურელს... საღამოობით პარკში ვისეირნებ ხოლმე, ზოგჯერ კი გავალ სანატორიუმის ტერიტორიიდან და დაბის ბიბლიოთეკიდან ახალ წიგნებს გამოვიტან, შეძლებისდაგვარად სქელტანიანებს და სულელურებს. მერე ალბათ გავსხივოსნდები.

სინამდვილეში კი ყველაფერი სულ სხვანაირად ხდება. ცხოვრება ჩქეფს და გადმოჩქეფს, როგორც რუსები იტყვიან, жизнь бъет ключем по голове. ჩამოვიდა დიტო ცინცაძე. როცა ვუამბე, გიორგი ნაკაშიძის შესახებ დავწერე-მეთქი, მითხრა, რომ ის მისი მეგობარი და არაჩვეულებრივი დიაპაზონის მსახიობია, რომ სამი ფილმი გააკეთეს ერთად - „სტუმრები“, „ზღვარზე“ და „რევერსი“, და გიორგი ყველგან სხვადასხვანაირი იყო, ოღონდ ყველაგან არაჩვეულებრივი. „ხომ წვრილმანები უყვარს, სულ გეკითხება, რატომ, რატომ, „რევერსში“ კი სცენარი პრაქტიკულად არ გვქონია, სულ იმპროვიზაცია იყო და როგორ შეასრულა! ახლა ნახე, ჯაყოა - რომ დავინახე, გული გამისკდა. რაც მთავარია, კარგი ადამიანია, მე კი კარგ ადამიანებთან ურთიერთობა მიყვარს,“ ამიხსნა დიტომ.

მეც კი მიყვარს კარგ ადამიანებთან ურთიერთობა. ამ თვალსაზრისით აშკარად მიმართლებს. რესპოდენტებს დაუფარავად ვუხსნი სიყვარულს, რაც შორენა შავერდაშვილს შიშის ზარს სცემს - „ვაიმე, ისევ ჩემო ძვირფასოა?“ - და მკითხველთა ნაწილს ჩემს ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ეჭვებს უღვივებს. მაგრამ სულ კარგები მყვანან და რა ვქნა?

3 კულტ-მიმოხილვა

▲ზევით დაბრუნება


ძველი ნამუშევრების ახალი ექსპოზიცია

0x01 graphic

ლადო გუდიაშვილის გრაფიკამ - თამარ მეფის, ნინო ჭავჭავაძის პორტრეტებმა არაერთი დამთვალიერებლის მონუსხვა შეძლო და ბევრს გაოცებით წარმოათქმევინა - ეს ნამდვილად გუდიაშვილია?

გალერეა „ბაია“ ცნობილი ავტორების ნამუშევრების მოძიებას უწინდებურად კერძო კოლექციებში განაგრძობს და საგამოფენო ციკლს - „არტ-ექსპო XX-XXI საუკუნე“, დამთვალიერებელს ტრადიციულად წელიწადში რამდენჯერმე სთავაზობს.

მთელი სექტემბრის განმავლობაში მხატვრობის მოყვარულებს შეეძლოთ პეტრე ბლიოტკინის ფერწერა („აბსტაქცია“, „ნიუ“), ელენე ახვლედიანის რამდენიმე ცნობილი ტილო (ასპინძის, სიღნაღის პეიზაჟები...), კირილე ზდანევიჩის „პარიზი“ თუ კორნელი სანაძის ნატურმორტები ეხილათ და მათთვის ძვირფასი ავტორების შემოქმედებას თავადაც შეხებოდნენ. დროში მოგზაურობას კი თავის დამთვალიერებელს გალერეა სამომვლოდაც ჰპირდება და საგამოფენო სეზონის „გახურებისთანავე“ პერსონალურ გამოფენებთან ერთად, შერეულ ექსპოზიციებსაც შემოგვთავაზებს.

სამი წელი ბესლანის ტრაგედიიდან

0x01 graphic

0x01 graphic

„არა ტერორიზმს, არა ძალადობას!“ - ბესლანის ტრაგედიის მესამე წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს მოქალაქეები ოსი ხალხისთვის სამძიმრის და მხარდაჭერის გამოსახატავად სწორედ ამ დევიზით შეიკრიბნენ.

საქართველოს კულტურის ხელშეწყობის და განვითარების ფონდის თავმჯდომარის - გიორგი გუგუშვილის ინიციატივას, კულტურული მემკვიდრეობის კლუბი „ტაძარი“, „პატრიოტთა ბანაკებში“ დამსვენებელი ახალგაზრდები, ოსური, ბულგარული და ბალტიისპირეთის დიასპორაც შეუერთდა. აქციაზე იმათ მოიყარეს თავი, ვინც ამ ტრაგედიამ შეძრა. აქციამ მოიარა საქართველოს სხვადასხვა რეგიონი, მათ შორის ქურთაც. ბოლოს კი თბილისში, რუსთაველის ძეგლთან გადმოინაცვლა და ქაშუეთის ეკლესიაში, ტრაგედიის მსხვერპლთა სულების მოსახსენიებელი პარაკლისით დასრულდა. საგანგებოდ შედგენილ, სამძიმრის გამომხატველ დეკლარაციებს და აქციის ამსახველ ვიდეომასალას, დროებითი ადმინისტრაცია ბესლანსა და ცხინვალშიც გაგზავნის და ოს ხალხს კიდევ ერთხელ შეახსენებს, რომ ჩვენ მათი მტრები არ ვართ.

ავტორი: მაია ცეცაძე
ფოტო: ქეთო ცაავა

თავდაყირა დანახული სამყარო

0x01 graphic

0x01 graphic

რუსთაველის სახელმწიფო თეატრი. 7 სექტემბერი. 19:00.

რუსთაველის თეატრის ჰოლში, ლუქსემბურგში მოღვაწე მხატვრის - ირინა გაბიანის მოლბერტებზე განთავსებულმა ექსპოზიციამ, დამთვალიერებელს სამყარო უჩვეულო კუთხით დაანახა. „შეხედე სამყაროს თავდაყირა“- ეს, ირინა გაბიანის ნამუშევრების გამოფენის ძირითადი სლოგანი, ხოლო „სამაია ანუ ტრიამაზიკამნო“ მისივე სცენარითა და რეჟისურით დადგმული პერფორმანსის იდეა იყო.

სამყაროსთვის თავდაყირა შეხედვის სურვილი, გახლდათ მხატვრის მცდელობა მოეძებნა კავშირი წარსულთან, აწმყოსთან და მომავალთან. ქართველი მხატვარი ვირტუოზულად იყენებს სხვადასხვა სახის მასალას თუ ტექნიკას და ერთდროულად ქმნის გრაფიკის, ფერწერის, ფაიფურის, კერამიკის ქანდაკების, ფოტოგრაფიის ნიმუშებს. ირინას ნამუშევრები გვიანდელი ტენდენციების ახლებურ გადამუშავებას ეყრდნობა, რომლებშიც აღმოსავლური კულტურისა და ფილოსოფიის გავლენა იგრძნობა.

პერფორმანსით, (რომელიც პანტომიმის თეატრის მიმებმა შეასრულეს) ავტორი შეეცადა ემოციურად გაუწონასწორებელი ადამიანის შინაგანი სამყარო გამოეხატა. ფოლკლორული ჰანგების ფონზე მსახიობებმა სამი განწყობა განასახიერეს: აგრესია, აჟიტირებული სიხარული და დეპრესია. ამ ემოციების გაუკონტროლებლობას კი შედეგად ადამიანის შინაგანი სამყაროს ნგრევა მოსდევს. პერფორმანსის კონცეფცია იმაში მდომარეობდა, რომ თუ ადამიანი გააცნობიერებს უკონტროლობის შედეგებს, მაშინ შეძლებს კიდეც, რომ აგრესია - მამოძრავებელ შემოქმედებით ძალად გარდაქმნას, დეპრესია - სულიერ სიმშვიდედ, უაზრო სიხარული კი - სიყვარულად.

მულენ ელექტრიკის უხმაურო იუბილე

0x01 graphic

0x01 graphic

აგერ უკვე ერთი წელია, საკმაოდ ეგზოტიკურმა და კულტურულმა კაფე - „მულენ ელექტრიკმა“ თბილისის ცხოვრების რიტმში სასიამოვნო გარდატეხა შეიტანა და მათთვის, ვისაც ხელოვნურობას მოკლებული ხელოვნება უყვარს, სასურველ თავშესაფრად იქცა. თანაც ისეთ თავშესაფრად, მეგობართან ერთად გემრიელად ჩაჯდომას რომ მოგანდომებს. პატარა, ბარის თავისუფალმა მეპატრონეებმა მყუდრო და თავისუფალი გარემო შექმნეს და 17 სექტემბერს ბარის ერთი წლის იუბილე ყოველგვარი პომპეზურობის გარეშე აღნიშნეს.

საიუბილეოდ, ბარის ისედაც ესთეტიკურ ინტერიერს გიორი თავაძის გრაფიკული ნახატები და კერამიკული ნაკეთობები შემატეს, მისივე ანიმაციური ფილმები („გალაკტიონი“, „ვან გოგი“, „დალი“) და გეგა პაქსაშვილის ვიდეო-არტებიც უჩვენეს.

მათ კი, ვისაც ცოცხალი შემოქმედებითი პროცესისთვის თვალის მიდევნება გსურთ, გაგახარებთ და გეტყვით, რომ „მულენელექტრიკის“ მფლობელები ორიგინალურ იდეებს იქვე, შარდენზე ახალ სივრცეშიც განავრცობენ, სადაც მონო-სპექტაკლების, მარიონეტული დადგმების თუ ლიტერატურული საღამოების გასამართად დროც მეტია და ადგილიც.

არატრადიციულ იუბილეს კი ერთი ტრადიციული დეტალი მაინც ერთვოდა, აბა დაბადების დღე ტორტის გარეშე ვის გაუგია!

ავტორი: მაია ცეცაძე
ფოტო: ქეთო ცაავა

ჯაზფესტივალი აჭარაში

0x01 graphic

საღამოობით, სახლში დარჩენილი ზოგჯერ ვფიქრობ, რა მოსაწყენი იქნებოდა ცხოვრება, ჩემი დიდი ტელევიზორი НТВ-ს კინო არხებს რომ არ იჭრედეს, ამდენ კარგ ფილმს ერთად, აბა, სად ჯანდაბაში ვნახავდი მეთქი. ისტერნპრომოუშენის სახელის გაგონებაზეც, ამასვე ვფიქრობ, რა მოსაწყენი იქნებოდა ქართველ მელომანთა ცხოვრება ისტერნის გარეშე; ჯგუფმა ხომ, ჯერ კიდევ წლების წინ, ისეთი მომღერლების და შემსრულებლების, მუსიკალური სამყაროს ისეთი ტიტანების ჩამოყვანა დაიწყო, რომელთა საქართველოს რეალობაში დანახვა და მით უმეტეს, მოსმენა წლების წინ, სრულიად წარმოუდგენელი რამ იყო.

„რა მოსაწყენი იქნებოდა“ თემას გავაგრძელებ და იმას დავამატებ, რომ „სვეტსკი“ კვარიათში შვებულების გატარება „სვეტსკად“ მოსაწყენი იქნებოდა, რომ არა ცხელი ზაფხულის ის სამი საღამო, რომელიც ისევ ისტერნპრომოუშენმა, ისევ კოკა-კოლას, თი-ბი-სის ბანკსა და ნესკაფესთან ერთად, ჯეოსელის დახმარებით, 27-29 აგვისტოს ჩათვლით, ბათუმის კლუბ „ტარაბუაში“ გამართა.

დინი ვირსალაძის ტრიო (საქართველო);
პაროვ სტელარი და მისი ბენდი (ავსტრია);
US3(ინგლისი);
ალფრედ ფი ვი ელისი და ფრედ უესლი (...).

Dr. George's saga (საქართველო). - ასეთი იყო წლევანდელი შავი ზღვის ჯაზ ფესტივალის პროგრამა, რომლის გახსნა-დახურვა, ქართულმა ჯაზ ბენდებმა ითავეს. დინი ვირსალაძის ტრიომ, კლავიშის, ბასისა და დასარტყამი ინსტრუმენტების ხმოვანებით შექმნილი კომპოზიციებით გახსნა ფესტივალი. რის შემდეგაც ტარაბუას სცენაზე ჩემთვის არც ისე კარგად ნაცნობი ფაროვ სტელარი და მისი ბენდი გამოჩნდა. ბენდი, რომელიც 2005 წელს შეიქმნა, დღეს ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ჯგუფია.

მარკუს ეკლმაიერი - საქსაფონი; შტეფან ჰოელზლი - ბასი; ევა კლამფერი - ვოკალი; ანდრეას ლეტნერი - დასარყამი ინსტრუმენტი და ფაროვ სტელარი - turntables. ყველაზე საინტერესო მათ მუსიკაში, სხვადასხვა სტილთა ის საოცარი სინთეზი იყო, რასაც ასე ოსტატურად ახერხებდა სტელარის ბენდი. სადღაც - ჯაზი, სადღაც - ჰიპ-ჰოპი, ტექნო... რომელიც ხშირად დასარტყამი ინსტრუმენტებით ან უბრალოდ, ჰაუსის ბითით იწყებოდა. კომპოზიციაში ისე შეჰყავდა თითოეული ინსტრუმენტი, ისე „სვამდა“ ბითს აყოლილ მუსიკალურ რიტმში, რომ მსმენელი ვერც კი გრძნობდა, როგორ დაყვებოდა სტელარის ქაოტურ, ეიფორიულ რიტმებს. - „ჯაზისა და ჰაუსის რაციონალური ნაერთი ბევრად უფრო რთული რამაა, ვიდრე ეს პირველი შეხედვიდან ჩანს. ძალიან ნიჭიერი უნდა იყო, რომ ორივე სტილის მთავარი ელემენტები გააერთიანო და, ამავე დროს, თავი აარიდო შაბლონური და იაფფასიანი ჩანაწერის შექმნას. ყველაფერი შეიძლება ლიფტში მოსასმენი მუსიკით (ე.წ. მუზაკით) დამთავრდეს, ასეთი საშიშროება კი ყოველ კუთხეშია ჩასაფრებული. ფაროვ სტელარს, რომელიც ასევე მარკუს ფურედერის სახელითაა ცნობილი, უნიკალური ესთეტიკის წყალობით, ასეთი საფრთხე არასოდეს დამუქრებია.“ ამ ბენდის კონცერტი, ბათუმის წლევანდელ ჯაზ-ფესტივალზე, მართლაც, საუკეთესო იყო.

აბა, მითხარით, ვინ არ იცნობს ჰიპ-ჰოპის მიმდევარ ჯაზ-კოლექტივს US3-ის? მათი სიმღერა Cantaloop (Flip Fantasia) 1994 წლის ჰიტი და მთელი ჩემი თაობის მელოდია გახდა. ჯგუფი, რომელიც ჯაზ-ფესტივალის მეორე დღეს წარსდგა ქართველი მსმენლის წინაშე, 1991 წელს ლონდონში, პრომოუტერმა და ჯაზ კომპოზიტორმა ჯეფ უილკინსონმა და მელ სიმპსონმა ჩამოაყალიბეს. მართალია, პირველი კომპოზიციები არც ისე წარმატებული აღმოჩნდა, თუმცა, სულ რაღაც ორი წლის შემდეგ, US3-ის მელოდიები ამერიკის ტოპათეულის სათავეში აღმოჩნდა, ხოლო ალბომი Hand on the Torch, მარტო ამერიკაში, მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა.

- „ყოველთვის ვიცოდი, რომ ჯაზით ახალგაზრდა მსმენლის დაინტერესებაც შეიძლებოდა. მთავარი იყო, როგორ მიაწოდებდი. მინდოდა ეს ჯგუფი, ჯაზის და ახალგაზრდების შეხვედრის ადგილი გამხდარიყო. ასეც მოხდა. კლასიკური ჯაზის ტრეკებს რეპთან და ბითთან გამიქსვით ვაწყობდი... უბრალოდ, ვიცოდი წარსული, ღრმად მქონდა აწმყოში გადგმული ფესვები და ვიყურებოდი მომავლისკენ, ეს იყო და ეს“ - ზუსტად დაახასიათა ლეგენდარული ჯგუფის სტილი მელ სიმპსონმა.

ფესტივალის კულმინაცია ბოლო დღეს, ალფრედ „ფი ვი“ ელისის და ფრედ უესლის კონცერტი იყო. თუ თქვენ ერთხელ მაინც გაქვთ მოსმენილი ფი ვის (რომელსაც ფანკის გამომგონებელს ეძახიან) და ფრედ უესლის (რომელიც მსმენელისათვის ჯეიმს ბრაუნთან და JB Horns-თან მოღვაწეობით არის ცნობილი) კომპოზიციები, მაშინ ადვილი მისახვედრია, თუ რატომ გაიტრუნა შეშინებული ქართველი მსმენელი, რომელმაც ჯერ იყო და კონცერტზე დააგვიანა, გვიან მოსულმა კი უფასო „კრუშონის“ „დათრევაზე“ იზრუნა და უცბად სცენიდან მელოდიის შეწყვეტა და ფრაზა გაიგო - „No, power! No Soul power“. რასაც სცენაზე, რამდენიმე წუთიანი სიჩუმე მოჰყვა. თუმცა, ქართველი მსმენელი ბოლოს იმდენად გახურდა ფანკის ელემენტებით გაჯერებული ჯაზის მოსმენით, რომ კიდევ დიდ ხანს არ უშვებდა მუსიკოსებს სცენიდან. ხოლო „No, power! No Soul power“-ით დაწყებული კონცერტი, ბენდის და მსმენლის მიერ ერთად შესრულებული ჰიტით „I feel good“ დასრულდა. ასეთი იყო ბათუმის ჯაზ-ფესტივალის 3 დღიანი საფესტივალო საღამოები, რომელიც ქართულმა ჯაზ-ტრიომ Dr. George's saga დაასრულა.

ავტორი: ანა ტარიელაშვილი

საავტორო კინო ბათუმში

0x01 graphic

საშემოდგომო სეზონის დასაწყისში, 5-დან 13 სექტემბრამდე, საზღვაო ქალაქმა კინომოყვარულებს „ბათუმის საავტორო კინოს მეორე საერთაშორისო კინოფესტივალით“ უმასპინძლა. წარმომადგენლობითი ფესტივალის პრეზიდენტობა ორგანიზატორებმა ლანა ღოღობერიძეს დააკისრეს, პროგრამების ხელმძღვანელობა კი - კორა წერეთელს. ჟიურის თავმჯდომარის სტატუსი, ჩიკაგოს საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალის დამფუძნებელმა - ქრისტოფ-დარიუს კამიშეფმა შეითავსა. ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ: ფრანგი რეჟისორი - პასკალ ოვიე; რუსული კინოკრიტიკის „ახალი ტალღის“ ერთ-ერთი ლიდერი - სერგეი ლავრენტიევი; კინომცოდნე, სცენარისტი სერგეი ტრიუმბაჩი და რეჟირორი ნანა ჯანელიძე.

ბათუმის კინოფესტივალის რეპერტუარი მოკლე და სრულმეტრეჟიან დოკუმენტურ, მხატვრულ და ანიმაციურ ფილმებს მოიცავდა. ფესტივალი იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ ანჟელ ვაიდას ისეთი ფილმების რეტროსპექტივა მოეწყო, რომლებიც საბჭოთა წლების განმავლობაში აკრძალული იყო და საქართველოში პირველად უჩვენეს. ფესტივალზე პოლონეთის დელეგაციის სტუმრობას, ადამ მიცკევიჩის ინსტიტუტმა გაუწია ორგანიზება. საკუთარი ფილმით ჩამოვიდა ქშიშტოფ ზანუსიც.

ქართველი რეჟისორებიდან საფესტივალო პროგრამის ფარგლებში არჩილ ხეთაგურის „ახმეტელის 4“ და დიტო ცინცაძის „რევერსი“ უჩვენეს.

წარმომადგენლობითი ფესტივალი კი პაველ ლუნგერის ფილმით „კუნძული“ გაიხსნა და მისივე ფილმით: „ღარიბი ნათესავი“ დაიხურა.

ტაიმ-აუტი

SEGAFREDO - იტალიური ყავის მოყვარულებს

0x01 graphic

ზანეტტი

25 აგვისტოდან თბილისში ცნობილი ყავის სახლი „სეგაფრედო“ ამოქმედდა და იტალიური ყავის მოყვარულებს მასპინძლობს. „სეგფრედო“ „შპს მეგაპოლისის“ მიერ დაფუძნებული პირველი სასტარტო ობიექტია, რომელმაც ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე დაიდო ბინა. თუმცა, ყავის სახლის დამფუძნებლები დედაქალაქელებს და მის სტუმრებს სამომავლოდ ქსელის გაფართოებასაც ჰპირდებიან.

შენობის ორ სართულზე განთავსებული, იტალიური ავეჯითა და დიზაინით გაფორმებული ინტერიერი, მომხმარებელს მენიუსაც იტალიურს სთავაზობს, რომლის შემადგენლობა მსუბუქია, ასორტიმენტი კი - მრავალფეროვანი. „სეგაფრედო“ ესპრესოზე მუშაობს და მომხმარებელს 20-ზე მეტ ყავის სახეობას სთავაზობს. თვის ბოლოს კი საკუთარ მომსახურე პერსონალს ორ გამოცდილ ეგვიპტელ ბარმენსაც შემატებს. არსებობის მოკლე დროის მანძილზე ყავის სახლმა ადგილობრივი მომხმარებლებიც შემოიჩვია და უცხოელებიც. მისი კარი დილის 8 საათიდან იღება მათთვის, ვინც თვლის, რომ ფინჯანი ყავა დღის საუკეთესო დასაწყისია. მალე „სეგაფრედოს“ მომხმარებელი ერთჯერადი ჭიქებითა და კონტეინერებით, მსუბუქი საუზმის თან წაღებასაც შეძლებს. მსოფლიოს 450-მდე ქვეყანაში განთავსებულ „სეგაფრედოს“ ქსელს უკვე საქართველოც შეუერთდა. თვის ბოლოსთვის კი იტალიური ყავის სახლი ახალსახლობას ოფიციალურადაც იზეიმებს.

ავტორი: მაია ცეცაძე ფოტო: ქეთო ცაავა

შოკოლადი გირჩევთ

წამოდი სვანეთში!

0x01 graphic

ფოტო: სანდრო ნავერიანი

დიდი ხნის, თითქმის 20 წლის შემდეგ, საქართველოში ტურიზმი ისევ ვითარდება. შეიძლება, არც ისეთი სწრაფი ტემპებით არა, როგორც მე მინდა, მაგრამ ფაქტია, რომ ქართველებმა კვლავ დაიწყეს თავიანთი ქვეყნის აღმოჩენა.

უკვე ორი თვეა, საქართველოს ტურიზმის დეპარტამენტმა სვანეთში, კონკრეტულად მესტიაში ბანაკი დასცა. ბანაკში ნებისმიერ მსურველს შეუძლია მოხვედრა, ისეთებსაც კი, რომლებიც ტყეში თითის წვერებზე დადიან.

თვითონ ბანაკი, მესტიასთან ახლოს, ისეთ ადგილას არის გაშლილი, საიდანაც, მოწმენდილ ცაზე, მარცხნიდან უშბა გემუქრება, მარჯვნიდან თეთნულდი დაგყურებს. ცოტას თუ მოითმენ, მეორე დღეს ცხენზე შეგსვამენ და უნიკალურ ადგილას აგიყვანენ - უშგულში.

უშგული, ალბათ, იცი, რომ ევროპის ყველაზე მაღალი დასახლებული პუნქტია, თუმცა, ყველაზე დაბალიც რომ იყოს, ან საერთოდ ჩვეულებრივი, ყოველგვარი „ყველაზეს“ გარეშე, მართლა ისეთი ლამაზია, რომ მისი ნახვისას საერთოდ გავიწყდება, ზღვის დონიდან რამდენ მეტრზე ხარ და ფეხსაცმელი გიჭერს თუ არა.

უშგული რამდენიმე სოფლისგან შედგება: მურყმიელი, ჩაჟა-ში, ჟიბიანი და ჩვიბიანი. ამ სოფლებში შვიდი სალოცავია. შენ რომელსაც დაათვალიერებ, ლამარია ანუ მარიამ ღვთისმშობლის საყდარი ჰქვია და პირდაპირ შხარას უყურებს. მერე სოფელშიც შეივლი, სადაც ტურისტების გარდა თითქმის არავინ და არაფერი ხმაურობს და გაიცნობ უშგულელებს, რომლებიც ევროპის სახურავზე ცხოვრობენ.

უკანა გზაზე, ერთ-ერთი მთის წვერზე, კვირიკე წმინდას სალოცავს იხილავ. თუ ცოტა ენერგიას შემოინახავ, იქაც აუცილებლად უნდა ახვიდე. ალბათ, გაგონილიც გექნება კვირიკობა - სვანების ყველაზე დიდი დღესასწაული.

მესამე დღეს მესტიას მოივლი, ნახავ უნიკალურ ძეგლებს, ძირითადად კოშკებს, რომლებიც ისევ ისე დგანან, როგორც ათი საუკუნის წინ. ბევრი დრომ დააზიანა, მაგრამ კულტურის სამინისტრომ აღადგინა, გადახურა და საღამოობით, როცა მესტიას ბინდი აწვება, განათებული კოშკები ლამაზად დგანან. მავიწყდებოდა, უშგულის გზაზე იფარს რომ გასცდები, ენგურის ნაპირას უზარმაზარ ლოდზე ნაშენ კოშკს გადააწყდები, რომელსაც სიყვარულის კოშკს ეძახიან. ამ კოშკს თავისი ლეგენდა აქვს, ცხადია, სიყვარულის ლეგენდა. მისი გმირი მშვენიერი სვანი ქალი მირაგულია, რომელმაც თავი სატრფოს შეწირა და მთელი ცხოვრება ამ კოშკში გაატარა... მაგრამ მის ამბავს მე არ მოვყვები, თავად მოისმინე, რომელიმე მოხუცი სვანისგან - სულ სხვანაირად დაგამახსოვრდება. როცა მესტიაში სახელმწიფო მუზეუმში უნიკალურ ექსპონატებსაც დაათვალიერებ, საღამოს, ბანაკში დაბრუნებული, იქვე დანთებულ კოცონთან საკუთარ ვოკალურ შესაძლებლობებსაც გამოცდი და ცეკვის ილეთებსაც გაიხსენებ. მეორე დილას, სანამ ტყის პირას მოწყობილ საშხაპეებში წყალს გადაივლებდე, ისევ შხარას და თეთნულდს შეავლებ თვალს, ან მხოლოდ რომელიმეს - იმიტომ, რომ როგორც აქაურები ამბობენ - შხარა ვაჟია, თეთნულდი ქალი, მათ ერთმანეთი უყვართ, ერთმანეთის რცხვენიათ და ამიტომ, ერთმანეთს ხშირად პირს არიდებენ...

ერთი სიტყვით, ყველაფერს ნახავ, ყველაფერს მოისმენ და ყველაფერს განიცდი, რისი ნახვაც ხუთ დღეში შეიძლება მოასწრო. ხუთ დღეში იმიტომ, რომ ტური ხუთდღიანია, მაგრამ თუ ამდენი დრო არ გაქვს, მაშინ ტურიზმის დეპარტამენტს შენთვის სამდღიანი ტურებიც აქვს, ასე რომ არ იყოყმანო. გინდა ავტოსტოპით წადი, გინდა - სამი ლიმონი გადაიხადე და საკუთარი ვერტმფრენით იფრინე - ეს შენი საქმეა, მთავარია, წახვიდე სვანეთში! როდემდე უნდა დაგასწრონ უცხოელმა ტურისტებმა და შენი ქვეყანა შენზე ადრე დაათვალიერონ.

ავტორი: სანდრო ნავერიანი

4 აქცენტი

▲ზევით დაბრუნება


4.1 ედგარ კერეტი თბილისში!

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ედგარ კერეტს - ამ სახელსა და გვარს „ცხელი შოკოლადის“ მკითხველი უკვე კარგად იცნობს. ჟურნალში მისი ინტერვიუსა და მოთხრობების წაკითხვის შემდეგ კი ისრაელში ყველაზე ცნობილი ახალგაზრდა მწერლის გაცნობა ქართველ მკითხველს მალე პირადად შეეძლება.

ნოემბრის დასაწყისში გამართულ ლიტერატურულ ღონისძიებაზე კერეტი თბილისში ჩამოვა და მასთან შეხვედრაც ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება, თანაც ორი მიზეზით - ლიტერატურა და კინო: 7 ნოემბერს, თბილისში, კერეტის მოთხრობების კრებულის „ნებროთმა გარეკა“ პრეზენტაცია შედგება. წიგნი ქართულად „ცხელი შოკოლადის“ რესურსებითა და ინიციატივით ითარგმნა. მასში შესულ მოთხრობებს არა მარტო ისრაელში, ამერიკასა და ევროპაშიც კარგად იცნობენ. კერეტის წიგნები მრავალ ენაზეა თარგმნილი, მაგრამ კრებული „ნებროთმა გარეკა“ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია.

7 ნოემბერს გამართულ პრეზენტაციაზე ავტორი წიგნის პირველ ეგზემპლარებს მოაწერს ხელს და შემდეგ მკითხველთან დისკუსიაშიც ჩაერთვება.

„ცხელი შოკოლადი“ მასპინძლობს ეტგარ კერეტის სცენარით გადაღებული ფილმის პრეზენტაციასაც. „მედუზა“ ასე ჰქვია ფილმს, რომელმაც - როგორც საუკეთესო კინოდებიუტმა - კანის კინოფესტივალზე „ოქროს კამერა“ მოიპოვა. 8 ნოემბერს ფილმის ჩვენების შემდეგ საზეიმო მიღებასაც გპირდებით, სადაც ეტგარ კერეტს ისევ პირადად შეხვდებით და ფილმის, მოთხრობების, მათი თარგმანის თუ ზოგადი საკითხების შესახებ პირადად გაესაუბრებით.

ასე რომ, კინოს და ლიტერატურის მოყვარულებო, დაელოდეთ ნოემბერს. ეტგარ კერეტისადმი მიძღვნილ ორდღიან ღონისძიებაზე მრავალი ახალი აზრისა და ტენდენციის გაცნობას და ერთ-ერთ ყველაზე აღიარებულ ახალგაზრდა მწერალთან შეხვედრას გპირდებით.

ვტორი: თამარ ბაბუაძე

4.2 ძალიან საშიში ამბავი

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

პროდიუსერი: ჰოლგენ ჰაგე. რეჟისორი: თილ ჰასთვაითერი. როლებში: ჟიული ლე გალი (კანადა), ტერეზა ჯოი (კანადა), თამარ ბზიავა, პიტერ ჰავურთი (კანადა), გიორგი ყიფშიძე, გიგი ფალიანი, ნუგზარ ნიგურიანი, ლაშა ბაქრაძე და სხვები. გადაღებულია საქართველოში.

საქართველოში გადაიღეს ფილმი, რომელიც საშინელია: თრილერი, ჰორორი, თავზარდამცემი ისტორია. სისხლი, შიგნეულობა და დანთხეული ტვინი არსად ჩანს, მაგრამ მაყურებელი ხვდება, რომ დიდი საშინელება ტრიალებს, არამარტო ეკრანზე, არამედ ვიღაცის თავშიც. ნემსის წვერი ენაში შედის და ქალის მშვენიერი, მწვანე თვალები გვაუწყებს, რა მოხდა - ძალიან, ძალიან საშინელი ამბავი...

ერთ მშვენიერ დღეს ორმა ახალგაზრდა ქალმა შეერთებული შტატებიდან საქართველოში გამგზავრება განიზრახა. ერთი გოგონა - მას კანადელი მსახიობი, ჟიული ლე გალი თამაშობს, - ქვეყნითა და ადამიანებითაა დაინტერესებული, მეორე კი, ასევე კანადელი ტერეზა ჯოის გმირი, თავგადასავლების მაძიებელია, მდაბიურად რომ ვთქვათ, ქართველ მამაკაცთან სურს საქმის დაჭერა. სვანეთში ასულ მეგობრებს უთანხმოება მოსდით: ერთი ამბობს, რომ ტბაში შიშველმა უნდა იბანაოს, მეორე სასტიკად ეწინააღმდეგება და პროტესტის ნიშნად გზას მარტო განაგრძობს. გოგონა შესცურავს - და ქრება.

სოფელში მარტოდ დარჩენილი ამერიკელი გოგონა დიდ განსაცდელშია: ენა არ ესმის, წარწერებს ვერ კითხულობს, ვერ ხვდება, ვინ მტერია და ვინ - მოკეთე. ერთადერთი, ვისთანაც ურთიერთობა აქვს, არის ქართულის მცოდნე ახალგაზრდა კაცი (გიორგი ყიფშიძე), რომელიც თითქოს კეთილგანწყობილია, მაგრამ მაინც უცხო და გაუგებარი. ისიც გოგონას ეძებს, რომელიც უგზო-უკვლოდ დაიკარგა.

დაკარგული გოგონები კი არიან სადღაც, სადაც მათ არაფერი მოეთხოვებათ, თავიანთი ჯალათის ნების მორჩილების გარდა. ჯალათი კი...

ამას კი აღარ გეტყვით. ფილმი ხომ უნდა ნახოთ.

გერმანელი რეჟისორმა თილ ჰასთვაითერმა და პროდუსერმა ჰოლგენ ჰაგემ ამ ფილმის საქართველოში გადაღება იმიტომ განიზრახეს, რომ: საქართველოს ბუნება ძალიან ლამაზია - დიდებული დეკორაცია შესაშინებელი ამბისთვის; ქართული ენა და დამწერლობა სრულიად გაუგებარია, თუ ნასწავლი არ გაქვს, ვერცერთ ენას და ვერცერთ დამწერლობას ვერ მიამსგავსებ; ამ ქვეყანაში ერთმანეთს დასავლეთი და აღმოსავლეთი, თანამედროვება და არქაიკა ხვდება, და სწორედ ეს შეხვედრა და არა შიშია ფილმის ძირითადი თემა.

ჰოლგენ ჰაგეს თქმით, იმისათვის, რომ ფილმის გადასაღებად საჭირო თანხა მოიპოვო, გერმანიაში, სულ მცირე, სამი წელი გჭირდება, მას კი ლოდინი გამართლებულად არ მიაჩნია. სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს მან და თილ ჰასთვაითერმა, მეგობრებისგან შეგროვებული ფულით გადაეღოთ ფილმი, სწრაფად, იაფად და ძალიან კარგად.

ვნახოთ, რა გამოვა. რაღაცის თქმა უკვე დანამდვილებით შეგვიძლია: მესტიის მიდამო, სოფელი იფარი და საერთოდ, სვანეთი იმდენად თვალწარმტაცია, რომ დიდებულ ლანდშაფტებს ნამდვილად ვნახავთ; მსახიობები ერთიმეორეზე კარგები არიან და არც აქ წახდებიან; თილი და ჰოლგენი პროფესიონალები ბრძანდებიან და რა ვიცი, მეტი რაღა.

ავტორი: ანა კორძაია-სამადაშვილ

4.3 პეტრე ოცხელი

▲ზევით დაბრუნება


2007 წლის 23 სექტემბერს პეტრე ოცხელის დაბადების 100 წლისთავია

0x01 graphic

პეტრე ოცხელი თეატრში კოტე მარჯანიშვილმა მიიწვია. რუსეთში და უკრაინაში ხანგრძლივი და წარმატებული მოღვაწეობის შემდეგ, რეჟისორი 1922 წელს საქართველოს დაუბრუნდა და აქ აყალიბებდა ახალ, რეჟისორულ თეატრს. ამგვარ თეატრს აუცილებლად სჭირდება მხატვარი, რომელიც კონკრეტული სპექტაკლისათვის კონკრეტულ სასცენო გარემოს შექმნის, იზრუნებს მისი მხატვრული სახის, სცენაზე გამოჩენილი ყველა დეტალის დრამატურგიასთან, რეჟისურასთან, მსახიობთან, კონკრეტულ სცენასთან შესატყვისობაზე, - სინთეზზე, როგორც სასცენო ხელოვნების აუცილებელ კომპონენტზე. მანამდე თეატრში ტრაფარეტული, წინასწარ გამზადებული, ე.წ. მორიგი დეკორაციები სჭარბობდა, რომლებიც უნდა განედევნათ პროფესიონალ სცენოგრაფებს. პეტრე ოცხელი ამ პროცეში ჩაება და მთელი თავისი შემოქმედება მხოლოდ თეატრს დაუკავშირა. ალბათ იმიტომ, რომ 1930-იანი წლებში, ტოტალიტარულ საბჭოთა სახელმწიფოში, მისი პირობითი ბუნების გამო, სწორედ და შეიძლება მხოლოდ, თეატრი „გუობდა“ ავანგარდისტებს.

1920-იანი წლები მოდერნიზმის სიმძლავრის ხანაა მთელ მსოფლიოში და კერძოდ, რუსეთში, სადაც ექსპერიმენტულმა, ავანგარდულმა ხელოვნებამ ძალიან მაღალი განვითარება პოვა. 1920-იან წლებში, უკრაინა და საქართველო ასევე წარმოადგენდნენ ავანგარდიზმის ძლიერ ცენტრებს. წითელი რევოლუცია კი მოხდა, მაგრამ ლენინმა ხომ თქვა, ჩვენ სხვა მასალა ჯერჯერობით არ გაგვაჩნია, სამშენებლოდ „ბურჟუაზიული აგურები“ უნდა გამოვიყენოთო. ასეთი „აგურებიც“ არ დარჩა დიდი რაოდენობით. ძალიან ბევრი, 1910-20-იანი წლების მიჯნაზე გადაიხვეწა. ოცხელი, ირაკლი გამრეკელის და დავით კაკაბაძის მსგავსად, საქართველოში იმყოფებოდა და იმ დრომდე იღვაწა, როდესაც მათი მსგავსი „ბურჟუაზიული აგურები“ სრულიად აღარ იყვნენ სასურველნი და ლენინის იდეოლოგიურმა მემკვიდრეებმა ახლა უკვე მათ „თავიდან მოშორებაზე“ იზრუნეს.

კონსტრუქტივიზმი რუსეთში განვითარდა და თეატრში და დიზაინის სფეროში საბჭოთა ხანაშიც შენარჩუნდა, - ნაწილობრივ ინერციის, ნაწილობრივ ახალ მოთხოვნებთან შესატყვისობის და ნაწილობრივ შემთხვევითობების გამო. რუსეთს სცენოგრაფიის დარგშიც მდიდარი და მკვიდრი ტრადიცია ჰქონდა.Kადგილობრივ ტრადიციას დასავლეთიდან შემოსული ავანგარდული იდეები და გამოცდილება (გორდონ კრეგი და სხვა) ერწყმოდა. კოტე მარჯანიშვილმა ყოველივე ეს რუსეთში ყოფნის დროს შეისისხლხორცა, ჯერ იქვე, და შემდეგ, უკრაინაში, ახალი იდეები საკუთარ შემოქმედებაში განავითარა და შემდეგ საქართველოში ჩამოიტანა.

პეტრე ოცხელი ქუთაისში დაიბადა, მაგრამ, მალე მისი ოჯახი მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად. ქუთაისს ის 13 წლისა დაუბრუნდა. რუსეთში ყოფნის განმავლობაში, მოზარდს ბევრი რამ შეეძლო შეეთვისებინა. მითუმეტეს, რომ მას მხატვრის თვალი და გონება ჰქონდა. 1910-იანი წლები რუსეთში სწორედ კონსტრუქტივიზმის აღმოცენების და განვითარების პერიოდია. ამ მიმართულებას ბევრი სხვა მოვლენა ემატებოდა და ზოგჯერ ებრძოდა კიდეც, მაგრამ ავანგარდულად განწყობილ თვალსა და გონებას არ შეიძლებოდა ყურადღება არ მიექცია ამ კუთხოვანი მოცულობითი ფორმებისათვის, თეატრისა და სარეკლამო დიზაინი რომ ჰქონდა დაპყრობილი და სიახლის გამო, ყველაზე თვალშისაცემი იყო. ამასთან, იქაც და საქართველოშიც, იყო სახლები, სადარბაზოები, სამოსი, ნივთები და სხვა, რაც იმ დროისათვის უკვე ნაკლებად პროგრესულ, მაგრამ მოდერნისტულ მიმდინარეობას, - მოდერნს, ანუ არტ ნუვოს განეკუთვნებოდა. მასში მცენარეული, დენადი, მრუდი დეკორატიული ხაზები სჭარბობდა. ერთიც და მეორეც, - კონსტრუქტივიზმიც და მოდერნიც, უფრო სტილიზაციისკენ და აბსტრაქციისკენ იხრებოდა. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ოცხელი ჯერ ქუთაისის რეალურ სასწავლებელში სწავლობდა და ხატვის გაკვეთილებსაც იქვე იღებდა (პედაგოგი ჭეიშვილი), შემდეგ, თბილისის სამხატვრო აკადემიაში, სადაც მისი პედაგოგები ი. შარლემანი და ე. ლანსერე იყვნენ. მათი დახმარებით, მან მყარი აკადემიური ოსტატობა შეიძინა.

მარჯანიშვილი ნოვატორული იდეებით აღსავსე დაუბრუნდა სქართველოს და თანამოაზრეებიც შეიძინა. 22 წლის პეტრე ოცხელი „ურიელ აკოსტას“ გასაფორმებლად მიიწვია. სპექტაკლისათვის მხატვრული კონცეფციის ძიების პროცესში, რეპეტიციაზე ტუმბოზე ჩამომჯდარი ვერიკო ანჯაფარიძის სილუეტმა მხატვრის ფანტაზიაში ისეთი გარდსახვა პოვა, რომ ერთდროულად დაიბადა დეკორაციაც და კოსტიუმიც. მან შთაგონება უკან დაუბრუნა მსახიობს და ამ კოსტიუმით განსაკუთრებული ელეგანტურობა შესძინა, გარკვეულწილად განაპირობა კიდეც მისი მოძრაობა და ჟესტიკულაცია. არც ის უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან, რომ მსგავსი ფორმები პეტრე ოცხელს უკვე მიგნებული ჰქონდა თავის პირველ სპექტაკლში „ცეცხლის გამჩაღებლები“, რომელზე მუშაობის დროსაც აღმოაჩინა იგი მარჯანიშვილმა.

აღნიშნული ფორმების მიგნებაში, ალბათ, ებრაული სინაგოგის ინტერიერის არქიტექტონიკამ და ატრიბუტიკამაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. მაგალითად, ებრაულ სარიტუალო შანდალს თუ გავიხსენებთ, შეიძლება დავინახოთ, თუ საიდან ამოიზარდა ოცხელისათვის დამახასიათებელი მშვილდივით მოზიდული ნახევარწრიული გეომეტრიული ფორმები, მათში ჩამუხტული ენერგია. მხატვარს აქრომატული ფერების ფასიც შეთვისებული ჰქონდა და ყველაფერმა ერთად განაპირობა მისი ნამუშევრების ლაკონიური გამომსახველობა, თავშეკავეულობა და მონუმენტალიზმი. კოსტიუმებში ის ქსოვილთა ნაკეცებს უსვამდა ხაზს, თითქოს აქვავებდა მათ ფიგურაზე, რითაც მას განსაკუთრებულ სკულპტურულობას და მონუმენტალიზმს სძენდა („ოტელო,“ 1933).

0x01 graphic

პეტრე ოცხელის დეკორაციები და კოსტიუმები სკულპტურულ-კონსტრუქციული ხასიათისა არის. სივრცე გამოვლენილია და მნიშვნელოვან მხატვრულ დატვირთვას ატარებს. ზოგიერთი, განსაკუთრებით დახვეწილი და უკიდურესად ლაკონიური დეკორაცია (მაგალითად, სპექტაკლისათვის „მშენებელი სოლნესი,“ 1931) კონსტრუქტივიზმის მამამთავრის, ნაუმ გაბოს აბსტრაქტულ სკულპტურებს მოგვაგონებს. ეს ნიშანდობლივი პარალელია. კონსტრუქტივიზმმა განვითარების პარადოქსული გზა განვლო. 1930-იან წლებში, მაშინ, როდესაც ტოტალიტარულ საბჭოთა კავშირში სოციალისტურმა რეალიზმმა დაისადგურა, რუსეთს გაშორებულ სკულპტორთა და მხატვართა (კანდინსკი, გაბო, პევზნერი და სხვები) შემოქმედებაში კონსტრუქტივიზმი სრულ აბსტრაქციაში გადაიზარდა. მათ დასავლეთში ე.წ. კონკრეტული ხელოვნება განავითარეს - უკიდურესად აბსტრაქტული მიმდინარეობა, რომელმაც უმთავრესად ორგანული ანუ ბიომორფული აბსტრაქციის სახე მიღო და თუ დავუკვირდებით, დღევანდელ კომპიუტერულ სემანტიკურ ნიშნებსა და ფორმებს გაუკვალა გზა (თუმცა, ამას ხშირად ვერც შემქმნელი ამჩნევს და ვერც მომხმარებელი). განვითარების ამგვარი ხაზი ბუნებრივი და ლოგიკური იქნებოდა პეტრე ოცხელისთვისაც.

0x01 graphic

ამ რამდენიმე თვის წინ ჟურნალმა - „ლიტერატურა და ხელოვნებამ“ - გამოაქვეყნა კოტე მარჯანიშვილის მიერ 1933 წელს პეტრე ოცხელისადმი მიწერილი წერილი. ეს ის პერიოდია, როდესაც საბჭოთა კავშირში სოციალისტური რეალიზმი უკვე მოთხოვნაა, ხელოვნებასა და ლიტერატურაში ერთადერთი დაშვებული სტილია. მარჯანიშვილის წერილი პასუხია და მისი კონტექსტიდან ჩანს, რომ თავის წერილში პეტრე ოცხელი რეჟისორს შესჩიოდა, რადგანაც ჰქონდა შიში, რომ ძალდატანების გამო მას ძველი ტრადიციების არტახებში დარჩენა მოუწევდა და ამას შეეწირებოდა მისი ფანტაზია და პრინციპებიც კი. მარჯანიშვილი ცდილობს დაამშვიდოს იგი. თუმცა, სულ მალე გამოჩნდა, რომ მხატვარი არ ცდებოდა, რადგან თეატრსაც არ ასცდა სოცრეალიზმის წნეხი.

ოცხელმა ჯერ გროტესკულად გადიდებული ლაკონიური დეტალებით უპასუხა რეალიზმისკენ მოწოდებას. ჰიპერთროფირებული ნატურალისტური („აპრაკუნე ჭიმჭიმელი,“ 1934), ან სამრეგისტრიან ორგინალურ კონსტრუქციას მორგებული რეალისტური დეტალები („მუნჯები ალაპარაკდნენ,“ 1932) სცენის პირობით ბუნებას სულაც არ არღვევდნენ და არ ატარებდნენ ყოფით ხასიათს. მაგრამ შემდგომ ოცხელიც კი იძულებული გახდა დაეწვრილმანებინა დეკორაციები და კოტიუმები, დეტალიზაციისათვის მიემართა („ჩატეხილი ხიდი,“ 1935). ასე რომ, მისი შიში უნიადაგო არ იყო. პირობითობას და ლაკონიურობას საფრთხე დაემუქრა. თუმცა, კინოს დიზაინის სფეროში, სადაც ნატურალიზმი უფრო მისაღებია და მითუმეტეს, რადგან „მფრინავ მღებავში“ ფანტასტიკურ სიუჟეტთან ჰქონდა საქმე, მისი ნამუშევრები, „აღწერითობის“ მიუხედავად, ავანგარდიზმიდან გადახვევას შეუმჩნეველს ტოვებდნენ. ეს 1936 წელი იყო. ამ ზღვარზე შეწყდა პეტრე ოცხელის ცხოვრება...

ავტორი: ქეთევან კინწურაშვილი

პეტრე ოცხელის ნამუშევრები ინახება კოტე მარჯანიშვილის სახელობის აკადემიურ-დრამატულ თეატრში და თეატრის, მუსიკისა და კინოს სახელმწიფო მუზეუმში.

4.4 აქტუალური მუსიკის ფესტივალი

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

Close Encounters 2007-2008, აქტუალური მუსიკის ფესტივალი, ასე ჰქვია კლასიკური ელექტრონული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალს, რომელიც 2007 წელს თბილისში დაიწყება და 2008 წლის მარტში შვეიცარიაში, ციურიხსა და ვინტერტურში გაგრძელდება.

ამ სახელწოდების ფესტივალი საქართველოში პირველად 2005 წელს ჩატარდა. მისი ორგანიზატორები ანა კრაიერი, მანანა ახმეტელი, თამრიკო კორძაია, ფელიქს პროფოსი და რეზო კიკნაძე გახლდნენ. იმავე წელს გადაწყდა, რომ ფესტივალი, სადაც სხვადასხვა ეროვნების, თაობის, ტრადიციის, განსხვავებული ესთეტიკის, სტილის და ტექნოლოგიური აზროვნების მუსიკოსები იკრიბებიან, ტრადიციად უნდა ქცეულიყო.

წელს ფესტივალის საკონცერტო დღეები ორ თემატურ ბლოკად დაიყოფა. ბლოკებსა და აქტებს შორის კი მუსიკოსებსა და აუდიტორიას შორის ცოცხალი დისკუსიები და საუბრები გაიმართება. წარმოდგენილი იქნება საქართველოს საკონცერტო ცხოვრებისთვის აქამდე უცნობი - კლასიკური ელექტრონული მუსიკის კონცერტი, მულტიმედიური ნაწარმოებები მუსიკისა და ვიდეოს სინთეზით, მუნჯი ფილმის ცოცხალი მუსიკალური გახმოვანება და ა.შ.

ფესტივალზე განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობენ იმ ქართველ კომპოზიტორებს, რომლებსაც დასავლეთში ცუდად ან სულ არ იცნობენ. ასეთები კი მოგეხსენებათ, ბევრნი არიან, მიხეილ შუღლიაშვილის სექსტეტი, კომპოზიტორი ზვიად ბუცხრიკიძე, რომელიც საგანგებოდ ფესტივალის პროგრამისთვის სოლო ჩელოსთვის შექმნის ნაწარმოებს და სხვები.

„თითქმის ყველა ნაწარმოები, რაც კი თბილისში და თელავში დაიკვრება, ქართული პრემიერა იქნება. წარმოდგენილი იქნება გია ყანჩელის ორი დიდი კამერული ნაწარმოები, მიხეილ შუღლიაშვილის სექსტეტი, რომელიც ერთხელ თბილისში უკვე შესრულდა, თუმცა მას მერე 30 წელი გავიდა... პრემიერებად შეიძლება ჩაითვალოს კონცერტი ელექტროაკუსტიკური მუსიკის უმნიშვნელოვანესი შედევრებით, რომელიც 18 ოქტომბერს იქნება წარმოდგენილი. ფესტივალს გახსნის ძალიან საინტერესო ტრიო Trafi que (17 ოქტომბერს). კონცერტებს გამართავენ ნიკა მაჩაიძე, რეზო კიკნაძე,

ფესტივალის კონკურსში გამარჯვებული რუდიგერ მაიერმაირიციო და სხვები. ფესტივალის ფარგლებში კვლავ შეხვედებით 2005 წლის ლაურეატ რუსუდან მეიფარიანს თავის ძალიან სახასიათო მუსიკასთან ერთად“, - ამბობს ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორი ფელიქს პროფოსი. ფესტივალის მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურის სამინისტრო, შვეიცარიული კულტურის ფონდი „პრო ჰელვეცია“ და მარჯანიშვილის თეატრი, რომელიც, კონსერვატორიის მცირე დარბაზთან ერთად, წლევანდელი ფესტივალის მასპინძელი იქნება.

მაშ ასე, წარმოგიდგენთ ფესტივალის პროგრამას: 17.10.07 19:00 თბილისი, კონსერვატორიის მცირე დარბაზი, გრიბოედოვის ქ. №8

18.10.07 19:00 თბილისი, კოტე მარჯანიშვილის სახელობის აკადემიური თეატრი

19.10.07 19:00 თბილისი, კონსერვატორიის მცირე დარბაზი

20.10.07 19:00 თბილისი, მარჯანიშვილის თეატრი

21.10.07 15:00 თელავი, კულტურის ცენტრი (ძველი თეატრი) ერეკლე II ქ. №1

კონცერტები შვეიცარიაში: ციურიხი, ვიტერტური, უსტერი-თებერვალი/მარტი 2008

5 კომენტარი

▲ზევით დაბრუნება


5.1 „გოუფუჭებიათ“!

▲ზევით დაბრუნება


ავტორი: კახა თოლორდავა
ფოტო: მაია სუმბაძე

0x01 graphic

ჩვენ ისე ღატაკნი ვართ რწმენით და სიმამაცით,
რომ ბედნიერ დასასრულში მხოლოდ და
მხოლოდ მასების გემოვნების
გულის მოსაგებად უხეშად შეთითხნილ
რამეს ვხედავთ.

ხორხე ლუის ბორხესი

ფიზიკის მასწავლებელი მყავდა სკოლაში. ღირსეული კაცი იყო. კარგი იუმორი ჰქონდა და ჩვენც თბილად, თუმცა ზოგჯერ სამართლიანად მკაცრადაც გვექცეოდა. გაკვეთილების ახსნისას, ხშირად, თვალნათლივ რომ ეჩვენებინა თუ რას გულისხმობდა, ფიზიკის კაბინეტში არსებულ სხვადასხვა სახის, ზომის და დანიშნულების დანადგარების გამოყენებას ცდილობდა ხოლმე. ცდილობდა იმიტომ, რომ როგორც წესი, ეს დანადგარები არ მუშაობდა. დღემდე კარგად მახსოვს, კიდევ ერთი ფიასკოს შემდეგ როგორ ამოგვხედავდა ნაღვლიანი თვალებით და ერთადერთი სიტყვით გვისხნიდა მომხდარს: გოუფუჭებიათ!

სულ რაღაც ორიოდე დღის წინ უეცრად „ჩამანათა“, რომ ჩემთვის და ჩემი ასაკის, ორმოცს გადაცილებული ადამიანებისათვის, სიტყვა „გოუფუჭებიათ“ მთელი ჩვენს, უკვე საკმაოდ ხანგრძლივ სიცოცხლეს, ლამის ლაიტმოტივად გასდევს.

გოუფუჭებიათ ხაჭაპური ჩვენს საყვარელ სახაჭაპურეში (ყველს აღარ უშვებიან, ძმაო!), ხინკალი სახინკლეში (ხორცს აღარ უშვებიან, ძმაო!), ადრე ხარისხიანი ბენზინი (ცარიელი წყალია, ძმაო!), პერაშკები სუპერმარკეტში (დააპატარავეს და ფასი გაზარდეს, ძმაო!), ფეხბურთი (თამაშის გაგებაში აღარ არიან, ძმაო!), ლაღიძის წყალი (სამმაგი უნდა დაასხმეინო გემო რომ გაიგო, ძმაო?) და ასე შემდეგ, და ასე უსასრულოდ (კარგად თუ დავფიქრდებით და მხოლოდ ყოფითი და გასტრონომიული რაღაც-რაღაცეებით არ შემოვიფარგლებით, მივხვდებით, რომ ყველა ჩვენგანს გოუფუჭებიას საკუთარი გრძელი სია გაგვაჩნია).

მოკლედ, ერთ მშვენიერ დღეს მოულოდნელად აღმოჩნდა, რომ ქვეყანაც ძირფესვიანად და ხარისხიანად გოუფუჭებიათ. სრულიად გამაოგნებელი კი ისაა, რომ ყველაფერი ეს ჩვენ, ამ ქვეყნის მოქალაქეებმა კი არა, არამედ ვიღაც სხვებმა (ხშირად ამ ქვეყნის სხვა მოქალაქეებმა) გააკეთეს. ჩვენ არაფერი არ გოგვიფუჭებია. გოგვიფუჭეს რუსებმა (იმპერიული ამბიციები აწუხებთ, ძმაო!), ხელისუფლებამ (მაგეებმა რა უნდა გაგვიკეთონ, ძმაო?) მასონებს (ყველაფერი მაგათ ხელშია, ძმაო?), ლეონტიევს (ეგ ამღვრევს ამ მთელ ბაზარს, ძმაო), არძინბას (რუსების შავკაა, ძმაო!) ამერიკელებს (იასნია, რომ მაგათ გარეშე აქ არაფერი არ კეთდება, ძმაო!), ზვიადს (მაგი რომ არა უკვე ევროკავშირში ვიქნებოდით, ძმაო!), კომუნისტებს (მაგენი რომ არა მაგრად ვიცხოვრებდი, ძმაო!), ოპოზიციას (უტრაკოები არიან, ძმაო!), შევარდნაძეს (მასონების ლოჟის წევრია, ძმაო!) და ისევე, როგორც წინა შემთხვევაში, ასე შემდეგ და ასე უსასრულოდ.

ის, რომ ამ ქვეყანაში ჩვენი გოსოფუჭებელი აღარაფერი დაგრჩა, გარკვეული თვალსაზრისით, თითქოს იმედისმომცემი უნდა იყოს (ჩვენ ხომ კარგად გვესმის, რომ გოფუჭებულები ვართ და სადღაც გულის სიღრმეში ძალიან გვშურს მათი, ვინც გოუფუჭებულია). ანუ, რაც გოუფუჭებიათ ის გოუფუჭებიათ და მაშასადამე, ეხლა ქვეყანა შენების გზას უნდა დაადგეს. სამწუხაროდ, ყველაფერი არც თუ ისე იოლია, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს. „გოუფუჭებიათ“ ისე გაგვიჯდა ძვალ-რბილში, ისე შეუმჩნევლად გადაგვივიდა ხასიათში, რომ დარწმუნებულები ვართ: შენების მანიით შეპყრობილი იდიოტები მაინც ვერაფერს ააშენებენ, იმიტომ, რომ შემთხვევით რომ გამოუვიდეთ და მართლაც ააშენონ რამე (რომ გაფრინდნენ?), ჩვენ მაინც ვერ დავინახავთ მათ აშენებულს. ჩვენ ვიცით, რომ ამ სამყაროში ყველაფერი არსებობს იმისთვის, რომ გოფუჭდეს. ჩვენ ჯერ კიდევ კარგად ვერ შეგვიფასებია ინერციის ხიბლი და ძალა. ასე რომ აშენებით ისინი მაინც ვერაფერს ააშენებენ, სამაგიეროდ, დარჩენილ გოსოფუჭებელს გოგვიფუჭებენ (ჩვენ არა, ისინი!), ხოლო ჩვენ კი, სანამ მამაზეციერი არ გადმოგვხედავს (მთავარია ეკლესიებთან ჩავლისას ყველას დასანახად პირჯვარის გადაწერა არ დაგვავიწყდეს), ვიყოთ ძმებო და ვილივლივოთ.

ლივლივზე გამახსენდა... ეს მხოლოდ შესავალი იყო. უბრალოდ, მინდოდა თქვენთვის გამეზიარებინა ჩემი აღმოჩენა და ამასთან ერთად, ჩემი პირველი საჯარო აღიარებაც მინდა გავაკეთო.. პირველი იმიტომ, რომ როგორც ამ ქვეყნის ჭეშმარიტ შვილს, მეც ყოველთვის მიჭირდა იმის აღიარება, რომ ჩემი საქციელით თუ ქმედებით რამეს ვაფუჭებ. მე მხოლოდ დღეს ვახერხებ ამას და საჯაროდ ვაცხადებ (არ ინერვიულოთ, აღიარება შესავალზე მოკლე იქნება...):

წელს, ზაფხულში აჭარის შემდგომ და ძირფესვიანად გოფუჭებაში შევიტანე ჩემი წვლილი (თავის გასამართლებლად ვიტყვი იმას, რომ ეს ჩემი პირველი ჩასვლა-დასვენება იყო აჭარაში თითქმის ოცდაათი წლის განმავლობაში). მეც ჯეროვნად ვერ შევაფასე ინერციის უარყოფითი ხიბლი და ძალა; ამიტომაც, ლამის თოთხმეტი დღის განმავლობაში უსიტყვოდ ვემორჩილებოდი იქ დაკანონებულ წესებს, კერძოდ კი:

ა) ვინაიდან, ადგილობრივ მოსახლეობას აშკარად გაუმართლა იმაში, რომ ის ადგილობრივია, ფასებს მთელი ზაფხულის განმავლობაში ის ადგენს. უსიტყვოდ ვემორჩილებოდი ამ წესს, რამდენადაც აბსურდული არ უნდა ყოფილიყო ის ზოგიერთ შემთხვევაში.

ბ) ვინაიდან ზაფხულის სამი თვე ადგილობრივი მაცხოვრებლებისათვის ფულის შოვნის ერთადერთი შანსია, უფლება არა მაქვს გავაპროტესტო ის, რომ ერთი ნაჭერი ლიმონი (ჩაიში ჩასაგდებად), მიუხედავად იმისა, რომ ლიმნის ნაყოფით დახუნძლული ტოტები ჩემს აივანზე შემოდიოდა, ერთი ლარი ღირს;

გ) ვინაიდან მოხდა ისე, რომ ჩემი ფანჯრებიდან ზღვა ჩანდა, თანახმა ვიყავი თავი მომეკატუნებინა, რომ ოთახი, სადაც მე უნდა გამეტარებინა ორი კვირა, ჭეშმარიტი „ოსობნიაკია“ და ზედმეტი გადამეხადა;

დ) ვინაიდან მინდოდა, რომ ჩემს ოთახში აბაზანა და ტუალეტი ყოფილიყო, თანახმა ვიყავი ზედმეტი გადამეხადა;

ე) ვინაიდან მე წინასწარ მესაჭიროებოდა ოთახის დაქირავება, მაგრამ მკაცრად მქონდა განსაზღვრული იქ ჩასვლის დღე, დამატებით უნდა გადამეხადა 100 ლარი „ოთახის შენახვისათვის“;

ვ) არ ვიმჩნევდი იმას, რომ გადახდილი ფულის სანაცვლოდ მხოლოდ ზღვის ხედს და აბაზანა-ტუალეტს მთავაზობენ;

ზ) არ ვიმჩნევდი იმას, რომ ერთსა და იმავე კაფეებში სხვადასხვა კერძზე ყოველ დღე სხვადასხვა საფასურს ვიხდიდი;

თ) არ ვიმჩნევდი იმას, რომ საკმაოდ ნამოგზაურები ვარ და მეტნაკლებად მესმის სეზონზე ფასების ზრდის პრინციპი, რომლის მიხედვითაც აჭარაში დახარჯული თანხით ადვილად შემეძლო დამესვენა ბევრად უფრო კომფორტულ კურორტზე უცხოეთში;

ი) არ ვიმჩნევდი არაფერს, რისი შემჩნევაც საჭირო იყო, იმისთვის, რომ თავი უხერხულად არ მეგრძნო და ჩემი მასპინძლებიც არ ჩამეყენებინა უხერხულ მდგომარეობაში. ამიტომაც, მთელი გულით ვცდილობდი მოვშვებულიყავი და სიამოვნება მიმეღო. ვაღიარებ, რომ ამას ვაკეთებდი.

0x01 graphic

0x01 graphic

მერე კი, ერთ მშვენიერ დღეს ყველაფერი დასრულდა, ორი კვირის განმავლობაში იქ დახარჯული ფული დავითვალე და რაღაც არ მომეწონა. მივხვდი, რომ ეს ნორმალური არაა ჩემი შემოსავლის მქონე ადამიანისათვის (მაგრა, მაშინ რატომ წუწუნებდნენ ჩემზე ბევრად, ბევრად უფრო დიდი შემოსავლის მქონე ჩემივე ნაცნობები, ვინც უცნაური ფერის სასტუმროებში ცხოვრობდნენ?). შეიძლება, ეკონომიკის სახელმძღვანელოებში გასაგებად იყოს აღწერილი, თუ რატომ ხდება ეს ასე იმ გოფუჭებულ ქვეყნებში, რომლებსაც უკვე აღარ უნდათ, გოფუჭებულები იყვნენ, მაგრამ ჩემთვის ეს დამამშვიდებელი ნამდვილად აღარაა. უეცრად მივხვდი, რომ რაღაცას ვაფუჭებ. ჯერ არ ვიცი რას. ამაზე უნდა ვიფიქრო. მაგრამ სანამ ვფიქრობ გადავწყვიტე, რომ მომავალში აჭარაში დასვენებისგან თავს შევიკავებ. ვიცი, ეს არაპატრიოტულია (თანაც ნამდვილი ღრჯო კონსუმერივით გამომდის, რომელსაც საკუთარი ჯაფით ნაშოვნი ფულით უნდა, რომ საკუთარი ქვეყნისავე ტერიტორიაზე ზღვაზე დასასვენებლად ჩასულს, იოდის და ზღვის დამამშვიდებელი ხმაურის გარდა, კიდევ თუნდაც, იმის უფლება მაინც მიიღოს, რომ მეწველ ძროხად არ იგრძნოს თავი) და თანაც, ეს გადაწყვეტილება ჩემთვის უფრო დიდი დანაკარგია, ვიდრე აჭარისათვის მაგრამ მაინც. რა იცი, რა ხდება... იქნებ, ერთ მშვენიერ დღეს იქ ჩასულს აღარ გამახსენდეს საოცარი ხიბლის მქონე ჯადოსნური სიტყვა - „გოუფუჭებიათ“...

