The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ნიკო სამადაშვილი


ნიკო სამადაშვილი


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
თემატური კატალოგი სტატიები სხვადასხვა ჟურნალებიდან
საავტორო უფლებები: © შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება



1 * * *

▲ზევით დაბრუნება


1963 წლის 1 მაისი იყო. ბელინსკის ქუჩის მტვერში ვიღაც უცნობი კაცი ეგდო. თავდაპირველად მთვრალი ეგონათ. კი ჰქონდა მსმელის გარეგნობა: ღაჟღაჟა, მელოტი, კეფიდან სასოებით წამოვარცხნილი თმის ორი ღერით, ჩამრგვალებული მუცლით... უცნობი ვერ ლაპარაკობდა, მხოლოდ დროდადრო უმწეოდ ახელდა ცისფერ თვალებს... ვიდრე გამვლელმა, დემონსტარციიდან წამოყოლილი დროშა კედელს მიაყუდა, უცნობის გულის ჯიბიდან პირადობის მოწმობა ამოიღო და წაიკითხა: „ნიკოლოზ მიხეილის ძე სამადაშვილი, ბუღალტერ-რევიზორი“, მერე ჩაილაპარაკა, - ამას კაი ფული ექნება ნაშოვნიო, - და გზა განაგრძო.

ნიკო სამადაშვილი იმავე დღეს გარდაიცვალა საავადმყოფოში. სახლში რომ მოასვენეს ოჯახში სულ ოთხი მანეთი აღმოაჩნდათ.

ერთი შეხედვით თითქოს სწორედ ასე პროზაულად უნდა დამთავრებულიყო ცხოვრება ბუღალტერ-რევიზორისა ღვინოში რომ ახრჩობდა თავის დარდსა და ვარამს თავის ობოლ ბავშვობას თავის პირველ სიყვარულს, თავის მუხთალ ბედს, თავის ვერნაპატრონე ნიჭსა და გაცრუებულ იმედებს რომ დასტიროდა. და მხოლოდ რამდენიმე ადამიანი გარშემოთაგან ხედავდა მწარე უსამართლობას მის სიკვდილშიც და მის ცხოვრებაშიც, სასჯელის სახეობად რომ აღექვა თვით ნიკო სამადაშვილს და უკანასკნელ წუთამდე ვერ მოეძებნა ამ სასჯელის პირველმიზეზი...

ეს ადამიანები მისი ლექსების რვეულის პირველი მკითხველები იყვნენ. იმ რვეულისა, ოთხ მანეთთან ერთად რომ დაუტოვა ოჯახს უკანასკნელ მაგრამ უკვე მარადიულ გზაზე მიმავალმა ნიკო სამადაშვილმა.

გადავშალოთ ეს რვეული, დღეს უკვე ჩვენი საკუთრებაც რომ გახდა და თუ მოვინდომებთ ნიკო სამადაშვილის „ქერქგადაგლეჯილი“ გულის სიღრმეში ჩახედავს, ეს საოცარი პოეტი მისივე თვალით დავინახოთ:

შენ ჩემში უსტვენ ვით საყდრის ჩიტი, შენა ხარ ჩემი ნუგეშის დარი სულ კარგად მახსოვს, შენ რომ გამოჩნდი, გარეთ ძაღლივით ყმუოდა ქარი. ვერ გიპატრონე მე ლაზღანდარამ, შენ სხვა მხევალი უნდა გყოლოდა, ზეცა სივრცეებს აზანზარებდა და მზე ყვიროდა ქვეყნის ბოლოდან. შენ გადარებდნენ ბინდების ჭრიჭინს, თუმცა სულ მუდამ ტოტს გცემდა ქარი, ავადმყოფობა ეგონათ, ბიჭობ ლექსები ტანზე გამონაყარი.

ამ სასოწარკვეთილი გაბედულებით თავისი თავისადმი მიძღვნილ ლექსს ასეც ჰქვია - „ნიკო სამადაშვილს“.

და მაინც, ისე მგონია, რომ ნიკო სამადაშვილის მთავარი სატკივარი მის გაორებულ ცხოვრებაში კი არ იყო, მის გაუმზეურებელ ტალანტში არამედ უფრო შორიდან, მისი ბავშვობიდან მოდიოდა და მთელ მის შემდგომ უიღბლობაში მოსიმის ობლის ბალიშში ჩაგუდული ბღავილის გამოძახილი...