5.2 ის, რასაც პავაროტი ჰქვია

▲ზევით დაბრუნება


ავტორი: ლაშა ბუღაძე

0x01 graphic

მარია კალასიც ასე წავიდა. ხმა გაუქრა და ამის მერე აღარც თვითონ უცოცხლია დიდხანს. ხმასთან ერთად მოკვდა 1965 წელს და არა თორმეტი წლის მერე, პარიზში. და, მიუხედავად იმისა, რომ კალასისგან განსხვავებით პავაროტი პროფესიული სცენის მიტოვების შემდეგაც შესანიშნავად ფლობდა თავის ხმას და ნებისყოფის, არაჩვეულებრივი ტექნიკისა და, უბრალოდ, გენიალურობის წყალობით ინარჩუნებდა ახალგაზრდულ ჟღერადობას, ის მაინც აღარ იყო ძველი, „ყელში მზეჩამდგარი,“ „მაღალი დოების მეფე“ ლუჩანო პავაროტი, და სწორედ ამიტომ, ასეთი მომღერლებისათვის გადამწყვეტი, მთავარი რამით დაემსგავსა მისი წასვლა დიდი ბერძენი მომღერლის აღსასრულს: ისინი არ შეეგუენ უხმოდ სიცოცხლეს!

ენრიკო კარუზოც ასე დაიღუპა. არა, ხმა მას სიცოცხლის ბოლომდე წესრიგში ჰქონდა, სიმღერის დროს, დონიცეტის „სასიყვარულო ნექტარის“ გენერალურ რეპეტიციაზე, პირდაპირ სცენაზე დაეცა გონდაკარგული. ერთადერთი, რასაც ვეღარ ფლობდა, ეს სხეული იყო - ფილტვებში წყალჩამდგარი, მძიმე და დაუმორჩილებელი, რაც საბოლოო ჯამში, ალბათ, მის რკინის იოგებსაც შეუქმნიდა პრობლემებს. იგივე განმეორდა პავაროტის შემთხვევაშიც, - ძველებურად ძლიერი ვეღარ, მაგრამ მაინც გამაოგნებლად ცოცხალი, ხავერდოვანი, თბილი, კრისტალურად სუფთა ხმა დაუძლურებულმა, დასნეულებულმა, ტკივილებისგან ფუნქციადაკარგულმა სხეულმა დაადუმა.

მეოცე საუკუნის დასაწყისში ოპერის სინონიმად კარუზო იქცა, ამავე საუკუნის ბოლოს კი პავაროტი. კარგი ხმის პატრონს, საუკუნის წინ, მეორე კარუზო ხარო, ეუბნებოდნენ, ახლა კი ვინმე ყელმოღერებულს უმალ პავაროტის შეადარებენ, მიუხედავად იმისა, რომ მეოცე საუკუნის ხმათა უნიკალურ კოლექციას ავსებენ ისეთი ტენორი-გიგანტებიც, როგორებიც ჯილი, დელ მონაკო, დი სტეფანო, კორელი და სხვები არიან... რომ არაფერი ვთქვათ განუმეორებელ ბას შალიაპინზე და გენიალურ სოპრანო მარია კალასზე. ან თუნდაც ესპანელი პლასიდო დომინგო რად ღირს - პავაროტის მთავარი კონკურენტი - მისი არც ხმა და შესაძლებლობებია არავისზე ნაკლები.

მაგრამ პავაროტი მაინც სხვაა...

პავაროტის მოსმენისას ისინიც კი ინაბებიან, ვისაც საერთოდ არ უყვარს, არ ესმის და მეტიც, ვინც აგრესიულადაც კია განწყობილი საოპერო ხელოვნების მიმართ (დიახ, სამწუხაროდ, ასეთებიც არსებობენ). პროფესიონალები კი ბჭობენ: არის კი ლუჩანო პავაროტი მეოცე საუკუნის ბოლო ოცდაათწლეულის ნომერ პირველი ტენორი? განა, ობიექტურად, პლასიდო დომინგოს არ უნდა ერგოს ეს საამაყო წოდება? დომინგოს, რომელიც ერთნაირად ბრწყინვალედ, მომნუსხველად ასრულებს როგორც ვაგნერს, რიჰარდ შტრაუსსა და მოცარტს, ასევე მთელ იტალიურ, ფრანგულ, რუსულ და ესპანურ რეპერტუარს - ერთ დღეს ვაგნერის ლოენგრინს მღერის, მეორე დღეს კი „ლა სკალაში“ მიფრინავს ლირიკული ალფრედოს სამღერად „ტრავიატაში“... მაშინ, როდესაც დომინგოსთან შედარებით პავაროტის რეპერტუარი მეტისმეტად მცირეა და მარტო იტალიურ საოპერო რეპერტუარს მოიცავს: ძირითადად პუჩინი, დონიცეტი, ვერდი (და ვერდისთანაც კი მკაცრად განსაზღვრული პარტიები)... ვაგნერი, ბიზე - არავითარ შემთხვევაში! დიახ, „კარმენშიც“ კი არ უმღერია არცერთხელ!... („დონ ხოსეს პარტია მის ხმას არ უხდება, მისი ხმის არაა!“).

თუ, იქნებ, სხვაგვარად უნდა მოხდეს მათი შედარება? რა ქმნის, საერთოდ, ტენორს მეფე-ტენორად? რა არის ის, რის გამოც აღარ ახსენდებათ არც მცირე და ერთფეროვანი რეპერტუარი და არც ის მდარე და სამარცხვინო კონცერტები, - როგორც იტყვიან, სულ სხვა ოპერიდან გადმომხტარ საეჭვო მომღერლებთან ერთად, ფულის გასაკეთებლად ჩატარებული?!

ხმის ტემბრი? ხმის ტემბრი, ვგონებ, დომინგოს უფრო ლამაზი აქვს, ვიოლენჩელოს მიუგავს. კარერასიც ხომ შესანიშნავია ამ მხრივ. დიაფრაგმა? სუნთქვა? დომინგოს რა, გგონიათ, ვეებერთელა მუსიკალური ფრაზები არ უმღერია გადაბმულად, ერთ ჩასუნთქვაზე? ანკი ვის უკვირს ეს ჯაკომო ლაური-ვოლპის, იგივე მარიო დელ მონაკოს, ჯოან საზერლანდისა და მონსერატ კაბალიეს შემდეგ? რეპერტუარზეც უკვე მოგახსენეთ. მაშ, რა?

„პავაროტი რომ დაიბადა, ისე ტიროდა, ბებიაქალმა ყურებზე აიფარა ხელები.“ ეს სიტყვები მისი ერთ-ერთი ბიოგრაფის წიგნში ამოვიკითხე.

„პავაროტი ტენორად დაიბადა, მე კი ვიქეცი ტენორად“, - ეს სიტყვები კი მისი დაფნის გვირგვინის მოწილეს, პლასიდო დომინგოს ეკუთვნის.

მაღლები! ელვარე, ყოვლისმომცველმა, მაღალმა ნოტებმა აქციეს ლუჩანო პავაროტი ტენორების მეფედ! მჭექარე მაღალმა ნოტებმა გამოარჩიეს იგი სხვა ტენორთაგან!

ავი ენები ჰყვებიან, ჩემს საყვარელ დომინგოს (დომინგო კი მართლაც ძალიან მიყვარს), ამ ოციოდე წლის წინ, ვერდის „ტრუბადურში“, მანრიკოს სტრეტის დამაგვირგვინებელი დო-ს ჩასაწერად ექვსი თვე დასჭირდაო... ექვსი თვე სცდილობდა დო-ს აღებას!

0x01 graphic

REUTERS/2000

მაშინ, როდესაც პავაროტი ერთ ჯერზე ცხრა დოს - არც მეტი, არც ნაკლები, ცხრა დო-ს იღებს დონიცეტის „პოლკის ქალიშვილში“... არიაა ასეთი ამ ოპერაში, ცხრა დო-თი.

ვინ დაუდგება წინ ამ ყოვლისწამლეკავ, მჭახე, სიმახინჯემდე მისულ ლამაზსა და თავბრუდამხვევ ბგერებს?

ასეთი რამ ხომ დიდხანს, ძალიან დიდხანს არ განმეორდება. ასეთი სასწაულები ხომ საუკუნეში ერთხელ, მაქსიმუმ ორჯერ, საუკუნის დასაწყისში და საუკუნის მიწურულს ხდება...

ფიზიკურად კი ასეთი დამამახსოვრდება:

...წვრილი, დაგრეხილი ფეხები და ზედ ვეებერთელა მუცელი, განზე გაშლილი ხელები, მარცხენა ხელში - ცხვირსახოცი, მარჯვენა მხრისკენ ოდნავ გადახრილი თავი და ღიმილი... შემდეგ კი მლოცველივით შეტყუპებული ხელები, მოხუჭული თვალები... მცირე პაუზა, სრული კონცენტრაცია, მოულოდნელი გამორკვევა, დირიჟორის აუფტაქტი, მუსიკა და... ის, რასაც პავაროტი ჰქვია.

ეს არასდროს განმეორდება. მაგრამ არც არასდროს დასრულდება.

5.3 Hey, Joe!

▲ზევით დაბრუნება


ავტორი: კახა თოლორდავა

0x01 graphic

ჯო ზავინული გარდაიცვალა. 2007 წლის 11 სექტემბერს. კანის კიბოს იშვიათი დაავადებით.

საღამოა. სამზარეულოში ვზივარ და გარდაცვლილ მუსიკოსზე სტატიის დაწერას ვაპირებ. ჯერ კიდევ არ ვიცი, რას დავწერ. ალბათ, ჩვენს შეხვედრაზე მოვყვები. მე მას ორიოდე წლის წინ შევხვდი აქ, თბილისში. ჩვენ სულ რაღაც საათნახევრის განმავლობაში ვსაუბრობდით. საუბრისას ის თვალს არ მაცილებდა. დროდადრო არაყს წრუპავდა. მახსოვს, ჭიქის კედლებზე ყინულის რაკარუკის ხმა. ლაპარაკის იშტაზე იყო იმ დღეს. მუსიკაზე და მუსიკოსებზე ვსაუბრობდით. საუბრის დასასრულს მითხრა, ხშირად მეკითხებიან, როგორი გინდა ხალხს რომ დაამახსოვრდეო. ეგ მეც მაინტერესებს-მეთქი, მივუგე. „ის წესიერი ადამიანი იყო!“ - მიპასუხა და თვალი თვალში გამიყარა. ზავინულს ვენაში დაკრძალავენ, თავის მშობლიურ ქალაქში. ვზივარ და ვფიქრობ, როგორ გავიხსენო დიდი მუსიკოსი. ვენაში რომ მოვხვდები, აუცილებლად მოვინახულებ მის საფლავს. ჩემგან ეკუთვნის. მერე კი მოულოდნელად გეგა და ირაკლი მახსენდება. გეგა კობახიძე და ირაკლი ჩარკვიანი. ჩემი ორი უდროოდ წასული, ლამაზი მეგობარი.

ეს მგონი გასული საუკუნის ოთხმოციან წლების დასაწყისში მოხდა. გია მირზაშვილის ყოფილი სახლის (მელიქ კაზარიანცს რომ ეძახიან) აივანზე ვიდექით. გეგა, ირაკლი, მე და ჩვენი თაობის ლამაზი გოგოები. ნამდვილად არ მახსოვს, ნასვამები ვიყავით თუ არა. ალბათ, ოდნავ ნასვამები მაინც ვიყავით, რადგანაც მთელ ხმაზე ვმღეროდით პირდაღებული გოგოების კიდევ უფრო გასაგიჟებლად. ვმღეროდით უცნაურ, მხიარულ, ენერგიულ, საკმაოდ რთულ, მაგრამ ამავე დროს ადვილად სამღერ თემას. ეს ზავინულის Birdland იყო. გეგა „დრამერი“ იყო, მე ჯეიქო ფასთორიუსი, ირაკლი კი ზავინული და მთელი დანარჩენი ბენდი. თავიდან ბოლომდე ვიმღერეთ მთელი კომპოზიცია. ბოლოსკენ რომ გავედით, უკვე გოგოებიც აგვყვნენ. ამით წახალისებულებმა კომპოზიციის მთავარი მოტივი ისე გავწელეთ, ლამის ოცი წუთი ვღრიალებდით. ბოლოს, როგორც იქნა, მოვრჩით და სული მოვითქვით. გოგოებმა ტაში დაცხეს. გეგამ გაიღიმა და უეცრად მთელ ხმაზე მიახალა სიბნელეს: Hey, Joe! ოთახის სიღრმეში ტელევიზორი იყო ჩართული. ეკრანზე წარბებგადახლართული ლეონიდ ბრეჟნევი გაჭირვებით ცდილობდა ფურცელზე დაწერილი სიტყვების ამოკითხვას. ჩვენ არაფრის გვეშინოდა. ზავინულის წყალობით იმ წამს პატარა ბიჭები აღარ ვიყავით. კაცები გავხდით.

ეს ისტორია, ჩვენი შეხვედრისას ზავინულისთვის არ მომიყოლია. არც გამხსენებია. რომც გამხსენებოდა, არ მოვუყვებოდი. მუსიკოსთან ინტერვიუს დროს დაუშვებლად მიმაჩნია მისი გულის მოგება ნოსტალგიური ხრიკებით. ჯო მაგარი კაცი იყო. ის ამას არ იმსახურებდა. ერთადერთი რისი თქმაც გავბედე, ეს იყო - Weather Reportis შემდეგ მუსიკის სმენა სხვანაირად დავიწყე მეთქი. ეხლა ვხვდები, მართალი სიტყვა ვუთხარი. ყველა დიდი მუსიკოსი თავიდან გაწყე ბინებს მუსიკის სმენას. ბახ, და შენში რაღაც ხდება! მოულოდნელად. შენ ჯერ კიდევ არ იცი, რომ გაცილებით მდიდარი და სავსე ხარ, ვიდრე რამდენიმე წამის წინ იყავი. ამ დროს ბევრი იბნევა და იმის მაგივრად, რომ თავის თავში ახლად პირდაღებულ სიღრმეში ჩაეშვას, იმის გაკერპებას იწყებს, ვინც ეს სიღრმე გააჩინა. ზავინულის მუსიკამ ჩემში ეს სიღრმე წარმოშვა, მაგრამ ის ჩემი კერპი არ იყო. მე არ მეშინოდა როდესაც მის წინ ვიჯექი და მუსიკაზე ვესაუბრებოდი. და ეს მისი დამსახურება იყო, რომლის შესახებაც მან არაფერი იცოდა. We understand each other, man - მითხრა ინტერვიუს დასასრულს და მაგრად ჩამომართვა ხელი. „მაინც თბილისელი გოიმი ხარ!“ - ვეუბნები საკუთარ თავს ამის გახსენებაზე. - „შენ არ იყავი, რომ ფიქრობდი ინტერვიუს შემდეგ სადმე ზავინულს რომ გადავეყარო, მიცნობს თუ არაო?“ ჩემ ფეხებს მიცნობდა. ამ ფრაზას ვწერ და მაგიდაზე მიგდებულ ზავინულის დისკს Faces and Places დავცქერი. Kakha, all the best to you. Joe. - აწერია დისკის ყდას შავი ფლომასტერით. ნეტავ რამდენი ასეთი დისკი არსებობს მისი ხელმოწერით მთელს მსოფლიოში? Ernest, all the very best to you. Joe... Rodrigo, Lars, Michael, Ludmila, Samantha, Salman, Hui Sho, Akira, Anvar, Mamed... All the very best to you guys. Joe.

(ყოველივე კარგს გისურვებ ერნესტ... როდრიგო, მაიქლ, სამანტა, სალმან, ჰუი შო, აკირა, ანვარ, მამედ... თქვენი ჯო.)

ზავინულის გარეშე მუსიკა ისეთი არ იქნებოდა, როგორიც დღესაა. ისევე როგორც სტრავინსკის, ვებერნის, ელინგთონის, მონქის, შტოკჰაუზენის, „ბითლზების“, მაილზის და როლინზის გარეშე. უფრო მეტიც, ზავინულის გარეშე ელექტრონული მუსიკა და ჰიფჰოფიც კი არ იქნებოდა ისეთი, როგორც დღეს. ეს ადამიანი საუნდის ნამდვილი ბიბლიოთეკა იყო. მიუხედავად იმისა, რომ KORG-ი და SONOR-ი სპეციალურად მისთვის ამზადებდნენ ინსტრუმენტებს, ქარხნიდან გამოსული, ისინი არასდროს რჩებოდნენ ქარხანაშივე „ნაჩუქარი“ საუნდის ამარა. თავის სტუდიაში ზავინული ახალ და ახალ საუნდს უმატებდა ინსტრუმენტების მეხსიერებას. მისი ინსტრუმენტები მთელი მსოფლიოს მუსიკალურ სამყაროს მოიცავდა დაწყებული აფრიკით და დამთავრებული შორეული აღმოსავლეთით. მაგრამ მთავარი ეს არაა. მთავარი ისაა, რომ ზავინულისთვის ეს ბგერები აბსოლუტურად ბუნებრივად და არაქაოტურად ერწყმოდა მუსიკის მისეულ ხედვას. მის ხელში (ყურში? გულში? სულში?) ნებისმიერი საუნდი კარგავდა ეგზოტიკურობას და ზავინულის „საკუთრებად“ იქცეოდა. მერე კი, უკან, საკუთარ ქვეყნებში „დაბრუნებული“ ზავინულგამოვლილი ბგერები სულ სხვა, დაუვიწყარ, ეფექტს ახდენდა ადგილობრივ მსმენელზე. ის არასდროს აკეთებდა ადვილად მოსასმენ მუსიკას, მაგრამ რაღაც უცნაური მანქანების მეშვეობით, ეს მუსიკა საოცრად რბილად შეედინებოდა მსმენელში. ვიცი, რომ ის ამით ყოველთვის ამაყობდა. მან იცოდა, ვინც ერთხელ მოისმენდა მის მუსიკას, უკვე არასდროს აღარ დაავიწყდებოდა ის. ისიც იცოდა, როგორც ყველა დიდ მუსიკოსს, მასაც დაუვიწყარი და ადვილად საცნობი ბგერა ჰქონდა. ისიც - რომ მისი მუსიკის წყალობით მსოფლიოს ყველა კუთხეში ადამიანები სხვანაირად იწყებდნენ მუსიკის სმენას.

0x01 graphic

გუშინ MEZZO-ს ვუყურებდი. გუშინწინაც. თითქმის ყოველ საათში ზავინულის ხსოვნის საპატივცემულოდ ან ფილმებს უჩვენებდნენ, ან კონცერტებს. რამდენიმე ეპიზოდი დამამახსოვრდა: ჯო ზავინული კრივის დარბაზში თავის ინსტრუქტორთან ერთად ვარჯიშის დროს. სამოცდაათს გადაცილებული მკვიდრად ჩამოსხმული კაცი, რომელიც მარჯვედ იქნევს ხელებს და სულ მოძრაობაშია. მახსენდება, რომ მაილზი და ზავინული ერთად ყოფნისას მხოლოდ კრივზე ლაპარაკობდნენ. ზავინული სიამაყით აცხადებდა ხოლმე, მე ვასწავლე მაილზს რაღაც განსაკუთრებული ჰუკიო. კიდევ ბევრი რამ ასწავლა, მუსიკაშიც. ზავინული, ალბათ, ერთადერთი მუსიკოსი იყო ვისაც მაილზის შიში არ ქონდა. ისიც, მაილზივით ქუჩაში იყო გაზრდილი. მაილზი სენთ-ლუისის, ზავინული კი ვენის ქუჩებში. მას უყვარდა და პატივს სცემდა მაილზს, მაგრამ კარგად ჰქონდა გაცნობიერებული ისიც, რომ ქარიზმატული მესაყვირეს გავლენის ქვეშ მოქცევა, საკუთარი ნიჭის გაღრმავებაში შეუშლიდა ხელს. ისიც ყოფნიდა, რომ ახალგაზრდობაში ვიღაც-ვიღაცეების გავლენით აკეთებდა მუსიკას. ერთ მშვენიერ დღეს კი, თავისი ძალების ირწმუნა და სულ რამდენიმე ხანში დიუქ ელინგთონიც კი აატირა, როდესაც მისსივე Come Sunday შეუსრულა როიალზე მაესტროს. სამოციან და სამოცდაათიან წლებში მაილზი გამუდმებით იყენებდა ზავინულის კომპოზიციებს თავის ალბომებში. ის კი არა და, ჯონ ქოლთრეინი ურეკავდა ხოლმე წამდაუწუმ და მისთვის საქსოფონზე სავარჯიშოების დაწერას თხოვდა. სიცოცხლის ბოლოს ხატვით გატაცებული მაილზ დევისი ზავინულის ალბომების უსმენდა და ისე ადებდა ფერებს ტილოზე. MEZZO-ზე კიდევ ისიც უჩვენეს, სულ რამდენიმე ხნის წინ ზავინული და WDR-ის ბიგ ბენდი სპეციალურად ამ ბენდისთვის არანჟირებულ Weather Report-ის კომპოზიციებს რომ ასრულებენ. და კიდევ ერთი ფოტო: ზავინული და ჯეიქო ფასთორიუსი, უდიდესი ბასისტი, ვისთან ერთადაც ზავინულმა ყირაზე დააყენა მუსიკალური სამყარო სამოცდაათიანების შუა წლებიდან. „მე ჯეიქო ფასთორიუსი ვარ და მსოფლიოში ყველაზე მაგრა ვუკრავ ბასზე“ - მიახალა ფასთორიუსმა ზავინულს პირველი შეხვედრისას. „გაიარე!“ - უპასუხა ავსტრიელმა. როდესაც მოგვიანებით ეს ორნი სცენაზე დადგნენ უეინ შორთერთან და Weather Report-ის დანარჩენ მუსიკოსებთან ერთად, ადამიანებმა სხვანაირად დაიწყეს მუსიკის მოსმენა.

„ჯაზი მოკვდა“ - ყოვლად უტიფრად განაცხადა ზავინულმა თბილისში გამართულ პირველ პრეს-კონფერენციაზე. მეც იქ ვიყავი. „ნეტავ რას ბოდიალობს ეს ბებერი?“ - გავიფიქრე ჩემთვის. - „ვინ დაავალა ჯაზის სიკვდილის შესახებ განცხადების გაკეთება? არ იცის, რომ ბრითნი სფირსის და „მაკდონალდსის“ სამყაროში ჯაზს, როგორც რთულ და ძნელად აღსაქმელ მუსიკას, ისედაც ნაკლები და ნაკლები ხალხი უსმენს? რატომ ცდილობს იმ ტოტის მოჭრას, რომელზეც ზის? მაშინ რატომ დაარქვა თავის ახლად გახსნილ კლუბს ვენაში ნიუ-იორკის ორმოცდამეორე ქუჩაზე ორმოციან წლებში არსებული ლეგენდარული ჯაზ-კლუბის (Birdland) სახელი?“ რასაც ვშიშობდი, ის მოხდა. ქართველმა ჟურნალისტებმა სწორედ მისი ეს ფრაზა აიტაცეს და იმავე საღამოს საქართველოს ყველა ტელეარხმა უკვე სახალხოდ გამოაცხადა ჯაზის უდროოდ გარდაცვალების შესახებ. ჩემი ინტერვიუ პრეს-კონფერენციის შემდეგ იყო დანიშნული. მინდოდა მეკითხა რა იგულისხმა ამ განცხადებაში, მაგრამ გადავიფიქრე. დღეს ჟურნალისტები ისე ხშირად სვამენ ამ კითხვას, რომ მუსიკოსებს ყელში აქვთ ამოსული ჯაზის `სიკვდილზე“ საუბარი. ვიფიქრე, თუ თვითონ წამოჭრის ამ საკითხს, მაშინ ვკითხავ-მეთქი. არც უფიქრია, თუმცა ინტერვიუს მსვლელობის დროს არაერთხელ უკბინა მწარედ თავის ჯაზმენ კოლეგებს იმის გამო, რომ ისინი ისევ იმ მუსიკას უკრავდნენ, რასაც ადრე. მოკლედ, ისე ვისაუბრეთ, ამ თემას არ შევხებივართ. მერე კი კონცერტზე წავედი. ეს ჩემი რიგით მეორე ზავინულის კონცერტი იყო. ეხლა უკვე ვიცი, რასაც გულისხმობდა ფრაზაში: „ჯაზი მოკვდა“.

0x01 graphic

ფოტო: დავით მესხი

დარწმუნებული არა ვარ, რომ იმ საღამოს ზავინულმა თავისი საუკეთესო „ლაივი“ დაუკრა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, მაგრამ ერთ რამეს კი ნამდვილად მივხვდი. ამ ადამიანს მართლაც არაფრის ეშინოდა. არ ეშინოდა იმის, რომ სამოცდაცამეტი წლის იყო, არ ეშინოდა თავისი წარსული მიღწევების, თავისი რეპუტაციის, თავისი მუსიკის. ეს არ იყო საკუთარი მუსიკით მოხიბლული ადამიანის მიერ დაკრული მუსიკა. ეს უფრო თვითმფრინავიდან პარაშუტის გარეშე გადმოხტომას გავდა. იმ საღამოს ყოველი მისი ნოტი სასიკვდილო ისარივით იყო ჯაზის გულში. უფრო სწორედ, იმ იდიომის გულში, ვის სადარაჯოზეც უკვე ასეთი უმწეო სიტყვა - „ჯაზი“ იდგა ამდენი ხნის განმავლობაში. მან იცოდა, რომ მხოლოდ ის და მისნაირები ახერხებენ ერთი სიტყვის მეშვეობით ადამიანების ტვინებში აღმართული ბარიერების ნგრევას. მან იცოდა, რომ ჯაზის სიკვდილით მთელი სამყარო ჯაზი ხდებოდა იმიტომ, რომ იმ საღამოს ვერდიქტი არა სიტყვის, არამედ მუსიკის სასარგებლოდ გამოიტანა. უამრავ პირში გამოვლილი სიტყვა უკვე ვეღარ ერეოდა იმ მუსიკის ენერგეტიკულ მუხტს, რასაც ის და მისი ბენდი უკრავდა. „მოკალი ბუდა“ - ამბობდნენ გასხივოსნებული პრინცის მიღწევებით დათრგუნული ბუდისტი ბერები. „მოკალი ჯაზი“ - უკრავდა იმ საღამოს ჯაზის მიღწევებით და სიცოცხლისუნარიანობით შეშინებული ზავინული, მაგრამ მის შემთხვევაში, ეს იმ ადამიანის განაცხადი იყო, ვინც თავის დროზე თვითონვე შემატა ძალა იმ მუსიკას, რომელიც ყველასთვის ჯაზის სახელითაა ცნობილი. იმ საღამოს ზავინული საკუთარ თავს და მიღწევებს ებრძოდა.

„ვინ იცის, რა მოხდება შემდეგ. - თქვა მან გარდაცვალებამდე სულ რაღაც ექვსი თვის წინ ერთ-ერთ ინტერვიუში, - სამოცდათხუთმეტი წლის რომ ხარ ცხოვრების დიდი ნაწილი უკვე გავლილი გაქვს. ამიტომაც რეალისტი უნდა იყო. ასე რომ, რაც არ უნდა მოხდეს, რაც არ უნდა ჰქონდეს ჩაფიქრებული მაღალ ღმერთს, მე აქ ვარ და ველოდები“. სიკვდილამდე შვიდი თვით ადრე ერთ-ერთმა იაპონურმა მოდების ჟურნალმა ჯო ზავინული თავისი ჟურნალის ბოლო ნომრის გარეკანზე მოათავსა სათაურით: Hey, Joe!

5.4 გასათხოვარი, გათხოვილი, გაუთხოვარი, განათხოვარი?

▲ზევით დაბრუნება


ვუძღვნი ნინო ლიკუჩოვას

ავტორი: ლელა გაფრინდაშვილი

0x01 graphic

რაც დრო გადის, უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ ადამიანი განვითარებისთვის იბადება. გონებით წვდომის დაუოკებელი წყურვილი მას ყველა დანარჩენი ცოცხალი არსებისგან გამოარჩევს. შემმეცნებელთაგან ზოგი არასოდეს კმაყოფილდება მიღწეულით, - კრიტიკული და სკეპტიკურია, ზოგი კი - თვლის, რომ თავად არის სრულყოფილება და სად მოვა ვინმე მასთან?! ცოდნას რაღაც მომენტამდე აგროვებს, საგულდაგულოდ ინახავს (თანაც, მხოლოდ თავისიანებისთვის!), შემდეგ კი, მზეს ეუბნება - „შენ ჩადი და მე ამოვალო!“.

პირველები არა მხოლოდ გონებით იმეცნებენ, არამედ - გრძნობებითაც. არა მარტო საკუთარი, მშობლიური, ნათესავური და სასიამოვნო აინტერესებთ, არამედ უცხო, სხვა, განსხვავებული და მათთვის მიუღებელიც. ასეთებს „საკუთარის“ სიყვარულისთვის სხვების სიძულვილი არ სჭირდებათ - შეიძლება ვინმეს პრინციპულად არ ეთანხმებოდნენ ან უპირისპირდებოდნენ კიდეც, მაგრამ „მე შენზე უკეთესი ვარო“ - არასოდეს იტყვიან, ყოველთვის შეუძლიათ სხვების არა მხოლოდ გაგება, არამედ თანაგრძნობა-თანაგანცდაც.

მეორენი ან საერთოდ არ იმეცნებენ (რაში სჭირდებათ რაიმე ახლის გაგება, თუ თავი იმთავითვე სრულქმნილი ჰგონიათ?!) ან მხოლოდ ის აინტერესებთ, რაც მათ ერთადერთობას და განუმეორებლობას ადასტურებს, რაც სხვებზე უპირატესობას აგრძნობინებს.

რაღა ბევრი გავაგრძელო და გრძნობა-გონებით მოაზროვნეს ეთნიკურთან ერთად სამოქალაქო იდენტობაც აქვს, რითაც სამართლიანობისა და თანასწორობის იდეის ერთგულია და ტოლერანტულია, ხოლო „დამგროვებლები“ კოსტუმირებული ქსენოფობები არიან. საშინლად აფრთხობთ და სძულთ ყველაფერი, რაც მათ მიერ „დატყვევებული“ ცოდნისგან განსხვავებულია. ამ გუნდის წარმომადგენელი არასოდეს იკითხავს „რა მემართება, რატომ მძულს?“ თვითონ კი გაფაციცებულია და თუ მისი ბრჭყალებისაგან არაქართველს იცავ, აუცილებლად გამოიძიებს - შენს პროტეჟესთან რამე ნათესაური ხომ არ გაკავშირებს. ასეთი მოკამათეები იმ ბოლშევიკს მახსენებენ, არგუმენტი რომ გამოელია და მოკამათეს უთხრა: აბა, შენი პასპორტი მაჩვენეო.

კონკურსის „მის საქართველო - 2007“ გარშემო ატეხილმა ხმაურმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ჩვენი საზოგადოება მხოლოდ ფასადურად არის ტოლერანტული. როგორც წინა, ხილული მხრიდან შეღებილი შენობების მიღმა ხშირად სიღარიბე და სიბინძურე სუფევს, ისე - დეკლარირებული შემწყნარებლობის უკან შეიძლება აგრესიული ეთნოცენტრიზმი იმალებოდეს.

არაქართველი, მონატაცები, ნასამართლევი MISS-

„მონაწილე არ შეიძლება იყოს ქორწინებაში ან ფეხმძიმედ. იგი არასოდეს უნდა ყოფილიყო ქორწინებაში ან განქორწინებული და არც ნამშობიარევი. პრიზიორი კი ასევე ვალდებულია არ გათხოვდეს, სანამ იგი ამ ტიტულის მფლობელია“, - ასეთია მოთხოვნა, რომელსაც კონკურსანტი უნდა აკმაყოფილებდეს. პირადად ჩემთვის, ასეთი პირობა, უკვე საკმარისი იქნებოდა, რომ ამგვარ ღონისძიებაში მონაწილეობა აღარ მიმეღო. თუმცა, საქართევლოში ამ იდეას ბევრი გულშემატკივარი და ტრფიალი გამოუჩნდა და 1997 წლიდან კონკურსი ყოველწლიურად ტარდება.

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, კონკურსის მოთხოვნებს დაარღვევდა ის, ვინც სამოქალაქო ქორწინებაში იყო ან განქორწინდა. ასეთი აღმოჩნდა ვიცე-მისი, ნინო ლეკვეიშვილი, რომლის საქციელი არავის განუსჯია, რადგან პირველი მისის ისტორია უფრო გემრიელი ლუკმა აღმოჩნდა ჩასაფრებული ადამიანებისათვის. მათ გაარკვიეს, რომ ლიკუჩოვა მონატაცებია. არასრულწლოვანი გოგონას მშობლების წინააღმდეგობის მიუხედავად, რომელთაც პოლიციას მიმართეს, საქმროს მხარემ ნინოს ჯვარი მაინც დაწერა. მოგვიანებით პატარძალმა, მოძალადის გრძელვადიანი პატიმრობისგან გადასარჩენად, ყალბი ჩვენება მისცა, რის გამოც ორწლიანი პირობითი სასჯელი მიიღო.

ნინო ლეკვეიშვილის ისტორია არ გახმაურებულა და არც განხილულა, ხოლო ლიკუჩოვას ამბავი მედიის და საზოგადოების „საუკეთესო“ ნაწილმა ენაზე დაიხვია. მოკლედ, ყველაფერზე ილაპარაკეს - იმაზე, რომ თითქოს ის აფერისტია, ვაჟებს ჯერ მიჰყვება, შემდეგ კი მომიტაცაო - ამბობს და ფულს სძალავს, მის ნასამართლეობაზე, ეთინკურობაზე, ქალწულობაზე, მაგრამ აღელვებულთაგან ცოტამ თუ იკითხა, თუ ვინ, სად, როდის და რატომ დაარღვია კანონი? არც ის წამოსცდენია ვინმეს, რომ „მონატაცები“ და „ძალით ჯვარდაწერილი“ ქორწინების იურიდიული სტატუსი არ არის.

თბილისის ინტერნეტ ფორუმის ერთ-ერთ მონაწილეს კი ნინოს რუსულმა გვარმა (მისი ქართული სახელი აქტუალური არ გამხდარა!) საბჭოთადროინდელი აფიორაც გაახსენა:

„...იმაში, რაც სკანდალად აგორდა შეუძლებელი ან ახალი არაფერია. „ბაღნებს“ არ გეცოდინებათ, მაგრამ იყო სსრკ-ში ადგილები, სადაც ხელფასის ნომინალს ძალიან მაღალი კოეფიციენტი ჰქონდა მძიმე პირობების გამო, მაგალითად, უკიდურესი ჩრდილოეთი, ბამი და ა.შ.“

„მოსკოველმა და ლენინგრადელმა გოგოებმა ეს შემოსავლის წყაროდ გაიხადეს. კერძოდ კი, ჩადიოდნენ, იქ ქორწინდებოდნენ და დაორსულდებოდნენ თუ არა - ბრუნდებოდნენ სახლში. ბავშვს გააჩენდნენ და ქმარს მაშინვე გაეყრებოდნენ...

დაენიშნებოდა ბავშვს ალიმენტი - ქმრის ხელფასი 25%25, რაც 250 მანეთს აღწევდა. თვითონ რომ ემუშავათ 100-150 მანეთზე მეტი ხელფასის შანსიც არ ჰქონდათ. ასე კი, უმუშევრად სახლში მისდიოდათ 200-250 მანეთი. მერე სადმე დროის მოსაკლავად იქნებ დაეწყო კიდევაც მუშაობა, მაგრამ რაც მთავარია, შემოსავალი განრანტირებული ჰქონდა და შეღავათები, როგორც „მაც ადინოჩკას“. ისე რეკორდისტებიც იყვნენ, ვინც ამ მეთოდს რამოდენიმეჯერ იყენებდა... „(სტილი დაცულია) ხომ ხედავთ რუსი ქალების უზნეობას? ქართველები კი - პატრონს უმწიკლოები ბარდებოდნენ და მათგან მამაკაცის მოტყუება, აბა, ვის გაუგონია?! მე კი ბევრისგან მსმენია, რომ ამ კომკავშირულ მშენებლობებზე გამწესებული ჰომოსოვიეტიკუსი ვაჟები, საბჭოთა იდეოლოგიამირთმეულები, ქალის დანახვაზე გიჟდებოდნენ და ხშირად აუპატიურებდნენ მათ. მერე კი - ოღონდ თავიდან მოეშორებინათ და თავიანთ მამულში არ გამოჰყოლოდნენ - ყველაფერზე აწერდნენ ხელს.

ამ საყოველთაო აუტოდაფეს პროცესში საქარველოს პრესტიჟის გუშაგებიც აქტიურობდნენ.

- „ასარჩევი ნაღდად არ იყო, ვერც ჭკუა-გონებით ქაჩავს და გარეგნობაზე ხო საუბარიც არაა. (მაგაზე ბევრად ლამაზები იყვნენ იმ კონკურსზე). ხო, გვარიშვილობაზე არაფერს ვამბობ“.

- „მთავარი ის არაა, რომ ნასამართლევია და არც ის, რომ განათხოვარია. უბრალოდ სირცხვილია ვიღაც უბრალო, ნათრევი ქალის გაშვება..“

- „რა შუაშია ბოღმა? უბრალოდ რეალისტი ვარ და სულ არ მინდა ვიღაცა მახინჯი კრიმინალკა რუსი იყოს მის საქართველო...“ (სტილი დაცულია)

ვირტუალურ სივრცეში გრძნობებით შემმეცნებლებიც არიან, თავგამოდებით რომ იგერიებდნენ აგრესიულებს. მათგან ერთ-ერთმა ასეთი რამ დაწერა: „საქართველო მაგრად გავს სილაში თავით ჩაფლულ სირაქლემას. ვერა ხედავენო, ვერაო! საზოგადოებას შევახსენებ, რომ 1921 წლიდან საქართველოს მთვრობა არ ყოფილა მასში ნასამართლევი, გასამართლებული ან გასასამართლებელი პირი რომ არ ყოფილიყოს. რა ამ გოგოსი გაუკვირდათ, თუ მართლა ასეა?“

ამაზე უკეთესად შეუძლებელია ვუპასუხო იმათ, ვინც „მის საქართველო“ ვირზე შესვა და გამეტებით ესროდა ტალახის გუნდებს და ვისაც დღემდე ვერ გაურკვევია, რომ საქართველოში დაბადებული და მცხოვრები ყველა ადამიანი (გვარის, წარმომავლობის, რელიგიური მრწამსის მიუხედავად) საქართველოს მოქალაქეა და მას კანონი ისევე უნდა იცავდეს, როგორც ეთნიკურად ქართველს. ჩვენი ქვეყანა რომ სახელმწიფო იყოს, ნინო ლიკუჩოვა არაერთი ადამიანის და ინსტიტუციის წინააღმდეგ აღძრავდა საქმეს და მოიგებდა კიდეც სასამართლო პროცესს. მაგრამ ჩვენი საზოგადოება ჯერ კიდევ ადათწესობრივი სამართლით იმართება და იკვებება. მის წევრებს სახელმწიფო/სამოქალაქო სამართალი იშვიათად ახსენდებათ, რადგან საქართველოში კი დაიბადნენ, მაგრამ საქართველოს მოქალაქეებად ვერ იქცნენ.

ნანა და მინადორა

ვფიქრობ, პირველი მისის ისტორია არა მხოლოდ სამართლებრივი კუთხითაა საინტერესო, არამედ ჩვენი კულტურის სერიოზულ ნაკლოვანებებს წარმოაჩენს. ამიტომ და, რა თქმა უნდა, - ნინოს მხარდასაჭერად, ერთი ისტორია მინდა გიამბოთ, რომელიც „ქალწულ-მოტაცებულ-განათხოვარის“ ერთთვიანმა ბზრიალ-ტრიალმა გამახსენა.

ნანა ჩემზე შვიდი წლით უფროსი იყო. ქალაქში ხშირად მწერდა წერილებს და სოფელში წიგნების ჩატანას მთხოვდა. მეც დაუზოგავად ვამარაგებდი. მაგრამ სკოლა დაამთავრა თუ არა, ანუ როცა გასათხოვარი გახდა, მაშინვე ვიღაცამ მოიტაცა. მისი ოთხი ძმა და მამა სასწრაფოდ პოტენციურ მძახლებთან შესახვედრად გავარდნენ. დედა და უფროსი და კი - სახლში სხედან. მათთან ყოველ ღამე ქალები იკრიბებიან: გასათხოვარი და გათხოვილი ნათესავები; მარიამი - ჩემი უფროსი ბაბუდა, გაუთხოვარი, ღვთისმოსავი და სათნო; ჩემი უმცროსი ბაბუდა მინადორა - განათხოვარი და უშვილ-ძირო, რომელმაც მამისეულ სახლში მობრუნებისთანავე ერთი ძროხა „თვალო“ იშვილა და მასზე ზრუნვით გაიხანგრძლივა, როგორც თვითონ ამბობდა, „ღმერთისგან დავიწყებული სიცოცხლე“. მეც აქ ვარ. ამ ერთობაში, ჩემი ასაკის გამო, მხოლოდ დამკვირვებლის სტატუსი მაქვს. სანამ საუბარი მშვიდი და აუღელვებელია, ვზივარ მუხლებზე ხელებდაწყობილი, მწყაზარი გამომეტყველებით და მხოლოდ თვალებს ვამოძრავებ. ყურებიც დაცქვეტილი მაქვს - იქნებ რაიმე თვითონ გავარკვიო, თორემ ჩემი დარდი არავის აქვს. ხოლო თუ ვინმე ხმას აუწევს, ვიწყებ ჩემი კოპლებიანი კაბის ქაჩვას მუხლებიდან ტერფებისაკენ ისე ძლიერად, რომ არშიები ნაკუწებად იქცევა და შემდეგი მღელვარე მომენტისთვის აღარაფერი მაქვს დასაქაჩ-დასაქუცმაცებელი.

შუაღამეა. ქალებს ზეზეულად დაეძინათ. მე თავი მინადორას კალთაში მიდევს და მისი თავსაფრის ფოჩებს ვწნავ. უეცრად ძაღლებმა განწირული ყეფა ატეხეს. ყველა გამოფხიზლდა და დაბრუნებულ „ემისრებს“ მიეგება. იმედგაცრუების და უკმაყოფილების მათ არაფერი ეტყობათ. გაირკვა, რომ ამ „ვაჟკაცებმა“ ნანა მოძალადის ოჯახში დატოვეს, რადგან „ყველაფერი უკვე მომხდარიყო“. პირველი მინადორა წამოვარდა, ნანას მამას ჯოხი მოუღერა და უთხრა: „დაწყევლოს მამა ზეციერმა, იმ ტურას როგორ დაუტოვე შვილი?!“ ამის გამგონე გასათხოვრებმა და გათხოვილებმა ერთხმად, ბატებივით კისერწაგრძელებულებმა, შესძახეს: „გაჩუმდი, გაჩუმდი, წადი სახლში! აბა, შენსავით განათხოვარი და მარიამივით გაუთხოვარი უნდა იყოს?!“ შეურაცხყოფილმა მარიამმა ლეჩაქი გაისწორა, ხელი ჩაიქნია და ჩემდა გასაკვირად - კარი გაიჯახუნა.

ის ღამე მინადორამ კარგა ხანს ვერ დაიძინა, ოხრავდა და ტიროდა. დილით ადრე თვალო დააპურა, მე რძე დამალევინა და ყანაში გავარდა. ბაბუაჩემს წვრილად მოვუყევი მთელი ამბავი და ისიც, როგორ აწყენინეს მის დებს ქალებმა, რაზეც რამინმა მითხრა : „ასეა, - გასათხოვრებსა და გათხოვილებს არ უყვართ გაუთხოვრები და განათხოვრები!“

ორი კვირის თავზე ნანას სახლში სუფრა გაშალეს და მეფედედოფალს ელოდებიან. მთელი სოფელი ჩართულია სამზადისში. საღამოს გამოჩნდნენ სტუმრები. ჭიშკარი ფართოდ გამოხსნეს და მაყარიც დაიძრა.

უეცრად დამხვდურთა გუნდს პატარა ქალი გამოეყო და ნანასკენ გაიქცა, სახეზე ხელები დაუსვა და გადაკოცნა, ხოლო სიძეს - რაც ძალი და ღონე ჰქონდა გაულაწუნა და შეაფურთხა კიდეც. ატყდა ჩოჩქოლი, დავიდარაბა. ისევ ქალებმა იმარჯვეს და მოხუცი ეზოდან გამოიყვანეს. მეც იქ ვიდექი და თვალები დავქაჩე, როცა მინადორამ ხელი ჩამავლო და სახლისკენ გამაქანა. როგორ ვერ ვიცანი ჩემი განათხოვარი, სამართლიანი და გაბედული ბაბუდა?! გახარებულებს პირი უნებურად გვეხსნებოდა, ტუჩებს თავს ვერ ვუყრიდით და გული გამალებით გვიცემდა, - სწორედ ისე, როგორც გამარჯვებულებს!

იმ ზაფხულს, ქალაქში მომავალს, ნანა კი შემხვდა, მაგრამ წიგნები აღარ დაუბარებია!

6 წერილი ლონდონიდან

▲ზევით დაბრუნება


6.1 ჩანაწერები ლონდონის შესახებ

▲ზევით დაბრუნება


ავტორი: აკა მორჩილაძე
ფოტო: ბესო უზნაძე

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

მგონი, სწორედ რომ ათი წლის წინათ ვიყავი პირველად ლონდონში.

ფეხბურთი იყო: ინგლისი-საქართველო და მივლინებაში მოვყევი.

ბავშვობიდან მინდოდა იქ წასვლა და იმასაც კი ვფიქრობდი, დავრჩები-მეთქი, მაგრამ თამაშზე რომ მივდიოდი, დარჩენაზე უკვე აღარ ვფიქრობდი. მაშინ რომ დავრჩენილიყავი, ახლა ბრიტანული პასპორტი გვექნებოდა მეც და, ალბათ, ჩემი ოჯახის წევრებსაც, მაგრამ, ეს რაღა სალაპარაკოა? ისე გამახსენდა, შემთხვევით. იმ დღეს მე და ერთი ძველი მეგობარი ვლაპარაკობდით, რომელმაც ასევე ვერ მოახერხა ისე ცხოვრება, რომ იქ სამუდამოდ დარჩენილიყო. კაი რამე თქვა: ჩვენო, ვინც ადრე მივდიოდითო, ისე ვიყავით, რომ იქაურობის ყურებაც გვყოფნიდა, ნაოცნებარის შეგრძნებაო, ახლა სულ სხვა მიზეზით მიდიანო.

თუმცა, ეგეც აღარ არის სალაპარაკო. როდინდელი ამბავია.

რომ მივდიოდი ერთი ზურგჩანთა მქონდა, სულ პატარა, მამაჩემმა ჩამოიტანა ჰოლანდიიდან და რახან ბარგსა და ბაგაჟს ისედაც ვერ ვიტან, ეს ზურგჩანთა მყოფნიდა, სანამ თავის ბარგიანად დამეკარგებოდა სულ სხვაგან. იმ ზურგჩანთაში იდო პასკა, რომელიც დანიშნულებისამებრ უნდა მიმეტანა და მგონი ყველიც, სავარაუდოდ, სულგუნი. მეტი არც არაფერი, ორი მაისური და ნუუუ... გასაგებია.

პირველივე მებაჟემ გამაჩერა.

საკვირველია, რომ იმის შემდეგ, ჰითროუში აღარასოდეს გავუჩერებივარ ვინმეს: არც კი შემოუხედავთ. ვიცი, რატომაც, მაგრამ ახლა ამის მოყოლა არ ღირს.

გამაჩერა და დიდხანს, დიდი დაკვირვებით უმზერდა პასკას. მე კი ვუთხარ: ორთოდოქს ისთა ქეიქი-მეთქი. მართლამდიდებლური სააღდგომო ნამცხვარია-მეთქი. მარტო არ ვიყავი, მე და ილო ბაბუნაშვილი ჩავფრინდით ერთად და ორივენი გაგვაჩერა იმ მებაჟემ, მგონი, ის არ მოეწონა, რომ თამაშზე მივდიოდით: ჯერ ფრთხილად გვკითხა, ინგლისური გაზეთიდან ხომ არ ხართო და უარი რომ მიიღო, ჩანთებს მიადგა.

მე ის შეღავათი მქონდა, რომ სასტუმრო არ მჭირდებოდა, ჩემები უკვე იქ ცხოვრობდნენ და მათთან უნდა გავჩერებულიყავი: ერთი ბეწო ბინა ჰქონდათ შეფერდს ბუშ გრინის ჩაყოლებაზე.

ტერმინალიდან პირდაპირ მეტროში აღმოვჩნდით: პირველი ადამიანი, ვინც იმ მეტროს ვაგონში დამამახსოვრდა, მობილურზე იტალიურად მოლაპარაკე ბაკებიანი და ტყავისკურტკიანი ჯეილი იყო, მეორე: მწვანედ თმაშეღებილი პანკი, რომელიც ვაგონში შემოხტა და კივილითა და ხტომა-ხტომით გაირბინა ბოლომდე, მერე კი მატარებლის დაძვრამდე მოასწრო გასვლა.

პირველი ლონდონი, რომელიც დავინახე, ჰამერსმიტის გადასასვლელი სადგური იყო: გადაჯდომა მჭირდებოდა, ოღონდ ისე, რომ მიწის ზევით ამოვსულიყავი, ქუჩა გადამეკვეთა და სხვა სადგურზე ჩავსულიყავი. აი, ეგრე ამოვედი და დავინახე უამრავი ხალხი წითელი შუქნიშნების ქვეშ. ამდენი გარინდული ხალხი, მზიანი დღე, კაი ტკბილი სახლები და ფართო ქუჩა, უზარმაზარი.

უცებ აინთო მწვანე და ეს ხალხი დაიძრა აქედან და იქიდან. ის მწვანე გამიცდა: ამათ მისვლა-მოსვლას ვუყურებდი.

მერე შეფერდს ბუშ გრინზე ვნახე ადამიანები, როგორებიც არასდროს მენახა: ბობ მარლისნაირი კაცები, რომლებიც, თურმე, პლანს ყიდდნენ, ლიმნისფერკოსტუმიანი თეთრთმიანი შავკანიანი გოგო, რომელსაც ტუჩში რგოლი ქონდა გაყრილი, საფოსტო ოფისის პატრონი უსიმპატიურესი ცოლ-ქმარი, პაბის წინ კათხებით მდგომი ნაკოლკებიანი ბიძები, ბედ-ენდ-ბრექფასტის სასტუმროების მთელი ქუჩა, პირდაპირ ქუჩაზე დაწყობილი ანანსებით და პაპაიათი სავსე ყუთებით, ჰოლანდიელი ყასბები სისხლით მოუთხვრელ თეთრ ხალათებში და მანქანები, რომლებიც ერთმანეთს გზას უთმობენ და მძღოლები, რომლებიც ხელის აწევით იხდიან მადლობას და კიდევ, ვიგრძენი ინდური რესტორნიდან გამოვარდნილი სურნელი. ამის მიუხედავად, მაშინ ტურისტივით ვიყავი. ახლა რომ ჩავდივარ, ნამდვილად აღარ ვარ ტურისტივით.

ლონდონი ისეთი ქალაქია, რომ ყველა ჯერზე რაღაც ახალი გხვდება. მაგალითად, ტაქსიტმა შეიძლება გითხრას, რომ მისი კარის მეზობელი ქართველია, შენი მეზობელი კი მალაელი თავადი გამოდგეს. ეს სრულიად ჩვეულებრივი რამაა. თან ლონდონი ისეთი ქალაქია, რომ სიახლეს გრძნობ, მაგრამ, იმის შეგრძნებაც არ ქრება, რომ ყველაფერი ისეა, როგორც იყო. უცხოელი აქ უცხოელია, მაგრამ, მთლად უცხოელიც არ არის.

წლევანდელი ლონდონის თვალში საცემობა ჩემთვის პოლონელების სიჭარბეა. პოლონელებმა ბრიტანეთში მუშაობის უფლება მიიღეს. პოლონეთი ევროკავშირშია. ლონდონისითვის არავინ უცხო არ არის, არცერთი ერის კაცი. მითუმეტეს, არც პოლონელი. ლონდონის უკიდურეს დასავლეთში, არის ერთი წყნარი გარეუბანი ილინგი, თავისი ბროდვეით და ავენიუთი. აქ პოლონელები ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის დროიდან ცხოვრობდნენ, გერმანიასა და საბჭოთა კავშირს გამორიდებულები, აქ პოლონური მაღაზიები ჯერ კიდევ მაშინ იყო, როცა ევროკავშირი არ არსებობდა, პოლონელი გენერლის ძეგლი, პოლონური კულტურის ცენტრი და ასეთი რამეები ჩვეულებრვი ამბავია ამ ქალაქში, მაგრამ, ასე თვალში საცემი მატება მოულოდნელიც კია უცებ. ქუჩაზე ვერ გავლი, რომ პოლონელი არ დალანდო. რა თქმა უნდა, ახალგაზრდა, რა თქმა უნდა, ბედისმაძიებელი. ოჯახები, მარტოხელები, სტუდენტები, ძიძები, კომივოაჟორები. არ ვიცი. როცა პოლონეთს ევროკავშირში იღებდნენ, მგონი, საფრანგეთში გაჩნდა ტერმინი ფოლიშ ფლამბერი, პოლონელი სანტექნიკოსი, რომელიც მოვა და ადგილობრივს სამუშაოს წაართმევს.

0x01 graphic

ახლა ფოლიშ ფლამბერი ლონდონშია და თავდაუზოგავად შრომობს. შეგშურდება ისე. მე კიდევ ბილდერები მომწონან. ბილდერები ის ხალხია, ჩვენთან რომ ხელოსნებს ეძახიან. ძნელად იპოვი ქუჩას, რომ რომელიმე სახლს ხარაჩო არ ჰქონდეს მიდგმული და ზედ ბილდერი არ ირწეოდეს ღიღინით. რემონტი, ამბავი, რამე, რუმე, ბილდერის და ფლამბერის საქმეა. ეს ლონდონის ძველი მუშათა კლასის ნამდვილი გაგრძელებაა, ისევე, როგორც მტვირთავები, მეშუშეები, ლუდის მოყვარული ბიჭები. ბიჭები რა, კაცები არიან, ოღონდ ბიჭებს რომ ეძახიან, ისეთი კაცები. სვირინგებით, ჯინსის კომბინიზონებით, დიდი ბატინკებით, მოსწრებული კოკნი სიტყვა-პასუხით... ჰოდა, ამ ბოლო დროს ესენი ძალიან შეავიწროვეს პოლონელმა ბილდერ-ფლამბერებმა, რომლებიც მეტს და უფრო იაფად მუშაობენ. როგორც იტყვიან: ცხრიდან ცხრამდე. ლონდონელი ბილდერი კი ნაშუადღევს შეწყვეტს საქმეს. პოლონელებს უკვე ყველგან აქვთ სამშენებლო ფირმები, დაჰქრიან ფურგონებით, შრომობენ, შრომობენ.

რატომ არ უნდა მისცე ასეთ ხალხს მუშაობის უფლება? ილინგში პოლონელი აღარასდროს დაილევა, თუ მოემატება თორემ...

თქვენ ყიდულობთ ხილს სუპერმარკეტში? მე თუ მკითხავდით, გირჩევდით, რომ ხილი თურქულ და ბერძნულ მაღაზიებში შეგეძინათ. არა მხოლოდ იმიტომ, რომ უფრო იაფია, არამედ იმიტომ, რომ უფრო ნამდვილია. ჰოდა, აი, შეხვალ ვთქვათ, კარგ თურქულ მაღაზიაში და პურის თაროზე ხედავ პოლონურ პურებს. ლონდონში თურქულ მაღაზიაში პოლონური პური იყიდება და ამას ქართველი ყიდულობს.

მეტი რაღა გინდა ამ ქალაქის?

ლონდონის ერთა ისტორია ისეთ გემოებს და მოულოდნელობებს შეიცავს, ისეთი მორგებული საინტერესოა, რომ მთელი ამ ამბის აღწერა შეუძლებელია.

შინაურულად რომ მოგახსენოთ, ისტ ენდი მიყვარს და იქით კაი მგზავრობა გიწევს კაცს. საათი, მეტი... იქით ჩემი ამხანგები ცხოვრობენ და პატარა რესტორანი აქვთ, მათთან მისვლა სხვა სადგურიდანაც შეიძლება, მაგრამ მე ბეთნალ გრინზე ამოვდივარ ხოლმე. იქიდან გრძელი და სწორი გზაა და მერე ჩასახვევი, უკაცრიელი, ქარხნის მილით დამშვენებული წყლისპირი. იქ რომ ჩავივლი ხოლმე, მგონია, რომ ქართლის რომელიღაც სოფლის ბოლოში ჩავუხვიე, გაუქმებულ ფერმასთან. მაგრამ ასი ნაბიჯი და, მარჯვნივ თუ გაიხედავ, უკვე ბროდვეი მარკეტი იწყება. ბროდვეი მარკეტი კი, საუცხოო ქუჩაა, სადაც ლონდონის ერთ-ერთი საუკეთესო პაბი, დოუვი მდებარეობს. ისტი ეძახე, აქეთ ისეთი გემრიელი და თბილი ადგილებია. დაბლა ჰო ჰაკნი მარშებია, მინდვრები, კორპუსები, უბედურება, რა ვიცი, კრიმინალიო, სიღარიბეო და რას აღარ ამბობენ ხოლმე. მე დიდად არ შემიმჩნევია, თუმცა, ღამით ღრიალები კი გამიგონია. ახლა იქ ოლიმპიადისთვის ემზადებიან. მთელი ლონდონის ოლიმპაიდა ისტ ენდზე გადაივლის და როგორც ამბობენ, იქ დილერები მთელს ქუჩებს ყიდულობენ: ოლიმპიადას ახალი სახლები და დარბაზები სჭირდება. ერთიც ვნახოთ, როგორი იქნება ჰაკნი მარშები ოლიმპიადის შემდეგ. სიძველეთა ბაზრობები ნახმარი ტანსაცმლის კილომეტრები და ასეთი რამეები, ალბათ, კვლავაც არსად წავა. ეს ის ადგილებია, სადაც ოდესღაც მშიგნავი ჯეკი დაბოდიალობდა, სპიტელფილდ მარკეტი, შორიახლო სახელგატეხილი ბარებით, მთელი ამბებით... იქ ბევრი ბანგლადეშელი შეგხვდებათ, ქუჩაშიც და ბაზრობებზეც. იმათ სულ არ იციან ინგლისური. ტანდაბალი ხალხია, რაღაცა თავისი ამბავი აქვთ. ისთ ენდი ყოველთვის ინტერნაციონალური იყო: ადრე ბევრი ებრაელი სახლდებოდა, მერე სხვებიც. ქალაქიც ესაა, მე თუ მკითხავთ... ყველაფერი უნდა მიიღოს, გადახარშოს და მოირგოს: მდიდარიც, ღარიბიც....

0x01 graphic

0x01 graphic

გამოაღწევ სპიტელფილდიდან, გაიხედავ მარჯვნივ და, აჰა, სიტი. თავზე სიტი წამოდგომია აქაურობას. სიტი ხომ მოგეხსენებათ: სიტიდან მსოფლიო იმართებაო, ამბობენ.

ამისა მე არაფერი ვიცი, რა და როგორ იმართება და ის ჭკვიანი ხალხი ვინ არის. მე ვიცი, რომ სიტიში გავლაც მიყვარს. ეს ამხელა სახლები წამოგფარებია და რაღაცნაირი სიმშვიდეა. ქუჩებში ხალხი ძალიან ცოტაა, იმდენად ცოტა, რომ სიჩუმეა. ეგრე უნდა იყოს, იქ ვის სცალია ქუჩაში სასიარულოდ? სიტია და მორჩა. ამ სიმშვიდის გამო დააფასებ, თუმცა პირადად ჩემთვის, ხალხი კი ცოტაა ქუჩაში, მაგრამ ჰალსტუხი მაინც ბევრია. სიტია. რას უზამ? ჰალსტუხი, ბრტყელი ოქროს ბეჭედი, კაი კოსტუმი, საბანკო ავტომატები ყოველ ფეხის ნაბიჯზე... თუმცა, ვერ გაიგებ, საბანკო ავტომატი უფრო მეტია, თუ თვითონ ბანკი. კაი სალანჩე ადგილებია სიტიში, ფული თუ გაქვს, რა თქმა უნდა. სიტისიც ერთი უცნაური ამბავი ვნახე, ბანკში ვიყავი და შეხვედრა მქონდა ერთ კაცთან, რომელსაც არ ვიცნობდი. ძალიან იტალიური სახელი და გვარი ჰქონდა, ვთქვათ, მარიო გალანტე. მოვიდა კაცი და გამოდგა ან ინდოელი, ან პაკისტანელი. არც მახსოვს, რა ილაპარაკა, სულ იმას ვფიქრობდი, ეს კაცი მარიო გალანტე როგორ შეიძლება იყოს-მეთქი. ეტყობა დასჭირდა და გახდა. რა ვიცი. ასეთი რამეებიც ხდება, თუმცა, წარმოუდგენელია, რომ ლონდონში კარიერისთვის მარიო გალანტე დაირქვა. იმიტომ რომ აქ, ვთქვათ, თიბალ სინგჰი არანაკლებ შინაურია, ვიდრე მარიო გალანტე. ლონდონის ყველაზე მეტკლიენტიანი კერძო ექიმი ინდოელია, ტელევიზორში თვალს მოჰკრავ კაცს, რომელსაც ლორდი აჰმედ როტერჰემელი ჰქვია და ასე დაუსრულებლად. მილიონერთა სიებშიც სრული ინტერნაციონალია და საერთოდ, ძალიან დიდი ხანია, რაც აქ მთელი მსოფლიო ტრიალებს და შინაურულად ცხოვრობს. სიტყვა ტოლერანტულობა, ლონდონში მნიშვნელობა დაკარგულია. ეს ტოლერანტულობაც აღარ არის.

0x01 graphic

მხოლოდ ტერაქტებმა გამოაცოცხლა ფიქრი, რომ ლონდონის მეჩეთებში ზოგჯერ არცთუ მხოლოდ სიყვარულზე ლაპარაკობდნენ. და დისკუსია იმის თაობაზე, უნდა ეკეთოს თუ არა ადამიანს რელიგიური ნიშნები? ერთი თავსაფრიანი გოგო სამსახურში არ მიიღეს და მან თითქოს იგრძნო, რომ დამნაშავე მისი თავსაფრიანობა იყო. ერთ სტიუარდესას უფროსმა უთხრა, ჯვარი ან მოიხსენი, ან დამალეო. ოჰ, დიდი დისკუსიები იყო. რა ვქნათ, რომ ერთმანეთი არ გავაღიზიანოთ?

ერთმა იქაურმა მეგობარმა მიამბო ლიცეუმის მოწაფეთა საერთოევროპული გამოკითხვის შესახებ. მოზარდებს სთხოვდნენ, რომ დაესახელებინათ მათი ქვეყნის ხუთი უმთავრესი პრობლემა. ყველა გამოკითხვაში პირველ ადგილზე იმიგრაცია იყო: არადასავლეთ-ევროპელების მოზღვავება მათ ქვეყნებში. ბრიტანულ გამოკითხვებში ეს პრობლემა ხუთეულშიც კი ვერ მოხვდა. არადა, ლონდონის შემხედვარე, იფიქრებ, როგორ იტევს, რამდენს იტევს, როგორ ხარშავს... მარტო ჩემისთანა იქ მოყიალე რამდენია, ისეთ ადამიანზე რომ არაფერი თქვა, ვინც თავისი ბედის გამოჭედვა ამ ქალაქში გადაწყვიტა?

- ჩვენ სწორედ ამით ვამაყობთ, - მითხრა იმ მეგობარმა - იმით, რომ ეს საკითხი ხუთეულშიც კი ვერ მოხვდა.

ლონდონი კი, თან იცვლება და თან არა.