ნიკო სამადაშვილი 1905 წლის 19 ივლისს დაიბადა სოფელ ხიდისთავში, გორის მახლობლად. სამი წლისა არ იყო, მამა რომ გარდაეცვალა. დედამ ხელი დაავლო უმცროს ქალიშვილს და ბაქოში გადასახლდა, სადაც ხელმეორედ გათხოვდა კიდეც. პატარა ნიკო კი ბებიის, - „ძალო ეკატერინეს“ ამარა დარჩა.

მიტოვებული შვილის გაუნელებელი ტკივილი შეუხორცებელ იარად დაემჩნა ნიკო სამადაშვილის მთელ ცხოვრებას:

... ბავშვი ობოლი, თოთო, საწყალი, გუშინ კარდაკარ ეძებდა დედას.

თავის არსებობას ნიკო სამადაშვილი რაღაც ერთიან მსხვერპლშეწირვად აღიქვამდა, სადაც განგებას მისთვის სწორედ ზვარაკის როლი განემზადებინა:

აქ შეგეწირე ნეტავი, დედავ, თავი დამედო და დაგეკალი, ალბათ, ოდესმე წესს ამიგებდა, შავი ღრუბელის ცივი წინწკალი.

ბავშვობიდან გამოყოლილი ცხოვრების შიში, სურვილი ვისმე კალთას ამოფარებისა, „ქვეყნიერების დაგებულ კაკანათს“ რომ გადაურჩეს, ეს შიში, ჭოტის კივილით რომ იწყება და კივილითვე რომ მთავრდება, კაცს თუ დასჩემდა, მას ვეღარაფერი იხსნის. ცოტა ხნით შველა ღვინოსაც შეუძლია, ქალსაც, ლექსსაც, ალბათ, ვარსკვლავიანი ცის ცქერასაც, თუკი ვარსკვლავებს „მარადისობის ჭუჭრუტანებად აღიქვამ, ცხადია.

ობლობის სუსხმა ბავშვის გულის გახევება თუ ვერ მოასწრო, მისთვის მომადლებული შვილობრივი სითბო ვისმე ღვთისნიერს ერგება: ასეთი შვილობრივი გრძნობით უყვარდა ნიკოს თავისი აღმზრდელი „ძალო ეკატერინე“ და შემდგომში კი - მისი მფარველი, უფროსი მეგობარი და მასწავლებელი ერეკლე ტატიშვილი.

ნიკო სამადაშვილის ცხოვრება პარადოქსებითაა აღსავსე: ხომ ყველაფერში უკუღმა ტრიალებდა მისი ბედის ჩარხი, მაგრამ გორის1920 წლის საშინელი მიწისძვრა მაინცდამიანც მისთვის აღმოჩნდა იღბლიანი. სასწავლებელი, რომელშიც ნიკო გორში სწავლობდა მიწისძვრამ დაანგრია და მოწაფეები სწავლის გასაგრძელებლად თბილისის გიმნაზიაში გადმოიყვანეს. სწორედ აქ შენიშნა იგი ერეკლე ტატიშვილმა.

„სამადაშვილი, როგორც პოეტი, ერეკლე ტატიშვილის აღმოჩენაა, - იგონებდა აწ განსვენებული პროფესორი გაიოზ იმედაშვილი, - ... ჩვენი მასწავლებელი, მოძღვარი და მეგობარი ერეკლე ტატიშვილი დაბეჯითებით გვიმტკიცებდა, რომ სამადაშვილი არის დიდი პოეტი და საყურადღებოა არა მხოლოდ საქართველოს მასშტაბით. ამის გაზიარება მაშინ მიახლოებითაც კი შეუძლებლად მიგვაჩნდა. დრომ გვაჩვენა, რომ ეს დიდი აღიარება უსაფუძვლო არ ყოფილა“.

ნუ დავივიწყბთ, რომ აქ ოციანი წლების დასასრულზეა ლაპარაკი: ამ დროისთვის ნიკო სამადაშვილი ავტორია სულ რამდენიმე ლირიკული ლექსისა, რომლებსაც განდობილთა ვიწრო წრეში კითხულობს: გამოქვეყნებული კი ორადორი ლექსი აქვს გორის რაიონულ გაზეთში „წითელი ქართლი“ - ერთი ლენინზე და მეორე წითელ არმიაზე.