0x01 graphic

ინდოელი და პაკისტანელი აქ უცხოელად საერთოდ არ ჩაითვლება. განსხვავება მათ შორის უზარმაზარია, მაგრამ ლონდონიც ამისია, რომ განსხვავებებს ყურადღებას არ აქცევს, ის, უბრალოდ, ისრუტავს მთელს მსოფლიოს. მგონი, ისევ უნდა გავიმეორო, ამდენის დამტევი, შემთვისებელი და გამცემი ქალაქი ძნელი საპოვნელია. აბა, საუსჰოლში თუ მიხვდებით, რომ ლონდონში ხართ? მგონი, მაინც მიხვდებით. საუსჰოლი ლონდონის ინდოეთია, ისევე, როგორც ნოტინგ ჰილის კარნავალია ლონდონის ვესტ ინდოეთი. საუსჰოლი ნამდვილი ინდოეთია: ბოლივუდის ფილმებით, ინდური სურნელოვანი სახრჩოლებლებით, ქარის სანელებლებით და რა თქმა უნდა, ხალხით. არ ვიცი ბომბეი როგორია, მაგრამ საუსჰოლში რომ მოხვდები, აშკარაა, რომ ინდოეთში ხარ. ეს შესაძლოა მოულოდნელია პირველი ვიზიტისას, მაგრამ ეს იმდენად ბუნებრივი ლონდონია, რომ გასაკვირი არაფერია. ევროპაში ყველაზე დიდი მეჩეთი, მგონი, ლონდონის მეჩეთია, ხოლო შავკანიანათა გაზეთი „ფიფლი“ მგონი, ასევე ერთადერთია ევროპაში. ამდენ „მგონის“ იმიტომ ვამბობ, რომ ასეთი რამეები არ მიკვლევია, უბრალოდ, მინახავს და ისევ მგონი, ინგლისი საერთოდ არაა ევროპა, ხოლო ლონდონი კი სულ ცოტათია ინგლისი.

იცით, რა არის ბოლივუდ ფართი? მოდით, ამ საღამოს ინდურად ჩავიცვათ, ინდურად ვჭამოთ და დავლიოთ და აინდრადვე ვიცეკვოთ. სარი და ლონდონელი ქალები. სარის ჩაცმას მორგება, ცოდნა უნდა, სწავლა: ცეკვას მონდომება... იცით, რატომაა ლონდონი ასეთი ღია და ყველაფრის დამტევი? იმიტომ, რომ აინტერესებს, უფიქრდება და არ გაურბის.

ბროდვეი მარკეტზე კი, სრულიად მოულოდნელ ადამიანებს ნახავ, ვთქვათ, ფოტოგრაფ ქალს, რომელიც წუხელ დაბრუნდა ავღანეთიდან, ანდა მუშათა პარტიის ადგილობრივ ლიდერს, არტურ შუტერს, რომელიც კაპიტალისტებს ებრძვის. ასევე, ქუჩის მაყურებელ ბიჭებს, რომლებსაც ძალიან უცნაური მაფია აქვთ და კანონში ნაპოვნი ხვრელების ანდა სირბილის წყალობით, ათას რამეს ჩალიჩობენ. იცი, როგორ არი? ვთქვათ ლტოლვილობას ჩალიჩობ, ან საერთოდაც, არალეგალურად ხარ. თუ ცარიელ სახლში შეხვედი და დასახლდი, ბარე სამი თვე უნდა სასამართლოს და შენს იქედან გამოსახლებას. ეს ბიჭები კი მოვლენ და რაიმე ფასად ეგეთი ბინის ან, უბრალოდ, ფართობის გასაღებს მოგცემენ. სახლიც გაქვს ერთხანს და შენს საქმეში სოციალური სამსახურებიც ერთვებიან, ვინმემ რომ არ დაგჩაგროს.

სიჭრელე იქეთ იყოს და უფლებებისგან დაიხრჩობი.

0x01 graphic

0x01 graphic

ადრე, ერთ ჩემს ამხანაგს ჩხუბი მოუვიდა ვაითლის წინ. ვიღაც არაბმა ქუჩაზე ფეხზე ფეხი დააბიჯა და არც მოუხედია, ისე განგრძო გზა. ამან თბილისურად მიაძახა, ოეო, იმან მოიხედა და არაბი და ქართველი ხომ იოლად მონახავენ საერთო ენას იმაში, რაც საერთო აქვთ? ატყდა ჩხუბი ზედ ვაითლის წინ და რომ დაარტყა ქართველმა, წაფორხიალდა არაბი და გადავარდა მანქანების სავალ ნაწილზე და დაეჯახა მანქანა. ნელა მომავალი, რა თქმა უნდა. მოკლედ, ეს ჩემი ამხანაგი იქვე დაიჭირეს და გააქანეს პოლიცაში, სადაც ნახევარი დღე დაჰყო და ახლა აცხადებს, რომ იქაურ პოლიციაში ყოფნა, ერთ-ერთი საინტერესო დღე იყო მის ცხოვრებაში. როდესაც ჩემი უფლებები გამაცნეს, ვიფიქრე, ეს რა მაგარი ვინმე ვყოფილვარ და აწი რაღა მიჭირსო. დღის ბოლოს გამოუშვეს. არაბი, რა თქმა უნდა, ჩვენებურად მოიქცა, არ იჩივლა.

რას გვეუბნებოდნენ ბავშვობაში? იქ სულ წვიმს და სულ ნისლიაო.

მინახავს დეკემბრის ნისლები ლონდონში, როგორ არ მინახავს: ადრე რო ჩამობნელდება ხოლმე, და რო ჩამოაფენს ყვითელ-ყვითლებს. ზუსტად ასეა, სიბნელეში, ყვითელყვითლებს. ეგ კი არა, ისიც დამინახავს, მელიები როგორ გადარბიან იმ ნისლებში ცარიელ ქუჩაზე. ესეც ლონდონია.

საერთოდ, ლონდონში ყველგან პარკია, ანდა გრინი. გრინი, მოგეხსენებათ მწვანეს ნიშნავს. გრინი პარკი არ არის, გრინი უბრლაოდ, მოლია, ვქვათ, ორ ქუჩას შორის, სადაც, თუ ამინდია, მიდი და წამოგორდი. აჰ, როგორ ელოდებიან ხოლმე ლონდონში პირველ ნამდვილ, ოდნავ კბენია მზეს, მთელი ქალაქი გაეფინება ხოლმე გრინებზე და საერთოდ, ინგილსელები მცივანანი არ არიან, ზამთარში შორტებით სკოლაში სიარული, უცხო რამ სულაც არ არის. მოდის ბიჭი, მოკლე პალტო აცვია, ქვემოთ კი გალურჯებული ფეხები მოუჩანს. დიდებსაც უყვართ ასე, მაისურით მოარულთა რიცხვიც გვარიანია. ეს კარგი ვარჯიშია, სიმართლე რომ გითხრათ, რახან თვითონაც არა ვარ მცივანა, ეს ამბავი ძალიანაც მომწონს. მშვენიერია.

პირველად რომ ვიყავი იქა, რა თქმა უნდა, ესენი არაფერი ვიცოდი, არც ჩარითი მაღაზიების შესახებ გამეგონა რამე, სადაც ფუნტად, შესაძლოა გადასარევი წიგნი იყიდო, შენი ფუნტი კი საქველმოქმედო საქმეს მოხმარდეს. არც ის ვიცოდი, რომ ჟურნალ „ბიგ იშუას“ მხოლოდ უსახლკარონი ყიდიან და აღებული ფული პირადად მათია. არც ის, რომ კვირა დილით ბევრი არაფერი სჯობს შენი უბნის კრიკეტის კლუბში წასვლას, იქ გძელ საკმზე ჩამოჯდომას სქელი საკვირაო გაზეთებით და კრიკეტის ცქერას. ეს თამაში მაშინ ისეთივე ამოუცნობი მეგონა, როგორც, ვთქვათ, რა მომელის სიკვდილის შემდეგ. ახლა ყველაფერი ვიცი, მოგეცა ლხენა: კრიკეტი შედგება სამი რამისგან: ფილდინგ, რანინგ და ბეთინგ და მსოფლიოს მრავალი თამაშისგან იმით განსხვავდება, რომ ცალი თვალით მისი ყურება ძალიან სასიამოვნოც კია. თუ მოგშივდა და აგე, ბეკონიც შიშხინებს კლუბის სამზარეულოში. ბეკონის შიშხინი, მგონი, ყველაზე განთქმული ინგლისური ხმაა, იმის მიუხედავად, რომ როლინგ სტოუნზი დღესაც მღერის, ხოლო პოლ მაკარტნის კვლავაც თეთრი ბოტასები აცვია.

ჰო, კრიკეტის კლუბის გრძელ სკამზე ახლაც კი ჩამოვჯდებოდი, იმის მიუხედავად, რომ ბევრი საქმე მაქვს. ზიხარ და უყურებ, როგორ ავარჯიშებენ ბავშვებს მწვრთნელები: ერთი იამაიკელია, მეორე ინდოელი, მესამე ინგლისელი. კრიკეტიც ისეთი თამაში გამოდგა, რომ ბრიტანეთის ყოფილ კოლონიებში უპირველს რამედ ითვლება. ამიტომ, გასაკვირი სულაც არ არის, რომ ინგლისის ნაკრების კაპიტანს შესაძლოა, ნასირ ჰუსეინი ერქვას, ხოლო მთავარი ვარსკვლავი იმრან ხანი იყოს. ეს ისეთი ჩვეულებრივი ამბავია, როგორც ის, რომ უგანთქმულესი ინგლისელი მწერლები სალმან რუშდი, ჰანიფ კურეიში და კაძურო ისიგურო იყვნენ.

აჰ, როგორ იცის ლონდონი ჰანიფ კურეიშიმ. სულ ძირისძირამდე. ბოლომდე. თავისი უსაშინლესობით. ეს ამხელა, ასე მოძრავი ქალაქი და ამდენი ტრადიცია. გადაშლი გაზეთს და წაიკითხავ, რომ მავანმა აზიელმა თავისი ქალიშვილი მოკლა, იმიტომ რომ, შეიტყო, ევროპულ ყაიდაზე, ბოიფრენდი გაეჩინა უჩუმრად. განა ეს არ არის? არის. თან ეს მენტალიტეტთა სიჭრელის ყველაზე მძიმე მაგალითია. მაგრამ, ლონდონიც ეს არის.

ერთი ძველი ამბავი ასეთია: სადღაც შორს, აზიის მთებში, იმ კოლონიების დროს ინგლისური მმართველობა იყო. იქ მცხოვრებ პატარა ხალხს კი ტრადიცია ჰქონიყო: ქმარი რომ მოკვდებოდა, ცოლსაც ზედ მიაყოლებდნენ, იმ ქვეყნად ერთად იყვნენო. იქ მმართველ გენერალს ეს შეუტყვია და დაუბარებია ამ ხალხის ლიდერები, ეგ აღარ ქნათო. იმათ კი მიუგიათ, ასეთია ჩვენი ტრადიციაო. ჰოო, გენერალს უთქვამს, მაშინ, ვინც ქალს მოკლავს, იმას ჩვენ მოვკლავთო. რატომაო, შეშფოთებულან ისინი. ასეთია ჩვენი ტრადიციაო - უპასუხია გენერალს.

ლონდონი მენტალიტეტების და ტრადიციების თანამშრომლობაა. ამხელა მორევში, იოლი არაფერია, მაგრამ, ეს თანამშრომლობა რომ არ იყოს, ამ ქალაქს რა გადაარჩენდა?

თუმცა, ეს კი არ ვიცი, გახდება თუ არა ოდესმე რომელიმე პოლონელი ინგლისელ მოკრიკეტეთა ნაკრების წევრი. ამას არც აქვს მნიშვნელობა. უბრალოდ, საინტერესოა. რა ვიცი, ეგრე რო მიყვე, ლონდონს რა გამოლევს. უმალ ფული გამოილევა ლონდონის ბანკებში, ვიდრე ლონდონი გამოილევა ლაპარაკში.

ბოლოჯერ რომ ვიყავი, ამ გაზაფხულზე მებაჟეებს კვლავ არ შემოუხედავთ, გამშვებმა გოგომ კი მასლაათი გამიბა, რატომ ჩამოხვედი და სად ჩამოხვედიო, მე სრულიად დაუფიქრებლად მივუგე, წიგნის დასაწერადმეთქი. ტკბილი საუბარი გამოგვივიდა, ფული იშოვე წიგნებითო? მე ვუთხარი, ჯერ ვერამეთქი. ხოოო, სამაგიეროდ, როგორც გინდა ისე ცხოვრობო, ხომ ასეაო? დაახლოებითმეთქი. მთლად ასე როდის ყოფილა? დაჰკრა ბეჭედი და შევედი ლონდონში.

კიდევ მოვყვებოდი რამეს, მაგრამ სხვა დროს იყოს... იმხელაა და ისეთი ღრმა, ბარე ორ დაივინგის ოსტატს ჩაითრევს. ლონდონია, ამდენი და ასეთი სხვადასხვანაირი.

7 ისტორია

▲ზევით დაბრუნება


7.1 გიორგი ნაკაშიძე და სხვები, სხვები, სხვები

▲ზევით დაბრუნება


ავტორები: ანა კორძაია-სამადაშვილი და სხვები, სხვები, სხვები
ფოტო: ლევან ხერხეულიძე და სხვები, სხვები, სხვები

წარმოიდგინე, რამდენნაირი კარი არსებობს. ჯერ თავად რამდენი გინახავს და კიდევ რამდენი იქნება. ყოველი ამ კარის მიღმა ახალი სამყაროა, გამოაღებ და - უჰ!

გიორგი ნაკაშიძე, ცხელი შოკოლადისთვის მიცემული ინტერვიუდან

როცა პატარა ბიჭი იყო, ძალიან უყვარდა სახლში მარტო დარჩენა. დადიოდა ხოლმე ოთახებში და ისმენდა, ირგვლივ რა ხდებოდა: გამოწევდა უჯრას - უჯრა დაიჭრიალებდა, მხოლოდ მისთვის, მის გასაგონად; ქარი დაუბერავდა, ფარდას ააშრიალებდა - ესეც მისთვის. ნეტა, რა ხდება ხოლმე, როცა სახლში არავინაა? ალბათ, არაფერი.

გარეთ მტრედები ღუღუნებდნენ და პატარა ბიჭს ეგონა, რომ კედელს მიღმა ვიღაცა რაღაცას ჩიოდა, ტიროდა, რაღაცა უბედურება დატრიალდა, და ეს ცუდი იყო. ზემოდან რადიოს ხმა ისმოდა, რუსული გადაცემა, და საერთოდ, სახლში ათასგვარი სასწაული ტრიალებდა.

მაგალითად, ბებიას იდეალი, ყველაზე კარგი ნამცხვარი ამქვეყნად. მთელი ამბავია: მიხვალ მაგიდასთან, ქვაბს ახლოს მოიწევ, ახდი თავსახურს და იქიდან ისეთი სურნელი ამოვარდება! ყოფილ ვორონცოვის, შემდეგ მარქსის და ახლა სააბრიუკენის მოედანზე, ბებიას სახლთან, საშაქარლამოც იყო, მაგრამ იქაური ნამცხვრები ბებიას იდეალთან სად მოვა!

0x01 graphic

0x01 graphic

ფოტო: გურამ წიბახაშვილი. გიორგი ნაკაშიძის არქივი

. . .

წამიკითხავს, რომ ამ თამაშს გერმანიის თეატრებში ხშირად მიმართავდნენ ხოლმე იმის დასადგენად, თუ რამდენად „შეიჭრა როლში“ მსახიობი. ამ თამაშს მესამე რაიხის დაცემის მერე შეეშვნენ, მეტისმეტად ბოროტად იყენებდნენო ბოროტი ადამიანები. მაგრამ, ჩვენ ხომ არც ისე ბოროტები ვართ და არც ამ თამაშის ტექნიკას ვფლობთ ისე, რომ ვინმესთვის ზიანის მიყენება შევძლოთ.

მაშ, ასე: შევკრათ წრე, შუაში ჩვენი გმირი ჩავაყენოთ, ტაში დავუკრათ - რიტმულად - ერთი ორი სამი, ერთი ორი სამი, - და დავუსვათ კითხვები, რომლებსაც მან სწრაფად, დაუფიქრებლად უნდა უპასუხოს. დავიწყეთ:

რა გქვია?
გიორგი ნაკაშიძე.
რამდენი წლის ხარ?
ოცდათექვსმეტის.
რას აკეთებ?
მსახიობი ვარ.
გავართულოთ. გიორგი ნაკაშიძე არის...

საუბარში მეგობარი ერევა: ძალიან ცნობისმოყვარე. Летчик-испытатель. ყველაფერი უნდა ნახოს, ყველაფერი უნდა გასინჯოს. შუა აზიაში, ტრამალზე, საქსაულის მეტი რომ არაფერი ხარობს, ორი ქალი იდგა და კუმისს ყიდდა. ეს მივარდა, ორი ჭიქა დალია და იძახა, მაგარიაო. მერე ორი დღე იწვა და იძახდა: „რატომ უნდა მოვკვდე ასეთი ახალგაზრდა, უცხო მიწაზე? ძმებო, აქ არ დამტოვოთ, საქართველოში გადამასვენეთ...“

0x01 graphic

სპექტაკლიდან ტარტიუფი

გიორგი კი დაუფიქრებლად გვპასუხობს, რომ არის სიცოცხლის მოყვარული. კომუნიკაბელური. უფრო სწორად, სუპერკომუნიკაბელური. გადაღებები ამიტომაც უყვარს - ადამიანებთან აქვს ურთიერთობა. ხან ახალ ხალხს ხვდება გადასაღებ მოედანზე, ხან მათ, ვისთანაც მანამდე უკვე მოუწია მუშაობა და ახლა უკეთ გაიცნობს. „გადაღებების დროს ხომ ასეა - სულ რამდენიმე ადამიანი დაგყვება, ტანსაცმელს გისწორებს, მიკროფონს გიმაგრებს. რამდენიმე ხნის შემდეგ ამას ვეღარც ამჩნევ, მექანიკაში გადადის. მე კი ეს ხალხი მიყვარს. მათაც ვუყვარვარ. ყველაზე დიდი რამ ადამიანის სიყვარულია, მას სოციალური ზღუდეები არა აქვს და ადამიანი, რომელსაც უყვარს, ფასადს არ აღიქვამს. ჩვენს შორის სუბორდინაცია არ არსებობს: ზოგი გამნათებელია, ზოგი - მსახიობი, რა მნიშვნელობა აქვს. ჩვენ ერთად ვმუშაობთ, ერთად ვაკეთებთ, ერთად ვართ. მარტოობა ყველაზე დიდი საშინელებაა. არ მიყვარს“.

გიორგი ნაკაშიძეს არ უყვარს...

...საავადმყოფოს სუნი.

მშობლებს უნდოდათ, რომ გიორგი ექიმი გამხდარიყო, მაგრამ არაფერი გამოვიდა: ერთ დღეს ექიმი ბებიის მოსანახულებლად წაიყვანეს, კამოს ქუჩაზე, მეორე საავადმყოფოში, და იქ, პირველსავე სართულზე, საოპერაციოდან გამოსული ფორმალინის სუნისგან ბიჭს გული წაუვიდა.

არადა, მომავალში ექიმობა მხოლოდ მშობლების იდეა არ ყოფილა. ეს უკვე დიმიტრი ჩიკვაიძისგან ვიცი. ის გიორგის ბავშვობის მეგობარი, მთელი მისი ცხოვრების თანამგზავრი გახლავთ. უწინ დიმა და გიორგი ერთმანეთშიც კი ერეოდათ - ორთავენი ქერები არიან, ცისფერთვალება, და პატარები როცა იყვნენ, იტყუებოდნენ ხოლმე, ძმები ვართო. ჰოდა, დიმიტრი მოჰყვა, რომ ოდესღაც ორივე ოცნებობდა, გემის ექიმი გამოსულიყო. გარდა იმისა, რომ შემოსავლიანი საქმე იყო - ამაზე ბიჭები ნაკლებად ფიქრობდნენ - გემზე მუშაობა გულისხმობდა მოგზაურობას, უცხო მხარეებს, ახალ ადამიანებს... მხოლოდ მრავალი წლის შემდეგ აღმოაჩინა გიორგიმ ერთ მეზღვაურთან საუბრის დროს, რომ გემზე მუშაობა სულაც არაა დიდი თავგადასავლების საწინდარი: კი, უცხო ქალაქებში ჩადიხარ, მაგრამ ბევრი ვერაფერი სიხარულია, იშვიათად თუ გასცდები ნავსაყუდელს, და შემდეგ კვლავ უკან ბრუნდები, გემზე, ჩაკეტილ სივრცეში.

გიორგის კი სხვა რამ მოსწონს - ნამდვილი მოგზაურობა, როცა უცხო ქვეყანაში ჩასული იქ მცხოვრებლებთან სამზარეულოში გაატარებს საღამოს, ნახავს, რა კაცი მოვიდა ონკანის გასაკეთებლად, როგორ თამაშობენ მონპელიეს გარეუბანში, კორპუსებთან, მაისურიანი ძიები დომინოს... ერთხელ პარიზში სამშობიაროში ამოჰყო თავი და აღმოაჩინა, რომ იქაც იგივე ხდება: შენობის წინ ნათესავები ნერვიულობენ, ბებიებს და ბაბუებს ქილებით საჭმელი მოაქვთ და მამები ცოლებს შესძახიან, ხვალ თერთმეტის ნახევარზე მოგაკითხავო. „ასეთ დროს ვხვდები, რომ ერთი სამყარო ვართ,“ ჰყვება გიორგი, „და ბავშვს თუ ხელში აიყვან და მოეფერები, მამას ისევე ესიამოვნება, როგორც მე მსიამოვნებს ხოლმე. დრამატურგიაც ესაა - შექსპირიც, მოლიერიც ხომ ყველა ადამიანისთვის საერთო ფასეულობებზე წერდნენ“.

მეზღვაურებს კი ამის საშუალება არ ჰქონიათ. გემის ამბავი წარსულს ჩაბარდა, მაგრამ მოგზაურობის სიყვარული დარჩა. მართალია, კვლავ დიმა ჩიკვაიძის ნაამბობს თუ დავეყრდნობით, შორეულ ქვეყნებში გამგზავრების პირველი გამოცდილება გიორგის მაინცდამაინც ტკბილი არ ჰქონია, და აი, რატომ:

როდესაც მეგობრებმა თეატრალურ ინსტიტიუტში ჩააბარეს, დიმა, გიორგი და ზურაბ გეწაძე, უკვე თანაკურსელები, დიმას მამასთან ერთად, კაცმა არ იცის, რატომ, ალმა-ატაში გაემგზავრნენ. არაჩვეულებრივი ამბავია, მხოლოდ ისაა გასათვალისწინებელი, რომ თბილისიდან ალმა-ატაში პირდაპირ გაფრენა არ ხერხდებოდა, ჯერ ტაშკენტში უნდა ჩასულიყვნენ და იქიდან მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ შეეძლოთ დანიშნულების ადგილამდე მიღწევა. ტაშკენტში ჩასულებს უცნობმა ჰკითხა: „ბიჭებო, ოდესიდან ჩამოხვედით?“ და დიმას თქმით, გიორგიმ მისთვის ფრიად დამახასიათებელი პასუხი გასცა: „არა... კი... არ ვიცი...“

ასე თუ ისე, თექვსმეტ-ჩვიდმეტი წლის სამი ახალგაზრდა კაცი შორეულ აზიაში აღმოჩნდა და ცხადია, სამარყანდის ნახვის გარდა, სასიყვარულო თავგადასავლებიც ენებათ. ყველამ რაღაცა მოახერხა - გიორგის გარდა. მისი ეს მარცხი საყოველთაო თანაგრძნობის საგნად იქცა, სასტუმროს ხანშიშესული შვეიცარებიც კი ჩაერთვნენ და თავიანთი კბილა ქალების მოზიდვას ეცადნენ. საბოლოოდ ყველაფერი თითქოს წარმატებით დაგვირგვინდა - მაგრამ არა!

მეგობარი ხომ იმისაა, რომ გაგამწაროს და გადაგრიოს. გახალისებულ და კმაყოფილ გიორგის დიმიტრიმ და ზურამ საშინელი სენის შესახებ უამბეს, რომლის ნიშნებიც გიორგის აშკარად გამოუვლინდა. ამ სენს ჰქვია ჩხვანტი. მტრის კარს და ავის მოსურნეს - თუ ორმოცი ნემსი არ გაიკეთე, ადებილებს, ალპობს და კლავს! მხოლოდ თბილისში აღიარეს, რომ ცრუობდნენ. აბა, რა არის ესა...

0x01 graphic

სპექტაკლიდან ალუბლის ბაღი

0x01 graphic

ფოტო: რუსუდან ბოლქვაძე

0x01 graphic

გიორგი ერთი წლის

„კიდევ არ მიყვარს დეკლარაციის შევსება,“ განაგრძობს გიორგი, „საელჩო, სასაზღვრო კონტროლი - სულ მგონია, რომ რაღაცა დავაშავე და ვიძაბები. როცა ვცდილობ, არ დავიძაბო, უარესი მომდის...“

ასე, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის არსებობის დროს, როცა გიორგი ავენიონის ფესტივალზე იყო მიწვეული, მას და დიმას პარიზში საბჭოთა კავშირის საელჩოში მოუწიათ მისვლა. შესასვლელში მთელ კედელზე უზარმაზარ სარკეში აირეკლნენ ჩვენი გმირები და უცნობი რუსი ქალბატონი - ნაზი, თხელი, ის ჩურჩულით ლაპარაკობდა, ხმა უთრთოდა. მას საოცარი რამ აინტერესებდა - როგორაა სერჟ ფარაჯანოვი? „მოკვდა,“ მოუჭრა გიორგიმ, დიმას თქმით, თავისებურად, და ქალს, არც მეტი, არც ნაკლები, გული წაუვიდა. ყველა სიკეთესთან ერთად, სულ რამდენიმე წუთში გაირკვა, რომ სარკე უბრალოდ სარკე არ იყო, საელჩოს თანამშრომლები იქიდან უთვალთვალებდნენ შემოსულებს.

გამიტკბა მეგობრებთან საუბარი და თამაში სულ დამავიწყდა! ერთი ორი სამი -

სიყვარული?

(გიორგის თვალები აუბრჭყვიალდა) აბა, რა!

კი, ასეა. აი, ზაზა ბურჭულაძე, რომელიც გიორგის ახალი მეგობარია („ჯაყოს ხიზნებში“ თამაშობენ ერთად და ერთმანეთი გადასაღებ მოედანზე გაიცნეს), ნაკაშიძის კაცს ასე ახასიათებს - მე მგონი, ამომწურავად: ძნელია იმ ადამიანზე ლაპარაკი, რომელიც შენი მეგობარია, რომელსაც მოფერებით ბაბუშკას ეძახი და ვისთან ერთადაც 40 დღე ერთ ოთახში გეძინა. ძნელია, რამდენადაც ჩვენ უცნობ ხალხზე საუბარს უფრო ვართ შეჩვეული, ვიდრე ნაცნობ და, მით უფრო, ახლობელ ადამიანზე. და ორმაგად ძნელია, როცა ეს ადამიანი გიორგი ნაკაშიძეა. რადგან, ერთ ჭკვიან კაცს თუ დავესესხებით, გიჟებს, პოეტებს და მიჯნურებს ტვინი სავსე აქვთ წარმოსახვებით. გიორგი კი სამივე ერთდროულადაა. კიდევ იმიტომ მგონია ძნელი რამის თქმა, რომ წინდაწინ ვიცი, უთქმელი გაცილებით მეტი დამრჩება. არადა სათქმელი საკმაოდ ბევრი მაქვს. ხუმრობა ხომ არაა 40 დღე ერთ ოთახში ცხოვრება.

ჩემი შეფასებით, გიორგი ძალიან მაგარი არტისტია, რადგან კადრშიც მინახავს და კადრსმიღმაც ხშირად ვხედავ. მაგრამ ისიც უდავოა, რომ მის პროფესიონალიზმე, როლებზე და სამსახიობო დიაპაზონზე კინო და თეატრმცოდნეების აზრი აქ უფრო კომპეტენტური იქნება, ვიდრე ჩემი. ამიტომ, სადღეგრძელოც რომ არ გამომივიდეს და რამე ისეთიც არ გამომრჩეს, გიორგის ერთ ჩემთვის მთავარ ნიჭს, თვისებას თუ უნარს გამოვყოფ, რომელიც ყველაზე უფრო მომწონს მასში. რაოდენ ბანალურადაც უნდა ჟღერდეს, ესაა სიყვარულის უნარი. გადაუჭარბებლად შემიძლია ვთქვა, რომ გიორგის უზომოდ უყვარს თავისი საქმე, რომელიც მისთვის ცოლიცაა, შვილიც, მეგობარიც, მშობელიც და ყველაზე მკაცრი მსაჯულიც. რაც შემეხება მე, ძალიან მიყვარს შეყვარებული ადამიანი. იმიტომ, რომ ის ამ დროს რაღაც სხვას ასხივებს და აფრქვევს. რაღაც ისეთს, რაც გარშემომყოფთ სასიამოვნოდ აღელვებთ და რომლის მეასედი მუხტი სურდოსავით იოლად გადაედებათ ხოლმე.

მოკლედ, ერთის თქმა შემიძლია დანამდვილებით, გიორგიმ მე სურდო გადამდო.

თავად მარად შეყვარებულ გიორგის თუ ჰკითხავთ, ამქვეყნად ყველაფერი, რაც კარგია, ქალია. ქალია ხელოვნება, თეატრი, მუსიკა. „მექალთანე არა ვარ, მაგრამ სულ მიყვარს.“ თურმე, უწინ იმ გოგოებს, რომლებიც მოსწონდა, გიორგი ნაკაშიძე კასეტებს ჩუქნიდა: ჩაწერდა იმ მუსიკას, რომელიც თავისი გრძნობების გადმოსაცემად საუკეთესოდ მიაჩნდა და ჩუქნიდა, ეგონა, რომ ასე უკეთ აუხსნის სიყვარულს. იმ ქალებს ესმოდათ თუ არა - ამდენი არ ვიცი, ფაქტი მხოლოდ ისაა, რომ გიორგის უყვარს ქალი - ამ სიტყვის ყველაზე ფართო მნიშვნელობით - და მუსიკა.

გიყვართ დისკო? გიოს უყვარს, ფერადი, მხიარული დისკოკულტურა, ადამიანური, რომელიც ყველას ააცეკვებს, განურჩევლად იმისა, დეკლარირებული დისკოს მოყვარულია თუ არა. კარგ ამბებს სწორედ დისკოს ადარებს, მაგალითად, თავისი ადრეული სიჭაბუკის გაგრას და ბიჭვინთას - ეს მერე, მრავალი წლის შემდეგ დახვდა „ოცნებების სასაფლაოს“ გადაღებებზე ჩასულს სულ სხვა, შავ-თეთრი აფხაზეთი. იმ ორ თვეს გიორგი „დაპრესილ დროს“ უწოდებს - ამ მოკლე დროში მთელმა ცხოვრებამ გაიარა. მაგრამ „თუ ცხოვრება არ შეისწავლე, ცხოვრება არ ღირს“. განა ფორტეპიანოსთან მჯდომი ამდენი რამის შესწავლას შეძლებდა?

დედამისი, ქალბატონი ალა ქუთათელაძე, მუსიკოსი გახლავთ და გიორგიც მეოთხე კლასამდე დადიოდა მუსიკალურ სკოლაში. „ბალანჩივაძის კონცერტიც კი მაქვს დუეტში დაკრული,“ მითხრა ამაყად. მაგრამ მერე ფორტეპიანოს თავი დაანება და ახლა გული სწყდება, რომ ასე მოიქცა. უბრალოდ, ძალიან ეზარებოდა მეცადინეობა, მაშინ როცა ირგვლივ უამრავი რამ ხდებოდა, გამებზე ბევრად უფრო საინტერესო. თუნდაც ის რად ღირს, კალის ჯარისკაცებს რომ დაამწკრივებ და ოთახში დიდი ბრძოლა რომ გაიმართება! „ყველაფერში თავგადასავალს ვეძებ, ყველაფერში და ყველგან. კიკეთის გზაზეც კი, მოსახვევთან, მიოცნებია - აი, აქ რომ ობსერვატორია იყოს და იქ რომ შევიდე და... მიხეილ თუმანიშვილმა თქვა ერთხელ, რომ მსახიობი არის გაჩერებული განვითარება. მსახიობი სულ ბავშვად უნდა რჩებოდეს, და როგორც ბავშვს სჯერა, რომ თოჯინა ცოცხალია, რომ სათამაშო მატარებელი მართლა სადღაც მიდის, ასევე უნდა ეჯეროს მსახიობს, რომ შემოთავაზებული გარემო რეალური გარემოა“.

ესეც გარემო. გიორგიმ მითხრა, რომ აჯობებს, მასთან სახლში ვისაუბროთ: „ჩემს მოედანზე თამაში უფრო მეადვილება“. სიამოვნებით, რატომაც არა.

მამაკაცი, რომელმაც კარი გააღო, გიორგი კი იყო, მაგრამ მთლად გიორგი არ იყო. გახსოვთ, როგორი კაცია ჯაყო? საქმე ისაა, რომ ამჟამად დავით ჯანელიძე „ჯაყოს ხიზნებს“ იღებს და გიორგის ახალი როლი აქვს, რამდენადაც ვხვდები, ძალიან რთული და საინტერესო - ჯაყო. მაგიდაზეც „ჯაყოს ხიზნები“ ჰქონდა გადაშლილი: „ორმოცდამეათედ ვკითხულობ“.

შესაბამისად, კარი ჯაყომ გამიღო: ჟღალმა, დიდმა, გიორგი ნაკაშიძისა თვალები და ღიმილიღა შერჩენოდა. ვაი?

როგორც მისმა მეგობარმა, რეჟისორმა დავით საყვარელიძემ ამიხსნა, ამ კაცს როლსა და როლს შორის უკმარისობა ემართება. ყოველ ჯერზე უნდა, რომ მასში ახალი სამყარო შემოვიდეს, და სანამ ახალ როლზე არ დაიწყებს მუშაობას, „იზმენები“ ემართება. „თავისი ცხოვრებით ცხოვრება არ ყოფნის,“ განმარტა დათომ. ახლა „იზმენისა“ ვერაფერი შევნიშნე, მე მგონი, ტოტალურად კმაყოფილია.

ბრიყვული კითხვა:

რატომ გახდი მსახიობი?

0x01 graphic

გიორგი ბებია ნორასთან (ბაბა) ერთად

იმიტომ, რომ თეატრში გაიზარდა: მამამისი რეჟისორია და გიორგი ყველა რეპეტიციას, ყველა სპექტაკლს ესწრებოდა. იქ, თეატრში იყო ნამდვილი ცხოვრება, განსხვავებით, ვთქვათ, სკოლისგან, სადაც გიორგი ბოლო მერხთან იჯდა და წიგნებს კითხულობდა - ესეც შემოთავაზებული გარემო, რემარკი, დიდი სიყვარულის ამბები. წარმოდგენა არასოდეს წყდებოდა, გიორგი სახლში დაბრუნებულიც რაღაცას დგამდა, როკის ვარსკვლავი იყო ხოლმე, ფირფიტას ჩართავდა და მასსავით მღეროდა და ცეკვავდა (გამოტყდით, ასეთები თქვენც ხომ გიკეთებიათ? - ა.კ.ს.). შესაბამისად, სკოლის დამთავრების შემდეგ გიორგის სხვა აზრი არც მოსვლია: ის თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტი გახდა, და იმ დღიდან - მოდით, მაღალფარდოვნებას ნუ მოვერიდებით - მისი ბრწყინვალე კარიერა დაიწყო.

თეატრი:

პრისტლი „დრო და კონვეის ოჯახი“ - რ. კონვეი, რეჟისორი ლილი იოსელიანი
გიორგი ცაგარელი „ხანუმა“ - კოტე, რეჟისორი თ. მარგველაშვილი
პროსპერ მერიმე „კარმენი“ - ხოსე, რეჟისორი თ. სიხარულიძე
დ. დარიო „ექსპერიმენტული ცეკვის პერფორმანსი“ - მოცეკვავე
უილიამ შექსპირი „ზაფხულის ღამის სიზმარი“ - კედელი, ვირი, რეჟისორი მიხეილ თუმანიშვილი
აკუტაგავა „იდიოტის ცხოვრება“ - მწერალი, რეჟისორი დავით დოიაშვილი
სლეიდი „ყოველ თებერვალს“ - ჯორჯი, რეჟისორი იაშვილი
შეფერი „ამადეუსი“ - მოცარტი, რეჟისორი სიხარულიძე
თომას მანი „მარიო და ჯადოქარი“ - ავტორი, რეჟისორი ლევან წულაძე
ლაშა თაბუკაშვილი „მერე რა, რომ სველია სველი იასამანი“ - კოსტა, რეჟისორი რობერტ სტურუა
ლუიჯი პირანდელო „ექვსი პერსონაჟი ავტორის ძებნაში“ - რეჟისორი გ. მარგველაშვილი
ჰენრი მიულერი „ეროვნული ჰიმნი“ - რეჟისორი მ. მარამინოსი
მოლიერი „ტარტიუფი“ - ტარტიუფი, რეჟისორი დავით საყვარელიძე
ანტონ ჩეხოვი „ალუბლის ბაღი“ - ტროფიმოვი, რეჟისორი გ. მარგველაშვილი
ტ.ტოლსტაია „წრე“ - ვასილი მიხაილოვიჩი, რეჟისორი ანდრეა ბრუქსი

ამ უკანასკნელის ამბავი ცალკე თემაა: გიორგი ნაკაშიძემ, რომელიც ფრანგულს ფლობს, მაგრამ ინგლისური არ იცის, ორ კვირაში საათნახევრიანი ინგლისურენოვანი პიესისთვის მომზადება შეძლო. პრემიერის დროს ძალიან ღელავდა, რომ ტექსტი დაავიწყდებოდა, მაგრამ არა! და პრესამ ის ასე შეაფასა: „ცოცხალი ადამიანი“, „ადამიანი- ენერგია“, „სპექტაკლის დროს ყველაფერს გაძლევთ“...

კინო:

„ტურანდოტი“ - ლადო, რეჟისორი ოთარ შამათავა
„ზღვარზე“ - ნიკა, რეჟისორი დიტო ცინცაძე
„ოცნებების სასაფლაო“ - გიორგი, რეჟისორი გოგა ხაინდრავა
„ატუ-ალაბა“ - თვითმკვლელი, რეჟისორი გიო მგელაძე
„მონადირე“ - მონადირე, რეჟისორი დავით გოგიბედაშვილი
„ჭერი“ - რევოლუციონერი, რეჟისორი რეზო ესაძე
„შეყვარებული მზარეულის 1001 რეცეპტი“ - ტროცკი, რეჟისორი ნანა ჯორჯაძე
„რევერსი“ - ქმარი, რეჟისორი დიტო ცინცაძე
„ჯაყოს ხიზნები“ - ჯაყო, რეჟისორი დავით ჯანელიძე

გიო მგელაძე, რეჟისორი და გიორგის მეგობარი ჩვენს გმირს ასე ახასიათებს: ატუ-ალაბაში მონაწილეობა შევთავაზე, სცენარი წაიკითხა და დამთანხმდა. როლზე მუშაობისას თავისი გმირის შესახებ უამრავი შეკითხვა დამისვა. ამ შეკითხვებს მხოლოდ მაღალი დონის პროფესიონალი დასვამს. ზოგ შეკითხვაზე ვუპასუხე, ზოგს ერთად გავეცით პასუხი, დანარჩენი კითხვები ამის შემდეგ გაქრა. შევთანხმდით მთავარ რაღაცეებზე, ვინ არი მისი გმირი, საიდან არი, სად არი, რა უნდა... ეს მოხდა ძაან მოკლე დროში. ეს არი მსახიობის არჩევის სიზუსტის საუკეთესო შედეგი.

რამდენიმე რეპეტიცია, მატორ, სამი დუბლი. გიორგი იმ კლასის მსახიობია, როცა მთავარზე შეთანხმებულები ხართ, უნდა მისცე სრული თავისუფლება. დუბლსა და დუბლს შორის რამდენიმე სიტყვით სატოპკეს უწევ და ისიც, მატორის შემდეგ, ტოპკავს. ჩემთვის ეს არი რეჟისორის და მსახიობის იდეალური მუშაობის ნიმუში.

გიორგი ნაკაშიძე არტისტია, თითებზე ჩამოსათვლელ არტისტებს შორის, ერთ-ერთი პირველი... თუმცა, ამათ შორის პირველი, მეორე არ მოსულა. გიორგიმ ღრმად იცის აკადემიური, კლასიკური თეატრი, სწორედ ამიტომ ანგრევს ასე ოსტატურად და მაყურებლის მომნუსხველად კლასიკურ აკადემიურობას.

0x01 graphic

გუშინწინ იყო, ქართველები ხელისგულზე რო ატარებდნენ მსახიობებს, პოეტებს, მწერლებს... ეხლა ხელისგული ერისთვის ღვაწლმოსილი პარლამენტარებისთვის აქვთ ქართველებს. არ ჭირდებათ ხელოვნება და ხელოვანები, არტისტების დრო აღარ არი საქართველოში და ეჭვი მაქვს, არც გუშინწინ ჰქონიათ. გიორგი ნაკაშიძე, საქართველოში ხელოვნების და ხელოვანების ტოტალური სიძულვილის დროს, ხელოვნებას ემსახურება, იმიტომ რომ არტისტია და სხვანაირად არ შეუძლია. არც შეუძლია და არც უნდა.

0x01 graphic

გიორგი ნაკაშიძეს არ უნდა...

...მრავალი მსახიობისგან განსხვავებით, რეჟისორობა. კიდევ არ უნდა, რომ იყოს პასიური - ვთქვათ, ახალგამოღვიძებული გიორგი არ მოსწონს, იმიტომ რომ პასიური და უხასიათოა - მონტაჟი, ამოვჭერით. მას მოსწონს, როცა რაღაცას აკეთებს, რაღაცა ხდება, სიზმარშიც კი, და ამიტომაა, რომ კვლავ და კვლავ თავის საყვარელ თემას - მოგზაურობას უბრუნდება.

წარმოიდგინეთ: თოთხმეტ ქვეყანაში ერთი კვადრატული მეტრის ფართობზე შვიდწუთიანი სპექტაკლები ითამაშეს. სად აღარ იყვნენ, და ამ მოგზაურობის დროს გიორგი ნაკაშიძემ ნახა თოთხმეტი ქვეყანა დაბომბილი ბელგრადი, უცნობი ალბანეთი, საბერძნეთის სოფლის თავზე ანთებული ვარსკვლავები - ერთი წარმოდგენა სწორედ აქ გაიმართა. სულ სხვადასხვა მხარეები იყო, და წარმოდგენაც სხვადასხვა სივრცეში იმართებოდა, შესაბამისად, გიორგიც სხვადასხვაგვარად თამაშობდა. შვიდწუთიანი დადგმისთვის ის ორმოცდახუთი წუთის განმავლობაში იკეთებდა გრიმს, და იმისდა მიხედვით, თუ სად მოუწევდა თამაში, ახალ-ახალ დეტალებს ამატებდა - ყველა სივრცეში ხომ ერთნაირი და ერთნაირად ვერ ითამაშებ გინეკოლოგს...

0x01 graphic

ისე, „ბოროტი ენები“, ამ შემთხვევაში, გიორგის მეგობარი, რეჟისორი დავით საყვარელიძე ამბობს, რომ გიორგი თეატრალური ექსტრემისტია თუ ექსტრემალი - რაც ჰქვია. რომ მას ყოველი პრემიერის წინ რაღაცა ემართება: ან ავად ხდება - ასე, Der Park-ის პრემიერის წინადღეს წითელა შეეყარა, - ან შარში ეხვევა, „თან ხომ მოჩხუბარია, ფიცხი გურული“...

ბნელ, არეულ დროს, როცა ვისაც არ ეზარებოდა, ყველა ისროდა, მიხეილ თუმანიშვილმა „ზაფხულის ღამის სიზმრის“ დადგმა განიზრახა - მოგეხსენებათ, ადამიანებს სწორედ გაჭირვების ჟამს სჭირდებათ სითბო და სინაზე. იმ რეპეტიციებს და სპექტაკლს გიორგი განსაკუთრებული სიყვარულით იხსენებს, დათოს კი ცოტა სხვა რამ ჰქონია გასახსენებელი. კერძოდ, ის, რომ ერთ ღამეს თავის „შარიან“ მეგობართან, გიორგისთან ერთად კინომსახიობთა თეატრიდან ფეხით ააღწია უნივერსიტეტამდე, და უცებ გაჩერდა „მოსკვიჩი“, და იქიდან შეიარაღებული კაცები გადმოცვივდნენ, სტაცეს ხელი რეჟისორს და მსახიობს და სადღაც სამმართველოში მიიყვანეს. რა უნდოდათ? „ვიღაცაში ავერიეთ,“ თქვა დათომ. საბოლოოდ, გამოუშვეს, დაკავებულთა ქურთუკებიდან „ამოღებულ იქნა“ ოთხი პიესა და ოთხი როლი.

ისევ ბრიყვული კითხვა:

სამომავლო გეგმები?

არა აქვს. „იფიქრე შენს მომავალზე! 25 წლის შემდეგ აქ ეს სახლი იდგება!“ - ასეთი სარეკლამო აბრა გიორგი ნაკაშიძისთვის არაა გათვილი. ვინ იცის, ოცდახუთი წლის შემდეგ რა იქნება, ეგებ კავკასიური ან ევროპული დივიზიონის შემადგენლობაში სადმე სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში მოუწიოს ბრძოლა?

კარგი. მაშინ, საოცნებო როლი?

ხომ ვამბობ, არ ვიცი თამაშის წესები. არ გეტყვიო. მორჩა და გათავდა. ასევე უარი განაცხადა აფხაზეთის ომის დროს წარმოებული დღიურის თხოვებაზე - არაო! არადა, ნამდვილად წერს, სხვაგვარად „ეროვნული ჰიმნისთვისაც“ ვერ დაწერდა, არადა, მოგეხსენებათ, დაწერა, თან ფრიად შთამბეჭდავი. აფსუსია, მაგრამ კარგი, რახან ასეა, დავანებოთ თავი გიორგი ნაკაშიძის ჩანაწერებს - მონტაჟი, ამოვჭერით.

. . .

მსახიობის საქმე, მით უმეტეს, პატარა საქართველოში, ცოტა სიზიფეს შრომას წააგავს: იმუშავებ, გარდაიქმნები, ყველაფერს გაიღებ, რაც გაბადია - და სპექტაკლი დამთავრდა, მოიხსნა, და მერე კვლავ ახალი როლი, ახალი სამყარო იწყება და ყველაფერი ხელახლა უნდა დაიწყო. არადა, გაჩერებაც არ გამოდის - ცხადია, დასვენება ყველას უნდა, მაგრამ ეს პასივია, სწორედ ის მდგომარეობა, რომელიც გიორგი ნაკაშიძეს არ უყვარს - მონტაჟი, ამოვჭერით. ამ თვალსაზრისით იმ მსახიობებს, ვინც დიდ ქვეყანაში მოღვაწეობენ და მრავალი მილიონი ადამიანია მათი ენის მატარებელი, ძალიან გაუმართლათ - როლი ისე სწრაფად არ ეძლევა დავიწყებას.

გიორგი მოჰყვა, რომ პრემიერის შემდეგაც კი... მაგრამ არა, რად გვინდა, მონტაჟი, ამოვჭერით. გიორგი იმასაც მოჰყვა, რომ ერთხელ ლიტერატურულ კაფეში ირაკლი ჩარკვიანი შეხვდა, ძალიან სევდიანი. მარტო უჯდა მაგიდას და ყავას სვამდა. პასუხად კითხვაზე „როგორა ხარ“, ირაკლიმ ჰამლეტი გაიხსენა, „სიჩუმეა“. რაც გინდა, ის გააკეთე - სიჩუმეა.

არ გვინდა. მონტაჟი. ამოვჭერით. გამოვაღოთ კარი, რომელიც ჯერ არ გაგვიღია და ვნახოთ ის, რაც ჯერ არავის უნახავს.

სიჩუმე კია, მაგრამ სულ წამით. მერე კი - ტაში.

დიდი ტაში!

ეს თავშეკავებული ბრიტანელი მაყურებელი ისე იქცევა, როგორც როკ-კონცერტზე. რა ხმაზე ყვირიან! მგონი, გადაირივნენ! სცენაზე გიორგი ნაკაშიძე დგას, ოღონდ ვინ ითამაშა, არ ვიცი. ხომ თქვა, არ ვიტყვიო, და ალბათ, ასე აჯობებს. იმას წარმოვიდგენთ, რაც გაგვიხარდება.

7.2 La Maison Bleue „ლურჯი სახლის“ ხუთი დიასახლისი

▲ზევით დაბრუნება


ავტორი: ნინო ლომაძე
ფოტო: ნიკო ტარიელაშვილი, პირადი არქივი

ჯგუფური გამოფენები:

2007 - საქართველოს კულტურის დღეები, ყაზახეთი, ასტანა
2007 - საერთაშორისო ფესტივალი „აბრეშუმი და სანელებლები“, ბუხარა, უზბეკეთი
2007 - გემოყენებითი ხელოვნება თანამედროვე ინტერიერში
2006 - „ლურჯი სახლი“ გაეროს ოფისი, თბილისი
2005 - ტექსტილი ინტერიერში TMS, თბილისი
2005 - ქართული კულტურის დღეები კიევში, უკრაინა
2005 - „ლურჯი სახლი“ გალერეა „შარდენი“, თბილისი
2005 - ქართველი მხატვარი ქალების გამოფენა: „თანასწორობა იმარჯვებს“; გალერეა
„ჰობი“
2005 - „ლურჯი სახლი“ ამერიკის საელჩო, თბილისი
2004 - „ლურჯი სახლი“ გალერეა TMS, თბილისი
2003 - ტექსტილის ხელოვნების მეოთხე საერთაშორისო
სიმპოზიუმის გამოფენა, თბილისი
2003 - „ლურჯი სახლი“ ამერიკის საელჩო, თბილისი
2002 - „ლურჯი სახლი“ კლუბი 22, თბილისი
2002 - „ლურჯი სახლი“ გაეროს სახლი, თბილისი
2002 - „ლურჯი სახლი“, გალერეა „შარდენი“, თბილისი
2002 - გზაჯვარედინი: ტექსტილის მესამე საერთაშორისო სიმპოზიუმი გამოფენა,
TMS თბილისი
2001 - თანამედროვე ქართული აქსესუარები, გელერეა „შარდენი“, თბილისი
2001 - GIVENCHY-ს მაღალი მოდის ჩვენება, გალერეა „შარდენი“, თბილისი
2001 - „ლურჯი სახლი“, გალერეა „შარდენი“, თბილისი
2000 - თანამედროვე ქართული თექის (ფიბერ) ხელოვნება, სემგალერი, მეგადიმი,
ისრაელი
2000 - ქართული ხელოვნების გამოფენა, ვალენსია, ესპანეთი
2000 - „ლურჯი სახლი“, გალერეა შარდენი
1999 - ქართული კულტურის დღეები, ფოლკერკუნდეს მუზეუმი, ჰამბურგი,
გერმანია
1999 - ტექსტილის ხელოვნების მეორე საერთაშორისო სიმპოზიუმი, ეროვნული
გალერეა, თბილისი
1998 - მილანის საერთაშორისო გამოფენა, იტალია
1997 - ტექსტილის ხელოვნების პირველი საერთაშორისო სიმპოზიუმი, ეროვნული
გალერეა, თბილისი

მათი ნამუშევრები ინახება სხვადასხვა კერძო კოლექციებში, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.

0x01 graphic

ნინო ყვავილაშვილი:

0x01 graphic

1978-1984 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფილოლოგიის ფაკულტეტი

1986-1991 აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, ქსოვილების ფაკულტეტი

2002 სადაზღვევო კომპანია ალდაგი ინტერიერი

1996 ქართული გობელენის გამოფენა, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, თბილისი

1993 ქართული ხელოვნება, ბრიუსელი, ბელგია.

1990 სადიპლომო ნამუშევრების გამოფენა, მხატვრის სახლი.

0x01 graphic

ბარნოვის 94, მამაპაპური წითელი აგურით ნაშენი, ძველი სახლია. სახლი მრგვალი ბაღის წრეზე დგას და მოწყენილობის ჟამს პატარა უფლისწულის ქანდაკების ირგვლივ მოსეირნე უდარდელი მოქალაქეების თვალიერებით ირთობს, ალბათ თავს. მის ერთადერთ სადარბაზოს კი ასეთი ლურჯი აბრა ამშვენებს: La Maison Bleue. თუ ამ ფრანგული წარწერის შესახებ მანამდე არაფერი გსმენიათ, ვერაფერს მიხვდებით და ამ მშვენიერ სახლსაც გულგრილად აუვლით გვერდს. თუ წარწერის გვერდზე ღილაკს თითი დააჭირე, მაშინ ზუსტად იცი, სადაც მიდიხარ.

სახლის მეორე სართულზე ხუთი ქალბატონის სახელოსნოა. ირმა ხოფერია, ნინო ყვავილაშვილი, ეკა ხუნწარია, ქეთი ქავთარაძე და ნინო ხოფერია, უკვე ცამეტი წელია, ერთად მუშაობენ და ბატიკის ულამაზეს ნამუშევრებს - პანოებს, თავშლებს, სანათებს, ჩანთებს, დეკორატიულ გადასაფერებლებს, შირმებს, ერთი სიტყვით უამრავ გულის და თვალის გასახარელ ნივთს ამზადებენ. მერე ყველაფერს კედლებზე ფენენ, რასაც ვერ დაატევენ მაგიდაზე, სავარძლებზე, ტახტზე, კალათებში აწყობენ, ან დროებით, ჩარჩოიანად იქვე, კართან ააყუდებენ. ამ შთამბეჭდავი პატარა გალერეის უკან კლასიკური სახელოსნოა და ერთ-ერთი მხატვრის არაერთი მცდელობის მიუხედავად აქ ცნებები - სავალდებულო, ეტიკეტი, წესრიგი, თუ საყოველთაოდ აღიარებული მაღალი სამუშაო კულტურა მაინც არ ვრცელდება.

ეს ქალბატონი ნინო ყვავილაშვილი გახლავთ, ნინო „მართალი“ ასეც ეძახიან. ნინო ასაკით ყველაზე უფროსია და დანარჩენთაგან გასხვავებით ძალიან მოწესრიგებული ადამიანია. სულ ასეთი ვიყავიო, ამბობს. ძალიან ადრე, ჯერ კიდევ სკოლაში სწავლობდა, როდესაც ქუჩაში მიმავალ ცოტა დაუდევრად ჩაცმულ, იღლიის ქვეშ ქაღალდის თოფებამოჩრილ მხატვარს მოკრა თვალი. ახალგაზრდა კაცს ხელებზე გადღაბნილი საღებავის ლაქები ემჩნეოდა. მერე კიდევ ვიღაც შეხვდა ამდაგვარი და მათმა უწესრიგობამ რატომღაც სულაც არ გააღიზიანა. პირიქით, ეს უდიერი ჩაცმის სტილი, რულონებად დახვეული ტილოები და ხელზე ლაქები ძალიან მოეწონა. მეც მხატვარი გამოვალო, გუნებაში ამბობდა. ჩაბარების წინ კი უცნაურად დაფრთხა, ვაი თუ სათანადოდ ნიჭიერი არ აღმოვჩნდი და მხოლოდ საღებავის ლაქები შემრჩეს ხელზეო. გადაიფიქრა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოლოგიურ ფაკულტეტზე ჩააბარა. უნივერსიტეტი რომ დაამთავრა გამბედაობაც მოემატა და აკადემიაში, ქსოვილების ფაკულტეტზე განაგრძო სწავლა.

ირმა: ნინოს მოწესრიგებულობასთან დაკავშირებით დიდი ბრძოლები გადაგვიტანია. ვერაფრით წარმომიდგენია იდეალურ წესრიგში მუშაობა. ამ დროს ათასი რამე მჭირდება და მჭირდება იქვე, ხელის მისაწვდენ მანძილზე. საღებავსაც ფუნჯის ყოველი ამოსმის მერე თავს ხომ არ დავახურავ? ნინო ასეთია. მაგიდაზე კოლოფებში ჩალაგებული ათასი წვრილმანი უწყვია. სანაგვედ ერთ, საგანგებოდ ამ მიზნისთვის შემონახულ ქილას, ან კოლოფს იყენებს. უსარგებლო რამეებს პირდაპირ ამ სანაგვეში უძახებს და არის ასე, გაპრიალებული მისი კუთხე. სერიოზული ომები გვქონია მაგალითად მიზეზით: ვინ დააგდო დამწვარი ასანთის ღერი სანაგვე კოლოფთან და არაში.

0x01 graphic

სულ თავიდან

ნინო, ირმა და ნინო (ყვავილაშვილი) ერთმანეთს ბავშვობიდან იცნობდნენ, შორეული ნათესავები ყოფილან, მაგრამ მანამდე დიდი სიახლოვე არასდროს გვქონიაო, ამბობენ.

ირმა იმხანად პეროვსკაიას ქუჩაზე ერთ ძველ სახლში ცხოვრობდა. სახლში პატარა იზოლირებული სამზარეულო იყო, ყველასგან დავიწყებული, უსარგებლო. ერთ მშვენიერ დღესაც ირმამ სამზარეულო-საკუჭნაო საკუთარ სახელოსნოდ აქცია, ყველა საჭირო ნივთით აღჭურვა და საქმეს შეუდგა. მერე ნინოსაც შესთავაზა, თუ გინდა ჩემთან იარე და ერთად ვიმუშაოთო.

ირმა: დილიდან შევიკრიბებოდით ხოლმე, იმ პაწაწინა ოთახში შევიჭუჭკნებოდით და მთელ დღეებს იქ ვატარებდით. ყველაფერი - ფუნჯები, ჩაქუჩი, ჩარჩო, ქსოვილები, უთო, საღებავები, მაგიდაც კი, საზიარო იყო. ნამდვილი კომუნიზმი გვქონდა და ამ რეჟიმში ძალიან მშვიდად ვცხოვრობდით.

ირმა ისედაც მშვიდია, ყველაზე ნაკლებს საუბრობს და როცა საუბრობს, ხმის ტემბრი აქვს რაღაცნაირი, მონუსხულივით უსმენ. მისი და, ნინოც მეთანხმება, კი, ასეა, ამისი ჩხუბი ან ხმამაღალი ლაპარაკი დღემდე არ გვახსოვსო. სულ ასეთი ყოფილა. დებს შორის განსხვავება ერთი წელია და ამიტომ ყოველთვის ძალიან ახლოს იყვნენ. ბავშვობიდან ყველაფერს ერთად აკეთებდნენ - ერთად იღვიძებდნენ, ერთად თამაშობდნენ, ერთად ხატავდნენ, წრეც საერთო ჰყავდათ. არასდროს ვჩხუბობდითო.

ნინო ხოფერია: ბევრჯერ მიფიქრია, ირმა, ალბათ, ასეთი უცნაური ტიპია, არასდროს არაფერი სწყინს, ან უბრალოდ ყურადღებას არ აქცევს-მეთქი. გვიან მივხვდი, რომ ვცდებოდი. ძალიან მგძნობიარე ადამიანია და ვიღაცისთვის უმნიშვნელო ამბავიც ბოლომდე შეიძლება განიცადოს. წლების მერე დავფიქრებულვარ, მაშინ ასე რომ ვთქვი, ალბათ ძალიან ვაწყენინე-მეთქი. ასე იცის, არაფერს გეტყვის, გაჩუმდება და უსიტყვოდ გაპატიებს.

ეკა ირმას კლასელი იყო. აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში სამრეწვლო გრაფიკის ფაკულტეტი დაამთავრა და მერეღა მიხვდა, რომ ბატიკის ტექნიკის სწავლაც ძალიან უნდოდა. ირმას ამიტომაც მიაკითხა; გიყურებთ როგორ მუშაობთ და მეც ნელ-ნელა ვისწავლიო, სთხოვა. ეკას ქეთი და ნინო ხოფერიაც მოყვნენ და მას მერე სულ ასე არიან-ხუთივე ერთად.

ქეთი: ეკა ძალიან მონდომებული იყო, გულმოდგინედ მუშაობდა და გაუთავებელი კითხვებით თავს გვაბეზრებდა. საქმეში თავჩარგულებს არაფერი აღარ გვესმოდა. ასეთ დროს პირდაპირ მოგვადგებოდა, ხელს წაგვავლებდა და თავის ჩარჩოსთან მიგვაჩიქჩიქებდა. სანამ კითხვების მარაგს სრულად არ ამოწურავდა, ხელს არ გვიშვებდა.

ბოლო ცამეტ წელიწადს სახელოსნოების ადგილმდებარეობის მიხედვით პერიოდებად ყოფენ. ასე გამოიარეს გოგებაშვილის, მერე ბელინსკის პერიოდები. ამჟამად ბარნოვის ან გნებავთ მრგვალი ბაღის „დროში“ ცხოვრობენ.

პირველი მისამართი: გოგებაშვილის №28

მაგარი ცივი ზამთარი იდგა. იმ წელს შემოდგომაც ეგეთი იყო, სველი და ნაცრისფერიო, ყვებიან. სოხუმი ორი თვის დაცემული იყო. ციოდა და ბნელოდა იმ დღესაც, როცა ირმა, ქეთი და ნინო ალექსანდროვის ბაღის მისადგომებთან ერთ საშუალო სიმაღლის, უცნაურად განიერ მაკლერს მიადგნენ. იქნებ ,სადმე ცენტრთან ახლოს და იაფად სახელოსნო გვიშოვოთო. მაკლერი დაფაცურდა, ჯიბეებში შენახული ფურცლის ნაგლეჯები მაგიდაზე დაუდევრად მიმოყარა და თვალი გადაავლო. ერთხანს ჩაფიქრდა და ბოლოს კიო, უთხრა, უეჭველად გიშოვნითო. თან მზესუმზირის ქერქები, მაგიდაზე განფენილ გაზეთის ნაკუწზე მოურიდებლად გადმოაფურთხა და ნაგლეჯებში ქექვა განაგრძო.

მეორე დღეს გოგებაშვილის ქუჩაზე სახელოსნოს სანახავად წავიდნენ. სახელოსნო რა, ბინაც ძნელად ეთქმოდა, ორი ერთმანეთზე ციცქნა ოთახი იყო. ამოცვენილი პარკეტით, უხვად ჩამოყრილი ბათქაშითა და მუხლამდე მტვრის ბუმბლებით მოფენილი.

0x01 graphic

ირმა ხოფერია:

1988-1993 აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, ქსოვილების ფაკულტეტი

2003 ქორთიარდ მერიოტის ინტერიერი, თბილისი

2000 პერსონალური გამოფენა, გალერეა შარდენი, თბილისი

2000 საშობაო გამოფენა, N გალერეა

1994 ქართველი მხატვრების ჯუფური გამოფენა, ჰამბურგი, გერმანია

1995 თანამედროვე ხელოვნების გალერეა,

1993 ხელნაკეთი ნივთების გამოფენა, ლენინგრადი.

ირმა: თან შებინდებისას მივედით, დენი, ცხადია, არ იყო. ამიტომ ბევრი ვერაფერი დავინახეთ. ხელის ცეცებით ერთი გავიარგამოვიარეთ და დავთანხმდით. ადგილმა და ფასმა მოგვხიბლა. თან იმ ქალბატონმა ბრძანა - აქ, ელექტროენერგია შედარებით ხშირად მოდის, აღარ მახსოვს, ვიღაცაზე მითხრა აქვე ცხოვრობსო. აბა, დანარჩენს ხომ მოევლება-მეთქი გავიფიქრე.“ მოკლედ, თვეში 30 დოლარად ყველაზე ძვირფასი, ოჯახის წევრების გაუთავებელი საყვედურებისა და ჯუჯღუნისაგან თავის დაღწევის და თავისუფლად მუშაობის უფლება მოიპოვეს - საკუთარი სახელოსნო.

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

„სამსახურში“ ფეხით დადიოდნენ, სხვა არჩევანი არც იყო. ირმას და ნინოს (ხოფერიებს) გაუმართლათ, იქვე, ქვემო ვერაზე ცხოვრობდნენ. ქეთი ყოველ დილით ავლაბრიდან დადიოდა, ნინო ნახალოვკაში ცხოვრობდა, ეკა ხილიანზე. იმხანად რესპუბლიკის მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელში United Colors of Benetton მაღაზია გახსნილა. შეუვლია ერთხელაც ეკას და ჩექმა მოსწონებია ძალიან. ისე ძალიან, რომ დიდხანს უტრიალა, ბევრი იფიქრა და იორჭოფა, საკმაოდ სოლიდური თანხა ღირდა, მაგრამ საბოლოოდ მაინც გადაწყვიტა და იყიდა. ყოველ დილით, სახელოსნოში შევიდოდა თუ არა, ჩამოჯდებოდა თურმე სადმე და თავის საამაყო შენაძენს მონდომებით წმენდდა. თან ბუზღუნებდა, ასე მალე ახალ ფეხსაცმელს ამდენი ნაოჭი როგორ უჩნდებაო.

0x01 graphic

ქეთი: დღეში რამდენიმე კილომეტრს ფეხით დავდიოდით და აბა, რა იქნებოდა. კიდე კარგად გაუძლო. ეს წმენდა-გაპრიალება დილის აუცილებელი რიტუალი იყო. ვერაფრით დავარწმუნეთ, რომ ეს საბრალო ჩექმის კი არა, ამდენი სიარულის ბრალი იყო. ძალიან მოსწონდა და ჯიუტად ამტკიცებდა ამდენი ნაოჭი ჯერ, მაინც არ უნდა ჰქონდესო.

საბრინა

სახელოსნოში გაჩაღებული მუშაობა მიდიოდა. როგორი ამინდიც არ უნდა ყოფილიყო დღეს არავინ აცდენდა. ისხდნენ და ხატავდნენ. დროდადრო გახედავდნენ ხოლმე სახელოსნოს ჩამობრდღვნილ კედლებს, ამოშავებულ, მურიან ჭერს და ხუთივე ერთი ფიქრით ფიქრობდა - ნეტავ, როდის გვექნება საკმარისი ფული, ან როდის გამოჩნდებიან ჯადოსნური ხელმარჯვე ოსტატები ამ ოთახებს უცბად რომ შეესიონ და ყველაფერი წუთში გაგვილამაზონო. არც პირველი და არც მეორენი, ცხადია, არსად ჩანდნენ. სამაგიეროდ, ყველას მაგივრად გამოჩნდა ერთი უჩვეულოდ აქტიური, ძალიან მაგარი იტალიელი გოგო, სახელად საბრინა.

საბრინა თბილისში ქმართან ერთად ჩამოვიდა. იტალიელი კომერსანტი სერჯიო სერიოზული ეკონომიკური კრიზისის მქონე ქვეყნებში იტალიური წარმოების იაფი ფქვილით ვაჭრობდა. მაგარი ბიზნესი ჰქონია. ასე, რომ სერჯიო მთელი დღე თავის საქმეებზე დაქროდა და საბრალო გოგოს ძალიან მოსწყინდა. სახელოსნოს ამბავი ირმას იტალიურის მასწავლებლისგან შეიტყო და ძალიან სთხოვა, ბატიკის კეთების სწავლა რახანია მინდა, თუ შეიძლება ხანდახან ვივლი, როგორ მუშაობენ ვუყურებო. სახელოსნოში ასეთი სტუმრები მანამდეც ბევრი ჰყოლიათ, ამიტომ გოგონები უმალ დათანხმდნენ. ის კი არა, მეორე დღეს საბრინას უკვე სახელოსნოს საკუთარი გასაღები გადასცეს - როცა გინდა მოდი და რის გუნებაზეც იქნები ის აკეთეო.

საბრინამ რამდენიმე დღე იარა, მერე გოგონებს საქმიანად განუცხადა: მე კედლების შეღებვა და ცოტაოდენი საღებავის შოვნაც შემიძლია. თქვენ ვინ რას გააკეთებთო? მეორე დღეს ყველა რაღაცას ეზიდებოდა - ვის მორჩენილი საღებავები აღმოაჩნდა სახლში, ვის დიდი ფუნჯები, ვიღაცამ გაჯი იშოვა, რაღაცეები იყიდეს, ცოტა მეგობრებიც დაიხმარეს და ეგ იყო.

0x01 graphic

ნინო ხოფერია:

2002 სადაზღვევო კომპანია ალდაგი- ინტერიერი, თბილისი
1987-1992 სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი, ფერწერის ფაკულტეტი

ნინო ხოფერია: „მართლა სერიოზული რემონტი გავაკეთეთ. ვერასდროს ვიფიქრებდი რომ შელესვა ასე კარგად გამომივიდოდა. იცი, მაშინ რას მივხვდით? რომ ყოველთვის, იმ საზარელი ომიანობის დროსაც კი, რაღაცის გაკეთება შეგვეძლო. და რომ ყველაფერიც გამოვა! მაშინ საკუთარ თავებზე პატარა გამარჯვება ყველას ძალიან გვჭირდებოდა. დიდი შემართება და სტიმული იყო.“

საბრინამ ისიც თქვა, ქალაქში ასე თუ ისე უკვე გიცნობენ და ახლა სახელიც გჭირდებათო. რემონტის დროს სახელოსნოს კარი და ფანჯრები ლურჯად შეღებეს, ამიტომ საბრინას ბევრი აღარ უფიქრია და სახელოსნოს (რატომღაც ფრანგულად) „ლურჯი სახლი“ დაარქვა.

ნინო ყვავილაშვილი: საბრინამ ძალიან ბევრი რამე გვასწავლა. მანამდე არავის გვესმოდა რას ნიშნავს ბაზარი, მარკეტინგი და ა.შ. კომერცია ჩვენი ორიენტირი არასდროს ყოფილა, თუმცა საბაზისო ცოდნა და ელემენტალური გამოცდილება ამ მიმართულებით მაინც გვჭირდებოდა. საბრინამ უცბად მოისაზრა, სასწრაფოდ ბუკლეტები დაგვაბეჭდინა და საერთაშორისო ორგანიზაციებში დაარიგა. ბევრი საინტერესო რჩევა მოგვცა. მაგალითად, აგვიხსნა, რომ თუ ჩვენი პროდუქციის გაყიდვა გვინდა, მყიდველის მოთხოვნაც უნდა გავითვალისწინოთ. და რადგან ჩვენი სტუმრები ძირითადად უცხოელები არიან, უნდა გვახსოვდეს, მათ სახელოსნოში ის ხიბლავთ, გვერდით ოთახში ნამდვილი, ცოცხალი პროცესი რომ მიდის, ყველაფერი ხელით რომ კეთდება და ამის ნახვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ამიტომ გვირჩია, თავშალის დამზადებისას ყველა სამუშაო ხელით შეგვესრულებინა. ჩვენ კიდევ, თავშალის კიდეებზე ამოხვევებს სამკერვალოში ვაკეთებინებდით, საქმის გასამარტივებლად. ქსოვილის ბოლოები ძალიან უხეშდებოდა. ხელით რომ ვცადეთ გაცილებით ნაზი და დასრულებული გამოვიდა. მოკლედ, ყოჩაღი გოგო იყო საბრინა. დღემდე გვემეგობრება. წელი არ გავა, რომ არ გვესტუმროს.

ასე ნელ-ნელა გაჩნდნენ სახელოსნოში სტუმრები და კლიენტები, რომლებიც თავიდან თვეში ერთხელ, ხანდახან ორ თვეში ერთხელ თუ გამოჩნდებოდნენ. პირველი წლები მხოლოდ ენთუზიაზმზე მუშაობდნენ და ბევრჯერ ყოფილა, ქირის საფასურისთვის საჭირო თანხა ძლივს შეუკოწიწებიათ. დღეს „ლურჯ სახლს“ ბევრი სტუმარი ჰყავს. ბატიკაზე მუშაობა კი მათი საყვარელი საქმეცაა და შემოსავლის წყაროც.

სექტემბერი ძალების მოკრეფის, თავიდან დამუხტვის პერიოდია. საზაფხულო არდადეგებიდან ახლად დაბრუნებულებს დრო სჭირდებათ სამუშაო განწყობაზე მოსასვლელად. ყველას თავისი ოჯახი ჰყავს და ზაფხულის ბოლო თვეს შვილებთან ერთად ატარებენ. ამიტომ სახელოსნოში სიმშვიდე და სიხალვათეა. თუმცა სამუშაო ოთახიდან რაღაც ხმაური მაინც გამოდის. ეს ქეთია.

ნინო ყვავილაშვილი: ყველაზე მეტ დროს სახელოსნოში ქეთი ატარებს. იმდენად ბევრს, რომ ხანდახან ვახსენებთ, ამ ყველაფრის გარდა ოჯახი და შვილი რომ ჰყავს. საოცრად შრომისმოყვარეა. არასდროს ეზარება ახალი იდეებით გამოსვლა, ახალი ტექნიკის გამოყენება. სულ რაღაცას გვთავაზობს, ათას რამეს მოიგონებს და მერე ჩვენც გვიზიარებს. ეს ძალიან გვეხმარება. ისე, ფანტაზია უცნაური რამეა, თუ გაგიტაცა...

ეკა: სახელოსნოში მე და ქეთიღა დავჩით. საღამო ხანი იყო, ძალიან დაღლილები სავარძლებში ვესვენეთ. ქეთი მოულოდნელად შემოტრიალდა და ძალიან სერიოზულად მკითხა: ეკა, იცი ავღანეთში ომი სინამდვილეში რატომ დაიწყო? დაბნეულმა თავი გავაქნიე. ვიფიქრე, რაღაც სახელმწიფოებრივი საიდუმლო იცის და უნდა გამიმხილოს-მეთქი.

0x01 graphic

0x01 graphic

თურმე ავღანეთში უძველესი დროიდან ერთი ფასდაუდებელი ლურჯი ხალიჩა ინახებოდა. ლაზურიტის ქვისაგან დამზადებული საღებავით შეღებილი ძაფებით ნაქსოვი. ჰოდა, ამ ხალიჩის ხელში ჩასაგდებად ჩამოსხა გორბაჩოვმა ავღანეთის მიწაზე ჯარებიო. ცოტა ხანს ვუყურე, მერე მივხვდი რაშიც იყო საქმე და ავხითხითდი. კი არ დაბნეულა, უცებ განაგრძო - უი, სულ ამერია, ომი რაღა შუაში იყო, რუსეთს კოსმოსური წარმოებისთვის, თურმე, დიდი რაოდენობით ლაზურიტი სჭირდება და მსოფლიოში ყველაზე დიდი მარაგი ავღანეთში აღმოჩნდაო.

0x01 graphic

ასე სცოდნია. ისეთი განცდით მოყვება ვიღაცის მონათხრობს, ეჭვიც არ შეგეპარება, ეს ამბავი თვითონ რომ გადახდა. ან ასეც ხდება - ასოციაციური ფიქრები ერთმანეთში უცნაურად ებლანდება, სადღაც გაიტყორცნება და ამგვარი უცნაური რამე გამოვა. ცუდია, ვითომ ხანდახან ასეთი ამბების მოსმენა?

ცხელა. თითქოს სექტემბერია და დღემაც იწყო კლება, თუმცა, ამინდს ჯერ არაფერი ეტყობა. ყველა ჭუჭრუტანიდან მზე უმოწყალოდ აჭერს და ადგილს ვერ ვპოულობ. სახელოსნოში დღეს მეტისმეტად ბევრი ხალხი ირევა. სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციიდან ვიზიტიორთა სამი პარტია უკვე გავისტუმრეთ. უფრო ხშირად არაქართველები არიან, დიდხანს, დიდხანს დადიან, არჩევენ, სინჯავენ, გუნებაში საკუთარ ინტერიერს უხამებენ და მხოლოდ მერე ყიდულობენ. სამაგიეროდ ზუსტად იციან, რომ სწორედ ეს პანო, ან თავშალი სჭირდებათ. ზოგი მათგანი ძალიან ხშირი სტუმარია. ასეთები გოგონებს გამორჩეულად თბილად ახსენდებათ. მათ შორის ერთი შვეიცარელი ქალბატონი, წითელი ჯვრის ორგანიზაციის ძველი თანამშრომელი. ლამის ყოველ კვირას დადიოდა და სასაჩუქრედ თავშალებს ყიდულობდა. დიდხანს არჩევდა, რომ ფერები და ორნამენტები არ გამეორებულიყო. ასე, ორმოცადაათამდე ეყიდა. საქართველოდან გამგზავრებამდე დასამშვიდობებლად რომ მოვიდა, მაშინღა გამოტყდა, ვერც ერთი თავშალი საჩუქრად ვერ გავიმეტე, ყველას მე თვითონ ვხმარობო.

0x01 graphic

ეკა ხუნწარია:

1986-1991 სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, სამრეწველო გრაფიკის ფაკულტეტი
2003 ქორთიარდ მერიოტის ინტერიერი, თბილისი
2002 მერიოტი თბილისის ინტერიერი, თბილისი
1999 საშობაო გამოფენა, თანამედროვე ხელოვნების გალერეა, თბილისი.

ეკა: ოდესმე თუ ბრუნდებიან, აუცილებლად გვსტუმრობენ, უყვართ აქაურობა. ხანდახან ისე მოდიან, უბრალოდ სასაუბროდ, ჩაის დასალევად. მერე სხედან საათობით და აღარ მიდიან.

სულაც არ მიკვირს. პანოებით აჭრელებული კედლები, ნათელი ოთახები, საღებავის და ყავის სუნით გაჟღენთილი კედლები და ხუთი ყველაზე კეთილგანწყობილი ქალბატონის გარემოცვა საუკეთესო ადგილია სტუმრობისთვის. ერთია, გამოფენების წინ იქ არ უნდა მოხვდეთ, თორემ ძალიან დაიბნევით და ვერაფერს გაიგებთ. ამ დროს ყველაფერი თავდაყირა დგება და ოთახებში ათეულობით ადამიანი ირევა. ყველა ქალბატონს თავისი `სამაშველო' გუნდი დაყვება. აქეთ-იქით საქმიანად დარბიან და თავისთვის ბურდღუნებენ. რომელიმე ოთახის კუთხეში, კი ერთ პატარა, დიდთვალება გოგოს შეამჩნევთ. ეს ნაზოა. ნაზო დედამიწაზე ყველაზე ერთგული და კეთილი მკერავია. გამოფენის წინ სულ ასე თავჩახრილი ზის და კერავს. თუ ძალიან არ დააკვირდი, შეიძლება არც კი შემოგხედოთ. არავის ელაპარაკება, არასდროს ბუზღუნებს და არაფერს კითხულობს, ისედაც ყველაფერი კარგად იცის.

დღესაც აქაა, ისევ ზის და კერავს. სახელოსნოში ამჯერად ნინო ხოფერია აკლიათ, ჯერ ზღვიდან არ ჩამოსულა. ნინოზე ასე ამბობენ ყველაზე უდარდელი და მშვიდი ადამიანიაო. როგორც კი შემოვა ერთს აუცილებლად დაივლის, იქნებ რამე ზედმეტი ან უსარგებლო ნივთს მოკრას თვალი, მაშინვე სანაგვეში უკრავს თავსო. ბევრჯერ უძებნიათ მერე ის „უსარგებლო ნივთი“ სხვებს, მაგრამ ვერსად უნახავთ. ცხოვრებაშიც ასეთია, ზედმეტი არაფერი უყვარს, წვილმანებზე ფიქრით თავს არასდროს იწუხებს და ყველა რთული სიტუაციიდან უმარტივეს გამოსავალს პოულობს. საფიქრალი ყველას ისედაც საკმარისზე მეტი გვაქვსო, ამბობს.

ნინო ხოფერია: არ მიყვარს პრობლემებზე საუბარი. გაცილებით იოლია დავივიწყო ან რამე უკეთესით დავკავდე. ამას რომ ვაკეთებ, ეს იმას არ ნიშნავს რომ არ განვიცდი და არაფერი მადარდებს. უბრალოდ მინდა, ის ენერგია უფრო სარგებლიან და საჭირო საქმეს მოვახმარო.

ენერგია მართლაც ბევრი სჭირდებათ, ბატიკის კეთება მარტო აბრეშუმის ქსოვილის წყლის საღებავებით მოხატვა არ გეგონოთ. მაგალითად ყველა ქალბატონი მშვენივრად ფლობს ისეთ იარაღებს, როგორიც ხერხი და ჩაქუჩია, ასევე რამოდენიმე ჩარჩოს, და დიდი შირმის ერთდროულად გადაადგილება დახმარების გარეშე შეუძლიათ. უზარმაზარი გომოთუხთუხე პარაფინიანი კასრის დაცლაც, მათი ყოველდღიური სამუშაოა. თუმცა არავინ წუწუნებს, რადგან ეს ის საქმეა, რისთვისაც არც ყინვაში ფეხით კილომეტრების გავლა დაზარებიათ და არც შემოსავლების გაზრდის მიზნით პროფესიის შეცვლაზე უფიქრიათ. ერთადერთი, როცა ჯერი კომუნალური გადასახადების გადახდაზე, ან ნებისმიერი საორგანიზაციო საკითხების მოგვარებაზე მიდგება, პატარა აურზაური მაშინ იწყება. „ეხლა შენ წადი, წინაზე მე ვიყავი. მე რომ სტამბაში წავედი! და საერთოდ, რას აკეთებს ის?“ და ასე გაუთავებლად.

0x01 graphic

ირმა: ამ პატარა მონაკვეთების ამოგლეჯვის შემთხვევაში შეგიძლიათ ჩათვალოთ რომ სახელოსნოში სრული ჰარმონიაა. შრომა, ჯაფა და დიდი ხალისია.

რა გვინდა? ჯერ ძალიან ბევრი რამე გვაკლია. პირველ რიგში ალბათ ის, რაც მთელს ქვეყანას - მეტი ინფორმაცია, მეტი ახალი, უცხო ხასიათი, საზღვრების გარღვევა გვჭირდება.

თბილისში, 2005 წლამდე უზარმაზარი საერთაშორისო სიმპოზიუმი ტარდებოდა. იყო ასეთი ორგანიზაცია GTG (Georgian Textile Art Group), რომელსაც ორ წელიწადში ერთხელ მრავალი ქვეყნიდან ქსოვილის ძალიან ცნობილი მხატვრები ჩამოჰყავდა, ვინც გო ბელენზე, ბატიკაზე, თექაზე მუშაობდნენ და სრულიად უსასყიდლოდ თავიანთ გამოცდილებას, ცოდნას გვიზიარებდნენ. ამ ორგანიზაციას არაჩვეულებრივი ქალი ნინო ყიფშიძე ხელმძღვანელობდა. რამოდენიმე მათგანი ჩვენს სახელოსნოშიც ცხოვრობდა. მახსოვს ერთი უნგრელი ცოლ-ქმარი, ძალიან ცნობილი თექის ხელოსნები, ჩვენთვის ცოტა გაუგებარი, უჩვეულო ცხოვრების წესით ცხოვრობდნენ. მხოლოდ ნატურალური, დაუმუშავებელი მასალის სამოსს ხმარობდნენ, ნატურპროდუქტით იკვებებოდნენ და არანაირ მაღალტექნოლოგიურ პროდუქტს არ ცნობდნენ. აეროპორტში რომ ვაცილებდით ჩემოდნებიც კი არ ჰქონდათ, თავიანთი ნივთები ტომრებში ელაგათ.

მეორე წელს ამერიკელი ჯოან მორისი ჩამოვიდა, ბროდვეის სპექტაკლების კოსტიუმების ცნობილი მხატვარი. გვქონდა უამრავი გასვლითი ტურები, ექსკურსიები, დავდიოდით თუშეთში, ალვანში, აზერბაიჯანის სოფლებში და უძველესი ქსოვილის დამზადების, ქსოვილზე მუშაობის ტექნიკას ვსწავლობდით. ერთმა ამერიკელმა ქალმა ქვილთის სრულიად განსხვავებული ტექნიკა გვასწავლა. ქვილთისაგან არა მარტო საბანს და გადასაფარებელს, არამედ დეკორატიულ ნივთებსაც ამზადებდა. დღეს ქეთი და ნინო (ყვავილაშვილი) ამ ტექნიკას იყენებენ და თავადაც ულამაზეს ნამუშევრებს ქმნიან.

ჯერ-ჯერობით დამოუკიდებლად ამდენი მოგზაურობის და მხატვართა სიმპოზიუმებსა თუ შეხვედრებზე დასწრების საშუალება არა გვაქვს. ეს მართლა ძალიან გვაკლია. თუმცა, რა გითხრათ, რახან აქამდე ვარსებობთ ე. ი. რაღაცის კეთება მაინც შეგვძლებია. ჰოდა, რა იცი, მერე რა იქნება?

0x01 graphic

0x01 graphic

ქეთი ქავთარაძე:

1984-1989 სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, ქსოვილების ფაკულტეტი,
2005 ვეფხისტყაოსნის მინიატურები, გალერეა შარდენი, თბილისი
2000 ქართულ-ებრაული კულტურის დღეები ისრაელში
2000 ტექსტილის მხატვრების პერსონალური გამოფენა, გალერეა შარდენი, თბილისი
1999 მინიატურული ტექსტილის გამოფენა, ლატვია
1996 ქართული გობელენი, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, თბილისი
1994 მეათე საერთაშორისო ბიენალე, მინიატურული ტექსტილის გამოფენა, უნგრეთი
1997 წლიდან ასწავლის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, ქსოვილების ფაკულტეტზე

0x01 graphic

7.3 შემრიგებელი საიდან მოდის ბარაკ ობამა?

▲ზევით დაბრუნება


ავტორი: ლარისა მაკფარქუჰარი
თარგმნა: თამარ სუხიშვილმა

© Larissa MacFarquhar
Originally published in The NewYorker

0x01 graphic

2005 წლის ოქტომბერში ბრიტანულმა ჟურნალმა NEW STATESMAN-მა ბარაკ ობამა იმ საუკეთესო ადამიანთა ათეულში დაასახელა, რომელთაც სამყაროს შეცვლა შეუძლიათ. მას შემდეგ ორი წელი გავიდა. ილინოისის სენატორი ბარაკ ობამა დღეს უკვე დემოკრატების პრეზიდენტობის კანდიდატია და, წინასწარ გამოკითხვებზე დაყრდნობით, საკმაოდ სერიოზული შანსები აქვს. ობამას უამრავ მხარდამჭერთა შორის არადემოკრატებიც არიან. როგორც ამბობენ, მხოლოდ დემოკრატების კი არა, ყველას კანდიდატია. მის საარჩევნო პროგრამაში ორი საკითხი დომინირებს: ერაყის ომის დასრულება და ჯანდაცვის უნივერსალური სისტემის შექმნა. აპირებს თუ არა ობამა სამყაროს შეცვლას? - ვფიქრობთ, ამ კითხვაზე პასუხს ნიუ იორკერში გამოქვეყნებული სტატია გაგცემთ.

0x01 graphic

REUTERS

ფერმერთა სოფელი. გასული წლის ზაფხული. ერთი ჩვეულებრივი დღე. კარმი, ილინოისი - ქალაქი პატარა მდინარე ვაბაშზე, ქვემოთ, შტატის სამხრეთ ბოლოში, კენტუკიდან 25 მილის მოშორებით. 12 ფერმერი ერთად შეყრილა, ჯანმრთელი აღნაგობის თეთრკანიანები არიან, ძალიან მოკლედ შეჭრილი თმით - სხედან ერთმანეთზე შეტყუპებული მაგიდების გარშემო რაღაც გაურკვეველ ოთახში. სენატორ ბარაკ ობამას ესაუბრებიან. ეს დიდი ხნის წინ იყო, მანამ, ვიდრე ობამა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გადაწყვეტდა. ის ერთ-ერთი მაგიდის კიდეში იჯდა, სკამის ზურგზე გადაწოლილიყო, მუხლი მაგიდის კიდეზე მიებჯინა, ჰალსტუხი კი ეკეთა, მაგრამ პიჯაკი არ ეცვა და პერანგის სახელოები აკაპიწებული ჰქონდა. ერთი ახალგაზრდა ფერმერი ჯონსის აქტის გამო გამოთქვამდა უკმაყოფილებას. მეორეს ეთანოლის საკითხი აწუხებდა.

„პირველი შეკითხვა მაშინ გამიჩნდა, ჯორჯ ბუშმა რომ თქვა: მე მთლიანად ბიოსაწვავის მომხრე ვარ. თუ ასეა, რატომღა ექცევა ამდენი ყურადღება ცელულოზის ეთანოლს?“

„მეცნიერი არა ვარ,“ - განაცხადა ობამამ, - ამიტომ, როცა ამ საკითხს ვეხები, ფრთხილად უნდა ვიყო, ძალიან ღრმად რომ არ შევტოპო და მერე ნაპირზე ვეღარ გამოვიდე. დღესდღეობით ცელულოზის ეთანოლი პოტენციურად რვაჯერ უფრო ენერგოეფექტურია, ვიდრე მარცვლეულისა. ასე მესმის. ვიცი, რომ მარცვლეულზე ხარ მიჯაჭვული. მაგრამ, თუ ვინმე უფრო სარფიან გარიგებას შემოგთავაზებს?“

„არა მგონია, - პასუხობს ფერმერი, - ამასწინათ ერთი ბიჭი მოვიდა ჩემთან და შემომთავაზა, სანამ ხორბლის მოსავალს მოიწევ, არ გინდა, შენი თივა გაყიდოო და უარით გავისტუმრე: დროს ტყუილად ნუ კარგავ, თივას არ მოგყიდი-მეთქი.“

„აი, ეს საინტერესოა, - გააგრძელა ობამამ, - რატომ არ გინდოდა, თივა მიგეყიდა? თუ ამას შენთვის ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს, თუ ეს კარგი საქმიანი გარიგება იქნება, მაშინ დაინტერესდები?“

„თუ კარგად გადამიხდით..“ - აღიარა ფერმერმა.

„თუ კარგად გადაგიხდიან. აი, თქვენ ეკონომიკა ჩემზე უკეთ გცოდნიათ. მოკლედ, უნდა დავსხდეთ იმ ფერმერებთან ერთად, რომელთაც მარცვლეული მოჰყავთ და ავწონ-დავწონოთ, რა იქნება უფრო სარგებლიანი. მე ფერმერი არ ვარ, მაგრამ თქვენი საუბრის მერე, მინდა, ჩემი თივა მქონდეს, რადგან ეს მნიშვნელოვანია...“

„მეგონა, ერთადერთი კაცი ვიყავი, ვისაც ეს იდეა ჰქონდა,“ - ჩაერია ფერმერი.

„ჩვენ ასე უნდა მოვიქცეთ. უნდა შევქმნათ ეფექტური ეთანოლი, რაც ბაზარზე შესამჩნევ ზრდას გამოიწვევს. საქმე ისაა, რომ ბრაზილიური ეთანოლი ამერიკულზე საგრძნობლად იაფია. ჯორჯ ბუშს მისი შემოტანა უნდოდა, მაგრამ მე და რიჩარდ დურბინმა, ილინოისის სენატორმა, უარი ვთქვით და მხარი დავუჭირეთ ეთანოლის არსებულ ტარიფს. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, გვქონდეს განვითარებული შინწარმოებული ეთანოლის ბაზარი. მინდა დავრწმუნდე, რომ ყველაფერი, რაც კი გაკეთდება, გაამყარებს იმ შეხედულებას, რომ ჩვენ მთელი დედამიწის ზურგზე უმდიდრესი მიწა გვაქვს და საუკეთესო ფერმერები გვყავს. მაგრამ მედალს მეორე მხარეც აქვს: თავად ფერმერები უნდა იყვნენ დაინტერესებული ამ საქმით. ხელი არ უნდა აიქნიონ და არ უნდა თქვან: ეს არ მაინტერესებს, რადგან მე მხოლოდ ხორბალი და პარკოსნები მომყავს.“

არსებობს სამი ხერხი, რომელსაც დემოკრატი კანდიდატები ამომრჩეველთან საუბრის დროს მიმართავენ და სულ რამდენიმე წუთში შთამბეჭდავად წარმოაჩენენ ხოლმე ამომრჩევლის პრობლემას, ძირითადად, ფინანსურს. მერე საზოგადოებაში პროტესტის გრძნობას აღვივებენ იმ გავლენიანი დაჯგუფებების მიმართ, უბრალო ხალხის ხარჯზე რომ მდიდრდებიან. მხოლოდ ამის შემდეგ წარმოადგენენ ამ პრობლემის გადაჭრის კარგად ჩამოყალიბებულ გეგმას და იმ გავლენიანებსაც თავის ადგილს მიუჩენენ. ობამა ამ ხერხებს თითქმის არ იყენებს. მოქმედების დროს ნაკლებად ინფორმირებული ჩანს, იშვიათად სდებს ვინმეს ბრალს. პრობლემებზე საუბარს პასიური კონსტრუქციებით ამჯობინებს: აქ საქმე მთლად კარგად ვერ კეთდება, ისე, თავისთავად, და არა იმიტომ, რომ ეს ვიღაცის ბრალია. მის მიერ შემოთავაზებული გადაწყვეტილებები ჩვეულებრივ უფრო შეუმჩნეველი და ლოკალური მნიშვნელობისა ჩანს, ვიდრე სისტემური და ფართო მასშტაბებზე გათვლილი. გავიხსენოთ თუნდაც ლას ვეგასში ამასწინათ გამართული ფორუმი, რომელიც ჯანდაცვის საკითხებს მიმოიხილავდა. ამ ფორუმზე ჰილარი კლინტონი და ობამა ერთსა და იმავე საკითხზე - პრევენციულ მკურნალობაზე საუბრობდნენ.

0x01 graphic

„ჩვენ უნდა შევცვალოთ ჯანდაცვის სფეროს დაფინანსების მექანიზმი. ეს კი ნიშნავს, რომ დაფინანსების წყარო შევუწყვიტოთ იმ ადამიანებს, რომლებიც ამ წუთას ძალიან კარგად უძღვებიან თავის საქმეს. ასე რომ, ეს დიდი პოლიტიკური ბრძოლა იქნება,“ - განაცხადა ჰილარი კლინტონმა. სადაზღვევო კომპანიები ფულს აკეთებენ იმით, რომ უამრავ ხალხს ქირაობენ სამუშაოზე, პაციენტების დაზღვევით კი ნაკლებად იწუხებენ თავს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ უკვე დაზღვეული ხართ, ცდილობენ თავი აარიდონ იმ თანხის გადახდას, რაც თქვენი მკურნალობისთვის დაიხარჯა.“ ჰილარი წინ იდგა სცენაზე. მან მოდერატორის გვერდით დაჯდომაზე უარი თქვა. ლაპარაკობდა ენერგიულად, აშკარად ეტყობოდა, რომ საგულდაგულოდ ემზადებოდა ამ ღონისძიებისთვის და ეს გამოსვლა მისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი იყო. „სადაზღვევო კომპანიების დიდი ნაწილი არ ანაზღაურებს მკურნალობის ხარჯებს იმ შემთხვევაში, როდესაც პაციენტი, რომელსაც დიაბეტის დიაგნოზი დაუსვეს (ან წინადიაბეტური მდგომარეობა აქვს), დიეტოლოგთან მიდის სწორი კვების დანიშნულების მისაღებად, ან პოდიატრისტის კონსულტაცია სჭირდება. სადაზღვევო კომპანიები გიპასუხებენ, რომ მათ არ სურთ ასეთი პრევენციული ღონისძიებების დაფინანსება, რადგანაც ეს დაკარგული ფულია...“

ეს კი უკვე ობამაა: „პრევენციულ ღონისძიებებში უფრო მეტი ფული უნდა ჩაიდოს. უაზრობაა, როცა განკურნებადი ავადმყოფობით, მაგალითად ასთმით, დაავადებული ბავშვები გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში მიჰყავთ. ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტების 20%25-ზე გადასახადების 80%25 მოდის. ასე რომ, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ინვესტიციების ჩადებას დიაბეტის მსგავსი ქრონიკული დაავადებების მენეჯმენტის საქმეში. თუ დავიქირავებთ სამედიცინო მენეჯერს, რომელიც ამ პაციენტებზე იზრუნებს და მათთვის სწორი მკურნალობის შერჩევას უზრუნველყოფს, მაშინ პოტენციურად აღარ დაიხარჯება ფეხის ამპუტაციისათვის საჭირო 30.000 დოლარი.“ როდესაც ახალგაზრდა მსმენელმა უმცირესობების ჯანდაცვის პრობლემის შესახებ დასვა შეკითხვა, ობამამ უპასუხა: ჭარბი წონისა და დიაბეტის პრობლემა უმცირესობებში უფრო მწვავედ დგას, ვფიქრობ, საჭიროა მიზნობრივი პროგრამები, განსაკუთრებით, უმცირესობათა ბავშვებისათვის, რათა დავრწმუნდეთ, რომ ამ ბავშვებს აქვთ ჯეროვანი კვება, ხელი მიუწვდებათ ხილსა და ბოსტნეულზე, აქვთ საკმარისი სათამაშო სივრცე და არ არიან მთელი დღის განმავლობაში ერთ კუნჭულში ტელევიზორთან გამოკეტილები...“

0x01 graphic

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ობამა ჯანდაცვის ფორუმებს მასპინძლობდა ნიუ ჰემფშირში, აიოვაში. ამ ფორუმებზე ის მშვიდი და გაწონასწორებული ჩანდა, ნელი ნაბიჯებით მიმოდიოდა, ჩაფიქრდებოდა, დროდადრო თავს გადააქნევდა ხოლმე. ნეიტრალურ, მიუკერძოებელ კომენტარებს აკეთებდა. მისი გამოსვლები არ იყო განმსჭვალული ავადმყოფთა მიმართ სიბრალულის გრძნობით, არც ბიუროკრატიის, კანონდარღვევებისა და უსამართლობისადმი ზიზღით, ის ამბობდა, რომ სისტემა მორყეულია და მას შეკეთება სჭირდება, თუმცა, ყველაფერი ელვის სისწრაფით ვერ მოხდება.

მისეულ მეთოდს ხშირად „პროფესორულს“ უწოდებენ, თავად ობამასაც ეს ფორუმები კონსტიტუციური სამართლის ლექციებს აგონებს, მაგრამ „პროფესორული“ მაინც იმას ნიშნავს, რომ ის გონით უნდა განსჯიდეს ან დიდაქტიკოსი იყოს, მაგრამ ასე არ არის. ხშირად აკრიტიკებენ იმის გამო, რომ თავიდან ბოლომდე შთაგონებულია და გამოკვეთილი პოლიტიკური კურსი არა აქვს. მაგრამ ობამა კვლავ ინსტინქტის ერთგული რჩება. მისი მიდგომა არ არის უბრალო სტრატეგია, თავად ობამა გახლავთ ასეთი. როგორც მისი მეგობრები ამბობენ, მას არც ის სჭირდება, გვერდით ვიღაც საპყარი ედგას, რომლის ფონზეც უფრო ძლიერი გამოჩნდება.

არა, ასეთ შეხვედრებზე ობამას აუღელვებლობა, მისი სიმშვიდე სწავლული პროფესორის კი არა, უფრო მკურნალი ექიმის მიდგომას ჰგავს, ექიმისა, რომელიც ყოველგვარი ზედმეტი ემოციების გარეშე უსმენს პაციენტს და ამშვიდებს, რომ ეს მისთვის ნაცნობი სიმპტომებია. ასეთივეა მისი დამოკიდებულება პოლიტიკის, როგორც ერთი მთლიანობის მიმართ. თუ პრობლემის წარმოჩენის დროს მავანთა მიერ დაშვებულ შეცდომებზე და ყველაფერ იმაზე აკეთებთ აქცენტს, რაც ჩვენ გადავიტანეთ, მაშინ მრისხანების ნიღბის მორგებაც ბუნებრივია. მაგრამ თუ ერთიანობის საკითხს ისევე სერიოზულად განიხილავთ, როგორც ამას ობამა აკეთებს, მაშინ მრისხანებას აზრი ეკარგება. დაახლოებით ისე გამოდის, ექიმი რომ გაბრაზდეს პაციენტზე, რომელსაც თირკმელი აწუხებს. რაღა თქმა უნდა, აქ გარკვეულ როლს რასობრივი განსხვავებაც ასრულებს: „როცა შავკანიანი ხარ, ადამიანებზე აგრესიით არ უნდა მოახდინო შთაბეჭდილება, - ამბობს ჰეივუდი, - იყო დრო, როცა შავკანიანმა პოლიტიკოსები გახდნენ წარმატებულები. ბევრმა ეს ისე გაიგო, თითქოს საზოგადოების მეწინავე ძალა რომ გამხდარიყავი, ჭაღარა თმა უნდა გქონოდა. ამის მაგალითი იყო დაგ უაილდერი. დევიდ დინკინსიც, აგრეთვე, ლოს-ანჯელესის მერი ბრედლი. მათ მიაჩნდათ, რომ თუ თეთრკანიანთა ელექტორატის ფართო მასებში პოპულარობის მოპოვება გსურს, უმჯობესია წინდახედული იყო, ვიდრე მრისხანე. არა მგონია, რომ ბარაკმა გონივრული გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც ეს გზა აირჩია, მაგრამ ეს იღბლიანი შემთხვევაა. ვიღაც მისი გამოსვლებით შეიძლება, იმედგაცრუებულიც კი დარჩეს, მაგრამ საზოგადოებრივი აზრი ჯერ არ არის მზად ცეცხლის მფრქვეველი შავკანიანის აღიარებისათვის“ (როგორც ჩანს, ცნობიერად თუ არაცნობიერად, ობამამ ამ მაგალითებიდან ბევრი რამ ისწავლა და იცის, რომ პრეზიდენტ ობამას არჩევას რასობრივი რევოლუცია არ მოჰყვება, ისევე, როგორც ქალი პრემიერ-მინისტრების არჩევა სამხრეთ აზიის ქვეყნებში არ ყოფილა ფემინიზმის აყვავების ნიშანი). ობამას სიმშვიდე ტემპერამენტის საკითხია. პირველი, რასაც აღნიშნავს ნებისმიერი ადამიანი, ვინც კი ობამას იცნობს, ისაა, რომ თავს უაღრესად კომფორტულად გრძნობს.

0x01 graphic

„ის უჩვეულოდ თავშეკავებული და გაწონასწორებული იყო, - იგონებს ქრისტოფერ ედლი, ობამას პროფესორი ჰარვარდის უნივერსიტეტში, ამჟამად ბერკლის უნივერსიტეტის დეკანი - არის რაღაც უჩვეულო თუ ახირებული ობამას თავდაჭერილობაში. და ეს ძალიან თვალშისაცემია, ისევე იქცევს ყურადღებას, როგორც არაბუნებრივი მდუმარება იმ ადამიანისა, რომელსაც ძალუძს სისხლის წნევა საკუთარ ნებას დაუმორჩილოს. აუღელვებელია, არ არის გულგახსნილი, უფრო თავაზიანია, ვიდრე ფამილარული. გარეგნულადაც მშვიდია, მოძრაობები - მსუბუქი და თავისუფალი აქვს, ხმა კი ისეთი თანმიმდევრული და ზუსტი ჟღერადობისა, რომ შეიძლება მსახიობიც კი გეგონოთ, რომელიც პოლიტიკოსის როლს ასრულებს, თანაც იმდენად თავისუფლად, რომ ამის დაჯერებაც კი გიჭირთ.

0x01 graphic

REUTERS

პერანგი საყელოსთან მოღეღილი აქვს. ჰალსტუხებს ისევე ექცევა, როგორც კენედი - ქუდებს, მაგრამ დაუდევრად ან არასერიოზულად არასოდეს გამოიყურება. „გორსა და ბუშს დაუდევრობა ახასიათებს. მაგრამ ობამასთვის ასეთი რამ არ შემინიშნავს,“ - აღნიშნავს რობერტ პუტნამი, ჰარვარდის პოლიტიკური მეცნიერების სპეციალისტი, რომელსაც სამივე პოლიტიკოსთან მოუწია მუშაობა, - ეს არა იმიტომ, რომ ის დინჯი და დარბაისელი კაცია, უბრალოდ იმიტომ, რომ ბუშს შეუძლია შერეკილად მოაჩვენოს ხალხს თავი, გორსაც შეუძლია. ობამა შერეკილი არ არის.“

უცნაურობა ისაა, რომ ისეთი უშფოთველი ადამიანი, როგორადაც მას მეგობრები ახასიათებენ, რადიკალურად განსხვავდება იმ კაცისგან, რომელსაც ობამა თავის მემუარულ თხზულებაში აღწერს. ამ წიგნში, რომელსაც „მამაჩემის ოცნებები“ ჰქვია, ახალგაზრდა ობამა შემცბარი და გაღიზიანებულია, ძიების პროცესშია, უფრთხის თეთრკანიანთა ქედმაღლობას და შევკანიანთა რისხვას, არ სჯერა საკუთარი ძალების და ყველაფერზე ეჭვიანობს. ეჩვენება, რომ მისი რწმენა მხოლოდ შენიღბული ეგოიზმია, მისი გრძნობები კი - მარტოოდენ განსაკუთრებული რასობრივი ხვედრის სიმპტომები.

წიგნი საკუთარ თავში, საკუთარ აზრებში გარკვევის შესახებ გვიამბობს. ეს არის ტრადიციული ამბავი საკუთარი თავის ძიებისა, რომელიც ტრადიციულადვე ქორწინებით მთავრდება, და დაბნეულობაც იფანტება. თუმცა, ასეთი დიდი კონტრასტი წიგნის გმირ ობამასა და იმ ობამას შორის, რომელსაც მსოფლიო იცნობს, ნამდვილად განსაცვიფრებელია.

„ძალიან მყარად იდგა მიწაზე, საკუთარ ნაჭუჭში მოხერხებულად გრძნობდა თავს, იცოდა, ვინ იყო, საიდან მოვიდა, რატომ სწამდა, - იხსენებს კენეტ მაკი, ობამას მეგობარი ჰარვარდიდან, ახლა ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი, - მისი წიგნი რომ წავიკითხე, გავოცდი - ასეთი დაბნეულობა და რისხვა, რაც ამ წიგნში იყო აღწერილი, იქნებ სადღაც სიღრმეში არსებობდა კიდეც, მაგრამ ამას არ იმჩნევდა.“

„იცით, რა მიკვირს ყველაზე მეტად? - განმარტავს ობამა, - რატომ არის ეს ხალხი ასე გაოცებული. გმირის რისხვა 15 წლის ასაკში იწყება და სადღაც 21 წლის ასაკამდე გრძელდება. მე ასე ავხსნიდი, მოზარდი ვიყავი - მოჭარბებული ჰორმონებით და მძიმე ბავშვობა გამოვიარე... ეს არ ყოფილა ჩემი ბუნებრივი ტემპერამენტი. მაგრამ ეს წიგნი ხომ მთელ ჩემს ცხოვრებას არ აღწერს. სრულიად განსხვავებული წიგნის დაწერაც შემეძლო, კალათბურთის თამაშით გამოწვეულ სიხარულზე და იმაზე, თუ როგორი გრძნობაა, როცა ტალღაზე მისრიალებ და მზე ჩადის ქვიშიან სანაპიროზე.“

რატომ არ დაწერა წიგნი კალათბურთის თამაშით გამოწვეულ სიხარულზე? რატომ აკეთებს აქცენტს თავისი ცხოვრების იმ ეპიზოდებზე, რაც სულაც არ უნდა იყოს პოლიტიკურად მომგებიანი? სანამ „ოცნებებს“ დაწერდა, იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლისას, ჩიკაგოს მერობა სურდა. ხალხი კი არა მარტო შემწყნარებლურად ეკიდება, არამედ მოსწონს კიდეც ექსცენტრული და წინააღმდეგობრივი ადამიანები ამ თანამდებობაზე (სხვა თანამდებობებისაგან განსხვავებით). შესაძლოა, სწორედ ასეთი გათვლა გააკეთა ობამამაც.

ალბათ, გაანალიზა კიდეც, რომ წარსულის ამგვარი გამომზეურება მომავალში დაჩრდილავდა მის გამოსვლებს. ობამა თხრობის ხელოვანია, თანაც იცის, რომ ჩვეულებრივი ამბავი პოლიტიკური კანდიდატის შესახებ, რომელიც კარგად სწავლობდა სკოლაში, მერე წარმატებული პროფესიონალი იყო და კარგი ცხოვრებით ცხოვრობდა, მაინცდამაინც არც არავის მოხვდება გულზე და ვერც შთაგონების წყაროდ იქცევა.

როცა ჩიკაგოში საზოგადოებრივ ორგანიზატორად მუშაობდა, ობამა რამდენიმე შავკანიან მინისტრს შეხვდა, ცდილობდა, ისინი თავისი ორგანიზაციის მეკავშირეობაზე დაეთანხმებინა. საუბრის დროს აღმოაჩინა, რომ ამ ადამიანთა დიდ ნაწილს რაღაც აერთიანებდათ. „ერთი მინისტრი იხსენებდა, რომ ადრე აზარტული თამაშებით იყო გატაცებული; მეორემ მითხრა, რომ წარმატებული კარიერის დროს ჩუმ-ჩუმად სვამდა. იყო დრო, როცა ყველას ღრღნიდა რელიგიური ეჭვები. იყო შემაძრწუნებელი დაცემა, სიამაყის დაკარგვა, საკუთარი თავის პოვნა და და შემდეგ დამკვიდრება. ისინი ამტკიცებდნენ, რომ მათი დაცემა და მერე, მონანიება მათი რწმენის საფუძველი გახდა. სწორედ ამის გამო მოიპოვეს ავტორიტეტი,“ - წერს ობამა.

უნივერსიტეტის მეგობარი კასანდრა ბატსი ბარაკის საყვარელ გამოთქმას იხსენებს სამოქალაქო უფლებებისათვის მოძრაობასთან დაკავშირებით: „თუ ჯვარს ვერ ზიდავთ, მაშინ გვირგვინის ტარებასაც ვერ შეძლებთ.“

ობამამ 2004 წელს დემოკრატთა შეკრების დროს გაითქვა სახელი, როდესაც თავისი ცხოვრება აღწერა როგორც ამერიკული ოცნების გამარჯვება: „შავკანიანი ბავშვი სასაცილო სახელით“ - აფრიკელი მამაკაცისა და კანზასელი გოგონას წარმოუდგენლად იდეალისტური კავშირის ნაყოფი. გარემო, რომელშიც ის გაიზარდა, არ ყოფილა სიბნელით მოცული, ჩააბარა ჰარვარდში, იურიდიულ ფაკულტეტზე, და მაშინვე ნათელი გახდა, რომ კარიერას გააგრძელებდა და რეკონსტრუქციის შემდგომი პერიოდის შეერთებული შტატების რიგით მესამე შავკანიანი სენატორი გახდებოდა. მაგრამ, მეორე მხრივ, მისი ცხოვრება ამერიკული ოცნების საპირისპიროდ მიედინებოდა, ის უარყოფდა თავისი მშობლებისა და კიდევ იმათი მშობლების ამერიკულ ოცნებას, და რაღაც ძველისკენ ესწრაფვოდა. ობამას პაპა დედის მხრიდან სტენლი დანემი კანზასიდან იყო. სულაც არ იცოდა, რის გაკეთებას აპირებდა, მაგრამ ამ შტატიდან გაღწევა სურდა - უნდოდა შორს წასულიყო მშობლების სახლიდან, გასცლოდა მიდვესტის პატარა ქალაქის უჰაერო პროვინციალიზმს, სადაც, მისი შვილიშვილის აღწერილობით, „შიში და წარმოსახვის უქონლობა ისე ახრჩობს შენს ოცნებებს, რომ უკვე დაბადების დღესვე იცი, როდის მოკვდები და ვინ დაგმარხავს.“ რამდენიმე წარუმატებლობისა და საყვარელ გოგონასთან ერთად გაქცევის შემდეგ ის ისევე მოიქცა, როგორც ჩვეულებრივ ასეთი ტიპის მამაკაცები იქცევიან ხოლმე: ის დასავლეთისაკენ წავიდა. გადავიდა კალიფორნიაში, მერე - სიეტლში, და ბოლოს უკიდურეს საზღვარზე, შორეულ დასავლეთში, ჰავაიზე, ამის იქით ვეღარ წავიდოდა, თორემ ისევ აღმოსავლეთში ამოყოფდა თავს.

ამ დროს ობამას მეორე პაპა ჰუსეინ ონიანგო 8 000 მილის აღმოსავლეთით კენიაში, იმავე გზით და იმავე მიმართულებით მიიწევდა წინ. უკმაყოფილომ და ამბიციებით შეპყრობილმა მამის სოფელი მიატოვა, აინტერესებდა, რას აკეთებდნენ ახალი თეთრკანიანები ახლომახლო ქალაქში. მან ევროპული ტანსაცმლის ტარება დაიწყო და ევროპელთა მითითებებს იცავდა ჰიგიენისა და საკუთრების საკითხებში. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში იმოგზაურა როგორც ბრიტანეთის არმიის მზარეულმა.

ამ ორი კაცის შვილები - ობამას მშობლები ერთი თაობის წარმომადგენლები იყვნენ. მათ მიატოვეს თავიანთი სამშობლო, ისინი მამებზე უფრო თავისუფლები იყვნენ. ობამას დედა, ენი, პირველად კენიელს გაჰყვა, მერე, როცა იმან მიატოვა - ინდონეზიელს და როცა მეორე ქორწინებაც უიღბლო გამოდგა, შინ, ჰავაიზე დაბრუნდა ანთროპოლოგიაში მაგისტრის ხარისხის დასაცავად.

მერე ისევ ინდონეზიაში წავიდა, რამდენიმე წლის განმავლობაში საველე სამუშაოებზე მუშაობდა. თავის ვაჟს, რომელიც მაშინ 13 წლის იყო, არჩევანის საშუალება მისცა - შეეძლო დედასთან ერთად ინდონეზიაში წასულიყო, თუ არ უნდოდა, ჰავაიზე დარჩებოდა, თავის სკოლაში. მან დარჩენა გადაწყვიტა.

ობამას მამა სკოლიდან გამოაგდეს, მაგრამ მოახერხა სტიპენდიის მოპოვება და ამერიკაში კოლეჯში დაიწყო სწავლა. მან ჰავაის უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების გულისთვის ფეხმძიმე ცოლი და ვაჟი მიატოვა. სწორედ იქ შეხვდა ენ დანემს, დაქორწინდნენ და ბარაკი ეყოლათ. მერე ეს მეორე ოჯახიც მიატოვა, რომ კენიაში დაბრუნებულიყო და მთავრობისთვის ემუშავა, სადაც სხვა ამერიკელი ქალი შეირთო და ორი შვილი შეეძინა. რამდენიმე წლის მერე მესამე ოჯახიც დაენგრა და კენიის უსამართლო ტრიბალიზმს რომ ვერ შეეგუა, მისი სახელმწიფო კარიერაც დაიმსხვრა. გაღიზიანებულმა და უკაპიკოდ დარჩენილმა სმა დაიწყო.

„საკუთარ ოჯახზე რომ ვიწყებ ფიქრს, ყველაზე მეტად ის მიამიტობა მაწუხებს, ბავშვისთვისაც კი ესოდენ დაუჯერებელი რომ ჩანს.“ მიამიტობას ის დადებით თვისებად არ მიიჩნევს, შეუძლებელია, ამას გამართლება მოეძებნოს. ეს არაა თვითგვემის საპირისპირო, ეს სიბრძნის საპირისპირო ცნებაა. ობამასეულ პაპის აღწერილობაში სიყვარულიც იგრძნობა და ზიზღიც. „ტიპიური ამერიკელი იყო, ერთ-ერთი ტიპიური წარმომადგენელი თავისი თაობისა, ადამიანი, რომელმაც ისე აირჩია თავისუფლების, ინდივიდუალიზმისა და ღია დერეფნის ცნებები, რომ ყოველთვის არც კი იცოდა მათი ფასი. ცხოვრება ასეთი ადამიანებისა, რომლებიც თავიანთი მიამიტობის წყალობით საშიშნიც იყვნენ და ძალიან პერსპექტიულებიც, საბოლოოდ სასოწარკვეთით სრულდებოდა,“ - წერს ობამა. სტენლი დანემი თავისმა დაუცხრომელმა ხასიათმა მხოლოდ შორეთში წაიყვანა, მეტს ვერაფერს მიაღწია. ერთი არაკომპეტენტური, საბრალო სადაზღვევო მოვაჭრე იყო, მისი ცხოვრება არაფრით განსხვავდებოდა იმ ცხოვრებისგან, რომელიც მას კანზასში დარჩენის შემთხვევაში ექნებოდა. უფრო უარესი: ამდენი მოგზაურობის მერე ცხოვრებით კიდევ უფრო უკმაყოფილო იყო. საკუთარი ქალიშვილი მის უკმაყოფილებას ხედავდა, მაგრამ არასწორი გაკვეთილი მიიღო. მისთვის პრობლემა ის კი არ იყო, რომ მამამისი უშინაარსოდ, მხოლოდ ხეტიალისთვის დახეტიალობდა და ფიქრობდა, რომ ახალი ადგილი ახალი ცხოვრების დაწყებას ნიშნავდა. პრობლემა ის იყო, რომ ის შორს არ წასულა. ჰოდა, ქალიშვილი უფრო შორს წავიდა. „მამამისს წარსულის განადგურება უნდოდა, სურვილი ჰქონდა უკუეგდო წარსული, რწმენა იმისა, რომ ხელუხლებელი ტილოსგან შეექმნა სამყარო. ეს იყო ის მემკვიდრეობა, რომელიც ყველაზე სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა.“

ობამას დედა, შვილის აღწერილობით ჰენრი ჯეიმსისეული ამერიკელი უცოდველი არსებაა, გოგონა, რომელიც დახეტიალობს მსოფლიოში და სჯერა, რომ ყველაფერი ისეა, როგორც ეს გარედან ჩანს, რომ პიროვნების ისტორიის ათვლის წერტილი მისი დაბადების დღეა და რომ სხვა ადამიანებთან ურთიერთობებიც სწორედ იმ დროიდან დაიწყო, როცა გოგონა მათ შეხვდა. გოგონას სჯეროდა, რომ მშობლიური სახლის მიტოვება შიშისა და ზიანის გარეშეც შეიძლება, რადგან ადამიანები მეტ-ნაკლებად ყველგან ერთნაირი არიან. ჰავაიდან რომ წამოვიდა, არც კი იცოდა, სად მიდიოდა, რომ მის ჩასვლამდე რამდენიმე თვით ადრე ინდონეზიაში დიდი გადატრიალება მოხდა, რამაც ასეულობით ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. საბედნიეროდ, ვიღაცამ უამბო მომხდარის შესახებ, მაგრამ ამან არაფერი შეცვალა. ქვეყანაში, სადაც გაჭირვების გადალახვის აუცილებელი იარაღი ფატალიზმი იყო, ის საუკუნის ჰუმანიზმის ერთადერთი მოწმე გახდა, ახალი გარიგების, სამშვიდობო კორპუსის, ქაღალდზე დაწერილი ლიბერალიზმის ჯარისკაცი. მას მამისგან მემკვიდრეობით მიღებული და გამოცდილებაგამოვლილი რწმენა ჰქონდა, რომ „გონიერ და რაციონალურ ადამიანს შესწევს საკუთარი ბედისწერის გამოჭედვის ძალა.“ იღბლიანად უნდა ჩაეთვალა თავი, რადგან მისი გამოცდილება მხოლოდ ორ განქორწინებასა და ორ თავგზააბნეულ შვილს ითვლიდა. „უფრო უარესადაც შეიძლებოდა წასულიყო საქმე, - განსჯის მისი ვაჟი, - ბევრად უფრო უარესადაც.“

მიამიტობა, თავისუფლება, ინდივიდუალიზმი, მობილურობა - რწმენა, რომ შეგიძლია უკან ჩამოიტოვო ისტორია და ხელახლა შექმნა საკუთარი თავი შენს მიერ არჩეული ფორმით - ეს ყველაფერი დასავლეთისკენ მიმსწრაფი ამერიკული ოცნების ნაწილია, ჯერ ძველი ქვეყნიდან ამერიკისაკენ, მერე გადატვირთული ქალაქებიდან აღმოსავლეთ სანაპიროსკენ და წყნარი ოკეანისაკენ. მაგრამ ობამასთვის ეს ფუჭი ოცნებაა.

როცა ახალგაზრდა ობამა პირველად ჩავიდა კენიაში, გაიგო, როგორ შეტრიალდა მამამისის ცხოვრება, როგორ დაანგრია მან თავისი კარიერა, რადგან დაიჯერა, რომ ძველი ტომობრივი ცხოვრება მხოლოდ არარაობა იყო. მამა უტოპიური იდეით იყო შეპყრობილი - წარსულიდან უნდა ამოსულიყო, ამაღლებულიყო და საზოგადოება უნდა შეეცვალა. დეიდამ უთხრა ობამას, მამაშენმა ვერაფრით გაიგო, რომ „თუ ყველა ერთი ოჯახია, მაშინ ოჯახი არ არსებულაო.“ ეს ფრაზა ობამას ისე მოეწონა, რომ მერე ხშირად იმეორებდა და გამოცალკევებული ასოებით წერდა ხოლმე - „თუ ყველა ერთი ოჯახია, მაშინ ოჯახი არ არსებულა.“

უნივერსალიზმი ილუზიაა. თავისუფლება სინამდვილეში მხოლოდ რაღაცის მიტოვება და უკუგდებაა. დასაწყისში, ალბათ, რელიგიას შეაქცევთ ზურგს, მერე თქვენს მშობლებს, თქვენს ქალაქს, თქვენს ხალხსა და თქვენი ცხოვრების წესს. მოგვიანებით კი მიატოვებთ თქვენს ქმარს თუ ცოლს და შვილს. ეს უკვე ბუნებრივი პროგრესია გამოდის.

ჰოდა, როცა დადგა დრო, რომ ობამას სახლი უნდა მიეტოვებინა, მან არ მოინდომა ისე მოქცეულიყო, როგორც მისი დედ-მამა და იმათი მშობლები მოიქცნენ: ის მოტრიალდა და აღმოსავლეთისაკენ აიღო გეზი. ორი წელი კალიფორნიის კოლეჯში გაატარა. მერე კიდევ უფრო იქით, ნიუიორკში წავიდა. ბოლოს ჩიკაგოში გაჩერდა, მერე მიდვესტში, იქ, საიდანაც მისი დედის მშობლები გამოიქცნენ. აირჩია ყველაფერი ის, რასაც ისინი გამოექცნენ - ტრადიციის აღკვეთა, ისტორიის წონა, თემის პროვინციული სიმჭიდროვე, მან აირჩია თვით ის ჭუჭყი და ძალადობაც კი, რაც თან სდევდა ამ ადგილს, რადგან ეს მისი მახსოვრობის ნაწილი იყო. ის ბევრს ფიქრობდა თითქმის ერთი საუკუნის წინ ჩიკაგოში სამხრეთიდან წამოსულ შავკანიანთა დიდ მიგრაციაზე, მათ მიერ შექმნილ ტრადიციებზე. „მე ჯაჭვი გავაბი ჩემს ცხოვრებასა და ჩემს თვალწინ არსებულ სახეებს შორის, სხვების მეხსიერებასაც დავესესხე,“ - წერდა ობამა, ძალიან უნდოდა, რომ რაღაცასთან დაკავშირებული ყოფილიყო.

გარკვეულწილად, როცა საკუთარი ოჯახის მიტოვება და იმ ადგილას წასვლა განიზრახა, რომელთანაც არაფერი აკავშირებდა, ის ისევე მოიქცა, როგორც მისი მშობლები. მაგრამ მშობლებისგან განსხვავებით, მან გადაწყვიტა ერწმუნა, რომ მის მიერ არჩეული გზა ბედისწერითა და ოჯახით იყო დაწერილი. ამაში იყო რაღაც ორგანული, რაღაც ისეთი, რასაც ვერ გაექცეოდი. „მე ვხედავ, რომ ჩემი არჩევანი არასოდეს ყოფილა მარტოოდენ ჩემი, - წერდა ობამა, - და ასეც უნდა ყოფილიყო. სხვაგვარად გამოდის, რომ რაღაც უბადრუკ თავისუფლებისმაგვარს დასდევ.“ ეს არჩევანი საუკეთესო იყო, რაც კი შეეძლო გაეკეთებინა, დროთა განმავლობაში ფესვებიც გაიზრდებოდა. მან მიშელ რობინსონზე იქორწინა, ქალზე, რომელსაც უკვე ჰქონდა მახსოვრობა და ფესვები, რომელიც დაბადებით იყო ისეთი ადამიანი, როგორ ადამიანად გახდომასაც ოცნებობდა ობამა. დაშლილი სამხრეთის თემის ორგანიზება ითავა, იმედოვნებდა, რომ შრომითა და შთაგონებით საზოგადოებას გააერთიანებდა. მოგვიანებით უარყო მშობლების აგნოსტიციზმი და საკუთარი სკეპტიკური ინსტინქტები, ქრისტიანი გახდა და ეკლესიაში სიარული დაიწყო. „მივხვდი, - წერდა თავის მეორე წიგნში - „იმედის გამბედაობა“, - რომ რომელიმე ხალხის სარწმუნოების რწმენის გარეშე ყოველთვის გარკვეულწილად გვერდზე დავრჩებოდი, ვიქნებოდი თავისუფალი იმ თვალსაზრისით, როგორც დედაჩემი იყო თავისუფალი, მაგრამ, ამავდროულად, საბოლოოდ დედაჩემივით მარტოსულიც დავრჩებოდი.“

27 წლის იყო, როცა იურიდიულ ფაკულტეტზე დაიწყო სწავლა, ამ დროისთვის მან უკვე მოახერხა, რომ საკუთარი წარმოსახვის ადამიანი გამხდარიყო. მთელი ცხოვრების მანძილზე მას შავკანიანად აღიქვამდნენ, რაგინდ შემაშფოთებელი ყოფილიყო ეს მისთვის, იმიტომ რომ შავი იყო. ახლა ეს აღარ აწუხებდა. გარდაქმნა დასრულდა. „ვერაფრით მიხვდებოდით, რომ ორი რასის ნარევი იყო, - ამბობს კენეტ მაკი, - ვერასოდეს მიხვდებოდით იმასაც, რომ ჰავაიზე გაიზარდა. როცა შევხვდი, ერთი ჩიკაგოელი შავკანიანი ბიჭი მეგონა.“

თავისუფლების გამარჯვება ისტორიაზე, რა თქმა უნდა, არ არის მხოლოდ ამერიკული ამბავი პიროვნებებზე, ეს არის ამბავი, რომელსაც ამერიკა საკუთარ თავზე გვიყვება. ობამა ამ ამბავს არ იზიარებს, თვით მის ყველაზე დამაჯერებელ სიმბოლოს - სამოქალაქო უფლებებისთვის მოძრაობასაც კი საეჭვოდ მიიჩნევს. „სული, რომელმაც შეიპყრო ერი კენედის არჩევიდან საარჩევნო უფლებების აქტის მიღებამდე. უნივერსალიზმის თვალსაჩინო ტრიუმფი ლოკალურ შეზღუდულობასა და გონების სივიწროვეზე“ - ეს ობამასთვის სასარგებლო გამოგონებაა: „რომელიც მე მუდმივად მიკარგავს მოსვენებას და ისეთ გრძნობას აღძრავს, რასაც დაკარგული სამოთხე.“ როდესაც გვეჩვენება, რომ ისტორია დამარცხდა, ეს ერთადერთი ილუზიაა, რომელიც ქარიზმითა და რიტორიკით იქმნება.

ამიტომ, გასაკვირი არაა, რომ როდესაც ამერიკა ერაყის დაპყრობას აპირებდა ქვეყანაში დემოკრატიის დამყარების მიზნით, ობამამ თავიდანვე იცოდა, რომ ეს საშინელი შეცდომა იქნებოდა. ეს იყო ამერიკული მიამიტობა მისი ყველაზე დამანგრეველი ფორმით, თავისუფლება - ყველაზე მატყუარა და უნივერსალურობა - ყველაზე გულუბრყვილო გამოვლინებით. „სახიფათო მიამიტობა იყო იმაზე ფიქრი, რომ ჩვენ ისე შეგვხვდებოდნენ, როგორც განმათავისუფლებლებს, ან კიდევ მცირედი ეკონომიკური დახმარებისა და დემოკრატიული წვრთნებით უდაბნოში ჯეფერსონის დემოკრატია აყვავდებოდა,“ - ამბობს ობამა. ასე იქსოვება ამერიკული იდეალიზმის ისტორია, რომელსაც შეუძლია მძლავრად და სათანადოდ გამოხატოს საკუთარი თავი. როგორც ეს მოხდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გაეროსა და მარშალის გეგმის შექმნის დროს. ჩვენ გავიგეთ, რომ ჩვენი უსაფრთხოება და კეთილდღეობა დამოკიდებულია სხვების უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე. მაგრამ იგივე იდეალიზმი შესაძლოა ასეთნაირადაც მოგვევლინოს: ჩვენ ჩვენი სურვილისამებრ შეგვიძლია შევცვალოთ სამყარო, სულ რაღაც ერთი ბერკეტის ჩამოწევით, რადგან ჩვენ ტექნოლოგიურად აღმატებული, ან უფრო მდიდრები ვართ, ანდა სულაც მორალური უპირატესობა გვაქვს. და როდესაც ჩვენი იდეალიზმი ასეთ გულუბრყვილო ფორმას მიიღებს, როდესაც არ გვექნება სურვილი, რომ ვცნოთ ისტორია და სხვა კულტურების ღირებულება, მაშინ ჩვენ ისეთსავე ჩიხში აღმოვჩნდებით, როგორც ეს ვიეტნამში დაგვემართა.“

ისტორიაზე საკუთარი შეხედულებებით, ტრადიციების პატივისცემით, მისი სკეპტიციზმით იმასთან დაკავშირებით, რომ სამყარო შეიძლება სწრაფად და ნებისმიერი სახით შეიცვალოს, ობამა ძალიან კონსერვატორულია. მას არ სჯერა აბსტრაქციების, განზოგადებების, ექსტრაპოლაციების, პროექციების, მარტო იმიტომ არა, რომ რევოლუციები უპერსპექტივოდ ესახება: ის აფასებს განგრძობითობას და სტაბილურობას, ზოგჯერ უფრო მეტადაც კი, ვიდრე სასიკეთო ცვლილებებს.