რა იყო აქ მეტი? ოცი წლის ყმაწვილის რევოლუციური ილუზიების ანარეკლი, თუ ფარული პატივმოყვარეობით ნაკარნახევი სურვილი თავისი გვარისა და სახელის გაზეთში ხილვისა? თუ ერთიცა და მეორეც? ასეა თუ ისე მიამიტური სტრიქონები „წითელი ქართლიდან“ კიდევ ერთხელ შეგვახსენებენ რაოდენ საფრთხილოა ერთი ზედაპირული შთაბეჭდილებით პოეტის ნიჭისა და მომავლის განსჯა.

მით უფრო დასაფასებელია ერეკლე ტატიშვილის ინტუიცია და ის დაბეჯითება, რომლითაც იგი თავის უმცროს მეგობარს ლექსების გამოქვეყნებისაგან თავის შეკავებას ურჩევდა. როგორც არჩილ სულაკაურმა გაიხსენა ერეკლე ტატიშვილის სიკვდილის შემდეგ ნიკოს მაინც უცდია გამოექვეყნებინა თავისი ლექსები მაგრამ უშედეგოდ...

ის ლექსები რომელთა დაბეჭდვაც ნიკო სამადაშვილს ასე ეწადა მხოლოდ ავტორის სიკვდილის შემდეგ გამოქვეყნდა - გაზეთ „ლიტერატურულ საქართველოში“ 1967 წლის 28 ივლისს. წინათქმა ეკუთვნოდა თამაზ ჩხენკელს, რომელმაც საზოგადოდ, ბევრი რამ გააკეთა იმისათვის, რომ ქართველ მკითხველს გაეცნო და გაეთავისებინა ეს უჩვეულო პოეტი.

ერეკლე ტატიშვილის სიფრთხილე დღეს სავსებით გასაგები ხდება: იგი ხომ სხვაზე უკეთ ხედავდა, რომ სამადაშვილის პოეზიის მაგნიტიზმი პარადოქსულად უკავშირდებოდა მისივე მინუსებს - ლიტერატურული ტრადიციიდან განდგომას, პოეტიკის კანონების არცოდნას თუ არაგათვალისწინებას, რაღაც იშვიათ სიჯიუტეს,რომლის გამოც ნიკო ერთხელ უკვე დაწერილ ტექსტს აღარ უბრუნდებოდა...

როგორც ეტყობა, ერეკლე ტატიშვილს ეშინოდა რომ სამადაშვილის თვითმყოფადობა, ველური წარმოსახვა და განცდის სიმძაფრე უთუოდ დაოკდებოდა და ქვეცნობიერად მაინც აღიარებული ლიტერატურული კალაპოტისაკენ წარიმართებოდა, ნიკოს თავისი ლექსებისათვის მომავალი რედაქტორების თვალით რომ დაეწყო ცქერა. სხვათაშორის, ორიოდე მისი საიუბილეო ოდის სწორედ ამგვარი „გაშალაშინება“ დღეს გაცილებით უფრო გეუცხოვებათ, ვიდრე ის ყურისმომჭრელი და გაუმართავი სტრიქონები, კოჟრად რომ ემჩნევა სამადაშვილის არაერთ ლექსს.

ეს პრეტენზიები იმწამსვე გავიწყდებათ, როდესაც ნიკო სამადაშვილის სულისშემძვრელ პოეტურ ავტობიოგრაფიას უბრუნდებით:

მზე გადიოდა ცას ბორანივით. ტყეში შიშველი ქარი კიოდა. ლექსს იძახოდა ხიდან ყორანი ქრისტე მოჩანდა საიქიოდან. ძლივს ვამშვიდებდი მოქანცულ ჩიტებს. თვალს მიშტერებდა წარმართვის ლოცვა. ლოდებზე იჯდა გიჟი პოეტი კვნესოდა მთების ყრუ გარემოცვა. დაფლეთილ სხეულს, დაღალულ ფიქრებს, ახსოვდათ მხოლოდ სიცოცხლე მკვდარი. სადღაც ეშოვნათ კუბო ჯიბგირებს და მოეწერათ ზედ ჩემი გვარი!

ნიკო სამადაშვილის ლექსებში შეხვდებით საუკუნის დასაწყისის დეკადენტური რეკვიზიტისათვის დამახასიათებელ „მკვნესარე ბალდახინებს“, „ქაოსებს“ და მკრთალ პანაშვიდებს“, მაგრამ თავისი სულის შეშფოთება მან ირეალური სურათების ისეთი წყებით გამოხატა, რომელთაც ფერწერულ ტრადიციასთან მეტი ჰქონდათ საერთო, ვინემ ლიტერატურულთან.