ობამას სარჩევნო ანგარიში ყველაზე ლიბერალურია სენატში, მაგრამ ის ყოველთვის სარგებლობდა რესპუბლიკელების სიმპათიით, ალბათ იმიტომ, რომ კონსერვატორთა მიზნებზე ლიბერალურ ენაზე საუბრობს. სიღარიბეზე საუბრისას, ცდილობს, არ ილაპარაკოს ხარბ პლუტოკრატებსა და უსამართლო საგადასახადო დარღვევებზე. ის ამბობს, რომ ჩვენ გვერდში ვუდგავართ ჩვენს ძმას, რომ უპოვართა დახმარება ტრადიციით მოგვდგამს. კითხვაზე, თუ რის შესახებ შეიცვალა მისი შეხედულება ბოლო 20 წელიწადში, პასუხობს: „ალბათ, ახლა უფრო თავშეკავებული ვარ იმ ტემპის მიმართ, რითაც სამთავრობო პროგრამები ცდილობს ყველა პრობლემის გადაჭრას. მაგალითად, ვფიქრობ, მშობლებისა და საზოგადოების გავლენა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ის ფული, რაც განათლებაში იდება.“

ობამა მოწინააღმდეგე პარტიების მოწოდებებსაც მიესალმება. მაინცდამაინც ხშირად არც ბუშის ადმინისტრაციას აკრიტიკებს. ამასწინათ ნიუ ჰემფშირში აუდიტორიას განუცხადა: „მე დემოკრატი ვარ, პროგრესული დემოკრატი. მაგრამ თუ რესპუბლიკელს, კონსერვატორს ან კიდევ სხვას უკეთესი იდეა აქვს, დიდი სიხარულით მოვიპარავ ამ იდეას. ამ თვალსაზრისით მე აგნოსტიკოსი ვარ.“ „ჩემი ნაცნობი კონსერვატორები და რესპუბლიკელები ამბობენ, რომ ობამა ის ერთადერთი დემოკრატია, რომელსაც ისინი მხარს დაუჭერდნენ, არა იმიტომ, რომ ის მათ ეთანხმება, უბრალოდ იმიტომ, რომ ის მათ აზრს ყოველთვის გაითვალისწინებს,“ - აცხადებს ობამას უნივერსიტეტელი მეგობარი მაიკლ ფრომენი, რომელიც კლინტონის ადმინისტრაციაში მუშაობდა, ახლა კი მის საარჩევნო კამპანიაში არის ჩაბმული. შეკრებაზე გამოსვლის შემდეგ ობამას „დემოკრატის სხეულში გამოხვეული რესპუბლიკური სულიც“ უწოდეს. შეკრებაზე წარმოთქმული სიტყვა ობამასთვის ცოტა უჩვეულო იყო, უფრო რეიგანისეული - ამერიკის მომავლისადმი მზიანი ოპტიმიზმით გამსჭვალული, ამერიკას ამ სიტყვაში „ჯადოსნურ ადგილს“ უწოდებდა. გასაკვირი არაა, რომ რესპუბლიკელებისთვის ის ძალიან ახლობელია, განსაკუთრებით მათთვის, ვინც იმავე მიზეზით ომის წინააღმდეგ ილაშქრებდა. ობამას კამპანიაში ბუშის რამდენიმე წამყვან ფანდრაიზერსაც შეაქვს თავისი წვლილი. აშშ სენატის არჩევნებში ობამამ რესპუბლიკელთა ხმების 40%25 მოიპოვა. ასეთი ჯგუფიც კი შეიქმნა - რესპუბლიკელები ობამასთვის. რა თქმა უნდა, ყველა რესპუბლიკელს არ ეხატება გულზე. ჯგუფის დამაარსებელს - ჯონ მარტინს უამრავი უკმეხი წერილიც მისდის.

შეკრებაზე წარმოთქმული სიტყვის იმ ნაწილში, რომლის ციტირებასაც ყველაზე ხშირად ახდენენ, ობამა წერს: „ვითომდა განსწავლულთ სურთ, დააქუცმაცონ ჩვენი ქვეყანა წითელ და ლურჯ შტატებად. წითელი შტატები - რესპუბლიკელებისთვის, ლურჯი - დემოკრატებისთვის. მაგრამ მეც მაქვს მათთვის ახალი ამბავი. ლურჯ შტატებში ჩვენ ვადიდებთ ღმერთს, რომელიც თავზარს გვცემს; და არ გვიყვარს ფედერალური აგენტები, რომლებიც აქეთ-იქით დაძრწიან წითელ შტატებში ჩვენს ბიბლიოთეკებში.“ ვაშინგტონის დამკვირვებლებმა ეროვნულ მთლიანობაზე ასეთი საუბარი უშინაარსო პოლიტიკურ სტერეოტიპად მიიჩნიეს. თვით ობამას მოკავშირეებიც ღელავდნენ იმის გამო, რომ ეს გამოსვლა ცოტა არ იყოს სუსტი გამოვიდა.

„როდესაც ამბობს, ამდენ რამეს გავაკეთებ, როცა პრეზიდენტი გავხდებიო, ეს ნიშნავს, რომ შემრიგებლური და ორპარტიული იქნება და ნამდვილად მოგისმენს, - განმარტავს მეგობარი, - ეს ყველაფერი პროცესზეა ორიენტირებული. ეს ჩერჩილის რიტორიკა არ გახლავს.“

ობამასთვის ერთობის სტერეოტიპი არ არსებობს. მართლაც ამას გულისხმობს და ეს მისთვის არსებითია. თუმცა ყველაფერ ამას ზოგჯერ გაღიზიანებაც მოჰყვება ხოლმე.

ელექტორატის ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ობამა ზედმეტი პატივისცემითაა გამსჭვალული მოწინააღმდეგის მიმართ, დათმობაზე მიდის და აგრესიული მეთოდებით არ იბრძვის საკუთარი პრინციპების დასაცავად. ისინი ერთგვარად იმედგაცრუებულებიც არიან ამით. როგორც მისი მეგობრები იხსენებენ, უნივერსიტეტში დისკუსიების დროსაც ასეთი ყოფილა.

ამასწინათ ობამამ ასეთი განცხადება გააკეთა: თუ ბუში გადაწყვეტს, ვეტო დაადოს სამხედრო დაფინანსების კანონპროექტს, რომელიც ერაყიდან ჯარების გაყვანასაც ითვალისწინებს, ის, ობამა, დღის წესრიგის გაუქმებას და კანონპროექტის მიღებას მოითხოვს. ლიბერალები ამ დათმობამ განარისხა, მაგრამ მწერალი სამანტა პაუერი, რომელიც ობამასთვის საგარეო პოლიტიკის საკითხებზე მუშაობდა, წერს, რომ „მას ოთახის ერთ კუნჭულში დგომა არ ახასიათებს.“

ესეც ნაწილობრივ ტემპერამენტის საკითხია. „ბუნებით ფეთქებადი არ ვარ,“ - წერს თავის მეორე წიგნში. მოწინააღმდეგენი მისთვის დემონები არ არიან. „შეთქმულების თეორეტიკოსი არასოდეს ვყოფილვარ. „არასოდეს მჯეროდა, რომ არსებობს ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ყველა ძაფს ქაჩავს და ყველა ღილაკს აჭერს თითს. მიზეზი კი ისაა, რომ რაც უფრო მემატება ასაკი, რაც უფრო მეტ დროს ვუთმობ მთავრობის წევრებთან შეხვედრებსა თუ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გამოჩენას, მით უფრო ადამიანური მეჩვენება ყველა. მჯერა, რომ ადამიანები, რომლებსაც აქვთ ფული, გავლენა, რომელთა ხელშიცაა საზოგადოებრივი რესურსების კონტროლი, ძალიან მტკიცედ იცავენ საკუთარ ინტერესებს და უკიდურესად რაციონალურად განმარტავენ, თუ რატომ უნდა ჰქონდეთ სხვებზე უფრო მეტი ფული და ძალაუფლება, და რატომ არის ეს მთლიანობაში საზოგადოებისთვის კარგი.“

კომპრომისისკენ ობამას სწრაფვა პოლიტიკურად დაშვებული სპეკულაციის ფარგლებს სცილდება - ეს ინსტინქტურია, რაღაც ტიკივითაა. „ბარაკს აქვს დაუჯერებელი უნარი სრულიად საპირისპირო რეალობები ერთმანეთს სინთეზურად შეუხამოს. ეს მისი გამოცდილებიდან მოდის: თეთრკანიანთა გარემოცვაში გაიზარდა. წავიდა სამყაროში, სადაც შავკანიანად მოიაზრებდნენ. მას არჩევანი უნდა გაეკეთებინა: შეგუებოდა ამ წინააღმდეგობრიობას, თუ ეპოვა გზა და გაეთავისებინა, რომ ეს ნაწილები ერთ მთლიანობას ქმნის,“ - განმარტავს კასანდრა ბატსი.

სენატში ყოფნისას ეს უნარი კარგად ეხმარებოდა - ოპონენტებთან ურთიერთობაში საოცრად დახელოვნებული იყო, რაც ხელს უწყობდა ისეთი კანონების მიღებას, რომლებსაც თავდაპირველად უკიდურესად ლიბერალურად და უშანსოდ განიხილავდნენ.

„იმას არ ვამტკიცებ, რომ ყველა კონფლიქტის მოგვარება შეუძლია. ეს სიგიჟე იქნებოდა. მაგრამ მისი ბუნებრივი ინსტინქტი არ არის ბავშვის შუაზე გაჭრა. ეს არის შეერთების წერტილის ძიება. არაჩვეულებრივი უნარია. თუმცა ყოველთვის სწორი არ არის, რადგან სიმართლე ყოველთვის სადღაც შუაში არ იმალება. თუმცა, ვფიქრობ, რომ ამ მომენტისათვის ამერიკა ისეთ სიტუაციაში იმყოფება, როდესაც ჩვენ უფრო ბევრ რამეში ვეთანხმებით ერთმანეთს, ვიდრე გვგონია. ეს გამოკითხვების შედეგებიდან ვიცი. ჩვენ გვგონია, რომ დაყოფილი ვართ რასობრივად, რელიგიურად, კლასობრივად, კიდევ სხვაგვარად, მაგრამ როდესაც ვაცხადებთ, რომ ერთმანეთს არ ვეთანხმებით, პრინციპში ვაზვიადებთ. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ დროისათვის ის მართალია,“ - წერს რობერტ პუტნამი. ჯერ კიდევ მაშინ, როცა ობამა ძალიან ახალგაზრდა იყო, ის დამცინავად ეკიდებოდა იმ ადამიანებს, რომელთაც რეალობას ოცნება ერჩივნათ.

ზოგჯერ, რა თქმა უნდა, არ არის შეერთების წერტილის პოვნის შესაძლებლობა. კითხვაზე ან ჰო უნდა უპასუხო, ან - არა. ასეთ შემთხვევაში ობამამ შეიძლება, საკუთარი პოზიცია დაიცვას, ან არც დაიცვას. ის იშვიათად მიდის საზოგადოებაში დამკვიდრებული მორალური თუ რელიგიური მრწამსის წინააღმდეგ. ეს მხოლოდ ობამას პრაგმატიზმს არ უნდა დავაბრალოთ. ეს იმ შეხედულების ნაყოფია, რომ ძლიერი და გავრცელებული მორალური მრწამსის მიღმა (თუნდა ის მცდარიც იყოს) რაღაც ძალიან ღირებული იმალება. „თავისუფლების სული ის სულია, რომელიც მთლად დარწმუნებული არ არის საკუთარ სიმართლეში,“ - თქვა ერთხელ ობამამ და ამას ნამდვილად სერიოზულად ფიქრობს. მისი კოლეგა კეს სანშტაინი ჩიკაგოს უნივერსიტეტიდან იმ ორ მიზეზს ასახელებს, რის გამოც მას კონსერვატორები კარგად ეწყობიან: გარკვეულ საკითხებში ობამა შესაძლოა მათ დაეთანხმოს კიდეც, მაგრამ ასეთ შემთხვევაშიც მან ისიც იცის, რომ შესაძლოა, მცდარ პოზიციაზე იდგეს.

სხვების მოსაზრებებსა და კულტურას ობამა დიდ პატივს სცემს. მაშინაც კი, როდესაც საქმე რელიგიურ რწმენას არ ეხება. „არის უნივერსალური ღირებულებები, რისთვისაც ვიბრძოლებ. შესაძლოა, არსებობდა დრო და ადგილი, სადაც, მაგალითად, შეიძლება, გენიტალიების დასახიჩრება ტრადიციულად ხდებოდა, მაგრამ ის დრო დასრულდა. მე ის კაცი არ ვარ, ვისაც სჯერა, რომ ჩვენს საგარეო პოლიტიკას მორალური რელატივიზმი უნდა მართავდეს. მჯერა, რომ უნდა მოვუხმოთ კეთილგონიერებასა და თანასწორობის გრძნობას და ასე შევაფასოთ საზოგადოებაში მიმდინარე ცვლილებები, და კრძალვით შევინახოთ ჩვენი იდეალები და ღირებულებები.“

სანშტაინი ამბობს: „მისი გმირი ლინკოლნია. როგორც სამართლებრივ კულტურაშია ცნობილი, ლინკოლნს სჯეროდა, რომ გარკვეულ პრინციპებთან დაკავშირებით საუბრისას კომპრომისზე წასვლა არ შეიძლება, მაგრამ მოქმედების დროს დათმობა შესაძლებელია. ზოგჯერ მიზეზი პრაგმატულია, ზოგჯერ კი პრინციპის საკითხია, რომ ზემოქმედება არ მოახდინო.“ ლინკოლნის ეს თვისება ობამასაც შეამჩნიეს.

ობამას კანდიდატურას ორი კოზირი აქვს: მიზანი - ამერიკის ორი ნაწილის გაერთიანება და ლინკოლნთან მსგავსება. თვითონაც კარგად იცის, ეს რასაც ნიშნავს. ამერიკის დაარსებას ის „დიდ კომპრომისს“ უწოდებს: მისი გაგებით, კომპრომისი არ არის პრინციპის რღვევა რაღაცის მისაღწევად, კომპრომისი პრინციპის რღვევაა თავად პრინციპის სასიკეთოდ - კავშირის საძირკველისთვის. „მე გადავარჩენ კავშირს. თუ შევძლებ კავშირის გადარჩენას მონების გათავისუფლების გარეშე, მე ამას გავაკეთებ, თუ შევძლებ კავშირის გადარჩენას ყველა მონის გათავისუფლებით, ამასაც გავაკეთებ; და თუ შესაძლებელია კავშირის გადარჩენა იმით, რომ ზოგი მონა გავათავისუფლო და ზოგი - არა, მაშინაც ასე მოვიქცევი,“ - წერდა ლინკოლნი „ნიუ იორკ ტრიბუნის“ რედაქტორისადმი - ჰორეის გრილისადმი მიწერილ წერილში.

ობამა წერს: „მჯერა, რომ ლინკოლნს შეთანხმებაზე უარის თქმით არანაირი სარგებელი არ ჰქონია. პირიქით, ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ და საერთო ენა გამოვნახოთ, რადგან არავინაა ჩვენს შორის სრულყოფილი და არავის შეუძლია იმოქმედოს იმ რწმენით, თითქოსდა ღმერთი მის მხარეზეა.“

ობამა ვაშინგტონში თავის ოფისში იჯდა, სკამზე გადაწოლილი. ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა, თითქოს მთელი დღის განმავლობაში ამ სკამზე გაუნძრევლად რომ მჯდარიყო, მაინც შესანიშნავად იგრძნობდა თავს. ლაპარაკის დროს ხელს დაბნეულად აიქნევდა ხოლმე, თითქოს ბუზს აუქშიაო. ის ლაპარაკობდა ერაყის ომის შედეგებზე და იმაზე, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ვიეტნამის სინდრომის მსგავსი გარიყულობის შემოტევა აიცილო თავიდან.

„დღეს უკვე აღარ არსებობს ქვეყანა, რომელსაც უსაფრთხოების თვალსაზრისით უმნიშვნელოა. თუ თქვენ გაქვთ უმართავი სივრცე, ის ტერორისტებისთვის სამოთხედ იქცევა, პანდემიას და ლტოლვილთა მომრავლებას უწყობს ხელს, რაც, თავის მხრივ, იმ რეგიონების დესტაბილიზაციას იწვევს, რომლებიც ჩვენი ინტერესის სფეროში შემოდის. უსაფრთხოება და ჰუმანიტარული დახმარებები ერთი პროექტის ნაწილია, რომლის მიზანია, შექმნას ისეთი სამყარო, რომ ადამიანებმა ბოლოს და ბოლოს გაიზიარონ ჩვენი სურვილი წესრიგის დამყარებისა... რამდენიმე საჯარისო ფორმირებას გამოვიყვანდი ერაყიდან და გამოვიყენებდი ნატოს ჯარების გასამაგრებლად ავღანეთში. ვფიქრობ, კიდევ გვაქვს შესაძლებლობა იქ წარმატების მოსაპოვებლად.“

ობამას სკეპტიციზმი ერაყის ომთან დაკავშირებით საყოველთაოდ ცნობილია. მაგრამ ის არც კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მომხრე პოლიტიკოსია, არც საერთაშორისო ენაზე პრობლემის გაანალიზების წინააღმდეგია. ორი საკითხი, რომლებსაც სენატში მოსვლისთანავე განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო, ფრინველის გრიპი და ბირთვული იარაღის შემცირებაა. ორივე საკითხთან დაკავშირებით შეთანხმების ხელმოწერა ძალიან სარისკოა, რადგან წარმატება უჩინარია, კრახი კი კატასტროფას ნიშნავს, რასაც მთელი მსოფლიოს ცვლილება მოჰყვება. მაგრამ, როგორც ჩანს, ასეთი გლობალური აზროვნების სტილი მისთვის შედარებით ახალია. როდესაც ბუში ერაყში შეიჭრა, ობამა ოციოდე წლის იყო და სერიოზულად ფიქრობდა პოლიტიკურ კარიერაზე, მაგრამ მისი იმდროინდელი მეგობრები არ იხსენებენ მის შეხედულებებს ომის საკითხზე: „არ დავიწყებ იმის მტკიცებას, რომ მაშინ ამ საკითხზე მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოზიცია მქონდა.“

დაძაბული და გადატვირთული გრაფიკი აქვს. სენატის საქმეებს რომ ამთავრებს, კვირის ბოლოს საარჩევნო კამპანიისთვის სადმე გადაფრინდება.

„მე ბარაკ ობამა ვარ და პრეზიდენტობაზე ვიყრი კენჭს. როდესაც სენატორობაზე კენჭისყრა შემომთავაზეს, მე ისე მოვიქეცი, როგორც ნებისმიერი შავკანიანი მოიქცეოდა, როცა ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინაშე დადგებოდა. ვილოცე და ცოლს ვკითხე რჩევა (სიცილი). და ამ ორ უზენაეს ძალასთან თათბირის შემდეგ გავაკეთე ის, რასაც ყველა პირველად დასახელებული კანდიდატი აკეთებს, დაველაპარაკე ყველას, ვისაც კი შეეძლო მოსმენა. დავდიოდი შეხვედრებზე, საპარიკმახეროში, ფეხბურთის მატჩებზე და ყველგან, სადაც კი მივიდოდი, ორ კითხვას მისვამდნენ: პირველი: სად იშოვეთ ასეთი სასაცილო სახელი ბარაკ ობამა? ხშირად სახელის გამოთქმაც ეშლებოდათ. ზოგი ალაბამას მეძახდა, ზოგი - იო მამას (სიცილი). მეორე კითხვა იყო: რამ მიბიძგა, რომ პრეზიდენტობის არჩევნებში მიმეღო მონაწილეობა? ხალხი მეკითხებოდა - კარგი კაცი ჩანხარ, გაქვს არაჩვეულებრივი იურიდიული ხარისხი, გვარიანი შემოსავალი, ლამაზი, ეკლესიური ოჯახი, რატომ მიდიხარ ბინძურ და საზიზღარ პოლიტიკაში?“ (ალგონა, აიოვა, აპრილის დასაწყისი).

„მას ყოველთვის სურდა პრეზიდენტობა, - ამბობს ვალერი ჯარეტი, წლების განმავლობაში ოჯახის მეგობარი, რომელთანაც მუშაობდა მიშელ ობამა (მიშელ ობამა ახლა ჩიკაგო ჰოსპიტალის უნივერსიტეტის აღმასრულებელია). ამას ყოველთვის არ აღიარებდა, მაგრამ ნამდვილად ასეა. პირველად ეს რომ გამიმხილა, თქვა: „ვფიქრობ, რომ რაღაც განსაკუთრებული თვისებები მაქვს და დასანანია მათი ასე განიავება.“ ეს იყო მისი სენატორული კამპანიის დროს. მერე დააყოლა: „იცი რა, მგონია, რომ რაღაც არის ჩემში“.

„მათ, ვინც კარგად იცოდნენ ჩემი საზოგადოებრივი აქტივობის შესახებ, მთხოვეს, ოფისისთვის მეხელმძღვანელა. ჰოდა, მეც ის გავაკეთე, რასაც ნებისმიერი გონიერი კაცი აკეთებს ხოლმე, როდესაც ასეთი გადაწყვეტილების წინაშე დგას; ვილოცე და ჩემს ცოლს დავეკითხე (სიცილი). ეს ამესში ნათქვამი სიტყვებია. ჩანს, რომ ობამა ოსტატურად ატარებს კამპანიებს. თუმცა, ეს მისთვის მთლად ბუნებრივი არ არის. გასული წლის მიწურულს, როცა ჯერ კიდევ ფიქრობდა, კენჭი ეყარა თუ არა, მეგობრებმა ჰკითხეს, მზად იყო თუ არა ბრძოლისათვის, მისი ფიქრები ადრენალინის გამოყოფას თუ იწვევდა, და მან უპასუხა - დიახ, მაგრამ არ ვიცი, მინდა თუ არა კამათი.

ხომ წარმოუდგენელია ადამიანი, რომელიც პრეზიდენტობის კამპანიას იწყებს და კამათი არ უნდა. მაგრამ სწორედ იმიტომაც მოსწონთ ის ასე. ხალხი მასში ამ თვისებას აფასებს, - ამბობს ერთი მეგობარი.

დევიდ აქსელროდი, ობამას კამპანიის მთავარი მრჩეველი ამბობს: ბილ კლინტონის ტაქტიკა ბევრად უფრო პოლიტიკური იყო. ის არჩევნების ხარბი მომხმარებელი იყო, ძალიან დაუღალავი, ყველაფერს ასწრებდა, შეეძლო კვირაში ოთხი წიგნიც წაეკითხა და აშშ პრეზიდენტიც ყოფილიყო. ბარაკს კამპანიის ხელმძღვანელობისათვის არ დაიქირავებდით, აი, ბილ კლინტონს კი - ნამდვილად.“

მარტო ეს განსხვავება არაა ობამასა და კლინტონს შორის, ამ ორი ადამიანის ერთმანეთთან შედარება დაგვანახებს, რომ „პოლიტიკისთვის დაბადებული“, როგორც ორივე მათგანს უწოდებენ, სულ სხვადასხვა რამეს შეიძლება ნიშნავდეს.

„ბილ კლინტონს მოსმენის ზებუნებრივი უნარი აქვს. მისთან საუბრისას ყველას ისეთი განცდა ეუფლება, თითქოს ცხოვრებაში პირველად ვიღაცამ ნამდვილად მოუსმინა - ეს კაცი, ბილ კლინტონი, პირველი ადამიანია მსოფლიოში, რომელსაც ჩემი ესმის. ჯადოსნური ამბავივითაა. ბარაკი ასეთი ვერ არის,“ - ამბობს პუტნამი. პუტნამის რეაქცია ჩვეულებრივია. როგორც ჩანს, ეს არის პასუხი კლინტონის ჟინიან პოლიტიკურ კამპანიაზე, მის წყურვილზე, საყოველთაო სიყვარულის მოთხოვნილებაზე. ნაწილობრივ ეს თვისება, უფრო ზომიერი, სუბლიმირებული ფორმით ჰილარი კლინტონშიც გამოსჭვივის - მისი დაუსრულებელი სწრაფვა ადამიანების დამარცხებისაკენ, მისი დაუღალავი საარჩევნო მზადებები, მისი სურვილი, რომ რაც კი შეუძლია, ყველაფერი გაიღოს ერთი ამომრჩევლის ხმისთვის.

ეს საერთოდ არ ჰგავს ობამას სტილს. ობამა დამშეული არ ჩანს. მას უყვარს ადამიანები, მაგრამ არ სჭირდება ისინი. არადა, პოლიტიკოსთა უმრავლესობა თავის გამოსვლებში ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს მხოლოდ ამომრჩევლისთვის არსებობს. შეხვედრებზე ობამა ინტერესს კი ამჟღავნებს, მაგრამ არც ისე მგზნებარედ, ისე ჩანს, თითქოს ამის ნაცვლად ერთ-ორ სხვა საქმესაც სიამოვნებით გააკეთებდა. მას აქვს ორატორის ძალა, რისი დემონსტრირებაც 2004 წლის შეკრებაზე მოახდინა, მაგრამ ამ უპირატესობას ძირითადად რეზერვში ინახავს. ის კი არადა, დიდ პაექრობებშიც კი არ ცდილობს ყველას დაპყრობას - არც თვალები უბრწყინავს, მოულოდნელი გარდასახვის ეფექტსაც არ იყენებს. (ზოგჯერ მასთან ერთად სცენაზე მისი ცოლი მიშელი გამოდის და ეს აზავებს მის ევანგელისტურ ტონს. ობამას თქმით, მიშელი ღელავს მისი ექსცესების დროს, ოსტატურად შეუძლია მოთოკოს მისი პომპეზურობა, შეხუმრებით უსაყვედურებს, როცა წინდები ჩაჩაჩული აქვს...)

რა თქმა უნდა, ობამა პრეზიდენტობისათვის იბრძვის. მას, ბუნებრივია უნდა ხალხის გადმობირება, მაგრამ უპირატესობის მოპოვების მისეული მცდელობები დახვეწილია. როცა მისი რეფერენტი ჯონ ფავრი, რომელიც 2004 წელს ჯონ კერისთვის წერდა სიტყვებს, სამუშაოს მისაღებად ობამამ ინტერვიუზე დაიბარა და ჰკითხა, თუ რა თეორიით ხელმძღვანელობდა სიტყვის წერის დროს. ფავრიმ უპასუხა: მზა თეორიის სახელმძღვანელო ჯიბეში არ მიდევს, მაგრამ როდესაც დაგინახეთ შეკრებაზე, ნამდვილად შემძრა თქვენმა გამოსვლამ, თქვენ ჰყვებოდით ამბავს თავიდან ბოლომდე, - ამბავს თქვენი ცხოვრების შესახებ, იმაზე თუ როგორ ჩაიწერა თქვენი ცხოვრების ისტორია დიდ ამერიკულ ისტორიაში. ამას მოჰყვა ის, რომ მსმენელი სიხარულით გიკრავდათ ტაშს და იძულებითი აპლოდისმენტების გამოყენების საჭიროება არ დამდგარა. დემოკრატებმა ეს ვერ მოახერხეს. და ბარაკმა თქვა - ზუსტად ამის გაკეთებას ვცდილობ!

ესაა ობამას ორატორობის თეორია და, როგორც ჩანს, მისი კამპანიის თეორიაც: ნუ ცდილობ, ყოველ წუთას მაღალი ქულები დააგროვო, ნუ მოკლავ თავს ყოველი ხმისთვის - კამპანია გრძელი, გაწელილი საქმეა, არც აუდიტორია უნდა გათანგო და არც შენი თავი.

სპორტული ტერმინებით პრეზიდენტობის კანდიდატი ამას ასე განმარტავს: ეს კალათბურთის თამაშს ჰგავს. მე ბურთი ხელიდან მივარდება, ბურთს ვიღაც სხვა დაეპატრონება, მე ვეღარ ჩავაწოდებ, მაგრამ ჩვენი გუნდი თამაშს მაინც მოიგებს. შეუძლებელია, ყველა პატარა წვრილმანზე, რასაც შენზე იტყვიან, შეუტიო, ასე შეიძლება გაგიჟდე.“

როდესაც ქრისტოფერ ედლი ობამას პირველად შეხვდა უნივერსიტეტში, გაიფიქრა, რომ თავისი გაწონასწორებულობის წყალობით ის შორს წავიდოდა. მაგრამ შემდეგ, როცა ობამას პირველი წიგნი წაიკითხა და დაინახა, თუ როგორი ეჭვის თვალით ჩხრეკდა და ლამის ვივისექციას უტარებდა ობამა საკუთარ თავს ამდენი წლის განმავლობაში, მან დაასკვნა, რომ ის წარმატებას სწორედ ამის მეოხებით მიაღწევდა.

„ვფიქრობ, საკუთარი თავის შეცნობის უნარი ფასდაუდებელია კანდიდატისა თუ პრეზიდენტისათვის, - აცხადებს ედლი (ის მუშაობდა კარტერისა და კლინტონის ადმინისტრაციებში და დუკაკისის კამპანიისათვის). ძალიან ძნელია აუხსნა იმას, ვინც არ ყოფილა ჩაბმული ასეთ საქმეში, თუ რა მძიმეა საპრეზიდენტო კამპანია. როცა დაუსრულებლად დაფრინავ და უამრავ ამომრჩეველს ხვდები, ძალიან ადვილია, თავი დაკარგო. როდესაც ყოველი მცდარი ნაბიჯი 36-საათიანი მედია კატასტროფა ხდება, ყველა მიზეზი არსებობს იმისათვის, რომ ინსტინქტები აკონტროლო. ასე რომ, თუკი შენი ძლიერი და სუსტი მხარეების დანახვის უნარი შეგწევს და მათი დაბალანსების ძალა გაქვს, ეს კრიზისულ სიტუაციებში ძალიან დაგეხმარება. მინახავს კანდიდატები, რომლებიც მოწინააღდეგის პირისპირ დგომისას ჯორივით გაჯიუტდებიან ხოლმე და არც სხვისი შეხედულების გაზიარება შეუძლიათ. კანდიდატების დიდი ნაწილი ყველას გაუთავებლად ერთსა და იმავეს ეკითხება: აბა როგორ ვიქცევი? როგორ ვიქცევი? მათ არა აქვთ უნარი, რომ საკუთარ თავს სარკეში შეხედონ. ასე რომ, ის უნარი, რასაც ბარაკი თავის წიგნში ამჟღავნებს, როდესაც ამბობს, რომ საკუთარ თავს სარკეში ჭვრეტს და თანაც ამ დროს ძალიან მკაცრია, უაღრესად მნიშვნელოვანი რამაა.“

„მგონია, ზოგჯერ იმასაც ხვდება, რომ საკუთარ თავს ატყუებს , - ამბობს მეგობარი, - ის შეეჭიდა პრეზიდენტობის კანდიდატობას როგორც ჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც პერსონა გახდა, სახელად ბარაკ ობამა. ეს პერსონა დიდი და დიდი გახდება და უფრო და უფრო დაშორდება მას და ცხოვრების მისეულ გზას. ჩვენ გვყავს ნამდვილი, ცოცხალი ადამიანი, რომელიც პრეზიდენტობისათვის იბრძვის. მას არა აქვს ამ ტიპის კამპანიის წარმართვის დიდი გამოცდილება. ეს არის მისი სიძლიერეც და სისუსტეც.

ზოგი ადამიანი პოლიტიკაში იდეით მიდის. ობამა პოლიტიკაში მაგალითით შედის. თავის წიგნში ის ერთადერთ პოლიტიკოსს განიხილავს, ჰაროლდ ვაშინგტონს, ჩიკაგოს შავკანიან მერს. ობამა არაფერს ამბობს მის პოლიტიკურ მიღწევებზე, ის საუბრობს იმ შედეგზე, რაც გამოწვია მისმა არჩევამ შავკანიანთა საზოგადოებაში. იმ ღამეს, როცა ჰაროლდმა გაიმარჯვა, ხალხი ქუჩებში გამორბოდა. ისეთი გრძნობა იყო, თითქოს ჯო ლუისმა შმელინგი დასცაო. ხალხი მხოლოდ ჰაროლდით კი არ ამაყობდა, თავიანთი თავითაც ამაყობდნენ. ობამამ დაინახა, რომ ვაშინგტონის გამარჯვებამ თითქმის რელიგიური ხსნის ტოლფასი გრძნობა გამოიწვია. „ორგანიზების ჩემი იდეის მსგავსად, - დაასკვნა მან, - ვაშინგტონმა შემოგვთავაზა კოლექტიური მონანიების იდეა.“ ობამა საკუთარ კანდიდატურაზე ასეთნაირად ვერ იმსჯელებს, ეს უხერხული იქნება. მაგრამ მისი საუბარი ერთიანობაზე, სხვისი ბრალდების აცილების მცდელობა და ომის დასრულების მისეული დაპირება სწორედ მონანიების ასეთ ჟესტს უნდა გულისხმობდეს: ეს იქნება მონანიების ჟესტი არა მხოლოდ შავკანიანებისათვის, არამედ თეთრკანიანებისთვის (რომლებიც ხმას მისცემენ შავკანიანებს), რესპუბლიკელებისთვის (რომლებიც აირჩევენ დემოკრატებთან ურთიერთობას) და საერთოდ ამერიკელებისთვის (რომლებიც ეტყვიან მსოფლიოს, რომ ომი შეცდომა იყო).

მაგრამ მონანიება მსხვრევადია. როდესაც მეორე არჩევის ვადაში ჰაროლდ ვაშინგტონი უეცრად გარდაიცვალა, მისი წარმატება თითქმის მაშინვე ნამსხვრევებად იქცა. „არ არსებობდა ადგილზე პოლიტიკური ორგანიზების სისტემა, არც ის პრინციპები იყო მკვეთრად გამოკვეთილი, რომელსაც უნდა გაჰყოლოდნენ, - წერს ობამა, - შავკანიანების მთელი პოლიტიკა ერთადერთი რამის გარშემო იყო გაერთიანებული, ერთი კაცის გარშემო, რომელიც მზესავით ანათებდა.“ ნაკლებად კონსერვატორი ადამიანისთვის ეს მარცხი, ალბათ, გამანადგურებელი იქნებოდა - დემონსტრირება იმისა, რომ ცვლილება შეუძლებელია - მაგრამ ობამასთვის ეს მხოლოდ იმის დამატებითი მტკიცებულება იყო, რომ ქარიზმამ შეიძლება შეცდომაში შეგვიყვანოს, რომ რევოლუციები ილუზორულია და რომ ჭეშმარიტ ცვლილებას დრო სჭირდება. ახლა, როცა ის უკვე თავად იბრძვის პრეზიდენტობისათვის, როგორც ჩანს, იცის, რომ ზეციურმა იმედებმა დიდი ზიანიც შეიძლება მოუტანოს და განდიდებაც. ამიტომ ცდილობს, ამ იმედებს ძალიან არ აჰყვეს. ობამა მიწაზე დგას. რომ ფიქრობდეს, რომ მისი გამარჯვება რევოლუციას მოიტანს, არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდა.

7.4 მერდოკის პირადი თამაში

▲ზევით დაბრუნება


ავტორი: მაიკლ ვოლფი
ინგლისურიდან თარგმნა თამარ ბაბუაძემ
© VANITY FAIR

„უოლ სტრიტ ჯორნალის“ შესახებ ღელვამ ამაოდ ჩაიარა. 118 წლის წინ დაარსებული გაზეთი ჟურნალისტიკის დამღუპველ ძალად შერაცხული რუპერტ მერდოკის მფლობელობაში გადავიდა. ამ ფაქტმა საზოგადოებასა და მედიაში მწვავე ვნებათაღელვა და პესიმისტური პროგნოზები გამოიწვია. გაზეთებს ობიექტურობის შენარჩუნება გაუჭირდათ. სტატიებში მიმომხილველების პირადი მოსაზრებები გაჩნდა. ჟურნალ Vanity Fair-ის ავტორი მაიკლ ვოლფი კი პრესაში აშკარად გამოკვეთილი მემარჯვენე-მემარცხენე პოზიციებისგან განზე გადგა და მერდოკის ექსპანსია გარეშე თვალით შეაფასა.

ამ წერილის სრულ ვერსიას ქვემოთ გაეცნობით. ნახავთ, თუ როგორ იმართება ძველი და ძლევამოსილი ოჯახების მიერ ამერიკული მედია, როგორ გავლენას ახდენს მასზე ბიზნეს ინტერესები და რა ხდება მაშინ, როცა ბიზნეს-თემებზე ორიენტირებულ ჟურნალს ბიზნესი თვითონ უვარდება. ეს სწორედ „უოლ სტრიტ ჯორნალის“ შემთხვევაა. მერდოკის მიერ მისი დაპატრონება კი ნიშნავს იმას, თუ რა გზით განვითარდება მომავალში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი, ძველი და საერთო ტონის მიმცემი ამერიკული მედია. ეს რომ გავიგოთ, რუპერტ მერდოკის მიზნებსა და სურვილებს უნდა ჩავწვდეთ. მაიკლ ვოლფი თავის წერილში სწორედ ამას შეეცადა.

საყოველთაო აღშფოთების მიღმა, რომელიც რუპერტ მერდოკის პრეტენზიამ გამოიწვია - შეეძინა „უოლ სტრიტ ჯორნალი“, ორი ტიპის შიში იმალებოდა: პირველი - მერდოკი ბოროტი ძალაა. მეორე - მერდოკს ვერავინ შეაჩერებს.

მიუხედავად ამისა, კაცი, რომელიც ჟურნალისტების მთელ თაობას ატერორებდა, შესაძლებელია, ამავე დროს უკანასკნელი მოქმედი მაგნატი იყოს, რომელსაც ბეჭდური მედია გულწრფელად უყვარს.

0x01 graphic

REUTERS/Peter Mathew
ნიუს კორპის მმართველი, რუპერტ მერდოკი პრესკონფერენციაზე

არ არსებობს ადამიანი, მისი ოჯახის (საერთო ოჯახური თვისების - მიმწოლობის გამო მერდოკები ცოტა წაიკენედებენ) და მის სახელფასო კონტრაქტებზე დამოკიდებული ადამიანების გარდა (ასეთები კი, დღეს უკვე მედია-სამყაროს სოლიდურ პროცენტს შეადგენენ, თვით ჩემი ქალიშვილის ჩათვლით, რომელიც „ნიუ იორკ პოსტში“ რეპორტიორია), რომელიც რუპერტ მერდოკს ბიზნესში გულშემატკივრობდეს, ან უფრო მარტივად - რომელსაც მისი კარგად ყოფნა სურდეს. მიუხედავად ამისა, მერდოკი ჯეკპოტს მაინც ხსნის: მისი პრიზი დღეს „უოლ სტრიტ ჯორნალია“. ჯიბეცარიელი კაცი კი ნაგვიანევად იკითხავს: როგორ ახერხებს მერდოკი ყოველთვის მიიღოს ის, რაც უნდა მაშინ, როცა ყველა მისი წინააღმდეგია?

სწორედ ეს კითხვა მიტრიალებდა თავში, როცა მედიის საყოველთაო ყურადღების შტორმში მოქცეული მერდოკი დოუ ჯონსსა და „უოლ სტრიტ ჯორნალს“ გადამწყვეტ დარტყმას აყენებდა, ასევე კამერებისა და მიკროფონების ქარიშხალში მდგარი სტივ ჯობსი iphone-ს უშვებდა; პარალელურად კი, ცხადია ისევ ათას კამერაზე აღბეჭდილი პერის ჰილტონი ციხიდან გამოდიოდა.

და მე ზუსტად მაშინ - ამ რკინის ნებისყოფისა და ვირტუოზული შოუმენობის ერთდროულ რეჟიმში ცქერისას, გავიაზრე, რომ: სანახაობის მომწყობი გენიოსები სხვანაირები არიან - მე და თქვენ ნამდვილად არ გვგვანან. ისინი სწორედ ასეთი შოუებისთვის არიან დაბადებულნი და საჭირო გამბედაობაც არ აკლიათ.

ეს ადამიანები შეუვალები და ეგომანიით შეპყრობილებიც არიან, ეს თვისებები კი საშუალებას აძლევთ და რაღაც გაგებით, აიძულებთ კიდეც მათ, მედიას ბოლომდე დაეუფლონ (მერდოკი კი მედიას ეუფლება ორივე გაგებით - როგორც რეალური მფლობელი და როგორც პერსონაჟი); ეს კი, თავის მხრივ, ნიშნავს იმას, რომ ისინი ეუფლებიან მთელ ჩვენს რეალობასაც; რომ ეს მათი სამყაროა, ჩვენ კი... ჩვენ... თქვენც კარგად იცით, რაც...

წარსული რეალობის მოკლე ექსკურსი: 29 მარტს მერდოკი „დოუ ჯონსის“ გენერალურ დირექტორს უცხადებს, რომ მზადაა კომპანიის თითო აქციაში 60 დოლარი გადაიხადოს. უდავოდ მომხიბლავი წინადადებაა: რეალურ ფასზე თითქმის 60 პროცენტით მეტი. სუნთქვის შემკვრელი მოგება. ეს თანხა ერთი წლის წინ დანიშნულ გენერალურ დირექტორს, რიჩარდ ზანინოს მდიდარ კაცად აქცევს (უფრო ზუსტად, როგორც ამბობენ, ზანინოს 20 მილიონით მეტი შეხვდება). მაგრამ აქვე არიან ბენკროფტებიც - შემოდგომის აზნაურების ოჯახი - წარსული წლებიდან შემორჩენილი ფულით - რომლებიც დოუ ჯონსის საკონტროლო პაკეტს ფლობენ და კვლავაც მედიდურად აცხადებენ: კომპანია არ იყიდება. და მორჩა.

მართლაც, ბენკროფტებმა მანამდე ყველა მყიდველის შეთავაზება უარყვეს, უარით გაისტუმრეს „ნიუ იორკ ტაიმსიც“. მათი ყიდვაგაყიდვის კოდი ასეთია: ყოყმანი ნიშნავს თამაშში ჩართვას, ზურგის შექცევა კი ერთმნიშვნელოვან უარს. ზანინოც რომ ასე მოქცეულიყო და მაშინვე ცივი უარით გაესტუმრებინა მერდოკი, ალბათ, „უოლ სტრიტ ჯორნალის“ გაყიდვაზე საზოგადოება ვეღარაფერს გაიგებდა (აუღებელი კომპანიების ყიდვის შესახებ განცხადებას საზოგადოდ ხომ არავინ აკეთებს). მაგრამ ნაცვლად ამისა, ზანინომ ნეიტრალური პოზიცია არჩია. ხოლო რადგანაც ბენკროფტების მრავალრიცხოვან ოჯახში ყველა ცოტათი ენაბლუა, არავინ არ აიღო თავის თავზე ინიციატივა, მერდოკის წინადადება ოფიციალურად უკუეგდო. შესაბამისად, დარჩა ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს ბენკროფტები ყოყმანობდნენ. მერე კი მერდოკის წინადადების შესახებ ხმამ გარეთაც გამოჟონა (ვისი დამსახურებით, არ ვიცით იმიტომ, რომ მერდოკის ხალხი უარზეა). „დოუ ჯონსის“ დუმილმა და მერდოკის 60-დოლარიანმა შეთავაზებამ კი კომპანიის აქციებზე ფასი 36-დან 56 დოლარამდე გაზარდა, შესაბამისად, ყველასთვის მოულოდნელად არაფრისმაქნის ოფციებს ოქროს ფასი დაედო. ამ ფონზე მერდოკის უარით გასტუმრება ხალხისთვის ფულის წარმთევის ტოლფასი იქნებოდა - სცადეთ, აბა, ეს, როგორი საცდელია?

მოკლედ, მერდოკმა კომპანია კუთხეში მიიმწყვიდა. მაგრამ ამას კუთხეში მიმწყვდეულთა - ანუ მსოფლიოში ყველაზე გავლენიან ჟურნალისტთა (ან თვითონ რომ ჰგონიათ ასე) პანიკური აღშფოთება მოჰყვა. აღშფოთება გამოიხატებოდა შავ პიარში, ცინიზმში, შეურაცხყოფასა და ჟურნალისტურ გამოძიებებში; იმის მტკიცებაში, რომ მომთხოვნი მეწილეების გუნდით ზურგგამაგრებული მომთხოვნი სხვა ნებისმიერი გენდირექტორი - მერდოკის მოგერიებას უფრო მძლავრად შეეცდებოდა, ვიდრე - თვით სიკვდილისას.

ამ ფონზე, აშკარად ჩანს - მერდოკი ერთადერთია, ვინც მიიჩნევს, რომ დაჭრილი დათვი მაინცდამაინც საშიში არაა. არც დაჭრილი მედიაა საშიში. მეტიც, მერდოკს პავლოვისებური ოსტატობით შეუძლია, მედიას ისეთი რეაქცია დასტყუოს, რომ ამ უკანასკნელმა მერდოკი უზნეო, მაგრამ მაინც შეუჩერებელ ძალად წარმოაჩინოს (ერთ-ერთმა მედია-კრიტიკოსმა მერდოკს „ბებერი, დამპალი ნაბიჭვარი“ უწოდა).

შემთხვევითი ფაქტი სულაც არ არის ის, რომ მერდოკს თანამედროვე მედია უფრო მეტ ყურადღებას უთმობს - გაუთავებელი დებატების გმირი ის ყველაზე ხშირად ხდება ხოლმე - ვიდრე ნებისმიერ სხვა თანამედროვე მმართველს.

შენზე სხვებს ასე რომ აალაპარაკებ, შენს სახელს საზოგადოებაში გავრცელებული ჭორ-მართალის მუდმივ ნაწილად რომ გახდი, ჩათვალე, რომ აუტსაიდერიდან ინსაიდერად იქეცი, მარგინალური ფიგურიდან ყურადღების ცენტრში მოექეცი, ნაგავმეისტერიდან გავლენიან ფიგურად ჩამოყალიბდი.

0x01 graphic

REUTERS
რუპერტ მერდოკი საქმიან ვიზიტის დროს ჩინეთში, 2001 წელი

0x01 graphic

© Mike Segar/REUTERS

2007 წლის 1 აგვისტოს Wall Street Journal-ის პირველი გვერდი იუწყება, რომ რუპერტ მერდოკის ნიუს კორპი დოუ ჯონს და კომპანიას 5 მილიარდ დოლარად შეისყიდის.

და, ეს უკვე მოხდა. რეალობა თავდაყირა დადგა. მისიაც შესრულდა. დიდი ხანია, მერდოკმა ისტებლიშმენტს ისე ოსტატურად გადაუჯოკრა, რომ თვითონვე გახდა ისტებლიშმენტი. ის 70-მილიარდიან კომპანიას უძღვება. ის ნებისმიერ სხვა თანამედროვე მოღვაწესთან შედარებით, ყველაზე დიდ ძალაუფლებას ფლობს, თანაც ყველაზე ხანგრძლივი დროის მანძილზე.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, „დოუ ჯონსისათვის“ გაკეთებული შეთავაზება რეალობის კიდევ ერთხელ გადაფასებას მოითხოვს: როგორ შეიძლება აღარ იმოქმედო როგორც უმსხვილესი სააქციონერო კომპანიის მმართველმა, მთელი თავისი ბრენდირებით, რეგულაციებით, საზოგადოებასთან ურთიერთობებით, აქციონერთა პრობლემებით და ამის ნაცვლად, ერთ მშვენიერ დღესაც ადგე და ბანკროტად გაიღვიძო? და მერე რისთვის? გაზეთისთვის? გაზეთისთვის?

„ნიუს კორპში“ არავინ, აბსოლუტურად არავინ, არ ეწინააღმდეგება რუპერტს. როგორც გენერალური დირექტორი, მერდოკი თითქმის უნიკალური ფიგურაა - ის არც მხოლოდ უცვლელი მენეჯერია და არც ლეგენდარული მმართველი, მერდოკს „ნიუს კორპში“ ამაზე უფრო დიდი წონა აქვს - მას სიცოცხლის საწყისი ჰქვია. კომპანიის მთელი ისტორიის მანძილზე, მერდოკი თავად წარმოადგენდა ერთადერთ ძალაუფლებას - კომპანია მხოლოდ მისი ინსტრუმენტი იყო. მაგრამ დროს მაინც თავისი მიაქვს - მერდოკს წლები მოემატა, კომპანიას - ბრენდები და ის ერთ ჩვეულებრივ კორპორატიულ საწარმოდ ჩამოყალიბდა. და სწორედ ამ საწარმოს შიგნით უცებ შესაძლებელი გახდა, დაკვირვებულ თვალს თუ პროტესტი არა, ეჭვი მაინც დაენახა რუპერტის გადაწყვეტილებების შესახებ - მაინც რა ჯანდაბას მიედ-მოედება მერდოკი? რა დანიშნულება აქვს პრესის გამოწვევას, გამუდმებულ თავდასხმებს და თავის შერცხვენას? რა საჭიროა გარისკვა? რისი გულისთვის? ჩავარდნის პირას მყოფი ბიზნესისთვის? და ამ ბიზნესში უნდა გადაიხადო საბაზრო ფასზე ორჯერ მეტი? ნუთუ ესაა „ნიუს კორპის“ დროისა და კაპიტალის საუკეთესოდ დაბანდების ასპარეზი?

პიტერ ჩერნინი - კომპანიის პრეზიდენტი და ოპერაციების მთავარი დირექტორი, სულ უფრო მზარდი გავლენითა და რეპუტაციით კომპანიაში (და როგორც „ნიუს კორპის“ ერთმა ინკოგნიტო რესპონდენტმა ამიხსნა, არც მთლად რუპერტის გადაწყვეტილებების ბრმად მოწამე) - დოუ ჯონსის საქმისგან შორს დადგა, ის ამ დროს გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი მოლაპარაკებით იყო დაკავებული - იგულისხმება yahoo-სთან მოლაპარაკებები My Space-ის შესახებ, რომლის მფლობელიც „ნიუს კორპი“ 10 მილიარდ დოლარად გახდა.

საქმეში არც როჯერ აილსი ჩაერთო - ასევე გავლენიანი აღმასრულებელი მმართველი, რომელიც „ფოქს ნიუსს“ უძღვება და რომელიც მალე ბიზნესის განხრით ახალ საკაბელო არხს ჩაუდგება სათავეში, რისთვისაც სავარაუდოდ მერდოკმა „უოლ სტრიტ ჯორნალი“ იყიდა.

ოპოზიციურად განწყობილი პრესის თავდასხმების გამო გაღიზიანებული ჩანდა რუპერტის 34 წლის ვაჟი ჯეიმს მერდოკიც, რომელიც დიდ ბრიტანეთში SkyTV-ის მმართველია (საერთოდ, დინასტიით გამყარებულ მერდოკების ოჯახში ჯეიმსის ძმა, 36 წლის ლეჩლენი და მისი და, 39 წლის ელიზაბეტი, მართალია, ოჯახურ ბიზნესში კვლავაც ღრმად არიან ჩაფლულები, მაგრამ ოფიციალურად მამის კომპანიაში მუშაობას თავი ორივემ დაანება, რითაც ცხადია მშობელს იმედი გაუცრუეს).

მოკლედ, „უოლ სტრიტ ჯორნალი“ - ეს პირადად რუპერტის გარიგება იყო. საქმეს ნიუ იორკში მხოლოდ ხელქვეითთა მცირე ჯგუფთან ერთად უძღვებოდა. მალე ის 90 წელს მიუკაკუნებს და ამ ასაკშიც კი გამოუსწორებელ „გაზეტჩიკად“ რჩება. მედიის ტენდენციების საწინააღმდეგოდ, რუპერტს ახალი გაზეთი სურდა - მანამდე უკვე შესყიდულ გაზეთებს შორის ყველაზე ცნობილი. უფრო მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ მანამდე ყველა ბრძოლა მოგებული ჰქონდა, მერდოკი კვლავაც საბრძოლველად იწევდა და იწევდა მტრების იმ უკანასკნელი ბანაკისკენ, რომელსაც გულწრფელად, დაუფარავად, სიკვდილივით სძულდათ ის. მათ მერდოკის სიძულვილი აცოცხლებდათ.

ამ გაჯიქებული მტრების გუნდში პირველ რიგში ბენკროფტების ოჯახი შედიოდა, რომელთა გაიგივება ისტორიისა და რეალურად არსებული ახლო კავშირების გამო პირდაპირ „უოლ სტრიტ ჯორნალთან“ შეიძლება.

ამ ჯგუფში შედიოდნენ ზალცბერგერებიც - ოჯახი, რომელიც „ნიუ იორკ ტაიმსს“ აკონტროლებს და რომელმაც მერდოკის სვლა „დოუ ჯონსის“ წინააღმდეგ აღიქვა, როგორც პირდაპირ მათ წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი.

დაბოლოს, ამ ბანაკის შუაგულში იდგნენ ერთი კონკრეტული ტიპის ჟურნალისტები, რომლებიც მერდოკს კვლავაც მედიის ყველაზე ხარბ მტაცებელ ცხოველად მიიჩნევდნენ, მის მიერ „უოლ სტრიტ ჯორნალის“ დაპატრონებას კი - ლეგიტიმურობისა და ავტორიტეტულობის ნორმებზე ღია თავდასხმად.

რომც მოინდომო ამაზე მეტად ვეღარ გააზვიადებ მერდოკის წინააღმდეგ ჟურნალისტური სამყაროს შიგნით გამეფებულ ანტიპათიას. ამერიკელი ჟურნალისტების ამ გუნდს თავისი მყარი პოზიცია აქვს.

მათი პოზიცია მორალური პოზიციაა (მერდოკი ქაჯია - ყველაფრის თქმა შეუძლია, ოღონდ კი სურვილი აიხდინოს).

მათი პოზიცია კლასობრივი პოზიციაა (მერდოკმა ფული დაბალი ფენის მაყურებლით იშოვა - ეს მისი ბიზნეს-მოდელია);

მათი პოზიცია მაღალი გემოვნების პოზიციაა (მერდოკი ხეპრეა - მისი აღქმისა და აზროვნების სტილი მდაბიურია);

დაბოლოს, ეს ჟურნალისტების ტიპური პოზიციაა - იმდენად რიგითი პოზიცია, რამდენად რიგითებიც არიან: „უოლ სტრიტ ჯორნალის“, „თაიმსის“, „ნიუ იორკერის“, „სლეითის“, „ქოლამბია ჯორნალიზმ რივიუს“ ჟურნალისტები, ჟურნალისტიკის ფაკულტეტებზე თბილად მოკალათებული პრაქტიკოსები და რამდენადაც რიგითია თუნდაც ბიოგრაფი თინა ბრაუნი - ქალბატონი, რომელიც ჟურნა ლისტური ეთიკის ეტალონადაც გამოდგება (სწორედ ეს თინა ბრაუნი იყო, რომ გამოხტა და თქვა, მერდოკმა „ჯორნალი“ რომ იყიდოს, ნამდვილი „ჰორორ შოუ“ დატრიალდებაო).

მერდოკის სიძულვილი ყველას აერთიანებს. მათთვის, მერდოკი ადამიანებით, ბაზრებითა და მთავრობებით მანიპულირებს.

მერდოკი ბუნებრივი კანონზომიერების საწინააღმდეგოდ მოქმედებს. ჟურნალისტებს, რომელთაც მერდოკის მიერ „უოლ სტრიტ ჯორნალის“ ხელში ჩაგდება ადარდებთ, რეალურად, პირად საკითხებზე წუხან - სამსახურის შენარჩუნების გარანტიას მათ არავინ აძლევთ („უოლ სტრიტ ჯორნალიდან“ ბოლო დროს ბევრი დაითხოვეს), გავლენა იკლებს, ხელფასი იკლებს, სამუშაო იმატებს და ისინიც თავს უბედურად გრძნობენ. იმიტომ, რომ ყოველთვის არსებობს იმის საშიშროება, რომ მერდოკი მათი ახალი მფლობელი გახდება.

ის ხალხი კი, რომელიც მერდოკთან მუშაობს, უმეტესწილად, ბედნიერია, შეიძლება მედია ბიზნესში ყველაზე ბედნიერიც: „ნიუს კორპიდან“ თითქმის არავის აგდებენ. თუ „ნიუს კორპში“ ახალი ამბების რედაქციაში მუშაობ, შენი გავლენა კი არ კლებულობს, პირიქით, იმატებს (ორივენი - „ფოქს ნიუსიც“ და „ნიუ იორკ პოსტიც“ მანიაკურად ტკბებიან თავიანთი გავლენით). რუპერტი კი, ყველა იმ დირექტორისგან განსხვავებით, რომელთაც საკუთარი ჩრდილისაც კი ეშინიათ, გასაოცრად ერთგული კაცია. გინდა, არაკორექტულად ელაპარაკებოდე რესპონდენტს, როგორც ბილ ო'რილი მოიქცა, გინდა ქრთამი და ფული აიღე შენი საინფორმაციო წყაროსგან, როგორც „ნიუ იორკ პოსტელმა“ რიჩარდ ჯონსონმა გააკეთა, მერდოკი და „ნიუს კორპი“ მაინც შენს გვერდით დადგება. აქ, ამ კომპანიაში, ორმაგი კორპორაციული მორალი ვერაფერს დაგაკლებს იმიტომ, რომ აქ მსგავსი რამ არ არსებობს. და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია - „ნიუს კორპში“ ერთი დიდი ფსიქოლოგიური კომპლექსიც მოგეხსნება - არ დაგჭირდება წამდაუწუმ თამაში, თითქოს, ანგელოზი იყო.

აშკარაა, რომ თანამედროვე ჟურნალისტიკამ საკუთარ თავზე ახალი, რელიგიური მოწოდება აიღო. ამ ახალმა ტენდენციამ კი მთლიანად შეცვალა ჟურნალისტიკის, როგორც თავისუფალი ნების მქონე, ფალსტაფიური, ირონიით სავსე, არა რელიგიური და მუშათა კლასის პროფესიის გაგება. ეს იმიჯი კი რა დოზითაც ის დღემდე შემორჩა, შემორჩა მხოლოდ მერდოკის გამოცემებს. და სწორედ ამ იმიჯის და მერდოკის 30-წლიანი მარშირების საპასუხოდ გაჩნდა ჟურნალისტიკაში ახალი და ალტერნატიული - რელიგიური მოწოდება.

ჰოდა, რა გასაკვირია, რომ ერთ საღამოს, „ნიუ იორკ ტაიმსის“ აღმასრულებელი რედაქტორი ბილ კელერი და მისი ბოსი, გაზეთის გამომცემელი არტურ ზელცბერგერ უმცროსი წვეულებაზე კოქტეილების ჭიქებით ხელში იდგნენ და გაწიწმატებულები ახასიათებდნენ მერდოკს, როგორც სამყაროს დასასრულს. ასეთივე გაგულისებით დაუპირისპირდა კელერი მერდოკის მთავარ „ლეიტენანტს“ გერი გინსბერგსაც: „როგორ შეგიძლია ამ ანტიქრისტეზე იმუშაო?“

შედეგად, ყველა სერიოზულმა, ანდა თუ გნებავთ, წონიანმა გამოცემამ - „კომენტატორებმა“, „ნიუს კორპის“ აღმასრულებელთა განმარტებით - გამოკვეთილი ანტი-მერდოკული პოზიცია აირჩია და მის მიმართ საშინელი ბრაზი გადმოანთხია.

0x01 graphic

© Rick Wilking/REUTERS
რუპერტ მერდოკი თავის მეუღლე, ვენდი დენგთან ერთად 2007 წლის ივლისი

ოდნავ რომ ჩავუღრმავდეთ საკითხს, მივხვდებით, რომ „დოუ ჯონსის“ დაპატრონებისას მერდოკმა ის ძველი სტრატეგია აღარ გამოიყენა, რითაც ბიზნეს-თამაშებში წინათ ხელმძღვანელობდა. წინათ კი, ასე ხდებოდა: ცნობილი მედია-ბრენდის შეძენით, მერდოკი საკუთარ ტანზე ირგებდა მათ რეპუტაციასა და წონას. „ნიუ იორკ პოსტი“, „ნიუ იორკ მეგეზინი“, „ვილიჯ ვოისი“, ლონდონური „თაიმსი“, „ჰარპერი და როუ“, „ტივი გაიდი“, 20the Century Fox-ი: აი, იმ ბრენდების მცირედი ჩამონათვალი, რომელთაც მერდოკის სახელი მედია-რუკაზე მონიშნეს. თუმცა, ეს დიდი ხნის წინ მოხდა. ახლა მერდოკი გაცილებით უფრო დიდი და მნიშვნელოვანია, ვიდრე ერთად აღებული ყველა ეს ბრენდი. და რასაკვირველია, კიდევ უფრო დიდია, ვიდრე „დოუ ჯონსი“ და „უოლ სტრიტ ჯორნალი“.

მერდოკის თავდასხმა „დოუ ჯონსზე“ მის 10 წლის წინანდელ შეტევასაც გვახსენებს ინგლისის ისტორიულ საფეხბურთო გუნდ „მანჩესტერ იუნაიტედზე“. ამაზე უფრო დიდ წითელ დროშას ბრიტანელებს ვერავინ აუფრიალებდა - გამოჩნდა ვიღაც უცხო, რომელიც მათი - ამ წმინდა ბრიტანული ინსტიტუტის მითვისებას ცდილობდა. ეს მცდელობა ხმამაღალ განაცხადს ჰგავდა: შემხედეთ, აი, ასეთი დიდი ვარ. ეს მცდელობა გამოწვევაც იყო: აბა, სცადე და შემაჩერე (ბოლოს, საქმეში მონოპოლიისა და გაერთიანებების კომისია ჩაერია და „მანჩესტერ იუნაიტედის“ გაყიდვა დაბლოკა).

მერდოკის სიძე, მეთიუ ფროიდი (ის ბაბუა ზიგმუნდზე უფრო თავისი სიმამრი მერდოკის წყალობითაა პოპულარული), რომელსაც ბრიტანეთში საზოგადოებასთან ურთიერთობის დარგში მაღალი თანამდებობა უჭირავს (მედია მერდოკების ოჯახური ენაა), „დოუ ჯონსის“ საქმის შესახებ ცოტაოდენ სკეპტიციზმს გამოხატავს. ის აღნიშნავს, რომ ამერიკაში მერდოკი ასე თუ ისე დაცული იყო ავი სარკაზმის მორევისგან, რაც მის თავს ჯერ ბრიტანეთში ტრიალებდა, მანამდე კი - მშობლიურ ავსტრალიაში. ახლა კი, „დოუ ჯონსის“ საქმის შემდეგ, შესაძლოა, სარკაზმის ეს „ვირუსი“ ამერიკაშიც გავრცელდეს.

თუმცა, ისიც ფაქტია, რომ ამ ვირუსმა მერდოკი კიდევ უფრო გააძლიერა. ეს სიძლიერე მერდოკის „ცუდი-ბიჭობის“ და უტიფრობის დამსახურებაა. ამ ძალას მერდოკი იმისთვის იყენებს, რომ ხალხს მისი ეშინოდეს. მერდოკის განცხადებაც ეს არის: მოვდივარ, მიფრთხილდი. „მინიშნება მუქარაზე, - ამბობს მერდოკის ინკოგნიტო დამცველი - „სულაც არ არის ცუდი“.

ნება მომეცით, ჰიპოთეზა შემოგთავაზოთ: მერდოკის ბოროტი, უღირსი, საშიში იმიჯი მაინც ხელოვნურადაა გაბერილი.

თავისუფლად შეგიძლიათ იკამათოთ და ამტკიცოთ, რომ მერდოკს ისევე უნდა აფასებდნენ, როგორც ნებისმიერ სხვა მედია-კონგლომერატის მფლობელს, თუ კიდევ მათზე უკეთ არა. ახალი ამბების ქსელი მერდოკთან გაცილებით უკეთაა დაფინანსებული, თვითონ ახალი ამბებიც უფრო დინამიკური და უფრო მრავალფეროვანია, ვიდრე სხვა მედია-გაერთიანებების გადაცემებში. მერდოკი არც დაშტამპულია და ხანდახან არც იმდენად ერთპიროვნული.