სამადაშვილი რაღაც უცნაურად უნაცვლებს ერთმანეთს სიკვდილ-სიცოცხლეს: სიცოცხლის სურათში როგორც წესი, სიკვდილის კლანჭია ჩახატული, თვით სიკვდილი კი, ასეთე მოულოდნელად, ამეტყველებული და ამოძრავებულია. არის რაღაც სიურეალისტური, როდესაც ცხედარი „სარეცელზე ხვნეშის', „საკინძის ღილებს იბნევს“ ან „მოთქმით ტირის“. მაგრამ, თუკი არსებობს ეგზისტენციალური შიში, შიში არსებობისა, უფრო მაშინ გიჩნდებათ, როდესაც „მსოფლიოს გარეთ პირქვე დაგდებულ“ პოეტში ბელინსკის ქუჩაზე დაცემულ უცნობს ამოიცნობთ. როდესაც სმადაშვილის თვალით დაინახავთ დედამიწას - „ბარით გადმოყრილ ქვიშასა და ნაგავს“, „დიდ სასაფლაოს“, „ჯვარცმის შავ დედანს“ კოსმიურ სიბნელეში და სიცივეში გატყორცნილს, გარკვეულ მომენტამდე ამ სივრცობრივ მასშტაბს მაინც პოეტურ პირობითობად აღიქვამთ მაგრამ დგება წუთი როდესაც თავის მომავალ სამარესთან მდგომი ადამიანის შიში გადმოგედებათ და კოსმიური თუ სიკვდილის სუსხისაგან შეგაჟრჟოლებთ. თვით ნიკო სამადაშვილისათვის, როგორც ეტყობა, ეს შეგრძნება ჩვეული რამ იყო: თავისი დაობლებაც, უმცროსი დის ნაგვიანევი გაცნობის ნაცვლად, მისი უეცარი სიკვდილის ამბავიც, დაპატიმრების მოლოდინიც - ყოველივე ესაა, რომ ათქმევინებს: „ჩემი გაჩენა მიეზღოს ცეცხლად, ვისაც ეს ჩემი იღბალი მართებს“, სიკვდილს რომ ანატრებინებს და თავისსავე შესანდობარს შეასმევს:

ხე ეკლესიის მათხოვარს ჰგავდა, თითქოს გულს ქრისტემ ხელი დარია, შენი ფიქრების ჩრდილთა ტორტმანი მტრედის სიზმრებში მომიპარია. რომ ფოთლებიდან მეცქირა დიდხანს როგორ მალავდა ცრემლს მეგობარი, და დამელია ბნელ ლუდხანაში ჩემი ცხოვრების შესანდობარი.

ნიკო სამადაშვილის ცხოვრების დრამას თუ დავუბრუნდებით, მისი უიღბლო სტუდენტობაც უნდა გავიხსენოთ: ვერ ჩააბარა საგნები და მეორე კურსიდან გაირიცხა. „ოჯახური უსახსრობის გამო უნივერსიტეტს თავი გავანებებ - წერდა თვითონ ნიკო ავტობიოგრაფიაში, - და მოვეწყვე მოანგარიშეთ: (გორში მქონდა დამთავრებული საბუღალტრო კურსები). მას აქეთ ვმუშაო ბუღალტერ-რევიზორის თანამდებობაზე“.

სამადაშვილის რევიზორული მოღვაწეობა ორჯერ შეწყდა იძულებით: პირველად ომის დროს დააპატიმრეს, - თხუთმეტი წლის წინ „ახალგაზრდა მარქსისტთა“ არალეგალურ წრეს ხელმძღვანელობდიო; მეორედ - უკვე ომის შემდეგ, ამჯერად მის რევიზორულ საქმიანობასთან დაკავშირებით. ბედად, (თუკი შეიძლება ამას ბედი დაერქვას), ორივე დაპატიმრება, წელიწადზე მეტ ხანს არ გაგრძელებულა.

ნიკო, როგორც ეტყობა, სუფრის კაცი უფრო იყო, ვინემ ოჯახისა და თუკი ჰქონდა კიდეც რაღაც გამორჩენა თავისი რევიზორებიდან, ისევ და ისევ მეგობრულ სუფრას ახარჯავდა: აქ იყო მისი სტიქია, აქ მოეძალებოდა ხოლმე ლექსის თქმის სურვილი, აქ ისმენდა დაფასებისა და აღიარების იმ სიტყვებს, რომლებიც, დროდადრო, ყველაზე თავმდაბალ შემოქმედსაც კი ჭირდება...