„ნიუ იორკ პოსტში“ მილიონობით (ასობით მილიონი) დოლარის ჩადებით, მან მთლიანად გარდაქმნა გაზეთი - ეს მოსაწყენი, მოლიბერალო ტაბლოიდი ცოცხალ, მწვავე და მეტ-ნაკლებად მემარჯვენე ორგანოდ აქცია. გაზეთი მერდოკის პოლიტიკურ შეხედულებებს ატარებს, მაგრამ რაც გინდათ, თქვით - ის აუცილებელი და სახალისო საკითხავია ყველა იმ ჟურნალისტისთვის, რომელიც დღეს მერდოკს აქტიურ ოპოზიციაში უდგას.

მერდოკმა უხეშად გამოგლიჯა ხელიდან „ნიუ იორკ მეგეზინი“ თავის დამფუძნებელს კლეი ფელკერს, მაგრამ ახალი რედაქტორის დაქირავების გარდა (თანამშრომლებმა ერთხმად და წარმატებულად გამოხატეს პროტესტი და პოსტები დატოვეს, მაგრამ საბოლოო ჯამში საკმაოდ წარუმატებელი გადაწყვეტილება გამოუვიდათ - რუპერტმა ახალი სარედაქციო ჯგუფი აიყვანა), ჟურნალში ბევრი არაფერი შეუცვლია.

მერდოკმა ბევრი მოუთმინა და ხელი არ ახლო „ვილიჯ ვოისს“ - გაზეთს, რომლის მფლობელიც ის მთელი ათი წლის განმავლობაში იყო და მთელი ამ ხნის განმავლობაში ეზიზღებოდა ის. სამაგიეროდ, მერდოკმა შეცვალა ლონდონური „თაიმსი“ - ის ნაკლებ კლუბური, ნაკლებ ელიტური და მეტად ფუნქციონალური გახადა, თან ამასობაში ტირაჟიც გაიზარდა - 100 ათასიდან 800 ათასს მიაღწია („თაიმსი“ მოგებაზე მაინც არ მუშაობს, მერდოკი კი კვლავაც ჯიუტად დებს მასში ფულს).

რაც შეეხება „ჰარპერ ქოლინზს“ ძირითადად ის წიგნის დანარჩენი გამომცემლობებისგან არაფრით განსხვავდება; იგივე შეიძლება ითქვას „ფოქსის“ კინოსტუდიაზეც - რამე განსაკუთრებული არც იქ შეუქმნიათ. თუმცა, მერდოკმა „ფოქსში“ შექმნა დაბალი ფენის მაყურებელზე გათვლილი მეოთხე ქსელი, რომელმაც თავისი ინტელექტუალურ მაყურებელზე გათვლილი თუ პოპულარული პროდუქციით საერთო ტელეპროდუქციაში გამორჩეული წვლილი შეიტანა - პირველ რიგში, კი ამ წვლილიდან „სიმპსონები“ უნდა გამოვყოთ. ამიტომ ელიტარული გემოვნების მქონე საზოგადოებას მერდოკის პროდუქციის გასაკრიტიკებლად მხოლოდ „ფოქს ნიუსი“ რჩება.

მაშინ რატომაა ატეხილი ეს გაუთავებელი ვაი-ვიში იმის გამო, რომ მერდოკის გაძლიერება ქვეყნის დასასრულს ნიშნავს? საერთო აზრი, როგორც „ნიუ იორკ თაიმსის“ მედია კომენტატორმა დევიდ კერმა ჩამოაყალიბა, გახლავთ ასეთი: მერდოკი „საკუთარ მედია საკუთრებებს თავისი ორგანიზაციის ბიზნეს ინტერესების დასაცავად იყენებს და ასე იქცევა უკვე წლების განმავლობაში“. (მაგრამ რადგანაც მერდოკის ბიზნეს ინტერესი რეალურად მედიაა და არა, ვთქვათ, იარაღი ან სუპერმარკეტების ქსელი, მაშინ გაუგებარია, რატომ არის ეს ცუდი). არც ახალი ამბების რედაქციაზე მერდოკის კონტროლი უნდა იწვევდეს გაღიზიანებას. რა მნიშვნელობა აქვს, ვინ რას გააკონტროლებს: მერდოკი „უოლ სტრიტ ჯორნალს“ თუ G.E. NBC-ის, დისნეი - ABC-ის, ანდა არტურ ზალცბერგერი - „ნიუ იორკ ტაიმსს“.

არა, საქმე სხვა რამეში უნდა იყოს. და, ალბათ, ეს სხვა რამე შიშია - შიში, რომელსაც იწვევს ერთი კაცი და არა კრებითი ტიპის ბიუროკრატია, როგორიც G.E.-ია ანდა „თაიმ უორნერი“. მერდოკი მათგან განსხვავებული საფრთხობელაა, ის არ ჰგავს, უსახო, კორპორატიულ საფრთხობელებს, იმიტომ, რომ მას კარგად ვიცნობთ. იმიტომ, რომ ის ამაყობს იმით, რომ საფრთხობელაა. და იმიტომაც, რომ ინდუსტრიაში, სადაც არ არსებობს წარმატების მიღწევის რეცეპტი, მერდოკი ყველა სხვა საფრთხობელასთან შედარებით ყველაზე მეტად წარმატებული ჩანს. წარმატების გარანტი მერდოკის დაუღალავი მანევრირების უნარი, უბერებლობა, და „სცადე ყველაფერი, ცხოვრებაში ერთხელ მაინც“ სტრატეგიაა. ამიტომ გგონია, რომ ის ერთადერთია, რომელსაც ყველაფერი ესმის; რომ მერდოკი შამანია.

მან საკუთარი თავისგან შექმნა დაუცველი ადამიანების ტერორისტის ხატი და ცოტა ვინმე თუა ისე დაუცველი, როგორც მედიაში მომუშავენი არიან. თუ შენს თავში ეჭვი ისედაც გეპარება, ეჭვი კიდევ უფრო გიძლიერდება, თუ რუპერტს ხედავ. ის შიშის ზარს დედიკოს ბიჭებს სცემს. ათწლეული ათწლეულს მისდევს და მას კი ძალა მაინც არ ელევა. ამიტომაც არის, რომ თუ რუპერტს შენი კომპანიის დაპატრონება უნდა, შენ მას საკუთრებას აუცილებლად უთმობ. ის არა მხოლოდ ჟურნალისტებს აგდებს პანიკურ შიშში; ის აფრთხობს საკუთარ აქციონერებსაც და აქციონერებიც „აძლევენ მას უფლებას“, გადაიხადოს „ჯორნალში“ რეალურ ფასზე ორჯერ მეტი, ოღონდ კი, ბოლოს და ბოლოს, სურვილი დაიკმაყოფილოს. შეიძლება არ მოგვწონდეს, მაგრამ გვჯერა, რომ მერდოკი დაუმარცხებელი ძალაა. ეს კი უკვე ძალიან წარმატებული პირადი-ბრენდირებაა.

და ახლა კი „დოუ ჯონსი“. არავინაა უფრო დაუცველი და უფრო დედიკოს ბიჭი, ვიდრე ამ კომპანიის ბიჭები.

„დოუ ჯონსმა“ ვერც სწრაფად მზარდ ბიზნეს-საინფორმაციო ბაზარზე გაიმყარა ადგილი და „უოლ სტრიტ ჯორნალიც“ ამ ბაზრის მიღმა დატოვა. გაზეთის ჩამორჩენის ერთ-ერთი მიზეზი, ალბათ, ისიც იყო, რომ „ჯორნალი“ ინტერნეტ-მომხმარებლისთვისაც მიუწვდომელი დარჩა - როცა თქვენ google-ში რამე თემაზე სტატიას ეძებთ, „ჯორნალის“ სტატია მოძიებულ მასალათა ჩამონათვალში არასდროს შეგხვდებათ იმიტომ, რომ „ჯორნალის“ ყველა სტატიის წაკითხვა მხოლოდ გარკვეული საფასურის გადახდის შემდეგაა შესაძლებელი. ანუ, გამოდის, რომ გაზეთი ინტერნეტის მთავარი საინფორმაციო ციკლის მიღმაა დარჩენილი.

შეიძლება ჩამორჩენის მიზეზი ისიც იყოს, რომ გაზეთს თვითონ არ ესმის, თუ რა არის მისი თემა. როცა ბიზნეს ავტორიტეტს და ამ შემთხვევაში „უოლ სტრიტ ჯორნალს“, ბიზნესში თავად მისდის საქმე ცუდად - ესეც რთული პოზიციაა. შედეგად, „ჯორნალმა“ დაკარგა თავისი ცენტრალური ადგილი ბიზნესსამყაროში, და დაკარგა ავტორიტეტიც რეკლამის შემკვეთების თვალში, რის გამოც მათ რეკლამირების უფრო იაფი და ეფექტური საშუალებების ძებნა დაიწყეს.

ჟურნალისტთა წრეში გავრცელებული აზრი ასეთი გახლავთ: „უოლ სტრიტ ჯორნალს“ უნდა დაუტოვონ უფლება, შეინარჩუნოს ბიზნესის შესახებ საკუთარი კარგად ჩამოყალიბებული და კრიტიკული შეხედულება. რომ მას უნდა დაუტოვონ ჟურნალისტური გამოძიებების ჩატარების უფლება. რეპორტაჟის უფლება. მისმა ჟურნალისტებმა ის უნდა აკეთონ, რასაც ყველა ჟურნალისტი აკეთებს. თუმცა, ეს მხოლოდ ნაწილია იმ მიზეზებისა, რის გამოც „ჯორნალს“ პუბლიკა კითხულობს, მეტიც, ეს მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილია. „ჯორნალის“ მკითხველს უფრო მეტად ბიზნეს-სამყაროს შიდა პოზიციებიდან დანახვა სჭირდება და არა მასზე გარედან გაკეთებული დასკვნების კითხვა. „ჯორნალის“ მკითხველს სურს, მოისმინოს ექსპერტის დონეზე ჩამოყალიბებული მიმოხილვა ბიზნესში გაბატონებული ტენდენციების შესახებ; სურს საკითხის ღრმად მცოდნე პირისგან გაიგოს, საით უბერავს „ბიზნესის ქარი“ („ქოლამბია ჯორნალიზმ რივიუში“ გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნული იყო, რომ „უოლ სტრიტ ჯორნალი“ ბაზრის ხელქვეითი კი არ უნდა გახდეს, მისი მისია და ისტორიული როლია, აკონტროლოს და ამოწმოს ბაზარი). და თუ „უოლ სტრიტ ჯორნალს“ ევალება ბიზნეს ისტებლიშმენტის ასახვა, მისთვის მერდოკზე უკეთესი მფლობელი წარმოუდგენელია.

აი, სწორედ ამ დონეზე მოხდება მერდოკის გრანდიოზული გარდაქმნები. ის გაზეთს შეცვლის იმ მიმართულებით, რომ მკითხველს მიაწოდოს ის, რაც მათ უნდათ.

როცა „ნიუს კორპში“ სურთ, გამოხატონ, რომ რაღაც მოსაზრებას სასტიკად ეწინააღმდეგებიან, აუცილებლად სიტყვა „სენტიმენტალურს“ ხმარობენ, იგივე კონტექსტში, „ნიუს კორპის“ მიმართ ანტაგონისტურად განწყობილები მერდოკის ხალხს ასე ახასიათებენ: „საშუალო დონის“, „ნიჭით რომ არ ბრწყინავენ, ისეთი ჟურნალისტები“. გამოდის, რომ მერდოკის ახალ გარიგებაშიც მონაწილეობას ეს „საშუალო დონის“ და „არაფრით გამორჩეული“ ადამიანები მიიღებენ.

ესეც პრობლემის ნაწილია: „უოლ სტრიტ ჯორნალის“ ჟურნალისტიკის ხარისხი უძველესი ამერიკული სკოლის ხარისხს უდრის, აქ წამყვან უნივერსიტეტებში შეძენილი ჰონორი აქვთ. ამ ხარისხის ჟურნალისტებს თავიანთი მყარი შეხედულებები აქვთ მოვლენათა განვითარების, ლეგიტიმურობის და რესპექტაბელურობის შესახებ; მერდოკის მხარესა და დონეზე კი ჟურნალისტიკა უფრო უხეშ ვაჭრობას ჰგავს, უფრო სწრაფი, პირდაპირი და ნაკლებად „სენტიმენტალურია“ (არც გაურკვეველი რეპუტაციის მქონე კოლეჯის დიპლომია მერდოკთან პრობლემა).

გამოდის, „უოლ სტრიტ ჯორნალი“ „მერდოკ ჯორნალი“ გახდება, დონე შეეცვლება, გონებრივი განვითარების მაჩვენებელი რამდენიმე ქულით დაეცემა, უფრო აჩქარებული ტემპი და დრამატიზმის უფრო მეტად გამახვილებული შეგრძნება მიეცემა. ალბათ, ნაკლებად აკურატულ ინფორმაციას მოგვაწოდებს, მაგრამ სამაგიეროდ ძველებურად მოსაწყენი და მონოტონური აღარ იქნება. ისიც სავარაუდოა, რომ გაზეთი ყნოსვასაც გაიმძაფრებს და ფულსაც მეტად გამოედევნება.

გამოდის უფრო იოლია, მიხვდე, როგორ მოვიდა მერდოკი აქამდე; როგორ შეძლო, თავისი ტაბლოიდური ტალანტის წყალობით, მთელ მედიას და მედია-სამყაროს დაპატრონებოდა; შეექმნა მსხვერპლთშეწირვისთვის გამოგონებული უზარმაზარი მანქანა, რომელსაც მერდოკის ბრმად მოწამენი ისევე უვარდებიან ბორბლებში, როგორც კრიშნას ტახტრევანს - მისი მიმდევრები. ამ ფონზე კი გაცილებით უფრო რთულია, გაიგო, რატომ მოისურვა მერდოკმა აქ - მაინცდამაინც „უოლ სტრიტ ჯორნალზე“ შეჩერება. ერთი რამ არის საყურადღებო: მერდოკი მართლაც ერთადერთი „გაზეტჩიკია“ ყველა დანარჩენს შორის, რომელმაც გაიაზრა - საკუთარი თავის გადასარჩენად აუცილებელია, გაზეთებს გასცდე, თან ძალიან გასცდე.

მაგრამ ესეც, ანუ „ჯორნალის“ ყიდვა - მერდოკის ისტორიის ნაწილია. არ არის გამორიცხული, მერდოკის ლეგენდარული მანქანა დანიშნულების საბოლოო პუნქტს უახლოვდებოდეს, ან თვითონ მერდოკი ჩამოდიოდეს საკუთარი ტახტრევანიდან.

შესაძლებელია ისიც, რომ „ნიუს კორპისა“ და მერდოკის გზები გასაყოფად ემზადება - ერთი თავისი ლოგიკურად განვითარებადი, რაციონალურ-კორპორატიული სტილით გააგრძელებს სვლას, მერდოკი კი - მართალია მთლად პენსიაზე არ გავა, ფლორდაში არ დასახლდება და გოლფის თამაშით არ მოკლავს დროს, მაგრამ - ტემპს მაინც შეანელებს; კვლავ წინ ივლის, მაგრამ გზადაგზა ყვავილებსაც დაყნოსავს და შუადღის გაზეთიც დაჭირდება საკითხავად.

მოკლედ, ბოლოს და ბოლოს, მერდოკს შეუძლია თავისი ძველისძველი გატაცებით ბოლომდე დატკბეს. ბოლომდე მიეცეს ვნებას, რომელსაც გაზეთი ჰქვია. თვალი ადევნოს და ხშირ-ხშირად ამოწმოს, თუ ვინ იგებს, ვინ აგებს, ვინ ვის და როგორ კლავს ბიზნესში (დესერტად კი შეეძლება „ნიუ იორკ ტაიმსსაც“ ისე მოსცხოს, როგორც მოუნდება).

ჩემი აზრით, „უოლ სტრიტ ჯორნალი“ მერდოკისთვის სასიამოვნო, სენტიმენტალური და რაღაც გაგებით, დამსახურებული საჩუქარია. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მერდოკი მალე არ მოიწყენს და რამე ახალს არ წამოიწყებს.

8 ინტერვიუ

▲ზევით დაბრუნება


8.1 ვფიქრობ, თეატრი ვულგარულია

▲ზევით დაბრუნება


ინტერვიუ რიჩარდ ფორმანთან
(ისტერიულ-ონტოლოგიური თეატრი, ნიუ-იორკი)

0x01 graphic

© Photo by Paula Court

რიჩარდ ფორმანი თანამედროვე ავანგარდული თეატრის გამოჩენილი რეჟისორია. მან მოღვაწეობა 60-იან წლებში ნიუ-იორკში, სოჰოში დაიწყო, სადაც ერთ-ერთ ლოფტში საკუთარი სტუდია გახსნა. 1968 წლიდან კი მისი „ონტოლოგიურ-ისტერიული თეატრი“ მუდმივ ბინას ისტ ვილიჯში, სენტ მარკსის ეკლესიაში, ამავე სახელწოდების ცნობილ ქუჩასთან ახლოს პოულობს, (ამ ქუჩას ხუმრობით წმინდა მარქსის ქუჩასაც უწოდებენ ხოლმე, ამ სახელს ფირნიშებზეც კი შეხვდებით, ალბათ, უფრო იმიტომ, რომ აქ თავს იყრიდა ახალგაზრდული, რევოლუციური და ავანგარდული საზოგადოება ჯონ ლენონიდან ნიუიორკელ პანკებამდე). ეს თეატრი დღემდე მოქმედია და, როგორც წესი, სხვა გვერდითი პროექტების პარალელურად, წელიწადში ერთ სპექტაკლს დგამს. ამავე ეკლესიაში, სადაც კვირაობით ჯვრისწერას ან მოსახსენიებელს შეიძლება დაესწროთ, პირველ სართულზე ქორეოგრაფიული ორგანიზაცია „დანსპეის პროჯეკტია“ განთავსებული. იგი თანამედროვე მსოფლიოში პოსტმოდერნული ცეკვის ერთერთ მთავარ ხელშემწყობად ითვლება. ეს დარბაზი უახლესი ამერიკული ავანგარდის ისტორიული ფიგურებსაც უკავშირდება, ისეთებს, როგორიც ამერიკელი კომპოზიტორი ჯონ კეიჯი და პოეტი ალენ გინზბერგი არიან.

რიჩარდ ფორმანი, XX საუკუნის თეატრში, თავისი თაობის რამდენიმე რეჟისორთან ერთად ახალ კონტექსტს აყალიბებს. სახელები, რომლებიც მასთან ასოცირდება, კარგად არის ცნობილი თანამედროვე თეატრის მოყვარულთათვის - ელიზაბეტ ლეკომპტი „ვუსტერ გრუპიდან“, თეატრიდან, რომელიც უკვე სამ ათეულ წელიწადზე მეტია, არსებობს, რობერტ ვილსონი და ენი ბოგარტი. ის, რაც 70-იანი წლების ნიუ-იორკში ხდებოდა, გარკვეულწილად 60-იანი წლების ფრანგულ ტრადიციას, კერძოდ კი, არიანა მნუშკინას პარიზულ თეატრს უკავშირდებოდა. აქვე უნდა ვახსენოთ ეჟი გროტოვსკის, სამუელ ბეკეტის, ეჟენ იონესკოს, ანტონინ არტოს, ბერტოლდ ბრეხტის და ვსევოლოდ მეიერხოლდის სახელებიც, იმ ადამიანებისა, რომლებმაც მთავარი აქცენტები დასვეს მეოცე საუკუნის თეატრში მოდერნიზმიდან პოსტმოდერნიზმამდე.

0x01 graphic

რიჩარდ ფორმანი 2005 წელი

ამავე პერიოდის სხვა გამოჩენილი რეჟისორებისგან განსხვავებით, ეს არტისტები იმით არიან ცნობილნი, რომ ისინი, არა მხოლოდ სპექტაკლებს ქმნიან, არამედ - თეატრს. ეს ყველაზე მკვეთრად ანტონინ არტოსთან არის გამოხატული, მან, მართალია, ვერ მოახერხა საკუთარი თეორიული ძიებების და მიგნებების თეატრალურ ბაზისში განხორციელება, მაგრამ მისმა ნაწერებმა ძირითადი როლი შეასრულა და დღესაც ასრულებს, როგორც პოსტმოდერნულ თეატრში, ასევე ჰეპენინგის და პერფორმანსის ხელოვნებაში. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ რიჩარდ ფორმანი, რობერტ ვილსონი და ელიზაბეტ ლეკომპტი იმ თანამედროვე თეატრალურ ტრადიციას ამკვიდრებენ, რაც ე.წ. თეატრის არტს გულისხმობს, ანუ თანამედროვე ვიზუალურ ხელოვნებასთან ინტეგრირებულ თეატრს. აქ თეატრი უკვე თვითონ არის პროდუქცია და არა შემქმნელი ამ პროდუქციისა - სპექტაკლისა. ამიტომაც, ფორმანის და ვილსონის სახელები უფრო მეტად ენდი უერჰოლს, ჯონ კეიჯს, ანტონინ არტოს და სალვადორ დალის უკავშირდება, ვიდრე, ვთქვათ, ტრადიციული თეატრის სხვა არანაკლებად ცნობილი რეჟისორების სახელებს.

რიჩარდ ფორმანის თეატრი თეატრის არტია, ადრე მას, თუნდაც ჯოზეფ ჩაიკინის, არიანა მნუშკინას და ჯუდით მალინას პერიოდში, ანტი-თეატრს უწოდებდნენ, რაც, უმთავრესად არა დესტრუქციაზე, არამედ ჩარჩოების გაფართოებაზე მიანიშნებდა.

რიჩრად ფორმანის რეპეტიციები პირველივე დღიდან სრული სასცენო ტექნიკური აღჭურვილობით იწყება. ესაა დეკორაციები, ხმის და ვიდეო პულტები, კოსტუმები და სხვა. შემდეგ ხდება მათი ტრანფორმირება სხვა კომპონენტებთან ერთად, იქმნება ტექსტიცა და მიზანსცენაც. დასაწყისში, აქ პიესა არ არსებობს, ისიც გენერირდება რეპეტიციების პირველივე დღიდან თითქმის უკანასკნელ წუთამდე. თავიდან ტექსტი მხოლოდ ფორმანის პირად დღიურებს ეყრდნობა, რეჟისორი წერს დიალოგებს, ოღონდ პერსონაჟების აღნიშვნის გარეშე - უბრალოდ, როგორც ფრაზებს. ეს ტექსტები პიესებად მხოლოდ რეპეტიციების შემდეგ ყალიბდება. დღეისათვის რეჟისორის 7 კრებულია გამოცემული ნიუ-იორკში, ბერლინსა და ტოკიოში.

ბოლო ორი წლის განმავლობაში რიჩარდ ფორმანმა საკუთარ სპექტაკლებში ვიდეოს გამოყენება დაიწყო. პირველად ეს 2006 წლის სპექტაკლში, „ზომბოიდი“ სცადა, რაც 2007 წელს იმავე სტილიში შესრულებულ სასცენო ნამუშევარშიც გაგრძელდა - „გაიღვიძე, მისტერ მძინარა! შენი არაცნობიერი მკვდარია!“

როგორც ხშირად აღნიშნავენ ხოლმე, რიჩარდ ფორმანი ფილოსოფიური რეჟისორია. 2006 წელს მასთან სტაჟიორად მომიხდა მუშაობა. სანამ ქვემოთ წარმოდგენილ ინტერვიუს ჩავწერდი, ერთხელ რეპეტიციების შემდეგ ტრადიციულ შეკრებაზე წავედით ბარში. ასეთი შეკრებები წელიწადში ერთხელ ეწყობა არაფორმალური გაცნობის და დაახლოების მიზნით. იქ ფორმანს ერთი შეკითხვა დავუსვი. რატომღაც მიმაჩნდა, რომ მასთან ყველაზე ახლოს, რამდენადაც პარადოქსულად არ უნდა ჩანდეს, ბრეხტი უნდა ყოფილიყო. მან მიპასუხა, რომ ერთადერთი რეჟისორი, რომელსაც თავის რეჟისორად მიიჩნევს, სწორედ ბრეხტია და რომ თეატრი, რაც არ უნდა წმინდა, ავანგარდულ ფორმებში იყოს მოცემული, მაინც ყოველთვის სოციალური კრიტიკაა. დიახ, არა მხოლოდ ფორმანი, არამედ მთელი თანამედროვე ამერიკული ხელოვნების ტრადიცია სწორედ პოლიტიკური და კულტურული ჩარჩოების სოციალური კრიტიკაა. კეიტ მანჰაიმის, ლეგენდარული „ონტოლოგიურ-ისტერიული თეატრის“ სულიჩამდგმელი არტისტის და წლების მანძილზე მისი განუყოფელი მონაწილის შესახებ კი თვითონ რეჟისორი გვიპასუხებს ინტერვიუში.

* * *

დავით ჩიხლაძე: თქვენს სასცენო პროდუქციებში მაყურებალი ნათლად შეიგრძნობს ძველი თეატრის არსებობას - განათებისა და მიზანსცენების გადაბმები, მსახიობთა ნაბიჯების ხმა თუ რეკვიზიტი, მუსიკა, რომელიც ხაზს უსვამს ან აძლიერებს ემოციას და თვით თხრობა, რაც, მთავარია თეატრომანის მყუდროების შესაქმნელად. ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ ავანგარდული თეატრი, უბრალოდ, ბოლომდე ვერ გამოცალკევდება სტანისლავსკისა თუ ბრეხტისგან, თუ ეს მხოლოდ თქვენი პირადი იარაღია აკადემიური კონტრასტის შესატანად თქვენს უკიდურესად თანამედროვე ბუნების მქონე თეატრში - და ამ გზით განაპირობებთ მის სიცოცხლისუნარიანობას და გამორჩეულობას დანარჩენი, მხოლოდღა, .. თანამედროვეებისგან? თუ ეს რომელიღაც თქვენი შორეული წარსული გამოცდილების სენტიმენტია და ფარული განზომილება შემოაქვს ამ აბსტრაქტულ და კონცეპტუალურ ესთეტიკაში - ერთგვარი ლირიკულობის განზომილება?

რიჩარდ ფორმანი: ეს ძალზე არსებითი შეკითხვაა, რადგან მთელი ჩემი ცხოვრება წარმოადგენდა ბრძოლას ინტელექტუალურ გრავიტაციასთან ყველაზე მოწინავე, 20-ე საუკუნის წმინდა ხელოვნებისკენ. თუმცა, ვიცოდი, რომ სადღაც ღრმად, ჩემში რომანტიკოსი ცოცხლობდა, ის, ვისთვისაც რთულია გამოეყოს მაღალ მოდერნისტულ ტრადიციას და თვით რომანტიკულ ტრადიციასაც კი. 60-იან წლებში, როდესაც მინიმალისტური ხელოვნება მოვიდა ამერიკაში, მქონდა ასეთი გრძნობა - „ოჰ, როგორც იქნა - ეს უკვე მესმის. ბოლოს და ბოლოს ვიპოვე ხალხი, ვისთანაც ახლოს ვგრძნობ თავს“. საკუთარი თავი მინიმალისტად მიმაჩნდა და დიდი დრო არ დამჭირდა, გამეცნობიერებინა, რომ სინამდვილეში სულაც არ ვიყავი მინიმალისტი.

..: როგორ გამოიხატებოდა ეს თეატრის სამყაროში?

.: ეს არ ყოფილა გამოხატული. ვფიქრობდი, რომ მე უნდა გამომეხატა. მართლაც, ჩემი ადრეული წარმოდგენები გაცილებით მინიმალისტური იყო. ვმუშაობდი არაპროფესიონალ მსახიობებთან და არ ვიყენებდი დიდ თეატრალურ ეფექტებს. დარწმუნებული ვარ, რომ არსებობს ხალხი, ვისაც მიაჩნია, რომ ის პერიოდი ჩემი შემოქმედების საუკეთესო ნაწილი იყო. სასაცილოა, ყოველ წელს ვფიქრობ, რომ ისევ იმ პერიოდს დავუბრუნდე, მაგრამ ცოტა ხნის მერე მბეზრდება და ისევ ძველებური ყაიდის თეატრი მჭირდება. მაგრამ, ჩემი თეატრიც მალე მბეზრდება ხოლმე. მხოლოდ მოპარული ციტატები იწვევს ჩემს გამოცოცხლებას. მიმაჩნია, რომ სწორედ ამისგან ვაშენებ ჩემს ხელოვნებას - ეს მხოლოდ ციტატებია, ყველანაირი სახის, მათი საწყისი თხრობითი სტრუქტურები კი, საიდანაც ისინი მომდინარეობენ, ჩემთვის უკვე გამოუსადეგარი მასალაა. ეს ციტატები, მართლაც, ძალზე დაფლეთილია. მიმდინარე სეზონის წარმოდგენა, როდესაც რეპეტიციები დავიწყეთ, შედარებით მშვიდი იყო, ნაკლები ეფექტები ჰქონდა და ვფიქრობდი, რომ ისევ ადრინდელ თეატრს ვუბრუნდებოდი. რამდენიმე კვირის რეპეტიციების შემდეგ კი, ჩემი თავი დავიჭირე იმაზე, რომ ნამდვილად მჭირდებოდა მეტი და მეტი ფუფუნების საგნები, რომელთა მიმართაც ასეთი ამბივალენტური ვარ. ორი დღის წინ კი უკვე ვეუბნებოდი შანონ სინდელარს (თეატრის დირექტორს): „ოჰ, ღმერთო, იცი, დავნებდი. ვფიქრობ, რომ თეატრი ვულგარულია“. ვიცი, რომ ვიღაც, ვთქვათ, ბეკეტი, ძალზე წმინდა თეატრს ქმნის, მაგრამ მე არ მხიბლავს იდეა, დავჯდე და ბეკეტს ვუყურო. მიუხედავად იმისა, რომ ესთეტიკურად და ინტელექტუალურად ვეთანხმები მას და მიმაჩნია, რომ ეს არის სწორედ ის, რაც უნდა გაკეთდეს.

0x01 graphic

© Photo by Paula Court

..: მე ერთხელ ვცადე ეს და 60 წუთი გრძელდებოდა...

..: დიახ. ეს ჩემი მუდმივი ფიქრია. მუდმივად გაორებული ვარ, მივისწრაფი თეატრის საცირკო ასპექტისაკენ და ამავე დროს - გაცილებით მკაცრი მინიმალისტური ხელოვნებისკენ. იგივე სიტუაციაა ფილმთან დაკავშირებითაც, მაგრამ, ცოტა ხანში ესეც მბეზრდება ხოლმე. ვფიქრობ, რომ სინამდვილეში ჩემი ხელოვნების ბირთვს, სწორედ ეს ძალისხმევა ორი მიმართულებით, ეს ბრძოლა წარმოადგენს.

..: გამოდის, რომ სპექტაკლს ყოველთვის სჭირდება თხრობა, რაღაც დოზით...

..: ეს არ არის თხრობა, საითაც მე მივემართები. ეს, უბრალოდ, ცირკია. ეს უბრალოდ, მუსიკით, ბგერით, განათებით მანიპულაციაა.

0x01 graphic

© Photo by Paula Court

..: სხვა შეკითხვაზე გადავინაცვლებ... რაც უფრო ახლოვდება სპექტაკლის პრემიერა, უცნაური მოლოდინი მიჩნდება, რომ თქვენ გაანთავისუფლებთ მსახიობებს პირსახვევებისგან, რითაც ისინი, ერთერთი რეპეტიციის დროს, დაახლოებით ერთი თვის წინ შემოსეთ. რად გინდათ მათი სახეების დამალვა - ლაპარაკით რომ არ შეგაწუხონ სამუშაო პროცესის დროს?

..: ხშირად იმით ვამთავრებ, რომ მსახიობებს, მათი შენიღბვის მიზნით, ათასგვარი საგნებით დავტვირთავ ხოლმე. თავიდანვე ხალხი მადანაშაულებდა, რომ მქონდა სურვილი, ჩემი მსახიობები უბერმარიონეტებად მექცია. ამას აბსოლუტურად უარვყოფდი, რადგანაც ამ ადამიანების იდიოსინკრატიული ბუნება მაინტერესებდა. მაგრამ, რაც დრო გადის, ვფიქრობ ხოლმე, იქნებ მართლაც ასეა-მეთქი. განსაკუთრებით ეხლა, როდესაც ვიყენებ ფილმს, მინდა, ფილმზე ხდებოდეს ფოკუსირება. ნამდვილი ხალხი, გარკვეული თვალსაზრისით, ფილმშია და მსახიობი, რაღაც ასპექტით, მაწუხებს კიდეც სცენაზე, თუმცა, ზუსტად არ ვიცი, რა ასპექტით. ნაწილბრივ ეს იმით არის განპირობებული, რომ ამ თეატრში მაყურებელი ძალზე ახლოსაა მსახიობთან. ამიტომაც, აქ ყოველთვის იყო ზონრები და პლასტიკური კედლები მსახიობებსა და აუდიტორიას შორის. ეს ესთეტიკური დისტანციის საკითხია; და რამდენადაც ხელოვნების ყველა დარგში, ესთეტიკური დისტანციის შესაქმნელად სხვადასხვა საშუალებები არსებობს, მეც მსურს ესთეტიკური დისტანცია შევქმნა აუდიტორიასა და მსახიობს შორის, რომელთანაც მათ თანაგანცდა გააჩნიათ. მინდა, მათ შორის აღმოვჩნდე.

..: არაცნობიერი, თქვენი სათეზისო სიტყვა ამ წარმოდგენისთვის - გაიღვიძე, მისტერ მძინარა! შენი არაცნობიერი მკვდარია! - თითქოს უნდა გულისხმობდეს ემოციას - ცნობიერების რაციონალურობის წინააღმდეგ. მაგრამ წარმოდგენის იარაღები ინტელექტუალური და ძალზე კონცეპტუალური ენის მქონეა. ხომ არ არის ეს პრობლემატიკის ჩაკეტილი, თვით-რეფლექსური განლაგება, სადაც თქვენ პასუხებს ეძებთ; ანდა შეიძლება, უბრალოდ, აქედან მოდის თქვენი არტისტული მოტივაცია?

..: კარგით, მე ვცდილობ დავალაგო ის ბიძგები, რომლებიც, ჩემი აზრით, უმნიშვნელოვანესი მენტალური ნაპერწკლებია და რომელთა მეშვეობითაც არაცნობიერი მოქმედებს. არ მიმაჩნია, რომ არაცნობიერი ემოციურ რეალობას მიეკუთვნება. არაცნობიერს ფროიდის ან ლაკანის მნიშვნელობით განვიხილავ, როგორც კონკრეტულ მეთოდს, რომლითაც გონება ოპერირებს ჩვენს უკან და სულაც არ არის აუცილებელი, რომ ემოციური იყოს. მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც ის უკვე მოქმედებს, თქვენ გაქვთ ემოციური რეაქციები გარკვეულ კონფიგურაციებზე, რაც იქ წარმოიქმნება. მაგრამ ფაქტიური პროდუქცია იმ მასალისა, რასაც არაცნობიერი გადაამუშავებს, სტრუქტურის საკითხია, როგორც მე ამას ვხედავ...

..: როგორც გარკვეულ სიმბოლოებს...

..: სიმბოლოები ნაკლებად, ეს მასალის სტრუქტურალური გადამუშავებაა. ასე რომ, ეს უფრო მენტალური აქტიურობაა.

..: ასე რომ, თქვენ ამბობთ, რომ ეს გამორიცხავს ემოციურ მხარეს?

..: დიახ. დიახ. ვფიქრობ, რომ უამრავი ემოციაა ჩემს თეატრში, მაგრამ, ალბათ, უფრო ის საგნებია მნიშვნელოვანი, რომლებიც გონების მშრალი ცერებრალური აქტიურობიდან წარმოიქმნება - როგორც ცნობიერად, ასევე არაცნობიერად.

..: და არის აქ ადგილი იუმორისთვის ან სექსუალობისთვის?

..: ოჰ, თანაც, ეს ყოველთვის თავისთავად ამოდის ზედაპირზე. ვფიქრობ, როგორც წესი, ასეთია ჩემი სპექტაკლები - შეიძლება, ჩემი ეს სპექტაკლი ნაკლებ მხიარული იყოს, ვიდრე სხვები, - მაგრამ, ჩემს თავს უფრო ახლოს მოლიერთან ვხედავ, ვიდრე შექსპირთან; და ვფიქრობ, იუმორი და სექსუალობა თეატრის მთავარი პლატფორმაა. იუმორი ჩემთვის ნიშნავს იმას, რომ იცინოდე იმაზე, რამდენად სულელურია ყველაფერი. მე სულელი ვარ, ყველა, ვისაც ვხედავ სულელია; (იცინის) ეს სასაცილოა.

..: ყოველ თქვენს სპექტაკლს კეიტ მანჰაიმს უძღვნით, როგორც ონტოლოგიურ-ისტერიული თეატრის მფარველ სულს?

..: დიახ, მივუძღვენი რამდენიმე წარმოდგენა კეიტს, ახლა, უბრალოდ... აღარ ვაკეთებ ამას. არადა, ვფიქრობ, რომ უნდა გავაკეთო. სწორედ კეიტმა შექმნა ჩემი თეატრი ისეთი, როგორიცაა დღეს. როდესაც ვიწყებდი და ვაკეთებდი ძალზე მინიმალისტურ წარმოდგენებს, საკმაოდ მოსაწყენი გამომდიოდა. კეიტი შემოვიდა წარმოდგენებში, როგორც მსახიობი და ყოველივე ამას დაუპირისპირდა. მაიძულებდა გამეკეთებინა უფრო მეტად სექსუალური, მხიარული, ცოცხალი რაღაცეები. ამან შეცვალა ჩემი ცხოვრება, მეც უფრო მეტად ყურადღებიანი გავხდი და ეს გამართლებულად მიმაჩნია. ყოველ წელს, როდესაც ვიწყებ ახალ პიესას, წარსულში ვიხედები და ვფიქრობ, რომ უკან მივდივარ. მაგრამ, არ ძალმიძს უკან წასვლა. ასე რომ, ეს წარმოდგენები ნამდვილად ჩემი ცნობიერების არენაზეა შექმნილი, რომელიც კეიტის რეალობასთან არის ახლო კავშირში.

..: ეს წარმოდგენა, ვიდეო ეკრანების და შინაარსის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, შეიძლება შესაბამისობაში მივიჩნიოთ წინა წარმოდგენასთან, ზომბოიდთან (თუნდაც მხოლოდ მათი სახელწოდებებიდან გამომდინარე). თქვენ განიხილავთ მათ, როგორც ციკლს? ეს ახალი პროდუქცია ხომ არ არის ციკლის დასრულება? რა იქნება თქვენი შემდეგი ნამუშევარი?

..: არ ვიცი. ვცდილობ გადავწყვიტო. მართლა ვცდილობ, გადავწყვიტო. რადგან, გონების სიღრმეში, ვფიქრობ, ნუთუ არ მინდა გამოვიყენო ეს ფირი, რომელიც მაქვს, ეს მასალა, რომელსაც ვიღებ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, როგორც მხოლოდ ფილმი? ხომ არ ვატყუებ საკუთარ თავს, როცა ფილმს წარმოდგენის ჩარჩოში ვათავსებ? ეს ამ მინიმალისტური ხასიათის ფილმს თეატრის ზედაპირზე წამოწევს. ასე რომ, ჯერ ვერ გადამიწყვეტია, მომავალ წელს გამოვიყენებ თუ არა გერმანიაში გადაღებულ მასალას, რომელზეც სურვილი მაქვს, ვიმუშავო იმ წარმოდგენაში, რაც ამ სერიის მესამე ნაწილი გახდებოდა. მაქვს კიდეც სპეციფიკური იდეები, თუ როგორ გავაკეთო ეს. იქნებ, სჯობს ვუთხრა საკუთარ თავს: „იცი რა, რიჩარდ, გაბედული იყავი. თუ მართლა გინდა გააკეთო ფილმი, გააკეთე ის, როგორც ფილმი. შენს თეატრში კი, დადგი რამე ისეთი წარმოდგენა, სადაც ფილმს არ გამოიყენებ!“ ასე რომ, ჯერ არ გადამიწყვეტია, მაგრამ, მე ნამდვილად ვებრძვი ამ პრობლემას.

P.S საუბრის ბოლოს, რიჩარდ ფორმანმა, ჩემს შეკითხვაზე, თუ რას ფიქრობს თანამედროვე თეატრის სცენაზე ნიუ-იორკში, მიპასუხა, რომ მას უკვე დიდი ხანია აღარ აინტერესებს თეატრი. საერთოდ არ დადის სპექტაკლების სანახავად. თეატრის დირექტორმა, შანონ სინდელარმა, მაშინ მთხოვა ეს არ გამეხმაურებინა, რადგან მსახიობებზე და აუდიტორიაზე არ ემოქმედა. საქართველოში პუბლიკაცია მათ, ცხადია, აღარ შეეხებათ, მითუმეტეს, რომ ეს ამბავი არცთუ ისე უცნობი უნდა იყოს ნიუ-იორკის არტისტული წრეებისთვის.

17 დეკემბერი, 2006 ნიუ-იორკი

9 სპეც-პროექტი

▲ზევით დაბრუნება


9.1 ჩემი ძაღლი

▲ზევით დაბრუნება


ავტორი: მაია ცეცაძე
ფოტო: დავით მესხი

0x01 graphic

0x01 graphic

მაია დომინიკო

6 კატა და 1 ძაღლი. მაია დომინიკოს საცხოვრებელი ადგილის სივრცე უფრო მეტ ცხოველს რომ იტევდეს, რამდენიმეს კიდევ სიამოვნებით იყოლიებდა. „დიდ ოჯახს“ მერფი უძღვება. პოლარული მგლის შთამომავალს მემკვიდრეობით ველური ბუნება და ჯიუტი ხასიათი ერგო. - „მერფი საფრანგეთის ცხოველთა თავშესაფრიდან წამოვიყვანე, ამიტომ ფრანგულად ვესაუბრები. თავიდან ნამდვილი მგელი იყო, მაგრამ იმდენი ვეფერე, რომ ახლა მგონი თეთრ კურდღელს უფრო დაემსგავსა, ოღონდ, მაინც ველურია. ეს არის ძაღლი, რომელიც არაფერს არ გიჯერებს. მასთან არც დასჯის მეთოდი ჭრის, მოფერებით უფრო მეტს შეაგნებინებ. მისი შიშით სახლში კატებს ვერ ვაჩერებდი. ერთხელაც სპარსული კატა მაჩუქეს. მივიდოდა კართან და ყეფას იწყებდა. კარს რომ ვუღებდი, არ გადიოდა, ვერ ვიგებდი რას ითხოვდა... ბოლოს მიირბინა კატასთან და ყეფა დაუწყო. კიდევ როგორღა მიეხვედრებინა? თურმე მის გაშვებას მთხოვდა. მერე, ეტყობა, ხელი ჩაიქნია და გაარკვია მათთან ურთიერთობა. ეზოდან რომ ამოდის, სათითაოდ ყველას მოინახულებს და ამოწმებს, ადგილზე არიან თუ არა. უკვე შეიგნო, რომ ესენი თავისები არიან. დიდი დრო მიაქვს მათ მოვლას და ყველა მეკითხება, როგორ ასწრებო, მაგრამ, როცა ვხედავ როგორ ექცევა ხალხი ცხოველებს, ყველასთვის ვერ ვიმეტებ გასაჩუქებლად. ადრე ოჯახში თევზები, მტრედები, ციყვი და ზღვის გოჭებიც გვყავდა. იმდენად მიყვარს ცხოველები, რომ პირველი სიტყვა რაც მითქვამს იყო „თევზი“ და არა „დედა“.

0x01 graphic

ნიკუშა შენგელაია

- „მოდი სკუბი, შენ თვითონ უთხარი როგორი ხარ!... მგონი, ერთადერთი, რაც არ შეუძლია, ლაპარაკია, თორემ ისე ყველაფერი ესმის. უჭკვიანესი ძაღლია. ხანდახან, მგონია, სახლში რომ შემოვალ გადაშლილი გაზეთით, კითხვის პროცესში დამხვდება. ამ ჯიშს - ლაბრადორს, ინტელექტუალურ ძაღლებს უწოდებენ: ბრმები დაყავთ, პოლიციას ძებნაში ეხმარებიან... სკუბი ჩემს შვილს გიოს მოვუყვანე, გიჟდებოდა ძაღლებზე. ფაქტიურად მისი ძმა გამოდის, თითქმის ერთად გაიზარდნენ. სახელი, საყვარელი მულტფილმის პერსონაჟის „სკუბი დუ“-ს საპატივსაცემოდ დაარქვა. ერთხელ მოგვპარეს კიდეც და საბედნიეროდ, დავიბრუნეთ. საოცრად მგრძნობიარეა, ადამიანებთან ურთიერთობა უყვარს და აბსოლუტურად არაკონფლიქტურია. სხვა ძაღლები მის მიმართ აგრესიას რომ გამოხატავენ, ძალიან უკვირს ხოლმე... ჰო, გირჩებით თამაშზე გიჟდება კიდევ.

0x01 graphic

დავით თევზაძე

მათი დილა 5 საათზე იწყება და სახლთან ახლოს მდებარე აღმართებს მიუყვებიან. „მარშალს“ დაგროვილი ენერგიის დასახარჯად დღეში 10-15 კილომეტრის გარბენა მაინც უწევს. მკაცრი მზერით და შეუპოვარი ხასიათით მარშალობასაც იფერებს. - „მარშალი უფროსია, მე გენერალი ვარ! ეს კანეკორსოს ჯიშია და თბილისში მხოლოდ რამდენიმე ადამიანს ჰყავს. ამ ჯიშის ძაღლის მეშვეობით რომაელები კავალერიას ამაგრებდნენ. უკვე შუასაუკუნეებში ციხე-დარბაზებში გადაინაცვლა მცველად. მერე ნელ-ნელა გაქრა და 40-იანი წლებიდან იტალიაში ისევ დაიწყეს მისი აღდგენა. იტალიელია და ალბათ, ამიტომ გიჟდება ყველიან მაკარონზე... ეტყობა, მოეწონეთ, თორემ ასეთი მშვიდი არ არის. განსაკუთრებით გაზის დანახარჯების აღსარიცხად მოსულ ინკასატორს მტრობს. ძაღლებთან კონფლიქტურია. თან ყეფა და გამოწვევა კი არ უყვარს, პირდაპირ „საქმეზე“ გადადის. მაგრამ ბავშვები უყვარს... არ ვეფერები საერთოდ, უნდა იცოდეს, რომ მარშალია!“

0x01 graphic

იური მეჩითოვი

- „ასეთ ძაღლებს ცირკში ამუშავებენ, იმიტომ, რომ ჭკვიანები არიან. საერთოდ უერთგულესი ცხოველია. ადამიანები არიან გაბოროტებული, თორემ ცხოველთა სამყაროში ხომ ბოროტება არ არსებობს. ერთადერთი ცუდი ჩვევა აქვს - გვიან ღამე საშინელ ყმულის იწყებს და გარეთ გაშვებას გვთხოვს. მერე უკან რომ მობრუნდება კარი ისევ ხომ უნდა გაუღო? ჰოდა, ამის გამო ძილი მიტყდება ხოლმე. ამ ბოლო დროს კი ცოტა გამოსწორდა... ზოოპარკში სპეციალური სალონია და მოსაწესრიგებლად იქ დამყავს. ბევრი თმა როცა აქვს კარგად კი გამოიყურება, მაგრამ ზაფხულში გვეცოდება და ვკრეჭთ. დიდად არ უყვარს ეს პროცესი, მაგრამ მერე კი უხარია.“

თუკი სანაცვლოდ ტკბილეულს შესთავაზებენ, ჯოკო ნებისმიერი ათვისებული ილეთის წარმოსაჩენად მზადაა. ხოლო თუ შემთხვევით მისთვის ყველაზე სასურველ „დელიკატესს“, ძვალს მოკრა თვალი, ორ ფეხზე შემდგარი გიცეკვებთ და თქვენ წარმოიდგინეთ, გიმღერებთ კიდეც.

0x01 graphic

ფოტო: ნიკო ტარიელაშვილი
ბიძინა ბარათაშვილი

ტოტო ფოტოს გადასაღებად საგანგებოდ მოემზადა. საზაფხულო ვარცხნილობით დეკორატიული ძაღლის იმიჯი შეიფერა და მრავალფეროვანი გარდერობითაც მოიწონა თავი.

- „რაც არ უნდა ცუდად ჟღერდეს, ძაღლს შეიძლება, ბევრ ადამიანზე მეტადაც კი აფასებდე, ოჯახის წევრი ხდება უკვე. ტოტომდე ძაღლი რომ მოგვიკვდა, მას მერე სასტიკი წინააღმდეგი ვიყავი ჩვენს ოჯახში კიდევ რაიმე ცხოველი გაჩენილიყო, მაგრამ შემთხვევით სურათი ვნახე იორკშირის ტერიერის, მომეწონა და ერთ ჩემს მოსკოველ მეგობარს ვუთხარი. მან კი, მოსკოვში ჩასვლისას სიურპრიზი დამახვედრა... თავიდან ტოტო დავიწუნე, უფრო პატარა მინდოდა, მაგრამ უკან რომ ჩასვეს გალიაში, საშინლად მოიწყინა და დასატოვებლად ვერ გავიმეტე. მერე თვითმფრინავის სალონში არ შემაყვანინეს და მომთხოვეს ბარგში ჩამებარებინა. მეშინოდა მისი მარტო დატოვება და ავტეხე ერთი წივილ-კივილი. მაინც მარტო დარჩა და ვაჟკაცურად გაუძლო.

მგონი ოფიციალური შიზოფრენია დამემართა ამ ძაღლის ნიადაგზე. უცხოეთიდან ყველაზე მეტი საჩუქარი ტოტოსთვის ჩამომაქვს. ნიუ-იორკში მეუღლემ გადამათქმევინა, თორემ სმოკინგსაც კი ვყიდულობდი მისთვის.“

0x01 graphic

ლეილა მესხი

ზუზუ 1 კგ.-ს და 200 გრამს იწონის, თუმცა უკვე 4 წლის არის და დიდი გოგოა. როცა ხელში აჰყავთ, ყველაზე დაცულად თავს მაშინ გრძნობს. უცხო ადამიანების დანახვისას კი კანკალს იწყებს და ნერვიულობს. რა ქნას, პატარას გულიც პატარა აქვს.

„დიდი ძაღლი სახლში მოსავლელად რთულია, ამიტომ ვეძებდი პატარას. ზუზუ მოსკოვში დიდი ხნის ძიების შემდეგ აღმოვაჩინე. გრძელი, სწორი ფეხებით, დაცქვეტილი ყურებით და სახის მოყვანილობით შველს წააგავს. სადაც არ უნდა წავიდე თან დამსდევს, სულ კალთაში მიზის. მთელი დღე რომ იწვ,ე მოცუცქდება და გაუნძრევლად იწვება ისე, რომ არც შიმშილი შეაწუხებს. გამოზომილი ულუფა აქვს და არ არსებობს იმაზე მეტი შეჭამოს. რესტორანში საჭმელი რომ დაგვრჩება, ორ ნაჭერ ყველს ან ხორცს შევახვევინებთ ხოლმე და მისთვის მოგვაქვს. გაოცებულ პერსონალს კი ჩემი ქმარი პასუხობს - პატარა ძაღლისთვის გვინდაო. ძალიან უსუსურია. ერთხელ ჩემს შვილს ხელიდან გაუვარდა, ფეხი მოიტეხა და სერიოზული ოპერაციაც კი დაჭირდა. ამ ძაღლის გაყვანა ქუჩაში სახიფათოა. ისეთი ზომისაა, რომ შეიძლება ვირთხა ეგონოთ, ან მანქანებმა ვერ შენიშნონ... ადვილი მოსავლელია, მაგრამ ცოტა დატოვებაა პრობლემა და ჩემი და მიწყობს ხელს. უცხოეთში ვერ მიმყავს ხოლმე, რაგდან საბუთები სჭირდება და მომზადებას ვერ ვასწრებ. ისე კი, ხშირად დამყავს სტუმრად, სამსახურში... სითბო სჭირდება ძალიან და ზამთრის ლამაზი ჩასაცმელებიც აქვს.“

0x01 graphic

ლევან ბუთხუზი

- „გამუვუშვებ ოთახიდან და არ შეგეშინდეთ! ცოტას წაიღრენს, შეგისწავლით და არავითარი პრობლემა არ იქნება. სადაც მე ვარ, იქ აგრესიული არ არის ხოლმე. როტვეილერებს ახასიათებთ ის, რომ ერთი პატრონის შეყვარება იციან ძალიან, ოჯახის დანარჩენ წევრებს კი იტანენ. აი, მაგალითად, დედაჩემს იტანს. თუ ვთქვათ დიდი ხანი არ უნახავს, სახლში რომ ბრუნდება, ოდნავ კუდს გაუქიცინებს და მორჩა. მაგრამ მე როცა სამსახურიდან ვბრუნდები, ისე მხვდება, თითქოს რამდენიმე წელია არ ვუნახივარ. უცხოებთან მაინცდამაინც კარგი ურთიერთობა არ აქვს. დედაჩემთან როცა ვტოვებ და სტუმრები მოდიან, ოთახში კეტავს და მაშინ ათავისუფლებს, როცა სტუმრები წავლენ... ზოდიაქოთი ვერძია და მართლა ვერძივით ჯიუტია. დედალ ძაღლებს დასანახავად ვერ იტანს, სამაგიეროდ „კაცები“ უყვარს... ხან ბელონას ვეძახით (რომაულ მითოლოგიაში მარსის და, ომის ქალღმერთი იყო), ხან კი ბელუჩის, მონიკა ბელუჩის საპატივსაცემოდ.“

0x01 graphic

ფოტო: ლევან ხერხეულიძე

გოგა ხაინდრავა

ბუჩო, დინჯი დ გაწონასწორებული მეცხვარეა. ბაფი, მოუსვენარი ავჩარკა. თუმცა სხვადასხვა წარმომავლობის მიუხედავად ერთმანეთშიც მეგობრობენ და ადამიანებთანაც. სტუმრებთან ორივე ლმობიერია. თუკი ვინმე ბუჩოს გამორჩეულად ესიმპათიურა, მისალმების ნიშნად თათსაც კი გამოუწოდებს.

- „ესენი რომ არ მყოლოდა ძალიან მოვიწყენდი ამ ქვეყანაში. პატარა ავარჯიშებს ხოლმე დიდს. დილას-საღამოს მეზობლის ნაკვეთში გადამყავს სავარჯიშოდ და უნდა ნახოთ, როგორ არბენინებს. ბუჩოსნაირი ძაღლი არ მინახავს, ძალიან კეთილშობილი „კაცია“. ადამიანებს არ ერჩის, ოღონდ არაფრის გატანა არ უნდა მოინდომონ სახლიდან. მაგრამ აი, ძაღლების სერიოზული მტერია. გარეთ უამრავი უპატრონო ძაღლია და თუ რომელიმე ჩვენს ეზოსთან ახლოს ჩაივლის, მაშინ დაუნდობელია. ბაფი ჭკუისკოლოფია და იმისთვის არის დაბადებული, რომ რაიმე დაავალონ. ამათ არც დროებითი უკან დახევა იციან და არც ტაქტიკური წიაღსვლები, მათ იციან მხოლოდ ერთგულება, ხშირად ადამიანებზე მეტადაც კი. შვილიშვილის სიცოცხლეს ვანდობ, მართლა!“

10 თავისუფლების დღიურები

▲ზევით დაბრუნება


10.1 რეზერვისტის დღიურები

▲ზევით დაბრუნება


ავტორი: ზაზა ბიბილაშვილი
ფოტო: დავით მესხი

0x01 graphic

19 აგვისტო, კვირა

დილით 3 საათზე ვდგებით და ვემზადებით 40 კილომეტრიანი მარშ-ნახტომისთვის. 45 წუთში ყველა მზადაა, იარაღითა და სრული სამხედრო ეკიპირებით. გავდივართ. ქრონიკული უძილობისგან გული მჭვალავს. ავტომატი და ზურგჩანთა მხრებზე ფართედ გადავიკიდე, რომ მკერდზე არ დამაწვეს. ჯერ უკუნი ღამეა. ორი საათი ღამით უნდა ვიაროთ. ღამე სხვანაირია. გონება არასოდეს არ არის ბოლომდე „აქეთ“. გაუხედნავი აზრები მეპარებიან. მახსენდება ჩემი მასწავლებლები - მიხო გოგუაძე და გივი სიდამონიძე. ორი უანგარო ინტელექტუალი. ნეტავ სად არიან? ან ეხლა რა შუაში იყვნენ? უეცარი მადლიერება იგრძნო გულმა. მადლიერება, რომელსაც დღის რუტინაში ვერასოდეს გადმოვცემ. ჯარს მივყვები თითქმის ავტომატურად. მარტო არა ვარ - სხვებიც მთვარეულივით მოალაჯებენ. პირველმა კურიოზმა არ დაახანა: ბატალიონის ძირითადი ნაწილი კოჯორშივე დაიკარგა. მეწინავე ასეულს მოვწყდით და ორ კილომეტრზე მეტი საპირისპირო მიმართულებით ვიარეთ. როდესაც ჩვენს წინ მიმავალი ნაწილები 180 გრადუსით შემოტრიალდენ და უკან გამოუყვნენ გზას, ბოლომდე გვჯეროდა, რომ ეს ჩვენ არ შეგვეხებოდა. ასეთ დროს უფრო მტკივნეულია ფუჭი ნაბიჯებით სიარული. ცხადია, მეთაურები სტუდენტ რეზერვისტებს აბრალებენ ამ იაღლიშს. უკნიდან ირონიული და ნაწამები ჩალაპარაკება - „ესენი აფხაზეთში გაიკვლევენ გზას?“ რეაგირების თავი არავის აქვს. მივდივართ მთა-მთა, ტყე-ტყე, აღმართ-დაღმართ. თანდათან თენდება. მიკვირს - ბევრი წუწუნებს, მაგრამ თითქმის არავინ ჩამორჩენილა. მაინც რა არის თავმოყვარე ქართველის ბუნება: პირველი დაცემა არცერთს არ უნდა - ყველაზე ზარმაცსაც კი. ამ ყველაფრის შემხედვარეს, ერთი კითხვა არ მეშვება: რატომ, თორე კი?!?

იალღუჯას პოლიგონს 10 საათზე მიავაღწევთ. დაცემულები მატულობს, მაგრამ ბატალიონის ძირითადმა მასამ საოცრად კარგ დროში მიაღწია დანიშნულების ადგილს. სარდალი, რომელიც მთელი გზა ჩვენთან იყო, მგზნებარე სიტყვით მოგვმართავს. ბევრი ფეხზე ვეღარ დგას. ორ სტუდენტს გულიც კი წაუვიდა და მოასულიერეს. უფროსები გაცილებით შემართებით ვართ.

და აი, ბოლო გამოცდაც - ჯარისკაცები წყება-წყება სანგარში ჩაყავთ და თავზე ტყვიამფრქვევს უშენენ. ეს ისე, ომს რომ მივეჩვიოთ. მეტი რაღა უნდა იყოს? გათანგულ თვალებში ერთი იმედი ლუღლუღებს: ხვალ... სახლი... მაგრამ თურმე ნახევარი სიამოვნება წინ ყოფილა. ვიღაცამ ვერ გათვალა რამდენი კრაზი და კამაზი დაჭირდებოდა ბატალიონის უკან წაყვანას. ორი ასეული ვრჩებით პოლიგონზე, სადაც შემდგომი 8 საათის განმავლობაში კომპანიონობას გვიწევენ თაკარა მზე - რომელსაც ვერ ვემალებით ჩრდილის არარსებობის გამო, გამხმარი ფუნები - რომელთა შორის უდრტვინველად ვყრივართ სომალის ბავშვებივით, გადაღლილობა და შიმშილი. რატომღაც, დილის 3 საათზე ამდგართ და 40 კილომეტრ ნასიარულებთ, საჭმლის რაციონებიც კი არ დაგვირიგეს. ჯერ პაიოკები რაა, და ესენიც რო არაა, ხო საერთოდ! ეგებ ესეც გამძლეობის ტესტია? ვინ იცის. ჩვენი ოფიცრობა ჩვენთანაა და ამით იცილებს პროტესტს. ჩემი კითხვა უკვე ფართოდ გაისმის: „რატომ, თორე კი?!?“

ჰორიზონტზე კამაზების გამოჩენა ისე გაგვიხარდა, როგორც რობინზონ კრუზოს - გემის დანახვა. უკვე 6 საათი ხდება. სახეები აღარ შეგვრჩა. რის ვაივაგლახით ავხოხდებით მანქანებზე და მივდივართ უკან კოჯორში. ჩუბჩიკა არ ეპუება - ბოლო დღეს სამაგალითოდ შეგვისრულესო, იღიმის მწარედ... ნაწილში რვის ნახევარზე დავბრუნდით. იარაღი სასადილოსთანვე დავალაგეთ და მივაწყდით საჭმელს. ოფიცრების თანალმობა და სიბრალული მაინც იგრძნობა - ყველაფერი დღეს ჩავაბარეთ, რომ ხვალ ადრიანად დავიშალოთ. აქაც კურიოზები და არაორგანიზებულობა, მაგრამ ამას აღარავინ აქცევს ყურადღებას: ხვალ ხომ ცხოვრებას ვუბრუნდებით!

20 აგვისტო, ორშაბათი

ჩვენს მიერ დაწესებული რეზერვისტთა გათავისუფლებისა და თბილისს გარდამოსვლის დღე, ანუ ბოლო დღე ჩვენს 18 დღიან თავგადასავალში. ეს დღე უბრალოდ - თავისით - არ მოსულა. ეს დღე ჩვენ დავიმსახურეთ. შიმშილა, ბოდო და ჩეგე საუზმეზე ჩადიან. დანარჩენები - თავისუფლად ველით თავისუფლებას. მობრუნებული ჩეგე ალეკოს სასადილოს გოგოს გულდათუთქულ დანაბარებს გადასცემს - რატომ არ ჩამოდის დასამშვიდობებლად, ნუთუ ეს მხოლოდ საზაფხულო ფლირტი იყოო?!? სიცილი უკვე ლაღია. დილის მოწყობა ძველ შტაბთან. გვილოცავს ვაშლირეკია. ვიღებთ სერტიფიკატებს, აიდი კარტებს (ანუ, როგორც ჩვენი სერჟანტი ნუფნუფა იტყოდა, „ჰაიდი“ კარტებს), კიდევ ერთხელ ვდებთ ფიცს და ვიშლებით. გასასვლელთან სალომე მელოდება. ვჯდები მანქანაში და სანამ რამეს მეტყვის, ვგრძნობ, რომ ვუყვარვარ. თავისუფლებას სულ სხვა ეშხი აქვს. მოვდივართ. იქვე, წავკისში ვრჩები. სალომე თბილისში ჩადის, მე კი ვწვები და ვთლემ. გონება შორს ვერ მიდის - მახსენდება პირველი დღე ჯარში: ლაშასთან გავლა, შეკრება ლოკომოტივზე ცხრის ნახევარზე, გზა ავტობუსებით. კოჯორში ასულებს, ტყეში გვყრიან და პირველ გამოცდას გვიწყობენ: დროის უაზრო ფლანგვის მიმართ მოთმინებასა და შემწყნარებლობაში. შორს, მზეზე ლივლივებს ქოროღლის, იგივე აზეულას ციხე. რობაქიძე იტყოდა: თავად სახელშია მისტიკაო. მაჟრიალებს. ვსხედვართ (თუ ამას ჯდომა ქვია) და ველით. რას ველით? ორი საათის თავზე ვიღაცამ გაარკვია: ექიმებს ველით. ამასობაში ექიმები მოდიან და იწყება ხალხის შემოწმება. პირველი ასეული ძალიან ნელა მიდის, მაგრამ თანდათან ტემპი მატულობს. ექიმები აშკარად დაიღალნენ. ეგებ, მოშივდათ კიდეც? მე ხუთისკენ შევდივარ. წაშლილი და უინტერესო სახით მეკითხებიან: „გაწუხებს რამე?“ „არა!“ „ა, იქ მიდი მაშინ... შემდეგი!“ ...დღეიდან თვის რიცხვებს ყველა ივიწყებს და დღეებს ახალი ნუმერაცია ეძლევა. დღეს პირველი დღეა. ჩავირიცხე 105-ე ბატალიონის მეოთხე ასეულის პირველ (შემდგომში „ლეგენდარულად“ სახელდებულ) ოცეულში. ჩვენს ოცეულში 35 კაცია. ასეულში - 3 ოცეული. ჯარის მათემატიკაა. პირველი შეკრება იქვე გვაქვს, ძველი შტაბის გვერდზე, მემორიალთან (უფრო სწორედ, როგორც ჩვენს მიერ ლიახვის მურწად წოდებული სერჟანტი ეძახის, „მემუართან“), სადაც საქართველოს დაფლეთილი დროშის ნაგლეჯები ფრიალებს. აშკარაა - ორგანიზება ვერ დაიკვეხნის. ვერც ინფრასტრუქტურა ჩანს დიდი ბედენა.

ეს ჩვენი მურწა დიდი უწყალო ვინმე ჩანს თავიდან. ამ გათანგულ ხალხს პირველივე საღამოს „გვაშაგავებს“ წინ და უკან, თანაც ნატოს სტანდარტებით შეძახილებს გვასწავლის. სიტყვა „ბრძანება“ ეტყობა ძალიან საბჭოურია. ახლა ყველაფერი „კომანდით“ კეთდება. ჩემპიონი მაინც ეს შეძახილია: „განწყობა - უააა!“ „უა“ რაღა ჯანდაბაა? ხსნის, მაგრა, ისე, რომ აშკარად თითონაც არაა დარწმუნებული. ერთი შინაურული ვერსიით, „უა“ ამერიკული „wow-ა, ანუ ვაკურად „ვაუ“-ა. ზოგი ეხლა ხვდება, რა დღეში ვართ. ჩვენ კი არა, რეზერვისტები, არამედ - მთელი ქვეყანა. ამაზე იტყვიან, ვაის გავეყარე და ვაუს შევეყარეო.

როგორც იქნა, ყაზარმისკენ, ანუ ჩვენი ახალი საერთო სახლისკენ მიყავართ. ტერიტორია ჩაბნელებულია და შუაღამისას მობილური ტელეფონების შუქზე გადავადგილდებით. პირველი დღე მაინც მძიმეა: ათას კაცში, არათუ მეგობარი - არც ერთი ნაცნობი სახე არაა. ერთად-ერთი ნუგეში ისაა, რომ სახეზე სხვებსაც ანალოგიური გაოგნება აწერიათ. ერთ ბედს ქვეშა ვართ ლაბავ, მე და შენ. ყაზარმასთან მხოლოდ ნატოს ლურჯი დროშა კიდია. აი ყაზარმა კი ნამდვილად ნატოს უბოლოვესი სტანდარტებით იქნება აღჭურვილი. ჯერ ირონია არაა. ჯერ მხოლოდ ინტერესია და ენთუზიაზმი. პირველი ეჭვი მაშინ ჩნდება, როდესაც წყლის ონკანებმა საბრალოდ შემოგვხავლეს და გაიტრუნენ. მერე მაშინ, როდესაც მთელი დღის სიცარიელისგან მორალურად დაღლილებს ღამის 12 საათზე საწოლებიდან გვყრიან და გვაწყობენ - „შეიძლება“ დღეს ბათინკები დავარიგოთო. ჭავჭანიძის კითხვაზე, ბატონო ლეიტენანტო, ეგებ ეგ „შეიძლება“ ოდნავ უფრო დაგვიკონკრეტოთ, თორემ ხვალ დილით 6 საათზე ვართ ასადგომებიო, ლეიტენანტი ოტელო გამხუაშვილი პასუხობს - გეყო, თუ ძმა ხარ, პროვოკაციული შეკითხვებიო. უკნიდან ვიღაცა პირველ პესიმისტურ ნოტას გააჟღერებს: „ბიჭებო, მგონი გვატყუებენ.“ ნელ-ნელა ყველაფერი თავის ადგილზე ლაგდება. პირველ საათზე ჩვენც ვიძინებთ.

21 აგვისტო, სამშაბათი

დილით 7 საათზე ვიღვიძებ და ვცდილობ დავბრუნდე ძველ კალაპოტში. მთელი დღე ბავშვებთან ვარ. საღამოს - ყავახანა „რასტა“-ში, ძველ და ახალ მეგობრებთან ერთად. თბილისში თვალს ხვდება გამალებული მშენებლობა. მართლაც საოცარი პროგრესია, მიუხედავად ყველა ნაკლისა. ქალაქი ცარიელია: აგვისტოს ბოლოა. არაფერი ხდება. ცხელა და აუზზე მივდივართ. ბავშვები ჭყუმპალაობენ. მე კი ისევ მოგონებებში ვიძირები: დღე მეორე: ხალხმა ექვსის ნახევარზე დაიწყო აშლა, პადიომამდე ნახევარი საათით ადრე. რა ეჩქარებათ? ან სად? წყალი ისევ არ მოდის. ტუალეტები და მთლიანად ყაზარმა ახალგარემონტებულია, მაგრამ ვაი ამ რემონტს. აბაზანაში 20 პირსაბანია. აქედან დაახლოებით 10 - პრინციპულად არ მუშაობს. პისუარების ადგილი და გაყვანილობა არის, ოღონდ თავად პისუარები არა. ტუალეტების ადგილი ამოჭედილია. ჩეჩმა ათია, 220 კაცზე (სწორედ ამდენი ადამიანია სართულზე). ისეთი სივიწროვეა, საწოლებშუა თითო კაცი ძლივს ეტევა, ისიც გვერდულად. მეორე სართულიდან პირველზე წყალი და ფეკალი წვიმს. წუწუნებენ დამლაგებლები. იგერიებენ სერჟანტები. მართლაც, ამათი რა ბრალია? ამბობენ, დღეს მინისტრი მოვა და ყველაფერი კარგად იქნებაო... არადა, არც საპონია, არც წყალი, არც - პირსახოცი. სარკე - მხოლოდ ორი, ისიც პატარა. დიახ, 220 კაცზე. არადა, გაუპარსაობა დიდი ცოდვაა. პირველ დღეს კი გაგვიჭირდა, მაგრამ ნელ-ნელა 6 რიგად გაპარსვის მეთოდი დავამუღამეთ. პირველ სამ რიგში დაბალი, საშუალო და მაღალი ტანის რეზერვისტები იპარსავენ. ისე, რომ თითომ საკუთარი სახის ნაწილი მაინც დალანდოს სარკეში ერთდროულ ჩახედვაზე. ესენი რომ დაიხრებიან საპარსის გადასავლებად, უკან ანალოგიური სიმაღლის ბიჭების სამი რიგი იწყებს ფაციფუცს და ასე, რიგრიგობით. ზოგიც დამახსოვრებით იპარსავს. ჩაიხედავს სარკეში, დაიმახსოვრებს საკუთარ სიფათს და წავიდააა... ყოფითი პრობლემები ნელნელა გვაახლოვებს.

რის ვაივაგლახით მოვწესრიგდით და სავარჯიშოდ ეზოში ჩავდივართ. სარბენად ტრასაზე უნდა გავიდეთ, მაგრამ ჭიშკარი ჩაკეტილია და გარეთ ვერ გავდივართ. ვგდავართ და ველით. ამაზე უკვე აღარავინ ღიზიანდება. ჭიშკარი მაინც არ იღება: გასაღები არაა. ხელძღვანელობის ადგილზე თათბირით გადაწყდა, რომ ბატალიონი გაყვანილ იქნას ჭიშკრის გვერდზე არსებული ღრიჭოდან. ბრძანება სრულდება. ნაწილის ღობეზე გარედან რამოდენიმე ადგილას აწერია - „ზდექ!“ („ზ“-თი). შუადღეს ბათინკებს გვირიგებენ. კაი თურქული ხარისხისაა. თასმები ხელებს ისე გვიშავებს, 2-2 დღე ვერ ვიცილებთ ჭუჭყს. ქამრები ისევ არ მოუციათ. ჯერ ჩანჩურებივით დავდივართ.

0x01 graphic

22 აგვისტო, ოთხშაბათი

მესამე დღე თავისუფლებაზე და პირველი დღე სამსახურში. მძიმეა. კალამს და კომპიუტერის კლავიატურას ნორმალურად ჯერ ისევ ვერ ვხმარობ. ხელები გამიუხეშდა. ის-ისაა უკმაყოფილო აზრმა გამივლო, რომ უმალ ჯარი მახსენდება. ასეთი ქრისტიანი არასოდეს ვყოფილვარ. ყველაფრით კმაყოფილი და ბედნიერი ვარ. საკუთარ თავზე ვგრძნობ: ყველაფერი ფარდობითია. აწი რაღამ უნდა გამანაწყენოს გრაჟდანკაზე? მესამე დღე ჯარში. დილით იარაღს არიგებენ. შემხვდა ნომერი 7. ჭამის დროს იაღარს დისლოკაციის ადგილას ვტოვებთ, პირამიდებად. იაღარის სადარაჯოდ ჩეგე და შიმშილა რჩებიან. ანდრო (ზოგის ალერსიანი ვერსიით, პარკეტის სვანი) ანგლობს - ალტრუისტი და პოხუისტი დაძმობილდნენო. ნაშუადღევს სარდალი გვეწვევა და ცეცხლოვანი სიტყვით გამოდის. ისეთი უყოყმანოა მისი შემართება საქართველოსთვის, იმდენად მართალი - მისი მილიტარიზმი, იმგვარი შემძრავი - მისი პროვოცირება ჩვენი ისტორიული მეხსიერების, რომ ბევრს - მათ შორის მეც - ბოღმის და ჟინისგან ყელში ბურთი გვეჩხირება და თვალებზე ცრემლი გვადგება. სარდალი მიდის. მოედანზე სიჩუმე რჩება. ბევრი არასდროს ჩაფიქრებულა იმ თემებზე, სარდალმა რომ მოგვაყარა გამომწვევად. მოედანზე ფიქრია და სიჩუმე. რეალობაში მოულოდნელი ფაქტი გვაბრუნებს: ჩვენი მთლად უფროსი, ღიპიანი ყურშა, ვაშლის ხეს მიუტრიალდა და ამ გულაჩუყებული ბატალიონის წინ ხის რხევას მოყვა. თან შიგადაშიგ ხტება, რომ ტოტებს კარგად მისწვდეს. დრუპის რომ გავს, მისი აყლაყუდა მოადგილე, ის ეხმარება. იმდენად სასაცილო სცენაა, ერთიორმა ის ბურთი ყელში ვეღარ გაიჩერა და ტირილი წასკდაა. ეს ვაშლირეკიები! ყანწის პატრიოტები...

23 აგვისტო, ხუთშაბათი

რუსთაველზე, საცა ჩვენი ოფისია განლაგებული, გაგანია მუშაობაა. მიმდინარეობს ტროტუარებისა და გაზონების რეკონსტრუქცია. თითქმის საუკუნოვან ჭადრებს ძირში ჭრიან ყოველგვარი ეჭვისა და ყოყმანის გარეშე. ვატყობ, მათმა გადაბელვა-დამახინჯებამ ორი წლის წინ უფრო ადვილად გადამატანინა მათი მოშორება. რევოლუციური მმართველობისთვის ეჭვი არ არსებობს. ყველაფერი ისედაც დღესავითაა ნათელი. ყველაფერი ცალსახია... შუადღეს საჭმელად გამოვედით. ქვედა ლაღიძეზე წარწერაა - „ლაღიძე მაინც მუშაობს!“ შევდივართ ზედა ლაღიძეში, რომელიც ახლა უკვე მხოლოდ კუთხის ნაწილში შეყუჟულა (სადაც ადრე მხოლოდ წყლები იყო). უნებლიე აზრი: ალბათ, ამათაც მალე სადმე გლდანში შესთავაზებენ ალტერნატიულ ფართს. განა, რა უნდა რუსთაველზე ლაღიძეს!? კონსერვატორიის მხრიდან ჩამოსული ქალი კუთხეში დგას და გაოგნებით უყურებს ვეება ორმოს, ელიავადან მოყვანილ მუშებს რომ გაუთხრიათ, სადაც სულ რამოდენიმე დღის წინ ვეებერთელა ჭადარი იდგა. ალბათ არც ერთ მათგანს ლაღიძის ხაჭაპური გასინჯული არ ექნება. ეს ქალი თავს ვერ იკავებს და ცრემლი წასკდება. ჩუმად იწმინდავს. ასეთია მიამიტი ინტელიგენტის აპოლიტიკური სენტიმენტი. მეც ჩამითრია. რამდენი რამ ახსოვთ ამ ჭადრებს? ყველაფერი იცვლება თვალსა და ხელს შუა. საქართველო მოუხედავად ეშვება გლობალიზაციის აყვავებულ ჭაობში. ნოსტალგია გვიპყრობს ერთგვარი. არ მიკვირს: ეტყობა ამ მიჯნაზე მეტისმეტად მკვეთრია თაობათა შორის წყვეტა... ტფილისი აივსო უცხოელებით. ძირითადად, მომთაბარე ბიზნესმენები ჭარბობენ, თუმცა უკვე ტურისტებიც კი გამოერია. მახსენდება მეხუთე დღე ჯარში. ჩემი ელენეს დაბადების დღეა. როგორც იქნა, ქამრებიც დაგვირიგეს და ხუთი დღის თავზე სრულად ეკიპირებულები ვართ.

ჩემს გვერდით მწყობრში რობერტა დგას, მოვსესიანი. კაი, თბილისელი ბიჭი. ქართული იცის, მაგრამ ცოტას ლაპარაკობს. მისი სამყარო მისი მობილური ტელეფონი და გაუთავებელი მესიჯებია. კოსტალა ეხუმრება, რა იყო, მტერს ჩვენს კოორდინატებს გადასცემო? რობერტას ცალყბად ეცინება. ცოტა იქით - ტიგრანა დგას, მნაცაკანოვი. ბოხი ხმა აქვს და არქეტიპული გარეგნობა. როცა ვინმე შეიგინება ობიექტურ პრობლემაზე, ესეც შანსს არ მაზავს და ორ იმდენს იგინება. ფროიდული სიამოვნება გამოსჭვივის მის ყოველ გინებაში - იგი ხომ ჩვენ ყველას გვაგინებს და საოცარ სიამოვნებას განიცდის იმით, რომ ვერავინ ეპასუხება ობიექტური საფუძვლის ვერქონის გამო. ჩუმად, მაგრამ საყოველთაოდ, ერთი კითხვა მუსირებს - როცა ტიგრანას აფხაზეთში თავისი ბიძაშვილი დახვდება წინა ხაზზე ბაგრამიანის ბატალიონიდან, რომელი მათგანი დაიცავს საქართველოს? აქ რამდენიმემ 1918 წლის დეკემბრის ომიც გაიხსენა.

საჭმელში რაღაც დამაწყნარებელს გვიყრიან. მეექვსე დღეა მთელი ბატალიონი სრულიად უწყინარია. სასადილოს ყველაზე ახალგაზრდა თანამშრომელი ცირა უკვე ყველას ანჯელინა ჯოლის გვირჩევნია. ესეც ყველას დარცხვენით უღიმის. ალბათ, გულში ამბობს - ვაი თქვენს პატრონსო და ნოდარ დუმბაძის ნუნუ ექთანი ახსენდება. ან ეგებ იმიტომ იცინის, რომ თავად ეს გვიყრის რომელიღაც კერძში დამაწყნარებელს? ცირაზე რომ მიდის საუბარი, უცებ რობერტა ფეხს გამოყოფს - მე გავიგებო მის ტელეფონს. აკა ეხუმრება - მიდი, მიდი, შენ აწი ორმაგ დოზას ჩაგიყრისო...

24 აგვისტო, პარასკევი

თბილისში ისევ სიცარიელეა. ჯარის მეთოთხმეტე დღე მახსენდება. ნუ, დილით წყალი ისევ არაა. თუმცა, აღშფოთება უკვე მოგუდულია. იმედები და ამბიციები ჩაკვდა. აკი, მაფრთხილებდნენ ჯარგამოვლილი მეგობრები - ჯარში პირველი კვირა ყველა ილუზიისა და მოლოდინის მსხვრევააო. პირველი კვირა ყველას ასწორებს, გავიწყებს, თუ ვინ ან რა იყავი მანამდე. იცმევ ფორმას და შესვლამდე დაუტევებ ყველა იმედს და განსხვავებას. ყველას მხოლოდ ისღა ამოძრავებს, როგორმე ეს 18 დღე გალიოს. არის ერთი ფაქტორი, რასაც „ესენი“ წინ ვერ აღუდგებიან. ეს დროის მდინარებაა. თუმცა, მეორე ვერსიით, 20 აგვისტოს დამსახურება უნდა, თავისით არ მოვა. უკვე ძალიან დაღლილი ვარ. მომბეზრდა. უცბად ვიგრძენი, რომ ყველა და ყველაფერი საშინლად მეუცხოვა: გარემო, ბიჭები, სიტუაცია. გაქანებული დეპრესიაა. რაში გადის ცხოვრება? კაცს 40 წელი გიცხოვრია, გზაზე გივლია, აგური აგურზე დაგიდია და უცბად 20 წლის სერჟანტების კაპრიზებზე უნდა იშაგავო. რითი განსხვავდება ჯარი და ქორწილი? ქორწილში მხოლოდ პატარძალი ისჯება. ეს დღეს ნასწავლი სიბრძნეა. ასეთები ბევრია ჯარში. ანდრო მატყობს უხასიათობას და გასული ორი კვირის ჰაილაითებით ცდილობს გამახალისოს.

დღე 6: დილით ყველა გამოტყდა, რომ ამდენი დღეა კუჭში ვერ გასულა და ბუებივით დადიან. მარტო არ ვყოფილვარ. ესეც შვებაა ერთგვარი. გული მიგრძნობს - როდესაც ყველა ერთდროულად გადალახავს ამ რუბიკონს, წყალი არ იქნება. ასემც ყველაფერი ამსრულებოდეს.

დღე 7: მოკლული მტრის ჩხრეკას ვსწავლობთ. საცდელი კურდღელი ისევ ასეულის კოლორიტი ჩეგეა, იგივე ჩე გევარა. მულაძე გვანახებს ასე უნდა დაიწყოთო და ფეხებშუა დარტყმის იმიტაციას აკეთებს. ჩეგე იკუნტება - კარგით რა, ბატონო ლეიტენანტო, დამაწყნარებლიანი ჩაი არ მეყოფა სასადილოშიო? ეს ის ჩეგეა კინაღამ რომ დაიწუნეს პირველ დღეს ექიმებმა. ახლა ყველა აღიარებს, რომ უამისოდ ფერმკრთალი იქნებოდა ჩვენი რეზერვისტობა. ყველას მეტსახელი ამან მოიგონა: შრეკი. ზორო. ხრუშა, იგივე ნუფნუფა. მურწა. ცხენთევზა. გველკუა. ერთხელ ჩე უსამართლოდ გამოაცალკევა სერჟანტმა და შეუძახა - ჩეგე, გამოდი მწყობრიდანო. ამან არ დაახანა - უკაცრავად, ბატონო ლეიტენანტო, მწყობრიდან თუ წყობიდანო!? მანამდე კიდევ ერთი იყო. მულაძე უსაფრთხოებისა და ზოგადი ქცევის წესებს გვაცნობდა. მაგალითად - აკრძალულია იარაღის მოხსნა დაცვიდან კომანდის გარეშე, აკრძალულია იარაღის უმეთვალყუროდ დატოვება, აკრძალულია სექსუალური საქციელი, აკრძალულია ესა და ესა კომანდის გარეშე, აკრძალულია მამათმავლობა... ამ დროს ჩეგე კითხულობს ენის ბორძიკით - „უკკკაცრავად, კოკომანდის გარეშე??“ ხარხარი დიდხანს არ ჩერდება.

დღე 8: წყალი ისევ არ არის. ჩვენი ოცმეთაური, ორმეტრიანი ურბნისელი ანზორა (იგივე „ანძა“) ბუინობს, რა ვქნათ, პირი როგორ დავიბანოთ - ერთმანეთი დავტლიკოთო? ჩე კვერს უკრავს - ვინმეს გული რო წაუვიდეს ან ფურთხით უნდა მოასულიერო, ან წელზე უნდა მოაშარდო მიჯრითო. დილიდან წვიმს და ნელ-ნელა უმატებს. იარაღის აღებისას უკვე მაგრად დასცხო. პონჩოები გავშალეთ დიდის ამბით, მაგრამ, მარლასავით გასდის წყალი - გინდ გქონია, გინდ - არა. უეჭველია: ამათ შესყიდვაზე პასუხისმგებელი პირის საქმეს უკვე იძიებენ. ერთიანად ვილუმპებით და რომ არა ოფიცრების ნებართვა - ადით, გამშრალდით და გამოიცვალეთო - მთელი ასეული ფილტვების ანთებას ვერ გადაურჩებოდა. შუადღეს ჩასაფრება და ომობანა ვითამაშეთ. ფუჭი ტყვიები არ გვაქ, ასე რომ „ბახ, ბახ“-ით ვთამაშობთ. ბიჭები ერთმანეთს აფიცებენ, ჩემს შვილთან არ გამყიდო ამ დღეში რომ მნახეო. ანძა არ ისვენებს - ნეტავ, მჭიდში რამდენი ბახბახი ეტევაო? ჩასაფრების იმიტაცია მაინც სახალისოა. ჩეგე აქაც ყველაზე საზრიანია და ამ თამაშ-თამაშში თავისზე პატარა და შავი მელქოიანი ტყვედ აყავს. მოკლედ, გავიმარჯვეთ. ალეკოს ბავშვივით უხარია.

ჭამის შემდეგ ჩვენი „დისლოკაციის“ ადგილას ვბრუნდებით დაბურულ და ბინძურ ტყეში და ორი საათი ვყრივართ. პონჩოები გავშალეთ და ჩავლაგდით, თითქო სოჭის პლაჟიაო. მე, ალეკო, კოსტა და ანდრო. მერე ვასოც გვემატება და დანარჩენებს იგერიებს - გაიწი, მზეს ნუ მიფარავო. ჩვენი ოცეული უკვე დამკვიდრდა, როგორც „ლეგენდარული“. სხვებიც უკვე ნანობენ და კითხვაზე, რომელი ოცეულიდან ხარო, ასე პასუხობენ - სამწუხაროდ, მეორედანო. მეორე ოცეულს - „ჯიგრებით დაკომპლექტებული, მაგრამ მაინც მეორე ოცეული“ შევარქვით. მესამე ოცეული, რომელსაც ყოვლად ოდიოზური ლეიტენანტი ოტელო გამხუაშვილი უდგას სათავეში მყარად მოიხსენიება, როგორც „ოტელო გამხუაშვილის სახელობის არაფრით გამორჩეული ოცეული“, მეორე ვერსიით, ბაგრამიანის ოცეული (თავიდან პირიმზიდან წამოყვანილი სასტავი გვეგონა - ნახევარი ნოკიას ოსტატები, მესაათები, მეწაღეები და ელექტრიკები არიან).

დღე 11: დილა ისევ ლანძღვა-გინებით იწყება. ზოგი ადრე ადგომას აგინებს, ზოგი - გაჭედილი ტუალეტების სიბინძურეს, ზოგი - ჩვენი ყოფის ირონიას, ზოგიც კი - ჩვენს ამ დღეში ჩამყრელს იხსენიებს. რეფრენად კითხვა - „აუ, კიდე რამდენი დღე დაგვრჩა?“ დილის 6 საათია, მაგრამ დღევანდელს და ბოლო დღეს არავინ თვლის. ასეთია ადამიანის გული, რამის მომლოდინე - საკუთარი თავის მომტყუებელი. დღეს იალღუჯას პოლიგონზე ვიყავით კრწანისში. გზაში დიდი ხალისი და სიმღერებია სამ ხმაში. პირველად ვისვრი ავტომატს. პირველი 80 ტყვიიდან 38 მოვარტყი. არაა ცუდი. უკანა გზაზე აღარაფრის თავი არ გვაქ - გათანგულები ვართ მზისგან. ვსხედვართ კრაზებში თავისუფლებაშეზღუდულები და გამვლელელები ხელს გვიქნევენ, თითქო ბაში-აჩუკები ვიყოთ. ყველამ დავაფიქსირეთ - ქართველ ქალებს ძალიან მოსწონთ რეზერვისტობის იდეა. ტელეფონზე ნებისმიერ დაწუწუნებას მეუღლის ან შეყვარებულის ულმობელი გაკიცხვა მოსდევს. ფროიდულად სიამოვნებთ ჩვენი ამ დღეში ყოფნა.

დღე 12: რა ვისწავლეთ ჯარში? მოთმინება, საათობით ტაქტიკური ჯდომა, ახალ ადგილზე მწყობრად გადასვლა და კვლავ ჯდომა, დროის გაყვანა, შენობის აღება, იარაღის დაშლა-აწყობა და სროლა, ცივ, მოწანწკარე წყალში ჩაკუზული ბანაობა (წნევა არ ყოფნის), უწყლობაში დილის პროცედურების ჩატარება, ჩასაფრება, ბახბახებით ომობანას თამაში, დაჭრილი მტრის გაჩხრეკა და მრავალი სხვა. ბევრიც ღირსეული ადამიანი გავიცანით. ჩვენს ბიჭებზე რომ არაფერი ვთქვა, ოფიცრების უმეტესობა, მართლაც, საამაყო ჯარისკაცები არიან. გამოვარჩევდი ლეიტენანტ გიორგი მულაძეს. ამ პატარა ბიჭს მისი სიდინჯე, დისციპლინა და ურთიერთობის სიბრძნე შორს წაიყვანს. მახსენდება ერთი ეპიზოდი: ველისკენ მივდივართ მწყობრად. ამ დროს ზარების ხმა გაისმება ეკლესიიდან. მულაძე გვაჩერებს, გვატრიალებს და გვახდევინებს ქუდებს. სამარისებული სიჩუმე ისადგურებს. ყველა თავისთვის ფიქრობს. არადა რამდენს არ „უფიქრია“ არასოდეს? ისმის მხოლოდ: ხეთა შრიალი და ზარების ხმა შორიდან. ყელში ბურთი მაწვება. გვლოცავს - ღმერთი იყოსო თქვენი მფარველი, ბიჭებო - და გზას ვაგრძელებთ. არადა სულ 22 წლისაა. გული სიამაყით მევსება. ლაზარეთთან ისევ აფერისტი და ზარმაცი ძველი ბიჭების რიგი დგას. რაღაცეები არასოდეს იცვლება. თუმცა მეორე მხრივ დიდი პროგრესია. მაგალითად, წიგნის კითხვა უკვე კარგ ტონად ითვლება. ოცეულში (ანუ 35 კაცში) 4-5 აქტიური მკითხველია. ზოგიერთი ისეთი მივა ხოლმე მათთან და დაეკითხება რას კითხულობო, გაგიკვირდება კაცს. ...საღამოს ყველას საჭმელად მიგვერეკებიან. უმეტესობას არ უნდა, მაგრამ ისე დაჟინებით მივყავართ, რომ როგორც აღმოჩნდა გვდომებია. კვება აშკარად კარგია, ვერაფერს იტყვის კაცი. სარდალი მოდის და ჩვენთან ერთად ვახშმობს. მას დილიდან ელიან. ტუალეტები და ყაზარმა საგანგებოდ დაალაგეს და დაკეტეს.

დღე 16: საღამოს სასწაული ხდება და ცხელი წყალი მოდის დიდი ჭავლით. პირველად და უკანასკნელად ვიბანთ ამაყად წელში გამართულნი. ყოფითი პრობლემები გადავაგორეთ და აბანოში ინტელექტუალური საუბრების დრო დგება. ლოსი და ბურდულა ჯერ ადგილობრივი პოლიტიკის ნიუანსებს განიხილავენ, მერე ამერიკასაც გადასწვდნენ და იხსენებენ კლინტონისა და ლევინსკის საუბრებს ოვალურ ოფისში. უცნობი ბიჭები მესამე ასეულიდან უკვდავ ქართულ თემებზე საუბრობენ: „ბოიშვილი ვიყო, ამათმა ვერ გაიგეს, რომ სადაც არაა მოპარვის პონტი, იქ არ უნდა მოიპარო, სადაც არის - იქ მოიპარე, ტო!..“ ანუ ჯარში შენ ძმას არ უნდა მოპაროო. ალბათ ასევე „კაცურად“ ფიქრობდა ის 1500-1500 ქართველი, ახლა ავსტრიისა და საბრძნეთის ციხეებში რო ლპება. კითხვა - „რატომ, თორე კი?!“ - უკვე დაინერგა და დიდი პოპულარობით სარგებლობს. ყველას თავისი პასუხი აქვს. ზოგს - გლობლური, ზოგს - ლოკალური, ზოგსაც - რიტორიკული. ზოგი მხოლოდ კითხვითაც კმაყოფილია და პასუხს არ ეძებს. მთავარია: ყველა რაღაცას ჩაუფიქრდა. ახალი თემაა.

28 აგვისტო, სამშაბათი. მარიამობა

გუდამაყარში უნდა ავიდე, ხატში. მომნატრებია იქაურობა. ბავშვები ჩავსხი მანქანაში და გავეშურეთ. ანანური სავსეა ხალხით. 33 გრადუსია და მწველი მზე. შორით შავი ღრუბლები ჩანს და ბავშვებს ვანახებ - ალბათ, იქ თქეში წვიმაა თქო. მართლაც, მანქანით ხუთი კილომეტრის გავლა ვერ მოვასწარით, რომ ტემპერატურა მკვერთად ეცემა. ხანდოში უკვე 16 გრადუსია. ასეთი რამ მხოლოდ საქართველოში ხდება. სრული მისტიკაა. გარშემო ულამაზესი მთებია. მთებში სული იგრძნობა. სული, რომელიც თავისუფლებას შობს და რომელიც თავადაა თავისუფლება. ნისლები ისე ასდის მთიულეთ-გუდამაყრის მთებს, გოგლას ლექსი მახსენდება - „როგორც საძროხე ქვაბს ოხშივარი, ქართლის ხეობებს ასდით ნისლები.“ ვბრუნდებით უკან. ბუნება სულ გადაირია. ბავშვები კრიალებენ - ყოველ ხეობაში ახალი ცისარტყელაა. უკვე ხუთი დათვალეს. ჟინვალთან ისევ 28 გრადუსია. გამოვიბარეთ. ია ტელეფონს ეთამაშება და „ბინდისფერია სოფელი“-ს უსმენს. ბავშვმაც იგრძნო რაღაც „სხვა“. ამ ხალხურ სიტყვებში იმხელა სიბრძნეა, ვერც ერთი მოაზროვნის ტომეულები ვერ გადაწონის. ამ სიტყვებში მარადიული ქართული გენი ზეიმობს. გენი, რომელიც ქართველებს ყოველგანმყოფთან აერთებს და რომელიც სხვა, მიწიერ და აფერისტულ კულტურებზე მაღლა აყენებს ჩვენს ერს. მახსენდება ჯარში წაკითხული კნუტ ჰამსუნის კავკასიაში 1898 წლის მოგზაურობის ამსახველი ზედაპირული და ნარცისისტული დღიურები. თუმცა, ერთი არ შეშლია ჰამსუნს - ეს მართლაც ზღაპრული ქვეყანაა. სადღაც აქ არის უფლის სავანე დედამიწაზე. მიუხედავად ყველაფრის, ვგრძნობ: ჩვენ მხოლოდ ერთი გზა გვაქვს. და მას გამარჯვება ქვია.

11 ფოტო-პროექტი

▲ზევით დაბრუნება


11.1 ჩემი რეზერვი

▲ზევით დაბრუნება


ავტორი: დავით მესხი

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

12 უახლესი ისტორია

▲ზევით დაბრუნება


12.1 წიგნიდან იყო და არა იყო რა

▲ზევით დაბრუნება


ავტორი: დათო ტურაშვილი
ფოტო: იური მეჩითოვი

0x01 graphic

(გაგრძელება)

შამპანურის სმა მაშინდელ თბილისსა და სრულიად საქართველოში, გარდა იმისა, რომ ერთგვარი მოდა გახლდათ, ლოგიკურიც იყო, რადგან სამოცდაათიან წლებში, საბჭოური სოცშეჯიბრების გამო (გარდამავალი დროშების მოლოდინში მოსკოვიდან), ქართული ღვინო უბრალოდ წაახდინეს. ღვინის სამშობლო საქართველოში, სადაც შვიდი ათასი წლის მანძილზე, ყოველთვის არსებობდა კარგი ღვინო, XX საუკუნის სამოცდაათიან წლებში, კარგი ღვინო უბრალოდ, გაქრა. ქართველ მეღვინეებს პირდაპირ ავალებდა საქართველოს საბჭოთა მთავრობა, გაეზარდა ღვინოს რაოდენობა ხარისხის ხარჯზე და საქართველოში გაჩნდა ღვინო, რომელსაც დაუჯერებელი, ენითაღუწერელი სუნი და გემო ჰქონდა.

ჩვენი ქვეყნის ძველ დამპყრობლებს შორის ასურიელები, ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი და მომთხოვნები იყვნენ და მოხარკე ქვეყნებს მხოლოდ ოქროთი ახდევინებდნენ ყოველწლიურ ბეგარას, მაგრამ ქართველებისაგან (გამონაკლისის სახით), ოქროს ნაცვლად ღვინოს ითხოვდნენ და ეს ოქრო-ღვინო, ქართველმა კომუნისტებმა (გარდამავალ დროშებს დახარბებულებმა), გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში ისე წაახდინეს, რომ ღვინის ხარისხი საქართველოში, დღემდე ვერ აღუდგენიათ. (სხვათა შორის, ცნობილი ანეგდოტი გარეჯთან დაკავშირებით, როცა ჩვენ უნივერსიტეტის წინ პირველი მიტინგები მოვაწყვეთ, ნამდვილი ამბავია და ზუსტად ასახავს შევარდნაძის ეპოქის ცვლილებებს საქართველოში. სწორედ ერთ-ერთი პირველი მიტინგის დროს უნივერსიტეტთან გამოვლილმა ტაქსის მძღოლმა რომ იკითხა, რამ გაამწარა ეს სტუდენტებიო და როცა უთხრეს გარეჯის ამბავს აპროტესტებენო, გულწრფელად დაგვლოცა და გულწრფელადვე თქვა ის ლეგენდარული ფრაზა - თქვენ გენაცვალეთ ჯიგარში, თორე გარეჯი ისე წაახდინეს, აღარც დაილევაო. მაშინ ერთ-ერთ სამარკო ღვინოს „გარეჯი“ ერქვა და ზოგჯერ მართლა საშინელება იყო ხოლმე, თუმცა ჩვენ, სტუდენტები, მაინც ვსვამდით უფროსებისაგან განსხვავებით). საუკეთესო ღვინოებსმიჩვეულმა ქართველებმა კი კატეგორიული უარი თქვეს წახდენილი ღვინოს მირთმევაზე და შამპანურებს მიეძალნენ. შამპანური კი, მოგეხსენებათ, სწორედ ის გაზიანი სითხეა, რომელიც უნდა წრუპო და ქართველებს კი სასმელის წრუპვა რომ შეეძლოთ, აქამდე ევროკავშირშიც მიგვიღებდნენ. მაშინ (მით უმეტეს) არსად ეჩქარებოდათ ქართველებს და შამპანურს მიირთმევდნენ განსხვავებულებით, ყანწებითაც კი და ადვილი წარმოსადგენია, როგორი გაწვალებული იქნებოდა ნაბახუსევზე ქართველი კაცი, რომელსაც წინა საღამოს გაზი ახრჩობდა, დილით კი პახმელია ტანჯავდა. კუჭისა და სწორნაწლავის მასიური პრობლემებიც საქართველოში სწორედ მაშინ გაჩნდა პირველად და ახლა ქართველი მამაკაცების უმრავლესობას ცისტიტი და პროსტატიტიც აწვალებს. მართალია, ამ უკანასკნელი დარდების გამომწვევი მიზეზები უფრო გვიანდელია (მეოცე საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლებისა), მაგრამ ნებისმიერი დაავადება (ყველაზე ადვილად) იმ სხეულში იკიდებს ფეხს, სადაც სხვა მეზობელი ორგანოს დაავადება უკვე არსებობს.

არსებობდა თბილისის ცირკის ალტერნატივაც, სადაც ასევე შეიძლებოდა თითქმის შიშველი ქალების ნახვაც და ეს იყო ქალაქ თელავის სასტუმრო „ინტურისტის“ რესტორანი. არავინ იცის, რატომ (ალბათ, კერძო კახური ინიციატივის გამო), მაგრამ თელავის „ინტურისტში“ რიგის ვარიეტეს ქალები ცეკვავდნენ და იმ ქალების სანახავად (და არა მხოლოდ სანახავად), კაცები თბილისიდან (და არა მხოლოდ თბილისიდან), სიამოვნებით ჩადიოდნენ. ვარიეტე რიგიდან კი იყო, მაგრამ ის ქალები, რასაკვირველია, რუსები იყვნენ და არა ლატვიელები და უკანაც აღარ დაბრუნებულან. რა მნიშვნელობა ჰქონდა მათთვის სად იცხოვრებდნენ, რიგაში თუ კახეთში და ზოგი მათგანი კურდღელაურში დასახლდა (მოგვიანებით) და ზოგიც თელავში გათხოვდა, ხაშლამის გაკეთებაც ისწავლა და ზედ მარილის მოყრაც.

0x01 graphic

მარილი კი (მგონი) ერთადერთი გამოგონება იყო საბჭოთა კავშირში, რისი დეფიციტიც არ არსებობდა (აღზევანს გასვლა ნამდვილად არ ჭირდებოდა), თუმცა, სხვა ნებისმიერი პროდუქტი პრობლემა იყო და ბოლოს, (სწორედ სამოცდაათიან წლებში) ტალონებიც კი შემოიღეს კარაქზე, შაქარზე თუ ბრინჯზე. თუმცა ყველაზე სევდიანი მაინც ტუალეტის ქაღალდის დეფიციტი იყო და საბჭოთა ადამიანები თვითონაც ხუმრობდნენ ხოლმე ამ თემაზე, მაგრამ როცა ტუალეტში (საკუთარ თავთან მაინც) მარტო რჩებოდნენ, აღარ ეღიმებოდათ, რადგან ტუალეტის ქაღალდის გარეშე ცხოვრება, ყოვლისგამძლე საბჭოთა მოსახლეობისთვისაც კი, ძალიან ძნელი იყო. ქართველების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათი უმრავლესობა მაინც ახერხებდა ტუალეტის ქაღალდის მოპოვებას მხოლოდ მათთვის ცნობილი გზებითა და ხერხებით. საბჭოთა კავშირში საერთოდ არ არსებობდა სადაზღვევო სისტემა, მაგრამ ქართველები (სპეციალურად ასეთი შემთხვევებისთვის), თვითონვე ზრუნავდნენ დაზღვევაზე და ამიტომაც საბჭოთა საქართველოში თითქმის არ იყო საოჯახო ტუალეტი, სადაც ვერ აღმოაჩენდით წიგნებს, ჟურნალებს და გაზეთებს. სადაზღვევო დანიშნულება ძირითადად გაზეთებს ჰქონდათ (საბჭოთა ტყუილებს სინამდვილეში) და წიგნებსა და ჟურნალებს კი ქართველი ხალხი (იმ პროცესის პარალელურად) გატაცებით კითხულობდა. ქართველი პატრიოტების საკმაო ნაწილს, მაშინვე ახარებდა ლიტერატურის აღმოჩენა ქართულ ტუალეტებში და პატრიოტები ამაყობდნენ იმით, რომ ქართველები სწავლა-განათლებას ტუალეტებშიც კი ეწაფებოდნენ, დრო რომ არ დაეკარგათ. თუმცა, დრო რომ გავიდა, საქართველო ისევ დამოუკიდებელი რომ გახდა (დეკლარირების დონეზე მაინც) და საკუთარი ჭკუა-გონების ამარა დავრჩით, აღმოჩნდა, რომ მხოლოდ ტუალეტში მიღებული განათლება, კარგი სახელმწიფოს შესაქმნელად, საკმარისი მართლაც არ არის...

ცნობილი ამბავია, მაგრამ მაინც: გურიიდან თბილისში ყაბალახით ჩამოსულმა დიმიტრი ვანიძემ რუსთაველზე (მაშინდელი გოლოვინსკის პროსპექტზე) გასეირნება გადაწყვიტა. ასე, თავზე ყაბალახწაკრულმა გაიარ-გამოიარა და მიტროფანე ლაღიძის წყლის),მირთმევა რომ გადაწყვიტა, ვიღაც თბილისელმა კინტომ ღიმილით ჰკითხა - ძიაჯან, თავი ხომ არა გტკივაო. დიმიტრი ვანიძემ თავი შეურაცხყოფილად იგრძნო და იმ გაღიმებულ კინტოს ისეთი მუშტი უთავაზა, რომ კინტო გოლოვინსკზე გაიშხლართა, მაგრამ მაშინვე წამოხტა და დიმიტრი ვანიძეს ხულიგნობისთვის უჩივლა. ბატონი დიმიტრი დააპატიმრეს და ჰაუპტვახტაზე მიაბრძანეს (სადაც ახლა კინო რუსთაველია, იქ იდგა მაშინ ჰაუპტვახტი), მაგრამ მალევე გაუშვეს, რადგან ქართველებმა თავდების გამოსასყიდი გადაიხადეს. მალევე შედგა სასამართლოც, სადაც გაკვირვებული კინტო მოსამართლეს მონდომებით უხსნიდა: ერთიც ვნახოთ მოვდივარ გოლოვინსკზედ და რასა ვხედავ - კაცს თავი აქვს ქალივით წაკრული და ოხრამს, რა უნდა მეფიქრნა, ზნაჩიტ თავი სტკივა, ეგრე არ არის?

0x01 graphic

ზაფხული იყო და ივლისის ბოლოს კი თბილისში, ზოგჯერ, კამიუს სიცხეც კი დგება ხოლმე და იქნებ დიმიტრი ვანიძეც ამ სიცხის გამო ოხრავდა, თუმცა მოსამართლე იმ თბილისელ კინტოზე ნაკლებად გაკვირვებული როდი იყო - თუ ბრალდებულს მართლა სიცხე აწუხებდა (ანუ ცხელოდა), მაშ თავწაკრული რატომ დაუყვებოდა ისედაც დახუთულ გოლოვინსკსს?

თავის მხრივ გაკვირვებული იყო დიმიტრი ვანიძეც, რადგან გურიასა და აჭარაში (ან სხვაგან, დასავლეთ საქართველოში) ყაბალახ-თავშეკრული კაცის ნახვა, განა რა გასაკვირი იყო, თუნდაც, ზაფხულში, ივლისის ბოლოს?

ამიტომაც მოსამართლე ცოტა დაბნეული ჩანდა, რადგან იურიდიული განათლება ლაიპციგის უნივერსიტეტში ჰქონდა მიღებული და არც გურიაში, არც აჭარაში (და საერთოდ დასავლეთ საქართველოში) ნამყოფიც არ იყო. სამაგიეროდ, ქართველი სტუდენტები გურიიდან, აჭარიდან თუ იმერეთიდან (საერთოდ დასავლეთ საქართველოდან), ისე ხვდებოდნენ ევროპის უნივერსიტეტებში რომ თბილისში ნამყოფები არ იყვნენ და უცნაური ამაში, არაფერი იყო მაშინ, რადგან თბილისის გამო, საქართველომ თავკომბალას ფორმა (და შინაარსი) მხოლოდ საბჭოთა პერიოდში მიიღო. საბჭოთა ხელისუფლებამდე, ქართველები ისე ცხოვრობდნენ, როგორც ახლანდელი ევროპელები და ხონელისთვის (მაშინ) ხონი ისევე იყო სამყაროს ცენტრი, როგორც ახლა ბარსელონელისთვის ბარსელონა, მილანელისთვის მილანი და მანჩესტერელისთვის - მანჩესტერია. ხონელისთვის თუ ბათუმელისთვის, ქუთაისელისთვის თუ ოზურგეთელისთვის, თბილისი მხოლოდ ადმინისტრაციული დედაქალაქი იყო და არა ყველა ქართველის საერთო საცხოვრებელი ოცნება. ამიტომაც, ქართული კულტურა იქმნებოდა საქართველოს ნებისმიერ სოფელსა და ქალაქში და არა მხოლოდ და მხოლოდ (და მაინცდამაინც) თბილისში. საბჭოთა პერიოდში კი ეს ბალანსი და ჰარმონია უხეშად დაარღვიეს ქართველმა კომუნისტებმა, რომლებმაც მიწებჩამორთმეული ადამიანები მასიურად ჩამოასახლეს თბილისში მშობლიური სოფლებიდან, რასაც თბილისის მოსახლეობის ისეთი ზრდა მოჰყვა რომ კომუნისტები იძულებულები გახდნენ, კორპუსების მასივები აეშენებინათ მათთვის და იქ დაესახლებინათ ყოფილი გლეხები. საბჭოთა ხელისუფლება აკეთებდა იმას, რასაც აკეთებდა ნებისმიერი ბოროტგანმზრახველი დამპრყობელი, ვინც ხვდებოდა რომ საუკუნეების მანძილზე ამ ქვეყნის მთავარი ღერძი სწორედ გლეხი იყო და მის გადარჩენის მთავარი საიდუმლო კი - მიწა. სწორედ მიწას მოწყვეტილი ქართველი ხდებოდა საბჭოთა ადამიანი, რისი მიღწევაც კომუნისტებმა მას შემდეგ ძალიან ადვილად შეძლეს, რაც საუკეთესო ქართველები დახვრიტეს ან ბანაკებში გადაასახლეს. ამიტომაც გაუკვირდა თბილისელ კინტოს (ერთი საუკუნით ადრე) არათბილისელის დანახვა გოლოვინსკზე ივლისის სიცხეში, მაგრამ მეოცე საუკუნის სამოცდაათიან წლებში, უკვე პირიქით იყო - რუსთაველზე თბილისელის დანახვა ხდებოდა იშვიათი და ქართველები ტუალეტის ქაღალდის მოპოვებას, მაინც (თითქმის) ყოველთვის ახერხებდნენ, მაგრამ ეს მხოლოდ პრობლემის მოგვარების ნაწილი იყო, რადგან ტუალეტის შემდეგ ხელები ხომ უნდა დაგებანა (აუცილებლად) და ხელების დაბანას კი მოგეხსენებათ, საპონი სჭირდებოდა. როცა საბჭოთა მაღაზიების დახლებიდან საპნები ქრებოდა (დეფიციტის ამბავში), ქართველი დედები და ბებიები (სადღაც გადამალულ), თითქმის კახური აგურის ზომის სარეცხის საპნებს ამოაძრობდნენ ხოლმე. ზოგიერთ ოჯახში შამპუნებიც ჰქონდათ, მაგრამ ყველაზე ხშირი, მაინც საპნების შეგროვება იყო და ამ საქმიანობით (ძირითადად) გოგოები იყვნენ დაკავებული, რომლებიც უცხოურ, არომატულ საპნებს აგროვებდნენ. ბიჭები კი (ძირითადად) აგროვებდნენ მარკებსა და მანქანების მოდელებსა და პატარა მოდელების გამოშვება (სამოცდაათიან წლებში) თბილისის სათამაშოების ქარხანაშიც დაიწყეს. ქარხანა ერქვა თუ ფაბრიკა, ახლა რა მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ძალიან ცუდი ნამდვილად არ იყო და მეტიც - ზოგიერთი მოდელი მართლა მონდომებით გაკეთებულს ჰგავდა, რასაც ბავშვებიც გრძნობდნენ, ხედავდნენ და უხაროდათ. „სიხარული“ ერქვა კიდეც იმ მანქანებს და რომ ამოატრიალებდი, ქართულადაც ეწერა სახელი, მაგრამ უცხოურ, (გაცილებით დახვეწილ მოდელებს), რასაკვირველია, გაცილებით მეტი სიხარული მოჰქონდა ქართველი (და არა მარტო ქართველი) პატარებისთვის. პატარებზე იყო კიდეც გათვლილი ნებისმიერი საბჭოთა პროპაგანდა, რომელიც უფროსებს ჩააგონებდა, რომ ეს საბჭოური, უღრუბლო ცა, მათი შვილების ბედნიერებისთვის, უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ნებისმიერი ეკონომიკა, ადამიანის უფლებები და სიტყვის თავისუფლება. ქართველ მშობლებსაც სიამოვნებით სჯეროდათ, რომ მათი შვილების უღრუბლო და მშვიდობიანი ცა მთავარი უპირატესობა იყო, რასაც საბჭოთა ხელისუფლება მოსახლეობას სთავაზობდა კაპიტალისტური დასავლეთისაგან განსხვავებით და მშობლებიც იძულებული იყვნენ ლექსები ეწერათ. ქართველებს სამშობლოზე ლექსების წერა ყოველთვის უყვარდათ (არასოდეს ეზარებოდათ) და პატრიოტიზმის გამოვლენადაც კი მიიჩნევდნენ. ამიტომაც არ არის გასაკვირი რომ სწორედ მაშინ, სამოცდაათიან წლებში, საქართველოს უკიდეგანო სიყვარულზე, ყველაზე მეტი ლექსი დაიწერა და წამახალისებელი ფაქტორი კი იყო დისიდენტური ელფერი, რომელიც მაშინდელ პოეზიას დაჰკრავდა. ქართველებს ეჩვენებოდათ, რომ ქართული პოეზია საქართველოს გადასარჩენად იბრძოდა კრემლის ნებართვის გარეშე და განსხვავებულ ფილმებსა და სპექტაკლებს, მათ ავტორებს, გმირობად უთვლიდნენ. სინამდვილეში ეს ქართული ნიჭის გამორჩეული წარმატებები იყო საბჭოურ სივრცეში და არა გმირობა, რადგან მოსკოვის ნებართვის გარეშე (სინამდვილეში) რიგით დისერტაციასაც კი ვერ დაიცავდა რიგითი ქართველი მეცნიერი და ასპირანტი. თუმცა ეს ვერაგული ხრიკი (დაპყრობილების კულტურული მიშვებისა), რუსების მოგონილი არ იყო და თითქმის ყველა იმპერიის თვისება იყო სწორედ იმპერიის შენარჩუნების მიზნით. ინგლისელები (მაგალითად) ოსკარ უაილდის დადგმას ლონდონში კრძალავდნენ, მაგრამ არა დუბლინში, რომ ირლანდიელებს ცოტა გული მოეფხანათ და მთავარზე არ ეფიქრათ - ირლანდია დაპყრობილი იყო ინგლისელების მიერ და საქართველო კი მხოლოდ ერთ-ერთ პროვინციას წარმოადგენდა რუსეთის იმპერიისა. ეს შედარებითი, პროვინციული ლიბერალიზმი, კრემლიდან შეგნებულად ნებადართული მურაბა იყო, რომელიც წარმატებით ატკბობდა ქართული ხასიათის ამბიციურ და ამპარტავნულ ბუნებას, თორემ, ვინც საქართველოს თავისუფლებაზე ხმამაღლა ოცნებობდა, ოცნების სასჯელს ციმბირში იხდიდა (ან უფრო შორსაც) და საქართველოს ბუნებაც ისევე ენატრებოდა, როგორც მურაბა და კომპოტი.

სხვათა შორის, გასული საუკუნის გასრულებასთან ერთად, საბჭოთა რუსეთთან (ოფიციალურად) გამომშვიდობების შემდეგ, თბილისელები ნელ-ნელა კომპოტსა და მურაბასაც გამოემშვიდობნენ და უფრო სწორად კი, დაემშვიდობნენ ტრადიციას, რომელიც საუკუნეების მანძილზე არსებობდა საქართველოში და აგერ სულ ახლახანს, ჩვენს თვალწინ გაქრა. არადა ზაფხულობით მთელს თბილისში ძალიან არომატული სუნი ტრიალებდა ხოლმე, რადგან დედები და ბებიები ზამთრისთვის ემზადებოდნენ და მურაბებს ხარშავდნენ და კომპოტებს ათუხთუხებდნენ, მერე ქილებში ხუფავდნენ და ზამთარი მათ, ვეღარც აშინებდა. იქ სადაც იყო ჩაი და მურაბა, იყო თბილი ზამთარიც და თბილისის ფანჯრებს ჭირხლი ედებოდა ხოლმე, (რაც შეიძლება, ცენტრალური გათბობის ბრალი იყო) და ის ჭირხლიც, ბოლოს მურაბასავით გაქრა. გაქრნენ თოლიებიც, მტკვარს რომ ამოუყვებოდნენ ხოლმე ალბათ, კასპიის ზღვიდან და გაქრა ახლადაყვავებული ნუშისა და ატმის სუნიც თბილისის ქუჩებში, როცა გაზაფხული ტროტუარებზე კვირტებს დახეთქავდა ხოლმე და ეს მძაფრი სუნი მთელს ქალაქს აბრუებდა. გვიან გაზაფხულზე კი, როცა მაისის ჟუჟუნა წვეთებს ხანმოკლე, მაგრამ გემრიელი წვიმა შეცვლიდა, ისეთი სუნი ავარდებოდა თბილისის ქუჩებიდან, რომ მერე ასფალტებსაც კი რჩებოდა ხოლმე, ერთი დღით მაინც რაღაც ძალიან სასიამოვნო, რაღაც ზეიმის მსგავსი.

თუმცა სხვა ზეიმებიც იყო - ბოლშევიკური დღესასწაულები, რომელთაც მთელს საბჭოთა კავშირში დიდი მონდომებით აღნიშნავდნენ ხოლმე და განსაკუთრებით ემზადებოდნენ შვიდი ნოემბრისა და პირველი მაისისათვის. 7 ნოემბერს აღნიშნავდნენ ოქტომბრის რევოლუციის იუბილეებს, რადგან კალენდარი იმთავითვე შეცვალეს და ოქტომბრის რევოლუციას ნოემბერში ზეიმობდნენ. უფრო ღიმილისმომგვრეული კი ის იყო, რომ სინამდვილეში რევოლუცია თებერვალში, რამდენიმე თვით ადრე მოხდა (პეტერბურგში) და რაც ოქტომბერში იკადრეს ბოლშევიკებმა, (სახელმწიფო გადატრიალების გზით) ხელისუფლების ძალის გამოყენებით უზურპაცია იყო და სხვა არაფერი. თუმცა, კომუნისტებს სულაც არ აწუხებდათ სიმართლე და ოქტომბრის დიდ ტყუილსაც ისეთი დიდი ზარ-ზეიმით აღნიშნავდნენ, რომ ისტორიის არმცოდნე ადამიანს მართლა ეგონებოდა, რომ 1917 წლის 7 ნოემბერს პეტროგრადში რევოლუცია მოხდა. თბილისში კი 7 ნოემბერს ყოველთვის ციოდა ხოლმე და რეპეტიციებზე გამოყვანილი თეთრპერანგიანი სკოლის მოწაფეებიც სიცივისაგან კანკალებდნენ, მაგრამ მაინც კმაყოფილები იყვნენ რადგან გაკვეთილებს აცდენდნენ, ხოლო სკოლის მოწაფისათვის, გაცდენილ გაკვეთილზე კარგი გაკვეთილი, არც მაშინ არსებობდა.

13 ცრემლიანი სათვალე

▲ზევით დაბრუნება


13.1 „სოციალიზმი+ელექტროფიკაცია“

▲ზევით დაბრუნება


ილუსტრაცია: მაია სუმბაძე
გიორგი გვახარია

ნაწილი ოცდამესამე
1995

უნდა გავაფრთხილო ყველა, ვისაც ვუყვარვარ, ნუ
იწამებს ამ სიყალბეს, ნუ მიწამებს, ნუ შემიყვარებს

ბლეზ პასკალი

ჩვეულებრივი დღიურები, ეტყობა, მართლაც არაა საკმარისი იმისთვის, რომ განვლილ ცხოვრებას გადახედო და ცოტა ხნით მაინც ილივლივო წარსულში. ჩვეულებრივ დღიურებთან ერთად ნორმალურმა (და არანორმალურმა) ადამიანმა უნდა წეროს ინტიმური დღიურებიც, რომელშიც მკაფიოდ და, რაც მთავარია გულწრფელად იქნება ასახული ყველა სულიერი და უსულო არსებისგან მიღებული სიამოვნება და ტკივილი; როცა სხვასთან შეხება იმდენად მნიშვნელოვან ცვლილებებს იწვევს, რომ სხეული კარგავს საკუთარ ტერიტორიას და სხვისი ნაწილი ხდება, როცა „დეტერიტორიზაცია“, თუ „დეპერსონალიზაცია“ უპასუხისმგებლობის ვნებას აღვიძებს ადამიანში, იმდენად ძლიერს, რომ ყველაფერს ავიწყებს - სოციალურ სტატუსს, საზოგადოებრივ აზრს, ოჯახს, რელიგიას - ყველაფერს, რასაც კარგი ფილოსოფოსი „ძალაუფლების მექანიზმს“ უწოდებს. კარგი ფილოსოფოსი დარწმუნებულია, რომ სწორედ ფილოსოფიაა ამ მექანიზმებისგან თავისუფალი ადამიანის მოღვაწეობის ერთადერთი დარგი. კარგი მწერლისგან განსხვავებით, კარგი ფილოსოფოსი არ ფიქრობს და არ წერს მამის (თუ დედის) გავლენით, არ წერს „მამისთვის“ (და „დედისთვის“), არ წერს მოუნელებელი ოიდიპოს კომპლექსის ზემოქმედებით. კარგი ფილოსოფოსი ნეტარებს დეპერსონიზირებულ სივრცეში. მან იცის, რომ საკუთარ თავთან ბრძოლის, სიყვარულისა და სურვილის უნარის გამომუშავების გარეშე ვერსადროს მოიპოვებს თავისუფლებას... არადა, ჟილ დელეზის თქმისა არ იყოს, ადამიანთა უმრავლესობას სრულიად საწინააღმდეგო გრძნობა აცხოვრებს - ყველას უნდა, რომ სხვას უყვარდეს! უნდა, ძალიან ხშირად ვერ ახერხებს და საშველად მოძღვართან ან ფსიქოანალიტიკოსთან მიდის - მიდის კითხვით, რატომ არ ვუყვარვარ? რატომ ვარ მარტო?

შეიძლება სწორედ დელეზი იყო საბაბი ინტიმური დღიურის წარმოების ვნებისა, რომელიც ზაურის გაცნობის შემდეგ გამოჩნდა.

ქუთაისიდან სკოლის დამთავრების შემდეგ ჩამოვიდა. ვაზისუბანში, თავის გაუთხოვარ დას ჩაუსახლდა და 1993 წლიდან დიდუბის ბაზრობაზე, წიგნებით ვაჭრობა დაიწყო. ადგილი იაფად იშოვა. ბიძამისი, გულრიფშელი დევნილი, მოსკოვში ცხოვრობდა და იქიდან უგზავნიდა წიგნებს. ყიდდა ყველაფერს - იმხანად პოპულარულ რუსულ „ბოევიკებს“, სანტა-ბარბარას სერიალის ლიტერატურულ ვერსიას, ათას სისულელეს თემაზე „როგორ მოვიხსნათ ჯადო“, ანდა, „როგორ გავხდეთ მილიონერი“, კროსვორდების, ასტროლოგიური პროგნოზების, ალტერნატიული მედიცინის რეცეპტთა კრებულებს. ყიდდა ფილოსოფიურ ლიტერატურასაც, რომელზეც, ზაურის მტკიცებით, თბილისში დიდი მოთხოვნილება იყო. ზაურს არ სჯეროდა, რომ ფუკოს, ლაკანის, დერიდას, თუ დელეზის წიგნებს მას სნობები უკვეთავდნენ. იგი დარწმუნებული იყო, რომ მოწყენილობა, უიმედობა და სოციალური სიდუხჭირე მადლია იმისთვის, ვისაც „ფილოსოფოსობა“ უყვარს.

იმ წვეულებაზე, სადაც ერთმანეთი გავიცანით, უფრო „როგორ მოვიხსნათ ჯადო“ აინტერესებდათ, ვიდრე თუნდაც დელეზისა და გვატარის „ანტიოიდიპოსი“. თუმცა სახლის პატრონმა, რომელმაც 95 წლის „ძველი ახალი წლის“ შესახვედრად მიგვიპატიჟა, წინასწარ გამაფრთხილა, ერთი ბიჭი დავპატიჟე, შენი „სარკმლის“ ყველაზე ერთგული მაყურებელია და ყველა შენი სტატია შენახული აქვსო. ასეთ თაყვანისმცემლებს, მგონი, ყოველთვის გავურბოდი. არასდროს მესმოდა, როგორ შეიძლება იმის ფანი გახდე, ვისაც საერთოდ არ იცნობ. და საერთოდ, რატომ უნდა გახდე ფანი? ბაბუაჩემმა მითხრა ერთხელ, თუკი იგრძნობ, რომ მეტისმეტად გაგიტაცა ვინმემ, ეგრევე წარმოიდგინე როგორ ზის ფეხსალაგში (ჰო, ასე ამბობდა - „ფეხსალაგი“) და თუკი ამის შემდეგ ისეთივე გატაცებით გეყვარება, მაშინ უკვე შეიძლება „დიდ სიყვარულზე“ ფიქრიო. ესთეტი-ბაბუას ეს რჩევა ძალიან დამეხმარა - დღესაც მარტო მძინავს!

მაგრამ წვეულებაზე მაინც წავედი. ბოლოს და ბოლოს ავლაბარს, სადაც ძველ ახალ წელს უნდა შევხვედროდით, სინათლის გრაფიკი არ ეხებოდა. მე კი უკვე ძალიან მომბეზრდა სიბნელეში ჯდომა. ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე დღით ადრე თურქმენეთმა გაზის მოწოდება შეგვიწყვიტა. სინათლე თბილისში მხოლოდ 1 იანვარს იყო. ამის შემდეგ დაწესდა 6 საათიანი გრაფიკი (3 საათი დილით და 3 - საღამოს), რომელსაც არავინ იცავდა. შეშასა და ნავთზე გრძელი რიგები დადგა. უშუქობის გამო, მოსახლეობის უმრავლესობამ დაგვიანებით შეიტყო, რომ 13 იანვარს საქართველოში კინაღამ ომი დაიწყო.

დილით თენგიზ კიტოვანის ეგრეთ წოდებული „ეროვნულ-განმანთავისუფლებელი ფრონტის“ ბიჭებმა იარაღი აისხეს და დასავლეთ საქართველოსკენ დაიძრნენ. რამდენიმე საათში კიტოვანმა ქართველი და უცხოელი ჟურნალისტებისთვის პრესკონფერენცია მოიწვია. ისევ დაიწყო „ომით დაკარგულის, ომით დაბრუნებაზე“ საუბარი. შუადღეზე თბილისში ხმა გავრცელდა, კიტოვანი აფხაზეთს იბრუნებსო. თუმცა „ეროვნულ-განმანთავისუფლებელ ფრონტს“ მოხალისეები არ შეუერთდნენ - იმ დღეს ხალხი უფრო მოახლოებულ „ძველ ახალ წელზე“, ნავთსა და შეშაზე ფიქრობდა.

არ არის გამორიცხული, რომ შევარდნაძე დღის ბოლომდე სწორედ ამიტომ არ აკეთებდა კომენტარს - მთავრობას მოსახლეობის რეაქცია აინტერესებდა. საღამოს, დაახლოებით ხუთ საათზე, უშიშროების შეფმა, იგორ გიორგაძემ სენაკი-ზუგდიდის ტრასა გადაკეტა და თენგიზ კიტოვანი დააპატიმრა.

თბილისში სინათლე დროზე ადრე მოვიდა. ჩაირთო ტელევიზოტელევიზორები. ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა, რომ ქვეყანა მორიგ პროვოკაციას და სისხლისღვრას გადაურჩა. ტელევიზიამ საახალწლო კონცერტების გამეორება დაიწყო.

თუმცა ავლაბრის იმ ბინაში, სადაც ძველ ახალ წელს უნდა შევხვედროდით, მაინცდამაინც არც კიტოვანი აღელვებდათ, არც შევარდნაძე-გიორგაძე და არც ქართული ესტრადის ვარსკვლავები, რომლებმაც, ტრადიციულად, დაიპყრეს „სადღესასწაულო ეთერი“. ძველი ახალი წლის დადგომამდე ჯერ კიდევ დიდი დრო იყო დარჩენილი. მაგრამ სტუმრები იაფფასიანი რუსული არყისგან ისე გამოთვრნენ, რომ „სირტაკის“ ცეკვა დაახლოებით ათ საათზე დაიწყეს. არადა მასპინძელი, ჩემი სომეხი მეგობარი, მთელი საღამო ამტკიცებდა, ტამარა გლობას მოვუსმინე წუხელ, ძველი ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე წუთით ადრე „სირტაკს“ უნდა შეუდგე - მეგობრებმა ერთმანეთს ხელი უნდა გადახვიონ და მაგიდის გარშემო ცეკვა დაიწყონ, თან სულ „შაბაშ“, „შაბაშ“ იძახონ... ღორის წელს ბარაქა მოაქვსო!

სირტაკის ცეკვის დროს ისე დასცხათ, რომ ელექტროღუმელი გამორთეს. თუმცა არყისგან გავარვარებულ სხეულებს არც ამან უშველა. ძველი ახალი წლის დადგომას კიდევ ერთი საათი აკლდა, როცა სტუმრებმა გაიძრეს ნარინჯისფერ-წითელი სამოსი („ღორის წელს“ უყვარს თურმე) და წყვილ-წყვილად, სამ-სამად, ოთხ-ოთხად ოთახებში დაიშალნენ.