ოჯახი ვახსენე: პირველი ცოლი ნიკოს ადრე შეურთავს და ადრევე გასცილებია - ეს ყოფილა ძალზედ ლამაზი ბერძენი ქალი ევა ჩაკალიდი (მათი რომანტიული მიმოწერაა შემონახული); შემდეგ სადგერში (ბორჯომის მახლობლად) ხანმოკლე მასწავლებლობისას, ოცდათერთმეტი წლის ნიკო მოიხიბლა თავისი თხუთმეტი წლის მოწაფით - მარიამ ამანათაშვილით და ჩამოიყვანა კიდეც იგი თბილისში. მარიმს, ნიკოს სამი შვილის დედას, არასოდეს არ დასცდენია საყვედური, რომ მისი პოეტი მეუღლე მთელი ცხოვრება უბით ატარებდა თავისი პირველი სიყვარულის - მათიკო ამბრიაშვილის სურათს, იმ მათიკო ამბრიაშვილის, ხიდისთავში მშობლებმა არასგზით რომ არ გაატანეს ღარიბ და ობოლ თანასოფლელ ბიჭს.

გულის სიღრმეში მიყუჩებული პირველი სასიყვარულო მარცხის ტკივილი გამოკრთებოდა ხოლმე ნიკო სამადაშვილის ლექსებში, მაგრამ, საზოგადოდ, სასიყვარულო ლირიკა მასთან არ იქცა იმ გამორჩეულ ჟანრად, როგორც ეს ჩვეულებრივ ხდება და პირველობა სხვა თემებსა და განწყობილებებს დაუთმო.

ნიკო სამადაშვილმა საკუთარი მითოლოგია შექმნა: წარმართის სითამამით დასეირნობს იგი ბიბლიურ პანთეონში სადაც, ხან „გოლგოთის მთიდან მორეკილ ღმერთების ჯოგს“ გადააწყდება, ხან „შეშინებულ მოხუც მაცხოვარს“, ხან „გზად მომღერალ წმინდანებს“, ხან „გაბუტულ ღვთისმშობელს“, ხან კი, გაკვირვებული თვალს გააყოლებს „შეშლილი ღმერთის ცეკვას“... ის გაშინაურება და ფამილარობა. რაც სხვასთან მკრეხელობად მოგეჩვენებოდათ, სამადაშვილთან რაღაც იშვიათ სითბოს იძენს, ხოლო ბიბლიური და ქართული რეალიების, დროისა და სივრცის უცნაური ნაზავი, სრულიად მოულოდნელ დამაჯერებლობას:

წარმართთა ძვლებზე იდგა ტაძარი, ზევით ლეგენდა მიჰქონდათ მთიებს, ძირს წმინდა ნინოს ნაფეხურები ჰგავდნენ სისხამზე მოკრეფილ იებს. ვით უკვდავება, წყარო ანკარა აცისკროვნებდა ირმების ფერდობს. ქრისტემ ბავშვობა აქ გაატარა და ღვთისმშობელი უგვიდა ეზოს.

და ისევ ცხადლივ, როგორც ეს ატენის სიონის ეზო დაინახა ნიკო სამადაშვილმა თავისი საფლავის ბორცვი და თავისი სიკვდილისშემდგომი სიცოცხლე:

ჩამობნელდება... მტირალ წნორებს წაუვათ გული. უკვდავებაა, სიცოცხლეზე რომ ისეირებს. და მესაფლავე მახინჯ მხარზე ბარგადებული, სასაფლაოზე, პურის ჭამით გაისეირნებს.

ცოცხალ ბედის უსამართლობით მიწაზე გართხმულ ნიკო სამადაშვილს თავისმა დრომ გულგრილად გვერდზე ჩაუარა, და მხოლოდ მისი სიკვდილიდან კარგა ხნის შემდეგ როცა ობოლმა საფლავმა რაღაც უჩვეულო ფერისცვალება იწყობ მოტრიალდა, საფლავის ქვასთან შეჩერდა თავი დახარა და, როგორც იქნა ამოიკითხა ნიკო სამადაშვილის სახელი...

ზაზა აბზიანიძე