ესეც თქვენი კომუნისტური სამოთხე! ბევრი სინათლე (იმდენად ბევრი, რომ შუქმა ძალიან შეაწუხა მასპინძელი და ოთახებში საგანგებოდ მომზადებული წითელი სანთლები დაანთო)... და სოციალიზმი - ერთმანეთში აღრეული ქართული, სომხური, რუსული, აზერბაიჯანული. უნგრულიც კი (ახალი წლის დღეებში თბილისს ჩვენი უნგრელი მეგობრები ეწვივნენ). ესეც თქვენი „დეტერიტორიზაცია“, მთელი თავისი ფუკო-დელეზით... მოხრილი, დაკლაკნილი, გადაზნექილი, დაყირავებული სხეულები და ვნებისგან გაბრწყინებულუ თვალები - ის, რაც ეიზენშტეინმა დაინახა ელ გრეკოს სურათებში. „ესაა ექსტაზი, რომელიც საშუალებას გვაძლევს სამყარო მხოლოდ და მხოლოდ გრძნობებით აღვიქვათ“ - წერდა სიცოცხლის ბოლომდე „პაი-მალჩიკი“, სიცოცხლის ბოლომდე „ხუთოსანი“ ეიზენშტეინი, რომელმაც „გრძნობებით“ ვერ აღიქვა სამყარო - ამისათვის მეტისმეტად ფრთხილი იყო და მამა-სტალინის ისე ეშინოდა, როგორც, მაგალითად, მე უპატრონო ძაღლებისა. მაგრამ ამ შიშმა მაინც ვერ ჩაკლა მასში „კომუნისტური ორგიის“ მოთხოვნილება - ხატავდა ეროტიკულ სცენებს, გადაზნექილ-გადმოზნექილ, წრეში მოლივლივე შიშველ ფიგურებს და დაჟინებით იკვლევდა იმას, რასაც ადამიანებმა „გრძნობა“, თუ „ვნება“ შეარქვეს. ეიზენშტეინი დარწმუნებული იყო, რომ წრის გახსნა (ე.ი. „დეტერიტორიზაცია“) აუცილებლად დასრულდება „ex-stasis-ით... ეს პროცესი შეიძლება გამოიხატოს უბრალოდ, ქამრის შეხსნაში („ტანსაცმლის გაძრობა“), ანდა, თუნდაც, ცეკვაში... დაახლოებით ისე, როგორც ნიკოლოზ შენგელაიას „ელისოში“, სადაც მოკლული ჩეჩენის დატირება ნელ-ნელა რიტუალური ცეკვით იცვლება - კოლექტიური გლოვა - კოლექტიურ დოლურში გადაიზრდება, კოლექტიურ დოლურს კი ელისოსა და ვაჟიას ვნებიანი მზერა შეცვლის.

ზაურს და მე სირტაკი არ გვიცეკვია. მხოლოდ ვუყურებდით. უფრო სწორად, ზაური თვალს არ აცილებდა ხმაჩაწეულ ტელევიზორს, რომლის ეკრანზე საახალწლო შოუ „მაცნესა“ და „ვესტნიკის“ სპეციალური გამოშვებებით წყდებოდა ხოლმე. ძალიან სასაცილო იყო შევარდნაძის, გიორგაძის, კიტოვანის, „მაცნე-ვესტნიკის“ წამყვანების ხილვა სირტაკის მუსიკისა და „შაბაშ, შაბაშის“ ვნებიანი ოხვრის ფონზე... თუმცა, ზაურისგან განსხვავებით, მე უფრო ცეკვით ვტკბებოდი. იმ საღამოს კიდევ ერთხელ გავიაზრე, რატომ ავირჩიე პროფესიად კინოხელოვნება, კიდევ ერთხელ გამოვუტყდი ჩემს თავს, რომ კლასიკური ვუიარისტი ვარ - შემიძლია საათობით ვიჯდე, არ ვიმოქმედო, მხოლოდ და მხოლოდ ვუყურო და ჩემს სხეულში ყურებით „გავხსნა წრე“. ხოლო, როცა ყურების ამ პროცესში სხვაცაა ჩართული, როცა მეძლევა ძალა ვმართო სხვისი „მზერები“, ეს სიამოვნება შეიძლება გაასმაგდეს კიდეც.

სირტაკი ჯერ დასრულებული არ ჰქონდათ, როცა ტელევიზორს ზურგი შეაქცია, ჩემსკენ მობრუნდა, არაყი დამისხა, ჭიქა მომიჭახუნა და მითხრა: „შენს „სარკმელს“ გაუმარჯოს. ძალიან მომწონს გადაცემის სათაური!“

სხვას რომ ეთქვა ასეთი სადღეგრძელო, თავს ვერ შევიკავებდი და ჩემებურად „ვუკბენდი“. მაგრამ როცა გარშემო ნარინჯისფერ-წითელი ლანდები დაგტრიალებენ, იზნიქებიან და იკლაკნებიან, როცა ბლომად გაქვს დალეული იაფფასიანი არაყი, როცა დაღლილი და გამოფიტული ხარ მოსალოდნელი ომის შიშით, ყალბ სიტყვებს და ამ სიტყვების წარმოთქმის პროვინციულ მანერას ყურადღებას აღარ აქცევ. პირიქით, სიყალბემ შეიძლება სიამოვნებაც კი მოგანიჭოს. მით უმეტეს, თუ ვუიარისტი ხარ, თუკი მოსმენილს მნიშვნელობა არა აქვს. თუკი მთავარი - დანახულია.

აი, რატომაა აუცილებელი ინტიმური დღიურების წარმოება! იმავე ღამეს რომ ამეღო რვეული და მისი პლასტიკა ამეწერა, მისი ხელების მოძრაობა და ფეხების ერთამნეთზე „მიტყუპების“ უცნაური ჩვევა, მისი სწორი და პირდაპირი მზერა, რომელიც იმ ღამეს ბევრად უფრო ჭკვიანი მომეჩვენა, ვიდრე მისი ლაპარაკის მანერა - ეს კლასიკური ქუთაისური „არტისტიზმი“, სიტყვების წარმოთქმის უშანგიჩხეიძისეული სტილით... დანახული რომ ამეწერა, ჩემს გრძნობებსაც ხომ გავაანალიზებდი? ამ შემთხვევაში ხომ ნამდვილად აღარ გამიჩნდებოდა ფსიქოანალიტიკოსთან ვიზიტის სურვილი კითხვით „მითხარი, ყველაფრისმცოდნე ფსიქოანალიტიკოსო, რატომ მომანიჭა სიამოვნება ყალბი კომპლიმენტების მოსმენამ, რატომ მოხდა, რომ „ბაზრობის ბიჭის“ პათეთიკურ-შეთითხნილი რიტორიკა უფრო ძვირფასი იყო ჩემთვის, ვიდრე თბილისელი სნობების კომპლიმენტები?“

თვითონაც სნობი იყო, რა თქმა უნდა. სნობის გარდა ვინ მოინდომებდა, აბა, გაქანებული „სირტაკის“ ფონზე სატელევიზიო გადაცემის სადღეგრძელოს წარმოთქმას? მაგრამ იმ ღამეს დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს იყო სულ სხვა ჯიშის სნობიზმი - განვითარების სურვილი, ცნობისმოყვარეობის და ახლის შეცნობის განცდა. დღეები გადიოდა, მაგრამ ვერც „ფეხსალაგის წარმოდგენამ“ მიშველა და ვერც სიტყვების წარმოთქმის უშანგიჩხეიძესეული სტილის გახსენებამ.

მეორე დღიდან ზაური ჩემი ბიბლიოთეკის „შემავსებელი“ გახდა. სტუმრად თუ მოვიდოდა, ვარიანტი არ იყო, კარგი წიგნი რომ არ ეჩუქებინა. მეტროს დაკეტვამდე იჯდა და კონიაკს წრუპავდა. კინოზე და ფილოსოფიაზე ლაპარაკის დროს ფეხებს ისევ ძლიერად „ატყაპუნებდა“, რაღაცნაირი დაძაბული იყო, თითქოს ეშინოდა სისულელე არ წამოცდენოდა. დრო გადიოდა და სულ უფრო აშკარა ხდებოდა, რომ რაღაც ფრაზები დაზეპირებული ჰქონდა. დასაწყისში ეს არ მაღიზიანებდა. პირიქით, სულ მაინტერესებდა, რატომ შეიძლებოდა ამ „ბაზრობის ბიჭს“ მაინც და მაინც ეს ფრაზა „ამოეღო“ ბარტის, ლაკანის, თუ ფუკოს რუსულად ახლადნათარგმნი წიგნებიდან. პოლიტიკაზე მსჯელობისას ბევრად უფრო თავისუფალი იყო. შემოდგომაზე, როცა საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების კამპანია დაიწყო, გაკვირვებას ვერ მალავდა ერთ-ერთი კანდიდატის, აკაკი ბაქრაძის დაბალი რეიტინგის გამო. ამბობდა, რომ ქართველები არასდროს აირჩევენ ვაცლავ ჰაველის მსგავს პრეზიდენტს, რადგან ამ ქვეყანაში, ტრადიციულად, ეშინიათ ინტელექტუალების, თითქოს გულით გრძნობენ, რომ ჭკვიანი კაცი არასდროს დათანხმდება მესიის როლზე, არასდროს მოირგებს ერის წინამძღოლის ნიღაბს. პირიქით, ჭკვიანი კაცი ყოველი მოქალაქისგან მოითხოვს, თავად გახდეს საკუთარი ცხოვრების შემქმნელი და თავად აგოს პასუხი საკუთარ ქმედებაზე, თავად შეიყვაროს და არ იწუწუნოს იმაზე, რომ არავის უყვარს, ობოლია და არა ჰყავს „პატრონი“.

29 აგვისტოს, როცა შევარდნაძეზე ტერაქტი განხორციელდა, სწორედ იმ საღამოს, როცა ტელევიზია „მაიკიანი“ შევარდნაძის სიტყვას ატრიალებდა ეთერში, ზაური გოდარისადმი მიძღვნილი Киноведческие записки-ით გამომეცხადა. მაგრამ ამჯერად არა გოდარის ციტატებით, არამედ „ბაზრობის ხალხით“ დაიწყო. გაკვირვებას ვერ მალავდა, ის ქალები, ჩემს გვერდზე მილიონ კუპონად რომ ყიდიან წინდებს, დილიდან საღამომდე შევარდნაძეს წყევლიდნენ, მაგრამ ტერაქტის ამბავი როცა გაიგეს კივილ-წივილი მორთეს, სულ „რა გვეშველება, რა გვეშველებას“ იძახდნენო. ამ დროს ძალიან, ძალიან ნაღდი და გულწრფელი იყო. შემოდგომაზე, როცა შევარდნაძემ 73 პროცენტით მოიგო არჩევნები, მისი კონკურენტი, ჯუმბერ პატიაშვილი კი მეორე ადგილზე გავიდა, მაინტერესებდა, როგორ შეაფასებდა ამ ციფრებს ზაური. მაგრამ იმხანად ჩვენ ერთმანეთს უკვე აღარ ვხვდებოდით.

ბაზრობაზე, „მეზობელი ქალები“, არაფერს უშავებდნენ, მაგრამ ისიც აშკარა იყო, რომ შერეკილად აღიქვამდნენ. იმ დღეს, როცა ალმოდოვარის „მაღალი ქუსლების“ გამო „სარკმელს“ პრობლემები შეექმნა, როცა რამდენიმე სტუდენტმა გადაცემის აღდგენის მოთხოვნით ტელევიზიასთან მიტინგი გამართა, ზაურს, თურმე, ძალით მოჰყავდა ეს ქალები აქციაზე. ჩვენს დუხჭირ ცხოვრებაზე კინოებს როცა აჩვენებს, მაშინ მივალთო, უთქვამს ზაურის დახლთან მდგარ ცხვირნაოპერაციებ ლელას. ეს ქალი, ზაურის სიტყვებით რომ ვთქვათ, მისი „გულის მესაიდუმლე“ იყო. ყავას ერთად ვსვამთ, ყველაფერს ვუყვები და ეგრე კარგად არავინ მიგებსო.

ლელა, სხვა ქალებისგან განსხვავებით, მეც თბილად მხვდებოდა. ერთხელ მითხრა, შენს გარდა წიგნებს აქ არავინ ყიდულობს, ურჩიე ამ ბიჭს რამე, იქნებ სხვა საქმეს მოჰკიდოს ხელიო. კვირაში ერთხელ, ბაზრობაზე როცა მივდიოდი, ზაური ყველას გასაგონად მელაპარაკებოდა „სარკმელში“ გაშვებულ ფილმზე. ინტერნეტი მაშინ არ იყო, ამიტომ დღესაც მიკვირს, საიდან აგროვებდა ამდენ ინფორმაციას. ისიც მიკვირს, რომ ვერ ხვდებოდა, როგორ დასცინოდნენ „მეზობელი ქალები“. ერთხელ უთხრა კიდეც იმ ლელამ, ბიჭო, რა კინო აგიტყდა, ვერ ხვდები, რომ შიზოფრენიკს გეძახიანო? და იცით რა უპასუხა? „ასეთები ვართ ხელოვანი ხალხი, ცივილიზაციის კლინიცისტები!“... ეს ფრაზა დელეზთან ამოიკითხა. ამაყობდა, რომ წიგნების კითხვამ „მოსწრებული“ სიტყვა-პასუხი ასწავლა.

მერე სექტემბერი დადგა. უნივერსიტეტში სწავლა დაიწყო და აღარც ბაზრობისთვის მეცალა და აღარც მოსკოვში გამოცემული ფილოსოფიური ლიტერატურისთვის. რაც მთავარია, ვგრძნობდი, რომ წონაში მომატებული და ღიპდადებული ზაურიც მაღიზიანებდა. ხომ იცით, როგორ ხდება ამ დროს? თითქოს საბაბს ეძებ იმისთვის, რომ შენი ეს „მობეზრება“ გაამართლო და ის, რაც ადამიანის გაცნობის დროს უმნიშვნელოდ გეჩვენება, ახლა „ძალიან ახლო ხედით“ შეიძლება მოგევლინოს. პირველი ასეთი „ახლო ხედი“ ოქტომბრის დასაწყისში ვიხილე, როცა ერთ-ერთი ვიზიტის დროს გამომიცხადა, რა კარგია რომ „თბილისობა“ აღადგინეს, ყოველთვის მიყვარდა ეს დღე და მაგრად ვხალისობდიო. თუმცა ჩვენი დაცილების მიზეზი, ცხადია, შევარდნაძის მიერ, საპრეზიდენტო არჩევნების წინ აღდგენილი „თბილისობა“ არ იყო.

ზაურის საყვარელ „თბილისობამდე“ რამდენიმე დღე იყო დარჩენილი, როცა ეიზენშტეინის ნახატების ახალი ალბომი მოვინდომე. ძველი გამოცემა მქონდა და მიუხედავად ზაურის შეთავაზებისა, ალბომის ყიდვას არ ვაპირებდი. მაგრამ სტუდენტებმა მითხრეს, წიგნში ეიზენის სხვა, ეროტიკული ნახატებიც არის ჩართულიო. ამიტომაც, კვირა დღეს ბაზრობას მივაშურე.

ზაური არ დამხვდა. წიგნების დახლი ალაგებული იყო. ლელა იდგა მხოლოდ და ხოფიდან ჩამოტანილ „ნასკებს“ ყიდდა. მასთან ლაპარაკი მეზარებოდა. დათესვას ვაპირებდი. მაგრამ დამინახა და ჩემსკენ გამოქანდა.

- აქ აღარ იმუშავებს. ბიძამისი მოსკოვში დაუჭერიათ. წიგნებს ვეღარ გამოუგზავნის. თანაც ამ ბიზნესმა არ გაამართლა.

უცნაურია, მაშინ გავიაზრე, რომ არასდროს მქონია ზაურის ტელეფონი. თვითონ რეკავდა ხოლმე. ნომერი ვთხოვე.

- ნომერი არ ვიცი. ამ დღეებში გამოივლის. წიგნები ჯერ არ წაუღია. ვატყობდი, რომ რაღაცის თქმა უნდოდა და ყოყმანობდა.

- რას აპირებს, ხომ არ იცი? - ვკითხე ისე, ზრდილობის გულისთვის. „მისმინე... ამას წინათ ბევრი ვილაპარაკეთ. მითხრა, გოგის ვერ ვეტყვი, მერიდებაო. მაშინ მე გეტყვი. უნდა, რომ ტელევიზიაში მოაწყო სადმე. მაგაზე განათლებულ ბიჭს ეხლა ვერ იპოვი. თანაც, ხომ იცი, შენ გაღმერთებს!“

ვნახოთ, ვნახოთ-მეთქი, ვუთხარი და სასწრაფოდ გავეცალე იქაურობას. იმდენად გავღიზიანდი, რომ ვეღარ გავიხსენე, სად დავაყენე მანქანა - ერთი საათი ვეძებდი. თან წარმოვიდგინე, რა მაგარი იქნება, ტელევიზიაში რომ მივიყვან და „სივს“ რომ შეავსებს: „ვმუშაობდი ბაზრობაზე“, ანდა, ტელევიზიის ხალხს რომ გაეპრანჭება და უშანგი ჩხეიძისეული ინტონაციით რომ გამოაცხადებს „ასეთები ვართ ხელოვანი ხალხი, ცივილიზაციის კლინიცისტები!“... აი, ამის მერე კი „სარკმელს“ ვერც რამდენიმე სტუდენტის აქცია და ვერც აჩიკო გოგელიას ადვოკატობა უშველიდა.

ამასობაში „თბილისობამაც“ ჩაირა და საპრეზიდენტო არჩევნებიც მოეწყო. ნოემბრის დასაწყისში დარეკა. მოსვლა უნდოდა, მაგრამ მე ჩემი საყვარელი ფრაზით მოვიშორე: „დაკავებული ვარ!“

- გაიგებდი, ალბათ. დელეზმა თავი მოიკლა. საკუთარი სახლის ფანჯრიდან გადმოვარდა.

დელეზის სიკვდილის ამბავი საიდან შეიტყო ნეტა? ინტერნეტი ხომ მაშინ არ არსებობდა?

„ჰოო?“ - გავიკვირვე. ერთი კი ვიფიქრე, ასე იცის, პლატონისა და ჰეგელზე ქილიკმა, ასე იცის ფსიქოანალიტიკოსებისა და მოძღვრების შიშმა მეთქი, მაგრამ ჩემი ეს ფიქრები მისთვის არ გამიზიარებია. მითუმეტეს, რომ ყოველთვის მახსოვს - გაღიზიანებულ (და უძინარ!) მდგომარეობაში შობილ ფიქრებს ჭეშმარიტებასთან საერთო არაფერი აქვს.

გაღიზიანებულ მდგომარეობაში მყოფი სხეულიც მაგარი მატყუარაა. სრული იდიოტი, შეიძლება, იდუმალებით მოცულ ქმნილებად მიიჩნიო და თუნდაც გრძელი ხელების ქნევა და ფეხების ერთმანეთზე ტყაპუნი „სხვანაირის“, „განსაკუთრებულის“ გამოვლენად აღიქვა. ასეთ, გაღიზიანებულ მდგომარეობაში ადამიანებს არაერთი სისულელე ჩაუდენიათ. მაგალითად, არჩევნებზე მისულან და იმისთვის მიუციათ ხმა, ვისაც სულ რამდენიმე თვეში წყევლაკრულვას არ დააკლებენ.

ნეტავ, საიდან გაჩნდა ამ უმწიკვლო ქართულ ენაში სიტყვა „გათავება“? ნუთუ ამ სიტყვის ავტორმა მართლა იგრძნო, რომ ექსტაზით გამოწვეული ორგაზმით სხეული კი იცლება და იფიტება, მაგრამ ტვინი კარგად იწყებს მუშაობას. იმდენად კარგად, რომ ზოგჯერ სულ აღარაა საჭირო მიჰყვე ესთეტი ბაბუს რჩევას და წარმოიდგინო „ფეხსალაგი“... ტვინი ლაპარაკს გიწყებს და დაგცინის. „აკი გეუბნებოდი, ნურასდროს შეგეშინდება მარტოობის, შენ კი არ დამიჯერე და სასაცილო გახდი. უყურე ეხლა შენს მონაპოვარს და დატკბი!“

ამის მერე კიდევ დარეკა რამდენჯერმე. მაგრამ მე ისევ „დაკავებულობა“ მოვიმიზეზე. ისიც კი არ მიკითხავს, მუშაობა თუ დაიწყო. ბოლოს ყველაფერს მიხვდა და დაიკარგა. წლის ბოლოს, როცა თბილისი ისევ ჩაბნელდა, „თელასის“ მიერ დაწესებული გრაფიკი კი 4 საათამდე შემცირდა, იმ მეგობრისგან, ავლაბარში რომ ცხოვრობდა, გავიგე, ზაურს გენერატორების ყიდვა დაუწყია. თან დაამატა, მშვენივრად ააწყო ბიზნესი. სულ იმეორებს, რამდენი დრო დავკარგე წიგნებით ვაჭრობაშიო.

- მე არ მკითხულობს ხოლმე? - ჩავიბურტყუნე ჩემთვის.

არაო. ერთხელ „სარკმელზე“ ჩამოვუგდე სიტყვა, მაგრამ მითხრა, რომ ტელევიზორი გაგვიფუჭდაო.

გენერატორი! დღეს ეს უკვე ეგზოტიკური ნივთია. დღეს ეგ ბიზნესი არ გაამართლებს. ჰოდა, ნეტა რას აკეთებს ეხლა?

არა. არ იფიქროთ, რომ ზაური მხოლოდ მას შემდეგ გამახსენდა, რაც საქართველოში სიტყვა „გრაფიკმა“ აქტუალურობა დაკარგა. ზაური მახსენდებოდა მაშინ, როცა მოსკოვიდან ახლადგამოცემული კარგი წიგნის შესახებ ვიგებდი (ინტერნეტით!), ზაური მახსენდებოდა ერთი წლის შემდეგ, როცა „სარკმელი“ დაიხურა და ძალიან დამჭირდა ხალხის მხარში ამოდგომა.

ძილის წინაც ბევრჯერ გამხსენებია. ჩემთვის მიკითხავს - იქნებ უპატრონო, ობოლი ძაღლები, მთელი ცხოვრება რომ მეშინოდა მათი, სწორედ იმიტომ არიან გაავებულნი, რომ მარტო ძინავთ? იქნებ სხვისი ყურების ვნება, ეს პერვერსიული ვუიარიზმი, გამართლებული „კინემატოგრაფის სიყვარულით“, არის კიდეც უპასუხისმგებლობა და საკუთარი ცხოვრებით არსებობის უუნარობა? იქნებ არ უნდა დავუჯეროთ მამა-პაპათა რჩევებს, ესთეტ ბაბუებს, რომლებიც სიფრთხილისკენ და „ფეხსალაგების ხილვისკენ“ მოგვიწოდებენ?

ამიტომ ხომ არ გადმოვარდა ფანჯრიდან დელეზი? „იფილოსოფოსა“, „გაათავა“ და ისკუპა.

14 მწერლები

▲ზევით დაბრუნება


14.1 კუნძული და სხვა

▲ზევით დაბრუნება


ავტორი: აკა მორჩილაძე

0x01 graphic

© Bettmann/CORBIS

მართლის თქმა სჯობს, მეძინა: ასე ეუბნებოდა ქოსიკო ბაყბაყ დევს სპექტაკლში ჭინჭრაქა.

ჰოდა, მართლის თქმა სჯობს - ყველაზე მეტად რობერტ ლუის სტივენსონის „განძის კუნძულის“ პირველი ოთხი თავის კითხვა მიყვარს. შემდეგ ოთხსაც სიამოვნებით წავიკითხავ, მაგრამ პირველი ოთხის მიყვარს და სიამოვნება და სიყვარული ხომ სხვადასხვა რამ არის?

სამწუხაროდ, მე არცერთი ლექსი არ ვიცი ზეპირად, ვიცი სტრიქონები, რაღაც ნაგლეჯები და სრულიად უსირცხვილოდ, ლექსების თხრობას ვიწყებ ხოლმე, რაც იმის ბრალია, რომ ზეპირობა არასდროს შემეძლო და პატარაობისას მტანჯავდა ხოლმე, მერე კი, მგონი, ამ ყაიდის მეხსიერება საერთოდ დამიჩლუნგდა.

დიდი უცნაურობის წყალობით, ზეპირად ვიცი განძის კუნძულის დასწყისი. ალბათ იმიტომ, რომ ხშირად ვკითხულობდი და ძალაუნებურად დამამახსოვრდა. ახლაც შემიძლია დავიწყო, გინდა ქართულად და გინდა იმ ორ ენაზე, რომელიც ასე თუ ისე მესმის.

სკვაირმა ტრელონიმ, დოქტორმა ლივსიმ და სხვა ჯენტლმენებმა მთხოვეს მეამბნა ყველაფერი. ინგლისურად ძალიან მომწონდა ეს. სხვა ჯენტლმენებმა: აზა რესთ ოფ ჯენთლმენ.…

„განძის კუნძულის“ პირველი ინგლისური გამოცემა, ჩვეულებრივი, პინგვინის კლასიკისა, თბილისშივე ვიყიდე, ალბათ, ოთხმოციან წლებში. საუნჯეში შემოჰქონდათ ხოლმე პინგვინის წიგნები და კიდევ სხვა გამომცემლობებისაც. მოსკოვში და ლენინგრადში, ცხადია ეყარა, ჩვენთან კი, ალბათ, მოინგლისურეებს ჰქონდათ ასეთი წიგნები. ეს წიგნი აქამდე შემომრჩა.

ცოტა რომ ამ ჩვენს ქალაქს გავცდი, ისე გამოვიდა, რომ სადაც გადავაწყდებოდი, ყველგან ვყიდულობდი „განძის კუნძულს.“ ერთი ტურიკამაც კი ჩამომიტანა ამერიკიდან. ყველაზე მოულოდნელს, რა თქმა უნდა, ლონდონში გადააწყდები: ერთი ისეთიც მაჩუქეს, მოწაფისთვის რომ მიუციათ ჯილდოდ ოციან წლებში.

საერთოდ, ლექსების არ იყოს, ყოველგვარ კოლექციაში უსუსტესი ვარ. ეს კი, როგორღაც გამომდის, ალბათ, იოლია და იმიტომ.

მოდერნისტებს არ უყვარდათ სტივენსონი, არანაირად. მის წიგნებს დასცინოდნენ და წაკითხვის ღირსადაც არ თვლიდნენ. ის უფრო სხვანაირ ვინმეებს მოსწონდათ, ოღონდაც, ამის გარჩევა და გამორკვევა ახლა სრულიად არ არის საჭირო.

ეს იყო ძალიან სხვანაირი კაცი, სრულიად სხვანაირი, არაადამიანური ენერგიისა და თავგადასავლების და სიცოცხლის წყურვილისა, იმავდროულად კი, დაუნდობლად სუსტი ჯანმრთელობისა. ბავშვობიდანვე სუსტი ფილტვები ჰქონდა, იმ დროის სიკვდილის მომასწავებელი ავადმყოფობაც - ჭლექი სჭირდა. ორმოცდაოთხი წლისა გარდაიცვალა. ამ მცირე დროში მარტო წერა კი არა, იმდენი ცურვა და მოგზაურობა მოასწრო, რომ სხვას, ჯანმრთელს და ჯანიანს შეშურდებოდა.

მისი მოგზაურობები, ინტერესისთვისაც იყო და სიცოცხლისთვისაც.

სტივენსონი მთელი ცხოვრების განამვლობაში ეძებდა ადგილს, სადაც ჰავა სიცოხლეს გაუხანგრძლივებდა. მოდგმით, მამისა და დედის მხირდან ცნობილ შოტლანდიურ ოჯახებს ეკუთვნოდა: ედინბურგელი სტივენსონი იყო, შუქურათა ამშენებელი სახელგავარდნილი გვარიდან. დედის მხრიდან ბარონეტები, პოლიტიკოსები ჰყავდა. მისი ბაბუისა და მამის ნაშენები შუქურები დღესაც იქ დგას, შოტლანდიის წყლების კიდეებზე. შუქურათა აგების ოსტატობას ბავშვობიდანვე იცნობდა, ოღონდ, სრულიად არ მიუდიოდა გული. ამას სუსტ ჯანმრთელობას მიაწერდნენ, მამა წუხდა კიდეც ამის გამო. მამა იყო მკაცრი, ითხოვდა მროჩილებას და ღელავდა მისი ჯანმრთელობის გამო. მის გარდაცვალებამდე სიტვენსონს ერთხელაც არ გაუშლია ფრთა გემრიელად, თუმცა, თავგადასავლები მანამდეც ჰქონდა. ცალ ხელს გაჭირვებით ხმარობდა, მაგრამ საღი ხელიდან ყველაფერი გამოუდიოდა, ხეზე ხელოსნობაც კი შეეძლო. მისი ამბები გასაოცრად აქვს ჩამოთვლილი ჩესტერტონს პატარა ესეეში „განძის კუნძულის“ შესახებ. ედინბურგის უნივერსიტეტში სამართალს სწავლობდა, მაგრამ, ერთი დღეც არ უმუშავია ან ვექილად, ანდა რაიმე იურიდიულ საქმეზე. ახალგაზრდობიდანვე უყვარდა საფრანგეთში ყოფნა, იქაური რბილი მზე. ბიჭობიდანვე კითხულობდა ბევრს, როგორც ავადმყოფი ბავშვების წესია: ნამინისტრალმა ბაბუამ ბიბლიით დააწყებინა, მერე კი შექსპირის და „ათას ერთი ღამის“ ფანი შეიქნა, თვალი მიურბოდა ვალტერ სკოტისკენაც და საერთოდ, ეტყობოდა, რომ უნდა ეწერა და ეწერა.

სამგზავრო ჩანაწერები და ასეთი რამეები უთვალავი ჰქონდა, ავადმყოფობდა, ფიქრობდა და „განძის კუნძულიც“ აქედან გამოდნა.

წიგნს თავიდან სიქუქი, ანუ ხომალდის მზარეული ერქვა და ავტორის მითითების გარეშე დაიბეჭდა რაღაც ჟურნალში, რითაც სახელი და დიდება ვერ მოიპოვა. როგორც მახსოვს, ორი წლის შემდეგ გამოვიდა „განძის კუნძულის“ სათაურით და ავტორიც მითითებული იყო.

გამოვიდა და გამოვიდა, იმის შემდეგ აღარც დამთავრებულა.

ადრე დიდად ვერა ვხვდებოდი, მაგრამ ახლა რომ მკითხოთ, ამ წიგნის გარეშე ბიჭობა წარმოუდგენელია. განსაკუთრებით, პირველი თავების გარეშე.

ამ პირველ თავებს იმიტომ ვაწვები, რომ შემჩნეული მაქვს, სტივენსონს, თავის რომანებში დასაწყისები აქვს ძალიან მაგარი. სწორედ დასაწყისები, მერე თითქოს ტემპიც ვარდება და ფერებსაც ეჩვევი. დასაწყისები კი ისეთი აქვს (მოდი ფეხბურთს მოვიხმობ), შაბათ შუადღეს ენფილდზე რომ თამაში იწყება და მინდორზე რომ ლივერპული გამოდის კოპის ტერასების გუგუნში.

დიახ, დასაწყისები, სრულიად მოურიდებლად და ტკბილად შემტევი.

ეს ალბათ, მხოლოდ „მემამულე ბლანტრეს“ არ ეხება - იქ ყველაფერი ძალიან მაგარია.

მაგრამ, აბა, ნახე, რა უნდა დაგემართოს, როცა ჯერ კიდევ ბიჭი ხარ, დიდად ვერ მიმხვდარხარ, მაგრამ გრძნობ, რომ არსებობს რაღაც სხვა სამყარო, ვიდრე შენი სკოლისა და გარემოსი, რომლებიც, დიდად არც მოგწონს, არც გიზიდავს და არც გიყვარს. რა დაგემართება, როცა, რაღაცას გრძნობ, ის კი პირველივე გვერდზე წერს: იმ დროს ვუბრუნდები, როცა მამაჩემს ტრაქტირი ადმირალი ბენბოუ ჰქონდა და იქ კი ძველი, მზით დამწვარი მეზღვაური დასახლდა, რომელსაც ლოყაზე ნახმლევი აჩნდა.

რა მეზღვაური, რის ნახმლევი, სად ცხვორობ, როგორ მიდი-მოდიხარ ქუჩაში... თან საღამოა, სკოლაში უნდა წახვიდე.

გაკვეთილებზე ორი წიგნი მაქვს წაკითხული, უფრო ადრე „უთავო მხედარი“ და მერე კი - „განძის კუნძული“.

ის ლურჯყდიანი „განძის კუნძული“ აღარ მაქვს და ვერც ვერსად ვიშოვე. საუცხოო გამოცემა იყო, ძველებური ილუსტრაციებით, ქართული სათავგადასავლო ბიბლიოთეკის სერიისა, შავ ისართან ერთად. ის შავი ისარიც მაგარი იყო, რიჩარდ მესამეს რომ გადაეყრება დიკ შელტონი. მაგრამ განძის კუნძული, სრულიად სხვა ამბავია. მგონი, იმიტომ, რომ ეს იყო პირველი წიგნი, სადაც მოქმედი ადამიანები დავინახე.

დაინახავდი, აბა, რა, თვითონ წერს, დაინახავო. ჯიმ ჰოკინსი, შენი ტოლი ბიჭი წევს და იმ ცალფეხა მეზღვაურს წარმოიდგენს, რომლის შესახებაც თავისი მდგმური უამბობს. ხან ასეთს წარმოიდგენს, ხან ისეთს, ყველანაირად საშინელს. საოცრებაც ეს არის, რომ ამ წარმოდგენების შემდეგ, თვითონ შეხვედება და დაუმეგობრდება ამ ცალფეხა კაცს, ლონგ ჯონ სილვერს, რომლის პროტოტიპიც, ერთგვარად მაინც სტივენსონის ცალფეხა ძმაკაცი ყოფილა. მაგრამ ჯიმს ისე მოეწონება სილვერი, რომ ვერც კი აკავშირებს პირშავი მდგმურის მიერ აღწერილ სახიფათო და სისხლისმსმელ კაცთან.

ამიტომ, რა გასაკვირია, რომ შენც წარმოიდგინო.

ჯიმის გარდა, ყველას ვხედავდი. ალბათ, იმიტომ, რომ უმეტესად ჯიმი ყვებოდა ამ ამბავს და თან, ჯიმი უფრო შენი თავი გგონია. შენი თავისა კი, ისედაც იცი.

0x01 graphic

© Bettmann/CORBIS

სხვას კი, ეგრევე ყველას ხედავ და ყველაფერს. ბრმა პიუს, რომელიც საშინლად გაჰკივის სიკვდილის წინ. იმის კივილი ახლაც ყურში მაქვს, თუმცა, ეს ის კივილი არ არის, „განძის კუნძულის“ მიხედვით გადაღებულ ფილმებში რომ მოისმის პიუს როლის შემსრულებელთა ბაგეებიდან. ის პირველი კივლია, კითხვისას რომ ჩამესმა. არ მახსოვს სად, გაკვეთილზე თუ სახლში, მაგრამ კი ჩამესმა და... დიახ, ასეა, აბა, როგორ დაგავიწყდება ის ამბავი, ბილი ბონსის მოქნეული ხმალი რომ შავ ძაღლს ვერ მისწვდა და კვალი დატოვა ადმირალ ბენბოუს კარის ჩარჩოზე. ვერ ხედავ იმ ნახმლევს? რა თქმა უნდა, ხედავ. ანდა, როგორ ზის ლონგ ჯონ სილვერის დუქან ჭოგრიტში ბებერი მეზღვაური მორგანი და როგორ ჰყვება გემზე დასჯის ხერხების შესახებ.

ანდა ის, როგორ ამოხია ყმაწვილმა დიკმა ფურცელი ბიბლიიდან, რათა ზედ შავი ნიშნის ამბები დაეწერათ მეკობრეებს. ანდა, როგორ დასძახის კუნძულის მტებიდან ბენ განი შეშინებულ მეკობრეებს კაპიტან ფლინტის სიკვდილისწინა სიტყვებს:

- დარბი მაკგროუ, რომი,…რომი ჩამომისხი!…

ოჰ, ამ წიგნის მოყოლას ხომ არ დავიწყებ?

დავიწყე და ეგ არი.

- ფეხი იმ საქმეში დავკარგე, რომელშიაც პიუმ თვალები, - სილვერი რომ უყვება ღამით, ვაშლის კასრს მიყდნობილი…

ანდა, ფლინტი ექვს კაცთან ერთად რომ გადავა კუნძულზე განძის დასაფლავად და მარტო რომ ბრუნდება, ცისფერი თავსაფრით თავწაკრული, ის ექვსი რომ მარტოს გაუსაღებია. და თუთიყუში ფლინტი, სილვერის მხარზე?

სრულაიდ უკვდავი სურათი.

წიგნის ბოლო სიტყვები:

და ყოველთვის წამოვხტები ხოლმე, როცა ძილში ჩამესმის კაპიტან ფლინტის მჭახე ხმა:

- პიასტრები, პიასტრები პიასტრები!…

ქართულ თარგმანში რვიანები წერია. იმიტომ, რომ ინგლისურად ფლინტი ჭყივის: ფისიზ ოფ ეით. რვიანის ნაკუწებიო.

პიასტრს, ესპანურ ვერცხლის მოენტას სწორედ რვად ჭრიდნენ ხოლმე. ინგლისელები ამიტომაც ეძახდნენ რვიანს.

სიამაყით უნდა განვაცხადო, რომ ეს რვად დაჭრილი პიასტრიც მაქვს. მოდელი, რა თქმა უნდა. ამერიკაში ვიყიდე, ერთ პატარა მაღაზიაში, სადაც ჩემნაირი მანიაკებისთვის ასეთი მანიაკობებია გათვალისწინებული. კოლოფს ეწერა, სწორედ ის ფულია, განძის კუნძულის მკითხველებს რომ უყვართო.

არის რაღაც ბუტაფორიული ამ ამბავში, მაგრამ ბიჭობის დაბრუნებაც არის. იმ ბიჭობის, გარემოს რომ გაურბოდა და ვიღაცეებთან, არარსებულ ჯეილებთან რომ ცხოვრობდა.

დიახ, ასე ამბობენ საბავშვო მწერალიაო, საბიჭოო. აბა, იმ კაცს რა ეშველება, თუ რაღაცა არ დაურჩა იმ დროიდან. ისე, რა უნდა აკეთოს, სამსახურში იაროს, მოვიდეს, დაიძინოს, ანდა ტელვიზორს უყუროს და ხანდახან დათვრეს ხოლმე? იქედან თუ არ დაგრჩა, რის მაქნისი ხარ?

მეოცე საუკუნის ოციანი წლებიდან მართლა ასე იყო: სტივენსონი, რომელიც სიცოცხლეში უპოპუალარულესი ვინმე გახლდათ, თანდათან გაუჩინარდა, მეორეხარისხოვან ავტორად იქცა და ასეც ეძახდნენ სათავგადასავლო და საშინელებათა ჟანრის ავტორიო. ის ინგლისში სკოლებიდნაც გაქრა, ქრესტომატიებიდანაც და ათასი სხვა ადგილიდანაც. სამაგიეროდ, ის დიდ მწერლებს უყვარდათ, ისეთებს, რომლებიც ერთმანეთის ნაწერებს ვერ იტანდნენ: ვთქვათ, ნაბოკოვს და ჰემინგუეის, ანდა ბორხესს. ბევრგან შეხვდებით მის ხსენებას ამათ ნაწერებში.

ის მარადკითხვადია, თუმცა, მოგეხსენებათ, ასეთ კრიტერიუმებს ძნელად ცნობენ ხოლმე ნადვილი ლიტერატურის მიმდევრები. ეს, აბა, რა ჩემი სალაპარაკოა, მაგრამ, ისე, გამხსენდა.

საშინელებათა ჟანრს იმიტომ ახსენებენ ხოლმე, რომ მან დაწერა „მარკჰეიმი“, „ოლალა“ და კიდევ სხვა მოთხრობები, ასევე, განთქმული დოქტორ ჯეკილისა და მისტერ ჰაიდის ისტორია. მშრალად, ავად, საშინლად დაწერილი ამბავი კაცის გაორების შესახებ.

მერე, მშიგნავმა ჯეკმა რომ ამბები დაატრიალა აღმოსავლეთ ლონდონში, მგონი გამოძიების ვერსიები და საერთოდ, დღემდე პოპულარული ვერსიები ამ ჯერაც უპოვნელი მანიაკი მკვლელის თაობაზე, სწორედ დოქტორ ჯეკილის ამბავს ჩაება. ბოლო კინოვერსიაც კი, ძალიან ჰგავს ჯეკილის ამბავს. ამ საქმეში საინტერესო ისიც არის, რომ სტივენსონმა თავისი მოთხრობით ბარე ხუთ-ექვსი წლით დაასწრო მანიაკის საშიენლ ისტორიას.

ის მოფიქრალი კაცი იყო და ადამიანების ხასიათებისა ბევრი გაეგებოდა. ავადმყოფობათა შორის წერდა თავის წიგნებს და განუწყვეტლივ მოძრაობდა. თავისი ცოლი, ფანი საფრანგეთში გაიცნო და ეგრევე შეუყვარდა. ფანი გათხოვილი იყო, ამერიკაში ცხოვრობდა, იქით კიდეზე, სან-ფრანცისკოში. როცა განშორების ჟამი დადგა და ფანი წავიდა, სტივენსონმა ვერ გაუძლო და გაეკიდა. მამამისი ძალიან ბრაზობდა, უფრთხილდებოდა მის სუსტ ჯანს, მაგრამ, ეს მაინც გაეკიდა, არც კი უთხრა თავისანებს, რომ მიემგზავრებოდა. ნიუ-იორკამდე გემით მიცურა, იქედან მატარებლით გადასერა მთელი ამერიკა და სან-ფრანცისკოში ჩასული, უსახსროდ დარჩენილი, ლოგინად ჩავარდა. იქ კვდებოდა და ფანიმ მოუარა.

მერე ისინი დაქორწინდნენ. ნაწერებით სტივენსონი იმდენ ფულს კი შოულობდა, რომ თავისთვის სასურველი ადგილი ეძებნა. მამა რომ გარდაიცვალა, უფრო თამამად იწყო ზღვათა სერვა და ერთხანს ამერიკაში დაიდო ბინა, მერე კი წყნარ ოკეანეს შეუტია: ჰავაის მეფეს დაუმეგობრდა, იქაც იცხოვრა, კუნძული არ დატოვა, არ მისულიყო და იქაური ჰაერი არ ესუნთქა. ნაქირავები იახტა ჰყავდა და ეძებდა ადგილს, სადაც არ მოკვდებოდა, ასე გაჩერდა სამოაზე, სადაც მიწა იყიდა და დასახლდა კიდეც. იქავე მოკვდა, თურმე ღვინის ბოთლს ხსნიდა და უცებ წაიქცა: რა მომივდაო, იძახდა, რატომ წავიქეციო.

ფოტოებზე ძალიან ავადმყოფური იერი აქვს. იმ სამოურ ფოტოებზე არის დაღლილი, გალეული და ამოწეული ყვრიმალებით. დღევანდელი საზომით, ძალიან ახალგაზრდა გარდაიცვალა.

დიდი არაფერი პოეტი იყო, სიმართლე რომ ითქვას, მაგრა ჯიგრული ბალადები კი გამოუდიოდა. მე ერთადერთი მახსოვს, „მანანის ლუდი“. აჰა, მივადექი ისევ ლექსების შინაარსების მოყოლას. პირდაპირ გასკდები სიცილით. შოტლანდიელებმა რომ პიკტები გაჟლიტეს, ორი პიკტი გადარჩა, მამა და შვილი და მეფემ მათ უბრძანა მანანის ლუდის საიდულოს გათქმა: მამამ თქვა, შვილის მეშინია და მოკალითო და როცა მოკლეს, მეფეს შესცინა, ახლა აღარ მეშინია, რომ ყმაწვილი გატყდება და სიდუმლოს გათქვამსო და კლდიდან გადაეშვა. რატო ვყვები და სტივენსონმა იცოდა ასეთი რამეების გემო და რახან იცოდა, სწორადაც ყვებოდა. ერთ-ერთი სწორად მთხრობელი კაცია, მე თუ მკითხავთ. უბრალოდ, კარგად კი არ ყვებოდა, არამედ სწორად. არა ისე, რომ დიდოსტატურად და გენიალურად, არამედ, სწორად. მგონი, მე თვითონაც სწორად ვერ ვთქვი, რას ვგულისხმობ ამ სწორად მოყოლაში.

აი, მოთხრობა აქვს „სახლი დიუნებზე“. ისეთი სიჩუმე, იქ რომ არის, საერთოდ არ ვიცი. ბნელი ამბავია, იტალიელი კარბონარიები და მთელი უბედურება. სიჩუმე კი განუმეორებლად ავისმოამსწავებელი. ყოველი ხმა რაღაცას ნიშნავს.

ჯონ სილვერს მივუბრუნდეთ, იმიტომ, რომ სტივენსონს კარგად გამოსდიოდა ასეთი უარყოფითი მომხიბლველობის გმირები. უფროსი ბალანტრეც ასეთი არ არის? კიდევ სხვანიც.

ეს ხალხი არასდროს დაგავიწყდება. არის ხოლმე ასე, ბევრი მწერალია, რომ რაღაც გამოუდის საუკეთესოდ, რაღაც ერთი, რასაც ალბათ, თვალდახუჭული აკეთებს. მაგალითად, დიკენსის პატარა პერსონაჟები, ანდა, ო'ჰენრის ნაღველი. ისინი თვალდახუჭულები აკეთებენ ამას, სრულიად ინსტინქტურად. მგონი, სიტვენსონის მთავარი და საუკეთესოც ეს უარყოფითი მომხიბლველობა იყო.

რა თქმა უნდა, ყველაფერი ერთნაირად არ გამოუდიოდა. ზოგჯერ ხედავ, როგორ იწელება ამბავი, როგორ ვერ ტრიალდება რაღაც, მაგრამ მას პატარა მხსნელები ჰყავს, რომლებიც უცებ გადაარჩენენ ხოლმე ისტორიას. „განძის კუნძულში“ ასეთი მხსნელი, ბენ განია. აბა, რა იქნება იმ კუნძულზე ყოფნა ბენ განის გარეშე?

ასევეა „შავ ისარშიც“, სადაც არლბასტერი გამოჩნდება. ასევეა ბევრგან. „დევიდ ბელფურშიც“. ოღონდ, სტივენსონის საუკეთესო წიგნი მაინც „ბალანტრეა“. „განძის კუნძული“ განუმეორებელი რამ არის, იმას ნამდვილად ვერ დავთმობ, მაგრამ „ბალანტრე“ ნამდვილი ოსტატობაა. რაღაცნაირად, თითქოს ცოტა სიტყვებია იმსისქე წიგნში.

დერისდირელი ორი დიური ერთად ცხოვრობდა კოშკში, ერთი დაურჩა მამულს პატრონად, ერთიც წავიდა ომში.. ასეთია სტივენსონის მოგონილი ხალხური ლექსი ორი ერთმანეთის მოძულე ძმის თავგადასავალს რომ იწყებს. ერთი სწორედ ის უარყოფითი მომხიბლველობაა, მეორე წესიერება, პატიოსნება, მაგრამ რაღაცნაირი უფერულობა და სიპატარავე. ჰოდა, გადასწვედება მთელს მათ სიცოცხელს ურთიერთქიშპი და ბრძოლა. რაღაცით შექსპირს ჰგავს, რაღაცით მატიანეს, რაღაცით მკაცრია. ფერები, რომლებიც ამ წიგნიდან გამოგყვება, მხოლოდ რუხია და შავი. აჰ, თოვლში დადგმული ფარნის შუქზე რომ ებრძვიან ერთმანეთს ხმლებით. თითქოს ყოველთვის ერთი იმარჯვებს, თითქოს ყველაფერი უნდა დაწყნარდეს. რა დააწყნარებს? კაცი მკვდარია და ცოცხლდება. კიდევ მკვდარია და კიდევ ცოცხლდება. კიდევ მკვდარია და კიდევ ცოცხლდება.

თითქმის ისევე, როგორც თვითონ სტივენსონი.

სამწუხაროდ, არ ვიცი, არის თუ არა „ბალანტრე“ ქართულად. მე არ შემხვედრია. არის „განძის კუნძული“ და „შავი ისარი“, რომელიც დაახლოებით ათ წელიწადში ერთხელ გამოიცემა ნაირგვარი ხარისხის ყდებით. თარგმანი, რა თქმა უნდა, ძველია და ტკბილი, როგორც სხვა ძველი თარგმანები. თუმცა, როგორც მახსოვს, ამ წიგნებში ჩართული ლექსები ცოტა მოუხერხებლადაა თარგმნილი.

ახლა რომ გადაიკითხავ, რაღაცნაირი ხიბლი მაინც აქვს.

ჯონი ყველას-მოსარჩლეს ლექსი მგონი ასეა: „მე მქონდა ოთხი შავი ისარი და ოთხი დარდით ვიყავ მოსილი, ერთი ვისროლე გავხარჯე კარგად, ბებერ ეპლიარდს მოვარტი მაგრად.“

მეტს მე ვერ ვიმახსოვრებ და…ბალანტრე რუსულადაა. საერთოდ, რუსულად სტივენსონი ბევრნაირი არსებობს.

ყველაზე კარგი და ტევადი, ხუთტომეულია, რომლისაც, თუ არ ვცდები, ორი გამოცემა არსებობს: ყავისფერი და ლურჯი. მშვენიერი გამოცემებია, განთქმული ბროდსკის ილუსტრაციებით, მაგარი კომეტარებით, როგორც რუსებმა იცოდნენ ხოლმე კომუნისტების დროს. ყავისფერი, უფრო გვიანდელია, მე კი ლურჯი მაქვს. სულ დაფანტულია, თაროში არ დევს, ხან სად ვიპოვი, ხან სად. რატომაა ასე, არ ვიცი, მაგრამ ასე კია და, გაუგე. წიგნების გადაადგილება, ხომ გვარიანად უცნაური ამბავია.

ერთი ჩინური წიგნი მაქვს წაკითხული, მგონი მესამე საუკუნისა, იქ მთების გადაადგილებაა აღწერილი. ისე კოხტად და ისეთი საბუთების მოხმობით, ეს მთა დაიძრაო და იქ მივიდა და დადგაო, რომ რა გასაკვირია, თუ წიგნები გადაადგილდნენ? მით უმეტეს, ისეთი კაცის წიგნები, რომელიც სულ გადაადგილდებოდა და როგორც ისპანიოლას ეკიპაჟი მიცურდა ჩონჩხის კუნძულთან, საბოლოოდ, ეს ტანჯული კაციც ისე მიცურდა ერთი კუნძულიდან მეორესთან.

იცით რა არი?

იმდენი კი ვიცი, რომ ლიტერატურაში მას რევოლუცია არ მოუხდენია.… მოკლედ, სხვა რამეს ვამბობ. სტივენსონი რას აკეთებს, როცა ბიჭი ხარ? მას მადლობა იმისთვის ეკუთვნის, რომ ფერები მოგცა. გამოაღვიძა თავგადასავლების წყურვილი, რომელიც ისედაც აქვს თვით ყველაზე მოდუნებულ ბიჭს. რაღაცნაირი, სასიამოვნო შიში დათესა და შენი ქალაქის ნაცრისფერი და უნდო ქუჩები გააქრო. გააქრო ოდესღაც, მაშინ, როცა ეს ყველაზე მეტად იყო საჭირო და ისე გააქრო,რომ ის ქუჩები დღემდე აღარ დაგინახავს.

საინტერესო კი ის იქნებოდა, ორმოცი წლისას რომ პირველად მეპოვნა „განძის კუნძული“ და წამეკითხა. ნეტავ რა იქნებოდა? მგონი სადღაც, უკან დავბრუნდებოდი. სხვისი არ ვიცი და მე კი. ის უკან, ურიგო სულაც არ იქნებოდა.

სტივენსონი ჯადოსნური სულაც არ არის, რომ ეს დაბრუნება ჯადოსნური და ფერადოვანი ყოფილიყო, მაგრამ რაღაც სინანულს კი გააჩენდა. მგონი, იმის სინანულს, რომ აგე, ამ ხნისა მოვყრილვარ და სხვანაირად ფიქრი კი ვერ ვისწავლეო.

0x01 graphic

მე კიდევ, ისე დამამხსოვრდა ის „განძის კუნძული“, რომ სადაც არ მივადგები რაიმეს წერას, აუცილებლად შემახსენებს ხოლმე თავს და ვიწყებ მისი ამბების ჩაწერას საკუთარ წიგნებში. ხან ისე, ხან ასე: გადაკეთებულად, გადმოკეთებულად, სახელების გამოცვლით, შეძახილების გამოცვლით, მაგრამ ეს ამბები შემომეპარებიან ხოლმე. შეიძლება ეს სისულელეა, მაგრამ მე რატომღაც მომწონს. უკვდავი ამბებია და თავს ეგრე იოლად ვერ ვანებებ.

ახლა რომ ცამეტი წლის ვიყო, გამიხარდებოდა.

15 პირადი ენციკლოპედია

▲ზევით დაბრუნება


15.1 პოეტი

▲ზევით დაბრუნება


ავტორი: აკა მორჩილაძე
ილუსტრაცია: გიორგი მარი

0x01 graphic

ერთხელ აგარაკზე ვიყავი. ვერანდაზე ვიჯექი, როგორც წესია: ძილ-ღვიძილში. ფეხები მოაჯირზე შემომეწყო და გავცქეროდი მდინარის გაღმა მთებს. დიდს კი არაფერს ვფიქრობდი, რაიმე განუმეორებელს, უბრალოდ, აგარაკის ამბავია, წიგნს რომ კითხულობ და რო გეძინება, წიგნი რო გამოგიცურდება ხელიდან.

უეცრად, ვერანდაზე ამოვარდა მთლად გაოფლილი ყმაწვილი კაცი, რომელიც ოცდაერთი წლისა აღმოჩნდა. მან ადგილობრივი აქცენტით მითხრა, რომ ადამიანები სიყვარულსთვის არიან გაჩენილნი და რომ, მას ეჯავრება ჩხუბი, უნდობლობა და ყველანაირი ასეთი ამბები. ძალიან ღელავდა. აღმოჩნდა, რომ გაღმა ცხოვრობს, ათიოდ დღის წინ კი, სიზმარში ეშმაკს სძლია. ყოველგვარი ხუმრობის, ანდა ირონიის გარეშე მოგახსენებთ ამ ამბავს, ვინაიდან ძილ-ღვიძლიში ვიყავი და აბა, ასეთი შემოტევა როგორ უნდა დამეფასებინა. თანაც, სრულიად დაუსაბუთებლად მეფისტოლა კაცი მიწოდა და ამის შემდეგ მისი ლაპარაკი კარგახანს აღარ მესმოდა. ყმაწვილ კაცს გიზო ერქვა და იშვიათად მიანხავს ასეთი კეთილი ადამიანი. საერთოდ, ამ ხნის ყმაწვილკაცის პირიდან ასეთი სიტყვები არ გამიგონია. სულ რაღაც ამპარტავნების და ბრაზის სიტყვები აქვთ ხოლმე.

მოსარიდებელი მხოლოდ ის იყო, რომ ის დაუყოვნებლივ აპირებდა ხალხში გასვლას და ამ კაცთმოყვარული ამბის გავრცელებას. ძალიან კეთილი იყო, წარმოუდგენლად. ოღონდ, დიდხანს აღარ გაჩერდა, ლექსი წაიკითხა, რომელიც მე, დაბნეულობისგან ვერ გავიგონე და ვერც დავიმახსოვრე და ისევე მოულოდნელად გაიქცა, როგორც ამოვარდა ვერანდაზე.

ის ორი საათის შემდეგ დაბრუნდა, ასევე მოულოდნელად. ისევ ვერანდაზე ამოვარდა და თქვა, რომ არავისთვის გულის ტკენას არ აპირებს და კიდევ სურს ერთი ლექსის თქმა. ლექსი შეყვარებულის შესახებ იყო და ისეთი გულით წარმოსთქვა, რომ სიტყვებს საერთოდ არ ჰქონდა მნიშვნელობა. მოკლე ლექსი იყო, სწორედ ისეთი, როგორიც მისი მოსვლები და წასვლები. კვლავაც რომ წავიდა სწრაფად, სწორედ მაშინ ვიფიქრე, მგონი სიტყვებს არანაირი მნიშვნელობა არა აქვს-მეთქი.

საღამოსპირზე ის ისევ დაბრუნდა, ვერანდაზე ამჯერად ქალაქიდან მოსული მეგობრებიც ისხდნენ. ისევ აქ მირჩევნია ყოფნაო, თქვა, მაგრამ დიდხანს დამჯდომი ნამდვილად არ იყო. ეს დავატყვე და ქვემოთ ჩავიხმე, იქ ვილაპარაკოთ-მეთქი. ხოო, იმიტომ მოვედიო, რომ ეხლა შინ გადავედი და ლექსი დავწერეო, ოღონდ, ფურცელი არ მქონდაო და ვეფხისტყაოსნიდან ამოვხიე და იმაზე დავწერეო. ამიერიდან, ვეფხისტყაოსნიდან ფურცელს აღარ ამოვხევო. კარგი-მეთქი, მოგცემ ფურცლებს, ეგრე ყველა წიგნს დახევ-მეთქი. არაო, წიგნები კი არა მაქვს ბევრიო. იმის თქმა მინდაო, რომ მართლაცდა, ნაადრვია ცოტა ხალხში გასვლა, ჯერ ჩემს გარშემო უნდა ვთესო სიკეთეო და წამოხტა, გასაქცევად გაემზადა. ჭიშკრამდე მივყევი, იქით განთება არ არის და სანამ გზაზე გახვალ, ეგებ ფეხიც მოიტეხო იმ ოღროჩოღროებში-მეთქი. არაო, ვიცი აქაურობაო, ამის მეტი რა ვიციო და ვაიმეო, ლექსი კი დამრჩა ვეფხისტყაოსნის ფურცელზე დაწერილიო. კარგი-მეთქი, ამ ღამეში ნუღარ იბოდიალებ, ხვალ მოიტანე-მეთქი. თუმცა, რომელი იმის შემფასებელი და წინ წამწევი მე ვიყავი. საერთოდ, პოეზიაში ძნელად კი ვხვდები, მაგრამ…ეხლა იმის ლექსები რაღა ვიცოდი, უბრალოდ, სამოყვარულოს გავარჩევ პროფესიულისგან.

წავიდა და წავიდა, მეო, ყველგან სიმართლე უნდა ვილაპარაკოო. ეგ არ ქნა-მეთქი, კი ვუთხარი, ცოტ-ცოტა ილაპარაკე, დანარჩენი სიმართლეები სულ შენთვის გამოგადგება-მეთქი და დამეთანხმა, მართალიაო. იმისი არ იყოს, რო მივრბოდი ხალხში სიკეთის სათესად, ჯერ ადრეა, ბიჭი ვარ, ვინ დამიჯერებსო.

წავიდა და წავიდა.

არც მეორე დღეს მოსულა და იმის მერე კიდევ, აბა, რამდენი ხანი გავიდა.

კი მოვიკითხე, მაგრამ ხეირიანი ვერაფერი დავადგინე.

0x01 graphic

მეორე პოეტი - მისი ნახვა უფრო გულსაკლავი იყო ჩემთვის. კიდევ უფრო გულსაკლავი. თანაც, ის არასდროს მინახავს. ჩემმა ცოლმა რვეული მოიტანა.

თოთხმეტი წლის უსინათლო ბიჭის ლექსები. მაშინ კიდევ ერთხელ ვიფიქრე, რომ სიტყვებს ასევე არა აქვს მნიშვნელობა. უბრალო, უეშამკო, სადა სიმღერებია, რაღაც ხმები, რომელთაც არასდროს დაბეჭდავენ რომელიმე ჟურნალში, რადგან ჟურნალებში ხმებს არ ბეჭდავენ. პოეზიისა ბევრი არაფერი გამეგება, მაგრამ ამ ხმებმა, სრულიად ჩვეულებრივმა ხმებმა, რაღაცით დამაინტერესა. ალბათ, იმიტომ, ვიფიქრე, ყველა ხმას აქვს არსებობის უფლება-მეთქი.

მესამე პოეტი - ადრე დილა იყო და საელჩოში მივდიოდი საბუთების ჩასაბრებლად. იქ, მოგეხსენებათ, სისხამზე უყვართ საქმეების კეთება. გამოვედი და ბაღთან გაჩერებულ წითელ ტაქსიში ჩავჯექი. მივდიოდით მშვიდად, საელჩო პირდაპირ ქორთიარდ მარიოტის შენობაშია. რო გავედით რუსთავლეზე და ჩვენო, ხო სკოლელები ვართო, მძღოლი მეუბნება. ადრევე ვიცანი, ჩემზე ერთი ოთხი კლასით წინ იყო. კი-მეთქი. ორ წინადადებაში, ძალიან იოლად აღწერა თავისი სულიერი მდგომარეობა და ბოლოს მითხრა, ლექსებს ვწერო, ძალიან მეწერინებაო. მაგას რა სჯობს, წერის საქმე ზუსტად ეგრეა, უნდა გეწერინებოდეს, აბა ძალით, რა გასართობი ეგ არის-მეთქი. ისეთი გულით ამბობდა, რომ ხმაც შეეცვალა. ამასობაში კიდევ მივედით და მითხრა, აქა მაქვს ლექსებიო, მანქანაშიც ვწერ ხოლმეო და წაიკითხე, რო გადავწყვიტო, გამოვაქვეყნო, თუ არაო.

ღმერთო, მე როგორ უნდა გადავწყვიტო-მეთქი, ვიფიქრე. დღეს ხო როგორც გინდა, ისეა, სულ ცოტა ფულს თუ მოუყრი თავს, წიგნსაც გამოსცემ. მოიტა-მეთქი, მოედანზე კი, აბა, სად გააჩერებ? ავუხვიეთ კიროვის ქუჩაზე, შევაყენეთ კუთხეში და ღია მწვანე ფერის რვეულიც ამოიღო საბარგულიდან. ვკითხულობდი, ის კი იჯდა და ეწეოდა.

ბოლოს ვუთხარი, ჯიგრული ლექსებია-მეთქი. მართლა ძაან პატიოსანი კაცის ლექსები იყო და წიგნის გამოცემის ამბავიც ვუთხარი, ასე ხდება, ოღონდ, ლექსები ისედაც ცოტა იყიდება მთელს მსოფლიოში-მეთქი. გაყიდვა არ მაინტერესებსო, რო გადაშლიან, იტყვიან, იცის ლექსების წერა, თუ არა, ამის გაგება მინდაო.

არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა, იცოდა თუ არა ლექსების წერა. რაღაც წავიბურტყუნე ტექნიკაზე და უფრო თამამად ვუთხარი, მთავარია, რომ რაც აქ წერია, კარგი და ადამიანურია, იმას იქით კი სხვა რამეა-მეთქი. კარგიო, გავიგეო.

ასე დავშორდით.

იცი რა არის? ლექსებს ისედაც ვერ ვიმახსოვრებ, მაგრამ არც მაგას ექნებოდა მნიშვნელობა, მთავარია, რომ ადამიანები დამამახსოვრდა.

კარგი იცით რა იყო?

ჩვეულებრივ, ჩვენნაირ ადამიანებს რომ ყოყმანის უნარი აქვთ და ფიქრობენ, ეგებ სულაც არ ვარ მართალი, მოდი სხვასაც ვკითხავ, რა არის და როგორო. მთავარში მართლები არიან, მაგრამ მთავარს იმდენი წვრილი ძაფი მოჰყვება ხოლმე, რომ, მერე შეიძლება, კარგი არაფერი დარჩეს ამ წრფელი ამბებიდან. ბევრი არაჩვეულებრივი ადამიანი კი სრულიად თამამად წაიკითხავს ხოლმე თავის ლექსს ტელევიზორში, ან სადმე. ისეთ ლექსს, როგორებიც იმ ტაქსიში წავიკითხე, ანდა ვერანდაზე ვისმინე. პოეტებზე კი არ ვამბობ, ჩვეულებრივ არაჩვეულებრივ ადამიანებზე, რომლებსაც რაღაც მომენტში ის ემართებათ, რაც აგერ, აქ დავწერე: წერის სურვილი უჩნდებათ. ეს სრულიად გადასარევი რამაა, მაგრამ არა არაჩვეულებრივი. ეგრე, ბაბუაჩემის მამაც წერდა ლექსებს და სახლშიც მაქვს უშველებელი რვეული, იმის ხმამაღლა კითხვას ხომ არ დავიწყებ, თვითონაც არასდროს წაუკითხავს ხმამაღლა, როგორც ბაბუაჩემი ამბობდა. ხმა ისედაც მესმის. მთავარი ხომ ამ შემთხვევაში. სიტყვები და პოეზია არაა, არამედ ხმა.

0x01 graphic